თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ (რომანი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბათიაშვილი გურამ
თემატური კატალოგი ლიტერატურა|მხატვრული ლიტერატურა
წყარო:

ბათიაშვილი, გურამ
    თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ! : რომანი / [რედ.: თითმერია ჯუმბერ] - თბ. : მერანი, 1991 : წიგნ. ფაბრიკა - 400გვ. ; 20სმ. - : 10მ., 15000ც.[M[MFN: 5798]
 
UDC:  821.353.1-31
K 214.875/3 - საერთო ფონდი
K 215.059/3 - საერთო ფონდი
K 215.060/3 - საერთო ფონდი
F 67.537/3 - ხელუხლებელი ფონდი
P 824/1991 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: © ბათიაშვილი გურამ
თარიღი: 1991
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


...გაბნეული ვართ ყოველგან,
სხვადასხვა, უცხო მხარესა,
ვერ ვხედავთ იერუსალიმს,
იმის მზეს, მისსა მთვარესა,
ვეღარც ვსჭვრეტ სოლომონისა
დიდ ტაძარს მოელვარესა,
რჯული გვედება მალამოდ
გულდამწვარ, სისხლმდუღარესა,
უცხო ვართ უცხო ხალხებთან,
ცრემლს ვაქცევთ მუდამ მწარესა!
შეჰვედრე: ტანჯვა გვაკმარონ,
მეტი არ შეგვიძლიაო,
აჰა, ნარინჯო, ნარინჯო,
შე ბროწეულო, იაო!

აკაკი

ეჰ, ვინ გაიგებს იმ შავ ჭმუნვას, რომელიც მზის ჩასვლისას
ღიღინით მიმავალი ებრაელის სულში სდიოდეს.
რამდენ პატიოსან, მხნე ახალგაზრდა ებრაელის სულს აცისკროვნებს ის აზრი, რომ
ოდესმე ებრაელი ერი ნარეკლით დაწყლულებულ ფეხს ერთხელ კიდევ დაიბანს
იორდანის წმინდა წყალში.

კონსტანტინე გამსახურდია

2 ბენო

▲ზევით დაბრუნება


ლოგინიდან ელდანაკრავივით წამოხტა, სიბნელეში ხელის ფათურით დაუწყო ძებნა ტანსაცმელს, მალე იპოვა, რადგან კარგად ახსოვდა, სადაც დადო - მუდამ აქ იყო, ლოგინთან ახლო, ხელმარჯვნივ - ჩაიცვა, წინდები ამოიცვა, პერანგზე ბლუზს რომ იცვამდა, სკამზე მოუხვდა ხელი. სკამი ბრახუნით დაეცა იატაკზე.

- რას შობი, ბიჭო, რა ამბავში ხარ! - მამის ნამძინარევ ხმაში საყვედური არ იგრძნობოდა.

- პურზე მივდივარ, მამა! - ჩექმები დიდი ჰქონდა და იოლად იცვამდა.

- დროზე გადი, სადაცაა გათენდება.

- მივდივარ! - მაზარაც ჩაიცვა. (მამამ ეს მაზარა ფოთელი მეზღვაურისგან იყიდა ომის დამთავრების პირველ წლებში, მას შემდეგ რა ხანი გავიდა და მაზარას კიდევ ედგა სული, რადგან ჯერ მამა დაჰკანკალებდა თავს, ახლა ბენო უფრთხილდება.). ყაბალახიც მოიხვია.

- დღეს პარასკევი როა, ხომ არ დაგავიწყდება, შვილო! - კვლავ მოესმა მამის ხმა მეზობელი ოთახიდან.

- არა, - უპასუხა ბენომ და გავიდა.

ყინვა ისე ეცა სახეში, ლამის სუნთქვა შეეკრა. მაზარის საყელო ამოიწია, ყაბალახი პირზე აიფარა და ჭიშკარი გამოაღო.

ოთხშაბათობით პატარა ბაზრობა იმართებოდა, პარასკევობითაც. კვირას კი ზღვა ხალხი იყრიდა თავს დაბის ბაზარში. ახლო-მახლო სოფლების გლეხები კვირის ბაზრობაზე ამყარებდნენ იმედს. ამ დღეს უნდა გაეყიდათ თუ რამ გასაყიდი დარჩენოდათ, და მის სანაცვლოდ ის შეეტანათ ოჯახში, რაც ძლიერ სჭირდებოდათ - ნივთი თუ ტანსაცმელი. ტანსაცმლის შეძენა კი ერთობ დიდმნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ - ძალიან იშვიათი, მეტწილად ოჯახისათვის საჭირო ნივთს ყიდულობდნენ.

იმის გამო, რომ ბაზარი პატარა იყო, ვაჭრობა ბაზრის ახლო-მახლო შუკებშიც ჩაღდებოდა. ამ ბოლო დროს კი, ბაზარში ბევრი იყო ხალხი, თუ ცოტა, მჭედლები სწორედ აქ, ამ შუკაში იყრიდნენ თავს. ამიტომ აქ მუდამ უხვად იყო ბუხარში ჩასადგმელი სამფეხები, ჯაჭვები, ცხენის ნალები, საცეცხლურები და სხვა ათასი რამ. იყო ერთი ხმაური, გნიასი. ისმოდა ცხენთა ჭიხვინი, ძროხების ბღავილი, გამყიდველთა შეძახილები, რკინაზე რაკუნი.

გუშინ ბაზრობაზე მოსულ ხალხს და საქონელს თოვლი კარგად დაეტკეპნა. ამიტომ მიდიოდა ახლა ასე თავისუფლად, ფართო ნაბიჯებით, თითქმის მირბოდა და არაფრად დაგოდევდა იმას, რომ ჩექმები დიდი ჰქონდა, შიგ ფეხები უცურავდა. დაგვიანება არ შეიძლებოდა.

ყავრით შეკოწიწებული პურის ფარღალალა ფარდული ბაზრის გვერდით იდგა. შუკიდან გამოვიდა თუ არა, ფარდულთან შეკრებილი ხალხი დაინახა. აქ რიგში არავინ დგებოდა. პურს უმცროს-უფროსობით იღებდნენ, მაგრამ ის, ვინც პირველი მოვიდოდა, ვინც ფარდულის სარკმელთან პირველი დადგებოდა, მართლა პირველი აიღებდა პურს. შესაძლოა, პირველის მომდევნოდ მოსულ ორიოდ კაცსაც უცებ აეღო, მერე კი უფროს-უმცროსობის, ოდიშური თავაზიანობის კანონი შედიოდა ძალაში და ამ კანონს ვერავის აუვლიდა გვერდს.

- თუ პური ვერ ავიღე, გადაირევა მამაჩემი, პარასკევი მაინც არ იყოს! - გაიფიქრა ბენომ და სირბილს უმატა, შეეცადა უფრო ჩქარა გაერბინა ფარდულამდე დარჩენილი მანძილი. მისი მძიმე ჩექმები თოვლზე ყრუ ხმას გამოსცემდნენ, გეგონებოდათ ხუთი ჯარისკაცი მაინც მირბისო. მირბოდა და ფიქრობდა:

- ბუთხუმ თუ მიმასწრო, ან ჯამუმ, მორჩა, დავრჩით უპუროდ ამ შაბათს და ესაა! რა გვეშველება!

პური დროგით მოჰქონდათ. პილა ჯოჯუას, ომში ფეხდაკარგულ, ახლა უკვე ღიპმოდებულ, ჭროღათვალება და ჭაღარამორეულ კაცს დროგიდან პურის გადმოზიდვა არ შეეძლო. ამიტომ ვინც მიეხმარებოდა - ტომრებით მოტანილ პურს დროგიდან ვინც გადმოზიდავდა, პურს ურიგოდ იღებდა. პილა ჯოჯუას მეტწილად სამი ბიჭი ეხმარებოდა. პურიც ამ სამ ბიჭს მიჰქონდა ურიგოდ: ბუთხუ ქვარცხავას, ჯამუ წოწორიას და ბენო ჯანაშვილს. ყოველი მათგანი ცდილობდა პირველი მოსულიყო, ცხადია, გათენებამდე, რადგან დროგიდან პური მხოლოდ ერთს უნდა გადმოეზიდა და ურიგოდაც მხოლოდ ერთი წაიღებდა, ისიც მხოლოდ ერთ ცალს. მ ეტი არ შეიძლებოდა, ის ვინც დააგვიანებდა: იქნებოდა ეს ჯამუ, ბუთხუ თუ ბენო, ამ ხალხში ჩადგებოდა და ერთობ სათუო იყო, შეხვდებოდა თუ არა პური.

ფარდულთან ჯერ კიდევ ღამის სიბნელეში შეკრებილი ადამიანები სიამოვნებით მიეშველებოდნენ პილას - დროგიდან სიხარულით გადმოტვირთავდნენ პურით სავსე ტომრებს და ის მაინც ეცოდინებოდათ, რომ ნამდვილად და თანაც დროზე იღებდნენ სქელ, ბუჟბუჟა პურს, შინაც გათენებამდე მიბრუნდებოდნენ, მაგრამ ზოგს ასაკი, ზოგს ავადმყოფობა, ზოგს საკუთარი ღირსების შეგრძნება არ აძლევდა ამის უფლებას. ამიტომ კარგა ხანია დტოგის დაცლა ბიჭების საქმედ იქნა მიჩნეული - ადრე ფილხაზი, გენო და შუქური ცლიდნენ დროგს. მას შემდეგ, რაც ფილხაზი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, გენო ქურდობისათვის აბაშაში დაიჭირეს, შუქურიმ კი ასე ნაადრევად შეირთო ცოლო, ეს ბიჭები ცლიდნენ დროგიდან პურს, ესენი ეხმარებოდნენ პილას.

ბენო შაბათობით არ მოდიოდა. ებრაელები შაბათობით არაფერს არ ყიდულობენ - პურსაც კი. ამიტომ ცდილობდა პარასკევს დილით ორი პური წაეღო. უსათუოდ უნდა წაეღო, - შესაძლოა, არაფერი ჭამო ორშაბათს, სამშაბათს... სხვა დღეებში, მაგრამ შაბათს? შაბათი ღვთივ ბოძებული დღეა!

ბენომ ფარდულთან მოირბინა. შუბლზე შეკრული ყაბალახი სირბილისას მოშვებულიყო, მისი ტოტები მკერდზე ეცემოდა.

ხალხი ღამის სიბნელეში უხმოდ იდგა. ისე გარინდებულიყვნენ, გეგონებოდათ საგონებელში ჩავარდნილანო. პილა კი ფარდულის სარკმელთან იჯდა ფიქრმორეული. ბენომ სწორედ მასთან მიირბინა.

- არ მოსულა?

პილამ არაფერი უპასუხა. ხალხს ზანტად გადახედა. ამით ბენოს უთხრა, პური რომ მოეტანათ, ამ ხალხს აქ რა გააჩერებდაო. პილამ ვერ გაუგო ბენოს. ენო განა იმას კითხულობდა პური მოიტანეს თუ არაო - სულ სხვა რამ აწუხებდა: ბუთხუმ ან ჯამუმ ხომ არ მომასწრესო.

სარკმელთან დროგის დამცლელის ადგილი არავის დაეკავებინა. ეს იმას ნიშნავდა, რომ არცერთი მათგანი არ მოსულა. იქ სწორედ ის დგებოდა, ვინც პირველი მოვიდოდა. ბენომ ოფლი ყაბალახით მოიწმინდა.

- ცოტა გაიარე, შეგცივდება! - უთხრა ვიღაცამ.

მოიხედა. აფროდიტა დეიდა იყო - ოფლიანი ხარ. გაიარე, ნუ გეშინია!

- კი, კი, ახლავე, - თქვა ბენომ. გულში კი სულ სხვა რამ გაივლო: „რა ვიცი მე, სულ შარზეა ეს ბუთხუ, მოვა, დადგება აქ, დაიკავებს ამ ადგილს და უმტკიცე მერე, მე უფრო ადრე მოვედიო. გუშინ რა ამბავი ჰქნა, რაფერ აწვალა ტატაჩი! არაფერი პენალი იქ არ ყოფილა. ბურთი არავის მოხვედრია ხელზე, მაგრამ მოიკლა თავი, პენალი იყოო, გაიტანა კიდეც თავისი, დაარტყა პენალი, მარა...“

- ოოჰ, ოოჰ, სო მეურქ, დიდაღურელი! სო მეურქ-მაქ!1 - ჩაესმა ფიქრმორეულ ბენოს ტატაჩის ხმა. ტატაჩი დროგის ცხენს შესძახოდა ასე: სად მიდიხარ, საით გაუტიეო, ვითომ ისეთი მარდი და ღინიერი იყო მისი ბალანგაცვენილი „კატიუშა“, რომ გაჩერება უჭირდა? არადა, პურის ფარდულს რომ მოუახლოვდებოდა, მართლა გაცქვიტდებოდა მუდამ ზოზინა და წელათრეული „კატიუშა“. ტატაჩის კი ეგონა სადაცაა ზღაპრული რაშივით ქვეყნიერებას გადაუფრენსო და აფორიაქებული შესძახოდა.

- ოოჰ, სო მეურქ, დიდაღურელი! სო მეურქ-მაქ!

ამ დროს ფარდულთან თავმოყრილი, გამთენიის ხანს ზღვასავით გარინდული ხალხი აფორიაქდებოდა, ვაითუ, მართლა ისე გამოექანოს ეგ ცხენი, რომ აქაურობა მილეწ-მოლეწოსო.

პური მოიტანეს.

ტატაჩიმ დროგი მოატრიალა და ზედ ფარდულთან მოაყენა. თან ისეთი მონდომებით, გაფაციცებით შესძახოდა „კატიუშას“ „..დრრრ“ - „დრრრ“-ს, რომ ამ საბრალო ცხენს მარულის რაშად მიიჩნევდი. მერე ტატაჩი დროგიდან ისე გადმოხტა, თითქოს ამ ხალხს სამუდამოდ უნდა ხსომებოდა პური ვინც მოუტანა. ბენო რომ დაინახა, გაიღიმა და ჰკითხა:

- ოჰ, შენ აქ ხარ?! - და ისე გადგა განზე, როგორც დიდი საქმის მეპატრონე, რომელმაც შორიდან უნდა ადევნოს თვალი, თუ როგორ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას ხელქვეითნი.

- მე ვარ, ჰო! - უხალისოდ ჩაილაპარაკა ბენომ და დროგის ბორბალზე შედგა, რომ იქიდან ტომარა გადმოეთრია.

- ნელა, ნელა, რა ამბავია! - შეუძახა პილამ, როცა ბენომ პურით სავსე ტომარა ფარდულის დახლზე ფრთხილად დადო. სულაც რომ არ განძრეულიყო ბენო, ბუთხუ თუ სხვა, სულერთია ვინც არ უნდა ყოფილიყო, პილა მაინც ასე შესძახებდა, ან:

- რას შობი შენ აქ, რას! რა ამბავია!

ბენომ მეორე ტომარა მოიგდო ზურგზე, დროგის ბორბლიდან ნელა დაუშვა და სარკმელთან მიიტანა.

- ასე, კარგია! - პილას ინტონაციაში კმაყოფილება იგრძნობოდა. ესეც ნაცნობი ფრაზა და ინტონაცია გახლდათ. როგორც არ უნდა მიეტანათ მეორე ტომარა, როგორც არ უნდა დაეყარათ პური დახლზე, მაინც ამას იტყოდა.

პურს თაროზე არ ალაგებდა. რა აზრი ჰქონდა - ხუთიოდ წუთში ერთი ცალიც არ იქნებოდა. ამიტომ ბენოს მიერ დახლზე დაყრილ პურს არც ალაგებდა. ახლოს მექნება, თაროსკენ მიბრუნება არც დამჭირდებაო.

ბენომ ათი ტომარა პური მოიტანა სარკმელთან. ათი ტომარა პური ახორხოლავდა განიერ დახლზე და ბენო რომ კვლავ არ გაბრუნდა დროგისაკენ, ბენო რომ იქვე სარკმელთან მდგარი დაინახა პილამ, ტატაჩის შესძახა:

- რა არის, ბიჭო, ეს!

- პური.

- ვის ეყოფა ეს!

- მეტი არ არისო და რა ვქნა!

- ამ ხალხს რა ვაჭამო?

- მაგაზე არაფერი უთქვამთ. ტომრები წამოიღე უკანო კი დამაბარეს. დაავიწყდათ, ალბათ.

- უჰ, თქვენი!

- რკინიგზას ბევრი გაუგზავნეს დღეს.

- არ გათავდა ამ რკინიგზის ბრონი. რა ხანია ომი აღარაა! - პილამ სარკმელში თავი გამოჰყო და ხალხს შესძახა: რკინიგზაში გაიქეცით, იქნებ იქ მიასწროთ!

ადგილიდან არავინ დაიძრა. ყველას მიაჩნდა, რომ ნათქვამი სწორედ მას არ ეხებოდა, მას უსათუოდ შეხვდებოდა პური, სწორედ ის არ დარჩებოდა ხელცარიელი.

პირველად ტატაჩიმ აიღო პური. ეკუთვნოდა - დროგით მოიტანა.

მერე ბენოს უნდა აეღო, მერე კი იმას, ვინც პირველი მოსულიყო ამ დილაბნელში.

ყველამ იცოდა: ტატაჩის ერთი პური დროგში ედო - ფურნეში აძლევდნენ, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ აქ აღებული მეორე პური თინა ჭილაიასთან მიჰქონდა. თინა ჭილაია მართას მეზობელი იყო, სამი ბავშვი ჰყავდა ერთმანეთს ვერ წამოაყენებენო, რომ იტყვიან, სწორედ იმ ასაკში. ამიტომ იგუბებდნენ პირში წყალს, ამიტომ არ ედავებოდნენ, როცა პური ასე ცოტაა, ორი რისთვის მიგაქვსო. კმაყოფილნიც კი იყვნენ - ტატაჩი ყოველი მათგანის გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა. ქმრისგან ეგრე მიტოვებულ ქალს ეხმარებოდა. ჯონდოს ჯინაზეც ფიქრობდნენ ასე. ჯონდო თინას ქმარი იყო. დაბის მცხოვრებლებს ჯონდოს ხსენებასა თუ დანახვაზე სახე ისე მოექცეოდათ ხოლმე, თითქოს უხსენებელს წააწყდნენო: თინაც მიატოვა, სამი შვილიც და რკინიგზის სად-გურის მოლარესთან გადაბარგდაო.

ბენომ დახლზე ფული დასდო - ფულს აქ არავინ არ ითვლიდა - არც გამყიდველისათვის მიცემულს და არც გამყიდველისაგან ხურდად მობრუნებულს - და ორი პური აიღო! ახლა აფროდიტა დეიდას ჯერი დადგა. ვიდრე ბენო პურს იღლიებში ამოიდებდა და შეცივნულ ხელებს მაზარის ჯიბეებში მოიქცევდა, აფროდიტა წავიდა კიდეც.

- მობრძანდით, ბატონო! - თქვა ვიღაცამ.

- აჰ, თქვენ მობრძანდით!

- არავითარ შემთხვევაში, ბატონო! აჰ!

- სად გვეჩქარება, აიღე!

ბენომ, როგორც იქნა, პური კარგად ამოიდო იღლიებს ქვეშ, ხელები ფარაჯის ჯიბეებში ჩაიყო და ის-ის იყო გაბრუნებას აპირებდა, რომ ვიღაცამ ლამის ყურსი ჩასძახა:

- რა ამბავია, რა ხდება აქ აეთი, ვითომ? - ტონში არა მხოლოდ საყვედური, ბრაზიც იგრძნობოდა და ყველა იქით მიტრიალდა, საიდანაც ეს სიტყვები მოესმათ. - ხო, რა არის ეს, ჩვენ არ გვინდა პური?

ბენო მიხვდა, რომ მას შესძახოდნენ. იგრძნო წარბებს შუა როგორ მოიყარა თავი ოფლის წვეთებმა. უმწეოდ მიმოიხედა. ხმაური და გნიასი არც აქამდე იდგა, მაგრამ ახლა, ამ სიცივეში პილას დუქნიდან ბუზი რომ გამოფრენილიყო, იმის ბზუილსაც კი გაიგონებდნენ.

- ადგილზე ერთი პური, ვის ვეუბნები მე!

- დღეს პარასკევია და... - თითქმის თავისთვის ჩაიბუტბუტა ბენომ, პილასკენ მიბრუნდა, - ის ეგულებოდა მშველელად.

- პარასკევია დღეს, გაიოზ, რა ამბავში ხარ, რა მოხდა! - ღიმილით უთხრა პილამ გაიოზს.

- მაგას რომ შაბათი აქვს, მე რა ვქნა, მე მშიერი დავრჩე?

ხვალ ვერ მოვა ეს ბაღანა! - თქვა ვიღაცამ. ბენოს არ დაუნახავს კიდევ ვინ წამოეშველა.

- ნუ მოვა მერე!

- შენ არ იცი, რომ მაგენი შაბათს არაფერს ყიდულობენ? - კაცის ხმა იყო.

- მაგის პარასკევი და შაბათი არ ვიცი მე! ოჯახს რა ვაჭამო!

ბენოს დაბნეულობისაგან ვერაფერი მოეფიქრებინა. ერთ ადგილას იდგა უძრავად.

- წავიდეთ, რას უყურებ? - ხმადაბლა უთხრა ტატაჩიმ და მხარი ისე გაჰკრა, რომ ბენო წაბარბაცდა.

მაგრამ ბენოს ვერც პურის დახლზე დადება მოეფიქრებინა და ვერც ნაბიჯი გადაედგა. მილურსმულივით იდგა ერთ ადგილზე.

- ვის ველაპარაკები მე! - გაიოზი უკვე ყვიროდა კიდეც.

ბენომ სიცივე იგრძნო. ფეხის თითებზე იგრძნო სიცივე. მოეჩვენა, რომ თითებს შუა ყინულის პაწია ლოლუები ჩაუდეს.

- რა ამბავია, გაიოზ ბატონო, რა მოხდა! - ხმადაბლა, დინჯად თქვა კოტე ბახიამ - პურია, ელარჯი და საცივი ხომ არ არის! გადასარევი პირდაპირ, ღმერთმანი!

ვიღაცამ ხმამაღლა გაიცინა და თქვა.

- დიდუუ! ელარჯი რო იყოს და საცივი, ყველას დაგვხოცავს მაგი!

საშუალო სიმაღლის, პირხმელი და ჭაღარა ქალი პილა ჯოჯუასაკენ წამოვიდა. ხალხმა რატომღაც მოწიწებით დაუთმო გზა.

- შეიძლება, ხომ? - ხმადაბლა იკითხა ქალმა.

- კი ბატონო, როგორ არა! - პილა ჯოჯუას ხმაში სითბო, ალერსიც კი იგრძნობოდა.

- ქალმა დახლზე ფული დასდო. ერთი ცალი პური აიღო და გაიოზისაკენ შემობრუნდა.

- აიღეთ, აიღეთ, პური აიღეთ!

- აჰ! - გაიოზი ახლაღა მიხვდა თუ რას სთავაზობდა ქალი. - მაგას რატომ მკადრებთ, ქალბატონო! - ყველამ იგრძნო, რომ გაიოზს სიტყვა ყელში გაეჩხირა.

ქალმა არაფერი უპასუხა. უხმოდ შესცქეროდა გაიოზს. პურის ფარდულში მბჟუტავი ლამპის შუქი მკრთალად ანათებდა მის გამხდარ, სანთლისფერ სახეს, ყურებთან ავარცხნილ ჭაღარა თმას. ამ ქალის პირველ დამნახველს უთუოდ შეაკრთობდა, დააბნევდა ჭაღარასთან და ხანდაზმული ქალის სხეულთან შეუთავსებელი ახალგაზრდული მზერა. ამ ქალის მზერაში გამოულეველი სითბო და ალერსი იდგა.

- კი, მაგრამ... - ქალს თვალი აარიდა გაიოზმა და მერეღა მოახერხა სიტყვის დამთავრება - კი, მაგრამ ასეთი რა დაგიშავე, ქალბატონო!

- თქვენ არაფერი, თქვენ არაფერი დაგიშავებიათ! - თქვა ქალმა. მის ამ ერთ ფრაზაში იმდენი ალერსი იყო, შეჭარხლებულ გაიოზს პასუხის მიცემის უნარსაც ართმევდა - აიღეთ, აიღეთ!

გაიოზის სულსწრაფობა, აჩქარებულობა არავის მოეწონა, მაგრამ არც ის ეწადათ, ახლა ამ ქალისაგან პური აეღო და შერცხვენილიყო.

- კარგით, ქალბატონო ფლორენცია, გასაგებია ყველაფერი! - თქვა ხმადაბლა და შემრიგებლური ტონით იმ კოტე ბახიამ, ახლახან რომ გაიოზს საყვედურობდა.

- ოჯახი ჰყავს და ჭირდება პური, რა ქნას, აბა! - ჩაილაპარაკა ფაციამ.

- სიმინდი რომ ყოფილიყო წელს, პური რად გვინდა, მაგრამ... - ეს კოჩობა იყო.

- მოდი, გაიოზ, აიღე, ბევრია პური, ვიხუმრე წეღან, - დაუძახა პილა ჯოჯუამ გაიოზს, მაგრამ გაიოზი ადგილიდან არ იძვროდა. ეწადა კია დაძვრა, უნდოდა ფეხის გადადგმა, ძალიან უნდოდა სულ გასცლოდა აქაურობას, შორს წასულიყო, იქ, სადაც არ იცნობდნენ, მაგრამ ფეხი ვერ დაუძრავს, ნაბიჯი ვერ გადაუდგამს.

- წავიდეთ, რას უყურებ! - ისევ გაჰკრა მხარი ტატაჩიმ ბენოს.

ბენოც მონუსხულივით იდგა, ვერც იმას გადაედგა ნაბიჯი.

- დავკეტო? არავის გინდათ პური? - დაიძახა პილა ჯოჯუამ.

ბენომ, როგორც იქნა, გადადგა ნაბიჯი. გ აუჭირდა, თითქოს ვერ ახერხებდა, მაგრამ მაინც გადადგა, ტატაჩიმ „კატიუშას“ აღვირი დროგის სკამიდან მოხსნა.

- აბა, ულა! - შესძახა ცხენს და წინ გაუძღვა.

თენდებოდა.

ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ დათოვლილ გზაზე. დროდადრო ცხენი თუ დაიფრუტუნებდა და ამით დაარღვევდა მყუდროებას, თორემ ჩამი-ჩუმიც კი არსაიდან ისმოდა.

- ხომ იცი, ეს ქალი ვინ არის? - იკითხა ტატაჩიმ.

- არა! - მიუგო ბენომ.

- ის ქალი ვინ არის, არ იცი? - გაიკვირვა ტატაჩიმ.

ბენომ თავი გააქნია.

ტატაჩიმ კი ირგვლივ მიმოიხედა, დათოვლილი არე დაზვერა, ხმას დაუწია და საიდუმლოს განდობის ტონით თქვა:

- ხალხის მტრის აპოლონ ძაძამიას ცოლია. ერთი კვირაა გადასახლებიდან ჩამოვიდა. - მერე კიდევ უფრო ხმადაბლა, გაფრთხილების ტონით დასძინა. - არავის უთხრა.

- ხალხის მტერი რატომ არის? - გაოცდა ბენო.

- არ ვიცი ბენომ ვერაფერი გაიგო, შედგა, ტატაჩის სახეში მიაჩერდა.

- ამ ცოტა ხნის წინათ გაანთავისუფლეს. მაგის ქმარიც გაამართლეს, მაგრამ დახვრეტილი ყოფილა უკვე.

- დახვრეტილი?

- ჰო.

- რატომ?

- იმიტომ, რომ აგენტი იყოო.

- აგენტი? - ბენოს თვალებში შიში ჩაუდგა, მიმოიხედა.

- უკვე გაამართლეს, ციმბირიდან ჩამოვიდა, სახლი დაუბრუნეს.

- ხალხის მტერიც იყო და აგენტიც?

- ეს არა, ამის ქმარი იყო აგენტი და ხალხის მტერი.

- მერე!

- მერე რა?

- ეს აგენტის და ხალხის მტრის ცოლია?

- არა, თურმე, არც ის ყოფილა ხალხის მტერი და აგენტი.

- როგორ არ ყოფილა, თუ დახვრიტეს?

- არ ყოფილა.

- აბა, რატომ დახვრიტეს?

ტატაჩიმ ვერაფერი თქვა. დაბნეული შესცქეროდა ბენოს. ბენომ კი გაიღიმა და განაჩენივით მიუგდო:

- მოგატყუეს.

-რატომ მომატყუებდნენ? - მერე თვალებში სიხარულის ნაპერწკალმა გაუელვა და წამოიძახა - შეცდომითაო.

- რა შეცდომით?

- შეცდომით დახვრიტეს.

- შეცდომით? - ბენო დაიბნა. ვერ გაიგო შეცდომით როგორ შეიძლებოდა ადამიანი დაეხვრიტათ და სასხვათაშორისოდ იკითხა. ვინ დახვრიტა?

ტატაჩიმ კვლავ მიმოიხედა, კვლავ დაზვერა გარემო და ახლა უფრო საიდუმლო ტონით, თითქმის ჩურჩულით თქვა:

- სტალინმა.

- რაო? - ბენო ისე გააოცა ტატაჩის პასუხმა, რომ არ დაიჯერა, იქნებ, სმენამ მომატყუაო და მეგობარს მოუბრუნდა.

- სტალინმა.

ბენო უცებ წამოენთო. ათასი რამ უნდოდა ეთქვა ტატაჩისათვის და ვერაფერს ამბობდა.

- შენ იცი, რა... იცი რა - მკერდით აწვებოდა ბენო ტატაჩის. ჯიბიდან ხელები ვერ ამოეღო - პურები არ დამიცვივდესო - ხანგა რექ სი, ხანგა!1 - ეს სიტყვები ისე იყვირა, ლამის ყელი ჩაეხრინწა, მისი ხმა კი ფოსტის კედელს კენჭივით მოხვდა, კედელმა ხმა აისხლიტა და კვლავ უკან დაუბრუნდა დათოვლილ ქუჩაში მდგარ ტატაჩის, ბენოს და ყურებჩამოყრილ „კატიუშას“, - მეტი არსად თქვა მაგ, არსად თქვა ძია სტალინზე, იცოდე! - შესძახა ბენომ და ტატაჩის მყისვე აქცია ზურგი. ისე გაცხარებული მიდიოდა, მიხვდებოდით: ცდილობდა სასწრაფოდ გასცლოდა იმ ადგილს, სადაც ასეთი საძაგლობა მოისმინა ძია სტალინზე.

ტატაჩის კი „კატიუშას“ ლაგამი იღლიაში ამოედო და ნელი ნაბიჯით, თავჩაქინდრული მიუძღოდა დროგს. უკვე თვითონაც ტკიოდა გული, რომ ასეთი რამ თქვა ძია სტალინზე, ადამიანზე, რომელიც მამას ერჩია, ადამიანზე, რომლის გარდაცვალების დღეს ცხარედ ტიროდა. ეს ამბავი, ხომ სულ ახლახან იყო, მას შემდეგ ორი წელი თუ გავიდა და განა შეიძლება დღეს ასეთი რამ ილაპარაკო ადამიანზე, რომლის ავადმყოფობის დღეებშიც ფიქრობდი: ოღონდ ის ცოცხალი იყოს და მე მოვკვდეო?

- სულ შტერია ეს ბუთხუ! საიდან მოიტანს ხოლმე ასეთ ამბებს, - ამას ბუთხუზე კი ამბობდა, მაგრამ საკუთარ თავს უფრო უბრაზდებოდა ტატაჩი - მაგას ჰგონია ყველაფერი იცის. ერთი კარგად უნდა მივბეგვო ასეთი ტყუილისთვის.

ცხენიც უხმაუროდ მისდევდა. დროდადრო თუ დაიფრუტუნებდა და ტატაჩის მოეჩვენა, რომ „კატიუშაც“ კი საყვედურობდა ბუთხუს ნათქვამი როგორ გაიმეორეო. თენდებოდა.

- მოხვედი? - დათიკო უკვე ამდგარიყო. ბუხრის წინ ჩაცუცქულს ბუხარში შელაგებული შეშის ქვეშ წვრილ-წვრილი ფიჩხი მოეგროვებინა, გაზეთისთვის ცეცხლი წაეკიდებინა და გამალებული უბერავდა სულს, იქნებ, რამენაირად ჯერ ფიჩხს, ხოლო შემდეგ შეშას წავუკიდო ცეცხლიო. შვილი რომ შემოვიდა, მისკენ არც მობრუნებულა, ისე უთხრა: - ჰე, დროზე ჰქენი, ახლა, გათენდა.

- სკოლაში რომ დამაგვიანდეს?

- სკოლა არსად გაგექცევა. ჰქენი პირი იერუშალაიმისკენ და ლოცვა დაიწყე.

ბენომ კარადის უჯრა გამოაღო, დილის ლოცვანი მონახა და ის იყო ლოცვა უნდა დაეწყო, მამას მიუბრუნდა.

- ერთი რამ უნდა გკითხო.

- მიბრძანე, ბატონო! - მცირე შეყოვნების შემდეგ მიუგო შვილს. მის ტონში, უკმაყოფილება იგრძნობოდა - ბენო სკოლაში დაგვიანების მომიზეზებით ულოცავად აპირებდა სახლიდან გასვლას.

- აპოლონ ძაძამიას თუ იცნობდი?

- აპოლონ ძაძამია ვიღაა? - ჩაილაპარაკა დათიკომ, ჩაფიქრდა, მეხსიერება დაძაბა, მაგრამ ვერაფრით გაიხსენა - ვისი შვილია?

ბენო ცოტა ხანს დაელოდა მამას, იქნებ, გაიხსენოს აპოლონ ძაძამიაო, მაგრამ დათიკომ რომ ვერაფრით მოიგონა, სთქვა:

- ხალხის მტერი იყოო?

- აპოზე ამბობ? - თვალები გაუბრწყინდა დათიკოს - რა ვაჟკაცი იყო?! კაცი არისო მაგაზე იტყოდი, მარა რად გინდა? - ამათ კარგი და ბედნიერი რაში სჭიროდათ! - დათიკოს უცებ სახე მოეღრუბლა, შვილს იჭვით მოხედა - შენ აპო საიდან იცი, აპოს ამბავი რაში გჭირდება? აპო ხალხის მტერი და აგენტი იყო და შენს საქმეს მიხედე!

- არაო, არ ყოფილა თურმე ხალხის მტერი და აგენტი.

- შენზე უკეთ ვიცი მე რა მტერიც აპო. შენი საქმე არ არი მაგი. ილოცე და სკოლაში მიბრძანდი! - შეუტია დათიკომ შვილს.

- არ ყოფილა ის კაცი აგენტი და...

- შენ ხო არ გადაირიე? რამ აგტეხა?

- ცოლი დაბრუნდა მისი. პურზე ვნახე ახლა - ბენომ თითქმის ჩურჩულით, ზუსტად ისევე თქვა, როგორც ტატაჩიმ, ამას რომ ამბობდა, ტატაჩივით მიმოიხედა.

- მოგიკვდა პატრონი! - ბუხარს ჩასძახა დათიკომ. ვერაფრით ვერ დაანთო ცეცხლი, იმდენს უბერავდა, ფილტვები დაებერა, მაინც ვერაფერს გახდა - ახლა კიდევ უცნაურ რამეს ამბობს ეს ბიჭი - ბიჭო, გლახად ხო არა ხარ შენ, ან რა სიზმარი ნახე ამისთანა - აპოს ცოლს პურზე რა უნდოდა!

- ჩამოსულა, გაუმართლებიათ! აპოც გაუმართლებიათ, მარა, დახვრეტილი ყოფილა და...

დათიკომ ბუხარს თავი ანება. წამოდგა. ყურადღებით შეხედა შვილს.

- დაჯექი აგერ შენ! მართლა ჩამოვიდა ი გოგო?!

- გოგო? - გაეცინა ბენოს - გოგო კი არა, მოხუცია!

- ა? მოხუცი? - კვლავ იჭვით შეხედა შვილს დათიკომ - რა დროს ფლორენციას სიბერეა!

იმის მაღალ ყელს, შოლტივით მოქნილ სხეულს, მკერდს რა დააბერებსო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა. შეუძლებელია ამ ბაღანას ფლორენცია ენახაო, გაიფიქრა და ბენოს ღიმილით ჰკითხა:

- პურზე ნახე, ხო?

- ხო.

- მარტო მოვიდა, ხო?

- კი.

- გაამართლესო, ხო?

-კი, გაამართლესო.

- და აპოც გაამართლესო?

- კი, აპოც გაუმართლებიათ, მაგრამ დახვრეტილი ყოფილა თურმე!

- ვინ გითხრა შენ ეს ამბავი.

- მეორე პურს არ მაძლევდნენ და იმან არ ქნა, მიეცითო.

- და ის ქალი ფლორენცია არისო?

- კი.

დათიკო გაოგნებული მიუბრუნდა ბუხარს. უაზროდ მოძრაობდა. უაზროდ გადააბრუნა შეშა, ფიჩხის ქვეშ გაზეთის ნაგლეჯები უაზროდ შეჭმუჭნა, ცეცხლი ჯერ გაზეთს წაეკიდა, მერე ფიჩხს, მაგრამ უმალ ჩაქრა, დათიკოს სული არ შეუბერია, აღარც გაახსენდა, რომ ესეც საჭირო იყო. ბუხარს უაზროდ ჩასჩერებოდა და ფიქრობდა:

- რაფერ აგლახავებენ ხალხს, ესენი აგლახაოს გამჩენმა! ჯერ რა სიმაღლეზე აიყვანეს, შენნაირი ერთგული ბოლშევიკი ბევრი არა გვყავსო, ეუბნებოდნენ აპოს, ა, ეს არის ყოვლად წესიერი კაცი, ხალხის ნამდვილი შვილიო, გვეუბნებოდნენ, მერე უცებ გააუბედურეს, იმ სიმაღლიდან მიწაზე ისე დაანარცხეს, ხელიც არავინ შეაშველა, რაფერ იმეტებენ ერთმანეთს, რაფერ! ახლა ამბობენ, მართალი იყოო!

თავი არც აუწევია, ისე უთხრა შვილს:

- შენ მუნჯად იყავი, მაგ აპოს ცოლი არ იქნება, სხვას შემოუშვებდნენ, რომ ხალხს რამე ათქმევინონ, ამათი მიმნდობი ბედნიერი არ მინახავს მე... დაიმახსოვრე ეს! ისრაელმა კაცმა უნდა იცოდეს თავისი თორა და გამჩენი, მორჩა!

ბენო, როგორც ყოველი ებრაელი კაცი, ლოცვის დაწყების წინ, აღმოსავლეთისაკენ, სწორედ იქით შებრუნდა, საითაც იერუშალაიმი - ყოველი ებრაელის საოცნებო ქალაქი ეგულვებოდა და ლოცვას შეუდგა. თორის კითხვაში უკვე კარგად იყო გაწაფული, ყოველ შემთხვევაში დილა-საღამოსა თუ შაბათის ლოცვანი ჩინებულად იცოდა. თუმცა, ამ ბოლო დროს იმასაც ცდილობდა, ლოცვის დრო შეემცირებინა, ვაითუ, სკოლაში დამაგვიანდესო და დილის ლოცვის თავისებური, მოკლე ვარიანტი შეიმუშავა, მაგრამ თუ დათიკო ახლოს იყო, ლოცვის შემცირებას ვერ ბედავდა - იცოდა მამას ეწყინებოდა. სულ იმას ამბობდა, თუ კაცი ვარგა, არც ლოცვას დათმობს და არც - სკოლასო. სკოლას თავისი ადგილი უნდა მიუჩინო, ლოცვას ხელი როგორ უნდა შეუშალოს იმან, რაც მხოლოდ ამ ქვეყნად გარგიაო, თორა კი ამ ქვეყნიურზეც გაგცემს პასუხს და იმქვეყნიურზეცო, ყველა წიგნი, თუ ის რამედ ვარგა, თორის სიბრძნეში იღებს სათავეს, შიგ თორის სიბრძნეა მიმოფანტული, მაგრამ ეშმაკურად გადასხვაფერებულიო.

ბენო ხმადაბლა და უხალისოდ კითხულობდა. ტუჩებს სწრაფად ამოძრავებდა.

- ამოიღე, ბიჭო ხმა! რამ დაგამუნჯა, ან სად გარბიხარ!

- კურთხეულ იყავ, უფალო ღმერთო ჩვენო, გამგებელო ქვეყნიერებისა, რომ არ შემქმენ მე კერპთმოყვარედ - ხმამაღლა წაიკითხა დილის ლოცვანი ბენომ.

- გაკურთხოს გამჩენმა! - მიუგო დათიკომ.

- კურთხეულ იყავ, უფალო ღმერთო ჩვენო, გამგებელო ქვეყნიერებისა, რომ არ შემქმენ მე ქალად.

- კურთხეულ იყოს შენი სახელი, გამჩენო! - დათიკო კმაყოფილი იყო, რომ ბენო ასე გამართულად კითხულობდა ძველ ებრაულ ენაზე.

- კურთხეულ იყავ, უფალო ღმერთო ჩვენო, გამგებელო ქვეყნიერებისა, რამეთუ შენ ბრძანდები მშველელი ტყვეებისა!

- ამინ!

- კურთხეულ იყავ, უფალო ღმერთო ჩვენო, გამგებელო ქვეყნიერებისა, რამეთუ მიწას ისრაელთა შენ მიანიჭე მშვენება.

- ეეჰ, მაღირსე, ღმერთო, ერთხელ მაინც შევავლო თვალი! - ამოიოხრა დათიკომ.

- კურთხეულ იყავ, უფალო ღმერთო ჩვენო, გამგებელო ქვეყნიერებისა, რამეთუ შენ ძალგიძს მისცე ღონე უღონოთა!

- ამინ!

- მამი, წავედი მე, - სამზადის კარი ლიამ შემოაღო, იღლიაში წიგნები ამოეჩარა.

- მოდი აქ, შვილო, რა დროს სკოლაა ჯერ, ახლა გათენდა.

- მე ჯგუფხელი გავხდი და ადრე უნდა მივიდე.

- ჯგუფხელი რა არი, შვილო!

- ჯგუფხელი? - ლია ჩაფიქრდა. ეწადა მამისათვის გასაგებად აეხსნა ის, რაც თვითონ ასე ახარებდა და მოსწონდა, მაგრამ ვერ ახერხებდა.

- ჰო, ჯგუფხელი! - ჩაეძია დათიკო.

ლიას თვალები გაუბრწყინდა.

- ჯგუფხელად იმას ირჩევენ, ვინც კარგად სწავლობს, წესიერად იქცევა.

- კარგი მოგცეს გამჩენმა, კარგი მაგ იყოს! წადი, შვილო, წადი და თუ რამე სიკეთეს ეწევი, მაგას რა სჯობია.

- ჯგუფხელი ყველას უნდა უყვარდესო, ნდობას უნდა იმსახურებდესო, ასე თქვა დირექტორმა.

- კარგი მოგცეს ღმერთმა, კარგი რამ ამ დილას შენ მითხარი, მარა რას აკეთებს ეს ჯგუფხელი სკოლაში, რა მოხელე ჩიქვანია საერთოდ, რისთვის ირჩევენ.

- კლასი უნდა დაალაგოს.

- რა მოხდა მერე, შრომა არ უნდა გეზარებოდეს.

- თუ მოსწავლე რამეს გააფუჭებს, ან გლახას იტყვის, მასწავლებელს ან დირექტორს უნდა გააგებინოს.

- რა თქვი? - დათიკოს თვალებში შიში ჩაუდგა.

- ბიჭები ან გოგოები თუ რამეს გააფუჭებენ, ან გლახას იტყვიან, მასწავლებელს უნდა გავაგებინო, აბა!

- კურთხეულ იყავ, უფალო ღმერთო ჩვენო, გამგებელო ქვეყნიერებისა, რომ არ შემქმენ მე მონად. - დათიკოს მკაფიოდ ჩაესმა ყურში ბენოს ღაღადი და გაღიზიანებულმა შესძახა შვილს:

- რა ამბავში ხარ თუ იცი, შენს მეტი აღარავინ არი ქვეყანაზე? - მერე ლიას მიუბრუნდა და ჰკითხა: - გლახა მაინც ვიზე უნდა თქვან ბაღნებმა.

- ყველაზე - შენზე, ბენოზე.

- ჩემი გულისათვის არ დაგნიშნავდნენ შენ ჯგუფხელად. არც ბენოს ამბავი შეაწუხებთ ძალიან.

- მასწავლებლებზე, კომკავშირლებზე, პოინერებზე.

დათიკო ერთხანს უხმოდ შესცქეროდა შვილს, მერე თქვა:

- შპიონი უნდა გამოხვიდე, შვილო?

ლიას თვალებში ცრემლი ჩაუდგა.

- შპიონი რატო უნდა გამოვიდე!

- არსად დაგინახო წასული! ჯერ მე თვითონ მივალ და ვიკითხავ, რატომ მაინცდამაინც შენ დაგნიშნეს შპიონად!

- არ ვარ მე შპიონი, არა! - ახლა უკვე ღაპა-ღუპით სდიოდა ცრემლები ლიას.

- ხმა, კრინტი! სახლში დარტიე!

- სკოლაში არ ვიარო?

- სკოლაში კი, მაქანა - არა!

ლია სამზადიდან გავიდა.

ბენო ლოცვას განაგრძობდა. ბუტბუტი შემოესმა. ბუნებით მშვიდი და უწყინარი დათიკოს გაბრაზება იმით გამოიხატებოდა, რომ თავისთავს ელაპარაკებოდა.

- არც ახლა დაიჯერებთ, არც ახლა გაიგებთ, ხალხნო, რა მთავრობასთან გაქვთ საქმე? ამათი არაფერი არ უნდა გწამდეს, ადამიანო, არაფერი! თუ გინდა ოჯახი შეგრჩეს და კაციშვილობა, ახლოსაც არ უნდა გაეკარო. ღავარც მოეპრიანებათ, ისე ჭრიან და კერავენ, რაში უნდა რნდო ამათ! მთავრობის კაცს ქუჩის აქეთა მხარეს რომ დაინახავ, იქით უნდა გადახვიდე. ისე უნდა გადახვიდე, თვითონ არ დაგინახოს, მარა გიყურებს თუ არ გიყურებს, ქუდი მაინც უნდა მოუხადო. შენ რო გგონია არ მიყურებსო, მაშინ გხვრეტს თვალებით. მოერიდე, მოერიდე და გამჩენიც მოგარიდებს სიავეს. გამჩენს უნდა მიენ-დო და შენი საქმე უნდა აკეთო. აპოს ამათი გამართლება რად უნდოდა, რა სჭირდა აპოს ამათი გასამართლებელი. ანგელოსივით კაცი იყო. ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამდა, ჭიანჭველაც კი ეცოდებოდა და ხალხის მოწამვლა გინდოდაო. რავარია?! მთელ დაბაში წყლის მოწამვლას აპირებდი, რომ ხალხი ამოგეხოცაო. რას იტყვი?! ცოდვით არიან გაჩენილები და ცოდვას ატრიალებენ ქვეყანაზე!

- რა სიცივეა, რაფერ იკბინება ამინდი, ისევ მოთოვს! - სამზადში რიბკა შემოვიდა - სიცივემ ისე ამიტანა, ასე მგონია სული დავკარგე საღაცა - ბუხარში რომ ცეცხლი ვერ დაინახა, გაოცებულმა შესძახა ქმარს - რა არი, დათიკო, ეს ცეცხლი რატო არ დაგინთია, რას უყურებ?

- მაცალე ერთი წუთი.

- პარასკევი არ არი დღეს? შაბათი არ მობრძანდება? რომ გაცალო, ესე იგი შაბათი არ დავაპატიოსნო?

- ფლორენციას ჩამოსვლის ამბავი თუ იცოდი, რატო არ მითხარი?

- ვინაა ფლორენცია, დათიკო?!

- ფლორენცია, აპო ძაძამიას ცოლი.

რიბკამ შიშით მიმოიხედა. მერე თვალი ბენოს შეავლო, რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა და დათიკოს საყვედურით ჰკითხა:

- რა იყო, დათიკო, რა ამბავია?

- რა უნდა იყოს, მშვიდობა. რატო არაფერი მითხარი?

- შენ ხომ არ დაგავიწყდა, მაგენი რაზე წაიყვანეს? ხომ არ დაგავიწყდა მთელი რაიონის მოწამვლა რო უნდოდათ წყლით. ხო არ დაგავიწყდა ყველა ერთად რო უნდა დავხოცილიყავით - დიდიც და პატარაც.

- მახსოვს, კი.

- აბა, ეს მთავრობა უპრაკუნოდ არ დაიჭერდა კაცს!

- აჰ, - შეიცხადა დათიკომ - მე ეს არ მითქვამს. ჩვენს მთავრობაზე მე მაგას ვერ ვიტყვი. ცოდვას ვერ დავიდებ.

რიბკამ დათიკოს ირონია იგრძნო და საყვედურით მიმართა ქმარს.

- რა იყო დათიკო, რა ამბავში ხარ ამ დილას შენ!

- არაფერი, ბატონო, სირცხვილით კბილებში ოფლი გამოუვა-მეთქი, მინდოდა მეთქვა.

- შენ ვინ გითხრა ფლორენციას ჩამოსვლის ამბავი?

- აგერ, ბენიკოს უნახავს.

- გადამრევ, დათიკო, მე შენ, სად იყო ბენიკო გაჩენილი მაგენი რო წაიყვანეს და რა იცის ბიჭმა ვინ ნახა!

- წავედი მე სკოლაში, - დედ-მამისკენ არც მოუხედავს, ისე თქვა ბენომ და გავიდა.

- ბაზარში ვიკითხავ და ყველაფერს გავიგებ.

- შენ ხო არ გადაირიე? - ცეცხლი მოედო რიბკას - რას იკითხავ, ვის ამბავს იკითხავ ბაზარში! ოჯახს ღუპავ? იქნება შინსახკომში მიხვიდე და იმათ ჰკითხო ასე და ასე გავიგე და მითხარით რაშია საქმეთქო.

- რა იყო ქალო, ამბავს ვიკითხავ, კი არაფერს ვაშავებ.

- დიდი ჭკუა პატარაზე დაგიყენა გამჩენმა, დათიკო! დაჯექი მაქანა, მე ყველაფერი ვიცი. ბარე ორი კვირაა ჩამოვიდა ფლორენცია. ვერ ხვდები რატომ დააბრუნეს ფლორენცია?

- გაანთავისუფლესო.

- ხალხის მტერი გაანთავისუფლესო, ხომ? გჯერა შენ ეს ამბავი?

- აბა? - გაიოცა დათიკომ.

რიბკამ ისე მიმოიხედა, თითქოს ვიღაცას დაეძებდა. მერე ფანჯარაშიც გადაიხრდა და ხმადაბლა სთქვა:

- რავა ვერ ხვდები, დათიკო, რატო დააბრუნეს ფლორენცია - კარგად დააკვირდებიან ვინ მივა იმასთან, ვინ ჩაიხუტებს გულში, ვისთან აგინებს ამ მთავრობას და მერე... რამდენი ხანია ხალხი არ დაუჭერიათ... მაგათაც გეგმა ჰქონიათ თურმე ხალხის დაჭერის. ამ ბოლო დროს კი ძალიან უჭირთ ეს საქმე. გამამაძაღლდაო ხალხი, მთავრობის ქების მეტს არაფერს აკეთებსო - მაქებარი კაციც მტერია ზოგჯერ, მარა რაფერ გაარჩიონ მტრისგან, მიდგომა უნდა, მიდგომა! - დათიკოს სახეზე რომ გაკვირვება შენიშნა, რიბკამ კიდევ უფრო დაუწია ხმას - ხალხის ძველი მტრები იმიტომ გამოუშვეს, რომ ახალი მტრები დაიჭირონ, ამისთვის დაუცლია ხრუშჩოვს ციხეები. მერე ყველას ერთად მიაბრუნებს უკან.

- ვინ გითხრა შენ ეს ამბავი?

- ვითომ მე ვერ მივხვდებოდი? - თავმომწონედ იკითხა რიბკამ.

- მიხვდებოდი, არა! - ჩაილაპარაკა დათიკომ და ცოტა ხნის შემდეგ ჰკითხა, - თქვი ახლა ვინ გითხრა!

- ტოგო ხვიჩიას უთქვამს თავისი ცოლისთვის სეკრეტად. მაგას რა გამოეპარება, შინსახკომში მუშაობდა.

დათიკოს ახლა კი სარწმუნოდ ეჩვენა რიბკას ნათქვამი.

- რა დროს ფლორენციაა, დათიკო, შაბათი მობრძანდება და ოჯახში არაფერი მაქვს, რა გაჭამოთ, მშიერი ხო არ იქნებით! - რახან ქმარი დაარწმუნა შენზე მეტი ვიციო, რიბკამ საუბრის დრო და თემა ამოწურულად ჩათვალა.

- მოიფიქრებ შენ რაღაცას, - გაეღიმა დათიკოს.

- კი, ბატონო, იყოს ასე. შენ ხელს ნუ გაანძრევ, მე კიდო კაი შემწვარ-მოხრაკულს მოვიფიქრებ და ის ნაფიქრი მიირთვი ამაღამ ვახშმად.

- ეეჰ... გავალ, იქნება ვიშოვო რამე და შემოვიტანო ოჯახში. - წამოდგა დათიკო.

- დროზე, შე კაცო, დროზე, თორემ დაგვიანდა.

დათიკომ ძლივს აითრია წელი.

ოჯახის ხელმოკლეობა ყოველ ადამიანზე დამთრგუნველ ზემოქმედებას ახდენს და არც დათიკო გახლდათ გამონაკლისი, ამ ბოლო დროს კი მეტისმეტად გაჭირდა ცხოვრება - ხელობის მცოდნე კაცმა სულ დაჰკარგა ფასი. ახალი ფეხსაცმლის შეკერვას ვიღა დაგიდევდათ, ხალხს ძველი, ლანჩააგლეჯილიც კი აღარ მოჰქონდა შესაკეთებლად. მთელ დაბას - დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაც - ზამთარში უხეში, ჯარისკაცული ჩექმა ეცვა, ზაფხულში - „სკოროხოდები“. ერთიც ხელმისაწვდომი გახდა და - მეორეც. განსაკუთრებით - ჩექმები, რომლებიც მეზღვაურებს ფოთიდან ჩამოჰქონდათ, შაბათსა და კვირას ნაშუადღევის ელექტრომატარებელს მოჰყვებოდნენ. მატარებელი რომ ბაქანზე გაჩერდებოდა და კარები ავტომატურად გაიღებოდა, ვაგონებიდან ხმაურით, გინებით, ჟივილ-ხივილით ისე გადმოცვივდებოდნენ მხრებზე ჩექმებგადაკიდებული მეზღვაურები, გეგონებოდათ ერთი კვირა უჭმელ-უსმელი ჰყავდათ სიბნელესა და ნეხვის სუნშიო.

თითო „მორიაკს“ სამი თუ არა, ორი წყვილი ჩექმა მაინც ჰქონდა გადაკიდებული მხრებზე. მეზღვაურები ბაზრისაკენ მიმავალ გზას ხმაურით, სიცილით, გინებით, ყიჟინით მოედებოდნენ. იქვე, სადგურთან, ან ხეივანში იმართებოდა გაცხარებული ვაჭრობა, გაცვლა-გამოცვლა და ზოგჯერ „მორიაკები“ ბაზრამდეც ვერ აღწევდნენ - ჩექმებს გზაშივე ჰყიდნენ.

„მორიაკების“ ჩექმებით ხალხმა სული მოითქვა. განსაკუთრებით იმათ, დღედაღამ მინდორში რომ უხდებოდათ მუშაობა - შემოდგომის უჟმურ დღეებში, თუ ადრიან გაზაფხულზე - გადაუღებელი წვიმიანობის დროს - ფეხი მშრალად ჰქონდათ, ტლაპოსა და ტალახში იოლად დაალაჯებდნენ, მიწის მუშას ფეხის დასველებისა და გაციების შიში აღარა ჰქონდა. შემოიხვევდნენ ფეხზე რაღაც ჭინ ჭებს, ომიდან დაბრუნებული ხალხი „პარტიანკებს“ რომ ეძახდა, ჩაჰკრავდნენ ფეხს ჩექმაში და მორჩა, თუ გინდა ტრაპიზონამდე იარე! ასე აღარც სიცივე ენაღვლებოდათ, აღარც გაუთავებელი წვიმიანობა. ასე იყო ნოემბრიდან მარტამდე, მაგრამ ჭანტურიების ლამარამ დაბა რადიკალურად შეცვალა. მას შემდეგ, რაც ლამარამ, დიდისა თუ პატარისაგან, ქუთაისიდან ჩამოსული სტუმრებისაგანაც კი, საოცნებო გოგოდ აღიარებულმა ლამარამ, ერთ წვიმიან საღამოს ჩექმებით გაიარა დაბაში და არა მარტო გაიარა, კინოშიც კი შევიდა, ჩექმები მოდად იქცა. ჩექმებს ახლა ისინიც კი იცმევდნენ, ვინც ადრე ცხვირს იბზეკდა ეგაო ჯარისკაცების და ყანაში სიმინდის სატეხად შესული ხალხის ჩასაცმელიაო. ლამარას კი რა ექნა, სხვა არაფერი ჰქონდა - ფეხსაცმელს ვინ დაეძებს, კალოშებიც კი გაუცვდა, ის გულდახურული კალოშებიც კი შემოადნა ხელში. არადა, იმ საღამოს მარტვილიდან ჩამოსული ბიძაშვილი შეევედრა ეგ ამერიკული „ტრაფეინი“ ფილმი „ბრძოლა ველზე“ ჩვენთან კიდევ ექვს თვეს არ იქნება, ქვეყანა ამბობს ფილმის უნახავს გაგხდის და წავიდეთო. ხო უნდა გაჰყოლოდა, მარტო ხო არ გაუშვებდა, ვერც იმას ეტყოდა, ფეხსაცმელი არა მაქვს და ვერ წამოვალო. პირიქით - აი, ნახეთ, ჩვენში როგორი მოდა შემოვიდა, ქალებიც ჩექმებით დავდივართო და ძმის - ბახვას ჩექმებში ისე ჩაჰკრა ფეხი, თითქოს მეათასედ იცმევდა, ბახვა მაინც არსად იყო წასასვლელი - სიცხიანი იწვა.

აბა, სხვას ჩაეცვა, აბა, გოგოხიების თალიკოს გაევლო დაბაში ჩექმებით - სიცილით გაიჭაჭებოდნენ, კინოთეატრის წინ მდგარ ბიჭებს, იქნებ, სტვენაც კი მიეყოლებინათ. კი, კი, ასეა! აბა, ბათუს დას - ნარგიზას ჩაეცვა, ისე ოჩხო-ბოჩხოდ გაივლიდა, ბიჭები ერთ ამბავს ასტეხდნენ. მთელი დღე არ მოიშლიდნენ სიცილს. იმათ ხომ მეტი არაფერი უნდათ, არც საქმე აწუხებთ და არც სადარდებელი აქვთ რამე. დილიდან საღამომდე კინოთეატრის წინ დგანან და გამვლელ-გამომვლელს შესცქერიქნ.

ლამარა რომ გაივლიდა, ბიჭები ჯერ მრავალმნიშვნელოვნად შეავლებდნენ ერთმანეთს თვალს, მერე მას მოუტრიალდებოდნენ და სევდიან მზერას აყოლებდნენ.

ლამარა რომ მარტვილელ სტუმრებს კინოში ჩექმებით გაჰყვა იმ საღამოს, დაბის ახალგაზრდობამ გაიხარა: ახალი მოდა სწორედ ჩვენს დაბაში შემოდის პირველადო. შინ მიბრუნებული გასათხოვარი, თუ უკვე გათხოვილი ქალები ძმების, მამების, მეზობლების ჩექმებს ეცნენ. მთელი ღამე სარკის წინ ტრიალებდნენ მეც თუ მიხდება ისე, როგორც ლამარასაო.

ერთი სიტყვით, ხელმოკლე ოჯახის შვილმა ცისფერთვალება და წნელივით მოქნილმა, მუდამ მომღიმარმა ლამარამ მეზღვაურთა ჩექმა ერთი საღამოს განმავლობაში ფუფუნების საგნად აქცია და ის, რაც ფუფუნების საგნად იქცევა, თავსაც იწონებს, ფასს დღითიდღე იდებს. ჩექმა უცებ გაძვირდა - თუ აქამდე გემუდარებოდნენ ერთ ბოთლ ჭაჭაში გამიცვალეო, ახლა სამ ბოთლზეც არ დაგყაბულდებოდნენ. რამე უნდა დაგემატებინა - ყველი, ფხალი, ჭადი. ეს გაზაფხულზე იყო. ჩექმას ზაფხულშიც რომ იგივე ფასი შერჩა, დაბელები მიხვდნენ შემოდგომაზე უფრო მოიწონებსო თავს და მართლაც, შემოდ-გომის გადაუღებელი წვიმები და გამთოშავი ქარები რომ დაიწყო, „მორიაკები“ თითო წყვილ ჩექმაში წითელ სამთუმნიანსა და ბოთლ ჭაჭას ითხოვდნენ მთელმა ქვეყანამ, დიდმაც და პატარამაც, ჩექმისაკენ დაიჭირა თვალი. დათიკოს ხელობა აღარავის სჭირდებოდა.

მეზღვაურებმა მთელი დაბა წაახდინეს: ჩექმებისაგან ხელს რომ დაიცლიდნენ, ბაზარში, კასრის თავზე არაყს დადგამდნენ, ირგვლივ ყველს, ჭადს, კეჟერა ფხალს, ბოლოკს, შემოუწყობდნენ. იწყებოდა სმა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ერთ საათში არე-მარეს გრძელ-გეძელი და მოსაწყენი სიმღერები, გინება, უწმაწური შეძახილები მოედებოდა. ამიტომ საღამოს ხანს ბაზრის ამ კუთხეს, მეღვინეებისა და მეარყეების კუთხეს, აღარავინ ეკარებოდა. განსაკუთრებით ქალები უვლიდნენ გვერდს და ცდილობდნენ შვილებიც არ გაეკარებინათ. დაბაში დედის გინება თითქმის არავინ იცოდა, გარდა ომიდან დაბრუნებული თითო-ოროლა, გალოთებული გლეხისა. ისინიც ერთობ მოკრძალებული იყვნენ - მხოლოდ სიმთვრალეში თუ წამოსცდებოდათ გინება. ახლა კი დაბის ბიჭები მეზღვაურებისაგან მოსმენილ დედის გინებას იოლად ეჩვეოდნენ. მართალია, „მორიაკები“ თავიანთ, რუსულ ენაზე იგინებოდნენ, მაგრამ მოგეხსენებათ, გინება, რა ენაზეც არ უნდა წარმოითქვას, უმალ გასაგები ხდება და დაბის ბიჭები გამარჯობაზე უფრო იოლად მას სწავლობდნენ.

საღამო ხანს პარკისაკენ მიმავალი „მორიაკები“ სწორედ დათიკოს სახლის წინ ჩამოივლიდნენ, რიბკა უსათუოდ მიაწყევლიდა: „რამ ჩამოგათრიათ აქ, გადაგაშენოთ გამჩენმა“. პარკში ყოველ შაბათს და კვირას ტანცები იმართებოდა. სასულე ორკესტრი ისე ქუხდა, რომ მისი ხმა რიბკას და დათიკოს სახლამდე აღწევდა და მეზღვაურების გამო ისედაც ნერვებაწეწილ ქალს მოსვენებას საბოლოოდ უკარგავდა. ორკესტრი კი ისეთი გატაცებით უკრავდა „კრაკოვიაკს“, „ტანგოს“, „ბოსტონს“, თითქოს დაბას ყველა ტკივილი მოეშუშებინა და საზრუნავიც აღარ დარჩენოდა. “ტანცებზე“, მეზღვაურების გარდა, დაბასთან ახლოს მდებარე სამხედრო დასახლებაში მცხოვრები ოფიცრები, მათი ცოლები, საყვარლები და დაბის ბიჭები იკრიბებოდნენ. აქაური, დაბის გოგონები, ან ახალგაზრდა დიასახლისები „ტანცებზე“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდიოდნენ, თუ ქუთაისიდან, სოხუმიდსან საპატიო სტუმრები ჰყავდათ. ამ ქალაქებიდან ჩამოსული ყოველი ადამიანი კი საპატიო სტუმარი გახლდათ. ხოლო თბილისი ძალიან შორს იყო. თბილისიდან კანტი-კუნტად ჩამოდიოდნენ. ქუთაისელ ან სოხუმელ სტუმარს იმას კი არ ეტყოდნენ „ტანცებზე“ წავიდეთო - ეუხერხულებოდათ. პარკში გავისეირნოთ, თვალს წყალი დავალევინოთო, შეაპარებდნენ. ან იმათ რა უნდა ჰქონოდათ საწინააღმდეგო, გასეირნებას სთავაზობდნენ. „ტანცებზე“ აურზაურიც ხშირი იყო, თითქმის არავის ახსოვს ისეთი დღე „ტანცები“ რომ აყალმაყალის გარეშე დამთავრებულიყო. ამიტომაც ეუხერხულებოდათ დაბელებს სტუმრების იქ მიპატიჟება. გGული კი მაინც მიუწევდათ. ეს ერთი პარკი გვაქვს, სხვაგან სად უნდა გავისეირნოთო. კარგადნ შეღამდებოდა თუ არა, ცაზე ვარსკვლავები რომ დასხდებოდნენ, პარკში ბიჭების მამები ან უფროსი ძმები მოდიოდნენ, ცდილობდნენ ამ „საშარო ადგილიდან“ დროზე წაეყვანათ თავთავიანთი მამლაყინწები. ჩხუბი სწორედ „ტანცების“ დამთავრების წინ იწყებოდა. საამისო მიზეზი ყოველთვის მოიძებნებოდა - მთვრალი „მორიაკები“ ან რაღაცას ეტყოდნენ პარკში მოსეირნე დაბელ გოგოებს, ან სულაც ხელით წაეპოტინებოდნენ და... აქ იხარჯებოდა ახალგაზრდობის ენერგია. ეს ენერგია კი ყველაფერში იგრძნობოდა: სიარულში, ხელის ჩამორთმევაში, გამოხედვაში. ენერგია, ძალა ისე აწუხებდათ დაბელ ბიჭებს, რომ „მორიაკების“ უზრდელობა და უხეშობა არ ყოფილიყო, თვითონ გამოიგონებდნენ რაღაცას.

ბაღის ამა თუ იმ კუთხეში ხალხი აჩოჩქოლდებოდა თუ არა, უჯუშ კვარაცხელია იქით გარბოდა. ისეთი მარდი იყო, ისეთი მოქნილი, ვიდრე „მორიაკი“ ქამარს მოიხსნიდა, რათა მისი ბალთით უჯუში და სხვა „შავუკანალა“ ქართველები ეცემნა, უჯუში ერთი დარტყმით გააბრუებდა და ფეხქვეშ მოიგდებდა. თუ ერთ „მორიაკს“ დაარტყამდა, მერე მტყუან-მართალს აღარც დაგიდევდათ - იმათ გუნდში აფთარივით შევარდებოდა და ისეთი მონდომებით, ისეთი გამეტებით ურტყამდა ყოველ მათგანს, გეგონებოდათ, თუ ასე არ მოიქცა, წინაპრებთან აღარ მიესვლებაო. მარჯვენასაც და მარცხენასაც თითქმის ავტომატურად, ისე ამოძრავებდა, თითქოს ელექტროწრედში იყო ჩართული. მუშტს თუ მოიქნევდა, იშვიათად ააცდენდა ვინმეს, რადგან დაფიქრებულად და გამოზომილად მოძრაობდა. თუ რომელიმე „მორიაკი“ მოახერხებდა ამასობაში ქამრის მოხსნას, და ჯაჯუ, ოთარი და ჯუმბერი დაინახავდნენ, რომ უჯუშს რამდენიმე „მორიაკი“ მიესია, ჩხუბში ჩაებმებოდნენ, მანამდე კი ხელის განძრევის უფლება არ ჰქონდათ. და თუ რომელიმე ამათგანი მაინც ვერ მოითმენდა და ჩხუბში ჩარევას გაბედავდა, უჯუში ერთ ყვირილს მორთავდა.

- მუს ორთუთ, მეუთ, მეუთ!3- თითქოს საათის დაშლილ მექანიზმს აწყობდა და ესენი საგულდაგულო, მუყაით შრომაში ხელს უშლიან, სიმშვიდეს უფრთხობენო.

გვიან შემოდგომაზე და მთელი ზამთარი დაბის კულტურისა და დასვენების პარკი გატრუნული იყო, ჩამი-ჩუმი არსაიდან ისმოდა. საცეკვაო მოედანი კი გამხმარი, ყვითელი ფოთლებით იფარებოდა.

პირველ მაისს კი, პარადის შემდეგ დიდი სახალხო სეირნობა გაიმართებაო, იუწყებოდა ადგილობრივი გაზეთი. ეს სეირნობა კი სხვა არაფერი არ იყო, თუ არა „ტანცი“.

დაბაში გამოჩენილ „მორიაკების“ დანახვა არც დათიკოს ეამებოდა.

- ამ ნქურდალი ჩექმებით ლუკმა-პური მომისპეს. რას შობა ეს შინსახკომი! გულში რომ შევაგინო ჩვენს მთავრობას, იმას გაიგებენ და ქვეყანას რო ნაქურდალი ჩექმები აცვია, ეს არაფერი! - ფიქრობდა დათიკო, რიბკასთან კი იხტიბარს არ იტეხდა - ღმერთია ჩვენი მოწყალე, რახან გაგვაჩინა, დაგვარჩენს კიდეც, ასე ხომ არ მიგვატოვებსო სულ!

სახელოსნო იქვე ჰქონდა, სახლის ჭიშკართან. სახელოსნო კი არა, ბუდრუგანა იყო, რომელშიც პაწია მაგიდა დაედგა, ერთი პატარა სკამი. კარის გვერდით კედლის თარო იყო. იმ თაროზე ელაგა, უფრო სწორად, ეყარა შეკეთებული თუ შესაკეთებელი ფეხსაცმელები. თაროსთან კი სკამი იდგა, ბუდრუგანაში შემოსული კლიენტი რომ ჩამომჯდარიყო. დათიკო ან სახლში იყო, ან სახელოსნოში, რომელსაც რატომღაც დუქანს ეძახდა. თუ სამუშაო ჰქონდა, საღამოს ლოცვის შემდეგაც დუქანში იჯდა.

- ოღონდ საქმე მომცეს გამჩენმა და ღამეს არ გავათენებ? უსაქმოდ მტერი გაჩერდაო, იტყოდა დათიკო. მართლაც, თავაუღებლივ შეეძლო ემუშავნა. განსაკუთრებით ამ ბოლო დროს - დუქანში ელექტროხაზი გაიყვანა. ადრე ლამპის შუქზე რომ მუშაობდა, თვალები ეწვოდა. ახლა ფეხსაცმლის კერვას რა სჯობდა - გაჩახჩახებული იყო დუქანი - ოღონდაც საკერავი ყოფილიყო!

დღემ კი იმატა, მაგრამ მაინც ადრე ღამდება. ისე მოსაღამოვდა, ვერც გაიგო. არც არფერი გაუკეთებია. ორი-სამი კლიენტი თუ შემოვიდა სულ, ეს დამიკერე, ამაზე ნალი დამირტყიო. ეს იყო და ეს! შინაურები კი არ მოჰკლებია - ჯერ იყო და გაბო „ღანჯურამ“ შემოაღო დუქნის კარი. გამარჯობაო არც უთქვამს, ისე ჩამოკაკლა თუ რამ იცოდა: ამერიკა ისევ გვიჟღარუნებს იარაღს და რავარც ესენი ამბობენ, ჩვენი გადაყლაპვა უნდაო, ჩერჩილიც შეჭმას გვიპირებსო, სამაგიეროდ, აფრიკის ქვეყნებიდან მოდის კარგი ამბავი - გვინეის ხალხი გადარეულია ჩვენი რევოლუციით და საბჭოთა კავშირთან მეგობრობა სწადიაო. ამით გახარებულ საბჭოთა ხალხს თურმე დიდძალი შაქარი, ტრაქტორები, მანქანები გაუგზავნია გვინეიაშიო, პროკოფი გაბესკირიას რომ გოგო ყავს ფოთში გაშვებული მუსიკის სასწავლებლად, ძალიან კარგი ბუნების გამოდგა - ნიფხვის ჩახდას არავის ამადლისო, ჩვენი მთავრობა ეგვიპტის რევოლუციას სულით და გულით მიესალმა, პარტია ხალხს დიდ სიკეთეს ჰპირდებაო.

- რა სიკეთე უნდა ჰქნას, ბიჭო, ხრუშჩოვმა. ვინც მიცვალებულს საფლავში არ ასვენებს, ცოცხალს დააყრის ხეირს? რას ჩააცივდა იმ სტალინს, ახლა ხომ თვითონ არი, გვიშველოს ცოტა, თვითონ შეგვიქმნას საამური ცხოვრება. ვინ უშლის ხელს!

- გაიხედ-გამოიხედე, დათიკო, სიტყვას დააკვირდი, რა იცი ვინ გისმენს!

- ეჰ, აბა, ლაპარაკისთვის ხალხს აღარ ვიჭერთო?

- მერე შენც დაიჯერე? ამათ ხალხის დაჭერა დედის მუცლიდან დაჰყვათ.

- ამათ დილიდან საღამომდე ვერ ენდობი კაცი, - ამჯერად ხმადაბლა თქვა დათიკომ.

- მამაჩემი მოშე „ღანჯურა“ ტყუილად კი არ იტყოდა: ჩვენი მთავრობა „უტრომ პრიკაზ, ვეჩერომ ატკაზის“ მთავრობა არისო!

- მტერი იქნა ამათ იმედზე, მტერი, ჩემო გაბო!

- თუ გინდა, იმნაირ ამბავს გეტყვი, გადაგრევ, - ისევ ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით თქვა გაბო „ღანჯურამ“, - ყველაფერი გავიგე, წყალი არ გაუვა. თურმე ჩიბუხი ჩაურტყამს თავშიო.

- ჩიბუხი? ვის? - გაოცდა დათიკო.

- ულვაშებიანს.

- ვისთვის, კაცო!

- რა გაყვირებს, დათიკო, კედლებსაც ყური აქვთ.

- ბიჭო, ვერ გავიგე და რა ვქნა, ვისთვის ჩაურტყამს ჩიბუხი!

- სიმინდიშვილისთვის! - სთქვა გაბომ, მაგრამ დათიკომ რომ ვერაფერი გაიგო, გაბო გაღიზიანდა - გადამრევ დათიკო, რა არი აქ ამისთანა გაუგებარი! სტალინს თურმე ხრუშჩოვის თავზე დაუფერთხია ჩიბუხი და დურაქი ხარო, უთქვამს.

- ეტყოდა! - მოკლედ მოსჭრა დათიკომ.

- ეტყოდა? მერე დღეს ამხელა კაცი ამას აპატიებს?

- არა, არ აპატიებს, მაინც რას ერჩოდა ამ საცოდავს, ჟინი ჰქონდა თუ...

გაბო „ღანჯურას“ სიცილი მოერია.

- ჟინი რომ ჰქონოდა, ჩიბუხს კი არ ჩაარტყამდა, მოუხერხებდა რაღაცას. მე შენ გეტყვი და ვერ მოიფიქრებდა, ან შეეშლებოდა. უბრალოდ, დურაქი ხარო და თავში დაუკაკუნა დურაქს.

- მერე კარგია ახლა მაგი?

- კარგი რომ არ არი, მაგიტომაც არ ასვენებს საფლავში. ავი და უბედური იყოო, გაიძახის

- არ იყო თუ?

- თუ ამისთანა ვაჟკაცები იყავით, თავის დროზე გეთქვათ ეს ამბავი, შენც და იმასაც! - გაცხარდა გაბო „ღანჯურა“ ხრუშჩივსა და დათიკოზე.

- კი, ბატონო, მოექცევა მაგის ფეხსაცმელს ღრანჭი, შემოივლის აქ „პადმეტკების“ გასაკეთებლად და ვეტყვი ნუ შობი მაგას, ხრუშჩოვ, დააყენე მიცვალებული საფლავში-თქო!

გაბო „ღანჯურა“ გავიდა და რამდენიმე ხანში დუქნის ვიწრო კარი კირილემ შემოაღო. ამ პატარა დუქანში, თაგვიც კი ვერ მოიქნევდა კუდს, ეს ამხელა კირილე ფაღავა ისე კარგად მოთავსდებოდა, გეგონებოდათ, ბაზარში, სიმინდის დიდ სასწორზე ზის ფეხებგაშლილიო.

კირილემ გემრიელი სიცილი იცოდა. ასე გეგონებოდათ, მხოლოდ პირისახე კი არა, მთელი სხეული უცინისო. კირილეს სიცილისაგან აცეკვებულ მუცელს რომ სესცქეროდა, დათიკოს გულს დარდი გადაეყრებოდა და სიცილი ერეოდა. კირილეს კიდევ დათიკოს ეს ჩვევა უხანგრძლივებდა სიცილს და თუ ერთხელ აიტეხდნენ, ერთი მეორის შემყურენი მანამ იცინოდნენ, სანამ არ დაღლებოდნენ.

დღეს კირილემ ახალი ამბავი მოიტანა.

- გაიგე, ხომ, იმის ამბავი?

- ვისი.

- აჩკებიანის.

- ვინ აჩკებიანია, კირილე?

- დიდუუ, ლაუზე გელაპარაკები.

დათიკომ ხმას დაუწია და მიმოიხედა.

- ბერია? ჰო, რა არისო?

- არ ყოფილა თურმე სასამართლო.

- აბა, - გაოცდა დათიკო, - არ მითხრა ახლა ცოცხალია და არ დაუხვრეტიათო.

- გერმანიიდან ბრუნდებოდა თურმე. ისე ეშინოდათ მისი, მიწაზე დაფრენა არ აცალეს, თვითმფრინავიც გაწირეს და ის ხალხიც, ვინც ლავრენტისთან ერთად იყო შიგ.

- რაფერ! კი, მაგრამ...

- ასეა კი.

- აბა, გაზეთებში რომ იყო სასამართლოზე ასე და ასე ილაპარაკაო?

- იჰ, იჰ-იჰ-იჰ! - ისევ აცეკვდა კირილეს მუცელი, - ამათ ასწავლი შენ ეშმაკობას? სასამართლოზე სხვა მოუყვანიათ თურმე! აგერ პატარა ფოთში უნახავთ ბერიასნაირი კაცი და უთქვამთ შენ ბერია ხარო. გადარეულა ის კაცი: სანამ ბერია ბერია იყო, ლაპარტყავას მეძახდით, ახლა, ბერია რომ აღარაფერი

არი, მე რატო უნდა ვიყო ის შობელძაღლიო! ვინ გაუგონა! პარტია გავალებს, რომ სასამართლოზე ბერია იყოო, უთქვამთ თურმე. ის ბერიაც პარტიამ შექმნა, ახლა თუ ჩემი თავიც სჭირდება, თქვენი ფეშქეშიო, უთქვამს მერე იმ კაცს - რაღა გზა ჰქონდა!

- რას მელაპარაკები!

- აბა! ახლა თურმე იმ კაცს სოხუმში სახლს უშენებენ!

- სოხუმში?

- ზღვისპირას! მაინც გამოადგა ის შობელძაღლი.

- არ ჰქონია იღბალი?

- რა იღბალია, ბიჭო, მთავრობა რომ ბერიას მიგამსგავსებს.

- სახლს თუ აუშენებენ, ჰგავდეს ბერიას რა ენაღვლება! ბედი ჰქონია. მალარიას მაინც გადარჩება და კოღოებს.

- მალარიას და კოღოებს კი გადარჩება, მაგრამ ბერიას რომ ჰგავს, მაინც არ აპატიებს მთავრობა.

კარგა ხანს ბაასობდნენ. მზე რომ გადაიხარა, დათიკომ წინსაფარი მოიხსნა, დაკეცა, სკამზე გადაკიდა და კირილეს უთხრა:

- წავედი, კირილე მე - სადაცაა შაბათი შემობრძანდება.

- ჰო, კარგი აბა! - და კირილეც გაუყვა სახლისაკენ მიმავალ გზას.

ბენო შინ არ იყო.

- სად არი ის ბიჭი? - რიბკასკენ არც მიბრუნებულა, ისე იკითხა გაღიზიანებულმა.

- ტატაჩისთან თუ გადავიდა.

- პარასკევს ისრაელის შვილს ტატაჩი უნდა ახსოვდეს, თუ ის, რომ შაბათი მობრძანდება!

- რა გინდა ახლა, რას შეუჩნდი! - არც რიბკა მობრუნებულა დათიკოსაკენ. ბუხართან ჩაცუცქულიყო და ჩამქრალი ცეცხლის ხელახლა გაღვივებას ლამობდა. - რავა ჩამიქრია ეს ცეცხლი, რა მეშველება! ქათამი ბებერი ყოფილა და არ მოიხარშა. შაბათი კარზე მომადგა.

- ლოცვაზე მაგვიანდება. სად დაიკარგა ეს ბიჭი!

- წადი შენ და ისიც მოვა.

- წესიერი ოჯახებიდან მამა-შვილი ერთად გადის სახლიდან და ერთად შეაღებენ ლოცვის კარს.

- კაი ახლა, დათიკო, რა გჭირს უწესო, წადი და ის ბიჭიც მალე მოვა.

დათიკომ უხალისოდ დაიბანა პირი, გამოიცვალა ტანსაცმელი და როგორც ნამდვილ ებრაელს შეჰფერის, სუფთა ტანსაცმლითა და ღვთისადმი მორჩილებით აღსავსე გულით გაეშურა სალოცავისაკენ.

რიბკამ კი ბუხრის თავზე შემოდგმულ შანდალს ორი სანთელი დააკრა, ხელი გადაიბანა, კაბა გამოიცვალა, კარადიდან დაუთოვებული თავსაფარი გამოიღო, თავზე გადაიფარა, ასანთს გაჰკრა და სანთლებს მოუკიდა. ერთხანს სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა თუ როგორ ტორტმანებდა სანთლის ალი, როგორ უჭირდა წელში გამართვა, მერე თითქოს ფეხიც მოიკიდა სანთლის ალმა, მოძლიერდა, წელში გაიმართა და რიბკამ სანთლების მოლაპლაპე ალის წინაშე მოკრძალებით დახარა თავი:

- გამჩენო ამ ცისა და მიწისა, წყლისა და ფოთლებისა, ღრუბლებისა და მთებისა, ზღვებისა და ოკეანეებისა - შემქმნელო ქვეყნიერებისა! შენ გევედრები მოგვეც მშვიდობა ოჯახში, დაუმარცხებლობა - საქმეში, ჯანმრთელობა ჩემ შვილებს, მწყალობელი თვალით გადმოხედე დათიკოს, გამარჯვებული მიმყოფე ჩემი სტუდენტი შვილი ეფრემი, ჩემი ბენო, კარგი ბედი შეახვედრე ჩემს ლიას - რიბკამ სული მოითქვა. მეორე და მესამე სანთლისაკენ შებრუნდა და განაგრძო - კურთხეულ იქნას სულები ჩვენი მიცვალებულებისა, მიაგებოს გამჩენმა ეს სანთელი ჩემი ბატონი დედამთილის - ძაბულის სულს, ჩემი ბატონი მამის - მენასეს სულს, ჩემი ბატონი დედის ხანას სულს. რიბკას ორივე ხელი მაღლა აეშვირა, დროდადრო წელში მოიხრებოდა და უდიდესი რიდით წარმოსთქვამდა სანთლის კურთხევის ტექსტს.

მზე ჩასვლის პირას იყო.

დაბაში მცხოვრებ ებრაელებს შაბათს სანთლები უკვე აენთოთ.

ეს იმას ნიშნავდა, რომ შაბათი დადგა.

ბენოს მეხსიერებას სამუდამოდ შემორჩა პარასკევ საღამოს, ანუ როგორც ებრაელები ეტყვიან, შაბათ ღამეს, ფანჯრის რაფაზე, ან ბუხრის თავზე ჩამწკრივებული სანთლების მოლაპლაპე ალი, სანთლების წინ გარინდებული, თავწაკრული, ღმერთს მავედერებელი დედა და ერთობ მოკრძალებული, მაგრამ სიყვარულისა და სათნოების შთამაგონებელი, ოჯახის უფროსის მომლოდინე სუფრა.

შაბათი, როგორც უქმე, პარასკევს, ნაშუადღევს, მზის ჩასვლამდე იწყება.

შაბათის ლოცვა პარასკევ საღამოს იწყება.

დაბის სალოცავში მუდამ მყუდროება სუფევს. მაშინაც კი, როცა ებრაელები ლოცვად შეიყრებიან. ამ მყუდროებას ღვთაებისადმი მოწიწება განაპირობებს. საყოველთაოდაა გავრცელებული აზრი, რომ ებრაელთა საკრებულოში, იქნება ეს სალოცავში, თუ თავშეყრის სხვა ადგილებში, მუდამ ხმაურია. ზოგი წერს ყაყანიაო, ესე იგი ებრაელები ყაყანებენო, ზოგი კი - კამათიაო, ესე იგი ებრაელები კამათობენო. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ლოიალურია ადამიანი ებრაელობის მიმართ. ერთი რამ კი ფაქტია: სადაც სამი ებრაელია, იქ ოთხი მოსაზრება მაინც არის. ამბობენ, ეს ჩვევა თალმუდიდან მოდისო. თალმუდის კომენტირებაში არსებულმა არსებულმა აზრთა სხვადასხვაობამ, პრულარიზმი ჩვეულებრივი რამ გახადა. საუკუნეთა განმავლობაში ებრაელთ გამოუმუშავდათ ჩვევა უსათუოდ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის მიმართ. ეს მოსაზრებანი კი ყოველთვის არ არის ერთგვაროვანი, მათ ხომ სხვადასხვა ასაკის, ბიოგრაფიის, ხასიათის, განათლების ადამიანები წარმოსთქვამენ. სწორედ ეს იწვევს კამათს (ზოგიერთისათვის ყაყანს), აზრთა შეხლა-შემოხლას, მაგრამ ყველაფერ ამას ერთი სიკეთე სდევს თან - იბადება ერთი ახალი საბოლოო აზრი.

ქართველ ებრაელთაც ახასიათებთ ეს თვისება, მაგრამ განსხვავებით სხვა ქვეყნებში მოხვედრილი თავიანთი მოძმეებისაგან, ისინი ყოველგვარ სიახლეს ღვთის ნებად მიიჩნევენ და ამდენად უფრო მშვიდად ხვდებიან. აქ ნაკლებია კამათი. ამიტომაც სალოცავებში შედარებით მყუდროება სუფევს.

კვირის განმავლობაში ჯაფაგამოვლილნი, ახლა გაპარსულნი, სუფთა, საგულდაგულოდ გარეცხილ და გაუთოვებულ ტანსაცმელში მორთულნი, გაკოხტავებულნი მორჩილად სხედან ხისგან გამოჩორკნილ უბრალო სკამებზე, ხელთ უჭირავთ სანუკვარი წიგნი - თორა და ხმადაბლა კითხულობენ. ამ კითხვას თავისი მუსიკაც ახლავს: თითქოს კი არ კითხულობენ, სიტყვებს მკაფიოდ კი არ გამოსთქვამენ, არამედ ბუბუნებენ. თორის ამგვარი, ლამის წამღერებით კითხვა წარმოქმნის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მუსიკას. ყველაფერში - მოძრაობაში, გამოხედვაში, ინტონაციაშიც კი სჩანს, რომ ეს ადამიანები აქ, ამ ჭერქვეშ შემოსვლის შემდეგ ლაღად გრძნობენ თავს. ამ სილაღეს ღვთის სამსახური და აქედან გამომდინარე, ღვთაებასთან მიახლოების ილუზია ქმნის. მათ სახეებზე სიხარული იკითხება იმის გამო, რომ ისევ მობრძანდა შაბათი და მათ კვლავ ძალუძთ სალოცავში მოსვლა, კვლავ აქვთ საშუალება, უნარი ადიდონ ის, ვინც შექმნა ქვეყნიერება, სიხარულს განიცდიან იმის გამო, რომ კვირამ მშვიდობიანად ჩაიარა, ასცდნენ ათას ხიფათს, რომელიც მუდამ თან სდევს ყოველ კაცს და ამათ შორის ებრაელს იმის გამოც, რომ ებრაელია. სიხარულს განიცდიან იმის გამო, რომ ლოცვის შემდეგ ჩვეულებრივ მივლენ ოჯახში, კვლავ ღიღინით, სახეგაბრწყინებულნი წაიკითხავენ თორას და ოჯახის წევრებთან - შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად კმაყოფილნი შეექცევიან იმას, რაც ღმერთმა უბოძათ, უფრო სწორად, რისი შოვნის უნარიც ღმერთმა მისცათ.

ბენოს რაღაც იდუმალი ძალა იზიდავდა სალოცავში. ასეთი მყუდროება მხოლოდ ბიბლიოთეკაში, წიგნებს შორის თუ იგრძნობოდა. აქ ზაფხულში გრილოდა, ზამთარში - სითბო იდგა. ადამიანებს, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდნენ - დილიდან საღამომდე, პაპანება სიცხეში, თუ ყინვაში ბაზრებში იდგნენ, ან ვაგონვაგონ ხილს, თუ ნაყინს დაატარებდნენ, ან ხვატსა, თუ ქარში სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რომ რამე ეყიდათ, რათა გაეყიდათ, და რომ ოჯახში ლუკმაპური შეეტანათ, ახლა ლოცვად დამდგართ სახეებზე სიმშვიდე და სათნოება აღბეჭდვოდათ. ბენოს ეს კიდევ უფრო უძლიერებდა მყუდროების შეგრძნებას. აქ სულიერად ისვენებდა. შეეძლო ამდენ ხალხში მარტო ყოფილიყო და ათას რამეზე ეფიქრა. მეტწილად იმაზე, რასაც ეს ხალხი შეჰღაღადებდა - ღვთაებაზე.

ირგვლივ მყოფთაგან ბევრი, მართლაც შთაენთქა ლოცვას, იმდენად მისცემოდა მას, რომ ღვთაებასთან მიახლოების ილუზიაც კი უჩნდებოდა და ამათ ბედნიერად გრძნობდა თავს. ზოგი თავის ადამიანურ ვალს იხდიდა ღვთაების წინაშე, ზოგი კი ინერციით, მექანიკურად წარმოსთქვამდა ლოცვას, ხოლო ზოგისთვის სრულიად გაუგებარი გახლდათ ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - არც რაბის მოსმენა ეწადა, მაგრამ ვერც იმას ივიწყებდა, რომ ებრაელი იყო. სწორედ ამას მოჰყავდა სალოცავში შაბათსა თუ დღესასწაულებში. აქ სიარული ჩვევად გადაქცეოდა და არა სულიერ მოთხოვნილებად. ამგვარ ადამიანებზე დათიკო ამბობს:

- ამათთვის ღვთისა და თორის სიდიადე გაუგებარია. ესენი ვერც კი წარმოიდგენენ ამას. აქ კი იმიტომ მოდიან, რომ სხვაგან ვერსად მისულან.

ხახამ იოსები კი იტყვის ხოლმე:

- ესენი ხომ სჯობიან იმათ, ვინც საერთოდ არ შემოდის ლოცვაში, ეს ერთი. ახლა მეორე: დიდი რაბები ამნაირ ხალხსაც პატივს სცემენ. იმედით შეჰყურებენ; ხვალ-ზეგ მიხვდებიან ყველაფერს და იქნებ, თორის სიდიადესაც ჩასწვდნენო.

ასე იყო თუ ისე, ბენოს არავინ უშლიდა ხელს მარტოდმარტო ეგრძნო თავი. სწორედ ეს მარტოობა, სულში ჩაგუბებული მყუდროება იზიდავდა აქ. თაროებზე შემოდებულ უძველეს ებრაულ წიგნებს, ხელით ნაწერ ათასგზის გადაწერილ პერგამენტებს რომ შესცქეროდა, ასე ეჩვენებოდა, იმ ტექსტების სიბრძნეს ვეზიარეო. რაბის მიერ წარმოთქმული ესა თუ ის ფრაზა, თორიდან მოყვანილი ესა თუ ის ციტატა ფიქრს, განსჯის სურვილს წამოუშლიდა. ფიქრი კი ძალიან უყვარდა.

სხვა მიზეზის გამოც მოუწევდა გული სალოცავისაკენ - ბიჭებს აქ ხვდებოდა. თხელთხელი, წელწვრილი, წითურთმიანი ისაკი სწორედ მისი რიგის ბოლოში იჯდა და ბეჯითად ჩასჩერებოდა თორას. რეზოს, მუდამ რომ ეშმაკურად იღიმოდა, მოპირდაპირე მხარეს ჰქონდა ადგილი, გურამს ამბიონი ეფარებოდა და ვერ ხედავდა, შოთა კი კუთხეში მიმჯდარიყო, განდეგილივით იჯდა და ბაბუამისს, თეთრწვერა, გოროზი შეხედულების კაცს თავს ისე აჩვენებდა, თითქოს მხოლოდ თორაზე, ლოცვაზე ფიქრობდა. ბაბუა კარგა ხნის კი იყო, მაგრამ ჯერ საღი აზროვნების უნარი შერჩენოდა და იცოდა შვილიშვილი რომ ატყუებდა, მაგრამ ფიქრობდა: - რა მოხდა მერე, ჩემს თვალწინ ხო კითხულობს, ესეც დიდი სიკეთეა. დრო მოვა და თვითონ მიხვდება ყველაფერს. ეს ნაკითხი თორა კი ხვალ-ზეგ გამოადგებაო.

ზოგჯერ რომელიმე ამთგანი, ან შოთა, ან რეზო ან კიდევ სხვა, ბენოს შეუმჩნევლად ანიშნებდა ეზოში გამოდიო და ისიც, ფეხაკრეფით მიიწევდა კარისაკენ, ცდილობდა უცებ გასულიყო, რადგან ზურგსუკან მოდევნებული მამის მწყრალი მზერა ბეჭებს უსერავდა.

ეზოში კი ათას რამეზე საუბრობდნენ: გოგონებზე, სკოლაზე, ფეხბურთზე, ნანახ ფილმზე, ტრაბახობდნენ კიდეც და თბილისიდან ჩამოტანილ ჭორებსაც აცნობდნენ ერთმანეთს. თბილისიდან კი ათასგზის მეტი ჭორი ჩამოდიოდა, ვიდრე - სტუმარი. ამიტომ გაუგებარი იყო ვის მოჰქონდა ეს ჭორები. და თუ ვინმე მაინც გამოჩნდებოდა, დიდი თუ პატარა გარს ეხვია. შეკითხვებით მოსვენებას არ აძლევდნენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩამოსული მათსავით უბრალო, ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მაგრამ თუ ჩამოსულს, ჰალსტუხი ეკეთა და თავზე შლიაპაც კი ეხურა, შორი-ახლო უტრიალებდნენ, ათის ნაცვლად ერთ შეკითხვას თუ მისცემდნენ, რადგან დედაქალაქიდან ჩამოსული ჰალსტუხიანისა და შლიაპიანის მიმართ დიდი რიდი ჰქონდათ. თუნდაც ის ჩამოსული სულ რაღაც ხუთი-ექვსი წლის წასული ყოფილიყო ამ, ან მეზობელი დაბიდან.

ბენო რომ სალოცავში მოვიდა, ხახამ იოსები - მაღალ-მაღალი, ძვალმსხვილი, ერთობ შთამაგონებელი მზერისა და დინჯი მოძრაობის კაცი, ლოცვას ამთავრებდა. დათიკომ მომცრო თორა მიაწოდა შვილს დროულად ილოცეო. ბენომ თორა გადაშალა და ლოცვა დაიწყო. ხახამ იოსებს ამ დროს ლოცვის ბოლო, დამამთავრებელი ეტაპი უნდა დაეწყო, მაგრამ ლოცვა შეწყვიტა და ჯამაათს მოუბრუნდა:

- შაბათ შალომ, ჯამაათო!

- მშვიდობის შაბათი მოგცეს ღმერთმა!

- შაბათ შალომ!

- ბედნიერი შაბათი!

- მშვიდობა არ მოგვაკლოს გამჩენმა! - გაისმა აქეთ-იქედან.

- დღეს ჩვენ სტუმარი გვყავს, ჯამაათო! ცხინვალიდან ჩამობრძანდა პატივცემული დავით მამისთვალოვი - წესიერი ისრაელი და ოჯახის მამა. ვინ იქნება ამ შაბათს მისი მასპინძელი? - იკითხა ხახამ იოსებმა.

უცხო ქალაქში ჩასული ყოველი ებრაელი, თუ იქ ნათესავი, ან ნაცნობ-მეგობარი ე.ი. მასპინძელი არ ეგულება, ვალდებული გახლდათ სალოცავში მისულიყო და რაბისთვის ეცნობებინა, რომ უცხო ქალაქში იმყოფება. მას არა აქვს უფლება შაბათი ებრაულ გარემოცვაში არ გაატაროს, ღმერთს თავისი არ მიაგოს, შაბათს სათანადოდ არ ილოცოს და ცოტა ლხინიც არ გასწიოს - ეს ყველაფერი იმისათვის, რომ შაბათი გამორჩეულია, როგორც ღვთის მიერ ამორჩეული დღე. არც მასპინძელ ქალაქსა, თუ დაბასა აქვს უფლება აქ ჩამოსული კაცი უყურადღებოდ დასტოვოს.

სალოცავში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველამ იმ მხარეს გაიხედა, სადაც სტუმარი იჯდა.

- ვიცი, ჯამაათო, სტუმარს რომ ოჯახში შეიყვან, სასტუმროდ უნდა იყო მოწყობილი, მაგრამ გამჩენის მოცემული ყველაფერი კარგია - თქვა რაბიმ. თუ არა მან, მლოცველთა სულიერმა მსახურმა, სხვამ ვინ იცოდა, რომ ასე დაუფიქრებლად და იოლად ვერავინ ვერ მისცემდა თავს უფლებას სტუმრის სახლში მიყვანისა.

- თუ მიკადრებს და წამობრძანდება... - ეს შალიკო იყო, მძღოლი. შალიკოს ტენტით გადახურული, ანუ როგორც დაბაში, და არა მარტო აქ - ჭყონში, მარტვილში, ბანძაში, სამტრედიაში ეძახდნენ, შალიკო „ტენტიანი“ ავტობუსს აღმა-დაღმა დააჩაჩანაკებდა. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, სოფლიდან სოფელში მიმავალი შალიკოს ავტობუსში მგზავრი ფულს რომ სტოვებს, მძღოლს ყველა არ შეაქვს სალაროში, რაღაცას თავისთვის იტოვებსო. ამის დაჯერება ადრე ძალიან ძნელი იყო, დღეს კი - შესაძლებელი, ვერც იმას აუვლიდა კაცი გვერდს, რომ ბაზარში სწორედ შალიკოს ცოლი დადიოდა ყველაზე უკეთ ჩაცმული და ზოგჯერ ქათამს არა მხოლოდ შაბათისათვის, სხვა დღეებისათვისაც კი ყიდულობდა. ალბათ ამიტომ ჩაილაპარაკა რუბენმა ირონიულად:

- რატო არ წაიყვანს სტუმარს, რა... რა ენაღვლება... მაგის ავტობუსს ისე დაესია ხალხი...

- გაკურთხოს გამჩენმა სტუმრისა და ჯამაათის დაფასებისათვის! - მიმართა შალიკო „ტენტიანს“ ხახამ იოსებმა.

- ტყუილად კი არ ამბობს თორა: იეშ მამონ, იეშ ქაბოდ!4 - ახლა თითქმის ბრაზით ჩაილაპარაკა რუბენმა.

ხახამ იოსები ამბიონის მოაჯირს დაეყრდნო და დაიწყო:

- ახლა კიდევ ერთი ამბავი, პატივცემულო ჯამაათო! იანკელ თეთრუაშვილი კარგად გახსოვთ თქვენ. მისი ბიჭი ხაიმიც გახსოვთ. რა ხანია ომი გათავდა, ჯამაათო და არც ერთი გამოჩნდა და არც - მეორე. თუ ცოცხლები არიან, ღმერთმა ორივე მალე დააბრუნოს ოჯახში და თუ აღარ არიან, გამჩენმა აკურთხოს მათი სულები! ორივე გვაკლია ჯამაათს - მამაც და შვილიც, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად სიმხას აკლია - იანკელის ცოლს და ხაიმის დედას. სიმხა დღეს მძიმე ავადმყოფია - ქმარი და ვაჟკაცი ბიჭი მაშინ არ ადგია თავს, როცა ყველაზე მეტად სჭირდება. ახლა მე თქვენ გეკითხებით - ვინ უნდა უპატრონოს დავრდომილ ქალს, თუ იმას პატრონი არა ჰყავს? - შეჩერდა, მლოცველთ დააცქერდა და ცოტა ხნის შემდეგ შეგონებით განაგრძო - ჯამაათმა, ხალხმა! სიმხა საექიმოდ უნდა წავიდეს თბილისში. თბილისს კიდო, ხომ მოგეხსენებათ, რამხელა კუჭი აქვს! ახლა იმასაც ამბობენ, შაური აღარ კაპეიკობსო. სად მიიყვანს ეს ჩვენს ხალხს? - მღელვარედ იკითხა ხახამმა და დასძინა - ამიტომ ვისაც როგორ შეგეძლოთ, ისე შეეწიეთ ომში დაკარგული კაცების ოჯახს. ვუშველოთ ავადმყოფს და გამჩენი ათმაგად დაგასაჩუქრებთ.

სალოცავში დუმილი გამეფდა. მძიმე იყო ეს დუმილი. ყველას უჭირდა პირველს ეთქვა, თუ რამდენით შეეწეოდა გასაჭირში ჩავარდნილს. პირველად მთქმელი ყველაზე მეტ თანხას იღებდა. იმაზე მეტს აღარავინ იტყოდა. ეს ჯამაათის წევრთა უსიტყვო შეთანხმება იყო და რადგან ყველას ეწადა სიმხას რაც შეიძლება მეტი რგებოდა, თავს იკავებდნენ.

- რა ვქნათ ახლა, ჯამაათო, ღამე ხო არ გავათენოთ აქ! - იკითხა ხახამმა, მაგრამ ხმა მაინც არავინ ამოიღო.

- უჰ, უჰ, უჰ! - ეს ბენციონი იყო - სქელ-სქელი, პირმრგვალი კაცი, ისე დადიოდა, ნაბიჯებს ისე აცა-ბაცად ადგამდა, გეგონებოდათ, ლაჯებშუა კვიცმა უნდა გაურბინოსო. ბენციონი ამ შეძახილით უკმაყოფილებას გამოხატავდა. რა უგვანოები, გაუბედავნი ხართ, ხმა ამოიღეთო. როგორც ჩანს, ბენციონს სალოცავში მოსვლა დაგვიანებოდა. ახლა მარტოკა ლოცულობდა და ვიდრე არ დაამთავრებდა, არ უნდოდა ლოცვის შეწყვეტა.

- რავა ყოველთვის ედავება ჯამაათს ეს კაცი! - უკმაყოფილოდ გადაულაპარაკა რუბენმა დათიკოს.

დათიკომ არაფერი უპასუხა. მხრები აიწურა.

- რა ვქნათ, ჯამაათო, არ ვახსენოთ გამჩენი? - ცოტა ხნის შემდეგ კვლავ იკითხა ხახამ იოსებმა და დასძინა - ხომ იცით, რომ გაჭირვებულის შემწეს ეწევა გამჩენი.

- ასი მანეთი! - წამოიძახა ბენციონმა.

- ასი ათასი მოგცეს გამჩენმა! - მიუგო ხახამმა.

- ასი მანეთი! - ეს დანიელი იყო.

- ღმერთმა გაღირსოს იერუსალაიმში მიბრუნება, - ამასაც მოუგო ხახამმა.

ყოველი მხრიდან გაისმა შეძახილები:

- სამი თუმანი!

- შვიდი თუმანი!

- ათი მანეთი!

- გაკურთხოს ღმერთმა!

- ოცი მანეთი!

- ხუთი თუმანი!

- თუმანი!

- გიმრავლოს ღმერთმა!

- თვრამეტი მანეთი!

შეძახილები ისე ინტენსიურად ისმოდა, იოსები ვერც ასწრებდა მიბრუნებოდა ყოველ შემომწირველს და ლოცვაკურთხევა მიეგებებინა მისთვის.

- ოცი მანეთი!

- რვა თუმანი!

- ორმოცდაათი!

- თხუთმეტი!

- დაგლოცოს ღმერთმა!

- თხუთმეტი თუმანი! დაიძახა ვიღაცამ და ეს ხმა ყველამ გამოარჩია. ყველამ იქით იბრუნა პირი, საიდანაც იგი მოდიოდა, ყველა ყურადღებით მიაჩერდა კუკურის - მაღალ-მაღალს, ბეჭებში მოხრილს, თითქმის გამელოტებულს. თუმცა, იმისათვის, რომ თმა ასე ძლიერ შეთხელებოდა, საკმაოდ ახალგაზრდა გახლდათ.

- შეხედე შენ კუკურიას, შეხედე რა ამბავშია! არ აშენდა ამ პივით და სასისკით! - კვლავ დათიკოს გადაულაპარაკა რუბენმა.

დათიკომ ღიმილით უპასუხა.

ამას წინათ დაბაში ავტოვაგზალი გაიხსანა. კუკურიმ იმ ავტოვაგზალში პაწია ფარდული ჩადგა. იქ ხაჭაპურებს, სოსისებს, ლუდს და ნამცხვარს ჰყიდდა.

ხახამ იოსები კუკურისაკენ მოტრიალდა, გაუღიმა და ხაზგასმით წარმოსთქვა:

- სტუმრის დამფასებელს გამჩენი აღირსებს იერუშალაიმის ნახვას - მერე თავადვე დასძინა - ამინ! - ამბიონისაკენ შეტრიალდა და პარასკევ საღამოს - შაბათ ღამის ლოცვის დამთავრების მაუწყებელი ჰიმნი „ენ ქეელოენუ“ წამოიწყო. შაბათის მშვიდობით მობრუნებით, ლოცვით კმაყოფილი ხალხი რაბის აჰყვა. ასე სიმღერით დაამთავრეს შაბათის მობრძანების ლოცვა.

ხალხი ნელ-ნელა გამოეფინა სალოცავის ეზოში. ზოგი დინჯი საუბრით, ზოგი კი ღიღინ-ღიღინით მიემართებოდა შინ. მართალია, შაბათ ღამის საკადრისი სუფრა ბევრს არ ელოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი იყვნენ იმით, რომ ჯანმრთელად არიან და ირგვლივ მშვიდობაა. მთავარი ეს იყო. ამისათვის სწირავდნენ ღმერთს მადლობას.

ადამიანს, რომელიც ღვთის სიყვარულით სულდგმულებს, ღმერთი არ ივიწყებს - სწამდა ჯამაათს და ეს რწმენა ძალასაც მატებდა და ცხოვრების ხალისსაც.

_______________________

1.სდექ, სდექ! სად მიდიხარ, სად მიდიხარმეთქი, შე პატრონ მკვდარო! (მეგრ.)

2.სულელი ხარ შენ, სულელი! (მეგრ.)

3.რას შვრებით, გამეცალეთ, გამეცალეთ

4.პატივს იმას სცემენ, ვისაც ფული აქვცს (ებრ.)

3 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


იაკობი სალოცავში არ დადიოდა.

იაკობს არც ახსოვდა ის დრო, როცა პარასკევ საღამოს ღვთის წინაშე გაწეული სამსახურით კმაყოფილი მობრუნდებოდა სალოცავიდან და სუფრას მიუჯდებოდა, ისე წაიკითხავდა საშაბათო ჰიმნებს, როგორც მიჯნურის მიერ გამოგზავნილ წერილს კითხულობდნენ ადრე.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ძალიან დიდი ხანი. თუ ახლა იაკობი რაიმეს ჩაიჩიფჩიფებდა, ეგონათ, ლოცულობსო, მაგრამ დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა მართლა ლოცულობდა თუ არა. იქნებ, სულაც ამ წუთისოფლის აუგს ამბობდა?

ზამთარშიც კი, თუ არ წვიმდა, ან ამ კუთხისათვის არც თუ ისე უცხო ხილად ქცეული ქარი არ ქროდა, ეზოში იჯდა და მასავით ღონეგამოლეულ, უძლურ მზეს ეფიცხებოდა. ხოლო გაზაფხულიდან მოყოლებული, მანამ სანამ ლეღვს ფოთლები არ დაცვივდებოდა, აგერ ლამის დეკემბრამდე მის ტოტებქვეშ იჯდა თვალებმილულული და იფიქრებდით ამ ქვეყანას აღარ ეკუთვნისო. ათასი ვინმე შემოვიდოდა ეზოში, აგერ აქ, მის გვერდით ჩამოსხდებოდნენ, მუსაიფობდნენ, ქვეყნის ამბებს ყვებოდნენ და სიცილით იჭაჭებოდნენ. ზოგი იმაზე ჩამოაგდებდა სიტყვას ვინ რამდენ ფულს შოულობდა და როგორ, ზოგი ამასწინანდელ ქორწილს იხსენებდა, ზოგიც მთავრობაზე ლაპარაკობდა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.

იაკობი კი უხმოდ, გაუნძრევლად იჯდა და თითქოს არც არსებობდა. იგი ყველას ამჩნევდა, იმახსოვრებდა. ამა თუ იმ კაცის ნათქვამს ერთი თვის წინათ ნათქვამს ადარებდა. იაკობს ვერავინ ამჩნევდა. თუმცაღა, გვერდს კი უვლიდნენ. ისე შეაჩვიეს თვალი, როგორც წლების განმავლობაში ერთ ადგილას მიგდებულ გოდორს ან სკამს შეეჩვევა ადამიანი. თითქოს იყო და არც იყო იაკობი. არსებობდა, მაგრამ არც არსებობდა. ორადორი კაცი, დათიკოს ორი მეგობარი თუ შეეხმიანებოდა ზოგჯერ. რუბენს რამდენიმეჯერ უთქვამს დათიკოსათვის:

- შენ გგონია, მამაშენს ლაპარაკი არ შეუძლია და იმიტომ არ იღებს ხმას, ხომ? რავა არ შეუძლია! ძალიან კარგადაც შეუძლია, მარა ჩვენთან მუსაიფი არ ეგუნებება. თავის დროზე ეს იმისთანა ხალხს ელაპარაკებოდა თურმე, ჩვენგან რა უნდა გაიგონოს!

დროდადრო კიდევ გაბო შესძახებდა ხოლმე იაკობს - გაბო „ღანჯურა“ - დალაქი.

- ე, კაცო, აღარ დადგა დრო? გვაჩვენე ახლა რა ალაგას გაქვს დამარხული ი მრგვალ-მრგვალი და ყვითელ-ყვითელი, თორემ ხო უყურებ საიქიოს მიმავალ მატარებელში რომ ზიხარ! სად არ ყოფილხარ, რა არ გინახავს და ბოლშევიკებს რავა გაამათხოვრებინებდი თავს! ამხელა ქონების პატრონი ასე უკაპიკოდ რავა დარჩებოდი. - ჩაიხითხითებდა გაბო „ღანჯურა“ (დათიკოს ეს ხითხითი გულს უსერავდა), მერე

თვალებში ნაღველჩამდგარი კარგა ხანს შესცქეროდა იაკობს და სინანულით ჩაილაპარაკებდა: - ჰაი, გიდი?! იაკობ ჯანაშვილს რომ გაბო „ღანჯურას“ სამასხაროდ გაუხდა საქმე, მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა! რა ბიჭი იყო, თურმე, რა ცხოვრების პატრონი, მარა რად გინდა!

დღეს ბენომ და ლიამ გამოიყვანეს მზეზე. ძლივს მოიყვანეს ამ ჯორკომდე. აქამდე მოსვლა ხომ დიდი ჯაფა იყო, მაგრამ დაჯდომა? დაჯდომა უფრო უჭირდა, ვიდრე ამ გაშეშებული ფეხების აქამდე მოთრევა.

- რა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს, რატომ უნდა ვიყო ქვეყნად, რას ვაკეთებ? - ძველი ტანსაცმელივით ვარ, არც არავის ვარგივარ და არც გადასაგდებად ვემეტები გამჩენს, - მერამდენედ გაიფიქრა იაკობმა და ჩათვლიმა კიდეც.

იაკობი სიბერეს თუ ავადმყოფობას გაელია ასე, თორემ მაშინ, აი, მაშინ, როცა იაკობი იაკობობდა, თვალს მოგტაცებდათ მაღალი, ცხვირკეხიანი, შავთვალება, მუდამ ანთებული მზერის ყმაწვილი კაცი. გამხდარი არ ეთქმოდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მოხდენილად ეტარებინა ჩოხა. ღობეს ისე გადაევლებოდა, გეგონებოდათ, ფრთები ასხიაო. ახლა? ეეჰ, როგორ არ უნდა თქვას კაცმა წუთისოფლის საყვედური. აბა, დღეს ვინ იტყვის, რომ ერთ დროს მას შეეძლო მარდად გადავლებოდა ღობეს, გადამხტარიყო მოდიდებულ მდინარეში.

წვერი ისე მოსძალებია, პირისახე თითქმის არ უჩანს. გეგონებათ, თოჯინას დიიდი, დიიდი წვერი ჩამოჰკიდესო.

ჩათვლიმა და უცებ ხვრინვაც ამოუშვა. ისე ძლიერ ხვრინავდა, იფიქრებდით ამ პაწია კაცში ასეთი რა ორკესტრი ზისო.

რაღაცამ შეაკრთო და გამოაღვიძა კიდეც. შიშით მიმოიხედა. ხომ ასე მობეზრებოდა სიცოცხლე, ხომ ასე ნატრობდა აღსასრულს, იმ წამის მოახლოება მაინც აკრთობდა.

- ას ოცდაათი წლის იყო ადამა რიშონი1 ბიჭი რომ შეეძინა, ცხრაას ოცდაათი წლის წავიდა ამ ქვეყნიდან, ცხრაას ოცდაათი წლის... მე კი ოთხმოცისაც არ შევსრულებულვარ და რა ხანია კაცად აღარ ვარგივარ, რა ხანია საკუთარ სხეულსაც ვეღარ დავათრევ... რისთვის მტანჯავ ასე, გამჩენო, დააცალკევე სული და სხეული ჩემი... რამდენი ახალგაზრდაა, რამდენს უმოკლდება სიცოცხლე... იქნება იმათთვის მიგემატებინა ჩემი დღეები...

სიკვდილი ძალიან თავისებურად, უცნაურად ჰქონდა წარმოდგენილი - ბავშვის მიერ ნანახ ფერად სიზმარს უფრო ჰგავდა, ვიდრე სიკვდილს.

- ის კურთხეული რომ მოვა, სხეულს აქ დავტოვებ. ვის რაში სჭირდება ეს ჩემი გალეული და ტარანივით გამომხმარი სხეული. დავტოვებ აქ, შვილებთან, შვილიშვილებთან... კი მოუვლიან ესენი... მე და ჩემი სული ავფრინდებით მაღლა... იქნება „მე“ არც უნდა ვთქვა? სული „მე“ არა ვარ? სული და „მე“ ხომ ერთია? მე და ჩემი სული... აჰ... აჰ... აჰ... რა შუაშია აქ ჩემი სული!.. მე სულკურთხეულ დედაჩემს შევხვდები. თავწაკრული, თითქოს შაბათისთვის გამოწყობილი დამიხვდება დედაჩემი. გვერდით მამაჩემი უზის... მამაჩემს ცალი ხელი მუხლზე დაუდევს, მარჯვენაში კი თორა უჭირავს. როგორ იცოდა თორა! დავით ამელეხის2 ფსალმუნებს ისე მღეროდა, ერთ სოფლად ღირდა. მამაჩემი რომ სოლომონისეულ „ქებათა ქებას“ წამოიწყებდა, რაბიც კი ჩერდებოდა. ვისაც მამაჩემის „ქებათა ქება“ არ მოუსმენია, იმან ბევრი რამე არ იცის. აი, მივალ იმათთან, დავსხდებით და... სწორედ ეს იქნება ნამდვილი სიმღერა, ჯერ არავის, ამქვეყნად არავის არ სმენია ასეთი „ქებათა ქება“ ჩვენ სამნი ისე ვიმღერებთ, როგორც არავის უმღერია ამ ცისქვეშეთში - და წაუღიღინებდა იაკობი. ცხადია, თავისთვის, უხმოდ მღეროდა, არავის ესმოდა, თვითონაც კი. გულში მღეროდა და ემზადებოდა იმ დიდი სიმღერისათვის, მშობლების შუაში ჩამჯდარი რომ შეასრულებდა.

მაგრამ...

მაგრამ ვიდრე იქ მივიდოდა, ვიდრე იმათ მიეახლებოდა, ერთი ისეთი ოცნება ჰქონდა, თავის თავსაც რომ არ უცხადებდა, თავის თავსაც რომ არ უტყდებოდა:

„დამიწდეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო შენ, იერუშალაიმ, ენა ჩემი მიახმეს სასას ჩემსას!“

მარჯვენა მიწაში არ ჩალპობოდა, მაგრამ უკვე აღარ მარჯვენობდა. რა ხანია აღარ მარჯვენობდა - სხეულზე ისე ეკიდა, როგორც გამხმარი ტოტი. რა ხანია ამ ფიცს ენა ვეღარ წარმოთქვამდა, ამიტომ გულში თუ იყვირებდა, თავისთვის:

„დამიწდეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო შენ, იერუშალაიმ, ენა ჩემი მიახმეს სასას ჩემსას!“

და მერე ისეთი პირგაცინებული ჩაჯდებოდა დედ-მამის შუა, რომ...დედ-მამის შუა?

- ვითომ იმიტომ მივიჩქარი იქ, რომ დედ-მამის შუა ვიჯდე? - ასეთი ფიქრიც გაუელვებდა ზოგჯერ და ისე გაეღიმებოდა, როგორც ბავშვს, ცელქობაზე რომ წაასწრეს: ვიცელქე და ახლა რაღა ვქნაო.

იმასთან უხმო ბაასის უნარიღა შერჩენოდა, ლეღვის ხის ძირში იჯდა და უხმოდ, უსიტყვოდ ემუსაიფებოდა. იმის სახელს, ვისაც ემუსაიფებოდა, არც ახსენებდა. იმას, ვინც მთავარი იყო, არ ახსენებდა. არ ახსენებდა იმიტომ, რომ ის იყო მთავარი, ყველაფერი იმის სახელს უკავშირდებოდა, იმის სახელით კეთდებოდა. მისი გულისთვისაც ეწადა მალე დამთავრებულიყო, შემოკლებულიყო დრო, რომელიც ამქვეყნად ჰქონია ღმერთს მისთვის განკუთვნილი და დროულად გამგზავრებულიყო იქ - ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც ელოდებიან, იმათ შორის, ვისაც ძლიერ აკლია. აქ იაკობი არავის სჭირდება. რა ხანია იაკობმა აქ ცხოვრება დაამთავრა, რა ხანია ყველაფერი მოითავა. აქ არაფერი, არაფერი საქმე აღარა აქვს.

იქ? ყველა იქ არის, იქ ელოდებიან! ბევრი ელოდება. ერთი კი - განსაკუთრებით.

ძაბული!

ძაბულის თხელი, ჩითის კაბა აცვია. ორი ნაწნავი თეძოებამდე ჩასდევს. სად გარბის? ხომ მშვიდობაა?

ძაბული გარბის... შორდება.

ისევ თავისსავე ხვრინვამ გამოაღვიძა. ჯერ შეაკრთო, მერე გამოიღვიძა. ირგვლივ არავინ იყო. ძაბული ხომ გარბოდა!

ძაბულის სხეულს წნელს რატომ ადარებდა? იმიტომ, რომ მოქნილი იყო? სამაგიეროდ, თეძოებამდე რომ ნაწნავები წვდებოდა, ის ხომ იყო თითო მაჯის სიმსხო, იქნებ, უფრო მეტიც? ასე დაიმახსოვრა ძაბულის ტანი. ძაბული რომ თავის ეზოში საქათმესთან, ან გინდა ჩალის ზვინის მიღმა გამოჩნდებოდა, იაკობი აქედან იმასაც ხედავდა, როგორ გუნებაზე იყო. ხედავდა? ხედავდა თუ გრძნობდა? ვხედავდიო, მაინც იმას ფიქრობს, ვხედავდიო და ამიტომ დაიმახსოვრა მისი წნელივით მოქნილი ტანი, თეძოებამდე ჩასული მაჯის სიმსხო ნაწნავები.

ისევ ჩათვლიმა.

ამ ბოლო დროს ვეღარ არჩევდა როდის უფრო ხედავდა წარსულს - მაშინ, როცა სკამზე იჯდა და მიწას ჩასცქეროდა, თუ მაშინ, როცა ჩათვლემდა. ფერად-ფერადი სურათები ხშირად ედგა თვალწინ.

იმ სურათებში ყველაფერი ისე იყო, როგორც მაშინ. მხოლოდ ეგ არის, რომ ვიღაცას ფერები ჩაეხატა შიგ. არა მარტო ჩაეხატა, გაემუქებინა კიდეც.

რა დღეები იყო! მზით სავსე, მზით გათანგული! ეს ამ სურათებშიც ჩანს, ყველაფერში მზე დგას, ყველაფერში! აი, ნახეთ, ქვეყნიერება მზით არის გაცისკროვნებული.

აჰა... აგერ... სუქოთის შემობრძანების დღეც! მამაჩემი ეზოში ტრიალებდა. სუქას3 ამზადებდა, ჩალა დააკლდა. ყანაში შედი და ჩალა მომიჭერიო, ყანა რა შორს იყო - ეზოშივე. ჩვენი რომ მთავრდებოდა, კაკაჩია ბიძიას - ძაბულის მამის ყანა იწყებოდა. ერთი ღობე ყოფდა, თუ იმას ღობე ეთქმოდა.

ერთ კვირაზე მეტი იყო ძაბული არ მენახა. თვალი და ყური სულ იქით მქონდა, მაგრამ ეზოშიც ვეღარ დამენახა. გავედი ყანაში. ჩალას ვჭრიდი და ძაბულის ეზოსკენ მზერას ისე ვაპარებდი, თითქოს ვინმე მიშლიდა გახედვას. მიტომ ჩალას ბარე სამჯერ კინაღამ თითიც მივცაყოლე. საქმეს რომ ნახევარი გულით აკეთებ, აბა, რა იქნება? ის-ის იყო ჩალა შევკარი და გამობრუნებას ვაპირებდი, რომ ძაბული სახლიდან ისე გამოვარდა, იფიქრებდით, ვიღაცა მოსდევსო. თავდახრილი ეზოს სიღრმისაკენ გარბოდა და სიმინდის ტაროები პირისახეში რომ სცემდა, არაფრად დაგიდევდათ.

- იაკობ, ბიჭო, სად დამეკარგე! - ჩამესმა მამაჩემის ხმა, მაგრამ მე უკვე ძაბულის მივდევდი, ვცდილობდი უცებ წამოვწეოდი, რადგან ჩემთვის მთავარი ის იყო, რომ ძაბულის თვალებზე ცრემლი შევნიშნე.

- ნუ მომდევ, ნუ მომდევ, არ მინდა! - მომიბრუნდა ძაბული, - წადი, წადი, ჩქარა! - ცრემლები მართლაც ღაპაღუპით სდიოდა, - გათავდა, ყველაფერი გათავდა.

დაბნეულობისაგან ხმა ვერ ამოვიღე. არც ვიცოდი რა მეთქვა. იმის გაგება კი ძალიან მეწადა, თუ რატომ იყო ამ დღეში. რატომ ტიროდა. რომ არაფერი ვკითხე, როგორც ჩანს, ამან უფრო გააღიზიანა და შესძახა:

- ვთხოვდები, მათხოვებენ!

- თხოვდები?! - აღარ მახსოვს გულში თუ ხმამაღლა ვიყვირე ეს სიტყვა. ის კი კარგად მახსოვს ამ სიტყვამ მთელ ტანში დაირბინა, შუბლზე კი ოფლის უზარმაზარი წვეთები დამსხდნენ. ასე მგონია, თითო წვეთი თითო ტონას იწონიდა და ამ სიმძიმისაგან ძლივს ვიდექი ფეხზე.

- არ შეიძლება, არ შეიძლება! მე ქრისტიანი ვარ, შენ - არა! გათავდა.

ელდა მოულოდნელად კი მეცა და დამზაფრა, მაგრამ ასევე უცებ გამიარა თითქოს მიწაში ჩაძვრა და ის ასობით ტონა ოფლიც უცებ ჩამომეფერთხა სხეულიდან.

- დაწყნარდი, ძაბული, ჩვენ ისე ვქნათ, რომ შეიძლებოდეს. რავარც ჩვენ მოვინდომებთ, ყველაფერი ისე წავა! - იმდენად დამშვიდებულმა, პირზე ღიმილმომდგარმა ვუთხარი ძაბულის, მეც გამიკვირდა. მივუახლოვდი, მინდოდა თმაზე ხელი გადამესვა, დამემშვიდებინა. მან კი ჩემს ხელს თავისი შეაგება, არ მომეკაროო.

- არა, არა! ეგერ ოდაში არიან, ყველა იქ არის, ისიც! - ძაბული კანკალებდა, ცრემლით სველი ტუჩები უთრთოდა.

ისევ მთელ ტანში დამიარა ზაფრამ. ოფლი ისე მომედო, როგორც აპრილში ქვიშნა-ბლის ხეს მოედება ყვავილი. ალბათ, აზრსაც დავკარგავდი ძაბულის შეკივლება რომ არა. იკივლა კი? დაბეჯითებით ვერ გეტყვით, შეკივლება მის თვალებში დავინახე, იმით დავინახე, რომ უცებ თვალები გაუფართოვდა და შიში ჩაუდგა შიგ. ვიღაცამ შემაგინა. კარგად გავიგონე.

- შობელძაღლი! - და უკნიდან თავში ისეთი ძლიერი მუშტი მომხვდა, თვალებში ელვამ დამირბინა. ხლაც ვერ გეტყვით რამ მომატრიალა, რა ძალამ.

ჩემს წინ თვალებგადმოკარკლული შავჩოხიანი ბიჭი იდგა. ამ ბიჭს პირველად ვხედავდი - ჩვენი სოფლელი არ უნდა ყოფილიყო. გამიკვირდა, რას მერჩის, რატომ მარტყამს-მეთქი. ვერც მაშინ მივხვდი ვერაფერს, დამცინავად რომ შემომძახა:

- შენ გინდა ძაბული, ძაღლო, ურია? - მომაძახა და ყელში მწვდა.

ძაბული ეცა, მკლავზე ჩამოეკიდა, უხმოდ, სულგამწარებული ლამობდა ეს რკინის მარწუხები ჩემთვის მოეშორებინა. ცოტაც და დამთავრდებოდა ყველაფერი, ცოტაც და ჩავიდოდა, ილეოდა, პატარავდებოდა მზე. ყურში ძაბულის შეკივლება ჩამესმა - განწირული ადამიანის ხმა აღმოხდა ძაბულის და ალბათ, ამის გამოც, ისე შევხტი და იმ ბიჭს წიხლი ჩავცხე.

ამან თუ მიხსნა, ამან თუ გადამარჩინა. ის ბიჭი მიწას განერთხო, ძაბული კი აცახცახებული, დაზაფრული მე მომვარდა. ყელზე ხელს მისვამდა. მე რაღაცის თქმა მინდოდა - ალბათ, ძაბულის დამშვიდება - მაგრამ ვერ მომეხერხებინა.

უცებ თვალი მოვკარი, რომ ის ბიჭი უძრავად იწვა, გამიკვირდა, ფეხი მისკენ გადავდგი.

- ეი, ეი! - მინდოდა ბიჭისთვის შემეძახნა, მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდიოდა.

- რა მოხდა? - შეძრწუნებულმა შემომხედა ძაბულიმ, მოკვდა?! - იკივლა და ხელი წამავლო - ჩქარა, ჩქარა! - იქ მისი ძმები არიან.

ძაბული ეზოს უკანა მხრისაკენ მექაჩებოდა.

შავჩოხიან ბიჭს მოვხედე, ისე იწვა, იფიქრებდით, ჰაერზე გემრიელად ჩასძინებიაო. ღარ იგინებოდა.

- ჩქარა, ჩქარა, ჩქარა! - იქით მიმარბენინებდა ძაბული და მეც მივყევი. უკანმოუხედავად გავრბოდით. არ ვიცოდი კი საით. ჩემი ეზოს ღობეს რომ მივადექით, შევდექით. აქ რა მინდოდა, აქ რა მესაქმებოდა. ღობეს გავყევით, ორი-სამი მოსახლის ღობეს გადავახტით და ბონდო ძაძამიასას შევვარდით. სახლში არავინ იყო ბონდოს საწოლმიკრული ბებიის გარდა. პაპუ ბებიამ ერთი კი გადმოგვხედა, გაგვიღიმა და ისევ კედლისკენ იბრუნა პირი. ოდიდან გამოვვარდი და თავლის კარს ვეცი. ღმერთი შემეწია

- ცხენი მშვიდად იდგა, ისე ნება-ნება ჭიხვინებდა, იფიქრებდით გემრიელად ნასადილევი კაცი აივანზე დააბიჯებს და ღიღინებსო. უმალ გამოვიყვანე. მერე უნაგირი გამოვარბენინე, აპეურებს ვუჭერდი და ციებიანივით აკანკალებულ ძაბულის ვეუბნებოდი:

- სახლში შედი, შენ არაფერი გინახავს! - მაგრამ ძაბულიმ სიტყვა არ დამამთავრებინა, ცხენს მოახტა და მითხრა:

- ჩქარა, ჩქარა!

აღარაფერი მითქვამს, ცხენზე შევჯექი. ძაბული რომ მომეკრა, იმდენი სითბო და ძალა ვიგრძენი, შიშიც გამიქრა. რა დიდებული იყო ეს წამი! - იმედი სხივს დაემსგავსა, დიდ ნათელ სხივს. სადავე მივუშვი, ცხენი გავაქანე.

უკვე ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი და რაც უნდა გამეკეთებინა.

ჭალადიდში ჭაჭიასას მივედი. გუგუ ჩვენი ნამეზობლარი იყო. რომ დაოჯახდა აქეთ ცხოვრება არჩია. პატარა ოდაც ჩაიდგა და კარგად გრძნობდა თავს. გუგუს დასამალი რა მქონდა - ყველაფერი წვრილად ვუამბე. ისე დაგმალავ და შეგინახავ, აქ ვერავინ მოგაგნებსო, მითხრა, მაგრამ მე თავის შენახვა კი არა, ძაბულისთან ერთად ცხოვრება მინდოდა. ძაბულისაც ეს ეწადა. ამიტომ არ დავიშალე: ოსმალეთში უნდა გადავიდე-მეთქი. ჩემს დაყოლიებას მანამ ცდილობდა, სანამ მთვარე სავახშმოდ არ წავიდა. მერე, კარგი ბატონოო, მითხრა და ანაკლიის გზას დავადექით. გვინდოდა ღამე გვევლო, მაგრამ მზის ამოსვლას ვერაფრით ვერ ჩავასწარით. კარგა ხნის გათენებული იყო, ანაკლიას რომ მივაღწიეთ. გუგუმ ტყეში დაგვტოვა, თვითონ კი გემისაკენ გაეშურა. ლამის ერთი საათი ველოდეთ მე და ძაბული. თუმცა, ძაბულის რა, ძაბულის იქვე ჩასძინებოდა. გუგუს რომ სახლიდან ხურჯინი წამოეღო, ძაბულის იმ ხურჯინზე დაედო თავი და ტკბილად ეძინა. გუგუ ჩქარი ნაბიჯით მობრუნდა. ნუღარ ვაყოვნებთ, ყველაფერი რიგზეა, თავიც არ ასწიოთ, პირდაპირ გემისაკენ იარეთო. ჯიბეში ფული ჩამიდო, მომეხვია, გადამკოცნა, მარცხენა ხელით ძაბულის ხელი დაიჭირა და მითხრა:

- რახან ამ გასაჭირისას ჩემთან მოხვედი, ეს იმას ნიშნავს, რომ მენდობი.

- რასაკვირველია-მეთქი, -თავი დავუკარი.

- რახან მენდობით, უნდა გამიგონოთ კიდეც.

- გისმენ, გუგუ.

- ნუ დაგავიწყდებათ, რომ სხვადასხვა რჯულის ხართ თქვენ. შენ ქრისტიანი ხარ, ჩემო დაიკო, შენ კი - ებრაელი, იაკობ. ამიტომ... თქვენი ისა, - გუგუ სიტყვას ეძებდა, თავდახრილი გველაპარაკებოდა, თვალებში არ გვიყურებდა - ქალ-ვაჟის ერთობას თავი უნდა აარიდოთ. არ ვიცი რა უნდა ქნათ თქვენ, რაფერ უნდა მოიქცეთ, მარა... ნურაფერს გაიიოლებთ. თუ ცხოვრებას იოლად მოეკიდებით, დიდი პატივისცემით არც ის მოგექცევათ. - მერე თავი ასწია და მე მკითხა, - ფილხაზ აჯიაშვილს თუ იცნობ?

- ფილხაზ აჯიაშვილს? - ჩავფიქრდი.

- ქვეყანა დიდ ფილხაზიას ეძახის.

- საიდან უნდა ვიცნობდე, გამიგონია კია.

- ახლახან დავინახე. ისიც იმ გემით მოემგზავრება. პირობა უნდა მომცეთ, რომ ამ საღამოს... - გუგუ შეჩერდა, დაჟინებული მზერა მომაპყრო, - იაკობ, მანამ სანამ დაღამდებოდეს, ნახავთ ფილხაზ აჯიაშვილს და თქვეს ამბავს გააგებინებთ. არაფერი დაუმალოთ, როგორც გირჩიოთ, ისე მოიქეცით. ის სწორ გზაზე დაგაყენებთ.

- კი, ბატონო.

- არა, ასე უბრალოდ არა, იაკობ!

- აბა?

- სიტყვა უნდა მომცე, რომ... გუგუ შეჩერდა. რაღაცის თქმას აპირებდა, გადაიფიქრა. - დღესვე ნახავ დიდი ფილხაზიას.

- სიტყვას გაძლევ, გუგუ!

- შენც უნდა მომცე სიტყვა, ჩემო დაო, - ახლა ძაბულის მიუბრუნდა გუგუ და მე მივხვდი: გუგუს სულ სხვა რამის თქმა ეწადა და ვერ მოეხერხებინა.

ძაბულიმაც სიტყვა მისცა.

გუგუ ორივეს გადაგვეხვია. ჩვენ გემისაკენ გავიქეცით.

გემბანზე რომ ავედი, იმ მხარეს გავიხედე, სადაც გუგუ დავტოვე. ისევ იქ იდგა. ორივე ხელი ხანჯალზე დაედო და გემისკენ იყურებოდა: ჩვენ თუ დაგვეძებდა.

__________________________

1.ადამი.

2.ბიბლიური მეფე დავითი.

3.კარავი. ებრაელები შემოდგომის დღესასწაულს - სუქოთს ჩალით შემორაგულ კარავში იხდიან.

4 რიბკა

▲ზევით დაბრუნება


კირილე ისე კარგად იგონებდა ჭიჭაღუების ქორწილის ამბავს, დათიკო სიცილით ლამის ჩაბჟირდა. კირილეც სიცილისაგან ნაწლავები დამებერაო, იძახდა და მუცელზე იჭერდა ხელებს. დათიკო მის მუცელს რომ შეავლებდა თვალს, სიცილს ვერ იკავებდა - ღიპი ისე უხტუნავდა, როგორც ადუღებული წყალი ქვაბში.

ამ დღეში იყვნენ, ლიამ რომ მოირბინა.

- ჩქარა, ჩქარა, ბაბა, წამოდი!

- რა იყო, შვილო, ხომ მშვიდობაა! - სიცილი პირზე შეეყინა დათიკოს.

- რა ვიცი მე, აღმასკომიდან ვართო.

- აღმასკომი და ოხრობა მაგათ! - ჩაილაპარაკა გუნებაწამხდარმა კირილემ. - მაგენი კარგ საქმეზე არ მოვიდოდნენ.

არავის არ უყვარდა აღმასკომიდან და რაიკომიდან მოსული ხალხი.

- სასიკეთოდ არასოდეს მოსულან მაგენი. რა სიკეთე უნდა მოგიტანოს ხალხმა, რომელიც კანონებს იმისთვის წერს, რომ ჩვენ რამე წაგვართვას.

ხარებავა შუა ეზოში იდგა. მუქი ხაკისფერი „გალიფე“ ეცვა. „გალიფეს“ იმხელა უბეები ჰქონდა, კაცი იფიქრებდა ერთი პაწია კოშკი თუ არა, ბუხარი მაინც ჩაეტევაო შიგ. ნაცრისფერი კიტელი კი უთუოდ ვიწრო ჰქონდა. ამ კიტელზე ფარაჯა ისე წამოესხა, თითქოს სასეირნოდ გამოსულიყო.

ზუსტად ასე უყვარდა დგომა იმას, ვისაც ხარებავა ბაძავდა. იქ, ფრონტზე, რასაკვირველია, ეს არ გაუბედნია, მაგრამ დაბაში დაბრუნების შემდეგ ხარებავა ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც გენერალი მაქსიმოვი. ისიც ასე, ვიწრო კიტელზე მოისხამდა ფარაჯას, გაჩაჩხავდა ფეხებს, ხელებს ზურგზე შემოიწყობდა და მთელ ნაწილს შიშის ზარს სცემდა. ხარებავას ძალიან მოსწონდა გენერალ მაქსიმოვის ეს პოზა და ნაომარ, გამარჯვებულ კაცს, რაისბჭოს აღმასკომში რომ ასე ჩინებულად გაიკაფა გზა, სწორედ გენერალ მაქსიმოვის პოზა შეეფერებოდა. რატომაც არ დამშვენდებოდა? გენერალი საშუალო სიმაღლისა იყო და ტანსრული. თმაც შეთხელებოდა. ხარებავა კი... მაღალი იყო, წელწვრილი, ბეჭებგანიერი, ფარაჯა კიდევ უფრო ამაღლებდა.

დათიკო რომ ეზოში შემოვიდა, ხარებავა გენერლის პოზაში იდგა. თუმცაღა, განსხვავებაც იყო: გენერალი პირდაპირ მისჩერებოდა ხოლმე მის წინ თავდახრილ ჯარისკაცებს, ხარებავა კი ზეცას შესცქეროდა. ერთი სიტყვით, ისე იდგა, უნდა მიხვედრილიყავით რას გეუბნებოდათ: ის, რაც აქ ხდება, მე არ მეხება, მე ყველაფერ ამაზე მაღლა ვდგევარო.

- რა არის ეს! - უყვირა ჯაჯუ სართანიამ დათიკოს და ხარებავას გადახედა. ხარებავას სახეზე უნდოდა ამოეკითხა მეტისმეტი ხომ არ მომივიდა, ან იქნებ, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყვიროო. ხარებავას სახეზე კი ნაკვთი არ შერხეულა. იგი კვლავ დაბეჯითებით შესცქეროდა ცას.

- გაგვაგებინეთ, რა ხდება აქ! - უფრო ხმამარლა იყვირა ჯაჯუმ.

- რა მოხდა, ბატონო! - დათიკო ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, თუ რა უნდა ყოფილიყო აღმასკომის წარმომადგენელთა სტუმრობის მიზეზი, ან ამ კაცს რა აყვირებდა ასე.

- რომელია აქ ბატონი, ვის ხედავ აქ ბატონს! - ახლა თვალებიც დააბრიალა ჯაჯუ სართანიამ, - მე, თუ ამხანაგ ხარებავას?

- ორივე, ბატონო, ორივე ბატონი არ ბრძანდებით? - მორჩილად მიუგო დათიკომ.

- ჰაიტ! სად ცხოვრობ შენ, რას ჰქვია ბატონი! რა ხანია ბატონობის უღელი მოვიცილეთ, შენ კიდო, ბატონო, ბატონო დამიწყე აქ!

- დიდუუ, დიდუუ, დიდუუ!.. ეს რა ნახეს ჩემმა თვალებმა... რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა... ნეტავ არ დამენახა, ნეტავ, არ გამეგონა. ვინ დაიჯერებს ამას, შვილო, ლია, ვინ! სად უნდა გამოჩნდე, ვის უნდა უთხრა, რომ კომუნისტების საქართველოში ასე უყვირიან მშრომელ ხალხს! - რიბკა სახლიდან გამოვარდა. სართანიას საჩვენებელი თითი ცხვირწინ დაუტრიალა და კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა - რატომ, რისთვის უტეხავთ სახელს საბჭოთა ხელისუფლებას, რა გინდათ, რას ერჩით ჩვენს მუშურ-გლეხურ მთავრობას.

სართანია დაიბნა. შეშინდა კიდეც. ორიოდ ნაბიჯი უკან გადადგა და ხარებავას უმწეოდ მიაჩერდა. ხარებავას რა უნდა ეშველნა სართანიასათვის, როცა თავადაც შეაფიქრიანა ამ ქალის სიტყვებმა. მზერა ცას მოწყვიტა და ჯაჯუს დააკვირდა. ჯიუტად შეჰყურებდა სართანიას. ჯაჯუს შიშმა დარია ხელი. როგორც ჩანს, მეტისმეტი მომივიდა, ჩემი მდგომარეობა ბოროტად გამოვიყენეო და ვერ მოეფიქრებინა, თუ რა ეპასუხნა ხარებავას უხმო შეკითხვისათვის. რაღაცა უნდოდა ეთქვა, პატიება ეთხოვნა, ბოდიში მოეხადნა ხარებავას წინაშე, მაგრამ ვერ ხერხებდა. ხარებავას კითხვის გამომხატველი მზერა ამის საშუალებას არ აძლევდა. ისევ ხარებავამ უშველა.

- ვინაა ეს ქალი? - იკითხა, მაგრამ, უბრალო ინტონაციით, სასხვათაშორისოდ ამ კითხვის წარმოთქმა ხარებავამ ვერ შესძლო, მისი შეკითხვა შეკითხვა კი არა, ბრძანება იყო. ამან კიდევ უფრო ააღელვა ქალი.

- მე ვინ ვარ?! მე?

- დამღუპავს რიბკა! - გაივლო გულში დათიკომ, - რა აყვირებს ასე. ესენი თავისას არ დაიშლიან, ამას კიდო სამი დღე გლახად ექნება გული.

ხარებავა რიბკას მიუბრუნდა და მშვიდად, ხმადაბლა სთქვა:

- დიახ.

- ისა... რას ჰქვია მე... ესე იგი... რა გამოდის ახლა...

ხარებავამ ერთხანს მზერა არ მოაცილა რიბკას. ერე თქვა:

- დიახ, თქვენ... - მერე რიბკას ზურგი აქცია და დათიკოს ხმადაბლა, აუღელვებლად ჰკითხა: - რატომ არ ასრულებთ პარტიის და მთავრობის და მთავრობის ფრიად მნიშვნელოვნად გადაწყვეტილებებს, ამხანაგო?

- ვაი დათიკოს! აჰა! ესენი ამხანაგოს რომ იტყვიან, წასულია საქმე! ახლა იხტუნავე, რიბკა! - გაივლო გულში დათიკომ.

ხარებავამ კი დათიკოს დაჟინებული მზერა არ მოაცილა (ასე იცოდა მაქსიმოვმა) და მკაცრად იკითხა:

- რა ხდება აქ, ამხანაგებო! რატომ უშლით ხელს ჩვენს მშობლიურ პარტიას და მთავრობას ხალხის კეთილდღეობის ზრდისათვის დასახული დიადი გეგმების შესრულებაში?

რიბკას ელდა ეცა, დათიკოს გადახედა. დათიკო გაფითრებული იდგა.

- ამ ჩემი ყვირილით სულ არ დავღუპო ქმარი. მე შენ გეტყვი, დაუჩვეველი არიან და ვერ მოიფიქრებენ რამეს! - გაიფიქრა ლიამ და ხარებავას მოუტრიალდა.

- მეც მაგან არ გადამრია, ბატონო? როდის იყო ჩვენ მთავრობას ვუშლიდით ხელს! ამ მთავრობაზე უფრო საყვარელი ვინ გვყავს!

სართანიამ, რაკი მიხვდა ხარებავას რისხვა ამცდაო, რიბკას სიტყვები არარად ჩააგდო და შესძახა:

- ჰაიტ!

- გეცნობათ თუ არა თქვენ მთავრობის გადაწყვეტილება რომ, დაუყოვნებლივ ჩაგვაბაროთ... ხარებავა შეჩერდა, ზურგზე შემოწყობილი ხელები აუჩქარებლად, დინჯად გამოსწია წინ, თურმე ხელში დავთარი სჭერია, ნელ-ნელა გადაშალა, ჩახედა და განაგრძო - დიახ... აი, ნახეთ... დაუყოვნებლივ ჩაგვაბარეთ ერთი ძროხა, ერთი ხბო და... დავთარს ჩააცქერდა - დიახ, ერთი ძროხა და ერთი ხბო - კვლავ დათიკოს მიუბრუნდა - ესე იგი, თქვენ გინდათ ისევ ჩამორჩენილი იყოს ჩვენი კუთხე, ისევ ძროხის, ნაკელის და ქათმის სკლინტის სუნი იდგეს ჩვენს ქუჩებში?

- რა მოხდა მერე, ბატონო, ძროხა და ქათამი ამრავლოს ღმერთმა...- დაიწყო რიბკამ, მაგრამ სართანიამ სიტყვა აღარ დაამთავრებინა.

- ესე იგი განიზრახეთ ბოიკოტი გამოუცხადოთ პარტიისა და მთავრობის დადგენილებას საზოგადოებრივი მეურნეობების გამსხვილების თაობაზე. საბოტაჟ! - მოსჭრა მერე მოკლედ. სართანია ხარებავას მიუტრიალდა. განაჩენი მას უნდა გამოეტანა.

- ასი მანეთი ჯარიმა! - თქვა ხარებავამ, ხელები კვლავ ზურგს უკან შემოიწყო და ჭიშკრისაკენ გაემართა.

ის იყო დათიკოს უნდა ეთქვა გვაპატიეთ, ბატონო, ძროხის და ხბოს ჩამორთმევა გვაკმარეთო, რომ რიბკამ ხარებავას გზა მოუჭრა:

- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, რავა ტყუილად გაწყენინეთ ამ წესიერ ხალხს. თქვენ ჩვენი უბედურება არ გაგიგიათ?! თქვენ რო ჩვენი ამბავი გცოდნოდათ, ასეთ განაჩენს ხო არ გამოგვიტანდით!

ხარებავა და სართანია ერთდროულად შედგნენ. დათიკო კი გაოცებული მიაჩერდა მეუღლეს რა უბედურებაზე ლაპარაკობსო.

- აბა, რამ გადამრია ასე, აბა, რამ გამიხეთქა გული, რა მაყვირებდა? გეგონათ, თქვენ გიყვიროდით? ჩემს უბედურებას ვტიროდი, ჩემს უბედურებას, - წაუტირა კიდეც რიბკამ.

- სულ დამღუპავს ეს ქალი, ისეთ რამეს იტყვის და იზამს, სულ მომიღებს ბოლოს, - დათიკოს თანდათან ერეოდა შიში.

- ჩვენმა ძროხამ, ჩვენმა მარჩენალმა, ჩემი შვილების გამზრდელმა „სკვამიმ“ რომ იმ კვირაში თქვენი ოჯახების ჭირი წაიღო, არ გაგიგიათ?

- რაო? - წამოიძახა სართანიამ.

- წავიდა, წავიდა და თქვენი ოჯახების ჭირი წაიღო.

- როდის მოხდა ეს ამბავი? - მკაცრად, შეუვალი გამომძიებლის ტონით იკითხა სართანიამ.

- ერთი კვირაა, ერთი კვირა გავიდა იმ დღიდან, თვარა როის იყო თქვენი სიტყვა არაფრად ჩაგვიგდია. ჩვენ ისე გვიყვარს აღმასკომი, რაიკომი, მილიციაც კი გვიყვარს, მილიცია და, სადღა დარჩა მთავრობა!

- ძროხას გადამაყოლებს ეს ქალი. ახლა რაიკომს, მილიციასაც აგლახავებს. - გაიფიქრა დათიკომ და შვილს მიუბრუნდა: - შედი სახლში და წყალი გამოუტანე დედაშენს - ხომ ხედავ, ვერ არი კარგად.

უნდოდა ეთქვა: ხომ ხედავ, გადაირიაო, მაგრამ თავი შეიკავა.

ლია სახლში შევიდა.

- რავა არ მიხვედი, დათიკო, აღმასკომში, რავა არ გააცხადე ეს ამბავი, რომ ცოდნოდათ, აქეთ ხომ არ შეწუხდებოდა ეს პატიოსანი ხალხი, მაგრამ ამანაც რა ჰქნას, ბატონო - ახლა ხარებავას მიუბრუნდა რიბკა და ლეღვის ხის ძირში მჯდარ იაკობზე მიუთითა: - ვეღარ გასწვდა ამდენს. ხომ ხედავთ, რა დღეში ყავს მშობელი მამა! - აქეთ სახელმწიფო გეგმის შესრულება და ოჯახი, აგერ კიდევ საპყარი მამა!

- ამ ქალს დასაჭერად ვემეტები. - ბრაზობდა დათიკო.

- რა... რა მოუვიდა თქვენს ძროხას? - სიტყვა ძლივს ჩააგდო სართანიამ, თითქოს მკაცრად უნდოდა ეკითხნა, მაგრამ ხმაში მაინც დაეტყო სილბო.

- შენს დამაწყევარს მოუვიდეს ის, რაც იმას მოუვიდა!

- ჩემი დამაწყევარი თვითონ მონახავს თავის გზას. შენ ძროხის ამბავი მითხარი! - თავისი დავთარი გადაშალა მან.

- შენი მკვდარი აცხონოს ღმერთმა, - სართანიას მისამართით გაივლო გულში დათიკომ, - ახლა რა პასუხს აძლევ მაგ ხალხს, რიბკა. ხომ იქნება შენზე ახი, რომ წაგავლონ ხელი და მიგაბრძანონ იქ. მე შენ გეტყვი და მიზეზს ვერ მონახავენ: ოჯახი აღმასკომს ატყუებდაო.

- მოკვდა? - დავთრიდან თავი არ აუწევია, ისე იკითხა სართანიამ, პასუხი რომ ვერ მიიღო.

- მაგას რა მოკლავდა. ისე არ ვუვლიდით ჩვენ, ასე უბრალოდ რომ მომკვდარიყო!

- ვინმემ დაკლა? - ჯაჯუმ დავთარს თვალი მოაცილა და გაოცებით შეხედა რიბკას.

- აჰ, არა, ბატონო! ხალხი პატივს გვცემს. ასეთ საქმეს ჩვენ არავინ გაგვიკეთებდა!

- აბა, რა მოუვიდა, გაგვაგებინეთ ბოლოსდაბოლოს! - გაბრაზდა ხელისუფლების წარმომადგენელი.

- ყველაფერი ახსენეთ, ბატონო, ყველაფერი, მარა არც თავისი სიკვდილით მომკვდარა და არც არავის დაუკლავს, ჩვენ რო ჭირი გვჭირს, იმან მოჰკლა.

- ჭირი? - წარბები შეიჭმუხნა ხარებავამ და სართანიას გადახედა.

- კი, ბატონო, ჭირი, ნამდვილი ჭირი!

- ჭირი? დამარცვლით და ხაზგასმით ჰკითხა ხარებავამ სართანიას და გაიმეორა - ჭირი?!

- დღეში ათი „გრუზავიკი“ მაინც ჩაივლის ამ ქუჩაში, კირს ეზიდებიან.

- კირს? კირს თუ ჭირს? - ხარებავას მოუთმენლობა დაეტყო. რიბკა ერთი წამით შეყოვნდა. ვერ გაიგო რა საჭირო იყო აქ ჭირის ხსენება, როდის იყო ავტომანქანები, გნებავთ სატვირთო, გნებავთ სამგზავრო, ჭირს ეზიდებოდნენო. ამიტომ წარბშეკრულმა ხმადაბლა სთქვა:

- კირს.

- აბა, ჭირი გვჭირსო? - სული არ მოათქმევინა სართანიამ, რადგან თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რას ამბობდა რიბკა, რა ჭირზე იყო ლაპარაკი.

- გვჭირს, აბა, არ გვჭირს? მათი „გრუზავიკი“ მაინც ჩაივლის დღეში და იმ ათიდან ხუთის პატრონი მაინც ნასვამია. არ არის ეს ჭირი?

- მერე შენს ძროხასთან რა კავშირი აქვთ მაგათ! - სიმშვიდე დაეტყო სართანიას.

- არა აქვთ და არც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ არ დაინდეს... მთვრალი შოფერი ძროხას დაინდობს?! ორმა მანქანამ გადაუარა ჩემს „სკვამის“, კირით სავსე ორმა მანქანამ! ერთი საათი ასე აღებდა და ხურავდა პირს ჩემი მარჩენალი, ა! მიშველეთო, ნუ მომკლავთო, მაგრამ რას ვუშველიდით, ყველაფერი დამტვრეული ჰქონდა საცოდავს. ისე იყო დამტვრეული, პროფესორი ადამიაც ვეღარაფერს უშველიდა.

- ხბო? ხბო რა პირობებში დაიღუპა? - დინჯად იკითხა ხარებავამ, მაგრამ დათიკომ ხმაშიც და გამოხედვაშიც შეატყო ირონია.

- რა ხბო, ბატონო?

- დედის სიკვდილი იდარდა და იმან მოკლაო, იტყვის ახლა და სულ გადარევს ამ ხალხს! - გაიფიქრა დათიკომ.

- ა, ხბოზე მელაპარაკებით, ჩემს ცირაზე? - თვალები გაუბრწყინდა რიბკას - რომ იცოდეთ, რა ხბო იყო, რა კეთილი გულის...

- მერე? - ჩაეკითხა მოთმინებადაკარგული სართანია.

- რა მერე, - სართანიას მოუბრუნდა ხარებავა - ხომ გითხრა კეთილი იყოო, დედა უყვარდა - ესე იგი დედის სიკვდილი იდარდა და გული გაუსკდა.

- ღადაობს. - გაიფიქრა დათიკომ.

- არა, არა, ბატონო! - შესძახა რიბკამ - არ იყო მასე, გული არ გასკდომია იმას!

- აბა, რა მოუვიდა?

- დედაშვილს რა დააცილებდა ერთმანეთს. ისე არ ჰყავდა გაზრდილი „სკვამის“ ეგ. ორივეს ერთად დაეჯახა მანქანა.

სართანიას სახეზე გაოცება გამოეხატა, ხარებავამ კი ხმადაბლა იკითხა:

- მანქანა თუ ტანკი?

- ეს რავარი უბედური ჰყოლია გამჩენს, რავა გვაგლახავებს ცოლსა და ქმარს, ამდენს შეგარჩენს აღმასკომი? - გაიფიქრა დათიკომ და რიბკას დააკვირდა. ახლა რაღა იზამს, ახლა რით დაიძვრენს თავსაო.

რიბკა შეყოვნდა. მერე თავმდაბლურად, ერთობ მორჩილი ადამიანის გამომეტყველებით მიუგო ხარებავას:

- არ ვიცი, ბატონო, მანქანებს კი ჰგავდნენ და ეგება ტანკებიც იყო. - რიბკა დაფიქრდა და ხარებავას მიუბრუნდა. - თქვენ კი გეცოდინებათ: გყავთ რაიონში ტანკები?

ხარებავამ მოსაუბრეებს ზურგი აქცია. დათიკო კარგად ხედავდა სიცილისაგან როგორ უცახცახებდა მხრები.

- ჩაბჟირდა კაცი, დაიჭერს ამ ჩემს ქალს და შესახვეწრად მექნება საქმე: რიბკა კი არა, მე წამიყვანე-თქვა.

- სამხედრო საიდუმლოებაზე არ ლაპარაკობენ! - გამაფრთხილებელი ტონით სთქვა სართანიამ.

- კი, ბატონო, იყოს საიდუმლო, მარა, მე რატომ მიკლავს ძროხას და ხბოს ის შენი ფრონტიდან ჩამოყვანილი ტანკები?!

- ვინ გიბრძანათ, რომ თქვენი ძროხა ტანკმა მოჰკლა?

- აგერ, ბატონო, პატივცემულმა უფროსმა, - ხარებავაზე მიათითა რიბკამ.

ლიამ რიბკას სახლიდან წყალი გამოუტანა.

- დალიე, დედა, გული არ გაგიხდეს გლახად.

რიბკამ შვილს ჭიქა ჩამოართვა, ხარებავას გაუწოდა.

- მიირთვით.

ხარებავა არც მობრუნებულა, ისე გაიქნია ხელი, არ მინდაო. რიბკა სართანიას მიუტრიალდა.

- იქნება, თქვენ მიირთვათ, ძალიან გემრიელი წყალია.

სართანიამ რომ უარი თქვა წყალზე, რიბკამ ისევ ლიას დაუბრუნა ჭიქა და უთხრა:

- მამაშენს დაალევინე, ხომ უყურებ, მიცვალებულს ჰგავს.

- ცნობა! - მოტრიალდა უცებ ხარებავა.

- ცნობა? - ხარებავას მიუბრუნდა სართანია.

- უნდა მოიტანოთ ცნობა, რომ ძროხა აღარ გყავთ, - ხაზგასმით სთქვა ხარებავამ.

- სად ავიღო მაგ ცნობა? ვინ მომაშავებს მე მაგ ცნობას! - სასოწარკვეთილი ადამიანის ტონით იკითხა რიბკამ.

ხარებავამ სართანიას შეხედა. სართანია მორჩილად მიაჩერდა ხარებავას.

- ახლა რომ „სკვამი“ და „ცირა“ ჭიშკარს მოადგნენ, ნეტავი რას შობა ეს ქალი? - ფიქრობდა დათიკო და ნატრობდა ძალიან მალე დამთავრებულიყო ეს საუბარი.

- ცნობას მოგცემთ ამხანაგი სართანია, - კარგა ხნის ფიქრის შემდეგ, დინჯად სთქვა ხარებავამ, - მაგრამ მანამდე საჭიროა განცხადება. განცხადება დაამოწმოს სამმა მეზობელმა.

- კი, ბატონო, აგერ ჭანტურიები, მაძაღუები, მოშიაშვილები მომიწერენ ხელს.

- ასე ჰქენით ეს! - თქვა ხარებავამ და გაბრუნდა.

- ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება ნუ მოგიშალოთ, - სართანიას დაედევნა რიბკა, - თქვენგან რომ ცნობას ავიღებ, ვის უნდა მივუტანო?

- ამას, - ხარებავასკენ გაიშვირა ხელი სართანიამ და მისკენვე გაიქცა რომ წამოწეოდა.

დათიკომ შვრბით ამოისუნთქა.

- შენ გგონია ახლა მაგენი ვერაფერს ვერ მიხვდნენ, ხომ! - საყვედურით უთხრა ცოლს.

- ამაზე რას იტყვი, დათიკო: თურმე სართანიასგან იმისთვის უნდა ავიღო ცნობა, რომ ხარებავას მივუტანო. რავა ჰქონია ამ ქვეყანას საქმე!

- ქვეყნის არაფერი ვიცი, მაგრამ მე რომ ცოლი დამღუპავს, ამას არ უნდა ლაპარაკი. რა გინდა, ქალო, ჩემგან, როდის იყო ესენი რამე სიკეთეს არჩენდნენ ხალხს.

რიბკამ დამცინავად გადახედა დათიკოს და მცირე პაუზის შემდეგ ხმადაბლა უთხრა:

- შენ რა გგონია, დათიკო, არც მაგათ უნდათ ასე გააწვალონ ხალხი. ოღონდ რაიმე საბუთი მიეცი და უცებ ყაბულს არიან.

- არ უნდათ კი არა...

- გაღმა მინდორზე არიან „სკვამიც“ და „ცირაც“, ახლავე მიუყვანე ხახამ იოსებს და ორივე დააკვლევინე. ზოგი გავყიდოთ, ზოგიც შვილებს ვაჭამოთ. დავამარილებ და შევინახავ გრილ „კლადაოში“, რა ვქნათ, აბა, სული ამოხდა ხრუშჩოვს ამ კანონის მოგონებისათვის!

დათიკოს არ მოსწონდა ეს ამბავი, მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა - უნდა დაეკლა ოჯახის მარჩენალი ძროხა, ამით ოჯახს აკლდებოდა რძე, ყველი, ხაჭო, სულგუნი. ამ ძროხას ცოტა ფულიც შემოჰქონდა ოჯახში - რიბკას ებრაულ წესზე გამოჰყავდა ყველი და სულგუნი. ამ ყველსა და სულგუნს დროდადრო მეზობელი ებრაელები ყიდულობდნენ, კვირაში კილოც რომ გამოეყვანა რიბკას, ოჯახისთვის დიდი სიკეთე გახლდათ.

5 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


გემი რომ გაშლილ ზღვაში გავიდა, ცასა და წყალს შუა, ცისა და წყლის მეუფებაში რომ ამოვყავით თავი, მაშინღა ვნახე: გუგუ ჭაჭიას ათი ოქროს თუმნიანი ჩაედო ჩემს ჯიბეში. ათი ოქროს თუმნიანი კარგი საშუალება იყო და იმედიც გამიჩნდა: თუ კაცს თავში ცოტა ჭკუა გაქვს, მკლავში ძალა, ჯიბეში ათი ოქრო და თუ სულ რაღაც ოცი წლისა ხარ, ცხოვრება კი უნდა დაიწყო. ზღვის უზარმაზარი სივრცე და ის ათი თუმნიანი სიმღერის გუნებაზეც კი მაყენებდა, მაგრამ... რაც უფრო სამშვიდობოს მეგონა თავი, ძაბული მით უფრო თავშეუკავებლად მოთქვამდა და მე რა მამღერებდა. შიშმა რომ გაუარა და დარწმუნდა, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაშინ იგრძნო ის, რაც მოხდა. ისე ტიროდა, ტყუილიც კი ვუთხარი, იქნებ, რამენაირად დავამშვიდო-მეთქი: ხოფაში გადავიდეთ და უკან მივბრუნდეთ, რაც ღმერთს ჩვენთვის ემეტება, ის მოხდეს-მეთქი. მაგრამ ძაბულიმ იუარა: ჩვენ რომ ახლა იქ დავბრუნდეთ, ან ლესიჭინელები (ის საცოდავი ბიჭი ლესიჭინელი ყოფილა თურმე!) მოგკლავენ, ან მთავრობა ციმბირში გაგასახლებს. ციმბირს კი ისევ ოსმალეთი სჯობია - საქართველო უფრო ახლო არისო. შენი დედ-მამის დარდი რომ არ გასვენებს და ტირი-მეთქი? ამაზე ძაბულიმ გაიღიმა და უკვე დაბრძენებული ქალივით მომიგო:

- ქალი ქორწილით ტოვებს მშობლების ოჯახს, მაგრამ მაინც ტირის. მე ეგ საკითხი მაშინ გადავწყვიტე, როცა ბონდო ძაძამიას თავლიდან გამოყვანილ ცხენს დაუფიქრებლად მოვახტი.

სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს და მაგალითებითაც თავი არ შეგაწყინოთ, აქვე გეტყვით: ძაბულიმ ბევრი რამ გამიიოლა, ძალიან ბევრი რამ! იღბლიანი ქალიც იყო. ავს არავის არ უსურვებდა. ალბათ, ამიტომაც სწყალობდა ღმერთი, ამაზე იქნებ, სხვა დროს გიამბოთ რაიმე, ახლა კი იმას გეტყვით, რომ ფილხაზ აჯიაშვილთან გამოლაპარაკებაც ძაბულიმ დაიჩემა: გუგუ ჭაჭიასთვის მიცემული სიტყვის გატეხვა არ ივარგებსო. ფილხაზ აჯიაშვილთან, ანუ როგორც მთელი სამეგრელო ეძახდა, დიდ ფილხაზიასთან მისვლა ჭკუაში კი მიჯდებოდა, მაგრამ ფეხსაც ვითრევდი. ამ კაცს მთელი ქვეყანა სცემდა პატივს - ჭკვიანი, ქონებით სავსე, ხალხის ჭირვარამის გამზიარებელი და ძალიან მორწმუნე კაცის სახელი ჰქონდა. ოსმალეთში მეგრული თხილი და თაფლი

გაჰქონდა. აქეთ კი ათასი რამ შემოჰქონდა. მისი კაცები ოდიშის ყოველ სოფელში დადიოდნენ, თხილს და თაფლს აგროვებდნენ, ანაკლიაში მოჰქონდათ. იქიდან გემით ეზიდებოდა ოსმალეთში. ზოგჯერ თვითონაც მიჰყვებოდა თავის საქონელს.

- ოდიშში მაგას შენთან სალაპარაკოდ სად სცალია. ახლა კი აგერ უქმად ზის და უნდა მიხვიდე, - ჩამძახოდა ძაბული.

- შენ ამდენი საიდან იცი-მეთქი, მიკვირდა. თურმე მამამისიც აგროვებდა თხილს და თაფლს დიდი ფილხაზიასათვის.

მართალი გითხრათ, არც კი ვიცოდი ისეთი რა უნდა ერჩია ჩემთვის ფილხაზიას. ან მე რა უნდა მეკითხნა, მაგრა ძაბული ორმოცი წლის ჭკუადამჯდარი ქალივით მირჩევდა მასთან მისვლას.

- შენ შენი ამბავი უთხარი და თვითონ იცის რაც უნდა გირჩიოს.

დიდი ფილხაზია გემბანზე ჭილოფის სავარძელში იჯდა. მხრებზე საყელოზე შავხავერდშემოვლებული თხელი პალტო მოესხა. მზის ჩასვლას შესცქეროდა. მივუახლოვდი, მის წინ დავდექი და ხმადაბლა მივესალმე.

- შალომ ალეხემ!

დიდმა ფილხაზიამ აუჩქარებლად ასწია თავი, დამაკვირდა, კარგა ხანს მათვალიერა, მერე თქვა:

- მშვიდობა ნუ მოგიშალოს ღმერთმა! - შეყოვნდა და დასძინა: - საქმე გექნება ჩემთან, ისე არ მოხვიდოდი.

- კი მაქვს საქმე, თუ არ შეგაწუხებთ.

- თუ არ შეწუხდი, ისე არაფერი გამოვა. ჩამოჯექი აქ პატარა ხანს. მზე ჩადის, უნდა ვუყურო. მზის ჩასვლა ადამიანის სიცოცხლის დასასრულს მაგონებს: ასე მივდივართ ჩვენც, მაგრამ მზე ხვალ ისევ მოვა. ჩვენს მაგიერ კი ჩვენი სახელი ამოვა. სახელი! - ეს ბოლო სიტყვა ხმადაბლა, თითქმის დამარცვლით თქვა და დასძინა, - ჩამოჯექი, აბა, აგერ, აქ!

მე, რასაკვირველია, არ დავჯექი. შორიახლოს დავდექი და მზეს მივაჩერდი. მზე ჩადიოდა და რაღაცას გვეუბნებოდა. არა, არ გვემშვიდობებოდა, ღიმილით გველაპარაკებოდა. იმდენად სუფთა იყო, ხასხასა, რომ ადამიანის სიცოცხლის დასასრულს კი არა, ახალდაბადებულ ბავშვს მაგონებდა. იმან უფრო გამაოცა, რომ ძალიან ჩქარა ჩადიოდა, თითქოს კი არ ჩადიოდა, ჩარბოდა. მალე მიეფარა თვალს, მალე დავკარგეთ. წყლის უზარმაზარი სივრცე უკვე ჩასული მზის სინათლით იყო გაბრწყინებული.

დიდი ფილხაზია კარგა ხანს იჯდა უხმოდ, ფიქრებში ჩაძირული. მერე ერთი ამოიოხრა, პენსნე ხელის ფათურით მოძებნა - ცხვირზე ჩამოიცვა, დამაკვირდა და სთქვა:

- ისრაელი კი უნდა იყო, მაგრამ ვინ ხარ, ვისი შვილი? ახლოს მოდი!

მივუახლოვდი, დამაკვირდა. ცხადია, ვერ მიცნო, პენსნე მოიხსნა და მკითხა:

- ვისი შვილი ვარო, რა მითხარი?

- არონ ჯანაშვილის, ფილხაზ ბატონო.

- არონ ჯანაშვილი? - ისევ ჩაფიქრდა, ვერ მოიგონა, - არა, შვილო, არ ვიცნობ. იქნება, ბაბუას მაინც ვიცნობ შენსას.

- იოხანანი ბატონო, ჯანაშვილი, აღარ...

- ღმერთმა სამოთხეში დააბრძანოს მისი სული! - სიტყვა შემაწყვეტინა დიდმა ფილხაზიამ, - კარგი კაცი იყო, - თორის მოყვარული და გამჩენის დამფასებელი. ბაბუას გავხარ. თუ მის კვალზე ივლი, კაცი უნდა დადგე - მერე უცებ მოსჭრა - გისმენ.

მთელი ჩემი ცხოვრება ვუამბე. უკანასკნელი დღეებისა კი დაწვრილებით, ისიც ვუთხარი თქვენთან მოსვლა გუგუ ჭაჭიამ მირჩია და ძაბულიმაც დამიჩემა-მეთქი.

დიდი ფილხაზია გარინდებული მისმენდა. სათქმელი რომ დავამთავრე, კარგა ხანს არ ამოუღია ხმა. როცა ვიფიქრე სულაც დავავიწყდი-მეთქი, ხმადაბლა სთქვა:

- ხოო, ბაბუას კვალზე რო არ გივლია, ამას კი ვხედავ... ჩემთან რისთვის მობრძანებულხარ! - ეს ბოლო სიტყვა - „მობრძანებულხარ“ - არ მომეწონა. ისე იყო ნათქვამი საყვედურსაც ნიშნავდსა და არაფრად ჩაგდებასაც.

აკი გითხარით, სანამ დიდ ფილხაზიასთან მივიდოდი, არც მანამდე ვიცოდი რა მინდოდა ამ კაცისაგან. ახლა საიდანღა მეცოდინებოდა - ვერაფერი ვთქვი.

ფილხაზ აჯიაშვილი კი ჯიუტად მომჩერებოდა. იმდენად ჯიუტად, თვალი ვეღარ გავუსწორე და მზერა მოვარიდე. გაცლას ვაპირებდი. ერთადერთი მიზეზის გამო ვერ გადამედგა ნაბიჯი - ვერაფრით ვერ მომეფიქრებინა როგორ გავცლოდი. ამ საგონებელში ვიყავი, დიდმა ფილხაზიამ რომ თქვა:

- შენ სხვისი აზრი რად გინდა, თვითონ გადაგიწყვეტია ყველაფერი. - და მყისვე დასძინა, - ის სად არის?

რასაკვირველია, ამგვარი მიღების შემდეგ მისგან არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა და არც არაფერს მოველოდი, მაგრამ უზრდელად გაცლას ვერიდებოდი, ამიტომ ცივად ვთქვი:

- იქ!

- მოიყვანე! - თითქმის მიბრძანა დიდმა ფილხაზიამ ისე, რომ თავიც არ აუწევია.

ძაბულისათვის რა მეთქვა? ყველაფერი ისე მეამბნა, როგორც იყო, თუ მეცრუა? ან რატომ უნდა მიმეყვანა ძაბული იმ კაცთან, რომელმაც გულგრილად მიმიღო? რისთვის? იმიტომ რომ მდიდარია? ბრაზი მახეჩობდა. გუგუზეც ვბრაზობდი. ალბათ, ამიტომაც ვერ მოვახერხე და ძაბულის ვერაფერი ვერ დავუმალე - ისედაც მიხვდებოდა ყველაფერს.

ძაბული ერთხანს დუმდა, მერე მკითხა:

- რატომ, რისთვის უნდა მიეღე იმ კაცს კარგად?

- იმიტომ, რომ მე დღეს ხელის გამართვა მჭირდება. ჩვენი ხალხი ერთმანეთს ეხმარება. ამას ღმერთი ავალებს ებრაელ კაცს.

- ვინ ხარ შენ დღეს? - გაიღიმა ძაბულიმ. - ქრისტიანი ქალი ცოლად მოგყავს? მოგყავს. კაცი მოკალი? მოკალი.

- არა, მე კაცი არ მომიკლავს, ღმერთმანი არ მომიკლავს... არც ვიცი რა მოხდა - წამოვიძახე.

- ებრაელმა კაცმა ამაზე უარესი რა უნდა გააკეთოს? წავიდეთ.

ძაბული კაიუტიდან ისე გავიდა, ჩემს პასუხს არ დაელოდა, სხვა რა დამრჩენოდა: უკან მივყევი. ყველაფერი ის, რაც ძაბულიმ მითხრა, ჩემთვის გასაგები იყო, მაგრამ ათასი ფიქრი მერეოდა თავში. დიდი ფილხაზიას წინ რომ დავდექით, წყენა გულს მისერავდა, მეწადა ისეთი რამ მეთქვა ამ კაცისათვის, რაც ცოტათი მაინც გამიქარვებდა გულისტკივილს. მაგრამ ესღა ვუთხარი:

- გუგუ ჭაჭიას მივეცი სიტყვა, თქვენთან ამიტომ მოვედი.

ფილხაზ აჯიაშვილმა, ვითომ ჩემი ნათქვამი არ გაუგონიაო, ჯერ გვერდით მდგარ ჭილოფის ისეთივე სავარძელს მიაპყრო მზერა, როგორზედაც თვითონ იჯდა, მერე - ჩვენ. ხელჯოხი სწორედ იმ სავარძელზე დადო და ძაბულის ჰკითხა, ვისი შვილი ხარო. ძაბულიმ უპასუხა. ვიცნობ მამაშენს, ძალიან წესიერი და გამრჯე კაცია, მაგრამ ბაბუაშენის გამჭრიახობა მაინც არა აქვს, ის ყველაფრით სჯობდაო. მერე გაჩუმდა და მე ისევ მომეჩვენა ჩვენი აქ ყოფნა დაავიწყდა-მეთქვი.

- ფარა თუ გაქვთ რამე? - მე მკითხა.

- ათი ოქრო!

- ამ ბიჭს ხო არ მოუტყუებიხარ შენ, თუ იცოდი ვინ იყო, რა რჯულის?

- მეზობლები ვართ ჩვენ, - მშვიდად უპასუხა ძაბულიმ.

ეს იყო და ეს. დიდ ფილხაზიას მეტი არაფერი უკითხავს. პენსნე ცხვირზე დაირჭო, ძაბულის მიაჩერდა, მერე პენსნეს თითი ჩამოჰკრა, ბრაზით ჩამოაგდო და მე მომიბრუნდა.

- თუ შენ ეს გოგო ცოლად გინდა და არა ქალად, ხვალვე უნდა დაქორწინდეთ! - უცებ ისეთი მრისხანება ჩაუდგა თვალებში, ჟრუანტელმა დამიარა - იკმარეთ, რაც ცოდვა გადევთ. - ხელჯოხი სკამიდან აიღო, წამოდგა, შევატყე, რომ გაცლას აპირებდა:

- კი, მაგრამ ხვალ როგორ ვიქორწინოთ?

- როგორც გენებოთ! - მომიგდო დიდმა ფილხაზიამ.

- ეს არის თქვენი საბოლოო პასუხი?

დიდი ფილხაზია შეჩერდა, მოგვიბრუნდა:

- პასუხი... ისრაელს არა აქვს უფლება საბოლოო პასუხის მიცემისა. საბოლოო პასუხს გამჩენი იძლევა. - გაჩუმდა, ორიოდ ნაბიჯი გადადგა, მობრუნდა და თქვა - გემი ტრაპიზონში რომ გაჩერდება, ჩემთან მობრძანდით (ეს სიტყვა „მობრძანდით“ ახლაც ისევე წარმოთქვა - საყვედურით, როგორც წეღან „მობრძანებულხარ“). პენსნე კვლავ ცხვირზე ჩამოიცვა და წავიდა.

ძაბული და მე ერთმანეთს მივჩერებოდით. ძაბულის მზერაში სასოწარკვეთაც შევნიშნე.

მთვარე საწყალობლად ჩამოკონწიალებოდა ზეცას. ისიც სასოწარკვეთილი იყო. მარტო დარჩენილიყო ამ წყლისა და ცის შუა. გემი ზანტად მილასლასებდა - ძალაგამოლეული ცხოვრების ხალისდაკარგული ჩაჩანაკი ხვნეშით მიუყვებოდა აღმართს. გულს დარდი შემომაწვა. ძაბული და მე მარტო ვიყავით ამ უკუდეგანო ზღვისა და ცის შუა. მთვარეს ღრუბლები შემოხვეოდა, ღრუბლებს დაეტყვევებინათ და ჩვენი ბედი ვის რაში ენაღვლება? დიდი ფილხაზიას გულგრილობამ ბრაზი კი არ მომგვარა (მისი იმედი რატომ, რისთვის უნდა მქონოდა?), გული მომიკლა. სხვისი გასაჭირი არ გაიზიარა. ასეთი რამ არავის ეკადრება. ებრაელ კაცს კი, განსაკუთრებით.

ძაბულის ხელი მოვხვიე. მისი გამხნევება მეწადა: აგერ ვარ, ერთად ვართ და ეს ყველაზე დიდი სიკეთე არის-მეთქი. ამ დროს, ღმერთმანი, პირველად, გამჩენი მყავს მოწმედ: ხელი ძაბულის მარცხენა ძუძუზე მომიხვდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ამ ჟრუანტელმა უმალ მიმოფანტა მწარე ფიქრები, თავს რომ დამტრიალებდა. ძაბულიც გაირინდა, გაყუჩდა, უფრო მომეკრო და ღმერთმანი, ვიგრძენი როგორ განათდა სული. ასე გარინდებულნი, ერთმანეთს მიკრულნი ვიდექით ერთ ხანს. მერე ძაბული შეირხა, თვალებში ჩამაცქერდა, გამიღიმა და ჩემი სული იმედით აივსო. იმედის სხივი ჩადგა სულში, ძალაც ვიგრძენი. მთვარე - სავსე და ღონიერი - ჩვენ გვიცინოდა. როცა მთვარე ასე გიცინის, როცა გვერდში ძაბული გიდგას და გათბობს, რატომ არ უნდა გიყვარდეს ცხოვრება. ხვალინდელ დღეს იმედით რატო არ უნდა ეგებებოდე?

******

გემი რომ ტრაპიზონის ნავსადგურში გაჩერდა, ძაბული და მე დიდი ფილხაზიას კაიუტის კართან ვიდექით. დავუკაკუნეთ. დიდი ფილხაზია მარტო იყო. ფრაკი არ ეცვა - ახალუხზე ატლასის ხალათი გადაეცვა.

- ერთი პატივი უნდა დამდოთ ახლა მე თქვენ - უბრალოდ, სხვათა შორის გვითხრა დიდმა ფილხაზიამ, ისე გვითხრა, თითქოს არც გველოდა, თითქოს შემთხვევით დაგვინახა და მის გაჩახჩახებულ, ხალიჩებითა და დიდებული ავეჯით გაწყობილ კაიუტაში კი არ ვიყავით, არამედ ქუჩაში შეგვხვდა - უქეიფოდ ვგრძნობ თავს, ორივემ უნდა მცეთ პატივი, ორივე უნდა გადახვიდეთ ნაპირზე, აგერ ხუთი კაცის სია და მისამართები ჩამოგიწერეთ. პრისტინზე გადახვალთ თუ არა, ეტლი დაიქირავეთ, ამ ხალხს მიაკითხეთ და უთხარით დიდმა ფილხაზიამ გამოგვგზავნა, ფული დასჭირდა, ხუთასი ათასი ლირა გაგვატანეთ-თქო. საბუთად ჩემი ხელით დაწერილი მისამართებიც გამოგადგებათ. ეტლის ფულიც აგერ არი.

გაოგნებული გამოვედით დიდი ფილხაზიას კაიუტიდან - მე ქორწილს ველოდი და ამან თავისი საქმეების მოგვარება დაგვავალა, მაგრამ ძაბულის თავს ისე ვაჩვენებდი, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. მრცხვენოდა. ნაპირზე ეტლი დავიქირავეთ და ხუთივე კაცს ჩამოვუარეთ. ფული ყველამ დაუყოვნებლივ მოგვცა, მაგრამ გაოცებას ვერ მალავდნენ დიდ ფილხაზიას როგორ გაუჭირდაო. ყველგან ვგრძნობდით, დიდი ფილხაზიას აქ პატივს სცემდნენ. კი გვეწადა ტრაპიზონში გაგვევლო ცოტა, გვენახა რა ქალაქი იყო, მაგრამ კაცმა საქმეზე გამოგვაგზავნა და სეირნობა არ იქნებოდა. ამიტომ ორიოდ საათში გემზე დავბრუნდით. დიდ ფილხაზიას ფული რომ შევუტანეთ, ვიღაცასთან ერთად პაწია მაგიდას მისჯდომოდა და ჩაის სვამდა. რიგიანად არც შემოგვხედა. ეგ ჩანთა მაგიდაზე დასდეთ, სიკეთისთვის მადლობა მითქვამსო, გვითხრა და ჩაის სმა არხეინად განაგრძო.

ფულით სავსე ჩანთა მაგიდაზე დავდეთ და ცივად გამოვბრუნდით. სიბრაზე ყელში მაწვებოდა, საყვედურის თქმის უფლება კი არ მქონდა. ან როდის იყო მდიდარ კაცს ჩემნაირი გაჭირვებულისათვის თავი გამოუდვია, მაგრამ არც ასე არაფრად ჩაგდებას ველოდი. კაცის ღირსება იმითაც იზომება, თუ რამდენად შეუძლია მოყვასს გაუგოს, მის შავ დღეს შეებრძოლოს.

ძაბული ხმას არ იღებდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ იმასაც გული ტკიოდა. კაიუტაში ხან სკამზე ჩამოვჯდებოდი, ხანაც უაზროდ მიმოვდიოდი. უცებ ყოვლად ყეყეჩ ადამიანად ვიგრძენი თავი - ძაბული კაიუტაში მყავდა, აგერ ოცდაოთხი საათი გავიდა მე და ძაბული - თავისუფალნი, უცხო თვალს მოშორებული ვიყავით და მე კი იმ ვიღაც დიდვაჭარზე ვფიქრობდი.

კარზე დააკაკუნეს. ყურადღება არ მივაქციე - ალბათ, მომეჩვენა, თორემ ჩვენ ვინ უნდა გვიკაკუნებდეს, ჩვენ ვის ვჭირდებით-მეთქი. ახლა უფრო ბეჯითად დააკაკუნეს. აშკარა გახლდათ, რომ ჩვენთან მოსულიყო ვიღაც. გაღიზიანებული წამოვდექი და კარი გავაღე. ცისფერთვალება, თხელთხელი და ჭაღარაშერეული კაცი ალერსით მომჩერებოდა. ბატონი ფილხაზი ორივეს თავის კაიუტაში მობრძანებას გთხოვთო, რომ მითხრა, მივხვდი, მეგრელი იყო.

- მადლობელი გახლავართ, - ვუთხარი იმ კაცს და კარი ცივად მივხურე. ისევ ეს დიდი ფილხაზია! ცხადია, იქვე გადავწყვიტე არ წავსულიყავი, მაგრამ ძაბული უკვე ტახტიდან წამომდგარიყო და სარკესთან თმას ისწორებდა.

- სად მიდიხარ?

- დიდ ფილხაზიასთან.

- მე იმ კაცთან არ მივალ, მეყოფა! - ვთქვი ცივად.

- რატომ? - მკითხა ძაბულიმ ცოტა ხნის შემდეგ - დიდმა ფილხაზიამ შენ რაიმე პირობა მოგცა? - ძაბული ყურადღებით მომჩერებოდა. - მერე პირი გიშალა? დაგპირდა თუ ლესიჭინელ ბიჭს მოკლავ, თუ შენ და ძაბული გაიქცევით, მე გიშველითო? - ძაბული უცნაურ კითხვებს მისვამდა. მაბნევდა მისი კითხვები და, ცხადია, ვერაფრით ვუპასუხებდი. - რა უნდა გაგიკეთოს ფილხაზ აჯიაშვილმა, რას მოელი მისგან? - იკითხა მცირე დუმილის შემდეგ.

მართლაცდა, რას მოველი დიდი ფილხაზიასგან? რა მჭირდება? რჩევა როგორ და სად ვიქორწინო? მისი რჩევის გარეშეც შემიძლია ძაბულისთან ქორწინება. ამ საქმეში კაცს ღმერთი ეწევა. ჩავალთ სტამბოლში და ვიქორწინებთ, რა დიდი ამბავი ეს არის? კაცისათვის ღიმილიც მშველელია. ღიმილი და ხელის ჩამორთმევა, თორემ კაცმა კაცს ისეთი რა უნდა გაუკეთოს, რომ ღიმილსა და თბილ სალამს სჯობდეს?

არ ვიცი რამდენად მართალი ვიყავი. ამ წუთში კი ასე ვფიქრობდი. მართლაც, რატომ არ უნდა მივსულიყავი? არა, რაიმეს სათხოვნელად, იმის იმედით კი არა, რომ დიდი ფილხაზიასგან რაიმეს ველოდი, ისე, უბრალოდ, კაცი მეძახდა და მივდიოდი. მე ხომ დიდი ფილხაზიას იმედით არ გადამიდგამს ეს ნაბიჯი?

რაკი საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ დიდი ფილხაზიას გარეშეც მივხედავმეთქი ჩემს ცხოვრებას, ლაღად შევედით მის კაიუტაში. იქ ბარე ათი უცხო კაცი დაგვხვდა. ზოგი მრგვალ მაგიდას მისჯდომოდა, ზოგი ტახტზე ჩამომჯდარიყო, ზოგიც სავარძელში ნებივრობდა. ჩაცმა-დახურვაზე, იმაზეც, თუ როგორ ისხდნენ, ეტყობოდათ, ამ ცხოვრებაზე სამდურავი არ უნდა დასცდენოდათ - ღირსეული ადამიანები ჩანდნენ. ჩვენ რომ შევედით, ფილხაზ აჯიაშვილმა თქვა:

- აი, ეს გახლავთ ის ყმაწვილი, ბატონებო!

ყველა ფეხზე წამოიჭრა. ზოგმა თავი დამიკრა, ზოგიც მოვიდა და ისეთი თბილი ღიმილით ჩამომართვა ხელი, გეგონებოდათ, დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ის ხუთი კაციც ვიცანი, ვისგანაც ამ დილას ფული წამოვიღე. რა დაგიმალოთ და ამან ცოტა შემაფიქრიანა რაიმე შარში არ გამხვიოს ამ დიდვაჭარმა მეთქი. მასპინძლები კი უხმოდ მათვალიერებდნენ. დუმილი იმდენ ხანს გაგრძელდა, თავი უხერხულად ვიგრძენი.

- რას იტყვით, ბატონებო? - იკითხა მერე ფილხაზ აჯიაშვილმა.

არც ამჯერად ამოუღია ვინმეს ხმა, მაგრამ ყველა რომ პატივისცემით და ნდობით მიცქეროდა, ეს აშკარა იყო. ამან, ცხადია, დამამშვიდა.

- გვაპატიეთ, შვილებო! - ერთი საშუალო სიმაღლის, შვინდისფერ ჩოხიანი კაცი წამოდგა ფეხზე. - მე კალისტრატე გაბუნია გახლავართ. ადამიანმა რომ სიკეთე უნდა აკეთოს, ეს არავის ესწავლება, მაგრამ იმაზე უარესი არაფერია, როცა არ იცი ვის უკეთებ სიკეთეს. იქნება, შენმა სიკეთემ ერთს კი გაუხაროს გული, მარა ათასს ავნოს. ფილხაზ ბატონს და მე გვინდოდა ვინ ხართ თქვენ, ვისთვის გავირჯებოდით ჩვენ. ამიტომ... - კალისტრატე გაბუნია შეჩერდა. გაიღიმა, ვიგრძენი, რომ ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა ის, რაც ენის წვერზე ჰქონდა. - პატარა გამოცდა მოგიწყეთ... - მორცხვი ღიმილი ჰქონდა კალისტრატე გაბუნიას - ამ ხალხთან ამისთვის გაგგზავნეთ, ხუთასი ათას ლირას შეველიეთ. თუ თქვენ... გული ხომ არ გატკინეთ? რამე ხო არ გეწყინათ? - კალისტრატე გაბუნია უსათუოდ უარყოფით პასუხს მოელოდა, მე კი რა დაგიმალოთ და მისი გულახდილობის გამო ნაცემივით ვგრძნობდი თავს. ამიტომ მივუგე:

- კი, როგორ არა! - კალისტრატე გაბუნიას ღიმილი პირზე შეეყინა. ასეთ პასუხს არ ელოდა. დაიბნა. აღარ იცოდა რა ეთქვა და ამიტომ მშვიდად განვაგრძე - ერთია სიკეთის ქმნა საერთოდ და მეორეა გვერდში ამოუდგე ადამიანებს როცა ცხოვრებას იწყებენ.

- არა, არც არი საჭირო ყველამ დაიწყოს ცხოვრება თუ მათი კავშირი ხალხს არაფერს აძლევს - მკაცრად, გოროზად მომიგო დიდმა ფილხაზიამ, ჩაახველა და ასევე შუბლგაუხსნელად განაგრძო - ეს წუთისოფელი ისედაც არ ახარებს ადამიანს, ათას სიგლახეს უმზადებს. შენ, იაკობ, შენი დაუფიქრებელი ნაბიჯით უფრო გაირთულე ცხოვრება - ისედაც სვენებსვენებით ლაპარაკობდა ფილხაზ აჯიაშვილი, ახლა სულაც დადუმდა, სახე ლამის დაეღრიცა - შენ ქრისტიანი ხარ, შენ კიდევ - ისრაელი. არ არის ეს პატარა ამბავი. დღეს თქვენ ამაზე არ ფიქრობთ, დადგება დრო და ღმერთი გაგახსენებთ. ქვეყნიერებას კი ერთი ღმერთი ჰყავს. - ფილხაზ აჯიაშვილი შეჩერდა, იატაკს დააცქერდა, მერე კალისტრატე გაბუნიას მიუბრუნდა. - რა ვქნათ ახლა, კალისტრატე ბატონო, ჩვენ, რაღას ვუყურებთ?

კალისტრატე გაბუნია მე მომიბრუნდა, ისე შემომხედა, ჩემგან წყენის არაფერი ეტყობოდა. შემრცხვა და თვალი მოვარიდე.

- ჩვენ თქვენი დაქორწინება გადავწყვიტეთ. ჩვენ ახლა ყველანი ხმელეთზე გადავალთ, ტრაპიზონის სალოცავში მივალთ და იქიდან კანონიერი ცოლ-ქმარი გამოხვალთ. ებრაული წესების შესწავლა კი მერე უნდა დაიწყო, შვილო ძაბული, რახან ებრაელ კაცს გაჰყევი, მისი გზით უნდა იარო. ხარ თუ არა თანახმა, იქორწინო ებრაული წესით?

- კი, როგორ არა! - დაუყოვნებლივ მიუგო ძაბულიმ.

- ძალიან კარგი. ნუღარ ვაყოვნებთ. - სახე გაუცისკროვნდა კალისტრატე გაბუნიას.

საღამომდე, მანამ სანამ გემი ტრაპიზონის ნავსადგურს გაეცლებოდა, ძაბული ჩემი კანონიერი ცოლი გახდა. ტრაპიზონელმა, მეგრელმა თუ ებრაელმა ვაჭრებმა იმდენი საჩუქარი მოგვართვეს, ვერც მამაჩემი არონი და ვერც კაკაჩი ძაძამია სიზმარშიც ვერ ნახავდნენ.

სტამბოლში კაიუტიდან გამოსასვლელად რომ ვემზადებოდით, რომელიღაც მეგრელმა ვაჭარმა დაგვიკაკუნა კარზე და ქაღალდი გადმოგვცა:

- კალისტრატე გაბუნიამ შემოგითვალათ, ამ მისამართზე მიდით და ბინა დაიქირავეთო.

გემიდან რომ გადმოვედით, ჩვენი მფარველი ანგელოსები არ გვინახავს. ერთხანს კი ვიდექით, იქნება გამოჩნდნენო, მაგრამ თვალი რომ ვერავის მოვკარით, ძაბულიმ გადაწყვიტა, ალბათ, თვითონ ისურვესო ასე.

ეტლში ჩავსხედით. სტამბულის აფორიაქებულ ცხოვრებას ისე შევუერთდით, როგორც წვიმის წვეთი ზღვას.

6 ბენო

▲ზევით დაბრუნება


ბიბლიოთეკა-სამკითხველო ერთ დაბალჭერიან, გრძელ შენობაში მოეთავსებინათ. შენობა გრძელიც გახლდათ და საკმაოდ შეუხედავიც. თავის დროზე აქ თავადის საჯინიბო იყოო, ამბობდნენ ამასწინათ ბიბლიოთეკაში, ის რაც ადრე ცხენების სდგომი ყოფილა, დღეს ადამიანებს დარბაზის მაგივრობას უწევდა. მიუხედავად ამისა, დაბის ახალგაზრდობის ერთ ნაწილს, ბენოს კი განსაკუთრებით, ყველაზე საყვარელ ადგილად სწორედ ეს ყოფილი საჯინიბო მიაჩნდათ. ისინი, ალბათ, ვერც კი ამჩნევდნენ, რომ თეთრად, ერთობ უგერგილოდ შეღებილ კედლებს ნაწვიმარი ლაქებად აჩნდა. ხისგან მიღრეცილ-მოღრეცილი თაროები გამოეჩორკნათ, წიგნები წლების განმავლობაში მშვიდად თვლემდნენ თაროებზე. მათ მტვერი დასდებოდათ. ლამის წელში მოზნექილიყვნენ საბრალონი. გოგუცა და თუთა - ბიბლიოთეკის თანამშრომელი, მუდამ კოპებშეკრული ქალები, რომლებმაც ომში ქმრები, თუ ძმები დაკარგეს, ისე ხმადაბლა, ჩურჩულით ემუსაიფებოდნენ ერთმანეთს, რომ აქ შემოსულნიც უხმოდ, ფეხაკრეფით დააბიჯებდნენ. რიდი მზერაშიც ეტყობოდათ. თითქოს შიშობდნენ წიგნები არ გავაღვიძოთო. ეს მოზრდილი თუ მომცრო, საუკუნისა თუ საუკუნენახევრის წინათ ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხეში გამოცემული წიგნები 1924 წლის აჯანყების დამარცხებისას ბოლშევიკებს თავად დგებუაძის სახლიდან ცეცხლში გადმოუყრიათ. ბევრი დაუწვავთ კიდეც. ბევრი კი რაღაც სასწაულებრივად გადარჩენილა და დღეს ამ ბიბლიოთეკაში ტკბილ ძილს მისცემოდნენ. გოგუცასა და თუთას წინამორბედებმა ეს წიგნები თაროებზე კი არ შემოაწყვეს, კარადაში ჩაჰკეტეს. ეს ისეთი განძია, ვერავის მივაკარებთო, მაგრამ მას შემდეგ არც არავინ მოსულა, არ უთხოვნია ეგ კარადა გაგვიღეთ, მაგ წიგნებში რა სწერია ჩავიხედოთო. ტატაჩის და ბენოს კი გაუჩნდათ მათში ჩახედვის სურვილი, მაგრამ ამის გამხელასაც ვერ ბედავდნენ.

ბენო თუ სკოლაში არ იყო, ან სახლში, ბიჭები აქ პოულობდნენ. სხვაგან სად წავიდოდა - დღეში სამი-ოთხი საათი მაინც აქ იჯდა. გოგუცა და თუთა თბილ ღიმილს აგებებდნენ. ბენო სულ ბოლოში, თავად დგებუაძის წიგნებით გამოტენილ კარადასთან მიუჯდებოდა ხოლმე მაგიდას და ვიდრე სიბნელე არ ჩამოწვებოდა, კითხულობდა.

- რას გადაყევი, ბიჭო, შენ მაგ წიგნებს, რა გინდა, არ გადაგრიონ სულ, საქმეს ვერ მიხედავ? - სიცილით უთხრა ერთხელ კუკურიმ ბენოს - ხო უყურებ ფაციას შალიკოს რა უქნეს წიგნებმა. რა სჭირდა მაგას გამოსაშტერებელი... წიგნი რა გაჭირვებული ხალხის საქმეა, ბიძია, მაგი ისეთმა ხალხმა უნდა იკითხოს, ყველაფერი რო დალაგებული აქვს.

მზეზე მთვლემარე იაკობის ყურს კუკურის ნათქვამი არ გამოპარვია და ასე დატუქსა (ცხადია, უხმოდ, გულში) იგი:

- მაგ ბაღანას წიგნი იმისთვის სჭირდება, ცხოვრებაში კაცი რომ დაუძახონ და არა კუკურია. მეორეჯერ არ უთხრა წიგნი რად გინდაო.

კუკური კი არ ცხრებოდა:

- ჩვენს ხალხს წიგნისთვის სად სცალია! შენს მაგიერ მთავრობა ფიქრობს, მთავრობა აკეთებს ყველაფერს. შენ რაღა დაგრჩა? ოჯახს მიხედე და გაიხარე.

იაკობმა კუკურის ცივი მზერა მიაპყრო. თუმცა, ვის რაში ენაღვლება მისი მზერა (ან ამჩნევენ კი?), ვისაც ხმის ამოღება არ შეუძლია, ვისი ხმაც კარგა ხანია არავის სმენია? იაკიბმა კუკურის მაინც შესძახა: (ცხადია, გულში შესძახა, უხმოდ).

- რას პარტყალებ, კუკურია, შენ, თუ იცი! მტერმა დაგვარქვა ჩვენ წიგნის ხალხი, მტერმა! ჩვენს ხალხს წიგნის სიყვარულში ბევრი ვერ შეეჯიბრებოდა. ამ ცისა და მიწის შუა ყველაზე კარგი წიგნი ჩვენ დავწერეთ.

ცხადია, ეს სიტყვები კუკურის არ გაუგონია. კვლავ ქირქილებდა ხომ კარგი რჩევა მოგეცი, ჩემო ბენოო.

დღეს ბიბლიოთეკაში ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. პირთამდე გაივსო მისი უსახური დარბაზი. დაჯდომას ვიღა დაგიდევდა, დასადგომი ადგილიც აღარსად იყო. ისინიც კი მოვიდნენ, ვინც არასოდეს ყოფილა აქ, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, სკოლების სასწავლო ნაწილის გამგეები და დირექტორები ხომ უკლებლივ იყვნენ. ბენოს ხალხის სიმრავლე კი არ აფრთხობდა - მას უფრო სხვაგვარად, ვიწრო წრეში წარმოედგინა ყველაფერი - მაგრამ ამდენ ხალხში რომ ესთერიც დაინახა, გულისცემა გაუხშირდა. თავში ყველაფერი აერია, შიში შეუჩნდა, ვაითუ, სულაც ენა ჩამივარდეს, და ვერაფერი ვთქვაო. ახლა ინანა, რომ თავისი გამოსვლა დაწერილი არ ჰქონდა. ნანობდა, მაგრამ თავსაც იმართლებდა - რისთვის უნდა დაეწერა, რაც საქართველოში მსოფლიო პროლეტარიატის ბელადზე ლექსები შექმნილა, სულ ზეპირად ვიციო.

აგერ, თითქმის ერთი კვირაა, რაიონის სკოლებში, კულტურის სახლებში

დიდი ბელადის იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან სამი წლისთავი აღინიშნება. დღეს რაიონული ბიბლიოთეკა ატარებდა ლიტერატურულ დილას. თათა დეიდამ ბენოს ადრევე დაავალა მოემზადებინა „ძალიან ძლიერი თემა“ - „სტალინის სახე ქართულ პოეზიაში“.

ბენოს ყველაფერი რიგზე ჰქონდა, მაგრამ... ესთერი! ესთერი ისე იჯდა ნინელი ჯღარკავას გვერდით, ისე ათვალიერებდა ბიბლიოთეკაში შემოსულ ყოველ ადამიანს, მისი ცისფერი თვალები ამ გარემოსადმი უცხოობას ისე გამოხატავდა, რომ ძალიან შორეული სამყაროდან მოსულს ჰგავდა.

ლიტერატურული დილა რაიონული გაზეთის „კომუნიზმის გზით“ რედაქტორმა ამხანაგმა პროკოფი არახამიამ გახსნა.

- დღეს მთელი მსოფლიოს კეთილი ნების ადამიანები დედამიწის, ჩვენი უზარმაზარი პლანეტის ყოველ კუთხეში მძიმედ დახრიან თავს ჩაგრულთა დიდი ქომაგის, მსოფლიოს პროლეტარიატის ბელადის, ქართველი ხალხის დიდი შვილის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ძვირფასი ხსოვნის წინაშე - მძიმედ დაიწყო ამხანაგმა პროკოფიმ - სტალინის მზე მარად გაანათებს კაცობრიობის ბრძოლის გზას - მან ხომ დიდ ლენინთან ერთად მონობიდან იხსნა კაცობრიობის დიდი ნაწილი. დიახ, სწორედ მან გვიხსნა მონობის უღლიდან და მადლიერი შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს დიდი ბელადის ამ ამაგს - აქ უკვე ხმას აუწია ამხანაგმა პროკოფიმ და ცერა თითი ისე აღმართა, თითქოს მთელი მსოფლიოს პროლეტარიატს უნდა დაენახა ეს თითი: მე, პროკოფი არახამია თქვენთან ერთად ვხრი თავს - დიდი სტალინი, ჩვენი მამა, ყოველი ჩაგრულის მამა, სიკვდილის შემდეგაც იბრძოლებს ხალხთა მონობის უღლიდან განთავისუფლებისათვისა - კვლავ მძიმედ, ამჯერად ხმადაბლა განაგრძო გაზეთის რედაქტორმა, მაგრამ უცებ მრისხანედ შემართა ხელი - არა, იგი არ მომკვდარა, ზოგიერთებს უნდათ ჩაგვაგონონ, რომ აღარ არის ჩვენი ბელადი. არა! ეს ყველაფერი მსოფლიო იმპერიალიზმის ხრიკებია. ეს მას სურს დაგვარწმუნოს სტალინის სიკვდილში და რა იციან ბნელეთის მოციქულებმა, რომ სტალინი უკვდავია, სტალინი მუდამ ჩვენთანაა.

ბიბლიოთეკაში შეკრებილი ხალხი ფეხზე წამოიჭრა და ისეთი ტაშისცემა ატყდა, გეგონებოდათ, სადაცაა ჭერი ჩამოინგრევა და თავად დგებუაძის კარადაში მომწყვდეული წიგნებიც ტყვეობას თავს დააღწევენო, მაგრამ მადლობა ღმერთს, ისევ პროკოფი არახამიამ გამოიჩინა გონიერება და ხალხს ხელით ანიშნა ამდენი ტაში არ არის საჭირო, დასხედითო. ტაში უცებ შეწყდა. ხალხის აღფრთოვანებაც ძალიან უცებ დაცხრა. ბენომ ესთერისაკენ გააპარა მზერა: ფეხზეც ნელა წამოდგა, ტაშიც ხამუშ-ხამუშ დაუკრა, მაგრამ სახიდან დამცინავი ღიმილოი არ გაქრობია.

პროკოფი არახამია კარგა ხანს ლაპარაკობდა. ბიბლიოთეკის კედლებში ბარე სამჯერ გაისმა სიყვარულით გონებადაბინდულ ადამიანთა მქუხარე და ხანგრძლივი ტაში. პროკოფის შემდეგ მუსიკალური სკოლის მასწავლებელი კატუშა წირღვავა გამოვიდა - მაღალ-მაღალი, ძვალმსხვილი ქალი. კატუშა რომ დათიკოს სახელოსნოს წინ გაივლიდა, თუ კირილე დათიკოსთან იყო და ქუჩაში მძიმედ მიმავალ კატუშას დაინახავდა, უსათუოდ იტყოდა:

- რამხელაა ეს შობელძაღლი, ეს, კიბეს თუ მიუდგამ, თორემ, სხვანაირად როგორ შეწვდები!

ან ხითხითით ჩაილაპარაკებდა:

- რას შობი, დათიკო, ამან რომ ლაჯებში მოგიქციოს, ა? დიდუ, ხომ დაგამტვრია ძვლები!

კატუშას მუსიკალური არაფერი ჰქონდა, გარდა განათლებისა, რომელიც ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში მიეღო, მაგრამ ისეთი გატაცებით ლაპარაკობდა დიდი სტალინის ღვაწლზე მსოფლიო პროლეტარიატის წინაშე, სტალინზე, როგორც მშვიდობისათვის დაუცხრომელ მებრძოლზე, რომ პროკოფი არახამია გაბრაზდა კიდეც ჩემს შემდეგ რატომ მისცეს სიტყვა, ჯერ დათიკო „საპოჟნიკის“ შვილი გამოეყვანათო.

შემდეგ გუნდმა ჩინებულად იმღერა სტალინისადმი მიძღვნილი ორი ხალხური სიმღერა და თავისი გამოსვლა „გაფრინდი, შავო მერცხალოთი“ დააგვირგვინა. ეს სიმღერა სტალინს უყვარდაო. სიმღერა იმდენად გულშიჩამწვდომი იყო, რომ პროკოფის ბრაზმაც კი გაუარა.

ბენოს კი სიმღერაც არ ესმოდა: მხოლოდ თავის გამოსვლაზე ფიქრობდა. მიაჩნდა, რომ გამოსვლა საკმაოდ კარგად ჰქონდა მოფიქრებული, სტალინისადმი მიძღვნილი ლექსებისა და პოემების მთელი პასაჟები ზეპირად იცოდა. ეგ კი არა, შუაღამისას რომ გაგეღვიძებინათ, დაუფიქრებლად ჩაარაკრაკებდა გიორგი ლეონიძის პოემებს „ფორთოხალა“ და „ბერშოულა“, თავის სიტყვაში სოსელოს ლექსებიც ჩარეთო. სტალინის ბიოგრაფიაც ხომ ჩინებულად იცოდა. - მისი ყოველი დაპატიმრება, გამოქცევა, ისიც, თუ რამდენი ხანი იარა ციმბირის ტყეებში. მიუხედავად ამისა, ორი რამ ძლიერ აფრთხობდა: ესთერის დამცინავი ღიმილი და ის, რომ სხაპა-სხუპით ლაპარაკი არ შეეძლო. გაკვეთილზე დინჯად, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა. აქ ატეხილმა ტაშმა კი სულ დააბნია. მიუხედავად ამისა, თათა დეიდამ რომ გამოაცხადა სიტყვა ეძლევა მეექვსე კლასისი მოსწავლეს ბენო ჯანაშვილსაო და ალერსითაც კი გადმოხედა, მშვიდად მივიდა წითელმაუდგადაფარებულ მაგიდასთან, დადგა, თავი ასწია და მისი მზერა სტალინის ბიუსტს შეეჩეხა. ბენო მანქანას დაემსგავსა - თითქოს აქამდე იმიტომ დუმდა, რომ დენის წრედში არ იყო ჩართული. სიტყვებსაც მანქანასავით ისროდა. ამიტომ ვეღარავის ვეღარ ხედავდა, ესთერსაც კი. ან ეწადა კი ამ დამცინავი ღიმილის დანახვა? ის ღიმილი ხომ წრედიდან გამორთავდა. კი, კი, ასე უჯობდა - ესთერი სივრცემ შთანთქა. მხოლოდ ერთი რამ არსებობდა - წიგნების თაროზე შემოდგმული სტალინის - ამ მამაზე უფრო ახლობელი და მზრუნველი კაცის ბიუსტი. ხოლო სტალინის ბიუსტსა და მის შუა ადამიანები კი არ ისხდნენ, ცისფერი სივრცე გადაშლილიყო. ლამაზი მიმზიდველი, სივრცე და სტალინის ბიუსტი წიგნების თაროზე კი არ შემოედგათ, არამედ ამ სივრცეზე. ბენოც ადამიანებს კი არ ელაპარაკებოდა, სივრცეს ჩასძახოდა. სივრცეს, რომელიც თანდათან იზრდებოდა, ფართოვდებოდა, უცნაური, ტალღისებური ხდებოდა. ამის გამო ხმის მიწვდენაც უფრო და უფრო უჭირდა ბენოს. ხმას აუწია... თავს ებრძოდა, რომ უფრო ხმამაღლა ელაპარაკა, უკვე აღარც ლაპარაკობდა - თითქოს სივრცეს პირიდან გამოტყორცნილ კენჭებს ესროდა. ამიტომ ვერ გაიგონა კივილი, რომელიც დარბაზში ტყვიასავით შემოიჭრა და ყველას გულს ეცა, განსაკუთრებით პროკოფი არახამიასას. თუ ბიბლიოთეკის დარბაზში შეკრებილთათვის ეს კივილი რაღაც უბედურების მაუწყებელი იყო, პროკოფი არახამიამ უმალ დააკონკრეტა იგი და ამ ორიოდ საათის წინ გაგებულ ამბავს დაუკავშირა - თბილისში რაღაც არეულობაა, ანტისაბჭოთა ელემენტები ქუჩებში გამოვიდნენო. კივილი რომ განმეორდა, ხალხი ფეხზე წამოიჭრა: ან ხანძარია, ან მატარებელმა თუ გადაუარაო ვინმეს (ასეთი რამ ხშირად ხდებოდა დაბაში, რომელსაც რკინიგზა ორად ჰყოფდა. რკინიგზაზე გადასასვლელი ხიდი შორს იყო და შინისკენ, ან საქმეზე მოჩქარე ადამიანები სამგზავრო, თუ სატვირთო მატარებლის ქვეშ სწორედ სიჩქარისა და დაუკვირვებლობის გამო ექცეოდნენ). ყველა კარს ეცა, ბენო კი კვლავ დენის წრედში ჩართულივით სივრცეს ესროდა სიტყვებს და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა ხალხი ვიწრო კართან შეჯგუფდა, გასვლას ვერ ახერხებდა და ერთმანეთს უშლიდნენ ხელს - არა მე უნდა გავიდე პირველი და არა- მეო.

გაოგნებული მისჩერებოდა ხალხს, უკვირდა ასე რატომ გარბიანო. მიმოიხედა. ვეღარც პროკოფი არახამია დაინახა და ვეღარც თათუ დეიდა. სწორედ ამან აფიქრებინა, ალბათ, ძალიან ცუდად ვლაპარაკობდი და ამიტომ აიშალენონო. გოგუცა დეიდა მაინც სად არისო, გაივლო გულში, არც ის ჩანდა, სხეულში მხურვალება იგრძნო, ყელში ბურთივით მოაწვა რაღაც და აგერ-აგერ ცრემლიც მოადგებოდა თვალებზე - სიბრაზის, უმწეობის, უსუსურობის შეგრძნების ცრემლი. ამ დროს ჩაესმა ქალის კივილი, მაგრამ მის გადაღლილსა და სირცხვილით დათრგუნვილ გონებას იმდენად უჭირდა რაიმეს აღქმა, კივილი გაიგონა, მაგრამ ვერც გააცნობიერა.

ბიბლიოთეკა სრულიად დაიცალა. ბენო წითელმაუდგადაფარებულ მაგიდასთან სკამზე უღონოდ დაეშვა. სირცხვილის ალმურში გახვეული თავჩაქინდრული იჯდა. თავი რომ ასწია, კვლავ სტალინის ბიუსტს შეეჩეხა მზერა. სტალინს სიმშვიდე აღბეჭდვოდა სახეზე. ეს სიმშვიდე მალამოდ დაედო ბენოს აფორიაქებულ სულს. მაგრამ სტალინს თვალი მაინც ვერ გაუსწორა - ის, ვინც ძია სტალინზე ასე სუსტად გამოვიდა, პატიების ღირსი არც არისო, ფიქრობდა.

წამოდგომა და ბიბლიოთეკიდან გასვლა უნდოდა, მაგრამ ვერ იქნა ვერ წამოდგა. ბენო ახლა აქედან ნაბიჯს ვერ გადგამდა. სტალინის მარტო დატოვება მას არ შეეძლო, სტალინს ზურგს ვერ აქცევდა. უხეირო გამოსვლის გამო დამნაშავედ გრძნობდა თავს და ახლა კიდევ სტალინის ასე უაზროდ მიტოვება? არა, ბენო ამას ვერაფრით ვერ იზამდა.

ესთერი, ესთერი რატომ მორბის ასე? ბენომ ფანჯარაში მოჰკრა თვალი - ესთერი აქეთ მორბის. აი, შემოიჭრა კიდეც ბიბლიოთეკაში.

- ბენო, დედაშენი, ბენო ჩქარა! - წამოიძახა და ისევ გავარდა. ბენომ სიტყვები ვერც ამჯერად გააცნობიერა. ესთერის თვალებში ჩაბუდებულმა ძრწოლვამ წამოახტუნა სკამიდან.

ქუჩაში რომ გავარდა, კივილი ისევ განმეორდა.

ხარებავამ ყოჩაღად შემოაღო დათიკოს ჭიშკარი, რამდენიმე ნაბიჯიც ყოჩაღად გადმოდგა („რა უნდა გვქონდეს ჩვენ, კომუნისტებს, საბოდიშო ანტისაბჭოთა ელემენტის გამზრდელებთან“), მაგრამ მზისქვეშ მთვლემარე იაკობი რომ დაინახა, შეკრთა - ძალიან სუფთა, ქათქათა წვერი ჰქონდა ამ მოხუცს.

იაკობმა, ალბათ, იგრძნო უცხო კაცის ეზოში შემოსვლა - თვალები გაახილა და წინ ამხელა „გალიფეიანი“, მაღალი, ხაკისფერკიტელიანი კაცი რომ დაინახა, ლამის გული გადაუქანდა.

- ერთხელ ხომ წაიღეთ ყველაფერი, რაც გამაჩნდა, ერთხელ ხომ დამაგლახავეთ, ახლა რაღა გინდათ?! - შეჰკივლა.

ეს იაკობს ეგონა შევკივლეო, თორემ...

სტუმარს დააკვირდა. სტუმარიც მას მისჩერებოდა. კარგა ხანს უცქირეს ერთმანეთს. ხარებავამ იგრძნო, რომ იაკობს შიში ჩაუდგა თვალებში.

- ხარებავა ვარ მე აღმასკომიდან - ცდილობდა მშვიდად ელაპარაკნა. გაღიმებაც კი სცადა.

იაკობის თვალებში დასადგურებული შიში არ გამქრალა.

- შობელძაღლები არიან სულ, ხომ არ იცის რისთვის მოვედი, მაგრამ მაინც შეშინდა!

რატომ შეშინდა ახლა მაგი, იმიტომ რომ არ ვუყვარვართ, არ გვენდობიან. არც პარტია უყვართ მაგათ! - გაიფიქრა ხარებავამ.

იაკობი კი საკუთარ თავს ელაპარაკებოდა:

- ნეტავი რა უნდა წაიღონ ახლა. რაღა დაგვრჩა წასართმევი. მარა...

წასართმევად რომ მოდიან ხუთი კაცი მაინც არი... სამი სულ ცოტა... იმ ღამეს ბევრი იყვნენ. ახლა მარტო მოვიდა. ან ერთი კაცის წასაღები რა გვაქვს?

- ოჯახის უფროსი არ არის სახლში? - იკითხა ხარებავამ, - ცხადია, უკვე იცოდა, რომ შინ არავინ იყო და ერთობ კმაყოფილიც გახლდათ. ამიტომ სწრაფად, თითქოს ვინმე კალთებს ახევდა, ნუ წახვალთო, თქვა - არა უშავს, სხვა დროს მოვალ - თქვა, მყის დატრიალდა და ისე სწრაფად გავიდა სახლიდან, თითქოს ავი ნაგაზი მისდევდა. ეზოდან გამოვიდა და შვება იგრძნო. ეს რა მძიმე ტვირთი ჩამოვიხსენი მხრებიდანაო. ახლა დათიკოს ჭიშკართან იდგა და ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. დათიკოს სახელოსნოს გადახედა - ისევ ბოქლომი ედო. იქნებ, ბარათი დავწერო და ამ ბოქლომში დავტოვო? - გაუელვა თავში, მაგრამ აზრი უმალვე უარყო, რადგან ეს არ იქნებოდა დავალების სერიოზული შესრულება. ნახევარ საათში რომ თბილისიდან ისევ დამირეკონ და მკითხონ როგორ შეასრულეთ ჩვენი დავალებაო, ხომ ვერ ეტყვის ბოქლომში ბარათი დავუტოვეო? ან დაიჯერებს კი ვინმე ამნაირ ამბავს ბოქლომში გარჭობილი წერილით? ამგვარი ფიქრები დასტრიალებდა თავს, ბაზრიდან მსუბუქად მომავალი დათიკო რომ დაინახა. კირილე რაღაცას უამბობდა. ორივე გულიანად იცინოდა. როგორც კი ამათ ჰკიდა თვალი, ხარებავა წამიც არ შეყოვნებულა. უ მალ შეტრიალდა და საწინააღმდეგო მხარეს წავიდა. აღმასკომისაკენ მიმავალი კაცი კი სწორედ იქით უნდა წასულიყო, საიდანაც დათიკო და კირილე მოდიოდნენ. ათიოდე ნაბიჯიც არ გადაედგა, საუკეთესო აზრმა გაუელვა თავში: აღმასკომი რა შუაშია, მართალია, თბილისიდან მე დამირეკეს და ესა და ეს გააკეთეო დამავალეს, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მაინცადამაინც მე უნდა მივიდე იმ უბედურ ოჯახში? თავმჯდომარე რომ ადგილზე ყოფილიყო და მისთვის დაერეკნათ, ის მოვიდოდა? ეს ამბავი ორგანოებს ეხებათ, მეც ორგანოებს დავუძახებ და იმათ გავაკეთებინებ.

ამ აზრმა ისეთი სიხარული მოჰგვარა, ყველა საკითხი ამ კვირაში, თავმჯდომარის ჩამოსვლამდე რომ უნდა გაეკეთებინა, გადაწყვეტილად ჩათვალა. ამიტომ მსუბუქი და ჩქარი ნაბიჯით გასწია აღმასკომოისაკენ. მართალია, შემოვლითი გზით მიდიოდა, მაგრამ უსიამოვნებას ხომ აარიდა თავი?

დათიკოს და კირილეს კი ბაზარში შემთვრალი ფოთელი მებადურეებისაგან „კეფალი“ იაფად ეყიდნათ და კარგ გუნებაზე ბრუნდებოდნენ შინ. დათიკო იმითაც იყო გახარებული, რომ მამამისს, იაკობს ძალიან უყვარს ეს თევზი. სანამ ლაპარაკი შეეძლო, ალერსით იტყოდა ხოლმე: ფოთის „კეფალს“ ქვეყნად თევზი არ სჯობიაო. მის დანახვაზე დღესაც უბრწყინდებოდა თვალები.

ხარებავა რომ თავისი სახლის ჭიშკართან დაინახა, ცხადია, შეშფოთდა, მაგრამ იმან უფრო გააოცა ხარებავა დათიკოს დანახვაზე რომ თითქმის გაიქცა.

- რაღაცა ამბავია, დათიკო, რაიკომს, აღმასკომს და მილიციას სულ ჰგონია, რომ ჩვენ უნდა ვემალებოდეთ მაგათ, მაგრამ ახლა ხარებავა გვემალება - მთავრობა ხომ არ შეიცვალა? - ხითხითებდა კირილე.

- მანამდე არაფერი გეტკინოს! - ფიქრიანად მიუგო დათიკომ.

- არა, ხომ? თქვენ არ გინდათ დაიჯეროთ, თორემ საბჭოთა ხელისუფლება კაი ხანია მოკვდა. სტალინთან ერთად მოკვდა, მარა არ გჯერათ და რა ვქნა მე!

- კარგი აბა, წავედი მე. - თქვა დათიკომ და ჭიშკარს მიადგა. ჭიშკრიდანვე მოავლო თვალი ეზოს ოჯახში ხომ მშვიდობა არისო. მამა ისევ იქ იჯდა - ლეღვის ძირში მზეს ეფიცხებოდა.

ხარებავა რომ ეზოდან გავიდა, იაკობს კვლავ ის ფერად-ფერადი სიზმრები აუთამაშდა თვალწინ.

7 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


ქუჩაში უფრო ხშირად ვიყავით, ვიდრე სახლში. ნაშუადღევს ან „ჩარში ფაზრიში“ გავდიოდით, ან სტამბოლის მდიდარ უბნებში, რომ უკეთ შეგვესწავლა როგორ ცხოვრობდა ხალხი, რა საქმიანობას ეწეოდა და რა უნდა მეკეთებინა მე ამ ქალაქში. დიდი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბატონო, იმას, თუ როგორ იწყებ ცხოვრებას. მე სხვა გზა არ მქონდა - მომწონდა თუ არ მომწონდა, ვაჭრობისთვის უნდა მომეკიდა ხელი. სხვას მე ვერაფერს ვერ შევძლებდი. თუმცა, გულახდილად გითხრათ, დაბეჯითებით არც ის ვიცოდი, ვაჭრობას თუ შევძლებდი. მოგეხსენებათ, ვაჭრობა ისეთი რამეა, ყველას ეიოლება. ყველა ეპოტინება და ამიტომაც იტეხენ კისერს.

იმ დღეს, ზღვიდან რომ ცივი ქარი უბერავდა, კადიკოიზე1 მივდიოდით. ძაბულის პალტოზე შალი ისე მოესხა, ოსმალო ქალი გეგონებოდათ. პირისახე ძლივს მოუჩანდა. მიტომ მიკვირს კიდეც როგორ დაინახა ის, რამაც ასე დაგვაინტერესა:

- შეხედე! - მითხრა ძაბულიმ.

იმოვიხედე და საინტერესო რომ ვერაფერი დავინახე, ისევ ძაბულის მივუბრუნდი, რა იყომეთქი.

- აგერ, ამაზე გეუბნები! - თქვა ძაბულიმ და სვეტზე აკრულ წარწერაზე მიმითითა. ეს ხომ ებრაულია!

სვეტზე, მართლაც, ებრაულად ეწერა „რესტორანი“. ქვემოთ ისიც მიეწერათ კერძებს ებრაული წესით - „ქაშერი“ - ვამზადებთო. გავიხარე. საკუთარ სახლში ვიგრძენი თავი. აქ, სტამბულში კი არა, იქ, სამეგრელოში, ჩემს სოფელში, დედაჩემის მიერ დამზადებული კერძების გემო ვიგრძენი.

- აქაც რაღაც წერიაო - ახლა სვეტის მეორე მხარეს მიმაბრუნა ძაბულიმ.

იქაც ებრაულად ეწერა შაბათ საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ ებრაული სიმღერის და ცეკვის კონცერტი გვექნებაო.

- რა დღეა დღეს, ძაბული?

- ხუთშაბათი. - მიპასუხა ძაბულიმ.

- წავიდეთ, აბა, ზეგ ებრაულ კონცერტზე?

- კონცერტი რა არის, იაკობ?

- კონცერტი? - მეც არ ვიცოდი რა იყო კონცერტი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე - ვიმღერებთ და ვიცეკვებთო, გვეუბნებიან. ესე იგი, ეს არის კონცერტი. კონცერტი სიმღერები და ცეკვებია, ძაბული, რავა არ იცი ეს!

მიუხედავად იმისა, ვიცოდით თუ არა, რა იყო კონცერტი, რახან ისრაელებს შეეხებოდა საქმე, უნდა მივსულიყავით, უნდა გვენახა. ამიტომ ბილეთები იქვე ვიყიდე და ისე ჩავიდე ჯიბეში, თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება კონცერტებზე დასწრების მეტი არაფერი მეკეთებინოს.

შაბათ საღამოს მზის ჩასვლის შემდეგ დროულად დავიჭირეთ ჩვენ-ჩვენი ადგილები და ის-ის იყო, მსუბუქ ვახშმობას უნდა შევდგომოდით, რომ ნაცნობი ხმა მომესმა:

- აკურთხოს გამჩენმა ერთმანეთის მოყვარული ცოლ-ქმარი!

მოვტრიალდი. დიდი ფილხაზია დაგვდგომოდა თავს. კალისტრატე გაბუნიაც იქვე იყო და მისთვის ჩვეული ღიმილით მოგვჩერებოდა.

ადგილიდან წამოვიჭერი. ორივე შევიპატიჟე.

- ა, რას იტყვი, კალე ბატონო, დავეპატიჟოთ? - ეშმაკური ღიმილით ჰკითხა დიდმა ფილხაზიამ კალისტრატე გაბუნიასა.

- ვცადოთ ერთი, ფილხაზ ბატონო! ისედაც გვინდოდა ამათი ნახვა.

კალისტრატე გაბუნია მაგიდას ისე მიუჯდა, მეგობრის პასუხს არც დაელოდა.

- აბა, გაგვიმასპინძლდი, იაკობ, ამ საღამოს! - თქვა ფილხაზ აჯიაშვილმა, დინჯი მოძრაობით გამოსწია სკამი და მძიმედ დაჯდა.

ძალიან მეწადა კარგი პატივი მეცა ამ ორი დარბაისელი კაცისთვის, მაგრამ იმ ღამეს ამ რესტორანში მთავარი კონცერტი იყო და არა პურისჭამა. ამიტომ მსუბუქ ვახშამზე გადაგვატარეს. ცოტა ხანში იმ პატარა სცენაზე ერთი კაცი რომ გამოვიდა და თქვა - შალომ! - ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ასე საჯაროდ ებრაული მისალმება არ გამეგონა.

- შალომ!

- შალომ!

- შალომ! - მიაძახეს აქეთ-იქიდან იმ კაცს.

მერე იმ კაცმა ლაპარაკი დაიწყო. ნამდვილ ლაშონ აკოდეშზე - წმინდა ენაზე ლაპარაკობდა და მე მისი ნათქვამი ნაკლებად მაინტერესებდა, სიტყვის მუსიკას ვუგდებდით ყურს. დღეს ჩემთვის ეს უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ის, რასაც ის კაცი ამბობდა. რა ლამაზად ჟრერდა მისი ნათქვამი!

მერე სცენაზე სამი ქალი გამოვიდა და სიმღერა დაიწყეს. ეს სიმღერა ისეთი სევდით იყო სავსე, გული მოგიკვდებოდათ და ისეთი ახლობელი, როგორც მეგრული სიმღერა. სწორედ მეგრულივით ფიქრიანი და დარდიანი იყო. თითქოს აგერ, ყელთან გაწვებოდა გულში ჩაბუდებული ეს ვარამი და თუ სიმღერით, რაღაც მელოდიით არ ამოთქვამდი, გულსაც გაგიხეთქდა. ამიტომ თუ მეგონა, ალბათ: ეს ქალები კი არ მღეროდნენ, თავიანთ უბედურ დღეზე მელაპარაკებოდნენ. მერე უცებ გაფიცხდა სიმღერა, თითქოს სიბრაზე მოერიაო და მე ვიგრძენი თუ როგორ მოთქვამდა დედა, დედა, რომელსაც მტრებმა შვილი მოუკლეს. მოთქვამდა-მეთქი, მაგრამ იყო ეს მოთქმა? ბრაზი მეტი იყო. ამ ქალების გამოხედვა სულში შიშს ჩაგისახლებდა. ამ შიშმა მეც ჟრუანტელივით დამიარა, მაგრამ მაინც უბედური იყო დედა - შვილი მოუკლეს, მომავალი წაართვეს.

ქალებმა სიმღერა რომ დაამთავრეს, რესტორანში სამარისებული სიჩუმე იდგა. დედის უბედურებით შეძრული ხალხი თანაგრძნობით მისჩერებოდა ამ ქალებს.

დიდმა ფილხაზიამ თურქული რაქით სავსე ჭიქა ასწია და ხმადაბლა სთქვა:

- მშვიდობა, მშვიდობა ნუ მოგვიშალოს ღმერთმა, დანარჩენს ყველაფერს მოიპოვებს კაცი!

რაქი უხმოდ გადავკარი და სხეულში სითბო ჩაიღვარა.

ამასობაში შუქიც აინთო, შესვენება გამოცხადდა და დარბაზიც ახმაურდა. აქა-იქ ლაშონ აკოდეშზე ლაპარაკი მესმოდა. ხმამაღლა, ხალისიანად ლაპარაკობდნენ. ისე, თითქოს ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს არასოდეს არავითარი უბედურება არ შეხვედრია.

დიდი ფილხაზია მე მომიბრუნდა:

- სხვა, იაკობ ბატონო, მგონი, კი გავიდა ერთი თვე, რაც ამ ქალაქში ხართ. რავა შეეგუეთ ქალაქს, ხალხს.

- ძალიან კარგი ხალხი უნდა იყოს, ქალაქი კიდევ უკეთესი.

- მშვიდობა, მშვიდობა იყოს და ყველაფერს მოეწევა კაცი, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა დიდმა ფილხაზიამ, თავი ასწია, ყურადღებით დამაცქერდა. - საქმისას რას აპირებ, როგორ, რით უნდა იცხოვრო?

რაღაც გზას უნდა დავადგე, უსაქმოდ ჩემი მტერი იყოსმრთქი, ვუთხარი. მაინც რა საქმე გაინტერესებსო, მკითხა.

- აღებ-მიცემობაში მინდა ვცადო თავი. აქ მთელი ქვეყანა მაგას მისდევს.

- მერე აღებ-მიცემობას რომ დიდი სწავლა და გარჯა უნდა.

- გაურჯელი კაცი კაცი არ არის, ფილხაზ ბატონო!

ფილხაზ აჯიაშვილი დაფიქრდა. ერთხანს ხმა არ ამოუღია. მერე თქვა:

- აგერ, კალისტრატე ბატონს და მე აქ, სტამბოლში სანდო კაცი დაგვჭირდა. ჩვენ სანდო კაცად მიგიჩნიეთ და ამიტომ არ აგიარეთ გვერდი.

რა უნდა ვაკეთო-მეთქი, ვკითხე. შენ ხომ ექიმი არა ხარ, რომ ერთი საქმე აკეთო, საქმე ბევრი გექნება და სხვადასხვანაირიც, ხელფასს კი იმდენს მიიღებ, რომ ცხოვრება არ გაგიჭირდესო.

- მაგრამ საქმესთან ერთად სწავლაც უნდა დაიწყო. ისეთი დრო მოდის, კომერციას მარტო მონდომებით ვერ გასწვდები - დასძინა კალისტრატემ - მაგ სასწავლებელში ოსმალურიც უნდა ისწავლო და რუსულიც. რუსეთთან გვექნება საქმე.

- შევეცდები, - ვთქვი ცოტა ხნის შემდეგ.

კალისტრატემ ჭიქა რაქით შეავსო და თქვა:

- ღმერთი შეგეწიოს, იაკობ, აბა, შენ იცი!

დარბაზში შუქი ჩაქრა. სცენაზე სიმღერა დაიწყეს. ბარე ოცი ბიჭი და ქალი მღეროდა - ხუმრობდნენ, ლაღობდნენ, ერთმანეთს რაღაცას გადასძახებდნენ, იცინოდნენ, ქალები კისკისებდნენ, ხანდახან წაიმღერებდნენ, ვაჟები ღობე-ღობე სეირნობდნენ, ქალებს თავს აწონებდნენ. ეს დალაქები, თერძები, მეწვრილმანე და მეკამფეტე ებრაელები ისე იქცეოდნენ, თამაშის გუნებაზე მოგიყვანდნენ. მერე კიდევ უფრო ლამაზი გოგოები გამოჩნდნენ სცენაზე და ეს ვაჟები სულ გაფაციცდნენ. ახალმოსულმა გოგოებმა სულ გაახალისეს ყველაფერი. ლაღად ცეკვავდნენ. დარბაზში მყოფნიც იმნაირ გუნებაზე დავდექით, აგერ-აგერ თვითონაც იმათ წრეში ჩავდგებოდით, მაგრამ მუსიკა უცებ შეიც-ვალა. მომღერალ-მოცეკვავე ისრაელი გოგო-ბიჭების თვალებში შიში ჩადგა. შიში შეძრწუნებამ შეცვალა. მტერი დაესხათ თავს ებრაელებს. მტერი აწიოკებდა მათს ოჯახებს. ვიღაცამ შეჰკივლა, ვიღაცამ ლოცვით შესთხოვა გამჩენს შველა. დარბაზში მყოფ ხალხს კვნესა აღმოხდა. ადამიანები დაზაფრული შესცქეროდნენ სცენას. იქ ებრაელთ აწიოკებდნენ, არბევდნენ, მიწას ანარცხებდნენ. თითქოს მუსიკასაც ენა ჩაუვარდა - სულს ძლივს ითქვამდა. ისიც იმ ადამიანებივით სუნთქავდა, მიწაზე რომ ეყარნენ - ილაჯწართმეული, შერცხვენილი, გალახული.

ამ დროს ისეთი რამე გავიგონე, ლამის ფეხზე წამოვიჭერი. შოფარი დაჰკრეს. რაოდენი სიმშვიდე და ძალა იყო მის ხმაში. ისრაელთა ძალის მაუწყებელი საყვირი სიმშვიდეს, სიკეთეს აბრუნებდა სულში. თითქოს ყოველ ებრაელთან მიდიოდა და ეუბნებოდა: მშვიდად წამოდექ და ძლიერად დასცხე მტერს, ის შენზე სუსტიაო. მიწაზე მიყრილ-მოყრილმა ადამიანრბმა უმალ იგრძნეს ეს ძალა. ნელ-ნელა წამოიმართნენ, შეჯგუფდნენ, თითქოს ერთ არსებად იქცნენ, მტერს შეუტიეს. უსიკაც ისე მძლავრობდა, ძლიერდებოდა, ღონიერდებოდა, როგორც გამჩენით სულჩადგმული ხალხი.

ისრაელები მტერს ებრძოდნენ. მათს მხრებზე მოსხმული ციცითები2 ცაში ლაღად მფრინავ მტრედებს მოგაგონებდათ.

ხალხმა გაიმარჯვა. მტერი განდევნა. განთავისუფლდა და ნამდვილი ცეკვა-თამაში მერე დაიწყო. ეს ოცი-ოცდაათი ისრაელის ქალი და ყმაწვილი სცენის სიღრმიდან ისე წამოვიდა, იმდენი ძალა მოსდევდათ თან, ასე მეგონა, დიდი ჯარი დაიძრა ჩემსკენ. ცეკვით მოდიოდნენ და სისხლით მოპოვებულ მშვიდობას აქებდნენ. ალბათ, იმიტომ თუ მომეჩვენა, რომ ჩემნაირი ღონიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ დაიარებოდა. ეს ძალა თითქოს ცისკენ მიმაფრენდა. სიმღერამ, ცეკვამ ამიტაცა. ძაბულის შევავლე თვალი. ამნაირი ბედნიერი ძაბული არასოდეს მინახავს. ღვთიური სახე ჰქონდა. ყელში რაღაც მომაწვა. თუ სალოცავში მოსმენილ ორიოდ გალობას არაფრად ჩავთვლით, მე ებრაული სიმღერა არ მსმენია და ახლა გავიგე რაც ყოფილა ებრაული სიმღერა - მშვიდობის გამო სიხარულის გამოხატვა, სიხარულის გამარჯვების გამო. ძალაც ვიგრძენი ამ ხალხისა, ვიგრძენი რომ ვცდებოდი, როცა ვფიქრობ-დი ერთი საბრალო, შეშინებული და გაუბედავი ხალხია მეთქი. რა უნდა ჰქონდეს საბრალო იმ ხალხს, ასე რომ ცეკვავს, ასე რომ მღერის, სიმღერასა და ცეკვაში ასეთ ძალას რომ ავლენს?

ფიქრი დიდი ფილხაზიას ხმამ შემაწყვეტინა.

- ამასწინათ ჩემმა საქმემ ბაზელში ჩამიყვანა, - ხმადაბლა, თითქმის თავისთვის ლაპარაკობდა იგი, მაგრამ ისე რომ უთუოდ უნდა მიგეხედნა, - სალოცავში გავიგე: რაც განათლებული ისრაელობაა დედამიწის ზურგზე, აქ ამ ქალაქშია თავმოყრილი და ბჭობენო. მ ივედი, აგერ, ორივე მივედით, - კალისტრატე გაბუნიაზე მიათითა დიდმა ფილხაზიამ - იცი რა თქვა იქ ერთმა კაცმა? - მე, ცხადია, ყურადღება დავძაბე. დიდ ფილხაზიას მივჩერებოდი. სულმოუთმენლად ველოდი რას იტყოდა, რადგან სახეზე ეტყობოდა, რომ იმ კაცს ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა ეთქვა - ორმოცდაათ წელიწადში ისრაელობამ თავის სამშობლოში უნდა მოიყაროს თავი და ჩვენი სახელმწიფოც უნდა აღვადგინოთო.

- ორმოცდაათ წელიწადშიო? - გავიოცე მე, - კი, მარა, რაფერ?!

დიდმა ფილხაზიამ ერთხანს იყუჩა, მერე თავი დააქნია და თქვა:

- ხალხმა სიცილი დააყარა. იცინოდნენ და მისძახოდნენ ეს ზღაპარიაო.

დიდი ფილხაზია კვლავ გაჩუმდა.

- მერე იმ კაცმა რა თქვა? - იკითხა ძაბულიმ.

- თუ მოვინდომებთ, ეს ზღაპარი არ იქნებაო, - კალისტრატემ მომიგო დიდი ფილხაზიას ნაცვლად.

სიჩუმე ჩამოვარდა. აქ, სუფრაზე ჩამოვარდა სიჩუმე, თორემ იქ, სცენაზე კვლავ ცეკვა-სიმღერა იყო გაჩაღებული. ახლა საქორწილო სიმღერას მღეროდნენ გარაცებით.

დიდმა ფილხაზიამ ჭიქაში რამდენიმე წვეთი რაქი ჩაასხა, დალია და თქვა:

- კი, ასე იყო: თუ მოვინდომებთ, ეს ზღაპარი არ იქნებაო.

- ვინ იყო ის კაცი? - კვლავ ძაბულიმ იკითხა.

- ჰერცლი, თეოდორ ჰერცლი. ავსტრიელი მწერალი, - ჩაილაპარაკა დიდმა ფილხაზიამ, - შარშანწინ აგვისტოში იყო ეს ამბავი. ორი წელი უკვე გავიდა.

________________________

1.სტამბოლის ცენტრალური ქუჩა.

2.ციციტები - თეთრი, ცისფერზოლებიანი მოსასხამი.

8 ეფრემი

▲ზევით დაბრუნება


ხარებავამ შინსახკომის რაიონული განყოფილების უფროსს დაუძახა და იმ საქმის გაკეთება, რაც თბილისიდან დაავალეს, მილიციას გადააბარა. ამან თითქოს დაამშვიდა, მაგრამ დათიკოს ოჯახის მდგომარეობას რომ წარმოიდგენდა, ტანში ჟრუანტელი უვლიდა. სხულუხიას ისიც სთხოვა, შეეცადეთ ეს ამბავი რბილად გააგებინოთ ოჯახსო.

რა მნიშვნელობა აქვს მაგას. როგორც არ უნდა გააგებინო, უბედურება უბედურებაა. ვაი, მაგათ თავს! - ფიქრობდა სხულუხია, თუმცაღა, ცდილობდა ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც ხარებავამ დაავალა. სხულუხიას დათიკო არასოდეს არ ენახა. ყოველ შემთხვევაში, ვერაფრით ვერ მოეგონებინა და საკუთარ თავს ეკითხებოდა ნეტავ, რომელი უნდა იყოსო. ჯალაღონიების გვერდით რომ ებრაელები ცხოვრობდნენ, ეს კი იცოდა, მაგრამ რომელი? ასე შეუმჩნეველი როგორ არიან, რომ ხუთი წლის განმავლობაში ერთხელაც ვერ ვნახეო. უკვე ხუთი წელია, რაც სხულუხია მარტვილიდან აქ გადმოიყვანეს და ახლა საკუთარ თავს უბრაზდებოდა კიდეც. რომ არ იცნობდა, ეს მდგომარეობას უადვილებდა, მაგრამ ოჯახში მისვლა არც მას ეწადა და ისეთ თანამშრომელს დაეძებდა, რომელსაც ამ მძიმე დავალების შესრულება გაუიოლდებოდა. იმასაც ფიქრობდა, ბოლოსდაბოლოს რა მნიშვნელობა აქვს ვინ მიუტანს ამბავს, აქ მთავარი ამბავია და არა ამბის მიმტანიო. მალე გამონახა შესაფერისი კაცი. ახლახან მილიციის განყოფილებაში მთის სოფლიდან ჩამოსული ბიჭი მიიღეს. ჯვებე ჯგერენაია! - აი, ვინ იქნება ყველაზე გულგრილი მაცნეო - გაიფიქრა და ჯვებეს დაუძახა. ბაზრის უკან ჯალაღონიების გვერდით რომ ებრაელები ცხოვრობენ, იმათთან მიდი, ესა და ეს ამბავი და ეს ქაღალდი თავაზიანად გადაეციო. ჯვებემ კი არც ჯალაღონიების სახლი იცოდა და არც იმ ებრაელებისა. ამიტომ ყეყეჩივით იდგა უფროსის წინაშე. სხულუხიამ ამბის მიმტანს კაცი გააყოლა, - შორიდან სახლი აჩვენე, შენ მეტი არაფერი გევალებაო.

ჯვებე ჯგერენაიაც და მისი გამყოლიც ათიოდ წუთში დათიკო ჯანაშვილის სახლთან მივიდნენ.

ბაზრიდან შინ მიბრუნებულ დათიკოს ზურგშექცეული ხარებავა ავი სიზმარივით ედგა თვალწინ.

- ან რატომ მოვიდა, ან დასამალი, გასაქცევი რა ჰქონდა! მაგენი საჩუქრის მოსართმევად, ან მადლობის სათქმელად არასოდეს მოსულან, - ამ ფიქრით შევიდა ეზოში, მამა რომ კვლავ ლეღვის ხის ძირში მზეს მიფიცხებული დაინახა, კი დამშვიდდა, მაგრამ მაინც უაზროდ შედგა ეზოში. რიბკამ კიდეც მოაძახა რა იყო დათიკო, ასე რატომ დგახარო, მერე თევზი „კლადაოში“ შეიტანა (ვერ იქნა და ვერაფრით ვერ მოახერხა „კლადაოში“ ფიცრის დაგება. მიწის იატაკი ჰქონდათ). თევზი ფრთხილად დასდო მიწაზე, აქ გრილად იქნებაო და ზედ მძიმე, თუჯის ქვაბი გადაახურა („სანამ რიბკა მიხედავს, გაასუფთავებს კატამ არ მოიპაროსო“) და ისევ ეზოში გამოვიდა.

- ის აღმასკომის კაცი არ გინახავს? - თითქოს სხვათაშორის ჰკითხა რიბკას.

- რატო არ დავინახავდი, ვითომ, ლენჩი კი არა ვარ! - რიბკას თეთრეული გაერეცხა და უკვე წურავდა, გასაშრობად ამზადებდა.

- მერე? - უცებ მოუტრიალდა დათიკო რიბკას.

- რა მერე? - რიბკა სარეცხს არ ეშვებოდა.

- რა მინდაო?

- სიკვდილი და არ გადარჩენა უნდათ მაგათ! გამომართვი ამ „პროსტინის“ ბოლო. აგერ აქეთა მხრიდან! რა იყო, დათიკო, ასე რამ დაგაბნია?! - ზეწრის ერთი ბოლო მიაწოდა რიბკამ - მაგენი სასიკეთოდ როდის მოსულან. გადასახადი თუ დაგვიგვიანდა, ალბათ! დავემალე, არ გამოვუჩნდი, არ მქონდა მაგასთან ლაპარაკის თავი - რიბკამ ზეწარი ისე დაგრიხა, რომ კარგად დაიწურა - ასე! კარგი მოგცეს გამჩენმა. მომეცი აქეთ!

რიბკამ გაწურული ზეწარი სკამზე დადო.

- ხარებავა გადასახადისათვის არ მოვიდოდა, ხარებავა უფროსია, - თავისთვის ჩაილაპარაკა დათიკომ და სახელოსნოში გავიდა.

ულაზათოდ მუშაობდა. მახათი სამჯერ შეერჭო ცერა თითში. ბრაზობდა ასე რამ გამომაშტერა, როდის იყო მახათი ასე მერჭობოდა თითშიო. ის-ის იყო სახლში გასვლას აპირებდა, ნახევარი საათით წამოვწვები და იქნებ, უფრო ხეირიანად ვიმუშაოო, რომ ლიას კივილი მოესმა. ლია მამას უხმობდა.

ჯვებე რომ ეზოში შემოჯლაგუნდა, რიბკა ბებერი ლეღვისა და თუთის ხეებს შორის გაბმულ მავთულზე სარეცხს ჰფენდა. ჩქარობდა, კარგი ტაროსია და იქნებ, საღამომდე კიდეც დამიშრესო.

ელდა ეცა - უზარმაზარი, უსახო მასა მოიწევდა მისკენ. ჯვებე ირგვლივ არაფერს არ ამჩნევდა, არც აინტერესებდა - მხოლოდ იმას ხედავდა, ვისკენაც მოძრაობდა, იაკობს გვერდი კი არ აურია, შემთხვევით ასცდა, კიდეც დაჯახებოდა, არც შეყოვნდებოდა, თავის გზას არხეინად განაგრძობდა, რიბკას რომ მიუახლოვდა, საბრალო ქალს მოეჩვენა მთა ზედ ჩემს ცხვირწინ გაჩერდაო.

გულგრილი, უსახო მასა რიბკას წინ შედგა. ჯვებემ რატომღაც აუცილებლად ჩათვალა მხედრულად მისალმებოდა დიასახლისს. ვიდრე ქაღალდს, მარჯვენა ხელში რომ ეჭირა, თავისი მძიმე, შეყოვნებული მოძრაობით მარცხენაში გადაიტანდა, ვიდრე მიესალმებოდა, რიბკას გასაფენად გაშლილი ბალიშისპირი ხელიდან დაუვარდა და შეჰკივლა:

- ჩემი ეფრემი ხომ მყავს მშვიდობით!

- მართალი ხართ თქვენ, არ არის კარგად. თქვენი ვაჟი - ჯვებემ მარჯვენა ხელი ჩამოიღო, ქაღალდი გაშალა, ჩახედა და განაგრძო - იოსებ ბესარიონის ძე სტალინის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი ეფრემ დავითის ძე...

მაგრამ რიბკას უკვე აღარაფერი ესმოდა. გონწართმეული ეგდო მიწაზე. ჯვებე კი გაოცებული დაჰყურებდა ქალს, რომელიც ასე მოულოდნელად და ასე უხმოდ ჩაიკეცა მის წინ. დაიხარა, რიბკას ხელი შეახო და ჩასძახა:

- ოსურპატენი, ოსურპატენი1 - აშკარა იყო უცხო ქალისთვის ხელის შეხება უხერხულობას ჰგვრიდა, მიმოიხედა, იქნებ, მშველელი ვიპოვოო, იაკობი დაინახა, იაკობი ამაოდ ლამობდა წამოდგომას. მისი დაბინდული გონება ჩასწვდა ჯვებეს ნათქვამის არსს. ჯვებემ კარგად დაინახა მოხუცის სახეზე აღბეჭდილი უმწეობა და თვალებში ჩამდგარი ცრემლი.

სახლიდან ლია გამოვარდა, დედა რომ ამ დღეში დაინახა, მამაო, იყვირა, სწორედ ეს კივილი მოესმა დათიკოს და ეზოში შევარდა.

დათიკო ეზოში მთასავით მილიციელს შეეჩეხა. ამ მილიციელმა რაღაც ქაღალდი ჩაუდო ხელში და ისე თქვა თქვენი შვილი ჩხუბში დაიღუპაო, ზედაც არ შეუხედნია დათიკოსათვის.

ის ვინც ჯვებეს დათიკოს სახლი მიასწავლა, შუკის თავში ელოდა.

- დახოცე ხალხი, ხომ! - შეუღრინა მილიციის ახალბედა თანამშრომშრომელს - ეს დაგავალეს?

ჯვებეს მისი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. არხეინად განაგრძო გზა - უფროსის დავალება შეასრულა. მთავარი ეს იყო.

ჯანაშვილების ეზოში ატეხილმა წივილ-კივილმა მთელ დაბას ომის წლები მოაგონა. ყველას ზაფრა ეცა. აგერ ბარე ცამეტი-თოთხმეტი წელიწადია, დაბა ასე არ დაზაფრულა.

ეს კივილი ბიბლიოთეკაში გაშმაგებული ხანძარივით შევარდა და უმალ გარეთ გამოჰყარა ხალხი.

ბენო კი არა იმდენად კივილმა, რამდენადაც ესთერის თვალებში ჩაბუდებულმა ძრწოლვამ გამოიყვანა ბიბლიოთეკიდან.

- ბენო, დედაშენი, ჩქარა!

ბენო სახლისაკენ გარბოდა.

სხვებიც მისი სახლისაკენ გარბოდნენ, პირს იხოკდნენ და გაიძახოდნენ:

- დიდუუ!

- ვავა, ნანა, ვავა!

- ვავა სკან ცოდვა, დათიკო! 2

*****

დაბას უკვე ბინდი ედებოდა მის ქუჩებში ამ კუთხისათვის ჩვეული ქარივით რომ შემოიჭრა შეძახილები:

- გაუმარჯოს ლენინს, სტალინს!

- ლენინი და სტალინი ერთად!

- ლენინი და სტალინი ერთია!

- მარად ერთად!

რამდენიმე გამვლელი შეჩერდა და ხრიგინა საბარგო მანქანას გაოცებული მიაჩერდა. ის კი არ აოცებდათ, რომ ახალგაზრდები ლენინისა და სტალინის სადიდებელ ლოზუნგებს გაიძახოდნენ და დროშებს აფრიალებდნენ („რა ხანია ესენი დროშებს აფრიალებენ და ლენინ-სტალინის დიდების მეტს არაფერს არ აკეთებენ“, გაიფიქრა ქუჩაში ამ ამბის შემსწრე გაბო „ღანჯუ რამ“), არამედ ის, ამ ლოზუნგებს დღრეს რომ ყვიროდნენ.

- შვიდმა ნოემბერმა რა ხანია გაიარა, პირველ მაისამდე თვენახევარი მაინც დარჩა, ამ შუა მარტში ამისთანა რა ხდება?! - ფიქრობდნენ დაბის მცხოვრებნი, მათი სახლების წინ ჩავლილი მანქანებიდან ახალგაზრდების შეძახილები რომ ესმოდათ. ახალგაზრდებს ხელში ლენინის, სტალინის დიდი სურათები და დროშები ეჭირათ. დროშებს აფრიალებდნენ და მთელი ძალით გაიძახოდნენ:

- გაუმარჯოს ლენინს!

- გაუმარჯოს სტალინს!

- მარქსი, ენგელსი, ლენინი, სტალინი!

- ლენინ-სტალინი ერთად!

საბარგო მანქანა დათიკოს სახლის წინ ისე მოულოდნელად დაამუხრუჭეს, იფიქრებდით უფსკრულში უნდა გადაჩეხილიყო და მძღოლი ახლაღა მიხვდა რა უბედურებაც ელოდაო მანქანა შედგა თუ არა, მყის სიჩუმე ჩამოვარდა. ირგვლივ დუმილი გამეფდა. ბიჭები უხმოდ მოძრაობდნენ. კრიჭაშეკრულნი ჩამოხტნენ საბარგო მანქანის ძარიდან. ერთხანს უხმოდ იდგნენ მანქანასთან, მერე ჯგუფს ვიღაც გამოეყო და ეზოში მოკრძალებით შეადგა ფეხი. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, შედგა, სახლიდან მოთქმა ისმოდა. ბიჭი შეტოკდა. ინანა ასე დაუფიქრებლად რომ შემოაბიჯა ეზოში. გაქცევა მოუნდა, მზად იყო შორს, ძალიან შორს გადაკარგულიყო. ოღონდ ახლა აქ, ამ ეზოში არ ყოფილიყო. ერთი იმათგანი, ვინც რამდენიმე წუთის წინ ასე ხმამაღლა გაიძახოდა ლენინს და სტალინს გაუმარჯოსო, ლენინი და სტალინი სულ ერთად უნდა იყვნენო, ახლა დათიკო ჯანაშვილის ჭიშკართან ნირწამხდარი იდგა და ვერ მოესაზრებინა როგორ მოქცეულიყო. მერე ჯორკოზე მჯდარი იაკობი დაინახა, ათრეული ნაბიჯით გაემართა მისკენ, მიუახლოვდა და როცა ხმის ამოღება დააპირა, სწორედ მაშინ შეამჩნია: მოხუცი ტიროდა - ცრემლი თეთრ, ქათქათა წვერზე ჩამოსდიოდა. მოხუცმა თავი ასწია, ბიჭს მიაჩერდა. მის ცრემლიან თვალებში იმოდენა სევდა ჩაგუბებულიყო, ამ სიცოცხლის მოყვარულ და მუდამ მოძრავ ყმაწვილ კაცს სუნთქვა შეეკრა, მერე მოეჩვენა, რომ მოხუცი რაღაცას ეხვეწებოდა, ემუდარებოდა, მაგრამ ბიჭი ვერ ხვდებოდა თუ რას ემუდარებოდა. ეს თეთრწვერა, აცრემლებული მოხუცი, ან რა მუდარის შესრულება შეეძლო და ამ თხელ-თხელ, ფერწასულ ბიჭს მოხუცი იაკობის წინაშე უმწეოდ რომ ატუზულიყო?

იქვე, რამდენიმე ნაბიჯზე სამიოდ კაცი იდგა. ჩურჩულით საუბრობდნენ. ბიჭმა ერთ-ერთს დაარჭო მზერა. ის კაციც მიხვდა ამ ბიჭს რაღაცის თქმა უნდაო და მიუახლოვდა. უხმოდ ჰკითხა რა გნებავთო. ბიჭმა ორიოდ სიტყვა ხმადაბლა უთხრა. კაცი სახლში შევიდა და მალე გამობრუნდა. უკან დათიკო მოჰყვებოდა. უფრო სწორად, მოლასლასებდა. ბიჭი დათიკოს მიეგება. თავდახრილი დადგა მის წინ. ენა ებმოდა, ლაპარაკი უჭირდა, მერე რაღაც ჩაილუღლუღა და ქუჩისაკენ ჰქნა პირი - იქით, სადაც საბარგო მანქანა იდგა. დათიკომ საბარგო მანქანა დაინახა და არაადამიანური ხმით შეჰყვირა:

- მართალი ყოფილა ყველაფერი, მოიყვანეს, ჩვენი ბიჭი მოიყვანეს, რიბკა!

მას შემდეგ, რაც ეზოში შემოირბინა და იმ ვიღაც ოყროყმა მილიციელმა ქაღალდი მიაჩეჩა ხელში, პირველად ამოიღო ხმა.

დათიკოს სახლში მოთქმა-გოდება კვლავ კივილმა შეცვალა. ყველა ერთად ჰკიოდა. ყველა ერთად ცდილობდა ხმა მიეწვდინა ღმერთისთვის, თითქოს მომხდარი უბედურების მიზეზს კი არ ეძებდნენ, ან ამ უბედურებას კი არ საყვედურობდნენ ღმერთს, არამედ ჩადენილ ცოდვებს ინანიებდნენ და შებრალებას თხოვდნენ მას.

ებრაელები ღვთის წინაშე მუდამ ბრალეულად გრძნობენ თავს. რახან ასე მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რაღაც ცოდვა მაქვს ჩადენილი, ან იმდენი სიკეთე ვერა ვქმენი და ღმერთი მსჯისო.

__________________________________________

1.ქალბატონო, ქალბატონო. (მეგრ.)

2. საწყალი დათიკო!

9 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


ყოველი გაჭირვებულის პატრონი ღმერთიაო, იტყოდა ხოლმე მამაჩემი. სულ გამჩენი იყო ჩემი გზის გამნათებელი და პატრონი. სწორედ მისი შეწევნით ისე კარგად წავიყვანე საქმე, დიდი ფილხაზია და კალისტრატე გაბუნია ისე კმაყოფილნი იყვნენ ჩემი მუყაითობით, საჩუქრებს მიგზავნიდნენ და იმასაც მითვლიდნენ, თუ რამე გენატრება, ნუ მოგერიდებაო. მე ხუთი წელიწადი ისე ვგრძნობდი თავს, როგორც იმათი მოწაფე. სულ იმას ვფიქრობდი ეს საქმე რომ ასე გავაკეთო, ხომ უფრო გაეხარდებათმეთქი, ძალიან მინდოდა სწორედ ისეთი რამ მომეფიქრე ბინა, რაც იმათი საქებარი იქნებოდა.

ხუთი წლის შემდეგ თვიურ ჯამაგირს კი არ ვიღებდი იმათგან, მთელი მოგება სამ კაცზე იყოფოდა. თვითონ შემომთავაზეს, ასე აჯობებსო. არც არაფერი წაუგიათ. რთია ხელფასის შემყურე კაცის მუყაითობა და სულ სხვა, როცა დარწმუნებულია მოგება მეც მეკუთვნისო. ამ გზით კიდევ უფრო გავაფართოვეთ აღებ-მიცემობა. თუ აქამდე ოსმალეთში სიმინდს, თხილს, კაკალს ვყიდდით, მალე უფრო დიდი საქმე წამოვიწყეთ - ბზის და კანაფის შემსყიდველები მოვნახე. ამის მერე „ოქროს რქის“ ყურეში ჩემს სახელზე გამოგზავნილი სავსე გემები შემოდიოდა, ოსმალეთის დიდვაჭრებმაც გამიცვნეს, პატივისცემა და ნდობა დიდი მქონდა.

ვაჭრობაში დიდად ფასობს ის, თუ როგორ გაჰყიდი საქონელს, მაგრამ მოგება ყიდვისას თუ არ ნახე, ვერაფერი შვილი ვაჭარი ბრძანდები. ჩვენში ფართალს კარგი გასავალი ჰქონდა. აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს ისრაელობა ფართლით იდგამდა სულს, მაგრამ მალე ამას კარგი თურქული ჭურჭლით და ქიშმიშით ვაჭრობაც წავუმატე. მართალია, რუსებს ჭურჭლეული ევროპიდანაც შემოჰქონდათ, მაგრამ ისინი დიდ ფასს ადებდნენ. ქართველი თავადაზნაურობა თურქულ ჭურჭელს უფრო ეტანებოდა ორი მიზეზის გამო. პირველი ის, რომ იაფი იყო და რაც მთავარია, ჩვენში ეს ჭურჭელი უფრო მოსწონდათ. დიდი ფილხაზიასა და კალისტრატე გაბუნიასგან სიმინდით, კანაფით, თხილით, კაკლით დატვირთული გემები უკან ჭურჭლეულით, ქიშმიშით, ხალიჩებითა და ნაქსოვით სავსე ბრუნდებოდა.

ასე გაირბინა რამდენიმე წელიწადმა. ამ ხნის განმავლობაში ძაბულიმ სტამბულის ფრანგულ კოლეჯში ისწავლა. მე ის კომერციული სასწავლებელი დავამთავრე, დიდმა ფილხაზიამ რომ მირჩია. მართალია, ცხოვრებამ, ყოველდღიურმა შრომამ უფრო მეტი მასწავლა, ვიდრე იმ სასწავლებელმა, მაგრამ სწავლა მაინც საჭირო იყო. სწორედ ამ დროს გავიგე ერთი ისეთი ამბავი, მეგონა ხელახლა დავიბადე-მეთქი. ის ლესიჭინელი ბიჭი, ძაბულის და მე რომ მკვდრად მოგვეჩვენა, ცოცხალი და ერთობ ბედნიერიც ყოფილა. იმ დღეს მე რომ წიხლი ჩავკარი, დაცემულს თავი ქვაზე დაურტყამს.

დიდი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან.

ყველა ამ სიკეთეს ერთი ისეთიც დაერთო, რასაც ვერაფრით ვერ ასწონი და ვერც ვერაფრით გაზომავ - ბიჭი შეგვეძინა. აგერ უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმარი ვართ და შვილი ახლაღა შეგვეძინა. დიდი ქეიფი გადავიხადეთ. რაც სტამბოლში საუკეთესო ებრაელობა და ქართველობა გვეგულებოდა, ნათლობაზე მოვიწვიეთ. ბიჭს ეფრემი დავარქვით.

ძაბული ბედნიერ ქალად გრძნობდა თავს. პირველ წლებში მშობლებთან განშორება გულს კი უკლავდა, მაგრამ ქალის ბედნიერება მისი ქმარ-შვილია. ოჯახმა ტკივილი გაუყუჩა. სტამბოლიდან ჩვენ-ჩვენს მშობლებს იმდენს კი ვუგზავნიდით ცხოვრება არ გასჭირვებოდათ. ერთ საღამოს, სამეგრელოში გასაგზავნ ძღვენს რომ ვამზადებდით, ძაბულიმ მითხრა:

- რაც არ უნდა სუფთა გულით ვაკეთებდეთ ამ საქმეს, ერთი ნაკლი მაინც გვაქვს. ძღვენის მიმცემი ამაყად გრძნობს თავს, მიმღები კი - დამცირებულად. ყველაფერს ის სჯობია, თუ ადამიანს საკუთარი შემოსავალი აქვს.

- როგორ უნდა ვქნათ ეს?

- ფილხაზ აჯიაშვილმა და კალისტრატე გაბუნიამ ჩვენს საქმეში ჩააბან. ისეთი ხელფასი დაუნიშნონ, შენი ძღვენი ძღვენად სჩანდეს და არა ცხოვრების საშუალებად. თუ გაჭირდა, მოგების ჩვენი წილიდან მისცენ ხელფასი. ოღონდ ისე, რომ იმათ არაფერი არ იცოდნენ.

ძაბულის რჩევა გონივრული მეჩვენა, ასეც მოვიქეცი. კაცს რომ შემოსავალი აქვს, კაცი რომ ყოველი დღისგან რაღაცას მოელის, თუ არ ჰქონდა ცხოვრების ხალისი, უჩნდება, თუ ჰქონდა, ემატება. ოჯახშიც ყველაფერი მშვიდობაზე, ჯანმრთელობასა და შემოსავალზეა დამოკიდებული.

ამასობაში სახლიც შევიძინე. კადიკოიზე კარგა მოხდენილი ორსართულიანი სახლი ვიყიდე. სტამბოლელი დიდვაჭრები, გენერლები, სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი ჩინიანი ხალხი კადიკოიზე ცხოვრობდა. ძაბულის ძალიან მოსწონდა ეს უბანი, ფრანგულ კოლეჯში სწორედ აქ დადიოდა. მეც მომწონდა, მაგრამ კადიკოის დიდი ფული უყვარდა. როცა ფული გაჩნდა, უკან აღარ დავიხიე.

ჩვენი უფროსი ბიჭი ეფრემი რომ წამოიზარდა, ფრანგულ კოლეჯში გავუშვით. ეფრამს სიფორიც მალე წამოეწია. ასე წამოიჩიტნენ ბაღნები. უნდა გენახათ ძაბულის დედობა - როგორ დასტრიალებდა ბავშვებს.

მამაჩემს შემოსავალი კი გავუჩინე, მაგრამ...

ადრეც ვიცოდი: ჩემი დაკარგვა ძლიერ გაუჭირდებოდა, მის გულს არც ის ამბავი დააყრიდა დიდ სიკეთეს, ქრისტიანი ქალი რომ შევირთე, მაგრამ თუ დარდი ასე მალე შესჭამდა, არ მეგონა.

ღმერთი, იდიდოს მისი სახელი, ყოველთვის მწამდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისრაელობის წესების დიდი დამცველი არასოდეს ვყოფილვარ. არა, ნუ იფიქრებთ ქრისტიანი ქალი გამჩენის სიყვარულს სულ წაართმევდაო, არ იყო ასე! არც მანამდე ვიკლავდი თავს, შაბათ დღეს თუთუნს ვეწეოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველაფერს ვიიოლებდი. ჩემი ეს თვისება მამაჩემმაც იცოდა და აფთარივით მადგა თავს, გასაქანს არ მაძლევდა, ყველაფერს წესისამებრ მაკეთებინებდა. მეც მის ნებას ვმორჩილებდი, მაგრამ ვაი, ამნაირად გაკეთებულ საქმეს!

ოსმალეთში გადახვეწის შემდეგ ვიღა ან რაღა დამაკავებდა. ისე ვცხოვრობდი, როგორც მომწონდა. სტამბოლის სალოცავში შაბათობით, ან მნიშვნელოვან დღესასწაულებში დავდიოდი.

სტამბოლში დიდძალი ებრაელობა ცხოვრობდა. ისინი მეტწილად ახალციხიდან იყვნენ გადმოსული. კარგი საქმეებიც ჰქონდათ და გამჩენის სიყვარულიც. საქართველოსთან კავშირს არ წყვეტდნენ, ამიტომ ოსმალები ებრაელებს კი არ ეძახდნენ, არამედ გურჯებს - ქართველებს. ჩვენს სალოცავს სინაგოგას კი არა, გურჯების შესაკრებ ადგილს. ეს იმიტომ, რომ ყოფილი ახალციხელები ქართულად ლაპარაკობდნენ, ქართულად იცვამდნენ და ცდილობდნენ საქართველო არ შეერცხვინათ.

ერთმა ახალციხელმა კაცმა, გვარად დავითაშვილმა, ძალიან მოინდომა, რძალი საქართველოდან მოეყვანა - უფროსი ბიჭი ჰყავდა საცოლე. იმ ბიჭს დაუჩემებია, თურმე, ასე. დავითაშვილი თავისი ბიჭის შესაფერ გოგოს დიდხანს ეძებდა და ბოლოს სწორედ ჩვენს სოფელში მიუგნია.

მომადგა ერთ დღეს ეს დავითაშვილი და მეუბნება, თქვენს სოფელში ბესალელ სეფიაშვილთან წერილი უნდა მიმიწეროო. რა დავუწერო იმ კაცს-მეთქი და როგორ კაცადაც მიგაჩნივარ, როგორ ისრაელიშვილადაც მიცნობ, ის დაუწერე, გოგო მინდა ვთხოვო ჩემი ბიჭისთვისაო.

- მერედა, შენ გგონია, მე მიცნობს?

- მამაშენს ხომ იცნობს!

- მამაჩემს ებრაელი ჰყავს ცოლად, მე კიდო ძაძამიას ქალი... ვაითუ, ჩემმა წერილმა ცუდი სამსახური გაგიწიოს.

დავითაშვილი ჩაფიქრდა. კარგა ხანს დუმდა. მომეჩვენა, რომ ჩემი ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა.

- აბა, რას მირჩევ, იაკობ ბატონო?

ღმერთმანი, არაფერი მქონდა სარჩევი და ასეც მივუგე ვერაფერს გირჩევ-მეთქი. დავითაშვილი წამოდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა და ცოტა ხნის შემდეგ ეს მითხრა:

- თუ სხვა არაფერი მიზეზი გაქვს, იაკობ ბატონო, მაინც დამიწერე ეგ წერილი.

- კი, ბატონო, ახლავე! - ვუთხარი, დავჯექი და მივწერე ბესალელ სეფიაშვილს წერილი. ასეთი და ასეთი კაცია დავითაშვილი - ყოვლად პატივსაცემი, მდიდარი, გამჩენის ერთგული, გამრჯე, წესიერი ოჯახის პატრონი და ღარიბების შემწე-მეთქი. ერთი სიტყვით, რაც დავითაშვილზე ვიცოდი, ყველაფერი დავწერე და მივართვი იმ კაცს. დავითაშვილმა მადლობა გადამიხადა. გასვლისას ვკითხე:

- ესე იგი, ჩემი რჩევა არ დაგიჯდა ჭკუაში, ხომ?

დავითაშვილმა გაიღიმა და მომიგო.

- კი, როგორ არ დამიჯდა, მარა ერთი ამბავიც არი აქ: შენ შორს ცხოვრობ, ჩვენი ხალხი შორეულ ადამიანს პატივისცემით ექცევა. ეს ერთი. მეორე: შენ მდიდარი კაცი გახდი. მდიდარს კიდო, იაკობ ბატონო, ბევრ რამეს პატიობს ხალხი, მის გლახა საქმეებს ივიწყებს და ნაშოვარს ითვლის. და მესამე: იმ კაცს, ბესალელ სეფიაშვილს, შვიდი შვილი ჰყავს. აქედან ხუთი გოგოა, ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს და, ალბათ, ამიტომაც ვერ გაათხოვა ვერცერთი. ისრაელ კაცს რომ ხუთი გაუთხოვარი, ძუძუებდაკეცილი გოგო სახლში უზის და პატრონისთვის ვერ ჩაუბარებია, რავარი საქმეა! ვიცი, გაუჭირდება შუათანა გოგოს გათხოვება - ანგელოზს ჰგავს - მარა მაინც იზამს, რამეს დააბრალებს თავის გადაწყვეტილებას და იზამს. ის „რამე“ კი შენი წერილი იქნება. მე არ მინდოდა, მაგრამ ამა და ამ კაცის თხოვნამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯიო. კაცს საკუთარი თავისთვის ვერ უჯობნია, თორემ რამდენ რამეს იზამს!

წაიღონ დავითაშვილმა წერილი და მართლაც გამოდგა - იმისმა უფროსმა ვაჟმა ერთ თვეში თვალებრიალა გოგო ჩამოიყვანა სტამბოლში.

- რა ვქნა, ოღონდ ბედნიერად მყავდეს, ოღონდ შვილიშვილი მაღირსოს ღმერთმა და გინდა სტამბოლში იყოსო, - უთქვამს იმ ბესალელს.

ხალხში კი გამოუცხადებია:

- არაფრით არ მეწადა ეს საქმე, რატომ უნდა მეჩქარა ასე, მარა, ერთი ისეთი კაცი ჩაერია, ერთი იმნაირი კაცის წერილი მივიღე სტამბოლიდან, რომ მე იმის სიტყვას ვერაფრით ვერ გადავედი, ჩემი წონა ქონება აქვს იმ კაცს! - ამის მერე სოფელში თურმე ძალიან ამაღლდა ჩემი ავტორიტეტი.

ყველაფერი ეს იმიტომ გიამბეთ, ის დავითაშვილიც იმიტომ გაგაცანით, რომ მეთქვა: სწორედ ამან მომიტანა მამაჩემის ამბავი - თავის მოყვარეს ბესალელ სეფიაშვილს ტელეგრამა ამისთვის გამოუგზავნია.

სამშაბათი დღე იყო, საღამო ხანი, დავითაშვილი რომ გვესტუმრა. ზღვის მხარე აივანზე ვიჯექი და ძაბულის მოტანილ ფრანგულ ჟურნალს ნება-ნება ვათვალიერებდი. დავითაშვილის სტუმრობამ გამახარა, მაგრამ ის კი გამიკვირდა, წარბი რომ არ გაუხსნია. სუფრასაც უხალისოდ მიუჯდა. ბევრი ვისაუბრეთ, ამ ქვეყნისაც ვთქვით, იმ ქვეყნისაც. მერე დავითაშვილი ხმადაბლა, თითქოს საიდუმლოს მანდობსო, მეკითხება:

- მამათქვენი რა ხნის ბრძანდებოდა?

ხელში ლუკმა მეჭირა, ლამის გამივარდა:

- რას ჰქვია, ბრძანდებოდა!

ერთხანს ხმა არ ამოიღო დავითაშვილმა, დამწუხრებული, თანაგრძნობით შემომცქეროდა, მერეღა სთქვა:

- რა გაეწყობა, ჩემო იაკობ, ყველა გამჩენს ვეკუთვნით, ყველაზე დიდი სიკეთე ის არის, როცა მამა მიდის და შვილი რჩება.

ძაბულიმ რომ შუბლზე იტკიცა ხელი, დავითაშვილმა დასძინა:

- მიცვალებულს დაფასება და პატივისცემა უნდა. ერთი შვილი დარჩი და ყველაფერი შენ უნდა ითავო.

დავითაშვილმა ჯამაათს დაუძახა. ისე მოვიდა ხალხი, როგორც ჩვენში ვიცით. მეორე დღეს, ოთხშაბათ საღამოს მამაჩემის სულის მოსახსენიებელი სუფრაც გავმართე. ხახამმა ჯამაათის წინაშე მგლოვიარედ გამომაცხადა. ჩვენი მგლოვიარობა კიდევ ხომ იცით რაც არის - ერთი კვირა ლოგინში არ ჩაგვეწოლება, - იატაკზე უნდა დაწვე, სკამზე არ დაგეჯდომება, სავარძელში ხომ არა და არა! პატარა, დაბალ სკამზე, ან სულაც იატაკზე უნდა იჯდე. არც დაგებანება, ხორცი ხომ არადა არ გეჭმევა, სადილ-ვახშმის მზადებაც გეკრძალება, მეზობლებმა, ახლობლებმა უნდა მოგიტანონ სადილ-ვახშამი, იმათ უნდა დაგიდგან წინ ტაბლა. თუ შენ მიგიტანია ვინმესთან, ისინიც მოგხედავენ, დაგაფასებენ, თუ არა, ვის რას ემართლები?!

ხალხში გარევა და საქმიანობაზე ლაპარაკი ხომ არ შეიძლება და არა! ლოცვაში თუ მიხვალ, რომ მიცვალებულის სულს კურთხევა გაუგზავნო, ეს არის და ეს!

რატომ მოვყევი ეს ამბავი?

ჰო, ღვთისმოშიში კი ვიყავი, მაგრამ წესების არცთუ ძლიერ ამსრულებელი მეთქი, გითხარით. ასეც იყო, მაგრამ სწორედ ამ დღეებში ერთი ისეთი რამ მოხდა, საბოლოოდ შემომაბრუნა გამჩენისაკენ.

აკი გითხარით, რაბიმ მგლოვიარედ ოთხშაბათს გამომაცხადა. პარასკევ საღამოს, შაბათი რომ შემობრძანდა და სალოცავიდან შინ მივბრუნდი, ნავმისადგომიდან ბიჭი მოვარდა - მაჰმუდი - მუშები ერთ ამბავში არიან, საქონელს არ ტვირთავენ, პატრონი ცოტას გვიხდისო! გაფიცვა გამოუცხადებიათ, თურმე, იმ გლახიშვილებს! სასწრაფო საქმე იყო, მეც აღარ დავაყოვნე, ჩავიცვი და ძაბულის ვუთხარი: მივალ ერთი, ვნახავ, რა უნდათ იმ დაგლახავებულებს-მეთქი. ძაბულიმ დამიშალა, მამაშენის სულის საპატივცემლოდ ამაღამ სახლიდან ნუ გახვალ, აგერ ამ ბიჭის პირით შეუთვალე, რომ ცოტა ფულს წაუმატებო. მე არ დავიშალე: უნდა მივიდე და შავი დღე უნდა ვაწიო მაგ მათხოვრებს-მეთქი. ხელჯოხი ავიღე და ის იყო კარი უნდა გამომეღო, რომ ძახილი შემომესმა:

- იაკობ, რას მიშვრები, შვილო, იაკობ! - მამაჩემის ხმას მივამსგავსე და ხელი ლამის კარის სახელურს შეეყინა, მაგრამ იმას როგორ ვირწმუნებდი, რომ მამაჩემი საფლავიდან მეძახდა. მომეყურა-მეთქი, ვიფიქრე და, ის იყო, ფეხი უნდა გადამედგა, უფრო შორიდან და უფრო ყრუდ მომესმა:

- სად მიდიხარ, ბიჭო, იაკობ, რას მიშვრები, შვილო!

ეს კი ნამდვილად მამაჩემის ხმა იყო - შეშინებული, იმედგადაწურული მამაჩემის ხმა. ძაბულის მოვხედე. ისევ ისეთი ვედრებით მომჩერებოდა. ძახილი ხომ არაფერი გაგიგონია-მეთქი, გაიცინა: რა ძახილზე მელაპარაკებიო. ელდა რომ მეცემა, ავი ძაღლივით პირდაპირ მუხლებში დამეტაკება. ხელი რომ კარის სახელურზე არ მქონოდა, წავიქცეოდი კიდეც. მაჰმუდს დავუძახე და ვუთხარი, რაც ენებოთ, მიაშავე, ოღონდ გემი არ დააყოვნოთ-მეთქი.

რა მოხდა? რა იყო ეს? დავიჯერო მიცვალებულები ასე მისძახიან თავიანთ შთამომავალთ, როცა ისინი რამეს აშავებენ? არც ის მჯერა, რომ ადამიანის სიკვდილთან ერთად ყველაფერი კვდება და მთავრდება! ეს ადამიანების წინაშე ჩადენილი იმხელა ცოდვა იქნება, რასაც ვერაფერი აწონის.

იმ დღიდან მოყოლებული სულ სხვანაირი შევიქენი, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, რომელ ქალაქში, ლოცვას არ დავაკლდებოდი. სტამბოლის სალოცავის რაბი კი ჩემი ახლო მრჩეველი გახდა. ერთ საღამოს, ლოცვის მერე ვუთხარი ამასწინათ მგლოვიარობის დღეებში შაბათ საღამოს საქმეზე მივდიოდი, ამნაირი შეძახილი მომესმა და როგორ უნდა აიხსნას-მეთქი.

- სული ცოცხალია, შვილო, სული არ კვდება, იმასაც ისე სტკივა, უხარია, როგორც ამ ქვეყნის შვილებს. ყველა ამქვეყნიური სიგლახისგან განთავისუფლებული, ჩვენ დაგვტრიალებს თავს. ეს კია ასე, მაგრამ მაინც არა ვგონებ, იმ ღამეს მამაშენს ასეთი ყვირილი აეტეხა.

აბა, რა მოხდა, მე ხომ ყვირილი ნამდვილად გავიგონე-მეთქი. განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო, გაიღიმა რაბიმ. შენ ბუნებით ღვთისმოსავი კაცი ყოფილხარ, მამის პატივისცემა სულში გქონია გამჯდარი და თვითონვე გაწუხებდა ის, რასაც აკეთებდი. მამაშენის სახელით საკუთარმა სულმა შეგძახა, თორემ მიცვალებულები ცოდვის გზაზე დამდგარ შვილებს რომ ასე მოსძახოდნენ, ქვეყნიერება კვნესა ოხვრის ხმებით აივსებოდაო.

მამაჩემს ხშირად ვხედავდი სიზმარში. თავის ტოლ-ამხანაგებში იჯდა სახეგაბადრული, კარგად ჩაცმულ-დახურული, პირმცინარე. ხალხში გამიგონია: ეს იმას ნიშნავს, რომ მიცვალებული კმაყოფილია, - მას შთამომავლობის ლოცვა-კურთხევა სრულად მისდისო.

მიცვალებულის პატრონს სხვა არა უნდა რა, მაგრამ მამაჩემის საფლავზე ფიქრი არ მასვენებდა. სულ ის სასაფლაო მედგა თვალწინ ჩვენი სოფლის განაპირას, გორაკზე რომ იდგა. გადავწყვიტე, რაც არ უნდა დამჯდომოდა, იმ საფლავთან მივსულიყავი. თუ მე მამაჩემის საფლავის ქვაზე ერთ კენჭს არ დავდებდი, ვეღარ მოვისვენებდი. წლების მერე კი ეს მოუსვენრობა ავადმყოფობად გადამექცეოდა. აქ, სტამბოლში ერთი ოდესელი საქმიანობდა. იმან მაცნობა ჩემი მეგობარი კაცი ოდესაში ტყავის კარგად მოწყობილ ფაბრიკას ყიდისო. იმ წლებში ტყავის დასამუშავებელი მანქანები ძნელი საშოვარი იყო და დღითიდღე იწონებდა თავს. ინგლისელებმა ცეცხლის ფასი დაადეს, ავსტრალიაში კი ყოფილა იაფი, მაგრამ იქიდან მანქანების ჩამოტანა იმდენი დაჯდებოდა, ვერაფერ ხეირს ნახავდა კაცი. გადავწყვიტე ოდესაში გამგზავრება და იმ ფაბრიკის ნახვა. ფასიც მიზიდავდა - ამიტომ მივდიოდი ოდესაში. თავს ამას ჩავძახოდი, უფრო კი იმისთვის, რომ ოდესიდან საქართველოში ჩავსულიყავი.

10 საბა

▲ზევით დაბრუნება


ზღვას ჯაფაგამოვლილი, მოქანცული ვაჟკაცივით გადაეშალა მკლავები და ისე გარინდებულიყო, გეგონებოდათ, ჩაეძინაო.

ვუახლოვდებოდი ოდესას და გული მწყდებოდა, რომ შემოდგომის ჩვენებურ დღესასწაულს - „სიმხათორას“ სახლში, ჩემი ოჯახის წევრებს შორის არ ვესწრებოდი. მაგრამ ერთი რამ მაიმედებდა: ოდესაშიც დიდძალი ებრაელობაა და აქაც ისევე აღინიშნება ეს დღესასწაული, როგორც სხვაგან-მეთქი.

ებრაული კალენდრით ახალი წელი სექტემბერ-ოქტომბერში დგება. ახალ წელს სულ რაღაც ორიოდ კვირაში მოსდევს „სუქოთი“. დღესასწაული, რვა დღე გრძელდება. ეს დღესასწაული ორი სახალხო კარნავალით მთავრსება. პირველი კარნავალი საღამოს ეწყობა, მეორე კი - დილას, სწორედ დღესასწაულის დამთავრების დღეს.

ოდესის ნავმისადგომს საღამო ხანს მივადექით. მე გული მწყდებოდა, რომ სალოცავში მისვლას, იმ დღესასწაულში მონაწილეობას ვეღარ ვასწრებდი. მარშაკმა მთხოვა ჩვენს ოჯახში წამობრძანდით, ჩემი მოხუცი მშობლები ძალიან გაიხარებენო, მაგრამ არ გავყევი. ებრაელთა სასტუმროში დავბინავდები-მეთქი. ისიც ვუთხარი ხვალ დღესასწაულმა ჩაიაროს და ზეგ საქმეს შევუდგეთ - ფაბრიკაში მივიდეთ-მეთქი. ასე დავშორდით ერთმანეთს.

ვიცოდი ქალაქის გულში, სალოცავის ახლოს ერთ ებრაელ კაცს სასტუმრო და „ქაშერი“ - ესე იგი, ებრაული რესტორანი ჰქონდა. მეეტლეს რომ ვუთხარი ებრაულ სასტუმროში მიმიყვანე-მეთქი, გაოცება კი შევამჩნიე, მაგრამ არაფრად ჩავაგდე. მე მის გაოცებას ყურადღებას რატომ მივაქცევდი.

სასტუმროში კი იმან გამაკვირვა, რომ თითქმის ცარიელი იყო, მისი თითო-ოროლა მსახურის თვალებშიც შიში ჩამდგარიყო. მე რომ იქ ოთახი მოვითხოვე, იმათაც ისეთივე გაკვირვება შევამჩნიე, როგორც მეეტლეს, მაგრამ ძლიერ დაღლილი ვიყავი. გემზე მგზავრობა თუ ასე მომქანცავდა, როგორ ვიფიქრებდი. სალოცავში აღარ წავედი. აქვე ვილოცე, მსუბუქად ვივახშმე, დავწექი და ძილს მივეცი თავი, რომ დილას სალოცავად დროულად წავსულიყავი.

მზის სხივებით აბდღვრიალებული დილა გათენდა. ქვეყნიერებას იმნაირი მზე დაადგა თავზე, ისეთი ნათელი და სახიერი, რომ მის სხივებში მოქცეული ქალაქის ქუჩების, შუკების ნახვას არაფერი სჯობდა. მზის სიკეთე ყველაფერს ეტყობოდა.

ამ დილის გათენება ბავშვივით მიხაროდა. გადაწყვეტილი მქონდა სალოცავში ჩემი საყვარელი ქართული ჩოხით წავსულიყავი. მინდოდა აქ ჩოხა მცმოდა. ჩოხა ძლიერ მიყვარდა, მაგრამ იქ, სტამბოლში ყოველთვის როდი მქონდა იმის საშუალება, ის მეკეთებინა, რაც მეწადა, ან მომწონდა - საქმე არ მაძლევდა ამის უფლებას. აქ კი, თუ ქართული ჩოხა არ ჩავიცვი, კარში არ გამესვლება-მეთქი, ჩავაგონე თავს.

სასტუმროდან სალოცავამდე დიდი გზა იყო. დინჯად, აუჩქარებლად მივდიოდი. ოდესაზე, მის ისრაელობაზე იმდენი რამ გამეგო, ახლა ყველაფერს ინტერესით ვაკვირდებოდი. ასე მეგონა, ნება-ნება იმ წიგნს ვკითხულობდი, რომლის წაკითხვასაც კარგა ხანს ვნატრობდი. ებრაელობა ქალაქში არ ჩანდა. თუ ვინმეს მოვკარი თვალი, ისინიც გარბი-გამორბოდნენ. სალოცავში კი ბევრი ხალხი იყო. გულმხურვალედ ლოცულობდნენ. რომ შევედი, ყურადღებით შემათვალიერეს, კარგად ვგრძნობდი როგორ მაკვირდებოდნენ, მაგრამ სანამ ციცითი არ გავშალე და წესისამებრ არ ვაკურთხე, თვალი არ მოუცილებიათ. სადაც არ უნდა წავიდე, ქვეყნიერების რომელ კუთხეშიც არ უნდა მიმიყვანოს საქმემ, საკუთარი თორა, თეფილინი და ციცითი მუდამ თან დამაქვს. ციცითი რომ მხრებზე მოვისხი, ყველა თავის საქმეს - ლოცვას მიუბრუნდა. თორით ხელში მეც მარტო დავრჩი ჩემს გამჩენთან.

რა დიდი სიკეთე გვაჩუქა გამჩენმა თორის სახით, რა დიდი სხივი, იმ ქაოსში ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება რომ ჰქვია. თორაა ის დიდი შვება, ადამიანის ყოფას მზესა და მთვარესავით რომ აბრწყინებს. კი, კი, ასეა - არსებობს მზე, არსებობს მთვარე და არსებობს თორა. სამივე გამჩენის ნებითაა შექმნილი. მზე და მთვარე ქვეყნიერებაზე, თორა კი ადამიანის გონებაში სინათლის დამკვიდრებისათვის შეგვიქმნა გამჩენმა. ამან გააერთიანა და შეინახა ებრაელობა ამდენი საუკუნის მანძილზე, ყველა გააერთიანა - დიდიც და პატარაც, სნეულიც თუ მართალიც, ყმაწვილიც და ჩაჩანაკიც, პოლიტიკაში გასვრილიც და სანთლის ალივით წმინდაც, მდიდარიცა და უქონელიც. თორის თუ გესმის, თორის თუ გჯერა, ყველა შენი ძმაა, ყველასთან შეგიძლია მიხვიდე და ძმურად დაუდგე გვერდში. თორით სულდგმული კაცი ადამიანს ხელს არ ჰკრავს. სწამს, რომ ყოველი სულდგმული ღმერთის გაჩენილია, თორამ გვასწავლა ყველაფერი. ამისთვის მოვდივართ აქ ამ დღეს, მოვდივართ, რომ გამოვხატოთ ჩვენი სიხარული, მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ სწორედ ჩვენ ამოგვირჩია თორის პატრონ ხალხად. ამისთვის ვდგებით იმ დიდი კარადის წინაშე, რომელშიც მრავალი თორაა მოქცეული და მორჩილად ვხრით თავს.

რაზე ლოცულობს ებრაელი კაცი ყოველ ცისმარე დღეს, დილას და საღამოს? უწინარესად, ადიდებს ღმერთს, რომელმაც შეჰქმნა ქვეყნიერება. შეჰქმნა ზღვები, ნაკადულები, უსასრულო სივრცეები, ოკეანეები, ცა და მიწა, ყველა სულდგმული, რაც დახოხავს, დაფრინავს თუ დააბიჯებს დედამიწაზე, ყველაფერი, რაც არსებობს ცასა და მიწას შუა, შეჰქმნა ჩვენთვის, ადამიანებისათვის და, ვაი რომ, ჩვენ ყოველთვის ვერ შევიგრძნობთ სიდიადეს მისას.

ყველაფრის თავში კი ერთი რამ დგას - მშვიდობა და ამაზე ვლოცულობთ ჩვენ.

მეორე - ებრაელი კაცი პატიებას შესთხოვს ღმერთს, რადგან არ ძალუძს ბოლომდე ჩასწვდეს მის სიდიადეს. ვერ გამოუყენებია ყველა ის სიკეთე, რაც ღმერთმა ჩვენთვის შექმნა. ბიჭი რომ ვიყავი, გონება შორს რომ ვერ იყურებოდა, ჩემი ერი მშიშარა მეგონა, მაპატიოს ღმერთმა. ცხოვრება არ ვიცოდი. თურმე ფრთხილი და დაკვირვებული ყოფილა. იციან, რომ ხვალ თუ ზეგ წუთისოფელს გაეცლებიან, სხვა სამყაროში გადასახლდებიან და ყველა სიგლახის გამო პასუხიც მოეკითხებათ. ამიტომ ფრთხილობენ, მაგრამ მაინც ათას სიგლახეს სჩადის ადამიანი. მოვლენ აქ, სალოცავში, ღმერთის წინაშე თავს მოიდრეკენ, ცოდვათა შენდობას შესთხოვენ მას, მაგრამ აქედან ბარე ორი, ათიც, გავა თუ არა, ცხოვრების ჩარხს სულ სხვანაირად ატრიალებს. ღალატის, ერთმანეთის დაუნდობლობის მორევში დგამს ფეხს.

მეც ისე ვლოცულობდი, როგორც მთელი ჯამაათი. რაბი ერთი გამხდარი, ჩია კაცი იყო, იმდენად უძლური ჩანდა, გაიკვირებდით, თავისსავე ტანსაცმელს როგორ ატარებსო, მაგრამ ისე ძლიერი და ტკბილი ხმა ჰქონდა, დაგატკბობდათ. თითქოს კი არ ლოცულობდა, განუწყვეტლივ გალობდა. ლოცვა რომ დაამთავრა, ჯამაათს მოუბრუნდა და თქვა:

- ახლა კი გახსენით ყველა კარი, ყველა ფანჯარა, დაივიწყეთ თუ რამ დარდი გაქვთ. ვილხინოთ და ვილაღოთ, ისრაელებო, რადგან ქვეყნიერების გამჩენმა ჩვენ ამოგვირჩია თავის ხალხად, ჩვენ გვარგუნა წილად ყველაზე დიდი წიგნი - თორა!

„სიმხათორა“ ბავშვობიდან მიყვარდა. აქ ყველა ბედნიერი იყო: მამა ან მაღლა ამწევდა და მათამაშებდა, ან სულაც მხრებზე გადამისვამდა და თავად ცეკვავდა. აქ, ოდესის სალოცავში კი რაბის სიტყვების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა. მიმოვიხედე რა ხდება, რატოა ასეთი სიჩუმე, მაშინ როცა ცეკვა-სიმღერა უნდა იყოს-მეთქი. თურმე, ემზადებიან, თურმე აქ დიდ კარნავალს ატარებენ. კარებში უცნაურად მორთული ადამიანები იდგნენ. სხვადასხვანაირი, ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელი ეცვათ, სახეებზეც ნიღბები აეფარებინათ და ამიტომ ვერ გაარჩევდი ვინ ქალი იყო და ვინ - კაცი. ამასობაში ვიღაცამ შესძახა: „ჰოპლა“ და ეს ხალხი უცებ დაიძრა - სიხარულით, ჟივილ-ხივილით შემოცვივდა სალოცავში. დაიწყო ცეკვა-თამაში, ისეთი მხიარულება დაიწყო, რომლის მსგავსი მე სტამბოლში არ მინახავს. ჩვენში ხომ არა და არა, იმასთან შედარებით, რაც აქ ხდება, ჩვენი დღესასწაული ბავშვების თამაშს ჰგავს, აქ მთელი ჯამაათი მხიარულობს. მღერის, ცეკვავს, აი, რაბიმ რაღაც სიმღერა წამოიწყო - ამბიონიდან ჩამოვიდა და ამბიონის ირგვლივ მოცეკვავე ხალხს სათავეში ჩაუდგა. გატაცებით მღეროდა, ისეთი გატაცებით, მუნჯი რომ ყოფილიყავი, ხმას ამოიღებდი, სიმღერა მოგინდებოდა. სიმღერა რომ დაამთავრა, შედგა და მიუბრუნდა ჯამაათს, რომელიც მისი სიტყვების მოლოდინში გაირინდა.

- მომავალ დღესასწაულს ჩვენს სამშობლოში, ისრაელის მიწაზე შევხვედროდეთ, ჯამაათო!

სახეგაბრწყინებულმა ჯამაათმა ერთხმად იხუვლა:

- ამინ!

- გისმინოს ღმერთმა!

- გვეღირსოს!

რაბიმ მარჯვენა ასწია და შესძახა:

- ნურა სიამოვნება, ამქვეყნიური სიკეთე ნუ დაგვავიწყებს სამშობლოს ჩვენსას!

- ამინ! - ისევ შესძახა ხალხმა და რაბიმ კვლავ სიმღერა წამოიწყო. კვლავ წინ გაუძღვა ჯამაათს.

სალოცავის დარბაზში ახალგაზრდა კაცი შემოვარდა. ასე უცებ იმიტომ შევამჩნიე, რომ ჩვეულებრივი ტანსაცმელი ეცვა და სახეზე ნიღაბიც არ გაეკეთებინა, დაბნეული ჩანდა და ამ მოდღესასწაულე ხალხის ფონზე სასაცილოდაც კი გამოიყურებოდა. აშკარა იყო რომ ვიღაცას ეძებდა, მაგრამ როგორ გინდა ამდენ შენირბულ ხალხში სწორედ ის იპოვო, ვისაც დაეძებ, მოცეკვავეები ეხლებოდნენ, ეძახდნენ, ის კი არაფრად დაგიდევდათ.

- იციკ, მოდი!

- იციკ, მანდ რას დგეხარ!

- იციკ, ბოძი ხომ არა ხარ!

- იციკ, წუხელ სიმამ უარი გითხრა?

იმ ბიჭმა მოულოდნელად ვიღაცას წაავლო ხელი და მოცეკვავეთა წრიდან გამოიყვანა. ალბათ, ხმაზე თუ იცნო ის, ვისაც დაეძებდა. ამან ნიღაბი მოიხსნა და იციკს ყურადღებით დააკვირდა - ჭაღარაშერეული, ცისფერთვალება კაცი იყო. იციკმა რაღაც უთხრა და ის კაცი გარეთ გავარდა. იციკს კი კვლავ მოცეკვავეები შემოეხვივნენ გარს, ცდილობდნენ საცეკვაოდ გაეყვანათ, მაგრამ იციკი ჯიუტად იდგა ერთ ადგილას. მერე მოცეკვავეებმა იციკს წრე შემოარტყეს და სიმღერა დაიწყეს.

დარბაზში ის კაცი შემოვარდა, იციკი რომ დაეძებდა. შემოვარდა და პირდაპირ ამბიონისაკენ გაეშურა, მაგრამ მოცეკვავეების წრეს ვერადავერ არღვევდა. იმ კაცის თვალებში სასოწარკვეთა აღბეჭდილიყო, კარგად შევამჩნიე, რაღაცას ყვიროდა, ცხადია, სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ სახის გამომეტყველებაზე ვგრძნობდი, რომ ყვიროდა:

- ბატონებო, ებრაელებო!

მაგრამ მისი ყვირილი არავის ესმოდა. მისთვის არავის ეცალა. ის კაცი კი ამბიონისაკენ იკვლევდა გზას. დაიხარა, მოცეკვავეებს ფეხებს შუა გაუძვრა, მოცეკვავეებმა ეს თამაშად, ოხუნჯობად ჩაუთვალეს და ერთი სიცილ-ხარხარი ასტეხეს, ეს კი ამბიონისაკენ ისწრაფვოდა. აი, როგორც იქნა, გაარღვია მოცეკვავეთა ახალი მწკრივი და ამბიონზე ავიდა.

- ბატონებო, ებრაელებო, რა ამბავია! - მაგრამ მას ყურადღება კვლავ არაქვინ მიაქცია. ალბათ, ამიტომ ტუჩებთან ორივე ხელი მიიდო და მთელი ძალით იყვირა:

- დარბევა, დარბევა, დარბევა! - სამჯერ გაიმეორა ეს სიტყვა. ცეკვა-თამაში უცებ შეწყდა, თითქოს ეს ხმები უჩინარი ხმლით მოჰკვეთესო. არონმა სული მოითქვა და ახლა ხმადაბლა თქვა: - თავს უშველეთ, ისრაელებო, ოდესაში დარბევა დაიწყო.

არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდა ეს დუმილი. ნახევარი წუთი, ერთი, თუ სამი, ეს კია, რომ დრო საუკუნედ მეჩვენა. თითქოს მთელი საუკუნე სამარეში ვიწექი! მერე ვიღაცამ იყვირა:

- ბავშვი, ბავშვი დავტოვე აკვანში!

მე რა ვიცოდი რა იყო დარბევა, მაგრამ იმას კი მივხვდი, რომ ამ ხალხის თავს რაღაც უბედურება ტრიალებდა.

ხალხი კარს მიაწყდა. ხმას არ იღებდნენ, უხმოდ, ხმაგაკმედილნი მიიწევდნენ გასასვლელისაკენ. ყველა ცდილობდა უცებ გასულიყო. თითქოს სულისშემხუთველ საკანში მოხვედრილიყვნენ, ყველანი სასწრაფოდ უნდა გავიდნენ ამ საკნიდან, სხვაგვარად სიკვდილს ვერ გადაურჩებიანო, კარი კი ვიწრო იყო, ამდენი ხალხი ასე უცებ ვერ გავიდოდა იქ და ამიტომ ეს საცოდავები გაბრუებული ქათმებივით მიმორბოდნენ, უაზროდ, უღონოდ ლამობდნენ აქედან თავის დაღწევას. მერეღა გაისმა ხმები.

ახალგაზრდა ქალს შევცქეროდი. კართან შეჯგფული ხალხის წრე ვერაფრით ვერ გაარღვია. საიდან არ მოუარა, მაგრამ ვერას გახდა.

- ბავშვი, ბავშვი აკვანში დავტოვე! - იკივლა განწირული ხმით.

რაბი ძლივს ალასლასდა ამბიონზე, ხალხს გადმოხედა და უმწეოდ, უღონოდ სთქვა:

- ჯამაათო, პატივცემულო ჯამაათო!

მაგრამ მისი ხმა არავისს ესმოდა. ახლა, ამ წუთში რაბისათვის არავის ეცალა.

რაბიმ თავისი უმწეო მზერა ხალხს მიაპყრო. იმასაც ვხედავდი მის თვალებში როგორ დგებოდა ბრაზი, რისხვა. უცებ იფეთქა კიდეც:

- გოლიათის დამმარცხებელი დავითის შთამომავალნო!

ხმაური უცებ ჩაცხრა. ხალხი ნელ-ნელა მოუბრუნდა რაბის, ახალგაზრდა ქალმა ამით ისარგებლა და კარისაკენ იოლად გაიკაფა გზა. რაბის თვალებში რისხვა სევდამ შესცვალა, ნაღვლიანი მისჩერებოდა ხალხს.

- რა მოგდით, ჯამაათო, არარა განსაცდელმა არ უნდა დაგავიწყოთ, ვინ ხართ, საიდან მოდიხართ, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ თქვენ ახლა უფლის სახლში ხართ. აი, ეს კედლები ნაწილია უფლის სახლისა. ამ წმინდა წიგნებს ვის უტოვებთ - ჯერ უფალი და მერე ცოლ-შვილი, ჯამაათო, ჯერ უფალი და მერე ცოლ-შვილი!

ჩემს გვერდით ხანდაზმული კაცი იდგა-მეთქი, გითხარით. იმ კაცმა ხელი მომკიდა, გვერდზე გამწია, სკამიც, რომელზეც მე ვიჯექი, აიღო, შორს გადასდო, ის ხალხი, კართან რომ შეჯგუფულიყო, აქეთ გამოეშურა, ხელი სტაცეს სკამებს, გასწი-გამოსწიეს, მერე იატაკს ხალიჩა ააცალეს და... თურმე ჩემს ფეხქვეშ სარდაფის კარი ყოფილა. ის კარი სასწრაფოდ გააღეს, რამდენიმე კაცი ამ კარსა და იმ კარადის შუა ჩადგა, რომელშიც წმინდა წიგნები ელაგა. კარადა გამოაღეს და უნდა გენახათ, როგორი მოწიწებით, ქედმოდრეკილნი გადასცემდნენ ერთმანეთს იმ წიგნებს, გრაგნილებს.

ყველაფერი სარდაფში ჩაჰქონდათ. ოხრავდნენ, წინა დარბევის ამბებს იხსენებდნენ, კარადა სულ დააცარიელეს, სარდაფის კარი დახურეს, ზედ ხალიჩა გადააფარეს. სკამები კვლავ ძველებურად დადეს და ის იყო წასვლას აპირებდნენ ახლა კი თავს ვუშველოთო, რომ რაბის ხმამ ისევ მოაბრუნა.

- სად გარბიხართ, ისრაელებო, ვის გაექცევით, სად დაემალებით მტერს, როცა მის მიწაზე ხართ.

- ოჯახებში, რაბი!

- ცოლ-შვილს მივხედოთ!

- თავს ვუშველოთ!

- არა, ჯამაათო, ასე არ იქნება. ავიღოთ ყველაზე დიდი იარაღი, რაც ღმერთმა ჩვენს ერს მისცა და მტერს შევეგებოთ. ველაპარაკოთ, რა უნდათ ჩვენგან, რისთვის სჯით ეგრე ღმერთი.

- მტერს შევეგებოთ?

- თორით დავუხვდეთ?

- იქნებ გადავეხვიოთ კიდეც?

- თქვენ ამ ქალაქში უცხო უნდა იყოთ, - ხელი ხელში გამიყარა ჩემმა მეზობელმა. კი, ბატონო-მეთქი, დავუქნიე თავი - მაგრამ ის პასუხს არ დაელოდა, ისე გამომიყვანა სალოცავიდან - ჩქარა, ჩქარა, უცხოელო, მოჰყე მოხუც ზალცმანს, თორემ სადაცაა ძაღლები აქ გაჩნდებიან.

გარბოდა და მეც უკან მივდევდი. არ ვიცი კი რისთვის, მე მაინც რატომ უნდა გავქცეულიყავ. მოხუცი მალე დაიღალა, არაქათი გამოელია საბრალოს და ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირდა. არც მე ვიყავი კარგ დღეში, მაგრამ იმ საბრალოს ფერიც კი დაჰკარგვოდა, ირგვლივ შიშით მიმოიხედავდა ხოლმე, დროდადრო წამოიძახებდა:

- ჩუ, რაღაც ხმაურია! მოდიან?! რატომ, რისთვის ამოგვირჩიე ჩვენ, ღმერთო, მადლობელი ვარ, რომ ამოგვირჩიე, მადლობელი ვარ, რომ სწორედ ებრაელობა გახადე ღირსი შენი სიბრძნისა, მაგრამ ხომ ხედავ, არ გვპატიობენ ამ ამბავს, ხომ ხედავ, ამისთვის გვირტყამენ.

მე კი ვერაფერი გამეგო. ვერც ამ მოხუცის სიტყვებმა გამაგებინეს რაიმე და ამიტომ ვკითხე:

- მაინც რისთვის გირტყამენ, გამაგებინეთ, რა ხდება თქვენს ქალაქში.

მოხუცმა სწორედ ამ დროს დაინახა პოლიციელი და სახეზე სიხარულის ნათელი მოეფინა:

- აქეთ, აქეთ... პოლიციელისაკენ!

არც მომხედა, მივდევდი თუ არა, პოლიციელს მიუახლოვდა, გაუღიმა:

- გამარჯობათ!

პოლიციელმა ერთი კი შემოხედა, შეათვალიერა, მზერაც კი შეაჩერა მასზე, ზურგი აქცია და ნელ-ნელა განაგრძო გზა. მოხუცი წამოეწია.

- თქვენ ვერ გამიგეთ, თქვენ ალბათ, არ იცით... იქ არეულობაა. გვიშველეთ, მოგვხედეთ!

პოლიციელი მოხუცს მოუტრიალდა. სახეზე ზიზღი აღბეჭდვოდა:

- მომცილდი, გესმის, მომცილდი! - შეუღრინა და გზა განაგრძო.

ამასობაში მეც მივუახლოვდი მოხუცს. სახეზე მწარე ღიმილი აღბეჭდვოდა.

- აი, ხომ ხედავ, რა კეთილშობილი ხალხია... ხომ ხედავ, როგორ ზრუნავს ჩვენზე...

ღონე აღარ მაქვს, უცხოელო, ღონე! მუხლი აღარ მემორჩილება - უნდა ჩამოვჯდე.

- აქ, ქვაფენილზე? - გავვოცდი მე.

- ეეჰ, უცხოელო, ხალხი, რომელიც სულ გარბის, თავის მოღლილ სხეულს ქვაფენილზეც კარგად მოასვენებს - ხელში ხელი ჩამავლო, დამეჭიდა, რომ ქვაფენილზე ფრთხილად დამჯდარიყო. მეც ხელი წავაშველე, დაჯდა კიდეც, მაგრამ უცებ რაღაც ღრიანცელი გაისმა. მოხუცი კვლავ ჩემს ხელს მოეჭიდა:

- სად წავიდე? სად შევაფარო თავი, რომ სული გადავირჩინო: ადონაის, მხოლოდ ადონაის შეუძლია დაამხოს ჩვენი დამამხობელი. ჩვენ უძლურნი ვართ, - ჩიფჩიფებდა და წამოდგომას ლამობდა.

სწორედ ამ დროს დავინახე ის, რაც ასე აფრთხობდა ამ ბერიკაცს და მთელ ჯამაათს. ქუჩის თავში ხალხი გამოჩნდა. უცნაური ის გახლდათ, რომ არც ხალხი ეთქმოდა და არც ბრბო. ჩამოფლეთილ-ჩამოძენძილებიც მოსდევდნენ და წესიერად, ღირსეული ადამიანებივით ჩაცმულებიც. ყველანაირი ადამიანი ერია შიგ. დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, ფეხშიშველიც და შლიაპიანიც. ძლიერი ნაბიჯებით მოდიოდნენ. ხელში კეტები და ქვები, ლომები, წერაქვები და კიდევ ათასი ოხრობა ეჭირათ.

ზალცმანმა რომ ესენი დაინახა, აცახცახდა, სადარბაზოს მივარდა, კარი გამოაღო და შიგ შევარდა. თან მე მომძახოდა:

- მომეფარე, უცხოელო, მომეფარე, შენ არაფერი გემუქრება, შენ ებრაელს არ გევხარ.

ბრბო მოდიოდა და გაიძახოდა:

- რუსებო, ჩვენკენ!

- დავცხოთ ურიებს!

- ვისაც რუსები გიყვართ, დასცხეთ ურიებს!

- დახოცეთ, არ დაინდოთ!

ასეთი რამ პირველად მესმოდა. ასეთი რამ არასოდეს გამეგო. გაოგნებული ვიდექი და შევყურებდი ამ უბედურთ, ადამიანებს ადამიანების მოკვლას რომ მოუწოდებდნენ.

- სამშობლო განსაცდელშია, ძმებო!

- დასცხეთ ურიებს, იხსენით რუსეთი!

- სიკვდილი მეფის მტრებს!

გაოცებული შემოვბრუნდი სადარბაზოში. მოხუცს შევყურებდი, მინდოდა მეკითხნა რა ხდება ამ ქალაქში, რა ამბავია-მეთქი, მაგრამ მოხუცი რომელიღაც კარს მისდგომოდა. ძარს რეკავდა...

- ესენიც რუსები არიან, მაგრამ ყოვლად წესიერი ხალხი... ცოტა ხნით შევაფაროთ თავი.

ორჯერ დარეკა ზარი, არავინ გამოეპასუხა. მესამეჯერაც რომ დარეკა, მოხუცს სახეზე კვლავ მწარე ღიმილი გადაეფინა.

- რა გაეწყობა, უცხოელო, ისეთი დღეა, კარს არავინ აღებს.

მოხუცი კიბის საფეხურზე ჩამოჯდა:

- იქნება, მაინც ამიხსნათ რა ხდება? - ცოტა ხნის სემდეგ ვუთხარი მოხუცს, - მომეჩვენა, რომ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო. კარგა ხნის შემდეგ შემომხედა: მის მზერაში გაოცებას ვკითხულობდი.

- შენ არ იცი დღეს ამ ქალაქში რა ხდება და მე მეკითხები?

- დიახ.

ახლა უფრო ყურადღებით დამაკვირდა მოხუცი, ისე მომჩერებოდა, თითქოს ამ წუთამდე არც ვენახე. შემდეგ თითქმის შეშინებულმა მკითხა:

- შენ დღეს სალოცავში რატომ იყავი?

- იმიტომ, რომ დღესასწაულია და ყოველი ებრაელი იქ უნდა იყოს, - გამეცინა მე.

- თუ სწორად გავიგე, შენ გინდა მითხრა, რომ ებრაელი ხარ.

- სწორედ ეგრეა.

- ებრაელი ხარ და არ იცი დღეს აქ რა ხდება? - მაშ, ებრაელი ხარ? - იცინოდა და დროდადრო წამოიძახებდა ხოლმე მოხუცი. მერე უცებ მოეღრუბლა სახე და მკვახედ მითხრა - ეს უნამუსობაა, უზნეობაა.

- მაგას რაზე ბრძანებთ?

- ადამიანის დაცინვა უკადრისი საქმეა... ღმერთი არ გაპატიებს... რისთვის დაგვცინი, უცხოელო?

- არც მიფიქრია, გითხარით, რომ ებრაელი ვარ.

- ებრაელი ხარ და ვერ გაგიგია, დღეს აქ რა ხდება? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არ იცოდე რას ნიშნავს იყო ებრაელი. სად დაიბადე?

- საქართველოში.

- საქართველოში? სად არის ეგ შენი საქართველო... საქართველო...

- კავკასიაში.

- ეგ ხომ მთებშია. სად გაიზარდე?

- საქართველოში. ეს ერთი ხანია სტამბოლში ვარ, ვაჭრობას ვეწევი.

- შენ მე მაეჭვებ, უცხოელო! ებრაელმა კაცმა „პოგრომი“ არ იცოდეს? რანაირი ებრაელი ხარ, განა არ იცი, რომ ებრაელებს გვდევნიან, გვცემენ, გვირტყამენ, სახლ-კარს გვინგრევენ?

- რატომ? - ეს კითხვა არ მასვენებდა, მაგრამ სწორედ ამ კითხვამ გააბრაზა ჩემი თანამგზავრი.

- იმიტომ, რომ ებრაელები ვართ.

გულახდილად გითხრათ, მოხუცის ნათქვამი ვერაფრით გავიგე: ის რომ ებრაელი ხარ, რატომ უნდა ყოფილიყო რბევის მიზეზი. ვერ გავიგე და, ალბათ, ეს გაუგებრობა სახეზეც დამეტყო.

- რაო, რა მითხარი, საიდან ვარო? - მოხუცი უკმაყოფილებას არ მალავდა.

- საქართველოდან.

- მერე მაგ საქართველოს არასოდეს არ უჭირდა?

- როგორ არა, რამდენიც გნებავთ.

- მერე? მაგ გაჭირვების მიზეზი განა ებრაელები არ იყვნენ?

მოხუცს გაეღიმა: ბოლოსდაბოლოს ხომ მიგახვედრე ყველაფერს!

მე კი რა ვქნა, ვერაფერი ვერ გავიგე.

- საქართველოს დღესაც უჭირს, მაგრამ...

- მერე ეგ ხომ ებრაელების ბრალია. განა ის, რომ საქართველოს უჭირს, ებრაელების ბრალი არ არის? განა ამას არ გაიძახიან ქართველები?

- ებრაელები რა შუაშია! - უკვე რაღაც უაზრო, გაუგებარი გახდა ჩვენი საუბარი და გამეცინა კიდეც. იმაზე უფრო გამეცინა, განა ქართველები ეგრე არ გაიძახიანო, რომ თქვა.

მოხუცი გამინაწყენდა. ერთხანს უხმოდ იჯდა, მერე მომიბრუნდა და მკითხა:

- ეგ ქართველები თავიანთ გასაჭირს ვის აბრალიან?

ისეთი ტონი ჰქონდა მოხუცს, ლამის გამეცინა, მაგრამ თავი შევიკავე. არაფრით არ მინდოდა გული ტკენოდა.

- არავის. ვის უნდა დააბრალონ!

მოხუცი კარგა ხანს სდუმდა. მერე თავი გადააქნია და წამოდგა.

- უნდა წავიდეთ, ვგონებ, ჩაიარეს, - სადარბაზოს კარისაკენ გაემართა, გამოაღო - ცხენოსნები! - შიშით წამოიძახა და კარი მიხურა. კართან მივედი, გამოვაღე. ხუთი მხედარი ცხენებს მიაჭენებდა. იმან გამაოცა, რომ ეგ ცხენოსნები რუსებს არ ჰგავდნენ - ჩემსავით მორთულიყვნენ. ჩოხა-ახალუხი ჩაეცვათ. დამარბევლები უკვე შორს იყვნენ, ქუჩის ბოლოში, მაგრამ კარგად დავინახე, რომ ის ცხენოსნები დამარბევლებს მათრახით დაერივნენ.

- აი, ნახეთ, მოხუცო, ნახეთ, რა ხდება! - ის ცხენოსნები დამარბევლებს დაერივნენ, სცემენ.

- რას ამბობთ! - ისევ კარს მოვარდა მოხუცი, მის თვალებში რაღაც შუქი აკიაფდა. მაგრამ ეს შუქი უმალ ჩაქრა, - რას ამბობ, შეუძლებელია.

- აი, შეხედეთ! - ახლა უფრო ცხადად ვხედავდი, რომ ცხენოსნები იმათ ურტყამდნენ.

- მართალი ხარ... რა ხდება? ჩვენ ვიღაც გვიცავს? გაუგებარია, უცხოელო, გაუგებარი!.. - უცებ მე მომიბრუნდა, სახე გაეყინა - ცუდად არის ჩვენი საქმე! თავს უნდა ვუშველოთ, თორემ იმათზე გაბრაზებულნი სულ აღარ დაგვინდობენ, ჯავრს ჩვენზე იყრიან. მერე თვალებში იმედის სხივი ჩაუდგა, მას თვალი გავაყოლე. ისევ იმ პოლიციელს შესცქეროდა - მომყევი, დრო აღარ ითმენს! - გავიდა, პოლიციელისაკენ მტკიცე ნაბიჯებით გაემართა, მიუახლოვდა თუ არა, ერთობ თამამდ ამოიღო ჯიბიდან ფული, გაშალა. პოლიციელმა კი დაუბღვირა და იყვირა:

- რა არის ეს?

- ფული. რუსეთის იმპერიის ფული, აი, ხომ ხედავ, აქ მამილო მეფე ახატია, აქ...

- მერე? - ისევ ბრაზით იკითხა პოლიციელმა.

- მე მინდა ვინმემ დამიცვას, მე მინდა ვინმემ სახლამდე მიმაცილოს. ვიცი, ჩვენ ამის ღირსნი არა ვართ, ამხელა რუსეთი რომ ტლაპოში გდია, ეს სწორედ ჩვენი, ებრაელების ბრალია და არა სხვათა, მაგრამ... ხომ მაქვს უფლება მშვიდობის ყიდვისა. მ ომყიდეთ მშვიდობა...

პოლიციელის სახეს ღიმილი მოეფინა, ფულს თვალს არ აცილებდა, ხმაშიც სილბო დაეტყო.

- თქვენ გგონიათ, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება?

- ადამიანი მხოლოდ იმას ყიდულობს, რასაც ჰყიდიან.

- ეს ვინ არის? - პოლიციელი ჩემსკენ მოტრიალდა.

მოხუცმა მე შემომხედა. ერთხანს ისე მაცქერდებოდა, თითქოს პირველად მხედავდა და მეც უხერხულად ვიგრძენი თავი:

- ეს? - მოხუცმა გაიღიმა. - ამას უნდა ჩემნაირი იყოს, მაგრამ ვერ გახდება მანამ, სანამ მშვიდობას ჩემსავით არ იყიდის.

პოლიციელს ჩემი ვინაობა ისე აინტერესებდა, როგორც ლოთს ის, თუ საიდან მოდის არაყი - ფულს მისჩერებოდა.

- აი, ეს კაცია მოწმე, რომ მე შენთვის ფული არ მითხოვნია. - და მოხუცს ფული გამოართვა.

- აბა, რას ამბობთ, რა ფული, რის ფული, მე თქვენ მშვიდობა მაჩუქეთ.

- მომყევით! - თქვა პოლიციელმა და წინ გაგვიძღვა.

იგი მიდიოდა როგორც სარდალი. ძალიან ფართო ნაბიჯებს დგამდა. ჩემს საბრალო თანამგზავრ ზალცმანს კი უჭირდა მისთვის ფეხის აწყობა, ამიტომ ლამის სირბილით მისდევდა. მალე დაიღალა.

- ნელა, ნელა - ასე ჩქარა სიარული არ შემიძლია. - შესძახა პოლიციელს.

პოლიციელი მობრუნდა, უცნაურად, ყეყეჩურად გაიღიმა და მოხუცს მოაძახა:

- დრო ფული ღირს, ბებერო, ფული! - ისევ ჩქარი ნაბიჯით განაგრძო გზა. ეგ კი არადა, ფეხს აუჩქარა. კი, კი, ეგრე იყო. ლამის გარბოდა, დრო-დადრო მოხუცს მოუბრუნდებოდა, გაიცინებდა და ყოჩაღად, ფართო ნაბიჯებით განაგრძობდა გზას.

ვხედავდი, რომ მოხუცს ძალა ელეოდა, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ თავს ებრძოდა - ცდილობდა პოლიციელს არ ჩამორჩენოდა.

- ჰა, ხომ არ ბრაზობ, ბებერო? - პოლიციელმა კიდევ მოხედა მოხუცს, გაიღიმა, პასუხს არც დაელოდა, ისე გაიქცა. პოლიციელის საქციელი ჯერ მაოცებდა, ახლა კი ბრაზით ამავსო.

- არა, არა! - დაიძახა მოხუცმა და ჩაიკეცა.

- ჰა, რა იყო, ბებერო? - დამცინავი ღიმილით ჰკითხა პოლიციელმა.

მოხუცს გული ლამის საგულედან ამოვარდნოდა, ამიტომ ლაპარაკი უჭირდა. ჯიბიდან ფული ამოიღო, პოლიციელს გაუწოდა, ხმას კი ვერ იღებდა, უჭირდა.

პოლიციელი კვლავ გაიღმიჭა და ვიგრძენი როგორ აივსო ჩემი მოთმინების ფიალა.

- ესეც რომ მოგცე... ოღონდ სახლამდე ცოცხალი მიმიყვანე და... - ნაწვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა, მაგრამ პოლიციელისათვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა - ფულს ხელი სტაცა და ჯიბისაკენ გააქანა.

- აბა, გავუყვეთ, რასაკვირველია, ნელა ვივლი. შენც ნელა იარე, ოღონდ, იცოდე, მეჩქარება, წამოდექი, წამოდექი! ვიჩქაროთ!

მოხუცი წამოაყენა და წინ გავარდა, ისევ ჩქარი ნაბიჯით გაუყვა გზას. მოხუცინ კვლავ მიწაზე დაეშვა. სევდით აღვსილი შესცქეროდა პოლიციელს. ამ სევდამ გული მომიკლა და პოლიციელს შევძახე:

- მოიცა! - პოლიციელი გაოცებული მომიბრუნდა, და გულცივად თქვა:

- გისმენთ.

- აი, ეს მოხუცი ზურგზე შეისვი! - ჯიბიდან ფული ამოვიღე.

- ზურგზე ურია შევისვა?

- აი, ამას ხედავ? - ფული თვალწინ ავუთამაშე - თუ არ გინდა... ფული ჯიბისაკენ წავიღე.

- წავიდეთ, წავიდეთ, აბა, წამოდექი! - ზალცმანს მიუბრუნდა პოლიციელი.

- ახლავე, ახლავე, ხელი მომაშველე! - პოლიციელმა მოხუცს ხელი კი გაუწოდა, მაგრამ მისი წამოყენება არც უცდია. მე მომიბრუნდა და მკითხა:

- რამდენია?

- შენ რამდენი გინდა?

- ბევრი რისთვის გინდა?

- იმისთვის მინდა, რომ - შეყოვნდა, პოლიციელმა არ იცოდა თუ რისთვის უნდოდა ბევრი ფული - მინდა!

- სახლამდე ზურგით თუ მიიყვან, სამ ოქროს მოგცემ.

- სამ ოქროს? - პოლიციელს თვალები გაუბრწყინდა და ამით მივხვდი, რომ აქ ოქროს ადამიანის ღირსებაზე მეტი ფასი ჰქონია. პოლიციელი ჩემს დასტურს არ დაელოდა - ჩაცუცქდა და მოხუცს ზურგი მოუშვირა - შეჯექი, მოხუცო, ჩქარა, ჩქარა! შენთან სეირნობას ეგრე მიჯობს, უცებ მიგარბენინებ.

მოხუცმა სიბრაზით სავსე მზერა მომაპყრო.

- დროზე, რას ელოდები! - შესძახა პოლიციელმა, მოხუცს მიუჩოჩდა, უკნიდან ხელი ჩაავლო და ისე უცებ მოიგდო ზურგზე, მეც გამიკვირდა. ზურგზე მოხუცწამოკიდებული წამოდგა და ბედნიერი კაცის გამომეტყველებით მითხრა:

- ფული!

სამი ოქრო დაუყონებლივ დავუდე ხელისგულზე.

- წავიდეთ! - შესძახა გახარებულმა პოლიციელმა და ძუნძულით გაუყვა გზას.

- რას აკეთებთ, რას შვრებით! - გაცხარდა მოხუცი - ახლავე ჩამომსვი, ჩამომსვი-მეთქი!

პოლიციელს კი ისე ძლიერ შემოეჭდო ხელები, რომ ამაოდ იბრძოდა.

- ახლავე, ახლავე მიგიყვან სახლში. რას ცქმუტავ, მოხუცო, შენ მე ხელს მიშლი!

- შეჩერდი, შეჩერდი! არ მინდა! - არ ცხრებოდა მოხუცი.

- არ მოგწონს? რბილად გატარებ, ახლავე მიგიყვან. სად ცხოვრობ?

მოხუცმა მაინც დააღწია თავი - პოლიციელის ზურგიდან ჩამოცურდა.

- სად გარბიხარ, ეს რას ნიშნავს, აქ მოდი, აქ მოდი-მეთქი!

მოხუცი კი მე მომვარდა:

- აკი ებრაელი ვარო!

- ვარ კიდეც.

- ებრაელები ეგრე არ იქცევიან!

- ვინ იქცევა ეგრე, მოხუცო, ვინ!

პოლიციელი კი ზალცმანს ეცა, ცდილობს კვლავ ზურგზე შეისვას:

- აბა, აქ მოდი! სწრაფად, სწრაფად, რას აკეთებ, სად გარბიხარ, აი, ეგეთი უგვანოები ხართ ყველანი, კიდევ გაიძახით არ ვუყვარვართო!

- დამეხსენ, არ მინდა, ვიაროთ, წავიდეთ!

მე კი მინდოდა ამ ბრიყვ პოლიციელს სწორედ ზურგით ეტარებინა მოხუცი და ვთქვი:

- არა, მოხუცო, უნდა შეაჯდე!

ჩემმა სიტყვებმა, როგორც ჩანს, მოხუცის მოთმინების ფიალა აავსო:

- შენ ბრძანებებიც დამიწყე? აქედან მოაცილე ეგ შენი ოქრო!

- აჰ, ოქრო გინდათ? აი! ბებიაშენისა! ხლავე შეჯექი, შემაჯექ-მეთქი, ვის ვეუბნები მე! - მოხუცს დაედევნა პოლიციელი.

- ნამდვილი ებრაელები ეგრე არ იქცევიან, ნამდვილი ებრაელები სალოცავში ხანჯლით არ დადიან! - ბრაზით მესროლა ზალცმანმა და უკანმოუხედავად წავიდა.

ამასობაში ერთ პატარა ქუჩაზე გავედით და ჩემს თვალწინ უცნაური სანახაობა გადაიშალა. მე ომი არასოდეს მენახა, მაგრამ, ალბათ, ასეთი უნდა იყოს ქალაქი, რომლის ქუჩებსაც მტერი შეესია. ქუჩის ორივე მხარეს ჩამწკრივებული სახლები ნასახლარებს ჰგავდნენ. ჩამტვრეული ფანჯრები, ჩამოლეწილი კარები, მონგრეული აივნები... მომეჩვენა, რომ სახლებს მუხლი მოეხარათ, დაჩოქილიყვნენ. შუნთქვა შემეკრა. მე აქ ჩქარა სიარული არ შემეძლო, რადგან ყოველი ეზო, სახლი, თავისკენ მეძახდა. აგერ სახლი იწვოდა, ისე გულგრილად, უხმაუროდ იწვოდა, თითქოს ადამიანებს უნდა აჩვენოს როგორ იწვის სახლიო. ეზოებში დანით დაფატრული ლოგინი მიმოფანტულიყო. ბუმბული ისე უშფოთველად დაცურავდა ჰაერში, თითქოს სუფთა ჰაერზე სასეირნოდ გამოსული ბებია და შვილიშვილი გარემოს ათვალიერებდა. გადაყირავებული კარადები, საწოლის ბადე, დიდი, ვეება გრამაფონი, ფეხმოტეხილი სკამები, აგერ იქ, კამოდი, კამოდის უჯრა გამოღებული დარჩენოდათ, თუმცა, შიგ უკვე აღარაფერი იყო. ეზოებში დაფხრეწილი თორები ეყარა, ტანსაცმელი... ჩემს ფეხებთან ვიოლინო შევნიშნე, დავიხარე მის სიმს თითი ჩამოვკარი. არავითარი ხმა არ გამოსცა.

აქ არავინ ტიროდა, არც კვნესოდა ვინმე და ამიტომ თუ მომეჩვენა, რომ ყრუთა ქვეყანაში მოვხვდი. ადამიანები უტყვად დააბიჯებდნენ ეზოებში, ვითომ რაღაცას ალაგებდნენ, საგნები ერთი ადგილიდან მეორისკენ გადაჰქონდათ, ალბათ, ის თუ ეწადათ ცხოვრებისათვის ადრინდელი სახე მიეცათ, გარეგნულად მაინც, მაგრამ...

ლამის მილიციელის ზურგს მივარტყი ცხვირი. თავი ავწიე. პოლიციელის წინ ახალგაზრდა ქალი იდგა. ქალს ხელში თეთრ ზეწარში გახვეული საგანი ეჭირა. მის უკან კი მასავით უტყვი ადამიანები იდგნენ - უტყვი, ნაცემი, ტანსაცმელჩამოფლეთილი, სახედასისხლიანებული ადამიანები იდგნენ და პოლიციელს მისჩერებოდნენ. ზოგის მზერაში იმედი იდგა, ზოგისაში - ბრაზი, ზოგიერთს კი თითქოს ამ ქვეყნისა არც არაფერი ეკითხებოდა და ამიტომ არც რა ეწადათ.

- რა გინდა? - შეუღრინა პოლიციელმა იმ ქალს.

ქალი კვლავ უხმოდ იდგა,

- რა გინდა? - შეუღრინა პოლიციელმა იმ ქალს.

ქალი კვლავ უხმოდ იდგა, პოლიციელს შესცქეროდა, თითქოს მან უნდა თქვას რაღაც და ესეც ამის გამო სმენად ქცეულაო. თქვა კიდეც პოლიციელმა:

- რა გინდა-მეთქი, დედაკაცო! - კი არ თქვა, იყვირა, იღრიალა და, ქალმა რომ კვლავ არ მოიღო ხმა, ახლა იმ ხალხს მიუტრიალდა, ქალის გვერდით რომ მოეყარათ თავი.

- რა გინდათ, ვინ ხართ, აქ რას დაეხეტებით!

პასუხი კვლავც არავინ გასცა, კვლავ დუმილი ჩამოწოლილიყო ირგვლივ და, ალბათ, ამით გაღიზიანებული პოლიციელი ახალგაზრდა ქალს ეცა.

- რა არის ეს! სად მოიპარე! - ქალმა არ დაანება, ისე ჩაფრენოდა, ზეწარში გახვეულ საგანს, პოლიციელმა ვერაფრით ვერ წაჰგლიჯა ხელიდან. ახლაღა ვიცანი ეს მდუმარე ქალი. ის იყო, კი, კი, ის იყო სალოცავში რომ ეგრე ხტუნავდა და იციკს საცეკვაოდ იწვევდა. და მე გონებაში უცებ გამიელვა თუ რა უნდა ყოფილიყო გახვეული იმ ზეწარში.

ქალი უხმოდ ებრძოდა პოლიციელს - არ ანებებდა ზეწარში შეხვეულ საგანს, თვალებში სიშმაგე ჩადგომოდა, ტუჩებს იკვნეტდა, ხმას კი არ იღებდა.

ეს კიდევ უფრო აღიზიანებდა პოლიციელს და ქალს მხარიც გაჰკრა, წაართვა, როგორც იქნა, წაართვა ის, რასაც ამდენ ხანს ეჭიდებოდა, თავი გადაუხსნა და ქალს შესძახა:

- რა არის ეს? რა არის ეს! ვისია ბავშვი!? - ფუთა კვლავ ქალს შეაჩეჩა. ქალი კი, თითქოს ახლა გააცნობიერაო თავისი მდგომარეობა, მუხლებში ჩაიკეცა და აქვითინდა. ხმამაღლა, გულსაკლავად ქვითინებდა. იმ ქალს უკვე ვეღარ ვხედავდი, ირგვლივ ადამიანები შემოეხვივნენ, გულსაკლავი ქვითინი კი მესმოდა, მაგრამ თვალწინ სალოცავში მისი ცეკვა მედგა, იმას ვხედავდი, თუ როგორ ცეკვავდა და ის მესმოდა, თუ როგორ დასტიროდა თავის ჩვილს.

- დაიშალეთ, დაიშალეთ, რა მიტინგი გამიმართეთ აქ! საღამოს ბოქაულთან გამოცხა დდით, იქ დასწერეთ ყველაფერი! - ადგილიდან რომ არავინ დაიძრა, პოლიციელ8ი ერთ კაფანდარა ბერიკაცს ეცა - გზა, გზა, ძაღლიშვილო! კანონს ეურჩებით? ხომ ხედავთ, წესრიგს ვიცავ - ხალხი მიმყავს - პოლიციელი მოხუცს ისე აჯანჯღარებდა, როგორც კასრს, როცა მისი გამორეცხვა გვინდა. ის მოხუცი კი (მერე გავიგე - იოქანანი რქმევია) ცდილობდა ჯოხს ისე დაყრდნობოდა, არ წაქცეულიყო. მოხუცს - ხან აქეთ გადააქანებდა პოლიციელი, ხან იქით, ის კი მაინც ფეხზე იდგა, მაინც არ ეცემოდა, ხმას არ იღებდა, სახე კი დამანჭვოდა, ზიზღისაგან დამანჭვოდა სახე, ამ დროს ადამიანების წრეში ქვა ჩავარდა. მეორე ქვა იოქანანს ხელზე მოხვდა.

ახალგაზრდა ქალის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებში კი ერთი ალიაქოთი ატყდა, წრე დაიშალა, უაზროდ გარბი-გამორბოდნენ, რადგან დაინახეს, რომ ხალხის ბრბო ოთხივ კუთხივ მოიწევდა მათკენ. ისე მოდიოდნენ, თითქოს საცეკვაოდ მიეშურებიანო, ხელში კეტები, ქვები, რკინის დიდი ნაჭრები და სხვა ათასი რამ ეჭირათ. ზოგი ცეკვა-ცეკვით, ტანის რხევით მოდიოდა, გეგონებოდათ მუსიკის რიტმს აჰყოლიანო, ზოგიც - სირბილით ეკვეთა აქეთ-იქით მიმოფანტულ ებრაელობას, არიქა, არსად გაგვექცნენო, ზოგი კიდევ სიხარულით ხტოდა.

- დასცხეთ ბიჭებოო!

- გარბიან, არ გაუშვათ!

- გვავიწროვებენ, ლუკმა-პურს გვართმევენ!

- რუსეთი - რუსებისათვის!

- ვიხსნათ რუსეთი!

- დაჰკათ ურიებს, იხსენით რუსეთი!

ყველაფერი სინემაში ნანახ სურათებს დაემსგავსა. ადამიანები ერთმანეთს დაერივნენ. უფრო ზუსტად ისინი დაერივნენ აქ მყოფთ, ვინც ახლა მოვარდა.

ჩემს გვერდით ვიღაცამ გარმონი გაწელა და დასძახა:

- სამშობლო მოგიხმობთ, დასცხეთ, მამულიშვილნო, დასცხეთ, ეეხ, რა კარგი იქნებოდა ცხოვრება, ეგენი რომ არ გვირევდნენ საქმეებს!

- რა დროს ეგ არის, რა დროს გარმონია! აქეთ მომყე! - კოზიროკიან ქუდში ჩასცხო მეგარმონეს ვიღაც ახმახმა და ებრაელთა სახლებისაკენ გავარდა.

- ანდრეი დიმიტრიევიჩ, ანდრეი დიმიტრიევიჩ! - მომესმა იოქანანის ხმა, მოვტრიალდი, მასავით ბერიკაცს მისძახოდა. იმ ბერიკაცს თეთრი ხალათი ეცვა, თავზეც ჭილოფის ქუდი ეხურა, ხელში წიგნების საკმაოდ მძიმე ჩანთა ეჭირა.

- რა ხდება ეს, იოქანან, რა უბედურებაა ჩვენს თავს! - იოქანანთან მივიდა ის კაცი, ანდრეი დიმიტრიევიჩო რომ დაუძახა იოქანანმა.

- ხომ ხარ შენ რუსი, ხოა ეს შენი ხალხი, უთხარი რამე, დააწყნარე, დაგვინდონ. ვიშველე, ანდრეი დიმიტრიევიჩ, გვიშველე!

- შველა, თურმე, ჩვენ გვჭირდება, იოქანან! - სთქვა ანდრეი დიმიტრიევიჩმა და დამარბევლებს მიუბრუნდა - მეგობრებო, ბატონებო, რუსებო, რას შვრებით, გონს მოდით!

მისი ხმა არავის გაუგონია. ვინ გაიგონებდა, როცა ირგვლივ ერთი გნიასი იდგა.

- იქით, იქით, იმ სახლისაკენ! - მწვანე აივნიანი სახლისაკენ მიუთითა ქალებს მსუქანმა დედაკაცმა, თვითონ კი სულ სხვა მხარეს გაიქცა.

- ოჯახებს მიხედეთ, ისრაელებო, ოჯახებს! -ყვიროდა ვიღაც.

- შენ ხომ იცი, რომ მე ჩხუბი არ შემიძლია, ანდრეი დიმიტრიევიჩ, მაგრამ ოჯახი უნდა დავიცვა - თქვა იოქანანმა და რკინის ნაჭერს დაავლო ხელი. ის რკინა ისე ეჭირა, აშკარა გახლდათ არასოდეს არცერთი იარაღი არ სჭერია ხელში.

- მეც, მეც, ერთად წავიდეთ! - იოქანანს გვერდში ამოუდგა ანდრეი დიმიტრიევიჩი.

იოქანანი თავისი სახლისაკენ მიდიოდა, ანდრეი დიმიტრიევიჩი გვერდით მისდევდა, წინ ყმაწვილი კაცი გადაუდგათ, პირმცინარი, ფართო სახის იყო:

- სად გარბიხართ, ბებრებო, ვის მისდევთ? - ღიმილით შესძახა იოქანანს. მერე უცებ მარჯვენაში სტაცა ხელი - ჰა, ბებერო ურიავ, ქრისტიანი უნდა მოკლა? ხალხნო, ხალხნო! - აყვირდა ის ბიჭი, შეხედეთ, აი, ეს ბებერი მკლავდა, აი, ეს ბებერი თქვენს ვასიას რკინას ურტყამდა თავში.

ანდრეი დიმიტრიევიჩი აწრიალდა. არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, წიგნებით სავსე ჩანთა ფრთხილად მისდო კუთხეში და ვასიას ხელებში სწვდა.

- ხელი, ხელი უშვით, ყმაწვილო, რას სჩადით, როგორ კადრულობთ!

ვასიას ჯერ ღიმილი მოედო სახეზე, მერე აღფრთოვანებაც კი გამოეხატა და შესძახა:

- ოჰ, ჩვენი ინტელიგენციაც აქ ყოფილა, გამყიდველი ინტელიგენცია! აბა, აქ მოდით! - იოქანანი და ანდრეი დიმიტრიევიჩი იღლიაში ისე ამოიდო, თითქოს კატის კნუტები ყოფილიყვნენ - რა გიყოთ ახლა მე თქვენ, რომელ თხრილში გადაგაგდოთ?

ის კი, ანდრეი დიმიტრიევიჩი, ვასიას უმწეოდ ურტყამდა მუშტებს უკანალზე და რაღაცას ყვიროდა, მაგრამ მის ყვირილს ვინ გაიგონებდა, როცა თავად არ ესმოდა თავისი უღონო ხმა. ვასიამ ეგრე პირზე ღიმილდაფენილმა გაარბენინა ორივე.

სწორედ იმ სახლიდან, სადაც იოქანანი მიემართებოდა, ერთი მსუქანი, ფაშფაშა დედაკაცი გამოვარდა. უცნაური სანახავი იყო ის დედაკაცი: ჯერ ერთი, არ ვიცი მართლა ასეთი ფაშფაშა იყო, თუ ასეთ შთაბეჭდილებას სტოვებდა, რადგან თავის კაბაზე ორი-სამი კაბაც გადაეცვა, ზედ კოსტუმიც მოეცვა და იმ კოსტუმზე კიდევ მოკლე ჯუბა ჩაეცვა. მაგრამ მისი სქელი გავა და ფართო მკერდი მაინც იმას მეტყველებდა, რომ საკმაოდ ჩასუქებული უნდა ყოფილიყო.

და, აი, სწორედ ამ ქალს რამდენიმე საბანი მოჰქონდა თან. ძნელია იმის თქმა, თუ როგორ ახერხებდა ამდენი ატლასის საბნის ტარებას, მაგრამ იქნება მაინც აგიხსნათ. შევეცდები: ორი საბანი დაემრგვალებინა და მარცხენა ხელში ეჭირა, ხელი ძლივს სწვდებოდა. მაგრამ მაინც მოჰქონდა. ერთი საბანი მხარზე გადაეგდო, ჯუბაზე ქამარი შემოერტყა და საბნის ბოლოები იმ ქამარში გაერჭო, სწორედ იმ ქამრით იჭერდა მხარზე გადადებულ საბანს. ორი ოთკუთხედად მოკეცილი საბანი თავზე დაედო და მარჯვენა ხელს აშველებდა არ გადმომიცვივდესო. უჭირდა. ალბათ ამიტომ თუ ყვიროდა:

- კოლია, კოლია, კოლინკა... მომეშველე, მომეშველე, ჩქარა! ერთი საბანი მაგ ძაღლებისას დამრჩა... რისთვის უნდა დავუტოვო! - ის ორი საბანი თავზე რომ დაიდო, ცურავდა, ამიტომ უჭირდა.

მაგრამ ის ვიღაც კოლია არსად სჩანდა. კოლიას მაგიერ ერთი გამხდარი თვალებშეშუპებული ქალი მივარდა და შესძახა:

- სად მიგაქვს საბნები!

- რა შენი უკანალის საქმეა! - არც გაუჩერდა მსუქანი, გზა განაგრძო.

- ეგ საბნები გუშინ მე შევათვალიერე, მე უნდა წამეღო.

- ამ ჩემს ფეხებს! - მსუქანი არც მიუბრუნდა.

- ეგ საბნები მე მინდა!

- შენ კოლიაც გინდა, მაგრამ ჩააფურთხე!

ის მაღალ-მაღალი ქალი შედგა. მიმავალს ზიზღით გააყოლა თვალი, მერე უცებ ადგილს მოსწყდა, გაექანა და მსუქანს გამეტებულად ჩასცხო წელში წიხლი. მსუქანი ჯერ წაბორძიკდა, მერე ჩაიკეცა. იმ გამხდარმა მიწაზე, მტვერში მიმოფანტულ ატლასის საბნებს ცქვიტად დაავლო ხელი და გაიქცა. თუმცაღა, იმის გამო, რომ საბნები ფეხებში ებლანდებოდა, სირბილს ვერ ახერხებდა. ერთის ბოლოს რომ აიქნევდა, მეორის ბოლო ჩამოეშვებოდა და მიწას რომ მიხვეტავდა, ეს არაფერი, ეს არ ადარდებდა იმ გამხდარსა და მაღალ-მაღალ ქალს, აი, ფეხებში რომ ედებოდა და სიარულს რომ უშლიდა, ეგ კი აღიზიანებდა და, ვგონებ, იგინებოდა კიდეც.

მსუქანმა თავი წამოსწია და იყვირა, მიშველეთ, ურჯულოები მკლავენო. მაგრამ რა დაინახა მაღალ-მაღალი ქალი შორს არ წასულიყო, გაჩუმდა. წამოწევა სცადა, გაუჭირდა. წელზე ხელი დაიდო, იქვე ქვა დაინახა, იმ ქვასთან მიფოფხდა, აიღო, წელი ძლივს აითრია, ორიოდე ნაბიჯი ფრთხილად, გაუბედავად გადაგა, სახეზე ღიმილი მოედო და იმ ქვიანად შურდულივით გავარდა მაღალი ქალისაკენ, ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი, თუ ის მსუქანი ქალი ასე შეხტომას მოახერხებდა. შეხტა. ქვა თავში გამეტებულად ჩასცხო მაღალ ქალს. ქალი მოცელილივით დაეცა. მსუქანმა დახედა, ერთხანს ნიშნისმოგებით უყურა, მერე საბნები მოკრიფა, ნელ-ნელა კრეფდა, აუჩქარებლად, ყველა საბნის ბოლოს წაავლო ხელი, ისევ მაღალს მიუახლოვდა, დახედა:

- შე ბოზო, შენა, შენ კოლიაც გინდოდა, მაგრამ... ჩააფურთხე! - იმ მაღალ-მაღალ ქალს დააფურთხა და ნელი ნაბიჯით წავიდა. ატლასის საბნების ბოლოები ხელში ეჭირა. საბნები ქუჩას მიხვეტავდა. უ ცებ სახეზე გამოცოცხლება დაეტყო, თვალებში ალერსი ჩაუდგა.

- კოლია, კოლინკა! - შესძახა. ერთ ახალგაზრდას მივარდა, გვერდზე გაჭრილი სატინის ხალათი ეცვა იმ ბიჭს. ხელით საკერავ მანქანას მოათრევდა და ქალისაკენ არც მოუხედნია - კოლია, კოლინკა, ძვირფასო!

- რა გინდა, ხომ ხედავ, არა მცალია!

- ნახე, რა წამოვიღე შენთვის, საბნები, ატლასის საბნები!

იმ კაცმა კი არ მოხედა, ისე ჩაილაპარაკა: „წადი, შენი“, მაგრამ უცებ შედგა, საკერავი მანქანა მიწაზე დადგა და ქალს მოუბრუნდა.

- რამდენი ეღირება? - ოფლი მოიწმინდა.

- რა? - ჰკითხა მსუქანმა ქალმა.

- რა და ეს! - გაბრაზდა კოლია და წელსქვეგვით მიუთითა - საკერავ მანქანაზე გეუბნები. ბაზარში რამდენად გაიყიდება-მეთქი!

- აბა, რა ვიცი, აი, ეგ საბნები უფრო ძვირი ღირს.

- გაახურე, რა! - კოლიამ მანქანას ხელი წაავლო - გზა განაგრძო, მერე მსუქან ქალს მოუბრუნდა - არ შემეშვები, ჩათლახო, არ შემეშვები!

- შენთვის, კოლია, შენთვის! - ალერსით უთხრა ქალმა.

- ფუჰ! გული მერევა! - მოაფურთხა კოლიამ ქალს, კვლავ საკერავ მანქანს სწვდა და გზა განაგრძო.

მსუქან-მსუქანმა ქალმა ერთხანს უყურა მიმავალ კოლიას, თვალებში ნელ-ნელა ჩაუდგა ცრემლი, მერე, როცა ცრემლის მოწმენდა დააპირა, გააცნობიერა, რომ საბნის ბოლოები შერჩენოდა ხელთ, საბნები ბრაზით მოიქნია, მიწაზე მიმოფანტა და ზედ შედგა.

- აი, ეგრე, ეგრე, ეგრე! - გაიძახოდა თვალებში ცრემლჩამდგარი და საბნებს ფეხებს ურტყამდა.

ადამიანები გარბი-გამორბოდნენ, საბნებს გადაუარეს, გადაქელეს. რამდენიმე ხანში მის ნაგლეჯებსღა ვხედავდი.

ზალცმანი დავინახე. მას მივვარდი.

- გამაგებინეთ, რა ხდება აქ!

ზალცმანმა თავი ასწია. თვალებში იმოდენა სევდა ჩასდგომოდა, ტანში გამცრა. ხმადაბლა თქვა:

- მე რა გაგაგებინო, ამაზე უკეთ როგორ აგიხსნა.

- კი, მაგრამ რატომ, რისთვის!

- იმიტომ, რომ... იმიტომ, რომ ჩვენ ღვთის რჩეული ერი ვართ, - მწარედ ჩაილაპარაკა ზალცმანმა.

მადლობა, შენ უფალო, რომ აგვარჩიე, მრავალთა და ღირსეულთა შორის სწორედ ჩვენ დაგვადე ხელი - დაგვიახლოვე, მოგვეც უფლება ერთსა და ნამდვილ ღმერთს ვემსახუროთ, მაგრამ რამოდენა საზღაურს ვიხდით ამისთვის... საუკუნეები საუკუნეებს მისდევენ, ეს საზღაური კი ვერ გადავიხადეთ. რა უნდა იყოს რჩეულობა იმისა, ვუნც დღედაღამ თავის გადარჩენაზე ფიქრობს. ცოტა უფრო ხშირად გადაგვაფარე შენი კალთა, იქნებ, ძალაც მოგეცა ჩვენთვის, ძალა, რომელიც ამ ცისქვეშეთში ებრაელობის შენარჩუნებას გმირობად კი არა, ჩვეულებრივ ცხოვრებად აქცევდა.

ქალის თავზარდამცემმა კივილმა სულ სხვა მხარეს მომატრიალა: ახალგაზრდა წვეროსანს ახალგაზრდა ქალის გრძელი თმა ისე დაეხვია ხელზე, როგორც ცხენის აღვირი, სწორედ ისე მიათრევდა, როგორც ცხენი, მასზე აკიდებულ ნანადირევს. ქალი უძალიანდებოდა, კიოდა, მშველელს უხმობდა, მაგრამ მისი კივილი არავის ესმოდა. წვეროსანი ხარხარით მიათრევდა ქალს. ღობესთან მიათრია, კუთხეში, კაკლის ხის ქვეშ, იქ ნაკლებად ირეოდა ხალხი, ფეხზე წამოაყენა და ღობეს მიაკრა. ქალი მკერდზე უღონოდ ურტყამდა მუშტებს, ეს კი უფრო ახელებდა იმ წვეროსანს და გაიძახოდა.

- ო, რახილ, რახილ, როგორც იქნა... რამდენი ხანია მინდიხარ, რამდენი ხანია...

ახლაღა შევამჩნიე, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო. მუცელი წამოზრდოდა. მაღალ მკერდზე კაბა შემოფლეთოდა, სავსე ძუძუები გადატყავებოდა, და გასისხლიანებოდა. წვეროსანმა კაცმა ქალს სწორედ გადატყავებულ ძუძუებში ჩაავლო ხელები, თავის ფართო ტორებში ხარხარით მოიქცია მისი ძუძუები. ქალი გულისგამგმირავად აკივლდა. არა ვგონებ რომ იმ წუთში ნამუსის შენახვის სურვილი აკივლებდა - გადაგლეჯილ, დასისხლიანებულ ძუძუებზე მურდალი ხელის შეხება უკივლებდა სულს.

სუნთქვა შემეკრა, ხანჯლის ტარს წავავლე ხელი და წვეროსნისაკენ გადავდგი ნაბიჯი. მივდიოდი და არც კი ვიცოდი რას ვიზამდი - ნუთუ, კაცს მოვკლავდი? მაგრამ თქვენც გეცოდინებათ, რომ ღმერთი იცავს კაცს განსაცდელისაგან. ახლაც ასე მოხდა - ღმერთმა იმით მიხსნა, რომ ქალმა გონება

დაჰკარგა და ღობესთან ჩაიკეცა, სწორედ მაშინ დაჰკარგა გონება, როცა წვეროსანმა კაბის ბოლოში წაავლი ხელი და აუწია. შევდექი. სუნთქვაშეკრული შევყურებდი რას იზამდა ის კაცი - ერთხანს უხმოდ დასცქეროდა გონებადაკარგულ ქალს, მერე რაღაც თქვა, ალბათ, თუ შეიგინა, ქალს ფეხი ამოჰკრა და გაეცალა.

ღრიანცელი, გინება, შეძახილები უცებ მიწყდა და სიჩუმე ჩამოვარდა, გამიკვირდა, რა მოხდა-მეთქი, გავიფიქრე და მოვიხედე. დაუჯერებელი რამ დავინახე, სალოცავიდან გამოსული ჯამაათი აქეთ მოეშურებოდა. მხრებზე ციცითები მოესხათ და ებრაულად გალობდნენ. მლოცველთ წინ რაბი მოუძღოდა. თორა გაეშალა. სალოცავიდან წამოსულნი ისე მშვიდად მოდიოდნენ, ისე უშფოთველად, ტკბილად გალობდნენ, თითქოს დაუნდობლობისა და სიძულვილის მორევში კი არა, გეთსიმანიის ბაღში დააბიჯებინო. დამარბეველნი უხმოდ და ვგონებ, გაოგნებულნიც კი შესცქეროდნენ მლოცველ ებრაელთ. ებრაელნი კი აუჩქარებლად მოიწევდნენ ორად გაყოფილ დამარბეველთა შორის, სულაც არ ეტყობოდათ, რომ მათი ოჯახის დამაქცევართა შორის მოდიოდნენ. მათს სახეებზე ტანჯვა კი არ აღბეჭდილიყო, ღვთის სამსახურით მონიჭებული სათნოება.

დამარბევლებმა დიდხანს ვერ გაუძლეს ამ დუმილს. მეგარმონემ გარმონი გაშალა და ააჭყიპინა. ეს თითქოს სიგნალი იყოო - გულის გამაწვრილებელი სტვენა და ღრიანცელი ატყდა. ებრაელთ წარბიც არ შეუხრიათ - ისევე განაგრძობდნენ გზას. აი, გალობა ჩაათავეს კიდეც და შედგნენ, დამარბეველთა წრეში გაჩერდნენ და უშფოთველად შესცქეროდნენ მათ, ელოდნენ თუ როდის დამთავრდებოდა სტვენა-ღრიანცელი. ებრაელთა უშფოთველობამ, როგორც ჩანს, დამარბეველნი დააბნია და სტვენა-ღრიანცელი ნელ-ნელა ჩაცხრა. ახლა აქა-იქ, კანტი-კუნტად თუ გაისმოდა იგი, რაბი თავჩაქინდრული იდგა და მშვიდად ელოდა, თუ როდის მიწყდებოდა იგი.

- რაბი ისაია! - ჩაილაპარაკა ჩემს გვერდით ვიღაცამ. რახილი იყო, უკვე წამომდგარა კიდეც - აქ რამ მოგიყვანა, რაბი ისაია!

კანტი-კუნტად ხმაურიც მიწყდა. რაბი ისაიამ თავი ასწია და თქვა:

- ბატონებო, ძმებო და დებო!

ხმაური მინელდა, ღრიანცელი შეწყდა.

- თქვენ გინდა მომისმინოთ მე. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ყურები კიდევ არ დახშულა, თქვენ კიდევ შეგიძლიათ გაიგოთ ადამიანის ტკივილი. - რაბი ისაია შეჩერდა, ხალხს თვალი მოავლო და განაგრძო: - ჩვენ აქ მოვედით მხოლოდ იმისთვის, რომ გითხრათ: ჩვენ არასოდეს გვქონია მტრობა ამ მიწისადმი, არ ვყოფილვართ თქვენი ორგული. ჩვენ ხომ ერთად ვაქცევთ ოფლს მიწას, რომ შვილები გამოვკვებოთ. თქვენ თქვენს მიწაზე ცხოვრობთ და ვერ მიხვდებით თუ როგორია ხვედრი დევნილთა, საუკუნეები მისდევენ ერთმანეთს, ჩვენ კი კვლავ უცხოობაში ვართ, თქვენი ტკივილი მხოლოდ ტკივილია, ჩვენს ტკივილს კი ის ემატება, რომ უცხო ნიწაზე გვტკივა. როცა თქვენ გშიათ, საკუთარ მიწაზე გშიათ, ჩვენ კი უცხო მიწაზე, უცხოთა შორის გვშია, თქვენი ცრემლი ცრემლია განშორებისა, ჩვენი ცრემლი კი მოტქმაა უცხოთა შორის დაკარგვის გამო. მითუმეტეს, თუ ამ უცხოობაში ყოველდღე თქვენსავით ჩაგვძახიან: „ურია“, „ურია!“ - რაბი გაჩუმდა, ვიგრძენი, რომ აღელდა და სწპრედ მღელვარების დაოკება უნდოდა - ერთხანს იყუჩა, მერე განაგრძო - თქვენ გგონიათ, ჩვენ მეტი გვაქვს, ვიდრე თქვენ, ეს არის მიზეზი სიძულვილისა. არა, ბატონებო, ჩვენ უცხოობამ მეტი შრომა და მოთმინება გვასწავლა. შრომაა დევნილი კაცის გზა გადარჩენისაკენ. შრომამ და მოთმინებამ ლუკმაპური მოგვცა. თქვენ ეს გიღრღნით გულს, ეს არის მიზეზი თქვენგან ჩვენი დევნილობისა, მაგრამ ჩვენ კიდეც გავღატაკდეთ, თქვენ მდიდარი ვერ გახდებით, ეს არ არის გზა თქვენი ბედნიერებისა.

ხმაური, შეძახილები უცებ ატყდა, როგორც ჩანს დამარბეველთ ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილეს და ახლა შეგონებები აღარ მოეწონათ.

- სანამ ვუსმინოთ!

- ქადაგებას მოჰყვა!

- მუდამ ღატაკნი იქნებითო!

- სადაცაა მოგვნათლავს კიდეც!

მსუქანი ქალი ჩვენს მხარეს იდგა, მისი კაცი, კოლია კი იქეთა მხარეს, მლოცველნი შუაში იდგნენ, მაგრამ ქალმა მაინც მიაწვდინა ხმა კოლიას:

- ხელი დაიფარე, კოლია, მეთერთმეტე თითი არ წაგაჭრას!

- ეგ უმანკო არსება არ დაგვიღუპო, გაუგონე! - მიაძახა კოლიას ვიღაცამ.

- ახლა კი დასცხეთ, ბიჭებო, ჩვენთან გატოლება, ჩვენს გვერდით დგომა მოინდომეს. - შესძახა წითელპერანგიანმა დამარბეველნი ერთბაშად როდი ეცნენ მლოცველ ებრაელთ - ჯერ გარს უვლიდნენ, ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ, წრეში იქცევდნენ. წრე თანდათან ვიწროვდებოდა, იკვრებოდა და გახევებულთა, გაავებულთა სალტეში აქცევდა მლოცველთ. დამარბეველნი ისე უხმოდ მიიწევდნენ შიშით დათრგუნული ებრაელებისაკენ, გეგონებოდათ ეპარებიანო, მერე ერთდროულად იყვირა ამ მასამ.

- არ დაინდოთ ეგენი! - და მლოცველთა წრეში შეიჭრნენ. დაუნდობლად ურტყამდნენ.

მოისმოდა შეძახილები:

- დასცხეთ!

- არ დაინდოთ!

- გვიშველეთ!

- ახლავე დატოვეთ ჩვენი მიწა!

- ჩვენ სამშვიდობოდ მოვსულვართ!

- უბედურნო, უბედურნო!

- ღმერთი დაგსჯით ამისთვის, ღმერთი არ გაპატიებთ!

- სადა გყავთ ის ცხენოსნები!

- ცხენოსნები მოგვისიეთ!

- არც ვიცით ვინ არიან!

- რუსეთის მტრები, მოღალატენი!

- ღმერთო, გვიშველე!

- რას შვრებით, რას შვრებით, რუსებო, სირცხვილი, სირცხვილი! - იყვირა იმ მოხუცმა რუსმა, ანდრეი დიმიტრიევიჩს რომ ეძახდა იოქანანი, მაგრამ მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა, სიტყვა ვეღარ განაგრძო.

- აბა, ეს რა არის, მოხუცო, თავს რატომ იკლავ? - დაეჭყანა მას კოლია - ხომ ხედავ, არ გიხდება. ხელიც ჰკრა, მოხუცი დაბარბაცდა, ჩაიკეცა.

- აი, ის შენი დამღუპველი, შენი წამხდენელი, შვილები, რუსეთო, ხალხი, რომელიც მუდამ ტლაპოსკენ გექაჩებოდა. დ ღესაც იქით მიყევხარ ჩემო საცოდავო, საბრალო რუსეთო! - ჩიფჩიფებდა მოხუცი და ფეხზე დგომას ლამობდა, მაგრამ დამარბეველნი ხან აქედან ეხლებოდნენ, ხანაც - იქიდან და ამ საბრალო მოხუცს ფეხზე დგომის თავიც არა ჰქონდა.

ამ დროს კვლავ მოვკარი თვალი რაბი ისაიას: ციცითი გაისწორა და თავის მრევლს მოუწოდა:

- ლოცვით, ისრაელებო, ლოცვით ვადიდოთ ღმერთი ჩვენი! ის დასჯის ბოროტს! - ციცითი თავზე გადაიფარა და ებრაული, ღმერთის მადიდებელი ჰიმნი წამოიწყო. დამარბეველნი იმან შეაკრთო, რომ რაბის წამოწყებული და სხვათა მიერ ატაცებული სიმღერა ძლიერ ტალღასავით წამოვიდა. ყველას თავზე გადაუარა და სადღაც იქ, ზღვასთან მინელდა.

ებრაელთა წრეს ერთი მაღალ-მაღალი, ძვალმსხვილი კაცი გამოეყო - კარგად დამამახსოვრდა შავი წარბები, შავი, გრძელი თმა, ფართო პირისახე ჰქონდა - წითელპერანგიანთან მიირბინა, მხრებიდან ციცითი მოიხსნ, დამარბეველთ ფეხებთან მიუგდო და ზედ შედგა.

- აი, აი, აი! არ მინდა, არ მინდა!

ებრაელთა სიმღერა მყისვე შეწყდა.

ვიღაცამ სინანულით, მწარედ ჩაილაპარაკა.

- იეხისკელ, იეხისკელ...

მერე ისევ დუმილი ჩამოვარდა. ებრაელები სიბრალულით შესცქეროდნენ იეხისკელს.

- გატყუებენ, გატყუებენ! - იყვირა იეხისკელმა - ლოცულობენ, ვითომ არ ეშინიათ!

- აი, ხომ ხედავთ, თვითონვე გვეუბნებიან გატყუებთო, - გაიცინა წითელპერანგიანმა. - დასცხეთ, დასცხეთ და არ დაინდოთ!

დამარბეველნი კვლავ ეძგერნენ ებრაელთ, კვლავ ატყდა ხმაური, წყევლაგინება... აი, ის კი წითელი პერანგი რომ ეცვა და დიდი ულვაშები ჰქონდა-მეთქი გითხარით, რაბის ეცა, წრიდან გამოათრია.

- აბა, აქ მოდი, მატყუარავ, მთავარო თვალთმაქცო! ახლავე დაყაჭე რამდენ მანეთად გაჰყიდე ჩვენი ქვეყანა, ვის მიჰყიდე ჩემი ხალხი?

რაბი ხმას არ იღებდა.

- ხმა ამოიღე, ბებერო ძაღლო, გვიპასუხე, ვის მიჰყიდე ჩვენი ქვეყანა!

- აბა, ეგ რა არის! - წითელპერანგიანს შესძახა კოლიამ, - რას ელაქუცები!

- დასცხე და გაათავე!

- ეგ არის ყველაფერი! ეგ ჩააგონებს ხალხს უმადურობას.

წითელპერანგიანმა კვლავ მბრძანებლურად აღმართა მარჯვენა. ხალხი გაჩუმდა.

წითელპერანგიანმა ურყევი ტონით თქვა:

- თუ აი, აქ, ჩვენი ხალხისა და ამ თავისი ღორების წინაშე აღიარებს, რომ მაგათი ღმერთი არარაობაა, სიცოცხლეს ვაჩუქებ. - რაბის სახეზე რომ ვერაფერი ცვლილება ამოიკითხა, ახლა მას მიმართა - გესმის, ბებერო, თუ შენს ღმერთს შეაგინებ, ცოცხალი დარჩები.

რაბიმ აუღელვებლად მიუგო:

- ჩემი სიცოცხლე ღმერთს ეკუთვნის, მხოლოდ მას შეუძლია წაიღოს ის, რაც ეკუთვნის.

- დასცხე და გაათავე! - გადმოსძახა წითელპერანგიანს ვასიამ.

წითელპერანგიანი რაბის მხარში სწვდა, შეანჯღრია:

- თქვი, ვინ არის შენი ღმერთი, რანაირია, თქვი, რომ ის ღმერთი კი არა, ჩემი ფეხებია.

რაბის კი წარბიც არ შეუხრია, ეგ იყო, რომ მწარედ გაიღიმა და თქვა:

- იმან გადაწყვიტოს, ხარ თუ არა ღირსი პატიებისა!

წითელპერანგიანს სახეზე ალმური მოედო, რაბის გაშორდა, მათრახი გაშალა. ორჯერ გადაუჭირა. ტკივილი ცხადად იგრძნობოდა მის ბებრულ სახეზე.

- დაიჩოქე, დაიჩოქე, ძაღლო, დაიჩოქე! - ყვიროდა წითელპერანგიანი, მაგრამ რაბი კვლავ უძრავად იდგა. ამიტომ მივარდა გაცოფებული, მხრებზე დააწვა, ეწადა, რომ მუხლებში მოეკეცა მოხუცი - დაიჩოქე-მეთქი, ძაღლო! - მოხუცმა ვერ გაუძლო ამხელა ოყროყის დაწოლას და მუხლებზე დაეცა. წითელპერანგიანს სახე კმაყოფილების ღიმილმა გაუნათა - აი, ეგრე! ახლა კი ჩოქვით იარე და იყვირე, რომ არ არსებობს თქვენი ღმერთი, იყვირე, რომ არარაობაა თქვენი ღმერთი.

- მერე სიხარულმორეულ ხალხს მოუბრუნდა და შესძახა: - ისმინეთ, პატრიოტნო, ისმინეთ, მამულიშვილნო! ყური უგდეთ ყველაზე დიდ თვალთმაქცს! ყველაზე დიდი თვალთმაქცი აცხადებს, რომ გატყუებდათ, რომ ამათი ერი რუსეთის მტერია, ამათი ცხოვრების მთავარი მიზანი რუსეთის ღალატია. მთავარი თვალთმაქცი აცხადებს, რომ არ არსებობს ღმერთი ისრაელთა - წითელპერანგიანი ისეთი გახარებული იყო, რომ ებრაელთა რაბი ასე დაეჩოქებინა, შეძახილებისას პირის ღრუდან თითქმის იფურთხებოდა.

ეს სიხარული ხალხსაც დაეუფლა. აღფრთოვანებულნი გაიძახოდნენ:

- გამოტყდეს!

- გვითხრას!

- დაჰკა და გვეტყვის!

- კარგად გადუჭირე!

- რატო არ ამბობს!

- აქამდე უნდა ეთქვა!

- აბა, ბებერო! წითელპერანგიანი რაბის მიუბრუნდა. სახეზე განუზომელი სიხარული გამოხატვოდა.

რაბიმ, მართლაც ასწია თავი, დამარბეველთა ბრბოს ჯიუტად მიაცქერდა:

- ისმინეთ, ისმინეთ, ადამიანებო, - ლაპარაკი უჭირდა, პირი უშრებოდა, ძალაც აღარ მოსდევდა საბრალოს. ალბათ, ეს იგრძნო წითელპერანგიანმა და ხელი უშვა, ბეჭებზე აღარ აწვებოდა.

- მიდი, მიდი, ბებერო! - წაათამამა რაბი.

რაბიმ სიმძიმისგან რომ მხრები გაინთავისუფლა, შვება იგრძნო და ახლა უფრო მხნედ გამოუვიდა ნათქვამი:

- ჩვენს ხალხს თქვენი ღალატი არასოდეს ჰქონია გულში, ვაი იმ ერს, ვისაც სხვა ერი სძულს, ღმერთი სიძულვილს არ აპატიებს.

- ეს ხომ მიტინგია! მიტინგი აკრძალულია! - იყვირა უცებ პოლიციელმა.

- მოკეტოს!

- თავს იკატუნებს!

- გვატყუებს!

- დასცხეთ!

- ეგრე ზღაპრებით ატყუებენ ხალხს!

- გააჩუმეთ! - გაისმა აქეთ-იქიდან აღშფოთებული ხალხის შეძახილები.

წითელპერანგიანმა კვლავ აღმართა მარჯვენა, კვლავ მყის შეწყდა ხმაური... მერე ბრაზმორეული რაბის მოუბრუნდა:

- სიკვდილი გეძახის, ურიავ, მაგრამ მაგ ძახილსაც არაფრად ჩავაგდებთ, თუ იმას იტყვი, რაც მთავარია! არ არსებობს ღმერთი ებრაელთა, რუსეთს ატყუებთ, სისხლა სწოვთ... თქვი და გადარჩები!

რაბის თავზე ისევ გაიტლაშუნა მათრახმა. წითელპერანგიანი დაუნდობლად ურტყამდა და დასძახოდა:

- არც ახლა იტყვი? კიდევ არ იტყვი? ურიავ, ძაღლო ურიავ, თქვი, თქვი, თქვი!

რაბი უძრავად იდგა. თითქოს ადამიანი კი არა, ქვა იყო. ეს კია, თვალი დაეხუჭა და ტკივილისაგან სახე დაეღმიჭა. მერე უცებ ისე აიქნია ხელი, თითქოს აბეზარ ბუზს იშორებსო და გამაოგნებელი რამ გავიგონე:

- ვიტყვი! - დაიძახა რაბიმ.

მაინც ხორცმა სძლია სულს და, გულახდილად გითხრათ, შვებით ამოვი-სუნთქე, ამოვისუნთქვე, რადგან რაბის არსებაში მოკვდავი დავინახე და არა რკინისებური სული.

ხალხი აჩოჩქოლდა, აფუსფუსდა. მერე ეს ხმაურიც მინელდა და სივრცეში გაისმა რაბის მიერ მკაფიოდ, თითქმის წამღერებით წარმოთქმული სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები სიტყვებს არ ჰგავდა, არც ხმა ჰგავდა ხმას - თითქოს ღვთიური საყვირი კვლავ სინაის მთის ძირში უყრიდა თავს ებრაელობას.

- შემაა ისრაელ, ადონაი ელოენუ, ადონაი ეხად! - წარმოთქვა რაბიმ და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, რადგან ვიცოდი, თუ რით დამთავრდებოდა ყველაფერი ეს - რაბის უკვე გადაეწყვიტა თავისი ბედი.

წითელპერანგიანი გამარჯვებული კაცის ღიმილით შესცქეროდა დამარბეველთ. იგი ბედნიერი იყო - ადამიანები, რომლებიც მის გვერდით იდგნენ, სწორედ მისი შემწეობით და მეცადინეობით ისმენდნენ იმას, რაც ასე ეწადათ.

რაბიმ კი სული მოითქვა, ჰაერი გადაყლაპა და გაიმეორა:

- შემაა ისრაელ, ადონაი ელოენუ, ადონაი ეხად! - ახლა მისი ხმა უფრო მკაფიოდ გაისმოდა, თუმცაღა, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, ამ სიტყვებს ადამიანი კი არა, ზღვა წარმოსთქვამდა, ზღვიდან მოდიოდა ეს ძლიერი ხმა.

- გვითარგმნე, მოხუცო, თქვენი ენა ჩვენ არ ვიცით. - ღიმილით თქვა წითელპერანგიანმა.

რაბიმ კვლავ მოავლო თვალი ხალხს, ებრაელობისკენ შეტრიალდა და ახლა მას მიმართა:

- ისმინე, ერო ისრაელისა! ერთია ღმერთი ქვეყნიერებისა და იგი ღმერთი არის ღმერთი ჩვენი - ისრაელთა! - დინჯად, აუჩქარებლად წარმოთქვა რაბიმ.

წითელპერანგიანმა ვერაფერი გაიგო. ხალხს გადმოხედა, იქნებ, ამათ გაიგესო რამე, ისინიც დაბნეულნი იდგნენ, ყველა ხვდებოდა, რომ რაბიმ ის არ თქვა, რასაც ელოდნენ, მაგრამ რა თქვა?

- ვერ გავიგეთ, მოხუცო, რა თქვი? - იკითხა წითელპერანგიანმა. ხმაში სიცივე დაეტყო.

რაბი არც შერხეულა, მან კვლავ მშვიდად გაიმეორა:

- ისმინე, ერო ისრაელისა, ერთია ღმერთი ქვეყნიერებისა და იგი ღმერთი არის ღმერთი ჩვენი - ისრაელთა!

- მოღალატენო, არამზადებო! - იღრიალა წითელპერანგიანმა და რაბის ყელში წვდა. აშკარა იყო, რომ რაბი სიცოცხლეს უნდა გამოთხოვებოდა. მე ღმერთს შველა ვთხოვე და მათკენ დავიძარი. ძლივს ვარღვევდი ხალხის წრეს. ალბათ იმის გამო, რომ ამათი გაგებით უცნაურად მეცვა, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. ათიოდ წამში წითელპერანგიანს ქეჩოში ვწვდი, ებრაელობისკენ ზურგით დავდექი, ამას კი დამბაჩა შუბლთან მივადე და ვუთხარი:

- ხელი გაუშვი მოხუცს!

წითელპერანგიანი, ცხადია, ამას არ ელოდა, ჩემკენ მოხედვა უნდოდა, ამის საშუალებაც არ მივეცი.

- ხელი უშვი, თორემ გაგათავე!

- პატრიოტებო, რუსეთის ერთგულებისთვის მკლავენ! - იყვირა წითელპერანგიანმა. დ ამარბეველთა შორის ერთი ყიჟინა ატყდა. ჩემკენ დაიძრნენ.

- არ გაინძრეთ! - ვიყვირე და გავისროლე. ბრბო უმალ შედგა. ვიგრძენი, რომ წითელპერანგიანმა რაბის ყელზე სალტეებივით შემოაჭდო თავისი ღონიერი თითები, დამბაჩის ტარი თავში ჩავარტყი, წაიქცა. რაბიც ნელ-ნელა ჩაიკეცა.

რაბისკენ დავიხარე. მის წამოყენებას ვცდილობდი. სხვებიც მომეშველნენ, ებრაელნი.

- არა, არა! დამსვით, - რაბის ლაპარაკი უჭირდა. - ყელიდან ხმა არ ამოდიოდა - გმადლობთ შენ, უფალო, რომ მომეც ძალა ჭეშმარიტების თქმისა! მშვიდობით იყავით ყველა, მშვიდობით იყავით. მომავალ დღესასწაულს იერუშალაიმში შეხვედროდეთ! - ვგრძნობდი ფეხზე დგომა უჭირდა, ზღვიდან მონაბერი ქარი თმა-წვერს უფრიალებდა, ღონე მოიკრიფა, ხელები მაღლა აღმართა და წარმოსთქვა: არ დამიწდება მარჯვენა ჩემი, რადგან მუდამ მახსოვდი, იერუშალაიმ... იერუშალაიმ...

ხელები ჩამოუცვივდა, მივხვდი ფეხზე მდომმა დალია სული და მიწაზე დავასვენეთ.

- შეხეთ ამათ ოინებს!

- აქაც გვატყუებენ!

- ცრუობენ, ცრუობენ! - გაიძახოდნენ დამარბეველნი.

- წავასვენოთ, აქედან გავიყვანოთ. - ჩურჩულით მითხრა ვიღაცამ.

- სად?

- სალოცავში, ან ოჯახში!

დავიხარე, რომ რაბის ცხედარი აქედან წაგვესვენებინა. გამიკვირდა, ისეთი სინშვიდე ეხატა სახეზე. ღვთიური სხივი დადგომოდა ზრედ. ავწიეთ, მხრებზე გავიდეთ და ის იყო, ფეხი უნდა გადამედგა, რომ ერთი ყიჟინა ატყდა.

- გვატყუებენ, პატრიოტებო!

- მიიპარებიან!

- შურისძიებას გაურბიან!

ვიღაც წელში მეცა და მიწას დამანარცხა. წითელპერანგიანი იყო. ფეხი ისე ავარტყი, რომ ისიც გადაგორდა, მაგრამ მე მაინც ვერას გავხდებოდი - წამოდგომაც ვერ მოვასწარი, რამდენიმე კაცი მეცა. ხელები შემიკრეს და წამომაყენეს. მასობაში წითელპერანგიანიც წამოდგა. ორი ისეთი ჩამცხო სახეში, რომ თვალებიდან ნაპერწკალი დამცვივდა. რა გზა მქონდა - ღმერთმა მთლად არ გამწიროს და ამ წამებას რამენაირად ავიტან-მეთქი, გავიფიქრე.

წითელპერანგიანი მამალივით მიმოდიოდა ჩემს წინ. მერე ბრძანა:

- ეგ მძორი აქედან გაიტანეთ, სხვები არ გაუშვათ!

რაბის ცხედარი გაიტანეს.

მერე მე მომიბრუნდა.

- ახლა კი ვილაპარაკოთ, ვინა ხარ?

მე, რასაკვირველია, პასუხი არ გავეცი.

- ვინა ხარ-მეთქი, არ გესმის?

- მე ვიცი, ეგ ვინც არის - იეხისკელი გამოვიდა წინ. წითელპერანგიანი ყურადღებით მიაცქერდა. იეხისკელი ლაქუცით მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა:

- რას ამბობ! - წამოიძახა გაოცებულმა წითელპერანგიანმა. იეხისკელმა დაბეჯითებით დაუკრა თავი. წითელპერანგიანმა მრავალმნიშვნელოვნად შემომხედა და ხალხს მიმართა: - თუ იცით, ვინ არის ეს კაცი?

- მატყუარაა!

- ჩვენს მტერს იცავდა!

- ეგეც ურიაა!

- არ ვუყვარვართ!

წითელპერანგიანმა კვლავ აღმართა მარჯვენა. ხმაური მიწყდა.

- აბა, ჩამოყაჭე! - იეხისკელს უბრძანა წითელპერანგიანმა.

იეხისკელს სახე გაებადრა, წელში გაიმართა, ებრაელობას ალმაცერად გადახედა და დამარბეველთ მიუბრუნდა:

- მართალს ამბობთ, მეგობრებო, თქვენ არ ცდებით - ეს კაცი არის ცრუ, მატყუარა, რუსი რომ არ უყვარს, ამას რა დიდი გამოცნობა უნდა, - ვგონებ, ჩვენი, - შეჩერდა, ებრაელთ მიუბრუნდა და ზიზღით თქვა: - ვგონებ, ამ ტურტლიანთა რჯულის უნდა იყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, - იეხისკელმა სული მოითქვა, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და კიდევ უფრო ხაზგასმით, ხმამაღლა დასძინა. - ეს კაცი ერთი იმათგანია, იმ ცხენოსანთაგანი, დღეს ოდესაში რომ დათარეშობს და მამულის დამცველ რუსობას მათრახით ზურგს უჭრელებს.

ხალხმა გამარჯვების ისეთი ყიჟინა ასტეხა, მივხვდი, ცუდად წავიდოდა ჩემი საქმე, თუ დამარბეველთ ირწმუნეს, რომ ერთი იმ ცხენოსანთაგანი ჩაიგდეს ხელთ. გამიგია: რუსეთში ადამიანის სიცოცხლე ორ შაურად არ უღირთო. ჩივმა ოფლმა დამასხა.

წითელპერანგიანმა კვლავ აღმართა ხელი და ხალხს მიმართა:

- აი, ამ კაცმა სამშობლოს სიყვარულის გამო დაჩაგრულ ხალხს საშუალება არ მისცა შური ეძია მატყუარაზე, თვალთმაქცზე, რა ეკუთვნის ამ კაცს?

- სიკვდილი! - ერთხმად შესძახა ხალხმა.

- ეს კაცი დამბაჩით დაემუქრა ხალხს, რომელიც თავისი მიწის ღირსებას იცავს. რა ეკუთვნის ამ კაცს?

- სიკვდილი! - კვლავ ერთხმად შესძახა ხალხმა.

- ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ნუთუ, ამ წუმპეში, ამ ჭუჭყიანმა ადამიანებმა უნდა მომიღონ ბოლო? - ებრაელობას მოვავლე თვალი. შიშით დათრგუნვილი ებრაელობა ცხვარივით მორჩილად იდგა. მათს სახეებზე უმწეობა აღბეჭდილიყო.

წითელპერანგიანმა კვლავ მამალივით გაიარ-გამოიარა ჩემს წინ, მერე თავის ხალხს მიაჩერდა. ერთხანს უხმოდ უყურა, რაღაცას ფიქრობდა.

- ეგ კარგია, კარგია, რომ ყველანი ერთი აზრისა ხართ, მაგრამ, - გაჩუმდა, კვლავ დაჟინებით დააცქერდა ხალხს, - მე უთქვენოდ ამას არ გადავწყვეტ. როგორი სიკვდილი, როგორი სიკვდილი მივუსაჯოთ ამ კაცს, ხალხნო!

იმის გამო, რომ ასეთი პატივი მიაგეს - ყველაფერს მას ეკითხებოდნენ - ხალხი ბედნიერად გრძნობდა თავს. ამიტომ სიხარულით შესძახეს:

- ძელზე გავაკრათ!

- ხეზე ჩამოვკიდოთ!

- ძელზე სჯობია!

- არა, არა, ხეზე ჩამოვაკონწიალოთ, მთელი ოდესა უნდა შესცქეროდეს.

- თოკი ვიშოვოთ, თოკი!

- ტყვია, ტყვია!

ის სქელ-სქელი დედაკაცი წინ გამოვიდა, ხალხს გაბრაზებულმა მიმართა:

- თქვენ რა, ოდესელები არა ხართ? ეგ ზღვა არასოდეს გინახავთ? ოდესა ზღვის ქალაქია და სიკვდილიც ოდესური უნდა იყოს.

ხალხი გაინაბა. ყურადღებით მიაჩერდა ჩასუქებულ ქალს.

- ამიტომ, ხალხნო, - ქალმა ტუჩების ბოლოებში თითები ამოისვა. - ჩვენ გულმოწყალენი უნდა ვიყოთ, ჩვენ ის არ უნდა მოვკლათ, ჩვენ ის უნდა დავსაჯოთ - ყელზე თოკი ჩამოვკიდოთ, თოკზე ქვა, დიდი, მოზრდილი ქავა, ნავით ზღვაში გავიყვანოთ და პალუნდრა! შიგ გადავუძახოთ! ძღვაში...

- ეეეჰ!

- რა ამბავია!

- არა, არ ვარგა!

- არ მოგვწონს, ნადკა, ისევ შენს საქმეს მიხედე, აქ ნუ მოძვრები!

ამ ქალის გეგმის მიხედვით ჩემი სიკვდილი კარგა ხანს უნდა გაგრძელებულიყო, ამიტომ არ მოეწონა ხალხს ეს გეგმა.

დანიანმა საყვედურით, მაგრამ დამაჯერებლად მიმართა წითელპერანგიანს:

- ამდენი ლაყბობა რა საჭიროა! ეს კაცი მოღალატეა და უნდა დაიხვრიტოს.

- სწორია!

- მოღალატე უნდა დაიხვრიტოს!

- არ არის ეგ კაცი მოღალატე და ვერ დავხვრეტთ! - თქვა კოლიამ.

- ეგ ვითომ რადაო? - გაბრაზდა დანიანი, - ეს არ არის მოღალატე?

- არ არის! - მტკიცედ სთქვა კოლიამ.

- გაგვაგებინე! - დანიანს ღიმილიც კი ერეოდა.

- იმიტომ, რომ ეგ რუსი არ არის. რუსთა მოღალატე შეიძლება მხოლოდ რუსი იყოს. ეს მოღალატე არ არის. ეგ მტერია. უნდა დაისაჯოს როგორც მტერი.

- ოო! - წამოიძახა ვიღაცამ.

- სწორია! - კვერი დაუკრეს კოლიას.

დანიანი მზერაცარიელი მისჩერებოდა კოლიას, მერე ნაწყენი გადგა გვერდზე.

- რა ვქნათ, ხალხნო? ნუთუ ვერაფერი გადაწყვიტეთ? - კვლავ მოუბრუნდა ხალხს წითელპერანგიანი.

ხალხი საგონებელში ჩავარდნილიყო. ვერაფრით ვერ გადაეწყვიტათ როგორ მოვეკალით მე და ამათი უტვინობა სიცოცხლის გადარჩენის იმედს თუ არ მაძლევდა, აშკარა იყო: რამდენიმე წუთით მაინც მიხანგრძლივებდა სიცოცხლეს და ამ რამდენიმე წუთში, იქნებ, ხსნის გზაც გამოჩენილიყო, ამიტომ მედგრად ვიდექი.

- თვითონ გადაწყვიტე! - შესძახა ვიღაცამ წითელპერანგიანს.

- ჩვენ რა შუაში ვართ!

- როგორც იტყვი, ისე იქნება!

მეგარმონემ კვლავ დააჭყიპინა გარმონი, ჩემს წინ ჯამბაზურად დაიგრიხა და ხალხს უთხრა:

- მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ, ქრისტიანნო! არც ხეზე ჩამოვკიდოთ, არც ტყვია ვესროლოთ, არც ზღვაში გადავაგდოთ. ქვა, ქრისტიანნო, ქვა! თავში ერთი ქვა ვდრუზოთ და მორჩა! თუ ერთი დარტყმა არ ეყოფა, მეორეც მივაყოლოთ. ქვის მეტი რა ყრია სანაპიროზე. რანაირსაც გინდა, ისეთ ქვას იშოვი - დიდი? პატარა? მუცლიანი? უმუცლო? განიერი? იქნებ, წვეტიანი გინდათ, ხალხნო! იცით, როგორ ვგრძნობ ქვის ძალას?! აი, ხელში რომ მოიქცევ, ის უფრო კარგი იარაღია, ვიდრე ტყვია, ხანჯალი!

ხალხს მოწონების შეძახილები აღმოხდა:

- კარგია!

- ჩინებულია!

- დავცხოთ!

- მე დავკრავ, მე!

- ერთი დაკვრით თუ არ გავათავე, მე დამკარით!

ის-ის იყო, ალბათ, ჩემი საკითხიც საბოლოოდ გადაწყდებოდა, რომ ვასიამ ვეღარ დამალა თავისი უკმაყოფილება და მეგარმონეს მიმართა:

- აბა, ეგ რა არის, გარმონჩიკ, არ მომწომნს... ეგ ხომ ის არის... რას ეძახიან... ა დამიანის აი, ისე მოკვლა - ვასია რაღაც სიტყვას დაეძებდა, ვერ გაეხსენებინა და ამით სიცოცხლეს მიხანგრძლივებდა. - აი, ისა... კულტურა აკლია, მოკლედ რომ გითხრათ! - ვასიას თვალები გაუბრწყინდა, როგორც ჩანს, ის სიტყვა გაახსენდა - ბარბაროსობა! ეს ბარბაროსობაა! - ვასია ბედნიერი იყო, სიამაყეც დაეუფლა. ჩვენი წინაპრები ეგრე არ იქცეოდნენ. ეს ხომ ველურობაა! - დაასკვნა ვასიამ.ვასიას სიამაყემ წითელპერანგიანი გააღიზიანა.

- რა ველურობას, ბარბაროსობას დაგვძახი აქ, სად გგონია თავი! აბა, როგორ მოვიქცეთ, გვითხარი - როგორ მოვიქცეთ!

- გავაშიშვლოთ და როზგი მანამ ვურტყათ, სანამ სული არ ამოხდება!

- ეგ ვითომ რადაო? მაგით რას მოვიგებთ? თანაც როზგით კაცის მოკვლას ხომ დრო უნდა?

- მართალი ხარ - დრო უნდა! სამაგიეროდ, ჩვენებურია!

- დახვრეტა არ არის ჩვენებური? - უკვე ბრაზით ჰკითხა წითელპერანგიანმა ვასიას - ან თავში ქვის ჩარტყმა რატომ არ არის ჩვენებური?!

- დახვრეტა კარგად ვისწავლეთ, მაგრამ მაინც იქიდან არის მოსული, ზღვის გაღმიდან. ქვა - ველურია. როზგი ბიჭებო, როზგი! როზგი ხომ ჩვენია, გავაშიშვლოთ და მანამ ვურტყათ, სანამ სული არ ამოხდება, რა გვეჩქარება, სად გვეჩქარება, საქმეს გემო უნდა ჩავატანოთ!

ვასიას სიტყვებმა მეგარმონეც გააბრაზა, თვალები გადმოკარკლა და ვასიას შესძახა:

- ვინ მოგახსენა, ეგ ვინ გიბრძანა? საიდან სადაო, რატომ გგონია, რომ მხოლოდ როზგია რუსული? თოკი? სახრჩობელა?

ვასიას გაეცინა:

- სახრჩობელა სხვებმაც იციან. როზგით სიკვდილი ჩვენებურია!

ხალხს კი დაეტყო, რომ ამდენი ლოდინი მობეზრდა. ამიტომაც აქეთ-იქიდან წამოიძახეს:

- მაგას ბევრი დრო უნდა!

- თანაც უნდა ურტყა!

- ამდენი როზგი სადა გვაქვს!

- დაჰკარით და უცებ გაათავეთ!

- სად გეჩქარებათ, ხალხნო! - გაცხარდა ვასია. - სამშობლოს ასე უნდა ვემსახუროთ? დღეს ჩვენ რუსეთის გადარჩენისათვის ვიბრძვით. ამათ იმიტომ ვურტყამთ, რომ რუსეთი ვიხსნათ. ეს ერთი! ტყვიას დავზოგავთ, ეს ორი! თოკს არ ცხარჯავთ, ეს სამი! როზგი კი რამდენიც გინდათ, იმდენია ჩვენში. და, რაც მთავარია...

- ქვა, ქვა არა გვაქვს? - გაიხედე რამდენი ყრია! - გაწიწმატდა მეგარმონე.

ვასიამ ირონიული ღიმილით გადახედა მეგარმონეს:

- გვაქვს, როგორ არა გვაქვს, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. - ხალხს მიუბრუნდა - აბა, ვინ მიხვდება, რა არის მთავარი? ა? ვინ მეტყვის? - ცხადია, არავი იცოდა თუ რას გულისხმობდა და ამიტომ ხმაც არავის ამოუღია.

ვასია ყურადღებით შესცქეროდა ხალხს, მერე გაიღიმა და თქვა:

- ვერავინ! ტანსაცმელი ჩვენ დაგვრჩება! ნახეთ, რა ჩოხა აცვია, შეხეთ, რა ძვირფასი ქსოვილია!

ხალხი ვასიას მიუხვდა, აღტაცება ვერ დამალა.

- კარგია!

- მაგარია!

- შენ ოდესაში რა გინდა, ვასია!

- ვასია პეტერბურგში უნდა იყოს!

- როზგი ნამდვილად ჩვენებურია, რუსულია!

ცხვირჩამოშვებული მეგარმონე გვერდზე გადგა. ვასია რომ ასე შეაქეს, მე მომიტრიალდნენ, უკვე სულ სხვა თვალით მიყურებდნენ.

- აქეთ მობრუნდი, ცხენოსანო!

- ამას ჩექმაც კარგი აცვია!

- ნახეთ, რა ტყავია!

- აბა, მე ეგ ჩექმა როგორ ჩამივა!

- მე ხომ ჩამეტევა?

- აბა, რა ვიცი, გრიშა!

- მაგან მხოლოდ იმის ზომა იცის, შარვალში რომ გაქვს!

კოლიამ გრიშას თავში წაუთაქა და შესძახა:

- აბა, ეგეთები არ იყოს. ჩოხა იმისია, ვისაც ძალიან სჭირდება!

- ეე, ვირო! - გაბრაზდა გრიშა. - შენ სად წაგიკითხავს, რომ მე ჩოხა არ მჭირდება?

სახეგაცისკროვნებული მეგარმონე ვასიას მიეჭრა.

- ეგრე რად გვატყუებ? ამ ხალხს თავგზას რად უბნევ?

- გარმონჩიკ, რა მოხდა?

მეგარმონე კი ხალხს მიუბრუნდა:

- ხედავთ, როგორ გვატყუებდა! გავხადოთ და ისე ჩავარტყათ ქვა, ჩვენი ნება არ არის? ჯერ ჩოხა გავხადოთ და მერე ქვა ჩავარტყათ. ერთი დარტყმა და მორჩა! ეგ როზგი კი რამდენი უნდა ურტყა?

ვასიამ გაიცინა:

- აბა, ეგ რა არის, გარმონჩიკ, ეგრე აჩქარება იქნება? ერთი ეს მითხარი - თუ ქვას თავში ურტყამ, ჩოხას რისთვის ხდი?

- იმისთვის, რომ არ გაჭუჭყიანდეს... მერე გამომადგეს. გარეცხილი ტანსაცმელი ახალი აღარ არის.

- ესე იგი, კაცს იმისთვის ჰკლავ, რომ ჩოხა დაგრჩეს?

- შენ რა ჩემი ფეხებისთვის ჰკლავ?

- არა, მე მტერს ვროზგავ და ჩოხასაც ამიტომ ვხდი.

მეგარმონე მზერაცარიელი იდგა. ვასიამ თავზე წკიპურტი გაჰკრა:

- ჩახვდი?

- სწორია!

- ვასია პროფესორია!

- დასცხეთ როზგი და გაათავეთ!

- ვასია - პეტერბურგში!

- ტანსაცმელი მერე გავიყოთ!

წითელპერანგიანმა კვლავ აღმართა მარჯვენა. ხმაური ნელ-ნელა ჩაცხრა. წითელპერანგიანი ერთხანს ძლევამოსილი სარდლის იერით შესცქეროდა ხალხს, მერე კი თქვა:

- ჩვენ მშვიდობიანი და კეთილი ადამიანები ვართ. ხომ ეგრეა, ხალხნო!

- ეგრეა! - ერთხმად იქუხა ყველამ.

- ჩვენ ადამიანის სისხლს ეგრე იოლად ვერ დავღვრით. ვინ გამოვა და იტყვის, რომ ადამიანები სასიკვდილოდ გაგვიმეტებია. ვინ იტყვის? - წითელპერანგიანმა ერთხანს უყურა ხალხს, ხმა რომ არავინ ამოიღო, განაგრძო - ჩვენ ვერც ამ უცხოელს მოვკლავთ. ხალხმა თავისი სურვილი გამოხატა, განაჩენი ურიებმა აღასრულონ! - წითელპერანგიანი საზიზღრად გაიღმიჭა - ეგრე უნდა მაგასაც და ამათაც. ჩვენ კი დავსხდეთ და ვუყუროთ ურიები როგორ ხოცავენ ერთმანეთს!

ხალხს აღტაცების შეძახილი აღმოხდა. ტაშიც კი დაუკრეს წითელპერანგიანს, მაგრამ ამ აღტაცებას კოლიამ უცებ ცივი წყალი გადაასხა.

- არა, ეგენი ღალატიანი ხალხია. ჩვენს განაჩენს არ აღასრულებენ.

- ვინც უარს იტყვის, იმას გავროზგავთ, - კვლავ გაიღმიჭა წითელპერანგიანი. - ხომ გაიგონეთ? ხალხი თქვენ განდობთ თავისი განაჩენის აღსრულებას. ასე რატო მოგქცევიათ სიფათი, ურიებო, ჩოხა თქვენ ხომ არ გინდათ? - წითელპერანგიანი დამარბევლებს მიუბრუნდა - დღეს ამ უცხოელისა ჩოხაც ჩემია და იარაღიც.

მაღალ-მაღალი და ბეჭებგანიერი იეხისკიელი წითელპერანგიანს მივარდა.

- მე, მე... გეხვეწებით, გემუდარებით წითელპერანგიანი გაოცებული მიაჩერდა იეხისკიელს.

- რა გინდა, ურიავ, რას მეხვეწები?

- მე, მე დავიწყებ, მე დავკრავ... სამართლიანია ეგ განაჩენი, მე დავკრავ...

- აი, ხედავთ... ეს ურია რა კარგი ებრაელია!

კოლია ბრაზით გავარდა წითელპერანგიანისკენ. წითელპერანგიანის წინ მორჩილად მდგარ იეხისკიელს რომ შეეჯახა, კიდევ უფრო აივსო ბრაზით, მხარში წვდა, მოჰქაჩა.

- მომწყდი თავიდან!

- მე, მე დავარტყამ... მე მომეცი როზგი, მე დავიწყებ..

- ღორის ჭამასაც თავი დაანებე, ურიავ. ალბათ, ამიტომაც გაძვირდა ბაზარი! - იეხისკიელს წიხლი ამოჰკრა და წითელპერანგიანს მიუბრუნდა.

- ეგ ვითომ რადაო?

- რა ჩემს ფეხებად ხტუნაობ?

- მაგ უცხოელის ჩოხა და იარაღი შენი რატომ არის?

- იმიტომ, რომ შენ ამ საქმეს არავინ გეკითხება.

- ეგ ჩოხა შენ ვინ მოგაკუთვნა?

- თუ ჭკუით არ იქნები, ღორივით დაგკლავ! - შესძახა წითელპერანგიანმა კოლიას და ჩემი დამბაჩა ხელში შეათამაშა.

ვასიამ მსუქან ქალს ხელი მოჰკიდა, გვერდზე გასწია და წითელპერანგიანს მიმართა:

- ორივენი ნეხვსა სჭამთ და ვერცა ხვდებით, რომ ნეხვსა ჭამთ, სიამოვნებისაგან კრუტუნებთ კიდეც. ამ უცხოელის როზგით დასჯა მე იმიტომ მოვიფიქრე, რომ ჩოხა მჭირდება. თქვენ კი გინდათ, გამაცუროთ! აი, ხედავთ?

მსუქანმა ქალმა ვასიას ხელი წაართვა და იყვირა:

- შენ სად იყავი, შენ სულაც არ იყავი, კოლიამ რომ გადმომჩურჩულა, უცხოელი როზგით დავსაჯოთ და ჩოხა ჩვენ წავიღოთო!

- ფეხებზედაც მკიდია, ვინ რა თქვა და რას ფიქრობდა, - ჩოხა ჩემია და მოკეტეთ!

ხმას არავინ იღებდა. ვგრძნობდი, რომ ბოღმით სავსენი შესცქეროდნენ წითელპერანგიანს. წითელპერანგიანი კი აინუნშიც არ აგდებდა მათს გაბრაზებას. ეგ კი არა, კოლიასთან მივიდა, მისი ტურტლიანი ჟილეტის ღილი ორ თითს შუა მოიქცია და ღიმილით ჰკითხა:

- გაიგე? - კოლიამ რომ არაფერი უპასუხა, ხელახლა ჰკითხა - იქნებ ვერ გაიგე?

კოლიამ ჯერ წითელპერანგიანის ორ თითს დახედა, მისი ჟილეტის ღილი რომ შუაში მოექცია, მერე თავი ასწია და ხმადაბლა ჰკითხა:

- დღეს რა დაგაკლდა? ფრაკი აიღე? აიღე!

- მერე რა, რო ავიღე?! - წითელპერანგიანს სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ეგ არის, რომ ახლა ის ღიმილი დამცინავი გახდა.

- გროსმანის სახლიდან კარადა წაიღე? წაიღე! იქნებ, ის კარადა მე მჭიროდა?!

- კიდევ რა გჭიროდა?

- ვაისერმანის დანები და ჩანგლები ვინ წაიღო? - აყვირდა მსუქანი ქალი და ლამის ცრემლი მოერია - როგორ მინდოდა ეგ დანა-ჩანგალი! ერთი ნაბიჯით მიმასწარი, რისთვის, რატომ? კახპა ნადკასთვის? ნადკა უარს გეტყოდა? ეგ ყველასთან წვება, შენ რატომ დაგჩაგრავს?

წიღელპერანგიანმა კოლიას ჟილეტს ხელი უშვა, მსუქან ქალს მიუბრუნდა და ისე რომ ღიმილის ნიღაბი სახიდან არ ჩამოუხსნია, ჰკითხა:

- შეგჭამო? შეგახრამუნო? გინდა, ისე დაგაგდებ გზაზე უბრალოდ? მე არ შეგჭამ, მგლები, ყვავები შეგახრამუნებენ, გინდა?

- ვიდრე მაგას შეახრამუნებდე, მე გამეც პასუხი, თორემ სულაც უკბილოდ დარჩები. დილას ცხენოსნები რომ თავს დაგვესხნენ, ფიშერის სახლში ხომ შეხვედი?

წითელპერანგიანი ვასიასაკენ მოტრიალდა.

- ოჰ, შენ საიდან? - გაოცება გაითამაშა წითელპერანგიანმა - ჩოხიანი ცხენოსნების შიშით რომ ვირის უკანალში შეძვერი, როდის გამოხვედი? აი, მე კი არ შემეშინდა და ფიშერს ვესტუმრე.

- მერე იქიდან რა წამოიღე? - ვასია თითქმის დამარცვლით ელაპარაკებოდა.

წითელპერანგიანი ვასიას მიუახლოვდა, ცხვირზე წკიპურტი გაჰკრა და ჰკითხა:

- შენ რატო არ შეხვედი ფიშერის სახლში, შენ შესულიყავი და წამოგეღო ის, რაც მე წამოვიღე, შენ გგონია, ფიშერმა მე მოსაწვევი გამომიგზავნა?

- ჰა, ხელი! შენ კი გგონია ფიშერს შენი შეეშინდა? ფიშერს ჩვენი ყველასი ეშინია, ჩვენი, ყველასი! გაიგე? ამიტომ რაც იქიდან წამოიღე, ყველასია, ყველას ეკუთვნის, აქ მოიტანე და აი, ამ ხალხს დაურიგე... ესენიც დარბოდნენ დღეს... ოფლს ღვრიდნენ.

ხალხი სულგანაბული უსმენდა წითელპერანგიანსა და ვასიას. ხალხს მოეწონა ვასიას ნათქვამი და შესძახა:

- ეგრე არ გამოვა!

- რა ამბავია!

- ჩვენც ხალხი ვართ!

- აქ რისთვის მოვსულვართ?

- ყველაფერი თქვენ მიგაქვთ, ჩვენ რისთვის დავრბივართ!

ახლა კი მოერია წითელპერანგიანს სიბრაზე. ის ღიმილის ნიღაბი უცებ გაუქრა სახიდან, აყვირდა.

- რა ამბავში ხართ, თქვენ ცოტა წაიღეთ? თქვენ რა დაგაკლდათ? ერთმანეთს არ აცლით, ყველაფერს იტაცებთ, - კოლიას მოუბრუნდა, - ჩემსას რომ ითვლი, იმ გროსმანის სახლიდან დიდი სარკე ვინ წაიღო? იქნებ, ამ ხალხს დაუნაწილე? ვინ წაიღო-მეთქი, მიპასუხე! კოლიამ! სკამები ვინ გაარბენინა? კოლიამ! მერედა როგორი სკამები! მაღალი, რბილი, ოქროსფერი! ყველაფერი მახსოვს! შენ და ეგ შენი ბოზი მაგიდას ძლივს მიათრევდით, ვგონებ, ფეხებიც მოტეხეთ! - წითელპერანგიანს თანდათან ერეოდა სიბრაზე. ვასიას რომ მიუბრუნდა, ყრლზე ძარღვები დაბერვოდა. - ბერმანის სახლი ვინ გაწმინდა? ქალისა და კაცის ფრანგული საცვლები, ორი თვლიანი ოქროს ბეჭედი, ინგლისური ჩექმები, ტახტი ვინ წაიღო? ვასიამ, ჩვენმა ვასიამ, მაგრამ მაინც არ ჰყოფნის! კიდევ გითხრათ, თუ გავჩერდე, ღორებო? ჩოხა ჩემია და ვინც ხმას ამოიღებს, იმ წვერებცანცარა თვალთმაქცს ხუთ წუთში ჩვენს ამბავს მიუტანს.

- ჩოხა ჩემია-მეთქი, გითხარი! - არ შეეპუა ვასია.

როგორც ჩანს, წითელპერანგიანის მოთმინების ფიალა აივსო, ვასიას ეცა, ხელში აიტაცა.

- დაგახეთქო? მიწას დაგახეთქო? გაათავებ თუ გაგათავო?! წითელპერანგიანს ვასია პაწია ბალღივით ეჭირა ხელში.

- დამსვი - ხმადაბლა უთხრა ვასიამ წითელპერანგიანს.

- დამსვიო, ხალხნო, მევედრება. რა ვქნათ, ვაპატიოთ? მივხვდი, რომ დედიჩემისა ვჭამე და მაპატიეო, რა ვუყოთ? - წითელპერანგიანი ხალხის პასუხს არ დაელოდა. ვასია მიწაზე დააგდო და უთხრა - გაპატიე, მაგრამ თუ კიდევ რამე გაგიბედნია, მორჩა!

ვასია წამოხტა და უკანმოუხედავად, თავჩაღუნული წავიდა ზღვისკენ.

წითელპერანგიანი კი ებრაელებს მიუბრუნდა:

- აბა, ურიანო, როზგი! ვინ დაიწყებს? იმისათვის, რომ ბევრმა მიიღოს მონაწილეობა, თითო კაცმა ათ-ათი დაჰკრას... ათ-ათი!

წითელპერანგიანი მომიახლოვდა და მითხრა:

- აბა, უცხოელო, ხელები უნდა შეგხსნა და გაგაშიშვლო.

მე ხელები ქვევით დავწიე, შესახსნელად არ დავანებე და ხმადაბლა ვუთხარი:

- შეცვალე განაჩენი.

- რაო! - გაიოცა წითელპერანგიანმა.

- თუ გინდა დიდი მოგება ნახო, შეცვალე განაჩენი! - კიდევ უფრო დავუწიე ხმას.

- ჩვენ არ გიყვარვართ, ჩვენს მტერს იცავდი, შენ უნდა მოკვდე!

- შენ რა გირჩევნია - ჩემი სიკვდილი თუ სიმდიდრე? - ვიგრძენი, რომ წითელპერანგიანს სუნთქვა შეეკრა. როგორც კი ეს ვიგრძენი, დავმშვიდდი.

- შენ რა სიმდიდრეზე მელაპარაკები აქ, ხომ ხედავ, ხალხის ნებას ვასრულებ.

- სასტუმროში სამი ჩოხა მაქვს, ჩექმაც - სამი...

წითელპერანგიანი ჩემს ხელებზე გადაგრეხილი თოკისკენ კი იწვდიდა ხელს, მაგრამ ცხადი იყო, მისი ფიქრი სხვაგან ქროდა.

- სამი ჩექმა?

- და სამი ჩოხა, - მივაგებე მე, - თეთრი, შვინდისფერი და შავი.

- სად ცხოვრობ, რომელ სასტუმროში?

- შეცვალე განაჩენი და ყველაფერი შენი იქნება. შენ ეს შეგიძლია, ხალხს სჯერა შენი... ინანიებს-თქო, ცრემლებით მევედრება-თქო, რა გენაღვლება!

სწორედ ამ დროს წითელპერანგიანს გვერდით ვასია ამოუდგა:

- რას ჩურჩულრბთ აქ!

წითელპერანგიანმა ვასიას ყურადღება არ მიაქცია. მე მეკითხება:

- კიდევ რა გაქვს სასტუმროში?

- მე სასტუმროში ბევრი რამ მაქვს, მაგრამ...

- რაზე ჩურჩულებთ-მეთქი? - არ ეშვება ეს ვასია წითელპერანგიანს.

- შემეშვი! - წითელპერანგიანმა იდაყვი გაჰკრა ვასიას.

- იცოდე, ჩოხა ჩემია!

ახლა კი მოუბრუნდა წითელპერანგიანი ვასიას, მუცელში წიხლი ჩაჰკრა.

- წადი, გამეცალე! ბრიყვო, ხეპრევ, ხომ ხედავ, ადამიანს მონანიება სურს, - მერე მე მომიბრუნდა, - მაინც რა გაქვს იმ სასტუმროში?

- ჯერ ხელები შემხსენი და განაჩენი შეცვალე.

ამ დროს გამჩენმა ცოდვის სიავე იქვე, ალაგზევე გვაჩვენა, მაგრამ იმ წუთში ალღო ვერ ავუღე თუ რა მოხდა - მიწაზე გართხმულმა ვასიამ უბიდან დიდი, მრგვალი ქვა ამოიღო, უცებ წამოხტა და ისეთი ძალით ჩაარტყა თავში წითელპერანგიანს, რომ წამოყვირებაც ვერ მოვასწარი.

- არც ახლა დაიჯერებ, რომ ჩოხა ჩემია? - შესძახა ვასიამ და დაბარბაცებულ წითელპერანგიანს კიდევ, ამჯერად უფრო ძლიერად, დაარტყა ქვა.

ხალხს შეძახილი აღმოხდა და სიჩუმე ჩამოვარდა. ამ სიჩუმეში გაისმა იოქანანის ხმა:

- ხედავთ, ანდრეი დმიტრიევიჩ, როგორ უცებ უწია სამართალმა! ბედნიერება ისაა, როცა ცოდვა ცოდვის ჩამდენს მოეკითხება და არა სხვას.

ვასია კი არ დაიბნა, ხალხს მოუბრუნდა და მიმართა:

- ხომ ხედავთ, ხომ დაინახეთ, ღვთის რისხვამ, სწორედ მაშინ უწია, როცა ჩვენს გამცემთან კავშირს აბამდა. მოღალატეს ღმერთიც არ ინდობს.

ხალხმა კი ერთხმად იქუხა:

- კიდევ დაჰკა!

- არ დაინდო!

- ჩააძაღლე, გაუმაძღარი!

- არა, ხალხნო, მე მეტს ვერაფერს ვიზამ. ღმერთმა ის მიუზღო, რაც ეკუთვნოდა. ეს კი აქ არის, ჩვენს ხელთაა. აბა, უცხოელო, ხალხის წინაშე აღიარე, რას გეჩურჩულებოდა, რა კავშირს აბამდა ჩვენ მტერთან?

მე არაფერი ვუპასუხე. ან რა უნდა მეთქვა, ან რა აზრი ჰქონდა ლაპარაკს. ვასია კი არ ცხრებოდა:

- ხედავთ, გამოტყდომა არ სურს, რა ეკუთვნის ამისთვის?

- სიკვდილი!

- მოჰკალი!

- ჩააძაღლე!

- ჩქარა!

ვასია მომიახლოვდა, თოკის შეხსნა უნდოდა, რომ ჩოხა გამეხადა.

სწორედ ამ დროს გაისმა ყიჟინა, ცხენთა ფლოქვების ხმა, გაისროლეს კიდეც და, ღმერთო, გამგებელო ქვეყნიერებისა, - ათი ცხენოსანი შემოიჭრა, ათი ნაბდიანი, იარაღშემართული ვაჟკაცი შემოეკრა ხალხს, ალყაში მოიქცია და შესძახა:

- დაიჩოქეთ!

- დაიჩოქეთ!

- სწრაფად, სწრაფად!

- ყველამ დაიჩოქეთ!

ვასია იმ ქვას დასწვდა, რომლითაც წითელპერანგიანს მოუღო ბოლო და მივხვდი, მე მიპირებდა მოკვლას. არ დავაყოვნე - ვიდრე წამოიმართებოდა, ვიდრე ქვას აიღებდა, ფეხი ვკარი და ცხენოსნებისაკენ გავვარდი. ვასია ქვით ხელში დამედევნა. რომელიღაც ცხენოსანმა ვასიას გზა გადაუღობა და მათრახი გადაუჭირა. ვასია ოთხად მოიკეცა. მიხვდა, ვერ მომკლავდა და ქვა ხელიდან დააგდო. ის ცხენოსანი - პირთეთრი ყმაწვილი იყო, წაბლისფერი, რბილი, დახვეული წვერი მოკლედ შეეკრიჭა - ცხენიდან გადმოხტა და მეკითხება:

- რატომ შეგკრეს? - თან ხელების შეხსნას მიპირებს, ალბათ, ამიტომ თუ გადმოხტა ცხენიდან.

- მოკვლას მიპირებდნენ. ჩოხა მოეწონათ ჩემი. თქვენ არა, აი, იმან შემხსნას, - მინდოდა სწორედ ვასიას შეეხსნა ჩემთვის ხელები.

- იმან? - გაიღიმა ჩოხიანმა ცხენოსანმა.

- ჰო, მოკვლას ეგ მიპირებდა.

ცხენოსანი ვასიას მიუბრუნდა:

- შენა? რა ყოჩაღი ყოფილხარ, აბა, შეხსენი!

- რა ჩემი საქმეა, მე არ შემიკრავს. - ვასიამ ზურგი გვაქცია.

ცხენოსანი მათრახის ტარით სწვდა ვასიას, მოატრიალა:

- შენ უყვარხარ ძალიან. შეხსენი!

ვასია ზიზღით მომიახლოვდა. თოკის შეხსნა დაიწყო, ხმადაბლა, მუქარით მეუბნება:

- მაინც მოგნახავ, შეგხვდები!

მე კი ყურში ჩავჩურჩულე:

- თუ დროზე შემატყობინებ, როზგს გაგიმზადებ.

- ყველგან მელოდე, ყველგან და ყოველდღე! - ვასიამ თოკი შემხსნა. მოისროლა. ვიცოდი, ჩემი დამბაჩა ისევ იმ საბრალო წითელპერანგიანს ეჭირა ხელში. მივედი, არავის მოუპარავს, ალბათ, ვერ შენიშნეს. დამბაჩა ბუდეში დავაბრუნე.

- დამარბეველნი აქეთ! - გასცა განკარგულება იმ წაბლისფერთმიანმა ცხენოსანმა, მაგრამ ადგილიდან არავინ დაძრულა - დამარბეველნი მარცხნივ გადექით, სწრაფად, სწრაფად!

- სინაგოგასთან ხომ ამათ შემოგვიტიეს - მომესმა ჩურჩული ზურგს უკან.

- დღეს ყველგან ეგენი გვიტევენ.

- მეთაური რომელია?

- აი, ის უნდა იყოს, მარცხნივ დადექითო, რომ გვიბრძანა.

გაჩუმდნენ. მერე ერთ-ერთმა თქვა:

- მაშ, ეგ არის?

- ეგ არის, რაღას ელოდები?

მოსაუბრეებს მოვუტრიალდი. გვიანი იყო - კოლიამ დანა ტყორცნა ცხენისნისაკენ. დანა მზის შუქზე პრიალებდა. ერთადერთი რაც მოვასწარი, შევძახე: „დანა“. როგორც ჩანს, ძლიერი შეძახილი მომივიდა. ცხენი დაფრთხა, შეტოკდა და შეხტა. ამან გადაარჩინა ის ცხენოსანი. დანა ცხენს გავაზე მოხვდა, ისიც ირიბულად. ცხენოსანს მეგობრები მიცვივდნენ:

- საბა, ხომ არ მოგხვდა!

- საბა, ხომ არ დაგიშავა რა?

საბამ კი არცერთს პასუხი არ გასცა, კოლიას და მეგარმონეს მოუახლოვდა. ისინი წელში მოიხარნენ, ლამის მიწას განერთხნენ, საბა კი უხმოდ და ზიზღით დასცქეროდა.

- მიშველეთ, ქრისტიანნო, მომეხმარეთ, მკლავენ! - აღრიალდა მეგარმონე.

მსუქანი ქალი კი კოლიას მივარდა, მოეხვია:

- კოლია, ძვირფასო, ხომ არაფერი დაგიშავდა? - მერე საბას მიუბრუნდა - რა გინდა, რას ერჩი, იცი, ეს რა კეთილია?

- დამარბეველნი, მარცხნივ, სწრაფად! - თქვა საბამ და მიწაზე დამხობილთ გაშორდა.

დამარბეველნი ნელნელა, ზანტად გადადიოდნენ მარცხენა მხარეს. რაღაცას ბუტბუტებდნენ, იგინებოდნენ.

- შენ ვინ ხარ, ასე რომ გვიბრძანებ? - შეუტია საბას ვასიამ. საბამ ერთი კი გადახედა ვასიას, მაგრამ პასუხი არ გასცა, ხელით ანიშნა, მარცხენა მხარეს გადადიო. ვასია ამან კიდევ უფრო გააღიზიანა და შესძახა: - რა შენი საქმეა, საიდან მოთრეულხარ, რა შენი საკითხავია, ჩვენ აქ რას ვიზამთ.

- დაიჩოქეთ! - ხმაში ბრაზი შეეპარა ცხენოსანს.

ორიოდე კაცმა დაიჩოქა.

- ვის, ვის უჩოქებთ, ძმებო! - იყვირა მსუქანმა ქალმა, - ჩვენ ურიებს ვურტყამთ, ამათ რა უნდათ?

- მეფისა და მამულის ერთგულ ხალხს სულს ხდი! - ისევ გამოყოჩაღდა მეგარმონე.

- გაგვეცალეთ, თორემ ურიებზე უარეს დღეში ჩაგაგდებთ, ძაღლიშვილებო! - ეს კოლია იყო, კოლიამ შესძახა ასე და საბას შევავლე თვალი - სიწითლე მოერია, თვალებში რისხვა ჩაუდგა.

- მათრახი, მათრახი სალახანებს! - მიაძახა ცხენოსნებს და კოლიას თვითონ გადაუჭირა. დაუნდობლად სცემდა.

ცხენოსნებიც ხალხს შეერივნენ, მათრახით სცემდნენ და უბრძანებდნენ:

- დაიჩოქეთ!

- დაიჩოქეთ!

- დაიჩოქეთ, თორემ სულს ამოგხდით.

ზალცმანი მომიახლოვდა, მეკითხება:

- შენნაირად აცვიათ. ვინ არიან ჩვენი მხსნელები, გამჩენმა ვინ ჩათვალა ღირსად ამ სიკეთისა?

- ქართველები.

- ქართველები? - აი, იქ, კავკასიის მთებში რომ ცხოვრობენ?

საბა დამარბეველთა შუაგულში შევიდა.

- ბატონებო, ქრისტიანნო! - სათქმელს ეძებდა, შეჩერდა, ახალგაზრდა ქალს გაუსწორა მზერა. აი, იმას, თავგაჩეხილი ბავშვი რომ ეჭირა ხელში. - მეც ისეთივე ქრისტიანი ვარ, როგორც თქვენ და თქვენთან სამტრო არაფერი მაქვს. რვა წელიწადია ამ ქალაქში ვცხოვრობ, აქ ვსწავლობდი, ძალიან მიყვარს რუსეთი, რუსები და ამიტომ გამოვედი დღეს ჩემი მეგობრებითურთ ოდესის ქუჩებში. რუსეთი რომ მიყვარს, ამიტომ მძულხართ თქვენ... თქვენ ყველანი ნაძირალები ხართ - არცხვენთ ერს... შენ უბედური ხარ, ვასია, მაგრამ განა ამისი ბრალია. - ახალგაზრდა, ბავშვიანი ქალისაკენ გაემართა, მიუახლოვდა. - დახედეთ ამ ბავშვს, ნუთუ, ეს საბრალო უშლიდა ხელს რუსეთს, ნუთუ, ამ ბავშვის სიკვდილით ყველანი ბედნიერი გახდებით... აჰა, აღარ არის, სხვაც რამდენი გამოასალმეთ წუთისოფელს, სისხლი ამოხაპეთ... ნუთუ, უკვე გაბედნიერდით, ნუთუ, ხვალიდან ყველანი მდიდარნი იქნებით...

- თქვენ მაგათ არ იცნობთ!

- მატყუარანი არიან!

- რუსეთი არ უყვართ!

- ჩვენს მეფეს ებრძვიან!

- უნდა გასრისო, უნდა მოსპო!

- სამართალი, სამართალი! - სეტყვასავით დააყარეს აქეთ იქიდან საბას. მას კი ისევ სიწითლე მოერია, მათრახი აიქნია და ცხენოსნებს მიმართა:

- დავით, ნიკო, ბიძინა! ზღვისკენ წაასხით ეს პირუტყვები, შიგ ჩაყარეთ და ნახევარ საათს არ ამოუშვათ. ზღვამ დააცხროს ამათი სიბილწე! ჩქარა!

ცხენოსნები დამარბევლებს შემოერტყნენ, ზღვისკენ ერეკებოდნენ. დამარბეველნი კი ზოზიმობდნენ, რაღაც-რაღაცეებს ბუტბუტებდნენ, იგინებოდნენ, მაგრამ ცხენოსნები ამას არაფრად აგდებდნენ.

- ჩქარა, ჩქარა!

- წამოდექით!

- არ ავდგები!

- მე ბანაობა არ მინდა!

- მათრახი!

ვასია საბას მოუბრუნდა და მოაძახა:

- ურიებს იცავ? ნახე რა დღეც დაგადგეს!

საბა პირზეღიმილმომდგარი შესცქეროდა ამათ მუქარას.

- შენ აქ რა გინდა? - მიუბრუნდა მერე პოლიციელს.

- მე პოლიციელი, თქვენო აღმატე...

- პოლიციელი რუსეთის ღირსებას უნდა იცავდეს უღირსი რუსებისაგან, იმათ მიჰყე!

- არის, თქვენო აღმატებულებავ!

პოლიციელმა ხელი ჩამოუშვა და მორჩილად მიჰყვა დამარბეველთ.

იეხისკელმა დამარბევლებისკენ ფრთხილად, გაურკვევლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. შეჩერდა, მიმოიხედა, ებრაელთ გამოხედა. ისინი თავდახრილნი იდგნენ, იეხისკელმა ახლა პოლიციელს გახედა, შეყოვნდა, მერე ძუნძულით აედევნა, რომ წამოეწია, პოლიციელმა შეამჩნია, მოუბრუნდა:

- შენ ჩვენთან რა გინდა, ურიავ, მარშით, მარშით! - დაუცაცხანა იეხისკელს. იეხისკელი შედგა. შიშდარეულმა უკან, ებრაელთაკენ გამოიხედა და თავი ჩაქინდრა. არასოდეს, არასოდეს არ დამავიწყდება რა საცოდავად იდგა ის საბრალო ებრაელთა და ზღვას შუა. ვერც იქით გადაედგა ნაბიჯი, აქეთ მდგომ ხალხსაც თვალს ვერ უსწორებდა.

არ ვიცი რამდენ ხანს იდგა ასე. იოქანანმა შესძახა:

- მოდი, იეხისკელ, მოდი. ეგ ამბავი შენ არ დაგიწყია და ბოლოც შენ არ იქნები.

იეხისკელმა ნაბიჯის გადმოდგმა ვერ გაბედა. ებრაელთ გამოხედა, იოქანანიღა შეჰყურებდა, სხვები თვალს არიდებდნენ. ბავშვები არა - ბავშვები უბღვერდნენ. იეხისკელი მიწაზე დაეშვა. სილაში ჩაჯდა.

- ადექი, იეხისკელ, წამოდექ და ჩვენთან მოდი, ღმერთი მუდამ ელოდება თავის გზააბნეულ შვილებს.

საბა ცხენს მოახტა და მე გული შემიქანდა: ჩემი ხალხი, ქართველები, აქ ვნახო და როგორ არ გამოველაპარაკო, ორი სიტყვა როგორ არ ვუთხრა-მეთქი. ამიტომ შეშინებულმა მყისვე შევძახე:

- გამარჯობა, საბა ბატონო, შენი! - საბამ მიმოიხედა. ვერ მიხვდა, ვინ მესალმება ქართულადო და ხალხს დააცქერდა. მისკენ გავეშურე - მე გახლავართ - გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონებო! - სხვებსაც პატივისცემით დავუკარი თავი.

- გაგიმარჯოს! - მომაძახეს აქეთ-იქიდან.

- ღმერთმა სიკეთე და გამარჯვება ნუ მოგიშალოთ ამ უბედური ხალხის დაცვისთვის. - მივაგებე მე.

- ვინ ხართ, აქ, ამ ხალხში საიდან გაჩნდით? - მკითხა საბამ.

- სამეგრელოდან ვარ მე, იაკობ ჯანაშვილი, ახლა ოსმალოთა შორის ვცხოვრობ-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ საბამ აღარ მაცალა:

- ებრაელი ბრძანდებით, ხომ?

- კი, ბატონო, ღმერთმა გაკურთხოთ ებრაელთა დაცვისათვის. ღმერთს დიდი სიკეთე გამოუმეტებია თქვენთვის.

საბამ გაიღიმა. ისეთი ღიმილი ჰქონდა - ალალი, სუფთა სულის მომფონებელი - გულს გაგითბობდა.

- თქვე სიდოური ბრძანდებით, ბატონო?

- ქუთაისი ხომ გაგიგია...

- რას ჰქვია გამიგია.

- იქვეა ჩემი სოფელი - სიმონეთი. ეს კიდო ზესტაფონელია. ეს კარდანახელი.

- ღმერთმა მშვიდობა ნუ მოგიშალოთ.

- აბა, კარგად იყავით! - საბას ის-ის იყო, ცხენი უნდა დაეძრა, რომ რახილმა ცხენს აღვირში ხელი წაავლო. საბამ ცხენს სადავე მოქაჩა და კითხვით მიაჩერდა ქალს.

ქალმა რომ ხმა არ ამოიღო, საბა ცხენიდან ჩამოხტა. ქალს მიუახლოვდა, მასზე მაღალი იყო. უცებ ქალის უბეს ჰკიდა თვალი. ქალმა ეს შეამჩნია და შიშველ მიწაზე თრევისაგან გადაგლეჯილ ძუძუებზე მარჯვენა ხელი დაიფარა. მაგრამ ერთი პაწია, ხელისგული მკერდს როგორ დაუფარავდა. ამას გრძნობდა ქალი და ხელს ხან ერთ მხარეს გასწევდა, ხანაც - მეორე მხარეს.

- გისმენთ. - თქვა საბამ.

ქალს სახეზე ღიმილმა გადაურბინა.

- გისმენთ. - საბა ქალის უბეს თვალს ვერ აცილებდა, პირზე ღიმილი ერეოდა.

- თუ დღეს უკვე არ მოჰკლეს ჩემი შვილი. - რახილმა მუცელზე ხელი ისე გადაისვა, გეგონებოდათ, ბავშვს ეფერებაო. - მე მინდა მას თქვენი სახელი ერქვას.

- შენ რა გქვია?

- რახილი.

- გოგო თუ დაიბადა, რახილ?

რახილი დაიბნა. მას საბას თამამი მზერაც აბნევდა. თითქმის ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

- ეგ რატომ? ეგ რატომ უნდა მოხდეს?

- არ შეიძლება? არ შეიძლება გოგო დაიბადოს?

რახილს უცებ სახე გაუცისკროვნდა და წამოიძახა:

- დედათქვენის სახელი? დედათქვენის სახელს დავარქმევ! - მისი ბავშვური ღიმილით თუ მიხვფრბოდა კაცი, რომ რახილი ჯერაც ერთობ ყმაწვილი იყო.

- კარგი, შედით სახლებში, ოჯახებს მიხედეთ.

- მითხარით თქვენი სახელი, დედათქვენისაც.

- სხვა დროს იყოს! ჩვენ კიდევ შევხვდებით, ხომ შევხვდებით, რახილ? - ღიმილით უთხრა საბამ.

- გვინდა მადლობა გითხრათ, შვილო, სხვა ჩვენ არაფერი გვაბადია. თუ რამე გვებადა, წაგვართვეს, დაგვარბიეს, აგვაოხრეს! - ერთი ხანდაზმული კაცი წამოდგა წინ. მაღალი იყო, თვალებში სევდა-ვარამი ჩადგომოდა, ლოყაზე ცრემლი შეხმობოდა.

- მართალს ამბობ, ისაკ!

- ღმერთმა გადაგიხადოს!

- სიკეთე ნუ მოგაკლოს გამჩენმა!

- ამაზე დიდი სიკეთე რა უნდა იყოს - ადამიანი უყვარს! - თქვა ისაკმა.

დაბალ-დაბალი, სქელი, ჭაღარა კაცი, თმა რომ შუაზე გაეყო და ორ მხარეს გადაევარცხნა, საბას მიუახლოვდა.

- ჩვენ ღმერთსაც დავავიწყდით, ღმერთიც არაფრად გვაგდებდა, თქვენ კი მოხვედით, მოგვეშველეთ - სიტყვებს მკაფიოდ ვერ გამოთქვამდა, ჩიფჩიფებდა.

- ღმერთს ნუ სცოდავთ, ისრაელებო, - ხელი ასწია ისაკმა - თქვენ გინდათ ღმერთმა მიწაზე იაროს ცოდვილ ოდესელთა მისაშველებლად, არც მამა აბრაამები ვართ და არც მოშე წინასწარმეტყველები, რომ გამჩენი ეგრე გვებაასებოდეს. ყოველ ჩვენგანს ხომ ამ ცხოვრების ცოდვაში უდგას ფეხი. - ახლა საბას მიუბრუნდა ისაკი, ხმაში სითბო და სილბო ჩაუდგა. - თუ შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ისეთივე უბრალო და მოკვდავი, როგორც ჩვენ, და ვერ აიტანე ადამიანის დამცირება, ჩაგვრა, მოსპობა, მადლობა უნდა გითხრათ, შვილო, დიდი მადლობა! სამუდამოდ უნდა გვახსოვდეს შენი ამაგი. კურთხეულ იყოს ქალი და მიწა, რომელმაც გაგზარდა. - ზღვიდან მონაბერმა ქარმა ისაკის მხრებზე წამოსხმული ციცითი ააფრიალა, მოხუცმა ციცითი გაისწორა, ნერწყვი გადაყლაპა და შთაგონებით განაგრძო: - მაგრამ შენ მოკვდავს კი არა, რჩეულს გავხარ. და თუ მართლა ღვთის რჩეული ხარ, თუ შენ ხარ ის ადამიანი, ვისაც ღმერთი ცოდვილთა, სულწაწყმედილთა, ამქვეყნიურ სიამოვნებას აყოლილთა შორის სიკეთის სამსახურს ავალებს, ჩვენი ვალია თავი მოვიდრიკოთ შენს წინაშე, თავს ვიდრეკთ და არა მუხლს იმის გამო, რომ ღმერთი გვიკრძალავს ადამიანის წინაშე მუხლის მოდრეკას. საბას მეგობრები ცხენებიდან ჩამოხტნენ.

მოხუცმა თავი მოიდრიკა. სხვებმაც მას წაბაძეს. ცხენოსანთა ირგვლივ ნელ-ნელა იკვრებოდა თავმოდრეკილი ადამიანების წრე. საოცარი სანახაობა იყო - ქალების, მოხუცების, ახალგაზრდების - ბავშვებისაც - ტანჯულ სახეებზე სასოება და სათნოება აღბეჭდილიყო. მოხუცმა ზალცმანმა ებრაული სიმღერა წამოიწყო. მღეროდნენ თავმოდრეკილი ებრაელები ძველთაძველ ებრაულ სიმღერას. სულში მეც სიმღერა ჩამეღვარა და მე კი არა, სული მღეროდა.

ირგვლივ სილაღემ დაისადგურა.

ამ ბედნიერებამინიჭებულმა უბედურმა ადამიანებმა სიმღერას ფეხიც ააყოლეს - გატაცებით ცეკვავდნენ. ჩვენში არასოდეს მენახა ებრაული ცეკვა - იქ სიმღერებს კი ვმღერით, მაგრამ ცეკვა? ჩვენი ცეკვებიც ხომ ქართულია, ჩვენც ხომ ქართულად ვცეკვავთ?! აბა, ვინ იცის, როგორ ცეკვავდნენ ჩვენი წინაპრები - ქართველი ებრაელნი თუნდაც ოცდაორი, ჩვიდმეტი, ათი საუკუნის წინათ?

სწორედ ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ სროლა გაისმა და ცეკვა-სიმღერაც უცებ შეწყდა.

- აქ არიან!

- აგერ არიან რუსთა მტრები!

- დაჰკა მაგათ!

არ ვიცი საიდან გაისროლეს, მაგრამ ის კი დავინახე, რომ ის რუსი კაცი - ანდრეი საბას აეკრა. იმის მიხედვით, თუ როგორ გადაეფარა საბას, მივხვდი: მან დაინახა, რომ საბას უმიზნებდნენ. ტყვიამ შეატოკა.

ისაკმა ანდრეი დააწვინა მიწაზე - საბასათვის ნასროლი ორი ტყვია მარცხენა ბეჭში მოხვედროდა. აქედან გასულიყო გულში.

საბა ცხენს მოახტა და დამარბეველთა წრეში ჯიქურ შეიჭრა. ალბათ ეს იყო შეცდომა, ალბათ, ეს არ უნდა ექნა. არც დამბაჩა ამოუღია, არც ხანჯალი, კვლავ მათრახით ცდილობდა მოძალადეთა ძლევას. მას სისხლი არ უნდოდა, მას მშვიდობიანი დაშლა ეწადა. სულ ახლოს მივიდა დამარბეველი. ზედ ცხენის გავასთან, მე შევნიშნე, შევძახე: „საბა, საბა!“ დამბაჩაც ამოვიღე, რომ ტვინი გამეხვრიტა იმ ძაღლიშვილისათვის, მაგრამ...

ორი ტყვია დაახალა ზურგში. საბა ცხენზე შეხტა, მერე წინ გადაიხარა, ლამის გაწვა ცხენზე, ყელზე მოეხვია, ფაფარში ჩაავლო ხელი, აგერაგერ მიწას დაენარცხებოდა. რამდენიმე ებრაელი ჯიქურ შევარდა დამარბეველთა წრეში და საბა ხელში აიტაცა. მე კი სწორედ ამ დროს მომხვდა თავში რაღაც. „მაინც მომკლეს ძაღლებმა“, გამიელვა თავში. ბუნდოვნად ვხედავდი როგორ მოძრაობდნენ ადამიანები. აი, ზალცმანი საბას გადაემხო. ახალუხი გადაუხსნა.

ადამიანები ნელა მოძრაობდნენ, ჭიანჭველებს ჰგავდნენ და საშინელი სანახავი იყვნენ.

წამოდგომა ვცადე. თავი ვერ ავწიე. ისევ მიწაზე დავდე თავი და თვალები დავხუჭე. შვება ვიგრძენი. „სიკვდილი შვება ყოფილა“, - გამიელვა უცებ. მიწას უცნაური სუნი ჰქონდა - თითქოს ოფლიანი იყო და მძაღე. უხეშიც იყო და უალერსო, ჩვენში კი რბილია, ცვრიანი. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე. დიდი ხანი არ უნდა ვყოფილიყავ. თვალი გავახილე, ყველაფერს ცხადად ვხედავდი. |გადავრჩი“, - გამიელვა თავში და დამარბეველთ მოვკარი თვალი. ძუნძულით გარბოდნენ. საბას ცხედარს მიარბენინებდნენ.

თავი მიბრუოდა. მაინც წამოვდექი. დამბაჩა მოვიმარჯვე, მაგრამ...

საბას ბიჭები დამარბეველთ დაედევნენ.

ამ ორიოდე წუთში რამდენი კაცის სიცოცხლეს დასმოდა წერტილი, რამდენ კაცს სამუდამოდ შეეწყვიტა სუნთქვა!

ისაკი თავქვე ეგდო. კეფა ქონდა გასისხლიანებული. ესე იგი, მასაც თავში დაარტყეს რაღაც. ალბათ, ქვა. ციცითმოსხმული ბიჭი კი დანით იყო მოკლული - ორივე ხელი ციცითისათვის ჩაევლო და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, იფიქრებდით, ღმერთს მადლობას სწირავს, რომ ციცითით გაიყვანა ამ ცხოვრებიდანო.

რახილს ცალი ხელი კვლავ ძუძუზე დაეფარებინა, კვლავ რცხვენოდა სიშიშვლისა.

ხელში რომ დამბაჩა ისევ მეჭირა, 10-12 წლის ბიჭის მზერამ მაგრძნობინა. დაჟინებით მოსჩერებოდა დამბაჩას. ლამის დამტაკებოდა და ჩემი ხელი დაეკბინა. მივხვდი რა ცეცხლიც ტრიალებდა ამ ბიჭის გულში. დამბაჩისთვის ისე დაერჭო მზერა, მასზე მზის სხივები კი არა, ბიჭის თვალების ელვა ლაპლაპებდა. რამდენი ასეთი ბიჭი იყო დღეს ოდესაში?

გლოვის წუთები იდგა. უხმო, უსიტყვო გლოვისა და ამიტომ გამიკვირდა, ვიღაცამ რომ სიმღერა წალ მოიწყო. ბრაზით გავხედე მომღერალს. ერთი თმა-წვერაშლილი, მოხუცი ებრაელი შემრჩა ხელთ. ზღვიდან ნიავმა წამოუბერა და იმ კაცს ჭაღარა თმაწვერი, ტანსაცმელი უფრო აუშალა. ძლიერ გამიკვირდა ეს სიმღერა-მეთქი, გითხარით, მაგრამ მალე მივხვდი: ის კაცი არ მღეროდა. ეს სიმღერა არ იყო. სიტყვებიც არ ისმოდა - იმ კაცის ყელიდან მელოდიად ქცეული ოხვრა და კვნესა ამოდიოდა. იერიქონის საყვირივით უხმობდა ეს ხმა ებრაელებს - ეძახდა, ემუდარებოდა. ხმა-კვნესა ხან ზღვასავით უზარმაზარი და მძლავრი, ხან ჩვენი სოფლის შუკასავით მოკლე, ტოკავდა, თრთოდა, მოთქვამდა და მე ახლაღა დავინახე, თუ როგორ დასტიროდნენ ებრაელები თავიანთ დაღუპულ შვილებს, მამებს, ძმებს, როგორ ეთხოვებოდნენ სამშობლოს. კვლავ თვალწინ დამიდგა ჩემი ხალხის ისტორია. საბა დღეს, ახლა, ამ წუთში ჩვენი ისტორიული ბედის დასტური იყო და ამ ბედს დასტიროდა ეს კაცი. ჩემი სიმღერა იყო ეს სიმღერა - დედამიწის ყოველ კუთხეში უპატრონოდ მიმოფანტული ხალხის სიმღერა. მშველელს უხმობდა იგი. ადამიანების გულის კარის შეღებას ლამობდა, მაგრამ ირგვლივ სასაფლაოს მდუმარება სუფევდა.

პასუხი არსაიდან იყო.

ის 10-12 წლის ბიჭი ხელში ჩამაფრინდა, ისე ძლიერ მიკბინა, წამოვიკივლე, უცებ ვერ მივხვდი რა უნდოდა. დამბაჩა რომ ხელიდან გამივარდა და ის დასწვდა, მაშინ მივხვდი ყველაფერს. ბიჭი თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, დამარბეველთ მისდევდა, ზოგჯერ ეცემოდა, ალბათ, ქვას თუ წამოკრავდა ფეხს, მაგრამ უმალ დგებოდა და გარბოდა.

აქ მიცვალებულნი, მე და ის თმაწვერაშლილი კაცი დავრჩით.

იმ კაცს გოდება არ შეუწყვეტია - მისი ყრლიდან კვლავ მელოდიად ქცეული კვნესა ამოდიოდა და ვერ გრძნობდა, რომ მარტო დარჩა. ზურგი ვაქციე, იქაურობას გავეცალე. ნელ-ნელა ვშორდებოდი მოხუცს და თან მომდევდა ჩემი ხალხის გოდება. იგი სულს იმორჩილებდა, იმონებდა, განწირულებას ჩამაგონებდა, ამიტომ ვცდილობდი ჩქარა გავცლოდი იქაურობას. ჩქარა, ჩქარა, რომ საბოლოოდ არ დამონებულიყო სული.

11 სრულიად საიდუმლოდ ოდესის ოხრანკის უფროსს (გვარი წაშლილია)

▲ზევით დაბრუნება


თქვენი აღმატებულების უშუალო მითითებითა და ნებასურვილით გაახლებთ მოხსენებით ბარათს ამ დღეებში ოდესისი ეროვნულ-პატრიოტული ძალების მიერ ჩატარებული რბევის თაობაზე.

ამ აქციის მთავარი გაკვეთილი ის გახლავთ, რომ იგი კეთილისმყოფელ როლს შეასრულებს რუსეთის იმპერიის მფარველობის ქვეშ მყოფი ხალხების მორჩილების საქმეში.

ახლა კი მოგახსენებთ თავად აქციის თაობაზე:

ებრაელთა რბევის დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე, როგორც კი გაირკვა, რომ საკითხი მომწიფებულია, ე.ი. ხალხში შექმნილია სათანადო განწყობილება, თანახმად ადრევე შემუშავებული გეგმისა, მე შევედი იმ ჯგუფში, რომელსაც სინაგოგის რაიონში უნდა შეეტია ხელმწიფისა და რუსეთის დაუძინებელი მტრისათვის. ჩემთვის, უცხო კაცისათვის, ამ რაზმში ადგილის დაკავება არ გახლდათ იოლი საქმე - აქ უმთავრესად თავს იყრიდნენ ის ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ისინი უმთავრესად ერთ ქარხანაში მუშაობდნენ.

გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, და უნდა ვივარაუდოთ, რომ მათს შორის ბევრი იყო რუსული ინტელიგენციის წარმომადგენელი, მოსახლეობაში ჩაუტარებიათ ახსნა-განმარტებითი სამუშაო: თუ ებრაელობის რბევა მოეწყობა, რუსეთს კიდევ ერთი დიდი ლაქა მოეცხებაო. მიუხედავად ამისა, ხალხში იმდენად ძლიერია ხელმწიფე-იმპერატორისა და მამულის სიყვარული, ყოველივე უცხოს სიძულვილი, რომ დილას ყველა აღგზნებული და სრულ მზადყოფნაში გამოცხადდა. პირველად სწორედ სინაგოგისკენ გავემართეთ, რადგან გვინდოდა ურიები საკუთარ ბუნაგებში მიგვებეგვა. ეს უკანასკნელნი, შეუტყვიათ რა ყველაფერი, ვირთხებივით დამფრთხალან და გაქცეულან, აქ არ გამოვრიცხავ რუსი ინტელიგენციის მოღალატურ როლს. ამიტომ გადავწყვიტეთ ცეცხლი წაგვეკიდებინა სამლოცველოსათვის. ამ პატრიოტული ვალის აღსრულებაში ხელი შეგვიშალეს უცხო ადამიანებმა, რომლებმაც ცხენებზე ამხედრებულებმა შემოგვიტიეს. ესენი არ იყვნენ რუსი ინტელიგენტები და არც - ურიანი. ავკასიურად ეცვათ. ამათმა შემოტევამ ჩვენს ხალხში შიში დათესა, ყველაფერი ჩაშლის პირას იყო, მიუხედავად ამისა, მაინც შევძელით ხალხის დარბევა. ამჯერად ებრაელთა უბნის დასარბევად გავემართეთ. მართალია, ამ უბანში უკვე ყოფილიყო სხვა ჯგუფი, მაგრამ ჩვენი კაცი რაც უფრო მეტს ურტყამს მამულის მტერს, მით უფრო ბედნიერია. მართალია, ურიათა ქონების დატაცებისას რუსთა მიერ ერთმანეთის დაუნდობლობის ფაქტებიც გამოვლინდა, მაგრამ ეს უმნიშვნელო უსიამოვნება სულაც ვერ დაჩრდილავს ჩვენი ხალხის პატრიოტიზმს, მამულისა და ქრისტეს სიყვარულს.

სამწუხაროდ, ჩვენი მიზნის ბოლომდე შესრულებაში აქაც შეგვიშალეს ხელი - კვლავ იგივე კავკასიელთა ჯგუფი მოულოდნელად დაგვესხა თავს და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მამულიშვილნი ურიათა თვალწინ ჯერ სამარცხვინოდ დააჩოქეს და გაამათრახეს, შემდეგ კი ზღვაში ჩაჰყარეს.

მიუხედავად იმისა, რომ აქციამ თავისი დანიშნულება შეასრულა - ურიათა შორის დანერგა შიში, - ამ ფაქტმა ჩემი დიდი გულისწყრომა გამოიწვია, და როცა ჩვენს მოძმეთ ძაღლებივით ერეკებოდნენ ზღვისაკენ, გავიპარე, რათა შური მეძია კავკასიელებზე. უმალ შევუერთდი დამარბეველთა სხვა ჯგუფს (ისინი მეზობელ ქუჩებში ასრულებდნენ თავიანთ პატრიოტულ ვალს). ავუხსენი მათ, თუ როგორ დაჩაგრეს კავკასიელებმა რუსი მამულიშვილები და ვთხოვე სწორედ იმათთვის შეგვეტია, რადგან, ვიდრე კავკასიელებს სამაგალითოდ არ დავსჯიდით, ურიებს კარგად ვერ დავარბევდით. აქ თავი იჩინა ერთმა უსიამოვნო გარემოებამ - ბევრმა უარი თქვა ამ წმინდათაწმინდა აქციის ჩატარებაზე შემდეგი მიზეზის გამო: იქ უკვე ორჯერ იყვნენ და ჩვენთვის რაღა დარჩებოდაო. ე.ი. ზოგიერთი ჩვენი თანამემამულისათვის ურიათა რბევა ღვთიურ, პატრიოტულ საქმედ კი არ იქცა, არამედ გამორჩენის საშუალებად (ოხრანკის უფროსი მოხსენებით ბარათს რომ კითხულობდა, ამ სტრიქონების ქვეშ წითელი ფანქარი გაუსვა, გვერდის არშიაზე კი მიაწერა: “წაახალისეთ, სხვა რიღათი უნდა დააინტერესოთ ჩვენი საბრალო ხალხი!“). ასე იყო თუ ისე, რაზმი მაინც წავიყვანე. ღამდენიმე პატრიოტს ჩემზე გაპიროვნებული იარაღი დავურიგე. სამწუხაროდ, ამოცანა ვერც აქ შევასრულეთ - კავკასიელებმა გააფთრებული წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ მოხდა ლიკვიდაცია კავკასიელთა რაზმის მეთაურისა. ეს წმინდა საქმე სამშობლოსა და ქრისტეს სახელით მე შევასრულე.

გასული ორი დღის განმავლობაში ვცდილობდი დამედგინა რაზმის მეთაურის ვინაობა. იგი აღმოჩნდა ვინმე ქართველი საბა კლდიაშვილი, დაბადებული ქუთაისის გუბერნიაში.

საბა კლდიაშვილი, 28 წლისა, ოდესის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, ამ რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც გაიარა სტაჟირება ქიმიის დარგში, ჩვენთან მუშაობდა ასევე ქართველი (გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რადგან ამ ბოლო დროს ისინი ძლიერ მომრავლდნენ) მეცნიერის პეტრე მელიქიშვილის ხელმძღვანელობით.

გამოირკვა, აი, რა: იმ დილით, როცა ებრაელებს დღესასწაული ჰქონდათ, და ჩვენ დავიწყეთ ჩვენი მამულიშვილური ვალის აღსრულება, საბა კლდიაშვილმა, თურმე, შეკრიბა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი ახალგაზრდობა და მიმართა სიტყვით, რომელიც დაახლოებით ასე გადმომცეს:

- ოდესის ქუჩებში ანტიქრისტენი, რუსი ხალხის შემარცხვენელნი (!) დარბიან და აწიოკებენ, არბევენ ებრაელთა ოჯახებს მხოლოდ იმისათვის, რომ ისინი ებრაელები არიან. მე ბინა ებრაელი კაცის ოჯახში მიჭირავს და ვიცი ქალაქის მოსახლეობის ამ ნაწილს არაფრით დაუმსახურებია შავრაზმელთა ასეთი გაბოროტება. მე მოგიწოდებთ, დავიცვათ უიარაღო და დაჩაგრული ხალხი, მე მოგიწოდებთ, როგორც ქართველი, შვილი ჩემი ერისა, რომელსაც არასოდეს ჩაუდენია ასეთი სამარცხვინო საქმე - არასოდეს დაურბევია სხვა ერი. ამ აქტით ჩვენ ჩვენს საყვარელ ქალაქს და ხალხს ავარიდებთ დიდ სირცხვილს (!)

თურმე ამ საბა კლდიაშვილს თერთმეტი ახალგაზრდიდან ცხრა გამოჰყოლია. ორს კი უარი უთქვამს იმ მიზეზის გამო, რომ პოლიცია მათ თვალყურს ადევნებს.

ასე შეიკრა ათკაციანი ჯგუფი.

რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

ა) საბა კლდიაშვილი სიმპათიურად იყო განწყობილი ებრაელობის მიმართ.

ბ) საბა კლდიაშვილს არ ვუყვარდით ჩვენ, რუსები.

გ) იმ ორი ახალგაზრდის მიერ აქციაში მონაწილეობაზე უარისთქმა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ დღეებში სხვა უფრო მნიშვნელოვან ბოროტებას ამზადებენ ხელმწიფე-იმპერატორისა და ჭეშმარიტი რუსი ხალხის წინააღმდეგ. თავი აარიდეს სწორედ იმიტომ, რომ არ ეწადათ პოლიციას თვალში მოხვედროდნენ. გთხოვთ ამ საკითხის შესწავლა დაავალოთ სათანადო პირს (ოხრანკის უფროსმა ამ სტრიქონსაც გაუსვა წითელი ფანქარი და მიაწერა “პოლკოვნიკი სერგეევი!“)

ამას გარდა, საჭიროა შესწავლილი იქნას საქმიანობა, ბიოგრაფია რუსული ინტელიგენციის იმ წარმომადგენლებისა, რომლებიც დარბევის წინა დღეებში ასე დაირაზმნენ და მოსახლეობას ჩააგონებდნენ, ებრაელთა რბევა არ ემსახურება რუსი ხალხის ინტერესებსო. ამან თავისი შედეგიც გამოიღო: მოსახლეობა მთლიანად არ თანაგვიგრძნობდა. იყო შემთხვევები, როცა ქუჩებში ანტიქრისტეს და არამზადებს, ყაჩაღებსაც კი გვეძახდნენ და ამას აკეთებდნენ რუსები.

საბა კლდიაშვილს კავშირი უნდა ჰქონოდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან. მე დავადგინე: გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ იგი გაემგზავრა თავის მშობლიურ საქართველოში და იქ, ქუთაისის გუბერნიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიისათვის დიდძალი თანხა შეაგროვა.

დ) საბა კლდიაშვილის ბანდიტურ რაზმს ცხენები ათხოვა ოდესის ჰიპოდრომის პატრონმა ფრანგმა ჟორჟ დუბუამ, რომელმაც, როგორც გახსოვთ, ამ სამი წლის წინათ ქალაქის კაზინოში გვარდიის კაპიტანს კოსორუკოვს მთვრალმა საჯაროდ შესძახა:

- ნახევარი ოდესა შავრაზმელია, ამიტომ არ ვმეგობრობ თქვენთან და ვარჩევ მეორე ნახევარში მოქცეულ ადამიანებს შორის ვიცხოვროო.

ვფიქრობ, დროა ჟორჟ დებუასაც მიეზღოს თავისი.
პატივისცემით ვარდი.

12 ეფრემი

▲ზევით დაბრუნება


სამეგრელოში ხშირია ასეთი მშვიდი საღამო - განსაკუთრებით კი გაზაფხულის პირზე. თითქოს რაღაცის მომლოდინე ცა და მიწა ერთად გაირინდება. ეს სიმშვიდე, სულგანაბული მოლოდინი დიდხანს გრძელდება. ზოგჯერ ამ მოლოდინშივე ეშვება ღამის ფარდა.

მაგრამ ისიც ხდება, რომ ამგვარი მშვიდი საღამოს მოლოდინს უცებ დაედება ზღვარი - შავი ზღვის მხრიდან უცებ დაუბერავს ქარი, რომელსაც აქ „ზღვაურს“ ეძახიან და გატრუნულ, თითქმის მთვლემარე ხეებს, ბუჩქებს უცებ ააფორიაქებს.

იმ დღესაც ასე იყო - მშვიდი საღამო იდგა - ბუნებას არაფერი ესაქმებოდა იმასთან, რაც დათიკო ჯანაშვილის ოჯახში ხდებოდა, მაგრამ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა - ისეთი „ზღვაური“ ამოვარდა, დათიკოს სახლის გარშემო მდგარი ხეები წელში მოხრილ დედაბრებს დაამსგავსა. ჯერაც შეუფოთლავი, ტოტებშიშველი, ნაზამთრალი ხეები ქარში ისე იგრიხებოდნენ, თითქოს უხილავი ადამიანი მათრახს უტლაშუნებს და ესენი თავის გადასარჩენად, ტკივილის თავიდან ასაცილებლად ხან აქეთ გადაიხრებიან, ხანაც - იქითაო.

მართალია, „ზღვაური“ ერთობ ხანმოკლეა, მაგრამ ძლიერიც. ხშირად წვიმაც მოსდევს თან და რამდენიმე წუთში წყლით ავსებს ქუჩა-შუკებს, წყალში ცურავს მწვანე, ხასხასა მოლი.

ამ საღამოსაც ასე მოხდა - უცებ დაჰბერა „ზღვაურმა“, იწვიმა კიდეც, მაგრამ ამან სულაც ვერ შეაჩერა დათიკოს სახლში მომსვლელთა ნაკადი.

ეზო ხალხით იყო სავსე. ებრაელები, მეგრელები, ომის წლებში აქ ევაკუირებული და მერე სამუდამოდ დარჩენილი რუსობა, მწარედ მოთქვამდა. გრუნია ივანოვნა - ერთი მაღალ-მაღალი ძვალმსხვილი ცისფერთვალება ქალი როსტოვიდან რომ ჩამოსულიყო და დაბაში სამუდამოდ დარჩენილიყო, ეფრემის ცხედარს კარგა ხანს ვერ მოაცილეს. მერეც მივიდოდა ხოლმე და თვალცრემლიანი წამოიყვირებდა: Ну что это такое, разве такое возможно!

გრუნია ქართულს ვერ ახერხებდა, უჭირდა, თორემ მეგრული შესანიშნავად შეესწავლა და მეგრულადაც დასძენდა ხოლმე: „მუ რე თენა, მუ! მუშენი, მუშენი, ნანა!“

ესენი რომ ასე მწარედ ტიროდნენ, არავის არ უკვირდა. იმას კი ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ ამ ორიოდე წლის წინათ დაბაში ჩამოსახლებული აისორების მრავალრიცხოვანი ოჯახიც გლოვობდა დათიკოს თავსდამტყდარ უბედურებას.

- ჩვენ ჯერ წესიერად არც ვიცნობთ და ესენი რა გულიანი ხალხი ყოფილან, უყურე შენ!

- გადაულაპარაკა ჯვებე მაქაცარიამ პილა ჯოჯუას - პურის გამყიდველს.

- დიდაღურელი! ეწვით გული და ტირიან! - აბა, რა იქნება! - გაოცდა პილა ჯოჯუა - ძალიან წესიერი ბიჭი იყო, ძალიან! - დასძინა მერე.

დათიკოს და რიბკას აღარაფერს ეკითხებოდნენ. მეზობლები: მოძღვრიშვილები, მიხელაშვილები, ჭანტურიები, ჯოჯუები და სიგუები ტრიალებდნენ ოჯახში. ჯერ ლოგინი აშალეს, ნიკელის უკვე ჟანგშეპარული საწოლები აკეცეს და ერთ კუთხეში მიალაგეს, შუა ოთახში ტახტი დადგეს. მერე ყველამ მონახა თავისი საქმე, რიბკასთვის, გნებავთ დათიკოსათვის კიდეც ეკითხათ რაიმე, რა პასუხი უნდა მიეღოთ - ისინი მზერაცარიელნი შესცქეროდნენ ეფრემის ცხედარს. დროდადრო რიბკა უღონოდ წამოიძახებდა ხოლმე:

- ვაი შენს დედას, შვილო!

ეზოში კირილე შემოვარდა. მუცელზე მოდებული ქონი სირბილის საშუალებას არ აძლევდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა, მაინც მორბოდა - გული წინ უსწრებდა სხეულს, სუნთქვა უჭირდა, ეჩვენებოდა, გული აგერ-აგერ, ახლა ამოვარდება საგულედანო, ისიც ეჩვენებოდა, სადაცაა წავიქცევიო, ელდისა, თუ თავისი მძიმე სხეულის ასე უჩვეულოდ სწრაფი ტარების გამო ფერი წართმეოდა, მაგრამ მაინც მორბოდა, კარის ზღურბლთან ერთი ამოიგმინა „დათიკო, ბიჭოო“ და მერე მისი ხმა არავის გაუგონია. დათიკოს მკერდში ჩაეკრა - ერთხანს მხარზე მწარედ ახლიდა თავს და ქვითინებდა.

კირილეს დანახვაზე აქამდე უტყვ, თითქოს ქვადქცეულ დათიკოსაც წასკდა ცრემლის ნიაღვარი, თითქოს კირილეს ელოდა, თითქოს კირილესთვის უნდა ეტირა, თითქოს იმ ადამიანს უცდიდა, ვინც ცრემლს მოსწმენდდა და ტკივილს გაიზიარებდა. გულზე მომდგარ ტკივილს ახლაღა გაუღო აქამდე ძლიერად ჩაკეტილ-ჩარაზული კარი. კარგა ხანს ქვითინებდა ეს ორი, ერთმანეთის მკერდს ჩაკრული ჭაღარა კაცი. მერე ვიღაცამ თქვა: „თუ კიდევ ასე გააგრძელეს, გული შეუღონდებათ“. კუკური მიუახლოვდა, კირილეს გვერდზე, ბუხრისკენ გაყვანა მოუნდომა, მაგრამ კირილე არ დანებდა. ამ წუთიდან კირილე დათიკოს გვერდით იდგა, საქმეზე კი თავის ბიჭებს - კოკისა და მერაბს აგზავნიდა.

დომენტი ალანია რომ ეზოში შემოვიდა, წვიმას გადაეღო. ათი ნაბიჯით მაინც გამოასწრო ცოლ-შვილს. ნაოფიცრალი დომენტი მაღალი იყო, გამხდარი, მისი ჩასუქებული მეუღლე, როგორ წამოეწეოდა. სახლში რომ შევიდა, უფრო სწორედ კარებში რომ ჩადგა, ქუდი მოიხადა, შუბლზე ხელი იტკიცა და შესძახა:

- ვინ დაგვღუპა, დათიკო, ვინ! ვინ მოგვიკლა ბიჭი იმ დასაქცევმა!

ამ შეძახილის გამგონე ხალხი, დომენტი ალანიას იმით შეეხმიანა, რომ უფრო ატირდა. მიუხედავათ ამისა, ყველამ კარგად გაიგონა რუბენ მოშიაშვილის ნათქვამი:

- ვინ და საბჭოთა ხელისუფლებამ, ამხანაგმა ხრუშჩოვმა!

ალანია შეტოკდა, სმენამ ხომ არ მიღალატაო, იფიქრა, მაგრამ ხალხის სახეებზეც რომ შიში და გაოცება ამოიკითხა, სულ დაიბნა, დათიკოსთან უაზროდ მილასლასთა, მოეხვია, რაღაც ჩაიბუტბუტა, მაგრამ საფიქრალი სულ სხვა ჰქონდა.

- რა პასუხი იყო ახლა ეს! ჯერ ერთი იმისთვის კი არ მიკითხავს ვინ მოგვიკლა ბიჭიო, რომ მკვლელს დავეძებ, მეორეც - ეფრემ ჯანაშვილის, |საპოჟნიკი“ დათიკოს ბიჭის სიკვდილთან ხრუშჩოვს რა ხელი უნდა ჰქონდეს? პროვაკატორია ეს შობელძაღლი, თორემ ასეთი პასუხი შეიძლება? ასეთ რამეს სამ კაცშიც არ ამბობენ. ყველაფერი სასწაული ამ ეუბენამ უნდა თქვას! - ფიქრობდა ალანია და მაშინალურად მოძრაობდა. კუთხეშიც უაზროდ დადგა. რუბენს აქედან გახედა და გულში გაივლო: იქნებ, ამ ელდამ ჭკუა დააკარგვინა? რაც არ უნდა იყოს, მეგობრის შვილია, მგონი, ნათესავიც კი უნდა იყოს დათიკოსი.

რუბენს ჭკუის დაკარგვისა არაფერი ეტყობოდა. პაპიროსი „საკურორტო“ ანუ როგორც თვითონ ეძახდა, „კურორტნი“ თითებშუა ჩვეულებრივად დაეგრიხა და ისე აბოლებდა, როგორც ყოველთვის - გეგონებოდათ, ამ დაბის ბაზარში ქაღალდის პარკის გამყიდველი კი არა, პრინცი მარლბორო და ოროთახიანი (როგორც თვითონ იტყოდა, ორთვალიანი) ფიცრულის კი არა, მარლბოროს ციხე-კოშკის პატრონი გახლდათ.

რუბენ მოშიაშვილის ნათქვამი რომ ეზოში პატარ-პატარა ჯგუფებად შეკრებილ ხალხში გამოიტანეს, ვიღაცამ ჩაიცინა - ოხერია რუბენაო, ვიღაცამ ხელი აიქნია, ვიღაცამ თქვა, ალბათ, აურიაო. ვარლამ კაკულიამ კი მრავალმნიშვნელოვნად დასძინა: ის ბიჭები, რომლებმაც ეფრემი ჩამოასვენეს, მაგან წაიყვანა სახლში სასადილოდო. ეს ცნობა ბევრმა ასე გაიგო: რუბენმა იმ ბიჭებთან ორიოდ ჭიქა გადაკრა და თვითონაც არ იცის რას ყრანტალებსო. თითო-ოროლამ კი აი, რა გაივლო გულში: რუბენამ იმ ბიჭებისგან ის იცის, რასაც ჩვენ ვერაფრით ვერ მოვიფიქრებთო და ცნობისმოყვარეობის ჭია შეუჩნდათ. სასწრაფოს და სრულად ეწადათ ამბის გაგება, მაგრამ რუბენთან არა მარტო გამოსაუბრებას, ახლოს მისვლასაც ერიდებოდნენ: გასაგებს ისედაც გავიგებთ, თავი ხიფათში რატომ ჩავიგდოთო. თუ ვინმეს ესაუბრებოდნენ, თვალი და ყური იქით ჰქონდათ, რუბენი ვის დაელაპარაკება და რას ეტყვისო.

გამხდარი, ლურჯკიტელიანი, გამელოტებული ისახარი კი ლეღვის ხის ძირში იდგა და ფიქრობდა:

- შტერები არიან ესენი, შტერები აბა, რა! ვერაფერს ხვდებიან და იმიტომ ტლიკინობენ ასე: ხრუშჩოვმა სტალინი არ ვარგაო, სტალინი იყო ავი და გაუტანელიო, ის თქვა, თორემ საბჭოთა ხელისუფლება აღარ არისო, ხო არ გამოუცხადებია? ყური ისევ აბია ხეს და აგერ იმ ონკანსაც. სტალინი ხალხის დამწიოკებელი იყოო, იმიტომ ამბობენ, რომ ხალხის ახალი მტრები იპოვნონ და ძველს ამოუყენონ გვერდში. ისინი, ალბათ, დაბერდნენ უკვე - ბებერი მტერი რაღა მტერია! ვის მოატყუებენ ესენი! ღაც ძალაუფლება აიღეს ხელში, ხალხის დაჭერის მეტი არაფერი უკეთებიათ. დაჭერა, გადასახლება, დახვრეტა გვესმის სულ და ახლა რაფერ შეელევიან მაგ საქმეს! შტერია ეს რუბენა! - ასე ჰგონია, აღარ არი მთავრობა, ხრუშჩოვის და საბჭოთა ხელისუფლების ასე ხსენებას ვინ აპატიებს, თანაც ისრაელს! გათავებულია მაგისი საქმე! რა ალაპარაკებს, დააჭიროს ენას კბილი! დანიელას და შალიკოს რომ ლოცვაზე რაღაც-რაღაცეებს უსწორებს, ის ჰგონია აქ! ხრუშჩოვი დათიკო ჯანაშვილის ბიჭს დასდევს მოსაკლავად, მეტი დარდი არა აქვს! დათვრა, ალბათ, ის საცოდავი, სტუდენტი ბაღანა იყო, რა მოხდა მერე, გადაეკიდა მასავით მთვრალს და... გაუბედურდა ოჯახი...

მაგრამ ისახარი რის ისახარი იქნებოდა, მოვლენის ასეთ ანალიზს ვინმეს თუ არ გაუზიარებდა.

- ე, დანიელია ეგერ, მაგას პირში რა გაუჩერდება, ქვეყანას მოსდებს ამ ამბავს. თუ გინდა მთელ დაბას გააგებინო რამე, დანიელს უნდა ჩაუკაკლო, თანაც შეეხვეწო, სეკრეტად გეუბნები და თუ კაცი ხარ, არავისთან წამოგცდესო.

ის-ის იყო ისახარი დანიელთან აპირებდა მისვლას თავისი დასკვნის გასაზიარებლად, რომ ეზოში ეფრემის მეგობრები შემოვიდნენ, ისინი, ვინც ეფრემის ცხედარი ჩამოასვენეს. უხმოდ შემოვიდნენ, ჯანაშვილებისა და ჭანტურიების ეზოს გამყოფ მესერთან უხმოდ დადგნენ.

- ახლა ამათ ხალხი დაესევა. მივალ, გამოველაპარაკები და ყველა გაიგებს რუბენა უშნოდ რომ პარტყალებს, - გაიფიქრა ისახარმა და ეფრემის ამხანაგებს მიუახლოვდა.

- გამარჯობათ თქვენი, ახალგაზრდებო! - ერთობ საქმიანი, აქ ეზოში გამეფებულ ატმოსფეროთან შედარებით ერთობ ომახიანი ტონით მიმართა ისახარმა ახალგაზრდებს.

ახალგაზრდება უხმოდ და მოწიწებით დაუკრეს თავი.

- მე ისახარი მქვია, მეზობელი ვარ დათიკოსი, ეგერ ვცხოვრობ, ე! ეს კიდო ჩემი ნათესავია, - დანიელზე მიათითა ისახარმა.

ბიჭებმა კვლავ თავაზიანად დაუკრეს თავი.

- თქვენი სახელი?

- გოგი!

- თქვენი? - მეორეს მიუბრუნდა ისახარი.

- თემო! - აშკარა გახლდათ, რომ ბიჭებს სამუსაიფო განწყობილება არ ჰქონდათ, ამიტომ მოკლედ, მაგრამ თავაზოიანად პასუხობდნენ მასპინძელ კაცს.

- თქვენც საბჭოთა სტუდენტები ხართ, ხომ? - იკითხა ისახარმა და ბიჭები რომ ჯერ გაკვირვებული მიაჩერდნენ მასპინძელს, მერე თანხმობის ნიშნად დააქნიეს თავები, ისახარმა შეკითხვას შეკითხვა მიაყოლა. - თქვენც იურიდიულ ფაკულტეტზე ხართ, ხომ?

- არა, ფილოლოგიურზე. - ჩაილაპარაკა თემომ.

- ქართველები, ხომ?

გოგი და თემო შეწუხდნენ კიდეც ამ უადგილო კითხვით, მაგრამ თავი მაინც დაუქნიეს ისახარს.

- ესე იგი, არ იშლის, მაინც არ იშლის ახალგაზრდობა ჯერ სმას და მერე ჩხუბს, ხომ? - თანაგრძნობის გამომხატველი ინტონაციით და გამომეტყველებით მიუბრუნდა ისახარი გოგის.

გოგიმ კითხვა ვერ გაიგო. ვერ მიხვდა რა კავშირი უნდა ჰქონოდა ყველაფერ იმას, რაც აქ, ამ საღამოს ხდებოდა, ახალგაზრდობის სმასთან, ჩხუბთან და მხრები აიწურა.

- აბა, როგორ გითხრათ... ვერაფერს გეტყვით.

რასაკვირველია, ამ ბიჭს არ უთქვამს დალევა და ჩხუბი რა შუაშიაო, ეფრემი ხრუშჩოვმა მოკლაო, მაგრამ ეს „აბა, როგორ გითხრათ“, „ვერაფერს გეტყვით“ უსახარის მოსაზრებას ნაწილობრივ ადასტურებდა. ეს კი ისახარს ხელს არ აძლევდა. მას სრული გამარჯვება ეწადა.

- ახლა აქ, ერთი, ასე ვთქვათ, უკაცრავად პასუხია და მოსაზრება წამოიჭრა. - ისახარმა ირონიულად გაიღიმა, „კომუნისტი“, საოლქო გაზეთი „ლენინური გზით“ და რაიონული გაზეთი „ჩვენი წინსვლა“, იღლიაში რომ ჰქონდა ამოჩრილი, მარცხენა ხელში გადაიტანა, რომ ბიჭებს დაენახათ თუ ვისთან ჰქონდათ საქმე - ისახარი უბრალო კაცი არ იყო. - იმ გაზეთის მკითხველი კაცი გახლდათ! - ეს ჩვენი დათიკოს ბიჭი ხრუშჩოვმა მოკლაო. თქვენ რას იტყვით?

გოგიმ და თემომ ერთმანეთს გადახედეს. ამათ სამუსაიფო განწყობილება არ ჰქონდათ.

- ხომ გაგიგონიათ, რას არ იტყვის კაცის ენაო - ამისთანა სიცრუე? - ისახარი ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ მის ზურგსუკან მდგომ ხალხსაც გაეგო, ახლავე, ამ წუთში როგორ გაქარწყლდებოდა რუბენის სიბრძნე.

- ასე ჰგონია, ყველაფერი იცის და ჩვენ მაიმუნები ვართ აქანა! - გულში გაივლო ისახარმა. ამიტომ ცდილობდა მისი ნათქვამი უკან თუ გვერდით მდგომ ხალხს გაეგო. გაიგეს კიდეც და მოსაუბრეებს მოუბრუნდნენ. ყურადღებად იქცნენ რა პასუხს გასცემენ ისახარსაო, მაგრამ თემომ და გოგიმ რომ არაფერი თქვეს, წამოწყებული ბაასი განაგრძეს. ყური კი აქეთ ჰქონდათ: არცერთი მხარის ნათქვამში გამოგვეპაროს რამეო.

გოგი და თემო ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ რა ეწადა ამ კაცს და მზერით მეგობრებს დაეძებდნენ. ვახო და სოსო ომკანთან იდგნენ. იმათ იქ შემოხვეოდა ხალხი.

- ჩვენ აქ იმდენი ბრძენი გვყავს, მაგას კი არა, რას არ მოიგონებენ. თუ დაგჭირდათ, ცაზე ვარსკვლავებს დაგითვლიან და ხუთ წუთში ჩაგაბარებენ საბოლოო ანგარიშს. დავიჯეროთ ახლა ჩვენ ეს სისულელე? - აქვს ამ ჩხუბს რაიმე კავშირი ამხანაგ ხრუშჩოვთან?

- რა ჩხუბს? - გაოცდა გოგი.

- ჩვეულებრივ ჩხუბს. რამდენი ბიჭი ჩხუბობს ყოველდღე, ვისი რა ბრალი უნდა იყოს ეს!

- თქვენ რა ჩხუბზე ლაპარაკობთ? - გაოცება ვეღარ დამალა თემომ.

- აი, იმ ჩხუბზე, ეს ჩვენი საცოდავი ბიჭი... დათიკოს ბიჭი რო... - ისახარმა სიტყვა ვეღარ დაამთავრა. ეფრემის სახელიც დაავიწყდა და თავისი უმწეო მდგომარეობაც უცებ იგრძნო.

- ვინ გითხრათ, რომ ეფრემმა იჩხუბა? - ბრაზიც კი იგრძნობოდა თემოს ხმაში.

ისახარი თემოს სიტყვებს იმდენად არ დაუბნევია, რამდენადაც იმან, რომ ამ ბიჭის ინტონაციაში ბრაზი აშკარა იყო. დანიელს გადახედა. დანიელი ისე იდგა და ცას ისე შეჰყურებდა, თითქოს აქაურობა არ აინტერესებდა და არც რამე სმენია. ახლო-მახლო მდგარი კაცები კი ამათკენ მოტრიალდნენ, ზოგიერთმა ორიოდ ნაბიჯიც გადმოდგა.

- კი, მაგრამ... - ჩაილაპარაკა ნირწამხდარმა ისახარმა.

- ეფრემი საერთოდ არ ჩხუბობდა. - თქვა თემომ.

- იქნება საერთოდ არ ჩხუბობდა, მაგრამ ერთხელ იჩხუბა და მაშინაც, ა, ამისთანა რამე მოხდა! - უკანასკნელად გაიბრძოლა ისახარმა და უმალვე გაიფიქრა რა მალაპარაკებდა, ნეტავი, ენა ჩამვარდნოდაო.

- ეფრემი წიგნის ბიჭი იყო, ჩხუბი არ უყვარდა და არც შეეძლო. - დასძინა გოგიმ.

- აბა, ორგანოები? ჩვენმა ორგანოებმა ხომ ასე მოიტანეს ამბავი?! - გამოცოცხლდა ისახარი, რადგან ყველაზე ძლიერი საბუთი მოიშველია.

ბიჭებმა პასუხი არ გასცეს, მრავალმნიშვნელოვნად მიაჩერდნენ ისახარს. დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა. ამათ ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები კი პასუხს მოელოდნენ და გოგიმ ხმადაბლა, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა.

- ეფრემი ჩხუბში არ დაღუპულა.

- ვაი შენ და უი, ისახარ! ეს რა მდუღარეში ვსტუცე თავი! მომტეხოდა ფეხი და ამ საღამოს აქ არ მოვთრეულიყავი! - დარწმუნდა, რომ საქმე სულ სხვაფვარად იყო და აწრიალდა.

- თბილისში რა ხდება, არ გსმენიათ? - იკითხა თემომ.

- თბილისში? დაზუსტების მიზნით იკითხა კუკურიმ.

- გვითხარი, შვილო, რა ხდება. თბილისიდან აქ ერთი მატარებელი ჩამოივლის დღეღამეში და ისიც სამი წუთის მაგიერ წუთნახევარი ჩერდება. კაცი არ ჩამოდის და იმიტომ, - თითქმის ვედრებით თქვა შალომიამ.

არა, ნამდვილად არ მოსწონდა ამგვარი საუბარი ისახარს:

- ეს კუკურიაც და სალომიაც ხომ იმიტომ ჩაეკითხნენ ასე დაჟინებით თემოს, რომ მე გამაშავონ და რუბენს გაუხარონ გული, - ფიქრობდა ისახარი, - შეხედე ერთი, დანიელი რაფერ დგას, ალვის ხის კენწეროებს ისე შეჰყურებს, ვითომ აქაურობის არაფერი ესმის. ამისთანა რა ოქრო-ვერცხლი მიაბარა ხის კენწეროებს მაგ ტილიანმა! - საკუთარ თავზე ბრაზმორეული ისახარი დანიელს ლანძღავდა.

- ცხრაში გამოსვლები იყო...

- გამოსვლები? - წამოიძახა ისახარმა, ჯერ მიმოიხედა, მერე ხმადაბლა დასძინა, - რავა, ამ მთავრობას ებრძვიან?

თემო ერთხანს სდუმდა. ამ პაუზამ კისრის ძარღვები დაუჭიმა მის ირგვლივ შეკრებილ კაცებს.

- ტყვიით და ტანკებით დახოცა ხალხი! ეფრემიც იქ... - თემოს ყელში რაღაც მოაწვა, თვალებში ცრემლი ჩაუდგა, ხალხს ზურგი შეაქცია და ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გავარდა ეზოდან.

ისახარი შეშფოთდა. ახლა აქაურობას ისე უნდა გაცლოდა, არავის ეთქვა გაიპარაო. „აჰ, შენ აგაშენა ჯვებე ღმერთმა!“ - შესძახა გულში ჯვებემ რომ ჯიბიდან პაპიროსი ამოიღო. ის-ის იყო ჯვებესაკენ უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომ რუბენის დამცინავი ინტონაციით ნათქვამი მოესმა:

- რა იყო ისახარ, ხო არაფერი გაწუხებს?

- რავა გილდიის ვაჭარივით გაუჩრია პირში პაპიროსი ამ პატრონმკვდარს! - გაიფიქრა ისახარმა და პირზე ღიმილი მოიდო - რა უნდა მაწუხებდეს, ჩემო რუბენ, კაი პაპიროსი იცის ჯვებემ - ჯვებესკენ ნაბიჯის გადადგმა დააპირა.

- ბრძანდებოდე, მაქანა მოგართმევ, შე კაცო! - შესძახა რუბენმა და პაპიროსის გაშლილი კოლოფით ხელში ისახარის წინ დაერჭო

- რა ცქვიტია, ე შობელძაღლი! - გაიფიქრა ისახარმა. რუბენს კი უთხრა - სიმწარე გაშოროს ღმერთმა! - კოლოფიდან ერთი ღერი პაპიროსი ამოიღო.

- როის იყო შენ თუთუნს ეწეოდი, ისახარ!

- საწყენი ამბავი რომ შემხვდება, ასე ვიცი! მომიკიდე ერთი!

რუბენმა ასანთს გაჰკრა. ცეცხლწაკიდებული ღერი რომ პაპიროსთან მიუტანა, ყურში ჩასჩურჩულა:

- თუ კაცი ხარ, დალაგებულად მომიყევი, რას ლაპარაკობენ ორგანოებში?

ისახარმა მიმოიხედა, ჯერ ბიჭებს მოავლო თვალი, მერე ირგვლივ შეკრებილ ხალხს, ბოლოს კი რუბენს მიაჩერდა.

- რა ორგანოზე მეკითხები, რუბენ!

- შენი ორგანო ვის რაში აინტერესებს, მე იმათზე გეკითხები, ხაზეინებზე, ამისთანა მიუხვედრელი რაფერ ხარ!

ისახარს ხველა აუტყდა.

- ბოლი ხომ არ გადაგცდა, ისახარ? - ბეჭებშუა ორჯერ დაჰკრა ხელი რუბენმა.

- რა მამაძაღლი ხმა აქვს - ვითომ გეფერება, სინამდვილეში გამასხარავებს, გაიფიქრა ისახარმა, რუბენს კი უთხრა: - ხო, ეტყობა, ასეა. კაი ხანია არ მომიწვევია და... ასე ვიცი... ერთი ეს მითხარი, თუ კაცი ხარ, შენი ბანძელი მოყვრები რავა არიან, დიდი პატიოსანი ხალხია, გახსოვს, რა გვაქეიფეს?

რუბენმა კი კვლავ ხმადაბლა, შეთქმულის ტონით ჰკითხა:

- ბიჭო, მე ორგანოების ამბავს გეკითხები.

- მაგათი დარდი ნუ შემოგეყრება შენ, თორემ თუ გაიგეს რუბენს ძალიან ვუყვარვართო, ეგება დაგიძახონ კიდეც.

- მაინც, მაინც რა არისო? ხრუშჩოვი და საბჭოთა ხელისუფლება არ იკადრებდა ამ საქმესო?

- საბჭოთა ხელისუფლების არაფერი ვიცი, ხრუშჩოვი კი ყოფილა შენზე ნაწყენი.

- რა არისო, ამისთანა რა ეწყინა ჩემგან? - ცბიერი ღიმილით იკითხა რუბენმა.

- რუბენასთან ამნაირი ძმობა მქონდა, უმაგისოდ პურს არ გავტეხდი და ახლა რატომ გადამეკიდა ასეო.

რუბენმა შუბლი შეიჭმუხნა:

- უბედური ხარ და უბედურ ხალხთან რომ დაგიჭერია საქმე, იმიტომ აღარ მიყვარხარ-თქვა, ასე უთხარი. შენ რო იმედი გაქვს, ი ხალხი მოგიღებს ბოლოს თავისი გლახა სახელით-თქვა.

ისახარი წამოენთო:

- რას ჩამაცივდი, რუბენა გლახიშვილო, მე შენ, - აქამდე თავს იკავებდა, ცდილობდა ნართაული მუსაიფით თავიდან აეცილებინა რუბენ მოშიაშვილთან წალაპარაკება, მაგრამ ვეღარ მოახერხა. აშკარა იყო: რუბენი ამასხარავებდა - ფუი, შენც და შენს პაპიროსსაც! - პაპიროსი მიწაზე დააგდო, რუბენს გაშორდა, მერე მყისვე მობრუნდა, რუბენს დამრიგებლური ტონით უთხრა - ჩემ მკვდარსა აქვს ცხონება, დამიჯერე, რასაც გეტყვი: შენს კანში დაეტიე, რუბენ, ხრუშჩოვი ხელმწიფეა, შენ კიდო ბაზარში „კულოკის“ გამყიდველი რუბენა ხარ, ისე მოგიგრეხენ კისერს, კაციშვილი ვერც შეიტყობს. ხო იცი რატომაც! გიჯობს ენა დაიმოკლო.

რუბენი კი უშფოთველად იდგა და იღიმებოდა.

- მაინც რამდენი სანტიმეტრით დამოკლება აჯობებს, ისახარ, რაფერ მირჩევ?

ისახარმა ხელი ჩაიქნია და რუბენს გაეცალა.

- რა იყო, შე კავცო, რჩევა გთხოვე და პასუხს რატო მამადლი? - წამოეწია ისახარს რუბენის ირონიული შეკითხვა. მაგრამ, ცხადია, ისახარი არ მობრუნებულა.

სამაგიეროდ დანიელი მოუახლოვდა რუბენს.

- რას გავს ახლა ეს, რუბენ!

- რაზე მეკითხები? - ღიმილით ჰკითხა რუბენმა.

- კი იცი შენ, რაზეც გეკითხები.

- არაფერი უჭირს!

- არ ყოფილხარ შენ ჭკვიანი კაცი... ხო შეიძლება ორი იმნაირი სიტყვა თქვას შენზე...

საქმე ის გახლავთ, რომ ისახარს დაბაში არ ჰქონდა კარგი კაცის სახელი - უშიშროებასთან კავშირი აქვს და ამიტომ ებრაელობაში ნათქვამი ყოველი სიტყვა იქ კარგად იციანო. რუბენი ახლაღა მოეგო გონს და შეფიქრიანებული მიაჩერდა დანიელს. - რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი კი არ უნდა იტლიკინო! - მიუგდო დანიელმა და გაშორდა.

ებრაული წესის მიხედვით, მიცვალებული იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე უნდა დაასაფლაონ, მაგრამ დაბაში საღამოხანს ჩამოასვენეს. იმ დღეს აღარაფერი მოესწრებოდა.

გადაწყვიტეს ხვალ მოებარებინათ მიწისათვის.

მეზობლები, ნათესავები, ამხანაგები მთვარის ვახშმობამდე იდგნენ დათიკოს ეზოში. მთვარე რომ სავახშმოდ წავიდა, ხალხი ნელ-ნელა გაიკრიფა ეზოდან. მიცვალებულთან ეფრემის კლასელები დატოვეს და თბილისიდან ჩამოყოლილი მეგობრები დასასვენებლად წაიყვანეს.

თემო და გოგი კვლავ რუბენს გაჰყვნენ. ვახო და სოსო - კირილეს ბიჭებს. რუბენის ბიჭი, ღუტუც ეფრემის კლასელი იყო, მაგრამ დათიკოს სახლში აღარ დარჩა - სტუმრებს მივხედავო და მამას გაჰყვა.

13 საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის № განყოფილების უფროსს, პოლკოვნიკ ალექსანდრე გიორგის ძე გვიშიანს

▲ზევით დაბრუნება


მოხსენებითი ბარათი

თქვენი ა.წ. 12 მარტის 76981 მომართვის პასუხად გაცნობებთ შემდეგს:

მიცვალებულ ე.დ. ჯანაშვილის დაკრძალვამ მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა. ამ ფაქტს რაიონში არავითარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ექსცესი არ მოჰყოლია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შემდეგს:

1. დაკრძალვაზე მოვიდა ყოფილი პოლიტპატიმარი, ამჟამად რეაბილიტირებული ფლორენცია ბიქტორის ასული ძაძამია. ძაძამიამ, როგორც მეზობელმა, ჩვეულებრივად მიუსამძიმრა ჭირისუფალს და, ეზოში რომ გამოვიდა, გარდაცვლილის ნათესავმა - მამის მხრიდან, ბიძაშვილმა გაბო მოძღვრიშვილმა, პროფესიით პარიკმახერმა, რომელსაც მთელი დაბა „ღანჯურას“ ეძახის ფ. აძამიას შესძახა:

- ხომ ხედავთ, ამხანაგო ფლორენცია, რავა გვხოცავს ხრუშჩოვი!

ფლორენცია ძაძამიამ გაბო „ღანჯურას“ სახალხოდ და მკვახედ მიუგო:

- თქვენ ვერ ხვდებით, თორემ დღესაც სტალინი გხოცავთ.

გაბო „ღანჯურა“ ფ.ძაძამიას არ შეეპუა, რითაც გამოააშკარავა თავისი მტრული სახე. მან ხმამაღლა მიაძახა ფ.ძაძამიას:

- ასე იცით ბოლშევიკებმა - გუშინდელი ყველა გლახა და უბედურია, დღევანდელი კიდო გამჩენის ტოლი. ამიტომ მიდის ჩვენი ცხოვრება კარგად.

ამ ფაქტთან დაკავშირებით გვინდოდა გაბო მოძღვრიშვილის („ღანჯურას“) დაკითხვა, მაგრამ ჯერჯერობით თავი შევიკავეთ. დავაკვირდებით, ვნახით, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ გადაწყვეტილრბის მიღებისას იმითაც ვიხელმძღვანელეთ, რომ გაბო „ღანჯურა“ დღემდე არ ყოფილა შემჩნეული როგორც საეჭვო პირი. იგი დაბაში არაფრით არ გამოირჩეოდა დანარჩენ ებრაელთაგან. თუმცა, მხედველობაში მისაღებია ერთი გარემოებაც. ებრაელთა შორის ჩვენმა ინფორმატორმა ამას წინათ ასეთი ცნობა წარმოგვიდგინა:

„გუშინღამ ე.ი. შვიდ თებერვალს, სამშაბათ საპოჟნიკ ბესიკო ეფრემაშვილს თავის კუთვნილ ოჯახში ქონდა თავისი კუთვნილი და კანონიერი შვილიშვილის ნათვლა, რომელიც რომა ჩვენი ისრეელური წესით და რიგით ჩაატარა ხახამ იოსებმა. ამის შემდეგ გაიმართა სეყუდა, ესე იგი სუფრა. სუფრაზე პარტიის და მთავრობის დღეგრძელობა, ისე როგორც მიღებულია ყველა წესიერ ოჯახში, არავის არ გახსენებია. ამის მაგიერ ყველაზე თავში თორის სადღეგრძელო დალიეს. თორა რა არის? თორა არის ის, რასაც ჩვენი გაზეთები ეძახიან ცრურწმენას, სუფრაზე კი თქვეს თორა არის რწმენა, თორა იერუშალაიმის ხსოვნას გვინახავს და ღმერთმა მალე გვაღირსოს იქ მიბრუნებაო. ესე იგი აქედან რა გამოდის? აქედან ის გამოდის რომა საბჭოთა სამშობლო მიატოვო და იქ წახვიდე, სადაც კაპიტალისტები სისხლს სწოვენ ადამიანებს (თამადა მორდეხია შაშუაშვილი).

ღომი რო ჩამოარიგეს, ბესიკო რფრემაშვილის რძალმა ციცინომ ამხ. გაბო მოძღვრიშვილს, ესე იგი „ღანჯურას“ ჰკითხა საინი ხომ არ გამოგიცვალოთო? (ბესიკოს რძალი ქუთაისიდანაა - კულტურული ოჯახიდან. დედამისი აფთიაქში მუშაობს როგორც ფარმაცევტი), „ღანჯურამ“ რო არაფერი უპასუხა, ციცინომ მეორედ იკითხა: საინი ხომ არ გამოგიცვალოთ? გაბო „ღანჯურამ“ ამ დროს ვერ დამალა თუ როგორ უყვარს ჩვენი მშობლიური პარტია და მთავრობა და ციცინოს შეუღრინა:

- რას ჩამაცივდი, გოგო, ამ საინების გამოცვლით, თუ ასე მარჯვე ხალხი ხართ ქუთაისელები, პარტია და მთავრობა შემიცვალეთ!

ამაზე რუბენმა წამოიძახა:

- გისმინოს გამჩენმა, ჩემო გაბო!

ხახამ იოსებმა კი უკმაყოფილოდ შესძახა:

- დერეხერეზ, (ესე იგი ზრდილობა და თავდაჭერილობა), ჯამაათო!“

ეს ინფორმაცია თებერვალში შემოვიდა, მაგრამ ოპერრწმუნებულ ღვინჯილიას დაუდევრობის გამო დროულად არ იქნა შესწავლილი. ეს გარემოება გვავალებს კრიტიკულად გადავხედოთ ჩვენს მუშაობას და გაბო მოძღვრიშვილს ყურადღებით მოვეკიდოთ.

2. რაიკომის პირველ მდივანს სურდა ბიუროს ყველა წევრი ერთად მისულიყო დათიკო ჯანაშვილის ოჯახში გასვენებაზე, მაგრამ მე ჯერ ვურჩიე, უარი ეთქვა ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე, შემდეგ კი განვუცხადე, რომ ჩემი რჩევა კატეგორიული მოთხოვნაა.

ჩემს ამ მოქმედებას შემდეგი მოტივებით ვხსნი:

ა) რაიონის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობის ჯანაშვილების ოჯახში მისვლა და სამძიმრის გამოცხადება ხალხს აფიქრებინებდა, რომ ჩვენი უდრეკი პარტია და მთავრობა სინანულს განიცდის ხულიგნებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევთა დაღუპვის გამო.

ბ) დათიკო ჯანაშვილი მშვიდი ადამიანია, რასაც ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე - რიბკა მოუთმენელი ქალია. არავინ იცის, თუ რას ჩაიდენდა იგი, როცა შვილის ცხედართან პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლებს დაინახავდა.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, პარტიის რაიკომის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგე ამხანაგი პორფირე ჯანჯღავა მაინც მივიდა ჯანაშვილების ოჯახში. არა მარტო მივიდა, ცრემლიც კი ღვარა იქ, ჩემს ხელში იყო ეგ ბიჭი გაზრდილიო. მეორე დღეს ამხ. ჯანჯრავას ვკითხე რატომ არ შეასრულეთ განაწესი და რატომ მიხვედით დაკრძალვაზე-მეთქი, მან ცბიერი პასუხი გამცა:

- მე ხომ ბიუროს წევრი არა ვარ, მე იმათი მეზობელი ვარ.

3. დაკრძალვის წინ იქადაგა ზემოთხსენებულმა, ხახამ იოსებმა. მან უბადრუკად მოუწოდა ებრაელობას მიუბრუნდნენ ლოცვას.

ბანძელი მეგრელები მოგვიანებით მოვიდნენ (დათიკო ჯანაშვილის მეუღლე ბანძელი გახლავთ). ებრაელები მათდამი თანაგრძნობას აცხადებდნენ, მაგრამ ჩვენთვის ჯერაც დაუდგენელმა პირმა ბანძიდან ჩამოსულ ძველ ბოლშევიკს მიხა ჯიქიას, მაშინ როცა იგი რიბკას ცრემლმორეული ეხვეოდა, შესძახა:

- ახლა რა გატირებს, მიხა, ოცდაოთხში ხომ შენც ასე ხვრეტდი ხალხს.

ვვარაუდობთ, რომ ამ პროვოკაციული შეძახილის ავტორი გახლავთ მძღოლი ფიფია, შვილი ძუკუ ფიფიასი, რომელიც 1924 წელს მენშევიკთა ავანტურის დროს დახვრიტეს.

ინცინდენტი ამით ამოიწურა. ეს არის რომ მიხა ჯიქია გასვენებას აღარ დაელოდა. დაუყოვნებლივ დაბრუნდა ბანძაში.

სხვა საინტერესო ფაქტი იმ დღეს არ შეგვინიშნავს.

საქართველოს სსრ სუკის რაიონული განყოფილების
უფროსი კაპიტანი ბესელია.

14 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


ყოველგვარ საქმეს, მითუმეტეს აღებ-მიცემობას, მოგებას, არა მარტო გულდამჯდარი ფიქრი, ხალისიც უნდა. ტყავის ფაბრიკის ყიდვაზე ვიღა იფიქრებს მაშინ, როცა თვითონ საფრთხეში ხარ. სიფრთხილის გამო ებრაელთა სასტუმროში ფეხიც არ შემიდგამს - ოდესის ყველაზე ძვირფას ფრანგების სასტუმროში გადავედი. პასპორტი ისედაც ოსმალეთისა მქონდა, აქ ოსმალოთ ჩავეწერე. ებრაელთა სასტუმროში ბიჭი გავგზავნე და ბარგი გადმოვატანინე. შაბათს, საღამო ხანს, შევედი ჩემს ოთახში. ორი დღე ცხვირი არ გამიყვია გარეთ. არ ვიცოდი რა ხდებოდა ქვეყნად. სისხლისღვრა ისევ გრძელდებოდა, თუ უკვე იჯერეს გული, ისევ აწიოკებდნენ ოჯახებს, თუ დაშოშმინდნენ? ორი დღე და ღამე ის ძუძუებდაგლეჯილი ქალი და საბას ღიმილი მედგა თვალწინ, ვერც ძილს ვახერხებდი - მოვხუჭავდი თუ არა თვალებს, ან იმ ქალს ვხედავდი, მტვერში რომ მიათრევდნენ, ან საბას ველაპარაკებოდი.

ორშაბათ საღამოს აღმოვაჩინე, რომ არა მარტო ლოგინში მწოლარე, ფეხზე მდგარიც კი საბას ველაპარაკებოდი. ათას რამეს მიამბობდა, მე რაღაცეებს ვუყვებოდი. ამან სულ წამახდინა. ალბათ, ვგიჟდები-მეთქი და საშველს დავუწყე ძებნა. საშველს რომ დავუწყე ძებნა, ცოტა დავმშვიდდი - რახან ამაზე ვფიქრობ, არც ისე ცუდად არის-მეთქი საქმე - დავირწმუნე თავი. და ერთი ყველაზე სწორი გამოსავალი მოვნახე: რუსული არაყი, თევზი, მოხარშული კარტოფილი და ხიზილალა მოვატანინე.

მხოლოდ ის მახსოვს, რომ ვიჯექი და ვსვამდი! იმოდენა არაყი რამ გამომაცლევინა!

გამთენიის ხანს გამეღვიძა. ზღვა ისე ღრიალებდა, გეგონებოდათ, ტყიურთა კუნძულზე მოვხვდიო, ლოგინიდან წამოდგომას ვიღა ჩივის, თავიც კი ვერ ავწიე. ისევ ძილს მივეც თავი. როგორც ჩანს, კარგა ხანს მეძინა. ოთახში დაღვრილმა მზის უხვმა სხივებმა გამომაღვიძეს. ფანჯარა გამოვაღე, ქუჩაში ხალხი მიმოდიოდა, ერთმანეთს უზრუნველად გადასძახებდნენ, სასტუმროს კარებთან მეეტლეები იდგნენ და ლაზღანდარობდნენ. თავზე მოკრიალებული ცა დამნათოდა, მზე ფარნასით1 სავსე კაცივით იღიმოდა. მშვიდი ზღვა ლურჯ, მოლივლივე აბრეშუმში გახვეული ყმაწვილი ქალივით გაწოლილიყო სივრცეში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: ამ ცისქვეშეთში ყველაზე დიდი სიკეთე მშვიდობა და ჯანმრთელობაა და თუ ამ სიკეთეს მოიპოვებ, ცოცხალ ადამიანს არა აქვს უფლება თუნდაც ერთი წუთით გამოეთიშოს ცხოვრებას.

გადავწყვიტე ისევ შევსულიყავი იმ ზღვაში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია:

ოსმალურად ჩავიცვი (სიფრთხილე არასოდეს არ უნდა დაივიწყოს კაცმა! ეჭვსაც არავინ შეიტანდა რომ ადონაის მსახური ვიყავი - ვინც შემხედავდა, მუხამედის ნაშიერად მიმიჩნევდა). სასტუმროდან ჩქარი ნაბიჯით, თითქმი სირბილით გამოსული, ისე უცებ შევვარდი ეტლში, ადამიანი იფიქრებდა ასე დაფეთებული ხანძარს თუ გაურბისო. თუმცა, რა ხანძარზე ნაკლები უბედურება იყო ის, რასაც მე ვემალებოდი - ცეცხლს მოერევი, მაგრამ ადამიანებს შორის ჩამოვარდნილ სიძულვილს რა გაანელებს? ეტლი უაზროდ ვატარებინე, ქუჩებში საშიში რომ ვერაფერი ვნახე, ეტლი გავისტუმრე და ფეხით ვიარე. დამფრთხალი ვაცეცებდი თვალებს და ვრწმუნდებოდი, რომ საშიში არაფერი მქონდა - ქალაქში ისეთი სიმშვიდე სუფევდა, ვერავინ იფიქრებდა თუ ორი დღის წინ აქ უბედურება დატრიალდა. ხალხი საქმიანად მიდი-მოდიოდა. აქა-იქ ისრაელიც შევნიშნე. ამათ ხომ იოლად გამოარჩევ ხალხში: ან ქუდით იცნობ, ან წვერის შეკრეჭის წესით, ან - სულაც სიარულით. ოდესის ებრაელობა სტამბოლში ხშირად ჩამოდის, იქ კარგი საქმეცა აქვთ და სახელიც. ამიტომ არ მიჭირდა მათი ცნობა.

ებრაელთა უბანში გავედი. ბევრი ქუჩა მოვიარე. აქაც სიწყნარე იყო, მაგრამ ვაი იმ სიწყნარეს - ეზოებში დაზაფრული და დასახიჩრებული ადამიანები დადიოდნენ. მათი გატანჯული სახეები გულს მოგიკლავდა. ვისაც სიარული შეეძლო, უაზროდ დააბიჯებდა. ვითომ სახლებს ალაგებდნენ, ამ ნაომარ და ნაჯაფარ ოჯახებს დატაცებული ნივთები სახლში შეჰქონდათ, - რისი წაღებაც ვერ მოასწრეს, რასაკვირველია. მაგრამ ამ ნივთების სახლში შეტანას რა აზრი ჰქონდა - დამარბეველთ რაც არ წაეღოთ, ან დაემტვრიათ, ან დაეგლიჯათ. ესენი კი მაინც შინ ეზიდებოდნენ.

გადავწყვიტე სალოცავში წავსულიყავი. იქ ყველაფერს გავიგებ-მეთქი. მართალია, ამ დროს იქ ჯამაათი არ უნდა დამხვედროდა, მაგრამ სალოცავში ყოველთვის არის ერთი-ორი ისეთი კაცი, კითხვაზე ისრაელურ პასუხს რომ გაგცემს. ნახვაც მეწადა მისი - ხომ არაფერი ავნეს-მეთქი!

სალოცავი ისევ ისეთივე დამხვდა, ხელუხლებელი. ეზოში ორი მოხუცი თვლემდა. სკამზე ჩამომსხდარიყვნენ, ჯოხებზე ჩამოედოთ თავი და თვლემდნენ. არ შევაწუხე. მოკრძალებით შევაღე დიდი კარი. დარბაზში არავინ იყო. გამიკვირდა, თუ მართლა მშვიდობაა, ეს ხალხი სად გაიკრიფა, სალოცავი ასე უპატრონოდ როგორ მიატოვეს-მეთქი იმ დიდი, ლამაზად მორთული, დავითის ვარსკვლავით დამშვენებული კარადისაკენ გავემართე, რომელშიც წმინდა წიგნებს ვათავსებთ ხოლმე. მივედი, თაყვანი ვეცი, ღმერთს ქვეყნად, და მათ შორის ჩემს ოჯახშიც, მშვიდობა ვთხოვე და ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი, რომ მამაკაცის ცხარე ლაპარაკი შემომესმა. კარადის გვერდით პატარა, ყავისფრად შეღებილი კარი დავინახე. ეს ხმა სწორედ კარის მიღმიდან მოდიოდა. არც მიფიქრია შემესვლებოდა თუ არა იმ ოთახში, შევედი. კარგა მოზრდილ მაგიდას შვიდი-რვა კაცი შემოსხდომოდა. ერთი მათგანი, საშუალოზე ოდნავ მაღალი, ძალიან მსუქანი, განიერიც კი, გრძელულვაშიანი კაცი თვალებს მშიერი მგელივით აბრიალებდა. ლაპარაკისას ისე გაცხარებულიყო, მაგიდას ხელსაც კი ურტყამდა. ამიტომ ვერ შეამჩნია ჩემი შესვლა, თორემ სხვებმა უცებ დამინახეს და გაოცებული მომაჩერდნენ. იმ გაცხარებულმა კაცმა სწორედ იმათ სახეზე ამოიკითხა, რომ მსმენელებს ყურადღება დაეფანტათ და მათს მზერას გააყოლა თვალი. გამომხედა და ისეთი მტრული მზერა მომავლო, ჟრუანტელმა დამიარა. ალბათ, ამან თუ დამაბნია: ვერც გამობრუნება მომეხერხებინა და ვერც ოთახში შესვლა. ასე უზრდელად ვიდექი კარებში. თვითონაც არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, რას მოვიმოქმედებდი, რომ ვიღაც არ მომვარდნოდა.

- მობრძანდით, მობრძანდით, ძალიან კარგია, რომ მოხვედით! - მაგიდის ირგვლივ მსხდომთ მიუბრუნდა და უთხრა: - მართლა თურქი არ გეგონოთ, ჩვენია, ისრაელი! - მკლავში ხელი ჩამავლო. ზალცმანი ვიცანი. სწორედ ის, ვინც იმ დღეს სალოცავიდან გამიყვანა, ვისთან ერთადაც ვიარე იმ ჯოჯოხეთში. ზალცმანმა დიდი მძიმე სავარძელი გამოსწია, მაგიდასთან დამსვა და მაგიდის ირგვლივ შეკრებილთ უთხრა: - იმ დღეს ერთად ვიყავით, საბა კლდიაშვილს ქართულად ელაპარაკა.

ყველა ყურადღებით მომაჩერდა. წამოვდექი და თავი დავუკარი. ზოგი წამოიწია, ზოგმაც წამოუდგომლად დამიკრა თავი, გამიღიმა კიდეც. სახეზე სიკეთე ეწერათ.

- ვგონებ, უდროო დროს შემოვაღე კარი? - მოვიბოდიშე.

პასუხად ისევ გამიღიმეს, რითაც მაგრძნობინეს, ნუ სწუხდებით, შინაური ხართო.

- განაგრძეთ, მიხეილ არონიჩ, სტუმარს მე გავაცნობ საქმის ვითარებას. - მიმართა ზალცმანმა იმ კაცს, ახლახან რომ გაცხარებული ლაპარაკობდა. მერე მე მომიბრუნდა და ხმადაბლა მითხრა: - ოდესის სინაგოგის გამგეობაა შეკრებილი. ერთი კაცი მოწვეულიცა გვყავს. ორ საკითხზე ვმსჯელობთ. პირველი: რატომ, რისთვის ჩაგვაგდო ღმერთმა ამ დღეში. მეორე: როგორ დაფასდეს საბა კლდიაშვილის ამაგი. თუ არ გეჩქარებათ, დარჩით, იქნებ, რამე გვირჩიოთ.

უხმოდ დავუკარი თავი - დავრჩები-მეთქი. მინდოდა იმ თვალებბრიალა კაცისთვის მეგდო ყური, მაგრამ ამასობაში იმან დაამთავრა კიდეც ლაპარაკი. ოთახში დუმილი გამეფდა. ყველა ფიქრს მიეცა. დუმილი რომ გაჭიანურდა, ერთმა პირსავსე, ცისფერთვალება კაცმა, სქელი წარბები რომ ჰქონდა, იკითხა:

- რას იტყვით , ბატონებო?

- ეს ჩვენი გამგეობის თავმჯდომარეა, - ჩამჩურჩულა ზალცმანმა.

კარგა ხნის შემდეგ გავიგონე მისუსტებული ხმით ნათქვამი:

- მე მოგახსენებთ, - იქით გავიხედე საიდანაც ეს ხმა მოდიოდა. მაღალ-მაღალ გამხდარ კაცს სახეს თეთრი, ხვეული წვერი უფარავდა. ერმკრთალი იყო. საფეთქლებთან სქელი ძარღვები მისდევდნენ ერთმანეთს. ქაღალდივით თხელი, სიფრიფანა ლოყები ჰქონდა. იფიქრებდი, კარგად რომ დავაკვირდე, ლოყებს მიღმა ყველაფერს დავინახავო. ხმაზე, გამოხედვაზე ეტყობოდა, რომ ჯანი აღარ მოსდევდა.

- ჩვენი მთავარი რაბინი, - ჩამჩურჩულა ზალცმანმა, თუმცა, მე უკვე მივხვდი, რომ ეს სახენათელი კაცი რაბინი იყო.

- გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ ჩანს ჩვენი ცხოვრება იქ, ზეცაში? - რაბის ფერმკრთალ სახეზე სიწითლე მოერია. ზალცმანს უზარმაზარი დავთარი გადაეშალა და რაბის ნათქვამს იწერდა - ვერ ვიტყვი, რომ ოდესის ჯამაათი პატივს არ მიაგებს რწმენას ისრაელისას. მაგრამ როგორია ეს პატივისცემა? გვაქვს ჩვენ სასოებითი დამოკიდებულება ღმერთისადმი თუ მექანიკურად ვეთაყვანებით მას? ისრაელებო, სულით და გულით ვემსახურებით გამჩენს თუ რწმენა ვალდებულებად ვიქციეთ? - აი, ეს არის მთავარი. ჩვენ დავკარგეთ სიხარული რწმენასთან სიახლოვისა, ღმერთის სამსახურისა, მხოლოდ რწმენაა შვების მომტანი და არა მოვალეობა. რწმენა არ გაპატიებს ვალის მოხდას. ღმერთის განცდის სიხარული ამქვეყნიურის სიხარულმა შეგვიცვალა. იმის სიხარულმა, რასაც ჩვენ ვქმნით ჩვენი ოჯახებისათვის - მაგიდის ირგვლივ მსხდომთ გადავხედე - თავჩაქინდრული უსმენდნენ რაბინს, რომლის მზერა აღარ იყო რბილი და ალერსიანი. სიცივე, ჩადგომოდა შიგ - სხვას გეტყვით - ისრაელობა მუდამ თანადგომით იყო ძლიერი. მისი ძლიერება ერთმანეთის გატანა და დანდობა გახლდათ. ახლა? აღარ გვახსოვს ის, ვინც ჩვენგან შველას ელის. ერთმანეთს აღარ ვეხმარებით, ან სუსტად ვეხმარებით. ზოგი ძალიან გამდიდრდა, ზოგი - საშუალოდ, ბევრს კი ის ენატრება, რომ ცოლ-შვილი შაბათს მაინც გამოკვებოს კარგად. ასეთი ხალხი მოგვიმრავლდა, ისრაელებო, თქვენს ფაბრიკებში, საცხობებში, მანუფაქტურებში, აფთიაქებში შრომობს ეს ხალხი, იქ ღვრის ოფლს, როგორ ზრუნავს მდიდარი ღარიბზე? ეხმარება არა როგორც ებრაელი ებრაელს, ე.ი. ძმა-ძმას, არამედ როგორც მდიდარი ღარიბს და როცა მდიდარი კაცი ღარიბს თავის სიმდიდრეს აგრძნობინებს, ცოდვას ჩადის. გამჩენსცრემლი სდის, როცა ადამიანი შესძახებს: ღმერთო, რისთვის გამაჩინე ამქვეყნადო - რაბი გაჩუმდა. ტუჩები ისე მოკუმა, თითქოს გვითხრა მე სწორედ ის გითხარით, რაც გულისფიცარზე უნდა დაიწეროთ და აღასრულოთო.

დუმილი კარგა ხანს გაგრძელდა. რაბინის შემდეგ არავის ეწადა ლაპარაკი.

- სოლომონ ბორისოვიჩ, თქვენ გინდოდათ გეთქვათ - სქელ-სქელ, პენსნეიან კაცს მიუბრუნდა გამგეობის თავმჯდომარე.

- დიახ, მინდოდა, მაგრამ ახლა მიჭირს, - ფეხზე წამოდგა და თავისთვის ჩაილაპარაკა პენსნეიანმა კაცმა და მზერა თავმჯდომარეს გაუსწორა.

- საკონდიტროთა მფლობელი სოლომონ ბორისოვიჩ ედლინი, - ჩამჩურჩულა ზალცმანმა.

ედლინმა ასე დაიწყო:

- უბედურებათა მიზეზის საკუთარ თავში ძებნა ყოველი გონიერი ადამიანის ვალია. მაგრამ მაინც გავიხსენოთ, თუ რას გაიძახიან, რა სურთ პოგრომშციკებს, როცა თავს გვესხმიან და ჩვენს ოჯახებს აწიოკებენ. „დასცხეთ ურიებს და რუსეთი იხსენითო“. დიახ, ბატონებო, ურიებს დასცხეთ და რუსეთი იხსენითო. ამ ერთ წინადადებაში ორი თემაა, პირველი - დასცხეთ ურიებს. რას ნიშნავს ეს? ჩვენ არ გვეძახიან იმ სახელს, რაც ოდითგან გვქვია. ჩვენ არ გვეძახიან იმას, რაც ვართ - ებრაელებს. მოგვიძებნეს სახელი, რომელიც გამოხატავს მათს დამოკიდებულებას ჩვენდამი, მოგვიძებნეს იმისათვის, რომ დავემცირებინეთ, ტალახში ამოესვარათ ჩვენი წარსული, ღირსება, განა ყველაფერი ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ არ ვუყვარვართ? დიახ, ჩვენ მათ არ ვუყვარვართ. ეს აშკარაა, მაგრამ განა შეგვიძლია ვუბრძანოთ გიყვარდეთ ებრაელობაო? ან ის ვუსაყვედუროთ, რატომ არ გიყვარვართო? არა, ბატონებო. ჩვენ ამის გამო ნუ გავუნაწყენდებით რუსეთს. რას ამბობენ ისინი - რატომ, რისთვის უნდა გაანადგურონ ებრაელობა? თურმე იმიტომ რომ იხსნან, გადაარჩინონ რუსეთი. ეს გახლავთ მეორე თემა. რაზე მეტყველებს იგი? თურმე რუსეთის ხსნა შეიძლება ებრაელობის დათრგუნვით, განადგურებით. ებრაელობა რომ არ იყოს, ჩვენ კარგად ვიქნებითო, ჩვენს საამურ ცხოვრებას ებრაელობა უშლის ხელს. ე. ი. ჩვენ, მეგობრებო, აი, თქვენ - ისაკ ბენიამინოვიჩ, აი, თქვენ - აბრამ არონიჩ, აი, თქვენ - ფიშერ, მეც თქვენთან ერთად უზარმაზარი რუსეთის ბედნიერ ცხოვრებას ვუშლი ხელს. მათ ასე ჰგონიათ, მათ ასე მიაჩნიათ, მაგრამ ჩვენ, ვინც აქ ვსხედვართ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასე არ არის? ჩვენ ხომ ასე არ ვცხოვრობთ! მაშ, რა არის მიზეზი ჩვენი უბედურებისა? - ახლა რაბინს მიუბრუნდა ორატორი, პენსნე, ლაპარაკისას რომ ჩამოუვარდა, კვლავ გაიკეთა. - კი, საკუთარ თავს მეტი სათნოება და ღვთისადმი მოწიწება ჩავძახოთ, მაგრამ მიზეზი ჩვენს თავს დატეხილი უბედურებისა გახლავთ შემდეგი: ჩვენ დიდი ისტორიის ერი ვართ. მეორე - ჩვენ დავსაჯეთ ჩვენივე შვილი, ჩვენი ნეკნიდან შობილი ადამიანი, რომელმაც გადაუხვია ჩვენს ადათ-წესებს - შევამჩნიე, რომ რომელიღაც წევრს გამგეობისას რაღაცა უნდოდა ეთქვა. სოლომონ ბორისოვიჩი სწორედ მას მიუბრუნდა და სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მისცა: - გეთანხმებით, რომაელებმა ისე მოაწყეს საქმე, რომ მათთვის საშიში „ახალი ღმერთის“ დასჯა ებრაელებს დაბრალდათ. გარეგნულად ასეა. ჩვენი მეზობლები, ჩვენი დამრბეველნი იმას კი არ უწევენ ანგარიშს, რომ ქრისტე ებრაელი გახლდათ, ებრაული კანონებით აღზრდილი და თუ რამ ახალი შექმნა, სწორედ აქედან წამოვიდა, არამედ იმას, რომ ქრისტე ებრაელობის სახელით დაისაჯა. და მესამე მიზეზი ჩვენი ასეთ დღეში ჩავარდნისა: ახლა მე თქვენ გეკითხებით, ბატონებო, რა ჰქნას მთავრობამ, რომელმაც ვერ დააპურა ხალხი, ცარიელი კუჭი ვერ ამოუვსო ამოდენა ქვეყანას, რა ჰქნას ეკლესიამ, რომელმაც იმავე ქრისტეს იდეებისადმი ერთგულებით ვერ აღზარდა ხალხი? - იკითხა სოლომონ ბორისოვიჩმა და მაგიდის ირგვლივ მსხდომთ გადახედა: - მან ამ ღარიბღატაკ ხალხს სამიზნე უნდა მისცეს, უნდა უთხრას თუ ვისი ბრალია ყველაფერი. ესე იგი ჩვენი! - უცებ მოსჭრა და დაჯდა.

- თუ ჩვენ ხალხს ამას ვეტყვით, ისიც უნდა ვუთხრათ, რომ აქედან აიყარონ. - ხმადაბლა, თავის აუწევლად თქვა თავმჯდომარემ.

- არა, ეს ჩვენ ისტორიას უნდა ვუთხრათ, მომავალმა უნდა იცოდეს. - თავმჯდომარეს არც მოუბრუნდა, ისე მიუგდო ედლინმა.

- მე ვერ გავიზიარებ ძვირფასი სოლომონ ბორისოვიჩის მოსაზრებას, - თქვა რაბინმა, - სამი საუკუნეა ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ, ასეთი რამ კი სულ რაღაც ათი წელია დაიწყო. ხომ ვცხოვრობდით ადრე მშვიდად.

- არასოდეს! აქ მშვიდად ჩვენ არასოდეს გვიცხოვრია, - შესძახა ედლინმა. მე ვგრძნობ, თქვენ არ გჯერათ ჩემი, მაგრამ ცხოვრებას ხვალინდელი დღეცა აქვს. მერწმუნეთ, ხვალეც ასე იქნება. ღარიბი კაცი თავის უქნარობას, სიზარმაცეს, უცოდინარობას კი არ დააბრალებს ამ ყოფას, არამედ სხვას. ებრაელებზე გადაბრალება კი ძალიან იოლია, სასიამოვნოც - მინისტრი ხალხს მოუწონებს და ხალხი - მინისტრს.

ედლინი სკამის საზურგეს გადაეყრდნო. ცხვირსახოცი ამოიღო, სახე მოიწმინდა და მაგიდას დააჩერდა. გამგეობის თავმჯდომარე წამოდგა, გამგეობის წევრებს თვალი მოავლო და ხმადაბლა დაიწყო:

- მე მინდა ერთი რამ გკითხოთ, ისრაელებო. მას შემდეგ, რაც ნაბუქო-დონოსორმა ჩვენი სამშობლო დაარბია, უცხოობის ყინვა გვთოშავს, მაგრამ მაინც გადავირჩინეთ თავი, მაინც მოვედით დღემდე. რით? რით გავძელით? ებრაელობას მუდამ ახალი იდეა მოჰქონდა. თქვენ დამეთანხმებით, რომ ქრისტიანობაც ჩვენს წიაღში დაიბადა - შეჩერდა, მაგიდის ირგვლივ მსხდომთ დააცქერდა. ხმა რომ არავინ ამოიღო, განაგრძო - ჩვენი ხალხის წიაღში ისეთი იდეები ჩნდებოდა, რაც მტრებსაც კი აიძულებდა არ მოვესპეთ. იდეები იყო ჩვენი გადამრჩენი. რუსეთს რა იდეა მივეცით ისეთი, რაც ებრაელობას ამ ქვეყნისა და ხალხისათვის აუცილებელს გახდიდა. აი, ეს მინდოდა მეკითხა. - თავმჯდომარე დაჯდა, სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დასდო.

ის ყმაწვილი, ჩემს წინ რომ იჯდა და სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, ფეხზე წამოიჭრა, მიმოიხედა, და თქვა:

- იმდენ სისულელეს, რაც მე აქ, ამ ერთ საათში მოვისმინე, მთელი წლის განმავლობაში ვერსად გაიგონებს ადამიანი. - მაგიდის ირგვლივ მსხდომთ თვალი შევავლე. ასეთი ლანძღვის გამო პასუხი არავინ გასცა. გამიკვირდა. ყველა უხმოდ, ცივად მისჩერებოდა ახალგაზრდა კაცს. - მიკვირს, როგორ შეიძლება ამდენი სისულელე ილაპარაკონ ხანდაზმულმა ადამიანებმა.

- უკაცრავად, ერთის წუთით, უნდა გაგაწყვეტინოთ, - ედლინმა დინჯად და, იქნებ, მეტისმეტი თავაზიანობითაც კი მიმართა ახალგაზრდა კაცს, მერე თავმჯდომარეს მიუბრუნდა და ჰკითხა: - ეს ძალიან ზრდილობიანი და მომხიბლავი ახალგაზრდა გამგეობის წევრი არ არის, ხომ არ დაგვდებდით პატივს და ხომ არ გვეტყოდით, ვინ არის?

- დიახ, ახლავე მოგახსენებთ. მე მეგონა თავად გაგაცნობდათ თავს, მაგრამ...

- თავი, რასაკვირველია, უკვე გაგვაცნო, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ როგორ მივმართოთ, - თქვა ედლინმა, გამგეობის წევრებს გადახედა, იქნებ, ვინმე არ იზიარებს ჩემს მოსაზრებასო. ირგვლივ დუმილი სუფევდა: გვინდა ვიცოდეთ რა ჰქვია, რა საქმიანობას ეწევა.

- იაკოვ ოსიპოვიჩი გახლავთ, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ოდესაში ბოლშევიკურ ფრაქციას ხელმძღვანელობს. მე ვთხოვე მობრძანებულიყო, იგი სხვა, თავისი პარტიის თვალით უყურებს მოვლენებს, ამიტომ საინტერესოა მისი აზრი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. გთხოვთ, იაკოვ ოსიპოვიჩ - ახალგაზრდა კაცს მიუბრუნდა გამგეობის თავმჯდომარე.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა კვლავ ჩამოისვა წვერზე ხელი და თქვა:

- არსებობს ორი რუსეთი. პირველი - ნამდვილი, მოწინავე, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების რუსეთი - ჩვენი მეგობარია, მუდამ ჩვენს გვერდით დგას, ვუყვარვართ და ვებრალებით, მაგრამ მეორე რუსეთი - მეფისაა - რეაქციული, შავრაზმელებით სავსე ქვეყანა. იგი ჩვენი მტერია და აქვს კიდეც უფლება ამ სიძულვილისა - მას მიაჩნია, რომ ჩვენ, ებრაელები რუსეთში ვნერგავთ რევოლუციურ აზრს. მათ ჰგონიათ, რომ ხალხში სწორედ ჩვენ ვთესავთ მეფისადმი უნდობლობას, რომანოვების დინასტიის სიძულვილს. ეს ასე არ არის. ჩვენ რუსეთის მუშათა კლასის გვერდით ვდგევართ, ერთად ვებრძვით ცარიზმს და სულ მალე დავამხობთ მეფეს.

- აი, თქვენ გინდათ საბა კლდიაშვილის საქციელი მისი ეროვნული თვისებებით ახსნათ. ეს დიდი შეცდომაა. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მოვლენების ეროვნული თვისებებით ახსნას - იაკოვ ოსიპოვიჩი შეჩერდა, წვერზე მედიდურად ჩამოისვა ხელი, პაუზას რაღაც მნიშვნელობა მიანიჭა და ხაზგასმით თქვა - მთავარია სოციალური არსი, საქართველო რევოლუციური ქვეყანაა, საბა კლდიაშვილის საქციელში იგრძნობა მხარდაჭერა ჩვენი რევოლუციური იდეალებისადმი.

თქვა და დაჯდა. ოთახში დუმილი ჩამოვარდა. ეფროსმა კარგა ხნის შემდეგ დაარღვია დუმილი.

- მე მინდა ვიცოდე თქვენი გვარი, - იაკოვ ოსიპოვიჩისაკენ არც მოუხედავს, გეგონებოდათ კედელს ელაპარაკებაო.

- კრილოვი, - მიუგო იაკოვ ოსიპოვიჩმა.

- კრილოვი?

- დიახ.

- იაკოვ ოსიპოვიჩ კრილოვი! - ხაზგასმით წარმოსთქვა ლუგავოიმ და ჩაიხითხითა, - რა რუსულად ჟღერს, არა?!

ეფროსმა ლუგავოის კუშტად გადახედა და იაკოვ ოსიპოვიჩს მიუბრუნდა:

- მე ხომ თქვენი გვარი გკითხეთ, თქვენი გვარი.

- ფრაინბერგი! - თავხედური მზერა მიაპყრო ფრაინბერგ-კრილოვმა ეფროსს.

- ნება მიბოძეთ გკითხოთ - გვარი რომელი რუსეთის სასარგებლოდ გამოიცვალეთ - პირველისა თუ მეორის? - სოციალ-დემოკრატის თავხედური მზერა არაფრად ჩააგდო ეფროსმა და მშვიდად ჰკითხა.

- რევოლუციის სასარგებლოდ! - დაბნეულობა უცებ სძლია და ერთგვარი ნიშნის მოგებით მიუგო ახალგაზრდამ.

- და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ რევოლუციას კრილოვის გვარით უფრო გამოადგებით, ვიდრე ფრაინბერგისა?

- თქვენ კი გგონიათ რუსეთში რუსულ საქმეებს მხოლოდ რუსები აკეთებდნენ? - ფრაინბერგ-კრილოვს სახეზე ისეთი გამანადგურებელი ირონია ეწერა, ეფროსმა ხმა ვერ ამოიღო. სწორედ დროულად დასვა შეკითხვა გამგეობის თავმჯდომარემ:

- თუ მე სწორად გაგიგეთ, თუ მე ყველაფერი სწორად მესმის, იმ მეორე რუსეთის, როგორც თქვენ ეძახით, რეაქციული რუსეთის, დამოკიდებულება ჩვენდამი გამოწვეულია ებრაელობის რევოლუციური მოძრაობით. ესე იგი, ჩვენ იმიტომ არ ვუყვარვართ, რომ მეფეს ვებრძვით.

- სიძულვილს ამით ვხსნი.

- იცით თუ არა თქვენ, რომ რუს კაცს უყვარს თავისი მეფე? რომ მისთვის მეფე და რუსეთი ერთია? - სოციალ-დემოკრატი დუმდა. სახეზე გამანადგურებელი ღიმილი აღბეჭდვოდა და უხმოდ შესცქეროდა გამგეობის თავმჯდომარეს. - და თუ თქვენ ყველაფერი ეს იცით, ნება მომეცით, გკითხოთ: რატომ აღიზიანებთ ლომს, ან რა თქვენი საქმეა რუსეთის მეფესთან ბრძოლა?

- ორი სიტყვით ვერ აგიხსნით. ე ს მთელი მეცნიერებაა. იმას კი გეტყვით, რომ ხალხთა საპყრობილე უნდა დაინგრეს.

- ხომ შეიძლება საპყრობილის ნანგრევებში ებრაელობა მოჰყვეს?

- ჩვენ რუსეთის მუშათა კლასის გვერდით ვდგევართ.

- სწორედ მაგ მუშათა კლასმა დაანგრიოს ეგ საპყრობილე, სწორედ რუსებმა დაანგრიონ თავიანთი ციხეები! დაანებეთ თავი მაგ საქმეს. თუ გწამთ, რომ ებრაელობა ამით მოისვენებს, მიეცით სიმშვიდე რუსეთის ხელმწიფესა და ისედაც გატანჯულ ებრაელობას! - ბრაზით თქვა ეფროსმა.

- არა, ეს არ მოხდება! ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!

სოციალ-დემოკრატმა ეს სიტყვები იმდენად კატეგორიულად წამოიძახა, ხმა არავინ ამოიღო. კარგა ხნის შემდეგ პირზე ღიმილმომდგარმა ლუგავოიმ იკითხა:

- როდის დაამთავრებთ მაგ საქმეს?

- ეს არ არის სერიოზული კითხვა! - გაცხარდა სოციალ-დემოკრატი.

- ჩემი კითხვა ისევეა სერიოზულობას მოკლებული, ძვირფასო, როგორც თქვენი ცხარე განცხადება. - ლუგავოის მომაკვდინებელი ღიმილი ეფინა პირზე.

- მე პროტესტს ვაცხადებ! - მაგიდასაც კი დაჰკრა ხელი კრილოვმა, მაგრამ ერთმა დაბალ-დაბალმა, შავთვალება კაცმა არავითარი ყურადღება არ მიაქცია მის გაცხარებას და დაიწყო:

- ბატონი სოციალ-დემოკრატი ღრმად ცდება, როცა ამბობს, რუსეთში ებრაელობისადმი დამოკიდებულება რევოლუციური მოძრაობის გაძლიერებამ განაპირობაო. არ არის ასე. ღევოლუციური მოძრაობა ახლახან დაიწყო. ნუთუ, დავივიწყეთ რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორის მიერ გამოცემული ბრძანებები? ჩვენ იმდენი რამ აგვიკრძალეს, მიკვირს როგორ ვსუნთქავთ.

- ძვირფასო გოლუბ, მეც მინდა ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვუთხრა ბატონ სოციალ-დემოკრატს. - იმ დაბალ-დაბალს მიმართა ფიშერმა და კრილოვ-ფრაინბერგს მიუბრუნდა: - თქვენ ბრძანეთ, რომ რუსების მუშათა კლასის გვერდით დგახართ და მასთან ერთად ცდილობთ ცარიზმის დამხობას

- სწორედ ასეა.

- ახლა ეს მითხარით - მუშები რომელი რუსეთია? მუშებს რომელ რუსეთს მიაკუთვნებთ?

- რუსეთში მომავალი სწორედ მუშათა კლასს ეკუთვნის.

- ძალიან კარგი. - ფიშერი პაუზებით ლაპარაკობდა: - იმას რაღა ვუყოთ, იაკოვ ოსიპოვიჩ, რომ ჩვენ ძირითადად მუშები, ხელოსნები გვესხმიან თავს?

- რომელი მუშები? რომელი ხელოსნები?

- აი, სწორედ ის მუშები, რომლებსაც თქვენ რუსეთის მომავლად მიიჩნევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მომავალი პატრონებიც ისეთივენი იქნებიან, როგორნიც დღეს არიან. - ახლა კი, პასუხიც არ დააცალა ფიშერმა, მყისვე ჰკითხა: - მინდა სხვა რამეც გკითხოთ - დავუშვათ, თქვენ გაიმარჯვეთ, დაამხეთ ცარიზმი, რა იქნება შემდეგ?

- ვერ გავიგე, - თქვა იაკოვ ოსიპოვიჩმა.

- თქვენ კი უნდა გაგეგოთ ის, რაც მე გითხარით, - გაიღიმა ფიშერმა, ცარიზმს რომ გაანადგურებთ, მის მინისტრებს, ჟანდარმებს, ბიუროკრატებს რომ მოსპობთ, მათს ადგილს ვინ დაიჭერს? ქვეყანას ვინ გაუძღვება, ვინ მოუვლის რუსეთს?

- გამარჯვებული კლასი, ის, ვინც ცარიზმს დაამხობს.

- უფრო კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით, იაკოვ ოსიპოვიჩ!

- ჩვენ სოციალ-დემოკრატები.

- კიდევ უფრო კონკრეტულად?

- ქვეყანას წარმართავს მუშათა კლასისა და გლეხობის ჰეგემონია! - ისეთი საზეიმო ტონით გამოაცხადა ბოლშევიკური ფრაქციის თავმჯდომარემ, თითქოს უკვე ყველაფერი დამთავრდადა ფაქტის საზეიმოდ გამოცხადებაღა დარჩაო.

- და ამ ჰეგემონიაში თქვენც გექნებათ ადგილი.

- დიახ.

- ებრაელებს?

- ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, ასე არ განვიხილავთ საკითხს. ჩვენთვის მთავარია გწამდეს პარტიის იდეალები. ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. ხელისუფლების სათავეში ბოლშევიკები მოვექცევით.

ფიშერი აქამდე თავაუღებლივ, მაგიდას დაჩერებული ელაპარაკებოდა სოციალ-დემოკრატს. ახლა კი გაოცებით შეხედა. რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ ვერ გავიგე, თავი შეიკავა, თუ სიტყვებს ეძებდა. ამასობაში, გოლუბმა იკითხა:

- ესე იგი, ცარიზმის დამხობის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ებრაელი ბოლშევიკებიც მოვლენ?

- დიახ, ასეა! - ფრაინბერგ-კრილოვს სახე გაუცისკროვნდა.

- და რუსეთს, რუს ხალხს ებრაელები გაუძღვებიან? - ეს უკვე ფიშერმა იკითხა, სახეზე იდეთი გაოცება გამოხატვოდა, მიხვდებოდით, რამდენად უცნაური რამ შეიტყო.

- რუს ბოლშევიკებთან ერთად ქვეყანას ებრაელი ბოლშევიკებიც გაუძღვებიან, არა მარტო ებრაელები, უკრაინელები, ბელორუსებიც...

ოთახში დუმილი ჩამოწვა. რავის ეწადა ხმის ამოღება. ფრაინბერგი გამარჯვებული კაცის იერით შესცქეროდა მაგიდის ირგვლივ მსხდომთ. ისინი კი დაუფარავი იჭვითა და უნდობლობითაც უყურებდნენ მას. რაბინი შეირხა. მისკენ მიიხედეს, რადგან მიიჩნიეს, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. რაბინმა, მართლაც, დაიწყო:

- მე მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ, იაკოვ ოსიპოვიჩ! ასე ნუ დაჰყოფთ ხალხს. არ არსებობს პროგრესული და რეაქციული ერი. ერი ერთია და მთლიანი. იგი ათას თვისებას ავლენს, იმიტომ, რომ ღმერთმა ადამიანები სხვადასხვანაირი გააჩინა. რუს ხალხს აქვს თავისი ისტორია, მრწამსი, ხასიათი სა ჩვენი ვალია პატივი ვცეთ მას. - რაბინმა შეისვენა, სული მოითქვა: - მაპატიეთ, იაკოვ ოსიპოვიჩ, ასე მგონია, ცოდვას ჩადიხართ. რუს ხალხს უყვარს თავისი მეფე, რუსი ხალხი ერთგულია მეფისა, თქვენ, სოციალ-დემოკრატები, რუსნი, თუ ებრაელნი, მეფეს ებრძვით, ხალხს მეფის სიძულვილს ახვევთ თავს - თუ თქვენ მიზანს მიაღწიეთ, მერწმუნეთ, გამარჯვების სუფრასთან არავინ დაგსვამთ. დღეს გეჩვენებათ, რომ რუსი რევოლუციონერები მაგ სუფრასთან მიგიწვევენ, ხელისუფლებაში მოზიარე კი არავის უყვარს და თუ თქვენ მაინც მოახერხეთ იმათ გვერდით დაჯდომა, უმალ წამოგყრიან. მართალნიც იქნებიან, იაკოვ ოსიპოვიჩ: რუსეთი რუსებმა უნდა მართონ.

- ისტორიას ისიც ახსოვს, როცა რუსეთს უცხო ერის შვილები მართავდნენ და, ვგონებ, არც თუ ურიგოდ! - გაიღიმა იაკოვ ოსიპოვიჩმა.

- გეთანხმებით, მაგრამ ახლა ის ვიკითხოთ…- სკამზე გაიმართა გოლუბი - თქვენ ცარიზმი მოსპეთ, მეფის მოყვარულ რუს ხალხს მეფეც წაართვით, მერე ხელისუფლებასაც წაეპოტინეთ მაგ თქვენს რუს სოციალ-დემოკრატებთან ერთად. როგორ მოგვექცევა ხვალ რუსი ხალხი ჩვენ, ებრაელებს? შეგვიყვარებს? თქვენ ხომ ლომის ხახაში გვაგდებთ, ძვირფასო იაკოვ ოსიპოვიჩ! გარდა იმისა, რომ მეფისა და რუსი ხალხის წინაშე ცოდვას სჩადიხართ, ჩვენ, ებრაელებს, ხომ გაავებული ლომის ხახაში გვაგდებთ?

- ებრაელები, ებრაელები, ებრაელები! სულ ერთსა და იგივეს გაიძახით! რა გააწყალეთ გული! მე ებრაელი კი არა, ბოლშევიკი ვარ, ბოლშევიკი! - წამოიძახა ფრაინბერგ-კრილოვმა.

- მალე ლოცვა უნდა დავიწყოთ, ბატონებო! ლაპარაკი გაგვიგრძელდა. - ცივად თქვა რაბინმა.

ფრაინბერგ-კრილოვმა ხმაურით გასწია მძიმე სკამი.

- აი, თქვენ, ყველანი ჩვენი მტრები ხართ, კლასობრივი მტრები! - მაგიდის ირგვლივ შეკრებილთ თითი დაუქნია და დასძინა: - ჩვენ მოგსპობთ თქვენ! - აჩქარებული ნაბიჯით გაემართა კარისაკენ. თან რაღაცას ბუტბუტებდა. ვგონებ იგინებოდა.

ოთახში მძიმე დუმილი ჩამოწვა.

რაბინმა თავი ასწია. ჩემს გვერდით მჯდომ ზალცმანს მუდარით შეხედა. ზალცმანი მყის ადგილიდან წამოიჭრა, ფუსფუსით მიადგა კარადას, უჯრა გამოაღო, ჭიქა და წამლის შუშა გამოიღო, წამლის რამდენიმე წვეთი ჭიქაში გადმოასხა და რაბინთან მიარბენინა. რაბინს ხელი ისე უკანკალებდა, ჭიქა ძლივს მიიტანა პირთან. ახლა ყველა მას მისჩერებოდა. შეშფოთებული უმზერდნენ. რაბინმა წამალი დალია, ჭიქა ზალცმანს დაუბრუნა, თავიც დაუკრა, სული მოითქვა და შევამჩნიე, რომ ხმადაბლა, ბუტბუტით რომელიღაც კურთხევა წამოიწყო. კურთხევა რომ მოითავა, თქვა:

- უკაცრავად ვარ, ბატონებო, დიდი ხანია ასეთი რამ არ მომსვლია. - მერე თავმჯდომარეს მიუბრუნდა: - გამგეობის წევრებმა უნდა იცოდნენ ვის იწვევთ სხდომაზე. ამ კედლებში ერესი არ უნდა ითქვას.

- გადავიდეთ საბა კლდიაშვილის საკითხზე. უნდა გაუწყოთ, რომ საბა კლდიაშვილის ცხედარი ისევ იმათ ხელშია - თქვა გამგეობის თავმჯდომარემ - ქართველმა სტუდენტებმა ცხედარი ვერ დაიბრუნეს. ამ დილით დაირხა ხმა და არის საშიშროება ცხედარის გაუპატიურებისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ…

- სცადეთ თუ არა ცხედარის გამოხსნა თქვენ, გამართეთ თუ არა მოლაპარაკება „პოგრომშჩიკებთან“? - იკითხა ფიშერმა.

- არა.

- რატომ?

- ორი მიზეზის გამო. პირველი - ქართველი სტუდენტები თავად ცდილობდნენ და გვთხოვეს…

- სტუდენტებს რა შეუძლიათ მიტინგების გარდა! ნუთუ, ვერ ხვდებით რისთვის მოიტაცეს ცხედარი - დღეს უნდათ წაიღონ ის, რაც შაბათს ვერ მოასწრეს.

- აი, აბრამ არონოვიჩს აქვს გეგმა! - ლუგოვოიზე მიათითა თავმჯდომარემ.

- გისმენთ, აბრამ არონოვიჩ! - პატივისცემით მიუბრუნდა ფიშერი ლუგოვოის. ლუგოვოის კი პირზე ღიმილი მოადგა.

- რა გეგმა, ისრაელებო! განა არ იცით, რომ ებრაელებისთვის ყველა გასაჭირს ფულისთვის იგონებენ! ჩვენ ცხედარი გვინდა, იმათ - ფული!

- არამზადები, ნაძირალები! - წამოიძახა გოლუბმა.

- რამდენს ითხოვენ? - გოლუბის აღშფოთება ფიშერმა არაფრად ჩააგდო, მისკენ არც გაუხდავს.

- ჯერ არ ვიცით. თუ თანახმა ხართ, საღამოს გავგზავნი ხალხს.

- ცხედარი დღესვე უნდა გამოვიხსნათ.

- კარგით.

- არა, თქვენ ნუ გაგზავნით - ეს ფიშერი იყო. ყველა მას მიუტრიალდა, ფიშერი დუმდა. ყურადღებით ელოდნენ რას იტყოდა - ჩვენს ხალხს ნუ გაგზავნით. ხუთჯერ მეტს მოითხოვენ. იმ ქართველ სტუდენტებს სთხოვეთ, ისინი მოურიგდნენ. ფული კი ჩვენ მივცეთ.

- ძალიან კარგი. - თქვა თავმჯდომარემ - კიდევ ვის ექნება წინადადება? - მიმოიხედა - მინდა შემოგთავაზოთ ასეთი წინადადება: ოდესის სინაგოგამ, ებრაელობამ საბა კლდიაშვილი აღიაროს ებრაელი ხალხის ქომაგად, ხოლო მისი საქციელი შეფასდეს, როგორც გმირული.

- რასაკვირველია! - წამოიძახა გოლუბმა, - რასაკვირველია!

- არა, არა, ეს არ შეიძლება! - ნელ-ნელა წამოდგა ეფროსი. მაღალი, ძვალმსხვილი, ფართო პირისახის კაცი იყო. სკამზე რომ შეინძრა, გეგონებოდათ დათვმა გაიღვიძა და ბუნაგიდან გამოდისო, - არა, ბატონებო, მე არ მაინტერესებს ასეთი ემოციური პასუხი. ჩვენ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა გამოვიტანოთ.

- გეთანხმებით. იქნებ, დღეს საბა კლდიაშვილი ერის ისტორიაშიც კი შედიოდეს, - დაეთანხმა ეფროსს გამგეობის თავმჯდომარე.

- საბა კლდიაშვილი უკვე შევიდა ებრაელი ერის ისტორიაში, - უკმაყოფილოდ თქვა გოლუბმა.

- ზალმან სოლომონოვიჩ, მე ვაღიარებ, რომ რეპლიკების ოსტატი ბრძანდებით, მაგრამ მაინც ნუ გავჭრით ეგრე უცებ, აქ დიდი საკითხი დაისვა. ჩვენ უნდა დავადგინოთ ვუწოდოთ თუ არა მის საქციელს გმირული და ჩავთვალოთ თუ არა საბა კლდიაშვილი ებრაელი ხალხის ქომაგად. - ეფროსს კვლავ პირმოთნე ღიმილი ეწერა სახეზე, - მე ორი შეკითხვა მაქვს, თუ ნებას მომცემთ, რასაკვირველია. - პირხმელი, ჭაღარა კაცი გახლდათ, ცისფერთვალება, აუჩქარებელი, დინჯი. - არ მესმის რა საჭიროა დადგენილების მიღება, წოდებათა აღიარება. მეორე - კიდეც რომ იყოს საჭირო, გვაქვს კი ჩვენ უფლება წოდებების მინიჭებისა და ამგვარი დადგენილებების მიღებისა? ვისთვის ვღებულობთ ამ დადგენილებას? იმპერატორისთვის? დამარბევლებისთვის? თუ ხალხმა მას უკვე უწოდა ქომაგი, ჩვენ რა გვინდა? კიდეც რომ დავადგინოთ ქომაგი არ იყოო, რისთვის, ვისთვის? ხალხმა უკვე თქვა თავისი სიტყვა

- ერთი წუთით, ბატონებო, ნება მომეცით… - ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ედლინს მიუბრუნდა. ედლინი კი მაგიდაზე გადაფარებულ სქელ მაუდს დასჩერებოდა. თითქოს ძალიან რთულ კითხვაზე სწორედ მისგან უნდა მიეღო პასუხი. თავი არ აუწევია, იმ მაგიდისათვის მზერა არ მოუცილებია, ისე დაიწყო: - იეხისკიელ დავიდოვიჩ, მე მინდა თქვენგან მივიღო პასუხი ასეთ კითხვაზე - დაისმებოდა თუ არა დღეს ეს საკითხი, საბა კლდიაშვილი რომ ცოცხალი დარჩენილიყო? - ედლინმა თავი ასწია, ეფროსს შესცქეროდა: - ესე იგი, მე მინდა ვიცოდე - გახდებოდა თუ არა საბა კლდიაშვილი ესოდენ დიდი პიროვნება „პოგრომშჩიკებს“ რომ არ მოეკლათ?

ამ კითხვამ ყველა ჩააფიქრა. პასუხის გაცემა არავის ეწადა.

- ჰა, იეხისკიელ დავიდოვიჩ, რას იტყვით? - ჩაეძია ედლინი.

ეფროსმა თავი ასწია. ტუჩებმოკუმული, მზერამოჭუტული შესცქეროდა სივრცეს.

- ვერაფერს გეტყვით. მიჭირს. - თქვა ეფროსმა.

- და მაინც?

- და მაინც… ალბათ არა… ცოცხალი რომ დარჩენილიყო, არა! - შემდეგ კი დაბეჯითებით, გადაჭრითაც კი თქვა ეფროსმა: - რასაკვირველია, არა! ადამიანს გმირის შარავნდს მხოლოდ ასეთი სიკვდილი ადგამს.

- მაშ, რატომ ისმის დღეს ეს საკითხი? ებრაელი ერის მტერთა სიაში სივიწროვეა, იეხისკიელ დავიდოვიჩ, მაგრამ არც ქომაგთა წიგნის ფურცლებია სუფთა, დაუწერელი, - დაასკვნა ედლინმა.

- არა ხართ მართალი, ბატონო ედლინ. არც თქვენ, ბატონო ეფროს. საბა კლდიაშვილმა კარგად იცოდა ვის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაინც ასეთი გზა აირჩია. ამ გადაწყვეტილებამ ჩვენი ცხოვრებისათვის ბუნებრივი დასასრული განუმზადა. თქვენ გგონიათ, საბა კლდიაშვილმა არ იცოდა, რომ რუსეთში ადამიანის სიცოცხლე ორი შაურიც არ უღირთ? თქვენ ეს გჯერათ? ასე რომ გმირობა სიკვდილი კი არ არის, გადაწყვეტილების მიღებაა გმირობა.

ედლინი ერთხანს ჯიუტად შესცქეროდა ლუგავოის. მერე კი თქვა:

- მე გაგაფრთხილეთ, ბატონებო, ძნელია ასე უცებ გადწყდეს ერის ისტორიაში შესვლის საკითხი.

- მე კი სულ სხვა რამ მაფიქრებს. ვინ მოგვცა ჩვენ უფლება შევიყვანოთ ან არ შევიყვანოთ ადამიანი ერის ისტორიაში. ჩვენ ხომ მხოლოდ და მხოლოდ ოდესის სინაგოგის გამგეობის წევრები ვართ. ჩვენ ხომ ჩვეულებრივი ფაბრიკანტები, მრეწველები, ვაჭრები ვართ, - თქვა იმ ჭაღარა, ცისფერთვალება კაცმა. - სასაცილონი არ გავხდეთ, ისრაელებო, სასაცილონი!

ყველა ჩაფიქრდა.

- ამას გარდა… ამას გარდა არის ერთი გარემოება. - თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ფიშერი. - დიდებული საქმე გააკეთა საბა კლდიაშვილმა, ამ სახელის წინაშე მუხლი უნდა მოვიყაროთ, მაგრამ როცა ერის ისტორიის ფურცლებზე… - გაჩუმდა, ვგონებ, მართლა საკუთარ თავთან ბჭობდა, ამ სიტყვებს დარბაზში შეკრებილი კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა - ჩვენ არ ვიცით ვინ იყო იგი, რა პიროვნება, რით ცხოვრობდა… იქნებ, სულაც ალკოჰოლის ზეგავლენით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? ან ქართველები ვინ არიან? ჩვენ ხომ ქართველებსაც არ ვიცნობთ, რა ხალხია, რას აკეთებენ, - შეისვენა - ებრაელი ხალხის ისტორიის ფურცლებზე მოხვედრა…

გამგეობის თავმჯდომარე ფეხზე წამოდგა.

- ასეთი რამ უნდა გვენატრა, ბატონებო! დღეს ჩვენს საუბარს საქართველოდან ჩამოსული ებრაელი ესწრება. ურიგო არ იქნება სწორედ მისგან, ებრაელი კაცისაგან გავიგოთ ვინ არიან ქართველები. მართლა ტუზემცები, როგორც აქ ეძახიან, თუ რაიმე კულტურის მქონე ერი, საბა კლდიაშვილი თავის თავს გამოხატავდა, თუ თავის ერს? რა პირობებში გაიზარდა?

- ალბათ, ქართველებიც ისეთივე ტუზემცები არიან, როგორც ჩვენ - რუსეთის მტრები! - ჩაიქირქილა გოლუბმა.

- მაგრამ მაინც საინტერესოა მოვუსმინოთ საქართველოდან ჩამოსულ ისრაელს. - თქვა ფიშერმა და თავმჯდომარეს მიუბრუნდა - მართალი ბრძანდებით, მე მომწონს თქვენი აზრი. - მერე ჩემსკენ მოტრიალდა და მითხრა: - გისმენთ, თუმცა, იქნებ, ჯერ ის გვითხრათ, თვითონ ვინ ბრძანდებით, რა საქმიანობას ეწევით?

ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოვიღე და წინ დავუდე. ფიშერმა ოქროთი მოვარაყებული პენსნე ცხვირზე ჩამოიცვა, სავიზიტო ბარათი წაიკითხა, და თვალები გაუბრწყინდა:

- მაშ, ეს თქვენ ხართ? თქვენ გინდათ შეისყიდოთ ჩემი ფაბრიკა? მე უკვე მელაპარაკნენ. გისმენთ.

ასეთ თემაზე საუბარს ნაჩვევი არ ვიყავი და, ალბათ, ამიტომაც ძალიან დაბნეულად ვილაპარაკე. როგორც ჩანს, ბევრი ისეთი რამ ვთქვი, რასაც ესენი არ ელოდნენ. მათს სახეებზე დიდ ინტერესს და პატივისცემასაც კი ვკითხულობდი. რაბინმა სკამიც კი შემოატრიალა, ხელი ყურსუკან აიფარა, სიტყვა არ გამომეპაროსო, ჩემკენ გადმოიხარა და დაძაბული მისმენდა. როცა ვთქვი, ჩვენ უფლის სახლის, დიდი ტაძრის პირველი დამანგრეველის ნაბუქოდონოსორისგან დევნილი ებრაელები ვართ, იმ დღიდან ამ მიწაზე ვცხოვრობთ და საქართველოში არც მე, არც ჩემს წინაპარს არასოდეს მსმენია ის, რაც გუშინწინ აქ გავიგონე-მეთქი, ერთმანეთს გადახედეს, გაოცება რა არის, გაოგნებული მომჩერებოდნენ.

კარგა ხანს ვილაპარაკე, რომ დავამთავრე, ხმა არავის ამოუღია, კვლავ დუმილი ჩამოწვა. ბოლოს თავმჯდომარემ იკითხა.

- რას იტყვით, ბატონებო, როგორ მოვიქცეთ?

- გეთაყვა, თუ შეგიძლიათ, მითხარით ასეთი რამ… - ეფროსი მე მომიბრუნდა, აუჩქარებლად ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, თვითონაც ვერ მოეყარა თავი სათქმელისათვის: - ხომ არ შეგიძლიათ ასეთი რამ მითხრათ - ისევ შეყოვნდა: - როგორ გგონიათ, ქართველთაგან საბას საქციელს სხვებიც თუ ჩაიდენდნენ? ეს ერთი, და კიდევ - გამოიძებნება თუ არა იმ ხალხში თუნდაც ათასი კაცი, საბა რომ არ გაკიცხოს, აჩქარება რომ უსაყვედუროს?

ცოტა უცნაური ხალხი ყოფილა ეს რუსი ებრაელობა - რამდენი მხრიდან არ შემოუარეს საბა კლდიაშვილს, როგორ არ უტრიალეს. ახლა კიდევ… აბა, რა ვიცი, თანაც მე, რა ხანია საქართველოდან წავედი.

ვიგრძენი, რომ ზოგი იჭვით მომჩერებოდა, ზოგი - დაძაბული, ზოგიც - იმედით.

- როგორ გითხრათ, ბატონებო, - ჩემს მეზობლებს, ამხანაგებს, ნაცნობებს, გონების თვალი გადავავლე და ვთქვი: - აჩქარებას ხომ არ უსაყვედურებენო. არა, ამ ამბის გამო სამშობლოში საბას საყვედურს არავინ ეტყვის… უფრო მეტიც, ყოველი ქართველი საბას საქციელის გამო თავს მოიწონებს, ჩათვლის, რომ საბამ ის გააკეთა, რასაც თვითონ გააკეთებდა, მაგრამ… რაც შეეხება კითხვას არის თუ არა საქართველოში თუნდაც ათასი კაცი, საბას საქციელს რომ გაიმეორებს… გავჩუმდი, ერთხელ კიდევ ჩავუფიქრდი იმას, რის თქმასაც ვაპირებდი, რადგან შეცდომის უფლება არა მქონდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მართალს ვამბობდი - საქციელს ათი ათასიც გაიმეორებს, მაგრამ სიკვდილი, თუ მას ეცოდინება, რომ მოკვდება… სიკვდილი მაინც სიკვდილია, ბატონებო და… - გავჩუმდი ეს იყო ჩემი სათქმელი.

- მე მაქვს კონკრეტული წინადადება, - ფეხზე წამოიჭრა გოლუბი, - მე ერთი წინადადება მაქვს და გამგეობის წევრებს გთხოვთ მხარი დამიჭიროთ: - საბა კლდიაშვილს ძეგლი უნდა დავუდგათ.

გოლუბმა გამარჯვებული კაცის იერით გადახედა დარბაზს. გამგეობის თავმჯდომარემ კი იკითხა:

- როგორი იქნება თქვენი აზრი?

ხმა არავის ამოუღია. იქრობდნენ.

- მე საკითხი დავსვი, ბატონებო! - წამოიძახა გოლუბმა.

- ძალიან კარგია!

- მივიღოთ ეს წინადადება!

- დიდებულია! - მოისმა აქეთ-იქიდან.

- მეც ასე მგონია, რომ ბატონმა გოლუბმა კარგი წინადადება შემოგვთავაზა, - თქვა თავმჯდომარემ.

- მე კი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ჩაილაპარაკა ფიშერმა.

- რისა, ძეგლისა? - იკითხა გაოცებულმა ლუგოვოიმ.

- დიახ, - ძალიან მშვიდად მიუგო ფიშერმა.

გოლუბმა თქვა:

- რასაკვირველია, საქმის ეკონომიური მხარე დიდ როლს თამაშობს. მე ვფიქრობდი, რომ ფიშერიც შემოიტანდა თავის წილს, მაგრამ ჩვენ ხომ ისრაელები ვართ… თუ ადამიანს უჭირს ამ საქმისათვის ფულის გაღება… - ერთხანს იყუჩა, მერე ფიშერს მიუბრუნდა და უთხრა: - მე მზად ვარ თქვენი წილიც…

ფიშერი პირზე ღიმილმომდგარი მიუბრუნდა გოლუბს:

- დიდი მადლობა, ზალმან სოლომონოვიჩ, მე მუდამ მჯეროდა თქვენი გულუხვობის, მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნებოდა, თუ მაგ ხელგაშლილობას ღარიბებთან გამოიჩენდით? ხოლო მე მდიდარი კაცი ვარ და, ალბათ, ამიტომაც არა მაქვს უფლება ფული წყალში გადავყარო.

- თქვენ ამ საქმისთვის ფული გენანებათ? - ლუგოვოი გაოცებას ვეღარ მალავდა.

ფიშერმა ღრმად ამოიოხრა. მომეჩვენა, რომ იგი თავის ყოველ მოძრაობას, ჟესტს ხაზს უსვამდა. ცოტა ხნის შემდეგ იკითხა:

- ერთი ეს მითხარით, ზალმან სოლომონოვიჩ, სად უნდა დაიდგას ეს ძეგლი?

- ოდესაში, სხვაგან სად! ჩვენს ქალაქში, ოდესაში, ჩვენი ხარჯებით, პროექტით, ეს იქნება შესანიშნავი ძეგლი საბას გმირობისა და ჩვენი მადლიერებისა! - პათეტურად წამოიძახა გოლუბმა.

- მაშ, ოდესაში! - ჩაილაპარაკა ფიშერმა.

- დიახ! სწორედ იმ უბანში შევარჩიოთ კარგი ადგილი, სადაც საბა კლდიაშვილი დაიღუპა. იგი ზღვას უნდა გადაჰყურებდეს… ზღვის იქითა მხარეს მისი სამშობლოა, საქართველო…

- თქვენ მხატვრის შთაგონება გქონიათ, - თქვა ფიშერმა. მისი ნიჭის დაფასებით კმაყოფილმა გოლუბმა გაიღიმა. - და თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ქალაქის მმართველობა მოგცემთ მაგ ძეგლის დადგმის უფლებას? - ფიშერმა თვალები მოჭუტა.

გოლუბს ღიმილმა გაუცისკროვნა სახე.

- მე მეგონა, თქვენ უსათუოდ გეცოდინებოდათ: რუსეთში კანონებს იმისთვის ქმნიან, რომ ხალხს მეტი ფული წაჰგლიჯონ! - გოლუბი გამარჯვებას დღესასწაულობდა. ფიშერი კი არ ჩქარობდა. უფრო და უფრო აყოვნებდა სიტყვის თქმას, დინჯად, აუჩქარებლად ირჯებოდა.

- ახლა ისიც მითხარით, ზალმან სოლომონოვიჩ, როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი უნდა იდგას ეს ძეგლი იქ? - იკითხა ფიშერმა და ვიგრძენი, რომ იგი რაღაც დარტყმას ამზადებდა.

- ძალიან დიდ ხანს, ოსკარ დავიდოვიჩ, ძალიან დიდ ხანს, სუკუნეები!

ფიშერმა არაფერი თქვა. მაგიდის ირგვლივ მსხდომთ გადახედა, თითქოს იმათგან უნდოდა ჭეშმარიტების გაგება. მაგიდის ირგვლივ მსხდომთ მეც გადავხედე და მივხვდი - გოლუბი განწირული იყო. ფიშერის ბრჭყალებში მოქცეული გოლუბი ყველამ მიატოვა. ყ ველამ პირში წყალი ჩაიგუბა. ფიშერი კი არ ჩქარობდა. ის უკვე გამარჯვებით ტკბებოდა.

- არა, ზალმან სოლომონოვიჩ, ძვირფასო, თქვენ, ასეთი გონებაფხიზელი და ბრძენი კაცი, ალბათ, გვეხუმრებით, თორემ განა არ იცით, რომ ეს საქმე არ გამოვა?

- გმადლობთ, ოსკარ დავიდოვიჩ, როგორც იქნა, თბილი სიტყვები წამოგცდათ. მაგრამ იმასაც ხომ არ მეტყოდით, თუ რატომ არ გამოვა? - დაუფარავი იქედნური ღიმილით ჰკითხა გოლუბმა ფიშერს. იგი ისე შეეპყრო გამარჯვების სიხარულს, ფიშერის მოახლოებული დამარცხება მისთვის იმდენად საოცნებო იყო, რომ აღარაფერს აღარ გრძნობდა. ამიტომ ფიშერმა რომ დამრიგებლური ტონით დაიწყო, გოლუბი კვლავ ირონიული ღიმილით შესცქეროდა მას.

- საბა კლდიაშვილი, რასაკვირველია, არის ძეგლის ღირსი. ჩვენმა ხალხმა მას უსათუოდ უნდა დაუდგას ძეგლი, მაგრამ იმას, რაც ჩვენის მხრიდან მადლიერების გამოხატულება იქნება, სხვები შურისძიებად მიიღებენ, გაავებული ბრბო მაგ ძეგლს ერთ კვირაში, ათ დღეში დაანგრევს და პირშავი ვიქნებით საბა კლდიაშვილისა და მისი ხალხის წინაშე. გულახდილად გითხრათ, ძვირფასო გოლუბ, მიკვირს ასეთ გონიერ, ქონებითა და სიბრძნით აღვსილ კაცს ეს როგორ გამოგეპარათ, ალბათ, აჩქარდით, - ფიშერმა ისე გაიღიმა, ყველა კბილი გამოუჩნდა. რა თბილი იყო ეს ღიმილი, მაგრამ რა საშიშიც - გამოტყდით, ჩემო ზალმან სოლომონოვიჩ, გამოტყდით, ჩემო ძვირფასო, რომ აჩქარდით, თორემ თქვენ… ვერა, ვერ დავიჯერებ რომ ასე გაუხედავი კაცი ხართ.

გამეფებულ სიჩუმეში ფიშერის ყოველი სიტყვა ტყვიის გასროლას ჰგავდა. თავი ვერ ავწიე. ერიდებოდა გოლუბისათვის შემეხედნა. ძალიან კი მაინტერესებდა როგორი გამომეტყველება ჰქონდა ამ წუთში, როგორ ეჭირა თავი, მაგრამ თავის აწევას ვიღა იფიქრებდა მაშინ, როცა აქ ყოფნაც კი მეუხერხულებოდა.

- მე გეტყვით, როგორ უნდა მოვიქცეთ, - კვლავ დამრიგებლური ტონით განაგრძო ფიშერმა, - შვილებს გადავცეთ საბას ამბავი, შვილიშვილებს ვუამბოთ. იმათ კიდევ თავიანთ შვილებსა და შვილიშვილებს გადასცენ… წიგნები დავწეროთ, სიმღერები ვიმრეროთ. აი, ეს იქნება საბა კლდიაშვილის ძეგლი.

ფიშერმა სკამის საზურგეს მხრები მიადო, თავი უკან გადასწია, რითაც დავიღალეო გვანიშნა და განაგრძო:

- ოდესის სინაგოგამ წერილი გაუგზავნოს რუსეთის იმპერიის ყველა სინაგოგას. ყოველმა ებრაელმა გაიგოს საბას ამბავი. არონ აბრამიჩი კი იზრუნებს ცხედარის გამოხსნისათვის - ფიშერი ლუგავოის მიუბრუნდა - თუ ამ საღამოს „პოგრომშჩიკებთან“ მოლაპარაკება კარგად დამთავრდა და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, ხვალვე საქართველოსკენ უნდა გავცუროთ. საბა კლდიაშვილი საზეიმოდ უნდა გავასვენოთ საქართველომდე. ცხედარი უნდა გააცილოს გამგეობის ყველა წევრმა და სხვებმაც, ვისაც ამის სურვილი აქვს. გემი თეთრად უნდა მოვრთოთ, საბა კლდიაშვილი გამარჯვებული დაუბრუნდება თავის სამშობლოს - იგი სიბნელეს, გაუტანლობას, სიძულვილს შეებრძოლა - ვიდრე ფიშერი ლაპარაკობდა რაბინი თავს უქნევდა. ფიშერმა საუბარი დაამთავრა თუ არა, ისეთი ჭახჭახა ხმა გაისმა, გეგონებოდათ, ფანჯარა ჩაამტვრიესო. ვიღაცა გულით იცინოდა. მოვიხედე. გოლუბი გახლდათ. სიცილისაგან წამოწითლებულიყო, ოფლიც კი სდიოდა. ყველა მას მიუბრუნდა. ის კი მაინც იცინოდა. უკვე ვგრძნობდი, რომ ამ სიცილს ხელოვნურად ახანგრძლივებდა. ზოგიერთი შეიშმუშნა კიდეც.

- რა კარგები ხართ, ისრაელებო, დიდხანს გამყოფოთ ღმერთმა, რამდენი მაცინეთ! ძალიან მომწონს თქვენი გეგმა! ყველაფერი რომ სასაცილო არ იყოს, ოსკარ დავიდოვიჩ! - მერე უცებ კოპები შეიკრა და ფიშერს ლამის ბრაზმორეული მიუბრუნდა - ახლახან ხომ სრულიად სხვას ამბობდით და დაგიჯერეთ კიდეც. ვინ მოგვცა ჩვენ, ებრაელებს ერთგულების, მადლიერების დემონსტრაციების გამართვის უფლება. დარბევა შეწყდა, ის ხალხი კი არ გამოცვლილა. ამათ ვეღარაფერი გამოცვლის, მუდამ ასეთი იქნებიან, არც გემი მოირთოს საზეიმოდ, არც გამგეობის წევრებმა გააცილონ ცხედარი, არ უნდა დავივიწყოთ სად ვიმყოფებით, სად გვიხდება ცხოვრება!

- მართალია! - თქვა გამგეობის თავმჯდომარემ - ეს კი ვერ გავითვალისწინეთ.

დუმილი დიდხანს არ გაგრძელებულა.

- ბატონებო! - დინჯად დაიწყო ფიშერმა - მე არაერთხელ დამიდასტურებია, თუ როგორ პატივს ვცემ ზალმან სოლომონოვიჩის მიხვედრილობას, მაგრამ სრულიადაც არ არის ჩვენი ბრალი, თუ ზოგჯერ მისი ნათქვამი, ან საქციელი სიცილის გუნებაზე გვაყენებს. არა, არა! ღმერთმა დამიფაროს, მე არ ვამბობ, რომ ხალხი დასცინის ზალმან სოლომონოვიჩს, ხალხი დასცინის მის აჩქარებულობას, თორემ გულწრფელობაში ეჭვი არავის ეპარება, არც მის პატიოსნებასა და გონიერებაში გვეპარება ეჭვი. - ფიშერი შეჩერდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, თვალები ეშმაკურად მოჭუტა და განაგრძო - ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც მოგახსენეთ, თუმცა, ჩვენ აქ არ უნდა გამოვჩნდეთ. საბა კლდიაშვილის ცხედარს გამოიხსნის უნივერსიტეტი, გემს დაიქირავებს და გასვენების ცერემონიალს მოაწყობს უნივერსიტეტი და თუ უფრო კონკრეტულად გნებავთ, მაგ უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტობა.

- უნივერსიტეტის? - გაიოცა ვიღაცამ.

- დიახ, უნივერსიტეტის! საბა ხომ ამ უნივერსიტეტის პრივატდოცენტი გახლდათ. ქართველებიც ბევრი არიან მანდ. ზალმან სოლომონოვიჩს ვთხოვოთ უნივერსიტეტთან მოლაპარაკება. გონიერი, წინდახედული კაცია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მიცვალებულს თავისი მიეგოს და ჩვენც არსად გამოვჩნდეთ. ფულს, ზალმან სოლომონოვიჩ, არ დავიშურებთ.

ვიღაცამ, ვგონებ, ეს ედლინი იყო, ფიშერს უთხრა:

- ეს დღე თქვენ გეკუთვნით, ოსკარ დავიდოვიჩ, ყველა საქმე სამშაბათს უნდა დავიწყოთ.

- გმადლობთ, მაგრამ მე არც სხვა დღეებს ვემდური, - ღიმილით მიუგო ფიშერმა და სავარძელში ნებივრად გადაწვა.

- ვგონებ, დღევანდელი სხდომა დამთავრებულია. თქვენ რას იტყვით ბატონებო? - თქვა გამგეობის თავმჯდომარემ.

ყველა ფეხზე წამოდგა.

ამასობაში მე უკვე გადავწყვიტე: რადაც არ უნდა დამჯდომოდა, იმ გემს გამოვყოლოდი, რომელიც საბა კლდიაშვილს საქართველოში წამოასვენებდა. ამიტომ ფიშერს მივმართე:

- მე მინდა ახლავე ვნახო თქვენი ფაბრიკა.

ფაბრიკა არაფრით განსაკუთრებული არ იყო. უკეთესი მანქანების შოვნაც შეიძლებოდა, მაგრამ ფიშერი ისე ლაპარაკობდა მათზე, გეგონებოდათ, არც ასეთი, და არც უკეთესი მანქანები ქვეყნად ჯერ არავის გაუკეთებიაო.

მეორე შეხვედრა საღამოს დავთქვით. ფასიც საღამოს უნდა გამოეცხადებინა, მე კი მინდოდა, კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ დამეთვალიერებინა ფაბრიკა. ასეც მოვიქეცი. ყველაფერი კარგად დავათვალიერე, დავთრებიც გადმოვაღებინე. ბოლო სამი წლის შემოსავალ-გასავალს თვალი გადავავლე და ფასი ვიკითხე. ფიშერმა დიდი ფასი არ დაადო ფაბრიკას, მაგრამ მაინც ვერ გადავწყვიტე მეყიდა თუ არა ფაბრიკა იმ ქალაქში. ფიშერს ვუთხარი ორი თვის მერე მოგცემ საბოლოო პასუხს-მეთქი.

______________________

1. ფარნასა - შემოსავალი.

15 კუკური

▲ზევით დაბრუნება


აი, სწორედ იმ გაბომ, რომელსაც მთელი დაბა გაბოს კი არა, გაბო „ღანჯურას“ ეძახდა, კუკურის ამბავი რომ გაიგო, თვალი სივრცეს გაუსწორა, თითქოს იქ, ზეცაში კითხულობს სიბრძნეს, რომელიც ახლა უნდა წარმოსთქვასო, მერე ამოიოხრა და თქვა:

- ასეა, ჯამაათო, ასე! ველა კი არ არის ღირსი ფარა იშოვოს. მაგან პატარა ფარა კი იშოვა, მარა მაინც კუკურიად დარჩა!

კუკური - სადგურთან რომ პაწია დუქანი ედგა - დათიკო ჯანაშვილის ახლობელი იყო და იმ უბედურების დღეებში გვერდიდან არ მოსცილებია, დღეს კი, როცა დათიკოს ოჯახი ეფრემის გარდაცვალებიდან წლისთავისთვის ემზადებოდა, არსად ჩანდა.

ხუთშაბათს, საღამო ხანს კუკური სახლში რომ არ შებრუნდა, მისმა ცოლმა, ხავამ ეს არაფრად ჩააგდო. ღმერთმა ბარაქა მისცეს, ალბათ, დღეს ბევრი მუშტარი ახვევია თავს და ამიტომ შეაგვიანდაო.

დაბის ქუჩა-შუკებში სიბნელე და დუმილი ჩამოწვა. კუკური კი არ ჩანდა. ხავამ უმცროს შვილს მერაბს უთხრა:

- დაანებე, ბიჭო, მაგ წიგნს თავი, აბესალო გლახასავით რავა სულ წიგნი გიჭირავს ხელში. დათიკო ბიძიასას გადადი და მამაშენს უთხარი, ქორწილში ხომ არა ხარ, სახლში რომ გათენებამდე არ მოდიხარ-თქო.

მერაბს სხვა რა გზა ჰქონდა - დათიკოს სახლში უნდა წასულიყო. ამ ბოლო დროს კი ჭირის დღესავით სძაგდა იქ მისვლა. თუ მამას სულ იქ უხდებოდა ყოფნა, თვითონ თავს არიდებდა. დათიკოს ოჯახმა თითქოს მეტყველების უნარი დაჰკარგა. ადამიანები მხოლოდ მოძრაობდნენ - არც ჭამდნენ, არც სვამდნენ, არც ლაპარაკობდნენ, ეზოშიც არ გამოდიოდნენ. დათიკო ბიძიას სულ თორა ეჭირა ხელში და თავაუღებლივ კითხულობდა. დროდადრო თუ წამოიძახებდა: „იკურთხოს, ღმერთო, შენი სახელი“. ეს იყო და ეს! რიბკა ბიცოლას შავი ქსოვილი სახეზე ჩამოეფარებინა და ბუხართან უხმოდ იჯდა. დროდადრო ამოიძახებდა: „ვაი შენს დედას, შვილო!“ და ეს თუ გაფიქრებინებდათ, რომ ბუხართან, ჯორკოზე ცოცხალი ადამიანი იჯდა. ხოლო ბენო, ეფრემის დაღუპვის შემდეგ სკოლაშიც არავის არ ეკარებოდა. ვინც არ უნდა გამოლაპარაკებოდა, პასუხს მოკლედ მოუჭრიდა. ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებთან ურთიერთობას გაურბოდა.

ამიტომ მერაბმა შუქრი ახალაიასთან შეიარა: ბენოსთან მივდივარ და გამომყევიო. დ დათიკოს სახლში რომ მივიდნენ, ბენო კვლავ უხმოდ, მზერაცარიელი იჯდა. მერაბსა და შუქრის ისევე ამჩნევდა, როგორც ბუხრის თავზე შემოდგმულ შანდალს. მერაბმა კი დაინახა, რომ მამა აქ არ იყო, მაგრამ მაინც იკითხა ბაბა ხომ არ ყოფილა აქანაო. დათიკომ არა, შვილო, არ გვინახავსო, თქვა ხმადაბლა, ეს იყო და ეს. ცოტა ხანს კიდევ იდგნენ მერაბი და შუქრი. მერე წავიდნენ.

მერაბს სახლში მისვლა მაინც დააგვიანდა. ერთხანს ქუჩაში ისხდნენ და საუბრობდნენ. მერაბს არ სჯეროდა, შუქრი კი არწმუნებდა მერი ბესელია დავინახე პერანგის ამარა იდგაო. როგორ, სად უნდა გენახა შენ მერი ბესელია პერანგიანიო, ბრაზობდა მერაბი. ეზოში გამოვიდაო.

მერაბი სახლში მიდიოდა და ფიქრობდა: რა იღბალი აქვს ამ ახალაიას, მერი ბესელია ეზოში პერანგით მდგარი უნახავსო. იმდენად არ უკვირდა, რამდენადაც ბრაზობდა. ეს ახალაია ან მართლა შეესწრება ხოლმე საინტერესო ამბავს, ან ისე კარგად მოიგონებს, ვერაფერს იტყვიო. სახლში გუნებაწამხდარი მივიდა. ხავა კი მის უგუნებობას არაფრად დაგიდევდათ და ყალყზე შემდგარი შეხვდა შვილს: „სადა ხარ ამდენ ხანს. ადამიანი რომ საქმეზე გაგგზავნის, რავა მამაშენივით დაიკარგები, რა ჯილაგი გაქვთ ამნაირი?“ მერაბმა პასუხი არ გასცა. შიოდა, ბუხრის თავზე რომ ქვაბი იდგა, თავი მოხადა, იქიდან პური, პაწია ქვაბიდან კი ყველი ამოიღო, მერე ბოთლიდან თეფშზე პამიდვრის საწებელი დაისხა და ჭამას შეუდგა. ამან კიდევ უფრო გააღიზიანა ხავა.

- რა იქნა მამაშენი, ამდენი ხანი ვერ გემეეტია იქიდან?

მერაბმა პურის ლუკმა აუჩქარებლად ჯერ საწებელში ჩააწო, მერე პირში ჩაიდო და სთქვა:

- მე რა ვიცი, რა იქნა!

- რავა არ იცი, აბა, სად იყავი!

- იქ არ მისულა!

- გამჩენმა ჭკუა ხომ არ წაგართვა შენ!

- ჩემთან რა გინდა?

- რავა რა მინდა, ბიჭო! თუ იცი, რას ლაპარაკობ!

- აქ არ მოსულაო და მე რა ვქნა!

- უიმე! - ლოყაზე იტკიცა ხელი ხავამ - სად არი, ბიჭო, მამაშენი! ხო არაფერი მეხი დაგვეცა თავზე!

მერაბმა რომ პასუხი არ გასცა და ჭამა არხეინად განაგრძო, ხავამ განწირული ადამიანის ხმით შესძახა:

- სულიკო, სულიკო! გადაგრევენ მაგ წიგნები, გადაგრიოს ჩემმა გამჩენმა!

სულიკო გულგახეთქილი გამოვარდა „ზალიდან“. გაკვეთილებს იქ, სასტუმრო ოთახში ამზადებდა - ხისგან გამოჩორკნილ ტახტზე ფეხმორთხმით დაჯდებოდა და ერთნაირი ინტონაციით იზუთხავდა ქიმიასაც და რაფიელ ერისთავის ლექსებსაც.

- რა იყო, დედა!

- რას ქვია რა იყო, რავა რა იყო! - მამაშენი ვერსად იპოვეს, მამაშენი დაიკარგა!

- რაო? - შესძახა სულიკომ და შიშით მიმოიხედა.

- უიმე, უიმე, უიმე! დაიკარგა, მამაშენი დაიკარგა! - ხელებს თავში იცემდა ხავა.

ამ დროს სონა, გაბო „ღანჯურას“ მეუღლე და ხავას მეზობელი, დასაწოლად ემზადებოდა.

გაბოს შარვლის ტოტები აეკეცნა. ფეხები თბილ წყალში ჩაედგა. ისიც ლოგინს ეშურებოდა - დავწვები და ამ დაღლილ სხეულს მოვასვენებო, ფეხებზე ნება-ნება ისვამდა ხელს და თბილი წყლით მოგვრილ ნეტარებას მისცემოდა. ხავას კივილი ვერ გაიგონა, სონას კი ცხადად მოესმა და ქმარს უთხრა:

- რაღაცა ამბავია, გაბო!

- რა ამბავი უნდა იყოს, ვითომ - ე მთავრობა რომ წავიდეს, კაციშვილი არ იკივლებს და მეზობლობაში საკივლელი არავინ გვყავს.

- ხავას მოთქმა არ გესმის?

- მერე რა, რომ მესმის. მთვრალი თუ მობრძანდა მაგის ქმარი და ეს აკივლებს, გლახისშვილმა, აბა, რა უნდა ჰქნას? რახან ორ კაპიკს შოულობს, ყოველ საღამოს უნდა ჩახეთქოს, - ტილოს ნაჭერი აიღო, ფეხის შემშრალება დაიწყო - ეეჰ! სად არი ხალხი, ხალხი გაჟუჟეს, გაწყვიტეს, ამათ კუკურიები უნდოდათ და ჰყავთ კიდევაც!

სონას არაფერი უთქვამს. გაბო ლოგინში შეწვა, გასწორდა, საბანი კარგად გადაიფარა, ბალიშის ქვეშ თხელი დოლბანდი ეგულებოდა, გამოიღო, თავზე გადაიკრა და ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით დაიწყო:

- ღმერთო, გამჩენო ქვეყნიერებისა, ამ ცისა და მიწისა, ამ წყლებისა, მცენარეულობათა, ცხოველთა, გამჩენო ყოველი სულდგმულისა, შენ გაუთენე მშვიდობიანი დილა მთელს ჯამაათს და მათ შორის ჩემს ოჯახსაც.

სწორედ ამ დროს ვირაცამ კარზე დააკაკუნა.

- ამ შუაღამისას ვინ უნდა იყოს? - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა გაბომ, წამოდგომაც დააპირა, მაგრამ კართან სონა მივიდა.

- რომელი ბრძანდებით? - ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით იკითხა სონამ.

- მე ვარ, სონა, გააღე ერთი წუთით! - უპასუხეს კარს მირმიდან.

- ლოლაა ჩვენი! - გაბოს მიუბრუნდა სონა.

ლოლაც მეზობელი იყო, სწორედ იმ გაიოზის მეუღლე, შარშან რომ ბენოს ერთი ამბავი აწია, ორი პური რატომ მიგაქვსო. ლოლა აქ დაბადებული, ღურწკაიას ქალი გახლდათ. გაიოზი კი ჯერ კიდევ ომამდე საშოვარზე ჩამოსულთ ჩამოჰყოლია. ლოლა მოსწონებია და შეურთავს. ტკბილი ოჯახი და ცოლ-ქმრობა ჰქონიათ, მაგრამ ომს ყველაფერი მოუშლია თურმე. ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე გაიოზი ფრონტზე გაუწვევიათ. არავინ იცის სად იბრძოდა, როგორ იბრძოდა, ერთი წერილიც კი არ გამოუგზავნია ლოლასთვის. დაბაში ფრონტიდან ყველაზე ადრე ტოგო მიქაია დაბრუნდა - ომი კიდევ არ იყო დამთავრებული. ორ-სამ კვირაში დაბაში ხმა დაირხა, ტოგო მიქაიას ომმა თუ რამ ძალა დაუტოვა, იმასაც ლოლას ლოგინში ფლანგავსო. ისე კარგად შეეხმატკბილნენ ერთმანეთს, შეგშურდებათო. დაბეჯითებით ვერავინ იტყოდა, ასე იყო თუ არა, მაგრამ ის კი ყველამ დაინახა, ლოლამ ხუთი წლის ბიჭი - ნიკო - დედ-მამასთან რომ წაიყვანა. ამაზე დაბაში თქვეს, ლოლა სწორად მოიქცა, ბავშვს ყველაფერი კი არ უნდა დაანახოო. ნიკო მანამ იზრდებოდა ლოლას დედ-მამასთან, სანამ გაიოზი ფრონტიდან არ დაბრუდა. ამ დღიდან ორი თვეც არ გასულიყო, რომ ერთმა მეზობელმა (ამ ხუთი წლის წინ გარდაიცვალა, საცოდავი!) ღვინის სმისას გაიოზს შესძახა:

- ჰიტლერს რომ ბერლინამდე სდიე, იმას სხვებიც ჩააძაღლებდნენ, შენ კი ოჯახისთვის მოგეხედნა ცოტა, უჭირს ქალს მარტო ყოფნა.

ამ ამბავს ბარე სამი კაცი ესწრებოდა. იმ დღეს დაბამ საბოლოოდ დაასკვნა: პაპუმ ჩვენზე მეტი იცის და ამან გააბედვინა ამის თქმაო.

მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. ლოლას სიმსუქნე შეეპარა. გაიოზს - ჭაღარა, ტოგოს ღიპი დაედო, მაგრამ ამბობდნენ ლოლა და ტოგო დღესაც ძველებურ გუნებაზე არიან.

სონამ კარი გააღო. ლოლა სახლში არ შემოვიდა, ისე თქვა:

- რაღაცა ამბავია! - მხრებზე მოსხმული შალი კიდევ უფრო მჭიდროდ შემოიხვია.

- ხავას ტირილი მეც გავიგონე.

- არ გადავიდეთ?

- მოიცა ერთი წუთით! - სონა სახლში შევიდა, გაბოს თავს დაადგა - ადე, შე კაცო, ზეზე, ხო უყურებ, ლოლაც ამბობს, რაღაცა უბედურებაა მაგათ თავსაო.

- ვიცი მაგათი ამბავი. მთვრალი მობრძანდებოდა ის გლახიშვილი.

- მერე მთვრალ კაცს ბღავილი რად უნდა, მაგაზე იბღავლა მთელმა ქვეყანამ.

- გადადით, თქვენ გადადით და ნახეთ თუ ასე არ არი.

- გამოდი, სონა, გამოდი! - შემოსძახა ლოლამ და სონამაც შალი მოისხა.

გაბომ ღმერთს კიდევ ერთხელ შესთხოვა მშვიდობიანი დილის გათენება. იერუსალიმის ხილვა და იქ დამარხვაც მაღირსოსო, იქნებ, ღმერთოო, ეს ისეთივე სასოებით ინატრა, როგორც მშვიდობიანი დილის გათენება. ის იყო კედლისკენ უნდა გადაბრუნებულიყო, რომ ძილისათვის მიეცა თავი, ხავას გაბმული კივილი მოესმა. არა, ეს ქმრის დათრობის გამო კივილს არ ჰგავდა. გაბო გაირინდა, სმენად იქცა და როცა ხავას კივილს ლოლას „დიდუუ“, „დიდუუ“ დაერთო, გლახად არისო საქმე, გაივლო გულში და ლოგინიდან ერთობ მარდად წამოხტა.

ვის არ მიაკითხეს იმ ღამეს, ვინ არ გააღვიძეს, ვინ არ წამოაყენეს ფეხზე, მაგრამ კუკური კი არა, მისი მნახველიც ვერავინ იპოვეს. მერე გაბომ თქვა: ეშმაკს არასოდეს არ ძინავს და მილიციაში ვიკითხოთო. მილიციაში კუკურის რა ესაქმებაო, თქვა ვიღაცამ.

- მილიციაში ჩვენ არაფერი გვინდა, მაგრამ მილიციას ყოველთვის უნდა ჩვენგან რაღაცა, - მიუგო გაბომ და მილიციაშიც მივიდნენ. იქ კუკურისა არც არაფერი გაეგოთ, მორიგეც ცუდ გუნებაზე იყო: ერთი იმის გამო, რომ შუაღამისას გააღვიძეს და, მეორეც იმიტომ, რომ დღეს საერთოდ არავინ დაგვიჭერია, სიჩუმეაო. გაბომ ეს რომ გაიგონა, გავასწროთ აქედან თორემ ჩვენზე იყრის ჯავრს ასეთ დროს რომ გავაღვიძეთო და ქარის სისწრაფით გავარდა მილიციის სამორიგეოდან.

ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ებრაელთა სალოცავი ყოველ დილა-საღამოს ხალხით ივსებოდა. დილას სალოცავში რომ კუკურის დაკარგვის ამბავი მოიტანეს, რუბენმა თქვა გუშინ სადგურში ვნახე, მოსკოვის მატარებელს ელოდებოდაო. რუბენის ნათქვამმა რაღაც იმედი გაუჩინა ხალხს - სამტრედიაში კაცი აფრინეს, გვიშველე, იქნებ, რაიმე გაიგოო. ის კაცი საღამო ხანს კი ჩამობრუნდა, მაგრამ ამბავი ვერაფერი ჩამოიტანა: კუკური სამტრედიაში არავის უნახავსო.

ხავას მოთქმა მთელ ქუჩას ზარს სცემდა.

მიუხედავად იმისა, რომ პარასკევი იყო და შაბათის მომლოდინე ებრაელობა ამ დღეს თავს იკავებს თავისი სოფლიდან, დაბიდან გამგზავრებაზე, ვაითუ, გზაში შემომაღამდეს და შაბათს ოჯახში ვერ მივუსწროო, ხავასა და კუკურის ნათესავები მაინც ჩამოვიდნენ კულაშიდან, ბანძიდან, ფოთიდან, ზოგი ტირილითა და ვაივიშით შემოდიოდა ეზოში, ზოგიც - უხმოდ, მაგრამ ყველა ხავას შეჰკივლებდა, ან კიდევ დაღვრემილი მიუახლოვდებოდა და ხმადაბლა იკითხავდა: ვითომ რაში უნდა იყოს საქმე, ასეთი რა მეხი დაგვეცაო. ხავა კი დროდადრო მუხლზე დაიკრავდა ხელს და წამოიძახებდა: „რა მიქენი ეს, ბიჭო, კუკური“, „რავა გამაუბედურე, კუკური“. მერე ყველამ თავ-თავის ოჯახს მიაშურა. შაბათიც მობრძანდა. შაბათს კი ტირილი არ იქნება, ოჯახში რომ მიცვალებული იყოს, ტირილი მაინც არ იქნება. მას თავისი პატივი უნდა მიაგო. შაბათს კუკურისა და ხავას ოჯახში ქალები მოსიოდნენ, მართალია, არავინ ყვიროდა, მაგრამ მოძრაობაზე, გამოხედვაში ეტყობოდათ, რომ მგლოვიარე ოჯახში მოდიოდნენ - უხმოდ შემოაღებდნენ ჭიშკარს, უხმოდ, ტუჩებშეკრულნი ამოვიდოდნენ აივანზე, შევიდოდნენ „ზალაში“, „შაბათ შალომ“, იტყოდნენ ხმამაღლა და კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულ სკამთაგან ერთ-ერთზე ჩამოსხდებოდნენ. ასე პირგამეხებულნი ისხდნენ რამდენიმე ხანს, მერე კი საგულდაგულო საუბარს შეუერთდებოდნენ. ყოველ კუთხეში ჩურჩულებდნენ.

კვირაც გათენდა და კუკურისა რომ ვერაფერი გაიგეს, მთელი დაბა საგონებელში ჩავარდა. აღარ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ - ეგლოვათ კუკური თუ არა. ხავამ დათიკოს ჰკითხა რა გზას დავადგეთო. დათიკომ მხრები აიწურა, მერეღა თქვა, ნუ ავჩქარდებითო. ხავამ ძმებს დაუძახა: რა ვქნა, როგორ მოვიქცე - ვიტირო თუ არა დაკარგული ქმარი ისე, როგორც ოჯახს ეკადრებაო. ძმებმა თქვეს: აბა, ჩვენ რა ვიცით, შენ რომ გირჩიოთო. უფროსი ძმა - ბესია თავის სიმამრთან მივიდა. სიმამრმა ხელები გაასავსავა და თქვა: „აჰ, აჰ, ცოცხალი კაცის ტირილი როგორ იქნება!“ სიძემ მოკრძალებული ღიმილით ჩაურთო, „რო არსად ჩანს, დაიკარგა და ცოცხლებში რომ არ უნდა ეწეროს?“ სიმამრმა მიუგო: „მიცვალებულის ოჯახში მხიარულება არ იქნება“. ბესიამ აღარაფერი უთხრა, გულში კი გაივლო: სულ გამოშტერებულა ჩემი სიმამრიო. ხელი ჩაიქნია და გაეცალა.

კუკურიმ კი ოთხშაბათს თუ ხუთშაბათს დილით ჩვეულებრივად გააღო თავისი დუქანი. დაბამ რომ ეს ამბავი გაიგო, შვებით ამოისუნთქა, იცინა კიდეც, რამდენი კაცი მიადგა იმ დღეს სოსისების, კამფეტების, თუ ფუნთუშების გაყიდვაში გართულ კუკურის. აქეთ რომც არ ჰქონოდათ გზა, მაინც შემოუხვევდნენ და კუკურის პირმოცინარი ეკითხებოდნენ:

- ასე რატომ დაგვაფეთე, კუკური!

- რა იყო, შე კაცო, სად დაიკარგე!

- ეს რა გვიყავი, კუკური!

- რას ერჩოდი ცოლ-შვილს, კუკური!

- რატო ააწრიალე ქვეყანა, შე კაცო!

- სად ხარ, კუკური, სად!

- ცოლ-შვილი მაინც რატომ დახოცე, კუკური!

- მადლობა გამჩენს, ცოცხალი ყოფილხარ!

ეს შეძახილები კუკურის აღიზიანებდა, ბრაზი ერეოდა, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. იღიმოდა კიდეც. „არაფერი, არაფერიო“ ჩაილაპარაკებდა და თავის საქმეს განაგრძობდა. შუადღისას რომ ხავა მოადგა, მაშინ კი აევსო მოთმინების ფიალა.

- ოჯახში მიბრძანდი და იქ მოგცემ პასუხს, - მიახალა ცოლს.

- ხუთი დღეა არ ჩანხარ! სახლში რატო არ მოხვედი!

- წადი ახლა, შენთვის არ მცალია, რატომ შემიყარე ქვეყანა, რამ გადაგრია!

- გადარეული რომ შენ ჩანხარ, კუკური!

- წადი, ქალო აქედან, არ გამომიყვანო კარში!

ხავა მიხვდა, მისი ქმრის თავს რაღაც ამბავი იყო და უხმოდ გაეცალა.

კუკური საღამოს სახლში არ მივიდა, არც მომდევნო საღამოს მივიდა ოჯახში. მერე ვიღაცამ მოიტანა ამბავი, კუკურიმ ახალსოფელში კვარაცხელიების სახლში ოთახი დაიქირავა და იქ ცხოვრობსო. ხავა აწრიალდა. კარგად არც იყო დაღამებული, ახალსოფლისაკენ რომ გაეშურა. შორს არ იყო - სადგურიდან ორიოდე კილომეტრი იქნებოდა. კვარაცხელიების სახლი მალე მონახა, კარი შეაღო და ისეთი რამ დაინახა, ინატრა: ნეტავ, ეს ქვეყანა საერთოდ არ მენახაო - კუკური ვიღაც ქალთან იჯდა და ღვინოს სვამდა. ხავამ რომ კარი შეაღო, ის ქალი კისკისებდა, გეგონებოდათ, კუკური კი არა, მთელი ქვეყანა იყო მისი.

მეორე დღეს მთელმა დაბამ გაიგო, რაც იმ საღამოს კვარაცხელიებისას მოხდა: ჯერ ხავა დატაკებია კუკლურის ქალს, ქერა თმაში ისე ჩაუვლია ხელი, ბღუჯა-ბღუჯა აუცლია თავიდან, მერე კუკური დატაკებია ხავას და ძაღლივით გამოუგდია კარში.

ყველაფერი ძალიან უბრალოდ დაიწყო.

როგორც გითხარით, კუკურის დუქანი ავტოსადგურში იდგა. ავტოსადგური კი რკინიგზის სადგურის გვერდით იყო. მატარებელი რომ რკინიგზის სადგურში ჩამოდგებოდა, სამი, ოთხი, ზოგჯერ ხუთიც, ბოლო ვაგონი, ზედ კუკურის დუქანთან ჩერდებოდა. ამიტომ ავტოვაგზლისა კი ერქვა კუკურის დუქანს, მაგრამ რკინიგზის სადგურის მგზავრთაგანაც ბევრი მუშტარი ჰყავდა.

ამ ოთხი თუ ხუთი თვის წინათ კუკურის დუქანს ერთი ისეთი ქალი მოადგა, ხავას საყვარელ ქმარს მეტყველების უნარი წაერთვა. - თეთრი იყო, თმა ქერა ჰქონდა, მკერდი სწორედ იმხელა, კუკურის რომ მოსწონდა, და კუკურიმ იგრძნო - ამ ქალის ძარღვებში სისხლი უბრალოდ კი არ მოძრაობდა, ისე დგაფუნობდა, როგორც ტეხურის ტალღები გაზაფხულზე. ისეთ თეძოებზე იდგა, კუკურიმ ძალიან პაწია კაცად იგრძნო თავი, თუმცა ქვეყანა იმას ეუბნებოდა „სიგრძე-სიგანე არ გაკლიაო“. ქალს ძალა და ხალისი თვალებშიც ჩადგომოდა. ღიმილით თქვა:

- პრივეტ!

- გაგიმარჯოს! - კუკური დაიბნა კიდეც, ასეთ ქალს ჩემთან რა უნდა ესაქმებოდესო.

- კალოშები გინდა?

- ა?

- კალოშები.

- რა კალოშები? - ვერაფერს მიხვდა კუკური.

- ჩქარა, ჩქარა, შემოდი ვაგონში! - ქალმა შინაურულად ჩაჰკიდა ხელი კუკურის და მატარებელ „მოსკოვ-თბილისის“ ბოლო ვაგონისაკენ გააქანა. კუკური ისე მიჰყვებოდა, როგორც გაბუტული ბავშვი დედას: „ბიჭო, ამნაირ ქალს ვაგონში კი არა, ქვეყნიერების ბოლოს არ გავეკიდები?“ - ფიქრობდა კუკური, მაგრამ ფეხს მაინც ვერ უწყობდა ქალს, აი, ვაგონში შევიდნენ. გამცილებლის კუპეში ქალმა ჩანთიდან თბილი, ყელდახურული კალოში ამოიღო.

- ოცდაათი წყვილია, აიღებ? - იკითხა ქალმა.

კუკური ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, რატომ უნდა აეღო მას 30 წყვილი კალოში, მაგრამ ამ ქალს უარს ვერაფერზე ვეტყვიო, გაიფიქრა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ქალმა კალოშის ფასიც თქვა, ჩანთაც შეჰკრა და კუკურის მიცემული ფული აუჩქარებლად გადაითვალა. მერე მარცხენა ფეხთან კაბა აიწია და ფული ზედ ბარძაყთან, წინდაში ჩაიდო. კუკურიმ რომ მის ბარძაყს მოჰკრა თვალი, ლამის თავბრუ დაეხვა.

- ფანელის ხალათები გინდა? - ღიმილით იკითხა ქალმა. კუკურიმ არ იცოდა ან ამდენი კალოში რისთვის სჭირდებოდა, ან ფანელის ხალათი, მაგრამ ქალს თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი - აჰა, ათი ცალი, ფული, ფული, ჩქარა! გადის მატარებელი! - კუკურიმ ისე გადაუთვალა ფული, და ნეტავ, ისევ იქ, იმავე ადგილას შეინახოსო, ინატრა. კუკურის ნატვრა აუსრულდა - ქალმა კვლავ აიწია კაბა, მისი ბარძაყების ფერმა კუკური გააოგნა. კაბა კი აიწია, მაგრამ ფული კიდევ არ ჰქონდა გადათვლილი - დაჯდა და ფულის თვლა დაიწყო. კუკური კი ერთმანეთზე მჭიდროდ მიდგმულ მის ორ ფეხს ხედავდა - ვარდისფრად მოკიაფე ბარძაყებს და ადგილიდან ვეღარ იძვროდა, ქალმა ფული ბეჯითად დაითვალა, სწორიაო, ღიმილით თქვა და წინდაში ჩაიდო. მერე, უცებ, რაღას ელოდები, მატარებელი დაიძრაო, შეჰყვირა. კუკურიმ ორივე ჩანთას წაავლო ხელი და გასასვლელისაკენ გაიქცა.

ვაგონიდან იოლად ჩამოხტა. მთელი ბავშვობა სადგურში გაეტარებინა და გაქანებულ მატარებლიდანაც ხშირად უვნებლად გადმომხტარა. ახლა კი მატარებელი წელს ითრევდა, მიიზლაზნებოდა.

- სახელი რა გქვია? - მოაძახა ქალმა, რომელიც ვაგონის კარებში ჩამდგარიყო და მწვანე ფერის პაწია დროშა გაეშალა.

- კუკური.

- ნახვამდის, კუკურჩიკ! კიდევ გამოგივლი. ჩანთები შემინახე, მე ლუდმილა მქვია - მატარებელი ისე მიდიოდა, თითქოს ამ სადგურიდან გასვლა ძალიან ეზარებაო, მაგრამ მერე სიჩქარეს უმატა და კუკური მარტო დარჩა ბაქანზე. ხელში ორი მოზრდილი ჩანთა ეჭირა და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ სად წაეღო ეს კალოშები და ხალათები. ის ორი ვარდისფერი ბარძაყი თვალწინ ედგა.

მთელი დღე უნდილად, უხალისოდ მუშაობდა. საღამოს სახლშიც უხალისოდ მივიდა, სადილი ისე შესჭამა, მისი გემო არ გაუგია. ხავას არც დაელაპარაკა, ლოგინში ჩაწვა და ის ორი ვარდისფერი ბარძაყი შუქის აბაჟურს ჩამოეკიდა. აბაჟური ქანაობდა და ის ორი სუფთა, კრიალა, ვარდისფერი ბარძაყიც ხან გაშორდებოდა კუკურის, ხანაც, ძალიან, ძალიან ახლოს მოვიდოდა, აგერ, ლამის ცხვირთან.

რა ხანია კუკურის ასე ტკბილად არ სძინებია. სადღაც შორს, ვარდისფერ სამყაროში ფუმფულა და უწონო საგნებზე გადაწოლილი მისი სხეული განცხრომას მისცემოდა. ალბათ, ამიტომაც გაეღვიძა დილაადრიან, გაცილებით ადრე, ვიდრე იღვიძებდა. ხავას გადახედა. ისევ ეძინა. პირი დაეღო და ჰაერს ისე უშვებდა, თითქოს ავტომანქანის საბურავი იყო. კუკურის გუნება გაუფუჭდა.

- რა აძინებს ამდენი ხანი, ამ შობელძაღლს, გავაღვიძებ და ერთი მაგრად ავურევ, - გაიფიქრა კუკურიმ, მაგრამ ხელი ჩაიქნია. ამასთან ჩხუბს სალოცავსი მისვლა სჯობიაო და იქით გასწია.

სალოცავიდან კარგ გუნებაზე გამოვიდა. დუქნისაკენ ხალისიანად მიდიოდა. მთელი დილა ხალისიანად შრომობდა. მარტვილის, ქუთაისის, ჩხოროწყუს ავტობუსების მგზავრებს რომ მოემსახურა, ყველა რომ დააპურა, აწი თორმეტ საათამდე აღარაფერი იქნებაო და სახლისაკენ გასწია - რაიმეს წავიხემსებო.

მანამ, სანამ დუქნიდან გავიდოდა, კუთხეში მიდგმულ ლუდმილას დანატოვარ ორ ჩანთას ჰკიდა თვალი, „რა სიკვდილად მინდოდა ახლა მე ეს ფანელის ხალათები და ამდენი კალოში“, გაიფიქრა და ჩანთა გახსნა. ერთი წყვილი კალოში ამოიღო. „ისე, კაი კალოშები კია, წავუღებ იმ შობელძაღლს“. ხავამ რომ კალოშები დაინახა, სიხარულით ცას ეწია - წვიმაში ფეხები მშრალად მექნება და სიცივეშიც გამათბობსო. ნაშუადღევს შალიკო „ტენტიანმა“ მოაკითხა კუკურის: ხავასთვის იმნაირი კალოშები მოგიტანია, ჩემი ქალი გადარეულია და, თუ კაცი ხარ, მიმასწავლე, ვის გამოართვიო. კუკურიმ ჩანთა გახსნა და რამდენი წყვილი მოგართვაო, ჰკითხა. შალიკო „ტენტიანმა“ სამი წყვილი კალოში წაიღო და სამი თუმანი დატოვა.

მეორე დღეს კუკურის აღარცერთი წყვილი კალოში აღარ ჰქონდა. გაოცდა კიდეც - რას ვაკლავ თავს ამ კამფეტების გაყიდვას, პაპანაქება სიცხეში, თუ უჟმურ წვიმიან დღეებში, ამ დუქანში ფეხზე რისთვის ვდგავარ, თურმე ფულის შოვნა რა იოლად შეიძლებაო. ფანელის ხალათებმაც იმდენი ფული დაუტოვა, რამდენსაც ამ დუქანში ორი კვირაც კი ვერ იშოვნიდა.

დღე - დღეს მისდევდა, ღამე - ღამეს და ლუდმილა არსად ჩანდა. მოსკოვიდან მომავალი მატარებლის ჩამოდგომის წინ კუკური დუქანს დაკეტავდა, ბაქანზე დადგებოდა, იქნებ, ლუდმილამ ჩამოიაროსო, მაგრამ ოცნებად გადაქცეული ქალი არა და არ ჩანდა. მისი სახე თითქოს დროის წყვდიადში შთაინთქა, ვარდისფერი ბარძაყები კი მუდამ თან სდევდა. გაუბრაზდა კიდეც თავს: მე ფარა მინდა თუ ბარძაყებიო! ის კალოშები, ფანელის ხალათები თუ ლუდმილას ჰქონდა, ამ „პრავადნიცებსაც“ ექნებათო, მაგრამ მაინც ვერ იქნა და ვერ გაბედა რომელიმე მათგანისათვის ეკითხნა კალოშები ხომ არა გაქვთ წამომძღვანებული ან ხალათებიო. ისევ ლუდმილას ელოდა. ლუდმილა კი სწორედ მაშინ გამოჩნდა, მისი მოსვლის იმედი რომ გადაეწურა. იქ კი არ იყო, იმ ვაგონში, სადაც ელოდა, არამედ წინ, მატარებლის თავში. მატარებელი ჯერაც არ გაჩერებულიყო, ბაქნის გასწვრივ ისევ რახარუხით მოგრიალებდა, რომ კუკურის მხიარული შეძახილი შემოესმა:

- კუკურჩიკ, კუკურჩიკ! - თავი ასწია და ლუდმილა დაინახა, ვაგონის ღია კარებში იდგა ისევ ისეთი სავსე, ღონიერი. კუკური დუქანში შევარდა, ცარიელ ჩანთებს ხელი წაავლო და გარეთ გამოვარდა. მ ატარებელს მისდევდა, მალე დაირალა. ამასობაში მატარებელი გაჩერდა კიდეც. თითო-ოროლა მგზავრიც გადმოვიდა. კუკურიმ რომ მიირბინა, ლუდმილა კვლავ კარებში იდგა. ზემოდან ღიმილით გადმოსცქეროდა კუკურის და ვარდისფრად ღუოდა.

- Ну, заходи, милый, дорогой! - თქვა ქალმა და კუკურიმ ისეთი სითბო და ალერსი იგრძნო, რომლის მსგავსი მთელი თავისი ოცდათვრამეტი წლის მანძილზე არ განუცდია. ლუდმილა ვაგონში ღიღინ-ღიღინით შეუძღვა, კუპეში შევიდა, კუკურიც რომ შიგ დაიგულა, ვაგონში გამოიხედა, იქაურობა კარგად მოათვალიერა და კუპის კარი ჩაკეტა.

- ვაი, შენ, უბედურო კუკური, ახლავე საქმეს უნდა მიხედო, ხო უყურებ, რაფერ ჩაკეტა კარი. ამ ქალის ასე გაშვება იქნება? არ გაიშვა ამის გამშვები! - ფიქრობდა კუკური, მაგრამ საქმიანად მოფუსფუსე და მოღიღინე ლუდმილას მონუსხული შესცქეროდა. ორი კარგა მოზრდილი ჩანთა ზედა თაროზე შემოედო, ლუდმილა რომ იმათ ჩამოსაღებად კიბეზე შედგა, მაღლაც რომ აიზნიქა, რამენაირად ჩანთებს მივწვდეო, კუკური იდგა და საოცნებო ბარძაყებს შესცქეროდა. ამქვეყნად არარაფერი არსებობდა ამ ორი ვარდისფერი ბარძაყის გარდა. ამიტომ თითქოს ბურანში ჩაესმა: ამ ორ ჩანთაში ორჯერ მეტი საქონელია და ფულიც ორჯერ მეტი უნდაო. ფული უაზროდ გადათვალა კუკურიმ. ისე უთვლიდა, გეგონებოდათ, მისი არც იყო, სხვა რამეზე ფიქრობდა, ამნაირ ქალს საქმე რაფერ უნდა აკეთებინო, ან ფულს რატომ უნდა ითვლიდეს, ეს სახლში უნდა იჯდეს, ამას ეთერივით თმას უნდა უვარცხნიდნენ, სამსახურიდან ქმრის დაბრუნებას ეთერივით უნდა ელოდებოდესო (ბიძაშვილის ქორწილზე თბილისში ჩასული ერთხელ ოპერის თეატრში შევიდა. ამ შენობას ყველა აქებს და დავათვალიერებო. იმ საღამოს ოპერაში „აბესალომ და ეთერს“ მღეროდნენ. კუკურიმ ძალიან კარგად დაიმახსოვრა: ეთერს გრძელი თმა ჰქონდა და პირისფარეშნი ხშირად ვარცხნიდნენ).

- Вот молодец, Кукурчик! - თქვა ლუდმილამ და ისევ აიწია კაბა. ამჯერად - უფრო მაღლა, ვიდრე პირველი შეხვედრისას და წინდაში ჩამალა ფული.

საქონელი აიღო, ფულიც გადაიხადა, მაგრამ შეეძლო კი ახლა ასე გულგრილად ჩასულიყო ვაგონიდან? შეეძლო თავის შეკავება? არა, ახლა კუკურის ეს არ შეეძლო, თორემ სხვა დროს, სხვა შემთხვევაში კუკური ასეთ რამეს როგორ გაბედავდა! - ქალს ხელი მოხვია. ჯერ რბილად, მსუბუქად მოხვია ხელი, მერე ახლოს მიიკრა ლუდმილა, ძალიან ახლოს და მარჯვენა ხელი მარცხენა მკერდზე აუსვა. ქალი ისევე იღიმოდა, როგორც ადრე, არც მის მზერაში შეცვლილა რამე. კუკური მარცხენა მკერდზე ალერსით უსვამდა ხელს, ის კი კვლავ ღიმილით შესცქეროდა. ამან, ცხადია, უფრო გაათამამა კუკური და ლუდმილას უბეში ჩაჰყო ხელი - სხეულში ისეთმა ჟრუანტელმა დაუარა, ლამის მუხლებში ძალა წაერთვა. ლუდმილას სახეზე კი არაფერი შეცვლილა, თუმცა, ეს კი სთქვა: - Ну, ну, ну! Ты это напрасно! - და ლოყაზე აკოცა კუკურის. მან სულ დააბნია კუკური - არ გინდაო, ნუ შვრებიო, ასე რატომ ირჯებიო, ეუბნებოდა ქალი და თან ჰკიცნიდა. დაიბნა კუკური, რადგან არ იცოდა, რომ ლუდმილა იმ ქალთა რიგს განეკუთვნებოდა, რომლებიც არასოდეს ამბობენ „კი“-ს. ყოველთვის ამბობენ „არა“-ს და თან ხელს ჩაგკიდებენ, რომ არ გაეცალო, შორს არსად წახვიდე. კუკურიმ ეს არ იცოდა და სწორედ ამიტომ ცურავდა ოფლში. ქალმა ახლა მარცხენა ლოყაზე აკოცა და სწორედ ამ დროს მოხდა ის, რაც არაფრით არ უნდა მომხდარიყო. კუკურის ბედმა უმტყუნა - მატარებელმა ჯერ უკან დაიხია, ვაგონი ვაგონს მიეხალა, უფრო სწორედ, ვაგონების გადასაბმელები, და უხალისოდ, ნელ-ნელა დაიძრა. - Быстро, быстро, поспеши! - გაიცინა ლუდმილამ. კუპის კარი გააღო და წინ გავარდა.

უკვე სიჩქარემომატებული მატარებლიდან კუკური იოლად გადმოხტა.

- Досвиданиа, не скучай, скоро буду! - მოსძახოდა ლუდმილა.

გონებადაბინდული კუკური კი წელმოწყვეტილივით იდგა ბაქანზე ორი მოზრდილი ჩანთის შუა და ნაღველმორეული გასცქეროდა მატარებელს.

*****

კუკურიმ დაბას სული მოათქმევინა.

უკვე ზამთარი დამდგარიყო. აქ ზამთარი მეტწილად მშრალი გახლავთ, თბილიც, ხურმა და კარალიოკი, თუ არ მოსწყვეტ, დეკემბრამდე ყვითლად კიაფობს ხეზე, მაგრამ წვიმიანობაც სჩვევია აქაურობას - გულისგამაწვრილებელი წვიმიანობა. ეზო, ქუჩა, ბაზარი, სადგური, ყველაფერი ატალახდება ხოლმე.

ქარიც ხშირად ქრის და გვიან შემოდგომაზე, ზამთარში ან ადრეულ გაზაფხულზე დაქროლილი ქარი ძვალშიც კი ატანსო, იტყვიან ხოლმე.

თოვლი უცხო ხილი გახლდათ და თუ მაინც გამოჩნდებოდა, ბავშვებს დიდი სიხარული ჰქონდათ, მაგრამ ორიოდე დღის შემდეგ ის თოვლი აღარსად იყო. მთის ფერდობზე და ისიც აქა-იქ თუ შემორჩებოდა ხოლმე - უმალ დნებოდა. დაბაში ხშირად გაიგონებდით: ერთ ზამთარს მუხლებამდე თოვლი მოვიდა და ერთი კვირა ქუჩაში ვერ გავდიოდითო. ამას ამბობდნენ, მაგრამ იმას კი ვერავინ იხსენებდა, თუ როდის იყო ეს, ან კარში რატომ ვერ გადიოდნენ, მუხლამდე თოვლი ისეთი რა ბედენა არისო, კითხულობდა დაბის ახალგაზრდობა. კარში რატომ ვერ გამოდიოდნენო, მაგრამ იმასაც ეჭვობდნენ, რომ ასეთი თოვლი ოდესმე მოსულა დაბაში - ოდესღაც ვიღაცამ შექმნა ლეგენდა: ჩვენს დაბაში მუხლამდე თოვლიც კი მოვიდაო! ეს იყო და ეს! ამ ლეგენდას თაობები იმეორებდნენ.

ეს დალოცვილი კალოშები კი ყოველ ამინდში გამოადგა დაბას. მშრალ ამინდში წინ აბა, რა დაუდგებოდა, მაგრამ წვიმასა და ქარშიც ვარგოდა - ყელი ჰქონდა მაღალი. მთავარი ის კი არ გახლდათ, რომ კალოშები თბილი იყო, არამედ ის, რომ წვიმიანობისას წყალი არ შევიდოდა შიგ და ფეხები მშრალად გექნებოდა. ამიტომ მოითქვა დაბამ სული. შვება განსაკუთრებით ქალებმა იგრძნეს. ჩექმებით სიარული უკვე მობეზრებოდათ, ჩექმებს უკვე ყავლი გასვლოდა: რას დავბრახუნობთ აღმა-დაღმა, სალდათები ხომ არა ვართო, გაიძახოდნენ. კალოშებით კი უხმაუროდ და მსუბუქად დადიოდნენ.

ასე რომ, ლუდმილამ კუკური დაბაში ერთობ საჭირო ადამიანად აქცია.

ლუდმილამ ფულიც აშოვნინა კუკურის, მაგრამ კუკურის ეს ფული დიდად არ უხარებდა გულს, რადგან ლუდმილასთან შეხვედრებმა ქალის დაუფლების აუხდენელი ოცნებაც დაუტოვა. მერე ოცნება სევდად გადაექცა - იმ დღიდან, რაც ლუდმილა კუკურის გამოეცხადა, უკვე ექვსი თვე გავიდა, ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ ჩამოიქროლა ლუდმილას მატარებელმა, რამდენჯერ დატოვა კალოშები და ხალათები, კუკურის კი ეს არ აკმაყოფილებდა - კუკურის წარმოსახვაში ლუდმილა და მისი მატარებელი გაზაფხულის წვიმას დაემსგავსა - გაზაფხულის წვიმასავით, მოულოდნელად მოვიდოდა და უცებ მოეფარებოდა თვალს. თან მიჰქონდა აუხდენელი ოცნება, სინანული და ყველაფერი ეს რამდენიმე ხანში სევდად, ლამის სულიერ ტკივილად ექცა.

იმ დღეს კი ვერ იცნო ლუდმილა. მატარებელი რომ ჩამოდგა, კუკური იმ ვაგონს მიადგა, რომელშიც თავისი ოცნების ქალი ეგულებოდა. იგი დღეს მატარებელს ხაშურამდე, თუნდაც თბილისამდე უნდა გაჰყოლოდა. ორიოდე დღეს თბილისში ლუდმილასთან ერთად გაატარებდა და მერე ისევ უკან გამოჰყვებოდა. ასე რომ, ორი-სამი ლამაზი დღე ჰქონდა კუკურის დაგეგმილი და გული სიხარულით უცემდა. მაგრამ ვაგონის კარებში ლუდმილა არ იდგა. ფანჯარაზე დაკაკუნებას რომ აპირებდა, საიდანღაც შემოესმა:

- კუკურჩიკ!

კუკურიმ წინა ვაგონებისაკენ გაიხედა და ლუდმილა ვერსად შენიშნა, დაბნეულმა მიმოიხედა. ირგვლივ არავინ იყო. საიდან მეძახიანო. ისევ შემოესმა - კუკურჩიკო. ირგვლივ არავინ იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ათ-თხუთმეტ ნაბიჯზე მდგარ ქალს, რომელიც თბილ პალტოში შეფუთულიყო, ჭრელი თავსაფარი ნიკაპქვეშ შეეკრა და რატომღაც კუკურის უღიმოდა. ის-ის იყო გულდაწყვეტილი კუკური გამობრუნებას აპირებდა, რომ სწორედ იმ ქალმა დაიძახა „კუკურჩიკო“ - და ლუდმილაც ეს აღმოჩნდა. წინა შეხვედრებისას ლუდმილას მოკლესახელოიანი, გულისპირამოჭრილი კაბები ეცვა. პალტო, ან გნებავთ, რკინიგზელის ფორმა კუკურის მის ტანზე არ ენახა და, ალბათ, ამიტომ თუ გაუჭირდა საოცნებო ქალის ცნობა. ახლა ლუდმილა სულ სხვანაირი, ძალიან უბრალო და ჩვეულებრივი იყო, ათას ლუდმილასა თუ ტატიანას ჰგავდა. ათ ქალშიც კი ვერ გამოარჩევდი, იმ ათშიც ათასისნაირი იქნებოდა. კუკურის ლუდმილა კი არავის ჰგავდა. მისი მსგავსი ქვეყნად ჯერაც არ გაჩენილიყო.

ლუდმილამ კუკურის დაბნეულობა იგრძნო, პალტო გადაიხსნა და ღიმილით, სიხარულითაც კი შესძახა: - Вот и я, Кукурчик! - თქვა და კუკურის მოეხვია. კუკურიმ კი უხერხულად იგრძნო თავი - ნაცნობები არ მიყურებდნენო, მაგრამ ამ მოხვევამ ისეთი ჟრუანტელი მოჰგვარა (იცნო კიდეც თავისი ლუდმილა!), რომ მუხლებში სისუსტე იგრძნო.

ამასობაში მატარებელიც დაიძრა. კუკურის გასაოცრად, ლუდმილა ვაგონში არ შევიდა. ისევ იქ იდგა და ღიმილით შემოსცქეროდა. კუკურის მისი მზერა იმდენ ალერსს ჰპირდებოდა, რომ კაცს გული მღელვარებით ევსებოდა.

- Ну как, Кукурчик, дорогой! - თქვა ლუდმილამ, მატარებელი რომ ბაქანს გაეცალა. კუკურიმ კი ვერაფრით ვერ გაიგო, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მაგრამ ქალის უზარმაზარ ჩანთებს მაინც წაავლო ხელი და დუქნისაკენ გაემართა.

ლუდმილა და კუკური შვიდი დღე და ღამე არ გამოსულან სახლიდან, რომელიც ბუთხუ კვარაცხელიამ დაუთმო კუკურის.

შვიდი დღე და შვიდი ღამე ბედნიერი კაცი იყო კუკური. ის საოცნებო, ვარდისფერი ბარძაყები მუდამ რომ თვალწინ ედგა, ახლა სულ ხელში ეჭირა, როცა მოეპრიანებოდა, მაშინ დაწვებოდა ვნებით სავსე და ვნების აღმძვრელ ლუდმილასთან და ამ დალოცვილს ერთხელაც არ დასცდენია დავიღალე, საქმე მაქვს, ესა და ეს მეტკინა, ან რა ამბავია, კუკური, ამდენი ვნება-სიყვარული, სხვა საქმეც ხომ არსებობსო ქვეყნად. პირიქით - მუდამ კისკისებდა, ალერსად იღვრებოდა. კუკურის იმდენ სითბოს უნაწილებდა, რომ კაცს არა მარტო თავისი ხავა და დუქანი, ქვეყნად არაფერი ახსოვდა, გარდა საკუთარი სახელისა და, ისიც იმიტომ, რომ ალერსის ალმურშიგახვეული ლუდმილა ხშირად ჩასჩურჩულებდა: - Ты мой хороший, Кукурчик, ты мой дорогой, Кукурчик, какой ты у меня сильный, какой ты у меня сладкий! - კუკურის ყურში სულ ასე ალერსით ნათქვამი თავისი სახელი ჩაესმოდა. მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ, კვირის თავზე გამოვიდა დაბაში და ისიც ერთი უცნაური მიზეზის გამო - ლუდმილამ თქვა: ქართული ღვინო ქვეყნად ყველაფერს სჯობია და ვერ გამიგია, რატომ არ მოგაქვსო. კუკურის ქალთან ღვინო არასოდეს დაელია და, ცხადია, არც ის იცოდა, რომ ზოგიერთ ქალს ღვინო სიყვარულს უძლიერებს, ალერსის მეტ ხალისს აძლევს.

ოთახიდან რომ გამოდიოდა, ლუდმილამ სხვათა შორის უთხრა: ეს ჩანთები აქ სანამ უნდა ეყაროს, ხალხზეც უნდა იფიქრო, ვინ იცის, რამდენ ადამიანს სჭირდება კალოშები, შენ კი სულ სიყვარული გინდაო. კუკური, ცხადია, ვერ მიხვდა, რომ ლუდმილას სიყვარულის ხანა დამთავრებულიყო და ეს ვეება ჩანთები დუქნამდე მიათრია.

დათიკო ჯანაშვილმა სწორედ იმ დღეს ჩამოიარა დუქნის წინ. ფოთში კეფალის საშოვნელად წასულიყო და ავტობუსიდან გადმოსულმა კუკური რომ დუქანში დაინახა, აღელვებულს ლამის ცრემლი მოერია.

- სადა ხარ, ბიჭო, დაიზაფრა ხალხი შიშით! რაფერ გამხდარხარ, ხომ მშვიდობით იყავი?

კუკურიმ კი თითქმის ზურგი აქცია, თვალი აარიდა და თავისთვის ჩაილაპარაკა:

- საქმე მქონდა, სათამაშოდ არსად წავსულვარ.

დათიკო მიხვდა, რომ კუკურის მასთან საუბარი არ უნდოდა და ნირწამხდარმა უთხრა:

- კაი, ბიძი, მშვიდობა მოგცეს გამჩენმა, ზეგ რომ ბიჭის წლისთავი მაქვს, ხომ არ დაგავიწყდა?

- არა! - მოკლედ მოსჭრა კუკურიმ.

დათიკო დუქანს გაეცალა, სახლისაკენ მიეჩქარებოდა. ბადურაში მოქცეული კეფალი დროულად უნდა მიეტანა შინ, რომ არ წამხდარიყო, მაგრამ რაღაც გაახსენდა, მობრუნდა, კვლავ დუქანს მოადგა და კუკურის უთხრა:

- იქნება გქონდეს ერთი წყვილი კალოში, რიბკასთვის მინდა. ცოდოა ქალი.

- ნომერი? - გულგრილად იკითხა კუკურიმ.

- ოცდათექვსმეტი.

კუკურიმ ლუდმილას ჩანთა უხმოდ გახსნა. ერთი წყვილი კალოში ამოიღო და დათიკოს დაუდო წინ. დათიკომ კალოში ბადურაში ჩადო და კუკურის ათმანეთიანი გაუწოდა, კუკურის არც ამჯერად უთქვამს რამე - ფული უხმოდ ჩაიდო ჯიბეში.

- ამ ბიჭს სიკეთე არ სჭირს! - ფიქრობდა სახლისაკენ მიმავალი დათიკო - რაღაც ამბავია მაგის თავს, მაგრამ რო არაფერს ამბობს?

კუკური, რასაკვირველია, ეფრემის წლისთავზე არ მისულა. დილას სალოცავში რომ არ გამოჩნდა, დათიკოს ძალიან გაუკვირდა, მაგრამ საღამოს ეფრემის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ლოცვაზე და ვახშამზეც რომ არ გამოჩნდა, დათიკო საბოლოოდ დარწმუნდა, კუკურის თავს ნამდვილად ცუდი ამბავი ტრიალებსო.

გარდაცვალების წლისთავი მთელი კვირის განმავლობაში აღინიშნება. აღინიშნება გარდაცვლილის სულის მოხსენიებით, თორიდან იმ ეპიზოდების კითხვით, რომლებიც მიცვალებულის სულს უნდა წაადგეს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შაბათს წაკითხულ ტექსტს. ამ დღეებში ვახშამიც იმართება. ვახშამზე ვიწრო წრე - მხოლოდ ძალზე ახლობლები იკრიბებიან, გარდაცვლილს იგონებენ, სვამენ მისი ხსოვნის სადღეგრძელოს.

გარდა ახლობლებისა, შეუძლებელია ამ ვახშამზე არ მოიწვიონ ღარიბნი, ულუკმაპურონი. ებრაელობა მათ არასოდეს ეძახის მათხოვარს - მათ ღარიბს უწოდებენ. სწორედ ღარიბთა, უპოვართა დაპურება წაადგება მიცვალებულს. დალხინებულთ ისედაც ყველაფერი აქვთო.

საღამოს ლოცვას გარდაცვლილის ოჯახში ატარებენ ვახშმობის წინ.

წლისთავის საღამოს გამართულ ვახშამზე ხახამ იოსებმა თქვა:

- ერთი ლეგენდა უნდა გიამბოთ, პატივცემულო ჯამაათო, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ იცოდეთ რა ფასი აქვს ამაღამ თქვენს აქ ყოფნას. მიცვალებულები იმქვეყნად ისევე იკრიბებიან, რავარც ჩვენ ვართ აგერ, ისე ჭამენ და სვამენ, რავარც ჩვენ. იმათი თეფშები, ჭიქები თავისთავად ივსება, რაფერ, რანაირად ივსება? ა, აგერ ჩვენ რომ ვჭამთ, ვსვამთ და იმათ სახელს ვახსენებთ, იმათთვის სუფრას რომ ვმართავთ, ეს ავსებს იმათ თეფშებსა და ჭიქებს.

რიბკა სულგანაბული უსმენდა ხახამ იოსებს:

- თურმე ერთ დღეს, ერთი მიცვალებული უხმოდ ზის სუფრასთან. არც ჭამს, არც სვამს. რატო არაფერს მიირთმევო, ჰკითხეს. მიცვალებულმა არაფერი უპასუხა. მერე მის თეფშს დახედეს, ცარიელი იყო. ჭიქაც ცარიელი იყო. რა მოხდაო, ჰკითხეს მიცვალებულს. დღეს გარდაიცვალა ბოლო კაცი იმათგან, ვინც წუთისოფელში იყო და მე მიხსენებდა ხოლმეო. იქ გამხსენებელი აღარავინ დამრჩაო, თქვა მიცვალებულმა და კიდევ ერთხელ მოკვდა თურმე. ამიტომ, ჯამაათო, რა არის საჭირო? თქვენ გამყოფოთ ღმერთმა დიდხანს, რომ მათი სული ხშირად მოიხსენიოთ.

- ვაი, შენს დედას, შვილო! - ამოიკვნესა რიბკამ.

გარდაცვლილი სულის მოსახსენიებელ სუფრას, არამცთუ პირველი, მეოცე წლისთავიც რომ იყოს, ძალზე მოკრძალებულად ატარებენ. ხუთ-ექვს ჭიქა ღვინოს თუ დალევენ. ამ სუფრას ერთი დანიშნულება აქვს - თავიანთი ლოცვა-კურთხევით შეეხმიანონ მიცვალებულს, რათა არ შეწყდეს მარადიული კავშირი სააქაოსა და საიქიოს, წუთისოფელსა და მარადიულს შორის. იმქვეყნად მყოფმა მამამ, დედამ, ძმამ, ბებიამ, ბაბუამ, თუ შვილმა უპატრონოდ არ იგრძნოსო თავი.

ხახამ იოსებმა ჭიქა აიღო ხელში და თქვა:

- მოდით, ჯამაათო, განსვენება და სამოთხეში დაბრძანება ვუსურვოთ ეფრაიმის სულს. კარგი ახალგაზრდა დავკარგეთ და მოვიგონოთ.

ღვინო ჯერ აკურთხა, შემდეგ დალია. აქა-იქ გაისმა შეძახილები:

- გაანათლოს გამჩენმა!

- განუსვენოს!

- აცხონოს ღმერთმა მისი სული!

დასასრულს ხახამ იოსებმა ღმერთს მადლობა გადაუხადა, იმის გამო, რომ ჯამაათის წევრებს ამ სუფრასთან ჯდომის, პურისა და ღვუნის მირთმევის საშუალება მიეცათ.

- ასე რომ, პატივცემულო ჯამაათო, ჩვენ შევიყარეთ ახალგაზრდა კაცის - გამჩენის კუთვნილი ეფრაიმის გარდაცვალების წლისთავზე. მოდით, ჯამაათო, დაგლოცავთ ასე - მომავალ წელს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ისტორიულ სამშობლოში შეგვეყაროს თავი. იქ შეხვედრა გვაღირსოს გამჩენმა ისე, რომ არავინ დაგვკლებოდეს, ყველა ერთად ვყოფილიყოთ.

- ეეჰ! - ამოიოხრა ვირაცამ.

- ჩვენ მაგას ვინ გვაღირსებს, რაბი! - დასძინა აბრამმა.

- მაგ დღეს ვინ ბედნიერი მოესწრება, რაბი, ვინ! - შესძახა რუბენმა.

- დამიწდეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ… ეს ბევრს ახსოვდა, პირზე ეკერა, მაგრამ მაინც მიწამ შეჭამა.

- სმენა იყოს! - გააფრთხილა ხალხი მუდამ წესრიგის მოყვარულმა შალომმა.

ხახამ იოსებმა იყუჩა, რამდენიმე წამი არაფერი თქვა, მერე სუფრის წევრებს თვალი მოავლო და დინჯად განაგრძო:

- არ იქნება ასე, ჯამაათო, არ იქნება ამნაირი გულგატეხილობა. გამჩენი უცებ გვიშველის, გამჩენი გახსნის გზას. ერთ დღეს ჩვენც ისე გავეშურებით იერუშალაიმისაკენ, რავარც ეგვიპტიდან დაიძრა ჩვენი ხალხი. დადგება დღე და ამ მიწას მადლობას ვეტყვით, ავიკრავთ ჩვენს გუდა-ნაბადს და გავუდგებით გზას, მივადგებით ჩვენს სანუკვარ ნაპირებს. გწამდეთ, გჯეროდეთ, რომ ახლოა ეს დღე.

- გვაღირსოს ღმერთმა!

- გამჩენმა გისმინოს, რაბი!

- მომავალ წელს იერუშალაიმში შევხვედროდეთ ერთმანეთს!

- ერიჰაა!

- ა, რა ბიჭი იქნები, შალომია, იქანა!

- ღმერთია მოწყალე! - შესძახა ყველამ ერთად და სუფრიდანაც წამოიშალნენ. მათ ამჯერადაც თან მოსდევდათ ის სიკეთე, რაც ყოველთვის ჰქონდა ღვთის რწმენით აღსავსე ადამიანს - იმედი. ამ იმედით სულდგმულობდნენ, ამ იმედით ეგებებოდნენ დღეს და ამ იმედითვე ტოვებდნენ წუთისოფელს.

ამჯერად კი რუბენმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა:

- კარგია, კარგი მოგცეს გამჩენმა. მაგრამა… რამდენი წელიწადია ამას ნატრობს ისრაელის შვილი…

- წელიწადი? წელიწადი თუ საუკუნე, რუბენ? - ღიმილით იკითხა ხახამ იოსებმა, რომლის სმენასაც სწორედ კართან მისწვდა რუბენის საყვედური.

- ჰოდა, აგაშენა ღმერთმა, აბა, რას ვლაპარაკობ მე. საუკუნეებია ისრაელში მიბრუნებას ვნატრობთ, მარა…

- მერე რა არი გამჩენისთვის ეს შენი საუკუნეები, არაფერი!.. ერთი საათი, ორი საათი… ჩვენ გვეჩქარება, ჩვენ გველევა სული, თორემ გამჩენი?

დამიჯერეთ, ისრაელებო, დამიჯერეთ, ახლოა ხსნის დღე, მალე გაიხსნება სამშობლოს კარები!

- გისმინოს გამჩენმა!

- ამინ!

- გვაღირსოს ღმერთმა! - შესძახეს სტუმრებმა.

მთვარე სავახშმოდ იყო, სტუმრები რომ დაიშალნენ.

დათიკომ სტუმრების წასვლის შემდეგ გაიგო ერთობ არასასიამოვნო ამბავი - კუკურის ცოლმა ხავამ, აქამდე რომ სამზარეულოში იდგა, ტირილით აუწყა: თუ არ გვიშველეთ, ოჯახი გვენგრევა, კუკურიმ ცოლ-შვილს ვიღაც ჩამოთრეული ქალი ამჯობინაო. ამ ცნობამ დათიკოს გული მოუკლა. საგონებელში ჩავარდა: როგორ ვუშველო კუკურის და მის ოჯახსაო. ჯერ უნდოდა ხეირიანად გაეჯორა კუკური, იქნებ, რამე შევაგონოო, მაგრამ მალე უარყო ეს აზრი; პატარა ბიჭი ხომ არ არის, განა თვითონ არ იცის უწესოდ რომ იქცევაო, მერე იფიქრა: იქნებ, ხახამ იოსებთან მივიყვანოთ, ის გაუხსნის ჭკუა-გონებას, თავის თავს დაანახვებსო, მაგრამ არც ეს აზრი მოეწონათ.

*****

ყველაფერი თავისთავად მოხდა. მოვლენების ასე განვითარებას, ცხადია, დათიკო არ ელოდა. მითუმეტეს კუკური! კუკური როგორ იფიქრებდა, თუ ლუდმილას სიყვარული ასე ხანმოკლე გამოდგებოდა. კუკურის მტკიცედ სწამდა, რომ ლუდმილა მისთვის გადმოსახლდა საქართველოში, სწორედ მისმა სიყვარულმა ჩამოიყვანა აქ, ამიტომ ვერაფრით აეხსნა ქალის საქციელი.

ერთ საღამოს ლუდმილა შინ არ დახვდა. კარგა ხანს იჯდა, ელოდა, მერე დაიძინა კიდეც, მთელი ღამე იქ გაათენა და მხოლოდ დილას აღმოაჩინა, რომ ოთახში ლუდმილას ტანსაცმელი აღარ იყო.

ლუდმილას წინა დღით დაეტოვებინა ბინა, რომელშიც კუკურიმ მოიყვანა და მეზობელ ქუჩაზე, გაბისონიების სახლში ერთი პატარა ოთახი დაექირავებინა.

რა ხანმოკლე გამოდგა კუკურის ბედნიერება - სულ რაღაც ორი-სამი კვირა გაგრძელდა იგი. კუკური რომ ორიოდე დღის შემდეგ ლუდმილას ქუჩაში გადააწყდა და ჰკითხა, რა მოხდა, რატომ გაიქეციო, ლუდმილამ გაიღიმა და თქვა:

- А как-же, каждый человек должен самостаятельно жить.

ასე დამთავრდა ლუდმილას სიყვარული.

ის, რასაც ლუდმილა დამოუკიდებელ ცხოვრებას ეძახდა, კუკურის გულს უკლავდა.

ლუდმილა მთელ დღეს ბაზარში, საღამოს კი დაბის ბიჭებთან ატარებდა. მერე იმ ბიჭებმა გაბისონიების სახლში დაქირავებულ ოთახშიც დაიწყეს სიარული და ლუდმილას ოთახიდან ხან სიმღერა, ხან კისკისი, ხანაც დედის გინება ისმოდა. ცხადია, ეს არ მოეწონათ მასპინძლებს და ლუდმილას გამოუცხადეს: შვილები გვეზრდება, კარგს ვერაფერს ხედავენ და ჩვენი ოთახი უნდა დასტოვოთო.

ლუდმილა გაოცდა, გაბრაზდა კიდეც და ღუტუ გაბისონიას ისეთი რამ შესძახა, ამ ჭაღარა კაცს სიწითლე მოერია:

- Это мой чемодан, кому хочу, таму дам! - უკანალზე დაირტყა ხელი.

მაგრამ გაბისონიების სახლი მაინც დატოვა. ახლა ომის წლებში რუსეთიდან ევაკუირებული და მერე აქ სამუდამოდ დასახლებული გრუნია ვოლკოვას ბინაში დაიქირავა ოთახი და ისე ლაღად ცხოვრობდა, თვითონაც უკვირდა. ჩვენი კუკური კი ყურებჩამოყრილი დადიოდა. შემოსავალი რომ თვალსა და ხელსშუა გაუქრა, ამას არაფრად დაგიდევდათ, ბოლოს და ბოლოს, ვაგონების გამცილებელთაგან თვითონ შეიძენდა ათასნაირ საქონელს. არა, ეს არ იყო მთავარი - სიყვარული გაქრა! ღამღამობით ლუდმილას ვარდისფერი ბარძაყები ედგა თვალწინ. ოჯახს კი დაუბრუნდა, მაგრამ ხავას ვერა და ვერ ეკარებოდა.

ლუდმილას კი უკვირდა კუკურის ასეთი საქციელი და ტუქსავდა: რატომ აღარ მეკარები, ნუთუ, ასე უცებ გაგიარა ჩემმა სიყვარულმაო. კუკურის ამ სიტყვების გაგონებაზე სიწითლე ერეოდა, იბნეოდა და ვერ ეუბნებოდა იმას, რასაც ფიქრობდა: აბა, როგორ მოვიდე, იმდენ კაცთან გაქვს საქმე. მე მაგ რიგში როგორ ჩავეჩხირებიო.

ახლა ლუდმილა თვითონ ხვდებოდა მოსკოვიდან თბილისს მიმავალ მატარებელს. ვაგონის გამცილებლებს თავად ართმევდა ათასნაირ საქონელს. არა, არა, კალოშები და ფლანელის ხალათები უკვე აღარავის უნდოდა. ჩეხური ფეხსაცმელები, მოსკოვური შოკოლადები, ინდური კაბები, - აი, რა მოჰქონდა დაბაში ლუდმილას. მოჰქონდა და ბოშა ქალებს აძლევდა გასაყიდად.

ლუდმილას ფულიც რომ გაუჩნდა, შეიცვალა - თუ აქამდე სულ კისკისებდა, ახლა გოროზად, ჭკუის დამრიგებლის ტონით ელაპარაკებოდა ხალხს, აიმრიზა კიდეც. ბოლო ხანებში კუკურის დუქნის წინ რომ ჩაივლიდა, ზედაც აღარ შეხედავდა. ზოგჯერ ვაგონების გამცილებლების შესახვედრად აღარც მოდიოდა - გრუნიას გზავნიდა. მერე ვიღაცამ თქვა: აღმასკომში რომ ხარებავა მუშაობს, ლუდმილასთან დადისო. აღმასკომის კაცი მასთან არავის უნახავს, მაგრამ ლუდმილამ რომ გრუნიას სახლიც დატოვა და ერთ პატარა, კოხტა ბინაში გადავიდა, მთელმა დაბამ თქვა: მართლა ეგრე ყოფილა, მართლა დადიოდა მასთან ხარებავა, თორემ ამ სახლს ხომ ვერ ჩაიგდებდა ხელშიო. ორიოდ თვეში ხარებავა აღმასკომიდან დაითხოვეს: საბჭოთა ხელმძღვანელი მუშაკისათვის შეუფერებელ, ამორალურ ცხოვრებას ეწეოდაო და დაბამ საბოლოოდ ირწმუნა ლუდმილასთან რომ დადიოდა. ახლა ხარებავაც კუკურივით გულმოკლული დადიოდა.

ცოტა ხანში ერთი მოულოდნელი რამ მოხდა - ლუდმილა დააპატიმრეს. სპეკულიაციისთვისო, ასე თქვეს. მილიციის თანამშრომლები სახლში მივიდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და უამრავი უცხოური ტანსაცმელი წამოიღეს თან. თუმცა, დაბაში ისიც ითქვა, ლუდმილას სპეკულაცია აქ არაფერ შუაშია, ლუდმილა რომ „მოსკოვ თბილისის“ მატარებლის გამცილებელთაგან ათას რამეს ყიდულობდა და მერე აქ ჰყიდდა, აქმდეც კარგად იცოდნენ. სინამდვილეში მილიციის კაპიტანმა გოგი ადამიამ მოუწყო ყველაფერიო. როგორც ამბობდნენ, ლუდმილამ მასთან წოლა არ მოისურვა და ადამიამაც ასე გადაუხადაო. ეს ამბავი ყველამ დაიჯერა, რადგან გოგიზე ამბობდნენ ძალიან წუწკი და ნამცეცა გულის კაციაო, მაგრა ერთი რამ ვერავინ ახსნა: ლუდმილას რატომ უნდა ეთქვა უარი ადამიასთან დაწოლაზე, ასეთი რა ჟინი სჭირდა თავი თავისა. ვინც გაუცინა, ყველას გვერდში მიუწვა და ადამიას გულნამცეცობა რა მაგის საკითხავი იყოო.

ასე იყო თუ ისე, ეს ქალი კარგა ორი-სამი კვირა გახლდათ დაპატიმრებული.

მალე სიმსუქნე მოერია, ტანსრული და მუხასავით ძლიერი შეიქმნა. ეს ასაკით კი არ მოსდიოდა - დაბაში განა მხოლოდ ბიჭებს, ჭამა-სმასაც მიეტანა. საკმარისი იყო თუნდაც ერთხელ შეგევლო თვალი, დარწმუნდებოდით რაოდენ ხარბად ჭამდა და სვამდა. სუფრაზეც ისე იქცეოდა, თითქოს შიმშილის ქვეყნიდან ჩამოვიდა. მალე მისი ნაზი, მოალერსე მზერა მტაცებელი ფრინველის მზერას დაემსგავსა. მისი ეს მტაცებლური გამოხედვა მამაკაცებს კიდევ უფრო ახელებდა და გატაცებით ცდილობდნენ ქალის ჟინის დაკმაყოფილებას. ამ საქმისთვის ისე იყვნენ გამეცადინებული, თითქოს ამ ქვეყნად ლუდმილას ვნების დასაცხრომად გაჩნდნენო. უფო ხშირად შოფრებს შორის ხედავდნენ. განსაკუთრებით სარეისო ავტობუსების შოფრები მიეტანენ ლუდმილას. ავტობუსშიც გვერდით მოისვამდნენ, ხან სოხუმში გააქანებდნენ, ხან - ქუთაისში, სიცილ-კისკისში უფრო იოლად ერეოდნენ გზას. გახსოვთ, ალბათ, კუკურის დუქანი სწორედ ავტოვაგზალში იდგა და ამ ამბების შემყურე კუკურის უკვე ლამის სიხარული ეუფლებოდა. „რა შტერი ვყოფილვარ ამ ქალს რომ გადავეკიდე და რა მადლი მქონია დროზე ჩამოვშორდიო“.

თუ ადრე ლუდმილა მარწყვის იმ პირველ მოსავალს ჰგავდა, რომელიც ყველას სწადია და არავინ არაფერს იშურებს ოღონდ პირი ჩაიგემრიელოს, მერე და მერე მიივიწყეს. შოფრებმაც კი ზურგი აქციეს. ათასში ერთხელ თუ წაეტანებოდა ვინმე, ისიც ნასვამი. ლუდმილამ დროულად გამოიჩინა გონიერება - დროზე მიხვდა თუ სად იყო მისი ადგილი და არაფერი დაიშურა, რომ ბაზრის გვერდით ახლადაშენებულ რესტორანში მიმტანად მოწყობილიყო. აქ ფულის შოვნაც იოლი იყო და კაცისაც. დაუდევარი დაბელი მამაკაცები ოფლით და დაგვით ნაშოვნ ფულს რესტორანში იოლად ფანტავდნენ. შეზარხოშებულთ ლუდმილაც ანგელოსად ეჩვენებოდათ, მართალია, მეორე დღეს უხერხულობის გრძნობა კი ეუფლებოდათ, მაგრამ ლუდმილას ეს არაფრად არ ენაღვლებოდა. ფულსაც შოულობდა და კაცის ჟინსაც იკლავდა.

ლუდმილამ მალე თავისი დაიკო - ტანთხელი და პირმშვენიერი ტანია და დედა - ერთი ფაშფაშა ქალი - ევდოკია მაქსიმოვნა ჩამოიყვანა დაბაში. ევდოკია მაქსიმოვნა ერთობ გულღია, მშრომელი ქალი აღმოჩნდა.

ასე რომ, სწორედ ის ლუდმილა, რომელმაც ამ სამი-ოთხი წლის წინათ კუკურის დუქანთან მოირბინა, კალოშები და ფლანელის ხალათები მიჰყიდა, დაბაში მასპინძლად იქცა.

16 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


გემბანზე ყოფნა შეუძლებელი გახლდათ - ქარი ქროდა - და მეტწილად სალონში ვიკრიბებოდით. თავის ძალ-ღონეში დარწმუნებული გემი თამამად მიაპობდა ტალღებს და საშინელი ტვირთით მიიწევდა საქართველოსაკენ. დილით ზღვა მოალერსე ქალს ჰგავდა, მაგრამ საღამო ხანს თითქოს შეიტყო ჩვენი ამბავი, შეიტყო, რომ მის ზურგზე ახალგაზრდა კაცის გვამი გადაჰქონდათ და ნელ-ნელა მოერია სიბრაზე.

ზღვა ტიროდა, მოთქვამდა, ღრიალებდა.

ზღვა მტრულად გვექცეოდა და თავისი უზარმაზარი ძალით გვაფრთხობდა.

ამ დღეებში ოდესაში ყველა საბაზე ლაპარაკობდა. აღშფოთებასაც კი გამოთქვამდნენ. „ეს რა ჰქნეს, რა ველურები, ბარბაროსები არიანო“. ის კი არავის უთქვამს: „ეს რა ვქენით, რა ველურები, ბარბაროსები ვართო“. ქალაქი გულმოკლული და გაოგნებული მეჩვენებოდა და, მართალი გითხრათ, დავიბენი, ვერაფერი გავიგე: განა შაბათს ისევ ამ ქალაქის მცხოვრებლებმა არ ააწიოკეს ებრაელობა? განა მათ არ დააქციეს ამდენი ოჯახი? კაცს, რომელიც შაბათს ამ ამბავს არ შესწრებია, დღეს მოეჩვენება, რომ ამ ქალაქში მხოლოდ წმინდანნი, მართლის მქმნელნი და ადამიანთა უსაზრვროდ მოყვარულნი ცხოვრობდნენ. ერთმა გაზეთმა ისიც კი დაწერა: ყველაფერ ამას ჩვენი ხალხის მტრები გვიწყობენ, იმათ სწადიათ, რომ რუსეთი საქვეყნოდ შერცხვენილი და ლაფდასხმული იყოსო. შევფიქრიანდი, იქნებ, მართლაც ასე არის-მეთქი და სალონში გაზეთებს რომ ვკითხულობდით, ლუგოვოის ვკითხე: ნუთუ, მართლა ეგრეა, ნუთუ, მართლა სხვები უწყობენ რუსეთს ამ ამბავს-მეთქი.

- ეგ მოსაზრება რომელ გაზეთში ამოიკითხეთ? - კითხვაზე კითხვით მომიგო ლუგოვოიმ.

- აი!

ლუგოვოიმ გაზეთი შეათვალიერა, გაიღიმა და თქვა:

- არ დაიჯეროთ, სისულელეა!

- შაბათს დილით სწორედ ამ გაზეთში დაიბეჭდა წერილი: „როდემდე ვითმინოთ“. ამ წერილის დედააზრი იყო ასეთი: ებრაელები აჩანაგებენ ჩვენს სამშობლოს, რუსებს ებრაელები აჩვევენ სმას, რომ ყველაფერი თვითონ ჩაიგდონო ხელში - ჩაერია ჩვენს საუბარში ეფროსი.

- ამ გაზეთმა? - ესე იგი ტყუის? - ვერაფრით დავმალე გაოცება.

- საერთოდ, აქ ჩვევიათ ჯერ სისულელის ჩადენა, შემდეგ კი მონანიება - ჩაურთო ეფროსმა, - აქ გაზეთი არაფერს შეცვლის, აქ არც სჭირდებათ ისეთი გაზეთი, რომელმაც რაიმე უნდა შეცვალოს. აქ გაზეთმა ის უნდა გამოხატოს, რასაც ხალხი ფიქრობს.

სალონში აქა-იქ მისხდომოდნენ მაგიდას. ზოგი გაზეთს კითხულობდა, ზოგი - ჟურნალს, ზოგიც სასმელს შეექცეოდა სვენებ-სვენებით, ალბათ, უფრო დროის გაყვანის მიზნით, ვიდრე სმის სურვილით.

- აი, თქვენ რუსეთში ცხოვრობთ…

- ჩვენ აქ დავიბადეთ, ჩვენი მამებიც, პაპებიც აქ დაიბადნენ.

- თქვენ კი უნდა იცოდეთ - ნუთუ, ასეთია რუსი ხალხი?

- ო, არა, სულაც არა! - გაიღიმა ლუგოვოიმ, - იგი სულაც არ არის ასეთი.

- მაშ, როგორ გავიგოთ…

- ეს ხალხი გაჭირვებამ გააღიზიანა, დააბეჩავა და, აი, ამ დაბეჩავებულ ხალხს ათასი სენი შეეპარა. სიღარიბე ბევრი სიგლახის სათავეა - თქვა აბრამ არონოვიჩმა.

- ეს მაინც ერთი მხარეა საკითხისა. არის მეორეც. ჩვენში შრომას და პიროვნებას ყველაზე ნაკლები ფასი ადევს. ამიტომ გლეხკაცმა მიწაზე გული აიცრუა და სმას მიეტანა. სმა კი, მოგეხსენებათ, როგორი მოყვარეც გახლავთ გონიერებისა და შრომისა.

- აი, ის - იაკოვ ოსიპოვიჩი, იმდღეს სალოცავში რომ მოვიდა, მოგწონთ?

- ოო, ეგ ჩვენი ახალი უბედურებაა! ახლა რუსეთი რევოლუციის გზაზე დგას.

- ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დაემხობა ტახტი, ხელმწიფე!

- კი, ნიშნავს, მაგრამ, - ეფროსი გაჩუმდა, ჩაფიქრდა, - ყველაფერი ეს იქნება მცირე ხნით, დროებით, მერე ისევ დაიწყება სინანული, კვლავ გაიღვიძებს საუკუნოებრივი სიყვარული მეფისა და… დაიწყებენ მიზეზის ძებნას… ვინ წაართვა ხალხს მეფე? ვინ დატოვა რუსეთი ხელმწიფე-იმპერატორის გარეშე? მეფეს შესწირავენ მსხვერპლს. როგორ ფიქრობთ ვინ უნდა იყოს მსხვერპლი? რევოლუციის ავტორები - რუსული ინტელიგენცია? სტუდენტობა? რასაკვირველია, არა… შესაძლოა მათ წკიპურტი გაჰკრან, მაგრამ არა… მსხვერპლი უნდა იყოს განსხვავებული ერისა და რწმენისა. უმთავრესი ეს გახლავთ. ამ იდეას ყველა სიამოვნებით აიტაცებს, მსხვერპლზე შურისძიება რაღაცას უნდა აძლევდეს ხალხს, ე.ი. საჭიროა მიზანი. რა არის ეს მიზანი? ხალხის სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილება იმით, რომ იგი

თავისას მიაგებს მეფის მტრებს, და… - ეფროსმა გაიღიმა, დამაკვირდა - ქონებაც! რასაკვირველია, ქონება. ხალხი არა მარტო სულიერ კმაყოფილებას მიიღებს, არა მარტო ჟინს მოიკლავს, არამედ, შესაძლოა, რაღაც ნადავლსაც გამოჰკრას ხელი.

ეფროსი გაჩუმდა. სახეზე მწარე ღიმილი დასთამაშებდა. ძალიან მწარე, გამანადგურებელი.

- თუ ასეა, რატომ არ აიყრებით, რატომ არ გადასხლდებით აქედან!

ეფროსმა ყურადღება არც მომაქცია, კვლავ ზღვის აქაფებულ ტალღებს გასცქეროდა. ლუგოვოი მომიბრუნდა და ხმადაბლა იკითხა:

- სად? იდევ სად წავიდეთ?

- აბა, რა ვიცი სად! ისეთ ქვეყანაში, სადაც ასე არ მოგექცევიან! იქნებ, სულაც, ჩვენს სამშობლოში, ჩვენს იერუშალაიმში!

- სადღაა სამშობლო, სადღაა იერუშალაიმი?! - ეფროსს ზღვის ტალღებისათვის თვალი არ მოუშორებია. ხმადაბლა თქვა - დამიწდეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ, ენა ჩემი მიახმეს სასას ჩემსას… არ გვავიწყდება, მაგრამ…

ზღვა ღრიალებდა, როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ ვერაფერი გაიგო ლუგოვოიმ.

- რა თქვით?

ეფროსი გამოერკვა, მიმოიხედა.

- დამიწდეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ, ენა ჩემი მიახმეს სასას ჩემსას… - გაირიმა. მე მომიბრუნდა: - რა ირონიულად ჟღერს დღეს ყველაფერი ეს. ჩვენ ვინ მოგვცემს იერუშალაიმის დავიწყების უფლებას. ასეთ ფუფუნებას ჩვენთვის ვინ გამოიმეტებს?!

თავი ყოველთვის ჩემი კუთხის შვილად მიმაჩნდა და, ალბათ, ამიტომაც მეგონა, რომ ვიცნობდი ქართველობას, საქართველოს. ასეც უნდა ყოფილიყო, ქართველი ებრაელი ვარ და, რასაკვირველია, ვიცნობ-მეთქი.

სულკურთხეული მამაჩემი იტყოდა ხოლმე: დიდი ღირსებით შემკული ხალხია - ჭირში მოყვარე და ლხინში მოამაგე. თუ დაინდობ, თავს განაცვალებსო. სხვა ათას რამესაც იტყოდა ხოლმე მამაჩემი. მაშინ ამ სიტყვებს ყურადრებას არ ვაქცევდი. დრომ კი ყველაფერი გულისფიცარზე დამაწერა. მაგრამ საბას ბათუმში ჩამოსვენების დღეს დავრწმუნდი, რომ ბევრი რამ არ მცოდნია.

ბათუმის ნავმიადგომში ზღვა ხალხი დაგვხვდა. არავინ ტიროდა. გლოვა არაფერში ეტყობოდა ამ ხალხს. ყველა თავაწეული და შემართული იდგა. მიცვალებული რომ გემიდან გადმოვასვენეთ და ხალხში გავერიე, მაშინ მივხვდი: ეს ხალხი მსხვერპლს კი არ ხვდებოდა, მიცვალებულს კი არ ეგებებოდა, დაღუპულს, ძლეულს კი არ ელოდა აქ ასე თავაწეული, - გმირს. საბას კუბო რომ გემიდან გადმოგვქონდა, გემსა და ნავმისადგომს შორის გადებულ განიერ კიბეს რომ ჩავუყევით, აქა-იქ ტაში დაუკრეს. გამიკვირდა, რა დროს ტაშია, ასეთ წუთებში ტაში რა შუაშია-მეთქი, მაგრამ ამ გაუბედავ ტაშს ვიღაც აჰყვა, მერე კიდევ ვიღაც და თავი ავწიე. უცებ მთელმა ნავმისდგომმა ხელები მაღლა აიშვირა და ხალხის თავზე მოტორტმანე კუბოს ტაში შეაგება. მთელი ნავმისადგომი ტაშს უკრავდა. ტაში ტალღებს დაემსგავსა, უკუქცევაც ჰქონდა ამ ტაშს - მინელდებოდა, თითქოს ჩაცხრებოდა, მერე კი ტალღასავით ძლიერად მოდიოდა. მისი ხმა არემარეს ედებოდა და ქუხილად იქცეოდა. ადამიანებს ხელები დაუწითლდათ, მაგრამ ტაში უფრო და უფრო ძლიერდებოდა,

ღონიერდებოდა და, გეგონებოდათ, სადაცაა არე-მარეს წალეკავსო. ხელების ტყე. ამ ტყის თავზე კი კუბო მოცურავდა. ხელების ზღვაში მოტორტმანებდა კუბო. აკი გითხარით, ჯერ ვერაფერს მივხვდი - ერთმანეთთან ვერ დავაკავშირე მიცვალებული და ტაში, მერე კი, როცა მივხვდი, თუ რას უკრავდნენ ტაშს, კინაღამ შევკივლე. სიხარულის, სიამაყის ცრემლით ამევსო თვალები. მომერიდა კიდეც, ხომ არავინ შეამჩნია, ჩემი სულის ასეთი მოძრაობა-მეთქი.

ამ ხალხისათვის საბა ცოცხალი იყო. იგი არ მოუკლავთ, ამ გასროლით მარადიული სიცოცხლე მიუსაჯეს. თითქოს არც არსებობდა სიკვდილი, თითქოს მის სახელს სიკვდილი არ გაკარებია და არც არაფერი ჰქონია საერთო სიკვდილთან.

ხალხი აჩოჩქოლდა - ვიღაც სიტყვას ამბობდა. ყველამ იქით იბრუნა პირი. მიტინგი დაიწყო. ვინ არ გამოვიდა ამ მიტინგზე, ვინ არ თქვა სიტყვა: ახალგაზრდა ბოლშევიკმაც და ჭკუადამჯდარმა თავადმაც, სტუდენტმაც და როტშილდის ნავთობის ქარხნის მუშამაც, მაგრამ ერთსაც არ წამოსცდენია: ასე ტყუილად რისთვის გაწირე თავი, რად შეალიე ეგ შენი ახალგაზრდული სიცოცხლე, რატომ არ გაუფრთხილდიო. პირიქით კი იყო: მადლობას ეუბნებოდნენ: შენი ხალხის ღირსება და სახელი დაიცავიო. მერე ერთი სალდათი გამოდგა წინ: ყველანი ვხედავდით, ვგრძნობდით, როგორ უნდოდა სიტყვის თქმა და ვერ ახერხებდა - ყელში აწვებოდა რაღაც. მერე მაინც თქვა, მაინც მოახერხა:

- მე მეფის ჯარში ვარ, რუსის ჯარს ვემსახურები, მე ებრაელი ვარ… აი, აქ, საქართველოში ვარ რუსის ჯარში, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა სალდათი, - შენ კი იქ ოდესაში ჩემი მოხუცი დედ-მამა დაიცავი, ბატონო საბა. მე აქ იმპერია უნდა დავიცვა, იქ კი დედ-მამას მიკლავდნენ. თქვენ ღმერთმა გმირობა ჩაგაგონათ, მაგრამ მთავარი ეს არ არის... თქვენ ჩვენ, ებრაელებს, შეგვახსენეთ: ღმერთი ყოველთვის მოგვივლენს ხოლმე მშველელს. დღეს თქვენ მოგავლინათ ღმერთმა ჩვენს მშველელად, თქვენ მოხუცი მშობლები გადამირჩინეთ მე... გმადლობთ! - სალდათს გული ყელში მოებჯინა, კუბოს მიუახლოვდა, ემთხვია და კარგად დავინახე ცრემლებით როგორ აევსო თვალები.

ქუთაისში კი პირგამეხებული დაგვხვდა ხალხი. გეგონებოდათ, ბაქანზე შავი ქვისგან გამოთლილი ქანდაკებები დგანან და არა ადამიანებიო. ეს შთაბეჭდილება მხოლოდ იმიტომ კი არა გამიჩნდა, რომ ყველა შავად მორთულიყო - ქალიც და კაციც, დიდიც და პატარაც, არა, ისინი ქვასავით უტყვნი და ისევ ქვასავით მრავლისმეტყველნი იყვნენ. ალბათ, ამიტომაც არ იგრძნობოდა ის უბრალოება, რაც ბათუმში ყოველი ადამიანის მოძრაობასა თუ გამოხედვაში აშკარა იყო - აქ ადამიანების ქცევაში სიმკაცრე, ზვიადობა იკითხებოდა. ისინი უხმოდ, დინჯი ნაბიჯითა და საკუთარი ღირსების ხაზგასმული შეგრძნებით მიაცილებდნენ მიცვალებულს. ჩვენ, ცხედრის მიმყოლნი, თავაზიანად ჩაგვიყენეს შუაში, მტვრიან შარას დავადეგით. მართალია, მიცვალებულს მივყვებოდი, მაგრამ გული მაინც სიხარულით მევსებოდა. ამ ქალაქში ყოფნა მახარებდა - ამ მზესავით ნათელი და შუქიანი სახლების, აივნების ხილვა. მომაგონდა ის დღე, მამაჩემმა რომ პირველად ჩამომიყვანა ქუთაისში. ეუდა ბათაშვილისაგან საწვრილმანო საქონელი მოჰქონდა, რომ მერე სამეგრელოს დაბა-სოფლებში გაეყიდა. ამიტომ ხშირად დადიოდა ქუთაისში. მეც არაერთხელ წამოუყვანივარ და ახლა ბავშვობისდროინდელ ქუჩებს რომ ვხედავდი, გული სიხარულით მევსებოდა. ის კი მაკვირვებდა, რომ წლებს აქ არაფერი შეეცვალა.

შუაგულ ქალაქში ჩვენკენ მომავალი შავ სამოსში მორთული ქალები დავინახე. ბევრი ქალი მოემართებოდა ჩვენკენ ნელი, გამოზომილი ნაბიჯით, ძალიან ბევრი. მათს მოკლე ნაბიჯებსა და მდუმარებაში იყო რაღაც მრისხანების მსგავსი, მოგვიახლოვდნენ. ისრაელი ქალები შევიცანი. იმათ უკან კი კაცები დავინახე. თავზე ყველას ქუდი ეხურა, ზოგს კი მხრებზე ციცითი მოესხა. მზის ჩასვლის ჟამი დამდგარიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მინხის დრო იყო და ალბათ, სალოცავიდან თუ გამოვიდნენ-მეთქი, ვიფიქრე. მერე, მოგვიანებით შევიტყვე, რომ ყოველ ებრაელს, ქალსაც და კაცსაც, სალოცავთან მოეყარა თავი და იქიდან დაძრულიყვნენ ჩვენს შესახვედრად.

ქალები ჩვენს პროცესიას რომ მოუახლოვდნენ, შედგნენ, უხმოდ, კოპებშეკრული მოსჩერებოდნენ კუბოს. მერე ერთი მათგანი, ძვალმსხვილი ქალი წინ გამოვიდა და მიცვალებულს ისე მიმართა, თითქოს ცოცხალს ელაპარაკებაო:

- საკუთარ მიწაზე მობრძანებულხარ, საბა ბატონო. გამჩენმა კეთილი ქნას შენი დაბრუნება. კეთილი ყოველი ხალხისათვის, ყოველი ადამიანისათვის. შენ უკვე სული ხარ, სული, რომელიც ყოველი ჩვენგანის გვერდითაა. მაგ სულს გამჩენთანაც მიესვლება, იმიტომ, რომ გამჩენის ხალხი დაიცავი. ღვთისგან ნაკურთხია შენი სახელი, - ქალი ნელა, აუჩქარებლად წარმოსთქვამდა ამ სიტყვებს, - როცა გამჩენთან მიბრძანდები, ყველაფერი მოახსენე. შეთხოვე გვაკმაროს გაფანტულობა, გვაკმაროს უცხოობაში ყოფა, გვაკმაროს სისხლი. - მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, ჩვენ უფრო ხმამაღლა მოგვმართა. ალბათ, ის თუ იფიქრა, მიცვალებულს სხვანაირად უნდა ელაპარაკო, ცოცხალს კიდევ - სხვანაირადო: - პატივცემულო მეზობლებო, ქართველებო, მშვიდობა მოგცეთ გამჩენმა სულ, შევიკრიბეთ ჩვენ ქუთაისის ისრაელი ქალები, რომ დავიტიროთ საბა ბატონი, რომ ისე გავაპატიოსნოთ, როგორც მის დიდ სულს ეკადრება.

ქალთა ჯგუფი ორად გაიყო. ვიღაცას უთმობდნენ გზას. ერთი მაღალი კაცი დინჯად მოიწევდა ჩვენსკენ. თეთრი, ფაფუკი წვერი მუცლამდე სწვდებოდა. ეს წვერი მის მზერას, სახეს რბილსა და სათნოს ხდიდა. მხრებზე ციცითი მოესხა და, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, როგორი მოწიწებითაც უთმობდნენ გზას, ერთობ საპატივცემულო პიროვნება უნდა ყოფილიყო.

- პატივცემულო საზოგადოებავ, ბატონებო! საბა ბატონი ჩვენთვის დაცემული კაცია. მან ებრაელობისათვის გაწირა თავი და, ამდენად, გამჩენის სამსახურშიც ჩადგა - თვალებში წიგნიერი კაცის სიდინჯე და სიბრძნე ედგა, აუჩქარებლად ლაპარაკობდა - მე ვიცი, რასაც გთხოვთ, ქართველებო, მაგრამ საბამ ისიც გვასწავლა, რომ ადამიანმა უნდა გაბედო. საბას მაგალითი მაძლევს უფლებას მოგმართოთ თავმოდრეკილი თხოვნით - მოხუცმა თავი ძირს დახარა - თუ ეს საქმე თქვენს რჯულს არ ეწინააღმდეგება და მიცვალებულის სულსაც გლახა სამსახურს არ გაუწევს, გამჩენმა სამოთხეში დააბრძანოს მისი სული! - მოხუცმა მხოლოდ ახლა ასწია თავი, ზეცას ახედა და ხელები მისკენ აიშვირა - გვინდა მიცვალებული ცოტა ხნით მაინც სალოცავში მივასვენოთ, ისე როგორც ჩვენი ერის საუკეთესო შვილებს ეკადრებათ. ვაკურთხოთ და ვადიდოთ მისი სული, გამჩენს შევავედროთ, რომ გაუხსნას გზა სამოთხისა..

შეჩერდა. მიწას უხმოდ დასჩერებოდა. ხალხის განაჩენს ელოდა. ჩემს გვერდით რომ კაცი იდგა - ტანმორჩილი იყო, შვინდისფერი ჩოხა ეცვა, შავი ჭაღარაშერეული წვერი მოკლედ შეეკრიჭა, რაც მის სახეს მომრგვალებულ იერს აძლევდა - ახალგაზრდა კაცს უხმო, ერთხანს ყურში უჩურჩულებდა რაღაცას, მერე ახალგაზრდა კაცი წინ წადგა და ებრაელობას მიმართა:

- ძმებო, ებრაელებო, მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მიცვალებულის დაფასებისათვის. თქვენს თხოვნას კი ვერ შევიწყნარებთ, საბამ ებრაელობისთვის გასწირა თავი, მაგრამ იგი სულით და გულით ქრისტიანი იყო და ქრისტიანად უნდა დასაფლავდეს, ებრაელთა სალოცავში კი მხოლოდ ებრარელთა საუკეთესო შვილები უნდა შეჰყავდეთ. ებრაელთა წარმომადგენელი - გრძელწვერა კაცი შეყოვნდა. როგორც ჩანს, უარს არ ელოდა. მცირე პაუზის შემდეგ ახალგაზრდა კაცს მძიმედ დაუკრა თავი და გვერდზე გადგა. შხვებმაც მას წაჰბაძეს. მიცვალებულს და მის მიმყოლთ გზა დაგვითმეს. ჩვენ გავიარეთ და ისინი უკან მოგვყვნენ. თავი ვალდებულად ჩავთვალე მეც იმათ შორის ვყოფილიყავ, ებრაელთა რიგებში ჩავმდგარიყავ. ლუგოვოისა და ეფროსს ვანიშნე, უნდა ჩამოვრჩემეთქი. ასეც მოვიქეცი. ისრაელებს შუა ჩავდექი. ამათთვის ეს არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის კი - ძალიან ბევრს. იმათ არ იცოდნენ ვინ ვიყავი მე, საიდან მოვსულვარ და საით მივდივარ. მე კი ვიცოდი ვის გვერდით მივაბიჯებდი, ვიცოდი და სწორედ ეს მახარებდა - რა ხანი იყო ამდენი ქართველი ისრაელი ერთად არ მენახა.

ვიღაცამ ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით შირა წამოიწყო. ეს გახლავთ ლოცვა, რომლითაც ებრაელნი მიცვალებულს უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ.

ეს შირა ჩემს სულს მალამოდ ედებოდა. რაღაც ძველს, სულის სიღრმეში ჩაბუდებულს, მიძინებულს ფრთხილად, ხელის ნაზი, ალერსიანი შეხებით აცოცხლებდა.

თვალებზე ცრემლი მომადგა.

მე ჩემს მიწაზე დავაბიჯებდი და ღონე მემატებოდა.

17 დათიკო

▲ზევით დაბრუნება


- კაი ერთი, თუ ღმერთი გწამს, ამათი კიდო გჯერა? სოციალიზმი ულვაშიანი იყო, მოკვდა ულვაშიანი და სოციალიზმმაც მოგჭამა ჭირი! გაიხედ-გამოიხედე, რას შობა ხალხი, რა ამბავშია ქვეყანა! - შესძახა ერთ დღეს გაბო „ღანჯურამ“ დათიკოს.

- რაფერ გითხრა, უკეთესი ნუ გენახოსმეთქი, გაგიმეტო? - ჩაიხითხითა კირილემ.

- კი, მარა ხალხის ხვრეტა, დაპატიმრება იყო სოციალიზმი? - იკითხა დათიკომ.

- შენ რას გადაყევი ამ სოციალიზმს! ხო უყურებ, მიდის, ნუ ჩაუდგები კარებში, გაუშვი!

- გაბრაზდა გაბო. დათიკოს ცუდი არაფერი უთქვამს - კირილეს ტონმა გააღიზიანა, თავი კი ისე აჩვენა, თითქოს დათიკოსგან სოციალიზმის ასეთი ქომაგობა წყინდა - რა მოგიტანა დაგლახავების მეტი!

კირილე გაბოს გაღიზიანების მიზეზს მიუხვდა და შეეცადა საუბრის თემა შეეცვალა. მიმოიხედა, ქუჩას ყურადღებით მოავლო თვალი, გაბომ გაიფიქრა კირილე რაღაც საიდუმლოს გვამცნობსო და გაჩუმდა, კირილემ მართლაც, ხმადაბლა, ლამის ჩურჩულით თქვა:

- გაიგეთ, ხომ, რა უქნია რუბენს! - კირილემ ყურდღებით შეხედა ჯერ დათიკოს, მერე გაბოს, რაკი დარწმუნდა არცერთმა არაფერი იცისო, კიდევ უფრო დაუწია ხმას - დიდი, ძალიან დიდი ფულის პატრონი გახდება მალე.

- რას შვრება ამისთანას! - ყურები ცქვიტა გაბომ.

- უუჰ!

- ა? მაინც? - ჩაეძია გაბო.

- პაპიროსის ქაღალდის საქმე დაუწყია.

- პაპიროსის ქაღალდის? - თითქმის იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა გაბომ.

- შენ გგონია, ფული რომ იშოვნოს, ტანკი უნდა გააკეთოს? - გაიცინა

კირილემ და დაწვრილებით აუხსნა გაბოს და დათიკოს თუ რა სიკეთეს ეწეოდა რუბენი ამ საამქროთი.

გაბო და დათიკო გაოცებული უსმენდნენ კირილეს. მერე გაბომ ჩაილაპარაკა:

- მამაჩემის სული ნუ წამიწყდება, სხვანაირი ცხოვრება დაიწყო ამ ხალხმა, ძალიან გამოიცვალა დროება.

უკვე აღარც ისე ძნელი იყო იმის დანახვა, რომ დაბა სულ სხვაგვარად ცხოვრობდა. დათიკომ ის არ იცოდა რუბენი, გნებავთ შალიკო, გნებავთ ისხაკი, რას და როგორ აკეთებდნენ, თორემ ხალხი რომ სულ სხვა გზას დაადგა, ამას კარგად ხედავდა და, უკვირდა კიდეც, მთავრობის როგორ არ ეშინიათო.

ხალხი რომ ახლებურად ცხოვრობდა, ეს, უწინარესად, ბაზარში იგრძნობოდა. ამ ბოლო დროს ძალიან ახმაურდა ბაზარი. გამოცოცხლდა, ხალხით გაივსო. მყიდველი დღითიდღე მატულობდა, გამყიდველიც. ბაზარს აღარ ყოფნიდა ის ტერიტორია, რაც აქამდე ეჭირა. მესერი მოხსნეს. ბ აზარი ჯიქიების ეზოს მიადგა. ახლა საზამთროს, ნესვს, ხილს იქ ყიდდნენ. ყველაფერი ამისთვის ერთი გრძელი რიგი მიეჩინათ. ბაზრის ამ ახალ კუთხეში გარემოს აყრუებდა გოჭის ყვიჭინი, ქათმის კრიახი, მეღვინეების გინება, ნაყინის გამყიდველ იოსკას სულმოუთქმელი ძახილი, მექუდე მორდეხის ყვირილი - ჩემი შეკერილი ქუდი იყიდეთ და სხვისი არავისაო, რაზეც სიმონი, - ისიც სწორედ მორდეხის გვერდით სახელოსნოში კერავდა ქუდებს - შესძახებდა: რამხელას ჰკივი, შენზე იკივლა მთელმა დაბამაო. ღვინის კასრთან შემთვრალი კაცები სულ მღეროდნენ. ბაზარში მოსული ადამიანები თითო-ოროლა კილოს კი არ ყიდულობდნენ, სავსე კალათებით მიეშურებოდნენ სახლებისკენ. „პრავეზიას“ ძლივს მიათრევდნენ, ბაზრიდან გამოსასვლელ მაღალ, თაღიან კარამდე რომ მივიდოდნენ, სულს მოითქვამდნენ, მერე ხვნეშა-ოხვრით მიათრევდნენ „პრავეზიას“ ან სულაც ტაქსში სხდებოდნენ. ამ ბოლო დროს ტაქსსაც გაეჩვივნენ, ორი-სამი წლის წინათ კი ერიდებოდნენ, შორიდან უვლიდნენ, ფუფუნებისაკენ ლტოლვა არავინ დაგვწამოსო. მხოლოდ ალე გაბუნიას, ამ კუთხეში საკმაოდ ცნობილი ქირურგის ცოლი ივლიტა გაბუნია არ ერიდებოდა ტაქსს - ბაზრიდან გამოვიდოდა თუ არა, გოროზად დადგებოდა თაღიან კართან და ტაქსი თავად მოვიდოდა მასთან. მძღოლიც თვითონ გადმოხტებოდა მანქანიდან და ივლიტას „პრავეზიას“ ფრთხილად ჩაალაგებდა მანქანაში.

ებრაელთაგან ტაქსში არავინ ჯდებოდა. ფული ჯიბეებს არ უხევდათ, მაგრამ მთავარი მაინც სიფრთხილე იყო: ამათ დღეს რომ ტაქსში წამოჭიმული დაგინახონ, ხვალ მილიციაში დაგიძახებენ ამდენი ფული სად იშოვნეო. ისევ ის სჯობია, ფეხით იჩანჩალოო, იტყოდნენ. ამიტომ მანამ, სანამ კოკი გადარეული წამოეშველებოდა დაბას, „კარზინკებს“ თვითონ მიათრევდნენ.

ვერავინ გეტყოდათ კოკის გადარეულს რატომ, რისთვის ეძახდნენ. მის მიერ ჩადენილი ცუდი საქმე დაბაში არავის ახსოვდა. ერთი უხმო, უთქმელი კაცი იყო. მუდამ ბაზრის კართან იდგა და თავს იმით ირჩენდა, რასაც ბაზარში მოსული გლეხები ან მუშტრები გაუწვდიდნენ.არავის შეაწუხებდა, არაფერს მოითხოვდა, უხმოდ იდგა ბაზრის კართან, რასაც ხელში მიაჩეჩებდნენ, იმით იყო კმაყოფილი, მაღალი იყო, სახეზე სიწითლემოდებული, შეჭაღარავებული. ზოგი ამბობდა: რუსია, ომის დროს დაჭრილი ჩამოვიდა და აქაურობას შემორჩაო. თვითონ ბევრს არ ლაპარაკობდა, თუ რამეს იტყოდა, ქართულად იტყოდა, მაგრამ აქცენტი კი რუსულიო ჰქონდა. ვიღაცამ თქვა, ეგ რუსი კი არა, ბერძენიაო, მაგრამ იმ კაცმა კოკის ბერძნობა ვერაფრით დაამტკიცა. რადა, ამ ბაზრის ორგანულ ნაწილად ქცეული კოკი რუსი იყო - ყველა შინაურულად მიიჩნევდა, ისე დაასაქმებდნენ, როგორც შინაურს, მაგრამ ისე,

როგორც ერთ დღეს ბაზრიდან ქშენით გამოსულმა პილა ჯოჯუამ კოკი გადარეულს შესძახა, ადრე არასოდეს არავის დაუსაქმებია:

- ასე უსაქმოდ რომ დგახარ აქ, არ სჯობია ეს „კარზინკა“ სახლში მიმიტანო?

კოკიმ უმალ წაავლო ხელი „კარზინკას“ და პილას სახლში მიარბენინა. პილა უკან მისდევდა და მისძახოდა: რა ამბავია, სად გეჩქარება, ქვეყანა ხომ არ იქცევაო? კოკი კი მაინც ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა.

სახლში რომ მივიდნენ, პილამ ორი ცალი კიტრი და აბაზიანი ჩაუდო ხელში კოკის. ბაზართან მიბრუნდა თუ არა, იმ თაღიან კარებთან გოგუცა შემოხვდა. გოგუცას ერთ ხელში ქათმები ეჭირა, მეორეში - დიდი კალათა. მომეცი, მე წავიღებო, ღიმილით უთხრა კოკიმ გოგუცას. ღმერთმა გაგახაროს, ჩემო კოკიო, შვებით ამოისუნთქა გოგუცამ - კოჭლი იყო გოგუცა, ძლივს დადიოდა და ამ ტვირთით ხომ სულ უჭირდა სიარული. ამიტომ კოკი გადარეულს სიხარულით მიაწოდა ქათმებიცა და კალათაც. სახლში რომ მივიდნენ, გოგუცამ კიდევ დალოცა კოკი, ორი ცალი პამიდორი, ორი ცალი კიტრი, ორი ცალი ბადრიჯანი და ექვსი შაური ფულიც მისცა. რაზეც მისი ქმარი ბეხორი ლამის დასაბმელი გახდა: რა ამბავია, კოკი გადარეულისთვის ხომ არ წასულხარ ბაზარში, შე მეორე ფეხმოსამტვრევოო.

მას შემდეგ რაც პილა ჯოჯუამ კოკი გადარეულს ბაზართან დახმარება თხოვა, ერთი თვეც არ გასულიყო, კოკი მეზობელს ეუბნებოდა: რა იოლი საშოვარი ყოფილა ფულიო. მეზობელმა, გვარად ეჯიბიამ, გაიცინა და მიუგო:

- მართლა გადარეული ყოფილხარ შენ! ჯერ ერთი, ფული იოლი საშოვარი იმიტომ გახდა, რომ ახლა ყველა ფულს შოულობს, მეორეც, იმასთან შედარებით, რასაც სხვები შოულობენ, მაგი ფული არაა, მაგი ხურდაა!

მაგრამ კოკის ის ახარებდა, რასაც თვითონ შოულობდა.

ადამიანებმა, მართლაც, მონახეს ფულის შოვნის სხვადასხვა გზა და საშუალება. (აბა, რა ვქნათ, - მთავრობა იმდენ ხელფასს გვაძლევს, თვითონ გვეუბნება დანარჩენზე შენ გაანძრიე ხელიო, იტყოდნენ ხოლმე დაბელები).

ერთი სიახლეც შეიმჩნეოდა დაბაში:

ადრე, საღამო ხანს, მზე რომ ზღვისკენ გადაიხრებოდა და ირგვლივ საოცარი მყუდროება დაისადგურებდა, დაბელები მღეროდნენ. ხან ერთი, ხანაც მეორე ოჯახიდან წყნარი, გულშიჩამწვდომი ოდიშური სიმღერები მოისმოდა. ტკბილად, ხმაშეწყობილად მღეროდნენ დები თუ ძმები, ცოლ-ქმარი, თუ მთელი ოჯახი ერთად. ჩონგურის ხმაც მოედებოდა არემარეს. ამ სიმრერების მოსმენას არაფერი სჯობდა. ადამიანები იმიტომ კი არ მღეროდნენ, რომ ვინმესთვის თავი მოეწონებინათ, არა, მათ სიმღერა ეწადათ, მათს უბრალო, აუმღვრეველ ცხოვრებას სიმღერა თავისთავად სდევდა თან - კმაყოფილნი იყვნენ იმით, რაც ჰქონდათ.

დღეს კი დაბაში აღარავინ მღეროდა. აღარც აწყობილი ჩონგურის ხმა ედებოდა არე-მარეს. სიმღერას მხოლოდ რაიონული კულტურის სახლში, კონცერტზე მოისმენდი და სუფრაზე. რაიონის კულტურის სახლში მოსმენილ სიმღერას არა უჭირდა რა, ზოგჯერ გულსაც გაუთბობდა კაცს. სუფრებზე შემთვრალი ადამიანები კი ამ კუთხისათვის საყვარელ სიმღერას ისე მღეროდნენ, სიმღერას ვეღარ იცნობდი. რაღაცნაირად აწეწილ-დაწეწილი იყო. თითქოს ნერვიულიც. ერთი სიტყვით, არც ერთი და არც მეორე არაფრით ჰგავდა ხმაშეწყობილ სევდისაღმძვრელ ოდიშურ მელოდიებს.

დათიკოს ასე ეჩვენებოდა, რომ დაბაში ხალხი ერთმანეთს ეჯიბრებოდა. ადამიანები თითქოს კარუსელში შეებნენ, თითქოს სადღაც გარბოდნენ, თითქოს სტუმრის მომლოდინენი ფაციფუცობდნენ. სტუმარი კი არა და არ ჩანდა.

მის შემყურე დათიკო გაოცებას ვერ მალავდა: ასე უცებ როგორ შეიცვალა დაბაო. დაბის ცხოვრების ასე შეცვლამ მის ხელისუფლებას იმდენი ფული გაუჩინა, თვითონაც რომ ვერ ინატრებდნენ. დღედაღამ გაიძახოდნენ, ნეგატიური ელემენტები კომუნისტურ მორალსა და ზნეობას ღალატობენო. ტრიბუნებზე ამაზე ლაპარაკობდნენ, სინამდვილეში კი მათით ედგათ სული, იმათ გაულაღეს ცხოვრება.

- აბა, რავა გინდა შენ - უნდა გაინძრეს ხალხი! ყველა შენნაირი უპარტიო კომუნისტი ხომ არ იქნება. იჯექი ასე უქმად ამხელა კაცი და ნახე ვინ რას მოგართმევს! - შესძახებდა კირილე დათიკოს.

კირილეს საამქროს გახსნა განეზრახა. ამ საამქროს ფეხსაცმელები უნდა შეეკერა. ისეთი წესიერი კაცი და ხელოსანი, ამ საქმის ისეთი ოსტატი, როგორიც დათიკო იყო, კირილეს ძალიან სჭიროდა. იგი ხვდებოდა - დათიკო შიშს დაეძაბუნებინა. თვითონ კი არაფრის შიში არ ჰქონდა და ამგვარი შეძახილებით დათიკოს გამხნევება ეწადა.

ამასობაში დაბაში ერთი ისეთი ამბავი მოხდა, რამაც მთლიანად შესცვალა დათიკოს გუნება-განწყობილება და შიშიც სძლია - ერთ დღეს კოკიმ ბაზრის შესასვლელთან პაწია ხელურემი მოაგორა (მერე ამ ხელურემს დაბა „კოკის ტაჭკას“, ზოგი კი „კოკის ტაქსს“ ეძახდა). ხელურემის სამ მხარეს კოკის უჯრედები ისე მიეხატა, როგორც ნამდვილ ტაქსზეა მიხატული. ბაზრიდან გამოსული დიასახლისები ამ „ტაქსზე“ ალაგებდნენ თავთავიანთ სანოვაგეს და კოკიც არხეინად დააგორებდა მას დაბის ქუჩა-შუკებში.

„კოკი გადარეული“ რომ ფულს შოულობდა, ეს ყველამ იცოდა. თუმცა ჩვენში ფულის შოვნა თითქმის ისევე საშიში იყო, როგორც სამშობლოს ღალატის, ან ქვეყნის მეთაურზე თავდასხმის ბრალდება. დათიკოს კოკის მიერ ფულის შოვნა ისე აღარ აკვირვებდა, როგორც ის, რომ კოკი ამას აღარ მალავდა.

- კაი, ბატონო, - ფიქრობდა დათიკო, - კოკი გადარეულია და აღარ მალავს ამ ამბავს. საბჭოთა ხელისუფლება? მილიცია? ისიც ხო არ არი გადარეული? არაფერი იცის? აჰ! მაგათ რა დაემალება! მე რომ რიბკას ლოგინში ყურში ვუჩურჩულო რაიმე, მეორე დილას მაგათ ეცოდინებათ და კოკის მიერ ფულის შოვნა რაფერ ვერ შეიტყვეს?

დათიკოს ამ კითხვაზე ვერ გაეცა პასუხი, რომ ახალი ამბავი გაიგო. გაიგო კი არა, საკუთარი თვალით ნახა - დაბაში მეორე „ტაჭკა-ტაქსი“ გაჩნდა. უფრო მოზრდილი, ლურჯად შერებილი, თეთრუჯრედებიანი. ამ „ტაქსს“ კოკის შვილი კოსტია ატარებდა. თხელ-თხელი, ახლადულვაშაყრილი კოსტია დილიდან შეღამებამდე, რკინიგზის სკოლის გვერდით რომ პატარა სტადიონი იყო, იმას არ სცილდებოდა. დილიდან საღამომდე ბურთს დასდევდა. ახლა კი „ტაქსის“ სახელურები ისე ეჭირა ხელში, გეგონებოდათ, მასთან ერთად დაიბადაო.

- ხო უყურებ, რა ძალა აქვს ფარას! კოსტია ბურთს ვერავინ მოაცილა, რაც ვერ ჰქნა მამამ, ვერ ჰქნა დედამ, ვერც მასწავლებელმა და დირექტორმა ქნეს, ის ქნა ფარამ! ახლა ქუდი რომ შეუგდო, სტადიონზე არ შევა, - იტყოდა ხოლმე დათიკო.

კოკის, რასაკვირველია, გადარეულს აღარავინ ეძახდა. თუ აქამდე შესძახებდნენ „რავაა ქვეყნის საქმე, კოკი გადარეულო“. „რას შობი, კოკი გადარეულო, შე ძველო!“, „სად იყავი, კოკი გადარეულოო!“ ახლა ყველა პატივისცემით მიმართავდა. კოკიო, რომ დაუძახებდნენ, პირველსავე ხმოვან ოს ალერსსაც კი ჩააქსოვდნენ: „კოკი, თუ ღმერთი გწამს, მომიტანე ერთი ყუთი „ბორჯომი“, „კოოკი, ა, გაიტანე სახლში ეს პრავეზია“, „ლიმონათი შემომაკლდა ოჯახში, კოოკი!“

ერთი სიტყვით, კოკიც ფულს შოულობდა, კოკის ბიჭიც და ყველაფერი რიგზე იყო.

მერე ბაზართან, იმ შუკაში, რომელშიც კვარაცხელიები ცხოვრობდნენ, რამდენიმე საამქრო გაიხსნა. ყველანი საამქროს კი არა, „ცეხს“ ეძახდნენ: „შალიკოს ცეხი“, „იაკინთეს ლურსმნების ცეხი“, „კაკულიას ცეხი“, „იცხაკის ცეხი“. ადრე ამ შუკაში ტრიფოლიატის და მანდარინის სუნი იდგა. ახლა კი ყოველი მხრიდან საქსოვი მანქანების, საჭრელი დაზგების რიტმული მუშაობის, თუნუქზე თუ რკინაზე ჩაქუჩისა თუ გრდემლის ძლიერი ცემის ხმა ისმოდა. რაც ამ საამქროში კეთდებოდა, ბაზარში უმალ იყიდებოდა.

დათიკო ხედავდა როგორ იცვლებოდნენ ამ „ცეხების“ პატრონები, დღითიდღე სხვანაირნი, - მიუკარებელნი, შორეულნი ხდებოდნენ. ადრე თუ ყველა ერთნაირი იყო, ერთნაირად ხალისიანი და ერთნაირად მოღუშული, დღეს არა, დღე ისინი სხვა ატმოსფეროს ქმნიდნენ დაბაში. ხალხის დამოკიდებულებაც იცვლებოდა მათდამი: თუ კოკის გადარეულს აღარ ეძახდნენ, რა გასაკვირი იყო, რომ იაკინთე ეჯიბიას, გინდა იცხაკს მოქცეოდნენ განსაკუთრებული პატივისცემით.

ამაზე გაბო ამბობდა:

- ასეა, თორაშიც კი წერია: შეძლებულ კაცს ხალხი პატივისცემით ეპყრობაო. იეშ მამმონ, იეშ ქაბოდ! - დასძენდა მერე ებრაულად, რაც მის ნათქვამს ურყევი ჭეშმარიტების იერს აძლევდა.

კოკი გადარეულის „ტაქსმა“, ბაზართან გახსნილმა საამქროებმა და, რაც მთავარია, ხალხის პატივისცემამ და რიდმა ამ საამქროების პატრონებისადმი, დათიკო შიშისგან გაანთავისუფლა. თურმე ის დრო მოსულა, როცა ადამიანი ომას უნდა აკეთებდეს, რაც შეუძლია, დამშლელი არავინ არის, თუ კოსტია მიხვდა რომ განძრევაა საჭირო, ჩვენ რა სიკვდილი დაგვეტაკა ამნაირიო - ფიქრობდა დათიკო და კირილეს გეგმა ჭკუაში უჯდებოდა.

საქმესაც შეუდგნენ. საამქროს გასახსნელად ფული იყო საჭირო. არ დარიდებია - შალიკო „ტენტიანს“ უთხრა ორი ათასი უნდა მასესხოო, იმასაც წარბი არ შეუხრია. შენისთანა წესიერ კაცს ხელს როგორ არ გავუმართავო. იყიდეს ხელსაწყოები, მალე მოიძიეს ნედლეული და საამქროც ორიოდ თვეში გაიხსნა. და დათიკო საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი შიში ამაო იყო. არც მილიცია კითხულობდა, თუ რას აკეთებდა ხალხი, არც - აღმასკომი, არც - რაიკომი. დაბა საძოვარზე მიშვებულ ნახირს დაემსგავსა. სძოვდნენ, ვისაც რამდენი შეეძლო და როგორც შეეძლო. ადამიანებმა ცხოვრება გაიიოლეს და საკუთარ თავში ძალაც იგრძნეს. ახარებდათ ის, რომ მხოლოდ შიმშილისა და ტანჯვისათვის არ ყოფილან გაჩენილი. თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ხალხმა ადრინდელი სიმშვიდე დაჰკარგა. საზრუნავი მეტი გაუჩნდა, ჯაფაც მეტი დაადგა, მაგრამ სულ რაღაც ორიოდ წელიწადში დაეტყოთ, რომ საკუთარი თავისთვის ირჯებოდნენ. დროდადრო შიში კი უკრთობდათ ძილს, ვაითუ, ეს ამბავი დიდხანს არ გაგრძელდესო, მაინც ხუმრობდნენ, მეზობელ დაბა-სოფლებში სტუმრად დადიოდნენ, თავიანთი მონაგარით ერთმანეთს თვალს უბრმავებდნენ, დაბადების დღეებს ისინიც იხდიდნენ, ვისაც ხუთი წლის წინ არც კი ახსოვდა თუ რომელ თვესა და რიცხვში გაჩნდა ქვეყნად. თუ ადრე დაბადების დღეების, ქორწილების სუფრებზე ორი-სამი კერძით კმაყოფილდებოდნენ და ზოგჯერ ერთი თეფშიდან ორი კაცი მიირთმევდა, ახლა ყველას თავისი თეფში ედგა წინ: იმ თეფშზე კიდევ მომცრო თეფში იდო. კერძების რაოდენობაც დღითიდღე იზრდებოდა. მეზობლები, ნათესავები უკვე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ მეტ კერძს მიართმევდა სტუმარს, ვინ მეტ ფრთეულსა თუ ოთხფეხს დაჰკლავდა, ვინ მეტ ნამცხვარს გამოაცხობდა, მეტ უცხო ხილსა თუ სემწვარს დაახვავებდა სუფრაზე. ომის შემდგომ წლებში ლამის მოშიმშილე ხალხი ისე იქცეოდა, თითქოს ქვეყნის აღსასრული ახლოვდებოდა, ამიტომ უნდა მოესწროთ, მეტი და მეტი უნდა ეჭამათ, იქნება, ამან გადაგვარჩინოსო. ის, ვისაც გუშინ შავი პური ენატრებოდა, დღეს ათობით კილო პურს და ხორცს ნაგავს ატანდა.

- გაგისკდათ მუცელი, რა იყო, რა ნახეთ ამისთანა, რა ამბავია, რამდენს ხეთქავთ! - შესძახა ერთ დღეს გაბო „ღანჯურამ“ - ღორები ხო არ ხართ, თქვე შობელძაღლებო!

გაბო „ღანჯურას“ ჰქონდა კიდეც გაბრაზების საბაბი. შვებანაგრძნობი ხალხი გაპარსვასა თუ გაკრეჭაში დღეს მეტს კი იხდიდა, მაგრამ მის ჯიბეს არაფერი მომატებია, რადგან დალაქი იყო და დალაქად დარჩა. ხალხი გაბო „ღანჯურას“ რას მოუსმენდა? მთელ დაბაში ერთი აურზაური იდგა. ყველა - ქართველიც, ებრაელიც, რუსიც - ფულის შოვნის ჟინს ისე გაეტაცნა, რომ ერთმანეთისა თითქმის არ ესმოდათ. ახლა ფლორენციაც არაფრად ენაღვლებოდათ. თუ ადრე ფლორენციას წინაშე ხმაგაკმენდილი იდგნენ, სიყვარულით, პატივისცემით ექცეოდნენ, ეალერსებოდნენ, მოწიწებით ესალმებოდნენ, დღეს სალაპარაკოდაც არავინ უჩერდებოდა. ვიღაცას ისიც კი უთქვამს: რა გაგვიჭირა საქმე, ციხე და ოხრობა თუ არ უნდოდა, რას უხტებოდა ამ სტალინს, ყოფილიყო წყნარად და გემრიელად ეჭამა ლუკმა.

ბენო და ტატაჩი მართალია, სკოლას მალე დაამთავრებდნენ, მაგრამ დათიკო მაინც ჩასძახოდა მათ: კარგი ბიჭი ის არის, ვინც კიდეც სწავლობს და კიდეც მუშაობსო. შრომა კი არცერთს არ ეზარებოდა. ამ გარემოებით დათიკოც კმაყოფილი იყო. ორივე მხარე თავისი მიზანი ჰქონდა: დათიკოს ეწადა ბიჭი გვერდით ჰყოლოდა და თვალი ედევნებინა მისთვის, სცოდნოდა რას აკეთებდა, ვისთან ამხანაგობდა, ბიჭებს კი უნდოდათ ფული ჰქონოდათ ჯიბეში.

- აქამდე მთავრობის, პარტიის მაინც სჯეროდათ, ახლა იმასაც აქციეს ზურგი. ღმერთი ხო რა ხანია აღარ უნდათ. რა სიკეთეს უნდა ეწიოს ქვეყანა, სადაც არც ღმერთი სწამთ და არც ხელისუფლება. ვიღაცის ხო უნდა სჯეროდეს ხალხს! აირია ყველაფერი, ამიტომ გვერდიტ უნდა მყავდეს ბიჭი, მაგას ახლა უნდა პატრონი! ფიქრობდა დათიკო. ბენოს კი ჩასძახოდა: თუ ნამდვილი ისრაელი ხარ, პროფესორიც რო იყო, ორი ხელობა მაინც უნდა იცოდე. ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად. ვინ იცის სად გადაგისვრის ეს ცხოვრება, იქნება დადგეს დღე და იმ პროფესორობაზე უფრო ხელობამ გიშველოსო.

მხოლოდ დათიკოს შეგონებები და ჯიბეში გაჩენილი ფული არ განაპირობებდა ბენოს ინტერესს ამ საამქროსადმი - ესთერი მეზობელ სახლში ცხოვრობდა და ბენოს საშუალება ეძლეოდა ყოველდღე ენახა, ზოგჯერ დღეში რამდენიმეჯერაც კი და დროდადრო გამოლაპარაკებოდა კიდეც. ეს ადრე იყო, ორი სამი თვის წინათ. ამ ბოლო დროს კი ბენო და ტატაჩი საამქროსა და ესთერის სახლს შუა, ღობესთან მიდგებოდნენ და ეზოში გამოსულ ესთერს ათას რამეზე ესაუბრებოდნენ: ხან ანეგდოტებს უამბობდნენ, ხან სკოლის ამბებს, ხანაც „წითელი და შავის“ სახეშეცვლილ, დღევანდელ ვარიანტს უთხზავდნენ. ტატაჩი სიტყვაუხვი და თამამი იყო, ბენო კი თითქმის უხმოდ ისმენდა მის ხუმრობებს და მონუსხული შესცქეროდა ესთერს. პაწია, თეთრი პირისახის გოგო ისე იზიდავდა, რომ ხმის ამოღების უნარს ართმევდა, იმორჩილებდა, ასე ეგონა, ენაზე კილოიანი გირები ეკიდა.

ამ დამთრგუნველი გრძნობისაგან ბიჭი ღამღამობით თავისუფლდებოდა. ღამღამობით ესთერისაკენ მიილტვოდა. ეს ლტოლვა იმდენად უძლიერდებოდა, რომ რანდენჯერმე ძილში უცნაური რამ შეემთხვა: ესთერი ისე ეხვეოდა ბენოს, ბენოც იმ გადაზიდულ წარბებს ისე სულმოუთქმელად, სუნთქვაშეკრული უკოცნიდა, რომ ბიჭი ლამის აცახცახებული, მაგრამ ვნებადამცხრალი იღვიძებდა. გონს რომ მოვიდოდა, ესთერთან გატარებული ვნებიანი წამები სიამესა და უხერხულობას გვრიდა და სიწითლე ერეოდა. საკუთარი თავისაც რცხვენოდა და ესთერისაც. მეორე დღეს ესთერის წინაშე ხმაგაკმენდილი იდგა. ასე ეგონა, ესთერმა ყველაფერი იცისო და თვალს ვერ უსწორებდა.

- შენ რატომ ხარ ასე გაჩუმებული? - ღიმილით ჰკითხა ერთხელ ესთერმა. ამ ღიმილმა ბენოს სულში სითბო და სინათლე გააჩინა, თითქოს მთელი სხეული გაუცისკროვნა და რაღაც თქვა. ეს რაღაც კი შემდეგი სიტყვები გახლდათ.

- ალბათ, იმიტომ, რომ მიყვარხარ!

ბენო კვლავ იმ ღიმილის სხივით გაცისკროვნებული იდგა. მას არც თავისი სიტყვები გაუგონია და ვერც იმას გრძნობდა, თუ როგორ ხარხარებდა ტატაჩი. არც ის გაუგია, ესთერი რომ უმალ შეტრიალდა და გაიქცა, როცა ესთერის გაქცევა და ტატაჩის ხარხარი გააცნობიერა, გაოცდა, მეგობარს ეცა, ისე უზრდელად იცინი, რომ ესთერი დააფრთხეო, ამაზე ტატაჩიმ იმდენი იცინა, ლამის გული შეუწუხდა. რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ახერხებდა, სიცილი არ აძლევდა სიტყვების წარმოთქმის საშუალებას. ბოლოს, როგორც იქნა, მოახერხა და სთქვა:

- ბიჭო, ასე სიყვარულს ვინ უხსნის გოგოს!

ბენო ახლაღა მოეგო გონს. ახლაღა გააცნობიერა თუ რა თქვა, უმწეოდ მიმოიხედა, აქ რა საშველი უნდა ენახა, აქ ვინ დაეხმარებოდა. ამიტომ ისიც თავქუდმოგლეჯილი გავარდა.

სამი დღე სახლიდან არ გამოსულა. ცხადია, სკოლასაც არ გაკარებია.

მეოთხე დღეს ტატაჩიმ მოაკითხა. თავი ისე ეჭირა, ვითომ არც არაფერი მომხდარა. ათასი რამ უამბო ბენოს, ათას რამეზე ისაუბრეს და ერთად წავიდნენ სკოლის ფიზიკის კაბინეტში.

ხომ ასე პატარა დაბა იყო, ადამიანები ხომ დღემუდამ ერთმანეთის წინ ტრიალებდნენ, იმ დღის მერე, ესთერი პირისპირ არსად შეხვედრია. ახლა უკვე ოქტომბერი იდგა და ამ ხუთი თვის განმავლობაში ესთერს ერთხელ თუ მოკრა თვალი. ეგ კი არა, ესთერის სახლისაკენ გახედვისაც ერიდებოდა.

დაბიდან სულ რაღაც სამ-ოთხ კილომეტრზე კურორტი იყო. აქ, ამ კურორტზე, წყლის აბაზანებით მკურნალობდნენ. ამ ბოლო წლებში კურორტს მოაგარაკენი განსაკუთრებით მოეძალნენ. უმეტესად ზხანდაზმული ადამიანები ჩამოდიოდნენ, ისინი, ვისაც წყლის აბაზანებით მკურნალობა ესაჭიროებოდათ. რუსეთის დაბაქალაქებიდანაც კარგა ბევრი დამსვენებელი მოეშურებოდა. ახალგაზრდებს ამ კურორტზე თითქმის არაფერი ესაქმებოდათ და არც უნდა ჩამოსულიყვნენ. მაგრამ მაინც ჩამოდიოდნენ: პროფკომიტეტში საგზური უფასოდ მოგვცეს და ჩვენც გამოვისეირნეთო, ამბობდნენ ღიმილით. მკურნალობა არც ესაჭიროებოდათ და არც აინტერესებდათ, ამიტომ გართობას უფრო ეტანებოდნენ.

დაბის ბიჭები კურორტის ორ სანატორიუმს შეეჩვივნენ. აქ ეცნობოდნენ გართობა-გახალისების მიზნით ჩამოსულ გოგოებს. მართალია, 17-20 წლის გოგონები აქ კანტი-კუნტად გამოჩნდებოდნენ, მაგრამ ეს გარემოება არც დაბის ბიჭებს აბრკოლებდათ და არც სანატორიუმში ჩამოსულ 30 წელს მიღწეულ, თუ გადაცილებულ ქალებს. ამ სხვაობას, ალბათ, სტუმარი ქალებიც კარგად გრძნობდნენ და სკოლადაუმთავრებელ ბიჭებს ეუბნებოდნენ 27 წლის იქნებიო. არც ბიჭები ამხელდნენ თავიანთ ასაკს. გოგოებს კვერს უკრავდნენ და მორცხვად იღიმებოდნენ. გოგონები კი ახლადაბიბინებულ ულვაშზე ალერსით გადაუსვამდნენ ხელს და ეტყოდნენ: აი, ამ მჩხვლეტავ ულვაშს რომ მოიპარსავდე, უფრო ახალგაზრდა გამოჩნდებიო.

საამქროში რეზო და გურამი მოვიდნენ, კურორტზე მივდივართ და ხო არ გამოისერნებთო. კურორტზე რა საქმე მაქვსო, იკითხა ტატაჩიმ. ისეთი გოგოები არიან ჩამოსული, კუკურიას ლუდმილას დაიკოს - ტანიას მოსამსახურედაც კი არ დაიყენებენო. ჩვენც თუ გაგვაცნობთ, კი ბატონო, წამოვალთო, თქვა ტატაჩიმ. ამაზე რეზომ ბევრი იცინა: მაგათ გაცნობას რა დიდი ამბავი უნდა, მე შენ გეტყვი და ვინმეს უკრძალავენო. ბენოს რეზოსთან ყოფნა ძლიერ უყვარდა, ამიტომ არც უფიქრია წავიდე თუ არაო - ტატაჩი, რეზო, გურამი, ბენო ტაქსით გაეშურნენ კურორტისაკენ. სანატორიუმთან რომ მივიდნენ, რეზოს ავტორიტეტი კიდევ უფრო ამაღლდა ბენოს თვალში - სამი, მართლაც, ლამაზი გოგონა ბეღურებივით ჩამომსხდარიყო ლურჯად შეღებილ გრძელ სკამზე, რეზომ ეს რა არის, თქვენ სამნი რატომ ხართ, როცა ჩვენ ოთხი მოვედითო, დაუცაცხანა გოგონებს. იმათ კი ეგ არაფერიო და მალე მეოთხეც შემოიერთეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ბენოს საკუთარი თავი შეებრალა - ამ გოგონების სილამაზის, ჩაცმულობისა და თავდაჭერის ფონზე ერთობ საცოდავად გამოიყურებოდა. იმდენად უბადრუკი ეჩვენებოდა საკუთარი თავი, რომ, აქაურობას გავეცლებიო, გაუელვა თავში.

ბარე ნახევარი საათი, მეტიც გავიდა მას შემდეგ, რაც ასე შეიყარნენ, მაგრამ არც ბენოს, არც ტატაჩის სიტყვა არ დაუძრავთ. არ იცოდნენ რა ეთქვათ, ვისთვის ეთქვათ, როგორ მოქცეულიყვნენ. ბენოს უკვირდა ტატაჩი ამდენ ხანს რომ არაფერს ამბობდა.

ეს კი, ალბათ, ორი გარემოებით იყო განპირობებული, პირველი ის გახლდათ, რომ ქალები ასაკით უფროსნი იყვნენ ბიჭებზე. ოცდახუთს თუ არ გადასცილდებოდნენ, უკვე არარც არაფერი აკლდათ (ეს, ცხადია, კიდევ უფრო აძლიერებდა ბიჭების ინტერესს ქალებისადმი). მეორეც - ქალებს ერთობ ქედმაღლურად ეჭირათ თავი. ისეთ სიმაღლეზე იდგნენ, ბენო და ტატაჩი მათ როგორ შესწვდებოდნენ! ყოველ შემთხვევაში, ბენოს ასე ეჩვენებოდა. გოგონებს ყველაფერი აწონილი და გაზომილი ჰქონდათ. ისიც კი, თუ როდის უნდა გაღიმებოდათ და რამდენი წამი უნდა ჰფენოდათ ეს ღიმილი პირზე, მოსაუბრისაკენ როგორ უნდა მოტრიალებულიყვნენ, თუ მოტრიალდებოდნენ საერთოდ, რა უნდა ეთქვათ და როდის. მეტწილად კი დუმილს არჩევდნენ, მაგრამ თუ რამეს იტყოდნენ, ერთობ ხმადაბლა, თითქმის წამღერებით, გეგონებოდათ, მტრედები ღუღუნებენო, გამოხედვა მიუკარებელი ადამიანებისა ჰქონდათ, ხმა კი თაფლივით ტკბილი, ალერსიანი.

- არც გურამს და არც რეზოს არ აცვიათ კავერკოტის კოსტუმები, მაგრამ მაინც, ხედავ, რანაირად ღადაობენ? - გადაულაპარაკა ტატაჩიმ ბენოს და ბენო მიხვდა, რომ ტატაჩიც ისევე დაეთრგუნა გოგონების მიუკარებელ სილამაზეს, თუ ასაკით უფროსობას, როგორც იგი. სამაგიეროდ, რეზო და გურამი გრძნობდნენ თავს ლაღად - ათას სახუმარო ამბავს ყვებოდნენ, გულით ხარხარებდნენ, გოგონები კი პაწია ქანდაკებებივით უძრავად იდგნენ - გაიღიმებდნენ, მზერაც ალერსით ევსებოდათ, მაგრამ მყისვე იცვლიდნენ გამომეტყველებას.

მალე მოსაღამოვდა. რეზომ ქართულად იკითხა: ჯიბეში ფული თუ გაქვთო. ცოტა-ცოტა ყველას აღმოაჩნდა. აბა, მეც კი მაქვს რაღაც და გუგუჩიების დუქანში წავიდეთო. გაგონილი ჰქონდათ: გუგუჩიებთან ყოველთვის იაფად გამოვდივართო. მართლაცდა, გუგუჩიებისას არც ღვინო იყო ძვირი, არც - კერძები. ხოლო თუ როგორ ამზადებენ კერძებს, კარგად თუ ძალიან კარგად, ამას ჩვენი სტუმრები მაინც ვერ მიხვდებიანო, ფიქრობდნენ მასპინძლები და ამ დუქანს ეტანებოდნენ.

ათიოდ წუთში გუგუჩიას დუქნის კარი შეაღეს. დუქანს ეძახდნენ, თორემ ერთი ჩვეულებრივი ოდიშური ოდა-სახლი გახლდათ. სუფრას მიუსხდნენ თუ არა, რეზომ ყველანი სიცილით წამოჰყარა ადგილებიდან: რა უცებ ეცით სკამებს, ზედ იმნაირი ხო არაფერი გეგულებოდათო, შესძახა ქალებს, წამოჰყარა და თვითონ გადაწყვიტა ვინ სად, ვის გვერდით უნდა დამჯდარიყო. შენ მანდ, ე, მაგის გვერდით კი არ უნდა იჯდე, არამედ ამისაო, შენ, აი, ამას უყვარხარ ძალიან და ეგ რა შუაშიაო. თავად ირინა მოისვა გვერდით - ყველაზე პატარა, თითქოს ბავშვი რომ ჩანდა. ბენო კი ბრაზობდა: ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, თუ ვინ ვისი გოგო უნდა იყოსო. სწორედ ამ ფიქრში იყო, რეზომ ნადიას რომ გადმოსძახა:

- აი, შენს გვერდით რომ ბენო ზის, გაგიჟებით უყვარხარ, წუხელ მთელი ღამე შენზე მელაპარაკებოდაო.

რეზოს ამ სიტყვებმა ბენო გააწითლა. ლამის ოფლი დაასხა. გაბრაზდა კიდეც, როგორ შეიძლება გოგოებთან ასე ლაპარაკი, მე გავწითლდი და ესენი რა დღეში ჩავარდებოდნენო, თუმცა, გოგონებს ვერც გაბრაზება შეატყო და ვერც დაბნეულობა - თავაზიანად იღიმებოდნენ. ამან ბენოს ერთხელ კიდევ აფიქრებინა, რომ დასასვენებლად ჩამოსული გოგონები ერთობ კულტურულნი, თავაზიანნი არიან, ეს ჩვენი რეზო კი კამეჩი ყოფილაო. ამიტომ გაღიზიანებულიც შესცქეროდა. რეზო მალე მიხვდა ყველაფერს და ბენოს ქართულად უთხრა:

- რას იბღვირები, ბიჭო, შენ, მილიციას და ქალს სიმართლე თუ უთხარი, წინ წაგივა საქმე.

მერე ყველაფერი ეს გოგონებს რუსულად უამბო. არც ის გამოტოვა, რაც თვითონ ქართულად უთხრა ბენოს და დასძინა: ნადიაზე ისეა შეყვარებული, სულ სიმართლის ლაპარაკი სურსო. გოგონები აკისკისდნენ.

- ა, ბენო, ხო უყურებ, ამათ ეს უნდათ! - მიუბრუნდა რეზო ბენოს.

ნადიას გრძელი, კუპრივით შავად შეღებილი თმა ჰქონდა, სქელი, ვნებისაღმძვრელი ტუჩები თითქოს საგანგებოდ დაუბრეციაო ეგრე - გაბუტული გეგონებოდათ. თურმე, აქ ჩამოსვლის შემდეგ ყოველდღე მდინარის პირას იჯდა და ახლა ძალიან უხაროდა, რომ არა მარტო ბეჭებზე, მზე სახეზეც მოჰკიდებოდა.

სუფრას მიუსხდნენ თუ არა, გუგუჩიას ცოლმა ცხელ-ცხელი ჭადები, ყველი და არაყი მოარბენინა. რეზომ ჭიქები არყით შეავსო და თქვა: აქ, ამ კუთხეში ასეთი წესი გვაქვს - ვიდრე ღვინის სმას დავიწყებდეთ, ორიოდ ჭიქა არაყი უნდა გადავკრათ, რომ მადაზეც მოვიდეთ და ღვინოც კარგად დავლიო-თო. გოგონებს არაფერი უთქვამთ - ჭიქები უხმოდ, ერთობ თავაზიანი ღიმილით დაცალეს. ამან ბენო გააოცა. ტატაჩიც არანაკლებ იყო გაკვირვებული და გვერდით მჯდომ ზემფირას სიბრალულით შესცქეროდა. რეზოს არც ეს გამოეპარა და ტატაჩის ირონიული ღიმილით გადაულაპარაკა:

- რა იყო, ტატაჩი, ცრემლი რატომ გდის?

- უყურე შენ, არაყი როგორ დალიეს?

- აბა, რა უნდა ექნათ?

ტატაჩიმ მხრები აიწურა.

რეზომ ზაფხული სოხუმში, ბიძაშვილებთან გაატარა. იქედან რომ დაბრუნდა, ბევრი გოგო „გავაიმასქენიო“ (მიხეილ ჯავახიშვილის კითხვა უკვე ნებადართული გახლდათ, ბენოს მეგობრებს განსაკუთრებით „კვაჭი კვაჭანტირაძე“ მოსწონდათ და ზოგჯერ მისეულ ტერმინოლოგიასაც მიმართავდნენ) ამბობდა.

ბიჭებს, რასაკვირველია, რეზოს ნათქვამი არ სჯეროდათ, მაგრამ ბენო და ტატაჩი ახლა, ამ სუფრაზე რწმუნდებოდნენ, რომ ამ ზაფხულს რეზოს სოხუმის პლაჟზე რუსულშიც კარგად გაუტეხია ენა და ისიც კარგად შეუსწავლია, სუფრაზე როდის რას უნდა აკეთებდეს. ადრე, სოხუმში წასვლამდე კი ამ ამბებისა არაფერი გაეგებოდა.

რეზომ არაყი კიდევ ჩამოასხა, ჭიქა მაღლა ასწია და თქვა:

- ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!

ბენოს პირველი ჭიქის სიცხარე კიდევ პირში ედგა. ამიტომ მეორე ჭიქის დალევა უჭირდა. ნადიამ ჭიქა ისე მოუხერხებლად ასწია, იფიქრებდით პირველად უჭირავს ხელშიო და ჩვეულებრივზე უფრო მოალერსე ხმით, ლამის ჩურჩულით იკითხა წყალი თუ შეიძლებაო.

რეზომ ნადიას ჩურჩულიც კი გაიგონა და გუგუჩიას მეგრულად გასძახა:

- წყალი მოგვიტანე ერთი აქეთ, წყალი, თუ შეიძლება!

რეზოს წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, გუგუჩიას ცოლი „ბორჯომის“ ბოთლებით ხელში მოადგა სუფრას.

- ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს! - თითქოს ჟღურტულებსო, ისე თქვა ნადიამ და არაყი ნელ-ნელა დალია. ბენო გააოცა მისმა ერთობ საქმიანმა, სერიოზულმა დამოკიდებულებამ არაყისადმი. მწარე არაყს ქალის გამომეტყველება სრულიადაც არ შეუცვლია. კვლავ ნირშეუცვლელად, საქმიანად იქცეოდა - ცარიელი ჭიქა აუჩქარებლად, ფრთხილად დადგა მაგიდაზე და ასევე აუჩქარებლად, დინჯად მოჰკიდა ხელი „ბორჯომის“ ბოთლს, რომ წყალი ჭიქაში ჩესხა, მაგრამ ბენომ ლამის ხელიდან წაჰგლიჯა ბოთლი, უცებ გაუვსო ჭიქა. ნადიას ტუჩები კვლავ მოკუმული ჰქონდა. „ბორჯომი“ რომ დალია, თავისუფლად, ლაღად ამოისუნთქა, სახე გაუცისკროვნდა და თქვა:

- კარგია!

ამ ერთ სიტყვაში იმდენი ალერსი იყო, იმდენი ნეტარება, რომ ბენოს გააჟრჟოლა და არაყი სულმოუთქმელად გადაჰკრა.

ბენომ სტუმრებს მალე ცვლილება შეამჩნია: აქამდე ხაზგასმულად თავშეკავებული გოგონები ყოველ სიტყვას გამოზომილად რომ წარმოსთქვამდნენ, ახლა კისკისებდნენ, ლაღობდნენ, ბიჭებს ხელს გადახვევდნენ და გულწრფელად, ალალად წამოიძახებდნენ: „ოი, რა კარგია!“ „ღმერთმანი კარგია!“

ნადიამ ბენოს მხარზე რამდენჯერმე ჩამოსდო თავი. ყურის ბიბილოზე თავისი სქელი ტუჩები რამდენიმეჯერ გაუსვ-გამოუსვა, მერე მოალერსე, მოჟღურტულე ხმით ჰკითხა:

- მართლა გიყვარვარ?

ბენო ვერაფერს პასუხობდა. ყურის ბიბილოზე ნადიას ტუჩების შეხება მთელ ტანში ჟრუანტელად უვლიდა, სულში საოცარი შვება იბადებოდა და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა.

- რატომ არაფერს ამბობ? რა კარგი ბიჭები ხართ! - ნადია კვლავ ბენოს ყურის ბიბილოს ეალერსებოდა. ერთხელ აკოცა კიდეც. ისე შეეხო მის ლოყას, ნაზად, სათუთად - თითქოს არც შეხებია - მე ყველა მიყვარს, ყველა - ქართველებიც, სომხებიც… აი ჟიდები კი მძულს, მძულს იმიტომ, რომ ჟიდები არიან.

ბენოს კარგად ესმოდა, თუ რას ამბობდა ნადია. უხაროდა, რომ ქართველები უყვარდა, მაგრამ ვერაფრით ვერ გაეგო, ვინ სძულდა. არ იცოდა თუ რას ნიშნავდა სიტყვა „ჟიდი“. წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე, რომ რუსეთში „ჟიდებს“ სწორედ ებრაელებს ეძახდნენ მაშინ, როცა მათი დამცირება ეწადათ. არც ტატაჩიმ იცოდა ეს. ერთადერთი, ვისაც შეიძლებოდა ცოდნოდა თუ რას ნიშნავდა სიტყვა „ჟიდი“, რეზო იყო, მაგრამ ახლა რეზოს აღარაფერი ესმოდა - ან ქადაგად იყო დავარდნილი და სადღეგრძელოებს წარმოსთქვამდა, ან თავის ირინას ეხვეოდა.

მალე ბენოც აღარაფრად დაგიდევდა თუ რას ნიშნავდა სიტყვა „ჟიდი“. რახან ასეთ სათუთ, ანგელოსივით სუფთა არსებას არ უყვარდა „ჟიდი“, ესე იგი, არც იყო სიყვარულის ღირსი. განა შეიძლება ამნაირმა ადამიანმა ტყუილუბრალოდ შეიძულოს ვინმე? ბენოს გონება თანდათან ებინდებოდა და ნადიას სიტყვები ნანინასავით ჩაესმოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნადია ყურის ბიბილოზე ენას აუსვამდა.

მთვარე კი მარტოკა ეკიდა ცაზე და დამცინავი ღიმილით დასცქეროდა ოდიშის სიმწვანეში ჩაფლული სახლის აივანზე მსხდართ.

ამ საღამოს ამ აივნიდან ხშირად ისმოდა ხმაშეუწყობელი სიმღერა და სიცილ-კისკისი.

ტატაჩი და გურამი მეგრულ სიმღერებს მღეროდნენ. დროდადრო ბენოც წაუმღერებდა ხოლმე, მაგრამ ტატაჩი აჩერებდა - ხელს ნუ გვიშლი, სიმღერას ნუ გვიფუჭებო. გოგონები ცდილობდნენ ყურადღებით ესმინათ ეს უნაზესი და მომხიბლავი სიმღერები, მაგრამ უკვე ვერ ახერხებდნენ. ევას, ტატაჩის გვერდით მჯდომ გოგონას კი ცრემლი სდიოდა, ეს რანაირი სიმღერა არის, ნაღველი მომერიაო. ზემფირაც აცრემლდა. მერე რეზომ იმ ებრაელი ბიჭის სიმღერა წამოიწყო, რომელიც საპატარძლოს სანახავად მიიყვანეს ოჯახში, იქ პურ-მარილი გაუშალეს და…

იმაიმი და ლეხემი
ბასარიც ტობათ ვთოხლეო,
ნაშა ზაყენი იეშობს,
ბაითში დამალეხეო1.

ბენოს ეს სახუმარო სიმღერაც ბუნდოვნად ჩაესმოდა და ვერაფრით გაეგო თუ რატომ, რისთვის მღეროდა რეზო.

მერე, როცა მთვარე სავახშმოდ ღრუბლებს მიეფარა, სუფრა დატოვეს. ბენოს მხოლოდ ის ახსოვს, როგორ წამოიშალნენ, ისიც, ნაბიჯის გადადგმა რომ გაუჭირდა, მაგრამ ნადიამ შეაშველა ხელი - ისე ძლიერად დაიჭირა, მოეჩვენა ჩემზე გამართულად არავინ დადისო.

ეს ახსოვს, სხვა არაფერი.

*****

სულში ჩაღვრილმა სითბომ გონება გაუნათა - ყველაფერი ეს სიზმარს ჰგავდა. სულში ასეთი სითბო მაშინ ჩაეღვრებოდა, როცა სიზმრად ესთერს ხედავდა. ახლაც იმ სიზმარივით სულწარმტაცი იყო ყველაფერი, მაგრამ ესთერი არსად ჩანდა. განა შეიძლება ასეთი დიდებული, ასეთი ლამაზი სიზმარი ესთერის გარეშე? საოცარია! არა და, განა ერთი, ლამის სამი-ოთხი სიზმარი ნახა მას შემდეგ, რაც გუგუჩიების დუქნიდან გამოვიდა. ახლა რამ გამოარვიძა? ღად უნდოდა? რა კარგი სიზმრები იყო, რა წარმტაცი! ახლა? ესთერი სად არის? ესთერი რატომ არ იყო მის გვერდით.

ვიღაცის სუნთქვა მოსწვდა ყურს. თვალი გაახილა. ვერაფერს ხედავს. ირგვლივ მრუმე სიბნელეა. ხელი რაღაც მკვრივს, საამოს შეეხო.

ქალის სხეულმა ის აგრძნობინა, რომ მამაკაცია და კვლავ დაიწყო სიზმარი.

იმ სიზმრებში ნამდვილად ეძინა. იმ სიზმრებში მის გვერდით სულ ესთერი იყო, ახლა კი არც ეძინა და არც ესთერი სჩანდა სადმე. ახლა სიზმრის სიტკბოებას არა მძინარე, არამედ თვალგახელილი განიცდიდა.

თავი ბალიშზე გადადო, ყველაფერი საამო იყო, ძალიან საამო. რამდენი ხანი გაგრძელდა ასეთი განცხრომა? არ იცის, არ ახსოვს; ესთერი რომ არსად სჩანს? არც ძინავს, ძალზე უცნაურია ყველაფერი! ქალის ალერსს გრძნობდა, ქალს კი ვერ ხედავდა. ვერ დაენახა ის, ვინც ასეთი სიამე მოჰგვარა, ვინც ასეთი სიზმარი აჩვენა.

ხელი, ხელი შეეხო რაღაცას. მიხვდა ქალის მკერდი იყო - ქალის, შიშველი, მკვრივი მკერდი.

ისევ ჟრჟოლვამ დაუარა სხეულში. მოულოდნელად, მყის გაუნათდა გონება.

ეს ესთერი არ უნ და ყოფილიყო. ესთერს აქ რა უნდოდა!.. ეს სხვაა, სულ სხვა.

ნადია! ერთად არიან! ნადია აქ არის!

რა ჰქნას? რა მოიმოქმედოს?

კი, კი, ნადია იყო! მკერდზე ალერსით უსვამდა ხელს.

ფეხზე წამოიჭრა. გაოგნებული მიაჩერდა შიშველ ქალს. თურმე ნადიას თმა ეფინა სახეზე, თორემ ეზოში მდგარი ლამპიონის შუქი მკრთალად, მაგრამ მაინც ანათებდა ოთახს.

- ტუალეტში გინდა? - ღიმილით იკითხა ნადიამ. ხმაში მოქანცულობა ეტყობოდა. წინ ჩამოშლილი თმა უკან გადაიყარა. ძუძუები ორ სავსე მტევანს მიუგავდა. - გელოდები, - თქვა ნადიამ და თავი ბალიშზე მიდო.

ბენო ერთხანს უძრავად იდგა. არ იცოდა რა მოემოქმედნა. ნადიამ გვერდი იცვალა. გადაბრუნდა. ქალის შიშველი სხეული სინათლის ზოლში მოექცა. მონუსხული შესცქეროდა ქალის სხეულს. ახლა გააცნობიერა, რომ ნადიას სიშიშვლემ თავისი სიშიშვლეც კი დაავიწყა - შარვალს დაავლო ხელი (იქვე, იატაკზე ეგდო), საჩქაროდ ჩაიცვა, მაგრამ ჯერ ხომ ტრუსი უნდა ჩაეცვა? ტრუსი არსად სჩანდა. იგრძნო, რომ მეორე ლოგინზე ვიღაც იწვა. თვალი აარიდა. სულაც ზურგი აქცია. საწოლის ქვეშ შეიხედა. ტრუსი არსად არ ჩანდა. მერეღა მოჰკრა თვალი - ბალიშზე იყო. შარვალი ფართი-ფურთით გაიხადა, ჯერ ტრუსი, მერე შარვალი ჩაიცვა, ხალათს დასწვდა, თან იმაზე ფიქრობდა მეორე საწოლში ვინ უნდა იწვესო. ცნობისმოყვარეობამ მოატრიალა - რეზო და ზემფირა იყვნენ. რეზოს ზაფხულის მზემოკიდებულ ტანზე ამობურცული დუნდულები თეთრი, პაწია კუნძულებივით ჩანდა. ნადია გადმობრუნდა. კმაყოფილი ლეკვივით დაიკრუსუნა და მსუბუქი ფშვინვა ამოუშვა. უცებ ბენოს მოეჩვენა, რომ ქალის სხეული ლაქებით იყო დაფარული, თითქოს სუნიც ასდიოდა ქალს. კი, კი, სუნი ასდიოდა განა მხოლოდ ნადიას - მთელ ოთახში მძაფრი, აუტანელი სიმყრალე იდგა. ამ სუნის გამო აქ გაჩერება შეუძლებელი იყო. რეზოს ეცა, შეანჯღრია.

- ადექი, ადექი, წავიდეთ!

დაფეთებულმა რეზომ თავი წამოსწია.

- ადე, წავიდეთ!

- რა?

- ადექი, სახლში წავიდეთ, ვერ გრძნობ, რა სუნი დგას?

რეზომ მიმოიხედა, ოთახი დაყნოსა, ბენოს ჩურჩულით ჰკითხა:

- ცეცხლი გაჩნდა?

- რა ცეცხლი, აქოთებულია აქაურობა. წავიდეთ სახლში!

- სახლში რა გინდა!

- ბიჭო, სუნს ვერ გრძნობ?

- შენ ხო არ აურიე? ახლა აქედან მე ცეცხლის მეტი რა გამიყვანს! - გადაბრუნდა, ზემფირას ხელი ისე ძლიერ მოხვია, მკერდზე ისე მიიკრა, რომ გოგონამ თითქმის დაიკვნესა.

ბენოს მოეჩვენა, რომ სხეული უხურდა, მკერდზე, მუცელზე, ფეხებზე მასაც ედებოდა ლაქები. ოთახიდან ისე გამოვარდა, იფიქრებდით, მოსდევენო. ეწადა სწრაფად, დაუყოვნებლივ გასცლოდა ამ სულისშემძვრელ სუნს. მაგრამ პირველ სართულზე, დერეფანში ნაბიჯი შეანელა. სანატორიუმის დარაჯს სწორედ კართან ეძინა, ფეხაკრეფით, ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა კარისაკენ. ფრთხილად გამოაღო და ეზოში გავიდა. ეზოში ისეთი სიგრილე და სისუფთავე იგრძნო, მარადმწვანე ნაძვები და ევკალიპტები ისე დიდბუნებოვნად, დინჯად იდგნენ, რომ საბოლაოდ ირწმუნა: იქ, ოთახში, მართლა აქოთებული იყო ყველაფერიო. ეზოს დაღმართი ჩაირბინა და ტრასაზე გამოვიდა. აქ კი მშვიდად განაგრძო გზა. რატომღაც ცას ახედა. გაოცდა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა შვილებით კალთასავსე და კვლავაც შვილთა მომლოდინე სახეგაბადრულ ქალს ჰგავდა. მარცხნივ მოუხვია და დაბისაკენ მიმავალ გზას დაადგა. „დაბამდე ოთხი-ხუთი კილომეტრია“, გაიფიქრა და ფეხს აუჩქარა.

ირგვლივ დუმილი გამეფებულიყო. მდუმარების სამყაროში რაღაც ნაგებობები თითქოს იმისთვის წამოემართათ, რომ ბენოს დაეთვალიერებინა. დუმილი მას შემდეგ უფრო გააცნობიერა, როცა გაახსენდა, თუ როგორ სიცილ-ხარხარით მოდიოდნენ აქ სულ რამდენიმე საათის წინათ. მთვარე ვერცხლისფრად ანათებდა ეზოებში ჩამწკრივებულ დაფნის ბუჩქებს. „რა ლამაზია!“ - გაუელვა თავში. ცდილობდა დაფნის ბუჩქებზე, ვარსკვლავებზე, ირგვლივ გამეფებულ მდუმარებაზე ეფიქრა და ამით დაევიწყებინა ოთახი, იქ გამეფებული სუნი. უუნდოდა გონებიდან ამოეგდო იქ ნანახი სურათი, მაგრამ ლოგინზე ნებიერად გადაწოლილი შიშველი ქალის სხეული მაინც თვალწინ ედგა. დარწმუნებული იყო ნადიას სხეულს ლაქები მოსდებიაო. იმ არარსებულ ლაქებსაც ხედავდა.

გუგუჩიების დუქანს რომ ჩაუარა, წყურვილი იგრძნო. აქ რა კარგი იყო ნადია! - გაკრთა ფიქრი. მერე შიში დაეუფლა: სახლში რა ვთქვა, აქამდე სად ვიყავიო. „გადარეული იქნება დედაჩემი, შეშინდებოდა. ლიამ თუ ფანჯარა არ ჩაკეტა, კარგია - ფანჯრიდან გადავძვრები. ლიამ არაფერი არ უნდა გაიგოს, რა ლიას სცოდნია ჩემი გვიან მოსვლა და რა - დედაჩემს“. ფიქრობდა, მაგრამ საწოლზე ნებივრად გადაწოლილი ნადიას შიშველი სხეული მაინც თვალწინ ედგა. უკვე რკინიგზის გასწვრივ მიდიოდა. რკინიგზის მიღმა კი ბექობი იყო. იმ ბექობზე…

ბენოს გული შეუქანდა. ცივმა ოფლმა ჯერ შუბლზე დაასხა, მერე მთელ სხეულზე. იგრძნო როგორ გაუძლიერდა გულისცემა. ნაბიჯი შეანელა, შეჩერდა კიდეც, მაგრამ იმასაც გრძნობდა, რომ ახლა გაჩერება არ შეიძლებოდა. ერთი წუთითაც არ შეიძლებოდა გაჩერება. ახლა გაჩერება თვითმკვლელობას უდრიდა. იქ, იმ ბექობზე ხომ სასაფლაოა! - ეს ბექობი, ეს სასაფლაო რომ მოგონებოდა, რასაკვირველია, იმ მყრალ ოთახში დარჩენას ამჯობინებდა. ნადიასაც ისე ჩაეკვრებოდა, რომ ვერავინ, ვერაფერი მოაცილებდა.

ბექობზე ებრაელთა სასაფლაო იყო.

სასაფლაო ბენოს შიშს გვრიდა. სასაფლაოს დანახვისას სული უკიოდა. აქ, ამ სასაფლაოზეა ძაბული ბებია, აქ არის ეფრემი - აი, იქ წევს, იმ ხის ძირში, ბერიკაცივით რომ მოხრილა წელში. არონ ბიძიაც აქ არის - რიბკას ძმა - მსუქან-მსუქანი, ჭორფლიანი არონ ბიძია.

ყველანი აქ არიან, ყველანი ერთად არიან!

ახლა ეფრემიც იქ არის. ისინი ერთად არიან!

ბენო კი მარტოა. სრულიად მარტო!

ირგვლივ დაფნის მაღალი ბუჩქები, ზემოთ - ცივი მთვარე, ცაზე იაფფასიანი ქვებივით მიმოფანტული უტყვი, ცივი ვარსკვლავები.

ნაბიჯი ვერ გადაუდგამს, ფეხებზე თითქოს დოლაბის ქვები გამოაბეს. „ალბათ, ვიღაცა მიჭერს“ - გაუელვა თავში და მოეჩვენა, რომ ხალათში ჩაავლეს ხელი. ვინ? ვინ იყო? ასე ძლიერ ვინ ჩაავლო ხელი? ძაბული ბებიამ? ეფრემმა? არონ ბიძიამ? თუ ყველამ ერთად? კი… კი, ყველა ერთად გადმომდგარა ბექობზე, სამივე წამომდგარა საფლავიდან, აგერ აქამდე გადმოუშვერიათ ხელები, რკინიგზის გაღმიდან, ბექობიდან აქ სწვდება მათი ძვლად ქცეული ხელები, იქიდან აქ ჩაავლეს ხელი. კანკალმა აიტანა. არც გაუგია როგორ იყვირა, იყვირა კი არა, იღრიალა. მისთვის რომ გეკითხათ, ხმაც არ ამომიღიაო, სინამდვილეში კი ისეთი ღრიალი მორთო, ბარე ორ მოსახლეს გააღვიძებდა. თითქოს ამ ღრიალმა დააფრთხოო მიცვალებულები, ამ ღრიალის გამო უშვეს ხელი, თუ თავად ბენოს გაუჩნდა ისეთი ძალა, რომ მაინც მოწყდა ადგილს, მაინც გაიქცა? მას ამიტომაც არ დაუნახავს და ვერც გაიგებდა როგორ გამოვიდა აივანზე თეთრპერანგიანი კაცი, მიმოიხედა, მიაყურადა ვინ ყვირის, მშველელს ვინ უხმობსო, მაგრამ ბენო ისეთი სისწრაფით გარბოდა, ვერაფერი მიეწეოდა. ასე სწრაფად არასოდეს ურბენია და განა მხოლოდ მას, დაბაში არავინ იყო ისეთი, რომ ასეთი სიჩქარით გაქცეულიყო. ელვის სისწრაფით ეცლებოდა სასაფლაოს.

დაბაც მალე გამოჩნდა. დაბის გამოჩენამ საკუთარი თავის რწმენა და სიმშვიდე მოჰგვარა. ბაზარს რომ გვერდი აუარა და თავისი სახლიც დაინახა, სირბილს უკლო, ჭიშკარს ნელი ნაბიჯით მიადგა, ფრთხილად შეაღო, ისე რომ კარი არ გაჭრიალებულიყო. ლიას ფანჯარა ღია დაეტოვებინა. სახლს შემოვლებულ აგურის სარტყელზე იოლად ახტა. ზედ ფეხი მოიკიდა, ფანჯრის რაფას ორივე ხელი ჩასჭიდა და ოთახში გადაძვრა. ლიას ეძინა. თმა პირისახეზე გადმოშლოდა. ოთახი ფეხაკრეფით გაიარა, რომ დას არაფერი გაეგო. ლოგინზე ჩამოჯდა, მიმოიხედა. მთვარის შუქი სწორედ ლოგინს ეცემოდა. დაღლილობა ახლაღა იგრძნო. ოფლი ტანზე შეშრობოდა. ტანსაცმლის გახდის ძალა აღარ ჰქონდა. თავი ბალიშზე მისდო.

- ადექი, ხომ, შვილო! - ცოტა ხნის შემდეგ მოესმა მამის ხმა.

ბენოს პასუხი არ გაუცია. ან რატომ უნდა ამდგარიყო ამ შუარამისას?

- ბენიკო! - პასუხი რომ არ მიიღო, უფრო ხმამაღლა შესძახა დათიკომ მეზობელი ოთახიდან.

- აგერ ვარ, მამა! - ბალიშიდან თავი ვერ ასწია, ისე გაეპასუხა ბენო.

- დაგვიანდა, შვილო, გამოდი დროზე, კიდო გძინავს?

- რა იყო?

- რავა რა იყო, სელიხოთი დაგავიწყდა?

რასაკვირველია, ბენოს სელიხოთი აღარც ახსოვდა. ჯამაათი სელიხოთზე მიდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამთენიის პირი დამდგარა. ბენოს კი ისევ შუაღამე ეგონა. ბენოს ახლა არაფრით არ უნდოდა ადგომა. ძალაც არ ჰქონდა.

- თავი მტკივა, მამა! - მიაძახა დათიკოს იმ იმედით, იქნებ, სახლში დარჩენა და ძილი მოვახერხოო, თუმცა, იცოდა: მამა არაფრით არ დაუშვებდა, რომ ბენო ამ დილით სელიხოთზე არ წასულიყო.

- ადექი, ნუ გეზარება! - თითქმის ბრძანებით შემოსძახა დათიკომ შვილს.

ბენო კი ასეთი დაღლილი არასოდეს ყოფილა. არც ასეთი ღამე ჰქონია ჯერ. როგორ დაეზარა წამოდგომა!

- ადექი, ადექი, არაფერი გიჭირს, - ისევ მოაძახა დათიკომ.

ბენო წამოდგა, ხალათი გაისწორა, ქუდი დაიხურა და ეზოში გამოვიდა.

სამიოდ წუთში მამა-შვილი სალოცავისკენ მიეშურებოდა.

- აუჩქარე ფეხს ცოტა, გაგვიანდა! - გადაულაპარაკა მამამ შვილს.

სალოცავისაკენ მხოლოდ დათიკო და ბენო როდი მოდიოდნენ. განთიადის მდუმარებაში მკაფიოდ ისმოდა ებრაელთა ხმები, ისმოდა როგორ გამოდიოდნენ ეზოებიდან, ჭიშკარს ფრთხილად, უხმაუროდ გამოიხურავდნენ, ფრატუნფრატუნით მიმავალნი ლოცვანის ამა თუ იმ მუხლს ბუტბუტებდნენ.

დათიკო და ბენო ჯერ შალიკო „ტენტიანს“ წამოეწივნენ, მერე რუბენს, მერე კი - გაბოს.

- შალომ ალეხემ! - ხმადაბლა ესალმებოდა დათიკო მეზობლებს.

- მშვიდობა ნუ მოგიშალოს გამჩენმა!

- მრავალ სელიხოთს დაგასწროს ღმერთმა!

- მშვიდობის წელიწადი!

- მომავალ სელიხოთს იერუშალაიმში შევხვედროდეთ!

- გისმინოს ღმერთმა!

სალოცავის ჭიშკართან მამა-შვილს ისახარ სეფიაშვილი შემოხვდათ. დათიკოს ისახარის დანახვა არ ესიამოვნა. მოეჩვენა, რომ ისახარი შემთხვევით არ შეეჩეხა აქ - სახეზეც რაღაც უცნაური, დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა. დათიკოს მის დანახვაზე ლამის გააჟრჟოლა. ამ ათიოდე დღის წინანდელი უსიამოვნო საუბარი მოაგონდა.

ისახარი იმ დღესაც ასე იდგა დათიკოს საამქროს წინ. დათიკო საამქროდან ხედავდა ვიღაცის მომლოდინე ისახარს და უკვირდა თუ ვინმეს ელოდება, აქ რატომ არ შემოდის, აქ რატომ არ ჩაიმუხლებსო. დათიკო რომ საამქროდან გამოვიდა, საღამო ხანი იყო. აქ რას ელოდებიო, ჰკითხა ისახარს.

- შენ გიცდი, ჩემო დათიკო, შენ, მარა, ხო იცი, კაცი რომ ფარას იშოვის, სხისი ვარამი აღარაფრად აწუხებს. შენ გამოსვლა არა და არ ინებე!

ცხადია, დათიკოს არ მოეწონა საუბრის ასე დაწყება: გეთქვა, შე კაცო, თუ ჩემთვის იდექი აქ, ამნაირი მოუცლელი რა უნდა მჭირდესო, უნდოდა ეთქვა ისახარისათვის, მაგრამ თავი შეიკავა, აღარაფერი თქვა და კითხვით მიაჩერდა ისახარს.

ისახარს თურმე დათიკოსა და კირილეს საამქროში მუშაობა სდომებია. ჩემ წილ ფულს მეც შემოვიტან და ერთად ვიმუშოთო.

დათიკოს ისახარის წინადადება არ ეჭაშნიკა: ისახარმა ხომ კარგად იცის, რომ ამ საქმის პატრონი მხოლოდ მე არა ვარ და რატო მაინცდამაინც მე მომადგაო. უთხრა კიდეც ისახარს: რაღა მე ამომირჩიე, რატომ მაინცდამაინც ჩემთან მოხვედიო.

- შენ იმიტომ მოგადექი, დათიკო, რომ წესიერი კაცი ხარ, ნამდვილი ისრაელი და გამიგებ კიდეც.

- ისრაელი რომ ვარ, მაგიტომ არ შეიძლება ამხანაგს ვუღალატო, ისახარ, მე კირილეს გარეშე ნაბიჯს არ გადავდგამ.

- ის ხომ გადადგამს უშენოდ? - თვალები ეშმაკურად მოჭუტა ისახარმა.

- მე ჩემი ამბავი გითხარი, ისახარ! მოველაპარაკები ამხანაგს, ავწონ-დავწონით და ვნახოთ, მარა ეჭვი მეპარება ეს საქმე გამოვიდეს.

დათიკომ რომ ისახარის ნათქვამი კირილეს უამბო, კირილემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მაგას ჩვენთან არაფერი ესაქმება და ამ საამქროში არ შემოვუშვებო. დათიკომ კი ასეთი პასუხი მისცა ისახარს:

- კარგად ვიანგარიშეთ ყველაფერი, ავწონ-დავწონეთ, ისახარ და არაფერი გამოდის. მაგ ცეხში ერთ-ორ კაპიკს ვშოულობთ, მარა იმდენი კი არ არის, სამი ოჯახი რომ გააძღოს, პატარა ცეხია. ლუკმა-პურს გვაჭმევს. ეს არის და ეს!

- აბა, ულუკმაპუროდ მიტოვებ ცოლ-შვილს?! ისრაელი კაცი ამას რო მიკეთებ, სხვა რას გამიკეთებს?

იმ დღის შემდეგ დათიკოს ისახარის დანახვა არ სიამოვნებდა.

ახლაც, ამ ჯერ კიდევ ღამის სიბნელეში, სელიხოთის დაწყების წინ ისახარის დანახვაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, მაგრამ თავი მაინც დინჯად დაუკრა.

- შალომ ალეხემ, ისახარ!

- შალომ ალეხემ კი არა, ბედნიერი სელიხოთი უნდა მითხრა, დათიკო, მე გასწავლო?

დათიკო შეყოვნდა. არ იცოდა რა მიეგო ისახარისათვის, რა ეთქვა. უკმეხი პასუხი არ უყვარდა, არც შეეძლო. გაიღიმა და თავის მართლების ინტონაციით წარმოსთქვა:

- რატო, შე კაცო, მშვიდობა ბედნიერება არ არის? ჩვენთვის მშვიდობაა მთავარი, მშვიდობა იყოს და ადამიანი ყველაფერს მოახერხებს.

სალოცავის ეზოს ჭიშკარი შეაღო, მაგრამ ისახარის ხმამ ისევ უკან მოაბრუნა:

- დათიკო!

- რა იყო, ისახარ?

- ისე ხომ ხარ მშვიდობით?

- გამჩენის წყალობით!

- კარგი, აბა! ოჯახში მშვიდობიანობას არაფერი ჯობია, ქონებაც კი არ ჯობია მაგას! ხომ მართალს ვამბობ, ჩემო დათიკო!

- კი, ბატონო, მართალი ხარ!

დათიკო სალოცავის ეზოში შევიდა.

დაბის სალოცავი დიდ, მოლმორეულ ეზოში იდგა. წითელი აგურით ნაშენი სალოცავის ღია ფანჯრებიდან უხვად იღვრებოდა სინათლე და ღმერთს მავედრებელ ებრაელთა ხმა.

სელიხოთი ებრაული ახალი წლის - როშ ჰოშანის წინა დღეების გამთენიის ხანის ლოცვაა. იგი იწყება მაშინ, როცა ფოთოლს სიყვითლე შეეპარება, როგორც ხალხში იტყვიან, ზღვაში ყინული ჩავარდება და ორმოცი დღე გრძელდება. ბრაელები ორმოც დღიანი გამთენიის ხანის ლოცვით ქვეყნიერების შემქმნელი ღმერთის ქება-დიდებით, ხოტბით აცილებენ ძველ წელიწადს და ეგებებიან ახალს - როშ ჰოშანას. ის ახალი წელი უმეტესწილად სექტემბეში, ან ოქტომბრის დამდეგს დგება. იგი ემთხვევა იმ დღეს, რა დღესაც ღმერთმა ადამიანი შეჰქმნა. ახალი წლით აღინიშნება ადამიანის შექმნა. ილევა ძველი წელი. ახალი წლისა და ღვთის წყალობის (მშვიდობის, დიასპორიდან თავდახსნის ე.ი. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების) მომლოდინე ებრაელები გულმხურვალედ ლოცულობენ ძველი და ახალი წლის მიჯნაზე. რაც უფრო ახლოვდება ახალი წელი, მით უფრო მხურვალეა ეს ლოცვა. მით უფრო მეტის მგზნებარებით ადიდებენ ღმერთს. სელიხოთის ლოცვა აპოგეას აღწევს მაშინ, როცა რაბი შოფარს დაჰკრავს - ცხვრის რქისგან გამოყვანილი საყვირი უხმობს ებრაელთ. უხმობს ერთიანობისა და ღვთის ერთგულებისაკენ. ყოველი ებრაელი, რომელსაც ჯერ კიდევ ებრაელად მიაჩნია თავი, განსაკუთრებული სისათუთით, მღელვარებით ეკიდება ამ დღეებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამქვეყნიურ ცოდვათაგან განწმენდის ერთ-ერთი გზა სწორედ ამ ცოდვათა საკუთარი თავის წინაშე აღიარებაა, საკუთარ თავში უცხო კაცის თვალით ჩახედვა. ვინც შეიგნო, რომ გუშინ შესცოდა, ხვალ ცოდვას არ ჩაიდენს.

ისე როგორც ჩვენი ცხოვრების ბევრ მხარეს, დრომ ებრაელთა ლოცვასაც მიანიჭა ინერციის, გაუცნობიერებელის სახე. ამან სიყალბეც განაპირობა. მრავალთათვის ლოცვის პროცესი აუცილებელი რიტუალი უფრო გახდა, ვიდრე ლტოლვა შინაგანი განწმენდისაკენ.

დათიკო ლოცვას შეუდგა. ადიდებდა ღმერთს, ისე როგორც სხვები, მშვიდობიან ყოფასა და ოჯახის ჯანმრთელობას ავედრებდა ადონაის. ამ ახალი წლის წინ დროდადრო იმაზეც ფიქრობდა განვლილი წლის განმავლობაში ნამოქმედართაგან რა უნდა ჩასთვლოდა ცოდვად და რა - არა. მთელი წლის ცხოვრებას თვალს რომ ავლებდა, თითქოს თავს არ უნდა დამდურებოდა: ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ გამჩენის წინაშე დამნაშავე ვიყოო.

დედის, ძაბულის ხსოვნას თავისას მიაგებდა.

ეფრემის წლისთავს ხომ არა და არ ივიწყებდა.

მამას, დავრდომილ იაკობს, ყურადღებას არ აკლებდა.

ცოლს, რიბკას, არასოდეს არ ღალატობდა და ახლა გვიანი გახლდათ, რაღა დროს ამ ჭაღარამორეული კაცის სხვა ქალებისაკენ გახედვა იყო!

ადამიანი არასოდეს სძულდა და ეს მძიმე სენი არც წელს მორევია.

არ მოუპარავს.

არავინ მოუტყუებია.

არც არავინ დაუბეზღებია.

ღარიბებს დროულად განიკითხავდა.

არა მარტო თვითოეულ ღარიბს აძლევდა ფულს, სალოცავშიც დროულად მიჰქონდა მათი დახმარებისათვის განკუთვნილი თანხა.

მართალია, სხვებს მეტი მიჰქონდათ, მაგრამ სხვებს მეტიც ჰქონდათ - ჭამა კი ქონებაზე ჰკიდიაო.

რამდენი რამე უდევს წინ: ბიჭი წამოიზარდა. საამქროში კი დადის, მაგრამ საამქრო არაფრად ენაღვლება, არც ვაჭრობა ეპიტნავება. ამას სწავლა უნდა. დღეს კი სწავლას ფული სჭირდება. უფულოდ სწავლა აღარ გამოდის. გოგოც წამოიზარდა. ხვალ თუ ზეგ უნდა გავათხოვო. ქალის მზითევს კიდო იმდენი უნდა… ასე უპატრონოსავით ხომ ვერ გავუშვებ ბაღანას.

რამდენი ფიქრი დასტრიალებდა თავს დათიკოს.

ისახარის ხმამ მოაბრუნა ლოცვისაკენ - ფიქრებიდან გამოერკვა. ისახარი ხმამაღლა ლოცულობდა: ღმერთს მშვიდობას შეჰღაღადებდა, საამო ხმა ჰქონდა. სასიმღერო პასაჟებს ისეთი გრძნობით წაუმღერებდა, რომ მის ტკბილ ხმას მთელ ჯამაათში გამოარჩევდა კაცი.

სელიხოთის ლოცვა ხანმოკლეა. დილის რიჟრაჟზე, ცას რომ მტრედისფერი შეეპარება, ისიც მთავრდება.

დაბელები ყოველდღიურ, დილის ჩვეულებრივ ლოცვას შეუდგნენ.

ამასობაში მზეც გვირგვინად დაადგა ამ ჭალებს, მთებს, მდინარეებს, ტყეებს. მზის სხივებმა გააცისკროვნა ქვეყნიერება. ისე ლამაზი იყო არემარე, ისეთი უბიწო, გულალალი კაცი კიდევ ერთხელ შესწირავდა ღმერთს მადლობას იმის გამო, რომ სამყაროს ასე ჩაუდგა სული, ისე ააშრიალა ეს ფოთლები, მზით ასე გააბრწყინა და გაათბო ქვეყნიერება.

მზემ იმ კუთხესაც უხვად მოჰფინა სხივები, რომელშიც ებრაელთა სალოცავი იდგა. სალოცავის ეზოში გამოფენილი დაბელები ღარიბ-ღატაკთ ფულს ჩუქნიდნენ. ებრაელი ღარიბთათვის ფულს მთელი წლის განმავლობაში იმეტებს, მაგრამ დღეს, ახალი წლის დადგომისას, განსაკუთრებული მონდომებით აკეთებს ამას. ვისაც როგორ შეუძლია, ისე გაიკითხავს. მოხუცებს, დავრდომილებს, უქმროდ დარჩენილ დედებს, ომში დაღუპულთა ოჯახებს, ომში დასახიჩრებულებს, პატიმართა ცოლ-შვილს. ამ საღამოს ებრაული კალენდრით ხუთი ათას შვიდას ოცდამეხუთე წელი დგებოდა. ახალი წელი კი ისევე ეკუთვნის ღარიბს, როგორც მდიდარს. შეძლებულ ებრაელს კი მხოლოდ მაშინ აქვს ტკბობის უფლება, თუ ღარიბიც თუნდაც პაწია, მაგრამ მაინც დღესასწაულს მოუწყობს თავის ოჯახს როშ ჰოშანის დღეებში.

სალოცავის ეზოში ახლა მხოლოდ ამ დაბის ღარიბ-ღატაკნი როდი შეკრებილიყვნენ. მეზობელი დაბებიდანაც ბევრნი ჩამოსულიყვნენ. ჯამაათის წევრთა გაკითხვის პასუხად ღარიბნი ხელებს ცისკენ აიშვერდნენ და გამკითხავს შესძახებდნენ:

- გადაგიხადოს გამჩენმა!

- ერთი ათად გიქციოს ღმერთმა!

- ღმერთმა გადმოხედოს შენს ოჯახს!

- მშვიდობა ნუ მოგაკლოს ქვეყნიერების შემქმნელმა!

- ფარნასა, ფარნასა, ფარნასა*

სალოცავში მოსულ ბენოს არც კი გაუგია როგორ ჩაიარა სელიხოთმა, დილის ლოცვამ - ფიქრი ისევ იქ იყო, იმ ოთახში. ეზოში ღარიბების დანახვამ თითქოს გაახარა. ძალიან მოუნდა რაღაცა მიეცა, მაგრამ არ იცოდა ჯიბეში ფული ჰქონდა თუ არა. ხელი ჩაიყო. მოსინჯა, ჰქონია. ღარიბებისაკენ გაემართა და ყოველ მათგანს ცოტ-ცოტა, მაგრამ მაინც ჩამოურიგა. ერთი მანეთიც კი არ დაუტოვებია.

- კარგი ბედი და იღბალი მოგცეს გამჩენმა!

- ხელი მოგიმართოს ღმერთმა!

- გვეღირსოს შენი ქორწილი!

- ბედნიერი ახალი წელი! - მადლიერების ნიშნად შესძახოდნენ ღარიბნი.

სულს სიმსუბუქე დაუფლებოდა. დღემდე სრულიად უცნობი გრძნობა დაეუფლა. ასე ეგონა, ვიღაცის პაწია, გრძნეულ ხელს სულში მოდებული ჭუჭყი გაჰქონდა და სამაგიეროდ სიმშვიდე შემოჰქონდა. ძალაც იგრძნო. ახლა უკეთ - უფრო ცხადად ხედავდა საგნებს, ადამიანებს. მამას მოჰკრა თვალი - დათიკო სახეგაბრწყინებული შესცქეროდა შვილს. ამან კიდევ უფრო გაახარა ბენო - მამას არც თუ ხშირად ჰქონია ასეთი მზერა. უცებ გული დაწყდა: რატომ მეტი ფული არა მქონდა, რომ ისიც ღარიბებისთვის ჩამომერიგებინაო.

ღარიბ-ღატაკთა მწკრივს ოთხმოცს გადაცილებული ელიაუ მიუახლოვდა. ელიაუ მიხელაშვილს თეთრი წვერი მკერდამდე სცემდა. ჯოხს ისე მოაბაკუნებდა, ბრმა გეგონებოდათ, მაგრამ ბრმა კი არა, უღონო იყო. თუმცაღა, იხტიბარს არ იტეხდა. „თქვენისთანა უსაქმურს ბარე ორს გავუმკლავდებიო“, ეტყოდა ხოლმე სალოცავის ეზოში შეკრებილ მოლაზღანდარე-მოჭორავეთ. ისინი კიდევ ხარხარებდნენ და გულითადი სიცილ-ხორხოცით აცილებდნენ ელიაუს.

მოხუცი ხელის კანკალით და ჯოხის ბაკუნით მიუახლოვდა ღარიბ-ღატაკთ. ყოველ მათგანს გამოწვდილ ხელში ფულს უდებდა და ეუბნებოდა:

- მომავალ როშ ჰოშანას იერუშალაიმში შეგვახვედროს გამჩენმა!

- ამენ!

- გისმინოს ღმერთმა!

- გადაგიხადოს გამჩენმა!

- იყოს დღენი შენი სავსე!

- ბედნიერი ახალი წელი დაგიდგეთ ყველას, ყოველ მდიდარ ისრაელი-შვილს! - შესძახა ელიაუს დაბაში ფრონტიდან უფეხოდ დაბრუნებულმა დანიელმა. ელიაუ შეჩერდა. ხელჯოხი ასწია, გნიასი, ხმაური უცებ მინელდა.

- დანიელ, ჭკვიანი კაცი მეგონე მე შენ და ამისთანა რამე რაფერ არ იცი. არ არსებობს მდიდარი და ღარიბი ისრაელი. არის ის, ვისაც გამჩენი შეეწია თავის საქმეში და ის, ვისაც არ შეეწია.

- მერე? - გაეღიმა დანიელს. - ვისაც გამჩენი შეეწია და ფარა იშოვნა, მდიდარიც ხო გახდა? ღმერთმა ყველას მისცეს სარჩო-საბადებელი და ჩვენც!

- შენ ფულიანი კაცი მდიდარი გგონია? აჰ! ვერ მომიწონებია შენგან, ჩემო დანიელ. მდიდარი ის არი, ვინც ბევრი მადლი ჰქნა, შვილები ისე გაზარდა, რომ ხალხს გამოადგეს. სანამ ამ ქვეყნად იყო, იმქვეყნიურისთვის იშრომა, ლოცვა-მარხვას, ღარიბებს არ ივიწყებს. მანათი თუ აქვს, ათ შაურს მაინც იმათ აძლევს. მდიდარი ამნაირი კაცია, თორემ რამდენმა ოხერმა და მუდრეგმა ფარა იშოვა… - აჰ, არ მომიწონებია შენგან და რა ვქნა ახლა მე!

- კი მარა, შენ ხო ხარ მდიდარი და მე ღარიბი, ელიაუ! - დანიელი ყურადღებით მიაჩერდა ელიაუ მიხელაშვილს.

- რავარი ღარიბიც შენ ხარ, იმნაირი მდიდარი ვარ მე! არც მეტი არც ნაკლები. რომ რამე გაჭირდეს, თავს შენზე უკეთ გადავირჩენ, ეს არის და ეს!

- მერე მაგი პატარა საქმეა?

- მართალი ხარ! დიდი საქმეა! ისრაელიშვილი ყოველდღე თავის გადარჩენაზე უნდა ფიქრობდეს! - კვლავ ჯოხის ბაკუნით გაუყვა გზას.

- აბა, ბევრი ფარა თუ ვიშოვე, მდიდარი კაცი ვერ ვიქნები? - მოესმა ელიაუს.

ელიაუ შედგა, ნელ-ნელა მობრუნდა.

- ვინ მკითხა ეს?

- მე, - მიუგო ისხაკია კოჭლმა.

ელიაუმ ერთხანს უხმოდ უყურა ისხაკიას. წასვლა დააპირა, გადადგა კიდეც ნაბიჯი, მაგრამ შედგა, ისევ მიუბრუნდა და პირზეღიმილმომდგარმა უთხრა:

- არა, ბაბა, შენ მდიდარი კაცი ვერ იქნები, ეგება ერთი ვაგონი ფარა იშოვო, მარა, მდიდარი მაინც ვერ იქნები! - მიტრიალდა და კვლავ ჯოხის ბაკუნით გაუყვა ჭიშკრისაკენ მიმავალ გზას. სწორედ იქ შეჩერდა, სადაც დათიკო სალოცავიდან გამოსულთ ებაასებოდა. მოსაუბრეებს დააცქერდა - დათიკო ხარ, ბიჭო? კი ვერ გიცანი. მრავალ როშ ჰოშანას დაგასწროს გამჩენმა. მომავალ როშ ჰოშანას - იერუშალაიმში გვენახოს ერთმანეთი.

- ამენ!

- გისმინოს ღმერთმა!

- დიდხანს იცოცხლეთ, ელიაუ ბატონო!

სალოცავის ეზოში ქათმების კრიახი, ბატების ყიყინი, ინდაურების ჟივჟივი გაისმა - ბავშვებმა სალოცავში სადღესასწაულოდ დასაკლავი ფრთეული მოიყვანეს.

ლოცვით კმაყოფილი და ამის გამო ღვთის წყალობის მოიმედე ებრაელობა ნელი ნაბიჯით მიეშურებოდა შინისაკენ. უმეტესობა კი სამსახურში მიიჩქაროდა. ბაზარში განლაგებულ მაღაზიებს ამ დროს აღებდნენ კიდეც.

- წავალ, ცეხს გავაღებ, ხელოსნები თავის საქმეს შეუდგებიან და სახლში მოვალ, რომ ორი ლუკმა შევჭამო, - უთხრა დათიკომ ბენოს სალოცავის ეზოდან გამოსვლისას. სწორედ ამ დროს მოჰკრა თვალი ადამიას. გულმა რეჩხი უყო. ამ დილაადრიან ამ უწმინდურს ლოცვასთან რა ესაქმებაო, გაიფიქრა და ადამიას ხმაც შემოესმა:

- მოდი აქ შენ!

დათიკომ წაუყრუა. გზა ისე განაგრძო, თითქოს ადამიას ხმა არ გაუგიაო.

- ვინაა ეს კაცი, მამა?

- ობეხეა ჩვენი! - ჩურჩულით სთქვა დათიკომ და ბენომ შეამჩნია, რომ მამას ნიკაპი აუკანკალდა.

- ვის ვეძახი მე, მოდი აქ! - ახლა უკვე ბრაზით მოაძახა ადამიამ და დათიკოსაკენ გამოექანა.

ადამიას შეძახილი სალოცავიდან გამოსულმა სხვა ებრაელებმაც გაიგონეს და შეჩერდნენ. დათიკოს მოუტრიალდნენ.

- არ გესმის, შე შობელძაღლო, რომ გეძახიან? - ადამია დათიკოს მიეჭრა და ქამარში ჩაავლო ხელი.

- დათიკო, ბიჭო, რატო ანერვიულებ პატივცემულ ობეხეს? - მოესმა დათიკოს, მაგრამ მას უკვე აღარ ჰქონდა იმის უნარი გაერკვია, თუ ვინ, რომელი მლოცველი ამბობდა ამას. ფერი წაერთვა, ენა დაება, პირში სიმშრალე იგრძნო.

ბენოს კი ცეცხლის ალივით მიეჭრა სიბრაზე, მაგრამ ადამიას მაინც ხმადაბლა, მშვიდად ჰკითხა:

- რა მოხდა, ამხანაგო?

ადმია ბენოს მოუტრიალდა. მაღალ-მაღალი იყო, ზონზროხა. ფართო სახეზე ზიზღი აღბეჭდვოდა. მისი ჭროღა თვალები სიძულვილსა და მოუთმენლობას გამოხატავდნენ. მოტრიალდა, რომ ამ ვიღაც არამკითხესათვის კბილები ჩაელეწა, მაგრამ ბენოს თვალებში ისეთი სიმშვიდე და სათნოება იკითხებოდა, ეს ბიჭი მიწაზე ისე ძლიერ იდგა, ადამიამ ხელი ვერ გაანძრია. ეს მიმართვაც ძალიან მოულოდნელი იყო: სალოცავის წინ მილიციის მუშაკს ამხანაგოო ეუბნებოდნენ. აქ ერთმანეთს ამ სიტყვით არ მიმართავდნენ. ამ უცნაურმა გარემოებამ დააოკა ადამიას წადილი და ყმაწვილ კაცს უთხრა:

- უფროსი იბარებს.

- მერე ამისთვის ყვირილი რა საჭიროა? - კვლავ ხმადაბლა, მშვიდად, საკუთარი ღირსების ისეთი შეგნებით იკითხა ბენომ, რომ ადამიამ შიშვლად იგრძნო თავი. პასუხი ვერ იქნა და ვერ მისცა ამ ბიჭს. უმწეოდ მიმოიხედა. ადამიანებს მოავლო თვალი. ზოგი მზერით ელაქუცებოდა, ზოგი მტრულად უცქეროდა, ამან გააღიზიანა. ბოღმა ყელში მოაწვა. საკუთარ თავზე გაბრაზდა - ამ ბალღმა როგორ დამაბნიაო და როცა ბენომ ჩვეული ტონი დაარღვია - თითქმის ბრაზით უთხრა, ყაჩაღივით რატომ იქცევით, ადამიანურად მიიყვანეთ უფროსთანო, ადამიამ დათიკოს ხელი უშვა და ბენოს ისე ძლიერ გაარტყა სახეში, რომ ბიჭი ღობესთან დაყრილ ქვიშაზე დაეცა.

- შენი ურია დედა ვატირემე მე, შენი, უყურე შენ! - ბუდე გახსნა, რევოლვერი ამოიღო და დათიკოს მოუტრიალდა - წინ გამიძეხი!

დათიკოს ფეხის გადადგმა გაუჭირდა. ვერ იქნა და ვერ გადადგა ეს ოხერი ნაბიჯი.

- წინ, წინ! - ხელი ჰკრა ადამიამ.

როგორც იქნა, გადადგა ნაბიჯი - უფრო სწორად, ადამიამ გადაადგმევინა. მუხლებში სისუსტეს რომ გრძნობდა, ეს არაფერი - ფეხებს რაღაცას მოუხერხებდა - რამენაირად გადადგამდა გამართულად, მაგრამ სახეზე მხურვალება ისე მოსწოლოდა, მზერა ისე არეოდა, რომ წინ ვერაფერს ხედავდა.

ასე ეგონა სიბნელეში დიდ ბურთზე დააბიჯებდა, ბურთი ტრიალებდა და თვითონ სულ თავდარმა იდგა.

- გეტკინა ბიჭო? - ლოცვიდან გამოსულნი ახლაღა მიუახლოვდნენ ბენოს.

- რა მამაძაღლია ეს ადამია!

- ღმერთო, შენ გვიშველე!

- ღმერთო, შენ მიეცი გაძლება ისრაელის შვილს!

- დაგვიხსენი გამჩენო, დაგვიხსენი.

- სანამ უნდა იყოს ჩვენი ლუკმა მწარე!

ბენოს ეჩვენებოდა, რომ თავში რეზინის მძიმე უროს ურტყამდნენ. ყოველი სიტყვა უროს თითო დარტყმა იყო. თვალები დახუჭა. რამდენიმე წამი თვალდახუჭული ეგდო მიწაზე. ნელ-ნელა წამოდგა. ხელისგულები ეწვოდა. ქვიშაზე დაცემისას ხელისგულზე აცლილ კანს მტვერი მოსდებოდა. ხელზე რომ სისხლის წვეთები დაეცა, მაშინ მიხვდა - ცხვირიდან სისხლი სდიოდა.

- ა, ეს არის ჩვენი მილიცია!

- მილიცია კარგიც გადააშენოს გამჩენმა და გლახაც!

- მოიწმინდე, ბიჭო, ცხვირი! - ესთერის მამა იყო - მორდეხი და, ალბათ, ამიტომაც მოეჩვენა, რომ ერთხელ კიდევ და უფრო ძლიერ დაარტყეს ურო თავში. ისახარი ღობეს მიყრდნობოდა. გულგრილად შესცქეროდა ხალხს.

- მოიწმინდე, ბიჭო, ცხვირი! - კიდევ ერთხელ უთხრა მორდეხმა ბენოს.

ბიჭმა ხელი რომ არ გაანძრია, თვითონ ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი. ბენოს ფრთხილად სწმენდდა ცხვირიდან ჩამოდენილ სისხლს, ესთერის მამამ მოგვიანებით შეამჩნია - მხოლოდ სისხლს არ სწმენდდა ბენოს - ბიჭს ცრემლიც სდიოდა.

- ასეა, შვილო, ჩვენს ლუკმაში ცრემლიც ურევია და სისხლიც. შენ გული ნუ მოგიკვდება ამის გამო. გამჩენია ჩვენი მშველელი. გამჩენი გასცემს პასუხს მამაშენის მოღალატეს.

ისახარ სეფიაშვილი ბენოს მიუახლოვდა, ლოყაზე ხელი მოუსვა და ღიმილით უთხრა:

- შენ ნურაფერს იდარდებ, ბიძიკო, მამაშენს არაფერი დაუშავდება. აგერ არა ვართ? თუ რამე გაგიჭირდათ, დამიძახეთ და თქვენთან გავჩნდები. ხომ იცი, რავა მიყვარს მე დათიკო!

- ამაზე მეტი გაჭირვება რაღა უნდა იყოს, თუ ვინმეს სიკეთე უნდა, ახლა გაანძრიოს ხელი! - თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა მორდეხმა.

- ეს მილიციაში ხალხს იცნობს და რატო არ გაინძრევა! - იმედიანად თქვა შალომია კუტმა.

- მაგენიც გადააშენოს გამჩენმა და მაგათი მცნობელიც! - ხმადაბლა თქვა მორდეხმა.

- რა ბრძანე, მორდეხ? - ყურები ცქვიტა ისახარმა.

- შალომიას ვუთხარი, მართალს ამბობთქვა. შენ კიდო - ვიცი რაფერ გიყვარს დათიკო და ორ სიტყვას არ დაამადლიდი.

ისახარი ყურადღებით, ჯიუტად დააცქერდა მორდეხს. ვერ მიხვდა ამ სიტყვების მიღმა რა იგულისხმებოდა - პირდაპირ გაეგო ნათქვამი, თუ რაიმე სხვა აზრი უნდა ეძებნა მასში. ვერაფრით ვერ მოიფიქრა რა ეთქვა, რა გაეკეთებინა და უნდილად ჩაილაპარაკა:

- აბა!

მორდეხი ერთხანს მიმავალ ისახარს შესცქეროდა, თავს უხმოდ აკანტურებდა. მერე ჩაილაპარაკა.

- ისე შეგიყვაროს ღმერთმა, რავარც შენ სხვები გიყვარდეს. მეტი რა ვთქვა მე.

_________________________

1. პური, ღვინო, ხორცეულიც ბლომად გეახელიო, საპატარძლო არ მომწონს და სახლში გამაქანეო.

18 კირილე

▲ზევით დაბრუნება


დათიკო და ბენო გამთენიის ხანს ისე გავიდნენ სახლიდან, არავის გაუგია. რიბკას დილის გემრიელი ძილი კარზე ბრახუნმა დაურღვია. ვიღაც სულმოუთქმელად და ჯიუტად აბრახუნებდა. რიბკამ დაუფიქრებლად გააღო კარი. ოთხი კაცი კი დაუკითხავად შემოუვარდა სახლში. რიბკამ ისიც კი იფიქრა, ალბათ, ვერ მხედავენო. ოჯახში „ობისკი“ უნდა ჩავატაროთო თქვეს და იაკობს დაადგნენ თავს. მძინარე მოხუცს ჯიბის ფარანი თვალებში მიანათეს. საბანი გადახადეს, საწოლს ფეხი გაჰკრეს, იაკობს ხელი ჰკრეს, გაიღვიძე, გაიღვიძეო, ჩასძახა ვიღაცამ - ადექი, ლოგინი უნდა გავჩხრიკოთო. ლ ია ხმაურმა გააღვიძა, ამდენმა უცხო კაცმა დააფრთხო: ადექი, ადექიო, მასაც შესძახეს. საბნიანდ წამოხტა და დედას აეკრო. რიბკა დაბნეული იდგა კართან და ვერ გაეგო რა უნდოდათ მისგან, რატომ შემოცვივდნენ ეს გახელებული კაცები სახლში. ვერც ეს სიტყვა „ობისკი“ გააცნობიერა უცებ. ერთმა სტუმართაგანმა სამივე ოთახი მყის მოირბინა და რიბკას ეცა: დათიკო სად არის, სად იმალებაო. დასამალი რა სჭირს, ბატონო, ლოცვაზეა კაცი წასულიო, მიუგო რიბკამ და იმ წამსვე მიხვდა: არ უნდა ეთქვა - სწორედ დათიკოს თავს ტრიალებს რაღაც ამბავი და უნდა დამემალაო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ადამია დაუყოვნებლივ გავარდა სახლიდან.

იაკობი გაოცებული შეჰყურებდა ოჯახის გასაჩხრეკად მოსულ ადამიანებს:

რაც მებადა, რა ხანია წაიღეს, დათიკოს კიდო ამათ ხელში რა ქონება უნდა დაეგროვებინა, რომ ისევ მოგვადგნენო.

რიბკა უხმოდ შესცქეროდა გასაჩხრეკად მოსულთ. სულ იმას ნანობდა, რატომ ვთქვი, დათიკო რომ სალოცავად არის წასული, ნეტავ, ენა მომტეხოდაო. ყველაფერი გადაქექეს. ოჯახის ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩაიხედეს: ფული, ოქრო-ვერცხლი სადა გაქვთო. რიბკა კი ფიქრობდა: ჩვენ რომ გვაქვს, იმაზე მეტი არ მისცეს ღმერთმა თქვენს ოჯახებსო. მოგვიანებით, როცა ერთი გამჩხრეკთაგანი - სქელ-სქელი, ღიპიანი, ბურთივით მრგვალი ტაბაღუა ხვნეშით შეუდგა იატაკის აყრას, რიბკა ხელებში ეცა. მკლავზეც კი უკბინა ტაბაღუას: ისედაც გაუბედურებული ვართ და სახლსაც ნუ მინგრევთო. ტაბაღუამ კი ისე ძლიერ ჰკრა ხელი, ქალი კედელს მიეხეთქა და თავიც მიარტყა. რიბკა იქვე ჩაიკეცა. ტაბაღუამ ერთი კი მოხედა რიბკას და იატაკის აყრა განაგრძო, თან იგინებოდა, თქვენი დედა ვატირეო. ოხრავდა, ხვნეშოდა, რადგან პირველი ფიცრის ამოგდება ძალიან გაუჭირდა - ვერსაიდან მოსდო ძალაყინი, მერე, როგორც იქნა, ამოაგდო და ამოისუნთქა კიდეც. იატაკის დანარჩენ ფიცრებს იოლად მოერია, რადგან სიდამპლე შეპარვოდათ. ძალაყინს ურტყამდა და დამპალი ფიცარი გამხმარი პურივით იფშვნებოდა.

ლია დედას მივარდა. წამოაყენა. სკამზე დასვა. წყალი დაალევინა.

მჩხრეკავებმა ვერც იატაკის ქვეშ იპოვეს რაიმე. ოქმი შეადგინეს და ხელცარიელნი წავიდნენ. ტაბაღუა იგინებოდა კიდეც - მომატყუეს მაგ შობელძაღლებმა, ისე დამალეს ოქრო-ვერცხლი, რომ ვერსად ვიპოვეთო.

ბენოს სახლში მისვლა არც უფიქრია. საამქროსაკენ გაიქცა - ეს ამბავი კირილეს უნდა შევატყობინოო. ბაზარი თითქმის სირბილით გადაჭრა, თავი არ აუწევია.სირცხვილი სწვავდა.

კირილე უკვე საამქროში იყო და ყველაფერი იცოდა. ბენო შევიდა თუ არა, ტომარა მიაჩეჩა ხელში: რაც, აი, იმ კუთხეში შეკერილი ფეხსაცმელი, ფეხსაცმელთა ქუსლები და ტყავის ნაჭრებია, ამ ტომარაში მოაქციეო. თვითონაც ტომარა ეჭირა ხელში და შიგ რაღაცეებს ყრიდა. ბენოს აჩქარებდა - ჩქარა, ჩქარაო, შესძახოდა. მერე ეს ტომრები უკანა კარიდან გაარბენინეს, ეზო გადაჭრეს, ღობეზე გადახტნენ, (კირილეს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გაჭირვებამ ეს საქმეც შეაძლებინა - რაღაცნაირად გადაბობღდა) და მეზობელ შუკაში ამოჰყვეს თავი. კირილეს სირბილი უჭირდა. ორიოდ წუთში გული ყელში მოებჯინა, მძიმედ სუნთქავდა, ქოშინით მიდიოდა, ეგუტიების სახლამდე ძლივს მიაღწია, ტომრები იქ დასტოვა და, ქუჩაში რომ გამობრუნდა, ქვის მოაჯირზე ჩამოჯდა. ცოტა რომ დაისვენა და სული მოითქვა, საამქროსაკენ ნელი ნაბიჯით გამოემართა: სადაცაა უთოფო ყაჩაღები მოვლენ და ადგილზე უნდა დავხვდეო. ბენო უხმოდ მისდევდა, ვიდრე იმ შუკას არ მიადგნენ, რომელზეც სამქრო იყო, ხმა არ ამოუღია.

- იმ ტომრებით რა წავიღეთ, კირილე ბიძია?

- შენ მაინც ვერ მიხვდები მაგას და რად გინდა? - ჩაილაპარაკა კირილემ. - ადამიას დედა ვატირე მე! - დასძინა მოულოდნელად.

ბენოს კირილეს პასუხი ეწყინა კიდეც: თუ ამიხსნის, ასეთი მიუხვედრელი რა უნდა იყოსო. უხმოდ განაგრძო გზა. კირილემ, თითქოს ბენოს ფიქრს მიუხვდაო, ხმადაბლა განაგრძო:

- ჩვენი ხეირი ის არის, რომ ეკონომიურად ვკერავთ ფეხსაცმელს. მაგალითად, ერთ ფეხსაცმელს ჭირდება ამდენი და ამდენი ტყავი, ხო?

- ხო. - დაეთანხმა ბენო, თუმცა, ჯერ ვერაფერი გაიგო.

- ჩვენ კიდო ვცდილობთ ნაკლები ტყავი მოვანდომოთ და ფეხსაცმელი მეტი შევკეროთ, მერე კიდო ტყავს იაფად ვშოულობთ. ამით მეტ ფეხსაცმელს ვკერავთ. ის ზედმეტი საქონელი მოვაცილე იქაურობას. მოვიდნენ ახლა აღწერაზე! ვერაფერს დაგვაკლებენ ვერც მამაშენს და ვერც - მე! - სიცილით დასძინა კირილემ. მაგრამ უცებ შეეცვალა გამომეტყველება: - ე, მოსულან გაყაჩაღებული მათხოვრები!

საამქროსთან ადამია იდგა. ორი კაცი ახლდა თან. ერთი მათგანი კირილეს არასოდეს ენახა. ეს კი არ ესიამოვნა, ვაითუ, თბილისიდან კიდევ უფრო გაყაჩაღებული მათხოვარი ჰყავთო ჩამოყვანილი.

- გამარჯობათ, ბატონო კირილე! - ადამია მოწიწებით შეეგება კირილეს.

- რა გინდა, გოგი, შენ! - უკმეხად მიუგდო კირილემ.

- აღწერა უნდა ჩავატაროთ თქვენთან.

- ყაჩაღობას მაინც არ იშლი, ხომ? - თქვა კირილემ და ჯიუტად მიაჩერდა ადამიას. მერე ის უცნობი კაცი მოხვდა თვალში და დასძინა: - ჩვენი პარტია ყველაფერს ცვლის. ყველაფერს, ხალხისთვის ზრუნავს, თქვენ კი ისევ ახრჩობთ ხალხს, ხომ?!

- გააღეთ საამქრო!

- მე კი გავაღებ, მე რა - ჯიბიდან გასაღები ამოიღო, კარისაკენ გაეშურა, ისევ ადამიას მიუბრუნდა - ეს პატიოსანი კაცი ვერ ვიცანი. ვინ არის? - უცნობზე მიუთითა.

- ორგანოს თანამშრომელია - მიუგო ადამიამ.

კირილე დამშვიდდა. აქაური კაცი ყოფილა. ამას თბილისელობა რაში ეტყობა, ისე მორჩილად დგას, ყველაზე პატარა მათხოვარი-ყაჩაღი იქნებაო, გაიფიქრა. კირილე კარის გაღებას აყოვნებდა, ვითომ ბოქლომს გასაღებს არგებდა. ისევ მოტრიალდა.

- საიდან არის, საიდანო? რა მითხარი?

- ორგანოდან.

- ყველანი ორგანოდან ხართ? - ხუმრობის გუნებაზეც კი დადგა კირილე. ამიტომ სწორედ იმ უცნობს მიმართა.

- დიახ. - მორჩილად მიუგო უცნობმა.

- ახლა მორჩილად მელაპარაკება, მარა ერთ-ორ წელიწადში, ფულს რომ იშოვის, რქენას დამიწყებს, მათხოვარი-ყაჩაღი ნამდვილი ყაჩაღი გახდება, - გაიფიქრა კირილემ. ხმამაღლა კი სულ სხვა რამ თქვა: - რომელი ორგანოდან?

უცნობმა უმწეოდ მიმოიხედა. თვითონ რომ ვერაფერს მიხვდა, ადამიას შეხედა.

- ორგანო ერთია, ბატონო კირილე! - ხაზგასმულად ცივად თქვა ადამიამ.

- რატომ? ვითომ რატომ? ორგანო სხვადასხვანაირია. კაცს, მაგალითად, ორი ორგანო აქვს - ერთი წინ და მეორე უკან. არ არი ასე? - თქვენ რომლიდან ხართ? აიცინა და თითქმის ბრაზით დასძინა - მოერიე ხომ, ხალხს?! მალადეცი ბიჭი ყოფილხარ შენ, მალადეცი! ორგანო!

ადამიას სახეზე ალმური მოედო. რაღაცის თქმა ეწადა და ვერ ახერხებდა. მას გრძნობდა კირილე და დამცინავი ღიმილით მისჩერებოდა.

- ჰა, ამოიღე ხმა, გვაღირსე რამე!

- გააღეთ, ამხანაგო საამქრო! - ბრძანების კილოთი თქვა ადამიამ.

ამ ბრძანებას კირილეზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია. კვლავ პირზე ღიმილმომდგარმა გაუყარა გასაღები საამქროს კარზე დადებულ ბოქლომს და ადამიას მიუბრუნდა.

- ხო იცი რას უნდა შობოდე შენ, ადამია? - ადამიამ, ცხადია, არ იცოდა კირილე რას გულისხმობდა. - არ იცი, ხომ? გ ეტყვი ახლავე. დილას და საღამოს სანთელს უნდა უნთებდე ბოლშევიკებს: ხან ლენინს, ხან სტალინს, ხან მიხა ცხაკაიას! მაგათ რო არ გადაებრუნებინათ ეს ქვეყანა, შეიძლებოდა ადამია ასე დალაპარაკებოდა ფაღავას? - მერე კვლავ ცეცხლი ჩაუდგა თვალებში. - მაგრამ რამდენი რევოლუციაც არ უნდა მოახდინოთ, გლახა რომ გლახად დარჩება და კაცი - კაცად, არ იცი?

გასაღები გადაატრიალა, საამქროს კარს ბოქლომი ახსნა და ადამიასა და მის მომყოლთ შიგ შეუძღვა.

აღწერა სამ დღეს გაგრძელდა.

კირილეს ურჩევდნენ ადამიასთან საერთო ენა გამონახე და ყველაფერი მალე დამთავრდება, დათიკოც მალე გამოვა საპატიმროდან და საამქროც უცებ გაიხსნება, თორემ, არ გაგიკვირდეს, შენც დათიკოს გვერდით დაგსვანო. კირილე კი გაიძახოდა: როდის იყო ფაღავები ადამიებთან მოლაპარაკებას მართავდნენ და ჯიბეში ფულს უდებდნენო. ამას ამბობდა, თორემ იმედი სულ სხვა რამისა ჰქონდა: რაც საშიში იყო, საამქროდან გავიტანე, გადავმალე, ყველაფერი რიგზე მაქვს და ადამია ვერც მე, ვერც დათიკოს ვერაფერს დაგვაკლებსო.

გაბო „ღანჯურამ“ ისიც კი უთხრა:

- მილიციის კარს მიმდგარი კაცი, რაც არ უნდა მართალი იყოს, უფულოდ თავის სიმართლეს ვერ ამტკიცებს და შენ რისი იმედი გაქვს?

კირილე მაინც თავისაზე იდგა. ფაღავები ადამიებს თავს არ გაუტოლებენო.

ადამია კი ფიქრობდა:

- ან მილიციის უფროსთან დაიჭირა საქმე, ან მართლა წესრიგი აქვს საამქროში.

ეს უკანასკნელი მოსაზრება სრულიად დაუჯერებლად ეჩვენებოდა. როგორ შეიძლება ჩვენში საამქრო კანონიერად მუშაობდესო. ამიტომ ათასნაირად ზომავდა, სწონიდა, გეგმავდა, თუ როგორ დაეჩოქებინა ეს ყოყლოჩინა თავადიშვილი. „მაგან არ იცის - თუ ადრე ეგენი იყვნენ თავადები, ახლა ყველაფერი ჩვენია, ჩვენ ვართ ქვეყნის პატრონები და, რაც გვინდა, ის უნდა გავაკეთოთ“ აღწერა რომ დასასრულს მიუახლოვდა, ადამია მიხვდა, საამქროში ყველაფერი რიგზე იყო. იმ უმნიშვნელო დარღვევისათვის, რაც აქ უნდა ყოფილიყო, დათიკო ჯანაშვილს ციხეში არავინ ჩასვამდა. კირილე ფაღავას კი მითუმეტეს! - თითსაც ვერავინ დააკარებდა. ამიტომ ერთ ნაცად ხერხს მიმართა: საქმე ისე მოაწყო, რომ საამქროში ფინანსური დანაკლისი აღმოჩენილიყო. საამისოდ საბოლოო აქტის შედგენისას მთელი კვირის განმავლობაში გამოშვებული პროდუქცია აქტში არ შეიტანა. ის პროდუქცია კი გადამალა. თუმცა, რაღა გადამალვა უნდოდა: ფეხსაცმელები კუთხეში მიალაგა და თქვა: ეგ უკვე შევიტანეთ აქტშიო. კირილემ კი შემოწმება არ იკადრა - ადამიამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ კირილე, რასაკვირველია, ვერაფერს მიხვდა. უფრო მეტიც - ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა, ალბათ, იმ დილას მეტისმეტი მომივიდა, აჩქარებულმა წინდახედულება ვერ გამოვიჩინე და ბევრი პროდუქცია გავიტანე ორი ტომრითო.

- აი, როგორ ყვლეფთ თქვენ სახელმწიფოს, აი, თურმე როგორ ექცევით სოციალისტურ საკუთრებას! - პათეტიკურად თქვა ადამიამ, კირილე ფაღავას აქტი ხელმოსაწერად რომ დაუდო წინ.

კირილე შეშინდა. მიხვდა რაც მოელოდა არა მარტო დათიკოს, არამედ თვითონაც.

აქტი გვერდზე გადადო, წამოდგა. ადამიას ხელი მკლავში გამოსდო და ბაასით გაიყვანა ხელოსნების დიდ ოთახში. ჯერ ის ჰკითხა, თქვენები იზაბელას ჯისის ყურძენს როგორ უვლიანო, მერე კი უსაყვედურა: არ მეგონა, თუ მამაშენის შვილი ამას იზამდა: თურმე შენი ძმა, აფხაზეთში რომ გადავიდა საცხოვრებლად, აფხაზად დაწერილაო. ადამია რაღაცას ლაპარაკობდა, ძმას ამართლებდა, მაგრამ კირილეს ადამიას ნათქვამი არ ესმოდა, რადგან თავისი საფიქრალი ჰქონდა: როგორ, რანაირად წამოეწყო საუბარი იმ თემაზე, რაც ასე აწუხებდა. მერე ფანჯარას მიუახლოვდა, თვითონ რაფაზე ჩამოჯდა და, თითქოსდა, არც არაფერი მომხდარიყოს, თითქოსდა, სასხვათაშორისოდ თქვა:

- თქვენი ოჯახის ამბავი იმიტომ მაინტერესებს, რომ შინაურად გთვლით. თუ ჩვენ არ გავუგეთ ერთმანეთს, სხვა რას მიხვდება…

ადამიამ ყურები ცქვიტა. იგი სწორედ ამ წუთებს ელოდა, ამიტომ ღიმილით მიუგო კირილეს:

- ჩვენს ოჯახს თქვენი სიკეთე არასოდეს დაავიწყდება, ბატონო კირილე, მიბრძანეთ და მზად ვარ გემსახუროთ.

კირილემ უთხრა:

- ის, რაც აქ დანაკლისი გამომივიდა, სინამდვილეში დანაკლისი არ არის, შენახული მაქვს, ათიოდ წუთში მოვარბენინებ, მიუმატე იმას რაც აქ არის და ყველაფერი რიგზე იქნება.

- გადამალვა მოუსწრია. ეს კი იმ ას ნიშნავს, რომ უფროსთან არა აქვს საქმე და მხოლოდ ჩემს ხელთ არის კაცი, რომელსაც ეგონა გამაცურებდა. - ფიქრობდა ადამია - ახლა მისი გონება გამალებული მუშაობდა. ელვის უსწრაფესად შეადგინა სამოქმედო გეგმა. სიხარულიც დაეუფლა იმის გამო, რაც მოიფიქრა. ეს სიხარული, ცხადია, არ გაამხილა, დამალა, კირილეს კი თავდაჭერილი ღიმილით მიუგო:

- კი, ბატონო, ეგ საქმე შეიძლება, მაგრამ… რომ ვინმემ გამიგოს…

კირილე გახარებული გავარდა საამქროდან. არ ეგონა, თუ ასე იოლად დაიყაბულებდა ადამიას და საკუთარი სხეულის სიმძიმესაც ვეღარ გრძნობდა. შიხარული მიარბენინებდა. სიხარულით გამოიტანა ეგუტიების ოჯახში გადამალული ის ორი ტომარა. სიხარულით მიარბენინებდა ასე ჭაბუკივით - თითქოს არც არასოდეს შეუწუხებია ქოშინს, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ამხელა ღიპი უსლიდა ხელს.

ვიდრე კირილე ეგუტიების სახლიდან მოირბენდა, ადამიამ კუთხეში მიყრილი ფეხსაცმელები დარბაზში მიმოფანტულს შეურია, მერე ფანჯრის განიერ რაფაზე ჩამოჯდა და ფიქრს მიეცა. კირილე კვლავ უკანა ეზოდან მოადგა საამქროს. ტომრები ხელოსანთა

დარბაზში შემოიტანა. ადამიამ ანიშნა, აქ დაყარეო. ერთხანს ირგვლივ უვლიდა დარბაზში მიმოყრილ ფეხსაცმელებს, ტყავის ნაჭრებს, საქუსლეებს, მერე იმ ორ კაცს დაუძახა, აღწერისათვის რომ მოიყვანა და უთხრა: ამხანაგი ფაღავა უკმაყოფილოა აღწერის შედეგებით, მიაჩნია, რომ ტენდენციურნი ვიყავით და ყველაფერი ხელახლა უნდა დავიწყოთო. ცხადია, საქმის ხელახლა დაწყება არცერთს არ ეწადა, სათვალიანმა ხმადაბლა და მშრალად თქვა: ყველაფერი კანონიერად გაკეთდა, ეჭვიც არაფერსი მეპარებაო.

- ეგ მეც მჯერა, მაგრამ ბატონ კირილეს თხოვნას ანგარიში უნდა გავუწიოთ, მე ბატონ კირილეს უარს ვერ ვეტყვი, ჩემი პატივისცემით მაინც უნდა გააკეთოთ ეგ საქმე, - ადამია ბედნიერ კაცად გრძნობდა თავს.

აღწერა ხელახლა დაიწყო.

ადამია უხმოს იჯდა და ახალ გეგმაზე ფიქრობდა. დროდადრო წამოდგებოდა, იმ ორს სამართლიანობას და ობიექტურობას მოუწოდებდა და ოთახში მშვიდად მიმოდიოდა. მომშივდა, საქმემ ხომ არ უნდა დაგვხოცოსო, რომ თქვა, კირილე ბაზარში გავარდა, ყველი, მწვანილი, ღვინო, ხილი მოარბენინა, თხის მწვადები, სულგუნი რესტორანში შეაწვევინა. ყველაფერ ამას ბავშვივით სიხარულმორეული აკეთებდა. ხვალ-ზეგ აღწერას მორჩებიან და დათიკოსთან ვის რა ხელი აქვსო, სიხარულმა გააჭაბუკა.

სუფრას ოთხნი შემოუსხდნენ. კარგი მეგობრებივით გეახლებოდნენ. ადამია ხუმრობდა: თურმე თავადიშვილები შესვენებისას როგორ სადილობენ და ხომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ვახშამი როგორი ექნებათო? აღწერაზე სულ თავადიშვილებთან უნდა ვიაროთ, აბა, გლეხი რას მოგაშავებსო? კირილეს ამგვარი ხუმრობა არცთუ ძლიერ სიამოვნებდა, მაგრამ თავს იკავებდა. უმწეოდ იღიმოდა.

მეორე დღესაც ასევე გაიქცა ბაზარში, რესტორანში და ჩინებული სუფრა გაშალა. ადამიამ კვლავ ბევრი იოხუნჯა. რაც უფრო მეტს ოხუნჯობდა მილიციის ლეიტენანტი ადამია, კირილეს მით უფრო უფუჭდებოდა გუნება-განწყობილება. ადრე ასე გულგახსნილი არ იყო ადამია, ახლა კი რა სიცილ-ხარხარი აუტყდაო.

მესამე დღეს, სადილობისას ადამიას კრინტიც არ დაუძრავცს. ჭამაც არ უნდოდა - ნაძალადევად ლოღნიდა მეგრულ ყველსა და თხის მწვადს. ნასადილევს, სულ რაღაც ორ საათში კი ცხადი გახდა, რომ კირილეს გზა ციხისკენ მიდიოდა. ეს გარემოება დიდი მწუხარებით აუწყა იმ სათვალიანმა (ასეთი არისო აღწერის შედეგები) და ადამიამაც უხმოდ დაუკრა კვერი, საუბედუროდ, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია, საამქრო უკანონო ოპერაციებს ატარებდა, ფაბრიკებში მოპარული ტყავი მალულად შემოჰქონდა. საამქროში რამდენიმე ათასი მანეთის ზედმეტი პროდუქცია არის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ოპერაციებში სხვა ორგანიზაციებიც მონაწილეობდნენო.

- ეს რა მიყავით, ბატონო კირილე! - კირილეს მოუბრუნდა ადამია - მე გენდეთ, თქვენთან ლუკმაც გავტეხე! სახელმწიფოს და მშრომელებს რომ ატყუებდით, ეგ არაფერი, მე, შინაური კაციც არ დამინდეთ.

კირილემ კარგად იცოდა, რასაც ნიშნავდა მილიციის მუშაკი საამქროს ხელმძღვანელს რომ ამას ეტყოდა:

- ესენი ხომ მშრომელების სახელით აკეთებენ ყველა სიგლახეს, - ფიქრობდა კირილე და შერცხვენილი, თავლაფდასხმული დააბიჯებდა საამქროს დიდ დარბაზში.

ადამია ფანჯრის რაფაზე უხმოდ იჯდა. ერთხანს გულგრილად ადევნებდა თვალს კირილეს. მერე კი ტყვიასავით ესროლა:

- უნდა წაგიყვანოთ, სხვა გამოსავალი მე არა მაქვს.

კირილე უცებ ვერ მიხვდა რა უთხრა ადამიამ. ღომ გააცნობიერა, ბრაზით შეხედა. ზურგი აქცია - „წავალ, გავიქცევი, დავიმალები“ - გაივლო გულში, მაგრამ ეს აზრი უმალ უკუაგდო. შეიჭმუხნა კიდეც, ეს რამ მაფიქრებინაო - მე, კირილე ფაღავა, ამ ქურდებსა და ყაჩაღებს რომ დავემალო, ხომ მომეჭრა თავი დაბაშიო. მერე ისიც გაიფიქრა, მე რომ დავიმალო, იქნებ, გაუხარდეს კიდეც ამ შობელძაღლსაო.

- ო, რა ამბავი ატყდება! მთელ ქვეყანას მოსდებენ!

- გუშინსწინაც უნდა დამეპატიმრებინეთ, ბატონო კირილე, მაგრამ… - მოესმა ადამიას ცივი ხმა.

კირილე ადამიას მოუტრიალდა, გამეხებული სახე ჰქონდა, მიუკარებელი.

- შენ ახლა წადი, საქმეს მიხედე, დილის ცხრა საათზე აქ ვიქნები.

- არ შეიძლება, ახლავე უნდა წაგიყვანოთ!

- კირილე ფაღავა არსად დაიკარგება, კი იცი შენ! - ხმაში სიმტკიცე გაერია, კიდევ ერთხელ ბრაზით შეავლო თვალი ადამიას და გასასვლელისაკენ გაემართა, მოულოდნელად მობრუნდა - თუ გინდა, გამომყე და ნახავ, სადაც წავალ, - მან უკვე იცოდა სად უნდა წასულიყო.

საამქროდან რომ გამოვიდა, რისხვა ყელში აწვებოდა. ლამის ახრჩობდა.

ამ რისხვას უფრო მიჰყავდა, ვიდრე გონიერებას. გამვლელ-გამომვლელს ვერ ამჩნევდა. თავს დამნაშავედ არ გრძნობდა და შეურაცხმყოფლად სწორედ ის მიაჩნდა, რომ ეს მათხოვარი ყაჩაღები უპირებდნენ დაპატიმრებას.

მილიციის უფროსის სახლი ყვავილებში იყო ჩაფლული. ნაირფერი, ყელმაღალი ვარდები პაწია ეზოს ფერადოვნებას და სინათლეს მატებდნენ. ეზო ხალიჩას ჰგავდა. ყველაფერი საღამოს მდუმარებაში გალურსულიყო. კირილეს მოეჩვენა, რომ სიმაძღრისაგან აქ ხეთა ტოტებიც კი ზანტად ქანაობდნენ, თითქოს ამთქნარებდნენ. კიბის ოთხი-ხუთი საფეხური მძიმედ და ლამის ხვნეშით აიარა. ზარი დარეკა.

- შობელძაღლი! - გაივლო გულში კირილემ - ზარი თუ არ დარეკე, კარს არ გაგიღებენ! მეკამბეჩე მამამისიც ასე იყო!

კარი ქეთომ გაუღო - მილიციის უფროსის მეუღლემ.

- სახლშია? - ხმადაბლა იკითხა კირილემ.

- სახლშია, მობრძანდით! - კირილეს დანახვაზე ქეთოს სახეზე ღიმილი გადაეფინა. ქეთომ კარგად იცოდა, კირილე იმ სტუმართაგანი იყო, ვისაც აქეთ მოჰქონდა. ამიტომ მუდამ ღიმილით და შინაურულად ეგებებოდა.

კირილე ქეთოს მიჰყვა.

ლურჯ სპორტულ პიჟამაში მორთული, სავარძელში ნებივრად გადაწოლილი ჯვებე გაზეთებს კითხულობდა. კირილე რომდაინახა, გაეღიმა, გაზეთები გვერდზე გადასდო და მის წინ მდგარ სავარძელზე მიუთითა, აქ დაჯექიო.

კირილე არ დაჯდა, მადლობის მაგიერ პირდაპირ მიახალა ჯვებეს:

- დაჭერას მიპირებ?

ჯვებემ არაფეერი უპასუხა.

- ამ შობელძაღლმა ყველაფერი იცის და ისე იქცევა, ვითომ არაფერი მომხდარა! - გაიფიქრა კირილემ. ჯვებეს ხანგრძლივმა დუმილმა კიდევ უფრო გააღიზიანა. საკუთარ თავზეც ბრაზობდა - როგორ ვერ მივხვდი, რომ ადამია ამის დაუკითხავად არაფერს იზამდა? - სავარძელი თავისკენ მოსწია და გამომწვევად ჩაჯდა შიგ. ფეხი ფეხზეც კი გადაიდო. ღიპი ასე ჯდომას კი უშლიდა, მაგრამ ძალიან ეწადა მისი ასაკისა და ბუნებისათვის უჩვეულოდ - გამომწვევად, თავხედურად მჯდარიყო. ჯვებე კი კვლავ დუმდა. „შობელძაღლი, ფიქრობს როგორ მომატყუოს!“ - გაივლო გულში კირილემ - და თქვა:

- ჩემო ჯვებე, ჯვებე ბატონო! ფულს ყველა ეტანება - ზოგს უყვარს და მიტომ, ჩვენ კი, მაგალითად, გვჭირდება.

ჯვებემ, რასაკვირველია, კირილეს ნათქვამი კარგად გაიგონა, მაგრამ თავი ისე ეჭირა, თითქოს ოთახის მყუდროება არც არავის დაურღვევია. კარგა ხნის შემდეგ დინჯად, აუჩქარებლად დაიწყო:

- ასე მოვიქცეთ ახლა ჩვენ, კირილე ბატონო: წადით სადმე, დაიმალეთ, ჩვენ ძებნას გამოვაცხადებთ, ერთ ამბავს ავტეხთ, ისე, ყასიდად, რასაკვირველია, ლჟეტრევოგა იქნება ეს! - გაიღიმა ჯვებემ - მერე იმ ურიას გავჭედავთ, თქვენს სამეს კი ცალკე გამოვყოფთ და მერე მოვსპობთ კიდეც. კი იცით თქვენ, როგორ პატივს გცემთ და ამის გამო ვაკეთებ ამას.

ჯვებემ კვლავ გაზეთი აიღო, ჩააცქერდა და კირილეს ხმა რომ არ გაიგონა, გაკვირვებულმა ასწია თავი, ასწია და ლამის გულიც შეუქანდა - ასეთი მტრული მზერა არასოდეს უგრძვნია. მ ას ან უბრძანებდნენ, ან ემუდარებოდნენ. ახლა კი წინ, მისსავე ოჯახში ის კეთილი, ოდიშური თავაზიანობით დამშვენებული და ხუმარა კიკრილე კი არ იჯდა, არამედ მტერი, კი, კი, მტერი! ხოლოდ მტერს შეუძლია ასე შეხედოს ჯვებეს.

- არ გამოვა ეს საქმე ასე, არ გამოვა! ბოლშევიკებს ხალხის დაჭერის მეტი არაფერი გიკეთებიათ. ახლა ფულის შოვნაც დაიწყეთ, მარა… ფულის შოვნასაც თავისი წესი აქვს - შენ ფული აიღო და ჩვენ ციხეში წავიდეთ? არა, არ გამოვა, ბაბაია, არა! ჭამა ღორმაც კი იცის! - აქ თითქმის დაიყვირა კირილემ და იგრძნო - წონასწორობას ჰკარგავდა, სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება უჭირდა, ერეოდა კიდეც სიტყვები - დაფიქრდი… მე არ მინდა… მე წავალ… - შეჩერდა, თვალები დახუჭა და ასე თვალდახუჭულმა გადადგა ორიოდ ნაბიჯი, ფრთხილად, გაუბედავად გადადგა. მერე თვალებიც გააღო - იფიქრე, ჯვებე, იფიქრე! - მიაძახა მილიციის უფროსს და სწრაფი ნაბიჯით გაემართა გასასვლელისაკენ.

ჯვებეს ხმა მომდევნო ოთახში წამოეწია.

- კირილე! - ალერსი იგრძნობოდა მილიციის უფროსის ხმაში.

უცებ შედგა. სადაც ხმამ მიუსწრო, იქ გაჩერდა, ნელა მობრუნდა, რამდენიმე ნაბიჯიც გადმოდგა, ჯვებეს მიაჩერდა.

- შენ იცი, როგორ დაიწყო ეს საქმე? - ჯვებე ერთხანს ჯიუტად შესცქეროდა კირილეს. ამ უკანასკნელმა რომ პასუხი არ გასცა, განაგრძო - გიჩივლეს. ანონიმური წერილი მოვიდა მილიციაში. ამიტომ არაფერი შემიძლია.

კირილეს ტუჩებზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. ჯვებეს მხარზე ხელი დაჰკრა და ღიმილით უთხრა:

- შეხედე, ჯვებე, რა ოჯახი გაქვს! დღეს წერა ვინ არ იცის! ყველას ავყვეთ?

ეს თქვა და გასასვლელისაკენ გაბრუნდა. დიასახლისს არ დაელოდა, კარი თვითონ გააღო, ეზოში გავიდა.

სახეზე ალმური ასდიოდა, სხეულში უცნაური მხურვალება ჩასდგომოდა. თვალებზე თითქოს ლიბრი გადაკვროდა. ალბათ, ამიტომ არ ახსოვს სახლში როდის და როგორ მივიდა. ლოგინში ჩაწვა. ასე ეგონა, სხეული მას აღარ ეკუთვნოდა, სხეული ისე მძიმე ტვირთად აწვა სულს, განძრევაც კი უჭირდა. ამიტომ ლოგინამდე მისვლაც კი გაუჭირდა. როგორც იქნა, ჩაწვა ლოგინში და გაირინდა. ირგვლივ გამეფებულმა დუმილმა შეაშფოთა. დუმილი ორთქმავალივით წიოდა სულში. მოეჩვენა, რომ საფლავსი იწვა, ლოგინი სამარეში ჩაეგო ვიღაცას, წამოდგომა სცადა, ძალა არ ეყო, ვერ წამოიწია, ამან უფრო შეაშფოთა, დაზაფრა. იძალა და როგორც იქნა, წამოდგა. ერთ ხანს ლოგინზე იჯდა, მერე ეზოში გამოვიდა. კარგა ხანს იარა ეზოში. კომშის ხესთან შეჩერდა. ბავშვობიდან ახსოვს ეს ხე, მამას დაურგავს, კომში კეთილშობილი ხეა, შვილო, და შენ რომ დაიბადე, იმ წელს დავრგეო, ეტყოდა ხოლმე მამა. ახლაღა მოაგონდა: - რა ხანია ამ ხის ნაყოფი არ უგემნია. მერე ლეღვის ხის ძირში, ჯორკოზე ჩამოჯდა და ფიქრს მისცა თავი. გამოსავალს დაეძებდა. ამაოდ. ვერაფერი მოიფიქრა. ფიქრს კითხვები ეღობებოდნენ წინ: „რატომ, რისთვის შეიქმნა ისეთი კანონები, ადამიანს რომ ცხოვრებას უშლის? ვარ მე ქურდი? და თუ ვარ, რატომ? რისთვის? ვინ მაქცია ქურდად მე, კირილე ფაღავა? ან ეს ჯვებე, ან ადამია რამ გახადა ყაჩაღი? იმან, რამაც მე - ქურდი? მისი ყაჩაღობა ხომ ისეთივე ცოდოა, როგორიც ჩემი ქურდობა? როცა ისიც ისეთივე ყაჩაღია, როგორი ქურდიც მე ვარ, რა ვქნათ, თავი რით გავიტანოთ? ოჯახი რით ვარჩინოთ? შვილები როგორ გავზარდოთ? სად მეტი ცოდვაა - ჩემს ქურდობაში, თუ იმის ყაჩაღობაში? იქნებ, იმაში, რომ თუ მე ქურდი არ ვიქნები, ჯვებე ვერ იყაჩაღებს? ვინ დაალაგა ჩვენი ცხოვრება ისე, რომ მე ქურდი ვიყო, ჯვებე - ყაჩაღი, ადამია იმ ყაჩაღის მარჯვენა ხელი? პილა თაღლითი, არონი - სპეკულიანტი, ჯვებე ამათი დამჭერი, ჯვებეს უფროსი კიდევ უფრო დიდი ყაჩაღი და ჯვებეს დამწერი? ვინ დაალაგა ეს ცხოვრება ასე, ვინ დახატა ამნაირი რუქა ჩვენი ცხოვრების?

კირილე გათენებამდე იჯდა ლეღვის ხის ძირსი და ცდილობდა თუნდაც ერთ კითხვაზე მაინც მიეღო პასუხი, მაგრამ ამაოდ. თავში ყველაფერი აებურდა, პასუხი კი ვერ მიიღო. მთელი ღამის განმავლობაში კითხვები კალიებივით უხტოდნენ წინ თუ უკან.

*****

ხელოსნების ოთახში, გრძელ, განიერ მაგიდასთან დათიკო თავჩაქინდრული იჯდა და იატაკს დასცქეროდა. კირილემ ვერ იცნო - გაოცდა კიდეც: ეს უცხო კაცი აქ როგორ შემოვიდაო?

დათიკომ თავი ასწია. კირილემ მის მზერაში იმდენი ნაღველი იგრძნო, რომ გული ლამის ყელში მოაწვა და შესძახა:

- დათიკო! - მივარდა, მოეხვია.

დღეს აქ დათიკოს ხილვას არაფრით არ ელოდა. ალბათ, ამიტომაც სიხარულის ცრემლს ძლივს იკავებდა. დათიკო კი უხმოდ იდგა. ყველაფერს ისე ნელა, აუჩქარებლად აკეთებდა, ისე მოძრაობდა, თითქოს ფიქრობდა, რომ არ გავაკეთო, შეკითხვაზე რომ არ გიპასუხო, რომ არ ვთქვა, რა შეიცვლებაო.

- საიდან, როგორ, ასე უცებ გასჭრა? - სიხარულის ცრემლი ერეოდა კირილეს. - ასე უცებ მიხვდნენ, რომ ყაჩაღობა არ გაუვათ?

დათიკოს ტუჩებზე მწარე ღიმილმა გადაურბინა.

- გუშინ საღამოს სახლში მივადექი ჯვებეს, სახლში! - არ ცხრებოდა კირილე.

- დაჯექი, კირილე!

ისე ხმადაბლა, ისე ცივად თქვა დათიკომ, რომ კირილე სახტად დარჩა. გაკვირვრბით შეხედა დათიკოს და სკამზე დაეშვა - ხელოსნის დაბალ სკამზე.

დათიკო კარგა ხანს სდუმდა. კირილე ყურადღებით დააკვირდა და რამდენი რამ უცხო შენიშმა, რამდენი რამ ეუცხოვა დათიკოს მზერაში, მოძრაობაში. „სცემდნენ!“- გაუელვა უცებ თავსი, „სცემდნენ ის შობელძაღლები!“ - ვეღარ მოითმინა, წამოიძახა კიდეც:

- დათიკო, გცემდნენ?!

დათიკოს არც ახლა აუწევია თავი, კვლავ დუმდა. კვლავ იატაკს ჩასცქეროდა.

- კი, მაგრამ, რატომ, რისთვის?! - თითქმის შეჰყვირა კირილემ.

დათიკომ თავი ასწია. თვალებში სხივი ჩაქრობოდა. უცეცხლო, ნაცარმოძალებულ, ჩაციებულ ბუხარს შესცქეროდა კირილე, გაუჭირდა ამ ჩამქრალი ბუხრის ცქერა - ბუხრიდან სულის გამთოშავი სიცივე მოდიოდა. თავი დახარა.

ორი საათით გამომიშვეს. - ხმადაბლა თქვა დათიკომ. ისე თქვა, თითქოს კირილეს კი არა, კედელს ელაპარაკებაო, - ერთი საათი გავიდა უკვე.

- ორი საათით?! - შესძახა გაოცებულმა კირილემ და უმალ მიხვდა სადღესასწაულო არაფერი ჰქონდა. საქმე სულ სხვაგვარად იყო. ამიტომ თითქოს თავისივე შეკითხვა გაასწორაო, მყისვე დასძინა - მარტო?

- სად წავალ, კირილე, მე! მაგათ სად გავექცევი, სად დავემალები! - დათიკოს კვლავ მწარე ღიმილმა გადაურბინა სახეზე.

აღარაფერი უთქვამს, აღარაფერი უკითხავს. კარგა ხანს იჯდა უხმოდ. მერე ხმადაბლა ჰკითხა დათიკოს:

- რატომ, რისთვის გამოგიშვეს ორი საათით? - და უსიამოვნო ამბის მოსასმენად მოემზადა.

არც დათიკო აჩქარებულა. უცებ არც მას გაუცია პასუხი. მერეღა თქვა:

- უფროსმა გამომიძახა… გამანთავისუფლებენ… არც შენ დაგიჭერენ… შუადღემდე ყველაფერი დამთავრდება - გაჩუმდა. კირილე დაძაბული მისჩერებოდა, მაგრამ ის მაინც არაფერს ამბობდა.

- მერე? - კირილემ ვერ აიტანა ამდენი ხნის დუმილი.

- თორმეტ საათამდე უნდა მივიტანო.

ამ სიტყვებმა კირილე შეაძრწუნა:

- ფული? ჯვებემ გითხრა ფული მოიტანეო?

დათიკომ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

- გამაგებინე, ჯვებემ გითხრა თუ ადამიამ? - კირილეს კიდევ შერჩენოდა იმედი.

- ჯვებემ - მცირე დუმილის შემდეგ თქვა დათიკომ და კირილეს სულში იმედის ბოლო ნაპერწკალიც ჩაქრა.

სახელოსნოში კვლავ დუმილი ჩამოვარდა. კირილე ადგილზე ვერ ისვენებდა. გალიაში მომწყვდეულივით მიმოდიოდა, დროდადრო წამოიძახებდა: „შობელძაღლები!“, „ყაჩაღები!“, „რატომ, რისთვის!“, „მათხოვრები!“ მერე დათიკოს მოუტრიალდა და შესძახა:

- წავიდეთ, გავიქცეთ, დავიმალოთ! - მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ეს ვერაფერი გამოსავალი იყო. კვლავ თავის ადგილს მიუბრუნდა, სკამზე ჩამოჯდა და დათიკოს ჰკითხა:

- რას აპირებ, დათი?

- სახლს გავყიდდი, მარა… გაჩუმდა, მცირე ხნის შემდეგ განაგრძო: - ჯერ ერთი, სახლში იმდენს ვერ ავიღებ, რომ ეს საქმე დაფაროს, მეორეც - ოჯახი სად წავიყვანო?

ისევ გაჩუმდა: - შვილები ქუჩაში დავყარო? რას გავაკეთებ ამის საფასურს, რად მინდა ამნაირი თავისუფლება.

კირილე ნელა წამოდგა, კვლავ ფანჯარასთან მივიდა. მორდეხიას ეზოში მოკრიახე ქათმებს ჯიუტად მიაჩერდა. მერე ესთერი დაინახა. ესთერმა პატარა ჯამით ეზოში ღერღილი გამოიტანა. ქათმებმა ესთერი რომ ჯამით ხელში დაინახეს, ერთი ალიაქოთი ატეხეს. თავპირის მტვრევით გაიქცნენ მისკენ. ესთერი ქათმებს შუა ჩადგა და ღერღილი ირგვლივ მიმოყარა. ახლა ქათმებმა ესთერს თავი ანებეს და ღერღილს მისცვივდნენ. ღერღილს რომ ნისკარტით კენკავდნენ თითქმის ავტომატურად მოძრაობდნენ.

კირილეს ათასგზის ენახა ასეთი რამ, მაგრამ ახლა ისე გაიტაცა ამ სურათის ცქერამ, ადამიანს ეგონებოდა, დათიკოს აქ ყოფნაც დაავიწყდა და თავს დატეხილი უბედურებაცო.

- ვაი ჩვენს თავს! ჩვენც ხომ ამათსავით ვცხოვრობთ, ჩვენც ხომ ისევე გვიყრიან საკენკს, როგორც ის გოგო ქათმებს! - ფიქრობდა კირილე - იმდენს გვიყრიან, რომ სული შეგვრჩეს, შიმშილით არ დავიხოცოთ, მაგრამ თუ ის მოვინდომეთ, რაც ადამიანს სჭირდება? - თითქოს ფიქრი შეჩერდა, გაიყინა - მაგრამ თუ ის მოვინდომეთ, რაც ადამიანს სჭირდება? - ისევ გაიყინა ფიქრი, ისევ დატრიალდა კითხვა. - მაგრამ თუ ის მოვინდომეთ, რაც ადამიანს სჭირდება? ყელში გვეცემიან, სისხლს დაანთხევენ შენსას, კაცობას გადაგითელავენ. ამისთვის ჰყავთ ეს ჯვებეები და ადამიები. ისე გვაცხოვრებენ, რომ სულ ამათ საკენკად ვეყაროთ, მაგრამ თუ მაგათ რამე ისე არ ქნეს, იმათაც ხომ ჩვენსავიტ ეცემიან ყელში. ისინიც საკენკი არიან? არ იცის ეს ჯვებემ? ამდენს ვერ ხვდება?

ქათმებს შორის კვლავ ერთი ალიაქოთი ატყდა - ისე დაეძგერნენ ერთმანეთს, რომ მათი ბუმბული ქარს მიჰქონდა. ღერღილთან მიახლოებულს ღერღილის აკენკვას არ აცლიდნენ, ეძიძგილავებოდნენ, წრიდან გამოაგდებდნენ, რომ მისი ადგილი თავად დაეჭირათ. იმ წრეში ჩამდგარს მერე სხვა დაეძგერებოდა. იმ სხვას კიდევ - სხვა. ასეთი ბრძოლით სჭამდნენ ესთერის მიერ დაყრილ ღერღილს.

ათასგზის უნახავს ასეთი რამ კირილეს, მაგრამ თავისი ცხოვრება ასე არასოდეს უცვნია. ლამის ყოველ ქათამს სახელიც კი დაარქვა. თავისი ნაცნობების, მეზობლების სახელები. ამან კიდევ უფრო ცხადად დაანახვა, თუ რა საბრალო ყოფა ჰქონია და გული მოუკვდა.

- შენ რაფერ გგონია, დათი, ეს ჩვენი მილიციის უფროსი ჯვებე თუა ჭკვიანი კაცი? - დათიკოს მიუბრუნდა და ხმადაბლა ჰკითხა.

- ჭკუა რო არ გადასდის, თვალებში ეტყობა, მაგრამ ეშმაკი კი უნდა იყოს, - ხმადაბლა, აუჩქარებლად მიუგო დათიკომ.

- ეშმაკი? ეშმაკი თუა, ცოტა ჭკუა ჰქონია. უჭკუო კაცი ეშმაკიბას ვერ მოახერხებს. - გაჩუმდა, ფიქრმა გაიტაცა კირილე. კარგა ხნის შემდეგ კვლავ ხმადაბლა იკითხა: - ამნაირი ეშმაკობის კაცი რისკის სასწორზე თუ დადებს რაიმეს?

დათიკომ უცებ ვერ უპასუხა. შეყოვნების შემდეგ, თითქოს თავისთავს ელაპარაკებაო, დაიწყო:

- ათასი რამეა მაქანა საფიქრალი. რად უნდა ლაპარაკი: ჯვებე რისკის სასწორზე ერთ კილო ვაშლსაც არ დადებს. თუ დაინახა, რომ ღონიერი ხარ და მოერევი, ყმად გექცევა, მუხლებზე იხოხიალებს, მარა… - დათიკომ ეს სიტყვა ისე უცნაურად გაწელა, ეს „მარა“ ისე გრძლად წარმოსთქვა, რომ კირილეს მოეჩვენა, აღარც დაამთავრებსო და სწორედ მაშინ, როცა ძველებური შეხუმრება მოუნდა, დათიკომ განაგრძო, - ამნაირი კაცი მტრისას! მაგენი ხომ საკუთარ თავსაც არ უტყდებიან და სხვას რაფერ დაანახვებენ ესა და ის მომერიაო. ამიტომ ხელში თუ ჩაგიგდო, შენს მტერს!

კირილე კვლავ ფანჯრისაკენ შებრუნდა. მორდეხის ეზოში ქათმები მშვიდად დასეირნობდნენ.

- მიგიხვდი მე შენ, კირილე, და სახიფათო საქმეა მაგი! კი, იქნება აჯობო, ახლა მოუგო, მარა, შეიძლება ერთიანად დაჰკარგო ის, რაც დღეს გაქვს და ისიც, რაც მომავალში გექნება, - მოესმა კირილეს დათიკოს ხმა. - მაგრამ მთავარი სხვა რამეა - ჩვენნაირი ხალხი მაგ გზით ვერ წავა.

- შენ რას მირჩევ, დათიკო, ციხეში წავიდე და თავი იმით დავიმშვიდო, პატიოსანი ვარ თქო?

დათიკომ იჭვით გადააქნია თავი. კირილეს სიბრაზე მოერია.

- რას აქნევ თავს, დათიკო! შეიძლება მაგ ხალხთან პატიოსნად მოიქცე? შენ არ იცი ესენი პატიოსნებს რას უშვრებიან?

- შენ ხომ იცი, ბოლოს ყველა ცოდვა ისჯება?

- ახლა მოდი და მითხარი რა ცოდვა ჩავიდინეთ ჩვენ, რა დავუშავეთ ადამიანებს, რა შევცოდეთ ღმერთს? - კირილე ფანჯრის რაფაზე შემოჯდა.

- არა, ცოდვა არაფერი ჩაგვიდენია, მაგრამ…

- მაშინ ასე გეტყვი - დავარღვიეთ კანონი, რომელსაც ესენი მხოლოდ იმისთვის ქმნიან, რომ ადამიანებს სისხლი გაუშრონ, მაგრამ…

- რად უნდა მაგას „მაგრამ“, კანონი დავარღვიეთ, კირილე! - გააწყვეტინა დათიკომ.

- შეიძლება ყაჩაღებმა კანონი დაწერონ? მე ეს საქმე რომ დავიწყე, მაგათი იმედი მქონდა. პირობა მოგვცეს და მივენდე.

- ისჯება ის, ვინც ადამიანს მიენდობა. ღმერთს უნდა მიენდო მხოლოდ. ადამიანი კი… - დათიკომ სათქმელი არ დაამთავრა, ხელი ჩაიქნია.

კირილე დაიბნა. ასეთ პასუხს არ ელოდა. ალბათ, ამიტომაც შესძახა გაღიზიანებულმა:

- ღმერთი შორს არის. მიწაზე ესენი დადიან და გაიძახიან, ჩვენ ვართ ღმერთებიო. ამიტომ მივენდე. ცოტა ფულს ვაკეთებდით. რამდენია ეს ცოტა? იმდენი, რომ ოჯახს თავი შეენახა, ოჯახი არ გამეპირუტყვებინა, არც კაცის წინაშე შევრცხვენილიყავ და არც - ღმერთის. არც შენ და არც მე ქონება არ დაგვიგროვებია. ხომ არის ასე?

- კი.

- ახლა ის ვიკითხოთ: რას შობიან ისინი? გვიჭერენ უკანონო კანონის დარღვევისათვის. ეს ერთი. ფულს თუ მივცემთ, ამ უკანონო კანონის დარღვევისათვის არ დაგვიჭერენ. ეს მეორე, ხომ?

- კი, ბატონო?

- ახლა ის მითხარი: რა კანონია ის კანონი, რომელსაც დათიკოსა და კირილეს ოფლის სუნით აქოთებული ფული მოერევა. არის ეს კანონი?

დათიკო უხმოდ იდგა, კირილე ერთხანს თვალებმოჭუტული, იქნებ, ბრაზითაც კი მისჩერებოდა. მერე თქვა:

- რა გამოდის ახლა აქედან? ააქედან ის გამოდის, რომ ისინი კანონსაც არღვევენ და ცოდვასაც ჩადიან! - მე ციხეში იმიტომ კი არ მსვამენ, რომ კანონი დავარღვიე, არამედ იმიტომ, რომ ჯვებეს ფული არ მივეცი, ვერ მივეცი, დათიკო, რა ვქნა, არ მაქვს და იმიტომ ვერ ვაძლევ. აქედან კიდო ის გამოდის, რომ ჯვებე ყოფილა კანონი - ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც ჯვებეს უნდა. იცხოვროს კირილემ ჯვებეს ჭკუით? მე რომ ჩემს თავს ვაპატიო ეს, ღმერთი მაპატიებს?

დათიკო ერთხანს დუმდა. მერე თქვა:

- ძალა ჯვებეს მხარეზეა. კირილე. რა უნდა ჰქნა?

- ჯერ ის მითხარი - რაც არ უნდა გავაკეთო, ხომ ვიქნები მართალი?

- შენ კიდო ის მითხარი - ცოდვით ცხოვრება სჯობია, თუ ცოდვის მონანიება?

კირილეს მოთმინების ფიალა აევსო და დათიკოს მკვახედ შესძახა:

- სულ გამოშტერებულხარ, შენ! იყავი აქ, არსად წახვიდე! მე ცოდვას არ ჩავიდენ! - და ჩქარი ნაბიჯით გავიდა ხელოსნების დარბაზიდან.

*****

კირილემ მხნედ, გაბედულად შეაღო ჯვებეს კაბინეტის კარი. ისიც არ უკითხავს, შემოსვლა შეიძლება თუ არაო, შევიდა, სკამი გამომწვევად გამოსწია და დაჯდა.

ჯვებე მიხვდა, რატომ იქცეოდა კირილე ასე და გაბრაზებას გულცივი დახვედრა ამჯობინა.

- არა, ისეთი არაფერი, ჩემო ჯვებე! - კირილემ გაიღიმა, თითქოს არც არაფერი მომხდარაო - ისიდოროვიჩს დავურეკე ამ ნახევარი საათის წინ: ნახვა მინდა თქვენი და უარს ნუ მეტყვითმეთქი. მობრძანდითო, მითხრა, მარა მანამ, სანამ იმასთან მივიდოდე, შენთან შემოვირბინე, ვერ აგიარე გვერდი, ხომ იცი, როგორ პატივს გცემ, ა, ეს უნდა მივართვა რაიკომის პირველ მდივანს: ბოლოსდაბოლოს რა ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ერთმანეთთან საქმე გვაკავშირებს და ზურგში არ ჩავცემ დანას ჯვებეს მეთქი, ვიფიქრე, - კირილემ ორ-სამ გვერდზე დაწერილი განცხადება დაუდო მილიციის უფროსს.

ჯვებემ განცხადებას არც შეხედა. კირილეს ჯიუტად მისჩერებოდა, თვალს არ აცილებდა. კირილე კი ისე იჯდა, ვითომც არაფერი მომხდარიყოს. სწორედ ასე ჯდომა უხუთავდა სულს. - ასე ეგონა შეკუმშული ზამბარა ეჭირა ხელთ და ოდნავაც კი რომ დავაკლო ძალა, დამისხლტება და პირისახეში მეცემაო. დაძაბულობას რომ არ იმჩნევდა, ეს კიდევ უფრო აცლიდა ღონეს.

ჯვებე მზერით ბურღავდა კირილეს. საყვედური რაა, ან მტრობა! არცერთი და არც მეორე არაფერია იმ ზიზღთან შედარებით, რომელიც ჯვებეს თვალებში ჩამდგარიყო. უსაზღვრო ზიზღი იდგა ჯვებეს თვალებში. ამან ლამის შეატოკა კირილე - ადამიანების ზიზღი თრგუნავდა, ცოტაც და შედრკებოდა, ცოტაც და თავს დახრიდა.

- რაფერ მიყურებს, ეს შობელძაღლი? ეს დაგინდობს? არ უნდა დავხარო თავი, ერთი წამითაც რომ მიმტყუნოს ნერვებმა გათავებულია ჩვენი საქმე! - ფიქრობდა კირილე. ჯვებემ კირილეს განცხადებას გულგრილად გაჰკრა თითი, კირილესაკენ გადმოისროლა და ცივად იკითხა:

- დაგიჯერებენ?

- რატომ არ უნდა დამიჯერონ, როდის ნახეს შენს მხრებზე ამოსული ფრთები? - კირილემ ისე გაიღიმა, გეგონებოდათ, მზე ამოვიდაო. ამ ღიმილით უნდა წავაქციო ეს შობელძაღლი! - გაიფიქრა - ახლა სიტყვას ეს ღიმილი სჯობია. თუმცა - უცებ შეიკრა შუბლი, უცებ მოიღრუბლა - მაგრამ არაა მთავარი, დამიჯერებენ თუ არა, იქნებ, სულაც არ დაიჯერონ.

- აბა, რისი იმედი გაქვს?

- მთავარი ის არის, ჩემო ჯვებე, თვითონ რა უდევთ გულში და არა ის, დამიჯერებენ თუ არა, - კირილე ღიმილით მიაჩერდა ჯვებეს, - მაგათსას რას გაიგებ, რა იცი რას ფიქრობენ შენზე, ან ხვალ რა გუნებაზე დადგებიან, რისთვის, ან ვისთვის გამოიყენებენ ამ ჩემს ქაღალდს?!

გაჩუმდა. ასე ეგონა, სხეულში ჰაერის ცხელი ჭავლი უვლიდა. სუნთქვა უჭირდა, მაგრამ მაინც ცდილობდა ღიმილის ნიღაბი სახიდან არ ჩამოეხსნა.

ჯვებე წამოენთო, რაღაცის თქმა დააპირა, თვალებშიც მრისხანება ჩაუდგა, მაგრამ უმალ დაიოკა თავი და ღიმილით თქვა:

- რომ დაგიჭირო? ახლავე რომ დაგიჭირო, რას იტყვი, კირილე?

- შეიძლება, რატო არა! - ისევ გაიღიმა კირილემ - მაგი მე არ გამიკვირდება და ამიტომ მაგ განცხადების მეორე ცალი, ეს ერთი საათია მატარებელს გავატანე თბილისში. რა არი, ჯვებე, ეს, ამ დაბის პატრონები თქვენ ხართ და ასე ცოტა ხანი რატომ ჩერდება „როსტოვ-თბილისის“ მატარებელი ჩვენს ქალაქში, მიხედეთ ამ საქმეს. „პრავადნიკს“ გავატანე, საღამოს ჩემს ბიჭს მიუტანს, ამაღამ მე თუ არ დავურეკე, ხვალ დილას ჩემი ბიჭი თქვენს მინისტრს დაუდებს მაგიდაზე.

ჯვებე უხმოდ და ზიზღით შესცქეროდა კირილეს, კირილე ამან დაარწმუნა, რომ სწორად იქცეოდა. შეცდომა არსად დამიშვიაო, გაიფიქრა.

თქვენი მინისტრის სახელზეც დავწერე განცხადება. იყოს მაინც, რას მიშლის. იცოდეს იმ კაცმა ყველაფერი! - გულუბრყვილო ღიმილით თქვა კირილემ.

- რა გინდა? - ხმადაბლა იკითხა ჯვებემ. კირილემ იგრძნო: ეს შეკითხვა კი არა, გინება, წყევლა იყო.

კირილემ გაიღიმა. უმწეო იყო ეს ღიმილი. იმის შეგრძნება რომ ვიღაცას სძულდა, ვიღაცას უსაზიზღრეს ადამიანად მიაჩნდა, ღონეს აცლიდა, აძაბუნებდა. ამის გამო გახლდათ მისი ღიმილი ასე უსახო, უმარილო. გადაწყვიტა აღარაფერი ეთქვა, ხმა აღარ ამოეღო. გრძნობდა: რაც არ უნდა ეთქვა, უძლურებას გაამჟღავნებდა და უცებ წააგებდა მისთვის ამ უჩვეულო თამაშს. ახლა მთავარი იყო ღიმილი - ძლიერი, მოგებული კაცის ღიმილი.

- კარგი, თავისუფალი ხარ, წადი!

- გამომყვა. ახლა უნდა ამას სწორი ტარება. - გაიფიქრა კირილემ. ხმა კი არ ამოიღო. უხმოდ, უძრავად იჯდა. ვერც სახეზე შეატყო რაიმე ცვლილება ჯვებემ. ამიტომ თქვა ცივად და ხაზგასმით:

- ორივე თავისუფალი ხართ - შენც და ისიც.

- კიდევ ორი წუთი, კიდევ ორი წუთი უნდა გავუძლო, - გაიფიქრა კირილემ, ხმადაბლა კი თქვა - მე შენ აღარ გენდობი, ჯვებე, აქამდე გენდობოდი, აწი ვერ გენდობი, ქაღალდები!

ჯვებე არც განძრეულა. თვალით ანიშნა წინ გიდევსო. კირილემ თვალი ჰკიდა - საამქროს აღწერის საბოლოო აქტი იყო. სწორედ ის, გუშინ რომ დაიწერა. აიღო. ყურადღებით გადაიკითხა და შუაზე გადახია. მოკეცა და კიდევ გადახია.

- ესეც! - თქვა ჯვებემ.

კირილემ სხვა ფურცლებიც აიღო. დათიკოს დაკითხვის ოქმი იყო. ორი ოქმი. მოკეცა, გადახია და ჯიბეში ჩაიდო.

დამთავრდა! შეიძლებოდა დამშვიდებულიყო. ამ წუთიდან აღარც დათიკო ეკუთვნოდა ციხეს და აღარც - თვითონ. ადგილიდან მაინც არ იძვროდა, ისე იჯდა, გეგონებოდათ ამ სკამზე დააკრესო.

- კიდევ? - ცივად იკითხა ჯვებემ.

- გექნება მანდ სადმე. - კირილეს ინტონაციაში არც თხოვნა იგრძნობოდა, არც - მუქარა, არც - ბრძანება. საქმიანი ტონით თქვა.

ჯვებემ მტრული მზერა არ მოაცილა კირილეს, მერე უჯრა გამოაღო, რვეულის რამდენიმე ფურცელი ისე აიღო, თითქოს ვიღაცის ჭუჭყიანი საცვლები უჭირავსო და ისე გადმოუგდო კირილეს, როგორც ძაღლს ნასუფრალ ძვლებს გადაუყრიან. კირილეს გული შეეკუმშა. ვიდრე ამ ორ ფურცელს აიღებდა, შეყოვნდა, იქნებ, არ ავიღოო, გაიფიქრა, მაგრამ ძალიან ეწადა გაეგო საიდან, ვისგან დაიწყო ყველაფერი. აიღო, სახე ისე დაეღრიცა, თითქოს ხელისგულზე მატლები დასეოდნენ, ორად მოკეცილი გადაშალა, სათაურს ჰკიდა თვალი „პატივცემულ მილიციას მივახსენებ, რომ…“ და მატლებმა შეაწუხეს, მატლები ახლა ყელზე დასეოდნენ. უცებ გადაფხრიწა ფურცლები. დაუნდობლად გლეჯდა, ნაკუწებად აქცია. აღარ იცოდა სად წაეღო, რა გზა მიეცა ამ უწმინდურობისათვის და ამიტომ ფხრეწდა ასე. ჯვებე მიხვდა, ხელი გაუწოდა. კირილე შეჩერდა. ქაღალდის ნაგლეჯებს დააცქერდა და ჯვებეს მიაწოდა. ჯვებემ ნაკუწები შავი მავთულის კალათაში ჩაყარა, მერე კვლავ უჯრა გამოაღო, საქაღალდე ამოიღო, გახსნა და კითხვას შეუდგა. მისთვის კირილე აღარ რსებობდა. ახლა უნდა წამოდგეს კირილე, აი, ის კარი უნდა გამოაღოს და დერეფანში გავიდეს, მაგრამ როგორ? კარამდე ათი ნაბიჯი მაინც იქნება. მერე კიდევ - დერეფანი! არა, დერეფანი არც ისე გრძელია! თუმცა, როგორ არა, როგორ არ არი გრძელი, ბარე ოცი ნაბიჯი იქნება! წამოდგა. გაუჭირდა, მაგრამ მაინც წამოდგა. თავს ძალა დაატანა და ნაბიჯიც გადადგა. ვიდრე კარამდე მივიდოდა, მოეჩვენა, რომ მხრებზე რაღაც სიმძიმე დააწვა - დიდი ტომარა ჭერიდან ჩამოვარდა და დაუნდობლად დააწვა მხრებზე. კარის სახელურს ჩაავლო ხელი და იფიქრა, გადავრჩი, აწი აღარ წავიქცევიო, მძიმე ტვირთიც სადღაც გაქრა. არის სახელური მცირე ხანს ეჭირა ხელში, მერე კარი გამოაღო და დერეფანში გამოვიდა. ნელა მოდიოდა, ასე ეჩვენებოდა, სიბნელეში მიიკვლევდა გზას. უკვორდა კიდეც ასე რამ ჩამოაბნელა, ჯერ ხომ შუა-დღე უნდა იყოსო, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. თვალები მოხუჭა. ერთხანს გარინდებული იჯდა. ახლაც სიბნელის წრეში მოქცეულიყო, მრუმე სიბნელის წრეში. ქვემოდან ვირაცის ხმა მოესმა. ახლავე მოვალო, მოაძახა ვიღაცამ. ის ვირაცა კიბეზე ამორბის. „არ შევრცხვე კაცი, კიბეზე ჩამომჯდარი არავინ დამინახოს“, გაუელვა თავში. წამოდგა, თვალიც გაახილა. ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. კიბე კუკურიმ ამოირბინა.

- რა იყო, კირილე ბატონო, ხო ხარ კარგად? - კირილეს წინ შედგა კუკური.

- კი, - ხმადაბლა თქვა კირილემ და გზა განაგრძო. გაჩერება არ უნდოდა, რომ გავჩერდე, ვაითუ, ვეღარ დავიძრაო, გაიფიქრა და ამიტომ არ გაუჩერდა გაკვირვებულ კუკურის.

- ალბათ, გული თუ ატკინეს, - გაიფიქრა კუკურიმ. - ამათი გახარებული ვერავინ ვნახე მე! - და ჯვებეს კაბინეტისაკენ გაემართა.

კირილემ კიბე ჩამოათავა თუ არა, კვლავ ისეთი სიმძიმე დააწვა მხრებზე, ლამის წამოიკივლა. კედელს მივეყრდნობიო, გაიფიქრა. მიეყრდნობოდა კიდეც, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს, იქეთა ტროტუარზე ნინუცას მოჰკრა თვალი, ტერენტის ცოლს და მოერიდა, აქ, მილიციასთან კედელს მიყრდნობილი რომ დამინახოს, რას იფიქრებსო. ისევ დაატანა თავს ძალა და გზა განაგრძო. კაცმა რომ თქვას, იმანაც გაამხნევა, მილიციიდან გამოსულს მზე რომ მიეგება. გარემო მზეს გაეჩახჩახებინა. ჩვილის ღიმილივით ალერსიანი და სევდისგამქარვებელი იყო მზე, თუმცა, კირილეს გულამდე მაინც ვერ შეაღწია. თითქოს გულს კარი გამობმოდა, კარი კი ძლიერ დაეგმანათ, რომ მზის სხივი არ შეპარულიყო შიგ. ალბათ, ის კარიც უმძიმებდა გულს, ვალმოხდილ კაცად უნდა ეგრძნო თავი, შვება უნდა ეგრძნო, მაგრამ სად იყო ის შვება და სიმსუბუქე თავისუფლებას რომ უნდა მოეტანა თან? მხრებზე კვლავ ჯიუტად აწვებოდა რაღაც. ისე აწვებოდა, ნაბიჯის გადადგმაც კი უჭირდა.

- თუ არ ჩამოვჯექი, ეს სიმძიმე მიწაში ჩამიტანს - გაიფიქრა, მაგრამ სად, სად ჩამოჯდეს?

ეგერ, იქ, კულტურისა და დასვენების პარკში! აი, იქ, შესასვლელთანვე დიდი სტენდი რომ დგას. იმ სტენდზე ხალხის უკეთესი მომავლისათვის მებრძოლ ადამიანთა სურათებია გამოკრული. იმ ადამიანებისა, დაბაში რომ იბრძოდნენ უკეთესი მომავლისათვის.

მაგრამ იქამდე ხომ ორასი ნაბიჯი მაინც იქნება:

ორასი ნაბიჯი!

ამხელა გზას რა გალევს!

სტენდის შუაგულში კირილეს მამის - ძუკუს სურათია. დიდი, ოვალური სურათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ რაიონში ძუკუ იყო საბჭოთა ხელისუფლებისათვის მთავარი თავდადებული. სხვა თავდადებულნი მის ირგვლივ იყრიდნენ თავს. რამდენჯერ მოსულა კირილე ამ სტენდთან. ადრე სიამაყით მოდიოდა, სიხარულით მოუწევდა გული. მამა თავდადებული კაციაო და მოდიოდა, მაშინ გულწრფელად სჯეროდა ის, რასაც ჩასძახოდნენ. მერე მამით თავმოწონმება, სიხარული გაუნელდა. ცხოვრებამ დაანახა, რომ მამამისიც ისევე ყოფილა თავბრუდასხმული, როგორც თვითონ. ამან გაუნელა სიხარული. ამიტომ აღდგომის მომდევნო დღეს თუ მოვიდოდა ხოლმე მამის მოსანახულებლად. მოდიოდა, მაგრამ ისე, რომ არავის გაეგო, არავინ მიმხვდარიყო აღდგომის მომდევნო დღეს მამასთან მოვიდაო, - სტენდს ახლოს გაუვლიდა და ნაბიჯს შეანელებდა. ეს იყო და ეს! სწორედ აღდგომის მომდევნო დღეს არ უნდა შეჩერებულიყო მამის - ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანის სურათთან.

ერთ დღეს კი მამის სურათს ისეთი რამ შესძახა, კარგა ხანს სირცხვილის ალმური ასდიოდა. ის სიტყვები („ამისთვის იბრძოდი ეს თავადი კაცი? ან თავს რას ერჩოდი, ან ჩვენ, ხალხმა რა დაგიშავა?“) თითქოს სამარადისოდ მიეკრა საპატიო დაფას. სწორედ იმ წარწერის ქვეშ დაიკავა ადგილი, გამვლელ-გამომვლელს რომ აუწყებდა ესენი საბჭოთა ხელისუფლებისათვის - ხალხის კეთილდღეობისათვის მებრძოლი ადამიანები არიანო. აი, ამ სიტყვების ქვეშ თითქოს თავისთავად განლაგდნენ კირილეს მიერ საყვედურით წამოსროლილი სიტყვები. კირილე ცხადად ხედავდა ამ სიტყვებს და სირცხვილის ალმური ასდიოდა. ამიტომ კარგა ხანს არ ეკარებოდა სტენდს. ერიდებოდა თვალი როგორ გავუსწორო მამაჩემსო, ფიქრობდა. თავს ვერ პატიობდა ამ უზრდელობას - მამას ასეთი რამ როგორ ვკადრეო, კარგა ხნის მერე მოვიდა. მოვიდა და… მამა სხვანაირი დაუხვდა - უცხოსავით უმზერდა იმ სურათიდან. რაც დრო გადიოდა, ძუკუ უფრო და უფრო უცხოვდებოდა. მამა იმდენად გაუუცხოვდა, კირილეს ეჭვიც კი შეეპარა: სურათი ხომ არ შეცვალეს, იქნებ, ეს წვერშეკრეჭილი, არწივისებური მზერის კაცი სულაც არ არისო მამაჩემი.

ახლა კი შესძლებს იმ სტენდამდე მისვლას?

იქ, სტენდთან, მწვანედ შეღებილი გრძელი სკამი დგას. კირილე არაერთხელ მჯდარა ამ სკამზე - ხალხის უკეთესი მომავლისათვის დაცემული მამის სურათთან.

მზე უცინოდა კირილეს, ეალერსებოდა, გულში კი მაინც ვერ აღწევდა მზე. ცდილობდა, ძალიან ცდილობდა მზე. მისი სხივები ონავარი ბიჭებივით დახტოდნენ კირილეს ირგვლივ. ბუქნას უვლიდნენ, ქვეშ ეგებოდნენ, მაგრამ კირილეს გულში ვერ იქნა და ვერ შეაღწიეს. ის კარი ვერაფრიტ ვერ გამოაღეს.

აჰა, მოვიდა, მოაღწია, მწვანედ შეღებილ სკამამდე მოლასლასდა. ჩამოჯდა, მამის სურათს ახედა, გაუღიმა, ამ ღიმილით ჰკითხა: როგორა ხარ, მამა ბატონო, რას შვრებიო, მაგრამ გაუღიმა კი? შესძლო? არა, არა… აქ წამოწოლა არ შეიძლება! აბა, სად გაგონილა კირილე ფაღავა დაბის გულში - კულტურისა და დასვენების პარკში, ზედ ხალხთა ბედნიერი მომავლისათვის მებრძოლთა სტენდის წინ ვიღაც ბოსიაკივით დაწვეს? არა, ეს არ იქნება, არაფრით არ იქნება!

- ოოჰ! - ამოიოხრა.

როგორ სურს სხეულის მოსვენება. დაიღალა, სხეული დაიღალა.

- არა, არა, არა! - ჩასძახის თავს, მაგრამ მაინც წვება. რაღაც ძალა აწვება სკამისაკენ - იმ მწვანედ შეღებილი სამი ფიცრისაკენ. აქ უნდა მუხლის გამართვა, თითქოს მართას ხელით გაშლილი ლოგინი იყოს.

დაწვა. წელში გაიმართა, ამოიხვნეშა და მზეც უცებ ჩაქრა. უცებ დაბნელდა. მზე ჩაუქრა კირილეს. ერთბაშად, ერთდროულად გამოირთო სინათლის ყველა წყარო.

და კირილე წყვდიადში შთაინთქა.

გავიდა ერთი წამი, ათი, ოცი, ერთი წუთი, ხუთი, ათი… დრო სწრაფად გარბოდა, დრო არ იცდიდა და კირილეს აქცევდა ნამყოდ. კირილე უკვე ამ დაბის, ამ წუთებში პარკში, თუ პარკის ირგვლივ რომ მიმოდიოდნენ, იმ ადამიანების წარსულად იქცა.

მაგრამ მათ ამის თაობაზე, არაფერი იცოდნენ.

კირილეს გარდაცვალების ამბავი უმალ მოედო მთელ დაბას. ყველა აქეთ მორბოდა. პირისახეს იხოკდნენ, ყვიროდნენ, ტიროდნენ. დათიკოც აქ იყო - უხმო და ილაჯწართმეული დათიკო ლანდივით აკვროდა კედელს. რაც აქ მოვიდა, ხმა არ ამოუღია. სიტყვა არ უთქვამს. კირილეს შესცქეროდა და მთელი ცხოვრება ედგა თვალწინ. ამ წუთში, კირილეს ცხედართან მდგარს, ეჭვიც კი ეპარებოდა: იყო კი, არსებობდა კი ის ცხოვრება საერთოდ? იქნებ, სიზმარი იყო ყველაფერი, ძალიან ტკბილი სიზმარი? იქნებ, არც კირილე არსებულა ქვეყნად? ახლა, ამ წუთებში კირილეს ცხედართან მდგარ დათიკო ჯანაშვილს საპატიმროში გატარებული დღეები ტკბილად ეჩვენებოდა. ახლა, ამ წუთებში კირილეს ცხედართან ძალზე უბედური იყო. იქ, საპატიმროში კი… იქ, რა - პატიმარი იყო, ეგ არის და ეგ! სამაგიეროდ? კირილე ცოცხალი ეგულებოდა, ოცნებაც ჰქონდა - განთავისუფლების ოცნება.

ყვირილი მოესმა თუ არა, გულმა რეჩხი უყო. გარეთ გავარდა და ჭიშკრისაკენ გაექანა. ჭიშკართან კი მიწაზე ისახარი ეგდო და ღრიალებდა: მიშველეთ, მკლავენო. ადგილიდან არავინ იძვროდა. ყველა უხმოდ მისჩერებოდა ამ შემაძრწუნებელ სურათს. დათიკომ ვერც იცნო შვილი. ალბათ, ორი მიზეზის გამო ვერ იცნო ბენო: ახლა, ამ წუთში მისთვის ის კი არ იყო მთავარი, თუ ვინ სცემდა ისახარს, არამედ, აი, ის ხალხი - მეზობლები, ამხანაგები, რომლებიც გულგრილად მისჩერებოდნენ აღრიალებულ ისახარს. შვილი კი იმიტომაც ვერ იცნო, რომ ცრემლმორეულ ბენოს სახე დაღრეჯოდა, მიწაზე გართხმულ ისახარს მკერდზე გადაჯდომოდა და დაუნდობლად ურტყამდა სახეში. ისე გახელებული სცემდა და გაიძახოდა კირილე ბიძია, კირილე ბიძიაო, რომ დათიკოს შეძახილიც ვერ გაიგონა - დათიკომ რომ შვილი იცნო, გახევებულმა შესძახა: რას შვრები, ბიჭოო. ცხადია, ბენომ ვერაფერი გაიგო.

- ბენო! - ახლა უფრო ხმამაღლა, ლამის განწირულივით შესძახა დათიკომ. შემაძრწუნებელ სურათს შესცქეროდა - მის შვილს ადამიანი მოეგდო ქვეშ და სცემდა. დათიკო შვილს მივარდა. ისახარის მკერდს ააგლიჯა - რატო შობი ამას, შვილო, შენ რატო არჩევ ტყუილს და მართალს! - შესძახა ბენოს - გამჩენის საქმეში შენ რატო ერევი!

- დაანებე მაგ ბაღანას თავი, დათიკო, ეტყობა, მაგან უკეთ იცის, ვინ რისი ღირსია! - დინჯად თქვა რუბენმა.

ისახარი წამოდგა. ხალხს მუქარით მოავლო თვალი. ისინი კი სულ სხვა მხარეს იყურებოდნენ. თითქოსდა, ფიქრში ჩაფლულთ არც აინტერესებდათ რა ხდებოდა აქ, კირილეს ეზოში. ერთადერთი კაცი, ვისაც ისახარისათვის ზურგი არ ექცია, ღობეს მიყრდნობოდა და პირისახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, რუბენი გახლდათ.

- ხო ასეა, ისახარ, ხომ ვამბობ მართალს? - ჰკითხა რუბენმა ფეხზე წამომდგარ ისახარს.

ისახარმა შეკრებილთ ზიზღის გამომხატველი მზერა მოავლო და გასასვლელისაკენ შეტრიალდა. ჭიშკარში ჩამდგარ დათიკოს შეეჩეხა. დათიკო უშფოთველად შესცქეროდა ისახარს.

- კარგად კი გაგიზრდია შვილი! - უთხრა ისახარმა.

დათიკომ არაფერი უპასუხა. არც ჭიშკარს მოსცილდა, რომ ისახარი გასულიყო. ეზოში მდგარი ადამიანები - ქართველნი თუ ებრაელნი - მათკენ მოტრიალდნენ. დათიკოს თვალებში სევდა ჩამდგარიყო, ისახარისაში - სიბრაზე. დათიკომ რომ კირილეს სახლისაკენ მომავალი მოტირალი ქალების მოთქმა გაიგონა, ისახარს უთხრა:

- წადი, ისახარ, წადი და იცოდე: გამჩენი ყველაფერს ხედავს, იმან ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენსავით არ ჩქარობს. წადი და ელოდე გამჩენის განაჩენს.

ისახარს გვერდი აუქცია და სახლისაკენ გაემართა. ნელა მიდიოდა, მძიმედ - უზარმაზარი სევდა მიჰქონდა თან.

- რა უცებ დაბერდა ეს კაცი! - ჩაილაპარაკა რუბენმა.

ისახარი გზაზე გავიდა. მთელ დაბას ემუქრებოდა: თქვენ კიდევ არ იცით, ისახარი რა კაცია და მალე გაგაცნობთ თავს!

აღგზნებული ბენო სკოლისკენ მიდიოდა. იქ ბუთხუზს უნდა შეხვედროდა. მას ამ კვირაში სასიხარულო არაფერი ჰქონდა: ქუჩაში სცემეს, თვითონაც სცემა კაცი, მაგრამ მთავარი ის გახლდათ, რომ ესთერის მამამ ცხვირიდან სისხლი მოსწმინდა.

ყველაფერი ეს აღონებდა. ამიტომ მიდიოდა თავჩაქინდრული.

19 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


ღმერთის მერე სამშობლო დგას.

თუ კაცს ღირსება არ დაუკარგავს, მუდამ უნდა ახლდეს ის დიდი სხივი, რომელსაც სამშობლო ჰქვია. და თუ ეს ადამიანი სამშობლოს გარეთ ცხოვრობს, ერთ დროს უნდა მოიძებნოს მამა-პაპის მიწა. თუ სიცოცხლეშივე ლეშად არ ქცეულა, მშობლიურ მიწაში დამარხვაზე უნდა იზრუნოს. სამშობლო იქ კი არ არი, სადაც კარგად ცხოვრობ, იქაა, სადაც შენს მამა-პაპას ოფლი დაუღვრია და დამარხულა, მისი პური, წყალი, ფოთლის შრიალი შენს სულში დასადგურებულა. უცხოობაში რა სიკეთითცხებულიც არ უნდა იყო, სულს მაინც აკლია რაღაცა. იქნება, ყოველთვის ვერც ხვდებოდე რა არის ეს რაღაცა, მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც დადგება ის დღე, როცა აღმოაჩენ - სამშობლო გაკლია, ის გაკლია, რისი ნაწილიც შენ ხარ. შენ იქ უნდა იყო, მხოლოდ იქ, ეს იმიტომ, რომ იმ მიწის, ტყის, წვიმის, თოვლის, მზის ნაწილი ხარ. აქ კი სხვა ჰაერია, სხვა მიწა, სხვა წვიმა სხვანაირი თოვლი, იქნებ, კარგიც, დიდებულიც, მაგრამ შენი რომ არ არის! შენი სულის სალბუნი მხოლოდ იქ ა რ ი!

ებრაელ კაცს კი ცოტა სხვანაირად აქვს საქმე: ჩვენმა უბედობამ ორი სამშობლო გვარგუნა წილად. პირველი გახლავთ ის მიწა, ხალხი, რომლის წიაღშიც დავიბადეთ, აღვიზარდეთ, გამჩენის სიყვარული და სამსახური ვისწავლეთ, ამდენი საუკუნე ვიცხოვრეთ. მეორე კი ჩვენი ისტორიული სამშობლო გახლავთ. ქვეყანა, მიწა, რომლიდანაც აგვყარეს და ქვეყნიერების სხვადასხვა კუთხეში ისე მიმოგვფანტეს, როგორც ბრინჯი მუხლებამდე ბალახში. ამ ბრინჯის მეტი წილი იკარგება - ზოგს გამვლელი დაადგამს ფეხს და სულაც მიწაში ჩაფლავს თავისი ქუსლებით, ზოგიც ისე უბრალოდ იკარგება ბალახ-ბულახში. მეოთხედი თუ აკრიფე, დიდი ბიჭობაა. ებრაელობასაც ასე მოუვიდა - ამ ბრინჯივით მიმოიფანტა და დღეს ნახევარს თუ ახსოვს, რომ ებრაელია.

იმათგან, ვისაც ახსოვს, რამდენს სწადია ებრაელობა? რამდენს ყოფნის ვაჟკაცობა იცხოვროს ებრაულად?

ჩემი ებრაელობა არასოდეს დამივიწყნია. ხანი რომ მომემატა, სიამაყის გრძნობაც დამეუფლა.

მერე და მერე პალესტინაზე ფიქრიც გაჩნდა. ეს ის დრო იყო, როცა ოსმალეთმა პალესტინა დაჰკარგა, მაშინ ვკითხე ჩემს თავს: რატომ ხდება ასე? ჩემი ისტორიული სამშობლო ხან ვის ხელშია და ხან კიდევ - ვისაში-მეთქი. იმიტომ, რომ შენ იქ არა ხარო, - მე თვითონ ვუპასუხე ჩემს თავს. ოსმალეთისგან თავდახსნილი ებრაელთა მიწა ინგლისელების ხელში გადავიდა. ან ოსმალებს რა ესაქმებათ დავით წინასწარმეტყველის იერუშალაიმში, ან ინგლისელებს?

ერთ საღამოს იმ ჩემს ნაცნობ იცხაკ დავითაშვილს (თუ გახსოვთ, ბიჭის გაბედნიერებაში რომ წავაშველე ხელი) გავენდე: რა ხანია იერუშალაიმში გადასვლის ფიქრი მიტრიალებს და რას მირჩევმეთქი.

იცხაკს რომ ჩემი გულის ვარამს ვუზიარებდი, პირი მოეკუმა, გაუნძრევლად იდგა. ერთხელაც არ შერხეულა. თვალიც არ დაუხამხამებია. ეგონებოდათ, მხრებზე თავი კი არა, თავის მოყვანილობის ქვა ადგასო. ლაპარაკი რომ დავამთავრე, ისეთი რამ მითხრა, კვლავ ჩიტივით ამიფრთხიალდა გული:

- იაკობ ბატონო, ხომ გაგიგონია შენ ჩვენი ხალხის ნათქვამი: იერუშალაიმში წამსვლელ კაცს განზრახვას ნურც მოუწონებ და ნურც დაუშლიო. ამიტომ ვერაფერს გეტყვი, მარა… იცხაკ დავითაშვილმა თვალი მოჭუტა, კრიალოსნის ქვაც არ ჩააგდო, კარგა ხანი იდგა ასე უძრავად - რავა ფიქრობ ახლა შენ - ისრაელმა კაცმა ერთხელ მაინც ხო უნდა გადაავლოს თვალი მამა-პაპის მიწას. კიო, მეტყვი შენ, აბა, რავაო! ჰოდა რა გვიშლის ხელს, რა დიდი ამბავი ეს არის! დავსხდეთ აგერ გემზე და ორ-სამ დღეში ტაძრის ნანგ-რევებთან ვიქნებით. ხოა ეს დიდი საქმე, ვნახოთ რა ხდება იქ, შევხედოთ ცხოვრებას, დავაკვირდეთ - ვიცნობთ იმ ქვეყანას ჩვენს სამშობლოდ თუ არა! იქნება, ისე გაგვიუცხოვდა, აღარც ვუნდივართ?!

იცხაკის სიტყვებმა გონება გამინათეს. ამაზე უკეთეს რჩევას ვინ მომცემდა?

იმ საუბრიდან ერთი კვირის თავზე მე და იცხაკი გემზე ვიყავით. მიკვირდა კიდეც ასე უბრალოდ რაფერ მოხდა ყველაფერი, ასე უბრალოდ როგორ მივადგები რძის, თაფლის და ოქროს იერუშალაიმს-მეთქი. ებრაელი კაცი ხომ დღეცა და ღამეც ამ მიწაზე ოცნებობს - ლხინში ვართ თუ ჭირში, იმ ქალაქის ხილვას ვნატრობთ, მშვიდობის ქალაქად რომ მონათლა გამჩენმა.

რაღა ბევრი გავაგრძელო: ერთი კვირა ვაპირებდით იქ დარჩენას და სამი კვირა მოგვიწია. არაფერი დაგვიტოვებია უნახავი. ბოლოს ისე გამოვედით ქვეყნიდან, არც იცხაკს და არც მე კრინტიც არ დაგვიძრავს იმაზე, რაც ასე მაწუხებდა.

გემში ჩავსხედით და სტამბულისაკენ გამოვეშურეთ. მე თვითონ ვერაფერი გადაწყვეტილება გამომეტანა და გულდალეული ველოდი რას იტყოდა იცხაკი.

გემი რომ იაფოს ნავმისადგომს გასცილდა, მზე ჩადიოდა. გემბანიდან ნაპირს გავყურებდი. ზღვაში გასული ჩვენი გემი უდაბნოში დაკარგულ ბავშვს დაემსგავსა. დიდებული ამინდი იდგა. ჩამავალი მზე მორცხვი დედოფალივით შემოგვყურებდა. მოაჯირთან ვიდექი და იმ მხარეს გავყურებდი, სადაც მამა-პაპეული მიწა დავტოვე. ამ მიწასთან განშორება გულს მიმძიმებდა. უფლის სახლის ერთი გადარჩენილი კედელი მედგა თვალწინ. რამდენი მტრის თვალი უმზერდა ამ კედელს, რამდენ ჭირს გაუძლო და დღესაც დგას. ახლა კი მე რომ მივატოვე, ასე მგონია, ჭიაღუები შეესევიან და ძირს გამოუთხრიან-მეთქი.

დედა მივატოვე და სულში შიშის ზარი რეკდა: ჩემი არყოფნის ჟამს ავად რომ გახდეს, წყალს ვინ მიაწოდებს-მეთქი.

- დარდობთ, ხომ, იაკობ ბატონო! - ვერ გავიგე, როდის ამომიდგა გვერდში იცხაკი - სამშობლო უნდა იდარდო, მართალი ხარ, მარა, - თვალები მოჭუტა, გაჩუმდა, ჰა და ჰა, ახლა ამოიღებს ხმას-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ იცხაკი ჯიუტად დუმდა. ისე მომეჩვენა, რომ არც უნდოდა ლაპარაკი, ლამის სიბრაზე მომერია: აქეთ იმისთვის წამოვედი, რაიმე გადაწყვეტილება მიმეღო, ეს კი სიტყვას მამადლის-მეთქი. იცხაკმა ხელი მკლავში გამომდო, ნაბიჯი გადადგა და მეც თან გამიყოლა - სად უნდა წახვიდე? სად არი სამშობლო… მე ვერ ვნახე ჩემი სამშობლო. არა, სამშობლო კი არი, მარა… სამშობლო მარტო მიწა ხო არ გახლავს, იაკობ ბატონო, ხალხია სამშობლო, ის სული, რომელსაც ამ ხალხის ამ მიწაზე ყოფნა ქმნის. მერე სად არი ებრაელობა? ისევ სხვა დაპატრონებია მამა აბრაამის შვილების მიწას. ორი პატრონი ჰყავს ახლა: ინგლისელები და არაბები. ინგლისელები გუშინ მოვიდნენ და ხვალ ისევე წავლენ, როგორც ოსმალები წავიდნენ, მაგრამ ამდენ არაბს რას უშვრები! მაგათ ხელშია დღეს ისრაელთა მიწა, ისინი დაპარპაშობენ. სამშობლოში დავბრუნდე და არაბი იყოს ჩემი მბრძანებელი? რატომ? რისთვის? იერუშალაიმში ცხოვრების უფლება არაბმა მომცეს?

იცხაკი სიმართლეს ლაპარაკობდა. ეს კიდევ უფრო მიკლავდა გულს. იერუშალაიმის ცხოვრების გადამხედვარე კაცი ვერაფრით იტყოდა, ისრაელთა ქვეყანაში ვარო. ყველგან არაბები იყვნენ, თუ რამე ებრაულს ხედავდი, ისიც მორცხვად გამდგარიყო გვერდზე. უფლის სახლის გადარჩენილ კედელსაც კი ორი მეჩეთი დასდგომია თავს. აბა, რაღაა ჩვენი სიცოცხლე, რაღა ხალხი ვართ ჩვენ, როცა სამშობლო ამ დღეშია.

- დავით მეფის ქალაქში მუეძინების ძახილი გვესმის. უფლის სახლის გადარჩენილ კედელს მიზგითი ფარავს, შენ კი არხეინად გძინავს - არა, თუ კაცი ხარ და თავზე ქუდიც გხურავს, ახლა უნდა მოხვიდე ამ მიწაზე, რამდენი მეტი მოვალთ, მით უკეთესი! სხვანაირად ჩვენ ჩვენს სამშობლოს ვერ დავეპატრონებით. ამას გეუბნება ჰერცლი, მარა გვაქვს ჩვენ ამის თავი? ოჯახი, შვილები… მდიდრები კი გვქვია, მაგრამ სანამ გაჭირვებაში გაზრდილი კაცი თავის სიმდიდრეს დაიჯერებს და მდიდარი კაცის ცხოვრებით იცხოვრებს, ბერდება კიდეც. გვიანია, იაკობ ბატონო, ჩვენთვის გვიანია.

- მერე? შვილების დაზრდა სჯობია, თუ სამშობლოსათვის ბრძოლა? - წამოვიძახე უცებ, წამოვიძახე და იქვე მივხვდი ჩემნაირ კაცს ამნაირი აჩქარებული სიტყვა არ ეკადრება.

- ის სამშობლო ხომ შვილებისათვის გინდა?! თუ შვილები არ იქნა, სამშობლო რა არი? მიწა? ჰაერი? - გაიღიმა იცხაკმა - არა, ადამიანია ყველაფერი, - გაჩუმდა, ფიქრმა გაიტაცა... კარგა ხნის მერე, თითქოს საკუთარ ეუბნებაო, ისე განაგრძო - შვილების დაზრდა, იაკობ ბატონო, შვილების დაზრდა... იქნებ, ერთ მშვენიერ დღეს იმათ მაინც გაავსონ ქვეყანა, პატრონი უნდა მაგ მიწას, დიდი პატრონი! ჩვენ კიდო მაგ საქმისთვის აღარ ვარგივართ.

მაგრამ კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო:

ამ სამი წლის წინათ, თებერვალში საქართველოში რა უბედურებაც დატრიალდა, ადრეც ვიცოდი: რუსის ბოლშევიკობამ საქართველოს კანონიერი მთავრობა აქეთ გადმოყარა. არაფრად ჩააგდო ის, რომ ხალხს თავის ჭკუაზე უნდოდა ცხოვრება და ისევ თავისი უღელი დაადგა კისერზე. ამის გამო ამ ერთი თვის წინათ მოთმინებადალეულ ქართველ ხალხს იარაღისთვის წაუვლია ხელი და ბოლშევიკებს სულ კბილები უმტვრიეს თურმე. ბოლშევიკებს ჩვენი დაბიდანაც კუდით ქვა ასროლინეს (აგერ, აგვისტოს ბოლოს იყო ეს ამბავი), მარა, ბოლშევიკები სამიოდ დღეში ისევ წელში გამართულან და, მტრისას, რაც იმათ ხალხისთვის დღე უწევიათ. ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი რომ არ შეგაწყინოთ, ეს უბედურება ჩვენც შეგვეხო. ბოლშევიკებს ძაბულის დედ-მამის სახლი გადაუწვავთ. შუაღამისას, ყველას რომ ტკბილად ეძინა, შემოჰკვრიან სახლს, გადაუსხამთ ნავთი და... თუ ვინმე ეზოში გადმოხტომას დააპირებდა, ტყვიას ახლიდნენ, ყველა კარ-ფანჯარა ტყვიით ისე შეუკრავთ, ეზოში ვერავინ გამოსულა.

ამ ამბავმა ძაბული ძლიერ დამიზაფრა. ღამე აღარ ეძინა. თუ ჩაიძინებდა, ბორგავდა, ლოგინიდან წამოიჭრებოდა და მიშველეთ, ცეცხლი, ცეცხლიო, გაიძახოდა. სულ დაილია ქალი - ძაბულის ჩრდილიღა იყო. ერთ საღამოს კი გამომიცხადა: საქართველოში უნდა წავიდეთო. საქართველოდან ხალხი აქეთ გამორბის, ჩვენ როგორ წავიდეთ-მეთქი და უნდა წავიდეთო, მტკიცედ მითხრა. მივხვდი, რომ მას უკვე ყველაფერი გადაეწყვიტა.

ამ დღის მერე იერუშალაიმზე სიტყვაც არ დამიძრავს. ძაბულისთან ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი: ყოველი ერის შვილმა თავისი გზა-კვალი უნდა იცოდეს. მე იერუშალაიმში მეწადა დაბრუნება, ძაბულის - საქართველოში. რა მექნა, საით წავსულიყავი, შვილები სად წამეყვანა? ერთი ქვეყანა აღთქმული იყო, მაგრამ უცნობი, მეორე - საშინელი ცეცხლის ალში გახვეული, მაგრამ საყვარელი და ნაცნობი, აქ ჩემთვის ყოველი ბუჩქი ახლობელი გახლდათ. ერთგან არაბები პარპაშობდნენ, მეორეგან - მტრობა. რა გზას დავდგომოდი? ჩემნაირი ოჯახის კაცი ცხოვრებაში ერთხელ უთუოდ დადგება ამნაირი გასაჭირის წინაშე და თუ არ გინდათ ამ დღეში ჩავარდეთ, ქართველმა ქართველი მონახოს და ებრაელმა - ებრაელი, მაგრამ თუ წინაპართა გზას მაინც გადაუხვევ, თუ სხვისკენ გაგიწევს გული, მეურმეს პატივი უნდა სცე. ამას გვასწავლის თორა. აი, ამიტომ აღარ დავძარი კრინტი იერუშალაიმში გადასახლებაზე. ეგ კი არადა, ჩემს თავსაც ავუკრძალე იერუშალაიმზე ფიქრი. ამაზე გადაკვრითაც რომ მეთქვა რამე, ძაბულის ისედაც არეულ დღეებსა და ღამეებს კიდევ უფრო ავურევდი. ექიმებმაც დიდი ვერაფერი რჩევა მომცეს. ძაბულის ავადმყოფობას ვერაფერი გაუგეს. ერთმა პროფესორმა გვითხრა სულში შიში აქვს ჩამდგარიო. ისიც გვითხრა თქვენ უნდა ამოუდგეთ გვერდში, დაეხმაროთ, რომ ეგ შიში დასძლიოსო. მერე სულ უძილობა დასჩემდა. ლოგინზე ჩამომჯდარი გათენებას ელოდა. თუმცა, არც გათენება აძლევდა რაიმე შვებას. უხმოდ იჯდა. გათენებისთანავე წამოდგებოდა, ხალათს მოისხამდა და ცხარედ მოთქვამდა. ყველაზე მწარედ ძმას ტიროდა. ოთხი თვე ვიყავი ამ დღეში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი: სწორია ჩვენი ხალხი, ადამიანის ყველაზე დიდ განძად ოჯახში მშვიდობას და ჯანმრთელობას რომ მიიჩნევს. სიმდიდრე ძაბულის რა შვებას აძლევდა? როცა ოჯახში სულ ტირილი და გოდება გესმის, რა ფულიც არ უნდა გქონდეს, ჩალაა და მეტი არაფერი. თუ მე საქართველოში არ დავბრუნდებოდი, ძაბულის დიდხანს სიცოცხლე არ ეწერა. ყოველდღე, ნელ-ნელა კვდებოდა ქალი. ისევ იცხაკს გავენდე: რას მირჩევ, როგორ მოვიქცე-მეთქი. ზღვისპირა აივანზე ვისხედით.

- ვიცი, ყველაფერი ვიცი, ჩემო იაკობ! ვერ არი ძაბული კარგად, ხალხს რა დაემალება! ძაბულის ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს, მაგრამ, - იცხაკი ისევ ჩაფიქრდა, - აბა, რა გირჩიო. ბოლშევიკებს არასოდეს შევხვედრივარ, ნურც შემახვედროს ღმერთმა! თურმე, რაც ადამიანებს გამჩენის წინაშე შეუცოდავთ, სულ ბოლშევიკებით ახდევინებს. ვიცი, რა დღეც გადგას, მარა... - ისევ გაჩუმდა, მომეჩვენა რომ ყოყმანობდა ვთქვა თუ არა სათქმელიო, მაგრამ გაბედა, თქვა - ძაბულიმ ცოტა მაინც იცხოვრა, სიხარულიც ნახა და სიკეთეც, ბევრი მიიღო ამ წუთისოფლისგან... დღეს გასაჭირი გადგას, მაგრამ უფრო მდუღარეში რომ სტუცო თავი, შვილებს რა პასუხს აძლევ? ჩვენ ხომ შვილებისთვის ვმაცადინობთ. ბოლშევიკების ხელში შვილების გაზრდა?

გასაგები იყო რა პასუხსაც მაძლევდა იცხაკი. იმან გადამრია, რაც მითხრა კიდეც და არც მითხრა: ძაბული გასწირე და შვილების მომავალი გადაარჩინეო. არა, მე ამას ვერ ვიზამდი. შვილებს რა უნდა მოსვლოდათ - გამჩენს ასე რატომ უნდა გავეწირე? ჩემს შვილებს ვისი ცოდვა უნდა მოსწეოდათ? ან ეს ბოლშევიკები რატომ უნდა ყოფილიყვნენ ასე უღმერთოები? ასეთი რა წყევლა-კრულვა გამოიმეტა გამჩენმა ხალხისთვის? ეს დოვლათი სადაც არ უნდა ჩავიტანო, ჩემს შვილებს კი არა, შვილიშვილებს აცხოვრებს ტკბილად. გლახაკი და უქონელი არავის უნდა, თორემ ამხელა სიმდიდრის პატრონს, ცუდად რისთვის უნდა მომექცნენ? ყველა გულში ჩამიკრავს.

მაინც აქეთ გამომიწია გულმა. საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. ცოლ-შვილი გემზე დავსვი და სამშობლოსაკენ მომავალ გზას დავადექით. სინანულით გამოვეთხოვე ქალაქს, რომელმაც ამდენი ხანი - ოც წელზე მეტი - შვილივით შემინახა.

კაიუტაში მჯდომ ძაბულის თვალი ვერ მოვწყვიტე - ბედნიერი იყო. სახეზე ნეტარება აღბეჭდვოდა. აშკარა გახლდათ, რომ სულში დიდი სიხარული ჩადგომოდა. ამიტომ გავიფიქრე ძაბულის ამ ბედნიერ წუთებს არაფერში გავცვლი-მეთქი.

თებერვალი იდგა. წვიმის წვეთები ზანტად ეცემოდა წყლის გუბურებს. ქვეყნიერება ბურუსში ისე გახვეულიყო, იფიქრებდით, გაჩენის დღიდან თვალზე ცრემლი არ შეშრობიაო. კაცს რომ დარდი არ ჰქონდეს, ამნაირი დღე ათას დარდს გაახსენებსო, ასეთ ამინდზე იტყვის ხალხი.

ატალახებულ გზაზე ურმები მიიზლაზნებოდნენ. ამ ურმებზე ელაგა ოჯახის ბარგი. მთელი ქონება გავყიდე - ფულად, ოქროდ ვაქციე. ნახევარი აქეთ წამოვიღე, ნახევარიც სტამბოლში დავტოვე, - ბანკში. ურმებზე ისეთი ბარგი ელაგა, რომელიც მუდამ თან უნდა ჰქონდეს კაცს. ავეჯი და ჭურჭლეულობა სხვა გემს მოჰქონდა. ეტლში ვისხედით ძაბული, მე და ჩემი შვილები: ეფრემი, სიფორი და დათიკო. მიხაროდა სამი ანგელოსივით შვილითურთ რომ ვბრუნდებოდი სამშობლოში.

გითხარით უკვე ურმები ზანტად მიიზლაზნებოდნენ მეთქი. ურმების ბორბლებს ტალახი სქლად მოსდებოდა, ჩვენი ეტლი ტაატით მიჰყვებოდა ურმებს. კარგა ხნის მერე მივაქციე ყურადღება, რომ ცხენოსნები ჩვენს კვალდაკვალ მოდიოდნენ. მეეტლეს ვკითხე: ვინ არიან, ჩვენ რომ მოგვდევენ-მეთქი. მეეტლემ რატომღაც ხმადაბლა, საიდუმლო ტონით მომიგო: ეგენი წითელარმიელები არიანო.

- ბოლშევიკები არიან? - მომესმა ძაბულის ათრთოლებული ხმა. მეეტლეს ეკითხებოდა. მეეტლე მოტრიალდა და ისე შეგვათვალიერა, თითქოს გვსაყვედურობდა ასეთ რამეს რატომ მეკითხებითო, პასუხი არ გაგვცა. მე მივხვდი რა მაწუხებდა ასე: მას შემდეგ, რაც აქ, ამ მიწაზე დავდგი ფეხი, თითქოს ღონე გამომეცალა. ასე მეგონა, ჰაერში ვდგამდი ნაბიჯებს და, ფეხქვეშ რომ მიწას ვერ ვგრძნობდი, ამის გამო სუნტქვა მეკვრებოდა.

- მაგენი ბოლშევიკები არიან? - კვლავ იკითხა ძაბულიმ. მის ხმაში მეტი მღელვარება იგრძნობოდა.

- მაგენი რუსები არიან, ოსურ პატენი!1 - ჩვენსკენ არც მოტრიალდა,

სიტყვა მხრებზე გადმოაგდო მეეტლემ.

- რუსები?

ძაბულის თვალებში შიში ჩადგა. შეტოკდა, მკლავზე ხელი მომიჭირა.

- რა მოხდა მერე, ძაბული, ხომ გახსოვს, რამდენი რუსი იყო სტამბულში. წესიერი ხალხია ძალიან, - ღიმილით ვთქვი, ვითომ არც მიგრძვნია ძაბულის მღელვარება, - შენ აქაურობას დააკვირდი, არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისეა, რავარც მაშინ იყო, ჩვენ რომ გავიქეცით.

მომეჩვენა, რომ ძაბულის ჩემი ნათქვამი არც გაუგია. პირმოკუმული კუთხეში ისე მიჭუჭკულიყო, გეგონებოდათ, ვიღაცას ემალებაო. კარგა ხნის მერე ისევ იკითხა:

- მაგ რუსები ბოლშევიკები არიან?

მეეტლემ კვლავ უკანმოუხედავად გადმოგვიგდო სიტყვა:

- რუსი ყველა ბოლშევიკია, ოსურპატენი, რავა არ იცი მაგი!

ვიგრძენი, რომ ძაბული კიდევ უფრო დაიძაბა, მაღალ ყელზე ძარღვები დაებერა.

ახლა რომ ვუფიქრდები ყველაფერ იმას, რაც იმ დღეს მოხდა, გული მეწურება. ასე უჭკუოდ მე არასოდეს მოვქცეულვარ, წინდახედულობა რომ გამომეჩინა, ჩემი ცხოვრება, იქნებ, სულ სხვაგვარად დატრიალებულიყო. უბრალო, სულ უბრალო რამ ვერ გავითვალისწინე და ურმებით, ეტლით ძაბულის ნაცარტუტად ქცეულ სახლს მივადექი. ეტლიდან რომ გადმოვდგი ფეხი, მაშინ მივხვდი: უჭკუოდ მოვიქეცი.

ძაბულის მივუბრუნდი. ხელი მივაშველე.

ძაბულიმ თავი ასწია და ნასახლარს მიაჩერდა.

ძაბულის მშობლების ნასახლარი თვალდათხრილ, მუხლზედაცემულ ბერიკაცს ჰგავდა.

ნახშირადქცეული სახლი ძველი, ძაღლის მიერ დაგლეჯილი ჩექმებივით მიმოყრილიყო ეზოში.

აუკრეფავი, ოქროსფერი, ხეებზე თითქმის შემჭკნარი ხურმა ამაოდ ცდილობდა ამ ჩანაცრებული სურათის გამზიანებას.

ძაბული ტუჩებმოკუმული შესცქეროდა სახლს. შევამჩნიე თვალებში როგორ ჩაუდგა შიში, შეძრწუნდა. თითქოს მისი გულისცემაც ვიგრძენი, ნასახლარისკენ უაზროდ გადაგა რამდენიმე ნაბიჯი. შეჩერდა. შვილებს მოხედა. ეფრემი, სიფორი და დავითი უხმოდ მისჩერებოდნენ დედას. მათს მზერაში არაფერი იკითხებოდა - თვალებში სიბნელე ჩაწოლილიყო. უკვე გითხარით: ეტლიდან ფეხი გადმოვდგი თუ არა, უმალ ვიგრძენი რომ შევცდი. ამიტომ ძაბულის მივუახლოვდი, მკლავზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი:

- ძაბული! - მინდოდა ახლავე გავცლოდით აქაურობას და ამით გამომესწორებინა ჩემი შეცდომა. ძაბულიმ კი ყურადღება არ მომაქცია. არცა ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ნათქვამი გაიგონა. ნელი ნაბიჯით გაემართა ეზოსკენ. ისე მიდიოდა, იფიქრებდით, ნაბიჯებს ითვლის და იმას ფიქრობს, გადავდგა თუ არა შემდეგი ნაბიჯიო.

წითელარმიელები ცხენებიდან ჩამოხტნენ. ჩემს შორიახლო დადგნენ და ძაბულის ყოველ მოძრაობას ყურადღებით ადევნებდნენ თვალს.

ძაბული ნახშირადქცეულ, მუხლზედაცემულ სახლს რომ მიადგა, მისკენ გავეშურე - ძაბული ახლავე უნდა გასცლოდა აქაურობას, წითელარმიელები ფეხდაფეხ მომყვნენ, ძაბულისთან ჯიქურ მივედი და მკლავზე მოვკიდე ხელი.

- წავიდეთ, ძაბი! - ვთქვი და ვიგრძენი, რომ ჩემს ნათქვამს ძალა აკლდა. მართალი არ ვიყავი. ძაბულიმ არც ამჯერად მომხედა, არც ამჯერად მომაქცია ყურადღება, ასეთი რამ კი არ სჩვეოდა. ნელა, აუჩქარებლად დაიძრა ნასახლარისკენ. ვარდისფერი ქვით ამოშენებულ საძირკველს გადააბიჯა, კარგა ოცი-ოცდახუთი ნაბიჯით დამცილდა, მაგრამ აქაც კი მესმოდა მის ფეხქვეშ ნახშირი როგორ იმსხვრეოდა. ზოგან ხე ბოლომდე არ იყო დამწვარი. ძაბული რომ ფეხს დაადგამდა, ნახშირი გადაეცლებოდა და ისიც ისე ჩააცქერდებოდა, გეგონებოდათ, შიგ რაღაცას დაეძებსო, ან, იქნებ, მართლა დაეძებდა რამეს? რას? ერთი შეხედვით, სახეტიალოდ გამოსული ცნობისმოყვარე ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი და, ვგონებ, ეს წითელარმიელებიც, გულშეკუმშული დადიოდა ნახშირადქცეულ ნასახლარზე. მხრებაწურულს თავი ქურქში ჩაერგო. თვალებში კი ძრწოლვა ჩასდგომოდა. რაღაცას დააჩერდა. მერე სულაც დაიხარა. კარგა ხანს იყო ასე. ყურადღებით აკვირდებოდა. მერე ჩემკენ მობრუნდა. თვალები გაგანიერებოდა. შიგ შიში ჩასდგომოდა, თითქოს რაღაც შეჰყვირა, შეჰყვირა თუ ყვირილი უნდოდა? არა, მე არაფერი გამიგია, მის მზერაში ვიგრძენი, რომ კიოდა. ხმა კი არ ამოსულა მისი ყელიდან. უცებ, მოულოდნელად ჩაემხო ნახშირში. ხმის ამოუღებლად ჩაემხო.

ძაბულისაკენ გავრბოდი და გული ათას უბედურებას მითქვამდა. ნაცარში პირქვე დამხობილ ძაბულის დავწვდი. ხელში ავიყვანე. უსაშველოდ მძიმე იყო. შვილებისაკენ მოვტრიალდი. სიფორი, ეფრემი და დავითი ხმადაბლა საუბრობდნენ და ჯერაც არ იცოდნენ, რომ დედა აღარ ჰყავდათ.

______________________

1.ქალბატონო

20 ძაბული

▲ზევით დაბრუნება


ხომ ამდენი ტკივილი ეგულებოდა აქ, მაგრამ მაინც სამშობლოსაკენ მოუწევდა გული. გემიდან რომ გადმოვიდნენ, ეს ფერდაკარგული, წვერმოშვებული ოდიშელები ბარგს ურმებზე რომ ალაგებდნენ, მეუღლესა და შვილებთან ერთად ეტლში რომ ჩაჯდა, გული სიხარულით უძგერდა. წინ ურმები მიიზლაზნებოდნენ. ურმების ბორბლებს შავი ტალახი მოსდებოდა. გზისპირა გუბეებში ბაყაყები ყიყინებდნენ. ერთმანეთს რაღაცას გადასძახოდნენ და ერთი ადგილიდან მეორეზე ისე გადასკუპტებოდნენ, გეგონებოდათ, ამ სევდისმომგვრელი უჟმური დღის მდუმარებას გადასკუპება-გადახტომით არღვევენო.

ისეთი ამინდი იდგა, თითქოს ამ მიწას, ატალახებული გზების, ფოთოლცვენილი ალვის ხეების, მარტოობის გრძნობის აღმძვრელი ბურუსის, ძალაგამოლეული ნაკადულებისა, თუ შავი მიწისათვის მზეს არასოდეს დაეხედოს. ახლა სიხარულს დიდი დღესასწაული უნდა ჰქონოდა - როგორ ეწადა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ის სიხარული, გემიდან გადმოსვლისას რომ გრძნობდა, სადღაც გაქრა, სად წავიდა? სევდამ რატომ დაუმძიმა გული? თითქოს ესეც უნდა გახარებოდა: სამშობლო კვლავ ისეთი დაუხვდა, როგორიც დატოვა, ბაყაყებიც ისევ ისე დახტოდნენ და ყიყინებდნენ, როგორც მაშინ. თითქოს სურათები მეორდებოდნენ, მაგრამ მაინც სული ეხუთებოდა. აქ დრო თითქოს გაჩერებულიყო. მისი კუთხე დროის ბრუნვას ჩამორჩენოდა, ყველაფერი თითქოს გაცივებულიყო, გარემოს სიცოცხლის ნიშან-წაყლი დაჰკარგოდა.

უკნიდან ცხენების ფლოქვების ხმა შემოესმა. მოიხედა. ხუთი ცხენოსანი ფეხდაფეხ მოჰყვებოდათ. ჩაცმულობაზე შეატყო, რომ უბრალო ცხენოსნები არ იყვნენ - არც მარულაზე მიდიოდნენ და არც იქიდან ბრუნდებოდნენ.

უცებ ტანში ჟრუანტელმა დაუარა და წამოიძახა:

- ესენი ბოლშევიკები არიან? - ძაბულის ხმა უთრთოდა.

მეეტლე მობრუნდა. ძაბულის და იაკობს დააკვირდა. გაიღიმა. არა, კი არ გაიღიმა, გაიღმიჭა. ეს უცნაურად მოეჩვენა ძაბულის. მეეტლეს ეკითხები და პასუხს არ გაძლევს? იღმიჭება კიდეც? არა, აქ ყველაფერი ისე არ უნდა იყოს, აქ სხვანაირად არი.

გრძნობდა, რომ ცხენოსნები კვლავ ფეხდაფეხ მოჰყვებოდნენ, არც ჩამორჩებოდნენ. მათი ცხენების ფლოქვები ძაბულის მფეთქავ გულს ეცემოდა. გული მოეწურა. იქნებ, თვითონ მოიწურა, რამენაირად ფლოქვების ცემა ავირიდოო? გულს კი იწურავდა, წითელარმიელთა ცხენების ფლოქვებს მფეთქავ გულს კი არიდებდა, მაგრამ არცერთი არ ასცდენია - ყველა მოხვდა. ცხენები დაუნდობლად სცემდნენ გულში და ეს ცემა მთელ სხეულს უმძიმებდა. სხეულს შავი, აზელილი ტალახისაკენ ექაჩებოდა.

ეტლი ძაბულის ეზოსთან გაჩერდა.

სახლი აღარ იყო.

ნახშირმა მოჭრა თვალი.

იქ, სადაც სიხარულით მოდიოდა, სიშავე - ნახშირის ფერი გადაფენილიყო.

ეტლიდან გადასვლისას იაკობმა ხელი შეაშველა, მაგრამ ძაბულის ფეხზე წამოდგომა გაუჭირდა. ახლა ბეჭებზე აწვებოდა სიმძიმე, მაინც წამოდგა, ეტლიდან ფეხი გადადგა თუ არა, კიდევ ერთხელ, ახლა ყველაზე მძიმედ, ყველაზე გამეტებულად მოხვდა გულში წითელარმიელთა ცხენების ფლოქვები. ერთი კი არა, რამდენიმე ფლოქვი ერთიმეორის მიყოლებით მოხვდა გულში.

ძაბული თავის სახლს - მიწაზე დაგორებულ თვალებდათხრილ ბერიკაცს შესცქეროდა. ბერიკაცის დათხრილ თვალებში ნახშირი და ნაცარი ჩაეყარათ. ძაბულის ყურს წივილი მისწვდა - ცეცხლსა და ტყვიის წვიმას შუა მოხვედ-რილი ადამიანების განწირული წივილი. უმცროსი ძმის დუღუნიას ხმა იოლად გამოარჩია. თუმცა, არა! ფატის - დედის ხმა უფრო მკაფიოდ ისმოდა. ეს ხმები ცხენის ფლოქვივით მოხვდა გულზე. ბაბა პირჯვარს იწერდა. ცეცხლის ალი ეშმაკუნებივით დახტოდა ბაბას ირგვლივ. ის კი პირჯვარს იწერდა. ღმერთს შველას ევედრებოდა.

დუღუნია?

იგინებოდა? არა, ძაბულის დუღუნიას გინება არ ახსოვს. რას შვრებოდა დუღუნია მაშინ, როცა წითლებმა მათს სახლს ცეცხლი წაუკიდეს, გარეთ გამოსულს კი ტყვიის ცეცხლს ახვედრებდნენ? ძაბულიმ ვერაფრით წარმოიდგინა, თუ როგორ იქცეოდა დუღუნია ამ წუთებში.

თათას და პატის - დუღუნიას შვილებს სტამბოლში მოსული სურათებით იცნობდა. მათი სახეები თვალწინ ედგა. პატი შიშველი იდგა და ტიროდა. შეკრული მუშტით თვალებს ისრესდა. კვამლმა თვალები აუწვა ბავშვს და ეს ატირებდა. სხვას ვერაფერს გრძნობდა. სხვა არც რამ იცოდა. კვამლი ატირებდა მხოლოდ.

თათას?..

თათა უფრო დიდი იყო და ყველაფერს ხვდებოდა. თათამ ისიც კარგად იცოდა, თუ რატომ წაუკიდეს ცეცხლი ბოლშევიკებმა მათს სახლს. უკვე თორმეტი წლის გოგო იყო თათა. მარტის დამდეგს აყვავებულ გარგარის ხეს ჰგავდა. ნაადრევი ყვავილივით ნაზი იყო და, ყველაზე ადრე სწორედ თათამ დაჰკარგა გრძნობა - ყველაზე ადრე თათა წაიქცა. ე, ეგერ ეგდო, იატაკზე, საწოლთან ახლოს.

ნანული?

ძაბული ვერსად ხედავდა ნანულის - დუღუნიას ცოლს - თეკლათიდან ჩამოყვანილ პატარძალს. ვერსად დაინახა - ვერც დუღუნიასთან, ვერც პატისთან, ვერც - თათასთან. არც ბაბასთან იყო ნანული. დედასთან? არა, არა, არც აქ ჩანს. ფატი ხომ ლოგინად არის ჩავარდნილი. აგერ ხუთი წელია ფეხზე ვერ წამომდგარა ქალი. აჰა, იპოვა! კარებში წევს ნანული. ღამის პერანგის ამარა გდია. ღამის პერანგს მუცელთან სისხლი შეხმობია.

ძაბულიმ კარგად იცის ყველაფერი. დაწვრილებით უამბეს ბოლშევიკებმა თუ როგორ შემოარტყეს სახლს ალყა. ხმაურზე პირველად ნანულის გაღვიძებია, თურმე. კარი გამოუღია და უკითხავს!

- ნამუ ზოჯუნთი?1

პასუხი არავის გაუცია. უცებ უცნაური სიმხურვალე უგრძვნია. რა დაუნახავს, რომ ხის სახლი ტკაცატკუცით იქვოდა, კივილი მოურთავს. მყისვე გაისმა სროლის ხმა. ამიტომ ეგდო კარებში.

- კარში არავინ გამოვიდეს... ვინც გამოვა, არ ავაცდენთ! - შემოსძახეს ეზოდან ფეხზე წამოშლილ ოჯახს.

ძაბული ახლა ყველას კარგად ხედავდა. დუღუნიას კი ვერა და ვერ ჰკიდა თვალი. ხმა ესმოდა მხოლოდ. არა დღევანდელი, ორი შვილის მამის, არამედ პატარა დუღუნიას ხმა.

ძაბულიმ ცხენოსნებს მოავლო მზერა და იაკობს მიუბრუნდა:

- რუსები რატომ მომყვებიან მე ჩემს სახლში, იაკობ, რა უნდათ!

არც იაკობმა იცოდა, თუ რატომ მოჰყვებოდნენ ჯარისკაცები. მიახლოებითაც კი ვერ წარმოედგინა, თუ რატომ იყვნენ აქ ეს წითელარმიელები. მხრები აიწურა, ცოლს უხმოდ შეხედა, მკლავში ხელი მოჰკიდა და უთხრა:

- წავიდეთ, ძაბი!

- ესენი იყვნენ? იქნებ, ესენი ესროდნენ ცეცხლში მოქცეულთ? - გაუელვა ძაბულის და კვლავ ძლიერად მოხვდა ცხენის ფლოქვი გულში. თვალთ დაუბნელდა. არ წაიქცა. იაკობს ღონივრად ეჭირა ხელში მისი მკლავი. მთავარი იყო იაკობს არ გაეგო თუ როგორ სცემდნენ ცხენები ფლოქვებს მის მფეთქავ გულს. სწორედ იაკობს არ უნდა შეეტყო როგორ ქრებოდა შუქი თვალებში.

თვალები მოხუჭა. იყუჩა. აახილა. სივრცეს გახედა. ეს კი იმას ნიშნავდა, შეიძლებოდა გზის გაგრძელება. ნასახლარისაკენ გაემართა. ვარდისფერი ქვით ამოშენებულ საძირკველს მხნედ გადააბიჯა. ხანძრის ალს, წვიმებს, ტალახს ეს ვარდისფრად მოკიაფე ქვა თითქმის გაეშავებინა.

ფეხქვეშ ნახშირი ხრჭიალებდა. ალაგალაგ შემურული თუნგები, თიხის ჯამები, შუშის ნამსხვრევები, ნაწილობრივ დამწვარი ტანსაცმელი ეყარა. ცოტა მოშორებით რკინის საწოლის თავი ეგდო. საწოლის ასეთ თავებს შუაში დაფები ჰქონდათ დაყოლებული. დამწვარიყო. ეს ბაბას საწოლი იყო.

ძაბულიმ პირში სიმშრალე იგრძნო. პირის ღრუ უხურდა.

- ესენი იყვნენ? ესენი ესროდნენ ცეცხლში მოქცეულ ხალხს, რომ გარეთ არ გამოსულიყვნენ? იქნებ, დუღუნია მაინც გამოვიდა? იქნებ, მაინც გაიპარა? იქნებ, ახლა ლებარდეს ტყეს აფარებს თავს მშიერი და მწყურვალი?

მობრუნება ეწადა. უნდოდა ერთხელაც შეევლო თვალი იმ ჯარისკაცებისათვის, ერთხელ, სულ ერთხელ შევხედავ და მივხვდები ესენი იყვნენ თუ არაო, ფიქრობდა. ვერ მოტრიალდა, ვერ შეძლო. კარის დამწვარ ჩარჩოს ჩააჩერდა. ჩარჩო სანახევროდ დამწვარიყო. ფეხი გადაუსვა, ნახშირი გადააცალა. დააცქერდა. ჩვეულებრივი ხე იყო, იქვე ნახშირის გროვა ეყარა. მაშინალურად, უაზროდ გააქნია ფეხი, ნახშირი მიჰყარმოჰყარა, მერე ჩექმის ძირი გადაუსვა ნახშირს, კიდევ გაჩხრიკა და სწორედ იმ ფეხზე, სწორედ მარჯვენა ფეხზე, რომლითაც ასე დაუფიქრებლად ჩხრეკდა ნახშირს, თითქოს ნაგაზი ეცა. თუმცა, არა, ფეხზე კი არ ეცა ფაფარაყრილი ნაგაზი, ისევ გულზე, გულში ჩაარჭო თავისი გრძელი, ბასრი კბილები; ძაბულის ფეხთან მკლავი ეგდო. მურმოდებული, გაჭუჭყიანებული მკლავი. ძაბული დაიხარა, მკლავს დააცქერდა, რომლისა იყო ეს ხორცშემომწვარი მკლავი? მისი ოჯახის რომელი წევრისა, მის სისხლთა და ხორცთაგან რომელი დაიწვა ასე? ბაბა თუ დედა? იქნებ, დუღუნია? იქნებ, თათა? არა, ეს დუღუნიას ხელი არ უნდა ყოფილიყო, არც ბაბასი: ძვალი ჯერ კიდევ თხელი იყო.

ძაბულიმ ნერწყვი ვერ გადაყლაპა.

პატარა თათას ხელი?

ეს თათას ხელი იყო.

პირი უხურდა.

- ღმერთო, სად იყავი, ღმერთო, ხომ ხარ შენ ჩვენი პატრონი?! - ძაბულის ეჩვენებოდა, რომ ყვიროდა. ეგონა მისი მჭექარე ხმა ცას ეხლებოდა და ხვრეტდა კიდეც, რომ იქ ტახტზე მჯდარი ღმერთის ყურამდე მიეღწია. ის კი არ იცოდა, რომ ეს ხმაური მხოლოდ მის სულში იყო. მის სულში წივილ-კივილი იდგა, ირგვლივ კი სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო.

ნაგაზმა თავისი გრძელი კბილები კვლავ ჩაარჭო გულში. ძაბული ხედავდა როგორ სდიოდა სისხლი გულს, ცერა თითის სიმსხო სისხლის წვეთები წამოვიდა გულიდან, ჯერ ორიოდე წვეთი დაიძრა მძიმედ, აუჩქარებლად, შემდეგ კი ინტენსიურად მოდიოდა სისხლი და ხორცმომწვარ ძვალზე ეცემოდა.

ბეჭებზე სიმძიმე დააწვა. გახელებული ეძგერა სიმძიმე. ძაბული ვეღარ უძლებდა.

თვალებში კვლავ ჩაქრა შუქი.

სიმძიმემ წელში მოზნიქა. ძაბულის წელში მოზნექა არ ეწადა, მაგრამ ეამა, მოიზნიქა თუ არა, შვება იგრძნო. კიდევ, კიდევ, ცოტაც, ცოტაც... წელში რაც უფრო იზნიქებოდა, რაც უფრო უახლოვდებოდა მიწას, მით უფრო მეტ სიამეს გრძნობდა, რადგან მძიმე ტვირთი უმსუბუქდებოდა, აი, მიწაც! მიწას განერთხო, მიწას შეუერთდა ძაბული და უცებ განათდა ყველაფერი - ეს ბურუსით ჩაბნელებული ქვეყნიერება მზემ გააცისკროვნა. სინათლის წრეში ყველანი დაინახა, ყველა ერთად იყო: ბაბაც, დედაც, აგერ დუღუნია თავისი ცოლ-შვილითურთ! ორივე შვილი ხელზე უზის დუღუნიას და ბავშვები სახეგაბრწყინებული შემოსცქერიან მამიდას. მამიდის მობრძანებას ხარობენ.

- დუღუნია, დუღუნი! - სახე გაუნათდა ძაბულის.

დუღუნიაც ნათელ წრეში იდგა. თეთრი პერანგი კოჭებამდე ჩასდევდა. ძაბულისაკენ კი არ მოდიოდა, მოსრიალებდა. მოვიდა, ძაბულის ხელი გამოსდო და იქ მიიყვანა, სინათლის იმ წრეში, რომელშიც იდგნენ ბაბა, დედა, თათა, პატი.

იქ კი, სადაც წითელარმიელები, იაკობი და ბავშვები დარჩნენ, წყვდიადი იდგა.

პირმოცინარი, ნიავივით მსუბუქი და დილის ნამივით სუფთა ძაბული სინათლის წრიდან იქით იმზირებოდა, სადაც ქმარ-შვილი დატოვა, მაგრამ ვერავის ხედავდა.

სინათლის წრიდან წყვდიადში არავინ ჩანდა.

წვიმაც უხალისო იყო - ზანტად მოდიოდა.

იაკობი ძაბულის მივარდა. გადმოაბრუნა და უმალ დარწმუნდა, რომ ძაბული უკვე მას აღარ ეკუთვნოდა.

ეფრემი, სიფორი და დავითი ეტლში ხმადაბლა საუბრობდნენ.

დედის დაბრუნებას ელოდნენ, რომ საჩქაროდ გაცლოდნენ აქაურობას.

წითელარმიელებიც ელოდნენ.

როგორც კი იაკობი ძაბულის მივარდა, მეთაური უმალ მიხვდა, რაც მოხდა. ჯარისკაცებს მიუბრუნდა და თქვა:

- Подохла контра, туда ей и дорога!

ცხენი შეაბრუნა და ისევ იმ გზას დაადგა, საიდანაც მოვიდნენ.

წვიმდა.

იაკობს ძაბული მუხლებზე გადაესვენებინა და ელდანაცემს ისიც ვერ მოეფიქრებინა, რომ შვილებისათვის ეხმო.

სხვას ვის დაუძახებდა? ადამიანის ჭაჭანება არსად იყო.

წვიმდა.

_______________________

1.რომელი ხართ?

21 დათიკო

▲ზევით დაბრუნება


დათიკო კარგად ხედავდა, რომ ფეხსაცმლის საამქროში აღარ გაეჩერებოდა, - არც მილიციის უფროსი ჯვებე და არც ადამია ამ თავისუფლებას არ აპატიებდნენ. კირილე რომ ცოცხალი ყოფილიყო, კირილე რომ ისევ გვერდით სდგომოდა, მათთან ჭიდილს კიდევ ჰქონდა აზრი, მაგრამ ახლა, როცა აღარც კირილე იყო და ჯვებე და ადამია დაბაში კვლავ იმას აკეთებდნენ, რაც მოეპრიანებოდათ, საამქროში დარჩენა სიბეცე იყო. სულ რაღაც ორიოდე თვეში კვლავ ციხეს მიუბრუნდებოდა და ისე ჩავარდებოდა ამ სულისშემხუთავ ორმოში, რომ კარგა ხანს ვერ გამობობღდებოდა მზეზე.

ყველა საკითხი ისე მოაგვარა, საამქროს არც გაჰკარებია. რაც მასა და კირილეს თავიანთი ფულით ჰქონდათ ნაყიდი და მოტანილი, ორიოდ კვირაში გაჰყიდა. ფული ხელში რომ მოიგდო, კირილეს ოჯახს მიურბენინა და სულიც მოითქვა. აღარაფრის შიში აღარ ჰქონდა. ისევ ჩემს მეჯღანეობას მივუბრუნდები და რაღაცნაირად გავათრევ ჩემს დღეებსო. რიბკამ მტვერმორეული დუქანი ნახევარ საათში გამოუსუფთავა და დათიკო უხალისოდ, მაგრამ მაინც შეუდგა მუშაობას.

ახალ ფეხსაცმელს თითქმის არავინ იკერავდა. კუკური ახლა თვითონ დადიოდა მოსკოვში ისეთი წვრილცხვირიანი, შავი იტალიური „მოკასინები“ ჩამოჰქონდა, დაბელები ხელიდან სტაცებდნენ. დათიკოს შეკერილ ფეხსაცმელს ქვრივები თუ იცვამდნენ. იმათ კიდევ, იმ მამაცხონებულებს, თითო წყვილი ათ წელიწადსაც კი ყოფნიდათ, რადგან გასვენებაში თუ იცვამდნენ, თორემ სულ ფლოსტებში ფეხგაყრილები დადიოდნენ. ძველი ფეხსაცმელების შესაკეთებლად კი პარასკევს, ან კვირას ბაზრობაზე ჩამოსული სოფლელები თუ შემოდიოდნენ, დაბელებისთვის ეს დუქანი თითქმის არ არსებობდა.

- მთავარი მშვიდობაა, დათიკო, ოჯახში მშვიდობა გვქონდეს, ეს ორი შვილი მაინც გაგვიზარდოს გამჩენმა და ყველაფერს ეშველება! - ჩასძახოდა რიბკა ქმარს. თავისი ნათქვამისა თვითონაც არ სჯეროდა და დათიკოს როგორღა დაარწმუნებდა, მაგრამ იმის შიშით, ქმარი დარდმა არ შემიჭამოსო, ყოველდღე ერთსა და იმავეს გაიძახოდა, ამან დათიკოს ისე მოაბეზრა თავი, სამშაბათს დილის ლოცვა რომ მოითავა, ცოლს თითქმის შეუღრინა.

- კარგი, ქალო, ნუ გამიწყალე გული. მშვიდობას რა თავში ვიხლი, როცა ის არ ვიცი, შვილებს რა ვაჭამო. არ სჯობია ციხეში ვიჯდე და შვილებს ლუკმა-პური ჰქონდეთ?

- დიდი ჭკუა პატარაზე დაგიყენა გამჩენმა, ხომ? ლუკმა-პურისთვის ციხეში მიდიხარ?

- დათიკოს სიბრაზეს არ შეეპუა რიბკა.

- არ გინდათ დაიჯეროთ, თორემ ციხეში ვართ. კაი ხანია ყველანი ციხეში ვართ, - ხელი აიქნია დათიკომ და დუქანში გავიდა.

ასეთი საუბარი დათიკოს ხშირად ჰქონია სახლში და ეს დღე არაფრით არ დაამახსოვრდებოდა, მაგრამ ორიოდ საათში რუბენმა ისეთი ამბავი მოიტანა, ის დღე არასოდეს დაავიწყდება.

- გაიგე? ნახე? - რუბენი გაზეთს აფრიალებდა ხელში.

- რა იყო? - გულგრილად იკითხა დათიკომ. რიბკასთან ლაპარაკი კიდევ არ გადაჰყროდა გულს.

- ომი დაიწყო!

- რა ომი, კაცო! - ელდა ეცა დათიკოს, - ვინ დაიწყო ომი?

- ნუ დაფეთდი, შე კაცო, რა იყო, რა მოგივიდა! ისრაელი აგრესორები მშვიდობისმოყვარე არაბულ სახელმწიფოებს მუხანათურად დაესხნენ თავს.

- არაბულ სახელმწიფოებსო? - დათიკოს შიშმა კი გაუარა, მაგრამ რუბენს მაინც გაოცებული მიაჩერდა.

- კი, მარა, რას ერჩიან ამ საწყალ ისრაელს, რა უნდათ!

- რას ჰქვია, ერჩიან! მაგას არავინ ერჩის! მშვიდობისმოყვარე არაბულ სახელმწიფოებს ეგ დაესხაო თავს!

- რას ჩურჩუტობ, რუბენ!

- ა, ბატონო, ასე წერია აგერ!

- მერე?

- რა მერე?

დათიკომ გაზეთში ჩაიხედა. სწორედ იმ ადგილს გადაავლო თვალი, რომელზეც რუბენს თითი დაედო. იქ მსხვილი შრიფტით დაებეჭდათ: „ისრაელის აგრესია მშვიდობისმოყვარე არაბული სახელმწიფოების წინააღმდეგ“. დათიკომ სათაურს თვალი გადაავლო და გულში გაივლო: „გადაურევია მაგენი გამჩენს“. მერე იკითხა:

- კი მარა, ვინაა ეს არაბული სახელმწიფოები?

- ა, აგერ არი ყველა ჩამოწიკწიკებული, არაბეთის სოციალისტური რესპუბლიკაო, ესე იგი ეგვიპტე, სირია, იორდანია.

- სამივეს?

- მგონი, კიდო უნდა იყოს ვინცხა. - გაზეთს ჩააჩერდა რუბენი.

- ყველას ერთად დაეცა თავზე?

- აბა?

- ის ნეკისხელა ისრაელი?

- ხო უყურებ!

- რაფერ, კაცო, გამაგებინე! ეს ერთი ციცქნა სახელმწიფო სამ ქვეყანას ერთად რანაირად დაეცა თავზე?

- კითხვა კი უნდა იცოდე შენ! - რუბენმა კვლავ წინ დაუდო გაზეთი, დათიკომ ისევ გადაავლო თვალი გაზეთს, დაფიქრდა და თქვა:

- რაღაცა სხვა ამბავია მაქანა, რუბენ, თვარა, რავა იქნება, ერთი ქვეყანა სამს ეძგეროს, ასე უჭკუო რაფერ არი!

რუბენს და დათიკოს ეს მუსაიფი 13-14 წლის ბიჭმა შეაწყვეტინა. უცებ გამოაღო სახელოსნოს კარი, დათიკოს ქალის ფეხსაცმელი გამოუწოდა:

- ქუსლს ხომ დამირტყამ, ბიძია?

- აბა, სხვა რა საქმე მაქვს აქანა! - ღიმილით მიუგო დათიკომ და ბიჭი შეათვალიერა. ვერ იცნო, „ჩვენი დაბისა არ უნდა იყოს, ალბათ, ბაზრიდან თუ მომადგა“ - გაიფიქრა. ბიჭს კი მიუგო:

- ნახვარ საათში მოდი, ბიძია, მზად იქნება.

- მოვალ, - თქვა ბიჭმა და წავიდა.

- რა ეშველება ახლა მაგ ხალხს, საცოდაობა არ არი? დაინდობენ თუ?! სულ ამოჟუჟავენ არაბები, დაფშვნიან, ბიჭო, ქვეყანას, - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა დათიკომ.

რუბენს გუნება გაუფუჭდა. დათიკოს დასკვნამ ლაპარაკის ხალისიც დაუკარგა. ბაზარში ვარ გასასვლელიო, ჩაილაპარაკა და დუქნიდან გავიდა.

დათიკომ ბიჭის მოტანილი ფეხსაცმელი მალე შეაკეთა. ან რა დიდი საქმე ეს იყო - ძველი, თითქმის გალეული ქუსლი ააცალა და ახალი დააჭედა. ბიჭიც მალე მოვიდა. ფეხსაცმელი შეათვალიერა, დიდი მადლობაო, თქვა, დათიკოს სამუშაო დაზგაზე სამმანეთიანი დააგდო და წავიდა.

დათიკომ კი სახლში გასვლა გადაწყვიტა, რაიმეს წავიხემსებო, წამოდგა, ხალათი მოხსნა, დაფერთხა, ლურსმანზე ჩამოჰკიდა და ის-ის იყო კარი უნდა გაეღო, რომ დუქანში ადამია შემოვიდა. შემოვიდა კი არა, ფეთიანივით შემოვარდა. დათიკომ ადამიას ზურგსუკან ის ბიჭი დალანდა, ახლახანს რომ ფეხსაცმელი წაიღო.

- ესე იგი, მაინც არ იშლით თქვენსას, ყვლეფთ საბჭოთა მშრომელებს! - იყვირა ადამიამ.

დათიკომ ვერც გაიგო ადამიას ნატქვამი, ამიტომ ხმადაბლა, დაბნეული იკითხა:

- რა მოხდა, ბატონო?

- მაინც არ დაიშალე პატიოსანი მშრომელების ყვლეფა, ხომ? - იესვ იყვირა ადამიამ, მაგრამ დათიკომ კვლავ ვერაფერი გაიგო. თითქოს სიტყვები სიტყვები კი არ იყო, არამედ კენჭები, მისი ყურის ბალიშს რომ ეცემოდნენ. - არ იშლით ხალხის ძარცვას? - იღრიალა ადამიამ და დათიკოს გონებას რაღაც მისწვდა. კენჭების დაცემასა და დაცემას შუა რაღაც ჩაესმა.

- რა გინდათ, რა მოხდა?

- რამდენი წაჰგლიჯე ამ ბავშვს?

- აგერ არი, ბატონო, ყველაფერი, რაც დატოვა, აქ არი! - ბიჭის დატოვებული ფული ჯერაც იქ იდო, დაზგაზე, დათიკოს არც აუღია.

- პრეისკურანტი!

- ქუსლის დაჭედებას რა პრეისკურანტი უნდა.

- არ უნდა, ხომ? აუქმებთ, ხომ, საბჭოთა ხელისუფლებას!

დათიკომ პასუხი არ გასცა. მას ყოველთვის აფრთხობდა საბჭოთა ხელისუფლებაზე საუბარი.

- მიპასუხე: აუქმებთ, ხომ, საბჭოთა ხელისუფლებას!

დათიკომ კვლავ არ გასცა პასუხი.

- წავიდეთ და იქ გავარკვევთ, არის კიდევ საბჭოთა ხელისუფლება თუ არა.

- რა გინდა, ადამია, შენ ჩემგან, რატო არ მანებებ თავს! - მწარედ წამოიძახა დათიკომ.

- თავი დაგანებო, რომ მშრომელები ყვლიფო? - ბიჭს მიუბრუნდა - მოდი, აქ შენ! რამდენი მოგთხოვა?

ბიჭი დაბნეული იდგა. ვერ გაეგო, რა ხდებოდა, რატომ ყვიროდა კაცი, რომელმაც ბაზარში სთხოვა, აი, იმ ხელოსანთან მიდი და ეს ფეხსაცმელი შეაკეთებინეო. მერე კი ფული გამოატანა: ეგ კარგი ხელოსანია და სამი მანეთი ალალიაო.

- ახლავე თქვი, შე მამაძაღლო, რა გადაუხადე, თორემ შენც ამასთან ერთად ჩაგსვამ! - იყვირა ადამიამ.

- სამი მანეთი. - დამნაშავესავით ჩაილაპარაკა ბიჭმა.

ადამია დათიკოს მიუბრუნდა:

- აბა, ჩქარა, ჩქარა გამოდი! - მარჯვენა ხელი მკლავში ჩაავლო, სახელოსნოდან გამოიყვანა, წინ გაიგდო, თვითონ უკან მიჰყვა, მარცხენა ხელი კი ბიჭს ჩაავლო მკლავში: ეს ძვირფასი მოწმე არსად დამეკარგოსო.

დათიკო მარცხნივ, ეზოსკენ გაიწია, რიბკას გავაგებინებ რა უბედურებაც მეწიაო, მაგრამ ადამიამ არ დააცალა, მჭახედ შესძახა:

- აქეთ, აქეთ!

მოსახვევამდე არც მისულიყვნენ, დათიკომ ბაზრიდან მომავალი რუბენი რომ დაინახა. რუბენს ბაზარში თევზი ეყიდა და სახლში მიჰქონდა. დათიკო და ადამია, თანაც ის ბიჭი, ახლახან რომ სახელოსნოში ფეხსაცმელი მოიტანა, გვერდიგვერდ დაინახა თუ არა, მიხვდა დათიკოს თავს არაფერი სასიკეთო ამბავი არ ტრიალებდა.

- რა იყო, დათიკო, რა მოხდა? - შეჩერდა რუბენი.

დათიკოს კი უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ადამიამ უკნიდან ხელი ჰკრა და შესძახა:

- წინ იარე, წინ! - მერე რუბენს მიუბრუნდა და იმასა შეუღრინა - რა ამბავი გაქვთ აქ, გაიარეთ!

- რა იყო, ადამია, ამის მეტი ყაჩაღი ვერავინ ნახე? ისე მიდიხარ, ვითომ არსენა მიგყავდეს ციხეში.

- ლაპარაკი! - ადამიამ ბრაზით გადმოხედა რუბენს.

- ლაპარაკი, თვარა ხახვი არ დამაჭრა ყურებზე! ეს ბიჭი შენ მოუგზავნე დათიკოს? საქმე არაფერი გაქვს? მთელი რაიონი მიალაგ-მოალაგე და ეს ყაჩაღიღა დაგრჩა?

ადამია შეჩერდა, რუბენს მიუბრუნდა, იარაღის ბუდეზე წაივლო ხელი და შესძახა:

- ჭკუით, თორემ ამის გვერდით ჩაგსვამ!

- ფეხები არ მომჭამო ძირში, რატომ უნდა ჩამსვა, არ გეყოთ, რაც ტანჯეთ და აწამეთ ხალხი?! - მერე ბიჭს მიუბრუნდა - წადი, ბიძია აქედან, ვინ ხარ, შე საცოდავო, შპიონი გინდა გამოხვიდე? ამათ ჭკუაზე გინდა იარო? ესენი მამას გაგაყიდინებენ, მოშორდი აქაურობას!

ბიჭის თვალებში შეძრწუნება იკითხებოდა, სახე ისე დაღმეჭოდა, ძნელი მიხვედრა არ უნდოდა, რაც მის სულში ხდებოდა, მაგრამ მაინც გაიქცა, ჯერ ფრთხილად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მერე კი ბაზრისაკენ მოჰკურცხლა.

- სად გარბიხარ შენ! - შესძახა ადამიამ.

ბიჭი შედგა. მობრუნდა. თვალებში ცრემლი ჩადგომოდა. ტიროდა.

- წადი ბიძია, წადი, ეს მამაშენსაც ასე უზამს, მამაშენთანაც ასე მიგზავნის შენნაირ ბიჭს, რო დაიჭიროს.

- მოდი აქ შენ, ურიებს უსმენ და მე არა?! - შესძახა ბიჭს ადამიამ, მაგრამ ბიჭი უკვე ბაზრისკენ გარბოდა.

რუბენმა მიიჩნია, რომ ადამიამ საქვეყნოდ სილა გააწნა. ლამის თვალთ დაუბნელდა, გონებაზე ლიბრი გადაეფარა, დაუხანებლად ეკვეთა კაცს, რომელსაც ცალი ხელი იარაღისთვის წაევლო. ეკვეთა და ისე ანჯღრევდა, როგორც მთხლემორეულ კასრს ანჯღრევენ გამორეცხვისას.

- წამოდი, დამიჭირე, მოვდივარ მილიციაში! იქ ვილაპარაკოთ, რისთვის იჭერ ამ კაცს, მათხოვარო! როცა ებრაელისგან ფული მიგაქვს, კარგი კაცია, ძმა არი შენი, თუ არა, ურიაა! ჭიქას რო აიღებ ხელში, მაშინ ხო ვარ კაი ბიჭი! - რუბენი ისე ყვიროდა, ტროტუარზე ხალხი შეჩერდა. ეს მთხლემორეული კასრი იმდენი ანჯღრია, შუა ქუჩაში მოექცა, იქ კი მანქანების მოძრაობა შეჩერდა - ძაღლი ხარ შენ, ადამია, და ძაღლურად წაგივა ცხოვრება! ის პატიოსანი კაცი ხომ მოგვიკალით, ახლა ბავშვებს შპიონობას ასწავლით?

ადამია დაბნეული შესცქეროდა მრისხანებადგცეულ რუბენს, რომელიც კი არ ლაპარაკობდა, სეტყვასავით აყრიდა სიტყვებს, საპასუხო რომ ვერაფერი მოიფიქრა, ხალხს მიუბრუნდა.

- რა ამბავია, რას დგეხართ აქ!

- წამოდი, ადამია, წამოდი მილიციაში, იქ ვილაპარაკოთ! მეზობლებო, თქვენც წამოდით, ყველამ ვილაპარაკოთ, ვინ არიან ესენი, რა უნდათ ჩვენგან!

- არ იცი, ვინ არიან?

- ყაჩაღები!

- სისხლისმსმელები!

- აბა, რა ლაპარაკია ეს!

- სირცხვილია!

- შენ რა გენაღვლება!

- კანონი, კანონი! - გაისმა აქეთ-იქიდან.

- საზოგადოებრივ წესრიგს ნუ არღვევთ, ამხანაგებო! - ჩაილუღლუღა ადამიამ. სხვა ვერაფერი მოახერხა.

- ან მილიციაში წაგვიყვანე, ან შენ წადი აქედან, თორემ გადაგთელავს ეს ხალხი, ადამია!

- დაიშალეთ! დაიშალეთ! - კვლავ ხალხს მიუბრუნდა ადამია. ხალხი კი ადგილიდან არ იძვროდა. იქ რაღაც ჩოჩქოლიც კი დაიწყო. შეძახილები კვლავ გაისმა. ალბათ, ეს თუ დაიდო მიზეზად ადამიამ - რუბენს გაეცალა, ხალხს მიუახლოვდა, წადით, დაიშალეთ, რუბენის ამბავი ხომ იცით, მაგან თუ აყალ-მაყალი არ ატეხა, ის ეარ შეუძლიაო. მერე თვითონაც ხალხს შეერია, ვითომ არც არაფერი მომხდარაო. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, ადამია კი ბაზარში შევიდა.

დათიკო და რუბენი ქუჩაში დარჩნენ.

მძღოლები მოუთმენლად აჭყვიტინებდნენ მანქანების სიგნალს და გაღიზიანებული უვლიდნენ გვერდს.

დათიკო - ღონეგამოლეული, სულიერად დაწრეტილი.

რუბენი - აღგზნებული.

მერე როგორც იქნა, დათიკო ხესთან მილასლასდა. იქვე დიდი ქვა ეგდო, ზედ ჩამოჯდა, რუბენს უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ დათიკოს თვალებში ისეთი სევდა ჩამდგარიყო, თვითონაც უცებ სიცარიელის, უღონობის ისეთი განცდა დაეუფლა, ხმის ამოღების ძალაც არ ჰქონდა.

ამქვეყნიურ წრებრუნვას გარიდებული დათიკო თავის ნაღველს შთაენთქა. კარგა ხნის მერე, თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა:

- რისთვის, რატომ, რა აუცილებელია, ღმერთო, ჩემი სიცოცხლე!

რუბენს სულაც არაფერი უთქვამს.

ეს ორი დროული კაცი კარგა ხანს იყო ქუჩისპირას, ქვაზე ჩამომჯდარი.

ორივე თავის ვარამსა და დარდს შთაენთქა.

22 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


- მე ეს ხალხი აღარ მახსოვდა. ამათ ცხოვრებას, სახეებს, ხასიათებს, ბედს ჩემს მეხსიერებაში ვიღაცამ უფერული საღებავი გადაუსვა. სახელებიც კი დამვიწყნოდა ამათი. ამიტომაც არ მეგონა, თუ ჩემს უბედურებას ასე გაიზიარებდნენ. თუ მე დამავიწყდა, აღარც ამათ ვემახსოვრები-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ სოფლიდან წასული კაცი სოფელს მუდამ ახსოვს, იმ წარსულს კი სხვა ცხოვრების მორევი ნთქავს და ასე ჰგონია, ცხოვრება სწორედ იქ არი, სადაც თვითონ მოვიდა, დანარჩენები კი ცხოვრების მატარებელს ჩამორჩნენო.

- ვაი და უი ჩვენზე ავის მთქმელს, იაკობ, ვაი და უი! სად წახვედი, ბიჭო! ისე დარბოდა ქვეყნიერებაზე, რავარც ის ჩვენი მამა იაკობი ტყეში. გახსოვს, ხომ, გამჩენი რომ ცდილობდა, აბა, რავარი გულადი კაციაო, - გამიჭირდა თმაწვერაბურძგვნილი, დაჩაჩანაკებული, დაბერებული მოშე „ღანჯურას“ ცნობა.

- მოშე ხარ, ხომ? - შევძახე გახარებულმა.

- აბა, ვინ ვიქნები, ამისთანა დაჯღანული სხვა ვინ უნდა იყოს?

- ღანჯურა?

- აჰ, ღანჯურას ნუ მეძახი, იაკობ, დავბერდი კაცი!

- რა დროს შენი დაბერებაა, მოშე, ერთი ხნის არა ვართ?

- შენი ხნის კი ვარ, იაკობ, მარა, მდიდარი კაცი რომ გვიან ბერდება და ღარიბი - ადრე, არ იცი ეს?

- რაფერ გამახარე, მოშე, რო იცოდე, - მოვეხვიე მოშე „ღანჯურას“. მართლაც, ძალიან გავიხარე მისი ნახვით. მთელი ჩემი ბავშვობა დამიდგა თვალწინ.

- შენც გიკვირს, ხო, ამათ ხელში კიდო რო ვარ ცოცხალი! არ მოვკვდი, გადავრჩი და რა ვქნა ახლა! შენ რავა ხარ, რას შობი? დიდი სიმდიდრის პატრონიაო, ჩამოდიოდა ამბავი.

- ჩემი სიმდიდრე მიწაში ჩავაწვინე, მოშე!

- რა მოუვიდა, ბიჭო, იმ საცოდავ ძაბულის, ასე ერთ წუთში რაფერ გათავდა ქალი, რა იყო ამისთანა! - აცრემლდა მოშე „ღანჯურა“, მაგრამ უცებ ინტონაცია შეიცვალა, ახლოს მოიწია და ყურში ჩამჩურჩულა: - ამათი ამბავი ჯერ არ იცი შენ: ამათ მდიდარი კაცი არ უყვართ. ამათ ნათქვამს ნუ დაიჯერებ, ნაქნარს მიხედე.

- ნეპს გულისხმობ?

- აბა!!! არ დაიჯერო, არ დაიჯერო, რომ ამათ ხალხისთვის რამე სიკეთე გამოიმეტონ, ჯერ გაშოვნინებენ და მერე წაგართმევენ. რა დაუშლით! დროზე დაანებე მაგ საქმეს თავი! - დაბეჯითებით მითხრა მოშე „ღანჯურამ!“

- კაი მოშე, ვიფიქრებ.

ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა.

იმ დღეს კი... მითხრეს კალისტრატე ვერ არისო კარგად, გაბუნია. ამასწინათ ჩიოდა: ბოლშევიკებმა დიდი ქონება წამართვეს, აღარც დიდი ფილხაზია არის ცოცხალი, სოფელიც ისე შეიცვალა, ხალხი ისე გადაჯიშდა, ცხოვრებამ აზრი დაჰკარგაო. დაბერებულა კალისტრატე, მაგრამ მაინც მხნედ გამოიყურებოდა. ახლა გლახად გამხდარა, თურმე, უკანასკნელ დღეებს ითვლისო, საბრალო. ეს ამბავი რომ გავიგე, ბანძაში წასვლა გადავწყვიტე, მივალ, მოვინახულებმეთქი, ჩავჯექი ფაეტონში და ბანძისაკენ გავუდექი გზას. ასი საჟენი არ მექნებოდა გავლილი, რომ მოშეს წამოვეწიე - სოფლის მტვრიან შარაზე მიფრატუნობდა. მივესალმე, მომესალმა, გულით მომიკითხა, მეც მოვიკითხე და ვუთხარი:

- წამოდი, მოშე, ჩამიჯექი აგერ ფაეტონში, ბანძაში ერთი პატიოსანი კაცი უნდა ვინახულო, გზაში ვიმუსაიფოდ კიდეც.

- რატო არ წამოვალ, რა, მე შენ გეტყვი და დიდი საქმეები მაწუხებს. - უცებ ჩამიჯდა ფაეტონში მოშე „ღანჯურა“, მიიხედ-მოიხედა, ხასხასა ხავერდით გაწყობილი სავარლები და ჭერი რომ დაინახა, მოწონების ნიშნად თავი დაიქნია. - კაი მოგცეს გამჩენმა, კაი ეს იყოს! რა ეღირება ახლა ამნაირი ფაეტონი იქანა, იაფია, ხომ?

- არც ისე!

- კაი, კაცო! იქაც ცეცხლი უკიდია? ბა, ყველაფერი ყრიაო?!

- კარგი ყველგან ძვირი ღირს.

- დამიჯერებ? მეორედ ვჯდები ფაეტონში. ამით ბანძაში კი არა, ჯოჯოხეთშიც გამოგყვება კაცი!

- ჯოჯოხეთში რა გეჩქარება, მოშე, ცოტა ხანს კიდო ვიყოთ აქ!

- ვითომ აქ უკეთესია? - ფაეტონს კიდევ მოავლო თვალი - არა, შენთვინ კი არი უკეთესი, სხვამ იკითხოს თორემ...

- პირველად როდის იჯექი ფაეტონში?

- ჩემი ქორწილის წინ - ესთერი რო ცოლად მომყავდა. მინდოდა კულაშიდან ფაეტონით წამომეყვანა, მივედი მეფაიტონესთან, მარა...

- ვერ მორიგდით?

- ათი მანეთი მომთხოვა. მე ათ მანეთს ვინ მომაშავებდა. ე, მაშინ ჩავჯექი. ნახევარი წუთი თუ ვიჯექი სულ, უცებ გადმომაბუნძულა იმ ოხერმა.

ტკბილი მუსაიფით ჩავედით ბანძაში, მაგრამ იქ ცუდი ამბავი დამიხვდა - კალისტრატე ცოცხალი აღარ იყო. თავი მოუკლავს, თურმე. ამ დილას ტყვია უხლია შუბლში. შევაწუხე შვილები, შვილიშვილები, მეზობლებიო და ამნაირი სასტიკი განაჩენი გამოუტანია თავისი თავისთვის. გასაკვირი ამბავია, მე და ჩემმა ღმერთმა: კეთილი ზნის, პატიოსნებით აღსავსე კაცს, ამდენი სიკეთის მთესველს, ასეთი სიკვდილი რატომ უნდა რგებოდა წილად?

დიდად დამწუხრებული გამოვბრუნდი უკან. სულ კალისტრატე მედგა თვალწინ, მისი ღიმილი. ყურშიც მისი ხმა და სიტყვები ჩამესმოდა. ის სიკეთე მაგონდებოდა, რაც მე გამიკეთა და იმის ფიქრში ვიყავი ლამაზად და უხმაუროდ როგორ გამოვხატო ჩემი პატივისცემა, ამ დღეებში ისეთი რა გავაკეთო-მეთქი. ამიტომ მოშე „ღანჯურას“ დროდადრო, ცალი ყურით ვუსმენდი. იმას კი ვხვდებოდი, რომ რჩევას მაძლევდა, ასე და ასე უნდა იცხოვრო, ამას და ამას უნდა ერიდოო.

- კიდო ებრალები ხალხს, თორემ აქამდეც შეგჭამდნენ. წინწასული კაცი ვის უყვარს, იაკობ! მამაშენის, უბრალო კაცის შვილი მაგხელა ქონების პატრონი რომ ხარ, შენ გგონია, გაპატიებენ? ყველაზე თავში ჩვენი ხალხი აგიტყდება. ხო იცი ჩვენი ამბავი!

- არა, არ ვიცი, რაო, რა მინდაო?

- ოღონდ შენ ჩემზე მდიდარი და დიდი კაცი არ იყო და მეც ბევრ რამეს შეველევი. რაღაცით მეც კი დავიზარალებ თავს. რა მოხდა მერე! სამაგიეროდ, ჩემზე წინ ვერ წახვალ, ჩემზე დიდი ვერ გახდები! ესენი რომ მოსთქვამენ, იაკობ, ნაბუქოდონოსორმა დაგვინგრია, ჩვენი ნათელი სახლი - იერუშალაიმიო, არ არი მართალი, ტყუილია!

- აბა?! გაოცებული მოვუტრიალდი მოშე „ღანჯურას“.

- არ იცი, ვითომ!

- მე ვიცი, რომ ნაბუქოდონოსორმა...

- ნაბუქოდონოსორი ჩემს ფეხებს დაანგრევდა, გამჩენს რო არ აეღო ჩვენზე ხელი! - შური, ჩემო იაკობ, შური! შურმა, ერთმანეთის ჭამამ, უსიყვარულობამ, უღმერთობამ დაგვინგრია იერუშალაიმი! კი გეცოდინება შენ ეს ამბავი და მე რას მალაპარაკებ?

- რა ვიცი, ჩემო მოშე, აბა, რა გითხრა, მე ცოტა სხვანაირად მეგონა.

- მივა ჩვენი კაცი ლოცვაზე, ღარიბ-ღატაკის დასახმარებლად ას მანეთს მიიტანს, მარა თუ მეზობელმა რამე იშოვნა? თუ მეზობელი რამე სიკეთეს ეწია? ჩემს მტერს... შეჭამს. ცოტა მოიცადე, ჯერ ძაბულის გამოისობით ეცოდები ხალხს, ჯერ შენი ბედნიერება ამათი უბედურება არ გამხდარა. ხალხს რო ძაბულის ამბავი მიავიწყდება, შენ რო ამათ თვალწინ ფარას იშოვნი, მერე ნახავ, რავარი შვილებიც ვართ!

- ასე რატომ მაშინებ, მოშე?

- არა, არ გაშინებ! ჩვენს ხალხს ღარიბი უყვარს. ღარიბს გადაელევა. გამოჩენილი და მდიდარი კაციც უყვარს, კი, პატივს სცემს, მაგრამ შორეული, ახლობელს? აჰ, მდიდარი და გამოჩენილი ახლობელი გულს უკლავს.

- არა მგონია, მთლა მართალს ამბობდე, მოშე, ახლა შენ! იქნება ტოლი კი ებრძვის ტოლს, თორემ მთელ ხალხზე მაგას ვერ იტყვი!

- პატარა ხანიც მოიცადე და ნახავ რამდენი ვინმე გაგიტოლდება. აბა, მითხარი, ეს რა არი?

- ცხვირია, შე კაცო, რა გამოცნობა მაგას უნდა!

- ეს - თვალთან მიიდო თითი მოშემ.

- ეს - თვალი! - გამეცინა მე.

- ეს? - ახლა მარჯვენა თვალზე დაიდო თითი.

- თუ არ ვცდები, ესეც თვალი უნდა იყოს.

- შენ ისიც გეცოდინება, აქ, ამ ადგილას რატო გააჩინა ღმერთმა ცხვირი, ან ამხელა რატო გააჩინა?

- ცხვირი ზოგს პატარა აქვს.

- კი, მართალი ხარ, მარა რაც არ უნდა პატარა იყოს, თვალი თვალს ვერ ხედავს.

- მაგას მართალს ამბობ!

- მართალს რომ ვამბობ, ვიცი, მარა, რატოა თვალებს შუა ცხვირი მთასავით გადებული.

მართალი გითხრათ, ვერაფერი ვუპასუხე და ამიტომ მხრები ავიწურე.

- ჰა, ბრძანე, შე კაცო!

- ღმერთმა ასე ამჯობინა.

- რატო, რისთვის ამჯობინა?

- არ ვიცი, ვერ ვხვდები.

- ღმერთმა თვალებს შორის ამხელა ცხვირი იმიტომ გასდო, რომ თვალებმა ერთმანეთი არ შეჭამონ, ნუ გეცინება, იაკობ, შენ! აი, ეს თვალი თვალს შეჭამდა, ან ეს თვალი კიდო ამ თვალს, შუაში ცხვირი რო არ იყოს. ცხვირია შუაში და ამიტომ არი ორივე თვალი ასე სპაკოინად, რომ იცოდე შენ!

- ვითომ მართალია ეს ამბავი? - მოშე „ღანჯურას“ ამ მოსაზრებამ ხუმრობის გუნებაზეც კი დამაყენა.

- მალე გაიგებ ყველაფერ და მერე აღარ გაგეცინება.

- კი, მარა, რატო არი ასე? რომ არ იყო ჩვენი ხალხი ამნაირი!

- მართალი ხარ შენ - არ იყო! იმიტომ არ იყო, რომ დღემდე თორა გვეჭირა ხელში, ახლა? ახლა ილუშა ბრუციანს დილა-საღამოს დროშა უკავია ხელში და იძახის წინანი უკან და უკანანი წინაო.

- ეს კიდო რაღა არისო!

- არ იცი, რა არი? ყველა მათხოვარს თავისი თავი იმიტომ კი არ ჰგონია მათხოვარი, ხელი რო არ გაანძრია და შუადღემდე მუთაქაზე უდევს თავი, არა! იაკობი მართმევს ლუკმა-პურსაო, იაკობის ბრალია ყველაფერიო. ახლა ის დადგეს ჩემს ადგილას, მე კი მის ალაგს დავიჭერო. ზეით უნდა აბრძანება! ილუშა ბრუციანი იმას კი არ უყურებს, ი ზეით სხვა ჭკუა, სხვა აზრი, ზრდილობა და თავდაჭერა როა. ზეით უნდა და მორჩა! ამიტომ აფრიალებს დროშას, მაგას ჰგონია დროშის ფრიალით კეთდება საქმე, მარა, მთავრობაც თავისი ჭკუის ჰყავს და მეტი რაღა უნდა!

- მერე რატომ არი ასე, რისთვის?

მოშე „ღანჯურა“ მომიტრიალდა, დამაცქერდა და თითქმის საყვედურით მითხრა:

- ბიჭოს! ხომ გითხარი - თორა გავაგდეთ ხელიდან, თორა! მთავრობას კიდო, შენი თორა კი არა, თავისი ქრისტე აღარ უნდა და აირია ქვეყანა!

სიღარიბე, სიღარიბეა ყველაფრის მიზეზი! აქ მდიდარი ის ჰგონიათ, ვისაც ლუკმა-პური არ აკლდება, ვინც კვირაში ორჯერ-სამჯერ მსუქან დედალს ყიდულობს ბაზარში. არც იციან მდიდარი კაცი ვინ არის, სიმდიდრე რა არის. აქედან დასკვნა: ღარიბია ჩვენი ხალხი და, თუ რამე სიგლახე სჭირს, აქედან მოსდის ყველაფერი.

- შენ ახლა დიდი საქმე წამოიწყე, ნეპმა ხელ-ფეხი გაგიხსნა, რავა გგონია - ძალიან უხარიათ ეს ამბავი? ფრთხილად იყავი რამე სიგლახეს არ გწიონ - მოშე „ღანჯურა“ ჩემსკენ გადმოიხარა და ხმადაბლა მითხრა: - ბოლშევიკები? აჰ, აჰ, აჰ, უტრომ პრიკაზ, ვეჩერომ ატკაზ! ამნაირი ხალხია და რას იზამ! ჯერ იძახდნენ: ნეპი ნეპიო, ახლა იძახიან: ნეპი ჩვენი მტერიაო, თუ ნეპი ამათი მტერია, დიდი მოყვარე არც შენ ყოფილხარ! ერთ დღეს გეტყვიან, მტერი ხარო და მორჩა!

ყოველ სოფელში მოიძებნება ორი თუ არა, ერთი ისეთი კაცი მაინც, ყველაფერზე რომ ლაპარაკობს. ჰგონია ყველაფერი იცის. ამიტომ აქამდე ღიმილით ვუსმენდი მოშე „ღანჯურას“ მუსაიფს. ამ ბოლო სიტყვებმა კი გულზე გამკრა. აქ რომ კაცზე იტყვიან, მტერი არისო, მორჩა, გათავებულია იმის საქმე! ამის გაფიქრებამ გუნება გამიფუჭა, ფაეტონი რომ ჩემი სახლის წინ გაჩერდა, გუნებაწამხდარი გადმოვედი.

ირგვლივ სიბნელე და დუმილი იყო გამეფებული.

- მოვედით და, იქნება, გადმოხვიდე, მოშე, ვიმუსაიფოთ ცოტა, ჩაიც დავლიოთ.

- აჰ, ჩაის დასალევი რა მჭირს! გამჩენის წყალობით კენჭივით ვარ!

- ღვინო იყოს, შე კაცო! - ვუთხარი მოშე „ღანჯურას“, მაგრამ, მართალი გითხრათ, გულს ისეთი დარდი შემომწოლოდა, სულაც არ მინდოდა გადმოსულიყო.

- აღარ შეგაწუხებ, ხო უყურებ, დაღამდა, უნდა ვილოცო და დავიძინო.

- კაი აბა, მიგიყვანს ეს ფაიტონი სახლში!

- ფაეტონი რად მინდა! წელკავი კი არ მჭირს! - მოშე „ღანჯურა“, ფაეტონიდან გადმოვიდა და ფრატუნ-ფრატუნით გაუდგა გზას.

გითხარით, რომ უკვე სოფელს დუმილი დაუფლებოდა. მძიმე იყო ეს დუმილი. შიშის აღმძვრელი. შიში რამ ჩამისახლა სულში? კალისტრატეს სიკვდილმა? ესე იგი, იმან, რომ ერთი მეგობარი, კეთილი მრჩეველი დავკარგე? მოშე „ღანჯურას“ გაუთავებელმა ლაპარაკმა? (მის ნათქვამში ხომ ბევრი რამ მენიშნა) თუ სოფელში გამეფებულმა წყვდიადმა? ნუთუ, მართლა ასე დაბნელდა ქვეყნიერებაზე? ცას ავხედე - თითქოს შავი ფართალი გადაეჭიმათ ჩემს თავზე. ვარსკვლავის ჭაჭანება არსად იყო. ეს შავი ფართალიც აგერ, ზედ ჩემს თავზე ჩამომხობილიყო.

ჭიშკარი შევაღე, ეზოში შევედი, მიმოვიხედე. ამ სიბნელეში აბა, რას დავინახავდი და არც დამინახავს. გუმანით ვიგრძენი, რომ ლეღვის ხესთან კაცი იდგა. ის იყო უნდა დამეძახნა, რომელი ხართ მაქანა-მეთქი, ვიღაცამ ბეჭებს შუა თოფის ლულა მომადო და ხმადაბლა მიბრძანა:

- ხელები ასწიეთ და წინ იარეთ!

ლეღვის ხის ქვეშ რო კაცი მეგონა, თურმე არ მომჩვენებია - მართლა მდგარა ვიღაცა. ჩაახველა და ნელა, აუჩქარებლად გამოემართა ჩემკენ. იმანაც ხმ ადაბლა მითხრა:

- ჩვენ ჩეკადან ვართ, მომყევით, სახლში შევიდეთ, სალაპარაკო გვაქვს. - მერე სიბნელეში ვიღაცას მიუბრუნდა და უბრძანა. - ყველანი ადგილებზე. მეტონიძე ჩემთან! ჩეკა!

მუხლებში ჯერ სისუსტე ვიგრძენი, მერე სულაც ამიკანკალდა, ფეხის გადადგმა გამიჭირდა.

- წამოდით! - მომიბრუნდა წინწასული კაცი. მეც მინდოდა მივყოლოდი, მაგრამ ფეხს რომ ვერ ვდგამდი? ასე ღონეწართმეული ვიდექი. ვერც ვერაფერი მეთქვა. ამ დროს იმან, ვინც ჩემს უკან იდგა, თოფის კონდახი კვლავ ბეჭებზე მომადო და მომაწვა.

- გაიარე, გაიარე!

ფეხის გადადგმის ძალა აღარ მქონდა. წინ რომ კაცი იდგა, მობრუნდა. უხმოდ მომჩერებოდა.

- გამჩენო ღმერთო, ამათ სასაცილოდ ნუ მომიქცევ საქმეს, ისე ნუ წამართმევ ძალას, რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა ვერ მოვახერხო, - გავივლე გულში.

- გაიარე, გაიარე! - ისევ მიბრძანა იმან, ვინც ჩემს უკან იდგა.

ისე ზმომეჩვენა, რომ ძალა დამიბრუნდა და უკანმოუხედავად ვუთხარი თოფიანს:

- ზრდილობა იქონიე, ყმაწვილო, ზრდილობაც ქონებაა!

გამჩენს კი კიდევ ერთხელ უხმოდ შევთხოვე მოეცა ჩემთვის ძალა, რომ ღირსეულად შევხვედროდი განსაცდელს. ნუ დამაგდებდა ამათ სასაცილოდ.

სახლისაკენ გავემართე. უხმოდ გავაღე კარი და შიგ შევედით. ის ორი კაცი გვერდიდან არ მცილდებოდა. ბავშვებს უკვე ეძინათ. მხოლოდ სიფორის ოთახში ენთო ლამფა. ისევ ფრანგულ რომანს თუ კითხულობდა. ის, ვინც წინ მიმიძღოდა, უკან მომავალს მოუბრუნდა და უბრძანა:

- კარებში ჩადექი! - მერე მე მომიტრიალდა - თქვენ უკვე იცით ვინა ვართ ჩვენ, საბჭოთა ხელისუფლება მშრომელი ხალხის სასარგებლოდ იწყებს მდიდართა ქონების ექსპროპრიაციას.

მე არ ვიცოდი რას ნიშნავდა ეს სიტყვა - „ექსპროპრიაცია“ - მაგრამ ესენი რომ ჩემს ქონებაზე რაიმეს მისამატებლად და გასამრავლებლად არ იყვნენ მოსული, ამას დიდი მიხვედრა არ უნდოდა.

- თქვენ ჩემს ქონებასთან რა ხელი გაქვთ?

- ჩვენში ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნის.

- ჩემია, ჩემი ნაშოვნი.

- კერძო საკუთრება აღარ არსებობს. ყველაფერი პროლეტარიატის კუთვნილებაა.

- მე თქვენი პროლეტარიატისათვის არაფერი წამირთმევია.

- თურქეთის პროლეტარიატიც ჩვენი ძმაა. ჩვენთვის ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს.

- ყაჩაღებო! თქვენ ჩემს ქონებასთან რა ხელი გაქვთ! მიბრძანდით ჩემი ოჯახიდან!

იმან კი გაიცინა (ალბათ, მართლა სასაცილო ვიყავი), ერთხანს მიყურა და მერე თქვა:

- მე ამხანაგი ალექსანდრე ვარ, გვარად ლაგვილავა, ეს კაცი მეტონიძეა. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ მშრომელ მასებს, პროლეტარიატს სისხლს სწოვდით. ამიტომ ჩამოგერთმევათ მთელი ქონება. - მოქალაქე ჯანაშვილო, ჩაგვაბარეთ ყველა გასაღები! - შესძახა ლაგვილავამ. მერე კი ხმადაბლა დასძინა: - ჩვენ გვეწადა ადამიანურად მოგქცეოდით, მაგრამ დაგვიმტკიცეთ, რომ ბურჟუაზიას სხვა ენაზე უნდა ველაპარაკოთ.

- ყაჩაღები ადამიანურად ლაპარაკს ვერ მოახერხებთ!

ლაგვილავამ მეტონიძეს რაღაც ანიშნა. მეტონიძე გარეთ გავარდა, ლაგვილავამ ოთახში გაიარ-გამოიარა, ტანსაცმლის კარადა გამოაღო, შეათვალიერა, ძაბულის ქურქს დააცქერდა. კარადიდან გამოიღო, ლამფასთან ახლოს მივიდა, დაკვირვებით შეათვალიერა, კარადაში არ შეაბრუნა, კმაყოფილმა მაგიდაზე დადო.

თვალებში ლამის სულ დამიბნელდა. არც კი მახსოვს როგორ ვეცი ლაგვილავას.

- რას შობით, ამასთან რა გინდათ, ეს ჩემი ცოლის ქურქია!

ლაგვილავამ ჯერ ხელი მკრა, მე რომ არ მოვეშვი, ისევ ქურქისაკენ რომ ვიწევდი, ისე ძლიერ ჩამცხო მუცელში, რომ დავიკვნესე და წელში მოვიხარე. სწორედ ამ დროს შემოვიდა ორი რუსი სალდათი. თოფები ისე შეემართათ, გეგონებოდათ საიერიშოდ ემზადებიანო. მომიახლოვდნენ და მიბრძანეს:

- ხელები მაღლა!

მე კი ტკივილისაგან წელში მოხრილს ხელები მუცელზე მედო.

- ხელები მაღლა! - ისევ მიბრძანეს სალდათებმა.

- ფეხებით! - თქვა ლაგვილავამ.

სალდათებმა თოფები ტახტზე დაყარეს და მე დამეტაკნენ. იატაკზე დამაგდეს, დასაკლავი ხარივით შემიკრეს ფეხები. ხელის განძრევაც ვერ მოვასწარი, კიდეც მომესწრო, რა ყარამან ყანთელი მე ვიყავი, რამე მევნო ამ ორი ოყროყისათვის. სალდათები გარეთ გავარდნენ. ლაგვილავას ფეხებს შევყურებდი მხოლოდ. ოთახში მიმოდიოდა, ჩემს ქონებას ათვალიერებდა, წასაღებს თუ არევდა. სალდათები ორიოდ წუთში შემობრუნდნენ და კარში გამათრიეს. აივნის კოჭზე რკინის კაუჭი მქონდა ჩამოკიდებული. ხახამს თხას რომ დავაკვლევინებდი, იოშუაყი გასატყავებლად იმ კაუჭზე ჰკიდებდა. ახლა კაუჭზე მე ჩამომკიდეს ფეხებით.

აჰა, ამასაც მოვესწარი! თავქვე ვკიდივარ.

სიმწარემ და სირცხვილმა ამაღრიალა. მშველელს ვუხმობდი, მაგრამ იმდენად მშველელს არ ვუხმობდი, რამდენადაც საკუთარ თავზე მოვთქვამდი.

ჩემი მშველელი არავინ იყო. სახლიდან ბავშვებს არ უშვებდნენ, ალბათ, და ეზოდან - მეზობლებს. თუმცა, მეზობლებში დიდი ჩოჩქოლი არც შემიმჩნევია. ამ სამი კვირის წინ კარტოზიები იყვნენ ჩემს დღეში. შეშინებულმა ხალხმა კარი მიიხურა.

რამდენ ხანს ვღრიალებდი ასე ცასა და მიწის შუა თავქვე დაკიდებული?

ალბათ, დიდხანს ვერ შევძლებდი.

გონს რომ მოვეგე, ლოგინზე ლოდივით ვეგდე. გონწასული ჩამოვუხსნივართ სალდათებს.

ვგრძნობდი, რაღაც უფრო მეტი დავკარგე, ვიდრე ის, რაც მომტაცეს.

მეგონა, ვლაპარაკობდი, მაგრამ... ვხედავდი და მესმოდა.

ეს იყო და ეს!

გათენდა. დავინახე, რომ სახლი სახლი აღარ იყო - კედლებიც კი ჩამოენგრიათ. იატაკზე ნამსხვრევები ეყარა. კარადები გამოეცარიელებინათ, ბავშვებს ვერსად ვხედავდი, ოთახებში სალდათები დაბრაგუნობდნენ.

მანქანის ხმა მომესმა. მანქანა ჭიშკართან იდგა. მისი მოტორის ხმაური ეზოს აყრუებდა. სალდათები რომ გაიხიკნენ, მანქანაც რომ წავიდა, მერეღა გავიგონე სიფორის და დავითის ღრიალი. სიფორი ოთახში ჩაეკეტნათ. ვერ გამოდიოდნენ. ეფრემის ხმა არ მესმოდა. ეფრემი უკვე დაკაცებულია. ის, ალბათ, უხმოდ ზის და გულში იკლავს სიბრაზეს.

ვერ ვიძროდი. აღარაფერი მემორჩილებოდა - არც ხელი, არც - ფეხი; საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ქონებაზე უფრო ძვირფასი რამ დავკარგე. საღამომდე არავინ მომკარებია, არავის შემოუღია კარი. ბავშვები აღარ ტიროდნენ. სიფორის ოთახიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. რა იქნება, ღმერთო, შემეძლოს წამოდგომა, რომ მივიდე ჩემს შვილებთან და გავიგო, რა ხდება იქ, რატოა ასეთი სიჩუმე!

კარგად რომ დაბნელდა, სოფელს რომ ისევ გადაეფარა შავი ფართალი და ქათმებმა თავთავიანთი ადგილი მონახეს, სახლში ვიღაც შემოვიდა, ისე შემოფრატუნდა, უმალ ვიცანი მოშე „ღანჯურა“. გვერდით ჩამიარა, მინდოდა დამეძახნა, მაგრამ... სიბნელეში ტახტს გაჰკრა ფეხი და ამით მომაგნო.

თავზე დამადგა.

- რას შობი, იაკობ, რას, შე საცოდავო! ასე უცებ რავა აგიხდა ჩემი ნათქვამი. ის მაინც თუ იცი, ვინ გაგიკეთა ეს ამბავი, ვინ უთხრა ჩეკას ოსმალეთიდან ჩამოსული კაცი პროლეტარიატის მეგობარი რაფერ იქნება, მაგას იმდენი ქონება აქვს, ყველას თავის ყმებად გადაგვაქცევსო. ჩეკას მეტი რა უნდოდა, იაკობ, მაგენი ხომ იმისთვის გაჩნდნენ ქვეყანაზე, ხალხი რომ გააუბედურონ. აბა, არ იცი, ხომ, ვინ გამოგჭრა ყელი? - მოშე „ღანჯურა“ ჩემკენ გადმოიხარა, მომაჩერდა, დამაცქერდა - მეტი არაა ჩემი მტერი, შენ მაგის გამგები აღარ იყო! - თითქმის მოთქვამდა „ღანჯურა“. მერე ჯიბიდან ჭრაქი ამოიღო, აანთო, კარგად შემათვალიერა - უი, რავა დასაკლავი ციკანივით ხარ შეკრული, მაგათ შეეკრათ გზა და სავალი - ფეხები გამიხსნა. მინდოდა მეთქვა ბავშვებს მიმიხედემეთქი, მაგრამ ჩემი ენა ჩემს სხეულზე უფრო დიდი მეჩვენებოდა და პირში ვერ ვატრიალებდი.

- ბაღნები სად არიან, ბაღნები რა იქნენ?!

მე სიფორის ოთახისაკენ გავიხედე. მიმიხვდა და სიხარულით წამოიძახა:

- ბიჭოს! შენ კი ყოფილხარ გონებაზე! - ბავშვების ოთახისაკენ გაემართა, კარი ვერ გააღო, ერთხანს ეჯაჯგურა, მერე შესახა - გააღეთ კარი, გამოდით, ბაღნებო, გარეთ, რას შობით მაქანა მთელი დღე!

არცერთი არ ჩანდა.

- რას შობით მაქანა ამდენი ხანი, გამოდით კარში! - ისევ შესძახა მოშე „ღანჯურამ“. ერთხანს დუმილი იდგა. მერე ისევ მოშე „ღანჯურას“ შეძახილი მომესმა:

- დიდუუ!

*****

იმ ღამეს ქონება და ჯანმრთელობა კი არა, უფრო მეტი, უფრო დიდი განძი დამიკარგავს.

ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მე უკვე ის კაცი აღარ ვიყავი, ვისთვისაც რაიმე უნდა მოეხსენებინათ. თუნდაც ეს შვილის სიკვდილის ცნობა ყოფილიყო. არ უთქვამთ იმიტომ, რომ აზრი აღარ ჰქონდა.

მეორე დღე, სახლში რომ ჯამაათი მოვიდა, კუბოც რომ მოიტანეს, მერე ხახამიც რომ მობრძანდა, მივხვდი - ის, რაც მე მჭირდა, ბევრს არაფერს ნიშნავდა იმ უბედურებასთან შედარებით, რაც მეორე ოთახში ჩაკეტილიყო - იმ ოთახიდან კუბო გამოიტანეს. კუბოს რომ სიფორი და დათიკო გამოყვნენ, მერე რო სიფორი ჩემს ლოგინთან მოვიდა, მომეხვია და იბღავლა. ეფრემი აღარ გვყავს, მამაჩემოო, მივხვდი: მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი კაცი ერთ ღამეში ბოგანო გავხდი, ჯანსაღი კაცი ერთ ღამეში საპყრად ვიქეც, ამ წუთამდე მაინც ბედნიერად უნდა ჩამეთვალა თავი.

ახლა კი უბედური ვიყავ.

დათიკო მოშე „ღანჯურამ“ წაიყვანა: ჩემი გაბოს ტოლია და ერთად გაიზრდებიანო.

სიფორი ფრანგულ რომანებს აღარ კითხულობდა. მე მივლიდა და ტანსაცმელს კერავდა. ბოლშევიკების უფროსების ცოლებსა და შვილებს ისეთ კაბებსა და პალტოებს უკერავდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ.

ასე წავიდა ჩემი ცხოვრება: რა ხანია იმ კუნძს ვგევარ, ლეღვის ხის ძირში რომ გდია.

იმქვეყნად გადასვლას კი არადა არ დაადგა საშველი.

წარსული ცხოვრებიდან სამი სურათი განსაკუთრებულად შემორჩა მეხსიერებას.

... ძაბული და მე ანაკლიისაკენ მივიჩქარით. წინ გუგუ ჭაჭია მიგვიძღვის.

... ძაბულის გაბრწყინებული სახე სტამბოლში, კონცერტზე.

... გემი ნაპირს შორდება, მე გემბანზე ვდგევარ, ისრაელის მიწა ნელ-ნელა ეფარება თვალს. მე შევცქერი ზღვისპირა ქალაქს, თვალს ცრემლი მადგება, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ.

სამი ბედნიერი დღე მქონია, თურმე, ამ წუთისოფელში, ესეც დიდი სიკეთეა.

23 დაბა

▲ზევით დაბრუნება


მაისის დამლევს, ან ივნისის დამდეგს, ებრაელები სინას მთაზე წმინდა წიგნის - თორის - ღვთისეული ათი მცნების მიღებას დღესასწაულობენ. ამ დღეს ისინი საზაფხულოდ, თეთრ ტანსაცმელში მორთულნი, სუფთად გაპარსულგაკრეჭილნი მოდიან სალოცავში.

196... წლის შაბუოთის შემობრძანების საღამოს რუბენი სალოცავის ეზოში თავმოყრილი ხალხის წრეში ჩამდგარიყო და ხმადაბლა, საიდუმლო ტონით სრულიად ფანტასტიკურ ამბავს ჰყვებოდა: კულაშელმა ებრაელებმა, გვარად მიხელაშვილებმა, კარგა ხანია (ბარე შვიდი თვე იქნებაო, ასე თქვა რუბენმა) მთავრობას წერილი გაუგზავნეს და თხოვეს ჩვენს ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში გამგზავრების ნება მოგვეცითო. ბევრი აწვალეს, აჯახირეს, აღმა-დაღმა არბენინეს, რა არ მოუგონეს ამ მიხელაშვილებს, თურმე, რა არ აკადრეს, მაგრამ... ღმერთმა მათი ტანჯვა შეიწყნარა და უკვე მთავრობის ნებართვა ჯიბეში აქვთ, ისრაელში წასასვლელად ემზადებიანო.

ეს ამბვავი იმდენად მოულოდნელი და დაუჯერებელი იყო, რუბენს არამცთუ შეეკამათა ვინმე, შეკითხვის შებრუნებაც კი ვერავინ გაბედა. სალოცავის ეზოში შეკრებილ გაოგნებულ ებრაელებს ხმაც კი ვერ ამოეღოთ. ნუთუ, მართლა დადგება დღე, ჩვენი ხალხი რომ თავის მიწას დაუბრუნდეს? ნუთუ, ჩვენ ვართ ის ბედნიერი თაობა, სამშობლო რომ ერთად შეგვყრის? რამდენი საუკუნეა ებრაელობა თავის მიწაში დამარხვას ნატრობს და სწორედ ჩვენ გაგვხადა ღმერთმა ამ ბედნიერების ღირსი? - ფიქრობდნენ დაბელები და იმის ნატვრაც კი ფანტასტიურად ეჩვენებოდათ, რაზეც ახლა რუბენი, მართალია, ხმადაბლა, მართალია, საიდუმლო ტონით, მაგრამ მაინც ისე ლაპარაკობდა, თითქოს ყველაფერი ეს შესაძლებელი იყო.

მათი დუმილი, დაბნეულობა კარგა ხანს გაგრძელდა. ხმა ვერავის ამოეღო, რადგან ვერავის მიეგნო იმ პირველი სიტყვისათვის, რაც ამ ამბის გაგების შემდეგ უნდა თქვას დიასპორაში მცხოვრებმა ებრაელმა კაცმა.

- კი, მარაა - ხმადაბლა, ფიქრიანად ჩააილაპარაკა მორდეხიამ.

ყველა მორდეხიას მიუტრიალდა, ყველას აინტერესებდა რას იტყოდა, როგორ შეფასდებოდა რუბენის ნათქვამი - როგორც სერიოზული ფაქტი, თუ, როგორც რუბენის მორიგი ოხუნჯობა. მაგრამ მორდეხია, უცებ გაჩუმდა. ეს „კი, მარა“ გაწელილად წარმოსთქვა და გაჩუმდა. რუბენს მიაჩერდა. რუბენიც თავის მხრივ მას შესცქეროდა, მშვიდად, აუმღვრევლად მისჩერებოდა, თითქოს ეუბნებოდა: „გისმენ, ჩემო მორდეხია, რა გნებავს?“

მორდეხიამ სხვების დაჟინებული მზერაც იგრძნო და ფრაზა დააბოლავა:

- კი, მარაა თუ ეს ამბავი მართლა ასეა, ასე ხმადაბლა, ჩუმად რატო გვეუბნები?

რუბენი იმას უფრო ელოდა, რომ მის ნათქვამს არავინ დაიჯერებდა, იმას კი ვერაფრით იფიქრებდა, თუ ასე დაუსვამდნენ შეკითხვას და უცებ ვერაფერი თქვა.

- ვითომ ხმადაბლა გითხარით? ჩაილაპარაკა მერე.

- ხმადაბლა, კი... - მორდეხიას თვალებში არა მარტო უნდობლობა, წყენაც იკითხებოდა. ასეთ თემაზე ხუმრობა არ შეიძლებაო, ებრაელები ასეთ თემაზე არ ხუმრობენო.

- ვინ დაწერაო მაგ წერილი, რუბენ? - იკითხა ახლა გაბო „ღანჯურამ“.

- სამმა ძმამ, გვარად მიხელაშვილები არიან.

- მერე? სად არიან ახლა მაგ მიხელაშვილები? - გაბოს ხმაში ირონია იგრძნობოდა.

- სად იქნებიან - კულაშში!

- სამივე?

- სამივე, კი.

- რავა, კომუნისტებს მაგათი მიხედვა დაავიწყდათ? ცოცხლები არიან? - გაბოს პირზე ღიმილი მოეფინა.

ვიღაცამ გაიცინა.

- კაი ხუმრობა შენ იცოდე, კაი მოგცეს გამჩენმა, - თქვა კუკურიმ და სიცილი დაიწყო.

- ეე!

- ამას შეხედე, რავა ბატკანივით გვიყურებს, ვითომ არასოდეს უგლახავნია! - შესძახა შალომია „კუტმა“ და ისე გაიცინა, გეგონებოდათ, ჭალაში ცხენმა დაიჭიხვინაო.

- დღესასწაულია და გვაცინოს ღმერთმა! - წამოიძახა ვიღაცამ.

დაუჯერებელ ამბავს, საერთო გაოგნებას ისეთი სიცილ-ხარხარი მოჰყვა, ისე გულითადად იცინოდნენ სალოცავის ეზოში შეკრებილი ებრაელები, რომ სალოცავიდან საჩხერელი ილუშა გამოგზავნეს.

ილუშამ სალოცავის კარი მიხურა და მოცინართ ბრაზით შესძახა:

- ზრდილობა, ისრაელებო, სალაზღანდაროდ მოხვედით, აქანა თუ სალოცავად!

ილუშასკენ არავის მიუხედავს. მისთვის არავის ეცალა. ილუშამ ორიოდ ნაბიჯი გადადგა მოცინართაკენ - ასე რა აცინებთ, რამ გაახარა ეს ხალხიო, შესძახა კი:

- ხახამ იოსებს ხელი ეშლება, ჯამაათო, ვერ ლოცულობს! - მაგრამ მის ხმას დამაჯერებლობა აკლდა. ამდენი მოცინარის შემხედვარეს, მასაც ღიმილი მოსდებოდა პირზე. უფრო ახლოს მივიდა ხალხთან, რა მოხდა, ასე რა გაცინებთო, ჰკითხა ვიღაცას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ვერავისგან მიიღო, თვითონაც სიცილს მოჰყვა. შესცქეროდა თავის მეზობელ-ამხანაგებს და მათს გამომეტყველებაზე იცინოდა: შეხეთ, რას მიუგავს სახე, შეხეთ, როგორ დაჯღანულა, ეგერ, სიცილისგან ცრემლიც კი სდისო.

სიცილს კი ვერა და ვერ იკავებდა ჯამაათი, ხან ხმადაბლა იცინოდნენ, ხანაც - ხმამაღლა. ცდილობდნენ კიდეც სალოცავის კედლებშუა დარჩენილთათვის ხელი არ შეეშალათ და ხმადაბლა ეცინათ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, უჭირდათ. ამიტომ სალოცავის ეზოში ერთი აურზაური იდგა. ამასობაში ზოგ მოცინარს ფერდები ეტკინა, ზოგს-გული, ზოგს ცრემლი სდიოდა თვალთაგან.

- იერუშალაიმი, ხომ!

- დაგვაბრუნეთო, არა?

- კიდევ რა გვინდაო მაგ მიხელაშვილებმა, რა გვწყურიაო!

- მოხარშული მსხალი!

- ჩვენს ობეხეესს ხო არ გაიყოლიებ, ბიჭო!

- მაგ ვნახე დაჭედილ კუბოში!

- რატო, თავმოხდილში ვერ ენდობი, თუ?!

- აჰ! აჰ! აჰ!

ასეთი შეძახილები კიდევ უფრო ახანგრძლივებდა სიცილს, თუმცაღა, თანდათან აშკარა ხდებოდა, რომ ადამიანები სიცილითაც მოქანცნენ. მალე ძალა დააკლდათ. ხარხარი რომ მინელდა, რუბენმაც სული მოითქვა და საკმაოდ სერიოზული გამომეტყველებით მიუბრუნდა ნათესავ-მეზობლებს.

- გაცინოთ გამჩენმა, ისრაელებო, მრავალ შაბუოთს დაგვასწროს ღმერთმა. ამნაირი სიცილი ექიმზე უკეთესია, თქვენ რო იცოდეთ, მარა, ის მაინც მითხარით, რაზე ვიცინოდით ასე? - ამ სიტყვებმა თითქოს ახალი ძალა შთაბერა სიცილით ღონეგამოლეულ ხალხს - შეხეთ, რა ოხუნჯია ეს ჩვენი რუბენიო, ისეთი რამ თქვა, გვაცინა, გვახარხარა და ახლა ისე გვეკითხება, რა გაცინებთო, თითქოს არც არაფერი მომხდარაო.

და სიცილმა ხელახალი ძალით იფეთქა.

- წერილი დაწერეს, ხომ!

- მთავრობას იერუშალაიმში წასვლა მოსთხოვეს, ხომ!

- რაფერ გაგიშვებთო, რაფერ?!

- წიწილას და ტყემალსაც ხომ არ გაგატანთო! - წამოიძახებდნენ მოცინარნი და კიდევ უფრო ემატებოდათ სიცილის ხალისი.

- რა არისო, ბიჭო, ბრეჟნევმა, პურ-მარილით გაგაცილებთო?!

- ბრეჟნევს არ ეცლება და გრომიკო გვითამადებს, თურმე!

ამასობაში ლოცვაც დამთავრდა. მლოცველი ებრაელები (ე.ი. ისინი, ვინც სალოცავში საღლაბუცოდ კი არ მოდიოდა, როგორც შალიკო „ტენტიანი“ იტყოდა, არამედ გამჩენის სამსახურად) ეზოში გამოეფინნენ და დამხდურთ ეკითხებოდნენ: ასეთი რა მოხდა სიცილით რომ იჭაჭებითო. ზოგიერთმა არც იცოდა რატომ იცინოდნენ ასე გულიანად, ზოგმა კი ის თქვა, რუბენი ხუმრობს, ვითომ ჩვენს მთავრობას კულაშელი მიხელაშვილებისთვის ისრაელში გადასახლების უფლება მიუციაო. ასე რომ, ნაწილმა გაიგო სიცილის მიზეზი, ნაწილმა კი - ვერა, მაგრამ ამდენი მოცინარი ადამიანის შემხედვარენი თვითონაც უნებურად აჰყვნენ. თუმცაღა, ერთობ თავშეკავებულად იცინოდნენ: რას გლახაობენ, რა არი ახლა აქ ამისთანა სასაცილო, ღმერთს არაფერი გაუჭირდება, იქნებ, მართლა დადგეს ის დრო, ისრაელში წასვლის ნება რომ მოგვცენო. ამასობაში ხახამ იოსებიც გამოვიდა სალოცავიდან, სიცილდარეულ ხალხს რომ გადახედა, პირისახე გაებადრა - რა კარგ გუნებაზე ხვდება ჯამაათი შაბუოთის დღესასწაულსაო და შესძახა:

- მომილოცნია, ჯამაათო, შაბუოთის მობრძანება. მრავალ ზაფხულს დაგასწროთ, მომავალ დღესასწაულს კი იერუშალაიმში შეგვახვედროს გამჩენმა.

მომავალ შაბუოთსაო?

რაღა მომავალ წელს, რუბენი ახლავე გვპირდებაო, იქუხა ხალხმა და ისევ ახარხარდა. ახლა ისინიც კი გულიანად იცინოდნენ, ვინც თავშეკავებას ამჯობინებდა. ხახამ იოსებიც, ცხადია, ამათ აჰყვა. ალბათ, რაღაც სასიკეთო ამბავია ჯამაათის თავს, რომ ასე იცინიანო და არც უკითხავს, ასე რა გაცინებთო.

აქა-იქ შეძახილები გაისმა:

- გაისადო?

- კიდევ მომავალ შაბუოთამდე?

- რატო, კაცო, აგერ, რუბენა ახლავე გვიშვებს.

- გაიხსნა, გზა გაიხსნაო!

- გვაღირსა გამჩენმა!

- არის გზა ხსნისა!

- აგერ რუბენს ჰკითხე, თუ არ გჯერა!

შალიკო „ტენტიანი“ ყველაზე ბოლოს გამოვიდა სალოცავიდან. ამდენ მოცინარს რომ შეხედა და ხახამ იოსებიც მათ შორის დაინახა, გაოცდა და ვიღაცას ჰკითხა, ასე რა გაცინებთო. არ ვიციო, უპასუხა იმ კაცმა. შალიკო „ტენტიანი“ გაბრაზდა: „რას გლახაობ, ე ხახა რაზე დაგიფჩენია, რავა არ იცი!“ „ცოლ-შვილიანად გავწყდე, თუ ვიცოდე რაზე ვიცინიო“, თქვა იმ კაცმა. ამან კიდევ უფრო გააოცა შალიკო „ტენტიანი“: ბიჭო, ასე შტერივით რავა დაგიღია პირიო! ყველა იცინის და მეც ვიცინი, გვაცინოს ღმერთმაო.

შალიკო „ტენტიანი“ იმ კაცს გაეცალა და ბეხორას ჰკითხა, თუ იცი რატომ იცინიო.

- სხვა რა დამიმალია შენთვის, რომ ეს ამბავი დაგიმალო, შალიკო, მარა არ ვიცი და რა ვქნა? - ბეხორა ამ სიტყვებსაც ძლივს წარმოსთქვამდა, სიცილი არ აძლევდა საშუალებას.

შალიკო „ტენტიანმა“ თავი გაიქნია და გაიფიქრა: „ან მე გადავცდი ჭკუას, ან ესენი“ და ის იყო გაცლას აპირებდა, გაბო „ღანჯურამ“ მოაძახა:

- გაიგე, რას გლახაობს როუბენი? გაიგე?

- მაგი მთელი ცხოვრება გლახაობს. - შუბლგაუხსნელად თქვა შალიკომ.

- შენ ახლანდელი თუ გაიგე?

- რა მინდაო?

- დახოცა ხალხი სიცილით.

- ამისთანა რა თქვა?

- კულაშელმა ისრაელებმა მთავრობას ისრაელში გადასახლება მოსთხოვეს და თანხმობაც მიიღესო. რას არ იტყვის, გადაგრევს კაცს!

- მერე რა არი მაგაში სასაცილო! - კიდევ უფრო შეიკრა შუბლი შალიკო „ტენტიანმა“.

- სასაცილოა, აბა, რა არი, ჯერ კი არ გადარეულა ხალხი, მთავრობას ისრაელში წასვლის ნება რომ სთხოვოს, არ იცი, სად ცხოვრობ?

- თუ თქვენსავით სულ ილაზღანდარებენ, ისრაელში კი არა, ქუთაისში ვერ წავლენ.

- რა იყო, რას იბღვირები, შალიკო, მოდი შენც იცინე, გვამხიარულოს ღმერთმა!

- ბიჭო, რა არი მაგ საქმეში სასაცილო!

- სასაცილოა, აბა, რა არი! - სიცილს ვერ იოკებდა გაბო. - ისრაელში წასვლის ნება მოითხოვეს და მთავრობის თანხმობაც მიიღესო. გაგიგია ამისთანა ამბავი?

- მერე რა მოხდა!

- რას ჰქვია, რა მოხდა! არ იცი ეს მთავრობა სად გაგიშვებს?

- რატო! ჩემი სიმამრი, მაგალითად, მიდის ისრაელში.

- შენც დაიწყე? - თვალები ეშმაკურად მოჭუტა გაბომ.

- რა უნდა დამეწყო, შე კაცო, ე მაგ მიხელაშვილებიდან ერთი ჩემი სიმამრია. მაგანაც მოითხოვა...

- სიმამრმა?

- ჰო.

- რა მოითხოვა შალიკო, შენმა სიმამრმა?

- ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების უფლება მომეცითო.

- მერე? - გაბოს სახიდან ღიმილი ისე იკრიფებოდა, როგორც ნისლი მთის კალთებიდან.

- რა მერე! გუშინწინ პასუხი მიიღო, მიბრძანდით, ბატონოო. ჩემი სიმამრი მარტო კი არ არი - ძმებთან ერთად.

- არ გადამრიო, შალი, მე შენ! - შესძახა გაბომ.

- შენ გადარევა თუ გინდა, მე რაფერ დაგიშლი, მარა ეს საქმე ასეა.

გაბო „ღანჯურამ“ იგრძნო, რომ ყელში რაღაც გაეჩხირა. სიტყვის თქმა უნდოდა დ ავერ ახერხებდა. სუნთქვაც შეეკრა. გულზეც კი დაიდო ხელი და უცებ განწირულივით ამოიძახა:

- რას ლაპარაკობ, შალიკო, შენ თუ იცი!

აქ,სალოცავის ეზოში, გამეფებული ატმოსფეროსათვის ეს ერთობ უცნაური შეძახილი იყო. ეს შეძახილი ირგვლივ მყოფთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გაბოსა და შალიკოს მოუტრიალდნენ - აქ ხალხი ასე მხიარულობს, ამათ რა ბზიკი შეუჩნდათო.

- ვიცი, რატომ არ ვიცი. ჩემი სიმამრი გზას ადგას.

გაბო გაღიზიანებული მოუტრიალდა ხალხს:

- რა ამბავში ხართ თქვენ აქ, რა ნახეთ ამისთანა სასაცილო, სწორი ყოფილა ყველაფერი. მართალს გვეუბნება, თურმე, რუბენი!

თითქოს წნელი მოსხიპესო, ისე უცებ გაჩუმდა ხალხი - ერთბაშად, ერთდროულად, შეწყდა სიცილი და ყველა შალიკო „ტენტიანს“ მიუბრუნდა. დუმილი გამეფდა სალოცავის ეზოში, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა. ალბათ, შიშობდნენ ვაითუ, ის არ გვითხრან, რაც მოგვესმა, ვაითუ, ნათქვამი გაასწორონ, გადაასხვაფერონო. იქნებ, ამიტომაც იყო ხახამ იოსებმა შალიკო „ტენტიანს“ კი არა, გაბო „ღანჯურას“ კარგა ხნის მერე რომ ჰკითხა:

- რა არისო, გაბო, რას ამბობს შალიკო, ისე... რაფერ მიდისო საქმე? - ხახამ იოსებს ხმა აუთრთოლდა.

- ასეა, ხახამ იოსებ, ყველაფერი ისეა, რავარც გითხარით - გუშინწინ მოვიდა მთავრობის პასუხი, მიბრძანდითო, ყაბულსა ვართო. - ღიმილით მიუბრუნდა შალიკო იოსებს.

- კი, მაგრამ... კი, მარა, ისა... ისა... აბა, რა გაცინებდათ თქვენ ჯამაათო. რუბენის არ დაიჯერეთ, თუ... - იკითხა ხახამ იოსებმა, თუმცა, ახლა მას სულაც არ აინტერესებდა, სჯეროდა თუ არა ხალხს რუბენის - დაბნეულმა სხვა ვერაფერი თქვა.

- მე კიდო მეგონა სიხარულის სიცილი იყო ეს - თქვა რუბენმა.

- არ გადამრიოთ ახლა მე თქვენ, ჯამაათო, ისრაელში დაბრუნების ნებართვას იძლევიან?! - იყვირა შალომია „კუტმა“ და იმ ინტონაციის მიხედვით, თუ როგორ დააბოლავა წინადადება, ყველა მიხვდა: შალომია „კუტს“ გული ყელში მობჯენოდა და აგერ-აგერ სიხარულის ცრემლები წასკდებოდა.

- ღმერთმა შეიწყნარა ჩვენი ლოცვა!

- მადლობელი ვართ, გამჩენო, მადლობელი!

- ვართ კი ღირსი ასეთი პატივისა?

- რა მოხდა, რამ გახსნა ეს დაგმანული კარი!

- იკურთხოს, გამჩენო, შენი სახელი!

ამბობენ, იმ საღამოს სალოცავის ეზოში შეკრებილი ხალხი დიდხანს არ დაშლილაო. სალოცავში წასულ მამებს, ქმრებს, ძმებს გვიან ღამემდე ელოდნენ მეუღლეები, შვილები, დები. ისინი კი იქ, იმ ეზოში ერთმანეთს აღგზნებულნი ელაპარაკებოდნენ, მღეროდნენ, ტიროდნენ და თურმე ცეკვავდნენ კიდეც. სალოცავიდან მობრუნებულმა ქმრებმა, ძმებმა, შვილებმა გაშლილ სუფრასთან ჩამოძინებულ ოჯახის წევრებს სიხარულით შესძახეს, თურმე: რა გაძინებთ, გაიღვიძეთ, ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება - ისრაელში წასვლის ნება მოგვცესო.

ამგვარი ამბის გაგების შემდეგ, აბა, რომელ ებრაელს მოერეოდა ძილი. ახლა აქ დაწყებულა, თურმე, მხიარულება, ცეკვა-თამაში, სიცილი. ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ, ულოცავდნენ, კოცნიდნენ, სადღეგრძელოებს წარმოსთქვამდნენ, ჭიქებს ბოლომდე ცლიდნენ.

რამდენიმე ოჯახში, იქ, სადაც სუფრას თავისი წესითა და რიგით მიუყვებიან, სადაც სადღეგრძელო სადღეგრძელოს მოსდევს, ასეთი ამბავი მომხდარა, თურმე:

ოჯახის უფროსს წესისა და რიგის მიხედვით რომ საქართველოს სადღეგრძელო წარმოუთქვამს, ყველა გარინდებულა, ერთმანეთს გაოგნებული მისჩერებოდნენო. რომ მივდივართ, ეს კარგია, მაგრამ საქართველოს რომ ვტოვებთ...

იმ ღამეს ამ ოჯახებ ში ცრემლიც დაღვრილა.

იმასაც ამბობენ, იმ ღამეს ისახარი სალოცავის შენობას მუხლმოყრილი უვლიდა და ღმერთს პატიებას თხოვდაო. რუბენს რომ ეს ამბავი უთხრეს, ამაზე დიდი ტყუილი ცხოვრებაში არ გამიგია, მაგნაირი ხალხი ცოდვებს არ ინანიებს, მაგას რომ ცოდვა-მადლი სცოდნოდა, უკეთურ გზას არ დაადგებოდა, მუხლს ის იყრის, ვინც ცოდვა-მადლი იცისო, უთქვამს.

შალომია „კუტმა“ კი თქვა:

- ვაი, მაგას და უი! ისიც კი არ იცის, რომ ჩვენი ღმერთი მუხლის მოყრას კი არა, პატიოსან სამსახურს თხოვს ადამიანს.

ის ამბავი, რაც ჯერ რუბენმა და მერე შალიკო „ტენტიანმა“ მოიტანა, ხალხმა ღვთის დიდი წყალობად ჩათვალა. ზოგი გაოცებასაც კი გამოთქვამდა, გამჩენმა როგორ, რანაირად გაგვხადა ღირსი იმ დიდი სიკეთისაო, ჩვენს წინაპრებს ჩვენზე მეტი ულოცნიათ, ღმერთის მეტი პატივისცემა და რიდი ჰქონიათ და ჩვენ როგორ გვხვდა წილად ასეთი ბედნიერებაო. შალიკო „ტენტიანმა“ ეს ამბავი ასე ახსნა:

- ებრაელებით ვაჭრობა არც დღეს დაწყებულა და არც - გუშინ. ებრაელებს ვერ შეველევით, ვერ გამოვუშვებთო რატო იძახიან, თუ იცი? მაზანდის აწევა უნდათ, მაზანდის! ხო უყურებ, რაფერ მიდის ამ მთავრობის საქმე... გააოხრეს ცხოვრება, უჭკუოდ წაიყვანეს ყველაფერი... ამიტომ ახლა ისრაელებით ერთ-ორ კაპიკს მოიგებენ: ესა და ეს მოგვეცი და, კი ბატონო, წაიყვანე შენი ხალხიო. ასე იყო ყოველთვის - ებრაელობას ან სისხლით დაუხსნია თავი, ან დიდი საფასურით.

თითქმის ყოველ დღე მოდიოდა ამბავი ამდენი და ამდენი ოჯახი ითხოვს გამგზავრებას და, ვგონებთ, იმათაც კი აძლევენ მაგ უფლებასო. მალე იმათი გვარებიც დაასახელეს, ვინც უკვე წავიდა.

იმედი რეალობად იქცა.

ახალი, უცხო სინამდვილის შიში თითქმის არავის ჰქონდა - იმდენად ძლიერი იყო რწმენა ღმერთისა, სურვილი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისა, რომ იმაზე არავინ ფიქრობდა, იქ, ისრაელში, როგორი სინამდვილე ხვდებოდა. ერთხელ ვიღაცამ დაიჩივლა: ხო უნდა ვიცოდეთ სად მივდივართ, რა პირობებია იქ, რაფერ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენი ცოლ-შვილი ასე ბრმად ხომ არ უნდა წავიყვანოთ უცხო მხარეშიო, ამაზე რუბენმა ბრაზით შესძახა:

- რა გინდა ახლა, ვითომ, შენ! ობეხე შეგაწუხებს იქანა, თუ აღმასკომი ამოგხდის სულს! ჩახვალ, შენს ღმერთს ემსახურები, ჩადგები რამე საქმეში და იცხოვრებ. კაცს რა სჭირდება? ბინა და საქმე! თუ გამჩენის რწმენაც გაქვს, ბედნიერი იქნები, თუ არა გაქვს, ვერაფერი გაგაძღებს. მე შენ გეტყვი და, აქ დიდი საქმეები გრჩება!

მორდეხიამ კი ქირქილით ჩაილაპარაკა:

- სად მიდიხარ, კი უნდა იცოდე და იცი კიდევაც: შენი მიწაა იქ, მარა, ვისგან მიდიხარ - ამ მთავრობას რო გაექცევი პატარა საქმეა ეს?

პირველი ორი-სამი ოჯახის ისრაელს გამგზავრება დაბას თითქმის არ გაუგია. აქა-იქ თქვეს: ბაზარში რომ გაზიან წყალს ყიდდა, ისაკ მოძღვრიშვილი, და რკინიგზის სადგურის მიღმა მცხოვრები სარა ბინიაშვილი, ქმარი რომ ომში დაეღუპა და ორი ფრიადოსანი, ნიჭიერი გოგო რომ გაზარდა, ისრაელს გაემგზავრნენო. ეს კი ითქვა, მაგრამ ამ ამბისთვის არავითარი მნიშვნელობა არ მიუნიჭებიათ. ებრაელები ისრაელს გაემგზავრნენო, თქვა ვიღაცამ. ეს იყო და ეს. არც მოუწონებიათ ეს საქციელი და არც დაუგმიათ. აი, რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა პირველ ორ ოჯახს სხვებიც მიყვნენ, როცა ჯერ რკინიგზის იქეთა მხრიდან აიყარა ათი-თხუთმეტი ოჯახი, მერე სახლები ბაზრის შემოგარენშიც დაცარიელდა, დაბის მცხოვრებლები გაღიზიანდნენ. დაბას არ ესიამოვნა, რომ საუკუნეების განმავლობაში გვერდი-გვერდ მცხოვრები ხალხი სტოვებდა მეზობელ-ამხანაგობას და უცხო ქვეყანაში მიდიოდა. ეს გაღიზიანება უფრო შესამჩნევი მაშინ გახდა, როცა რაღაც დასჭირდათ და სწორედ იმ იაკს მიაკითხეს, რომელიც ამ საქმეს გააკეთებდა, ან იმ სიფორს, რომელსაც შეეძლო თავი მოება გასჭირისათვის. ბესელიების ცხრა თვის გოგოს რომ კრუნჩხვები მოუვიდა, სიმონ ექიმი მოიკითხეს. იცოდნენ, როგორ არ იცოდნენ, რომ სიმონ ექიმი უკვე წასული იყო, მაგრამ პირველად მაინც ის მოაგონდათ, რადგან სიმონ გაგულაშვილს სამართლიანად ჰქონდა დამკვიდრებული ბავშვის უებარი მკურნალის სახელი. პილა ჯოჯუა შვილიშვილს ათხოვებდა. ქალის საქორწინო ტანსაცმელს მხოლოდ ილიკო შაშუაშვილისაგან ყიდულობდნენ დაბელები. კარგი, მაღალი ხარისხის ტანსაცმელი მხოლოდ მას ჩამოჰქონდა ლენინგრადიდან. პილამ რომ ილიკო მოიკითხა, უთხრეს ამ ერთი კვირის წინ ისრაელიდან მოგვივიდა წერილი, ძალიან კარგად არის და ყველას დიდ მოკითხვას გვითვლისო.

რკინიგზის სადგურში, ბაზარში, ქუჩებში, კინოთეატრის წინ ყველაფერი ისე იყო, როგორც ადრე - თითქოს არც არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ დაკვირვებული თვალი ცვლილებასაც შეამჩნევდა - ბაზარში, სადგურში ის ჟრიამული აღარ იდგა. დაბის ცხოვრებას დინამიზმი დააკლდა. მართალია, სახლები გაიაფდა, მათი ფასი დღითიდღე ეცემოდა, ებრაელთა სახლები სხვებმა დაიკავეს, მაგრამ მათი ადგილი მაინც შეუვსებელი დარჩა. ხნოვანი ადამიანები, ისინი, ვინც კარგად იცნობდა დაბის მაჯისცემას, გრძნობდნენ, რომ ებრაელთა გამგზავრებით დაბას რაღაც ფერი აკლდებოდა.

ყველაფერმა ამან დაბელები გააღიზიანა. ვიღაცამ თქვა: აი, ხომ ხედავთ, ხომ დაინახეთ, ჩვენიანები არ ყოფილან, გვიღალატეს, მიგვატოვესო. ვიღაცის მიერ წამოსროლილი ეს ფრაზა ბევრმა გაიმეორა. დაბელები უკმაყოფილებას აღარც ფარავდნენ, ხმამაღლა ამბობდნენ „მიგვატოვეს, გვიღალატეს“. ეს ამბავი დათიკოს ყურამდე რომ მივიდა, სინანულით თქვა: „ღმერთმანი, ღალატივით კი გამოდის, მაგრამ ჯერ თვითონაც ვერ ხვდებიან, რატომ ამბობენ ამას. კაცს მოძმის, ახლო კაცის განშორება სწყინს, თორემ გადამთიელის წასვლით გული რატომ უნდა მეტკინოს?“ ამას რუბენმა დასძინა: „შენც მართალი ხარ და ისინიც, მაგრამ ახლა რომ მაგათ გაიგონ საქართველო აქანა კი არ არი, არამედ სადღაც შორს, ხო ვიცი რო ყველა იქით იზამს პირს. მართალიც იქნება!“

ებრაელობის ასე აყრის გამო დაბა გულნატკენი იყო. ამ გრძნობას, გარდა პირადი მეგობრის, მეზობლის დაკარგვით გამოწვეული ბუნებრივი ტკივილისა, სახელმწიფოს პროპაგანდაც აღვივებდა. დღე ისე არ დაღამდებოდა, გაზეთებში, ტელევიზიაში, რადიოში ისრაელის მთავრობა, თავად ისრაელი არ გაემათრახებინათ და სამშობლოს მოღალატე არ ეწოდებინათ იმათთვის, ვინც ისრაელს მიეშურებოდა. მართალია, ხალხს გაზეთებისა არ სჯეროდა, მაგრამ პროპაგანდა თავის კვალს მაინც ამჩნევდა ადამიანთა სულებს. მითუმეტეს, რომ გაზეთში დაწერილი ემთხვეოდა კიდეც ბევრის გულისთქმას: რატომ, რისთვის მიგვატოვესო.

ერთ მშვენიერ დღეს დაბას თბილისიდან სტუმრები ეწვივნენ. ებრაელები იყვნენ. დაბელებს მათი სახელები ადრეც გაეგოთ. ასე თუ ისე ცნობილი ადამიანები გახლდნენ: მედიცინეს პროფესორი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი, რომელიც ახალგაზრდობას მარქსიზმ-ლენინიზმის საფუძვლებს ასწავლიდა და მხატვარი. ამ კაცის მხატვრობის თაობაზე დაბაში, ცხადია, არაფერი იცოდნენ, მაგრამ ვიღაცამ თქვა: ეგ ერთი-ორჯერ ტელევიზორში ვნახე. ხატვისა ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ლაპარაკი კი კარგი იცის, რომ დაიწყებს, გაუჩერებლად ტიკტიკებსო.

დაბის ებრაელობა ამ სტუმრობამ პირველივე წუთებიდან გააღიზიანა: ჩამოსულნი მათთან კი არ მივიდნენ ოჯახებში ან, გნებავთ, სალოცავში, არამედ რაიკომში. თუ ისრაელები ჩვენთან სალაპარაკოდ ჩამოვიდნენ, რაიკომში რა ესაქმებათო, თქვეს მასპინძლებმა. მერე ვირაცამ ამბავი მოიტანა თბილისიდან ჩამოსული ებრაელები ჭალაში ქეიფობენ მდივანთან ერთად და მდივანმა შემოთვალა საღამოს ყველა ებრაელი სალოცავში იყოსო. ცხადია, ამ ცნობამ კიდევ უფრო გააღიზიანა ებრაელობა: ჩვენთან ჩამოსული ისრაელი სტუმრები არაებრაულ საჭმელსა და ღვინოს რატომ მიირთმევენო.

მიუხედავად ამისა, საღამოს დაბის მთელმა ებრაელობამ სალოცავში მოიყარა თავი. მალე სტუმრებიც მოვიდნენ. მათ რაიკომის პირველი მდივანი ახლდა თან. პირველი მდივანი შემოვიდა თუ არა, ყველას თავაზიანად დაუკრა თავი და თქვა:

- თუ საწინააღმდეგო არა გაქვთ, ამ ხალხს, ჩვენი რაიონის სტუმრებს, თქვენთან საუბარი სურთ.

მზე უკვე ჩადიოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყარბითი - საღამოს ლოცვის გადადება არ შეიძლებოდა. ხახამ იოსები შეწუხდა: ლოცვას მე ვერაფრით გადავდებ, ესენი ისრაელები არიან და გამიგებენ, რაიკომის პირველ მდივანს, კომუნისტს რაფერ გავაგებინო, რომ ლოცვის დაყოვნება არაფრით არ იქნებაო. არ სიამოვნებდა ეს მისია, მაგრამ, ცხადია, რაიკომის მდივანს სხვა ვერავინ გაეკარებოდა დ ავერ ეტყოდა, ჯერ ვილოცებთ და მერე რამდენიც გეწადოთ, იმდენი ილაპარაკეთო. ამიტომ თვითონ მიუახლოვდა პირველ მდივანს: თუ რამეა მოსახდენი, მე გადამხდეს თავს, ჯამაათი კი მშვიდობით იყოსო.

- ბოდიში, ბატონო რაიკომის უფროსო... ღმერთმა სიხარული და მშვიდობა არ მოაკლოს შენს ოჯახს... ცოტა კი ვართ შერცხვენილი შენთან... საკადრისად ვერ დაგხვდით, მაგრამა იმედი გვაქვს... - ხახამ იოსები შეყოვნდა, რაიკომის პირველი მდივანი გაოცებული მისჩერებოდა, ნეტავ, სხვანაირად როგორ უნდა დამხვედროდა ეს კაციო, ფიქრობდა - ა, ხომ უყურებ, ღამდება, თუ ახლავე არ ვილოცეთ, არაფრით არ იქნება, დაგვიანდება. ცოტა მერე რო ვილაპარაკოთ, ხო აჯობებს...

რაიკომის პირველ მდივანს გაეღიმა და, კი ბატონო, როგორც გენებოთო, ჩაილაპარაკა.

ხახამ იოსები მადლიერი და სახეგაბადრული გამობრუნდა ამბიონისაკენ, მაგრამ სამი ნაბიჯიც კი არ გადაედგა, ერთერთი სტუმრის ნათქვამი წამოეწია:

- კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას, რა მნიშვნელობა აქვს, როდის ილოცებთ! - ხახამ იოსები შედგა, უნდოდა მობრუნებულიყო და პასუხი გაეცა: „ლოცვის აზრი რომ არ იცი, ამიტომ მოდიხარ ლოცვაში მთავრობასთან ერთად, ამიტომ გგონია თავი ბედნიერი, გაპატიოს გამჩენმა!“ მაგრამ მყისვე გაუელვა:

- არა, არ უნდა მოვბრუნდე, რაც ეკუთვნის, იმის თქმა არ იქნება, კიდეც რომ ვაკადრო, ცოდვას მე ჩავიდენ, - ადამიანს გაწბილება - და ამბიონისაკენ განაგრძო გზა. ეგ კი არადა, იმ უგუნურმა კიდევ არაფერი თქვასო, ლოცვის პირველი სტრიქონები ისე წარმოსთქვა, ამბიონზე არც იყო ასული.

გარინდებული ჯამაათი გაუბედავად აჰყვა. უხერხულად გრძნობდნენ თავს - რაიკომის პირველი მდივანი უხმოდ კი მიმჯდარიყო კუთხეში და პირზე ღიმილიც ეფინა, მაგრამ მაინც აქ იყო, მაინც მათს შორის არსებობდა და ეს რაღაცას ნიშნავდა, ამ ფაქტს რაღაც ცვლილება შეჰქონდა საუკუნეობით განმტკიცებული ლოცვის რიტუალში. მართალია, ეს ცვლილება ერთობ უმნიშვნელო გახლდათ, შეუმჩნეველი, მაგრამ მლოცველნი მაინც გრძნობდნენ. თუმცაღა, ვერც გეტყოდნენ რა იყო ის, რასაც ახლა ისინი განიცდიდნენ. მოკრძალება მთავრობის წარმომადგენლის წინაშე? შიში? მეტწილად შიში - რაიკომის პირველი მდივნი ხომ ის ადამიანი გახლდათ, ვისაც შეეძლო რადიკალურად შეეცვალა ყოველი მათგანის ცხოვრება.

ის სამნი - პოლიტექნიკური ინსტიტუტის ლექტორი, მხატვარი და პროფესორი ისე იდგნენ, თითქოს ებრაელთა ლოცვა არასოდეს გაეგონოთ. სალოცავის სინესტისაგან ფერშეცვლილ, საღებავგადაცლილ კედლებვს ისე მზერაცარიელნი მისჩერებოდნენ, თითქოს რაიკომის პირველ მდივანს ეუბნებოდნენ: მართალია, აქ ვართ, მაგრამ ჩვენ, რასაკვირველია, აქ არა ვართ - სახელმწიფოს ინტერესები რომ არა, ამ, ჩამორჩენილ, მოძველებული აზროვნების ადამიანებს შორის რა გვესაქმება, ჩვენ ებრაელობაზე, რწმენაზე მაღლა ვდგევართო.

- ახლა კი არიან გამოჩენილი ადამიანები და ლოცვას არ კადრულობენ, მარა, ბავშვობაში მაინც არ ყოფილან სალოცავში? - ფიქრობდა შალომია „კუტი“.

- დიდი განათლებული ადამიანები უნდა იყვნენ. ჩვენი ხალხი რას გაუგებს მაგათ! - ფიქრობდა კუკური. - რა ფარა ექნებათ! ქალებიც იმდენი ჰყავთ, ალბათ, რამდენიც უნდათ!

- რახან ლოცვა არ იციან, რახან გამჩენის სამსახურისათვის ზურგი უქცევიათ, ხო არის ეს იმის ნიშანი, რო არაფერი სასიკეთო მაგათგან არ იქნება. კი ბატონო, არი! ვის შეეპარება ეჭვი, რო ასე არ არი! - ფიქრობდა შალიკო „ტენტიანი“.

- რა უნდა გვითხრას ჭკვიანური იმ კაცმა, სალოცავში რომ უქუდოდ შემოვა? - ფიქრობდა გაბო.

- რაიკომის მდივნის ეშინიათ ახლა მაგათ, თუ ერთმანეთის! უქუდოდ რატომ შემოვიდნენ ლოცვაზე? - ფიქრობდა დათიკო.

- რა არის ეს, ხახამ იოსებ, ასე ლოცვა იქნება? - ღრენით შესძახა შალიკო „ტენტიანმა“.

გაოცებულმა მლოცველებმა ერთმანეთს გადახედეს. ხახამ იოსებს ლოცვის არცერთი რიტუალი არ დაურღვევია. იგი ჩვეულებისამებრ ლოცულობდა. ხახამ იოსებმაც გადმოხედა შალიკო „ტენტიანს“: ასე რატომ იღრინება, რა მოუვიდაო? შალიკო ხახამ იოსებს კი შესძახოდა, მაგრამ სალოცავში უქუდოდ შემოსულ სტუმრებს მისჩერებოდა და ჯამაათი ყველაფერს მიხვდა.

- კაი, ბატონო, ის რაიკომის მდივანია და არ სცემს პატივს შენს ლოცვას, მაგათ შენსას კი არა, თავისას - ქრისტიანულ ლოცვას ჰკრეს წიხლი (მაგიტომაც მიუდით საქმე ხეირით!) და ჩვენ დაგვინდობენ? ესენი? ესენი რატო იქცევიან ასე უჭკუოდ? - ფიქრობდა დათიკო.

- ვაი მაგათ და უი! მდივნები და მთავრობა დღევანდელობა არი - ღმერთი კი... ღმერთი მარადიულია. თუ მართლა ნასწავლი არიან, ეს რატო არ იციან? - ფიქრობდა მორდეხია.

რუბენიც კარგად მიხვდა შალიკო „ტენტიანის“ გაღიზიანების მიზეზს. ჯიბეში სამი პატარა, სატინის ქუდი ჩაიდო და სტუმრებისაკენ გაემართა. ყველა ვითომ თორას ჩასჩერებოდა, სინამდვილეში კი თვალი და ყური დაძაბეს, რომ გაეგოთ თუ რას აპირებდა რუბენი. შეშინდნენ: ისეთი რამ არ ჩაიდინოს, თავი რომ მოგვჭრასო.

რუბენი რაიკომის პირველ მდივანს მიუახლოვდა და პირზე ღიმილმომდგარმა უთხრა:

- ბოდიში, ბატონო ამირან ისიდოროვიჩ, ამ სამ გამოჩენილ კაცს რომ საჩუქარი მივართვა, საწყენი ხო მარ იქნება?

პირველმა მდივანმა თანხმობის ნიშნად გაიღიმა. რუბენი სტუმრებისაკენ შეტრიალდა და მათაც ღიმილით მიმართა:

- ამისთანა ამბავია ახლა აქ: ამასწინათ ამერიკიდან ეწვია ჩვენს ლოცვას სამი გამოჩენილი კაცი. ბიზნესმენი, მწერალი და ხახამი. ა, ეს სამი კონკროხის დასაფარავი ქუდი დაგვიტოვეს. საქართველოში გამოჩენილ სამ ისრაელ კაცს მიართვიო, თქვენზე უფრო გამოჩენილი და თავმოსაწონებელი ისრაელის შვილი საქართველოში მე არავინ მეგულება - დაბის ბაზარში ისხაკია მექუდის მიერ მოგვირისტებული სამი პაწია ქუდი, მართლაც კონკროხოს რომ დაუფარავდა კაცს, თითოეულ მათგანს თავზე ირონიული ღიმილით დაადო. თან ცდილობდა თმის ვარცხნილობაც აეშალა ყოველი მათგანისათვის, მარქსიზმ-ლენინიზმის ლექტორი მიხვდა რუბენის ეშმაკობას და ხელი გაუწოდა, ქუდი მე მომეციო, რუბენმა კი გაიცინა და თქვა:

- აჰ, რაფერ იქნება, ასე დამიბარეს, შენ თვითონ დაადე იმ კოხტა თავზეო - და ლექტორს ქუდი ისე დაახურა, რომ სათუთად დავარცხნილი თმა აუშალა.

ხახამ იოსებმა საღამოს ლოცვა მალე დაამთავრა, ჯამაათს მიუბრუნდა და თქვა:

- დღეს ჩვენ ძალიან საპატივცემლო სტუმრები გვყავს, ჯამაათო! - სალოცავში მობრძანდა პატივცემული უფროსი. ბედნიერი ქნას გამჩენმა მისი ფეხი ჩვენი ჯამაათისათვის. - მაგიც დაიფაროს გამჩენმა ყველა სიგლახისაგან, შეეწიოს ყოველ სასიკეთო საქმეში! ჩვენთვის, ჯამაათო, დიდი მნიშვნელობა აქვს რავარი თვალით გვიყურებს უფროსი. ჩვენ მშვიდობიანი და მეცადინი ხალხი ვართ. მთავრობას თუ დასჭირდა, ბევრ რამეში გამოვადგებით და ვადგებით კიდეც. პატივცემულ რაიკომის უფროსთან ერთად მოვიდნენ ადამიანები, რომლებზეც გვითხრეს დიდად სასახელო ისრაელები არიანო! მაგათ ერთ საკითხზე ლაპარაკი უნდათ და ჩვენც მოვუსმინოთ. სმენა იყოს და გაგონება! მაგენი თავისას იტყვიან, ჩვენ-ჩვენი ვთქვათ. ხომ ასეა ჯამაათო? - ხახამ იოსებმა ჯამაათს გადმოხედა. ისინი უხმოდ ისხდნენ, მათს სახეებზე არაფერი აღბეჭდილიყო. ხახამ იოსები კარგად იცნობდა თავის სამწყსოს და მიხვდა ასეთი დუმილი რასაც ნიშნავდა. ამიტომ მყისვე სტუმრებს მიუბრუნდა - მობრძანდით, მთელი ჯამაათი სმენად არი ქცეულიო.

ამბიონისაკენ მედიცინის პროფესორი გამოემართა. ნელა მოდიოდა, თითქოს რაღაც სიმძიმე ჰკიდიაო მხრებზე. საუბარი დინჯად, აუღელვებლად დაიწყო. პაუზებით ლაპარაკობდა (მართალია, ყოველი ჩიტი თავის ბუდეს დაეძებს, და უნდა დაეძებდეს კიდეც, მაგრამ არ არისო ამის დრო. ახლა არ არისო სწორი ამ ქვეყნის მიტოვება). ვიდრე ლაპარაკობდა, თავი არ აუწევია. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცას. ორ წინადადებას იტყოდა და შეჩერდებოდა. გეგონებოდათ, ნათქვამს აჯამებსო. მერე კვლავ წარმოთქვამდა ორიოდ ფრაზას და კვლავ ჩაფიქრდებოდა.

მედიცინის პროფესორის შემდეგ ამბიონზე მარქსიზმ-ლენინიზმის ლექტორი ავიდა. სათვალე გაისწორა, ხალხს დინჯად გადმოხედა და ისეთი სხაპა-სხუპით ალაპარაკდა, გეგონებოდათ მასწავლებელს გაკვეთილს აბარებსო. ისაუბრა პარტიის ეროვნულ პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რაოდენ ლაღი, თავისუფალი ცხოვრება მისცა პარტიამ ხალხს. ახლა კი სადღეისო საკითხზე გადავალო, თქვა და ერთობ მკაცრი, კატეგორიული განაჩენი გამოუტანა ებრაელთა ემიგრაციას. ჩვენ არავითარ (ეს სიტყვა ხაზგასმით, სამჯერ წარმოსთქვა) შემთხვევაში არ უნდა ავყვეთო სიონისტურ პროპაგანდას, რომელსაც მსოფლიოს ყველა კუთხეში ჰყავს თავისი აგენტები და სხვადასხვა ქვეყნებში ისე აგროვებენო ებრაელებს, როგორც მარგალიტებს. სიონიზმი ძალიან რეაქციული მიმდინარეობა გახლავთ და მშრომელი ხალხის ინტერესებს კატეგორიულად არ ითვალისწინებსო. მართალია, სიონისტური მოძრაობის ლიდერმა 1897 წელს თავის ერთ, ყბადაღებულ კონგრესზე თქვა, ნახევარ საუკუნეში ებრაული სახელმწიფო უნდა შევქმნათო და 1950 წელს შეიქმნა კიდეც ასეთი სახელმწიფო, მაგრამ ეს ხომ უბრალო დამთხვევა არისო. - სიცილით დასძინა ლექტორმა.

- გადმოიღე ახლა ეს შობელძაღლი და გახეთქე ცემით, მარა ვინ არი პატრონი! - გაიფიქრა რუბენმა.

- საწყალი, სულ გადაურევია გამჩენს! - გაიფიქრა გაბომ.

- კი წამოდგებოდა კაცი და ეტყოდა ერთ-ორ სიტყვას, მაგრამ რა აზრი აქვს, გაიგებს? - გაიფიქრა შალიკო „ტენტიანმა“. ლექტორი კი უკვე პათოსით ლაპარაკობდა. არა მარტო აქ, სალოცავში შეკრებილთ, არამედ „მთელ ებრაელ ხალხს მთელი პასუხისმგებლობით მოუწოდებდა“ გამოეჩინა გონიერება და არ მიეტოვებინა საბჭოთა კავშირი - ხალხთა მეგობრობის ბურჯი და სიმბოლო. დასასრულს კი დასძინა: თუ ვინმე არ დააკმაყოფილა ჩემმა გამოსვლამ, სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს, რათა საბოლოოდ ჩამოვგლიჯო თვალთმაქცური ნიღაბი სიონიზმსაო. და გამარჯვებული კაცის იერით ჩამოვიდა ამბიონიდან. თავის ადგილს დაუბრუნდა თუ არა, რაიკომის პირველ მდივანს გადახედა. მდივნის სახეზე ვერაფერს ვერ ამოიკითხავდი - ვერც მოწონებას, ვერც უკმაყოფილებას. ლექტორს მლოცველთათვის არ გადაუხედავს, ეს არც აინტერესებდა. რომ გაეხედა, შეუძლებელია მათს ცივ მზერაში არ ამოეკითხა ის, რაც ყოველ ღვთისნიერ ადამიანს თუ არ შეაშფოთებს, შეაკრთობს მაინც.

მაგრამ ლექტორის ფიქრი სულ სხვაგან ქროდა.

მხატვარი დინჯად გაემართა ამბიონისაკენ. სახეზე ბრაზი აღბეჭდვოდა. მლოცველთ ეს უკმაყოფილების ნიშნად მიიღეს და გაიფიქრეს: აი, პატიოსანი კაცი, არ მოსწონს ის, რასაც აკეთებს და არც მალავსო, მაგრამ, მათდა გასაოცრად, მხატვარმა ისეთი შემტევი ტონით დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს შთაბეჭდილება უცებ გაეფანტათ. მალე გაირკვა: მხატვარს თავისი „კეთილშობილური“ მისია ძალიან მოსწონდა, მას არ მოსწონდა ადამიანები, რომლებიც ახლა სალოცავის დარბაზს ავსებდნენ და ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო ისრაელს აპირებდნენ გამგზავრებას.

მხატვარმა მღელვარება დაიოკა, სული მოითქვა და ღიმილით წარმოთქვა:

- აბა, რა ლოგიკაა - გაეცალო ამ ქვეყანას, რომელსაც იცნობ და წახვიდე ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ!

და კვლავ ემოციურად ალაპარაკდა. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდი ჰქონდა: უკმაყოფილება თვითგაღიზიანების საშუალება იყო, გაღიზიანება კი გულწრფელობის ილუზიას ქმნიდა და იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ყელამდე მარტალი კაცი სამართლიანად დაობს, იბრძვის, მისი კი არავის არ ესმისო. ამჯერად მხატვარი სალოცავში შეკრებილ ადამიანებს ედავებოდა: ისრაელს რატომ მიდიხართო. იმათ კი ხელებსი თორა ეპყრათ და მშვიდად შესცქეროდნენ მხატვარს. ამასობაში მხატვრის გაღიზიანებამ აპოგეას მიაღწია - ხმას მოუმატა, ყვირილიც კი დაიწყო. კი, კი, ასე იყო - ეს რამ გაფიქრებინათ, ასეთი მშვენიერი საზოგადოებრივი ურთიერთობის ქვეყნის მიტოვების აზრმა თავში როგორ გაგიელვათ, მეცოდებით, მებრალებით და ეს მალაპარაკებს, თორემ სხვა რა მრჯისო.

- რატომ ყვირის ეს კაცი? - გაიფიქრა რაიკომის პირველმა მდივანმა. იგი თბილისში გახლდათ გაზრდილი. ერთხანს აქ ფილოსოფიის ინსტიტუტში მუშაობდა, კარგად იცნობდა ებრაელთა ისტორიას, რელიგიას, ჩინებულად იცოდა ბიბლია და იმის გამო, რომ სწორედ ამ სიმაღლიდან შესცქეროდა ებრაელთა ლტოლვას ისრაელისაკენ, აქტიურად არ მონაწილეობდა ისრაელში გამგზავრების საწინააღმდეგოდ გამართულ კომპანიაში, უფრო მეტიც - ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, თორემ სამაგალითოდაც კი მიაჩნდა ებრაელთა მიერ საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა.

ამასობაში მხატვარმა კაპიტალისტური ქვეყნების ცხოვრების ძალიან მძიმე სურათი დახატა. იყვირა, იდავა, იჩხუბა (თუმცა, დარბაზი ხმაგაკმედილი იჯდა) და ამბიონიდან სახეგაბრწყინებული, საბჭოთა ხელისუფლების წინაშე ვალმოხდილი ჩამოვიდა. რაიკომის პირველ მდივანს სიამაყის გრძნობით აღსავსემ გადმოხედა. თითქოს ეუბნებოდა:

- უნდა იცოდეთ, ვინ რას წარმოადგენს და ყველას თავისი ფასი დაადოთო.

ახლა ჯამაათის წევრებს უნდა ეთქვათ რამე.

- ხომ მოისმინეთ სამი ცნობილი ისრაელი კაცის გამოსვლა. ახლა თქვენ ბრძანეთ, პატივცემულო ჯამაათო, ბრძანეთ, თუ რამე გაქვთ სათქმელი! - მიმართა ხახამ იოსებმა დარბაზს, მაგრამ ადგილიდან არავინ იძროდა, სალოცავში სამარისებური სიჩუმე იდგა. მლოცველნი ისე ისხდნენ, თითქოს ის, რაც აქ ხდებოდა, ის, რაზეც აქ ლაპარაკობდნენ, მათ არ ეხებოდათ.

რაიკომის პირველი მდივანი პირზე ღიმილმომდგარი შესცქეროდა დარბაზს. მას განსაკუთრებულად აინტერესებდა სტუმრების სულიერი მდგომარეობა.

მხატვარი ჯერ კიდევ იმ ხელოვნური ეგზალტაციის ტყვეობაში იყო, სიტყვის თქმისას რომ მოჰგვარა საკუთარ თავს.

- სიონიზმზე რომ რაიმე მკითხონ, როგორ მოვიგერიო? - ფიქრობდა ლექტორი - ამათ ხომ ახლა ბევრი რამ იციან სიონიზმზე - ყოველ ღამე რადიოზე აქვთ ყური მიდებული - ხან „ამერიკის ხმას“ უსმენენ, ხან ისრაელისას და ხანაც „თავისუფლებას“!

მერე საკუთარ თავს უსაყვედურა: ასე როგორ იქნება, რაღაც უნდა წავიკითხო მაგ სიონიზმზეო.

მედიცინის პროფესორი თავჩაქინდრული იჯდა. ამბიონიდან ჩამოსვლის შემდეგ ერთხელაც კი არ აუწევია თავი, არც ჯამაათის წევრებისათვის შეუხედავს, არც გამომსვლელებისათვის.

- ნეტავ, რაზე ფიქრობს? დაგვცინის? იქნებ, ვეზიზღებით კიდეც. - ფიქრობდა რაიკომის პირველი მდივანი. - მას უკვე აღარც მხატვარი აინტერესებდა და აღარც ლექტორი. აი, მედიცინის პროფესორის სულში ჩახედვა კი ძალიან ეწადა, მაგრამ ის ისე იჯდა, სულში კი არა, თვალებშიც ვერ ჩახედავდი.

- ა, პატიოსანი კაცი! ასე მგონია, მაგი ჩვენ გაგვასწრებს, - ფიქრობდა გაბო.

- ასეა, მრავალნაირი ადამიანი გაუჩენია ღმერთს დედამიწის ზურგზე. ყველას თავისი თავი ჰგონია მართალი. - ფიქრობდა ხახამ იოსები. - ყველას სწორი აზრი ჩააგონოს გამჩენმა!

დათიკო გულდაწყვეტილი იჯდა. იგი დიდი ინტერესით მოელოდა ამ შეხვედრას. ეწადა მიეღო პასუხი ერთ კითხვაზე: იგი, სულით ხორცამდე ებრაელი კაცი, რომლის მამა-პაპა, შორეული წინაპრებიც კი ოცნებობდნენ ისრაელზე, რატომ, რისთვის არ უნდა დაბრუნებოდა თავის ისტორიულ სამშობლოს?

ხახამ იოსები ერთხანს კიდევ ელოდა, იქნებ, ვინმემ თქვასო რაიმე, მაგრამ ამაოდ.

ეს ამბავი იმაზე ლაპარაკობს, რომ არაფრად ჩააგდეს ამათი რატრატი - გაიფიქრა ხახამ იოსებმა. ხმამაღლა კი თქვა:

- აბა, არაფერს ბრძანებთ, ჯამაათო, ყველაფერი გასაგებია, ხომ? - რომ არავინ გაეპასუხა, განაგრძო: რახან ასეა, დიდი მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმრებს ამისთანა თავის შეწუხებისათვის და, რახან ლოცვაში მობრძანება ისურვეს, ჩვენი წესის მიხედვით, ვაკურთხოთ კიდეც - ხახამ იოსები მხატვარს მიუბრუნდა, სახელი და მამის სახელი ჰკითხა:

დავით ისაკის ძეო, მიუგო მხატვარმა, ინტონაცია კი დაახლოებით ასეთი ჰქონდა: რა უცნაური ხალხი ხართ, ქვეყანა ასე შეიცვალა, ხალხი ასეთი განათლებული გახდა, თქვენ კი კვლავ ლოცვა-კურთხევა გახსოვთო.

ხახამ იოსებმა კურთხევის ტექსტი წამოიწყო:

- ბაარუხ ათა ადონაი...

- აჰ! აჰ! აჰ! - დარბაზი შალიკო „ტენტიანის“ შეძახილმა გაავსო. აშკარა იყო: შალიკოს რაღაცის თქმა ეწადა. ხახამ იოსებმა კურთხევა შეწყვიტა, შალიკოს მოუბრუნდა და გაოცებული მიაჩერდა: მზერით ეკითხებოდა, რა მოხდაო.

- აჰ, აჰ, აჰ! - სასოწარკვეთილი გაჰკიოდა შალიკო „ტენტიანი“.

- ბრძანე, შალიკო, რა იყო, რა მოხდა ამნაირი! - ღიმილით იოკითხა ხახამ იოსებმა.

- არ იქნება... არ იქნება, ა! გახედე, დაბნელდა უკვე.

ხახამ იოსები გაოცდა, დაბნელებას რა კავშირი უნდა ჰქონოდა სტუმრების კურთხევასთან? შალიკო „ტენტიანი“ ხახამ იოსებს ასწავლიდა როდის შეიძლება ადამიანის კურთხევა და როდის - არა? ვინ თქვა, რომ კურთხევა დღისით შეიძლება და საღამოს არა? შალიკო „ტენტიანს“ ასეთი რამ არასოდეს ჩაუდენია. რა ხდება?

ხახამ იოსებმა ჯამაათს გადახედა და უმალ მიხვდა, რაც ეწადა შალიკო „ტენტიანს“: სტუმრები კურთხევის ღირსი არ არიანო. ჯამაათიც უხმოდ უჭერდა მხარს. ხახამ იოსებმა იგრძნო, რომ კურთხევის შემდეგ არცერთი არ იტყოდა „ამინ!“

- არც ჩვენი ჯამაათია სწორი. ადამიანს ყოველთვის უნდა მისცე საშუალება უკეთესი გახდეს! გვაკლია, თორის ცოდნა გვაკლია! - გაიფიქრა ხახამ იოსებმა, ჯამაათს კი უბრძანა: - მართალი ბრძანდებით, ჯამაათო, გვიანია კურთხევა... მშვიდობიანი ღამე მოგცეთ და ბედნიერი დილა გაგითენოთ გამჩენმა! - თქვა და ამბიონიდან ჩამოვიდა.

მლოცველნიც და სტუმრებიც ერთდროულად გამოეფინნენ სალოცავის ეზოში. რაიკომის პირველი მანქანისაკენ გაეშურა, მხატვარი კი ჯიქურ მიეჭრა შალიკო „ტენტიანს“ და ხმამაღლა, ყველას გასაგონად უთხრა:

- აი თქვენ, მაგალითად, ასეთი გონებაფხიზელი და სწორი აზროვნების პიროვნება, რატომ მიდიხართ ისრაელში?

- მამის სული ნუ წაგიწყდება, ეს მითხარი - რა უფრო გესიამოვნება - მართალი თუ ტყუილი? - ხაზგასმული ებრაული აქცენტით, პირზე ღიმილმომდგარმა ჰკითხა შალიკომ მხატვარს.

შალიკოს ინტონაციამ, ფამილარობამ მხატვარი დააბნია, ამის გამო შეკითხვა ვერც გააანალიზა, მაგრამ მაინც მიუგო:

- ტყუილი რად გვინდა. მართალი, მხოლოდ მართალი!

- დღემდე არაფერი მქონდა გადაწყვეტილი, მარა თქვენ ისე კარგად აგინეთ ის ქვეყანა, ძალიან მომეწონა და ეგება კიდეც ვიფიქრო რამე, - მიუგო შალიკომ.

ვიღაცამ ხმამაღლა გადაიხარხარა.

- ო, რა ენა გაქვს, შალიკო, რა ენა! - ჩაილაპარაკა კუკურიმ, რომელიც სწორედ მხატვრის უკან იდგა.

მხატვარმა უცებ მოიკრიბა გონება, ჩვეულებრივი ფუნქციონერის ღიმილი მოიმარჯვა და თქვა:

- მე თქვენი ნათქვამი ისე გავიგე, რომ არ აპირებთ წასვლას, ესე იგი, უფრო სწორად, გადაიფიქრეთ, ასეა ხომ?

- ეს ჩემზე უბედური ჰყოლია გამჩენს, - გაიფიქრა „ტენტიანმა“, მხატვარს კი უთხრა:

- გადარევას ვარ პირდაპირ - რავა სწორად გაიგეთ ყველაფერი!

- აბა, კარგად იყავით, არ უნდა წამოეგოთ სიონისტების ანკესზე, არა! - თქვა მხატვარმა და თითქმის სირბილით გაეშურა რაიკომის პირველი მდივნისაკენ.

- აჰ, რავა იქმება!

- არა, ბატონო!

- მაგენი ჩვენ მოგვატყუებენ?!

- მაგას ვჭამთ ახლა ჩენ? - შესძახეს აქეთ-იქიდან მხატვარს, მაგრამ მას არაფერი გაუგონია. არც აინტერესებდა, თუ რა პასუხს გასცემდნენ.

რუბენმა პოლიტექნიკური ინსტიტუტეს ლექტორს გამოსდო ხელი.

- ორი სიტყვა მაქვს სათქმელი და არ არი საჭირო ხალხმა გაიგონოს. პურს რაც გაჭმევს, ყველა საქმე კარგი არ არი, მარა... კარგად ხო უნდა, იცოდე? ჩახედე ერთი იქანა, იმ წიგნში, მე მგონი, სწორად არ თქვი ამა და ამ წელიწადს ესა და ეს მოხდაო. არ არი მასე, შეგარცხვენს ვიღაცა. ისრაელის სახელმწიფო ორმოცდარვაში შეიქმნა.შეიძლება კაპიტალისტები ორი წლით გაახალგაზრდაოს კაცმა? - თქვა, გაიღიმა და ლექტორს ხელი უშვა, მიატოვა.

ლექტორი გაოგნებული იდგა. ვერაფრით მოეფიქრებინა რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო. ამ დროს დაინახა, რომ მედიცინის პროფესორი მანქანაში ჩამჯდარიყო, მხატვარი კი მოსაუბრეთ ემშვიდობებოდა და მანქანისაკენ მიემართებოდა (მაგას ვინ რას დაასწრებს!) პირზე ღიმილმოფენილი გაემართა რაიკომის პირველი მდივნისაკენ, რომელიც კარღია მანქანასთან იდგა.

24 იაკობი

▲ზევით დაბრუნება


მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ერთი წამითაც კი არ შეჩერებულა, შეჩერებულა კი არა, არც შენელებულა ეს ზეციდან წამოსული ნიაღვარი. წყლით გაივსო ღელეები, წყალში ირწევა წამოზრდილი, ხასხასა ბალახი, წვიმის ხმა ავსებს მიდამოს. წვიმის ხმა უკვე მუსიკად იქცა. მომაბეზრებელ, გულისგამაწვრილებელ მუსიკად.

- იქცევა ქვეყნიერება და ესაა! - ჩაილაპარაკა რიბკამ.

- აბა, - კვერი დაუკრა დათიკომ. - ის დროა, კიდობანში შემყავდეს ოჯახი.

- მაინც რანაირი ზაფხულია, წყალში ჩალპა ყველაფერი!

დედამიწაზე გადმომხობილი წყლით სავეს კოკის თავზე მოქცეული მზე ხან ღრუბლებში გამოჩნდებოდა, ხანაც - მიიმალებოდა.

ქვეყნიერებას ნაცრისფერი დაჰკრავდა. შუადღე იყო და გეგონებოდათ, ღამდებოდა უკვე.

გაუთავებელი წვიმა იაკობს შიშს გვრის. წვიმა იაკობის მტერია. ახლაც დამფრთხალია, ამ წუთში, როცა ყველანი აქ აივანზე სხედან. დათიკოს თორა გაუშლია და კითხულობს, ბენო გაზეთს ჩაჰკირკიტებს (რა წერია ამისთანა ამ გაზეთში - ნახევარი საათია თავი არ აუწევია!) ლია ლექსებს კითხულობს (მამიდამისს ჰგავს ლია სულ, სიფორის, ენაცვალოს ბაბუ! - იმასაც ასე უყვარდა კითხვა, მაგრამ ვინ დააცალა!) რიბკა ეზოს გადაჰყურებს.

რა ხანია აქ სხედან, აივანზე და ხმა არცერთს ამოუღია. კი, დამფრთხალია იაკობი, უფრო მეტი სევდა ჩაუდგა თვალებში, ვიდრე აქამდე ედგა. ეს სახლი, ეს ოჯახი აღარავის აინტერესებს. ასე ჰგონია, ადამიანები ამ სახლს შიშით უვლიან გვერდს. სიცარიელეა ირგვლივ, თითქოს დაბაც კი გამოიცვალა. ხალისი დაჰკარგა. აქამდე დღეში ათი კაცი მაინც შემოვიდოდა ამ ეზოში. ხან ვინ შემოაღებდა კარს, ხანაც - ვინ. დასხდებოდნენ იქ, ლეღვის ხის ძირში და ბაასობდნენ. იმათ ებაასებოდნენ, ოჯახის სხვა, დანარჩენ წევრებს, თორემ იაკობი რა ხანია... ხან რიბკას ელაპარაკებოდნენ, ხან დათიკოს. იმ ხალხის ბაასით მთელი დაბის ამბები იცოდა იაკობმა. იცოდა ქალიშვილი ვინ გაათხოვა, მილიციამ ვის რამდენი ფული წაგლიჯა. იაკობი ატყობს, რომ ახლანდელი მილიცია სულ სხვანაირია... ახლანდელ მილიციას კაცის დაჭერა არ ეპრიანება. ფულს იჭერს ახლანდელი მილიცია, დამნაშავეს კი არა! (მაშინ კი ადამიანი უნდა დაეჭირათ), რძალი ვინ მოიყვანა, ვინ რამდენს შოულობს თვეში, ვინ რა საქმეს იწყებს, ოჯახიდან ვინ გაიქცა, ვინ ვის ყვარობს, ვინ ვის ცოლთან დადის, ესმოდა იაკობს ამათი საუბარი და ძალიან კარგად იცოდა, რით, როგორ ცხოვრობდა დაბა, განა მხოლოდ დაბა - მეზობელი სოფლები და ქალაქებიც. თბილისის ამბებიც ხშირად მოჰქონდათ. თბილისი ადრე იყო ძალიან შორს, თორემ ახლა დღეში ოცი კაცი მაინც ჩამოდის თბილისიდან და ოცნაირი ამბავი ჩამოაქვს. ამასწინათ რუბენმა ისიც კი თქვა, აგერ, კოპიტნარამდე ავტობუსს გავყევი, იქიდან თბილისში ნახევარ საათში ჩავფრინდი და საღამოს ისევ სახლში მოვბრუნდიო (გადასარევი ამბავია!). სად დაიკარგა ეს ხალხი! რატო აღარ მოდიან? რატო აღარ ჩანან? კაი, იქნებ, დათიკომ აწყენინა ვინმეს რამე. რიბკა? რიბკასთან რატო არავინ მოდის? არა, რიბკამ კი შეიძლება კაცს აწყენინოს - გული რო მოუვა, სიტყვას აზრს არ მიაყოლებს, მაგრამ ბენო? ბენომ ვის რა უნდა აწყენინოს! გინდა ლიამ! ამათ ენაცვალოს ბაბუ! კაი, ვთქვათ, დაიქცა ქვეყანა და ამათაც ვინმეს ატკინეს გული, ქუჩაშიც რო არავინ ჩანს! ისრაელობა ქუჩაშიც რო აღარ მიდი-მოდის?! ერთი-ორი ისრაელი თუ გაივლის დღეში და იმათაც ისე დაუხრიათ თავი, გეგონებათ, მიწას რაღაც საიდუმლოს უმხელენო.

ასე რამ შეცვალა ქვეყანა?!

დათიკოს ფსალმუნნი დაედო წინ. კითხვა ეწადა, მაგრამ სტრიქონებს ვერც ამჩნევდა - მისი ფიქრი სულ სხვაგან ქროდა.

რა გზას დაადგეს? რა გადაწყვიტოს? იერუშალაიმი, ისრაელი, აღთქმული მიწა მისი ოცნება იყო, ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე ლოცულობდა, ფიქრობდა, მაგრამ დღეს, როცა გზა გაეხსნა, შეუძლია გუდა-ნაბადი აიკრას, ვერაფერი გადაეწყვიტა.

უცებ ბენომ გაზეთი მოისროლა და წამოდგა. დათიკო მიხვდა: ბენოც ისე კითხულობდა გაზეთს, როგორც თვითონ - ფსალმუნებს.

- შვილი მიწაში დავტოვო და მე წავიდე? მე გავიხარო? - ბენოს თვალი გაუსწორა რიბკამ. ეფრემი!

რიბკასთვის ეფრემი კვლავ ცოცხალი იყო. თითქოს უკვე არარსებული, თითქოს წარსულის ბურუსში გახვეული ეფრემი კვლავ რიბკას გვერდით იდგა. ეს ჭრილობა ისევ პირშეუკვრელია, ისევ სდის სისხლი დათიკოს ოჯახის ჭრილობას. არა, ხუთი კი არა, ექვსი ადამიანი უნდა გამგზავრებულიყო ისრაელს. აქედან ხუთი სულიერი, ერთი უსულო. ოთხი მოძრავი, ორი - იაკობი და ეფრემი - უძრავი.

- რახან ასეა, სასწორზე დავდოთ ყველაფერი. ისიც, თუ რატომ უნდა წავიდეთ და ისიც, თუ რატომ არ უნდა წავიდეთ, - თქვა ბენომ და მამას მიუბრუნდა.

ბენოს წინადადებამ დათიკოზე არავითარი ზეგავლენა არ მოახდინა. ხმადაბლა, თითქოს სხვათაშორის ჩაილაპარაკა:

- ბევრი რამეა ცხოვრებაში იმისთანა, სასწორზე რომ ვერ დადებ, - სივრცეს გახედა, გაირინდა. მაგრამ, კი, ბატონო, ავწონ-დავწონოთ ყველაფერი. ჯერ ის ვთქვათ თუ რატომ არ უნდა წავიდეთ ისრაელში.

თქვა და თვითონვე ჩაფიქრდა: რატომ არ უნდა წავიდეს? ასე არასოდეს დაუსვამს საკითხი - სულ იმაზე ფიქრობდა, თუ რატომ უნდა წასულიყო, რატომ უნდა გამგზავრებულიყო. ახლა კი ვერაფერი მოუფიქრებია დათიკოს, ვერაფერი! ნუთუ, არაფერი გაკავებს აქ, დათიკო? ნუთუ, ასე ცარიელი იყო შენი ცხოვრება, რომ ყოველ წუთს შესძლებ გუდა-ნაბადის აკვრას?

- თქვი, დათიკო, თქვი, რისთვის არ უნდა წახვიდე, რატო უნდა იყო ამ მიწაზე, მიწა დაეყაროს იმას, ვინც ეს ამბავი დაიწყო! - შეუტია რიბკამ.

- იმიტომ არ უნდა წავიდე რომ... - დაიწყო დათიკომ, მაგრამ უცებ შეჩერდა, კვლავ ჩაფიქრდა. - იმიტომ არ უნდა წავიდე, რიბკა, რომ ოცდაექვსი საუკუნეა ამ მიწაზე ვცხოვრობთ, ოცდაექვსი საუკუნე ვიცხოვრე ამ ქვეყანაში და... - ისევ შეჩერდა, კიდევ ერთხელ მოავლო გონების თვალი იმას, რასაც ფიქრობდა, რისი თქმაც ეწადა. - ოცდაექვსი საუკუნე კიდო იცი რამხელა დროა? იმ ოცდაექვსი საუკუნის სიღრმიდან რომ აქამდე მოვაღწიეთ, აქამდე შევინახეთ თავი, ეს არაფერს გეუბნება? - ცოლ-შვილს გადახედა. იგრძნო, ეთანხმებოდნენ - ესე იგი, რაღაცას ნიშნავს, ხომ? ხალხი მიცნობს, პატივს მცემს, სახლი მაქვს და კარი! - ახლა უფრო დაბეჯითებით ლაპარაკობდა დათიკო. - მეზობელი მყავს და ამხანაგი, მტერი და მოყვარე, მერე კიდო... მერე... ასე მგონია, სხვაგან ვერსად გავძლებ, ვერსად ვიცხოვრებ სხვაგან... აქაურობა რომ ძალიან მყვარებია, ახლა მივხვდი, ხალხი რო აიყარა, მაშინ... აქამდე რო გეკითხათ, გიყვარს თუ არა აქაურობაო, გამეცინებოდა. ახლა? არ კმარა ეს იმისთვის, რო არ წავიდე? - დაბეჯითებით დააცქერდა ცოლ-შვილს დათიკო, აინტერესებდა რას იტყოდნენ, რა პასუხს გასცემდნენ, გულით დაეთანხმებოდნენ, თუ მის სიტყვას, აზრს დანებდებოდნენ.

- კმარა, რატომ არ კმარა! - ხმადაბლა, თითქმის თავისთვის თქვა რიბკამ.

- ახლა, შენ მითხარი, რატომ არ უნდა წავიდეთ?

- მე? - რიბკა გაირინდა - ჩემი შვილი ამ მიწაში მარხია, დათიკო, და მე აქაურობას ვერ მოვშორდები! - მოკლედ მოჭრა.

დათიკო შვილს მიუბრუნდა - შენ რას იტყვიო.

ბენომ ჯერ დედას შეხედა, დინჯად, აუჩქარებლად მოავლო თვალი, მერე მამას მიაცქერდა. აუმღვრეველი მზერა ჰქონდა, მშვიდი, „დაკაცდა ჩემი ბიჭი“, - გაიფიქრა დათიკომ. მოსწონდა კიდეც ბენო პასუხის გაცემას რომ არ ჩქარობდა და ალოდინებდა.

- სანამ ჩემსას გეტყოდეთ, ერთი კითხვა მაქვს და... - ხმადაბლა თქვა ბენომ.

- ბრძანე!

- ჯერ ის ვთქვათ - ვართ თუ არა ჩვენ ისრაელები?

დათიკოს გაეცინა.

- ეჭვი გეპარება?

- მე მინდა მიპასუხო, მამაჩემო, - ნამდვილად ვართ თუ არა ჩვენ ებრაელები?

- რა იყო, შვილო, ამისთანა რა შეგვატყვე?

ბენო ხმას არ იღებდა, დედ-მამის პასუხის მომლოდინე ჯიუტად მისჩრებოდა მათ.

- ვართ, აბა, არა?

ახლა დედას გადახედა ბენომ.

- რა საკითხავი ეს არი, შვილო?!

- მაშინ მოკლედ გეტყვით: თუ ჩვენ ებრაელები ვართ, დღესვე უნდა შევკრათ ხაბაკი და წავიდეთ - ყოველი კაცი თავის სამშობლოში, თავის მიწაზე უნდა ცხოვრობდეს!

დათიკო შვილს დააცქერდა და ხმადაბლა იკითხა:

- შენ ვინ გითხრა, რომ საქართველო არ არი შენი სამშობლო?

- არი, რატომაც არ არი! ძალიანაც არი, მარა ქართველების სამშობლო უფროა! ეს არის საქართველო, ქართველების ქვეყანა. ეს ამ ხალხის მიწაა, ამათი კუთვნილია ყველაფრით. ჩვენ კი ყოველთვის გვახსოვდა, რომ ჩვენი სამშობლო აქედან შორსაა, რამდენიმე ზღვის იქით.

დათიკოს გულში გაჰკრა: ბენო სიმართლეს ამბობდა. დღეს, ამ წუთში მას ეს სიმართლე არ მოსწონდა, ხელს არ აძლევდა, თორემ ხომ ასე იყო: ხომ ოცნებობდნენ ებრაელები იმაზე, რომ თავიანთ ისტორიულ სამშობლოს მიბრუნებოდნენ, ეხილათ იერუსალიმი. ეხილათ უფლის სახლი.

- თუ ახლა მე არ წავიყვანე, ათი წლის მერე თვითონ წამათრევს, - გაუელვა თავში და ამ ფიქრმა კიდევ უფრო გაუძლიერა უმწეობის გრძნობა. რიბკას შეხედა. რიბკა თითქმის უაზროდ მისჩერებოდა შვილს. ნუთუ, მასაც იგივე აზრი დაეუფლა? დათიკომ რიბკას სახეზე ვერაფერი ამოიკითხა.

იაკობი!

დათიკოს სულ დავიწყნია, რომ იაკობიც აქ იყო, ისიც ამათ შორის იჯდა. რა ხანია ებრაელობა აიყარა, ისრაელისაკენ მიმავალ გზას დაადგა, იაკობმა კი არაფერი იცის - მისი თანდასწრებით ამ თემაზე არასოდეს არაფერი უთქვამთ. დათიკომ თქვა ერთხელ, მამაჩემს ნურაფერს გავაგებინებთ, ამ ხნისა და ამგვარი ჯანმრთელობის კაცი რატომ უნდა ავაფორიაქოთო.

მადლობა ღმერთს, იაკობს არც ამჯერად გაუგია რამე - ეძინა, მშვიდად ფშვინავდა.

ეზოში ვიღაცამ შემოირბინა. დათიკომ თვალი ჰკიდა, რომ პირველს მეორე მოჰყვა. ჭიშკართან დაგუბებულ წყალს არცერთი არ დაერიდა - ისე გამოიარეს, თითქოს მწვანე ბალახზე მოდიანო.

- ამისთანა ამინდში კაცი უბრალოდ არ გამოვა სახლიდან, რაღაც ამბავია, - გაიფიქრა დათიკომ.

აივანზე რუბენი და გაბო „ღანჯურა“ ამოვიდნენ.

იაკობი კარის ჭრიალმა გააღვიძა.

- მობრძანდით! - მიეგება რიბკა სტუმრებს.

- ოჰ! სახეზე ღიმილი გადაეფინა დათიკოს - ამისთანა ამინდში რამ მოგიყვანათ, სად იშოვეთ პარახოდი!

იაკობმა სტუმრებს გადახედა, ესიამოვნა მათი დანახვა.

- იქნება რამე თქვან, თორემ ამათ სულ დაიმუნჯეს თავი!

რუბენსა და გაბოს რეზინის ჩექმები ეცვათ. თავზე ტომრები წამოწხურათ. სველი, წყლით გაჟღენთილი ტომრებიდან წყლის წვეთები იატაკს ეცემოდა.

- რავა კოლმეურნეობის დარაჯებივით დგახართ, მოიხსენით ეს ტომრები, გაცივდებით, - რიბკამ ტომრები ორივეს მოხსნა, ერთი ცალი ლიას გაუწოდა - გამომართვი!

- აგაშენა რმერთმა! - ჩაილაპარაკა გაბო „ღანჯურამ“.

რიბკა და ლია აივნის რიკულს მიადგნენ, ტომრები დაწურეს და ზედ გადაფინეს.

- ჩამოჯექით, კაი ალადასტური მაქვს - თქვა დათიკომ.

- აჰ, სასმელად არ მოვსულვართ! - თქვა რუბენმა.

- რა დროს ალადასტურია, დათიკო! - ჩაილაპარაკა გაბო „ღანჯურამ“ ისე, რომ დათიკოსთვის არც შეუხედავს. ძნელი მისახვედრი არ იყო: მზერას არიდებდა.

აივანზე დუმილი ჩამოვარდა. დათიკომ იგრძნო, რომ რაღაც მოხდა. ამიტომ უჭირდათ საუბრის დაწყება სტუმრებს.

- ფარსაგი ამბავია! ასე მუნჯებივით რატომ არიან? ხმას რატო არ იღებენ? - ფიქრობდა იაკობი.

- ამისთანა ამინდში უბრალოდ სამუსაიფოდ არ გამოხვიდოდით, - დათიკო სტუმრებს მიაჩერდა, გამომცდელად შესცქეროდა ორივეს.

რუბენმა თავი ასწია, ჯერ რიბკას დააკვირდა, მერე ბენოს, იაკობს სულაც თვალი აარიდა, იაკობი ანგარიშში ჩასაგდები არც იყო, დათიკოზე შეაჩერა მზერა. დათიკო მიხვდა - რუბენი რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ უცებ გადაიფიქრა და ჩაილაპარაკა:

- აგერ, გაბო გეტყვის ყველაფერს.

- უჩემოდ გადაწყვიტეთ? - დათიკოს ინტონაციაში საყვედური იგრძნობოდა.

ბენო დაიძაბა. რუბენისაკენ მოტრიალდა.

- მართალი ხარ, გადავწყვიტეთ. კი, - მშრალად თქვა რუბენმა.

იაკობმა ყური ცქვიტა:

- გადასარევი ამბავია, მე და ჩემმა ღმერთმა, ამათ ასე არასოდეს ულაპარაკნიათ, რუბენს და გაბოს ამისთანა რა უნდა გადაეწყვიტათ? - ფიქრობდა იაკობი.

წვიმამ იკლო. წვიმის წვე\\თები უილაჯოდ ეცემოდნენ მიწაზე.

- საწყენი რა არი, დათიკო, ყოველ კაცს თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში - გაბომ ამჯერადაც მოარიდა თვალი დათიკოს.

- თუ აქამდე ერთი გზა გვქონდა, თუ აქამდე სულ ერთი გზით დავდიოდით?!

- აქამდე! აქამდე ყველა კარი დაკეტილი იყო, დათიკო, და გინდოდა თუ არ გინდოდა, მოგწონდა თუ არ მოგწონდა, ერთ გზაზე უნდა გევლო. ახლა ღმერთმა გადმოგვხედა კეთილი თვალით. შენთან იმიტომ მოვედით, რომ, იქნება, დაგადგეს საშველი, იქნება, გადაწყვიტო!

დათიკო უხმოდ იჯდა, არაფერს ამბობდა.

იაკობი ზის და ფიქრობს:

- რუბენს ამისთანა რა უნდა გადაეწყვიტა? ასე რატომ ლაპარაკობს? მოიცა, მოიცა! იქნება, თავის ბიჭს გაბოს გოგოზე ნიშნავს? კი, მარა... ი ბაღანა ხომ ჯერ... თუმცა, რა... რა უჭირს, თექვსმეტი წლის კი იქნება... არ უნდა იყოს გლახა საქმე... ეს ჩემი შვილი რატო უბრაზდება, ვითომ? ჩემს შვილს რა უნდა? იმ ხალხმა თავისი საქმე წინ წაიგდო... ღმერთი შეეწიოთ! ჩემს შვილს ბენოსთვის ხო არ უნდოდა გაბოს გოგო! აჰ!

- შენც შეგეწევა, დათიკო, ღმერთი, შენც უნდა გადაწყვიტო. - ღიმილით უთხრა რუბენმა დათიკოს.

- მართალს ამბობს რუბენი, კია დრო, უნდა გადაწყვიტოს! ბენო საცოლე ბიჭია უკვე... მაგრამ ლია? არა, ჯერ ლია უნდა გათხოვდეს, ჯერ ქალის ვალიდან უნდა ამოხვიდე, უნდა ჩააბარო პატრონს, რძალი მერე უმდა მოიყვანო ოჯახში. ჩემი შვილი კი ყურს არ იბარტყუნებს ჯერ, ვითომ რა ჰგონია, ლია თავისით ხომ არ მონახავს ქმარს. მასეთი ჯილაგის არ არი მაგი, ენაცვალოს ბაბუ! - ფიქრობდა იაკობი.

რიბკა დაძაბული მისჩერებოდა ქმარს.

- არ ვიცი, რუბენ, არ ვიცი! - უღონოდ ჩაილაპარაკა დათიკომ.

- მაგ საქმეს ცოდნა კი არა, მონდომება უნდა, დათიკო! ამდენი საუკუნეა ჩვენი ხალხი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს, ბოლოს გვაღირსა გამჩენმა ღმერთმა ჩვენი სახელმწიფო მკვდარი იყო და გაცოცხლდა, სამშობლოში ცხოვრების უფლებაც გვარგუნა ბედმა და რას ვუყუროთ? - გაბო ცხარედ ალაპარაკდა.

-რრრრაო? რას ლაპარაკობს ეს კაცი?! - რაღაც ახმაურდა იაკობის სულში.

- რას ვუყუროთ ახლა ჩვენ, მითხარით, რატო არ უნდა წავიდეთ, დათიკო, მითხარი, დამიმტკიცე და, კი ბატონო! მეც შენთან ვარ!

რაო? ეს რა ესმის იაკობის ყურებს, ეს რა სიტყვები ჩაწვდა მის სმენას! ის კიდევ რაღაც თხოვა-გათხოვებაზე ფიქრობდა. ისრაელში დაბრუნება შეიძლებაო?! ისრაელში დაბრუნება? რას, რას ლაპარაკობენ ესენი, რას ბურტყუნებენ, რას! სად არის ძალა... რამდენი წელიწადია უძალოა და უღონოა იაკობი, რამდენი წელიწადი! მაგრამ არც არასოდეს დასჭირვებია იგი... რაში უნდოდა? თენდებოდა და ღამდებოდა... არაფერს არ ჰქონდა აზრი... უაზროდ თენდებოდა და ისევე უაზროდ ღამდებოდა. დღეს? დღეს აზრი მისცემია ცხოვრებას... დღეს სჭირდება ძალა იაკობს, დღეს უნდა ღონე.

- ხომ ხედავ ყველა წავიდა, აღარავინ დარჩა, დათიკო, ვის უყუროთ? ქალიშვილები ხომ უნდა დავათხოვოთ! რძლები ხო უნდა მოვიყვანოთ! ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წესზე ხო უნდა დავიმარხოთ, ხო არ გავქრისტიანდებით სულ! იერუშალაიმში წასვლა არის ჩვენი ხსნა, თუ რამე გვიხსნის, თუ რამე გადაარჩენს ჩვენს ისრაელობას, იერუშალაიმი გადაარჩენს!

- იერუშალაიმი! იერუშალაიმი! - აგუგუნდა იაკობის სულში, - დამიწდეს მარჯვენა ჩემი, თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ, ენა ჩემი მიახმეს სასას ჩემსას...

ისრაელში დაბრუნება შეიძლებაო!..

იაკობი გემბანზე დგას, მზე ჩადის, მზის სხივები აღქმულ მიწას ელვარებას ანიჭებენ. გემი აღქმულ მიწას სტოვებს, იაკობის სული დაცარიელდა. მიწა შორს არის... დაპატარავდა, სულაც წერტილს დაემსგავსა, მაგრამ სულში გაიზარდა, სულში დარჩა ეს ყვითელი, მზისგან დაღლილი, მხურვალებისგან გამომშრალი და მაინც მტრის მიერ დაქცეული... წინაპართა სისხლით გაჟღენთილი მიწა... რამდენი სისხლი შეისრუტა, რამდენი სიცოცხლე, მაგრამ...

აი, თურმე, რატომ არ ჩანს ქუჩაში ებრაელობა. აი, თურმე, სად წასულა ხალხი! ესენი კიდო აქ არიან, ადგილიდან არ იძვრიან... ამათ რა იციან, რა არი იერუშალაიმი... გლახაკები, მათხოვრები!.. რას უდგანან აქ, რას! ბრმები, ყრუები, მუნჯები!

ამათ ჰგონიათ, რახან თვალში იყურებიან, რახან მზეს ხედავენ და მიწას, ბრმები არ არიან!

ამათ ჰგონიათ, რახან პირში ენას ატრიალებენ, მუნჯები არ არიან!

ამათ ჰგონიათ, რახან ჭექა-ქუხილი ესმით, ყრუები არ არიან!

ამათ რა იციან რა არის ცხოვრება!

ამათ რა იციან რა არის სმენა!

ამათ რა იციან რა არის ხმის ამოღების უფლება!

რუბენი ამბობს:

- ყოველი კაცი თავისი მიწის, თავისი ღმერთის, თავისი რწმენის კალთის ქვეშ უნდა იყოს, დათიკო!

დათიკო კი უხმოდ, ფიქრმორეული გასცქერის სივრცეს. არც იმას აქცევს ყურადღებას, ყველა რომ სწორედ მას მისჩერებია, ყველა რომსწორედ მისგან მოელის პასუხს.

კარგა ხნის მერე ამოიღო ხმა. აუჩქარებლად ლაპარაკობდა. გეგონებოდათ აივანზე შეკრებილთ კი არა, კვლავ საკუთარ თავს ელაპარაკებაო:

- დავბრუნდეთ სამშობლოში, რატო არ დავბრუნდეთ, მარა თქვენ ხო არ გგონიათ დრევანდელი დრე სჯობია იმ დროს. იქნება, დღეს მეტი მტერი ასევია ისრაელს. შეხედეთ, რა ამბავია. რამდენი უკრაჭუნებს კბილებს. იქნება ასე გაფანტულობაში უფრო გადავირჩინოთ თავი ებრაელებმა, ყველა ქვეყანას, ყველა სახელმწიფოს ერტად ხო არ დაეცემა მეხი.

სწორედ ამ დროს აივანზე შეკრებილნი - სტუმარნიც და მასპინძელნიც, - უცნაური სანახაობის მოწმენი გახდნენ: იაკობი აღმუილდა, რაღაცის თქმა, თქმა კი არა, ყვირილი ეწადა, ვერ ახერხებდა და ამიტომ ღმუოდა. სახეზე სიწითლე მორეოდა, თვალებში მრისხანება ჩადგომოდა და ღმუოდა, მერე წამოდგა, კი, კი, წამოდგა! ფეხზე წამოიმართა კიდეც და ისე მაღალი, ისე ძლიერი, ისე დიდი გამოჩნდა, რიბკამ შეჰკივლა.

- დათიკო, მამა, მამა!

რამდენი წელიწადია რიბკა ამ ოჯახის რძალია და იაკობი უხმო, მხოლოდ ერთ ადგილს მიჯაჭვული, მდუმარე და მორჩილი ტანისა ახსოვს. ბენოს ბაბუას ხმა აქამდე არ სმენია. მისთვის ბაბუ მუდამ მდუმარე არსება იყო.

ლიას ხომ არა და არ ახსოვს სხვაგვარი ბაბუ.

ახლა კი წამომართული, მრისხანებადქცეული იაკობი ღრიალებდა. ასე გეგონებოდათ, ჯაჭვი გაწყვიტა, მონობიდან თავი დაიხსნა და ახლა სხვებსაც თავისუფლებას მოუწოდებსო.

- რა მოგივიდა, მამა! - შესძახა რიბკამ.

- ბაბუ! - შესძახა ბენომ.

- ბაბუ! - თვალებში ცრემლი ჩაუდგა ლიას.

- რა იყო, იაკობ, ბატონო, ხო მშვიდობაა ჩვენს თავს?! - მაინც ღიმილით თქვა რუბენმა.

დათიკო კი ადგილიდან არ დაძრულა. იგი უმალ მიხვდა, რაც მოხდა. რამდენი ხანი უმალავდა ამ ამბავს მამას, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა.

დათიკო უხმოდ მისჩერებოდა მამას.

იაკობი კი საწორედ მას ემუქრებოდა. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მაღლა შეემართა და დათიკოს უქნევდა. კი, კი დათიკოს ტუქსავდა, უყვიროდა,

უღრენდა.

დათიკომ აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯით დატოვა აივანი.

წვიმას სულ გადაეღო. თითო-ოროლა წვეთი კანტი-კუნტად ეცემოდა აივნის რიკულს.

25 ეპილოგი

▲ზევით დაბრუნება


ამბობენ, დათიკო ჯანაშვილის ოჯახმა ისრაელს დიდი ტანჯვა-ვაების შემდეგ ჩააღწიაო. ყველაზე მძიმე, მტანჯველი კი ბრესტიდან - საბჭოთა კავშირის სასაზღვრო სადგურიდან გასვლა ყოფილა, თურმე. საბაჟოს მოხელენი არაადამიანურად ექცეოდნენ ისრაელში მიმავალ ყოფილ საბჭოთა მოქალაქეებს. ბრესტიდან ვენას მატარებლით ჩასულან, იქიდან კი ისრაელში გაფრენილან. ლიას და ბენოს იაკობი თვითმფრინავიდან ხელში ატატებული ჩაუყვანიათ.

იაკობი უმალ მიწას დამხობია. უხმოდ ტიროდაო, ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა და ვიღაცას პატიებას სთხოვდაო, მაგრამ ვერავინ ვერ თქვა, თუ ვისთვის უნდა ეთხოვნა პატიება იაკობს.

ცრემლები ღაპაღუპით სცვიოდა და მიწას ჰკოცნიდაო, ყველა ამას ამბობს.

დათიკომ ისრაელის მიწას ფეხი რომ დაადგა, ჯერ მიმოიხედა, მერე თვალები დახუჭა და ჩურჩულით თქვა:

- ღმერთო!

რიბკამ ორივე ხელი ზეცისაკენ აიშვირა და თქვა:

- ღმერთო, ბედნიერად უქციე აქ მოსვლა ჩემს შვილებს!

პირველი, რაც თვითმფრინავიდან გამოსულმა ბენომ დაინახა, ეს იყო შენობის თავზე, მზის სხივებში აკიაფებული ებრაული წარწერა. შრიფტის მოხაზულობაში ისეთი შინაგანი ძალა იგრძნო, რომ გული სიამაყით აევსო და ლამის წამიძახა: „როგორ გავს ქართულს“, თუმცა, ამ შრიფტს ქართულთან საერთო არაფერი აქვს. ამ აღმოჩენამ შვებაც მოჰგვარა, რადგან ასე მოეჩვენა, რომ საყრდენი იპოვა. დაძაბულობა, თვითმფრინავიდან გადმოსვლისას რომ ბორკავდა, სადღაც გაქრა, უკვალოდ დაიკარგა და თითქოს თავისთავად დაიბადა ფიქრი:

- მოშემ ეგვიპტელთა ტყვეობიდან განთავისუფლებული ებრაელობა ორმოცი წელი ატარა უდაბნოში. ჩვენ კი ორი ათას ექვსასი წელია მოვდივართ. თან მოგვაქვს სიყვარული სამშობლოსადმი, ასეთი სიყვარული იმ ხალხმაც გვასწავლა, რომლის წიაღსიც ვცხოვრობდით. აწი ამ მიწას არაფერი გაუჭირდება! - საქართველოში აღზრდილი ბენოს თაობისთვის პათეტიკა უცხო არ იყო.

- რა ლამაზია ყველაფერი! - აღტაცებას ვერ მალავდა ლია და ამომავალი მზის შუქზე გაბრწყინებულ შენობებს შესცქეროდა.

ყველაფერს სიახლის იერი დაჰკრავდა. ყველაფერი სხივმოსილი იყო.

ვიღაც ბიჭმა იაკობისათვის ხელურემი მოაგორა.

ბენო ქალაქს შესცქეროდა. იგი თავის თავს, თავის ადგილს დაეძებდა ამ ქალაქში.

ლიამ ბაბუ ხელურემში ჩავსვათო და ორივენი მიწას უხმოდ დამხობილ იაკობს მიუახლოვდნენ. როგორც კი ბენომ ხელი შეახო, იაკობი გამხმარი ფოთოლივით მსუბუქად დაეცა მიწაზე.

- ბაბუ! - შეჰკივლა ლიამ.

შეშფოთებული ბენო ბაბუას წამოყენებას ლამობდა.

- ბაბუ, ადე, ბაბუ, ადექი!.. - ბენო ვერ ხვდებოდა, რომ იაკობი ცოცხალი აღარ იყო.

დათიკო სწორედ იმ მანქანასთან იდგა, თვითმფრინავიდან გადმოტანილ ბარგს რომ ალაგებენ. ის-ის იყო ეფრემის კუბოც გადმოიღეს, კივილი მოესმა. ელდა ეცა, რადგან ხმა ეცნო - ლია კიოდა.

შვილებისაკენ გამოიქცა. ლიას ხმას რიბკას შეძახილიც შეუერთდა.

მის ზურგსუკან მზე ამოდიოდა, დიდი, ბარჩხალა მზე და ქვეყნიერებას სხივს მატებდა, მაგრამ დათიკო ამას ვერ ხედავდა. ის კი დაინახა, ბენო როგორ ცდილობდა იაკობის წამოყენებას. დაინახა და ყველაფერს მიხვდა.

- მადლობელი ვარ, უფალო, შენი, მადლობელი ვარ, რომ აქამდე მოატანინე სული - ფიქრობდა და გარბოდა. ვიღაცას დაეჯახა, ქალი იყო. შეჰკივლა, მისთვის გაუგებარ უცხო ენაზე დაუცაცხანა. დათიკო არც შეჩერებულა, მამისა და შვილებისაკენ გარბოდა.

იაკობი ახლა სულ სხვაგვარად გამოიყურებოდა - სახეზე სიმშვიდე და სიამე გადაჰფენოდა. ასეთი სიმშვიდე მხოლოდ ვალმოხდილ ადამიანებს ეუფლებათ. იაკობის ამწუთიერმა გამომეტყველებამ დათიკოს ბავშვობა მოაგონა. ასეთი იყო მაშინ მამა - მშვიდი, სხივფენილი და თავის თავში დარწმუნებული.

ეგ არის, რომ ახლა იაკობი მიწას ჩაფრენოდა, თითქოს ეწადა ხელებში მოექცია დედამიწა.

ცხადია, თავის დროზე იაკობმაც იცოდა რომ ადამიანს იმქვეყნად არაფერი, სრულიად არაფერი მიაქვს, მაგრამ მისი გრძელი, ფერმკრთალი თითები მაინც უღონოდ გაფარჩხულიყვნენ

ეს მისი უკანასკნელი გაბრძოლება იყო.
გამარჯვებაც - უკანასკნელი.

თბილისი - აშდოდი
იერუსალიმი - თბილისი
1988-1991 წ.