ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოს კონფლიქტურ ზონებში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: ISBN 99940-45-00-8
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბ., 2006 - 205გვ. ; 20სმ. - ტექსტი ქართ. და ინგლ. ენ. - ავტ.: შოთა მალაშხია, ზურაბ ბენდიანიშვილი, მარტინა ბიელავსკი, მურმან ჩხოტუა, სოსო წირღვავა, იულია ხარაშვილი, რიმა გელენავა, ნარინე ბერიკაშვილი, ვახტანგ ყოლბაია. -: [ფ.ა.] [MFN: 31040] თბილისი 2006 პუბლიკაციაში მოცემული მასალები განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და ,,ცხინვალის საპარტნიორო საბჭოს” მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე 2006 წლის 14 დეკემბერს. The materials appearing in this publication have been discussed at the conference organized by the Temporary Commission on Territorial Integrity Issues of Georgian Parliament, Friedrich Ebert Foundation and Tskhinvali Partnership Council on December 14, 2006. © Friedrich-Ebert-Stiftung, 2006



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებების დაცვაზე უშუალოდაა დამოკიდებული ყოველი ქვეყნის განვითარება და წინსვლა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც საქართველოს სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვას.

პროექტის, „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში”, ფარგლებში ჩვენი პარტნიორები იძიებდნენ და ამუშავებდნენ შესაბამის ინფორმაციას, რის შედეგადაც გამოიკვეთა ზოგადი ტენდენციები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყო პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობების ძიება.

მოცემული სტატიები გახლავთ ერთ-ერთი პირველი მცდელობა, მოხდეს ამ ურთულესი საკითხის საჯარო განხილვა, სპეციალისტების ფართო წრის შემდგომი ჩართვის პერსპექტივით.

უკონტროლო ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა, განსაკუთრებით „ადგილობრივი მოქალაქეობის” არმქონე ნაწილი, ვერ სარგებლობს ფაქტობრივი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს გააჩნიათ საკმარისი უფლებამოსილება, დაიცვან მათი უფლებები.

კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოში ამ სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისგან მეტ პრინციპულობას მოითხოვს. კერძოდ, აუცილებელია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთობლივი მონაწილეობით შემუშავდეს და ამოქმედდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე ინფორმაციების ოპერატიული მოპოვების, მათზე რეაგირების კომპლექსური მექანიზმები, აღნიშნულ ღონისძიებებში საქართველოში გაეროსა და ეუთოს მისიების, სოხუმში გაეროსა და ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული საერთაშორისო და რეგიონის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართვა.

ასევე, შედეგიანი იქნებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების სამოქმედო პრიორიტეტების გაფართოება, კერძოდ, სარეაბილიტაციო პროგრამების გვერდით, უკონტროლო ტერიტორიების ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკურ-სამართლებრივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობდა ადამიანის უფლებების დაცვის საზოგადოებრივი სტრუქტურებისა და შესაბამისი საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

პროექტმა დაგვანახა საკითხის ძირეული შესწავლის საჭიროება და დღემდე განხორცილებული კვლევების სიმწირე. არადა, ადამიანის უფლებების დაცვა, სხვა არგუმენტებთან ერთად, აშკარად მიუთითებს კონფლიქტის უსწრაფესი დარეგულირების აუცილებლობაზე.

ია თიკანაძე
ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში

2 ადამიანის უფლებათა დაცვა კონფლიქტურ რეგიონებში

▲ზევით დაბრუნება


შოთა მალაშხია
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე

დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქცია არ ვრცელდება მის კონფლიქტურ რეგიონებზე. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იქ მცხოვრებ მოქალაქეთა უფლებების დაცვას. მიუხედავად საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მცდელობისა, გაეუმჯობესებინათ კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, დღემდე უხეშად ირღვევა ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.

აქედან გამომდინარე, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების გამოყენება სასურველ შედეგს არ იძლევა, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეთა დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა გვესახება.

1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირებით საქართველომ აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქცია, რომელიც წარმოადგენს კონვენციით განმტკიცებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტს.

დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა კონვენცია ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. მან არა მარტო გაითვალისწინა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, არამედ შექმნა ამ უფლებათა დაცვის მექანიზმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რატიფიცირების შემდეგ საქართველოს კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციისა და კონსტიტუციური შეთანხმების შემდეგ კონვენციას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს საქართველოს ყველა სხვა ნორმატიული აქტის მიმართ.

კონვენციის რატიფიცირებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მქონე ქვეყნებისთვის, სადაც ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. ასეთ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც.

ეუთოს შეხვედრებზე მონაწილე სახელმწიფოებმა დაგმეს აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და საცხოვრებელი ადგილებიდან განდევნა.1

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმეებიდან არაერთია ისეთი, რომელიც შეიძლება ჩვენთვის ორიენტირად გამოდგეს და მათში მოყვანილი არგუმენტები გამოყენებულ იქნეს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ცნობილი საქმე: ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey);2 ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ilascu and Others v. Moldova and Russia);3 კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey).4

სწორედ ასეთი საქმეების ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ მოამზადა დადგენილებათა შემდეგი პროექტები:

1. ,,კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ”;

2. ,,კონფლიქტებთან (აფხაზეთი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) დაკავშირებით ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საქმეების მომზადების მიზნით იურიდიული ფირმის შესარჩევად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების შესახებ”.

აღნიშნული პროექტები ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2006 წლის 17 მარტს.

საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირება შესაძლებლობას აძლევს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს, დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართოს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს. თუმცა, არსებულ ვითარებაში, როდესაც კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევას სისტემატური და მასშტაბური ხასიათი აქვს, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხისადმი სისტემური, ერთიანი მიდგომა, რაც შესაძლებელი იქნება ზემოაღნიშნული დადგენილებების რეალიზაციით. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოებაც, რომ ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა არცთუ ისე ადვილი პროცედურაა და მოითხოვს მთელი რიგი აუცილებელი პირობების ზედმიწევნით შესრულებას. თქვენს ყურადღებას რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ:

1. ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ კონვენციით და მისი ოქმებით აღიარებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

თუ ევროპულ კონვენციაში გათვალისწინებულ უფლებებს ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან მიმართებით განვიხილავთ, დავინახავთ, რომ ადგილი აქვს თითქმის ყველა უფლების სისტემატურ დარღვევას:

სიცოცხლის უფლება. საქართველოში კონფლიქტების არსებობის დღიდან დღემდე უხეშად ირღევა ადამიანის ძირითადი უფლება - სიცოცხლის უფლება. რეაგირების გარეშე რჩება მკვლელობის ფაქტები და მათთან დაკავშირებით არ წარმოებს ეფექტური გამოძიება.

წამების აკრძალვა. კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პირების მიმართ აშკარად და ღიად ხდება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ დისკრიმინაციას ხშირად შედეგად ადამიანთა ღირსების შელახვა მოსდევს. ასეთ შემთხვევებს ადგილი აქვს როგორც ჩვეულებრივ ყოფაში (ქუჩაში, სკოლებში, ტრანსპორტში და ა.შ.), ისე წინასწარი დაკავების ადგილებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.

მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა. კონვენციის ამ უფლების დარღვევას კონფლიქტურ რეგიონებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. არსებობს უამრავი დამადასტურებელი ფაქტი, თუ როგორ ამყოფებენ ადგილობრივ მოსახლეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ, აიძულებენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშაოს, ხოლო შემდეგ მთელი წლის მონაგარს ართმევენ.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობის დარღვევა ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული. კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე პირადი თავისუფლების შეზღუდვას ხშირი ხასიათი აქვს.

სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ უფლების განხორციელებაზე დიდწილადაა დამოკიდებული ზოგადად ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების

უზრუნველყოფა. როგორც ცნობილია, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები მოკლებული არიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებული სასამართლოს ხელმისაწვდომობას.

კანონის გარეშე სასჯელის არარსებობა. ამ უფლების განხორცილება პირდაპირ კავშირშია სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან. კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ხშირად ხდებიან ამა თუ იმ თანამდებობის პირთა ,,სამოსამართლო თვითშემოქმედების” მსხვერპლი, როდესაც ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ხდება მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და გასამართლება.

პირადი და საოჯახო ცხოვრების უფლება. ყოველივე ზემოთქმულისშემდეგ, ალბათ, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ დასახელებულ რეგიონებში ჩვეულებრივ მოვლენადაა ქცეული ადამიანის პირადი და საოჯახო ცხოვრების ხელყოფა.

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. ჩვენი მოქალაქეები მოკლებული არიან რელიგიისა და მრწამსის გამოვლენის ყოველგვარ შესაძლებლობას - დანგრეულია ქართული მართლმადიდებლური ტაძრები, აკრძალულია ქართულ ენაზე ღვთისმსახურება.

გამოხატვის თავისუფლება. დღეს კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი შეიძლება ევროპული კონვენციის ამ უფლების დარღვევა იყოს. იქ მცხოვრებ მოქალაქეებს წართმეული აქვთ თავიანთი მოსაზრების გამოთქმის უფლება. ისინი ხშირად შეგნებულად იკავებენ თავს საკუთარი აზრის დაფიქსირებისაგან, ვინაიდან ყოველი ასეთი შემთხვევა შეიძლება მათ მიმართ ანგარიშსწორებით დასრულდეს და ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. ამ უფლების დარღვევასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, ვფიქრობთ, ზედმეტია. მაშინ, როდესაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს წართმეული აქვთ თითქმის ყველა ძირითადი უფლება, რაიმე სახის კავშირის შექმნაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია.

ქონების დაცვა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი ოქმი უზრუნველყოფს ქონების დაცვას. ,,ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი ქონებით”. ამ უფლების დარღვევა მეტ-ნაკლებად შეეხო კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ თითქმის ყველა ადამიანს. მათ დღემდე არ მიუწვდებათ ხელი თავიანთ საკუთრებაზე, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა განპირობებული - უმრავლესობა ვერ ბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლში, ბევრის ქონება ფიზიკურად აღარ არსებობს (დამწვარია, განადგურებულია), ნაწილს კი საცხოვრებელი უკანონოდ აქვს ჩამორთმეული.

განათლების მიღების უფლება. ევროპული კონვენციის პირველი ოქმით განმტკიცებულია კონვენციაში გათვალისწინებული ერთადერთი სოციალური უფლება - განათლების უფლება. სამწუხაროდ, აფხაზეთის მოსახლეობა ამ უფლებასაც მოკლებულია - სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება თითქმის არ მიმდინარეობს, სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს სწავლებას რუსულ ენაზე ავალდებულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სკოლების დახურვით ემუქრებიან.

2. ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგი ძირითადი პირობის თანახმად, კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებები უნდა იყოს დარღვეული ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. რაც ნიშნავს იმას, რომ უფლების დარღვევას ადგილი უნდა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. თუმცა, საქმეების - ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey)5; ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ilascu and Others v. Moldova and Russia)6 - განხილვისას ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მონაწილე სახელმწიფოების იურისდიქცია არ შემოიფარგლება ამ სახელმწიფოთა ტერიტორიით და ვრცელდება ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც მოცემული სახელმწიფო რაიმე ფორმით ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. ასეთ ტერიტორიაზე კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვისათვის პასუხისმგებლობა კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება.

აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განხორციელებული უკანონო დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს რუსეთის სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები არ შეადგენს რუსეთის ტერიტორიის ნაწილს.

3. საერთო წესის მიხედვით, სასამართლო განხილვას არ ექვემდებარება განაცხადები, რომლებიც კონვენციის რატიფიცირებამდე არსებულ ფაქტებს შეეხება, ე.ი. ნებისმიერი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებს იღებს კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ. სწორედ ამ მომენტიდან ეკისრება სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევისათვის.

საქმეზე - ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey)7 - სასამართლომ დაადგინა, რომ განგრძობითი ხასიათის დარღვევა ექვემდებარება ევროპული სასამართლოს განხილვას, თუ აღნიშნული დარღვევა პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის რატიფიცირების შემდეგაც გრძელდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპულ სასამართლოში ისეთი დარღვევის გასაჩივრება შესაძლებელია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ დარღვევისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ ევროპული კონვენციის სავალდებულოდ აღიარებამდე, თუ უფლების დარღვევა სახელმწიფოს მიერ კონვენციასთან მიერთების შემდეგაც გრძელდებოდა.

ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, უნდა ითქვას, რომ რუსეთის სახელმწიფოს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ჩადენილი იმ დარღვევებისთვისაც შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ევროპულ კონვენციასთან მიერთებამდე, ანუ 1998 წლამდე, და რომელთა დარღვევაც ამ თარიღის შემდეგაც გრძელდებოდა.

4. განაცხადის შეტანამდე უნდა იყოს ამოწურული სამართლებრივი დაცვის ყველა შიდაეროვნული საშუალება. ეს საშუალებები უნდა იყოს ეფექტური, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გამოყენებას რეალური და ქმედითი შედეგი უნდა მოჰყვეს. ასეთი საშუალებაა ეროვნული სასამართლოები. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოებს, დარღვეული უფლების აღსადგენად მათთვის მიმართვა შედარებით არაეფექტურადაა მიჩნეული.

როგორც ცნობილია, ევროპული კონვენცია ითვალისწინებს სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საქმის განხილვის შესაძლებლობასაც და სწორედ ამით არის ჩვენთვის საინტერესო საქმე - კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey).8

ვფიქრობთ მოკლედ უნდა შევეხოთ ისეთ საკითხსაც, რომელიც დაკავშირებულია ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან.

ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების ევროპული კონვენციით აღიარებული უფლებების რეალიზაციას უზრუნველყოფს არა მარტო ევროპული სასამართლო, არამედ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. სწორედ მას აკისრებს კონვენცია კონტროლს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება დეკლარაციული ხასიათისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ ადგენს, ჰქონდა თუ არა დარღვევას ადგილი. კონვენციის დარღვევის დადგენისას სასამართლო უმეტესწილად დაზარალებულ მხარეს ანიჭებს სამართლიანი დაკმაყოფილების, ანუ მატერიალური კომპენსაციის მიღების უფლებას. ასეთ შემთხვევაში მინისტრთა კომიტეტი თვალყურს ადევნებს სახელმწიფოს მიერ ფულადი კომპენსაციის გადახდას.

მინისტრთა კომიტეტის უფლებამოსილება არ შემოიფარგლება ფულადი თანხის გადახდის კონტროლით. ფულადი კომპენსაციის გადახდაზე კონტროლის გარდა, მინისტრთა კომიტეტის ამოცანაა სახელმწიფოსათვის ინდივიდუალური და ზოგადი ხასიათის ზომების დადგენა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

ინდივიდუალური ხასიათის ზომები მიმართულია დარღვევის შეწყვეტისა და მისი შედეგების აღმოფხვრისაკენ. რაც შეეხება ზოგადი ხასიათის ზომებს, მათი მიზანია მომავალში მსგავსი დარღვევის თავიდან აცილება. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხშირად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, მინისტრთა კომიტეტი წარმატებით ახორციელებს თავის ფუნქციებს, რითაც დიდი წვლილი შეაქვს კონვენციის ეფექტურობის ამაღლებაში.

დაბოლოს, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების უფლებების დაცვის ყველაზე ეფექტურ და ქმედით საშუალებად სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა მიგვაჩნია. მისასალმებელია, რომ ამ პოზიციას იზიარებს საქართველოს პრეზიდენტი, მთლიანად ქვეყნის ხელისუფლება და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

__________________

1. იხ. ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ბუდაპეშტის შეხვედრის რეზოლუცია, 1994 წლის 6 დეკემბერი; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის ლისაბონის შეხვედრის დეკლარაცია, 1996 წლის 3 დეკემბერი; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის სტამბულის შეხვედრის დეკლარაცია, 1999 წლის 19 ნოემბერი.

2. ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (LOIZIDOU V. TURKEY), 1995 წლის 23 მარტი.

3. ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ilascu and Others v. Moldova and Russia), 2004 წლის 8 ივლისი.

4. კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey) 2001 წლის 10 მაისი.

5 ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 1995 წლის 23 მარტი.

6 ილაშკუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ (Ilascu and Others v. Moldova and Russia), 2004 წლის 8 ივლისი.

7. ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (Loizidou v. Turkey), 1995 წლის 23 მარტი.

8. კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (Cyprus v. Turkey) 2001 წლის 10 მაისი.

3 კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების როლის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ზურაბ ბენდიანიშვილი
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის აპარატის ხელმძღვანელი

საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და თანამედროვე ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომის გზაზე არა ერთი და ორი ურთულესი პრობლემის გადაწყვეტა უხდება.

დღევანდელი კონფერენციაც ეხება ამ პრობლემათაგან ყველაზე უფრო მტკივნეულ საკითხებს - კონფლიქტებს აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, სადაც ადამიანის უფლებების უხეშად და მასობრივად ირღვევა. ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალწლიანი ერთიანი ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, რაიმე ხელშესახები შედეგი არ ჩანს.

სამშვიდობო ოპერაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევადა სამოქალაქო სექტორის აქტიურობა ის მექანიზმებია, რომლებმაც ყველაზე მეტად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში, კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კონფერენციის მონაწილეეებს მოკლედ შევახსენებ იმ ძირითად ხელშეკრულებებსა და ფორმატებს, რომლებსაც დღემდე ეფუძნება სამშვიდობო ოპერაციები და როგორც მოვლენათა მსვლელობა გვიჩვენებს, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ამ ხელშეკრულებებმა და ფორმატებმა გაეროს, ეუთოს, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ძალისხმევის მიუხედავად, ვერ დაძრეს ადგილიდან სამშვიდობო პროცესი, ვერ უზრუნველყვეს კონფლიქტების პოლიტიკურ-სამართლებრივი გზით მოწესრიგება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვერც სათანადო პირობების შექმნა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო დაბრუნებისათვის, რასაც შედეგად აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საქართველოს იურისდიქციის აღდგენა უნდა მოჰყოლოდა.

აფხაზეთის კონფლიქტთან მიმართებაში ეს არის 1994 წლის 4 აპრილს ქ. მოსკოვში ხელმოწერილი ოთხმხრივი ხელშეკრულება ,,აფხაზეთიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ”, და იქვე, 1994 წლის 14 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება ,,ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ”.

აღნიშნული და გაეროს ეგიდით ჟენევის 1993 წლის 1 დეკემბრისა და 1994 წლის 13-14 იანვრის შეთანხმებების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება - გაეროს მიმართა თხოვნით, ნება დაერთო მხოლოდ რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გამოყენებით დსთ-ის ,,კოლექტიური” ძალების მიერ აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციაზე. ჩვენი ეს თხოვნა განპირობებული იყო იმ პერიოდში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ალტერნატიულ შესაძლებლობათა სრული არარსებობით. განვლილმა თორმეტმა წელიწადმა ნათლად დაგვანახა, რომ კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით მოქმედი რუსეთის სამშვიდობო ძალები ვერ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისათვის აუცილებელი უსაფრთხოების პირობების შექმნის თვალსაზრისით. მათ ფაქტობრივად მხოლოდ ხელოვნური საზღვარი დააფიქსირეს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის. სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდში მარტო გალის რაიონში დახოცილი და ჭრილობებისაგან გარდაცვლილია 2000-მდე მშვიდობიანი მცხოვრები. იქ კვლავ გრძელდება ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებათა უხეში ხელყოფა.

თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ამ დარღვევებზე ცალკეული მიმართულებების მიხედვით:

1. ზოგადი საკითხები და უსაფრთხოება. ,,აფხაზეთში დევნილთა ნებაყოფლობითა დაბრუნების შესახებ” მოსკოვის 1994 წლის 4 აპრილის ოთხმხრივი შეთანხმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო გადაუწყვეტელი რჩება აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების საკითხი, მათ შორის გალის რაიონშიც, რაც ყველა სხვა გართულების უპირველესი მიზეზია.

გალის რაიონი (რომლის მოსახლეობა თითქმის მთლიანად ქართულია) და სადაც ამჟამად დაბრუნებულია სხვადასხვა წყაროებით 20-დან 60 ათასამდე დევნილი) კვლავ რჩება კონფლიქტის მხარეებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრად. იქ დღემდე არ არის უზრუნველყოფილი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ელემენტარული პირობები. ხშირად ხდება მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, ადამიანთა უკანონო დაპატიმრება, გატაცება და მძევლად აყვანა. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად არის განპირობებული არა მარტო აფხაზური მხარის ადმინისტრაციისა და სამართალდამცავი ორგანოების უუნარობით წესრიგის უზრუნველყოფაში, არამედ თვით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობითაც სხვადასხვა კრიმინალურ დანაშაულობებში.

გახშირდა წვევამდელი ახალგაზრდების უკანონო დაპატიმრების ფაქტები მათი აფხაზურ ჯარში გაწვევის იძულების მიზნით.

გალის მოსახლეობას გაძევების მუქარით აიძულებენ უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და აიღონ ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი.

2. სამართლიანი სასამართლოს უფლების არარსებობა. გარდა იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების ფორმირებაში არ არის გათვალისწინებული რაიონში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია და ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებიან ძირითადად აფხაზეთის სხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი აფხაზები, სრულიად განუვითარებელი რჩება მართლმსაჯულების აღსრულება. გალის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება იურიდიულ დახმარებასა და სასამართლო დაცვაზე. ისინი პრაქტიკულად დაუცველი რჩებიან აფხაზ კრიმინალთა და სამართალდამცავთა თვითნებობებისაგან. სწორედ ამითაა განპირობებული იქ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების სიმრავლე და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგობა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა გაეროს სოხუმის ოფისის ფილიალის გახსნისა და საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტის განთავსების საკითხებში, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად წლების განმავლობაში დადებითად არ წყდება.

3. განათლების პრობლემა. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში პროტესტის გრძნობას იწვევს ის გარემოება, რომ ქართველ ბავშვებს აიძულებენ ისწავლონ არამშობლიურ ენაზე (რუსული, აფხაზური). მხოლოდ ზოგიერთ სკოლაში საკუთარი რისკის ფასად პედაგოგები მოსწავლეებს ქართულ ენაზე ფარულად ასწავლიან. სკოლებში აკრძალულია საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. აფხაზეთში ფაქტობრივად ტარდება რუსიფიკატორული საგანმანათლებლო პოლიტიკა, რამდენადაც თვით სოხუმსა და გუდაუთაშიც კი მეოთხე კლასის ზევით სწავლება მიმდინარეობს რუსული სახელმძღვანელოებით. უმძიმესია სკოლების მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობაც.

4. სოციალური უზრუნველყოფა და ჯანდაცვა. სოციალური დაცვის სისტემა მოშლილია. დაუსაქმებელია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, არ რიგდება პენსიები. დაუცველი რჩებიან ინვალიდები და უმწეო კატეგორიის ადამიანები. საექიმო კადრების მწვავე დეფიციტია და მძიმე ავადმყოფები სერიოზული სამედიცინო ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში იძულებული არიან სამკურნალოდ ჩამოვიდნენ ზუგდიდში ან თბილისში. სატრანსპორტო საშუალებების ნაკლებობისა და გალსა და ზუგდიდს შორის ფუნქციონირებად ტრანსპორტზე ადგილობრივ კრიმინალთა გახშირებული ყაჩაღური თავდასხმების გამო გაძნელებულია პაციენტთა გადმოყვანა ენგურსგამოღმა. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, ამჟამად მოძრაობა ენგურის ხიდზე საერთოდ შეჩერებულია.

5. სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება ფაქტობრივად ჩანასახის სახით არსებობს. მოსახლეობა მოწყვეტილია საზოგადოებრივ ცხოვრებას, რაიონში არ არის პოლიტიკური პარტიები.

6. შეზღუდვები რელიგიურ აღმსარებლობაში. რაიონში მოქმედი ეკლესიის არარსებობის გამო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად (ბავშვების მონათვლა, პარაკლისის გადახდა და ა.შ.) მოსახლეობა იძულებულია გაემგზავროს ოჩამჩირის რაიონში (სოფ. ილორი) ან ზუგდიდში.

7. აფხაზეთის მილიტარიზაცია. ვითარებას კონფლიქტის ზონაში ართულებს აგრეთვე ის გარემოებაც, რომ რუსეთის ხელშეწყობით ხდება აფხაზეთის მილიტარიზაცია. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში იქ გახშირებულია სამხედრო წვრთნების ჩატარება, მათ შორის შეზღუდელი შეიარაღების ზონაშიც. აღნიშნულ ზონაში აფხაზ სამხედროებსა და სამართალდამცავებს სამშვიდობო ძალები აძლევენ შეთანხმებით აკრძალული იარაღის შეტანის საშუალებას. გალის რაიონის სოფლებში მოსახლეობას იძულებით ათხრევინებენ სანგრებს.

დღემდე ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება გუდაუთის სამხედრო ბაზაში ჩატარებულიყო საერთაშორისო მონიტორინგი, რაც სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს ამ ნაწილში სტამბულის შეთანხმების შესრულებას.

8. აფხაზეთში სახელმწიფო, საზოგადოებრივი და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კერძო საკუთრების ხელყოფა. საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად, მისი ნების საწინააღმდეგოდ აფხაზეთში გრძელდება სახელმწიფო, საზოგადოებრივი და დევნილთა და ლტოლვილთა კერძო საკუთრების ხელყოფა. აშკარად ირღვევა დევნილთა და ლტოლვილთა საბინაო და ქონებრივი უფლებები, მასობრივი ხასიათი მიიღო მათი ბინებისა და სახლების გაყიდვამ ძირითადად რუსეთის მოქალაქეებზე. ამით აფხაზური მხარე აშკარად არღვევს მის მიერ 1993 წლის 1 დეკემბერს ჟენევაში გაეროს ეგიდით შემდგარ ქართული და აფხაზური მხარეების პირველ შეხვედრაზე მიღებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ,,ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული სახის ღონისძიებებთან დაკავშირებით”, რომელშიც დაფიქსირებულია აფხაზური მხარის მზადყოფნა, რომ ყველა დაბრუნებულ დევნილთ გადაეცეთ მათი კუთვნილი ბინები, სახლები, მიწის ნაკვეთები და სხვა ქონება.

9. კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების საქმიანობა. კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი აქვს მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევა, სოხუმის რეჟიმის აშკარა მხარდაჭერას, თვალის დახუჭვას სეპარატისტთა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან და რიგ შემთხვევაში, თვით მშვიდობისმყოფელთა მხრიდანაც ქართული მოსახლეობის უფლებათა უხეშ დარღვევებს. აღნიშნულისა და უკანასკნელ პერიოდში რუსეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობისა და რუსეთის ფედერაციაში ეთნიკური ქართველების მიმართ (რომელთა შორის არიან ათეულ ათასობით აფხაზეთიდან ლტოლვილებიც) გატარებული უპრეცედენტო ზომების გათვალისწინებით რუსეთის სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში დარჩენის მიზანშეუწონლობა აღარავისში ეჭვს არ იწვევს. რუსეთის მხარე სამშვიდობოების საქმიანობის გასამართლებლად და მათი ეფექტურობის დასამტკიცებლად იმით აპელირებს, რომ ამ ძალების კონფლიქტის ზონაში ყოფნის პერიოდში დაიღუპა 112 სამხედრო მოსამსახურე, ამასთან ცდილობს დაფაროს ის ფაქტი, რომ მათი უმრავლესობა დაიღუპა არა სამშვიდობო ოპერაციების ჩატარების დროს, არამედ - სამხედრო დისციპლინის დარღვევისა და სხვადასხვა უბედური შემთხვევის შედეგად. სამშვიდობოთა ხელმძღვანელობა მით უფრო არ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ კონფლიქტის ზონაში მათი ყოფნის პერიოდში დაიღუპა გალის რაიონის 2000-მდე მშვიდობიანი მოსახლე.

გალის რაიონში შექმნილმა რთულმა ვითარებამ თავისი ასახვა პოვა გაეროსა და ეუთოს მიერ ერთობლივად ჩატარებული მონიტორინგის მასალებში (2000 წლის 20-24 ნოემბერი). სამწუხაროდ, ერთობლივი შემფასებელი მისიის რეკომენდაციების უმრავლესობა აფხაზური მხარის მიერ იგნორირებული და შეუსრულებელი რჩება. მათ შორისაა გალის რაიონში ადამიანის უფლებათა სოხუმის გაეროს ოფისის ფილიალის გახსნის საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3-4 წლის მანძილზე აღნიშნული ფილიალის გახსნის აუცილებლობის მოთხოვნის საკითხი პერმანენტულად ფიქსირდება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში, აფხაზური მხარე კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის იქ გახსნას, რაც ჩვენი აზრით განპირობებულია, იმით, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა საინფორმაციო ვაკუუმში ამყოფოს გალის რაიონთან მიმართებაში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ადამიანის უფლებათა პატივისცემის ხელშეწყობის გაეროს განყოფილება (გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი), რომელიც ქართული მხარის მოთხოვნითა და გაეროს ძალისხმევით 1996 წლის 22 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ქ. სოხუმში და რომლის ძირითადი დანიშნულებაა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მონიტორინგი, თავისი საქმიანობით ვერ უზრუნველყოფს სათანადო მონიტორინგის ჩატარებას მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი ძირითადად ქართველებით დასახლებულ გალის რაიონის ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, არსებითად შეიცვალოს მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია. კერძოდ, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამოქალაქო პოლიციის კომპონენტის შემოტანას და საერთაშორისო ეგიდით გალის რაიონში ერთობლივი ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციის შექმნას.

მტკიცედ გვწამს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის და, უპირველეს ყოვლისა, გაეროსთან ერთად ეუთოს უფრო აქტიური ჩართვა. ჩვენ გვესმის, რომ ამჟამად გაერო რამდენიმე სამშვიდობო ოპერაციას ახორციელებს. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაში გაეროს უფრო აქტიური ჩართვისათვის აუცილებელი რესურსების მოძიება.

ჩვენს რეგიონში გაეროს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობის გაზრდის მიზნით სასურველია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსა და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან, მათ შორის დსთ-სთან. მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის მოწესრიგებას უთუოდ წაადგებოდა ეუთოს შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება პირველ რიგში, კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარებაში.

რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციას ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში. ის ეფუძნება 1992 წლის 10 ივნისს დაბა ყაზბეგში და 1992 წლის 24 ივნისს დაგომისში (სოჭი) საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული შეთანხმებების ბაზაზე შეიქმნა და კონფლიქტის ზონაში ვითარების, სტაბილიზაციისათვის ფუნქციონირებს შერეული საკონტროლო კომისია რომელიც შედგება ქართული, რუსული და ოსური მშვიდობისმყოფელებისაგან. დღეისათვის აღნიშნული კომისია კვლავაც რჩება კონფლიქტის მოწესრიგების ერთადერთ ოფიციალურ მექანიზმად. ჩვენი მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა აღნიშნული ფორმატის შეცვლის აუცილებლობა იმ საბაბით, რომ ქართული მხარე უმცირესობაშია, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კონფლიქტის მოწესრიგებისათვის ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ მოლაპარაკებათა არსებულ ფორმატში ეუთოს ხმის უფლება არ გააჩნია, რაც კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის დომინანტურ როლს. მიგვაჩნია, რომ კრიზისული სიტუაციის განმუხტვის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე აუცილებელია მოლაპარაკებათა პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა და საერთაშორისო კომპონენტის გააქტიურება, სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა განსაკუთრებით კი - ეუთოს როლის გაძლიერება.

მისასალმებელია აგრეთვე ევროკავშირის ჩართვა ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ეტაპზე ეუთოს როლის გაძლიერების მიზანშეწონილობა მოტივირებულია მისი წარმომადგენლობითი მანდატით და უკანასკნელ წლებში კონფლიქტის მოგვარების პროცესში მისი აქტიური მონაწილეობით. ეუთოს როლის გააქტიურების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, აუცილებელია:

- ეუთოს როლის გაძლიერება მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენელთა პოლიტიკური მოლაპარაკებების გააქტიურების პროცესში, ,,ბოდენის დოკუმენტის” საფუძველზე;

- ეუთოს მიერ აქტიური მონიტორინგის განხორციელება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მთელ ტერიტორიაზე;

- ეუთოს მონიტორინგის დაწესება საქართველო-რუსეთის საზღვრის ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთზე და, კერძოდ როკის გვირაბზე კონტრაბანდული ტვირთების, უკანონო შეიარაღების, და შეიარაღებული პირების გადაადგილების აღკვეთის მიზნით. შესაძლებელია გაკეთდეს მიმართვა ეუთოს წევრი ქვეყნებისადმი ეუთოს საერთაშორისო მონიტორინგის ოპერაციის ჩატარების თხოვნით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სასაზღვრო, საბაჟო და საპოლიციო კომპონენტები ადამიანების, ტვირთისა და ტრანსპორტის გადაადგილების კონტროლისა და მონიტორინგის ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით;

- სამხრეთ ოსეთის მთელ ტერიტორიაზე დემილიტარიზაციის განხორციელება ეუთოს ეგიდითა და მონიტორინგით, რაც უპირველესად გულისხმობს მძიმე ტექნიკის გაყვანას, კონსერვაციას ან განადგურებას, და ასევე უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლას;

- ეუთოს ეგიდით სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორიის დეკრიმინალიზაცია და მართლწესრიგის აღდგენა, რაც გულისხმობს ეუთოს სამდივნოს სტრატეგიული საპოლიციო დანაყოფის (Strategic Police Unit) მიერ მომზადებული გეგმის სრულად განხორციელებას. ამ გეგმის მიხედვით უნდა ამოქმედდეს ქართულ-ოსური საპოლიციო ქვედანაყოფები ერთობლივი პატრულირების განხორციელების მიზნით.

მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად აუცილებელია ეუთოს დამკვირვებელთა კონტინგენტის გაზრდა.

ასევე მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული რაიონების რეაბილიტაციასა და განვითარებას, ამ პროგრამების რეალიზაციაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობის გაფართოებას. აქ ვგულისხმობთ, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონს, ასევე აფხაზეთს.

მოგეხსენებათ, რომ 2000 წლის ბოლოს რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი შემოიღო, მაგრამ ელემენტარული საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების დარღვევით აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუნარჩუნა. დღემდე სრულიად იგნორირებულია საქართველოს მხარის პროტესტი ამ დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ამას დაემატა აფხაზეთისა და, ცხინვალის, რეგიონის მოსახლეობისათვის რუსეთის პასპორტების და შესაბამისად რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული გზით მინიჭების მასობრივი პრაქტიკა; ხელმძღვანელ თანამდებობებზე, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში რუსეთის მოქალაქეების დანიშვნა, დამეთახმებით, რომ ეს ფაქტი, რასაც რუსეთის მასმედიამაც კი ,,იურიდიული ექსპანსია” უწოდა, არ ემსახურება კონფლიქტების მშვიდობიან მოწესრიგებას.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება საქარ- თველოს ხელისუფლებისათვის კვლავაც ერთადერთი არჩევანია. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება სამშვიდობო პროცესში შეტანილი წვლილისათვის გაეროსა და გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფისადმი, ეუთოსადმი. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს როგორც აფხაზური, ასევე სამხრეთ ოსური მხარე კატეგორიულად აცხადებს უარს საქართველოს შემადგენლობაში მისი პოლიტიკური სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის განხილვაზე. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადო, რომ ეს ფაქტობრივად უარყოფს იმ თითქმის მრავალწლიან მუშაობას, რომელშიც გაერომ და მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა ამდენი დრო და ენერგია ჩააქსოვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ სამშვიდობო პროცესების წარმატება კონფლიქტურ რეგიონებში შესაბამისი კარდინალური ცვლილებების გატარების გარეშე სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.

ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, პირველ რიგში გაეროსა და ეუთოს დახმარებით შესაძლებელი გახდება აფხაზური და ოსური მხარეების არაკონსტრუქციული მიდგომების დაძლევა და ამ წინადადებების რეალიზება.

ამ მხრივ უაღრესად სასარგებლო იქნებოდა ეუთოს შესაძლებლობათა მაქსიმალური გამოყენება მხარეთა შორის ნდობის აღდგენის ატმოსფეროს შექმნისათვის გაეროს ეგიდითა და ჟენევის საკოორდინაციო საბჭოს ჩარჩოებში ჩატარებული ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრების ტრადიციის აღსადგენად. მოგეხსენებათ, რომ ჩატარებულია სამი ასეთი შეხვედრა: 1998 წლის 16-18 ოქტომბერს ქ. ათენში, 1999 წლის 7-9 ივნისს სტამბულში და 2001 წლის 15-16 მარტს იალტაში, რომლებზედაც მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადებები, მოქმედებათა პროგრამა მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების თაობაზე.

უეჭველია, რომ მხარეთა შორის ნდობის განმტკიცების პროცესში განუზომელია სახალხო დიპლომატიის როლი. შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ სახალხო დიპლომატია პანაცეაა, და ის გადაწყვეტს იმ ურთულეს პრობლემათა ჯაჭვს, რომელიც უკვე ათი წელიწადია ვერ წყდება სახელისუფლებო დონეზე, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მან შეიძლება წარმატებით შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი კონფლიქტის შედეგად გახლეჩილ საზოგადოებას შორის, აღადგინოს პიროვნული და ნათესაური კავშირები, მოსპოს გაუცხოების გრძნობა და შემდგომში ხელი შეუწყოს კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა მიერ კომპრომისული გადაწყვეტილებების გამონახვასა და განხორციელებას.

არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია დემოკრატიის უმთავრესი ელემენტებია, ხოლო კონფლიქტის ზონებში დემოკრატიის მშენებლობა ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის უმთავრესი გარანტი.

სერიოზული მუშაობაა ჩასატარებელი კონფლიქტურ რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. დღესდღეობით კი იქ არსებული აფხაზური და ოსური არასამთავრობო ორგანიზაციების პრივილეგილებული ნაწილი ობიექტურად უნდა განვიხილოთ როგორც სტრუქტურული დანამატი, სეპარატისტული რეჟიმებისა რომლებიც ერთი მხრივ სარგებლობენ რა საერთაშორისო დაინტერესებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ფაქტობრივად კი არიან ამ რეჟიმების დაკვეთების ფაქტობრივი შემსრულებლები და მათი მესიჯების გამტანები საერთაშორისო დონეზე.

მხარეთა შორის ნდობის განმტკიცების მიზნის მისაღწევად მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად მიგვაჩნია აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება. საჭიროა საერთო ინტერესების უფრო აქტიური ძიება და მათი ორივე მხარის სამსახურში ჩაყენება.

ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა კონფლიქტის ზონებში, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ჩართული ერთ-ერთი მთავარი სუბიექტის, რუსეთის ფედერაციის პოზიციაზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში ჯერჯერობით არათანმიმდევრული რჩება.

ერთი მხრივ, რუსეთი ოფიციალურ დონეზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ამავდროულად ინარჩუნებს რა მონოპოლიას სამშვიდობო ძალებზე, ხელს უწყობს მოლაპარაკებათა პროცესის გაჭიანურებას, ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ამოგლეჯას საერთაშორისო საინფორმაციო სივრციდან, თვითონ არღვევს დსთ-ის ქვეყნების სახელმწიფო მეთაურთა სამიტების ცნობილ გადაწყვეტილებებს, საქართველოსთან შეუთანხმებლად დებს სეპარატისტულ რეჟიმებთან სხვადასხვა სახის ეკონომიკურ და საფინანსო გარიგებებს, უწევს მათ ეკონომიკურ, სამხედრო და ფინანსურ დახმარებებს, ხსნის სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლას, ღებულობს მონაწილეობას აფხაზეთში მიმდინარე უკანონო საპრივატიზაციო პროცესებში, აწესებს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, მასობრივად ანიჭებს აფხაზეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას, აჭიანურებს 1999 წლის 17-19 ნოემბერს სტამბულში ეუთოს ქვეყნების მეთაურთა სამიტზე მიღწეულ რუსეთსაქართველოს შეთანხმებას საქართველოდან გუდაუთის სამხედრო ბაზის გაყვანის შესახებ, ცალმხრივად, სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ძალებთან ერთად საქართველოსაგან დამოუკიდებლად აკონტროლებს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთს, რითაც პრაქტიკულად მორღვეულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვარი ორ ქვეყანას შორის. აღნიშნულს კიდევ დაემატა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური სანქციები საქართველოს მიმართ და რუსეთში ამჟამად მცხოვრები ეთნიკური ქართველების თანამედროვე ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი და უპრეცედენტო დისკრიმინაცია.

არაადეკვატურად მიგვაჩნია რუსეთის პოზიცია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში 2006 წლის 12 ნოემბერს ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებითაც, რაც გამოიხატა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო სათათბიროს აშკარად ცალსახა პოზიციაში. და ეს ხდება მაშინ, როდესაც არც საქართველოს ხელისუფლება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს პოსტკონფლიქტურ პერიოდში აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული არჩევნებისა და რეფერენდუმის არც ერთი შედეგს და ისინი უკანონოდ მიაჩნია.

ამ ფონზე რუსეთისათვის გასაკვირი არ უნდა იყოს ქართული მხარის შეფასება, რომ აფხაზეთში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მისი პოლიტიკა აღიქმება ამ რეგიონების - საქართველოს განუყოფელი ნაწილების ფაქტობრივი ანექსიის მცდელობად.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჩვენ ვაცნობიერებთ რუსეთის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ აფხაზეთში, მის შესაძლებლობებს და პოტენციალს კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში და მზად ვართ ამ ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებისათვის იმ საზღვრებში, რომლებიც არ ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს, ხელს არ შეუშლის ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას იცხოვრონ დამოუკიდებელ, დემოკრატიულ და გამთლიანებულ ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვან წევრ ქართულ სახელმწიფოში. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ისტორიული არჩევანი, განპირობებული ხალხის ნებით, და ამდენად იგი არ შეიძლება გახდეს შემდგომი პოლიტიკური დებატების საგანი.

აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება საქართველოს კვლავაც ერთადერთი არჩევანია. ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ მადლიერება სამშვიდობო პროცესში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფისა და, ეუთოს მიერ შეტანილი წვლილისათვის. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს როგორც აფხაზური, ასევე სამხრეთ ოსური მხარე კატეგორიულად აცხადებს უარს საქართველოს შემადგენლობაში მისი პოლიტიკური სტატუსის განმსაზღვრელი დოკუმენტის განხილვაზე. კიდევ ერთხელ უნდა განვაცხადოთ, რომ ეს ფაქტობრივად უარყოფს იმ მრავალწლიან მუშაობას, რომელშიც გაერომ და მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა ამდენი დრო და ენერგია ჩააქსოვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უნდა ვაღიაროთ, რომ სამშვიდობო პროცესების წარმატება კონფლიქტურ რეგიონებში შესაბამისი კარდინალური ცვლილებების გატარების გარეშე სერიოზული ეჭვის ქვეშ დგას.

ვიმედოვნებთ, რომ საერთოშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, პირველ რიგში გაეროსა და ეუთოს დახმარებით, სამოქალაქო სექტორის აქტიური მონაწილეობით, შესაძლებელი გახდება კონფლიქტის ზონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება, მხარეთა შორის ნდობის განმტკიცება, დევნილთა და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში და კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგება.

4 რა როლს ასრულებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს სეპარატისტულ ერთეულებში

▲ზევით დაბრუნება


მარტინა ბიელავსკი
ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კემბრიჯის უნივერსიტეტი, საერთაშორისო კვლევების ცენტრი

1. შესავალი

როდესაც სეპარატისტულ ერთეულებს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებენ, წარბებს არა მარტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსაგან დე-ფაქტო დამოუკიდებლობის ყველაზე აშკარა ოპონენტები იჭმუხნიან. ფაქტობრივად ეს თემა იმდენად საჭირბოროტო გახდა, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სპეციალური განყოფილება გაეროს გენერალური მდივნის ყველა მოხსენებაშია ჩართული. ეს ნიშანდობლივია, რამეთუ ტრადიციულად ადამიანის უფლებები აღიქმება როგორც ,,ფუნდამენტური გარანტიები და სტანდარტები სახელმწიფო ძალაუფლებისაგან ინდივიდების სამართლებრივი დაცვისათვის, განსაკუთრებით ძალაუფლების გადაჭარბებისაგან დაცვისათვის”1 (ხაზგასმა ჩვენია). თუმცა საქართველოს შემთხვევაში სახელმწიფომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაკარგა თავისი ეფექტური ძალაუფლება და იგი გადავიდა დე-ფაქტო ხელისუფლების ხელში, რომელიც ამ ტერიტორიების ადმინისტრირებას ახორციელებს. ამრიგად, სეპარატისტებისაგან ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნა გარკვეულწილად იმასაც ნიშნავს, რომ მათგან საქარ- თველოს ვალდებულებების განხორციელებას ვითხოვთ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს თითოეული ადამიანის ხელმისაწვდომობა საყოველთაოდ გარანტირებულ ადამიანის უფლებებზე.

უდავოა, რომ როგორც კი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავიანთი საქმიანობის გავრცობას დააპირებენ, სამართლებრივპოლიტიკურად დანაღმულ ველზე იწყებენ მოძრაობას. ადამიანის უფლებათა დაცვის მოთხოვნა საერთაშორისო დონეზე აუღიარებელი ერთეულების მიმართ ვალდებულებათა შესრულების მოთხოვნას უტოლდება. ადამიანის უფლებების დაცვაზე უარის შედეგად მოსახლეობა სამართლებრივ ბნელ გვირაბში რჩება და მას ამ ფუნდამეტურ უფლებებზე ხელი აღარ მიუწვდება.

მომდევნო ქვეთავი ნათელს მოჰფენს საერთაშორისო ორგანიზაციათა რთულ როლს, რომლებიც აუღიარებლობისა და საყოველთაო უფლებათა პრინციპებს შორის ექცევიან. თუმცა ჯერ მოკლედ განვიხილავთ არასახელმწიფო სუბიექტთა ვალდებულებებს. საერთაშორისო ორგანიზაციებამდე გადასვლამდე განხილული იქნება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ყველაზე მწვავე პრობლემები. ძირითადი ნაწილი ეხება საერთაშორისო ორგანიზაციათა დღევანდელ სტრატეგიას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების სექტორის შესაძლებლობათა გაძლიერებაზეა ფოკუსირებული, ხოლო შემდეგ შეფასდება არსებული სტრატეგია და განხილულ იქნება ახალი მექანიზმების დანერგვის პერსპექტივები.

2. არასახელმწიფო სუბიექტთა ვალდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში

გერმანელი იურისტი და სწავლული პროფესორი იოხენ ფროვაინი მიუთითებს, რომ ერთეულები, რომლებსაც აუღიარებლობის მიუხედავად სახელმწიფოებრიობის პრეტენზია აქვთ, საერთაშორისო სამართლის ნაწილობრივ სუბიექტებად მიიჩნევიან, თუ ისინი ფაქტობრივად გარკვეულ ტერიტორიებს მართავენ.2 თუმცა სწორად იქნა აღნიშნული, რომ ერთეულის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად გააზრება ძირითადად მეცნიერული ხასიათისაა, რაც ხშირად პრაქტიკით არ დასტურდება.3 მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ, ჩრდილოეთ კვიპროსსა და დნესტრისპირეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა ამ ტერიტორიების პროტექტორატ ქვეყნებს, თურქეთსა და რუსეთს დააკისრა და ამით თავი აარიდა სეპარატისტული ერთეულების რაიმე სახით ნაწილობრივ აღიარებას.4

ამგვარი მიდგომის პრობლემა ის გახლავთ რომ, იგი ეფექტურად ვერ ახორციელებს მართლმსაჯულებას ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთა მიმართ, თუმცაღა ფორმალურად კორექტულია. სეპარატისტული რეჟიმის შენარჩუნებაში პროტექტორატი სახელმწიფოების გადამწყვეტი როლის მიუხედავად, ადამიანებზე და ტერიტორიაზე უშუალო კონტროლს ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს. პროტექტორატი სახელმწიფოსაგან განსხვავებით, რომელიც თავის პირდაპირ ჩართულობას არ აღიარებს, ადგილობრივ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ იგი პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც თვითგამოცხადებული ,,სახელმწიფოს” ფარგლებში ხდება.

შეგვიძლია თუ არა განვსაზღვროთ ის სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც არასახელმწიფო სუბიექტებს დაავალდებულებს ადამიანის უფლებები დაიცვან? მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არასახელმწიფო სუბიექტების ვალდებულებები განსაკუთრებით აქტუალურია, მასზე ძირითადად ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირში საუბრობენ.5 სახელმწიფოს შიგნით აჯანყებულ ჯგუფთა ვალდებულებები მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში არის დარეგულირებული.6 თუმცა როგორც ჩანს გაყინული კონფქლიტების შემთხვევაში ეს უკანასკნელი კარგი გზამკვლევის როლს ვერ ასრულებს, მაგალითად, როგორც საქართველოში, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი ათი წლის წინ შეწყდა.

პირები, რომლებიც უხეშად და სისტემატურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, შეიძლება დასჯილ იქნენ საერთაშორისო სისხლის სამართლის საფუძველზე, თუმცა ეს საკითხი არ ასახავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დღევანდელ რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ აქ ხდება გარკვეული დარღვევები, მათ საერთაშორისო სისხლის სამართლის საყოველთაო იურისდიქციით განსაზღვრული მაღალი სტანდარტების კვალიფიკაციას ვერ დავუქვემდებარებთ.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებები მხოლოდ სახელმწიფოებს ავალდებულებენ და ამიტომ ისინი სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებს არ მიესადაგებიან. თუმცა საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან გამომდინარე იქნებ შესაძლებელიცაა ადამიანის უფლებათა სფეროს ვალდებულებები სავალდებულო იყოს მათთვის, ვინც ფაქტობრივად აკონტროლებს ტერიტორიას? სტრასბურგის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები უჩვენებს, რომ ასეთი განმარტება საყოველთაოდ მიღებულ აზრს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სეპარატისტულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებათა ხელშემწყობი ღონისძიებები ადასტურებს, რომ ამგვარი აზრი სულ უფრო ძლიერდება.

ასეთ ღონისძიებებში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოქმნადი კანონის ზონაში გადაადგილდებიან. ამ ღონისძიებათა გამოწვევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეჟიმების აუღიარებელ მთავრობებში მასტიმულირებელი სტრუქტურების შექმნა წარმოადგენს, რათა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით პოზიტიური ქმედება განხორციელდეს და თვალსაჩინო გახდეს შემზღუდავი ფაქტორები. ეჭვგარეშეა, რომ ამ რეჟიმთა უპირველესი მიზანი აღნიშნულ ორ ერთეულში ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ისინი საერთაშორისო ორგანიზაციათა მოთხოვნებს დაემორჩილონ თუ სანაცვლოდ რაიმეს არ მიიღებენ. გაჭიანურებული აუღიარებლობის ფონზე სეპარატისტები ძნელად აცნობიერებენ თავიანთ ვალდებულებას საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.

3. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სპეციფიკური პრობლემები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

აუღიარებელი დე-ფაქტო რეჟიმებისათვის ადამიანის უფლებათა დარღვევა რაიმე სპეციფიკურ მახასიათებელს არ წარმოადგენს. ეს ყველგან ხდება. პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისით მთლიანად კავკასიის რეგიონი ნაწილობრივ თავისუფალ და ნაწილობრივ არათავისუფალ რეგიონად მოიაზრება.7 როდესაც აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რომელი პრობლემაა სპეციფიკური ამ კონკრეტული სტატუსისათვის და რომელი მიეკუთვნება ადამიანის უფლებათა სფეროს ზოგადად მთელ კავკასიაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველა უფლების თანაბარი დაცვაა აუცილებელი, ეს სტატია ფოკუსირებულია სეპარატისტული ერთეულებისათვის დამახასიათებელ საკითხებზე.

სეპარატისტულ ტერიტორიებზე ორი სახის პრობლემა დგას და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უპირველეს ყოვლისა მათზე უნდა გაამახვილონ ყურადღება: პირველი, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მეორე, სამართლებრივი სისტემის საერთო კრახი.

3.1. ეთნიკური ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ეთნიკური ქართველები, ვინც სეპარატისტული ტერიტორიები არ დატოვა, ყოველდღიურ დისკრიმინაციას განიცდიან. 2003 წელს აფხაზეთის ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული აღწერის შედეგებით დღეისათვის აფხაზეთში დაახლოებით 40 443 ქართველი ცხოვრობს, უმრავლესობა გალის რაიონში. ქართველები ხშირად ჩადიან საქართველოდან გალის რაიონში ნათესავების მოსანახულებლად. სამხრეთ ოსეთის რამდენიმე ქართულ სოფელში 14 000 ქართველი დარჩა საცხოვრებლად. 2004 წლის აგვისტოში მტრული დაპირისპირების გამწვავებამდე ქართველები სამხრეთ ოსეთში პრაქტიკულად შეუზღუდავად მგზავრობდნენ.

ამ მოუგვარებელი კონფქლიტების ბუნებიდან გამომდინარე, წარსულში ამ მგზავრების მიმართ ხშირად აღიძვრებოდა ეჭვი ,,ტერორიზმში” მონაწილეობის საფუძვლზე და მათ სეპარატისტული ხელისუფლება აპატიმრებდა. როგორც ,,ტერორიზმში” ბრალდებული ქართველის, მამასახლისის საქმიდან ჩანს, საქართველოს მთავრობა დახმარებას ვერ უწევს მის დაპატიმრებულ მოქალაქეებს. ქართველების თვითნებური დაპატიმრების კიდევ ერთ გავრცელებულ საფუძველს მათ მიერ ადმინისტრაციული საზღვრის თითქოსდა უკანონოდ გადაკვეთა წარმოადგენს, თუ მათ სეპარატისტებისაგან მგზავრობისათვის წინასწარ მიღებული ნებართვა არ გააჩნიათ.

მუდმივად მცხოვრები ქართველების ძირითად პრობლემებს ენის უფლებების, საკუთრების უფლებების და სამუშაოზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა წარმოადგენს. ქართულენოვანი სკოლები სეპარატისტების მიერ უარყოფილია და მათ მუდმივად ემუქრებიან დახურვით, რადგან ისინი საქართველოში გამოცემულ სახელმძღვანელოებს იყენებენ. გასაკვირია არაა, რომ ამ სახელმძღვანელოებში საქართველო წარმოდგენილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველოს ისტორია სტანდარტული კრიტერიუმებითაა აღწერილი.

თუ გალის რაიონში ქართული ენის ყოველდღიური ხმარება ჩვეულებრივი მოვლენაა, აფხაზეთის დანარჩენ ნაწილში საჯაროდ ქართულ ენაზე საუბრისათვის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები ფრიად გასაოცრად ჟღერს.

ომის დროს სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან განდევნილი ქართველების საკუთრების რესტიტუციის საკითხი წინ არ იძვრის. თუ გავითვალისწინებთ, რომ დემოგრაფიული საკითხი სეპარატისტულ რესპუბლიკებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს, საკუთრების დაბრუნებაზე უარის თქმა იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის შეკავების ერთ-ერთ გზად განიხილება.

გარდა ამისა, ქართველებს ხელი არ მიუწვდებათ მთელ რიგ საზოგადოებრივ სიკეთეზე. როგორც წესი, მათ არ ღებულობენ სამართალდამცავ დაწესებულებებსა8 და სახელმწიფო ადმინისტრაციის სამსახურში. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ომის შემდეგ ქართველებს სასამართლოში აფხაზების წინააღმდეგ შეტანილი არც ერთი საქმე არ მოუგიათ.9 უფრო მეტიც, კანონმდებლობა ქართველებს მუდმივად არახელსაყრელ პირობებში აყენებს, რადგან იგი მხოლოდ ,,მოქალაქეებს” მიესადაგება. თუმცა ქართველებს, ვისაც აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება სურს, აიძულებენ ჯერ საქართველოს მოქალაქეობაზე თქვან უარი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართველმა თავისი დოკუმენტები საერთაშორისოდ აუღიარებელი აფხაზეთის მოქალაქეობაზე გაცვალოს.

სადავო საკითხები განსაკუთრებით მტკივნეულია ეთნიკური ქართველებისათვის, რადგან ისინი დაკავშირებულია დაპირისპირების მთავარ მიზეზთან - სუვერენიტეტთან და სახელმწიფოებრიობასთან. მაგალითად, საზღვრის ,,უკანონო დარღვევის” დანაშაული პირდაპირაა დაკავშირებული აფხაზეთის პრეტენზიასთან - იყოს სრულუფლებინი სახელმწიფო. ანალოგიურად, ერთეულისათვის, რომელსაც დამოუკიდებლობის პრეტენზია აქვს, მიუღებელია ქართული სასკოლო სახელმძღვანელობის გამოყენება, სადაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არის გამოცხადებული და ა.შ. თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ საკითხებში გააქტიურება სურთ, მათ უცილობლად მოუწევთ კონფლიქტის ძირეულ სფეროსთან შეხება.

3.2. კანონის უზენაესობის არარსებობა

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ეთნიკური დისკრიმინაციის გარდა ძირითად პრობლემებს კანონის უზენაესობის არარსებობა იწვევს, რაც უმთავრესად ამ ერთეულების არამდგრადი სტატუსითაა გამოწვეული. როგორც მოვლენათა განვითარებამ უჩვენა, კავკასიის გამოყოფილი რესპუბლიკები არ წარმოადგენენ ტერიტორიებს, სადაც კანონი არ მოქმედებს.10 ორივე მათგანმა ძირითადად რუსეთის კანონმდებლობა გადმოიღო და წარმატებას მიაღწია საერთო მშვიდობისა და წესრიგის დამყარებაში.

მიუხედავად ამისა, სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის დამახასიათებელია კორუფცია, დაშინება და პროტექციონიზმი და ისინი მთლიანად არიან დამოკიდებული დე-ფაქტო მთავრობაზე. ამ ხარვეზს ამძიმებს თანამშრომელთა სწავლების დაბალი დონე და სტუდენტებისა და პრაქტიკოსების შეზღუდული ხელმისაწვდომობა სამართლებრივ წყაროებთან. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს სასამრთლოების მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებების მაგალითზე, რადგან სასამართლოები დარწმუნებული არიან, რომ რომელიმე მაღალ ინსტანციაში (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში) ამ გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შეუძლებელია. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აუღიარებლობის გამო მათი სასამართლოები საერთაშორისო დონეზე ადგილობრივ სამართლებრივ საშუალებებად არ მიიჩნევა. იმის გამო, რომ ადამიანებს აღიარებული სასამართლოებისათვის მიმართვა არ შეუძლიათ, ისინი დაცვის გარეშე რჩებიან.

მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები და ეროვნული დაწესებულებები აქტიურად უწყობდნენ ხელს კავკასიაში კანონის უზენაესობის განვითარებას ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობათა განმტკიცების მეშვეობით, ისინი, საკითხის სიფაქიზის გამო, ძირითადად გვერდს უვლიდნენ იგივე ღონისძიებათა გატარებას სეპარატისტულ ტერიტორიებზე.

იურისტთა სწავლების დაბალი დონე მთელ საზოგადოებაზე აისახება - მას არა აქვს ზოგადი წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე.

კანონის უზენაესობა კვლავ ურთულეს საკითხად რჩება. თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონები დაფუძნებულია კონსტიტუციაზე და მიღებულია პარლამენტის მიერ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის ამ სფეროში გააქტიურება ძალზე საჭირბოროტოა. ასეთი საქმიანობისას მათ მოუწევთ გარკვეულწილად დასაშვებად ჩათვალონ ადგილობრივი კანონმდებლობა, რაც, ბუნებრივია, დარღვევად იქნება მიჩნეული საქართველოს მხრიდან.

4. საერთაშორისო ორგანიზაციათა პრობლემატური როლი

როგორც ზემოთ ვნახეთ, ადამიანის უფლებათა დაცვა საქართველოსა და მის სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის არსებულ საკითხებთანაა დაკავშირებული. ეს გარემოება განსაკუთრებით მგრძნობიარეს ხდის საერთშორისო ორგანიზაციათა მოქმედებას. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული პრინციპებისადმი ერთგულების შედეგად მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს პოზიციას. ამ უკანასკნელის სათანადო მონაწილეობისათვის პირობების მოსამზადებლად, საქართველომ არა მარტო მისი დე ფაქტო კონტროლის დაკარგვა უნდა აღიაროს, არამედ ისიც, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრირებას ახდენს, საერთაშორისო სამართლებრივი როლის მატარებელია. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ სეპარატისტული ერთეულები საერთაშორისო ჩარევაზე დათანხმდებიან. აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გაწეული წინააღმდეგობის ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი მაგალითია მის მიერ გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ფილიალის გახსნაზე უარი.11

საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ სეპარატისტული ერთეულების სკეპტიციზმის მიზეზს უდავოდ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ისინი ქართული მხარის აგენტებად მიიჩნევენ მათ. გარდა ამისა, ხშირად მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები სანაცვლოდ რაიმე ხელშესახებს ვერ შესთავაზებენ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობას კარგად ესმით ის რისკები, რასაც მათ ლიბერალური და პლურალისტული საზოგადოება უქმნის. ორივე ერთეულში მმართველი ელიტა არასანდოდ და კორუმპირებულად მოიაზრება, თუმცა აქ არის გარკვეული ერთობა, რაც საერთო სახელმწიფოს შექმნის რწმენიდან და საქართველოს მხრიდან ომის განახლების შიშის შედეგია, რის გამოც მოსახლეობა გაჩუმებას ამჯობინებს. დღეისათვის აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი, დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების ხელშეწყობით, შესაძლოა რისკის ქვეშ აყენებდნენ ამ ერთობას, თანაც სანაცვლოდ არაფერს ღებულობენ.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე საერთაშორისო ორგანიზაციათა საქმიანობის წინაშე მდგარი პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ცენტრალური სახელმწიფოს მცდელობასთან,

თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესაძლოა შეცდომით აღქმულ იქნეს როგორც აღიარება. მეორე, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციები აღიარებულ სახელმწიფოთა დახურული კლუბის წარმომადგენლებად არიან მიჩნეული, მათ სეპარტისტული ერთეულები გარკვეული ეჭვით უყურებენ. ეფექტური დაცვის შედეგად ხელისუფლება ვერ მიიღებს ვერანაირ სტატუსს ანდა მნიშვნელოვან სარგებელს. იმავდროულად ადამიანთა ძირითადი უფლებების და თავისუფლებების გაფართოება მათ მიერ, მათი მყიფე დე ფაქტო დამოუკიდებლობის მუქარად აღიქმება.

4.1 საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა ადამიანის უფლებათა სფეროში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში

ამ ზოგადი მიმოხილვის შემდეგ გადავხედოთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციათა საქმიანობას. ესენია: გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, ევროკავშირი და დსთ-ის სამშვიდობო ძალები.

გაერო სამხრეთ ოსეთში საქმიანობას არ ეწევა, მაგრამ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ცენტრალურ როლს ასრულებს. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი (HROAG)12 მონიტორინგს ახორციელებს ადამიანის უფლებათა საერთო მდგომარეობაზე აფხაზეთში და მთელ აფხაზეთში ხელს უწყობს ამ სფეროში შეგნების ამაღლებას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ეუთოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული HROAG შემდეგი უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი:13

  • ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგი აფხაზეთში;

  • აფხაზეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება ადამიანის უფლებათა დარღვევების და მათზე რეაგირების მიზნით;

  • გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისათვის მოხსენების წარდგენა აფხაზეთში ადამიანის უფლებათა საერთო სიტუაციის შესახებ;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით ადგილობრივი საშუალებების განსამტკიცებლად ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა;

  • ადამიანის უფლებათა სწავლების განვითარება;

  • სამოქალაქო საზოგადოებაში ადამიანის უფლებათა სტრუქტურების განვითარებისათვის ხელშეწყობა.

ოფისი ღებულობს ინდივიდუალურ საჩივრებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მისი კონტაქტების გამოყენებით ცდილობს რეაგირება მოახდინოს ამგვარ საჩივრებზე. თუმცა რეჟიმის აუღიარებლობის გამო, კლასიკურ მიდგომას - ,,დაასახელე და შეარცხვინე” - აქ წარმატების ნაკლები პერსპექტივა აქვს. ამიტომ HROAG მშვიდ მიდგომას მიმართავს, რაც საქართველოში ხშირად მათ პასიურობად და უძლურებად აღიქმება.

მაშინ როცა შესაძლებლობათა განმტკიცება, იურიდიული კონსულტაციები და ლტოლვილთა დაბრუნება HROAG-ის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, იგი ნაკლებადაა დაკავებული კანონის უზენაესობის საკითხებით. 2006 წელს სოხუმს ადგილობრივი სამართალდამცავი დაწესებულებებისათვის ადამიანის უფლებების ტრენინგები შესთავაზეს. თუმცა სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტების ტრენინგის სამართალდამცავებსა და ადმინისტრაციაზე გავრცობა ძალზე უხალისოდ მიმდინარეობს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი სიგნალის მიწოდება.

გაეროს ძალისხმევასთან ერთად სამხრეთ ოსეთზე აგრეთვე ეუთოს ღონისძიებებია ფოკუსირებული. მისი საქმიანობა ძირითადად მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებს, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიხსნა არასამთავრობო ორგანიზაციათა რესურსცენტრი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან კონტაქტის თავიდან აცილება შეუძლებელია, ეს კონტაქტი დე ფაქტო ერთეულებისადმი მიმართულ რაიმე ღონისძიებას არ მოიცავს. საქართველოში კანონის უზენაესობის სფეროში ეუთოს ზოგადი განზომილება სამხრეთ ოსეთზე არ ვრცელდება, თუმცა მან შექმნა ოსურ-ქართული სამუშაო ჯგუფი, რომელიც წესრიგის დაცვის საკითხებზე მუშაობს და უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.

ევროპის საბჭოს სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ჯერჯერობით საქმიანობა არ დაუწყია. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი და საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტი ჩავიდნენ კონფლიქტის რეგიონში და შესაბამისი განცხადებებიც გააკეთეს, თუმცა მათ რაიმე პრაქტიკული ღონისძიებები არ მოჰყოლია. არ შემდგარა ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი აფხაზეთში, რომელიც 2006 წლისათვის იყო მოსალოდნელი. ეს პასიურობა შეიძლება აიხსნას ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისის მოსაზრებით, რომელიც თვლის, რომ მისი პარტნიორია საქართველო და არა აფხაზეთი ან სამხრეთი ოსეთი.

ევროკავშირი, 25 მილიონი ევროს ღირებულების პროექტებით, აფხაზეთში ყველაზე დიდ დონორს წარმოადგენს14. ეს თანხა ძირითადად რეაბილიტაციის პროექტებსა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურს ხმარდება. გაცილებით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა პროექტებისათვის, რომლებიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დაცვის პროექტებისათვის გამოიყო ორი გრანტი. ამგვარი მიდგომა, ნაცვლად ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე ორიენტირებისა, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობათა განმტკიცებას. სამხრეთ ოსეთში ევროკომისიის დელეგაციის საქმიანობა რეაბილიტაციის პროექტებითაა შემოფარგლული.

ეს მოკლე მიმოხილვა ორ საკითხს წარმოაჩენს. პირველი, როგორც ჩანს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას აქვს ადამიანის უფლებათა დარღვევის სამართლებრივი საშუალება. ეს ნიშნავს, რომ თითქოს დე-ფაქტო ხელისუფლებას შეუძლია ადამიანთა უფლებების დარღვევა და ამრიგად საერთაშორისო სამართლის სუბიექტის გარკვეული შეზღუდული ნიშნების მატარებელია. მართებული არ არის ხშირად გაჟღერებული მოსაზრება თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციები ,,არაფერს” აკეთებენ. სინამდვილეში ისინი საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ მონიტორინგისა და შესაძლებლობათა განმტკიცების სფეროში, ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანიებში. მეორე, ისინი შესაძლებლობათა განმტკიცების ძალისხმევის კონცენტრირებას სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტებზე ახდენენ. პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს ორი საკითხი, თუ მიზანს ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვა წარმოადგენს, ერთმანეთთან ერთმანეთთან ვერ თავსდება. სამოქალაქო საზოგადოების სუბიექტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, მაგრამ ისინი ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. მათ ხშირად ასეთი დარღვევების თავიდან აცილების საშუალებაც არა აქვთ. თუ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისათვის დამახასიათებელ კონკრეტულ პრობლემებს გავითვალისწინებთ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ შეზღუდული როლის შესრულება შეუძლიათ.

არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყოფილი საბჭოთა სივრცის მრავალ სახელმწიფოში, პლურალისტური, კარგად განვითარებული და სათანადოდ განათლებული არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი არ გულისხმობს სახელმწიფოს დემოკრატიულობას და მის მიერ ადამიანის უფლებათა პატივისცემასა და დაცვას. აქ მმართველ ფენასა და საზოგადოების დანარჩენ ნაწილს შორის არსებული უხილავი ზღვარი შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას თითქოს თავისუფლად შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა, მაღალ ეშელონებში ეს აზრი ზოგადად იგნორირებულია. გარდა ამისა, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაში, ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ სანამ მათი ტერიტორია ,,საქართველოს მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის” ქვეშ იმყოფება, დასაშვებია გარკვეული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა. ამრიგად, ამ ტერიტორიებზე, დემოკრატიული ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოებას ,,ტროას ცხენის” როლის შესასრულებლად შეზღუდული საშუალებები გააჩნია.

საერთაშორისო საზოგადოების მიერ ადგილობრივი მთავრობის სრული აუღიარებლობა კიდევ ერთ ზემოქმედებას ახდენს. საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობას ერთადერთ კანონიერ მთავრობად აღიარებს, არ ხდება არჩევნების საყოველთაო აღიარება. აქედან გამოდინარე, არ არსებობს დაკვირვების რაიმე მექანიზმი, რომელიც მისი შედეგების ლეგიტიმურობას დაადგენდა. ამის გამო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო აპარატი საეჭვო საფუძველზე დგას. მაგრამ სწორედ ამ საფუძველზე არიან შერჩეული მოსამართლეები, სამართალდამცავები და სხვა მუშაკები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობაზე დე ფაქტო ძალაუფლებას ახორციელებენ. გასაკვირი არ არის, რომ ამ ადამიანებს მეტი მიდრეკილება ექნებათ თავიანთი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისაკენ, ვიდრე დემოკრატიულად და ლეგიტიმურად დანიშნულ პირებს.

მე არ მინდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების სრული აღიარება შემოგთავაზოთ, მაგრამ მსურს ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ აუღიარებლობის პრობლემა გარკვეულწილად ნაკლებ პრობლემატურია გამოყოფილი ტერიტორიებისათვის, ვიდრე საერთაშორისო საზოგადოებისათვის და მეტროპოლური სახელმწიფოსთვის.

4.2 ადამიანის უფლებათა მექანიზმების შექმნის პერსპექტივა

ახლა, როცა უკვე ვაჩვენეთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები, შეგვიძლია ვისაუბროთ შემოთავაზებულ მექანიზმებზე, რომლებსაც არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლიათ. ვინაიდან არასაერთაშორისო ერთეულში (სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი) საერთაშორისო უფლებების (ადამიანის უფლებების) დაცვის საკითხი დავის ძირეულ საკითხს (სუვერენიტეტს) ეხება, ქვემოთ მოცემული წინადადებები უდავოდ წარმოადგენს პოლემიკის საგანს.

1. ადამიანის უფლებათა ვალდებულებების დაცვის ერთ-ერთ შესაძლო გზას ტრანსნაციონალური კორპორაციების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ადამიანის უფლებათა დაცვის რაიმე კანონიერი ვალდებულებები დღემდე არ გააჩნიათ, მათზე ზემოქმედებას ახდენს ქცევის კოდექსის დაცვის ვალდებულება. საერთაშორისო სამართლის პროფესორი აუგუსტ რეინიში მიუთითებს, რომ საზედამხედველო მექანიზმების არარსებობის მიუხედავად ,,ქცევის კოდექსი ხშირად შედარებით ეფექტურია, მიუხედავად იმისა, რომ თვით კოდექსის საფუძველზე რაიმე სამართლებრივად სავალდებულო ვალდებულება არ არსებობს”.15 საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ სეპარატისტებს ქცევის კოდექსის შემუშავებისაკენ მოუწოდონ (სადაც მათი თვითგამოცხადებული კონსტიტუციების ბუნდოვანი დებულებების ნაცვლად კონკრეტული ვალდებულებები იქნება ჩამოყალიბებული). ამგვარი ქცევის კოდექსის მეშვეობით ერთეულის მოსახლეობაში განმტკიცდება რწმენა, რომ მათ შეუძლიათ თავიანთ ხელისუფლებას მათი უფლებების დაცვა მოსთხოვონ. მეორე მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი ზეწოლის საშუალება მიეცემათ საერთაშორისო პრინციპებზე მითითების გარეშე.

2. ივლისში16 საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება რუსეთის ძალების გაყვანის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგად ასახავს საქართველოსა და მის ჩრდილოელ მეზობელს შორის დღეისათვის არსებულ სავალალო ურთიერთობას, სავარაუდოდ პარლამენტის დადგენილების რეალობაში ასახვა გაძნელდება. დღეისათვის დსთ-ის სამშვიდობო ძალების (CISPKF) გაყვანა გაეროს შეუიარაღებელ მისიას (UNOMIG) დაუცველს დატოვებს. იმავდროულად გაეროს უშიშროებისკომიტეტის უმრავლესობა მხარს არ უჭერს გაეროს სამშვიდობოებისათვის უფრო გადამწყვეტი მანდატის მინიჭებას.

თუ დსთ-ის სამშვიდობო ძალები არის ფაქტი, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებთ, მაშინ შესაძლოა ერთ-ერთი გამოსავალი იყოს მათთვის საერთაშორისო პასუხისმგებლობის მინიჭება იმ ზემოქმედებაზე, რომელსაც იგი მაინც ახორციელებს. ეს შეიძლება განხორციელდეს ადამიანის უფლებათა დაცვაზე მეთვალყურეობის ფუნქციის მათთვის ნაწილობრივად მინიჭებით და შესაბამისად, თუ ისინი დაცვის გარანტიებს ვერ უზრუნველყოფენ, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღიარებით. ეს შესაძლოა მიუღებელი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიებზე რუსეთის არსებობას. მაგრამ დსთ-ის ძალა ერთადერთი რეალური ძალაა აფხაზეთში, რომელსაც შეიძლება საერთაშორისო პასუხისმგებლობა დაეკისროს. გარდა ამისა, იგი უკვე ჩართულია ისეთ ამოცანებში, როგორიცაა სამართალდაცვა, მაგალითად, გალის რაიონის სისტემატურ პატრულირებაში.

ილაშკუს საქმით (რომელიც მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონს ეხება) დადასტურდა, რომ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთს ადვილად შეუძლია დაუძვრეს პასუხისმგებლობას და უბრალოდ განაცხადოს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე იგი არანაირ კონტროლს არ ახორციელებს.17 რუსეთს ბევრად უფრო გაუჭირდებოდა ეთქვა, რომ იგი მისი შეიარაღებული ძალების ეფექტურ კონტროლს ვერ ახორციელებს.

3. კონფლიქტის მხარეებს შორის ადამიანის უფლებათა საკითხების განხილვას ზოგჯერ გამანადგურებელი ეფექტი აქვს, რადგან ორივე მხარე მაშინვე იწყებს მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული დარღვევების გრძელი ნუსხის შედგენას. ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევა შესაძლებელია თუ დარღვევების გამომწვევი მიზეზი ერთმნიშვნელოვნად რომელიმე მხარეს არ მიეწერება. ერთი მაგალითი შეიძლება იყოს გალის რაიონი, სადაც, როგორც ქართველი, ისე აფხაზი კრიმინალები სასჯელის შიშის გარეშე ეწევიან დანაშაულებრივ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, ალბათ წარმატებული ნაბიჯი იქნება ერთობლივი კომისიის შექმნა, სადაც ზუგდიდისა და გალის რაიონების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები შევიდოდნენ და მთელი რეგიონისთვის ეფექტური სამართალდაცვის სტრატეგიას შეიმუშავებდნენ. ასეთ სტრატეგიაში შესაძლებელი იქნებოდა ,,დაასახელე და შეარცხვინე” მექანიზმის ჩართვაც. ასეთი მექანიზმი ალბათ გამოუსადეგარი იქნება თუ მას მხოლოდ თბილისი ან სოხუმი მიიღებდა. ყველა შემთხვევაში, იგი მტკივნეული იქნება გალის რაიონში მოქმედი ბანდებისათვის და მათი მხარდამჭერი სამართალდამცავებისათვის როგორც ქართული, ისე აფხაზური მხრიდან.

მსგავსი კომისიის შექმნა შეიძლება სამხრეთ ოსეთში კონტრაბანდის პრობლემის გადასაჭრელად.

4. საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დახმარების დაწესებულებებს უნდა მიანდოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის იერარქიულ ჯაჭვში ადვოკატების, მოსამართლეებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაკთა სწავლების საკითხი. რაც უფრო დაბალია ამ ადამიანთა განათლება, მით უარესია ზოგადად ადამიანის უფლებათა მდგომარეობა. ამგვარი ნაბიჯის წინააღმდეგ გალაშქრება გასაგებია სუვერენიტეტზე ორიენტირებული თვალსაზრისით. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების შემთხვევაში საქართველოს მაღალ დონეზე განსწავლული ადმინისტრაცია და მეტ-ნაკლებად კარგად მართული ტერიტორიის ნაწილი ექნება, რაც მისთვის უდავოდ სასარგებლო იქნება. კავკასიის რეგიონში ბოლო 15 წლის განმავლობაში განხორციელებული კანონის უზენაესობის სფეროსთან დაკავშირებული პროგრამები ყველა შემთხვევაში ხელმისაწვდომი იქნებოდა ამ ერთეულებისათვის მათ რომ გამოყოფის გადაწყვეტილება არ მიეღოთ. თუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია გასაგებია, ამ ტერიტორიებზე წესრიგის უზრუნველყოფის შესაძლებლობებისათვის ხელშეშლის სასჯელის სახით გამოყენება საკამათო საგანია.

ეს არის ზემოაღნიშნული დილემის მოგვარების ოთხი შესაძლო სტრატეგია. თითოეული მათგანი გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და მათი განხორციელება შესაძლოა პოლიტიკურად რთული აღმოჩნდეს. ამის აღნიშვნის შემდეგ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საუკეთესო გადაწყვეტის შესაძლებლობა არ ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მხრიდან უფრო მოქნილი მიდგომითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ენერგიული მოქმედებით გარკვეული წარმატებებია მოსალოდნელი, სრულმასშტაბიანი მშვიდობის დამყარებამდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების საყოველთაო აუღიარებლობითა და იმავდროულად მათი დე ფაქტო კონტროლით გამოწვეული წინააღმდეგობების აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება.

__________________

1. ა. რეინიჰი, (2005): The Changing International Legal Framework for Dealing with Non-State Actors, gamocemaSi: p. alstoni: Non-State Actors and Human Rights, Oxford, New York, Oxford University Press: gv. 37-92, 37/38. ix. agreTve j. doneli, (2003). Universal Human Rights in Theory and Practice, Ithaca, Cornell University Press, გვ. 34.

2. ა. კლაპჰამი, (2006): Human Rights Obligations of Non-State Actors, Oxford ,New York, Oxford University Press: გვ. 70-71.

3. იქვე.

4. ლოზიდუ თურქეთის წინააღმდეგ (განცხადება No.25781/94), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 1996 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება; კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (განცხადება No. 25781/94), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება; ილასკუ და სხვები მოლდოვის და რუსეთის წინააღმდეგ (განცხადება No. 48787/99), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2004 წლის 8 ივლისი.

5. მაგალითისთვის იხ. პ. ალსტონი, (2005) (რედ): Non-State Actors and Human Rights,Oxford, New York, Oxford University Press; ა. კლაპჰამი, იქვე, (4).

6. 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციის დამატებითი ოქმი არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (ოქმი №2), მიღებულია 1977 წლის 8 ივნისს.

7. იხ. Freedom House Index 2006,www.freedomhouse.com

8. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი: Abkhazia Today, Europe Report No.176 of 15 September 2006, გვ. 11.

9. იქვე.

10. ს.პ.მ. ვოტერსი, (2005): Rule of Law in the Secessionist States, gamocemaSi s.p.m. votersi (red), The State of Law in the South Caucasus, Hampshire, გვ. 74.

11. გალის რაიონში ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნა გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნის შესაბამისად UN-Doc. S/RES/1554 (2004), 2004 წლის 29 ივლისის დოკუმენტი, რაზედაც აფხაზეთის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა. ამის ნაცვლად ისინი მხარს უჭერენ ადამიანის უფლებათა არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისის გახსნას.

12. დაფუძნდა გაეროს დოკუმენტით UN-Doc. S/RES/1077 (1996), 1996 წლის 22 ოქტომბერი.

13. UN-Doc. S/1996/284, 1996 წლის 15 აპრილი, დანართი 1.

14 საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი: Abkhazia Today, op.cit. 10), გვ. 16.

15. აუგუსტ რეინიში, ა., ციტ. 1).

16. RFE/RL: საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს რუსი სამშვიდობოების გაყვანას, 2006 წლის 18 ივლისი, იხ. ვებგვერდი: http://www.rferl.org/featuresarticle/2006/07/ 112db9d9-8c35-4dec-b592-866ad083a25c.html.

17. რუსეთს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა, მაგრამ ამას არ აკეთებს, რადგან აცხადებს, რომ იგი დნესტრისპირეთზე არანაირ კონტროლს არ ახორციელებს.

5 აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობის უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მურმან ჩხოტუა
ფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის სამსახურის უფროსი

საქართველოში, სადაც დღემდე მოუგვარებელია ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომელიც ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს, ძნელია ისაუბრო ადამიანის უფლებების დაცვაზე. თოთხმეტი წლის განმავლობაში საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობაში დადებითი ძვრა არ მომხდარა, ვერ მოხერხდა მოწინააღმდეგე მხარეების დაახლოებაც კი. საქართველომ ვერ აღადგინა თავისი იურისდიქცია დაკარგულ ტერიტორიაზე, ვერ დააბრუნა დევნილები საკუთარ მიწა-წყალზე, თუმცა დღემდე მიმდინარეობს დიალოგი გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და დსთ-ს ეგიდით საკითხის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, მიღებულია მრავალი ხელმოწერილი დოკუმენტი თუ რეზოლუცია, მაგრამ ასეთ უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების შედეგი ნულოვანია. გაერომ დღემდე ვერ ცნო იმ უამრავი (ორასზე მეტი ტომი) შემაძრწუნებელი მასალის საფუძველზე ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფაქტი.

აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში ამჟამად განთავსებულია გაეროს მთავარი შტაბბინა, გაეროს მთავარი სამხედრო დამკვირვებლისა და მისი მოადგილის რეზიდენცია (36 სამხედრო დამკვირვებელი, 56 საერთშორისო და 75 ადგილობრივი თანამშრომელი), გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რეზიდენცია და ოფისი, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი და იქვეა რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბბინაც (აფხაზეთში იმყოფება რუსეთის სამშვიდობო ძალების 1800 სამხედრო ჯარისკაცი). მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტები სისტემატიურად ფიქსირდება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით გალის რაიონში.

ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაძაბა ვითარება აფხაზეთში, სადაც რუსეთის მხრიდან დაიწყო სამხედრო პირებისა და ტექნიკის შეყვანა, კაზაკებისა და ჩრდილოკავკასიელების შემოსვლა, ქართველი ახალგაზრდების აფხაზურ ჯარში ძალით გაწვევა, კოდორის ხეობის ქვედა ზონაში დამატებითი საგუშაგოების გახსნა და იქვე სამხედრო წვრთნების ჩატარება. ბაღაფშის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 15-ჯერ ჩატარდა სამხედრო წვრთნები.

გაცილებით მძიმეა აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა. მიუხედავად მასმედიის აქტიური მუშაობისა, საზოგადოებისთვის დღემდე გაუცნობიერებელია აფხაზეთში მცხოვრებ ქართველი მოსახლეობის ბედი. ფაქტიურად ისინი აფხაზი სეპარატისტების წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ქართველთა ბედი მათ გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული.

აფხაზური მხარე შეუზღუდავი და დაუსჯელია თავის ქმედებებში. ჩვენს ხელთ არსებული მასალებიდან გამომდინარე, მათ დღის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ მძევლად აიყვანონ ნებისმიერი რაოდენობის მშვიდობიანი ქართველი მოსახლე, დაამცირონ ნებისმიერი მოტივით, მიაყენონ შეურაცყოფა, მოითხოვონ გამოსასყიდი თანხა სასურველი რაოდენობით, მიმართონ წამების არნახულ ფორმებს, წაუყენონ ბრალდება, გაასამართლონ და ხელყონ ადამიანის სიცოცხლეც კი. აფხაზები კონფლიქტის უსაფრთხოების ზონაში ასეთ თარეშს ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონდეთ რუსეთისა და მისი სამშვიდობო ძალების იმედი.

აფხაზთა თარეშს ქართველი მოსახლეობის მიმართ ბოლო არ უჩანს.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 300-მდე ყაჩაღობის, ძარცვის, მკვლელობისა და სხვა სახის დანაშაულები.

მოვიყვან რამდენიმე მაგალითებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2006 წლის განმავლობაში:

6 იანვარს, გალის რ-ნის სოფ. ნაბაკევში, 6-მა შეიარაღებულმა პირმა იარაღის მუქარით, გალი-თაგილონის მარშრუტზე მოძრავი ,,პაზ”-ის მარკის ავტობუსიდან იძულებით გადმოსვა სოფ. თაგილონის მკვიდრი, მალხაზ შუნტულის ძე ოკუჯავა. იგი გაათავისუფლეს გამოსასყიდი თანხის, 12 ათასი აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

8 იანვარს, ქ. გალში დაზმირ ეხვაიას ოჯახს თავს დაესხა რამდენიმე დაუდგენელი შეიარაღებული პირი. მათ გაიტაცეს 200 კგ. თხილი და მიიმალნენ.

8 იანვარს, გალის რ-ნის სოფ. ნაბაკევში საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ამავე სოფლის გამგებელი, ზაირა ეხვაია. იგი გაათავისუფლეს 11 იანვარს, 5 ათასი აშშ დოლარის გადახდის შემდეგ.

13 იანვარს, გალის რ-ნის სოფ. თაგილონში ორმა დაუდგენელმა ნიღბიანმა პირმა გაიტაცა ამავე სოფლის მკვიდრი, 40 წლის ვალერი გამისონია. იგი გაათავისუფლეს 20 იანვარს, 9 ათასი ლარის გადახდის შემდეგ.

გალის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით სისტემატურად ტარდება სხვადასხვა სახის რეიდები.

14 თებერვალს, ერთ-ერთი რეიდის დროს გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში, ჯგუფს ხელმძღვანელობდა მილიციის უფროსის მოადგილე, ოთარ ტურანბა. სოფელ განახლებაში მილიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს ფეხით მიმავალი ადგილობრივი ახალგაზრდების ჯგუფს. შედეგად ადგილზე დაიღუპა მანუჩარ ფირცხელავა, დაიჭრა ვინმე ჩაკაბერია და კიდევ ერთი პიროვნება. ახალგაზრდები დააკავეს და გალში გადაიყვანეს.

26-28 მაისი. დილის 5 საათისათვის გალის რაიონის მაღალ სოფლებში ჯგუფი ისევ ატარებს რეიდს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტყვარჩელის შს სამმართველოს უფროსის მოადგილე, მაიორი ოთარ დელბა. ჯგუფში იყვნენ სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები ვინმე ჭოლარიას ხელმძღვანელობით. აღნიშნული ჯგუფი წინასწარ გამზადებული სიით ეძებდა და აკავებდა ჯარში გასაწვევ ქართველებს. ჯგუფის წევრებმა დააკავეს ათზე მეტი ახალგაზრდა და გადაიყვანეს ტყვარჩელში. ახლობლების გადმოცემით, მათ აიძულებდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდას აფხაზურ ჯარში.

26 ივნისს, გალის რ-ნის სოფლებში, ჭუბურხინჯსა და თაგილონში ჩატარდა გალის აფხაზური მილიციისა და სამხედრო კომისარიატის ერთობლივი რეიდი, რომლის დროსაც დააკავეს 11 ახალგაზრდა. ისინი წაიყვანეს გალის მილიციაში და აძალებდნენ აფხაზურ ჯარში სამსახურს. მოგვიანებით, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

2006 წლის 1 მარტს, აფხაზური სეპატარისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააკავეს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები: თეა შარია, გიორგი სოხაძე და უკრაინის მოქალაქე, გია ელიავა. ისინი დაკავებულ იქნენ მაშინ, როცა ოჩამჩირის რ-ნის სოფ. ბედიის მონასტერში საპატრიარქოსთან შეთანხმებით, კადრებს იღებდნენ დოკუმენტური ფილმისთვის. დაკავებულები სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს. აღნიშნული პირების მიმართ აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით. მათ მიუსაჯეს წინასწარი სამთვიანი პატიმრობა, ხოლო 24 მარტს, გალის სასამართლომ სამივეს პირობითი სასჯელი, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გავავრცელეთ არაერთი განცხადება, წერილობით მივმართეთ გაეროს წარმომადგენლებს და შევხვდით მათ.

მიუხედავად ამისა, მათ მიესაჯათ ასეთი სასჯელი, მათი გათავისუფლება, შესაძლებელი გახდა მხოლოდ 25 მარტს.

3 მარტს, სოფ. ოქუმის მკვიდრის, თამაზ ანთიას ოჯახს თავს დაესხა ათამდე შეიარაღებული პირი. თავდამსხმელებმა ოჯახის წევრებს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაიტაცეს ძვირფასეულობა და ორი ტონა თხილი.

მარტის შუა რიცხევბში, აფხაზმა ე.წ. სამართალდამცველებმა, გალის რაიონის სოფ. ღუმურიშში დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი, გურგენ ცაგურია, რომელსაც ბრალად ედებოდა იარაღის უკანონოდ ტარება. ცაგურიას ოჯახის წევრები პირველივე დღიდან აცხადებდნენ, რომ მათ იარაღი ჩაუდეს. არსებული ინფორმაციით, თ. ცაგურიასთან ციხეში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოთარ ტურანბა. რამდენიმე საათის შემდეგ თ. ცაგურია საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

10 აპრილი. გამთენიისას ზუგდიდის რ-ნის სოფ. ხურჩიდან დაუდგენელმა შეიარღებულმა პირებმა საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ოთარ ნაჭყებია, რომელიც წაიყვანეს გალის რ-ნის სოფ. ნაბაკევის მიმართულებით. მოგვიანებით გამტაცებლები დაუკავშირდნენ ნაჭყებიას ოჯახს და მძევლის გასათავისუფლებლად მოითხოვეს 100 ათასი ამერიკული დოლარი. 25 აპრილს ო. ნაჭყებია, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

25 აპრილს, ოჩამჩირის რაიონის სოფ. აგუბედიაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ოთხი ნიღბიანი ბოროტმოქმედი თავს დაესხა შაკაიების ოჯახს და გაიტაცა 60 წლის მიტუშა შაკაია. გამტაცებლები დაუკავშირდნენ გატაცებულის ოჯახს და მოითხოვეს გამოსასყიდი.

7 დეკემბერი. თვითაღიარებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ითხოვს ქართული მხარისაგან გათავისუფლებულ იქნას აფხაზური გალის რ-ნის სოფ. ბარღების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ფრიდონ ჩაკაბერია, რომელსაც ბრალად ედება ქართული ოჯახების დაყაჩაღება და სასაფლაოების ძარცვა. მას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებება. მასთან ერთად დაკავებულია მისი დაჯგუფების წევრებიც. აფხაზური მხარის განცხადებით, ფ. ჩაკაბერია იმყოფებოდა ზუგდიდის ტერიტორიაზე მედიკამენტების შესაძენად.

ამასთან დაკავშირებით, აფხაზურმა მხარემ, 8 დეკემბერს გადაკეტა ინგურის ხიდი და მოითხოვა ფ. ჩაკაბერიას გათავისუფლება. ს. ბაღაფშის განცხადებით, შეიძლება შეწყვეტილ იქნას ელექტროენერგიის მიწოდებაც საქართველოს დასავლეთის რეგიონებში. შეწყვეტილი იყო ხიდზე მოძრაობაც. ამის გამო გალის რ-ნის სოფ. საბერიოდან მოსწავლეებს წალენჯიხის რ-ნის სოფ. ჩყოუშის საშუალო სკოლაში მისვლა შემოვლითი გზით მოუწიათ.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ საგუშაგოზე ინციდენტიც მოხდა. აფხაზებმა დილით სკოლაში მიმავალი სამი ქართველი ბავშვი გააჩერეს, ქართულად ლაპარაკი აუკრძალეს და იარაღითაც დაემუქრნენ. შეშინებული ბავშვები უკან დაბრუნდნენ, თუმცა მოგვიანებით სკოლაში მისვლა მაინც შემოვლითი გზით მოახერხეს.

11 დეკემბერი. გალის რ-ნის სოფ. პირველი გალში მცხოვრებ ომარ აბაშიას ოჯახს თავს დაესხა ოთხი შეიარაღებული პირი, მათგან ორი ეზოში დარჩა, ორი კი სახლში შევიდა და ოჯახის წევრებს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. ოჯახის წევრებსა და ყაჩაღებს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ამ დროს ერთმა ყაჩაღმა შიშის ნიადაგზე დაჭრა ომარ აბაშია გულმკერდის არეში, რის შემდეგ ბანდიტები მიიმალნენ. მძიმედ დაჭრილი ომარ აბაშია უმძიმეს მდგომარეობაში გადმოიყვანეს ზუგდიდისსაავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

ამ დანაშაულს მილიციის მხრიდან ჯერ-ჯერობით არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.

აფხაზი მილიციელები აგრძელებენ სოფლის დარბევას. 12 დეკემბერს გალის რ-ნის სოფ. ოტობაიაში დაკავებულ იქნა 24 წლის პაატა ქირია და მის ოჯახს წაუყენეს ულტიმატუმი - შვილის გასათავისუფლებლად მოითხოვეს 1500 აშშ დოლარი.

ამავე სოფელში სასტიკად სცემეს დედა-შვილი გვარამიები. სოფლის მოსახლეობას გასაყიდად გამზადებული ციტრუსი წაართვეს.

12 დეკემბერს, სოფ. ქვემო ბარღებში შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა ფ. ჩაკაბერიას გათავისუფლების მოთხოვნით. ნათელია, რომ სოფლის მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით ვერ შეიკრიბებოდა, თუ არა აფხაზური ადმინისტრაციის მხრიდან ძალის გამოყენების გარეშე.

აღნიშნულ ფაქტთებან დაკავშირებით, რომლებიც მოხდა .. 11 და 12 დეკემბერს, საკითხი დაყენებულია საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის მუდმივ წარმომადგენლისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სოხუმის ოფისის წინაშე.

15 მაისი. აფხაზეთის თვითაღიარებულმა პარლამენტმა, სახალხო კრებამ, მიიღო დადგენილება ,,აფხაზეთის მოქალაქეთა უფელებების დაცვის, საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფისა და საყოფაცხოვრებო ურთიერთობების რეგულირების შესახებ”. ამ დადგენილების თანახმად, აფხაზურმა სასამართლომ წარმოებაში არ უნდა მიიღოს, და თუ უკვე მიღებულია, უნდა შეაჩეროს განცხადებები, იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხება იმ პირთა საკუთრების დაბრუნებას, რომლებმაც 1992-93 წლების საომარი მოქმედებების დაწყებამდე, კონფლიქტის პერიოდში ან მის შემდეგ დატოვეს აფხაზეთის ტერიტორია, ხოლო მათი უძრავი ქონება კი დაისაკუთრეს ან უვადო სარგებლობის უფლებით გადაეცა აფხაზეთის მოქალაქეებს. ამავე დადგენილებით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეჩერებულია სასამართლოების გადაწყვეტილებების აღსრულებაც. ქალაქებისა და რაიონების ადმინისტარციებმა არ უნდა მიიღონ განსახილველად დოკუმენტები, უშუალოდ ან მინდობილობით იმ პირებზე გასაფორმებლად, რომლებმაც დატოვეს აფხაზეთი კონფლიქტის დაწყებამდე, კონფლიქტის დროს ან მის შემდგომ. დადგენილება შევიდა ძალაში მიღების დღიდანვე. ამით ფაქტობრივად დაკონონდა ეთნიკური წმენდა და დაირღვა ევროპის კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლით გარანტირებული ქონების უფლებაც.

ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, ჩვენი წერილის თანახმად, გაეროს სოხუმის ოფისმა გააკეთა თავის დასკვნა, მაგრამ ჯერ-ჯერობით დადგენილება ძალაშია.

ასეთი დადგენილების მიღება გამოიწვია იმან, რომ აფხაზეთში დაბრუნდნენ ის ქართველები, რუსები, სომხები და თვით აფხაზებიც, ვინც ომის პერიოდში დატოვა აფხაზეთი და თავი შეაფარა აფხაზეთის ფარგლებს გარეთ. ზოგი საქართველოში წამოვიდა, ზოგი - რუსეთში. დაბრუნებულებს თავიანთ სახლებში დახვდნენ აფხაზები, ჩამოსული ხალხი. რა თქმა უნდა, მათ არ დათმეს სახლი და სასამართლოს მიმართეს. სასამართლოებში საქმეს წელავდნენ, მაგრამ ხალხი სასამართლოს მეშვეობით მოითხოვდა დაკავებული სახლების გამოთავისუფლებას. ზოგმა სასამართლომ ვერ გაუძლო ხალხისა და გაეროს სოხუმის ოფისის წარმომადგენლების ზეწოლას და მიიღეს დადებითი შედეგი. რამაც გამოიწვია აფხაზი ხალხის გულისწყრომა. მაგ. ჩაჩხალია - ძველაიას, ესართია - ტაგანოვას, კიკაბიძისა და სხვების საქმეები.

სამსახურს არაერთხელ გამოუხატავს თავისი აზრი რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ, რომლებსაც ამ 12 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ სასიკეთო საქართველოსათვის, მათ მიერ დაფიქსირებულია საზღვარი საქართველოსა და აფხაზეთს შორის მდინარე ენგურის გასწვრივ. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზ ბოევიკებთან ერთად ღებულობენ მონაწილეობას მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევაში, ავტობუსების დაყაჩაღებაში, როგორც ცოცხალი ძალებით, ასევე მათი ტექნიკითაც. არის მკვლელობების ფაქტებიც, რისი უამრავი მაგალითი გაგვაჩნია.

როგორც ცნობილია, 2005 წლის 13 დეკემბერს აფხაზეთში მიმდინარეობდა რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაცია, ამასთან დაკავშირებით რუსეთის ტელეკომპანია ,,NTB”-მ აჩვენა სიუჟეტი ქ. სამარიდან, სადაც რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, ურალის სამხედრო ოლქის ჯარისკაცმა, დიმიტრი იონოვმა კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში გამგზავრების წინ სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მიემგზავრებოდნენ აფხაზეთში, წაუკითხეს აფხაზეთის ისტორიის მოკლე კურსი, სადაც ნათქვამი იყო: ,,აფხაზეთი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო და მხოლოდ 30 თუ 40 წელი იმყოფებოდა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა - საქართველოს პრეტენზია აფხაზეთის ტერიტორიაზე ითვლება უსაფუძვლოდ”.

აქედან ჩანს, რომ რუსეთი წინასწარ ფსიქოლოგიურად ამზადებს იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მიდიან ,,სამშვიდობო მისიით კონფლიქტის ზონაში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, წინასწარ ,,ასწავლიან” როგორ მოიქცნენ, წინასწარ ,,შთააგონებენ”, როგორი ,,პოლიტიკა” გაატარონ მისიის შესრულებისას, როგორ ,,მოექცნენ” ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას, რაც დასტურდება მათი ქმედებებით კონფლიქტის ზონაში, რომლის უამრავი მაგალითი გაგვაჩნია.

2000 წლის 12 თებერვალი. დაახლოებით 18 საათზე, გალის რაიონის სოფ. დიხაზურგაში მეზობლებმა იპოვეს საკუთარ სახლში მოკლული 80 წლის თაველა მიქაია. მნახველ-მეზობელთა თქმით, 11 თებერვალს, მასთან მოვიდნენ რსძ-ის სამხედრო მოსამსახურეები ,,EFP”-ის ტიპის ავტომანქანით, წარწერით ,,VC” და მოითხოვეს გამასპინძლება. მიქაია მათ გაუმასპინძლდა. მეორე დღეს იმავე ავტომანქანით, ისევ მიადგნენ მიქაიას ოჯახს და ისევ მოითხოვეს გამასპინძლება, მაგრამ მიქაიამ უარით გაისტუმრა, რადგანაც არ გააჩნდა ამის საშუალება. წასვლისას ისინი მოხუც ქალს დაემუქრნენ. იმავე დღეს ისევ მიადგნენ მიქაიას ოჯახს და რამდენიმე წუთის შემდეგ გაისმა სროლის ხმა. რსძ-ის სამხედროების წასვლის შემდეგ მეზობლები შევიდნენ მიქაიას სახლში, სადაც ის იპოვეს მოკლული ცეცხლსასროლი იარაღით.

2006 წლის 2 მაისი. გალში, ძნელაძის ქუჩაზე მცხოვრებ ლიანა პაპავას ოჯახში, რომელსაც იქვე აქვს კომერციული მაღაზია, დილის 04 საათზე შეიჭრა რუსეთის სამშვიდობო ძალების 4-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი (იგორ საზონოვი, მარინა საზონოვა, ანდრეი ტრიფონოვი და ვალოდია

სერდიუკოვი) ალკოჰოლური სასმელის მოთხოვნით. ისინი იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში. უარის მიღებისას, შეურაცყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს და ატეხეს უმისამართო სროლა, რის შედეგადაც დაიჭრა ლიანა პაპავა. ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა მარინა საზონოვაც, რომელიც ერთ-ერთის მეუღლეა და სამოქალაქო პირია. დაჭრილი ლ. პაპავა გადაყვანილი იქნა გალის საავადმყოფოში.

ა.წ. 1 დეკემბერს, გალის რ-ნის უსაფრთხოების ზონის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა რუსეთის სამშვიდობო ძალების როტაცია. ამის შემდეგ, 4 დეკემბერს რუსეთის სამშვიდობო ძალების მთავარსარდალმა, გენერალმაიორმა ს. ჩაბანმა რუსეთის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალები მთლიანად თავს ართმევენ მათ წინაშე დასმულ ამოცანებს. ბოლოს მან განაცხადა, რომ ,,ამ მომენტისთვის ლაპარაკიც კი ზედმეტია რუსეთის მშვიდობისმყოფელების შეცვლაზე სხვა სახელმწიფოების სამხედრო კონტინგენტით. ჩვენი მშვიდობისმყოფელები კეთილსინდისიერად მსახურობენ მანდატის შესაბამისად და მათ ალტერნატივა ჯერ არა აქვთ. მათი ყოფნის ვადა განსაზღვრული არ არის. სამშვიდობო ოპერაციის დაწყებიდან კონფლიქტის ზონაში დაიღუპა 112 რუსეთის ჯარისკაცი და ოფიცერი”.

იგივე აზრი გამოთქვა ს. ბაღაფშმაც.

. ჩაბანისთვისა და ბაღაფშისათვისაც შესახსენებელია, რომ როგორც რუსეთის ხელმძღვანელობა, ასევე მათი ე.წ. რუსეთის სამშვიდობო ძალებიც ყოველნაირად მხარს უჭერენ აფხაზ სეპარატისტებს. ისინი ვერ და არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. როგორც ცოცხალი ძალით, ასევე სამხედრო ტექნიკით, აფხაზ სეპარატისტებთან ერთად ისინი თვითონვე ღებულობენ მონაწილეობას ქართველი მოსახლეობის დარბევაში, დაყაჩაღებაში, აწიოკებასა და მკვლელობებშიც. ე.წ. მშვიდობისმყოფელებიდან კონფლიქტის ზონაში არცერთი არ დაღუპულა სამშვიდობო ოპერაციების დროს, პირიქით, დაიღუპნენ ურთიერთ გარჩევებში, ნადავლის გაყოფისას, ასევე სიმთვრალეში დაიხვრჩნენ ზღვაში ან თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე, რისი დამადასტურებელი არაერთი მაგალითიც გაგვაჩნია. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გვაქვს 40-მდე ჯარისკაცის სია, სადაც ნათლად ჩანს რა ვითარებაში დაიღუპნენ. ყველა მაგალითის მოპოვება შეუძლებელია.

1997 წლის 1 ივნისს, დილის 5 საათზე კონფლიქტის ზონაში, სოფ. სიდაში რსძ - ის სერჟანტმა, არტურ ვაგანოვმა ავტომატით დახვრიტა 11 ჯარისკაცი, მძიმედ დაჭრა 5 და თავიც მოიკლა.

2001 წლის 24 ოქტომბერი. 07 საათზე, რსძ-ის რიგითმა, 1981 წ. დაბ. ალექსეი ვლადიმირის ძე სულსკიმ, არაფხიზელ მდგომარეობაში, სასტიკად სცემა გალის რ-ნის სოფ. ლეკუხონას მკვიდრი, 1988 წ. დაბ. დემნა ენვერის ძე ჯახაია, დროებით მცხოვრები წალენჯიხის რ-ნის სოფ. ფოცხოში. სახლი მდებარეობს რსძ-ის №312 საგუშაგოს გვერდით, სადაც მსახურობს ა. სულსკი. დ. ჯახაია იმყოფებოდა სახლში მარტ. დაზარალებულს გატეხილი აქვს ცხვირი, აღმოაჩნდა მრავალი დაჟეჟილობა და ტვინის შერყევა.

2006 14 იანვარი. ზუგდიდის ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო ძალების №209 საგუშაგოს უფროსი, უფროსი ლეიტენანტი რომან ლიუბიმცევი მოკლულ იქნა მისი თანამოსამსახურის, სერჟანტ სერგეი ზინჩენკოს მიერ, ამ უკანასკნელს თითქოსდა შემთხვევით გაუვარდა იარაღი.

2006 წლის 9 მაისი. სოხუმში, რუსეთის სამხედრო ოლქის სანატორიუმ ,,სოხუმის” ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულნი არიან რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, დაუმთავრებული კორპუსის მე-11 სართულიდან ,,გადმოვარდა” მათი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რადისლავ იშილდინი და დაიღუპა. ეს ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა ს. ჩაბანმა, მაგრამ კომენტარიისგან თავი შეიკავა.

2006 წლის 3 ივნისი. ამავე სანატორიუმთან, ზღვაში დაიხრჩო რუსეთის სამშვიდობო ძალების სამხედრო კონტრაქტორი. დაღუპულის ვინაობა არ სახელდება. მისი ცხედარი აღმოაჩინეს მხოლოდ ერთი დღის შემდეგ.

2006 წლის 20 მაისი. დილის 8 საათისთვის, გალის რ-ნის სოფ. ჭუბურხინჯიდან გავიდა რსძ-ის ჯავშანტრანსპორტიორი საბორტე ნომრით № 521, რომელშიც იმყოფებოდა 15 რუსი მშვიდობისმყოფელი და რომელიც მოძრაობდა დიდი სიჩქარით გალის მიმართულებით. სოფ. მზიურთან, მძღოლმა დაკარგა მართვა, გადავადრა მდინარე ოჯოხორიეში და გადაბრუნდა. ადგილზე დაიღუპა ექვსი სამხედრო: ოთხი ოფიცერი, პრაპორშიკი და ერთი რიგითი-კონტრაქტორი. ექვსი მძიმედ დაშავდა. ისინი ჯერ გადაიყვანეს რსძ-ის ლაზარეთში, სოხუმში, შემდეგ კი კრასნოდარის ჰოსპიტალში. არსებული ინფორმაციით, მშვიდობისმყოფელები იმყოფებოდნენ ნასვამ მდგომარეობაში და მიდიოდნენ რეიდების ჩასატარებლად. გასაგებია როგორი რეიდების ჩასატარებლადაც მიემართებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, ტრაგედიის გამოსაძიებლად მოსკოვიდან ჩამოფრინდა სახმელეთო ჯარების ოფიცერთა ჯგუფი, სახმელეთო ჯარების მათავრსარდლის მოადგილის გენერალ-ლეიტენანტ იური ბიჩკოვის ხელმძღვანელობით. რა თქმა უნდა, შედეგი უცნობია.

ისმის კანონზომიერი კითხვა: გვჭირდება რუსეთი, როგორც შუამავალი და მისი სამშვიდობო ძალები, რომლებმაც ამ 14 წლის განმავლობაშო ვერ შეძლეს პრაქტიკულად ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი კონფლიქტის დასარეგულირებლად, რის გამოც ზარალდებიან როგორც ქართველები, ასევე აფხაზებიც და აფხაზეთში მცხოვრები მთელი მოსახლეობა?

რა თქმა უნდა არა! ასეთი სამშვიდობი ძალები აღარ გვჭირდება და მათ უნდა დატოვონ აფხაზეთი. რაც უფრო ადრე გავლენ, მით უკეთესი, მით უფრო ადრე მოგვარდება კონფლიქტი.

ცალკე გამოვყოფ აფხაზეთში ქართული ენის დისკრიმინაციის საკითხს. აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ქართული სკოლები არსად არ ფუნქციონირებს. ზოგიერთი შენობა განადგურებულია, ზოგიერთში კი სხვა დაწესებულებაა განთავსებული. სეპარატისტული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, ს. შამბა ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა (გაზეთი ,,ნუჟნაია გაზეტა”, 2005 წლის 19 ოქტომბერი, № 41): ,,ჩვენ ვერასოდეს დავეთანხმებით იმას, რომ ჩვენს სკოლებში სწავლება მიმდინარეობდეს ქართულ ენაზე”. შეუძლებელია, არ ვახსენოთ გალის განათლების განყოფილების გამგე, ყოფილი სნაიპერი, ა. აგუმაა. პედაგოგების ზეპირი გადმოცემით, იგი თავს უფლებას აძლევს ნებისმიერ დროს შევიდეს გაკვეთილზე, გალანძღოს პედაგოგი, უწოდოს ,,უტვინო”, ,,რეგვენი”, მოსწავლეების წინაშე სცემოს მოზარდი. ქალაქის № 31 საშუალო სკოლაში იმის გამო, რომ მე-9 კლასის მოსწავლემ აფხაზურ ენაზე გამართულად ვერ წაიკითხა ლექსი, ა. აგუმაამ ის სასტიკად სცემა (ბავშვმა მიიღო ტვინის შერყევა). როგორც ამბობენ აფხაზეთის პროკურატურაში აღძრულია საქმე, მაგრამ მას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ კიდევ ერთ გახმაურებულ ფაქტს: 2006 წლის 24 იანვარს ჭუბურხინჯის ოთხმხრივ შეხვედრაზე ჩასულ ქართულ დელეგაციას სკოლის მოსწავლეები მიესალმნენ შეძახილებით ,,გაუმარჯოს საქართველოს”, რასაც რუსებისა და აფხაზების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა და მომდევნო დღეს სკოლის ყველა პედაგოგი დასაკითხად გამოიძახეს სოხუმში.

აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევების ყველა ფაქტზე ჩვენი სამსახური დაუყოვნებლივ ახდენს რეაგირებას. კერძოდ, შესაბამისი რეაგირებისთვის წერილები ეგზავნება გაეროს გენერალური მდივნის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, გაეროს სოხუმის ოფისის ხელმძღვანელს, წითელი ჯვრის ხელმძღვანელობას, აგრეთვე ხდება მათთან შეხვედრები.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაეროს წინაშე ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ გალის რ-ნში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნის სახითხი, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აფხაზთა მხარე, რადგანაც ოფისის არსებობა შეზღუდავს გალის ტერიტორიაზე მათ თარეშს.

ვეთანხმებით საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას, აფხაზეთში და კერძოდ, გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შეფასებისთვის საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობის თაობაზე. ვიზიარებთ აგრეთვე მის წინადადებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ქმედებების ჩამდენი პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების დაწყების შესახებ. პრაქტიკულად გამოძიება დაწყებული იყო, აღძრულია სისხლის საქმე, არსებობს 200 ტომზე მეტი მასალა, მარტო საჭიროა საქმეს მიეცეს მსვლელობა და გამოცხადდეს ძებნა იმ პირებზე, ვისაც მიუძღვის დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე. ასეთ შემთხვევაში ისინი ვეღარ შეძლებენ მსგავსი ვოიაჟების მოწყობას.

დაბოლოს, მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის კონფერენციების ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

6 საგანმანათლებლო პრობლემები და ქართული სკოლების მდგომარეობის შესახებ კონფლიქტის ზონაში (გალის რაიონი)

▲ზევით დაბრუნება


სოსო წირღვავა
გალის რაიონის განათლების განყოფილების გამგე

1992-93 წლებში სამხედრო მოქმედებების შედეგად აფხაზეთიდან ქართული მოსახლეობის მასობრივად გამოდევნის შემდეგ, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენილი ქართველები უმძიმეს დღეში აღმოჩნდნენ. დატრიალებულმა ტრაგედიამ, ბუნებრივია, ასახვა პოვა მთლიანად აფხაზეთის და, კერძოდ, გალის რაიონის საგანმანათლებლო სისტემაზე. გალის რაიონში დამწვარია 19 სკოლა. თუ 1993 წელს 58 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, სადაც 13 180 მოსწავლე ირიცხებოდა, დღეს 30 სკოლაში 3895 მოსწავლე სწავლობს.

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად მოქმედი სკოლების აღდგენა იმ პედაგოგთა ენთუზიაზმისა და პიროვნული ინიციატივის შედეგად მოხდა, რომლებმაც აფხაზეთიდან გამოძევების შემდეგ, მაინც მშობლიურ კუთხეში დაბრუნება არჩიეს. აფხაზურმა მხარემ ხელი არ შეუშალა სკოლების აღდგენის პროცესს. სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, სეპარატისტული ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხისადმი გამოიხატა არა გაძარცვული და გაპარტახებული სასკოლო ნაგებობების რეაბილიტაციაში, არამედ ძირძველი ქართული რეგიონის მოზარდების უცხო იდეოლოგიით აღზრდაში.

გალის რაიონის ნამდვილ საზღვრებში მოქმედი სკოლები, პირობითად, შეიძლება სამ ზონად დაიყოს. განსახილველი საკითხის ანალიზი ცხადყოფს, რომ დასახული მიზნების განხორციელება ადგილობრივ რეჟიმს ,,დაბალი ზონის” სოფლებში გაუჭირდა. აღნიშნული რეგიონის ქართული იურისდიქციის ზონასთან სიახლოვემ და იმ დროისათვის იქ პარტიზანული მოძრაობის ინტენსივობამ აფხაზებს, როგორც ჩანს, ამაში ხელი შეუშალა. სამაგიეროდ, დანარჩენი ზონის სკოლების დამორჩილებას ხელს არაფერი უშლიდა და მთავარი აქცენტი სწორედ აქეთ იქნა გადატანილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტყვარჩელს მიკუთვნებული გალის რაიონის სოფლების სკოლები თავდაპირველად შედარებით შეღავათიან რეჟიმში აღმოჩნდნენ, ვიდრე ქ. გალისა და მისი მიმდებარე სოფლებისა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტყვარჩელის განათლების სამსახურს სხვა სკოლების პრობლემების გადასაჭრელადაც უნდა ეზრუნა, მაშინ, როდესაც გალის რაიონში ,,საზრუნავი” მხოლოდ ქართული სკოლები იყო. სპეციალურად შერჩეული კადრების მიერ გალის რაიონში დაიწყო ქართული სკოლების რუსულაფხაზურად გადაკეთების პროცესი.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ რიგში მიზანში ქალაქის სკოლები იქნა ამოღებული. ცნობილ მოვლენებამდე ქ. გალში 4 სკოლა ფუნქციონირებდა. აქედან სამი ქართული და ერთი რუსული. ომის შემდგომ ორი სკოლის მუშაობა იქნა აღდგენილი. ყოფილ №3, ანუ რუსულ სკოლაში, რომელიც №1 სკოლად გადაკეთდა, პრობლემები ნაკლები ჰქონდათ - რუსულენოვანი კადრები იქ ჰყავდათ. რაც დამატებით დასჭირდათ, იმ აფხაზი ეროვნების მოხელეების ოჯახებში შეარჩიეს, რომლებიც აფხაზურმა ხელისუფლებამ გალის რაიონის სამართავად მიავლინა. აფხაზებს პრობლემა ქალაქის 2 და სოფლის სკოლებში ექმნებოდათ, სადაც რუსულ და აფხაზურ ენაზე განათლება მიღებული სპეციალისტები ფაქტობრივად არ იყვნენ. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად შემოღებულ იქნა ე.წ. ,,პირველი კლასის პრინციპი”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ახალი სასწავლო წლიდან იმ კლასებს, რომლებიც, ბუნებრივია, ქართულად სწავლობდნენ, ისტორიისა და გეოგრაფიის გარდა, სხვა საგნების ქართულ ენაზე სწავლების უფლება დარჩენოდათ, ყოველი ახალი პირველი კლასი კი რუსულად განათლებულიყო. სკოლის დირექტორებს მიეცათ მკაცრი დირექტივა - სოფელში მოეძებნათ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელსაც რუსულ ენაზე მეტყველება რაღაც დონეზე მაინც შეეძლო და იგი სასწრაფოდ მასწავლებლად დაენიშნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ან დირექტორს დაატოვებინებდნენ თანამდებობასა და სოფელს, ან სკოლას საერთოდ დახურავდნენ. ქართულენოვანი კლასების ციკლი კარგა ხანია დასრულდა. აღნიშნულ ზონაში, სკოლებში, სადაც მერხებს მხოლოდ ქართველი მოსწავლეები უსხედან, ქართული სიტყვა მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზეა დაშვებული. სხვათა შორის, აფხაზური რეჟიმის დიდმოხელეები ხშირად იმეორებენ, რომ მათ ქართული სწავლება არასოდეს აუკრძალავთ და ამას არც შემდგომში აპირებენ. ამ სახის განცხადებებს მავანნი შეცდომაში შეჰყავთ. დავაკვირდეთ: საგნების ქართულ ენაზე სწავლება, დოკუმენტაციის ქართულ ენაზე წარმოება სასტიკად არის აკრძალული. დაშვებულია ქართული ენის, როგორც საგნის სწავლება, რომელიც საათობრივად მკაცრად არის რეგლამენტირებული. გალის №1, ადგილობრივი რეჟიმის მიერ ელიტარულად მიჩნეულ, სკოლაში, რომელიც მოსკოვის პროგრამით სწავლობს, ქართული ენა, როგორც საგანიც კი არ ისწავლება და ფაკულტატურის ორიოდე საათიღა აქვს დათმობილი.

სეპარატისტული რეჟიმის ასეთ პოზიციას მხოლოდ ადგილობრივ პედაგოგთა პრინციპული თავგამოდება უპირისპირდება. თუმცა ეს სიტუაციას ვერ ცვლის. რეალობა გახლავთ ის, რომ აღნიშნული ზონის ყველა სკოლაში ქართველი მოზარდების ქართველ მასწავლებლებს ქართულად გაკვეთილის ჩატარებას ადგილობრივი კანონი უკრძალავს.

ბოლო პერიოდამდე ე.წ. ,,ზედა ზონის” სოფლის სკოლებში, რომლებიც კარგა ხანია გალის რაიონს არ ეკუთვნის, წინა ზონასთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. ეს შედარებით ლიბერალური მიდგომა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ამ სოფლების ოჩამჩირისა და ტყვარჩელის დაქვემდებარებაში გადაცემით აფხაზურმა რეჟიმმა სათავისოდ დიდი საქმე გააკეთა და გალის რაიონი, სადაც მთლიანად ქართული მოსახლეობა იყო, დაანაწევრა.

ქართულ ენაზე სწავლების დევნის პრობლემასთან დაკავშირებით ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ აფხაზი მოხელის პოზიციაზე, რომელსაც კონკრეტული უბანი აბარია. ზედა ზონის პედაგოგთათვის დიდი შვება იყო ის, რომ ტყვარჩელის განათლების განყოფილების გამგე ქართულის გაკვეთილს გალელი მოხელის დონეზე არ დევნიდა. მაგრამ როდესაც საქმე მეტწილად ერთი პიროვნების განწყობაზეა დამოკიდებული, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი მეტამორფოზა შეიძლება განიცადოს არსებულმა პრობლემამ. ტყვარჩელში ასეთი ფაქტი უკვე მოხდა. იქ განათლების მესვეური შეიცვალა. ამან კი სიტუაცია უცებ უარესობისაკენ შეაბრუნა. მიმდინარე სასწავლო წელს ოქუმის საშუალო სკოლაში, სოფელში, სადაც ქართველების გარდა სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ერთი ოჯახიც არ ცხოვრობს, რუსული პირველი კლასი გაიხსნა. ჩხორთოლის სკოლა კარგა ხანია აფხაზური გახდა. აჩიგვარის სკოლაში, რომელიც ოჩამჩირეს ეკუთვნის, ქართული, როგორც საგანიც, აიკრძალა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების კუთხით უკეთესი მდგომარეობა ე.წ. ,,დაბალი ზონის” სკოლებშია, ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე. ამ ზონას აფხაზთა განათლების სამსახური ვერანაირად ვერ აკონტროლებდა. თუმცა სიტუაცია აქაც შეიცვალა. ყველა სკოლას ქართულენოვანი აბრები ჩამოუხსნეს, სკოლების დირექტორებს კი თათბირებზე განუცხადეს, რომ ,,დაბალი ზონის” სკოლები რუსულ სწავლებაზე უნდა გადასულიყვნენ. ეს პროცესი მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მიმდინარე წელს აქ რუსული პირველი კლასები არ გახსნილა. საქმე ისაა, რომ გალის განათლების განყოფილბის გამგე შეიცვალა. ახალმა მოხელემ, რომელიც გამოკვეთილად ანტიქართულად არ არის განწყობილი, ეს პროცესი შეაჩერა. შესაძლოა დაბალი ზონის სკოლების რუსულ ენაზე გადაყვანას ხელი შეუშალა საკმაოდ გახმაურებულმა ინციდენტმა. 2006 წლის 24 იანვარს ქ. გალში გაეროს ეგიდით გამართული შეხვედრის ქართველ მონაწილეებს მეზობლად განლაგებული სკოლის შენობიდან მოწაფეები ქართულად მიესალმნენ. ეს სიუჟეტი ქართული ტელევიზიებით გადაიცა. მეორე დღეს აღნიშნული სკოლის დირექტორი და მასწავლებლები დაიბარეს ადგილობრივმა დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სკოლის დახურვითა და სათანადო დასჯით დაემუქრნენ. საქართველოს ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით მძაფრი პროტესტი გამოთქვა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლება იძულებული გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე თავი ემართლებინა, რომ გალში ქართული სწავლის შეზღუდვას არ აპირებს.

გალის რაიონის ნამდვილ საზღვრებში მოქმედი სკოლების პრობლემების საბოლოო მოგვარება მხოლოდ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თუმცა მანამდე უმოქმედობა ყოვლად დაუშვებელია. ადამიანს, რა რეჟიმის ქვეშაც არ უნდა უხდებოდეს ცხოვრება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება უნდა ჰქონდეს. არსებულ სიტუაციაში განსაკუთრებული როლი ეკისრება საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათ პრინციპულ პოზიციას გალში ქართულ ენაზე სწავლების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს არსებითი წვლილი შეაქვთ კონფლიქტის ზონის სასკოლო შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის საქმეში. მათი პოტენციალი კიდევ უფრო უნდა იყოს გამოყენებული და, თუ გალში განათლების პრობლემასთან დაკავშირებით ერთიანი სამოქმედო პროგრამა შეიქმნება, მის განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საკმაოდ დიდი უნდა იყოს.

მეხუთე წელიწადია, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის ზონის პედაგოგთათვის ახორციელებს ყოველწლიური დახმარების პროექტს. მიმდინარე წლიდან ამ პროექტის განხორციელებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იღებს თავის თავზე, რაც ფრიად მისასალმებელი ფაქტი გახლავთ. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ კონფლიქტის ზონიდან უმაღლეს სასწავლებლებში გასულ წელს ჩარიცხულ 42 სტუდენტს და მიმდინარე წელს ჩარიცხულ 44 სტუდენტს მიეცათ სოციალური გრანტი, სწავლის ქირას მათ სახელმწიფო უხდის. ისევე როგორც შარშან, წელსაც იხსნება უფასო მოსამზადებელი განყოფილება, სადაც კონფლიქტის ზონის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის მოემზადონ.

განუხრელი ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მოწყობილ ტრენინგ-სემინარებში გალის რაიონში მომუშავე პედაგოგების აქტიურ ჩართვას. კარგი იქნებოდა, ქ. ზუგდიდში მასწავლებელთა გადამზადების ცენტრის შექმნა, სადაც მოწვეული უნდა იქნენ კვალიფიციური სპეციალისტები, უნდა ჩამოყალიბდეს დახვეწილი საშტატო განრიგი, სამოქმედო პროგრამა. ცენტრის ფუნქციაში შეიძლება შევიდეს გაღმა სკოლებისათვის ეროვნული სასწავლო პროგრამების, მეთოდური და საგნობრივი სახელმძღვანელოების მომზადება.

დაწვას გადარჩენილი ბევრი სასკოლო დაწესებულება დანგრეულგაძარცულია. თითქმის ყველა მოქმედი შენობა მიხედვას საჭიროებს. საჭირო თანხის მოძიების შემთხვევაში, გალის რაიონის სასკოლო ნაგებობების რეაბილიტაციის პროგრამა განხორციელდება. რა თქმა უნდა, არის საშიშროება, რომ ადგილობრივი რეჟიმი ასეთი პროგრამის განხორციელებას შეეწინააღმდეგოს, მაგრამ თუ ის საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით ჩატარდება, აფხაზურ ადმინისტრაციას უარის თქმა გაუჭირდება.

სამოქმედო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს თითოეული სკოლისთვის ექსკურსიების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ისტორიულ ადგილებში. საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა აქაც აუცილებელი იქნება, რათა ამ სკოლების მოსწავლეებს კონფლიქტის ზონიდან კოლექტიურად გამოსვლის უფლება მიეცეთ.

კატასტროფულად მატულობს გალის რაიონში უპატრონო ბავშვთა რიცხვი. სპორტული სექციების ჩამოყალიბება და დაფინანსება ამ მეტად მტკივნეულ საკითხში გარდატეხას შეიტანს. მეტად სასურველი იქნებოდა თითოეულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპიუტერული ქსელის შექმნა, მათი ინტერნეტში ჩართვა.

ქართველებით მჭიდროდ დასახლებული ერთადერთი რეგიონი მთელ აფხაზეთში ამჟამად მხოლოდ გალის რაიონია. აქ მცხოვრებ ადამიანებს უმძიმეს პირობებში უხდებათ ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან. დაცული არც აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობაა, თუმცა მათ ასე ღიად არავინ უზღუდავს საკუთარ ენაზე განათლების მიღების უფლებას.

7 გაჭიანურებული დევნილობის გავლენა იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და ბავშვებზე

▲ზევით დაბრუნება


იულია ხარაშვილი
პარლამენტის სპიკერთან არსებული, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე, საკონსულტაციო საბჭოს წევრი

ჩემს მოხსენებაში შევეხები რამდენიმე საკითხს, რომლებიც უკავშირდება საქართველოში გაჭიანურებულ დევნილობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, რასაც ადგილი აქვს იმ გარემოების გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ, უსაფრთხოდ და ღირსეულად, დაბრუნდნენ თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე და აღიდგინონ ნორმალური ცხოვრების რეჟიმი. ეს საკითხები შემდეგია: იძულებით გადაადგილებულ ქალთა და ბავშვთა მდგომარეობა საქართველოში, პოსტ-კონფლიქტურ ზონებში მუდმივად, ან დროებით მცხოვრებ ქალთა უფლებათა დაცვის მდგომარეობა და ამ ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეპროდუქციული ასპექტების გათვალისწინებით.

აღნიშნული პრობლემის მთავარი მიზეზებია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა დევნილთა დაბრუნებაზე, შესაძლო დაბრუნების ზონებში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და, დაბრუნების შემთხვევაში, დევნილთათვის უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა.

წინამდებარე მიმოხილვაში დავეყრდნობი ჩემს პირად გამოცდილებას, რომელიც მივიღე როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ქალმა, აგრეთვე იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც შევიძინე დევნილებთან მუშაობის განმავლობაში.

საქართველოში დევნილთა ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა - ახალი მიმართულებები, ძველი ამოცანები

დამოუკიდებლობის მოკლე ისტორიის პერიოდში საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე განიცადა ორი სერიოზული, საომარი კონფლიქტი. ამ კონფლიქტების შედეგად, ორივე მხარეს ათასობით ადამიანი იქნა მოკლული, ასიათასობით - გადასახლებული, ხოლო ორი რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - დე-ფაქტოდ გამოეყო საქართველოს. დაახლოებით, ორასორმოცდაათი ათასი ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები, იძულებულნი გახდნენ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გადაადგილებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

საქართველოში დევნილთა რიცხვის ბოლო გადამოწმებისას, რასაც ადგილი ჰქონდა 2005 წელს (ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით), იძულებით გადაადგილებულთა რიცხვმა შეადგინა 245 296, ამათგან 12 673 ადამიანი ცხინვალის რეგიონიდანაა, ხოლო 232 623 - აფხაზეთიდან.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობა ამჟამად შეადგენს მხოლოდ 4.4 მილიონს, იძულებით გადაადგილებულთა მდგომარეობას შეუძლია, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საზოგადოების საერთო მდგომარეობაზე და, როგორც ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, სწორედ ესაა ერთი მიზეზთაგანი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა არსებული გაყინული კონფლიქტების დარეგულირებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი მთავარ პრიორიტეტულ ამოცანად გამოაცხადა.

საქართველოს წინანდელი მთავრობის სტრატეგია აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ,,სტატუს-კვო”-ს შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. იგი არწმუნებდა დევნილებს იმაში, რომ ისინი სწრაფად (,,ამ ზაფხულს თუ არა, მის შემდეგ სულ მოკლე ხანში”) შეძლებდნენ სახლებში დაბრუნებას, ამგვარად, იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს უქმნიდნენ იმის ილუზიას, რომ კონფლიქტის მოგვარებამდე სულ ცოტა დროღა რჩებოდა.

ზემოაღნიშნულისგან განსხვავებით, ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსულ მთავრობას ორი წლის განმავლობაში არანაირი კონკრეტული დაპირება არ მიუცია დევნილებისთვის. სინამდვილეში, ცენტრალური მთავრობის მხრიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან ურთიერთობას ფართო მასშტაბი არ მიუღია. თუმცაღა, ხელისუფლებამ განახორციელა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის რეფორმა თანამშრომელთა რიცხვის მნიშვნელოვანი შემცირებით, ორჯერ შეცვალა აღნიშნული მთავრობის თავმჯდომარე, შეაჩერა აფხაზეთის დეპუტაციის მოქმედება საქართველოს პარლამენტში (დეპუტაციისა, რომელიც კონფლიქტის დაწყებამდე იყო არჩეული აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიერ), რითაც შეამცირა მის გარშემო არსებული პოლიტიზირებულობის დონე. სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებს მაშინვე არ მოჰყოლია დევნილების ბედის განმსაზღვრელი მკაფიო სტრატეგიის გამოცხადება.

2006 წელს საქართველოს მთავრობამ, შეაფასა რა დევნილთა მდგომარეობა როგორც საგანგაშო, წამოიწყო იძულებით გადაადგილებულ პირთა ეროვნული სტრატეგიის განვითარების პროცესი.

სტრატეგია, რომელიც შეიმუშავა, პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულმა, სახელმწიფო კომისიამ, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო მონაწილეობით, მოკლე ხანში წარედგინება ქვეყნის მთავრობასა და საზოგადოებას. სტრატეგია წარმოაჩენს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების სახელმძღვანელო დირექტივებს მოკლე და გრძელვადიანი პერიოდისთვის და ემსახურება ორ მიზანს - იძულებით გადაადგილებულ პირთა მშვიდობიანი დაბრუნებისთვის მზადებასა და მათი სოციალურეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უკან დაბრუნებამდე.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მთავარ პრობლემად რჩება სიღატაკე, ნორმალური საცხოვრებელი ადგილის არქონა, უმუშევრობის მაღალი დონე, ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა და სოციალური გათიშულობა. დევნილთა 44%-ზე მეტი კვლავ ცხოვრობს გადაჭედილ კომუნალურ ცენტრებში (ესენია ყოფილი საჯარო შენობები, რომლებშიც დროებით სახლობენ იძულებით გადაადგილებული პირები. დევნილობაში ყოფნის 13 წლის გასვლის შემდეგაც, ზოგისთვის კი 15 წლის შემდეგაც, ბევრი მათგანი კვლავ შებოჭილია არასრულფასოვნების კომპლექსით, აქვს ადაპტაციასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემები, ხშირად ეთნიკურად შერეული ოჯახები საცხოვრებლად კვლავაც რჩებიან დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე.

თუ სიღარიბე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მთავარი პრობლემაა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის არქონა დევნილებს თავისთავად უფრო უარეს მდგომარეობაში აყენებს. დევნილთა განსახლების რამოდენიმე პროგრამას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს (როგორებიცაა - კომუნალურ ცენტრებში მცხოვრებ დევნილთათვის ფულადი კომპენსაციის გადახდის ან საბანკო სერტიფიკატების დარიგების პროგრამები), შედეგად არ მოჰყოლია დევნილთა საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რის საფუძველსაც იძლევა გამოკითხულთა აზრი. 500 გამოკითხულიდან (გამოკითხვის ფარგლებში შესწავლილი იქნა იძულებით გადაადგილებულ პირთა შეხედულება პრივატიზაციის სხვადასხვა ფორმასთან მიმართებაში. ეს გამოკითხვა ჩატარდა 2005 წელს დევნილთა მხარდაჭერის პროგრამისადმი ახალი მიდგომის პროგრამის - ,,დევნილთა კომუნალური ცენტრების პრივატიზაციის საკითხების შესწავლა” - ფარგლებში1) მხოლოდ ნახევარმა აღნიშნა, რომ განსახლების პროგრამის შედეგად გაუმჯობესთა მათი ცხოვრების პირობები, სხვებმა კი დაკარგეს სამუშაო ადგილები, ხოლო კომუნალური ცენტრების დატოვების შემდეგ კი მათი ხარჯები იმ დონეზე გაიზარდა, რომ ქონების მესაკუთრეობითაც კი სარგებელი არ უნახავთ; ხოლო იმ დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ კერძო ბინებში - ნათესავებთან, მეგობრებთან, ქირით - ამ დრომდე საერთოდ არ უსარგებლიათ განსახლების პროგრამებით. ზოგიერთ შემთხვევებში, დევნილებმა თავად წამოიწყეს კომუნალური ცენტრების პრივატიზაციის პროცესი, ითხოვეს რა, რომ განკერძოებულიყო მათი ზოგიერთი თავშესაფარი, რათა ჰქონოდათ საცხოვრებელი ადგილების შენარჩუნების გარანტია, თუკი მუდმივ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნება არ მოხდებოდა. უმრავლეს შემთხვევაში დევნილებს უარი ეთქვათ ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ მაშინ, როცა იმავე შენობებში მობინადრე ზოგიერთმა პირებმა ასეთი ნებართვა მიიღეს.

იძულებით გადაადგილებულთა ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ არჩევანს იმ კომუნალურ ცენტრებისათვის, რომლებსაც გააჩნია ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობები, მაგრამ არსებობს უამრავი კომუნალური ცენტრი, რომლის პრივატიზაცია ან სოციალურ თავშესაფრად გარდაქმნა შეუძლებელია. ასეთი ცენტრები თბილისშიცაა, თუმცა მათი უმრავლესობა რეგიონებშია განთავსებული - ესენია, ,,ვექტორი” და ,,კომბინატი” ზუგდიდში, კომუნალური ცენტრები ხობში და მრავალი სხვა. სამეგრელოში მცხოვრებ დევნილებს განსახლების ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რადგან ინვესტორები არ ინტერესდებიან ამ რეგიონით, რომელსაც ჯერ არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების კონკრეტული გეგმა. ამავდროულად, სამეგრელოს ტერიტორიაზე, ხშირ შემთხვევაში, ხალხი ცხოვრობს საცხოვრებლად უვარგის სახლებში, რომლებსაც არ გააჩნია ელემენტარული საცხოვრებელი პირობები (ასეთებია ყოფილი ფერმები და ქვის სამტეხლოები). ასეთ ადგილებზე, მთავრობამ სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე და მათ ხელახლა განსახლებაზე.

კერძო ინვესტორთათვის საინტერესო ადგილებში ზოგჯერ დევნილთა ხელახალ განსახლებას ადამიანთა უფლებების მძიმე დარღვევები ახლავს. ბიუჯეტის შევსების და შენობების გაყიდვის სურვილი პრივატიზებას დაქვემდებარებულ სასტუმროებში მცხოვრებ დევნილთა ინტერესებს ეწინააღმდეგება. რაკიღა ჯერჯერობით არანაირი მკაფიო კრიტერიუმი არ არსებობს, რომლის მიხედვით კომპენსაციის გადახდა მოხდება (იქნება ეს ოჯახების რაოდენობის, თუ დაკავებული ოთახების რიცხვის მიხედვით და ა.შ.) ძალზე ძნელია ფულის სამართლიანად განაწილების უზრუნველყოფა, რაც იწვევს გაუგებრობას, ადამიანთა უფლებების დარღვევას, როგორც ეს აჭარაში მოხდა, სადაც ათობით დევნილი ქუჩაში აღმოჩნდა. დევნილები ნიღბიანმა პოლიციელებმა გამოყარეს და ამან დიდი უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ამოქმედდა მიწით სარგებლობის ახალი წესები, დევნილთათვის გაძნელდა მონაწილეობის მიღება მიწის შესყიდვისა და პრივატიზაციის პროცესებში, რამდენადაც ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ მცოვრებლებს მაშინ, როცა დევნილებს, რომლებსაც მიწის დამუშავების საუკეთესო უნარი გააჩნიათ, ხელი არ მიუწვდებათ მიწაზე.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ხშირად ჰქონდა ადგილი შემთხვევებს, როცა უსახლკარო დევნილები ცდილობდნენ დაუმთავრებელი ან მიტოვებული და გამოუყენებელი სახლების დაპატრონებას - ხშირად მათ პოლიცია ყრის დაკავებული სახლებიდან, მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაში მოახერხეს მათ დარჩენა. აღნიშნულ შემთხვევებში მესაკუთრის უფლებები და დევნილის უფლება, ჰქონდეს თავშესაფარი, უთანხმოებაში მოდის ერთმანეთთან და აშკარაა, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება, რათა არ დაზარალდეს არცერთი მხარე, ამასთან, დევნილებმა მიიღონ წესიერი საცხოვრებელი ადგილები.

რეკომენდებულია, დევნილთა საკითხებზე ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებისას, მასში შევიდეს იურიდიული დებულებები, რომლებიც საჯარო შენობებიდან თვითნებური გამოსახლების შემთხვევებს თავიდან აგვაცილებდა. იმავდროულად უნდა გამოიყოს რომელიმე უწყება ან საგანგებო კომისია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სამართლებრივი უფლებამოსილებაც და შესაბამისი აღიარებაც ხელისუფლების დანარჩენი შტოებისაგან ამგვარი ქმედებების აღსაკვეთად და ხელახალი განსახლების პროცესის უმტკივნეულოდ ჩასატარებლად.

ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციებში, უფრო ხშირად, ქალები ზარალდებიან. ასევე, მეტწილად, ქალები დაზარალდნენ ქუჩის მოვაჭრეების წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის შედეგადაც, რამდენადაც სწორედ დევნილი ქალები შეადგენდნენ ქუჩის მოვაჭრეთა რიცხვს. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ძალიან ხშირად, იძულებით გადაადგილებულთა ოჯახებში მთავარი მომნაგრებლები სწორედ ქალები არიან.

ქალთა მდგომარეობა პოსტ-კონფლიქტურ ზონებში

უმჯობესია ორ პოსტ-კონფლიქტურ ზონაში (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში) შექმნილი სიტუაცია ცალ-ცალკე განვიხილოთ, რადგანაც ამჟამინდელი მდგომარეობა აღნიშნულ ზონებში განსხვავდება ერთმანეთისგან.

ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) პატარა ადმინისტრაციული ერთეულია, სადაც, დე-ფაქტო გამოყოფის შემდეგ მდებარეობს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი 9 სოფელი. ამ სოფლებში მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობას არ გააჩნია უკან დაბრუნებულის სტატუსი, ბევრ მათგანს საერთოდ არ დაუტოვებია კონფლიქტის ადგილი. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ღირსების შესახებ საუბარი ძალიან ძნელია. კონფლიქტური სიტუაციების დასარეგულირებლად შექმნილი, ერთობლივ საკოორდინაციო კომისიას დაქვემდებარებული სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში ყოფნის მიუხედავად, ბოლო წლებში, ადგილი აქვს ადამიანთა გაუთავებელ გატაცებებსა და მკვლელობებს.

ზოგიერთებს, როგორც ქართველებს, ასევე ოსებს, რომლებმაც ადრე დატოვეს კონფლიქტის ზონა და მოგვიანებით ისევ დაბრუნდნენ, აქვთ დაბრუნებულთა ოფიციალური სტატუსი - ბოლო წლებში, UNHCR-ის მხარდაჭერით ცხინვალის რეგიონსა და საქართველოში 167 ოჯახი დაბრუნდა - მათ დაეხმარნენ თავშესაფრით და დაურიგეს სპეციალური კარვები.

როგორც ქართულ, ასევე ოსურ სოფლებში მცხოვრები ქალების უსაფრთხოება არ არის დაცული. ისინი დგანან კრიმინალური ქმედებებისა და ნაღმზე აფეთქების საშიშროების წინაშე, პარალელურად განიცდიან ტოტალურ უმუშევრობას.

ამ რეგიონში მცხოვრებ ქალთა პრობლემების გაგება შესაძლებელია ერთ-ერთი ქართული სოფლის - ქურთას მაგალითზე. ამ სოფელში სულ 7 348 მოსახლეა, მათგან - 7001 ქართველია, 251 - ოსი. სოფელში ცხოვრობს 110 მარტოხელა პენსიონერი, 79 - მრავალშვილიანი ოჯახი და 93 ობოლი, 32 ბავშვი ინვალიდია, 784 პირს აქვს დევნილის სტატუსი. შარშან, ვაშლის ფასი, რაც წარმოადგენს სოფლის ძირითად პროდუქტს, ისეთი დაბალი იყო, რომ შეიძლებოდა 30 კგ. ვაშლის 1 ლარად ყიდვა. მცირემოსავლიანობას თუ გავითვალისწინებთ, წლევანდელი ზამთარი უფრო ძნელი იქნება.

ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც დევნილების, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისა საკმაოდ მძიმეა. ბავშვებს არა აქვთ სრულფასოვანი კვება (ეს პრობლემა სხვა რეგიონის დევნილ ბავშვებსაც ეხება). შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების შედეგად გაჩნდა სპეციფიკური დაავადებები, მცხოვრებლები იმყოფებიან მუდმივი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ. საგანგებო ყურადღების საგანია, სწრაფად გავრცელებადი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ქალებისა და კაცების რეპროდუქციული ჯანმრთელობა არადამაკმაყოფილებელია, ბავშვებისთვის არ არსებობს ნორმალური განვითარების პირობები. გადაადგილება ამ სოფლებში, ხშირად, შეზღუდულია და დაკავშირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაკარგვის რისკთან.

რეგიონში არ ფუნქციონირებს ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უნარი შესწევთ, დაიცვან დევნილთა და ქალთა უფლებები. საზღვარზე რამდენიმე ორგანიზაცია მაინც მუშაობს. ისინი ქართველ და ოს ქალებს შორის დიალოგის გამართვას ცდილობენ, რათა აღდგეს 2004 წელს დანგრეული ურთიერთნდობა. რეგიონში რეალური ხელისუფლების არარსებობა იწვევს არასტაბილურობას და უარყოფითად მოქმედებს ქალებისა და ბავშვების მდგომარეობაზე. რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა დიდი მადლიერება გამოხატეს ბოლო დროს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ქალთა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის გენდერულ და მშვიდობის, მმართველობით, ფსიქოლოგიური ურთიერთ და თვით-მხარდაჭერის საკითხებში. დღესდღეობით 172 ქალმა გაიარა ამგვარი კურსი.

რეკომენდებულია სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება, მცირე მოგებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება, რათა ქალებს მიეცეთ საშუალება, გაზარდონ საკუთარი წვლილი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხში და მიაღწიონ იმას, რომ მათ უკეთ მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი აზრი ოჯახებსა თუ საზოგადოებრივ წრეებში.

ამჟამად, აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობა სავსებით განსხვავებულია: არსებობს იძულებით გადაადგილებულთა მხოლოდ ერთი კატეგორია. აქ შედიან დევნილები გალის რაიონიდან, რომლებსაც შეუძლიათ დროებით შეწყვეტილი ცეცხლის ხაზის გადაკვეთა მდინარე ენგურზე. დღესდღეობით რეგისტრირებულია გალიდან დევნილი 76 100 პირი. ზოგი მათგანი სეზონურად ბრუნდება გალში საკუთარ მიწის ნაკვეთებში სამუშაოდ დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ზოგი მათგანი დაბრუნდა და დასახლდა გალში.

ერთადერთი დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს გალის რაიონში, ხოლო მომავალში მთელს აფხაზეთში, დევნილთა დაბრუნების საკითხი, არის ოთხმხრივი შეთანხმება, ხელმოწერილი 1994 წელს საქართველოსა და აფხაზეთის, რუსეთისა და UNHCR-ის მიერ. ამ დოკუმენტს პრაქტიკული ღირებულება არ გააჩნია - ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 311 დაბრუნებულ დევნილთაგან არც ერთი არ დარჩა გალში - ზოგი ხელახლა გადაასახლეს, ზოგიც დახოცეს. რუს სამშვიდობოებს, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ კონფლიქტის ზონაში, არ შეუძლიათ რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ფაქტიურად გალში მცხოვრები ადამიანები არ შეიძლება, ჩაითვალონ დაბრუნებულებად, რადგან მათი უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის გათვალისწინებული პირობათაგან არცერთი არ შესრულებულა - ისინი იძულებულები არიან, იყვნენ გალში, რათა გადარჩნენ. მათთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური, ფსიქოლოგიური იურიდიული, მატერიალური უსაფრთხოება: ოჯახები ცხოვრობენ საკუთარი რისკის ფასად.

ამჟამად, გალში მყოფი დევნილების რიცხვის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია არსებობს. დევნილების რიცხვი გალში მერყეობს 40 000-დან 65 000-მდე. სხვადასხვა ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი მოსაზრება გალში სპონტანურად დაბრუნებულ დევნილთა რიცხვის შესახებ. იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვს ხშირად პოლიტიკური მანიპულაციების მიზნით იყენებენ, მაგალითად, იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს მტკიცება, ვითომ გალში დევნილთა დაბრუნება უკვე მოხდა. ამგვარ მტკიცებას ხშირად უკვე ჰქონდა ადგილი ადგილობრივი დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მხრიდან, ახლახანს, წამოყენებულია წინადადება მაღალი რისკის ზონებში - გალში, ზემო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში - მცხოვრებ პირთათვის შემოღებულ იქნას სპეციალური სტატუსი.

აუცილებელია შემუშავდეს ნათელი კრიტერიუმები უკან დაბრუნებულთათვის და მათ შეუნარჩუნდეთ დევნილის სტატუსი იქამდე, ვიდრე უზრუნველყოფილ არ იქნება მათი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი, მატერიალური უსაფრთხოება, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი ახალი სტატუსი უფრო მეტ პრივილეგიებს პირდება.

გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, ქალების დაბრუნება პოსტკონფლიქტურ ზონებში ნაკლებად საშიშია. სწორედ ამიტომ, ხშირად, ოჯახები ქალებს აგზავნიან კარმიდამოებში სამუშაოდ და მოსავლის ასაღებად. ასეთი ქმედებით ქალები ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური რისკის წინაშე აყენებენ საკუთარ თავს. ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიური და რეპროდუქციული, საფრთხის ქვეშაა; სპონტანურად დაბრუნებულთა მონაწილეობა პოლიტიკურ და სამოქალაქო საქმიანობაში ძალზე შეზღუდულია; სათანადო განათლების მიღებაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ. მშობლების ამგვარი, სეზონური მიგრაციის პერიოდში ხშირად, ბავშვებიც ზარალდებიან, რადგან, თუ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ, მოკლებულნი არიან რეგულარული განათლების მიღებას, ხოლო დარჩენის შემთხვევაში, აკლდებათ მშობლების ზრუნვა.

ენის საკითხს არ შევეხები, რადგან ეს ცალკე ანალიზის საგანია, თუმცა ყველა გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა დევნილთა საკითხებზე ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში, აჩვენებს, რომ გალში სკოლადამთავრებული მოსწავლეები იშვიათად აღწევენ წარმატებას საქართველოს ეროვნულ გამოცდებში და საჭიროებენ დამატებით მეცადინეობას მშობლიურ ენაში.

პოსტკონფლიქტურ ზონებში ცხოვრება იქაურ დევნილ ბავშვებზე არნახულ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს: მათ აწუხებთ ღამის კოშმარები, შარდის შეუკავებლობა, მუდმივი დეპრესია და შიშები, რაც დააფიქსირეს მობილურმა სამედიცინო ჯგუფებმა, რომლებიც ქვემო გალის ზონაში მოქმედებენ, და სკოლის მასწავლებლებმა ზემო ბარღებსა და ნაბაკევში. ბავშვების ფიზიკური ჯანმრთელობა კრიმინალური ქმედებების ზემოქმედების მაღალ რისკს განიცდის, რადგანაც უსაფრთხოება დაცული არაა.

განსაკუთრებით შეშფოთებას ჯანმრთელობის დაცვის კუთხით იწვევს გახშირებული ტუბერკულოზის შემთხვევები, აგრეთვე ჰიპერტენზია და ნევროზები. სოფლებში აქუბედია, აჩიგვარა, ოქუმი ბოლო 12 წლის განმავლობაში არცერთ ქალს არ ქონია შესაძლებლობა ჩვენებოდა გინეკოლოგს, ხოლო მობილურმა სამედიცინო ჯგუფმა კიბოს წინარე დაავადების (15) სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, C და B ჰეპატიტის, ბრონქიალური ასთმის მრავალი შემთხვევა დააფიქსირა.

რეკომენდებულია გაუმჯობესდეს გალის რაიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების პოტენციალი და ხელი შეეწყოს მობილურ სამედიცინო ჯგუფებს, რადგანაც შორეული სოფლების მოსახლეობა მოკლებულია ამბულატორიაში მიმართვის შესაძლებლობას.

პოსტ-კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ კატეგორიის ადამიანთა დაცვას, საკმარისად არ არის გამოყენებული არც მთავრობის მიერ და არც თავად ქალთა საზოგადოების მიერ. საუბარი მაქვს ,,ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების საკითხის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპებზე“, რაც წარმოადგენს ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს დევნილთა და დაბრუნებულთა დასაცავად, ,,ბავშვების უფლებათა კონვენციასა“ და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციაზე, რომელიც ეხება ომის გავლენას ქალებზე, ქალების წვლილს კონფლიქტების მოგვარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში.

,,ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილების საკითხის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების“ 28-ე და 29-ე მუხლების შესრულების მიზნით, რომლებიც ეხება ქალებისა და გოგონების თანაბრად მონაწილეობას ყველა სახის პროგრამებში, გალის რაიონში მუშაობა დაიწყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ - ეს ორგანიზაციები ეხმარებიან სპონტანურად დაბრუნებულებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის დამყარებაში და ნდობის აღდგენაში, ქალთა მხარდამჭერი ჯგუფების შექმნაში, ეხმარებიან სკოლებს. აღნიშნულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უნდა აღვნიშნოთ ,,ქალთა ცენტრი გალში“, ასოციაცია ,,ავანგარდი“, დევნილ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა“ და სხვა. ქვედა გალში, დაბრუნებისთვის ყველაზე უფრო საშიშ ზონაში, სადაც ქალები იმყოფებიან უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ და ხშირად ხდებიან თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლნი, ადგილობრივი ექიმებისა და მათი მხარდამჭერების ენთუზიაზმის საფუძველზე ფუნქციონირებს ქალთა კრიზისის მოგვარების ცენტრი. გალის რაიონის მრავალ სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებებსა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურშიც კი ჩატარდა სემინარები კონფლიქტების მართვის, მოგვარების და ქალთა უფლებათა დაცვის საკითხებზე.

ვარ რა გენდერული თანასწორობის საკითხებში საკონსულტაციო საბჭოს წევრი, საჭიროდ მივიჩნევ, ხაზი გავუსვა 1325 რეზოლუციის მნიშვნელობას და მის პრაქტიკაში გამოყენებას. ქალების უსაფრთხოება გალის რაიონში არ არის დაცული. არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც დაეხმარება ქალებს, განაცხადონ ძალადობის შემთხვევები და მოითხოვონ მხარდაჭერა ასეთ სიტუაციებში - ჭუბურხინჯის ოთხმხრივი კომისია, რომელსაც ავლია ეხება უსაფრთხოების საკითხების მოგვარება პოსტ-კონფლიქტურ ზონებში, შედგება მამაკაცებისგან და, ადვილი წარმოსადგენია, რომ ზოგჯერ თვითონ დანაშაულის ჩამდენები არიან მათ შორის, ვინც ახდენს ქალების - ძალადობის მსხვერპლთა - დაკითხვას გალში. როდესაც ადამიანის გატაცების ან ქალებსა და ბავშვებზე ძალადობნის კუთხით ხდება რაიმე, არც არასამთავრობო და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს არ გააჩნიათ ძალადობის მსხვერპლთან დაკავშირების საშუალება, რათა გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული დაცვის მექანიზმები და დაისაჯნენ დამნაშავენი.

ეჭვსგარეშეა, საქართველოს იურისდიქციის აღდგენა დაეხმარება მრავალი ასეთი პრობლემის გადაჭრის ან შემცირების პროცესს, თუმცა, როგორც დროებითი საშუალება,

რეკომენდირებულია ქალების - კონფლიქტის ხაზის ორივე მხარის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების - ჭუბურხინჯის კომისიაში ჩართვა, რათა ქალებს, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება, ჰყავდეთ დამოუკიდებელი ადვოკატები და მრჩეველები.

მშვიდობის განმტკიცების საბაზო დონეზე ქალებმა გამოავლინეს საუკეთესო უნარი. სახალხო დიპლომატიაში საუკეთესო წარმატებები მიღწეულია ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგის პროცესში. ქსელი ,,ქალთა კავშირი მშვიდობისათვის” აერთიანებს დევნილ ქალებსა და ქალებს, რომლებიც მოღვაწეობენ პოსტ-კონფლიქტურ ზონებში და უზრუნველყოფს ტრიბუნას, საიდანაც ქალებს შეუძლიათ, დაიცვან მშვიდობა და ხმა აიმაღლონ ძალადობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ. არსებობს თანამშრომლობის ცნობილი მაგალითები დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე, როდესაც ქალებმა გამართეს სამშვიდობო ღონისძიებები, მოაწყვეს ერთობლივი ბანაკები ტრავმირებული ბავშვებისათვის, გამართეს მშვიდობიანი დიალოგები.

სამწუხაროდ, ბოლო ორი წლის განმავლობაში საჯარო სექტორში მშვიდობიანი მოლაპარაკებების ეფექტურობა ძალიან შემცირდა. ესაა შედეგი დე-ფაქტო ხელისუფლების მცდელობისა, შეემცირებინა საჯარო კონტაქტების რიცხვი და შეესუსტებინა სახალხო დიპლომატიის დადებითი გავლენა. ქალებსა და ახალგაზრდებს შორის დიალოგები რეალური იარაღია კონფლიქტის ორივე მხარის მოსახლეობას შორის უთანხმოებათა დარეგულირების პროცესში და ეს რესურსი გამოყენებულ უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ქალთა ორგანიზაციებსა და ჯგუფებს კონფლიქტური სიტუაციებით შექმნილი ბარიერების გადალახვის საუკეთესო საშუალებები გააჩნიათ. 1325 რეზოლუცია პირდაპირ მიუთითებს სამშვიდობო პროცესში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე როგორც სახალხო დიპლომატიის დონეზე, ისე ოფიციალურ მოლაპარაკებებში. ამასთან, ქალების მონაწილეობას შეუძლია, ახალი სულისკვეთება შესძინოს სამშვიდობო პროცესს.

რეკომენდებულია:

1) გაიზარდოს დევნილ ქალთა დაშვება ოფიციალურ მოლაპარაკებათა მაგიდებთან და ხელი შეეწყოს სახალხო დიპლომატიის მცდელობებს ქალთა და ახალგაზრდათა მხრიდან;

2) ეფექტურად გამოიყენონ საერთაშორისო მექანიზმები სამშვიდობო პროცესში ქალთა მონაწილეობის დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით.

ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან უმრავლესობა პროგრამებისა, რომლებიც ითვალისწინებს დევნილთა ფსიქოლოგიურ თანადგომას, უკვე დასრულდა. ასეთი პროგრამის აღდგენა საჭიროა, თუ გავითვალისწინებთ დევნილთა ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიურ-სოციალური მდგომარეობის გაუარესებას.

,,დევნილთა დახმარების საკითხისადმი ახლებური მიდგომა” იყო ერთ-ერთი იმ პროგრამათაგანი, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოში დევნილთა ადაპტაციისა და დროებით ინტეგრაციის პროცესებს. 6 წლის წინ შექმნილი ეს პროგრამა იმ დროისთვის იყო ყველაზე დახვეწილი, მოითხოვდა რა ყველა დევნილის უფლებათა გათანაბრებასა და დევნილთა დროებით ინტეგრაციას. ,,ახლებური მიდგომა” მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ასევე ზოგადი პირობების გაუმჯობესებას ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ვის სიახლოვესაც არიან დევნილები განსახლებულნი სამთავრობო პოლიტიკის რეფორმირებისა და სათანადო დახმარების უფრო მეტი პროგრამების შემუშავების გზით. რამდენიმე გამოკვლევამ, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობისა და განათლების, დაცულობის, ფინანსურ ინსტრუმენტებზე და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, საშუალება მოგვცა წინა პლანზე წამოგვეწია უმწვავესი საკითხები, რომლებიც ეხება დევნილთა უფლებების დაცვას და მათ მიერ ამ უფლებების გამოყენებას. დღეს ეს გამოკვლევები იძლევა სრულყოფილი ხედვის ფორმირების საშუალებას, რაც საჭიროა ,,ეროვნული სტრატეგიის” განსაზღვრისათვის.

,,ათასწლეულის განვითარების ამოცანები”, რასაც საქართველომ მხარი დაუჭირა, ეხება დევნილთა საკითხებსაც და, სულ ცოტა სამ პრიორეტიტულ საკითხში იძულებით გადაადგილებული პირები პირდაპირაა მითითებული:

  • განახევრდეს სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რიცხვი;

  • განახევრდეს რიცხვი მოსახლეობის იმ ნაწილისა, ვისაც არა აქვს სრულფასოვანი კვების საშუალება;

  • გარანტირებული იყოს სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია და სამოქალაქო ინტეგრაცია მოსახლეობის იმ ნაწილისა, რომელიც დაზარალდა და იძულებით გადაადგილდა კონფლიქტებისა და ბუნებრივი უბედურებების შედეგად.

ასეთი შედეგების მისაღწევად საქართველოს მთავრობამ სამოქალაქო სექტორმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლო რესურსი (და გაუკეთოს მათ მობილიზება) ყველაზე უფრო დაუცველი ფენისთვის, შექმნას პირობები დევნილების როგორც ინტეგრაციის, ასევე დაბრუნებისთვის და განავითაროს სტაბილური სამშვიდობო ინიციატივები ადგილობრივი მოსახლეობასთან ქალთა საზოგადოებისა და ახალგაზრდობის არსებული რესურსების გამოყენებით.

____________________

1 ანა დოლიძე, ლალი ჩხეტია, მანანა ტატიშვილი, ,,დევნილთა კომუნალური ცენტრების პრივატიზების საკითხების გამოკვლევა”, გამოქვეყნებულია ,,დევნილთა დახმარების საკითხისადმი ახლებური მიდგომის” მიერ, თბილისი, 2005.

8 ადამიანის გატაცება და სხვა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში

▲ზევით დაბრუნება


რიმა გელენავა
,,განიარაღება და არაძალადობის” თავმჯდომარის მოადგილე, ,,Geneva Call”-ის კონსულტანტი სამხრეთ კავკასიაში

თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ისეთი უძველესი დანაშაულის გავრცელებაზე, როგორიცაა ადამიანის გატაცება. აღნიშნული დანაშაული ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე მსოფლიოში. იგი ჩვენი ქვეყნისთვის არასოდეს ყოფილა უცხო. საქართველოში განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ბავშვთა გატაცებები, რომლებიც, როგორც წესი, მათი უცხოეთში მონებად გაყიდვით მთავრდებოდა.

ადამიანის გატაცებამ განსაკუთრებულად საშიში სახე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მიიღო, რაც დასტურდება სტატისტიკური მონაცემების ანალიზით. უსაფრთხოების კომპანია ,,Hiscox Group”-ის მონაცემებით, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყნის მაგალითზე იყო შედგენილი, მარტო 1997 წელს 1407 გატაცების ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 1999 წელს - 17891.

გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანთა გატაცების რიცხვმა განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში იმატა.

ადამიანის გატაცების ტიპი და კატეგორიები

მსოფლიო პრაქტიკა ადამიანის გატაცების რამდენიმე ტიპს და კატეგორიას იცნობს:

1. გატაცება ანგარებით - გამოსასყიდის მიღების, საქმიან ან კომერციულ გარიგებებში გარკვეულ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით;

2. გატაცება, რომელიც ჩადენილია დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ნიადაგზე, ვალის დაბრუნების ან რომელიმე არაკანონიერ ბაზარზე უპირატესობის მიღწევის მიზნით;

3. გატაცება სექსუალური ექსპლუატაციის, აგრეთვე ქალებისა და ბავშვების ვაჭრობის მიზნით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;

4. გატაცება პოლიტიკური და იდეოლოგიური მოტივით;

5. გატაცება სხვა დანაშაულის ჩადენის დროს, მაგალითად, მძევლად აყვანისას. ამ ტიპის გატაცებას ხშირად ადგილი აქვს ძარცვის დროს, და მას ,,ვეფხვისებრს” უწოდებენ;

6. ე.წ. ,,ექსპრეს” გატაცება, როდესაც გატაცებული მძევალი თავად იხდის გამოსასყიდს;

7. სიმულაცია, იგივე ცრუ გატაცება, როდესაც მსხვერპლი გამოსასყიდის მიღების მიზნით მოქმედებს დამნაშავეებთან შეთანხმებით ან დამოუკიდებლად;

8. გატაცება ოჯახური დავების ნიადაგზე.

ადამიანის გატაცების ზემოდასახელებული კატეგორიებიდან საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით. გატაცების ეს კატეგორია საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. თუმცა, ცნობილია, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანის გატაცების ფაქტებს უფრო ხშირად ადგილი აქვს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

უფლებები, რომლებიც ირღვევა ადამიანის გატაცების შემთხვევაში

ადამიანის გატაცების დროს ირღვევა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებით აღიარებული უფლებების მთელი კომპლექსი.

საქართველოს კონფლიქტის ზონებში, ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების ისეთ დარღვევებთან, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით საერთაშორისო დანაშაულადაა მიჩნეული. აფხაზეთსა (ძირითადად გალის რაიონში) და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ სისტემატურად ირღვევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ:

1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები);

2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-6 და მე-9 მუხლები);

3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (მე-3, მე-5 და მე-8 მუხლები);

4. საქართველოს კონსტიტუცია (მე-15; მე-17 და 18-ე მუხლები).

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონებში დიდი ხანია აღარ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, ფორმალური და არაფორმალური სხვადასხვა სტატუსის შეიარაღებული ფორმირებები აგრძელებენ უკანონო მოქმედებებს და არღვევენ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს.

კონფლიქტის ზონის მოსახლეობა, ერთი მხრივ, ძალადობის ან კრიმინალური ფონის გაუარესების საფრთხის, მეორე მხრივ კი იზოლაციისა და ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში სხვადასხვა მიზეზების გამო, ყოველთვის არ ხვდება ინფორმაციები ადამიანის გატაცების მრავალრიცხოვანი ფაქტების შესახებ, რომლებსაც ადგილი აქვს საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონებში. ამიტომ, შეიძლება დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ საქართველოში გატაცებულ ადამიანთა რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე ეს აღრიცხულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მიერ2.

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (გატაცებულთა ახლობლები) კრიმინალთა (გამტაცებელთა) მოთხოვნების კატეგორიულობის და ასევე მუქარის შიშით გატაცების ფაქტებს არ ატყობინებენ დე-ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებს. ისინი საეჭვო შუამავლების დახმარებით ცდილობენ გატაცებულთა დაბრუნებას, რადგან არ გააჩნიათ დე-ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების მიერ საქმის გამოძიებისა და მძევლის გათავისუფლების იმედი, და როგორც წესი, მიზანს მხოლოდ დიდი ფულის გადახდის შემდეგ აღწევენ.

გატაცების ბაზარი

კონფლიქტის ზონებში მძევლის საბაზრო საფასური დამოკიდებულია თავად მძევლის, მისი ოჯახის ან იმ ორგანიზაციის შესაძლებლობაზე, რომელსაც იგი წარმოადგენს. გამოსასყიდის თანხა საკმაოდ სოლიდურია და ყოველწლიურად იზრდება. მაგალითად, დღეს აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში მძევლის გამოსასყიდი თანხა მერყეობს 1000-დან 100 000 აშშ დოლარს აჭარბებს.

მძევლები

სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, საქართველოში, კერძოდ კი კონფლიქტის ზონებში, მძევლების უმეტესი წილი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. გამტაცებლები საზღვარგარეთის მოქალაქის გამოსასყიდად გაცილებით დიდ თანხას ითხოვენ ადგილობრივ მოსახლესთან შედარებით, მაგრამ უცხოელის გატაცების შემთხვევაში დასჯის რისკიც მეტია.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება სარგებლობს იმით რომ ამ ტერიტორიებზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია და გართულებულია ოპერატიულ-სამძებრო ზედამხედველობა. დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არსებულ ვითარებას თავის სასარგებლოდ იყენებენ და ცდილობენ ადამიანის გატაცება დიდი შემოსავლების მიღების წყაროდ გადააქციონ.

არაოფიციალური მონაცემებით, გალის რაიონში მძევლად აყვანილ და გატაცებულ იქნა: 2000 წელს - 17 ადამიანი; 2001 წელს - 20 ადამიანი; 2002 წელს - 23 ადამიანი; 2003 - 26 ადამიანი; 2004 წელს - 35 ადამიანი; 2005 წელს - 17 ადამიანი; 2006 წელს - 25 ადამიანი (11 თვის მონაცემებით).

ქვემოთ მოყვანილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მომხდარი გატაცებების რამდენიმე ფაქტი:

2005 წლის 6 ივნისს ქ. ცხინვალიდან გაიტაცეს ავტომანქანა ,,კამაზის” საყიდლად ჩასული დიდი ლიახვის ხეობის სოფელ ქურთას მკვიდრნი, ბიძაშვილები ჰამლეტ, მამუკა და გალაქტიონ ხაჭაპურიძეები და მათთან ერთად მყოფი ხაშურის რაიონის სოფელ ბიჭვნისის მკვიდრი მამუკა ლომიძე. 24 ნოემბერს ხაჭაპურიძეების ოჯახს ჰამლეტ ხაჭაპურიძის სხეულის ნაწილები გამოუგზავნეს, რის შემდეგაც საბოლოოდ დადასტურდა გატაცებულთა მკვლელობის ფაქტი. ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის ცხედრები იპოვეს 2005 წლის 14 დეკემბერს ძარის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2005 წლის აგვისტოს თვეში ცხინვალის რეგიონის სოფ. ქვეშეთიდან დაუდგენელმა პირებმა 14 წლის ლევან ცაციაშვილი გაიტაცეს. მან მოგვიანებით გაქცევით თვითონვე დააღწია თავი გამტაცებლებს. იგი სასტიკად იყო ნაცემი, სახლში დაბრუნების შემდეგ იმყოფებოდა ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ და უჭირდა მეტყველება.

2006 წელის 20 იანვარს სოფელ ერგნეთთან, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს სოფელ ერედვის პოლიციის განყოფილების უფროსი ლადო ჩალაური და ამავე განყოფილების თანამშრომელი გოჩა გვიმრაძე. ისინი სასტიკად იყვნენ ნაცემი. ისინი გაათავისუფლეს 25 იანვარს, რამდენიმედღიანი ტყვეობის შემდეგ.

2006 წლის 30 იანვარს სოფელ ერგნეთის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან ოსი ეროვნების უცნობმა პირებმა სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულებისას გაიტაცეს საქართველოს ფინანსური პოლიციის თანამშრომლები კ. დვალიშვილი და ზ. პაპიაშვილი. ქ. ცხინვალის სამხედრო კომენდატურაში პაპიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დე-ფაქტო ,,სამხრეთ ოსეთის” პარლამენტის წევრმა და თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ბატალიონის უფროსმა დიმიტრი ტასოევმა, რომელსაც პირადი ნაცნობობა აკავშირებს დვალიშვილთან, ორივე დაკავებული ქ. ცხინვალიდან ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიყვანა3.

2006 წლის 10 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩიდან, რომელიც გალის რაიონის სოფელ ნაბაკევს ესაზღვრება, გაიტაცეს ოთარ ნაჭყებია. იგი 28 დღე იმყოფებოდა ტყვეობაში და გათავისუფლებულ იქნა მხოლოდ გამოსასყიდის გადახდის შემდეგ. გამტაცებლებმა ოთარ ნაჭყებიას ოჯახის წევრებს გამოსასყიდის სახით 100 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, თუმცა საბოლოოდ, მძევლის ოჯახმა 20 000 დოლარის გადახდის შემდეგ მოახერხა მისი გათავისუფლება. ყოფილი მძევლის თქმით, იგი გაურკვეველ ადგილას, ტყეში ჯაჭვით ჰყავდათ დაბმული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.4

საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ასევე ადგილი აქვს ადამიანის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების ფაქტებს. ასე მაგალითად, 2004 წლის 4 ნოემბერს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა ცხინვალის რეგიონში მცხოვრები, სოფელ აჩაბეთის მკვიდრი 24 წლის ელდარ კახნიაშვილი. მიუხედავად მისი აქტიური ძებნისა, მის შესახებ დღემდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

კონფლიქტურ ზონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ტრიალებს არა მხოლოდ უაქციზო სიგარეტი თუ დაუბეგრავი ბენზინი, არამედ ნაქურდალი მანქანები, მსუბუქი იარაღი და ნარკოტიკები. ამ რეგიონებში არსებული კრიმინალური სიტუაცია სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის ქვეყნის სასაზღვრო და ეკონომიკური სივრცის შეკვრასა და საბაჟო-საგადასახადო დისციპლინის განმტკიცებას. უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი (მთლიანად თუ არა) კრიმინალიზებულია, რადგანაც ლეგალური ეკონომიკური საქმიანობის ჩარჩოები ვიწროა. კონფლიქტის მოუგვარებლობისა და ხელახალი ესკალაციის მუდმივი პერსპექტივის ფონზე ფერხდება მთლიანად რეგიონის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება5.

კონფლიქტის ზონებში, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების ზონაში, ადამიანის უფლებების დარღვევის მნიშვნელოვან მიზეზად კვლავ რჩება წესრიგის არარსებობა და ე.წ. დე-ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ თავიანთი უფლებამოსილების გადამეტება. ეს ხელს უწყობს მძიმე დანაშაულების ჩადენას. ასევე ფიქსირდება თვითნებური და უკანონო დაკავების უამრავი შემთხვევა. სამწუხაროდ, აშკარაა დე-ფაქტო ხელისუფლებების და სამართალდამცავი სტრუქტურების დისკრიმინაციული პოლიტიკა ქართველი მოსახლეობის მიმართ6.

აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები, ანტიკრიმინალური ოპერაციის ნიღაბქვეშ მასობრივად აპატიმრებენ გალის რაიონის მკვიდრ ეთნიკურ ქართველებს, რის შემდეგაც ისინი გადაჰყავთ ე.წ. შსს-ს თუ უშიშროების გალის, ოჩამჩირის ან სოხუმის იზოლატორებში. არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ,,დროებითი პასპორტის” არმქონე დაკავებულებს გადაახდევინეს გამოსასყიდი: 2006 წლის ივნისში, გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში: სიდაში, თაგილონში, ნაბაკევში, ოტობაიაში, გაგიდაში, განახლებასა და ბარღებში რეიდის ჩასატარებლად 6 ავტომანქანით შევიდა აფხაზური მილიცია. რეიდს ხელმძღვანელობდა ოთარ ტურანბა. 10 ივნისს დააკავეს ნუგზარ ქობალია, ჯუმბერ ბუთბაია, ფირუზ და გოჩა მიქავები, 11 ივნისს კი სოფელ სიდაში - ზაზა წულუკია და რამაზ ხუბულავა. დაკავებულები გადაიყვანეს გალის აფხაზური მილიციის შს სამმართველოს შენობაში. არსებული ინფორმაციის მიხედვით, ისინი გაათავისუფლეს 12 ივნისს, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებებათა ყველა ეს დარღვევა ხდება დსთ-ის სამშვიდობო ძალების თვალწინ. და ეს მაშინ, როცა ,,ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში კოლექტიური ძალების გამოყენების შესახებ” დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს 1994 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების 1995 წლის 26 მაისის დანარ- თის7 მიხედვით, დსთ-ის სამშვიდობო ძალები პასუხისმგებელი არიან ,,ხელი შეუწყონ ადამინის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამარ- თლის ნორმების დაცვას” მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დსთის სახელმწიფო მეთაურთა სამიტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ის დოკუმენტებია, რომელთა საფუძველზეც კონფლიქტის ზონაში დღემდე იმყოფებიან დსთ-ის რუსი სამშვიდობოები.

დსთ-ის ეგიდით მოქმედი რუსეთის სამშვიდობოების საქმიანობა არაეფექტური, ხშირ შემთხვევაში კი დანაშაულებრივია. მაგალითად, 2006 წლის 2 მაისს გალის რაიონის სოფელ სიდაში, დაახლოებით 19.00 საათზე, რუსეთის სამშვიდობო ძალების ოთხი სამხედრო მოსამსახურე ჯავშანმანქანით მივიდა მამუკა სართანიას ოჯახში. ისინი შეიჭრნენ სახლში და მოითხოვეს ალკოჰოლური სასმელი, ხოლო უარის მიღების შემდეგ სასტიკად სცემეს ოჯახის წევრები.

ამავე დღეს, ძნელაძის ქუჩაზე მცხოვრებ ლიანა პაპავას ოჯახში გამთენიისას, დაახლოებით 04.00 საათზე, შეიჭრა შეიარაღებული ჯგუფი 4 კაცის შემადგენლობით, რომელთა შორის 3 გალში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები და ერთი სამოქალაქო პირი (იგორ საზონოვი, მარინა საზონოვა (რომელიც ერთ-ერთი რუსი სამხედროს მეუღლეა და სამოქალაქო პირი), ანდრეი ტრიფონოვი და ვლადიმერ სერდიუკოვი). ლიანა პაპავას მოსთხოვეს ალკოჰოლური სასმელი. უარის მიღების გამო რუსმა სამხედროებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს და დაიწყეს სროლა, რის შედეგადაც დაიჭრა ლიანა პაპავა8.

გალის რაიონში არ არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი წარმომადგენლობები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ობიექტურად და სრულყოფილად შეისწავლიდნენ და შეაფასებდნენ სამშვიდობო ზონაში (გალში) შექმნილ ვითარებას. აქტუალურია გალის რაიონში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის საკითხი. გაეროს ადამიანის უფლებათა სოხუმის ოფისი შეზღუდულად მოქმედებს და მისი მუშაობა გალის რაიონში არაეფექტურია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დასვა გალში გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის გახსნის საკითხი. აღსანიშნავია, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც რამდენჯერმე მოუწოდა აფხაზურ მხარეს გალის რაიონში გაეროს მისიის სამოქალაქო პოლიციის შეყვანასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის გახსნაზე თანხმობის მიცემისკენ. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნისა, გალში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს ოფისის გახსნა და გაეროს მისიის სამოქალაქო პოლიციის შეყვანა დღემდე ვერ ხერხდება.

სამწუხაროდ, საქართველოს კონფლიქტის ზონებში მომხდარ დარღვევებისა და საერთაშორისო დანაშაულებისთვის დღემდე პასუხისგებაში არც ერთი დამნაშავე არ მიცემულა, რაც დსთ-ის სამშვიდობო ჯარების მიერ კონტროლირებად ე.წ. სამშვიდობო ზონასა და მთლიანად რეგიონში აძლიერებს დაუსჯელობის სინდრომს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დროა ადამიანის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის საქმე მივიჩნიოთ ზოგადად დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად. აღნიშნული დანაშაული, როგორც ამას პრაქტიკა გვიჩვენებს, ყოველდღიურად იცვლის სახეს და ორგანიზებული დანაშაულის შეფერილობას იძენს. ამავდროულად, გლობალური ტერორიზმის უჩვეულო ხერხების გამოყენებით, იგი მკვეთრად იჭრება ქვეყნის ყველა სასიცოცხლო სფეროში, რის გამოც დიდი ხანია, დადგა დრო, ყველა ძალებისა და საშუალებების მობილიზაციის გზით შევაჩეროთ ეს ეპიდემია.

__________________

1 ვილსონ, ჯ., ,,Kidnaps for ransom reach worldwide high”, in: The Guardian, 21 აპრილი, 2000.

2 ,,ადამიანის მოტაცების სისხლის სამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები”, ჯემალ გაბელია.

3 საქართველოს სახალხო დამცველის 2006 წლის მოხსენება.

4 http://rustavi2.com/news/news-textg.php?id-news=15395&im=main&ct=25.

5 ,,მათ ყველას უყვარდათ სამშობლო!”, 2006 წელი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ავტორი: გიორგი გურგენიძე.

6. 2004 წლის ანგარიში: ,,უსაფრთხოების ზონა და ადამიანის უფლებები”. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ინსტიტუტი. ავტორი: რიმა გელენავა.

7. ,,რეგიონალური კვლევის ცენტრი”, http://www.rrc.ge/law/mandat-1995-05-26-q.htm? lawid=1144&lng-3=ge

8. საქართველოს სახალხო დამცველის 2006 წლის მოხსენება.

9 სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების ჩართვა ნაღმების აკრძალვის პროცესში

▲ზევით დაბრუნება


ნარინე ბერიკაშვილი
,,განიარაღება და არაძალადობა” - თავმჯდომარე ,,Geneva Call”-ის კონსულტანტი სამხრეთ კავკასიაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია (ICBL)/Landmine Monitor - მკვლევარი

ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედება

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები (APM) და მსხვერპლის მიერ აქტივირებული მსგავსი ასაფეთქებელი მოწყობილობები განურჩეველი მოქმედების იარაღის სახეობას წარმოადგენენ. მათი გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ომის დროს ისინი ბრმად ანადგურებენ მოქალაქეებს, ჯარისკაცებს და მტერს. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებისათვის ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს; ისინი კვლავ განაგრძობენ მოქმედებას და მტრული დაპირისპირების შეწყვეტის შემდეგაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოსახლეობას.

დანაღმულ ტერიტორიებთან კავშირში მყოფი ადამიანების ფიზიკური უსაფრთხოებისადმი უშუალო საშიშროების შექმნის გარდა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები მოსახლეობას საშუალებას არ აძლევს უსაფრთხოდ ისარგებლოს მიწით, წყლითა და ინფრასტრუქტურით და სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებას. ომის ეს ნარჩენები ხელს უშლის აღდგენით სამუშაოებს და დამატებით საფრთხეს უქმნის ისედაც დაუცველ მოსახლეობას.

1992 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციები, განსაკუთრებით კი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო კამპანია (ICBL) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), დაუღალავ პროპაგანდას ეწევიან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წინააღმდეგ. 1997 წელს ამ ძალისხმევის შედეგად მიღებულ იქნა კონვენცია ქვეითსაწი ნააღმდეგო ნაღმების გამოყენების, დაგროვების, წარმოების და გადაცემის აკრძალვის და მათი განადგურების შესახებ, რომელიც ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების (MBT) ან ოტავის კონვენციის სახელითაა ცნობილი. აღნიშნული კონვენცია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო განიარაღების სამართლის ჰიბრიდია. იგი განიარაღების ხელშეკრულების მახასიათბლებლების მატარებელია, მაგრამ წმინდა ჰუმანიტარულ მიზნებს ისახავს. მისი მონაწილე სახელმწიფოები „მოწადინებული არიან ბოლო მოუღონ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით გამოწვეულ ტანჯვას და მსხვერპლს, რომელიც ყოველ კვირაში კლავს და ასახიჩრებს ასობით ადამიანს, ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებასა და აღორძინებას, ართულებს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციას და სხვა მძიმე შედეგებს იწვევს დანაღმვის ოპერაციიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ“. ხელშეკრულება 1999 წლის 1 მარტს შევიდა ძალაში, რითაც ნათელი მოჰფინა სახელმწიფოთა მზადყოფნას აღმოფხვრან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემები. დღეისათვის მსოფლიოს სახელმწიფოთა სამ მეოთხედზე მეტი მიუერთდა აღნიშნულ ხელშეკრულებას. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წინააღმდეგ ბრძოლაში ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის მიუხედავად, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საკითხი კვლავ მწვავე პრობლემად რჩება მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ოტავის ხელშეკრულების მიღებიდან 7 წლის შემდეგაც. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, არსებობს ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 15 000-დან 20 000-მდე ადამიანი ხდება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მსხვერპლი, რომელთა შორის სამხედრო პერსონალი მხოლოდ 15%-ს შეადგენს.1

„ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი“

ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების (MBT) მე-2 მუხლის შესაბამისად, „ქვეითსაწინააღმდეგო“ ნაღმი არის ნაღმი, რომელიც გამიზნულია ასაფეთქებლად მასთან ადამიანის ყოფნის, მიახლოვების ან უშუალო კონტაქტის შედეგად და იწვევს ერთი ან რამდენიმე პირის მწყობრიდან გამოყვანას, დასახიჩრებას ან დაღუპვას. ნაღმი, რომელის დეტონაციაც გამიზნულია მოძრავი ტრასპორტის და არა ადამიანის მიახლოვებით ან უშუალო კონტაქტით, და იმავდროულად აღჭურვილია გაუნაღმვადი დამცავი ელემენტით, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის კატეგორიას არ მიეკუთვნება სწორედ იმის გამო, რომ ამგვარად არის აღჭურვილი. „გაუნაღმვადი დამცავი ელემენტი“ არის მოწყობილობა, რომელიც იცავს ნაღმს და იგი წარმოადგენს ნაღმის ნაწილს, დაკავშირებულია მასთან, მიმაგრებულია მასზე ან მის ქვემოთ და მოქმედებაში მოდის ნაღმის ხელით შეხების მცდელობის ან მასზე სხვა გზით განზრახ ზემოქმედების დროს. - ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულება, მუხლი 2 - განმარტებები.

ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, ,,აქტი ვალდებულებების შესახებ” (Deed of Commitment) მოიცავს ყველა სახის ნაღმს, რომლის აქტივაციას მსხვერპლი ახდენს, მაშინაც კი, თუ იგი კონკრეტულად ამისთვის არ არის შექმნილი.

ვალდებულებების შესახებ აქტის 1-ლი მუხლის შესაბამისად „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი“ არის მოწყობილობა, რომელიც ეფექტურად ფეთქდება მასთან ადამიანის ყოფნის, მიახლოვების ან უშუალო კონტაქტის შედეგად, იგივე ეფექტის მქონე მსხვერპლის მიერ აქტივირებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ტრანსპორტ-საწინააღმდეგო ნაღმების ჩათვლით, მიუხედავად იმისა აქვთ მათ ამოღებისაგან დამცავი ელემენტი თუ არა. იგი მოიცავს კომერციულად დამზადებულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, იმპროვიზებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს, ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმებს - რომელთა ამოქმედებას ადამიანის წონა იწვევს; იგი აგრეთვე მოიცავს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დამზადებულ ხაფანგ-ნაღმებს, ანუ ნაღმებს, რომლებსაც გარეგნულად უწყინარი საგნის ფორმა აქვთ, ხოლო მათი ამოქმედება მსხვერპლის მიერ ხდება.

ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედება საქართველოში

საქართველო ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებას არ შეერთებია. მან სხვადასხვა სიტუაციებში მხარი დაუჭირა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გლობალურ აკრძალვას, რომელთაგან ერთ-ერთ უახლესს წარმოადგენს 2006 წლის მაისში გაკეთებული განცხადება: „საქართველო დარწმუნებულია, რომ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების უარყოფითი ზემოქმედება ბევრად აღემატება მათ საომარ ღირებულებას და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ამ საშიშროების შეზღუდვისა და აღმოფხვრის პროცესში“.2

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) სტატუსის გარშემო არსებული უთანხმოების შედეგად ორივე ერთეული - რომლებიც სახელმწიფოებად არ არიან აღიარებული - საქართველოსთან კონფლიქტში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ეს „გაყინული კონფლიქტებია“, რაც „არც მშვიდობის და არც ომის“ სიტუაციას შეიძლება შევადაროთ, „მრავალი წლის მანძილზე კონვენციასთან არშეერთების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ტერიტორიების არსებობა, რომელსაც სახელმწიფოს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს“ და მისგან გამომდინარე შედეგი - საქართველოს არ შეუძლია „შეასრულოს კონვენციით მოთხოვნილი ვალდებულებები“.

შენიშვნა!

ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად

- თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია გაანადგუროს, ან უზრუნველყოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ყველა მარაგის განადგურება რომელსაც იგი ფლობს ან მის ხელთაა, ან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ იმყოფება... ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად

- თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია გაანადგუროს, ან უზრუნველყოს ყველა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის განადგურება მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ დანაღმულ ტერიტორიებზე...

1996 წლიდან მოყოლებული საქართველომ ხმა მისაცა გაეროს გენერალური ასამბლეის ყველა რეზოლუციას, რომელიც მხარს უჭერდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვას, 2005 წლის 8 დეკემბრის 60/80 რეზოლუციის ჩათვლით. 2006 წლის მაისში მან ვალდებულება აიღო „მომავალშიც გააგრძელოს ამ საკითხისადმი მხარდაჭერა“.

საქართველო წარმოადგენს ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ 1980 წლის კონვენციის (CCW) და მისი თავდაპირველი II ოქმის მხარეს, მაგრამ მას არ მოუხდენია II შესწორებული ოქმის რატიფიცირება „იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც იგი ოტავის კონვენციას არ შეუერთდა“.

საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოს არასდროს უწარმოებია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, და მათი ექსპორტირება ან იმპორტირება არ მოუხდენია.

1996 წლის სექტემბრიდან საქართველოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.3 2006 წლის მაისში საქართველომ გააკეთა განცხადება, რომ „აღნიშნული დროის შემდეგ საქართველოს შესაბამისი ოფიციალური სტრუქტურები მტკიცედ იკავებენ თავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებისაგან“.4

არასახელმწიფო აქტორები

ნაღმების აკრძალვის მოძრაობის წინაშე მდგარ ერთ-ერთ გამოწვევას შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების (ასა) ჩართვა წარმოადგენს. შეფასებით ცნობილია, რომ დღეისათვის მსოფლიოში დაახლოებით 200 არასახელმწიფო აქტორი არსებობს, იქნება ეს აჯანყებულთა ჯგუფები, პარტიზანული დაჯგუფებები, განმათავისუფლებელი მოძრაობები თუ დეფაქტო მთავრობები.5 სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კონვენციების მსგავსად, ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებასთან შეერთების პროცესი მთლიანად სახელმწიფოზეა დამოკიდებული. არასახელმწიფო აქტორებს ხელშეკრულებების შემუშვებაში ან მასზე გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ; ასევე მათ არა აქვთ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება.

იმის გამო, რომ არასახელმწიფო აქტორები საერთაშორისო ხელშეკრულებების შემუშვებაში არ მონაწილეობენ, ისინი შესაძლოა სავალდებულოდ არ აღიარებდნენ ამ დოკუმენტებით დადგენილ დებულებებს. აქედან გამომდინარე, ნაღმების აკრძალვის კონვენციის შემთხვევაში, არასახელმწიფო აქტორებს შეუძლიათ გააგრძელონ ნაღმების გამოყენება, წარმოება, შეძენა, გადაცემა და დაგროვება, ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებისათვის იმ სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის მიუხედავად, სადაც ისინი მოქმედებენ.

„არასახელმწიფო აქტორი“

Geneva Call-ის მიერ ასა-ი განმარტებულია როგორც შეიარაღებული აქტორი სამეთაურო სტრუქტურით, რომლის მოქმედებაც სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარება და რომელიც საკუთარი პოლიტიკური/კვაზი-პოლიტიკური მიზნებისათვის ძალას იყენებს. ასეთ აქტორებს მიეკუთვნება შეიარაღებული ჯგუფები, პარტიზანული დაჯგუფებები, განმათავისუფლებელი მოძრაობები და დე-ფაქტო ან აუღიარებელი მთავრობები. ამ განმარტებიდან გამორიცხულია გასამხედროებული ჯგუფები, ვინაიდან ისინი, ვიწრო თუ ფართო გაგებით, სახელმწიფო აპარატთან არიან დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ამგვარ ჯგუფებზე პასუხისმგებლობა შეიძლება სახელმწიფოს დაეკისროს. ასევე გათვალისწინებული არ არის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება კრიმინალური ჯგუფების ან ინდივიდუალური პირების მიერ, რაც არ გამორიცხავს, რომ ასეთი აქტორების მიერ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებამ შესაძლოა პრობლემა შეუქმნას ზოგიერთ რეგიონს.

არასახელმწიფო აქტორების არსებობა სახელმწიფოთა მიერ ნაღმების სფეროში შემუშვებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება და უკუშედეგს იწვევს. ზოგ შემთხვევაში მთავრობები ნაღმების აკრძალვის კონვენციასთან შეერთებას უკავშირებენ მათი საზღვრების ფარგლებში მცხოვრები და მოქმედი არასახელმწიფო აქტორების მხრიდან ნაღმების აკრძალვის ვალდებულების აღებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ეს აქტორები აკონტროლებენ, რაც ართულებს, ან სულაც შეუძლებელს ხდის სახელმწიფოთა მიერ ხელშეკრულების საფუძველზე აღებული ვალდებულებების შესრულებას.

ნაღმსაწინააღმდეგო კონვენციის ვალდებულებათა შესრულების თვალსაზრისით ასევე უნდა აღინიშნოს მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც შედეგის სახით წარმოიშვებიან. პირველი, არასახელმწიფო აქტორებისათვის ნაღმების დადება ძნელია. რა თქმა უნდა მთავრობას ვერ ექნება ამ ნაღმების განლაგების მკაფიო სურათი, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არასახელმწიფო აქტორები, თავიანთი საბრძოლო ტაქტიკის გამო, ხშირად მათ ადგილმდებარეობას უცვლიან. გარდა ამისა, არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია ასეთი ნაღმების რაოდენობისა და სტრუქტურის შესახებ. მეორე, ნაღმების ამოღება ძნელია; არასახელმწიფო აქტორები ძირითადად იმპროვიზებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს (IED-ს) იყენებენ, რომელთა წარმოება იაფი ჯდება, მაგრამ მათი დეაქტივაციისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ადამიანური რესურსებია საჭირო. და ბოლოს, სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე იმის გარანტიას, რომ არასახელმწიფო აქტორები კვლავ არ დადებენ ახალ იმპროვიზებულ ნაღმებს. უფრო მეტიც, ეს ნათლად უჩვენებს, რომ შეიარაღებული ჯგუფები ართულებენ ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების ვალდებულებათა, განსაკუთრებით მე-5 მუხლის საფუძველზე აღებული ვალდებულების შესრულებას, რომელიც თითოეული მონაწილე სახელმწიფოსაგან მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ დანაღმულ ტერიტორიებზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების განადგურებას ან მათი განადგურების უზრუნველყოფას მოითხოვს.6

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ჭეშმარიტად საყოველთაო აკრძალვის მისაღწევად მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში არასახელმწიფო აქტორების ჩართვა. აკრძალვა, სადაც მხოლოდ სახელმწიფოები მონაწილეობენ, ნაღმების პრობლემას ვერ გადაჭრის. არასახელმწიფო აქტორები პრობლემის ნაწილს წარმოადგენენ; აქედან გამომდინარე, ისინი პრობლემის გადაჭრის ნაწილსაც უნდა წარმოადგენდნენ.

ეს არის Geneva Call-ის სულისკვეთება, რომელიც მან ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ძალზე მოკლე დროში განავითარა. 2000 წლიდან მოყოლებული Geneva Call-ი მხარს უჭერს გლობალურ დონეზე არასახელმწიფო აქტორების ჩართვას ნაღმსაწინააღმდეგო პროცესებში და ჰუმანიტარულ დიალოგში. იგი მათ უნიკალურ საშუალებას აძლევს საჯაროდ აიღონ ვალდებულება ნაღმების აკრძალვის სფეროში. Geneva Call-ი ცდილობს არასახელმწიფო აქტორებმა ნაღმების აკრძალვის სფეროში ვალდებულებები აიღონ, რისთვისაც იგი იყენებს უნიკალურ და ინოვაციურ მექანიზმს, რომლის სახელწოდებაა - „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საყოველთაო აკრძალვის დაცვის და ნაღმსაწინააღმდეგო სფეროში თანამშრომლობის ვალდებულებების აქტის შესახებ (აქტი ვალდებულებების შესახებ)“. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, არასახელმწიფო აქტორი საჯაროდ კისრულობს ვალდებულებას, რომ სრულიად აკრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, წარმოებას, შეძენას, გადატანასა და დაგროვებას, და თანხმდება, რომ ითანამშრომლებს ნაღმსაწინააღმდეგო პროგრამებში, რომელთა მიზანია მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ან მათი მოქმედების არეალში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა. ხელმომწერი ჯგუფები აგრეთვე თანხმდებიან სათანადო განკარგულებები გამოსცენ მეთაურებისა და რიგითებისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი ვალდებულებების იმპლემენტაცია და განმტკიცება და ვალდებულებათა დოკუმენტისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების იდეალების ერთგულებისაკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯია. ამ დოკუმენტის მეურვე რესპუბლიკის მთავრობაა და ჟენევის კანტონი.

არასახელმწიფო აქტორების მიერ ნაღმების აკრძალვის ნორმების დაცვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მთავრობებს შეუერთდნენ და დააკმაყოფილონ ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულება. 2002 წელს კოლუმბიის მთავრობამ გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც მიუთითებდა, რომ არასახელმწიფო აქტორების მიერ ნაღმების გამოყენების გამო მთავრობას გაუძნელდება ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება. შრი ლანკას მთავრობამ განაცხადა, რომ იგი დაეთანხმება ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვას იმ პირობით, თუ იგივეს გააკეთებს თამილ ეელამის განმათავისუფლებელი ვეფხვების ორგანიზაციაც. საქართველო ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებაზე შეერთებისაგან თავის შეკავებას არასახელმწიფო აქტორების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებით ხსნის, რაც, მთავრობის განცხადებით, ართულებს და პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის შეასრულოს ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების ვალდებულებები. მხოლოდ სახელმწიფოთაშორისი აკრძალვით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების პრობლემა ვერ გადაიჭრება. შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების, როგორც დამატებითი პროცესის ჩართვა, უაღრესად მნიშვნელოვანია დანაღმვის საყოველთაო აკრძალვის ნორმის მისაღწევად.

აფხაზეთი

აფხაზეთი საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო არ არის, ამიტომ იგი ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე მხარე ვერ გახდება. ოფიციალური პირები იზიარებენ ნაღმებთან დაკავშირებულ ჰუმანიტარული სახის მოსაზრებებს, მაგრამ პირდაპირ აცხადებენ, რომ ამ მომენტისათვის აფხაზეთი ვერ აკრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს. 2005 წლის მაისში დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „აფხაზეთმა დიდი დანაკლისი განიცადა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების შედეგად და იგი დაინტერესებულია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების კრიზისის გადაჭრით მთელ მსოფლიოში. ჩვენი პრობლემა ის გახლავთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი ომის მოლოდინის მუდმივი წნეხის ქვეშ ვცხოვრობთ. აფხაზეთი ვერ იტყვის უარს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებაზე, რადგან იგი მისი ძალების თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. როდესაც ჩვენ გვექნება საერთაშორისო გარანტიები, რომ ომი აღარ განმეორდება, მაშინ ჩვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადავდგამთ ოტავის კონვენციისაკენ“.7

აფხაზეთში ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების არსებობა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფქლიტის შედეგია, რომელსაც სეცესიურ რეგიონსა და საქართველოს შორის ჰქონდა ადგილი. ომისათვის „დამახასიათებელი იყო ფრონტის ხაზის გადაადგილება შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ - მდინარე გუმისთადან ჩრდილოეთით, ქალაქ სოხუმამდე და სამხრეთით, მდინარე ენგურამდე. დაინაღმა ვაკე ადგილები და ნაყოფიერი ხეობები, რათა გაეძლიერებინათ მდინარეების მიერ ბუნებრივად შექმნილი დაბრკოლებები“.8 2005 წელს ჰალო თრასტმა (აშშ-გაერთიანებული სამეფოს მესანგრეთა ორგანიზაციამ) დაასრულა განაღმვის ოპერაციები გალის რაიონში და სოხუმის მახლობლად, მდიანარე გუმისთას ხეობაში.9 დადასტურებულია, რომ ნაღმებითა და აუფეთქებელი ჭურვებით დანაგვიანებულია კოდორის ხეობაც.10 გასულ წლებში ჰალო თრასტი მიუთითებდა, რომ ხეობა-ში არსებული საფრთხისა და უკანონობის გამო შეუძლებელი იყო მოკვლევის ან განაღმვის ოპერაციების ჩატარება. თუმცა 2005 წლის დასასრულს ჰალო თრასტს ხეობის აფხაზთა მიერ კონტროლირებად ნაწილში შეუზღუდავი შესვლის უფლება მიეცა, სადაც მან ინტენსიური კვლევითი და დანაღმული ადგილების მონიშვნის სამუშაოები ჩაატარა.11

აფხაზურ ძალებს კვლავ აქვთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგი, თუმცა მისი ოდენობა და სტრუქტურა უცნობია. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგი ასევე შესაძლებელია ჰქონდეთ დსთ-ს სამშვიდობო ძალების რუსულ საინჟინრო დანაყოფებს. 2005 წლის განმავლობაში და 2006 წელს რომელიმე შეიარაღებული ძალის მიერ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა. 2005 წელს სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ „აფხაზეთში არსებობენ სპეციალური დანაყოფები, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან მინდვრების დასანაღმად თუ ეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის იქნება საჭირო“. მათ განაცხადეს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში აფხაზეთის შეიარაღბულ ძალებს დანაღმვის ოპერაციები არ განუხორციელებიათ.12 2006 წლის 21 ივნისს, დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა, სერგეი ბაგაფშმა განაცხადა, რომ დანაღმავდა საქართველოს საზღვარს, თუ ზონიდან გაიყვანდნენ რუს სამშვიდობოებს.13

ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებებზე პასუხისმგებელი რაიმე ეროვნული ორგანო აფხაზეთში არ არსებობს. ნაღმების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დაგეგმვა და ოპერატიული კოორდინაცია კვლავ აფხაზეთის ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის (AMAC) მიერ ხორციელდება, რომელიც ჰალო თრასტმა 1999 წელს დააარსა.14 ჰალო თრასტის საქმიანობის კოორდინირება საქართველოს პრეზიდენტის აფხაზეთში სპეციალური წარმომადგენლისა15 და აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის16 მეშვეობით ხორციელდება. ცენტრი ამზადებს ჩანაწერებს მოკვლევის, განაღმვისა და განაღმვის შემდგომი ყველა ოპერაციის შესახებ. ნათელი არ არის თუ რამდენად შეუძლია ცენტრს დამოუკიდებლად განახორციელოს ეს საქმიანობა. აფხაზეთში ყველა ცნობილი დანაღმული ველის განაღმვა პრიორიტეტული რიგითაა განსაზღვრული, სადაც განსაკუთრებული უპირატესობა დასახლებულ ადგილებთან ახლომდებარე ტერიტორიებს ენიჭება.17 სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ „პროგრამა ეფექტურად იქნა მიჩნეული, იგი კარგად წარიმართა და მისი მიმდინარეობის ფარგლებში 2007 წლის განმავლობაში აფხაზეთი ნაღმებისაგან უსაფრთხო ზონად უნდა გამოცხადდეს“.18

2005 წელს, ჰალო თრასტმა, ოთხი აფეთქების შედეგად 15 ახალი მსხვერპლი დააფიქსირა, 3 დაღუპულისა და 12 დასახიჩრებულის ჩათვლით. მსხვერპლთა შორის სულ ცოტა სამი ბავშვი იყო, აგრეთვე 5 სამხედრო პირი და ერთი ჰალო თრასტის მესანგრე. ეს, მსხვერპლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ზრდაა 2004 წელთან შედარებით, როდესაც ექვსი ადამიანი დასახიჩრდა.19

2005 წლის ნოემბერში გალის მკვიდრნი სატვირთო მანქანით სოფელ კოხორაში მიემგზავრებოდნენ, როდესაც ისინი ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდნენ; ორი მგზავრი მძიმედ დაშავდა და მათ პირველადი დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში გაუწიეს, ხოლო მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.20 აფხაზ ჯარისკაცთა ჯგუფმა საკუთარი საწყობიდან ჭურვი აიღო და ასაფეთქებელი მოწყობილობის სათევზაოდ გამოყენება გადაწყვიტა. აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაშავდა. კიდევ ორი შემთხვევა დაკავშირებულია ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმის გამო წამოჭრილ დავასა და გამოძალვასთან ოჩამჩირის რაიონში, სოფელ კოხორაში; შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, რომლებიც ნაღმის აფეთქებისას მოძრავ ტრაქტორზე ისხდნენ.21

2006 წლის მაისის მონაცემებით 2006 წელს ახალი მსხვერპლი არ დაფიქსირებულა. 1992-დან 2005 წლის ბოლომდე ჰალო თრასტმა დააფიქსირა 682 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმისა და აუმოქმედებელი ჭურვის აფეთქება, რომლის შედეგადაც 150 ადამიანი დაიღუპა და 532 დასახიჩრდა.22

სამხრეთ ოსეთი

სამხრეთ ოსეთიც აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებული არ არის, ამიტომ იგი ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე ვერ იქნება. სამხრეთ ოსეთში ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების არსებობა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფქლიტის შედეგია, რომელსაც სეცესიურ რეგიონსა და საქართველოს შორის ჰქონდა ადგილი. სამხრეთ ოსეთის ძალებს კვლავ აქვთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგი, თუმცა მისი ოდენობა და სტრუქტურა უცნობია. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მარაგი ასევე შესაძლებელია ჰქონდეთ დსთ-ს სამშვიდობო ძალების რუსულ საინჟინრო დანაყოფებს.

საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხრეთ ოსეთში ინჟინერ-მესანგრეთა დანაყოფი იყო განლაგებული, რომელმაც 1992 წლის დაპირისპირებისას დისლოკაციის ადგილი დატოვა, საწყობი გაიძარცვა და 3000 ნაღმი კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული ფორმირებებისა და მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდა.23 ამ ნაღმების გამოყენების ერთ-ერთ ფაქტს 2002 წლის მარტში ჰქონდა ადგილი, როდესაც სამხრეთ ოსეთში, ჯავის დასახლებიდან ჩრდილოეთით, 7 კილომეტრში, ტრანსკავკასიის გზატკეცილის გასწვრივ, შემთხვევით იპოვეს ასაფეთქებლად გამზადებული 23 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 20 კგ ტროტილი და 43 კგ ამონიტი.24

თუმცა 2004 წლის აგვისტოში, გარკვეული სამხედრო მოქმედებების განახლების შედეგად, სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების საშიშროება წარმოიშვა. ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება 2004 წლის აგვისტოში დაიდო, თუმცა ცალკეულ სროლებს აქ კვლავ აქვს ადგილი.25

ნაღმსაწინააღმდეგო მოქმეებებზე პასუხისმგებელი რაიმე ეროვნული ორგანო სამხრეთ ოსეთში არ არსებობს. დანაღმვის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას კვლავ უზრუნველყოფს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო

კამპანია (ICBL) და ეუთო (OSCE). 2004 წლის სექტემბერში ეუთომ შეშფოთება გამოთქვა „იმ ფაქტის გამო, რომ საქართველო და სამხრეთ ოსეთი, თავიანთი თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცების მიზნით, კონფლიქტურ ზონას ნაღმავენ“.26

2004 წლის სექტემბერში, შერეული სამშვიდობო ძალების საინჟინრო ოცეულმა დისტანციური ნაღმი აღმოაჩინა; დისტანციური ზონარი დიდი ლიახვის გასწვრივ იყო ჩადებული, ხოლო ასამოქმედებელი მოწყობილობა მდინარის მოპირდაპირე მხარეს, ქემერთის დასახლების მიმართულებით გამოდიოდა. განაღმვის სამუშაობის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომზადებული იყო 108 კგ ტროტილის ექვივალენტის დამანგრეველი მუხტი, რომელიც ქვის გროვაში იყო დამალული და დისტანციური ასაფეთქებელი ზონრით იყო აღჭურვილი. ასაფეთქებელი მოწყობილობა შერეული სამშვიდობო ძალების სპეციალისტებმა დროულად აღმოაჩინეს. თუმცა მეორე დღეს კონკრეტულ ადგილას აღმოჩენილ იქნა ახალი ასაფეთქებელი საშუალება.27 2004 წლის აგვისტოში, სოფელ კეხვთან, აფეთქების შედეგად შერეული სამშვიდობო ძალების ერთი რუსი და ერთი ოსი წარმომადგენელი დაიღუპა; დაიჭრა კიდევ ორი რუსი მშვიდობისმყოფელი.28

მხოლოდ 2004 წლის სექტემბერში სოფელ ქურთის საავადმყოფოში ნაღმის აფეთქების შედეგად 5 დაჭრილი მიიყვანეს; ოქტომბერში თბილისის საავადმყოფოში მიიყვანეს სატელევიზიო არხის, რუსთავი 2-ის ორი ჟურნალისტი და ერთი ბავშვი; ოქტომბერში სოფელ ერედვის ერთი მკვიდრი დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად.

2005 და 2006 წლებში ახალი მსხვერპლი დაფიქსირდა, მაგრამ ნაღმების აფეთქების შდეგად დაღუპულთა ან გადარჩენლთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2004 წლის აგვისტოდან 2005 წლის ბოლომდე ნაღმებზე აფეთქდა 22 ადამიანი, ხოლო 2006 წელს (აპრილიდან ოქტომბრამდე) - 6 ადამიანი.

ნაღმი აფეთქდა დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ კეხვში, რის შედეგადაც სოფლის მკვიდრნი, მამა და შვილი დაიჭრენ. როგორც ამბობენ, მამა რამდენიმე წუთის შემდეგ გარდაიცვალა.29 ამავე სოფლის კიდევ ერთმა მკვიდრმა ქვედა კიდური დაკარგა. სოფელი კეხვი დიდი ლიახვის ხეობის ბოლო სოფელია, რომელიც კონფლიქტის რეგიონს ესაზღვრება, სადაც მსგავსი ინციდენტები ხშირად ხდება.30

შერეული სამშვიდობო ძალების რუსეთის ბატალიონის ჯარისკაცმა ორივე ზედა კიდური დაკარგა და სახის სერიოზული დაზიანება მიიღო. ნაღმი მაშინ აფეთქდა, როცა ქართველი პოლიციელები და რუსი ჯარისკაცები ნაღმზე აფეთქებული გოგი კახნიაშვილის გვამის პოვნას ცდილობდნენ. აფეთქების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო ორმა ქართველმა პოლიციელმაც.31

იმის გამო, რომ ორივე მხარე როგორც იმპროვიზებულ, ისე ქარხნული წესით დამზადებულ ნაღმებს იყენებს, ნაღმებით გამოწვეულ ინციდენტებზე პასუხისმგებლობის დაკისრება რომელიმე მხარეზე ძნელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით „ბოლო წლებში სამხრეთ ოსეთის მხარე საქართველოს კონფლიქტური ზონის დანაღმვაში ადანაშაულებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ამგვარი განცხადება რეალობისგან შორსაა - საქართველოს შეიარაღებული ძალები და სხვა შესაბამისი სტრუქტურები მკაცრად იცავენ გამოცხადებულ მორატორიუმს“.

2005 და 2006 წლებში რომელიმე შეიარაღებული ძალის მიერ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სამშვიდობო პროცესი ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებების მეშვეობით

მიუხედავად იმისა, რომ ნაღმებს ზოგადად გადამწყვეტი მნიშვნელობის სამხედრო საშუალებად არ მიიჩნევენ და ამასთან მისთვის სასტიკი ჰუმანიტარული შედეგებია დამახასიათებელი, თითოეული არასახელმწიფო აქტორისათვის, რომელიც მას იყენებს, ნაღმი გარკვეულ მიზანს ემსახურება.32 იმის ცოდნა, თუ რატომ და როგორ იყენებენ ეს აქტორები ამ სახის იარღს, შესაძლებლობას მოგვცემს წარმატებული სტრატეგია შემუშავდეს ნაღმების აკრძალვაში მათ ჩასართავად. არასახელმწიფო აქტორების მიერ ნაღმების გამოყენებას მრავალ ასპექტში ისეთივე შედეგი აქვს, როგორიც სახელმწიფოს მიერ გამოყენებას. თუმცა როგორც ჩანს, არასახელმწიფო აქტორების ნაღმები სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ ნაღმებთან შედარებით უფრო ფართო არეალზე არიან განფენილი და ამასთან ერთად ისინი ნაკლებად ზრუნავენ, მონიშნონ ან რუკაზე დაიტანონ დანაღმული ადგილები. არასახელმწიფო აქტორების მიერ ნაღმების გამოყენების შეფასება ძნელია, რადგან ეს კონფლიქტის სიტუაციაში ხდება, ისეთ ტერიტორიებზე, სადაც განაღმვის პროცესები შეზღუდულია ან სულაც არ მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეებს ინციდენტების შესახებ განცხადებების გაკეთება ეშინიათ. გარდა ამისა, არასახელმწიფო აქტორების მიერ ნაღმების გამოყენება ძნელია განასხვავო თვით კონფლიქტის დროს გამოყენებული ნაღმებისაგან, სანამ კონფლიქტი არ დასრულდება და შესაძლებელი არ გახდება ინფორმაციის მოპოვება განაღმვის ოპერაციების მეშვეობით.

ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებით გამოწვეული უსასტიკესი შედეგების გამო ეროვნულ და საერთაშორისო დაწესებულებებს ევალებათ განაღმვის ოპერაციები განახორციელონ ტერიტორიებზე, სადაც არასახელმწიფო აქტორები მოქმედებენ და/ან სადაც მათი კონტროლი შესაძლებელია.33 დაზარალებული მოსახლეობისათვის განაღმვის ოპერაციათა მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ, შესაბამისმა მთავრობებმა უდაოდ უნდა შეუწყონ ხელი ასეთი ღონისძიებების ჩატარებას.

ჰუმანიტარული განაღმვის პროცესებში არასახელმწიფო აქტორების ჩართვის სარგებლობისა და გამოწვევების განსაზღვრისათვის და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვისა და ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებებში მათი წახალისების მიზნით, საჭიროა უფრო ღრმად იქნეს შესწავლილი არასახელმწიფო აქტორების მიერ აღნიშნულ პროცესებში დღეისათვის გაწეული ძალისხმევა კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში. მრავალ არასახელმწიფო აქტორს (ასევე სახელმწიფოებს) ნაღმების გამოყენების შედეგებზე გრძელვადიანი ხედვა არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ შეიარაღებულ არასახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციის გზები გამოძებნოს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების საკითხის კონტექსტში. კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგე მხარის დისკრედიტაციის მიზნით ხშირად ადანაშაულებენ მას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებაში, ვინაიდან ოტავის პროცესის შემდეგ ამ სახის იარაღის გამოყენება სამარცხვინო ლაქად ითვლება, თუმცა იმიტომაც, რომ ბუნებრივად „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი უკანონო იარაღად არის მიჩნეული“.34 აქედან გამომდინარე, არასახელმწიფო აქტორები, ისევე როგორც სახელმწიფოები, იშვიათად აღიარებენ, რომ ისინი მსხვერპლის მიერ აქტივირებული ტიპის იარაღს იყენებენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მხარი დავუჭიროთ ჩართულობის მიდგომას, რომელიც დაფუძნებული იქნება ზუსტ ინფორმაციაზე, რაც ხელს შეუწყობს შეიარაღბულ არასახელმწიფო აქტორების შორის ნაღმების აკრძალვის ვალდებულების გავრცელებას.

საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუძლიათ ამ პროცესის დაწყება და იმავდროულად მათი ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, საკუთარი ჰუმანიტარული მანდატის და შუამავლის შესაძლებლობების გამოყენება, რითაც ისინი:

  • ხელს შეუწყობენ ურთიერთობის დამყარებას შეიარაღებულ ჯგუფებს შორის და აგრეთვე ამ ჯგუფებსა და იმ აქტორებს შორის, რომლებსაც მათთვის იმპლემენტაციის პროცესში დახმარების გაწევა შეუძლიათ;

  • ხელსაყრელ გარემოს შექმნიან დიალოგისათვის, რომელშიც სახელმწიფოები და არასახელმწიფო აქტორები ჩაერთვებიან და იგი მიმართული იქნება მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჰუმანიტარული პრობლემების ჩართვისაკენ;

  • ნაღმების აკრძალვის კონცეფციას გაავრცელებენ არასახელმწიფო აქტორებისათვის მასალების მიწოდებით;

  • ცნობიერების ამაღლება არასახელმწიფო აქტორების ჩართვის მნიშვნელობის შესახებ.

ნაღმების გამოყენების აკრძალვა აგრეთვე დაკავშირებულია მშვიდობასთან, თუმცა უფრო სუსტი გზით. მაშინ როცა ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენებაზე უარის თქმა შესაძლოა ძალადობის აღკვეთის სულისკვეთებით ხდებოდეს, ნაღმების აკრძალვის ძირითადი მიზანი ომთან ასოცირებული ტანჯვის შემცირებაა. განმარტების თანახმად, ნაღმებს იყენებს ის, ვინც ომის გაგრძელებას ცდილობს. ამ სახის იარაღის აკრძალვის კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია უზრუნველყოს, რომ მტრულად დაპირისპირებულმა მხარეებმა ამ დაპირისპირებისას ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები არ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, ძალზე საგულისხმოა თავიდან იქნეს აცილებული სიტუაცია, სადაც მშვიდობის მიუღწევლობის შემთხვევაში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ნაღმების გამოყენება არ გაამართლონ ე.წ. „გარიგების“ საფუძველზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია „უზენაესი“ ხელშეკრულების დადება, რომელიც იმოქმედებს მაშინაც, როცა სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაირღვევა.

განაღმვა წმინდა ტექნიკური საქმიანობა არ არის - მას დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. შეიარაღებული კონფლიქტი რამდენიმე ფაზისაგან შედგება, სადაც განაღმვა უპირველეს ყოვლისა ითვლება ღონისძიებად, რომელიც მტრული დაპირისპირების დამთავრების შემდეგ, მშვიდობის დამყარების ან მშვიდობის მშნებელობის დროს ხორციელდება. მისთვის აუცილებელია ინფორმაციის გაცვლა, რაც ნდობის აღდგენის და ჰუმანიზაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია. ისეთ სიტუაციაში, როდესაც არც ომია (რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები სახეზე არ არის), მაგრამ არც ფაქტიური სამშვიდობო პროცესი მიმდინარეობს, განაღმვის ღონისძიებები მხარეებს კონკრეტულ საკითხზე ერთობლივი მუშაობის საშუალებას აძლევს. განაღმვის ღონისძიებები თავისთავად ნიშნავს მშვიდობისაკენ სწრაფვას. თუ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების აკითხზე შემოთავაზებული სქემის მიმართ უთანხმოება წარმოიშვება, მან შესაძლოა დაბრკოლება შეუქმნას ძირითად სამშვიდობო პროცესში პროგრესის მიღწევას. ამიტომ საჭიროა ამ ორი პროცესის სხვადასხვა კალაპოტით წარმართვა.

შეიარაღებული ჯგუფების კონტროლირებად ტერიტორიებზე განაღმვის და დაზარალებულთა დახმარების პროგრამების განხორციელებისათვის თანხმობის მიღება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისათვის ერთერთ პოტენციურ საშუალებას წარმოადგენს. იგი აგრეთვე „მოლაპარაკების შესახებ მოლაპარაკების დაწყების“ წინამორბედიცაა. სამშვიდობო შეთანხმებებში ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებების დებულებების ჩართვა ასევე მნიშვნელოვანია კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებისათვის - განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი შეთანხმება „ერთობლივი ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების“ შესაძლებლობას ითვალისწინებს. ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებას შეუძლია წვლილი შეიტანოს ნორმალური გარემოსა და მშვიდობიანი ატმოსფეროს ჩამოყალიბებაში. განაღმვის ღონისძიებები სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნიან, რამაც შეიძლება ყოფილ მეომრებს ხელი ააღებინოს იარაღის კვლავ გამოყენებაზე. მხარეებისათვის თანამშრომლობის შესაძლებლობის უზრუნველყოფით (მაგალითად, მარაგების განადგურებაში ან განაღმვის ჰუმანიტარული მოქმედების ერთობლივი გადაწყვეტის ძიებაში) ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებამ შესაძლოა შერიგებასაც შეუწყოს ხელი.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ გამჭვირვალებას და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და თემებთან ერთობლივ მუშაობას; მათ უნდა იმოქმედონ მიუკერძოებლად, რათა უზრუნველყონ, რომ ნაღმსაწინააღმდეგო ღონსძიებები კი არ აბრკოლებდნენ, არამედ ხელს უწყობდნენ სამშვიდობო პროცესს; ისინი პოზიტიურად უნდა გამოეხმაურონ არასახელმწიფო აქტორების მოთხოვნებს ჩართულ იქნენ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმგვარად, რომ არ შეილახოს ორგანიზაციის მიუკერძოებლობა და ჰუმანიტარული მანდატი; და ფოკუსირებულნი უნდა იყვენ დაინტერესებულ მხარეთა დახმარებაზე, რომლებსაც მოლაპარაკებების გაღრმავება შეუძლიათ.

ამ საკითხთა შუქზე შეიძლება დავასკვნათ, რომ Geneva Call-ის ვალდებულებათა დოკუმენტის ხელმოწერის მეშვეობით35 არასახელმწიფო აქტორების ნაღმების აკრძალვასა და ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართვა დადებით გავლენას იქონიებს ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების იმპლემენტაციის და მისი საყოველთაო დონეზე ამოქმედების პროცესში. მონაწილე სახელმწიფოებში არასახელმწიფო აქტორების მიერ ამ გზით ნაკისრი ვალდებულებები მონაწილე სახელმწიფოს ხელს შეუწყობს მის მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები.36 მაგალითად, თუ ხელმომწერი არასახელმწიფო აქტორი იღებს ვალდებულებას, რომ გაანადგურებს მის ხელთ არსებული ნაღმების მთელ მარაგს და განაღმავს მისი დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიას.

ანალოგიურად, იქ სადაც არასახელმწიფო აქტორის არსებობა სახელმწიფოს ხელს უშლის შეუერთდეს კონვენციას, რადგან თავს იკავებს იარაღის დაყრისაგან, მაშინ როცა აჯანყებულთა ჯგუფს კვლავ იარაღი უპყრია ხელთ, ამ უკანასკნელის მიერ ნაღმების გამოყენების აკრძალვის ვალდებულების აღებით შესაძლოა სახელმწიფომ აზრი შეიცვალოს და ხელი მოაწეროს ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებას. ასეთი შედეგი სახეზეა სუდანში. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა ნაღმებს იყენებს ორივე - მთავრობა და არასახელმწიფო აქტორი, და მათი აკრძალვის ცალმხრივი გამოცხადების შესაძლებლობა არც ერთი მხრიდან არ შეინიშნება, ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებისა და GENEVA CALL-ის „ვალდებულებების შესახებ აქტის” გამოყენებით შესაძლოა ეს ჩიხური სიტუაცია დაძლეულ იქნეს.37

მსოფლიოს ნაღმებისაგან გასაწმენდად საჭიროა პროცესში ჩაერთოს და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ყველამ, ვინც ნაღმს იყენებს. ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულება სახელმწიფოებს ასეთი ვალდებულების აღების საშუალებას აძლევს, ხოლო იგივეს სთავაზოს GENEVA CALL-ი შეიარაღებულ არასახელმწიფო აქტორებს. ორივე დონეს სჭირდება მხარდაჭერა და განმტკიცება, თუ ჭეშმარიტად გვსურს მივაღწიოთ ჩვენს საბოლოო მიზანს - ნაღმებისაგან თავისუფალ სამყაროს.

____________________

1. ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით გამოწვეული მსხვერპლის შეფასება - მსხვერპლი, რომელიც დაიღუპა ან დასახიჩრდა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების, ტრანსპორტსაწინააღმდეგო ნაღმების, იმპროვიზებული ასაფეთქებელი მოწყობილობების და აუფეთქებელი ჭურვების (UXO) მოქმედების შედეგად; Landmine Monitor-ის ანგარიში 2003 წ., გვ. 38-39

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გიორგი დოლიძის განცხადება; კონვენციის ძირითადი სტატუსისა და საქმიანობის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ჟენევა, 2006 წლის 8 მაისი, გვ. 1.

3. მორატორიუმი პრეზიდენტმა შევარდნაძემ 1996 წლის სექტემბერში, გაეროში გამოაცხადა და მას შემდეგ იგი მრავალმა ოფიციალურმა პირმა გაიმეორა. იხ. Landmine Monitor-ის ანგარიში1999 წ., გვ. 792 და ეუთოს ვერბალური ნოტა, 2001 წლის 17 იანვარი.

4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, გიორგი დოლიძის განცხადება; კონვენციის ძირითადი სტატუსისა და საქმიანობის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ჟენევა, 2006 წლის 8 მაისი, გვ. 2.

5. „შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების მონაწილეობა ნაღმების პრობლემაში“, ავტორი: ანკი სიობერგი, 2004 წლის 29 ნოემბერი-3 დეკემბერი. „არასახელმწიფო აქტორი”

6. ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების 5(1) მუხლი: „თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია გაანდაგუროს, ან უზრუნველყოს ყველა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმის განადგურება მისი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფ დანაღმულ ტერიტორიებზე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს დროში, მაგრამ არაუგვიანეს ათი წლის განმავლობაში ამ მონაწილე სახელმწიფოში კონვენციის ძალაში შესვლიდან”.

7. ინტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი შამბასთან, სოხუმი, 2005 წლის 23 მაისი. სამხედრო პირები მსგავს განწყობას გამოეხმაურენ: „აფხაზეთში ნაღმები მისი სამხედრო პერსონალის დაცვის მიზნით გამოიყენება და ამ მომენტისათვის ჩვენ უარს ვერ ვიტყვით ამ იარაღის გამოყენებაზე“. ინტერვიუ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ზაიცევთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, პოლკოვნიკ გარი კუპალბასთან, სოხუმი, 2005 წლის 24 მაისი.

8. იხ. Landmine Monitor-ის ანგარიში, გვ. 933-934.

9. ჰალო თრასტი (HALO Trust), „ჰალო თრასტის განაღმვის პროგრამა აფხაზეთში, მოხსენება საქმიანობის შესახებ“, გვ. 2, 9.

10. „ჰალო აფხაზეთი 2005, განახლებული“, 2006 წლის თებერვალი, მოწოდებულია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დევიდ მაკმაჰონის მიერ, პროგრამის მენეჯერი, ჰალო თრასტ აფხაზეთი, 2006 წლის 21 თებერვალი. ამ ტერიტორიის დაბინძურებაზე მანამდე საყვედურს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გამოთქვამდნენ. იხ. Landmine Monitor-ის ანგარიში, გვ. 934.

11. „ჰალო აფხაზეთი 2005, განახლებული“, 2006 წლის თებერვალი; მოწოდებულია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მეთიუ ჰოველის მიერ, კავკასიისა და ბალკანეთის განყოფილების უფროსი, ჰალო, შოტლანდია, 2006 წლის 24 აპრილი.

12. ინტერვიუ გენერალ-ლეიტენანტ ანატოლი ზაიცევთან (თავდაცვის სამინისტრო) და პოლკოვნიკ გარი კუპალბასთან (თავდაცვის სამინისტრო), სოხუმი, 2005 წლის 24 მაისი. აფხაზეთმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება ბოლოს 2002 წელს აღიარა. იხ. Landmine Monitor-ის ანგარიში, 2004 წ., გვ. 1180.

13. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში რუს სამშვიდობოებს ალტერნატივა არა ჰყავთ, ხოლო თუ ქართველები კვლავ გააგრძელებენ მათი გაყვანის მოთხოვნას, აფხაზეთი გამოვა მოლაპარაკებებიდან. მან განაცხადა, „მე გარწმუნებთ, რომ საზღვრისადმი დამოკიდებულება განსხვავებული იქნება დღევანდელი დამოკიდებულებისაგან. საზღვარი 100 პროცენტით დაინაღმება... საერთაშორისო წესების შესაბამისად“. (თარგმნა lendmain monitorma) www.regnum.ru/news/660767.html. ნაღმების გამოყენების შესახებ გაკეთებული რემარკა დაადასტურა კიდევ ერთმა აფხაზმა ოფიციალურმა პირმა, პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კრისტიან ბჟანიამ. ელექტრონული შეტყობინება აფხაზეთის ნაღმების აკრძალვის კამპანიიდან (Abkhazian Campaign to Ban Landmines), 2006 წლის 4 ივლისი. აფხაზეთის პრეზიდენტის რემარკა გააჟღერა ქართულმა მედიამაც. იხ. news.gpb.ge/english/det. html?id = 3178&dateg=21-06-2006.

14. იხ. Landmine Monitor-is angariSi, 2005, გვ. 934-935.

15. ჰალო თრასტის პასუხი Landmine Monitor-ის კითხვარზე, 2006 წლის 26 თებერვალი.

16. ელექტრონული შეტყობინება მეთიუ ჰოველისაგან, ჰალო თრასტი, შოტლანდია, 2006 წლის 24 აპრილი.

17. იხ. ლენდმაინ მონიტორი მოხსენება, 2005, გვ. 934-935.

18. ელექტრონული შეტყობინება მეთიუ ჰოველისაგან, ჰალო თრასტი, შოტლანდია, 2006 წლის 24 აპრილი.

19. იხ. Landmine Monitor-ის ანგარიში, 2005, გვ. 937.

20. „ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა გალის რაიონში“, პრაიმ-ნიუსის სტატიის სათაური (თბილისი), 2005 წლის 16 ნოემბერი.

21. ელექტრონული შეტყობინება დევიდ მაკმაჰონისაგან, ჰალო თრასტი, აფხაზეთი, 2006 წლის 4 მაისი.

22. „ჰალო თრასტის განაღმვის პროგრამა აფხაზეთში, მოხსენება საქმიანობის შესახებ 2005 წელს“, 2006 წლის მარტი, გვ. 7.

23. „ცხინვალის კონფლიქტის ზონა“, ICBL GC-ის პუბლიკაცია „ნაღმების ომი“, 1999 წ.

24. მაიკლ ვიგნანსკი, თბილისი, 2002 წლის 22 მარტი, www.vremya.ru/2002/50/5/21047.html.

25. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, დოლიძის განცხადება; კონვენციის ძირითადი სტატუსისა და საქმიანობის მუდმივმოქმედი კომიტეტი, ჟენევა, 2006 წლის 8 მაისი, გვ. 2.

26 „ეუთო შეშფოთებას გამოხატავს საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ზონის დანაღმვის გამო“, ინტერფაქსი (თბილისი), 2004 წლის 10 სექტემბერი.

27 „სამხრეთ ოსეთში აღმოაჩინეს 100 კგ ტროტილის სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა“, „აფეთქება მოხდა სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 2004 წლის

27 სექტემბერი, http://www.regnum.ru/news/331634.html%D0%92; ,,ახალი ამბები სამხრეთ ოსეთიდან” http://www.iryston.com/28-09-2004.htm.

28 ,,საქართველო-ოსეთის კონფლიქტის ზონაში ორი მშვიდობისმყოფელი და ერთი ბავშვი დაიღუპა ნაღმის აფეთქების შედეგად”, 2004 წლის 1 სექტემბერი, www.day.az/news/georgia/12163.html; www.day.az/news/georgia/12163.html.

29 „კონფლიქტის ზონაში ერთი ადამიანი დაიღუპა აფეთქების შედეგად“, 26.10.06. http://rustavi2.com/news-text.php?id-news=17960&im=main&ct=25.

30. „ერთი ადამიანი დაიჭრა ნაღმის აფეთქების შედეგად“, 09.10.06, http://rustavi2.com/news-text.php?id-news=17716&im=main&ct=25.

31. „რუსი ჯარისკაცი აფეთქებას გადაურჩა“, 17.06.05, http://rustavi2.com/news-text.php? id-news=11330&im=main&ct=25

32. „ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების პრობლემაში შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების ჩართვა: მოწოდება მოქმედებისაკენ“, დასკვნითი მოხსენება, ავტორი: ანკი სიობერგი, GENEVA CALL (2004).

33. ნაირობის სამოქმედო გეგმის 46-ე ღონისძიება აცხადებს, რომ მონაწილე სახელმწიფოები, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ, „გააგრძელებენ დახმარების გაწევას განაღმვის ოპერაციებში შეიარაღბული არასახელმწიფო აქტორების კონტროლირებად ტერიტორიებზე დაზარალებული მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებენ არასახელმწიფო აქტორები რომლებმაც კონვენციის ნორმების დაცვის ვალდებულება იკისრეს“. http://www.gichd.ch/fileadmin/pdf/mbc/MSP/6MSP/Nairobi-Action-Plan.pdf; 2006 წლის 27 მარტის შეფასება.

34. ჰარპიკენი, კრისტიან ბერგი და ბერნტ ა. სკარა. „ჰუმანიტარული ნაღმსაწინააღმდეგო მოქმედებები და სამშვიდობო ოპერაცია: ურთიერთობების კვლევა“, Third World Quarterly 24.5 (2003): გვ. 813.

35. შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების მხრიდან ნაღმების აკრძალვა შესაძლოა მოხდეს ცალმხრივი ან შესაბამის მთავრობასთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, თუმცა ამ სახის დეკლარაციები და შეთანხმებები ყოველთვის არ შეიცავენ დებულებებს, რომლებიც ნაღმსაწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართვას მოითხოვენ, როგორც ეს ,,ვალდებულებების შესახებ აქტში” გათვალისწინებულია. (შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების ზემოქმედება ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებაზე, GENEVA CALL-ის კვლევები და ანალიზი; ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა მე-7 შეხვედრაზე წარდგენილი სამუშაო დოკუმენტი, ჟენევა, 2006 წლის 18-22)

6 ,,[სახელმწიფოები, რომლებსაც ეს ხელეწიფებათ, გააგრძელებენ]... დახმარების გაწევას ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებში შეიარაღბული არასახელმწიფო აქტორების კონტროლირებად ტერიტორიებზე დაზარალებული მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებენ აქტორების, რომლებმაც კონვენციის ნორმების დაცვის ვალდებულება იკისრეს”. ღონისძიება №46, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით გამოწვეული ზიანის აღკვეთა: ნაირობის სამოქმედო გეგმა 2005-2009 (შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების ზემოქმედება ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულებაზე, GENEVA CALL-ის კვლევები და ანალიზი; ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა მე-7 შეხვედრაზე წარდგენილი სამუშაო დოკუმენტი, ჟენევა, 2006 წლის 18-22)

37. ამგვარი შესაძლებლობა ახლახან ასახულ იქნა ევროპის პარლამენტის რეზოლუციაში შრი ლანკას შესახებ, რომელიც 2006 წლის მაისში იქნა მიღებული, სადაც ორივე მხარეს (მთავრობას და LTTE-ის) მოუწოდებენ, „დაუყოვნებლივ გამოხატონ კეთილი ნება, შეწყვიტონ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება და ხელი შეუწყონ მათ ამოღებას“. ამასთან ევროპარლამენტი მიაჩნევს, რომ „ამ მიზნით შრი ლანკას მთავრობამ მაგალითი უნდა უჩვენოს, მის მიერ ოტავის კონვენციის ხელმოწერის, ხოლო LTTE-ის მიერ ,,აქტი ვალდებულებების შესახებ” ხელმოწერის გზით“ (შეიარაღებული არასახელმწიფო აქტორების ზემოქმედება ნაღმების აკღძალვის ხელშეკრულებაზე, GENEVA CALL-ის კვლევები და ანალიზი; ნაღმების აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა მე-7 შეხვედრაზე წარდგენილი სამუშაო დოკუმენტი, ჟენევა, 2006 წლის 18-22 სექტემბერი).

10 კონფლიქტი აფხაზეთში - არსებული მდგომარეობა და პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


ვახტანგ ყოლბაია
ფონდი ,,კავკასიური დიალოგი, გამგეობის წევრი

კავკასია ის ადგილია, სადაც მსოფლიოს წამყვანი ძალების ინტერესთა დაპირისპირება მწვავე ხასიათს ატარებს, ხოლო მისი მრავალეთნიკური და მრავალკონფესიურობა ანტაგონიზმის შესაძლებლობებს ერთი ორად ზრდის.

მტკივნეული და რთული შიდა კონფლიქტები საფრთხის ქვეშ აყენებენ არა მარტო კონკრეტული ხალხის, არამედ მთელი სოციალურ-ეთნიკური ჯგუფების ინტერესებს. მყიფე ეროვნული პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა ხელს უშლის ამ რეგიონის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია მათი გადაჭრით და ცდილობს იპოვოს ოპტიმალური სამართლებრივი გზა შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლისათვის. მით უმეტეს, რომ დღევანდელ მსოფლიოში უკვე არ არსებობენ ლოკალური, ,,სხვისი” კონფლიქტები. იმდენად მნიშვნელოვანი და მზარდია ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე დონე, რომ თითქმის ნებისმიერი საშიშროება გლობალურ მნიშვნელობას იძენს.

ევროპული პოლიტიკისათვის დღეს უფრო ცნობილია ე.წ. სამხრეთკავკასიური ფორმატი ან მცირე სამხრეთკავკასიის ფორმატი.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შავი ზღვისპირზე, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთში იკვეთება რუსეთის ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2004 წლის მაისში ,,ვარდების რევოლუციის” შედეგად, უშუალო კონტროლი დაკარგა აჭარაზე, მარცხი განიცადა მისმა პოლიტიკამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, ის ცდილობს თავისი ძალისხმევის კონცენტრირება ,,აფხაზურ კვანძზე” მოახდინოს.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ოსი და აფხაზი ეთნოსის ინტერესების ჩართვა ახალგაზრდა სახელმწიფოს მშენებლობაში, მოხდა კი პირიქით - მათი გაუცხოება.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ ბოლომდე ვერ გათვალა საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა, საკუთარი რესურსები, წამოეგო პროვოკაციას და ჩათრეულ იქნა ფართომასშტაბიან სამხედრო დაპირისპირებებში, რომლებიც სავალალო შედეგით დასრულდა - ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს დროებით მოწყვეტილი ტერიტორიები, სამას ათასზე მეტი დევნილი, ათასობით დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანი.

ამას ემატება ისიც, რომ იმ დროისათვის დასავლეთის ქვეყნების მთელი ყურადღება გადატანილი იყო ბალკანეთის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტებზე, რამაც ფაქტობრივად რუსეთს მისცა საშუალება - თავისი ინტერესების შესაბამისად ემართა კონფლიქტები საქართველოში და გადაეწყვიტა შეირაღებული დაპირისპირებები მისთვის სასურველი შედეგით.

პოსტსაბჭოურ სივრცეზე არის 4 გაყინული კონფლიქტი. ამ კონფლიქტების გაყინვაზე თანხმობა ნიშნავს, რომ თანამეგობრობა შეეგუა არსებულ სტატუს-კვოს, რაც ჩემის აზრით, არ გახლავთ პრაგმატული მიდგომა საკითხისადმი, რადგანაც ის მთლიანად აისახება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.

რუსეთს აწყობს ამ და სხვა მსგავსი კონფლიქტების ,,გაყინული” მდგომარეობა. მას, ერთი მხრივ, არ სურს ცნოს აფხაზეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო, რადგანაც, მას შეიძლება მოჰყვეს მსგავსი სეპარატისტული გამოხდომები რუსეთის შიდა ავტონომიებში, ამასთან მას არ ძალუძს დაკარგოს კონტროლი ამ რესპუბლიკაზე, ვინაიდან ეს საშიშროებას წარმოადგენს მოქმედი პოლიტიკური რეჟიმისათვის.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ რუსეთს თავისი სერიოზული ინტერესები გააჩნია კავკასიაში და, ამდენად, დღეს უკვე თანამედროვე მსოფლიოში ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის გარემოება, რომ საქართეელოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში ის (რუსეთი) ვერ იქნება მიუკერძოებელი მედიატორი. ამ აზრს კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მიერ საქართველოსა და რუსეთში მყოფი ეთნიკური ქართველების მიმართ გატარებული, თანამედროვე ევროპაში ბოლო 60 წლის მანძილზე უპრეცედენტო დისკრიმინაცია, რომელსაც ევროპის საბჭოსა და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების მხრიდან მოჰყვა ადეკვატური რეაგირება.

ოფიციალურად რუსეთის ფედერაცია აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და იურისდიქციას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აფხაზეთის ტერიტორიების ჩათვლით, მაგრამ დღეს რეალურად დე-ფაქტო აფხაზეთი კიდევ ერთი დოტაციური სუბიექტი გახლავთ რუსეთის სამხრეთში. აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობა დღეს უკვე რუსულ პასპორტებს ფლობს, ხოლო აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ცხოვრება და როგორც ლეგალური ასევე არალეგალური ეკონომიკა, თითქმის მთლიანად ორიენტირებულია მოსკოვზე და დამოკიდებულია მის ნებაზე.

ჯერჯერობით აფხაზური მხარე ზედმიწევნით ცდილობს საკუთარი ინტერესები სრულად შეუსაბამოს რუსეთის ინტერესებს. რუსეთიც ამას ზედმიწევნით კარგად იყენებს, ხედავს რა საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებისაკენ.

ამიტომაც რუსეთის პოლიტიკური ელიტის ნაწილი არ ზოგავს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს არსებული სტატუს-კვო აფხაზეთის ტერიტორიაზე.

აფხაზეთში აკრძალულია ქართული სკოლები, მიუხედავად იმისა, რომ ქართული და სომხური მოსახლეობა თანაბარი რაოდენობითაა, სომხური სკოლები ნებადართულია, ხოლო ქართული - აკრძალული. გალის რაიონის სკოლებში შეზღუდულია ქართული ენის სწავლება, პროგრამებიდან ამოღებულია საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

რამდენიმე ხნის წინ გაეროსა და ეუთოს ერთობლივი მისიის მიერ გალის რაიონში ჩატარებული ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მასალებში დაფიქსირებულია, რომ აფხაზეთში უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ დეკლარირებული უფლებები (სიცოცხლის ხელყოფა, ტყვედ აყვანა, ადამიანების გატაცება მათთვის ფულის გამოძალვის მიზნით, მონურ სამუშაოებში გამოყენება, მშობლიური (ქართული) ენის აკრძალვა, მონოეთნიკური (აფხაზური) მმართველობა და ა.შ.).

აღსანიშნავია, რომ ხსენებული მონიტორინგი ჩატარდა აფხაზური მხარის მონაწილეობით. დაფიქსირდა, რომ ამ მხრივ გალის რაიონში შემაშფოთებელი მდგომარეობაა. შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები, რომლებშიც განსაზღვრული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მოვალეობებიც, მაგრამ ჩვენი მხარის მრავალმხრივი მცდელობის მიუხედავად დღემდე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა - არ მომხდარა გაეროს ოფისის გახსნა; კვლავაც დახურულია ქართული სკოლები, სხვა სკოლებში კი აკრძალულია საქართველოს გეოგრაფიისა და ისტორიის სწავლება, არ შესრულებულა ბევრი სხვა რეკომენდაცია.

თუკი აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 1993 წლამდე ფუნქციონირებდა 320 სკოლა, მათ შორის: ქართული - 157, რუსული - 33, ორივეში 83 200 მოსწავლით, აფხაზური - 48, სომხური - 45, შერეული - ქართულ-აფხაზური და ქართულ-რუსული - 68; გალში ომამდე იყო 59 სკოლა: 1 - აფხაზურ-ქართული, 3 - რუსული, 4 - შერეული - ქართულ-რუსული, დანარჩენი 51 - ქართული, დღევანდელი მდგომარეობით აფხაზეთში ფუნქციონირებს სულ 162 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, მათ შორის: აფხაზური - 63, რუსული - 51, სომხური - 39, აფხაზურ-რუსული - 17, რუსულ-სომხური - 1. როგორც ხედავთ, არც ერთი ქართული სკოლა არ არის.

აფხაზეთიდან დევნილი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რაოდენობაა /2006 წლის 1 სექტემბერი/ სულ - 24. მათ შორის, ზუგდიდში - 8, რუსთავში - 1, ქუთაისში - 2, ჩხოროწყუში - 1, ბორჯომში - 1 დაწყებითი, კოდორის ხეობაში - 3, საშუალო, 6 დაწყებითი, თბილისში - 3.

გაუმართლებლად გაჭიანურდა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეკომენდებული, სოხუმის რეჟიმის მიერ ადრე ნებადართული ადამიანის უფლებების დაცვის სოხუმის ოფისის გალის ფილიალის გახსნა. ეს ფაქტორი უეჭველად ხელს უშლის გალის რაიონში პერმანენტულად მიმდინარე მკვლელობების, გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებასა და ყაჩაღობასთან კოორდინირებულ ბრძოლას.

ყველასათვის ცნობილია, რომ უკონტროლო ტერიტორია კრიმინალური დაჯგუფებების, საქართველოს სხვა ტერიტორიებიდან ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავეების თავშესაფრად იქცა, იქ მიმდინარეობს დიდი ოდენობით იარაღითა და ტყვია-წამლით ვაჭრობა; ყოველდღიურად ხდება სატრანსპორტო საშუალებების დაყაჩაღება და გატაცება; მოსახლეობის ტერორის ქვეშ ყოფნა და ყოველდღიური ძარცვაგლეჯა; სისტემატურად ხდება ადამიანთა გატაცება (ხშირ შემთხვევაში მათი სიცოცხლის ხელყოფით) ფულის გამოძალვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ყველა ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედების უკან გალის სამართალდამცავი ორგანოების მუშაკები და რაიონის ადმინისტრაცია დგას. ახალგაზრდობა მასობრივად გადასულია ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაზე - გალის ენგურისპირა ტერიტორია ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების ზონად იქცა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მსურს შევაჩერო ყურადღება, ესაა, გაეროს ადგილი და როლი აფხაზეთში, საქართველოს კონფლიქტის მოწესრიგებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეთვალყურეთა მისია საქართველოში დაფუძნდა 1993 წლის 24 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით. კონფლიქტის შეარაღებული ფაზა აფხაზეთში დასრულდა 1993 წლის სექტემბერში.

მანდატი დღემდე ხორციელდება.

1994 წელს ხელი მოეწერა ყველა იმ ძირითად დოკუმენტს, მათ შორის ,,ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმებას, რომლებმაც შექმნეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ფორმატი. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტებიდან შესრულებულია ერთადერთი მუხლი - დაპირისპირებულ მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ამ პუნქტთან დაკავშირებითაც, თუ ბოლომდე ობიექტური ვიქნებით, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ შეიარაღებული დაპირისპირებიდან 9 თვის განმავლობაში, მანამ, სანამ 1994 წლის ივნისში მდ. ენგურზე გაეროს ეგიდით დსთ-ის (ფაქტობრივად რუსეთის) კოლექტიური სამშვიდობო ძალები განლაგდებოდნენ, კონფლიქტის მხარეებს შორის რაიმე სერიოზულ დაპირისპირებას ადგილი აღარ ჰქონია და რუსული მხარის მტკიცებას კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დამკვიდრების საკითხში სამშვიდობო ძალების დამსახურების შესახებ რამდენამდე ობიექტური და სერიოზული არგუმენტი არ გააჩნია. სამწუხაროდ, შეიძლება მოყვანილ იქნეს უამრავი საპირისპირო ფაქტი და ამის შესახებ კონფერენციაზე უკვე ითქვა, რომ სწორედ სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში 12 წლიანი ყოფნის პერიოდში იქ დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობა1700-ს აჭარბებს. დსთ-ის მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალები მანდატით გათვალისწინებულ ამოცანებს საერთოდ არ ასრულებენ ან ასრულებენ მიკერძოებულად, რაც აბრკოლებს მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, ქართულაფხაზური ურთიერთობების მოწესრიგებას, კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრაქტიკის საფუძველზე. ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის 2006 წელს სამი დადგენილების ძირითადი სულისკვეთება იყო, პარლამენტის მიერ დადგენილ ვადებში, სამშვიდობო ძალების მიერ ოპერაციების შეწყვეტის მოთხოვნისთანავე საქართველოს მთავრობას მიეღო ადეკვატური ზომები საქართველოს ტერიტორიიდან შესაბამისი მანდატით მოქმედი რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების უმოკლეს ვადებში გასაყვანად.

საქართველოს ოფიციალური კურსი, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანის გადაჭრისკენაა მიმართული, საზოგადოებისა და ძირითადი პოლიტიკური ძალების მხრიდან ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს, სუვერენული და სახელმწიფოსა და ხალხის მკაფიო პოლიტიკურ ნებად ჩამოყალიბდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და ორგანიზაციების სრული მხარდაჭერა დაიმსახურა.

საქართველომ აუცილებლად უნდა მიაღწიოს რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონებიდან გაყვანას, მაგრამ ამას უნდა მიაღწიოს რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების, სხვა ეფექტური მექანიზმის შექმნისა და ამოქმედების პარალელურად. სანამ აფხაზ მოსახლეობას იმის განცდა ექნებათ, რომ ისინი დაუცველი არიან, რუსეთი მათთვის სასურველი სცენარით მოვლენების განვითარებას მოახერხებს.

რუსული კონტიგენტის კონფლიქტის ზონაში ყოფნა არ შეიძლება თვითმიზანი იყოს. ამ ძალების ყოფნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ რუსეთი ამავდროულად მხარს დაუჭერს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგების ღონისძიებებს, როგორც ეს საქართველოს დასავლელ პარტნიორებს - აშშ-ს და ევროსაბჭოს წარმოუდგენიათ.

უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს როლი აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირებაში ამ ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შესუსტდა, ამას ვამბობ როგორც ექსპერტი, რომელმაც კარგად იცის საკითხი და არა როგორც პოლიტიკოსი. გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაც, ჩემი აზრით, ამაზე მეტყველებს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ გაერო არ არის ის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს იმპერატიული ტონი კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან მიმართებაში. ის რეკომენდაციები აძლევს მხარეებს, მისი წევრი ქვეყნების, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრების ნების გათვალისწინებით; ამ უკანასკნელებს კი აქვთ უფლება დაბლოკონ მათთვის არა სასურველი საკითხი.

გაეროს ბოლო რეზოლუციამ გვიჩვენა, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებაში ხდებოდეს გაეროს რეზოლუციის ყველა პუნქტის ანალიზი, შემდგომ რეზოლუციებში არაობიექტურობისა და შეცდომების თავიდან აცილების მიზნით.

ამასთან უპრიანი იქნებოდა რეზოლუციის შესრულებას მოჰყვებოდეს მკაცრი მონიტორინგი მისი პუნქტობრივ შესრულებაზე. დღეს კი ე.წ. მედიატორი რუსეთი მიგვითითებს, რომ საქართველო ვალდებულია შეასრულოს ის მუხლი, რომელიც კოდორის ხეობიდან სამხედრო შენაერთების გაყვანას ეხება. ამავე დროს კი, უკვე 13 წელია რეზოლუციიდან რეზოლუციაში, ზემოთ ხსენებული რეკომენდაციების გარდა, გადმოდის ისეთი დებულებები, როგორიცაა - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით მხარეებს შორის აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე შეთანხმების მიღწევის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების, სამშვიდობო ოპერაციაში საპოლიციო კომპონენტის შემოტანის, გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აღდგენის, გალში ადამიანის უფლებათა დაცვის გაეროს მისიის სოხუმის ოფისის ფილიალის გახსნის აუცილებლობა და ა.შ.

ვფიქრობ, რომ გაეროს მისია მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ჟენევის ფორმატით მოლაპარაკებების განახლებას (სხვათა შორის, ამის წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთია და ეს ცნობილი ფაქტია).

არა მგონია, რომ ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო კომისია თავისი შინაარსით, საქმიანობითა და შესაძლებლობებით უფრო პროდუქტიული იყოს, ვიდრე ჟენევის ფორმატის ამოქმედება, მით უფრო, როცა ჟენევის ფორმატი ითვალისწინებს პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, ხოლო საკოორდინაციო კომისია - ყველა ზემოხსენებულ საკითხებს, გარდა პოლიტიკურისა.

გაეროს ბოლო რეზოლუციამ დაგვანახა აგრეთვე, რომ გაეროს მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დიდი დრო მოანდომა საქართველოში სიტუაციის გაცნობას. იმ დროისათვის მისი საქართველოში გაუმართლებლად არყოფნა კარგად იქნა გამოყენებული და გაეროს მისიის ფუნქცია - რეზოლუციის პროექტის მომზადება უშიშროების საბჭოსათვის, თავის თავზე აიღო რუსეთმა. როგორც ცნობილია, გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებას საქართველოში ამ მისიის წარმომადგენელი ამზადებს, ის არის ქვაკუთხედი ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული დოკუმენტებისა.

სწორედ გაეროს ევალება რეზოლუციის მიღების ინიცირება და მისი მომზადება და ამიტომაც უცნაურად მეჩვენება, რომ ბოლო რეზოლუციის ავტორი რუსული მხარე აღმოჩნდა, მას, რა თქმა უნდა, არ აქვს ამის უფლება. ამასთან, აგრეთვე უცნაურად მეჩვენება, რომ გაეროს მისიის ხელმძღვანელი აქამდე არ ჩამოსულა საქართველოში. შეიძლება ეს ეჭვი უსაფუძვლოა, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა წვრილმანს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კონფლიქტური რეგიონების მქონე სახელმწიფოთა მთავრობებს სჭირდებათ მედიატორების ადეკვატური, დროული და პრაგმატული მხარდაჭერა. ჩვენ, ამასთან ერთად უნდა მოვახდინოთ იდეების გენერაცია კონფლიქტების გადასაწყვეტად, მასში მონაწილე მხარეების ღირსების პატივისცემის გათვალისწინებით. საჭიროა ყველა მხარის მისწრაფება, რათა მივუახლოვდეთ იმ კონდიციას, როცა ყველა საკითხისა და პრობლემის გადაწყვეტა მოხდება ურთიერთთანამშრომლობით.

თითოეული მხარის მისწრაფებისა და ინტერესის უპატივცემლობა, პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტის სურვილი, ვფიქრობ, რომ არაპროდუქტიულია და შედეგს ვერ მოგვიტანს.

გულწრფელად ვაღიაროთ - სახეზეა ორი სრულიად ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია. მხარეები არც ცდილობენ გადახედონ მათ, ან გარკვეულწილად უკან დაიხიონ. ყველაფრის მიმართვა ხდება მესამე მხარეზე - რუსეთზე. აფხაზურ მხარეს ძირითადი გათვლა რუსეთზე აქვს გაკეთებული.

ვფიქრობ, რომ ევროკავშირს შეუძლია ამ კუთხით დაგვეხმაროს. მას ისეთ არასტაბილურ ზონასთან აქვს ურთიერთობა, რომ ნამდვილად მართებს ამის გაკეთება. კონფლიქტში მონაწილე მხარეების ურთიერთნდობისა და კავშირის ნათელი მაგალითი შეიძლებოდა გამხდარიყო რომელიმე ერთობლივი პროექტი; ე.ი. უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ჩვენ გვაახლოებს, რამაც შეიძლება დაგვაახლოვოს.

ზოგიერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტში (,,მომავლის გასაღები”) გაჩნდა ახალი მისამართი და ეს გახლავთ ევროკავშირი. ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ გაჩნდა პოზიცია, როგორც პასუხი ქართული მხარისთვის, რომელიც ცდილობს აფხაზური მხარის იზოლაციიდან გამოყვანას და რამდენადაც მოვახერხებთ ჩვენ ურთიერთმისაღები გზების მოძებნას მხარეების დასაახლოებლად, იმდენად სწრაფად შეიძლება ურთიერთშეხების წერტილების მოძებნა.

მე მახსენდება ბელფასტის ცნობილი შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა ჩრდილოეთ ირლანდიაში მრავალპარტიული მოლაპარაკებების შედეგად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილო ირლანდიის ხელისუფლებებს შორის 1998 წელს. ეს დოკუმენტი, მთელი რიგი ექსპერტების შეფასებით არ გახლავთ სრულყოფილი, მაგრამ აღიარებულია, რომ იგი წარმოადგენს მხარეების კოლექტიური სიბრძნის ნაყოფს. ამ დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია: ,,ჩვენ ვაღიარებთ მნიშვნელოვან განსხვავებებს ჩვენს მუდმივ და თანაბარკანონიერ პოლიტიკურ ქმედებებში, ამასთან ჩვენ მივისწრაფით ყველა იმ ქმედითი გზისაკენ, რომელიც შერიგებამდე, შეთანხმებული, ერთობლივი დემოკრატიული პროცედურების დაახლოებამდე მიგვიყვანს.”

დაბოლოს, კონფლიქტების მშვიდობიანმა მოწესრიგებამ უნდა უზრუნველყოს მდგრადი მრავალეროვნულობა. ის უნდა ითვალისწინებდეს ეფექტურ საკონსტიტუციო გარანტიებს, ყველა მოქალაქისა და ყველა თემის წარმომადგენლის, ადამიანის უფლებათა განხორციელების, მათ შორის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში უსაფრთხო და უპირობა დაბრუნების უფლების შესაბამის მექანიზმებს.