მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ
(სიმღერა)
მოდი, მოხშირდი, ჭაღარავ,
წვერ-პირი მორთე თეთრადა,
ეხლა იარონ იქნება
ჭკვამ და გულისთქმამ ერთადა.
მომწყინდა გულის ჯახირი,
დამღალა მისმა ბგერამა;
დღეს-აქამომდე მის ღელვა
ვერ დაამშვიდა ვერრამა; -
ბერ მუხად გულში იფარჩხვის,
რაც მიანდერძა დედამა, -
დაწურა, სისხლად დაწურა
ქვეყნის უღმერთოდ რბევამა;
ტანზე ამასხა ეკალი
საფლავთ წინაპართ კვნესამა,
აკლდამებიდამ მწყრომარედ
იმათმა გადმოხედვამა.
1895 წ.