ერთხელც იქნება, მოვკვდები

ერთხელც იქნება, მოვკვდები

(სიმღერა)

ერთხელც იქნება, მოვკვდები,

მივებარები მიწასა, -

გულსა და გრძნობას შაურევ

ცივის სამარის ქვიშასა...

ჩემს გულსა დაეხვევიან

გაშმაგებულნი ჭიანი,

ვეღარას მიშველს ქვითინით

ჩემი ლამაზი თმიანი,

ტყუილად აშფოთდებიან

ჩემნი წაწალნი იანი.

ამაოდ ჩამოსხდებიან

ციდამ ვარსკვლავნი ბარადა;

ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,

მაღლით მომხტომი ჩქარადა,

მოსქდება კლდისა ნაპრალი,

ჩაიჭედება ჭალადა...

ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ

გადაქცეული მკვდარადა.

1886 წ.