მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა

,,მუმლი მუხასა'' და ,,ლილეოსი'',

ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,

გესმის არაგვის ხმა საცნაური?

გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,

რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.

გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

თავისუფლების მოყვარე ერებს,

ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს.

მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს, -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

აქ გამარჯვების დროშად წერია:

სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!

თუ რამ სიმღერა გულს უმღერია, -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

გმირებით სავსე, სამშობლო მხარევ,

დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,

იდიდე, ამ ხმას სხვაში ვერ გარევ:

ეს სიმღერაა საქართველოსი.

1945