![]() |
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭირვალობა; პრობლემები და პერსპექტივები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: სესიაშვილი ირაკლი |
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები, დემოკრატია|ჯარი |
საავტორო უფლებები: © ასოციაცია, საზოგადოება, სამართალი და თავისუფლება |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” მონიტორინგი მომზადდა ევრაზიის ფონდისა (გრანტი #: G06-0095) და ღია საზოგადოების ინსტიტუტის (გრანტი #: G2055) ფინანსური მხარდაჭერით. მოცემულ შინაარსზე პასუხისმგებელია ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება” და მისი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ფონდების პოზიციას. მონიტორინგის განმხორციელებელი: ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლება” კრილოვის 7, 0102 თბილისი ტელ: 958980 ელ-მისამართი: ინფო@agl. ge ვებ-გვერდი: www.agl.ge ავტორი: ირაკლი სესიაშვილი მონიტორინგის გამოცემის თარიღი: 26.04.07 |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აქტიურმა პროცესმა კიდევ უფრო თვალსაჩინო და აქტუალური გახადა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების აუცილებლობა. სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, პოლიტიკურ და სამხედრო მმართველობას შორის გონივრული ზღვარი, სამხედრო მოსამსახურეთა უფლებები დაცვა, გამჭვირვალობა, ღიაობა - ეს ის მინიმალური საკითხებია, რომელთა დაცვას მოითხოვს დემოკრატიული საზოგადოება თავდაცვის ინსტიტუტებისგან. თითოეული ეს პრინციპი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ერთმანეთთან და ნებისმიერი მათგანის შესუსტება ახდენს ზემოქმედებას ზოგადად ინსტიტუტის დემოკრატიულობის ხარისხზე.
2003 წლიდან ჯარი და მისი განვითარება ქვეყნის პრიორიტეტად არის მიჩნეული, რასაც ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების სიდიდეც ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პოზიტიურად აფასებს ჯარში განხორციელებულ რეფორმებს, ექსპერთა უმრავლესობა ხშირად საუბრობს ამ სისტემაში არსებულ მრავალ პრობლემაზე. მათ შორის, შეიძლება ითქვას, ყველაზე აქტუალურია თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობისა და საინფორმაციო ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხი, რის გამოც რთული ხდება როგორც ამ უწყების ობიექტური შეფასება, ასევე მის საქმიანობაზე ეფექტური დემოკრატიული კონტროლის განხორციელება.
წინამდებარე კვლევის მიზანია თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის კვლევა და იმ დადებითი და უარყოფითი ტენდეციების წარმოჩენა, რომლებიც საზოგადოების აქტიურ ყურადღებას იმსახურებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა კრიტიკული თვალით არის დანახული და მისი ამოცანა სულაც არ ყოფილა მიღწეული პოზიტიური შედეგების დემონსტრირება. ჩვენი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის მისიაა თავდაცვის უწყებაში არსებული პრობლემების საზოგადოებისთვის გაცნობა და სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მათი აღმოფხვრის მექანიზმების ძიებაა.
დაბოლოსს, გამჭვირვალობა თავდაცვის სფეროში არის ის აუცილებელი პრინციპი, რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია ჯარის, როგორც საზოგადოების ნაწილის, დემოკრატიულ სახელმწიფოში სრულფასოვანი თანაარსებობა. ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ აქ წამოჭრილი საკითხები საზოგადოების ინტერესს დაიმსახურებს და ის ზეგავლენას მოახდენს სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობაზე დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და გაითვალისწინოს საზოგადოებრივი ინტერესები.
![]() |
2 მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
მონიტორინგის წარმათვისას რთულ საქმეს წარმოადგენდა ადეკვატური და ეფექტური მეთოდოლოგიის შერჩევა. როდესაც საუბარია ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების გამჭვირვალობის კვლევაზე, ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ არა მხოლოდ პირდაპირ ამ სამინისტროს შიდასაქმიანობის კვლევაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ აფასებს საზოგადოება ამ უწყების გამჭვირვალობის ხარისხს და რამდენად ეფექტურად და, რაც მთავარია, ობიექტურად ახდენს თავად ეს უწყება საზოგადოების ინფორმირებას. კვლევა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, რომ ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად ჯარმა საზოგადოებისადმი მაღალი ნდობა დაიმსახურა. რთულია თავად ამ ნდობის ფაქტორების განსაზღვა; საზოგადოება გამოხატავს თავის პოზიტიურ დამოკიდებულებას ჯარისადმი, როგორც ვაჯკაცური სამსახურისადმი, თუ ის აღიარებს ამ უწყების მმართველობის ეფექტურობასჱ ამ და სხვა კითხვებზე პასუხის ერთ კვლევაში გაცემა საკმაოდ რთულია და ის შეიძლება გასცდეს ჩვენი კვლევის საგანს, ამდენად ჩვენ შევეცდებით უფრო კონკრეტულ საკითხებზე მოვახდინოთ ჩვენი ორიენტირება და მათი ანალიზის საფუძველზე გავცეთ კითხვას პასუხი, თუ რამდენად აკმაყოფილებს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის დონე როგორც თავად საზოგადოებას, ასევე იმ საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტებს, რომლის შემადგენელი ნაწილიც შეიძლება საქართველოც სულ მალე გახდეს.
1. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ გამოვკითხეთ მასმედიის 13 წარმომადგენელი, განსაკუთრებით ის ჟურნალისტები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ თავდაცვის საკითხებზე და სწორედ რომ მათ საქმიანობაზეა მეტწილად დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირებულობა.
2. გამოკითხვის ობიექტებად ასევე მივიჩნიეთ ის არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც უშუალოდ აქვთ ყოველდღიური შეხება თავდაცვის უწყებასთან ან ორიენტირებული არიან ამ სისტემის კვლევაზე. მათი საქმიანობის კვლევის მიზანს წარმოადგენდა ის, თუ რა საშუალებები და შესაძლებლობები გააჩნიათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა, ერთი მხრივ, განახორციელონ თავდაცვის უწყების საზოგადოებრივი კონტროლი, მეორე მხრივ კი, მონაწილეობა მიიღონ ამ სისტემაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. კველევის პროცესში ასოციაციამ ჩაატარა ექსპერიმენტი თავდაცვის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენიმე თვის მანძილზე ასოციაციამ, პარლამენტის რამდენიმე წევრმა, ჟურნალისტმა და რიგითმა მოქალაქემ წერილობით მიმართა თავდაცვის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით. ამ მეთოდოლოგიის გამოყენება ემყარებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან მიაწოდონ ნებისმიერ იურიდიულ თუ კერძო პირს საჯარო ინფორმაცია.
4. კვლევის ობიექტი იყო ასევე თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი, როგორც ერთ-ერთი საშუალება საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ასოციაციამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია საბიუჯეტო სახსრების გამჭვირვალობისა და თავდაცვის სამინისტროს ანგარიშვალდებულობის საკითხს.
5. კვლევის პროცესში ასოციაცია დაინტერესდა ასევე, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი საქმეთა დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობით, ასევე მისი სამომავლო გეგმებით, რისთვისაც მოხდა ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინტერვიურება.
ქვემოთ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ის კრიტიკული თვალით არის წარმოჩენილი და შეიძლება თავად თავდაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი კვლევა არაობიექტურად, უფრო სწორად კი მიკერძოებულად ჩათვალოს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ეს კვლევა შეიძლება მართლაც მიკერძოებული იყოს და მხოლოდ საზოგადოების სურვილს გამოხატავდეს - დავინახოთ ხარვეზები თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის თვალსაზრისით და მოვითხოვოთ მისგან ამ მხრივ რეფორმების განხორციელება, რეფორმებისა, რომლებიც ორიენტირებული იქნება ღიაობზე, თანამშრომლობასა და ნდობაზე.
![]() |
3 მასმედია და ჟურნალისტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის პროცესში გამოკითხულ იქნა 4 ტელეკომპანიის, 5 გაზეთისა და 4 რადიოს ჟურნალისტი. კითხვარის ძირითადი არსი მდგომარეობდა იმაში, თუ რამდენად ადვილად მოიპოვებენ ჟურნალისტები მათთვის საჭირო ინფორმაციას და რამდენად ეფექტურია თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების საქმეში. კითხვარის ბოლოს ჟურნალისტებს ჰქონდათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი ხედვა თავდაცვის სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და წარმოეჩინათ თავიანთი რეკომენდაციები.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავდა იმ პოზიციას, რომ განსაკუთრებით ბ-ნი დავით კეზერაშვილის მინისტრად მოსვლის შემდეგ სამინისტროს გამჭვირვალობა ძალიან დაეცა და ის, ფაქტობრივად, დახურულ სისტემად იქცა. მასმედიის წარმომადგენლების განცხადებით, ჟურნალისტებსა და თავდაცვის სამინისტროს ურთიერთობებში მნიშვნელოვნად უკეთესი მდგომარეობა იყო მინისტრების - გ. ბეჟუაშვილისა და გ. ბარამიძის, დროს, ხოლო ბ-ნი ი. ოქრუაშვილის დროს ურთიერთობები უფრო გართულდა, თუმცა თავადაცვის სფეროში ღონისძიებების სიმრავლის გამო, მათ ამ სფეროს ირგვლივ ამ პერიოდში ბევრი სიუჟეტისა თუ რეპორტაჟების მომზადების საშუალება ჰქონდათ.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის საკითხი პირდაპირ კავშირშია კონკრეტული მინისტრის ნებასა და დამოკიდებულებასთან მას-მედიასთან ურთიერთობაში. რადიო „თავისუფლების” ჟურნალისტი, კობა ლიკლიკაძე აცხადებს, რომ მას თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა ბ-ნი ი. ოქრუაშვილის მინისტრობის დროს. „ჩემი სიუჟეტები კრიტიკულად აფასებდა სამხედრო მშენებლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საკადრო პოლიტიკა, ურთიერთობა სამოქალაქო სექტორსა და მედიასთან, ხარვეზებს ნატო-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და სამხედრო ხელმძღვანელობის გაუმართლებელ საომარ რიტორიკას. ბ-ნი კეზერაშვილის მინისტრად მოსვლის შემდეგ, სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა სამინისტროს მმართველობაში რჩებიან ადამიანები, რომლებიც კვლავ ძველი სტერეოტიპებით აზროვნებენ” - აცხადებს ბ-ნი კობა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნია უწყებაში ჟურნალისტთა აკრედიტაციის სისტემა, რის გამოც, მათ ნებისმიერი სიუჟეტის მომზადებისთვის წინასწარ სჭირდებათ სამინისტროსა თუ მის დაქვემდებრებაში არსებულ უწყებებში შესვლის შესაბამისი ნებართვის მოპოვება. ჟურნალისტთა განცხადებით, ეს საკმაოდ არასასიამოვნო ბარიერია მათთვის, რამდენადაც ყოველივე ეს მოითხოვს დროსა და ენერგიას და ქმნის მათი საქმიანობის განხორციელებაში სხვადასხვა გაუგებრობასა და დაბრკოლებებს. „კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველისა და ჟურნალ „არსენალის” რედაქტორის ბ-ნი ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, „ჟურნალისტებისთვის აკრედიტაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ფარატინა მოწმობა, ნატოს ქვეყნებში აკრედიტირებული ჟურნალისტები თითქმის დაუბრკოლებლად შედიან ნებისმიერ არასაიდუმლო სამხედრო ობიექტზე და უკვე ადგილზე შეთანხმებით ასრულებენ თავიანთ საქმიანობას. მეტიც, მაგალითად შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს შენობაში (პენტაგონში) მასმედიის საშუალებებს აქვთ თავიანთი ოფისები და წარმომადგენლები, რომლებიც დაუბრკოლებლად მუშაობენ და ოპერატიულად გადასცემენ ინფორმაციებს თავიანთ რედაქციებს.”
ჟურნალისტებმა გამოხატეს თავიანთი უკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ გარდა იმისა, რომ არასაკმარისი შესაძლებლობაა ამ სფეროს ირგვლივ ინფორმაციის მიღება, რთულია ასევე საჭიროების შემთხვევაში (დროის ფაქტორის გათვალისწინებით) სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირისგან კომენტარის მიღება. უმეტესს შემთხვევაში მათ უწევთ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ სამქეთა დეპარტამენტთან შეთანხმება, რაც ხშირად განზრახ თუ ობიექტური მიზეზების გამო დროში იწელება, რაც საინფორმაციო საშუალებებისთვის, ფაქტობრივად, სიუჟეტის ჩავარდნის ტოლფასია. ამასთან ხშირია შემთხვევები, როდესაც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თავს იკავებენ კომენტარის გაკეთებისგან ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის არქონის გამო და რესპოდენტის გადამისამართების პროცესში შესაბამისი შედეგის მიღწევა შეუძლებელი ხდება. გამოკითხულ ჟურნალისტთა მხოლოდ 23% აცხადებს, რომ მათთვის სასურველი ინფორმაციის წყარო არის თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები. ჟურნალისტთა უმრავლესობა ინფორმაციის მისაღებად უფრო მეტად სამოქალაქო სექტორის წარმომამდგენლების მიმართავს, თუმცა აქაც თვალსაჩინოა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის ხარისხი. თუ რა წყაროებიდან იღებენ ჟურნალისტები მათთვის საჭირო ინფორმაციას, პროცენტულად ასე გამოიყურება:
პარლამენტის წევრები - 15,4%
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი - 23%
თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი - 38,4%
დამოუკიდებელი ექსპერტები - 100%
არასამთავრობო ორგანიზაციები - 92,3%
პირადი წყაროები - 76,9%
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათთვის სასურველი ინფორმაციის წყარო დამოუკიდებელი ორგანიზაციები და პირები იმდენად უფრო არიან, რამდენადაც თავდაცვის სამინისტრო ხშირად აქტუალურ ინფორმაციას ან ბლოკავს, ან დროში იმდენად წელავს, რომ ისინი „იძულებული” არიან დამოუკიდებელ ექსპერტებს დაეკითხონ, რათა თავიანთი საქმიანობა დროულად წარმართონ. გარდა ამისა, მათი განცხადებით, საზოგადოების ნდობაც ამ პირების მიმართ უფრო მაღალია და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია საინტერესო და აქტუალური საზოგადოებისათვის. ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ისინი საერთოდ აღარ ცდილობენ ინფორმაციის თავდაცვის სამინისტროსგან მიღებას, ვინაიდან “მობეზრდათ” დროის უაზროდ ხარჯვა და წინასწარ იციან, რომ ოფიციალური წყაროსგან სასურველ ინფორმაციას ვერ მიიღებენ.
ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი მიანიშნებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული გამჭვირვალობა ძირითადად დაკავშირებულია თავად სამინისტროს ნებასა და ინტერესზე. მათი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ იმ ინფორმაციას ხსნის 100%-ით, რომელიც მათი საქმიანობის ზოგად თემებს შეეხება, ხოლო როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტის კონკრეტულ ინტერესს - გააკეთოს რეპორტაჟი აქტუალურ თემებზე ან გამოიკვლიოს რაიმე სახის ინციდენტი, რომელიც თუნდაც შეიძლება სულაც არ იყოს ამ უწყების საქმიანობის ნეგატიურად ამსახველი, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო “ფრთხილობს” და ჟურნალისტს უქმნის ბარიერებს შესაბამისი ინფორმაციის მოპოვებისათვის. ცხადია, რომ არც ერთ უწყებას არ სურს თავისი საქმიანობის შესახებ კრიტიკული ხასიათის ინფორმაციის გაშუქება მასმედიის საშუალებებში, თუმცა ამ პრობლემის მოგვარების და სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყნების ნაცვლად, სამინისტრო უბრალოდ უარს აცხადებს რაიმე სახის კომენტარისაგან და არც ჟურნალისტს აძლევს უფლებასა და საშუალებას ჩაატაროს ჟურნალისტური გამოძიება. თუმცა, იშვიათად, მაგრამ მაინც, იყო შემთხვევები, როდესაც განკაუთრებით ტელეჟურნალისტები დაშვებულ იქნენ სამხედრო ნაწილებში პირადი ინიციატივით და მომზადებული აქვთ სხვადასხვა სახის სიუჟეტები.
ჟურნალისტები ასევე უჩივიან იმ ფაქტს, რომ უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც მათ მოუწიათ თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე დასწრება. გამოკითხულ ჟურნალისტთა ნახევარზე მეტი აცხადებს, რომ დროის ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყვნენ მიწვეული პრესკონფერენციაზე, ხოლო ბ-ნი დ. კეზერაშვილის მოსვლის შემდეგ თითქმის არცერთხელ. გამოკითხულთა 90% ეთანხმება იმ აზრს, რომ თავდაცვის სამინისტრო ახდენს მხოლოდ იმ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მის პიარ-კამპანიას ემსახურება. ხოლო უწყების ირგვლივ გავრცელებული მგრძნობიარე ანდა პრობლემატური ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, რაც, ცხადია, საზოგადოების უფრო მაღალ ინტერესს იწვევს, იგი, ფაქტობრივად, უარს აცხადებს საჯარო განცხადების გაკეთებისგან. ამის მაგალითად მოყვანილია ა.წ. მარტში მომხდარი 2 ფაქტი, როდესაც ერთ შემთხვევაში შეიარაღებული ძალების ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა, მეორე შემთხვევაში კი გამოვლინდა ჯარისკაცის ცემის ფაქტი. ორივე შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა მწირი საჯარო განცხადება, თუმცა შემდგომ პერიოდში წამოჭრილი მრავალი კითხვა უპასუხოდ დატოვა. გასაგებია, რომ ამ ორივე ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა შეიძლებოდა საზოგადოების მზარდი ინტერესის გარკვეულწილად დაკმაყოფილება. ჟურნალისტთა განცხადებით, სწორედ იმ ფაქტებს, რომლებიც წარმოაჩენენ ამ უწყებაში არსებულ პრობლემებს და ხშირ შემთხვევაში იწვევენ საზოგადოების უფრო მეტ ყურადღებას, თავდაცვის სამინისტრო ტაბუს ადებს და ცდილობს არ გაჟღერდეს მათ შესახებ ინფორმაცია მასმედიის საშუალებებში. ასეთი ვითარება მნიშვნელოვნად უშლის ხელს საზოგადოებასა და თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთობებს, რომელიც დამყარებული იქნება ნდობასა და ობიექტურობის განცდაზე.
მასმედიის წარმომადგენლები თვლიან, რომ თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობისას ძირითადი პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ „არ არსებობს ერთიანი თავდაცვის საინფორმაციო პოლიტიკა და მედიასთან თუ კონკრეტულ ჟურნალისტებთან ურთიერთობა ემყარება მხოლოდ მინისტრის კეთილ ნებას.” თანამდებობის პირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებელი არიან შეაფასონ მოვლენები და დააკმაყოფილონ საზოგადოებრივი ინტერესები, თავს არიდებენ საჯარო განცხადების გაკეთებას და არც სხვა ოფიციალურ პირებს არ აძლევენ ამის გაკეთების უფლებას, რათა ,,შეცდომა არ გაიპაროს”. სწორედ მოვლენებზე ამ სახით რეაგირება, უფრო სწორედ კი - დუმილი, ხელს უშლის თანამშრომლობის განვითარებას სამხედრო უწყებასა და მას-მედიას შორის.
საბოლოო ჯამში, გამოკითხულმა 13-მა ჟურნალისტმა თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხი და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 10 ბალიანი სისტემის ფარგლებში (ცუდი -1... კარგი - 10) შეაფასა საშუალოდ 3,3 ქულად.
კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ასოციაციამ ,,სამართალი და თავისუფლება” შეისწავალა და გაანალიზა ჟურნალისტთა ხედვა თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. შედეგების მიხედვით, ჟურნალისტები აღიარებენ, რომ პრობლემები არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მმართველობაშია, არამედ იმაშიც, რომ ქართულ სივრცეში დაბალია სამხედრო ჟურნალისტიკის პროფესიონალიზმის დონე. მათი განცხადებით, ამ პრობლემის გამოსასწორებლად ნაბიჯი უნდა გადაიდგას ორივე მხრიდან და მოხდეს ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რათა გაიზარდოს საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების ხარისხი. ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმაც უნდა დაძლიონ ინერცია და სამხედრო საქმის უკეთ მცოდნე პროფესიონალი ჟურნალისტები მიიზიდონ” - აცხადებს კობა ლიკლიკაძე. ჟურნალისტები ასევე მიმართავენ თავდაცვის სამინისტროს თხოვნით, იზრუნონ პრესასთან ურთიერთობის სამსახურების პერსონალის პროფესიონალიზმზე და, კანონის ფარგლებში, მისცენ მათ მოქმედების თავისუფლება მათსავე ყოფილ კოლეგებთან სასარგებლო ურთიერთთანამშრომლობისათვის. „ჟურნალისტს, სულ მცირე, პატივი უნდა სცენ, არ მოატყუონ და ხელი არ შეუშალონ თავისი საქმიანობის განხორციელებაში” - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.
ჟურნალისტები ასევე ითხოვენ იმ პროცედურების დაკონკრეტებასა და გამარტივებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი გახდება მათი ურთიერთობა თავდაცვის სამინისტროსთან. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ არასაიდუმლო სამხედრო ობიექტებზე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ შესვლა და თუნდაც ჯარისკაცის ცხოვრებაზე რეპორტაჟის მომზადება და ეს პროცესი არ უნდა იყოს ბიუროკრატიულად რთული ბარიერების შემცველი.
ჟურნალისტთა აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს დიალოგს თავდაცვის სამინისტროსთან ზემოაღნიშნული საკითხების დარეგულირების მიზნით. მათი განცხადებით, დიალოგისა და შესაბამისად შეთანხმების მიზანი უნდა იყოს ის, რომ სამინისტრო უფრო კომუნიკაბელური და გამჭვირვალე გახდეს; თავის მხრივ, ჟურნალისტებმა უნდო მოისმინონ ის სამართლიანი არგუმენტები, თუ რატომ შეიძლება გარკვეულ თემებზე ტაბუს დადება და სიუჟეტების მომზადებაში თანამშრომლობა მხოლოდ იმ თემებზე, რომლებიც მისაღებია თავდაცვის უწყებისათვის. დაბოლოს, ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომელთაც გარკვეულწილად შეზღუდული აქვთ სამინისტროსთან ურთიერთობა და, შესაბამისად, გმობენ იმ ფაქტს, რომ კრიტერიუმი ამგვარი დამოკიდებულებისა უმრავლეს შემთხვევაში არის ჟურნალისტის კრიტიკული სტატიები თუ სიუჟეტები.
![]() |
4 არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის პროცესში გამოკითხულ იქნა 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, განსაკუთრებით ის ორგანიზაციები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან და ზოგადად დაინტერესებული არიან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების მანძილზე არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ აქტიურ თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროსთან და ეს გარკვეულწილად მიიღწეოდა კიდეც. ბოლო 8 წლის განმავლობაში არა ერთი მაგალითი შეიძლება იქნეს მოყვანილი, როდესაც თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლვი პროექტები იქნა განხორციელებული. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მუშაობა ,,შეიარაღებული ძალების სამხედრო საჯარისო სადისციპლინო წესდებაზე”, რომელიც ასოციაციამ „სამართალი და თავისუფლება” მოუმზადა თავდაცვის სამინისტროს და დღეს ეს ნორმატიული აქტი აქტიურად მოქმედებს ქართულ ჯარში და შეესაბამება ნატოს სტანდარტებს. ამავე ორგანიზაციამ 1999-2001 წლებში თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ნებართვა და განახორციელა მონიტორინგი საჯარისო ნაწილებში, რაც პოსტ-საბჭოურ სივრცეში უპრეცედენტო შემთხვევა იყო. თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 3 ნოემბრის ბრძანება #315 „საქართველოს თავდაცვის მინისტრის სათათბირო ორგანოს-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის შესახებ”, რომელიც დაკომპლექტებული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით, თუმცა ამ საბჭოს ერთი დღეც კი არ უმუშავია იმის გამო, რომ ამ კეთილი ნების გამომხატველი მინისტრი, ბ-ნი გ. ბარამიძე, შეცვალა ბ-ნმა ი. ოქრუაშვილმა, რომელმაც ასეთი საბჭოს არსებობა არამიზანშეწონილად მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად იგი არ გაუუქმებია. პოზიტიურ მაგალითებად შეიძლება დასახელდეს ასევე თავდაცვის სამინისტროსა და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს” მიერ ერთობლივად მომზადებული კონფერენციები და შეხვედრები, რომელთაც შეიძლება პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა არსებული დიალოგი თანამშრომლობის თვალსაჩინოდ უნდა ჩაითვალოს. თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი პროექტები განახორციელეს ასევე „ფრიდრიხ ებერტისა” და „ჰორიზონტის” ფონდებმა, თუმცა შედეგები ნაწილობრივ არადამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული ფონდების მიერ. ბ-ნი დ. კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” შორის, რომლის მიზნებსა და ამოცანებს მოგვიანებით შევეხებით.
ერთი შეხედვით ფაქტი სახეზეა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან ინტერესი თავდაცვის სფეროსთან მიმართებაში მაღალია და თავდაცვის სამინისტროსთვის თანამშრომლობაც მისაღები იყო. თუმცა, როგორც კვლევამ უჩვენა, რეალობა არც თუ ისე დამაკმაყოფილებელია. კითხვაზე - როგორ შეაფასებდით საქართველოს სამხედრო უწყების საინფორმაციო ხელმისაწვდომობას და გამჭვირვალეობასჱ - 12 ორგანიზაციიდან ერთმა თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან, ხოლო 10 ბალიანი სისტემის ფარგლებში (ცუდი -1... კარგი - 10) დარჩენილმა 12 ორგანიზაციამ საშუალოდ შეაფასა 3,5 ქულად. თუმცა რეალურად ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა, რომ არა ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი გამჭვირვალობის 9 ბალად შეფასება იმის გამო, რომ მათ პირადად სამინისტროსთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა გააჩნიათ. სანამ უშუალოდ ამ ურთიერთობათა პრობლემებს შევეხებოდით, გადავხედოთ გამოკითხვის შედეგებს:
1. პირველი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რა სახის ინფორმაციით ინტერესდებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პასუხები ასე განაწილდა:
თავდაცვის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებით - 92,3%
ნატოში ინტეგრაციის საკითხებით - 92,3%
თავადაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებით - 76,9%
სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის საკითხებით - 69,2%
თავდაცვის უწყებაში კორუფციის საკითხებით - 100%
როგორც მეთოდოლოგიაში აღინიშნა, გამოკითხული არასამთავრობო ორგანიზაციები შეირჩა მათი აქტივობის მიხედვით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში და, შესაბამისად, ამ საკითხებისადმი მათი ინტერესის ხარისხიც ძალიან მაღალი იყო. გამოკითხულთა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თავდაცვის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობა.
2. რა წყაროებიდან ღებულობთ ინფორმაციას სამხედრო უწყებაში მომხდარი მოვლენების შესახებ
პარლამენტის თ.უ. კომიტეტისგან - 15,4%
დამოუკიდებელი ექსპერტებისგან - 76,9%
არასამთავრობო ორგანიზაციებისგან - 84,6%
თ.ს.-ს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტისგან - 15,4%
პირადი ნაცნობებით - 61,5%
ვაგზავნი წერილს - 46,1%
თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდიდან - 53,8%
სხვა წყაროებიდან
(მედია, პუბლიკაციები, უცხოელი ექსპერტები) - 69,2%
როგორც ჟურნალისტთა გამოკითხვიდან ჩანს, ინფორმაციის ძირითად წყაროდ ამ შემთხვევაშიც სამოქალაქო სექტორია. მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, როგორც ინფორმაციის წყაროს, ასახელებს მხოლოდ 2 რესპოდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელ ექსპერტებისა და სხვა წყაროებისადმი ნდობა უფრო მაღალია და ის 70-დან 85 %-მდე მერყეობს. როგორც ამ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ საინტერესო ინფორმაციას ისინი ერთმანეთში უფრო სწრაფად და ოპერატიულად ავრცელებენ, ვიდრე ამას თავად თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ, რესპოდენტთა განცხადებით, „დახურული თემები” უფრო სწრაფად ვრცელდება და ხდება ამ თემების გაღრმავება, ვიდრე ღია და ოფიციალური ინფორმაციისა.
3. შემდეგი კითხვა განკუთვნილი იყო იმ რესპოდენტებისთვის, რომლებიც წერილობით ცდილობენ მოიპოვონ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსგან. მათი რაოდენობა მხოლოდ 6 აღმოჩნდა. უმრავლესობას წერილი წელიწადში რამდენჯერმე, ზოგიერთს კი მხოლოდ ერთხელ აქვს გაგზავნილი. კითხვაზე, თუ რამდენად დროულად იღებენ პასუხებს და ხდება თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაკმაყოფილება საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით, პასუხები არა ერთგვაროვანია; თუკი ზოგიერთი ორგანიზაცია პასუხებს დაუყოვნებლივ ან 10 დღის ვადაში იღებს, ზოგიერთი მათგანი ან საერთოდ არ იღებს ან მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში. ამ საკითხს დაწვრილებით შემდეგ თავებში შევეხებით და შესაბამის დასკვნებსაც ქვემოთ მოგახსენებთ.
4. შემდეგი საკითხი შეეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში განხორციელებულ პროექტებს. როგორც გაირკვა, გამოკითხულ ორგანიზაციებიდან 6 ორგანიზაციას განუხორციელებია სხვადასხვა მიმართულების პროექტი. როგორც კვლევამ ცხადყო, თანამშრომლობას თავად პროექტის ავტორები პოზიტიურად აფასებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტებით გათვალისწინებულია შეხვედრები, ერთობლივი კონფერენციები და მცირე ვადიანი კვლევები, ხოლო როდესაც პროექტები ეხება გრძელვადიან კვლევას და დაკავშირებულია გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობასთან ან ითვალისწინებს მაგალითად მონიტორინგს სამინისტროს საქმიანობის შესახებ, რასაც შეიძლება მოჰყვეს პრობლემების გამოაშკარავება, ასეთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციები ხედავენ უარყოფით დამოკიდებულებას მათ მიმართ და ხშირად ადგილი აქვს მათ საქმიანობაში ხელის შეშლასაც. ამის ნათელი მაგალითია ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოსა” და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს პროექტები, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა ძირითადად ერთობლივი შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება და სხვადასხვა დოკუმენტებზე შენიშვნების წარდგენა. ასეთი თანამშრომლობის წარმატების ნიშანია სწორედ ის, რომ ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ - თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭომ მემორანდუმი გააფორმა თავდაცვის სამინისტროსთან და აგრძელებს ასეთი სახის საქმიანობებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად. სხვა შემთხვევაში კატეგორიული უარია, მაგალითად როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ითხოვენ თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს ან პროექტებით გათვალისწინებულია ჯარში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა. ამის ნათელი მაგალითია ასოციაციის „სამართალი და თავისუფლება” მიერ თავდაცვის მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი თანამშრომლობის წინადადებით, კერძოდ, ასოციაცია სთავაზობდა თავდაცვის სამინისტროს, რომ საჩუქრად გადასცემდა ყველა სამხედრო მოსამსახურეს გზამკვლევებს „საქართველოს შეიარაღებული ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების შესახებ,” სადაც მოცემულია ყველა ის უფლება-მოვალეობანი, რაც დაკავშირებულია სამხედრო მოსამსახურის მიერ ჯარში დისციპლნის განმტკიცებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული წესდება მომზადდა ასოციაციის მიერ 2000-02 წლებში და ცხადია, მის არსში ასოციაცია ყველაზე კარგად ერკვეოდა. შესაბამისად, ასოციაციას სურდა თავისი ცოდნა გაეზიარებინა თავდაცვის უწყებისათვის და სამხედრო მოსამსახურეებისათვის, გარდა საჩუქრად გადაცემული ბროშურებისა, მათთვის ადგილზე გაეცნო მათი უფლება-მოვალეობები აღნიშნული წესდების მიხედვით. ამ პროექტის მიზანი იყო ჯარში კანონის უზენაესობაზე ზედამხედველობა და არასაწესდებო ურთიერთობათა პრევენცია, ასევე იმ სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა, რომელთა წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა არაკანონიერი სასჯელი. შესაბამისი წინადადების არათუ განხილვა მომხდარა, არამედ წერილზე პასუხიც კი არ გაუცია თავდაცვის სამინისტროს, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ბროშურებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია სამხედრო მოსამსახურეთა მხრიდან.
თანამშრომლობაზე და თავის არაორდინალურ დამოკიდებულებაზე მიანიშნებს ასოციაციის ”სამართალი და თავისუფლება” კიდევ ერთ ინიციატივაზე პასუხი თავდაცვის სამინისტროსგან, კერძოდ: ასოციაციამ ”სამართალი და თავისუფლება” 2006 წლის დეკემბრის თვეში გამოსცა წიგნი ”ჯარი და დემოკრატია”, რომელიც ეფუძნებოდა ნატოს ქვეყნების გამოცდილებას ჯარში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების თაობაზე. წიგნი გამოცემიდან უახლოეს პერიოდში ასოციაციამ საჩუქრად გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მათ შორის მინისტრსა და მის მოადგილეებს, ასევე გენერალური შტაბის უფროსს, ბ-ნ ზაზა გოგავას. გენერალურ შტაბის უფროსს გაეგზავნა ასევე დამატებით 25 ეგზემპლარი გენ-შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისთვის საჩუქრად გადასაცემად. წიგნების გაგზავნიდან 3 დღის შემდეგ გენერალურმა შტაბმა ასოციაციას უკან დაუბრუნა აღნიშნული ბროშურის ოცდახუთივე ეგზემპლარი წერილთან ერთად. წერილში აღნიშნული იყო:
„შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობის დავალებით გიბრუნებთ ბროშურის „ჯარი და დემოკრატია” ნამატ ეგზემპლარებს.
დანართი: ბროშურის 25 ეგზემპლარი.
პატივისცემით,
გენერალური შტაბის მმართველობის ოფისის უფროსი
პოლკოვნიკი - ს. კობეშავიძე”
წიგნების დაბრუნების მიზეზი ამ წერილში მითითებული არ ყოფილა, თუმცა მოგვიანებით ბ-ნ ზაზა გოგავასთან პირადი საუბრისას გაირკვა, რომ აღნიშნული ბროშურები იყო „პროკლამაციური” ხასიათის და რომ სანამ ასოციაცია მის გამოქვეყნებას დააპირებს, უმჯობესია „ის წინასწარ შეთანხმებულ იქნეს გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან”. თითქოსდა გაუგებარი უნდა იყოს, თუ რატომ გამოხატა თავდაცვის სამინისტრომ ასეთი რეაქცია საჩუქრად გაგზავნილ წიგნებზე, მაშინ, როდესაც ამ წიგნში, ექსპერტების შეფასებით, მხოლოდ იმ გამოცდილებაზეა საუბარია, რომელიც ნატოს ქვეყნებს გააჩნიათ, ასევე ამ ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შესაბამის რეკომენდაციებზე. პასუხი მდგომარეობს არა ამ წიგნის შინაარსში, არამედ თავადაცვის სამინისტროს პოლიტიკაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართებაში.
თავდაცვის სამინისტროს არ სურს ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თუ ამას აკეთებს მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პრაქტიკა მიღებულია ნატოს წევრ ქვეყნებში და ამ საკითხს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ნატო. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო ცდილობს ითანამშრომლოს მხოლოდ იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც ითვალისიწნებენ მათ პოლიტიკას, არ ახდენენ მათი საქმიანობის კრიტიკას და მხოლოდ ერთმანეთთან შენიშვნების მიწერ-მოწერით არიან დაკავებული. რაც მთავარია, თუნდაც შენიშვნა არ სცილდება ურთიერთობის ფარგლებს და არ ხდება მისი მას-მედიაში გამჟღავნება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომლებიც ,,wachdog” ტიპის ორგანიზაციები არიან და არ ერიდებიან სამინისტროში არსებულ პრობლემებზე საუბარს, ასევე, ისინი, ვინც ითხოვს ჯარში ადამიანის უფლებების დაცვას და შესაბამისად - პასუხისმგებლობას სამინისტროში არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით, ანუ უკვე ერევიან შიდა მმართველობის საკითხებში, - ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა თავდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია, უფრო სწორედ კი - მათთვის დღეს კარები ჩაკეტილია, თუნდაც კონკრეტული პროექტი მხოლოდ ხელს შეუწყობდა საერთო საქმეს.
კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ სამინისტრო კატეგურიულად ეწინააღმდეგება სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, დაკავშირებულია საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობასთან, კერძოდ, 2006 წლის დეკემბრის თვეში სახლახო დამცველის აპარატმა განახორციელა 7 ვიზიტი სამხედრო ჰაუპტვახტებში, რის შემდეგაც უარყოფითი დასკვნა წარმოადგინა და იქ არსებული მდგომარეობა შეაფასა როგორც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემცველი. ამის შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ აღარ დაუშვა სახალხო დამცველის წარმომადგენლები სამხედრო ნაწილებში. სულ განხორცილებული 21 ვიზიტიდან 14 შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უარი ეთქვათ სამხედრო ნაწილების მონახულებაზე, რაც ყოვლად მიუღებელი ფაქტია, რამდენადაც ის უგულვებელყოფს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ბ-ნ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, მდგომარეობა გამოსწორდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საკითხი პარლამენტის თავმჯდომარის განხილვის საგანი გახდა.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა ხდება მხოლოდ გარედან, როდესაც ორგანიზაციები ამზადებენ შენიშვნებს, რეკომენდაციებს და უგზავნიან სამინისტროს; ზოგიერთი ორგანიზაცია კი აქვეყნებს სხვადსხვა სახის მონიტორინგის შედეგებს და არაპირდაპირ ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ასეთ ქმედებას შედეგი მოაქვს და ხშირად თავდაცვის უწყება ითვალისწინებს წარმოდგენილ შენიშვნებს. სწორედ ეს ვითარება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და თავდაცვის სამინსიტროს შორის ურთიერთობების დარეგულირება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გამოკითხვის ბოლო ნაწილი დაეთმო ამ ორგანიზაციების ხედვას, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს ურთიერთობები და როგორ უნდა მოხდეს შემდეგომი თანამშრომლობის განვითარება. ქვემოთ წარმოგიდგენთ ზოგიერთ მოსაზრებას:
„ორივე მხრიდან აუცილებელია ურთიერთობის ფორმებზე და ეთიკაზე შეთანხმება. გაუმჯობესებას ითხოვს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი. არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციაც უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას”.
დავით დარჩიაშვილი
„უნდა გამოიკვეთოს პოლიტიკური ნება და მზადყოფნა სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობისთვის და არა ბრძოლისთვის. უნდა შეიქმნას ურთიერთობის წესები და დარეგულირდეს ქცევის ნორმები.”
თამარ პატარაია
„უნდა ამოქმედდეს მინისტრის მრჩეველთა საბჭო და შეხვედრებს უნდა ჰქონდეს აზრი, ეს არ უნდა კეთდებოდეს საჩვენებლად, არამედ რჩევების გასათვალისწინებლად.”
ია თიკანაძე
„საჭიროა ინფორმაციის დროულად სრულყოფა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა, მომავალ გეგმებსა თუ რეფორმებზე ერთობლივი მუშაობა.”
ნინა ხატისკაცი
„ამ ურთიერთობებმა უნდა შეიძინოს მყარი, ინსტიტუციური ხასიათი”.
ირაკლი მჭედლიშვილი
„აუცილებლად უნდა გაიზარდოს ნდობა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებს შორის და ეს მიიღწევა მხოლოდ სამინისტროს მხრიდან გამჭვირვალე და ღია ურთიერთობების პირობებში.”
ვანო თავაძე
„როგორც ამ პროექტის ავტორი, ვფიქრობ, რომ ჩვენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, კერძოდ დავიცვათ ჩვენი - საზოგადოებრივი ინტერესები და დროულად მოვახდინოთ რეაგირება არაკანონიერ ქმედებებზე. ჩვენი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად ჩვენ უნდა გვქონდეს სრული და თანაბარი უფლება, მიუხედავად ჩვენი შეხედულებებისა და პოზიციებისა, განვახორციელოთ საზოგადოებრივი კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე. ერთადერთი პრობლემა ამ ურთიერთობებში არის სამინისტროს მხრიდან ამ დემოკრატიული პრინციპებისადმი არასწორი პოლიტიკური ნება. პერსპექტივა ჩვენს ურთიერთობებს ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო ამ ბარიერს გადალახავს და უწყების კარებს მართლაც გააღებს. ურთიერთობის კონკრეტულ ფორმებზე შეთანხმება თავისუფლად შესაძლებელია დიალოგისა და ურთიერთნდობის ფორმატში.”
ირაკლი სესიაშვილი
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ჟურნალისტებს, ასევე არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია. აქაც იკვეთება თავდაცვის უწყების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ და ამ დამოკიდებულობის ინდიკატორი აქაც კრიტიკა-არკრიტიკის ფაქტორია. თავდაცვის სამინისტრო ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვავს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების „ექსპერტობის” გამო, რომ მათი შეფასებები არაკომპეტენტურია და არაპროფესიონალური. საპირისპირო მოსაზრებები გააჩნიათ ამავე ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ორივე შემთხვევაში პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს ჯანსაღი ურთიერთობები და ნდობა, ამას ემატება ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, რისი მიზეზია ის, რომ თავად თავდაცვის სამინისტრო არ ახდეს საზოგადოების დროულ და სრულყოფილ ინფორმირებულობას. რა თქმა უნდა, არსებობს დახურული ტიპის ინფორმაციაც, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს ინფორმაციის გასაიდუმლოების საკითხებს, და რომ რომელიმე დოკუმენტში ერთი საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წინადადების გამო არ უნდა მოხდეს მთლიანი დოკუმენტის გასაიდუმლოება და ამით მანიპულირება.
როგორც ანალიზმა აჩვენა თანამშრომლობის სურვილი არასამთავრობო სექტორში უფრო მაღალია, ვიდრე ამ სურვილის უზრუნველყოფა თავდაცვის უწყებაში. რეკომენდაციებიც ამისკენ მიუთითებს, საზოგადოება ითხოვს სამინისტროსგან მეტ გამჭვივრალობას, ღიაობას და თანამშრომლობის მზაობას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად რეკომენდირებულია დიალოგი და შეთანხმება კონკრეტულ მარეგულირებელ ნორმებზე, თუ როგორ და რა სახით უნდა მოხდეს საზოგადოების ჩართულობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში. რაც შეეხება პროფესიონალზმსა და კომპეტენტურობას, ამ სფეროში ორივე სექტორს მოუწევს ერთმანეთისთვის ხელისშეწყობა და განვითარება.
თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
მონიტორინგის ამ ნაწილში ადგილი დაეთმობა თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულებას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. პირველ ნაწილში მიმოვიხილავთ საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებს საჯარო ინფორმაციის თავისუფლებასა და საიდუმლო ინფორმაციის თავისებურებებს; მეორე ნაწილში კი შევეხებით ამ მხრივ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას და პრაქტიკას.
საქართველოს კანონმდებლობა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და ამ მხრივ თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულება
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის საკითხებს. ამავე კოდექსის მიხედვით, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.
საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა (მუხლი 28). სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით (მუხლი 274).
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრულია, თუ რა სახის ინფორმაცია ექვემდებარება გასაიდუმლოებას, კერძოდ: „სახელმწიფო საიდუმლოება” არის ინფორმაციის სახეობა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ცნობებს თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერობების, დაზვერვის, სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს. შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ასეთი სახის ინფორმაცია აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად და ექვემდებარება სახელმწიფო დაცვას. ამავე კანონით დადგენილია, თუ კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს საიდუმლოდ თავდაცვის სფეროში, კერძოდ, ესენია: ინფორმაცია,
ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხები;
ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების აგრეთვე სამეცნიერო - კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას;
გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.
საჯარო დაწესებულება არის ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში (მუხლი 27.ა).
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ასევე იურიდიულ ორგანიზაციებსა თუ პირებს უფლება აქვთ გაეცნონ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი. ამისათვის პირი წარადგენს წერილობით განცხადებას, სადაც აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი (მუხლი 37).
საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს (მუხლი 40).
საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას (მუხლი 41).
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა (მუხლი 38).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებას დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების, შექმნის, დამუშავების, გამოცემის თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის, საჯარო მოსამსახურის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან/და ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია (მუხლი 35).
ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს:
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;
დ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ.
ე) იმ საკანონმდებლო აქტების შესახებ, რომლებსაც დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვისას;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ;
ზ) საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ (მუხლი 49).
თავდაცვის სამინისტროში არსებული პრაქტიკა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
ასოციაციამ „სამართალი და თავისუფლება” 2006 წლის დეკემბრის თვეში 3 და 2007 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში 11 წერილი გაუგზავნა თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა შემდეგი სახის ინფორმაცია:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 და 2006 წლების ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2006 წლის საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2007 წლის გეგმიურ შემოწმებათა გრაფიკი;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის დაზუსტებული გეგმა („სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-5(2) მუხლის მიხედვით);
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2006 წლის მე-4 კვარტალში განხორცილებული შესყიდვების შესახებ დეტალური ინფორმაცია (შესყიდული პროდუქციის/მომსახურების დასახელება, ერთეულის ფასი, რაოდენობა, მომწოდებელი, შესყიდვის ფორმა);
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2006 წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების ან ფასთა კოტირების გზით შესყიდული პროდუქციის/მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომლის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში 50 000 ლარს;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2006 წლის განმავლობაში სხვადასხვა რეკლამებისა და შესაბამისი მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე ინფორმაცია იმ თემატიკების შესახებ, რომლის რეკლამირებაც მოხდა;
რამდენი საშტატო ერთეულისგან შედგება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი და ინფორმაცია მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესახებ;
ხელშეკრულების (კონტრაქტის) ფორმები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახური.
და სხვა
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ასოციაციის მიერ გაგზავნილ 14 წერილზე თავდაცვის სამინისტრომ, უარის თქმის საფუძვლების ახსნა-განმარტების გარეშე, არ უპასუხა 13 წერილს. ერთადერთი გამონაკლისი იყო ასოციაციის მიერ 2007 წლის 29 მარტს გაგზავნილი წერილი, სადაც ასოციაცია ითხოვდა:
„გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: 2006 წლის 2 ივნისის #587 ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ”.
თავდაცვის სამინისტროს მიერ 3 აპრილს გამოგზავნილი პასუხი ამ წერილზე ასე გამოიყურება:
„ჩვენთვის გაურკვეველია, თუ რა სახის საჯარო ინფორმაცია გსურთ თქვენი 2007 წლის 29 მარტის #07/03 07 წერილით მოთხოვნილ 2006 წლის 2 ივნისის #587 ხელშეკრულების შესახებ”.
ამ შემთხვევაში მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამინისტრო ჩაეტია კანონით დადგენილ 10 დღის ვადაში და პასუხი გასცა წერილს, თუმცა მართლაც რომ გაურკვეველია, თუ რა არის ასოციაციის მიერ მოთხოვნილ წერილში „გაურკვეველი”. თუმცა რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ წერილის მიღების პროცესში, ასოციაციას გასაჩივრებული ჰქონდა სასამართლოში ინფორმაციის არგაცემის საკითხი და სავარაუდოდ მხოლოდ ფორმალობის გამო მოახდინა სამინისტრომ წერილზე გაურკვეველი პასუხით რეაგირება.
რაც შეეხება დარჩენილ 13 წერილს, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ უგულვებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რიგი ნორმებისა, კერძოდ:
არ გასცა ინფორმაცია დაუყოვნებლივ, რომელიც სამინისტროს მზა სახით ჰქონდა და არ საჭიროებდა დამატებით დამუშავებას (ს.ზ.ა.კ. მუხლი 40.);
სხვა წერილებზე არ აცნობა ასოციაციას ინფორმაციის არგაცემის საფუძვლები და გასაჩივრების წესები (ს.ზ.ა.კ. მუხლი 41.) არ გასცა ინფორმაცია 10 დღის ვადაში (ს.ზ.ა.კ. მუხლი 41.)
თუმცა ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. ასოციაციამ „სამართალი და თავისუფლება” ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა სასამართლოში საჯარო ინფორმაციის არგაცემის საკითხი (სულ: 9 წერილი). სასამართლო საქმის წარმოების პროცესში თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა პასუხი გაეცა წერილებზე, თუმცა არასრულყოფილი სახით, რის გამოც კიდევ დამატებით გახდა საჭირო წერილების მიწერ-მოწერა.
შეიძლება კურიოზად მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ 2007 წლის 8 თებერვალს გაგზავნილ წერილზე პასუხი მოვიდა 47 დღის დაგვიანებით, 27 მარტს და მის კონვერტზე კურიერისთვის მითითერული იყო „სასწრაფო”. თუმცა კიდევ ერთი კურიოზი მდგომარეობს იმაში, რომ ამ წერილით გაიცა არა საჯარო ინფორმაცია, არამედ თავდაცვის სამინისტრომ ასოციაციას განუმარტა, რომ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი არ იყო საჯარო (თუმცა არ მიუთითა რის საფუძველზე, ასევე არ გამოგზავნა ის ინფორმაცია, რომელიც არ განეკუთვნებოდა საიდუმლო ინფორმაციას), ხოლო სხვა ინფორმაციაზე მიუთითა, რომ მისი დიდი მოცულობის გამო, ასოციაცია მას ადგილზე უნდა გასცნობოდა. ამ წერილის ერთ-ერთ პუნქტში ასოციაცია ითხოვდა თავდაცვის სამინისტროს 2007 წლის დაზუსტებულ გეგმას, რომლის ვალდებულება სამინისტროს აკისრია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-5 (2)-ე მუხლის თანახმად და იგი სულაც არ არის დიდი მოცულობის და სულ რაღაც რამდენიმე ფურცლით შემოიფარგლება.
რაც შეეხება სხვა გასაჩივრებულ წერილებს, ასევე „სასწრაფო” წესით გამოგზავნა თავდაცვის სამინისტრომ პასუხი წერილზე, ოღონდ ის ამ შემთხვევაში 107 დღის დაგვიანებით. უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის „გამოძალვა” შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლო წესით გასაჩივრების პირობებში. 2007 წლის 7 მარტს ასოციაციამ კვლავაც შეიტანა სარჩელი სასამართლოში საჯარო ინფორმაციის არგაცემის გამო, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლომ მოითხოვა ბაჟის გადახდა. ასოციაიციამ შეგნებულად არ გადაიხადა მოთხოვნილი ბაჟი, რათა დაკვირვებოდა თავდაცვის სამინისტროს რეაქციას, გასცემდა თუ არა იგი საჯარო ინფორმაციას სასამართლშო გასაჩივრების გარეშე. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრომ აღარ ჩათვალა საჭიროდ წერილებზე პასუხების გაცემა.
კურიოზული იყო ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გაგზავნილ წერილზე თავდაცვის სამინისტროს პასუხის ფორმა, კერძოდ: სამინისტრომ მიღებული წერილი თავის კონვერტში ჩადო და იურისტთა ასოციაციას, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, უკან გამოუგზავნა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდგენლის, ბ-ნ გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, 2007 წელს გაგზავნილ არც ერთ წერილზე სამინისტროს პასუხი არ გაუცია.
გაზეთ „რეზონანსის” მიერ გაზვანილ წერილზე, რომლითაც გაზეთი თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირთა ბიოგრაფიებს ითხოვდა, პასუხის ნაცვლად, სამინისტროს წარმომადგენლებმა დაურეკეს რედაქციას და მოსთხოვეს კანონმდებლობიდან იმ მუხლის მითითება, რომლის საფუძველზეც გამოითხოვება საჯარო ინფორმაცია. ეს შემთხვევაც შეიძლება კურიოზს მივაწეროთ.
ზემოაღნიშნულ ფაქტებზე კომენტარი ალბათ საჭიროც არ არის, თუ რამდენად იცავს თავდაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის თავისუფლებას. ყოველივე ეს მიანიშნებს ან არაკომპეტენტურობას ან განზრახ ინფორმაციის დაბლოკვას. ამის ნათელ მაგალითად, შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე ბმულში „ბიუჯეტი” განთავსებულია მხოლოდ „სწავლება „კავკასიონი-2006”-ის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ხარჯების ფინანსური გათვლა”, რომელიც თანხობრივად 8 მილიონი ლარით შემოიფარგლება, მაშინ, როდესაც 2006 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი იყო. თავდაცვის სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის შესაფასებლად ვფიქრობთ, მხოლოდ ეს ფაქტიც კი მიუთითებს, თუ რამდენად ანაგარიშვალდებულად თვლის საკუთარ თავს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოების წინაშე.
დაბოლოსს, რაც შეეხება კიდევ ერთ პასუხისმგებლობას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით: აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს პარლამენტისთვის არ წარუდგენია 2005 და 2006 წლების ანგარიშები საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით, რისი ვალდებულებაც მას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით აკისრია (საქართველოს პარლამენტის აპარატის 2007 წლის 20 მარტის წერილი #4386/3-2/487). რთულია პოზიტიური დასკვნების გამოტანა, თუ რამდენად გამჭვირვალედ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან და აწვდის მას საჯარო ინფორმაციას, მაშინ, როდესაც იგი უგულვებელყოფს პასუხისმგებლობას თავად პარლამენტის წინაშე.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი და სამომავლო გეგმები
წარმოდგენილი კვლევის პროცესში ასოციაცამ ”სამართალი და თავისუფლება” საჭიროდ და მიზანშეწონილად ჩათვალა თავდაცვის სამინისტროს აზრისა და შეხედულების, ასევე სამომავლო გეგმების გაცნობა საინფორმაციო სტრატეგიასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, ასოციაციის წარმომადგენელი შეხვდა და ესაუბრა თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქ-ნ ნანა ინწკირველს.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სამსახური საწყის ეტაპზე იყო როგორც საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, თუმცა 2006 წელს ნატოს მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე ის დეპარტამენტად გადაკეთდა. ეს ფაქტი მიუთითებს ნატოს დამოკიდებულებაზე, თუ რამდენად საჭიროდ მიიჩნევს ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის საითხებს. შესაბამისი რეკომენდაციაც არის მანიშნებელი იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს სამინისტროს გამჭვირვალობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას.
დღესდღეობით საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი საშტატო ერთეული შედგება 12 საჯარო მოხელისგან, ასევე ყველა სამხედრო ბრიგადაში გამოყოფილია მეკავშირე ოფიცერი. დეპარტამენტში შედის ორი სამმართველო: 1. საზოგადოების ინფორმირების სამმართველო (საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო) და 2. დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო. მათი მიზნები და ამოცანებია: „საზოგადოებისა და მედიის ინფორმირება თავდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურული როლის, მანდატისა და საქმიანობის შესახებ; საზოგადოებასთან ურთიერთობის დაგეგმვა მისი ინფორმირების გაზრდის მიზნით; საზოგადოების და სამიზნე ჯგუფების ნდობის მოპოვება თავდაცვის სამინისტროს მიმართ” (ციტირებულია აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალებიდან).
დეპარტამენტისა და შესაბამისი სამმართველოების საქმიანობის პრიორიტეტებია:
,,საინფორმაციო მასალების მომზადება თ/ს-ოსა და მისი დაქვემდებარებული სტრუქტურების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციების ორგანიზება მასმედიისთვის სემინარების, კურსების მოწყობა შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობაზე მომუშავე პერსონალისთვის
საინფორმაციო გარემოს ანალიზი
საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიული გეგმისა და მასთან ურთიერთობის პროექტების დაგაგმვა
თს-სა და გენ. შტაბის ხელმძღვანელების ინფორმირება არსებული საინფორმაციო გარემოს შესახებ
მეთოდოლოგიური რჩევების მიწოდება გენ. შტაბის ხელმძღვანელობისთვის საზოგადოებრივი ურთიერთობების შესახებ და ფუნქციის უკეთესად კოორდინირება
არასამთავრობო ორგანიზაციების პროგრამების შერჩევის ორგანიზება და მათი განხორციელების კოორდინირება
არასამთავრობოებთან, ობოლთა სახლებთან და ა.შ. თანამშრომლობის კოორდინირება
შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციისთვის ღონისძიებების ორგანიზება
კულტურულ დაწესებულებებთან კოორდინირებული საქმიანობა”
(ციტირებულია აღნიშნული დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალებიდან)
ზემოაღნიშნულ საქმიანობების გათვალისწინებით საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტს გაწერილი აქვს შესაბამისი ღონისძიებები და მოსალოდნელი შედეგები, რომელთა დაკონკრეტებას აქ არ მოვახდენთ.
თუ რამდენად მისაღებია საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მიზნები, ამოცანები და შესაბამისი საქმიანობა, შეიძლება სადისკუსიო თემა იყოს და გარკვეულ სრულყოფას საჭიროებდეს, თუმცა ამაზე მოგვიანებით. ზემოაღნიშნულ საკითხებს დავამატებთ იმას, რომ საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მთლიანად ორგანიზებას უწევს სამინისტროს ვებ-გვერდს. ასევე, აღნიშნული დეპარტამენტი არ არის პასუხისმგებელი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და ეს ვალდებულება აკისრია იურიდიული დეპარტამენტის უფროსს. თუმცა, როგორც ქ-ნმა ნანამ განაცხადა, მოსალოდნელია საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებლობა საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციებში გადავიდეს.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თავადაც საკმაოდ ღიად საუბრობს საზოგადოებასა და სამინისტროს შორის ურთიერთობათა ხარვეზებზე და არ გაურბის იმ აზრს, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა დარეგულირებასა და დახვეწას საჭიროებს. მიუხედავად ასეთი განცხადებისა, იგი სამინისტროს გამჭვირვალობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ხარისხს 10 ბალიან სისტემაში 8 ქულად აფასებს და თვლის, რომ ბოლო პერიოდში ამ მხრივ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. რაც შეეხება ჟურნალისტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების „პრეტენზიებს”, სამინისტროს მხრიდან არაჯანსაღი ურთიერთობის თაობაზე პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ თავად ეს ჟურნალისტები და არასამთავრობოები ხშირად არ იცავენ ქცევის კოდექსს, რაც იწვევს ურთიერთოებების დაძაბვას და დაშორიშორებას. ამის მაგალითად ქ-ნი ნანა ასახელებს პრესაში ხშირად გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, სიცრუეს, რესპოდენტთა არაკომპეტენტურ შეფასებებს, ასევე ჟურნალისტთა მხრიდან არასწორი ფორმით ურთიერთობას თავდაცვის სამინისტროსთან. ყოველივე ამას ემატება პიროვნული დამოკიდებულებები სამოქალაქო სექტორსა და სამინისტროს თანამდებობის ცალკეულ პირებს შორის, რაც თანამშრომლობის შანსებს ამცირებს. ქ-ნი ნანას განცხადებით, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ბევრი ცვლილება საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და რომ ის მზად არის გამართოს დიალოგი საზოგადოების წარმომადგენლებთან ამ თემებზე.
![]() |
5 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
დასკვნის სახით, პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მონიტორინგის შედეგები კრიტიკული კუთხით არის გაშუქებული და ამას თავისი მიზეზი და დატვირთვა აქვს. ბოლო წლების განმავლობაში აშკარად შეინიშნება ტენდენცია თავდაცვის სამინისტროს დახურულობისკენ, რის საფუძვლად არაოფიციალურად ყოვლად მიუღებელი ფაქტორები სახელდება, ესენია: კონფლიქტები, გართულებული ურთიერთობები რუსეთთან, ნატოში ინტეგრაციის პროცესი და სხვა. როგორც ავტორი ამ მონიტორინგისა, განვაცხადებდი, რომ სწორედ აღნიშნული საფუძვლებია იმისათვის, რომ უფრო გამჭვირვალე გახდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი. ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ უახლოეს პერიოდში გაღრმავდება დიალოგი თავდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიას შორის და აქ წამოჭრილი პრობლემები გადაიჭრება. ერთადერთი მოთხოვნა სამოქალაქო სექტორის მხრიდან არის ის, რომ დიალოგი უნდა გაიმართოს ყველასთან, მიუხედავად მისი კრიტიკული თუ არაკრიტიკული შეხედულებებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც შენარჩუნდება თავდაცვის სამინისტროში „შავი სია” და კვლავაც მოხდება ინფორმაციის დახარისხება. თავის მხრივ, პირველ რიგში ჩვენს ორგანიზაციასა, და შემდგომში ყველა იმ დაინტერესებულ ორგანიზაციასა და პირს, რომელთაც თავისი ინტერესი გააჩნიათ ამ სფეროს მიმართ, მოვუწოდებ თავდაცვის სამინისტროსთან კონსტრუქციული ურთიერთობის მზადყოფნისკენ და არსებული ხარვეზების ახმოფხვრისკენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ზოგადად და კონკრეტულად ჩამოვთვალოთ ის პრინციპები და რეკომენდაციები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების გამჭვირვალობა და საინფორმაციო ხელმისაწვდომობა, და ის ჯგუფები, რომლებიც უნდა გააქტიურდნენ და მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში სამოქალქო დემოკრატიული კონტროლის ეფექტურად განხორციელებისათვის.
თავდაცვის სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები თავად უნდა ცდილობდნენ საზოგადოებისთვის მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდნენ. სამინისტროს პოლიტიკური მმართველობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური ჯაჭვის უზრუნველყოფა სამხედროებსა და საზოგადოებას შორის. გამჭვირვალობის პრინციპის დაცვისათვის თავდაცვის სამინისტრომ თავად, საკუთარი ინიციატივით, მუდმივად უნდა ჩააბაროს ანგარიში პოლიტიკურ მმართველობასა და საზოგადოებას. ამისათვის მას უნდა გააჩნდეს კომპეტენტური ორგანოები და დეტალურად შემუშავებული კონკრეტული მექანიზმები, თუ როგორ უზრუნველყოს საზოგადოების ობიექტური ინფორმირება თავდაცვის სფერში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და ასევე, როგორ უნდა მოიპოვოს საზოგადოებამ მისთვის საჭირო ინფორმაცია დროულად და ხარისხიანად. კონკრეტული რეკომენდაცია იქნება ის, რომ მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თავდაცვის სამინისტრო ერთობლივად შეთანხმდნენ ამ მარეგულირებელ ნორმებზე და ერთობლივად განახორციელონ კონტროლი მის მუშაობაზე;
თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემები უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე და გარკვეული თემების დახურვა უნდა დაიშვებოდეს მხოლოდ კანონმდებლობის მოთხოვნების ფარგლებში. კონკრეტული რეკომენდაცია იქნება ის, რომ თავდაცვის სამინისტროში შეიქმნას ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომლისგანაც ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება მოხდება დაუყოვნებლივ, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვის გარეშე;
საქართველოს პარლამენტი არის სამხედრო ძალებზე სამოქალქო, დემოკრატიული კონტროლის განმხორციელებელი და საზოგადოების წინაშე პასუხს უნდა აგებდეს ამ კონტროლის არგანხორციელების შემთხვევაში. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს თავდაცვის სფერო ისეთი საკანონმდებლო ბაზით, რომელიც არ იქნება წინააღმდეგობაში დემოკრატიულ წეს-წყობილებასთან და ამასთანავე, არ იქნება ზედმეტად შემზღუდველი იმისათვის, რომ თავდაცვის სისტემას შეეძლოს თავისი მოვალეობების, ნაკისრი ვალდებულებების ეფექტურად განხორციელება, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვა და მშვიდობის უზრუნველყოფა. კონკრეტული რეკომენდაცია იქნება აქამდე განხორციელებული ყველა საჯარო დოკუმენტების გავრცელება ვებ-გვერდებისა თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებით. გარდა ამისა, პარლამენტმა კატეგორიული პასუხი უნდა მოითხოვოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების დარღვევის გამო, რომელიც საჯარო ინფორმაციის თავისუფლებასა და სხვა საკითხებს შეეხება;
მასმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ქვეყანაში ის ძალა, რომელთაც არა მხოლოდ განსაკუთრებული უფლება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საქმეში, არამედ ვალდებულიც კი არიან დაიცვან ეს პრინციპები იმდენად, რამდენადაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეულწილად შეზღუდულია თავად, დამოუკიდებლად მოახერხოს სხვადასხვა სახის კონტროლის მექანიზმების გამოყენება და საკუთარი თავის ინფორმირება. გარდა ამისა, მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ სამხედრო ძალებში ადამიანის უფლებების დაცვისა და სხვა დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფის საქმეში, რაც ავალდებულებთ მათ გააძლიერონ ამ მხრივ ზედამხედველობის მექანიზმები. კონკრეტული რეკომენდაცია იქნება სახალხო დამცველის აპარატთან და მას-მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ჯარში ადამიანის უფლებების დაცვისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელება, რაზეც თავდაცვის სამინისტრომ ღიად უნდა დააფიქსიროს პოლიტიკური ნება და ხელი შეუწყოს კიდეც მათ საქმიანობას.
როგორც უკვე ითქვა, საზოგადოებასთან და მის წარმომადგენლებთან დიალოგი მხოლოდ საშუალებაა და არა შედეგი. ამდენად, თავადაცვის სამინისტრომ უნდა გაითავისოს ის რეალობა, რომ შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმები და იდეები კერძო საკუთრების ნაწილი არ არის და რომ მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველას უნდა ჰქონდეს, განსხვავება მდგომარეობს მონაწილეობის მხოლოდ განსხვავებულ ფორმებში. შესაბამისად, სამინისტრომ უნდა მიიღოს სპეციალური მარეგულირებელი ნორმები, თუ როგორ, რა ფორმითა და სახით შეძლებენ დაინტერესებული პირები მონაწილეობის მიღებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კონკრეტული რეკომენდაცია ამ მიმართულებით იქნება მინისტრის მრჩეველთა საბჭოს ამოქმედება და მისი პოტენციალის რეალურად გამოყენება.
დაბოლოს, საქართველოს ნატოსთან სტრატეგიული ურთიერთობა არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება და შესაბამისი ანგარიშიც მთელ საზოგადოებას უნდა ჩაბარდეს. ამ მიზნის უზრუნველსაყოფად უნდა გააქტიურდეს ნატოს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობა და ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ნაკისრი ვალდებულებების დეტალები (რომლებიც არ არის გასაიდუმლოებული), ასევე შესრულებული ანგარიშები, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ამ მხრივ ზედამხედველობის და პასუხის მოთხოვნის საშუალება.