სახელმძღვანელო პოლიციელებისთვის


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ევრაზიის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით 2003 წელს განახორციელა პროექტი სახელწოდებით "პოლიციელთა უფლებები და მოვალეობები" წინამდებარე გამოცემაში მოცემულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგისა და სემინარების ანალიზი, პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობის აქტუალური საკითხები და პოლიციის მუშაობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციები.



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


სამართალდამცავი სტრუქტურები მოწოდებულნი არიან დაიცვან სახელმწიფოს შიდა წესრიგი, საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდგრადობა და მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამის მიუხედავად, ნებისმიერ ქვეყანაში შეინიშნება პრობლემები საზოგადოებასა და პოლიციას შორის ურთიერთობაში, რადგან მუდამ არსებობს გარკვეული საფრთხე, რომ სამართალდამცველებისადმი კანონით მინიჭებული ძალაუფლება მათი ცალკეული წარმომადგენლების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას პირადი ინტერსებისათვის და მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვისათვის. ასეთი ფაქტების სიმრავლე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფო და რამდენად კონტროლდება ძალაუფლებით აღჭურვილი მოხელეების ქმედება საზოგადოების მხრიდან. დემოკრატიულობაზე პრეტენზიის მქონე ყველა სახელმწიფო ცდილობს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის რეგლამენტაცია მოახდინოს არა მხოლოდ დემოკრატიული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული შიდა კანონმდებლობით, არამედ გაითვალისწინოს და გაიზიაროს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიღებულ სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში (პაქტები, კონვენციები, დეკლარაციები...) ჩამოყალიბებული ნორმები, პრინციპები, დებულებები და სტანდარტები.

სამართალდამცველთა მხრიდან უფლება-მოვალეობების მართებულად გამოყენების გაკონტროლების ხარისხი დამოკიდებულია ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, მოქალაქეთა საკუთარ უფლებებში გათვითცნობიერებაზე და ამ ცოდნის ცხოვრებაში აქტიურად გამოყენებაზე. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვით სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენელთა შორის ამ უფლება-მოვალეობების შესახებ ცოდნის ფართოდ გავრცელებას და მათ გათავისებას, რადგანაც ასეთი ცოდნის გარეშე ჯეროვნად ვერ იქნება დაცული ვერც საზოგადოებისა და ვერც თვით პოლიციელთა უფლებები.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ევრაზიის ფონდის ფინანსური ხელშეწყობით 2003 წელს განახორციელა პროექტი სახელწოდებით ,,პოლიციელთა უფლებები და მოვალეობები”, რომლის მიზანი იყო საქართველოს პოლიციის მუშაობის პირობების შესწავლა, მონიტორინგი, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა პოლიციის განყოფილებებში განთავსებული წინასწარი დაკავების ადგილების პერიოდული მონიტორინგი, აგრეთვე ტარდებოდა სემინარები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით პოლიციელებისათვის (სულ სემინარები ჩატარდა პოლიციის 45 განყოფილებაში). სემინარებს ძირითადად ატარებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსუდან ბერიძე.

წინამდებარე გამოცემაში მოცემულია პროექტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგისა და სემინარების ანალიზი, პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობის აქტუალური საკითხები და პოლიციის მუშაობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული რეკომენდაციები. აქვე მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ამონაკრებს იმ საკანონმდებლო ბაზიდან (მათ შორის საერთაშორისო პაქტებიდან და კონვენციებიდან), რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ სამართალდამცავი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რომელთა განხილვაც მიმდინარეობდა ზემოხსენებულ ტრენინგებზე და სემინარებზე. ქვემოთ მოტანილი საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზიდან ამოკრებილი ნორმების, პრინციპების, დებულებებისა და სტანდარტების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენება სავალდებულოა არა მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისთვის, არამედ მათი გაცნობა და შესწავლა აუცილებელი და სასარგებლო იქნება ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის, ადვოკატებისთვის, ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების პრობლემატიკით დაინტერესებული ყველა მოქალაქისთვის.

2 საქართველოს პოლიცია

▲ზევით დაბრუნება


(ტრადიციები და თანამედროვეობა)

საქართველო ახლად ჩამოყალიბებული პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოა, სადაც ხელისუფლება და საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად ისევ ძველი, კომუნისტური მეთოდებით მართავს და აზროვნებს. სხვადასხვა რანგის სახელმწიფო მოხელეები (მათ შორის სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები) ხშირად არ არიან გათვითცნობიერებულნი იმ ახალ მოთხოვნებში, რომლებსაც მათ წინაშე აყენებს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, ქვეყნის ახალი საკანონმდებლო ბაზა და მის საფუძვლად ქცეული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საზოგადოების განათლების არასაკმარისობის გარდა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის არსებულ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების სისუსტე, გავრცელებული სტერეოტიპების ტრადიციების არსებობა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ა. შ.

ტოტალიტარული რეჟიმის პერიოდში, როდესაც ჰუმანიზმის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ცნებები ფსევდოჰუმანიზმით, ფსევდოდემოკრატიითა და ფსევდოუფლებებით იყო შეცვლილი, საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის ურთიერთობაც ვარდისფერ ფერებში იყო დახატული კომუნისტური პროპაგანდის მიერ. სისტემის საყრდენი სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაპატიმრებული პიროვნება შემდგომში აუცილებლად უნდა ეცნოთ დამნაშავედ (ამისთვის წინასწარ პროპაგანდისტული ფონიც იქმნებოდა), რითაც ფეხქვეშ ითელებოდა ქაღალდზე დეკლარირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, ხოლო თუ კანონდამრღვევ პოლიციელს რომელიმე მოქალაქე უჩივლებდა, საბოლოო ჯამში ამისათვის თავადვე დაისჯებოდა. კომუნისტური საზოგადოების ტოტალური ტყუილის რიტმიდან ამოვარდნილ, ანუ დამკვიდრებული ნორმიდან გადახრილ (,,არანორმალურ”) დისიდენტებსა და მორწმუნეებს ისევე აპატიმრებდნენ და ასამართლებდნენ, როგორც სხვებს - მკვლელებს, ბანდიტებს, ქურდებს თუ ნარკომანებს.

საბჭოთა ეპოქიდან ჩვენამდე თითქმის უცვლელად გადმოსული მენტალიტეტის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებისათვის კანონი კი არ არის კანონი, არამედ უფროსის ბრძანებაა კანონი. ამიტომ კანონის შესწავლის აუცილებლობა ბევრისთვის არც არსებობს. ამავე მენტალიტეტის მიხედვით, საზოგადოებისათვის ,,ჩვენ” ვართ ხალხი, ხოლო ხელისუფლება და მისი დამცველი სამართალდამცავი სტრუქტურები არიან ,,ისინი”. მოსახლეობის უმრავლესობისათვის ჯერ კიდევ უცხოა იმ პრინციპის გათავისება, რომ ხელისუფლება (მათ შორის სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლები) ხალხის ნაწილი და მისივე მსახურია (და არა ბატონი), რომლის შეცვლაც სწორედ ამომრჩეველთა ნებაზეა დამოკიდებული. ხელისუფლება კი თავისი ქმედებით ხელს არ უწყობს ამ მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა დაახლოებით ასე მსჯელობს პოლიციელთა შესახებ:

პოლიციაში სამსახური ძალზე სარფიანი საქმეა, რის გამოც იქ მოსახვედრად დიდ თანხასაც იხდიან. ასე იყო საბჭოთა პერიოდში, ასეა დღესაც. ფასები იმის მიხედვით იზრდება, თუ რამდენად შემოსავლიანია ესა თუ ის ადგილი. ბუნებრივია, ის პოლიციელი, რომელიც თანამდებობის მიღებაში ფულს იხდის, შემდგომში მიზერულ ხელფასზე არ იცხოვრებს და შეეცდება უკანონო გზებით აინაზღაუროს და ბევრად გაზარდოს ამოღებული თანხა. სამართალდამცავ სისტემაში ,,წილების” აკრეფა პოლიციელთა უმდაბლესი საფეხურიდან იწყება და უმაღლეს ეშელონამდე ადის. ძნელია იმის მტკიცება, ეს ვერტიკალი გზაში რომელიმე პატიოსანი პოლიციელის საფეხურს გამოტოვებს თუ არა, ან სად არის ვერტიკალის მწვერვალი, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ,,წილების” სისტემა მყარი მყარადაა დამკვიდრებული ამ სტრუქტურაში. ბევრი ასევე დარწმუნებულია, რომ პოლიციელთა მუშაობაში არსებობს სექმეების ,,გალევებისა” და ,,გაპრავების” კარგად დამუშავებული სისტემა. პოლიციელთა ენაზე ამ სიტყვების მნიშვნელობა ასეთია: ,,გალევება” - ეჭვმიტანილისაგან ფულის აღება და დანაშაულის გაუფორმებლობა; ,,გაპრავება” - საქმისათვის მსვლელობის მიცემა, ანუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დანაშაულის არგაფორმება (,,გალევება”) ხდება არა მხოლოდ ფულის აღების მიზნით, არამედ ,,ზემოდან” დარეკილი ზარების მიზეზითაც, რაც ანგარების ერთ-ერთი ფორმაა. ის მოქალაქეები, რომლებიც თვითონ გამხდარან სამართალდამცველთა ძალმომრეობის მსხვერპლნი, ასე აღწერენ პოლიციელთა მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს: როდესაც გადაწყვეტილია, რომ სხვადასხვა მიზეზთა (მაგალითად, საქმე ძალზე გახმაურებულია, დამნაშავე საქვეყნოდ ცნობილი, ოდიოზური პირია, დაზარალებული ინტრიგანია და ა. შ.) გამო აუცილებელია საქმის ,,გაპრავება” და ეჭვმიტანილის ,,სროკზე გაშვება”, საქმეში ერთვება წამების კარგად დამუშავებული მეთოდები, რათა მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტი სამხილი მისცეს გამოძიებას საკუთარი თავის წინააღმდეგ. კერძოდ, მსხვერპლს ურტყამენ ხელებზე, ტანზე, ფეხის გულებზე, რისთვისაც იყენებენ რეზინის ხელკეტს, სკამის საზურგეს, სპეციალურ დრეკად რკინას, რომელთა სხეულზე დარტყმების შედეგად სილურჯე თითქმის არ რჩება. წამების მეთოდები მრავალფეროვანია: ხელების შემორტყმა ყურებში, მსხვერპლის ჩაკეტვა სეიფში და გარედან ხელკეტებით დარტყმები, მსხვერპლის გაშლილი ხელებით ჩამოკიდება და მისი ცემა (ე. წ. ,,ლასტოჩკა”), აირწინაღის ჩამოცმა და ა. შ. ცალკე უნდა აღინიშნოს დენის შეერთების აპრობირებული მეთოდი - როდესაც საველე ტელეფონს შეერთებული აქვს 250 კილოვატიანი კვების წყარო, საიდანაც გამოდის ორი შემაერთებელი მავთული და რაც უფრო მეტად ატრიალებენ ტელეფონის სახელურს, მით უფრო იმატებს დენი. ასეთ წამებას პრაქტიკულად ვერავინ უძლებს და მსხვერპლი მზად არის ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწეროს ხელი.

არცთუ იშვიათად ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ხდება მოქალაქეთა უკანონო დაკავება, დაკავების დროის არაზუსტი დაფიქსირება, დაკავებულებს არ განემარტებათ მათი უფლებები, ირღვევა ადვოკატის დროულად დაშვებისა და ახლობლებთან დაკავშირების უფლება, საპროცესო წესების დარღვევით, უსაფუძვლედ ხდება ჩხრეკა და ნარკოლოგიურ დისპანსერებში მოქალაქეეების წარდგენა და ა.შ. ძალზე მძიმე პირობებია წინასწარი დაკავების საკნებში, სადაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ციხეში გადაყვანამდე 72 საათის განმავლობაში ამყოფებენ დაკავებულ პირს (მართალია, ციხეში გადაყვანილ პატიმრებსაც ცუდი პირობები ხვდებათ, მაგრამ ეს სხვა პრობლემაა, რადგან სწორედ პოლიციის წინასწარი დაკავების განყოფილებებში მდებარე საკნებში ხდება ყველაზე ხშირად დაკავებულებზე უკანონო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები). ბევრ ასეთ საკანში (ე. წ. КП3-ში) არც ფანჯარაა, არც სინათლე და არც სისუფთავე, ხოლო რაც შეეხება ლოგინს, იგი არცერთ წინასწარი დაკავების საკანში არ არსებობს და თუ ოჯახიდან მიტანილი ლეიბის ან საბნის გადაცემის საშუალება არ მისცა პოლიციამ, დაკავებული ხის ან ცემენტის იატაკზე ატარებს 72 საათს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც ოჯახიდან დაკავებულისთვის ლოგინი მიაქვთ, პოლიცია თითქმის არასდროს აბრკოლებს მის გადაცემას ადრესატამდე.

მეორეს მხრივ, სამართალდამცავ სტრუქტურებში დანერგილი სისტემა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პატიოსანი პოლიციელებისათვის კანონის სრული დაცვით მუშაობას. რიგითები და საშუალო რგოლის პოლიციელები მუდმივად განიცდიან მუშაობისათვის ელემენტარულად აუცილებელი პირობების დეფიციტს: მათ საერთოდ არ გააჩნიათ ან არ ჰყოფნით საჭირო რაოდენობის ფორმა, შეიარაღება, ავტომანქანები, საწვავი, კომპიუტერული ტექნიკა, ქაღალდი თუ საწერ-კალამი, ანუ, სავალალო მდგომარეობაშია მთელი მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამას ემატება საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასები და ხშირად მათი დაგვიანებაც. ამრიგად, კეთილსინდისიერი მუშაობისა და კანონის ზედმიწევნით დაცვისათვის სრულიად შეუსაბამო, არანორმალური და აუტანელი პირობებია შექმნილი თვით პოლიციელებისთვისაც. მაგალითად, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ არის გამოყოფილი წინასწარი დაკავების საკნებში განთავსებულ დაკავებულთა კვებისათვის, ანუ, კანონის მიხედვით, გამოდის, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულ პირს ოჯახიდან საკვების მიმტანი არა ჰყავს (ან სხვა ქალაქშია დაკავებული), პოლიციელმა 72 საათის განმავლობაში სრულად უნდა აშიმშილოს დაკავებული და ეს სავსებით კანონიერია. თუმცა, სამართლიანობისათვის აქაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიციელი დაკავებულს საკუთარ ლუკმას უყოფს. ამავე დროს, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მოსახლეობის მხრიდან მათდამი ნდობის კატასტროფული დეფიციტის პირობებში ხშირად სამართალდამცველებს უბრალოდ არ შეუძლია ჩაეტიოს კანონით გათვალისწინებულ ვადებში (ეჭვმიტანილად ცნობამდე - დაკავებიდან 12 საათი, ბრალის წაყენებამდე - 48 საათი და ა. შ.) და წესიერი პოლიციელიც კი იძულებულია დაუშვას კანონიდან გადაცდომები დაკავების ვადის, ჩხრეკისას დამსწრეთა მოძებნის, მოწმეთა დაშინების თუ სხვა საკითხებში. რასაკვირველია, ეს არ ამართლებს კანონდამრღვევ პოლიციელს, მაგრამ სამართალდამცველთა მუშაობის არანორმალურ პირობებზე და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება პირველ რიგში საზოგადოების ინტერესების სფეროშია, რის გამოც ეს უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ზრუნვის ერთ-ერთი პრიორიტეტი.

პოლიციის განყოფილებებში არსებულ მძიმე მდგომარეობას ხელს უწყობს სისტემის დახურულობა, მონიტორინგის განხორციელების სირთულეები და საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებში. პოლიციის განყოფილებებში დაკავებულთა წამების იმ ცალკეული ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლას, რომლებსაც პერიოდულად ააშკარავებენ ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციები ან ჟურნალისტები, არა აქვს სისტემატიზებული და თანმიმდევრული ხასიათი, რის გამოც ასეთი ფაქტების აღმოფხვრის მიმართულებით ყველა ძალისხმევა მნიშვნელოვნად ვერ ცვლის გაბატონებულ მანკიერ სისტემას. საბჭოთა პერიოდიდან დამკვიდრებული ანტაგონისტური დამოკიდებულება სამართალდამცავ ორგანოებსა და საზოგადოებას შორის დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, ხალხი პოლიციელში უფრო საფრთხის პოტენციურ მატარებელს ხედავს, ვიდრე მისი უფლებებისა და უსაფრთხოების დამცველი ინსტიტუტის წარმომადგენელს. ბევრი მოქალაქის აზრით, პიროვნების დაკავება პოლიციელთა მიერ ამ უკანასკნელთათვის წარმოადგენს ბიზნესის ერთგვარ სახეს და შემოსავლის მუდმივ წყაროს. ხალხის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ პოლიციის განყოფილებებში ვინმეს მიყვანა და მისი დადანაშაულება სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ხშირად ფულის გამოძალვის მიზნით ხდება (წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციელები მათ მიმართ ბრალის წაყენებითა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრით იმუქრებიან). ხშირად დიდი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად არის ესა თუ ის პირი გარეული რომელიმე დანაშაულში - ყველა შემთხვევაში შეიძლება მოწმეთა ,,შოვნა” (ზოგჯერ ცრუ, ზოგჯერ - ნამდვილი მოწმეებისა), მტკიცებულებათა მოპოვება ან შექმნა და დაკავებულთაგან ,,აღიარების” მიღება ინკვიზიციური მეთოდებით. ამის შემდეგ იწყება ვაჭრობა იმაზე, თუ ,,რა ღირს” საქმის არ აღძვრა და დაკავებული პირის განთავისუფლება. გავიხსენოთ, რომ დაუწერელი წესის მიხედვით რიგითებისა და საშუალო რგოლების პოლიციელებისათვის უზენაეს კანონს წარმოადგენს არა საქართველოს კონსტიტუციით ან სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლებები, არამედ უფროსის ზეპირი მითითებები და ბრძანებები. აღნიშნული დაუწერელი წესის მიხედვით კი დაკავებულისაგან სასურველი ჩვენებების მიღება ნებადართულია ნებისმიერი უკანონო მეთოდებით. ზოგჯერ ეს მეთოდები გამოიყენება საქმის გასახსნელად და სამსახურებრივი წინსვლისათვის, ხოლო ზოგჯერ - მტკიცებულებების მოსაპოვებლად ან შესაქმნელად იმ მიზნით, რომ შემდეგ მოხდეს დაკავებულისაგან ფულის გამოძალვა. გამოძალული ფულიდან ყველას თავისი წილი ეკუთვნის (ოპერმუშაკს, ქვეგანყოფილების, განყოფილებისა და სამმართველოს ხელმძღვანელებს, რის გამოც ,,შავი საქმის” უშუალო შემსრულებლებს აქვთ მათგან მფარველობის გარანტია. ბევრი (მათ შორის რიგითი პოლიციელებიც) დარწმუნებულია, რომ ასეთ საქმეებში გარეულები და მაშასადამე, მათი მფარველები შსს-ს უმაღლეს ინსტანციებშიც არიან. ასეთია მოქალაქეთა უმრავლესობაში გავრცელებული აზრი პოლიციის სისტემაში არსებული დაუწერელი კანონების შესახებ.

წინასწარი დაკავების საკნებში ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტების გამოვლენა დიდ სირთულეს წარმოადგენს. მსხვერპლი თითქმის ყოველთვის დაშინებულია იმით, რომ ჩივილის შემთხვევაში პოლიცია გამოამჟღავნებს მის მიერ რეალურად ჩადენილ ან მასზე მიწერილ რომელიმე დანაშაულს, ან მომავალში მოხდება მისთვის ნარკოტიკის ან იარაღის ,,ჩადება” (ეს არის მიზანში ამოღებული პიროვნების დაკავების ყველაზე გავრცელებული მეთოდი საქართველოში). როგორც წესი, ნებისმიერი მოქალაქე (თუნდაც გავლენიანი) ერიდება პოლიციასთან ურთიერთობის გაფუჭებას, რის გამოც არაერთი გამოვლენილი უკანონო დაკავების ფაქტიდან თითქმის არცერთი არ ჰპოვებს შემდგომ საგამოძიებო თუ სასამართლო გაგრძელებას. სამართლიანობისათვის საჭიროა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა პოლიციის წინასწარი დაკავების ადგილებში დაკავებულის მკვლელობის (პოლიციის პოზიციიდან - თვითმკვლელობის) მხოლოდ ერთი ფაქტი, მაშინ, როცა გასულ წლებში ამ ადგილებში გარდაცვლილთა თუ ფანჯრებიდან საეჭვო ვითარებაში გადმომხტართა (სავარაუდოდ, გადმოგდებულთა) რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. იგრძნობა დაკავებულთა წამების ფაქტების შემცირების გარკვეული ტენდენციაც, რადგან მას სისტემატური ხასიათი აღარა აქვს. ამის მიზეზი ძირითადად ჟურნალისტების და ადვოკატების, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების აქტიურობა და ხელისუფლებაზე ზეწოლაა, თუმცა, მდგომარეობის მნიშვნელოვან გამოსწორებაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. უბრალოდ, ოდნავ გაიზარდა პოლიციელთა მხრიდან ანგარიშგაწევის მასშტაბები ზემოთ დასახელებული პროფესიების წარმომადგენელთა მიმართ, რადგან მათ დაინახეს, რომ უფლებადამცველებს და ჟურნალისტებს შეუძლიათ გარკვეული უსიამოვნებები შეუქმნან მათ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გახმაურების შემთხვევებში. ამის დამადასტურებლად გამოდგება კონკრეტული ფაქტები: 2002 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს ორგანოებიდან დაითხოვეს 92 პოლიციელი (მათგან 12 - ხელმძღვანელი პირი), დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს 74 (მათ შორის - 33 ხელმძღვანელი პირი), ხოლო პროკურატურის ორგანოების მიერ პოლიციის 47 თანამშრომლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 2003 წლის პირველ 8 თვეში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ შს ორგანოებიდან დაითხოვეს 51 პოლიციელი (მათგან 9 - ხელმძღვანელი პირი), დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლეს 5 (მათ შორის - 1 ხელმძღვანელი პირი), ხოლო პროკურატურის ორგანოების მიერ პოლიციის 33 თანამშრომლის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გარდა ამისა, 2002 წელს სხვადასხვა სახის დისციპლინური სასჯელი დაედო პოლიციის 382 თანამშრომელს, ხოლო 2003 წლის პირველ 8 თვეში - 136 თანამშრომელს (ოფიციალური ინფორმაცია კონკრეტული დასჯილი პოლიციელების კონკრეტული გვარების მითითებით მიღებულია შსს- გენერალური ინსპექციიდან).

საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრის მიხედვით, პოლიციელები რიგით მოქალაქეებზე უფრო ხშირად არღვევენ კანონს, რისი უმთავრესი მიზანიც ანგარებაა. ყველაზე ადვილია ,,ფულის შეწერა” რეპუტაციაშელახული (ნასამართლევი) მოქალაქეებისათვის. მათთვის უპრობლემოდ შეიძლება ნარკოტიკის ან იარაღის ,,ჩადება” ან გაუხსნელი საქმეების ,,აკიდება”, რადგან ამას ყველა ადვილად დაიჯერებს. ეს არის საქმის ხელოვნურად შექმნის გზით ფულის კეთების ადვილი გზა. ფულის გაკეთების ასევე კარგი საშუალებაა უმნიშვნელო დანაშაულები - ავარია, მეზობლური დავები, ქუჩის ჩხუბი (ხულიგნობა) და ა. შ. ასეთი საქმეების არაღძვრისათვის პოლიციელთა თანხმობაა აუცილებელი, რაც უანგაროდ თითქმის არასოდეს ხდება. საერთოდ, ცნობილია, რომ საქართველოში შექმნილი კორუმპირებული გარემოს წყალობით დამნაშავეს არ უჭირს თავისუფლების ყიდვა. მოქალაქე (თუნდაც უმნიშვნელო დამრღვევი) ფიქრობს, რომ უმჯობესია საწყის ეტაპზევე გადაუხადოს ფული პოლიციას და სამართალდამცავი ორგანოებიდან დაიხსნას თავი, რადგან შემდგომში გამომძიებელთან, პროკურორთან და მოსამართლესთან ეს ,,უფრო ძვირი დაუჯდება”. ერთი სიტყვით, თუ ბევრი ფული გაქვს ან ,,პატრონი” გყავს ,,ზევით”, ხშირად შეგიძლია ნებისმიერი დანაშაული ჩაიდინო და შემდეგ თავი დაიძვრინო, ან მინიმალური (სიმბოლური) სასჯელი მიიღო. ამიტომაცაა, რომ დღეს ძალიან ბევრი საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება, რეალური და პოტენციური დამნაშავე თავისუფლედ დაიარება, ხოლო შემთხვევით, წონასწორობიდან გამოსვლით ან გარემოებათა ტრაგიკული დამთხვევის მიზეზით დანაშაულის ჩამდენი უფულო და ,,უპატრონო” ჩვეულებრივი, არაკრიმინალური ტიპის უამრავი მოქალაქე მრავალწლიანი სასჯელებით თავისუფლების აღკვეთის ადგილებში იმყოფება.

ცალკე უნდა ითქვას საზოგადოებაში საყოველთაოდ გავრცელებულ იმ მოსაზრებებზე, რომლის მიხედვითაც სწორედ პოლიციის წარმომადგენელთა მფარველობით ან მონაწილეობით ხდება ხშირად ადამიანის გატაცებები და გამოძალვები, ხოლო ავტომობილების ტექდათვალიერებისას, მანქანების განბაჟებისას, კონტრაბანდული ტვირთის გაცილებისას, აგრეთვე საპასპორტო განყოფილებებისა და სხვა დანაყოფების მიერ ,,ფულის კეთების” ფორმები და მეთოდები ფაქტიურად უკვე ლეგალიზებულია (მყარი ნიხრებიც დაწესებულია).

თავად პოლიციელები დარწმუნებულნი არიან თავიანთი უკანონო ქმედებების დაუსჯელობაში და აქვთ ამ ქმედებათა გამართლების საკუთარი ლოგიკაც. მათ სჯერათ, რომ სახელმწიფოსაგან უპატრონოდ, ბედის ანაბარად მიტოვებულმა სამართალდამცველებმა თვითონვე უნდა გამონახონ არსებობისა და ოჯახის შენახვის საშუალება. პოლიციელებთან ურთიერთობისას ყველაზე თვალშისაცემი და საგანგაშო იმის აღმოჩენა იყო, რომ რიგითი და საშუალო რგოლის თანამშრომლები არ გრძნობენ თავს სახელმწიფოსაგან დაცულებად, გაღიზიანებულნი არიან საზოგადოებისაგან (განსაკუთრებით ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან) გამოვლენილი კრიტიკული და მტრული დამოკიდებულებით. ფაქტია, რომ ხელისუფლება მართლაც არ იჩენს ჯეროვან ყურადღებას სამართალდამცველთა მიმართ (როგორც აღვნიშნეთ, პოლიცია სისტემატურად განიცდის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობისა და ფინანსების დეფიციტს), ხოლო ტყვიაზე შუბლის შემშვერი პოლიციელის მიმართ მადლიერების გრძნობაც არ არსებობს არც საზოგადოებაში და არც ხელისუფლებაში. ამასთან, რასაკვირველია, იმის მტკიცებაც არასწორი იქნებოდა, რომ სისტემის ნებისმიერი რიგითი თუ ხელმძღვანელი პირი ჩართულია დანაშაულებრივ საქმიანობაში. ფაქტია, რომ არსებობენ წესიერი იმიჯის მქონე სახელმწიფო მოხელეები და მათ შორის სამართალდამცველებიც. სწორედ მათ უჭირთ ყველაზე მეტად დღევანდელ პირობებში. პოლიციელთა საქმიანობის დადებითი მაგალითების იგნორირება და მთელი აქცენტების გადატანა მხოლოდ ნეგატივზე ყველა სამართალდამცველის გაღიზიანებას, გამწარებას და გაბოროტებასაც კი იწვევს. საზოგადოებისა და მას-მედიის მხრიდან პოლიციის მუშაობის ნეგატიურ მომენტებზე აქცენტირებისა და აჟიტირების მიზეზები სრულიად გასაგებია, რადგან ყველა ქვეყანაში

ჟურნალისტებისთვის სწორედ სენსაციური და ნეგატიური მასალაა პრიორიტეტული (სწორედ ეს იწვევს ხალხის ინტერესს), თუმცა, ამაზე პოლიციელთა რეაქციაც სავსებით ბუნებრივია, რადგანაც ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც საკუთარი ოჯახები, მეგობრები და ნათესავები ჰყავთ და მუდმივი ლანძღვა-გინება შეურაცხყოფს მათ ღირსებას. მართალია, პოლიციელები პრაქტიკულად არცერთ ქვეყანაში არ უყვართ, მაგრამ დემოკრატიულ სახელმწიფოში მათ მიმართ საზოგადოება ნდობასა და პატივისცემას გამოხატავს, რადგან კანონის მიერ უფლებებით აღჭურვილი სამართალდამცავი ორგანოების გარდა არ არსებობს დამნაშავეობასთან ბრძოლის ორგანიზებული სხვა ლეგიტიმური სტრუქტურა. საქართველოს სპეციფიურობა ამ მხრივ იმაში მდგომარეობს, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან პოლიციელთა მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის ხარისხი ძალიან დაბალია, რის გამოც ეს პროფესია არაპრესტიჟულად ითვლება. საზოგადოება მიიჩნევს, რომ სამართალდამცველი ორგანოები ხელისუფლების სიმშვიდესა და ინტერესებს იცავენ და არა ხალხისა. ამიტომაც მათ ხალხის ხარჯზე ცხოვრების უსიტყვო ნებართვა აქვთ მიცემული. პოლიციის ასეთი იმიჯის ჩამოყალიბებაში უპირველესად სახელმწიფო პოლიტიკაა დამნაშავე, რადგანაც ქვეყანაში არსებული ფაქტიურად უხელფასო ბიუროკრატია (მათ შორის, სამართალდამცველი) იძულებულია იკვებოს მოქალაქეთა ხარჯზე. როგორც ზემოთ ითქვა, ისინი ისეთ ეკონომიკურ პირობებში არიან ჩაყენებულები, რომ ხშირად იძულებულნი არიან თავი ხელისუფლების ბოროტად გამოყენებით ირჩინონ. სამწუხაროდ, საყოველთაო აღიარებით, დღევანდელი საქართველო კორუმპირებულ სახელმწიფოდ არის მიჩნეული და ამიტომ შესაძლოა ვინმესთვის გამართლებული არც იყოს ცალკე აღებულ ერთ სტრუქტურაში ამ სენის მიზეზების კვლევა, მაგრამ სამართალდამცავ სტრუქტურაში არსებული კორუფციასა და სხვა სნეულებებზე საუბრის აქტუალურობა განპირობებულია იმით, რომ მათი შედეგები ხშირად პირდაპირ უკავშირდება კონკრეტული ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვის საკითხს.

სამართალდამცველ სისტემაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მთლიანად დასუსტებული სახელმწიფო ინსტიტუტები, რითაც კარგად სარგებლობენ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები და ხდება საზოგადოების კრიმინალიზაცია. ამის შედეგად კრიმინალური სამყარო იმდენად გათამამებული და გავლენიანია, რომ ხშირად ძნელი ხდება რეალური ზღვარის გავლენა სამართალდამცველებსა და სამართალდამრღვევებს შორის, რადგან სწორედ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა ხელშეწყობით, მფარველობით ან უშუალო მონაწილეობით ხდება მრავალი მძიმე კატეგორიის დანაშაული. უფრო მეტიც, კრიმინალური სამყარო უკვე ცდილობს ზემოქმედებას არა მხოლოდ სამართალდამცავ სტრუქტურებზე, არამედ პოლიტიკურ პროცესებზეც. დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილისა და მეთოდების პირობებში მათი მხრიდან ასეთი გავლენის მოპოვება სავსებით რეალურია. საქმე ისაა, რომ საქართველოს დღევანდელი უმაღლესი ხელისუფლება მუდამ ცდილობს ე. წ. დაბალანსების პოლიტიკის გატარებას, რის გამოც იგი ადვილად მიდის გაუმართლებელ დათმობებზე იმ ძალებთან, რომლებიც უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებენ მთავრობაზე (სულ ერთია, ვინ იქნებიან ისინი - პოლიტიკოსები, ლტოლვილები თუ კრიმინალები). ამიტომაც ე. წ. ,,რადიკალური ოპოზიციონერობით” ძალის დემონსტრირება დღეს ყველაზე მომგებიანია საქართველოში. ძალის დემონსტრაციას კი ყველა ცდილობს - პოლიტიკოსებიც, უმცირესობებიც, ლტოლვილებიც და ოლიგარქებიც. კრიმინალურ სამყაროს კი, როგორც ცნობილია, სხვებზე ნაკლები არც ფული და არც ძალა არ გააჩნიათ, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ საკუთარი მიზნების მისაღწევად და პოლიტიკოსებზე გავლენის მოსაპოვებლად. ასეთ სიტუაციაში გასაგებია სამართალდამცველი სრუქტურების გაორებული მდგომარეობა, რადგან ისინიც უკვე ყველა მნიშვნელოვან და გახმაურებულ დანაშაულს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კუთხით განიხილავენ. მათ გამოცდილებით იციან, რომ სერიოზულ დამნაშავეებს თითქმის ყოველთვის გამოუჩნდებიან სერიოზული მფარველები ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, რის გამოც ხშირად დანაშაულის გახსნაზე მუშაობისას მათთვის პრიორიტეტად ქცეულია არა სამართლიანობის ან დაზარალებულის ინტერესების დაცვა, არამედ ის, თუ დანაშაულის მხილებაში, აღკვეთაში ან გამოძიებაში ჩართული რომელი კონკრეტული სამართალდამცველი რა სარგებელს ნახავს თავისი მუშაობის შედეგად (სარგებელი შეიძლება იყოს მატერიალურიც და თანამდებობრივიც). ამიტომაც დღეისათვის საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტროს აღიქვამს არა დანაშაულთან მებრძოლ სტრუქტურად, არამედ გარკვეული ინტერესების მქონე პიროვნებათა ჯგუფად, რომელიც იბრძვის გავლენის სფეროების მოპოვების ან შენარჩუნებისათვის. ამას ემატება ისიც, რომ პოლიციელებს არ გააჩნიათ ხელფასი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ თუნდაც მინიმალურ დონეზე მოახერხონ ოჯახის რჩენა. ასეთ სიტუაციაში სულაც არ არის გასაკვირი, რომ იარაღითა და გარკვეული უფლებებით აღჭურვილ ბევრ პოლიციელს უყალიბდება კრიმინალური ცნობიერება. თანაც, ქვეყანაში და სისტემაში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობის გამო მათ არ იციან, თუ ვინ იქნება ხვალ მათი უფროსი (რაიონული განყოფილების, სამმართველოს თუ სამინისტროს ხელმძღვანელი), დატოვებს თუ არა ახალი ხელმძღვანელი თანამდებობაზე, რის გამოც ისინი ცდილობენ მოკლე დროში იშოვონ რაც შეიძლება მეტი ფული და გარკვეული დროით მაინც უზრუნველყონ საკუთარი მომავალი. საზოგადოებამ ეს ყველაფერი იცის (ხალხის ნაწილი ამას ხვდება, ზოგი პირდაპირ ხედავს, ხოლო ზოგს საკუთარ ტყავზე გამოუცდია სამართალდამცველ სისტემაში არსებული რეალური სიტუაცია). ამის გამო ხშირად პოლიციასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ არა მხოლოდ მოწმეები, არამედ დაზარალებულებიც კი, რომლებსაც ან საერთოდ აღარა აქვთ სამართლის პოვნის იმედი, ან სამართალს სხვა გზებით (შავი სამყაროს საშუალებით) ეძებენ. თუ ამას დავუმატებთ საკანონმდებლო სფეროში არსებულ ხარვეზებს და მოწმეთა ფაქტიურად სრულ დაუცველობას, გასაგები გახდება, თუ როგორ უჭირთ დღევანდელ საქართველოში როგორც წესიერ პოლიციელებს, ასევე დაზარალებულებს და მთლიანად, მძიმე კრიმინოგენული ვითარებით შეწუხებულ საზოგადოებას.

3 რეკომენდაციები

▲ზევით დაბრუნება


მიგვაჩნია, რომ პოლიციის მუშაობის კანონიერებისა და ეფექტიანობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მასზე სამოქალაქო კონტროლის დაწესების, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვისათვის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გარანტიების შექმნის მიზნით უნდაგანხორციელდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს საკანონმდებლო ბაზაში. კერძოდ:

● შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარადგინოს ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პრეზიდენტთან პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან და ადამიანის უფლებათა შელახვასთან დაკავშირებული გადაცდომებისა და დანაშაულების ნუსხა, მათ მიმართ განხორციელებული დისციპლინური თუ სისხლის სამართლებრივი დევნის სტატისტიკა და ანალიზი;

● პოლიციის ყველა განყოფილებაში გავრცელდეს და განხილულ იქნას ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო, Amnesty International-ი, Human Rights Watch და ა. შ.) საქართველოსთან მიმართებაში პერიოდულად გამოქვეყნებული მოხსენებების ის ნაწილი, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ უკავშირდება საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების მუშაობის შეფასებას;

● ხელმძღვანელობის მიერ პოლიციელთა მუშაობის შეფასება და წახალისება მოხდეს არა გახსნილ და გამოძიებულ საქმეთა რაოდენობის, არამედ მათი ხარისხის მიხედვით;

● სისხლის სამართლის პროცესის დაჩქარების, აგრეთვე იაფი, სამართლიანი, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მოხდეს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების გაერთიანება, შემცირდეს წინასწარი გამოძიების ვადები და მთავარი აქცენტი გადატანილ იქნას სასამართლო გამოძიებაზე;

● სააპელაციო, უზენაესი, საკონსტიტუციო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეთ სავალდებულო პრეცედენტის ძალა. გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელი უნდა იყოს სასამართლოს მიერ განსხვავებულ გადაწყვეტილებათა მიღება;

● ბრალდებულს, რომელიც გამოძიების სტადიაზე უდანაშაულოდ ითვლება, არ უნდა ჰქონდეს იმაზე ნაკლები უფლებები, ვიდრე ეს გააჩნია სასამართლოს მიერ უკვე დამნაშავედ ცნობილ მსჯავრდებულს. მაგალითად, მისთვის, როგორც წესი, შესაძლებელი უნდა იყოს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან პაემანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას აუკრძალავს გამომძიებელი დასაბუთებული არგუმენტებით (დღევანდელი კანონის მიხედვით პირიქითაა - როგორც წესი, პაემანი დაუშვებელია, დასაშვებია მხოლოდ გამომძიებლის ნებართვით);

●როგორც წესი, ბრალდებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს გამამართლებელი და სხვა მტკიცებულებები. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლოს ნებართვით უნდა იყოს შესაძლებელი ზოგიერთი მტკიცებულებისა და მოწმეთა ვინაობის (ან მათი ჩვენების) კონფიდენციალურად დარჩენა სასამართლომდე;

● შეჯიბრობითობისა და თანასწორობის კონსტიტუცირი პრინციპები თანაბრად განხორციელდეს როგორც სასამართლო, ისე წინასასამართლო სტადიებზე;

● გარანტირებულ იქნას სასამართლოსათვის მიმართვის უფლება შესაბამისი საჩივრით ან შუამდგომლობით პროცესის ნებისმიერ სტადიაზე;

● სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა უნდა მოვიდეს შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან და წინასწარი პატიმრობის ვადა (განაჩენის გამოტანამდე) არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. დღეს მოქმედი პრაქტიკით წინასწარი პატიმრობის ვადაში არ ითვლება სასამართლო გამოძიების ვადა, რის გამოც პირის დაპატიმრებიდან მის მიმართ განაჩენის გამოტანამდე არცთუ იშვიათად გადის არა 9 თვე, არამედ 18-20 და ზოგჯერ 25-30 თვეც. წინასასამართლო პატიმრონის ვადა უნდა განისაზღვროს 3-4 თვით, ხოლო დანარჩენ 5-6 თვეში უნდა მოხერხდეს სასამართლო გამოძიების დამთავრება. თუ გამონაკლის შემთხვევებში ეს ვერ ესწრება, მაშინ სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პირი უნდა განთავისუფლდეს წინასწარი პატიმრობიდან;

● პირს დაკავებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს სავალდებულო სამედიცინო შემოწმება და ეცნობოს ინფორმაცია კანონით მინიჭებული მისი უფლებების შესახებ;

● გაფართოვდეს სასამართლომდე დაკავებულის პირობითი განთავისუფლების პრაქტიკა. წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს გამონაკლისი და არა წესი. თუ არ არსებობს იმის სერიოზული საფრთხე, რომ ბრალდებული არ გამოცხადდება სასამართლოზე, ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება მოწმეს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, სახელმწიფო ბრალდებულს უნდა აეკრძალოს წინასწარი პატიმრების მოთხოვნის უფლება. მხოლოდ იმის ზოგადი მტკიცება, რომ ბრალდებული პირი საშიშია სხვა ადამიანებისათვის და საზოგადოებისათვის, არ უნდა წარმოადგენდეს წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის კანონიერ საფუძველს;

● კანონში უნდა შევიდეს გარიგებითი მართლმსაჯულების ცნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრალის აღიარებისა და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი დახმარების აღმოჩენის (ანუ გამოძიებასთან თანამშრომლობის) შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ფასეულობიდან გამომდინარე, მას მნიშვნელოვნად შეუმცირდეს სასჯელი (მაგალითად, ერთი მესამედით), ხოლო თუ მას ბრალად ედება ნაკლებად მძიმე ხასიათის დანაშაულის ჩადენა, შეიძლება შეეფარდოს ჯარიმა, პირობითი სასჯელი ან სხვა არასაპატიმრო ღონისძიება. ასეთი სახის გარიგება ბრალდებასა და ბრალდებულს შორის უნდა განიხილოს და დაამტკიცოს სასამართლომ, რომელმაც უნდა გამოარკვიოს, რომ გარიგება არ ატარებდა იძულებით ხასიათს;

● ასევე ფართოდ უნდა იქნას გამოყენებული მორიგებითი მართლმსაჯულების ფორმებიც, როდესაც დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის ხდება მორიგება ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში, თუ საქმე არა გვაქვს განსაკუთრებით მძიმე ხასიათის ან საზოგადოებისათვის დიდი მნიშვნელობის დანაშაულთან. დაზარალებულთან მორიგების შემთხვევაში ბრალდებულს შეიძლება დაეკისროს არა მხოლოდ ზარალის, არამედ საგამოძიებო ხარჯების ლეგალურად ანაზღაურებაც;

● პოლიციელებისათვის პერიოდულად ჩატარდეს ტრენინგები და სემინარები, რათა მათთან ერთად განხილულ იქნას ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემატიკის აქტუალური საკითხები;

● წელიწადში ერთხელ მოხდეს პოლიციელების უფასო სამედიცინო შემოწმება მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენის მიზნით;

● აუცილებლად უნდა მოხდეს სამართალდაცვის სისტემის დეცენტრალიზაცია, ადგილებზე მყოფი პოლიციის სამმართველოებისათვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება, ადგილობრივი კადრების სტიმულირება და საზოგადოების ჩართვა ხელმძღვანელ პირთა დანიშვნის საკითხში. შეიძლება ვიფიქროთ პოლიციის რაიონული სამმართველოების ხელმძღვანელთა არჩევითობის შემოღებაზეც;

● პოლიციის თანამშრომელთა მინიმალური ხელფასი ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობას. შესაძლოა, ამას დასჭირდეს სისტემაში არსებული შტატების შემცირებაც, ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან შსს-ში სახსრების გადაქაჩვაც და სხვა ღონისძიებებიც, მაგრამ პოლიციელთა ფინანსური და მატრიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზე ზრუნვა პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს;

● პოლიციის მუშაობაში გამჭვირვალობის მიღწევისა და იქ მონიტორინგის ჩატარებისათვის პირობების შექმნის მიზნით სასურველია პოლიციის რაიონულ განყოფილებებთან შეიქმნას საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭოები, რომლებშიც ძირითადად შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ის ავტორიტეტული წარმომადგენლები, რომელთა მიმართ მოქალაქეთა შორის არსებობს ნდობის მაღალი ხარისხი. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ უნდა ხდებოდეს საბჭოს წევრთა შეცვლა როტაციის პრინციპით. დღეისათვის ასეთი საბჭოები სხვადასხვა ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებენ. მაგალითად, პირველი ასეთი პრეცედენტი აშშ-ში დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინათ შეიქმნა და დღეს ამ ქვეყნის დიდი ქალაქების 3/4-ში მუშაობენ ისინი;

● საბჭოები უნდა იყოს მაქსიმალურად წარმომადგენლობითი და ჰქონდეს ნდობის მაღალი ხარისხი. ამასთან მის მიერ ღიად და საჯაროდ მოძიებული, განხილული და გამოქვეყნებული დასკვნები უნდა გახდეს შესაბამისი დისციპლინური დასჯის საფუძველი;

● გაცილებით ეფექტური იქნება, თუ პოლიციაზე საჩივრებს განიხილავს არა თვით შსს-ს სისტემის შიგნით არსებული და პოლიციის მოხელეებისაგან შემდგარი გენერალური ინსპექცია ან სხვა ორგანო, არამედ საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტის მქონე პირებისაგან შექმნილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი. არსებობს მეტი შანსი იმისა, რომ ასეთმა ინსტიტუტმა შეაგროვოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია პოლიციელების მიერ კანონის დარღვევის შესახებ, ვიდრე ამას შსს-ს შიგნით არსებული სტრუქტურები გააკეთებენ;

● საზოგადოებრივი ზედამხედველობის დამოუკიდებელი საბჭოებს უნდა ჰქონდეთ უფლება დამოუკიდებლად გამოიძიონ საჩივრები პოლიციელთა მხრიდან გამოვლენილი უფლებამოსილების გადამეტების, უკანონო ჩხრეკის ან დაკავების, მუქარის, გადამეტებული ფიზიკური ძალის გამოყენების, უხეშობისა და შეურაცხმყოფელი მოქმედების შესახებ;

● საზოგადოებრივი ზედამხედველობის დამოუკიდებელი საბჭოების შექმნა და ფუნქციონირება უზრუველყოფს საჩივრების მიღებისას პოლიციის პასიურობია და პროცედურული ბარიერების შემცირებას, საჩივრების შესახებ სტატისტიკური მონაცემების სისრულისა და სიზუსტის სავარაუდო გაზრდას, პოლიციის წინააღმდეგ საჩივრების დამოუკიდებელ განხილვას, მოქალაქეების ნდობის ზრდას;

● ასეთი საბჭოების შექმნა იქნება პოლიციის რეფორმირების მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

4 სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევის კოდექსი

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს გენერალური ასამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის რეზოლუცია)

სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი წარმოადგენს მთლიანად საზოგადოებას და პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ამიტომ, სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევა უნდა იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი საზოგადოების მხრიდან, რაც შეიძლება განხორციელდეს საბჭოს, სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს, ომბუდსმენის, მოქალაქეთა ასოციაციის მიერ ან ამ ორგანოთა ნებისმიერი შერწყმით.

სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირი წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ნაწილს, რის გამოც თითოეული თანამდებობის პირის ქცევა ზეგავლენას ახდენს მთელ სისტემაზე, მის ავტორიტეტზე.

სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირების ქვემოთ ჩამოყალიბებულ ნორმებს არ ექნებათ პრაქტიკული ღირებულება მანამ, სანამ მათი შინაარსი და მნიშვნელობა სწავლების და მომზადების, აგრეთვე კონტროლის განხორციელების გზით არ იქცევა სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირის კრეძოდ:

1. ტერმინი ,,სამართალდამცავი თითოეული თანამდებობის პირიმოიცავს ყველა დანიშვნით ან არჩევით თანამდებობის პირს, რომელიც აღჭურვილია პოლიციური ძალაუფლებით, განსაკუთრებით დაკავები ან დაპატიმრების ძალაუფლებით. იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციურ ძალაუფლებას აგრეთვე ახორციელებენ სამხედრო ხელისუფალნი ანდა სახელმწიფო უშიშროების ძალები, სამართალდამცავი თანამდებობის პირის ცნება მოიცავს ამ სამსახურების თანამდებობის პირებსაც.

2. თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, სამართალდამცავი თანამდებობის პირები პატივს სცემენ და იცავენ ადამიანის ღირსებას და მხარს უჭერენ და ხელს უწყობენ თითოეული ადამიანის უფლებებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია საერთაშორისო დეკლარაციებში და კონვენციებში.

3. სამართალდამცავი თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ფიზიკური ძალა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში და იმ ზომით, რაც საჭიროა მათი მოვალეობის შესასრულებლად. უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობად ჩაითვლება: ა)დანაშაულის აღკვეთა, ბ)სამართალდამრღვევის ან სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილის მართლზომიერი დაკავება ან 3)მათი დაკავებისას დახმარების აღმოჩენა.

სამართალდამცავ თანამდებობის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ შეიარაღებული ძალა (ცეცხლსასროლო იარაღი) როგორც უკიდურესი ზომა. როგორც წესი, ცეცხლსასროლი იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული, გარდა ორი შემთხვევისა: ა)როდესაც სამართალდამრღვევი ან ეჭვმიტანილი სამართალდამრღვევი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს ან სხვაგვარად საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ბ)როდესაც სხვა ნაკლებ უკიდურესი ზომები არ არის საკმარისი მათ დასაშოშმინებლად და დასაკავებლად.

4. სამართალდამცავი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საპატიმროში მოთავსებული პირის ჯანმრთელობის სრული დაცვა, კერძოდ, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, როდესაც ასეთს ითხოვენ. ამასთან, სამართალდამცავმა თანამდებობის პირებმა უნდა გაითვალისწინონ საპატიმროს სამედიცინო პერსონალის აზრი გარედან მათთან უშუალო ურთიერთობაში არმყოფი სამედიცინო პერსონალის მოწვევის შესახებ, კონსულტაციის მისაღებად ან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.

5. კანონი მთელი სიმკაცრით უნდა იქნას გამოყენებული ნებისმიერი იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელიც მხილებული იქნება კორუფციაში, რადგანაც ხელისუფლება ვერ მოსთხოვს მოქალაქეებს კანონისადმი მორჩილებას, თუ მას არ შეუძლია უზრუნველყოს კანონის შესრულება მისივე წარმომადგენელთა მხრიდან.

6. სამართალდამცავი თანამდებობის პირები პატივს სცემენ კანონს და ამ კოდექსს. თუ ეროვნული კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისწინებენ უფრო მკაცრ წესებს, ვიდრე ამ კოდექსის დებულებები, მაშინ მოქმედებენ პირველნი.

7. სამართალდამცავი თანამდებობის პირები, რომლებიც ასრულებენ ამ კოდექსის დებულებებს, იმსახურებენ პატივისცემას, სრულ მხარდაჭერას და თანადგომას საზოგადოებისაგან და იმ სამართალდამცავი ორგანოებისაგან, რომელშიც ისინი მსახურობენ.

5 სამართალდამცავი თანამდებობის პირების ქცევის კოდექსის ეფექტური განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1989 წლის 24 მაისის რეზოლუცია)

1. მთავრობები იღებენ აუცილებელ ზომებს სამართალდამცავი თანამდებობის პირების სწავლების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში მათ მიერ ამ კოდექსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის, აგრეთვე ადამიანის უფლებათა შესახებ სხვა ფუძემდებლური დოკუმენტების გაცნობის მიზნით.

2. პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება სამართალდამცავი თანამდებობის პირების შერჩევას, სწავლებას და მომზადებას, აგრეთვე სათანადო ანაზღაურებას და შრომის პირობებს. ამასთან, იქმნება ეფექტური მექანიზმები შინაგანი დისციპლინის და გარე კონტროლის უზრუნვესაყოფად, მათ შორის თანამდებობის პირებზე საჩივრების მიღებისა და განხილვის განსაკუთრებული დებულებების შემუშავების მიმართულებით.

3. შიდასახელმწიფო დონეზე კანონის ეფექტური განხორციელების მიზნით სამართალდამცავი ყველა თანამდებობის პირი უნდა ფლობდეს კოდექსს მშობლიურ ენაზე. ხელისუფლებამ უნდა გაავრცელოს კოდექსი და მასთან დაკავშირებული შიდა კანონები, რათა საზოგადოება გაეცნოს მათში ჩამოყალიბებულ პრინციპებსა და უფლებებს.

4. მთავრობები ახსენებენ გენერალურ მდივანს ხუთ წელიწადში ერთხელ მაინც კოდექსის განხორციელების მდგომარეობის შესახებ, ამასთან, მთავრობები გენერალურ მდივანს უგზავნიან ამონაწერს კანონებიდან, დადგენილებებიდან და ადმინისტრაციული ინსტრუქციებიდან კოდექსის გამოყენებასთან დაკავშირებით, და ნებისმიერ სხვა ინფორმაციას მისი განხორციელების შესახებ, აგრეთვე ცნობებს მისი განხორციელების დაბრკოლებათა შესახებ.

5. გენერალური მდივანი ავრცელებს კოდექსს და ამ სახელმძღვანელო პრინციპებს ყველა სახელმწიფოში და შესაბამის სამთავრობათშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში გაეროს ყველა ოფიციალურ ენაზე.

6. გაეროს რეგიონულ ინსტიტუტებს შორის რჩევა ეძლევათ მოაწყონ სემინარები და სასწავლო კურსები კოდექსის განხორციელების მდგომარეობის შესახებ რეგიონის ქვეყნებში, აგრეთვე ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილ დაბრკოლებათა შესახებ.

6 პრინციპების კრებული ყველა იმ პირის დასაცავად, რომლებიც ნებისმიერი ფორმით არიან დაკავებული ან დაპატიმრებული

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წლის 9 დეკემბრის რეზოლუცია)

ნებისმიერი ფორმით დაკავებულ ან დაპატიმრებულ ყველა პირს უფლება აქვს მოექცნენ ჰუმანურად და ადამიანის პიროვნებისათვის დამახასიათებელი ღირსების პატივისცემით.

ნებისმიერი ფორმით პირის დაკავება ან დაპატიმრება და პიროვნების უფლებების ყოველგვარი შეზღუდვა დაკავშირებული დაკავებასა და დაპატიმრებასთან უნდა ხორციელდებოდეს დადგენილების საფუძველზე და ექვემდებარებოდეს სასამართლოს ან სხვა ორგანოს ეფექტურ კონტროლს.

სახელმწიფოებმა საკანონმდებლო წესით უნდა აკრძალონ თანამდებობის პირების მიერ პრინციპების ამ კრებულში ჩამოყალიბებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ასეთი ქმედებებისათვის დაადონ შესაბამისი სანქციები და ჩაატარონ მიუკერძოებელი გამოძიება მათ გამო არსებულ საჩივრებზე.

ნებისმიერი თავისუფლებააღკვეთილი პირი დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინფორმირებული მისთვის გასაგებ ენაზე მისი უფლებების შესახებ მისი დაკავების ან დაპატიმრების მიზეზებისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია მათი განხორციელება, თანახმად ეროვნული კანონმდებლობისა.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს დაუყოვნებლივ იქნას წარდგენილი მოსამართლის ან იმ თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს მისი დაკავების ან დაპატიმრების კანონიერება და უფლება, რომ უკანონო დაკავების ან დაპატიმრების შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ იქნას განთავისუფლებული.

ნებისმიერ პირს, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულში, უფლება აქვს დაიცვას თავი დამოუკიდებლად ან მის მიერ შერჩეული ადვოკატის მეშვეობით. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი არ ფლობს საკმარის სახსრებს ადვოკატის დასაქირავებლად, ასეთი მომსახურება მას უნდა გაეწიოს უფასოდ.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომპეტენტური ორგანოებისაგან დაუყოვნებლივ აცნობონ მისთვის სასურველ პირს მისი დაკავების ან დაპატიმრების ადგილის შესახებ.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მისი თავისუფლების აღკვეთა არ იქნას გამოყენებული სამართალდამცავი ორგანოების მიერ აღიარების, თვითგათქმის ან სხვა პირის მიმართ ჩვენების იძულებისათვის.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ ნებისმიერ დაკითხვის ხანგრძლივობა და შესვენება შეტანილ იქნას ოქმში.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მისი ან ადვოკატის შუამდგომლობა ან საჩივარი მის მიმართ მოპყრობის თაობაზე დაუყოვნებლივ წარედგინოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებზე პასუხისმგებელ ორგანოს და ზემდგომ ინსტანციას, და რომ ასეთი შუამდგომლობა და საჩივარი განხილულ იქნას ოპერატიულად და დაუსაბუთებელი დაყოვნების გარეშე გაეცეს მათ პასუხი, ხოლო შუამდგომლობის ან საჩივრის დაუკმაყოფილებლობის ან არამართლზომიერი დაყოვნების შემთხვევაში მიმმართოს სასამართლოს ან სხვა ორგანოს.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ მიღებული იქნას ზომები თავისუფლების აღკვეთის პირობების გასაუმჯობესებლად.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელსაც არასაკმარისად ესმის ან ლაპარაკობს სახელმწიფო ენაზე, უფლება აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მისთვის გასაგებ ენაზე თავის დაცვისათვის აუცილებელი ინფორმაცია და ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს თავის ადვოკატთან კონსულტაციების ჩატარების აუცილებელი დროის და პირობების გამოყოფაზე დაუყოვნებლივ, სრული კონფიდენციალობის დაცვით.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რათა იგი მოინახულონ ოჯახის წევრებმა, აწარმოოს მიმოწერა მათთან, ურთიერთობა ჰქონდეს გარე სამყაროსთან მხოლოდ იმ გონივრული შეზღუდვების დაშვებით, რაც გათვალისწინებულია ქვეყნის შიდა კანონმდებლობით.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს, რომ დაკითხვისას მის მიმართ არ იქნას გამოყენებული ძალადობა, მუქარა ან მოკვლევის ისეთი მეთოდები, რომლებიც ზღუდავენ მის მიერ განსჯის შედაეგად გადწყვეტილების მიღების უნარს.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა მიეცეს დაკავებიდან უმოკლეს ვადაში სათანადო სამედიცინო შემოწმების გავლის საშუალება. შემდგომში აუცილებლობის წარმოშობისთანავე მას უნდა ჩაუტარდეს ასეთივე შემოწმება და უფასო მკურნალობა.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს ან სხვა ორგანოს განმეორებითი სამედიცინო შემოწმების შესახებ. თავისუფლებააღკვეთილ პირის მიერ სამედიცინო შემოწმების ყოველი ფაქტი, ექიმის გვარი და ასეთი შემოწმების შედეგები სათანადო წესით ფიქსირდება ოქმში.

ნებისმიერ თავისუფლებააღკვეთილ პირს ან მის ადვოკატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს აღძრან შუამდგომლობა სასამართლო ან სხვა ორგანოს წინაშე მისი დაკავების ან დაპატიმრების კანონიერების შესახებ მისი განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთი განხილვა უნდა იყოს მარტივი და სწრაფი, აგრეთვე უფასო იმათთვის, ვინც შესაბამის სახსრებს არ ფლობს. ამასთან, ორგანო, რომელმაც დააკავა ან დააპატიმრა პირი, ვალდებულია დაყოვნების გარეშე წარუდგინოს იგი იმ ორგანოს, რომელიც განიხილავს საქმეს. ზემოაღნიშნული პრინციპების შეუსრულებლობა მტკიცებულებების მოპოვების დროს, მიიღება მხედველობაში ამ მტკიცებულებათა დაშვებულობის საკითხის გადაწყვეტისას დაკავებულის ან დაპატიმრებულის მიმართ.

7 კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს გენერალური ასამბლეის 1984 წლის 10 დეკემბრის რეზოლუცია)

,,ამ კონვენციის მიზნებისათვის განსაზღვრება ,,წამება” ნიშნავს ნებისმიერ მოქმედებას, რომლითაც რომელიმე პირს განზრახ აყენებენ ძლიერ ტკივილს ან ტანჯვას, ფიზიკურს თუ მორალურს, რათა მისგან ან მესამე პირისაგან მიიღონ ინფორმაცია ან აღიარება, დასაჯონ ეს პირი მის მიერ ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან ისეთი მოქმედებისათვის, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია, აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი, ან ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაციაზე დაფუძნებული ნებისმიერი მიზეზით,

როცა ასეთ ტკივილს ან ტანჯვას ამ პირს აყენებენ სახელმწიფო თანამდებობის ან სხვა ოფიციალური პირები, ან ხდება მათი წაქეზებით, ნებართვით თუ უსიტყვო თანხმობით. ამ განმარტებაში არ შედის ტკივილი ან ტანჯვა, რომელსაც ბუნებრივად განიცდის პირი კანონიერი სანქციის შედეგად ან თუ განუყოფელია ამ სანქციისაგან”.

,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო ახორციელებს ეფექტურ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სასამართლო და სხვა ღონისძიებებს წამების აქტების თავიდან ასაცილებლად მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე.

არავითარი განსაკუთრებული გარემოება, იქნება ეს საომარი მდგომარეობა თუ ომის საფრთხე, არასტაბილური შინაპოლიტიკური ვითარება თუ ნებისმიერი სხვა საგანგებო სიტუაცია, არ ამართლებს წამებას.

ზემდგომი უფროსის ან სახელმწიფო ხელისუფლების ბრძანება არ ამართლებს წამებას” (მუხლი 2).

,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ სასწავლო მასალები და ინფორმაცია წამების აკრძალვის შესახებ სრულად იქნეს შეტანილი იმ სამართალგამოყენებითი ორგანოების - სამოქალაქო თუ სამხედრო პერსონალის, სამედიცინო პერსონალის, სახელმწიფო თანამდებობის პირთა და სხვა იმ პირთა მომზადების პროგრამებში, რომლებსაც შეიძლება კავშირი ჰქონდეთ ნებისმიერი ფორმით დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირების პატიმრობაში ყოლასა თუ დაკითხვასთან ან მათდამი მოპყრობასთან;

ყოველ მონაწილე სახელმწიფოს ეს აკრძალვა შეაქვს იმ წესებსა და ინსტრუქციებში, რომლებიც ეხება ყოველი ასეთი პირის მოვალეობებსა და ფუნქციებს” (მუხლი 10).

,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ მისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა სწრაფად და მიუკერძოებლად აწარმოონ გამოძიება, როცა არის საკმარისი საფუძველი ვარაუდისა, რომ წამებას ადგილი ჰქონდა მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე” (მუხლი 12).

,,ნებისმიერი პირისათვის, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი აწამეს ამ სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე, ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს უფლებას, რომ საჩივრით მიმართოს ამ სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფალთ, რომლებმაც სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა განიხილონ ასეთი საჩივარი. ხორციელდება ღონისძიებანი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსარჩელისა და მოწმეების დაცვა ნებისმიერი ფორმის ცუდი მოპყრობისა ან დაშინებისაგან მის საჩივართან ან ნებისმიერი მოწმის ჩვენებებთან დაკავშირებით” (მუხლი 13).

,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც პირმა გააკეთა წამების დროს, არ გამოიყენებოდეს როგორც მტკიცებულება არავითარი სასამართლო განხილვის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი გამოიყენება იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალად ედება ადამიანის წამება, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ეს განცხადება გაკეთებული იყო” (მუხლი 15).

,,ყოველი მონაწილე სახელმწიფო ვალდებულებას კისრულობს თავის იურისდიქციას დაქვემდებარებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე თავიდან აიცილოს მოპყრობისა და სასჯელის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი სხვა აქტები, რომლებიც არ შედის ამ კონვენციის პირველ მუხლში ჩამოყალიბებულ წამების განსაზღვრებაში, როცა ასეთ აქტებს ახორციელებს სახელმწიფო თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან ხდება მათი წაქეზებით, მათი ნებართვით ან უსიტყვო თანხმობით” (მუხლი 16).

8 საქართველოს კანონმდებლობა პოლიციის უფლება-მოვალეობების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


დღესდღეობით საქართველოში მოქმედებს 1993 წლის 27 ივლისს მიღებული კანონი ,,პოლიციის შესახებ” (შემდგომში მიღებული დამატებებითა და შესწორებებით).

ამ კანონის მიხედვით, პოლიციის ამოცანებია:

● კანონით დადგენილი წესით პიროვნების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;

● საზოგადოებრივი წესრიგის და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

● დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილება;

● დამნაშავე პირის ძებნა და დანაშაულის გახსნა;

● კანონით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება;

● აკრძალულია პოლიციის გამოყენება იმ ამოცანების შესასრულებლად, რომლებიც მას არ ეკისრება ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით (მუხლი 2).

პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვას, განურჩევლად სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა. აკრძალულია პოლიციაში პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა (მუხლი 4).

პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია:

ა) საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისოსამართლებრივი აქტები, ეს კანონი, საქართველოს კანონები, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტები;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციები; კანონები, ხელისუფლების და მმართველობის უმაღლესი ორგანოების ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობას (მუხლი 3).

პოლიცია თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის

სახელმწიფო ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, შრომით კოლექტივებს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და მოქალაქეებს.

პოლიციას უფლება არა აქვს გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რომელიც ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მუხლი 5).

პოლიცია თავისი ამოცანების შესაბამისად მოვალეა:

● კომპეტენციის ფარგლებში აღმოუჩინოს მოქალაქეს სათანადო დახმარება;

● შესაძლებლობა მისცეს დაკავებულ ან დაპატიმრებულ პირს კანონის შესაბამისად განახორციელოს სამართლებრივი დაცვის უფლება, შეატყობინოს მის შესახებ ოჯახს, სამუშაო ან სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელობას;

● სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ზუსტად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები. მოქალაქის უფლებები შეზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. მოქალაქის უფლების იძულებითი შეზღუდვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი წარუდგება მოქალაქეს, წარუდგენს პირადობის მოწმობას, განუმარტავს კონკრეტული შეზღუდვის გამოყენების საფუძველს და უფლებებს;

● პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ზუსტად დაიცვას სამსახურებრივი ეთიკის ნორმები. თუ პოლიციის თანამშრომლის მოქმედებას, როდესაც იგი ზღუდავს მოქალაქის უფლებას, თან სდევს სიტყვები: ,,კანონის სახელით!”, ყოველი მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს და შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა;

დ) დაადგინოს დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზები და პირობები, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად, ჩაატაროს სამართალდამრღვევ პიროვნებებთან ინდივიდუალურ-პროფილაქტიკური მუშაობა;

● გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული;

● მიიღოს და რეგისტრაციაში გაატაროს შემოსული ინფორმაცია დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, საზოგადოებრივად საშიში სხვა ქმედობის და უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა შესახებ;

● სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით აღძრას სისხლის სამართლის საქმე, ჩაატაროს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, თუ არსებობს ისეთი დანაშაულის ნიშნები, რომლის გამოც, წინასწარი გამოძიების წარმოება სავალდებულოა. გამოვლენილი დანაშაულის, დაწყებული წარმოების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს;

● დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებებსა და შეტყობინებებზე;

● შეასრულოს პროკურორისა და გამომძიებლის წერილობითი დავალებები და მითითებები საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედების შესახებ, დახმარება აღმოუჩინოს მათ საგამოძიებო მოქმედების წარმოებისას;

● მოძებნოს დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც გამოძიებას და სასამართლოს ემალება, მოძებნოს უგზო-უკვლოდ დაკარგული და სხვა პირები, რომელთა მოძებნაც მას კანონით ევალება;

● ჩაატაროს ტექნიკურ-კრიმინალისტიკური გამოკვლევები ოპერატიულ-სამძებრო მასალებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე;

● მიიღოს გადაუდებელი ზომები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნისას, ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად;

● საგანგებო წესების, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს დადგენილი რეჟიმის, ხოლო ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების დროს - საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაში;

● გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებრივად საშიში ქმედობისა და უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებულს, უმწეო მდგომარეობაში, აგრეთვე ნარკოტიკული, ტოქსიკური ან ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფს, თუ მას დაკარგული აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, ან შეუძლია საფრთხე შეუქმნას საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ;

● მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, ზედამხედველობა გაუწიოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვას, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალებები, გასცეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობები;

● უზრუნველყოს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ძლიერმოქმედ ქიმიურ და შხამიან ნივთიერებათა, თავდაცვის ინდივიდუალურ საშუალებათა შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვის, გადაგზავნის კანონით დადგენილი რეჟიმის, ტირების, სასროლეთების და სხვა ობიექტების გახსნისა და საქმიანობის წესების დაცვა;

● საჰაერო ხომალდის და საზღვაო ტრანსპორტის მგზავრების უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეამოწმოს გადასატანად წარმოდგენილი მგზავრის ხელბარგი და ბარგი, თუ საჭიროა პირადად შეამოწმოს მგზავრი;

● კანონით დადგენილი წესით, გასცეს საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა. უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ რეგისტრაციის და სატრანსპორტო მგზავრობის წესების დაცვა;

● აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილებები, მოსამართლის, პროკურორისა და გამომძიებლის დადგენილებები იმ პირთა წარმოდგენის შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ სასამართლოში, პროკურატურაში ან საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას;

● აღასრულოს სასამართლოს, პროკურორის და გამომძიებლის გადაწყვეტილებები დაკავების ან დაპატიმრების შესახებ;

● კანონით გათვალისწინებული წესით სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანოს ქრონიკული ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ვენერიული სენით ან შიდსით დაავადებული პირი, რომელიც თავს არიდებს ამ დაწესებულებაში გამოცხადებას;

● აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, კანონით დადგენილი წესით განიხილოს და გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ;

● სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს მაწანწალობისა და ბავშვთა უმეთვალყურეობის თავიდან აცილებაში;

● უზრუნველყოს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის დაცვა და გადაყვანა საპატიმრო დაწესებულებაში;

● აღასრულოს მოსამართლის დადგენილებები ადმინისტრაციული დაპატიმრების შესახებ;

● ხელშეკრულების საფუძველზე დაიცვას მესაკუთრის ქონება;

● განახორციელოს გადაუდებელი ღონისძიებები უპატრონო ქონების დასაცავად, ვიდრე ქონება არ გადაეცემა შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირს ან მესაკუთრეს;

● უზრუნველყოს ნაპოვნი ან პოლიციაში ჩაბარებული დოკუმენტების, ნივთების ფასეულობებისა და სხვა ქონების დაცვაშენახვა. მიიღოს ზომები კანონიერი მფლობელისთვის მათი გადაცემისთვის ან დადგენილი წესით რეალიზაციისთვის;

● დადგენილი წესით აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებს იმ პირის შესახებ, რომელიც სიტემატურად ლოთობს, არასამედიცინო მიზნით იყენებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს თუ სხვა გამაბრუებელ საშუალებებს ან რომლის მიმართაც არსებობს საკმაო მონაცემები, რომ დაავადებულია გადამდები ვენერიული სენით ან შიდსით;

● განახორციელოს დაზარალებულის, მოწმისა და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეების, მათი ოჯახის წევრების დაცვის ღონისძიებები, თუ მათი სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება საფრთხეშია;

● უზრუნველყოს მიტინგების, დემონსტრაციების, მოქალაქეთა მშვიდობიანი მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება;

● თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას დეპუტატები, დეპუტატობის კანდიდატები, მათი ნდობით აღჭურვილი პირები, სახელმწიფო დაწესებულებების თანამდებობის პირები, საარჩევნო კომისიები, თუ მათ კანონიერ საქმიანობას წინააღმდეგობა ექმნება;

● დაეხმაროს სახანძრო და მაშველ სამსახურებს ხანძრის თავიდან აცილების, ჩაქრობის, აგრეთვე სამაშველო სამუშაოების დროს;

● დაეხმაროს სამხედრო მმართველობის ორგანოებს დაკარგული და გატაცებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის, სამხედრო ქონების, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავსარიდებულ სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო ვალდებულთა მოძებნაში;

● დაეხმაროს ბუნების დაცვისა და საბაჟო სამსახურებს კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში;

● თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ შეზღუდვების შესრულება, რომლებიც დაწესებული აქვთ: თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან გათავისუფლებულ პირებს; თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან შრომაში სავალდებულო ჩაბმით ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლებულ პირებს; პირებს, რომლებიც სასჯელის მოხდისგან პირობით არიან გათავისუფლებული; პირებს, რომელთაც გადაედოთ განაჩენის აღსრულება;

● წერილობით ან ზეპირად ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში მოქალაქეს, რომლის მიმართ პოლიციამ უკანონოდ გამოიყენა იძულების ღონისძიებები. მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები პოლიციის არამართლზომიერი მოქმედების შედეგად დაზარალებული მოქალაქის, ორგანიზაციის მორალური ან ქონებრივი რეაბილიტაციისთვის;

● შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

8.1 პოლიციის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


პოლიციას დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად უფლება აქვს:

● მოსთხოვოს მოქალაქეს დაიცვას მართლწესრიგი, ხოლო ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები;

● შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები მის მიერ დანაშაულის ან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის შესახებ;

● სისხლის სამართლის საქმის ან ადმინისტრაციული გადაცდომის მასალებთან დაკავშირებით პოლიციაში გამოიძახოს მოქალაქე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, მოსთხოვოს საჭირო ცნობები და დოკუმენტები; კანონით დადგენილი წესით იძულებით წარადგინოს პოლიციაში მოქალაქე, თუ იგი არასაპატიო მიზეზით თავს არიდებს გამოცხადებას;

● შეადგინოს ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფარდოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;

● წარადგინოს და პოლიციაში არაუმეტეს რვა საათისა, ამყოფოს სამართალდამრღვევი მისი პიროვნების დადგენისა და ნივთების დათვალიერების მიზნით, რის შესახებაც, კანონით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი;

● დადგენილი წესით ჩაატაროს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება;

● დადგენილი წესით დააკავოს პირი, რომელსაც მიესაჯა პირობით თავისუფლების აღკვეთა შრომაში სავალდებულო ჩაბმით, ან პირი, რომელიც თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით გათავისუფლდა შრომაში სავალდებულო ჩაბმით და თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი;

● სამედიცინო დაწესებულებაში წარადგინოს პირი, რომელიც ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ტოქსიკური სიმთვრალის შედეგად, საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ; გაასინჯინოს გამოსაფხიზლებლად მიყვანილი პირი, შეინახოს მისი ნივთები, დოკუმენტები, რის შესახებაც, შეადგინოს სათანადო ოქმი;

● კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები; პენიტენციური სისტემის რეფორმის გარდამავალ პერიოდში, რომლის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ევროსაბჭოს რეკომენდაციებით, თავისი ამოცანების შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დანიშნოს პოლიციის ოფიცერი;

● კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მატერიალურ ფასეულობათა დაცვა და დაცვის კონტროლი;

● დანაშაულის აღკვეთის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მობინადრეთა თანხმობის გარეშე დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ბინაში, დაწესებულების, საწარმოს, ორგანიზაციის და კერძო პირის კუთვნილ არასაცხოვრებელ სათავსში, მიწის ნაკვეთში (აუცილებლობის შემთხვევაში, ფიზიკური ძალის გამოყენებითაც), ექსტერიტორიული და სპეციალური სარეჟიმო სტატუსის მქონე არასაცხოვრებელი სათავსის და მიწის ნაკვეთის გარდა, რაც არა უგვიანეს 24 საათისა, წერილობით აცნობოს პროკურორს;

● აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე მშვიდობიანი აქცია, თუ იგი საფრთხეს შეუქმნის, საზოგადოებრივ უშიშროებას, პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს;

● საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოქალაქეთა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის, ცალკეულ ოპერატიულსამძებრო და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, ჩაკეტოს ან შეზღუდოს მოძრაობა გზებსა და ქუჩების მონაკვეთებზე;

● აკრძალოს სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება, თუ მათი კონსტრუქცია და ტექნიკური მდგომარეობა არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს; სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, შეამოწმოს მძღოლის მართვის მოწმობა და სხვა საჭირო დოკუმენტები; მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღსაკვეთად; მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა, გააკონტროლოს საგზაო მოძრაობის წესების, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვა, დადგენილი წესით ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება, აღრიცხოს და რეგისტრაციაში გაატაროს სატრანსპორტო საშუალება, გასცეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოწმობა;

● სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ან რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური, ტოქსიკური, ან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაშია; პოლიცია მოვალეა ადგილზე შეამოწმოს ეს პირი, და დაუყოვნებლივ წარადგინოს იგი სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში სიმთვრალის ხარისხის დასადგენად;

● დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მისცეს ნებართვა საწარმოებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და მოქალაქეებს შეიძინონ, შეინახონ, გადაიტანონ ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, აქტიური თავდაცვის საშუალებები და ნაკეთობანი, გაზის პისტოლეტები, გაზიანი ბალონები, ელექტროშოკური მოწყობილობები და სხვა; გააუქმოს ეს ნებართვა, თუ მისი მფლობელები არ ასრულებენ მათი ხმარების დადგენილ წესს და აუცილებლობის შემთხვევაში, ჩამოართვას მათ აღნიშნული საგნები, საშუალებები და ნაკეთობანი;

● დადგენილი წესით გასცეს იარაღის სარემონტო, პიროტექნიკური საწარმოს, სასროლეთის, ტირის, გახსნის ნებართვა; გააუქმოს ასეთი ნებართვა, თუ მისი მფლობელი არღვევს დადგენილ წესს;

● დამნაშავის დევნის, დაკავებულის პოლიციაში წარმოსადგენად, აგრეთვე, სამკურნალო დაწესებულებაში იმ პირთა მისაყვანად, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, უფასოდ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით (დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სპეციალური ტრანსპორტის გარდა);

● საქართველოს სახელიწიფო საზღვარზე გადაადგილებისას დანაშაულის შესახებ საკმაო მონაცემების არსებობის საფუძველზე საბაჟო სამსახურთან ერთად ჩაატაროს მოქალაქეთა პირადი და სატრანსპორტო საშუალებათა შემოწმება;

● სამხედრო პატრულის არყოფნის შემთხვევაში, დააკავოს სამხედრო მოსამსახურე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენისათვის; გადასცეს დაკავებული სამხედრო მოსამსახურე და მოსაკვლევი მასალები სამხედრო კომენდანტს, სამხედრო ნაწილის მეთაურს ან სამხედრო პროკურატურას;

● საგანგებო, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის პირობებში, აგრეთვე დამნაშავეთა და სამართალდამრღვევთა დაკავების მიზნით, პოლიცია დასახლებულ პუნქტებში, საგზაო მაგისტრალებზე და ტერიტორიულ წყლებში აწყობს რეიდებს; რეიდის დროს პოლიციას უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გააჩეროს პირი და სატრანსპორტო საშუალება (დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სპეციალური ტრანსპორტის გარდა); მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, მართვის უფლების მოწმობა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი, საგზაო ფურცელი, ზედდებული; სისხლის სამართლის საპროცესო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის შემოწმება და ჩხრეკა, მოქალაქის პირადი შემოწმება ან პირადი ჩხრეკა;

● უსასყიდლოდ მიიღოს საწარმოს, ორგანიზაციისა და მოქალაქისაგან ინფორმაცია, იმ შემთხვევების გარდა, როცა კანონით დადგენილია ინფორმაციის მიღების სპეციალური წესი;

● კანონით დადგენილი წესით ისარგებლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დანაშაულის გარემოებათა და მის ჩამდენ პირთა დასადგენად, გამოძიებისა და სასამართლოსაგან მიმალული, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოსაძებნად, ამოუცნობი გვამის ვინაობის დასადგენად, სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, მართლწესრიგის განსამტკიცებლად;

● სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულის (განსასჯელის), ამოუცნობი გვამის რეგისტრაცია, დაქტილოსკოპია, ფოტო-კინო-აუდიო და ვიდეო გადაღება, შედარებითი გამოკვლევისათვის ნიმუშების აღება;

● მგზავრების პირადი დაცვის, დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის, ბრალდებულის დაკავების ან დაპატიმრების მიზნით დადგენილი წესით შეაყოვნოს სარკინიგზო, საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გასვლა არა უმეტეს 30 წუთისა;

● დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დაკავების მიზნით, ისარგებლოს მოქალაქეთა დახმარებით (მუხლი 8).

8.2 ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

▲ზევით დაბრუნება


1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები და სამსახურებრივი დანიშნულების ცეცხლსასროლი იარაღი ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით.

2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქისა და პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.

3. სპეციალური საშუალების სახე, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით (მუხლი 10.).

ფიზიკური იძულების გამოყენება

პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება. მათ შორის ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები პირადი და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად, დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ უძალადო მეთოდების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას (მუხლი 11.).

სპეციალური საშუალებების გამოყენება

1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულთან და საზოგადოებრივად საშიშ ქმედობებთან ბრძოლის მიზნით, პოლიციას უფლება აქვს, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი. სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა;

● ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება - დანაშაულის და საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს, ან ცდილობს გაქცევას; დაკავებულის დ დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს თავის თავს და გარეშე პირს;

● რეზინის ხელკეტი - მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე და დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი, საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;

● გაზი - მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე, დაცულ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად; საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის, საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, რათა მან დატოვოს დაკავებული სატრანსპორტო საშუალება ან შენობა ნაგებობა, სადაც თავს აფარებს;

● ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერი მოწყობილობა - სახელმწიფო და საზოგადოებრივ ობიექტებზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პოლიციის თანამშრომელზე და მოქალაქეზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად, შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, მძევლების გასათავისუფლებლად;

● ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება - სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერებულიყო;

● დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება - დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დაკავებისას, მძევლების გასათავისუფლებლად;

● წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა - საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ობიექტებზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნა გაჩერებულიყო, შეიარაღებულ დამნაშავეთა დასაკავებლად;

● სპეციალური საღებავი - დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად;

● სასამსახურო ძაღლი - დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ბადრაგირებისას, მოქალაქეზე ან პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად;

● სასამსახურო ცხენი - დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედობის ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, საპატრულო სამსახურის შესრულებისას, საზოგადოებრივი წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად;

● ელექტროშოკური მოწყობილობა - მოქალაქეზე, პოლიციის თანამშრომელზე ან დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად.

2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს, დაუყოვნებლივ აცნობოს ფიზიკური ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსს და პროკურორს.

3. აკრძალულია ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შეითხვევების გარდა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციის მუშაკთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.

4. პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესი დგინდება საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით.

5. პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება ისეთი ფიზიკური იძულების და სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო აქტებით (მუხლი 12).

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

1. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი.

2. პოლიციის თანამშრომლის განკარგულებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გამიზნული გასროლა.

4. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით, გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი:

ა) მოქალაქისა და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;

გ) მძევლების გასათავისუფლებლად;

დ) დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღსაკვეთად;

ე) მძიმე დანაშაულის აღსაკვეთად, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელს ან შეეცდება გაქცევას;

ვ) მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიებისას;

ზ) მოქალაქეთა დაცვისას საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;

თ) განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოძახებისას;

ი) სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.

5. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.

6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება:

ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;

ბ) ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევისას;

გ) დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;

დ) დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას;

ე) დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევისას.

7. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ისეთ ადგილებში გამოყენება, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ და აფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლეს.

8. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელი მოვალეა, ყოველი ღონე იხმაროს სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაზარალებულისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გასაწევად.

9. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ დაუყონებლივ აცნობოს თავის უშუალო უფროსს და პროკურორს.

10. პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების ნუსხა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

11. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებით და საერთაშორისო აქტებით (მუხლი 13).

8.3 პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


1. დანაშაულის გახსნისა და თავიდან აცილების მიზნით პოლიცია ოპერატიულ სამძებრო საქმიანობას ეწევა ღია და ფარული საშუალებებით და მეთოდებით.

2. აკრძალულია ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებანი, რომლებიც:

ა) საფრთხეს უქმნის პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას პატივსა და ღირსებას, ქონებას;

ბ) საფრთხეს უქმნის სახელმწიფო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მეწარმეთა ქონებას და კანონით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს;

გ) დაკავშირებულია მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან დანაშაულის და სხვა სახის სამართალდარღვევის ჩასადენად.

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, რომელიც დროებით ზღუდავს პიროვნების პირადი ცხოვრების, მიმოწერის, სატელეფონო საუბრის და სატელეგრაფო შეტყობინებათა საიდუმლოებას, გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით (მუხლი 14).

● პოლიციის თანამშრომელი არის საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.

● პოლიციის თანამშრომლის ფიცის ტექსტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

● თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, პოლიციის თანამშრომელი სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია.

● პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია. თანამდებობის შესაბამისად მას ენიჭება სპეციალური წოდება და სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სასამსახურო იარაღის ტარების უფლება.

● პირი, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე ან ხელშეკრულებით მუშაობს პოლიციაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია. მისი სამართლებრივი სტატუსი, უფლებები და მოვალეობები, სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით (მუხლი 19).

● პოლიციის თანამშრომელს აკრძალული აქვს სამსახურთან ერთად ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში.

● თანამშრომელს აკრძალული აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში (მუხლი 21).

8.4 პოლიციის საქმიანობაში ჩაურევლობა

▲ზევით დაბრუნება


1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელი ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას პოლიციის თანამშრომელი ხელმძღვანელობს კანონით.

2. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება პოლიციის თანამშრომელს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

3.აკრძალულია პოლიციის კანონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მუხლი 24).

8.5 პოლიციის თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა

▲ზევით დაბრუნება


1.პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოქალაქისა და თანამდებობის პირისთვის.

2.პოლიციის თანამშრომლის და მისი ოჯახის წევრების ხელშეუხებლობას, ქონებას, პატივსა და ღირსებას იცავს კანონი.

3.პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფა, წინააღმდეგობის გაწევა, მისი სიცოცხლის ხელყოფა ან სხვა ქმედობა, რომელიც ხელს უშლის პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, ისჯება კანონით (მუხლი 25.).

8.6 პოლიციის თანამშრომლის უფლება სასამართლო დაცვაზე

▲ზევით დაბრუნება


პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ (მუხლი 26).

8.7 პოლიციის თანამშრომლის ქმედობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება

▲ზევით დაბრუნება


1. პოლიციის თანამშრომლის უკანონო ქმედობით მოქალაქეებისთვის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პოლიციის თანამშრომლის მართლზომიერი მოქმედებით მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისთვის მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს სახელმწიფო კანონით დადგენილი წესით (მუხლი 27).

8.8 პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა

▲ზევით დაბრუნება


1. პოლიციის თანამშრომელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისა და დანაშაულისთვის პასუხს აგებს საერთო წესით.

2. დანაშაულისთვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციის თანამშრომელი თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.

3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება დისციპლინური სახდელები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;

ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;

ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;

ზ) დისციპლინური პატიმრობა 3-დან 10 დღე-ღამემდე ჰაუპტვახტში მოხდით;

თ) შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნა.

4. დისციპლინური სახდელების შეფარდების და მოხსნის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდება (მუხლი 30).

8.9 პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა

▲ზევით დაბრუნება


1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.

2. პოლიციის თანამშრომლისთვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე;

3.პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისთვის იღებს:

ა) ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილ განაკვეთს;

ბ) წელთა ნამსახურობის დანამატს;

გ) რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია;

დ) დანამატს დასვენების, უქმე დღეებში, ღამის საათებში და ზეგანაკვეთური მუ შაობისთვის;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.

4. პოლიციის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობა 30 კალენდარული დღეა, თუ მას აქვს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის 10 წლამდე სტაჟი; 35 კალენდარული დღე - 10-დან 15 წლამდე; 40 კალენდარული დღე - 15-დან 20 წლამდე; 45 კალენდარული დღე - 20 წელზე მეტი მუშაობის სტაჟისთვის;

5. პოლიციის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის ან მისი ახლობლისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

6. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან უხდიან ერთდროულ კომპენსაციას 10 წლის ხელფასის ოდენობით. დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს;

7. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც დაიჭრა ან დასახიჩრდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, ეძლევა კომპენსაცია ბიუჯეტის სახსრებიდან 1-დან 5-წლამდე მიღებული ხელფასის ოდენობით;

8. პოლიციის თანამშრომელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო-კომუნალური ფონდიდან ეძლევა საცხოვრებელი ბინა ან სახლი და რიგგარეშე ედგმება ტელეფონი. ბინის კომუნალური მომსახურების ქირას, (დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულების გარდა) და ტელეფონის გადასახადს იგი იხდის ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებით, თუ ამ მომსახურებას ახორციელებს სახელმწიფო;

9. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელი სარგებლობს შეღავათებით მიწის რენტის გადასახადის, კოოპერაციული ან ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის შეღავათიანი სახელმწიფო კრედიტის მიღების უფლებით;

10. პოლიციის თანამშრომელს სახელმწიფო-კომუნალური ფონდიდან საცხოვრებელი ბინის (სახლის) გამოყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, ეძლევა სრული კომპენსაცია დროებითი საცხოვრებელი ბინის (სახლის) ქირის გადასახდელად;

11. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახეობის ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) სახელმწიფოს ხარჯზე;

12. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ასაკის, ავადმყოფობის, შტატების შემცირების ან ჯანმრთელობის მოშლის გამო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აქვს პენსიის მიღების უფლება. მას და მისი ოჯახის წევრებს უნარჩუნდებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის უფლება. სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის ასეთივე უფლება უნარჩუნდებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციის თანამშრომლის ოჯახის წევრებს;

13. პოლიციის თანამშრომელს პენსია ენიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წელთა ნამსახურობის ვადის მიღწევის გამო, პენსიაზე გასვლის დროს ან პროფესიული დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე დადგენილი ასაკის შესრულების ან ინვალიდობის გამო, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ პოლიციის თანამშრომელს უნარჩუნდება ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები;

14. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის იყენებს პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას, სატრანსპორტო საშუალების შენახვის, საწვავ-საპოხი მასალის ხარჯებს უნაზღაურებს სახელმწიფო დადგენილი წესით.

15. საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივ მივლინებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს, მივლინების მოწმობის საფუძველზე ურიგოდ შეიძინოს სამგზავრო ბილეთი ყველა სახის ტრანსპორტზე და ურიგოდ შესახლდეს სასტუმროში;

16. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით (მუხლი 31).

8.10 პოლიციელის ქმედობის გასაჩივრების უფლება

▲ზევით დაბრუნება


მოქალაქეს უფლება აქვს გაასაჩივროს პოლიციელის ქმედობა პოლიციის ზემდგომ თანამდებობის პირთან, პროკურორთან ან სასამართლოში (მუხლი 33).

8.11 განცხადებებისა და საჩივრების განხილვა პოლიციაში

▲ზევით დაბრუნება


1. პოლიცია განიხილავს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს კანონიერების დარღვევებზე.

2. პოლიციაში შემოსული განცხადება და საჩივარი განიხილება არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

3. დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ პოლიციაში შემოსული განცხადება ან საჩივარი დაუყოვნებლივ განიხილება.

4. ანონიმური განცხადება და საჩივარი არ განიხილება (მუხლი 34).

8.12 პოლიციის საქმიანობის კონტროლი

▲ზევით დაბრუნება


1. პოლიციის საქმიანობას აკონტროლებენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

3. პოლიციის საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოები არ ერევიან მის ოპერატიულ სამძებრო და საპროცესო საქმიანობაში ან ადმინისტრაციულ გადაცდომათა საქმის წარმოებაში (მუხლი 35).

9 საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“

▲ზევით დაბრუნება


(ძალაშია 1999 წლიდან)

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.

2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება:

ა) პირის გამოკითხვა;

ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;

გ) საკონტროლო შესყიდვა;

დ) კონტროლირებადი მიწოდება;

ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;

ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება);

ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა;

თ) მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან (კავშირგაბმულობის საშუალებებთან, კომპიუტერულ ქსელებთან, სახაზო კომუნიკაციებთან და სასადგურო აპარატურასთან მიერთებით), საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი (გარდა დიპლომატიური ფოსტისა);

ი) მოსამართლის ბრძანებით ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; ელექტრული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით, რომელთა გამოყენება ზიანს არ აყენებს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და გარემოს;

კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;

ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.

3. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ “ და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ტარდება მოსამართლის ბრძანებით. ბრძანებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, გასცემს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-144-ე, 224-ე, 308-321-ე, 323-331-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე. შუამდგომლობას, მისი მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით განიხილავს მოსამართლე დახურულ სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობისა და მასზე დართული მასალების განხილვის, პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გასცემს ბრძანებას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ;

ბ) გამოიტანს დადგენილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

4. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომელთა ჩატარება საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას, გადაუდებელი აუცილებლობისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება, ან როდესაც შეუძლებელია მოსამართლის ბრძანების მიღება მისი ადგილზე არყოფნის გამო, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ მისი დაწყებიდან 24 საათის ვადაში უნდა ეცნობოს შესაბამის პროკურორს. ასეთ შემთხვევაში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყებიდან 48 საათში, პროკურორი ვალდებულია შუამდგომლობით მიმართოს შესაბამის საერთო სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ტარდება აღნიშნული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეებზე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაკანონების მოთხოვნით. სასამართლო ვალდებულია პროკურორის შუამდგომლობა განიხილოს მისი წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში დახურულ სასამართლო სხდომაზე. პროკურორისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ამოწმებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონის შესაბამისად ჩატარებას და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დადგენილება:

ა) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების კანონიერად ცნობის შესახებ;

ბ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების უკანონოდ ცნობის, მისი შედეგების გაუქმებისა და ამ ღონისძიებით მოპოვებული მონაცემების განადგურების შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 - 4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება, დადგენილება) საბოლოოა და იგი არ გასაჩივრდება.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით.

7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით.

8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება (მუხლი 7).

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძვლებია:

ა) აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის დავალება მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების შესახებ. (ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ან დავალების მიმცემი თანამდებობის პირის - მოკვლევის ორგანოს უფროსის, გამომძიებლის, პროკურორის მითითებით);

ბ) დანაშაულის შესახებ დადგენილი წესით მიღებული განცხადების ან შეტყობინების განხილვის მიზნით მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის დავალება იმის შესახებ, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია წინასწარი გამოძიების ჩატარება, მაგრამ სახეზე არ არის დანაშაულის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნების დამადასტურებელი მონაცემები. (ამ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს);

გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ, რომელიც ემალება მოკვლევის ორგანოს, გამოძიებას, სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას;

დ) პირის უგზო-უკვლოდ გაუჩინარება, ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა-შეკითხვა;

ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა-შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხების) შესაბამისად.

2. თუ ოპერატიული ინფორმაცია პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მოითხოვს დამატებითი მონაცემების შეგროვებას, მოკვლევის ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე.

3. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილის ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების მინისტრების თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ან, შესაბამისად, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების მიერ, ოპერატიულსამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 9 თვემდე.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით, რომელიც სანქციონირებული უნდა იყოს საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 12 თვისა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება (მუხლი 8).

1. ცალკეულ პირთა მოქალაქეობა, ეროვნება, სქესი, თანამდებობა, საცხოვრებელი ადგილი, საზოგადოებრივ გაერთიანებათა წევრობა, რელიგიური აღმსარებლობა და პოლიტიკური მრწამსი ხელს არ უშლის იმას, რომ მათ მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. ისეთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარება, რომელიც ზღუდავს კანონით გარანტირებული სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით წარმოებული შეტყობინების საიდუმლოებას, დაიშვება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით დ თანამდებობის პირის მოტივირებული დადგენილებით, ან იმ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელიც არამართლზომიერ მოქმედებათა მსხვერპლია, ან თუ სახეზეა ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მონაცემები, რომლისთვისაც სისხლის სამართლის კანონით სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წელზე მეტი ვადით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ნუსხა დგინდება უწყებრივი ნორმატიული აქტებით.

3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების, იუსტიციის და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიული ორგანოების გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით (მუხლი 9).

1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შეწყდება, თუ:

ა) შესრულდა ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონკრეტული ამოცანა;

ბ) დადგინდა გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ობიექტურად შეუძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;

გ) დადგინდა კონკრეტული გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს შესამოწმებელი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს;

დ) გავიდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა.

2. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისა და შეწყვეტის ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონითა და უწყებრივი ნორმატიული აქტებით (მუხლი 10).

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმისათვის, რომ მომზადდეს და განხორციელდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებანი, დანაშაულის თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებანი.

2. ოპერატიული შემოწმების მასალები არ წარმოადგენს ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების და იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვის საფუძველს (მუხლი 11).

1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს;

ბ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებს;

გ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიულ ორგანოებს;

ე) საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერატიულ ორგანოებს;

ვ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ოპერატიული ორგანოები;

ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს;

თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სადაზვერვო ქვედანაყოფები.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით (მუხლი 12).

1. ამ კანონით განსაზღვრულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებისას საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან:

ა) თავიანთი კომპეტენციის შესაბამისად მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, საკუთრება, საზოგადოებრივი უშიშროება;

ბ) შეასრულონ გამომძიებლის წერილობითი დავალებები, პროკურორის მითითებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები იმ სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ, რომლებიც მათ წარმოებაში აქვთ მიღებული;

გ) შეასრულონ სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულებათა (შეთანხმებათა) საფუძველზე შესაბამისი საერთაშორისო სპეციალური ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების სპეციალური ორგანოების თხოვნა-შეკითხვები;

დ) მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს და გაუწიონ მათ საჭირო დახმარება;

ე) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან კონსპირაციის წესები;

ვ) ხელი შეუწყონ დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან თავიანთ თანამშრომელთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა, აგრეთვე სისხლის სამართალწარმოების მონაწილეთა, მათი ოჯახის წევრთა, ახლობელთა პირადი უშიშროების უზრუნველყოფას, მათი ქონების დაცვა-შენახვას.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სათანადოდ შესასრულებლად მათთვის უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სპეციალური პროფესიული მომზადების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამედიცინო მომსახურების პირობები.

3. ოპერატიულ-სასამსახურო დოკუმენტები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას ან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების სანქციონირებისას, გარდა ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (მუხლი 13).

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესასრულებლად უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ:

ა) ღიად ან/და ფარულად ატარებდნენ ამ კანონის მე-7 მუხლში ჩამოთვლილ ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებს;

ბ) უსასყიდლოდ ან სასყიდლიან საფუძველზე ამყარებდნენ თანამშრომლობას პირებთან, რომელთაც განაცხადეს თანხმობა, კონფიდენციალურ საფუძველზე ხელი შეუწყონ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს;

გ) ქმნიდნენ და იყენებდნენ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანათა შესრულებას;

დ) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების დროს ხელშეკრულებით ან ზეპირი შეთანხმებით იყენებდნენ საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა, სამხედრო ნაწილთა სასამსახურო შენობებს, ქონებას, აგრეთვე კერძო პირთა საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ სადგომებს, სატრანსპორტო საშუალებებსა და სხვა ქონებას;

ე) კონსპირაციის მიზნით იყენებდნენ დოკუმენტებს, რომლებშიც შენიღბულია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამდებობის პირთა ვინაობა, ქვედანაყოფების, ორგანიზაციების სადგომებისა და სატრანსპორტო საშუალებების კუთვნილება, აგრეთვე იმ მოქალაქეთა ვინაობა, რომლებიც ამ ორგანოებთან თანამშრომლობენ კონფიდენციალურ საფუძველზე (მუხლი 14).

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების თანამშრომლებზე ვრცელდება იმ ორგანოების თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, რომელთა სამსახურშიც ისინი ირიცხებიან.

2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის და ორგანოს კანონიერ მოქმედებაში, გარდა იმ პირისა, რომელიც კანონით უშუალოდ არის საამისოდ უფლებამოსილი. აკრძალულია მისი მუშაობის შეფასება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგების რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განსახორციელებლად უფლებამოსილი თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარებისას ემორჩილება უშუალო უფროსს. აშკარად კანონსაწინააღმდეგო ბრძანების ან მითითების მიღებისას თანამდებობის პირი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით, ხოლო თუ მას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებისა თუ მითითების შესრულების შედეგად შეიძლება მოხდეს ან ხდება დანაშაული, იგი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ზემდგომ ორგანოს და პროკურორს.

4. სახელმწიფო დაწესებულებისა და სამხედრო ნაწილის თანამდებობის პირი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება გაუწიოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს.

5. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის (მუხლი 15).

1. ცალკეული პირები შეიძლება მათივე თანხმობით ჩააბან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა თუ ჩატარებაში. ამასთან, მათი სურვილით შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობის, მათ შორის, კონტრაქტით თანამშრომლობის, კონფიდენციალობა. ეს პირები ვალდებულნი არიან საიდუმლოდ შეინახონ ცნობები, რომლებიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებისა თუ ჩატარების დროს შეიტყვეს, არ მიაწოდონ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია აღნიშნულ ორგანოებს, არ გამოიყენონ ეს კავშირი თავიანთი ინტერესებისათვის.

2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს შეუძლიათ კონტრაქტები დაუდონ მხოლოდ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირებს მათი მოქალაქეობის, ეროვნების, სქესის, სოციალური, თანამდებობრივი მდგომარეობის, ენის, განათლების, საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრობის, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსის მიუხედავად.

3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს ეკრძალებათ კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრების, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, გამომძიებლის, საქართველოს კონსტიტუციის 63-ე და 64-ე მუხლებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის პირების კონფიდენციალური ხელშეწყობის გამოყენება (მუხლი 16).

1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელშემწყობ პირებს სახელმწიფო იცავს.

2. თუ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელშეწყობის გამო ცალკეულ პირებს, ასევე მათი ოჯახების წევრებს, ახლობლებს შეექმნებათ სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის რეალური საფრთხე, ეს ორგანოები ვალდებულნი არიან მიიღონ საჭირო ზომები ასეთი მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ბრალეული პირების დასადგენად და პასუხისგებაში მისაცემად.

3. ცნობები იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მათი გაცემა შეიძლება მხოლოდ ამ პირთა ან მათი მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4. პირს, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან თანამშრომლობს, აქვს გასამრჯელოს მიღების უფლება.

5. პირს, რომელმაც თანხმობა განაცხადა კონტრაქტის საფუძველზე ითანამშრომლოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, სახელმწიფო აძლევს გარანტიას, რომ შესრულდება კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი.

6. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან კონტრაქტის საფუძველზე მოქალაქეთა თანამშრომლობის პერიოდი, როგორც ძირითადი საქმიანობა, შედის მათ შრომით სტაჟში. აღნიშნულ პირებს აქვთ საპენსიო უზრუნველყოფის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საჭიროების შემთხვევაში პირის, რომელიც თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ასევე მისი ოჯახის წევრების უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ტარდება მათი დაცვის სპეციალური ღონისძიებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. თუ პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, დაიღუპა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას, დაღუპულის ოჯახსა და მის კმაყოფაზე მყოფთ შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევათ ერთდროული შემწეობა დაღუპულის ათი წლის ხელფასის ოდენობით და კანონით დადგენილი წესით ენიშნებათ პენსია მარჩენალის დაკარგვის გამო.

9. თუ პირმა, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში მონაწილეობისას მიყენებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების შედეგად მიიღო ტრავმა, რომელიც გამორიცხავს მისი შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობას, მას შესაბამისი ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთდროული შემწეობა ხუთი წლის ხელფასის ოდენობით და ენიშნება ინვალიდობის პენსია.

10. პირი, რომელიც კონტრაქტით თანამშრომლობს ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებთან და დადგენილი წესით ჩართულია დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირების დადგენის მიზნით, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ამ დროს არ ჩაიდინა ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული ან მის ქმედებას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია (მუხლი 17).

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები პერსონალურად აგებენ პასუხს ოპერატიულსამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების კანონიერებაზე (მუხლი 19).

ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიშვება სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მუხლი 20).

1. ზედამხედველობას ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელებისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერებაზე ახორციელებენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისდამი დაქვემდებარებული პროკურორები.

2. მონაცემები იმ პირებზე, რომლებიც უწევენ ან უწევდნენ კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოებს, თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ მათთან, აგრეთვე ოპერატიულსამძებრო ხასიათის ინფორმაციის მოპოვების მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია არ წარმოადგენს საპროკურორო ზედამხედველობის საგანს.

10 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

▲ზევით დაბრუნება


(ძალაშია 1999 წლიდან)

1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, მოქალაქეები, დაწესებულებები, საწარმოები, ორგანიზაციები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.

2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.

3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადასაწყვეტად სისხლის სამართალწარმოება სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.

5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.

6. კანონის დარღვევით მიღებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს (მუხლი 7).

1. ბრალდებული უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა არ დამტკიცდება კანონით გათვალისწინებული წესით და არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ბრალმდებელს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებაზე.

3. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

4. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ (მუხლი 10).

1. სასამართლო და თანამდებობის პირი, რომლებიც სისხლის სამართალწარმოებას ახორციელებენ, ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული და განსასჯელი უზრუნველყონ დაცვის უფლებით, განუმარტონ მათი უფლებები, მისცენ შესაძლებლობა დაიცვან თავი კანონით ნებადართული ყველა საშუალებით, დაიცვან მათი უფლებები და თავისუფლებები.

2. დაცვის უფლებით უზრუნველყოფილ უნდა იქნეს პირი, რომლის მიმართაც წარმოებს საქმე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად, აგრეთვე მსჯავრდებული და გამართლებული განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში.

3. სისხლის სამართლის საქმეში დამცველის ან კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არ ართმევს დასაცავ პირს მის კუთვნილ უფლებებს (მუხლი 11).

1. ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება.

2. დაუშვებელია თავისუფლების შეზღუდვა კანონიერი საფუძვლისა და წესის გარეშე. დაკავებულსა და დაპატიმრებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაკავებისა თუ დაპატიმრების მიზეზი, საფუძველი და დანაშაული, რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია ან რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება.

3. დაუშვებელია 48 საათზე მეტი ხნით ეჭვმიტანილის დაკავება. პირის დაპატიმრება ან ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). მოსამართლე, სასამართლო, პროკურორი, გამომძიებელი და მომკვლევი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირი.

4. უკანონოდ და დაუსაბუთებლად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს მისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება.

5. დაუშვებელია პროცესის მონაწილეთა თუ სხვა პირთა მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში, აგრეთვე მათი პატივისა და ღირსების შემლახავი მეთოდების გამოყენება.

6. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედება, რომელიც ეხება პიროვნების ხელშეუხებლობას, შეიძლება იძულებით ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამას უშუალოდ კანონი ითვალისწინებს.

7. საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების ჩატარებისას აკრძალულია პიროვნების მიმართ მეძიებლობის, მუქარის, შანტაჟის, წამების, ფიზიკური თუ ფსიქიკური ძალადობის სხვა ხერხების გამოყენება. დაუშვებელია დაკავებულისა და დაპატიმრებულის მიმართ სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება, ძილის, წყლის, საკვების აკრძალვა ან ზღვრულ ნორმაზე მეტად შეზღუდვა, ისეთ პირობებში ჩაყენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ლახავს მის ღირსებას (მუხლი 12).

1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.

3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. მოკვლევის ორგანო, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო საგამოძიებო თუ სასამართლო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.

4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.

5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე (მუხლი 13).

1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.

2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და გადაწყვეტაზე.

5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შეიძლება მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში საქმე უნდა შეწყდეს.

6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ან 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება(მუხლი 14).

1. სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

2. ბრალდების, დაცვისა და საქმის გადაწყვეტის ფუნქციები გამოყოფილია ერთმანეთისაგან და არ შეიძლება დაეკისროს ერთსა და იმავე ორგანოს ან ერთსა და იმავე თანამდებობის პირს.

3. მხარეებს სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვთ წარმოადგინონ მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღონ მათს გამოკვლევაში, განაცხადონ შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვან საკუთარი აზრი სისხლის სამართლის საქმის ნებისმიერ საკითხზე.

4. შეჯიბრებითობა წინასწარ გამოძიებაში უზრუნველყოფილია იმით, რომ: ბრალდების ფუნქცია ეკისრებათ პროკურორს, გამომძიებელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და მათ წარმომადგენლებს; დაცვის უფლება აქვთ ბრალდებულს, დამცველს, სამოქალაქო მოპასუხესა და მის წარმომადგენელს; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს ეკისრება კონტროლი ბრალდებასა და დაცვას შორის და წინასწარი გამოძიების დროს წარმოქმნილი კოლიზიების გადაწყვეტისადმი; დაწესებულია სასამართლო კონტროლი მომკვლევის, გამომძიებლისა და პროკურორის იმ საპროცესო მოქმედებისადმი, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვასთან; ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, დამცველსა და პროცესის სხვა მონაწილეს ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში და წესით უფლება აქვთ სასამართლოში გაასაჩივრონ მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის უარი შუამდგომლობის, საჩივრისა თუ განცხადების დაკმაყოფილებაზე.

5. სასამართლო არ არის სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანო, არ ასრულებს დაცვისა და ბრალდების ფუნქციას. სასამართლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უქმნის საჭირო პირობებს მტკიცებულებათა წარდგენისათვის, მათი ყოველმხრივი და სრული გამოკვლევისათვის.

6. სასამართლო შებოჭილი არ არის მხარეთა მოსაზრებებით (მუხლი 15).

1. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ვალდებულნი არიან უტყუარად დაადგინონ, მოხდა თუ არა დანაშაული, ვინ ჩაიდინა იგი, და გაარკვიონ მტკიცების საგნის ყველა სხვა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

2. საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი, აგრეთვე მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებანი.

3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და დამცველის ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა თუ ნაკლები ბრალის, დანაშაულში სხვა პირთა მონაწილეობის, დანაშაულის გამოძიების ან სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევების თაობაზე გულდასმით უნდა შემოწმდეს (მუხლი 18).

1. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით.

2. მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. მტკიცებულებათა შეფასება ხდება სისხლის სამართლის კანონისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

3. ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას (მუხლი 19).

1. სისხლის სამართალწარმოების მონაწილემ, აგრეთვე სხვა პირმა და ორგანომ კანონით დადგენილი წესით შეიძლება გაასაჩივრონ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება და გადაწყვეტილება, რომელიც პროცესს აწარმოებს.

2. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს საჩივარი გამოიყენოს საჩივრის შემტანი პირის ან იმ პირის საზიანოდ, რომლის ინტერესების დასაცავადაც იგი იყო შეტანილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხვა პირმა ან ორგანომ შეიტანა საწინააღმდეგო ხასიათის საჩივარი, ანდა საჩივრის შემოწმებისას დადგინდა სხვა გარემოებები (მუხლი 21).

1. დანაშაულის ნიშნების არსებობისას სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი, პროკურორი ანმოსამართლე.

2. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არ უნდა ტარდებოდეს ცალმხრივად, მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით (მუხლი 22).

1. სისხლის სამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული უნდა შეწყდეს, თუ:

ა) არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება;

ბ) ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო;

გ) ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულობას;

დ) კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი;

ე) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა;

ვ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სხვა პირთა მიმართ საქმის განახლებისათვის;

ზ) გავიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა;

თ) გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

ი) მსჯავრდებული შეწყალებულია;

კ) არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძო-საჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (26- ე მუხლის მე-2 ნაწილი, 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი);

ლ) დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 891 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

მ) არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე;

ნ) არსებობს მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება საქმის შეწყვეტის ან იმავე ბრალდებით საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ;

ო) ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში;

პ) პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით;

ჟ) გავიდა ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა;

2. საქმე უნდა შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი).

3. საქმე უნდა შეწყდეს და პირი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლდეს ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 67-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 190- ე მუხლის მე-3 ნაწილი, 238-ე მუხლის მე-4 ნაწილის შენიშვნა, 252- ე მუხლის შენიშვნა).

4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი.

5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” და ,,ო” ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთან, იგი განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან იგივე წესი გამოიყენება სისხლის სამართლის კოდექსის 36-38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,ლ”, ,,მ”, ,,ნ”, ,,პ” და ,,ჟ” ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო წყვეტს საქმეს მათი გამოვლენისთანავე.

7. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,გ”, ,,ზ”, ,,თ” და ,,ო” ქვეპუნქტებსა და ამავე მუხლის მე 2-3 ნაწილებში აღნიშნული საფუძვლით საქმის შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სამართალწარმოება გრძელდებ ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით.

8. სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებათა გამოვლენისას საქმე უნდა შეწყდეს (მუხლი 28).

1. სისხლის სამართალწარმოება ჩერდება, თუ:

ა) ბრალდებული დაიმალა - მის მოძებნამდე;

ბ) ცნობილი არ არის ბრალდებულის ადგილსამყოფელი - ამ გარემოების დადგენიდან ბრალდებულის მოძებნამდე;

გ) ბრალდებული ფსიქიკურად ან სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადდა, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნით - დაუყოვნებლივ ამ ფაქტის დადგენიდან ბრალდებულის გამოჯანმრთელებამდე, ხოლო თუ ასეთი რამ 6 თვის განმავლობაში არ მოხდა, აღიძვრება წარმოება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოსაყენებლად;

დ) ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი დაუდგენელია - ამ პირის აღმოჩენამდე ან ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე;

ე) სასამართლომ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე - მიმართვის დღიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე;

ვ) დაისვა საკითხი პირისათვის იმუნიტეტის ჩამორთმევის ან უცხო სახელმწიფოსათვის პირის გადაცემის შესახებ - საკითხის დასმის დღიდან მის ოფიციალურ გადაწყვეტამდე;

ზ) საქართველოს პარლამენტმა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანოებმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანხმობა არ მისცეს შესაბამისად პარლამენტის წევრის, დეპუტატის, სახალხო დამცველის, მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, იმ ვადით, რა ვადაშიც პირს იცავს იმუნიტეტი.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში გამომძიებელს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება წინასწარი გამოძიების შეჩერების შესახებ. თუ საქმეში ჩაბმულია ორი ან რამდენიმე ბრალდებული, ხოლო საქმის შეჩერების საფუძველი არ შეეხება ყველა ბრალდებულს, გამომძიებელს 391-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გამოყოს და შეაჩეროს საქმე ცალკეული ბრალდებულის მიმართ ან შეაჩეროს მთელი საქმის წარმოება.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი გამოძიება შეჩერდება მხოლოდ გამოძიების ვადის გასვლისას (მუხლი 29).

1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურატურა: წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გარდა ამისა, პროკურატურა ზედამხედველობს მოკვლევის კანონიერებას; სრული მოცულობით ატარებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეების წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.

2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.

3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.

4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეებისათვის.

5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით(მუხლი 55).

1. პროკურორი მოკვლევისას ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას. ამ ფუნქციის განხორციელებისას პროკურორი ვალდებულია შეამოწმოს:

ა) დაცულია თუ არა მოკვლევის ორგანოებში დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ შემოსულ განცხადებათა და შეტყობინებათა რეგისტრაციისა და განხილვის, აგრეთვე მათ შესახებ ზომების მიღების კანონმდებლობით დადგენილი წესები;

ბ) მოკვლევის ორგანოების მიერ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედების ჩატარებისა და ამ საქმიანობის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერება.

2. სისხლისსამართლებრივი დევნის კონსტიტუციური ფუნქციის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ამ კოდექსით დადგენილი წესით ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურორი უფლებამოსილია:

ა) აღძრას სისხლის სამართლის საქმე ან უარი თქვას მის აღძვრაზე;

ბ) საქმის გამოძიება დაავალოს მოკვლევის ან წინასწარი გამოძიების ორგანოს ან კონკრეტულ გამომძიებელს;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;

დ) მოკვლევის ორგანოს, მომკვლევს, გამომძიებელს, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს, საგამოძიებო ორგანოს უფროსს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებები საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმების შესახებ და გამოძიების წარმოებისას წამოჭრილ სხვა საკითხებზე;

ე) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად;

ვ) შეამოწმოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მის აღძვრაზე უარის თქმის კანონიერება;

ზ) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მოძრაობის, გამოძიების ვადებისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ;

თ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაუყენოს პირს ბრალდება, მიიღოს მონაწილეობა ბრალდებულის დაკითხვაში 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

ი) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად;

კ) გააუქმოს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, ქვემდგომი პროკურორის უკანონო დადგენილებანი;

ლ) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს (მომკვლევს) და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას;

მ) ჩამოაშოროს გამომძიებელი (მომკვლევი) საქმის შემდგომ გამოძიებას, თუ მან დაარღვია კანონი;

ნ) შეწყვიტოს ან შეაჩეროს სამართალწარმოება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; დაამტკიცოს გამომძიებლის ან მოკვლევის ორგანოს დადგენილება საქმის შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 396-ე მუხლით გათვალისწინებული წესით;

ო) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის;

პ) დაამტკიცოს საბრალდებო დასკვნა ან დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ და წარმართოს საქმე სასამართლოში;

ჟ) გადაწყვიტოს საჩივარი მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის ან საგამოძიებო ორგანოს უფროსის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრებისშემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;

რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი (მუხლი 56).

1. პროკურორი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოდის როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების მოვალეობა.

2. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ შეკრებილი მტკიცებულებანი არ ადასტურებენ ბრალდებას. ბრალდებაზე პროკურორის უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

3. პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გამწესრიგებელ სხდომაში. ამასთან, მას უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება, წარმოადგინოს მტკიცებულებანი, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის განხილვაში, საქმის შეწყვეტის, საქმის წარმოების შეჩერების, დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, სასამართლოში საქმის წარმართვისა და სხვა საკითხების განხილვაში.

4. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო წარმოების სტადიებზე პროკურორი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საჯარო ბრალდების ყველა საქმის განხილვაში. იგი უფლებამოსილია: განაცხადოს შუამდგომლობა და აცილება; წარადგინოს მტკიცებულებანი და მონაწილეობა მიიღოს დაცვის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევაში; გამოთქვას აზრი სასამართლო განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხზე; მონაწილეობა მიიღოს მხარეთა კამათში და სასამართლოს გააცნოს თავისი პოზიცია ბრალდების დამტკიცების, ქმედების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის, განსასჯელის შერაცხაობის, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან განსასჯელის განთავისუფლების შესახებ.

5. საკასაციო წარმოების სტადიაზე პროკურორი მხარს უჭერს თავის საჩივარს ან გამოთქვამს აზრს იმ საჩივრების შესახებ, რომლებიც სამართალწარმოების სხვა მონაწილეებმა შეიტანეს (მუხლი 57).

1. თუ არსებობს საფუძველი ეჭვისათვის, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მისთვის ბრალდების წასაყენებლად, მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი დანაშაულის ფაქტზე აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო და ცნობს მას ეჭვმიტანილად, რის შესახებაც გამოაქვს დადგენილება. თუ ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის, მას უნდა წაეყენოს ბრალდება არა უგვიანეს 30 დღისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ მას ბრალდება არ წაეყენა, დადგენილება მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება. ეჭვმიტანილი, რომელიც დაკავებული არ არის, სარგებლობს ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა უფლებით, გარდა ამავე ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ვ” და ,,ლ” ქვეპუნქტებში მითითებული უფლებებისა. ეჭვმიტანილს, რომელიც დაკავებული არ არის, უფლება აქვს მისი ეჭვმიტანილად ცნობისთანავე ხელზე მიიღოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილებათა ასლები.

2. ეჭვმიტანილის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. დაკავებულს ამ ვადის ამოწურვამდე უნდა წაეყენოს ბრალდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ უქმდება და იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

3. პირის დაკავების შემთხვევაში დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მისი ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ გამოტანილ უნდა იქნეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა. დაკავებულ ეჭვმიტანილს დაუყოვნებლივ უნდა განემარტოს დუმილის უფლება, უფლება არ დაიბრალოს დანაშაული, დამცველის მოწვევის უფლება. თუ დადგენილება ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ არ გამოუტანიათ და ეს დაკავებულისათვის აღნიშნულ ვადაში არ გამოუცხადებიათ, იგი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

4. ეჭვმიტანილი უნდა დაიკითხოს მისი დაკავებულთა მოთავსებისადგილზე მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა.

5. დამცველი საქმეში მონაწილეობის მისაღებად დაიშვება ეჭვმიტანილის პირველ დაკითხვამდე, აგრეთვე პირველი და შემდგომი დაკითხვების დროს. დამცველის მონაწილეობა პირის ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას სავალდებულოა 81-ე მუხლის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

6. პირის ეჭვმიტანილად დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება პროკურორს. პროკურორი უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დაკავებულის დაკითხვისა და მოკვლევის ორგანოს წარმომადგენლის დასაბუთების მოსმენის გზით შეამოწმოს დაკავების კანონიერება და დასაბუთებულობა, გააუქმოს დადგენილება საქმის აღძვრის შესახებ, შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე და გაათავისუფლოს დაკავებული (მუხლი 72).

1. ეჭვმიტანილს უფლება აქვს:

ა) პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მისი მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა ხელზე მიიღოს სისხლის

სამართლის საქმის აღძვრის შესახებ დადგენილების ასლი, აგრეთვე მისი ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილების ასლი;

ბ) მისცეს ან არ მისცეს ჩვენება;

გ) ისარგებლოს დამცველის(არა უმეტეს სამისა)მომსახურებით მასთან შეთანხმებით, ანაზღაურებით ან ანაზღაურებისაგან სრული განთავისუფლებით მე-80 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) პირისპირ შეხვდეს დამცველს მარტო, დღეში არა უმეტეს ერთი საათისა;

ე) მისი მონაწილეობით დაკითხვისა და სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს უფასოდ ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, თუ მან არ იცის ან სათანადოდ არ იცის სამართალწარმოების ენა;

ვ) ეჭვმიტანილად ცნობის შემდეგ მოითხოვოს უფასო სამედიცინო შემოწმება და შესაბამისი წერილობითი დასკვნა, აგრეთვე სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს. ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, სადაც საჩივარი განიხილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;

ზ) განაცხადოს შუამდგომლობანი და აცილებანი;

თ) წარმოადგინოს მტკიცებულებანი;

ი) მონაწილეობა მიიღოს მისი ან დამცველის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში;

კ) გაასაჩივროს მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს ან გამომძიებლის მოქმედებები და გადაწყვეტილებები პროკურორთან, პროკურორისა-ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში-სასამართლოში;

ლ) ამ კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით შეატყობინოს ნათესავებსა და ახლობლებს დაკავების ადგილი ან ადგილსამყოფელი;

მ) მიიღოს ანაზღაურება ზიანისათვის, რომელიც მას მიადგა სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ და დაუსაბუთებლად აღძვრისა და დაკავების შედეგად;

ნ) მიიღოს მომკვლევისაგან ან გამომძიებლისაგან ამომწურავი განმარტება თავისი უფლებების შესახებ.

2. ეჭვმიტანილის მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა არ შეიძლება გაგებულ ან განმარტებულ იქნეს მისი დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებად (მუხლი 73).

1. ეჭვმიტანილი ვალდებულია:

ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში;

ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით;

გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.

2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება(მუხლი 74).

1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.

2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.

3. ბრალდებულს, რომლის მიმართაც პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო და რომელიც სამართალში მისცა, ეწოდება განსასჯელი, ხოლო განსასჯელს, რომლის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, - მსჯავრდებული ან გამართლებული.

4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 24 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ ითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულის მიმართ შეუძლებელი იყო საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარება მისი ავადმყოფობის გამო (რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დასკვნით), ანდა ემალებოდა გამოძიებას და მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, ან თავს არიდებდა გამოძიებას ანდა მას იცავდა იმუნიტეტი, აგრეთვე პროკურორის მიერ საქმის სასამართლოში გაგზავნის დღიდან ბრალდებულის სამართალში მიცემამდე გასული დრო (მუხლი 75).

1. ბრალდებულს უფლება აქვს ყველა კანონიერი საშუალებითა და მეთოდით დაიცვას თავი წაყენებული ბრალდებისაგან, ჰქონდეს საკმაო დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს დაცვისათვის.

2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73- ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ასლი დადგენილებისა ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. მას უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების ამბავი, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. ბრალდებულს უფლება აქვს აგრეთვე: ხელზე მიიღოს მისი ბრალდებულად დაკავების შესახებ დადგენილების ასლი, გაეცნოს დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტის დასკვნას, განახორციელოს ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი უფლებები; გაეცნოს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას, რომლებიც ადასტურებს მისთვის წაყენებულ ბრალდებას; მოითხოვოს დაპირისპირება იმ პირთან, რომელიც ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში; მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების სავალდებულო ჩატარება და გამოითხოვოს მტკიცებულებანი, რომლებიც საჭიროა ბრალდების უარსაყოფად ან პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად; წარუდგინოს გამომძიებელს, პროკურორსა და სასამართლოს კერძო გამოძიების მონაცემები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს; წინასწარი გამოძიების დამთავრების, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს დამოუკიდებლად ან დამცველთან ერთად გაეცნოს საქმის მთელ მასალას, ამოიწეროს საქმიდან ყველა საჭირო ცნობა, გადაიღოს ასლები, გამოძიების შევსების თაობაზე განაცხადოს შუამდგომლობა, რომლის განხილვაც სავალდებულოა; უარი თქვას დამცველზე და თავი დაიცვას დამოუკიდებლად, გარდა 81-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; არ დაეთანხმოს საქმის შეწყვეტას წინასწარი გამოძიების სტადიაზე და მოითხოვოს საქმის სასამართლო განხილვა; სასამართლოში მოითხოვოს მის მიმართ გამოყენებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ყველა ღონისძიების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება; მონაწილეობა მიიღოს სამართალში მიცემასა და, ამასთან, სასამართლო განხილვაში და ისარგებლოს მხარის ყველა უფლებით; გამოვიდეს სასამართლო კამათში, თუ საქმეში არ მონაწილეობს დამცველი; გამოვიდეს საბოლოო სიტყვით; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და გამოთქვას მასზე შენიშვნები; გაასაჩივროს განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებანი; მიიღოს გასასაჩივრებელ გადაწყვეტილებათა ასლები; იცნობდეს საქმის გამო შეტანილ საჩივრებს და მათ შესახებ გამოთქვას საწინააღმდეგო მოსაზრებები; მონაწილეობა მიიღოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოთა სხდომებში და დაიცვას იქ თავისი ინტერესები დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით; პროცესის მწარმოებელი ორგანოსაგან მიიღოს წერილობითი შეტყობინება თავისი უფლებების შესახებ და მათი განმარტება; დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის განცხადებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა დაიკითხოს (მუხლი 76). ბრალდებულს ეკისრება ისეთივე მოვალეობები, როგორიც ეჭვმიტანილს (74-ე მუხლი). თუ მან ბრალდების წაყენების მომენტიდან ისინი არ შეასრულა, ბრალდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიებები (მუხლი 77).

1. დამცველი არის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იცავს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის კანონიერ ინტერესებს და უწევს მათ კვალიფიცირებულ იურიდიულ დახმარებას.

2. დამცველად დაიშვება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა.

3. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს შეზღუდოს ეჭვმიტანილი და ბრალდებული დამცველის არჩევაში.

4. ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის თანხმობით, დაცვის განსახორციელებლად შეიძლება დაშვებულ იქნენ უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ადვოკატურის სტაჟიორები.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანხმობით, დამცველებად შეიძლება დაშვებულ იქნენ უცხოელი ადვოკატები.

6. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მთელი პროცესის მანძილზე უარი თქვან დამცველის დანიშვნაზე ან დანიშნულ დამცველზე და მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით ან დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. ასეთი უარი დასაშვებია მხოლოდ თვით ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის ინიციატივით. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ შეცვალონ თავიანთი პოზიცია და კვლავ მოითხოვონ დამცველის დანიშვნა ან მოიწვიონ დამცველი შეთანხმებით. ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელის მოთხოვნა საქმეში მონაწილე მათი დამცველის შეცვლისა და ახალი დამცველის მოწვევის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თუ შეცვლა მიზნად არ ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან პროცესის სხვა მონაწილისათვის ხელის შეშლას მის უფლებამოსილებათა განხორციელებაში (მუხლი 78). ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, მათს ნათესავებს, სხვა პირებს შეუძლიათ ადვოკატთან დადონ შეთანხმება სისხლის სამართლის საქმეში მისი მონაწილეობის შესახებ. შეთანხმების პირობებს მხარეები განსაზღვრავენ. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაცვა მიღებულად ითვლება და ადვოკატს უფლება არა აქვს უარი თქვას მასზე არასაპატიო მიზეზით (მუხლი 79).

1. ორგანო, რომელიც პროცესს აწარმოებს, ვალდებულია ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს მათი თანხმობით სახელმწიფოს ხარჯზე დაუნიშნოს დამცველი-ადვოკატი, თუ ისინი არასმქონენი არიან, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით. გადახდისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეჭვმიტანილის, ბრალდებულისა და განსასჯელისათვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროცესის მწარმოებელი ორგანო.

2. დაცვა დანიშვნით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს დადგენილ განაკვეთზე ნაკლები.

3. დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით.

4. სახელმწიფო ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, აგრეთვე ადვოკატთა კოლეგიასა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებას უფლება აქვთ ეჭვმიტანილი და ბრალდებული გაათავისუფლონ დაცვის საფასურისაგან სხვა შემთხვევაშიც, რომელიც ამ მუხლში არ არის აღნიშნული. პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ დამცველის საფასურის გადახდისაგან განთავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო კისრულობს მისი შრომის ანაზღაურების მთელ ხარჯებს (მუხლი 80). ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, ხოლო თუ პირს ენიშნება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება - ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის უარი დამცველის დანიშვნაზე, თუ:

ა) ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან განსასჯელი არასრულწლოვანია;

ბ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც აძნელებს დაცვის უფლების განხორციელებას;

გ) ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა ან განსასჯელმა არ იცის სამართალწარმოების ენა;

დ) ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან განსასჯელს ჩადენილი აქვს ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც შეიძლება სასჯელად დაინიშნოს უვადო თავისუფლების აღკვეთა;

ე) პირი გაიგზავნა სტაციონარულ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე;

ვ) ეჭვმიტანილთა, ბრალდებულთა ან განსასჯელთა ინტერესებს შორის არის წინააღმდეგობა და თუნდაც ერთ მათგანს ჰყავს დამცველი;

ზ) დაზარალებულის ან სამოქალაქო მოსარჩელის ინტერესებს იცავს მისი წარმომადგენელი (მუხლი 81). სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისათვის დასაშვებად ადვოკატი პროცესის მწარმოებელ ორგანოს წარუდგენს ადვოკატთა კოლეგიის, ფირმის, ბიუროს ორდერსა და თავის მოწმობას(მუხლი 82).

1. ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს ეძლევათ დრო დამცველის ასარჩევად და მოსაწვევად.

2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული დაკავებულია, მას ეძლევა დრო არანაკლებ 3 საათისა, რათა შეარჩიოს და მოიწვიოს მისთვის სასურველი დამცველი. თუ ამ ვადაში ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიერ შერჩეული დამცველი ვერ გამოცხადდება, მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან შესთავაზონ ეჭვმიტანილს და ბრალდებულს დამცველის დანიშვნა. ეჭვმიტანილს და ბრალდებულს, რომლებმაც უარი განაცხადეს დამცველის დანიშვნაზე, უფლება აქვთ მათ მიერ არჩეული დამცველის გამოცხადებამდე დაცვა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის დაკავებისას გამოვლინდა ამ კოდექსის 81-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება არა აქვთ მიიღონ დაკავებული ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის უარი დამცველის დანიშვნაზე და ზემოაღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუნიშნონ მათ დამცველი.

3. მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს მოთხოვნა დამცველის დანიშვნით გამოყოფის შესახებ სავალდებულოა იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატთა სხვა გაერთიანებისათვის. დამცველი ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს დაკავებულის ან დაპატიმრებულის პირველ დაკითხვაზე, თუ მას ეს დროულად შეატყობინეს. დანარჩენ შემთხვევებში ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს ადვოკატის გამოცხადება მოთხოვნაში მითითებულ ვადაში. არასაპატიო მიზეზით ამ მოთხოვნის შეუსრულებლობას მოსდევს ადვოკატთა გაერთიანებისა თუ კონკრეტული ადვოკატის მიმართ სასამართლო წესით მატერიალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება.

4. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს განუმარტონ, რომ დამცველის მოსვლამდეც და მოსვლის შემდეგაც მათ უფლება აქვთ არ მისცენ ჩვენება.

5. თუ არჩეული ან დანიშნული დამცველი მონაწილეობას ვერ იღებს სისხლის სამართლის საქმეში ავადმყოფობის, გამგზავრების ან სხვა საპატიო მიზეზით, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს გადადოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო დამცველს, ან გადადოს სასამართლო განხილვა, ოღონდ არა უმეტეს 10 დღისა. ამ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობისას გამომძიებელი, პროკურორი, სასამართლო ბრალდებულსა და განსასჯელს სთავაზობენ მოიწვიონ სხვა დამცველი, ხოლო უარის ან დადგენილ ვადაში დამცველის გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძახებენ დამცველს დანიშვნით.

6. ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს, უფლება არა აქვს რეკომენდაცია გაუწიოს კონკრეტულ დამცველს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, მათი ნათესავებისა და ახლობლების წინაშე.

7. დამცველის შეცვლა არ დაიშვება, თუ შეცვლა მიზნად ისახავს სამართალწარმოების გაჭიანურებას და მისთვის ხელის შეშლას. დამცველის შეცვლაზე უარის თქმის შემთხვევაში მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორის თანხმობით, გამოაქვთ მოტივირებული დადგენილება, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ პროკურორთან 5 დღის ვადაში. ზემდგომი პროკურორი ვალდებულია ასეთი საჩივარი განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 72 საათისა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. სასამართლოში საქმის განხილვისას იმავე შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) გამოაქვს დადგენილება (განჩინება) (მუხლი 83).

1. დამცველმა უნდა გამოიყენოს დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებენ ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს, ანდა ამსუბუქებენ მის პასუხისმგებლობას, და უნდა გაუწიოს მას საჭირო იურიდიული დახმარება.

2. დამცველს უფლება არა აქვს იმოქმედოს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ინტერესების საზიანოდ.

3. დამცველს უფლება აქვს:

ა) იცოდეს ეჭვისა და ბრალდების არსი;

ბ) დაუბრკოლებლად შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე, აგრეთვე თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილის ადმინისტრაციისა და გამოძიების ორგანოს მხრივ შეხვედრის რაოდენობისა და ხანგრძლივობის შეუზღუდავად, გარდა 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის მონაწილეობით ან დაცვის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში, დაუსვას შეკითხვები დასაკითხს, მოითხოვოს ოქმში იმ მონაცემების შეტანა, რომლებიც უარყოფენ ბრალდებას ან ამსუბუქებენ ეჭვმიტანილისა თუ ბრალდებულის პასუხისმგებლობას;

დ) მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულისათვის ბრალდების წაყენებასა და მის დაკითხვებში;

ე) განუმარტოს ეჭვმიტანილსა და ბრალდებულს მათი უფლებები და ყურადღება მიაპყროს ამ უფლებათა დარღვევას;

ვ) შეკრიბოს დაცვისათვის საჭირო მონაცემები და ისინი მტკიცებულებათა სახით წარუდგინოს ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს;

ზ) მოითხოვოს დაცვისათვის აუცილებელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება;

თ) განაცხადოს აცილება;

ი) განაცხადოს შუამდგომლობა;

კ) საქმეში პირის ეჭვმიტანილად ცნობის მომენტიდან გაეცნოს მის ახსნა-განმარტებას, ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების დადგენილებებს, დაკითხვის ოქმს, აგრეთვე ამოიწეროს მათგან საჭირო ცნობები, რომლებიც უშუალოდ ეხება მისი დასაცავი პირის ინტერესებს;

ლ) გაეცნოს დადგენილებებსა და ოქმებს დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ, ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმს, რომელთა ჩატარებაშიც მონაწილეობდა ის ან მისი დასაცავი პირი, საქმის მასალებს, რომლებიც ადასტურებს დაკავებისა და დაპატიმრების საჭიროებას, დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნას;

მ) გამოძიების დამთავრების შემდეგ, მათ შორის, საქმის შეწყვეტის დროს გაეცნოს საქმის მთელ მასალას, გააკეთოს ამონაწერები ამ მასალებიდან, მოითხოვოს ნებისმიერი საპროცესო აქტის ასლი;

ნ) გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო საჩივრის უარყოფის შემთხვევაში - ზემდგომ პროკურორთან მომკვლევის, მოკვლევის ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედება და დადგენილება, რომლებიც, მისი აზრით, არღვევენ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის დაცვის უფლებას;

ო) გამოვიდეს სასამართლოში მოკვლევის ორგანოს, მომკვლევის, გამომძიებლის, საგამოძიებო ორგანოს უფროსის, პროკურორის აქტებთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილი მისი საჩივრების განხილვისას;

პ) გაეცნოს საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლოში საქმის გადაცემის შემდეგ;

ჟ) იცოდეს მისი შუამდგომლობით საპროცესო მოქმედების ჩატარების, ასევე სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი;

რ) მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საქმის განხილვის ყველა სტადიაზე და დაიცვას განსასჯელის უფლებები;

ს) მიიღოს ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების, ბრალდებულის სამართალში მიცემის შესახებ დადგენილების, საბრალდებო დასკვნის, განაჩენის, საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინების (დადგენილების) ასლები, აგრეთვე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოების განაჩენის, დადგენილებისა და განჩინების ასლები, იმის მიუხედავად, რომ ეს ასლები გადაეცა ბრალდებულს (განსასჯელს);

ტ) გაასაჩივროს სასამართლოს განაჩენი და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებანი;

უ) საწინააღმდეგო მოსაზრებები გამოთქვას სასამართლოსა და ბრალდების მხარის მისი აზრით უკანონო მოქმედებებზე და მოითხოვოს მათი შეტანა სასამართლო სხდომის ოქმში;

ფ) მიიღოს მცოდნე პირთა წერილობითი მოსაზრებები და გამოიყენოს ისინი შუამდგომლობათა და საჩივართა დასაბუთებისათვის;

ქ) პირისათვის ბრალდების წაყენებისა და პირველი დაკითხვის შემდეგ გაეცნოს საქმის ყველა მასალას;

ღ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

4. დამცველი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, დაზარალებულთა, მოწმეთა შეგულიანებითა და სხვა უკანონო მოქმედებით; დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილას და სასამართლოში; დაემორჩილოს სასამართლოს თავმჯდომარის კანონიერ განკარგულებებს; პატივი სცეს სასამართლოსა და ბრალდების მხარეს; დაიცვას წესრიგი სასამართლო სხდომის დარბაზში; იმ შემთხვევაში, როდესაც დათქმულ დროს დამცველი არ ცხადდება საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობის მისაღებად, პროცესის მწარმოებელ ორგანოს უფლება აქვს მის გამოცხადებამდე მოიწვიოს დამცველი დანიშვნით (მუხლი 84).

1. ეჭვმიტანილის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს მის მიმართ არსებულ ეჭვს, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილი სხვა გარემოებების შესახებ.

2. ეჭვმიტანილს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება (მუხლი 114).

1. ბრალდებულის ჩვენება არის დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მის მიერ მიცემული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ან ადასტურებს ბრალდებას, აგრეთვე ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მისთვის ცნობილ სხვა გარემოებათა შესახებ.

2. ბრალდებულს უფლება აქვს, მაგრამ ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება.

3. ბრალდებულის მიერ უარის თქმა ჩვენების მიცემაზე ან ცრუ ჩვენების მიცემა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

4. ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ბრალდებასა და გამამტყუნებელ სასამართლო განაჩენს, თუ ბრალის აღიარება დამტკიცებული არ არის საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით (მუხლი 115). დაზარალებულის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე შეტყობინება ეჭვმიტანილთან (ბრალდებულთან) ურთიერთობის შესახებ. დაზარალებულის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები (მუხლი 116). მოწმის ჩვენება არის შეტყობინება ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომლებიც უნდა დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე. მოწმის შეტყობინება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ ის მოწოდებული ფაქტის წყაროს ვერ მიუთითებს, ან თუ დადგინდება, რომ მას ფსიქიკური ავადმყოფობის, ჭკუასუსტობის ან მცირეწლოვანების გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიხსომოს და აღიდგინოს ფაქტები (მუხლი 117)

1. ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული ან მოწმე ჩვენებას აყალიბებს ზეპირად. ჩვენება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენეს პირი და პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი. ოქმს უნდა დაერთოს ჩვენების ფონოგრამა.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ თავიანთი ჩვენებები დაკითხვის ან სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას.

3. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ დასაკითხ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ჩვენების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, სახელდობრ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახით (მუხლი 118). ჩვენება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ ძალდაუტანებლად. ჩვენების მისაღებად ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, მოტყუების, დაპირების, შანტაჟის, დაყოლიების გამოყენება აკრძალულია. ასეთი ხერხით მიღებული მტკიცებულება დაუშვებელია (მუხლი 119).

1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ, რომელთაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს.

2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.

3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკა, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.

4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს, როგორც ნივთიერი მტკიცებულებანი.

5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო.

6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს, რომ შეუძლებელია ექსპერტიზის ჩატარება, და ამ აქტს ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისათვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ჩატარდეს ასეთი ექსპერტიზა.

7. თუ საჭირო არ არის დამატებითი და ახალი გამოკვლევის ჩატარება, ექსპერტის ჩვენება განმარტავს და ავსებს მის დასკვნას (მუხლი 120).

1. ნივთიერი მტკიცებულება არის ნებისმიერი საგანი, რომელიც თავისი თვისებებითა და ნიშნებით, წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ჭეშმარიტების დადგენას.

2. ნივთიერი მტკიცებულებაა დანაშაულის იარაღი, დანაშაულებრივი ქმედების საგანი ან მასზე დარჩენილი დანაშაულის კვალი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა, აგრეთვე ყველა სხვა საგანი, რომელიც შეიძლება იყოს დანაშაულის აღმოჩენის, დანაშაულის ჩამდენის დადგენის ან ბრალდების უარყოფის საშუალება.

3. შედარებითი კვლევის ნიმუში არის შენაცვლებადი ნივთიერი მტკიცებულება.

4. საგანი ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ უნდა იქნეს პროცესის მწარმოებელი ორგანოს განჩინებით (დადგენილებით). ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე დართვამდე უნდა შემოწმდეს და დაილუქოს დამსწრეთა თანდასწრებით. შემოწმებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს საგნის (საგნების) ინდივიდუალური, ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ არის, - გვარეობითი ნიშნები. შემოწმების მიმდინარეობა და შედეგები აისახება ოქმში. ლუქის მოხსნა და ნივთიერი მტკიცებულების განმეორებითი შემოწმება ხდება დამსწრეთა მონაწილეობით.

5. ნივთიერი მტკიცებულება დაუშვებლად ითვლება, თუ უარყოფილი არ არის ვარაუდი მისი შესაძლო გამოცვლის, ან მისი ნიშნებისა და თვისებების არსებითი შეცვლის, ანდა მასზე დარჩენილი კვალის გაქრობის შესახებ (მუხლი 121).

1. ნივთიერ მტკიცებულებას ინახავს პროცესის მწარმოებელი ორგანო ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვასა და მისი თვისებების შეცვლას.

2. ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

3. სისხლის სამართლის საქმის წარმოების პერიოდში სახელმწიფო ბანკის დაწესებულებებში უნდა ინახებოდეს ძვირფასი ლითონები, ქვები და თვლები, უცხოური ვალუტა, საქართველოს ფულის ნიშნები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული საგნები ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, თუ მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს მათ ინდივიდუალურ ნიშნებს.

5. დიდგაბარიტიანი საგანი შეიძლება დარჩეს მის მფლობელთან ანდა ადგილობრივი მმართველობის ან თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელთან, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საგნის დაცვაზე.

6. ექსპერტიზისათვის გასაგზავნი და ექსპერტისაგან მიღებული საგნები უნდა იყოს დალუქული, რაც დადასტურებულ უნდა იქნეს გამომძიებლისა და დამსწრეთა ხელმოწერებით. ლუქის მოხსნა და განმეორებითი დალუქვა ხდება დამსწრეთა მონაწილეობით. იგივე წესები უნდა იქნეს დაცული ნივთიერ მტკიცებულებათა ფოსტით გაგზავნისა და მიღების დროს (მუხლი 122).

1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, სატრანსპორტო საშუალებებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საგნის მესაკუთრე ან კანონიერი მფლობელი ცნობილი არ არის, ან მისი დაბრუნება შეუძლებელია სხვა მიზეზით, საგანი უნდა ჩაბარდეს შესაბამის ორგანიზაციას გამოსაყენებლად, შესანახად თუ მოსავლელად (მუხლი 123).

1. განაჩენში, განჩინებასა და დადგენილებაში საქმის შეწყვეტის შესახებ ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს:

ა) თუ დანაშაულის იარაღს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია;

ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის დაწესებულებას, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება;

გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება, ხოლო დაინტერესებული პირის ან დაწესებულების შუამდგომლობით - მას გადაეცემა;

დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფული და ფასეულობა ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაეცემა;

ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, განსასჯელისა და იმ პირის გარდა, რომელთაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

2. წინასწარი გამოძიების სტადიაზე საქმის შეწყვეტისას მატერიალური ღირებულების მქონე ნივთიერი მტკიცებულების განადგურება, საპროცესო კონფისკაცია და გადაცემა ხდება მხოლოდ მოსამართლის დადგენილების საფუძველზე. ამ საკითხს მოსამართლე განიხილავს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით, იმ ცნობისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მომკვლევმა ან გამომძიებელმა წარადგინა.

3. ნივთიერი მტკიცებულების კუთვნილების გამო დავა წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუ ასეთი დავა წარმოიშვა, ნივთიერი მტკიცებულება ინახება სისხლის სამართლის საქმესთან სარჩელის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სასამართლოს, რომელიც ასეთ სარჩელს განიხილავს, უფლება აქვს გამოითხოვოს სისხლის სამართლის საქმესთან შენახული ნივთიერი მტკიცებულება.

4. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულის ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას ან სამოქალაქო სარჩელის ანაზღაურებას(მუხლი 124).

1. სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებებია ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით შედგენილი საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებების ოქმები.

2. ოქმი, რომელიც ჩვენებას აფიქსირებს, არ გამორიცხავს ჩვენების მიმცემ პირთა გამოძახებისა და დაკითხვის შესაძლებლობას.

3. საპროცესო გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა მითითება ჩვენებასა და კანონით გათვალისწინებული წყაროებიდან ამოკრებილ სხვა ცნობებზე (მუხლი 125).

1. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის საჭირო ცნობებს. დოკუმენტი შეიძლება მომდინარეობდეს როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისაგან.

2. დოკუმენტად ითვლება წყარო, რომელშიც ინფორმაცია აღბეჭდილია სიტყვიერ-ნიშნობრივი ფორმით, ანდა ფოტო, კინო, ვიდეო, ბგერისა თუ სხვა ჩანაწერის სახით ან ტექნიკური საშუალების გამოყენებით, თუკი დაცულია ამ კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. დოკუმენტს აქვს მტკიცებულების მნიშვნელობა, თუ ცნობილია მისი წარმომავლობის წყარო და შესაძლებელია მისი უტყუარობის შემოწმება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით.

3. დოკუმენტი იმავდროულად შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებაც, თუ მას შეუნაცვლებლობის თვისებები აქვს.

4. თუ ამოღებული და საქმეზე დართული დოკუმენტი საჭიროა მიმდინარე აღრიცხვის, ანგარიშგებისა და სხვა მართლზომიერი მიზნებისათვის, ის ან მისი ასლი შეიძლება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდეს ან გადაეცეს დროებით გამოსაყენებლად, თუ ეს საქმისათვის საზიანო არ იქნება(მუხლი 126). სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების სახეებია:

ა) მტკიცებულებათა შეკრების უზრუნველყოფა, თუ ამას ვინმე ეწინააღმდეგება დათვალიერების, შემოწმების, ექსპერტიზის, ჩხრეკის, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის ჩატარებისას;

ბ) ზომების მიღება, რათა თავიდან აიცილონ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო თუ სხვა დამაბრკოლებელი ქცევა, რომელიც ხელს უშლის ამ საქმის სწორად გადაწყვეტას: დაკავება, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, თანამდებობიდან გადაყენება, ქონებაზე ყადაღის დადება;

გ) ჯარიმები, სახდელები და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები - იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ კანონს მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, სასამართლო განხილვისას (მუხლი 134).

1. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით, მოსამართლე მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ადგილისდა მიხედვით ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლე, გარდა 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა გასცემს ბრძანებას დაპატიმრების, შინაპატიმრობის და მათი ვადის გაგრძელების, ბრალდებულის პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემის, გირაოს ან აღკვეთის სხვა ღონისძიებების, ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, სხვა პირის სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსებისა და ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო სამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების, აღკვეთის ღონისძიებათა შეცვლის შესახებ, აგრეთვე დადგენილებას - აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასა და შეცვლასთან დაკავშირებით გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ.

2. ჩხრეკის, ამოღების, სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის შესახებ სასამართლო ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 290-293-ე მუხლებით.

3. მომკვლევის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ერთ-ერთი საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე მოსამართლის ბრძანების მიღების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

4. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს ზუსტი მონაცემები იმ პირის შესახებ, რომლის მიმართაც გამოითხოვება ბრძანება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოსაყენებლად.

5. შუამდგომლობა ზონარგაყრილ და დანომრილ ყველა მასალასთან ერთად წარედგინება მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს. ოპერატიული მონაცემების წარდგენა დაუშვებელია.

6. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორისა და იმ ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს. სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლება აქვს ბრალდებულს, იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოში შეტანილია შუამდგომლობა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების (თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა), თანამდებობიდან გადაყენების, ქონებაზე ყადაღის დადების, სისხლის საპროცესოსამართლებრივი იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების შესახებ, აგრეთვე მათს დამცველებსა და კანონიერ წარმომადგენლებს.

7. მოსამართლე შუამდგომლობას პირის დაპატიმრების, შინაპატიმრობის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების ან მის მიმართ აღკვეთის სხვა ღონისძიების, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საპროცესო იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ განიხილავს შუამდგომლობისა და საქმის მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილიდან ბრალდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია მისი ავადმყოფობის, სტიქიური უბედურების ან სხვა ობიექტური მიზეზის გამო, მოსამართლეს შეუძლია აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის განსახილველად სასამართლო სხდომა ჩაატაროს დაკავებულთა მოთავსების ან პატიმრობის ადგილას.

8. მოსამართლეს უფლება აქვს გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებაც (ცნობები) ასაბუთებს შუამდგომლობას, და შუამდგომლობის შემტან პირს წინადადება მისცეს წარმოადგინოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და ნივთიერი მტკიცებულებანი. ამასთან, მოსამართლე არ განიხილავს პირის ბრალეულობის საკითხს და არკვევს მხოლოდ იმას, დაცული იყო თუ არა ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისა და საპროცესო დამაგრების დროს.

9. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს, არკვევს, არის თუ არა აცილებები. იმ ორგანოს წარმომადგენელი, რომელმაც შუამდგომლობა შეიტანა, ასაბუთებს მას, რის შემდეგაც უპასუხებს მოსამართლისა და პროცესის სხვა მონაწილეთა შეკითხვებს. შუამდგომლობის აღმძვრელისა და მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.

10. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ დაკავებული, დაპატიმრებული, სხვა პირი, რომლის ინტერესებსაც ეხება შუამდგომლობა, აგრეთვე მათი დამცველები და წარმომადგენლები, პროკურორი, მათ ეძლევათ შესაძლებლობა მისცენ განმარტებანი და ჩამოაყალიბონ თავიანთი საწინააღმდეგო მოსაზრებანი.

11. სასამართლო სხდომაზე დგება ოქმი. შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გასცემს ბრძანებას სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების, მისი ვადის გაგრძელების ან შეცვლის შესახებ, ხოლო თუ საქმეში არ მოიპოვება პირის მიმართ ასეთი ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ისე ფაქტობრივი საფუძველები (არ არის საკმაო მტკიცებულებანი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის), მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. აღკვეთის ღონისძიების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე უფლებამოსილია სათანადო საფუძვლის მითითებით უარყოს შუამდგომლობაში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიება და ბრალდებულს შეურჩიოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ხოლო პროკურორის შუამდგომლობით - უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

12. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენება დაშვებულია აგრეთვე სასამართლოს განჩინებით (მოსამართლის დადგენილებით), თუ ამის საჭიროება წარმოიშვა, სამართალში მიცემის სტადიაზე ან სასამართლო განხილვის დროს. შერჩეული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ შუამდგომლობს ბრალდების მხარე (გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი).

13. სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ ბრძანებაში უნდა აღინიშნოს: ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამასთან, ზუსტად უნდა იყოს მითითებული, რა არის მისი არსი და ვისზე ვრცელდება; ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრძანების მოქმედების, აგრეთვე სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ვადები; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, შეასრულოს ბრძანება; მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: მისი შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის გვარი; თანამდებობის პირი ან ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს; განკარგულება სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების ან შეცვლის შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი შეასრულოს დადგენილება; ამ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრების შემთხვევებში - გასაჩივრების წესი და ვადები; მოსამართლის ხელმოწერა და ბეჭედი.

14. ბრძანების ან დადგენილების შემსრულებელი ბრძანების მიღების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

15. ბრძანების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებათა გამოვლენის შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს გააგრძელოს მისი მოქმედების ვადა 14 დღით, შუამდგომლობის განმეორებითი განხილვის გარეშე.

16. პირის დაპატიმრების, პატიმრობის ვადის გაგრძელების, აღკვეთის სხვა ღონისძიების გამოყენებისა და შეცვლის, სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების სასამართლო ბრძანებები, აგრეთვე მოსამართლის დადგენილება აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ დგება 6 ეგზემპლარად, რომელთაგან ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმომდგენ ორგანოს (ერთი უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს), მესამე იგზავნება დაპატიმრებულთა განთავსების ადგილას ან აღკვეთის სხვა სახის ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებთან, იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, მეოთხე გადაეცემა პროკურორს, მეხუთე გადაეცემა ბრალდებულს ან მის დამცველს, ხოლო მეექვსე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.

17. მხარეებს გამოძიების დამთავრების გამოცხადებამდე უფლება აქვთ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ იმ სასამართლოს, რომლის მოსამართლის ბრძანების საფუძველზედაც იქნა გამოყენებული ეს აღკვეთის ღონისძიება, ან სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ გამომძიებელს პროკურორის თანხმობით ან პროკურორს. მხარეებს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე შუამდგომლობით მოსამართლისათვის მიმართვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა ახალი არსებითი გარემოება, რომელიც ბრძანების გაცემისას მოსამართლისათვის ცნობილი არ იყო და ამასთან, აუცილებელს ხდის გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების საფუძვლიანობის გადამოწმებას.

18. შუამდგომლობის შემტანს უფლება აქვს სასამართლოში მისი განხილვისას მოსამართლის სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს თავისი შუამდგომლობა. იმავე საფუძვლით შუამდგომლობის განმეორებით შეტანა არ დაიშვება (140). დაკავება არის თავისუფლების ხანმოკლე აღკვეთა, რომელიც გამოიყენება, თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვი მიიტანონ პირზე იმ დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან ასაცილებლად (მუხლი 141).

1. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის დაკავება შეიძლება, თუ არსებობს შემდეგი საფუძვლები:

ა) პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე;

ბ) თვითმხილველები, მათ შორის, დაზარალებულებიც, პირდაპირ მიუთითებენ ამ პირზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე;

გ) პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდება ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი;

დ) პირი მიიმალა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მაგრამ შემდგომ იგი ამოიცნო დაზარალებულმა;

ე) პირის მიმართ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) ძებნის წარმოების შესახებ.

2. თუ არსებობს სხვა მონაცემები, რომლებიც საფუძველს იძლევა, დანაშაულის ჩადენის ეჭვი იქნეს მიტანილი პირზე, ეს პირი შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იგი გაქცევას ცდილობდა, ან მას არა აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან არ არის დადგენილი მისი ვინაობა.

3. დაკავებისაგან განთავისუფლებული პირის ხელმეორედ დაკავება იმავე ეჭვით არ შეიძლება (მუხლი 142).

1. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ოპერატიულ ფუნქციებს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობას, მოკვლევის სხვა ორგანოს, გამომძიებელს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს უფლება აქვს დააკავოს და დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი. პირს, რომელიც არ არის სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, უფლება აქვს ეჭვმიტანილი დააკავოს თუ არსებობს 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლები.

2. დადგენილება პირის დაკავების შესახებ გამოაქვს მომკვლევს, გამომძიებელს ან პროკურორს (მუხლი 143).

1. არ შეიძლება დაკავებული და პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში წარდგენილ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების დეპუტატები, სახალხო დამცველი, პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

2. სამხედრო მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის დაკავება შეიძლება საერთო საფუძვლებზე, მაგრამ პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ 3 საათის განმავლობაში იგი უნდა გადასცენ სამხედრო პროკურორს ან შესაბამის მეთაურს (უფროსს), რომელსაც მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილება აქვს (144).

1. თუ პოლიციის თანამშრომელი ან სხვა კომპეტენტური თანამდებობის პირი დაადგენს, რომ არსებობს ამ კოდექსში აღნიშნული დაკავების საფუძვლები, იგი ვალდებულია გასაგები ფორმით შეატყობინოს ეს ეჭვმიტანილს, განუმარტოს, სახელდობრ, რა დანაშაულისათვის არის დაკავებული, და მიიყვანოს იგი პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში.

2. თუ არსებობს საკმაო საფუძველი ეჭვისათვის, რომ დაკავებულს აქვს იარაღი ან აპირებს თავიდან მოიშოროს დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები, დამკავებელ თანამდებობის პირს უფლება აქვს ჩაატაროს პირადი ჩხრეკა, რაზედაც უნდა შედგეს ოქმი ამ კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. პირადი ჩხრეკის ოქმი შეიძლება შედგეს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში დაკავებულის მიყვანის შემდეგაც. ასეთ შემთხვევაში ოქმში უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არ იქნა იგი შედგენილი პირადი ჩხრეკის ჩატარების ადგილზე.

3. მოქალაქე, 142-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არსებობისას, ვალდებულია დაკავებული დაუყოვნებლივ მიიყვანოს პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში, ანდა გადასცეს იგი ხელისუფლების წარმომადგენელს (145).

1. პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირთან დაკავებულის მიყვანის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა შედგეს დაკავების ოქმი. მასში უნდა აღინიშნოს: ვინ, როდის, რა ვითარებაში, კანონში აღნიშნულ რა საფუძვლებზე არის დაკავებული, რა დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი, რომელ საათზე მიიყვანეს მოკვლევის ორგანოში. ოქმს თავიანთი ხელმოწერებით ადასტურებენ პოლიციის ან სხვა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, რომელსაც დავალებული აქვს მისი შედგენა, თანამდებობის პირი ან მოქალაქე, რომელმაც პირი დააკავა, და დაკავებული.

2. დანაშაულის ჩადენის ადგილას დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმების მიზანია შემთხვევის თვითმხილველთა და დაკავებულის განმარტებათა მიღება, საჭირო დოკუმენტების, იმ საგნების გამოთხოვა და დათვალიერება, რომლებიც შეიძლება იქცეს ნივთიერ მტკიცებულებებად. შემოწმება უნდა დამთავრდეს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში დაკავებულის მიყვანიდან არა უგვიანეს 12 საათისა.

3. როცა მოკვლევის ორგანოს უფროსი ან მოკვლევის ორგანოს სხვა უფლებამოსილი თანამდებობის პირი, შემოწმებას დაამთავრებს, იგი ვალდებულია პროკურორის თანხმობით გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების, ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმისა და დაკავებულის განთავისუფლების შესახებ. დადგენილების ასლი დაუყოვნებლივ ეგზავნება პროკურორს ცნობისათვის.

4. მოკვლევის ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება უნდა დაამტკიცოს პროკურორმა.

5. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ დადგენილება დაუყოვნებლივ გამოეცხადება ხელწერილით ეჭვმიტანილს, რომელსაც იმავდროულად განემარტება 73-ე მუხლში აღნიშნული მისი უფლებები. დაკავების შესახებ დადგენილებაზე კეთდება ჩანაწერი უფლებათა განმარტების თაობაზე, რომელსაც ადასტურებენ მოკვლევის ორგანოს თანამშრომელი და დაკავებული. უფლებათა ნუსხა გადაეცემა ეჭვმიტანილს.

6. ეჭვის საფუძველზე დაკავებული უნდა დაიკითხოს პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის სხვა ორგანოში მიყვანიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ამ კოდექსით დადგენილი წესით. დაკავებული, მისი მოთხოვნით, დაკითხვის შემდეგ აუცილებლად უნდა შემოწმდეს ექიმის მიერ და შედგეს სათანადო ცნობა.

7. დაკავების ვადა ბრალდების წაყენებამდე არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს დაკავებულის მოკვლევის ორგანოში მიყვანის მომენტიდან. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან აღკვეთის ღინისძიების სხვა სახის გამოყენების შესახებ, პირი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს.

8. სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ, დაკავების მთელი ვადის განმავლობაში, მომკვლევს ან გამომძიებელს, რომელმაც სისხლის სამართლის საქმე თავის წარმოებაში მიიღო, შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად და დასაზუსტებლად, დაკავების კანონიერების შესამოწმებლად.

9. დაკავების ვადის გასვლამდე პირს უნდა წაუყენონ ბრალდება და დაკითხონ როგორც ბრალდებული, 311-ე მუხლით დადგენილი წესით. ამის შემდეგ გამოძიების ორგანოს უფლება აქვს მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესით აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ. ეჭვმიტანილი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს, თუ მას დაკავების ვადის განმავლობაში ბრალდება არ წაეყენა (146). მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება პირობით მსჯავრდებულის ან თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან პირობით ვადამდე განთავისუფლებულის 7 დღე-ღამით დაკავების შესახებ, თუ არსებობს საშიშროება, რომ იგი მიიმალება. დაკავების შესახებ სასამართლო ბრძანება გაიცემა მოკვლევის ორგანოს ან გამოძიების სხვა ორგანოს შუამდგომლობით, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე ახალი დანაშაულის შესახებ (147) პირის ეჭვმიტანილის სახით დაკავების მომენტიდან აღრიცხული დრო ითვლება ბრალდებულის პატიმრობის ვადაში (148). დაკავებული იმყოფება დროებითი ყოფნის იზოლატორში, ხოლო სამხედრო მოსამსახურე - ჰაუპტვახტში. დაკავებულთა ყოფნის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონმდებლობა (149).

1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ:

ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული;

ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი;

გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა;

დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.

2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა აგრეთვე გამომძიებლის, ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.

3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.

4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული (150).

1. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.

2. აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, თუ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლევა საკმაო საფუძველს ვარაუდისათვის, რომ აუცილებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მიზნის უზრუნველყოფა.

3. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენების საფუძველი შეიძლება იყოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, ხელს შეუშლის სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას ანდა თუ ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (151).

1. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.

2. თუ არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საფუძველი, ბრალდებულს უნდა განემარტოს მისი ვალდებულება გამოცხადდეს მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ვალდებულების ჩამორთმევა არ გამოიყენება იმის მიმართ, ვისაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით.

4. ბრალდებულის მიმართ გამოყენებული, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აღკვეთის ღონისძიების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 თვეს. პატიმრობის და შინაპატიმრობის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 9 თვეს (152). აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახის გამოყენების საკითხის გადაწყვეტისას მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ წაყენებული ბრალდების სიმძიმეს, ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს (153). ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს 151-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენებისას აღკვეთის ღონისძიების გამოყენება დაიშვება სასამართლო განჩინების აღსრულების უზრუნველსაყოფად. ეს პირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ განყოფილებაში ან პალატაში, რომელიც განკუთვნილია ფსიქიკურად დაავადებული ავადმყოფისათვის (154).

1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და შეცვლა ხდება მოსამართლის ბრძანებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით).

2. აღკვეთის ღონისძიება უქმდება მოსამართლის დადგენილებით, აგრეთვე სასამართლოს განაჩენით, განჩინებით (დადგენილებით) თუ აღარ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება აგრეთვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე პროკურორის მიერ დამტკიცებული გამომძიებლის მოტივირებული დადგენილებით (155).

1. არავის დაპატიმრება არ შეიძლება მოსამართლის ბრძანების ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

2. სასამართლო, პროკურორი და გამომძიებელი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაპატიმრებული ნებისმიერი პირი.

3. დაპატიმრება გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვნის, ხანდაზმულის (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით - გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით (159).

1. გამომძიებელს ან პროკურორს, რომელიც პირს წაუყენებს ბრალდებას და დაკითხავს როგორც ბრალდებულს, შეუძლია 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. მოსამართლის მიერ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტამდე გამომძიებელი და პროკურორი უფლებამოსილნი არიან დააკავონ ბრალდებული არა უმეტეს 24 საათისა. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალები.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანის შემდეგ არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც გასცა ბრძანება მისი დაპატიმრების შესახებ, ხოლო ბრძანების გამცემი მოსამართლის არყოფნისას - იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისას, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების შესახებ, რის თაობაზეც დგება ოქმი. თუკი დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს უფლება აქვთ აგრეთვე მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

3. შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.

4. დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ (160).

1. ბრალდებულის პატიმრობის ვადა გამოითვლება ეჭვმიტანილის სახით პოლიციის დაწესებულებაში ან მოკვლევის ორგანოში მისი მიყვანის მომენტიდან, ხოლო თუ ასეთი რამ არ ყოფილა - ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ სასამართლო ბრძანების აღსრულების მომენტიდან.

2. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას განისაზღვრება 3 თვით ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. პატიმრობის ვადის დინება წყდება იმ დღეს, როცა პროკურორი საქმეს სასამართლოში გაგზავნის. თუ დაკავებული ან დაპატიმრებული გაათავისუფლეს, შემდეგ კი კვლავ დააპატიმრეს, მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. თუ სამთვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება დაარღვია ან თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, ხოლო 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უფლება აქვს გასცეს ბრძანება ბრალდებულის ერთი თვით დაპატიმრების შესახებ.

3. საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას იმავე სასამართლოს მოსამართლეს ან მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და პროკურორის თანხმობით, შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს კიდევ ერთი თვით. საქმის სირთულის გამო გამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, საქართველოს ტრანსპორტის პროკურორის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის პროკურორისა და ოლქის

პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს უზენაესი სასამართლოს განსჯად საქმეებზე, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების საგამოძიებო კოლეგიების მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობისვადა გააგრძელოს 6 თვემდე. საქმის მომეტებული სირთულის გამოგამოძიების დამთავრების შეუძლებლობის შემთხვევაში, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 8 თვემდე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს შეუძლია ბრალდებულის პატიმრობის ვადა გააგრძელოს 9 თვემდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

4. ბრალდებულის საზღვარგარეთ დაპატიმრების შემთხვევაში, თუ მისი გამოძიების ადგილზე ჩამოყვანისას გასულია დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადა, იგი შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

5. ბრალდებულის პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობის, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის დრო.

6. თუ საქმე დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნდა პირველი სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოდან, ბრალდებულის პატიმრობის ვადა სასამართლომდე გამოითვლება პროკურორის მიერ სისხლის სამართლის საქმის მიღების დღიდან. სასამართლომდე და სასამართლოს შემდეგ, ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.

7. პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას ბრალდებულის (განსასჯელის) და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა მხედველობაში არ მიიღება.

8. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას განსასჯელის პატიმრობის ვადა, განაჩენის ან სხვა შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის სასამართლოსათვის გადაცემის შემდეგ, არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 6 თვემდე. განსასჯელის პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში და თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოებში საქმის პირველი ინსტანციით, სააპელაციო და საკასაციო წესით განხილვისას განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის საერთო ვადა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, არ შეიძლება აღემატებოდეს 24 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ეს ვადა კიდევ 6 თვემდე შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. განსასჯელის (მსჯავრდებულის) პატიმრობის ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება (162).

1. ბრალდებულის პატიმრობის კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 5 დღისა პროკურორი ვალდებულია შესაბამის მოსამართლეს წარუდგინოს სისხლის სამართლის საქმე და გამომძიებლის დასაბუთებული შუამდგომლობა, რომელსაც პროკურორი მხარს უჭერს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს გამოძიების გაჭიანურების მიზეზები, გარემოებანი, რომელთა შემოწმებაც საჭიროა, და ვადა, რომელსაც გამომძიებელი ითხოვს.

2. შუამდგომლობა განიხილება მისი მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, დახურულ სასამართლო სხდომაზე, პროკურორის, ბრალდებულის ან მისი დამცველისა და კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით, 140-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. შუადგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს უფლება აქვს მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) გასცეს ბრძანება პატიმრობის ვადის გაგრძელების შესახებ;

ბ) უარყოს შუამდგომლობა, გაათავისუფლოს ბრალდებული და აღკვეთის ღონისძიება შეუცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით, ანდა გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება.

4. სასამართლო ბრძანება(დადგენილება) პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. მოსამართლე იმავე დღეს ატყობინებს საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას გაცემული ბრძანების (დადგენილების) შესახებ (163).

1. წინასწარი გამოძიების სტადიაზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შემთხვევაში ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება საქმის შეწყვეტის დღეს.

2. გამამართლებელი განაჩენის გამოტანისას განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში.

3. სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან ისეთი სასჯელის დანიშვნის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის თავისუფლების აღკვეთასთან, განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლოს დარბაზში, ხოლო თუ იგი სასამართლო სხდომაში არ მონაწილეობდა, - არა უგვიანეს იმ დღისა, როცა საპატიმრო ადგილის ადმინისტრაცია მიიღებს ოფიციალურ ცნობას პატიმრობიდან პირის განთავისუფლების შესახებ.

4. სასამართლო საპატიმრო ადგილის ადმინისტრაციას უგზავნის განაჩენს, დადგენილებას ან განჩინებას, რომლითაც შეიცვალა ან გაუქმდა პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიება.

5. პატიმრობის სახით აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე ოფიციალურად დამოწმებული შეტყობინება, რომელიც კავშირგაბმულობის ტექნიკური საშუალებით გადაიცა, სასამართლო განაჩენის, დადგენილების ან განჩინების მიღებამდე განთავისუფლების საფუძველია (164).

1. ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით უნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო. ზიანი ანაზღაურდება, თუ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი ან საქმე შეწყდა 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.

2. ფიზიკური ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ თანხის გადახდით, მკურნალობის ხარჯების, შრომისუნარიანობის დაკარგვის ან დაქვეითების საკომპენსაციოდ, თუ დაავადება გამოიწვია საპატიმრო ადგილებში დაპატიმრებულის ყოფნის რეჟიმის დარღვევამ.

3. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით ბოდიშის მოხდის გზით, აგრეთვე ფულადი კომპენსაციით (165).

1. შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები.

2. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, სახელდობრ რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა და გაუქმების წესები განისაზღვრება ამ კოდექსით.

3. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით.

4. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არა უმეტეს 9 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ეს ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს (166).

1. ბრალდებული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება გადაეცეს პოლიციის ზედამხედველობაში.

2. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო დადგენილება (განჩინება) აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამმართველოს (განყოფილებას) ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პოლიციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში ბრალდებული და მასზე ზედამხედველობის დაწესების შესახებ შეატყობინოს მუშაობის ან სწავლის ადგილის ადმინისტრაციას, საპასპორტო სამსახურს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სამხედრო კომისარიატს, თუ ბრალდებული სამხედროვალდებულია.

3. პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ ბრალდებულს ეკრძალება სასამართლოს ან პროცესის მწარმოებელი სხვა ორგანოს ნებართვის გარეშე გაემგზავროს ამ დასახლებული პუნქტიდან, შეიცვალოს საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილი აღნიშნული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. იგი ვალდებულია კვირაში ორჯერ მაინც გამოცხადდეს პოლიციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბრალდებული პოლიციის ორგანოში შეიძლება გამოიძახონ მისი ქცევისადმი კონტროლის განხორციელების წესით. ამავე მიზნით პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ მივიდნენ მასთან საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით (167).

1. გირაო არის ის ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის, განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში დროული გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.

2. გირაოს თანხას და მისი შეტანის ვადას განსაზღვრავს პროცესის მწარმოებელი ორგანო, რომელიც იყენებს აღკვეთის ღონისძიების ამ სახეს. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები.

3. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-5 ნაწილში.

4. ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ შუამდგომლობით გამომძიებელი მიმართავს შესაბამის სასამართლოს 140-ე მუხლით დადგენილი წესით.

5. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ პირის საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდებათ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.

7. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება (168). ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევს სასამართლოს იმის შესახებ, რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში (169).

1. პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას (169-ე მუხლი) და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას.

2. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.

3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამდგომლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.

4. თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.

5. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

6. თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით (170).

1. მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან დახურული საბავშვო დაწესებულების ადმინისტრაციის მეთვალყურეობაში გადაცემის მიზანია აღნიშნულ პირთაგან ერთ-ერთმა ან ადმინისტრაციამ იკისროს წერილობითი ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს არასრულწლოვანი ბრალდებულის გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში, აგრეთვე მის სათანადო ქცევას.

2. არასრულწლოვნის გადაცემა მშობლების, მეურვეების, მზრუნველების ან სხვა პირების მეთვალყურეობაში შეიძლება მხოლოდ ამ პირთა და თავად არასრულწლოვნის თანხმობით.

3. არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემის წინ გამომძიებელმა, პროკურორმა, სასამართლომ უნდა შეკრიბონ ცნობები მშობლების, მეურვეების ან მზრუნველების პიროვნების, არასრულწლოვანთან მათი ურთიერთობის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ მათ შეუძლიათ სათანადოდ განახორციელონ მასზე მეთვალყურეობა.

4. მშობლებს, მეურვეებს, მზრუნველებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში უარი თქვან არასრულწლოვნის მეთვალყურეობაზე ავადმყოფობის, ოჯახში ურთიერთობის გაუარესების, სხვა მიზეზების გამო, რომლებიც გამორიცხავენ არასრულწლოვნის სათანადო ქცევის შესაძლებლობას.

5. მშობელს, მეურვეს, მზრუნველს, დახურული საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელს ხელწერილის ჩამორთმევისას უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომლიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც მათ დაეკისრებათ, თუ არასრულწლოვანი ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იგი გადაეცა მეთვალყურეობაში. ეს ცნობები უნდა აისახოს მეთვალყურეობაში გადაცემის ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

6. პირს, რომელიც მეთვალყურეობს არასრულწლოვანს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.

7. თუ არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეასრულებს თავის მოვალეობას, პირს, რომელიც მას მეთვალყურეობს, სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე, 206-ე მუხლით დადგენილი წესით (171).

1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღეღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა, დაპატიმრებისა და შინაპატიმრობისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.

2. ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეები.

3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი, - ამ თვის ბოლო დღე-ღამეს (212). ვადა გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ საჩივარი, შუამდგომლობა ან სხვა დოკუმენტი ვადის ამოწურვამდე გადაეცა ფოსტას, გადაეცა ან გამოეცხადა მის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა წინასწარი პატიმრობის ადგილის ან სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას, თუ პირი შესაბამისად დაპატიმრებულია ან იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში (213). ვადის გაგრძელება, ამ კოდექსით დადგენილი წესით, შეუძლია ორგანოს, რომელიც პროცესს აწარმოებს (214).

1. საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს იმ ორგანოს ან თანამდებობის პირის დადგენილებით, რომლის წარმოებაშიცაა საქმე.

2. საპატიო მიზეზით ვადის გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს.

3. ვადის აღდგენაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

4. ვადის გაცდენასთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულება, დაინტერესებული პირის შუამდგომლობით, შეიძლება შეჩერდეს გაცდენილი ვადის აღდგენის შესახებ საკითხის გადაწყვეტამდე (215). საპროცესო მოქმედება, რომელიც დადგენილი ვადის შემდეგ ჩატარდა, ბათილად ითვლება, თუ ვადა არ იქნება აღდგენილი (216).

1. მოკვლევა არის წინასწარი გამოძიების თავდაპირველი ეტაპი. მოკვლევის მასალები გამომძიებელს უნდა გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 7 დღისა, ხოლო ეჭვმიტანილი პირის დაკავებისას - დაკავების ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორს კი - მის მიერ მითითებულ ნებისმიერ ვადაში.

2. წინასწარი გამოძიება, რომელსაც გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს, სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძო ბრალდების საქმეთა გარდა.

3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან განსასჯელის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით (270).

1. წინასწარი გამოძიება უნდა დამთავრდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრიდან არა უგვიანეს 3 თვეში.

2. წინასწარი გამოძიება დამთავრებულად ითვლება იმ დღეს, როდესაც პროკურორი სასამართლოში საქმეს გზავნის საბრალდებო დასკვნით ან სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ დადგენილებით, ანდა როცა გამოაქვს დადგენილება საქმის შეწყვეტის თაობაზე.

3. წინასწარი გამოძიების ვადაში არ შედის:

ა) წინასწარი გამოძიების შეჩერების დრო;

ბ) დრო დამატებითი გამოძიებისათვის სასამართლოს მიერ საქმის დაბრუნებიდან მის მიღებამდე;

გ) ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ საქმის მასალების გაცნობის დრო.

4. ამ მუხლით დადგენილი წინასწარი გამოძიების ვადა შეიძლება გააგრძელონ:

ა) რაიონის, ქალაქის, რეგიონულმა სამხედრო, რეგიონულმა ტრასპორტის, სასჯელაღსრულებით დაწესებულებათა პროკურორებმა-4 თვემდე;

ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს ტრასპორტის, ქ. თბილისის, საოლქო პროკურორებმა და საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის მოადგილემ - 8 თვემდე;

გ) საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ-12 თვემდე;

დ) საქართველოს გენერალურმა პროკურორმა-12 თვეზე მეტი ვადით.

5. დამატებითი გამოძიებისათვის საქმის დაბრუნების, აგრეთვე შეჩერებული ან შეწყვეტილი საქმის განახლების შემთხვევაში დამატებითი გამოძიების ვადას ერთი თვის ფარგლებში ადგენს პროკურორი. ვადის შემდგომი გაგრძელება ხდება საერთო საფუძველზე, იმ ვადის გათვალისწინებით, რომელიც წინ უძღოდა საქმის სასამართლოში გადაცემას, შეჩერებას ან შეწყვეტას.

6. ვადის გაგრძელების შუამდგომლობას გამომძიებელი წარუდგენს შესაბამის პროკურორს გამოძიების ვადის გასვლამდე არანაკლებ 5 დღით ადრე. პროკურორი აკმაყოფილებს შუამდგომლობას ან იძლევა მითითებას წინასწარი გამოძიების დამთავრების ან სასამართლოში საქმის გაგზავნის თაობაზე, ანდა გამოაქვს დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ (271).

1. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) საფუძველზე მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ შევიდნენ ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნისა თუ დოკუმენტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად. წინააღმდეგობის გაწევის

შემთხვევაში ბინაში (ან სხვა მფლობელობაში) შესვლა ხდება იძულების წესით.

2. ამოღების ან ჩხრეკის დაწყებისას მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი ვალდებულია ხელმოწერით გააცნოს სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) პირს, რომელთანაც ტარდება ამოღება ან ჩხრეკა, ხოლო მისი არყოფნისას - 321-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებულ ერთ-ერთ პირს.

3. მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები, რათა არ გახმაურდეს ამოღების ან ჩხრეკის, აგრეთვე ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გამოვლენილი პირადი ცხოვრების გარემოებანი.

4. მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვთ ამოღების ან ჩხრეკის ადგილზე მყოფ ან იქ მისულ პირს აუკრძალონ წასვლა, ერთმანეთთან ან სხვა პირთან ურთიერთობა ამოღებისა თუ ჩხრეკის დამთავრებამდე.

5. ამოღებისას მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) წარდგენის შემდეგ მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი წინადადებას იძლევიან ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. უარის შემთხვევაში ამოღება ხდება იძულებით. თუ ამოსაღები საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩნდა იმ ადგილას, რომელიც მითითებულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში), ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმავე სადგომში ამ კოდექსით დადგენილი წესით.

6. ჩხრეკის დაწყების წინ მომკვლევი, გამომძიებელი ან პროკურორი წინადადებას იძლევა ნებაყოფლობით გადასცენ ჩამოსართმევი საგანი ან დოკუმენტი. გადაცემის შემთხვევაში უნდა შედგეს ამოღების ოქმი, ხოლო თუ არ გადასცემენ ან არასრულად გადასცემენ, უნდა ჩატარდეს ჩხრეკა.

7. ჩხრეკისას იძებნება და ამოიღება ის საგანი თუ დოკუმენტი, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამოღებულ უნდა იქნეს აგრეთვე სხვა საგანი, დოკუმენტი ან ნივთი, რომელსაც მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს ამ საქმისათვის, ან აშკარად მიუთითებს სხვა დანაშაულის ჩადენაზე, აგრეთვე ნივთი, რომლის შენახვაც აკრძალულია კანონით. ჩხრეკის ოქმში მომკვლევმა, გამომძიებელმა, პროკურორმა უნდა აღნიშნონ, რატომ ამოიღეს აღნიშნული საგანი ან დოკუმენტი.

8. ყველა მოპოვებული საგანი და დოკუმენტი უნდა წარედგინოს დამსწრეთ, იქ მყოფ სხვა პირებს, დაწვრილებით აღიწეროს ოქმში და, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეფუთულ ნივთზე, ლუქის გარდა, აღინიშნება თარიღი, აგრეთვე დამსწრეებისა და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებმაც ჩხრეკა ჩაატარეს. შეფუთული ნივთის შემდგომ გახსნა და ლუქის ახდა დასაშვებია მხოლოდ დამსწრეთა მონაწილეობით.

9. ამოღების ან ჩხრეკის ჩატარებისას მომკვლევს, გამომძიებელს, პროკურორს უფლება აქვს გააღოს დაკეტილი სათავსი და საცავი, თუ გასაჩხრეკი უარს ამბობს ნებაყოფლობით გააღოს ისინი. ამასთან, უნდა მოერიდონ საკეტის, კარის, სხვა საგნის დაზიანებას და ბინაში ან სხვა გასაჩხრეკ სადგომში წესრიგის დარღვევას (323).

11 დეკლარაცია მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ დანაშაულის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთათვის

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 29 ნოემბრის რეზოლუცია)

გაეროს გენერალური ასამბლეას შეგნებული აქვს რა, რომ მილიონობით ადამიანს მსოფლიოში ადგება დანაშაულისა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად, და რომ ამ ქმედებების მსხვერპლთა უფლებები არ არის სათანადოდ აღიარებული, რის გამოც ადასტურებს ეროვნული და საერთაშორისო ზომების მიღების აუცილებლობას დანაშაულის და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების მსხვერპლთა უფლებების საყოველთაო და ეფექტური აღიარებისა და პატივისცემის უზრუნველსაყოფად.

1. ტერმინი ,,მსხვერპლის“ ქვეშ იგულისხმება პირი, რომელსაც ინდივიდუალურად ან კოლექტიურად მიადგა ზიანი, სხეულებრივი ან მორალური ზიანის ჩათვლით, სულიერი ტანჯვა, მატერიალური ზარალი ან არსებითად დაირღვა მისი ძირითადი უფლებები იმ ქმედობის ან უმოქმედობის შედეგად, რომელიც არღვევს მოქმედ ეროვნულ სისხლის სამართლის კანონს, მათ შორის კანონს, რომელიც კრძალავს ხელისუფლების დანაშაულებრივ ბოროტად გამოყენებას.

2. ,,მსხვერპლად“ ჩაითვლება პირი, დამოუკიდებლად იმისა, ზიანის მიმყენებელი დადგენილი, დაპატიმრებული, სამართალში მიცემული ან დასჯილი იქნება თუ არა, აგრეთვე დამოუკიდებლად ნათესაობრივი კავშირისა ზიანის მიმყენებელსა და ,,მსხვერპლს“ შორის. ტერმინი ,,მსხვერპლი“ შესაბამის შემთხვევებში მოიცავს მსხვერპლის ახლო ნათესავებსაც ან კმაყოფაზე მყოფთაც. აგრეთვე პირებს, რომლებსაც მიადგა ზიანი იმ მსხვერპლისათვის დახმარების აღმოჩენის მცდელობისას, რომლებიც იმყოფებოდნენ განსაცდელში, აგრეთვე პირებს, რომლებიც აღკვეთდნენ ზიანს.

3. მსხვერპლს უნდა ეპყრობოდნენ თანაგრძნობით და პატივს სცემდნენ მის ღირსებას.

4. საჭიროა შეიქმნას და განმტკიცდეს სასამართლო და ადმინისტრაციული მექანიზმები იმისათვის, რომ მსხვერპლი უზრუნველყოფილი იქნას კომპენსაციის ოპერატიულად მიღების შესაძლებლობის ოფიციალური და არაოფიციალური პროცედურებით, რაც იქნებოდა სამართლიანი, არაძვირადღირებული და მისაწვდომი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებელია, საჭიროა გამოყენებული იქნას დავის მოწესრიგების არაოფიციალური მექანიზმები, შუამავლობის, არბიტრაჟის და ჩვეულებრივი სასამართლოების ან ადგილობრივი პრაქტიკის ჩათვლით, იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყოს მხარეთა შერიგებას და მსხვერპლისათვის ზარალის ანაზღაურებას.

6. მსხვერპლისათვის, აგრეთვე მათი ოჯახებისათვის და კმაყოფაზე მყოფთათვის ზარალის ანაზღაურება გულისხმობს აგრეთვე რესტიტუციას, რაც მოიცავს საკუთრების დაბრუნებას ან ზიანით მიყენებული ზარალის ღირებულების გადახდას, გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, მომსახურების გაწევას ან უფლებებში აღდგენას.

7. სასურველია სახელმწიფოებმა განიხილონ საკითხი ანაზღაურების დასანერგად პრაქტიკაში, დებულებებში და კანონებში, როგორც სისხლის სამართლის სასჯელის ერთ-ერთი ზომა.

8. როდესაც სახელმწიფოს თანამდებობის პირები ან სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალურ ან ნახევრადოფიციალურ რანგში, არღვევენ ეროვნული სისხლის სამართლის კანონებს, მსხვერპლმა უნდა მიიღოს ანაზღაურება სახელმწიფოსაგან, ხოლო თანამდებობის პირები და წარმომადგენლები პასუხს აგებენ მიყენებული ზიანისათვის.

9. ხელი უნდა შეეწყოს სახელმწიფო ფონდების შექმნას, განმტკიცებას და გაფართოებას მსხვერპლთათვის კომპენსაციის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სხვა ფონდებიც, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ ძალუძს აუნაზღაუროს მსხვერპლს მიყენებული ზარალი.

10. მსხვერპლს უნდა აღმოეჩინოს აუცილებებლი მატერიალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება სამთავრობო, ნებაყოფლობით და ადგილობრივ დონეზე.

11. პოლიციის, მართლმსაჯულების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების და სხვა შესაბამისმა პერსონალმა უნდა გაიაროს მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იქნას მათ მიერ მსხვერპლთა მოთხვნილებების და სათანადო ოპერატიული დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის გათავისება.

12. სახელმწიფოებმა პერიოდულად უნდა გადახედონ მოქმედ კანონებს და არსებულ პრაქტიკას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას მათი რეაგირების ეფექტურობა შეცვლილ პირობებზე, აუცილებლობის შემთხვევაში, სამოქმედოდ შემოიღონ კანონმდებლობა, რომელიც აკრძალავდა იმ ქმედობებს, რომლებიც წარმოადგენენ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, და ხელს შეუწყობდა ასეთ ქმედებათა აღკვეთის პოლიტიკისა და მექანიზმების ჩამოყალიბებას, აგრეთვე განავითარებენ და ფართოდ უზრუნველყოფენ შესაბამის უფლებებს და საშუალებებს ასეთ ქმედებათაგან მსხვერპლთა სამართლებრივი დაცვისათვის.

12 სასამართლოების დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის 25 ნოემბრის რეზოლუცია)

1. სასამართლოების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს სახელმწიფო და შეიტანება ქვეყნის კონსტიტუციაში და კანონებში. ყველა სახელმწიფო და სხვა ინსტიტუტების მოვალეობაა პატივი სცენ და დაიცვან სასამართლოების დამოუკიდებლობა.

2. სასამართლოები გადაწყვეტენ მათთვის გადაცემულ საქმეებს მიუკერძოებლად. ფაქტების საფუძველზე და კანონის შესაბამისად, ყოველგვარი შეზღუდვის, არამართლზომიერი ზეგავლენის, ზეწოლის, დაშინების ან პირდაპირი ან არაპირდაპირი ჩარევის გარეშე, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ან რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ასეთი.

3. სასამართლოები ფლობენ კომპეტენციას სასამართლო ხასიათის ყველა საკითხის გამო და აქვთ განსაკუთრებული უფლება გადაწყვიტონ შედის თუ არა კანონით დადგენილ მათ კომპეტენციაში გადაცემული საკითხი.

4. სასამართლოების დამოუკიდებლობის პრინციპი უფლებას აძლევს და ავალდებულებს სასამართლოებს უზრუნველყონ სასამართლო განხილვის სამართლიანი წარმოება და მხარეთა უფლებები.

5. თითოეული სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სახსრებით სასამართლოები, რაც საშუალებას მისცემს მათ სათანადოდ შეასრულონ თავიანთი ფუნქციები.

6. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად სასამართლოს წევრები, ისევე როგორც მოქალაქეები, ფლობენ სიტყვის, რწმენის, ასოციაციების და შეკრებების თავისუფლებას. მაგრამ ამ უფლებებით სარგებლობისას, მოსამართლეები უნდა მოიქცნენ ისე, რომ უზრუნველყონ თავისი თანამდებობისადმი პატივისცემა და შეინარჩუნონ მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.

7. მოსამართლეებს უფლება აქვთ თავისი ინტერესების დასაცავად, პროფესიული მომზადების გასაუმჯობესებლად და სასამართლოების დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შექმნან ასოციაციები ან სხვა ორგანიზაციები.

8. პირებს, რომლებიც შეირჩევიან მოსამართლის თანამდებობაზე, უნდა გააჩნდეთ მაღალი მორალური თვისებები, სათანადო მომზადება და კვალიფიკაცია სამართლის დარგში.

13 სასამართლოების დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების ეფექტური განხორციელების პროცედურები

▲ზევით დაბრუნება


(გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს 1990 წლის 24 ოქტომბრის რეზოლუცია)

1. ყველა სახელმწიფო თავისი კონსტიტუციური პროცესისა და შიდასახელმწიფო პრაქტიკის შესაბამისად აღიარებს და ამკვიდრებს სასამართლოების ძირითად პრინციპს.

2. არც ერთი მოსამართლე არ ინიშნება და არ აირჩევა, თუ მისი პიროვნება შეუთავსებელია ძირითადი პრინციპებისადმი, და არც ერთ დანიშნულ ან არჩეულ მოსამართლეს არ მოეთხოვება შეასრულოს ძირითადი პრინციპების საწინააღმდეგო ფუნქციები.

3. სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ძირითადი პრინციპების ფართო გამოქვეყნებას თუნდაც ქვეყნის ძირითად ან ოფიციალურ ენაზე. მოსამართლეები, ადვოკატები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები და ფართო საზოგადოებრიობა მისაწვდომი ფორმით იღებენ ინფორმაციას ძირითადი პრინციპების შინაარსის და მნიშვნელობის შესახებ.

4. სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისათვის ადექვატური სახსრების აუცილებელ გამოყოფას, საქმეთა რაოდენობის თანაზომიერად განაწილებას, მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრას, სასამართლოების უზრუნველყოფას საჭირო პერსონალით და მოწყობილობით, მოსამართლეთა პირადი უსაფრთხოების და მატერიალური ანაზღაურების უზრუნველყოფას.

5. სახელმწიფოები მხარს უჭერენ და ახალისებენ ეროვნულ და რეგიონულ დონეზე სემინარებისა და კურსების ჩატარებას სასამართლოების როლის და მათი დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში.

14 ძირითადი პრინციპები ადვოკატთა როლის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


(მიღებულია გაეროს მე-8 კონგრესის მიერ 1990 წლის 7 სექტემბერს ჰავანაში)

ყოველ ადამაინს უფლება აქვს მიმართოს ნებისმიერ იურისტს დახმარებისათვის თავისი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით და თავის დასაცავად სისხლის სამართლის საქმის განხილვის ყველა სტადიაზე;

სახელმწიფო უზრუნველყოფს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირისათვის ადვოკატის ეფექტური და თანაბარი ხელმისაწვდომობის გონიერ პროცედურებს და მოქნილ მექანიზმებს;

სახელმწიფო უზრუნველყოფს ღარიბი და სხვა გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი პირების იურიდიული მომსახურებისათვის საკმარის საფინანსო და სხვა სახსრების გამოყოფას;

ყველა შემთხვევაში, როდესაც ამას მოითხოვს მართლმსაჯულების ინტერესები, ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს ჰყავდეს ისეთი ადვოკატი, რომლის გამოცდილება და კომპეტენტურობა უნდა შეესაბამებოდეს სამართალდარღვევის ხასიათს და რომელიც ინიშნება უფასოდ მისთვის ეფექტური იურიდიული დახმარების აღმოსაჩენად, თუ მას არ გააჩნია საკმარისი სახსრები ადვოკატის მომსახურების ასანაზღაურებლად;

ყველა დაკავებულ, დაპატიმრებულ და დატუსაღებულ პირს ეძლევა სათანადო შესაძლებლობა, დრო და პირობები დაყოვნების, ჩარევის ან ცენზურის გარეშე ადვოკატის მიერ მისი მონახულების, მასთან ურთიერთობის და კონსულტაციისათვის სრული კონფიდეციალობის დაცვით;

თავიანთი კლიენტების მიმართ იურისტები აწარმოებენ კონსულტირებას მათი უფლებებისა და სამართლებრივი სისტემის ფუნქციონირების შესახებ, აღმოუჩენენ მათ დახმარებას ყველა მისაწვდომი საშუალებების და კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენებეით, აღმოუჩენენ დახმარებას სასამართლოებში, ტრიბუნალებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;

აღნიშნული ფუნქციების განხორციელებისას ადვოკატებმა ხელი უნდა შეუწყონ ეროვნული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვას და ყველა შემთხვევაში იმოქმედონ დამოუკიდებლად და კეთილსინდისიერად კანონის აღიარებული ნორმების და იურისტის პროფესიული ეთიკის შესაბამისად;

სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ ადვოკატებმა შეასრულონ თავისი პროფესიული ფუნქციები ისეთ გარემოში, რაც თავისუფალი იქნება დაშინებისაგან, დაბრკოლებებისაგან, მუქარისაგან ან გაუმართლებელი ჩარევისაგან, შეძლონ დაუბრკოლებელი გადაადგილება და თავისი კლიენტებისათვის კონსულტაციის მიცემა ქვეყნის შიგნით და გარეთ, არ განიცდიდნენ დევნას ან სასამართლო, ადმინისტრაციულ,

ეკონომიკურ ან სხვაგვარ სანქციებს ნებისმიერი ქცევისათვის, რაც სრულდება პროფესიული მოვალეობების, აღიარებული ნორმების და ეთიკის შესაბამისად, ან ასეთი დევნის ან სანქციის გამოყენების მუქარას;

ვერც ერთი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო უარს ვერ ეტყვის ადვოკატს კლიენტის ინტერესების დაცვაზე გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადვოკატს უარი ეთქვა თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულების უფლებაზე ეროვნული კანონმდებლობის, პრაქტიკისა და პრინციპების შესაბამისად;

კომპეტენტური ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ადვოკატებისთვის მათ განკარგულებაში არსებული შესაბამისი ინფორმაციის, დოსიეების და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა, იმისათვის, რომ ადვოკატებს შესაძლებლობა ჰქონდეთ უზრუნველყონ ეფექტური იურიდიული დახმარება თავისი კლიენტებისათვის;

ადვოკატები თავისი შესაბამისი ორგანოების და საშუალებით ეროვნულ კანონმდებლობაზე, საერთაშორისო ნორმებზე და ტრადიციებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის კოდექსს;

ადვოკატების მიმართ დისციპლინური ზომები განიხილება მიუკერძოებელი დისციპლინური კომიტეტის მიერ, რომელსაც ქმნიან ადვოკატები კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი ორგანოს სახით და რაც ექვემდებარება დამოუკიდებელ სასამართლო კონტროლს;

ადვოკატების მიმართ გამოყენებული ყველა დისციპლინური ზომა განისაზღვრება პროფესიული საქმიანობის კოდექსისა და სხვა აღიარებული სტანდარტების, იურისტის პროფესიული ეთიკის და ამ პრინციპების თანახმად.