ძველი ფიქრები ისევ დგებიან

***

ძველი ფიქრები ისევ დგებიან,

ალბათ ასეა ნება განგების.

ცაზე ურიცხვი ვარსკვლავებია,

და ცა ინთება, როგორც კანდელი.

ჩემს სურვილს ციხის კედლები ფარავს,

ელავს თბილისი - შუქი გაბმული.

საკანში ბინდი შემოიპარა,

სადაც მე ვზივარ სულგანაბული.

მე სხვა ვარ, ხალხი სხვაგვარად მიცნობს

და ჩუმად ვიტან წამებას ამდენს.

სხვა ვინ მიხვდება, მხოლოდ მე ვიგრძნობ

ჩემს დაფიქრებას გაქვავებამდე.