ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გზამკვლევი ,,ადამიანის უფლებები და პოლიციური პრაქტიკა” მომზადებულია ფონდ ALPE-ის და საქართველოს პოლიციის აკადემიის ექსპერტების მიერ. ის მიზნად ისახავს პრაქტიკოს პოლიციელთა ცოდნის გაღრმავებას ადამიანის უფლებების საკითხებში და დემოკრატიული პოლიციური სტანდარტის დამკვიდრებას საქართველოში. გზამკვლევში გამოყენებულია ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის სამასახურის მიერ მოწოდებული მასალები დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Funded by the European Union ,,Human Rights and Policing” საქართველო, თბილისი 0108 ალ. ჭავჭავაძის ქ. 8-33 ტელ: 995 32 99 65 12/ 92 29 14 ფაქსი: 995 32 92 05 96 ელ. ფოსტა: office@alpe.ge www.alpe.ge თბილისი 2005



1 ადამიანის უფლებათა არსი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დაცვა განუყოფლადაა დაკავშირებული პოლიციის საქმიანობასთან და მის უშუალო ფუნქციას წარმოადგენს. პოლიციას თავისი მოვალეობების შესრულებისას მოეთხოვება არა მხოლოდ პატივი სცეს, არამედ უზრუნველყოს ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა. როდესაც ადამინის უფლებებზე ვსაუბრობთ, პირველი კითხვა სწორედ მის ცნებასთან მიმართებაში წარმოიშობა.

ადამიანის უფლებები სათავეს ადამიანის შინაგანი ბუნებიდან, მისი მორალური ცნობიერებისა და ღირსების შეგრძნებიდან იღებს.

ადამიანის უფლებები საყოველთაო, განუყოფელი და ყველასათვის თანასწორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის უფლებების სუბიექტს ყოველი ადამიანი წარმოადგენს, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა, სქესისა, ენისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ქონებრივი მდგომარეობის თუ სოციალური წარმომავლობისა და სხვა სტატუსისა. ადამიანის უფლებები ხელშეუვალია. შეუძლებელია მათი წართმევა ან მათზე უარის თქმა.

ადამიანის უფლებები საერთაშორისო სამართლითა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითაა დადგენილი. საერთაშორისო სამართლით და ხელშეკრულებებით დადგენილია სტანდარტები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მექანიზმების შექმნას. თითოეული სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მისი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისობა იმ ვალდებულებებთან, რომლებიც მას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე აკისრია.

არსებობს გაეროს სისტემაში მოქმედი ადამიანის უფლებათა დამცავი სისტემა და რეგიონული სისტემები.

საქართველო ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა, რაც იმას გულისხმობს რომ იგი ვალდებულია უზრუნველყოს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მოთხოვნათა შესრულება.

აღნიშნული კონვენცია ევროპის საბჭოს მიერ 1950 წელს იქნა მიღებული და უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო დოკუმენტს წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მსგავსად, საქართველოში ეს კონვენცია კანონმდებლობის ნაწილს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოში მყოფ ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეუძლია დაეყრდნოს კონვენციის დებულებებს და ამის საფუძველზე დაამტკიცოს ადამიანის უფლებათა დარღვევა. ვიდრე პოლიციელი თავისი ყოველდღიური უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, აუცილებელია გაიაზროს, რომ

პოლიციელის ნებისმიერი ქმედება, თუ ის არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მოთხოვნებს და არ უზრუნველყოფს ამ კონვენციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, არაკანონიერია და ის ადრე თუ გვიან აუცილებლად დაისჯება.

ადამიანის უფლებათა დამრღვევი პოტენციურად ნებისმიერ დროს შეიძლება დაისაჯოს. ამის გარანტი პირველ რიგში მოქალაქეა, რომელსაც აქვს უფლება მიმართოს როგორც საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოებს, ისე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა და დამნაშავის დასჯა. აღსანიშნავია, რომ ასეთი პრეცედენტები უკვე არსებობს საქართველოში და დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა მატულობს.

პოლიციის თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებსა და უმოქმედობაზე.

ამასთან, პოლიციის ხელმძღვანელობას ეკისრება უმნიშვნელოვანესი როლი უზრუნველყოს მის ხელქვეითთა ქმედებების შესაბამისობა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან.

წინამდებარე საინფორმაციო ბროშურის მიზანია პოლიციელებს გააცნოს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებული ის უფლებები, რომლებთანაც პოლიციას, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირი შეხება შეიძლება ჰქონდეს. პარალელურად განხილულია შესაბამისი რეგულირება ამ უფლებებთან მიმართებაში, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტები ადგენენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის დამატებით ოქმებში, ძირითადად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებია განმტკიცებული.

ევროპული კონვენცია:

  • სიცოცხლის უფლება (მეორე მუხლი);

  • წამების აკრძალვა (მესამე მუხლი);

  • მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა (მეოთხე მუხლი);

  • თავისუფლებისა და პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება (მეხუთე მუხლი);

  • სამართლიანი სასამართლოს უფლება (მეექვსე მუხლი);

  • სასჯელის უკუქცევითი გამოყენების აკრძალვა (მეშვიდე მუხლი);

  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება (მერვე მუხლი);

  • აზრის, სინდისის და რელიგიისთავისუფლება (მეცხრე მუხლი);

  • გამოხატვის თავისუფლება (მეათე მუხლი);

  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება (მეთერთმეტე მუხლი);

  • ქორწინების უფლება (მეთორმეტე მუხლი);

  • ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ხელმისაწვდომობის უფლება (მეცამეტე მუხლი);

  • დისკრიმინაციის აკრძალვა (მეთოთხმეტე მუხლი).

პირველი ოქმი:

  • საკუთრების დაცვა (პირველი მუხლი);

  • განათლების უფლება (მეორე მუხლი);

  • თავისუფალ არჩევნებში მონაწილეობის უფლება (მესამე მუხლი); მეოთხე ოქმი:

  • თავისუფლების აღკვეთის აკრძალვა ვალის გადაუხდელობის გამო (პირველი მუხლი);

  • გადაადგილების თავისუფლება (მეორე მუხლი);

  • მოქალაქეების გაძევების აკრძალვა (მესამე მუხლი);

  • უცხოელთა კოლექტიურიგაძევების აკრძალვა (მეოთხე მუხლი).

მეექვსე ოქმი:

მეექვსე ოქმი კრძალავს სიკვდილით დასჯას მშვიდობიან პერიოდში. თუმცა, ეს აკრძალვა არ არის აბსოლუტური, ვინაიდან სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებულ იქნას ომის ან მისი გარდაუვალი საფრთხის დროს.

მეშვიდე ოქმი:

  • უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული პროცედურული გარანტიები (პირველი მუხლი);

  • განაჩენის გასაჩივრების უფლება ზემდგომ სასამართლოში (მეორე მუხლი);

  • კომპენსაციის მოთხოვნისუფლება არამართებული მსჯავრდების შემთხვევაში (მესამე მუხლი);

  • ერთი და იმავედანაშაულისათვის ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა (მეოთხე მუხლი);

  • მეუღლეთა შორის თანასწორობა (მეხუთე მუხლი).

მეთორმეტე ოქმი:

მეთორმეტე ოქმი კრძალავს დისკრიმინაციას ყველა იმ უფლებასთან დაკავშირებით,

რომლებიც პირს ენიჭება ეროვნული კანონმდებლობით.

მეცამეტე ოქმი:

მეცამეტე ოქმი კრძალავს სიკვდილით დასჯას ნებისმიერ დროს, მათ შორის საომარი მდგომარეობის დროს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს მასში ჩამოყალიბებულ უფლებათა და თავისუფლებათა მართლზომიერი შეზღუდვის შესაძლებლობას სახელმწიფოს მიერ. კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლები ითვალისწინებს ამ მუხლებით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას.

,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 8-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ზუსტად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები და ეს უფლებები შეზღუდოს მხოლოდ დადგენილი წესით. უფლების შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი პოლიციელს ავალდებულებს, რომ პირს განუმარტოს შეზღუდვის გამოყენების საფუძველი და ის უფლებები, რომლითაც მას ამ

შეზღუდვის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს. ამდენად, აუცილებელია პოლიციის თანამშრომელმა იცოდეს, რა შემთხვევაში ჩაითვლება შეზღუდვა მართლზომიერად. კონვენციის თანახმად, შეზღუდვა მართლზომიერია, თუ იგი შემდეგ სამ პირობას აკმაყოფილებს:

  • მას ითვალისწინებს კანონი, ან იგი დადგენილია კანონის შესაბამისად;

  • იგი ემსახურება კანონიერ მიზანს (მაგ. ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვა), რომელიც პირდაპირ არის გათვალისწინებული კონვენციის კონკრეტული მუხლით;

  • იგი აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

გთავაზობთ თითოეული პრინციპის მოკლე მიმოხილვას.

2 უფლების მართლზომიერი შეზღუდვის კანონიერი საფუძველი

▲ზევით დაბრუნება


,,კანონიერების“ პრინციპი ევროპის კონვენციის ტექსტში გვხვდება შემდეგი ფორმულირებებით: ,,კანონის თანახმად”, ,,კანონით დადგენილია” და ,,კანონიერია”.

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას ,,კანონიერების” გაგება უნდა ემყარებოდეს ამ შეზღუდვის კანონით განსაზღვრულ და დადგენილ საფუძვლებს. ამასთან, ტერმინი ,,კანონი” უნდა განიმარტოს არა შეზღუდულად, როგორც ნორმატიული აქტის ერთ-ერთი სახე, არამედ, როგორც ნორმატიული აქტი ზოგადად.

ამ პრინციპის სწორად გაგებისათვის საყურადღებოა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსაზრება, რომელიც მან ,,სანდი თაიმსი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” საქმესთან დაკავშირებით გამოთქვა:

,,პირველ რიგში, კანონი უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი: მოქალაქეებს გარემოებების მიხედვით უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გაერკვნენ, თუ რომელი სამართლებრივი ნორმა გამოიყენება მოცემულ შემთხვევაში. ნორმა არ შეიძლება ჩაითვალოს ,,კანონად”, თუ იგი არ არის ჩამოყალიბებული საკმარისი სიცხადით, რათა მოქალაქემ შეძლოს, შეუსაბამოს მას თავისი მოქმედება: ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განსაზღვროს ის შედეგები, რომლებიც ასეთ მოქმედებას შეიძლება მოჰყვეს”

ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონიერების პრინციპს შემდეგნაირი განმარტება შეიძლება მიეცეს:

  • კანონი, რომლის საფუძველზე ან შესაბამისადაც ხდება შეზღუდვა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მათთვის, ვისაც ეს შეზღუდვა ეხება;

  • კანონი ან წესი უნდა იყოს ნათლად და გასაგებად ფორმულირებული, რათა მათ, ვისაც ის ეხება შეძლონ მისი გაგება და შესაბამისად, ისე მოქმედება, რომ მოცემული კანონი ან წესი არ დაარღვიონ.

3 უფლების შეზღუდვის კანონიერი მიზანი

▲ზევით დაბრუნება


მეორე პირობა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია უფლების შეზღუდვის მართლზომიერად მიჩნევა, არის მისი კანონიერი მიზანი. ძირითადად, კანონიერი მიზნები, რომელთა გამოც შეიძლება ესა თუ ის უფლება შეიზღუდოს, კონვენციის შესაბამის მუხლშია ფორმულირებული. ცალკეული მუხლით გარანტირებული უფლება მხოლოდ იმ მიზნით შეიძლება შეიზღუდოს, რომელიც პირდაპირ არის მასში მითითებული.

კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება; აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) შეიძლება შეიზღუდოს შემდეგი კანონიერი მიზნების მისაღწევად:

  • ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვა;

  • უწესრიგობის და დანაშაულის აღკვეთა;

  • ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვა;

  • სხვათა უფლებების დათავისუფლებების, ასევე სხვათა რეპუტაციის დაცვა;

  • კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების აღკვეთა;

  • სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა.

4 უფლების შეზღუდვის აუცილებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში

▲ზევით დაბრუნება


ევროპის კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებით გათვალისწინებული უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერებისათვის დაწესებულია ასევე მესამე პირობა, რომლის თანახმად შეზღუდვა აუცილებელი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში. უფლების შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოწვეულია მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებით. ამასთან, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა მართლზომიერების შეფასებისას გადამწყვეტია პროპორციულობის პრინციპის დაცვა, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ქმედებანი პროპორციული უნდა იყოს მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებისა. ეს შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს მიზანს და გამართლებული უნდა იყოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ქმედება უნდა იყოს მეტად წინდახედული და ფრთხილი და გამოიყენებოდეს მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

შემზღუდველი ქმედება არ უნდა იყოს უსამართლო ან თვითნებური გადაწყვეტილების შედეგი.

პოლიციის თანამშრომელმა უნდა იცოდეს, რომ კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლების შეზღუდვის აუცილებლობის შემთხვევაში, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ღონისძიება ლეგიტიმური მიზნით არის გამართლებული და იგი არსებული კონკრეტული გარემოების ადეკვატურია.პოლიციელმა უნდა გაიაზროს, არსებობს თუ არა უფლების შემზღუდველი ქმედების ნაკლებად მძიმე ალტერნატივა, რომლის საშუალებითაც შეიძლება მიზნის მიღწევა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დეტალურად განმარტა, თუ რა შეიძლება იყოს უფლების შეზღუდვის საფუძველი დემოკრატიული საზოგადოების აუცილებლობიდან გამომდინარე. ეს განმარტება გაკეთდა სასამართლო საქმეზე ,,სილვერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”.

სასამართლომ მიუთითა:

  • ზედსართავი სახელი ,,აუცილებელი” არ არის სიტყვა ,,გარდაუვალის” სინონიმი, თუმცა მას არც ისეთი ფართო განმარტება შეიძლება მიეცეს, როგორიცაა, მაგალითად, ,,დასაშვები”, ,,ჩვეულებრივი”, ,,სასარგებლო”, ,,მიზანშეწონილი” ან ,,სასურველი”;

  • ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული, მაგრამ არა უსაზღვრო შეფასების ფარგლები შეზღუდვების დაწესებისას. საბოლოოდ სასამართლო თავად ადგენს, შეესაბამება თუ არა ეს შეზღუდვები კონვენციას;

  • ფრაზა - ,,აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში” ნიშნავს, რომ იმისათვის, რათა ჩარევა შეესაბამებოდეს კონვენციას, ის უნდა შეესაბამებოდეს ,,მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას” და უნდა იყოს იმ კანონიერი მიზნის პროპორციული, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება;

  • კონვენციის მუხლებისის პუნქტები, რომლებიც გარანტირებული უფლებებიდან გამონაკლისს ითვალისწინებენ, შეზღუდულად უნდა განიმარტონ.

ამდენად, სახელმწიფოებს აქვთ შეფასების გარკვეული თავისუფლება, თუმცა შეფასება იმისა, არის თუ არა უფლების შეზღუდვა ,,მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების” პროპორციული, ექვემდებარება ევროპული სასამართლოს კონტროლს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამოწმებს, დააკმაყოფილა თუ არა უფლების შეზღუდვამ კონვენციის მოთხოვნები, მათ შორის, გამომდინარეობს თუ არა უფლებათა შეზღუდვა ,,მწვავე საზოგადოებრივი საჭიროებიდან” და არის თუ არა იგი კონვენციით გათვალისწინებული რომელიმე კანონიერი მიზნის პროპორციული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, რამდენად დასაბუთებული და გამართლებულია სახელმწიფოს მიერ იმ დებულებაზე დაყრდნობა, რომელიც ადამიანის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს.

აქედან გამომდინარე, როდესაც საქმე ეხება დემოკრატიულ სახელმწიფოში უფლების შეზღუდვის აუცილებლობას, პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • დაკმაყოფილდება თუ არა უფლების შემზღუდველი ქმედებით საზოგადოებრივი საჭიროება?

  • ემსახურება თუ არა შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს?

  • შეესაბამება თუ არაშეზღუდვის ფარგლებში განხორციელებული ქმედება დასახულ მიზანს?

იმისათვის, რომ თქვენი როგორც პოლიციელის ქმედება კონვენციის მე-8 და მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლებების შეზღუდვების განხორციელების დროს შესაბამისობაში იყოს კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • არის თუ არა თქვენს ქმედებაში იმის ალბათობა, რომ დაირღვეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;

  • აქვს თუ არა თქვენს ქმედებას კანონიერი საფუძველი;

  • არის თუ არა ღონისძიება,რომლის განხორციელებასაც აპირებთ, აუცილებელი და საჭირო;

  • შეესაბამება თუ არა თქვენ მიერ დაგეგმილი ქმედება არსებულ ვითარებას.

ამ კითხვების გათვალისწინებით სასურველია და ზოგ შემთხვევაში აუცილებელიც, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი წერილობით აღწეროთ.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის თანახმად, სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს (ან დათქმების გაკეთების საშუალებით გადაუხვიოს) კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებულ უფლებებს და თავისუფლებებს საომარი ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს. მიუხედავად ამისა, კონვენციის მე-15 მუხლის საფუძველზე არ შეიძლება შეიზღუდოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული ყველა უფლება და თავისუფლება.

ევროპული კონვენციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებები აბსოლუტურია და, შესაბამისად, საომარი ან სხვა საგანგებო მდგომარეობის დროსაც იკრძალება მათი შეზღუდვა.

ამ უფლებებს განეკუთვნება:

  • სიცოცხლის უფლება(გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვალება საომარ მოქმედებათა შედეგია).

  • წამების, არაჰუმანური ანდამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვა;

  • მონობის, იძულებითი ან სავალდებულო შრომის აკრძალვა;

  • სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭების აკრძალვა.

5 სიცოცხლის უფლება (კონვენციის მუხლი 2)

▲ზევით დაბრუნება


1. ადამიანის სიცოცხლის უფლება დაცულია კანონით. არ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სრულდება სასამართლოს განაჩენი პიროვნების დამნაშავედ აღიარების შემდეგ და როცა ასეთ სასჯელს ითვალისწინებს კანონი.

2. სიცოცხლის ხელყოფა არ ჩაითვლება ამ მუხლის დარღვევად, თუ ეს ჩადენილია ძალის გამოყენებით, რაც თავის მხრივ, აუცილებელი იყო.

ასეთი შემთხვევებია:

  • ნებისმიერი პიროვნებისუკანონო ძალადობისგან დაცვა;

  • კანონიერი დაკავება, ან კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის თავიდან აცილება;

  • ამბოხებისა და აჯანყების ჩასახშობად კანონის შესაბამისად ზომების მიღება;

სიცოცხლის უფლება ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოითხოვს ხელმომწერი სახელმწიფოებისგან მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც კრძალავენ მკვლელობის გარკვეულ ფორმებს და ხელს უშლიან სახელმწიფოს მიერ თვითნებური მკვლელობის აღსრულებას. ადამიანს სიცოცხლე შეიძლება წაერთვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო მას ბრალდებულად სცნობს ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯას.

კონვენცია კრძალავს სიცოცხლის ხელყოფას, მაგრამ ამავე დროს ის უშვებს ისეთი ძალის გამოყენების შესაძლებლობას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლის ხელყოფა.

არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამისათვის კი შეიძლება აუცილებელი იყოს სხვა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა.

ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია და მან უნდა გადაწყვიტოს კიდეც, თუ რომელი სიცოცხლისათვის იბრძვის იგი თავისი რეპრესიული საშუალებებით. აქედან გამომდინარე, სახელწიფოს უფლება აქვს ხელყოს დამნაშავის სიცოცხლე დანაშაულის ჩადენის მომენტში, როცა მხოლოდ და მხოლოდ ასეა შესაძლებელი მსხვერპლის სიცოცხლის გადარჩენა (მაგალითად, მძევლების განთავისუფლების დროს). სიცოცხლის უკანონო ხელყოფის აღმკვეთი ზომების მიღება და მკვლელობის საქმეების ზედმიწევნით გამოძიება პოლიციას განსაკუთრებულ როლს აკისრებს სიცოცხლის უფლების დაცვაში. ამ თვალსაზრისით პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა მოითხოვს ძალის კანონიერი გამოყენების უზრუნველყოფას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუცილებლობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვა, რაც გაეროს მიერ მიღებულ სამართალდამცავი სფეროს მოხელეთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლშია განმტკიცებული. ამ პრინციპების თანახმად, პოლიცია უფლებამოსილია მიმართოს ძალას მხოლოდ იმ ზომით, რომელიც გამართლებულია დანაშაულის აღკვეთის, ასევე დამნაშავეთა თუ დანაშაულში ეჭვმიტანილის კანონიერი დაპატიმრების აუცილებლობით.

გაეროს სამართალდამცავი სფეროს მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები ადგენს, პოლიციის მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სტანდარტებს. აქ აღნიშნულია, რომ ,,სამართალდამცავი სფეროს მოხელეებს არ შეუძლიათ გამოიყენონ ცეცხლსასროლი იარაღი ადამიანების წინააღმდეგ, გარდა შემდეგი გამონაკლისებისა:

  • საკუთარი ან სხვათა სიცოცხლის დასაცავად რეალური საფრთხისგან;

  • საკუთარი თავის ან სხვათა დასაცავად დასახიჩრებისგან;

  • მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს;

  • მძიმე დანაშაული, ჩამდენიპირის დასაპატიმრებლად, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცავს, ან ცდილობს გაქცევას, თუ ამისთვის ნაკლებად ექსტრემალური ზომები არ არის საკმარისი.

ყველა შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია სიცოცხლის დასაცავად.”

ადამიანის უფლებების დამცველმა ერთ-ერთმა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ,,საერთაშორისო ამნისტია” 1998 წელს შეიმუშავა სწორად მოქცევის 10 ძირითადი სტანდარტი სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ამ დოკუმენტის მიხედვით, ძალა, რომლის გამოყენებამაც შეიძლება ადამიანის სიცოცხლე ხელყოს, სამართალდამცავმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აბსოლუტურად გარდაუვალია საკუთარი ან სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე, თუკი ამისი უკიდურესი აუცილებლობა არსებობს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და სიცოცხლის ხელმყოფი ძალის გამოყენება დასაშვებია, როდესაც არსებობს სიცოცხლისათვის აშკარა საფრთხე, ან ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროება, ასევე თუ ნათელია, რომ ნაკლებად მკაცრი მეთოდები არაეფექტურია.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს, რომ ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი“. თუმცა ეროვნული კანონმდებლობა ცალკეულ შემთხვევებში ითვალისწინებს ისეთი ძალის გამოყენების შესაძლებლობას, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებად მიიჩნევა ცეცხლსასროლი იარაღის, რეზინის ხელკეტის, ელექტროშოკური მოწყობილობის, ცრემლსადენი გაზის და სხვა კანონით გათვალისწინებული საშუალებების გამოყენება. ამათგან, სიცოცხლისათვის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენების პირობებს ადგენს საქართველოს კანონი ,,პოლიციის შესახებ.”

კანონით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად მიიჩნევა გამიზნული გასროლა, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი მიმართავს უკიდურესი ღონისძიების სახით შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

  • ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

  • მძევლების გასათავისუფლებად;

  • დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

  • მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასევე ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელს ან შეეცდება გაქცევას;

  • მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, ასევე სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

  • მოქალაქეთა დასაცავად საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

  • განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;

  • სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით მის დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა. კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გაფრთხილების გარეშე.

ასეთი შემთხვევებია:

შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმა;

დაკავებულის ან პატიმრის გაქცევა სატრანსპორტო საშუალებიდან, ან მისი გამოყენებით;

დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს მის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა;

დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევა;

დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევა.

სად არის აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება?

  • ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლებელია სხვა პირთა დაშავება

  • ცეცხლსაშიშ და ფეთქებადსაშიშ ადგილებში.

ვის მიმართ არის აკრძალული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება?

  • ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის ან ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი არიან, ან ახორციელებენ ჯგუფურ თავდასხმას, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლეს.

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი მოვალეა ყველა ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, ან დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და აქტებით.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კონვენციის მე-2 მუხლთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს შემდეგი საყურადღებო მოსაზრებები აქვს გამოთქმული:

* * *

კონვენციის 2.2 მუხლი განსაზღვრავს არა იმ შემთხვევებს, როდესაც ნებადართულია პიროვნების სიცოცხლის განზრახ ხელყოფა, არამედ ითვალისწინებს იმ გარემოებებს (უკანონო ძალადობისაგან დაცვა; კანონიერი დაპატიმრება ან კანონიერად დაკავებული პირის გაქცევის აღკვეთა; ამბოხის ან აჯანყების წინააღმდეგ კანონით დადგენილი ზომების მიღება), როდესაც ნებადართულია ძალის გამოყენება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი წინასწარი განზრახვის გარეშე.

* * *

2.2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, ძალის გამოყენება არ უნდა გასცდეს ,,აბსოლუტური აუცილებლობის” ფარგლებს.

* * *

ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ძალის გამოყენება მკაცრად თანაზომიერი უნდა იყოს 2.2 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული აუცილებლობისა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილული საქმეებიდან ჩანს, რომ ხშირად თვით პოლიციელისა თუ ჯარისკაცის მოქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, არ ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს, რადგანაც მის ხელთ არსებული ინფორმაციით ეს ქმდება წარმოადგენდა ,,აბსოლუტურ აუცილებლობას“ და პროპორციული იყო შექმნილი ვითარებისა. მიუხედავად ამისა, ჩატარებული ოპერაცია მთლიანობაში მაინც ლახავდა კონვენციის მე-2 მუხლით დაცულ სიცოცხლის უფლებას. ამის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო უფლებამოსილი პირების მიერ ოპერაციის არასწორი დაგეგმვა, მცდარ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედება და სხვა. ასეთ შემთხვევებში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელი სიცოცხლისთვის საშიში ძალის გამოყენებისას მოქმედებდა კანონზომიერად, ხელისუფლება მაინც ვერ განთავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან იგი ვალდებულია პატივი სცეს ეჭვმიტანილის სიცოცხლის უფლებას და შეეცადოს პრობლემის ნაკლებად ძალადობრივი მეთოდებით გადაჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მიჩნეულ იქნება აბსოლუტურ აუცილებლობაზე გადამეტებულ ძალად, რაც კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევაა. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ მოყვანილი საქმე გამოდგება.

საქმის ,,მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ; 17/1994/464/545” განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვა გარემოებებთან ერთად შეისწავლა პოლიციის მიერ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ჯგუფის წევრების დასაპატიმრებლად განხორციელებული ოპერაციის ორგანიზაციისა და კონტროლის საკითხები.

ამ საქმეზე მომჩივან მხარეს წარმოადგენდნენ ბრიტანეთის არმიის სპეციალური დანაყოფის ჯარისკაცების მიერ გიბრალტარში 1988 წლის 6 მარტს მოკლული ირლანდიის რესპუბლიკური არმიი (IRA) ერთ-ერთი ჯგუფის წევრების ნათესავები.

ბრიტანეთისა და ესპანეთის შესაბამისი უწყებებისთვის 1987 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ IRA გეგმავდა ტერორისტული აქტის განხორციელებას გიბრალტარში. გადაწყდა, რომ მომზადებულიყო ტერორისტთა გაუვნებელყოფის ოპერაცია. დაზვერვის მონაცემებით ტერორისტების სამიზნე ტერიტორია გიბრალტარის მთავარი მოედანი იყო, ხოლო ტერორისტული აქტის სავარაუდო დრო - სამეფო პოლკის გუშაგთა შეცვლის ცერემონია, რომელიც დილის 11 საათზე იმართებოდა. არსებული ინფორმაციით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც დისტანციური მართვის მექანიზმის მეშვეობით უნდა მოეყვანათ მოქმედებაში, მოთავსებული იქნებოდა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანაში.

6 მარტს IRA-ს სამი წევრი - ანიელ მაკკენი, შონ სევიჯი და მაირად ფარელი გიბრალტარში გადავიდნენ. გეგმის თანახმად, მათზე მუდმივი თვალთვალი მიმდინარეობდა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ ერთ-ერთმა ტერორისტმა მანქანა აღნიშნული მოედნის ახლოს დააყენა. ტერორისტების დაკავება დაევალა უშიშროების დანაყოფის ოთხ ჯარისკაცს, რომელთაც მიეცათ სათანადო მითითებები, მათ შორის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტები ცეცხლსასროლი იარაღით და დისტანციური მართვის პულტით იყვნენ შეიარაღებულნი.

იმ ჯარისკაცის ჩვენებით, რომელიც ქუჩის გასწვრივ მისდევდა მაკკენსა და ფარელს, მაკკენი მიხვდა მის ვინაობას და მოსალოდნელ საფრთხეს, რის შემდგომაც მან ისეთი მოძრაობა გააკეთა, რომელიც ჯარისკაცის აზრით, მიანიშნებდა, რომ მაკკენი დისტანციური მართვის მოწყობილობის ამოქმედებას აპირებდა. მეორე ჯარისკაცის განცხადებით, მანაც დაინახა ფარელის საეჭვო მოძრაობა, რომელიც ამავე განზრახვაზე მიუთითებდა. ყოველივე ამის გამო ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ტერორისტებს და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს მათ. ოპერაციაში მონაწილე დანარჩენმა ორმა ჯარისკაცმა კი სროლის ხმის გაებისთანავე სევიჯის ლიკვიდაცია მოახდინა იმ მოსაზრებით, რომ მას შეეძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა. მაკკენის, ფარელის და სევიჯის ლიკვიდაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ არ ჰქონდათ დისტანციური მართვის მოწყობილობა. მეტიც, ისინი შეიარაღებულნიც კი არ იყვნენ. მათ მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა. თუმცა, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანა მოგვიანებით ესპანეთის ერთ-ერთი კურორტის მახლობლად იპოვეს. სასამართლოს წინასწარ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა. მას უნდა დაეცვა ხალხის (მათ შორის, სამხედრო პერსონალის) სიცოცხლე და, ამავე დროს, მინიმუმამდე შეეზღუდა ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ ძალის გამოყენება. აღინიშნა, რომ შესაბამისი ორგანოებისათვის ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ IRA ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდა, რის გამოც ისინი იძულებულნი იყვნენ ანტიტერორისტული ოპერაცია მხოლოდ ჰიპოთეზის საფუძველზე მოემზადებინათ.

ამდენად, იმის შესაფასებლად, განხორციელდა თუ არა ძალის გამოყენება კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევით, უნდა დადგენილიყო არა მხოლოდ ის, იყო თუ არა სამხედროების მიერ გამოყენებული ძალა დასახული მიზნის - ხალხის ტერორისტული თავდასხმისაგან დაცვის თანაზომიერი, არამედ ისიც, მოხდა თუ არა ანტიტერორისტული ოპერაციის დაგეგმვა და წარმართვა ისე, რომ შეძლებისდაგვარად შემცირებულიყო იარაღის გამოყენების აუცილებლობა. ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცების მოქმედებათა შეფასებისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჯარისკაცებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ აუცილებელი იყო ტერორისტთა გაუვნებელყოფა, რათა აღეკვეთათ მანქანის აფეთქება და თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი. სასამართლომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძალის გამოყენების შესახებ შეიძლება გამართლებული იყოს, თუ იგი ემყარება მოცემულ მომენტში მისი გამოყენების აუცილებლობის გულწრფელ რწმენას, რაც მოგვიანებით შეიძლება უსაფუძვლო აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯარისკაცთა მოქმედება არ წარმოადგენდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.

ოპერაციის ორგანიზებისა და წარმართვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა ის ფაქტი, რომ არ მოხდა სამი ეჭვმიტანილის საზღვარზევე დაკავება, რაც შემდგომში აღარ წარმოშობდა ძალის გამოყენების აუცილებლობას. ასეთი გადაწყვეტილება ან იმით აიხსნებოდა, რომ თავიდანვე ცნობილი იყო მანქანაში ბომბის არარსებობის შესახებ (თუმცა, ეს ვერსია სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია), ან იმით, რომ სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული ოპერაციის მომზადებისას. შედეგად მოვლენები ისე განვითარდა, რომ ძალის გამოყენება არა სავარაუდო, არამედ გარდაუვალი გახდა. უშიშროების დანაყოფის ოთხ ჯარისკაცს ხელმძღვანელობისგან მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ ტერორისტული აქტი მანქანის აფეთქებით უნდა განხორციელებულიყო. ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების ვერსიით ტერორისტები ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მანქანის დასაყენებელი ადგილის დაკავების მიზნით არ გამოიყენებდნენ სათადარიგო მანქანას, ხოლო ბომბის დეტონაცია მოხდებოდა დისტანციური მართვის მოწყობილობით, რომელიც ამოქმედდებოდა ღილაკზე დაჭერით. გარდა ამისა, საფრთხის გაცნობიერების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, რომ ეჭვმიტანილები მაშინვე მოიყვანდნენ მოქმედებაში ასაფეთქებელ მოწყობილობას. ივარაუდებოდა ისიც, რომ ტერორისტები შეიარაღებულნი იქნებოდნენ და დაპირისპირების შემთხვევაში გამოიყენებდნენ იარაღს. ვინაიდან დამატებითი ვერსიები ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული და ოპერაცია წარიმართა გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე, ჯარისკაცებს სამუშაო ვარაუდი მიეწოდათ უტყუარი ფაქტის სახით, რის გამოც ძალის გამოყენება გარდაუვალი გახდა.

ამას დაემატა ჯარისკაცებისთვის მიცემული მითითებაც, რომლის მიხედვითაც ცეცხლის გახსნის შემთხვევაში მათ სროლა ეჭვმიტანილების განადგურებამდე უნდა გაეგრძელებინათ. სასამართლომ მიუთითა, რომ ხელისუფლება ვალდებული იყო პატივისცემა გამოეჩინა ეჭვმიტანილთა სიცოცხლის უფლების მიმართ და საგულდაგულოდ შეემოწმებინა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, ვინაიდან სრულიად ცხადი იყო, რომ ოპერაციის მსვლელობის პროცესში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უთუოდ სასიკვდილო შედეგით დასრულდებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება საზღვარზევე დაეკავებინათ ეჭვმიტანილები და არ დაეშვათ მათი შესვლა გიბრალტარში, ასევე ის, რომ ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული დაზვერვის მონაცემების უზუსტობის შესაძლებლობა და ჯარისკაცებისთვის აუცილებლად სასიკვდილო ცეცხლის გახსნის მითითება, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ IRA-ის სამი წევრის მკვლელობა ტერორიზმისაგან ადამიანების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე მოხდა, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევასაც.

ამდენად, ძალის გამოყენება, რომელსაც შესაძლოა სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვეს, შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობისას. ამასთან, ძალის გამოყენება პროპორციული უნდა იყოს შექმნილი სიტუაციისა და მიმართული უნდა იყოს კანონიერი მიზნის მიღწევისკენ.

6 წამების აკრძალვა (მუხლი 3)

▲ზევით დაბრუნება


არავინ არ შეიძლება გახდეს წამების,არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის მსხვერპლი.

წამების აკრძალვა სრული და აბსოლუტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს გამონაკლისი არანაირ გარემოებაში, მათ შორის, არც ომში.

დაუშვებელია სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების და ტერორისტების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა, თუნდაც მათ ჰქონდეთ ისეთი ინფორმაცია, რომლის ცოდნაც აუცილებელია სხვა ადამიანების ან სახელმწიფოს დასაცავად.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1979 წელს მიღებულ ,,პოლიციის შესახებ დეკლარაციაში” ნათქვამია, რომ პოლიციის თანამშრომლებს აკისრიათ ვალდებულება, არ დაემორჩილონ ან უგულვებელყონ ნებისმიერი ისეთი ბრძანება თუ მითითება, რომელიც გულისხმობს წამებას, არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელის სხვა ფორმებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1979 წელს მიღებული ,,სამართალდამცავი სფეროს მოხელეთა ქცევის კოდექსის” მე-5 მუხლში მითითებულია, რომ ,,არცერთ სამართალდამცავი სფეროს მოხელეს არ შეუძლია წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის პროვოცირება ან დაშვება; არცერთ სამართალდამცავი სფეროს მოხელეს არ შეუძლია მიუთითოს ზემდგომთა ბრძანებებზე ან საგანგებო მდგომარეობაზე, როგორიცაა ომის მდგომარეობა ან ომის, ეროვნული უსაფრთხოების საშიშროება, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა ან ნებისმიერი სხვა კრიტიკული ვითარება, როგორც წამების ან სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის გამამართლებელ პირობაზე.”

ეს აკრძალვა გამომდინარეობს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაციიდან ადამიანის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და სასჯელისაგან დაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც, ,,ასეთი ქმედება ადამიანის ღირსების შემლახავი დანაშაულია და უნდა დაისაჯოს როგორც გაეროს მიზნების უარყოფა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით გამოცხადებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა.”

დეკლარაცია წამებას შემდეგნაირად განმარტავს: ,,წამება ნიშნავს ნებისმიერ ქმედებას, რომლითაც სახელმწიფო მოხელის წაქეზებით მძიმე ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი ან ტანჯვა განზრახ მიადგა პირს იმ მიზნით, რომ მისგან ან მესამე პირისაგან მიღებულ იქნას ინფორმაცია ან აღიარება; მისი დასჯა იმ ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა ან ეჭვმიტანილია მის ჩადენაში მისი ან სხვა პირთა დაშინებით. ეს განმარტება არ მოიცავს ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც გამომდინარეობს, განუყოფელია ან შემთხვევით გამოიწვევა კანონიერების ფარგლებში პატიმრებთან მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესების შესაბამისად”.

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი:

  • ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია;

  • დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის მიხედვით, პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის მიერ მუქარით ან სხვა უკანონო ქმედებით ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დაზარალებულის ან მოწმის იძულება ჩვენების მიცემისათვის, ანდა ექსპერტისა - დასკვნის მიცემისთვის, ასევე იგივე ქმედება, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, აბუჩად აგდება ან წამება, დასჯადია. კანონი წამების განმახორციელებელი პირისათვის ადგენს თავისუფლების აღკვეთას ორიდან რვა წლამდე. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ შემდეგნაირად განმარტა მე-3 მუხლში აღნიშნული ტერმინები: ,,არაადამიანური მოპყრობა” არის მოპყრობა, რომელიც შეგნებულად იწვევს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ტანჯვას. ადამიანის მიმართ მოპყრობა ან მის მიმართ გამოყენებული სასჯელი ,,დამამცირებელია”, თუ ის სერიოზულად შეურაცხყოფს ადამიანს სხვების წინაშე, ანდა აიძულებს მას, მოიქცეს საკუთარი ნებისა თუ სინდისის საწინააღმდეგოდ. ,,წამება” არის განსაკუთრებულად არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ინფორმაციის ან აღიარებითი ჩვენების მოპოვების, ან დასჯის მიზნით ხორციელდება და, საზოგადოდ, არაადამიანური მოპყრობის უმძიმეს გამოვლინებას წარმოადგენს.

კონვენციის მე-3 მუხლში გამოყენებული ტერმინოლოგიის განმარტებასთან დაკავშირებით საყურადღებო მოსაზრებები ასევე გამოითქვა საქმეზე ,,ირლანდია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ”, რომლის განხილვაში კონვენციის საფუძველზე შექმნილი ორი ორგანო - ადამიანის უფლებათა კომისია და სასამართლო - იღებდა მონაწილეობას. საქმე ეხებოდა დაკითხვის დროს ე.წ. ,,დეზორიენტაციის” ანუ ,,სენსორული დეპრივაციის” ხუთი მეთოდის გამოყენებას. ესენია: კედელთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში დგომის იძულება, თავზე ტომრის ჩამოცმა, სმენითი გაღიზიანება, ძილის წართმევა და საკვების შეზღუდვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან მათი გამოყენება იწვევს გრძნობათა ორგანოების ჩვეული ფუნქციონირების მოშლას და მძიმედ ზემოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ასეთი მეთოდების გამოყენება წამებად უნდა ჩაითვალოს. სასამართლო არ დაეთანხმა ამგვარ შეფასებას და ხმათა უმრავლესობით დაადგინა, რომ დაკითხვის დროს ზემოთ დასახელებული მეთოდების გამოყენება ,,არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას” წარმოადგენს, რადგანაც მათი ზემოქმედება არ იწვევს ისეთი ხარისხისა და სისასტიკის ტანჯვის მიყენებას, როგორიც სიტყვა ,,წამებაში” იგულისხმება. საქმეზე ,,ტომასი საფრანგეთის წინააღმდეგ” მომჩივანი იყო საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც ორ სხვადასხვა პირთან ერთად დააკავეს მკვლელობის, იარაღის უკანონო ტარების და სხვა მძიმე ბრალდებების საფუძველზე. გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, რასაც 5 წელი და 7 თვე დასჭირდა, იგი უდანაშაულოდ მიიჩნიეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ტომასი პატიმრობაში იმყოფებოდა. თავის განცხადებაში იგი ასაჩივრებდა პოლიციელთა უკანონო ქმედებას, რომლებიც, მისი მტკიცებით, სცემდნენ და უხეშად ეპყრობოდნენ მას. ამასვე ადასტურებდა პოლიციაში დაკავების პერიოდში ოთხი სხვადასხვა ექიმის მიერ მის სხეულზე აღმოჩენილი მსუბუქი დაზიანებები, რომლებიც, მათი თქმით, შეესაბამებოდა პატიმრის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სასამართლო დასკვნები და თავად განმცხადებლის საჩივარი მიუთითებდა, რომ ჭრილობები მისი პოლიციაში ყოფნის დროს იყო მიყენებული. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს საპირისპირო არგუმენტები არ გამოუთქვამს.

ეს გარემოებები საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ ტომასის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და პოლიციაში დაკავების პერიოდს შორის მიზეზ- შედეგობრივი კავშირი არსებობდა. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად ჩატარებული სამედიცინო შემოწმებების საფუძველზე ექიმებმა დაადასტურეს ტომასის მიმართ ,,ძალის გამოყენების ფაქტი და დაადგინეს დარტმების სიძლიერეც”. შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა არაადამინურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას და ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ნებისმიერი დანაშაულის, მათ შორის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მასთან დაკავშირებული სიძნელეები არ ამართლებს ადამიანზე ფიზიკური ხეშეუხებლობის მოთხოვნის შეუსრულებლობას.

პოლიციის განყოფილებების ინსპექტირება ნებისმიერ დროს შეუძლია წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, რომელიც ,,წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ” ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. კომიტეტი არის ექსპერტთა ორგანო, რომლის წევრობის კანდიდატებს წარადგენენ კონვენციის მონაწილე ქვეყნები და მათ ამტკიცებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტი. მასში გაერთიანებულნი არიან მაღალზნეობრივი და პრინციპული ადამიანები, რომელთაც აქვთ დიდი პროფესიული გამოცდილება ან განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. კომიტეტის წევრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან, თუმცა მათ შორის იურისტები და ექიმები ჭარბობენ.

ვინაიდან საქართველო ,,წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ” ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყანაა, კომიტეტი უფლებამოსილია შეამოწმოს ჩვენს ქვეყანაში არსებული თავისუფლების აღკვეთის ადგილები, მათ შორის, ცხადია, პოლიციის განყოფილებებიც.

ასეთი შემოწმების მიზანია დაკავებულთა მიმართ წამებისა და არამართებული მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში წევრი სახელმწიფოების დახმარება. სახელმწიფო ვალდებულია კომიტეტის ქვეყანაში ვიზიტის პერიოდში ყოველმხრივ ითანამშრომლოს მასთან. ცხადია, ასეთი ვალდებულება არსებობს პოლიციისთვისაც, რომელმაც კომიტეტს უნდა მისცეს საშუალება განახორციელოს კონვენციით მინიჭებული საგანგებო უფლებები.

პოლიციის განყოფილებას შეიძლება წინასწარ ეცნობოს კომიტეტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ, თუმცა ასეთი შემოწმება შესაძლებელია გაფრთხილების გარეშეც ჩატარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტის წევრებს არ უნდა შეექმნათ დაბრკოლება შენობაში შესვლაში, თუმცა მორიგე პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს კომიტეტის წევრების საბუთები. კომიტეტის დელეგაციის წევრებს თან აქვთ შემდეგი საბუთები, სადაც მითითებულია მათი ვინაობა და ვიზიტის მიზნები:

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

  • ევროპის საბჭოსოფიციალური წერილი შესაბამისი თარგმანით, სადაც ჩამოთვლილია დელეგაციის შემადგენლობა და განმარტებულია მათი მიზნები და უფლებები;

  • დელეგაციის წევრებმაშეიძლება ასევე წარმოადგინონ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებულია დელეგაციის შემადგენლობა და მის წევრთა უფლება შეუფერხებლად მოინახულონ ნებისმიერი დაკავების ადგილი.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციას პოლიციაში მისვლისას უფლება აქვს მოითხოვოს იმ პირთა სრული სია, რომლებიც მოცემულ მომენტში იმყოფებიან პოლიციის განყოფილებაში, ასევე დამოუკიდებლად გაესაუბროს დაკავებულ პირებს.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემდეგ ფაქტორებს:

  • დაკავებულ პირთა ფიზიკურ და ფსიქიკური მდგომარეობა;

  • დაკავებულ პირთა დაკავების მიზეზები;

  • კამერები და სხვა ადგილები, სადაც დაკავებულ პირებს უწევთ ყოფნა;

  • ადმინისტრაციული ჩანაწერები თითოეული დაკავებულის შესახებ;

  • აქვთ თუ არა შესაძლებლობადაკავებულ პირებს ისარგებლონ იმ ადვოკატისა და ექიმის მომსახურებით, რომლებიც თვით აირჩიეს.

კომიტეტი ვალდებულია არ გაახმაუროს ვიზიტის დროს მოპოვებული ინფორმაცია. ვიზიტის დამთავრების შემდეგ კომიტეტი ამზადებს ანგარიშს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა. მთავრობას შეუძლია კომენტარი გააკეთოს მოხსენებაში წამოჭრილ საკითხებზე და განმარტოს, თუ რა ზომებია მიღებული კომიტეტის რეკომენდაციების შესასრულებლად.

7 თავისუფლებისა და პიროვნების ხელშეუხებლობის უფლება (მუხლი 5)

▲ზევით დაბრუნება


1. ყველას აქვს პიროვნული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. თავისუფლების წართმევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

  • პიროვნების კანონიერიდაპატიმრებისა კომპეტენტური სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;

  • პიროვნებებს კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილების, ასევე კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად;

  • პიროვნების კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება მართლმსაჯულების უფლებამოსილი ორგანოს წინაშე მისი წარდგენის მიზნით, თუ არსებობს დანაშაულის ჩადენაში მისი მონაწილეობის სამართლიანი ეჭვი, ან თუ პიროვნების დაპატიმრება ან დაკავება აუცილებლად არის მიჩნეული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად;

  • არასრულწლოვანის დაკავება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მის მიმართ სასწავლოაღმზრდელობითი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ან მისი კანონიერი დაკავება შესაბამისი მართლმსაჯულების ორგანოს წინაშე მის წარსადგენად;

  • ადამიანის კანონიერი დაკავება ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

  • ფსიქიურად დაავადებული პირების, ლოთების, მაწანწალების, ნარკომანების კანონიერი დაკავება;

  • პიროვნების კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება მისი ქვეყანაში უკანონოდ შესვლის აღსაკვეთად, ან თუ მის წინააღმდეგ ხორციელდება დეპორტაციის ან ექსტრადიციის ღონისძიებები

2. ნებისმიერ დაპატიმრებულ პირს დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ეცნობოს დაპატიმრების მიზეზები და მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებათა შინაარსი.

3. ამ მუხლის 1. გ. ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად, დაკავებული ან დაპატიმრებული პირი დაუყონებლივ უნდა წარუდგინონ მოსამართლეს ან მართლმსაჯულების განხორციელებაზე უფლებამოსილ სხვა მოხელეს. დაკავებულს, დაპატიმრებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისი საქმის სასამართლო განხილვა წინასწარ განსაზღვრული ვადის ფარგლებში, ან სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე გათავისუფლება. პირი შეიძლება განთავისუფლდეს სასამართლოში გამოცხადების გარანტიის საფუძველზე.

4. დაკავების ან დაპატიმრების გამო თავისუფლებააღკვეთილ ნებისმიერ პირს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს მისი დაკავების კანონიერება. სასამართლო ვალდებულია უმოკლეს ვადაში განიხილოს ამგვარი საჩივარი და გაათავისუფლოს იგი, თუ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონოა.

5. ყველას, ვინც გახდა ამ მუხლის დებულებათა დარღვევით განხორციელებული დაპატიმრების ან დაკავების მსხვერპლი, აქვს უფლება მოითხოვოს კომპენსაცია.

პოლიციის საქმიანობაში ამ უფლების დაცვას და პატივისცემას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. პოლიციის მიერ პირის დაკავების ან დაპატიმრების დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული საქართველოს კანონმდებლობით და ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

კონვენციის მე-5 მუხლში მოცემულია იმ ექვსი შემთხვევის ჩამონათვალი, როდესაც არსებობს ადამიანის დაკავების ან დაპატიმრების დასაშვები საფუძველი, რაც იცავს მას თავისუფლების თვითნებური აღკვეთისაგან. მე-2 და მე-4 პუნქტებში ჩამოყალიბებულია ის პროცესუალური უფლებები, რომელთა დაცვაც აუცილებელია ყველა მოცემულ შემთხვევაში.

პოლიცია შეიძლება მონაწილეობდეს პიროვნების თავისუფლების აღკვეთის ოპერაციაში პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ექვსივე მიზეზის საფუძველზე, თუმცა მისთვის ყველაზე აქტუალური მაინც 1. გ. ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებია, როდესაც ხდება დაპატიმრება ან დაკავება დანაშაულში მონაწილეობის დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის, ან დანაშაულის შემდეგ გაქცევის აღკვეთის აუცილებლობიდან გამომდინარე.

დასაბუთებული ეჭვი უნდა ემყარებოდეს ისეთი ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ პირს შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული.

პირის დაპატიმრებისას პოლიციელი ვალდებულია აუხსნას მას დაპატიმრების მიზეზები და გააცნოს პროცესუალური უფლებები. არასრულწლოვანის დაკავების შემთხვევაში, საჭიროა მშობლების ან მზრუნველის ინფორმირება. დაკავებული ან დაპატიმრებული პირი უმოკლეს ვადაში უნდა იქნას წარდგენილი სასამართლოს წინაშე.

1. გ. ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული დებულებები ამომწურავია და არ შეიძლება მათი სხვა, ამ პუნქტით გაუთვალისწინებელი მიზნებით გამოყენება, მაგალითად, პიროვნების

დაკავება სხვა პირის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით.

პოლიციის თანამშრომელმა უნდა გააცნობიეროს, რომ:

  • თავისუფლებისა დაპიროვნების ხელშეუხებლობის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია;

  • მან ადამიანის თავისუფლების აღკვეთისას მართლზომიერად და კანონის სრული დაცვით უნდა იმოქმედოს;

  • ის მოვალეა დანაშაულში მონაწილეობის ან დანაშაულის განზრახვის ეჭვის საფუძველზე პიროვნების დაკავებისას იმოქმედოს მხოლოდ ობიექტურ ფაქტებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით. პოლიციელი ვალდებულია განუხრელად შეასრულოს პირის დაკავებასთან დაკავშირებული ყველა კანონით გათვალისწინებული წესი და პროცესუალური მოთხოვნა, ასევე უზრუნველყოს დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა.

8 სამართლიანი სასამართლოს უფლება (მუხლი 6)

▲ზევით დაბრუნება


1. ყველა ადამიანს თავისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების, ან მის მიმართ წაყენებული ნებისმიერი ბრალდების დასადგენად აქვს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ მისი საქმის სათანადო ვადებში ღია და სამართლიანი განხილვის უფლება. განაჩენი ცხადდება საჯაროდ, ხოლო სასამართლო პროცესი პრესისა და საზოგადოებისთვის შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულად გამოცხადდეს, შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ეს გამომდინარეობს დემოკრატიულ სახელმწიფოში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის და ეროვნული უშიშროების ინტერესებიდან;

  • როდესაც ამას არასრულწლოვანის ინტერესები ან პროცესის მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა მოითხოვს;

  • მკაცრად განსაზღვრულ აუცილებელ ფარგლებში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, საჯაროობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მართლმსაჯულების ინტერესებს.

2. ყველას, ვისაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი ბრალეულობა არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით.

3. ყველა ბრალდებულს აქვს სულ მცირე შემდეგი უფლებები:

  • მას დაუყოვნებლივ, მისთვის გასაგებ ენაზე და დეტალურად უნდა ეცნობოს, თუ რაში და რა მიზეზით ედება ბრალი;

  • მას უნდა მიეცეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რომ მოემზადოს დაცვისთვის;

  • დაიცვას საკუთარი თავი პირადად ან მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით, ხოლო თუ ბრალდებულს დამცველის ასაყვანად საჭირო სახსრები არ მოეპოვება, მას უნდა დაენიშნოს ადვოკატი სახაზინო წესით, თუ ამას მართლმსაჯულების ინტერესები მოითხოვს;

  • დაკითხოს ბრალდების მოწმეები, ან მოითხოვოს მათი დაკითხვა და ჰქონდეს მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება იმავე პირობებით, რომლებიც გამოიყენება მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი პირების მიმართ;

  • ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუკი არ იცის სამართალწარმოების ენა. სამართლიანი სასამართლოს და უდანაშაულობის პრეზუმფცია გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითაც (შესაბამისად მე-40 და 42-ე მუხლები);

კონვენციის ამ მუხლთან მიმართებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და პოლიციელისათვის განსაკუთრებით საყურადღებო უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხებია.

სანამ დანაშაული დამტკიცდებოდეს, ეჭვმიტანილს აქვს უფლება, ისე მოეპყრან როგორც უდანაშაულოს.

პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულის ამ უფლებას პატივი უნდა სცენ, რაც განსაკუთრებით ეჭვმიტანილი პირის მიმართ დამოკიდებულებასა და ქცევაში უნდა გამოიხატოს. ასევე მნიშვნელოვანია ამ უფლების პატივისცემა და დაცვა დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთან დაკავშირებით ნებისმიერი საჯარო, კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განცხადების გაკეთებისას.

პოლიციელი ვალდებულია ბრალდებულთან ურთიერთობისას და გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას დაიცვას ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საქმეზე ,,ჰოლანდიის წინააღმდეგ” მომჩივანი აცხადებდა, რომ ქონების მითვისების ბრალდებით მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების პროცესში პროკურორის მიერ ტელევიზიით გაკეთებული განცხადების დროს დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. ერთერთ ადრინდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა კომისიამ დაადგინა, რომ ამ უფლების დარღვევას სახელმწიფო მოხელეების მხრიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს, თუ ისინი სასამართლოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების გამოტანამდე ბრალს დებენ პიროვნებას დანაშაულის ჩადენაში.

კომისიამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში 6.2. მუხლი არ დარღვეულა, თუმცა იქვე მიუთითა, რომ ,,ხელისუფლების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაულობათა გამოძიებასა და სამართალწარმოებასთან აქვთ კავშირი, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, ან საერთოდ თავი შეიკავონ საგამოძიებო საქმეებთან და თავად ეჭვმიტანილ პირებთან დაკავშირებით საჯარო განცხადებების გაკეთებისას, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს საზოგადოების მიერ მათი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია და არ მოხდეს ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა.”

კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, პოლიციის თანამშრომელმა განუხრელად უნდა დაიცვას სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები, რათა დაცულ იქნას დაკავებული პირის მიმართ მოპყრობის დადგენილი მოთხოვნები, ასევე თავიდან იქნას აცილებული ყალბი აღიარება, რომელმაც ხელი შეიძლება შეუშალოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ პოლიციის საზოგადოებასთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში და, აქედან გამომდინარე, კონვენცია არ კრძალავს წინასწარი გამოძიების ეტაპზე ანონიმური მოწმეების ჩვენებათა გამოყენებას. მაგრამ, ცხადია, პოლიციამ მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ვერ დაეყრდნობა ანონიმური წყაროდან მოპოვებულ მტკიცებულებას.

საქმეზე ,,ვინდიში ავსტრიის წინააღმდეგ” მომჩივანი პოლიციამ დააპატიმრა ბინის ქურდობის ბრალდებით. ვინდიში ამოიცნო ორმა ქალბატონმა, რომელთაც პოლიციასთან თანამშრომლობა მხოლოდ მათი ვინაობის განუცხადებლობის პირობით ისურვეს. ვინდიშის საქმის სასამართლო განხილვაზე ქალბატონები მოწმეებად არ გამოსულან. საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საზოგადოებასთან თანამშრომლობას უდაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიციისათვის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ კონვენცია არ კრძალავს გამოძიების ეტაპზე ანონიმური მოწმეების ჩვენებათა გამოყენებას, თუმცა სხვა საკითხია სასამართლოს მიერ ანონიმური წყაროდან მიღებული ინფორმაციის ძირითად მტკიცებულებად გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას.”

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელების უფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ დაუშვებელია ამ უფლების შეზღუდვა და დაადგინა, რომ მომჩივანის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და 3.დ. პუნქტების დარღვევას.

პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ დაკავებულმა შეძლოს დაცვის უფლების გამოყენება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენებები არასარწმუნოდ მიიჩნია, რადგანაც პოლიციამ ეჭვმიტანილებისგან აღიარებითი ჩვენებები მოიპოვა იმ პირობებში, როცა მათ არ ჰყავდათ ადვოკატი. გარდა ამისა, ისინი ხანგრძლივ იზოლირებულ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი და საჯარო სასამართლო განხილვის უფლების დარღვევას.

9 პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობის უფლება (მუხლი 8)

▲ზევით დაბრუნება


1. ყველას აქვს პირადი და ოჯახური ცხოვრების, მისი საცხოვრებლისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობის უფლება.

2. დაუშვებელია ამ უფლებით სარგებლობაში სახელმწიფო ორგანოების ჩარევა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა და როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოების უსაფრთხოებისა ან ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არეულობის ან დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის და მორალის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მიზნით.

ამ უფლების გარანტიას ევროპულ კონვეციასთან ერთად ადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-12 მუხლი, სადაც აღნიშნულია, რომ ,,არ შეიძლება არავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში თვითნებური ჩარევა, მისი საცხოვრებლისა თუ კორესპონდენციის საიდუმლოების, ანდა მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვა. ყველა ადამიანს აქვს უფლება კანონით იყოს დაცული მის უფლებებში ასეთი ჩარევისგან ან მათი ხელყოფისაგან.”

ევროპული კონვენციის ეს მუხლი იცავს ადამიანის ოთხ ინტერესს. ესენია: პირადი ცხოვრება, ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი და მიმოწერა.

„პირადი ცხოვრება” მოიაზრება ფართოდ და მოიცავს შემდეგ ასპექტებს:

  • სახელი და სექსუალური ორიენტაცია;

  • ცხოვრების ინტიმური მხარეები;

  • პიროვნებად ყოფნისა და პირადი განვითარების უფლება;

  • ურთიერთობების დამყარებისა და ურთიერთობების განვითარების უფლება;

  • პროფესიული ან ბიზნეს ხასიათის საქმიანობა;

  • სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მათ შორის, საზოგადოებრივ და სოციალურ კონტექსტში.

საქმეზე ,,კლასი გერმანიის წინააღმდეგ” მომჩივანი აცხადებდა, რომ გერმანიის უშიშროების სამსახური აწარმოებდა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენას, რის გამოც დაირღვა მისი პირადი ცხოვრების უფლება. ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოიშველია ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიის მიერ გამოთქმული მოსაზრება და განაცხადა: ,,მიუხედავად იმისა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტში სატელეფონო საუბრები უშუალოდ არ არის მოხსენიებული, ასეთი საუბრების საიდუმლოს დაცვა „პირადი ცხოვრებისა” და „კორესპონდენციის” ხელშეუხებლობის გარანტიითაა გათვალისწინებული.” მართალია, ამ საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მან საყურადღებო მოსაზრება გამოთქვა პიროვნებაზე თვალთვალის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონი, რომელიც არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას აწარმოოს პიროვნებაზე საიდუმლო თვალყურის დევნება თუნდაც იმ მიზეზით, რომ ეს დემოკრატიის დასაცავადაა აუცილებელი, საფრთხეს უქმნის თავად დემოკრატიას და მის არსებობასაც კი. ამდენად, კონვენციის მხარეებს არა აქვთ უფლება ჯაშუშობისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით გამოიყენონ პიროვნებაზე თვალყურის დევნების ნებისმიერი საშუალება.”

პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლში. ამ უფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მიხედვით, დაიშვება „სასამართლოს გადაწყვეტილებით და მის გარეშეც კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.”

პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოიპოვებენ ინფორმაციას, რომელიც შესაძლებელია სხვების პირად ცხოვრებას ეხებოდეს ან პოტენციურად ზიანის მომტანი იყოს მათი ინტერესებისათვის და რეპუტაციისათვის. ამდენად, პოლიციის საქმიანობიდან გამომდინარე, კონვენციის ამ მუხლთან მიმართებაში მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა. პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-15 მუხლის და სამართალდამცავი სფეროს მოხელეთა ქცევის კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, პოლიციელმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს კონფიდენციალური ხასიათის ცნობები, თუ მოვალეობის შესრულება ან მართლმსაჯულების მოთხოვნები არ საჭიროებს სხვაგვარ ქმედებას.

იმისათვის, რომ პოლიციის მიერ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპონდენციის ხელშეუხებლობის უფლების შეზღუდვა მართლზომიერი იყოს:

  • მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი;

  • მისი ქმედება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერ მიზანს;

  • უფლების შეზღუდვის საფუძველი მოცემული უნდა იყოს მე-8 მუხლში.

10 აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 9)

▲ზევით დაბრუნება


1. ყველას აქვს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას და როგორც მარტო, ისე სხვებთან ერთად, ცალკე თუ საჯაროდ რელიგიის თუ რწმენის თავისუფალი გამოვლენის უფლებას სწავლების, მიმდევრობის, ლოცვისა და წესების აღსრულების მეშვეობით.

2. რელიგიისა და რწმენის გამოვლენის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებშიდა თუ ასეთი შეზღუდვა აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. ეს მუხლი უფლებას ანიჭებს ყველას, რომ გამოავლინოს თავისი რელიგიური რწმენა თუ მრწამსი რიტუალების აღსრულების, ასევე სწავლების გავრცელების გზით.

საქმეზე ,,ეროუსმიტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ” მომჩივანი - პაციფისტური მოძრაობის წარმომადგენელი ქალბატონი - პასუხისგებაში იქნა მიცემული გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებში ისეთი სააგიტაციო ფურცლების გავრცელებისათვის, რომლებიც ჯარისკაცებს მოუწოდებდნენ უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე ჩრდილოეთ ირლანდიაში.

ეროუსმიტი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა მისი სინდისისა და რწმენის თავისუფლების დარღვევას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ განაცხადა, რომ მე-9 მუხლის მოქმედება პაციფისტური ფილოსოფიის მიმდევრებზეც ვრცელდება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სააგიტაციო ფურცლების გავრცელება არ წარმოადგენს პაციფისტური რწმენის გამოვლენას, ვინაიდან ტერმინი ,,მიმდევრობა”, რა მნიშვნელობითაც იგი 9.1. მუხლში არის გამოყენებული, ,,არ მოიცავს რელიგიით, ან სხვა რწმენით მოტივირებულ ან შთაგონებულ ნებისმიერ ქმედებას”. კომისიის განმარტებით: ,,მართალია, საჯარო პაციფისტური მოწოდებები და, ზოგადად, ძალადობის წინააღმდეგ გამართული აქციები რწმენის უშუალო გამოხატვას არ წარმოადგენენ, მათი განხილვა არ შეიძლება 9.1. მუხლის ფარგლებში მაშინაც კი, როდესაც აღნიშნული ქმედებები ამ რწმენითაა მოტივირებული.”

კონვენციის ამ მუხლით გარანტირებული აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა პოლიციის მიერ კანონიერ მიზანს უნდა ემყარებოდეს. იგი უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, შეზღუდვისას უნდა გამოიყენებოდეს ვითარების შესაბამისი, პროპორციული მეთოდები და მას საფუძვლად მე-9 მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი ერთერთი მიზეზი უნდა ედოს. აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში. ის მოიცავს ნებისმიერი სახის რწმენას და რწმენასთან დაკავშირებულ შეხედულებებს. ევროპული კონვენციის გარდა ამ უფლებას განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლი, ასევე დეკლარაცია ნებისმიერი სახის შეუწყნარებლობისა და რელიგიის ან რწმენის საფუძველზე ყოელგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ, რომლის მე-2 მუხლი კრძალავს ნებისმიერი სახელმწიფო ორგანიზაციის, ადამიანების ჯგუფის თუ ცალკეული პიროვნებების მხრიდან რელიგიის ან რწმენის ნიადაგზე დისკრიმინაციას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ადგენს აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების გარანტიას. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია „ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ”. ასევე დაუშვებელია ამ უფლებათა შეზღუდვა თუ მათი გამოვლენის შემთხვევაში არ ილახება სხვათა უფლებები. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლის მიხედვით, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ასევე თუ მას ახლავს მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა.

11 სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)

▲ზევით დაბრუნება


1. ყველას აქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. ეს გულისხმობს საკუთარი შეხედულებების ქონასა და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, საზღვრების მიუხედავად, ინფორმაციისა და იდეების თავისუფალი მიღება-გავრცელების უფლებას. ეს მუხლი არ უკრძალავს სახელმწიფოებს რადიომაუწყებლობის, ტელევიზიისა ან კინოწარმოების სფეროში ლიცენზირების მოთხოვნის დაწესებას.

2. ამ თავისუფლებათა განხორციელება განუყოფელია გარკვეული მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებისაგან და, ამდენად, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთი პირობების, შეზღუდვებისა და სანქციების მოთხოვნებს, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა;

  • არეულობისა და დანაშაულისთავიდან აცილება;

  • ჯანმრთელობისა და მორალისდაცვა;

  • სხვათა უფლებებისა დარეპუტაციის დაცვა;

  • კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გაუხმაურებლობა;

  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შენარჩუნება.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა დემოკრატიის მთავარი საზომია.

იგი ეხება ნებისმიერ გამოსახვით საშუალებას (ვიდეოს, კინოს და სხვ.), რომელიც გამოხატავს იდეას ან ინფორმაციას. ეს პრინციპი ასევე ეხება გამოხატვის ისეთ ფორმას თუ შინაარსს, რომელიც შეიძლება ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ჩათვალოს შეურაცხმყოფლად, შოკის მომგვრელად ან შემაძრწუნებლად.

ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით, საჭირო და შესაბამისი უნდა იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში და მუხლ 10.2.-ში ჩამოთვლილ ერთერთ მიზეზს უნდა ეფუძნებოდეს. სიტყვის თავისუფლების უფლების

გარანტიას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი განსაზღვრავს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია სიტყვისთავისუფლების ანდა ინფორმაციის მიღების ან გავრცელების უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

გამოხატვის თავისუფლება თავისთავად გულისხმობს პრესის ცენზურისგან დაცვას.

12 მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების უფლება (მუხლი 11)

▲ზევით დაბრუნება


1. ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებებისა და სხვებთან გაერთიანების უფლება, მათ შორის, საკუთარი ინტერესების დაცვის მიზნით პროფკავშირების შექმნისა და მათში გაწევრიანების უფლება.

2. დაუშვებელია ამ უფლებებით სარგებლობის ყოველგვარი შეზღუდვა, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა და თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი მიზნების მისაღწევად:

  • ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;

  • დანაშაულისა ან არეულობისთავიდან აცილება;

  • ჯანმრთელობისა და მორალის დაცვა;

  • სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა.

ეს მუხლი არ კრძალავს კანონიერი შეზღუდვების დაწესებას შეიარაღებული ძალების, პოლიციისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიმართ. ეს მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციისთვის ადამიანთა თავყრილობების გაკონტროლებისას. კანონი პოლიციას უწესებს ვალდებულებას დაიცვას ადამიანები ამ უფლების მშვიდობიანი გზით განხორციელებისას. ნებისმიერი სახის შეზღუდვას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი და უნდა შეესაბამოდეს მუხლ 11.2.-ში ჩამოთვლილ ერთ-ერთ მიზეზს.

ევროპული კონვენციის გარდა მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანების უფლება დეკლარირებულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-20 მუხლში. სამართალდამცავი სფეროს მოხელეთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ძირითად პრინციპებში აღნიშნულია, რომ უკანონო, მაგრამ არაძალადური შეკრებების დაშლისას სამართალდამცავი სფეროს მოხელეებმა თავი უნდა აარიდონ ძალის გამოყენებას, ან თუ ეს შესაძლებელია, შეზღუდონ ასეთი ძალის გამოყენება მინიმალურად, საჭირო დონემდე.

მშვიდობიანი შეკრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით, რომელშიც აღნიშნულია: „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.”

საქმეზე ,,პლატონმა ექიმები სიცოცხლისათვის” ავსტრიის წინააღმდეგ მომჩივანი იყო აბორტის მოწინააღმდეგე ექიმთა ასოციაცია, რომლის მიერ მოწყობილი ორი დემონსტრაცია ასოციაციის საქმიანობის მოწინააღმდეგეთა ჯგუფებმა დაარბიეს. პოლიცია, რომელიც ორივე შემთხვევას ესწრებოდა, ჩაერია მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელჩართული შეტაკების აშკარა საფრთხე შეიქმნა. მანამდე, დემონსტრაციის მოწინააღმდეგეთა მიერ მეგაფონებით შეძახილებითა და კვერცხების სროლით პროტესტის გამოხატვაზე პოლიციას არაფერი მოუმოქმედია. ასოციაცია მიიჩნევდა, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო ქმედითი ზომები მათი შეკრების დასაცავად, რაც კონვენციით გარანტირებულ შეკრების უფლებას არღვევდა. ამის საწინააღმდეგოდ მთავრობა აცხადებდა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი არ აკისრებდა მას დემონსტრაციების დაცვის პოზიტიურ ვალდებულებას.

საქმის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპულმა კომისიამ გაიხსენა ამ უფლებასთან დაკავშირებით სხვა საქმეებზე გამოთქმული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც „მე-11 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული მშვიდობიანი შეკრების უფლება მოიცავს კონტრდემონსტრანტების თავდასხმებისაგან დაცვის უფლებასაც, ვინაიდან მხოლოდ ამგვარად შეიძლება ამ უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა იმ სოციალური ჯგუფებისათვის, რომელთაც სურთ გარკვეული საკითხების მიმართ თავიანთი პრინციპული დამოკიდებულების გამოხატვა,” ეს მოსაზრება გაიზიარა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, თუმცა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მე-11 მუხლი არ დარღვეეულა, ვინაიდან პოლიცია თანაზომიერების პრინციპით ხელმძღვანელობდა.

სასამართლომ გაიზიარა მთავრობის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც პოლიციის ჩარევა გარდაუვლად გამოიწვევდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. სასამართლომ მიუთითა, რომ „საუკეთესო არჩევანიიქნებოდა პრევენციული ზომების მიღება ფიზიკური ძალადობის თავიდან ასაცილებლად, ხოლო ძალის გამოყენება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს არეულობას. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ ძალადობის აფეთქების საბაბი შეიძლება თავად პოლიციის ჩარევა გახდეს. ამდენად, არ შეიძლება ავსტრიის ხელისუფლების გამტყუნება იმის გამო, რომ მან გაითვალისწინა ეს საფრთხე და მხოლოდ მაშინ გაფანტა კონტრდემონსტრანტები, როცა ძალადობრივი დაპირისპირების პროვოცირების საფრთხე შეიქმნა. ხელისუფლების მიზანი იყო უფრო ფართომაშტაბიანი არეულობის თავიდან აცილება (მუხლი 11.2). გარდა ამისა, პოლიციის ჩაურევლობა მიზნად ისახავდა კონტრდემონსტრაციის მონაწილეთა უფლებების, ანუ კონვენციის ამავე დებულებით განსაზღვრული „სხვათა უფლებების” დაცვას და, ამდენად, ამ მოსაზრებითაც შეიძლება მისი უმოქმედობის გამართლება.”

13 დისკრიმინაციის აკრძალვა (მუხლი 14)

▲ზევით დაბრუნება


ამ კონვენციაში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენება უნდა ხდებოდეს ყველასათვის თანაბრად, დისკრიმინაციის გარეშე, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვაგვარი აზრის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნულ უმცირესობასთან გაერთიანების, ქონების, ან სხვაგვარი სტატუსის გაუთვალისწინებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მე-14 მუხლი ცალკე უფლებას არ განსაზღვრავს, იგი განავრცობს და განამტკიცებს კონვენციის სხვა მუხლებით გარანტირებულ უფლებებს და თავისუფლებებს. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთერთი საქმის განხილვისას აღნიშნა, მე-14 მუხლი კონვენციის თითოეული იმ მუხლის განუყოფელი ნაწილია, რომლებშიც ძირითადი უფლებები და თავისუფლებებია ჩამოყალიბებული. ენების შესახებ ბელგიის საქმეზე, ფრანგულენოვან მშობელთა ჯგუფი აცხადებდა, რომ მათ მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის პირველი ოქმის მე-2 მუხლის (ეს მუხლი აღიარებს განათლების უფლებას და მოითხოვს, რომ სახელმწიფო პატივს სცემდეს მშობელთა უფლებას უზრუვნელყონ შვილების განათლება მათი რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებების შესაბამისად) და კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა.

მე-14 მუხლთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლით უზრუნველყოფილი გარანტია დამოუკიდებლად არ შეიძლება არსებობდეს, ანუ იგი ყოველთვის დაკავშირებულია კონვენციით განსაზღვრული სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობასთან. ამასთან, ქმედება შესაძლოა თავის მხრივ არ ეწინააღმდეგებოდეს კონვენციის ამა თუ იმ მუხლის მოთხოვნას, მაგრამ მე-14 მუხლთან მიმართებაში დისკრიმნაციულ ხასიათს ატარებდეს და, შესაბამისად, არღვევდეს მას.

დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითაც. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, რომლითაც არსებითადაა ხელყოფილი ადამიანის უფლება, ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის შესაბამისად.”

მნიშვნელოვანია, რომ პოლიცია თანამშრომლობდეს ხელისუფლებასთან და დახმარებას უწევდეს მას იმ პირთა უფლებების ეფექტურ სამართლებრივ დაცვაში, რომლებიც აცხადებენ, რომ დაირღვა მათი კონვენციით მინიჭებული ესა თუ ის უფლება.

აუცილებელია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ევროპულ კონვენციაში მოცემული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის დროს გამოიჩინონ თანამიმდევრული მიდგომა. ისინი განსხვავებულად არ უნდა მოეპყრონ ადამიანებს ზემოთ მოყვანილი განსხვავებების გამო, ობიექტური და მიზანშეწონილი გამართლების გარეშე. ამგვარი გამართლება დამოკიდებულია მისაღები ზომის მიზანსა და შედეგზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად არსებობს შესაბამისობა გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის.