Hραχλεζτος μεν ουν φεσιν είαν τό πάν διαρετόν άδιαίρετον γενετόν άγένετον θνετον άθάνατον λόγος αίώνα πατέρα υίόν θεόν δίχαιον
(Hippolytus “ Refutatio omnium HaeresiumIX. 9.1.).
"რაც შეეხება ჰერაკლიტეს, მან თქვა, რომ ყველაფერი გაყოფადი არის განუყოფელი, წარმოშობილი წარმოუშობელი, მოკვდავი უკვდავი, ლოგოსი αιων მამა ძე, ღმერთი სამართლიანი..."
ამავე ტრაქტატში მოიპოვება ჰერაკლიტეს ცნობილი 52-ე ფრაგმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ დრო (αιων)არის - ბავშვი რომ თამაშობს ქვების გდებით. - ბავშვის საბრძანებელი" (Ref..IX.9.1).
αιϖν-ის დროდ თარგმნა ისეთივე პირობითია, როგორც λσγοξ-ის სიტყვად. ფილოლოგიური ტრადიციით ეს სიტყვები ან უთარგმნელად გამოიყენებიან, ან - თარგმანს გვერდით უწერენ ბერძნულ სიტყვას.
ზედაპირული შეხედვითაც კი საინტერესოა ამ ორი, ერთნაირი "ბედის" მქონე სიტყვის დაკავშირება ჰერაკლიტეს ფრაგმენტებში.
αιϖν-ის მნიშვნელობა ჩვენთვის ასე-თუ-ისე დავადგინეთ "ცნობიერების ესთეტიკაში"; ეს არის დრო, პერიოდი, უფრო სწორედ, დროის პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს ცნობიერების არსებობას და რომელიც ჰყოფს მის გზას სხვადასხვა მსოფლაღქმებზე დამოკიდებულ მონაკვეთებად.
ამჯერად უნდა გავიგოთ, თუ რას გულისხმობდა ჰერაკლიტე, როდესაც λσγοξ-ის შესახებ ლაპარაკობდა.
1(DK) ფრაგმენტში ლაპარაკია ლოგოს-ის შესახებ, რომელსაც ადამიანები უსმენენ. ასევე "მოსასმენ" ლოგოსზე მიუთითებენ იპოლიტეს ტრაქტატის ადგილები:<σελου τουδ' εσντοξ αει <α>ξ<υνΙτοι γιγνοται ανθρωπον, χαι προσθεν αχουσι χαι αχουσανιεζ το πρωτον (Hip. Re. IX.9.3). "ამ ლოგოსის არსებობით მუდამ უმეცარნი ხდებიან ადამიანები, სანამ მოისმენენ და რომ მოისმენენ მერეც".
ამ ფრაგმენტებში ლოგოსს თარგმნიან ან როგორც მეტყველებას (Речь- Лебедев) ან როგორც აზრს (Sinn - Kranz). რაკი ტექსტში "მოსმენასთან" გვაქვს საქმე, მეტყველებად თარგმნა უფრო სწორი უნდა იყოს. მაგრამ, "მოსასმენის" მაინდამაინც მეტყველებად გაგება უფრო სოსიურისეულ ცნობილ დაყოფას უნდა მივაწეროთ, ვიდრე საქმის ნამდვილ ვითარებას.
როდესაც "ცნობიერების ესთეტიკაში" ენას ვიხილავდით, მისი ბუნება აღმოჩნდა იმ თამაშის იდენტური, ბავშვი რომ ახორციელებს 52-ე ფრაგმენტში (როდესაც ის საზღვრითი ცნებების ურთიერთქმედებით ქმნის დროებს). ამიტომაც, უფრო სწორი იქნება, თუ ლოგოსს ამ შემთხვევაში ვთარგმნით როგორც ენას, ოღონდ, არა თანამედროვე ენათმეცნიერული მნიშვნელობით (რომელიც ენას და მეტყველებას ჰყოფს ერთმანეთისაგან და ისტორიულად ენას ანიჭებს უპირატესობას. ამ შემთხვევაში ენა გვევლინება გრამატიკული წესების ერთობლიობად, რომელიც მეტყველებისას დგინდება), არამედ, როგორც ენას, რომელიც მეტყველებს და რომელშიც "ყოფიერებაა მოთავსებული".
თუკი αιων-ი და λσγοξ-ი ერთი და იგივეა, მაშინ 52-ე ფრაგმენტი შეიძლება შემდეგნაირად წავიკითხოთ: "ენა არის - ბავშვი რომ თამაშობს, ქვების გდებით..." რას ნიშნავს "ქვების გდება" - ასე თუ ისე გაირკვა ცნობიერების ესთეტიკით - საზღვრით ცნებებთან ანალოგიით. მაგრამ არ ვიცით, თუ რას ნიშნავს გამოთქმა, რომ ენა არის თამაში.
ცნობიერების კვალზე სიარულისას თამაში განისაზღვრა, როგორც მეტა-რიტუალი. მაგრამ ეს არის მისი ფუნქციური და არა "არსობრივი" დახასიათება. გამოირკვა, რომ ფუნქციური განსაზღვრებით თამაში და ტექნიკა ემთხვევიან ერთმანეთს. ამ ფაქტმა მიგვითითა, რომ შესაძლებელია თამაში ისევე იყოს "ყოფიერების" ახალი გაგების ნიშანი, როგორც ზღაპარი (რომელიც სტრუქტურულად დაემთხვა კოსმოგონიურ მითს). ის, რომ თამაშს შეიძლებოდა სხვა განსაზღვრებაც ჰქონოდა გარდა "მეტა-რიტუალისა", ცნობიერების ესთეტიკამაც დაგვანახა: ჰერაკლიტეს ფრაგმენტის ინტერპრეტაცია, ანუ, თამაში ჰერაკლიტეს მიხედვით არ ემთხვევა "თამაშის ფენომენოლოგიის" შინაარსს. როგორც ეხლა ირკვევა, "თამაშის ფენომენოლოგია" არის არა თამაშის, არამედ ტექნიკის კვლევა, რომელიც თავის თავში მოიქცევს და ფარავს თამაშს. სავარაუდოა, როგორც "სხვას" და "უცხოს" (ისევე როგორც კოსმოგონიური მითი და მისი ფენომენები [მაგ. ზუსტი მეცნიერებები] ზღაპარს უმნიშვნელო და არასერიოზულ ადგილს უძებნიან და კეტავენ მასში. - საერთოდ, ღირებულებითი მიდგომა შეიძლება აღიწეროს, როგორც ყოფიერების ამ გაგების გამოვლენა; ღირებულებითი მიდგომა შეიძლება ორად დავყოთ: მნიშვნელოვანად და უმნიშვნელოდ შეფასებებად. რაკი ყოფიერება არის მეტა და მნიშვნელობის მინიჭება, ის თავისი საუფლოდან აგდებს "უცხოს"'და ცდილობს უ-მნიშვნელო მნიშვნელობა მიანიჭოს).
ჩვენ დავახასიათეთ ყოფიერება როგორც მეტა-, ანუ, მნიშვნელობა და მნიშვნელობის მინიჭება. იმისათვის რომ გავიგოთ, თუ რა არის ენა, მას ყოფიერების თვალით უნდა შევხედოთ. ალბათ, მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მისი "ნამდვილი არსის" გაგება და თამაშთან მისი კავშირის გამოკვლევა.
მაგრამ, სანამ უშუალოდ ენის კვლევაზე გადავიდოდეთ, უნდა მი-მო-ვიხილოთ ის სფერო, რომელშიც თამაში და ენა (არა-სოსიურისეული გაგებით) ვლინდებიან და "ხელშესახებნი" არიან. ეს სფერო არის ემპირიული სამყარო, რაც ჩვენი გამოცდილების მიხედვით, უიგივდება ემპირიულ ცნობიერებას.
თუკი "მეტა", ანუ, მნიშვნელობის მინიჭება მართლაც არის ყოფიერების საზღვრითი აღწერა, ის ემპირიულ ცნობიერებაშიც უნდა ვლინდებოდეს. თანაც - ტოტალურად. ანუ, როგორც ყოფნის "ტრანსცენდენტალურ" დონეებზე, ჩვენს ყოველდღიურობაშიც, ჩვენს გარემოშიც უნდა აღმოვაჩინოთ მეტა-ს კვალი.
ცნობილია, რომ ადამიანის ფსიქიკა, რომელიც ვერ ახერხებს გარემოში წესრიგის დანახვას (მაგ. როდესაც უსასრულოდ ბევრი წერტილების უწესრიგო მოძრაობას უყურებს) ირევა. ეს, და ბევრი სხვა მაგალითი, რომელთა მოხმობას არ დავიწყებთ, გვეუბნება, რომ ადამიანი გარემოს უყურებს იმ "აზრით", რომ მის "უკან", "მასში" და მის "იქით" არის რაღაც, რომელიც ამ გარემოს უდევს საფუძვლად და განსაზღვრავს მას. ანუ, ადამიანი გარემოს უყურებს, როგორც რაღაც სისტემის შედეგს და ნაწილს. ადამიანის მოქმედების ყოველ სფეროში შეიძლება აღვწეროთ მოვლენები, რომლებიც ამ "გეგმით" არსებობენ.
ეს განწყობა კი სხვა არაფერია, თუ არა რწმენა. რწმენა არის სურვილი თუ მოთხოვნილება, რომ ყველაფერში მეტა- იყოს დანახული. ანუ, რწმენა არის მიდგომა სამყაროსადმი, როგორც რაღაც მეტა- მქონესადმი, როგორც ფენომენისადმი, რომლის "უკან" რაღაც აუცილებლობით დგას.
რწმენას უამრავი მოდუსი გააჩნია - ღმერთის რწმენა, მეცნიერული რწმენა (რომელსაც წამს სამყაროს "უკან" მისი კანონების არსებობა). ადამიანის რწმენა (რომელიც ამბობს, რომ ყველა ადამიანში, ანუ, "გარეგნობის უკან", მისი ქცევების მიუხედავად, არის რაღაც ამაღლებული და წმინდა) და მრავალი სხვა. რწმენა ისეა შეჭრილი ჩვენს ცხოვრებაში, რომ ვერც ვამჩნევთ მის ყველგანგამჭოლობას; მხოლოდ და მხოლოდ რწმენა იძლევა საშუალებას ადამიანი მიემართოს სამყაროს შემეცნებაზე. მხოლოდ და მხოლოდ რწმენაზეა დამყარებული ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობა და ა.შ.
ამრიგად, რწმენა არის მეტა-ფენომენი. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ემპირიული ცნობიერება, რომლის საშუალებითაც ადამიანი ერკვევა და ცხოვრობს სამყაროში, არის რწმენა, ანუ მეტა.
მაშასადამე, რწმენა, ანუ ემპირიული ცნობიერება არის ის "პირველი" ფენომენი, რომელიც "შემდეგ" მთელ ტრანსცენდენტალურ "სამყაროს" უდევს საფუძვლად. ჩვენ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ცნობილ დებულებას და ვთქვათ, რომ რაც პირველია გრძნობისათვის, ის პირველია ყოფიერებისათვის. მხოლოდ და მხოლოდ რწმენით ენიჭებათ მნიშვნელობა არსებულებს. იმ რწმენით, რომლის მიხედვითაც ყველა არსებულს თავისი მნიშვნელობა გააჩნია. არსებულთათვის მნიშვნელობის მინიჭება კი ქმნის იმ სისტემას, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ არსებობს.
მნიშვნელობა კი, ემპირიული ცნობიერების სფეროში, რწმენის სფეროში ნიშნავს ნიშანს. ანუ, რწმენას, რომ ამ ნიშანს განუყოფლად და განურჩევლად ახასიათებს ეს და მხოლოდ ეს მნიშვნელობა.
ნიშანი სხვა არაფერია, თუ არა არსებულის გა-მეტა-ება და ამით მისთვის ზუსტი მნიშვნელობის მინიჭება. ეს არის ემპირიული ცნობიერების, ანუ, ემპირიული ყოფიერების დონე, რომელიც ცნობიერად არსებულთათვის საერთოა. ცნობიერად არსებულებში მარტო ადამიანი და ცხოველი არ იგულისხმება. არამედ, საერთოდ ბუნება, რომელიც "მეცნიერულ დონეზე" შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნიშანთა, ანუ, კოდების სისტემა. რომელშიც ყოველ ნიშანს (თუკი ნიშნად ნებისმიერ ქმედებას ჩავთვლით), გარკვეული პასუხი აქვს (აქ იგულისხმება, რომ ეს ქმედება დეტერმინირებულია ერთგვაროვნად). რაც შეეხება ცხოველს და ადამიანს - აქ ეს დებულება უფრო გასაგებია; ყოველი ნიშანი, როგორც კონკრეტული ადამიანისათვის, ასევე ცხოველისათვის, ნიშნავს რაღაცას. მართალია ადამიანს ენა ახასიათებს, მაგრამ, კონკრეტული ადამიანისათვის არ არსებობს განსხვავება ნიშანთა სისტემას და ენას შორის.
მაგრამ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ენა რაღაც სხვაა, ნიშანთა სისტემასთან შედარებით. ყოფიერების ფუნქციური პრინციპის მიხედვით, ერთი და იგივე არსების გამოსახატავად ორი სხვადასხვა ფორმა არ უნდა ყოფილიყო საჭირო. ანუ, - თუკი "საჭირო" იყო, რომ ადამიანს ნიშნების სისტემით ემოქმედა, ენის "გაჩენა" არ მოხდებოდა. მეორე მხრივ, ერთადერთი, რაც რეალურად განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან, არის ენა.
ამჯერად ენის გამო-კვლევისაკენ უნდა გავეშუროთ.
ერთი შეხედვით, ენა მართლაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც ნიშნების ერთობლიობა და ენის შემადგენელ ნიშნებს სიტყვები ვუწოდოთ. მაგრამ, თუკი კარგად დავაკვირდებით, განსხვავებით ნიშნებისაგან, სიტყვებს არა აქვთ ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი მნიშვნელობები; სიტყვა თავისთავად, ცალკე აღებული, არაფერს არ გვეუბნება იმ მნიშვნელობების შესახებ, რომელიც მას ახასიათებს. სიტყვა მნიშვნელობას იძენს მხოლოდ და მხოლოდ ტექსტში, სადაც ცხადი ხდება, თუ რა მნიშვნელობითაა ეს სიტყვა აქ გამოყენებული. ეს ნიშნავს, რომ სიტყვას, განსხვავებით ნიშნისაგან, არა აქვს მნიშვნელობა. თუ ამ საკითხს "ისტორიულად" შევხედავთ, მივიღებთ, რომ სიტყვა, რომელიც წარმოშობით არის ნიშანი, ენაში კარგავს მნიშვნელობას. ანუ, ნიშანი, რომელიც არის მეტა-ყოფიერი, ენაში კვლავ მეტა-ვდება და მას ეკარგება მნიშვნელობა. ე.ი. "ამის შემდეგ" სიტყვებს მნიშვნელობა ენიჭებათ მხოლოდ და მხოლოდ ენებში, ანუ, იმ მეტა-ში, რომელშიც ნიშნებმა მნიშვნელობები დაკარგეს.
ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ ენაში უკვე განხორციელებულია ორმაგი მეტა, ანუ, ყოფიერების გაგება ბოლომდეა მიყვანილი და დასრულებული. ისევე, როგორც კოსმოგონიური მითის შემთხვევაში, ენაში მნიშვნელობები არსებობენ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მთლიანში. თანამედროვე ენათმეცნიერება ამბობს, რომ ენის შემადგენელი ნაწილი არის ტექსტი. ეს მართლაც ასეა, რაკი სიტყვის მნიშვნელობა ტექსტში ისაზღვრება. მაგრამ, როგორი ტექსტი შეიძლება იყოს ენის "ატომი", თუ არა ისეთი, რომელშიც "შემთხვევა" სრულადაა მოცემული. ანუ, რომელშიც ფიგურირებს ენის ყველა ძირითადი საზღვრითი ცნება - შემთხვევა, დრო, სივრცე, სუბიექტი (იხ. "ცნობიერების ესთეტიკა" ნაწილი მესამე).
როგორც ვხედავთ, ენა ყოფიერებითი კვლევითაც ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ცნობიერების კვალზე სიარულის შედეგად: თავის თავში დასრულებული და მეტა- ბოლომდე განხორციელებული. მაგრამ მსჯელობის ასე დამთავრება იქნება ენის შესახებ ცალმხრივი შეხედულების დადგენა.
როდესაც ცნობიერების კუთხიდან ვიხილავდით, ენა დაგვეხატა როგორც დამთავრებული, გაჩერებული და თავის თავში მყოფი. მაგრამ, ყოფიერების, ანუ, მეტა-ს კუთხიდან ხედვა გვეუბნება, რომ ეს ასე არ არის და რომ ენაში კიდევ არსებობს მოქმედება, თანაც, არსობრივი მოქმედება, რომელიც შეიძლება ასევე მეტა-თი აღიწეროს;
ენა არის ორმაგი მეტა- ეს ნიშნავს, რომ ენა თავადაა მეტა, რომ ასეთი თვალთახედვით ენა სხვაგვარად ვერ დახასიათდება, თუ არა მეტა-, ანუ, მუდმივი მეტა-ობა; ენა "ჯერ" ა-მეტა-ებს და ამით მნიშვნელობას უკარგავს მეტა-გარემოს. "შემდეგ", კვლავ გა-მეტა-ებით სიტყვა მნიშვნელობას იძენს ტექსტში. უნდა ითქვას, რონ ენაში მეტა, ერთი მხრივ, ბოლომდე განხორციელებულია, მეორე მხრივ კი - მარად განხორციელებადი.
ენაში მუდამ იქმნება ახალი სიტყვები, ხდება ახალი ნიშნების დადგენა. შემდეგ ამ ნიშნებისათვის მნიშვნელობების "წართმევა". ეს ახალი ნიშნები და სიმბოლოები სხვა არაფერია, თუ არა უკვე არსებული სიტყვების გაერთიანებით შექმნილი ფენომენები. ანუ, ენა, უკვე არსებული ენის (ენების) საფუძველზე, ქმნის ახალ ნიშნებს, და შესაბამისად, სიტყვებს და ტექსტებს.
ერთი შეხედვით, მეტა-ობა ენაში კვლავ გრძელდება. მაგრამ, ამ მეტა-ობას ყოფიერების არსებული გაგების მიხედვით, არა აქვს არც "აზრი" და არც ფუნქცია: ენა უკვე გა-მეტა-ებულია, ორმაგი მეტა მასში განხორციელებულია, ის დასრულებულია თავის თავში. შეიძლება თქვან, რომ ამ გზით ენა უფრო და უფრო მეტ არსებულს იქცევს თავის თავში და ა-მეტა-ებს მათ. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ არსებული, ენის "დახმარების" გარეშეც, მეტავდება ტექნიკის საშუალებით. და თუ ენა მართლაც ამას "აკეთებს", ყოფიერების გაგების "დავალებით", აქაც ფუნქციურ დუბლირებასთან გვაქვს საქმე (ენასა და ტექნიკას შორის).
ენა იღებს უკვე არსებულ სიტყვებს, ადგენს მათგან ახალ ნიშნებს, ანუ ახალ მეტა-სამყაროებს, შემდეგ მნიშვნელობას უკარგავს, ანუ აუქმებს მათ და უკვე გაუქმებულ მრავალ ნიშანთა, ანუ, სამყაროთა შორის ათავსებს.
ასე აღწერილი მოქმედება კი სხვას არაფერს წააგავს, თუ არა "ბავშვი რომ თამაშობს ქვების გდებით". ანუ, ენის ეს მოქმედება სხვა არაფერია თუ არა თამაში. რომელსაც არც ფუნქცია აქვს და არც აზრი. ე.ი. ენა, ყოფიერების არსებული გაგების მიხედვით, უფუნქციო და უმიზნო მოქმედებას ეწევა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა თამაში.
როგორც ვხედავთ, ენა და თამაში, სრულიად მოულოდნელად, უცნაურად დაემთხვა ერთმანეთს ისეთ სფეროში, რომელიც ერთი შეხედვით ყოფიერების არსებული გაგების უტყუარი და უცვლელი საუფლო იყო. მაშასადამე, ენაში შესაძლებელი აღმოჩნდა სხვაგვარად ყოფნის, "სხვა სამყაროს", "სხვა გაგების" გარემოს დანახვა. მაგრამ ეს ყოფნა პასიური და ფარული ყოფნაა. ასეთი ბუნება მას "თავიდანვე" მოსდგამს. გარღვევა და ახალი გაგების მოპოვება ენაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და მისგან აუცილებლობით არ უნდა გამომდინარეობდეს. თუმცა, ეს "გარღვევა" რომ წარმატებით განხორციელდება, ამის გარანტად ენა გვევლინება. ის გვეუბნება, რომ "ახალი" გაგება ისევე "მშობლიურად" იგრძნობს თავს ენაში, როგორც "არსებული" გაგება გრძნობს. ენის შეცვლა, ახალი ენის "გამოგონება" აღარ გახდება საჭირო.
("ისტორიულად" რომ შევხედოთ ენის "წარმოშობას" და სამყაროს მოშინაურებას, მივიღებთ, რომ მო-შინა-ურება, ანუ, ნიშნის გა-მეტა-ება იწყება ენის შექმნის დროს. ისტორიულად ენა დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდება, რის შედეგადაც მიიღება მნიშვნელობა დაკარგული სიტყვები, რომლებიც "შემდეგ" ენაში იძენენ მნიშვნელობებს [შემდგომი გა-მეტა-ებისას]. მანამდე კი, შეიძლება ითქვას, პირველყოფილი ადამიანის ენა სრული არ არის და მასში ჯერ კიდევ მთავრობენ ნიშნები და სიმბოლოები. ადამიანი "მემკვიდრეობით იღებს" მეტა-სამყაროს. უკვე ენის ჩამოყალიბების "დაწყებისას" მან უნდა აღიქვას სამყარო როგორც "საკრალური". შემდეგ, თანდათან, ენის სრულყოფასთან ერთად, რომლის პროცესშიც ნიშანი მნიშვნელობას კარგავს, იწყება გარემოს მო-შინა-ურება [რომელიც კვლავ მეტა-ვდება ტექსტების დონეზე. ამ დებულების განათებისათვის შეიძლება ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ; ემპირიული ცნობიერებისათვის, ე.წ. man-ისათვის სამყარო, გარემო, საიდუმლოს და კითხვას არ წარმოადგენს. ამ კითხვის დასმა ხდება ე.წ. ინტელექტუალურ, ანუ, ტრანსცენდენტურ, მეტა, მეცნიერულ დონეზე, რომელიც უკვე ტექსტის საუფლოა]. შეიძლება ითქვას, რომ გარემოს მო-შინაურება იწყება ენის ქმნადობასთან ერთად.
ანუ, გარემოს მოშინაურება დაწყებულია პირველი მეტაფორის გაჩენასთან ერთად.
ეს მთელი პასაჟი არის მხოლოდ ახსნა ისტორიული ცნობიერების თვალსაზრისით, და არა რეალობა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, სინამდვილეშიც ასე ყოფილიყო).
ენის ასეთი გამოკვლევა გვიხსნის, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ყოფიერების ესთეტიკის თვალსაზრისით "პირველად იყო სიტყვა". სიტყვა იგივე არარაა, არარსებობა, რომელსაც არა აქვს მნიშვნელობა და მაშასადამე, არც ყოფიერება გააჩნია. გამოთქმა "პირველად იყო სიტყვა" არის არარას ყველაზე უფრო კარგი და ნათელი გამოხატვა. განსხვავებით სხვა კოსმოგონიური ამბების დასაწყისებიდან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ "პირველად იყო არარა", ან "პირველად არაფერი არ იყო", იოანეს სახარება გვესაუბრება არარას არსებობის წესის შესახებ; ეს ისეთი "არსებობაა", რომლის "იქით" და "სხვანაირად" რაიმეს მოაზრება შეუძლებელია. არარა "არის" არაფერი, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს ყოფიერებასთან, რაკი მნიშვნელობისაგან აბსოლუტურად დაცლილია, მაგრამ რომელიც "აუცილებლად" შეიძენს მნიშვნელობას და გახდება ყოფიერება. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის სიტყვა. სიტყვა კი - სწორედ მისი არარა-ობის და უ-მნიშვნელობის გამო გულისხმობს ენას.
გამოთქმით "პირველად იყო სიტყვა" არიდებულია "არარას ყოფნის" თქმის უაზრობა და ამავე დროს, სამყაროს წარმოშობის "კანონიცაა" გამოხატული, რომლის მიხედვითაც, მართალია სამყარო არარადან იქმნება, მაგრამ, ეს შექმნა არ შეიძლება არ მომხდარიყო იმ არარას "ბუნების" გამო.
მე აქ მხოლოდ იოანეს სახარების სიტყვების ახსნას ვცდილობ ესთეტიკის საშუალებით, და არ ვაპირებ ამ სიტყვებში ჩადებული იოანეს დაფარული აზრი ამოვიკითხო. ესთეტიკა, რომელიც არის ჩემი ფილოსოფიის მეთოდი, ყოველგვარი პიროვნული, "ფსიქოლოგიური" აზრისაგან დამოუკიდებლად ეძებს იმ კვალს, იმ ნიშანს, რომელსაც საძიებელი ტოვებს. ამჯერად ეს საძიებელი არის ყოფიერება. აქაც არ უნდა შეიქმნას ისეთი წარმოდგენა, თითქოს მე არსებობის წარმოშობის საიდუმლოს ახსნას ვცდილობდე. ეს მეცნიერების საქმეა. ასეთი თამამი მიზნით ფილოსოფია საკუთარ თავს უღალატებს და სასაცილო გახდება. ყოფიერების კვალის პოვნა ნიშნავს იმ ანაბეჭდების და სურათების ნახვას ჩვენს გარემოში, რომლებიც სწორედ ასე, და არა სხვაგვარად "აიძულებენ" ადამიანს იაზროვნოს, სწორედ ასე, და არა სხვაგვარად მიმართავენ ადამიანის მოქმედებას.
ამიტომაც, ისევე როგორც ცნობიერებაზე ესთეტიკის მიმართვისას, ჩემი ფილოსოფია ეძებს ყოფიერების საზღვრით აღწერას, რომელიც ყალიბდება და ამოიკითხება ყოფიერების არსებულ გაგებაში. ამ მიზნის განსახორციელებლად "პირველად იყო სიტყვა"-ს ანალიზი ისეთივე სამსახურს გიწევს, როგორც თანამედროვე ფიზიკის მონაცემების გათვალისწინება და დღევანდელი, ლამის აპოკალიფსური ცნობიერების გამოვლინებების დაკვირვება.
ამიტომაც "პირველად იყო სიტყვა"-ს ჩემეული ანალიზი, ანუ, ამ გამოთქმის ესთეტიკა, არ არის თეოლოგიის სფეროში გადავარდნა. ფილოსოფია ისევე უარყოფს თავის თავს თეოლოგიაში შეჭრით, როგორც მეცნიერებაში, როდესაც ამ შეჭრას ნატურფილოსოფიას არქმევს.
ამრიგად, "პირველად იყო სიტყვა" გველაპარაკება იმ ფორმულის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეიძლება იმსჯელო არარადან რაიმეს წარმოქმნაზე "გარედან ჩარევის გარეშე". ეს მხოლოდ და მხოლოდ საზღვრითი აღწერაა და ესთეტიკის შედეგი. ასე რომ, ჩემს "ახსნას" იმ რეალობასთან, რომელშიც ამ ფრაზის დაწერა და გააზრება ხდება, არაფერი "საერთო" არა აქვს.
ამჯერად, როდესაც, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ენა ყოფიერების ესთეტიკის მხრივაც განათდა, ჩვენი ძალები უკვე თავად თამაშზე უნდა მივმართოთ, და ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა მისი რამენაირი არსობრივი დახასიათება-მონიშვნა. ის, რომ ყოფიერების ამ გაგებაში მისი განსაზღვრება არ შეიძლება, ესთეტიკამ გვიამბო. მაგრამ, ისევე როგორც ზღაპრის შემთხვევაში, რაკი ენა გაგვაჩნია, მისი მონიშვნა მაინც უნდა იყოს შესაძლებელი.
როგორც აღვნიშნეთ, თამაშის არსობრივი მონიშვნა შეიძლება, თუკი წარმოვიდგენთ თამაშს, რომელიც არაფერს იმეორებს და არაფერს ხვეწავს. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ვეცდებით თამაშს ყოფიერების არსებული გაგების ნიშნები მოვაშოროთ.
ასეთი "რაღაცის" წარმოდგენა უბრალოდ არ ხდება. მართალია ენა, როგორც ყოფიერების ნებისმიერი გაგების "უნივერსალური ველი" გვეხმარება ამ წარმოდგენის შექმნაში (რაკი მისი გამოთქმა და დაწერა შეიძლება), "რეალურად" ასეთი მოქმედება შეუძლებელია; თუკი ჩვენ წარმოვიდგენთ თამაშს, რომელიც არაფერს იმეორებს და არც ხვეწავს, მაშინ მხოლოდ ერთი გზა გვრჩება; წარმოვიდგინოთ ის როგორც "პირველი" თამაში, რომელიც აყალიბებს სამყაროს. პირველობა და ისტორიულობა კი, როგორც ცნობიერების ესთეტიკამ გვითხრა, ყოფიერების არსებული გაგების განუყოფელი და აუცილებელი ფენომენია.
მაგრამ მაინც, ასეთი წარმოდგენითაც კი, რაკი შესაძლებელია თამაში მეტა-ს დაუპირისპირო, ანუ, თქვა, რომ პირველი არის არა მეტა, არამედ თამაში (რის პასუხადაც ყოფიერების არსებული გაგება გაოცებით მიგვითითებს მათ იგივეობას), შესაძლებელია ილაპარაკო თამაშის, როგორც ახალი გაგების რაღაცნაირი მინიშნების შესახებ, თუმცა ნამდვილად ის გაგება არ მოგვეცემა. ე.ი. ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით.
თამაშის ასეთი აღწერის აუცილებლობა გვიხსნის ჰერაკლიტეს მოქმედების გეგმას, რომელიც ალბათ, მსგავსის წარმოდგენას ცდილობდა. თუმცა, "სუფთა" წარმოდგენის შეუძლებლობაც კარგად ესმოდა; ამაზე მისი ფრაგმენტების "სიბნელე" და მეტაფორულობა მიგვითითებს.
თამაში, რომელშიც არაფრის დახვეწა არ ხდება, არ არის ტექნიკა და, მაშასადამე, არ არის მეტა. ანუ, ის მეტა არ არის რაღაცის მიმართ. ისევ ჰერაკლიტესეულ ანალოგიას რომ მივმართოთ, უნდა ვთქვათ, რომ თამაში არის "ელემენტების" სხვადასხვანაირი გაწყობების მოცემა. მათემატიკურად ამ სხვადასხვანაირი გაწყობების რიცხვი სასრულოა. მაგრამ თუკი ელემენტებს აღვიქვამთ არა როგორც მათემატიკურ ერთეულებს (ანუ, არა წერტილოვნად), მივიღებთ, რომ ასეთი გაწყობების რიგი უსასრულოა, ან უსასრულობასთან მიახლოებული. ნებისმიერი კუთხე, გრადუსი, რომლითაც ერთი ელემენტი განლაგდება სხვების მიმართ, უკვე პრინციპულად ახალი გაწყობაა, თუმცა უკვე ნა-მყოფიდან უმცირესად განსხვავებული. ყოველი ასეთი მცირე განსხვავება უკვე სხვაა, და ამ განსხვავებებს მოთამაშე "ჰიპოთეტური" ბავშვის თვალი კარგად აღიქვამს. - მას ხომ თამაშის გარდა არაფერი აინტერესებს და აწუხებს.
თამაშის ასეთი ახსნა გვეუბნება, რომ "სათამაშოების" რიცხვი სასრულოა. ანუ, ყველა გაწყობა, რომელიც კი მოიცემა, ერთი და იგივე ელემენტებისგანაა შედგენილი. გაწყობებს შორის ყველაზე უფრო განსხვავებულებიც კი.
ყველა ეს გაწყობა, შეიძლება ითქვას, თავისთავადია და არაფრის მიმართ არც მეტა-ობს და არც მეტა-ვდება. ეს ნიშნავს, რომ ეს გაწყობები, ვერც ერთად და ვერც ცალ-ცალკე, მათ შემადგენელ ელემენტებს მნიშვნელობებს ვერ ანიჭებენ. რადგანაც, ყოველი მნიშვნელობა, ერთ გაწყობაში მინიჭებული, იმ წამსვე უქმდება მეორე გაწყობით და ა.შ. მაგრამ ეს გაუქმება ხდება არა ყოფიერების ჩვენეული გაგებისათვის ჩვეულად (მეტა-ს გა-მეტა-ებით), არამედ, არსებული მეტას მთლიანად დაშლით და ახალი მეტა-ს შექმნით. ეს კი უკვე, ყოფიერების სრულიად განსხვავებული გაგების ნიშნებია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩვენეული გაგების სიტყვებით აღვწერ (რაკი სხვა არ გამაჩნია), განსხვავება აშკარად შეიმჩნევა.
და ბოლოს, რაკი ჩვენ "პირველი" თამაშის წარმოდგენა დავიწყეთ, ბოლომდე გავყვეთ მას; "ელემენტების" გაწყობის უსასრულობა არ ნიშნავს, რომ გაწყობები არ მეორდებიან: არ-გამეორების აუცილებლობა თამაშში არ ძევს. და რაკი ეს თამაში პირველია და მასში დრო (მათემატიკური) არ არის, ეს გაწყობები უნდა მდებარეობდნენ ერთმანეთის "გვერდით" (სივრცეც არ უნდა ფიგურირებდეს "პირველ" თამაშში) და ასევე "უსასრულოდ" უნდა გადადიოდნენ ერთი მეორეში.
ჰერაკლიტემ თქვა αιων−πατι παων ია ბავშვი რომ თამაშობს პერიოდში ან დროში. ეს ურთულესი და უბნელესი მეტაფორა "სინამდვილეში" ყველაზე კარგად და ცხადად გადმოსცემს თამაშის არსებას.
სანამ მსჯელობას გავაგრძელებდე, უნდა ავხსნა ჰერაკლიტეს ერთი ფრაგმენტი, რომელმაც დიდი სამსახური გამიწია მითითებით, რომ αιων-ი და λογοζ-ი ერთნი არიან. ზემოდთქმულის შუქზე ეს უცნაური არ უნდა იყოს, მაგრამ ჰერაკლიტე (ანუ, იპოლიტე), ამ ფრაზას უცნაურ ჩარჩოში ათავსებს: "რაც შეეხება ჰერაკლიტეს, მან თქვა, რომ ყველაფერი გაყოფადი არის განუყოფელი, წარმოშობადი წარმოუშობელი, მოკვდავი უკვდავი λογογζ αιωνα, მამა ძე, ღმერთი სამართლიანი..." არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფრაზა იპოლიტეს ტრაქტატიდანაა და შესაძლებელია მასში მნიშვნელოვანი ადგილები გამოტოვებული და შეცვლილი იყოს. მაგრამ ამ ფრაგმენტის ძირითადი აზრი "ცხადია"; ჰერაკლიტე ლაპარაკობს "დაპირისპირებულთა ერთიანობის" შესახებ; ეს ფრაზა საუკუნეების განმავლობაში განიხილებოდა როგორც ჰერაკლიტეს დიალექტიკოსობის საბუთი. ლოგოსი და αιων-ი "ერთნი" არიან, ჩვენ ეს ვნახეთ. მაგრამ როგორ შეიძლება ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ; ისევე როგორც წარმოშობილი წარმოუშობელს, მოკვდავი უკვდავს, მამა ძეს. აქ მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება; ამ ფრაგმენტში ლაპარაკია გამომდინარეობის და საფუძვლის შესახებ. - წარმოშობილი გამომდინარეობს წარმოუშობელისაგან, ძე მამისაგან. ხოლო წარმოუშობელი და მამა - წარმოშობილის და ძის საფუძვლებად გვევლინებიან. ასევე, ლოგოსიდან წარმოიშობა აიონი. ლოგოსი არის აიონის, ანუ ყოფიერების ამ გაგების საფუძველი. ისევე, როგორც სამართლიანობა წარმოიშობა ღმერთისაგან, და ღმერთი არის მისი საფუძველი.
ეს ფრაგმენტი მიგვითითებს, რომ αιων-ი ამ შემთხვევაში უნდა გავიგოთ, როგორც ყოფიერების გაგება, რომელიც მთავრობს, და რომლის საფუძველიც, როგორც ვნახეთ, ენაში მდებარეობს.
ამიტომაც, ერთსა და იმავე დროს, ლოგოსიც და აიონიც არის "ბავშვი რომ თამაშობს". აიონი იმიტომ, რომ მასში ენის მოქმედებით იქმნება სხვადასხვა დროები, ხოლო ლოგოსი (ენა) იმიტომ, რომ ენაში არის ყოფიერების ყველანაირი გაგების გარემო და საფუძველი. ამიტომ არის ის აიონის შემქმნელი. ისეთივე ურთიერთობა აქვს მასთან, როგორც ღმერთს სამართლიანობასთან.
შესაძლებელია ენაში სხვა გაგების ნიშნებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც ჩვენს მიერ შემჩნეულებისაგან განსხვავდებიან. მაგრამ, ამის შენიშვნა ეხლა, როდესაც დრო (ყოფიერების გაგება) მთავრდება, ისევე წარმოუდგენელია, როგორც ამ გაგების დასაწყისში, ჰერაკლიტეს ცხოვრებისას. ყოველ შემთხვევაში ეხლა სხვა, "მესამე გაგების" ნიშნების პოვნა შეუძლებლად მეჩვენება.
ჩვენს გარემოში განლაგებული ფენომენები თამაში და ზღაპარი გვითითებენ "ყოფიერების" სხვანაირ გაგებას: ზღაპარი გვეუბნება, რომ შესაძლებელია სხვანაირ პრინციპზე დამყარებული არსებობა და რომ ეს არსებობა არ იქნება უცხო და მიუღებელი ადამიანისათვის. არ იქნება იმიტომ, რომ სამყაროს მოდელში, რომელსაც ზღაპარი გვიხატავს, ისეთივე გარემოა, როგორიც ჩვენს გარშემო. ეს უტყუარად "გვანიშნებს", რომ შესაძლებელია ყოფიერების სხვა გაგებით ცხოვრება. თამაშის გამოკვლევამ კი გვიჩვენა სამყაროს სხვანაირი აღქმის შესაძლებლობა.
სამყაროს ასეთნაირი, "ახლებური" აღქმა უპირისპირდება არსებულ, ემპირიულ, მნიშვნელობადაკარგულ "მსოფლმხედველობას", რომელსაც საფუძველი ჯერ კიდევ პლატონ-არისტოტელეს დროს ჩაეყარა. ამ ემპირიულ ცნობიერებას ვუწოდეთ ფუნქციური და დავახასიათეთ როგორც რწმენა. ფუნქციაც, ისევე როგორც რწმენა, გულისხმობს ყოველ საგანში გარკვეულ მიზანს, დანიშნულებას. შეუძლებელია დღევანდელ გარემოში წარმოიდგინო სამყარო რწმენის გარეშე, მაგრამ მოაზრება - შესაძლებელია; ეს იქნება სამყაროს ისეთი აღქმა, რომელშიც მკაცრ ფუნქციურობას ადგილი არ ექნება. გარემოს (ალბათ) შეხედავენ არა როგორც რაღაც ფუნქციის შემსრულებელს, არამედ როგორც თავისთავადს (ეს არ ნიშნავს, რომ ყოფიერების ახალი გაგების მიღწევით "სამოთხე" დამყარდება. არარსებული ყოველთვის უფრო მომხიბლავია ვიდრე არსებული, რაკი მას ემპირიული ფენომენები არ გააჩნია). ბევრი ისეთი ფენომენი, რომლის გარეშეც დღევანდელ ემპირიულ ცნობიერებას თავი ვერ წარმოუდგანია, გაქრება (მაგ. ბედის ცნება).
გადასასვლელად, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, თვითონ ყოფიერების არსებული გაგება ემზადება. ზემოდთქმულთან შეუსაბამოდ რომ არ მოგვეჩვენოს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გაგება ემზადება იმდენად, რამდენადაც დამთავრებისაკენ მიისწრაფის. როგორც ვთქვით, ახალი გაგება არამც და არამც არ დაგვხვდება ყოფიერების არსებული გაგების გზაზე. ამისათვის მკვეთრი ნახტომია საჭირო. მაგრამ ისევე, როგორც ცნობიერების ესთეტიკით დანახული კატასტროფის შემთხვევაში, ნახტომი შეიძლება "ნელა" განხორციელდეს, ისე, რომ "ვერც კი გავიგოთ".
ყოფიერების არსებული გაგება ემზადება საკუთარი დასასრულით. როგორც ვთქვით, კომპიუტერი, როგორც მრავალფუნქციური მეტა-ფენომენი, ამ გაგების კარგი და სრული გამოხატვაა. თანამედროვე ტექნიკის მიღწევები "პარალელური სამყაროების" თამაშების შექმნაში აშკარაა. სწორედ ეს "პარალელური სამყაროები" მისცემენ ადამიანს ახალი გაგების მიღების საშუალებას.
რატომ ხდება ასე, თამაში აუცილებლობით მოსდევს ტექნიკის αιων-ს, მასში იმალება, ებრძვის ტექნიკას, იმარჯვებს და საკუთარ თავს აფუძნებს, თუ ასეთი მიმდევრობა ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტია უსასრულოდ ბევრიდან, ფილოსოფია პასუხს ვერ გასცემს. ყოფიერების არსებული გაგება პირველ ვარიანტს დაუჭერს მხარს. მომავალი ალბათ მეორეს.
თუმცა ერთი რამ ცხადია; თუკი ნიშნები, რომლებიც ყოფიერების ესთეტიკის საშუალებით მოვნახეთ, მართლაც მომავალს ეკუთვნის, მაშინ ყოფიერების ამ გაგებაში ყველაზე ოპტიმისტური დასკვნა მიგვიღია: თუკი არსებობს ორი, არსებობს მრავალიც. მაგრამ ეს მხოლოდ ამ ყოფიერების დასკვნაა. მე არ ვაპირებ მომავალი გაგების შესაძლებელი პასუხის კონსტრუირებას. ამ გაგებაში ასეთი შრომა უშედეგო იქნება.
ბოლოს გვრჩება ერთი კითხვა. კითხვის დასმა ფილოსოფიისათვის საფრთხილო და სათუო საქმეა. ყოველი კითხვა ფილოსოფიას აქცევს მაძიებელ ფენომენად, რის გამოც ფილოსოფია იმავე წეთს მეცნიერების სახეს იღებს. ჩვენს გარემოში და ყოფიერების გაგებაში მიღებულია, რომ სამყაროს საფუძველი უნდა ეძებო. რის გამოც ემპირიული ცნობიერება მაძიებელ ობიექტად აქცევს ყველაფერს, რაც ტექსტთან არის დაკავშირებული. ძიება კი ნიშნავს კითხვის დასმას. კითხვის დასმა კი შეუძლებელია, თუ პასუხის ფარგლები წინასწარ არ გაქვს შემოსაზღვრული. ეს კი გვეუბნება, რომ კითხვის დასმა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც პასუხი უკვე "იცი", ანუ, თუ პასუხი იგულისხმება კითხვაში (არა აუცილებელი შედეგი, არამედ პასუხის შესაძლებლობები).
არაფერი არ ეწინაამღდეგება იმას, რომ ფილოსოფიაც მძებნელ ფენომენად გამოვაცხადოთ. არაფერი, გარდა მისი სახელისა; φιλοσοφια - სიბრძნის სიყვარული. განსხვავებით მეცნიერებებისაგან, ფილოსოფიის სახელი არ გვეუბნება რამეს სამყაროს შესახებ, ანუ, ამოცანად სამყაროს არ აცხადებს. ფილოსოფიის "საქმე", როგორც მისი სახელი გვეუბნება, არის სიბრძნე, ანუ, ადამიანის აზრი სამყაროს შესახებ. მაგრამ ესეც არ გამორიცხავს ამ "მიზანთან", როგორც საძიებელთან დამოკიდებულებას. სიტყვაში "ფილოსოფია" კი არის ნაწილი, რომელიც ამ აქტიობას უსპობს საშუალებას გახდეს მეცნიერება და მეცნიერული. ეს არის φιλια. როდესაც ფილოსოფოსები ამ სიტყვას განმარტავენ, თარგმნიან მას როგორც "სწრაფვას" (თანამედროვე სამყაროში ისე კარგად გარკვეულებიც კი, როგორებიც არიან ჰაიდეგერი და ნატორპი). სწრაფვა კი, არის სწრაფვა ნაცნობისაკენ, "შემოსაზღვრულისკენ" და გულისხმობს კითხვის დასმის შესაძლებლობას.
გამოსაკვლევია, თუ რამდენად შეიძლება სიყვარულს სწრაფვა ეწოდოს; ყოველი სწრაფვა არის სწრაფვა რაღაცის დაუფლებისაკენ, ანუ, დაკმაყოფილებისაკენ. ყოფიერების ჩვენეული გაგების მიხედვით სიყვარული ისაზღვრება როგორც სექსი. ანუ, ამ გაგების ენაზე სიყვარულის ფუნქცია არის სექსი (ემპირიულ ცნობიერებაშიც ეს ორი სიტყვა თითქმის ყოველთვის ერთსა და იმავეს ნიშნავს [სექსს]).სიყვარულის სექსად განსაზღვრება მთლიანად ჩვენეული გაგების პროდუქტია. ამის მაგალითად ფროიდის შრომების მოყვანაც საკმარისია. ამიტომაც არის, რომ ფილოსოფოსები (განსაკუთრებით თანამედროვე) φιλια-ს სწრაფვად თარგმნიან, მეცნიერების და ყოფიერების არსებული გაგების მიხედვით. ხოლო ფილოსოფიას - სიბრძნის დაუფლებად, მისკენ სწრაფვად, ე.ი. მეცნიერებად აქცევენ.
სიტყვა φιλοσοφια ახალი არ არის და ლამის ყოფიერების არსებული გაგების ჩამოყალიბების დროიდან გველაპარაკება. არა-მეცნიერული ტექსტებიც (მაგ. პოეზია) ხშირად სხვა დატვირთვას აძლევენ სიყვარულის ფენომენს. ჩვენ უკვე გვაქვს ფენომენების ორგვარი განსაზღვრების გამოცდილება; ერთი - ფუნქციური და მეცნიერული, და მეორე - ე.წ. "არსობრივი", რომელსაც ყოფიერების სხვა გაგებიდან "შემოჭრილი" თუ "შემოპარული" (ანუ მომავლის ნიშანი) შეიძლება ვუწოდოთ. შესაძლებელია სიყვარულიც ასეთ ნიშნად მოგვევლინოს.
პოეტების და შეყვარებულების ენას რომ ყური დავუგდოთ, გავიგებთ, რომ სიყვარული არის უცაბედი შემოყრა და უცბად საკუთარი თავის სიყვარულში აღმოჩენა. "შეპყრობილი" ადამიანი კი ყველგან და ყველაფერში შეყვარებულის კვალს, ანაბეჭდს ხედავს. მთელ გარემოს შეყვარებულის "გავლით" აღიქვამს. შეყვარებული ყველგან "გრძნობს" შეყვარებულის არსებობას, ანუ, αισθεσιζ -ში არის.
სიყვარულის ასეთი განმარტება ფილოსოფიის მიმართ საინტერესო ფენომენზე მიგვითითებს; რაკი სიყვარული "შემოყრადია", ეს ალბათ ფილოსოფიით "უცბად დაინტერესებაზე" გველაპარაკება. ისევე, როგორც შეყვარების დროს, ფილოსოფოსობის დროსაც ვერ დაადგენ ამის მიზეზს. მიზეზი შეიძლება ყველაფერი იყოს, თვალით შეუმჩნეველიც კი.
სიბრძნის სიყვარული კი უნდა ნიშნავდეს; გარემოს ყოველი ფენომენის, როგორც სამყაროს შესახებ აზრის, როგორც სიბრძნის ნაკვალევის აღქმას. ეს კვალი ყველაფერშია, და ამიტომ ფილოსოფია ამოუწურავი და უსასრულოა. ისევე, როგორც ცნობიერების (სიბრძნის) კვალი სამყაროში. სამყაროში, რომელიც თავად არის სიბრძნე, ანუ კვალი. ამდენად ფილოსოფია შეიძლება იყოს, მხოლოდ - სიბრძნის კვალის ძიება და აღწერა. მაგრამ ამ გზიდან ყოველი გადახვევა და რწმენა, რომ უკვე მთელი სამყარო მოცულია ფილოსოფიაში, აგდებს ფილოსოფოსს ფილოსოფიიდან და მეცნიერად აქცევს. ესეც შეიძლება ყოფიერების ამ გაგების "მზაკვრობად" და "ბრძოლად" ჩავთვალოთ.
ამიტომ არის შეუძლებელი ფილოსოფიაში კითხვის დასმა. - კითხვას ვერ დასვამ, სანამ შეყვარებული არ ხარ. - არა აქვს აზრი, რადგან შეუძლებელია იცოდე რომ შეგიყვარდება. "მერეც" ვერ დასვამ, უკვე ნანახი კვალის შესახებ კითხვას არა აქვს აზრი, "მომავალ შემომხვედრს" კი ვერ გამოიცნობ - რაკი მთლიანად შეყვარებულს არ იცნობ და ვერც შეიცნობ, სანამ გიყვარს.
თუ იცი რა არის სიბრძნე და როგორ ვლინდება, მაშინ ფილოსოფოსიც აღარ ხარ. ამიტომ ფილოსოფია კითხვას ვერ დასვამს. ეს შეიძლება ფილოსოფოსმა გააკეთოს ყოფიერების არსებული გაგების გავლენით. მაგრამ ამით მას სულ ემუქრება მეცნიერად ქცევა. კითხვა ამის პირველი ნიშანია.
მაგრამ მე მაინც იძულებული ვარ კითხვა დავსვა. კითხვა, რომლამდეც ჩემმა ფილოსოფიამ მიმიყვანა: თუკი გადასვლა ახალ გაგებაზე თავისთავად არ ხდება, რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოხდეს ახალი გაგების მიღწევა? ეს კითხვა "ნამდვილი" არ არის, და რა პასუხიც არ უნდა გავცე, მაინც მიმთითებელი და ჰიპოთეტური იქნება, შეიძლება მცდარიც აღმოჩნდეს. მაგრამ ეს სიმცდარე ამ გაგებაში არ დამტკიცდება, შემდგომ გაგებაში კი ამ პასუხს უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა.
ყოფიერების ერთი გაგებიდან მეორეზე გადასვლის "დროს" ფილოსოფიას სახიფათო ნაბიჯების გაკეთება უხდება.