სოლომონ ლეონიძეს

სოლომონ ლეონიძეს

ბრძენო, ენამზე, დიდო ქართველო,

სამშობლოს აზრის გამომკვართველო!

ახლაც თავს მადგა შენი აჩრდილი,

თითქოს ხმალი გაქვს გულში გაჩრილი...

მესმის ნაცრემლი შენი ძახილი

ქართლის ცხოვრების ძველი საყვირი:

სამშობლოს ცრემლი ვინ დაიგუბოს,

თუ მზერ გმირს, მოსილს შავის ტილოთი

ძველ საქართველოს, ერეკლეს კუბოს,

მცხეთის ტაძარში შენ დასტიროდი:

სა დაჰხედ, მზეო, სა იძიებ.

რად შემოიხსენ, სამშობლოვ, ხმალი?

ნუთუ გათავდა, გავიწირენით?...

ყელიდან სიმწრის გდიოდა ალი.

სად დაჰხედ, მზეო, მბრწყინაო მუდამ,

ოქროს სარკმელი ვინ დაგიკეტა?

გმირი სახეზე იხვევდა სუდარს,

დასამიწებელ საფლავს იგებდა...

ეს კუბო არის ქართლის დამევი

და მასთან ქართლიც თუ დაიღუპოს,

ამ ცხედრის კუბოს ფიცრად დამდევით,

დადგით ჩემს გულზე ერეკლეს კუბო!

ამიერიდან მოვკვდე ვისათვის,

და ვიღას დროშას მე ვემსახურო?

ვა, იმედის დამარხვისათვის;

ვა, მომავალო, ვერ დანახულო!

სამშობლოს ცრემლი ვინ დაიგუბოს,

მზეც რომ ჩაუქრა და ასპიროზი?

ქართლს დაღამებულს, გმირს ხელდაკრეფილს,

თავზე ნაცარყრით შენ დასტიროდი...

გეპასუხები ბრძენსა და პოეტს

დიდი აწმყოდან შენსკენ მზირალი,

ჩვენ წინაპართა ძეგლი ვიპოვეთ,

აღსდგა სამშობლოს ლომი მყვირალი!

მე ლეონიძე, ახალ ქართლს ვუმღერ,

მივყივი ძღვათა სანაპირომდი,

მე ყინვალე დიდებას ვუმზერ,

სისხლის ცრემლებით სადაც სტიროდი!

და თუ ლექსში სჩქეფს მარად მშვენებით

სიცოცლის-ალთა ტკბილი ჟღერანი,

მისთვის, რომ მიჰქრის შეუსვენებლივ

ფაფარგაშლილი ქართლის მერანი.

რომ სამშობლოს გულს შემოადუღა

ახალი ცეცხლი ქართლის გენიამ,

მორჩა, რაც თქვენმა ცრემლმა დამდუღრა

და, წინაპრებო, რაც თქვენ გტკენიათ.