გულო, არ გასტყდე!
(სიმღერა)
გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.
სინათლე ნუმც გაგიქრება
და სხივი - მოძმეთ ნუგეში,
ანდერძსა მამა-პაპისას
ფრთხილად ვინახავ უბეში.
ძალნო ცისანო, გვიშველეთ,
საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!
გულს ნუ მომიკლავ, უფალო,
იმედს ნუ დამინიავებ,
დაზიანებულს სიცოცხლეს
მეტად ნუ დამიზიანებ;
მიშველე რამა, შენს მადლსა,
წამალს ნუ დამიგვიანებ!
არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,
უსულოდ გდებულს, ტიალად;
სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი
მათრევდენ, მჭამდენ ზიარად;
ნუ გადამაქცევ, უფალო,
შხამისა სასმელ ფიალად!
კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე
გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!
სიმტკიცე მიჭირს დიადი,
ეხლა ისეთი დრო არი.
გამშორდი, სულით სიდაბლევ,
გზაო, მაშინებ ვეღარა, -
იმ თავად, ჩემო სავალო,
შენზე ეკალი ეყარა.
გაკაწრულ-გაფხაჭულები
დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.
ვიცოდი ძალიან კარგად,
ეს უნდა გადამეყარა,
და დღესაც ისევ ძველებრივ
უნდა ვიხადო ბეგარა.
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.
1904 წ.