![]() |
თქვენი უფლებები სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებზე |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჯორჯიაშვილი ზურაბ |
თემატური კატალოგი სამართალი|სისხლის სამართალი |
საავტორო უფლებები: © ,,კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“ |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სისხლის სამართლის საქმეებზე : [ბროშურა თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და მათი ახლობლებისათვის] / კავშირი "კოსტიტუციის 42-ე მუხლი" - [თბ.], 2003 - 24გვ. ; 20სმ. - : [უფ.] [MFN: 28977] ,,კონსტიტუციის 42 -ე მუხლი“ ,,თქვენი უფლებები სააპელაციო სასამართლოში“ გამოცემულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მერილენდის უნივერსიტეტის IRIS Center-ის ფინანსური მხარდაჭერით (კონტრაქტი №114-C-00-01-11136-00). გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის თვალსაზრისს IRIS USAID Published with the financial support of the United States Agency for International Development (USAID) through the IRIS Center at the University of Maryland (contract №114-C-00-01-11136-00). Any opinions expressed in this publication are those of author(s) and do not necessarily reflect the views of the USAID |
![]() |
1 გამოცემის წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ნაშრომი მომზადებულია კავშირის ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პროექტის ,,უფასო საადვოკატო მომსახურება თბილისის საოლქო სასამართლოში“ ფარგლებში.
კავშირი ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის პროცესისათვის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარება.
ბროშურის მიზანია, საპატიმრო დაწესებულებებში მყოფ პირებს გააცნოს ძირითადი სამართლებრივი გარანტიები, რომელთაც კანონი ანიჭებთ. ასევე, მათი ოპტიმალურად გამოყენების ხერხები. ბროშურაში ასახულია საქმის წარმოების თავისებურებანი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
წინამდებარე ბროშურა დაეხმარება თავისუფლებააღკვეთილ პირებს, დაიცვან თავი, საქმეში კვალიფიციური დამცველის ჩართვამდე.
თუკი რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ბრალი დაგედო ისეთ ქმედებაში, რაც არ ჩაგიდენია ან არ ეთანხმები სასჯელის ზომას, მიგაჩნია, რომ დაირღვა შენი პროცესუალური უფლებები, შეადგინე სააპელაციო საჩივარი!
![]() |
2 როდის უნდა შეადგინო სააპელაციო საჩივარი? |
▲ზევით დაბრუნება |
რაიონულ სასამართლოს საქმის განხილვის ბოლოს გამოაქვს განაჩენი. განაჩენი შეიძლება იყოს როგორც გამამტყუნებელი, ასევე გამამართლებელი.
სსსკ1 მუხლი 503.
1. გამამტყუნებელი განაჩენი შეიცავს სასამართლოს გადაწყვეტილებას განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ.
2. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მას ადგენენ მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლოს განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა, უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
რაიონულ სასამართლოში განაჩენის გამოცხადების შემდეგ დაიწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, განაჩენის გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება შენთვის განაჩენის ჩაბარების დღიდან. გასაჩივრების ვადაა 14 დღე.
სსსკ მუხლი 523.
1. მხარეებს შეუძლიათ საპელაციო საჩივრის შეტანა პირველი ინსტაციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღის განმავლობაში, იმავე სასამართლოში. თუ განსასჯელი პატიმრობაში იმყოფება, განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.
პატიმრობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი ჩაბარებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როცა მას ჩააბარებ ციხის ადმინისტრაციას.
რაიონული სასმართლო საქმეს სააპელაციო საჩივართან ერთად გადაგზავნის ზემდგომ სასამართლოში. სააპელაციო ინსტანცია ვალდებულია, საქმე განიხილოს მიღებიდან მაქსიმუმ თვე-ნახევარში.
სსსკ მუხლი 528.
1. საქმე, საჩივარი და მისი შესაგებელი რაიონული სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს რთულ და დიდი მოცულობის საქმეზე შეუძლია, ეს ვადაა 15 დღით გააგრძელოს.
სააპელაციო საჩივარში აუცილებლად უნდა მიუთითო:
- სასამართლოს დასახელება, სადაც ასაჩივრებ განაჩენს.
- შენი სახელი და გვარი,
- ადგილსამყოფელი.
- განაჩენის გამოტანის თარიღი და სასამართლო, რომელმაც ის გამოიტანა. ასევე აღნიშნე, თუ რომელ თვეში ჩაგბარდა განაჩენი.
საჩივარში აღწერე:
- რაში არ ეთანხმები პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს.
- რა პრეტენზიები გაქვს წინასწარი გამოძიებისას დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
- შეგიძლია, მიუთითო მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებს შენს უდანაშაულობას.
- მოითხოვე იმ, თუნდაც ახალი, მოწმეების დაკითხვა, რომლებიც შენს სასიკეთოდ მისცემენ ჩვენებას სასამართლოს.
- შეგიძლია, მოითხოვო ექსპერტიზა, შენთვის აუცილებელი გარემოებების დასადგენად.
- რაც მთავარია, მოითხოვე საქმის ხელახალი, არსებითი განხილვა.
სსსკ მუხლი 531
2 დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.
5. სასამართლოში იძახებენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვაც მომჩივნისა და პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეიძლება გამოიძახონ ის მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუკითხავთ, აგრეთვე, ეს ექსპერტები, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზა არ მოუთხოვიათ.
სააპელაციო საჩივარი შეადგინე იმ შემთხვევაშიც თუ:
- არ ეთანხმები სასჯელის ზომას.
- მიგაჩნია რომ მოგისაჯეს სასჯელის ის ზომა, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.
- დანაშაულის ჩადენისას, სხვა პირებთან თანამონაწილეობის შემთხვევაში, მიგიძღვის უფრო ნაკლები ბრალი, ვიდრე სხვა დანარჩენებს, მათ მიმართ დადგენილი სასჯელის ზომა კი გაცილებით მცირეა შენსაზე.
ამ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მოითხოვე სასჯელის შემსუბუქება - საფუძვლად შეგიძლია, მოიყვანო ჯანმრთელობის გაუარესება, ნასამართლობის არქონა, ოჯახური მდგომარეობა, დაზარალებულთან შერიგება და ა.შ.
სააპელაციო ინსტაციაში საქმეს განიხილავს სამი მოსამართლე. ერთ-ერთია საქმის მომხსენებელი, რომელიც შეისწავლის საქმის ყველა გარემოებას და სასამართლოს შემადგენლობას წარუდგენს.
_____________________
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
![]() |
3 როდის შეგიძლია მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სხდომის მდივნის აცილება: |
▲ზევით დაბრუნება |
თუ შენთვის ცნობილი გახდა სსსკ 105-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოება მაინც, უფლება გაქვს გააკეთო განცხადება პროცესის მონაწილის, კერძოდ მოსამართლის, პროკურორის ან სხდომის მდივნის აცილების შესახებ. აცილება შეიძლება დაუყენო, როგორც ერთ-ერთ მოსამართლეს, ასევე მთლიან შემადგენლობას. ერთ-ერთი მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტს დანარჩენი ორი მოსამართლე. მოსამართლის აცილების მიღების შემთვხევაში საქმე გადაეგზავნება სასამართლოს თავმჯდომარეს. ასევე წყდება საკითხი პროკურორის აცილების თაობაზე.
მუხლი 105. საქმეში მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის, მომკვლევისა და სასამართლო სხდომის მდივნის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი.
1. მოსამართლე, მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, მომკვლევი ან სასამართლოს სხდომის მდივანი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმეს წარმოებაში, თუ:
ა) თანამდებობაზე არ დაუნიშნავთ ან არ აურჩევიათ კანონით დადგენილი წესით;
ბ) ამოიწურა მისი უფლებამოსილების ვადა;
გ) საქმე არ არის ამ პროკურორის, გამომძიებლის ან მომკვლევის ქვემდებარე ანდა ამ სასამართლოს განსასჯელი;
დ) მონაწილეობს ან მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დამცველი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი, დამსწრე, მოწმე, ანდა ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი;
ე) ამ საქმის მწარმოებელ თანამდებობის პირთან ან ამ ნაწილის დ ქვეპუნქტში აღნისნულ სხვა პირებთან ნათესაური, მეგობრული თუ სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვს;
ვ) ამ ნაწილში აღნიშნულ პირებს ნათესაური ან სხვა ახლობლური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;
ზ) არის სხვა გარემოებები, რომლებიც ეჭვს ბადებს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.
2. მოსამართლე მონაწილეობას ვერ მიიღებს საქმის განხილვაში, თუ იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმის წარმოებაში, როგორც მომკვლევი, გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო სხდომის მდივანი.
3. მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის ქმედებებსა და აქტებზე საჩივრის განხილვაში, აგრეთვე, ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ან ამ კოდექსის 140-ე და 292-ე მუხლებში აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში.
4. პროკურატურის მიერ თავისი გუნქციების შესრულება სამართალწარმოების არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მის შემდგომ მონაწილეობას.
5. გამომძიებელი მონაწილეობას ვერ მიიღებს იმ საქმის წარმოებაში, რომელიც თავადვე გამოიძია და დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისათვის, თუ ამას განჩინებით (დადგენილებით) აუცილებლობად მიიჩნევს სასამართლო (მოსამართლე), ან თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურორი.
![]() |
4 შენი უფლებები სასამართლოში საქმის განხილვისას: |
▲ზევით დაბრუნება |
სასამართლო პროცესზე საქმის განხილვას უნდა ესწრებოდე პირადად. სასამართლოს უფლება აქვს, საქმე განიხილოს შენს დაუსწრებლად, თუ დადგენილი დანაშაულისათვის შესაძლებელია, სასჯელის ზომად დაინიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლის ვადისა და ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შენს გარეშე საქმის განხილვა ხელს არ შეუშლის ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას.
იმავდროულად, არა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შეიძლება გამოიტანონ განჩინება იძულებით მიყვანის შესახებ.
მიუხედავად ამისა, უფლება გაქვს, მონაწილეობა არ მიიღო საქმის განხილვაში, თუნდაც ესწრებოდე სასამართლო სხდომას.
მუხლი 443. განსასჯელის მონაწილეობას სასამართლო განხილვაში
1. სასამართლო განხილვაში მომაწილეობს განსასჯელი.
2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) განსასჯელი საქართველოს ფარგლებს გარეთაა და თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას;
ბ) განსასჯელი, რომელსაც შეიძლება, დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა არა უმეტეს 3 წლისა, შუამდგომლობს, საქმე განიხილონ მის დაუსწრებლად და სასამართლოც მიიჩნევს, რომ განსასჯელის დაუსწრებლად განხილვა ხელს არ შეულშლის საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოკვლევას.
3. თუ საქმე იხილება ორი ან მეტი განსასჯელის მიმართ და სასამართლო გამოძიების სტადიაზე რომელიმე მათგანი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია, საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს გამოუცხადებელი განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სრულყოფასა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს განსასჯელისათვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა. განსასჯელის დაუსრულებლად საქმის განხილვაში მისი დამცველის მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 445. დამცველის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები
1. დამცველი მონაწილეობს სასამართლო განხილვაში და აქვს ისეთივე უფლებები, როგორიც მბრალდებელს (მე-15 მუხლი).
2. თუ დამცველი არ გამოცხადდა, საქმის განხილვა უნდა გადაიდოს. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებელი დამცველის შეცვლა შეიძლება განსასჯელის თანხმობით. თუ დამცველის მონაწილეობა შეუძლებელია ხანგრძლივი დროის (10 დღეზე მეტი) განმავლობაში, სასამართლო გადადებს განხილვას და განსასჯელს შესთავაზებს აირჩიოს სხვა დამცველი, ან დანიშნავს ახალს. დამცველის შეცვლისას სასამართლო ითვალისწინებს ასეთი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, ახალ დამცველს კი უზრუნველყოფს საქმის მასალების შესასწავლად საკმარისი დროით და საქმეში მის ჩაბმამდე სასამართლო მოქმედებათა განმეორების შესაძლებლობით.
3. თუ ორი ან მეტი განსასჯელის საქმის განხილვისას სასამართლო გამოძიების სტადიზე რომელიმე მათგანის დამცველი სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია, საქმის განხილვა განაგრძოს სხვათა მიმართ, თუ ეს არ შელახავს განსასჯელის ინტერესებს და გავლენას არ მოახდენს სასამართლო გამოძიების სრულყოფასა და ობიექტურობაზე. ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს დამცველისათვის მის გარეშე წარმოებული ოქმის გაცნობა.
სსსკ 468-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, სანამ მოსამართლე მოახსენებს მხარეებს საქმის არსს, განაჩენის შინაარს, შენს მოთხოვნებს, პროცესის გახსნისთანავე
უფლება გაქვს, დააყენო შუამდგომლობები:
- მტკიცებულებათა გამოთხოვის.
- მოწმეების გამოძახების.
- ექსპერტიზის დანიშვნის.
- ნივთმტკიცების გამოთხოვის.
- მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ.
მოსამართლის მოხსენების შემდეგ გეძლევა უფლება, ჩამოაყალიბო სააპელაციო საჩივარი და დააზუსტო შენი მოთხოვნები. ეს შეიძლება, გააკეთოს ადვოკატმაც, თუ მონაწილეობს საქმის განხილვაში. აღნიშნული საპროცესო ქმედება მნიშვნელოვანია საქმის შემდგომი ბედის გადასაწყვეტად. ამიტომ კარგად გაანალიზე შენი პოზიციები.
შენს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით შეიძლება შეკითხვები დაგისვას, როგორც პროკურორმა, ასევე მოსამართლეებმა. შემდეგ პროკურორი გამოხატავს თავის პოზიციას სააპელაციო საჩივრის ირგვლივ.
ამის შემდეგ იწყება სასამართლო გამოძიება. უფლება გაქვს, სასამართლოს მისცე ჩვენება ან აირჩიო დუმილის უფლება, რომელიც არ შეიძლება, შენს საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული.
სსსკ მუხლი 476.
1. თავმჯდომარე წინადადებას აძლევს განსასჯელს, მისცეს ჩვენება მისთვის წაყენებული ბრალდების გამო და საქმის სხვა გარემოებათა შესახებ. განსასჯელს განუმარტავენ, რომ უფლება აქვს, არ მისცეს ჩვენება და ჩვენება არ შეიძლება გამოიყენონ მის საზიანოდ.
2. განსასჯელს დაკითხავენ პროცესის მონაწილენი შემდეგი თანამიმდევრობით: სახელმწიფო მბრალდებელი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე და მათი წარმომადგენელი, მისი დამცველი, სხვა განსასჯელები და მათი დამველები, ბოლოს კი სასამართლო.
3. განსასჯელს უფლება აქვს, თავმჯდომარის ნებართვით, მისცეს ჩვენება ყოველი მტკიცებულების გამოკვლევისას.
4. დაკითხვისას განსასჯელს უფლება აქვს, ისარგებლოს წერილობითი შენიშვნებითა და დოკუმენტებით.
5. განსასჯელის მიერ მის ხელთ არსებული დოკუმენტების წაკითხვის შემდეგ ისინი გადაეცემა სასამართლოსა და მხარეებს განსახილველად და საქმეზე დასართავად.
6. განსასჯელის დაკითხვისას მხარეებს სეუძლიათ, წარადგინონ საქმეზე დართული ან მათ ხელთ არსებული საგანი ან დოკუმენტი და ამასთან დაკავშირებით განსასჯელს დაუსვან შეკითხვები.
მოწინააღმდეგე მხარის და სასამართლოს თანხმობით, უფლება გაქვს, გამოაქვეყნებინო გამოუცხადებელი მოწმეების ჩვენებები, რომელიც მას მისცეს წინასწარ გამოძიების ან პირველი ინსტაციის სასამართლოს. სასამართლოს უფლება არა აქვს, უარი გითხრას მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაზე.
სააპელაციო წესით განაჩენი შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს, თუ წინასწარი გამოძიება ან სასამართლო პროცესი იყო არასრული ან ცალმხრივი, რაც შეიძლება, გამოიახატებოდეს შემდეგში:
- გამოძიების ეტაპზე სამართალდამცავებმა დაუშვეს პროცესიალური დარღვევები, რომელთა გამოსწორებაც სასამართლო გამოძიების ეტაპზე შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სასამართლო საქმეს დააბრუნებს დამატებით გამოძიებაში.
- არ დაუკითხავთ ძირითადი მოწმეები, რომელთა ჩვენებებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.
- არ ჩაუტარებიათ სავალდებულო ექსპერტიზა.
- არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც საჭვოს ხდის სასამართლო დასკვნებს.
- წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათაგან სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება.
- სასამართლომ ეჭვი არ განმარტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს:
- გამამართლებლის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
- გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი.
- დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს განსასჯელისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს:
- გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
- გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი.
- დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი ან მოთხოვნით და თუ მას ასეთივე პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
![]() |
5 სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას |
▲ზევით დაბრუნება |
სსსკ მუხლი 536.
1. ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს.
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ამავე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, განჩინებით გააუქმოს გამამტყუნებელი განაჩენი და საქმე დაუბრუნოს პროკურორს, დამატებით გამოსაძიებლად ან საქმის განმხილველ სასამართლოს, ხელმეორედ განსახილველად.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ან განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში. გასაჩივრების ვადაა 14 დღე, სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატაში.
![]() |
6 სააპელაციო საჩივრის ნიმუშები |
▲ზევით დაბრუნება |
სააპელაციო საჩივრის შედგენისას შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუშები:
1. საქმის მოკლე აღწერილობა:
2002 წლის 30 აგვისტოს ლ. დევდარიანი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში მისამართზე - ი. ჭავჭავაძის გამზირი №4. ამ დროს მასთან სტუმრად მივიდა მისი ძველი ნაცნობი ა. ჯელაძე. ლ. დევდარიანს მისი ვალი ჰქონდა და მატერიალური გაჭირვების გამო ვერ ახერხებდა დაბრუნებას. ხმამაღალი საუბრის დროს ა. ჯელაძემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და სხეულის დაზიანების მიზნით მოუქნია ლ. დევდარიანს, რომელმაც იმარჯვა, დაუჭირა მოქნეული ხელი, წაართვა მას დანა და მყისვე იმავე დანით სასიკვდილოდ დაჭრა მუცლის არეში. შედეგად, კაპანაძე სისხლისაგან დაიცალა და გარდაიცვალა.
მას ბრალი ედება განზრახ მკვლელობაში (სსკ1 მუხლი 108). ითხოვს კვალიფიკაციის შეცვლას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა სააპელაციო
პალატას
მსჯავრდებულ ლ. დევდარიანის
(№5-ე საპყრობილე)
სააპელაციო საჩივარი
/ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს
03.02.2003 წლის განაჩენზე/
03.02.2003 წელს ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ჩემს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სსკ-ის 108-ე მუხლით და მომისაჯა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით. წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ ვცნობ დამნაშავედ. კერძოდ, სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გამოიხატება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობაში.
სასამართლო განაჩენი დაუსაბუთებელია. საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც აუცილებელია დასაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ არ იზიარებს ჩემს ჩვენებას, რაც სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმე ა. კაპანაძის ჩვენებას, ექსპერტიზის დასკვნებსა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს. სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა ბრალდების მოსაზრებები, რაც არ ემყარება მტკიცებულებათა ერთობლიობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, არ გადაწყვიტა ჩემს სასარგებლოდ. რაიონული სასამართლო საქმის განხილვისას იყო მიკერძოებული და არაობიექტური.
მოვითხოვ, სსსკ-ის 517-524-ე მუხლების შესაბამისად, მიიღოთ საქმე წარმოებაში და განიხილოთ არსებითად.
მსჯავრდებული
ლ. დევდარიანი
თარიღი 29.03.03 წ.
2. საქმის მოკლე აღწერილობა:
2001 წლის 23 ტებერვალს, ღამის 4 სთ-ზე, მ. გელაშვილმა ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში მოიპარა ალუმინის ელექტროსადენები, ღირებულებით 1230 ლარი, რითაც სახელმწიფოს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას იგი მარტო იყო. დაკავებისას კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა, თუმცა ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას და შემდგომაც თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. მისი ბრალეულობა დადასტურდა მოწმე ა. შუშანაშვილისა და ჯ. ლეჟავას ჩვენებებითა და გელაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებითაც, რომელიც გამოყენებული იყო დანაშაულის ჩადენისას. გამოძიების შემდგომ ეტაპზე ბრალდებულმა ნებაყოფილობით წარუდგინა გამოძიებას ნაქურდალი. ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა სააპელაციო
პალატას მსჯავრდებულ
მ. გელაშვილის
(№5-ე საპყრობილე)
სააპელაციო საჩივარი
/ხაშურის რაიონის სასამართლოს 17.08.2001 წლის განაჩენზე/
17.08.2001 წელს ხაშურის რაიონის სასამართლომ ჩემს მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწ-ის ,,გ“ ქვეპუნქტითა და სასჯელის ზომად განმისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. აღნიშნული განაჩენი ჩამბარდა 2003 წლის 30 მარტს.
როგორც გამოძიების თავდაპირველ ეტაპზე, ასევე სასამართლო განხილვისას დანაშაული მთლიანად ვაღიარე, მოვინანიე ჩადენილი ქმედება და გამოძიების დამთავრებამდე მთლიანად ავანაზღაურე ზარალი. წარსულში ნასამართლები არა ვარ, მყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა შემამსუბუქებელი გარემოებები და დამინიშნა მკაცრი სასჯელი, რომელიც არ შეეფერება ჩემს პიროვნებას. ამასთანავე საგრძნობლად გამიუარესდა ჯანმრთელობა. წარმოგიდგენთ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
სასამართლოს ვთხოვ, გაითვალისწინოს ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და შემიმციროს სასჯელის ზომა.
მსჯავრდებული
მ. გელაშვილი
თარიღი 10.09.01 წ.
2. საქმის მოკლე აღწერილობა:
გ. ზამთარაძეს ბრალი ედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწ-ის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით ანუ ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.
ზამთარაძეს ბრალი ედება 2002 წლის 4 დეკემბერს მოქალაქე დ. დოლიძის ბინაზე ყაჩაღურ თავდასხმაში. დაზარალებულთა ჩვენებებით, თავდამსხმელები იყვნენ ნიღბებით. ოთხივე მათგანი სეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით.
წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულმა ზამთარაძის ამოცნობის ოქმში მიუთითა, რომ, სავარაუდოდ, ეს პიროვნება იყო თავდამსხმელთა შორის, რადგან მისი სიმართლე ემთხვევა დამნაშავისას. ზამთარაძე მხოლოდ მიცემული ახსნა-განმარტებებისას აღიარებს ჩადენილ ქმედებას. შემდგომი დაკითხვებისას კი საერთოდ უარყოფს დანაშაულში მონაწილეობას. მან მოითხოვა იმ მოწმეების დაკითხვა, რომლებიც დაადასტურებენ, რომ იგი დანაშაულის ჩადენისას ყაზბეგის რაიონში იმყოფებოდა პირად საქმეზე. გამოძიებამ არ დაკითხა ეს პირები, დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული მასალები და საქმე გადაუგზავნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, განსახილველად.
სასამართლო პროცესზე ზამთარაძემ მოითხოვა ამოცნობის ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა, რადგან დაზარალებულის ჩვენება ეყრდნობოდა ვარაუდს და არ შეიძლებოდა გამხდარიყო მტკიცებულება, სსსკ-ის 349-ე მუხლის მე-4 ნაწ-ის თანახმად. სასამართლომ უარი უთხრა განსასჯელს შუამდგომლობაზე.
სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა, 10 წლით. ზამთარაძემ განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრა.
თბილისის საოლქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო
პალატას მსჯავრდებულ
გ. ზამთარაძის
(№5-ე საპყრობილე)
სააპელაციო საჩივარი
/ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის განაჩენზე/
2003 წლის 25 მარტს ჩემს მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწ-ის ,,ა“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით. მომისაჯეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საფუძველი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. რაიონული სასამართლო დაეყრდნო იმ ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ, ჩემი შუამდგომლობის მიუხედავად, დაუშვებელ მტკიცებულებად არ მიიჩნია. ასევე არასრულყოფილად წარმართა სასამართლო გამოძიება, არ დაკითხა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ჩემს არყოფნას დანაშაულის ადგილზე.
მოვითხოვ, დაუშვებელ მტკიცებულებას მიიჩნიოს ამოცნობის ოქმი, დაკითხოთ მოწმეებად ჩემს მიერ მითითებული პირები. დამაპირისპიროთ დაზარალებულს. ჩაატაროთ სრულყოფილი სასამართლო გამოძიება და გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი.
მსჯავრდებული
გ. ზამთარაძე
თარიღი 25.04.03 წ.
_____________________
1. სისხლის სამართლის კოდექსი
![]() |
7 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კარი მეათე |
▲ზევით დაბრუნება |
განაჩენისა და სხვა გადაწყვეტილებების გასაჩივრება
თავი VI
აპელაცია
მუხლი 517. პირის უფლება, საქმე განიხილონ ორ სასამართლო ინსტანციაში
განსასჯელს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელესა და სამოქალაქო მოპასუხეს უფლება აქვთ მოითხოვონ საქმის განხილვა არანაკლებ ორ სასამართლო ინსტანციაში.
მუხლი 518. სააპელაციო გასაჩივრების სუბიექტი
1. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: სახელმწიფო მბრელდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის დამცველს, მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე, პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება და მის წარმომადგენელს.
2. სააპელაციო წარმოება ტარდება მხარეთა შეჯიბრობისა და თანასწორობის საფუძველზე.
3. სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და წარმომადგენლებს უფლება აქვთ, გაასაჩივრონ განაჩენი მხოლოდ სარჩელის საფუძვლისა და თანხის ნაწილში.
4. დამცველსა და წარმომადგენელს უფლება აქვთ, შეიტანონ სააპელაციო საჩივარი მხოლოდ განსასჯელის, დაზარალებულისა და მარწმუნებლის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაზარალებული, განსასჯელი ან მარწმუნებელი არასრულწლოვანია, ან აქვს ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი.
მუხლი 519. სააპელაციო გასაჩივრების საგანი
სააპელაციო წესით შეიძლება, გასაჩივრედეს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენი და სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში არ შესულა და, აპელანტის აზრით, დაუსაბუთებელია ანუ არ არის დამტკიცებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეტანილ იქნეს და იგი უნდა განიხილოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ, თუ სადავო ხდება განაჩენის დასაბუთებულობა ან/და კანონიერება.
მუხლი 520. სააპელაციო საჩივრის განხილვის სავალდებულოობა
1. სააპელაციო საჩივრის შეტანა სავალდებულო წესით იწვევს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვასა და ახალ სასამართლო მუხლში გამოძიებას. დაუშვებელია სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმა.
2. სააპელაციო საჩივრის შეტანა აცერებს განაჩენის აღსრულებას.
მუხლი 521. სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა თუ სხვა გადაწყვეტულებაზე შეტანილ საჩივარს განიხილავენ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატები.
2. სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით. საქმის განმხილველ მოსამართლეთა შემადგენლობის თავმჯდომარედ ინიშნება მათგან ერთ-ერთი მოსამართლე.
მუხლი 522. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველი
სააპელაიო სასამართლოში საქმის განხილვის საფუძველის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენისა თუ სხვა გადაწყვეტილების როგორც დასაბუთებულობის, ისე კანონიერების თაობაზე შეტანილი საჩივარი.
მუხლი 523. სააპელაციო გასაჩივრების ვადები
1. მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო საჩივრის შეტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 14 დღის განმავლობაში, იმავე სასამართლოში. თუ განსასჯელი პატიმრობაში იმყოფება, განაჩენის გასაჩივრების ვადა იანგარიშება მისთვის განაჩენის ასლის ჩაბარების დღიდან.
2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
3. სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად მიიჩნევა იმ დღიდან, როცა გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.
მუხლი 524. სააპელაციო საჩივრის შეტანა
განაჩენის გამომტან სასამართლოში შეაქვთ სააპელაციო საჩივრის იმდენი ეგზემპლარი, რამდენიც საჭიროა საიმისოდ, რომ გადაცენ პროცესის ყოველ მონაწილეს, რომელსაც მხარის საპროცესო მდგომარეობა უკავია.
მუხლი 525. კერძო სააპელაციო საჩივარი
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს ყოველი შემაჯამებელი გადაწყვეტილება, განაჩენის გარდა, შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, კერძოდ სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განჩინება (დადგენილება), რომელიც გამოტანილია საქმის განხილვისას და არ არის შემაჯამებელი ხასიათისა, შეიძლება, სააპელაციო წესით სასამართლოს განაჩენთან ერთად გასაჩივრდეს.
მუხლი 526. დამატებითი სააპელაციო საჩივარი
სააპელაციო გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში ძირითადი საჩივრის ხარვეზის შესავსებად შეიძლება დამატებითი სააპელაციო საჩივრის შეტანა 524-ე აღნიშნული პირობები დაცვით.
მუხლი 527. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი
1. მხარეს უფლება აქვს, მიიღოს სააპელაციო საჩივრის ასლი მისი შეტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო მომდევნო 5 დღეში იმავე სასამართლოს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც საჩივარსა და საქმესთან ერთად იგზავნება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
2. სააპელაციო ინსტანციაში საქმის გაგზავნამდე აპელანტს უფლება აქვს, სასამართლოსაგან მიიღოს საჩივრის შესაგებლის ასლი.
მუხლი 528. სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის ვადები
1. საქმე, საჩივარი და მისი შემადგენელი რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიგზავნოს განაჩენის გამოტანიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
2. სააპელაციო ინსტანციამ საქმე უნდა განიხილოს მისი მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარემ რთულ და დიდ მოცულობის საქმეზე ეს ვადა შეიძლება კიდევ 15 დღით გააგრძელოს.
მუხლი 529. სააპელაციო საჩივარი
1. სააპელაციო საჩივარში აღინიშნება:
ა) სასამართლოს სახელწოდება, სადაც იგზავნება საჩივარი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საპროცესო მდგომარეობა;
გ) გასაჩივრებული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო, გამოტანის თარიღი;
დ) განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებული დებულებანი;
ე) გასაჩივრებულ დებულებათა მცდარობა და, კერძოდ, რაში გამოიხატება იგი;
ვ) მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებანი;
ზ) მტკიცებულება, მათ შორის ახლად აღმოჩენილი, რომელიც უნდა გამოიკვლიოს სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ;
თ) დამატებით წარმოდგენილი მასალები;
2. სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს იმ პირთა სია, რომელთა გამოძახებასაც აპელანტი მოითხოვს;
3. თუ საჩივარი არ შეესაბამება ამ მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე აპელანტს აძლევს 5 დღეს, საჩივრის ხარვეზის შესავსებად, ან ნიშნავს დამცველს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვებაში სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. გასაჩივრებული განაჩენი და სხვა სასამართლო გადაწყვეტილება კი შედის ძალაში და მიექცევა აღსასრულებლად ამ კოდექსით დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განხილვაზე უარის შესახებ, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. აპელანტს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლოს სათათბირო ოთახში გასვლამდე უკან გაითხოვოს საჩივარი. ასეთ შემთხვევაში მისი ხელმეორედ შეტანა აღარ დაიშვება, ხოლო ამ საკითხზე გამოტანილი განჩინება არ გასაჩივრდება.
5. მომჩივანი სახელმწიფო ბაჟს არ იხდის.
მუხლი 530. საქმის მომზადება მოსმენისათვის
1. თუ სასამართლო შემადგენლობის ერთ-ერთ ან ყველა მოსამართლე საჭიროდ მიიჩნევს, ისინი შეისწავლიან მიღებულ სისხლის სამართლის საქმეს, საჩივრებსა და მათს შესაგებლებს. შესწავლის შედეგების მიხედვით, მოსამართლე ადგენს ცნობას, რომელშიც აყალიბებს საქმის არსს, საჩივრების შინაარსსა და მომჩივანთა მოსაზრებას, საჩივრის შესაგებლის შინაარსს, აღნიშნავს მომჩივანთა პოზიციის დამადასტურებელ ან გამაბათილებელ მტკიცებულებებს, მაგრამ თავის აზრს არ გამოთქვამს. ცნობის ასლები ამ შემადგენლობის ყველა მოსამართლეს გადაეცემა.
2. სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომარე იძლევა განკარგულებებს სასამართლო სხდომის თარიღისა და ადგილის, პროცესის მონაწილეების, პატიმრობაში მყოფი განსასჯელის გამოძახებისა და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსმენის უზრუნველსაყოფ ღონისძიებათა შესახებ.
მუხლი 531. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განხილვის მონაწილენი
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. დამცველის მოწვევა და დანიშვნა დასაშვებია იმავე საფუძველზე და იმავე წესით, რაც სასამართლო განხილვისას.
3. პატიმრობაში მყოფი განსასჯელი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მიჰყავთ, თუ წინააღმდეგი არ არის.
4. განსასჯელს, რომელიც პატიმრობაში არ იმყოფება, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს იძახებენ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას, მაგრამ, თუ რომელიმე მათგანის სააპელაციო საჩივარი განიხილება, საქმის მოსმენა გადაიდება. ამ პირთა განმეორებითი გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საქმე მათ დაუსწრებლად განიხილება.
5. სასამართლოში იძახებენ ყველა მოწმესა და ექსპერტს, რომელთა დაკითხვაც მომჩივნისა და პროცესის სხვა მონაწილეთა აზრით, აუცილებელია. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში შეიძლება, გამოიძახონ იმ მოწმეებიც, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუკითხავთ, აგრეთვე, ექსპერტები, რომლებსაც პირველი ინსტანციის სასამართლოში ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ.
6. მხარეებს უფლება აქვთ, მორიგდნენ გამოსაზახებელ მოწმეთა და ექსპერტთა რაოდენობის შემცირების თაობაზე ან საერთოდ უარი თქვან მათ გამოძახებაზე. ამის შესახებ მხარეებმა სასამართლოს უნდა აცნობონ მოსმენის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. სასამართლო არ იძღუდება მხარეთა მორიგებით და უფლება აქვს, გამოიძახოს მოწმეები და ექსპერტები.
მუხლი 532. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელი ნაწილი ტარდება 457-469-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 533. სასამართლო გამოძიება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში
1. სასამართლო გამოძიება იწყება სისხლის სამართლის საქმის შემსწავლელი მოსამართლის მოხსენებით, რომელშიც ჩამოყალიბებულია საქმის არსი, განაცენის ძირითადი შინაარსი, აპელანტის მოთხოვნები, პროცესის მონაწილეთა საჩივრის შესაგებელი. მომხსენებელმა თავი უნდა შეიკავოს საქმის გადაწყვეტის შესახებ აზრის გამოთქმისაგან. მას უფლება აქვს, ყურადღება მიაპყროს საჩივრის მიუთითებელ ფაქტობრივ გარემოებებსა და კანონის დარღვევებს იმის გათვალიწინებით, რომ ისინი განსასჯელის საზიანოდ არ იქნეს გაგებული.
2. მხარეებს, შემდეგ კი მოსამართლეებს უფლება აქვთ, შეკითხვები დაუსვან მომხსენებელს. შეკითხვებს ჯერ ბრალდების მხარე სვამს.
3. მოსამართლის მოხსენების შემდეგ აპელანტი ან მისი დამცველი (წარმომადგენელი) ასაბუთებს საჩივრის მოსაზრებებს. მხარეებსა და მოსამართლეებს უფლება აქვთ, აპელანტს დაუსვან შეკითხვები ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული თანმიმდევრობით.
4. აპელანტის შემდეგ მტკიცებულებებს წარმოადგენს ბრალდების მხარე - პროკურორი, დაზარალებული, სამოქალაქო მოსარჩელე ან მათი წარმომადგენლები, შემდეგ კი დაცვის მხარე - განსასჯელი ან დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი, სამოქალაქო მოპასუხე ან მისი წარმომადგენელი. მტკიცებულებათა წარდგენა ან გამოკვლევა ხდება 475-ე მუხლით დადგენილი წესით.
5. მოწინააღმდეგის მხარისა და სასამართლოს თანხმობით, მხარეს უფლება აქვს, საჯაროდ წაიკითხოს მოწმეთა, განსასჯელთა, დაზარალებულთა ჩვენებები და ექსპერტთა დასკვნები, სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში.
6. ცალკეულ მტკიცებულებათა წარდგენა და გამოკვლევა ხდება 476-487-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. სასამართლოს უფლება არა აქვს, უარი უთხრას მხარეს მტკიცებულებათა წარდგენასა და გამოკვლევაზე, მაგრამ უფლებამოსილია, აკრძალოს იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც საქმეს არ ეხება.
8. მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ სასამართლო სთავაზობს მხარეებს, შეავსონ სასამართლო გამოძიება, თუ ამის სურვილი არავინ გამოთქვა, მას დამთავრებულად აცხადებს.
მუხლი 534. სასამართლო კამათი და განსასჯელის საბოლოო სიტყვა სააპელაციო ინსტანციაში
სასამართლო კამათისა და განსასჯელის საბოლოო სიტყვის მიმართ მოქმედებს 489-492-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები.
მუხლი 535. განაჩენის დადგენა
1. განაჩენის დადგენისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლო ხელმძღვანელობს 495-516-ე მუხლებით.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ცვლის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს.
მუხლი 536. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებათა სახეები
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განაჩენით იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამართლებელ განაჩენს;
ბ) აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს და მის ნაცვლად ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს;
გ) შეაქვს ცვლილება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში;
დ) უცვლელად ტოვებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს და უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო განჩინებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აუქმებს გამამტყუნებელ განაჩენს და საქმეს უბრუნებს პროკურორს დამატებითი გამოძიებისთვის ან საქმის განმხილველ სასამართლოს ხელმეორედ განსახილველად;
ბ) აჩერებს საქმის წარმოებას 420-ე მუხლში მითითებული საფუძვლის არსებობისას;
გ) აუქმებს ან ძალაში ტოვებს სასამართლოს კერძო განჩინებას დანაშაული ხელშემწყობ გარემოებათა შესახებ;
დ) აკმაყოფილებს ან უარყოფს კერძო სააპელაციო საჩივრებს;
ე) აკმაყოფილებს ან უარყოფს ყველა სახის საჩივარს, რომელიც ამ კოდექსის მიხედვით შეიძლება შეიტანონ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.
მუხლი 537. სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი
1. სააპელაციო წესით განაჩენის გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) არასრული ან ცალმხრივი წინასწარი გამოძიება, ანდა სასამართლო განხილვა, რაც ვერ შეივსება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას;
ბ) განაჩენში ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნების შეუსაბამობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, თუ შეუძლებელია დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას.
გ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.
2. განაჩენი შეიძლება შეიცვალოს ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საფუძველზე, თუ იგი ეხება ზოგიერთ ბრალდებას ან ბრალდებატა ეპიზოდებს.
მუხლი 538. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არასრულყოფილება და ცალმხრივობა
1. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა არასრულყოფილად და ცალმხრივად მიიჩნევა, თუ არ არის დადგენილი დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად საჭირო ყველა ფაქტობრივი გარემოება.
2. წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის არასრულყოფილება და ცალმხრივობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს, რომ არ დაუკითხავთ ან არასრულად დაკითხეს ის პირები, რომელთა ჩვენებებიც მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დასადგენად; არ ჩაუტარებიათ ექსპერტიზა, რაც, კანონის თანახმად, სავალდებულო იყო; არ მიუმართავთ სხვა საპროცესო მოქმედებებისათვის, რომლებიც საჭირო იყო საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დასადგენად; არ გამოუთხოვიათ დოკუმენტები და არ აღმოუჩენიათ ნივთიერი მტკიცებულებები ურომლისოდაც განაჩენი ვერ მიიჩნევა დასაბუთებულად; არ შეუმოწმებიათ განსასჯელისა და დამცველის ბრალდების გასაბათილებლად მოსაზრებები; არ გამოუკვლევიათ გარემოებები, რომლებიც აღნიშნულია სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში), დამატებითი გამოძიებისა თუ ახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნების შესახებ.
მუხლი 539. განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი სასამართლოს დასკვნების შეუსაბამობა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებთან
განაჩენსა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში უსაფუძვლოა და გასაუქმებელი ან შესაცვლელი, თუ:
ა) განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან;
ბ) არ აღმოფხვრილი მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დასკვნებს;
გ) სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებანი;
დ) დასკვნების დასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია ან საქმეს არ ეხება;
ე) წინააღმდეგობრივ მტკიცებულებათაგან სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება;
ვ) სასამართლომ ეჭვი არ განმარტა განსასჯელის სასარგებლოდ.
მუხლი 540. შებრუნება საუარესოდ
1. სააპელაციო ინსტანციას უფლება არა აქვს: გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის თანხა ან მიიღოს განსასჯელისათვის სხვა არასასიკეთო გადაწყვეტილება, თუ საქმის გადასინჯვა ხდება განსასჯელის, დამცველის, განსასჯელის კანონიერი წარმომადგენლის, სამოქალაქო მოპასუხის ან მისი წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე და საჩივარი არ შეუტანია პროკურორს, დაზარალებულს ან ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის სხვა მონაწილეს.
2. სააპელაციო ინსტანციას უფლება აქვს: გამამართლებელ განაჩენის ნაცვლად გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, გამოიყენოს სისხლის სამართლი უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, გაზარდოს სამოქალაქო სარჩელის გამო გადასახადი ან სხვა გზით გააუარესოს განსასჯელის მდგომარეობა, თუ პროკურორმა, დაზარალებულმა, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის სხვა მონაწილემ სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მათ ასეთი პოზიცია ეკავათ პირველი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება არა აქვს, გასცდეს ბრალდების ფარგლებს, რომელიც განსასჯელს წაუყენეს წინასწარი გამოძიებისას და რომელსაც მხარი დაუჭირეს პირველი ინსტანციის სასამართლოში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირობების შემთხვევაში განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება შესაძლებელია, თუ საჩივარი შეიტანეს ბრალდების მხარის წარმომადგენელმა პროცესის მონაწილეებმა.
4. განსასჯელის მდგომარეობის გაუარესება დაუშვებელია იმ საფუძველზე, რომელიც ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეთა სააპელაციო საჩივარში არ არის მითითებული.
5. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გამამართლებლის ნაცვლად შესაძლებელია, თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გამოძიება სრული მოცულობით ჩაატარა.
6. თუ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გააუქმა განაჩენი დაცვის მხარის საჩივრით, როცა ბრალდების მხარის საჩივარი არ არსებობს, დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განხილვისას ბრალდებულის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს.
7. ბრალდების მხარის საჩივრით განაცენის გაუქმებისას გამომძიებელს, რომელიც დამატებით გამოძიებას ატარებს,და პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელიც ხელახლა განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, შეუძლიათ, განსასჯელის მდგომარეობა გააუარესონ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომელიც მითითებული იყო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მუხლი 541. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებანი
1. დამატებითი გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად საქმის დაბრუნებისას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, პროკურორსა და გამომძიებელს მისცეს სავალდებულო მითითებანი საქმის გარემოებათა სრული და ყოველმხრივი გამოკვლევისა და კანონის დარღვევათა გამოსწორების უზრუნველსაყოფად.
2. ამ მითიტებათა შესრულების შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო ხელახალი განხილვისას საქმეს წყვეტს შინაგანი რწმენითა და სამართალგაგებით.
მუხლი 542. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენის ან სხვა გადაწყვეტილების მიქცევა აღსასრულად
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებიდან 14 დღეში, გარდა 602-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიიქცევა 602-606-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლის საფუძველზეც განსასჯელი პატიმრობიდან თავისუფლდება, აღსრულდება დაუყოვნებლივ, თუ განსასჯელის სასამართლო სხდომაში მონაწილეობს. სხვა შემთხვევაში განაჩენის ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება წინასწარი პატიმრობის ადგილას. პირის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულება შეიძლება, გადაეცეს ტელეგრაფით ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 543. სარევიზიო საწყისი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს საქმიანობაში
1. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო არ იზღუდება საჩივრებში მოყვანილი დასკვნებით და ვალდებულია, საქმე შეამოწმოს სრული მოცულობით, მათ შორის, იმ განსასჯელთა მიმართაც, რომლებსაც არ შეუტანიათ საჩივრები. ამასთან, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს განსასჯელთა სასამრგებლოდ, მაგრამ უფლება არა აქვს, გააუარესოს მათი მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარის წარმომადგენელ პროცესის მონაწილეებს თავიანთ საჩივრებში ამის შესახებ არ უთხოვიათ.
2. სარევიზიო წესით საქმის განხილვა არ გამორიცხავს იმ განსასჯელის სააპელაციო საჩივრის განხილვას, რომელმაც დაარღვია გასაჩივრების ვადა საპატიო მიზეზით და ეს ვადა სასამართლომ აღადგინა.
მუხლი 544. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს სხდომის განაწესი და ღონისძიებები მის დამრღვევთა მიმართ
სააპელაციო ინსტანციის სასამართლო იცავს სხდომის განაწესს და მიმართავს ღონისძიებებს მის დამრღვევთა მიმართ, 456-ე და 208-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 545. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი
სააპელაციო ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმი უნდა შეიცავდეს 454-ე მუხლში მითითებულ ცნობებს.