ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებანი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გორგიძე ზაალ
თემატური კატალოგი დემოკრატია|თვითმმართველობა
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისი 2009 გამოცემულია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული შეხედულებანი, დასკვნები და განმარტებანი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მოსაზრება რედაქტორი:ხათუნა ყვირალაშვილი ტექ. რედაქტორი:ირაკლი სვანიძე გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კრილოვის ქ.15, 0102, თბილისი, საქართველო (+995 32) 95 23 53, 93 61 01 ტირაჟი: 500 ცალი აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მოქალაქეების უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში, უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით.

იმისათვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ განახორციელოს თავისი საქმიანობა და დაიცვას საკუთარი უფლებები, აუცილებელია, გარკვეული იყოს იმ უფლებამოსილებებში, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადგილობრივი თვითმმართველობა - ეს არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებია:

1. საკრებულო - ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

საკრებულო შედგება წევრებისაგან, რომელთაც შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით.

საკრებულოს საქმიანობას უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო.

2. გამგეობა (მერია). - ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

გამგეობა (მერია) შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს.

გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი), რომელსაც კონკურსის წესით შერჩეული კანდიდატებიდან ირჩევს საკრებულო თავისი უფლებამოსილების ვადით.

თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების სახეებია: ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებანი.

ექსკლუზიური უფლებამოსილება - თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით.

თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:

  • თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

  • იურიდიული პირის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

  • თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

  • ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;

  • ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

  • მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

  • ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;

  • მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა;

  • ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;

  • გარე ვაჭრობის რეგულირება;

  • ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, განათება, სანიაღვრე მეურნეობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლაპატრონობა;

  • ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

  • სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) საქმიანობის ხელშეწყობა;

  • სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა;

  • თვითთმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობისათვის რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და მოსახლეობის ინფორმირება;

  • თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, გარდა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

  • შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;

  • ადგილობრივი განხორციელება; განხორციელება;

  • ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ ექსკლუზიური უფლებამოსილების იმგვარი გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.

დელეგირებული უფლებამოსილება - სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, განსახორციელებლად გადაეცემა თვითმმართველ ერთეულს.

სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე, ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას ზედამხედველობას უწევს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან (გუბერნატორთან) კოორდინაციით.

ნებაყოფლობითი უფლებამოსილება - თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.

თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით მიიღოს სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც, კანონის თანახმად, არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას.

აღსანიშნავია თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) უფლებამოსილებებს ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება:

  • თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;

  • საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიული ფასის დადგენა საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით;

  • თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმის დადგენა.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის/მერიის) უფლებამოსილებებს ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება:

  • მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

  • თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, ან სხვაგვარად განკარგვა;

  • თვითმმართველი ქონების ერთეულის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

  • თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

  • თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკურ საფუძვლებს ქმნის თვითმმართველი ერთეულის ქონება და ფინანსები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ის ქონება, რომელიც მართვის უფლებით გადაცემული აქვს თვითმმართველ ერთეულს, აგრეთვე, კანონით დადგენილი სხვა ქონება, რომელიც გათვალისწინებულია თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის საჯარო ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

თვითმმართველი ერთეულები საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებლები არიან, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ჩარევა თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, მართვისა და განკარგვის საკითხებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემენ შესაბამის სამართლებრივ აქტებს, კერძოდ:

  • საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებას;

  • შაკრებულოს განკარგულებას;

  • გამგებლის (მერის) ბრძანებას.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლის ფორმებია:

1. სახელმწიფო ზედამხედველობა.

სახელმწიფო ზედამხედველობა (შემდგომში ზედამხედველობა) არის კანონით1 განსაზღვრული, სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული საქმიანობა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კანონიერება და მიზანშეწონილობა.

2. საფინანსო კონტროლი, რომელიც მოიცავს აუდიტორულ და საფინანსო შემოწმებას

აუდიტორული შემოწმება არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საფინანსო დოკუმენტაციის აუდიტორული შემოწმება, რომელსაც, საკრებულოს ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით, არა უმეტეს წელიწადში ერთხელ ატარებს მოწვეული აუდიტორი.

საფინანსო შემოწმებას ახორციელებს საკრებულოს საფინანსო კომისია სახსრების გამოყენების შემდეგ, მათი მიღება-გამოყენების კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის დადგენის მიზნით.

3. შიდა კონტროლი

შიდა კონტროლი მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა დებულებების, შინაგანაწესების, ინსტრუქციების და სამუშაო პროცესის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დაცვის კონტროლს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელია საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

საკრებულოს დათხოვნა და საქმიანობის შეჩერება - საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში,2 პარლამენტის თანხმობით, გამოსცეს ბრძანებულება საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ, კერძოდ, თუკი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა - საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:

  • თვითმმართველი ერთეული გაუქმებულია პარლამენტის დადგენილებით;

  • საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;

  • საკრებულომ 2 თვის მანძილზე ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი (მერი);

  • საკრებულომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 2 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.

საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.

__________________

1 საქართველოს კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“.

2 საქართველოს კონსტიტუციის73-მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.

2 გახსოვდეთ!!!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:

  • აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონითა და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;

  • მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისგან;

  • წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;

  • მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს;

  • ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.