ციცარი

ციცარი

”გადამაგდე და დამკარგე,

როგორც ჩერქეზმა ისარი”,

ასე გავარდა სამგორში,

ცას დაეხალა ციცარი.

ვაჲ, ნაგზაურო ციცარო,

გაზრდილო ჩემის ხელითა,

შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ

ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა

ზაფრანა-დარიჩინითა,

წადი და იმას აკოცე,

ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,

გაჭმევდეს აღჯანაბადსა;

მე ჩემს გზას გამოვუდგები,

ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,

დამკვრელად ვივლი თარისა;

ჩოხა წვიმისა მეცმევა

და ყაბალახი მთვარისა...