შექმნილი ლეგენდა
(წარსულის მოგონებანი)
ღამეა. ერთი იმ ღამეთაგანი საქართველოში, როცა ჩვეულებრივ არა გჯერა, რომ ღამეა, რადგან ნათელი თეთრი ღამისა გაგრძელება გგონია მკვდარი დღისა. ამბობენ, ბუნებას აქვს ერთი ჟამი საყოველთაო სიჩუმისაო. არარა არღვევს მყუდროებას, მოსიყვარულე დედასავით რომ დასწოლია სოფელს. შუაღამისას დაიკვნესებს ხეობაში მონასტრის მწუხარე ზარი, წაიქვითინებს და ჩაკვდება. დაიზუილებს მშიერი ტურა უღრან ტყეში და თითქოს თვითონვე შერცხვა თავისი უშნო სიმღერისო, მიყუჩდება. ჩვეული თვალი მწყემსს მიადარებს მაღალ მთებში მთვარეს, ფრთაფარფატა ღრუბლებს რომ მიერეკება. ღამე გაჟღენთილია ჯერ უმხელი სიყვარულით, გამოუთქმელი ლეგენდებით. ხეობა, მთა, მდინარე, ტყე, ველი, მინდვრის ველური ყვავილები ჰყვებიან ზღაპრებს, ნათელ ლეგენდებს, რომელნიც ჯერ ადამიანს არ გამოუთქვამს, რომელნიც ჯერ მას არ სმენია. ვწევარ ენგურის ნაპირზე, ყურს ვუგდებ გიჟ ტალღათა ცოფიან ყეფას, რომელნიც ხანდახან ჩუმ ლოცვად იქცევა ხოლმე, და მთვარის სხივებზე რვეულში ვწერ ნათელ პოემას ენგურისგან ნაამბობს. ეს მოთხრობაა ძველ, ზვიად ვნებაზე, შადრევანივით რომ სცემდა პირველყოფილი ადამიანის მკერდიდან, რომელიც შემდეგ ბავშვურ მასხრობად იქცა.
I
იზოველ, ასე ერქვა ამორძალების დედოფალს. შუაღამისას მძინარე ტბაზე ანთებულ ჩირაღდანს მიაგავდნენ მისი თვალები, კოლხიდის ჭალებში გაუშლელი ჭკნებოდა ველური ვარდი, დედოფლის მკერდს რომ შეხედავდა, შემდეგ ეკარგებოდა სურვილი, რომ გაშლილიყო.
გულუბრყვილო პართიელებს მშვილდი ეგონა მისი მოღუნული წარბები და ისრები - წამწამები. მის ხშირ ტევრ თმას ჰქონდა ფერი ისეთი შავი, როგორც ყორანმა მიიღო უფლისაგან დაწყევლის შემდეგ. როგორც ადამიანებს, ღმერთებსაც აქვთ ხოლმე დღესასწაული, როდესაც ისინი ყოველთვის მხიარულნი, ყოველთვის უდარდელნი, კიდევ უფრო მომეტებულად მხიარულობენ და მაშინ ვნება, ისედაც ველური, სიგიჟემდის მიდის ხოლმე. ჯადოქარმა არჩია, რომ ასეთ ღმერთთა გიჟური ავხორცობის ჩანასახი იყო იზოველი და იმიტომაც მასში ყოველთვის ცხოვრობდა გაუმაძღარი, არვისგან არასდროს ნანახი ავხორცობა, რომლის კოცონზე იწვოდა შეუბრალებლად იზოველი.
მზე არ სწყვეტდა ხოლმე ბრწყინვალებას, როცა სალაშქროდ გამოვიდოდა იზოველი, მაგრამ იცოდა, რომ მიწაზე იყო დედოფალი, რომლის გული მასზე უფრო მგზნებარე და ცხოველი იყო.
ვნებით დამდნარი, საყვარლის ძებნით მოღალული მთვარე ისევ დაძრწოდა ზურმუხტებით მოფენილ ცაზე, მაგრამ ფერი კიდევ უფრო დაეკარგა, რადგან რცხვენოდა, რცხვენოდა თავის ვნებისა, რომელიც მხოლოდ მკრთალი ჩრდილი იყო იმ ზვიადი ვნების, რომლის ცეცხლზე იწვოდა იზოველი, ვისაც უდაბნოდ ქცეოდა სამყარო, ვისაც ვერ მოეკლა გაუმაძღარი წყურვილი. ნადავლის საძებნად ხანდახან მღვიმეში მოემწყვდევა აფთარი, შიმშილისაგან გამწარებული თავის ტანს იკბენს და ვაი მას, ვისაც შეეხება იქიდან გამოსული; სწორედ იმას ჰგავდა იზოველი, როცა ამორძალების ლაშქარს სარდლობდა, ვერც ერთი მეომარი ვერ დაივიწყებდა გიჟ ასულს, ყველას ტვინში ამოიწვა თმაგაწეწილი მისი მოჩვენება სისხლით შეღებილ მერანზე, რომელსაც ნიაღვარი მოსდევდა სისხლისა.
და დიდხანს, დიდხანს ამშვიდებდნენ ცოლები მეომრებს, რომელნიც გადურჩნენ იზოველის მახვილს, როცა ძილში ტანისამოსს იწეწდნენ, მოიგონებდნენ რა მრისხანე ასულს ლტოლვილ ლაშქარზე ადევნებულს.
II
სპილოს ძვლის საწოლზე სამეფო კარავში იწვა იზოველი. მეწამული პერანგი, განსაკუთრებით რომ უყვარდა, სუროსავით შემოწნოდა მის თეძოებს და თითონ ის მიაგავდა უდაბნოში ცხელ სილაზე გაწოლილ ვეებერთელა გველს, სიყვარულის ალერსის მოლოდინში მონებივრეს. კარავის კარი აღმოსავლეთით ღია იყო და მოჩანდა სილუეტები კავკასიონის თეთრი მთებისა, რომელნიც გასაფრენად მომზადებულ არწივს შეადარა იზოველმა. იქვე კარავთან ნელი ხშუილით მიემართებოდა ენგური. ტალღათა ნელ ტბორზე ჩასძინებოდა იზოველს.
ახლა გამოეღვიძა და გამოურკვევლად მისჩერებოდა ზვირთების ცეკვას, თითქო იქ უნდა ამოიკითხოს ის, რაზედაც მისი გული სწუხს, რაც მას არ აძინებს და უჩქროლებს სისხლს.
შავი წერტილივით ჩამოეშვა მის თვალების წინ მერცხალი, გასროლილ ბრტყელ ქვასავით გაეკრა ენგურის ზედაპირს, უსწრო ზვირთმა და ჩასძირა. და მოაგონდა მაშინ იზოველს სულელი ნუბიელი მეფე ვალტაზარი, რომელსაც ეყო კადნიერება და იზოველის ალერსი გაბედა, რისთვისაც თავი წააგო. საოცრად მიაგავდა ვალტაზარი იმ მერცხალს... და დაღონდა ძალიან იზოველი, მაშინ მიხვდა, რომ ქვეყანაზე ვერა გაახარებს მას, ვერავინ დაიტევს მის ზღვა გულისთქმას.
მაშინ რა აზრი ჰქონდა ჩემს გაჩენას, თუკი უბედური უნდა ვყოფილიყავი, - და თვალებზე, იმ თვალებზე, რომელშიაც დაუშრეტელი ცეცხლი ენთო განუწყვეტლივ, დაეკიდა ორი ობოლი ცრემლი. ამ დროს მას წარმოუდგა თვალწინ თავისი წარსული, რომელიც დაუსრულებელი ძებნა იყო უნახავისა.
იზოველს ყოველთვის ეშინოდა ამ განუჭვრეტ, ბურუსით მოცული მომავლის, მაგრამ რაღაც იმედი გულში ყოველთვის ღვიოდა, ის დარწმუნებული იყო, რომ ნახავდა იმას, ვისაც ეძებდა, ვინც შესძლებდა გაენელებინა მისი უშრეტი ვნების ცეცხლი. აიღო თასი და ისროლა მდინარეში; წყალი შეინძრა და დაცემის ხმა მოესმა მონას.
კარავში შემოვიდა შავი ნუბიელი მონა, მხლებელი ვალტაზარისა. ეს ერთადერთი მამაკაცი იყო იზოველის ბანაკში და ისიც იმიტომ დაიტოვა, რომ მოეგონებინა კადნიერი მეფე ვალტაზარი, ვისგანაც მოშინაურებულ აფთარს სადილი გაუმზადა.
- დაუძახე ჯადოქარ მხევალს, - უბრძანა იზოველმა.
მონამ დახარა თავი, ემთხვია ჯერ იზოველის პერანგს, შემდეგ მიწას და როგორც გაზაფხულის ნამქერიდან აიმღვრევა მდინარე, მისი თვალებიც ასევე აიმღვრა. იზოველს არ გამოპარვია მონის სულის მოძრაობა, მისი გაჟრჟოლება და მოუნდა, საშინლად მოუნდა მისი სიკვდილი, მაგრამ მალე შეიცვალა აზრი. კარავში შემოვიდა ჯადოქარი მხევალი.
იზოველმა მხევალს სახეზე უჩვეულო ღიმილი შეამჩნია და წინათგრძნობამ ტკბილად გაუღიტინა გულში.
- რას ამბობს ახალს მოკრიალებული ცა?
- დედოფალო, ლოდინს საზღვარი ედება, ის გამოჩნდა!..
- როგორ, გამოჩნდა?..
- დიახ, გამოჩნდა... არავინ იცის, ვინ არის ის ჭაბუკი, სკვითები ამბობენ, რომ ბერძენია, მამასაც ასახელებენ, მაკედონიის მეფის მემკვიდრეაო.
იზოველს მწარედ გაეცინა და მისი ამდენ ხანს ნათელი სახე სევდამ ისევ დაბურა. ეტყობოდა, მას გული მოსდიოდა ჯადოქარი მხევლის სისულელეზე.
- სულელო, მერე რამდენი ყოფილა მაგისთანა მეფეები. ამდენ ხანს ხომ მთა აშენდებოდა მათი თავებისაგან და შენ, რომელმაც იცოდი ყველაფერი, ეს მაინც დაიჯერე. ჭეშმარიტად, თუ არა შენ, სიკვდილს ვერ ასცდებოდა მაგის მთქმელი.
- დედოფალო, საქმეც ეს არის, რომ ის არ ჰგავს სხვა მეფეებს, მეფეები მისგან ისე ილტვიან, როგორც გნოლის ჯოგი არწივის შეტევისგან. რა არის მერე, რომ მეფეა, განა ყველა ვარსკვლავები ერთმანეთს ჰგვანან? ასე რომ იყოს, ხომ ტყუილი იქნებოდა ჩემი რჩევა... ჭეშმარიტად სხვა არის მისი ბედის ვარსკვლავი. მე დიდი ხანია ვამჩნევდი მას და ახლა ჰქნა ჩემთვის საცნაური... მისი ბედის ეტლი ღმერთებს უკურთხებია, ქვეყანაზე არ არის მახვილი მისი შემმუსვრელი და მის მახვილისგან კი მოსრან ყველანი.
ძვირად თუ ვისმეს რგებია ისეთი დასაჩუქრება, როგორც ჯადოქარ მხევალს. მთელი სამი დღე არ უძინია იზოველს, სამგზავროდ ემზადებოდა, გაიგო, თუ ვინ იყო ის მეფე, რომლის ბედი ცამ ასე ანიშნა. ამდენ ხანს აუსრულებელი ნდომა სრულდება და ეს სიზმარი ჰგონია იზოველს, მით უმეტეს, რომ მხოლოდ სიზმარში თუ რგებია მას ოდესმე სიხარული, როცა ოცნებით შექმნილი სიზმრის მეგობარს ეხუტებოდა. მოლოდინში იწვის იზოველი. მისი თვალები უმთვარო ღამეს გზას გაუნათებენ გზადაბნეულ მგზავრს.
III
ჩამავალი მზე უკანასკნელად ჰკოცნის ჰიმალაის წვეროებს და განგის ტალღები წითლად ელავენ. ამ დროს უყვარდა ალექსანდრეს ბანაობა განგში. ქალდეელები უყვებოდნენ მას განგის წყლის შესანიშნავ თვისებას, თუ მისგან როგორ იბანება ადამიანი ცოდვისაგან.
ცოდვებს არაფერს გრძნობდა ალექსანდრე, მაგრამ მაინც უყვარდა გაგიჟებით განგში ცურაობა. დიდხანს, ძლიერ დიდხანს იყო ის წყალში დაფიქრებული. უკანასკნელად დაეტყო ძლიერ მოწყენა. მოხდებოდა ხოლმე, როცა სანადიმოდ მოწყობილ დარბაზში სპარსეთის მეფის სასახლეში, ბერძენთა შორის იჯდა, თავბრუდამხვევი ვნებით მის გარშემო ფერხულს უვლიდენ, შიშველი ქალები და საალერსოდ იწვევდნენ, მაგრამ ის ჩინელი კერპივით გაუნძრევლად იჯდა და ფიალას ფიალაზე სცლიდა. ღვინომ თითქოს დაკარგა სიძლიერე, ის აღარ ათრობდა ალექსანდრეს.
- თავს მოგჭრი, იცოდე, - ეუბნებოდა მონას ალექსანდრე, - ხომ იცი, მე სასტიკი არასოდეს არ ვყოფილვარ. რად არის ასე, რომ წყალს ურევ ღვინოში, მე ღვინო მინდა, ღვინო, ნურავინ ფიქრობს ჩემს ჯანმრთელობაზე.
შიშით ძრწოდა მონა, არ იცოდა, რითი დაიმსახურა ბატონის რისხვა. იმ საღამოს ისე შორს წავიდა ალექსანდრე მდინარეში, რომ მხლებლებმა დაიჯერეს კიდეც მისი დახრჩობა და მიუხედავად იმისა, რომ აკრძალული ჰქონდა მეფისგან, ანაქსერი, მეფის მეგობარი გადაეშვა მდინარეში მეფის საძებრად.
- რისთვის მომდევდი, გეგონა წყალი დამახრჩობდა? - იჭვნეულად შეეკითხა ანაქსერს ალექსანდრე.
- მხოლოდ ბარბაროსს ვერ დააჯერებ ალექსანდრეს უკვდავებას. რომელი მეომარი დაიჯერებს, რომ ანაქსერმა დაიჯეროს, შენთან რა უნდა სიკვდილს... მისი რაში შენს მერანს ვერ გაასწრებს და შენს მახვილზე ხომ უნდა გადატყდეს სხვა რკინა.
- მაგრამ იცი, რომელ ქურაში გამოიჭედა სიკვდილის ცული? - დაეკითხა ანაქსერს ალექსანდრე და მის სახეზე სიშავემ გადაიარა. - ანაქსერ ჩემო, წყალს უყვარს საიდუმლოს შენახვა. მითხარი, რა დარჩა კიდევ საგმირო საქმე ალექსანდრეს მძლე მკლავებს... მე რასაც ველტვოდი, უკვე ასრულდა... ხედავ, განგის ზვირთებში ვცურავ; სანამდის მოაღწიეს მაკედონიის საზღვრებმა. მაგრამ აქ თავდება ყველაფერი. სად წავიდეს ჩემი ლაშქარი, რა დარჩა კიდევ დაუმარცხებელი ალექსანდრეს?.. და ეს მაშინ, როცა მე გუშინ შემისრულდა ოცდაშვიდი წელი. რაში უნდა წავიდეს დანარჩენი დღეები? ტყუილად ყოფნა მოკლავს ალექსანდრეს.
უსმენდა, დიდხანს უსმენდა ანაქსერი მეგობრის ჩივილს და მოაგონდა ცაზე მომწყდარი ვარსკვლავი, ცის თაღი რომ შემოირბინა, ვერსად ნახა დასაბჯენი ადგილი და უფსკრულში განერთხო. ძალიან ჰგავდა ალექსანდრეს ბედი იმ ვარსკვლავს...
- მეფეო, - მოაგონდა ანაქსერს, - შენ ბანაკში ვიღაც ქალი გელოდება, ძალიან სურს შენი ნახვა.
- ალბათ ვინმე დედოფალი იქნება, ამ ბოლო დროს თავი მომაძულეს, მგონი მალე ცამ გამომიგზავნოს დამორჩილების შუამავალი.
- მეფეო, ის ქალი ამორძალების დედობილია და შენც იცი, ჯერ არავის უნახავს ამორძალების დაჟანგებული მახვილი.
- მაშ, ნეტა რა უნდა ჩემთან?!. ლამაზი არი?
- ხვალ, მგონია, მზე არ ამოვიდეს.
IV
სამეფო დარბაზი უჩვეულოდ არის გაჩირაღდნებული, ისე, როგორც მათი უკანასკნელი მეფე აწყობდა ხოლმე, როცა ნადიმობდა. ამ დარბაზში იყო შენახული ყველაფერი, რასაც აჩნდა კვალი ალექსანდრეს ძლევამოსილი მსვლელობისა. კოლხიდის ქალწულნი, რომელიც მდიდარ ნადავლთან ერთად გამოაგზავნა იაზონმა, მოწყალებათა გვირგვინს შეადგენდა. როდესაც ალექსანდრე შეეკითხა სახლთუხუცესს - როგორი არიან იაზონის გამოგზავნილი ქალებიო, უკანასკნელმა უთხრა, რომ სპარსეთის მეფის ევნუხმა წუხელის თავი მოიწამლაო. ამ დღეს გადაწყდა ალექსანდრეს ბედი.
- მე შენ არ მენახე და გიცნობდი, - ამბობდა იზოველი, -
მე შენ არ მენახე და მიყვარდი. სიზმარში გხედავდი და ახლაც არ მჯერა, რომ ნამდვილია. მე დაწყევლილი ვიყავი ღმერთებისაგან, მაგრამ მეც ვიყავი რისხვა ადამიანებისათვის და ჩემ ფერხთა ქვეშ ბევრს სიმწარით დაუკვნესია. მე რასაც ვგრძნობდი, იმას თუ იგრძნობს საფლავში გამოღვიძებული მიცვალებული, რომელსაც არ ყოფნის ჰაერი, რომ ჩაისუნთქოს ყოველ წელიწადს. პატარძალივით მოირთვებოდა მიწა, ჭია ფუტუროს ქვეშ სიყვარულის ალერსით გამთბარი, ზანტად იზმორებოდა ნეტარებისაგან და მე კი უთვისტომო თავისიანებს შორის, მარტო ვიყავი... ზაფხულის მზის სხივები სწვავდნენ ქვეყანას, ტანში ჩქეფდა, ჟონავდა ახალგაზრდა სისხლი, ალერსი სწყუროდა და ის არ იყო.
ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ შეუღებავს ჩემი ტიტველი ტანი ადამიანის თბილ სისხლს, მაგრამ არასოდეს არ გამაძღარა. მე შენ გეძებდი უხილავს, მაგრამ ნაცნობს.
გრძელი შემოდგომის შავ ღამეებში შევქმენი მე შენი სახე... მე შენ თითქოს სადღაც მენახე, საუკუნეების წინ სულ შენ გეძებდი. როგორ მწვავდა, რომ იცოდე, გაცხელებული ქვიშა ფეხს, მეწამული ტანისამოსი შემომახია ავსულმა სამუმმა, მაგრამ მაინც შენთან მოვდიოდი.
მოეყრდნე ჩემს მკერდს, მომეალერსე... ტანჯვით ვიყიდე მე შენი ალერსი. მოაყრდნე თავი ჩემს ძუძუებს... ჯერ არავის უგრძვნია ამორძალ მეფე ქალთა ძუძუთ ხანგრძლივი სითბო. მე თითქო შური ვიძიე ჩემი ლაშქრის დამწვარ ძუძუთათვის... ველურ ალერსში დაგახრჩობ, ველურ ექსტაზში დაგწვავ.
***
- ვინ იცნობს ახლა ალექსანდრეს?.. სად წავიდა მისი თვალების ცეცხლის ნიაღვარი?
ჯადოქარ ქალს ჰკითხეთ, ის მოგიგებთ, გეტყვიან მეომრები.
სამყაროს მატიანეში მხოლოდ ერთხელ დანთებულ ავხორცობის კოცონზე დაიწვა დევი-მეფის სული. გადუშლია დაობებული პერგამენტი მოხუც ქურუმს... და თვალებზე ცრემლებით აღწერს გმირი მეფის შეუპოვარ ბრძოლას დამღუპველ ინდოელ ციებ-ცხელებასთან.
სამი დღე და ღამე ერთმანეთზე გადაბმული ჟამის უფსკრულში ახლაც ჰყვება უჩვეულო ამბავს, თუ ამორძალების დედოფალმა როგორ დაახრჩო გრძნობის მორევში მაკედონელი.
V
მოკვლა მოუნდომეს იზოველს მეომრებმა. მაგრამ ბედი სწყალობდა რჩეულ დედოფალს.
- რად არ მომკვლენ, - ფიქრობდა გზაში იზოველი, - აწი სად ვნახო მე ამგვარი ლხენა.
- ხომ ვერასოდეს ვერ ჩაიცვამს გახდილ ტყავს გველი?..
აწი ვის ტუჩებს უნდა დაეწებოს წებოსავით ჩემი ტუჩები. განმეორდება კი როდისმე ეს ცოდვის ღამე? და მის წინ ღამის სიბნელეში წამოიჭრება ჩვენება მეფისა. მისი თვალებისაგან ცეცხლი გაუჩნდება სამეფო დარბაზს. სასიკვდილო სარეცელზე წევს ალექსანდრე და ბოდავს... მის ტუჩებს არ შორდება სახელი იზოველის და ჩალურჯებულნი კიდევ კოცნას ევედრებიან. ოთახში მათ მეტი არავინ არის.
- მომკალი, ქალო, ბარემ მომკალი, სულელი თუ არ ინდომებს ასე სიკვდილს, მე შენ შემარიგე ჩემს მოსისხლე მტერს. ბევრჯერ შეღებილა, იზოველ, ჩემი აღვირი სისხლით, ბევრჯერ, მაგრამ არსად მინახავს შენი ტუჩების სიწითლე რამე!..
- მაკოცე, მაკოცე იზოველ!.. - არასოდეს არაფერი უნატრია იმისთანა, რომ არ ასრულებოდეს ალექსანდრეს... - რას არ მივცემდი, რას!.. რომ კუბოში ჩამატანა შენი ტუჩები.
მე მჯერა, არ მოვკვდები, სანამ შენ გხედავ.
მაკოცე, მაკოცე, იზოველ!!! წყურვილით ვიხრჩობოდი უდაბნოში, წყალი მომიტანეს, სადღაც ეშოვნათ და მე გავტეხე სურა, ჩემი მეგობრების წინ დავღვარე წყალი, ჩემთვის ბევრს ნიშნავდა ჩემი ლაშქარი. მაგრამ რაა ის წყურვილი იმ წყურვილთან, ახლა რომ მკლავს. ჩემს ჯარს განაცვალებ, ჩემო იზოველ, მე მამიჩემის ქვის ტახტი სპილოს ძვლით შევცვალე. არ მინდა მე ის, არა... მაკოცე, მაკოცე, იზოველ!!! ყურში უწივის იზოველს ალექსანდრეს უკანასკნელი სიტყვები. შემდეგ წარმოუდგება თვალწინ გაფითრებული სახე მიცვალებულის, ჭირისუფალ მეგობართა ყრუ ქვითინი და ერთგული ცხენის ჭიხვინი.
***
... და მოაგონდა იზოველს გზაში ალექსანდრეს ნაამბობი, ბევრი რამ უამბო იზოველს ალექსანდრემ, მაგრამ ერთი უფრო აღიბეჭდა მის ხსოვნაში - მოთხრობა ამირანზე და მის თავში დაიბადა აზრი, წავიდეს და ნახოს ის, ვინც ზევსს მოსტაცა ცეცხლი. და მის გულში ისევ იფეთქა ვნების ქარტეხილმა. მისი დამსხვრეული იმედის გემზე აფრიალდა იალქანი. დაღლილობას ვერ გრძნობს იზოველი, ღრუბელზე მალია მისი მერანი. მაგრამ რა ავა იქ?..
შეხედა მთის მწვერვალს იზოველმა და გააჟრჟოლა. იქ ხომ ძერაც ძლივს აფრინდება. იზოველი ახლოსაა მთასთან, კიდეც მოესმის ლეკვის წკავილი და დროგამოშვებით ყრუ ამონაკვნესი. მაგრამ რა ავა იქ? გულში შეუმჩნევლად ინთება ცეცხლი და ვნების გველი წივის უბეში. ნისლი შებინდებისას აცურდა მთებზე, კავკასიონმა შუბლი გაიხსნა. იზოველმა მოჰკრა თვალი მიჯაჭვულ ამირანს. ამირანმა დაიჭირა მასზე მიმართული ისრები.
მაგრამ რა ავა იქ?
მთებმა მიიფარეს ნისლის საბანი - ახლად მოყვანილ სარძლოსავით დაწოლას იჩქარის კავკასიონი. დგას იზოველი და მისი თვალებისაგან ცეცხლის ალები მიჰქრიან მთებში. ვერ გაუძლო ამირანმა, და ლომ-დევი, რომელმაც ასე ამაყად მიიღო ზევსიდან სასჯელი, შეინძრა, რომ მოსწყვიტოს ჯაჭვის რგოლები, არასდროს მას ასე არ მოსდომებია განთავისუფლება.
მწუხარედ დაიჟღარუნეს ბორკილებმა და ტკივილი იგრძნო მკლავებმა. რითი შეეძლო ეპასუხნა იზოველს თვალების ბარათზე.
... ამირანმა ვნებით დაიკივლა... და დიდხანს გუგუნებდა ხმა მთებში. მთებმაც გაიღვიძეს ამ სანახაობაზე და აზუზუნდნენ. აი როგორ გაჩნდა ელვა და ქუხილი.
რამდენს იტყვის კიდევ ენგური, რამდენ ამისთანა ამბებს... ადამიანო, შეგრცხვეს მაინც, როცა ძველ ზვიად ვნებაზე გიყვებიან, რადგან შენ ბავშვურ მასხრობად აქციე იგი!
1913 წ.
16 ივნისი,
ქ. ქუთაისი