ორი დღე

ორი დღე

თქმულა რომ ქვეყნად ორი დღე არი,

ვით სახსოვარი და იადგარი:

დღე მოგონებად უკვე ქცეული

და მეორე დღე ჯერ არ დამდგარი”.

მე შენით ვზომავ სიცოცხლის სიბრძნეს,

შენზე მენიშნა ძველი თქმულება;

თუ განშორება დღეს შენი ვიგრძენ,

შენთან შეხვედრის დღეც მეგულება.

ვფიცავ შენ თავსა, ვიცი, დადგება

ის დღე ლამაზი, ის დღე ბრწყინვალე!

და ერთი შენი სხივით გადნება,

რასაც დღეს გულზე მაწყობ მყინვარებს.