ჟან ჟაკ რუსო და მისი „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“
ჟან ჟაკ რუსო შევიდა აზროვნების ისტორიაში როგორც ორიგინალური მამაცი, მებრძოლი პიროვნება, როგორც თავისი დროის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მწვავე კრიტიკოსი, რომლის იდეებმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემდგომ ფილოსოფიაზე, პედაგოგიკაზე, მწერლობაზე, სულიერად მოამზადა საფრანგეთის რევოლუცია.
ჟან ჟაკ რუსო დაიბადა ჟენევაში1712 წლის 28 ივნისს მესაათის ოჯახში. ბავშვობისა და სიყრმის წლები გაჭირვებაში გაატარა. 1728 წელს მოუსვენარი რუსო მშობლიურ ჟენევას გამოეთხოვა. იგი ცხოვრობდა პარიზში, ტურინში, ლიონში, ლოზანში, ბერნში და ხან ოჯახის მასწავლებლობით ირჩენდა თავს, ხან ნოტების გადაწერით, ხან ლაქიად მუშაობით; ამ პერიოდში ის გატაცებულია მხატვრული ლიტერატურით, მუსიკით, გულმოდგინედ სწავლობს დეკარტის, ლაიბნიცის, ჰობსის, ლოკის, მალბრანშის ფილოსოფიურ თხზულებებს.
1741 წელს რუსო პარიზს დაუბრუნდა და დაუახლოვდა ენციკლოპედისტებს, განსაკუთრებით დიდროს, რომლის წინადადებითაც რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ენციკლოპედიაში. ნელ-ნელა რუსომ თავისი განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ფრანგ განმანათლებელთა შორის.
1749 წელს დიჟონის აკადემიამ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „შეუწყო თუ არა ხელი მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებამ ზნე-ჩვეულებათა გაუმჯობესებას“. ერთი წლის შემდეგ ამ აკადემიამ პირველი პრემია მიაკუთვნა რუსოს საკონკურსო შრომას: „მსჯელობა მეცნიერებისა და ხელოვნების შესახებ“, რომელშიც მან უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ კითხვას. ნაშრომის ძირითადი აზრი ასეთი იყო: ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თავისუფალი, კეთილი, უდანაშაულო, მარტივი, ყველა სხვა ადამიანთა თანასწორია. მეცნიერება და ხელოვნება ზღვარს ავლებს ადამიანსა და ბუნებას შორის. ადამიანები თანდათან შორდებიან ბუნებას, მათ ურთიერთობაში ბატონდება ხელოვნურობა, პირფერობა. ადამიანში თავს იჩენს ეგოიზმი, ცინიზმი, ბოროტება; საზოგადოებაში აღარ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ფრანგი მოაზროვნე მოითხოვს ადამიანის დაახლოებას ბუნებასთან. ამ შრომის გამოქვეყნებამ დიდი სახელი მოუხვეჭა რუსოს.
174 წელს რუსომ დიჟონის აკადემიას წარუდგინა მეორე საკონკურსო შრომა „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის წარმოშობისა და საფუძვლების შესახებ“, რომელშიც ჩამოაყალიბა კონცეფცია საზოგადოებაში უთანასწორობის გაჩენის მიზეზების შესახებ. თხზულების ავტორი კვლავ ბუნებას ეთაყვანება და იმეორებს თავის აზრს იმის შესახებ, რომ ბუნებრივ მდგომარეობაში ადამიანები თავისუფალი და პოლიტიკურად თანასწორნი არიან; არ არსებობს ბატონი - მჩაგვრელი, არ არსებობს მონა - ჩაგრული. თანდათანობით იარაღებისა და შრომის სრულყოფის პროცესში საფუძველი ეყრება ადამიანთა თანაცხოვრებას: მიწათმოქმედებაზე გადასვლა წარმოშობს უთანასწორობის მთავარ მიზეზს - კერძო საკუთრებას. რუსოს აზრით, ვინც პირველად მიწის ნაკვეთი შემოღობა და თქვა - ეს ჩემიაო, შემდეგ კი იპოვა ამ სიტყვების დამჯერი საკმაოდ გულუბრყვილო ადამიანები, იყო სამოქალაქო საზოგადოების ნამდვილი შემქმნელი. რუსოს თანახმად კერძო საკუთრება არის უთანასწორობის საფუძველი. წარმოიშობიან მდიდარი და ღარიბები. მდიდრები ღარიბებთან დებენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზე იქმნება სახელმწიფო, ხელისუფლება. ეს შრომა გაცილებით მაღალი მეცნიერული ღირებულების მქონეა, მაგრამ მას პრემია არ მოჰყვა. სამაგიეროდ ავტორის პოპულარობა გაიზარდა.
1776 წელს რუსომ გამოაქვეყნა ეპისტოლარულ-ფილოსოფიური რომანი „იულია ანუ ახალი ელოიზა“, 1762 წელს კი - ფილოსოფიური რომანი „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“. ამ თხზულებებში კვლავ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის უპირატესობაზეა ლაპარაკი. რუსო გრძნობას და გონებას უპირისპირებს ერთმანეთს. განცდებს, ადამიანის შინაგან ცხოვრებას, ვნებებს ფრანგი მოაზროვნე ცივ განსჯაზე მაღლა აყენებს. ამ ფაქტში კარგად ჩანს ერთ დროს განმანათლებელ რუსოს ბრძოლა ფრანგული განმანათლებლობისვე წინააღმდეგ. შემთხვევითი როდი იყო მისი კონფლიქტი თავის ძველ მეგობრებთან - ენციკლოპედისტებთან.
1762 წელს გამოვიდა რუსოს ტრაქტატი „ საზოგადოებრივი ხელშეკრულება ანუ პოლიტიკური სამართლის პრინციპები“. წიგნის ავტორს აინტერესებდა, როგორი უნდა ყოფილიყო ადამიანთა ის კავშირი, ასოციაცია, რომელიც დაიცავდა პიროვნებას, მის საკუთრებას და ამავე დროს თანაცხოვრების პირობებში მას თავისუფლებას მიანიჭებდა. ამ მიზნის მიღწევის აუცილებელ პირობად წიგნის ავტორს მიაჩნია ის, რომ ამ ასოციაციის ყოველი წევრი უარს ამბობს თავის ყველა უფლებაზე მთელი საზოგადოების სასარგებლოდ. აღარ არსებობენ კერძო ნებანი, აღარ არსებობენ ცალკეული ნებანი, არსებობს მხოლოდ საერთო, ზოგადი ნება. როცა ადამიანს საკუთარი გულისთქმა ალაპარაკებს, ის მონაა, როცა ემორჩილება კანონს, რომელიც თავის თავს თვითონ დაუწესა, ის თავისუფალია. საზოგადოებრივი ხელშეკრულების წყალობით ინსტინქტი სამართლიანობად, ხოლო ბუნებრივი მისწრაფებები უფლებად და მოვალეობად გადაიქცევა. ცალკეული პიროვნება იძულებით კი არა, თავისი საკუთარი არჩევანის საფუძველზე აბატონებს ხალხის სუვერენობას და იმავდროულად მთელი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად რჩება. ამგვარად მიიღწევა საზოგადოებრივი კავშირის მთავარი მიზნები.
რუსო საგანგებოდ იკვლევს, თუ რა არის ის უდიდესი სიკეთე, რაც ნებისმიერი საკანონმდებლო სისტემის მიზანი უნდა იყოს. მისი მტკიცებით, ამ სიკეთეს ორი უმთავრესი რამ განაპირობებს - თავისუფლება და თანასწორობა. თავისუფლება - რადგან ყოველი კერძო დამოკიდებულება სახელმწიფო კორპუსისათვის რაღაც ძალის წართმევის ტოლფასია; თანასწორობა, რადგან თავისუფლებას არ ძალუძს თანასწორობის გარეშე არსებობა.
რუსოს თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში არსებული ნაკლოვანებები ის მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა აღმოიფხვრას, რათა უფრო სრულყოფილ კანონმდებლობას ხორცი შეესხას. რუსო ასევე გვაფრთხილებს, რომ ყოველი კარგი კანონმდებლობის მიზნები თითოეულ ქვეყანაში უნდა იცვლებოდეს იმ დამოკიდებულებათა შესაბამისად, რომლებსაც ადგილ-მდებარეობის ხასიათი ისევე განაპირობებს, როგორც მის ბინადართა ხასიათი: „სწორედ ამ მიმართებათა საფუძველზე უნდა განესაზღვროს ყოველ ხალხს განსაკუთრებული საკანონმდებლო სისტემა, შესაძლოა, ზოგადად არც საუკეთესო, მაგრამ საუკეთესო იმ ქვეყნისათვის, რომლისთვისაც არის იგი განკუთვნილი“. რუსოს აზრით, ყველა ხალხისთვის საერთო წესებს გარდა, ყოველ ხალხს აქვს თავისებურებები, ის თავის თავში ატარებს რაღაც ისეთს, რაც მის კანონმდებლობას მხოლოდ მისთვის გამოსადეგსა ხდის. რუსოს თანახმად კონსტიტუციის სრულყოფის კრიტერიუმი შეიძლება მხოლოდ ბუნებრივ მიმართებებთან მისი შესატყვისობა იყოს. თავისთავად რაგინდ კარგიც არ უნდა იყოს კანონები, მათი გამოცემა ბრძენ კანონმდებელს არ შეუძლია, სანამ წინასწარ არ გაარკვევს, შეუძლია თუ არა ხალხს, ვისთვისაც განკუთვნილია კანონები, მათი შესრულება. ამიტომ, სანამ ხალხებს კანონებს დაუქვემდებარებ, „ჯერ მათი სიმწიფის დადგომას უნდა დაელოდო. თუ მას ვერ ეღირსე, მთელი გარჯა ამაო იქნება“.
რუსოს მტკიცებით, ხალხს მის პირველად თავისუფლებას მხოლოდ მმართველობის ბოროტად გამოყენება ართმევს, და არა საზოგადოების განვითარების შინაგანი აუცილებლობა. როდესაც მმართველობა თავისი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით უმაღლესი ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა და რიგითი მოქალაქეები კანონით უბრუნდებიან რა ბუნებრივი თავისუფლების მდგომარეობას, ვალდებულების ნაცვლად, იძულებით მორჩილებენ.
ამგვარი გახლავთ სხვადასხვა პირობები, რომელთა დაცვაც რუსოს თეორიის თანახმად, აუცილებელია კანონთა დასადგენად, მათ შესასრულებლად და დასაცავად.
თავის მსჯელობაში რუსო გამოთქვამს მთელ რიგ მოსაზრებებს სახელმწიფოს მართვის თაობაზე. ის ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მართვის სირთულე იზრდება მისი ტერიტორიის ზრდის შესაბამისად. სახელმწიფო თავისი ტერიტორიით არც ძალიან ვრცელი უნდა იყოს და არც ძალზე მცირე. „ყოველ პოლიტიკურ კორპუსს აქვს ძალის მაქსიმუმი, რასაც მან არ უნდა გადააჭარბოს. ამ მაქსიმუმს იგი ზრდის გამო ხშირად სცილდება“.
ასეთია ამ ტრაქტატის ძირითადი შინაარსი, ტრაქტატისა, რომელიც ერთ-ერთი თეორიული საფუძველი გახდა საფრანგეთის რევოლუციისა. სიცოცხლის ბოლო წლებში რუსომ შექმნა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „აღსარება“, რომელიც მსოფლიო მემუარული ლიტერატურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია. ჟან ჟაკ რუსო გარდაიცვალა 1778 წლის 2 ივლისს. მისი ნეშტი განისვენებს პარიზის პანთეონში, ვოლტერის გვერდით.
აზროვნების ისტორია იცნობს ადამიანებს, რომლებიც გამოთქვამენ ერთი შეხედვით მოულოდნელ, უცნაურ, პარადოქსულ აზრებს და თითქოს უხვევენ გაკვალული გზიდან. მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ შეუმჩნევიათ ისეთი რამ, რაც ადრე შემჩნეული არ იყო და ჩვენ აზროვნებას აიძულებენ უფრო ღრმად, საფუძვლიანად და მრავალმხრივად იკვლიოს თავისი პრობლემები. მაგალითისათვის დავასახელებდი ჰერაკლიტეს ან ნიცშეს. XVIII საუკუნეში ასეთი გახლდათ ჟან ჟაკ რუსო.
ჟან ჟაკ რუსოს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ პირველი თარგმანია ქართულ ენაზე, შესრულებულია ფრანგული დედნიდან J. J. Rousseau „Du Contrat Social“; La Renaissance du Livre, Ed. Mignot, Editeur, Paris.
1. რუსო გულისხმობს თხზულებას „პოლიტიკური ინსტიტუტები“, რომლის წერაც მან დაახლოებით 1752 წელს დაიწყო.
2. ლაპარაკია ჟენევის რესპუბლიკაზე.
3. გროციუსი ჰუგო დე გროოტი (1583-1645) - ჰოლანდიელი იურისტი და სახელმწიფო მიღვაწე, ბუნებრივი სამართლისა და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორიების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. გროციუსის თანახმად, სამართალი და სახელმწიფო არა ღვთაებრივი, არამედ მიწიერი წარმოშობისაა; სახელმწიფო წარმოიშვა ადამიანთა შორის ხელშეკრულების შედეგად. გროციუსის ძირითადი თხზულებაა „ომისა და მშვიდობის უფლება, (1625).
4. რუსოს მხედველობაში აქვს ჰობსის თხზულება „ლევიათანი“ ნ. II. თ. XVIII.
ჰობსი თომას (1588-1679) - ინგლისელი ფილოსოფოსი; სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მოძღვრებაში ჰობსმა უარყო საზოგადოების ღვთაებრივი წარმოშობის თეორია და საზოგადოებრივი ხელშეკრულების თეორია დაიცვა. ჰობსს სახელმწიფოს საუკეთესო ფორმად აბსოლუტური მონარქია მიაჩნდა, მაგრამ მისი იდეა იყო არა მონარქიული, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდული პრინციპი. ჰობსის ძირითადი თხზულებებია: „მოქალაქის შესახებ მოძღვრების ფილოსოფიური ელემენტები“ (1642), „ლევიათანი“ (1655). ფრაზა „ჰობსიც ამავე აზრისაა“ - სწორედ „ლევიათანში“ გამოთქმულ შეხედულებას გულისხმობს.
5. მარკიზი დ' არჟანსონი რენე ლუი (1694 - 1757) - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1744-47 წლებში.
6. ფილონ ალექსანდრიელი (ძვ. წ. დაახ. 13 - ახ. წ. 54) - ებრაული ელინიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. იმპერატორი კალიგულა იუდეას ომით დაემუქრა იმის გამო, რომ იერუსალიმის ტაძარში მისი ქანდაკების დადგმაზე უარი განაცხადეს. ებრაელებმა რომში ელჩები გაგზავნეს. მათ შორის იყო ფილონიც. ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა ფილონმა საგანგებო თხზულება, რომელიც კალიგულას სიკვდილის შემდეგ წაიკითხეს რომის სენატში.
7. კალიგულა გაიუს ცეზარი (12-41) - რომის იმპერატორი, გერმანიკუსისა და აგრიპინას ვაჟი, ნახევრად შეშლილი; სახელმწიფოს განაგებდა ტირანულად, მოკლეს მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების დროს.
8. არისტოტელე (ძვ. წ. 384-322) - დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, განათლება მიიღო ათენში, პლატონის სკოლაში. არისტოტელე დიდ ყურადღებას უთმობდა სახელმწიფოსა და სამართლის პრობლემებს. რუსოს მიერ მოხმობილი ფრაზა გვხვდება არისტოტელეს „პოლიტიკაში“, წ. I, თავი V.
9. ულისე - კუნძულ ითაკის მითიური მეფის ლაერტესა და ანტიკლეას ვაჟის, ტროას ომის გმირის, ოდისევსის, ლათინური სახელი; ჰომეროსის პოემის „ოდისეა“ და „ილიადა“-ს პერსონაჟი. ტროას დაცემის შემდეგ ოდისევსს მრავალი ფათერაკი შეემთხვა. ჯადოქარმა კირკემ კუნძული აიადან მისი თანამგზავრები ღორებად აქცია.
10. მეფე ადამი - თიხისაგან გამოძერწილი ადამიანის პირველი ირონიული მოხსენიება.
11. ნოე - ბიბლიური მამამთავარი, ადამის მეათე შთამომავალი. ღმერთის რჩევით ნოემ ააგო კიდობანი და გადაარჩინა სულდგმულნი. ნოე მიიმჩნევა კაცობრიობის მხსნელად. რუსო ნოეს „იმპერატორს“ უწოდებს, ხოლო სამ დიდ მონარქში მის ვაჟებს - სემს, ქამს და იაფეტს - გულისხმობს.
12. სატურნი - მიწათმოქმედებისა და მოსავლის ღვთაება ძველ რომში, იუპიტერის მამა. თავდაპირველად ბერძნების ღვთაებასთან - კრონოსთან იყო გაიგივებული.
13.რობინზონი - რუსოს ნაგულისხმევი ჰყავს ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს (1660-1731) რომანის, „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“ -ს. მთავარი პერსონაჟი.
14. ყოველი ხელისუფლება ღმერთისგან მომდინარეობს - ახალი აღთქმის ერთი ფრაგმენტის პერიფრაზი. (იხ. პავლეს ეპისტოლე რომაელთა მიმართ, 13. - 1.)
15. რაბლე ფრანსუა (1494-1553) - ფრანგი ჰუმანისტი მწერალი, ავტორი თხზულებისა „გარგანტუა და პანტაგრუელი“.
16. ციკლოპი (ბერძნ. კიკლოპი) - მითიური ცალთვალა ბუმბერაზი. რუსოს ნაგულისხმევი აქვს ჰომეროსის პოემა „ოდისეა“ - IX სიმღერა.
17. ავტორის მითითება მონტესკიეზე. იხ. მონტესკიე „კანონთა გონი“, წიგნი XV, თავი II.
18. ლუი IX (1214-1270) - საფრანგეთის მეფე, მეტსახელად „წმინდა“. კაპეტინგების დინასტიიის წარმომადგენელი. მისმა დადგენილებებმა ხელი შეუწყო მეფის ხელისუფლების განმტკიცებას, ფეოდალური დაქუცმაცებულობისა და ანარქიის დაძლევას.
19. საღვთო ზავი - ასე იწოდებოდა საგანგებო დადგენილება, რომლითაც შუა საუკუნეებში კათოლიკური ეკლესია, მოგვიანებით კი სამეფო კარიც, კრძალავდა საომარ მოქმედებებს დღესასაწაულებისა და მარხვების ჟამს.
20. კატონი მარკუს პორციუს უმცროსი ძველი წელთაღრიცხვით 173 წელს ლიგურიაში (თანამედროვე საფრანგეთის სამხრეთი სანაპირო) რომაელთა ლეგიონებში მსახურობდა. იგი გარდაიცვალა ძვ. წ. 152 წელს.
21. პოპილიუსი მარკუს ლენუსი - რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, კონსულად მყოფი პოპილიუსი ძვ. წ. 173 წ. ლიგურიაში ბრძოლას წარმატებით მხედართმთავრობდა.
22. კატონი მარკუს პორციუს უფროსი (ძვ. წ. 234-149) - რომის სახელმწიფო მოღვაწე, ცენზორი.
23. კლუზიუმი - ქალაქი ეტრურიაში (მხარე იტალიის დასავლეთ სანაპიროზე). 225 წელს აქ გალებმა გაიმარჯვეს რომაელებთან ბრძოლაში.
24. იხ. მონტესკიე, „კანონთა გონი“, წიგნი X, თავი III.
25. ბოდენი ჟან (1530-1596) - ფრანგი ეკონომისტი, წერდა პოლიტიკაზეც. ავტორი თხზულებისა „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ“. ჟან ბოდენს სახელმწიფო გადატრიალების მთავარ მიზეზად ქონებრივი უთანასწორობა მიაჩნდა.
26. დ' ალამბერი ჟან ლე რონ (1717-1783) - ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი, მათემატიკოსი. სხვა ფრანგ განმანათლებელთაგან განსხვავებით, იგი ამტკიცებდა, რომ ზნეობა არ არის განპირობებული საზოგადოებრივი გარემოთი.
27. ნუნ'ეს დე ბალბოა (ვასკო) (1475-1517) - ესპანელი მეზღვაური, ავანტიურისტი, კონკვისტადორი. 1513 წელს ცენტრალური ამერიკის ყელი გადაკვეთა და მიაღწია წყნარი ოკეანის სანაპიროს.
28. კასტილია - პირენეის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სახელმწიფო.
29.რუსო გულისხმობს გროციუსს, ბარბეირაკს და ბურლამაკს. მათი აზრით, სუვერენიტეტი უნდა გაყოფილიყო ცალკეულ პიროვნებებს ან დაწესებულებებს შორის.
30.იგულისხმება გროციუსის თხზულება „ომისა და მშვიდობის უფლება.“
31. ლუი XIII (1601-1643) - მეტსახელად „სამართლიანი“, საფრანგეთის მეფე, ანრი IV-ისა და მარია მედიჩის ვაჟი.
32. გეორგ I (1660-1727) - ინგლისისა და ირლანდიის მეფე 1714-1727 წლებში.
33. იაკობ II (1633-1701) - ინგლისის მეფე, სტიუარტების დინასტიის ჩამომავალი. იაკობ II-ის რეაქციულმა პოლიტიკამ უკმაყოფილება გამოიწვია. მის წინააღმდეგ შეთქმულებმა 1688 წელს ტახტზე მისი სიძე, ვილჰელმ III ორანელი, დასვეს; მან ნიდერლანდთა ფლოტის დახმარებით დაამარცხა იაკობ II.
34. ვილჰელმ III (166-1702) - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე (1689-1702), პროტესტანტიზმის დამცველი.
35. მაკიაველი ნიკოლო დი ბერნარდო (1469-1527) - იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიკოსი. მაკიაველის თანახმად, საზოგადოება ვითარდება ბუნებრივი მიზეზებით და არა ღმერთის ნებით. პოლიტიკურ ბრძოლაში მაკიაველს დასაშვებად მიაჩნდა მორალის კანონების უგულებელყოფა, მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალებების გამოყენება; ძალაუფლებისათვის ბრძოლაში იგი ამართლებდა მმართველთა სიმკაცრესა და მუხანათობას. მისი ძირითადი შრომებია: „მთავარი“, „ფლორენციის ისტორია“, „მსჯელობა ტიტუს ლივიუსზე“.
36. სოლონი (ძვ. წ. 640-558) - ათენელი სახელმწიფო მოღვაწე და კანონმდებელი, ერთ-ერთი „შვიდ ბრძენთაგანი“. სოლონმა ჩაატარა რეფორმა, რომელიც მიმართული იყო ევპატრიდების (მსხვილი მიწათმფლობელები) წინააღმდეგ. სოლონმა აკრძალა ადამიანის დამონება და მისი გაყიდვა, შექმნა დემოკრატიული ხასიათის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, ქონებრივი ცენზის მიხედვით, ათენის მოსახლეობა ოთხ კლასად დაიყო; ამით ევპატრიდებმა დაკარგეს პოლიტიკური პრივილეგიები.
37. ნუმა პომპილიუსი (ძვ. წ. 715-672) - გადმოცემის თანახმად რომის მეორე მეფე; მან განახორციელა რელიგიური და სამართლებრივი რეფორმები.
38. სერვიუს ტულიუსი (ძვ. წ. 578-535) - რომის მეექვსე მეფე. სერვიუსმა რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 193 ცენტურიად, ხოლო ტერიტორია 4 საქალაქო და 26 სასოფლო ოლქად ანუ ტრიბად დაყო. სერვიუსი მოკლა მისმა სიძემ ტარკვინიუს ამაყმა.
39. პლატონი (ძვ. წ. 428-348-347) - დიდი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატეს მოწაფე. პლატონი ბევრს ფიქრობდა სახელმწიფოს პრობლემებზე; იგი ავტორია ოცდაათზე მეტი ფილოსოფიური დიალოგისა.
40. მონტესკიე შარლ ლუი (1689-1755) - ფრანგი ფილოსოფოს-განმანათლებელი, პოლიტიკური მოაზროვნე, სოციოლოგი. მსოფლმხედველობით დეისტი. ავტორი თხზულებებისა: „სპარსული წერილები“, „განაზრებანი რომაელთა დიდებისა და დაცემის მიზეზებზე“, „კანონთა გონი“.
41. ლიკურგე (ძვ. წ. IX-VIII ს.) სპარტის ლეგენდარული კანონმდებელი.
42. კალვინი ჟან (1509-1564) - რეფორმაციის ფრანგი მოღვაწე, კალვინიზმის ფუძემდებელი. 1536 წელს კალვინი გადასახლდა ჟენევაში და 1541 წლიდან გახდა ქალაქის ფაქტობრივი დიქტატორი. კალვინიზმის საფუძველია მოძღვრება წინასწარგანსაზღვრულობაზე, რომლის თანახმადაც ადამიანთა ერთი ნაწილი „ხსნას“ მიიღებს, ხოლო სხვები განწირულნი არიან „განკითხვისათვის“. საუკეთესო სათნოებად კალვინიზმი აცხადებდა ზომიერებასა და მომჭირნეობას; კალვინიზმისათვის დამახასიათებელი იყო რელიგიური შეუწყნარებლობა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. მის დროს იდევნებოდა საერო გასართობი სანახაობები - თეატრი, ცეკვები, და ა.შ.
43. დეცემვირები - ათი თანამდებობის პირის ან ქურუმისაგან შემდგარი კოლეგია რომში. ძვ. წ. 451 წ. დეცემვირებმა ბრინჯაოს 10 დაფაზე ამოტვიფრეს კანონები, რომელთაც ძვ. წ. 450 წ. კიდევ ორი დაფა დაემატა. ამიტომ ეწოდა მათ „12 დაფის კანონი“.
44. ძველ ებრაელთა კანონი - იგულისხმება მოსეს კანონმდებლობა.
45. ისმაილის შთამომავალი - მაჰმადი; არაბებს მიაჩნიათ, რომ ისინი ისმაილისა და მისი თორმეტი ვაჟის ჩამომავლები არიან.
46. უორბერტონი უილიამ (1698-1779) - გლოჩესტერის ეპისკოპოსი; ავტორი ტრაქტატებისა: „ეკლესიისა და სახელმწიფოს კავშირი“, „მოსეს საღვთო კანონმდებლობა“.
47. არკადიელები - ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი მხარის, არკადიის მკვიდრნი. (არკადია მდებარეობდა პელოპონესის ცენტრალურ ნაწილში.) რბილი ჰავის წყალობით ამ მხარეში განვითარდა მეცხოველეობა. არკადია ძველადვე უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოდ იქნა მიჩნეული.
48. კირენელები - ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე უხვმოსავლიანი მხარის, კირენეს, მკვიდრნი.
49. მინოსი - კუნძულ კრეტას მითიური მეფე, ზევსის და ევროპეს ვაჟი. მითების თანახმად, მინოსი სამართლიანი და ბრძენი მეფე ყოფილა, ზევსის დახმარებით შეუქმნია ძველი კრეტის კანონმდებლობა. კრეტა - ეგეოსის ზღვის სამხრეთში მდებარე კუნძული. მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერა. კრეტამ უდიდეს აყვავებას მიაღწია ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში.
50. ტარკვინიუსები - იგულისხმებიან: ძველი რომის მეხუთე მეფე - ტარკვინიუს ლუციუს პრისკუსი (მეფობდა ძვ. წ. 616,615 - 578,577) და ძველი რომის მეშვიდე, უკანასკნელი მეფე - ტარკვინიუს ლუციუს სუპერბუსი (ამაყი), მეფობდა (ძვ. წ. 534,533 - 510,509)
51. რუსო გულისხმობს ჰაბსბურგთა წარმომადგენლების გაძევებას ნიდერლანდებიდან 1566-1609 წლების ბურჟუაზიული რევოლუციის დროს და შვეიცარიიდან - XIV-XV საუკუნეებში.
52. პეტრე - რუსეთის მეფე პეტრე დიდი (1672-1725). როგორც ცნობილია, ევროპაში მოგზაურობის შემდეგ მან სახელმწიფოში მთელი რიგი რეფორმები გაატარა, შექმნა ძლიერი ჯარი, ფლოტი. დაამარცხა შვეციის მეფე კარლოს XII.
53. დეკარტი რენე (1596-1650) - ფრანგი ფილოსოფოსი, რაციონალიზმის მამამთავარი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ანალიზური გეომეტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დეკარტს კოსმიური მატერიის მოძრაობის ძირითად ფორმად მიაჩნდა მისი ნაწილაკების გრიგალისებრი მოძრაობა, რაც ასევე განაპირობებს სამყაროს აღნაგობას და წარმოშობს ციურ სხეულებს. დეკარტის ამ ჰიპოთეზამ ხელი შეუწყო ბუნების დიალექტიკურ გაგებას, თუმცა თვით დეკარტს განვითარება ჯერ ისევ მექანისტურად ესმოდა. მისი თხზულებებია: „მსჯელობა მეთოდის შესახებ“, „მეტაფიზიკური განაზრებანი“.
54. ტლასკალას რესპუბლიკა - ერთ-ერთი შტატი მექსიკაში. მექსიკის დაპყრობის შემდეგ ესპანელებმა ცნეს ტლასკალას რესპუბლიკა.
55. კორსიკა - კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ეკუთვნის საფრანგეთს. რუსო გულისხმობს კორსიკის მკვიდრთა ბრძოლას გენუისა და საფრანგეთის წინააღმდეგ XVIII საუკუნის I ნახევარში.
56. ტვიროსი - ფინიკიელთა უძველესი ნავსადგური ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; ტვიროსმა კომერციით გაითქვა სახელი.
57. როდოსი - მცირე აზიის ერთ-ერთი დიდი კუნძული ეგეოსის ზღვაში, ძლიერი კომერციით სახელგანთქმული რესპუბლიკა, ელინისტური კულტურის მძლავრი კერა.
58. აქ მონტესკიეს გავლენა იგრძნობა „თუმცა ზოგადად ყველა სახელმწიფოს ერთი და იგივე მიზანი - თავისთავის შენარჩუნება აქვს, მაინც თითოეულ სახელმწიფოს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიზანიც გააჩნია. რომის მიზანი გაფართოება იყო, ლაკედამონისა - ომი, იუდეველთა კანონებისა - რელიგია, მარსელისა - ვაჭრობა, ჩინეთის კანონებისა - საზოგადოებრივი სიმშვიდე, როდოსელთა კანონებისა - ზღვაოსნობა, ველურთა თემობისა - ბუნებრივი თავისუფლება“. - მონტესკიე, „კანონთა გონი“, წიგნი XI, თავი V.
59. რვა იმპერატორი - იგულისხმება კრიზისის უკიდურესი გამწვავება რომის იმპერიაში (ახ. წ. III საუკუნე).
60. რომის იმპერიის საბოლოო დაყოფა, როგორც ცნობილია, ახ. წ. 395 წელს მოხდა.
61. იგულისხმება მონტესკიე: „სახალხო სახელმწიფო საჭიროებს დამატებით მამოძრავებელს, ეს მამოძრავებელი კი ქველობაა“. მონტესკიე, „კანონთა გონი“, წიგნი III, თავი III
62. მამაცი ვოევოდა - რუსო სქოლიოში ასეთ განმარტებას იძლვა: „პოზნანის ვოევოდა, პოლონეთის მეფის, ლოტარინგიის ჰერცოგის მამა“. იგულისხმება: პოლონეთის მეფე სტანისლავ ლეშჩინსკი (170-1709), შვეციის მეფის კარლოს XII-ის კაცი.
63. გერონტები - ძველ საბერძნეთში გერუსიის (უხუცესთა საბჭო) წევრები.
64. არქიმედე (ძვ. წ. 287-212) - ბერძენი მათემატიკოსი და ფიზიკოსი. იგი II პუნიკური ომის დროს (ძვ. წ. 218-201) სამი წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა რომაელებს, რომელთაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული მისი ქალაქი სირაკუსე. გადმოცემის თანახმად, არქიმედე დამანის მეშვეობით ხანძარს უჩენდა რომაელთა ხომალდებს. მოკლეს სირაკუსეს აღების დროს.
65. სამუელი - ისრაელის დიდი წინასწარმეტყველი და ბოლო მსაჯული. სამუელის წინასწარმეტყველება ახდა - ისრაელმა ფილისტიმელებს სძლია. დავით წინასწარმეტყველი მეფედ სამუელმა აკურთხა ფარულად. სამუელი მიიჩნევა მსაჯულთა, რუთის, მეფეთა პირველი და მეორე ბიბილიური წიგნების ავტორად.
66. მედიჩები - საგვარეულო, რომლიც XV-XVI საუკუნეებში მეფობდა ფლორენციაში.
67. საზარელი გმირი - მაკიაველი „მთავარში“ გვიხატავს ამაზრზენი ბოროტმოქმედებებით ცნობილ ცეზარ ბორჯიას (დაახ. 1476-1507), რომელიც არაფერს არ იშურებდა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.
68. რომის კარი - ფიქრობენ, რომ სინამდვილეში აქ უნდა იგულისხმებოდეს ვატიკანი, რომელმაც ამა თუ იმ წიგნის აკრძალვის უფლება მიითვისა. იმავდროულად აქ პაპის, როგორც საერო ხელისუფლის, კარსაც გულისხმობენ.
69. ჰერაკლე - ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გმირის, ზევსისა და ალკმენეს ძის, ჰერკულესის ლათინური სახელი: ჰერაკლემ, დელფოს სამისნოს დავალებით, აღასრულა თორმეტი საგმირო საქმე.
70. დიონისე უმცროსი (გარდ ძვ. წ. 344) - სირაკუსელი სახელმწიფო მოღვაწე, ძვ. წ. 367-357 სირაკუსეს ტირანი
71. იხ. მონტესკიე „კანონთა გონი“, წიგნი XI, თავი VI.
72. შარდენი ჟან /1643-1713/ - ფრანგი მოგზაური. საკუთარი თვალით ნანახი მრავალი ფაქტი შარდენმა აღწერა თხზულებებში „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთ ინდოეთში“.
73. კუსკუსი - არაბული წარმომავლობის სიტყვაა და აღნიშნავს ზეთში შემწვარი ხორცისა და ფქვილისაგან დამზადებულ ბურთულებს
74. მანიოკი - ბუჩქოვანი მცენარე, რომლის ფესვებისაგან მიღებული ფქვილით სამხრეთ ამერიკის მკვიდრნი პურს აცხობენ.
75. პოზილიპო - ნეაპოლის ერთ-ერთი გარეუბანი.
76. ბერბერია - ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონების ძველი სახელწოდება. მის მკვიდრთა ძირითადი საქმიანობა იყო მესაქონლეობა და მიწათმოქმედება.
77. ნატურალიზაცია - სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის მოქალაქედ, ქვეშევრდომად მიღება.
78.რუსოს მიერ მოხმობილი ფრაზა გვხვდება ტაციტუსის „აგრიკოლაში“, XXI. ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს (55-120) რომაელი ისტორიკოსი.
79. რუსო გულისხმობს მარი ფრანსუა არუე ვოლტერს /1694-1778/ - ფრანგ მწერალს, ფილოსოფოსს, ისტორიკოსს, ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს.
80. რენტა - რეგულარული შემოსავალი, რომელსაც იძლევა კაპიტალი, ქონება ან მიწა, ისე, რომ მის მფლობელს არ სჭირდება სამეწარმოო საქმიანობა.
81. ლივრი - ძველებური ფრანგული ვერცხლის ფული, ფრანკის შემოღებამდე.
82. რუსოს მიერ მოხმობილი ფრაზა გვხვდება ტაციტუსის „აგრიკოლაში“, XXX.
83. კოადიუტორი - ეპისკოპოსის თანაშემწე, დამხმარე. რუსო გულისხმობს პარიზის არქიეპისკოპოსის კოადიუტორს პოლ დე გონდის (ჟან დე რეს) (1613-1679); პოლ დე გონდი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დიდად ამბიციური პიროვნება იყო. 1648 წელს როგორც ამბოხების მოთავე დააპატიმრეს.
84. ეს არის მაკიაველის „ფლორენციის ისტორიის“ შესავლის ერთი მონაკვეთის პერიფრაზი.
85. Serrar di Consiglo - „საბჭოს დახურვა“ (იტალ.) აქტი, რომლითაც გაფორმდა ვენეციის არისტოკრატულ-ოლიგარქიული წყობილება და დაწესდა ამ საბჭოს წევრ პრივილიგირებულ ოჯახთა ე.წ. ნობილეთა, მემკვიდრეობითობა. შემდგომში მათი სახლები განსაკუთრებულ ოქროს წიგნში იქნა შეტანილი.
86. Squittinio della liberta veneta. „ვენეციის თავისუფლებისათვის მიცემული ხმები“ (იტალ) ანონიმური პამფლეტი; გამოიცა 1612 წელს; იგი მიზნად ისახავდა ვენეციის რესპუბლიკაზე იმპერატორთა უფლებების დამტკიცებას.
87. რომულუსი (ძვ. წ. 753-715) - რომის ლეგენდარული დამაარსებელი, მისი პირველი მეფე.
88. გენუა - XII-XIV საუკუნეებში იტალიის ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქ-სახელმწიფო, არისტოკრატიული რესპუბლიკა.
89. ტრიუმვირატი - ძველ რომში სამი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის კავშირი (ძვ. წ. I ს.), რომლის მიზანი იყო უმაღლესი ძალაუფლების მითვისება.
90. სულა - სულა ლუციუს კორნელიუს (ძვ. წ. 138-78) - რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე, არისტოკრატიული პარტიის ბელადი
91. იულიუს კეისარი - გაიუს იულიუს ცეზარი (ძვ. წ. 101-44) - რომის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი. იულიუს კეისარი რომის ერთპიროვნული მმართველი, დიქტატორი, უმაღლესი ქურუმი და იმპერატორი გახდა. მან რომის დემოკრატია სენატზე ზეგავლენის მოსახდენად გამოიყენა; ამის გამო მის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო, რასაც შუაგულ სენატში ემსხვერპლა.
92. ავგუსტუსი - ავგუსტუს ოქტავიანე (ძვ. წ. 63-14) - რომის იმპერატორი. მისი მეფობის ხანა ერთ-ერთი ბრწყინვალე პერიოდია რომის ისტორიაში. მმართველობის ცენტრალიზაციის მიზნით ავგუსტუსმა შექმნა სახელმწიფო საბჭო, დაარსა პრეფექტთა ინსტიტუტი.
93. ტიბერიუსი - ტიბერიუს კლავდიუს ნერონი (ძვ. წ. 42 - ახ. წ. 37) - რომაელი იმპერატორი, ახორციელებდა სისხლიან დიქტატურას. გაიხიზნა კუნძულ კაპრზე, სადაც გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები.
94. ოქლოკრატია - ბერძნული წარმომავლობის სიტყვაა; ნიშნავს მდაბიოთა, ბრბოს მმართველობას. ფიქრობენ, რომ ეს ტერმინი პირველად ბერძენი ისტორიკოსის, პოლიბიოსის (ძვ. წ. 200-12) მიერ უნდა ყოფილიფო გამოყენებული.
95. ოლიგარქია - არისტოტელეს თანახმად, სახელმწიფო, რომელშიც ძალაუფლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის რამდენიმე გვარს ეკუთვნის.
96. Corn. nep. - კრონელიუს ნეპოტი (ძვ. წ. 99-24) - რომაელი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „De viris ilustribus“ (გამოჩენილი ადამიანები).
97. მილტიადე უმცროსი (ძვ. წ. 540-489) - ათენელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 490 წ. მარათონთან ბერძნებმა მილტიადეს მხედართმთავრობით დაამარცხეს სპარსელები.
98. იგულისხმება არისტოტელეს თხზულება „ნიკომაქეს ეთიკა“.
99. ჰიერონე - ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტის (ძვ. წ. 430-3) დიალოგი „ჰიერონე“, რომელშიც აღწერილია ის საშუალებები, რითაც ხელმწიფეს შეუძლია ბედნიერება მოუტანოს თავის ქვეყანას. თვით ჰიერონ უფროსი (ძვ. წ. 478-467) სირაკუსეს (ქალაქი სიცილიაში) ტირანი იყო.
100. ცენზი - რომის მოქალაქეებს ქონების მიხედვით აღწერდნენ და ხუთ ჯგუფად ყოფდნენ. ამ აღწერის, ცენზის, საფუძველზე ხდებოდა გამოსაღების დაწესება, მოქალაქეთა განაწილება ჯარში ცენტურიების მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მინიჭება, უფლება, თვითონ ყოფილიყვნენ არჩეულნი და დაეკავებინათ გარკვეული თანამდებობები. მოსახლეობის აღწერა მხოლოდ რომის მოქალაქეებს ეხებოდა.
101. რუსოს ნაგულისხმევი ჰყავს სპარსეთის მეფე დარიოს I (ძვ. წ. 521-486). მან დაიპყრო თრაკია და მაკედონია. 490 ბერძნებმა დაამარცხეს მარათონთან.
102. ავსტრიის სამეფო სახლი - აქ რუსო გულისხმობს ჰაბსბურგთა დინასტიას.
103. კომიციები - სახალხო კრებები ძველ რომში.
104. გრაკქუსები - რომის სახალხო ტრიბუნები. გრაკქუს გაუსი (ძვ. წ. 153-121) და გრაკქუს ტიბერიუსი (ძვ. წ. 163-132) პლებეების ინტერესების დასაცავად ცდილობდნენ აგრარული თუ სხვა სახის რეფორმების გატარებას, რამაც არისტოკრატიის უკმაყოფილება გამოიწვია. ორივე გრაკქუსი მოკლულ იქნა.
105. ლიქტორები - ძველ რომში: უმაღლესი თანამდებობის პირთა (კონსულების, დიქტატორების) თანმხლები პირები; ლიქტორებს ევალებოდათ სასჯელის სისრულეში მოყვანა; ამიტომ დაჰქონდათ თან წკეპლების კონა. ლიქტორები გააზატებულნი იყვნენ.
106. კრომველი ოლივერი (1599-1658) - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ლორდ-პროტექტორი; ოპოზიციის ლიდერი. მის მიერ დაარსებულმა უზენაესმა სასამართლომ ინგლისის მეფე ჩარლზ I 1649 სიკვდილით დასაჯა. ლორდ-პროტექტორი კრომველი დიქტატურულად ახორციელებდა ძალაუფლებას.
107. ბოფორის ჰერცოგი - ფრანსუა დე ბურბონი (1616-1669) მეფე ანრი IV-ის შვილიშვილი, „ფრონდას“ ერთ-ერთი მეთაური (ეს ამბოხება ლუი XIV-ის მეფობის დროს, 1648-52 წლებში მოხდა).
108. ტაციტუსი პუბლიუს კორნელიუს (55-120) - რომაელი ისტორიკოსი; ავტორი სახელგანთქმული თხზულებებისა „ისტორია“, „ანალები“.
109. ოთონი, მარკუს სალვიუს (32-69) - მცირე ხნით რომის იმპერატორი. ვიტელიუსის ჯარებთან დამარცხებულმა თავი მოიკლა.
110. ვიტელიუსი ავლუს (15-69) - რომის იმპერატორი; მან მხოლოდ რვა თვე იმეფა; ულმობელობით გამორჩეული იმპერატორი მოკლეს.
111. გალერა - მრავალნიჩბიანი ხის სამხედრო ხომალდი რომლის მენიჩბეებიც უმეტესწილად იყვნენ კატორღამისჯილი დამნაშავეები, ტყვეები, მონები.
112. დოჟი - ძველად ვენეციისა და ჟენევის რესპუბლიკაში არჩეული გამგებელი.
113. ღატაკი ბარნაბოტები - ასე ეძახდნენ ვენეციაში გაღარიბებულ დიდგვაროვნებს, რომლებიც წმ. ბარნაბის სახელობის უბანში ცხოვრობდნენ.
114. სენ პიერის აბატი - შარლ ირენეე კასტელი (1688-1743) ფრანგი მწერალი. რუსოს ნაგულისხმევი აქვს მისი თხზულება „მსჯელობა პოლისინოდის თაობაზე„ (1718).
115. ვარონი მარკუს ტერნეციუს (ძვ. წ. 116-27) - რომაელი ადვოკატი, ისტორიკოსი. მისი ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომიდან მცირე ნაწილი შემორჩა.
116. პლინიუსი გაიუს ცეცილიუსი - პლინიუს უფროსი (23-79) - რომაელი მწერალი, მეცნიერი, სახელმწიფო მოღვაწე, მისი თხზულება „ბუნების ისტორია“ წარმოადგენს ანტიკური ხანის საბუნებისმეტყველო ცოდნათა ენციკლოპედიას.
117. აპიუს კლავდიუსი - ძვ. წ. 504 წელს გადასახლდა რომში. სათავე დაუდო კლავდიელთა ტრიბას. სახელი მისი ხალხის სახელწოდების მიხედვით შეერქვა.
118. კომპიტალიები - (compita ლათ. - გზაჯვარედინი) კერიისა და ქალაქის ქუჩების მფარველი კეთილი სულების პატივსაცემად გამართული დღესასწაული; აღინიშნებოდა 2 მაისს.
119. პაგანალიები (paganus ლათ. - გლეხი) სერვიუს ტულიუსის მიერ დაწესებული რელიგიური დღესასწაული; აღინიშნებოდა 24 იანვარს.
120. „ომის იარღები“ - რომაელთა ჯარში ასე უწოდებდნენ მესანგრეებს.
121. მარიუსი გაუს (157-86 წ. ძვ. წ.) სახელმწიფო მიღვაწე, მხედართმთავარი; წარმოშობით - უბრალო ოჯახის შვილი; არისტოკრატიის მოწინააღმდეგე.
122 ფორუმი - მოედანი ძველ რომში, სადაც სახალხო კრებები და სხვა თავყრილობები იმართებოდა.
123. კლიენტი - ძველ რომში: უუფლებო, ღარიბი მოქალაქე, რომელიც თავის მფარველზე, მდიდარ და გავლენიან მოქალაქეზე - „პატრონზე“ იყო დამოკიდებული.
124. ბოლო ტარკვინიუსი - ტარკვინიუს ლუციუს სუპერბუს (ამაყი) (534-509 წ. ძვ. წ.) - რომის ბოლო მეფე. ტარკვინიუსის ვაჟის მიერ შეურაცხყოფილმა რომაელმა ქალმა, ლუკრეციამ, თავი მოიკლა. ეს ფაქტი ამბოხების მიზეზი შეიქნა; 509 წელს ტარკვინიუსი ტახტიდან ჩამოაგდეს და მეფის ძალაუფლება დაამხეს.
125. კონსული - უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ რომში; კონსულს ირჩევდნენ ერთი წლის ვადით;
126. ცენზორი - თანამდებობის პირი ძველ რომში, რომელიც ხელმძღვანელობდა მოქალაქეთა ქონების შეფასებას, თვალყურს ადევნებდა გადასახადების აკრეფას, ქონების დაბეგვრას.
127. კურულის მაგისტრატი - ძველ რომში მაგისტრატები დაყოფილნი იყვნენ რანგებად. მაღალი რანგის მაგისტრატები, ვისაც ასეთი სავარძლები ჰქონდათ, კურულის მაგისტრატებად იწოდებოდნენ. (კურული - საპატიო სავარძელი სპილოს ძვლისა)
128. ეფორები - ხუთი მაგისტრატი, რომელთაც სპარტაში ერთი წლის ვადით ირჩევდნენ. გადმოცემის თანახმად ეს თანამდებობა ლიკურგეს შემოუღია.
129. ა. გისი IV 244-241 (წ. ძვ. წ.) სპარტის მეფე. მან განიზრახა აღედგინა ლიკურგესეული სახელმწიფო ინსტიტუტი, მაგრამ 241 წ. ეფორებმა იგი სიკვდილით დასაჯეს.
130. კლეომენე III (მეფობდა 235-222 წ. ძვ. წ.) სპარტის მეფე. მისი ბრძანებით გაუქმდა ეფორთა მაგისტრატი. კლეომენეს სურდა აღედგინა ძველი წყობილება, სამეფო ხელისუფლება, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. კლეომენე ეგვიპტეში გაიქცა და 220 წელს თავი მოიკლა. ეფორთა მაგისტრატი კვლავ აღდგა.
131. ალბა - აპენინის ნახევარკუნძულზე მდებარე ერთ-ერთი მხარის - ლაციუმის - ქალაქი.
132. პომპეუსი გნეუს მაგნუს (106-48 წ. ძვ. წ.) - რომაელი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე. 63 წელს დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე. 60 წელს იულიუს ცეზარსა და კრასუსთან ერთად შექმნა „პირველი ტრიუმვირატი“. მეტოქეობდა იულიუს ცეზარს; დამარცხებული პომპეუსი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იგი მოკლეს.
133. კატილინა ლუციუს სერგიუს (108-62 წ. ძვ. წ) - რომაელი პატრიცი, სენატის საწინააღმდეგო წარუმატებელი შეთქმულების მოთავე.
134. ციცერონი მარკუს ტულიუს (106-43 წ. ძვ. წ.) რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, ორატორი. რომის რესპუბლიკის კონსტიტუციას ციცერონი დემოკრატიის, არისტოკრატიისა და მონარქიის კარგ შეხამებად მიიჩნევდა. ციცერონი იბრძოდა კატილინას წინააღმდეგ.
135. მოლოქი - ამონიტელთა ღვთაება, რომელსაც მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანს.
136. ქრონოსი - დროის ღვთვება ძველ საბერძნეთში. რომში ქრონოსი სატურნთან გაიგივდა.
137. ბაალი - ქანაანელთა უმაღლესი ღვთაება, ზევსისა და იუპიტერის მსგავსად, ზეციურ ძალთა მბრძანებელი.
138. ქანაანელები - პალესტინისა და ფინიკიის მოსაზღვრე მხარის მაცხოვრებელნი.
139. ქამოსი - ამონიტელების ღმერთი
140. იფთახი - ისრაელის ერთ-ერთი მსაჯული, რომლის წინამძღოლობითაც ამონიტელები იქნენ დამარცხებულნი. ციტირებული სიტყვები გვხვდება მსაჯულთა წიგნში, თავი XI.
141. ფოკეა - ქალაქი იონიის (მცირე აზიის დასავლეთი მხარე) სანაპიროზე, ათენის კოლონია; 546 წ. (ძვ. წ.) დაროის I-ის მეფობის დროს სპარსელებმა დაიპყრეს.
142. ტარენტელები - ქ. ტარენტის (სამხრეთ იტალია) მკვიდრნი.
143. მონტესკიესაგან ნასესხები გამონათქვამი. იხ. მონტესკიე, „კანონთა გონი“ წიგნი XXIV, თ. V. იგულისხმება რომის პაპი.
144. ალი იბნ-აბუ-თალიბი (დაახ. 600-661 წ.წ.) მაჰმადის ძმისშვილი და სიძე, 658 წლიდან - ხალიფა. იმათ, ვინც მას წინასწარმეტყველის კანონიერ მემკვიდრედ მიიჩნევდნენ, შექმნეს შიიტთა სექტა. ამ სექტამ ისლამში შეიტანა მისტიკისა და პანთეიზმის ელემენტები. შიიტური მოძღვრება გავრცელდა სპარსეთსა და ინდოეთში.
145.იგულისხმება ე.წ. „სამეფო რეფორმაცია“ ინგლისში, როცა ჰენრიხ VIII-მ 1533 წელს სუპრემატიის შესახებ აქტით თავი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა.
146. 1721 წელს ეკლესიაზე საერთო ზედამხედველობის მიზნით რუსეთის მეფე პეტრე I-მა სინოდი დაარსა.
147. ბეილი პიერი (1647-1706 წ.წ.) პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, ფრაგნული განმანათლებლობის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მისი ძირითადი თხზულებაა „ისტორიული და კრიტიკული ლექსიკონი“ (169-97); ბეილი ქადაგებდა რჯულშემწყნარებლობას. მისი რელიგიური ინდიფერენტულობის გამო თქვა ვოლტერმა: „მართალია, ბეილი ურწმუნო არ არის, მაგრამ იგი სხვებს აქცევს ურწმუნოებად.“ რუსო კარგად იცნობდა და იზიარებდა კიდეც ბეილის შეხედულებებს.
148.რუსო გულისხმობს რელიგიის ორ ასპექტს - წმინდა იდეოლოგიურს და პოლიტიკურს.
149. ფაბიუსი კვინტუს მაქსიმუსი - კუნქტატორი (ძვ. წ. 27-203). რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, კონსული, დიქტატორი, მხედარმთავარი მეორე პუნიკური ომების დროს (218 - 201 ძვ. წ.).
150.კატილინას შეთქმულება როცა დამარცხდა, იულიუს ცეზარი მისი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოვიდა.
151. ანრი IV (1553-1610) - საფრანგეთის მეფე. 193 წ. ანრი IV-მ კათოლიკობა მიიღო პოლიტიკური მოსაზრებით.
152. ჰარდუენ დე პერეფიქსი (1605-1670) - პარიზის არქიეპისკოპოსი. რუსო მიანიშნებს მის თხზულებაზე „ანრი IV-ის ისტორია“.