ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა

ალო ქართლო, მიწავ ქართლისა

ახალო ქართლო, მიწავ ქართლისა,

შემოვეფარე შენ სიმართლესა,

შენ საფარველსა ვარ მონდობილი...

ცოტა მაჩუქე ღალა და ზეთი,

ეგებ ავანთო სინათლის წვეთი

ჩემი გულიდან გამოდნობილი...

დე, ჩემმა ლექსის ნერგმა მარადღე

შენი წიაღის წვენით იხაროს,

გამფოთლე შენი ძუძუს წყაროთი,

თავზე მზის ცვარი გადავიყარო!

შენი სიმაგრის კარზე ვიმღერი:

მომეცი შენი ლერწამის ღერი,

რომ ჩემს კაბადონს ზე დაჰნათოდეს

ნათელი შენგან გამოტეული,

შენი ოცნება გულზე მათოვდეს

შენ, დამტევნელო დაუტევნელის...

მე ჩაისუნთქე შენი მზის სიტკბო,

დე, გულის ოქრო დამიბადაგოს,

დე, მან დაფერფლოს გული, დადაგოს,

თავისუფლების დროშის ქადაგო,

ახლო ქართლო, მიწავ ქართლისა,

ჩემო დიდებავ, სანიადაგო!