მოცემული კვლევა ეყრდნობა ორი მიდგომის კომბინირებას. თავისი არსით ის ინტერპრეტაციულია, მაგრამ ამავე დროს იყენებს ფაქტობრივი მასალის სტატისტიკურ ანალიზს. კვლევა, პირველ რიგში, მიმართულია ქართული საზოგადოების გაგებაზე და არა შესწავლაზე ამ სიტყვის ტრადიციული ემპირიული მნიშვნელობით. მკითხველს, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს მეთოდოლოგია, შეუძლია გამოტოვოს ეს ქვეთავი და გადავიდეს შემდეგ ქვეთავზე.
პოლიტიკური შეხედულებების თვალსაზრისით, განსხვავებული დისკურსების გამოსაყოფად გამოყენებულ იქნა ფაქტორული ანალიზი, სახელდობრ, მისი ,,შებრუნებული” ვარიანტი - ე.წ. ,,Q-მეთოდი” (რომელიც სტეფენსონის მიერ შემოთავაზებული ,,Q-სორტირების მეთოდს ეფუძნება)1. როგორც ცნობილია, ტრადიციული ფაქტორული ანალიზი (“ღ-მეთოდი”) იძლევა ამა თუ იმ ფენომენის თუ ობიექტის რაობის განმსაზღვრელი, არსობრივი ფაქტორების2 გამოყოფის საშუალებას, რაც ეფუძნება სხვადასხვა მახასიათებელს შორის კავშირის დადგენის პროცედურას. მიღებული ინტერკორელაციათა მატრიცის მათემატიკური დამუშევებით ხერხდება ძირითადი ფაქტორების გამოყოფა. ჩვეულებრივი ფაქტორული ანალიზისაგან განსხვავებით, ,,Q-მეთოდის” შემთხვევაში კორელაცია არა სხვადასხვა მახასიათებელს არამედ რესპონდენტებს შორის განისაზღვრება. ამ გზით შედგენილი ინტერკორელაციების მატრიცის დამუშავებით მიიღწევა არა მახასიათებლების დაჯგუფება რაიმე ფაქტორის მიხედვით, არამედ თვით ინდივიდების დაყოფა გარკვეულ ჯგუფებად (და ამის საფუძველზე ფაქტორების დადგენა). სხვა სიტყვებით,, აღნიშნული მეთოდი საშუალებას გვაძლევს დავაჯგუფოთ რესპონდენტები საკვლევი ობიექტის მიმართ მათი შეხედულებათა სისტემის ერთგვაროვნების მიხედვით და, შესაბამისად, დავადგინოთ საზოგადოებაში ამ თვალსაზრისით არსებული დისკურსები (ანუ თითო გამოვლენილი ფაქტორი არის იმავდროულად თითო დისკურსი).
აღნიშნული მეთოდის მეშვეობით ვლინდება სუბიექტთა ორიენტაციები გარკვეული საკითხის მიმართ. ამის საფუძველზე შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა შეხედულებების სისტემის შედარება სათანადო სფეროში. ეს მიიღწევა სუბიექტის შეფასებითი რეაქციის ასახვით თითოეულზე იმ დებულებებიდან, რომლებიც შედის საკვლევი საკითხის გარშემო არსებული შეხედულებების ნაკრებში (Qნაკრები). ამასთან, ინდივიდის პოზიცია ამა თუ იმ შეხედულების მიმართ მნიშვენელობას იძენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განიხილება ყველა სხვა დანარჩენ დებულებაზე მის მიერვე გამოხატული შეფასებითი რეაქციების კონტექსტში.
Q-მეთოდოლოგიის პრინციპით აგებული კვლევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. I ეტაპზე მზადდება დებულებები Q-ნაკრებისთვის, რისთვისაც გამოიყენება ფოკუს-ჯგუფებისა და მასმედიის საშუალებების საფუძვლეზე მოპოვებული მასალა.
ვინაიდან კვლევა მიზნად ისახავდა იმ შეხედულებათა ასახვას, რომლის მატარებლები ჩვენი საზოგადოების რიგითი მოქალაქეები არიან, Q-ნაკრებისთვის დებულებების შეგროვებისას ძირითადად ვეყრდნობოდით ფოკუს-ჯგუფების მასალას. შესაბამისად, ფოკუს ჯგუფების დაკომპლექტებისას ვცდილობდით, რომ შერჩევა დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლების თვალსაზრისით, შეძლებისდაგვარად, მრავალფეროვანი ყოფილიყო. ფოკუს-ჯგუფები ჩატარდა სამ რეგიონში, კერძოდ, 2 ჯგუფი თბილისში და თითო-თითო შესაბამისად ქუთაისსა და თელავში. სულ ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი, საშუალოდ 8-10 მონაწილით. დისკუსია გრძელდებოდა დაახლოებით 1,5 საათი. დისკუსიის წარმართვისას მოდერატორი არ ემყარებოდა წინასაწარ შემუშავებულ კითხვარს, რათა მინიმუმამდე დაყვანილიყო მისი ზეგავლენა ჯგუფის წევრებზე და დისკუსიას ჰქონოდა სპონტანური და თავისუფალი ხასიათი. (გასათვალისწინებელია თემის სირთულე და მოქალაქეთა შეხედულებათა განუსაზღვრელობის ხარისხი ამ მათთვის საკმაოდ განყენებულ საკითხთან დაკავშირებით.)
ფოკუს-ჯგუფების ჩანაწერები გაიშიფრა და მათ საფუძველზე გამოიყო ცალკეული ფრაზები, სულ დაახლოებით 400 დებულება/გამონათქვამი, რომელიც ეხებოდა პოლიტიკურ საკითხთა ფართო სპექტრს. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვეულებრივი, მოქალაქეებისთვის ბევრად უფრო ახლოა კონსტიტუციის ის ასპექტები, რომლებიც მათ უშუალოდ ეხება, და არა ცენტრალური ხელისუფლების მოწყობის საკითხები. ფოკუს -ჯგუფებში წამოიჭრა ისეთი თემები როგორებიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო სტატუსის დაფიქსირება, მოქალაქეობა და ეროვნულობა, რეგიონების თვითმმართველობა და სხვა. ამ საკითხების შესახებ რესპონდენტების აზრი, როგორც წესი, ბევრად უფრო მყარად არის ჩამოყალიბებული.
შემდგომ ეტაპზე ვახდენდით თითოეული ამ დებულების იდენტიფიცირებას და კატეგორიზებას დისკურსების ე.წ. გასაღების მეშვეობით. გასაღები წარმოადგენს ორგანზომილებიან სისტემას (დისკურსის ელემენტი და მტკიცების ტიპი), რომლის თითოეულ განზომილებაზე გამოიყოფა ოთხი პარამეტრი/კატეგორია. ამ ორი განზომილების კატეგორიათა კომბინაცია იძლევა უჯრედულ სტრუქტურას (მატრიცას) 4X4-ზე, ანუ, საბოლოო ჯამში, დებულებათა მთელი ერთობლიობა 16 კატეგორიად ჯგუფდება.
|
|
|
|
|
|
ბუნებრივი და არაბუნებრივი ურთიერთობები
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დისკურსის ელემენტები გულისხმობს შემდეგ კატეგორიებს:
1. ონტოლოგია (არსებული) - რეალურად არსებული ინსტიტუტების, სოციალური ჯგუფების, პიროვნებების და ა.შ. ერთობლიობა, ანუ ეს შეიძლება იყოს ერი, პოლიტიკური სისტემა, პოლიტიკოსები, ინდივიდები, კლანები და ა.შ.
2. აქტივობა (agency) - აქტივობის უნარი ან შესაძლებლობა, რომელიც მიეწერება, ან არ მიეწერება ამ არსებულს;
3. მოტივი: ზოგიერთ მოტივს შეიძლება ენიჭებოდეს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა, ზოგი კი - უარყოფილი ან უგულებელყოფილ იქნეს;
4. ბუნებრივი და არაბუნებრივი პოლიტიკური ურთიერთობები (პოლიტიკური თანასწორობა, ეროვნული და კლასობრივი კონფლიქტები, იერარქიული დაყოფა, რომელიც ეფუძნება კეთილდღეობის თუ პოლიტიკური ინტერესების ხარისხს, გამოცდილებას, დემოგრაფიულ ნიშნებს და ა.შ.).
მეორე განზომილება - დებულების ტიპი - გულისხმობს შემდეგ პარამეტრებს:
1. განსაზღვრებითი (definitive) - ეხება ტერმინის მნიშვნელობას;
2. აღნიშვნითი (designative) - ეხება ფაქტებს;
3. შეფასებითი (evalutive) - ეხება ფასეულობებს, რომლებიც არსებობს ან შეიძლება არსებობდეს;
4. დაცვითი (advocative) - ეხება იმას, რაც უნდა ან არ უნდა არსებობდეს.
ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე დებულებათა მთელი ერთობლიობა კატეგორიზებულ იქნა 16 ჯგუფად, ანუ მიღებული მატრიცის 16 უჯრედის მიხედვით. დებულებათა კლასიფიცირება (იდენტიფიცირება) მოხდა 3 ექსპერტის მიერ დამოუკიდებლად, მიწერილი კატეგორიები საბოლოოდ შეჯერებულ იქნა ერთმანეთთან.
დებულებათა თითოეული კატეგორიიდან შემთხვევითი წესით შეირჩა 4-4 დებულება Q-ნაკრებისთვის, ანუ გაკეთდა 64 გამონათქვამისგან შემდგარი ნაკრები. უნდა აღინიშნოს, რომ გამონათქვამები რჩებოდა უცვლელი სახით (ანუ იმ სახით, როგორადაც ის წარმოთქვა ავტორმა), რედაქტირება გულისხმობდა მხოლოდ შემოკლებებსა და გრამატიკულ შესწორებებს. რამდენიმე დებულება დამატებულ იქნა მასმედიიდან, რადგანაც მატრიცის ზოგიერთი უჯრედი საკმარისად ვერ შეივსო; გარდა ამისა, მასმედიდან Q-ნაკრებს დაემატა რამდენიმე ისეთი გამონათქვამი, რომელიც ჩვენი კვლევისთვის იყო არსებითი, მაგრამ არ ფიგურირებდა ფოკუს - ჯგუფების ტექსტებში (მაგ., 133 და 17). დებულებების შერჩევის შემთხვევითობის პრინციპი არ იყო მკაცრად დაცული, ვინაიდან, თუ ამ გზით Q-ნაკრებში ხვდებოდა ორი შინაარსობრივად თითქმის იდენტური გამონათქვამი, ხდებოდა ერთ-ერთის ამოგდება და მის მაგივრად სხვა გამონათქვამის არჩევა.
კვლევის მესამე ეტაპზე ჩატარდა ინდივიდუალური ინტერვიუები, რომლის დროსაც 64 დებულება რესპონდენტებს უნდა დაელაგებინათ 13 ჯგუფად (კვაზინორმალური განაწილების სახით) თითოეულ შეხედულებასთან თანხმობის ხარისხის მიხედვით. შეფასება ხდებოდა 13-ქულიანი სკალის მეშვეობით, 6-იდან (,,ყველაზე მეტად ვეთანხმები”) 0-ს გავლით - 6-მდე („ყველაზე ნაკლებად ვეთანხმები”)4. კვლევის ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 40 რესპონდენტმა. მათი შერჩევა ხდებოდა იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფდა ცვლადების მრავალფეროვნებას სოციალური და პოლიტიკური მახასიათებლების თვალსაზრისით. სოციალურ მახასიათებლებში იგულისხმება ასაკი, განათლება, საქმიანობის სფერო, მატერიალური კეთილდღეობის ხარისხი, საცხოვრებელი ადგილი. რესპონდენტები შეირჩნენ 4 რეგიონიდან, კერძოდ: 25 ადამიანი თბილისიდან, ხუთ-ხუთი კი ბათუმიდან, ქუთაისიდან და გორიდან.
პოლიტიკური მახასიათებლები ძირითადად უკავშირდებოდა პოლიტიკურ მიკუთვნებულობას. შერჩევა მოიცავდა ადამიანებს, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ამა თუ იმ პარტიას ან იყვნენ რომელიმე კონკრეტული პარტიის წევრები, აგრეთვე მათ, ვინც ოპოზიციურად ან ინდიფერენტულად იყვნენ განწყობილი ყველა პარტიის მიმართ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული კვლევა მიმდინარეობდა სხვა სოციოლოგიური გამოკითხვის პარალელურად, რომელიც 1000 რესპონდენტზე ტარდებოდა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპი ამ შემთხვევაშიც კარგად იქნა დაცული. გამოკითხვა ჩატარდა 2004 წლის შემოდგომაზე.
მიღებული მონაცემები დამუშავდა სპეციალურად Q-მეთოდისათვის განკუთვნილი სტატისტიკური პროგრამით PQMethod2.11 (Brown et al.1999). ფაქტორულიანალიზი წარმოებდა კორელაციების დადგენით Q-ნაკრებებს შორის მატრიცაში 40X40, რის შემდეგაც მატრიცის ანალიზი მოხდა ცენტროიდული მეთოდისა და Varimax როტაციის (Varimax rotation) მეშვეობით.
კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ფაქტორები, რომლებსაც მოცემული სტატისტიკური პროგრამა მონაცემების დამუშავების შედეგად ადგენს, წარმოადგენს დისკურსებს, რომლებიც ახლოსაა რესპონდენტების გარკვეული ჯგუფის შეხედულებებთან. სტატისტიკურ პროგრამას შეუძლია დააკავშიროს რესპონდენტები ორ, სამ, და ა.შ. შვიდ ფაქტორთან, თუნდაც ეს ფაქტორები თანაბრად მნიშვნელოვანი და შინაარსის მქონე არ იყოს. მონაცემების ანალიზისას პირველ რიგში საჭირო ხდება იმის დადგენა, თუ რამდენი ფაქტორის გამოყოფა და ანალიზი იქნება ყველაზე კორექტული. საუკეთესო დაჯგუფების დასადგენად მკვლევარმა შეიძლება გამოიყენოს ორი კრიტერიუმი - ფორმალური (დაეყრდნოს სტატისტიკურ პარამეტრებს) და შინაარსობრივი (უგულებელყოს ის დისკურსული დაყოფები, რომლებიც ნაკლებ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს). ჩვენ გამოვიყენეთ ორივე კრიტერიუმი. შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ორი ფაქტორის (დისკურსის) დაფიქსირებით შესაძლებელია რესპონდენტების დაყოფა მხოლოდ ხელისუფლების მომხრე და მის მოწინააღმდეგე ჯგუფებად, მაგრამ ვერაფერს ვიტყვით შედარებით ღრმა მსოფლმხედველობით სხვაობებზე. ამასთან, მეტისმეტად ბევრი დებულება ექცეოდა კონსენსუსის ველში (ორივე დისკურსი მათზე ერთნაირად რეაგირებდა). ეს უკანასკნელი ვითარება გამოვლინდა, აგრეთვე, სამი დისკურსის გამოყოფის შემთხვევაში. ხუთზე მეტი დისკურის დაფიქსირება შინაარსობრივად ნაკლებად ღირებული იყო და ქმნიდა ერთი რესპონდენტით განსაზღვრულ დისკურსებს. ოთხსა და ხუთ დისკურსს შორის არჩევანი გაკეთდა ოთხი დისკურსის სასარგებლოდ იმ საფუძვლეზე, რომ ოთხი ფაქტორის შემთხვევაში თითქმის ყველა გამოკითხული რესპონდენტი მკაფიოდ ასოციირებული აღმოჩნდა ამა თუ იმ დისკურსთან, ხუთფაქტორიანი განაწილება კი ბევრ რესპონდენტს ტოვებს მყარი მიკუთვნებულობის გარეშე.
მას მერე, რაც დაფიქსირებულია საკვლევი დისკურსები, იწყება მათი ანალიზი. დისკურსების ინტერპრეტაციისას და შედარებითი ანალიზისას უნდა გავითვალისწინოთ ის, თუ როგორ იყო ჩატარებული კვლევა და რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ რესპონდენტები ამა თუ იმ გამონათქვამს, როგორ მიაწერდნენ მათ ამა თუ იმ ქულას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვეულებრივი სოციოლოგიური გამოკითხვისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში რესპონდენტები თითოეულ გამონათქვამს სხვა გამონათქვამებისგან დამოუკიდებლად კი არ აფასებდნენ, არამედ ახარისხებდნენ მათ ერთმანეთთან მიმართებაში. ამიტომ, ფაქტორების დასახასიათებლად საკმარისი არაა, უბრალოდ დავაკვირდეთ იმ გამონათქვამებს, რომლებსაც მიენიჭა ყველაზე მეტი მნიშვნელობა (აბსოლუტური მნიშვნელობით, ანუ -6, -5 და +6, +5), და ჩავთვალოთ, რომ ისინი საკმარისია ფაქტორის დასახასიათებლად. ჩვენ ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება რეაქციას სხვა გამონათქვამებზე და, აგრეთვე, სხვაობას ფაქტორებს შორის, თუნდაც ის შედარებით სუსტი აქცენტებით იყოს დაფიქსირებული. ასე, მაგალითად, მე-3 ფაქტორისთვის 50-ე გამონათქვამი ,,ჩვენთვის ამჟამად, ამ ეტაპზე ყველაზე კარგია დიქტატურა... ,,მხოლოდ სუსტად დადებითია (+1), მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ფაქტორები ამ გამონათქვამს მკვეთრად უარყოფით შეფასებას აძლევს (-5), ეს პასუხი საგულისხმო ინფორმაციას იძლევა მესამე დისკურსის თავისებურების შესახებ.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ თითქმის ყველა გამონათქვამი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ველს შეადგენს, ორაზროვანია და ხშირად სამაზროვანიც. სხვაგვარად, რესპონდენტის მიერ ამა თუ იმ ფრაზისთვის -6-დან +6-მდე ქულის მინიჭება ხშირ შემთხვევაში არ იძლევა საშუალებას გავიგოთ, რას გულისხმობს რესპონდენტი. ამისთვის საჭიროა, კვლევის მეთოდიკიდან გამომდინარე, შეფასდეს არა ცალკეული გამონათქვამი, არამედ ეს გამონათქვამი სხვა პასუხების ფონზე. ამის გათვალისწინებითაც კი, ობიექტურად დაფიქსირებული დისკურსების ინტერპრეტაცია სუბიექტურობის გარკვეულ ხარისხს მაინც შეიცავს და დიდადაა დამოკიდებული იმაზეც, თუ რა ცოდნა გაგვაჩნია ზოგადად საქართველოს მდგომარეობისა და მასში განვითარებული მოვლენების შესახებ. ის ფაქტი, რომ წინამდებარე კვლევის ავტორები საქართველოს მკვიდრნი და პოლიტიკური პროცესების მონაწილეებიც არიან, დადებითი და უარყოფითი მომენტების შემცველია. დადებით მხარეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მიღებული მონაცემები გაიაზრებოდა იმ კონტექსტში, რომელსაც ქმნის ჩვენი ცოდნა საქართველოსა და მასში არსებული პროცესებისა და დაპირისპირებების შესახებ; მნიშვნელოვან მომენტს წარმოდგენდა იმის ცოდნაც, თუ რა კონტექსტში ჩნდებოდა ესა თუ ის ფრაზები სადისკუსიო ჯგუფების ჩატარებისას. უარყოფით მხარედ შეიძლება მივიჩნიოთ ის გარემოება, რომ ჩვენ - ავტორები, როგორც პროცესის მონაწილენი, თავისთავად უკვე რომელიმე დისკურსში ვიმყოფებით. ნებისმიერ ადამიანს საკუთარი დისკურსი ყველაზე ნათელ ფერებში ესახება, სხვისა კი უფრო კრიტიკული და ზოგჯერ ანტაგონისტური განხილვის საგანი ხდება. ჩვენ ვეცადეთ, ობიექტურები ვყოფილვიყავით ყველა დისკურსის მიმართ, მაგრამ არ უარვყოფთ გარკვეული აქცენტების გადატანის შესაძლებლობას სხვა პოზიციის მქონე მკითხველის მხრიდან. ფენომენოლოგიური მიდგომა, რომლის ჩარჩოებშიც გაკეთდა ეს კვლევა, აღიარებს საკუთარ მეთოდში გარკვეულ სუბიექტურობას, მეტიც, ეს სუბიექტურობა კვლევის განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში ამ კვლევით დაფიქსირებული დისკურსების გარდა შეიძლება არსებობდეს სხვა, ნაკლებად გავრცელებული, სპეციფიკური დისკურსები, რომლებიც საზოგადოების შედარებით მცირერიცხოვან, მაგრამ მკვეთრად განსხვავებულ ჯგუფებს ახასიათებს. ასეთებად შეიძლება მივიჩიოთ, მაგალითად, არაქართულენოვანი ეროვნული უმცირესობები, რომლებიც ამ კვლევის მიღმა დარჩნენ. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ კვლევა გვაძლევს ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის შესახებ, მაგრამ არ გამორიცხავს მცირერიცხოვანი ჯგუფების მკვეთრად განსხვავებული დისკურსების არსებობას. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც განათლების, აზროვნებისა და/ან პოლიტიკური ინფორმირებულობის წყალობით შეეძლო შეთავაზებული დებულებები საკუთარი მსოფლმხედველობის მიხედვით შეეფასებინა, არსებობს პოლიტიკურად ,ქვედა” სოციალური ფენა იმ ადამიანებისა, რომელთათვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა.
1 მოცემული კვლევის მეთოდოლოგიის და თეორიული მიდგომის საფუძვლად გამოვიყენეთ ანალოგიური კვლევა, რომელიც ჩატარდა 13 პოსტკომუნისტურ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დისკურსების გამოსავლენად. იხ. John S.Druzek, Leslie T.Holmes, ,,Post-Communist Democratization; Political Discourses across Thirteen Countries”, Cambridge University Press, 2002
2 ნათქვამის ნათელსამყოფად მარტივ მაგალითს მივმართოთ. ვთქვათ, ნებისმიერ სპექტრალურ ფერთა ერთობლიობა შეიძლება აღიწეროს, როგორც წრფივი ფუნქცია სამი ძირითადი ფერისა (წითელი, მწვანე, ლურჯი), ანუ ეს სამი ფერი არის აღნიშნული ფენომენის რაობის განმსაზღვრელი სამი ძირითადი ფაქტორი.
3 აქ და შემდგომ Q-ნაკრების გამონათქვამები აღნიშნულია ნომრებით, რომლებიც შეესაბამება მათ ნომერს ტაბულა 1-ში.
საქართველოს მოსახლეობში ჩვენ მიერ გამოვლენილ იქნა ოთხი განსხვავებული დისკურსი, პოლიტიკური შეხედულებების ოთხი განსხვავებული ტიპი. სანამ მათ დახასიათებაზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში, უნდა განვმარტოთ, რას ნიშნავს განსხვავებულობა პოლიტიკურ შეხედულებებში, რაზედაც აქ ვსაუბრობთ.
საქართველოში მცხოვრები რეალური ადამიანები არ არიან ერთმანეთის სრული ანტიპოდები, რომლებსაც საერთო მისწრაფებები არ გააჩნიათ. ასე მაგალითად, ნებისმიერ ქართველ მოქალაქეს სურს, რომ საქართველო აღორძინდეს, რომ ქართველები უკეთესად ცხოვრობდნენ, რომ გვქონდეს კონსტიტუციური დემოკრატიული სახელმწიფო და რომ საქართველო ჩადგეს თანამდეროვე ცივილიზებული ქვეყნების რიგში. თუ საკითხს ამ კუთხით მივუდგებით, დიდ სხვაობას ადამიანებს შორის ვერ დავინახავთ. სხვაობა მჟღავნდება მაშინ, როდესაც მათ ვაიძულებთ ზემომოყვანილ დებულებათა შორის გამოკვეთონ პრიორიტეტები და მოახდინონ ღირებულებების რანჟირება, ანუ დააფიქსირონ, პირველ რიგში რას უნდათ მიაღწიონ. რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს ამგვარ მოთხოვნას უყენებს პოლიტიკური გარემო - იმის საჭიროება, რომ არჩეულ იქნეს ესა თუ ის ხელისუფლება და გამოიკვეთოს დამოკიდებულება ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და სამოქმედო გეგმების პრიორიტეტების მიმართ.
იმაში გასარკვევად, თუ რა შინაარის სხვაობები ჩნდება მოქალაქეთა შეხედულებებში რეალურ ვითარებაში, ჩვენ შემოგვაქვს დისკურსების აბსტრაქტული მოდელი, რომელშიც, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ყველა დისკურსი (და მათი მატარებელი წარმოსახვითი ინდივიდები) მკვეთრად განსხვავდება და ერთმანეთს უპირისპირდება, ანუ ე.წ. ვებერისეული „იდეალური ტიპის” მოდელი. რეალურ ცხოვრებაში ამგვარი იდეალური ტიპის დისკურსები წმინდა სახით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, იდეალური ტიპები გვეხმარება გავერკვეთ იმ მრავალფეროვან სამყაროში, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებობს.
ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლენილი დისკურსები იდეალური ტიპისაა. ისინი მოცემულია ტაბულა N 1-ში (იხ. დანართი) ოთხი იდეალური Q-ტიპის სახით, რომლებიც შეესაბამება სტატისტიკური ანალიზის ოთხფაქტორიან ვარიანტს. თითოეული გამონათქვამის გასწვრივ ამ ტაბულაში მოყვანილია ქულები - 6-იდან +6-მდე, რომლებიც ასახავენ გამონათქვამის შეფასებას იმ წარმოსახვითი (ბუნებაში, შესაძლოა, არარსებული) ინდივიდის მიერ, რომელიც სრულ თანხმობაში იქნებოდა მოცემულ დისკურსთან. დისკურსის ნომერი მითითებულია შესაბამისი სვეტის თავში. ამ ტაბულაში 64 გამონათქვამი განლაგებულია მიმდევრობით მაქსიმალური კონსენსუსისგან (ყველა მეტ-ნაკლებად ერთი აზრისაა) მაქსიმალურ დაპირისპირებამდე (არსებობს რადიკალურად დაპირისპირებული მოსაზრებები).
არსებითად, ამ ტაბულის გადმოცემით თავდება კვლევის ემპირიული ნაწილი; შემდგომი ეტაპი არის ანალიზი და ინტერპრეტაცია - დისკურსებისთვის სახელების დარქმევა, მათი ნარატიული დახასიათება და თეორიული გააზრება. ძირითადად ეს იქნება გაკეთებული შემდეგ ქვეთავში, სადაც დაწვრილებით აღიწერება და დახასიათდება კვლევის შედეგად მიღებული დისკურსები. აქ მოკლედ შევაჯამებთ შედეგებს, რისთვისაც შემოვიტანთ პოლიტიკური შეხედულებების კიდევ უფრო აბსტრაქტულ, თეორიულ მოდელს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი არ წარმოადგენდა ანალიზის ამოსავალ წერტილს, არამედ სწორედ ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა, მისი წინასწარი პრეზენტაცია მიზანშეწონილად გამოიყურება, ვინაიდან გარკვეულწილად გაუადვილებს მკითხველს ქვემოთ მოყვანილი ანალიზის გაგებას.
წარმოვიდგინოთ ისეთი პოლიტიკური შეხედულებების სისტემები, რომლებიც შესაძლებელია განვალაგოთ შემდეგი ორგანზომილებიანი სიბრტყის შესაბამის მეოთხედებში; ამ სიბრტყის განზომილებები შემდეგი დაპირისპირებებითაა შექმნილი:
ამ სიბრტყის ვერტიკალური განზომილება პირობითად შეგვიძლია გავიაზროთ, როგორც ოპოზიცია ,,ტრადიცია” - ,,ანტიტრადიცია”. სიბრტყის ქვედა ნაწილში იმყოფებიან ტრადიციონალისტები, რომელთათვისაც პოლიტიკური ლეგიტიმაციის წყაროს წარმოადგენს, პირველ რიგში, ის, რაც არის ადგილობრივი, ქართული, წარსულიდან მომდინარე, გარკვეული ჩარჩოებით და იდენტურობით გამოყოფილი დანარჩენი სამყაროსგან. განზომილების მეორე ბოლოში მყოფნი მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ გარე სამყაროს, დასავლურ გამოცდილებას, მომავალს, წარსულის უარყოფასაც კი.
სიბრტყის მეორე - ჰორიზონტალური - განზომილება შეიძლება გავიაზროთ როგორც დამოკიდებულება პოლიტიკისადმი ზოგადად. სიბრტყის მარჯვენა მხარეს იმყოფებიან ისინი, ვინც პოლიტიკაში ყველაზე მეტად აფასებს მიზნებს, ხოლო მეორე მხარე აქცენტს აკეთებს წესებზე, რომლებსაც მისდევენ პოლიტიკოსები თავისი მიზნების მისაღწევად. ამ ოპოზიციას პირობითად დავარქმევთ ,,პროცედურისა” და ,,მიზნის” დაპირისპირებას. საილუსტრაციოდ მოვიშველიოთ დემოკრატიის ლინკოლნისეული ცნობილი განმარტება - ,,დემოკრატია არის ხალხის მმართველობა, ხალხის მიერ განხორციელებული ხალხისთვის”, ,,პროცედურის” მიმდევრები ამ გამონათქვამში უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ მმართველობის განხორციელებას ხალხის მიერ, ხოლო ,,მიზნის” მიმდევრები იმას, რომ მმართველობა იყოს ხალხისთვის.
აქ განსამარტავია, თუ რატომ გამოვიყენეთ ტერმინი ,,ანტიტრადიცია” სიბრტყის ზედა ნაწილის დასახასიათებლად და არ დავუპირისპირეთ ,,ტრადიციას” ,,მედასავლეთეობა”, რომელსაც ხშირად ეყრდნობიან საქართველოში ცვლილებების მოსურნე რეფორმატორები. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი ცნება ქართულ რეალობაში გარკვეულწილად ,,მითვისებული” აქვს ერთ კონკრეტულ დისკურსს, მაშინ როდესაც სხვა დისკურსებიც აცხადებენ მასზე პრეტენზიას. ჩვენი შეხედულებით, ჭეშმარიტი ,,მედასავლეთეობა” მდგომარეობს ზემოთ მოცემული სქემის ცენტრალური ზონისკენ სწრაფვაში და არა მისი რომელიმე განაპირა უკიდურესობის აბსოლუტიზებაში. სიბრტყის ოთხივე მეოთხედი საჭირო და აუცილებელი კომპონენტია იმისა, რასაც ავტორები დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიად მოიაზრებენ, ხოლო ჭეშმარიტად ,,მედასავლური” განვითარება შესაძლებელია მხოლოდ მათი თანაარსებობის შემთხვევაში, რადიკალიზაციისა და ურთიერთგანდევნისგან თავის არიდებით.
ამ დაყოფის შესაბამისად, სიბრტყის ზედა მარჯვენა კუთხეში განლაგდებიან ისინი, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს რეალობის რაც შეიძლება სწრაფი გარდაქმნა იმ ნიმუშების მისაღწევად, რომლებიც ქვეყნის გარეთ, უფრო განვითარებულ დემოკრატიებში არსებობს. სიბრტყის მარჯვენა ქვედა მეოთხედში იმყოფებიან ისინიც, ვისთვისაც ქვეყნის სწრაფი განვითარება პრიორიტეტია, ოღონდ ქართულ ტრადიციებზე და მენტალიტეტზე დაყრდნობით. ქართულ ტრადიციებს ასევე პირველ რიგში აფასებენ სიბრტყის ქვედა მარცხენა მეოთხედში, ოღონდ მათ მატარებლად ისინი პირველ რიგში ქართველებს განიხილავენ, ამდენად, მათთვის ქვეყნის განვითარებაზე უფრო მნიშვნელოვანია ქართველებისთვის ადამიანური ცხოვრების აწყობა. სიბრტყის ზედა მარცხენა მეოთხედი, მარჯვენა მეოთხედის მსგავსად, დასავლური ნიმუშებითაა შთაგონებული, მაგრამ, მისგან განსხვავებით, მათში უფრო პოლიტიკური ცხოვრების წესებს ეძებს, ვიდრე პოლიტიკური გარდაქმნების მიზნებს.
კვლევის შედეგად გამოვლენილი დისკურსები ერთმანეთისგან დაახლოებით იმგვარად განსხვავდება, როგორც ამ სიბრტყის მეოთხედები, ანუ ისინი საკმაოდ კარგ (თუმც, არაზუსტ) შესაბამისობაში არიან მოყვანილი სიბრტყის მეოთხედებთან. პირობითად შერქმეული სახელების გამოყენებით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პირველი დისკურსი ,,მოდერნიზატორი” იმყოფება ზედა მარჯვენა კუთხეში, ,,მართლმადიდებელი ტრადიციონალისტი” - ქვედა მარჯვენაში, ,,ჰუმანისტი ტრადიციონალისტი” - ქვედა მარცხენაში, ხოლო ,,ოპოზიციონერი კონსტიტუციონალისტი” - ზედა მარცხენაში.
ეს ოთხი განწყობა უნდა მივიჩნიოთ იმ დევიზებად, რომლებიც კარგად ასახავენ საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს.
შესაძლებელია თუ არა ითქვას, რომ ზემოთ განხილული აბსტრაქტული მოდელი გამოდგება რეალური დისკურსების აღსაწერად, და საერთოდ, რას წარმოადგენენ ისინი? ტაბულა 1-ში მოყვანილია ის ოთხი დისკურსი. რომლებიც გამოიკვეთა ჩვენი გამოკვლევის შედეგად.
ზოგადად, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა დისკურსი ეთანხმება იმას, რომ კონსტიტუცია უნდა შესრულდეს ყველა მუხლში და მისი დარღვევა დაუშვებელია, რომ დემოკრატიის დროს უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა და რომ კონსტიტუციის მოდელი უნდა უწყობდეს ხელს დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის განვითარებას ქვეყანაში, რომ მმართველები აუცილებლად უნდა ემორჩილებოდნენ კონსტიტუციას და არ ცვლიდნენ მას ერთპიროვნულად (49, 64, 14, 53). რაშია სხვაობა მათ შორის?
გამონათქვამების ნაკრები, რომელიც რესპონდენტების გამოკითხვას დაედო საფუძვლად, საკმაოდ რთულ, ხშირად ღრმა ფილოსოფიური აზრის მქონე დებულებებს მოიცავს. ასე, ქვეყნის კონსტიტუციის შინაარსი, ზოგიერთი მტკიცების მიხედვით, წმინდა ლეგალისტურია (4), ზოგიერთის მიხედვით - პოლიტიკური (3), ის მორალის დაცვას ემსახურება (9), უზრუნველყოფს ხელისუფლების პოლიტიკურ მდგრადობას და ეფექტურობას (11), ზღუდავს ხალხის უმრავლესობის ძალაუფლებას (13), ემსახურება პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას (64). რესპონდენტების შეფასებებში ამგვარი კონცეპტუალური გამონათქვამები, გარკვეულწილად დაიჩრდილა პოლიტიკურად უფრო აქტუალური საკითხებით. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მორალზე დაფუძნებულმა კონსტიტუციამ მთლიანობაში უფრო დადებითი შეფასება მიიღო, ვიდრე ხალხის უმრავლესობის ნების შემზღუდველმა კონსტიტუციამ. კონსტიტუციის რაობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა მეორე დისკურსმა, რომლისთვისაც კონსტიტუცია თან ლეგალისტურია (ქვეყნის ძირითადი კანონი) და თან იდეოლოგიური (პოლიტიკური ტრაქტატი). ამ დისკურსისთვის კონსტიტუცია გარკვეულწილად სახელმწიფო იდეოლოგიის ფუნქციას ატარებს. მის მსგავსად, მესამე დისკურსიც კონსტიტუციას პოლიტიკური ტრაქტატის როლს ანიჭებს, ოღონდ მას უფრო ხალხის უმრავლესობას უკავშირებს და არა სახელმწიფოს. მეოთხე დისკურსი, მათგან განსხვავებით, მეტად პრაგმატულია და კონსტიტუციაში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვასთან ერთად, პირველ რიგში, აფასებს ხელისუფლების პოლიტიკური მდგრადობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფას. ამ პრაგმატიზმს უარყოფს პირველი დისკურსი, რომელიც ყველაზე გულგრილია კონსტიტუციის რაობის მიმართ და უფრო მისი შეცვლის პროცედურის საკითხებს განიცდის.
ნაკრებში ბევრი ისეთი გამონათქვამი აღმოჩნდა, რომელიც იძლევა გამოყოფილი დისკურსების პოლიტიკურ შეხედულებათა მრავალმხრივი ანალიზის შესაძლებლობას. ეს გამონათქვამები მოიცავს დამოკიდებულებათა ფართო სპექტრს, რომლებიც ვლინდება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, დიქტატურის, რეგიონული მოწყობისა და თვითმმართველობის, სამართლიანობისა და სხვა თემებთან დაკავშირებით. შესაბამისად, იქმნება დისკურსების ღრმა ანალიზის შესაძლებლობა.
თუ დავუბრუნდებით ზემოთ მოყვანილ ორგანზომილებიან კლასიფიკაციას, დავინახავთ, რომ მესამე და მეოთხე დისკურსი აშკარად ტრადიციონალისტურ ორიენტაციას ეფუძნება (58, 63, 33, 61). ისინი, ამ მხრივ, კონსერვატიულ ხასიათს ატარებენ, ოღონდ ერთი თავისებურებით. მაშინ, როდესაც დასავლურ საზოგადოებებში კონსერვატიული დისკურსებისთვის დამახასიათებელია ლეგიტიმაციის რელიგიური საწყისები, პოსტსაბჭოური სპეციფიკიდან გამომდინარე, რელიგია ყველა ტრადიციონალისტისთვის თანაბრად ღირებული არ არის. მესამე დისკურსი მძაფრად განიცდის მართლმადიდებლური რელიგიის სტატუსის საკითხს და ემხრობა ამ სტატუსის დაფიქსირებას კონსტიტუციაში (34), მაშინ, როცა მეოთხე დისკურსი ინდიფერენტულია რელიგიის პოლიტიკური სტატუსის მიმართ და უფრო საბჭოური ტრადიციის ჩარჩოებში გაიაზრება. ამდენად, ეს ორი დისკურსი - მესამე და მეოთხე - სიბრტყის ქვედა ნაწილში უნდა მოვიაზროთ. პირველი ორი დისკურსისგან განსხვავებით, მესამე და მეოთხე დისკურსები უფრო არიან განწყობილი, განიხილონ სახელმწიფო დროშა ამ სახელმწიფოს იდეოლოგიის გამომხატველად (2), ნაკლებად მგრძნობიარენი არიან საკუთარი უფლებების დარღვევისადმი (41), ნაკლებად ეშინიათ პარლამენტის ერთპარტიულობისა (27) და კანონმდებლობის ერთ პიროვნებაზე მორგების (16). ორივე დისკურსი პოზიტიურადაა განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, ვინაიდან მოსწონთ ახალი, ახალგაზრდა, ენერგიული მმართველები (38), მიაჩნიათ, რომ ახალი ხელისუფლება პირნათლად ასრულებს კანონებს (42) და სჯერათ, რომ კანონების დარღვევა წინსვლის საწინდარი არ ხდება (44).
ჰორიზონტალურ განზომილებაში დისკურსებს შორის ასევე არსებობს სხვაობა მიზანზე და პროცედურაზე ორიენტაციების თვალსაზრისით, ოღონდ სიბრტყის ზედა ნაწილში დისკურსებს შორის განსხვავებას იწვევს ერთი ტიპის საკითხები, ხოლო ქვედა ნაწილში - სხვა. პირველი და მეორე დისკურსი ერთმანეთს უპირისპირდება ,,ვარდების რევოლუციის” შემდგომ კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებსა და სახელმწიფო დროშის შეცვლასთან დაკავშირებით, ხოლო მესამე და მეოთხე - დემოკრატიისა და დიქტატურის გაგების, აგრეთვე რელიგიის სახელმწიფოსთან მიმართების კონტექსტში. თუ მესამე დისკურსი ემხრობა იმას, რომ დღევანდელ განსაკუთრებულ ვითარებაში პრეზიდენტმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა (54), და რომ ქართველი ხალხი საერთოდ ისეთია, რომელსაც უნდა ჰყავდეს ერთი მმართველი (18), მეოთხე დისკურსი ამ დებულებებს კატეგორიულად არ ეთანხმება. ის არ იზიარებს დიქტატურისა და დემოკრატიის იმ გაგებებს, რომელსაც მესამე დისკურსი ემხრობა: ამ უკანასკნელის მიხედვით, თუ ერთი ადამიანი ფლობს მთელ ძალაუფლებას და გამოხატავს საზოგადოების ნაწილის ინტერესებს, ეს დემოკრატიაა და არა დიქტატურა (8), ანუ ერთ ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრირება თავისთავად არ ნიშნავს დიქტატურას (1). მიუხედავად იმისა, რომ ორივე ტრადიციონალისტური დისკურსი ერთგვარად თავს იკავებს კონსტიტუციური ცვლილებების შეფასებისგან (შესაძლოა, საკმარისად კომპეტენტურად ვერ გრძნობენ თავს ამ საკითხებთან მიმართებაში), ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ კონსტიტუციონალიზმის პრინციპების შესახებ გამოკვეთილი, თანაც ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური ხედვა. მეოთხე დისკურსი მესამესთან შედარებით ბევრად უფრო ემხრობა პლურალიზმსა და ძალაუფლების დანაწილების კონსტიტუციონალისტურ იდეებს (სიბრტყის მარცხენა მხარე).
პირველი და მეორე დისკურსების დაპირისპირება გაცილებით უფრო მეტად ეხება მიმდინარე პოლიტიკის შეფასებას. ამ მხრივ, ეს დისკურსები ბევრად უფრო ,,პოლიტიზირებული” ხასიათით გამოირჩევიან. ,,იმ დროშას, რომელიც დღეს ფრიალებს” ნაციონალური მოძრაობის დროშად განიხილავს პირველი დისკურსი, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება მეორე (17). მეორე დისკურსი მიესალმება იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები დაკომპლექტდეს რევოლუციიდან მოსული ხალხით, ხოლო პირველი ამას არ ემხრობა (52). პირველი დისკურსი კატეგორიულად არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჭირო იყო კონსტიტუციური ცვლილებების სწრაფად გატარება (35), და რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლება ხელს შეუწყობს შესაძლო პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებას (5), მეორე დისკურსი კი, საკმაოდ დადებითად არის განწყობილი ორივე დებულების მიმართ. თუმცა, აღნიშნული ორი დისკურსიდან ვერც ერთი ვერ ხედავს ძვრებს იმ მიმართულებით, რომ ცხოვრება კონსტიტუციის მიხედვით ეწყობა, მაგრამ პირველი ამაში გაცილებით უფრო კატეგორიულია (37).
დისკურსების თვალნათლივი წარმოჩენის მეტად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ამ დისკურსებისთვის დამახასიათებელი დებულებების გადმოცემა ნარატიული ტექსტის სახით, რომელსაც თავის ნაშრომში დრუზეკი და ჰოლმსი მიმართვენ. თითოეული დისკურსის დახასიათებისას, როგორც უკვე აღინიშნა, ვეყრდნობით, ამ დისკურსის ყველაზე გამოკვეთილ მტკიცებულებებს (რომელთაც მიეცა შეფასება -6,-5,+5,+6) და იმ დებულებებს, რომლებიც მას სხვებისგან განასხვავებს.
ძალიან ცუდია, რომ კონსტიტუციური ცვლილებები ასე სწრაფად განხორციელდა (35). არც იმის მერე იგრძნობა რაიმე გაუმჯობესება (37). მმართველი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს კონსტიტუციას, ხოლო კონსტიტუცია არ უნდა მოქმედებდეს როგორც იურისტებმა იციან - უნდათ აქეთ მოაბავენ ქოთანს ყურს, უნდათ - იქით, ის ცალსახად უნდა იყოს გაშიფრული; დაუშვებელია, რომ მმართველი ერთპიროვნულად ცვლიდეს მას და ეს ცვლილებებიც არ იყო საჭირო (53, 38, 48). ნაკლებად ვეთანხმები იმას, რომ ისტორიას მართავენ უფრო პიროვნებები (12), არ მგონია, რომ დღეს პრეზიდენტმა მთელი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს ვითარების განსაკუთრებული ხასიათის გამო, ან კანონმდებლობა საკუთარ თავზე მოირგოს, თანაც ჰქონდეს პარლამენტის დათხოვნის უფლება (54 16, 5), ვერც დიქტატურას გავამართლებ იმ საბაბით რომ საჭიროა კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა (50). საერთოდ, თუკი ქვემოდან ხელისუფლებას ვინმე არ მოსთხოვს, ისინი ხალხზე ნაკლებად იზრუნებენ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ (46), მით უმეტეს, რომ პარლამენტი ერთპარტიულია და ხშირად იქ ისეთი ადამიანები არიან, ვინც საკუთარი თავი საკუთარი საქმის კეთებაში ვერ იპოვა (27, 59). მაგრამ ხელისუფლებისადმი მოთხოვნების წამოყენება გართულებულია იმიტომ, რომ ჩვენს უფლებებს ხშირად ვერ ვიცავთ (41). ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენი კონსტიტუცია იმ როლს არ ასრულებს, რასაც უნდა ასრულებდეს საერთოდ (19). თავად ხელისუფლება ნაკლებად ემორჩილება კანონს, ხოლო მმართველობაში სხვა ფაქტორები უფრო მუშაობს (42). დამნაშავეებთან ბრძოლა კი გამოაცხადეს, მაგრამ პასუხი არავის არ აგებინეს, შევარდნაძით დაწყებული (31), პირიქით, ვინც კანონს არღვევს, ის წინ მიდის, ხოლო რევოლუციონერები სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ, რაც დაუშვებელია (52). რევოლუცია არ ამართლებს კონსტიტუციის ცვლილებას, და არც დემოკრატიის მოტანა შეუძლია იმიტომ, რომ ხალხის მმართველობა, ანუ იდეაში რაც არის დემოკრატია, საერთოდ მიუღწეველია, როგორც ჩანს, სამწუხაროდ. (24 21)
დროა, ხალხმა თავი დაანებოს პოლიტიკოსობას და ყველამ თავის საქმეს მიხედოს (59). რაც შეეხება კანონებს, მათ უფრო კარგად იურისტები მიხედავენ (23), მითუმეტეს, რომ ჩვენი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი წყობა და უფლებები უკვე განსაზღვრულია ქვეყნის ძირითადი კანონით - კონსტიტუციით (4). ძალიან საშიშია, რომ გვყვადეს მმართველები, რომლებიც არ ემორჩილებიან კონსტიტუციას და ცვლიან მას ერთპიროვნულად, არავინ უნდა ამყარებდეს დიქტატურას იმ საბაბით რომ ხალხისთვის კარგის გაკეთება უნდა (53, 43, 49). ჩვენი მომავლის პოლიტიკური ხედვა ხომ კონსტიტუციითაა მოცემული (3), ამიტომ მას უნდა ემორჩილებოდეს უკლებლივ ყველა, ის უნდა საზღვრავდეს ყველა ადამიანის ცხოვრებას (56). მაშინ აღარ გვექნება ის პრობლემა რომ წარსულით ვცხოვრობთ, ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ დღევანდელი დღით, მომავალზე ფიქრით (58). ჩვენ ხომ სხვა ცივილიზებული ერებისგან დიდად არ განვსხვავდებით (33). ბუნებრივია, რომ კონსტიტუცია ვარდების რევოლუციის შემდეგ შეიცვალა, რათა აღმოიფხვრას სამართლებრივი ვაკუუმი და სახელმწიფო ისევ კონსტიტუციურ მმართველობას დაუბრუნდეს (24, 35), თანაც ცუდი არ იყო ის ცვლილებები, რაც მასში შევიდა: პარლამენტმა შეიძინა მთავრობის კონტროლის ძირითადი ბერკეტი - მისდამი უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა, ხოლო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლება მოაგვარებს შესაძლო პოლიტიკურ კონფლიქტებს (6, 5). მოდით, ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს იმას ნუ დავაბრალებთ, რომ ახალმა ახალგაზრდა ხელისუფლებამ ის თავის თავზე მოირგო (38), თუმცა კი ბუნებრივია, რომ ისინი, ვინც რევოლუციას აწყობდა, ახლა თანამდებობებსაც იკავებენ (52). ის დროშაც, რომელიც სახელმწიფო დროშად გამოცხადდა, კარგია და მომწონს (17). ქვეყნის წინსვლას ძლიერი რეგიონები უშლიან ხელს, მაგრამ წესრიგის აღდგენაში ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას ვერ დაველოდებით.
ყველაფერი აეწყობა, თუ კონსტიტუციაში დაფიქსირდება მართლმადიდებლური რელიგიის განსაკუთრებული სტატუსი, ხოლო ადამიანები დასაქმდებიან, გადასახადს გადაიხდიან, სახელმწიფო ბიუჯეტს შეავსებენ და სახელმწიფო დადგება ფეხზე (34, 32). ჯერჯერობით ვითარება მძიმეა, და ამიტომ პრეზიდენტმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაზე (54); ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დამყარდება დიქტატურა (1), პრეზიდენტი ხომ ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავს, და პრეზიდენტები ხომ საერთოდ დიდ როლს თამაშობენ ყველგან, ხოლო ქართველი ხალხი, საერთოდ, ისეთი ხალხია, რომ უნდა ჰყავდეს ერთი მმართველი (40, 8, 18). საერთოდ, ჩვენ ისეთი მენტალიტეტი გვაქვს, რომ ყველაფერი, რაც არის უცხოური, თუნდაც კარგი იყოს, შეიძლება აქ, საქართველოში, არ გამოგვადგეს (33). ისიც კი დასაშვებია, რომ დღეს დიქტატორი დაგვჭირდეს, რათა ხალხის ინტერესები დავიცვათ და კორუფცია დავამარცხოთ (50), მაგრამ ის მაინც უნდა მოქმედებდეს კონსტიტუციის ჩარჩოებში, მაშინაც კი, როდესაც ბოროტმოქმედებისგან იცავს საზოგადოებას (25). ოღონდ კონსტიტუცია ხალხის უმრავლესობის ძალაუფლებას არ უნდა ზღუდავდეს (13; ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტსა და პარლამენტს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს გაზრდილი უფლებები, ხოლო დანიშნულ პრემიერ-მინისტრს _ მაქსიმალურად შეზღუდული (60). მაშინ პარლამენტის ერთპარტიულობა პრობლემა კი არ არის, არამედ პლუსია ვინაიდან დემოკრატიის დროს ხალხი ერთიან მიზნებზე ვერ თანხმდება, არის აზრთა სხვადასხვაობა, და ამ აზრებიდან უნდა აიღო ერთი სწორი აზრი (27, 15, 14).
კონსტიტუციონერმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია და კანონები, ხოლო ჩვეულებრივმა ადამიანმა ადამიანურად უნდა იცხოვროს (56). თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანები ხშირად არღვევენ კანონებს და ამის გამო იჩაგრებიან, ამიტომ დამნაშავეებთან ბრძოლას ახალი ხელისუფლება ცოტა ფრთხილად უნდა მოეკიდოს (44, 31). დღესაც ხომ ხალხის 90 პროცენტი იმაზე ოცნებობს, რომ ცოტა მაინც იყოს კორუმპირებული, ეს რეალობაა (26). რაც შეეხება ჩემს უფლებებს, მათ მე თვითონ მოვუვლი და დავიცავ, დღეს ეს პრობლემას არ წარმოადგენს (55, 41). კონსტიტუციამ, და არა ხალხის ზეწოლამ, უნდა უზრუნველყოს ხელისუფლების მდგრადი და ეფექტური მუშაობა (11, 46), ამასთან, სახელმწიფო თანამდებობებს პირველ რიგში პროფესიონალები უნდა იკავებდნენ (57). კორუფციასთან ბრძოლის საბაბით დიქტატურის დამყარებას მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმებოდი (50). სახელმწიფო არ უნდა იყოს ძალადობის იარაღი (7); დიქტატურასა და დემოკრატიას შორის არსებობს დიდი სხვაობა, პირველ რიგში იმიტომ, რომ კონსტიტუცია უნდა სრულდებოდეს, ის არ უნდა იცვლებოდეს ერთპიროვნულად და უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა (53, 14). კარგია, რომ მივდივართ დასავლური სისტემისკენ, მაგრამ ყველაფერი იქაური აქ, საქართველოში არ გამოგვადგება (30, 33). სულაც არ იქნება ცუდი, თუკი დროდადრო ჩვენი წარსულისკენ მივიხედავთ და იქიდანაც კარგ მაგალითებს ავიღებთ (58). ასევე ადგილობრივი საქმეები ადგილზევე უნდა წყდებოდეს და არ მიდიოდეს თბილისში გადასაწყვეტად (61), საქართველოს გაერთიანების პრობლემა დღეს ძალიან მწვავედ დგას (63).
უკეთ რომ გავერკვეთ იმაში, თუ რამდენად სპეციფიკურია მოცემული შეფასებები ამა თუ იმ დისკურსისათვის, სასარგებლოა, ერთმანეთს შევადაროთ 4-ფაქტორიანი და 5-ფაქტორიანი განაწილება. რა შეიცვლება, თუკი ვეცდებით ცოტათი უფრო მეტად დავანაწევროთ შეხედულებათა სპექტრი? რესპონდენტების 5 ფაქტორად დანაწილების შემთხვევაში (რომელიც აქ ამდენად დაწვრილებით არ იქნება განხილული და მხოლოდ ზოგადად დახასიათდება), ადრე დაფიქსირებული პირველი და მესამე დისკურსები პრაქტიკულად იგივე რჩება. ტრანსფორმაციას განიცდის მხოლოდ მეორე და მეოთხე დისკურსები. მეორე დისკურსი განიცდის რადიკალიზაციას დიქტატურის მიმართულებით. ის უკვე ნაკლებად ასხვავებს დიქტატურას დემოკრატიისგან, პოზიტიური ხდება ,,კარგი დიქტატორის” მიმართ და უფრო კატეგორიულად მიიჩნევს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა აუცილებლობას წარმოადგენდა. მეოთხე დისკურსი იძენს რელიგიურობის ნიშნებს, კარგავს ნოსტალგიურ განწყობებს და ხდება საკმაოდ კრიტიკული არსებული ხელისუფლებისა და ბოლოდროინდელი მოვლენების მიმართ. ის ინარჩუნებს თავის ტრადიციონალისტურ ორიენტაციას თვითმმართველობაზე. ხოლო ახლადგამოყოფილი მეხუთე დისკურსი იკავებს უფრო მედასავლურ, ვიდრე ტრადიციონალისტურ ორიენტაციას. ამავე დროს, მისი წარმოდგენები დემოკრატიიისა და კონსტიტუციიის შესახებ იმდაგვარია, რომ მას უფრო ,,სახალხო დემოკრატია” უნდა ვუწოდოთ, საბჭოური ტიპის დემოკრატიის მსგავსად. მართალია, ეს დისკურსი ცალსახად მომხრეა კონსტიტუციური დემოკრატიისა და წინააღმდეგია დიქტატურის, მაგრამ კონსტიტუცია და სახელმწიფო მის ცნობიერებაში ბევრი საბჭოური ნიშან-თვისებით ხასიათდება. სახელმწიფოს დროშა გამოხატავს ამ სახელმწიფოს იდეოლოგიას, კონსტიტუცია — სამომავლო მიზნებს და მორალს; თავად სახელმწიფო არის ცენტრალიზებული. ეს დომინანტი სახელმწიფო ,,სახალხო დემოკრატისთვის” ასატანია იმდენად, რამდენადაც ის არ გარდაიქმნება დიქტატურად და არ იჭრება ადამიანთა ,,ცხოვრების სამყაროში”, მათი ავტონომიურობის სფეროში. ამ პირობით ,,სახალხო დემოკრატი” მხარში ამოუდგება არსებულ ხელისუფლებას და მიესალმება რევოლუციით მოსულ მთავრობას. მიუხედავად ნოსტალგიისა ძველ დროზე, იმედი აქვს, რომ ნათელი მომავალი, რომელსაც ახალი ხელისუფლება უსახავს (,,დემოკრატია” ნაცვლად ,,კომუნიზმისა”), ხალხისთვის სიკეთის მომტანი აღმოჩნდება.
5-ფაქტორიანი სქემის მოშველიება შესაძლებლობას გვაძლევს გავაკეთოთ ორი დასკვნა: ა. რელიგიურობა და მიდრეკილება დიქტატურისკენ არ არის მხოლოდ მესამე დისკურსის მახასიათებელი. მეორესაც, მის რადიკალურ ვარიანტებში, აქვს მიდრეკილება დიქტატურისკენ, ხოლო კონსტიტუციაში რელიგიის დაფიქსირების მომხრენი თითქმის ყველა დისკურსში მონაწილეობენ. ბ. საბჭოური დროიდან შემორჩენილი წარმოდგენები სახელმწიფოზე და კონსტიტუციაზე საკმაოდ ვრცლადაა განფენილი; მათ თავისი წვლილი შეაქვთ როგორც მიზნებზე ორიენტირებულ ანტიტრადიციონალიზმში, ასევე იმ წინაღობებში, რომელსიც მოცემული მიზნების მიღწევას უქმნის სახელმწიფოს კონტროლისგან ადამიანთა სამყაროს ავტონომიურობის დაცვის სწრაფვა.
თითოეულ აქ დაფიქსირებულ შეხედულებათა სისტემას აქვს როგორც კეთილგანწყობილი ინტერპრეტაცია - ის, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს, ასევე კრიტიკული ხედვა გარედან - თანაც განსხვავებული, იმისდა მიხედვით, თუ რომელი დისკურსის კუთხიდან შევხედავთ. გარდა ამისა, შეხედულებათა თითოეული სისტემა შეიძლება ზომიერებისკენ იხრებოდეს და ამით უახლოვდებოდეს მიღებულ დემოკრატიულ დისკურსებს, თუმცა ასევე შესაძლებელია განიცდიდეს რადიკალიზაციას და საშიში ხდებოდეს დემოკრატიისათვის.
მეორე დისკურსი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ბრძოლების დრო დამთავრებულია, და დადგა მიღწეული პოლიტიკური ძალაუფლების რეალიზების დრო. პოლიტიკური დაპირისპირებების გაგრძელება მისთვის საშიშროებას წარმოადგენს და ამდენად ის გმობს პირველი დისკურსის მცდელობებს, შეხედოს მოვლენებს პოლიტიკური თვალსაწიერიდან - სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს განხილული ნაციონალური მოძრაობის დროშად, არსებული ხელისუფლება - დიქტატურად, ხოლო ძალაუფლებაში რევოლუციით მოსული ადამიანები - სახელმწიფო თანამდებობების უზურპატორებად. განვითარების სწორი გეზი განსაზღვრულია; დადგა დრო, იურისტებმა ის, უბრალოდ, კანონებში გადაიტანონ. მეორე დისკურსისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენს მეოთხე დისკურსიც, რომელიც შესაძლოა ამ კანონებს არ დაემორჩილოს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ე.წ. უბრალო ადამიანები, დარჩნენ სამართლებრივი რეგულირების მიღმა და ამით დააბრკოლონ განვითარება. ეს ისევ კორუფციის წყარო იქნება. ამიტომ წარსული უკან უნდა მოვიტოვოთ. კანონების ამოქმედებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვერ დაველოდებით. მეორე დისკურსი მესამესაც უპირისპირდება მის ორიენტაციაში ქართულ მენტალიტეტზე და ტრადიციულ ღირებულებებზე. მეორე დისკურსი არ ეთანხმება კონსტიტუციაში რელიგიის დაფიქსირებასაც.
პირველი დისკურსი, მეორესგან განსხვავებით, სულაც არ არის განწყობილი შეაფასოს მდგომარეობა, როგორც დემოკრატიული განვითარების საწინდარი. ის აშკარად ხედავს შექმნილ მდგომარეობაში დიქტატურის ნიშნებს და საკუთარი პოლიტიკური უფლებების დაცულობის საწინდარად კონსტიტუციონალიზმის საფუძვლების განმტკიცებას მოიაზრებს. მეორე დისკურსი მის თვალში ბოლშევიკური ტიპის ტოტალიტარიზმის ნაირსახეობის ადვოკატად გამოიყურება, ვინაიდან პოლიტიკურად ცალმხრივად ცვლის დროშას, კონსტიტუციას და ეუფლება სახელმწიფო თანამდებობებს. ამ მხრივ, მეორე დისკურსს, პირველი დისკურსის მიხედვით, კვერს უკრავს მესამე დისკურსიც, რომელიც მიიჩნევს, რომ დღეს არის განსაკუთრებული მომენტი და პრეზიდენტმა მთელი ძალაუფლება უნდა იტვირთოს ამ მდგომარეობიდან ქვეყნის გამოსაყვანად. მესამე დისკურსი, მისი აზრით, საერთოდ საშიშია დემოკრატიისათვის, ვინაიდან ნაკლებად აფასებს კანონის უზენაესობის საჭიროებას და იხრება ერთპიროვნული და კონსტიტუციონალიზმის პრინციპების საწინააღმდეგო, მკაცრად მაჟორიტარული მმართველობისკენ, თითქმის დიქტატურისკენ. პირველის თვალში მეოთხე დისკურსს არ გააჩნია სამართლებრივი ცნობიერება, ის გულგრილია კონსტიტუციის ბოლოდროინდელი ხელყოფის მიმართ და არ იზიარებს პირველი დისკურსის შემართებას იმოქმედოს პოლიტიკურად ანუ ხელისუფლება ხალხის კონტროლს დაუქვემდებაროს.
მესამე დისკურსი, მეორე დისკურის მსგავსად, იმედიანად უყურებს მომავალს, რადგან მიაჩნია, რომ რევოლუციით მოსული პრეზიდენტი ხალხის უმრავლესობის ნებას განასახიერებს და მის იმედებს ფრთებს შეასხამს: მაგალითად, მართლმადიდებლურ რელიგიას განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს. თუმცა, პრეზიდენტის ძალაუფლებას შეიძლება წინაღობები შეხვდეს, რაც ხალხის უმრავლესობის ნების აღსრულებას გაართულებს. მის თვალში როგორც პირველი, ისე მეორე დისკურსი ხალხის ნების აღსრულებას არასათანადო ყურადღებას აქცევს და ამით ქართულ თვითმყოფადობას და იდენტურობას საფრთხეს უქმნის. ამ დისკურსებს შორის ის დიდ სხვაობას ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ პირველი საშიშია, რადგან ხელისუფლების ოპოზიციურია, ხოლო მეორე სხვანაირად ხედავს განვითარების მიმართულებას, ანუ ზედმეტად მიმბაძველია დასავლეთის. რაც შეეხება მეოთხეს, ისიც საფრთხეს უქმნის ხალხის ნების აღსრულებას პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაციის მეშვეობით, ვინაიდან ეშინია დიქტატურის და ზედმეტად ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე.
მეოთხე დისკურსი იწყება მეტად საინტერესო მტკიცებით ,,კონსტიტუციონერებისა” და უბრალო ადამიანების შესახებ, რომელიც მრავალმხრივად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული. ერთი მხრივ, ის გვაგონებს ჰაბერმასისეული სისტემისა და ცხოვრების სამყაროს დაპირისპირებას და ცხოვრების სამყაროს დაცვის ლოზუნგს. მეორე მხრივ, ის არა მარტო მკაფიოდ ასხვავებს კანონსა და მორალს (რასაც მარქსისტული მიდგომა, ლიბერალურისგან განსხვავებით, არ აკეთებდა), არამედ ორივეს მკაფიოდ გამიჯნულ სამოქმედო არეალებს უწესებს და ადამიანთა ცხოვრებას, პირველ რიგში, მორალის სამყოფელად იხილავს. და ბოლოს, ის შეიძლება გავიაზროთ პატნემისეულ ტერმინებით, როგორც ,,ამორალური ფამილიზმი”, რაც, რესპუბლიკური ცნობიერების საპირისპიროდ, ბადებს კორუფციას და ხელს უშლის დემოკრატიის ფუნქციონირებას.
საქართველოს ისტორიის თვალსაწიერიდან ეს დისკურსი გვევლინება იმ მიდგომად, რომელიც არა მარტო საბჭოთა პერიოდში, არამედ წინა საუკუნეებშიც, მრავალი გარე დამპყრობლის ქვეშ საქართველოს არსებობის დროს, წესად და ჩვეულებად ჩამოყალიბდა, იმ წესად და ჩვეულებად, რომელმაც თვითგადარჩენისა და თვითმოყოფადობის შენარჩუნების მასობრივი სტრატეგიები განსაზღვრა. ის მდგომარეობს მტრული და უცხო გარემოსაგან გამიჯვნაში და არა მასზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაში.
ამ მხრივ, მას მთავარ ოპონირებას მეორე დისკურსი უწევს, რომელიც სწორედ რომ სისტემის შექმნითაა დაინტერესებული. მეორეს ყველაფერი იმის შეცვლა სურს, რაც მეოთხესთვის თავშესაფარსა და დასაყრდენს წარმოადგენს - წარსული, ქართული მენტალიტეტი. თუკი მეორე დისკურსი სისტემის გარკვეული ღირებულებრივი ტოტალიტარულობით ემუქრება, მესამე _ დიქტატურის ნიშნებს ატარებს. ამდენად, არც მესამე დისკურსია მისთვის ხსნა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ ღირებულებრივ განწყობებს ორივე იზიარებს. მის თვალში, მესამე დისკურსი, გარკვეულწილად, რელიგიური ფანატიზმითაა დაავადებული და თავისი დიქტატორული მიდრეკილებებით მას შეუძლია კერძო ადამიანი დიქტატორის ძალადობის ობიექტად გახადოს. მიუხედავად ყველაფრისა, მეოთხე დისკურსს აქვს ხელისუფლების ნდობა, რომელსაც პირველი დისკურსი უქარწყლებს. მეოთხე დისკურსის განწყობას მიიმალოს თავის ნაჭუჭში და იმედოვნოს, რომ ხელისუფლება თავის საქმეს თვითონ მიხედავს, პირველი დისკურსი ეწინააღმდეგება და საზოგადოებრივ სივრცეში პოზიციის დაკავებისკენ უბიძგებს, რასაც ის მიჩვეული არ არის.