მეტივეები

მეტივეები

შალვა აფხაიძეს

სულ ოთხნი იყვნენ... სახედინჯები,

ქაფიან ჩქერში ზვირთის მჩეხელი...

სულ იყვნენ ოთხნი... იაფინჯები,

ნიგვზის ფოთლები, სველი ფეხები...

მოჰყავდათ ტივი ტურფად შეკრული,

ვით კიდობანი ნესტანჯარისა;

ნაციხარები ჩანდა ბედკრული,

ლურჯი ყანები... ტყე ფიჭვნარისა...

წინ ეგდო მტკვარი და კლდე შვეული,

ცხვრის ფარასავით რიყე ეყარა;

მოჰყავდათ ტივი მთას აშვებული,

თითქოს მოჰყავდათ ბრძნულად ქვეყანა.

გამოიარეს ვიწრო ალაგი

და ფაფასავით სქელი მორევი,

შორს დაინახეს დიდი ქალაქი,

აშენებული ნაძვის მორებით.

და გაუღიმეს ერთიმეორეს...

და როცა ტალღამ დაჰკრა ყვირილით, ―

მეტივეები ჰგვანდნენ მეომრებს,

ტალღას აპობდნენ ორთაყვირებით.

მოსაღამურდა.

ხვადი მგლები დასხდნენ შავადა,

ლუკმას ხლეჩავენ დამკლავებითა;

ღვინიან ჯამში ნარგიზივით მთვარე ჩავარდა,

ივსება მტკვარი ვარსკვლავებითა...