![]() |
პრეზიდენტალიზმი თუ პარლამენტარიზმი: განაზრებანი მოდერნიზმის ტრიადისათვის |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: რიგზი ფრედ უორენ |
თემატური კატალოგი დემოკრატია|სახელმწიფო და საზოგადოება |
საავტორო უფლებები: © ელიზბარაშვილი რევაზ, გველესიანი ლაშა |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ინგლისურიდან თარგმნეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის პარლამენტის სამეცნიერო-საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა რევაზ ელიზბარაშვილმა და ამავე განყოფილების უფროსმა ლაშა გველესიანმა. |
![]() |
1 პრეზიდენტალიზმი თუ პარლამენტარიზმი: განაზრებანი მოდერნიზმის ტრიადისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
ნაწილი 1: მოდერნიზმი და კონსტიტუციური დემოკრატია
თანამედროვე მსოფლიოს დიდი იმპერიების (როგორც კომუნისტურის, ისე კაპიტალისტურის) რღვევამ დასაბამი დაუდო ბევრი ახალი სახელმწიფოს წარმოშობას. მიუხედავად ადრინდელი ოპტიმიზმისა, რომ ისინი სწრაფად გახდებოდნენ მზარდი დემოკრატიის მატარებელნი, ბევრი მათგანი სუსტ ავტორიტარულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე ეფექტიანი მართვის უნარი არ შესწევს (რ.ჯექსონი, „კვაზი-სახელმწიფოები“). იმ ანარქიულ ქაოსში, რომელიც ამგვარ სახელმწიფოებში დომინირებს, ძალაუფლებას ერთმანეთს ეცილებიან დაპირისპირებული ეთნიკური ჯგუფები და კრიმინალური ბანდები. იმისათვის, რომ დაიცვან მშვიდობა და ასევე, საკუთარი უფლებები და პრივილეგიები, ყოფილი კოლონიური ბიუროკრატიები ხშირად ამგვარ კრიზისულ სიტუაციებს სამხედროების ხელმძღვანელობით ძალაუფლების ხელში ჩაგდებით პასუხობენ.
1ა. თანამედროვე ვითარება
არსებობს მზარდი დემოკრატიზაციის ნიშნები (ს.ჰანთინგთონი და ლ.დაიმონდი, „დემოკრატიის კონსოლიდაცია“) და იმ სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა, რომელთაც იბრძოლეს უწესრიგობისა და ავტორიტარიზმის აღმოსაფხვრელად, რათა შეექმნათ (ან აღედგინათ) დემოკრატიული კონსტიტუციური მთავრობა. წარმატების რა პერსპექტივა გააჩნიათ ამ ახალწარმოქმნილ დემოკრატიებს? როგორ შეუძლიათ გარეშე დაინტერესებულ პირებს დაეხმარონ დამწყები დემოკრატიული სისტემების ლიდერებს იმ მიმართულებით, რომ ამ უკანასკნელებმა მისდიონ დემოკრატიულ განვითარებას და შეინარჩუნონ ახალდაფრთიანებული დემოკრატიული ინსტიტუტები იმ დროს, როდესაც ეს ინსტიტუტები შეტევის სამიზნე ხდება?
რამდენადაა ამგვარი ქვეყნების ბედი განსაზღვრული მათს კონტროლს მიღმა მდგარი ძალებით? შესაძლოა თუ არა დავუშვათ, რომ პირველი პირები გაზრდიდნენ წარმატებული კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნების პერსპექტივას, რომ იცოდნენ, თუ რა მუშაობს და რა არა მათს სიტუაციებში? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არის თუ არა სხვაობა იმათ შორის, ეს ლიდერები სამართავად ძალაუფლების დანაწილებაზე დამყარებულ კონსტიტუციურ წესრიგს ირჩევენ, როგორც ეს აშშ-ს მაგალითი გვიჩვენებს, თუ პარლამენტარიზმს, რომელიც ძალაუფლების შერწყმაზეა დაფუძნებული და რომელსაც დასავლეთ ევროპაში ვპოულობთ?
მე ყურადღებას გავამახვილებ ზოგიერთ ინსტიტუციონალურ ცვლადზე, რომელზედაც შესაძლოა გავლენა იქონიოს კონსტიტუციურმა არჩევანმა. ეჭვგარეშეა, რომ ბევრი არაინსტიტუციონალური ფაქტორი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო, მათ შორის: ეკონომიკური განვითარება, კულტურული ნორმები, გეოგრაფიული რესურსები და ისტორიული გამოცდილება, - ასევე ფუნდამენტური მნიშვნელობისაა და ზემოქმედებს დემოკრატიის პერსპექტივებზე (ა.პჟევორსკი). თუმცა, შესაძლოა უფრო იოლი იყოს პოლიტიკის, კანონებისა და თვით კონსტიტუციის განხორციელების არსებული პრაქტიკის შეცვლა, ვიდრე არაინსტიტუციონალური პარამეტრებისა. ჩვენ გვესაჭიროება, სულ მცირე, არაინსტიტუციონალური ფაქტორების შესახებ ინფორმაციას დავუმატოთ ინსტიტუციონალურ ცვლადთა ანალიზი, რამაც დღევანდელ დღეს უკვე ფართო ყურადღება მიიპყრო.
რადგანაც მმართველობის ნებისმიერი კონსტიტუციური სისტემის ძირეული ფორმა განსაზღვრავს სხვა ქმედით ინსტიტუციონალურ ცვლადთა რაოდენობას, მე ყურადღებას გავამახვილებ პარლამენტარიზმისა და პრეზიდენტალიზმის იმ დადებით თუ უარყოფით მხარეებზე, როგორც ისინი ზემოქმედებენ ნებისმიერი რეჟიმის სიძლიერეზე, რათა გადაიჭრას ის ძირეული პრობლემები, რასაც წარმოშობს მოდერნიზმი და ის, რასაც მე მოდერნიზმის სამ უმნიშვნელოვანეს ასპექტად მივიჩნევ: ინდუსტრიალიზმი, ნაციონალიზმი და დემოკრატია. მოდით, ჯერ გავიგოთ თანამედროვე ორგანიზაციების (მათ შორის სახელმწიფოთა) ძირეული სტრუქტურული თვისებები და შემდგომ განვიხილოთ მოდერნიზმის ეს ტრიადა. მოგვიანებით ეს საშუალებას მოგვცემს, ვნახოთ, თუ როგორ ზემოქმედებს სხვადასხვა ინსტიტუციონალური მოდელი თანამედროვე სახელმწიფოთა უნარზე, გადაჭრან თავისი აქტუალური პრობლემები.
1ბ. თანამედროვე ორგანიზაციები
ის, რაც თანამედროვე მმართველობის (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო ორგანიზაციებში) არსებით ნიშნად მიმაჩნია - ესაა სტრუქტურული კავშირი ორ ძირითად კომპონენტს შორის, როგორიცაა დამფუძნებელი სისტემა (constitutive system), რომელიც, თავის მხრივ, არჩეულ საკრებულოს (elected assembly) [1] ემყარება და მმართველობითი (ბიუროკრატიული) ქვესისტემა, რომელიც პასუხისმგებელია იმ პოლიტიკის დანერგვაზე, რაც ამ დამფუძნებელი სისტემითაა ნებადართული. თანამედროვე დემოკრატიული სისტემები (და მართლაც, ყველა თანამედროვე ასოციაცია - ანუ თვითმმართველობითი ორგანიზაცია) დამფუძნებელ სისტემას ბიუროკრატიასთან აკავშირებს, რის სიმბოლოს ვხვდებით ჩინური კლასიკური ფილოსოფიის „ინ-იან“ ნიშანში.
აღნიშნული პირველი კომპონენტი პოლიარქიულია ანუ წარმომადგენლობითი - ნებისმიერ თანამედროვე ორგანიზაციაში მისი დამფუძნებლები (მოქალაქეები, წევრები) ფორმალურად წარმოდგენილნი არიან არჩეულ საკრებულოში, რომლის ხელმძღვანელი ასევე არჩეულია. მეორე კომპონენტი იერარქიულია ანუ მმართველობითი (მენეჯერული), სადაც თანამდებობის პირი ზემოდან მართავს მთელს. ეს, რა თქმა უნდა, „ტრადიციული“ ანუ „წინარემოდერნული“ მართვის ძირითადი ფორმაა, რომელიც, ჩვეულებრივ, მონარქიულად მიიჩნევა. მისი ლეგიტიმურობა ეფუძნებოდა ზებუნებრივ ძალებს, რომელიც სამეფო რიტუალებისა და მსხვერპლშეწირვის აქტების გავლენით საყოველთაო კეთილდღეობისა და დღეგრძელობის მომტანად მიიჩნეოდა.
თავის განვითარებულ ფორმებში, მონარქიული მმართველობა საჯარო ადმინისტრაციის ბიუროკრატიული სტრუქტურებით იქნა განმტკიცებული, რაც მმართველებს ანიჭებდა უფლებას ებატონათ მოსახლეობაზე და განეგოთ რესურსები (ფინანსური, სამხედრო, სულიერი). ეს ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით იყო ნაკარნახევი. მხოლოდ რამდენიმე მონარქიული სისტემა გადარჩა, სადაც ხელისუფლების ასეთი სტრუქტურა არსებობს. ისინი ახლაც არსებობენ, მაგრამ მათი კონსტიტუციური სტრუქტურა არაამოდერნულია.
მმართველობის დემოკრატიული (პოლიარქიული) ფორმები წინარემოდერნულ საზოგადოებებშიც არსებობდა, მაგრამ, როგორც წესი, მცირე მასშტაბით. სავარაუდოდ, ყველა საკვების შემგროვებელი (პრიმიტიული) საზოგადოება, მრავალი ათასწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოების შექმნამდე, პოლიარქიულად იყო ორგანიზებული. ასეთი საზოგადოებები კვლავ აგრძელებენ არსებობას თანამედროვე მსოფლიოს განაპირა ადგილებში - განსაკუთრებით ზოგიერთ „აბორიგენ“ მოსახლეობაში.
მიუხედავად იმისა, რომ წინარემოდერნულ საზოგადოებებშიც შესაძლებელია ვიპოვოთ სხვადასხვაგვარი შუალედური საფეხური, რომელიც ორგანიზაციის პოლიარქიულ და იერარქიულ პრინციპებს აერთიანებს, შედგენილი ფორმატის (დამფუძნებელი სისტემა პლუს ბიუროკრატია) სრულყოფა და ფორმალური ინსტიტუციონალიზაცია არსობრივად მოდერნულია და ის, როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო ასოციაციებში, თითქმის ყველგანაა გავრცელებული. ზოგიერთ სახელმწიფოში ამ შედგენილი ფორმატის ერთი ან მეორე კომპონენტი კომპრომენტირებულია და მხოლოდ ქაღალდზეა დატანილი. ხშირად იგი იღებს ავტორიტარული რეჟიმის ფორმას, სადაც მმართველი ჯგუფი საჯაროდ აცხადებს ფორმალურ „ქარტიას“, რომელიც რეალურად არ სრულდება. ჩემი აზრით, როგორც საჯარო, ისე კერძო დემოკრატიული ორგანიზაციების ფორმალური რეკვიზიტები ფართოდაა ცნობილი, თუმცა შესაძლოა ის სულაც არ იყოს ქმედითი. სახელმწიფო (და სხვა ორგანიზაციები) შესაძლოა იმ ხარისხით მივიჩნიოთ მოდერნულ დემოკრატიებად, როგორადაც მათ ესმით და ნერგავენ ზემოთნახსენებ შედგენილ ინსტიტუციონალურ სტრუქტურას. ნათელია, რომ ბევრი თანამედროვე სახელმწიფო არ წარმოადგენს მოდერნულ დემოკრატიებს - ანუ შესაძლოა მათ ამ პრინციპებზე მხოლოდ ილაპარაკონ ისე, რომ იგი პრაქტიკაში არ აამოქმედონ.
1გ. ალტერნატივა: პარლამენტარიზმი და პრეზინდენტალიზმი
ზოგიერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა, ყველა თანამედროვე დემოკრატიული ორგანიზაცია შეიძლება დახასიათდეს, როგორც პრეზიდენტალისტური (presidentialist) ან პარლამენტარისტული, რომელიც დამყარებულია იმ ფუნდამენტურ წესზე, რაც მთავრობის მეთაურს აკავშირებს დამფუძნებელ სისტემასთან. პრეზიდენტალისტური ფორმა პირველად აშშ-ში ჩამოყალიბდა. მან მონარქები ჩაანაცვლა პრეზიდენტებით, რომლებიც დადგენილი ვადით ირჩეოდნენ. პრეზიდენტებს ეპყრათ ძალაუფლება (ნომინალური მაინც) სამთავრობო ბიუროკრატიის სამართავად.
იმავდროულად, „ძალაუფლების დანაწილების“ პრინციპის საფუძველზე, პრეზიდენტთან შეიქმნა არჩეული საკრებულო. ეს პრინციპი წარმოდგენილია ყველა საპრეზიდენტო მმართველობაში - მე ვიყენებ „პრეზიდენტალიზმს“ „საპრეზიდენტოს“ მაგივრად, რადგანაც ბევრ საპარლამენტო რეჟიმს ასევე ჰყავს პრეზიდენტი და ადვილია მათი ერთმანეთში აღრევა. მიუხედავად ამისა, „პრეზიდენტალიზმს“ მე არ ვაიგივებ „იმპერიულ პრეზიდენტობასთან“, რომელმაც ასევე მიიღო „პრეზიდენტალიზმის“ მნიშვნელობა. გაურკვევლობა თავიდან რომ ავიცილოთ, მე ხშირად ვიყენებ ტერმინს - „ძალაუფლების დანაწილება“, იმ სისტემის ტიპის დასახასიათებლად, რომელსაც ვგულისხმობ.
ამის საპირისპიროდ, საპარლამენტო სისტემებში ჭარბობს დამაბალანსებელი წესი, რაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შერწყმის საფუძველზე ქმნის გარკვეული სახის კაბინეტს. ამ კაბინეტსა და მის ლიდერს, პრემიერ მინისტრს, ხელისუფლებაში დასარჩენად საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა ორი ძირითადი მიზეზით ესაჭიროება. რადგანაც დამფუძნებელი სისტემა ასეთ რეჟიმებში შერწყმულია, ანუ თანამდებობის პირი ანგარიშვალდებულია არჩეული კრების წინაშე და შესაძლებელია მისი ფარული კენჭისყრით განთავისუფლება, ამ ორ შტოს ურთიერთობაში ჩიხური სიტუაციის აცილება ადვილად შესაძლებელია. მეტიც, ბიუროკრატიაზე კონტროლი იზრდება ძალაუფლების შერწყმით - ოფიციალური პირები არ არიან პასუხისმგებელნი ხელისუფლების მრავალი ცენტრის წინაშე. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ შეუძლიათ უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება და იმასაც რომ, ისინი შეიძლება უფრო ეფექტიანად გაკონტროლდნენ.
იმის მტკიცების გარეშე, რომ პარლამენტარიზმი პრეზიდენტალიზმზე ნაკლებადაა თუ მეტად დემოკრატიული, ან, რომ ის ყველა შემთხვევაში „უკეთესი“ სისტემაა, აშკარაა, რომ პარლამენტარიზმი, როგორც მართვის დემოკრატიული ფორმა, უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე პრეზიდენტალიზმი. იმ 135 ქვეყნის სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, რომელსაც ყოველწლიურად აკვირდებოდნენ 1950-დან 1990 წლებამდე, პჟევორსკიმ და მისმა თანაშემწეებმა დაასკვნეს, რომ „საპარლამენტო რეჟიმები უფრო ხანგრძლივად არსებობენ, ვიდრე საპრეზიდენტო რეჟიმები...“. [2] ეს მიგნება აძლიერებს ჩვენს მიერ გამოთქმულ ადრეულ დასკვნებს.
აშშ-ში პრეზიდენტალიზმის მდგრადობა შესაძლოა აიხსნას იმ მრავალი სპეციფიკური ნიშნით, რომელიც სხვა საპრეზიდენტო რეჟიმებში არ გვხვდება.
1დ. სისტემის შეცვლა
ფუნდამენტურ რეფორმებს ხშირად გააფთრებით ეწინააღმდეგებიან, რადგანაც მმართველობის ნებისმიერ სისტემაში დაფუძნებული სტრუქტურებისა და პრაქტიკების ბენეფიციარები, როგორც წესი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სტრუქტურები დაიცვან ამგვარი ცვლილებებისაგან. ამ „გორდიას კვანძის“ გადაჭრის სავარაუდო გზა, შესაძლებელია, პრეზიდენტალიზმიდან პარლამენტარიზმზე გადასვლა იყოს. სამწუხაროდ, ეს გადასვლა ასევე რთულია განსახორციელებლად. ფაქტობრივად, ძნელია გაიხსენო რომელიმე ამგვარი წარმატებული შემთხვევა - როდესაც ბრაზილიამ პარლამენტარიზმი პლებისციტზე გაიტანა ასარჩევად, - ის ვერ გავიდა.
ამჟამად ფილიპინებში განახლდა ბრძოლა პრეზიდენტალიზმის პარლამენტარიზმით შესაცვლელად, რომელსაც, როგორც მგონია, წარმატების შანსი არ გააჩნია. პრეზიდენტალიზმის პარლამენტარიზმით შეცვლის ადრინდელ და უფრო სერიოზულ მცდელობას მოჰყვა 1973 წელს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - ფერდინანდ მარკოსის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ნომინალურად წარმატებული იყო ნიგერიის პირველი რესპუბლიკის პარლამენტარიზმის გარდაქმნა მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტალიზმად. რადგანაც ორივე „ექსპერიმენტი“ სამხედრო გადატრიალებით დამთავრდა, ეს ძნელად თუ შეიძლება ჩაითვალოს გამონაკლისად. ყველაზე ადრინდელი ისტორიული შემთხვევა, ალბათ, საფრანგეთისაა, სადაც ლუი ნაპოლეონის არჩევით მეორე რესპუბლიკას ჩაეყარა საფუძველი. ნაპოლეონი ჯიქურად ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის კანონმდებლობას, რამაც საფრანგეთი ჩიხურ სიტუაციაში შეიყვანა. ეს სიტუაცია მას მერე დაიძლია, რაც პრეზიდენტმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და დააფუძნა მეორე იმპერია. მესამე რესპუბლიკა, რომელიც საპარლამენტო იყო და გაცილებით დიდხანს გასტანა, წარმოიშვა მონარქიის კვდომის შედეგად და არა პრეზიდენტალიზმის შეცვლით.
ჩემი დასკვნით, ყველა თანამედროვე დემოკრატიული მმართველობა (როგორც პრეზიდენტალისტური, ასევე პარლამენტარისტული) მომწყვდეულია იმ საბაზისო ფორმაში, რომელიც მათ თავდაპირველად მიიღეს (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა). ამ არჩევანს ისტორიულ ძალთა ორი სხვადასხვა მიმართულება განსაზღვრავს: პირველია დასავლეთში მოდერნიზმის აღმოცენება, მეორე კი - მოდერნიზაციის თანამედროვე პროცესების გავლით მოდერნიზმის შემდგომი გლობალიზაცია. ამ ორ საფეხურს შორის მკვეთრი ხაზის გავლება ქრონოლოგიურად შეუძლებელია, თუმცა, მოდერნიზმის აღმოცენება თან სდევდა თანამედროვე სახელწიფოების წარმოშობას, განსაკუთრებით მე-19ს. განმავლობაში, მოდერნიზმის გლობალიზაცია კი განხორციელდა იმ სახელმწიფოებში, რომელიც მეოცე საუკუნეში თანამედროვე იმპერიების რღვევის შედეგად წარმოიშვა.
ზემოთ ნათქვამი რომ შევაჯამოთ, სახელმწიფოებმა, რომელიც პრემოდერნული იმპერიების რევოლუციური გახლეჩის შედეგად შეიქმნა, როგორც ეს მოხდა აშშ-სა და ლათინური ამერიკის უმრავლეს ქვეყანაში, აირჩია პრეზიდენტალიზმი. ეს იყო გზა მეფეთა შეცვლისა, რომლებიც იმ დროს ერთდროულად წარმოადგენდნენ როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაურებს. პირიქით, რეჟიმებს, რომელიც ჩამოყალიბდა სამეფო ხელისუფლებისა და მზარდ სამოქალაქო ძალას შორის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, შეეძლო აეძულებინათ მეფეები დაეთმოთ მართვის უფლება, ამავდროულად მეფობის უფლების შუნარჩუნებით. ამ ევოლუციური პროცესის საფუძველზე მთელ ევროპაში აღმოცენდა პარლამენტარიზმი.
ამის საპირისპიროდ, მოდერნიზაციის პროცესის მიმდინარეობისას, იმპერიების რღვევის შედეგად წარმოშობილი სახელმწიფოები მიდრეკილნი იყვნენ მიეღოთ ის კონსტიტუციური ფორმა, რომელიც მანამდე ამ იმპერიებში არსებობდა. ამ რიცხვში არ შედის ის სახელმწიფოები, სადაც ხელისუფლებაში ხანგრძლივი რევოლუციური ბრძოლის შემდეგ მივიდნენ და სადაც კომუნისტური პარტიის გავლენით ერთპარტიული სისტემები დაფუძნდა. თუმცა კი იქ, სადაც დამოუკიდებლობას მიაღწიეს, იმპერიული ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც წესი, მათი მემკვიდრეებისთვის უნდა „ერჩიათ“ მიჰყოლოდნენ თავიანთ მაგალითს. როდესაც (როგორც ხშირად ხდება), ასეთი ჩანასახოვანი დემოკრატიები ირღვეოდა და სამხედრო-ბიუროკრატიული წესრიგი მყარდებოდა, ვინმეს შეეძლო ევარაუდა, რომ უფრო გამოცდილი ადგილობრივი ლიდერი შეძლებდა თავისი ავტოკრატული ელიტის დარწმუნებას, რომ ძალაუფლება მოცემულ სიტუაციაში უფრო შესაფერისი დემოკრატიული მმართველობისთვის დაეთმო. მიუხედავად ამისა, საზოგადოდ (ნიგერია თვალშისაცემი გამონაკლისია), სამხედრო მმართველები, რომელთაც საბოლოოდ დათმეს ძალაუფლება, გააკეთეს ეს იმგვარად, რომ აღადგინეს კონსტიტუციური status quo ante.
ჩემი აზრით, მას შემდეგ, რაც ძირითადი კონსტიტუციური არჩევანი გაკეთებულია, დემოკრატიული მმართველობის გადარჩენისათვის პარლამენტარიზმის პრეზიდენტალიზმზე აშკარა უპირატესობის მიუხედავად, ქვეყნებმა, რომლებმაც პრეზიდენტალიზმით დაიწყეს, თითქმის ვერასოდეს მოახერხეს პარლამენტარიზმზე წარმატებული გადასვლა. ამით მე პრეზიდენტალიზმის პარლამენტარიზმით შეცვლის მხარდასაჭერად არანაირ რეკომენდაციას არ ვიძლევი. მეტიც, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, თუ როგორ ძალუძს ნებისმიერ კონსტიტუციური დემოკრატიას, აღებულს მისი თავდაპირველი ფორმით, აარჩიოს ინსტიტუციონალური არჩევანიდან ის ფორმა, რომელიც დემოკრატიას ყველაზე უფრო მეტად მისცემს საშუალებას შენარჩუნდეს მისთვის დამახასიათებელ განსაკუთრებულ სიტუაციებში. თუმცა იმისათვის, რომ გატარდეს ნებისმიერი ასეთი ცვლილება ან რეფორმა, საჭიროა იმ ძირეულ პრობლემათა გაგება, რომლის წინაშეც დგას ყველა მოდერნული სახელმწიფო, საპირისპიროდ იმ პრობლემებისა, რაც ერგოთ წინარემოდერნულ რეჟიმებს. თითოეული ეს პრობლემა უპირისპირდება მოდერნულ მმართველობებს ცვლილებათა ახალი ტენდენციებით, რაც საპარლამენტო რეჟიმებს, ვეჭვობ, შეუძლია უფრო იოლად შეეგებონ, ვიდრე პრეზიდენტალისტურ მმართველობებს. ამ მტკიცების შესამოწმებლად, ჩვენ ნათელი წარმოდგენა უნდა გაგვაჩნდეს მოდერნიზმის ძირითად ნიშნებსა და იმ ცვლილებებზე, რომელსაც მოდერნიზმი სთავაზობს ნებისმიერ თანამედროვე მმართველობას.
ნაწილი 2: მოდერნიზმი: „ინდ“ ტრიადა
მოდერნიზმი ყველაზე უკეთ შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც ისტორიული პროცესი, რომელიც დასავლეთში დაახლოებით ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში სამი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ძალის საფუძველზე განვითარდა. ესენია: ინდუსტრიალიზმი, დემოკრატია და ნაციონალიზმი, რომელთაც მე მოვიაზრებ ერთობლიობაში, როგორც „ინდ“ ტრიადას. საზოგადოდ, თითოეულ ამ ძალას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც დამოუკიდებელ პროცესს, რადგანაც თითოეულს გააჩნია საკუთარი ისტორია და შეუძლია თავისი საწყისები და ევოლუცია დამოუკიდებელ ძალებამდე მიაკვლიოს. ეს ტენდენცია ძლიერდება იმით, რომ ჩვენ გამოვყოფთ აკადემიურ დისციპლინებს, რაც უადვილებს ეკონომისტებს ფოკუსირება მოახდინონ ინდუსტრიალიზმზე, სოციოლოგებს - ნაციონალიზმზე, ხოლო პოლიტიკურ მეცნიერებს - დემოკრატიაზე. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ თითოეული მათგანი სხვებზეა დამოკიდებული და მათ იმ ზომით აძლიერებს, რა ზომითაც ჩვენ გვესაჭიროება ინტერდისციპლინური პერსპექტივის მიღება, რათა გავიგოთ მოდერნიზმი, როგორც ერთეული კომპლექსი ან სინდრომი. [3]
ინდუსტრიალიზმს, ნაციონალიზმსა და დემოკრატიას, როგორც მოდერნიზმის ძირითად კომპონენტებს შორის ურთიერთმიმართება შეიძლება შევადაროთ თმის ნაწნავს, რომლის ცალკეულ კულულს დამოუკიდებელი არსებობა გააჩნია. როცა კულულები დაწნულია - იგი ქმნის ერთობლიობას, რომელიც უფრო ძლიერია და თვალსაჩინო, ვიდრე მისი რომელიმე შემადგენელი ნაწილი. სამივე კულული მოქმედებს, როგორც მმართველობის სხვადასხვა ფორმებზე მოქმედი ძალები, პრეზიდენტალიზმის და პარლამენტარიზმის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ თითოეული მათგანი ისტორიულ პერსპექტივაში ცალ-ცალკე უნდა გავიაზროთ.
ჩვენ ასევე ერთმანეთისაგან ისტორიულად უნდა განვასხვავოთ მოდერნიზმის ფორმირების საფეხურები - ძალები, რომელმაც წარმოშვა თითოეული ასპექტი - და მათი თანამედროვე მნიშვნელობები, როგორც მსოფლიოს მამოძრავებლები, რომელმაც წარმოშვა ის, რასაც დღეს უწოდებენ „გლობალურ სოფელს“ (global village). გამომგონებლობისა და ევოლუციის ისტორიული დინამიკა ბევრი ნიშნით განსხვავდება „გავრცელებისა“ (dissemination) და „რეპროდუქციის“ თანამედროვე პროცესებისაგან - პირველი წარმოშობს მოდერნიზმს, მეორე - მოდერნიზაციას.
მოდერნიზმი წარმოშობს თანამედროვე სახელმწიფოებს, სადაც ყოველი „ინდ“ ტრიადის პროცესი ერთმანეთშია გადანასკვული. ამის საპირისპიროდ, იქ სადაც მოდერნიზმის აღნიშნული სამი მიმართულება ხშირად ერთმანეთისაგან განცალკევებულად წარმოგვიდგება, მოდერნიზაციამ მიგვიყვანა კვაზი- და დიქტატორულ სახელწიფოებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოდერნიზაციას ვუყურებთ, როგორც კეთილი ნების აქტს, რომლითაც ყოფილი იმპერიები კოლონიებს ეხმარებიან, სინამდვილეში მოდერნიზაციამ დასაბამი მისცა და კიდეც შეცვალა დამოუკიდებელი ხალხების ცხოვრება იმპერიულ კოლონიებში იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ისინი „გათავისუფლდებოდნენ“. უბრალო ენით რომ ვთქვათ, მოდერნიზმი უცბად არ ჩავარდნილა ყოფიერებაში და მისი ფორმები მუდმივად იცვლებოდა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს ეტაპები, თუმც კი მე შევეხები მხოლოდ გვიან მოდერნიზმს, რომელშიც მოდერნიზმის თანამედროვე ფორმებსა და პრობლემატიკას მოვიაზრებ. მე მას უფრო პოსტმოდერნს დავარქმევდი, ტერმინს, რომელიც მოდერნიზმის დასასრულს და საქმეთა ვითარების გაურკვევლ ცვლას აღნიშნავს.
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ, მაშინ როდესაც მოდერნიზმი იზრდება და წარმოშობს ახალ ფორმებსა და გამოყენების სახეობებს წინარემოდერნული იდეები და ინსტიტუტები ყველგან განაგრძობენ არსებობას. წინარემოდერნული ფენომენი უფრო თანამედროვე იმპერიების რღვევის შედეგად წარმოშობილ სახელმწიფოებშია თვალშისაცემი, ვიდრე თვითონ ამ იმპერიებში. ამ უკანასკნელს მე ვუწოდებ მეტროპოლიას, რადგანაც მისთვის შესაფერისი ტერმინი არ არსებობს. როდესაც ჩვენ დავდივართ, ვლაპარაკობთ, ვცეკვავთ, ეკლესიაში დავდივართ, გვიყვარს, გვყავს შვილები და ვასაფლავებთ ჩვენს გარდაცვლილებს, ჩვენ იმ ქმედებებს ვახორციელებთ, რაც ანტიკურობიდან შემორჩა და აგრძელებს ჩვენი ცხოვრების ფორმირებას როგორც მეტროპოლიებში, ასევე სხვაგან. მოდერნიზმი შეიძლება შევადაროთ ნამცხვარზე შაქრის პუდრის მოყრას, რომელიც მართალია აბუნდოვანებს, მაგრამ ძირეულად არ ცვლის შიგთავსს.
უნდა აღინიშნოს, რომ შაქრის პუდრი ხშირად ატკბობს ნამცხვარს, თუმცა მას შეუძლია ნამცხვრის გაფუჭებაც. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ მოდერნიზმის სხვადასხვაგვარი შედეგები, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვის იყო როგორც სასურველი, ასევე არასასურველ, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური. ჩვენ ისე ხმამაღლა ვადიდებდით მოდერნიზმის მიღწევებსა და სარგებელს, რომ ვერ უნდა გაგვეგო იმ ადამიანთა საყვედურები, რომლებმაც მოდერნიზმის ფასი მწარედ გამოსცადეს.
რაღა თქმა უნდა, მოდერნიზმის უდიდეს მიღწევებს ჰქონდა თავისი ტრაგიკული შედეგებიც - ამ ორ ასპექტს ჩვენ ერთმანეთისაგან ვერ გამოვაცალკევებთ. ამასწინანდელი ავიაკატასტროფები ამ კავშირის სიმბოლოს გამოხატავს: ინდუსტრიული რევოლუციის ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებდით დღეს, მსოფლიოს ერთი ადგილიდან მეორემდე ასე სწრაფად ფრენას. მაგრამ, ამავდროულად, ყოველთვის, როდესაც თვითმფრინავში ვსხდებით, ჩვენ ასევე იმ შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ, რომ თვითმფრინავში მსხდომი ყოველი ადამიანი შესაძლოა უეცრად დაიღუპოს ძრავის გაუმართაობის ან ტერორისტის ბომბის გამო. როდესაც ჩვენ მოდერნიზმის პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტებს განვიხილავთ, ეს შესაძლოა დაგვეხმაროს მის სასურველ - ორთომოდერნულ ასპექტსა და ნეგატიურ - პარამოდერნულ შედეგებს შორის გარჩევაში.
მოდერნიზმის შესახებ თანამედროვე დებატების უმეტესობა როგორც ჩანს ვარაუდობს, რომ ჩვენ შეგვიძლია მოდერნიზმი თავიდან ავიცილოთ ან მის ზღვარს გავცდეთ. მე ვფიქრობ, რომ ეს მისაღები აზრია. მოდერნიზმი უნდა არსებობდეს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება და გავაკეთოთ ყველაფერი მის გასააზრებლად და მისი დამღუპველი შედეგების დასაძლევად: რეტროსპექტულად ჩვენ ორთომოდერნისტულ პოზიტიურ ასპექტებზე გავამახვილეთ ყურადღება, მაგრამ დღეს ჩვენ გავხდით მის პარამოდერნულ ასპექტებში უფრო ჩახედული. ეს არ ნიშნავს, რომ მოდერნიზმი იყო მხოლოდ მითი, ან რომ ის დასრულდა. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ ამ პარამოდერნულ ცხოველს და შევძლოთ „ამ დრაკონის მოთვინიერება“. სხვა საქმეებთან ერთად, ჩვენ უნდა შევქმნათ მართვის ინსტიტუტები, რომელიც დაგვეხმარება პარამოდერნიზმის გაგებასა და მის გამიყენებაში, ორთომოდერნის ცოდნისა და ტექნოლოგიის მოშველიებით.
დაბოლოს, ჩვენ ხშირად ვიყენებთ მოდერნიზმს იმ მენტალურ ხატებსა თუ ფილოსოფიურ ცნებებზე სასაუბროდ, რომელთაც შეაქვს თავისი წვლილი მოდერნიზმსა და მოდერნიზაციაში და გამომდინარეობს მათგან. ეს მოიცავს ჩვენი კონცეპტუალური სტრუქტურის ძირითად ფასეულობებსა და ნორმებს: სეკულარიზმს, ინდივიდუალიზმს, კომუნიტარიანიზმს და ა.შ. ეს თემა აქტუალურია და დამაინტრიგებელი, მაგრამ ჩვენ მას აქ არ შევეხებით. [4]
![]() |
2 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
[1] იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ ურთიერთქმედებს საჯარო რეპრეზენტაციის ძირეული სტრუქტურის ნაწილები ერთმანეთთან და, ასევე, თუ როგორ ზემოქმედებს მთელი ეს სისტემა გარემოზე, ნებისმიერ თანამედროვე ორგანიზაციაში ეს სტრუქტურა მის მთლიანობაში უნდა აღვიქვათ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ კომპლექსური სისტემისათვის ჩამოყალიბებული ტერმინი. მე შემოვიტანე ტერმინი - ე.წ. დამფუძნებელი სისტემა და მეოთხედ საუკუნეზე მეტია, რაც იგი გამოიყენება. ნებისმიერი დამფუძნებელი სისტემის გული შედგება არჩეული საკრებულოსაგან, რომლის წევრები, განსაზღვრების თანახმად, ,,არჩეულ“ უნდა იქნან საარჩევნო სისტემის მიხედვით. იგი მოიცავს პარტიული სისტემასაც. ხმის მისაცემად აუცილებელია ამომრჩევლების არსებობა. ამ სისტემაში შედის მთავრობის მეთაური, რომელიც ამომრჩევლების მიერ პირდაპირ თუ არაპირდაპირ აირჩევა. სახელმწიფოს მეთაურის ოფისი შესაძლოა იყოს დამფუძნებელი სისტემისაგან დამოუკიდებელი ან მის ნაწილს წარმოადგენდეს.
არსებობს დამფუძნებელი სისტემის სამი ძირითადი ტიპი. ზოგში მეთაური განსაზღვრული ვადითაა არჩეული. ესაა მმართველობა, რომლიც წარმოშობს „ხელისუფლების დანაწილების“ პრინციპს (პრეზიდენტალიზმი). სხვა ტიპებში შესაძლოა მეთაური კრების მიერ თანამდებობიდან განთავისუფლდეს მაშინვე, როგორც კი წამოიჭრება მნიშვნელოვანი პოლიტიკური უთანხმოება. ეს ქმნის საპარლამენტო სისტემებს. როდესაც მმართველ პარტიას არ ჰყავს ოპოზიცია, მეთაური შეუძლია ამ პარტიის ხელმძღვანელობამ აირჩიოს - ასე იქმნება ერთპარტიული კონსტიტუციური სისტემა, ისეთი, როგორსაც ვხვდებით კომუნისტური იდეოლოგიის სახელმწიფოებში.
წესები, რომლითაც რეგულირდება წარმომადგენლობითი ფუნქციები, ჩვეულებრივ, მოცემულია წესდებაში, რომელსაც ხშირად არასწორად ეწოდება „კონსტიტუცია“. ჩემს სიტყვათხმარებაში, ნებისმიერი ორგანიზაციის ან რეჟიმის ფუნდამენტური პრინციპები გაიგივებულია მის კონსტიტუციასთან და ამგვარ რეჟიმებს შესაძლოა ჰქონდეთ ან არც ჰქონდეთ წესდება - როგორც ეს გვაქვს ბრიტანეთის „დაუწერელ კონსტიტუციაში“. რამდენიმე კოლეგამ მიიღო ტერმინი „დამფუძნებელი სისტემა“ და, ამგვარად, მე კვლავაც მივიჩნევ მას მხოლოდ, როგორც ვარიანტს და მივიღებ რჩევებს უკეთესი ტერმინისათვის. ამასთანავე, მგონია, რომ ეს ცნება მნიშვნელოვანია და მის გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია მართებულად გავიგოთ, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და, ასევე, ნათლად განვასხვავოთ ძირითადი კონსტიტუციური ფორმები.
[2] პჟევორსკისა და სხვ. ანალიზი (1996) ყურადღებას ამახვილებს „...დემოკრატიული წყობების შენარჩუნებაში ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობაზე. ...მდიდარ ქვეყანაში ერთხელ დამყარებულ დემოკრატიას, სავარაუდოდ გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს“. მიუხედავად ამისა, „...დემოკრატიული სისტემები შეიძლება გადარჩნენ უღარიბეს ერებშიც კი, თუკი ისინი მოახერხებენ განვითარებას, შეამცირებენ უთანასწორობას, თუ საერთაშორისო ვითარება ხელსაყრელია და თუკი მათ აქვთ საპარლამენტო ინსტიტუტები...“. „...უღარიბეს ქვეყნებში არსებულმა საპარლამენტო სისტემებმა, მიუხედავად მათი სიმყიფისა, შესაძლებელია, თითქმის ორჯერ მეტად უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე საპრეზიდენტო დემოკრატიულმა სისტემებმა და ოთხჯერ მეტად, თუ ისინი ეკონომიკურად ვითარდებიან“. სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ, „...პრეზიდენტალიზმის პირობებში დემოკრატიული ცხოვრების სავარაუდო ხანგრძლივობა ოც წელზე ნაკლებია, მაშინ როდესაც პარლამენტარიზმის დროს იგი არის 71 წელი“.
ამ ავტორთა შეხედულებაში ეს მტკიცებები ითვალისწინებს ეკონომიკურ და საერთაშორისო კონტექსტს. მათი დასკვნით: „...დემოკრატიულ წყობათა გადარჩენა ეფუძნება ამ წყობათა ინსტიტუციონალურ სისტემებს. ...ის, რომ საპარლამენტო დემოკრატია უფრო დიდხანს და უფრო ფართო სპექტრის გარემოებებში ძლებს, ვიდრე საპრეზიდენტო დემოკრატია - აშკარაა“. რადგანაც, ინდუსტრიულმა დემოკრატიულმა სისტემებმა, როგორც წესი, შეინარჩუნეს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები, მაშინ როდესაც ახალშექმნილმა კვაზისახელმწიფოებმა, რომლებიც წარმოიშვნენ თანამედროვე იმპერიების რღვევის შედეგად, დემოკრატიული სისტემების შესაქმნელად სიღარიბისა და ავტოკრატიის წინააღმდეგ იბრძოლეს - ეს მტკიცება სულაც არაა გასაკვირი.
თუმცაღა, ეს დასკვნები საჭიროებს შეწონასწორდეს იმ ფაქტით, რომ საპრეზიდენტო დემოკრატიათა უმეტესობა მე-19 საუკუნის განმავლობაში დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის ჰეგემონური გავლენის ქვეშ შეიქმნა. ამის საპირისპიროდ, მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბებული ახალ დემოკრატიათა უმრავლესობამ, განსაკუთრებით მათ, რომელიც თანამედროვე იმპერიების რღვევის შედეგად ჩამოყალიბდა, აიღო საპარლამენტო ფორმა, რომელიც ირეკლავდა იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რაც მათ მეტროპოლიებში არსებობდა. კრიტიკოსებმა შესაძლოა ამტკიცონ, რომ დასავლეთ ნახევარსფეროში არსებული დემოკრატიების წინააღმდეგ ამერიკის იმპერიული გავლენა მოქმედებდა, მაშინ როდესაც მე-20 საუკუნის ახალმა სახელმწიფოებმა ევროპის ხელისუფლებების სხვადასხვანაირი ზეგავლენა გამოსცადა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომუნისტური იმპერიის (სსრკ, იუგოსლავია) ნანგრევებზე გაჩნდა ახალი დემოკრატიები. რადგანაც ამ ქვეყნებში პრეზიდენტალიზმისაკენ ძლიერი ტენდენციები აშკარაა, ამ შემთხვევებმა შესაძლოა მომავალში განამტკიცოს ის პოზიციები, რომელიც დაიკავეს პჟევორსკიმ და მისმა თანაავტორებმა.
მიუხედავად ამისა, ყველა ამ შემთხევაში, მე ხაზს გავუსვამდი ადგილობრივი ბურჟუაზიის არარსებობას, როგორც ფუნდამეტურ მიზეზს, რის გამოც დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ამ ახალშექმნილ სახელმწიფოებში წაიფორხილა, საპირისპიროდ დასავლეთის სახელმწიფოებში დემოკრატიული სისტემების უფრო მძლავრი განვითარებისა. პჟევორსკიმ და სხვ. აღმოაჩინეს, რომ „...დემოკრატიის გადარჩენისათვის წარმმართველია ეკონომიკური ზრდა. მართლაც, რაც უფრო სწრაფად იზრდება ეკონომიკა, მით უფრო სავარაუდოა გადარჩეს დემოკრატია“.
სამწუხაროდ, ეს ავტორები არ ამყარებენ მიმართებას ადგილობრივი ბურჟუაზიის (კაპიტალისტების) მხრიდან ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უნარსა და უცხოელი მეწარმეების საყოველთაო არსებობას შორის. ეს მეწარმეები კი აყვავდნენ იმპერიული მმართველობის ქვეშ, მაგრამ თავისუფლების ზრდასთან ერთად განიცადეს ნაციონალისტური, ანტიუცხოური ზეწოლა იმ ქვეყნებში, სადაც ვერ მოხერხდა ადგილობრივი ბურჟუაზიის დროული ჩამოყალიბება. ჩემი აზრით, ეკონომიკური ზრდისათვის მხოლოდ კაპიტალისტების ყოფნა არ არის საკმარისი - იმისათვის რომ ეკონომიკური ზრდა დემოკრატიული ნიშნით განხორციელდეს, კაპიტალიზმი საჭიროებს მხარდაჭერას შესაბამისი სახელწიფო პოლიტიკითა და რეგულირებით. დაბოლოს, ჩვენ უნდა დავუშვათ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა ინდუსტრიალიზაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების გარეშეც, როგორც, სავარაუდოდ, ეს ჩინეთში ხდება.
პჟევორსკი და სხვ. არ ცდილობენ საპრეზიდენტო და საპარლამენტო სისტემების სახეობებს შორის ინსტიტუციონალური განსხვავების შესახებ საკუთარი დასკვნები შესაბამისი სტრუქტურული ცვლადების ანალიზით გაამყარონ. ამის ნაცვლად, ისინი ძირითადად ეყრდნობიან ხუან ლინცის მიერ ჩატარებულ ანალიზს, რომელშიც ხაზგასმულია პრეზიდენტალიზმის „winner-take-all“ - ის ასპექტები, როდესაც ოპოზიციის ლიდერს არც კი ეძლევა ადგილი საკანონმდებლო ორგანოში. სამწუხაროდ, ავტორებს, როგორც ჩანს არ ჰქონდათ შეხება ლინცის უახლეს და უფრო დეტალურ ანალიზთან, რომელიც ამ განსხვავებების შესახებ მეტ ინფორმაციას იძლევა.
პჟევორსკი და სხვ. ასევე აღნიშნავენ, რომ „საკანონმდებლო უმრავლესობა უფრო ხშირია პრეზიდენტალიზმის ქვეშ, ვიდრე პარლამენტარიზმის: დროის 57,9% პირველის, ხოლო 49,0% - მეორეს შემთხვევაში... თუმცა, უკიდურესი ფრაქციონალიზმი - სადაც ადგილების მესამედზე მეტს ვერცერთი პარტია ვერ აკონტროლებს - უფრო ხშირია პრეზიდენტალისტური სისტემის დროს, ვიდრე საპარლამენტოსი...“. ამტკიცებს თუ არა პირველი სტატისტიკური მონაცემი პრეზიდენტალიზმის მეტ სიცოცხლისუნარიანობას, მაშინ როდესაც მეორე მონაცემი შესაძლოა აჩვენებდეს იმას, თუ რატომ აქვს ამ სისტემას უფრო ხანმოკლე არსებობა?
ჩემი აზრით, მხოლოდ აშშ-სა და სხვა პრეზიდენტალისტურ რეჟიმებს შორის მეტად სპეციფიკურ ინსტიტუციონალურ განსხვავებების ანალიზს შეუძლია გაგვცეს პასუხი ამგვარ კითხვებზე, დაგვეხმაროს ავხსნათ მიზეზები სტატისტიკურ განსხვავებათათვის და ნათელი მოჰფინოს მათ რელევანტურობას საპარლამენტო და პრეზიდენტალისტური რეჟიმების შედარებით პერსპექტივებთან. ამგვარი ახსნის გარეშე ასეთი სტატისტიკური შეფარდებები უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს იძლევა და სავარაუდოდ, მას ყურადღება გადააქვს უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან.
საბოლოოდ, პჟევორსკის მიდგომა ფოკუსირდება მხოლოდ კონსტიტუციურ სისტემაზე - ის არ ახსენებს ბიუროკრატიას როგორც პოლიტიკურ ძალას და საუბრობს სამხედრო მმართველობაზე როგორც ცხოვრების აუხსნელ ფაქტზე, რომლის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც სამხედრო მმართველები გადაწყვეტენ დემოკრატიული მმართველობის (ხელახლა) ჩამოაყალიბებას, ისინი უპირატესობას ანიჭებენ პრეზიდენტალიზმს. პირიქით, როდესაც ყველა თანამედროვე დემოკრატიულ სისტემა განიხილება, როგორც კონსტიტუციური სისტემის გამაწონასწორებელი სტრუქტურა, ბიუროკრატიასთან მიმართებაში, დანიშნული თანამდებობის პირების - სამხედრო ოფიცრებისა და საჯარო მოსამსახურეების ჩათვლით - სტატუსი, როლი და ინტერესები, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია. ჩემი დაკვირვებით, უკიდურესად ძნელია პრეზიდენტალისტური მმართველობის ქვეშ გყავდეს ბიუროკრატია, რომელიც საკმარისად ძლიერია იმისათვის, რომ საჯარო პოლიტიკა ეფექტიანად წარმართოს, თუმც საკმაოდ მორჩილი იმისათვის, რომ მყიფე პრეზიდენტალისტური რეჟიმის მიერ გაკონტროლდეს. ჩემი აზრით, საპრეზიდენტო სისტემის პრობლემების ვერანაირი ანალიზი ვერ იქნება დამაჯერებელი, თუ იგი ამ ბიუროკრატიულ ფაქტორს არ გაითვალისწინებს.
[3] იგივე მისწრაფება რედუქციონიზმისაკენ, რომელსაც ჩვენ დამფუძნებელი სისტემის სეგმენტირებამდე მივყავართ, გვაიძულებს თანამედროვეობის ძირითადი კომპონენტები ცალკეულ ელემენტებად დავყოთ. მეთოდი, რომლითაც ჩვენ ვყოფთ დამფუძნებელ სისტემას, ისე რომ ცალ-ცალკე ვახდენთ საკანონმდებლო ხელისუფლებებზე, პარტიებზე, საარჩევნო სისიტემებსა და თანამდებობის პირებზე ფოკუსირებას - პოლიტიკური მეცნიერებისათვის გამოუსადეგარია. მოდერნიზმის გარდაქმნა „ინდ“ ტრიადის სხვადასხვა ელემენტად ირეკლავს სოციალური მეცნიერების პათოლოგიას - ადამიანებსა და მათ ქცევებზე დაკვირვების მაგივრად, ჩვენ მათ სხვადასხვა ასპექტებს სხვადასხვა სოციალურ დისციპლინებს მივაწერთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხშირად მივუთითებთ ინტერდისციპლინარული კოოპერაციის მნიშვნელობის შესახებ ფუჭი მეტყველებისა, ჩვენ, ფაქტობრივად, ჩვენი აკადემიური რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილს ვუძღვნით ინტერდისციპლინარულ პროგრამებს, ვინახავთ რა ლომის წილს უნიდისციპლინარული დეპარტამენტებისათვის. ნებსით თუ უნებლიედ, ამგვარი რედუქციონიზმი ისე გვიბნელებს თვალებს, რომ ჩიხში მოექცა სოციალური მეცნიერების მისია: დაუპირისპირდნენ სოციალურ პრობლემებს და გადაჭრან ისინი (პ. მანიკასი).
[4] ლატურის ბრწყინვალე წიგნი „ჩვენ არასოდეს ვიყავით მოდერნულები“ (1993) ეჭვქვეშ აყენებს თავად იმ იდეას, რომ მოდერნიზმი არსებობს. მიმაჩნია, რომ ეს პარადოქსი შესაძლოა გადაიჭრას, თუ ჩვენ განვასხვავებთ იმ კონკრეტულ ძვრებს, რამაც შეცვალა მსოფლიო გარემო, იმ მეთოდისაგან, რომლითაც ჩვენ ვიაზრებდით ან ვცდილობდით გაგვეგო, თუ რა მოხდა. ძვრებში იგულისხმება ინდუსტრიული რევოლუცია, ეთნიკური ნაციონალიზმის აღზევება და დემოკრატიასთან დაკავშირებული სტრუქტურული ცვლილებები, მაშინ, როდესაც მეორე მოიცავს სეკულარიზმს, ინდივიდუალიზმს, კომუნიტარიანიზმსა და მსოფლიოს გაგებისა (ან ვერგაგების) მცდელობის სხვადასხვაგვარ გზებს.
მე ამ უკანასკნელი საკითხისადმი ლატურის ნაშრომს უაღრესად რელევანტურად მივიჩნევ. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გვთავაზობს მოდერნიზმის ფორმალურ დეფინიციას, იგი წერს: „ჩვენ ხელახლა უნდა გავიაზროთ მოდერნიზმის დეფინიცია, ავხსნათ პოსტმოდერნიზმის სიმპტომი და გავიგოთ, რატომ აღარ ვუძღვნით სულსა და გულს დომინირებისა და ემანსიპაციის ორმაგ ამოცანას“. იმის ახსნის გარეშე, თუ რას გულისხმობს ლატური „დომინირებასა“ და „ემანსიპაციაში“ - და ისეთ მომიჯნავე ტერმინებში, როგორებიცაა „პურიფიკაცია“, „ტრანსლაცია“ და „ჰიბრიდიზაცია“ - შეუძლებელია მის ანალიზზე ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას. ლატური, მაგალითად, წერს: „როგორც კი ჩვენს ყურადღებას ერთდროულად წარვმართავთ პურიფიკაციასა და ჰიბრიდიზაციაზე, ჩვენ მაშინვე ვწყვეტთ მთლიანად მოდერნულ ყოფნას და ჩვენი მომავალი იწყებს შეცვლას. ამავე დროს, ჩვენ ვწყვეტთ მოდერნულ არსებობას...“.
მე ყურადღებას მივაპყრობ ლატურის ნაშრომს „მოდერნიზაციის“, „ანტიმოდერნიზმის“, „პოსტმოდერნიზმის“, „ნეომოდერნიზმის“ და, როგორც ლატური უწოდებდა, „ნონმოდერნის“ თემაზე ლიტერატურის მომრავლების კონტექსტში (იხ. ჯ.ალექსანდერი). იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ცვლილებათა გათვალისწინებით, რომელსაც მე მოდერნულს ვუწოდებდი, სულაც არაა გასაკვირი, რომ იშვა ზღვა ფილოსოფიური და სპეკულაციური ნაშრომებისა, განკუთვნილი ამგვარი საკამათო ფენომენების ინტერპრეტირებისათვის და მასზე გავლენის მოსახდენად.
რაც უნდა ვიფიქროთ ამ თვალწარმტაც იდეებზე, ჩემი აზრით ჩვენ უნდა გავიაზროთ მოდერნიზმის მიერ წარმოშობილი კონკრეტული ისტორიული ცვლილებები. ჩვენ უნდა შევნიშნოთ ამ ცვლილებათა ორივე - სასურველი და არასასურველი - ასპექტი. მოდერნიზმის იმ ნიშან-თვისებებს, რომელიც მოგვწონს, შესაძლოა ეწოდოს ორთომოდერნი და მას, რომელიც არ მოგვწონს, - პარამოდერნი. ორივე ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ორთომოდერნის მოწონების მიზეზები, ამავდროულად, პარამოდერნის გაკიცხვის მიზეზებიცაა. ჩვენ გვსიამოვნებს, რომ შეგვიძლია სწრაფად გადავფრინდეთ მსოფლიოს ერთი ქალაქიდან მეორეში, მაგრამ ვწუხვართ იმ საშინელების გამო, რაც თვითმფრინავის ვარდნამ გამოიწვია. ჩვენ ხოტბას ვასხამთ კიბერსივრცის საოცრებებს, მაგრამ ასევე ვიწყებთ მისი საშიში შედეგების შემჩნევას.
მე-20 საუკუნის დასასრულისათვის პარამოდერნიზმის საშინელებები იწყებენ ორთომოდერნის საოცრებების გადაწონვას. ამ გვიანმოდერნულ კონტექსტში არაა გასაკვირი პოსტმოდერნიზმის დაწყება, მაგრამ ჩვენ გვერდი უნდა ავუაროთ მის დეკონსტრუქციონიზმს, რომ ვიკითხოთ: როგორ გავართვათ თავი უკეთესად პარამოდერნულ საშიშროებებს და გავზარდოთ ორთომოდერნული შესაძლებლობები? ამ სტატიაში მე ერთმანეთისაგან ვასხვავებ ფილოსოფიურ პრობლემებს, გამოკვლეულს მოდერნიზმის კონტექსტში, კონკრეტული ისტორიული ცვლილებებისაგან, რომელიც მოდერნიზმისა და მოდერნიზაციის ძალებმა მოიტანა. ეს არის ამოცანა, რომელიც დგას თანამედროვე სახელმწიფოებისა და, განსაკუთრებით, ყველა იმ ხალხის წინაშე, რომელსაც სურს დემოკრატიების შექმნა, იქნება იგი პრეზიდენტალისტური თუ პარლამენტარისტური.
![]() |
3 მთარგმნელის შენიშვნები: |
▲ზევით დაბრუნება |
ფრედ უორენ რიგზი (1917-2008) - ამერიკელი პოლიტოლოგი, პროფესორი, დაიბადა ქ. კულინგში (ჩინეთი) სასოფლო-სამეურნეო მისიონერთა ოჯახში, სწავლობდა ნანკინის უნივერსიტეტში, 1938 წელს ილინოისის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი, 1941 წელს კი გახდა სამართლისა და დიპლომატიის ფლეტჩერის სკოლის მაგისტრი. 1948 წლიდან არის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი. ინდიანას უნივერსიტეტში მოღვაწეობის შემდგომ მუშაობა გააგრძელა მანოას (ჰავაი) უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1987 წელს მან თავი გაანება სალექციო მოღვაწეობას, თუმცა აგრძელებდა სამეცნიერო კვლევებს, პუბლიკაციების გამოქვეყნებას.
მსოფლიო აღიარება, განსაკუთრებით აზიაში, მას მოუტანა მისმა კვლევებმა შედარებითი საჯარო ადმინისტრაციის დარგში. მისი კვლევების მოიცავდა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ინდოეთი, ინდინეზია, კორეა, ფილიპინები, ტაივანი და ტაილანდი. დაჯილდოებულია მრავალი ტიტულით ზემოაღნიშნულ ქვეყნებში. იგი შეყვანილია „Who is Who“ გამოცემის მსოფლიო და ამერიკის კრებულში. მისი ნაშრომები თარგმნილია მრავალ ენაზე. მის მიერ ჩატარებულ ლექციათა გეოგრაფია მოიცავდა ყველა კონტინენტს, ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ეთიოპია, სუდანი და ტანზანია.
იგი იყო ინოვაციური ლიდერი ისეთი ორგანიზაციებისა, როგორიცაა ამერიკის საჯარო მართვის საზოგადოება, იუნესკო, სხვა პროფესიული ასოციაციები.
მისი ნაშრომის - „პრეზიდენტალიზმი თუ პარლამენტარიზმი... „ - შემოკლებული ვერსია გამოქვეყნდა 1998 წელს ჟურნალ „International Political Science Review“-ში. ზემოთ მოცემული ტექსტი წარმოადგენს ამ პუბლიკაციის სრული ინტერნეტ-ვერსიის (იხ. http://www2.hawaii.edu/»fredr/6-lap9a.htm#top) პირველი ნაწილის თარგმანს.
სემუელ ჰანთინგთონი - ამერიკელი პოლიტოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. მსოფლიო აღიარება მას მოუტანა ნაშრომმა „ცივილიზაციათა შეჯახება“ (1993, 1996), რომელშიც განხილულია ახალი, ცივი ომის შემდგომი, მსოფლიო წესრიგი.
ლარი დაიმონდი - მწერალი, მომხსენებელი და მრჩეველი საგარეო პოლიტიკის, საგარეო დახმარებისა და დემოკრატიის თემებზე, ამჟამად სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი სტენფორდის უნივერსიტეტში.
ადამ პჟევორსკი (დაბ. 940წ.) - პოლონელი წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, დემოკრატიულ საზოგადოებათა, დემოკრატიისა და პოლიტიკური ეკონომიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეორეტიკოსი და ანალიტიკოსი. ამჟამად იგი არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პოლიტიკის ფაკულტეტის პროფესორი, ავტორი 13 წიგნისა და მრავალი სტატიისა.
ბრუნო ლატური (დაბ. 1947წ.) - ფრანგი მეცნიერების სოციოლოგი, ცნობილი თავისი ნაშრომებით: „ჩვენ არასოდეს ვიყავით მოდერნულები“ (We Have Never Been Modern), „ლაბორატორიული ცხოვრება“ (Laboratory Life) და „მეცნიერება ქმედებაში“ (Science in Action).
Global Village - იგულისხმება ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჯარო მართვის პროფესორ ჟან-კლოდ გარსია-ზამორისა და სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სახელმწიფო და საერთაშორისო საქმეთა პროფესორის რენუ ხატორის ერთობლივი ნაშრომი „საჯარო მართვა გლობალურ სოფელში“ (Public Administration in the Global Village). ნაშრომი შეიცავს საჯარო მართვის დარგში გლობალურ და შედარებით მიდგომებს, იკვლევს ამ სფეროში მიმდინარე საერთაშორისო ცვლილებებს, განიხილავს მსოფლიოს ახალი წესრიგის წარმოშობას, იმ პერსპექტივებსა და ცვლილებებს, რომლითაც საჯარო ადმინისტრირების დარგში ეს წესრიგი ხასიათდება.
ხუან ხოსე ლინცი (დაბ. ბონში 1926წ.) - მადრიდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და სამართლის საპატიო ხარისხის მფლობელი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ასწავლიდა მადრიდის, კოლუმბიის, იელის, სტენფორდის და სხვ. უნივერსიტეტებში.
ჯეფრი ალექსანდერი - სოციოლოგიის პროფესორი იელის უნივერსიტეტში. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თეორიაში, არის კულტურის სოციოლოგიის ცენტრის (CCS) თანათავმჯდომარე. მის წიგნში „სამოქალაქო სფერო“ განიხილება გენდერის, რასისა და რელიგიის საკითხები, ასევე საზოგადოებრივ მოძრაობათა ახალი თეორიები.
რობერტ ჯექსონი - საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი, მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა საერთაშორისო ეთიკა, საერთაშორისო კანონმდებლობა და ინტერნაციონალური აზროვნება. მისი „კვაზი- სახელმწიფოები“ 1990 წელს გამოიცა. მასში მოცემულია მესამე მსოფლიოს განუვითარებლობის ორიგინალური ინტერპრეტაცია, რომელიც განხილულია საერთაშორისო ურთიერთობათა და საერთაშორისო კანონმდებლობის ტერმინებში.
„პურიფიკაცია“, „ჰიბრიდიზაცია“, ,,ტრანსლაცია“ - ტერმინები, რომელსაც ბრუნო ლატური იყენებს თავის წიგნში „We Have Never Been Modern“. ლატური მოდერნიზმს „პურიფიკაციისა“ და „ჰიბრიდიზაციის“ ორმაგ პროცესის პრიზმაში განიხილავს. ,,პურიფიკაცია“ გულისხმობს ბუნების (და მეცნიერების) წმინდად კონსტრუირებას, მაშინ როდესაც „ჰიბრიდიზაცია“ - ესაა ბუნებისა და კულტურის შერწყმა. ლატური ზოგჯერ ამ გათიშულობას აღწერს, როგორც გათიშულობას საგნებსა და სუბიექტებს შორის ანუ ადამიანურ და არა-ადამიანურ (non-human) სამყაროებს შორის. შედეგად, სინამდვილის, რეალურისა და სოციალურის სფეროები ერთმანეთისაგან მოწყვეტით განიხილება - თითოეული თავისი წმინდა ფორმით. „ტრანსლაცია“ - ესაა საშუალება, რომლითაც მოდერნიზმი წარმოშობს ბუნებისა და კულტურის ჰიბრიდებს ანუ არსებათა სრულიად ახალი სახის ნაზავებს.