![]() |
ცოდნის გამოყენება საზოგადოებაში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხანთაძე დავით |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ხანთაძე დავითი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
როგორ ჩამოვაყალიბებდით პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც გვსურს რაციონალური ეკონომიკური წესრიგის დამკვიდრებით? ცნობილი დაშვებებისას პასუხი საკმაოდ მარტივია: თუ სრულად ვფლობთ საჭირო ინფორმაციას, თუ შეგვიძლია დავეყრდნოთ პრეფერენციების მოცემულ სისტემას და თუ არსებული საშუალებების შესახებ ჩვენი ცოდნა სრულყოფილია, მაშინ გადასაწყვეტი მხოლოდ ლოგიკური ხასიათის პრობლემები გვექნება. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, თუ რაში მდგომარეობს არსებული საშუალებების საუკეთესო გამოყენება, ჩვენსავე დაშვებებშია ნაგულისხმები. პირობები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ოპტიმალური მდგომარეობის მიღწევა, ჩამოყალიბებულია და სრულყოფილად მათემატიკურად შეიძლება გაფორმდეს, ანუ ნებისმიერი ორი სახის საქონლის ან საწარმოო ფაქტორის ჩანაცვლების ზღვრული ნორმა (the marginal rates of substitution) ერთი და იგივე უნდა იყოს მათი ნებისმიერი გამოყენებისას.
არის კი ზემოხსენებული ეკონომიკური პრობლემა საზოგადოებისთვის ნამდვილად აქტუალური? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე იქნება ემფატიკური არა. ამ ლოგიკური პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავებული ეკონომიკური კალკულაცია, მართალია, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოების უმთავრესი ეკონომიკური პრობლემის მოგვარების გზაზე, მაგრამ არ წარმოადგენს საკუთრივ პრობლემის გადაწყვეტას. მიზეზი კი ისაა, რომ „მონაცემები“, რასაც ეკონომიკური კალკულაცია ეფუძნება და რომელიც მთელ საზოგადოებას მოიცავს, არასოდესაა ,,მოცემული“ კერძო გონისთვის, რომელიც, საჭიროებისას, შეძლებდა ყველა შედეგის განჭვრეტას, და ვერც იქნება ამ სახით მოცემული.
რაციონალური ეკონომიკური წესრიგის პრობლემის თავისებურება ისაა, რომ გარემოებების ცოდნა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, არ არსებობს კონცენტრირებული ან ინტეგრირებული სახით, არამედ არსებობს, არასრული და ხშირად წინააღმდეგობრივი ცოდნის გაფანტული, მცირე ნაწილების სახით, რასაც შეიძლება ფლობდეს თითოეული ჩვენგანი. შედეგად საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა არა მარტო „მოცემული“ რესურსების გადანაწილებას მოიცავს - თუკი „მოცემული“ კერძო გონისთვის მოცემულს ნიშნავს, რომელიც არსებული „მონაცემებიდან“ გამომდინარე პრობლემებს მეთოდურად, მათი ანალიზის საფუძველზე წყვეტს. საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა, პირველ რიგში, იმის გარკვევაა, თუ როგორ უზრუნველვყოთ სოციუმის თითოეული წევრისთვის ცნობილი რესურსების ოპტიმალური გამოყენება მიზნებისთვის, რომელთა შედარებითი ფასეულობა მხოლოდ მათთვისაა ცნობილი, ანუ როგორ უნდა მოხდეს იმ ცოდნის გამოყენება, რომელსაც ერთიანად არავინ ფლობს.
ამ ფუნდამენტური პრობლემის აღნიშნული ასპექტი, ვშიშობ, არა თუ ცხადი და გასაგები, არამედ უფრო ბუნდოვანი გახადა დღევანდელმა რაფინირებულმა ეკონომიკურმა თეორიებმა, განსაკუთრებით მათემატიკის ინტენსიურმა გამოყენებამ. მართალია, პრობლემა, რომელსაც პირველ რიგში მინდა შევეხო, ეკონომიკური სისტემის რაციონალურ მოწყობას უკავშირდება, მაგრამ მაინც, მსჯელობისას იძულებული ვიქნები მივუთითო, და არაერთხელ, გარკვეულ მეთოდურ საკითხებთან მის მჭიდრო კავშირზე. მრავალი მოსაზრება, რომლებზეც ვაპირებ ყურადღების გამახვილებას, ის დასკვნებია, რომელთა არგუმენტაციის პროცესში მოხდა დასაბუთების სხვადასხვა გზის მოულოდნელი თანხვედრა. მაგრამ, როგორც ახლა ვხედავ აღნიშნულ პრობლემებს, საქმე შემთხვევითობასთან არ უნდა გვქონდეს. მეჩვენება, რომ ეკონომიკურ თეორიასა და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული მრავალი უთანხმოება საზოგადოების ეკონომიკური პრობლემების არასწორი გაგებიდან მომდინარეობს. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, განპირობებულია სოციალურ ფენომენზე აზროვნების იმ ჩვევების უმართებულო გადატანითა, რომელიც ჩვენ ბუნების ფენომენებთან მიმართებაში შევიმუშავეთ.
![]() |
2 II |
▲ზევით დაბრუნება |
ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვა „დაგეგმვით“ ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გადანაწილებისას მიღებული ურთიერთდაკავშირებული გადაწყვეტილებების ერთობლიობას აღვნიშნავთ. ამ გაგებით, ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა დაგეგმვაა; და ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც მრავალი ადამიანი თანამშრომლობს, ხსენებული დაგეგმვა, ვინც არ უნდა ახორციელებდეს მას, გარკვეული ხარისხით ეფუძნება ცოდნას, რომელსაც თავიდან არა დამგეგმავი, არამედ სხვა ფლობს და როგორმე მის, ანუ დამგეგმავის განკარგულებაში უნდა აღმოჩნდეს. ის განსხვავებული გზები, რომელთა მეშვეობითაც ხდება იმ ცოდნის გაცვლა, რაზეც ადამიანები საკუთარ გეგმებს აფუძნებენ, უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ნებისმიერი თეორიისთვის, რომელიც ეკონომიკური პროცესების ახსნას ცდილობს. ცალკეულ ადამიანებს შორის გაფანტული ცოდნის ოპტიმალური გამოყენების საფუძველზე ქმედითი ეკონომიკური სისტემის შექმნა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა უმთავრესი, სირთულეა.
პასუხი აღნიშნულ კითხვაზე მჭიდრო კავშირშია ამ საკითხთან დაკავშირებულ შემდეგ კითხვასთან: ვის კომპეტენციაში იქნება დაგეგმვა? ეს კი სწორედ ის კითხვაა, რომელიც ქმნის „ეკონომიკური დაგეგმვის“ პრობლემის ბირთვს. დისკუსიის საგანია არა დაგეგმვის აუცილებლობა, არამედ ის, თუ ვინ უნდა განახორციელოს იგი - სახელმწიფო ხელისუფლებამ ცენტრალურად მართული მთელი ეკონომიკური სისტემისთვის, თუ მრავალმა ცალკეულმა ინდივიდმა. დაგეგმვა თანამედროვე დისკუსიაში მხოლოდ ცენტრალურ დაგეგმვას ნიშნავს, ანუ მთელი ეკონომიკური სისტემის გაძღოლას ერთიანი გეგმის მიხედვით. კონკურენცია, მეორე მხრივ, ცალკეული ინდივიდის მიერ (დეცენტრალურ) დაგეგმვას გულისხმობს. ამ ორ უკანასკნელს შორის კომპრომისს - რაზეც ბევრი საუბრობს, თუმცა ცოტას თუ ანიჭებს სიამოვნებას მისი უშუალო ხილვა -დაგეგმვის წარმოების ორგანიზებული დარგებისთვის დელეგირება, ანუ იგივე მონოპოლია წარმოადგენს.
სისტემის ეფექტიანობას არსებული ცოდნის სრული გამოყენება განსაზღვრავს. და მაშინ პრობლემა შემდეგნაირად ყალიბდება - რას უფრო შევძლებთ: ცენტრალური ხელისუფლებისთვის მთლიანი ცოდნის გადაცემას, თუ ინდივიდების იმ დამატებითი ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათ საკუთარი გეგმების სხვების გეგმებზე მორგებისთვის რომ ესაჭიროებათ.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ზემოთქმულთან დაკავშირებით უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სხვადასხვა სახის სპეციალური ცოდნა; შესაბამისად, ამ კითხვის პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეულ მათგანს - ერთი მხრივ, ცალკეული ინდივიდების განკარგულებაში სავარაუდოდ არსებულ ცოდნას და, მეორე მხრივ, შესაბამისი ექსპერტებისგან შემდგარი სახელისუფლებო სტრუქტურის ხელთ არსებულ, ასევე სავარაუდო ცოდნას. გაბატონებული შეხედულება ამ უკანასკნელის უპირატესობის შესახებ იმითაა განპირობებული, რომ მეცნიერულ ცოდნას საზოგადოების თვალში წამყვანი ადგილი უკავია, იმდენად, რომ ხშირად გვავიწყდება, რომ იგი არ არის ცოდნის ერთადერთი მნიშვნელოვანი სახეობა. შეიძლება ვაღიაროთ - როდესაც საქმე მეცნიერულ ცოდნას ეხება, სწორედ შერჩეული ექსპერტები ფლობენ ამ სახის საუკეთესო ცოდნას, თუმცა ეს მოსაზრება გულისხმობს მთელი სიმძიმის ექსპერტების შერჩევის პროცედურაზე გადატანას. ამით იმის თქმა მსურს, რომ აღნიშნული პრობლემის წარმატებით გადაწყვეტის შემთხვევაშიც კი ეს დიდი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილის მოგვარება იქნებოდა.
მოსაზრება, რომ მეცნიერული ცოდნა მთლიანი ცოდნის ჯამს არ წარმოადგენს, დღეს თითქმის მკრეხელობად ითვლება. მაგრამ მცირეოდენი ანალიზიც კი გვარწმუნებს, რომ უეჭველად არსებობს ცოდნის, თუმცა არაორგანიზებული, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი სახეობა, რომელსაც ვერ ვუწოდებთ მეცნიერულს ზოგადი წესების ცოდნის მნიშვნელობით, და ეს არის დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნა. სწორედ ამ ცოდნის მეშვეობით მოიპოვებს პრაქტიკულად ყოველი ინდივიდი უპირატესობას სხვებთან მიმართებაში, რადგან მის ხელთაა უნიკალური ინფორმაცია, რომლის ოპტიმალური გამოყენება მხოლოდ მის მიერ ამ ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების პირობებში ან მისი აქტიური თანამშრომლობით შეიძლება. საკმარისია გავიხსენოთ, რამდენი რამის სწავლა გვიხდება ნებისმიერი პროფესიის დაუფლებისას და ჩვენი პროფესიული ცხოვრების რაოდენ დიდ ნაწილს ვუთმობთ ამას - მას შემდეგ, რაც თეორიული განათლების კურსს დავამთავრებთ - და რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერ პროფესიაში ადამიანების, ადგილობრივი პირობების და კონკრეტული გარემოებების ცოდნა - ვფლობდეთ და ვიყენებდეთ ინფორმაციას მანქანის შესახებ, რომელიც ბოლომდე არ არის დატვირთული, ან ვინმეს უნარის შესახებ, რომლის გამოყენება უკეთაა შესაძლებელი, ან ცოდნა საქონლის არსებული მარაგის შესახებ, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია მომარაგების შეფერხებისას - ყველაფერი ეს საზოგადოებისთვის იმდენადვე სასარგებლოა, რამდენადაც სხვა მეთოდების ცოდნა. და ტვირთის გამგზავნი, სარჩო-საბადებელს ცარიელი ან ნახევრად სავსე გემის რეისების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენებით რომ შოულობს, ან უძრავი ქონებით მოვაჭრე, რომლის ცოდნაც მხოლოდ სწრაფად ცვალებადი შესაძლებლობების გამოყენებაში თუ მდგომარეობს, ან არბიტრაგეურ, მოგებას განსხვავებებული სათამასუქო კურსის ოპტიმალური გამოყენებით რომ ნახულობს - ყველა ზემოხსენებული პირი აშკარად სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, რაც სწორედ მიმდინარე მომენტის იმ სპეციფიკურ, სხვებისთვის მიუწვდომელ ცოდნას ეფუძნება.
უცნაურია, რომ ამ სახის ცოდნას დღეს, ზოგადად, ერთგვარი ამრეზით უყურებენ და იმ ადამიანის ქცევა, რომელიც თეორიული ან ტექნიკური ცოდნით უკეთ აღჭურვილ პირზე უპირატესობას ასეთი სპეციფიკური ცოდნით აღწევს, თითქმის საძრახისადაა მიჩნეული. კომუნიკაციის ან სატრანსპორტო საშუალებებით უპირატესობის მოპოვება, ხანდახან, არაკეთილსინდისიერებადაც კი ითვლება, თუმცა ამ სფეროში არსებული საუკეთესო შესაძლებლობებს საზოგადოება ისევე უნდა იყენებდეს, როგორც მეცნიერების უახლეს მიღწევებს. აღნიშნულმა მცდარმა წარმოდგენამ მნიშვნელოვნად განაპირობა საზოგადოების დამოკიდებულება ვაჭრობისადმი, წარმოებასთან დაკავშირებული შეხედულებებისგან სრულიად განსხვავებული. თვით ეკონომისტებიც კი, რომლებიც საკუთარ თავს წარსულის მცდარი, უხეში მატერიალისტური წარმოდგენებისგან თავისუფლად მიიჩნევენ, როდესაც საქმე პრაქტიკულ ცოდნას ეხება, მსგავს შეცდომას სჩადიან - ალბათ იმიტომ, რომ მათ მიერ საგანთა აღქმაში ასეთი სახის ცოდნა „მოცემულად“ ითვლება. გავრცელებული აზრის თანახმად, ასეთი სახის ცოდნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს და არსებული ეკონომიკური წესრიგის ირაციონალურობაში დადანაშაულება ხშირად იმას ეფუძნება, რომ ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. აღნიშნული შეხედულება იმ ფაქტს უგულებელყოფს, რომ პრობლემა სწორედ მეთოდში მდგომარეობს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდებოდა ასეთი სახის ცოდნის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, რომელზე პასუხიც ჩვენ უნდა ვიპოვოთ.
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
დღევანდელი, დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნის მნიშვნელობის უგულებელყოფა ცვლილების, ზოგადად, როგორც მოვლენის დაკნინებას უკავშირდება. ძირითადი განსხვავება, რომელიც არსებობს „დამგეგმავების“ დაშვებებსა (ხშირად მხოლოდ ნაგულისხმებ) და მათი ოპონენტების დაშვებებს შორის, პირველ რიგში ეხება ცვლილებების მნიშვნელობას და სიხშირეს, რაც აუცილებელს ხდის წარმოების გეგმების არსებით ცვლილებას. რა თქმა უნდა, თუკი ხანგრძლივი პერიოდისთვის შესაძლებელი იქნებოდა დეტალური ეკონომიკური გეგმების წინასწარ შედგენა და შემდგომში მათი მკაცრი დაცვა ისე, რომ აუცილებელი აღარ იყოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ ყოვლისმომცველი გეგმის შემუშავება, რომელიც მთლიან ეკონომიკურ საქმიანობას მოაწესრიგებდა, გაცილებით გაადვილდებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური პრობლემები - ყოველთვის და მხოლოდ - ცვლილებებით არის განპირობებული. სანამ მდგომარეობა უცვლელია ან, თუნდაც, ისეთი, როგორსაც მოელოდნენ და არ ჩნდება მოსაგვარებელი პრობლემები, არც ახალი გეგმების საჭიროება არსებობს. რწმენა, რომ ახლანდელ დროში ცვლილებები, ანუ გადაწყვეტილებების ყოველდღიური, თუნდაც მცირე კორექტირება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, გულისხმობს, რომ, ამდენად, ეკონომიკურმა პრობლემებმაც დაკარგეს აქტუალობა. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ცვლილება ნაკლებად მნიშვნელოვანია, როგორც წესი, იმავდროულად ამტკიცებენ, რომ ეკონომიკური მოსაზრებები ტექნოლოგიური ცოდნის მზარდმა მნიშვნელობამ უკანა პლანზე გადაწია.
მართალია, რომ თანამედროვე წარმოების დეტალურად შემუშავებული ინსტრუმენტები ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ისეთ გრძელვადიან მონაკვეთებში მოითხოვს, როგორიცაა ფაბრიკის დაარსება ან ახალი ტექნოლოგიური პროცესის შემოღება? მართალია, რომ საწარმოს დაფუძნების შემდეგ ყველაფერი დანარჩენი მეტ-ნაკლებად ავტომატურად ხდება, რასაც საწარმოს ხასიათი განსაზღვრავს და მუდმივად ცვალებად გარემოებებზე მორგების მიზნით მის საქმიანობაში ცოტა რამ თუ არის შესაცვლელი?
გავრცელებული რწმენა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა, რამდენადაც დავადგინე, არ დასტურდება მეწარმის გამოცდილებით. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტულ საწარმოში - და მხოლოდ ასეთი საწარმო შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო - ხარჯების მინიმალურ დონეზე შეანარჩუნება მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, რასაც მენეჯერის ენერგიის უდიდესი ნაწილი ეთმობა. უუნარო მენეჯერისთვის რამდენად ადვილია იმ შესაძლებლობების გაფლანგვა, რომლებსაც მოგება ეფუძნება და, რომ ერთი და იგივე ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, შესაძლებელია ბიზნესის განსხვავებული ხარჯებით წარმოება, ეკონომიკურ სფეროში ბანალური ჭეშმარიტებაა, რაც, როგორც ჩანს, ეკონომისტთა სამყაროში ადეკვატურ ასახვას ვერ პოულობს. მწარმოებლების და ინჟინრების მკაფიოდ გამოხატული სურვილი გადაწყვეტილება მხოლოდ ფულადი დანახარჯებიდან გამომდინარე მიიღონ, ნათელი საბუთია იმისა, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ ფაქტორებს ყოველდღიური მუშაობისას.
ეკონომისტების სამყაროში არსებული მზარდი ტენდენციის - დაივიწყონ მუდმივი მცირე ცვლილებები, რომლებიც ეკონომიკის მთლიან სურათს ქმნის - ერთ-ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, მათ სტატისტიკური მონაცემებისადმი მზარდ ინტერესში უნდა ვეძიოთ, რადგან მათ პროცესების დენად, მუდმივად ცვალებად სამყაროსთან შედარებით მეტი მდგრადობა ახასიათებს. სტატისტიკური მონაცემების შედარებითი სტაბილობა არ შეიძლება განიმარტოს - როგორც ხანდახან მიაჩნიათ სტატისტიკოსებს - „დიდი რაოდენობის კანონით“ ან სწრაფი, არაპროგნოზირებადი ცვლილებების ურთიერთკომპენსაციით. ჩვენს შემთხვევაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ელემენტთა რაოდენობა არაა საკმარისი. საქონლის და მომსახურების უწყვეტ მიწოდებას სიტუაციაზე მუდმივი მორგება უზრუნველყოფს _ ახალი გადაწყვეტილებების უწყვეტი მიღება - ახალი, აქამდე უცნობი გარემოებებიდან გამომდინარე ბ-ს დაუყოვნებელი ჩართვა, როდესაც ა-ს აღარ შეუძლია მიწოდების განხორციელება. თვით დიდი და კარგად მექანიზებული ქარხანაც კი, ძირითადად, იმიტომ აგრძელებს მუშაობას, რომ მის ირგვლივ არსებობს გარემო, რომელიც ნებისმიერი მოულოდნელი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში ეხმარება, არის ეს კრამიტი, საკანცელარიო საგნები, თუ სხვა ათასგვარი სახის აღჭურვილობა, რომელსაც საწარმო თვითონ ვერ აწარმოებს, მაგრამ მისი ფუნქციობისთვის აუცილებელია მათი ხელმისაწვდომობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცოდნა, რომელზეც მე ვსაუბრობდი, მისი სპეციფიკურობის გამო არ შეიძლება სტატისტიკის ნაწილი გახდეს და, ამდენად, შეუძლებელია მისი ნებისმიერი ცენტრალური ხელისუფლებისთვის სტატისტიკური მონაცემების სახით გადაცემა. სტატისტიკა, რომელიც ასეთმა ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, საგნებს შორის არსებული მცირე განსხვავებების უგულებელყოფის შედეგია, ანუ, როდესაც იმავე სახის რესურსად ისეთ საგნებს მიიჩნევენ, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება მდებარეობით, ხარისხით და სხვა თვისებებით, რაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისას ძალზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ცხადია, სატატისტიკის მონაცემებზე დაფუძნებული ცენტრალური დაგეგმვა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს დროისა და ადგილის გარემოებების უშუალო გათვალისწინებას და ცენტრალური დამგეგმავი იძულებული იქნება იპოვოს გამოსავალი, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ გარემოებებზე დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღებას „ადგილობრივი პირობების მცოდნე ადამიანის“ მიერ.
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
თუ შევთანხმდებით, რომ საზოგადოების ეკონომიკური პრობლემა სწორედ დროის და ადგილის განსაკუთრებული გარემოებების ცვლილებებზე სწრაფ ადაპტაციაშია, მაშინ ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებები იმან უნდა მიიღოს, ვინც ამ გარემოებებს კარგად იცნობს, ანუ უშუალოდ ფლობს ინფორმაციას მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მათზე ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო ხელმისაწვდომი რესურსების თაობაზე. ეს პრობლემა ვერ გადაწყდება მთელი ცოდნის პირველ რიგში ცენტრალური ორგანოსთვის გადაცემით, რომელიც, სრული ცოდნის ფლობის საფუძველზე, შესაბამის მითითებებს შეიმუშავებდა. ეს მხოლოდ შესაბამისი დეცენტრალიზაციის მეშვეობით შეიძლება გადაწყდეს. მაგრამ ზემოთქმული ჩვენს პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხებს. დეცენტრალიზაცია საჭიროა იმისთვის, რომ მისი მეშვეობით უზრუნველვყოთ ადგილისა და დროის განსაკუთრებული გარემოებების ცოდნის უშუალო გამოყენება. მაგრამ „ადგილობრივი პირობების მცოდნე ადამიანი“ გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებს მხოლოდ მის ირგვლივ არსებული გარემოს კარგი ცოდნის საფუძველზე. პრობლემად მისთვის იმ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება რჩება, რომელიც მას საკუთარი გადაწყვეტილების უფრო დიდი ეკონომიკური სისტემის ცვლილებების მთლიან სტრუქტურაზე (pattern) მორგებისთვის სჭირდება.
რა რაოდენობის ცოდნაა საჭირო აღნიშნული ამოცანის წარმატებით გადასაწყვეტად? მისი უშუალო ცოდნის ფარგლებს მიღმა რომელი მოვლენის ცოდნაა მნიშვნელოვანი უშუალოდ გადაწყვეტილების მისაღებად და რამდენი რამ უნდა იცოდეს მან მათ შესახებ? ცოტა რამ თუ ხდება მსოფლიოში, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს რამე ზეგავლენა მის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე. მაგრამ მას არ სჭირდება ამ შემთხვევების მიზეზების ამომწურავი ცოდნა და არც მათი ყველა შესაძლო შედეგის ერთობლიობა აინტერესებს. მისთვის სულერთია, თუ რატომ არის გარკვეულ მომენტში გარკვეული სიდიდის ხრახნებზე უფრო დიდი მოთხოვნა, ვიდრე სხვაზე, რატომაა ქაღალდის ტომრის შოვნა უფრო ადვილი ბრეზენტის ტომარასთან შედარებით, ან რატომ გახდა კვალიფიციური სამუშაო ძალის ან მანქანა-დანადგარის შოვნა ამ მომენტისთვის უფრო რთული. მისთვის მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, თუ სხვა საგნებთან შედარებით რამდენად რთულად ან ადვილად შეიძლება მათი შეძენა, რომლებიც მას ასევე აინტერესებს ან რამდენად მეტია თუ ნაკლები მოთხოვნა მის მიერ წარმოებულ ან მოხმარებულ სხვადასხვა საგანზე. მას ყოველთვის მხოლოდ მისთვის არსებითი კონკრეტული საგნების შედარებითი მნიშვნელობა აინტერესებს, და ის მიზეზები, რომლებიც ცვლის მათ შედარებით მნიშვნელობას, მხოლოდ იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ისინი მისი გარემოს კონკრეტულ საგნებზე ახდენს ზეგავლენას.
ამ შემთხვევაში გვეხმარება ის, რასაც მე „ეკონომიკური კალკულაცია“ ვუწოდე, თუნდაც როგორც ანალოგი, რათა დავინახოთ, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს აღნიშული პრობლემა და რაც, სინამდვილეში, ფასის მექანიზმით გვარდება. ვერც ერთი კონკრეტული მაკონტროლებელი გონი, ისიც კი, ვინც სრულად ფლობს მონაცემებს რომელიმე მცირე, თვითკმარი ეკონომიკური სისტემის შესახებ, ვერ შეძლებდა - აუცილებელი იქნებოდა ყოველწუთიერი მცირე რეგულირებების განხორციელება რესურსების უკეთ გადასანაწილებლად _ მიზნებსა და საშუალებებს შორის არსებული ყველა იმ კავშირის ყურადღებით გამოკვლევას, რომლებზეც გარკვეული ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მიღებულმა გადაწყვეტილებამ. არჩევანის წმინდა ლოგიკის დიდი დამსახურებაა იმის ჩვენება, რომ ასეთი სახის კერძო გონი აღნიშნული სახის პრობლემის გადაწყვეტას მხოლოდ ეკვივალენტურობის ნორმის (ან „ღირებულების“, ან „ჩანაცვლების ზღვრული ნორმის“) შემუშავებით და მუდმივი გამოყენებით შეძლებდა, ანუ მწირი რესურსის თითოეული სახეობისთვის ციფრული ინდექსის მინიჭებით, რომელიც კონკრეტული ნივთის რამე თვისებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ საშუალებებისა და მიზნების მთლიანი სტრუქტურის კონტექსტში აირეკლავს ან კონცენტრირებული ფორმით გვამცნობს კონკრეტული ნივთის მნიშვნელობას. ნებისმიერი მცირე ცვლილებისას მან მხოლოდ ეს რაოდენობრივი ინდექსი (ან „ღირებულება“) უნდა გაითვალისწინოს, რომელშიც სრულადაა თავმოყრილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეუძლია რაოდენობის სიდიდეების სათითაო კორექციით შესაბამისად გადააწყოს საკუთარი გეგმები მთელი ამ თავსატეხის ab initio ამოხსნის ან ნებისმიერ ეტაპზე მისი ყველა განშტოების სინქრონული ანალიზის გარეშე.
მნიშვნელოვანია, რომ სისტემაში, რომელშიც საჭირო ფაქტების ცოდნა მრავალ ადამიანს შორისაა გაფანტული, სხვადასხვა ადამიანის ცალკეული ქმედებების კოორდინაცია ფასებს შეუძლია, ისევე, როგორც სუბიექტური ფასეულობები ეხმარება ადამიანს საკუთარი გეგმის ელემენტების კოორდინაციაში. ამასთან დაკავშირებით ღირს ერთი მარტივი და უბრალო მაგალითის მოყვანა. დავუშვათ, მსოფლიოში სადმე წარმოიშვა ნედლი მასალის, მაგალითად, კალის გამოყენების ახალი შესაძლებლობა ან კალის მიწოდების ერთ-ერთი წყარო ამოიწურა. ჩვენი მიზნისათვის სულერთია - და ეს არსებითია, რომ სულერთია - ამ ორი მიზეზიდან რომლის გამო გახდა კალა უფრო დეფიციტური. ყველაფერი, რაც მისმა მომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, ისაა, რომ კალა, რომელსაც მოიხმარდნენ, სადღაც სხვაგან უფრო მომგებიანად გამოიყენება და, შედეგად, უნდა დაზოგონ იგი. მათ დიდ უმრავლესობას არც იმის ცოდნა ესაჭიროება, სად წარმოიშვა უფრო დიდი საჭიროება ან რომელი საჭიროებების დაკმაყოფილების გამო უნდა მოიხმარონ ეკონომიურად კალის დარჩენილი მარაგი. თუკი რამდენიმე მათგანი უშუალო ინფორმაციას ფლობს ახალი მოთხოვნის შესახებ და რესურსებს ამ მიმართულებით გადართავს და, თუკი ადამიანები, რომლებმაც იციან ამის შედეგად წარმოშობილი დეფიციტის შესახებ, მას სხვა წყაროებიდან შეავსებენ, შედეგი სწრაფად მოიცავს ეკონომიკის მთლიან სისტემას და ზეგავლენას მოახდენს არა მხოლოდ კალის, არამედ მისი შემცვლელის და შემცვლელის შემცვლელის, ყველა იმ საგნის, რომელიც კალისაგან მზადდება, მათი შემცვლელის და ა.შ. მოხმარებაზე. და ეს ყველაფერი მოხდება ისე, რომ უდიდეს უმრავლესობას, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აღნიშნული ცვლილებები, არ ეცოდინება ამ ცვლილებების მიზეზი. სისტემა მოქმედებს როგორც ერთიანი ბაზარი არა იმიტომ, რომ მისმა ერთ-ერთმა წევრმა იცის ყველაფერი, არამედ იმიტომ, რომ წევრების ინდივიდუალური ხედვის სფეროები ერთმანეთს საკმარისად გადაფარავს ისე, რომ შუამავლების მეშვეობით ინფორმაცია ყველას გადაეცემა. ის უბრალო ფაქტი, რომ ნებისმიერი საქონლისთვის ერთიანი ფასი არსებობს - ან, უფრო სწორად, ადგილობრივი ფასები განპირობებულია სატრანსპორტო ხარჯებით და ა.შ. - წყვეტს პრობლემას, რაც (და ისიც მხოლოდ თეორიის დონეზე) კერძო გონისთვის იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი იგი ყველა იმ ინფორმაციას ფლობს, რომელიც პროცესში ჩართულ ინდივიდებს შორისაა გაფანტული.
![]() |
6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
ფასის მექანიზმს, თუ გვსურს მისი ნამდვილი ფუნქციის შეცნობა, ინფორმაციის გაცვლის საშუალებად უნდა აღვიქვამდეთ. აქ ლაპარაკია იმ ფუნქციაზე, რომელსაც, ფასების სიხისტის შემთხვევაში, იგი, რა თქმა უნდა, ნაკლებად სრულყოფილად ასრულებს. (დადგენილი ფასების მეტი სიხისტის შემთხვევაშიც კი, ის ძალები, რომლებიც ფასის ცვლილებისას იმოქმედებდა, მაინც ავლენს თავს ხელშეკრულების სხვა პირობების შეცვლით). ფასის მექანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი მეშვეობით ხდება ცოდნის ეკონომია, ანუ საგრძნობლად მცირდება სწორი გადაწყვეტილების მისაღებად თითოეული ინდივიდისთვის საჭირო ცოდნის მოცულობა. ლაკონურად და სიმბოლურად, ხდება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა და, თანაც, მხოლოდ დაინტერესებულ პირთათვის. თუ ფასის მექანიზმს გარკვეული სახის ცვლილებების რეგისტრაციის მექანიზმად ან ტელეკომუნიკაციების სისტემად წარმოვიდგენთ, რომლის დახმარებითაც პროდიუსერს შეუძლია მხოლოდ რამდენიმე ისრის მოძრაობას ადევნოს თვალი, ისევე როგორც ინჟინერს - ციფერბლატის მხოლოდ რამდენიმე ისარს უყუროს, რათა მისი მეშვეობით, იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელთა მიზეზებზეც მან შეიძლება ვერასოდეს გაიგოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს ასახულია ფასის განვითარებაში, შეძლოს საკუთარი საქმიანობის კორექცია - მაშინ, რა თქმა უნდა, იგი მეტია, ვიდრე უბრალო მეტაფორა.
აღნიშნული კორექცია არასოდესაა „სრულყოფილი“ ტრადიციული, ეკონომისტების მიერ წონასწორობის ანალიზისას ნაგულისხმები გაგებით. მაგრამ, ვშიშობ, ჩვენი მცდარი მეცნიერული ტრადიცია - პრობლემის გადაწყვეტისას ამოვიდეთ დაშვებიდან, რომ ყველა მონაწილეს მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ცოდნა აქვს, ხელს გვიშლის ფასის მექანიზმის ჭეშმარიტი ფუნქციის დანახვაში და მისი ეფექტიანობის ანალიზისას მცდარი სტანდარტების გამოყენებისკენ გვიბიძგებს. სასწაული, როგორც ეს დავინახეთ ნედლეულის სიმწირის შემთხვევაში, იმაშია, რომ ბრძანების გარეშე, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის მიზეზი, ათიათასობით ადამიანი - და მათი იდენტიფიკაციისთვის თვეებიც კი არ იქნებოდა საკმარისი - მასალას ან მის პროდუქციას, უფრო ყაირათიანად იყენებს, ანუ, რომ ისინი სწორი მიმართულებით მოძრაობენ. ეს სასწაულია, და არცთუ პატარა, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ყველა მუდმივად ცვალებად სამყაროში საკუთარი მოგების მყარ ან „ნორმალურ“ დონეზე შენარჩუნებას.
მე განგებ ვიხმარე სიტყვა „სასწაული“, რათა მკითხველი იმ თვითკმაყოფილებიდან გამომეყვანა, რომლითაც აღნიშნული მექანიზმის მუშაობას აღვიქვამთ და რომელიც ხშირად ბუნებრივად და თავისთავადად წარმოგვიდგენია. მჯერა, იგი ადამიანის ჩანაფიქრის შედეგი რომ ყოფილიყო და ადამიანებს, რომლებიც ფასის ცვლილებებით ხელმძღვანელობენ, ესმოდეთ, რომ მათი გადაწყვეტილებების მნიშვნელობა მათივე უახლოესი მიზნის მიღწევის ფარგლებს საგრძნობლად სცილდება, აღნიშნულ მექანიზმს ადამიანის გონის უდიდეს წარმატებად აღიარებდნენ. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი უბედურება ორმაგია - ერთი მხრივ, იგი არაა ადამიანური ჩანაფიქრის შედეგი და, მეორე მხრივ, ადამიანებმა, რომლებიც ამ მექანიზმით ხელმძღვანელობენ, არ იციან, თუ რატომ არიან იძულებული აკეთონ ის, რასაც აკეთებენ. მაგრამ მათ, ვინც „გააზრებულ მართვას“ მოითხოვს - და ვინც ვერ იჯერებს, რომ რამეს, რაც ჩანაფიქრის გარეშე (და ჩვენ მიერ გაუცნობიერებლად) წარმოიშვა, იმ პრობლემების მოგვარება შეუძლია, რომლის გააზრებულ გადაწყვეტასაც ვერ ვახერხებთ - უნდა ახსოვდეთ: პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა მოხერხდეს რესურსების გამოყენების მოცულობის გაფართოება ცალკეული გონის კონტროლის შესაძლებლობების მიღმა; და, შესაბამისად, როგორ დავაღწიოთ თავი გააზრებული კონტროლის საჭიროებას - როგორ შევქმნათ გარემო, რომელიც ინდივიდებს სასურველი ქმედების განხორციელებას აიძულებს ისე, რომ არავინ იყოს ვალდებული მათ ეს მიუთითოს.
პრობლემა, რომელსაც აქ ვაწყდებით, მხოლოდ ეკონომიკური ხასიათისა არაა. მან თავი შეიძლება იჩინოს ყველა ჭეშმარიტად სოციალურ ფენომენში, როგორიცაა ენა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი, და, იმავდროულად, ნებისმიერი სოციალური მეცნიერების მთავარ თეორიულ პრობლემასაც წარმოადგენს. როგორც ეს ალფრედ უაითჰედმა აღნიშნა (თუმცა სხვა კონტექსტში), „ფუნდამენტური და მცდარი ტრუიზმია, რასაც ვხვდებით ყველა ანბანური ჭეშმარიტებების კრებულსა და ცნობილი ადამიანების გამოსვლებში, რომ ჩვენ ყველაფრის, რასაც ვაკეთებთ, გააზრება უნდა ვისწავლოთ. რეალური მდგომარეობა დიამეტრალურად განსხვავებულია. ცივილიზაციის უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოქმედების განხორციელება შეგვიძლია დაფიქრების გარეშე.“ სოციალურ სფეროში ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მუდმივად ვსარგებლობთ ფორმულებით, სიმბოლოებით და წესებით, რომელთა მნიშვნელობა არ გვესმის და რომელთა მეშვეობით ვიყენებთ - გაუცნობიერებლად - ცოდნას. აღნიშნული ჩვევები და ინსტიტუტები ჩვენ იმ ტრადიციებსა და ინსტიტუტებზე დაყრდნობით შევქმენით, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა შესაბამის სფეროში და რომლებიც, ამდენად, ჩვენ მიერ შექმნილი ცივილიზაციის საფუძველი გახდა.
ფასის მექნიზმი იმ ქმნილებათა რიცხვშია, რომლითაც ადამიანმა ისარგებლა (თუმცა კვლავაც შორსაა მისი ოპტიმალური გამოყენებისგან) მას შემდეგ, რაც მას შემთხვევით წააწყდა და გამოიყენა იგი ინტუიციურად, მისი, როგორც მოვლენის, გააზრების გარეშე. ამით შესაძლებელი გახდა არა მარტო შრომის დანაწილება, არამედ თანაბრად განაწილებული ცოდნის საფუძველზე რესურსების კოორდინირებული გამოყენებაც. ადამიანებს, რომლებიც დასცინიან შეხედულებას, რომ ყველაფერი მართლაც ასეა, როგორც წესი, საწინააღმდეგო არგუმენტად მოჰყავთ მოსაზრება, თითქოს იგი ამტკიცებს, რომ სასწაულებრივად, სპონტანურად ჩამოყალიბდა სისტემა, რომელიც საუკეთესოდაა მორგებული თანამედროვე ცივილიზაციაზე. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა: ადამიანმა შრომის დანაწილება, რასაც ჩვენი ცივილიზაცია ეფუძნება, იმდენად შეძლო, რამდენადაც იმ მეთოდს წააეყდა, რამაც ეს შესაძლებელი გახადა. ასე რომ არ მომხდარიყო, იგი, ალბათ, მაინც შეძლებდა განსხვავებული ტიპის ცივილიზაციის, მაგალითად, ტერმიტების „სახელმწიფოს“ მსგავსის ან სხვა, ჩვენთვის ამჟამად სრულიად წარმოუდგენელი სახის ცივილიზაციის შექმნას. ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დღემდე ვერავინ მოახერხა ისეთი ალტერნატიული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც არსებულის იმ თვისებებს შეინარჩუნებდა, ასე მნიშვნელოვანი რომაა მათთვისაც კი, ვინც ყველაზე გულმოდგინედ ესხმის მას თავს - ინდივიდის თავისუფლების ხარისხი - შესაძლებლობა, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი მიზნები და, შესაბამისად, უნარი თავისუფლად გამოიყენოს საკუთარი ცოდნა.
![]() |
7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
მრავალი თვალსაზრისით სასიკეთოა, რომ კამათი რთული ეკონომიკური ურთიერთობების საზოგადოებაში რაციონალური კალკულაციისთვის ფასის მექანიზმის აუცილებლობის შესახებ აღარ მიმდინარეობს მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ბანაკებს შორის. თეზას, რომ ვერ შევძლებთ ფასის მექანიზმის გარეშე ჩვენი, შრომის სულ უფრო მზარდ დანაწილებაზე დაფუძნებული საზოგადოების შენარჩუნებას, სიცილით შეხვდენენ, როდესაც იგი 25 წლის წინ წამოაყენა ფონ მიზესმა. დღეს ის სირთულეები, რის გამოც ზოგს ჯერ კიდევ უჭირს ამის აღიარება, აღარ არის ოდენ და მხოლოდ პოლიტიკური, რაც კრიტიკული დისკუსიისთვის ხელსაყრელ ატმოსფეროს ქმნის. როცა ვხედავთ, როგორ ამტკიცებს ლევ ტროცკი, რომ „ეკონომიკური კალკულაცია შეუძლებელია საბაზრო ურთიერთობების გარეშე“; როცა პროფესორი ოსკარ ლენგი პროფესორ ფონ მიზესს ძეგლის დადგმას ჰპირდება მომავალის ცენტრალური დაგეგმვის სამსახურის მარმარილოს დერეფნებში; და როდესაც პროფესორი აბა ფ. ლერნერი აღნიშვნით, რომ ფასის მექანიზმის მთავარი დანიშნულება საკუთარი მიზნების მიღწევისას ინდივიდისთვის იმის კეთების იძულებაა, რაც ყველასთვის საინტერესოა, ადამ სმიტის ხელახალ აღმოჩენას აკეთებს, უთანხმოების მიზეზი უკვე არა მცდარ პოლიტიკურ შეხედულებებში, არამედ, უპირატესად, ინტელექტუალურ, უფრო კი მეთოდოლოგიური ხასიათის განსხვავებებში უნდა ვეძებოთ.
წიგნში „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ პროფესორ იოზეფ შუმპეტერის მიერ გამოთქმული აზრი სწორედ იმ მეთოდოლოგიური განსხვავებების ნათელი მაგალითია, რასაც მე ვგულისხმობ. მისი ავტორი იმ ეკონომისტთა სახელოვანი წარმომადგენელია, რომლებიც ეკონომიკურ ფენომენებს პოზიტივიზმის ერთგვარი განშტოების პერსპექტივიდან უყურებენ. აღნიშნულ ფენომენებს საქონლის ობიექტურად მოცემული სიმრავლეების სახე აქვს, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთმანეთთან ადამიანის გონების თითქმის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე ურთიერთმოქმედებს. მხოლოდ აღნიშნულიდან გამომდინარე შემიძლია გავიგო პროფესორ შუმპეტერის შემდეგი (ჩემთვის უცნაური) განცხადება, რომ ბაზრის არსებობის შემთხვევაში თეორეტიკოსისთვის საწარმოო ფაქტორების რაციონალური გაანგარიშება იმ “ელემენტარული გარემოებიდან გამომდინარეობს, რომ მომხმარებელი სამომხმარებლო საქონლის შეფასებით (მოთხოვნით) ipso facto პროდუქციის იმ საშუალებებსაც აფასებს, რომელიც ამ საქონლის წარმოებისას გამოიყენეს.”1
სიტყვასიტყვით თუ გავიგებთ, აღნიშნული მოსაზრება უბრალოდ მცდარია. მომხმარებელი მსგავსს არაფერს აკეთებს. პროფესორ შუმპეტერის “იპსო ფაცტო” სავარაუდოდ ნიშნავს, რომ საწარმოო ფაქტორების შეფასება იმპლიცირებულია მომხმარებლის მიერ საქონლის შეფასებაში ან აუცილებლად გამომდინარეობს ამ შეფასებიდან. თუმცა, აღნიშნული მტკიცებაც არასწორია. იმპლიკაცია ლოგიკურ კავშირს ნიშნავს, რომელსაც აზრი მხოლოდ იმ გამონათქვამებისას აქვს, ერთი და იმავე გონისთვის ერთდროულად რომაა წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოების ფაქტორების ღირებულება დამოკიდებულია არა მხოლოდ მომხმარებლის მიერ საქონლის შეფასებაზე, არამედ წარმოების ფაქტორების მიწოდების სხვადასხვა პირობაზეც. მოცემული ფაქტებიდან პასუხი მხოლოდ იმ გონისთვის გამომდინარეობს, რომელიც ყველა ფაქტს ერთდროულად ფლობს. რეალური პრობლემა კი ისაა, რომ ცალკეული გონი ამ ფაქტებს ამ ფორმით არასოდეს ფლობს და, შესაბამისად, პრობლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელია მრავალ ადამიანს შორის გაფანტული ცოდნის გამოყენება.
აქედან გამომდინარე, არაფრის მთქმელია მტკიცება, რომ კერძო გონისთვის ყველა ფაქტის ხელმისაწვდომობა (რასაც ვუშვებთ დამკვირვებელი ეკონომისტის შემთხვევაში) პრობლემის მოგვარებას ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს; ამის ნაცვლად უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორ ხდება ეს სინამდვილეში, ანუ ადამიანების ურთიერთქმედების მეშვეობით, რომლებიც, თავის მხრივ, მხოლოდ ნაწილობრივ ცოდნას ფლობენ. იმის დაშვება, რომ მთლიან ცოდნას ერთი კერძო გონი ფლობს, მსგავსად იმისა, როგორც ვუშვებთ, რომ ჩვენ მას ვფლობთ, როგორც ეკონომისტები (რომლებიც მხოლოდ განვმარტავთ ეკონომიკურ პროცესებს), ნიშნავს პრობლემის იგნორირებას და იმის უგულებელყოფასაც, რაც რეალურ სამყაროში მნიშვნელოვანი და არსებითია.
იმას, რომ პროფესორ შუმპეტერის რეპუტაციის მქონე ეკონომისტი იმ მახეში გაება, რომელსაც გაუცნობიერებელ ადამიანს „მონაცემის“ ცნების ბუნდოვანება უგებს, უბრალო შეცდომით ვერ ავხსნით. იგი უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ფუნდამენტურად მცდარია მიდგომა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო ფენომენის მნიშვნელოვან ნაწილს ტრადიციულად უგულებელყოფს - ადამიანის ცოდნის გადაულახავ არასრულყოფილებას და, შესაბამისად, იმ პროცესის აუცილებლობას, რომლის მეშვეობითაც ხდება ცოდნის მუდმივი კომუნიკაცია და შეძენა. ნებისმიერი მცდელობა, ისეთი, მაგალითად, როგორიცაა მათემატიკური ეკონომიკის დიდი ნაწილი, მისი სინქრონული განტოლებების ჩათვლით, რომელიც ამოდის დაშვებიდან, რომ ადამიანების ცოდნა სიტუაციის ობიექტურ ფაქტებს შეესაბამება, სისტემატურად უგულებელყოფს იმას, რის ახსნაც ჩვენი მთავარი მოვალეობაა. მე შორსა ვარ ჩვენი სისტემისათვის წონასწორობის ანალიზის მნიშვნელობის უარყოფისგან. მაგრამ, როცა საქმე იქამდე მიდის, რომ მას შეცდომაში ჩვენი წამყვანი მოაზროვნეები შეჰყავს, აჯერებს რა მათ, რომ სიტუაციას, რომელსაც ის აღწერს, პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტისთვის უშუალო მნიშვნელობა აქვს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ იგი საერთოდ არ ეხება სოციალურ პროცესს და წარმოადგენს მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოს, თუმცა სასარგებლოს, მთავარი პრობლემის კვლევის საქმეში.
_________________________
1. ი. შუმპეტერი, Capitalism, Socialis, and Democracy (New York; Harper, 1942), gv. 175. ჩემი რწმენით პროფესორი შუმპეტერი იმ მითის ავტორიცაა, რომლის მიხედვითაც პარეტომ და ბარონმა სოციალისტური კალკულაციის პრობლემა“ამოხსნეს”. მათი და ბევრი სხვისი დამსახურება მხოლოდ იმ პირობების განსაზღვრაა, რომელსაც რესურსების რაციონალური გადანაწილება უნდა აკმაყოფილებდეს და იმის ხაზგასმაც, რომ ეს იგივეა, რაც კონკურენტული ბაზრის წონასწორობის პირობები. ეს სრულიად განსხვავდება რესურსების რეალური ალოკაციის ცოდნისგან, რომელიც აღნიშნულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს. თვითონ პარეტო (რომლისგანაც ბარონმა აიღო ყველაფერი, რაც კი სათქმელი ჰქონდა) შორს იყო მტკიცებისგან, რომ მან შეძლო პრაქტიკული პრობლემის გადაწყვეტა. პირიქით, ის პირდაპირ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტა ბაზრის დახმარების გარეშე შეუძლებელია. იხ. მისი Manuel d'economie pure (მე-2 გამოცემა, 1927), გვ. 233-34. შესაბამისი ადგილი ინგლისურ ენაზე იხილეთ ჩემი სტატიის დასაწყისში “Socialist Calculation: The Competitive “Solution”,” in Economica, New Series, Vol. VIII, No. 26 (May, 1940), გვ. 125.