ერეკლე მეფე და ინგილო ქალი
1
ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა ისინი. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა. მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდა და წინ მოუძღოდა ჯარს. ჯარი, გრძლად და ლამაზად დამწკრივებული, ფეხდაფეხ მოსდევდა მეფეს. გზა საინგილოზე მოდიოდა. ერეკლე შემოვიდა ერთ განიერ ორღობეში, რომლის აქეთ-იქით ჩამწკრივებული იყო დიდრონი ვენახები და ბაღები, სავსე დამკრახული და დაბრაწული ხილით.
უცებ მეფეს ვიღაცამ თავზე გადმოაყარა ზემოდან მთელი ბღუჯა ქლიავი. გაოცებულმა მეფემ ბედაური შეაყენა. გაჩერდა ჯარიც. მიიხედ-მოიხედეს და იქვე ვენახის ღობესთან დაინახეს ვეებერთელა ქლიავის ხეზე თორმეტიოდე წლის ინგილო გოგონა, რომელსაც ქლიავი ესროლნა მეფისათვის.
მეფის მხლებელნი წამსვე ჩამოიჭრნენ ცხენებიდან, აცვივდნენ ღობეზე და შეჰყვირეს პატარა ქალს:
— შე ბრიყვო, შე საძაგელო, ეს რა ჰქენი? მეფე ერეკლეს თავზე ქლიავის გადმოყრა როგორ გაუბედე? ჩამო ახლავე ხიდან და ბოდიში მოითხოვე მეფის წინაშე, თორემ შავი დღე დაგადგება!
— რაო? მეფე ერეკლეო? — განცვიფრებით ჩამოსძახა ზევიდან გოგონამ. — რას ამბობ? ეგ რომ ჩვენი სახელოვანი მეფე იყოს, განა სპარსულს ქუდს თავზე დაიხურავდა? არა, ეგ ტყუილია. მე ქლიავი თავზე გადმოვაყარე სპარსელს, ჩვენს მოსისხლე მტერს, და არა მეფე ერეკლეს, რომელიც ქართველებს ღმერთივით გვიყვარს, თქვენ სულ ტყუილად მემუქრებით. არც ძირს ჩამოვალ და არც ბოდიშს მოვიხდი! — და უფრო მაღლა წავიდა ხეზე.
ეს პასუხი გაიგონა მეფე ერეკლემ, გულიანად გადიხარხარა, მოიხადა სპარსული ქუდი, რომლის ტარებას დაეჩვია ყმაწვილობაში, სპარსეთში ყოფნის დროს, დაანახვა თავისი მშვენივრად მოყვანილი ქართული თავი და შესძახა პატარა ქალს: “ყოჩაღ, ქალო! სრულიად მართალი ხარ. სპარსული ქუდი სწორედ რომ არ უნდა მეხუროს მე. ქართველი მეფე გარეგნობითაც, ტანისამოსითაც ქართველი უნდა იყოს. კარგი, ჩინებული დარიგება მომეცი შენ მაგ ქლიავის სროლით — ბარაქალა შენს ქალობას!”
ამასთან ერეკლემ იკრა ჯიბეს ხელი, ამოიღო მთელი ბღუჯა თეთრი ფული, მისცა თავის მხლებელს და უბრძანა: საჩუქრად მიეცი ეს მაგ სამაგალითო ქართველ გოგუცუნასაო.
გოგო ახლა კი მიხვდა თავის შეცდომას და ძლიერ შეწუხდა. საჩუქარი შორს დაიჭირა, ცივ უარზე დადგა, მაგრამ მხლებელმა უთხრა მოსარბილებლად: “განა მეორედაც გინდა აწყენინო მეფეს? მეფის წყალობაზე უარის თქმა ვის გაუგონია? თუ გსურს შენი შეცდომა გაასწორო და ერეკლე მეფეს აამო, ეს ფული მიიღე საჩუქრად”.
მაშინ კი დაეთანხმა გოგო, ზევიდან ქვემო ტოტზე ჩამოსწვდა ძირს, გამოართვა ფული და ჯიბეში ჩაიჩხრიალა; მერე შურდულივით ავარდა ქლიავის კენწეროზე. კარგად გამოჩნდა, გასწორდა ტოტზე, მეფეს დაბლა დაუკრა თავი და წკრიალა ხმით გადმოსძახა: “მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!”
— “ქართველ ქალსაც გაუმარჯოს!” — შესძახა მამობრივი ხმით მეფე ერეკლემ, დასძრა თავისი ბედაური და ჯერ კიდევ თავმოხდილი გაუძღვა ჯარს. ჯარი, ამაყი თავისი მამაცი მეფით და თავისი ვაჟკაცობით, უკან მისდევდა მწყობრად და თანაც აგუგუნებდა მშვენიერ ქართულს სიმღერას. პატარა ქალი კი იდგა ამართული ქლიავის კენწეროზე, თვალს არ აშორებდა მიმავალ მეფესა და მის ჯარს, და შეწყდებოდა თუ არა სიმღერა, ჰაერში გაისმოდა მისი ზარივით ხმა: “მეფე ერეკლეს გაუმარჯოს!” “ქართველ ჯარს გაუმარჯოს!” — ამ სახით იდგა პატარა ქალი დიდხანს და იმისთანა სიხარულს, იმისთანა ნეტარებას გრძნობდა, როგორიც წინათ სიზმრადაც არ მოსჩვენებია. ქალს უზომოდ ახარებდა სანატრელი მეფის ნახვა, მასთან საუბარი, მისი მამობრივი ქება, მისი საჩუქარი. ქალი, სიხარულით დამთვრალი, მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა ქლიავის ხიდან, როდესაც შორეულმა ნისლმა დაფარა მეფეც და მისი ჯარიც.
მაგრამ ქალს წასვლა აღარ უნდოდა. ის სიყვარულით შესცქეროდა ხან იმ ადგილს, სადაც მეფე ერეკლე იდგა და ელაპარაკებოდა, ხან ქლიავის ხეს, რომელთანაც იმ დღიდან შეერთდა, შეხორცდა მის გონებაში ბედნიერი წამი, უტკბილესი შემთხვევა. ერთი საათის წინათ უბრალო ხეხილი ახლა ამ პატარა ქალის თვალში გადაიქცა გულითად მეგობრად, ძვირფას მოკეთედ, თითქმის კეთილ სულიერად, გადაიქცა სამუდამოდ, საუკუნოდ.
ბოლოს გოგუცუნა გამოფხიზლდა ჭარბი სიხარულიდან, მოაგონდა თავისი დედ-მამა და მოკურცხლა შინისაკენ, რათა ეხარებინა მათთვის თავისი საარაკო ბედნიერება.
2
გავიდა რამდენიმე წელიწადი. ერთს ინგილო გლეხს თავის დარბაზში ქორწილი ჰქონდა გაჩაღებული. დედოფლად იყო ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალი, ახლად შეღერებული და ისეთი ეშხიანი, რომ კაცი თვალს ვერ მოაშორებდა. მას გვერდს უმშვენებდა ერთი საუკეთესო ინგილო ვაჟკაცი. “ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა”, — ფიქრობდა და ამბობდა ყველა, ვინც კი ამ ნეფე-დედოფალს ერთად ხედავდა.
დაიწყო თუ არა საქორწილო ლხინი, თამადამ ბრძანების კილოთი წარმოთქვა ხმამაღლა: — “სმენა იყოს და გაგონება! ეს ღმერთმა აცოცხლოს და ადღეგრძელოს, ჩვენი გმირი მეფე ერეკლე, გამარჯობა ნუ მოაკლოს ლეკებზე, სპარსელებზე, ოსმალებზე, სამხრეთსა და აღმოსავლეთზე!” — “ადღეგრძელოს, ადღეგრძელოს!” — ისეთი აღტაცებით შესძახეს სტუმრებმა, რომ კაცს შეეშინდებოდა, ჭერი არ ჩამოინგრესო.
სწორედ ამ წუთს, უცებ გაიღო დარბაზის კარი, შევიდა ერთი უცხო ვაჟკაცი, მშვენიერ ტანისამოსში გამოწყობილი, და სალამი მისცა: “აგაშენოთ ღმერთმა და აბედნიეროს ნეფე-დედოფალი”. მერე თქვა: “რა ჩინებულს დროს მოვედი! მე გამომგზავნა მეფე ერეკლემ და მიბრძანა: ეს საჩუქარი მიართვი ინგილო ქალს, რომელმაც რამდენიმე წლის წინათ მთელი მუჭა ქლიავი უთავაზა ჩემს სპარსულ ქუდსაო”, — და გადასცა დედოფალს ვეებერთელა ქისა, სავსე ბაჯაღლო ოქროებით, — მზითევიც გამომატანა და აი კიდეც მოაქვთ, — და ამ დროს კარზე მოადგათ რამდენიმე ურემი, დატვირთული მშვენიერი მზითვის ნივთეულობითა.
დატრიალდა ისეთი სიხარული, ატყდა ისეთი ქება და დიდება ერეკლესი, მისი კაცთმოყვარეობისა, რომ არც ენით ითქმის და არც კალმით აიწერება სავსებით. არ დარჩა არც ერთი ლექსი იმ მრავალ სადიდებელ ლექსთაგან, რომლებიც ერეკლეზე იყო გამოთქმული, რომ არ ემღერათ სტუმრებს უსაზღვრო აღტაცებით. მღეროდნენ კაცნიც, ქალნიც, დიდნიც და პატარანიც და ადიდებდნენ მეფე ერეკლეს. მეტადრე დედოფალი სწორედ სამოთხის ნეტარებას გრძნობდა. ისე მზითევი არ ახარებდა, როგორც ყურადღება სათაყვანო მეფისა.
ეს ხმა ფიცხლავ გავარდა მთელს საინგილოში და ყველა ინგილო, ქალი თუ კაცი, მზითვის გაგზავნას მეფისაგან საკუთარ პირად ჯილდოდ თვლიდა, მთელი საინგილოს დასაჩუქრებად მიაჩნდა. ეს განაპირა კუთხე საქართველოსი მთლად აივსო მხურვალე მადლობით და უზომო ერთგულებით მეფისადმი.
3
ამის შემდეგ განვლო კიდევ ოცდახუთმა წელმა. კრწანისის ველზე, თბილისის მახლობლად, საშინელი ომი იყო, ხუთი ათასი ქართველი ებრძოდა სამშობლოს დასაცველად სამოცდა ათი ათას სპარსელს; თითქმის ოთხმოც წელს მიღწეული მეფე ერეკლე, ჯერ კიდევ მხნე და გულადი, ლომივით იბრძოდა და თავს სრულიად არ ზოგავდა. მისი სიცოცხლე ყოველ წამს საფრთხეში იყო. ხან მის ახლო, ხან მის გვერდით, ხან მის წინ იბრძოდნენ, სხვათა შორის, ორნი ნორჩნი ვაჟკაცნი, რომელნიც თავისი საოცარი სიმამაცით, თავისი თავგანწირულობით ყველას ყურადღებას იპყრობდნენ, ყველას აკვირვებდნენ. არა ერთხელ აქციეს მათ უკან მტერი, მეფეზე მოსული, არა ერთხელ მიუშვირეს მათ საკუთარი მკერდი მტრის ტყვიასა და ხმალს, მეფისათვის დამიზნებულს, არა ერთ სპარსელს დაუბნელეს მზე, მაგრამ თავიანთი სიცოცხლე კი შესწირეს მეფესა და საქართველოს: ორივენი დაიხოცნენ კრწანისის ველზე გმირული სიკვდილით მეფე ერეკლეს თვალწინ.
ვინ იყვნენ ეს ნორჩნი ვაჟკაცნი?
ესენი იყვნენ უფროსი ვაჟიშვილები ჩვენი ნაცნობი ინგილო ქალისა და ნათლულნი თვით მეფე ერეკლესი.
დედას მალე მოუვიდა საინგილოში ამბავი: შენმა შვილებმა დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინეს, არა ერთხელ გადაარჩინეს სიკვდილს თავისი ნათლია მეფე, მრავალს სპარსელს დაუბნელეს მზე და თავი შესწირეს მეფესა და საქართველოსაო:
“ვმადლობ, მხურვალედ ვმადლობ უფალს, რომ მან აღირსა ჩემს შვილებს გმირული სიკვდილი, სიკვდილი სახელოვანი მამულიშვილებისა!” — წარმოთქვა დედამ იმისთანა ხმით, რომელშიაც დიდ ნუგეშთან ერთად ცხადად ისმოდა უღრმესი და უმწარესი დედობრივი მწუხარება. “ტყუილად კი არ მძულდნენ პატარაობიდანვე სპარსელები ისე ძლიერ, რომ მზად ვიყავი ყოველს მათს დანახვაზე ზედ შევკვდომოდი. გული თითქოს მაშინვე მეუბნებოდა, ეს მტარვალები შენც და შენს საყვარელს საქართველოსაც დიდს უბედურებას მიაყენებენო: და, აჰა, წინათგრძნობა გულისა მთლად ამიცხადდა. მაგრამ ნუ გაუხარდებათ მტრებს, — განაგრძო სამაგალითო დედამ, — ღვთის წყალობით, მე კიდევ მყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი. მე მათ დავზრდი უფრო უკეთეს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად, და ისინი სხვა დედების აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროს და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერს გზაზე”.
ეს ამბავი ქლიავის სროლისა ჩვენი მოგონილი არ არის , ხალხის თქმულებას შეადგენს (ავტორის შენიშვნა)