საქართველოს რეგიონული მედია-რუკა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მედია
წყარო: საქართველოს რეგიონული მედია-რუკა / მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკ. ინ-ტი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინ-ტი - თბ., 2005 - 307გვ. : დიაგრ. ; 20სმ. - ISBN 99928-37-64-0 : [ფ.ა.]   [MFN: 28351]
 
UDC:  070 + 070.23](479.22)
K 248.731/3 - საერთო ფონდი
070(479.22)/ს-323 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
(..22)07/ს-323 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 87.694/3 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ პროექტი „საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება“ თბილისი 2005 საქართველოს რეგიონული მედია-რუკა. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი, 2005 Regional Media Map of Georgia. Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, Tbilisi, 2005 თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 ვებ გვერდი: http://www.cipdd.org



1 კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია

▲ზევით დაბრუნება


2003 წლის დეკემბრიდან მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა დაიწყო საქართველოს რეგიონებში მედიის მდგომარეობის შესწავლა. კვლევის მიზანია საქართველოს რეგიონებში მედიის განვითარების ზოგადი სურათის შექმნა და იმ ძირითადი პრობლემების გამოკვეთა, რაც ხელს უშლის რეგიონებში მედიის - პირველ რიგში ბეჭდვითი პრესის - განვითარებას, და იმ გზების და საშუალებების დასახვა, რამაც შეიძლება გააუმჯობესოს რეგიონული მედია-ორგანიზაციების მუშაობა.

აღნიშნული კვლევა ნაწილია პროექტისა საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ევროპული ინიციატივის ფარგლებში და რომლის ძირითად მიზანსაც საქართველოში ბეჭდვითი მედიის მხარდაჭერა წარმოადგენს. პროექტს ახორციელებს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მონაწილეობით (თბილისი, საქართველო). პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა ნაწილში შეირჩა ხუთი ბეჭდვითი ორგანო, რომლებსაც ეხმარებიან პროფესიული დონის ამაღლებაში, ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწასა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესებაში. ამავე დროს, პროექტით გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონებში მედიის მდგომარეობის შესწავლა. პასუხისმგებელი ამ ამოცანის შესრულებაზე არის მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი.

კვლევის პირველი ეტაპი მოიცავდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 15 ქალაქს: ახალქალაქი, ახალციხე, ბათუმი, ბოლნისი, გორი, გურჯაანი, თელავი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, მარნეული, სენაკი, ქუთაისი, ფოთი, ჩოხატაური, ხაშური. შერჩეული საკვლევი პუნქტების სიმცირე განპირობებული იყო კვლევის იმ ეტაპზე დასახული მიზნით: შექმნილიყო ზოგადი სურათი, რომელიც პროექტის პრაქტიკული პრიორიტეტების გამოკვეთას დაეხმარებოდა. ამ ეტაპის შედეგად შეიქმნა საქართველოს მედია-რუკის პირველი, არასრული ვარიანტი.

2004 წლის აპრილიდან კავკასიურმა ინსტიტუტმა დაიწყო კვლევების მეორე ეტაპი, რომელიც სრულად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს1, რომლის საფუძველზეც შეიქმნა მოცემული საქართველოს რეგიონული მედია-რუკის სრული ვარიანტი. კვლევის მასალები მხარეების მიხედვით განთავსდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე: www.iwpr.net & www.cipdd.org

მედია-რუკის კონცეფცია ერთიანად დაამუშავა პროექტში ჩართულმა ორივე ორგანიზაციამ. კვლევაში და მედია-რუკის შედგენაში მონაწილეობა მიიღეს მალხაზ სალდაძემ და გიორგი შუბითიძემ. ანგარიშის შედგენაზე ზოგადი ზედამხედველობა გასწია გია ნოდიამ. ტექსტის საერთო რედაქცია ეკუთვნის ზეინაბ სარაძეს.

კვლევა ყოველ განხილულ შემთხვევაში ემყარება მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევართა ინტერვიუებს ადგილებზე მედიის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებთან, შემთხვევითი წესით შერჩეულ ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. გამოყენებულ იქნა აგრეთვე მედია პროდუქციის ანალიზი.

კვლევის ძირითადი შედეგები

საველე კვლევითი სამუშაოები, რომელთა შედეგებიც საფუძვლად დაედო მოცემულ ნაშრომს, ტარდებოდა 2004 წლის აპრილიდან დეკემბრამდე. 2005 წლის განმავლობაში დაიწერა წარმოებული კვლევების შემაჯამებელი ანგარიშები, რომელთა საფუძველზეც მომზადდა საქართველოს რეგიონული მედია-რუკის2 ტექსტი. ტექსტის სტრუქტურა განსაზღვრულია ამა თუ იმ რეგიონში კვლევის ჩატარების ქრონოლოგიით.

ზოგადი სურათი:

მედია-სივრცე საქართველოს რეგიონების მიხედვით არაერთფეროვან სურათს ქმნის. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს: ეკონომიკა, გეოგრაფიული მდებარეობა და რეგიონის მასშტაბიც. თავად რეგიონის მასშტაბითაც დიდი განსხვავებაა სხვადასხვა ქალაქს შორის3.

ბეჭდვითი მედია რეგიონებში ტირაჟის და პერიოდულობის მიხედვით არაერთგვაროვანია. გაზეთების საშუალო ტირაჟი 500-იდან 1000-მდე ეგზემპლარია, თუმცა, არის შემთხვევა, როცა გაზეთის ტირაჟი 3500 ეგზემპლარს აღწევს და არის ისეთი შემთხვევაც, როცა სულ 200 ცალი გამოდის. მათი საშუალო პერიოდულობა კვირაში ერთია, მაგრამ არის ისეთი გაზეთებიც, რომელთა პერიოდულობა ორ კვირაში ან თვეში ერთია. რეალურად, ასეთი პერიოდულობაც დარღვეულია. საკუთრების ფორმის მიხედვით რეგიონულ ბეჭდვით მედიაში სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ორგანიზაციები პრევალირებს.

რეგიონულ ელექტრონულ მაუწყებლობათა შორის განსხვავებას განსაზღვრავს დაფარვის ზონის მოცულობა, საეთერო დრო, ამ დროში საკუთარი მაუწყებლობის ხანგრძლივობა და საკუთარი გადაცემები. რეგიონის სრულად დაფარვის შემთხვევები იშვიათია, ტელეკომპანიები და რადიოები უფრო რეგიონის დიდი ნაწილისა ან იმ ქალაქისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაფარვას ახერხებენ, სადაც ფუნქციობენ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეგიონში არსებულ საერთო ეროვნულ მაუწყებლობასთან გვაქვს საქმე, აჭარაშია. რაც შეეხება საეთერო დროს, ელექტრონული მედია ან სრული 24 საათის ან 12-16 საათის განმავლობაში მაუწყებლობს. აღსანიშნავია, რომ როგორც ტელეკომპანიების, ისე რადიოების ეთერის დიდი ნაწილი სხვა, დედაქალაქის, მაუწყებლების პროგრამებით ივსება. რეგიონული ელქტრონული მედიის საკუთარი საეთერო დრო საშუალოდ 2-5 საათია, რომლის განმავლობაშიც საინფორმაციო გამოშვება, შემეცნებით-ანალიტიკური და გასართობი გადაცემები, ფასიანი განცხადებები გადის. რეგიონულ ელექტრონულ მედიაში თანამედროვე ჟურნალისტიკის სტანდარტებთან მიახლოებითა და განვითარებით საქართველოს რადიო ქსელში გაწევრიანებული რამდენიმე რადიო გამოირჩევა. საკუთრების ფორმის მიხედვით, რეგიონებში არსებული ელექტრონული მედია, ძირითადად, კერძო საკუთრებაში იმყოფება. იშვიათია შემთხვევა, რომ დამფუძნებელთა შორის ადგილობრივი ხელისუფლება ფიგურირებდეს; რამდენიმე ელექტრონული მაუწყებლობა კი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე ფუნქციობენ (მაგალითად, სამეგრელოში).

ღირებულებითი თვალსაზრისით, კერძო სექტორის მედია უფრო ღია ჩანს ლიბერალური პრინციპების და ნორმების მიმართ, ვიდრე სამთავრობო, თუმცა, ამას საყოველთაო ხასიათი არ გააჩნია.

მთავარი დაბრკოლება ადგილობრივი მედიის განვითარების გზაზე ოპერატიულობის ნაკლებობაა. როგორც ბეჭდვით, ისე ელექტრონულ მედიას ტექნიკური თუ საკადრო რესურსის დეფიციტის გამო არ შეუძლია მოვლენების დროული და სრული სპექტრის გაშუქება (ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია დაბალი პერიოდულობისა და ტირაჟების ბეჭდვითი მედიისთვის). ამიტომაც, რეგიონის მოსახლეობა ინფორმაციას უპირატესად ცენტრალური პრესითა და მაუწყებლობით იღებს.

მედიის ეკონომიკური საფუძველი:

ეკონომიკური მდგრადობა რეგიონული მედიის უმწვავესი პრობლემაა. ადგილზე თითქმის არაა განვითარებული სარეკლამო ბაზარი, რომელიც მედიას ფინანსურად უზრუნველყოფდა. დიდ ქალაქებში და რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრებში სუსტად განვითარებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის კერძო და სახელმწიფო სექტორი ადგილობრივ გაზეთებს, ტელე- და რადიოკომპანიებს მცირე დაკვეთებს აძლევს, რაიონული ცენტრების მედია-ორგანიზაციები კი ამასაც მოკლებულია.

გამოდის, რომ დამოუკიდებელი მედიის გადარჩენის გზა ფინანსურად მომგებიან კავშირებში ჩაბმაა: ან მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა მიზნით წარმოებულ კოალიციურ და მედიის განვითარებაზე მიმართულ პროექტებსა და პროგრამებში, ან ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჯგუფებთან ითანამშრომლოს. რამდენიმე შემთხვევაში გაზეთს საკუთარი შემოსავალი აქვს დამატებითი ბიზნეს-საქმიანობების, მაგალითად, პოლიგრაფიული ან სხვა სახის სერვისის საფუძველზე.

ტექნიკური აღჭურვილობა და ინფრასტრუტურა:

რეგიონული მედიის ტექნიკური აღჭურვილობის დონეს განსაზღვრავს მოცემული ორგანიზაციის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია მრავალი ფაქტორით: იქნება ეს გეოგრაფიული ლოკაცია, თუ მოცემული მედია-ორგანიზაციის ჩართულობა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების მატარებელი ჯგუფების თუ საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელებში. რეალურად, ეს უკანასკნელი ასპექტი დიდ როლს თამაშობს მედიის ტექნიკური აღჭურვილობის პრობლემების მოგვარებაში. როგორც სიტუაციის ანალიზიდან ჩანს, ტექნიკური თვალსაზრისით, უკეთეს პირობებით საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარების მიმღები ორგანიზაციები გამოირჩევა.

მედიის სრულფასოვან ფუნქციობას მთელი რიგი ფაქტორები აბრკოლებს:

  • რეგიონებში ბეჭდვით მედიას თითქმის არ გააჩნია სტამბები, რის გამოც მეტწილად თბილისში უწევთ ბეჭდვა. ეს პრესის პერიოდულობას აქვეითებს. მართალია, სტამბები არის ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში (აქაურ სტამბას თავად ფოთის გაზეთებიც კი არ მიმართავენ), მაგრამ ახლომდებარე ქალაქების მედია ბეჭდვის ხარისხისა და ფასების მხრივ უპირატესობას მაინც თბილისის სტამბებს ანიჭებს;

  • ელექტრონული მედია-ორგანიზაციებისთვის სერიოზული პრობლემა ენერგოკრიზისია. შესაძლოა თავად ორგანიზაციას ელექტრომომარაგების პრობლემები არ ჰქონდეს ან გენერატორის საშუალებით მაუწყებლობის უზრუნველყოფა შეეძლოს, მაგრამ მომხმარებლისთვის თავისი პროდუქციის მიწოდება უჭირს;

  • პროდუქციის მიწოდება უჭირს ბეჭდვით მედიასაც. უწინდელი საქპრესისა და საფოსტო მომსახურების ქსელი აღარ მუშაობს. ამიტომ გაზეთების რედაქციებს დისტრიბუციის საკუთარ საშუალებებზე უწევთ ზრუნვა, ეს კი რაიონებში, განსაკუთრებით მთიან რაიონებში, სადაც სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურა მოშლილია, გაზეთების გავრცელებას დიდად აფერხებს;

  • ელეტრონული მედია-ორგანიზაციების მაუწყებლობას სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის ხელთ არსებული ანძებისა და გადამცემების ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს. ტელე- და რადიოკომპანიების სიგნალის გავრცელება ამ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტელე-რადიოცენტრის მომსახურების ანაზღაურების საფასურის დადგენა პარტნიორი ორგანიზაციების ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ხდება, ბევრ რეგიონულ მაუწყებელს ამ ორგანიზაციის დავალიანება აქვს, თუმცა, ამის საფუძველზე რომელიმე მათგანის მაუწყებლობის შეწყვეტის შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ზოგიერთი ტელეკომპანია ან რადიო საკუთარი ანძითა და გადამცემით მაუწყებლობს;

  • სიღნაღსა და ქუთაისში ქსელური რადიომაუწყებლობის პრაქტიკაც არის. ამ შემთხვევაში აუდიტორიის მასშტაბი და მაუწყებლობის ხარისხი ძველი საბჭოური პერიოდის გადამცემი ხაზების გამართულობის ხარისხზეა დამოკიდებული; ელექტრონული მედიის მომსახურების ინფრასტრუქტურაში პრობლემებს ხშირად სხვადასხვა ტელეკომპანიის სიგნალის მიერ ერთმანეთის გადაფარვაც ქმნის. ამის შემთხვევბი განსაკუთრებით ხშირია დასავლეთ საქართველოს დაბლობ ნაწილში, სადაც სამეგრელოს და იმერეთის ზოგიერთი რაიონული ტელე- და რადიოკომპანიის და დედაქალაქის მაუწყებლობათა სიხშირეები ერთმანეთს კვეთენ, რასაც არამარტო არასწორი გათვლა, არამედ აქაური რელიეფის გაშლილობაც უწყობს ხელს. ამ პრობლემების გამოსასწორებლად დღემდე აქტიურად მუშაობს საქართველოს კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისია და ადგილობრივი მაუწყებლების პრეტენზიები მთელ რიგ ადგილებში დღის წესრიგიდან მოიხსნა.

კვალიფიციური კადრების პრობლემა:

რეგიონული მედიის განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კვალიფიციური კადრებია. ამ თვალსაზრისითაც სიტუაცია მედია-ორგანიზაციებს შორის რეგიონების, რეგიონის ქალაქების და თავად ორგანიზაციების საკუთრების ფორმების მიხედვით დიდად განსხვავებულია.

პრობლემის სიმწვავე განსაკუთრებით იგრძნობა სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, სადაც ადგილობრივი ეკონომიკური და სოციალური პირობების გამო ვერ ხერხდება მედია-ორგანიზაციების კადრების შევსება ახალგაზრდებით. ჟურნალისტიკის სფეროში განათლებამიღებული ახალგაზრდები დედაქალაქში ან ადგილზე სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციაში ამჯობინებენ მუშაობას.

კვალიფიციური კადრები გარკვეულ კორელაციაშია ქალაქის ზომასთან, მის ინფრასტრუქტურასთან, იქ არსებულ მედიის ეკონომიკურ მდგრადობასთან. უფრო კვალიფიცირებული კადრები რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის და მსხვილი ინდუსტრიული ქალაქების მედია-ორგანიზაციებს ჰყავთ. წვრილ აგრარულ რაიონულ ცენტრებში ადგილობრივი მედია ძველი საბჭოური ჟურნალისტური ორგანიზაციების კადრებითაა დაკომპლექტებული.

სახელმწიფო მედიაში ჟურნალისტური კადრების უმეტესობა საშუალო ასაკს გადაცილებულია და მის გაახალგაზრდავებაზე, შესაბამისად, მუშაობის სტილის და ჟურნალისტიკის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე არ ფიქრობენ. კერძო სექტორში რედაქციები დიდ ყურადღებას აქცევენ ჟურნალისტების თუ რედაქციაში ტექნიკური და ადმინისტრაციული კადრების პროფესიონალიზმის დონის ზრდას. მედიის მესვეურები საუბრებში აღნიშნავენ, რომ მათთვის რთულია კარგი კადრების მოზიდვა, ასევე რთულია არსებული ადამიანური რესურსის შენარჩუნება და არსებული დონის ამაღლება. მედიას რეგიონებში დიდ დახმარებას უწევენ საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელები, რომლებიც ერთობლივ ღონისძიებებსა და ტრენინგებს ატარებენ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგნლებთან. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მედიის ერთ-ერთი თავისებურება კერძოსთან შედარებით ისიცაა, რომ აქ ადმინისტრაციული და ტექნიკური კადრები სჭარბობენ ჟურნალისტურს. იმ კერძო მედია-ორგანიზაციებშიც, რომლებშიც ანალოგიური სიტუაციაა, ჩვენი დაკვირვებით, მეტი პრობლემაა შინაარსობრივი და მარკეტინგული განვითარების თვალსაზრისით.

ადგილობრივი საბაზრო და ეონომიკური კონიუნქტურა მედია-ორგანიზაციებს საშუალებას არ აძლევს განავითაროს ისეთი მიმართულებები ორგანიზაციის შიგნით, როგორიცაა მარკეტინგის, რეკლამის და დისტრიბუციის მიმართულებით მომუშავე შიდა სტრუქტურები. რეგიონულ მედიაში ძალზედ ცოტამ თუ შეძლო ამ მხრივ სიახლეების დანერგვა და საკუთარი ორგანიზაციული მდგრადობის უზრუნველყოფა.

ჟურნალისტური გაერთიანებები:

რეგიონული მედია-ორგანიზაციები და ჟურნალისტები ხშირად ერთმანეთთან პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ. ასეთი თანამშრომლობის და პარტნიორული ქსელების აღმოცენება მეტწილად დასავლური დონორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ტრენინგებისა და კოალიციური პროექტების ფარგლებში ხდება; ასეთია, მაგალითად, რადიო თავისუფლების ეგიდით შექმნილი გაერთიანება საქართველოს რადიო ქსელი, რომელიც ხუთ რადიოს მოიცავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისური ტელეკომპანია რუსთავი2-ის ეგიდით კი ჩამოყალიბებულია საქართველოს დამოუკიდებელ ტელემაუწყებელთა ასოციაცია, რომლის მაგალითზეც ჩანს, რომ გაერთიანების ფარგლებში თანამშრომლობა საშუალებას აძლევს სუსტ ტელეკომპანიას, თავისი საეთერო დრო ძლიერი ტელეკომპანიის საეთერო სტრუქტურით შეავსოს, ხოლო ძლიერს - თავისი გადაცემების ტრანსლაცია განსაკუთრებული დანახარჯების გარეშე უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბეჭდვით მედიას, გაერთიანებების ფორმალური ქსელები თითქმის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ისეთ საერთო ეროვნულ გაერთიენებას, როგორიცაა საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, რომელშიც რეგიონული ბეჭდვითი მედიის ბევრი წარმომადგენელია გაერთიანებული. მსგავსი გაერთიანებები ორიენტირებულია გამოცდილების გაცვლასა და ინფორმაციის საერთო სივრცის შექმნაზე. სამცხე-ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაციის პროექტ პარალელის ფარგლებში გაერთიანებულია ადგილობრივი ტელეკომპანიების საერთო გადაცემები, რომლებსაც ქსელში ჩართული ყველა ორგანიზაცია გადასცემს.

ჟურნალისტურ გაერთიანებათა სიმცირე და მათ ფარგლებში საერთო მიმართულებების შეზღუდულობა რეგიონული მედიის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა მსგავსი გაერთიანებების შექმნასა და ფუნქციობაში ხელს შეუწყობდა ამ ხარვეზის დაძლევას.

მედია და უმცირესობები

საქართველოში მცხოვრებ უმცირესობათა პრობლემები რეგიონული მედიის მიერ ადეკვატურად არ აისახება. ამგვარ ჯგუფებად საქართველოს მედია, როგორც წესი, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მოიაზრებს, ხოლო სხვა სახის სუბკულტურული ერთობები, მედიის თემატიკაში საერთოდ არ ხვდება.

ეთნიკურ უმცირესობათა განსახლების რუკა, ძირითადად, ორი ეთნიკური ანკლავით - სამცხე-ჯავახეთითა და ქვემო ქართლითაა წარმოდგენილი. ამ რეგიონებში კომპაქტურად სახლობს სომხური და აზერბაიჯანული თემები. თუმცა, საქართველოს სხვადასხვა მხარეში ცხოვრობს იგივე აზერბაიჯანული და სომხური, ასევე ოსური, ბერძნული, აფხაზური, ჩეჩნური (იგივე ქისტები) თემები. თუკი ეთნიკური ჯგუფების განსახლების რუკა გეოგრაფიულ სიბრტყეში თავსდება, რელიგიური უმცირესობები სპონტანურად და კონფესიური კომპაქტურობის გარეშე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არიან განფენილნი. რეგიონული მედიის მიმართ სხვადასხვა სახის მოთხოვნაა. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ადგილობრივი მედიის დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე გამოიცემა ან მაუწყებლობს. ამიტომ აქ ჩნდება მოთხოვნები ინფორმაციის დაბალანსებულობაზე, მაღალი ხარისხის რეპორტაჟებზე და ა.შ. სხვა რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს მშობლიურ ენაზე წერისა და მაუწყებლობის პრობლემა აწუხებთ. რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, განსაკუთრებით, მათ, რომლებსაც, ეგრეთ წოდებული, ტრადიციული რელიგიების სტატუსი არ გააჩნიათ, მათი ინტერესები და პრობლემები რეგიონულ მედიაში არ აისახება. ამა თუ იმ კონფესიის მოხსენიება გაზეთების გვერდებზე ან სატელევიზიო თუ რადიოსიუჟეტებში, ჩვეულებრივ, ნეგატიურ კონტექსტში ხდება და აშკარა ექსტრემისტული ელფერი დაკრავს. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ რეგიონული მედიისთვის ტონის მიმცემი საქართველოს ცენტრალური მედია-ორგანიზაციებია. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა რეგიონული მედიის ყოველ წარმომადგენლს ახასიათებს. ზოგიერთი ბეჭდვითი და ელექტრონული მედია-ორგანიზაცია თანმიმდევრულად იცავს პოლიტიკურ კორექტულობასა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმებს, მათ შორის - უმცირესობების მიმართაც.

უმცირესობების პრობლემების გაშუქების კუთხით რეგიონულ მედიაში პროგრესი შესაძლებელი იქნება, თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივ მედიასთან უფრო ინტენსიურად ითანამშრომლებენ უმცირესობის პრობლემებზე მიმართული საინფორმაციო სივრცის შექსამნელად.

_____________________________

1 საქართველოს 11 რეგიონიდან კვლევები ჩატარდა 10 მხარეში (სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, იმერეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია, აჭარა). საქართველოს რეგიონული მედია-რუკა არ ასახავს მედიის მდგომარეობას საქართველოს დედაქალაქში.

2 საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება - პროექტის ფარგლებში გამოცემულ პირველ ანგარიშს საქართველოს მედია-რუკა ერქვა. იმის გათვალისწინებით, რომ კვლევა დედაქალაქის მედიას არ შეხებია, მოცემული კვლევის ამსახველ სრულ ვარიანტს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფის გადაწყვეტილებით საქართველოს რეგიონული მედია-რუკა ეწოდა.

3 აღნიშნული განსხვავებების ყოველი ასპექტის შესახებ დეტალური მსჯელობა თითოეული რეგიონის შესახებ დაწერილ თავში შეიძლება იხილოთ.

2 სამცხე-ჯავახეთი1

▲ზევით დაბრუნება


მოსახლეობა 2

სულ

ქართველი

სომეხი

რუსი

ოსი

დანარჩენი

სამცხე-
ჯავახეთი

207 598

89995

113347

2230

822

1204

ადიგენი

20752

19860

698

101

28

65

ასპინძა

13010

10671

2273

34

9

23

ახალქალაქი

60975

3214

57516

157

10

78

ახალციხე

46134

28473

16879

410

52

320

ბორჯომი

32422

27301

3124

585

719

693

ნინოწმინდა

34305

476

32857

943

4

25

ფართობი (კვ.კმ.)3

სამცხე-ჯავახეთი

6412,9

ადიგენი

799,5

ასპინძა

825,3

ახალქალაქი

1235

ახალციხე

1010,3

ბორჯომი

1189

ნინოწმინდა

1353,8

სამცხე-ჯავახეთის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 9,3%25 შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 4,75%25-ს4. სამცხე-ჯავახეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის თვალსაზრისით, რომელიც 0,48 შეადგენს, მერვე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე სამცხე-ჯავახეთში

სამცხე-ჯავახეთის რეგიონი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მხარედ მიიჩნევა. წლების მანძილზე ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიღმა დარჩენილი რეგიონი ადგილობრივი ბიუროკრატიისთვის კორუფციულ „სამოთხედ“ იქცა. რეგიონში (კერძოდ, მესხეთში) ხე-ტყის რესურსის დაგროვილმა მარაგმა რეგიონის ფინანსურ ელიტას და კორუმპირებულ ადმინისტრაციას (თბილისის მფარველობით) მისი უკონტროლო და უკანონო გაჩეხვის გზით გამდიდრების საშუალება მისცა. მზარდმა სოციალურმა განშრევებამ და საბჭოთა პერიოდში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მოშლამ მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფოსადმი უნდობლობა გამოიწვია, რაც ზრდის მათ ინტერესს ინფორმაციის სახელმწიფო წყაროების ალტერნატიული საშუალებების მიმართ, განსაკუთრებით - ადგილობრივ დონეზე. სწორედ ეს უნდა განაპირობებდეს რეგიონში მძლავრი დამოუკიდებელი მედიის არსებობას და მის მიმართ მოქალაქეთა ნდობას. მაგრამ ამ მხრივ რეგიონში გამოკვეთილი სურათი საზოგადოებრივ მოთხოვნას არ ემთხვევა. ამის მიზეზები შემდეგში მდგომარეობს:

  • რეგიონში სუსტადაა განვითარებული არასამთავრობო სექტორი, სივრცე, რომელშიც მოხდებოდა ალტერნატიული ინფორმაციის გენერირება და რომელიც შეძლებდა დამოუკიდებელი მედიის დაცვას ადგილობრივი ხელისუფლებისა და მასთან შეკრული ფინანსური ჯგუფების მხრიდან.

  • მოქალაქეთა დაბალი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს მედიის არაპროდუქტიულობას, ეს კი უბიძგებს მედიას, განსაკუთრებით ბეჭდვითს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.

  • არ არსებობს ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩამოაყალიბებდა სარეკლამო ბაზარს და შემოსავალს მისცემდა ადგილობრივ მედიას, რაც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი დაფინანსების წყარო იქნებოდა.

  • მედია ხშირად გამოიყენება ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ოპონირების იარაღად ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების ან ფინანსური ელიტის წარმომადგენლების მიერ. ამ შემთხვევაში ისინი ან „უკვეთენ“ საჭირო მასალას ან თავად არიან მედია-ორგანიზაციის მფლობელები. ამა თუ იმ მედია-ორგანიზაციის თვალშისაცემი მიკერძოებულობა საზოგადოებას უნდობლობით განაწყობს მედიის მიმართ.

  • იქმნება აზრი, რომ ადგილობრივი მედია აუცილებლად რომელიმე კონკრეტული პირის სამსახურშია და, რომ იგი კერძო ინტერესს გამოხატავს და არ შეუძლია „უბრალო ხალხის“ სიტყვა თქვას.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობაში ორი ეთნიკური ჯგუფი დომინირებს: ქართველები და სომხები. ეს ფაქტორი რეგიონის სპეციფიკურობას განაპირობებს. აღნიშნული ჯგუფები კომპაქტურად სახლობენ რეგიონის ორ ნაწილში და მხოლოდ ახალციხეა რაიონი, რომელშიც მათი განსახლება გარკვეულ თანაფარდობას ქმნის. ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის მოსახლეობა, ძირითადად, ქართულია. ახალციხეში ქართველებსა და სომხებს შორის პროცენტული პროპორცია 60/40-ზეა. ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობა, ძირითადად, სომხურია.

მსგავსი დემოგრაფიული სურათი განაპირობებს მედია-ორგანიზაციების ენობრივ დაყოფას რეგიონის რაიონების მიხედვით. ადიგენში, ასპინძაში და ბორჯომში მედია ქართულენოვანია. ახალციხის რაიონში აქამდე მედია მხოლოდ ქართულენოვანი იყო. ახლახანს დაარსდა გაზეთი სამხრეთის კარიბჭე, რომელიც ვრცელდება როგორც ქართულ, ისე სომხურ ენებზე (გაზეთის ქართულ ვარიანტს აკეთებს ახალციხის რედაქცია, ხოლო სომხურს - ახალქალაქის). ახალქალაქში და ნინოწმინდაში კი მედია, ძირითადად, სომხურენოვანია. მცირე მასალები ბეჭდვით გამოცემებსა და ელექტრონულ მედიაში გადის რუსულ ენაზე.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

მედია-ორგანიზაციების რაოდენობით ახალციხე გამოირჩევა. აქ სამი გაზეთი და ორი ტელეკომპანია ფუნქციობს. ახლახან ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის დახმარებით საქართველოში რეგიონული მედიის განვითარების და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ახალი გაზეთი სამხრეთის კარიბჭე5. ახალციხის ასეთი უპირატესობა სხვა ქალაქებთან შედარებით იმით აიხსნება, რომ იგი რეგიონის ცენტრი და ყველაზე მსხვილი ქალაქია სამცხე-ჯავახეთში.

ახალქალაქში ორი ტელეკომპანია და ერთი რადიო მუშაობს. ბეჭდვითი მედია წარმოდგენილია ერთი გაზეთით. ახალქალაქი რეგიონში გამოირჩევა იმითაც, რომ აქ ფუნქციობს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ა-ინფო, მაგრამ იგი არ თანამშრომლობს ადგილობრივ მედიასთან, მისი მომხმარებლები საქართველოს ფარგლებს გარეთ (სომხეთსა და ევროპის ქვეყნებში) არსებული სომხურენოვანი გამოცემები და ტელე-რადიოკომპანიებია. ეს განპირობებულია ადგილობრივი მედიის მუშაობის ხასიათითაც: ტელეკომპანიებსა და რადიოს არ გააჩნიათ ახალი ამბების ბლოკი, გაზეთებიც ადგილობრივ ამბებს, რომლებიც არაფორმალური არხებით უფრო ოპერატიულად ვრცელდება, არ აშუქებენ და უფრო პუბლიცისტურ ხასიათს ატარებენ. ასე რომ, საინფორმაციო სააგენტოს არსებობა ახალქალაქში არანაირად არ განაპირობებს ადგილობრივი მედიის განვითარებას.

ბორჯომში და ნინოწმინდაში მედია თითო გაზეთითა და თითო ტელეკომპანიითაა წარმოდგენილი.

ასპინძაში ორი გაზეთი გამოდის. იყო ტელევიზიის შექმნის მცდელობა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იგი ვერ ჩამოყალიბდა.

ადიგენი, მედიის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონის ყველაზე სუსტი რაიონია; აქ მხოლოდ ერთი გაზეთი გამოდის.

განსხვავებები რეგიონის ქალაქებს შორის მდგომარეობს არა მხოლოდ მედია-ორგანიზაციების რაოდენობის მიხედვით, არამედ მათი დამოუკიდებლობისა და მუშაობის მიმართულების მიხედვითაც. ბეჭდვითი მედიის თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით ახალციხეში დაფუძნებულ გაზეთ სამხრეთის კარიბჭეს, ქალაქებს შორის განსხვავება არაა. ისინი უმეტესწილად ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში რჩებიან, ანდა, თუკი იურიდიულად დამოუკიდებელნი არიან, სინამდვილეში, ხელისუფლების კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. უდავოდ, ეს ყველაფერი განსაზღვრვს ბეჭდვითი მედიის მუშაობის სტილს. რაც შეეხება ელექტრონულ მედიას, განსხვავებები თვალშისაცემია.

ახალციხეში ორი ტელევიზიაა. კონკურენციის თუნდაც მინიმალური დონე მათ აიძულებს იბრძოლონ მაყურებლისათვის და მომხმარებლის თვალში ავტორიტეტი შეიძინონ. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო ორიენტირებულნი არიან ახალ ამბებზე და ცდილობენ საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით იმოქმედონ. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ახალციხეში რეგიონის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, უფრო აქტიური არასამთავრობო სექტორია ჩამოყალიბებული, რომელიც თანამშრომლობს ტელევიზიებთან, როგორც საექსპერტო დონეზე, ისე მასალების მიწოდების თვალსაზრისითაც (მაგ., ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით).

მართალია, ახალქალაქშიც ორი ტელევიზიაა, მაგრამ ახალციხისაგან სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება. აქაურ ტელევიზიებს არ გააჩნიათ ორიენტაცია ადგილობრივ ამბებზე და ადგილობრივი პრობლემების ანალიტიკურ გაშუქებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციები მათთან თანმშრომლობენ, მათ შორის, ჟურნალისტთა და რედაქტორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლადაც, მაგრამ ამას ახალციხის მსგავსი ეფექტი ჯერ არ მოუცია. შესაბამისად, რთულია იმაზე საუბარი, თუ რა როლს თამაშობს ახალქალაქის ელექტრონული მედია რეგიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ბორჯომი, სადაც ერთადერთი ტელევიზიაა, შეიძლება ახალციხის მსგავსად განსაკუთრებულ შემთხვევად ჩაითვალოს ელექტრონული მედიის განვითარების თვალსაზრისით. ამის საფუძველს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ბორჯომის ტელევიზიის თანამშრომლობა იძლევა.

ბეჭდვითი მედია

მთელი რეგიონის მასშტაბით სულ შვიდი გაზეთი გამოდის; ამათგან ორი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის არაა. დანარჩენი ხუთის დამოუკიდებლობის ხარისხზე მსჯელობა რთულია. ისინი ან დღემდე გამგეობის მფლობელობაში რჩებიან ან ფორმალურად დამოუკიდებელნი არიან და რეალურად ისევ და ისევ გამგეობაზე არიან დამოკიდებულნი. ფორმალურად დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედიის საშუალებების დამოკიდებულება ადგილობრივ ხელისუფლებაზე ისევ და ისევ ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებითაა განპირობებული. გაზეთის რედაქცია, როგორც წესი, თვითგადარჩენის მიზნით „იძულებულია“ დახმარება სთხოვოს ხელისუფლებას და, შესაბამისად, შეასრულოს მისი დაკვეთა. დამოკიდებულების ეს ფორმა ნათლად გამოჩნდა გაზეთ ახალციხის რედაქციასთან დაკავშირებული ინციდენტითაც, როცა გაზეთის რედაქციამ გააშუქა კანონმდებლობის დარღვევით სტამბის შენობის გაყიდვის ფაქტი, ხოლო ხელისუფლებამ დაფინანსების შეწყვეტის მუქარით შეძლო გაზეთზე ზემოქმედება.

როგორც წესი, სამცხე-ჯავახეთში გამომავალი გაზეთების პერიოდულობა თვეში ერთი ნომრით შემოიფარგლება. ერთადერთი გამონაკლისი გაზეთი ბორჯომია, რომელიც კვირაში ერთხელ გამოდის. პერიოდულობის დაბალი სიხშირე გაზეთს ინფორმაციულ ხასიათს უკარგავს, შეუძლებელს ხდის მოქალაქეთა ინტერესის დაკმაყოფილებას მიმდინარე აქტუალური საკითხების მიმართ.

ტირაჟის სიმცირე გამოწვეულია რიგი ურთიერთდაკავშირებული პრობლემებით. გაზეთები „მიკედლებული“ არიან გამგეობებზე, რაც გამორიცხავს ფართო საზოგადოებრივი სპექტრის და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას. გაზეთები აქვეყნებენ გამგეობის განკარგულებებს, ახდენენ რაიონში მომხდარი ფაქტების კონსტატაციას (ჩვეულებრივ, უკვე მოძველებული ამბებისას), საქართველოს მასშტაბით მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს (ასევე მოძველებულს), პიროვნებებისადმი მიძღვნილ სტატიებს, მილოცვებს და გახსენებებს. ცხადია, ეს აისახება პოტენციურ მომხმარებელთა რაოდენობაზე: ადამიანებს არ უჩნდებათ სურვილი შეიძინონ გაზეთი, რომელშიც „საინტერესო და ახალი არაფერი წერია“6. ამიტომ, გაზეთის რედაქცია მიმართავს გამგეობას, რომ გაზეთი გამოაწერინოს ადგილობრივ ადმინისტრაციულ აპარატში დასაქმებულ პირებს. ეს განსაზღვრავს სტაბილურ მცირე ტირაჟს (ჩვეულებრივ, 500-იდან 700-მდე) და პერიოდულობას (ხელფასები სახელმწიფო სტრუქტურებში ყოველი თვის ბოლოს რიგდება).

ტირაჟსა და პერიოდულობაზე გავლენას ისიც ახდენს, რომ ადგილზე სტამბები არ მუშობს. გაზეთების აწყობა-დაკაბადონება (მცირე გამონაკლისების გარდა) და დაბეჭდვა ხდება თბილისში ან ერევანში. ეს, ერთი მხრივ, ზრდის გაზეთის თვითღირებულებას და, შესაბამისად, მის საცალო ღირებულებას (რაც აისახება როგორც მომხმარებელთა რაოდენობაზე, ისე ტირაჟზე) და, მეორე მხრივ, ზრდის გაზეთის წარმოებაზე დახარჯულ დროს (რაც ასევე გავლენას ახდენს პერიოდულობაზე).

ელექტრონული მედია

რაც შეეხება ელექტრონული მედიის საშუალებებს, მათი განვითარების დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე ბეჭდვითისა. რეგიონში ფუნქციობს შვიდი ტელე- და რადიოკომპანია. ყოველი მათგანი დამოუკიდებელია და კერძო მფლობელობაშია. აქვთ ფინანსურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, რაც გავლენას ახდენს მათი დამოუკიდებლობის ხარისხზე. ისინი მეტწილად გამგეობის ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ მოიაზრებიან (მაგალითად, ახალციხის ორ ტელეკომპანიათაგან ერთი „ახალ მემარჯვენეებთან“ ასოცირდება, მეორე კი „ნაციონალებთან“). მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელია ისეთი მედია-ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის გრანტის რეციპიენტია (ზოგჯერ მსგავსი ორგანიზაციების დამოუკიდებლობაზეც რთულია საუბარი).

სამცხე-ჯავახეთის ელექტრონული მედია-ორგანიზაციების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელიც მათი ფუნქციობის იურიდიულ მხარეებს შეეხება, ესაა მაუწყებლობაზე ლიცენზიის მოპოვების პრობლემა. რეგიონში მხოლოდ ორი მედია-ორგანიზაცია ფლობს ლიცენზიას მაუწყებლობაზე. ლიცენზიის არქონა ხშირად გავლენას ახდენს ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხზე. თუ ტელეკომპანია ხელისუფლებისათვის მიუღებელი სტილით და მიმართულებით იმუშავებს, ეს პრობლემა ზეწოლის იარაღად იქცევა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის.

რეგიონში არსებობს ელექტრონული მედია-ორგანიზაციების გაერთიანება, სამცხე-ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაცია, რომლის ფარგლებშიც რეგიონის ოთხი ტელეკომპანია თანამშრომლობს, ახდენს ინფორმაციის გაცვლას და აკეთებს ერთობლივ გადაცემას პარალელი (აღნიშნულ პროექტს აფინანსებს IREX).

ელექტრონული მედიისთვის ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემა საკუთარი ფინანსური სახსრების უქონლობაა, რაც რეგიონში სარეკლამო ბაზრის არარსებობას უკავშირდება (გამოსავალი თითქოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაა, მაგრამ ესეც დროებით წყვეტს ორგანიზაციის ფინანსურ თუ ტექნიკურ პრობლემებს). შემოსავლის მომცემი ერთადერთი ფასიანი მომსახურება ნეკროლოგებისა და მილოცვების ეთერით გადაცემაა. ამ მხრივ, ელექტრონული მედია კონკურენციას უწევს ბეჭდვითს, რადგან მის მიერ უფრო ოპერატიულად ხდება მსგავსი მომსახურების გაწევა. მიუხედავად ამისა, ამ გზით შემოსული თანხები საკმარისი არაა ტელევიზიის სრულყოფილად ფუნქციობისათვის.

მედია და ხელისუფლება

სამცხე-ჯავახეთში მედიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობას დაძაბულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, განსაკუთრებით - ვარდების რევოლუციის შემდეგ. ბეჭდვითი მედია არც რევოლუციამდე და არც მის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობებში „კონსტრუქციულობის“, ანუ მთავრობისთვის მისაღებ კრიტიკულობის ზღვარს იშვიათად თუ გადასცილებია. როგორც წესი, გაზეთები ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში რჩება ან ფორმალურად დამოუკიდებელია, მაგრამ ფინანსურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან „იკვებება“ ან გამგეობისგან უფასოდ იღებენ რედაქციისთვის საჭირო ფართს. მიუხედავად ამისა, იყო შემთხვევები, როცა უწყინარ სტატიასაც კი შეეძლო სამხარეო თუ რაიონული ადმინისტრაციის რისხვა დაემსახურებინა. ასე, მაგალითად, რეგიონალური გაზეთი სამცხე-ჯავახეთი დაიხურა იმ მიზეზით, რომ მაშინდელ გუბერნატორს გიგლა ბარამიძეს არ მოეწონა წინასაარჩევნო პერიოდში (1999 წელი) გაზეთში განთავსებული სტატია „ჰყავს თუ არა შევარდნაძეს ალტერნატივა“ და ისიც, რომ საქართველოს პატრიარქთან ინტერვიუს გამო გუბერნატორზე გამოქვეყნებულ მასალას და მის ფოტოს მცირე ადგილი ეკავა. ეს საკმარისი მიზეზი შეიქნა საიმისოდ, რომ გაზეთის აღნიშული ნომერი „დაეპატიმრებინათ“ (სტამბიდან ამოიღეს მთელი ტირაჟი). ამის შემდეგ, იმ მიზეზით, რომ სამხარეო ბიუჯეტს აღარ შეეძლო სამცხე-ჯავახეთის დაფინანსება, გაზეთი აღარ გამოსულა. სხვა შემთხვევებში ხდება რედაქციაზე ზეწოლა შენობის წართმევის, საიჯარო გადასახადის გაზრდის, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის მუქარის გზით.

რაც შეეხება ელექტრონულ მედიას, კრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უფრო ქართულენოვანი არხებით ისმის, ვიდრე სომხურენოვანით. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ ახალქალაქის და ნინოწმინდის ტელევიზიებს არ აქვთ ლიცენზიები მაუწყებლობაზე, რაც საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლებისათვის ზეწოლის იარაღად შეიძლება იქცეს. მაინც უნდა ითქვას, რომ ტელევიზიის პასიურობა მხოლოდ მისი ფუნქციობის იურიდიულ მხარეს არ უნდა მივაწეროთ. ახალციხის ერთ-ერთი ტელეკომპანია, რომელსაც დღემდე ლიცენზია არ ჰქონდა, თავს არ არიდებდა ხელისუფლებასთან დაპირისპირებას და მის მწვავე კრიტიკას. აღნიშნული ტელეკომპანია არ ერიდებოდა სკანდალური მასალის გაშუქებას ან კორუფციაში ჩაფლული საჯარო მოხელეების დასახელებას. მსგავს შემთხვევებში ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან გამოიხატებოდა იმით, რომ უუქმებედნენ გამგეობის სხდომებზე დასწრების აკრედიტაციას (უკეთეს შემთხვევაში), უთიშავდნენ გადამცემი საშუალებებისთვის ელექტროენერგიას და ტექნიკის დაზიანებასაც არ ერიდებოდნენ. ამ მხრივ, განსხვავება ორ ტელევიზიას შორის, რომლებსაც ლიცენზია არ აქვთ, და რომელთაგანაც ერთი ვერ ბედავს იყოს კრიტიკული, ხოლო მეორე ბედავს, უნდა დავინახოთ არა მათ შორის დამოუკიდებლობის ხარისხით განსხვავებაში, არამედ იმაში, რომ ახალციხეში არის აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც შეეძლოთ ტელევიზიას დახმარებოდნენ. გარდა ამისა, აღნიშნული ტელეკომპანიის უკან იდგა მაშინდელი მმართველი პარტიის (მოქალაქეთა კავშირი) ოპონენტი პარტია - ახალი მემარჯვენეები.

რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებასთან დამოკიდებულებაში საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. ძველი ხელისუფლების აქტიური ოპონენტი ტელევიზიების მეპატრონეები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებში მოხვდნენ, რამაც საგრძნობი ზეგავლენა იქონია ელექტრონული მედიის გარკვეული ნაწილის მუშაობაზე. ისინი, ადგილობრივი ექსპერტების განცხადებით, „თავს აღარ იწუხებენ“ რაიონის პრობლემების გაშუქებით და უფრო გამგეობის მუშაობის გაშუქებით არიან დაკავებული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ კრიტიკის გარკვეული დონე ამ ორგანიზაციებს მაინც შენარჩუნებული აქვთ.

რევოლუციის შემდგომი პერიოდის სამცხე-ჯავახეთის ელექტრონული მედიის „კეთილგანწყობა“ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ თავად მისი წარმომადგენლების მიერ შემდეგნაირად აიხსნება: „ისინი (ნაციონალური მოძრაობა) ახლახან მოვიდნენ ხელისუფლებაში“, „ჯერ ვაცალოთ და შემდეგ გავარკვიოთ ურთიერთობები“ და ასე შემდეგ.

მედია და საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე პრობლემებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის დონე სხვადასხვა რაიონში სხვადასხვაგვარია.

მესხეთში, სადაც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეთნიკურად ქართველები შეადგენენ, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია აქვთ საერთო რესპუბლიკურ პრობლემებზე და უკეთ შეუძლიათ იმსჯელონ მათ ირგვლივ, ვიდრე ადგილობრივ პრობლემებზე, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ უყურონ თბილისურ ტელეკომაპნიებს იმედ-ს და რუსთავი2-ს. ბორჯომში, ასპინძაში და ადიგენში, ბევრმა არც იცის, ადგილობრივი გაზეთი გამოდის თუ არა. სამაგიეროდ, დიდი მოთხოვნილებაა თბილისურ გაზეთებზე.

ჯავახეთში, მესხეთისგან განსხვავებით, ინფორმაცია, რომელზეც მოქალაქეთა მხრიდან მოთხოვნილება არსებობს, სხვა გეოგრაფიულ არეალს მოიცავს. ადგილობრივ მოსახლეობას უფრო ის აინტერესებს, რა ხდება სომხეთში, ვიდრე ის, თუ რა ხდება საქართველოში. ეს მრავალი მიზეზით არის განპირობებული: მოშლილია საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და რეგიონი იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან; წლების მანძილზე ჯავახეთში არ ხდებოდა თბილისის არხების ტრანსლაცია და ქართულენოვანი გაზეთების გავრცელება; ამ ხნის მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეეჩვია იმას, რომ იღებდა სომხური მაუწყებლობის გადაცემებს და სომხეთში დაბეჭდილ გაზეთებს; რეგიონული ადმინისტრაციის (ძირითადად, ეთნიკური ქართველებით დაკომპლექტებული) არაეფექტურმა მუშაობამ და მასში გამეფებულმა კორუფციამ, სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფოს მიმართ ნდობის ხარისხი დასცა; ამას თან ერთვის მეზობლად მდებარე სომხეთთან ემოციური და ნათესაური კავშირები. ბოლო დროს სიტუაცია იცვლება. ჯავახეთში მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანია იმედ-მა, ახალქალაქის ტელევიზია ეთერით უშვებს სომხურად თარგმნილ თბილისური არხების საინფორმაციო გამოშვებებს მოამბე-ს (I არხი) და კურიერ-ს (რუსთავი2). რეგიონული მასშტაბით წამოწყებული პროექტი გადაცემა პარალელი, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის ოთხი ტელეკომპანია ამზადებს, ქართული და სომხური მოსახლეობის ინტეგრაციას უწყობს ხელს. მოქალაქეები ხედავენ, რომ რეგიონის მოსახლეობას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ერთი და იგივე პრობლემები აქვს.

მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი პრობლემების შესახებ გაზეთები თავისი ტირაჟის და პერიოდულობის გამო ვერ ახერხებენ. ამ ამოცანას გარკვეულწილად ითავსებს ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც თავიანთ ბიულეტენებში არამარტო საკუთარ მუშაობას აშუქებენ და სამოქალაქო უფლებებს აცნობენ მოქალაქეებს, არამედ ადგილობრივ პრობლემებზეც წერენ.7

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ მედიას მეტი შესაძლებლობები აქვს იმისა, რომ იყოს მოქალაქეთა ინფორმირების ოპერატიული წყარო, დროულად გააშუქოს აქტუალური პრობლემები და დააკმაყოფილოს საზოგადოების ფართო სპექტრის განსხვავებული ინტერესები, ამ მოთხოვნებს ნაკლებად პასუხობს. მათ უმეტეს ნაწილს არ გააჩნია საკუთარი საინფორმაციო გამოშვებები, საავტორო ანალიტიკური და შემოქმედებითი გადაცემები. მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ძირითად წყაროს მაინც საქართველოს და სომხეთის ცენტრალური ტელეარხები წარმოადგენს, რომელთა რეტრანსლაციასაც თავად ადგილობრივი ტელევიზიები ახდენენ. ეს კი, რა თქმა უნდა, არაა გამოწვეული მხოლოდ მედია-ორგანიზაციაში დასაქმებული პერსონალის დაბალი კველიფიკაციით (ამ მხრივ მათთან აქტიურად თანამშრომლობს ინტერნიუსი), არამედ პირველ რიგში ფინანსური პრობლემებით, რაც ხელს უშლის ტელევიზიებს საავტორო გადაცემების გაკეთებაში.

სამცხე-ჯავახეთის როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული მედიისთვის დამახასიათებელია ადგილობრივი პრობლემებისადმი არაადეკვატური დამოკიდებულება, რაც განსაზღვრავს მომხმარებლის მხრიდან მათ მიმართ ნდობის დაბალ ხარისხს. საზოგადოებას ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების საკუთარი არხები აქვს: ჭორი და მოარული ხმა. საზოგადოების მსგავსი არხებით „თვითინფორმირების“ და რეგიონის მედიის მხრიდან 2004 წლის 11 აპრილს (მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაული) კუმურდოში პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძის ვიზიტის მიმართ ინდიფერენტულობის შედეგი იყო ამ ფაქტის შემდეგ წარმოქმნილი ქართველთა და სომეხთა შორის ურთირთდაპირისპირება8.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიუთითებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მედიის განვითარების სისუსტეზე და იმაზე, რომ რეგიონის საინფორმაციო სივრცე ათვისებული არაა.

ბორჯომი

გაზეთი ბორჯომი

გაზეთი ბორჯომი 1931 წელს დაფუძნებული კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. 1991 წელს გაზეთი პრეფექტურის ორგანოდ ჩამოყალიბდა და სახელმწიფოს საკუთრებაში 1992 წლამდე რჩებოდა. 1992 წელს საქართველოში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ხელისუფლების ძალადობრივმა ცვლილებამ და ამასთან დაკავშირებით რაიონში შექმნილმა ადმინისტრაციულმა ვაკუუმმა, რამაც განაპირობა გაზეთის დაფინანსების შეწყვეტა, კოლექტივი „იძულებული“ გახადა დამოუკიდებელი გამხდარიყო. ამ დროიდან გაზეთი ბორჯომი ფუნქციობს როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და მისი დამფუძნებელი ჟურნალისტთა კოლექტივია.

გაზეთის დაფინანსების ძირითადი წყარო ხელმოწერებით შემოსული თანხებია. გაზეთს სულ 1600 ხელმომწერი ჰყავს. წლიური ხელმოწერა 10 ლარია. გარდა ამისა, გაზეთთან ფუნქციონირებს შპს პრესა, რომელიც რაიონული ორგანიზაციების დაკვეთით ბეჭდავს სხვადასხვა სახის ფორმას. შპს პრესა-დან მიღებული შემოსავლის ნაწილი გაზეთს ხმარდება. გაზეთი არცთუ უმნიშვნელო დახმარებას იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც. გამგეობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაზეთი ბორჯომი აშუქებს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას (გამგეობის სხდომები, დადგენილებები, განკარგულებები), რაც შესაბამის ფინანსურ ვალდებულებას აკისრებს ამ უკანასკნელს (600-1000 ლარი კვარტალში). ამასთან, რაიონულ ბიუჯეტში ჩადებულია მას-მედიის მომსახურების თანხა 15000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის 50%25 ერიცხება გაზეთ ბორჯომს. შემოსავლის წყაროა ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხებიც, რომელთა ძირითად ნაწილს ნეკროლოგები და მილოცვები წარმოადგენს და მხოლოდ უმნიშვნელო წილი უჭირავს კომერციულ რეკლამას. ფასიანი განცხადებების ფასი 5-იდან 10 ლარამდე მერყეობს და გაზეთს წელიწადში ხუთ-ექვს ათასამდე ლარის შემოსავალს აძლევს.

გაზეთ ბორჯომის სტაბილური ფინანსური მდგომარეობა მისი ამჟამინდელი რედაქტორის ვალერიან ლომიძის დამსახურებაა, რომელსაც კარგი ურთიერთობები აქვს როგორც გამგეობასთან, ისე ადგილობრივ ბიზნეს-წრეებთან. ეს შესაბამის ასახვას პოვებს გაზეთის მუშაობის სტილზე. მასში ნაკლებადაა მოცემული მწვავე კრიტიკული მასალები, დიდი ადგილი ეთმობა კონკრეტული პიროვნებებისადმი მიძღვნილ სტატიებს. ახალ ამბებს ერთი გვერდი უკავია, მაგრამ იმის გამო, რომ გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდის, აქტუალობას მოკლებულია. დიდი ყურადღება ეთმობა გამგეობის ბრძოლას ხე-ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ყურადღება ეთმობა მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწულებს და მნიშვნელოვან თარიღებს, რასაც ვერ ვიტყვით სხვა კონფესიების დღესასწაულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირია ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები, გაზეთი მათ ყურადღებას არ უთმობს.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა 1 კომპიუტერით, 1 სკანერით, 1 პრინტერით და 1 ფოტოაპარატით შემოიფარგლება, რომლებიც, გაზეთის რედაქტორის თქმით, მეგობარმა სპონსორებმა გადასცეს. გაზეთმა ბორჯომმა რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა ფონდ ევრაზიისა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, მაგრამ არც ერთი გრანტის მფლობელი არ გამხდარა.

გაზეთი ბორჯომი A2 ფორმატისაა, ექვსგვერდიანია. ტექსტი იკრიფება და კაბადონდება ქალაქ ბორჯომში, იბეჭდება თბილისში. გაზეთის პერიოდულობა სტაბილურია - გამოდის კვირაში ერთხელ. გაზეთის ტირაჟი ხელმომწერთა რაოდენობას არ აღემატება, მხოლოდ ზედმეტი 20 ეგზემპლარი იბეჭდება საცალო გაყიდვისათვის (საცალო გაყიდვაში ფასი 30 თეთრია). შესაბამისად, გაზეთის ტირაჟი 1620 ეგზემპლარს შეადგენს. გაზეთის კოლექტივი თვითონ ზრუნავს დისტრიბუციაზე. რაიონის სოფლები დაყოფილი აქვთ კონკრეტული პიროვნებების პასუხისმგებლობის ზონებად, რომლებშიც ისინი ვალდებულნი არიან გაზეთი დაარიგონ.

გაზეთის ჰყავს 15 თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, 7 ჟურნალისტი, 3 ოპერატორი, 2 კორექტორი. გარდა ამისა, ჰყავთ მოხალისე კორესპონდენტები რაიონის რამდენიმე სოფელში.

გაზეთ ბორჯომის კოლექტივი არაპერიოდულად (საიუბილეო თარიღები, დაკვეთა ან განსაკუთრებული შემთხვევები) უშვებს გაზეთის სასკოლო დამატებას ცისარტყელას (ტირაჟი 800-1000 ეგზემპლარი, A2 ფორმატი, 4 გვერდი) და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაკვეთით - ეროვნული პარკის გაზეთს (ტირაჟი 500, A2 ფორმატი, 4 გვერდი).

ტელეკომპანია ბორჯომი TV

ტელეკომპანიამ ბორჯომი TV ფუნქციონირება 1995 წელს დაიწყო. მას იმთავითვე შეექმნა პრობლემები რაიონში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან („მხედრიონი“), რომლებიც მასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობდნენ. 1997 წელს ტელეკომპანია ჩამოყალიბდა როგორც კომერციული სტრუქტურა. მას სამი დამფუძნებელი ჰყავს 33%25-იანი მონაწილეობით და სახელმწიფო წილის გარეშე.

ტელეკომპანია ძირითადად ორიენტირებულია საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებზე. ამ მიმართულების დანერგვაში ბორჯომი TV-ის ფინანსურად და ტექნიკურად დაეხმარა 1999 წელს ფონდ ევრაზიის გრანტი, ასევე დიდად ეხმარება ინტერნიუსი საინფორმაციო გამოშვებების მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლებაში (ტრენინგები ჟურნალისტებისათვის, ოპერატორებისა და რედაქტორებისათვის). ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობების შედეგად გადამზადებული კადრების საშუალებით ბორჯომი TV ამზადებს საკუთარ საინფორმაციო-ანალიტიკურ გამოშვებებს და ტოქ-შოუებს. ტელეკომპანია ტოკ-შოუებს პირდაპირ ეთერში უშვებს, აქვს სტუდიასთან პირდაპირი სატელეფონო ხაზის საშუალება, რაც ხელს უწყობს მაყურებელთა დაინტერესებას და ტელეკომპანიის ავტორიტეტის ამაღლებას. ტელეკომპანიის ეთერით გადაიცემა ორი ტოკ-შოუ (პოლიტიკური დებატები), თემა და ფორუმი, რომელთა გადაცემაც, ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, მაგრამ სხვა განსაკუთრებით აქტუალური პრობლემების ან მოვლენების შემთხვევებშიც ხერხდება მათი მომზადება. ამ გადაცემების ფარგლებში ტელეკომპანია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს, ისინი ყოველდღე საეთერო ბადის 30 წუთს იკავებენ, საღამოს 20.30 საათიდან 21 საათამდე. დანარჩენ დროს რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლირება წარმოებს.

სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის სხვა ტელეკომპანიებთან (ტელე-რადიოკომპანია ფარვანა - ნინოწმინდა; ტელეკომპანია მეცხრე არხი/იმპერია - ახალციხე; ტელეკომპანია ატვ12 - ახალქალაქი; ტელეკომპანია დია - ხაშური) ერთად ბორჯომი TV-მ ჩამოაყალიბა სამცხე-ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაცია. ასოციაციამ, რომელსაც ამჟამად ხელმძღანელობს ბორჯომი TV, შექმნა პროექტი პარალელი, რომელიც გულისხმობს პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი გადაცემის გაკეთებას. პროექტი პარალელი ხორციელდება IREX-ის დაფინანსებით. პროექტის განხორციელებაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციების არარსებობა, მასალების გაცვლა ტელეკომპანიებს შორის ხდება ვიდეოკასეტებით. მონაწილე მხარეებს სურთ სარელეო ხაზის ამოქმედება, რაც გააადვილებდა მასალების გაცვლას და სატელევიზიო გადაცემას უფრო ოპერატიულს გახდიდა. ამჟამად გადაცემა პარალელი გადის მხოლოდ კვირაში ორჯერ (სამშაბათს და პარასკევს).

ტელეკომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს დონორი ორგანზაციებისაგან მიღებული გრანტები წარმოადგენს. ტელეკომპანიას, გაზეთის მსგავსად, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული გამგეობასთან, რომლის თანახმადაც აშუქებს მის მუშაობას შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ. გარდა ამისა, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩადებულია მას-მედიის მომსახურების თანხა 15000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის 50%25 ბორჯომი TV-ს ერიცხება. მცირე შემოსავალი მოაქვს ფასიან განცხადებებს, მეტწილად - ნეკროლოგებსა და მილოცვებს. კომერციული რეკლამა თითქმის არაა.

ბორჯომი TV-ს გააჩნია DVD სამონტაჟო მაგიდა და SUPER VHS 2 ვიდეოკამერა, 2 კომპიუტერი, 1 პრინტერი, 1 სკანერი. ესაა ტექნიკა, რომლის გამოყენებაც ამჟამად შესაძლებელია. ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად ბორჯომი TV-ის აპარატურის დიდი ნაწილი გამოსულია ექსპლუატაციიდან.

ბორჯომი TV-ს ჰყავს 12 თანამშრომელი: დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, ბუხჰალტერი, მემონტაჟე, 4 ჟურნალისტი და 4 ოპერატორი.

ახალციხე

გაზეთი ახალციხე

გაზეთი გამოდის 1993 წლიდან. იგი დაფუძნდა როგორც კერძო გაზეთი, მაგრამ გაზეთის შესანარჩუნებლად გაზეთის რედაქცია თანამშრომლობს რაიონის გამგეობასთან. დღეისათვის გაზეთის ფუნქციობა მთლიანად დამოკიდებულია რაიონული ბიუჯეტიდან სუბსიდირებაზე. ფინანსური დამოკიდებულება რაიონის გამგეობაზე თავისთავად გავლენას ახდენს გაზეთის მუშაობის სტილზე. გაზეთი თავს არიდებს კრიტიკული მასალის გამოქვეყნებას და ორიენტირებულია უფრო რაიონის გამოჩენილი მოღვაწეებისადმი მიძღვნილ სტატიებზე და ადგილობრივ ტელეკომპანიებში გასული სიუჟეტების კომენტირებაზე (არცთუ ხშირად). მიუხედავად იმისა, რომ რაიონის გამგეობა ფინანსურად ეხმარება გაზეთ ახალციხეს, ეს დახმარება იმდენად მწირია, რომ გაზეთი თვეში მხოლოდ ერთხელ გამოდის (რაიონის ბიუჯეტში შექმნილი პრობლემების გამო ხშირად ეს პერიოდულობაც ირღვევა). დაბალი პერიოდულობის გამო აქცენტი კეთდება მოცემული მომენტისათვის ჯერ კიდევ აქტუალურ ინფორმაციაზე, ადგილობრივი ხელისუფლების დადგენილებებსა და განკარგულებებზე.

გაზეთი ახალციხე არანაირ ტექნიკურ ბაზას არ ფლობს. მისი აკრეფა, აწყობა და დაბეჭდვა ხდება თბილისში. იბეჭდება A2 ფორმატის ქაღალდზე. გაზეთი რვაგვერდიანია. ტირაჟი 700 ცალია (ძირითადად ვრცელდება ხელმომწერებზე ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურებიდან). საცალო გაყიდვაში გაზეთის ფასი 50 თეთრია (თუმცა, გაზეთის რედაქტორის თქმით, გაზეთის დაბეჭდვის ხარჯები ერთ ეგზემპლარზე 1 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს).

გაზეთ ახალციხეს ჰყავს 8 თანამშრომელი: მთავარი რედაქტორი, 2 რედაქტორი, 2 ჟურნალისტი, ბუხჰალტერი, გაზეთის დამტარებელი და დამლაგებელი.

გაზეთი მესხეთის უნივერსიტეტი

გაზეთი დაარსდა 1990 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის დაარსებისთანავე და დღემდე გამოდის როგორც თსუ ახალციხის ფილიალის პერიოდული გამოცემა. გაზეთის დაფინანსება ხდება უნივერსიტეტის ხარჯებით, ამიტომ იგი მთლიანად ორიენტირებულია საუნივერსიტეტო ცხოვრების გაშუქებაზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობს რეგიონის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. გაზეთი სიმბოლურად ეხმაურება რიგ სოციალურ-პოლიტიკურ ღონისძიებებს, რომლებშიც ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. მაგალითად, გაზეთის გვერდებზე გაშუქდა აჭარის სტუდენტობისადმი მიძღვნილი სოლიდარობის სტუდენტური აქციები. გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს თსუ ახალციხის ფილიალის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და სტუმრებს. მისაღები გამოცდების წინ აქვეყნებენ საგამოცდო საკითხებსა და ტესტებს, დროდადრო ბეჭდავენ ფაკულეტეტების სასწავლო პროგრამებს. გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტთა ცხოვრებას, განსაკუთრებით - ხელოვანი ახალგაზრდების შემოქმედებას და წარმატებებს.

გაზეთის დაფინანსების სხვა წყაროს ხელმოწერებისგან შემოსული თანხაც წარმოადგენს. მესხეთის უნივერსიტეტს 700-მდე ხელმომწერი ჰყავს - ძირითადად, უნივერსიტეტის კოლექტივი და სტუდენტები. ამიტომ გაზეთი მხოლოდ უნივერსიტეტის ფარგლებში ვრცელდება. გაზეთი გამოდის 1000-ეგზემპლარიანი ტირაჟით და რიგდება ხელმომწერებზე. ტირაჟის დანარჩენი ნაწილი მიდის საცალო გაყიდვაში ან უფასოდ ურიგდებათ უნივერსიტეტის სტუდენტებს. გაზეთის აწყობა ხდება უნივერსიტეტთან არსებულ კომპიუტერულ ცენტრში, დაკაბადონება და დაბეჭდვა კი - თბილისში. გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ, იბეჭდება A2 ფორმატის ქაღალდზე, რვაგვერდიანია და მისი საცალო ღირებულება 40 თეთრია. გაზეთს ჰყავს ერთი საშტატო თანამშრომელი - თავად გაზეთის რედაქტორი, რომელსაც საგაზეთო მასალებს ენთუზიასტი სტუდენტები და უნივერსიტეტის მასწავლებლები აწვდიან.

ტელეკომპანია ლომსია

ტელეკომაპანია დაარსდა 1996 წელს ოთხი კერძო პირის მიერ. ტელეკომპანიას აქვს 24-საათიანი ეთერი, მაგრამ საკუთარი გადაცემებით ვერ ავსებს და აწარმოებს რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლირებას. ტელეკომპანიის საკუთარი გადაცემები გადის საღამოს 19.00 საათიდან 20.00 საათამდე და 22.00-იდან 23.00 საათამდე (საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემები). ტელეკომპანია ერთ-ერთი იყო ორ ელექტრონულ მედია-ორგანიზაციათაგან მთელ რეგიონში (ბორჯომი TV და ლომსია) რომელსაც მაუწყებლობაზე ლიცენზია ჰქონდა, მაგრამ ამა წლის ზაფხულში საქართველოს სიხშირეთა ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ტელეკომპანიას ლიცენზია გაუუქმა.

მართალია, ტელეკომპანია ახალციხეში ფუნქციობს და რაიონის მასშტაბით მაუწყებლობს, იგი ცდილობს მაყურებელს მიაწოდოს ინფორმაცია არა მარტო ახალციხის რაიონის ცხოვრების შესახებ, არამედ გააშუქოს მთელი რეგიონის აქტუალური პრობლემები. კერძოდ, ტელეკომპანიის ეთერით დიდი ყურადღება დაეთმო ახალქალაქის და ნინოწმინდის საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, სასმელი წყლის საკითხს ასპინძის რაიონში. სისტემატიურად შუქდება ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული საკითხები ადიგენის რაიონში.

რევოლუციამდე ტელეკომპანია ლომსია-ს ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკული პოზიცია ეკავა, რასაც მოჰყვა ის, რომ გამგეობამ აუკრძალა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს გამგეობის შეხვედრებსა და თათბირებზე დასწრება. დღეს ტელეკომპანია ნაკლებ კრიტიკულ სიუჟეტებს ამზადებს, რასაც მისი მესვეურები იმით ხსნიან, რომ ახალი ხელისუფლება მხოლოდ ახლა იწყებს მუშაობას. საკმაოდ აქტიურად შუქდება ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა.

ტელეკომპანია თანამშრომლობს ახალციხეში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ესენია: დემოკრატ მესხთა კავშირი, სამყარო, ყოფილი პოლიტიკური პატიმრები ადამიანის უფლებებისათვის, საია.

ტექნიკური აღჭურვილობიდან ტელეკომპანიას აქვს ერთი პირდაპირი ჩართვის აპარატი, 6 ვიდეო კამერა - 3 ციფრული და 3 VHS, 4 კომპიუტერი (მასალების მონტაჟი კომპიუტერით ხდება).

ტელეკომპანიას ჰყავს 19 თანამშრომელი: აღმასრულებელი დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, საინფორმაციოს ხელმძღვანელი, 7 ჟურნალისტი, 5 ოპერატორი, 2 წამყვანი, 2 მემონტაჟე.

ტელეკომპანია მე-9 არხი/იმპერია

ტელეკომპანია დაარსდა 1996 წელს, მაგრამ მაუწყებლობა დაიწყო 1998 წელს. ჰყავს ორი დამფუძნებელი (67%25 და 33%25-იანი მონაწილეობით). ტელეკომპანია მაუწყებლობს სამ რაიონში საკუთრივ ახალციხეში, ადიგენსა და ასპინძაში. ძირითადად ხდება რუსეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემების რეტრანსლაცია და გარკვეულ შუალედებში ერთვება თავად მე-9 არხის გადაცემები: ორშაბათს დილის 9.00 საათზე - პროგრამა დილა მშვიდობისა, 10.00 საათზე - კვირის ანალიტიკური გადაცემა, 11.00 საათზე - საბავშვო გადაცემა ვარსკვლავები, საღამოს 21.30 საათზე - საქართველოს ცენტრალური ტელევიზიის მიერ მომზადებული სომხურენოვანი მოამბე, 22.00 საათზე - საინფორმაციო გამოშვება ექო; სამშაბათს და პარასკევს: დილის 10.00 საათზე - საინფორმაციო გამოშვება ექო განმეორებით, საღამოს 22.00 საათზე - საინფორმაციო გამოშვება ექო და გადაცემა პარალელი (ერთობლივი პროექტი: ტკ ფარვანა - ნინოწმინდა, ტკ ბორჯომი TV - ბორჯომი, ტკ. ატვ 12 - ახალქალაქი და ტკ მე-9 არხი/იმპერია - ახალციხე). ოთხშაბათს და ხუთშაბათს: საინფორმაციო გამოშვება ექო დილის 10.00 საათსა და საღამოს 22.00 საათზე, ხანდახან ემატება გადაცემა საქმიანი ადამიანები; შაბათს: 22.00 საათზე პოლიტიკური დებატები, კვირას: საღამოს 22.00 საათზე - კვირის ანალიტიკური გადაცემა.

მე-9 არხი/იმპერია რევოლუციამდე აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციასთან დემოკრატ მესხთა კავშირი. ამ უკანასკნელთან ერთად მოამზადა გადაცემა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ეთერით გადაიცა ფარული კამერით გადაღებული მასალები, რაც ააშკარავებდა ამგვარ საქმიანობაში ჩართულ პირებს (მათ შორის სახელისუფლებო სტრუქტურებიდან და, განსაკუთრებით - პოლიციიდან). დაუმონტაჟებლად და უკომენტაროდ გაუშვეს ახალციხის რაიონის გამგებელსა და ქალაქის მერს შორის მომხდარი ჩხუბის ამსახველი კადრები. ამას მოჰყვა ზეწოლა ტელეკომპანიაზე, რაც გამოიხატა როგორც მუქარებში, ისე გამგეობაში ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმებაში. ფიზიკურ ზეწოლამდე საქმე არ მისულა, რასაც ტელეკომპანიის მესვეურები იმით ხსნიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეეშინდა საქართველოს ტელერადიომაუწყებელთა ქსელის, რომელშიც ქვეყნის რეგიონულ ტელე-კომპანიათა გარდა გაერთიანებული არიან თბილისის ისეთი გავლენიანი ტელეკომპანიები, როგორიცაა რუსთავი2.

ტელეკომპანია ყურადღებას უთმობს რელიგიურ ჯგუფებსაც, ძირითადად - მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და გრიგორიანულ კონფესიებს.

მე-9 არხი/იმპერიას შემოსავლის 70%25-ს ფასიანი განცხადებებიდან (ნეკროლოგები, მილოცვები) შემოსული თანხები შეადგენს. მას ასევე დიდ დახმარებას უწევენ დამფუძნებლები.

ტელეკომპანია დღემდე ულიცენზიოდ მაუწყებლობდა, მაგრამ ახლახან მიიღო მაუწყებლობაზე ლიცენზია 8 წლის ვადით (2004-დან 2012 წლამდე).

ტექნიკური აღჭურვილობა ასე გამოიყურება: 1 ციფრული ვიდეოკამერა, 1 Panasonic Super VHS და 2 VHS ვიდეოკამერა, 15 ვიდეომაგნიტოფონი და 1 კომპიუტერი. სამონტაჟო მაგიდა ტელეკომპანიას არ გააჩნია, რის გამოც მასალის მონტაჟი ვიდეომაგნიტოფონების საშუალებით ხდება.

ტელეკომპანია მე-9 არხი/იმპერიას ჰყავს 21 თანამშრომელი: აღმასრულებელი დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, საინფორმაციო განყოფილების გამგე, 3 სარეკლამო აგენტი, 5 ჟურნალისტი, 4 ოპერატორი, 3 წამყვანი, 3 ეთერის მორიგე.

ახალქალაქი

გაზეთი აკუნქი

გაზეთ აკუნქს (საწყისი) გამოსცემს ასოციაცია აკუნქი 2002 წლიდან. გაზეთი რეგისტრირებული არაა, რაც მის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან შეუძლებელი ხდება მისი გამოწერა და საქპრესის სადისტრიბუციო ქსელში გაშვება. მისი არსებობა მთლიანად დამოკიდებულია ასოციაციის წევრთა პირად შემოწირულობებზე. სახელფასო ფონდი გაზეთს არ გააჩნია. პიროვნებები, რომლებიც მასში არიან დასაქმებულნი, ენთუზიაზმის საფუძველზე მუშაობენ.

გაზეთი ორიენტირებულია ჯავახეთის სომხური მოსახლეობის სოციალური და კულტურული ცხოვრების გაშუქებაზე. იგი საშუალებას აძლევს ადგილობრივ ინტელიგენციას, გამოაქვეყნოს მასალები რეგიონის ისტორიაზე, იმსჯელოს მხარის მომავალზე. გაზეთი ასევე საშუალებას აძლევს ადგილობრივ მწერლებს თავიანთი შემოქმედება გააცნონ მკითხველს. გაზეთი ყურადღებას უთმობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას რეგიონში და განსაკუთრებით სომხურენოვანი მოსახლეობის მიმართ მის დამოკიდებულებას.

2003 წლის ნოემბრის არჩევნების პერიოდში გაზეთი ანაზღაურების გარეშე აშუქებდა პოლიტიკური ძალების ერთობისა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიებს. გაზეთის რედაქტორის თქმით, იმის საფუძველზე, თუ ვისი ინტერესები და გეგმები შეესაბამებოდა ჯავახეთის ინტერსებს, მან თავად განსაზღვრა, ვისთან ეთანმშრომლა და გაზეთში მასალების განთავსებაზე უარი უთხრა სხვა პარტიებს. 2004 წლის საპრეზიდენტო და განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე აკუნქმა საერთოდ უარი თქვა რომელიმე პოლიტიკური ძალისათვის დახმარებაზე.

გაზეთ აკუნქის ერთგვარ წინამორბედს წარმოადგენდა ასოციაცია აკუნქის მონაწილობით ნინოწმინდაში 2001 წელს დაარსებული გაზეთი ლერნ აშხარ (მთიანეთი), რომელიც ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა (მხოლოდ 7 ნომრის გამოცემა მოხერხდა).

გაზეთი იწყობა, კაბადონდება და იბეჭდება ერევანში. იბეჭდება A2 ფორმატის ქაღალდზე და ოთხგვერდიანია. გამოდის თვეში ერთხელ. ტირაჟი 1000-იდან 2000-მდე მერყეობს (მაქსიმუმს 2003 წლის ნოემბრის არჩევნების დროს მიაღწია). გაზეთი არ იყიდება და მოსახლეობაში უფასოდ ვრცელდება.

გაზეთის მუშაობაში ჩართულია ასოციაცია აკუნქის პერსონალი, სულ - 35 ადამიანი, მაგრამ ამათგან მხოლოდ 7 პიროვნებაა გაზეთზე უშუალოდ პასუხისმგებელი, დანარჩენები პირადი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით გაზეთისათვის მასალას მოიძიებენ. სარედქციო კოლექტივი სტრუქტურირებული არაა. გამოკვეთილია მხოლოდ რედაქტორისა და ტექსტის ამკრეფის ფუნქციები.

ტელეკომპანია ჯავახქი/არეგი

ტელეკომპანია დაარსდა 1990 წელს კერძო პირის მიერ 100%25-იანი საკუთრებით. თავდაპირველად ახდენდა მხოლოდ სომხეთის ცენტრალური ტელევიზიის რეტრანსლირებას. თანდათან ჯავახქი/არეგი კომერციული საკაბელო ტელევიზიის პროფილით განვითარდა და საკუთარი გადაცემების შექმნა არ უცდია. საკუთარ გადაცემებს უშვებს ყოველდღე საღამოს 19.00-20.00 საათებში, 10-15 წუთი უჭირავს საინფორმაციო ბლოკს, დანარჩენი დრო - ფასიან განცხადებებს (ძირითადად - ნეკროლოგებსა და მილოცვებს). კომერციული რეკლამა ჯავახქი/არეგის ეთერში არ გადის. უშვებდნენ ლუდის რეკლამას, მაგრამ მალე დამკვეთებმა სთხოვეს შეეწყვიტათ მისი გაშვება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მწარმობელის შევიწროვება დაიწყეს.

ამჟამად ჯავახქი/არეგი ემსახურება 250 აბონენტს და აწვდის მათ 12 არხს. ფიქრობენ კიდევ 6 არხის დამატებას. სააბონენტო გადასახადი 10 ლარს შეადგენს და ტელეკომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროსაც ეს წარმოადგენს.

ჯავახქი/არეგს დღემდე არ აქვს ლიცენზია მაუწყებლობაზე. რაც განაპირობებს მის ლოიალურ დამოკიდებულებას ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. ტელეკომპანიას არ აქვს სურვილი გაზარდოს საინფორმაციო ბლოკის ფორმატი და შეცვალოს მისი კონცეფცია, რაც იმის შიშით აიხსნება, რომ ხელისუფლება იოლად შეძლებს არასასურველი ოპონენტის დაჩაგვრას.

ჯავახქი/არეგი თანამშრომლობს ოზურგეთის ტელევიზია მადი-სთან, რომელიც მას ტექნიკური აღჭურვილობით დაეხმარა. იგეგმება მჭიდრო თანამშრომლობა ნინოწმინდის ტელეკომპანია ფარვანასთან, რაც ერთობლივი სიუჟეტების მომზადებაში და ორ რაიონულ ტელესტუდიას შორის ტელეხიდებში გამოიხატება.

ტექნიკური აღჭურვილობიდან ტელეკომპანიას აქვს საკუთარი ანძა, რადიო გადამცემი ცენტრი, თვითნაკეთი სამონტაჟო მაგიდა, სამი ვიდეომაგნიტოფონი, ერთი კამერა.

ტელეკომპანიას ჰყავს სამი თანამშრომელი: დირექტორი, ერთი ჟურნალისტი და ოპერატორი. ოპერატორი აკეთებს მონტაჟსაც.

ტელეკომპანია ატვ12

ტელეკომპანია ატვ12 დაარსდა 2000 წელს 5 კერძო პირის მიერ, თუმცა, დღეისათვის დამფუძნებელთა და მოწილეთა რაოდენობა სამამდე შემცირდა. სახელი ატვ12 იმიტომ დაერქვა, რომ მასში იმთავითვე 12 თანამშრომელი იყო. ტელეკომპანია დღემდე ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მას ჯერჯერობით პრობლემა არ შეჰქმნია. ეს გარკვეულწილად მოქმედებს მისი მუშაობის სტილზე. ტელეკომპანია ლოიალური იყო წინა ხელისუფლების მიმართ და იგივე შეიძლება ითქვას ახალ ხელისუფალთა მიმართაც. როგორც ჩანს, ლიცენზიის არქონა ქმედითი ბერკეტია ხელისუფლებისათვის ტელევიზიაზე ზეწოლისათვის.

ტელეკომპანია საკუთარ გადაცემებს უშვებს დღეში სამი საათის განმავლობაში: საღამოს 20.00-იდან 23.00 საათამდე. ჟურნალისტებისა და რედაქტორების მიერ ახალი ამბების მომზადების საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო ატვ12 ვერ ახერხებს საკუთრივ ახალქალაქის მოვლენების შესახებ სიუჟეტების მომზადებას.

ატვ12 დღეისათვის ახდენს რუსთავი2-ისა და პირველი არხის სომხურ ენაზე თარგმნილი საინფორმაციო გამოშვებათა რეტრანსლაციას (თარგმნა ადგილზე ხდება), რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. აღნიშნულ პროექტს ინტერნიუსი აფინანსებს. ტელეკომპანია მონაწილეობს რეგიონის ტელეკომპანიათა შორის ინფორმაციის გაცვლაში, კერძოდ, ამზადებს სიუჟეტებს გადაცემა პარალელისათვის (რომლის ტრანსლირებაც ხდება ატვ12-ის ეთერითაც). შემოსავლის წყარო ტელეკომპანიას არ აქვს, ვინაიდან არ არის დაკვეთები რეკლამაზე, ხოლო ფასიან განცხადებებზე (ანუ ნეკროლოგებსა და მილოცვებზე) თავდ ამბობენ უარს.

ტელეკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება ახალქალაქის რაიონზე და ნაწილობრივ ნინოწმინდის რაიონზე.

ატვ12-ის ტექნიკური აღჭურვილობა შემოიფარგლება 3 ვიდეომაგნიტოფონით, სამონტაჟო ბლოკით, ერთი პატარა და ერთი დიდი ციფრული კამერით, ტელევიზორებითა და ერთი კომპიუტერით, რომელიც ინტერნეტში ჩართული არაა.

ტელეკომპანიას ჰყავს 12 თანამშრომელი: დირექტორი, რედაქტორი, 3 მთარგმნელი, 3 ოპერატორი, 4 ჟურნალისტი.

რადიო ახალგაზრდული რადიო

რადიო ახალგაზრდული რადიო შეიქმნა 2001 წელს 4 კერძო პირის მიერ. თავდაპირველად რადიოს ჰქონდა ერთვატიანი გადამცემი, რის გამოც თავად ქალაქ ახალქალაქის დაფარვაც უჭირდა. დღეისათვის მოხერხდა გადამცემის გაძლიერება, რითაც შესაძლებელი გახდა ქალაქის და მიმდებარე სოფლების დაფარვა.

თავიდან რუსული რადიოსადგურის რუსკოე რადიო-ს რეტრანსლირება ხდებოდა. შემდეგ კოლექტივის ძალისხმევით ორი წლის მანძილზე სხვადასხვა პერიოდულობით მოხერხდა 12 საავტორო გადაცემის შექმნა, რომელთა დიდი ნაწილი დაიხურა, ზოგიერთი მათგანი დღესაც გადის ეთერში. უმეტესწილად ესაა ახალგაზრდულ-გასართობი და შემეცნებითი გადაცემები. რადიოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, ნიუსების ბლოკის შექმნაზე ფიქრობდნენ, მაგრამ დაუფინანსებლობის გამო თვენახევარის მანძილზე გაშვებული პროექტი შეწყვიტეს. ძირითადად, რადიო ორიენტირებულია ახალგაზრდა აუდიტორიაზე. ყველაზე რეიტინგული გადაცემაა მუსიკალურ-ინტერაქტიული გადაცემა ვეჩერნი ზვონოკ (საღამოს ზარი).

საკუთრივ ახალგაზრდული რადიო საეთერო დროის 6 საათს მოიცავს, დანარჩენ დროს კი ხდება რუსული რადიოსადგურის სერებრიანნი დოჟდ-ის რეტრანსლირება.

რადიოს შემოსავალი არ გააჩნია სარეკლამო ბაზრის სიმწირის გამო. მაუწყებლობაზე ლიცენზიის არქონა თავისთავად არ აძლევს საშუალებას კონტრაქტი გააფორმოს იმავე რუსკოე რადიო-სთან ან სერებრიანნი დოჟდ-თან მომსახურების ანაზღაურების თაობაზე. შემოქმედებითი მუშაობა მთლიანად თანამშრომლების ენთუზიზმზე და მათ პირად ფინანსებზეა დამოკიდებული. ახალგაზრდულ რადიოს ფინანსურად ნაწილობრივ ეხმარება სპორტული კლუბი ჯემ, რომლის რეკლამასაც ეთერში უფასოდ უშვებენ.

რადიოს აღჭურვილობაა ინტერაქტიული ტელეფონი, მიკროფონი, ორი კომპიუტერი, ორი პრინტერი და გადამცემი.

ამჟამად რადიოში მუშაობს 10 ადამიანი. გადაწყვეტილებებს დამფუძნებელთა ოთხკაციანი საბჭო იღებს. რადიოს ჰყავს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, 2 რედაქტორი, 6 წამყვანი.

ნინოწმინდა

გაზეთი არშალუისი

გაზეთი არშალუისი (განთიადი) საბჭოთა პერიოდის კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის ორგანოს მემკვიდრეა, რომელიც რუსული სახელწოდებით ზარია (განთიადი) გამოდიოდა. 1991 წლიდან გაზეთმა მიიღო სომხური სახელი არშალუისი.

გაზეთი დღემდე რაიონის გამგეობის გაზეთად რჩება და მისი არსებობა მთლიანად რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადმორიცხულ სუბსიდიებზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულება, როგორც წესი, აისახება გაზეთის მუშაობის სტილზე. ის ძირითადად აშუქებს გამგეობის და პირადად რაიონის გამგებელის მუშაობას. ყურადღება ეთმობა რესპუბლიკური მასშტაბის და სომხეთის ამბებსაც. პოლიტიკური და ეთნიკური დაპირისპირებების ფაქტების შესახებ, როგორც წესი, გაზეთი არ წერს. არჩევნების დროსაც კი გაზეთი თავს არიდებდა პოლიტიკური პარტიების შესახებ ინფორმაციის თუ რეკლამის დაბეჭდვას.

გაზეთს ურთიერთობა აქვს თბილისის სომხურენოვან გაზეთ ვრასტან-თან; არშალუისის რედაქცია აწვდის თბილისელ კოლეგებს მასალებს რაიონში სომხურენოვანი მოსახლეობის სოციალური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

გაზეთი საცალო გაყიდვით არ ვრცელდება, მას ჰყავს 500 ხელმომწერი, რომლებზეც არის გათვლილი მთელი ტირაჟი. არშალუისის ხელმომწერები სკოლები და რაიონის სახელისუფლებო სტრუქტურებია, რომელთაგან თანხის მიღება ხელფასების გაცემის დროს ემთხვევა. ამიტომ რევოლუციამდე, როცა ხშირი იყო სახელფასო დავალიანებები, რედაქციას გაზეთის დაბეჭდვის პრობლემა ჰქონდა. ხელმოწერებიდან მიღებული თანხებისა და საბიუჯეტო სუბსიდიების გარდა, გაზეთს სხვა შემოსავალი არ გააჩნია.

„არშალუისს“ აქვს თავისი სტამბა (საბჭოთა დროის), მაგრამ მასში ბეჭდვის სიძვირის გამო 1990-იან წლების შუა ხანებიდან გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ხდებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის კომპიუტერულ ცენტრში, ხოლო დაბეჭდვა - ერევანში. დღეისათვის გაზეთი იწყობა, კაბადონდება და იბეჭდება ერევანში, რამაც გაზარდა მისი წარმოების ხარჯები (გაზეთის რედაქტორის თქმით, ერთი ეგზემპლარის თვითღირებულება ერთ ლარს შეადგენს, მაგრამ საცალო ფასი ფიქსირებული 50 თეთრია).

გაზეთი არშალუისი გამოდის თვეში ერთხელ, იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე. სტატიები იბეჭდება სომხურ და რუსულ ენებზე. რვაგვერდიანია. ტირაჟი 500 ეგზემპლარია.

არშალუისს არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია, გარდა სამი ძველი საბეჭდი მანქანისა.

გაზეთს ჰყავს 5 თანამშრომელი: რედაქტორი, მბეჭდავი, კორექტორი, ორი უშტატო თანამშრომელი და მცველი.

ტელე-რადიო კომპანია ფარვანა

ტელე-რადიო კომპანია ფარვანა შეიქმნა 1990 წელს სამი კერძო პირის მიერ. 1993 წელს ტელე-რადიოკომპანია დროებით დაიხურა და ორი წლის შემდეგ მან განაახლა მაუწყებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია კერძო სტრუქტურაა სახელმწიფო წილის მონაწილეობის გარეშე, დიდია მისი დამოკიდებულების ხარისხი ადგილობრივ ხელისუფლებაზე. კერძოდ, გამგეობის და პირადად გამგებლის შემწეობით მოხდა მაუწყებლობის განახლება. გამგეობამ თავის თავზე აიღო შენობის საკითხიც და უფასოდ გადასცა. უკვე მსჯელობენ შენობის პრივატიზების შესახებაც.

მართალია, ფარვანა ტელე-რადიოკომპანიაა, მაგრამ ამჟამად ფუნქციობს როგორც ტელევიზია. იყო რადიოს ამუშავების მცდელობა, შეიქმნა რამდენიმე საავტორო გადაცემა, მაგრამ ფინანსების უკმარისობის გამო მისი მაუწყებლობა მხოლოდ მუსიკის ტრანსლირებით შეიზღუდა.

ფარვანას არ აქვს საკუთარი გადაცემები. ამჟამად ამზადებს გადაცემა პარალელს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაციაში შემავალი ტელევიზიების ერთობლივი პროექტია, და ასევე სომხურად თარგმნილ თბილისის ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებს: პირველი არხის მოამბეს და რუსთავი2-ის კურიერს. არასისტემატურად და არაპერიოდულად ფარვანას ეთერში გადის საკუთარი სიუჟეტებიც რაიონის ცნობილი ადამიანების (საიუბილეო ან გარდაცვალების თარიღებთან დაკავშირებით), სახალხო და რელიგიური დღესასწაულების და ჩამოსული სტუმრების შესახებ. ტელეკომპანიას რეკლამა თითქმის არ აქვს, თუ არ ჩავთვლით ფასიან განცხადებებს (ნეკროლოგებსა და მილოცვებს). ეთერი, აღნიშნული გადაცემების გარდა (სულ იკავებს 6 საათს დღეში), რუსულ ტელეკომაპნია ნტვ-ს გადაცემებს უკავია.

ტელეკომაპნია უარს არ ამბობს წინასაარჩევნო კამპანიების გაშუქებაზე. წინასაარჩევნოდ (2003 წლის ოქტომბერში) მიიწვიეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ დებატებზე, მაგრამ კანდიდატებმა უარი თქვეს დებატებში მონაწილეობაზე. 2004 წლის იანვარში, საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში, ფარვანამ სარეკლამო მომსახურება გაუწია მიხეილ სააკაშვილის ოპონენტს თემურ შაშიაშვილს. მიუხედავად ამისა, ტელეკომპანია წინასაარჩევნოდ ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობის სრულად ინფორმირებას. ადგილობრივი ექსპერტის განცხადებით, 2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები იმდენად არაპროფესიონალურად გაშუქდა, რომ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატების ხელახალი არჩევნები ეგონა.

ტელე-რადიოკომპანია ფარვანას, მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლობაზე ლიცენზია არ აქვს, მიღებული აქვს ეუთო-ს ორი გრანტი (შენობის შესაკეთებლად და ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად). მასთან აქტიურად თანამშრომლობს ინტერნიუსი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციას თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაში. ინტერნიუსის ეგიდით იგეგმება გადაცემა გზაჯვარედინის გაშვება ფარვანას ეთერით. გამგეობა ტელე-რადიოკომპანიას ეხმარება ტექნიკის შეძენა-ტრანსპორტირებასა და შეკეთებაში.

ფარვანას ტელე-რადიომაუწყებლობა ფარავს ნინოწმინდის რაიონს და ახალქალაქის რაიონის ნაწილს. მისი ტექნიკური აღჭურვილობა ასე გამოიყურება: 1 კომპიუტერი, 3 ვიდეომაგნიტოფონი, 2 ვიდეოკამერა (ერთი ციფრული), 6 ტელევიზორი, სამონტაჟო პუნქტი და ტრანსკოდები.

ასპინძა

გაზეთი ლიტერატურული მესხეთი

გაზეთი დაარსადა 1999 წლის იანვარში მწერალთა რეგიონული ორგანიზაციის, შოთა რუსთაველის სახალხო მუზეუმის რესპუბლიკური ფონდის და სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალის ერთობლივი მონაწილეობით. გაზეთში ძირითადად იბეჭდება ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალები, ხალხური შემოქმედება. სტატიებს ქვეყნის სხვადასხვა კუთხის მეცნიერები და ხელოვნების მოყვარულები ბეჭდავენ. ლიტერატურული მესხეთი, ძირითადად, მესხეთის ისტორიას და თანამედროვე ყოფას ასახავს.

გაზეთს ფინანსურად ეხმარება რაიონის გამგეობა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი. გაზეთის გაყიდვიდან მიღებული თანხები მიზერულია. ლიტერატურულმა მესხეთმა მიიღო ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტი 5000 აშშ დოლარის ოდენობით.

გაზეთის ტირაჟი 1500 ეგზემპლარია, რომლის 30%25 საქართველოს მასშტაბით (საქპრესის საშუალებით) ვრცელდება, დანარჩენი 70%25 - ადგილზე.

გაზეთი იბეჭდება A2 ფორმატის ქაღალდზე, ათგვერდიანია, გამოდის თვეში ერთხელ. საცალო ღირებულება 40 თეთრია. ტექსტი იწყობა ასპინძაში, კაბადონდება და იბეჭდება თბილისში.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტის ფარგლებში შეძენილი 2 კომპიუტერით, 2 პრინტერითა და სკანერით შემოიფარგლება. აქვთ 2 დიქტოფონიც.

ლიტერატურულ მესხეთს ჰყავს სარედაქციო საბჭო, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და სარედაქციო საბჭოს სამი რიგითი წევრი.

გაზეთი ასპინძა

გაზეთი ასპინძა საბჭოთა დროის კომუნისტური პარტიის რაიონული კომიტეტის პერიოდული გამოცემის ორგანოს მემკვიდრეა და 1933 წლიდან გამოდის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაზეთი ნაწილობრივ კოლექტივის ხელში გადავიდა და ამჟამად მისი დამფუძნებლები რაიონის გამგეობა და ჟურნალისტთა კოლექტივია. გაზეთის ფუნქციონირება მთლიანად დამოკიდებულია რაიონის ბიუჯეტიდან სუბსიდიებზე, რომლის ოდენობა თვეში 2500 ლარს შეადგენს. გაზეთის რეალიზაციიდან შემოსული თანხა მთლიანად გაზეთს ხმარდება, მაგრამ გაზეთს რეალიზაციის სერიოზული პრობლემა აქვს. მისი ძირითადი მომხმარებლები სახელისუფლებო სტრუქტურების მუშაკები არიან.

გაზეთი ორიენტირებულია რაიონის გამგეობის მუშაობის გაშუქებაზე, ასევე, რაიონის კულტურული და სოციალური ცხოვრების ასახვაზე. დიდ ყურადღებას უთმობს მართლმადიდებლურ თემატიკას და დღესასწაულებს, ნაკლებად წერს სხვა კონფესიების შესახებ. 2003 წლის ივნისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეთა ჯგუფმა არ მისცეს იეღოვას მოწმეებს რაიონში კონგრესის ჩატარების საშუალება, რაზეც გაზეთს არაფერი დაუწერია.

გაზეთი ასპინძა იბეჭდება A2 ფორმატის ქაღალდზე, ოთხგვერდიანია. ტირაჟი 500 ეგზემპლარია. საცალო ღირებულება 30 თეთრია. ტექსტი იკრიფება ასპინძაში და დაკაბადონება-დაბეჭდვა ხდება თბილისში.

ტექნიკური აღჭურვილობიდან გაზეთს არაფერი გააჩნია. ჰყავს ხუთი თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და სამი ჟურნალისტი.

ადიგენი

გაზეთი განახლებული მესხეთი

გაზეთი განახლებული მესხეთი საბჭოთა პერიოდის კომუნისტური პარტიის ადიგენის რაიონული კომიტეტის ბეჭდვითი ორგანოს მემკვიდრეა და ამ სახელით 1923 წლიდან გამოდის. გაზეთი დღემდე რაიონის გამგეობის საკუთრებაში რჩება და, მისი რედაქტორის თქმით, ეს არის რაიონის საზოგადოებრივ ცხოვრებაში გაზეთის არააქტიურობის განმსაზღვრელი პირობა. გაზეთი თავის ფურცლებზე ძირითადად აშუქებს რაიონის გამგეობის მუშაობას, აქვეყნებს მის განკარგულებებს და დაგენილებებს. მცირე ადგილი ეთმობა საქართველოში და უცხოეთში განვითარებულ მოვლენებსაც. გაზეთს აქვს რუბრიკა რაიონის გამოჩენილი ადამიანების შესახებ. ფართოდ აშუქებს რაიონში თბილისიდან მთავრობის წევრების სამუშაო ვიზიტებს. ხშირად იბეჭდება ადიგენში არსებული ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემის შესახებ შემოსული წერილები.

გაზეთს დაფინანსებას რაიონული ბიუჯეტი აძლევს. გაზეთის გაყიდვიდან მიღებული თანხა მიზერულია. ნეკროლოგები და მილოცვები იშვიათად იბეჭდება და ისიც უფასოდ.

გაზეთი იბეჭდება A2 ფორმატის ქაღალდზე, ოთხგვერდიანია, გამოდის თვეში ერთხელ ტირაჟით - 500 ცალი. საცალო ღირებულება 30 თეთრია.

გაზეთ განახლებულ მესხეთს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია. მისი აწყობა და დაკაბადონება ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის კომპიუტერულ ცენტრში, ხოლო დაბეჭდვა - თბილისში.

განახლებულ მესხეთს ჰყავს სამი თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და ერთი ჟურნალისტი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

____________________________

1 სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კვლევა 2004 წლის 19-23 აპრილს ჩატარდა.

2 მუდმივი მოსახლეობის განაწილება ცალკეული ეროვნებების მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული (მხარეების), ქალაქების და რიონების ჭრილში. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

3 http://www.parliament.ge/GENERAL/stat/gmain.htm//საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, 1997.

4 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

5 კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარების ახალციხეში ყოფნის პერიოდში გაზეთი ჯერ კიდევ არ არსებობდა. ამიტომ მოცემული ანგარიში აღნიშნული გაზეთის შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს.

6 ინტერვიუ გამვლელებთან

7 მაგალითად, ახალქალაქში გამომავალი სამცხე-ჯავახეთში დემოკრატიის განვითარების რეგიონული ინციატივების კავშირის ბიულეტენი „სამოქალაქო ინციატივები“.

8 პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მიზანი კუმურდოში ადგილობრივი მედიის მიერ არ გაშუქებულა. ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ეს ვიზიტი აღიქვა როგორც ჯავახეთის სომხურ სიწმინდეებზე თავდასხმა.

3 გაზეთი სამხრეთის კარიბჭე1

▲ზევით დაბრუნება


გაზეთი დაარსდა 2004 წლის ივნისში პროექტის - საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულება - ფარგლებში. თავდაპირველად გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით დარეგისტრირდა და მისი დამფუძნებლები იყვნენ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) (ლონდონი/თბილისი) - 52%25-იანი წილით, ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაცია (ახალქალაქი) - 24%25-იანი წილით და სამცხე-ჯავახეთის ინიციატივათა სამოქალაქო ცენტრი (ახალციხე) - 24%25-იანი წილით. IWPR-ის მონაწილეობა გაზეთის ფუნქციობაში ამ ეტაპზე განპირობებული იყო იმით, რომ პროექტი ხორციელდება ამ ინსტიტუტის მიერ და სამცხე-ჯავახეთში ამ გაზეთის დაფუძნებაც მისი ინიციატივით მოხდა. IWPR-ის მონაწილეობა სამი წლის მანძილზე გაზეთის ფინანსურ და ტექნიკურ უზრუნველყოფას გულისხმობდა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც გაზეთი სამხრეთის კარიბჭე ფინანსურად დამოუკიდებელი არსებობისათვის მზად იქნებოდა, IWPR გეგმავდა თავისი წილის თანაბარ განაწილებას დანარჩენ ორ მესაკუთრეზე. შესაბამისად, ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაციას (ახალქალაქი) გაზეთში ექნებოდა 50%25-იანი წილი და ამდენივე სამცხე-ჯავახეთის ინიციატივათა სამოქალაქო ცენტრს (ახალციხე). 2005 წლის მაის-ივნისში ადგილობრივი საბაზრო კონიუნქტურის2 გათვალისწინებით გაზეთის საკუთრების ფორმა შეიცვალა და იგი არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირ სამხრეთის კარიბჭედ გადაკეთდა.

გაზეთ სამხრეთის კარიბჭის რედაქცია განთავსებულია სამცხე-ჯავახეთის ორ ქალაქში: ახალციხესა და ახალქალაქში. ამჟამად გაზეთის საერთო ხელმძღვანელობას კავშირ სამხრეთის კარიბჭის გამგეობა ეწევა. მასში შედის ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაციის და სამცხე-ჯავახეთის ინიციატივათა სამოქალაქო ცენტრის ოთხ-ოთხი წარმომადგენელი და IWPR-ის ერთი წარმომადგენელი, რომელიც გაზეთის სარედაქციო პოლიტიკას კოორდინირებას უწევს. IWPR-ის ეს ფუნქცია გაზეთის გამოსაცემად საჭირო ფინანსურ-ტექნიკური დახმარებით, ჟურნალისტების და რედაქტორების კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე გაზეთის ხარისხის კონტროლით განისაზღვრება. ახალი ამბების (ნიუსების) მოძიება, მოვლენების გაშუქება და ანალიზი ახალციხისა და ახალქალაქის რედაქციების კომპეტენციაა.

გაზეთის გავრცელების არეალი მოიცავს ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, ბორჯომის რაიონებს (იგეგმება დისტრიბუციის გაზრდა ადიგენის და ასპინძის რაიონებზეც). დისტრიბუციის ქსელი გაზეთის ორი დამფუძნებელი ორგანიზაციის, ჯავახეთის მედიის განვითარების ასოციაციის და სამცხე-ჯავახეთის ინიციატივათა სამოქალაქო ცენტრის ძალებით არის შექმნილი. თავად ამ ორგანიზაციების წევრები, რომლებიც არ არიან უშუალოდ ჩართულნი გაზეთის საქმიანობაში, თავის თავზე იღებენ გაზეთის გავრცელების ვალდებულებას. დისტრიბუტორები განხორციელებული საქმიანობისთვის ანაზღაურებას ხელფასის სახით არ იღებენ, ისინი 50%25-იანი ფასდათმობის პრინციპით ავრცელებენ გაზეთს და გაყიდვის შედეგად ამოღებული თანხის შესაბამისი წილით ანაზღაურებენ საკუთარ შრომას. მსგავსი მიდგომა ზრდის დაინტერესებას გამავრცელებლების მხრიდან, გაზარდონ გავრცელების არეალი და გასავრცელებელი ნომრის რაოდენობა. გაზეთის გავრცელების მსგავს პრინციპზე დაფუძნებული ქსელი ზრდის გამავრცელებელთა მოტივაციას და იზიდავს დისტრიბუტორებს. გაზეთი აქტიურად მუშაობს ხელმომწერთა მოზიდვაზე. ამ მიზნით კეთდება გაზეთის რეკლამა ადგილობრივი ტელევიზიების საშუალებით. ამჟამად, საფოსტო მომსახურების არარსებობის გამო, რაც სამხრეთის კარიბჭის რედაქციებს საშუალებას არ აძლევს ხელმომწერების რაოდენობა და დისტრიბუციის არეალი გაზარდოს, გაზეთის გავრცელება ჯიხურებსა და მაღაზიებში გატანით ხდება.

სამხრეთის კარიბჭის რედაქციები ცდილობენ შეძლებისდაგვარად ოპერატიულად გააშუქონ რეგიონისათვის აქტუალური პრობლემები (გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდის). გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივ ახალ ამბებს (ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ადიგენის, ასპინძის, ნინოწმინდის რაიონებში მიმდინარე მოვლენებს), აშუქებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას, არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რეგიონში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას. აანალიზებს რაიონებში შექმნილ კრიმინალურ ვითარებას და სამართალდამცველი ორგანოების მუშაობას. გაზეთის მუშაობა გამოირჩევა კრიტიკულობით ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ და დაბალანსებულობით მის პუბლიკაციებში მოხმობილი სხვადასხვა მხარის პოზიციების წარმოჩენისას. ადგილობრივ მედია-სივრცეში, რომლის ხასიათსაც ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავდა, მსგავსი პოზიცია თავისთავად სიახლე იყო, ამიტომ მკითხველს გაზეთის მიმართ ინტერესი იმთავითვე გაუჩნდა. ეს სამხრეთის კარიბჭის გაყიდვის დონესა და პერიოდულად მისი მისამართით გამოგზავნილი მკითხველთა მხარდაჭერის თუ თხოვნების და კომენტარების მრავალრიცხოვანი წერილების სახით გამოვლინდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაზეთი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბეჭდურ მედიაში ჯერჯერობით ერთადერთი მედია-საშუალებაა, რომელსაც თავის თავზე ერთგვარი საზოგადოებრივი ფორუმის ფუნქცია აქვს აღებული და ღიაა ნებისმიერი სახის პოზიციის და საზოგადოებრივი პრობლემის დასაფიქსირებლად.

გაზეთში ხშირად იბეჭდება მასალები საქართველოში რეგიონული მედიის განვითარება და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში მონაწილე სხვა რეგიონული გაზეთებიდან (ხალხის გაზეთი - გორი, გაზეთი ბათუმელები - ბათუმი, ახალი გაზეთი - ქუთაისი, სპექტრი - გურჯაანი) და, IWPR-ის ეგიდით გამომავალი გაზეთებიდან (პანორამა - თბილისი/სოხუმი, CRS - Caucasus Resource Service IWPR-ის ელექტრონული გამოცემა).

გაზეთ სამხრეთის კარიბჭის ტირაჟი 1000 ცალს შეადგენს (500 - ქართულენოვანი, 500 - სომხურენოვანი). იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, რვაგვერდიანია. გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდის. აწყობა-დაკაბდონება ხდება ახალციხეში და იბეჭდება თბილისში. სამხრეთის კარიბჭის საცალო ღირებულება 30 თეთრია.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობაა3 -

ახალციხეში:

3 კომპიუტერი (ამათგან 2 კომპიუტერი სამცხე-ჯავახეთის ინიციატივათა სამოქალაქო ცენტრის საკუთრება იყო, და ერთიც IWPR-ის თბილისის ოფისმა გადასცა), 1 სკანერი, 1 პრინტერი, 1 ციფრული ფოტოკამერა, 3 დიქტოფონი, 1 ავტომობილი (დაქირავებული), 1 გენერატორი.

ახალქალაქში:

1 კომპიუტერი (IWPR-ის თბილისის ოფისმა გადასცა), 1 სკანერი, 1 პრინტერი, 1 ციფრული ფოტოკამერა, 3 დიქტოფონი (2 - ახალქალაქის კორესპონდენტებისთვის, 1 - ნინოწმინდის), 1 ავტომობილი.

გაზეთ სამხრეთის კარიბჭეს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი (რომლის ფუნქციასაც ამჟამად IWPR-ის თბილისის ოფისის წარმომადგენელი ასრულებს), ორი მთავარი რედაქტორი (ერთი ქართულენოვანი ვერსიის და ერთიც სომხურენოვანის), 1 დამკაბადონებელი, 2 მთარგმნელი, 14 ჟურნალისტი (ამათაგან ორი ფოტორეპორტიორი), 2 მძღოლი.

_________________________

1 სამცხე-ჯავახეთში კვლევის პერიოდში 2004 წლის 19-23 აპრილს გაზეთი სამხრეთის კარიბჭე არ გამოდიოდა. მისი შესწავლა შედარებით გვიან მოხდა, ამიტომ მისი აღწერილობა მედია-რუკის ცალკე თავის სახითაა წარმოდგენილი.

2 გაზეთის დამოუკიდებელი ფინანსური ცხოვრების ეკონომიკურ საფუძველს ადგილობრივი სარეკლამო და მედია-პროდუქციის მოხმარების ბაზარი არ ქმნის, ამიტომ ოპტიმალური გამოსავალი იმისათვის, რომ სამხრეთის კარიბჭემ მომავალში სტაბილურად იფუნქციოს საერთაშორისო დონორების დახმარება და სამოქალაქო სექტორის აქტივობებში მონაწილეობაა.

3 თავიდან, როდესაც გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დაფუძნდა, მისი ტექნიკური აღჭურვილობა და ქონება დაფუძნებაში მონაწილე მხარეების მიერ იქნა განსაზღვრული და შესაბამის წილობრივ მონაწილეობას გულისხმობდა. მას შემდეგ, რაც სამხრეთის კარიბჭე კავშირის სტატუსით დარეგისტრირდა, ძველმა მესაკუთრეებმა თავიანთი ქონება კავშირს გადასცეს და დღეისათვის გაზეთის ფუნქციობაში ჩართული მხარეები ქონებრივ მეწილეებს არ წარმოადგენენ.

4 ქვემო ქართლი1

▲ზევით დაბრუნება


ქვემო ქართლის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 8,8%25-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა - საქართველოს მოსახლეობის 11,3%25-ს2. ქვემო ქართლი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით (საერთო შიდა პროდუქტის ინდექსია 0,48) მეშვიდე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

მოსახლეობა3

სულ

ქართველი

აზერბაიჯანელი

სომეხი

ბერძენი

დანარჩენი

ქვემო ქართლი

497530

222450

224606

31777

7415

11282

რუსთავი

116384

102151

4993

2809

257

6174

ბოლნისი

74301

19926

49026

4316

438

595

დმანისი

28034

8759

18716

147

218

194

მარნეული

118221

9503

98245

9329

396

748

თეთრიწყარო

25354

18769

1641

2632

1281

1031

წალკა

20888

2510

1992

11484

4589

313

გარდაბანი

114348

60832

49993

1060

236

2227

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე ქვემო ქართლში

ქვემო ქართლის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდში ფართოდ და მრავალმხრივად იყო განვითარებული:

  • რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი რუსთავი საქართველოს მძიმე მრეწველობის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი იყო და დღესაც იმავე მნიშვნელობისად რჩება.

  • ბოლნისის რაიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-დამუშავებისა და აგრარული პროდუქციის წარმოების ინფრასტრუქტურაა განვითარებული.

  • მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისისა და წალკის რაიონები აგრარული პროდუქციის წარმოების სერიოზულ პოტენციალს შეიცავენ.

  • დმანისისა და თეთრიწყაროს რაიონებს, აგრარულის გარდა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ.

მიუხედავად არსებული შესაძლებლობებისა, მამალაძის გუბერნატორობის პერიოდში ჩამოყალიბებული მართვის კლანური სისტემა, რომელიც კორუფციასა და რეგიონის ვიწრო ელიტებს და თბილისის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ელიტებს შორის დანაშაულებრივ გარიგებებს ეფუძნებოდა, არათუ არ ქმნიდა განვითარების პერსპექტივებს, არამედ არსებული ინფრასტრუქტურის მოშლასაც იწვევდა. მსგავსი სისტემა, ცხადია, მართვის ღიაობისა და პროცესების გამჭვირვალობის მიმართ მეტად მგრძნობიარეა. ამიტომაც, მთელი ათწლეულის მანძილზე ადგილობრივი რეგიონის ხელისუფლება ცდილობდა:

  • ხელი შეეშალა რეგიონში ინფორმაციის დაგროვებისა და საჯარო განხილვისათვის, სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის, რაც ხდებოდა ღია დაშინებითა თუ ზეწოლის პირადაპირი მექანიზმების გამოყენებით;

  • ხელი შეეშალა სახელმწიფოს საინფორმაციო წყაროების ალტერნატიული არხების წარმოქმნისათვის, ანუ იმისთვის, რაც საშუალებას მისცემდა სამოქალაქო სექტორს, მოეხდინა საჯარო სივრცის სტრუქტურირება.

ამ პირობებში, ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, იზრდებოდა სახელმწიფო ჩარევა ნახევრად დამოუკიდებელი თუ იურიდიულად დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციების საქმიანობაში.

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების მიზანმიმართული ძალისხმევის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მთელი რიგი ფაქტორებისა, რაც აბრკოლებს სიცოცხლისუნარიანი მას-მედიის განვითარებას რეგიონში.

● ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მოშლის სოციალური შედეგი საზოგადოების გაღატაკებაა, რაც გავლენას ახდენს ამ საზოგადოების სამომხმარებლო პრიორიტეტებზე. კონკრეტული ადამიანისათვის უფრო მნიშვნელოვანია გარკვეული ყოფითი მოთხოვნილებების დაკმყოფილება, ვიდრე გაზეთის ყიდვა და ინფორმაციის მიღება.

  • ის, რომ მედია-საშუალებები მართვადია ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ბიზნეს-წრეების მიერ, მოქალაქეებს უნდობლობით განაწყობს რეგიონში არსებული ინფორმაციის წყაროების მიმართ. ცხადია, ეს ამ მედია-საშუალებების მოხმარების მასშტაბზეც აისახება.

ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით, რეგიონი საკმაოდ ჭრელია; იგი ძირითადად, მუსულმანი აზერბაიჯანელებით, მართლმადიდებელი და მუსულმანი ქართველებით, გრიგორიანელი სომხებითა და მართლმადიდებელი ბერძნებითაა დასახლებული. მიუხედავად ამისა, ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს ეთნიკურ ანკლავთა შორის წლების მანძილზე ერთადერთ მეტ-ნაკლებად სტაბილურ მხარედ მიიჩნეოდა. ეთნიკური და რელიგიური ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ქვემო ქართლში მედიის განვითარებაზე გავლენას ახდენს. სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი და მის მიერ კონტროლირებადი მედია-საშუალებები, როგორც წესი, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე არსებულ პრობლემებს გვერდს უვლის. ეს, თავის მხრივ, ამ ჯგუფების მხრიდან მედიის და, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ უნდობლობასა და გაუცხოებას იწვევს. ამიტომაა, რომ ინფორმაციის გამომუშავებისა და გადაცემის არაფორმალური არხები ძლიერდება, ჭორი და მოარული ხმა აღვივებს ჯგუფებს შორის დაპირისპირებას სხვადასხვა სოციალური ფობიისა და სტერეოტიპის გზით. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მედიის მიმართ ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულებაზე, რაც უნდობლობის მაღალი და მის მიმართ ინტერესის დაბალი ხარისხით გამოირჩევა.

რეგიონის დემოგრაფიული სურათი გარკვეულწილად განსაზღვრავს მედია-საშუალებების ენობრივ მხარეს. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბეჭდვითი მედია-საშუალებები ქართულ-აზერბაიჯანულ ან ქართულ-რუსულ ენებზე გამოდის (მარნეული, წალკა). მარნეულში არსებული დამოუკიდებელი ორგანიზაციების ენა აზერბაიჯანულია. გამონაკლისს, ამ თვალსაზრისით, დმანისი და ბოლნისი წარმოადგენს, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობის საკმაოდ დიდი წილის მიუხედავად, ადგილობრივი, ნახევრად სახელმწიფო თუ მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გაზეთები მხოლოდ ქართულ ენაზე გამოიცემა.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

მედია-ორგანიზაციების სიმრავლით, რეგიონში რუსთავი და მარნეული გამოირჩევა, სადაც ოთხ-ოთხი მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს. მაგრამ რუსთავში მაინც არ არის იმდენი მედია-ორგანიზაცია, რამდენიც სამხარეო ადმინისტრაციულ ცენტრს შეეფერება. ეს აიხსნება იმით, რომ:

1. წლების მანძილზე მამალაძის ხელისუფლება ხელს უშლიდა დამოუკიდებელი მედიის განვითარებას, საერთოდ, რეგიონში და, კერძოდ - ადმინისტრაციულ ცენტრში;

2. რუსთავი გეოგრაფიულად იმდენად ახლოსაა ქვეყნის დედაქალაქ თბილისთან, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ამჯობინებს გაეცნოს დედაქალაქის მედია-საშუალებებს - მისთვის უფრო სანდოსა და საინტერესოს.

არსებული ოთხი მედია-ორგანიზაციიდან ერთი ტელევიზიაა, სამი - გაზეთი. წინა წლებში იყო დამოუკიდებელი გაზეთის დაფუძნების რამდენიმე მცდელობა. სხვადასხვა დროს რუსთავში ხანმოკლე დროით გამოდიოდა რუსთავი დღეს და ამერიკის საელჩოს გრანტით დაფუძნებული რუსთავი ინფო. ადგილობრივ მედია ბაზარზე ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეინარჩუნა არსებობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან რთული ურთიერთობებისა და სუსტი მენეჯმენტის გამო.მარნეულში მედია-ორგანიზაციების შედარებითი სიმრავლეა, რადგან:

1. რაიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას და მოთხოვნილება ენობრივად მისთვის გასაგებ ინფორმაციაზე დიდია;

2. საზოგადოების სპეციფიკური მოთხოვნილება ისეთი სახის ინფორმაციებზე, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს ეროვნული პოლიტიკა აზერბაიჯანელების მიმართ, ევროსაბჭოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ეროვნულ უმცირესობებთან ურთიერთობების საკითხებში, ისლამის რელიგიური საკითხებთან მიმართებაში, არც რეგიონულ და არც ზოგადად ქართულ პრესაში არ აისახება;

3. მარნეულის რაიონში, სხვა აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონებისგან განსხვავებით, შედარებით უკეთაა განვითარებული ეროვნული უფლებების დამცველი ორგანიზაციები, რომლებსაც, ცხადია, სჭირდებათ საკუთარი პოზიციებისა და აზრების გადაცემის საშუალებები.

მარნეულში არსებული ოთხივე მედია-ორგანიზაცია ბეჭდვითს განეკუთვნება.

შემდეგი ქალაქი მედია-ორგანიზაციების სიმრავლით ბოლნისია. აქ სამი მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს. ელექტრონული მედიის მიხედვით, ბოლნისი რეგიონის ლიდერია, რადგან ქალაქში ორი ტელევიზია მაუწყებლობს.

ქვემო ქართლის სხვა რაიონულ ცენტრებში (გარდაბანი, წალკა, თეთრიწყარო, დმანისი) მედია მეტად მწირადაა განვითარებული და, როგორც წესი, თითო გაზეთითაა წარმოდგენილი. ამ რაიონებში ელექტრონული მედიის განვითარების მცდელობა არ ყოფილა.

ქალაქების მიხედვით მედიის სიმრავლის დისპროპორციაზე ისიც ახდენს გავლენას, რომ საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რიგ ქალაქებსა და დედაქალაქს შორის მოშლილია. თბილისთან კავშირი მედია-ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობები ადგილზე არ არის. ეს უფრო მეტად ბეჭდვით მედიას ეხება.

განსხვავებები, მედია-ორგანიზაციებს შორის ქალაქების მიხედვით არამარტო რაოდენობის, არამედ დამოუკიდებლობის ხარისხისა და მუშაობის მიმართულების მხრივაც შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, სრული დამოუკიდებლობით რეგიონის არც ერთი მედია-ორგანიზაცია არ გამოირჩევა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ლოიალობის თვალსაზრისით ყოველ მათგანს „შეუცოდავს“, მაგრამ განსხვავებები მაინც არის. ამ მხრივ მარნეულის და ბოლნისის რამდენიმე ორგანიზაცია გამოირჩევა. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ბოლნისის XII არხი, რომელიც რევოლუციის წინა პერიოდის პოლიტიკური მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქებისთვის კიდეც დაზარალდა. საქმე ეხებოდა გადაცემას ბოლნისში არსებული ეკოლოგიური სიტუაციის შესახებ, რაც ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებისთვის სულაც არ აღმოჩნდა სასიამოვნო. რამდენჯერმე გაიძარცვა მისი ოფისი. ეს ადგილობრივ ექსპერტთა განცხადებით ტელეკომპანიის საქმიანობას უკავშირდება (გამოძიება ძარცვის ფაქტს ტელეკომპანიის მუშაობას არ უკავშირებს). XII არხს სასამართლო დავები ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავებული შენობის საკუთრებაზე უფლების შესახებ (საქმე სასამართლომ ტელეკომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა). დღეს XII არხის მდგომარეობა სავალალოა. არაა გამორიცხული ეს მედია-ორგანიზაციაც დამოკიდებული აღმოჩნდეს ადგილობრივი გამგეობის ფინანსურ დახმარებაზე, რაც მისი მუშაობის სტილზე, უდავოდ, ზეგავლენას იქონიებს.

ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის სისუსტე ქვემო ქართლის რეგიონში მიუხედავად საერთაშორისო ორაგნიზაციების (მაგალითად, ინტერნიუსის) დახმარებებისა, არის მიზეზი იმისა, რომ ადგილობრივ მედიას უჭირს დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

ბეჭდვითი მედია

რეგიონში სულ თერთმეტი ბეჭდური მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს4. ხუთი გაზეთი კერძო საკუთრებაშია (აქედან ერთი, რუსთავის აზოტი კორპორატიული საკუთრებაა). ერთი - კერძო პირისა და სახელმწიფოს თანადაფუძნებით გამოდის. ხუთი კი - მთლიანად სახელმწიფო საკუთრებაშია.

ოფიციალურად დამოუკიდებელი გაზეთების რეალური დამოუკიდებლობის ხარისხის შესახებ მსჯელობა რთულია, ვინაიდან ისინი ან გამგეობების ფინანსური დახმარებით არსებობენ, ან გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების გამოცემებად მოიაზრებიან. იმისთვის, რომ იარსებონ (ტირაჟი ძალიან დაბალია, გაყიდვის დონე - მინიმალური), გაზეთები იძულებული არიან, მსგავს გარიგებებზე წავიდნენ. ასეთ შემთხვევებში გამგეობა რედაქციას ეხმარება არამარტო პირდაპირი დაფინანსებით, არამედ ირიბადაც. მაგალითად, ეხმარება ხელმოწერებით (სოფლის საკრებულოებს ან საუწყებო სამსახურებს ავალებენ გაზეთის გამოწერას), ან უწესებს შეღავათებს ფართის ქირაობაზე და ელექტროენერგიის გადასახდზე. ხშირად გაზეთი, რომელიც დაფინანსებას გარედან იღებს, უფასოდ რიგდება. ასეთი პრაქტიკა განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში გამოიყენება, თუმცა, ზოგიერთი გაზეთი, რომელიც პოლიტიკური ინტერესების ტრანსლირებას ეწევა, საერთოდ, უფასოდ რიგდება. ამ შემთხვევაში, მართლაც ძალზედ ძნელია ვისაუბროთ გაზეთების რედაქციების დაბალანსებულ საინფორმაციო პოლიტიკასა და ობიექტურობაზე.

როგორც წესი, ქვემო ქართლში გამომავალი გაზეთების პერიოდულობა თვეში ერთი ნომრით შემოიფარგლება. იშვიათად გამოდის თვეში ორჯერ და კვირაში ერთხელ. ეს რედაქციების წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემების შედეგია. იმავე ფინანსური პრობლემების გამო ასეთი პერიოდულობის დაცვაც კი ვერ ხერხდება და ხშირად გაზეთი თვეობით არ გამოდის. ასეთი დაბალი პერიოდულობის პირობებში ოპერატიულად ინფორმაციის მიწოდება ვერ ხერხდება და გაზეთი შინაარსობრივად უინტერესო ხდება, იბეჭდება მასალები უკვე განვლილი მოვლენების შესახებ და მკითხველის დაინტერესების მიზნით მეტი ადგილი ეთმობა პუბლიცისტიკას. დაბალი პერიოდულობის გამო გაზეთები კარგავენ დაკვეთებს ფასიან განცხადებებზე. დამკვეთს რეკლამა და ფასიანი განცხადება მიაქვს ტელევიზიაში, რომელიც უფრო ოპერატიულად აწვდის მაყურებელს განცხადებას.

რეგიონში გამომავალი გაზეთების ტირაჟი 500-იდან 1000-მდე მერყეობს. ყველაზე დიდი ტირაჟი რუსული კომპანია იტერას საკუთრებაში მყოფი რუსთავის საწარმო ქიმბოჭკოს გაზეთს აზოტს აქვს - 2500 ცალი. მაგრამ ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, საქართველოს რეგიონულ პრესაში გამონაკლისს უფრო წარმოადგენს, ვიდრე წესს.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ქვემო ქართლის გაზეთების წინაშე საგამომცემლო საშუალებების არქონაა. რუსთავში არის სტამბა, რომლის შესაძლებლობები არ აკმაყფილებს ადგილობრივ გაზეთებსაც კი, ამიტომ რეგიონის გაზეთები თბილისში გადიან გამოცემის სრულ ციკლს. ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდი პრობლემები აქვთ დმანისის და, განსაკუთრებით, წალკის გაზეთებს გზებისა და სატრანსპროტო ინფრასტრუქტურის მოშლის გამო.

ელექტრონული მედია

ქვემო ქართლში ელექტრონული მედია, ბეჭდვითისგან განსხვავებით, მეტად სუსტადაა განვითარებული. რეგიონში სულ სამი ტელევიზიაა. აქედან ორი დამოუკიდებელი კერძო მაუწყებლობაა. ერთი კი, ბოლნისის ტელეკომპანია Vარხი თავიდან კერძო პირების მიერ იყო დაფუძნებული, მაგრამ ვარდების რევოლუციამდე და მის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა (იხ. ქვემოთ: ბოლნისი, V არხი). რევოლუციამდე ერთი დამოუკიდებელი კომპანია არსებობდა მარნეულშიც, მაგრამ მისი დამფუძნებლის დაპატიმრების შემდეგ იგი ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის (რუსთავი) ფილიალი გახდა. იურიდიულად დამოუკიდებელი ტელეკომპანიების რეალური დამოუკიდებლობის ხარისხზე მსჯელობა რთულია. უმეტესწილად, ისინი ბიზნეს-ინტერესებს ემსახურებიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. უხეშად რომ ვთქვათ, ტელეკომპანიების დამფუძნებელი ბიზნესმენები მედიას ხელისუფლებასთან გარიგებებისთვის იყენებდნენ. შესაძლოა, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისს ბოლნისის ტელეკომპანია XII არხი წარმოადგენდა.

ქვემო ქართლის ტელეკომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა საკუთარი შემოსავლების არქონაა, რაც იმით აიხსნება, რომ არ არსებობს ადგილობრივი სარეკლამო ბაზარი. ტელეკომპანიები დამფუძნებლების ფინანსებზე არიან დამოკიდებულნი, უკიდურეს შემთხვევაში კი - ადგილობრივი გამგეობისაზე. შემოსავლის მომცემი ერთადერთი ფასიანი მომსახურება ნეკროლოგებისა და მილოცვების ეთერით გადაცემაა. ამ მხრივ, ელექტრონული მედია კონკურენციას უწევს ბეჭდვითს, რადგან უფრო ოპერატიულად ახდენს მსგავს მომსახურებას. ამ გზით შემოსული თანხები მაინც საკმარისი არაა საიმისოდ, რომ ტელევიზიამ სრულყოფილად იფუნქციოს. ფინანსური და ტექნიკური ხასიათის პრობლემებს ტელეკომპანიებს საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტები დააძლევინებდა, მაგრამ ჯერჯერობით არც ერთი მათგანი დონორი ორგანიზაციების გრანტების რეციპიენტი არ გამხდარა.

მედია და ხელისუფლება

ზოგადი სურათი ისეთია, რომ რეგიონული მედიის დამოკიდებულებას ხელისუფლებასთან კონფლიქტურს ვერ დავარქმევთ. არსებული ფინანსური ურთიერთობების პირობებში მედიას არც რევოლუციამდე და არც მის შემდეგ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ შეუძლია. უფრო მეტიც, ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიზარდა ხელისუფლებასთან დაახლოების ტენდენცია. გაზეთები და ტელეკომპანიები თავად ითხოვენ ხელისუფლებისგან პატრონაჟს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ბოლნისის Vარხის ხელმძღვანელობა თავად გამოვიდა ორგანიზაციის გასახელმწიფოებრიობის ინიციატივით. ფინანსური თვალსაზრისით, ეს სავსებით გასაგებია. იმ პირობებში, როცა არ არსებობს დამოუკიდებელი მედიის საარსებო სოციალურ-ეკონომიკური გარემო, სახელმწიფო პატრონაჟი მუდმივ სტაბილურ შემოსავალთან იგივდება.

ვარდების რევოლუციის კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი რეგიონალური მედიისათვის ისაა, რომ ახალი ხელისუფლება თავად არის დაინტერესებული ძველი სიტუაციის შენარჩუნებით და იმგვარსავე დამოკიდებულებას იჩენს მედიის მიმართ, როგორიც მამალაძის ადმინისტრაციას ახასიათებდა. კერძოდ, არსებობს, ეგრეთ წოდებული, აკრძალული თემები, რომლებსაც მედია არ უნდა შეეხოს. ესენია: არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და ონკოლოგიური დაავადებების ფონი ბოლნისის რაიონში, British Petroleum-ის მიერ წარმოებული სამუშაოებით მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალი5, ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი პრობლემები წალკის რაიონში,6 აზერბაიჯანული მოსახლეობის საპროტესტო აქციები მარნეულსა და გარდაბანში.

მედია და საზოგადოება

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საზოგადოების ნდობა ადგილობრივი მედიის მიმართ დაბალია. ხელისუფლებისა და ბიზნესმენების ინტერესებს დაქვემდებარებული მედია მომხმარებელში გაუცხოებას იწვევს. მკითხველი გაზეთში ვერ კითხულობს იმას, რაც მას აინტერესებს. შესაბამისად, გაზეთების ტირაჟიც იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ მუდმივ მომხმარებელზე, რაიონულ გამგეობებში და უწყებებში დასაქმებულ მკითხველებზეა გათვლილი.

ტელევიზიის აუდიტორია უფრო ფართოა, თავად ტელევიზიის ხასიათიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ადგილობრივ მაყურებელს სხვა ტელეკომპანიებიდან რეტრანსლირებული ან ულიცენზიო კასეტებზე ჩაწერილი ფილმები და ტელესერიალები აინტერესებს, მაგრამ დაინტერესება ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებების მიმართ დაბალია. ჩვეულებრივ, ადგილობრივ ტელეკომპანიებს არ აქვთ საკუთარი გადაცემები.

ქართულენოვანი მაყურებელი ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ძირითადად, იმედისა და სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის გადაცემებით იტყობს, აზერბაიჯანულენოვანები კი - აზერბაიჯანის სამაუწყებლო კომპანიების საშუალებით.

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის მარნეულის ფილიალმა (ყოფილი ტელეკომპანია ალგეთი) დაიწყო აზერბაიჯანულად თარგმნილი პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება მოამბის ტრანსლირება, რასაც აზერბაიჯანელი მოსახლეობის მხრიდან დიდი დაინტერესება მოჰყვა. თავად ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია აპირებს გადაცემათა აზერბაიჯანული ბლოკისა და სახელმწიფო ენის შესწავლაზე მიმართული გადაცემების ციკლის შექმნას.

რუსთავი

გაზეთი რუსთავი

გაზეთის ისტორია იწყება ქალაქ რუსთავისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების დროიდან. იგი არსებობს 1944 წლიდან, გამოდიოდა სხვადასხვა სახელით. თავიდან მზა მეტალურგი ერქვა და რუსულ ენაზე გამოდიოდა. 1948 წლიდან კი სოციალისტური რუსთავის სახელით რუსულ და ქართულ ენებზე იბეჭდებოდა. 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს პარტიათა გაერთიანება მოვიდა, სოციალისტურმა რუსთავმა, როგორც ქალაქის მმართველობის ოფიციალურმა საგამომცემლო ორგანომ, სახელი შეიცვალა და დღემდე რუსთავის სახელით იბეჭდება.

1998 წლამდე გაზეთი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მის ბალანსზე ირიცხებოდა. დღეს გაზეთი კერძო საკუთრებაში იმყოფება, დარეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით და დამოუკიდებელი გამოცემაა. გაზეთს ჰყავს სამი დამფუძნებელი, რომელთაგან თითოეული 33%25-იანი წილის მფლობელია.

გაზეთ რუსთავს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. მას, როგორც დამოუკიდებელ გამოცემას, საკუთარი თავის შენახვა მხოლოდ საკუთარი შემოსავლების საშუალებით უწევს. თუმცა, შემოსავლების გარდა (გაზეთის გაყიდვითა და რეკლამის განთავსებით მიღებული თანხა), გაზეთს სერიოზულ დახმარებას უწევს ადგილობრივ ხელისუფლებასთან გაფორმებული ხელშეკრულება ქალაქის გამგეობის მუშაობის გაშუქების თაობაზე. ადგილობრივი ხელისუფლება გაზეთს ხელმომწერი ორგანიზაციების (ქალაქის მმართველობის ორგანიზაციები, სკოლები, საწარმოები) მოზიდვითაც ეხმარება. მიუხედავად ქალაქის მმართველობის დახმარებისა, გაზეთი ფინანსურად შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. გაზეთის რედაქცია ფინანსური პრობლემების გამო ხშირად ადგილობრივ ბიზნესმენებს მიმართავს დახმარებისათვის, რათა დაგეგმილი ნომრის გამოსვლა არ ჩაიშალოს. რედაქცია დახმარებას მაინც ყოველთვის ვერ იღებს; ამიტომ გაზეთის პერიოდულობა ირღვევა და ნომერი გვიანდება. გაზეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების რეციპიენტი არასდროს ყოფილა.

გაზეთ რუსთავს საკუთარი რედაქციის შენობა არა აქვს. საბჭოთა პერიოდის რედაქციის შენობა და სტამბა აუქციონის წესით გაიყიდა. დღეს გაზეთის რედაქცია სასტუმროს შენობაში ქირაობს საჭირო ფართს.

რუსთავს აქვს შემდეგი რუბრიკები: პოლიტიკა, ეკონომიკა, ისტორია, საზოგადოება, სპორტი და კულტურა.

გაზეთში გამოქვეყნებული პოლიტიკურ-ანალიტიკური მასალის ძირითადი ნაწილი დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება. გაზეთი ბეჭდავს ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებებს და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე აქვეყნებენ. იმის გამო, რომ გაზეთი რეგიონული მასშტაბის არაა და არ აქვს იმის ფინანსური და ტექნიკური საშუალებები, რომ ქვემო ქართლის სხვა რაიონებში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაცია მიიღოს, გაზეთის ფურცლებზე არ შუქდება რეგიონში არსებული სიტუაცია.

ეკონომიკის შესახებ გაზეთში განთავსებული მასალა, ძირითადად, ქალაქ რუსთავის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის და არსებული სოციალური ვითარების ასახვას ეთმობა.

გაზეთის რედაქცია ცდილობს არ გაამწავოს ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამიტომ ცოტაა კრიტიკული მასალა რეგიონული და ქალაქის ხელისუფლების მიმართ. გაზეთის ფურცლებზე საზოგადოებრივ ჯგუფებს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად თანაბრი პირობები არ ექმნებათ. მაგალითად, რუსთავში მიმდინარე დაპირისპირება მართლმადიდებლურ და იეჰოვას მოწმეთა თემებს შორის გაზეთის მიერ გაშუქდა, მაგრამ დაინტერესება მხოლოდ კონფლიქტის ერთი მხარის, კერძოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ იქნა გამოჩენილი.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ერთი მოძველებული კომპიუტერი, ერთი სკანერი და ერთი პრინტერია. ტექსტის აკრეფა, დაკაბადონება და ბეჭდვა ადგილზე ხდება. 2004 წლის იანვრამდე გაზეთი თბილისში იბეჭდებოდა.

გაზეთი რუსთავი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება; რვაგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 1000 ეგზემპლარს შეადგენს და ზაფხულობით 800-მდე ჩამოდის. 300 ცალი ხელმომწერებზე ვრცელდება, დანარჩენი კი საცალო გაყიდვაში მიდის. გაზეთის საცალო ფასი 40 თეთრია.

გაზეთ რუსთავს ჰყავს 7 თანამშრომელი: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, კორექტორი, 3 ჟურნალისტი, დამკაბადონებელი. გაზეთს არ აქვს საშუალება ახალი კადრები მოიზიდოს, ამიტომ მასში ჯერ კიდევ ძველი სოციალისტური რუსთავის შტატში მყოფი ჟურნალისტები მუშაობენ.

გაზეთი აზოტი

გაზეთი 1971 წლიდან გამოდის. თავიდან ქიმიკოსი ერქვა. აზოტი 2001 წლიდან ეწოდება.

გაზეთი საწარმო „ქიმბოჭკოს“ მიერაა დაფუძნებული და მისი დაფინანსების საფუძველზე ფუნქციობს. 1999-2000 წლებში, როცა საწარმო სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა და მისი პრივატიზების პროცესი მიმდინარეობდა, გაზეთი არ გამოდიოდა. მას შემდეგ, რაც 2001 წელს სახელმწიფომ ქარხანა რუსულ კომპანია „იტერას“ გადასცა მმართველობაში, გაზეთი ახალი სახელით გამოდის.

გაზეთის გავრცელების არეალი თავიდან მთლიანად ქალაქი რუსთავი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქარხანა „ქიმბოჭკო“ რუსულ კომპანია „იტერას“ გადაეცა, ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გაზეთს დაფინანსება შეუმცირდა და დღეს მხოლოდ ქარხნის თანამშრომლებზე ვრცელდება. ქარხანაში 3000-მდე მუშა მუშაობს, გაზეთის ტირაჟიც ამ რიცხვსაა მიახლოებული და 2500-ს შეადგენს. გაზეთი მუშებს უფასოდ ურიგდებათ.

ორგანიზაციულად გაზეთის რედაქცია ქარხნის ადმინისტრაციისგან ცალკე არსებულ სტრუქტურას არ წარმოადგენს. რედაქციის თანამშრომლები საწარმოს პრეს-სამსახურის შტატში არიან და ხელფასსაც როგორც ამ უწყების თანამშრომლები იღებენ. შესაბამისად, გაზეთი ქარხნის ადმინისტრაციის პოზიციის გამხმოვანებელია როგორც პროფკავშირებთან, ისე ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებთან წარმოქმნილ დავებში. შესაბამისად, გაზეთში გამოქვეყნებული მასალაც ქარხნის დირექციის კონტროლის ქვეშაა. დასაბეჭდად გამზადებული გაზეთის ნომერი ჯერ საწარმოს ადმინისტრაციასთან შესათანხმებლად მზადდება და შენიშვნების შემდეგ საბოლოო სახით სტამბას გადაეცემა.

შინაარსობრივად გაზეთი ორიენტირებულია ქარხნის ადმინისტრაციის მუშაობის გაშუქებაზე, მუშების ცხოვრებისა და მათი სოციალური საკითხების ასახვაზე, წარსულში ცნობილი მუშებისა და სოციალისტური შრომის გმირებისადმი მიძღვნილი მასალების გამოქვეყნებაზე. აქ იბეჭდება პასუხები „იტერას“ მიმართ დედაქალაქის და ადგილობრივ პრესაში დაბეჭდილ კრიტიკულ სტატიებზე. ბოლო დროს ქალაქ რუსთავში მართლმადიდებლურ და იეჰოვას მოწმეების თემებს შორის გაღრმავებული დაპირისპირების ფონზე გაზეთი გვერდს ვერ უვლის რელიგიურ თემატიკასაც და აქტიურად იცავს მართლმადიდებლური თემის პოზიციას. გაზეთში ვარდების რევოლუციისა და მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენებიც იქნა გაშუქებული.

გაზეთი აზოტი კვირაში ერთხელ გამოდის. ადრე თორმეტგვერდიანი იყო, ახლა რვაგვერდიანია და A4 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება. 8 გვერდიდან 6 გვერდი ქარხანას და მისი ადმინისტრაციის მუშაობას ეთმობა. გაზეთს აქვს ქარხნის საკუთრებაში მყოფი სტამბა7.

გაზეთი ჩვენი გაზეთი

გაზეთი გასულ წელს რუსთავის განვითარებისა და აღორძინების ფონდის ძალისხმევით დაარსდა და ამ ფონდის ახალგაზრდული პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტად მოიაზრება. ფონდმა ჯერ კიდევ 2003 წელს სცადა გაზეთის გამოცემა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო აღნიშნული წამოწყება ვერ განაგრძო. 2004 წლის შეოდგომიდან კი დაიწყო ჩვენი გაზეთის გამოცემა.

ჩვენი გაზეთის საცდელი პირველი ნომერი 2004 წლის ივნისში გამოვიდა. ამ ეტაპზე იურიდიულად ცალკე ორგანიზაციას არ წარმოადგენს და ჯერ კიდევ რუსთავის განვითარებისა და აღორძინების ფონდთანაა აფილირებული. შესაბამისად, ფინანსურადაც აღნიშნული ორგანიზაციის გრანტებზეა დამოკიდებული.

გაზეთი ახალგაზრდულ-შემეცნებითი ხასიათისაა და, ძირითადად, ახალგაზრდობის პრობლემებსა და მისთვის საინტერესო თემატიკაზე წერს. გაზეთის გვერდებზე გამოქვეყნებული მასალა მეტწილად ზოგადი ხასიათისაა და ქალაქ რუსთავის ახალგაზრდობის კონკრეტულ პრობლემებს არ აშუქებს. მაგალითად, ვრცლადაა განხილული ნარკომანიის და პროსტიტუციის პრობლემა, მაგრამ თითქმის არაფერია ნათქვამი პრობლემის მასშტაბებზე თავად ქალაქ რუსთავში. უფრო მეტად ყურადღება გამახვილებულია საკითხის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ასპექტებზე. გაზეთს აქვს გასართობი გვერდებიც. ყურადღება ეთმობა რელიგიასაც. როგორც გაზეთის ერთ-ერთმა მესვეურმა განაცხადა, რადგან რუსთავის მოსახლეობა მართლმადიდებლურ მრევლს ეკუთვნის, გაზეთის ფურცლებზე ხდება მართლმადიდებლობის სხვა რელიგიებთან შედარება, ოღონდ ეს არ ისახავს მიზნად რელიგიის პროპაგანდას და უფრო შემეცნებითი ხასიათი აქვს. მისივე განცხადებით, რელიგიური მასალის გამოქვეყნების თაობაზე გაზეთს კურთხევა მიღებული აქვს ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლისგან.

გაზეთი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია, ამიტომ რედაქცია ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ შემდგარი. ამჟამად რედკოლეგიას ოთხი წევრი ჰყავს. ჟურნალისტთა შტატი გაზეთს არ ჰყავს. მასალებს რუსთავის განვითარებისა და აღორძინების ფონდის მას-მედიის განყოფილებაში დასაქმებული ახალგაზრდები აწვდიან. სარედაქტორო საქმიანობის კოორდინირებასაც ამ ფონდის ხელმძღვანელობა ახორციელებს.

გაზეთი საკუთარ ტექნიკურ აღჭურვილობას არ ფლობს. მისი რედაქცია განთავსებულია რუსთავის განვითარებისა და აღორძინების ფონდში და ამავე ფონდის ტექნიკით სარგებლობს. ტექსტის აკრეფა და დაკაბადონება ხდება ადგილზე, მაგრამ იბეჭდება თბილისში.

გაზეთი რვაგვერდიანია. ტირაჟი 1000 ცალია. იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე. გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდის. მისი საცალო ღირებულება 50 თეთრია.

რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი

რუსთავის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2003 წლის აგვისტოში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ფონდ ევრაზიის დაფინანსებით და რუსთავში დაფუძნდა სხვადასხვა ქალაქში ანალოგიური ცენტრების ქსელის ნაწილის სახით (სიღნაღი, ლაგოდეხი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ამბროლაური, რუსთავი). ცენტრის საქმიანობა მიმართულია მოქალაქეთათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, აგრეთვე იმაზე, რომ ხელისუფლებას მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებაში არსებული პრობლემების შესახებ.

ამავე მიზანს ემსახურება საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი, რომლის პირველი ნომერიც 2003 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ბიულეტენი აქვეყნებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს, იძლევა ინფორმაციას მრავალ საკითხზე: დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობითა და დამთავრებული სხვადასხვა კომუნალური მომსახურეობის ტარიფებით.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი მოქალაქეების დაინტერესებას ამა თუ იმ პრობლემით სოციოლოგიური კვლევებით ადგენს. შესაბამისად, ბიულეტენის ყოველი შემდეგი ნომერი კვლევისას გამოვლენილ ყველაზე მწვავე საკითხს ან საკითხებს ეთმობა. საინფორმაციო ცენტრი კვლევისას მიღებულ შედეგებს ადგილობრივ ხელისუფლებას აწვდის, რაც ამ უკანასკნელს საშუალებას აძლევს გაეცნოს ადგილზე არსებულ საზოგადოებრივ განწყობებს.

იმისათვის, რომ ინფორმაცია მართლა საჯარო იყოს და მასზე მოქალაქეს ადვილად მუწვდებოდეს ხელი, საინფორმაციო ცენტრი, ბიულეტენის გამოცემის გარდა, ატარებს საჯარო შეხვედრებს, სადაც მოქალაქეები ხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს შეხვედრები შუქდება როგორც საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის, ისე ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი ორ კვირაში ერთხელ გამოდის, რვაგვერდიანია და იბეჭდება A4 ფორმატის ქაღალდზე. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ხდება ადგილზე. რუსთავის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის ტირაჟი 2000 ცალია და მოქალაქეებს უფასოდ ურიგდებათ. ბიულეტენს ცალკე რედაქცია არ ჰყავს. მის ფუნქციობაზე პასუხისმგებლობა საინფორმაციო ცენტრის 5 თანამშრომელზეა განაწილებული.

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია

სააქციო საზოგადოება ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია შეიქმნა 1998 წელს. იგი სამი კერძო პირის მიერ იქნა დაფუძნებული თანაბარი წილის ფლობით. მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შეისყიდა სხვა დამფუძნებლების წილები და დღეისათვის ტელეკომპანია ადგილობრივი ბიზნესმენის, რომან მგალობლიშვილის, სახელს უკავშირდება.

სიხშირეების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიის თანახმად, ტელეკომპანიას შეუძლია მაუწყებლობა მარნეულის, ბოლნისის, რუსთავის და თბილისის მასშტაბით, მაგრამ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უკმარისობის გამო მხოლოდ რუსთავის ტერიტორიაზე მაუწყებლობს. ტელეკომპანიას აქვს ოფისი ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრში (რუსთავში) და ფილიალი მარნეულში, რომელიც თავისი საეთერო ბადით მაუწყებლობს მარნეულის რაიონის ტერიტორიაზე.

ტელეკომპანიის მარნეულის ფილიალთან დაკავშირებით წლების განმავლობაში იურიდიული სახის გაურკვევლობა არსებობდა. ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის მარნეულის ფილიალი ფუნქციობდა ცალკე ტელეკომპანიის ალგეთის სახით, რომელიც რუსთავის ოფისისგან დამოუკიდებლად მაუწყებლობდა, შეიმუშავებდა საეთერო ბადეს, ამზადებდა გადაცემებს და, შესაბამისად, ატარებდა საინფორმაციო პოლიტიკას. მარნეულის ტელეკომპანია ალგეთი ადგილობრივი ბიზნესმენის, სადახლოს ბაზრობის დირექტორის ბადრი სუპატაშვილის სახელთან ასოცირდებოდა; მის დაფინანსებაზე იყო დამოკიდეული ტელეკომპანიის ფუნქციობა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ბადრი სუპატაშვილის დაპატიმრებამ ფინანსური და იურიდიული პრობლემები შეუქმნა ალგეთს. ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა და სწორედ მაშინ ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ (რევოლუციის შემდეგ მფლობელი არ შეცვლილა, მაგრამ მოხდა ხელმძღვანელობის შეცვლა და კომპანიის რეორგანიზაცია) დასვა საკითხი ტელეკომპანიის მარნეულის ფილიალთან დაკავშირებით. ბადრი სუპატაშვილმა თავისი წილი ტელეკომპანიაში რომან მგალობლიშვილს გადასცა და დღეს ტელეკომპანია ალგეთი ორგანიზაციულად ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიასთანაა შერწყმული.

მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მოსახლეობის დიდი პროცენტული წილი აზერბაიჯანულენოვანია, ტელეკომპანია არ აწარმოებს მაუწყებლობას აზერბაიჯანულ ენაზე. ეს ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ ტელეკომპანია ვერ ფარავს მარნეულის, გარდაბნის, დმანისის, წალკის თუ ბოლნისის ტერიტორიებს, სადაც აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობა კომპაქტურად სახლობს. ტელეკომპანიის მარნეულის ფილიალი, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანია ალგეთი, თავისი ეთერით გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის აზერბაიჯანულად თარგმნილ საინფორმაციო გამოშვება მოამბეს. ეს შეთანხმება ალგეთსა და სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხს შორის არანაირ ფინანსურ ვალდებულებას მხარეებს არ აკისრებდა. ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ხელმძღვანელობამ მოითხოვა მარნეულის ფილიალის მიერ მოამბის გადაცემების ტრანსლირება ანაზღაურებადი გამხდარიყო.

ფინანსურად ტელე-რადიოკომპანიას დიდი სირთულეები აქვს. სააქციო საზოგადოებას არ შეუძლია აამოქმედოს რადიომაუწყებლობა და, სინამდვილეში, ტელეკომპანიას წარმოადგენს.

რევოლუციამდე შემოსავლის ძირითადი წყარო ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მიყიდული საეთერო დრო იყო. ამჟამად ტელეკომპანიის ახალი ხელმძღვანელობა ცდილობს კონტაქტები დაამყაროს სხვა ტელეკომპანიებთან, კერძოდ, დედაქალაქის მაუწყებლებთან, რომ ტექნიკური რეორგანიზაციისთვის აუცილებელი მატერიალური დახმარება მიიღოს. არის საერთაშორისო ფონდებთან თანამშრომლობის მცდელობაც - შეტანილ იქნა განაცხადი ფონდ IREX-ში ტექნიკური დახმარების თაობაზე.

ტელეკომპანიის გადაცემები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით და ჩამოყალიბებული საეთერო ბადით. საინფომაციო გამოშვებები გადის ყოველდღიურად და საეთერო დროის 25-30 წუთს იჭერს. კრიტიკულობით საინფორმაციო გამოშვებები არ გამოირჩევა. ამ მხრივ, ტელევიზიის პოსტრევოლუციური მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება რევოლუციამდელისგან.

ტელე-რადიო კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა ასეთია: ორი ავტომობილი, ოთხი ვიდეოკამერა, ციფრული სამონტაჟო მაგიდა (დაზიანებული), ვიდეომაგნიტოფონები, ტელევიზორები, საკუთარი ანძა.

რეორგანიზაციის შემდეგ ტელეკომპანიაში დარჩა 15 თანამშრომელი: დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, 4 ოპერატორი, 4 ჟურნალისტი, 2 მძღოლი, მონტაჟიორი, ბუხჰალტერი.

მარნეული

გაზეთი ახალი მარნეული

გაზეთი გამოდის 1930 წლიდან. 1965 წლიდან გაზეთს დაერქვა ახალი მარნეული და ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოდიოდა.

გაზეთი დღემდე სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს და გამგეობის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, გაზეთის ფუნქციობაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებაზეა დამოკიდებული. ადგილობრივ ბიუჯეტში გაზეთის გამოცემაზე ყოველთვიურად 1000 ლარია გათვლილი. მაგრამ გამგეობას ხშირად გაზეთისთვის ბიუჯეტში ჩადებული ამ თანხის გამოყოფა უჭირს, რაც საკმაოდ ხშირად ხდება. შესაბამისად, დაუფინანსებლობის გამო ახალი მარნეული 6-7 თვის მანძილზეც კი არ გამოდის. გაზეთს სხვა შემოსავალი არ გააჩნია. უმნიშვნელო შემოსავალს მილოცვებისა და ნეკროლოგების გამოქვეყნება აძლევს.

რახან გაზეთი სამთავრობოა, შესაბამისად, მისი შინაარსობრივი სახეც ერთფეროვანია. გამოქვეყნებული მასალების უმეტესობა ეთმობა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და რაიონის გამგეობისა თუ ქალაქის მერიის წარმომადგენლებს, ასევე რაიონის მასშტაბით ცნობილ პიროვნებებს. გაზეთი ძველი, საბჭოური ინერციით მუშაობს და საზოგადოებისათვის ნაკლებად საინტერესო საკითხავს წარმოადგენს. შესაბამისად, გაზეთის ტირაჟის გაყიდვის პრობლემაც დგას.

ახალი მარნეული ოთხგვერდიანია, იბეჭდება A4 ფორმატის ქაღალდზე და გამოდის თვეში ერთხელ (რეალურად გაზეთის პერიოდულობა არასტაბილურია, მაგალითად, 2004 წლის იანვრიდან მაისამდე მხოლოდ ორი ნომერი გამოვიდა). ტირაჟი 500 ცალია (ადრე მისი ტირაჟი 5000 იყო), საცალო ღირებულება 30 თეთრი.

გაზეთს არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. ტექსტი იკრიფება და კაბადონდება მარნეულში არსებულ კომპიუტერულ ცენტრში და იბეჭდება თბილისში.

გაზეთს ჰყავს 8 თანამშრომელი: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, 2 კორექტორი, ბუხჰალტერი და 3 კორესპონდენტი.

გაზეთი ჰეირათი

გაზეთი დამოუკიდებელ გამოცემას წარმოადგენს და 1990 წლიდან გამოდის. იგი საზოგადოებრივი მოძრაობა ჰეირათის პერიოდული ბეჭდვითი ორგანოა. მასალები მასში ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე იბეჭდება.

გაზეთი ორიენტირებულია რაიონის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების თაობაზე. განსაკუთრებული დაინტერესებაა საკითხებისადმი, რომლებიც უშუალოდ რეგიონის აზერბაიჯანულ მოსახლეობას ეხება. ეს დაინტერესება გამოიხატება გაზეთის რუბრიკებში: ეროვნული უმცირესობების თაობაზე ევროსაბჭოს მიერ მიღებული კანონები, აზერბაიჯანელები და საქართველოს სახელმწიფოებრიობა, აზერბაიჯანელები და მსოფლიო. არის რუბრიკა „ღია მიკროფონი“, რომელშიც ყველა მსურველს შეუძლია მიმდინარე პოლიტიკის საკითხებზე აზრის გამოთქმა. გაზეთში ხშირად იბეჭდება საზღვარგარეთის მედიაში გამოქვეყნებული მასალა აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელების შესახებ. დიდი ყურადღება ექცევა უცხოური მედიის პოზიციას ყარაბაღის კონფლიქტის მიმართ.

ჰეირათი, ისე როგორც რეგიონის სხვა ბეჭდური გამოცემები, სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. გაზეთს არ აქვს სტაბილური პერიოდულობა და სტანდარტული მოცულობა. ჰეირათს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. მასში რეკლამა არაა განთავსებული და იგი არ იყიდება. გაზეთი უფასოდ ურიგდება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის აზერბაიჯანულ მოსახლეობას. მისი არსებობის ერთადერთი წყარო კერძო პირთა შემოწირულობებია.

გაზეთს რედაქცია არ ჰყავს. გაზეთის გამოცემას ხელმძღვანელობს რედაქტორი, მაგრამ მუდმივმოქმედი სარედაქციო შტატი არ არსებობს. გაზეთში გამოქვეყნებული მასალები ადგილობრივ ენთუზიასტებს ყოველგვარი ჰონორარის გარეშე მოაქვთ. გაზეთზე მომუშავე პერსონალის რაოდენობა 5-იდან 15-მდე მერყეობს.

გაზეთს არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია, გარდა რედაქტორის კუთვნილი დიქტოფონისა.

გაზეთის ტექსტი იკრიფება ადგილზე, მარნეულში, ხოლო დაკაბადონება და ბეჭდვა ხორციელდება თბილისში. გაზეთის მოცულობა მერყეობს 4-იდან 8 გვერდამდე და გამოდის თვეში ერთხელ (ხშირად პერიოდულობა ირღვევა). იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე. ჰეირათის ტირაჟი მერყევია: 500-იდან 1000-მდე. გაზეთი უფასოდ ურიგდება რეგიონის მოსახლეობას.

ჟურნალი ეჰლი-ბეითი

ჟურნალი ეჰლი-ბეითი მარნეულში 2001 წლიდან არსებული ორგანიზაცია ეჰლი-ბეითის კავკასიური წარმომადგენლობის პერიოდული გამოცემაა. თავად ჟურნალი 2003 წლიდან გამოდის.

ჟურნალი საზღვარგარეთ მოღვაწე მორწმუნე ბიზნესმენებისა და ადგილობრივი მუსლიმი თემის შემოწირულობების ხარჯზე არსებობს.

ჟურნალი ეჰლი-ბეითი რელიგიური ჟურნალია. იგი მთლიანად ისლამის კანონების და თეოლოგიური საკითხების გაშუქებას ეძღვნება. ყურადღება ეთმობა ასევე თავად ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის ეთნოგრაფიულ თავისებურებებს. ეჰლი-ბეითი, მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური მიმართულებისაა და ისლამის პრობლემებს ეხება, რაკი აზერბაიჯანულ ენაზე იბეჭდება, საქართველოს სხვა მუსლიმ თემებში (პანკისის ხეობა და აჭარა) არ ვრცელდება.

ჟურნალის მოცულობა 30-იდან 40 გვერდამდე მერყეობს. იბეჭდება A4 ფორმატის ცარცის ქაღალდზე. თვეში ერთხელ გამოდის (ხანდახან ორ თვეში ერთხელ). ტირაჟი 250 ეგზემპლარს შეადგენს.

ტექნიკური აღჭურვილობა კომპიუტერით, სკანერით და პრინტერით შემოიფარგლება. ჟურნალს მუდმივმოქმედი სარედაქციო შტატი არ ჰყავს. მასზე ორგანიზაცია ეჰლი-ბეითის წევრები მუშაობენ.

გაზეთი ბორჩალოელი მოლა

გაზეთი გამოდის 2002 წლის 1 ოქტომბრიდან და დღემდე სულ 13 ნომერია გამოსული. ბორჩალოელი მოლა სატირულ-იუმორისტული გაზეთია და კერძო გამოცემას წარმოადგენს. ის მთლიანად ერთი ადამიანის, მისი დამფუძნებლის და რედაქტორის, ბაჰადინ ორჯოვის ძალისხმევაზეა დამოკიდებული.

ბორჩალოელი მოლა არაა მდგრადი გამოცემა. მასში არაა ჩადებული პიროვნული, ორგანიზაციული თუ ჯგუფური ინტერესები. გაზეთი უფრო კონკრეტული პიროვნების თვითრეალიზაციის საშუალებას წარმოადგენს. ბაჰადირ ორჯოვი არის გაზეთის დამფუძნებელიც, რედაქტორიც და ჟურნალისტიც. გაზეთში გამოქვეყნებული ყველა მასალა მას ეკუთვნის. მისი სატირა გამიზნულია იმაზე, რომ მკითხველთა ყურადღება რეგიონისა და საზოგადოების აქტუალურ პრობლემებს მიაპყროს. მიუხედავად სატირული წერილების ადრესატთა ვინაობის ანონიმურობისა, კონკრეტული პიროვნებები მაინც სცნობენ საკუთარ თავს და ავტორს ან საყვედურობენ (ხანდახან ადგილობრივი პრესითაც) ან ემუქრებიან.

გაზეთზე გაწეული ხარჯების ამოღება არ ხერხდება. მას ფინანსურად გამომცემელი საკუთარი შემოსავლებიდან უზრუნველყოფს, რაც არც ისე დიდია. დაფუძნებიდან ორი წლის მანძილზე გაზეთის მხოლოდ 13 ნომერია გამოსული. მისი ტირაჟი მხოლოდ 250 ეგზემპლარია. მარნეულში, ადგილობრივთა განცხადებით, გაზეთი პოპულარობით სარგებლობს და მისი გამოსვლისას მკითხველები გაზეთს ერთმანეთისგან ნათხოვრობენ.

გაზეთის აკრეფა და დაკაბადონება ადგილობრივ კომპიუტერულ ცენტრში ხდება, ბეჭდვა - თბილისში.

გაზეთს არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. გაზეთი სტაბილური პერიოდულობით არ გამოდის, იბეჭდება A4 ფორმატის ქაღალდზე, ოთხგვერდიანია. საცალო ღირებულება 50 თეთრია.

დმანისი

გაზეთი დმანისი

გაზეთი საბჭოთა პერიოდის დროინდელი გაზეთის სამართალმემკვიდრეა; იგი 1991 წლიდან დმანისის სახელით გამოდის. მისი დამფუძნებლები რაიონის გამგეობა და კერძო პირი, ამჟამინდელი გაზეთის რედაქტორი, არიან. მას შემდეგ, რაც რედაქტორმა გაზეთისთვის ორი ახალი კომპიუტერი შეიძინა, დამფუძნებლებს შორის გაზეთში მქონე წილების პროპორცია რედაქტორის სასარგებლოდ შეიცვალა. დღეისათვის გამგეობა გაზეთის 45%25-ს ფლობს, 55%25 კი დმანისის რედაქტორს ეკუთვნის.

გამგეობის, როგორც თანადამფუძნებლის, მონაწილეობა ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა გაზეთისათვის, რაც მის მდგრადობაზეც აისახა. ამ წლების მანძილზე, მიუხედავად რაიონში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა, გაზეთი სტაბილურად გამოდის. გარდა იმისა, რომ გამგეობა, როგორც ორგანიზაციის მეწილე, გაზეთის სუბსიდირებას ახდენს, ის ხელშეკრულების საფუძველზე თავისი საქმიანობის გაშუქების შესაბამისი მომსახურების თანხასაც იხდის. ასე რომ, რაიონული გამგეობისგან მიღებული თანხები გაზეთის შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. შემოსავლის მეორე მნიშვნელოვანი წყარო გაზეთისთვის ხელმოწერებიდან შემოსული თანხებია. 800-იანი ტირაჟიდან 750 ეგზემპლარი ხელმომწერებზე ვრცელდება. ხელმოწერების მოპოვებაშიც გაზეთს გამგეობა ეხმარება. შემოსავლის მეტად მცირე ნაწილს გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი ფასიანი განცხადებები იძლევა.

და მაინც, ეს შემოსავლები ვერ უქმნიან გაზეთს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას. ხშირია შემთხვევა, როცა გამგეობა თანხის გადარიცხვას აგვიანებს და ნომერი დაგვიანებით გამოდის. ნომრის ჩავარდნა, გაზეთს ჯერეჯრობით არ ჰქონია, ხშირად დაგვიანებული ნომერი გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ ნომერთან ერთად გამოუციათ, მაგრამ გაზეთის გამოშვება არ ჩაუგდიათ. გაზეთის გამოცემა რომ არ შეწყდეს, მისი დაფინანსება სახელფასო ფონდიდანაც ხდება. ამიტომ გაზეთის თანამშრომლები ხშირად ხელფასს 3-4 თვის მანძილზე არ იღებენ.

შინაარსობრივად გაზეთი სხვა რაიონული გაზეთებისგან დიდად არ განსხვავდება. გაზეთის ფურცლებზე, ძირითადად, ადგილობრივი გამგეობის მუშაობაა განხილული. ზოგი სტატია რაიონისა და მხარის ისტორიული წარსულს, რაიონის გამოჩენილ პიროვნებებს ეძღვნება. გაზეთის დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, თავად გამგეობის წარმომადგენლების დახასიათებით, „კონსტრუქციულობის ფარგლებს არ სცილდება“8. მართლაც, გაზეთს არასდროს გამოუქვეყნებია მასალა, რომელიც კონფლიქტურ სიტუაციას შეუქმნიდა რედაქციას გაზეთის თანადამაარსებელთან. ამ თვალსაზრისით, დამოკიდებულება ადგილობრივ ხელისუფლებასთან რევოლუციამდე და მის შემდეგ არანაირად არ შეცვლილა.

დმანისი თვეში ერთხელ გამოდის ტირაჟით 800 ცალი. მისი აკრეფა და დაკაბადონება ადგილზევე ხდება და შემდეგ იგზავნება თბილისში დასაბეჭდად. გაზეთი ქართულ ენაზე გამოდის. იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე და ოთხგვერდიანია.

დმანისის ტექნიკური აღჭურვილობა ორი კომპიუტერით შემოიფარგლება.

გაზეთს ჰყავს 5 თანამშრომელი: რედატორი, რედაქტორის მოადგილე, ბუხჰალტერი, ტექნიკური მუშაკი და ჟურნალისტი.

წალკა

გაზეთი წალკის უწყებანი

გაზეთი 1935 წელს დაფუძნდა და რაიონის კომუნისტური პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდულ გამოცემას წარმოადგენდა. დღეს ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია და ადგილობრივი ხელისუფლების გამოცემას წარმოადგენს.

1993-1999 წლებში გაზეთი საერთოდ არ გამოდიოდა. 1999 წელს წალკის რაიონის გამგეობამ გაზეთი აღადგინა და დღემდე გამოდის წალკის უწყებანის სახელით. გაზეთი ფინანსურად მთლიანად გამგეობაზეა დამოკიდებული. მას სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნია. დაბეჭდილი ნომრების გაყიდვაც კი არ ხერხდება და მოსახლეობას უფასოდ ურიგდება. გაზეთში არც ფასიანი განცხადებები ქვეყნდება. რაიონი პატარაა და მოქალაქეებს მილოცვებისა და ნეკროლოგების გამოქვეყნება გაზეთში, რომელიც არასტაბილური პერიოდულობით გამოდის, არ სჭირდებათ. გაზეთის ერთადერთი წყარო გამგეობის სუბსიდიაა, რომელიც თვეში 300 ლარს შეადგენს, მაგრამ, როგორც წესი, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე რაიონში ესეც ან იგვიანებს, ან საერთოდ არაა. შესაბამისად, გაზეთს მრავალი პრობლემა აქვს: ან თვეობით არ გამოდის, ან ნომრის დაბეჭდვა იგვიანებს. დგას კადრების პრობლემაც. ახალგაზრდა თანამშორმლების მოზიდვა გაზეთს არ შეუძლია, მასში მხოლოდ ძველი, საბჭოთა პერიოდის რამდენიმე ჟურნალისტია, რომლებიც უხელფასოდ მუშაობენ და რედაქციაში მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ათწლეულების მანძილზე აქ მუშაობდნენ.

გაზეთი ადეკვატურად არ ასახავს საზოგადოების განწყობებს, რითაც აიხსნება კიდეც ადგილობრივ მოქალაქეთა გულგრილობა და დაუინტერესებლობა მის მიმართ. მეტწილად გაზეთის ფურცლებზე იბეჭდება გამგეობის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, წერილები რაიონის წარსულსა და გამოჩენილ ადამიანებზე, კომპანია BP-ის მიერ ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენზე წარმოებული სამუშაოების შესახებ.

რაიონის ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ადგილობრივ ბერძნებს, სომხებსა და ქართველებს შორის დაპირისპირება, ნავთობსადენის მშენებლობის ეკოლოგიური შედეგები, ენერგოდეფიციტი, რომლის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციებს მართავდა, საუბარი არაა. შესაბამისად, არც ამ საკითხების ირგვლივ არსებულ სამართალდარღვევებს ექცევა ყურადღება.

გაზეთის ტექსტის აკრეფა, დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. გაზეთს ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია.

წალკის უწყებანი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება და ოთხგვერდიანია. ტირაჟი 500 ცალია, პერიოდულობა - თვეში ერთი. გაზეთი რუსულ და ქართულ ენებზე იბეჭდება.

გაზეთს ჰყავს 4 თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტი და ბუხჰალტერი.

თეთრი წყარო

გაზეთი დიდგორი

გაზეთი 1936 წლიდან გამოდის. თავიდან კოლმეურნის ხმის, შემდეგ ლენინური გზის სახელით იბეჭდებოდა, 1991 წლიდან დაერქვა დიდგორი. 1992-1994 წლებში გაზეთი საერთოდ არ გამოდიოდა. შემდგომ პერიოდში ფინანსური სიდუხჭირის გამო გაზეთი არასტაბილური პერიოდულობით გამოდიოდა. 1999 წელს ადგილობრივმა გამგეობამ გაზეთი აღადგინა შპს-ის სახელით და თავადაა მისი დამფუძნებელი 100%25-იანი წილით. ამ პერიოდიდან გაზეთი სტაბილურად გამოდის თვეში ერთხელ.

გაზეთი მთლიანად გამგეობის დაფინანსებით არსებობს და ყოველთვიურად ბეჭდვის ხარჯებისთვის 400 ლარს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდგორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით ფუნქციობს, მას კომერციული დანიშნულება არ აქვს. გაზეთი არ იყიდება და უფასოდ ურიგდება რაიონის საუწყებო სამსახურებს, სოფლის საკრებულოებს და სკოლებს.

დიდგორი სამთავრობო გაზეთია, რაც განსაზღვრავს კიდეც მის შინაარსობლივ მხარეს. გაზეთი მთლიანად რაიონის ხელისუფლების მუშაობის გაშუქებას ეძღვნება. მის ფურცლებზე შეხვდებით ისტორიული ხასიათის მასალებსაც და გამოჩენილი პიროვნებებისადმი მიძღვნილ სტატიებსაც. შუქდება რაიონში არსებული ყოფითი ხასიათის პრობლემები, მაგალითად, ენერგოდეფიციტის თუ პენსიების საკითხები, მაგრამ ამას უფრო საკითხის დაფიქსირების ხასიათი აქვს, ვიდრე კვლევა-ძიებისა.

გაზეთი ოთხგვერდიანია, იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე. იგი თვეში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 500 ცალია.

გაზეთს გამოცემისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია. მისი აკრეფა-დაკაბადონება და ბეჭდვა მთლიანად თბილისში ხდება.

გაზეთს სამი თანამშრომელი ჰყავს. ისინი რედკოლეგიას წარმოადგენენ. თანამშრომლებს შორის მკვეთრი ფუნქციური გამიჯვნა არ არსებობს.

გარდაბანი

გაზეთი გარდაბანი

გაზეთი საბჭოთა პერიოდში თბილისის საგარეუბნო გაზეთის ბრიგადირის სახელით დაარსდა 1932 წელს. იმ დროისათვის გარდაბანი ცალკე ადმინისტრაციულ ცენტრს არ წარმოადგენდა და დიდი ლილოს, მარტყოფის, კოჯრის, ტაბახმელას დასახლებებთან ერთად დედაქალაქის საგარეუბნო ზონად ითვლებოდა. მოგვიანებით, როცა თბილისის საგარეუბნო ზონის საფუძველზე ახალი ადმინისტრაციული ერთეული სამგორი გაჩნდა, გაზეთს სამგორი დაერქვა. 1963 წელს გარდაბნის რაიონი დედაქალაქისაგან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბდა და გაზეთი ამ რაიონის კომუნისტური პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდულ გამოცემად იქცა.

1996 წლიდან გაზეთი დამოუკიდებელი გამოცემა გახდა და გარდაბნის სახელით გამოდის. მაგრამ დამოუკიდებელი არსებობა გაზეთმა მხოლოდ 6 თვით შეძლო. გაზეთის კოლექტივში ეროვნულ ნიადაგზე განხეთქილებამ იჩინა თავი. რედაქციის ნაწილი ქართველი ეროვნების ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული, ნაწილი კი - აზერბაიჯანელებით. შესაბამისად, გაზეთი ორ ენაზე, ქართულად და აზერბაიჯანულად გამოდიოდა. გაზეთი ყოველკვირეული იყო და ნომრების გამოცემას მონაცვლეობით, ხან აზერბაიჯანული, ხანაც ქართული ჯგუფი ხელმძღვანელობდა. რედაქციის შიგნით დაპირისპირების მიზეზი გაზეთის საინფორმაციო პოლიტიკის საკითხები გახდა. შიდა დაპირისპირების გამო გაზეთის რედკოლეგიას გამოცდილი ჟურნალისტები პერიოდულად ტოვებდნენ, ვერ ხერხდებოდა ეფექტური მართვა. შედეგად, გაზეთი გაკოტრდა და თითქმის დაიშალა. 1997 წელს რაიონის გამგეობამ გაზეთის დარჩენილ კოლექტივს შესთავაზა, გარდაბანი მისი პერიოდული გამოცემა გამხდარიყო.

გაზეთი ორენოვანია. გამოდის აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე. იგი რაიონის გამგეობის დაფინანსებით ფუნქციობს. რაიონის ბიუჯეტში გაზეთის ბეჭდვისთვის წლიურად 13000 ლარია გამოყოფილი. ეს თანხა მხოლოდ ბეჭდვის ხარჯებს ითვალისწინებს, ხელფასებს და ჰონორარებს გაზეთის თანამშრომლები ფასიანი განცხადებებიდან და გაყიდვიდან შემოსული თანხების საფუძველზე იღებენ.

გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოდის. ამიტომ ძნელია თავის თავზე იტვირთოს ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების ფუნქცია. იგი აფიქსირებს ამბებს, რომლებიც მოხდა ერთი ნომრის გამოსვლიდან მეორის გამოსვლამდე; აშუქებს გამგეობის მუშაობას; უყურადღებოდ არ ტოვებს რაიონში მომხდარ კრიმინალური ამბებს; აქვეყნებს რაიონის გამოჩენილი მოღვაწეებისადმი მიძღვნილ მასალებს; ადგილს უთმობს განვლილი ან დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გაშუქებასაც. ბეჭდავს ფასიან განცხადებებსაც: მილოცვებს, გახსენებებსა და ნეკროლოგებს.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია. იგი ადგილზე იკრიფება, მაგრამ დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. გარდაბანი რვაგვერდიანია, გამოდის თვეში ორჯერ, A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება. ტირაჟი 1000 ეგზემპლარს შეადგენს. საცალო ღირებულება 40 თეთრია.

გაზეთს ჰყავს 6 თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტი, ბუხჰალტერი და აზერბაიჯანული და ქართული ენების სპეციალისტები.

ბოლნისი

გაზეთი ბოლნისი

გაზეთი გამოდის 1935 წლიდან. თავიდან წითელი დროშა ერქვა. ბოლნისი 1990 წლიდან ეწოდა. 1993-1999 წლებამდე გაზეთი რაიონული გამგეობის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა, არ გამოდიოდა. 1999 წელს რაიონულმა სასამართლომ დაარეგისტრირა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის დამფუძნებლები რაიონული გამგეობა და რაიონის ქონების მართვის სამმართველო არიან.

გაზეთის გამოცემას გამგეობა ნაწილობრივ აფინანსებს. ბეჭდვისა და სახელფასო ფონდის ხარჯებს ხელმოწერებიდან, ფასიანი განცხადებებიდან და გაზეთის გაყიდვიდან შემოსული თანხები შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა გაზეთის ნორმალური ფუნქციობისათვის. ამიტომ, როცა ეს რეზერვი იწურება, გამგეობა გაზეთს 1000 ლარით აფინანსებს. პირდაპირი სუბსიდირების გარდა, ადგილობრივი ხელისუფლება მთელი რიგი შეღავათებით გაზეთის ირიბ სუბსიდირებასაც ახდენს. ასე, მაგალითად, გაზეთი არ იხდის დაკავებული ფართის და გამოყენებული ელექტროენერგიის გადასახადს.

გაზეთ ბოლნისის შინაარსობრივი სახე განსაზღვრულია იმით, რომ იგი გამგეობის გამოცემაა. გაზეთი მთლიანად ეძღვნება გამგეობის მუშაობის გაშუქებას და მის მიმართ კრიტიკული მასალა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ამ მხრივ 2003 წლის ნოემბრის რევოლუციას არაფერი შეუცვლია: გაზეთი იყო და რჩება ადგილობრივი ხელისუფლების პოზიციის დაფიქსირებისა და ტრანსლირების ორგანოდ. გაზეთში ასევე ქვეყნდება ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრები ყოფით პრობლემებთან დაკავშირებით. მაგრამ გაზეთი პრობლემების დაფიქსირების იქით, როგორც წესი, არ მიდის.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობიდან მხოლოდ ერთი დიქტოფონი აქვს. ტექსტი იკრიფება ადგილზე, მაგრამ დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოდის, ზოგჯერ კი სამ კვირაში - ორჯერ. არჩევნების დროს კვირაში ერთხელაც გამოდიოდა. ბოლნისი იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, რვაგვერდიანია. ტირაჟი 300 ცალს შეადგენს და აქედან 280 ხელმომწერებზე რიგდება. გაზეთის საცალო ღირებულება 50 თეთრია.

ბოლნისს 7 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, კორექტორი, ორი კორესპონდენტი, ბუხჰალტერი, მძღოლი და დამლაგებელი.

ტელეკომპანია V არხი

ტელეკომპანია V არხი არსებობს 1994 წლიდან. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. დაარსებულია კერძო პირების მიერ. თავიდან მთლიანად კერძო საკუთრებაში იყო: ორი დამფუძნებელი ჰყავდა თანაბარი წილებით. დღეისათვის ტელეკომპანია 100%25-ით სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ჯერ კიდევ 1999 წელს V არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი კუთვნილი 50%25-იანი წილი მიყიდა ადგილობრივ გამგეობას, რითაც სახელმწიფოს კონტროლი ტელეკომპანიაზე (გასათვალისწინებელია, რომ V არხის მეორე დამფუძნებელი ადგილობრივი გამგებელის ძმა იყო), გაიზარდა. რევოლუციის შემდეგ, როცა შევარდნაძის პერიოდის გამგებელი გადადგა, მისმა ძმამ, რომელიც V არხის 50%25-იანი წილის მფლობელი იყო, თავისი საკუთრება გამგეობას გადასცა. ასე რომ, ტელეკომპანია V არხი სახელმწიფოს სრულ საკუთრებაშია.

ტელეკომპანია მთლიანად გამგეობის დაფინანსებაზეა. მაშინაც კი, როცა ტელეკომპანიის 50%25 კერძო პირის ხელში იყო, V არხის ფუნქციობას გამგეობა უზრუნველყოფდა. შესაბამისად, ტელეკომპანიის საინფორმაციო მუშაობაც, გაზეთის მსგავსად, გამგეობის მუშაობის გაშუქებაზეა ორიენტირებული. ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება კვირაში ორჯერ გადის: კვირას (მთელი კვირის ამბების შეჯამება) და განმეორებით ორშაბათს, ახალი ამბების დამატებით (გამგეობის კრებები ორშაბათობით იმართება).

Vარხის საეთერო ბადე მწირია და რეგულარულად მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გადის. ხანდახან გასართობი და შემეცნებითი ხასიათის პროგრამებიც მზადდება. მიუხედავად საკუთარი გადაცემების სიმცირისა, ტელეკომპანია დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე მაუწყებლობს და, ძირითადად, მუსიკალურ კლიპებსა და ფილმებს უჩვენებს.

ძალიან ცოტა, მაგრამ ტელეკომპანიას კომერციულ რეკლამაზეც აქვს დაკვეთა. აქვთ ფასიანი განცხადებებიც: მილოცვები, ნეკროლოგები და გახსენებები. აქედან შემოსული თანხები მიზერულია და, რა თქმა უნდა, ტელეკომპანიის ფუნქციობისათვის საკმარისი არაა.

ტელეკომპანიამ არცთუ შორეულ წარსულში კადრების პროფესიული მომზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ინტერნიუსის დახმარება მიიღო. იმავე ინტერნიუსისაგან 1996 წელს მიღებული აქვთ ტექნიკური აღჭურვილობა. ინტერნიუსის მიერ მომზადებული კადრების და მისგან მიღებული ტექნიკური აღჭურვილობის წყალობით Vარხმა 1999 წლის არჩევნებისთვის მოაწყო დებატები, განახორციელა პირდაპირი ჩართვები.

ტელეკომპანია Vარხის ტექნიკური აღჭურვილობა შემდეგია: VHS-ის საეთერო სისტემა, SUPER VHS სამონტაჟო მაგიდა, სამონტაჟო კომპიუტერი, პანასონიკის ფირმის 2 კამერა, JVS-ის სამონტაჟო კომპლექტი და კონტროლიორი, ხმის მიკჩერი, 4 ვიდეომაგნოტოფონი, ტელევიზორები, საკუთარი გადამცემი.

Vარხის მაუწყებლობა მოიცავს 30კმ რადიუსის ტერიტორიას და ბოლნისის გარდა ფარავს მარნეულის და წალკის რაიონის ნაწილსაც.

ტელეკომპანიაში 17 თანამშრომელია: ტელევიზის დირექტორი, ტექნიკური განყოფილების გამგე, შვიდი ჟურნალისტი, სამი ოპერატორი, წამყვანი და ტექნიკური მუშაკები.

ტელეკომპანია XII არხი

ტელეკომპანია დაარსდა 1996 წელს. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ერთი დამფუძნებელი ჰყავს. XII არხის ისტორია ქვემო ქართლში სატელევიზიო საქმიანობის გაშლის ადრეულ წლებს უკავშირდება და ლევან მამალაძის გუბერნატორობის საწყისი პერიოდის ინიციატივათა პირმშოა. 1994-1996 წლებში XII არხის დამფუძნებელი რეგიონული ტელეკომპანია კლდეკარის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ. მას შემდეგ, რაც ამ ტელეკომპანიის სიხშირე ტელეკომპანია იბერიას გადაეცა, ახალი რეგიონალური ტელევიზიის შექმნის მიზნით ბოლნისში დაფუძნდა ტელეკომპანია XII არხი. დამფუძნებლის ვარაუდი, რომ ეს ტელეკომპანია მომავალი რეგიონული მაუწყებელი კომპანიის საფუძველი გახდებოდა, ვერ გამართლდა. ამიტომ XII არხი დღემდე ბოლნისის და ნაწილობრივ ქვემო ქართლის სხვა რაიონების მასშტაბით მაუწყებლობს.

ტელეკომპანიის უმთავრესი პრობლემა ფინანსებია. V არხისგან განსხვავებით, მას დიდი ხანი არ ჰქონდა გამგეობის მატერიალური მხარდაჭერა. იგი რუსთავი2-თან აფილირებული ორგანიზაციაა და ამ თბილისური ტელეკომპანიის გადაცემების ტრანსლირებას ახდენდა. რევოლუციამდელი გამგეობა მტრულადაც კი იყო მის მიმართ განწყობილი. ტელეკომპანიას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მაუწყებლობის კანონიერებისა და დაკავებულ შენობაზე მესაკუთრეობის თაობაზე. რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ადგილობრივმა გამგეობამ ხელშეკრულება გაუფორმა XII არხს თავისი მუშაობის გაშუქების თაობაზე, რაც ორგანიზაციას გარკვეულ შემოსავალს მისცემს. შემოსავლის პატარა წყაროს ტელეკომპანიისათვის ფასიანი განცხადებები წარმოადგენს. XII არხისთვის მნიშვნელოვანია ინტერნიუსის დახმარება როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური საშუალებებით. ინტერნიუსი ტელეკომპანიას დაეხმარა ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაში, ამავე დროს პერიოდულად აძლევს დაკვეთას სოციალურ რეკლამაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების გრანტების რეციპიენტი ტელეკომპანია ჯერ არ გამხდარა.

XII არხს სერიოზული ტექნიკური პრობლემები შეუქმნა ოფისის ორჯერ გაძარცვამ. თითქმის მთელი მისი ტექნიკური აღჭურვილობა გატაცებულ იქნა. ამის გამო ტელეკომპანიას აღარ შეეძლო თავისი საავტორო გადაცემების კეთება და მთლიანად რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლირებაზე გადაერთო. ამჟამად XII არხს მხოლოდ 15-წუთიანი საინფორმაციო გამოშვება აქვს კვირაში ერთხელ.

XII არხი დამოუკიდებელ ტელეკომპანიათა ქსელშია გაერთიანებული, თუმცა, ამ ორგანიზაციის წევრობა ფინანსურად და ტექნიკურად მას არ ეხმარება. მიუხედავად ამისა, ქსელში ყოფნა მისთვის მომგებიანია რუსთავი-2-თან ურთიერთობების გამო. თბილისელი პარტნიორი თავისი გადაცემების რეტრანსლირებთ XII არხს საშუალებას აძლევს, საეთერო დრო პოპულარული გადაცემებით და ფილმებით შეავსოს და ამ გადაცემებს შორის საკუთარი ფასიანი განცხადებები და რეკლამა განათავსოს. ამასთან, რუსთავი2 კარგი მოკავშირე იყო XII არხისთვის რევოლუციამდელ ადგილობრივ გამგეობასთან დაპირისპირებაში.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა მეტად მწირია და ერთ SUPER VHS ვიდეოკამერას, რამდენიმე მოძველებულ ტელევიზორს და ვიდეომაგნიტოფონს მოიცავს. მონტაჟი ვიდეომაგნიტოფონების გამოყენებით ხდება. XII არხს ასევე გააჩნია საკუთარი გადამცემი და ანძა, რომლის საშუალებითაც მისი მაუწყებლობა ბოლნისის და ნაწილობრივ მარნეულის, თეთრიწყაროსა და დმანისის რაიონებზე ხორციელდება.

XII არხს 4 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი (რომელიც საინფორმაციოს წამყვანის ფუნქციასაც ასრულებს), ჟურნალისტი, ოპერატორი და ტექნიკური მუშაკი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

________________________

1 ქვემო ქართლის რეგიონში კვლევა 7-11 ივნისს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

3 მუდმივი მოსახლეობის განაწილება ცალკეული ეროვნებების მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული (მხარეების), ქალაქების და რაიონების ჭრილში. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

4 ჩამონათვალში არ იგულისხმება ანგარიშის ტექსტში ცალკე განხილული რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი, რომელიც თავისთავად მედია-ორგანიზაციას არ წარმოადგენს, მაგრამ აღნიშნული საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ბიულეტენი თავისი მუშაობით გარკვეულწილად ავსებს იმ ინფორმაციულ დანაკლისს, რასაც ქალაქში მედიის განვითარების დაბალი დონე წარმოქმნის.

5 გაუთვალისწინებელი სამშენებლო შეცდომების გამო წვიმების დროს ხშირია საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის შემთხვევები თავად ქალაქ წალკაში.

6 მოუგვარებელია მთიანი აჭარიდან ჩასახლებული მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ადგილობრივი ბერძნებისთვის საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ გადაუხდელი კომპენსაციების საკითხები.

7 გაზეთ აზოტის თანამშრომელთა რაოდენობა და ტექნიკური აღჭურვილობა უცნობია, რადგან გაზეთის წარმომადგენელმა უარი უთხრა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარს ამ მონაცემების მიცემაზე.

8 ინტერვიუ დმანისის გამგებლის მოადგილის მოვალების შემსრულებელთან, ლევან ლომიაშვილთან. 2004 წლის 9 ივნისი.

5 კახეთი1

▲ზევით დაბრუნება


ფართობი (კვ.კმ.)2

კახეთი

11310

ახმეტა

2207

გურჯაანი

846

დედოფლისწყარო

2529

თელავი

1094

ლაგოდეხი

890

საგარეჯო

1491

სიღნაღი

1252

ყვარელი

1001

მოსახლეობა3

სულ

ქართველი

აზერბაიჯანელი

ქისტი

ოსი

დანარჩენი

კახეთი

407182

341503

40036

6997

6109

12537

თელავი

70589

60370

8373

58

412

1376

გურჯაანი

72618

71148

58

0

463

949

საგარეჯო

59212

39409

18907

4

125

767

ყვარელი

37658

34296

17

1

762

2582

ახმეტა

41641

31237

152

6928

1961

1363

დედოფლისწყარო

30811

27441

1019

6

102

2243

სიღნაღი

43587

42226

118

0

45

1198

ლაგოდეხი

51066

35376

11392

0

2239

2059

კახეთის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 16,22%25-ია, ხოლო მოსახლეობა - საქართველოს მოსახლეობის 9,3%254. კახეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საერთო შიდა პროდუქტის ინდექსით, რაც 0,49-ს შეადგენს, მეხუთე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

წლების მანძილზე, ქვემო ქართლის რეგიონის მსგავსად, კახეთიც ძლიერი ადგილობრივი ავტორიტარული კლანური რეჟიმით გამოირჩეოდა. თუ ქვემო ქართლში ეს რეჟიმი ადგილობრივი ბუნებრივი წიაღისეულისა და მძიმე მრეწველობის ინფრასტრუქტურისგან მიღებულ ფინანსურ მოგებებზე კონტროლს ემყარებოდა, კახეთში მეზვრიშვილის კლანის ეკონომიკურ საყრდენს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის ისეთი დარგი წარმოადგენდა, როგორიცაა მევენახეობა-მეღვინეობა. ორივე შემთხვევაში ძლიერი ავტორიტარული ადგილობრივი რეჟიმები ჩამოყალიბდა ისეთ რეგიონებში, რომელთა ეკონომიკური ინფრასტრუქტურა დღემდე უცხოურ ბაზრებზეა დამოკიდებული და მათზე მყარად მიბმული. შესაბამისად, იგი გარკვეული ოდენობის ფულადი ნიშნის სტაბილურ ბრუნვას გულისხმობს.

რეგიონის რესურსების პირადი და კლანური ინტერესების მიხედვით განკარგვა თავისთავად გარკვეული სახის სამეურნეო-ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბებას განაპირობებს, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს არ დაუშვას გარე ჩარევა და ნაკლებ გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფებისათვის.

რეგიონული მედიის განვითარებას ყველაზე მეტად სწორედ შემდეგი ფაქტორები განსაზღვრავდნენ:

  • რეგიონული ხელისუფლება ცდილობდა თავისუფალი ეკონომიკური საქმიანობის ყველა მომგებიანი სუბიექტი თავისი კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. ამ მიზნით გამოიყენებოდა როგორც ადმინისტრაციული მეთოდები, ისე კრიმინალური ხერხები, გატაცებებიდან დაწყებული და დაკვეთილი მკვლელობებით დამთავრებული.

  • მოქალაქეებს ხელისუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვეებისგან დაუცველობის შეგრძნება გაუჩნდათ. მსგავს სიტუაციაში საზოგადოების დაინტერესება რეგიონში მიმდინარე პროცესების და ხელისუფლების საქმიანობის მიმართ სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

  • ამ დაინტერესებას არ მოჰყოლია ფართო დამოუკიდებელი მედია-სივრცის ჩამოყალიბება, ვინაიდან ხელისუფლებამ არსებული საინფორმაციო ველის მონოპოლიზირება მოახდინა და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას ყოველმხრივ ხელს უშლიდა.

  • ინფორმაციაზე მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ და ამ მოთხოვნილების ზრდამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის განვითარებას, რომლის მთავარი ამოცანაც რეგიონის საზოგადოების ინდივიდუალურ და სამოქალაქო უფლებათა შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება და ამ უფლებათა ინტერესების დაცვა იყო, რაც ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს და ამ ხელისუფლებისაგან გამჭვირვალეობის მოთხოვნას გულისხმობდა.

  • ცხადია, კორუმპირებული ხელისუფლება საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობების მსგავს სისტემას ვერ შეეწყობოდა; ის თავს არიდებდა მათთან თანამშრომლობას და ცდილობდა ინფორმაციის წყაროებზე კონტროლი გაეძლიერებინა. ამ პირობებში სამოქალაქო სექტორის საქმიანობაც უფრო ინიციატივიანი, შემტევი და აქტიური გახდა

  • სამოქალაქო სექტორის გააქტიურებამ მოსახლეობის ფართო წრეებთან კავშირის მოთხოვნილება დაბადა, რაც თავისუფალი მედიის განვითარების საწინდარი გახდა, მაგრამ რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში ამ პროცესის დაწყება რევოლუციამდე შეუძლებელი იყო. ამ გარემოების წყალობით, თავისუფალი მედიის ცენტრად უფრო პერიფერიული და დედაქალაქთან ახლომდებარე ქალაქი გურჯაანი გახდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ დაკავშირებული რამდენიმე დამოუკიდებელი გამოცემა ჩამოყალიბდა, რომელთაც ამ უკიდურესად ავტორიტარულ გარემოში ფეხი მოიკიდეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსურ-ტექნიკური დახმარების წყალობით.

დღეს, მედიის განვითარების თვალსაზრისით, კახეთში არსებული სიტუაცია ბევრად არ განსხვავდება რევოლუციამდელი მდგომარეობისაგან. ისევ ადგილი აქვს ჟურნალისტებზე ზეწოლას, მედია-ორგანიზაციებისთვის არ არსებობს თავისუფალი კონკურენტუნარიანი გარემო, რადგან ხელისუფლება ზოგიერთ ორგანიზაციას უშუალოდ აფინანსებს. თავისუფალი მედიის განვითარების ერთადერთ პირობად ისევ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარება რჩება, რაც არამარტო ფინანსური თვალსაზრისით იცავს მათ, არამედ გულისხმობს შესაბამის იურიდიული სახის და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის მობილიზებას ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის შემთხვევაში.

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლისაგან განსხვავებით, კახეთის რეგიონი ნაკლებად გამოირჩევა საქართველოს სხვა რეგიონებისგან. აქ, უპირატესად, ქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, მცირე რაოდენობით კომპაქტურად დასახლებულნი არიან აზერბაიჯანელები საგარეჯოს, ლაგოდეხის, თელავის და დედოფლისწყაროს რაიონებში, ქისტები (ჩეჩნები) - ახმეტის რაიონში, ოსები - ახმეტისა და ლაგოდეხის რაიონებში, სომხები - დედოფლისწყაროს რაიონში.

რეგიონში სოციო-კულტურული დივერსიფიკაციის უფრო აქტუალურ ფაქტორს რელიგიური განსხვავევებები წარმოადგენს. კახეთის მოსახლეობის უმეტეს და ძირითად ნაწილს მართლმადიდებელი ქრისტიანები შეადგენენ. რაოდენობრივად შემდეგი ჯგუფი მაჰმადიანები არიან, მოსახლეობის მცირე ნაწილი - სომეხი გრიგორიანელები. დაძაბულობის ხაზი ამ ჯგუფებს შორის არ გადის. იგი, ტრადიციულად, მართლმადიდებელი ქართული თემის რღვევის ხაზს ემთხვევა. ანტაგონიზმის საფუძველი მართლმადიდებელთა შორის ქრისტიანობის პროტესტანტული მიმდინარეობების ზრდის და გავრცელების ტენდენცია ხდება. იყო ბაპტისტთა თემის დარბევის და მათი ეკლესიის დაწვის, იეჰოვას მოწმეთა კონგრესის დარბევის, ორმოცდაათიანელთა შევიწროების შემთხვევები. რელიგიური ფაქტორი ბოლო ათწლეულში გაძლიერდა მაჰმადიანი მოსახლეობის ქისტურ ნაწილში, სადაც გაძლიერდა ვაჰაბისტური მოძღვრების მიმდევართა პოზიციები და ეს ცვლილება თაობათა შორის დაპირისპირების საფუძველი ხდება (უფროსი თაობის ქისტები ტრადიციული ისლამის მიმდევრები არიან). მაჰმადიანთა აზერბაიჯანული თემი და სომეხ ქრისტიანთა თემები ნაკლებად გამოირჩევიან რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი შიდასოციალური დაძაბულობისა და ცვლილებების თვალსაზრისით.

ადგილობრივი მედიის დღის წესრიგში ეს საკითხები, როგორც წესი, არ ხვდება. ეს იმიტომ, რომ სამთავრობო და ხელისუფლებაზე დამოკიდებული ორგანიზაციების წარმომადგენლები თავისი ან ხელისუფლების პირთა პირადი რელიგიური მიკუთვნებულობიდან (ძირითადად, მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან) გამომდინარე შეხედულებებით ხელმძღვანელობენ. დამოუკიდებელი მედია ამ საკითხებს სიფრთხილით ეკიდება და თავის პოზიციას იმით ხსნის, რომ ადგილობრივი პროტესტანტული კონფესიების წარმომადგენლები თავად არ მიმართავენ მათ. თანაც, რეგიონში სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხებია გასაშუქები. რელიგიური პრობლემატიკისთვის გვერდის ავლა ალბათ იმითაცაა გამოწვეული, რომ მსგავსი მიმართულებით განხორციელებული საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების უმრავლესობა არ გულისხმობს ადგილობრივი მედიის ჩართვას პროექტის ფარგლებში.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

მედია-ორგანიზაციების სიმრავლით, რეგიონში ქალაქები გურჯაანი, თელავი და საგარეჯო გამოირჩევა, სადაც ხუთ-ხუთი მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს. შემდეგი ლაგოდეხი და სიღნაღია, სადაც სამ-სამი მედია-ორგანიზაციაა წარმოდგენილი. მათ მოსდევთ ყვარელი და ახმეტა ორ-ორი მედია-ორგანიზაციით, დაბოლოს, დედოფლისწყარო, სადაც ერთი გაზეთი არსებობს.

კახეთში სულ 26 მედია-ორგანიზაციაა. ამათგან 20 დამოუკიდებელია, ხოლო 6 შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსით დარეგისტრირებულ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ მედია-საშუალებას წარმოადგენს. ქვემო ქართლში გავრცელებული პრაქტიკა - მედია-საშუალებების საკუთრებაში კერძო და ადგილობრივი ხელისუფლების თანაბარი თუ ნაწილობრივი მონაწილეობისა - კახეთში არ გვხვდება.

26 მედია-ორგანიზაციიდან 18 მედიის ბეჭდვით ორგანოს წარმოადგენს, ხოლო 8 ელექტრონულს. რაიონების მიხედვით ბეჭდვით და ელექტრონულ მედიას შორის თანაფარდობა შემდეგნაირადაა გამოხატული:

  • თელავში 4 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული მედია-ორგანიზაციაა,

  • გურჯაანში - 4 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული მედია-ორგანიზაცია,

  • საგარეჯოში - 3 ბეჭდვითი და 2 ელექტრონული მედია-ორგანიზაცია,

  • ყვარელში 2 ბეჭდვითი მედია ორგანიზაცია,

  • ახმეტაში - 1ბეჭდვითი და 1 ელექტრონული მედია-ორგანიზაცია,

  • ლაგოდეხში - 1 ბეჭდვითი და 2 ელექტრონული მედია-ორგანიზაცია,

  • სიღნაღში - 2 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული მედია-ორგანიზაცია,

  • დედოფლისწყაროში 1 ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციაა, ელექტრონული მედია წარმოდგენილი არაა.

დამოუკიდებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით, რეგიონში გურჯაანი ლიდერობს, სადაც 2000-2001 წლებიდან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით დამოუკიდებელი გაზეთების გამოცემა დაიწყო. შეიქმნა საფუძველი მედიასა და სამოქალაქო სექტორის ადგილობრივი და დედაქალაქის სხვადასხვა ორგანიზაციის მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რამაც გურჯაანის მედიის მიმართ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაინტერესებაც გამოიწვია. დღეისათვის ერთობლივი პროექტების განხორციელებით ქალაქის მედიის დამოუკიდებლობის გამყარება ხდება. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ბეჭდვით მედია-საშუალებებს ეხება, ვინაიდან მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია გურჯაანი 1993 წელს დაარსდა და იმ დღიდან დამოუკიდებელ სტრუქტურად ითვლება, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და მისი მხრიდან რეგულარული დაფინანსების გამო საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტების მფლობელი ჯერ არ გამხდარა.

თელავში არსებული ვითარება გურჯაანისაგან დიდად განსხვავდება. აქ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა უფრო დიდი იყო და იმთავითვე აეწყო მედიის ხელისუფლებაზე ფინანსური დამოკიდებულების სისტემა, რომელიც დღემდე ფუნქციობს. რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებული მედია-საშუალებების გამოცემის გაგრძელებასთან დაკავშირებით პრობლემებს, ან ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობები ქმნიან, ან ფინანსური სირთულეები. ასე მაგალითად, თელავის ხუთი მედია-ორგანიზაციისგან ორი რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამათგან ერთი ადგილობრივ გუბერნატორთან დაპირისპირებას ლამის შეეწირა, რის შემდეგაც თავისი პოზიციების გადასინჯვა მოუწია. არც მეორეს აქვს სახარბიელოდ საქმე. მისი პერიოდულობა ფინანსური პრობლემების გამო ხშირად ირღვევა, კადრების შენარჩუნება უჭირს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ყურადღების მიღმა რჩება, რაც ნაწილობრივ იმითაცაა განპირობებული, რომ წლების მანძილზე ეს უკანასკნელნი უფრო გურჯაანის ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ. თელავში სტაბილურ გამოცემად ითვლებოდა მთავარი გაზეთი კახეთში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მედია ჰოლდინგის ნაწილი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავარი გაზეთის ქსელი (თბილისი, თელავი, ქუთაისი, ფოთი) დაიხურა, გაზეთმაც შეწყვიტა არსებობა.

საგარეჯოში სულ ხუთი მედია-ორგანიზაციაა. ამათგან მხოლოდ ერთია ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში. ორ ტელეკომპანიათაგან ერთს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება არ გააჩნია, იგი ადგილობრივი ბიზნესმენის საკუთრებაშია და რუსული გასართობი არხების რეტრანსლაციას ეწევა. მეორე კი უკვე 2003 წლის წინა საარჩევნო პერიოდიდან აქტიურადაა ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით საგარეჯოს რაიონში თავისუფალი საინფორმაციო სივრცის ერთ-ერთ რგოლს შეადგენს. ადგილობრივ მედიაში ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ სარედაქციო და საინფორმაციო პოლიტიკას არსებული გაზეთებიდან ერთი ეწევა, რომელიც, ხელისუფლებასთან სერიოზული დაპირისპირების მიუხედავად, საერთაშორისო დონორების დახმარების გარეშე გადარჩა.

ახმეტასა და ყვარელში მედია ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია. გამონაკლისს ყვარელში გამომავალი ერთი გაზეთი წარმოადგენს, რომელსაც ადგილობრივი ღვინის ქარხნის დაფინანსებით პოლიტიკური პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს გამოსცემს. ანალოგიურია სიტუაციაა დედოფლისწყაროში, სადაც ერთადერთი ადგილობრივი გაზეთი ხელისუფლების საგამომცემლო ორგანოა და მისი დაფინანსების წყალობით არსებობს.

სიღნაღში და ლაგოდეხში განსხვავებული სიტუაციებია. თუ პირველში გამგეობის მონაწილეობის გარეშე მედია-ორგანიზაციები საკუთარ პრობლემებს ვერ აგვარებენ, მეორეგან მედიის არსებობა მთლიანად ან ნაწილობრივ ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის შედეგადაა შესაძლებელი.

სიღნაღში მხოლოდ ერთი მედია-ორგანიზაცია არის იურიდიულად და ფინანსურად ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მაგრამ დანარჩენი ორიც ვერ გაძლებდა ხელისუფლების დახმარების გარეშე. ამ მხრივ საინტერესოა ადგილობრივი რადიოს მდგომარეობა, რომელიც საერთაშორისო ფონდების გრანტების რეციპიენტიც არის და ამავე დროს გამგეობასთანაც აქვს ფინანსური ურთიერთობები.

ლაგოდეხის მედიასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევის გარეშე ჩამოყალიბდა და მთლიანად სამოქალაქო სექტორის აქტივობის შედეგია. აქ უფრო ელექტრონული მედია არის განვითარებული. რადიო ჰერეთი, უდავოდ, ადგილობრივი მედიის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო დონორების თანამშრომლობის ყველაზე წარმატებული მაგალითია რეგიონში.

ბეჭდვითი მედია

კახეთის 26 მედია-ორგანიზაციიდან, როგორც აღვნიშნეთ, 18 ბეჭდვითია. ერთი შეხედვით, ბეჭდვითი მედია კახეთში საკმაოდ განვითარებულიჩანს. მაგრამ, სინამდვილეში, მედიის მდგომარეობა კახეთში საკმაოდ რთულია და მის განვითარებას ბევრი რამ აბრკოლებს.

პირველ ყოვლისა, არსებობს ფინანსური ხასიათის პრობლემები:

  • რეგიონი, ძირითადად, აგრარული ხასიათისაა. სუსტადაა განვითარებული კერძო მეწარმეობა და მომსახურების სექტორი, რაც სარეკლამო მომსახურეობას მოითხოვდა.

  • მოსახლეობის ინტერესი დამოუკიდებელი პრესის მიმართ დიდია, მაგრამ მისი მსყიდველუნარიანობა დაბალია.

  • გაზეთების უმეტესობის შემოსავლის დიდ წილს ფასიანი განცხადებები - მილოცვები და ნეკროლოგები - შეადგენს, მაგრამ, რაკი გაზეთის პერიოდულობა უმეტესად ორ კვირაში ერთია და ხშირად ესეც ირღვევა, გაზეთები ამ შემოსავალსაც კარგავენ.

  • რედაქციებს ხშირ შემთხვევაში სამუშაოდ აუცილებელი მხოლოდ მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვთ. ხშირად ირღვევა გაზეთების პერიოდულობა, ტირაჟი და გვერდების რაოდენობაც კი. გამგეობებთან დაახლოებული გაზეთები მეტ-ნაკლებად სტაბილურად არის დაფინანსებული.

იმ დამოუკიდებელ გაზეთებს, რომლებიც საერთაშორისო დონორების დახმარებას იღებენ, ეს პრობლემები მანამ არ აწუხებთ, სანამ კონკრეტული გრანტის ან პროექტის ფარგლებში დონორთან ფინანსური ურთიერთობები აკავშირებთ. ამის შემდეგ, როგორც წესი, დახმარებისთვის ადგილობრივ გამგეობას ან ბიზნესმენებს მიმართავენ.

ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით ჩამოყალიბებული გაზეთი შეიძლება ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს თუ პოლიტიკური ინტერესის მქონე ჯგუფს ჩაუვარდეს ხელში. მსგავსი საფრთხის ნიშნები იყო გურჯაანში გაზეთ კახეთის ხმის შემთხვევაში, რომელმაც 2004 წლის გაზაფხულზე საგანგებო სემინარი მიუძღვნა ადგილობრივ ბიუჯეტში მედია-საშუალებებზე გათვალისწინებული ხარჯების ჩასმის და რაიონული მედია-საშუალებების სამართლიანი და თანაბარი დაფინანსების საკითხს. ამიტომ დონორებს მეტი ყურადღება მართებთ რეციპიენტებთან სწორი მენეჯმენტის შემუშავების დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანამშრომლობა გურჯაანის გაზეთ სპექტრთან, სხვა სახის დახმარებასთან ერთად, გულისხმობს მენეჯმენტის საკითხებში რედაქციის წვრთნასაც, რათა პროექტის დასრულების შემდეგ გაზეთს დამოუკიდებლად შეეძლოს საარსებო საშუალებების მოპოვება.

რეგიონში გამომავალი გაზეთების პერიოდულობა საშუალოდ კვირაში ერთია. ხშირ შემთხვევაში ეს პერიოდულობაც ირღვევა. გაზეთების ნაწილი არასტაბილური პერიოდულობითაც გამოდის. მეტი სტაბილურობით და პერიოდულობით გურჯაანის გაზეთები გამოირჩევა. მათ გამოცემისათვის ხელისშემშლელი პირობები იგივე აქვთ, რაც სხვა რაიონების გაზეთებს, მაგრამ აქაური რედაქციები ფინანსურად უფრო მდგრადი აღმოჩნდნენ. თელავის ზოგიერთი გაზეთის გამოცემისათვის ხელისშემშლელი პირობები უფრო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობებშია საძიებელი, რომელთა ხასიათიც რევოლუციის შემდეგაც კი არ შეცვლილა. სხვა რაიონებში გაზეთები, ძირითადად, გამგეობების მიერ ფინანსდება. ამ მხრივ გამონაკლისს ლაგოდეხის ადგილობრივი გამოცემა და საგარეჯოს ერთი გაზეთი წარმოადგენს.

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თვალსაზრისით, გაზეთების უმეტესობა შეჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. ზოგიერთ მათგანს ტექსტის ადგილზე აკრეფის საშუალებაც არ გააჩნია. სიძნელეებს მხოლოდ ისინი არ განიცდიან, ვისაც დონორების მრავალჯერადი დახმარება მიუღია. კახეთის გაზეთები, როგორც წესი, მიუხედავად მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მდგომარეობისა, ყველა თბილისში იბეჭდება.

ელექტრონული მედია

ბეჭდვით მედიასთან შედარებით (დაბალი პერიოდულობა და ტირაჟი) ელექტრონული მედია უფრო ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი და მეტად ოპერატიულიცაა. ამიტომაცაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველაზე მეტად ელექტრონულ მედიაზე კონტროლის დაკარგვას უფრთხის. კახეთის შვიდი დამოუკიდებელი ელექტრონული მედია-საშუალებიდან მხოლოდ ორი, საგარეჯოს ტელეკომპანია თვალი და ლაგოდეხის რადიო ჰერეთი, შეიძლება ჩაითვალოს რეალურად დამოუკიდებელ ორგანიზაციებად. დამოუკიდებლად არსებობის გზაზე ამ ორი ორგანიზაციის წარმატებაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ფინანსურად ელექტრონული მედია ბეჭდვითზე უკეთეს დღეში არ არის. ადგილზე სარეკლამო ბაზრის განუვითარებლობა არსებობის საშუალებას უმცირებს კახეთის ელექტრონულ მედიას. თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლების დაინტერესების წყალობით, დაფინანსება ადგილობრივი გამგეობებიდან ხერხდება. გარდა ხელისუფლების მხრიდან მიღებული დაფინანსებისა, ადგილობრივ ელექტრონულ მედიას დიდად ეხმარება ფასიანი განცხადებებისგან შემოსული შემოსავალი. ადგილობრივი ტელევიზიები გაზეთებს სერიოზულ კონკურენციას უწევენ. ისინი უფრო ოპერატიულად და უფრო ფართო აუდუტორიას აწვდიან ინფორმაციას.

ელექტრონული მედია, ისევე როგორც ბეჭდვითი, სერიოზულ ტექნიკურ პრობლემებს განიცდის. ფინანსების სიმწირის შედეგად ტელე- და რადიოკომპანიებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადახალისება და ოპტიმიზაცია. ამ საკითხში რიგ ელექტრონულ მედია-ორგანიზაციას ისევ საერთაშორისო ფონდები და დონორები ეხმარებიან. მაგრამ ჩანს, რომ მსგავსი დახმარების შემდეგაც ფონდებისგან მიღებული მატერიალური რესურსების ადეკვატურად გამოყენებისა და ახალი გადაცემების მოსამზადებლად შემდგომი დახმარებაა საჭირო. ამასაც, თავის მხრივ, ჟურნალისტებისა და რედაქტორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული პროგრამების დანერგვა სჭირდება, რაც ისევ დონორების ფინანსურ დახმარებას მოითხოვს.

მედია და ხელისუფლება

მედიასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულების შესახებ ზოგადი სურათის გამოყვანა ძნელია. რა თქმა უნდა, მედიის უმეტესი ნაწილი ხელისუფლებაზე ფინანსური დამოკიდებულების გამო მის მიმართ ლოიალური იყო და დღესაც ასეთად რჩება. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე კახეთის მედიის თუნდაც მეოთხედი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდებოდა და ხშირად ამის საფასურად სერიოზული უკმაყოფილობებიც შეხვედრია.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ნაწილში მაინც შესაძლებელი იყო დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბება და ბევრი გაზეთი დამოუკიდებელ გამოცემად ითვლება, ხშირად მათი მხრიდან ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ან მის მიმართ პასიურობას ვხედავთ. ადგილობრივი ექსპერტების განცხადებით, ზოგიერთი მედია-ორგანიზაცია მათი დამფუძნებლების მიერ ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგებებისთვისაც გამოიყენება. ასეთი მედია-საშუალებები ან ხელისუფლებაში წარმოდგენილი ბიზნესმენების ან საკრებულოებში გასული პარტიების ფლაგმანებად მოიაზრებიან. მიუხედავად ამისა, კახეთში მაინც არის ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მედიის ბირთვი, რომელიც საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ბიზნეს-ინტერესების მატარებელი ჯგუფების მხრიდან ზეწოლისა და შევიწროების მიმართ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, სამწუხაროდ, ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივი მედიის მიმართ, იშვიათი გამონაკლისების გარდა (მაგალითად, ის მედია-ორგანიზაციები რომლებთანაც პირადად მედეა მეზვრიშვილს ან მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ დაპირისპირება, დღეს აღარ იდევნებიან), არ შეცვლილა. კახეთში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა ჟურნალისტების ცემის ფაქტი. აქედან ერთ შემთხვევაში ზოგიერთი ადგილობრივი ექსპერტი პირადად კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულს ადანაშაულებს.

ყოფილა შემთხვევებიც, როცა მედიის ადგილობრივ ჩინოსანთათვის არასასურველი წარმომადგენელი პრესკონფერენციებსა და სხვა სახის ოფიციალურ თუ სამუშაო ღონისძიებებზე არ დაასწრეს. ხშირად ეს, როგორც აღვნიშნეთ, ჩინოსნების მედიის წარმომადგენლებთან პირადი დამოკიდებულებებითა და სიმპათიებით აიხსნება. ზოგჯერ ადგილობრივ ხელისუფლებას ის უფრო ანაღვლებს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენები ადგილობრივით კია არა, ცენტრალური პრესით გაშუქდეს. ასე, მაგალითად, 2004 წელს ჩატარებული ცნობილი ოპერაციები ადამიანის გამტაცებლებისა და ნარკოვაჭრების წინააღმდეგ ყოველთვის ტარდებოდა რუსთავი2-ის, იმედის და სხვა თბილისური მედია-საშუალებების კორესპონდენტების თანხლებით, საგანგებო პრესკონფერენციებიც ეწყობოდა მათთვის, მაგრამ არც ერთხელ მსგავს ღონისძიებაზე ადგილობრივი პრესის წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.

მედია და საზოგადოება

წლების მანძილზე ადგილობრივი ხელისუფლება და აქ ჩამოყალიბებული მეზვრიშვილის კლანი ცდილობდა ადგილობრივი მედია პასიური გაეხადა, ინფორმაციის ნაკადი კონტროლირებადი ყოფილიყო. ნაწილობრივ, ეს მიღწეულ იქნა კიდეც, მაგრამ მოსახლეობის დაინტერესებას მიუკერძოებელი ინფორმაციით და შესაბამისი მიმართულებით გაშლილ არასამთავრობო ორგანიზაციათა მუშაობას შედეგად ის მოჰყვა, რომ თავისუფალი მედიის საკმაოდ ვიწრო, მაგრამ სიცოცხლისუნარიანი შრე ჩამოყალიბდა. რევოლუციის შემდეგ რეგიონში რამდენიმე ახალი მედია-ორგანიზაცია შეიქმნა, ცხადია - ადგილობრივი საზოგადოების მოთხოვნილებების პასუხად.

ადგილობრივი მედიის მიმართ ერთგვარი საზოგადოებრივი დაკვეთაც კი არსებობს. წლების მანძილზე დახშული თემების მიმართ ინტერესმა ერთბაშად იჩინა თავი და ადრე ჩამოყალიბებული თუ ახლად აღმოცენებული მედია-ორგანიზაციები აქტიურად ახდენენ საგამომძიებლო ჟურნალისტიკის დანერგვას. გასაგებია, რომ მათ პროფესიონალიზმი აკლიათ. ალბათ სასურველი იქნებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დონორებს ყურადღება მიექციათ საგამომძიებლო ჟურნალისტიკის განვითარებისათვის რეგიონალურ პრესაში. საზოგადოებრივი ინტერესი გამოიკვეთა ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის თვალსაზრისითაც. მედია-ორგანიზაციები ხშირად იღებენ წერილებს მკითხველებისგან, მსმენელებისგან თუ მაყურებლებისგან. ჩანს, რომ ეს უკანასკნელნი ყურადღებით ეცნობიან ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ამსახველ სტატიებს და სიუჟეტებს და აინტერესებთ, რით დამთავრდა ადგილობრივი ხელისუფლების ესა თუ ის ინიციატივა და წამოწყება. ასე რომ, არსებობს მედიისადმი საზოგადოებრივი დაკვეთა: მედიამ, გარკვეული თვალსაზრისით, მონიტორინგის მისია უნდა შეასრულოს ადგილობრივი ხელისუფლებს საქმიანობაზე.

რა თქმა უნდა, ნათქვამი კახეთის ყველა რაიონში მედიისადმი საზოგადოების არსებულ დამოკიდებულებას არ ასახავს. მაგალითად, ადგილობრივი მედიის საქმიანობის მიმართ ერთობ პასიურია ახმეტის რაიონის ქისტური მოსახლეობა, რომელთა პრობლემებზეც იშვიათად საუბრობენ და ადგილობრივი ტელევიზიით პანკისის შესახებ მხოლოდ კულტურული ხასიათის სიუჟეტები გადის.

იგივე შეიძლება ითქვას თავად მედიის მხრიდან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. თითქმის არ ხდება რელიგიურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი მასალების გამოქვეყნება და სიუჟეტების მომზადება (იშვიათი გამონაკლისი გაზ. სპექტრი და რადიო ჰერეთია). კახეთის რიგ რაიონებში საკმაოდ მსხვილი აზერბაიჯანული (ლაგოდეხი, საგარეჯო, დედოფლისწყარო) და სომხური (დედოფლისწყარო) დიასპორები არსებობს, რომელთათვისაც ინფორმაცია ქართულ ენაზე გაუგებარია. ადგილობრივი მედია არ გადის ამ აუდიტორიაზე და ხელიდან უშვებს შანსს, რომ გასაღების ბაზარი გააფართოვოს. მედიის მხრიდან მსგავსი პასიურობის გამოსწორება ისევ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობას და ამ საზოგადოებრივ ჯგუფებში სამოქალაქო სტრუქტურების განვითარებას შეუძლია.

თელავი

გაზეთი თელავის მოამბე

გაზეთი 1921 წელს დაფუძნებული კომუნისტური პარტიის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. თუმცა, გაზეთის ისტორიას თელავის გიმნაზიის 1919 წელს დაარსებული გაზეთიდან იწყებენ. 1998 წლიდან გაზეთი დამოუკიდებელია და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

მიუხედავად დამოუკიდებელი სტატუსისა, გაზეთი დიდად იყო დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. მას შემდეგ, რაც ძველი რედაქციის შენობაში სამხედრო პროკურატურა განთავსდა, გამგეობამ რედაქციას ფართი ადმინისტრაციულ შენობაში გამოუყო. ასევე გაფორმდა ხელშეკრულება გაზეთის ფურცლებზე რაიონის გამგეობის მუშაობის გაშუქების შესახებ, რაც შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რაიონული გაზეთის ტირაჟი დაბალია და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხები - მიზერული, აგრეთვე იმას, რომ რაიონში სარეკლამო ბაზარი პრაქტიკულად განუვითარებელია, გამგეობის დახმარება ერთადერთი სტაბილური შემოსავლის წყაროა გაზეთისათვის. გამგეობის დახმარება იმითაც გამოიხატებოდა, რომ ეხმარებოდა რედაქციას ხელმომწერების მოზიდვის საკითხში.

თელავის მოამბეს ადგილობრივი ბიუჯეტისგან დამოუკიდებელ მცირე შემოსავალს ფასიანი განცხადებები აძლევს. მაგრამ ეს შემოსავალი იმდენად მცირეა, რომ გაზეთის თანამშრომლების სახელფასო ფონდსაც ვერ ავსებს.

გაზეთის შინაარსობრივი მხარე ადგილობრივ ხელისუფლებასთან მსგავს „კეთილ“ დამოკიდებულებას გამოხატავს. გაზეთის ფურცლებზე თითქმის არ დაბეჭდილა ხელისუფლებისადმი კრიტიკული წერილები: არც რევოლუციამდელ პერიოდში, არც მას შემდეგ. თავად გაზეთის მესვეურები ხელისუფლებისადმი მსგავს დამოკიდებულებას იმით ხსნიან, რომ გაზეთი არ ემსახურება კონფლიქტების გაღვივებას და კონკრეტული სახელმწიფო მოხელეებისადმი პირად ანგარიშსწორებას. რედაქციაში შემოსული მამხილებელი წერილები გაზეთს არასდროს დაუბეჭდავს. დაბალი პერიოდულობის გამო თელავის მოამბეს, ცხადია, არ შეუძლია საზოგადოებას მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია დროულად მიაწოდოს. გაზეთი მთლიანად გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და დადგენილებების გამოქვეყნებასა და პუბლიცისტურ წერილებს ეძღვნება.

ძველი ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო თელავის მოამბეს რევოლუციის შემდგომ პერიოდში პრობლემები ჰქონდა ახალ ხელისუფლებასთან. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, თამაზ ხიდაშელის (ამჟამად საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი თელავის რაიონიდან) ხანმოკლე მმართველობის პერიოდში იმ მიზეზით, რომ გამგეობა აღარ იცავდა გაზეთთან 1998 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, თელავის მოამბე აღარ გამოდიოდა. მას შემდეგ, რაც ხიდაშელი პარლამენტში აირჩიეს, გაზეთმა ფუნქციობა განაგრძო. თუმცა, იმის შესაძლებლობაც არის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაგრძელებაზე.

თელავის მოამბე საბჭოთა პერიოდში ყოველკვირეული გამოცემა იყო. ამჟამად არასტაბილური პერიოდულობით გამოიცემა: თვეში ერთხელ ან ორჯერ.

გაზეთს საჭირო ტექნიკური ინვენტარი არ გააჩნია. აქვს რამდენიმე ძველი საბეჭდი მანქანა, რომელიც თანამედროვე ბეჭდვითი ციკლის პირობებში გამოუსადეგარია. ტექსტის აკრეფა და დაკაბადონება ხდება თელავში გამგეობის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება და ოთხგვერდიანია. ტირაჟი 1000 ცალია. საცალო ფასი - 25 თეთრი.

თელავის მოამბეს მხოლოდ ორი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი და ბუხჰალტერი.

გაზეთი ახალი კახეთი

გაზეთი ახლად დაფუძნებულია. მისი პირველი ნომერი 2004 წლის 1 იანვარს გამოვიდა. გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული და მისი დამფუძნებელი ჟურნალისტთა კოლექტივია.

გაზეთის დაარსების სტიმული ვარდების რევოლუციიდან წამოვიდა. რევოლუციამდელი ხელისუფლების პირობებში თელავის გამგებლის, მედეა მეზვრიშვილის აპარატი დამოუკიდებელ პრესაზე ცენზურასა და ზეწოლას ახორციელებდა, რის გამოც გაზეთის დაარსება იმ პერიოდში არ მოხერხდა. მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, ახალი დამოუკიდებელი გაზეთი დღევანდელი ხელმძღვანელობისაგანაც განიცდის შევიწროებას. ჯართად გაყიდული სარწყავი მილების შესახებ დაწერილ სტატიას რაიონული გამგეობიდან, რამდენიმე სოფლის გამგებლისგან და გუბერნატორის აპარატიდან მუქარა და პირადი შეურაცხყოფა მოჰყვა. გაზეთის დამოუკიდებელმა მიდგომამ ზოგადად რეგიონის და კონკრეტულად თელავის რაიონის პრობლემების, ახალი ხელისუფლების საკადრო და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ თელავის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ხანმოკლე დაპირისპირება გამოიწვია.

გაზეთი, უმთავრესად, ორიენტირებულია ჟურნალისტურ გამოძიებებზე, ქვეყნის მასშტაბით მომხდარი საინტერესო ამბების გაშუქებაზე, ადგილობრივ ხელისუფლების „კულისებში“ მიმდინარე დაპირისპირებებისა და გარიგებების გაანალიზებაზე. გაზეთის მესვეურთა განცხადებით, ისინი შემოსული წერილების საფუძველზე ყურადღებით ეცნობიან მკითხველთა აზრს, შეხედულებებსა და შეფასებებს გამოქვეყნებული მასალის შესახებ, ითვალისწინებენ მკითხველთა სურვილსაც, თუ რისი გაშუქება იქნებოდა კარგი აღნიშნული გაზეთის ფურცლებზე. ასე რომ, ახალი კახეთი შეძლებისდაგვარად ცდილობს მკითხველისათვის საინტერესო გახადოს გაზეთი.

ახალი კახეთი ინტენსიურად თანამშრომლობს თელავში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლობებთან. მათთან თანამშრომლობა გამოიხატება როგორც ერთობლივ ძიებებში და მათგან რეგიონში ფიქსირებული ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებაში, ისე იმაშიც, რომ ეს ორგანიზაციები, გარკვეული თვალსაზრისით, თავად კახეთის ხმასაც იცავენ ხელისუფლების ზეწოლისაგან. გაზეთი ასევე თანამშრომლობს ახალგაზრდა ჟურნალისტთა ასოციაციასთან, რომლის სათავო ოფისი ლონდონშია. ამ ასოციაციის დახმარებით გაზეთის რედაქცია გადის ტრენინგებს გაზეთის მართვის საკითხებში.

გაზეთის რედაქცია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის დახმარება არ უთხოვია. მას პერიოდულად ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ეხმარებიან. გაზეთის რამდენიმე ნომერი ღვინის მწარმოებელმა კომპანია GWS-მა და თელავის ავტოგაზმა დააფინანსა. რეკლამის განთავსების მსურველი რაიონში ცოტაა, მაგრამ მათგან შემოსული თანხები გაზეთისთვის შემოსავლის სერიოზულ ნაწილს წარმოადგენს.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ერთი დიქტოფონითა და ერთი ფოტოაპარატით შემოიფარგლება. მისი აკრეფა და დაკაბადონება თელავის უნივერსიტეტის კომპიუტერულ ცენტრში ხდება, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება, რვაგვერდიანია და თვეში ერთხელ ან ორჯერ გამოდის5. ტირაჟი 500 ცალია, საცალო ფასი 40 თეთრი6. გაზეთი საქპრესის საშუალებით ვრცელდება.

ახალ კახეთს 5 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე (ბუხჰალტრისა და კორექტორის ფუნქციებსაც ინაწილებენ) და სამი ჟურნალისტი.

გაზეთი ობიექტივი

გაზეთი 2003 წელს, ვარდების რევოლუციის შემდეგ დაარსდა. მაშინ კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ხიდაშელი იყო. ამ უკანასკნელის პრესსამსახურის უფროსი არის გაზეთის დამფუძნებელი.

გაზეთმა იმთავითვე ტაბუდადებული და საიდუმლოებით მოცული საქმეების შესახებ დაიწყო წერა. გაზეთში გამოქვეყნებული მასალები, ძირითადად, რეგიონში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მეზვრიშვილის, ოჯახის, მასთან დაახლოებული მოხელეების და ბიზნესმენების დანაშაულებრივი საქმიანობის მხილებაზე იყო მიმართული. გაზეთის პირველივე ნომერში ყურადღება დაეთმო გაუხსნელ მკვლელობებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ნომრის მთელი ტირაჟი გაიყიდა.

მას შემდეგ, რაც ხიდაშელი პოსტიდან წავიდა და რეგიონის გუბერნატორად პეტრე ცისკარიშვილი დაინიშნა, გაზეთს ხელისუფლებასთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ამ პერიოდისათვის ობიექტივის მხოლოდ ორი ნომერი იყო გამოსული. ახალ გუბერნატორთან ურთიერთობის დაძაბვა, ერთი მხრივ, რეგიონის ადმინისტრაციაში ძველი კადრების დარჩენით აიხსნება, რომელთაც არ მოსწონდათ ძველი საქმეების წამოწევა, მეორე მხრივ კი, იმით, რომ პრეზიდენტის ახალი რწმუნებულის და მისი წინამორბედის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა, გაზეთი ობიექტივი კი, თამაზ ხიდაშელის გაზეთად მოიაზრებოდა. დაპირისპირებას შედეგად ის მოჰყვა, რომ გაზეთის რედაქტორი დაუდგენელმა პირებმა სცემეს. ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მომხდარში ბრალს ხელისუფლებას სდებენ. თავად გაზეთის რედაქტორი ცემის ფაქტს და გუბერნატორთან დაძაბულ ურთიერთობას ერთმანეთს არ უკავშირებს, მით უმეტეს, გამორიცხავს მომხდარის თამაზ ხიდაშელთან კავშირს. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ობიექტივის დამფუძნებელი ამავდროულად თელავის მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ხიდაშელის ოფისის პრესსამსახურის უფროსია.

ცემის ინციდენტის შემდეგ გაზეთის გამოცემა რამდენიმე თვით შეჩერდა, რედაქტორის თქმით, ტექნიკური მიზეზებით.

გაზეთის პირველი ორი ნომერი, როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად, სკანდალური ხასიათის კრიმინალურ მასალებს დაეთმო. გარდა ჟურნალისტური გამოძიებისა, გაზეთს აქვს პოლიტიკის, ეკონომიკის, საზღვარგარეთის ამბების რუბრიკები და გასართობი გვერდები („ამბების კალეიდოსკოპი“, „პოპულარული კახელები“, სპორტი, ტესტები, კროსვორდები). დამფუძნებელი ცდილობს გაზეთი დედაქალაქის ისეთი გაზეთების ფორმატს მიუახლოვოს, როგორიცაა კვირის პალიტრა.

გაზეთი იკრიფება და კაბადონდება თელავში, იბეჭდება თბილისში. იგი ოცდაოთხგვერდიანია, იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე და თვეში ორჯერ გამოდის. მისი ტირაჟი 800-იდან 1500-მდე მერყეობს. გაზეთის რედაქტორის განცხადებით, იგეგმება ტირაჟის გაზრდა 2000-მდე და რეგიონის მასშტაბით გავრცელება. ამჟამად გაზეთი ქალაქ თელავში ვრცელდება რედაქციის ძალისხმევით. გაზეთის საცალო ფასი 50 თეთრია.

გაზეთს ჰყავს 9 თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ტექსტის ამკრეფი, დამკაბადონებელი კორექტორი, ჟურნალისტი, კორესპონდენტები ლაგოდეხში, ახმეტაში და გურჯაანში, სარეკლამო აგენტი და მენეჯერი.

გაზეთი წინანდალი

გაზეთი 1996 წელს დაარსდა წინანდლის ღვინის ქარხნის მიერ. 1997-1998 წლებში გაზეთის გამოცემაში პრობლემები შეიქმნა დაფინანსების შეკვეცასთან დაკავშირებით. ირღვეოდა პერიოდულობა, გაზეთი ხშირად თვეობით არ გამოდიოდა.

გაზეთის გამოცემას სოფელ წინანდლის მოსახლეობა დადებითად შეხვდა, რადგან ენერგეტიკული პრობლემების გამო გაზეთი ინფორმაციის მიღების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მაგრამ მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი შესაძლებლობების გამო გაზეთის გაყიდვაში პრობლემები წარმოიქმნა; ამიტომ გაზეთის მესვეურებმა გადაწყვიტეს გაზეთი უფასოდ დაერიგებინათ მოსახლეობისათვის. გაზეთში მილოცვები, ნეკროლოგები და გახსენებებიც უფასოა.

გაზეთი წინანდალი, უპირატესად, ისტორიულ და კულტურულ თემატიკას ეძღვნება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლის ისტორიას, აქედან წასულ გამოჩენილ პიროვნებებს, რომელთაგან ზოგიერთი უცხოეთში ცხოვრობს, ასევე, ჭავჭავაძეების საგვარეულო ისტორიას, მათ როლს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია; იგი მთელ საგამომცემლო პროცედურას თბილისში გადის. წინანდალი ოთხგვერდიანია, იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, გამოდის თვეში ერთხელ. ტირაჟი 500 ცალია.

გაზეთს მხოლოდ ერთი შტატიანი თანამშრომელი ჰყავს, ეს მისი რედაქტორია. სტატიებს და წერილებს გაზეთს ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები აწვდიან, მეტწილად - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლები.

ტელეკომპანია თანამგზავრი

ტელეკომპანია 1989 წელს დაარსდა სამი კერძო პირის მიერ. მათგან ორი ფლობს 40%25-იან წილებს, ერთი კი 20%25-ს. ორგანიზაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული. წლების მანძილზე ტელეკომპანიას სახელმწიფოს მიმართ ვალი დაუგროვდა, რის გამოც 2004 წლის ზაფხულში ტელეკომპანიაში რესტრუქტურიზაციის პროცესი დაიწყო. როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა განაცხადა, რესტრუქტურიზაცია მიმდინარეობს კომპანიის მეწილეებს შორის ფინანსური საკითხების ირგვლივ წარმოქმნილი დავის გამოც, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მოხდება თუ არა ორგანიზაციის დამფუძნებლებს შორის წილობრივი გადანაწილება.

ფინანსური თვალსაზრისით, ტელეკომპანია საკუთარ თავს ვერ ინახავს, მისი ერთადერთი შემოსავალი რეკლამა და ფასიანი განცხადებებია. კომერციული რეკლამის დამკვეთი ტელევიზიას თითქმის არ ჰყავს, ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხა კი სახელფასო ფონდსაც ძლივს ავსებს.

ტელეკომპანიას საკუთარი საეთერო ბადე სუსტად აქვს განვითარებული, ამიტომ იგი თავისი თბილისური პარტნიორი ორგანიზაციის რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლაციას ახდენს. საკუთარი გადაცემები მინიმალურ საეთერო დროს იჭერს, დაახლოებით 2-იდან 5 საათამდე დღეში. აქვთ საინფორმაციო გამოშვება მაცნე, რომელიც ყოველდღიურად საღამოს 6 და 10 საათებზე გადის და 5-იდან 15 წუთამდე გრძელდება. ასევე ამზადებენ რამდენიმე საავტორო გადაცემას: საეკლესიო მრწამსი, შვიდეული, დიალოგი.

გადაცემა საეკლესიო მრწამსი რელიგიური ხასიათისაა და მართლმადიდებლური რელიგიის შესახებ მსჯელობებს ეთმობა. გადაცემა შვიდეული მუსიკალურ-გასართობი პროგრამაა და ახალგაზრდობაზეა გათვლილი. დიალოგი კი ინტერაქტიული ტოკ-შოუა, რომელშიც მაყურებელს მოწვეულ სტუმრებთან დარეკვა და შეკითხვის დასმა შეუძლიათ. ეს გადაცემა პირდაპირ ეთერში გადის და მისი მონტაჟი, ცხადია, არ ხდება.

საინფორმაციო გამოშვებები ფაქტების კონსტატაციით შემოიფარგლება და ჟურნალისტურ ძიებას არ გულისხმობს, არც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებს. შესაბამისად, ტელეკომპანიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არც რევოლუციამდე, არც მას შემდეგ უთანხმოება არ ჰქონია.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა 1996 წლის შემდეგ, ანუ, მას შემდეგ, რაც კომპანიამ ფონდ ევრაზიის გრანტი მიიღო, არ გადახალისებულა. ტელეკომპანიის დირექტორმა დღეისათვის ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ტექნიკის შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა. ტელეკომპანიას აქვს საკუთარი ანძა და თელავის, ახმეტის და ყვარლის რაიონებს ფარავს, ნაწილობრივ გურჯაანის რაიონსაც. მაუწყებლობაზე ლიცენზია ტელეკომპანიას აღებული აქვს.

ტელეკომპანიას 18 თანამშრომელი ჰყავს, რომელთაგან მხოლოდ სამია ჟურნალისტი.

თელავის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი - თელავის სარკე

თელავის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2003 წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ფონდ ევრაზიის დაფინანსებით და დაფუძნდა სხვადასხვა ქალაქში ანალოგიური ცენტრების ქსელის ნაწილის სახით (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ამბროლაური). ცენტრის საქმიანობა მიმართულია იმაზე, რომ საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მოქალაქეთათვის.

ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობისა და თათბირების, დამთავრებული კომუნალური მომსახურეობების ტარიფების შესახებ.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი მოქალაქეების დაინტერესებას ამა თუ იმ პრობლემით სოციოლოგიური კვლევების საშუალებით სწავლობს და, შესაბამისად, ბიულეტენის ყოველ შემდგომ ნომერს კვლევისას გამოვლენილ უმწვავეს საკითხს უძღვნის. ამ საკითხებს შორის ყველაზე ხშირად სასმელი წყლის, ელექტროენერგიის ტარიფებისა და მიწოდების პრობლემები ჩნდება.

ბიულეტენის გარდა, საინფორმაციო ცენტრი აწყობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოქალაქეთა შეხვედრებს, რათა ამ უკანასკნელთათვის ხელმისაწვდომი იყოს საჯარო ინფორმაცია. ეს შეხვედრები საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის საშუალებით შუქდება.

თელავის სარკის მომხმარებლები მარტო რიგითი მოქალაქეები არ არიან; ბიულეტენი ურიგდებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივი ხელისუფლების უწყებებსაც.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი ორ კვირაში ერთხელ გამოდის, რვაგვერდიანია და იბეჭდება A4 ფორმატის ქაღალდზე. აწყობა-დაკაბადონება ხდება ადგილზე, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. თელავის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი იბეჭდება 1000 ცალი, აქედან 800 მოქალაქეებს უფასოდ ურიგდებათ, 200 კი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბიულეტენის გამოცემაზე საინფორმაციო ცენტრის 4 თანამშრომელი მუშაობს: დირექტორი, ორი ტექნიკური თანამშრომელი და ბუხჰალტერი.

გურჯაანი

გაზეთი სპექტრი

გაზეთი 2003 წელს დაარსდა და მისი პირველი ნომერი ამავე წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს გამოვიდა. გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

სპექტრი იმთავითვე დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებლი გაზეთია, რის გამოც მას არაერთხელ ჰქონია უკმაყოფილება როგორც რევოლუციამდელ, ისე რევოლუციის შემდეგ მოსულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და რიგ ბიზნეს-ჯგუფთან. გაზეთი თავიდანვე ორიენტირებული იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებაზე, რასაც ადგილობრივი მკითხველის ამ თემატიკით დაინტერესებაც განაპირობებს. გარკვეული თვალსაზრისით, სპექტრი საქართველოს რეგიონული პრესის საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ნოვატორიცაა, ვინაიდან მის ფურცლებზე გამოქვეყნებული გამოძიების მასალები კრიმინალისტური ნოველების სერიების სახით იბეჭდებოდა. ეს მისი აუდიტორიის გემოვნებაში კარგად ჩაჯდა. ჟურნალისტური გამოძიების თემატიკა არამარტო ყოფით დანაშაულებრივ ქმედებებს და სისხლის სამართლის საქმეებს შეეხება, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების (როგორც რაიონულ, ისე რეგიონალურ დონეზე) დანაშაულებრივ ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობასაც. ამასთან დაკავშირებით, გაზეთმა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მეტი გამჭვირვალობის მოთხოვნით მთელი რიგი სტატიებისა მიუძღვნა ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილებების გაშუქებას და კრიტიკას. გაზეთი ცდილობს გაანალიზოს რაიონში არსებული სოციალური პრობლემებისადმი ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის შედეგები და განსაზღვროს არსებული სოციალური ფონის განვითარების შესაძლო პერსპექტივა. გაზეთის ფურცლებზე შუქდება რაიონში პოლიტიკური პარტიების საქმიანობა, ყურადღება ექცევა ამ პარტიების წარმომადგენელთა პირადი და საქმიანი ინტერესების გაანალიზებას. აღსანიშნავია, რომ გაზეთის რედაქციის საქმიანობა არავის დისკრედიტირებაზე ან პოპულარიზებაზე არ არის ორიენტირებული; ის ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებს რაიონში მეტ-ნაკლებად აქტიური ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობის მიმართ. ეს დამოკიდებულება შესაბამისი იყო 2003 წლის ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდშიც, როცა გაზეთმა, მიუხედავად რაიონული ადმინისტრაციის მოთხოვნისა - ტრიბუნა მხოლოდ სამთავრობო პარტიისთვის დაეთმო, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას უარი არ უთხრა პროგრამების დაბეჭდვაზე და მეტიც: გურჯაანის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს თითო-თითო გვერდი დაუთმო. გარდა ეთიკური მოსაზრებებისა, გაზეთის ამ ნაბიჯს პრაგმატული აზრითაც ჰქონდა გამართლება, ვინაიდან არჩევნების პერიოდში მიღებული შემოსავლის წყალობით მოცემულ პერიოდში გაზეთის ტირაჟი გაიზარდა.

გაზეთისთვის ცალკე მნიშვნელოვან თემას რაიონულ ადმინისტრაციაში გამეფებული კორუფცია წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, გაზეთის რედაქტორის მონაწილეობითა და ინიციატივით დაფუძნებული ჟურნალისტთა ასოციაცია მეცენატის და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით გაზეთი გამოცემს ანტიკორუფციულ ჩანართს, რომელიც სპექტრთან ერთად ვრცელდება (ჩანართი უფასოდ ვრცელდება).

სპექტრის საქმიანობა დიდ უკმაყოფილებას იწვევს როგორც ხელისუფლების და მასთან დაახლოებული ბიზნესმენების, ისე ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. ასე მაგალითად, ადგილობრივ ღვინის ქარხანაში 2003 წლის არჩევნების წინ მომხდარი მკვლელობის გაშუქებამ და წარმოებულმა ჟურნალისტურმა ძიებამ (მკვლელობა ქარხნიდან რევოლუციის წინ შეტანილი იარაღის გატანას უკავშირდებოდა), ადგილობრივი ბიზნესმენის და პარტია აღორძინების აქტივისტის წყრომა და მუქარა გამოიწვია. ხშირი იყო მუქარები რევოლუციამდელი ხელისუფლების მხრიდან. გაზეთის პუბლიკაციების მიმართ უკმაყოფილებას დღევანდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც მუქარით გამოხატავენ.

სპექტრს მეტად აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა აქვს ადგილობრივ და დედაქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც მას ეხმარება, როგორც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წარმოებასა და დახვეწაში, ისე ჟურნალისტთა პროფესიული დონის ამღლებაში. თავის მხრივ, ეს თანამშრომლობა გაზეთს საერთაშორისო ფონდებთან ურთიერთობაშიც ეხმარება. სპექტრს მიღებული აქვს IREX-ის მცირე გრანტი ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად, ასოციაცია მეცენატის საშუალებით მონაწილეობდა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს საგამომძიებლო ჟურნალისტიკის განვითარების პროგრამაში, ხოლო 2004 წლიდან მონაწილეობს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) რეგიონული მედიის განვითარებისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პროექტში.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სამწლიან პროექტში მონაწილეობა გაზეთის განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და გაზეთის მენეჯმენტის გაუმჯობესების, ისე ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. გაზეთმა დონორისგან უკვე მიიღო ორი კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, ციფრული ფოტოკამერა და დიზელგენერატორი. დონორი სპექტრს ასევე უზრუნველყოფს კომუნიკაციის საშუალებებით და სახელფასო ფონდით სამი წლის მანძილზე. გარდა ამისა, გაზეთის სარედაქციო კოლექტივი გაივლის ტრენინგებს მენეჯმენტის, მარკეტინგის და ჟურნალისტთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით.

სპექტრის ტექნიკური აღჭურვილობა, გარდა IWPR-ისგან მიღებული ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკისა, მოიცავს ორ კომპიუტერს, პრინტერს, ფოტოკამერას.

გაზეთის ტექსტის აკრეფა და დაკაბადონება ადგილზე ხდება, მაგრამ იბეჭდება თბილისში. სპექტრი იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე და თორმეტგვერდიანია. გაზეთის ტირაჟი 1000 ცალია და მისი საცალო ღირებულება 40 თეთრია. გაზეთი მთლიანად კახეთის რეგიონზე ვრცელდება.

გაზეთს ჰყავს 18 თანამშრომელი, ამათგან 12 ჟურნალისტია: რედაქტორი, კორექტორ-დიზაინერი, სამი ტექნიკური მუშაკი, ბუხჰალტერი, ორი ჟურნალისტი თელავში, ორი დედოფლისწყაროში, ორი ლაგოდეხში, ერთი ყვარელში, ერთი ახმეტაში (აწვდის მასალებს პანკისის ხეობიდან) და ერთიც სიღნაღსა და წნორში, დანარჩენი სამი ჟურნალისტი საკუთრივ რედაქციაში მუშაობს.

გაზეთი იმედი

გაზეთის გამოცემა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იმედი XXI-ს მიერ დაიწყო 2003 წლის აგვისტოში. თავიდანვე ერქვა იმედი, მაგრამ 2004 წლის დასაწყისში დიწყო გამოსვლა იმედი+ სახელით. 2004 წლის მაისში გაზეთმა ძველი სახელი აღიდგინა და ისევ იმედის სახელით იბეჭდება7.

გაზეთი დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და მკითხველისთვის არც ერთ პოლიტიკურ თუ ბიზნეს ჯგუფთან არ ასოცირდება. იმედის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ჟურნალისტური გამოძიებებია, რომლებიც ფოკუსირებულია როგორც ყოფით ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე, ისე რაიონის ადმინისტრაციაში არსებულ კორუფციაზე. გაზეთში გამოქვეყნებული მასალების გამო რედაქციის თანამშრომლებზე ზეწოლაც ხდება, იქნება ეს სიტყვიერი მუქარა თუ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. ასე მაგალითად, გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას „ვინ იქნება საკადრო ცვლილების მორიგი მსხვერპლი?“, რაიონული გამგეობის ერთ-ერთი მოხელის მხრიდან რედაქტორის ცემა მოჰყვა. ცხადია, იმედში გამოქვეყნებულ ყოველ სკანდალურ მასალას ასეთი რეაქცია არ ახლავს. გაზეთის ერთ-ერთი პუბლიკაციის „გმირმა“, პარლამენტის წევრმა პირადი ღირსების შეურაცხყოფისათვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა გაზეთის წინააღმდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ ადგილობრივი ხელისუფლება გარკვეულ რეაგირებას ახდენს გამომზეურებულ დანაშაულზე. მაგალითად, სარწყავი მილების ჯართად გაყიდვაზე ეჭვმიტანილი ერთ-ერთი სოფლის გამგებელი დააპატიმრეს კიდეც, თუმცა მალევე გაათავისუფლეს ბრალის დაუმტკიცებლობის გამო8. ადგილობრივი ექსპერტის განცხადებით, აღნიშნულ პიროვნებას მილების დატაცებაში და მათ ჯართად გაყიდვაში ბრალი არც მიუძღოდა, და მისი დაპატიმრება უკანონო იყო. ეტყობა, ამ შემთხვევაში, ადგილობრივი ადმინისტრაციის გარკვეულმა წარმომადგენელმა იმედის პუბლიკაცია გამოიყენა იმისთვის, რომ მილების ქურდობისთვის დაკავებული სოფლის გამგებელი ამ თანამდებობისაგან გაეთავისუფლებინა. გაზეთი მაქსიმალურად ცდილობს გააშუქოს რაიონში, და არა მარტო რაიონში, ადამიანის უფლებების დარღვევები. მის ფურცლებზე მკითხველს შეეძლო გასცნობოდა მასალებს პოლიციის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების, მათ შორის, წინასწარი პატიმრობის საკნებში წამების ფაქტების შესახებ. რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ამაზე არასოდეს შეუჩერებიათ მკითველის ყურადღება.

ფინანსური თვალსაზრისით, გაზეთი მხოლოდ საკუთარ შემოსავალზეა დამოკიდებული, რომელიც გაყიდვიდან შემოსული თანხებისა და ფასიანი განცხადებებისგან შედგება. ეს შემოსავალი გაზეთის გამოცემას ძლივს ყოფნის. ამიტომ გაზეთის ნომრის გამოსვლა ხშირად იგვიანებს, ანდა მისი გამოცემა თანამშრომლების ხელფასების გაუცემლობის ხარჯზე ხდება. იმედი ჯერ არც ერთი დონორი ორგანიზაციის გრანტის რეციპიენტი არ ყოფილა. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება გაზეთს დიდად წაადგებოდა.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვს. მისი ტექსტის აკრეფა და დაკაბადონება გურჯაანშივე ხდება, ხოლო დაბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება, თორმეტგვერდიანია, ორ კვირაში ერთხელ გამოდის, ტირაჟი 500 ცალია, საცალო ფასი - 50 თეთრი. იმედი გურჯაანის რაიონის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება.

გაზეთს ჰყავს 12 თანამშრომელი, რომელთაგან 8 ჟურნალისტია.

გაზეთი კახეთის ხმა

გაზეთი 2002 წელს დაარსდა კერძო პირის მიერ. 2002 წლის აპრილში მისი პირველი ნომერი გამოვიდა და 2003 წლამდე ორ კვირაში ერთხელ პერიოდულობით გამოდიოდა. 2003 წელს კახეთის ხმა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტის მფლობელი გახდა, რამაც რედაქციას გაზეთის პერიოდულობის გაზრდის საშუალება მისცა.

გაზეთის დამფუძნებელი და რედაქტორი, რედაქციის დღევანდელ ბირთვთან ერთად მანამდეც იყო ჟურნალისტიკით და გაზეთის გამოცემით დაკავებული, კერძოდ, მათი მონაწილეობით და არასამთავრობო ორგანიზაცია GEORGIAN FOUNDATION-ის ეგიდით 2000-2001 წლებში გამოიცემოდა დემოკრატიული ტრიბუნა და ხალხის ხმა XXI, რომელთა ბეჭდვაც გრანტის დამთავრებასთან ერთად შეწყდა. გაზეთის გამოცემის გაგრძელების სურვილმა განაპირობა კიდეც კახეთის ხმის დაარსება.

გაზეთის მონაწილეობით დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი - კახეთი, რომელშიც შედის რადიო ჰერეთი (ლაგოდეხი) და ტელეკომპანია თვალი (საგარეჯო). ორგანიზაციის მიზანი ერთობლივი პროექტების შემუშავება, ამ პროექტებისთვის გრანტების მოძიება და ერთიანი სარეკლამო სივრცის შექმნაა, რომელშიც მონაწილე ორგანიზაციები რეკლამაზე დაკვეთას ერთმანეთს გაუნაწილებენ.

კახეთის ხმა ჩოხატაურის გაზეთ გურია ნიუსთან ერთად რეგიონული მედია ასოციაციის დამფუძნებელიცაა. ასოციაციაში გაერთიანებული მედია-ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ჟურნალისტთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების გამოცდილების გაზიარების და გრანტების მოძიების მიზნით.

ფინანსურად გაზეთს ძალიან არ უჭირს, თუმცა, უკვე მიღწეული მდგომარეობის შესანარჩუნებლად და წინ წასაწევად გარედან დაფინანსება, დიაღაც რომ, წაადგებოდა. გაზეთის რედაქციამ ადგილობრივი გამგეობის საინფორმაციო ცენტრთან ერთად 2004 წლის ზაფხულში სემინარი ჩაატარა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ნაწილდებოდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები რაიონში არსებულ მედია-ორგანიზაციებზე.9

გაზეთი ორიენტირებულია მკითხველისთვის საინტერესო მასალის მიწოდებაზე. გაზეთ იმედთან ერთად კახეთის ხმაც აქვეყნებდა მასალებს სარწყავი მილების ჯართად გაყიდვის თაობაზე. ასევე ქვეყნდებოდა მასალები რაიონული გამგეობის საკადრო პოლიტიკასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მიღებული არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების შესახებ. რევოლუციამდე კახეთის ხმას ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ხშირი იყო სატელეფონო მუქარები და პირადი შეურაცხყოფის ფაქტები, რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და გაზეთს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

გაზეთს ოთხი საკორესპონდენტო ბიურო აქვს კახეთის რეგიონის მასშტაბით: თელავი-ახმეტა, გურჯაანი-საგარეჯო, სიღნაღი-დედოფლისწყარო, ლაგოდეხი-ყვარელი, რომლებშიც ცხრა კორესპონდენტი მუშაობს.

კახეთის ხმის ტექნიკური აღჭურვილობა ორი კომპიუტერით, პრინტერით, სკანერით და ციფრული ფოტოაპარატით შემოიფარგლება.

გაზეთის აკრეფა და დაკაბადონება ადგილზე ხდება, დასაბეჭდად კი თბილისში მიაქვთ. გაზეთი A2 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება, რვაგვერდიანია (თავიდან გამოდიოდა A3 ფორმატით და თორმეტგვერდიანი იყო), ტირაჟი 1000 ეგზემპლარს შეადგენს და საცალო ფასი 50 თეთრია. ვრცელდება მთელი რეგიონის მასშტაბით.

კახეთის ხმას 16 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ორი ტექნიკური მუშაკი, კორექტორი, დიზაინერი, 9 კორესპონდენტი და ბუხჰალტერი.

გაზეთი გურჯაანი

გაზეთი საბჭოთა დროიდან გამოდის. 1995 წელს იგი დარეგისტრირდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და იმ დროიდან დამოუკიდებელ გაზეთად ითვლება.

მიუხედავად იურიდიული სტატუსისა, გაზეთი დღემდე გამგეობის დაფინანსებით გამოდის და, რეალურად, ადგილობრივი ხელისუფლების გაზეთს წარმოადგენს. გარდა დაფინანსებისა, გამგეობა რედაქციას იმითაც ეხმარება, რომ უფასოდ უთმობს ფართს ადმინისტრაციულ შენობაში, არ ახდევინებს მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს და ხელს უწყობს ნომრების რეალიზებაში. გაზეთის მთელი ტირაჟი სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებზეა გათვლილი, რომლებიც არიან გურჯაანის ხელმომწერები.

შინაარსობრივად გაზეთი საკმაოდ ერთფეროვანია. თითქმის არ იბეჭდება ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიები. ძირითადად, გაზეთი ეთმობა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებას, გამგეობის დადგენილებების, გადაწყვეტილებების და სამუშაო თათბირების ამსახველი მასალის გამოქვეყნებას.

მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანი მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსებით არსებობს, ხშირად გაზეთის პერიოდულობა ირღვევა, ყოფილა შემთხვევები, როცა გაზეთი რამდენიმე თვეც არ გამოსულა.

გაზეთს არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. ტექსტის ასაკრეფად და დასაკაბადონებლად ადგილობრივი კომპიუტერული ცენტრის მომსახურებას იყენებენ, ხოლო დასაბეჭდად გაზეთი თბილისში მიაქვთ. გურჯაანი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 500 ეგზემპლარია.

გაზეთს 5 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, მისი ორი მოადგილე, ჟურნალისტი და ტექნიკური მუშაკი.

ტელეკომპანია გურჯაანი

ტელეკომპანია 1993 წელს დაფუძნდა კერძო პირის მიერ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული. ტელევიზიის დაარსება საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის კახეთის ბიუროს ბაზაზე მოხდა ადგილზე არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსების გამოყენებით.

ტელეკომპანია თითქმის მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე ფუნქციობს. მისი მომსახურების თანხები რაიონულ ბიუჯეტში ცალკე პუნქტს იკავებს. ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხები მიზერულია და ტელეკომპანია გურჯაანის ხარჯებს ვერ ფარავს. მცირე შემოსავალს საბავშვო სტუდიაც იძლევა, რომელში მონაწილე ბავშვების მშობლებს შესაბამისი სატელევიზიო გადაცემის „დებიუტი TV-ის“ დაფინანსება ევალებათ რეგულარული გადასახადის გადახდით.

მიუხედავად ადგილობრივ ხელისუფლებაზე ფინანსური დამოკიდებულებისა, ტელეკომპანია გურჯაანს არჩევნების პერიოდში (მათ შორის 2003 წლის ოქტომბრის არჩევნების დროსაც) არც ერთი პარტიისთვის და არც ერთი მათი წარმომადგენელისთვის უარი არ უთქვამს ტელეკომპანიის ეთერის გამოყენებაზე.

ტელეკომპანია დილის რვა საათიდან ღამის ორ საათამდე მაუწყებლობს. მისი საეთერო ბადე დროის ამ მოცულობას ვერ ავსებს და უმეტესწილად ფილმები და მუსიკალური კლიპები გადაიცემა. ტელეკომპანიის საკუთარი გადაცემებია: პუბლიცისტური გადაცემა „არაფერს პლუს ყველაფერი“; საბავშვო გადაცემა „დებიუტი TV“; რელიგიური გადაცემა „თვალი წინაპრისა“; პირდაპირი ეთერით გადაიცემა ტოკ-შოუ „აქტუალური ინტერვიუ“; მუსიკალური გადაცემა „ჰიპ-ჰოპი“; ახალგაზრდულ-შემეცნებითი გადაცემა „იდეა“.

ტელეკომპანია გურჯაანის ტექნიკური აღჭურვილობა სამი ვიდეო კამერა, ხუთი ვიდეო მაგნიტოფონი და ორი კომპიუტერია. აქვს საკუთარი გადამცემი და ანძა, რომლითაც მაუწყებლობს გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე.

ტელეკომპანიას ჰყავს 25 თანამშრომელი, რომელთაგან მხოლოდ ექვსია ჟურნალისტი.

საგარეჯო

გაზეთი კახეთის კარიბჭე

გაზეთი 1995 წელს დაფუძნდა, იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და მისი დამფუძნებლები ადგილობრივი გამგეობა და საკრებულოა.

მიუხედავად იმისა, რომ გამგეობა და საკრებულო გაზეთის დამფუძნებლები არიან, ისინი კახეთის კარიბჭეს მხოლოდ ნაწილობრივ აფინანსებენ. შემოსავლის ძირითად ნაწილს, რომლითაც სახელფასო ფონდი ივსება, ხელმოწერებიდან (ხელმოწერებით გაზეთს გამგეობა უზრუნველყოფს) და ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხები შეადგენს. ეს შემოსავალიც საკმაოდ მწირია და მხოლოდ ფიქსირებულ ხელფასს ყოფნის, რომელიც საშუალოდ 34 ლარს შეადგენს, რაც შეეხება ჰონორარებს, ისინი, დიდი ხანია, აღარ გაიცემა.

გაზეთში, ძირითადად, ადგილობრივი პრობლემების შესახებ პუბლიცისტური ხასიათის სტატიები იბეჭდება. გარდა გამგეობის და საკრებულოს მუშაობისა, გაზეთი აშუქებს სოციალურ, კულტურულ, სპორტულ და ეკონომიკურ საკითხებსაც. ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობის პრობლემებსაც. ამ პრობლემებზე სპეციალისტების წერილები იბეჭდება. ძირითადად, ეს ეხება შხამ-ქიმიკატების გამოყენებას და ფალსიფიცირებული საქონლის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

გაზეთს ჰქონდა შემთხვევები პოლიტიკურ პარტიებთან დაპირისპირებისა. მაგალითად, 2003 წლის ოქტომბრის არჩევნების დროს გაზეთის ფურცლებზე მწვავე პოლემიკა გაიმართა მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების წარმომადგენლებს შორის, რომლის დროსაც ორივე მხარე გაზეთს ტენდენციურობაში სდებდა ბრალს.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ძველი საბეჭდი მანქანით შემოიფარგლება.

კახეთის კარიბჭის ტექსტი იკრიფება და კაბადონდება საგარეჯოში, ხოლო ბეჭდვა თბილისში ხდება. გაზეთი იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, ოთხგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 600 ეგზემპლარია. აქედან 400 ხელმომწერებზე ვრცელდება. გაზეთის საცალო ფასი 30 თეთრია.

გაზეთში 8 ადამიანი მუშაობს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ბუხჰალტერი, მემანქანე და ოთხი ჟურნალისტი.

გაზეთი ივრის განთიადი

გაზეთი 1946 წლიდან არსებობს. იგი კომუნისტური პარტიის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანო იყო და თავიდან სტალინური სიტყვის სახელით გამოდიოდა. გაზეთს ივრის განთიადი 1956 წლიდან ჰქვია. 1991 წელს გაზეთის კოლექტივმა ივრის განთიადი დამოუკიდებელ გაზეთად გამოაცხადა და იმ დღიდან გაზეთი სარედაქციო კოლექტივის საკუთრებაა. ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით არსებობს.

1990-იანი წლების შუა ხანებში, როცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარი პოზიციის გამომხატავი მედია-საშუალება დასჭირდათ, ივრის განთიადზე ზეწოლის პერიოდი დაიწყო, რაც დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან გამგეობამ მალე საკუთარი გაზეთი კახეთის კარიბჭე ჩამოაყალიბა. სამაგიეროდ, გაზეთმა საბჭოთა პერიოდიდან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება დაკარგა (შენობა, კომუნიკაციის საშუალებები, ტექნიკა და სტამბა).

ადგილობრივ ხელისუფლებასთან მსგავსი დამოკიდებულების ფონზე, ცხადია, გაზეთი საგარეჯოს რაიონში ოპოზიციური აზრის გამოხატვის ტრიბუნა გახდა. ოპოზიციური პარტიების რაიონული წარმომადგენლები, განსაკუთრებით, 2003 წლის არჩევნების წინა პერიოდში, აქტიურად თანამშრომლობდნენ გაზეთთან. ეს აღიზიანებდა ადგილობრივ ხელისუფლებას. გაზეთის წარმომადგნლებს არ იწვევდნენ საკრებულოს თუ გამგეობის სხდომებზე, გამგებელი ინტერვიუს არ აძლევდა ივრის განთიადის ჟურნალისტებს. გარდა ამისა, ადგილობრივი ხელისუფლების უწყებებში დასაქმებულ პირებს გაზეთის გამოწერა ეკრძალებოდათ. რევოლუციის შემდეგ მდგომარეობა კარდინალურად შეიცვალა და გაზეთს დღეისათვის მსგავსი პრობლემები აღარ აქვს.

გაზეთი საკუთარ შემოსავლებზეა დამოკიდებული, რომელიც მთლიანად ხელმოწერებიდან, გაყიდვიდან და ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხებისგან შედგება.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა თითქმის არ გააჩნია. მას ორი საბეჭდი მანქანა და რედაქტორის პირადი დანაზოგებით შეძენილი ერთადერთი დიქტოფონი აქვს.

ივრის განთიადის აკრეფა-დაკაბადონება ადგილობრივ კომპიუტერულ ცენტრში ხდება და დასაბეჭდად თბილისში იგზავნება. გაზეთი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება, ოთხგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. მისი ტირაჟი 600 ეგზემპლარია, რომლიდანაც 500 ხელმომწერებზე ვრცელდება. ივრის განთიადის საცალო ფასი 30 თეთრია.

გაზეთი მეგზური

გაზეთს საგარეჯოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია მეგზური გამოსცემს. ასოციაციის მიზანი სოფლის მეურნეობის დარგებში ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისთვის ხელის შეწყობაა. ამ მიზნით გამოიცემა გაზეთი მეგზურიც, რომლის ფურცლებზე ასოციაცია კონსულტაციებს უწევს დამწყებ ბიზნესმენებს. გაზეთს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება არ აქვს.

გაზეთის პირველი ნომერი 2003 წლის აპრილში გამოვიდა, მაგრამ უსახსრობის გამო მისი პერიოდულობა მუდმივად ირღვევა. თავიდან გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდიოდა, შემდეგ ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი გარკვეული პერიოდით შეწყვიტა გამოსვლა.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. მისი გამოცემა მთლიანად თბილისში არსებული საშუალებებით ხდება.

მეგზური იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, რვაგვერდიანია და 500 ეგზემპლარი იბეჭდება (აქედან 280 ხელმომწერებზე ვრცელდება). გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოდის და მისი საცალო ფასი 50 თეთრია.

გაზეთის გამოცემაზე ასოციაცია მეგზურის 4 წარმომადგენელი მუშაობს.

ტელეკომპანია სამება

ტელეკომპანია 1998 წელს დაარსდა კერძო პირის მიერ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

ტელეკომპანიას ამჟამად ლიცენზია არ გააჩნია და საკუთარი გადაცემების ტრანსლაციასაც აღარ ეწევა. 2003 წლამდე, სანამ ტელეკომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია მაუწყებლობაზე ლიცენზიას ჩამოართმევდა, სამება ამზადებდა რამდენიმე საავტორო-პუბლიცისტურ გადაცემას, საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ათ დღეში ერთხელ გადიოდა და მაქსიმუმ 30 წუთს იკავებდა, ასევე საბავშვო გადაცემების ციკლს. ტელევიზიის ეთერით მეტწილად რუსული არხების გადაცემები გადიოდა.

დღეისათვის ტელეკომპანია საკუთარ გადაცემებს არ გადასცემს და მხოლოდ რუსული არხების თანამგზავრიდან რეტრანსლირებას ახდენს, რისი ტექნიკური საშუალებებიც მას გააჩნია. ტელევიზია მეპატრონეს არანაირ შემოსავალს არ აძლევს და მის საქმიანობას მხოლოდ რაიონის მაცხოვრებელთა რუსული არხებით დაინტერესება განაპირობებს.

სამების ტექნიკური აღჭურვილობა მოიცავს საკუთარ გადამცემს და ანძას, თანამგზავრიდან მიმღებს, კომპიუტერს, ორ ტელეკამერას და მიკჩერს.

დირექტორის გარდა ტელეკომპანიაში ორი ტექნიკური მუშაკი მუშაობს.

ტელეკომპანია თვალი

ტელეკომპანია 1996 წელს დაარსდა კერძო პირების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით. 2003 და 2004 წლებში თვალში დამფუძნებლების ცვლილება რამდენჯერმე მოხდა, ამჟამად მისი 51%25 ერთ პირს ეკუთვნის, ხოლო 49%25-ის თანაბარი წილები ორი პიროვნების საკუთრებაშია.

ტელეკომპანია 2003 წლის აგვისტოში IREX-ის გრანტის მფლობელი გახდა, რამაც საშუალება მისცა, ტექნიკური ბაზა გადაეხალისებინა და ახალი გადაცემები გაეკეთებინა. გრანტი წინასაარჩევნო პროცესის სამართლიანობისა და გამჭვირვალების უზრუნველყოფაზე იყო მიმართული, რასაც ტელეკომპანია თვალმა თავი წარმატებით გაართვა. გრანტის ფარგლებში მოხდა პირდაპირი ჩართვის საშუალებების შეძენა და ამისთვის საჭირო სტუდიის აღჭურვა. შესაბამისად, რაიონში საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პარტიას და პარტიათა წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, პირდაპირი ეთერით თავ-თავისი პროგრამები გაეცნოთ ამომრჩევლებისათვის. ტელეკომპანიის საქმიანობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დადებითი რეაქცია არ მოჰყოლია. შეეცადნენ ხელი შეეშალათ პირდაპირი ეთერისთვის აუცილებელი სარელეო ხაზის დამონტაჟებაში; ხშირად პირდაპირი ეთერის დროს ტელეკომპანიას ელექტროენერგიას უთიშავდნენ.

IREX-ის გრანტი 2004 წლის თებერვალში დამთავრდა, მაგრამ მისი როლი თვალის განვითარებაში, უდავოდ, დიდია. დღეს ტელეკომპანია სტაბილურად მაუწყებლობს და საკუთარი საავტორო გადაცემების გაკეთების შესაძლებლობებსაც ფლობს. თავისთავად, ასეთი მონაცემების პირობებში ტელეკომპანია ცნობადი გახდა მაყურებლისთვის და მას დაკვეთები გაუჩნდა რეკლამასა და ფასიან განცხადებებზე, რომლებიც მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენენ.

რევოლუციამდე ადგილობრივ ხელისუფლებასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამჟამად ეს ურთიერთობა შეიძლება შეფასდეს როგორც საქმიანი. ტელეკომპანია აქტიურად აშუქებს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და ხშირად იწვევს მის წარმომადგენლებს პირდაპირ ჩართვებზე სტუდიაში, რომლის დროსაც მაყურებელს შეუძლია დარეკოს და მისთვის საინტერესო პრობლემებზე კითხვები დასვას. გარდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა, პირდაპირ ჩართვებზე იწვევენ რაიონის სტუმრებს და რაიონში მაცხოვრებელ გამოჩენილ ადამიანებს.

ტოკ-შოუს გარდა, თვალი ამზადებს საავტორო გადაცემას „ჩვენებურები“, საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ გადის, ანალიტიკურ გადაცემათა ციკლს, სადაც რაიონისთვის სასიცოცხლო საკითხები შუქდება: გარემოს დაბინძურება, ირიგაცია, ყოფილი რუსული ბაზების ტერიტორიების განაღმვა, ეპიდემიოლოგიური ფონი. საკუთრივ თვალის გადაცემები დღის საეთერო დროის მხოლოდ 2-3 საათს იკავებს. დანარჩენი დრო რუსთავი2-ის გადაცემათა რეტრანსლაციას ეთმობა.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა მოიცავს ორ ციფრულ კამერას, ხუთ მონიტორს, ერთ კომპიუტერს, ორ ვიდეომაგნიტოფონს, ოთხ ტელევიზორს, სარელეო ხაზს. ტელეკომპანიას მაუწყებლობაზე ლიცენზია აქვს და საგარეჯოს რაიონის გარდა დედოფლისწყაროს თითქმის სამ მეოთხედს ფარავს.

ტელეკომპანიას ჰყავს 14 თანამშრომელი: აღმასრულებელი დირექტორი, პროდიუსერი, ტექნიკური ინჟინერი, დიზაინერი, 6 ჟურნალისტი და 4 ოპერატორი.

ყვარელი

გაზეთი ილიას გზა

გაზეთის პირველი ნომერი 2003 წლის აპრილში გამოვიდა სააქციო საზოგადოება ქინძმარაულის დაფინანსებით. აღნიშნული საწარმოს ხელმძღვანელი ამავე დროს რაიონის საკრებულოს სპიკერიც იყო პარტიიდან მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რაც, ცხადია, გაზეთის სარედაქციო პოლიტიკას და მის შინაარსობრივ მხარეს დიდად განსაზღვრავდა.

პოლიტიკურად ანგაჟირებული გაზეთი ყვარელში არსებულ პარტიულ სპექტრში მაინც ახერხებს დაბალანსებული პოზიციის შენარჩუნებას და ინფორმაციის თუ კომენტარისთვის ხშირად მიმართავს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს. ამასთან, არც ადგილობრივი გამგეობის გაღიზიანებას იწვევს.

ფინანსურად გაზეთი მთლიანად სააქციო საზოგადოება ქინძმარაულის სუბსიდიებზეა დამოკიდებული. ეს მის პერიოდულობაზეც აისახება. სააქციო საზოგადოება ხშირად დროულად არ ურიცხავს თანხებს გაზეთს, რის გამოც გაზეთის გამოსვლა რამდენიმე თვითაც შეფერხებულა.

ტექნიკურ აღჭურვილობას შეადგენს დიქტოფონი და ფოტოაპარატი. გაზეთი თბილისში გამოიცემა. მისი მოცულობა 4-იდან 8 გვერდამდე მერყეობს (დამოკიდებულია გამოსაქვეყნებელი მასალის ოდენობაზე), A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება და გამოდის არარეგულარულად. ილიას გზის ტირაჟი 1000 ეგზემპლარია. საცალო ფასი 20 თეთრია. თითქმის არ იყიდება. ამიტომ, პრაქტიკულად, უფასოდ ვრცელდება.

გაზეთს ჰყავს სამი თანამშრომელი: რედაქტორი და ორი ჟურნალისტი.

გაზეთი ყვარელი

გაზეთი 1932 წლიდან არსებობს ყვარელის სახელით. საბჭოთა წყობის მოშლის შემდეგ გაზეთს სახელიც ძველი დარჩა და კოლექტივიც.

გაზეთი ყვარელი დღემდე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოდ რჩება, თუმცა, ამ უკანასკნელის მხრიდან ჯეროვან დაფინანსებას ვერ იღებს. ადგილობრივი გამგეობა და საკრებულო მისი ხარჯების მხოლოდ 40%25-ს ფარავს, რაც უარყოფითად მოქმედებს გაზეთის ფინანსურ მდგრადობაზე, განსაკუთრებით, ხელფასების გაცემაზე. გაზეთი სტაბილური პერიოდულობით და ტირაჟით გამოდის.

გარდა იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს, გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის და, განსაკუთრებით, მევენახეობის პრობლემებს. გაზეთი გულგრილი არ არის მდინარე დურუჯის ხეობის ეკოლოგიური პრობლემების მიმართ. მისი ინტერესის ველშია ყვარლის ისტორიაც. ყურადღების მიღმა არ რჩება რაიონის გამოჩენილი ადამიანები და არც რაიონში ჩატარებული კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. იგი თბილისში იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, ოთხგვერდიანია და თვეში ორჯერ გამოდის 500 ეგზემპლარიანი ტირაჟით.

გაზეთს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, ბუხჰალტერი, მდივან-მემანქანე, სამი კორესპონდენტი.

ახმეტა

გაზეთი ახმეტის მაცნე

ახმეტის მაცნე 2002 წლიდან გამოდის. გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და მისი დამფუძნებელი გამგეობაა. 2003 წლის ნოემბრის რევოლუციამდე გამოდიოდა არარეგულარულად. რევოლუციის შემდეგ პირველ სამ თვეში 6 საცდელი ნომერი გამოვიდა. ამის შემდეგ გაზეთი სტაბილურად გამოდის.

ახმეტის მაცნემდე გამოდიოდა დამოუკიდებელი გაზეთი ბახტრიონი, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო 1997 წელს დაიხურა. თუმცა, ადგილობრივი ექსპერტების თქმით, გაზეთის დახურვის მიზეზია ის, რომ გაზეთი გამგეობის ინტერესებს არ გამოხატავდა. ახმეტის მაცნეში დღეს გაზეთ ბახტრიონის რედაქციის წევრები არიან დასაქმებულნი.

ახმეტის მაცნე ადგილობრივი გამგეობის გაზეთია და, შესაბამისად, ორიენტირებულია ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის გაშუქებაზე, თუმცა, გაზეთის მუშაობა სხვა ასპექტებსაც მოიცავს, როგორიცაა: მოსახლეობის სოციალური პრობლემები, ეკონომიკური ვითარება, ხე-ტყის ჭრა და რაიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა.

გაზეთს აქვს სპორტული გვერდი, კულტურის გვერდი, გაზეთის არქივი, რომელშიც ძველ ნომრებში დაბეჭდილი მკითხველისთვის საინტერესო მასალის განთავსება ხდება. რედაქტორის განცხადებით, გაზეთი მონოტონურად რომ არ იკითხებოდეს, ის გაახალისეს ანეკდოტებითა და კროსვორდებით.

ახმეტის მაცნე ნაკლებ ყურადღებას უთმობს ჩეჩენი ლტოლვილების სოციალურ მდგომარეობას. პანკისის თემატიკა უფრო ახმეტის რაიონში მცხოვრები ქისტების ლექსების გამოქვეყნებით და ხეობაში გამართული სახალხო რელიგიური თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიებების გაშუქებით შემოიფარგლება.

რედაქცია ყურადღებით ეკიდება მკითხველების აზრს და მათგან შემოსულ წერილებსაც ბეჭდავს.

გაზეთი მთლიანად გამგეობის დაფინანსებით არსებობს, თუმცა, მცირედი შემოსავალი ფასიანი განცხადებებიდანაც აქვს.

ახმეტის მაცნეს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. იგი თბილისში იბეჭდება. გაზეთი A4 ფორმატისაა, რვაგვერდიანია. ტირაჟი 500 ცალს შეადგენს. საცალო ფასი 30 თეთრია. ახმეტის მაცნე ორ კვირაში ერთხელ გამოდის.

გაზეთს ოთხი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, ბუხჰალტერი და ორი ჟურნალისტი.

ტელეკომპანია ახმეტა

ტელეკომპანია ახმეტა 1991 წელს დაფუძნდა ორი კერძო პირის მიერ თანაბარი საწილო მონაწილეობით. თავიდან ტელეკომპანია საკმაოდ მომგებიან ბიზნესს წარმოადგენდა, რადგან მისმა მესვეურებმა მომსახურების საფასურის გადახდის მეტად საინტერესო ფორმა მოიგონეს. მაყურებელი ყიდულობდა ლატარიის ბილეთს, რომლის გათამაშებაც ტელევიზიის ეთერით ხდებოდა. მაგრამ ტელევიზიის დამოუკიდებლად არსებობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. მალე ადგილობრივმა გამგეობამ მესაკუთრეებს ტელევიზია დაათმობინა. დამფუძნებლებმა თავიანთი ტექნიკა წაიღეს და გამგეობამ ამ მდგომარეობაში მიღებული ტელეკომპანიის ამოქმედება ვეღარ შეძლო. წლების მანძილზე ტელეკომპანია ახმეტა გამგეობის მიერ მივიწყებული იყო და თითქმის არ ფუნქციობდა.

დღეს ტელეკომპანია, უპირატესად რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლაციას ახდენს. საკუთარი გადაცემებით დღის საეთერო დროის დაახლოებით ორ საათს იკავებს (18 საათიდან 20 საათამდე). საკუთარი გადაცემებიდან ახმეტას თხუთმეტწუთიანი საინფორმაციო გამოშვება (კვირაში რამდენჯერმე, არარეგულარულად გადის) და ერთი ოცდაათწუთიანი საავტორო გადაცემა აქვს (ასევე არარეგულარულად გადის). აღნიშნული ორი საათიდან დანარჩენი დრო ფასიან განცხადებებს ეთმობა.

ტელეკომპანიას გამგეობა აფინანსებს. ახმეტას მცირე შემოსავალს ფასიანი განცხადებებიც აძლევს.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა ერთი ტელევიზორით, ორი ვიდეოკამერითა და ერთი ვიდეომაგნიტოფონით შემოიფარგლება. ახმეტას მაუწყებლობაზე ლიცენზია გააჩნია და, ახმეტის რაიონის გარდა, თელავის და ყვარელის რაიონების ნაწილზეც მაუწყებლობს.

ტელეკომპანიას 5 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ბუხჰალტერი.

სიღნაღი

გაზეთი პაემანი

გაზეთს სიღნაღის ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების ცენტრი 2000 წლის 25 ივნისიდან გამოსცემს.

სიღნაღის ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობების ცენტრი ცდილობდა დაფინანსება თბილისში ბაზირებული დიუმას ცენტრისგან მიეღო, რაც უშედეგოდ დამთავრდა. ამიტომ, გაზეთის არსებობის ერთადერთი წყარო გამგეობის დახმარება და ნომრის გაყიდვიდან შემოსული თანხებია.

გაზეთის გვერდები ეთმობა საფრანგეთს, ფრანგულ კულტურას და ფრანგული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების პოპულარიზაციას. მასში ქვეყნდება გამოჩენილი ფრანგი ლიტერატურული მოღვაწეების ბიოგრაფიები და ამონარიდები მათი ნაწარმოებებიდან. გარდა ამისა, გაზეთი ყურადღებას აქცევს რაიონის ფრანგული ენის მასწავლებლების მიერ სკოლებში ჩატარებულ ღონისძიებებს.

გაზეთი პაემანი ძველი საბეჭდი მანქანის გარდა ტექნიკურ აღჭურვილობას არ ფლობს და იგი თბილისში იბეჭდება. გაზეთი A3 ფორმატისაა და ექვსგვერდიანია. გამოდის თვეში ერთხელ, მაგრამ მისი პერიოდულობა ხშირად ირღვევა. პაემანის ტირაჟი 500 ეგზემპლარია, საცალო ღირებულება 30 თეთრი. მას, ძირითადად, გამგეობის თანამშრომლები და სკოლის მასწავლებლები ყიდულობენ.

პაემანს 5 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, მდივან-მემანქანე, ორი ჟურნალისტი და პოლიგრაფისტი (მისი ფუნქცია დასაბეჭდად გაზეთის თბილისში წაღებაა).

გაზეთი ქიზიყი

გაზეთ ქიზიყის ისტორია 1912 წელს იწყება. თავიდან ხმა კახეთისა ერქვა, გასაბჭოების შემდეგ სხვადასხვა პერიოდში ერქვა კოლმეურნე, კომუნიზმის ხმა, კომუნიზმი. 1990 წლიდან მიიღო სახელი ქიზიყი. 1991-1992 წლებში დამოუკიდებელი გაზეთი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ ადგილობრივი ხელისუფლების გამოცემა გახდა და დღემდე ასეთად რჩება.

გაზეთი მთლიანად გამგეობის დაფინანსებაზეა დამოკიდებული და მისი სარედაქციო პოლიტიკაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მუშავდება. აქედან გამომდინარე, გაზეთში გამგეობის პოზიციის გაუთვალისწინებლად პუბლიკაციები არ იბეჭდება. რაიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე გაზეთი ხშირად წერს, თუმცა, საკითხის დაფიქსირების იქით, როგორც წესი, არ მიდის. გაზეთი მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას აშუქებს და გადაწყვეტილებების და დადგენილებების ტექსტებს აქვეყნებს. გარდა ამისა, ქიზიყი დიდ ყურადღებას უთმობს სიღნაღის წარსულს და მისი გამოჩენილი მოღვაწეების ბიოგრაფიებს. გაზეთს აქვს რელიგიური გვერდი „ხმა დედა ეკლესიისა“, რომელსაც ადგილობრივი ეკლესიის მოძღვარი უძღვება. რელიგიურ თემაზე გაზეთის რედაქტორიც წერს, ხშირად არამართლმადიდებლური კონფესიების წინააღმდეგაც. გასაკვირი არაა, რომ მან უარი უთხრა იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ თემს მათი კონგრესის გაშუქებაზე.

გაზეთს გამოსაცემად სათანადო ტექნიკა არ გაჩნია. გაზეთი A3 ფორმატისაა. გვერდების რაოდენობა გამოსაქვეყნებელი მასალის მოცულობის შესაბამისად 4-იდან 12 გვერდამდე მერყეობს. 1000-იანი ტირაჟით ორ კვირაში ერთხელ გამოდის. ქიზიყის საცალო ფასი გვერდების ოდენობიდან გამომდინარე 25-იდან 50 თეთრამდეა. რეალიზაცია თითქმის არ ხერხდება, ამიტომ, პრაქტიკულად, უფასოდ ვრცელდება.

გაზეთს ჰყავს 7 თანამშრომელი: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, ოთხი ჟურნალისტი და ერთი ფოტოკორესპონდენტი.

რადიო სიღნაღელები

რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება სიღნაღელების საკუთრებაა. იგი ძველი საბჭოთა, ეგრეთ წოდებული, ხაზის რადიოს ბაზაზე შეიქმნა. საზოგადოება სიღნაღელებს 2002 წელს მის ჩამოსაყალიბებლად სტიმული ფონდ ჰორიზონტის კონკურსში „კულტურის პოპულარიზაცია“ გამარჯვებამ მისცა. ჰორიზონტისგან მიღებული გრანტის საშუალებით მოხდა არსებული მოძველებული ტექნიკური ბაზის ოპტიმიზაცია, ხაზების ხელახლა გაჭიმვა და პროგრამის ფარგლებში კულტურული ხასიათის გადაცემათა სერიის მომზადება.

გარდა ფონდ ჰორიზონტის პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემათა ციკლისა, რადიომ მოახერხა ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აწყობა, რაც გამგეობის და საკრებულოს მუშაობის გაშუქების შესახებ ხელშეკრულებით გამოიხატა. ამ თანამშრომლობით რადიომ გამგეობისგან ერთი წლის მანძილზე 3000 ლარი მიიღო. ამ თანხით რადიო სიღნაღელებმა პირდაპირი ჩართვის სტუდია გააკეთეს, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს იწვევენ და პირდაპირ ეთერში ესაუბრებიან. ამ საუბრების დროს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ და კითხვები დაუსვან სტუდიის სტუმრებს. გარდა ამისა, მზადდება საინფორმაციო გამოშვება, რომელიც რაიონში მომხდარ ამბებს ოპერატიულად აწოდებს მსმენელს.

რადიოს შემოსავალს სააბონენტო გადასახადისგან შემოსული თანხა შეადგენს, რომელიც ერთ ოჯახზე ერთი თვის მანძილზე 50 თეთრის ოდენობით განისაზღვრება. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ რადიოს ხაზი მთელ ქალაქს არ მოიცავს, ამიტომ შემოსავალიც მცირეა. გარდა სააბონენტო გადასახადისა, რადიო სიღნაღელებს მცირე შემოსავალს ფასიანი განცხადებებიდან მიღებული თანხაც აძლევს.

სიღნაღელების წინაშე მწვავედ დგას ელექტროენერგიის შეზღუდულად მოწოდების პრობლემა, რაც აფერხებს რადიოს მუშაობას. ცხადია, ეს გავლენას ახდენს არსებული და პოტენციური მომხმარებლის დამოკიდებულებაზე რადიოს მიმართ. იმის გამო, რომ კვირების მანძილზე რადიოს მომსახურებას ვერ იღებენ, არსებული აბონენტები უარს ამბობენ სააბონენტო გადასახადის გადახდაზე, ხოლო ისინი, ვისაც რადიოს ხაზი არ აქვს გაყვანილი - მის გაყვანაზე. ყოველივე ეს რადიო სიღნაღელების შემოსავალს ამცირებს და ორგანიზაციას ფინანსურად მოწყვლადს ხდის.

რადიო სიღნაღელების ტექნიკური აღჭურვილობა საბჭოთა დროიდან მიღებული აპარატურით, ახალი აუდიო მიკჩერით, რადიო მიმღებით და მიკროფონებით შემოიფარგლება.

სიღნაღის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი

სიღნაღის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2003 წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ფონდ ევრაზიის დაფინანსებით და დაფუძნდა სხვადასხვა ქალაქში ქსელის ნაწილის სახით (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ამბროლაური). ცენტრის საქმიანობა მიმართულია მასზედ, რომ საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მოქალაქეთათვის.

ბიულეტენში ქვეყნდება რაიონში მიმდინარე პროცესების ანალიზი, გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომლებსაც ერთვის ადგილობრივი იურისტების განმარტებები.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი სოციოლოგიური კვლევების საშუალებით ადგენს მოქალაქეთათვის ყველაზე მწვავე პრობლემას და მას ბიულეტენის მომდევნო ნომერს უთმობს.

გარდა ინფორმაციის მიწოდებისა, სიღნაღის საინფორმაციო ცენტრი აქტიურად იღწვის მოქალაქეთა უფლებების დასაცავად. ასე მაგალითად, გამოვლინდა, რომ მთელმა რიგმა კომუნალურმა სამსახურებმა ბოროტად ისარგებლეს იმით, რომ მოქალაქეებმა არ იცოდნენ მომსახურების ტარიფები. ამას მოჰყვა საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენში ვრცელი პუბლიკაცია და სხვადასხვა სახის კომუნალური მომსახურების ფასების პრეისკურანტი. ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანია, რომელიც საინფორმაციო ცენტრმა აწარმოვა, იყო შპს რაიგაზსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულების თაღლითური შინაარსის გამოაშკარავება, რომელიც მოქალაქეთა სამომხმარებლო უფლებების დამრღვევ პუნქტებს შეიცავდა.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის მომხმარებლები მარტო რიგითი მოქალაქეები არ არიან, ბიულეტენი ასევე ურიგდებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივი ხელისუფლების უწყებებსაც.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი თვეში ერთხელ გამოდის, თორმეტგვერდიანია და იბეჭდება A4 ფორმატის ქაღალდზე. საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის ტირაჟი 1500-ია. იგი მოსახლეობას უფასოდ ურიგდება.

დედოფლისწყარო

გაზეთი შირაქი

გაზეთი 1937 წლიდან გამოდის. 1991-1995 წლებში დამოუკიდებელი გამოცემა იყო, მაგრამ მუდმივი ფინანსური პრობლემების გამო გაზეთის რედაქციამ ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვა, გაზეთი თავისი პატრონაჟის ქვეშ აეყვანა. შირაქი ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, რომლის დამფუძნებელი და ერთპიროვნული მესაკუთრე დედოფლისწყაროს გამგეობაა.

მწირი დაფინანსების გამო გაზეთს უამრავი პრობლემა აქვს, მათ შორის ტექნიკური ბაზის მოძველება, პერიოდულობის დაუცველობა. ამავე მიზეზით ვერ ხერხდება ახალგაზრდა ჟურნალისტების მოზიდვა. ამ პრობლემების გადასაწყვეტად საკმარისი არაა არც გამგეობის დაფინანსება და არც ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხა. ეს უკანასკნელი გაზეთის ხარჯების მხოლოდ 10%25-ს ფარავს.

გაზეთი შირაქი, ძირითადად, ადგილობრივი გამგეობის საქმიანობას აშუქებს და მის გადაწყვეტილებებსა და დადგენილებებს აქვეყნებს. დიდ ყურადღებას უთმობს რაიონის სოციალურ პრობლემებს. რაიონში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემა. არაერთი სტატია მიეძღვნა დაზიანებული წყალსადენების საკითხს. შირაქის ინიციატივით წინ წამოიწია ქალაქში არსებული სანიტარული მდგომარეობის საკითხი. გაზეთის რამდენიმე პუბლიკაციის შემდეგ გამგეობამ ქალაქში არსებულ ნაგავსაყრელების პრობლემა გადაჭრა.

2001 წელს შირაქმა აზერბაიჯანის საზღვართან არსებული სერიოზული პრობლემის გაშუქება დაიწყო. იმის გამო, რომ ხელისუფლება წლების მანძილზე მდინარე ალაზნის ჯებირებს არ აკეთებდა, სოფელ ჯუმასყურის ტერიტორიის 178 ჰექტარ მიწას მდინარე პერიოდულად ტბორავდა. წყლის დონის კლების შემდეგ ეს ტერიტორია აზერბაიჯანთან სადავო ხდებოდა. ამ საკითხის განხილვის და სრულად წარმოჩენის მიზნით საერთაშორისო პროგრამა DAI-მ, რომელიც მსგავს პრობლემებზე მუშაობს, შირაქს ათასდოლარიანი გრანტი გადასცა. ამ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა გაზეთის სამი ნომერი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნა.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა საბეჭდი მანქანითა და ციფრული ფოტოაპარატით შემოიფარგლება.

შირაქი თბილისში იბეჭდება. იგი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება და ოთხგვერდიანია (ხანდახან ექვსგვერდიანი). მისი ტირაჟი 700 ეგზემპლარია და, ძირითადად, გამგეობის საშუალებით მოძიებულ ხელმომწერებზე ვრცელდება. გაზეთის საცალო ღირებულება 30 თეთრია. შირაქი ყოველკვირეული გაზეთია და მეტ-ნაკლებად სტაბილური პერიოდულობით გამოირჩევა.

გაზეთს ჰყავს 10 თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, 5 კორესპონდენტი, დამლაგებელი და მძღოლი (ხელშეკრულებით).

ლაგოდეხი

გაზეთი ლაგოდეხი+

გაზეთს ლაგოდეხის რაიონში არსებული ახალგაზრდობის ინფორმაციით უზრუნველყოფისა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის კვლევის ასოციაცია გამოსცემს. მის ბეჭდვაზე ცალკე პროექტი არ არსებობს და, შესაბამისად, არც ფიქსირებული თანხაა გამოყოფილი. შედეგად, გაზეთის გამოცემა არარეგულარული ხასიათისაა და მთლიანად ასოციაციის წევრთა ენთუზიაზმისა და ფინანსური შემოწირულობების ხარჯზე არსებობს. გაზეთის პირველი ნომერი 1999 წელს გამოვიდა.

გაზეთის საქმიანობა ახალგაზრდული პრობლემების გაშუქებას ეძღვნება. ეს პრობლემები რაიონში არსებული მძიმე სოციალური პირობებიდან წარმოდგება. სტატიები მოიცავს ადგილობრივი ახალგაზრდობის დასაქმების, ნარკომანიის, მიგრაციის პრობლემებს. დიდი ყურადღება ეთმობა ლაგოდეხის ნაკრძალის პრობლემებს, შუქდება გამოვლენილი ბრაკონიერობის და ტყის უკანონო გაჩეხვის ფაქტები. ახალგაზრდობის ინფორმაციით უზრუნველყოფისა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის კვლევის ასოციაცია ტყის პრობლემების შესახებ მარტო წერით არ შემოიფარგლება და ხშირად აწყობს ახალგაზრდულ შაბათობებს ქალაქ ლაგოდეხის მიმდებარე ტყე-პარკის დასასუფთავებლად. ასოციაციის ინიციატივით იმართება გასართობი კულტურულ-სპორტული ღონისძიებები, რომლის გაშუქებასაც შემდეგ გაზეთი ახდენს.

ახალგაზრდობის ინფორმაციით უზრუნველყოფისა და ახალგაზრდობის პრობლემატიკის კვლევის ასოციაცია, გარდა ლაგოდეხი+-სა, ასევე გამოსცემდა საბავშვო გაზეთ ზანდუკს, რომლის მხოლოდ რამდენიმე ნომერი გამოვიდა. უსახსრობის გამო მისი ბეჭდვა შეწყდა. ამ გაზეთს ლაგოდეხის საშუალო სკოლის მოსწავლეები გამოსცემდნენ და, ძირითადად, სკოლის პრობლემებსა და ბავშვთა უფლებებს შეეხებოდა (გაზეთში დაბეჭდილი ერთ-ერთი პუბლიკაცია ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებსაც ეხებოდა). ზანდუკის ტირაჟი 500 ცალი იყო, A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდებოდა და ზოგი ნომერი ოთხ- და ზოგიც რვაგვერდიანი იყო. გაზეთი უფასოდ ვრცელდებოდა. მის გამოშვებაზე 11 ბავშვი მუშაობდა.

ლაგოდეხი+-ის ბეჭდვა თბილისში ხდება. იგი A3 ფორმატისაა და გვერდების რაოდენობა 4-იდან 12-მდე მერყეობს. გაზეთის ტირაჟი 500-იდან 800-მდეა. მისი პერიოდულობა და ტირაჟი დაფინანსებაზეა დამოკიდეუბლი. გაზეთი უფასოდ ვრცელდება.

გაზეთს ჰყავს 4 თანამშრომელი: რედაქტორი, ორი ჟურნალისტი და დიზაინერი.

ტელეკომპანია ლაგოდეხი

ტელეკომპანია დაფუძნდა 1997 წელს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ეკომის მიერ და ორი კერძო პირის საკუთრებაში იმყოფება. ტელეკომპანიის 60%25 ერთ მესაკუთრეს ეკუთვნის, 40%25 - მეორეს. შპს ეკომი, ტელეკომპანიის გარდა, ფლობს ელექტრონული ტექნიკის მაღაზიას და ელექტრო აპარატურის შემკეთებელ სახელოსნოს. ტელეკომპანია მესაკუთრეებს შემოსავალს არ აძლევს და საკუთარ თავსაც ვერ ინახავს, მაგრამ, რადგან იგი შპს ეკომის ერთადერთი კომერციული სტრუქტურა არაა, მის მუშაობაში ფინანსური მიზეზების გამო შეფერხებები არაა.

ტელეკომაპნია ლაგოდეხი თბილისური რუსთავი2-ის პარტნიორია და, ძირითადად, მისი საეთერო ბადით მაუწყებლობს. ტელეკომპანია საკუთარი გადაცემებით კვირაში ერთხელ გადის და საეთერო დროის ორ საათს იკავებს. ამ დროის მანძილზე გადასცემს საკუთარ საინფორმაციო გამოშვებას და გადაცემას „სტუდია დიალოგი“.

„სტუდია დიალოგი“ რაიონის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობას ეძღვნება. მასში სხვადასხვა დარგის ექსპერტებს იწვევენ. ტელეკომპანიას აქვს პირდაპირ ეთერში გასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ამას იშვიათად იყენებს. „სტუდია დილოგში“ სატელეფონო ხაზის საშუალებით დისკუსიაში მოქალაქეებსაც შეუძლიათ მონაწილეობის მიღება.

რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანიამ ჟურნალისტური გამოძიების დანერგვა სცადა. ჯერჯერობით 2 სიუჟეტი აქვთ გაკეთებული, ერთი - ლაგოდეხში გაერო-ს ჰუმანიტარული პროგარმით შემოტანილი და დატაცებული პურის ფქვილის შესახებ, მეორე - რაიონში თაღლითობით აკრეფილი 700000 დოლარის შესახებ.

ლაგოდეხს რეკლამაზე დაკვეთა თითქმის არ აქვს. ზოგჯერ სოციალურ რეკლამას უკვეთს ინტერნიუსი და გაზეთი სპექტრი. მცირე შემოსავალს ტელეკომპანიას ფასიანი განცხადებებიც აძლევს.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა შემდეგია: გადამცემი, ორი ვიდეო მაგნიტოფონი, ერთი ტელევიზორი, მიმღები და ორი ვიდეო კამერა.

ტელეკომპანიას 9 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, 2 ჟურნალისტი, 3 ოპერატორი, ბუხჰალტერი და 2 ტექნიკური მუშაკი. ტელეკომპანია ლაგოდეხს მაუწყებლობაზე ლიცენზია აქვს და ლაგოდეხის რაიონზე მაუწყებლობს.

რადიო ჰერეთი

რადიო 1998 წელს დაარსდა ოთხი კერძო პირის თანაბარი წილოვანი მონაწილეობით და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

თავიდან რადიოს მხოლოდ გასართობი ხასიათის გადაცემები ჰქონდა, მაგრამ 2000 წლიდან ფორმატი შეიცვალა და საინფორმაციო დატვირთვაც მიიღო. თავიდან მხოლოდ ადგილობრივ ამბებს აშუქებდა, მაგრამ ფონდ ევრაზიის გრანტის მოპოვების შემდეგ ახალი ტექნიკური ბაზის საფუძველზე ინფორმაციის მიღების პროცესი დაჩქარდა და მთელი საქართველოს და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაც გახდა შესაძლებელი. ჰერეთი საქართველოს სხვა რეგიონულ რადიოსადგურებთან ერთად რადიო თავისუფლების ქსელშია ჩართული. ქსელი აერთიანებს რადიო ჰერეთს (ლაგოდეხი), რადიო ძველ ქალაქს (ქუთაისი), რადიო ათინათს (ზუგდიდი), რადიო ჰარმონიას (ფოთი) და რადიო მწვანე ტალღა - მესხეთს (ახალციხე). ამ რადიოსადგურებთან ერთად ყოველკვირეულად ტარდება პირდაპირი რადიოხიდები. ეს რადიოხიდები განსაკუთრებით საინტერესო იყო არჩევნების პერიოდში.

რადიოს ინფორმაციის მოპოვება არ უჭირს. მას კახეთის თითქმის ყველა რაიონში აქვს ჩამოყალიბებული საკორესპონდენტო ბიუროები. ჰერეთს ჰყავს კორესპონდენტები სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ყვარელში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში. საგარეჯოში რადიოს სიგნალი ვერ ვრცელდება და კორესპონდენტი იქ არ ჰყავთ, თუმცა, თუ რაიმე საინტერესო ხდება იქ, შეუძლიათ პირდაპირი ჩართვა აწარმოონ.

2003 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ჰერეთმა მიიღო ფონდ ევრაზიისა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს ერთობლივი გრანტი წინასაარჩევნო დებატების ორგანიზების მიზნით. ამ გრანტის ფარგლებში მოეწყო პირდაპირი ჩართვის სტუდია, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან დარეკვა და პირდაპირ ეთერში მიმდინარე დისკუსიებში მონაწილეობა მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ. გარდა ამ ორგანიზაციების გრანტებისა, 2003 წელს ჰერეთი IREX-ის გრანტის რეციპიენტიც იყო, რამაც ჰერეთს ტექნიკური საშუალებების ოპტიმიზაციის შესაძლებლობა მისცა.

რადიო ჰერეთის საეთერო ბადე დატვირთულია და მრავალფეროვანი. საინფორმაციო გამოშვება გადის ყოველ საათში და 5-10 წუთს იკავებს. დილის 9-იდან 10 საათამდე და საღამოს 20-იდან 21 საათამდე ხდება რადიო თავისუფლების გადაცემათა რეტრანსლაცია. ყოველ დილით 10-იდან 12 საათამდე გადის გასართობ-შემეცნებითი გადაცემა „დილის რადიო“. ორშაბათობით გადის გადაცემა ეთნიკური უმცირესობებისათვის „შენი უფლება“; კვირის ბოლოს - კვირის ამბების შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა „მთელი კვირა“; კვირაში ერთხელ ასევე გადის სამოქალაქო განათლების ასოციაციის მიერ გაკეთებული გადაცემები. დანარჩენი დრო მუსიკას ეთმობა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა ძალიან მძიმე იყო წინა ხელისუფლების დროს. რევოლუციის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. თუმცა, 2004 წელს მოხდა უსიამოვნო ფაქტი: დაიკარგა ორი პროცესორი. მათში ჩაწერილი ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იბადება ეჭვები, ხომ არ ჰქონდა ადგილი რადიოსთან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

ჰერეთის ტექნიკური აღჭურვილობა მოიცავს სამ კომპიუტერს, ხმის პულტს, გადამცემებს და გენერატორს. რადიოს სიგნალი ლაგოდეხის რაიონის გარდა, დედოფლისწყაროს, თელავის, სიღნაღის, ახმეტის, გურჯაანის და ყვარლის რაიონის სოფლების ნაწილს ფარავს. ჰერეთს მაუწყებლობაზე ლიცენზია აქვს და მას საქართველოს ტელე-რადიოცენტრი ემსახურება.

9 შტატიანი თანამშრომლის გარდა, რადიოს ჰყავს კონტრაქტით აყვანილი კორესპონდენტები. ჰერეთის თანამშრომელთა რიცხვი 21-ს შეადგენს.

ლაგოდეხის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი - ლაგოდეხის ქრონიკა

ლაგოდეხის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2003 წლის ივლისში შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ფონდ ევრაზიის დაფინანსებით და დაფუძნდა სხვადასხვა ქალაქში ანალოგიური ცენტრების ქსელის ნაწილის სახით (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ამბროლაური). ამ პროექტში ჩაბმამდე ლაგოდეხის რაიონული გამგეობისა და საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი იყო. შემდგომში ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მისი საქმიანობა მიმართულია მასზედ, რომ საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მოქალაქეთათვის.

ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობისა და თათბირების, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების, დამთავრებული კომუნალური მომსახურეობების ტარიფების შესახებ.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი სწავლობს მოსახლეობის დაინტერესებას ამა თუ იმ საკითხით და, შესაბამისად, ლაგოდეხის ქრონიკის ყოველ შემდგომ ნომერს იმ საკითხს უძღვნის, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. ამ საკითხებს შორის ყველაზე ხშირად ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკის პრობლემები ჩნდება.

ბიულეტენის გარდა საინფორმაციო ცენტრი აწყობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოქალაქეთა შეხვედრებს საჯარო ინფორმაციის მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომობის მიზნით. ეს შეხვედრები საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის საშუალებით შუქდება.

ლაგოდეხის ქრონიკის მომხმარებლები მარტო რიგითი მოქალაქეები არ არიან; ბიულეტენი ურიგდებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ადგილობრივი ხელისუფლების უწყებებსაც.

ლაგოდეხის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი ორ კვირაში ერთხელ გამოდის, რვაგვერდიანია და იბეჭდება A4 ფორმატის ქაღალდზე. საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის ტირაჟია 1500 ეგზემპლარი.

ბიულეტენის გამოცემაზე საინფორმაციო ცენტრის 4 თანამშრომელი მუშაობს: დირექტორი, ორი ტექნიკური თანამშრომელი და პასუხისმგებელი მდივანი.

0x01 graphic

0x01 graphic
0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

____________________

1 კახეთის რეგიონში კვლევა 2004 წლის 21-29 ივნისს ჩატარდა.

2 http://www.parliament.ge/GENERAL/stat/gmain.htm. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 1997.

3 მუდმივი მოსახლეობის განაწილება ცალკეული ეროვნებების მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიული (მხარეების), ქალაქების და რაიონების ჭრილში. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

4 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

5 თავიდან გაზეთი კვირაში ერთხელ გამოდიოდა და ოთხგვერდიანი იყო.

6 თავდაპირველად ტირაჟი 1000 ცალი იყო, მაგრამ შემდეგ ტირაჟი 500-მდე შემცირდა.

7 გაზეთის რედაქტორმა ინტერვიუში შპს იმედი XXI-ს საქმიანობის და სახელის გადარქმევის მიზეზების შესახებ საუბრისგან თავი შეიკავა.

8 ამ თემაზე იმავე პირის მიმართ ბრალდებების შემცველი მასალები პარალელურად გაზეთ კახეთის ხმაშიც გამოქვეყნდა.

9 ამ ინიციატივის მიზეზი ის გახლდათ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლების მანძილზე ფინანსდება დამოუკიდებელი ტელეკომპანია გურჯაანი. კახეთის ხმის მოთხოვნა იმაში მდგომარეობდა, რომ ბიუჯეტის მხრიდან დაფინანსება ამის მსურველ გაზეთებზეც გადანაწილებულიყო.

6 სამეგრელო და ზემო სვანეთი1

▲ზევით დაბრუნება


სამეგრელო და ზემო სვანეთის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 10,7%25 შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 10,6%25-ს.2 მისი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,52) მესამე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს რეგიონს წარმოადგენს არამარტო გეოგრაფიულად და დემოგრაფიულად, არამედ თავისი ეკონომიკური პოტენციალითაც. ამ აზრით, რეგიონში საკმაოდ კონტრასტული სურათი გვაქვს: ერთი მხრივ, მჭიდროდ დასახლებული და ეკონომიკურად განვითარებული კოლხეთის დაბლობი - სამეგრელო, მეორე მხრივ კი - უკიდურესად რთული რელიეფი, დემოგრაფიულად და ეკონომიკურად ნაკლები პოტენციალის მქონე კავკასიონის ქედის სამხრეთი კალთები - ზემო სვანეთი.

საბჭოთა პერიოდში დღევანდელი სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქებსა და რაიონებში აგრარული, სამრეწველო-ენერგეტიკული, საკომუნიკაციო-სატრანსპორტო და ტურიზმის ინფრასტრუქტურა იყო განვითარებული. აქ იყო საკავშირო მნიშვნელობის ეკონომიკური ცენტრები: ფოთი თავისი ნავსადგურით, ზუგდიდი მსუბუქი მრეწველობის ისეთი ობიექტებით, როგორიც ქაღალდის, ფაიფურის და ხალიჩების ფაბრიკები იყო, დაბა ჯვარი ენგურჰესით, მესტია ტურისტული ობიექტებით. მარტვილის, აბაშის, სენაკის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხას ზუგდიდის რაიონები აგარარულ მეურნეობას ეწოდა, ძირითადად, ჩაისა და ციტრუსოვანი კულტურების მოყვანა-დამუშავებას. რეგიონის შრომისუნარიანი მოსახლეობა თითქმის მთლიანად ამ სფეროში იყო დაკავებული.

საბჭოთა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების მოშლამ, ისევე როგორც საერთოდ საქართველოში, სტაბილური დასაქმების სტრუქტურისა და ჩვეული ცხოვრების რიტმი დაარღვია. რეგიონის მდგომარეობას 1990-იანი წლების სამოქალაქო და აფხაზეთის ომების გამოცდილებაც ამძიმებს, რომლის პირობებშიც აქაურობა სამხედრო მოქმედებების და მწვავე პოლიტიკური კატაკლიზმების პოლიგონი გახდა. ასეთ ფონზე საზოგადოებას სახელმწიფოს და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ინსტიტუტებისა და ძალების მიმართ უკიდურესი უნდობლობა და სკეპტიკური დამოკიდებულება გამოუმუშავდა.

საინფორმაციო სივრცის შექმნას საზოგადოებაში არსებული განწყობები ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის, მაგრამ არის მთელი სპექტრი ფაქტორებისა, რომლებიც ამ პროცესს აბრკოლებენ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტორებს განეკუთვნება:

● რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი: საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ობიექტების არსებობა (ფოთის პორტი), საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სამრეწველო ობიექტების ინფრასტრუქტურა, რომლის უტილიზაციაც საკმაოდ მომგებიან ბიზნესს წარმოადგენს, საერთაშორისო (რუსეთის და დასავლეთის ქვეყნების) ბაზარზე მაღალი მოთხოვნილება რეგიონში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე (თხილი და ციტრუსები), ხე-ტყის დიდი რესურსი რეგიონის მთიან ნაწილში - ზოგიერთ ბიზნეს-ჯგუფს განაწყობს საიმისოდ, რომ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან კრიმინალური თუ ნახევრად კრიმინალური გარიგებების საფუძველზე გაუმჭვირვალე და არაკონკურენტულ გარემოში ეკონომიკური საქმიანობები აწარმოონ;

● სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩარევა ზემოთ აღნიშნული ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობაში, მათი მჭიდრო კავშირი ეკონომიკურ ინტერესჯგუფებთან ინფორმაციაზე მონოპოლიისა და გაუმჭვირვალობის მოთხოვნილებას ბადებს;

● სახელმწიფო ჩარევას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და, განსაკუთრებით, თავისუფალი საინფორმაციო და საჯარო განხილვის სივრცეში ისიც განაპირობებს, რომ რეგიონი დღემდე კონფლიქტურ ზონას წარმოადგენს. იგი აფხაზეთის არაღიარრებულ რესპუბლიკას ესაზღვრება და პოტენციური სამხედრო მოქმედებების ზონაა. ასე რომ, სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან საინფორმაციო საშუალებებზე კონტროლი, გარკვეულწილად, მოუგვარებელი ტერიტორიული კონფლიქტითაც არის განპირობებული.

სამეგრელო და ზემო სვანეთი საქართველოში მაღალი სამოქალაქო აქტივობით გამოირჩევა. აქ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებისა და საკუთარი ინიციატივის საფუძველზე შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები თავიანთი აქტივობებით სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ პრობლემათა მთელ სპეტრს მოიცავენ და დამოუკიდებელი საინფორმაციო სივრცის შესაქმნელად მდგრად საფუძველს ქმნიან. თუმცა, დარწმუნებით იმის თქმა, რომ ეს კანონზომიერი წინაპირობაა დამოუკიდებელი მედიის ჩამოსაყალიბებლად, ძნელია. ფორმალურად, დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციების დიდი ნაწილი ხელისუფლებასთან და ეკონომიკურ ჯგუფებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და ხშირად მათ საინფორმაციო საშუალებებად მოიაზრებიან. უფრო იმის თქმა შეიძლება, რომ სამოქალაქო თუ საზოგადოებრივი ფონის არსებობამ ხელი შეუწყო თავისუფალი მედია-სივრცის „კუნძულების“ შექმნას, რომლის ირგვლივაც სამოქალაქო სექტორი ერთიანდება და საჯარო განხილვის რაღაც სივრცე იქმნება.

აღნიშნული უფრო რეგიონის ერთ ნაწილს, სამეგრელოს, ეხება. რაც შეეხება სვანეთს, აქ არათუ დამოუკიდებელი მედიის, არამედ მისი განვითარებისთვის საჭირო პირობებიც არ არსებობს. რეგიონის ეს ნაწილი რთული, მთიანი რელიეფით ხასიათდება, რაც მწირ საკომუნიკაციო და ეკონომიკურ პირობებთან ერთად აბრკოლებს როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული მედიის განვითარებას. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციაზე საზოგადოების დაბალი მოთხოვნილებაა, რასაც, ერთი მხრივ, საზოგადოების ტრადიციული ლოკალიზმი და ჩაკეტილობა და, მეორე მხრივ, ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობები (გეოგრაფიული და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე თვითკმარი აგრარული მეურნეობები) განსაზღვრავს. ამიტომ, აქ არსებული ერთადერთი გაზეთი ლალხორი (მესტია)3 ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოიცემა.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონში 9 ქალაქი და რაიონული ცენტრია, სადაც 30 მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს.

მედია-ორგანიზაციების სიმრავლით ქალაქი ფოთი გამოირჩევა. აქ 11 ბეჭდვითი და ელექტრონული მედია-ორგანიზაციაა. შემდეგ მოდის ზუგდიდი, სადაც 7 მედია-ორგანიზაციაა. სენაკში სამია; წალენჯიხაში, ხობში, ჩხოროწყუში - ორ-ორი; მესტიაში, აბაშასა და მარტვილში - თითო-თითო.

საკუთრების ფორმის მიხედვით რეგიონში 13 კერძო, 9 სახელმწიფო, 1 ნაწილობრივ კერძო და ნაწილობრივ სახელმწიფო და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაარსებული მედია-ორგანიზაციაა. ამათგან, ზუგდიდში 4 კერძო, 1 სახელმწიფო და 2 არასამთავრობო ორგანიზაციაა; ფოთში4 - 6 კერძო, 2 სახელმწიფო და 3 არასამთავრობოა; წალენჯიხაში - 1 სახელმწიფო და 1 არასამთავრობოა; მესტიაში - 1 სახელმწიფო; ჩხოროწყუში - 2 კერძო; ხობში - 2 სახელმწიფო; სენაკში - 1 კერძო, 1 ნაწილობრივ კერძო და ნაწილობრივ სახელმწიფო, და 1 არასამთავრობო; აბაშაში - 1 სახელმწიფო; მარტვილში - 1 სახელმწიფო.

ეს რაოდენობა და მათი წილობრივი განაწილება რეგიონში კვლევის ჩატარების მომენტში არსებულ სურათს ასახავს. თუ გავითვალისწინებთ სამოქალაქო აქტივობის რიტმს, არაა გამორიცხული, რომ კვლევიდან დღემდე რეგიონში ახალი ორგანიზაციები ჩამოყალიბებულიყო, ან რომელიმეს ფუნქციობა შეეწყვიტა. ამ დასკვნის საფუძველს მანამ არსებული სურათის სწრაფი და ხშირი ცვლილება იძლევა. ასე მაგალითად, 1990-იან წლებში მარტო მარტვილის რაიონში ამჟამად გამომავალი გაზეთ მარტვილის მოამბის გარდა, სხვადასხვა დროს გამოდიოდა გაზეთები: მარტვილის სპექტრი, მარტვილი, ჭყონდიდის ზარი, ცოდნა. ანალოგიური სიტუაცია კანონზომიერია ზუგდიდისთვისაც, სადაც ფუნქციობდა რეგიონული ტელეკომპანია სამეგრელო და გამოდიოდა გაზეთი ახალი ზუგდიდი.

ბეჭდვით და ელექტრონულ მედია-ორგანიზაციებს შორის ასეთი შეფარდებაა: სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული 30 მედია-ორგანიზაციიდან 20 ბეჭდვითი და 10 ელექტრონულია. მედიის ამ ორ სახეობას შორის რეგიონში დიდი დისპროპორცია არ შეიმჩნევა და ელექტრონული მედია არსებული მედია-ორგანიზაციების საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენს. ქალაქების მიხედვით ბეჭდვით და ელექტრონულ მედიას შორის პროპორცია შემდეგნაირად გამოიხატება: ზუგდიდში 3 ბეჭდვითი და 4 ელექტრონული მედია-ორგანიზაციაა; ფოთში - 9 ბეჭდური და 2 ელექტრონული; წალენჯიხაში - 1 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული; მესტიაში - 1 ბეჭდვითი; ჩხოროწყუში - 2 ელექტრონული; ხობში - 2 ბეჭდვითი; სენაკში - 2 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული; აბაშაში - 1 ბეჭდვითი; მარტვილში - 1 ბეჭდვითი.

მედიის თავისუფლების ხარისხი ყველაზე მაღალია რეგიონის დიდ ქალაქ ფოთში და ადმინისტრაციულ ცენტრ ზუგდიდში. ეს არცაა გასაკვირვი, რადგან აქ სამოქალაქო სექტორი უკეთ არის განვითარებული და საზოგადოებრივი დაკვეთა მიუკერძოებელ ინფორმაციაზე მაღალია.

ბეჭდვითი მედია

სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონში 30 მედია-ორგანიზაციიდან 20 ბეჭდვითია. ამათგან 6 გაზეთი კერძო საკუთრებაშია, 9 სახელმწიფოს, 4 არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა დაფუძნებული და 1 ნაწილობრივ სახელმწიფო და ნაწილობრივ კერძო საკუთრებაშია. როგორც მონაცემები აჩვენებს, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი გაზეთების ხვედრითი წილი უფრო დიდია. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ ძნელია ფორმალურად დამოუკიდებელი და იურიდიულად კერძო საკუთრებაში მყოფი გამოცემა რეალური დამოუკიდებლობის ხარისხით გამოირჩეოდეს. ასეთები რეგიონში ცოტაა. ამას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემდეგია:

● ბეჭდვით მედიას არ აქვს დამოუკიდებელად არსებობის ეკონომიკური საშუალებები. რეგიონში სუსტადაა განვითარებული სარეკლამო ბაზარი. გაზეთისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების ერთადერთი გზა საერთაშორისო დონორების დახმარებაა, მაგრამ ფინანსური მდგრადობის პრობლემა ვერც ამგვარი დახმარებით გადაიჭრება. თავი რომ გადაირჩინონ, გაზეთებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ან ბიზნეს-ჯგუფებთან შეკვრა უწევთ.

● საზოგადოების მხრიდან დაბალი დაინტერესება გაზეთს ტირაჟის გაზრდის და, შესაბამისად, რეალიზაციიდან შემოსული თანხით არსებობის საშუალებას არ აძლევს.

● რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს ორიენტაცია შედარებით ფართო აუდიტორიის მქონე ელექტრონულ მედიასთან თანამშრომლობაზე აქვთ აღებული; კოალიციური პროექტების მონაწილეებად ან საკუთარი საქმიანობების გასაშუქებლად ისინი ტელევიზიებს ან რადიოებს მიმართავენ; ხშირად საკუთარ სამაუწყებლო საშუალებებსაც ფლობენ.

● სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბეჭდვითი მედიის უმეტესობა (6 გაზეთი) რეგიონის 5 რაიონში არსებულ ერთადერთ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს. ისინი, როგორც წესი, საბჭოთა პერიოდის რედაქციების მემკვიდრეები არიან და, მათი აზრით, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარების გარეშე ამ რაიონებში გაზეთები საერთოდ ვერ იარსებებდა.

რეგიონში გამომავალი გაზეთების პერიოდულობა საშუალოდ კვირაში ერთია, ზოგი გაზეთის შემთხვევაში - ორ კვირაში ერთი, ზოგისაში - თვეში ერთი. ტირაჟის რაოდენობაც დაბალია და საშუალოდ 500-იდან 1000 ეგზემპლარამდე მერყეობს. ტირაჟი წინასაარჩევნო პერიოდებში იზრდება და ამ პერიოდის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი აჩვენებს, რომ დიდი ტირაჟის რეალიზაციის შემთხვევაში გაზეთს დამოუკიდებელი არსებობის საფუძველი ექნებოდა. ამჟამად ბეჭდვით მედიაში შემოსავლის ერთადერთ წყაროს ფასიანი განცხადებები (ნეკროლოგები და მილოცვები) წარმოადგენს. რეკლამა დიდ ქალაქებში - ფოთსა და ზუგდიდშიც კი იშვიათად არის სერიოზული შემოსავლის წყარო. შემოსავლის ორივე ამ წყაროზე ბეჭდვით მედიას ელექტრონული მედია უწევს კონკურენციას, ვინაიდან ის უფრო ოპერატიული და ფართო აუდიტორიის მომცველია.

რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ბეჭდვით მედიას სერიოზული პრობლემები აქვს. რეგიონის გაზეთების უმეტესობის ტექნიკური ბაზა ერთობ მწირია. ვისაც ამ მხრივ შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს, მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების წყალობით. რეგიონის გაზეთების ნაწილს ტექნიკური ბაზა საერთოდ არ გააჩნია. დიდი პრობლემაა ისიც, რომ რეგიონში არაა თანამედროვე პოლიგრაფიის სტანდარტების დამაკმაყოფილებელი სტამბა. სტამბა არის ფოთში, რომლის სერვისს მხოლოდ ერთი ადგილობრივი გაზეთი იყენებს. სამეგრელო და ზემო სვანეთის გაზეთები თბილისში იბეჭდება.

ელექტრონული მედია

სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონში 5 ტელეკომპანია და 5 რადიო მაუწყებლობს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ფოთსა და ზუგდიდში არსებული 2 რადიო იქაური ტელეკომპანიების დამფუძნებლების მიერ არის დაარსებული. მიუხედავად იმისა, რომ ორივე რადიო ცალკე იურიდიულ პირს წარმოადგენს, აღნიშნულ ტელეკომპანიებთან არიან ასოცირებულნი. ზუგდიდში 3 რადიოა. 2 მათგანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის დაარსებული და ამ უკანასკნელთა საქმიანობათა მიმართულებებს წარმოადგენს.

ელექტრონულ მედიას ბეჭდვითთან შედარებით უკეთესი პირობები გააჩნია განვითარებისათვის. მას მეტი აუდიტორიის ათვისების და მისთვის თავისი პროდუქციის მიწოდების უფრო ხელსაყრელი საშუალებები აქვს. კომერციული რეკლამა და ფასიანი განცხადებები ელექტრონული მედიით უფრო მეტად გადაიცემა. ასე რომ, დამოუკიდებელი არსებობისათვის მას უფრო აქვს ეკონომიკური საფუძველი. სხვა საკითხია, რა მოცულობისაა ამ გზით მიღებული შემოსავლები და რამდენად საკმარისია ელექტრონული მედიის სრულყოფილი ფუნქციობისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ელექტრონულ მედიას მეტ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები როგორც თავისუფალი სიტყვის დაცვისა და გამჭვირვალობის უზრუნველმყოფ მექანიზმს. ამ თანამშრომლობისა და დახმარების შედეგად სამეგრელო და ზემო სვანეთის ელექტრონული მედია ბეჭდვითთან შედარებით უფრო ლიბერალური ღირებულებების და პრინციპების მატარებელია.

მედია და ხელისუფლება

მედიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობები კონსტრუქციულობის ფარგლებში თავსდება, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ეს ბალანსი ირღვევა და ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ახორციელებს. ასეთი სცენარით ურთიერთობების განვითარება უფრო დამოუკიდებელ მედიასთან ხდება, უფრო ხშირად კი მედია-საშუალებები ადგილობრივ ხელისუფლებასთან გარიგებებზე იოლად მიდიან ეკონომიკური სიმყარის მოპოვების მიზნით. ურთიერთობების ეს ვარიანტი დიდ ქალაქებში, მაგალითად, ფოთში ან ზუგდიდში, არის შესაძლებელი, ვინაიდან რეგიონის სხვა რაიონულ ცენტრებში მედია ფორმალურადაც მეტწილად ადგილობრივი ხელისუფლების ხელშია. ბეჭდვითი მედიის უმეტესობა რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაშია, ხოლო ელექტრონული მედია ან კერძო საკუთრებაშია ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა დაფუძნებული. შესაბამისად, ზეწოლას ადგილი სწორედ ამ უკანასკნელზე აქვს. ტელეკომპანიებსა და რადიოებზე ზეწოლა, თუ მათთან „მომგებიანი“ თანამშრომლობის აწყობა ხელისუფლებას თუ კონკრეტულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჯგუფებს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ეფექტურ იარაღს აძლევს.

მედია და საზოგადოება

წლების მანძილზე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებების გაუმჭვირვალე და კორუმპირებული მართვის სტილის მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი განწყობები კარგ საფუძველს ქმნიდა დამოუკიდებელი მედია-სივრცის შესაქმნელად. რეგიონის საზოგადოება პოლიტიკურად ძალიან აქტიურია, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციაში მისმა პოზიციამ და პროცესებში მონაწილეობამ დიდი როლი ითამაშა. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა კარგად სტრუქტურირებული თავისუფალი მედია-სივრცის ჩამოსაყალიბებლად, რომლის მიზეზების შესახებ ზემოთ ვილაპარაკეთ. საზოგადოებრივი ჯგუფების ინტერესების კონცენტრაცია უფრო კონკრეტულ მედია-ორგანიზაციებში მოხდა.

მედიის დაინტერესება საზოგადოებრივი პრობლემებით, გამომდინარე იმიდან, თუ რამდენად მუშაობს ესა თუ ის ორგანიზაცია საზოგადოებრივ დაკვეთაზე, სხვადასხვა ხარისხით ხდება. ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში მყოფი მედია-ორგანიზაციები გარდა იმისა, რომ ოფიციალური ხასიათის ინფორმაციას ავრცელებენ და ადგილობრივი ქრონიკის ფუნქციას ასრულებენ, ძირითადად, ესეისტურ-პუბლიცისტური ხაზს ატარებენ და საზოგადოებაში რეალურად არსებულ პრობლემებს არ ასახავენ. დამოუკიდებელი მედია რეგიონში არსებული პრობლემების სრული სპექტრის მოცვას ცდილობს. იგი დაინტერესებულია პოლიტიკის და ეკონომიკის, მათთან დაკავშირებული კორუფციის და დანაშაულებრივი ეკონომიკური საქმიანობების საკითხებით, ყოფითი კრიმინალით, სოციალური და ჯანდაცვის სფეროების პრობლემებით და არსებული სიტუაციის გამომწვევი მიზეზებით, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესის და ლტოლვილთა მდგომარეობის პრობლემებით. დამოუკიდებელი მედიის მუშაობა სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ხორციელდება. დამოუკიდებელ მედიას ინფორმაციის მოპოვების და ზეწოლის მიმართ, მდგრადობის თვალსაზრისით, მომგებიანი პოზიცია უკავია.

ზუგდიდი

გაზეთი ზუგდიდი

გაზეთი 1930 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ზუგდიდის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. თავიდან მას ყაზაყიში გაზეთი ერქვა, შემდეგ კომუნარი, მოგვიანებით მებრძოლი, 1990-იანი წლების დასაწყისში ოდიში და მოგვიანებით ზუგდიდი ეწოდა. გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული და დამოუკიდებელ გამოცემას წარმოადგენს.

სახელმწიფო დაფინანსების გარეშე გაზეთის მუშაობა გარკვეული ხნით შეჩერებული იყო. რეკლამისა და ფასიანი განცხადებების დაკვეთა გაზეთს ცოტა აქვს, ზუგდიდში არსებული ორი ტელეკომპანია5 ამ მხრივ მას დიდ კონკურენციას უწევს. გაზეთის რედაქციამ შეძლო კარგი ურთიერთობები აეწყო ადგილობრივ გამგეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც ხელშეკრულება გააფორმა მათი საქმიანობის გაშუქების თაობაზე. მსგავსი სახის თანამშრომლობა ზუგდიდს არამარტო ფინანსურ მოგებას, არამედ შინაარსობრივად გაზეთის შევსების საშუალებასაც აძლევს.

გაზეთ ზუგდიდში ქვეყნდება რაიონის გამგეობისა და ქალაქის მერიის მიერ მიღებული ოფიციალური ხასიათის დოკუმენტები, განკარგულებები და დადგენილებები. რეგულარულად ქვეყნდება ამა თუ იმ აქტუალური პრობლემის ირგვლივ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტერვიუები. გაზეთის რედაქცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რაიონში არსებულ სოციალურ ვითარებას; ბეჭდავს როგორც პენსიების და სოციალური შემწეობების გაცემის გრაფიკებს და ამასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, ისე ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ამსახველ მასალას. ზუგდიდი განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთიდან დევნილთა მდგომარეობას უთმობს. ის მხოლოდ ლტოლვილთა მდგომარეობის აღწერით არ შემოიფარგლება; ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით ხშირად მართავს საინფორმაციო კამპანიას კონკრეტული ოჯახების დასახმარებლად. ერთი ასეთი აქციათაგანი მიზნად ისახავდა ქალაქის ერთ-ერთ სკვერში ღია ცის ქვეშ მცხოვრები ხანდაზმული ლტოლვილი ცოლ-ქმრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას. ამ აქციამ წარმატებით ჩაიარა და საკითხი დადებითად გადაწყდა.

გაზეთი მუდმივად წერს ზუგდიდის რაიონში ყველაზე აქტუალური პრობლემის, კრიმინალის, განსაკუთრებით, აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიიდან კონტრაბანდისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ. მაგრამ ამ მიმართულებით დამოუკიდებელი ძიების განხორციელების მცდელობა არასდროს ჰქონია და გაზეთი პოლიციის და პროკურატურის წარმომადგენლების ოფიციალური განცხადებებით შემოიფარგლება.

გაზეთის გვერდებზე ხშირად ხვდება ელექტრომომარაგების, სასმელი წყლის, რელიგიური (მართლმადიდებლური), ეკოლოგიური პრობლემების ამსახველი მასალები.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა სულ ერთი კომპიუტერი (ისიც თანამშრომლების პირად საკუთრებაში მყოფი) და ოთხი დიქტოფონია. აწყობა-დაკაბდონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. ზუგდიდი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება, რვაგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ ტირაჟით - 500 ეგზემპლარი. აქედან 200 ხელმომწერებზე ვრცელდება, დანარჩენი საცალო გაყიდვაშია. ცალი 30 თეთრი ღირს.

გაზეთს 8 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, კორექტორი, ბუხჰალტერი და 3 ჟურნალისტი.

გაზეთი საფარველი

გაზეთი დაარსდა 2000 წელს ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის მოძღვრის მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. გაზეთი ადგილობრივი მრევლის რელიგიური აღზრდის და მათთვის ეკლესიური ქადაგებების გადაცემის საშუალებას წარმოადგენს.

საფარველის დამფუძნებლის განცხადებით, გაზეთს ფართო საღვთისმეტყველო ფუნქცია არ აქვს და შიდაეპარქიულ საინფორმაციო ბიულეტენს უფრო წარმოადგენს. მასში განსათავსებელი მასალის შერჩევა კალენდარული პრინციპით ხდება. იწერება მოახლოებული რელიგიური დღესასწაულების, წმინდანთა ცხოვრების და საქართველოს ეკელესიის ისტორიაში გამორჩეული მოვლენების შესახებ. გაზეთი ყურადღებას უთმობს ლიტერატურასაც. იბეჭდება როგორც რელიგიური, ისე საერო ხასიათის მოთხრობები და პიესები. რელიგიური ხასიათის ნაწარმოებებს ჩარჩოში ბეჭდავენ, არარელიგიურს - ჩარჩოს გარეშე. საფარველი ასევე ყურადღებას უთმობს საბჭოთა პერიოდის ძალადობას მართლმადიდებელ მორწმუნეთა წინააღმდეგ. ამ მიზნით კეთდება ინტერვიუები იმ პირებთან, რომლებმაც რწმენის ერთგულების გამო ხელისუფლებისგან შევიწროვება განიცადეს. სხვა ქრისტიანული კონფესიების შესახებ გაზეთი არაფერს წერს.

გაზეთის დაფინანსება სამრევლო შემოწირულობებით და გაყიდვიდან შემოსული თანხებით ხდება. დახმარებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისგან ან ეპარქიის საეპისკოპოსო კათედრიდან გაზეთი არ იღებს.

გაზეთ საფარველის ტექნიკური ბაზაა: 3 კომპიუტერი, პრინტერი და სკანერი. აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. A4 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება. მოცულობა 16-იდან 32 გვერდამდე მერყეობს. გამოდის თვეში ერთხელ 700-იდან 1000-მდე ეგზემპლარი (ხშირად ფინანსური პრობლემების გამო პერიოდულობა ირღვევა). გაზეთის საცალო ფასი 1 ლარი და 50 თეთრია.

საფარველის გამოცემაზე ზუგიდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის მოძღვარი და მისი მრევლის რამდენიმე წარმომადგენელი მუშაობს.

გაზეთი კოლხეთის ფარი

გაზეთი 1999 წელს დაარსდა როგორც სამეგრელო და ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის საგამომცემლო ორგანო. მას კომერციული დანიშნულება არ აქვს, სამხარეო პოლიციის პრესცენტრის მიერ გამოიცემა და ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს.

კოლხეთის ფარის მომხმარებლები პოლიციელები არიან. შესაბამისად, შინაარსობრივ მხარეს, მათი ინტერესები განსაზღვრავს. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდება სამმართველოში მომხდარი რეორგანიზაციის, სტრუქტურული, საკადრო ცვლილებების და სამუშაო თათბირების ამსახველი მასალები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული ოფიციალური დოკუმენტები და წესდებები, დოკუმენტები ადამიანის უფლებების შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები. გარდა ოფიციალური ხასიათის მასალისა, გაზეთი ყურადღებას უთმობს პოლიციის რიგებში გამოჩენილ პიროვნებებს. კოლხეთის ფარში იბეჭდება მიმდინარე კრიმინალური მოვლენების ქრონიკა, დოსიეები ძებნაში მყოფ კრიმინალებზე და გახსნილი საქმეების მასალები. კოლხეთის ფარს აქვს გასართობი გვერდებიც: კროსვორდები, ანეკდოტები და კურიოზული ამბები.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია და სამხარეო პოლიციის პრესცენტრის ტექნიკური ბაზით სარგებლობს. აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. კოლხეთის ფარი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია, ტირაჟი 800 ცალია, გამოდის ყოველთვიურად. იგი სამხარეო პოლიციის თანამშრომლებს უფასოდ ურიგდებათ.

კოლხეთის ფარის გამოცემაზე პრესცენტრის ორი თანამშრომელი მუშაობს.

ტელეკომპანია ოდიში / რადიო ოდიში პლუს

ტელეკომპანია ოდიში 1994 წელს დაარსდა კერძო პირის მიერ და შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსითაა დარეგისტრირებული. მოგვიანებით ტელეკომპანიის ბაზაზე რადიო ოდიში პლუსიც ამოქმედდა, რომელიც ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, თუმცა ორგანიზაციულად ტელეკომპანიისგან გამიჯნულია.

საწყის ეტაპზე ტელეკომპანიას არსებობის საშუალება საერთაშორისო დონორებისგან მიღებულმა შემწეობამ და მათ პროექტებში მონაწილეობამ მისცა. საკუთარი შემოსავალი, რასაც რეკლამა და ფასიანი განცხადებები იძლევა, თავდაპირველად ოდიშის ტექნიკურ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებდა. არსებობის მანძილზე ოდიშს მიღებული აქვს ევრაზიის ფონდის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა ტექნიკური საშუალებების და სტუდიების აღჭურვილობის გადახალისება, ასევე პირდაპირი ჩართვის საშუალებების შეძენა.

ტელეკომპანია გაწევრიანებულია საქართველოს დამოუკიდებელი ტელე-რადიომაუწყებლების ასოციაციაში, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიას შორის ხდება ინფორმაციის გაცვლა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. ამავე ასოციაციის ფარგლებში ტელეკომპანია ოდიში თანამშრომლობს დედაქალაქის სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-თან, რომელთან შეთანხმების საფუძველზეც მისი გადაცემების რეტრანსლაციას ახდენს.

ტელეკომპანია საეთერო ბადეს საკუთარი გადაცემებით მთლიანად ვერ ავსებს და დღის განმავლობაში სულ 2-3 საათს იჭერს. ოდიში ამზადებს საინფორმაციო გამოშვებას, რომლის ხანგრძლივობაც 10-15 წუთია, აკეთებს პირდაპირ ჩართვებს მოწვეულ სტუმრებთან და ყოველკვირეულ ანალიტიკურ გადაცემას კვირის თემა. საეთერო დროის უდიდესი ნაწილი თავად ოდიშის მიერ დამზადებულ კომერციულ და სოციალურ რეკლამას და ფასიან განცხადებებს ეთმობა.

ტელეკომპანიის მუშაობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ოდიშის მესვეურებისთვის. ტექნიკური და კვალიფიციური კადრების უკმარისობის გამო იგი ვერ ახერხებს ანალიტიკური და დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიების მიმართულების განვითარებას, რაც მას საშუალებას მისცემდა რეგიონში არსებული პრობლემების სრული სპექტრი გაეშუქებინა და თავისი აუდიტორიის ინფორმაციაზე არსებული მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. დღევანდელი სახით იგი მხოლოდ მომხდარი მოვლენების კონსტატაციას და მშრალი ინფორმაციის მიწოდებას ახერხებს. ამიტომ, ძნელია ვიმსჯელოთ მის პოლიტიკურ მიკერძოებულებაზე თუ პირიქით, დაბალანსებულობაზე. ეს შესაძლოა მხოლოდ არჩევნების პერიოდში გამოჩნდეს. თუმცა, ის ფაქტი, რომ ოდიშის დამფუძნებელი და მესაკუთრე ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, შეიძლება ტელეკომპანიის პოლიტიკურ სიმპათიებზე გავლენას ახდენდეს.

რადიო ოდიში პლუს აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ხასიათს არ ამჟღავნებს და, ძირითადად, რადიო ამერიკის ხმის გადაცემების რეტრანსლაციას ეწევა. საკუთრივ ოდიში პლუსის გადაცემებია: ყოველ დღე ოცდაათწუთიანი საინფორმაციო გამოშვება, მუსიკალური ჰიტ-პარადი და ფასიანი განცხადებები.

ტელე-რადიო კომპანიის ტექნიკური ბაზა ასე გამოიყურება: 3 ციფრული სამონტაჟო, 3 კომპიუტერი, 3 ციფრული კამერა, პრინტერი, 5 ვიდეო-მაგნიტოფონი, მონიტორი, მიკროფონები და სუფლიორი წამყვანისთვის. რადიოსთვის მას გააჩნია მიქსერი და სატელეფონო ჩართვის უზრუნველმყოფი აპარატურა. ტელე-რადიოკომპანიის მაუწყებლობა ვრცელდება ზუგდიდის რაიონზე, ნაწილობრივ, წალენჯიხის და აფხაზეთის გალისა და ოჩამჩირის რაიონებზე.

ტელე-რადიოკომპანიას 25 თანამშრომელი ჰყავს.

რადიო ათინათი

რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია ათინათის მიერაა დაფუძნებული. თავად ასოციაცია 1995 წელს დაარსდა. მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით: განათლება, სოციალურად შეჭირვებული ფენების დახმარება და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ხელშეწყობა. რადიო ათინათი 1998 წელს დაარსდა ასოციაციის მუშაობის გაშუქების მიზნით და ასოციაციის ერთ-ერთ მიმართულებად ჩამოყალიბდა. ამჟამად რადიო ათინათი რადიო თავისუფლების ეგიდით შექმნილ რადიო ქსელშია ჩართული (ამ ქსელში ჩართულია ასევე რადიო ჰარმონია - ფოთი, რადიო ძველი ქალაქი - ქუთაისი, რადიო ჰერეთი - ლაგოდეხი, რადიო მაწვანე ტალღა - მესხეთი- ახალციხე) და საქართველოს დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია. რადიო ათინათი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და არაერთხელ ყოფილა მათი გრანტების რეციპიენტი. რადიოს მიღებული აქვს ევრაზიის ფონდის, IREX-ის, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტები, რამაც ტექნიკური ბაზის შექმნის, გადაცემებით საეთერო დროის სტრუქტურირების და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მისცა.

რადიოს მაუწყებლობა ოცდაოთხსაათიანია და თითქმის მთლიანად საკუთარი გადაცემებითაა შევსებული. ასოციაცია ათინათისთვის რადიოს ერთ-ერთი უპირველესი დანიშნულება ასოციაციის საქმიანობისა და, ზოგადად, რეგიონის არასამთვრობო სექტორის მუშაობის გაშუქებაა. რადიოს აქვს გადაცემა მესამე სექტორის მაცნე, რომელშიც მსმენელს ინფორმაციას აწვდიან არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელთა წარმომადგენლებიც განხორციელებული პროექტების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ პირდაპირ ეთერში საუბრობენ. გადაცემაში განმარტავენ, რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, როგორ ხდება მისი მუშაობა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, როგორ შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარების მიღება, რას ნიშნავს გრანტი და ასე შემდეგ. წლების მანძილზე ამ გადაცემის ფარგლებში გაწეულმა კონსულტაციებმა საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მისცა არასამთავრობო ორგანიზაციებად ჩამოყალიბებულიყვნენ, დღეს მარტო ზუგდიდში 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციობს.

ათინათი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დევნილთა პრობლემებს. ამ საკითხებზე საგანგებო გადაცემას ამზადებს, რომელშიც შემოსული ზარების საფუძველზე ასოციაციის იურისტი და ფსიქოლოგი პირდაპირ ეთერში კონსულტაციას უწევენ მსმენელებს. მზადდება ერთობლივი გადაცემები აფხაზ ჟურნალისტთა მონაწილეობით, მათ შორის აღსანიშნავია გადაცემათა ციკლი რადიოდღიურები, რომლის ფარგლებშიც აფხაზი და ქართველი ჟურნალისტების ჩანახატები და ომის შემდგომი ურთიერთობების თემაზე დაწერილი ნარკვევები გადაიცემა. რადიოს აქვს ორი რუსულენოვანი გადაცემა руский час და час французской музыки. ცალკე გადაცემათა ციკლი ეძღვნება ადამიანის უფლებებს და მის სოციალურ ასპექტებს. ათინათს რელიგიური გადაცემაც ჰქონდა, დიალოგი მოძღვართან, რომელშიც მოწვეული მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი რელიგიის სხვადასხვა ასპექტზე საუბრობდა და ეთერში შემოსულ კითხვებს პირდაპირ პასუხობდა. სხვა რელიგიურ კონფესიებს საკუთარი გადაცემის მომზადების ინიციატივა არ გამოუჩენიათ, მაგრამ ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ გადაცემებში რადიო რელიგიურ უმცირესობათა პრობლემებს, კერძოდ, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევებს ჯეროვან ყურადღებას უთმობს.

ათინათი ამზადებს საკუთარ საინფორმაციო გადაცემასაც, რომელიც დღეში ათჯერ გადის და ადგილობრივ, ქვეყნის და საერთაშორისო ამბების მიმოხილვას ეთმობა. გარდა ამისა, ათინათის ეთერში რადიო თავისუფლების ქსელში ჩართული რადიოების მიერ ერთობლივად მომზადებული გადაცემა საქართველოს ტრიბუნაც გადის.

რადიოს ფუნქციობაში ასოციაცია საკუთარ რესურსებს იყნებს, იქნება ეს ტექნიკა თუ ჟურნალისტური კადრები. რადიოს კადრების მომზადების საქმეში ასოციაციას დახმარებას ინტერნიუსი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ, რომლებიც თავიანთ ჟურნალისტურ სემინარებზე და ტრენინგებზე ყოველთვის იწვევენ ათინათის თანამშრომლებს.

რადიო ათინათის ტექნიკური აღჭურვილობაა: 4 კომპიუტერი, 3 დიქტოფონი, აუდიო მიკჩერი და სრულად აღჭურვილი სტუდიაა. მისი მაუწყებლობა ზუგდიდის, ხობის და წალენჯიხის რაიონებზე, ნაწილობრივ, ფოთსა და აფხაზეთის გალისა და ოჩამჩირის რაიონებზე ვრცელდება. გადაცემების მომზადებაზე ასოციაცია ათინათის თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობს.

რადიო ერანი

რადიო 1999 წელს ჩამოყალიბებული თემის განვითარების რესურს-ცენტრ - ფონდ ერანის მიერაა დაფუძნებული; ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს და ორგანიზაციის მუშაობის სხვადასხვა მიმართულების გაშუქებაზეა ორიენტირებული.

ფონდ ერანს, რომელიც თავიდან ამერიკული ორგანიზაცია IRC-ის ეგიდით VTJC-ის სახელით ფუნქციობდა, სამი ძირითადი მიმართულება გააჩნია: სოფლის მეურნეობის, პროფესიული გადამზადების და მას-მედიის განვითარების პროგრამა. ეს უკანასკნელი 2001 წელს შემუშავდა და ორგანიზაციის ბაზაზე ტელესტუდიის დაფუძნებით დაიწყო, 2003 წელს კი რადიოც ამოქმედდა. რადიო ერანის დაფუძნებამ ზუგდიდში არსებული რადიო ევრაზიის ბაზაზე მოხდა. ფონდმა იჯარით აიღო ამ რადიოს სიხშირე და საკუთარი გადაცემებით მაუწყებლობა დაიწყო. რადიო ერანის სახელით 2004 წლიდან მაუწყებლობს.

რადიო ერანის აუდიტორია 18-25 წლის ასაკის მსმენელებია. რადიო აშუქებს ფონდის საქმიანობას, ამავე დროს მუსიკალურ-გასართობ არხსაც წარმოადგენს; არჩევნების პერიოდში პოლიტიკით დაინტერესებასაც არ გაურბის. 2003 და 2004 წლების წინასაარჩევნო პერიოდში რადიოეთერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთათვის და არჩევნების დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ღია იყო.

რადიოს საკუთარი შემოსავლის წყარო არ გააჩნია; მთლიანად ფონდ ერანის სხვადასხვა პროექტის მიმდინარეობის გასაშუქებლად გამოყოფილი თანხით არსებობს.

ერანის ტექნიკური აღჭურვილობა მწირია: რამდენიმე კომპიუტერი, დიქტოფონი, აუდიომიკჩერი, სატელეფონო ჩართვების სინქრონიზატორი და გადამცემი. მისი მაუწყებლობა ზუგდიდის გარდა სამეგრელოს რეგიონის დაბლობ ნაწილს და აფხაზეთის ზღვისპირა ზოლს მოიცავს.

რადიოში მუდმივად ხუთი წამყვანი და ერთი ტექნიკური ინჟინერი მუშაობს; გადაცემების მომზადებაში ფონდის თანამშრომლები საჭიროებისდა მიხედვით იღებენ მონაწილეობას.

წალენჯიხა

გაზეთი ეგრისი

გაზეთი 1932 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის წალენჯიხის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. თავიდან მას მოხანდეში ხონარი (მშრომელის ხმა), მოგვიანებით სტალინელი, კომუნიზმის დროშით და 1990-იანი წლებიდან ეგრისი ჰქვია. გაზეთი ცალკე იურიდიულ პირად რეგისტრირებული არაა და ადგილობრივი გამგეობის ორგანოს წარმოადგენს. ეს 90-იანი წლების დასაწყისის დამოუკიდებელი არსებობის „მწარე“ გამოცდილებით არის განპირობებული. მაშინ გაზეთმა საკუთარი თავის შენახვა ვერ შეძლო და გამგეობას დაექვემდებარა.

გაზეთის მუშაობის ძირითადი მიმართულება ადგილობრივი გამგეობის მუშაობის გაშუქებაა და მისი გვერდებიც თითქმის მთლიანად გამგეობის სხდომებისა და გადაწყვეტილებების ამსახველ მასალას ეთმობა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივ გამგეობასთან და მის წარმომადგენლებთან დაპირისპირებასაც ხშირად აქვს ადგილი. ასე მაგალითად, საქართველოს პარლამენტის წევრების რაიონში ვიზიტის ამსახველ სტატიაში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მათ ადგილობრივი საზოგადოების მხოლოდ ის ნაწილი შეახვედრეს, რომლისგანაც კრიტიკას და უკმაყოფილო გამოსვლებს არ მოელოდნენ. ამ პუბლიკაციას წყრომა მოჰყვა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი წარმომადგენლობისაგან. იგივე რეაქცია მოჰყვა გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას რაიონში არსებული სოციალური მდგომარეობისა და სოციალური შემწეობების გაცემის გაუმჭვირვალე ხასიათის შესახებ. ასეთი შემთხვევები ერთეულია და კანონზომიერებას არ წარმოადგენს.

გაზეთის შემოსავლები მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ივსება და წლიურად 3000 ლარს შეადგენს. დაკვეთა რეკლამაზე ეგრისს არ აქვს, ვინაიდან წალენჯიხის რაიონი აგრარულია და სარეკლამო ბაზარი არ არსებობს. მცირე შემოსავალს ფასიანი განცხადებები იძლევა, მაგრამ გაზეთის დამოუკიდებელი ფუნქციობისთვის ეს თანხა არასაკმარისია.

ეგრისს ტექნიკური ბაზა არ აქვს და მისი აწყობა-დაკაბადონება ზუგდიდში ხდება, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება, ოთხგვერდიანია და ორ კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 500-იდან 600-მდე მერყეობს, 400 ხელმომწერზე ვრცელდება, დანარჩენი 50 თეთრის ფასად საცალო გაყიდვაშია.

გაზეთს 7 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, რედატორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, კორექტორი და 3 ჟურნალისტი.

ტელეკომპანია ჯიხა

ტელეკომპანია 1999 წელს დაარსებული ახალგაზრდულ ასოციაცია ჯიხას მიერაა დაფუძნებული და ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს.

ტელეკომპანიის საეთერო დრო თბილისური კომპანია რუსთავი2-ის გადაცემებით ივსება და საკუთრივ ჯიხას მაუწყებლობა დღეში 2 საათია საღამოს 20-იდან 21 საათამდე და 22-იდან 23 საათამდე. დროის ამ მონაკვეთს ჯიხა საინფორმაციო გამოშვებით, საკუთარი ძალებით მომზადებული საბავშვო გადაცემითა და მუსიკალურ-გასართობი პროგრამით ავსებს. ეთერის საკმაოდ დიდი ნაწილი ფასიან განცხადებებს უკავია, რაც ტელეკომპანიის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, ტელეკომპანია ახორციელებს გამგეობის სხდომების და მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრების პირდაპირ ჩართვებს. კვირაში ერთხელ ანალიტიკურ გადაცემასაც ამზადებს, რომლის თემატიკას კვირის მანძილზე რაიონში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბები განსაზღვრავს.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა მეტად მწირია: კომპიუტერი, კამერა და 2 ვიდეომაგნიტოფონი. ჯიხას აქვს საკუთარი გადამცემი, რომლითაც თავის მაუწყებლობას წალენჯიხის რაიონზე ავრცელებს.

ტელეკომპანიას 5 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ოპერატორი.

ჩხოროწყუ

ტელეკომპანია კოლხეთი 89

ტელეკომპანია დაარსდა 1989 წელს 4 კერძო პირის მიერ თანაბარი წილოვანი მონაწილეობით. კოლხეთი 89 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. 1993 წლამდე შეუფერხებლად მუშაობდა, ხოლო 1993-1995 წლებში მაუწყებლობა დროებით შეაჩერა. შემდგომმა პოლიტიკურმა სტაბილურობამ ტელეკომპანიას მაუწყებლობის განახლების საშუალება მისცა.

ტელეკომპანია საქართველოს დამოუკიდებელ ტელე-რადიომაუწყებელთა ასოციაციის წევრია და ამ ორგანიზაციის ფარგლებში მჭიდროდ თანამშრომლობს დედაქალაქის კომპანია რუსთავი2-თან, რომლის გადაცემების რეტრანსლირებაც საშუალებას აძლევს, სატელევიზიო ეთერი შეავსოს. საკუთრივ კოლხეთი 89-ს გადაცემები დილის 8-იდან 9 საათამდე და საღამოს 22-იდან 23 საათამდე გადაიცემა, დანარჩენი დრო პარტნიორი ტელეკომპანიის გადაცემებს ეთმობა.

კოლხეთი 89-ის ორსაათიან ეთერს საინფორმაციო გამოშვება (30 წუთი), თავად ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სარეკლამო რგოლები, ფასიანი განცხადებები და ანალიტიკური და გასართობი გადაცემები იკავებს. საინფორმაციო გამოშვება მთლიანად ადგილობრივ ამბებს აშუქებს და ოპერატიულობითა და დაბალანსებულობით გამოირჩევა. 2003 და 2004 წლების არჩევნების პერიოდში ინტერნიუსის დახმარებით ტელეკომპანია სტუდიიდან პირდაპირ ჩართვებსაც ახორციელებდა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა კოლხეთი 89-ს ტრადიციულად დაძაბული ჰქონდა. მისი ეთერით გასულ სიუჟეტებს გამგეობის საქმიანობის გაუმჭვირვალე საქმიანობისა და სოციალურ პროგრამებზე გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ სიტყვიერი მუქარები და ხშირად ელექტროენერგიის გამორთვით ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა მოჰყვებოდა ხოლმე. რევოლუციის შემდეგ ურთიერთობების ხასიათი შეიცვალა და ადგილობრივ ხელისუფლებაში ოპოზიციური, შესაბამისად, რევოლუციამდელ პერიოდში ტელეკომპანიის მიმართ კეთილგანწყობილი პირები მოვიდნენ. ამან ტელეკომპანიის კრიტიკული პათოსი შეასუსტა.

ტელეკომპანია კოლხეთი 89-ს თავისი არსებობის მანძილზე გადაღებული მასალა არქივის სახით აქვს შენახული და სამოქალაქო ომის პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი შთამბეჭდავი და ღირებული ფონდი გააჩნია.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარ ანძას და გადამცემს, სამონტაჟო მაგიდას, 2 კომპიუტერს, 1 ციფრულ და 2 Super VHS კამერას და გენერატორს მოიცავს. მისი მაუწყებლობა ჩხოროწყუს რაიონის გარდა, წალენჯიხის, მარტვილის, სენაკის და ხობის რაიონების მიმდებარე ტერიტორიებსაც ფარავს. მაუწყებლობაზე ლიცენზია კოლხეთი 89-ს 2009 წლამდე აქვს.

ტელეკომპანიას 20 თანამშრომელი ჰყავს: გენერალური დირექტორი, დირექტორი, ბუხჰალტერი, პროგრამისტი, მთავარი ტექნიკური ინჟინერი და სადგურის 4 მორიგე, საინფორმაციო განყოფილების გამგე, 4 ჟურნალისტი, 3 ოპერატორი, სარეკლამო სამსახურის უფროსი და 2 სარეკლამო აგენტი.

რადიო A+

რადიო 2004 წლიდან ფუნქციობს და იურიდიულ პირს არ წარმოადგენს. მისი დამფუძნებელი ადგილობრივი მოზარდების ჯგუფია, რომლებმაც კუსტარულ პირობებში შეძლეს გადამცემის შექმნა და საპატრიარქოს რადიო ივერიას გადაცემების რეტრანსლირება. საეთერო დროის 2 საათის განმავლობაში A+ საკუთარი ძალებით მომზადებულ გადაცემებს გადასცემს, რომელთა თემატიკა რელიგიის, მეცნიერების, მედიცინის და სხვა შემეცნებითი ხასიათის საკითხებს მოიცავს.

რადიოს ფუნქციობას სამი ახალგაზრდა ენთუზიასტი გადამცემის, ერთი კომპიუტერის და მუსიკალური ცენტრის საშუალებით უზრუნველყოფს. მაუწყებლობაზე ლიცენზია A+-ს არ გააჩნია და მხოლოდ ჩხოროწყუს ტერიტორიაზე მაუწყებლობს.

ხობი

გაზეთი ხობის მოამბე

გაზეთი 1932 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ხობის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. თავიდან სოციალიზმის მშენებელი ერქვა, 1990-იან წლებში სამეგრელო დაერქვა. ხობის მოამბე გაზეთს 2003 წლიდან ჰქვია. გაზეთი ხობის რაიონული გამგეობის გამოცემაა და მის შინაარსობრივ მხარესაც ამ უკანასკნელის ინტერესები განსაზღვრავს.

გაზეთს საკუთარი შემოსავლები არ გააჩნია და რაიონული ბიუჯეტის დაფინანსებით არსებობს. ადგილობრივი გამგეობა ყოველთვიურად 230 ლარს გამოყოფს გაზეთის ხარჯებისთვის. მცირე შემოსავალს გაზეთს ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხაც აძლევს.

ხობის მოამბე-ს ფურცლები მეტწილად ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებას ეთმობა. აქ იბეჭდება გამგეობის განცხადებები, გადაწყვეტილებები და დადგენილებები. რაიონში არსებული პრობლემების შესახებ მასალები გამგეობის პოზიციის გათვალისწინებით იბეჭდება. ხელისუფლების კომენტარები ელექტრო მომარაგების, პენსიების და სოციალური შემწეობების, სასმელი წყლის საკითხებს ეხება და პრობლემის დაფიქსირების ფარგლებს არ სცილდება.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობაა 3 დიქტოფონი და 1 ფოტოაპარატი. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და ორ კვირაში ერთხელ იბეჭდება. გაზეთის ტირაჟი 500 ცალია, რომლის 400 ეგზემპლარიც ხელმომწერებზე ვრცელდება, ხოლო დანარჩენი 25 თეთრის ფასად საცალო გაყიდვაში ეშვება.

გაზეთ ხობის მოამბეს 8 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, კორექტორი, ბუხჰალტერი და 3 კორესპონდენტი.

გაზეთი ქალაქი ხობი

გაზეთი ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს მიერაა დაფუძნებული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 100%25-იანი სახელმწიფო წილით.

ქალაქი ხობის პირველი ნომერი 2003 წლის იანვარში გამოვიდა. მისი სარედაქციო პოლიტიკა ადგილობრივ გამგეობასთან და საკრებულოსთან შეთანხმებით მუშავდება, რის შედეგადაც გაზეთის ანალიტიკური მხარე დამოუკიდებლობის თვალსაზრისით არ გამოირჩევა, თუმცა, იგი არ ერიდება სოციალურად აქტუალური პრობლემების, მაგალითად, წყლის და ელექტრომომარაგების სფეროში არსებული სირთულეების გახმოვანებას. ქალაქ ხობს უფრო ესეისტური მიმართულება აქვს განვითარებული, რაც მის რუბრიკებშიც ცხადად ჩანს. გაზეთის ტრადიციული რუბრიკებია: ხობელი თბილისელები, რომელშიც გაზეთი მკითხველს აცნობს ხობიდან წასულ თბილისში მოღვაწე ექიმებს, ბიზნესმენებს, მეცნიერებსა და კულტურის მოღვაწეებს; გვარიშვილობა, რომელშიც ხობის წარსულში თუ დღეს გამოჩენილი მოქალაქეების ისტორიებია მოთხრობილი; თვითმმართველობა, რომელშიც თვითმმართველობის ზოგადი საკითხების გარდა, ხობის რაიონის სოფლის საკრებულოების ცხოვრებისა და ამ სოფლების ისტორიის მიმოხილვაა; ღვაწლმოსილი ადამიანები, რომელშიც საქართველოს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეებზე იწერება; მესამე საქტორი, რომელშიც ხობის რაიონში და, ზოგადად, სამეგრელოს რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შუქდება. ყოველ მეორე ნომერში ჩართულია რელიგიური გვერდი, რომელიც შეიცავს მოძღვრის და მრევლის კითხვა-პასუხს, ნარკვევებს ხობის რაიონში არსებული რელიგიური სიწმინდეების შესახებ და ინფორმაციას მოახლოებული დღესასწაულებისა და წმინდანთა ცხოვრების შესახებ.

გაზეთის დაფინანსების საკითხს გამგეობა და საკრებულო ერთობლივად წყვეტს. ბიუჯეტში კონკრეტული თანხა ჩასმული არაა და ყოველი ნომრის დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება. დაფინანსების ასეთი სისტემის გამო ხშირად ნომერი აგვიანებს, ან საერთოდ ვერ გამოდის. შემოსავლის სხვა წყაროები გაზეთს ქალაქი ხობი არ გააჩნია, თუმცა მის გვერდებზე მცირე რაოდენობით რეკლამა და უფრო მეტად ფასიანი განცხადებები (ნეკროლოგები და მილოცვები) იბეჭდება.

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გაზეთი ხელმომწერების მოზიდვაზე მუშაობს, თუმცა პროგრესი მაინცდამაინც არ შეიმჩნევა. გაზეთის ხელმომწერები ჯერჯერობით მხოლოდ რაიონულ ადმინისტრაციაში და სოფლის საკრებულოებში დასაქმებული პირები არიან.

გაზეთის მთელი ტექნიკური აღჭურვილობა 3 დიქტოფონი და 1 ფოტოაპარატია. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, ათგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი 1000 ცალია. აქედან 500 ხელმომწერებზე ვრცელდება. საცალო ღირებულება 20 თეთრია, რაც ბეჭდვის ხარჯებსაც კი ვერ ანაზღაურებს.

გაზეთ ქალაქ ხობს 6 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ბუხჰალტერი, სპეციალური კორესპონდენტი და ფოტოკორესპონდენტი.

სენაკი

გაზეთი კოლხეთი

გაზეთი 1923 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის სენაკის (საბჭოთა პერიოდში ცხაკაიას) რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ყოველკვირეული ორგანოს კომუნას სამართალმემკვიდრეა. მოგვიანებით მას მთლიანი კოლექტივიზაცია, შემდეგ ავანგარდი, ბოლოს კოლხეთი დაერქვა. მისი დამფუძნებლები ჟურნალისტთა კოლექტივი და ადგილობრივი გამგეობაა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით. კოლხეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა.

გაზეთის შემოსავლები გამგეობის მიერ წლიურად გამოყოფილი 6000 ლარია. მართალია, მასში მცირე რაოდენობით რეკლამა და ფასიანი განცხადებებიც იბეჭდება, მაგრამ აქედან, გაყიდვიდან და ხელმოწერებიდან შემოსული თანხა იმდენად მცირეა, რომ გაზეთის თანამშრომელთა სახელფასო ფონდსაც ვერ ავსებს.

გაზეთ კოლხეთის შინაარსობრივი მხარე მთლიანად ადგილობრივი გამგეობის მოთხოვნილებებსა და ინტერესებს გამოხატავს. იგი, ძირითადად, გამგეობის მუშაობის გაშუქებას და მისი დოკუმენტების გამოქვეყნებას ეთმობა. გაზეთში ქვეყნდება ესეისტური ხასიათის სტატიები მხარის წარსულზე, რელიგიის საკითხების და რაიონის კულტურული ცხოვრების შესახებ, გამოჩენილ სენაკელებზე, ინტერვიუები რაიონის ინტელიგენციისა და ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებთან.

კოლხეთის ტექნიკური ბაზაა: კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა და დიქტოფონი. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და არარეგულარული პერიოდულობით, საშუალოდ თვეში სამჯერ, გამოდის. კოლხეთის ტირაჟი 500 ეგზემპლარია. აქედან 300 ცალი ხელმომწერებზე ვრცელდება. საცალო ფასი 25 თეთრია.

კოლხეთს 4 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, კორესპონდენტი, კომპიუტერის სპეციალისტი და ბუხჰალტერი.

გაზეთი მრწამსი

გაზეთი 1995 წელს დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საზოგადოების საგამომცემლო ორგანოა. იგი თავდაპირველად თბილისში გამოდიოდა და ხელისუფლების მხრიდან თავისი პოლიტიკური პოზიციის გამო შევიწროებას განიცდიდა. მრწამსი ისევე როგორც მისი დამფუძნებელი ორგანიზაცია საქართველოს პირველი და სამოქალაქო ომის შედეგად დამხობილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრე რადიკალურ ჯგუფად მოიაზრებოდა. 2001 წლიდან გაზეთის გამოცემა სენაკში დაიწყო.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მასალებს განსაკუთრებული აქტუალობა ეროვნული შერიგების პროცესში ჰქონდა. აქ ქვეყნდებოდა ინტერვიუები სამეგრელოს ტყეებს შეფარებულ პოლკოვნიკ აკაკი ელიავასთან და მისი რაზმის წევრებთან. გაზეთის რედაქცია ყურადღებით ეკიდებოდა საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში პატიმრობაში მყოფ პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეების მდგომარეობას და მათი უფლებების დარღვევების ფაქტებს. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ საკანონმდებლო ბაზის დახვეწითა და კონკრეტული ღონისძიებების გატარებით სამოქალაქო ომის შედეგად დაპირისპირების შემცირება და პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრე მარგინალური ჯგუფების შემორიგება შეძლო, მრწამსის ძირითად თემატიკას აქტუალობა მოაკლდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ გაზეთი ეთნო-ნაციონალისტური რიტორიკის მატარებელ ორგანოდ იქცა. მის რადიკალურ ნაციონალისტურ პათოსს რელიგიური ექსტრემიზმიც დაემატა და დღეს გაზეთში დაბეჭდილი მასალის უმეტესობა რელიგიური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის ქადაგებას ეთმობა.

გაზეთის დაფინანსების წყარო გამომცემლის მეგობრების და ბიზნესით დაკავებული კერძო პირების შენაწირებია. უნდა აღინიშნოს, რომ მრწამსის დაფინანსება სტაბილურად ხდება და მისი პერიოდულობა დაცულია. რეკლამის და ფასიანი განცხადებების გამოქვეყნებაზე გაზეთის გამომცემელი პირადი მოსაზრებებით პრინციპულ უარს ამბობს.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. მრწამსი A3 ფორმატისაა, თორმეტგვერდიანია, გამოდის თვეში ერთხელ ტირაჟით - 500 ცალი. 100 ეგზემპლარი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დღემდე დარჩენილ გამსახურდიას მომხრე მეომრებს უფასოდ ურიგდებათ. გაზეთის საცალო ფასი 50 თეთრია.

მრწამსის გამოცემაზე სტაბილურად ოთხი ადამიანი მუშაობს, რედაქტორი და სამი კორესპონდენტი, მაგრამ მასალების უმეტესობას რედაქციას სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საზოგადოების აქტივისტები და ამ ჯგუფთან იდეურად დაახლოებული პირები აწვდიან.

ტელეკომპანია ეგრისი

ტელეკომპანია 1995 წელს დაარსდა კერძო პირის მიერ და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

ტელეკომპანიის შემოსავლის ერთადერთ წყაროს ნეკროლოგები და მილოცვები შეადგენს. რეკლამაზე დაკვეთა თითქმის არ ჰქონია, რაც რაიონში სარეკლამო ბაზრის არარსებობით უნდა აიხსნას. ეგრისს საერთაშორისო ორგანიზაციის არც ერთი დახმარება არ მიუღია, გამონაკლისს სოციალურ რეკლამაზე ინტერნიუსის რეგულარული დაკვეთა წარმოადგენს, რაც მას სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევს.

ასეთ ფინანსურ პირობებში ეგრისის ფუნქციობა მეტად პრობლემურია. ტელეკომპანია თავის საეთერო დროს პარტნიორი თბილისური ტელეკომპანიის რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლაციით ავსებს. ოცდაოთხსაათიან ეთერში საკუთრივ ეგრისის გადაცემები 2 საათს იკავებს და მხოლოდ თხუთმეტწუთიანი საინფორმაციო გამოშვებითა და ფასიანი განცხადებებით შემოიფარგლება. საინფორმაციო გამოშვების ფორმატი შეზღუდულია და რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში და მიმდებარე სოფლებში მომხდარი ამბების გაშუქებას ეთმობა. ახალი ამბები უფრო მეტად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარებსა და მათთან ინტერვიუებს წარმოადგენს, ვიდრე ჟურნალისტების მიერ დამოუკიდებლად მოძიებულ და დამზადებულ სიუჟეტებს.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა 1 კომპიუტერი, 2 ვიდეო კამერა, 6 ვიდეო მაგნიტოფონი და 2 დიქტოფონია. ეგრისს აქვს საკუთარი ანძა და გადამცემი, რომლის საშუალებითაც მისი მაუწყებლობა სენაკის რაიონის ტერიტორიაზე ხორციელდება. ტელეკომპანიას მაუწყებლობაზე ლიცენზია 2014 წლამდე აქვს.

ტელეკომპანია ეგრისს 8 თანამშრომელი ჰყავს: გენერალური დირექტორი, რედაქტორი და 6 ჟურნალისტი.

აბაშა

გაზეთი აბაშის მაცნე

გაზეთი 1931 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის აბაშის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს საბჭოთა სოფელის სამართალმემკვიდრეა. 1990-იან წლებში გაზეთს აბაშა დაერქვა, ხოლო 2000-იანი წლების დასაწყისში აბაშის მაცნე. გაზეთი ადგილობრივი გამგეობის დაფუძნებულია და სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.

აბაშის მაცნეს ფუნქციობას როგორც ფინანსურად, ისე შინაარსობრივად ადგილობრივი გამგეობა განსაზღვრავს. რაღაც პერიოდში გაზეთის გამოცემა შეჩერებული იყო, რადგან გამგეობამ ბიუჯეტიდან მისი დაფინანსების მუხლი ამოიღო. ბოლო სამი წლის მანძილზე აბაშის მაცნემ სტაბილურად იწყო გამოსვლა. ყოველი ნომრის გამოსაცემად ადგილობრივი ხელისუფლება რედაქციას 100 ლარს უყოფს. ასეთი მცირე დაფინანსება ნეგატიურ გავლენას ახდენს გაზეთის პერიოდულობაზე, მოცულობასა და ტირაჟზე.

შინაარსობრივად გაზეთი მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებას ეთმობა და სხვა სახის ინფორმაციისთვის ცოტა სივრცე რჩება; ამასაც მილოცვები და ნეკროლოგები ავსებს.

აბაშის მაცნეს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია და გამოცემის სრულ ციკლს ქუთაისში გადის. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და თვეში ორჯერ 200 ეგზემპლარად იბეჭდება. მისი რეალიზაცია პრაქტიკულად არ ხდება და მთლიანად ადგილობრივი ადმინისტრაციის სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს ურიგდებათ.

აბაშის მაცნეს 3 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და კორექტორი.

მარტვილი

გაზეთი მარტვილის მოამბე

გაზეთის გამოცემა 1999 წლიდან დაიწყო გამგეობის მაცნეს სახელით; იგი იურიდიულ პირად დარეგისტრირებული არ იყო. 2003 წელს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით გაფორმების შემდეგ, მას მარტვილის მოამბე ეწოდა. დამფუძნებელი რაიონის გამგეობაა და გაზეთი სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება.

გაზეთის ფუნქციობა ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ დახმარებაზეა დამოკიდებული. გაზეთის გამოსაცემად საჭირო თანხის გამოყოფა ყოველთვის ვერ ხერხდება, რის გამოც მარტვილის მოამბეს პერიოდულობა ხშირად ირღვევა. შინაარსობრივად გაზეთი ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნებს და ინტერესებს პასუხობს. გაზეთი, ძირითადად, აქვეყნებს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დადგენილებებს, აშუქებს მის მუშაობას. გაზეთის ფურცლებზე ქვეყნდება რელიგიური ხასიათის მასალა, რაიონის კულტურული და სპორტული ცხოვრების ამსახველი სტატიები, ესეები მის წარსულსა და აწმყოზე, პუბლიკაციები გამოჩენილ მარტვილელებზე და ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებზე.

გაზეთი ვრცელდება ადგილობრივი ადმინისტრაციის სტრუქტურებში დასაქმებულ პირებზე, რომელთაგან ხელმოწერის თანხის ამოღებას ადგილობრივი გამგეობა ხელფასებიდან დაქვითვის გზით ახერხებს.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და თვეში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 500 ცალია. 300 ცალი ხელმომწერებზე ვრცელდება. საცალო ფასი 50 თეთრია.

მარტვილის მოამბეს 7 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, 4 კორესპონდენტი და ბუხჰალტერი.

ფოთი

გაზეთი ფოთის დროება

გაზეთი 2003 წელს დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია აისის მიერ, იგი ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს და მის მუშაობას კომერციული მიმართულება არ აქვს.

გაზეთს საკუთარი შემოსავლები არ გააჩნია; არსებობს ადგილობრივი ბიზნესმენებისა და ორგანიზაციების შემოწირულობებით. რაკი გაზეთი კომერციული არ არის, მასში არც რეკლამები და არც ფასიანი განცხადებები არ იბეჭდება. განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ფოთის დროებას ტვირთების გადამზიდ კომპანია სოფმარისთან ჰქონდა, რომლის ხელმძღვანელიც ქალაქ ფოთის ყოფილი მერის მეუღლე იყო. გაზეთის დაფინანსება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ რეგულარულად ხდებოდა. გაზეთის რედაქციაც კომპანიის ოფისში იყო განთავსებული.

შინაარსობრივად გაზეთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათისაა და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის და ადგილობრივი ადმინისტრაციის სტრუქტურებში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზეა ორიენტირებული. 2003-2004 წლებში ამ კუთხით გამოქვეყნებული მასალები ქალაქის მერის ინტერესებს გამოხატავდა და აქტიურად უპირისპირდებოდა საკრებულოს, რომელიც ქალაქის თავს უფლებამოსილების გადამეტებასა და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულში სდებდა ბრალს. ეს დაპირისპირება მერის დამარცხებით დასრულდა და გაზეთი მალე სერიოზული კრიზისის პირობებში აღმოჩნდა.

გარდა პოლიტიკისა, ფოთის დროების ინტერესების სფეროა ქალაქის სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები, ეკოლოგია, კრიმინალი, ქალაქის კულტურული და სპორტული სიახლეები. გაზეთს ასევე აქვს საბავშვო ჩანართი პატარების ნობათი.

გაზეთს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური დახმარება არასდროს მიუღია, არც სარედაქციო უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული ტრენინგებისა და ჟურნალისტური კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ქსელშია ჩართული.

ფოთის დროების ტექნიკური აღჭურვილობა სპონსორი ბიზნესმენების შემონაწირია. ესაა ერთი კომპიუტერი, პრინტერი და დიქტოფონი. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. ფოთის დროება A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და 500 ეგზემპლარად თვეში ორჯერ გამოდის. გაზეთი არ იყიდება და ქალაქის საბიუჯეტო ორგანიზაციებს უფასოდ ურიგდებათ.

ფოთის დროებას 4 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, დამკაბადონებელი და ჟურნალისტი.

გაზეთი ფოთი

გაზეთი 2001 წელს დაარსდა არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლებისა და დემოკრატიის საზოგადოებრივი ცენტრის მიერ. ერთი წლის შემდეგ გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დაფუძნდა.

აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია, ძირითადად, ანტიკორუფციულ პროექტებს ახორციელებს. მისი საქმიანობის ერთი მხარეა მედიის მიერ არსებული მდგომარეობის გაშუქება და გაწეული სამუშაოს შესახებ საზოგადოების ინფორმირება. ამ მიზნით დაიწყო გაზეთ ფოთის გამოცემა და ადგილობრივ ტელევიზიაში გადაცემათა ციკლის მომზადება. გაზეთს ამასთან დაკავშირებით გართულებული ურთიერთობები ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რაც 2002 წელს გაზეთის რედაქციის დარბევითა და მისი ტექნიკის გატაცებით დასრულდა.

მას შემდეგ, რაც გაზეთის დამფუძნებელი ორგანიზაციის ლიდერები ქალაქის საკრებულოში აირჩიეს, ფოთი ადგილობრივ მერთან დაპირისპირების ფონზე საკრებულოს მედია-საშუალებად და მისი პოზიციის გამტარებლად იქცა. ქალაქის მერის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფოთმაც აქტუალობა და ფუნქცია დაკარგა და მერის მომხრე გაზეთმა ფოთის დროებამაც.

გაზეთ ფოთს რამდენჯერმე აქვს მიღებული დახმარება ევრაზიის ფონდისა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსგან. გაზეთის შემოსავალს ავსებს ადგილობრივი ბიზნესმენების შემოწირულობა და გაყიდვიდან შემოსული თანხები (გაზეთი გაყიდვის მაღალი დონით ხასიათდებოდა).

შინაარსობრივად გაზეთი მხოლოდ პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროში არსებული დარღვევების გაშუქებით არ შემოიფარგლება. გაზეთს აქვს რუბრიკები სოციალური და ქალაქის კომუნალური სამსახურების მუშაობის, კულტურული და სპორტული ცხოვრების გასაშუქებლად, ასევე გასართობი გვერდები ანეკდოტებით, ტესტებითა და კროსვორდებით.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა 4 კომპიუტერს, 2 პრინტერს, 5 დიქტოფონს და 1 ციფრულ ფოტოაპარატს მოიცავს. აწყობა-დაკაბადონება ფოთში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. ფოთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 1000 ცალია. გაზეთს 300 ხელმომწერი ჰყავს. საცალო ფასი 50 თეთრია.

ფოთს 9 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, 4 ჟურნალისტი, 2 ტექნიკური მუშაკი და ბუხჰალტერი.

გაზეთი ფოთის მოამბე

გაზეთი 1921 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ფოთის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს სამართალმემკვიდრეა. თავდაპირველად მას მუშის ხმა ერქვა. 1992 წელს მიღებული პრესის კანონის საფუძველზე გაზეთი დამოუკიდებელი გახდა და ფოთის მოამბე ეწოდა. ფოთის მოამბე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. თავიდან 5 დამფუძნებელი ჰყავდა. ამჟამად 3 დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთს, ორი დამფუძნებლის მიერ მისთვის საკუთარი წილების გადაცემის შემდეგ, გაზეთის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის.

გაზეთის დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დიდი როლი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებამ ითამაშა. 1995 წელს ფოთის მოამბემ მიიღო ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტი ადგილობრივი მმართველობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. გაზეთმა ევრაზიის ფონდის გრანტიც მიიღო ამავე მიმართულების განსავითარებლად.

2004 წელს ფოთის მოამბის რედაქციას 4 თვით გაზეთის გამოსვლის შეჩერება მოუწია. ფინანსურმა სირთულეებმა გაზეთის რესტრუქტურიზაციის აუცილებლობა მოითხოვა. ამ პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების მიღება ვერ მოხერხდა და რედაქციამ გამოსავალი საკუთარი სახსრების მობილიზებასა და გაზეთის ფორმატის შეცვლაში ნახა. უარი ითქვა სხვა ქალაქებში გაზეთის ბეჭდვაზე. დაიწყეს ბეჭდვა საკუთარ რიზოგრაფზე. A3 ფორმატიდან A4-ზე გადავიდნენ, ამასთან შეამცირეს გვერდების რაოდენობაც.

ფოთის მოამბის შინაარსობრივი მხარის დაგეგმვას და მართვას მისივე რედაქცია ახორციელებს, რაც ხშირ შემთხვევაში უკმაყოფილების საბაბს აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას. პოლიტიკის და ადგილობრივი ადმინისტრაციის მუშაობის საკითხების გაშუქებაში ფოთის მოამბე დაბალანსებულია და ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებს არ სცილდება. ამის გამო, მერიასა და საკრებულოს შორის დაპირისპირების პერიოდში გაზეთის პოზიციით ორივე მათგანი უკმაყოფილო იყო და გაზეთს ტენდენციურობას აბრალებდა.

ფოთის მოამბის ანალიტიკური მასალა ადგილობრივი სიტუაციის მიმოხილვით შემოიფარგლება. რაც შეეხება საერთო ეროვნულ და უცხოურ ამბებს, ქვეყნდება ინტერნეტიდან და ცენტრალური გაზეთებიდან გადმობეჭდილი მასალა წყაროების მითითებით. ადგილობრივი თემატიკიდან გაზეთის ყურადღების ცენტრში მოქცეულია გარდა პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებისა, კრიმინალის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიების, კულტურისა და სპორტის საკითხები. ცალკე გვერდი ეთმობა ადამიანის უფლებებს, მათ შორის რელიგიურსაც. ამ მხრივ გაზეთი ადგილობრივ ქრისტიანულ თემებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

გაზეთის ფინანსური წყაროა მის ბაზაზე არსებული კომპიუტერული და პოლიგრაფიული ცენტრისა და რეკლამისა და ფასიანი განცხადებებისგან მიღებული შემოსავლები. თანხა ტირაჟის გაყიდვიდანაც შემოდის, თუმცა, ეს გაზეთის სრულფასოვანი არსებობისათვის საკმარისი არაა.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობაა: რვა კომპიუტერი, რიზოგრაფი, ექვსი დიქტოფონი, ერთი ციფრული და ერთიც ჩვეულებრივი ფოტოაპარატი. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა საკუთარი ძალებით რედაქციაში ხდება. გაზეთი A4 ფორმატისაა, თორმეტგვერდიანია, გამოდის კვირაში ორჯერ ტირაჟით - 1000 ცალი. გაზეთი მთლიანად საცალო გაყიდვაში მიდის. ნომრის ფასი 50 თეთრია.

ფოთის მოამბეს 13 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, 2 რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, კომპიუტერული ცენტრის უფროსი და მისი მოადგილე, ბუხჰალტერი და 6 შტატგარეშე ჟურნალისტი.

გაზეთი რეზიუმე

გაზეთი 2003 წელს დაარსდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბენეფისის მიერ. იგი ცალკე იურიდიული პირი არაა და ზემოაღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.

გაზეთში შინაარსობრივად საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები დომინირებს. ხშირ შემთხვევაში გაზეთს დაბალანსებული პოზიცია არ გააჩნია. მერიასა და საკრებულოს შორის დაპირისპირების ფონზე გაზეთი აშკარად ერთ მხარეს, კერძოდ, საკრებულოს პოზიციას წარმოაჩენდა და კონფლიქტის მეორე მხარის განცხადებებს თავისი ვრცელი კომენტარებით ბეჭდავდა.

გარდა პოლიტიკურ-ეკონომიკური საკითხებისა, გაზეთი ეხება ყველა იმ ასპექტს, რომელიც ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტუალურია. ესენია, ქალაქის სანიტარული და ეკოლოგიური მდგომარეობის, კრიმინალის, სოცუზრუნველყოფისა და ჯანდაცვის სამსახურების მუშაობაში არსებული პრობლემები.

გარდა ადგილობრივი ამბებისა, გაზეთი აქვეყნებს ინფორმაციას ინტერნეტით მოძიებული მასალების საფუძველზე საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

რეზიუმეს არსებობა დამოკიდებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ბენეფისის დაფინანსებაზე. ტირაჟის რეალიზაციიდან და რეკლამიდან შემოსული თანხა გაზეთის ფუნქციობას ვერ უზრუნველყოფს.

რეზიუმეს ტექნიკური ბაზა 2 კომპიუტერს, 3 დიქტოფონს და ფოტოაპარატს მოიცავს. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე; რვაგვერდიანია. ტირაჟი 500 ეგზემპლარია. გამოდის კვირაში ერთხელ. საცალო ღირებულება 50 თეთრია.

რეზიუმეს 6 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, ბუხჰალტერი და 3 ჟურნალისტი.

გაზეთი ფოთის უწყებანი

გაზეთი არსებობს 1993 წლიდან. მისი დამფუძნებელი თავდაპირველად ფოთის მერია იყო, შემდეგ კი მერიისა და საკრებულოს ერთობლივ ორგანოდ ჩამოყალიბდა და შეზღუდული პასუხიხმგებლობის საზოგადოებად დარეგისტრირდა. 2002 წლიდან გაზეთს დამფუძნებელი შეეცვალა და ქონების მართვის სამმართველოს გადაეცა.

დამფუძნებლის შეცვლას გაზეთის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა. თუ მერია და საკრებულო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით უზრუნველყოფდნენ, ახალი დამფუძნებელი ამას არ აკეთებს. იგი არათუ ფოთის უწყებანის გარანტირებულ დაფინანსებაზე ამბობს უარს, არამედ თავისი ინფორმაციის გამოქვეყნების საფასურსაც არ იხდის იმ მოტივით, რომ გაზეთი მისი საუწყებო გამოცემაა.

ფოთის უწყებანი, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებაზეა კონცენტრირებული და თავის ფურცლებზე ქალაქის ადმინისტრაციის სხვადასხვა ორგანოს ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, უფრო ხშირად საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას და ქონების მართვის სამმართველოს სხვა სახის ინფორმაციას.

ამ სახის მშრალი ინფორმაციის გარდა, გაზეთი აქვეყნებს სტატიებს ქალაქის ყოფითი პრობლემების შესახებ, რომლებსაც რუბრიკა „რა გტკივა ქალაქო?“ ეძღვნება. აქ იწერება სტატიები ფოთის ეკოლოგიური, კომუნალური და სანიტარული პრობლემების შესახებ. გაზეთი რელიგიურ საკითხებსაც აშუქებს, ბევრს წერს მართლმადიდებლობისა და სხვა ქრისტიანული კონფესიების შესახებ, თუმცა, ამ უკანასკნელთა მიმართ საკმაოდ არაშემწყნარებლურია.

ფოთის უწყებანის ტექნიკური აღჭურვილობა სულ ერთი კომპიუტერი და რამდენიმე დიქტოფონია. მისი აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ფოთში მდებარე ოფსეტური ბეჭდვის სტამბაში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ ტირაჟით - 500 ცალი. საცალო ფასი 40 თეთრია.

გაზეთს 10 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელი და 3 ჟურნალისტი, 2 ტექნიკური მუშაკი და ბუხჰალტერი.

გაზეთი მართალი ტრიბუნა

გაზეთი დაარსდა 2002 წელს კერძო პირის მიერ. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა.

გაზეთის შინაარსობრივ მხარეს მისი რედაქცია განსაზღვრავს და გეგმავს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფისგან დამოუკიდებლად. გაზეთი ცდილობს ქალაქის პრობლემების სპექტრი შეძლებისდაგვარად სრულად გააშუქოს. ძირითადი აქცენტი არაგამჭვირვალე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარიგებებს ეთმობა. უნდა აღინიშნოს, რომ მართალმა ტრიბუნამ მერისა და საკრებულოს დაპირიპირების საკითხში დაბალანსებული პოზიციის დაკავება შეძლო. გაზეთი ყურადღებას უთმობს ეკონომიკურ პრობლემატიკასაც, განსაკუთრებით, ფოთის პორტის და სატრანსპორტო კომპანიების ურთიერთობებსა და სხვადასხვა პროფილის საწარმოო ობიექტების პრივატიზაციის საკითხებს. ქალაქის სხვა გაზეთების დარად, მართალი ტრიბუნაც დიდ ადგილს უთმობს სოციალურ თემატიკას.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან გამწვავებული ურთიერთობები არ აქვს, თუმცა, ზოგიერთ პუბლიკაციას ამ უკანასკნელის წყრომა და მუქარაც კი გამოუწვევია. ასეთი იყო, მაგალითად, პორტის და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელისუფლებო ჯგუფების შესახებ საგამოძიებო ხასიათის სტატიები.

გაზეთის რედაქციას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტი არ მიუღია. თუმცა, მისი რედაქტორი და ჟურნალისტები სისტემატურად გადიან ევრაზიის ფონდისა და IREX-ის მიერ ორგანიზებულ ჟურნალისტური კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოწყობილ ტრენინგებს. მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსთავი2-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფის სემინარებში (აკაკი გოგიჩაიშვილი, გადაცემა 60 წუთი). ამ სახის ღონისძიებებში მონაწილეობა მართალ ტრიბუნას დიდ დახმარებას უწევს გაზეთის შინაარსობრივი მხარის დახვეწაში, თუმცა ის, რომ მენეჯმენტსა და ორგანიზაციულ განვითარებაზე მიმართულ პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ, გაზეთზე გარკვეულად აისახება.

გაზეთის შემოსავალს ტირაჟის რეალიზაციიდან, რეკლამიდან და ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხები შეადგენს.

მართალი ტრიბუნას ტექნიკური აღჭურვილობა ორ კომპიუტერს, ფოტოაპარატს და ორ დიქტოფონს მოიცავს. აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - ქუთაისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და კვირაში ერთხელ 1000 ეგზემპლარად გამოდის. საცალო ფასი 50 თეთრია.

მართალ ტრიბუნას 6 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, კომერციული დირექტორი, რედაქტორი, ტექნიკური მუშაკი, ბუხჰალტერი და ჟურნალისტი.

გაზეთი ფოთის ნავსადგურელი

გაზეთი 1931 წელს დაარსებული საქართველოს წყალოსანთა კავშირის და კომუნისტური პარტიის ფოთის საქალაქო კომიტეტის ორგანოს ფოთის მუშის სამართალმემკვიდრეა. ფოთის ნავსადგურელი მას 1995 წლიდან დაერქვა. გაზეთი ფოთის პორტის პერიოდული გამოცემაა.

ფოთის ნავსადგურელის ფუნქცია მისი წესდების მიხედვით ფოთის პორტის ინფრასტრუქტურაში დასაქმებულთა ინტერესებისა და შრომითი უფლებების დაცვაა, თუმცა გაზეთი პროფკავშირებს არ ეკუთვნის და მათ კონტროლს არ ექვემდებარება. გაზეთის შინაარსობრივი მხარე პორტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე იგეგმება და მუშების სოციალური და შრომითი პირობების რეალური ასახვისაგან შორს დგას. ასე მაგალითად, ფოთის პორტის მერვე გემთსადგომში ალუმინის დიოქსიდის გადმოტვირთვის პროცესში შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული უსაფრთხოების წესების უგულებელყოფის და დარღვევის შესახებ ფოთის და დედაქალაქის დამოუკიდებელი მედია ერთად ალაპარაკდა, ფოთის ნავსადგურელი კი მათ საპირისპიროდ ალუმინის დიოქსიდის უვნებლობას ამტკიცებდა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხების შესახებ არავითარი განცხადება არ გაუკეთებია პროფკავშირს.

გარდა იმისა, რომ გაზეთი პორტის ადმინისტრაციის განცხადებებს და მის ოფიციალურ პოზიციას ახმოვანებს, აქვეყნებს წერილებს წარმატებული მუშების და წარსულში სოციალისტური შრომის გმირების შესახებ. გაზეთი თავის გვერდებზე ადგილს უთმობს თავად პორტის მუშების წერილებს, რომლებშიც პორტის ცხოვრებაში განხორციელებული თუ მომავალში განსახორციელებელი ცვლილებები დადებითად ფასდება. მაგრამ არც ერთი წერილი არ შეხებია შტატების შემცირებას,

ფოთის ნავსადგურელს ფოთის პორტის ადმინისტრაცია აფინანსებს და სხვა შემოსავალი მას პრაქტიკულად არ სჭირდება.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. იგი პორტის ადმინისტრაციის ტექნიკური ბაზაზე იბეჭდება. ფოთის ნავსადგურელი A4 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ 120 ეგზემპლარად. გაზეთი პორტის თანამშრომლებზე უფასოდ ვრცელდება.

ფოთის ნავსადგურელს ოთხი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი და ორი კორესპონდენტი.

ტელეკომპანია მეცხრე ტალღა / რადიო ჰარმონია

ტელეკომპანია მეცხრე ტალღა 2000 წელს დაფუძნდა და მაუწყებლობა 2001 წელს დაიწყო. იგი ორი კერძო პირის მიერ 67%25-იანი და 33%25-იანი წილოვანი მონაწილეობით არის დაარსებული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

ტელეკომპანია საქართველოს დამოუკიდებელ მაუწყებელთა ასოციაციაში არის გაერთიანებული, რომლის ფარგლებშიც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს დედაქალაქის ტელეკომპანია რუსთავი2-თან. მასთან თანამშრომლობა ტელეკომპანიას ოცდაოთხსაათიანი საეთერო დროის შევსებაში ეხმარება. საკუთრივ მეცხრე ტალღის გადაცემები საერთო საეთერო დროის 2 საათს იკავებს. ყოველდღიურად ორჯერ გადის ტელეკომპანიის ორი თხუთმეტწუთიანი საინფორმაციო გამოშვება, კვირის ბოლოს კი - კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა. დღის საეთერო დროის დანარჩენ ნაწილს 5-10წუთიანი პირდაპირი ჩართვები მოწვეულ სტუმრებთან, რეკლამა და ფასიანი განცხადებები იკავებს.

მეცხრე ტალღას რამდენჯერმე აქვს მიღებული საერთაშორისო დონორების დახმარება. 2001 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდში მიიღო ევრაზიის ფონდის გრანტი, რომლითაც პირდაპირი ჩართვებისთვის საჭირო აპარატურა იქნა შეძენილი. ამან შესაძლებელი გახადა სატელევიზიო დებატების მოწყობა. აჭარის 2004 წლის მაისის რევოლუციის წინ რუსთავი2-ისა და IREX-ის დახმარებით შეიძინეს ახალი გადამცემები, რამაც განაპირობა გაცილებით ფართო არეალზე მაუწყებლობა, კერძოდ, შესაძლებელი გახდა აჭარის ტერიტორიაზე ავტონომიაში აკრძალული რუსთავი2-ის მაუწყებლობა. ტელეკომპანიას მიღებული აქვს გრანტი IREX-ისგან, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ტოკ-შოუები სამეგრელოს რეგიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. გარდა პირდაპირი დახმარებებისა, ტელეკომპანიის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჟურნალისტური კოლექტივის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობა. მეცხრე ტალღა აქტიურად თანამშრომლობს IREX-თან და ინტერნიუსთან, რომლებიც თავიანთ სემინარებსა და ტრენინგებზე რეგულარულად იწვევენ ტელეკომპანიის წარმომადგენლებს.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობები ვარდების რევოლუციამდე და გარკვეულ პერიოდში მას შემდეგაც მეცხრე ტალღას დაძაბული ჰქონდა. რევოლუციამდელ პერიოდში ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი ის იყო, რომ ტელეკომპანია ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვან ტრიბუნას წარმოადგენდა რეგიონში. რევოლუციის შემდეგ კი კონფლიქტის საფუძველი ფოთის მერის საწინააღმდეგო კამპანიაში შეტანილი წვლილი იყო. მეცხრე ტალღამ არაერთი სიუჟეტი მიუძღვნა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და გაუმჭვირვალე ურთიერთობებს მერიასა და ბიზნესმენებს შორის. ამ დაპირისპირების შედეგი ის იყო, რომ დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ფოთის ანძის დაცული ტერიტორიიდან ტელეკომპანიის კუთვნილი გადამცემები, გენერატორი და აკუმულატორები გაიტაცეს. ამჟამად მეცხრე ტალღასა და ხელისუფლებას შორის ნორმალური ურთიერთობები დამყარდა, რაც განაპირობა, ერთი მხრივ, ფოთის მერიაში მომხდარმა ცვლილებებმა, მეორე მხრივ, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის გადასვლამ სამეგრელო და ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

რადიო ჰარმონია ტელეკომპანია მეცხრე არხის მედია საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. იგი 1998 წელს დაარსებული რადიო ფოთი პლუსის ბაზაზე 2002 წელს ტელეკომპანია მეცხრე არხის მიერ მისი საკონტროლო პაკეტის 68%25-ის შესყიდვით ჩამოყალიბდა.

ჰარმონია დილის 8 საათიდან ღამის 2 საათამდე მაუწყებლობს. იგი რადიო თავისუფლების ეგიდით შექმნილ საქართველოს რადიო ქსელშია ჩართული, რომელშიც მის გარდა რადიო ათინათი - ზუგდიდი, რადიო ძველი ქალაქი - ქუთაისი, რადიო მწვანე ტალღა - მესხეთი - ახალციხე და რადიო ჰერეთი - ლაგოდეხი, არიან ჩართული. ამ ქსელის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო გადაცემა და დებატები საქართველოს ტრიბუნა პარტნიორი რადიოების ჩართვით კვირაში ერთხელ გადაიცემა. ჰარმონია საკუთარ საინფორმაციო გადაცემას დღეში სამჯერ გადასცემს. საეთერო დროის დანარჩენი ნაწილი მუსიკასა და რეკლამას უჭირავს.

რადიო ჰარმონიას ძირითადი შემოსავალი მეცხრე ტალღიდან გადმონაწილებული დაფინანსება და საერთაშორისო დონორების დახმარებაა. ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის სიმწირის გამო მას დამოუკიდებელი არსებობა ჯერჯერობით არ შეუძლია.

რადიოსა და ტელეკომპანიასა კარგი თანამედროვე აპარატურა აქვს. საქართველოს რეგიონული ელექტრონული მედიის კვალობაზე მათ კარგ პირობებში უწევთ ფუნქციობა. მეცხრე ტალღისა და ჰარმონიას დაფარვის ზონა სამეგრელოს დიდ ნაწილს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაწილს მოიცავს.

მეცხრე ტალღას 20 თანამშრომელი ჰყავს. ამათგან 12 ადმინისტრაციაშია ჩართული, დანარჩენები ჟურნალისტები და ოპერატორები არიან. რადიო ჰარმონიას რვა თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, ხუთი მუსიკალური წამყვანი და სამი საინფორმაციო განყოფილების ჟურნალისტი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

_____________________

1 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კვლევა 2004 წლის 15-21 აგვსიტოს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

3 გაზეთ ლალხორის აღწერა აღნიშნულ თავში მოცემული არაა მესტიაში მკვლევართა ჯგუფის ჩასვლის შეუძლებლობის გამო.

4 ფოთში გამომავალი ადგილობრივი ეპარქიისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრის გაზეთები ეპარქიის მაცნე და ესკულაპი, მოცემულ სტატისტიკაში იგულისხმება, მაგრამ მათი მუშაობის მიმართულებების სპეციფიკიდან გამომდინარე მათი აღწერილობები მოცემულ თავში მოცემული არაა.

5 დღეისათვის ზუგდიდში მხოლოდ ერთი ტელეკომპანია ოდიში მოქმედებს.

7 გურია1

▲ზევით დაბრუნება


გურიის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 2,9%25 შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 3,2%25-ს2. მოსახლეობის 97%25 ქართველია, ხოლო 3%25-ს სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები შეადგენენ. გურიის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,43) ბოლო ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

გურია საქართველოს ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი მხარეა. გურია აგრარული რეგიონია. საბჭოთა პერიოდში აქ ჩაისა და ციტრუსების მეურნეობები იყო განვითარებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გურიაში ეკონომიკური ინფრასტრუქტურაც მოიშალა. დღეისათვის რეგიონის მოსახლეობა თვითკმარ სამეურნეო ცხოვრებას ეწევა. წვრილი ბიზნესი კვების პროდუქტებით და მსუბუქი მრეწველობის სხვა საქონლით ვაჭრობაში გამოიხატება. საშუალო და მსხვილი ბიზნესი შავი და ფერადი მეტალის ჯართით ვაჭრობაა, უფრო მეტად კი - ხე-ტყის მასალის წარმოება-გადამუშავება.

გურიის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს თან ერთვის მთელ რიგ სფეროებში ზოგადად ქვეყანაში არსებული კრიზისული მდგომარეობის შედეგები:

● ენერგოდეფიციტი;

● მოშლილი საგზაო და ელექტრონული კომუნიკაციები;

● მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია;

● გამჭვირვალობის ნაკლებობა ადგილობრივ სახელისუფლებო სტრუქტურებში;

● რესპუბლიკური და ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელთა ბიზნეს-ინტერესები და ხშირად აშკარა დანაშაულებრივი საქმიანობა;

● კერძო ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის არაგამჭვირვალე ურთიერთობა. ყოველივე ეს თავისებურად გავლენას ახდენს ადგილობრივი მედიის განვითარებასა და მისი სამუშაო სტილის ჩამოყალიბებაზე:

● მუდმივი მწვავე ენერგოდეფიციტი აბრკოლებს ადგილობრივი ელექტრონული მედიის სრულყოფილ მუშაობას, უმეტეს შემთხვევაში მომხმარებელი ვერ იღებს მათ სერვისს.

● გზების და ელექტრონული კომუნიკაციების მოშლა აფერხებს ბეჭდური მედიის მუშაობას, მასალების ოპერატიულად გაგზავნა-მიღებას და საბოლოო პროდუქციის დროულ გავრცელებას.

● რეგიონში არსებული მძიმე კრიმინოგენული სიტუაცია დაძაბულ ფონს უქმნის ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების მუშაობას. ისინი ხშირად ხდებიან კრიმინალების მხრიდან ზეწოლის ობიექტი.

● ვარდების რევოლუციამდე და მის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობებში პრობლემები უცვლელი რჩება, განსაკუთრებით, ეს ეხება საჯარო ინფორმაციის მიღებას, რაც ხშირად მედიისთვის ინფორმაციის დამალვის სურვილი კი არაა, რამდენადაც ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ნორმების არცოდნა.

● გურიის რეგიონში საქართველოს საკურორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი მდებარეობს: ზღვისპირა ტერიტორიების რეკრეაციული ზონის პრივატიზაციის პროცესში და აქ გაშენებული სუფსის ნავთობტერმინალის საქმიანობაში ბიზნეს-ელიტის გარდა, რესპუბლიკური სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენელთა ინტერესებიც არის წარმოდგენილი. ადგილობრივი მედია აქტიურად ცდილობს ამ ინფრასტრუქტურიდან მიღებული შემოსავლების ნაკადის მონიტორინგს და რეგიონის შემოსავლების განკარგვის პროცესის შესწავლას, რასაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობა ხვდება. ხშირად ადგილი აქვს მედიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარას და ფიზიკური ზეწოლის ფაქტებსაც.

● გურიის რეგიონში, როგორც აღვნიშნეთ, საშუალო და მსხვილ ბიზნესს ჯართის და ხე-ტყის მასალების დამუშავება წარმოადგენს. ამ საქმიანობის წარმოება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გარიგებების წყალობით ხდება. ადრე არსებული აგრარული პროდუქციის გადამამუშავებელი ქარხნების ჯართად დაშლის, თუ ხე-ტყის მასივების გაჩეხვის არსებული და მოსალოდნელი ეფექტების კვლევაზე (ეკონომიკური თუ ეკოლოგიური კუთხით) ადგილობრივი მედია აქტიურად მუშაობს, მაგრამ ამ მხრივაც სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ბიზნეს-წრეების მხრიდან. ადგილი აქვს არამარტო ინფორმაციის დამალვას ან გაყალბებას, არამედ ჟურნალისტებზე ზეწოლასაც.

მაგრამ მაინც არსებობს ფაქტორები, რომლებიც აღნიშნული წინააღმდეგობების გავლენას ამცირებს:

● საზოგადოება გურიის რეგიონში, საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით, მეტი სოციალური და პოლიტიკური აქტივობით გამოირჩევა და დიდი მოთხოვნილება აქვს ინფორმირებულობაზე.

● ხელისუფლების და ბიზნეს-ჯგუფების მხრიდან ზეწოლას მედია ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ამცირებს.

● ელექტრონული მედიის ენერგოდეფიციტით გამოწვეულ ოპერატულობის ხარვეზს ბეჭდვითი მედიის პერიოდულობის სიხშირე და ტირაჟის მოცულობა ავსებს.

● ეკონომიკური ურთიერთმოგების პრინციპზე აგებული არაფორმალური და სახელმწიფო საფოსტო სამსახურისგან დამოუკიდებელი ფართო სადისტრიბუციო ქსელები გარკვეულწილად წყვეტს კომუნიკაციების პრობლემას.

ეკონომიკურად შეჭირვებულ რეგიონში მოქალაქეთა ინტერესი და საზოგადოებრივი დაკვეთა ინფორმაციის მიღებაზე მაღალია, რაც განსაზღვრავს მედიის მუშაობის სტილს, მიმართულებას და პროდუქციის მოცულობას.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

გურიაში სამი ქალაქია: ლანჩხუთი, ოზურგეთი და ჩოხატაური. ჩოხატაურში მხოლოდ ერთი მედია-ორგანიზაციაა, ლანჩხუთში და ოზურგეთში ორივეგან ოთხ-ოთხი მედია-ორგანიზაცია არსებობს.

ლანჩხუთში არსებული ოთხივე მედია-ორგანიზაცია ბეჭდვითია. ოზურგეთში ორი გაზეთი და ორი ტელეკომპანიაა. ჩოხატაურში კი მხოლოდ ერთი გაზეთია.

რეგიონში აშკარაა დისპროპორცია კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ მედია-ორგანიზაციებს შორის. არსებული ცხრა მედია-ორგანიზაციიდან შვიდი კერძო საკუთრებაშია, მხოლოდ ორია სახელმწიფოს მფლობელობაში. ლანჩხუთში გამომავალი ოთხი გაზეთიდან სამი დამოუკიდებელია და მხოლოდ ერთი ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას. ოზურგეთშიც ორიდან ერთი გაზეთია მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში, ისიც ნაწილობრივ, ვინაიდან გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და სარედაქციო კოლექტივისა და რაიონული გამგეობის მონაწილეობითაა დაფუძნებული. ოზურგეთში არსებული ელექტრონული მედია თავიდანვე კერძო პირების მიერ იყო დაფუძნებული და დღემდე კერძო საკუთრებაში რჩება. ჩოხატაურში არსებული ერთადერთი გაზეთი ადრე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, მაგრამ ახლა კერძო პირის საკუთრებაა. აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში გამომავალი გაზეთი ერთადერთია გურიაში, რომელიც რეგიონული მასშტაბით ვრცელდება.

ელექტრონული მედია მხოლოდ ოზურგეთშია, რაც გარკვეულწილად განაპირობებს აქ ბეჭდვითი მედიის შედარებით სისუსტეს. ტელევიზია კონკურენციას უწევს ბეჭდვით მედიას, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ისე სარეკლამო მომსახურების ოპერატულობის და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ამით აიხსნება ლანჩხუთში ოზურგეთთან შედარებით ბეჭდვითი მედიის მეტად განვითარება. ლანჩხუთში არ არსებობს ტელევიზია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ადგილობრივ გაზეთებს.

ბეჭდვითი მედია

გურიაში არსებული ცხრა მედია-ორგანიზაციიდან შვიდი ბეჭდვითია. ამათგან ხუთი დამოუკიდებელი გამოცემაა და უკვე რამდენიმე წელიწადია სტაბილურად გამოდის. აღსანიშნავია, რომ გურიაში გამომავალი გაზეთები, მიუხედავად მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობისა, ტირაჟის მოცულობით, უდავოდ, ლიდერობენ საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შორის. დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედიის რეგიონში წარმატებით დანერგვის და განვითარების მიზეზები შემდეგში მდგომარეობს:

● საზოგადოება პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურია. დიდი მოთხოვნილებაა მიუკერძოებელ ინფორმაციაზე და, შესაბამისად, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი საინფორმაციო წყაროების პროდუქციაზე.

● რეგიონის სუსტი ეკონომიკური პოტენციალისა და ეკონომიკაზე თბილისური პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტის სუსტი კონტროლის გამო აქ არ ჩამოყალიბებულა ძლიერი კლანური რეჟიმი, რომელიც სხვა რეგიონების (აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი) ხელისუფლებების დარად ხელს შეუშლიდა სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის განვითარებას რეგიონში.

● ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი თავად იყო დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედიის წარმოქმნის განმაპირობებელი. გურიაში მრავლად არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა გამოსცემდა ბიულეტენებს და ცნობის ფურცლებს, რომლებშიც არამარტო თავის საქმიანობას, არამედ მიმდინარე მოვლენებსაც აშუქებდა. რეგიონში არსებული დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედიის კადრები, ძირითადად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცემებზე მომუშავე პირებით კომპლექტდებოდა. არასამთავრობო სექტორი დღემდე ეხმარება ბეჭდვით მედიას პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასა და ჟურნალისტიკის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში.

ადგილობრივი ბეჭდვითი მედიის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თბილისურ მედიასთან და დედაქალაქში არსებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაც. გურიის ყოველი დამოუკიდებელი გამოცემა არაერთხელ ყოფილა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გრანტების რეციპიენტი. ეს, რა თქმა უნდა, ეხმარება დამოუკიდებელ ბეჭდვით მედიას ფინანსებისა და ორგანიზაციული განვითარების მხრივ, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბეჭდვით მედია-პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნილება არსებობს, დაბეჭდილი ტირაჟები ვრცელდება და პროექტების დასრულების შემდეგ გაზეთები არ ქრება, თავად ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციების სწორი სარედაქტორო და მარკეტინგული პოლიტიკის შედეგია. ამ თვალსაზრისით ბეჭდვითი მედია შემდეგ ზომებს იღებს:

● სწავლობს თავისი მომხმარებლის მოთხოვნილებებს და ინტერესებს, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვების, ისე მკითხველთა წერილების საშუალებით. შესაბამისად, მუდმივად ხდება სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება და გაზეთების შინაარსობრივი დახვეწა.

● ხელისუფლებასთან ურთიერთობაც აგებულია ინფორმაციის მოპოვების მიმართულებით და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. ბეჭდვითი მედია საკმაოდ უკომპრომისოა, ეგრეთ წოდებული, აკრძალული თემების მიმართ.

რეგიონის ბეჭდვითი მედია კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბდა, რაც მის ყოველ წარმომადგენელს აიძულებს იბრძოლოს ცნობადობისათვის, მოიპოვოს და გააფართოვოს მკითხველი აუდიტორია. ამ მიზნით ბეჭდვითმა მედიამ სერიოზულ წარმატებებს მიაღწია; შეძლო არაეფექტური სახელმწიფო სადისტრიბუციო ქსელის ალტერნატიული საკუთარი სადისტრიბუციო ქსელების შექმნა. დისტრიბუტორები ყოველი გაყიდული გაზეთიდან გარკვეულ პროცენტს იღებენ. ამიტომ ისინი დაინტერესებული არიან, რაც შეიძლება მეტი გაზეთი გაყიდონ.

ელექტრონული მედია

გურიაში არსებული ორივე ელექტრონული მედია-ორგანიზაცია კერძო საკუთრებაში იმყოფება. მართალია, ორივე ოზურგეთში არის დაარსებული, მაგრამ სიგნალს გაცილებით დიდ არეალზე ავრცელებენ. მათი ტექნიკური პოტენციალი საშუალებას იძლევა, ორივე რეგიონულ მაუწყებლობად იქცეს. მაგრამ ამგვარი პერსპექტივის ამბიცია მხოლოდ ერთს - ტელეკომპანია მადის - გააჩნია, რომელსაც კორესპონდენტები ჰყავს როგორც გურიის რაიონებში, ისე მის გარეთაც, კერძოდ, ქობულეთსა და ფოთში.

ადგილობრივი ელექტრონული მედიის წინაშე მდგარ პრობლემათაგან ყველაზე მწვავე ფინანსური პრობლემებია. ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა არ იძლევა სერიოზულ სარეკლამო ბაზარზე საუბრის საშუალებას. ტელეკომპანიის შემოსავლის ერთი წყარო ფასიანი განცხადებებია (მილოცვები და ნეკროლოგები), დროდადრო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარება, ზოგჯერ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობაც გარკვეულ დახმარებას ნიშნავს.

ელექტრონული მედიის განვითარებას გურიაში სერიოზულ პრობლემებს უქმნის პროფესიული კადრების ნაკლებობა. ამ ხარვეზს გარკვეულწილად საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჟურნალისტიკის განვითარების მიზნით განხორციელებულ პროექტებში და ტრენინგებში გურიის ელექტრონული მედიის წარმომადგენლების მონაწილეობა ავსებს. ეს მათ ჟურნალისტური და ტექნიკური კვალიფიკაციის ამაღლების საშუალებას აძლევთ.

მედია და ხელისუფლება

გურიაში მედიასა და ხელისუფლებას შორის დამოკიდებულებას ცალმხრივად კონფლიქტურად ან თანამშრომლობითად ვერ შევაფასებთ. მედია ხელისუფლებასთან ურთიერთობაში საკუთარი ინტერესებიდან და საზოგადოებრივი დაკვეთის პრინციპიდან ამოდის. მისი ძირითადი მიზანი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში საჭირო ინფორმაციის მოპოვებაა, რასაც ზოგჯერ თანამშრომლობა, უფრო ხშირად კი კონფლიქტური სიტუაციები მოსდევს. ამ მხრივ, ვარდების რევოლუციამდელ და მის შემდგომ პერიოდში რაიმე ცვლილების პოვნა ძნელია.

ხელისუფლება განსაკუთრებით უფრთხის მედიის დაინტერესებას ისეთი საკითხებით, როგორიცაა:

● სუფსის ტერმინალის მომსახურე ინფრასტრუქტურიდან შემოსული შემოსავლების მონიტორინგი;

● ურეკის და გრიგოლეთის რეკრეაციული ზონის პრივატიზაციის პროცესის გამჭვირვალობის და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხი;

● სოციალური პროგრამების განხორციელების მსვლელობაზე მონიტორინგი;

● ცენტრალური ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში გამოყოფილი გრანტების განკარგვის საკითხი;

● ხე-ტყის ბიზნესი და მასთან დაკავშირებული კორუფციული გარიგებები ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნესმენებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება განსაკუთრებული ენთუზიაზმით არ თანამშრომლობს ადგილობრივ მედიასთან და ხშირად ზეწოლას ახდენს მასზე, მედია-ორგანიზაციები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მოქმედებით ხშირად აიძულებენ ხელისუფლებას, დაიცვას ინფორმაციის საჯაროობის ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. იშვიათად ხდება, როდესაც მედია-ორგანიზაცია ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას სასამართლოს წესით აიძულებენ კანონის დაცვას. როგორც წესი, რაიონული და რეგიონული ადმინისტრაციები ერიდებიან მედიასთან დაპირისპირებას. მიუხედავად ამისა, მაინც არის შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლებს ემუქრებიან ან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ამგვარი ინციდენტები მედიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობების ზოგად სურათს მაინც ვერ ცვლის.

მედია და საზოგადოება

გურიაში საზოგადოების მოთხოვნილებამ ინფორმირებულობაზე და ინფორმაციის სახელმწიფო წყაროების ალტერნატიულ საშუალებებზე დიდი როლი ითამაშა რეგიონში დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბების საქმეში. საზოგადოებრივი მოთხოვნის ადეკვატური მედია-სივრცის შექმნამ ურთიერთკავშირი მედია-ორგანიზაციებსა და მომხმარებელს შორის გააძლიერა. ამაზე განსაკუთრებით ბეჭდვითი მედია პროდუქციის ტირაჟი მეტყველებს, რაც საქართველოს რეგიონული მედიის წარმომადგენელთა შორის გურიის მედიის ლიდერობაზე მეტყველებს. გურიაში, როგორც წესი, დამოუკიდებელი გაზეთების ტირაჟი 1500-იდან 4500-მდე მერყეობს. ზოგი მათგანი კვირაში სამჯერ გამოდის. აღსანიშნავია, რომ დაბეჭდილი ტირაჟის უმეტესობა ხელმომწერებზე რიგდება. ბეჭდვითი მედიის ტირაჟის მოცულობა, ხშირი პერიოდულობა და ხელმოწერის ინსტიტუტის აქტიური გამოყენება, საზოგადოების მხრიდან ინტერესზე და დამოუკიდებელ მედიაზე მის მაღალ მოთხოვნილებაზე ნათლად მეტყველებს.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მისი აუდიტორია ენდობა და ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო აქტივობის განმაპირობებელიც კი ხდება. მაგალითად, ლანჩხუთში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე გაზეთ ჰო და არა-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა სერიას, რომელიც ამხელდა ადგილობრივი ხელისუფლებისა და შინგან საქმეთა სამინისტროს რაიონული განყოფილების თანამშრომელთა კავშირს ადგილობრივ კრიმინალებთან, მოქალაქეთა სერიოზული მღელვარება და პროტესტი მოჰყვა. ამის შედეგად რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურების წმენდა და კრიმინალების დაპატიმრება დაიწყო.

გურიაში დამოუკიდებელი, განსაკუთრებით, ბეჭდვითი მედიის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის თავად საზოგადოებას, კერძოდ, მის სამოქალაქო სექტორში კონცენტრირებულ ნაწილს. როგორც ზემოთ ითქვა, რეგიონში ზოგიერთი გაზეთის წარმოქმნა მჭიდროდაა დაკავშირებული აქაური არასამთავრობო სექტორის საქმიანობასთან. ადგილობრივი არასამთავრობოების უმეტესობა საკუთარ ბიულეტენებს და ცნობის ფურცლებს გამოსცემდა და დღესაც გამოსცემს. როგორც წესი, არასამთავრობოების ამ საქმიანობაში გამოწრთობილი ადამიანები დამოუკიდებელი მედიის რესურსია, ზოგჯერ თავად სამოქალაქო საზოგადოების უჯრედი შეიძლება მედია-ორგანიზაციად იქცეს. მაგალითად, ოზურგეთში არსებული ერთადერთი დამოუკიდებელი გამოცემა, ოზურგეთის მოამბე არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთის პრეს-კლუბის გაგრძელებაა.

ლანჩხუთი

გაზეთი ჰო და არა

გაზეთი ჰო და არა დაარსდა 1999 წელს. იგი იმთავითვე დამოუკიდებელ გამოცემად ჩამოყალიბდა, კერძო პირის საკუთრებაში იმყოფება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

ჰო და არას ფინანსური პრობლემების დაძლევაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ალიანსი არ დასჭირვებია. დაარსების პირველივე წელს გაზეთის რედაქციამ შეძლო დაბეჭდილი ნომრების ტირაჟის სრული რეალიზაცია, მისი თანდათანობითი ზრდა და სტაბილური პერიოდულობის უზრუნველყოფა. თავდაპირველად ჰო და არას ტირაჟი 1000 ეგზემპლარს შეადგენდა, დღეს 3500-ს უტოლდება. ტირაჟის შესაბამისად, გაფართოვდა გაზეთის მკითხველი აუდიტორიაც და ქალაქ ლანჩხუთის გარდა, ჰო და არა ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში ვრცელდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაზეთის ამგვარი ზრდის პერიოდში იგი არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის გრანტის რეციპიენტი არ ყოფილა. მოგვიანებით გაზეთმა მიიღო IREX-ის გრანტი ინტერნეტში ჩასართავად.

გაზეთის წარმატების საწინდარი კარგად გათვლილი სარედაქციო პოლიტიკა და სწორი მენეჯმენტია. ჰო და არას რედაქციამ გაზეთის დაარსებისთანავე შეიმუშავა ხელმომწერების რაოდენობის ტირაჟის მოცულობაზე მიბმის სტრატეგია. გაზეთის პირველი რამდენიმე ნომერი უფასოდ დაურიგდა პოტენციურ მკითხველებს პირობითი და არასავალდებულო შეთანხმებით, რომ, თუ გაზეთი დააინტერესებდათ, გამოიწერდნენ მას. რედაქციის თანამშრომლები იკვლევდნენ გაზეთის მკითხველთა აზრს გამოქვეყნებული მასალების შესახებ, მათთვის საინტერესო თემატიკას და ისე ამზადებდნენ მომდევნო ნომერს. ასეთმა მიდგომამ გაამართლა: დღეს ჰო და არა ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი გაზეთია და ტირაჟის შესაბამისად 3500-მდე ხელმომწერი ჰყავს. ასევე ეფექტურია რედაქციის მიერ შექმნილი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც დროულად აწოდებს მკითხველს ახლად გამოსულ ნომრებს.

შინაარსობრივად გაზეთი მრავალფეროვანია და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანების ინტერესებზე. ჰო და არას რედაქცია აქცენტს ლანჩხუთის რაიონში მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე აკეთებს, გაცილებით ნაკლები ადგილი ეთმობა ქვეყნის მასშტაბით მომხდარ ამბებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, რაიონული ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკას (განსაკუთრებით, კორუფციის შემთხვევებს), რაიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. გაზეთში კრიტიკის ნაკლებობა არ იგრძნობა, რაც რევოლუციამდე და მის შემდეგაც არაერთხელ გამხდარა ჰო და არას რედაქციის მიმართ ხელისუფლების უკმაყოფილების საგანი. მიუხედავად ამისა, გაზეთის რედაქციის და მესაკუთრის მიმართ ზეწოლის შემთხვევები იშვიათია და უფრო სატელეფონო ზარებში ან პირად საუბრებში გამოხატული მუქარით გამოიხატება.

გარდა პოლიტიკისა, ჰო და არას აქვს გასართობი გვერდებიც, მაგალითად „ცოლ-ქმრის კლუბი“, რომელშიც, გარდა რედაქციის მიერ განთავსებული მასალებისა და ტესტებისა, მკითხველები თავად წერენ სახალისო ისტორიებს და ანეკდოტებს. ჰო და არას აქვს რელიგიური რუბრიკაც, რომელშიც ქვეყნდება მასალები მართლმადიდებლური რელიგიური დღესასწაულების და წმინდა ადგილების შესახებ, ასევე კითხვა-პასუხი ადგილობრივ მართლმადიდებელ მოძღვარსა და გაზეთის მკითხველებს შორის. ლანჩხუთის რაიონში მცხოვრები სხვა კონფესიების (იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები) დღესასწაულებთან დაკავშირებული, ან მათი რელიგიური ცხოვრების და საზოგადოებრივი მდგომარეობის ამსახველი მასალა გაზეთში არ გამოქვეყნებულა.

რედაქციამ ჰო და არა მკითხველისათვის საინტერესო გახადა არამარტო საინფორმაციო და გასართობი მასალით, არამედ იმითაც, რომ გაზეთი აქვეყნებს განცხადებებს ყიდვა-გაყიდვის, ქირაობისა და დაგირავების შესახებ. ამგვარ სერვისზე მოთხოვნილება არსებობს, რაც ფინანსურად მომგებიანია თავად გაზეთისათვის.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ასეთია: 3 კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, 2 დიქტოფონი და ციფრული ფოტოაპარატი.

ჰო და არას ტექსტის აკრეფა-დაკაბადონება ლანჩხუთში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და კვირაში სამჯერ გამოდის. საცალო ფასი 10 თეთრია. მიუხედავად იმისა, რომ ჰო და არა თბილისში იბეჭდება, პერიოდულობის დარღვევისა და მკითხველისათვის გაზეთის დროული მიწოდების პრობლემა ჯერ არ შექმნილა. გაყიდვის ქსელში ტირაჟის უმნიშვნელო ნაწილი გადის. გაზეთი, ძირითადად, ხელმომწერებზე რიგდება.

ჰო და არას ჰყავს 9 თანამშრომელი: რედაქტორი, რომელიც ორგანიზაციის მენეჯერის მოვალეობასაც ასრულებს, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, ბუხჰალტერი, სამი ჟურნალისტი და ორი ტექნიკური მუშაკი.

გაზეთი ლანჩხუთი პლუს

გაზეთი 1995 წელს დაარსდა, ერთი პირის კერძო საკუთრებაში იმყოფება და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

ლანჩხუთი პლუსმა დაარსებისთანავე მიიპყრო მკითხველთა ინტერესი და გურიის რეგიონის მედიაში თავისი ნიშა დაიკავა. გაზეთი სტაბილური ტირაჟით და პერიოდულობით გამოდის და წლების მანძილზე განვითარების სერიოზული ტემპები აჩვენა. თავიდან ლანჩხუთი პლუს-ის ტირაჟი 1000 ეგზემპლარი იყო. ამჟამად 1500-ია. გაიზარდა გვერდების რაოდენობაც 4-იდან 6-მდე და პერიოდულობაც - ადრე ყოველკვირეული იყო, ახლა კვირაში ორჯერ გამოდის.

ლანჩხუთი პლუს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და არათუ აშუქებს გარკვეულ პრობლემებს, არამედ ცდილობს მონიტორინგი გაუწიოს მის მუშაობას ამა თუ იმ სფეროში. გაზეთში მუშაობის ამ სტილის დამკვიდრებას ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს და ევრაზიის ფონდის გრანტებმაც შეუწყო ხელი. ამათგან ერთ-ერთი მიმართული იყო ადგილობრივი საკრებულოს მუშაობის გამჭვირვალობის უზრუნველოყოფაზე, მეორე - კორუფციის გაშუქებაზე. აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთი პლუსმა რევოლუციის შემდეგაც იმავე სტილით გააგრძელა მუშაობა, რაც მანამდე ჰქონდა შემუშავებული. ამ კუთხით გაზეთში მეტად მწვავე მასალა გამოქვეყნდა საპენსიო სიებთან და გაყინულ ხელფასებთან დაკავშირებით. ამ პუბლიკაციას მოქალაქეთა სერიოზული აქტივობა მოჰყვა თავისი უფლებების დასაცავად.

გარდა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებისა, ლანჩხუთი პლუსი ყურადღებას უთმობს რაიონში და, საერთოდ, გურიის რეგიონში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას. გაზეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად არამარტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობს, არამედ ანალიტიკური მასალის თბილისიდან მოპოვებასაც ახერხებს. განსაკუთრებით მწვავე პუბლიკაციები გამოქვეყნდა ხე-ტყის უკანონო ბიზნესთან და ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.

გაზეთი ცდილობს საინტერესო იყოს ფართო აუდირტორიისათვის და ამ მიზნით მარტო პოლიტიკის და ეკონომიკის საკითხებით არ შემოიფარგლება. გაზეთს აქვს გვერდები: ადამიანი და საზოგადოება, სამართალი და ადამიანის უფლებები, ასევე კულტურის, სპორტის და გასართობი გვერდებიც. რედაქცია ცდილობს, გაზეთი საინტერესო იყოს რაიონიდან წასული პირებისთვისაც, რომლებსაც აინტერესებთ მშობლიური მხარის ცხოვრება. ამიტომაა, რომ გაზეთი ვრცელდება თბილისში, ფოთსა და ბათუმშიც. რედაქცია გეგმავს გაზეთის აუდიოტორიის ეს ნაწილი გააფართოოს.

მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რუბრიკა „აკრძალული ზონა“, რომელშიც ქვეყნდება მასალები და რეპორტაჟები სასამართლოს დარბაზიდან, სასჯელაღსრულების ადგილებიდან, იწერება დანაშაულთან დაკავშირებული ისტორიები. გაზეთის რედაქტორის განცხადებით, გაზეთის ფურცლებზე ამ რუბრიკის გამოჩენამ ხელი შეუწყო ლანჩხუთი პლუსის ტირაჟის სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ლანჩხუთი პლუსს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული საინფორმაციო სააგენტო პრაიმნიუსთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ. შესაბამისად, გაზეთის ფურცლებზე რამდენიმე სვეტი ეთმობა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს. თავის მხრივ, ლანჩხუთი პლუსი გურიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას აწვდის პრაიმნიუსს.

გაზეთის რედაქციამ დისტრიბუციის ეფექტური ქსელი ააწყო. ლანჩხუთი პლუსი მკითხველს დროულად მიეწოდება როგორც ლანჩხუთის რაიონის ყველა სოფელში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ლანჩხუთში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. ლანჩხუთი პლუსი A3 ფორმატისაა, ექვსგვერდიანია და კვირაში ორჯერ გამოდის. გაზეთს ხელმომწერები არ ჰყავს, მაგრამ მუდმივი მკითხველების რაოდენობა საკმარისია იმისათვის, რომ ტირაჟის უმეტესი ნაწილი გაიყიდოს.

ლანჩხუთი პლუსის ტექნიკური აღჭურვილობა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს და ევრაზიის ფონდის გრანტების საშუალებით შეიქმნა და სამი სხვადასხვა თაობისა და სიმძლავრის კომპიუტერს, ორ პრინტერს, სკანერს, დიქტოფონს და ციფრულ ფოტოაპარატს მოიცავს.

ლანჩხუთი პლუსს 10 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, ოთხი რედაქტორი, გამშვები რედაქტორი, მთავარი რედაქტორის ტექნიკური მოადგილე, სამი კორესპონდენტი.

გაზეთი ლანჩხუთის მოამბე

გაზეთი დაარსდა 1933 წელს და იგი სხვა რაიონული გაზეთების მსგავსად კომუნისტური პარტიის ლანჩხუთის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტისა და რაიონული საბჭოს საგამომცემლო ორგანო იყო. გაზეთს თავიდან დამკვრელი კოლმეურნე, მოგვიანებით კი მშრომელი კოლმეურნე ერქვა. 1991 წლიდან დაერქვა ლანჩხუთის მოამბე და ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში დარჩა 2002 წლამდე. ამჟამად გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

გაზეთი ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური დახმარების ხარჯზე არსებობს და, არსებითად, მისი მუშაობის გაშუქებაზეა ორიენტირებული. ვინაიდან ლანჩხუთის მოამბე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ფინანსდება, რაც მეტად მწირია, ხოლო მასზე მოთხოვნა ძალზედ დაბალია, გაზეთი ხშირად არ გამოდის. არჩევნების პერიოდში, როდესაც პოლიტიკური ცხოვრება რეგიონში და რაიონში აქტივობის პიკს აღწევს, გაზეთი სტაბილურად იწყებს გამოსვლას.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ლანჩხუთში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. ლანჩხუთის მოამბე A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და ნომინალურად კვირაში ორჯერ გამოდის. ტირაჟი 500-იდან 1000-მდე მერყეობს. გაზეთს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია.

ლანჩხუთის მოამბეს 8 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, მბეჭდავი, სამი ჟურნალისტი, მძღოლი და ტექნიკური მუშაკი.

გაზეთი ნათლისმცემელი

გაზეთი დაარსდა 1998 წელს, როგორც ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის საგამომცემლო ორგანო, ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიის მოძღვრის და გიმნაზიის დირექტორის დეკანოზ სვიმეონის ინიციატივით.

გაზეთი ნათლისმცემელი პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემატიკაზე არ წერს, იგი მხოლოდ მართლმადიდებლური სულიერების საკითხებს ეხება და თავად დეკანოზ სვიმეონის განცხადებით მისი მრევლის სულიერ აღზრდაზეა მიმართული. გაზეთში იბეჭდება ამონარიდები რელიგიური ხასიათის სხვადასხვა წიგნიდან, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის ქადაგებანი, თავად მამა სვიმეონის სტატიები. სხვა რელიგიებისა და ქრისტიანობის სხვა კონფესიების შესახებ მასალა გაზეთ ნათლისმცემელში არ გამოქვეყნებულა.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ხდება ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის კუთვნილ კომპიუტერზე, რის შემდეგაც ნათლისმცემელი დასაბეჭდად თბილისში იგზავნება. გაზეთი A3 ფორმატისაა, მოიცავს ოთხ გვერდს, გამოდის თვეში ერთხელ ტირაჟით 2000 ეგზემპლარი. საცალო ღირებულება 10 თეთრია.

გაზეთ ნათლისმცემელის გამოცემაზე მხოლოდ ერთი პიროვნება დეკანოზი სვიმეონი მუშაობს.

ლანჩხუთის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი: გამჭვირვალე თვითმმართველობა

ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2003 წელს. აქამდე ცენტრი არსებობდა საკრებულოთა ასოციაციის ეგიდით, 2003 წელს კი შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ფონდ ევრაზიის დაფინანსებით დაფუძნდა სხვადასხვა ქალაქში ანალოგიური ცენტრების ქსელის ნაწილის სახით (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ამბროლაური). ცენტრის საქმიანობის მიზანია, საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს მოქალაქეთათვის.

საინფორმაციო ცენტრის ფუნქციები შემდეგია:

● საჯარო ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და გადაცემა მსურველთათვის;

● მიზნობრივ ჯგუფებთან (ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები) საჯარო შეხვედრები და აქტუალური პრობლემების გამოვლენა, ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება, გადაცემა და მათ შესრულებაზე მონიტორინგი.

მითითებული პუნქტების მიხედვით გაწეული სამუშაოს თავმოყრა ხდება საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენში, რომელშიც ქვეყნდება რაიონში მიმდინარე პროცესების ანალიზი, გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის მომხმარებლები მარტო რიგითი მოქალაქეები არ არიან, ბიულეტენი ასევე ურიგდებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ადგილობრივი ხელისუფლების უწყებებსაც.

გამჭვირვალე თვითმმართველობა თვეში ერთხელ გამოდის, A4 ფორმატისაა, თორმეტგვერდიანია. ტირაჟი 2000 ცალია. მოსახლეობას უფასოდ ურიგდება.

ოზურგეთი

გაზეთი ოზურგეთის მოამბე

გაზეთი დაარსდა 2002 წელს. თავიდან გაზეთი არასამთავრობო ორგანიზაცია ოზურგეთის პრეს-კლუბის საინფორმაციო ბიულეტენს წარმოადგენდა და თვეში ერთხელ ან ორჯერ გამოდიოდა. 2004 წელს გაზეთმა ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტი მიიღო და შეუფერხებლად დაიწყო გამოსვლა, შეიძლება ითქვას, რომ თავად გაზეთის დაარსება ამ კონკურსში გამარჯვების წყალობით გახდა შესაძლებელი.

ოზურგეთის მოამბე აქტიურად აშუქებს რაიონში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. მისი პუბლიკაციები დაბალანსებული პოზიციით და მკვეთრი სამოქალაქო პოზიციით გამოირჩევა. ამის საფუძველი გაზეთის ადრეულ ეტაპზე გავლილი განვითარების გზაა, როცა მისი მესვეურები, როგორც ოზურგეთის პრეს-კლუბის წარმომადგენლები, აქტიურად იყვენენ ჩაბმულნი ოზურგეთის რაიონში მიმდინარე პროცესების მონიტორინგში და ყოველმხრივ ცდილობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გამჭვირვალობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეეწყოთ ხელი. როგორც მაშინ, ისე შემდეგ, როცა ოზურგეთის პრეს-კლუბის საინფორმაციო ბიულეტენი გაზეთ ოზურგეთის მოამბედ გადაიქცა, მისი მესვეურები ადგილობრივი პოლიტიკური და ბიზნეს-ჯგუფების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ, რაც არათუ სიტყვიერ მუქარასა და შეურაცხყოფაში, არამედ გაზეთის დამფუძნებლის და რედაქტორის ვლადიმირ მენაბდის დაჭრაშიც გამოიხატა. თავისთავად ამ სიტუაციამ გარკვეული თვალსაზრისით ხელიც კი შეუწყო გაზეთის სახის ჩამოყალიბებას და ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრებაში მისი პოზიციის გამოკვეთას. ორგანიზაციამ აქტიურად დაიწყო მოკავშირეების ძიება და კონტაქტების დამყარება ისეთ გავლენიან თბილისურ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თავისუფლების ინსტიტუტი. გარდა ამისა, იგი ჩაება თბილისური მედიის ქსელშიც; თანამშრომლობდა გაზეთებთან ხვალინდელი დღე და ახალი ვერსია, ტელეკომპანია რუსთავი2-თან, რომელთან ერთადაც მონაწილეობდა გადაცემა 60 წუთის რამდენიმე გამოშვების მომზადებაში, ასევე საინფორმაციო სააგენტო პრაიმნიუსთან. პროფესიული თვალსაზრისით, გაზეთს დიდად წაადგა ფონდ IREX-ის საგამომძიებლო ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეყობის მიზნით ორგანიზებულ სემინარებში მონაწილეობა.

ადგილობრივი ხელისუფლების გაზეთზე ზეწოლის მექანიზმები სტანდარტულია, დაწყებული ადგილობრივ სტამბასთან პრობლემების შექმნით, დამთავრებული ადგილობრივი მეწარმეების დაშინებით, რომ მათ რეკლამა არ განათავსონ მოცემულ გაზეთში. სტამბის პრობლემა გაზეთის მესვეურების თბილისურმა კავშირებმა გადაჭრეს და იგი ახლა თბილისში იბეჭდება. რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული სირთულეები დროებითი აღმოჩნდა და პრობლემა მოხსნილია.

გარდა ზეწოლის ზემოაღნიშნული მექნიზმებისა, პრაქტიკაში იყო საქპრესის ადგილობრივი სადისტრიბუციო ქსელის გამოყენებაც გაზეთის წინააღმდეგ. საქპრესისთვის გასავრცელებლად გადაცემული გაზეთის ეგზემპლარები, თითქმის უკლებლივ ყველა, რედაქციას დაუბრუნდა იმ მიზეზით, თითქოს ოზურგეთის მოამბეზე მოთხოვნილება არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც გაზეთის გავრცელება ინდივიდუალურმა დისტრიბუტორებმა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ საზოგადოებას გაზეთი აინტერესებს და მისი გასაღება არ ჭირს.

გაზეთ ოზურგეთის მოამბეს აწყობა-დაკაბადონება ოზურგეთში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. იგი A3 ფორმატისაა, მოიცავს რვა გვერდს, გამოდის კვირაში ერთხელ. ტირაჟი 1000 ცალია, საცალო ფასი - 20 თეთრი. ვრცელდება ოზურგეთის რაიონში.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ორ კომპიუტერს, პრინტერს, სკანერს, ციფრულ ფოტოაპარატს, ორ დიქტოფონს და ერთ დიზელგენერატორს მოიცავს.

გაზეთ ოზურგეთის მოამბეს 15 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, სამი მორიგე რედაქტორი, ტექნიკური მუშაკი, ფოტოკორესპონდენტი, ცხრა კორესპონდენტი.

გაზეთი ალიონი

გაზეთი დაარსდა 1931 წელს. იგი კომუნისტური პარტიის ოზურგეთის (მახარაძის) რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის და რაიონული საბჭოს საგამომცემლო ორგანო იყო. თავდაპირველად მას ლენინის დროშა ერქვა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაზეთს ალიონი დაერქვა. კრიზისულ პერიოდში გაზეთის გამოცემა დიდი ხნით შეჩერდა. 2001 წლიდან ალიონი მეტ-ნაკლები სტაბილურობით გამოდის.

გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული და მისი დამფუძნებლები გაზეთის კოლექტივი და ოზურგეთის რაიონული გამგეობაა. გაზეთის დაფინანსების წესიც დამფუძნებლებს შორის შეთანხმებულია. გამგეობა ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5000 ლარის სუბსიდიას გამოყოფს გაზეთის გამოსაცემად. ეს თანხა გაზეთის მომზადებასა და ბეჭდვაზე იხარჯება, სახელფასო ფონდს ხელმოწერებიდან შემოსული თანხა წარმოადგენს. ალიონის ხელმომწერები, როგორც წესი, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები და საბიუჯეტო ორგანიზაციებია, რომელთა მოზიდვასაც თავად გამგეობა უწევს ორგანიზებას.

გაზეთი მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებაზეა მიმართული. აქვეყნებს რაიონული გამგეობისა და საკრებულოს დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს, ინტერვიუებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე მასალებს რაიონის გამოჩენილი მოღვაწეების შესახებ. შინაარსობრივი მრავალფეროვნებითა და კრიტიკული სტილით გაზეთი არ გამოირჩევა.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ოზურგეთში ადგილობრივ სტამბაში ხდება. ალიონი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის (ხშირად პერიოდულობა ირღვევა). მისი ტირაჟი 1000 ეგზემპლარს შეადგენს, 600 ხელმომწერზე ვრცელდება და ტირაჟის ნაწილი საცალო გაყიდვაში 20 თეთრად იყიდება.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა კომპიუტერის, ციფრული ფოტოაპარატის და დიქტოფონისგან შედგება.

ალიონს 9 თანამშრომელი ჰყავს, ამათგან 6 საშტატო განაკვეთზეა და 3 ხელშეკრულებით არის აყვანილი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, სამი ჟურნალისტი, ტექნიკური მუშაკი, ფოტოკორესპონდენტი, ბუხჰალტერი და დამლაგებელი.

ტელეკომპანია გურია

ტელეკომპანია გურია 1991 წელს შეიქმნა, იგი დაარსებიდანვე კერძო კომპანიას წარმოადგენდა, 100%25-ით მის ერთადერთ დამფუძნებელს ეკუთვნის და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

ტელეკომპანიას თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს თბილისურ ტელეკომპანია რუსთავი2-თან მისი მაუწყებლობის რეტრანსლირების თაობაზე, ეს გურიას საშუალებას აძლევს თავისი ეთერი შეავსოს. საკუთრივ გურიის გადაცემების ტრანსლაცია ყოველდღიურად დილის 7:30-იდან 12:20 საათამდე და საღამოს 18:00-იდან ღამის 1:00 საათამდე ხდება. დროის ამ მონაკვეთში კვირაში სამჯერ გადის საინფორმაციო გამოშვება „ფაქტი“, ზოგჯერ უფრო ხშირადაც. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაააქტიურებულია საზოგადოებრივი ცხოვრება რაიონში. აქვთ საბავშვო გადაცემების ციკლი, თვეში ერთხელ - ტოკ-შოუები და დებატები, კვირაში ერთხელ - რელიგიური გადაცემა „ამბიონი“. ეთერით გადაიცემა მუსიკალური კლიპები და ქართული ფილმებიც. გარკვეული დრო ეთმობა სარეკლამო განცხადებებს, მილოცვებსა და ნეკროლოგებს.

ტელეკომპანია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო სექტორთან, განსაკუთრებით, ეკოლოგიური მიმართულებით. მომზადდა ერთობლივი ანალიტიკური გადაცემები ხე-ტყის უკანონო ჩეხვის, სოფელ მერიის ყოფილი საბჭოთა არმიის საწყობის ტერიტორიაზე განთავსებული ფეთქებადი ნივთიერებების გარემოზე ზემოქმედების, სოფელ ასკანის, სუფსის ტერმინალის და სხვა საკითხების შესახებ.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა შედარებით დაძაბული იყო ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში რუსთავი2-ის გადაცემების ტრანსლაციის გამო. რევოლუციის შემდეგ ურთიერთობა დარეგულირდა და თანამშრომლობითი ხასიათისაა. ტელეკომპანია აშუქებს რაიონული გამგეობისა და საკრებულოს მუშაობას, ახდენს სამუშაო თათბირებისა და სხდომების ტრანსლირებას ან მათ რეპორტაჟს.

გურიის შემოსავლები საკმაოდ მწირია და, ძირითადად, რეკლამისა და ფასიანი განცხადებების ხარჯზე ივსება. თუმცა, ადგილობრივი ბიზნესმენები, საგადასახადო ორგანოების და კრიმინალების შიშით, ერიდებიან რეკლამის განთავსებას ტელევიზიის ეთერით. ტელევიზიის შემოსავლი იზრდება არჩევნების პერიოდში. ამ დროს რაიონში პოლიტიკური ცხოვრება აქტივობის პიკს აღწევს და პოლიტიკური პარტიები ეთერში რეკლამის განთავსებას უკვეთენ.

ტელევიზიის ფინანსურ მდგომარეობას მეტ სტაბილურობას უქმნის საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობა და დონორი ორგანიზაციებისაგან მიღებული გრანტები. ტელევიზია აქტიურად თანამშრომლობს ინტერნიუსთან და IREX-თან. 1999-2002 წლების პერიოდში გურიამ რამდენჯერმე მიიღო ფონდ ევრაზიის გრანტი ტექნიკური აღჭურვილობის გადახალისების და ორგანიზაციული განვითარებისათვის. ტელეკომპანია ასევე რამდენჯერმე იყო IREX-ის გრანტის რეციპიენტი პირდაპირ ეთერში დებატებისა და ტოკ-შოუების ორგანიზებისათვის. ამ პერიოდში გურიამ 11 თოქშოუ და 33 დებატი ჩაატარა.

ტელეკომპანია გურიას თავისი შენობა აქვს და მისი ტექნიკური აღჭურვილობა საკუთარ ანძას, გადამცემს, პირდაპირი ეთერისათვის საჭირო კარგად აღჭურვილ რამდენიმე სტუდიას, სამონტაჟო მაგიდას, ვიდეომაგნიტოფონებს, მონიტორებს, VHS და ციფრულ კამერებს მოიცავს. ტელეკომპანიის მაუწყებლობა თითქმის მთლიანად ვრცელდება ოზურგეთის რაიონზე, ნაწილობრივ ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ქობულეთის რაიონებზეც.

გურიას 33 თანამშრომელი ჰყავს.

ტელეკომპანია მადი

ტელეკომპანია მადი 2002 წელს დაარსდა. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და თანაბარი 50%25-იანი წილით ორ დამფუძნებელს ეკუთვნის. მისი შექმნა წარმოშობით ოზურგეთელი მოსკოველი ბიზნესმენის, რუსული ტელეკომპანია Москва - щткрытый мир-ის დაფინანსებით და ხელშეწყობით მოხდა.

ტელეკომპანიას იმთავითვე კომერციული მიმართულება ჰქონდა არჩეული და მისი განვითარების სტრატეგია თბილისური საკაბელო ტელეკომპანიის აიეტის მსგავსი ორგანიზაციის ჩამოყალიბება იყო. ოღონდ განსხვავებით აიეტისაგან, რომელიც თავის აბონენტებს სერვისს კაბელის საშუალებით უწევს, მადიმ ძვირადღირებული მრავალარხიანი კოდური სისტემა შეიძინა და ამ სფეროში სერვისის უფრო თანამედროვე სახე შემოიტანა არამარტო გურიის რეგიონში, არამედ საერთოდ საქართველოში.

დღეისათვის მადის 3000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს და საკუთარ თავს აქედან შემოსული თანხებით ინახავს. იგი 25 არხს გადასცემს და ერთ-ერთზე საკუთარ გადაცემებსაც სვამს, რომლებსაც საერთო საეთერო დროის 7 საათი უკავიათ. საკუთრივ მადის საეთერო ბადე შემდეგ გადაცემებს მოიცავს: საინფორმაციო გადაცემა „ობიექტივი“; შემოქმედებითი გადაცემა „არფა“; ახალგაზრდული გადაცემა „Xფაილი“; საავტორო ანალიტიკური გადაცემა „რევიუ“; იუმორისტული გადაცემა „ხოხმები“; ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული გადაცემა „ქართული სიმღერა“.

საინფორმაციო გადაცემისთვის მადის ჟურნალისტები ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთისა და ფოთის მასშტაბით ეძიებენ მასალებს. გადაცემა „Xფაილი“ ადგილობრივი ახალგაზრდობის უმუშევრობის, ნარკომანიის, ტრეფიკინგის, მიგრაციის საკითხებს აშუქებს. გადაცემა „ქართული სიმღერისთვის“ მადის მუსიკალური მიმომხილველი გურიის სოფლებში ამზადებს სიუჟეტებს, იწერს უცნობ მოტივებს და ინტერვიუებს გურული სიმღერების გამოჩენილ შემსრულებლებთან.

მადი საქართველოს ტელემაუწყებელთა ასოციაციაშია გაერთიანებული, რაც მას საშუალებას აძლევს თავისი ჟურნალისტები და ტექნიკური კადრები პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზაციის ეგიდით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართოს.

მადის ტექნიკური აღჭურვილობა თანამედროვეა. იგი მოიცავს სიგნალის გადაცემის კოდურ სისტემას, ციფრულ სამონტაჟოს, მონიტორებს, აუდიო მიკჩერს, ციფრულ კამერებს.

ჩოხატაური

გაზეთი გურია ნიუსი

გაზეთი 1933 წელს კომუნისტური პარტიის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დაარსებული ბრძოლის დროშის მემკვიდრეა. მოგვიანებით გაზეთს კომუნიზმის განთიადი დაერქვა. 1991 წელს გაზეთი ჩოხატაურის, შემდეგ კი ჩოხატაურის მაცნეს სახელით გამოდიოდა.

ჩოხატაურის მაცნე შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსით დარეგისტრირდა და კერძო გახდა. მისმა დამფუძნებლებმა გაზეთის რეგიონულ გაზეთად გადაქცევა გადაწყვიტეს. ამ მიზნით 2000 წელს პროექტი იქნა შეტანილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, რომელმაც გაზეთის დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყვიტა. ამ დროიდან შპს ჩოხატაურის მაცნეს მიერ გამოცემულ გაზეთს გურია ნიუსი ჰქვია.

გაზეთი ძირითადად ადგილობრივ ამბებს აშუქებს. აქვს შემდეგი ტრადიციული რუბრიკები: ახალი ამბები, ნომრის სტუმარი, ეკონომიკა, მკითხველი, კულტურა და სპორტი, გასართობი გვერდი.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან გურია ნიუსს ნორმალური ურთიერთობები აქვს, თუმცა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში გაზეთის რედაქტორსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა იმდენად გამწვავდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაც კი მოხდა. რევოლუციის შემდეგ ურთიერთობები გამოსწორდა, თუმცა ზოგიერთ საკითხზე, განსაკუთრებით ხე-ტყესთან და სოციალურ პროგრამებზე, საჯარო ინფორმაციის მოპოვება გაზეთისათვის უფრო რთული გახდა, ვიდრე ეს რევოლუციამდე იყო.

გურია ნიუსი გამოცემის დღიდან სტაბილურად გამოდის და ჩავარდნები არ ჰქონია. ძირითად აქცენტს რეგიონში მიმდინარე ამბებზე აკეთებს. ამ მიზნით გურიის მასშტაბით კორესპონდენტთა ტექნიკურად კარგად აღჭურვილი, მობილური და ეფექტური ქსელი აქვს შექმნილი. ასევე აქვს გახსნილი წარმომადგენლობები გურიის სამივე რაიონულ ცენტრში.

ამ სისტემის აწყობა შპს ჩოხატაურის მაცნეს თავისი ძალებით, რა თქმა უნდა, არ შეეძლო; ამ საქმეში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები დაეხმარნენ. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გრანტის გარდა, რომელიც გაზეთის გავრცელების არეალის გაფართოებაზე იყო მიმართული, გურია ნიუსს მიღებული აქვს IREX-ის გრანტი ინტერნეტ-კომუნიკაციების განსავითარებლად, იმავე IREX-იდან ორი მცირე გრანტი წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდის გასაშუქებლად, ფონდ ევრაზიის გრანტი სარეკლამო საქმისა და მენეჯმენტის განვითარებისათვის, IREX-ის გრანტი, რომელიც გაზეთის პერიოდულობის გაზრდას ითვალისწინებს.

გაზეთის ძირითადი შემოსავალი ხელმოწერებიდან მიღებული თანხაა. ერთი თვის ხელმოწერა 2 ლარი ღირს და გურია ნიუსს, მისი მესვეურების განცხადებით, უკვე 4000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. გაზეთის შემოსავალს ქმნის ასევე ფასიანი განცხადებები, ნეკროლოგები და მილოცვები.

2004 წლამდე გურია ნიუსი კვირაში ერთხელ გამოდიოდა, შემდეგ კი IREX-ის ფინანსური დახმარებით შესაძლებელი გახდა გაზეთის კვირაში ორჯერ გამოცემა. გაზეთის გაყიდვაში გაშვების დღეები ორშაბათი და ხუთშაბათია. ორშაბათის ნომერი თექვსმეტგვერდიანია. აქედან ოთხი გვერდი ფერადია. ხუთშაბათის ნომერი რვაგვერდიანია ფერადი გვერდების გარეშე. თექვსმეტგვერდიანი ნომრის ფასი 25 თეთრია, რვაგვერდიანის - 15 თეთრი. ორშაბათის ნომერს თან ახლავს ოთხგვერდიანი დანართი ოცდაერთს ქვემოთ ბავშვებისათვის, რომელსაც ჩოხატაურელი ბავშვები ამზადებენ. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გურია ნიუსი A3 ფორმატისაა. ტირაჟი 4500 ცალია. ვრცელდება ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის რაიონებში.

გურია ნიუსის ტექნიკური აღჭურვილობა მოიცავს: 6 კომპიუტერს ჩოხატაურის ცენტრალურ ოფისში, 2 კომპიუტერს ოზურგეთის და 1 კომპიუტერს ლანჩხუთის ოფისებში, სამ ციფრულ ფოტოაპარატს, A3 ფორმატის პრინტერს, ქსეროქსს, სკანერს და სატელიტურ თეფშს ინტერნეტისათვის.

გაზეთის გამოცემაზე 20 ადამიანი მუშაობს. გურია ნიუსში საშტატო ერთეულზე არიან: მთავარი რედაქტორი, რაიონული წარმომადგენლობების 3 ხელმძღვანელი და 3 მდივანი, ტექნიკური დირექტორი, ფოტოკორესპონდენტი, და ბუხჰალტერი. გაზეთს ჰყავს კონტრაქტის საფუძველზე აყვანილი 10 ჟურნალისტი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

___________________________

1 გურიის რეგიონში კვლევა 2004 წლის 29-31 აგვიტოს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

8 აჭარა1

▲ზევით დაბრუნება


აჭარის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 4,1%25 შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 8,6%25-ს2. ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის 93,3%25 ქართველია, ხოლო 6,7%25-ს რუსები, სომხები, აფხაზები და სხვები შეადგენენ. აჭარის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,54) მეორე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.2

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

აჭარა, კახეთის და ქვემო ქართლის მსგავსად, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ მოხდა კლანური რეჟიმის ჩამოყალიბება ეკონომიკურად ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე რეგიონში. აჭარა საქართველოს სხვა რეგიონებისგან მრავალი ფაქტორით განსხვავდება. აქ ქვემო ქართლისგან განსხვავებით არ არის სასარგებლო წიაღისეული, ხოლო კახეთისგან განსხვავებით არ არის რუსეთის ბაზარზე ძლიერად მიბმული აგრარული ინფრასტრუქტურა, მაგრამ აქ არის:

● შავ ზღვაზე ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი და სატრანსპორტო და ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა;

● საზღვარი ნატო-ს ალიანსის ერთ-ერთ წევრ ქვეყანასთან, თურქეთთან, რომელიც ამავე დროს ეკონომიკურად კავკასიისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სასაზღვრო პუნქტი სოფელ სარფში ადგილობრივ რეჟიმს ტვირთების ტრანზიტზე კონტროლისა და შემოსავლების მობილიზების საშუალებას აძლევდა;

● ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთათვის საკურორტო მომსახურების თითქმის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე, რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს აძლევდა აბაშიძის რეჟიმს;

● ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმს, სხვა რეგიონული კლანური რეჟიმებისგან განსხვავებით, გარკვეულ ხელშეუხებლობას და შეუვალობას ანიჭებდა;

● რუსეთის სამხედრო ბაზა, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.

ამ პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების თანხვედრის წყალობით ასლან აბაშიძის რეჟიმი საქართველოში, უდავოდ, ყველაზე ავტორიტარული იყო, რამაც განსაზღვრა რეგიონში მედიის მდგომარეობა. წლების მანძილზე ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ურიგდებოდა ალტერნატიული აზრის არსებობის შესაძლებლობას: ყოველმხრივ ხელს უწყობდა ლოიალური მედიის შექმნას და, რაც შეეძლო, ავიწროებდა თავისუფალ მედიას. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი აჭარის რეგიონული მედიის განვითარებისა ასლან აბაშიძის რეჟიმი იყო. გარდა ამ სპეციფიკურობისა, რომელიც უფრო მედიის დამოუკიდბლობის ხარისხზე ახდენდა გავლენას, არის მთელი რიგი ფაქტორებისა, რომლებიც აფერხებენ მედიის განვითარებას, მაგალითად:

● რეგიონის გეოგრაფიული თავისებურებანი, კერძოდ, მთიანი რელიეფი, რელიეფი, რაც აუდიტორიის გაფართოებაში ხელს უშლის როგორც ბეჭდვით, ისე ელექტრონულ მედიას (აბაშიძის პერიოდში იმისთვის, რომ მთიანი აჭარის მოსახლეობას ხელისუფლებისათვის სასურველი ინფორმაცია მიეღო, ტელეკომპანია აჭარა თანამგზავრულ მაუწყებლობაზე გადავიდა);

● რეგიონის მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, რაც უფრო დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედიისთვის ქმნის პრობლემებს;

● ხელისუფლების მედიასთან დამოკიდებულების პოსტრევოლუციური მდგომარეობა, როცა მედიაზე აბაშიძისეული პატრონაჟის სისტემა ახალ პირობებში ადეკვატური აღარაა და მთავრობა ნაწილობრივ იხსნის ვალდებულებებს ლოიალური მედიის მიმართ, რასაც მოსდევს მთელი რიგი მედია-საშუალებების გაქრობა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი მოსახლეობა აღმსარებლობის მიხედვით ერთფეროვანი არაა. რეგიონში გვერდიგვერდ ცხოვრობენ ქართველი მაჰმადიანები და მართლმადიდებლები, მაგრამ ეს მედიის ფუნქციობაზე გავლენას არ ახდენს. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მთიანეთში, სადაც ტრადიციულად მაჰმადიანი ქართველები ჭარბობენ, იყო მცდელობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან რეგიონული ხელისუფლების კონფლიქტში რელიგიური ფაქტორი გამოეყენებინათ, ადგილობრივ მედიაში რელიგიის თემატიკა წინა პლანზე არ გადმოსულა.

აჭარაში მედიის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სექტორის განვითარების ხარისხი და მისი პრობლემები. აბაშიძის მმართველობის პირობებში დამოუკიდებელი მედიის დაცვის ერთადერთი საშუალება სწორედ სამოქალაქო სექტორის საშუალებით ხელისუფლებაზე ზეწოლა იყო. მაგრამ თავად ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ზეწოლის ქვეშ. აბაშიძის რეჟიმზე ზემოქმედება მხოლოდ თბილისში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით იყო შესაძლებელი. დღეისათვის არასამთავრობო სექტორი გააქტიურებულია. ხშირ შემთხვევებში თავად დამოუკიდებელი მედიაც ხდება ახალი სამოქალაქო ინიციატივებისა და ღონისძიებების წამომწყები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებების პრინციპების დარღვევას ეხება. მედიისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა და ერთობლივი მოქმედება ჟურნალისტური ეთიკისა და თავისუფალი სიტყვის დაცვის სერიოზულ მექანიზმად გადაიქცა, რის მაგალითსაც 2005 წლის ზამთარში ტელეკომპანია აჭარის ჟურნალისტების საგაფიცვო აქცია წარმოადგენდა. ავტონომური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ტელეკომპანიისთვის დამოუკიდებელი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების უფლება მიეცა.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

მედია-ორგანიზაციების სიმრავლით ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრი ქალაქი ბათუმი ლიდერობს. აქ 2004 წლის სექტემბრისთვის 10 მედია-ორგანიზაცია მუშაობდა. ამათგან 4 დღეისათვის აღარ ფუნქციობს ფინანსური პრობლემების გამო. ავტონომიური რესპუბლიკის სხვა ქალაქებსა და ადმინისტრაციულ ცენტრებში თითო მედია-ორგანიზაციაა წარმოდგენილი, რომლებიც, როგორც წესი, სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებიან. გამონაკლისს გარკვეული პერიოდით ქალაქი ქობულეთი წარმოადგენდა, სადაც სამთავრობო გაზეთის გარდა დამოუკიდებელი გამოცემაც გამოდიოდა, რომლის არსებობასაც ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტი უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, გრანტის ამოწურვის შემდეგ გაზეთის დამოუკიდებელი არსებობა შეუძლებელი გახდა.

ქალაქ ბათუმში, როგორც აღვნიშნეთ, ამჟამად 6 მედია-ორგანიზაცია არსებობს. ამათგან 4 ბეჭდვითია და 2 ელექტრონული. 4 ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციიდან 2 დამოუკიდებელია და 2 ხელისუფლების საკუთრებაში იმყოფება. 2 ელექტრონული მედია-ორგანიზაციიდან ერთი ავტონომიური მთავრობის სახელისუფლებო სტრუქტურაა და მეორე რევოლუციის შემდეგ დაუბრუნდა თავის დამფუძნებელს და კანონიერ მესაკუთრეს.

აჭარის ქალაქებში მედიის დისპროპორციული განვითარება ასლან აბაშიძის ცამეტწლიანი მმართველობის შედეგია, რომელიც რეგიონში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს და საშუალებას არ აძლევდა სამოქალაქო სექტორს და საზოგადოებრივ ჯგუფებს ავტონომიური რესპუბლიკის რაიონებში ალტერნატიული საინფორმაციო წყაროები შეექმნათ.

ბეჭდვითი მედია

აჭარის 11 მედია-ორგანიზაციიდან 9 ბეჭდვითია. მიუხედავად რაოდენობრივი სიმრავლისა, ბეჭდვითი მედიის განვითარებას აჭარის რეგიონში ბევრი დაბრკოლება ეღობება:

● რევოლუციის შემდეგ დაფუძნებულ გაზეთებს უჭირთ საკუთარი ადგილის მოძებნა უკვე ცნობადი დამოუკიდებელი გაზეთების ფონზე, რომლებიც არ ეპუებოდნენ აბაშიძის რეჟიმს და საზოგადოებისთვის საინტერესო პუბლიკაციებს აქვეყნებდნენ (ასეთი სულ ორი გამოცემაა აჭარაში);

● მიუხედავად თავისუფალი პრესისადმი დიდი ინტერესისა, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს (ძირითადად, მთიანი აჭარის მოსახლეობას) არ შეუძლია გაზეთების გამოწერა;

● გაზეთები ტირაჟის ზრდას აბრკოლებს არაეფექტური სადისტრიბუციო ქსელი (საქპრესა, ფოსტა)3, რასაც თავის მხრივ განაპირობებს რეგიონის რთული რელიეფი;

● აჭარაში გამომავალი გაზეთების უმეტესობა სახელმწიფო საკუთრებაშია და მისი დაფინანსებით ფუნქციობს, შესაბამისად, მათი მენეჯმენტი არაა საბაზრო პირობებზე ორიენტირებული, რაც ხელს უშლის ბაზარზე მათ დამკვიდრებას და მათი გავრცელება უმეტესწილად რაიონული ადმინისტრაციების ჩარევის საშუალებით ხდება;

● დამოუკიდებელი გამოცემების წინაშე მწვავედ დგას ფინანსური პრობლემები. ეფექტური ფუნქციობისთვის მხოლოდ გაყიდვიდან შემოსული თანხები არაა საკმარისი, სარეკლამო ბაზარი კი საკმაოდ მწირია.

როგორც აღვნიშნეთ, აჭარაში 9 ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციაა. მათგან მხოლოდ ორია დამოუკიდებელი (ორივე ბათუმში გამოდის). ალბათ აღნიშნული ორი გამოცემის შენარჩუნებაც გაჭირდებოდა, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების მორალურ-სამართლებრივი და ფინანსური მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან დამოუკიდებელი მედიის განვითარებისათვის მიღებული დახმარებები ვერ იძლეოდა სასურველ შედეგს და გრანტის დამთავრებისთანავე გამოცემა კრიზისში აღმოჩნდებოდა ხოლმე. სწორედ მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა გაზეთი ახალი ქობულეთი, რომელიც ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტის წყალობით გაზეთმა აჭარა PS-მა დაარსა ქალაქ ქობულეთში. გრანტის ამოწურვასთან ერთად ახალმა ქობულეთმა არსებობა შეწყვიტა.

რაც შეეხება სახელისუფლებო პერიოდიკას, აბაშიძის დროს მას საკმაოდ დიდი დაფინანსება ჰქონდა ხელისუფლებისგან, რაც საშუალებას აძლევდა რედაქციებს სტაბილური ტირაჟით და პერიოდულობით გამოეცათ გაზეთები. დიდი დაფინანსება არა მარტო ტირაჟის და პერიოდულობის სტაბილურობის გარანტი იყო, არამედ მათი გაზრდის საშუალებაც. ეს განსაკუთრებით ბათუმში გამომავალ გაზეთებს ეხებათ. სამწუხაროდ, გარანტირებული შემოსავლების არსებობის პირობებში რედაქციები მაინც და მაინც არ ზრუნავდნენ გაზეთების საბაზრო პირობებთან ადაპტირებას, არ ცდილობდნენ შინაარსობრივი მხარე ფართო აუდიტორიისათვის მიმზიდველი გაეხადათ. ამის შედეგია გაზეთების საბჭოური სტილი და, შესაბამისად, გაყიდვის დაბალი მაჩვენებლები4

ბათუმის რევოლუციის შემდეგ ბეჭდვითი მედიის მდგომარეობა შეიცვალა. აბაშიძის კლანის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ზოგიერთი გაზეთი დაიხურა, სამაგიეროდ, გამოჩნდა ახალი გაზეთები. რევოლუციის შემდეგ სამი ახალი გაზეთი დაფუძნდა. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო ახალ გაზეთებს უჭირთ რეგიონის მედია-ბაზარზე დამკვიდრება. აღნიშნული სამი გაზეთიდან ორი დედაქალაქის წამყვანი გამოცემების - გაზეთ 24 საათისა და გაზეთ ახალი ვერსიის - ბათუმის ფილიალებს წარმოადგენენ (აჭარა 24 საათი და ბათუმური ვერსია), ერთი კი წლების მანძილზე აბაშიძის რეჟიმის მიერ დევნილი საზოგადოებრივი გაერთიანება აჭარის კეთილი ნების მისიის გამოცემა ბათუმის ხმა გახლდათ.

ელექტრონული მედია

აჭარაში სულ ორი ელექტრონული მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს, ამათგან ერთი, ტელეკომპანია 25-ე არხი, დამოუკიდებელია, მეორე კი, ტელე-რადიოკომპანია აჭარა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ტელე-რადიომაუწყებლობის საქვეუწყებო დეპარტამენტს წარმოადგენს. ორივე მათგანი ბათუმში ფუნქციობს.

ტელეკომპანია 25-ე არხი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, თუმცა აბაშიძის მმართველობის პერიოდში, 2000 წლიდან მისი იურიდიული სტატუსის მიუხედავად, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან შეტევების მსხვერპლი გახდა. ეს პროცესი მესაკუთრის შეცვლით დასრულდა და ტელეკომპანიის 51%25 აჭარის უშიშროების სამსახურის ოფიცერს უკანონოდ გადაეცა მმართველობაში. ამის შემდეგ ტელეკომპანიის ეთერით საინფორმაციო გამოშვებების ტრანსლირება შეწყდა. თავდაპირველმა დამფუძნებელმა საკუთრებაზე უფლებები 2004 წლის ბათუმის რევოლუციის შემდეგ აღიდგინა.

ტელე-რადიოკომპანია აჭარა დაარსებიდანვე, 1987 წლიდან, სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ტელე-რადიოკომიტეტის სტატუსით ფუნქციობდა. დღეს სხვა სტატუსით ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია. იგი ახდენს როგორც სატელევიზიო, ისე რადიომაუწყებლობას.

საქართველოს სხვა რეგიონული ელექტრონული მედია-ორგანიზაციებისგან განსხვავებით, აჭარის ელექტრონულ მედიაში თითქმის ყველა პარამეტრით სხვაგვარი სიტუაციაა. ტექნიკური აღჭურვილობის და შესაძლებლობების მიხედვით აქ გაცილებით მეტ პოტენციალს ფლობენ ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონული ტელე-რადიოკომპანიები. ამ მხრივ, აჭარის ელექტრონულ მედიას შეუძლია კონკურენცია საქართველოს დედაქალაქის წამყვან არხებსაც გაუწიოს. ამიტომაც იყო, რომ ტელე-რადიოკომპანია აჭარის ქონებასთან დაკავშირებით პრეტენზია სახელმწიფო ტელევიზიის პირველმა არხმა განაცხადა. მიუხედავად ტელე-რადიოკომპანია აჭარის ქონების დაცვის მიზნით ხელისუფლების მიერ მიღებული ღონისძიებებისა, ქონების ნაწილი მაინც დაიკარგა, მაგრამ ამას ტელეკომპანიის ჩვეულ რეჟიმში მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია და დანაკარგის მიუხედავად ეს ტელე-რადიოკომპანია დღემდე საქართველოს ერთ-ერთ წამყვან მედია-ორგანიზაციად რჩება, რომლის მაუწყებლობაც საქართველოს მთელ ტერიტორიას ფარავს.

ტექნიკური მაჩვენებლებით ტელეკომპანია 25-ე არხიც საქართველოს წამყვანი ელექტრონული მედიის სიას შეიძლება მივაკუთვნოთ. ბედის ირონიით, მისი ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება მისივე დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე და ასლან აბაშიძის რეჟიმის დაფინანსებით მოხდა. 2004 წლის მაისის ბათუმის რევოლუციის შემდეგ, როდესაც ძველმა მესაკუთრემ ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლება აღიდგინა, მას ტექნიკურად ოპტიმიზირებული და გადახალისებული ტელევიზია ერგო წილად.

მედია და ხელისუფლება

2004 წლის მაისის ბათუმის რევოლუციამ წერტილი დაუსვა ასლან აბაშიძის კლანის ცამეტწლიან ავტორიტარულ რეჟიმს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ ხნის მანძილზე მედიის განვითარების გზა მთლიანად აბაშიძის მმართველობის ხასიათით და სტილით იყო განსაზღვრული. აჭარის ლიდერი პირადად ეცნობოდა ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ და აქტიურად ურთიერთობდა მისი რეჟიმის მიმართ ლოიალურ მედიასთან (განსაკუთრებით, ტელევიზიასთან, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობს), კერძოდ:

● აწვდიდა ინფორმაციას მიმდინარე პროცესებზე;

● მედიის წარმომადგენლებთან ათანხმებდა განსახილველ საკითხთა ნუსხას და წინასწარ ეცნობოდა მის მიმართ დასასმელ კითხვებს;

● აჭარის უზენაესი საბჭოს პრეს-სამსახური ახდენდა რეგიონული მედიის მუშაობის კოორდინირებას, რაც ამ მედიის შინაარსობრივი მხარის ერთფეროვნებასა და ერთსულოვან პოზიციაში აისახებოდა;

● უზენაესი საბჭოს პრეს-სამსახურის მეშვეობით ხდებოდა არა მარტო მედია-ორგანიზაციების საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმვა, არამედ მათი საკადრო პოლიტიკის განსაზღვრაც.

თავისუფალი მედიის მიმართ აბაშიძის რეჟიმი ძალადობისა და მორალური ზეწოლის მეთოდს მიმართავდა, რაც შემდეგში გამოიხატებოდა:

● შანტაჟი ახლობელ-ნათესავებთან ანგარიშსწორების მუქარით;

● ფიზიკური შეურაცხყოფა და პირადი ანგარიშსწორების მუქარა;

● ოფისის დარბევა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განადგურება;

● ზეწოლა მესაკუთრეებზე, რომ თავ-თავისი წილები გაეყიდათ ან გაეჩუქებინათ;

● სტამბაზე ზეწოლა, რომ თავისუფალი გაზეთი არ დაბეჭდილიყო. ამის გამო გაზეთის დაბეჭდვა თბილისში ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მისი აჭარაში შემოტანა ძნელდებოდა მდინარე ჩოლოქის საგუშაგოზე შემოწმებების წყალობით;

● არასასურველი მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებზე და საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა.

რევოლუციის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებელ მედიასთან ურთიერთობაში ბევრი პრობლემა აქვს. აქტუალურია სახელმწიფო სამსახურების გამჭვირვალედ მუშაობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა. ადგილობრივ ექსპერტთა განცხადებით, აბაშიძის პერიოდის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დამოუკიდებელი მედია აქტიურად იწყებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის დანერგვას, რასაც ხელისუფლება ისევ აგრესიულად ხვდება. მიუხედავად მსგავსი რეაქციისა, პოსტრევოლუციური აჭარის მთავრობას აბაშიძისეული მეთოდებით მედიასთან ურთიერთობა აღარ გამოუდის. დემოკრატიის, საჯაროობის და გამჭვირვალობის მოთხოვნებმა სახელისუფლებო სტრუქტურად ჩამოყალიბებულ ტელე-რადიოკომპანია აჭარაშიც შეაღწიეს. 2005 წლის პირველ ნახევარში ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომლების გაფიცვა - შეზღუდულიყო ზეწოლა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურზე, ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით წარმატებით დასრულდა. მთავრობამ ტელეკომპანიის ძველი ხელმძღვანელობა გაათავისუფლა თანამდებობებიდან და ახალი დანიშნა. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტრევოლუციურ აჭარაში საზოგადოებრივი და მედია-ორგანიზაციების კოალიციური აქციები ძველი სტილით მმართველობის აღდგენის მცდელობების წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებულია.

მედია და საზოგადოება

მიუხედავად აბაშიძის რეჟიმის მცდელობისა, რეგიონში საინფორმაციო ველის მონოპოლიზება მოეხდინა (რევოლუციის წინა პერიოდში საქართველოს ცენტრალური პრესის გავრცელებასა და მაუწყებლობაზე შეზღუდვაც კი დაწესდა), რასაც ნაწილობრივ მიაღწია კიდეც, არასამთავრობო სექტორმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მაინც მოახერხეს აზრთა თავისუფალი გაცვლის მცირე სივრცე შეექმნათ. პოსტრევოლუციურ აჭარაში ამ სივრცის გაფართოების მცდელობაც იყო: ჩამოყალიბდა რამდენიმე ახალი დამოუკიდებელი გაზეთი. სამწუხაროდ, მძიმე საბაზრო პირობებში ეს მცდელობა წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

აჭარაში ჟურნალისტიკის საგამომძიებლო ჟანრით დაინტერესება, გარკვეულწილად, ანალოგიურია კახეთის რეგიონში ამ დარგით დაინტერესებისა. პოსტრევოლუციური პერიოდის აჭარაშიც და კახეთშიც ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია პირველ რიგში გაუხსნელი ეკონომიკური და პოლიტიკასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის გამოძიებით ინტერესდება. ორივეგან თავისუფალი მედია ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას ყველა იმ შემთხვევაში, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის სტილს და მეთოდებს აგონებს. გაზეთი გაზეთი ბათუმელები სწორედ ამ მიმართულების წარმომადგენელია. მასში არაერთხელ გამოქვეყნებულა კრიტიკული მასალები ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკის თაობაზე. ჟურნალისტები აჭარის პოსტრევოლუციურ მთავრობას აბაშიძისეული სისტემის მანკიერი სტილის კოპირებასა და ახალი კლანური რეჟიმის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებენ. საზოგადოება მსგავსი სახის პუბლიკაციებს დიდი ინტერესით ხვდება და, როგორც ჩანს, ნდობით ეპყრობა მხოლოდ კონკრეტული მედია-ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალას. ათწლეულის მანძილზე ავტორიტარული რეჟიმის პირობებში მაცხოვრებელი საზოგადოება საკმაოდ მომთხოვნია ინფორმაციის წყაროების მიმართ და სანდოობის მთავარი კრიტერიუმი ამ წყაროს დამოუკიდებლობის ხარისხია. ხელისუფლების გამჭვირვალობის მოთხოვნით საზოგადოებრივი აზრის მობილიზება მხოლოდ დამოუკიდებელ მედიას შეუძლია. ამის პრეცედენტი პოსტრევოლუციურ აჭარაში უკვე შედგა. 2005 წლის დასაწყისში ტელე-რადიოკომპანია აჭარის ჟურნალისტების გაფიცვას აქტიურად აშუქებდა დამოუკიდებელი ბეჭდვითი მედია და საპროტესტო აქციებში ჟურნალისტების გარდა ბათუმის საზოგადოებაც ფართოდ იყო ჩართული.

დამოუკიდებელი მედიის წარმატებები თუ წარუმატებლობები რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურების განვითარების ხარისხზეა დამოკიდებული. აბაშიძის რეჟიმი წლების მანძილზე ხელს უშლიდა და ზღუდავდა სამოქალაქო სექტორის განვითარებას აჭარის რეგიონში. ყველაზე აქტიური თბილისური ორგანიზაციების ფილიალები (მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი) ან მათთან კოალიციურ პროექტებში მონაწილე ადგილობრივი ორგანიზაციები იყვნენ, რომლებსაც, რა თქმა უნდა, სჭირდებოდათ საკუთარი საქმიანობის საჯარო სივრცეში გატანა, რაშიც მათ დამოუკიდებელი მედია ეხმარებოდა. ისინი, თავის მხრივ, იცავდნენ მედიას ხელისუფლების ზეწოლისაგან. მსგავსი ურთიერთდახმარება და თანადგომა დღემდე გრძელდება და მყარ საფუძველს წარმოადგენს თავისუფალი რეგიონული მედიის განვითარებისათვის.

ბათუმი

გაზეთი გაზეთი ბათუმელები

გაზეთი 2000 წელს დაარსდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახით. თავიდან გაზეთს სახელად ბათუმელები ერქვა, მაგრამ გაზეთ აჭარა PS-თან წარმოქმნილი დავის გამო სახელის შეცვლა გახდა საჭირო და მას გაზეთი ბათუმელები დაერქვა. ამ დავის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ აჭარა PS-ის მიერ გამოცემულ ყოველთვიურ ჟურნალს იგივე სახელი ერქვა. ორივე მედია-ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ არც ერთის მოთხოვნა არ გაითვალისწინა. საქმე დღემდე წარმოებაშია.

გაზეთი გაზეთი ბათუმელები ორი წლის მანძილზე რეგიონული ქართული პრესისთვის ყველაზე რთულ, ასლან აბაშიძის ავტოკრატული რეჟიმის პირობებში მუშაობდა. გაზეთზე განხორციელებული ზეწოლისა და დევნის მიუხედვად იგი ფუნქციობას არ წყვეტდა, და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში თავისუფალი სიტყვის ერთადერთ გამავრცელებლად რჩებოდა.

რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებასთან დაძაბული ურთიერთობა მეტ-ნაკლებად მოიხსნა. ხელისუფლებამ გაზეთის მესვეურებს თანამშრომლობაც კი შესთავაზა. მიუხედავად, იმისა რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაზეთის მიმართ კეთილგანწყობას იჩენს, არის შემთხვევები, როცა იგი კანონით გათვალისწინებული საჯაროობის წესებს მაინც არღვევს. მაგალითად, არაერთხელ მომხდარა, რომ გაზეთის რედაქცია მიმართავს მინისტრთა საბჭოს საჯარო ინფორმაციისთვის და პასუხს არ იღებს.

ძირითადი ცვლილება, რასაც გაზეთის მესვეურები ხელისუფლებასთან ურთიერთობებში ხედავენ, ისაა, რომ მოიხსნა ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლის საშიშროება. სხვა მხრივ, ახალი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი გარკვეულ საკითხებში ძველის ტრადიციებს აგრძელებს. მაგალითად, ცნობილია, რომ ასლან აბაშიძე და მისი ვაჟი გიორგი აბაშიძე არასოდეს აძლევდნენ ინტერვიუს ბათუმელებს, მსგავსი რამ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც განმეორდა. რამდენიმე ჩინოვნიკმა, რომლებიც თანახმანი იყვნენ ინტერვიუზე, მას შემდეგ განაცხადეს ბათუმელების ჟურნალისტთან შეხვედრაზე უარი, როცა გაიგეს, რომელ გაზეთს წარმოადგენდა იგი. საქმე ისაა, რომ გაზეთმა არაერთხელ დაწერა კრიტიკული წერილი ახალი ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაზე და კლანური ელემენტის შენარჩუნებაზე. გაზეთში დაიწერა ისიც, თუ როგორ ახდენენ ნაციონალური მოძრაობის წევრები რევოლუციის შემდეგ დაშინების გზით ბიზნესმენებისგან თანხის ამოღებას.

რაც ყველაზე მეტად აღსანიშნავია გაზეთ გაზეთი ბათუმელების მუშაობაში, ისაა, რომ მათი ყურადღება ადამიანის უფლებების მიმართ არ მოდუნებულა. განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხებზე რევოლუციის შემდგომ პირველ თვეებში იყო გამახვილებული. გაზეთმა დააფიქსირა პოლიციის მიერ აბაშიძის მომხრეთა უფლებების დარღვევის ფაქტები, მაგალითად, ის, რომ მიტინგის მონაწილეებს პოლიცია ნარკოტიკების მოხმარების ცრუ ბრალდებით აკავებდა.

გაზეთი ბათუმელები გულგრილი არ არის აჭარაში ნარკოტიკების მოხმარების საკითხისადმი. ცნობილია, რომ აბაშიძის რეჟიმი ნარკოტრეფიკინგს მფარველობდა. გაზეთმა ბათუმელებმა რეჟიმის დამხობის შემდეგ ამ პრობლემას სტატიათა სერია მიუძღვნა. ბათუმელების მონაცემებით, ამ მხრივ რეგიონში სიტუაცია არ შეცვლილა, ოღონდ, ნარკოტიკულ ნივთიერება ჰეროინს სუბუტექსი ჩაენაცვლა. ეს ჟურნალისტებს აფიქრებინებს, რომ ნარკოტრეფიკინგი კი არ მოისპო, არამედ მასზე კონტროლს ახლა სხვა ჯგუფი ახდენს. გაზეთს სურვილი აქვს ჟურნალისტური გამოძიების ჟანრი დანერგოს და განავითაროს. გაზეთს ხუთი ჟურნალისტი ჰყავს. აქედან სამს გავლილი აქვს ერთთვინი ტრენინგი ჟურნალისტური გამოძიების სფეროში რუსთავი2-ის 60 წუთის ჯგუფთან აკაკი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით.

2004 წელს გაზეთმა გაზეთი ბათუმელები ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) სამწლიანი გრანტი მოიგო და საქართველოში რეგიონული მედიის განვითარებისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პროექტის ნაწილი გახდა. ასე რომ, გაზეთის მომავალი განვითარება მხოლოდ ზრდაზე იქნება მიმართული. პროექტის ფარგლებში გაზეთმა მიიღო ტექნიკური დახმარება, ფინანსური მხარდაჭერა სამი წლის მანძილზე და რეგულარულად გადის ტრენინგებს მენეჯმენტის, მარკეტინგის და ჟურნალისტთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხაზით.

რევოლუციის შემდეგ შეიცვალა გაზეთის ფორმატი - იყო თორმეტგვერდიანი და გახდა თექსვმეტგვერდიანი. რევოლუციის შემდეგ გაიზარდა გაზეთის ტირაჟიც. საკუთარი ძალებით შუახევის რაიონში გაზეთმა შექმნა სადისტრიბუციო ქსელი. იმავეს გაკეთებას აჭარის ყველა რაიონში აპირებს.

გაზეთს ყველა რაიონში საკუთარი კორესპოდენტი ჰყავს და თითო გვერდი ეთმობა თითო რაიონს. გავრცელება გაზეთის რედაქციის ძალისხმევით ხდება. ძირითადად, ორიენტაცია ხელმომწერებზეა აღებული. მათი დაინტერესების მიზნით რედაქციამ 2004 წლის ზაფხულში თვენახევრიანი სარეკლამო კამპანია აწარმოვა; ამ დროს მოსახლეობას გაზეთი უფასოდ მიეწოდებოდა. დადებითი შედეგი სახეზეა. გაზეთი გაზეთი ბათუმელები დადებით გამოხმაურებას იღებს აჭარის სხვადასხვა რაიონის მკითხველისგან.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ბათუმში ხდება. რევოლუციამდე ადგილობრივ სტამბას მისი ბეჭდვა ეკრძალებოდა, ამიტომ იგი თბილისში იბეჭდებოდა. დღეს ეს პრობლემა მოხსნილია და გაზეთი სტაბილურად იბეჭდება ბათუმში. გაზეთი A3 ფორმატისაა, თექვსმეტგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ, ტირაჟი 2600 ცალია (აქედან 1200 ხელმომწერებზე ვრცელდება). გაზეთი ბათუმელების საცალო ღირებულება 50 თეთრია.

მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ხუთი კომპიუტერით, ტელევიზორით, სამი დიქტოფონით, დენის მარეგულირებლით, გენერატორით, A3 ფორმატის ქაღალდზე გათვლილი პრინტერით და ციფრული ფოტოკამერით შემოიფარგლება.

გაზეთს 16 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, კომერციული დირექტორი, ორი ტექნიკური თანამშრომელი, ბუხჰალტერი, მხატვარ-სტილისტი და ცხრა ჟურნალისტი, რომელთაგან ხუთი გაზეთის რაიონული კორესპონდენტია.

გაზეთი აჭარა

გაზეთი დაარსდა 1921 წელს. თავიდან გამოდიოდა უწყებების სახელით, შემდეგ დაერქვა საბჭოთა აჭარისტანი, საბჭოთა აჭარა და ახლა ჰქვია აჭარა. გაზეთი ქართულ და რუსულ (გაზეთის რუსულენოვანი გამოცემის წინამორბედი გაზეთი ბატუმსკი რაბოჩი იყო) ენებზე გამოდის.

აბაშიძის პერიოდში გაზეთი აჭარა ხელისუფლების ორგანო იყო და საბჭოთა სტილით მუშაობდა. რევოლუციის შემდეგ მოსულმა ხელისუფლებამ გაზეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა და ახლა მისი ბედი გადასაწყვეტია. კერძოდ, შესაძლებელია, რომ გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს 100%25-იანი მონაწილეობით და დაფინანსება შეუმცირდეს. ასევე გაურკვეველია, რა ბედი ეწევა რედაქციის კუთვნილ შენობას, რომელიც XX საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა აჭარისტანისა და ბატუმსკი რაბოჩის რედაქციებს გაზეთ კომუნისტის რედაქციამ აუშენა. სავარაუდოდ, ძლიერ დაზიანებულ და წლების მანძილზე უყურადღებოდ მიტოვებულ შენობას ბათუმის ცენტრში საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში ჩართავენ.

ასევე მოსალოდნელია გაზეთის რუსული და ქართული რედაქციების შტატის შეკვეცაც. რევოლუციამდე აქ 80-მდე თანამშრომელი მუშაობდა, 31 რუსულ რედაქციაში და 47 - ქართულში. ვინაიდან, გაზეთი თითქმის არ იყიდებოდა და საკუთარი შემოსავალი არ გააჩნდა, მას მთლიანად ავტონომიური ხელისუფლება ინახავდა. დღევანდელ პირობებში ახალი ხელისუფლება არ აპირებს აჭარაზე დიდი თანხების გამოყოფას და მისი რეფორმირების გეგმა აქვს შემუშავებული, რის შემდეგაც გაზეთს საბაზრო პირობებში არსებობა და ბაზრის ათვისება მოუწევს.

გაზეთი წლების მანძილზე სახელისუფლებო ორგანო იყო და მისი სარედაქციო და საინფორმაციო პოლიტიკა ადგილობრივ ავტონომიურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად არ მუშავდებოდა. მასში გამოსაქვეყნებელ მასალასაც ჯერ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ეცნობოდა და შემდეგ იგზავნებოდა სტამბაში დასაბეჭდად. რევოლუციის შემდეგ ამ მხრივ სიტუაცია, შეიცვალა. გაზეთის შინაარსის სახელმწიფო ორგანოს მიერ დამტკიცების აუცილებლობა აღარ არსებობს. მიუხედავად ამისა, გაზეთი ძველი სტილით მუშაობს. მის ფურცლებზე შუქდება ავტონომიური ხელისუფლების მუშაობა, უფრო მეტად ყურადღება ეთმობა რეგიონში მიმდინარე პროცესების პოზიტიურ მხარეებს, ცოტაა კრიტიკული ხასიათის სტატიები.

გაზეთი კვირაში ხუთჯერ გამოდის, რვაგვერდიანია და A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება. მისი აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ბათუმში ხდება. რევოლუციამდე ტირაჟი 3000 ეგზემპლარი იყო, აქედან 700 გაზეთის რუსული გამოცემა და 2300 ქართული. ამჟამად გაზეთის ტირაჟი არასტაბილურია და ნომრიდან ნომრამდე შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული. აჭარის საცალო ღირებულება 20 თეთრია.

გაზეთის კუთვნილებაშია ორი მანქანა - მიკროავტობუსი ფორდი და ნივა (რომლებიც რედაქციას აბაშიძის ხელისუფლებამ აჩუქა), ათი კომპიუტერი, სამი პრინტერი, ორი სკანერი, სამი დიქტოფონი.

აჭარის 78 თანამშრომლიდან მხოლოდ თვრამეტია ჟურნალისტი.

გაზეთი აჭარა PS

აჭარა PS დაარსდა 1993 წელს და თავდაპირველად განათლებისა და კულტურის მუშაკთათვის გამოიცემოდა, შესაბამისი იყო მისი თემატიკაც. მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 1995 წელს დროებით დაიხურა. 1998 წელს მისმა რედაქტორმა და დამფუძნებელმა გაზეთი აღადგინა და დაარეგისტრირა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. აჭარა PS იმავე წლის თებერვლიდან გამოიცემა და მას შემდეგ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გაზეთია.

აბაშიძის რეჟიმს აჭარა PS-ის მიმართ იგივე დამოკიდებულება ჰქონდა, რაც სხვა დამოუკიდებელი გამოცემების მიმართ. ეს, პირველ ყოვლისა, იმაში გამოიხატებოდა, რომ გაზეთს არ შეეძლო მთავრობისგან საჯარო ინფორმაციის მიღება. რევოლუციის შემდეგ ეს ბარიერი გარკვეულწილად მოიხსნა, მაგრამ მსგავს შემთხვევებს მაინც აქვს ადგილი, რასაც ხელისუფლება პოსტრევოლუციური რეორგანიზაციის პრობლემებით ხსნის.

ახალი ხელისუფლება ძველისგან განსხვავებით გაზეთში დაბეჭდილ კრიტიკულ პუბლიკაციებზე არ იძლევვა მწვავე რეაქციას. ადრე, მაგალითად, სტატიას აბაშიძის მთავრობის ჯანდაცვის უწყებაში გამეფებულ კორუფციაზე ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაზეთის ოფისის დარბევა მოჰყვა.

გაზეთი აქტიურად აშუქებს რეგიონში არსებულ სოციალურ ვითარებას, აკვირდება საზოგადოებრივი აზრის ცვლილებას და სოციალურ განწყობებს რევოლუციის შემდეგ. უმეტესწილად გაზეთი ეხება ხელისუფლების მიერ დაპირებულ და შეუსრულებელ პროგრამებს, სოციალური დახმარებების საკითხს, გრძელვადიან საპრივატიზაციო კრედიტების თემას, კერძო მეწარმეებისთვის ორი წლის მანძილზე გადასახადების მოხსნის დაპირებას და ყველა იმ პრობლემას, რომლის მოგვარების იმედიც საზოგადოებას რევოლუციამდე ჰქონდა და რაც პოსტრევოლუციურმა მთავრობამ არ შეასრულა.

გაზეთის ძირითადი შემოსავალი გაყიდვიდან, რეკლამებიდან და ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხებია. გაზეთის სტაბილურ არსებობას ხელს უწყობს ხელმოწერებიდან მიღებული შემოსავალი. გაზეთის ტირაჟი 3100-იდან 3500-მდე მერყეობს და მისი ძირითადი ნაწილი 1850 ხელმომწერზე ვრცელდება. ხელმომწერები როგორც კერძო პირები, ისე ორგანიზაციები არიან. აჭარა PS-მა საკუთარი ძალებით შექმნა სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც ბათუმის გარდა ქობულეთის, შუახევის და ხულოს რაიონებს მოიცავს.

აჭარა PS 2003-2004 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს გრანტების რეციპიენტი იყო. ამ გრანტებმა რედაქციას საშუალება მისცა ტექნიკის ოპტიმიზაცია და გადახალისება მოეხდინა და ტირაჟი გაეზარდა.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ხუთ კომპიუტერს, ორი პრინტერს, სკანერს, ციფრულ ფოტოაპარატს და თერთმეტ დიქტოფონს მოიცავს.

აჭარა PS იბეჭდება ბათუმში. A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ (დაარსებისას მისი პერიოდულობა თვეში ერთი იყო, 1998 წლიდან - კვირაში ერთი და 2003-2004 წლებში - კვირაში სამი). გაზეთის საცალო ღირებულება 40 თეთრია.

აჭარა PS-ს ჩვიდმეტი თანამშრომელი ჰყავს. ამათგან თერთმეტი ჟურნალისტია, რომელთაგან სამი ხულოს, შუახევის და ქობულეთის რაიონებში გაზეთის კორესპონდენტია.

ტელე-რადიოკომპანია აჭარა

აჭარის სახელმწიფო ტელევიზია შეიქმნა 1987 წელს, რადიო კი საბჭოთა პერიოდში, 72 წლის წინ იქნა ჩამოყალიბებული. 1991 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით მოხდა ორი სტრუქტურის გაერთიანება აჭარის ტელე-რადიოკომიტეტის ფარგლებში. ამჟამად მისი სტატუსი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ტელე-რადიომაუწყებლობის საქვეუწყებო დეპარტამენტის სახით განისაზღვრება5.

ტელე-რადიოკომპანია აჭარა ყოველთვის იყო სამთავრობო სტრუქტურა. მის ფუნქციობას მთლიანად აჭარის ყოფილი ხელმძღვანელობის პოლიტიკა განსაზღვრავდა. არც ტელევიზიას, არც რადიოს დამოუკიდებელი სარედაქციო და საინფორმაციო პოლიტიკის გატარების საშუალება არ ჰქონდა. სამაგიეროდ, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, რომელსაც თბილისთან კონფრონტაციული ურთიერთობების ფონზე საკუთარი საინფორმაციო ველის შექმნა სჭირდებოდა როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, ტელე-რადიოკომპანიის დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აბაშიძის რეჟიმის ძალისხმევით ტელე-რადიოკომპანია აჭარა, ტექნიკური თვალსაზრისით, ყველაზე განვითარებულ მედია-ორგანიზაციას წარმოადგენდა საქართველოში.

2004 წლის მაისის ბათუმის რევოლუციის შემდეგ ტელე-რადიოკომპანია აჭარის განვითარებაში მეტად მნიშვნელოვანი პერიოდი დადგა. ტელე-რადიოკომპანია საბაზრო ეკონომიკის თამაშის წესებზე ნაწილობრივი გადასვლის აუცილებლობის წინაშე დადგა. სახელმწიფო პატრონაჟის მოხსნა პირველ რიგში იმაში გამოიხატა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მაუწყებლობის მომსახურე ფრანგული კომპანია გლობკასტისთვის თანამგზავრული მომსახურების ანაზღაურების გადახდაზე, რაც თვეში 250000 ევროს შეადგენდა. შესაბამისად, ტელე-რადიოკომპანია აჭარის მაუწყებლობა ოთხი თვით შეწყდა. კონტრაქტი ფრანგულ კომპანია გლობკასტთან გადასინჯულ იქნა და 2004 წლის ოქტომბრიდან ტელე-რადიო-კომპანიამ მაუწყებლობა განაახლა6.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიას 69 ანძა აქვს საკუთრივ აჭარის ტერიტორიაზე და ამასთან თავისი გადამცემები აქვს დამონტაჟებული ქუთაისის, სენაკის და ლაგოდეხის ანძებზე, რელიეფის გამო მაუწყებლობისას პრობლემები ექმნება. ამ პრობლემებს სარელეო გადამცემი ხაზების დამონტაჟება გადაჭრიდა, მაგრამ ეს თანამგზავრიდან მაუწყებლობაზე ძვირი დაჯდება, თანაც სატელიტური მაუწყებლობა ტელე-რადიოკომპანიას საშუალებას აძლევს ქვეყნის მასშტაბით სრულად გაავრცელოს თავისი სიგნალი.

მაუწყებლობის შეჩერების პერიოდში ტელე-რადიოკომპანიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო, რაც შტატების შემცირებითა და არსებული ქონების აღწერით გამოიხატა. თუ რევოლუციამდე ორგანიზაციაში 450 ადამიანი მუშაობდა, რეორგანიზაციის შემდეგ ეს რიცხვი 250-მდე შემცირდა. ქონების დათვლამ კი სერიოზული დანაკლისი გამოავლინა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აჭარა ტექნიკური თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე განვითარებული ტელე-რადიოკომპანია იყო. 2004 წლის მაისის მოვლენების ფონზე საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ტელეკომპანიის კუთვნილი ტექნიკის მითვისება მოინდომა, რის საშუალებასაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გაცემული დოკუმენტებიც აძლევდა. სხვა მედია-ორგანიზაციების, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ძალისხმევით ტელე-რადიოკომპანია აჭარის ქონების „ექსპროპრიაცია“ შეწყდა. მიუხედავად ამისა, რეორგანიზაციის შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანიამ რევოლუციის პერიოდში 300000 ამერიკული დოლარის ღირებულების ქონება დაკარგა. დაუდგენელ ვითარებაში დაიკარგა სასტუდიო კამერები, მონიტორები, საოფისე ტექნიკა, ავეჯი. პასუხი იმაზე, თუ ვის შეეძლო ტელე-რადიოკომპანიის ქონების გატაცება, გამოძიებას არ აქვს. არსებობს ვერსია, რომ, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული სხვა მატერიალური ღირებულებები, ტელე-რადიოკომპანიის ქონებაც თავად აბაშიძის კლანს და გარემოცვას შეეძლო გაეტანა. მით უმეტეს, რომ ტელე-რადიოკომპანიის დაკარგული ქონება რევოლუციის წინა დღეებში თავად ავტონომიური ხელისუფლების მიერ იქნა გადატანილი ბათუმის საზღვაო ბანკის შენობაში, რომელიც ასლან აბშიძის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. აქედან, ტელე-რადიოკომპანიის ქონების გარდა, ბევრი სხვა ღირებული ნივთი საზღვარგარეთ იქნა გატანილი.

აჭარა აბაშიძის რეჟიმის საინფორმაციო პოლიტიკის გამტარებელი იყო და არასდროს უთმობდა ყურადღებას ეკონომიკური, სოციალური, კრიმინოგენული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ მძიმე ვითარებას. ამ მხრივ, რევოლუციას დიდი ცვლილებები ტელე-რადიოკომპანიის მუშაობაში არ შეუტანია. იგი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა და მისი ხელმძღვანელობა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს მიერ ინიშნება. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლას უკვე ის ეფექტი აღარ აქვს, რაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა. ანუ, თუ აბაშიძის მმართველობის პერიოდში ჟურნალისტები მორჩილად ასრულებდნენ ავტონომიური ხელისუფლების და ტელე-რადიოკომპანიის ხელმძღვანელობის მითითებებს, რადგან საკუთარი თავის დაცვის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა, ახლა მათ შეუძლიათ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართონ და სხვა მედია-ორგანიზაციებისა და არასამთავრობო და უფლებათა დამცველი ორგანიზაციების თანადგომით საკუთარი უფლებები დაიცვან, ხოლო მოვლენების გაშუქებისას არა დირექტივების, არამედ ჟურნალისტური ეთიკით იხელმძღვანელონ. ეს ბათუმის რევოლუციის, უდავოდ, დიდი მონაპოვარია და მისი შედეგი 2005 წლის გაზაფხულზე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების გაფიცვისას გამოიხატა: ჟურნალისტების მოთხოვნა, შეცვლილიყო ტელე-რადიოკომპანიის ხელმძღვანელობა, რომელიც ცენზურას აწესებდა ტელევიზიაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭომ დააკმაყოფილა.

ტელე-რადიოკომპანია აჭარის ტექნიკური აღჭურვილობა თანამედროვეა და იძლევა ურთულესი სატელევიზიო ამოცანების გადაჭრის საშუალებას, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის დონე არ იძლევა არსებული ტექნიკური საშუალებების სრულად გამოყენების საშუალებას. აჭარას აქვს ერთი მოძრავი სადგური, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენებას პირდაპირ ეთერში.

ტელე-რადიოკომპანიას ჰყავს საერთო ხელმძღვანელობა, რომელიც მართავს როგორც ტელევიზიის, ისე რადიოს ყველა შიდა სტრუქტურას. როგორც ტელევიზიაში, ისე რადიოში, არის საინფორმაციო სამსახური, შემოქმედებითი სამსახური, ტექნიკური სამსახური, ადმინისტრაცია, სამხატვრო ხელმძღვანელობა. ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შექმნილია სამხატვრო საბჭო, რომელშიც ტელევიზიის მუშაკებთან ერთად ჩართული არიან საზოგადოების წარმომადგენლები.

ტელეკომპანია ოცდამეხუთე არხი

ტელეკომპანია 1993 წლის ივნისში დაარსდა და იმთავითვე დამოუკიდებელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ოთხი დამფუძნებლის საკუთრებაში თანაბარი 25%25-იანი წილების სახითაა განაწილებული.

არსებობის პირველ ეტაპზე ტელეკომპანია ოცდამეხუთე არხს მძიმე პირობებში უწევდა არსებობა. იგი ბათუმში ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის შენობაში ქირაობდა ფართს და ხშირად უწევდა ადგილობრივი ხელისუფლების აზრის გათვალისწინება. აჭარაში დაწყებული პრივატიზაციის პირველ ეტაპზე ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა ოფისისთვის ფართი შეიძინეს და 1995 წლიდან ავტონომიური ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობები შემცირდა. მიუხედავად ამისა, ოცდამეხუთე არხი რამდენჯერმე იყო ადგილობრივ ხელისუფალთა თავდასხმის ობიექტი.

1996 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სპორტის, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის მაშინდელი ხელმძღვანელის ლეონიდე ჟღენტის ინიციატივით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს მოსთხოვეს, ორგანიზაციის 51%25- გადაეცათ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის ოჯახის წევრებისთვის. ტელეკომპანიის მესვეურთა თავდაპირველ უარს პასუხად ის მოჰყვა, რომ მოთხოვნა 51%25-იდან 84%25-მდე გაიზარდა. მალე ამ საქმის მოთავე ლეონიდე ჟღენტი გახმაურებულ კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდა ჩართული და ქვეყნის დატოვება მოუწია. ასე რომ, ოცდამეხუთე არხი იმ ეტაპზე გადაურჩა რეგიონული ხელისუფლების შემოტევას.

1995 წლიდან ტელეკომპანია აქტიურად თანამშრომლობდა ინტერნიუსთან და საქართველოს სატელევიზიო ქსელშიც გაწევრიანდა, რამაც მისი, როგორც დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციის, შესაძლებლობები გაზარდა. 1997-1998 წლიდან ოცდამეხუთე არხმა თანამშრომლობა დაიწყო რუსთავი2-თან, და გარდა იმისა, რომ ახდენდა მისი პროგრამის რეტრანსლაციას, ასევე მონაწილეობას იღებდა ამ არხზე არსებულ გადაცემა კვირის მომზადებაშიც.

ყოველივე ამან ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხრიდან ახალი შემოტევა განაპირობა. 2000 წლის თებერვალში ტელეკომპანიის სამი დამფუძნებელი ადგილობრივი უშიშროების სამინისტროში დაიბარეს და ტელევიზიაში არსებული მათი წილები, სულ ტელეკომპანიის 75%25, ამ უწყების ერთ-ერთ თანამშრომელზე გააფორმებინეს. ამ პერიოდიდან ოცდამეხუთე არხს საკუთარი საინფორმაციო გამოშვების მომზადება და რუსთავი 2-ის გარკვეული გადაცემების გაშვება აეკრძალა.

ტელეკომპანიას თავისი არსებობის მანძილზე საკუთარი გადაცემები ნაკლებად ჰქონდა და მისი საეთერო დროის უდიდესი ნაწილი რუსთავი2-ის გადაცემების რეტრანსლირებას ეთმობა. რევოლუციამდე ოცდამეხუთე არხი ამზადებდა ანალიტიკური გადაცემების ციკლს „მრავალწერტილი“, საინფორმაციო გამოშვებას, ტელესერიალს „ყავახანა“, დოკუმენტური ფილმების სერიას „საქართველოს ისტორიის ქრონიკები“. რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანიაზე საკუთრება მისმა დამფუძნებლებმა აღიდგინეს და აბაშიძის რეჟიმისგან დაფინანსებაც შეწყდა, რამაც ოცდამეხუთე არხის გადაცემების უმეტესობა შეიწირა. დღეისათვის მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება მზადდება, რომელიც ყოველდღიურია და საეთერო დროის ნახევარ საათს იკავებს.

ხელისუფლებასთან ტელეკომპანიის ურთიერთობა დაძაბული არაა, თუმცა მის კრიტიკას არ ერიდება. ერთადერთი ფორმა, რომლითაც უსიამოვნო სიუჟეტების მიმართ ადგილობრივი ხლისუფლების წარმომადგენლები თავიანთ წყრომას გამოხატავენ, პირად საუბრებში გამოთქმული საყვედურია. თავად ოცდამეხუთე არხს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს საჯარო ინფორმაციის მოპოვებასათან დაკავშირებული სიძნელეების გამო. განსაკუთრებით ჭირს ინფორმაციის მოპოვება პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი განყოფილებებიდან.

ტელეკომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა მედია-ორგანიზაციასთან, ასე მაგალითად, მან თავისი ეთერით გაუშვა სტუდია რეპორტიორის მიერ მომზადებული ფილმი „მარეკ დუდაევის საქმე“.7 ოცდამეხუთე არხი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდებთან. ბათუმის რევოლუციის შემდეგ მან ტექნიკური ბაზის გადასახალისებლად ორი გრანტი მიიღო IREX-დან და ევრაზიის ფონდიდან.

ოცდამეხუთე არხის შემოსავლების 70%25-ს ფასიანი განცხადებებიდან, ნეკროლოგებიდან და მილოცვებიდან შემოსული თანხები შეადგენს, დანარჩენს კი რეკლამა ავსებს. ფინანსურად, ტელეკომპანია თვითკმარი ორგანიზაცია არაა და ამის შედეგი სწორედ ისაა, რომ არსებული ტექნიკური და საკადრო პოტენციალის მიუხედავად, ამ რესურსის სრული ათვისება არ ხდება და საინფორმაციო გამოშვების გარდა საკუთარი გადაცემების მომზადება არ შეუძლია.

ოცდამეხუთე არხი ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის რაიონებზე მაუწყებლობს და არსებული ტექნიკური ბაზის წყალობით თავის სიგნალს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ქალაქ ფოთამდე ავრცელებს. სიგნალის გაძლიერების შემთხვევაში მას შეუძლია თავისი მაუწყებლობა აფხაზეთის სანაპირო ზონაზეც გაავრცელოს. ოცდამეხუთე არხს ლიცენზია მაუწყებლობაზე 2012 წლამდე აქვს.

ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობა თანამდროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. გააჩნია DVcam სისტემის საოპერატორო ტექნიკა და სამონტაჟო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სტუდია, საკუთარი ანძა და გადამცემი.

ტელეკომპანიას გააჩნია საინფორმაციო, პროგრამული, ტექნიკური განყოფილებები, დირექცია, ბუხჰალტერია და სარეკლამო სამსახური, რომლებშიც 40 ადამიანია დასაქმებული.

ქობულეთი

გაზეთი ქობულეთი

გაზეთი ქობულეთი 1932 წლის მაისიდან გამოდის. თავიდან ქობულეთელი კოლმეურნე ერქვა. გაზეთი 1960 წელს დახურეს. 1965 წლის 1 ივნისიდან ქობულეთელი კოლმეურნე აღდგა და ლენინელის სახელით გამოვიდა. 1985 წლიდან გაზეთს ქობულეთი დაერქვა. ამის მიზეზი კომუნისტური პარტიისადმი პროტესტი არ იყო, უბრალოდ, იმ დროს საქართველოს ხუთ რაიონში გამოდიოდა კომუნისტური პარტიის ადგილობრივი გაზეთები ლენინელის სახელწოდებით.

1993 წელს ადგილობრივმა გამგეობამ გაზეთის ახალი რედაქტორი დანიშნა, რომელიც დღემდე ასრულებს ამ ფუნქციას. დღევანდელი რედაქტორი ქობულეთში პირველი ქალი რედაქტორი და პირველი ქობულეთელია, რომელიც ამ თანამდებობას იკავებს. საბჭოთა პერიოდში რედაქტორები კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტის დამტკიცებით თბილისიდან ინიშნებოდნენ. გაზეთი დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება.

გაზეთი, ძირითადად, რაიონის ცხოვრებაზე წერს, მაგრამ საბჭოური ტრადიციის დაცვის მიუხედავად ძალიან სუსტად ჩანს სოფლის ცხოვრება. რაიონის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სოფლის მოსახლეობაა, შესაბამისად, მკითხველიც ძირითადად ამ კატეგორიის შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ ინტერესი გაზეთის მიმართ მაინც ქალაქში უფრო დიდია, ვიდრე სოფელში. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ გაზეთში გამოქვეყნებული მასალების ძირითადი „ფიგურანტები“ ქალაქ ქობულეთის მაცხოვრებლები არიან. ამ მასალების ძირითადი ნაწილი გამოჩენილ ქობულეთელებს ეძღვნება. ასევე ეთმობა ყურადღება ქალაქში სტუმრად ჩამოსულ დედაქალაქელ სტუმრებს (პოლიტიკოსებს თუ კულტურის მოღვაწეებს).

გაზეთის შემოსავალი ხელმოწერებიდან, გაყიდვიდან, ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხებითა და გამგეობის მიერ გაზეთისთვის გამოყოფილი სუბსიდიით განისაზღვრება.

გაზეთი ქობულეთი იწყობა და კაბადონდება ქობულეთში. იბეჭდება ბათუმში. გაზეთი ოთხგვერდიანია, კვირაში ერთხელ გამოდის A3 ფორმატის ქაღალდზე. მისი ტირაჟი 1500 ცალია, რომლიდან 500 ცალი ადგილობრივ სკოლებში ვრცელდება ხელმოწერებით. საცალო გაყიდვაში მისი ღირებულება 20 თეთრია.

ქობულეთის ტექნიკური აღჭურვილობა ძველი კომპიუტერით, პრინტერით და სკანერით შემოიფარგლება.

გაზეთს 14 თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ტექნიკური რედაქტორი, სტილისტი, კორექტორი და ჟურნალისტები.

შუახევი

გაზეთი ცისკარი

გაზეთი 1968 წლიდან გამოდის. თავდაპირველად მას დროშა ერქვა, შემდეგ დაერქვა შუახევის მოამბე. 1993 წელს მოხდა შუახევის მოამბის ლიკვიდაცია და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით დაარსდა ახალი გაზეთი ცისკარი (100%25იანი მესაკუთრე ადგილობრივი გამგეობაა).

გაზეთი აქტიურად აშუქებს რაიონის ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელსაც გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს მცირემიწიანობა და აქედან წარმომდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია. ცისკარი ლამის ყოველ ნომერში მოითხოვს, ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმას, რომ მოსახლეობის 30%25-ს არ ჰყოფნის მარცვლეული. ცისკარი ყურადღებას უთმობს მეთამბაქოების აღორძინების გეგმებს და ინიციატივებს, რომლებიც პერიოდულად ავტონომიური თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგნელების მიერ გამოითქმის ხოლმე.

გაზეთში ხშირად იბეჭდება სტატიები ხე-ტყის უკანონო ჭრაზე, ეკოლოგიურ პრობლემებზე, მეწყერსაშიშ და ზვავსაშიშ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის გასაჭირზე (რაიონის მოსახლეობის 40%25). ამასთან დაკავშირებით გაზეთი აშუქებს საქართველოს მთავრობის მიგრაციულ პოლიტიკას, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში აჭარის მთიანი რაიონების მოსახლეობის ჩასახლებას გულისხმობს.

გაზეთის შემოსავალს ხელმოწერებიდან შემოსული თანხა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია შეადგენს. გაყიდვიდან და ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხა მიზერულია.

გაზეთი ცისკარი ყოველკვირეულია, იბეჭდება 1000 ცალი ქალაქ ბათუმში. მისი მოცულობა ცვალებადია და 4-იდან 8 გვერდამდე მერყეობს (დამოკიდებულია გამოსაქვეყნებელი მასალების ოდენობასა და მოცულობაზე). იგი A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება. ცისკარის საცალო ღირებულება 30 თეთრია. ვრცელდება მთელი რაიონის მასშტაბით ძირითადად ხელმომწერებზე, რომელთა რიცხვი 700-იდან 900-მდე მერყეობს.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია და იგი მთელ საგამომცემლო ციკლს ბათუმის სტამბაში გადის.

გაზეთს ჰყავს 12 თანამშრომელი, მათ შორის: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, ოთხი კორესპოდენტი, კორექტორი, ბუხჰალტერი.

ქედა

გაზეთი იმედი

გაზეთი იმედი 71 წლის წინათ დაარსდა. იმედი რაიონში იყო და დღემდე რჩება ერთადერთ გაზეთად. იგი ისევე როგორც აჭარის სხვა რაიონული გაზეთები ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია.

გაზეთი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების საკუთრებაშია, არ ერიდება ხელისუფლებისათვის უსიამოვნო პრობლემების ფიქსირებას. ამგვარი თავისუფლება უფრო რევოლუციის შემდგომი პერიოდიდან შეინიშნება. იმედის ფურცლებზე მეტწილად ქვეყნდება სტატიები რაიონის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გზების პრობლემებზე, ხე-ტყის უკანონო ჩეხვაზე. იმედი საშუალებას აძლევს მკითხველს, გამოთქვას აზრი მიმდინარე მოვლენებსა და რაიონში არსებულ პრობლემებზე. მკითხველებისგან მიღებულ გამოხმაურებებს და წერილებს რედაქცია საგანგებო რუბრიკას უთმობს.

იმედს საკუთარი შემოსავალი არ აქვს და იგი ეკონომიკურად მთლიანად გამგეობაზეა დამოკიდებული, რომელიც გაზეთს უზრუნველყოფს ხელმომწერებით (საგანმანათლებლო დაწესებულებების და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები), გარდა ამისა, ანაზღაურებს გამოცემის ხარჯებს (თვეში 1000 ლარი).

გაზეთი იბეჭდება ბათუმში. ტირაჟი 1000 ცალია. იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, გამოდის კვირაში ერთხელ და ოთხგვერდიანია. იმედი თითქმის მთლიანად (900 ცალი) ხელმომწერებზე ვრცელდება. საცალო გაყიდვაში გაზეთის ფასი 20 თეთრია.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა კომპიუტერით, სკანერით, პრინტერით და დიქტოფონით შემოიფარგლება.

გაზეთს ჰყავს 14 თანამშრომელი: მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, სამი განყოფილების გამგე, ორი კორესპოდენტი და ტექნიკური პერსონალი.

ხელვაჩაური

გაზეთი კახაბერი

გაზეთი დაარსდა 1933 წელს. 1960-1965 წლებში გაზეთი არ გამოდიოდა. 1965 წლიდან გაზეთის გამოცემა აღდგა და 1988 წლამდე გამოდიოდა სახელწოდებით ოქტომბრის გზა. 1988-1990 წლებში გაზეთმა სახელი შეიცვალა და გამოდიოდა სახელწოდებით ჭოროხი. 1991 წლიდან დღემდე გამოდის კახაბერის სახელით.

კახაბერის დაფინანსება მთლიანად გამგეობიდან ხდება (წლიური ბიუჯეტი 18000 ლარია). 1998 წლიდან გამგეობის გადაწყვეტილებით გაზეთი უფასოდ ვრცელდება. ამის გამო გაზეთს არ აქვს კომერციული მიმართულება, არ მუშაობს ხელმოწერებზე და განცხადებებს უფასოდ აქვეყნებს.

გაზეთი, ძირითადად, გამგეობის და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მუშაობას აშუქებს. კახაბერი გარდა ამისა, ყურადღებას უთმობს რაიონის მოსახლეობისთვის აქტუალურ სოციალურ პრობლემებს. რევოლუციამდე გაზეთის ფურცლებზე პრობლემის უბრალო დაფიქსირებაც კი საშიში იყო რედაქციისთვის, ამიტომ გაზეთიც მხოლოდ პოზიტიურად აშუქებდა მოვლენებს. დღეს შეუძლია მწვავე მასალებიც გამოაქვეყნოს. მართალია, ამის გამო რედაქტორს გამგეობაში ხშირად საყვედურობენ, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა.

კახაბერი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ბათუმი-სხალთის ეპარქიასთან, აქვეყნებს ინტერვიუებს ეპარქიის მესვეურებთან და მასალებს სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის შესახებ. იწერება სტატიები სასულიერო განათლების და ზოგადად განათლების საკითხებზე, სახალხო მედიცინასა და მის ტრადიციაზე აჭარაში, რაიონის ისტორიასა და მის ღირსშესანიშნაობებზე.

ამ ბოლო დროს დიდი ყურადღება ეთმობა გონიოს რუსული სამხედრო ბაზის და საწვრთნელი პოლიგონის საკითხს, მისი მოქმედების ეკოლოგიურ შედეგებს, ასევე, რაიონში სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიების რუსი სამხედროების მიერ დანაღმვის პროცესს და მის შესაძლო შედეგებს რაიონის მაცხოვრებლებისა და ჩამოსული დამსვენებლებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის გადაწყვეტილებით გაზეთი უფასოდ ვრცელდება, გაზეთი მოსახლეობამდე ვერ მიდის. მის გავრცელებაზე პასუხისმგებელი სოფლის საკრებულოები არიან, რომლებსაც გაზეთი მიაქვთ, მაგრამ რეალურად არ ავრცელებენ. ამიტომ რაიონში ბევრმა არც იცის, რომ გაზეთი კახაბერი საერთოდ არსებობს.

გაზეთი კახაბერი ბათუმში იბეჭდება. ტირაჟი 1000 ცალია. A3 ფორმატისაა. ოთხგვერდიანია და თვეში ორჯერ გამოდის.

კახაბერის რედაქციას ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია და რედაქტორის პირადი კომპიუტერით, ფოტოაპარატითა და დიქტოფონით სარგებლობს.

გაზეთს 13 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, რედაქტორის პირადი მდივანი, განყოფილების გამგე, ფოტოკორესპოდენტი, კორექტორი, პასუხისმგებელი მდივანი, ოპერატორი, დამკაბადონებელი, ორი კორესპოდენტი, ბუხჰალტერი და დამლაგებელი.

ხულო

გაზეთი ხულო

ისევე როგორც აჭარის სხვა რაიონული გაზეთები გაზეთი ხულოც ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების საკუთრებაშია. მართალია, ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით გაზეთი არ გამოირჩევა, მაგრამ აქტიურად ახდენს რაიონში არსებული პრობლემების გაშუქებას და ფიქსირებას.

გაზეთის ფურცლებზე ყველაზე ხშირად ხდება განსახლების პრობლემის და ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივების გაჟღერება. იყო პუბლიკაციები რაიონში შიმშილობის შემთხვევებზე და შესაბამის სოციალურ ფონზე. უფრო ხშირად ყურადღება ეთმობა ეკოლოგიური ხასიათის პრობლემებს, როგორიცაა: ეროზიები, წყალმოვარდნები, ხეტყის უკანონო ჩეხვა და ტყის ხანძრები.

გარდა ამისა, გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს ხულოს ისტორიულ წარსულს, მის რეკრეაციულ რესურსებს და საკურორტო პოტენციალს.

ხულოს რაიონი ტრადიციულად ისლამის მიმდევარი რაიონია. მაგრამ გაზეთი აქტიურად წერს ქრისტიანულ თემატიკაზე, განსაკუთრებით დიდია ადგილობრივთა ინტერესი აბუსერისძე ტბელის ფილოსოფიური და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.

მიუხედავად მოსახლეობის ინტერესისა, გაზეთს საკუთარი შემოსავალი თითქმის არ გააჩნია. იგი მთლიანად გამგეობის დაფინანსებაზეა დამოკიდებული. მისი გაყიდვა კარგად აწყობილი დისტრიბუციის ქსელის არსებობას მოითხოვს, რომელიც საბჭოთა პერიოდის საფოსტო ქსელის მოშლასთან ერთად გაქრა. დღეს მკითხველს გაზეთი მხოლოდ დაბა ხულოში შეუძლია შეიძინოს. გაზეთის რეალიზაციას აფერხებს რაიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რაც განაპირობებს მოსახლეობის დაბალ მსყიდველუნარიანობას.

გაზეთი ხულო ბათუმში იბეჭდება. იგი ოთხგვერდიანია და A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება. გამოდის კვირაში ერთხელ 600-800 ცალი. გაზეთის საცალო ღირებულება 20 თეთრია.

ხულოს ტექნიკური აღჭურვილობა სამი დიქტოფონითა და ფოტოაპარატით შემოიფარგლება.

გაზეთს 16 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი, საინფორმაციო განყოფილების გამგე, ტექნიკური პერსონალი, ფოტოკორესპოდენტი, ჟურნალისტები, კორექტორი, ბუხჰალტერი და დამლაგებელი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

______________________

1 აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კვლევა 2004 წლის 1-6 სექტემბერს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

3 რევოლუციის შემდეგ, რაც ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვის საშიშროება შემცირდა, გაზეთმა გაზეთი ბათუმელები საკუთარი ძალებით სადისტრიბუციო ქსელის შექმნა დაიწყო მთიან აჭარაში.

4 ხელმოწერების სტატისტიკა ჯერ კიდევ რევოლუციამდე სულ სხვა სურათს გვაძლევდა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გაზეთებს არამარტო დაფინანსებით, არამედ ხელმოწერებითაც უზრუნველყოფდა. ამ მხრივ აჭარა არ გამოირჩევა საქართველოს სხვა რეგიონებისგან, სადაც დღემდე პრაქტიკაშია საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთათვის სახელისუფლებო გაზეთის გამოწერის დავალდებულება რაიონული ადმინისტრაციების მიერ.

5 2004 წლის 6 მაისის ბათუმის რევოლუციის შემდეგ

6 აბაშიძის ხელისუფლების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება კაბალური იყო როგორც ტელე-რადიოკომპანიისთვის, ისე ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ასე, მაგალითად კონტრაქტის მიხედვით, თუ ტელე-რადიოკომპანია გაუქმდებოდა, გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდა მისი ქონებიდან უნდა მომხდარიყო. თუ ეს ქონება გლობკასტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, მაშინ აჭარის ავტონომიურ ან საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტებს უნდა გადაეხადა. ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლი ტელე-რადიოკომპანია აჭარას თანამგზავრულ მაუწყებლობაზე მომსახურეობის გამწევ სხვა კომპანიასთან ურთიერთობასაც უკრძლავს. კონტრაქტში ჩადებული ამ და სხვა მუხლების გამო გლობკასტთან ხელშეკრულების გაწყვეტა ვერ მოხერხდა და ტელე-რადიოკომპანიას დღესაც იგი ემსახურება, თუმცა, უფრო დაბალ ფასებში.

7 მიუხედავად მსგავსი თანამშრომლობისა, ტელეკომპანიამ თავისი ეთერით არ გაუშვა სტუდია რეპორტიორის მიერ მომზადებული ფილმი, რომელიც პრემიერ მინისტრ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული დაღუპვის გარემოებების გამოძიებას ეხებოდა.

9 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი1

▲ზევით დაბრუნება


რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 6,8%25 შეადგენს, მოსახლეობა - საქართველოს მოსახლეობის 1,2%25-ს2. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,47) მეცხრე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

რაჭა-ლეჩხუმი ერთ-ერთი რთული რელიეფის მქონე რეგიონია საქართველოში. ამ მთაგორიანი რეგიონისთვის დამახასიათებელია მკაცრი კლიმატური პირობები. აქ ბევრია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი, რეგიონი მდიდარია სამკურანლო წყლებით და ტურიზმის გასავითარებლად საჭირო ბუნებრივი პირობებით. საბჭოთა კავშირის პერიოდში რაჭა-ლეჩხუმში ტურიზმი საკმაოდ კარგად იყო განვითარებული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიშალა ტურიზმის ინფრასტრუქტურაც. რეგიონზე განსაკუთრებულდ მძიმედ აისახა 1991 წლის მიწისძვრა, რომელმაც მოსახლეობის ნაწილი უსახლკარდ დატოვა. ეკონომიკურად რეგიონის მოსახლეობას ძალიან უჭირს. მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა რეგიონიდან შრომისუნარიანი მოსახლეობის მასიური მიგრაცია გამოიწვია, რითაც სერიოზულად დაირღვა მოსახლეობის დამოგრაფიული ბალანსი.

სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს თან ერთვის მოშლილი კომუნიკაციები. რაჭა-ლეჩხუმის მთიანი სოფლები თითქმის მთლიანად მოწყვეტილია რაიონულ ცენტრებს. ასე რომ, თითქმის არ გააჩნიათ ინფორმაცია როგორც ქვეყანის, ისე რეგიონის მოვლენებზე. ამას თან ერთვის მუდმივი ენერგოკრიზისი.

ჩამოთვლილი მიზეზები განაპირობებენ რეგიონში მედიის სისუსტეს:

● მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის სისუსტე განაპირობებს ნაკლებ მოთხოვნილებას ბეჭდურ მედიაზე;

● საგზაო ინფრასტრუქურის მოშლის გამო ძნელია ბეჭდური გამოცემების მიწოდება მაღალმთიანი სოფლებისათვის.

რეგიონში მედიის სისუსტეს განაპირობებს ბიზნესის არარსებობაც, გაზეთებს თითქმის არ აქვთ რეკლამა. განცხადებები კი მეტწილად უფასოდ იბეჭდება.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ოთხი რაიონული ცენტრია (ამბროლაური, ონი, ლენტეხი და ცაგერი). თითოეულ მათგანში თითო ბეჭდვითი მედიაა წარმოდგენილი.

რეგიონში არსებული მედია-ორგანიზაციების იურიდიული სტატუსი განსხვავებულია. ამბროლაურის გამოცემას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსი აქვს, თუმცა, ფინანსურად რაიონის გამგეობის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ონის რაიონის ბეჭვდითი ორგანოს დამფუძნებელია რაიონის გამგეობა. იგივე სიტუაციაა ლენტეხის და ცაგერის რაიონებშიც.

ბეჭდვითი მედია

რაიონების მედია რაოდენობითაც და ხასიათითაც ერთნაირია. ოთხივე რაიონის ბეჭდვით გამოცემას, ძირითადად, ხელისუფლება აფინანსებს. შესაბამისად, მათი დამოუკიდებლობის ხარისხიც დაბალია, რაც თავის მხრივ მეტყველებს რეგიონში მედიის სისუსტეზე. გამონაკლისია ამბროლაურის მოამბე. ეს გაზეთი რეგიონის ცენტრში გამოდის, სადაც თავმოყრილია რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითადი ნაწილი და პოლიტიკური ცხოვრებაც შედარებით ცოცხალია. გაზეთი ცდილობს მოიცვას არა მარტო რაიონული პრობლემები, არამედ რეგიონული პრობლემებიც გააშუქოს.

რეგიონული მედიის სისუსტის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობის მოთხოვნილება ადგილობრივ გაზეთებზე ნაკლებია. აქაურებს ურჩევნიათ ცენტრალური პრესიდან მიიღონ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ადგილობრივ ამბებს კი სხვა გზებითაც გებულობენ. რეგიონში დამოუკიდებელი გაზეთები არ არსებობს. მხოლოდ ცაგერში ახალმა ლეჩხუმმა სცადა დამოუკიდებლად ეარსება, როცა რაიონის ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ მაინც ცაგერის რაიონის გამგეობის ორგანო გახდა. დამოუკიდებელი გაზეთების არარსებობის სხვა მიზეზი რეკლამის არარსებობაა. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში არსებული ბეჭდვითი ორგანიზაციები, ძირითადად, საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებული რაიონული გამოცემების სამართალმემკვიდრეები არიან და მათი არსებობა მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული.

მედია და ხელისუფლება

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობა უფრო თანამშრომლობაზეა აგებული.

რეგიონში არსებული ბეჭდვითი მედია-საშუალებები ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის დაფინანსების საშუალებით არსებობს. რეგიონში გაზეთების არსებობა განპირობებულია არა საზოგადოების მოთხოვნილებით ინფორმაციაზე, არამედ გარკვეული ტრადიციით - ჰქონდეს რაიონს საკუთარი პერიოდული გამოცემა. გაზეთებში ნაკლებად შუქდება მოსახლეობისათვის საინტერესო და აქტუალური თემები. ადგილობრივი გამოცემების მომხმარებელი მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია. როგორც წესი, ამ გამოცემების ტირაჟი 500 ეგზემპლარს არ აღემატება. გაზეთები, ძირითადად, სოფლის საკრებულოებში, სკოლებსა და ადგილობრივ საწარმოებში ვრცელდება ხელმოწერების საშუალებით. ვინაიდან გაზეთები ფინანსურად მთლიანად ადგილობრივ მმართველობით ორგანოებზეა დამოკიდებული, რეგიონის ბეჭდვით მედიაში თითქმის არ იბეჭდება კრიტიკული მასალები ადგილობრივი ხელისუფლების შესახებ. გაზეთში მოხვედრილი მასალები, ჩვეულებრივ, ტრადიციული რუბრიკებით და პუბლიცისტური წერილებით იფარგლება.

მედია და საზოგადოება

საზოგადოების დამოკიდებულება ადგილობრივი მედია-ორგანიზაციების მიმართ შეიძლება შეფასდეს როგორც ინდიფერენტული. ადგილობივი გაზეთების მომხმარებლები ხელმომწერი ორგანიზაციების გარდა უფრო ასაკობრივად უფროსი თაობაა, რომელთაც ჩვევაში აქვთ ადგილობრივი გაზეთის გაცნობა. საზოგადოების სხვა ნაწილმა გაზეთის არსებობის შესახებ იცის, მაგრამ არ აინტერესებს ის. ასეთი დამოკიდებულება ადგილობრივი პრესისადმი შეიძლება რამდენიმე ფაქტორით აიხსნას. გასათვალისწინებელია გაზეთის რედაქტორების არგუმენტები:

● მოსახლეობას არ აქვს გაზეთის შეძენის ეკონომიკური საშუალება;

● რედაქციებს რეგიონის მაღალმთიანი სოფლებში გაუმართავი საგზაო კომუნიკაციების გამო უჭირთ გაზეთის დისტრიბუცია.

ჩვენი აზრით, ამ არგუმენტებს სხვა მიზეზებიც ემატება:

● გაზეთები არაოპერატიულად (ძირითადად, ორ კვირაში ერთხელ) გამოდის და საზოგადოება რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას სხვა გზით (მეტწილად, პირადი კონტაქტებით) იღებს;

● დაუფინანსებლობის გამო ხშირად ირღვევა გაზეთების პერიოდულობა;

● გაზეთებში გაშუქებული ინფორმაცია მოსახლეობისათვის ხშირ შემთხვევაში არააქტუალური და ნაკლებ საინტერესოა.

უნდა ითქვას ისიც, რომ გაზეთები ან ხელისუფლების ორგანოს წარმოადგენენ ან ხელისუფლების მიერ ფინანსდებიან, ამიტომ მოსახლეობას არ აქვს ნდობა, რომ გაზეთში გაშუქებული ინფორმაცია ობიექტური იქნება და გაზეთსაც ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გამომხატველად აღიქვამენ.

ამბროლაური

გაზეთი ამბროლაურის მოამბე

გაზეთი გამოდის 1933 წლიდან. თავიდან გამოდიოდა კომუნარის სახელით. 1980-იან წლებში რედაქციის ინიციატივით გაზეთს დაერქვა ამბროლაურის მოამბე.

გაზეთი დაარსებიდან 1990 წლამდე ამბროლაურის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო იყო. დღეს გაზეთი დარეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. გაზეთის დამფუძნებლები არიან რედაქციის ოთხი თანამშრომელი თანაბარი წილებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთ ამბროლაურის მოამბეს ფორმალურად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსი აქვს, მისი მოაზრება დამოუკიდებელ გამოცემად გაჭირდება. წლების მანძილზე გაზეთს ფინანსურად ეხმარებოდნენ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და რაიონის გამგეობა. ვარდების რეულუციის შემდეგ გაზეთს რაიონის გამგეობიდან დაფინანსება შეუწყდა. ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იყო შეთავაზება, რომ გაზეთი რაიონის გამგეობის ორგანო გამხდარიყო, რაკი მაინც, ძირითადად, გამგეობის მიერ ფინანსდებოდა. რედაქციას ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვს. მათი აზრით, მოსახლეობის სიმცირის და რეალიზაციით მიღებული მიზერული თანხების გამო მათთვის რაიონის გამგეობის ფინანსური დახმარება მეტად მნიშვნელოვანია.

გაზეთში შუქდება გამგეობის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დადგენილებები. გაზეთში ხშირია სტატიები რაიონში და რეგიონში არსებულ პრობლემებზე. ეს ეხება როგორც სოციალურ (მაგალითად, ახალგაზრდების უმუშევრობა), დემოგრაფიულ (მოსახლეობის მიგრაცია), ისე ეკოლოგიურ პრობლემებს. არის შემთხვევები, როდესაც გაზეთის მიერ წამოწეულ პრობლემაზე ადგილობრივი ხელისუფლება რეაგირებს.

გაზეთი თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც. ერთი მხრივ, აშუქებს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, მეორე მხრივ, იდება ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაციასა და გაზეთს შორის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და გაზეთი რამდენიმე ნომერში სპეციალურ გვერდს უთმობს ერთობლივი მუშაობის გაშუქებას. მსგავსი პროექტების ფარგლებში გაზეთში ქვეყნდებოდა პუბლიკაციები ადამიანის უფლებებთან, გენდერულ პრობლემებთან დაკავშირებით.

გაზეთს აქვს რუბრიკებიც: „ჩვენი ისტორია“, „ყველაზე ძლიერია ქვეყნის დაცვის ნიჭი“, რომელშიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები განიხილება. გაზეთი აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეპარქიასთან.

გაზეთი ამბროლაურის მოამბე გამოდის თვეში ერთხელ, გაზეთის ტირაჟია 500 ცალი. აქედან 250 ვრცელდება ხელმომწერებზე, დანარჩენი რიგდება უფასოდ. გაზეთს ერთი ფოტოაპარატის გარდა არანაირი ტექნიკური ინვენტარი არ გააჩნია. საქმე ისაა, რომ 1991 წელს რაჭაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად თითქმის მთლიანად მოიშალა გაზეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. გაზეთის აწყობა, დაკაბადონება და ბეჭდვა ხდება ქუთაისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, ექვსგვერდიანი. საცალო ღირებულება 40 თეთრია.

გაზეთ ამბროლაურის მოამბის რედაქციაში მუშაობს ოთხი თანამშრომელი: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ჟურნალისტი და ბუხჰალტერი.

ონი

გაზეთი ონი

გაზეთი ონი დაარსდა 1933 წელს. თავიდან გამოდიოდა განთიადის სახელწოდებით და იყო კომუნისტური პარტიის ონის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაზეთს დაერქვა ონი. გაზეთი ბოლო 15 წლის განმავლობაში არარეგულარულად გამოდიოდა. რამდენჯერმე გაზეთის გამოცემა საერთოდ შეწყდა. გაზეთის გამოცემა განახლდა 2003 წლიდან. ამჟამად გაზეთი დარეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით. გაზეთის დამფუძნებელი 100%25-ის წილით არის რაიონის გამგეობა. გაზეთის აღდგენაში დიდი როლი ითამაშა ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა. გაზეთის აწყობის, დაკაბადონების და ბეჭდვისათვის საჭირო თანხას რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი უზრუნველყოფს. ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაზეთ ონის დირექტორის (რედაქტორი, როგორც ასეთი, გაზეთს არ ჰყავს) ხელფასს რაიონის გამგეობა ბიუჯეტში გაზეთისათვის გამოყოფილი თანხიდან იხდის, რაც წლიურად 800 ლარს შეადგენს.

გაზეთში ქვეყნდება გამგეობის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, პუბლიკაციები რაიონის აქტუალურ პრობლემებზე, არის კრიტიკული სტატიებიც, თუმცა ამ სტატიებზე ხელისუფლება არ რეაგირებს. შუქდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რომლებიც რაიონში ტარდება. გაზეთში იბეჭდება სტატიები რელიგიურ თემებზე. გაზეთში არის ტრადიციული რუბრიკა „თქვენთვის მშობლებო“, სადაც ბავშვთა სწორ სექსუალურ აღზრდას ეძღვნება პუბლიკაციები. მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაზეთის საშუალებით თავისი აზრი გამოხატოს მისთვის მტკივნეულ საკითხზე.

გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ. პერიოდულობის დარღვევის შემთხვევაში გაზეთის რამდენიმე ნომერი ერთად გამოდის. ტირაჟი 1000 ცალია. ვრცელდება ონის რაიონში უფასოდ. გაზეთს თითქმის არ გააჩნია ტექნიკური ბაზა. აქვს მხოლოდ ერთი დიქტოფონი და ერთი ფოტოაპარატი. გაზეთის აწყობა დაკაბადონება და ბეჭვდა ხდება თბილისში. გაზეთი არის ოთხგვერდიანი, A3 ფორმატის.

გაზეთში მუშაობს მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რომელიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გაზეთ ონის დირექტორია.

ცაგერი

გაზეთი ახალი ლეჩხუმი

გაზეთი ახალი ლეჩხუმი დაარსდა 1999 წელს. თავდაპირველად გაზეთი იყო ცაგერის რაიონის საკრებულოსა და გამგეობის ორგანო. 2001 წლიდან გაზეთის დაფინანსება გამგეობის მხრიდან შეწყდა, რამაც გამოიწვია გაზეთის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დარეგისტრირება. გაზეთს დამოუკიდებლობის პერიოდში გაუჭირდა არსებობა. 2002 წლიდან კვლავ რაიონის საკრებულოს და გამგეობის ორგანო გახდა. ამის შემდეგ ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა გაზეთის დასაფინანსებლად.

გაზეთი აშუქებს იმ დადებით ცვლილებებს, რაც რევოლუციის შემდეგ რაიონში მიმდინარეობს: ძველი შენობების აღდგენა, გზების მშენებლობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი ახალი ლეჩხუმი გამგეობის ორგანოა, წერს იმ პრობლემებზე, რომელიც რაიონისათვის აქტუალურია - უმუშევრობა, ხე-ტყის ჭრა, წყლით მომარაგება. გაზეთში ქვეყნდება პუბლიკაციები რაიონში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გაზეთში შუქდება „სამართლიანი არჩევნების“ ცაგერის წარმომადგენლობის მუშაობა. იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვეოდა სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. ამასთან დაკავშირებით გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რის შედეგადაც პრობლემა მოქალაქის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დამთავრდა. გაზეთში არის ტრადიციული რუბრიკები: ოჯახი, ლეჩხუმის სახელოვანი შვილები, კულტურა. ასევე არის სტატიები მართლმადიდებლური დღესასწაულების შესახებ.

გაზეთი გამოდის თვეში ერთხელ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაზეთის პერიოდულობა არ დარღვეულა. გაზეთის ტირაჟი მერყევია: 250-იდან 500-მდე. საცალო ღირებულებაა 30 თეთრი. ძირითადად, უფასოდ ვრცელდება. გაზეთის ხელმომწერების მოძიების ორგანიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გაზეთის დაფინანსება ხდება ცაგერის რაიონის ბიუჯეტიდან, რაც წლიურად 7000 ლარს შეადგენს. გაზეთს თითქმის არ გააჩნია ტექნიკური ბაზა, სულ ორი დიქტოფონი და ერთი ფოტოაპარატი აქვს. გაზეთის აწყობა, დაკაბადონება და ბეჭვდა ხდება ქუთაისში.

გაზეთ ახალ ლეჩხუმში მუშაობს ხუთი თანამშრომელი: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი და სამი კორესპონდენტი. გაზეთის ფინანსურ საკითხებს აგვარებს რაიონის გამგეობის ბუხჰალტერი.

ლენტეხი

გაზეთი სვანეთი

გაზეთი სვანეთი დაარსდა 1936 წელს. თავიდან გაზეთი გამოდიოდა კომუნიზმის გზის სახელით, მოგვიანებით დაერქვა საბჭოთა სვანეთი. ამ დროს გაზეთი კომინისტური პარტიის ლენტეხის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს წარმოადგენდა. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ გაზეთი გამოდის სვანეთის სახელწოდებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაზეთი არარეგულარულად იბეჭდებოდა 1993 წლამდე. 1993 წლიდან გაზეთის გამოშვება საერთოდ შეწყდა და მხოლოდ არჩევნების წინ თუ გამოვიდოდა რამდენიმე ნომერი რომელიმე დეპუტატობის კანდიდატის ან პარტიის დაფინანსებით, თუმცა, გაზეთი იურიდიულად არსებობას განაგრძობდა. 2003 წელს რაიონის ბიუჯეტიდან გაზეთმა მიიღო გარკვეული დაფინანსება (თვეში 300 ლარი) და გაზეთის გამოცემა აღდგა. გაზეთს სხვა შემოსავალი არ გააჩნია. რეკლამა არავის მოაქვს, განცხადებები (მილოცვები, ნეკროლოგები) კი უფასოდ იბეჭდება.

გაზეთი ამჟამად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული. ჰყავს ერთი დამფუძნებელი 100%25-იანი წილით, რომელიც პარარელურად გაზეთის რედაქტორიცაა.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსი აქვს, მისი დამოუკიდებელ გამოცემად მოაზრება ერთობ გაჭირდება. რადგან გაზეთის დაფინანსების ერთადერთ წყაროს რაიონის ბიუჯეტი წარმოადგენს. გაზეთი არაა კრიტიკული ადგილობრივი მმართველობის მიმართ, განსაკუთრებით, რევოლუციის შემდეგ. გაზეთმა რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა ხე-ტყის ჭრის პრობლემას, რითაც უკმაყოფილო დარჩა როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ისე რაიონის მოსახლეობა, რადგან მოსახლეობა შემოსავალს სწორედ ტყის ჭრით იღებს.

გაზეთში არის სხვადასხვა ტრადიციული რუბრიკა. არის იურიდიული კონსულტაციაც,

გაზეთს არ გააჩნია თანამედროვე ტექნიკური საშუალებები: ფოტოსურათების დაბეჭდვასაც ვერ ახერხებენ. სვანეთი ერთადერთი გაზეთია, რომელიც ლენტეხის ადგილობრივ სტამბაში იბეჭდება. ტირაჟი 500 ცალია. გაზეთის საცალო ღირებულებაა 20 თეთრი, თუმცა, გაზეთი ჯერჯერობით უფასოდ ვრცელდება ლენტეხში და ლენტეხის რაიონის სოფლის საკრებულოებში. გაზეთის A3 ფორმატისაა და მოცულობით ოთხგვერდიანია.

გაზეთის რედაქციაში მუშაობს ორი თანამშრომელი: რედაქტორი და რედაქტორის მოადგილე.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

________________________

1 რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კვლევა 2004 წლის 19-23 სექტემბერს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

10 მცხეთა-მთიანეთი1

▲ზევით დაბრუნება


მცხეთა-მთიანეთის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 9,8%25-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 2,9%25-ს2. მისი მოსახლეობის 92,8%25 ქართველია, ხოლო 7,2%25-ს ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები და სხვები შეადგენენ. მცხეთა-მთიანეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,5) მეოთხე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი მთაგორიანია და საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რთული რელიეფის მქონე მხარეა. რელიეფი, მთის კლიმატი და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სიმრავლე საბჭოთა პერიოდში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საწინდარი იყო. დღეს ეს ინფრასტრუქტურა მოშლილია და რეგიონის მოსახლეობის ერთადერთ ეკონომიკურ საქმიანობას ხე-ტყის რესურსის წარმოება და გადამუშავება წარმოადგენს.

სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემებს თან ერთვის კომუნიკაციების პრობლემაც. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია რეგიონის მაღალმთიანი ზონა. კომუნიკაციების, განსაკუთრებით, საფოსტო მომსახურეობის და სატელეფონო კავშირის. მოშლამ მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულიად მოწყვიტა ქვეყანაში და კონკრეტულად რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ეს შეიქნა მხარის მოსახლეობის ბარში მიგრაციის მიზეზიც. აღნიშნულ სირთულეებს ემატება რეგიონში არსებული პერმანენტული ენერგოკრიზისი.

რეგიონში მედიის სისუსტე გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

● მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს დაბალ მოთხოვნილებას ბეჭდურ მედიაზე;

● საფოსტო და საგზაო ინფრასტრუქტურის მოშლამ შეუძლებელი გახადა რაიონული ცენტრებიდან მოშორებული სოფლებისთვის ბეჭდური მედიის პროდუქციის მიწოდება;

● ენერგოკრიზისი აბრკოლებს ადგილობრივი ელექტრონული მედიის ნორმალურ ფუნქციობას.

რეგიონში მედიის განვითარებას ისიც აფერხებს, რომ მეტად სუსტადაა განვითარებული არასამთავრობო სექტორი. ეს უკანსკნელი შედარებით უკეთაა წარმოდგენილი მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციულ ცენტრში - ქალაქ მცხეთაში.

თავად მცხეთა, პრაქტიკულად, ქვეყნის დედაქალაქ თბილისის ინფრასტრუქტურის ნაწილია, რაც ნაწილობრივ აქაური არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი მედიის სუსტ ურთიერთკავშირს განაპირობებს. აქ მიმდინარე პროცესებში ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები უფრო დედაქალაქის მედიას რთავენ, რაც მეტი რეზონანსის საშუალებას იძლევა.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ხუთი ქალაქი და, შესაბამისად, ხუთი რაიონული ცენტრია. მათ შორის მედია-ორგანიზაციების რაოდენობის განაწილება მეტ-ნაკლებად თანაბარია:

● მცხეთაში ორი მედია-ორგანიზაციაა. ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამოიცემა და არაკომერციულ და არარეგულარულ გამოცემას წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს საგამომცემლო ორგანოა;

● დუშეთში ადგილობრივი მედია საკრებულოს ერთი საუწყებო გაზეთითა და ერთი კერძო ტელეკომპანიითაა წარმოდგენილი;

● ახალგორსა და თიანეთში მედია თითო ბეჭდვითი გამოცემითაა წარმოდგენილი, რომლებიც ადგილობრივი გამგეობისა და საკრებულოს საკუთრებაში იმყოფებიან;

● ყაზბეგში გამოიცემოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გაზეთი დარიალი, რომელიც წლების მანძილზე არ გამოიცემა, მაგრამ მისი სასამართლოს წესით გაუქმება არ მომხდარა.

გამოიცემა დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთიც არაგველები, რომლის რედაქცია თბილისში მდებარეობს3.

რეგიონში სულ შვიდი მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს (თუ თბილისში გამომავალ არაგველებსაც მივათვლით), ამათგან მხოლოდ ერთია ელექტრონული, ხოლო დანარჩენი ექვსი ბეჭდვითი მედიაა.

აღნიშნული შვიდი ორგანიზაციიდან მხოლოდ ორის საკუთრების ფორმაა კერძო (ერთი მათგანი, არაგველები, როგორც აღვნიშნეთ თბილისში გამოიცემა), ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პერიოდული გამოცემაა და ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, ერთიც საუწყებო გამოცემაა და ისიც ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს, დანარჩენი სამი კი სახელმწიფო საკუთრებაშია (ერთ-ერთის, კერძოდ, გაზეთ ახალი თიანეთის, სტატუსიც გაურკვეველია, ვინაიდან მისი იურიდიული დოკუმენტაცია დაკარგულია).

შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მედიის განვითარება ქალაქებს შორის დისბალანსს არ ქმნის. თუ მხედველობაში არ მივიღებთ არასამთავრობო ორგანიზაციის გაზეთს, რომელიც ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში გამოდის, თბილისში გამომავალ არაგველებს და დუშეთში გამომავალ იურიდიული სტატუსის არმქონე საუწყებო გაზეთს, დავინახავთ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ყოველ რაიონში (ყაზბეგის გარდა) თითო მედია-ორგანიზაციაა წარმოდგენილი, ყველა სახელმწიფო საკუთრებაშია, მხოლოდ ერთი, ტელეკომპანია დუშეთია კერძო.

ბეჭდვითი მედია

ზემოაღნიშნული ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რაიონულ ცენტრებს შორის მედიის რაოდენობრივი დისბალანსი არ არსებობს, მაგრამ მედიის ხასიათის მიხედვით ეს დისბალანსი აშკარაა. რეგიონის შვიდი მედია-ორგანიზაციიდან ექვსი ბეჭდვითია. ეს ფაქტი სრულიადაც არ მეტყველებს ბეჭდვითი მედიის სიძლიერეზე რეგიონში, შეიძლება ითქვას, რომ იგი უფრო მედიის სისუსტეს გამოხატავს, ვინაიდან მოცემული ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციების უმეტესობა რაიონული გამგეობების მიერ შენარჩუნებული გაზეთებია, რომელთა არსებობაც საბჭოთა პერიოდის რედაქციების ინერციული არსებობითაა განპირობებული.

ბეჭდვითი მედიის განსავითარებლად რეგიონში პირობებიც არ არსებობს. დამოუკიდებელი გაზეთის გამოცემის ინიციატივა ჯერ არავისგან წამოსულა (ასეთი რეგიონული გაზეთი გამოდის თბილისში), მაგრამ რეგიონში ადგილობრივ გაზეთზე მოთხოვნაც დაბალია. ამას განაპირობებს არამარტო მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა (რეგიონში წარმატებით მოიკიდა ფეხი ზოგიერთმა თბილისურმა გამოცემამ), არამედ ისიც, რომ რაიონული გაზეთები ადგილობრივი მკითხველის ინტერესების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ.

ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბეჭდვითი მედიის განვითარებას ხელს უშლის, ესაა რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, მცხეთის გეოგრაფიული სიახლოვე ქვეყნის დედაქალაქ თბილისთან. თბილისური მედია ყურადღებით ეკიდება რეგიონში მიმდინარე პროცესებს და უფრო ოპერატიულად აშუქებს მათ, ვიდრე ამას ნაკლებად კვალიფიცირებული და ნაკლებად ტექნიკურად აღჭურვილი ადგილობრივი მედია ახერხებს. იმავე გეოგრაფიული სიახლოვის წყალობით, მცხეთა-მთიანეთის რაიონული ცენტრების (განსაკუთრებით - მცხეთა, თიანეთი, დუშეთი) მომარაგება თბილისური ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციების პროდუქციით სირთულეს არ წარმოადგენს.

ელექტრონული მედია

ელექტრონული მედია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ ერთი ორგანიზაციით, ტელეკომპანია დუშეთითაა წარმოდგენილი. 1990-იანი წლების ბოლოს რეგიონში იყო კიდევ ერთი ტელეკომპანიის ჩამოყალიბების მცდელობა სოფელ მუხრანში, რომელიც ულიცენზიოდ მაუწყებლობდა და მალევე შეწყვიტა არსებობა.

ელექტრონული მედიის ერთადერთი წარმომადგენელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტელეკომპანია დუშეთი კერძო საკუთრებაში იმყოფება. მისი განვითარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხანმოკლე თანამშრომლობის პერიოდში მოხდა. დღეს ტელეკომპანიას მთლიანად საკუთარი სახსრებით უწევს არსებობა, რომელთა მობილიზებაც მცხეთა-მთიანეთში მეტად ჭირს, რადგან:

● მხარეში არ არსებობს მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ბიზნეს-გარემო, შესაბამისად, ტელეკომპანია ვერ ახდენს სარეკლამო მომსახურების განვითარებას;

● მხარეში არსებული ენერგოდეფიციტის გამო მოსახლეობას არ აქვს საშუალება ადგილობრივ მაუწყებლობას უყუროს; ამიტომაც, ტელეკომპანიას არ აქვს დაკვეთები ფასიან განცხადებებზე.

მხარეში არსებული ენერგოდეფიციტი ელექტრონული მედიის წინაშე მდგარი ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა. ელექტროენერგიის არქონის გამო ტელეკომპანია დუშეთი ხშირად კვირების მანძილზე არ მაუწყებლობს.

მედია და ხელისუფლება

მცხეთა-მთიანეთში ადგილობრივ მედიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა თანამშრომლობაზეა აგებული.

როგორც წესი, რეგიონში გამომავალი გაზეთები დღემდე ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში იმყოფება, ან იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და საუწყებო გაზეთებად მიიჩნევა. შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მედიის არსებობას იმდენად ინფორმირებულობაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილება კი არა განაპირობებს, რამდენადაც ხელისუფლების მიერ მედიის ტრადიციული აღქმა. რაიონული გაზეთი, რომელიც ათწლეულების მანძილზე არსებობდა, ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სიმბოლოდ ან ატრიბუტად იქცა, ამიტომაც მის შენარჩუნებას გამგეობა სავალდებულოდ მიიჩნევს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მედია-ორგანიზაციების გამოცემებს მომხმარებელი არ ჰყავს. ისინი ადგილობრივი საზოგადოების ძალზედ ვიწრო სეგმენტზე არიან გათვლილი და უფასოდ ურიგდებათ რაიონულ/სოფლის ადმინისტრაციებს და სკოლებს. ამიტომაა, რომ მათი ტირაჟი, როგორც წესი, 500-ზე მეტს არ შეადგენს.

რაც შეეხება იურიდიულად დამოუკიდებელ მედიას, იმის გამო, რომ საზოგადოებრივი დაკვეთა არ არსებობს, ის მეტად ინერტულია, ნაკლებადაა ორიენტირებული საზოგადოების ინფორმირებაზე და უფრო პუბლიცისტურ ხასიათს ატარებს.

მედია და საზოგადოება

საზოგადოების დამოკიდებულება ადგილობრივი მედიის მიმართ შეიძლება შევაფასოთ როგორც ინდიფერენტული. მოსახლეობის უმეტესობამ იცის, რომ რაიონში ესა თუ ის გაზეთი გამოდის, მაგრამ არ კითხულობს. ეს შეიძლება აიხსნას გაზეთების მცირე ტირაჟითაც და ამ გაზეთებზე დაბალი მოთხოვნილებითაც. გასათვალისწინებელია, რომ მკითხველი დედაქალაქიდან შემოსულ პრესას ადგილობრივზე უკეთ იცნობს.

ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ინტერესის ნაკლებობის მიზეზები შემდეგში მდგომარეობს:

● რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მედიის მიერ არაოპერატიულად ხდება. ხალხმა მომხდარი იმაზე ადრე იცის, ვიდრე ამას პრესიდან შეიტყობს;

● ფართო მომხმარებლისთვის ადგილობრივი მედიის პროდუქცია შინაარსობრივად მშრალი და უინტერესოა;

● ბეჭდვითი მედიის პერიოდულობის ხშირი და ხანგრძლივი დარღვევების გამო გამოცემა ცნობადობას კარგავს;

● ელექტრონული მედია თბილისური არხების რეტრანსლირების ხარჯზე, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ მომხმარებელს იზიდავს, მაგრამ იმ მცირე შუალედებში, რომლებშიც საკუთარ მაუწყებლობას რთავს, ნაკლებად ავსებს ეთერს რეგიონში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ოპერატიული და ანალიტიკური მასალით.

ამ მიზეზებს ემატება ისიც, რომ საზოგადოება ნაკლები ნდობით ეკიდება ადგილობრივ მედიას. სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი გაზეთები მკითხველში ნდობას არ იწვევს. მედიის მიმართ სიფრთხილეს აძლიერებს დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციების ანგაჟირებულად აღქმა, ანუ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა თუ ინტერესთა ჯგუფის სამსახურში მოაზრება.

მცხეთა

გაზეთი მცხეთა

გაზეთი იბეჭდება 1939 წლიდან. თავიდან გამოდიოდა როგორც კომუნიზმის გზა. 1991 წლიდან დაერქვა მცხეთა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მისი გამოცემა შეჩერდა და 1998 წლამდე აღარ გამოსულა.

გაზეთი თავდაპირველად კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანო იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რაიონული გამგეობის საკუთრებაში გადავიდა. ამჟამად გაზეთი დარეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და მისი დამფუძნებლები არიან გაზეთის სარედაქციო კოლექტივი და მცხეთის რაიონული გამგეობა თანაბარი წილებით.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთ მცხეთას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსი აქვს, მისი დამოუკიდებელ გამოცემად მოაზრება რთულია. წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ, ფინანსურმა სიდუხჭირემ და რაიონის მოსახლეობაში ადგილობრივ გაზეთზე ნაკლებმა მოთხოვნილებამ, რედაქციას გაზეთის დაფუძნებაში ადგილობრივი ხელისუფლების მოწვევისკენ უბიძგა. ადგილობრივმა გამგეობამ თავის თავზე აიღო როგორც გაზეთის დაფინანსება, ისე მისი ხელმომწერებით უზრუნველყოფა, რაც გარკვეულ ასახვას პოვებს გაზეთის შინაარსობრივ მხარეზე. გაზეთი უმეტესწილად მიმართულია ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებაზე. მის ფურცლებზე ქვეყნდება გამგეობისა და საკრებულოს დადგენილებები და გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ მცხეთა ერიდება რაიონული გამგეობის კრიტიკას, ხშირია რაიონში არსებული აქტუალური პრობლემების ამსახველი პუბლიკაციების გამოქვეყნების შემთხვევები, თუმცა, როგორც წესი, მსგავსი მასალები პრობლემის დაფიქსირების ფარგლებს არა სცდება. გაზეთი ყურადღებას აქცევს ეკონომიკურ პროგრამებს, კრიმინალის საკითხებს, სოციალურ პრობლემებს. მცხეთა აშუქებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობასაც, მათ ღონისძიებებს და აქტივობებს.

გაზეთის შემოსავალს, ძირითადად, გამგეობიდან მიღებული სუბსიდია და ხელმოწერებიდან მიღებული თანხები შეადგენს. შემოსავლის მცირეოდენ წილს ფასიანი განცხადებებიდან მიღებული თანხაც წარმოადგენს.

მცხეთა თვეში ერთხელ გამოდის და ერთდროულად ორი ნომერი იბეჭდება. მისი ტირაჟი 600 ეგზემპლარია და, მეტწილად, ხელმომწერებზე ვრცელდება. გაზეთს გამოცემისათვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი თითქმის არ გააჩნია; აქვს მხოლოდ ერთი დიქტოფონი და ერთი ფოტოაპარატი. მისი აკრეფა და დაკაბადონება ხდება მცხეთაში გაზეთის თანამშრომლის კერძო კომპიუტერზე, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა და რვაგვერდიანია (თითო ნომერი ოთხგვერდიანია).

გაზეთ მცხეთის რედაქციაში ოთხი თანამშრომელი მუშაობს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ბუხჰალტერი და დამლაგებელი. გაზეთს ჰყავს შტატგარეშე ჟურნალისტიც.

გაზეთი არაგველები

გაზეთი არაგველები დაარსდა 1996 წელს კერძო პირის მიერ და იმთავითვე დამოუკიდებელ გამოცემას წარმოადგენდა. იგი დარეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსით და მთლიანად ერთი პირის საკუთრებაში იმყოფება.

არაგველების რედაქცია ცდილობს გაზეთი კომერციულ საწყისებზე შეინარჩუნოს და ამ მიზნით ერიდება ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ფინანსური ვალდებულებების შემცველ ურთიერთობებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაზეთი შორსაა პოლიტიკური პროცესების გაშუქებისა და ამ პროცესებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებთან ურთიერთობებისგან. რევოლუციამდე გაზეთი აქტიურად თანამშრომლობდა მცხეთა-მთიანეთში მოქმედ მეტ-ნაკლებად აქტიურ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და მათ ადგილობრივ აქტივისტებთან. არჩევნების პერიოდში არა მარტო აშუქებდა მათ წინასაარჩევნო პროგრამებს, არამედ იღებდა დაკვეთებს პოსტერებისა და ბუკლეტების ბეჭდვაზე, რაც მოცემული დროის პერიოდში მისი შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.

გაზეთი მოკლებულია მუდმივ და სტაბილურ შემოსავალს. ეს გავლენას ახდენს მის პერიოდულობაზე და განაპირობებს სარედაქციო კოლექტივის შემადგენლობის მუდმივ ცვალებადობას. 2004 წლის პირველ ნახევარში გაზეთის მხოლოდ ერთი ნომერი გამოვიდა. დამფუძნებელის გათვლით, გაზეთი ყოველთვიურია. რედაქციაში სახელფასო ფონდის არარსებობის თუ სიმწირის გამო ჟურნალისტებს უხელფასოდ და ხშირ შემთხვევაში ჰონორარის გარეშე უწევთ მუშაობა. გაზეთში დასაქმებულთა უმრავლესობა ენთუზიაზმზე ან ჟურნალისტური გამოცდილების მიღების მიზნით მუშაობს.

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არაგველების მესაკუთრეს საერთაშორისო ფონდებისთვის არ მიუმართავს, გაზეთი არც ერთი გრანტის რეციპიენტი არ ყოფილა. გაზეთი თავისი საქმიანობით უფრო მეცენატებისა და სპონსორების დაინტერესებას ცდილობს. მცდელობებს ხელშესახები წარმატება არ მოჰყოლია. კერძო პირების ფინანსური დახმარებით არაგველების მხოლოდ რამდენიმე ნომერი თუ დაბეჭდილა.

შინაარსობრივად გაზეთი ცდილობს რეგიონის მკითხველთა ინტერესების დაკმაყოფილებას. არაგველების ფურცლებზე შუქდება ცენტრალური და რეგიონული პოლიტიკის საკითხები, მცხეთა-მთიანეთში არსებული სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები, იბეჭდება მხარის ისტორიის და ეთნოგრაფიის ამსახველი მასალები. გაზეთის მესვეურთა განცხადებით, გაზეთი ორიენტირებულია არამარტო რეგიონის მოსახლეობის ინფორმირებაზე, არამედ იმაზეც, რომ საქართველოს სხვა რეგიონების მკითხველებმა წარმოდგენა შეიქმნან მცხეთა-მთიანეთის თავისებურებათა შესახებ. გაზეთის ტირაჟის ნაწილი ვრცელდება თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში.

გაზეთი არასტაბილური პერიოდულობით გამოდის და განსაკუთრებული ინტენსივობით არჩევნების პერიოდში იბეჭდება. არაგველების რედაქცია თბილისში მდებარეობს და მისი ბეჭდვა აქვე ხდება.

გაზეთს აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. იგი თორმეტგვერდიანია და A3 ფორმატის ქაღალდზე იბეჭდება4. საცალო ფასი 50 თეთრია.

არაგველების რედაქციას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი და ბუხჰალტერი.

გაზეთი ბალავარი

გაზეთი გამოდის 2002 წლიდან. მისი გამოცემა მცხეთაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით დაიწყო და ამ ცენტრის მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ხორციელდება. შესაბამისად, გაზეთი ცალკე ორგანიზაციად დარეგისტრირებული არ არის და არაკომერციული ტირაჟით იბეჭდება.

2002 წელს ექვსი თვის მანძილზე ბალავარის სამი ნომერი გამოვიდა. 2003-2004 წლებში გაზეთი არასტაბილური პერიოდულობით, მაგრამ მეტი ინტენსივობით გამოიცემოდა.

გაზეთი აშუქებს რეგიონში არსებულ ახალგაზრდობის პრობლემებს, როგორიცაა: ახალგაზრდული მიგრაცია, უმუშევრობა, ნარკომანია, ტრეფიკინგი, კრიმინალი. გაზეთი ხელს უწყობს შემოქმედი ახალგაზრდების პოპულარიზაციასაც. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდება ახალგაზრდა მწერალთა და პოეტთა ნაწარმოებები, მხატვართა ნახატები, ახალგაზრდა ისტორიკოსთა ნარკვევები რეგიონის და საქართველოს ისტორიაზე. გარდა ამისა, ბალავარი ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებებს, თუმცა ეს უფრო ადამიანის უფლებათა დეკლარაციისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ნორმატიულ დოკუმენტთა გამოქვეყნებაში გამოიხატება, ვიდრე რეგიონში ამ მხრივ არსებული სიტუაციის მონიტორინგში.

ბალავარი აშუქებს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობასა და ღონისძიებებს. განსაკუთრებით აქტიურად შუქდებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისის და ურბანული ინსტიტუტის მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჩატარებული აქტივობები.

გაზეთი იბეჭდება თბილისში. ტირაჟი 500 ცალია. არასტაბილური პერიოდულობით გამოიცემა. A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და უფასოდ ვრცელდება. ახალგაზრდულ ცენტრს გაზეთის გამოსაცემად აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. გაზეთ ბალავარის გამოცემაზე ცენტრის სამი თანამშრომელია პასუხისმგებელი, შინაარსობრივ მხარეს კი ნებაყოფლობით ცენტრის თანამშრომლები და მასთან დაახლოებული ახალგაზრდები უზრუნველყოფენ.

დუშეთი

გაზეთი გუშინ, დღეს, ხვალ

გაზეთი გამოდის 1999 წლიდან დუშეთის რაიონის საკრებულოს გადაწყვეტილების თანახმად. იგი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მედია-ორგანიზაციას და საკრებულოს პრეს-სამსახურის საუწყებო საგამომცემლო ორგანოა. შესაბამისად, გაზეთის გამოცემა მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაფინანსებით ხდება.

დუშეთის რაიონის საკრებულოს უმრავლესობას საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის წევრები წარმოადგენენ. შესაბამისად, გაზეთი ამ პარტიის ინტერესების გამომხატველი და მისი ერთგული პერიოდული გამოცემაა. შინაარსობრივად გაზეთი ნაკლებად ჰგავს პარტიულ გაზეთს. გაზეთის პუბლიკაციები დუშეთის რაიონში და, ზოგადად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არსებულ პრობლემებს შეეხება. გამოქვეყნებული მასალების უმეტესობა ნაკლებად შეიცავს ხელისუფლების კრიტიკას ან საკითხების ღრმა ანალიზს, უფრო ფაქტების და საკითხების ფიქსირება-კონსტატაციით შემოიფარგლება.

ვინაიდან საუწყებო გაზეთია, მისი გაყიდვა ან გამოწერის საფუძველზე გავრცელება არ ხდება. დუშეთის რაიონის სოფლის საკრებულოები მათთვის საჭირო ოდენობის გაზეთის შესაბამის თანხას ურიცხავენ საკრებულოს ბიუჯეტს, რომელიც, თავის მხრივ, გამოყოფს გაზეთის გამოსაცემად აუცილებელ თანხას.

დუშეთის რაიონის საკრებულოს გაზეთის გამოსაცემად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. ტექსტის აკრეფა, დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. რადგან გუშინ, დღეს, ხვალ დამოუკიდებელ ორგანიზაციას არ წარმოადგენს და არაა კომერციული სტრუქტურა, მისი ტირაჟიც არაკომერციულია და 500 ეგზემპლარს შეადგენს.

გაზეთი სტაბილური პერიოდულობით არ გამოდის და საშუალოდ სამ თვეში ერთხელ იბეჭდება. გაზეთი A3 ფორმატისაა და 4-იდან 8 გვერდამდე მოცულობისაა. გაზეთი, როგორც ითქვა, არ იყიდება და სოფლის საკრებულოებზე რიგდება, რომლებიც თავის მხრივ უფასოდ ავრცელებენ.

გაზეთის გამოცემაზე საკრებულოს პრეს-სამსახურის უფროსია პასუხისმგებელი. გაზეთის გამოცემაში საკრებულოს პრეს-სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი მონაწილეობს.

ტელეკომპანია დუშეთი

ტელეკომპანია დუშეთი დაარსდა 1993 წლის იანვარში. იგი ერთი პირის მიერაა დაფუძნებული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს. 1990-იანი წლების შუა პერიოდში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულად კობა ბუჩუკურის დანიშნვის შემდეგ, ტელეკომპანიას აღმავლობის პერიოდი დაუდგა. პრეზიდენტის რწმუნებული დაინტერესებული იყო ისეთი ტელევიზიის შექმნით, რომელიც მაუწყებლობას რეგიონის მასშტაბით და შესაძლოა მის გარეთაც შეძლებდა. ადგილობრივ ხელისუფლებასა და ტელეკომპანია დუშეთს შორის თანამშრომლობა იქამდეც მივიდა, რომ 1998 წელს შეიძინეს ძლიერი გადამცემი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა მთელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ნაწილობრივ შიდა და ქვემო ქართლის, და თბილისის გარეუბნების ტელეკომპანია დუშეთის სიგნალით დაფარვა. ამავე დროს დუშეთს გამოუყვეს და გაურემონტეს საოფისე ფართი. 2000 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დუშეთს ჩამოართვა სიხშირე, რომელზეც იგი მაუწყებლობდა. მას მერე ტელეკომპანია დუშეთი მხოლოდ ქალაქ დუშეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობს.

ტელეკომპანიას მწვავე ფინანსური პრობლემები აქვს. მას მერე, რაც ტელეკომპანია დუშეთის რეგიონულ ტელევიზიად გარდაქმნის პერსპექტივა დაიხურა, რეგიონულ ხელისუფლებასთან არსებული საქმიანი ურთიერთობებიც დასრულდა. ამჟამად ტელეკომპანია ფინანსურად მთლიანად ფასიან განცხადებებზე (მეტწილად, ნეკროლოგები და მილოცვები) და თბილისური ტელეკომპანიებისთვის (კერძოდ, ტელეკომპანია იმედი) მომზადებული სიუჟეტებისთვის მიღებულ ჰონორარზეა დამოკიდებული. ამ მწირი შემოსავლის მიღებასაც საფრთხეს უქმნის რაიონში არსებული მწვავე ენერგოდეფიციტი. ხშირად ქალაქ დუშეთში მთელი კვირა არაა ელექტროენერგია. ცხადია, ტელეკომპანია არ მაუწყებლობს და ფასიან განცხადებებზეც დაკვეთა წყდება.

ტელეკომპანია დუშეთს თანამშრომლობა აქვს თბილისურ ტელეკომპანია იმედთან, რომლისთვისაც ამზადებს სიუჟეტებს რეგიონში და კონკრეტულად დუშეთის რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ, გარდა ამისა, ახდენს მისი გადაცემების რეტრანსლაციას. საკუთრივ დუშეთის გადაცემები საღამოს 9 საათზე ირთვება და მცირე დროს იჭერს. საკუთარი გადაცემებიდან დუშეთს გააჩნია საინფორმაციო გამოშვება, რომელიც ყოველდღიური არაა და არარეგულარულად გადის ეთერში. ტელეკომპანია ამზადებს ანალიტიკურ და პუბლიცისტურ გადაცემებს, რომლებშიც დიდ ყურადღებას უთმობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეგიონში არსებული დემოგრაფიული და მიგრაციული პრობლემები, რთული სოციალური, ეკოლოგიური და კრიმინოგენული ვითარება. დუშეთი ამზადებს დოკუმენტურ ფილმებსაც. ერთი მათგანი „სიზმრებს ვხედავ რუსულად“ (რუსულ ენაზე), 2003 წელს იალტის სატელევიზიო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრის მფლობელიც გახდა. ტელეკომპანია დუშეთში გადაღებულია სხვა დოკუმენტური ფილმებიც „გადაშენება“, „ქალი და ეკონომიკა“ და სხვა.

ტელეკომპანია დუშეთის ტექნიკური აღჭურვილობა მოიცავს 2 კომპიუტერს, სამონტაჟო მაგიდას, ციფრულ ვიდეოკამერას, მიკჩერს, რამდენიმე ტელევიზორს და გადამცემს. ტელეკომპანია მაუწყებლობს ხუთვატიანი გადამცემით და თავისი სიგნალით მხოლოდ ქალაქ დუშეთს ფარავს.

ტელეკომპანიაში 4 ადამიანია დასაქმებული: დირექტორი, ჟურნალისტი, ოპერატორი, ტექნიკური მუშაკი.

თიანეთი

გაზეთი ახალი თიანეთი

გაზეთი 1932 წლიდან გამოდის. იგი კომუნისტური პარტიის თიანეთის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანო იყო. თავდაპირველად გაზეთს კოლექტიური მესაქონლეობა ერქვა. საბჭოთა პერიოდში მოგვიანებით გაზეთს სახელი ორჯერ შეეცვალა და თიანეთის და ახალი თიანეთის სახელებით გამოდიოდა. 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გაზეთის სახელს პირველი სიტყვა ჩამოაშორეს და ისევ თიანეთი დაერქვა. მაგრამ 2003 წელს, როდესაც ახალი რედაქტორი მოვიდა, გაზეთს სახელი ახალი თიანეთი დაუბრუნდა.

ახალი თიანეთი გამგეობის საგამომცემლო ორგანოს წარმოადგენს და რაიონული ბიუჯეტიდან ფინანსდება. 1990-იან წლებში გაზეთის გამოცემა შეწყვეტილი იყო, 2003 წლის სექტემბერში გაზეთი აღდგა, მაგრამ მალევე შეწყვიტა არსებობა. ამის მიზეზი ის იყო, რომ გაზეთი მაშინდელ მმართველ პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირს სჭირდებოდა მისთვის სასურველი მასალების დასაბეჭდად, მაგრამ ახლად დანიშნულმა რედაქტორმა შეძლო იმ ორიოდ ნომერში, რომელიც მაშინ გამგეობამ დააფინანსა, ხელისუფლებისადმი კრიტიკული წერილების დაბეჭდვა. ამას მოჰყვა დაფინანსების შეწყვეტა და გაზეთი 2004 წლის თებერვლამდე აღარ გამოსულა. ვარდების რევოლუციის შემდეგ დანიშნული გამგებელის ძალისხმევით გაზეთის სტაბილური დაფინანსება მოხერხდა. ამჟამად გაზეთი ყოველთვიურია.

ახალი თიანეთი ცდილობს ადგილობრივი მკითხველისათვის ყველა საინტერესო საკითხი გააშუქოს. მის ფურცლებზე იბეჭდება არა მარტო გამგეობის და საკრებულოს დადგენილებები და გადაწყვეტილებები, არამედ შუქდება რაიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა სახის პრობლემები. გაზეთს აქვს რუბრიკა „ჩვენი სახელოვანი თანამემამულეები“, რომელშიც ქვეყნდება რაიონიდან წასული ცნობილი პიროვნებების ბიოგრაფიული მონაცემები და მათთან ინტერვიუები. გაზეთი აშუქებს რაიონის სპორტულ და კულტურულ ცხოვრებასაც.

ახალი თიანეთი საკუთარ ქონებას არ ფლობს. ტექსტის აკრეფა თიანეთის რაიონის გამგეობის კომპიუტერზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთისთვის მასალების მომზადებაში რედაქტორი საკუთარ დიქტოფონს და ფოტოაპარატს იყენებს. ვინაიდან გაზეთი გამგეობის საგამომცემლო ორგანოა და კომერციულ ორგანიზაციას არ წარმოადგენს, მისი ტირაჟი 500 ეგზემპლარს შეადგენს და მოსახლეობას უფასოდ ურიგდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და თვეში ერთხელ გამოდის.

გაზეთის გამოცემაზე ორი ადამიანი მუშაობს: რედაქტორი და ერთი ჟურნალისტი.

ახალგორი

გაზეთი ახალგორი

გაზეთი დაარსდა 1937 წელს, იგი კომუნისტური პარტიის ლენინგორის (ახალგორი) აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანო იყო და თავდაპირველად გამოდიოდა სახელით სტალინონ/სტალინელი, მოგვიანებით დაერქვა ლენინელი. ვინაიდან საბჭოთა პერიოდში ლენინგორის რაიონი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა, რაიონული გაზეთიც ოსურ და ქართულ ენებზე გამოდიოდა. 1991 წლიდან გაზეთს ახალგორი დაერქვა და ახლა მხოლოდ ქართულ ენაზე იბეჭდება.

გაზეთს დამოუკიდებელი ორგანიზაციის იურიდიული სტატუსი არ აქვს. იგი ახალგორის რაიონული გამგეობისა და საკრებულოს პერიოდულ გამოცემას წარმოადგენს. შესაბამისად, ახალგორის არსებობაც მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

გაზეთის შინაარსობრივი მხარე ადგილობრივი გამგეობის მიერ განისაზღვრება. მისი უმეტესი ნაწილი გამგეობისა და საკრებულოს დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს ეთმობა. გარდა ამისა, იბეჭდება მასალები რაიონის ისტორიის, კულტურის, ერთაშორის შემწყნარებლობის ტრადიციის და სხვა საკითხებზე.

ახალგორი უფასოდ ურიგდებათ სოფლის საკრებულოებს. მართალია, გაზეთი ოსურ ენაზე არ იბეჭდება, მაგრამ ოსური სოფლების საკრებულოებშიც ვრცელდება.

გაზეთის რედაქციას თავისი ძველი შენობა შენარჩუნებული აქვს, მაგრამ თითქმის არ გააჩნია ტექნიკური აღჭურვილობა. მიმდინარე ნომერში გამოსაქვეყნებელი მასალების აკრეფა გამგეობის კომპიუტერზე ხდება, ხოლო დაკაბადონება და დაბეჭდვა თბილისში. გაზეთს ასევე არ გააჩნია დიქტოფონები და ფოტოაპარატები. გაზეთის თანამშრომლები მასალის მოსაპოვებლად საკუთარ ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ.

ახალგორის დაფინანსება რაიონული გამგეობის მიერ სტაბილურად ხორციელდება და ყოველწლიურად 9800 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ეს თანხა საკმარისია იმისათვის, რომ გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოვიდეს ტირაჟით 300 ცალი. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და საცალო გაყიდვაში 30 თეთრი ღირს, მაგრამ იმის გამო, რომ არ იყიდება, საკრებულოების საშუალებით მოსახლეობას უფასოდ ურიგდება.

ახალგორს ექვსი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, ოთხი კორესპონდენტი და ბუხჰალტერი.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

______________________

1 მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კვლევა 2004 წლის 12-15 ოქტომბერს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

3 გაზეთის აღწერა მცხეთის ქვეთავშია განთავსებული.

4 ტირაჟის რაოდენობა გაზეთ არაგველების რედაქტორმა არ დააკონკრეტა და მიზეზად კომერციული საიდუმლოება დაასახელა.

11 შიდა ქართლი1

▲ზევით დაბრუნება


შიდა ქართლის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 8,3%25-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 7,1%25-ს2. რეგიონის მოსახლეობის 91%25 ქართველია, ხოლო 9%25-ს სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, ძირითადად, ოსები შეადგენენ. შიდა ქართლის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,49), მეექვსე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

შიდა ქართლის რეგიონში, ძირითადად, სოფლის მეურნეობაა განვითარებული. ქალაქებში საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა მოშლილია, გამონაკლისს ქალაქი კასპი წარმოადგენს, სადაც ცემენტის ქარხანაა შენარჩუნებული. პრივატიზაციის შემდეგ რეგიონში სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაც მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს. ამგვარი ეკონომიკური სიტუაცია გავლენას ახდენს საზოგადოების მსყიდველუნარიანობაზე, რაც ადგილობრივ მედიას სახარბიელო სიტუაციას არ უქმნის და მისი უმეტესი ნაწილი ხელისუფლებასთან და ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტასთან ეკონომიკურად ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობას ან მათ საკუთრებაში ყოფნას ირჩევს.

რეგიონი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მოსაზღვრეა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრშია შემდეგი საკითხები:

● ქართულ-ოსური ურთიერთობები, მშვიდობისა და სტაბილურობის პრობლემა;

● ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა და ამ მიმართულებით ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა;

● კონტრაბანდა და მასთან დაკავშირებული ადგილობრივი ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის გაუმჭვირვალე საქმიანობა;

● რეგიონში არსებული კრიმინოგენული სიტუაცია;

● ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, კონფლიქტის ზონაში და, ზოგადად, შიდა ქართლის რეგიონში არსებული სიტუაცია;

● ძალოვანი სტრუქტურების მუშაობა.

ადგილობრივი მედია ამ საკითხების ირგვლივ შეძლებისდაგვარად აქტიურად მუშაობს. არსებობს არა ერთი ფაქტორი, რაც აბრკოლებს აღნიშნული საკითხების ძირეულ კვლევასა და გაშუქებას:

● რეგიონი კონფლიქტის ზონას ესაზღვრება და ძალოვანი უწყებების მუშაობის ფორმატი აქ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო ფართოა. ჟურნალისტების მუშაობის შეზღუდვა პოლიტიკური და გარკვეული საკითხების გაშუქების მიზანშეუწონლობის მიზეზებით აიხსნება.

● ადგილობრივ ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის სურვილი არ შიმჩნევა.

● კონფლიქტის ზონა ჩრდილოვანი ეკონომიკის სერიოზულ ინფრასტრუქტურას წარმოადგენს, რომელშიც ჩართული არიან, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები (როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან), ისე ბიზნესმენები, რომელთა შორის გარიგებები და დაპირისპირებები მოითხოვს მათგან ინფორმაციის საიმედო დაფარვას. ამ მიზნით ხშირად ხდება ჟურნალისტებზე ზეწოლა - დაშინება, ფიზიკურად გასწორება.

ზემოჩამოთვლილი მიზეზები, ძირითადად, გორში არსებულ მედია-ორგანიზაციებს შეეხება. დანარჩენ ქალაქებში მედია, მეტწილად, ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში იმყოფება და დამოუკიდებელ მუშაობას ნაკლებად ეწევა. ეს მედია-ორგანიზაციები, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აშუქებენ და ადგილობრივი პრობლემების კონსტატირებას ახდენენ.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

შიდა ქართლში სულ ათი გაზეთი და ტელეკომპანიაა. მედია-ორგანიზაციების სიმრავლით რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი გორი გამოირჩევა. აქ ექვსი მედია-ორგანიზაციაა - ხუთი გაზეთი და ერთი ტელეკომპანია. ორი გაზეთი საბჭოთა პერიოდში ცხინვალში გამომავალი გაზეთების სამართალმემკვიდრეა. სხვა ქალაქებში ადგილობრივი მედია თითო გაზეთითაა წარმოდგენილი, გამონაკლისს ხაშური წარმოადგენს, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების გაზეთის გარდა, ტელეკომპანიაც არსებობს.

საკუთრების ფორმის მიხედვით ადგილობრივ მედია-ორგანიზაციათა შორის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მედია ჭარბობს. ათი მედია-ორგანიზაციიდან მხოლოდ სამი იმყოფება კერძო საკუთრებაში, დანარჩენი ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის. გამონაკლისს ხაშურში არსებული ტელეკომპანია დია წარმოადგენს, რომელიც კერძო პირების მიერაა დაარსებული, მაგრამ მისი ნაწილი სახელმწიფოს ეკუთვნის.

რეგიონულ მედიაში იკვეთება დისპროპორცია ბეჭდვით და ელექტრონულ მედიას შორის. რეგიონში სულ ორი ტელეკომპანია მაუწყებლობს. დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციებიდან ორი გაზეთია, ერთი - ტელევიზია. სამივე ორგანიზაცია გორში იმყოფება. აქედან ერთი გაზეთი და ტელეკომპანია ერთი პირის საკუთრებაშია და შეიძლება ითქვას, მცირე მედია ჰოლდინგს წარმოადგენს.

რეგიონული მედიის შინაარსობრივი მხარე ლოკალურობის მიხედვითაც განირჩევა. ასე მაგალითად, გორის მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს კონფლიქტთან და კონტრაბანდასთან დაკავშირებულ საკითხებს, ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციას, ადამიანის უფლებებს. ქარელში გამომავალი გაზეთი კი, ძირითადად, სოფლის მეურნეობის საკითხებს და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გაწეულ მუშაობას აქცევს ყურადღებას. კასპის გაზეთი რაიონში ცემენტის ქარხნის მუშაობის ფონზე არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას, მოქალაქეთა ჯანმრთელობის და, ზოგადად, მედიცინის საკითხებს განიხილავს. ხაშურში არსებული მედია კი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას, რაიონის განვითარების პერსპექტივებს და სამთავრობო პროგრამებს აშუქებს.

ბეჭდვითი მედია

როგორც აღვნიშნეთ, ბეჭდვითი მედიის წილი შიდა ქართლის მედიაში დიდია. რეგიონში რვა გაზეთი გამოდის, რომელთა უმეტესობა სახელმწიფო დაფინანსებაზეა. დამოუკიდებელი მედია ორი გაზეთითაა წარმოდგენილი. ერთი მათგანი რეგიონში არსებული ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთიდან წამოსული კოლექტივის ნაწილის მიერა არის დაარსებული.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ბეჭდვითი მედიის მდგომარეობა შიდა ქართლში სავალალოა. დამოუკიდებელი ბეჭდვითი გამოცემები მხოლოდ რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში არსებობს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

● რეგიონში სუსტადაა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც იაქტიურებდა საჯარო სფეროს შესაქმნელად. აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისური ორგანიზაციების ფილიალებს წარმოადგენს. მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება დედაქალაქის მედიაშიც შეუძლიათ.

● ადგილობრივი საზოგადოება არაა სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური.

● არსებული ეკონომიკური ვითარება არ იძლევა მედიისთვის შემოსავლის მომტანი სარეკლამო ბაზრის შექმნის შესაძლებლობას.

● საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები დიდი ხნის მანძილზე რეგიონში არესებულ ერთადერთ დამოუკიდებელ ტელევიზიასა და მასთან არსებულ გაზეთთან ამყარებდნენ თანამშრომლობას.

● ფინანსურად შეჭირვებული მედია-ორგანიზაციებისთვის არსებობს ცდუნება იმისა, რომ ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, როგორ აღიქვამს ადგილობრივი საზოგადოება ბეჭდვით მედიას. პოტენციური მკითხველისთვის დამოუკიდებელი გაზეთი კონკრეტული პირის თუ ჯგუფის ინტერესების მატარებლად აღიქმება, რაც გავლენას ახდენს დამოუკიდებელი გაზეთის გაყიდვის მასშტაბზე. როგორც წესი, გორში გამომავალი გაზეთების ტირაჟი 1000-ის ფარგლებში მერყეობს და მისი საკმაოდ დიდი ნაწილი არ იყიდება. რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ბეჭდვით მედიას, რა თქმა უნდა, მკითხველის ნდობა მის მიმართაც დაბალია, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება გაზეთს ხელმომწერებით უზრუნველყოფს. ამიტომ ამ გაზეთების ტირაჟები უფრო სტაბილურად ვრცელდება.

ელექტრონული მედია

შიდა ქართლში, როგორც აღვნიშნეთ, ორი ტელეკომპანიაა. ერთი, ტელეკომპანია თრიალეთი, კერძო პირის მიერაა დაფუძნებული და მასვე ეკუთვნის, ხოლო მეორე, ტელეკომპანია დია, ორმა კერძო პირმა დაარსა, მაგრამ მისი ნაწილი ადგილობრივ ხელისუფლებას ეკუთვნის. ორივე მათგანის დამოუკიდებლობის ხარისხი ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ზომით განისაზღვრება. ტელეკომპანია თრიალეთის მფლობელი სახელისუფლებო პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, აქტივისტი და საქართველოს პარლამენტის წევრია. რთულია ვისაუბროთ იმაზე, რამდენად თავისუფალია ტელეკომპანია არსებული პოლიტიკური კონიუნქტურისგან, როცა მიმდინარე მოვლენებსს აშუქებს. რაც შეეხება ტელეკომპანია დიას, მისი მუშაობა დიდადაა დამოკიდებული ხელისუფლების პოზიციაზე ამა თუ იმ საკითხის მიმართ.

ამ ორი ტელეკომპანიის მუშაობის ხარისხის შედარება რთულია, რადგან ორივე განსხვავებული ხარისხის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და განსხვავებული კვალიფიკაციის კადრებს ფლობს. ტელეკომპანია თრიალეთი წლების მანძილზე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების და ფონდების მიერ გაცემული გრანტების რეციპიენტი მრავალჯერ იყო, ხოლო ტელეკომპანია დია, რომელიც ნაწილობრივ ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაშია, არც ერთი გრანტის რეციპიენტი არ ყოფილა. შესაბამისად, თუ თრიალეთი თავისი ტექნიკური და საკადრო რესურსით თამამად შეიძლება საქართველოს რეგიონული ელექტრონული მედიის ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციად დავასახელოთ, დია ერთ-ერთ ყველაზე შეჭირვებულ ორგანიზაციათა შორის შეიძლება მოვიაზროთ.

მედია და ხელისუფლება

შიდა ქართლში ისევე, როგორც საქართველოს რეგიონების უმეტესობაში, ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას ხელისუფლების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზების იარაღად განიხილავს. გარკვეული პერიოდის მანძილზე აქტიურად ხდებოდა დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა და შევიწროება. ამგვარი მიდგომის მაგალითია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გორში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის ხალხის გაზეთის რედაქტორის წინააღმდეგ. ამ საკითხში დედაქალაქის არასამთავრობო სექტორი ჩაერია და საქმემ რეზონანსი ქვეყნის მასშტაბით მიიღო.

დამოუკიდებელი მედიის საპირწონედ ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაში მყოფი მედია-ორგანიზაციები განიხილება. ეს უკანასკნელები უფრო სტაბილურად და რეგულარულად მიეწოდება ადგილობრივ აუდიტორიას, ვინაიდან ამაზეც ადგილობრივი ადმინისტრაციები ზრუნავენ.

რადგან ელექტრონული მედია უფრო ოპერატიულია, ვიდრე ბეჭდვითი, აუდიტორიაც ფართო, ხელისუფლებამ მასზე კონტროლის დაწესება პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა. ეს ტენდენცია ვარდების რევოლუციამდე გაცილებით ადრე გამოიკვეთა. ტელეკომპანია დია მთლიანად კერძო საკუთრებაში იყო, მაგრამ ადგილობრივი ადმინისტრაციის ძალისხმევით საკუთრების ნაწილი გამგეობამ მიიღო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, განსაკუთრებით, 2004 წლის ზაფხულში ცხინვალის ოლქში გართულებული სიტუაციის პერიოდში, რეგიონულმა ხელისუფლებამ წილი მოინდომა ტელეკომპანია თრიალეთის საკუთრებიდან. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის წყალობით ხელისუფლებამ განზრახული ვერ განახორციელა. ვარდების რევოლუციამდე გორში არსებობდა ტელეკომპანია ქართლი, რომელმაც რევოლუციის შემდეგ მაუწყებლობა შეწყვიტა. ამას ადგილობრივი ხელისუფლება ტელეკომპანიის ფინანსური პრობლემებით ხსნის, მაგრამ, ადგილობრივი არასამთავრობოების განცხადებით, ტელეკომპანია ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას შეეწირა.

მედია და საზოგადოება

საზოგადოება შიდა ქართლში პასიურია და მედიის მიმართ დაბალი ნდობა აქვს. გაზეთის მკითხველთა დიდი ნაწილი (40 წელს გადაცილებული ადამიანები), მიუჩვეველია თანამედროვე ჟურნალისტიკის სტანდარტებს და ამა თუ იმ გაზეთის ფურცლებზე განთავსებული სკანდალური ხასიათის მასალა გარკვეული პიროვნების ან ჯგუფის დაკვეთად მიაჩნია. როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული მედიის აუდიტორიის დიდი ნაწილი უფრო პუბლიცისტური ხასიათის მასალას ანიჭებს უპირატესობას. მაგრამ ცვლილება შეიმჩნევა ხალხის გაზეთის რედაქტორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის და სამართლებრივი დევნის შემდეგ. აღნიშნული გაზეთის აუდიტორია გაფართოვდა და ადგილობრივი მკითხველი ჟურნალისტიკის საგამოძიებო ჟანრით დაინტერესდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად გორშია თავმოყრილი და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ ძალას მხოლოდ თბილისურ არასამთავრობოებთან კოალიციაში წარმოადგენენ. ამ მხრივ გამონაკლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის წარმომადგენლობა წარმოადგენს, რომელიც აქტიურად იცავს მედიის თავისუფლების პრინციპებს და პრაქტიკულადაც ეხმარება მედიის წარმომადგენლებს, როგორც მათი უფლებების დაცვაში, ისე საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას შექმნილი ადმინისტრაციული ბარიერების სასამართლო წესით გადალახვაში.

გორი

გაზეთი გორის მოამბე

გაზეთი დაარსდა 1994 წელს გორის რაიონული გამგეობის მიერ. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, მაგრამ მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების საკუთრებაა.

შინაარსობრივად გაზეთი გორის მოამბე საკმაოდ ერთფეროვანია და, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აშუქებს, აქვეყნებს მერიისა და საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დადგენილებებს. რედაქცია ცდილობს გაზეთი კრიტიკული იყოს, მაგრამ ბოლომდე ვერ ახერხებს. ასე მაგალითად, გამოაქვეყნეს პუბლიკაცია კორუფციაზე. ავტორი კონკრეტული პირების დასახელების გარეშე ცდილობდა არსებულ ვითარებაზე მსჯელობას. მიუხედავად იმისა, რომ სტატია საკმაოდ რბილი იყო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაზეთის რედაქტორი რამდენჯერმე დაიბარეს და საყვედური უთხრეს. ამის შემდგომ გორის მოამბის რედაქტორსა და მხარის რწმუნებულის აპარატს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის შემდეგაც გაზეთმა კიდევ რამდენიმე სტატია მიუძღვნა კორუფციას განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებში. და მაინც მისი ზოგადი ხასიათი არ შეცვლილა: იგი უფრო პუბლიცისტურ და ესეისტურ გაზეთად რჩება, რომელიც ნაკლებ აქცენტს აკეთებს ფაქტებსა და ანალიზზე.

გორის მოამბეს საკუთარი შემოსავალი თითქმის არ გააჩნია, რეკლამების და ფასიანი განცხადებების სიმწირეს გაზეთის ბაზაზე არსებული კომპიუტერული ცენტრის კომერციული საქმიანობიდან შემოსული თანხა ავსებს. გაზეთი ყოველწლიურად 14000 ლარის ოდენობის სუბსიდიას იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რაც თითქმის მთლიანად გაზეთის ბეჭდვას ხმარდება და ხელფასების მინიმუმსაც ვერ წვდება.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება თავად გორის მოამბის ბაზაზე არსებულ კომპიუტერულ ცენტრში ხდება, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და 1000 ტირაჟით ყოველკვირეულად იბეჭდება. ტირაჟის უმეტესი ნაწილი, 700 ეგზემპლარი, ადგილობრივი ხელისუფლების წყალობით მოზიდულ ხელმომწერებზე, უფრო საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე და გორის რაიონის სოფლის საკრებულოებზე ვრცელდება.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა 2 კომპიუტერით შემოიფარგლება. გაზეთის სარგებლობაშია რედაქტორის პირადი ფოტოაპარატი.

გორის მოამბეს ოთხი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, კორექტორი და ჟურნალისტი.

გაზეთი შიდა ქართლი

გაზეთი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ადრე გამომავალი ქართულენოვანი გაზეთის საბჭოთა ოსეთის სამართალმემკვიდრეა. 1991-1992 წლების კონფლიქტის შემდეგ გაზეთის რედაქციის დევნილმა თანამშრომლებმა გაზეთის გამოცემა შიდა ქართლის სახელით გააგრძელეს.

გაზეთი მთლიანად ხელისუფლების დაფინანსებაზეა დამოკიდებული, რაც იმდენად მცირეა, რომ გაზეთის თანამშრომლებს წლობით ხელფასი არ მიუღიათ და მხოლოდ გაზეთის გამოცემის ხარჯებს ხმარდება. შიდა ქართლი უფასოდ ურიგდება ცხინვალის ოლქიდან ლტოლვილ მოსახლეობას და დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ქართულ სოფლებს. შიდა ქართლი პოლიტიკაზე თითქმის არ წერს; მეტწილად პუბლიცისტური ხასიათის წერილებს აქვეყნებს ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და რეგიონის ისტორიის შესახებ.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. მისი აწყობა-დაკაბადონება ადგილობრივი ხელისუფლების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხდება. გაზეთი A4 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და 1000 ტირაჟით იბეჭდება.

შიდა ქართლს 25 თანამშრომელი ჰყავს. მათი უმრავლესობა, სინამდვილეში, არ მუშაობს, მაგრამ გაზეთის ძველი თანამშრომლები არიან და დღემდე შტატში ირიცხებიან.

გაზეთი ლიტერატურული ცხინვალი

გაზეთი ლიტერატურული ცხინვალი გაზეთ შიდა ქართლის მსგავსად ლტოლვილი ჟურნალისტების მიერ არის დაფუძნებული. მის დაარსებაში წვლილი მიუძღვით საქართველოს პარლამენტს და მწერალთა კავშირს, რომელთა დაფინანსებითაც ამ ხნის მანძილზე გამოდიოდა.

გაზეთის ფურცლებზე ქვეყნდება ქართველი და ოსი მწერლების ნაწარმოებები, ინფორმაციები ცხინვალის რეგიონში ჩატარებული კულტურული ღონისძიებების შესახებ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე, რეგიონის წარსულსა და აწმყოზე. ზოგჯერ პოლიტიკური ხასიათის მასალაც იბეჭდება, ძირითადად, კონფლიქტის მოგვარების საკითხებსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

არც ლიტერატურულ ცხინვალს აქვს ტექნიკური აღჭურვილობა. მისი აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ხელისუფლების დახმარებით გორსა და თბილისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, თორმეტგვერდიანია, ტირაჟით - 500 ცალი თვეში ერთხელ გამოდის და უფასოდ ვრცელდება.

გაზეთს 13 თანამშრომელი ჰყავს.

გაზეთი ხალხის გაზეთი

გაზეთი დაარსდა 2003 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია გორის სადისკუსიო კლუბის ბაზაზე. ხალხის გაზეთი იმთავითვე დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

ხალხის გაზეთის დაფუძნება ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის საქმიანობას უკავშირდება. მისი დამფუძნებელი და რედაქტორი გორში გამომავალ დამოუკიდებელ გაზეთ თრიალეთში მუშაობდა, რომელიც ამავე სახელობის ტელეკომპანიის შვილობილ ორგანიზაციად მოიაზრება და ერთი და იგივე მესაკუთრე ჰყავს. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანიის დამფუძნებელი და მეპატრონე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაება და საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიითაც იყარა კენჭი. ამან თავისთავად გავლენა იქონია როგორც ტელეკომპანიის, ისე გაზეთის მუშაობის სტილზე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხზე. ამის საფუძველზე გაზეთ თრიალეთის კოლექტივის ნაწილი რედაქტორ რევაზ ოქრუაშვილის ხელმძღვანელობით გაზეთიდან წავიდა და დამოუკიდებელი გამოცემის დაარსება გადაწყვიტა. მაშინ უკვე არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაცია გორის სადისკუსიო კლუბი, რომლის თავმჯდომარეც რევაზ ოქრუაშვილი იყო. ამ ორგანიზაციის ტექნიკურმა ბაზამ და საკადრო რესურსმა საშუალება მისცა გაზეთ თრიალეთიდან წამოსულ ჟურნალისტებს ახალი გაზეთი დაეარსებინათ.

ხალხის გაზეთის აქტივობის პიკი 2004 წლის ზაფხულში ცხინვალის ოლქში კონფლიქტური სიტუაციის გამწვავებას დაემთხვა. გაზეთი აქტიურად წერდა ადგილობრივ ხელისუფლებაში არსებული კორუფციისა და კანონდარღვევების შესახებ, აშუქებდა ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს და ანტიკონტრაბანდისტული ოპერაციის მსვლელობისას გამოვლენილ დარღვევებს.

კონტრაბანდის თემა და მასში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობა გაზეთის ყურადღების ცენტრში დადგა და მის ძირითად თემად იქცა. ამ ფაქტმა ხელისუფლების ყურადღება მიიპყრო და გაზეთზე ზეწოლაც დაიწყო. თავდაპირველად გაზეთის რედაქტორზე და კოლექტივზე ზეწოლა მუქარით გამოიხატებოდა, შემდეგ სხვა ფორმებიც მიიღო.

2004 წლის აგვისტოს დასაწყისში სამართალდამცავებმა საგანგებო ოპერაცია ჩაატარეს გორში ნარკოტიკებით მოვაჭრეთა გამოვლენისა და დაპატიმრების მიზნით, რომლის ერთადერთი მსხვერპლიც დამოუკიდებელ გაზეთ ხალხის გაზეთის რედაქტორი რევაზ ოქრუაშვილი აღმოჩნდა. ადგილობრივი და თბილისელი ადამიანის უფლებათა დამცველების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, ოქრუაშვილის დაკავება უკანონოდ და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პროცედურული ნორმების დარღვევით მოხდა; მაგალითად, ნარკოტიკული ნივთიერების, როგორც ნივთმტკიცების, ამოღების მოწმეები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის პოლიციის განყოფილებაში პრაქტიკაზე მყოფი პირი და რევაზ ოქრუაშვილის მიერ ბინის ქურდობაში მხილებული პიროვნების ძმა, ანუ დაინტერესებული პირები. ადგილობრივ უფლებათა დამცველების განცხადებით, სასამართლო პროცესის მსვლელობისას სისტემატურად ხდებოდა ზეწოლა მოსამართლესა და დაკავებული პირის ადვოკატებზე. მიუხედავად ადგილობრივი და დედაქალაქის არასამთავრობო ორგანიზაციათა მცდელობისა, დაეცვათ ხალხის გაზეთის რედაქტორი და უზრუნველეყოთ საგამოძიებო და სასამართლო პროცესის გამჭვირვალობა, რევაზ ოქრუაშვილს წინასწარი სამთვიანი თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს. გორში მიმდინარე მოვლენები ლოკალიზებას არ ექვემდებარებოდა და სერიოზული სკანდალის საფუძველს წარმოადგენდა; ამიტომ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე დღეში პროკურატურის ინიციატივით მსჯავრდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ისევე გაუმჭვირვალედ მოხდა, როგორც გამოძიება და სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. ოქრუაშვილს ჯერ ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც იგი უარს ამბობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატების მომსახურებაზე. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურასთან შეთანხმებით შერჩეული ადვოკატი იმუშავებდა. საპროცესო შეთანხმებით ბრალისა და სასჯელის აღიარების საფუძველზე რევაზ ოქრუაშვილი გაათავისუფლეს. მსგავსი გარიგება ითვალისწინებს ბრალდებულის სამართალდამცავებთან შემდგომ თანამშრომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურას უფლება აქვს განაახლოს სისხლის სამართლის საქმე და რახან საპროცესო შეთანხმებით ბრალდებულმა სასჯელიც აღიარა, ხელახალი ძიების გარეშეც აღასრულოს სასამართლოს განაჩენი. ეს ადგილობრივ ხელისუფლებას საჭიროების შემთხვევაში ხალხის გაზეთზე ზეწოლის საშუალებას უტოვებს. მიუხედავად ამისა, გაზეთი უფრო კომპრომისული ან ხელისუფლებისადმი დამთმობი არ გამხდარა.

გაზეთი ძველებურად აგრძელებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში არსებული კორუფციისა და კონტრაბანდის თემაზე წერას. რევაზ ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ კი პუბლიკაციების სერია მიეძღვნა წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ სამართალდარღვევების და ძიების პროცესში პროცედურული ნორმების დარღვევების შემთხვევებს.

ხალხის გაზეთი 2004 წლის გაზაფხულზე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის გრანტის რეციპიენტი გახდა, რომელიც მას ორგანიზაციულ და ტექნიკურ განვითარებაში ეხმარება. გაზეთის კოლექტივი სისტემატურად გადის ტრენინგებს ჟურნალისტური კვალიფიკაციის ამაღლების, მარკეტინგული და მენეჯერული ცოდნის მიღების, გაზეთის მომზადების ტექნიკური საკითხების გაუმჯობესების მიზნით. ამ პერიოდში ხალხის გაზეთმა დაბეჭდილი ტირაჟის უმეტესი ნაწილის სტაბილური გაყიდვის დონეს მიაღწია და ორიენტაცია ხელმომწერების რაოდენობის გაზრდაზე აიღო.

გაზეთის აწყობა-დაკაბადონება გორში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. ხალხის გაზეთი A3 ფორმატისაა, თორმეტგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. მისი ტირაჟი 500-იდან 700-მდე მერყეობს, რომლის ნაწილი ხელმომწერებზე ვრცელდება, ნაწილი კი 40 თეთრის ღირებულებით საცალო გაყიდვაში გადის.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობაა სამი კომპიუტერი, სამი პრინტერი, სკანერი, სამი დიქტოფონი და ციფრული ფოტოაპარატი.

გაზეთს ჰყავს მთავარი რედაქტორი, ორი ტექნიკური მუშაკი, კორექტორი, მარკეტინგის სპეციალისტი და ექვსი ჟურნალისტი. გარდა ამისა, ხალხის გაზეთს ჰყავს შტატგარეშე კორესპონდენტები ცხინვალში, ხაშურსა და ქარელში.

გაზეთი თრიალეთი

გაზეთი დაარსდა ტელეკომპანია თრიალეთის ბაზაზე მისივე მესაკუთრის მიერ 2001 წელს და იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული. მისი სისტემატური გამოსვლა 2003 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად გაზეთი მთლიანად ტელეკომპანიის საინფორმაციო განყოფილების მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო რესურსებით არსებობდა, მაგრამ თანდათანობით შეძლო საკუთარი შემოსავლების მობილიზება და დღეს ორგანიზაციულად ცალკე სტრუქტურას წარმოადგენს.

გაზეთის სახე თავიდან ინფორმაციულობაზე იყო მიმართული, მაგრამ რედაქციამ მომხმარებლების ინტერესები გაითვალისწინა და გაზეთი შინაარსობრივად უფრო მრავალფეროვანი გახადა. თრიალეთს დაემატა კულტურის, სპორტის, მედიცინის, რელიგიის რუბრიკები, ასევე გასართობი გვერდი. გაზეთი ყურადღებით ეკიდება მკითხველთაგან შემოსულ ზარებს და წერილებს, რომლებშიც ისინი მათთვის საინტერესო თემების გაშუქებას ითხოვენ.

გაზეთი აქტიურად აშუქებს კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას და კონტრაბანდასთან ბრძოლის პოლიტიკას. იგი გვერდს არ უვლის ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უსიამოვნო თემებს, როგორიცაა კორუფცია და კონტრაბანდაში ადგილობრივი ძალოვნების მონაწილეობა. თრიალეთი არაერთხელ დაინტერესებულა რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობით. გასაგებია, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაც უწევს ხოლმე. ვარდების რევოლუციამდე ხშირი იყო გაზეთის ჟურნალისტების ცემის, მათი აპარატურის მსხვრევის ფაქტები. რევოლუციის შემდეგაც აქვს ზეწოლას ადგილი. რამდენიმე სტატიას საგადასახადო დეპარტამენტში არსებული სამართალდარღვევების შესახებ გაზეთის ჟურნალისტის მიმართ სატელეფონო მუქარების სერია მოჰყვა.

გაზეთზე ზეწოლის ერთი შემთხვევა სასამართლოს გამოყენებით მოხდა. სტატიაში გორის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესახებ აღნიშნული პირის ფოტო იყო გამოყენებული. ეს ფოტო სასამართლო დავის საგანი გახდა. მომჩივანი მხარე იმას, რომ ფოტოზე წვერითაა გამოსახული, პირადი ღირსების შელახვად მიიჩნევდა და გაზეთ თრიალეთისგან ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. სასამართლომ იმ მოტივით, რომ გაზეთის ფურცლებზე დაუქორწინებელი მამაკაცის წვერიანი ფოტო მის „იმიჯს“ ცვლის, მომჩივანის სარჩელი დააკმაყოფილა და გაზეთს მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობაა: 3 კომპიუტერი, სკანერი, პრინტერი, ციფრული ფოტოაპარატი და 3 დიქტოფონი. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, თორმეტგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ ტირაჟით - 1000 ცალი. ცალი 50 თეთრი ღირს.

თრიალეთს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, ტექნიკური რედაქტორი, კორექტორი და სამი კორესპონდენტი.

ტელეკომპანია თრიალეთი

ტელეკომპანია 1990 წელს დაარსდა ორი კერძო პირის მიერ. იგი შეზღუდული საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული და ოჯახურ ბიზნესს წარმოადგენს.

თავიდან ტელეკომპანიას ძალზედ რთულ პირობებში უწევდა მუშაობა; სულ რამდენიმე ვიდეომაგნიტოფონით და ტელევიზორით მაუწყებლობდა. მალე მის საქმიანობას საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიაპყრეს ყურადღება და საშუალება მისცეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაეუმჯობესებინა და კადრების კვალიფიკაციის დონე აემაღლებინა. ტელეკომპანიას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ევრაზიის ფონდის ოთხი გრანტი, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თითო გრანტი, ტექნიკური დახმარება IREX-იდან. თრიალეთის ჟურნალისტები სისტემატურად იღებენ მონაწილეობას ინტერნიუსის ტრენინგებში და სემინარებში. ყოველივე ამის წყალობით ტელეკომპანია თრიალეთი რეგიონის უძლიერეს მედია-ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და საქართველოს რეგიონულ მედიაშიც გამორჩეული ადგილი უკავია.

თრიალეთი თბილისური ტელეკომპანია რუსთავი2-ის პარტნიორი ორგანიზაციაა, რომელთანაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული მისი გადაცემების რეტრანსლაციის თაობაზე. ეს თანამშრომლობა ფინანსურად არაფერში არ გამოიხატება და თრიალეთს მხოლოდ საეთერო დროის შევსების საშუალებას აძლევს. საკუთრივ თრიალეთის გადაცემები შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: საინფორმაციო გამოშვება, რომელიც დღეში ხუთჯერ გადის; ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება ოსურ ენაზე; ტოკ-შოუ „თემა“; საკვირაო ანალიტიკური გადაცემა „კვირის თემა“, რომელშიც მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხდება კვირის მანძილზე მომხდარი საინტერესო ამბების განხილვა; გასართობი ტოკ-შოუ „რეგიონის სტუმარი“, რომელშიც იწვევენ პოლიტიკოსებს, მსახიობებს, გამოჩენილ პიროვნებებს თბილისიდან; გასართობი გადაცემა „ნაცნობი სახეები"; ლიტერატურული გადაცემა „ლირა“; ტელევიზიასთან არსებული საბავშვო-საყმაწვილო სტუდიის მიერ მომზადებული გადაცემათა ციკლი.

ტელეკომპანიის შემოსავლის ძირითადი წყაროა რეკლამები და ფასიანი განცხადებები, ნეკროლოგები და მილოცვები, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებთან ერთად ტელევიზიის სრულფასოვანი მუშაობისათვის საკმარისია.

ტელეკომპანიის მუშაობით როგორც ვარდების რევოლუციამდელი, ისე რევოლუციის შემდგომი ხელისუფლება კმაყოფილი არაა. მართალია, ტელეკომპანიის დამფუძნებელი სახელისუფლებო პარტიის და საქართველოს პარლამენტის წევრია, თრიალეთი კრიტიკულობას რევოლუციის შემდეგაც ინარჩუნებდა, მაგრამ მალე მოუწია კომპრომისზე წასვლა და საინფორმაციო გამოშვების მომზადება რამდენიმე თვით შეაჩერა. ეს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა და ტელეკომპანიის დამფუძნებლისგან მისი გაყიდვა მოითხოვა. დაძაბულობა თრიალეთსა და რეგიონის ხელმძღვანელობას შორის მალე მოიხსნა და ტელეკომპანიამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

თრიალეთის ტექნიკური აღჭურვილობაა: 9 კომპიუტერი, 9 ციფრული კამერა, ციფრული სამონტაჟო, ვიდეომაგნიტოფონები და მონიტორები. აქვს კარგად აღჭურვილი რამდენიმე სტუდია და საკუთარი გადამცემი. ტელეკომპანიის მაუწყებლობა მთელ შიდა ქართლის რეგიონზე და ცხინვალის რეგიონის ნაწილზე, ქალაქ ცხინვალის ჩათვლით, ვრცელდება. თრიალეთს ლიცენზია მაუწყებლობაზე 2011 წლამდე აქვს. ტელეკომპანიაში 60 ადამიანი მუშაობს.

გორის ადგილობრივი თვითმმართველობის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი

გორის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა 2003 წელს შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და ფონდ ევრაზიის დაფინანსებით და დაფუძნდა სხვადასხვა ქალაქში ანალოგიური ცენტრების ქსელის ნაწილის სახით (თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, ლანჩხუთი, ამბროლაური). ცენტრის საქმიანობა მიმართულია მოქალაქეთათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე.

ბიულეტენში მოცემულია ინფორმაცია დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობისა და თათბირების, დამთავრებული კომუნალური მომსახურეობების ტარიფების შესახებ. ბიულეტენი აქვეყნებს აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებს.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი მოქალაქეების დაინტერესებას ამა თუ იმ პრობლემით სოციოლოგიური კვლევების საშუალებით სწავლობს და კვლევისას გამოვლენილ ყველაზე მწვავე საკითხს ბიულეტენის ერთ ნომერს უძღვნის.

ბიულეტენის მომხმარებლები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლების უწყებები და რიგითი მოქალაქეები.

საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენი ორ კვირაში ერთხელ გამოდის, რვაგვერდიანია და A4 ფორმატისაა. აწყობა-დაკაბადონება ხდება ადგილზე, ბეჭდვა - თბილისში. თელავის საინფორმაციო ცენტრის ბიულეტენის ტირაჟი ათასია. აქედან 800 მოქალაქეებს უფასოდ ურიგდება, 200 კი - ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ბიულეტენის გამოცემაზე საინფორმაციო ცენტრის 4 თანამშრომელი მუშაობს: დირექტორი, ორი ტექნიკური თანამშრომელი და ბუხჰალტერი.

ქარელი

გაზეთი ქარელის მოამბე

გაზეთი 1939 წელს დაარსდა როგორც კომუნისტური პარტიის ქარელის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო და თავდაპირველად მას ქარელის კოლმეურნე ერქვა. მოგვიანებით გაზეთს ოქტომბრის გზით დაერქვა, 1990-იანი წლების დასაწყისში კი სამრეკლო. 1990-იანი წლების კრიზისულ პერიოდში გაზეთი აღარ გამოდიოდაა 2003 წლის მაისიდან გაზეთმა სისტემატურად იწყო გამოსვლა ახალი სახელით ქარელის მოამბე.

გაზეთი დღემდე ადგილობრივი გამგეობის საკუთრებაშია და მისი დაფინანსებით გამოდის. ქარელის მოამბის აღდგენაც ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით მოხდა. გაზეთი შინაარსობრივად ძველი ჟურნალისტიკის ტრადიციებს არ ღალატობს და მეტწილად პუბლიცისტური ხასიათის მასალებს აქვეყნებს. მის გვერდებზე ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაც შუქდება. ხელისუფლების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გაზეთს თავად გამგეობა და რაიონის საკრებულო აწვდიან. გაზეთი უყურადღებოდ არ ტოვებს რაიონის სპორტულსა და კულტურულ ცხოვრებას, გამოჩენილ ქარელელებს. ქარელის მოამბის გვერდებზე გაინტერესებულ მკითხველებს საშუალება აქვთ კითხვები დაუსვან ექსპერტებს იურიდიულ და სოფლის მეურნეობის საკითხებზე და სათანადო პასუხები მიიღონ.

როგორც აღვნიშნეთ ქარელის მოამბის აღდგენა ადგილობრივი გამგეობის ინიციატივით და ფინანსური ძალისხმევით მოხდა, შესაბამისად, გამგეობა რედაქციისგან მოითხოვს გაზეთის მაღალხარისხიანობას. გამგეობის მოთხოვნით ქარელის მოამბე ოთხის ნაცვლად რვა გვერდზე იბეჭდება და შავ-თეთრის ნაცვლად ფერადი გახდა. ეს, რა თქმა უნდა, ხარჯებს ზრდის, მაგრამ დაფინანსება და შემოსავალი გაზეთს იგივე რჩება. რეკლამა ქარელის მოამბეში თითქმის არაა, ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხები კი მისი სრულფასოვანი მუშაობისთვის და სახელფასო ფონდის შესავსებად საკმარისი არაა. ერთადერთი რაშიც გამგეობა დაფინანსების გარდა ქარელის მოამბეს დაეხმარა, ეს ხელმოწერების შეგროვებაა.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია და მისი აწყობა-დაკაბადონება კერძო კომპიუტერულ ცენტრში ხდება, ხოლო ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის (პერიოდულობა ხშირად ირღვევა). ტირაჟი 500 ცალია. აქედან 400 ხელმომწერებზე ვრცელდება. საცალო გაყიდვაში 40 თეთრი ღირს.

გაზეთს 5 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და სამი კორესპონდენტი.

კასპი

გაზეთი ახალი განთიადი

გაზეთი 1931 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის კასპის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. თავდაპირველად მას კომუნიზმისაკენ ერქვა. 1990-იანი წლების დასაწყისში გაზეთს სახელი შეეცვალა და განთიადი დაერქვა. კრიზისულ პერიოდში გაზეთი არ გამოდიოდა. შემდეგ გამგეობის და კოლექტივის ინიციატივით ახალი განთიადის სახელით დაიწყო გამოსვლა.

გაზეთი ადგილობრივი გამგეობის მიერაა დაფუძნებული და მას ეკუთვნის. შინაარსობრივად მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და უფრო ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას აშუქებს. გაზეთში იბეჭდება გამგეობის და საკრებულოს დადგენილებები, გადაწყვეტილებები და თათბირების რეზიუმირებული მასალები. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი ხელისუფლებასთან ურთიერთობებს უფრთხილდება, ადგილზე არსებულ აქტუალურ პრობლემებს გვერდს არ უვლის და აქვეყნებს სტატიებს რაიონში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, წყლის და ჰაერის დაბინძურებისა და მისი შედეგების შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე. გაზეთის თანამშრომლები გამოთქვამენ წუხილს, რომ მათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებზე ხელი არ მიუწვდებათ. ახალი განთიადი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და, ძირითადად, ეკოლოგიურ საკითხებზე ექსპერტების აზრის გადმოცემით შემოიფარგლება. გარდა გარემოს დამცველი ორგანიზაციებისა, გაზეთთან აქტიურად თანამშრომლობს ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ადგილის დედა, რომელიც გაზეთის ფურცლებზე ქალთა უფლებების შესახებ წერს და მის მიერ გაწეულ სამუშაოს აშუქებს. ახალი განთიადი წერს რელიგიურ თემატიკაზეც. აშუქებს ადგილობრივი ეპარქიის ცხოვრებას, აქვეყნებს მასალებს მართლმადიდებლური დღესასწაულების, ადგილობრივი არქიტექტურული ძეგლებისა და რაიონის ისტორიის შესახებ.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. მისი აწყობა-დაკაბადონება ადგილობრივი გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით ხდება. იბეჭდება თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია, კვირაში ერთხელ გამოდის ტირაჟით - 500 ცალი. საცალო ღირებულება 20 თეთრია.

ახალ განთიადს 4 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ბუხჰალტერი და ჟურნალისტი.

ხაშური

გაზეთი ხაშურის მოამბე

გაზეთი დაარსდა 1931 წელს როგორც კომუნისტური პარტიის ხაშურის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის ორგანო და თავდაპირველად მას სტალინისის საყვირი, მოგვიანებით კი ბოლშევიკური სიტყვა, გამარჯვების გზა და ალიონი ერქვა.

დღეს გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ჟურნალისტთა კოლექტივის მიერ არის დაფუძნებული. მიუხედავად ამისა, დამოუკიდებელი ფინანსური არსებობა არ შეუძლია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ხაშურის მოამბესა და ადგილობრივ გამგეობას შორის ხელშეკრულებაა გაფორმებული ამ უკანასკნელის მუშაობის გაშუქების თაობაზე და შემოსავლის დიდ წილს სწორედ გამგეობა უზრუნველყოფს.

გაზეთი შინაარსობრივი მრავალფეროვნებით და აქტიური სამოქალაქო პოზიციით არ გამოირჩევა. აშკარაა ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ნაკლებობა. გამგეობის მუშაობაზე მშრალი ინფორმაცია ქვეყნდება და ანალიზს არ შეიცავს. ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა წარმოდგენილია გამგეობისა და საკრებულოს დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით, ინფორმაციით თათბირების, სამუშაო შეკრებების და მათზე განხილული საკითხების შესახებ. გარდა ამისა, გაზეთი აქვეყნებს რელიგიური დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღებისადმი მიძღვნილ პუბლიკაციებს, რაიონის ისტორიის ამსახველ სტატიებს და გამოჩენილი ხაშურელებისადმი მიძღვნილ წერილებს. ცალკე გვერდები აქვს მიჩენილი სოფლის მეურნეობის, კულტურისა და მედიცინის საკითხებს.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობაა: გამგეობის დახმარებით შეძენილი ორი კომპიუტერი, სკანერი, პრინტერი და დიქტოფონი. ხაშურის მოამბის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, მისი მოცულობა 4-იდან 12 გვერდამდე მერყეობს, ტირაჟი 500 ცალია და გვერდების რაოდენობის მიხედვით 20-იდან 50 თეთრამდე ღირს.

ხაშურის მოამბეს 7 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ორი განყოფილების გამგე, ოპერატორი, კორექტორი და დამლაგებელი.

ტელეკომპანია დია

ტელეკომპანია დაარსდა 1990 წელს როგორც იბერვიზიის ხაშურის ფილიალი. მოგვიანებით, როცა ამ თბილისურმა კომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა, ტელევიზია დამოუკიდებელ მედია-ორგანიზაციად ჩამოყალიბდა და დია დაერქვა. მისი დამფუძნებლები ორი კერძო პირი და ხაშურის რაიონის გამგეობაა. ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი 51%25 კერძო პირების ხელშია და მხოლოდ 49%25-ია გამგეობის მფლობელობაში.

დიას დაფუძნებაში გამგეობა თავდაპირველად არ მონაწილეობდა, მაგრამ 1994 წელს ტელეკომპანიის დამფუძნებლებს ფინანსური პრობლემების გამო ეროვნული ბანკის ხაშურის ფილიალიდან სესხის გამოტანა დასჭირდათ, რის სანაცვლოდაც გამგეობამ დიაში მონაწილეობა მოითხოვა, რისი უფლებაც თავისთავად მას არ ჰქონდა.

დიას მაუწყებლობა მეტად შეზღუდულია და საეთერო დროის მხოლოდ ორ საათს იჭერს. დანარჩენ დროს რუსთავი2-ის გადაცემების მაუწყებლობა ხდება, რაზეც შესაბამისი ხელშეკრულებაა გაფორმებული. რუსთავი2-თან საქმიანი ურთიერთობა ფინანსურ მხარეს არ გულისხმობს.

გამგეობის მონაწილეობა ტელეკომპანიას არანაირ შემოსავალს არ აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ პრობლემებსაც კი უქმნის. გამგეობას თავისი მოთხოვნები აქვს ტელევიზიის მიმართ, კერძოდ, სურს ტელევიზიამ მოვლენები მიკერძოებულად გააშუქოს, რაც ხელისუფლებასა და ტელეკომპანიის მესვეურებს შორის დაძაბულობას ქმნის. გარდა ამისა, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ტელეკომპანიას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც დიასთან ურთიერთობა აქვს ინტერნიუსია, რომელიც სისტემატურად იწვევს მის ჟურნალისტებს ტრენინგებზე და ტელეკომპანიას სოციალურ რეკლამებს უკვეთს.

ორსაათიან საეთერო დროს დია ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვებით, საავტორო გადაცემით ლიტერატურული ხაშური, მუსიკალურ-გასართობი პროგრამით შესანიშნავი შვიდეული და შემეცნებით-გასართობი გადაცემით რა? სად? როდის? ავსებს. დროის გარკვეულ ნაწილს ფასიანი განცხადებები, მილოცვები და ნეკროლოგები იჭერს.

ტელეკომპანია ფლობს საკუთარ ანძას და გადამცემს, რომლითაც ხაშურის რაიონს ფარავს. მისი ტექნიკური აღჭურვილობაა: VHS სისტემის სამი ვიდეოკამერა, ერთი ციფრული კამერა, ერთი სამონტაჟო კომპიუტერი და ერთი კომპიუტერიც მორბენალი სტრიქონისთვის.

დიას 15 თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში, ბუხჰალტერი, მოლარე, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ოთხი ჟურნალისტი, რეჟისორი, ოთხი ვიდეოინჟინერი და მემონტაჟე.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

____________________

1 შიდა ქართლის რეგიონში კვლევა 2004 წლის 26-29 ოქტომბერს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

12 იმერეთი1

▲ზევით დაბრუნება


იმერეთის ფართობი საქართველოს ტერიტორიის 9,2%25-ს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა საქართველოს მოსახლეობის 16%25-ს2. იმერეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საერთო შიდა პროდუქტის ინდექსის მიხედვით (0,46) მეათე ადგილზეა საქართველოს თერთმეტ რეგიონს შორის.

რეგიონის სპეციფიკა და მისი გავლენა მედიის განვითარებაზე

იმერეთის რეგიონი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მჭიდროდ დასახლებულ მხარეს წარმოადგენს. მისი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა საბჭოთა პერიოდის ინდუსტრიალიზაციის ხანაში ჩამოყალიბდა. აქ არსებული სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების პარალელურად განვითარდა მძიმე, მსუბუქი და კვების მრეწველობის სხვადასხვა დარგი და მისთვის საჭირო კადრების მომზადების ინფრასტრუქტურა.

რეგიონში მსხვილ ინდუსტრიულ ცენტრებს ქუთაისი და ზესტაფონი წარმოადგენდა. ქალაქები ტყიბული, ჭიათურა და სამტრედია საქართველოს და საბჭოთა კავშირის სამთო-სამადნო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში იყო ჩართული. წყალტყუბოს, ხონის (საბჭოთა პერიოდში წულუკიძე), ვანის, ბაღდათის (საბჭოთა პერიოდში მაიაკოვსკი), თერჯოლის, ხარაგაულის, საჩხერის რაიონები სოფლის მეურნეობის ზონებად რჩებოდა. წყალტუბო და ბაღდათი საკურორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ცენტრები იყო. ამ რაიონებში აგრარული სექტორი უმეტესწილად ჩაის მოყვანითა და გადამუშავებით (ხონი და წყალტუბო) ან მეღვინეობით (თერჯოლა, ბაღდათი, ზესტაფონი, ხარაგაული) იყო დაკავებული. გარდა აღნიშნული დომინანტური მიმართულებებისა, აქ განვითარებული იყო მეცხოველეობა-მეფრინველეობის, ტექნიკურ და მარცვლოვან კულტურათა მეურნეობები.

ადგილობრივი ეკონომიკური ინფრასტრუქტურა საბჭოთა კავშირის დაგეგმარებითი ეკონომიკის შედეგად ჩამოყალიბდა და მისი როგორც მძიმე და მსუბუქი, ისე კვებითი მრეწველობის პროდუქცია საბჭოთა ბაზრის „გეგმურ“ მოთხოვნილებებზე იყო გათვლილი. საბჭოთა კავშირის რღვევამ, ცხადია, იმერეთის რეგიონში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მოშლაც გამოიწვია. დღევანდელ პირობებში ძველი ფაბრიკა-ქარხნების და მეურნეობების უმეტესობა უფუნქციოდ დარჩა, რაც დიდად განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ადმინისტრაციის ეკონომიკურ პოლიტიკას და რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობათა ხასიათს. უფუნქციოდ დარჩენილი ფაბრიკა-ქარხნების შენობები, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ყოფილი საბჭოთა მეურნეობების სავარგულები და მათზე განთავსებული საირიგაციო-სადრენაჟო თუ სხვა დანიშნულების ნაგებობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოსთვის ზედმეტ ტვირთს წარმოადგენდა შესანახი ხარჯების გამო, მეორე მხრივ, შეიძლებოდა მოგების წყაროდ გამხდარიყო უცხოური ინვესტიციების თუ ადგილობრივი კაპიტალის დაინტერესების ფონზე. მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნული ინფრასტრუტურის მიმართ ინტერესი მცირეა. მსგავს ვითარებაში არსებული ქონება „სპეკულაციური“ კაპიტალის და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ჩინოსნების ინტერესების სფეროში ხვდებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ პრივატიზაციის ნუსხაში მოხვედრილ და პრივატიზებულ საწარმოთა უმეტესობა, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაუმჭვირვალე და საეჭვო გარიგებების შედეგად გაიყიდა, არათუ თავისი პროფილით, არამედ საერთოდ არ მუშაობს. ხდება მათი დაშლა შავი და ფერადი ლითონის ჯართად, ხოლო რკინა-ბეტონის კონსტრუქციების საშენ მასალად გაყიდვა. მეპატრონეები ასე იღებენ შემოსავლს.

მსგავსი ეკონომიკური საქმიანობით წლების მანძილზე არამარტო პრივატიზებული ფაბრიკა-ქარხნების მეპატრონეები იყვნენ დაკავებულნი, არამედ დღემდე სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოების სახელმწიფოს მიერ დანიშნული დირექტორებიც. იმერეთში ათასობით ადამიანის არსებობის წყარო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა და ბიზნესმენების გაუმჭვირვალე გარიგებების შედეგად უფუნქციოდ დარჩენილი ინფრასტრუქტურის უტილიზაციის პროცესში ჩართულობაა.

იმერეთის რეგიონში მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობითაა დაკავებული, თუმცა, ძნელია ვისაუბროთ მოგებაზე ორიენტირებული მსხვილი მეურნეობების არსებობაზე. საბჭოთა კოლექტიური მეურნეობების დაშლის შემდეგ იმერეთის აგრარული ზონის მოსახლეობის ეკონომიკური სტრუქტურირება თვითკმარ საოჯახო მეურნეობებში მოხდა, რაც უფრო თვითგადარჩენაზეა ორიენტირებული, ვიდრე მოგებაზე. მოსახლეობის სიმჭიდროვე, მიწის დეფიციტი და მეტწილად რთული მთიანი რელიეფი სოფლის მეურნეობის რენტაბელობას ხელს არ უწყობს.

ქალაქის და სოფლის ეკონომიკურ ინფრასტრუქტურებში არსებული პრობლემების გამო იზრდება მოსახლეობის გარე და შიდა მიგრაცია. ჩამოყალიბდა როგორც ცალმხრივი მიგრაციული პროცესის ინფრასტრუქტურა (ტურისტული ფირმებისა და ტრეფიკინგით დაკავებული ორგანიზაციების თუ ინდივიდების ქსელი), ისე ქანქარისებრი მიგრაციისა (სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი მსუბუქი მრეწველობის და უცხოური პროდუქციით ინდივიდუალური ვაჭრობის ქსელი როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის მოსაზღვრე ქვეყნებში; ქსელის ორგანიზების საშუალებები, მაგალითად, ბაზრობები და სატრანსპორტო კომპანიები).

ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა რეგიონის მოსახლეობის მეტად მცირე ნაწილს ახასიათებს. მას მიეკუთვნება, ძირითადად, ადგილობრივი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული და ეკონომიკური ელიტა.

მოცემული პირობები რეგიონული მედიის განვითარებაში განმსაზღვრელია. ზემოაღწერილი ეკონომიკური აქტივობების ხასიათი ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ ელიტასთან კავშირში კრიმინალურ ან გაუმჭვირვალე ხასიათს ატარებს. შესაბამისად, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ისე მასთან ახლო მდგომ ბიზნეს-ელიტას, თავისუფალი მედია მათი საქმიანობისთვის საშიშად მიაჩნიათ. საზოგადოების უმრავლესობას მედია ან კონკრეტული პირებისა და წრეების კერძო ინტერესების მატარებლად მიაჩნია, ან მედია პროდუქციაზე ხელი არ მიუწვდება. საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი ელექტრონული მედიაა. ამიტომაა, რომ ამ უკანასკნელის მიმართ პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჯგუფები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ და მისი კონტროლისთვის იბრძვიან.

მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, იმერეთის რეგიონის საზოგადოებაში არის იმის რესურსი, რომ დამოუკიდებელი მედია განვითარდეს:

● ხელისუფლებაზე, თუ მონოპოლისტური ტენდენციის მქონე ბიზნეს-ჯგუფზე ზეწოლის განსახორციელებლად საჭიროა საინფორმაციო სივრცე და საზოგადოებრივი ტრიბუნა.

● იმერეთის რეგიონში საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრია წარმოდგენილი. ყველა მსხვილ და გავლენიან პარტიას თავისი წარმომადგენლობა აქვს გახსნილი რეგიონის მსხვილ ქალაქებში, სადაც ეკონომიკურ რესურსებზე კონტროლისთვის ბრძოლა პოლიტიკური გავლენისთვის ბრძოლის სახით გამოიხატება. ამ კონკურენტულ გარემოში მათ სჭირდებათ საზოგადოებრივ აზრზე გასვლის არხები და ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის კონტროლისგან თავისუფალი საინფორმაციო სივრცე.

● არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ რეალობაში საადაპტაციოდ და საორიენტაციოდ საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე.

● რეგიონში სამოქალაქო სექტორის განვითარების მაღალი ხარისხიც მნიშვნელოვანი რესურსია დამოუკიდებელი მედიის განვითარებისათვის. საზოგადოების სწორედ ამ სეგმენტში ხდება საზოგადოებრივად აქტუალური პრობლემების და მათი გადაჭრის ხედვის ჩამოყალიბება. სწორედ აქ იბადება ფართო საზოგადოებაზე მათი ტრანსლირების მოთხოვნილება, რაც ადეკვატური საინფორმაციო სივრცის არსებობას მოითხოვს.

განსხვავებები რეგიონის შიგნით ქალაქების მიხედვით

იმერეთის რეგიონში სულ 12 ქალაქი და რაიონული ცენტრია, რომლებშიც 37 მედია-ორგანიზაცია ფუნქციობს.

მედია-ორგანიზაციების სიმრავლით ქუთაისი გამოირჩევა. აქ 13 ბეჭდვითი და 4 ელექტრონული მედია-ორგანიზაციაა3. სამტრედიასა და ჭიათურაში ოთხ-ოთხი მედია-ორგანიზაციაა4, ზესტაფონსა და ტყიბულში - სამ-სამი. ვანში, ბაღდათში, ხარაგაულში ორ-ორი მედია-ორგანიზაციაა; ხონში, თერჯოლაში, საჩხერესა5 და წყალტუბოში თითო-თითო მედია-ორგანიზაციაა.

რეგიონში კერძო, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მიერ დაარსებულ მედია-ორგანიზაციებს შორის ასეთი პროპორციაა: 22 კერძო, 9 სახელმწიფო, 1 ნაწილობრივ სახელმწიფო და ნაწილობრივ კერძო, 5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული. ქუთაისში 9 კერძო, 3 სახელმწიფო და 1 ნაწილობრივ კერძო და ნაწილობრივ სახელმწიფო ორგანიზაციაა; სამტრედიაში - 2 კერძო, 1 სახელმწიფო და 1 არასამთავრობო; ხონში - 1 კერძო; ვანში - 1 სახელმწიფო და 1 არასამთავრობო; ბაღდათში - 1 კერძო და 1 სახელმწიფო; ხარაგაულში - 2 კერძო; ზესტაფონში - 3 კერძო6; ტყიბულში - 2 კერძო და 1 სახელმწიფო; თერჯოლაში - 1 სახელმწიფო; ჭიათურაში - 2 კერძო, 1 სახელმწიფო და 1 არასამთავრობო; საჩხრეში - 1 არასამთავრობო; წყალტუბოში კი 1 სახელმწიფო ორგანიზაციაა.

ბეჭდვით და ელექტრონულ მედია-ორგანიზაციებს შორის პროპორცია ასეთია: იმერეთში არსებული 37 ორგანიზაციიდან 27 ბეჭდვითი და 10 ელექტრონულია. როგორც ვხედავთ, მედიის ამ ორ სახეობას შორის იმერეთში დიდი დისპროპორცია არ შეიმჩნევა. ელექტრონული მედია არსებული მედია-ორგანიზაციების საერთო რაოდენობის თითქმის მესამედს შეადგენს. ქალაქების მიხედვით ბეჭდვით და ელექტრონულ მედიას შორის პროპორცია ასე წარმოდგება: ქუთაისში 9 ბეჭდვითი და 4 ელექტრონული მედია-ორგანიზაციაა, სამტრედიაში - 3 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული, ზესტაფონში - 1 ბეჭდვითი და 2 ელექტრონული, ტყიბულში - 2 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული, ჭიათურაში - 3 ბეჭდვითი და 1 ელექტრონული, ხონში - 1 ელექტრონული, ვანში, ბაღდათსა და ხარაგაულში ორ-ორი ბეჭდვითი, ხოლო საჩხერეში, წყალტუბოსა და თერჯოლაში კი თითო ბეჭდვითი მედია-ორგანიზაციაა.

რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით ქალაქებს შორის განსხვავებას, ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი სხვებისგან აშკარად გამოირჩევა. ქუთაისი დიდი ქალაქია და აქ სამოქალაქო სექტორი უკეთაა განვითარებული. თუმცა, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზომვისას არ შეიძლება ქალაქის სიდიდე და სამოქალაქო სექტორის განვითარების მასშტაბები ათვლის წერტილად ავიღოთ. იმერეთის სიდიდით მეორე ქალაქ ზესტაფონში მედია დამოუკიდებლობის გაცილებით ნაკლები ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი გაცილებით მცირე ხარაგაულსა და ხონში, სადაც არასამთავრობო სექტორიც სუსტია.

ბეჭდვითი მედია

როგორც ზემოთ მოყვანილი სტატისტიკიდან ჩანს, ბეჭდვითი მედია იმერეთის რეგიონში რაოდენობრივად კარგადაა წარმოდგენილი. მხარეში 27 გაზეთი გამოდის. აქედან მხოლოდ 8 არის სახელმწიფო საკუთრებაში, 1 ნაწილობრივ სახელმწიფოს, ნაწილობრივ კი კერძო გამოცემას წარმოადგენს. სრულიად კერძო საკუთრებაში მყოფი ან არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ გამოცემული, ანუ ფორმალურად, დამოუკიდებელი გაზეთების ხვედრითი წილი დიდია (18 გაზეთი), მაგრამ რეალური დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით ასეთები თითზე ჩამოსათვლელია. აქ დგება იმერეთის ბეჭდვითი მედიის განვითარების ფუნდამენტური საკითხი: რატომ არ შეუძლიათ ფორმალურად დამოუკიდებელ გაზეთებს რეალურად დამოუკიდებლები იყვნენ? ამის მიზეზი მრავალია:

● გაზეთებს არ აქვთ რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველმყოფი ფინანსური გარემო:

1. რიგ რაიონებში არ არსებობს სარეკლამო ბაზარი, ან ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლა კერძო სექტორზე იმდენად დიდია, რომ შეუძლია რეკლამა სხვა გამოცემებზე გადაამისამართოს, ან რეკლამის მიმცემი არ ათანამშრომლოს ამა თუ იმ გამოცემასთან;

2. მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის, უფრო ხშირად კი ადგილობრივი გაზეთების მიმართ ნდობის დაბალი ხარისხის და მათზე მცირე მოთხოვნილების გამო, რაიონულ გაზეთებს დაბალი ტირაჟები და პერიოდულობა აქვთ. ამიტომაც გაყიდვიდან შემოსული თანხები მიზერულია;

3. ადგილობრივი გამგეობების საბიუჯეტო რესურსი გარკვეული საცდურია არსებული გაზეთებისთვის, რაც მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს.

● სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დაბალი დონე:

1. იმერეთის რაიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა არ ფლობს სათანადო ადამიანურ რესურსს ადგილობრივ მედიაზე ზეწოლის განსახორციელებლად, რათა ამ უკანასკნელმა ადგილობრივი პრობლემები ადეკვატურადი ასახოს და გააშუქოს;

2. აქ მომუშავე არასამთავრობოების უმეტესობა მეტ მნიშვნელობას ანიჭებს თბილისში ბაზირებული საერთაშორისო დონორებისთვის ანგარიშების მომზადებას, ვიდრე მოპოვებული ინფორმაციის ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადაცემას;

3. იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ადგილობრივი ექსპერტების სახით ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობენ, როგორც წესი, ელექტრონულ მედიასთან ურთიერთობას მეტ უპირატესობას ანიჭებენ.

● ადგილობრივი ხელისუფლება და ხშირ შემთხვევაში თავად ბეჭდვითი მედიის მესვეურები გაზეთებს ძველი საბჭოური ტრადიციით ქალაქის საკუთრებად თუ მის „მემატიანედ“ და ქრონიკად აღიქვამენ, რის საფუძველზეც ნებისმიერი კრიტიკული მასალა, თუ ალტერნატიული ხედვა ამ ტრადიციიდან გადახვევად აღიქმება;

● გაზეთების განვითარებას ხელს უშლის საბჭოური ტრადიციით პრობლემების რანჟირება საინტერესო და უინტერესო ამბებად, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაზეთის შინაარსობრივი მხარის განსაზღვრა.

ჩამოთვლილი პრობლემების დაძლევაში გაზეთებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობა ეხმარებათ. მათი საშუალებით გვარდება როგორც ფინანსური ხასიათის პრობლემები, ისე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობებში შექმნილი სირთულეები.

რეგიონის გაზეთების საშუალო პერიოდულობა კვირაში ერთია, ხშირ შემთხვევაში ორ კვირაში ერთი, იშვიათად - თვეში ერთი. მიუხედავად ოფიციალურად დადგენილი პერიოდულობისა, ხშირად ზოგიერთი გაზეთი არარეგულარულად გამოდის.

თუ გავითვალისწინებთ იმერეთის მოსახლეობის რაოდენობას და სიმჭიდროვეს, არადამაკმაყოფილებლად უნდა მივიჩნიოთ გაზეთების ტირაჟებიც. მაღალი ტირაჟი მხოლოდ ქუთაისის ზოგიერთ გაზეთს აქვს: 3000-მდე. რეგიონის გაზეთების საშუალო ტირაჟი 500-იდან 800-მდეა, ხოლო მინიმალური 400.

რაც შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, გაზეთების უმეტესობას დამაკმაყოფილებელ პირობებში უხდებათ მუშაობა. თუმცა, ბეჭდვის საშუალება მხოლოდ ქუთაისშია. ზოგიერთი გაზეთის რედაქციას აქაური სტამბის პირობები არ აკმაყოფილებს და ბეჭდვას თბილისში ამჯობინებს.

ელექტრონული მედია

იმერეთში 6 ტელეკომპანია და 4 რადიო ფუნქციობს. აქედან 1 ტელეკომპანია და 3 რადიო ქუთაისშია.

ელექტრონული მედია გაცილებით ფართო აუდიტორიას ემსახურება, მომხმარებლისთვისაც იოლად ხელმისაწვდომი (თუ ელექტრომომარაგების პრობლემები მოგვარებულია) და იაფია. სწორედ ამიტომ ხელისუფლება და სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები ბეჭდვითზე მეტად ელექტრონულ მედიაზე ცდილობენ კონტროლის მოპოვებას.

ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელ ელექტრონულ მედიაზე კონტროლის მოპოვება სხვადასხვა სცენარით შეიძლება მოხდეს. ერთი ისაა, რომ ტელეკომპანიას ან რადიოს შეიძლება თავად გაუჩნდეს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი შესაძლო მოგების მიღების მიზნით. ხშირად ელექტრონული მედიის კონტროლის მექანიზმი სწორედ ესაა. შესაძლებელია, კანონსმიღმა მოქმედებებით მედიაზე გავლენის მოპოვება ან სულაც მისი გაუქმება. ამ ვარიანტის განხორციელების მაგალითი ვარდების რევოლუციის შემდეგ ქუთაისში მოხდა. რევოლუციამდე აქ ორი ტელეკომპანია რიონი და ქუთაისი ფუნქციობდნენ. ქუთაისი ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის ბონდო შალიკიანის საკუთრებაში იყო და მის ინტერესებს გამოხატავდა. რევოლუციის შემდეგ დეპუტატი არსებულ პოლიტიკურ კონიუნქტურაში ვერ ჩაჯდა, შესაბამისად, მისი ტელეკომპანიაც ხელისუფლებისათვის გამაღიზიანებელი შეიქნა. შალიკიანის დაპატიმრების შემდეგ ტელეკომპანია ქუთაისიც დაიხურა. შერისხულმა დეპუტატმა ხელისუფლების კარნახით ამ მედია-ორგანიზაციაზე საკუთრების უფლება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ აქტივისტზე გადააფორმა, რომელიც ტელეკომპანიის შემდეგი ბედით არ დაინტერესებულა და უპატრონოდ დარჩენილი ორგანიზაციის მუშაობა შეწყდა. არც ქუთაისის არასამთავრობო სექტორის, არც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არც ტელეკომპანია ქუთაისის ძველმა მესვეურებმა იციან ახალი მფლობელის ვინაობა. ტელეკომპანიის მომავალი ბედის შესახებაც არავინ არაფერი იცის. გაურკვეველია ტელეკომპანიის ქონების საკითხი, რომლის დიდი ნაწილიც გაურკვევლმა პირებმა შენობიდან გაიტანეს.

აღნიშნული სცენარი, ცხადია, კანონზომიერებას არ წარმოადგენს და თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს საკუთარი თავის დაცვის მექანიზმებიც გააჩნიათ. არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზეწოლით იცავენ მედიის და ჟურნალისტების უფლებებს იმუშაონ და გააშუქონ საკითხები ხელისუფლების თუ კონკრეტული პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფების კონტროლის გარეშე.

იმერეთის ტელეკომპანიებსა და რადიოებს ტექნიკური ხასიათის პრობლემები უფრო აწუხებთ. მეტწილად მოძველებული და თანამედროვე სტანდარტებით დაბალი ხარისხის ტექნიკური საშუალებებით მაუწყებლობენ. ტელევიზიებს არ გააჩნიათ სტუდიები და საავტორო გადაცემების მოსამზადებლად აუცილებელი საკადრო რესურსი, რის გამოც დედაქალაქის ტელევიზიების, უფრო ხშირად რუსთავი2-ის, გადაცემების რეტრანსლირება უხდებათ. იგივე ითქმის რადიოების შემთხვევაშიც, რომლებიც ან სხვა რადიოს ჩართავენ ან მხოლოდ მუსიკას გადასცემენ. ამ მხრივ, იშვიათ გამონაკლისს ქუთაისში არსებული რადიოები ძველი ქალაქი და ქალაქის რადიო წარმოადგენს.

მედია და ხელისუფლება

იმერეთის რეგიონში მედიისა და ხელისუფლების ურთიერთობები, არსებითად, კონსტრუქციულია. ადგილობრივ ხელისუფლებას, განსაკუთრებით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში ურჩევნია უფრო ზომიერი და ლოიალური მედია ჰყავდეს.

ნიშანდობლივია, რომ მედიაში გახმაურებულ სკანდალურ ინფორმაციას იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის შესახებ რეზონანსი არა მარტო მხარის საზოგადოების, არამედ ქვეყნის მასშტაბით და ხელისუფლების მაღალ წრეებში მოჰყვა. ძნელია იმის თქმა, რამდენად განაპირობა მხარის გუბერნატორის შეცვლა მედია სკანდალმა, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო ცვლილებების კატალიზატორის როლი ამ ფაქტმა ითამაშა. ასევე რეზონანსული იყო მასალები ქალაქის მერიაში არსებული კორუფციის შესახებ, რასაც ისევ საკადრო ცვლილებები მოჰყვა: ქალაქს მერის რანგში ჟურნალისტი მოევლინა - ავტორი აღნიშნულ საკითხებზე სტატიებისა. მედიის მხრიდან ხელისუფლებაზე ზემოქმედების ფაქტებს სისტემური ხასიათი არ აქვს და რეალურადაც შეზღუდულია. აღნიშნულ ფაქტებს ქუთაისში ჰქონდა ადგილი. ძნელია მსგავსი რამ იმერეთის სხვა ქალაქებში წარმოვიდგინოთ. ხელისუფლებას მეტი რესურსი აქვს რაიონულ გაზეთებზე თუ ტელერადიოკომპანიებზე ზემოქმედების მოსახდენად. მსგავსი შემოტევების ობიექტი არაერთხელ გამხდარა დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციები ხონსა და ხარაგაულში.

ადგილობრივი მედია იმერეთის რიგ რაიონებში ხელისუფლებასთან იოლად პოულობს საერთო ენას და ფორმალური დამოუკიდებლობის ფონზე რეალურად ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებად იქცევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ფინანსური მხარდაჭერის გარდა, ისიცაა, რომ რაიონული გაზეთების ხელმძღვანელები ამ ორგანიზაციებს სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნის პერიოდში დიდ ხანს ხელმძღვანელობდნენ და დამოუკიდებელ გაზეთს იმავე ფუნქციას აკისრებენ, რასაც საბჭოთა პერიოდში ასრულებდა.

მედია და საზოგადოება

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საზოგადოება იმერეთის რეგიონში საკმაოდ აქტიურია და აქვს მოთხოვნილება დაბალანსებულ, მიუკერძოებელ ინფორმაციაზე. თუმცა, სხვაობა მაინც აღინიშნება გეოგრაფიული არეალის მიხედვით. მთიან იმერეთში, მიუხედავად საზოგადოებრივი ინტერესისა, მედია ნაკლებ აქტიურია, რაც კომუნიკაციების მოშლითა და ელექტროდეფიციტითაა განპირობებული. აქ ინფორმაციის მიღება უფრო დედაქალაქის პრესისა და რადიოს საშუალებით ხდება.

საკითხები, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს და რომლებსაც ადგილობრივი მედია აშუქებს, შემდეგია:

● რეგიონის ქალაქებში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები,

● პოლიტიკა და კულისებს შიდა პოლიტიკა,

● ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა, კორუფციის საკითხები და ხელისუფლების წარმომადგენელთა ეკონომიკური ინტერესები და საქმიანობები,

● სოციალური მდგომარეობის ანალიზი და მისი ყოფითი ასპექტები კრიმინალისა და პროსტიტუციის ჩათვლით,

● ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა პოლიციასა და პენიტენციალურ სისტემაში,

● ახალგაზრდული პრობელემები, ნარკომანია, მიგრაცია და მისი გავლენა დემოგრაფიულ ვითარებაზე.

ეს პრობლემები მთელი იმერეთის მასშტაბითაა აქტუალური და მისი ასახვა ადგილობრივი მედიის მიერ შეძლებისდაგვარად და დამოუკიდებლობის ხარისხის შესაბამისად ხდება.

მიუხედავად მთელი რიგი საკითხების მიმართ ღიაობისა, არის თემები, რომლებიც ადგილობრივ მედიაში ტაბუირებულია. ასეთებს უმცირესობების თემატიკა განეკუთვნება. იმერეთის რეგიონში ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური განსახლების კერები არ არის, იგი მონოეთნიკური რეგიონია, ამიტომ ეს პრობლემატიკა თავისთავად აქტუალობას მოკლებულია7, მაგრამ რეგიონის მსხვილ ქალაქებში რელიგიურ უმცირესობათა საკმაოდ დიდი თემებია, რომლებსაც ხშირ შემთხვევებში ავიწროებენ. არამართლმადიდებლური რელიგიური კონფესიების პრობლემების თაობაზე იმერეთის მედია ნაკლებად საუბრობს.8 თუ რამე იწერება ან ითქმება, აუცილებლად ნეგატიური და აგრესიული ტონით.

ქუთაისი

გაზეთი PS

გაზეთი დაფუძნდა 1995 წლის შემოდგომაზე, როგორც კერძო ფირმა დიზაინ კომპლექსის ბიზნეს-საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება. 1999 წელს გაზეთის მესვეურებმა პოლიგრაფიული და სარეკლამო საქმიანობის წარმოების მიზნით ცალკე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ავტოგრაფი დააფუძნეს და გაზეთ PS-ის გამოცემა შპს დიზაინ კომპლექსს ჩამოსცილდა. 2004 წლის მაისიდან კი შპს ავტოგრაფის ერთ-ერთი დამფუძნებლის და გაზეთ PS-ის რედაქტორის ინიციატივით გაზეთი ცალკე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ჩამოყალიბდა.

თავდაპირველად გაზეთი არასტაბილურად გამოდიოდა და მისი დაბეჭდვის სიხშირე შპს დიზაინ კომპლექსის ფინანსურ მდგრადობაზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად არასტაბილური პერიოდულობისა, PS-მა იმთავითვე მიიპყრო მკითხველის ყურადღება. ამ პერიოდში გაზეთი ორ კვირაში და ხშირად თვეში ერთხელაც კი იბეჭდებოდა, ტირაჟიც შეზღუდული იყო, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი მასალა იმდენად აქტუალური იყო მკითხველისათვის, რომ რედაქციამ ერთი და იგივე სტატია რამდენიმე ნომერში გაიმეორა. მკითხველი განსაკუთრებული ინტერესით რეგიონში არსებული ეკონომიკური დანაშაულისა და კრიმინოგენული სიტუაციის ამსახველ მასალებს ეცნობა.

1999 წლიდან გაზეთი PS სტაბილური ტირაჟით და პერიოდულობით გამოდის. იგი იმერეთის რეგიონული მედია ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამ ორგანიზაციის ფარგლებში არაერთხელ გამხდარა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, IREX-ის და ევრაზიის ფონდის გრანტის რეციპიენტი. გაზეთი იღებს დახმარებას როგორც შინაარსობრივ-სარედაქციო და მენეჯერული მხარის დასახვეწად, ისე ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად.

გაზეთის ძირითადი თემატიკა ადგილობრივი სოციალური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციაა. მისი მუშაობის სტილი საკმაოდ მწვავე და მკვეთრი სამოქალაქო პოზიციით ხასიათდება. PS განსაკუთრებული ინტერესით ეკიდება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას და მისი წარმომადგენლების საქმიანობას. რეგულარულად ხდება მავანი და მავანი ჩინოვნიკის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და ცვლილებების მონიტორინგი. გაზეთის რედაქცია საჯარო ინფორმაციაზე არსებული კანონით განსაზღვრული ნორმების სრული დაცვით მუშაობს და მის მიმართ საჯარო მოხელეთა პრეტენზიების სასამართლოს წესით დადასტურების არც ერთი შემთხვევა ცნობილი არაა. გარდა ამ საკითხებისა, გაზეთი აქტიურად წერს რეგიონში არსებულ სოციალურ სიტუაციაზე და დაკვირვებას ახდენს ამ მიმართულებით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე. PS-ს ამ სფეროში არსებული დარღვევების გამოვლენის არაერთი შემთხვევა გაუშუქებია.

ადგილობრივი ხელისუფლება გაზეთ PS-ის მუშაობის მიმართ იმთავითვე არაკეთილგანწყობილებას იჩენდა. მხარის მაშინდელმა გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდში არსებული დარღვევების ამსახველი პუბლიკაციის გამო ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას გაზეთის კოლექტივის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა. ასევე შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი იყო რეგიონის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელის რუბენ ასანიძის რეაქცია PS-ში გამოქვეყნებულ მასალაზე, რომელიც მის პირად ქონებრივ მდგომარეობას ასახავდა. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული პოზიცია და გაზეთის მიმართ ხელისუფლების არაადეკვატური დამოკიდებულება PS-ის მიმართ მკითხველთა კეთილგანწყობას და მის პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებდა.

PS-ს ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების ხარისხი რევოლუციის შემდეგაც გაჰყვა. არ შეცვლილა ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლესი პირების დამოკიდებულებაც გაზეთის მიმართ. პუბლიკაციების სერია იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულ დავით მუმლაძის ქონებრივი მდგომარეობისა და წარსული საქმინობის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ხანგრძლივი კონფრონტაციის საფუძველი გახდა.

PS-ის მიერ იმერეთის გუბერნატორის ვარდების რევოლუციამდელი ქონებრივი მაქინაციების შესახებ გამოქვეყნებული მასალების უარყოფის ან სასამართლოს წესით შესაძლო ცილისწამებაზე რეაგირების მცდელობა ადგილობრივ ხელისუფლებას არ ჰქონია. მან გაზეთზე ირიბი ზეწოლის საშუალებით მისი ეკონომიკური შევიწროება და ამ გზით შემოსავლების ძირითადი წყაროს გადაკეტვა გადაწყვიტა. სამხარეო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მან გაზეთ PS-ის დამფუძნებლის საკუთრებაში მყოფი სამარშრუტო ტაქსების ხაზის გაუქმება განიზრახა. ერთი მხრივ, ასეთი ნაბიჯი გაზეთის საქმიანობასთან დაკავშირებულად არ გამოჩნდებოდა, მეორე მხრივ კი, მის ეკონომიკურ მდგრადობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა. PS-ზე მსგავსი შეტევის ფორმალური საფუძველი წინა ხელისუფლების მიერ ამ სამარშრუტო ხაზზე კანონის დარღვევით გაცემული ნებართვა იყო. გაზეთის დამფუძნებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და პარალელურად საინფორმაციო კამპანია წამოიწყო, რომელშიც ხელისუფლების ქმედებების საფუძვლად გაზეთის შევიწროებას ასახელებდა. იმის წყალობით, რომ იმერეთის სამხარეო რწმუნებული მალე სხვა თანამდებობაზე თბილისში გადაიყვანეს, დაპირისპირება ხელისუფლებასა და გაზეთს შორის სასამართლო გარჩევების გარეშე გაზეთისათვის სასარგებლოდ დასრულდა.

გაზეთის შემოსავლების დიდ წილს შპს ავტოგრაფიდან და გაზეთის დამფუძნებლის საკუთრებაში მყოფი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან შემოსული თანხები შეადგენს. საკუთრივ გაზეთის გაყიდვიდან და რეკლამიდან მიღებული შემოსავალი გაზეთის მხოლოდ ტექნიკურ ხარჯებს აკმაყოფილებს და თანამშრომელთა სახელფასო ფონდს და ჟურნალისტთა შრომის ანაზღაურებას ვერ სწვდება.

გაზეთის ტექნიკური ბაზა რეგულარულად ახლდება და დღეისათვის PS-ის რედაქცია კარგადაა აღჭურვილი. მის საკუთრებაში 6 კომპიუტერი, სკანერი, 3 პრინტერი, 2 ციფრული ფოტოაპარატი, ასლგადამღები აპარატი და 9 დიქტოფონია.

PS-ის აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. იბეჭდება A3 ფორმატის ქაღალდზე, თექვსმეტგვერდიანია. ტირაჟი 3000 ცალია. გამოდის კვირაში ერთხელ. ტირაჟის ორი მესამედი ხელმომწერებზე ვრცელდება, მესამედი საცალო გაყიდვაშია. PS-ის ერთი ნომრის ფასი 30 თეთრია.

გაზეთს ჰყავს 22 თანამშრომელი: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, რედაქტორი, მენეჯერი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გაზეთის დისტრიბუციის დარგში, ოფის-მენეჯერი, ბუხჰალტერი, ორი დიზაინერი, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, შვიდი ჟურნალისტი, ერთი ფოტორეპორტიორი და ხუთი კორესპონდენტი ხონის, ვანის, ზესტაფონის, ბაღდათის და წყალტუბოს რაიონებში.

გაზეთი რეზიუმე

გაზეთი რეზიუმე დაარსდა 1997 წელს. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ქალაქ ქუთაისში არსებული კერძო სკოლა იმედის დამფუძნებელიცაა, რომლის მატერიალურ-ტექნიკურ და საკადრო ბაზაზეც დაიწყო დამოუკიდებელი გაზეთის გამოცემა. თავიდან რეზიუმეს დაფუძნებაში ადგილობრივი მერიაც მონაწილეობდა, მაგრამ მოგვიანებით დამფუძნებლებს შორის განხეთქილება მოხდა, რაც სახელმწიფო შენობიდან კერძო სკოლის გამოძევებითა და გაზეთიდან სახელმწიფო წილის გამოსვლით დასრულდა.

გაზეთი არსებობის პირველ ეტაპზე ე.წ. „ცნობის ფურცლის“ სახით გამოდიოდა და გაზეთისთვის ჩვეული ფორმატით არ ხასიათდებოდა. მის გვერდებზე ქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოკლე სტატიები იწერებოდა და, ძირითადად, ყურადღება განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე კეთდებოდა. მოგვიანებით გაზეთის მოცულობაც გაიზარდა და მისი ინტერესების სფეროც. გაზეთის ფურცლებზე აქტიურად დაიწყო პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური პრობლემების განხილვა. გაზეთმა დაიწყო ქუთაისის გარეთ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაც, რისთვისაც კორესპონდენტები აიყვანა იმერეთის რამდენიმე რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის დაფუძნებაში ადგილობრივი მერიაც მონაწილეობდა, გაზეთმა მუშაობის კრიტიკული სტილი განავითარა: ხშირად იბეჭდებოდა სტატიები სამხარეო ადმინისტრაციაში არსებულ პრობლემებზე და ადგილობრივი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

რეზიუმეს ინტერესები მრავალმხრივია. იგი თავის მკითხველს ინფორმაციას აწვდის არამარტო ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაში არსებული გაუმჭვირვალობისა და კორუფციის შემთხვევების შესახებ, არამედ სოფლის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანდაცვის და განათლების სფეროში არსებული მძიმე ვითარების, რეგიონის ახალგაზრდობის პრობლემების, შრომითი მიგრაციის და ადამინის უფლებების შესახებაც. ამ საკითხების გაშლა გაზეთისთვის უკვე ტრადიციულად ქცეულ რუბრიკებში ხდება. გარდა ამისა, რეზიუმემ დაიწყო უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა თავისი მკითხველებისთვის, რისთვისაც რედაქციამ გაზეთის ცალკე გვერდი გამოყო. რეზიუმეს შემოსავლების საკმაოდ დიდ ნაწილს ხელმოწერებიდან, რეკლამებიდან, ფასიანი განცხადებებიდან (ნეკროლოგები და მილოცვები) და გაყიდვიდან შემოსული თანხები წარმოადგენს. მიუხედვად ამისა, ეს საკმარისი არაა გაზეთის სრულფასოვანი ფუნქციობისთვის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გადასახალისებლად და ჟურნალისტების შრომის ასანაზღაურებლად. ამიტომ დამფუძნებელი კერძო სკოლის შემოსავლის ნაწილს გაზეთს ახმარს. გაზეთის არსებობის მანძილზე რეზიუმეს რედაქციას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან და დონორისგან გრანტი არ მიუღია, რაც ასახულია კიდეც მის მწირ ტექნიკურ ბაზაზე და ჟურნალისტთა პროფესიულ კვალიფიკაციაზე.

რეზიუმეს ტექნიკური აღჭურვილობა ორ კომპიუტერს, დიქტოფონს და ერთ ფოტოაპარატს მოიცავს. მისი აწყობა-დაკაბადონება ქუთაისში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი თექვსმეტგვერდიანია, A3 ფორმატისაა და 2000-იდან 3000-მდე ტირაჟით კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟის ნახევარი ხელმომწერებზე ვრცელდება, ნახევარი საცალო გაყიდვაშია 40 თეთრად.

რეზიუმეს 11 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, 6 ჟურნალისტი (ამათგან ოთხი იმერეთის სხვადასხვა რაიონში მუშაობს), 2 კორექტორი, ამკრეფ-დიზაინერი, ფოტოკორესპონდენტი.

გაზეთი ახალი გაზეთი

გაზეთი დაარსდა 2001 წლის ივლისში კერძო პირის მიერ და შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსით ამავე პერიოდში იქნა დარეგისტრირებული. ახალი გაზეთის მესვეურების განზრახვა იმერეთის რეგიონში ძლიერი დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ხასიათის გაზეთის დაფუძნება იყო, რასაც გარკვეულწილად კიდეც მიაღწიეს.

სხვა დამოუკიდებელი გამოცემებისგან განსხვავებით, ახალი გაზეთი შედარებით გვიან დაარსდა, რის გამოც გაუძნელდა არსებულ მედია-სივრცეში თავის დამკვიდრება. მკითხველი მიჩვეული იყო დიდი ხნის წინ დაარსებულ ადგილობრივ გამოცემებს, თანაც იმ პერიოდის გამოცოცხლებულ პოლიტიკურ ატმოსფეროში ყოველი ახალი მედია-საშუალება რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესების გამტარებლად მოიაზრებოდა. თავად ახალი გაზეთიც სიტყვა „ახალის“ გამო პოლიტიკურ პარტია ახალ მემარჯვენეებთან ასოცირდებოდა. გაზეთს სერიოზული მუშაობის გაწევა დასჭირდა იმისთვის, რომ მკითხველი თავის მიუკერძოებლობაში დაერწმუნებინა. დღეს გაზეთს იმერეთის მსხვილი ქალაქების მკითხველი საკმაოდ კარგად იცნობს და მაღალი საზოგადოებრივი ნდობა აქვს მოპოვებული.

გაზეთს არსებობის პირველ ეტაპზე განვითარების სტრატეგიული გეგმა არ ჰქონდა შემუშავებული, ფინანსურადაც უჭირდა და პირველი ორი წელი ჟურნალისტური კოლექტივის ენთუზიაზმის ხარჯზე იარსება. მისი შემდგომი განვითარება საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საფუძველზე გახდა შესაძლებელი. თავისთავად ის ფაქტი, რომ გაზეთში თავი მოიყარა გამოცდილმა და მაღალკვალიფიციურმა ჟურნალისტურმა კადრებმა, პირველი „ინვესტიცია“ იყო ახალი გაზეთისთვის. კარგად შერჩეული და შეკრული ჟურნალისტური გუნდის წარმოებული პროდუქცია, რომელიც მიუკერძოებლობითა და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების პრინციპული და თანმიმდევრული დაცვით ხასიათდებოდა, გაზეთს სათანამშრომლოდ მიმზიდველს ხდიდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისთვის. არსებობის მანძილზე ახალი გაზეთი წარმატებით თანამშრომლობს IREX-თან, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან, ფონდ ევარზიასთან. ეს თანამშრომლობა გაზეთს არამარტო ფინანსურად დაეხმარა, არამედ სერიოზული ორგანიზაციული და პროფესიული განვითარების საწინდარიც გახდა.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერიოდში ახალი გაზეთი ანგარიშგასაწევი და გავლენიანი გაზეთი გახდა, რომლის პუბლიკაციებსაც ხშირად მოჰყოლია მძაფრი რეაქცია ადგილობრივი ადმინისტრაციის, პოლიტიკური თუ ბიზნეს-ჯგუფების მხრიდან. გაზეთს რთული ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულის ოფისთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ განყოფილებებთან, ადგილობრივ ბიზნესმენებთან როგორც ვარდების რევოლუციამდე, ისე რევოლუციის შემდეგ. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე იქნა სარჩელი შეტანილი ადგილობრივ სასამართლოში, იყო მუქარისა და შეურაცხყოფის შემთხვევები, მოსყიდვის რამდენიმე მცდელობა, მაგრამ გაზეთს მუშაობის სტილისთვის არ უღალატია და დღემდე აქტიურად აშუქებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესმენების საქმიანობას.

გაზეთი დაინტერესებულია სახელისუფლებო სტრუქტურებში გამჭვირვალობის საკითხით, აშუქებს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებს. მისი ყურადღების ცენტრშია რეგიონში არსებული მძიმე სოციალური, კრიმინოგენული, ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანის უფლებების დარღვევების შემთხვევები. საკორესპოდენტო ქსელის საშუალებით სხვადასხვა რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ოპერატიულად ხდება, აქტუალურ პრობლემაზე მზადდება ანალიტიკური სტატიები. მსგავსი პრობლემების დასადგენად ახალი გაზეთის რედაქცია გამოკითხვებს ატარებს მოსახლეობაში და მომდევნო ნომრის შინაარსობრივ მხარეს ამის მიხედვით გეგმავს.

ახალი გაზეთი აქტიურად თანამშრომლობს იმერეთის არასამთავრობო სექტორთან, განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობები აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგნლობებთან, რომელთაგან არამარტო გაზეთისთვის მეტად ღირებულ ინფორმაციას და მასალებს იღებს, არამედ იურიდიულ და მორალურ მხარდაჭერასაც. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც ღირებულია გაზეთთან თანამშრომლობა, რომლისგანაც რეგულარულად იღებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ შემთხვევებზე რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის ფარგლებს გარეთ.

გაზეთის ძირითადი შემოსავალი რეკლამებიდან და ფასიანი განცხადებებიდან შემოსული თანხებისგან შედგება, რაც სრულყოფილად ფუნქციობისთვის საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია დახმარება, რომელსაც გაზეთი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გრანტების სახით იღებს. მოცემული კვლევის ეტაპზე ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში ევროკომისიის გრანტს იღებს, რაც მას საშუალებას აძლევს არა მარტო დაფაროს პოლიგრაფიული ხარჯები, არამედ გასცეს ხელფასები და ჰონორარები. ამ გრანტის საფუძველზე გაზეთმა ტექნიკური ბაზა განაახლა, კერძოდ, მიიღო ორი კომპიუტერი, გენერატორი, დიქტოფონები და ციფრული ფოტოაპარატი. ჟურნალისტების მუშაობის ოპერატიულობის უზრუნველსაყოფად კონტრაქტით აყვანილ იქნა მძღოლი. იფარება გადაადგილების ხარჯებიც.

დღეს ახალი გაზეთის ტექნიკური ბაზა ასე გამოიყურება: 3 კომპიუტერი, 2 პრინტერი, 6 დიქტოფონი, ციფრული ფოტოაპარატი და გენეერატორი.

ახალი გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ქუთაისში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. იგი თორმეტგვერდიანია, A3 ფორმატისაა და კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 700 ეგზემპლარია. 550 ცალი ხელმომწერებზე ვრცელდება და 150 საცალო გაყიდვაშია.

ახალ გაზეთს 25 თანამშრომელი ჰყავს, ამათგან 15 ჟურნალისტია (მათ შორის კორესპონდენტები წყალტუბოს, ზესტაფონის, ხონის, თერჯოლის, საჩხერის, სამტრედიის რაიონებში), სხვები ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხებით არიან დაკავებული.

გაზეთი ჩემი ქუთაისი

გაზეთი დაარსდა 2003 წლის სექტემბერში ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით გაზეთ ახალი ქუთაისის ბაზაზე. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს 100%25-იანი სახელმწიფო წილით.

თავიდან გაზეთი იურიდიულ-ადმინისტრაციული საკითხების გაშუქებაზე იყო ორიენტირებული. მიუხედვად იმისა, რომ ჩემი ქუთაისი ადგილობრივი თვითმმართველობიდან სტაბილურ დაფინანსებას იღებდა, მხოლოდ ამ ვიწრო სფეროთი შემოფარგვლა მისთვის მომგებიანი არ იყო. გაზეთს ცოტა მკითხველი ჰყავდა. მის მუდმივ მომხმარებელს მხოლოდ რაიონულ საკრებულოებში დასაქმებული პირები წარმოადგენდნენ. რევოლუციის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაზეთს დაფინანსება შეუმცირა, რაც გულისხმობდა, რომ გაზეთს მკითხველი აუდიტორია თავად უნდა მოეპოვებინა. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 2004 წლის ივნისში გადაიდგა, როდესაც რედაქციამ სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ხასიათის საკითხების გაშუქება დაიწყო. იურიდიულ-ადმინისტრაციული სფეროს გაშუქების მიმართულება გაზეთს არ მიუტოვებია. ჩემი ქუთაისის ყოველ ახალ ნომერს თან ახლავს დანართი, რომელშიც ამ სახის მასალაა თავმოყრილი.

როგორც ითქვა, გაზეთი მთლიანად ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერით არსებობდა. თავიდან ჩემი ქუთაისის გამოსაცემად ქუთაისის საკრებულო 92000 ლარს გამოყოფდა. გაზეთი ცარცის ქაღალდზე ფერადად იბეჭდებოდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ფინანსური მხარდაჭერა თითქმის განახევრდა, რამაც რედაქციას ძვირ პოლიგრაფიულ ხარჯებზე უარი ათქმევინა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით გაზეთის რედაქციამ რეალიზაციიდან და რეკლამიდან შემოსული თანხებით ჩემი ქუთაისის გამოცემაზე გაწეული ხარჯების ერთი მესამედი უნდა დაფაროს. გაზეთს უჭირს ამ ვალდებულების შესრულება, რადგან რეალიზაციის დონეც დაბალია და რეკლამაც - მწირი.

ჩემი ქუთაისის აკრეფა-დაკაბადონება, ბეჭდვა ქუთაისში ხდება. იგი A3 ფორმატისაა, თექვსმეტგვერდიანია, დანართი A4 ფორმატისაა და ცვალებადი მოცულობით ხასიათდება. გაზეთი ყოველკვირეულია. ტირაჟი 1000 ცალია. ნახევარი ხელმომწერებზე ვრცელდება, ნახევარი 50 თეთრის საცალო ღირებულებით გაყიდვაშია. როგორც წესი, გაზეთის რეალიზაციის დონე ძალიან დაბალია და არგაყიდული გაზეთები რაიონულ საკრებულოებს უფასოდ ურიგდებათ.

ჩემი ქუთაისის ტექნიკური ბაზაა: 2 კომპიუტერი, სკანერი, პრინტერი და დიქტოფონი.

გაზეთს 18 თანამშრომელი ჰყავს: მთავარი რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ტექნიკური რედაქტორი, კომერციული მენეჯერი, სპეციალისტი ტექნიკურ საკითხებში, სისტემური ადმინისტრატორი, კორექტორი, სპეციალისტი პოლიგრაფიის საკითხებში, ბუხჰალტერი, 6 ჟურნალისტი, 2 ფოტოკორესპონდენტი, დამლაგებელი.

გაზეთი საღამოს ქუთაისი

გაზეთი დაფუძნდა 1999 წლის თებერვალში. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და მისი დამფუძნებელები ჟურნალისტთა კოლექტივი და საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის ფილიალის ჟურნალი განთიადია.

გაზეთის ინტერესთა სფერო შორსაა პოლიტიკისგან და, ძირითადად, კულტურის საკითხებით შემოფარგლება. საღამოს ქუთაისს აქვს პოეზიის, სახვითი ხელოვნების, არქიტექტურის, მუსიკის გვერდები. საღამოს ქუთაისი ცდილობს მკითხველს გააცნოს გამოჩენილ ქართველ, განსაკუთრებით, ქუთაისში მოღვაწე ხელოვანთა შემოქმედება და ხელი შეუწყოს მათი ნაშრომების პოპულარიზაციას. გაზეთი ხშირად წერს ქუთაისის კულტურის პრობლემებზე - მუსიკალური, სამხატვრო და ქორეოგრაფიული სკოლების მძიმე მდგომარეობაზე, ქალაქის არქიტექტურული იერ-სახის დარღვევაზე, მუზეუმების გასაჭირზე და მსგავს პრობლემებზე. ამ მიმართულებით გაზეთი ხელისუფლების მიმართ კრიტიკასაც არ ერიდება.

საღამოს ქუთაისის ფურცლებზე სოციალურ თემატიკასაც ეთმობა ადგილი, იქნება ეს მოსწავლე ახალგაზრდობის პრობლემები, უმუშევრობისა თუ და მიგრაციის საკითხები. ამ ხასიათის პუბლიკაციებიდან მკითხველთა განსაკუთრებული ინტერესი საზღვარგარეთ ემიგრირებული ქუთაისელი ახალგაზრდების წერილების სერიამ გამოიწვია.

გაზეთი საღამოს ქუთაისი ხშირად წერს რელიგიურ საკითხებზეც. მის ფურცლებზე ქვეყნდება ქალაქის მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენელთა წერილები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრობლემებზე. წერილები სხვა ქრისტიანულ კონფესიებსაც ეძღვნება, ოღონდ, როგორც წესი, აგრესიული და შეურაცხმყოფელი ხასიათის. თავად რელიგიური უმცირესობების მხრიდან საღამოს ქუთაისში პუბლიკაციის გამოქვეყნების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

საღამოს ქუთაისის ტექნიკური ბაზა მწირია: 4 დიქტოფონი და 2 ფოტოაპარატი. აკრეფა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A4 ფორმატისაა. მოცულობა 16-იდან 20 გვერდამდე მერყეობს. საცალო ფასი, შესაბამისად, 40-60 თეთრია. გაზეთი ორ კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 800 ეგზემპლარს შეადგენს. გავრცელება კერძო დისტრიბუტორებისა და საქპრესის ქსელის საშუალებით ხდება.

გაზეთს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, ორი ჟურნალისტი, კორექტორი და ფოტოკორესპონდენტი.

გაზეთი ქუთაისი

გაზეთი 1921 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. თავიდან მუშა და გლეხი, შემდეგ ლენინის გზით, მოგვიანებით სტალინელი ერქვა, ბოლოს ქუთაისი ეწოდა. 1990 წელს გაზეთი დამოუკიდებელი გახდა. დღეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს და მისი დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაცია ჟურნალისტთა კავშირია.

ქუთაისის რედაქცია გაზეთის დამოუკიდებლობის დღიდან ადგილობრივ ხელისუფლებასთან საბჭოთა პერიოდში აგებული რედაქციის შენობის საკითხზე დავობს. 2000 წლამდე რედაქცია მოთავსებული იყო ქალაქის ცენტრში მდებარე შენობაში, რომელშიც დღეს მთავრობის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პრესის სახლია განთავსებული, რომელიც კომერციული ფართის გაქირავებით ადგილობრივ ბიუჯეტს საკმაოდ დიდ თანხას აძლევს. როდესაც გაზეთს შენობა ჩამოერთვა, რედაქცია მზად იყო, შენობის შესანარჩუნებლად ხელისუფლების საკუთრებაში გადასულიყო. მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობას გაზეთისადმი არანაირი ინტერესი არ ჰქონდა. ამ გაჭიანურებული დავის გამო გაზეთი ქუთაისი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა და მისი საქმიანობა ამ ერთ პრობლემაზე დავიდა. მიუხედავად ამისა, გაზეთი გამოსვლას ახერხებს, თუმცა შინაარსობრივად მისი ხარისხი დაბალია და იმ დაპირისპირებებს გამოხატავს, რომლებშიც თვითონ არის გახვეული. თემატიკა რაიონული გაზეთებისთვის დამახასიათებელი აქვს: დაწყებული ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობიდან, დამთავრებული ქალაქის ცნობილი მოქალაქეების ბიოგრაფიული ესკიზებითა და ესეისტური წერილებით ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე.

ქუთაისის შემოსავლის წყაროს მცირეოდენი ფასიანი განცხადებებია. ამიტომ რედაქცია დახმარებას სპონსორებს თხოვს. ხშირად სპონსორის როლში ადგილობრივი მერია გამოდის ხოლმე. შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს ქალაქის ადმინისტრაციის მეშვეობით შეგროვებული ხელმოწერებიდან შემოსული თანხები შეადგენს.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია და მისი დაკაბადონება ქალაქში არსებულ ერთ-ერთ კომპიუტერულ ცენტრში, ხოლო ბეჭდვა ადგილობრივ სტამბაში ხდება. ქუთაისი A3 ფორმატისაა. ოთხი გვერდი აქვს. ტირაჟი 500 ცალია. გამოდის კვირაში ერთხელ. საცალო ფასი 30 თეთრია.

ქუთაისს 9 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, პასუხისმგებელი რედაქტორი, ტექნიკური რედაქტორი, კორექტორი, მბეჭდავ-მემანქანე, ბუხჰალტერი, დამლაგებელი და ორი ჟურნალისტი.

გაზეთი სამართალი იმერეთში

გაზეთის დაარსდა 2004 წლის აპრილში კერძო პირის მიერ.

სამართალი იმერეთში სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს განიცდის. გაზეთის ცნობადობის ხარისხი დაბალია, შესაბამისად, მოთხოვნილებაც დაბალია. გასაგებია, რომ კომერციული რეკლამაზე დაკვეთაც იშვიათია. გაზეთი გამოიცემა დამფუძნებლის პირადი ხარჯებითა და მეგობრების შენაწირებით. მცირე შემოსავლს გაზეთს აძლევს, ეგრეთ წოდებული, კომერციული გვერდი, რომელზეც თავსდება წერილი ან ინტერვიუ ქალაქში მოღვაწე ბიზნესმენებთან და ადვოკატებთან, რაც ფასიან მომსახურებას წარმოადგენს.

გაზეთი დაინტერესებულია სამართალდაცვით სფეროში არსებული სიტუაციით, პოლიციელთა მიერ უფლება-მოსილებების გადამეტების ფაქტებით და სასჯელ აღსრულების ადგილებში მომხდარი უფლებათა დარღვევებით. იგი აქტიურად თანამშრომლობს იმერეთის სხვადასხვა ქალაქში არსებულ უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან და მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ანალიტიკურ სტატიებს ამზადებს.

რაღაც ეტაპზე გაზეთმა სამართალი იმერეთში სამართალდამცველი ორგანოები დაითანხმა გაზეთი გამოეწერათ. მაგრამ ეს ურთიერთობა მალე დასრულდა. გაზეთის კრიტიკული ტონი და სამართალდარღვევების ფაქტებში თავად სამართალდამცველების მხილება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ადგილობრივი ორგანოების ინტერესს არ შეესაბამებოდა.

მიუხედავად გაზეთის მიმართ სამართალდამცველი ორგანოების არცთუ თბილი დამოკიდებულებისა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც სამართალი იმერეთში-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალას დადებითი რეაქცია მოჰყოლია. გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზე რეგიონის სხვადასხვა ქალაქში ზემდგომი ორგანოებიდან რამდენიმე პოლიციელმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო ქუთაისის პროკურატურის რიგებში მოკვლევა დაიწყო თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების და ფულის გამოძალვის შემთხვევებზე.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში არსებულ ერთ-ერთ კერძო სტამბაში ხდება.

გაზეთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია. ტირაჟი 1000 ეგზემპლარია. გამოდის არასტაბილური პერიოდულობით. ჰყავს 300 ხელმომწერი. საცალო ფასი 50 თეთრია.

გაზეთს 3 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე და ჟურნალისტი. გაზეთს კონტრაქტის საფუძველზე 2 ჟურნალისტი ჰყავს აყვანილი.

გაზეთი ქუთაისური ვერსია

გაზეთი დაარსდა 2004 წელს როგორც თბილისში გამომავალი გაზეთის ახალი ვერსიის ფილიალი, ამ უკანასკნელის ბათუმსა და ქუთაისზე მედია-ბიზნესის გაფართოების შედეგად. ახალ ვერსიას ფინანსური პრობლემების გამო ბათუმელი შვილობილის დახურვა მოუწია, მაგრამ იგივე არ მოხდა ქუთაისში, რაც აშკარად ქუთაისური ვერსიის წარმატებული მუშაობის შედეგია.

ქუთაისური ვერსიის მუშაობის ძირითადი მიმართულება საგამოძიებო ჟურნალისტიკაა, რომელიც მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებით არ შემოიფარგალება და ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობითაც არის დაინტერესებული. გაზეთს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს ქუთაისში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიდანაც იღებს ინფორმაციას რეგიონულ და რაიონულ ადმინისტრაციებში მიმდინარე მოვლენების და პროცესების შესახებ, ეცნობა დანაშაულებრივ ეკონომიკურ საქმიანობებასთან დაკავშირებული პრობლემებს.

გაზეთის მკითხველი ქუთაისური ვერსიის პროდუქციას ინტერესით ეკიდება და როგორც გაყიდვის მასშტაბი აჩვენებს, გაზეთზე მოთხოვნილება სულ უფრო და უფრო მატულობს. მომხმარებელს იზიდავს გაზეთის სტილი და საინტერესოდ მიწოდებული მასალა. ასეთი მასალის დაბეჭდვა ქუთაისურ ვერსიას გაზეთის გაყიდვის მაღალ დონეს და შესაბამის დივიდენდს აძლევს. ასე მაგალითად, სრულად გაიყიდა გაზეთის იმ ნომრის ტირაჟი, რომელშიც გამოქვეყნდა სტატია ქუთაისელი კანონიერი ქურდების და ხელისუფლების წარმომადგენლების საერთო ეკონომიკური ინტერესების შესახებ. მკითხველისათვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა ჟურნალისტური გამოძიება იმერეთზე გამავალ სატრანზიტო გზაზე პროსტიტუციის მთელი ინფრასტრუქტურის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის რედაქცია შეძლებისდაგვარად ცდილობს სრული ინფორმაცია მოიპოვოს მისთვის საინტერესო საკითხზე, არის შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტი თავად ამბობს უარს, ამა თუ იმ საკითხზე იმუშაოს. ასე მაგალითად, ჟურნალისტმა, რომელმაც სტატია დაწერა კანონიერი ქურდის და ხელისუფლების წარმომადგენლების გარიგებაზე, ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებაზე მიზეზის დაუკონკრეტებლად უარი განაცხადა. ცხადია, რომ ჟურნალისტი ზეწოლის ქვეშ მოხვდა.

გაზეთის ფინანსურ პრობლემებს გაყიდვის კარგი მაჩვენებლები ვერ შველის და მისი სრულფასოვანი არსებობა ახალი ვერსიის მხრიდან დაფინანსებაზეა დამოკიდებული. გაზეთში რეკლამის განთავსების მსურველები ცოტაა. ჯერჯერობით გაზეთი არც საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტების რეციპიენტი გამხდარა. ფინანსური დამოუკიდებლობის და მდგრადობის მიღწევის საშუალებას გაზეთს ტირაჟის გაზრდა და ხელმომწერთა დიდი რაოდენობა მისცემდა.

ქუთაისური ვერსიის ტექნიკური აღჭურვილობაა 2 კომპიუტერი და 3 დიქტოფონი. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. ქუთაისური ვერსია A4 ფორმატისაა, თექვსმეტგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. გაზეთის ტირაჟი 1000 ეგზემპლარია. საცალო ღირებულება - 20 თეთრი, თუმცა ჯიხურებში 30 და 40 თეთრად იყიდება, რაც გაზეთზე მაღალი მოთხოვნილების მაჩვენებელია.

ქუთაისურ ვერსიას 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი და 5 ჟურნალისტი.

გაზეთი უქიმერიონი

გაზეთი დაარსდა 1989 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის ფილიალის მიერ და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს.

უქიმერიონი ლიტარატურული გაზეთია და ლიტერატურის და ხელოვნების საკითხებზე წერს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გაზეთი აქტიურად ებმება საზოგადოებრივ პოლემიკაში რელიგიური საკითხების ირგვლივ. უქიმერიონი მართლმადიდებლურ პოზიციებზე დგას და სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმართ აგრესიულობას ამჟღავნებს.

ვარდების რევოლუციამდე გაზეთი სტაბილურ სახელმწიფო სუბსიდიას იღებდა. მას შემდეგ, რაც მწერალთა კავშირის დაფინანსება შეწყდა, გაზეთი პროგრამულ დაფინანსებაზე გადავიდა. გაზეთის ფურცლებზე რეკლამა და სხვა სახის ფასიანი განცხადებები არ ქვეყნდება.

უქიმერიონს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია. მისი აწყობა-დაკაბადონება, ბეჭდვა ქუთაისის ერთ-ერთ სტამბაში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, 16-იდან 26 გვერდამდე მოცულობისაა და არასტაბილური პერიოდულობით 300 ეგზემპლარად გამოდის. მისი გავრცელება უფასოდ ხდება.

გაზეთს 4 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, პასუხისმგებელი მდივანი და კორექტორი. მასალებს რედაქციას მწერალთა კავშირში გაწევრიანებული მწერლები და ადგილობრივი მეცნიერები აწვდიან.

ტელეკომპანია რიონი

ტელეკომპანია დაარსდა 1986 წელს როგორც ქუთაისში დოკუმენტური ფილმების პირველი სტუდია. 1988 წელს იგი საკაბელო ტელევიზიაში გადაიზარდა და კომერციული ხასიათის გახდა. იმ პერიოდისათვის მას 5000 აბონენტი ჰყავდა, რამაც შესაძლებლობა მისცა საკმარისი კაპიტალი დაეგროვებინა საიმისოდ, რომ სამაუწყებლო კომპანიად ჩამოყალიბებულიყო. დღეს ტელეკომპანია რიონი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს და ერთი პირის საკუთრებაში იმყოფება.

ტელეკომპანიამ იმთავითვე მუშაობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება განავითარა და შეძლებისდაგვარად აშუქებდა იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და პროცესებს. რიონის მუშაობა ადგილობრივი ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკის ხაზს არ ეწინააღმდეგებოდა და უფრო მასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხასიათს ატარებდა, ვიდრე მისგან დამოუკიდებელს. ხელისუფლებასთან მსგავსი დამოკიდებულება განპირობებული იყო არამარტო ფინანსური მოგების მოსაზრებით, არამედ ტელეკომპანიის დამფუძნებლისა და იმერეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის, თემურ შაშიაშვილის, პირადი ურთიერთობებით, რომელიც თავის დროზე, ჯერ კიდევ კომუნისტური პარტიის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის მდივნობის პერიოდში, დიდად დაეხმარა ტელეკომპანიის დამფუძნებელს ამ ორგანიზაციის დაფუძნებაში.

ეკონომიკურად ტელეკომპანიის საქმიანობა დიდად იყო დამოკიდებული ადგილობრივი ხელისუფლების კეთილგანწყობაზე. საინფორმაციო გამოშვებების დროის დიდი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებას და მის წარმომადგენლებთან ინტერვიუებს ეთმობოდა, გარდა ამისა, იყო პირდაპირი ტრანსლაციები სამხარეო ადმინისტრაციის სხდომებიდან და გადაცემა „გისმენთ გუბერნატორი“, რომელშიც პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის მხარეში პირდაპირ ეთერში პასუხობდა მოქალაქეთა სატელეფონო ზარებს. მსგავს სერვისში, რა თქმა უნდა, იმერეთის მხარის ადმინისტრაცია ფულს იხდიდა. განსაკუთრებით მომგებიანი არჩევნების პერიოდი იყო, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია ქუთაისის საპირწონედ ტელეკომპანია რიონს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ურთიერთობა ტელეკომპანია რიონსა და სამხარეო ადმინისტრაციას შორის მნიშვნელოვნად შეიცვალა. ტელეკომპანიამ დატოვა სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი შენობა და საკუთარ შენობაში გადავიდა. მნიშვნელოვნად შემცირდა სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებაც. ერთი მიზეზი ამისა ისაა, რომ ტელეკომპანია ქუთაისი, რომელიც რევოლუციის შემდეგ შერისხულ და დაპატიმრებულ დეპუტატ ბონდო შალიკიანს ეკუთვნოდა, დაიხურა და რიონის, როგორც ოპოზიციის ტრიბუნის საპირწონის, აქტუალობა ისეთი მწვავე აღარ არის. გარდა ამისა, ახალი ხელისუფლების მუშაობის სტილიც ძალიან შეიცვალა. ტელეკომპანია რიონი მაინც მნიშვნელოვან რესურსს წაროადგენს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.

ტელეკომაპნიის საეთერო ბადე უმეტესწილად ფილმების და მუსიკალური რგოლების ტრანსლაციით ივსება, თუმცა, საკუთარი გადაცემებიც აქვს. ტელეკომპანიის მაუწყებლობა დილის გასართობი პროგრამით იწყება. დღეში სამჯერ, საღამოს 16:30, 20:30 და 22:30 საათებზე საინფორმაციო გამოშვება გადის. დღის მანძილზე სამი სხვადასხვა მუსიკალური პროგრამა გადაიცემა. ტელეკომპანია ამზადებს ორ შემეცნებით გადაცემას „საუბრები მოძღვართან“ და „საუბრები ლიტერატურაზე“.

საინფორმაციო გამოშვების მასალა მეტწილად ქუთაისის ამბებს ეხება, თუმცა ტელეკომპანია ყურადღებას უთმობს რეგიონის სხვადასხვა რაიონში მიმდინარე მოვლენებსაც. რიონს თავისი საკორესპონდენტო ბიუროები აქვს გახსნილი სამტრედიაში, ვანში, ბაღდათში და წყალტუბოში. ახალ ამბებზე სიუჟეტებს ხშირად ვრცელი კომენტარები ახლავს და დაბალანსება აკლია.

ტელეკომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოსთან, რაც მხოლოდ გადაცემით „საუბრები მოძღვართან“ არ შემოიფარგლება. ტელეკომპანია რიონს აქვს რადიო სიხშირეც, რომელსაც საპატრიარქოს რადიოს უთმობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ტრანსლირებისთვის.

გარდა საპატრიარქოსი, რიონი თანამშრომლობს ქუთაისში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთან ერთადაც მზადდება გადაცემები და ტოკ-შოუები აქტუალური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საკითხების ირგვლივ. ამ კუთხით ტელეკომპანიასთან ურთიერთობენ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, თავისუფლების ინსტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ტელეკომპანია რიონის საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება მწირია. ერთადერთი გრანტი, რომელიც მას აქვს მიღებული ტექნიკური ბაზის გადასახალისებლად, ევრაზიის ფონდის დახმარება იყო. გარდა ამისა, რიონი ხშირად არის ინტერნიუსის ჟურნალისტების ტრენინგების მონაწილე. ის რომ, ტელეკომპანიას ორგანიზაციული და ჟურნალისტური განვითარების მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული დახმარება არასდროს მიუღია, აშკარად ახდენს გავლენას მისი მუშაობის ხარისხზე და ჟურნალისტების კვალიფიკაციის დონეზე.

ტელეკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა სერიოზულად დაზარალდა 2004 წელს რიონის ოფისის ხანძრის შედეგად. ამჟამად ძველად არსებული ტექნიკური ბაზის ძალზედ მცირე ნაწილია ექსპლუატაციაში. რიონი თავისი გადაცემების ტრანსლაციას საკუთარი გადამცემით ეწევა და მაუწყებლობაზე ლიცენზია 2014 წლამდე აქვს.

ტელეკომპანიას 42 თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის 15 საინფორმაციო განყოფილებაშია დასაქმებული.

რადიო ძველი ქალაქი

რადიო 1995 წლის დეკემბერში დაარსდა ოთხი კერძო პირის მიერ თანაბარი 25%25-იანი წილობრივი მონაწილეობით. რადიო ძველი ქალაქი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

ძველი ქალაქი საინფორმაციო-გასართობი ხასიათისაა და მის ძირითად აუდიტორიას ახალგაზრდა თაობის მსმენელები წარმოადგენენ. თუმცა, რადიო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებას არ გაურბის და წლების მანძილზე ქუთაისის და, საერთოდ, იმერეთის რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ძლიერ საინფორმაციო სამსახურად ჩამოყალიბდა. ძველი ქალაქი დღეში თორმეტჯერ, საათში ერთხელ, გადასცემს ხუთ-ათწუთიან საკუთარ საინფორმაციო გადაცემას. საღამოს 22:00 საათზე რადიოს ეთერით დღის ამბების შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა „დღის ბოლოს“ გადის. გარდა ამისა, დილა-საღამოს რადიო თავისუფლების გადაცემების რეტრანსლაცია ხდება. ძველი ქალაქი კვირაში ერთხელ გადასცემს რადიო თავისუფლების მიერ განხორცილებული კოალიციური პროექტის ფარგლებში მომზადებულ გადაცემას, რომელშიც ძველი ქალაქის გარდა რადიო ჰარმონია (ფოთი), რადიო ათინათი (ზუგდიდი), რადიო მწვანე ტალღა - მესხეთი (ახალციხე) და რადიო ჰერეთი (ლაგოდეხი) მონაწილეობენ.

ძველი ქალაქის სარედაქციო პოლიტიკა მომხმარებლისთვის დაბალანსებული ახალი ამბების და ანალიტიკური მასალის მიწოდებაა, რაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და ზოგიერთი საზოგადოებრივი ჯგუფისათვის უკმაყოფილების, გაღიზიანების და ხშირად რადიოზე ზეწოლის საფუძველი ხდება. ხელისუფლება, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში აქტიურდება, ხოლო საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის პერმანენტული დროითი ინტერვალი არ არსებობს და ნეგატიურ რეაქციას რადიოს მიმართ მის მიერ სხვადასხვა საკითხის გაშუქების შემთხვევაში ავლენს. რადიოზე ზეწოლის ტალღა რეგიონში არსებული რელიგიური პრობლემების საკითხების გაშუქებას მოსდევს. ძველი ქალაქის მიმართ განხორციელებული ასეთი საზოგადოებრივი შემოტევის პიკი 2003 წლის იანვრიდან დაიწყო და შვიდი თვის მანძილზე გაგრძელდა. იგი ქუთაისის კათოლიკური თემის კულტურული ცხოვრების გაშუქებისადმი მიძღვნილი გადაცემების სერიას მოჰყვა. რადიოს მიერ მომზადებული გადაცემები არ ეძღვნებოდა კათოლიციზმის გაცნობას ან კათოლიკური მოძღვრების ქადაგებას. ამ გადაცემებში საუბარი იყო ქუთაისის კათოლიკური თემიდან გამოსულ გამოჩენილ ქართველ საზოგადო და კულტურის მოღვაწეებზე. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლი აღაშფოთა ძველი ქალაქის დაინტერესებამ ამ საკითხით. აღშფოთება ოფისის რამდენჯერმე დარბევით გამოიხატა. საქალაქო სასამართლოშიც რამდენჯერმე იქნა სარჩელი შეტანილი რადიოს წინააღმდეგ. სასამართლოს მიერ განხილულ საკითხთაგან ერთ-ერთი შეეხებოდა რადიოს გადამცემი ანძის მავნე ზემოქმედებას გარშემო მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით რადიოს თავისი ოფისის შენობის თავზე განთავსებული ანძის და გადამცემის დემონტაჟი უნდა მოეხდინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რადიოს მაუწყებლობა უნდა შეეწყვიტა. ამგვარი გადაწყვეტილება ძველი ქალაქის მიმართ სარჩელის შემტანი მართლმადიდებელი მრევლის მხრიდან ანგარიშსწორებას უფრო ჰგავდა.

ძველ ქალაქზე ეს ხანგრძლივი შემოტევა ქუთაისის არასამთავრობო სექტორში, ადგილობრივი ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებში აქტიურობისა და კოალიციების შეკვრის საფუძველი შეიქნა. ქალაქის მერია, ოპოზიციური პარტიები და სამთავრობო მოქალაქეთა კავშირი, გარკვეული კომპრომისების და თანამშრომლობის საფუძველზე რადიოს თანადგომას და მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. პოლიტიკური ძალების მხრიდან დახმარების მიღება ძველი ქალაქის დამოუკიდებლობის შეზღუდვას ნიშნავდა. ამიტომ რადიომ უარი განაცხადა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, თავისუფლების ინსტიტუტთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, IREX-თან, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან და ევრაზიის ფონდთან - ალიანსი არჩია. რადიოს დასაცავად გააქტიურდა ადგილობრივი სტუდენტობა და მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი. მაგალითად, ტელეკომპანია ქუთაისი ხშირად აშუქებდა რადიოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. საბოლოოდ, ახალგაზრდობის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით ძველი ქალაქის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურა და მის ოფისზე პერმანენტული თავდასხმებიც შეწყდა.

არსებობის მანძილზე რადიო ძველ ქალაქი თანამშრომლობდა IREX-თან, ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოსთან, ევრაზიის ფონდთან, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან, ინტერნიუსთან, რომლებთან ერთად ათზე მეტი ერთობლივი პროექტი აქვს განხორციელებული. ეს თანამშრომლობა რადიოს დაეხმარა, როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებაში, ისე ჟურნალისტთა კვალიფიკაციისა და პროფესიული დონის ამაღლებაში. ყოველივე ამან საშუალება მისცა ძლიერ რეგიონულ მაუწყებლობად და მდგრად მედია-ორგანიზაციად ჩამოყალიბებულიყო. რადიო მთელ იმერეთის რეგიონზე და ნაწილობრივ სამეგრელოსა და გურიაზე მაუწყებლობს, რაც ზრდის რეკლამის დამკვეთთა ინტერესს მის მიმართ.

ძველი ქალაქის ტექნიკური აღჭურვილობა მიუხედავად იმისა, რომ მასზე თავდასხმების შედეგად საკმაოდ დაზარალდა, თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს და რადიოს ხარისხიან მაუწყებლობას უზრუნველყოფს. ძველ ქალაქს მაუწყებლობაზე ლიცენზია 2014 წლამდე აქვს და სიგნალს საკუთარი ანძის საშუალებით ავრცელებს.

რადიოს 14 თანამშრომელი ჰყავს, მათ შორის 4 ჟურნალისტი და 4 გადაცემის წამყვანი.

რადიო ივერიონი

რადიო დაარსდა 2003 წელს კერძო პირის მიერ და იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

ივერიონი მუსიკალურ-გასართობი რადიოა, თუმცა აქვს საინფორმაციო გამოშვებაც, რომელიც დღეში 12-ჯერ - საათში ერთხელ გადის და სააგენტო ინტერპრესის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას გადასცემს. საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბები, ძირითადად, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს ასახავს და ადგილობრივ პროცესებს იშვიათად ეხება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რადიოს საკუთარი საკორესპონდენტო ქსელი არ გააჩნია. რადიო ივერიონს ადგილობრივ ხელისუფლებასთან კონფლიქტური სიტუაცია არასდროს შექმნია, ვინაიდან ანალიტიკური გადაცემები არ აქვს.

რადიოს შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა და მუსიკალური დაკვეთებიდან შემოსული თანხები წარმოადგენს.

რადიოს ტექნიკური აღჭურვილობა 3 კომპიუტერს, აუდიო მიკჩერს და გენერატორს მოიცავს. ივერიონი მთელი იმერეთის მასშტაბით მაუწყებლობს ტყიბულისა და ხარაგაულის რაიონების გარდა. მაუწყებლობაზე ლიცენზია რადიოს 2012 წლამდე აქვს.

ივერიონს ჰყავს 7 თანამშრომელი: დირექტორი, ბუხჰალტერი, საინფორმაციო გამოშვების ორი წამყვანი და მუსიკალური გადაცემის სამი წამყვანი.

რადიო ქუთაისის რადიო

რადიო დაარსდა 2003 წელს საბჭოთა პერიოდის საქართველოს ცენტრალური რადიოს ქუთაისის საკორესპონდენტო პუნქტის ბაზაზე დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო რესურსის გამოყენებით. ქუთაისის რადიოს დამფუძნებელი საქართველოს ქონების მართვის სამინისტრო იყო. რადიო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ქუთაისის რადიო კვანძის საკუთრებაა და 100%25-ით სახელმწიფოს საკუთრებაშია.

ქუთაისის რადიო ძველი საკაბელო სისტემით მაუწყებლობს და წლების მანძილზე მიტოვებული მეურნეობის და ქსელის რეაბილიტაციაში შექმნილი პრობლემების გამო მთელ ქალაქს ვერ მოიცავს. აუდიტორია საკმაოდ ვიწროა და, ძირითადად, ქალაქის მოსახლეობის სოციალურად შეჭირვებული ფენებით შემოიფარგლება.

რადიოს მუშაობა უფროსი თაობის საინფორმაციო ინტერესების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი. ქუთაისის რადიოს ანალიტიკური გადაცემები სოციალურ და ჯანდაცვის თემატიკაზეა აგებული. რადიოს ეთერში დღეში სამჯერ გადის საინფორმაციო გამოშვება, მაგრამ მათში პოლიტიკურ პრობლემებს ნაკლებად ეხებიან. რადიოს აქვს გადაცემა „ექიმი გვირჩევს“, რომელშიც ექიმები რადიოს ეთერში უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევენ სოციალურად დაუცველ პაციენტებს. ქუთაისის რადიოს ასევე აქვს გადაცემა, რომლის საშუალებითაც მსმენელები უფასო იურიდიულ კონსულტაციას იღებენ.

რადიოს აქვს საავტორო გადაცემები საქართველოს ისტორიის, მართლმადიდებლობის, ლიტერატურისა და ხელოვნების, სპორტის, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებიის ირგვლივ.

როგორც აღვნიშნეთ, ქუთაისის რადიოს ორიენტაცია აქვს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ამ კუთხით განისაზღვრება მისი სატარიფო პოლიტიკაც. მართალია, რადიოს ძირითად შემოსავალს სახელმწიფო დაფინანსების გარდა სააბონენტო გადასახადი წარმოადგენს, რომელიც თვეში ერთი ლარის ოდენობით განისაზღვრება, მაგრამ პენსიონერების შემთხვევაში გადასახადი 50 თეთრს შეადგენს, ხოლო ინვალიდები გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლებულნი არიან.

ქუთაისის რადიოს ტექნიკური აღჭურვილობა საბჭოთა პერიოდის ძველი აპარატურაა, დამატებით ერთი კომპიუტერი და რამდენიმე დიქტოფონიც აქვს.

რადიოს 15 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც საინფორმაციო, სარეკლამო და ტექნიკურ განყოფილებებში არიან განაწილებულნი.

სამტრედია

გაზეთი აბრეშუმის გზა

გაზეთი დაარსდა 2002 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი კიდობანის მიერ. იგი ცალკე იურიდიულ პირს არ წარმოადგენს და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად დარეგისტრირებული არაა.

კავშირი კიდობანის საქმიანობა მრავალმხრივია და მიმართულია სამტრედიის რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის, მას-მედიის, ტურიზმის, სპორტის, კულტურის განვითარებაზე. შესაბამისად, გაზეთ აბრეშუმის გზის მიზანიც ამ სფეროებში არსებული ვითარების გაშუქებაა.

გაზეთს თემატიკის მიხედვით აქვს ტრადიციული რუბრიკები და გვერდები მართლმადიდებლობის, ოჯახური პრობლემების, რაიონის ისტორიის შესახებ, ასევე ფსიქოლოგის კონსულტაციები და გასართობი ტესტები.

აბრეშუმის გზა აქტიურადაა ჩაბმული სამტრედიის რაიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში. სამტრედიაში იგი კარგად ცნობადი მედია-ორგანიზაციაა. ამიტომაა, რომ არჩევნების პერიოდში ადგილობრივი პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები გაზეთს საკუთარი პროგრამების და საქმიანობების გასაშუქებლად სწორედ მას მიმართავენ ხოლმე. წინასაარჩევნო რეკლამა გაზეთს კარგ შემოსავალს აძლევს და გარკვეულ პერიოდში გამოცემის ხარჯებს ფარავს. მიუხედვად პარტიებთან მსგავსი თანამშრომლობისა, აბრეშუმის გზა პოლიტიკურად ანგაჟირებულ გაზეთად არ მოიაზრება და მკითხველის ნდობა მის მიმართ დიდია. გაზეთის ყველაზე რეზონანსული მასალა რაიონში არსებული ასფალტის ქარხნის ერთ-ერთი მესაკუთრისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ურთიერთობებს ეხებოდა. აღმოჩნდა, რომ ქარხნიდან, რომლის ერთ-ერთი მეწილეც ქალაქ ქუთაისის მერი იყო, ამოღებული გადასახადები არა სამტრედიის, არამედ ქუთაისის ბიუჯეტში ირიცხებოდა. ამ საკითხზე კავშირმა კიდობანმა და ადგილობრივი მედიის და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია წამოიწყეს და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვეს. პრობლემის გადაწყვეტა მანამ ვერ მოხერხდა, სანამ აღნიშნული თანამდებობის პირი ხელისუფლებიდან არ წავიდა.

აბრეშუმის გზის შემოსავლის მთავარი წყარო რეკლამიდან და რეალიზაციიდან შემოსული თანხებია, რაც მაინც არ არის საკმარისი საარსებოდ და კავშირი კიდობანი გაზეთს თავისი ბიუჯეტიდან აფინანსებს. თავად კავშირი კიდობანი ეკონომიკური საქმიანობითაცაა დაკავებული და სამტრედიაში საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობის სფეროში განვადების სისტემის დამფუძნებელია. ამ სფეროდან მიღებული შემოსავლის ნაწილი სხვადასხვა სახის ღონისძიებას, მაგალითად, ქალაქის გამწვანების და დასუფთავების პერიოდულ აქციებსა და გაზეთ აბრეშუმის გზას ხმარდება.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა მთლიანად კავშირ კიდობანის მიერაა შეძენილი და ოთხ კომპიუტერს, ორ პრინტერს, სკანერს, ციფრულ ფოტოაპარატს და სამ დიქტოფონს მოიცავს.

აბრეშუმის გზის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა, თექვსმეტგვერდიანია და კვირაში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 1200 ეგზემპლარია, საცალო ფასი - 50 თეთრი.

გაზეთს 11 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, კომერციული მენეჯერი, 5 ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი, მხატვარი და კომპიუტერის 2 სპეციალისტი.

გაზეთი სამტრედიის მაცნე

გაზეთი საბჭოთა პერიოდში 1930 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის სამტრედიის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. თავიდან სოციალისტური შეტევა, ხოლო შემდეგ წინსვლა ერქვა. 1990 წელს კომუნისტური პარტიის ხელისუფლებიდან წასვლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაზეთი დამოუკიდებელი გახდა და სამტრედია დაერქვა. სამოქალაქო ომის შემდგომმა ქაოსმა გაზეთის გამოცემა დროებით შეაჩერა. 1993 წელს მისი გამოცემა ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით განახლდა, მისი საკუთრების ფორმა შეიცვალა და სამტრედიის მაცნეს სახელით გამოვიდა. დღეისათვის გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის სტატუსითაა დარეგისტრირებული და სამტრედიის რაიონული გამგეობის საკუთრებაში იმყოფება.

გაზეთის სარედაქციო პოლიტიკას ადგილობრივი ხელისუფლება განსაზღვრავს. გაზეთის თემატიკა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობას, გამოჩენილ სამტრედიელთა ცხოვრებას, რელიგიისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს მოიცავს. გაზეთი დროდადრო სოციალურ პრობლემებსაც ეხება.

გაზეთი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არსებობს. წელიწადში 15000 ლარს იღებს. ეს თანხა გაზეთის საარსებოდ, რა თქმა უნდა, საკმარისი არაა.

სამტრედიის მაცნეს ტექნიკური ბაზა ასე გამოიყურება: ერთი კომპიუტერი, ერთი პრინტერი, ორი დიქტოფონი და ერთი ფოტოაპარატი. აწყობა-დაკაბადონება სამტრედიაში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. გაზეთი A3 ფორმატისაა და მოიცავს რვა გვერდს. გამოდის ორ კვირაში ერთხელ და ტირაჟი 500 ეგზემპლარს შეადგენს. ტირაჟის ნაწილი ხელმომწერებს - გამგეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა სტრუქტურების თანამშრომლებს - ურიგდებათ, ნაწილი გაყიდვაში ეშვება. საცალო ფასი - 40 თეთრია.

სამტრედიის მაცნეს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, ჟურნალისტი, ფოტოკორესპონდენტი, ბუხჰალტერი და კომპიუტერის სპეციალისტი.

გაზეთი მზერა

გაზეთი 2002 წლიდან არსებობს, იგი კერძო პირის მიერ არის დაფუძნებული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს.

2003 წელს ფინანსური პრობლემების გამო მისი გამოშვება დროებით შეჩერდა და 2004 წელს ადგილობრივი ბიზნესმენის ფინანსური დახმარების წყალობით აღდგა.

გაზეთის მუშაობის ძირითად მიმართულებას სოციალური პრობლემების გაშუქება წარმოადგენს. მკითხველი განსაკუთრებული ინტერესით კრიმინალთან დაკავშირებულ მასალას ეცნობა. მზერის კოლექტივი მარტო სიტუაციის აღწერას და ფაქტების კონსტატაციას არ ახდენს, ცდილობს ჟურნალისტური გამოძიებაც დანერგოს. გაზეთის რედაქცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლებთან. მზერის ფურცლებზე ასახვას პოვებს ისეთი მტკივნეული სოციალური პრობლემები, როგორიცაა: უმუშევრობა, ნარკომანია, პროსტიტუცია, ტრეფიკინგი, მიგრაცია.

მიუხედავად იმისა, რომ გაზეთმა მოახერხა ხელმომწერთა მეტ-ნაკლებად სტაბილური რაოდენობის შეგროვება, ფინანსურად სავალალო მდგომარეობაშია. დაკვეთები რეკლამაზე არ გააჩნია. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გრანტების რეციპიენტიც ჯერჯერობით არ ყოფილა.

გაზეთს აქვს ერთი კომპიუტერი და ოთხი დიქტოფონი. აწყობა-დაკაბადონება სამტრედიაში ხდება, ბეჭდვა - თბილისში. მზერა A3 ფორმატისაა. მოიცავს თორმეტ გვერდს. გამოდის კვირაში ერთხელ. ტირაჟი 1000-იდან 1200-მდე მერყეობს. გაზეთის საცალო ღირებულება 40 თეთრია.

გაზეთს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, 4 ჟურნალისტი და კომპიუტერის სპეციალისტი.

ხონი

ტელეკომპანია მეგაTV

ტელეკომპანია დაარსდა 1991 წელს კერძო პირის მიერ და იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს. 1991-1996 წლებში მეგაTV დეციმეტრულ არხზე მაუწყებლობდა, 1996 წლის შემდეგ კი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან ახალი სიხშირე მეტრულ არხზე მიიღო.

ტელეკომპანია თავის საეთერო დროს, ძირითადად, ფილმების და მუსიკალური რგოლების საშუალებით ავსებს, თუმცა საკუთარი საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემებიც აქვს. საინფორმაციო გამოშვებისთვის მეგაTV ინფორმაციას ქუთაისიდან, წყალტუბოდან და მარტვილიდან იღებს, სადაც საკუთარი საკორესპონდენტო ბიუროები აქვს გახსნილი. ტელეკომპანიას რეგიონულ მაუწყებლად ჩამოყალიბების სტრატეგია აქვს, რაც უსაფუძვლო არ უნდა იყოს არსებული ტექნიკური და საკადრო რესურსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.

მეგაTV-ის დღევანდელი მდგომარეობის მოპოვებაში დიდად დაეხმარა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან (IREX, ევრაზიის ფონდი და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო) ორგანიზაციულ, ტექნიკურ და პროფესიულ განვითარებაზე მიღებული გრანტები. მათი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პერიოდებში იყო, როდესაც ტელეკომპანიამ, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა, მარტვილისა და ხონის რაიონებში საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიუკერძოებელი მედიატორის როლს ძალიან კარგად გაართვა თავი.

მეგა TV-ის ხელისუფლებასთან ურთიერთობა იშვიათი გამონაკლისის გარდა ნორმალურია. დაძაბულობას, როგორც წესი, ადგილი აქვს არჩევნების პერიოდში. თუმცა, ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანიის დაინტერესებამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ხარჯვის მიზანმიმართულებითა და გამჭვირვალობით ეს ურთიერთობა გააუარესა. მეგა TV პირდაპირი ზეწოლის ობიექტი არ გამხდარა, მაგრამ დაუწყეს დავა შენობის პრივატიზების კანონიერებაზე, რომელიც ტელეკომპანიამ ოფისისთვის ჯერ კიდევ რევოლუციამდე შეიძინა.

მეგა TV არამარტო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივად აქტუალურ სხვა პრობლემებსაც უთმობს ყურადღებას. ტელეკომპანიის ეთერი ღიაა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა და მოქალაქეებისთვის. არაერთხელ მომზადდა გადაცემები ხონის რაიონში მაცხოვრებელი რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემაზე. მაგალითად, გადაცემა მიეძღვნა სოფელ ახალშენში კათოლიკური ტაძრის გახსნას, რეგულარულად შუქდება ამავე თემის დღესასწაულები, რამდენჯერმე მომზადდა სიუჟეტი ქუთაისსა და სამტრედიაში იეჰოვას მოწმეთა თემის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, მომზადდა გადაცემა სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მცხოვრები თურქი-მესხების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანიის მიერ მომზადებული გადაცემები და სიუჟეტები თავისუფალი იყო რეგიონული მედიისთვის დამახასიათებელი აგრესიულობისაგან.

მეგა TV-ის ტექნიკური აღჭურვილობა ექვს კომპიუტერს (ამათგან სამი სამონტაჟოდ გამოიყენება), შვიდ ვიდეოკამერას, რამდენიმე მონიტორს და გადამცემს მოიცავს. მისი მაუწყებლობა ხონის, მარტვილის და სამტრედიის რაიონებს ფარავს. ლიცენზია მაუწყებლობაზე 2011 წლამდე აქვს.

ტელეკომპანიას 8 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი, საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორი, ბუხჰალტერი, ტექნიკური მენეჯერი. გარდა ამისა, მეგა TV-ის კონტრაქტის საფუძველზე კორესპონდენტები და ოპერატორები ჰყავს ქუთაისში, წყალტუბოში, მარტვილში და სამტრედიაში.

ვანი

გაზეთი საჩინო

გაზეთი 1932 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ვანის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის კოლმეურნის მნათობის მემკვიდრეა. მოგვიანებით მას განთიადი, ხოლო 1991 წლიდან საჩინო დაერქვა. გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული და მისი დამფუძნებელი ვანის რაიონის გამგეობაა.

შინაარსობრივად საჩინო სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ სხვა რაიონულ გაზეთებს ჰგავს და, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებას ეთმობა. გაზეთში იბეჭდება რაიონის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ამსახველი მასალებიც, ყურადღება ეთმობა ვანის წარსულს, ქვეყნდება პუბლიკაციები რაიონის გამოჩენილ ადამიანებზე, წერილები მართლმადიდებლობაზე და რაიონში არსებულ ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგელებზე.

გაზეთს ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს, თუმცა, კნინი შემოსავალი ფასიანი განცხადებებიდანაც აქვს. საჩინოს ტირაჟის ნაწილი (200 ცალი) ხელმომწერზე ვრცელდება. დანარჩები უფასოდ რიგდება რაიონის სოფლების საკრებულოებში.

საჩინოს ტექნიკური აღჭურვილობა ერთ ფოტოაპარატს და ორ დიქტოფონს მოიცავს. მისი აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და თვეში ერთხელ გამოდის. ტირაჟი 600 ეგზემპლარს შეადგენს და საცალო გაყიდვაში 40 თეთრი ღირს.

გაზეთს 5 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, კორექტორი და სამი კორესპონდენტი.

გაზეთი ჩვენი გაზეთი

გაზეთი 2004 წელს დაარსდა ვანში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია განათლებისა და განვითარების ახალგაზრდული ცენტრის მიერ და ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს. გაზეთი დამოუკიდებელი იურიდიული პირი არ არის.

განათლებისა და განვითარების ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა ვანის ახალგაზრდობისთვის თანამედროვე მსოფლიოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. ცენტრმა დააფუძნა ინტერნეტ-ცენტრი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ მოეძებნათ და გასცნობოდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. უფრო რომ გაეიოლებინათ ინფორმაციის მიწოდება, ცენტრმა გადაწყვიტა გამოეცა გაზეთი, რომელიც მკითხველს მიაწოდებდა ინფორმაციას საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკის, შოუ ბიზნესის, სპორტის და კულტურის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ჩვენი გაზეთი მასალებს ინტერნეტიდან იღებს და თარგმნის, ამასთან, ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს საკუათარი სტატიები, ნარკვევები და ლიტერატურული ნაწარმოებები გამოაქვეყნონ და თანატოლებს გააცნონ. გაზეთი საერთოდ არ ეხება ადგილობრივ პრობლემებს და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სიტუაციას.

გაზეთი განათლებისა და განვითარების ახალგაზრდული ცენტრის ტექნიკურ ბაზას იყენებს, რომელიც შვიდ კომპიუტერს, სკანერს, პრინტერს და ასლგადამღებ მანქანას მოიცავს. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - ქუთაისში. ჩვენი გაზეთი A4 ფორმატისაა, თექვსმეტგვერდიანია ტირაჟი 500 ცალია. გამოდის თვეში ერთხელ. საცალო ფასი 50 თეთრია. ცენტრს ჩვენი გაზეთის გამოცემაზე გრანტი არ მიუღია და გაყიდვა მის გამოცემაზე გაღებული ხარჯების დაფარვის ერთადერთი საშუალებაა.

გაზეთის გამოცემაზე განათლებისა და განვითარების ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომლები მუშაობენ.

ბაღდათი

გაზეთი ბაღდათი

გაზეთი 1931 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის მაიაკოვსკის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. თავდაპირველად მას სოციალისტური სოფელი, შემდეგ კოლექტიური შეტევა და მაიაკოვსკი ერქვა. 1990 წელს საქართველოში კომუნისტური პარტიის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ გაზეთი დამოუკიდებელი გახდა და ბაღდათი დაერქვა. დღეს გაზეთი ბაღდათი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და ერთი პირის საკუთრებაში იმყოფება.

გაზეთი საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციაა და ადგილობრივი ექსპერტების მიერ კომუნისტური პარტიისა და პარტია სამართლიანობის ინტერესების გამომხატველ ორგანოდ მოიაზრება. მასში ხშირად იბეჭდება საბჭოთა პერიოდის ამსახველი ისტორიული ხასიათის მასალები, რომელთა უმრავლესობა იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის და კაცობრიობის წინაშე პიროვნულ დამსახურებებს ეძღვნება.

გაზეთი საქართველოს კომუნისტური პარტიის მხარდამჭერ ორგანიზაციას წარმოადგენს და, გასაგებია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკიდურესად კრიტიკულია. ბაღდათში იბეჭდება რაიონის დღევანდელი სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის ამსახველი სტატიები, რომლებიც „ამხელენ შეგნებულ მავნებლობაში“ რაიონის ადმინისტრაციას. გაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს ასევე ადგილობრივი ბიზნესმენების „მავნებლურ საქმიანობასაც“. გაზეთში დიდი ადგლი ეთმობა თავად მისი მფლობელისა და რედაქტორის პოეზიას, რომლის დიდი ნაწილი წარსული დროის დიდებას და იოსებ სტალინს ეძღვნება.

მიუხედავად ხელისუფლებისა და ბიზნესმენების მიმართ მკვეთრად კრიტიკული განწყობისა, მათი მხრიდან ბაღდათზე ზეწოლის შემთხვევები არ ყოფილა.

გაზეთ ბაღდათს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A4 ფორმატისაა, რვაგვერდიანია და თვეში ერთხელ გამოდის 300 ცალი. გაზეთი ხელმომწერებზე ვრცელდება.

ბაღდათს 2 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი და ერთი კორესპონდენტი.

გაზეთი ახალი ბაღდათი

გაზეთი 1994 წელს დაარსდა ბაღდათის რაიონის გამგეობის მიერ. იგი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად არის დარეგისტრირებული, თუმცა, მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბაღდათი ადგილობრივი ხელისუფლების საგამომცემლო ორგანოა, იგი მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სახელფასო ფონდის შევსება საკუთარი ძალებით უწევს. გაზეთის რეალიზაციიდან შემოსულ თანხებს ემატება რეკლამიდან და ფასიანი განცხადებებიდან (ნეკროლოგები და მილოცვები) მიღებული თანხები.

გაზეთი გამგეობის ზედამხედველობის ქვეშაა და ამ უკანასკნელის მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება მისი შედგენა. ახალი ბაღდათი ძირითადად მიმართულია ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებაზე. მასში იბეჭდება გამგეობის და საკრებულოს გადაწყვეტილებები, განკარგულებები და სამუშაო სხდომების ამსახველი მასალები. გაზეთის რედაქცია ადგილობრივი ადმინისტრაციის დიქტატის განეიტრალებას ადგილობრივი პრობლემების უწყინარი გაშუქებით ცდილობს, მაგრამ სერიოზულ კრიტიკას ვერ ბეჭდავს. თუმცა, არაერთხელ დაწერილა ხე-ტყის უკანონო ჩეხვის, პენსიების და საბიუჯეტო სფეროში არსებული დარღვევების შესახებ. ამ სახის მასალები გამგეობის პოზიციის დაფიქსირებით და სიტუაციის გაუმჯობესების დაპირებების დართვით იბეჭდება. გაზეთი ყურადღებას უთმობს რაიონში არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციასაც.

ახალი ბაღდათი რაიონის კულტურულ ცხოვრებას და მის წარსულსაც აშუქებს. იბეჭდება მასალები ამ რაიონიდან გამოსული ცნობილი ქართველი საზოგადო და კულტურული მოღვაწეების შესახებ. შუქდება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩატარებული კულტურული ღონისძიებებიც

ახალი ბაღდათის ტექნიკური აღჭურვილობა მწირია: სულ ერთი კომპიუტერი. აწყობა-დაკაბადონებაც და ბეჭდვაც ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, მოიცავს ოთხ გვერდს, გამოდის ცვალებადი ტირაჟით 500-იდან 1000 ცალამდე ორ კვირაში ერთხელ. პერიოდულობის დაცვა ხშირად ვერ ხერხდება.

გაზეთს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, კომპიუტერის სპეციალისტი და 3 კორესპონდენტი.

ხარაგაული

გაზეთი ჩემი ხარაგაული

გაზეთი დაარსდა 1999 წელს ადგილობრივი გამგეობის მიერ, მაგრამ 2000 წელს ჩემი ხარაგაული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გახდა და დღეს დამოუკიდებელ გამოცემას წარმოადგენს. მას ორი დამფუძნებელი ჰყავს თანაბარი წილოვანი მონაწილეობით.

ჩემი ხარაგაულის, როგორც დამოუკიდებელი გამოცემის, განვითარება ადგილობრივ ხელისუფლებასთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან დაპირისპირების ფონზე ხდებოდა. მას შემდეგ, რაც გაზეთის ფურცლებზე კორუფციის ფაქტებში გამგეობის ხელმძღვანელობა ამხილეს, გამგებელმა გაზეთის რედაქცია ოფისიდან, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფებოდა, გააძევა. ვინაიდან ჩემი ხარაგაულის გამოცემა ამ ფაქტმა ვერ შეაჩერა, გამგეობამ საკუთარი გაზეთი დაბა ხარაგაული დააფუძნა, რომელმაც დიდ ხანს ვერ იარსება და ვერც დამოუკიდებელ ჩემ ხარაგაულს გაუწია კონკურენცია. იგი უკვე ცნობადი გამოცემა იყო და მასზე მოთხოვნილება დიდი იყო. გაზეთის მუშაობით უკმაყოფილო იყო იმ პერიოდში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ჩახვაძეც. გაზეთმა გამოაქვეყნა მასალა იმის თაობაზე, რომ ჩახვაძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული ჰქონდა და უკრაინაში გიორგი ერისთავის სახელით ცხოვრობდა. გამოდიოდა, რომ არჩევნებში უკანონოდ იღებდა მონაწილეობას. დეპუტატობის კანდიდატმა რედაქციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენა და ანგარიშსწორებით დაემუქრა. მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით ხშირად ადგილობრივი ხე-ტყის ბიზნესით დაკავებული პირებისგან მჟღავნდება. გაზეთი აქტიურად აშუქებს ამ სფეროში არსებულ დარღვევებს და ხელისუფლების დანაშაულებრივ გულგრილობას თუ ბრაკონიერებთან თანამშრომლობას ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ტყე-პარკის გაჩეხვაში.

ჩემი ხარაგაული ინტერესს იჩენს სოციალური საკითხების მიმართაც. პენსიების თემის გარდა წინ სწევს მთიანი სოფლების პრობლემებსაც. გაზეთის საინფორმაციო კამპანიის შედეგად რაიონული ცენტრიდან მოშორებულ ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამედიცინო პუნქტი გახსნა და დაბა ხარაგაულიდან მედდა გაგზავნა.

ჩემი ხარაგაული ორჯერ იყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გრანტების რეციპიენტი: ევრაზიის ფონდის საშუალებით მოხდა გაზეთის ანტიკორუფციული ჩანართის მომზადება, ხოლო IREX-ის გრანტის საშუალებით რაიონულ ცენტრში ინტერნეტის შეყვანა გახდა შესაძლებელი.

ჩემი ხარაგაულის ტექნიკური აღჭურვილობა ორ კომოპიუტერს, სკანერს, პრინტერს, დიქტოფონს შეადგენს. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - ქუთაისში. გაზეთი A3 ფორმატისაა. ოთხი ან რვა გვერდი აქვს. გამოდის კვირაში ერთხელ. ტირაჟი 1200 ცალია. საცალო ფასი გვერდების შესაბამისად 20 ან 40 თეთრია. გაზეთს 800 ხელმომწერი ჰყავს, რაც მას სტაბილურ შემოსავალს აძლევს.

გაზეთს 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, ბუხჰალტერი და ორი ჟურნალისტი; გაზეთთან ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს ორი ჟურნალისტი თბილისიდან.

გაზეთი ახალი ხედვა ხარაგაულში

გაზეთი დაარსდა 2004 წელს ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ჩახვაძის ინიციატივით. გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და კერძო პირის საკუთრებაში იმყოფება.

ახალი ხედვა ხარაგაულში საზოგადოებრივად აქტუალურ ყველა საკითხს ეხება. მისი ძირითადი მიმართულება პოლიტიკაა, როგორც ადგილობრივ და რეგიონულ, ისე ქვეყნის დონეზე. განსაკუთრებული აქცენტი ადგილობრივი ხელისუფლებისა და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გადაჭრილ სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე კეთდება. გაზეთისთვის პრიორიტეტულია რაიონის კულტურული ცხოვრების გაშუქებაც.

შემოსავლის ძირითად წყაროს დამფუძნებლის მიერ გაღებული ფინანსური დახმარება წარმოადგენს.

გაზეთის ტექნიკური ბაზა ერთ კომპიუტერს და ორ დიქტოფონს მოიცავს. აწყობა-დაკაბადონება, ბეჭდვა თბილისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია და ორ კვირაში ერთხელ 500 ცალი იბეჭდება. საცალო ღირებულება 35 თეთრია.

გაზეთს 3 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი და 2 ჟურნალისტი.

ზესტაფონი

ტელეკომპანია არგო TV / რადიო არგო პლუს

ტელეკომპანია არგო TV და რადიო არგო პლუს 1994 წელს დაფუძნდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები ერთი და იმავე დამფუძნებლების მიერ. მათ 9 მესაკუთრე ჰყავთ თანაბარი წილოვანი მონაწილეობით.

ტელეკომპანია და რადიო ერთად ამოქმედდა 1995 წელს. არგო TV-ის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ტელეკომპანია რუსთავი2-თან და მისი გადაცემების რეტრანსლაციას ახდენს. საეთერო ბადის შევსება სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით ხდება შესაძლებელი. საკუთრივ ტელეკომპანია არგო TV-ის გადაცემები მინიმალურ დროს იჭერს და 2-3 საათით შემოიფარგლება. ეს აიხსნება როგორც ფინანსური სირთულეებით, ისე რაიონში არსებული ენერგოდეფიციტით. როცა ქალაქის მაყურებელს უშუქობის გამო ტელევიზიის გადაცემების მიღება არ შეუძლია, არგო TV-ის ხელმძღვანელობა თავის საინფორმაციო და ანალიტიკურ გამოშვებებს, ასევე რეკლამას და ფასიან განცხადებებს რადიო არგო პლუს-ის ეთერით გადასცემს. თავად არგო პლუს-ი რუსულ მუსიკალურ-გასართობ რადიო კომპანია სერებრიანი დოჟდთან თანამშრომლობს და სიმბოლური გადასახადის ფასად მისი გადაცემების რეტრანსლაციას ახდენს.

ტელეკომპანიისა და რადიოს საინფორმაციო გამოშვებები შინაარსობრივად იდენტურია. საინფორმაციო გამოშვება ყოველდღე გადის შაბათ-კვირის გარდა და რუსთავი 2-ის 18:00 და 21:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვებების შემდეგ თხუთმეტწუთიან ეთერს იჭერს. საინფორმაციო გამოშვების თემატიკა დღის მანძილზე ქალაქ ზესტაფონში და მიმდებარე სოფლებში მომხდარი ამბებით ივსება.

გარდა საინფორმაციო გამოშვებისა, ტელეკომპანია აკეთებს ერთსაათიან პირდაპირ საეთერო ტოკ-შოუებს ადგილობრივი ხელისუფლების და პარტიების, სპორტის, კულტურის, განათლების სფეროების წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც მაყურებელს შეუძლია დარეკოს და შეკითხვები დაუსვას მოწვეულ სტუმრებს. ტოკ-შოუ ტელევიზიის პარალელურად რადიოთიც გადაიცემა.

ტელეკომპანიის შემოსავალს მთლიანად რეკლამისა და ფასიანი განცხადებებისაგან შემოსული თანხები ავსებს, რომლებიც ტელევიზიის და რადიოს ეთერის თითქმის ერთ საათს, ხშირად კი უფრო მეტსაც იჭერს.

ტელე-რადიოკომპანიას ადგილობრივ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების წინ იმდენად გაუარესდა, რომ ხელისუფლების მოთხოვნით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაციამ საკვამლე მილზე დამონტაჟებული ტელეკომპანიის გადამცემი ჩამოხსნა, რითაც საფრთხე შეექმნა მისი მაუწყებლობის გაგრძელებას. არგო TV-ის ხელმძღვანელობა ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის სახელისუფლებო პარტიისთვის ყველაზე მიუღებელ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, უთმობდა ტრიბუნას, რაც მიუღებელი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისათვის. ვარდების რევოლუციის შემდეგ ურთიერთობები ტელე-რადიოკომპანიასა და ხელისუფლებას შორის დარეგულირდა.

ტელე-რადიოკომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა სერიოზულად დაზარალდა ხანძრის შემდეგ და დღეს ერთი კომპიუტერი, ორი ვიდეომაგნიტოფონი, რომლებზეც მონტაჟი კეთდება, და 4 ვიდეოკამერა აქვთ. აქვთ აგრეთვე ციფრული სინქრონიზატორი, აუდიო მიკჩერი და საკუთარი გადამცემი. ტელევიზიის და რადიოს მაუწყებლობა მთლიანად ფარავს ზესტაფონის რაიონის ტერიტორიას, ნაწილობრივ ჭიათურას, ხარაგაულს, თერჯოლას და ქუთაისს. ტელე-რადიოკომპანიას მაუწყებლობაზე ლიცენზია 2011 წლამდე აქვს.

არგო TV-ში და არგო პლუსში 25 თანამშრომელი მუშაობს.

გაზეთი ზესტაფონის მოამბე

გაზეთი 1931 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ზესტაფონის რაიონული აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. თავიდან მას მშრომელთა ენთუზიაზმი, ხოლო შემდეგ ლენინელი ერქვა. 1992 წელს გაზეთი დამოუკიდებელი გახდა და სახელად ზესტაფონის მოამბე დაერქვა. ამჟამად გაზეთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და მისი დამფუძნებელი ტელეკომოანია არგო TV-ის და რადიო არგო პლუსის დამფუძნებელთა ჯგუფია.

ზესტაფონის მოამბის ძირითადი შემოსავალი ადგილობრივ ხელისუფლებასთან მისი მუშაობის გაშუქების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხებია. გაზეთი გარკვეულ შემოსავალს რეკლამიდან და ფასიანი განცხადებებიდანაც იღებს.

ხელისუფლებასთან თანამშრომლობა და ფინანსური ურთიერთობა გარკვეულწილად განაპირობებს გაზეთის შინაარსობრივ მხარეს. ძირითადად, მის ფურცლებზე ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობის ამსახველი მასალა, გამგეობისა და საკრებულოს დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება. აქტიური პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიცია ზესტაფონის მოამბეს არ უკავია.

გაზეთს აქვს რამდენიმე დიქტოფონი და ერთი ფოტოაპარატი. აწყობა-დაკაბადონება, ბეჭდვა ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა. ოთხი გვერდი აქვს. გამოდის ორ კვირაში ერთხელ. ტირაჟი 400 ცალია. ფასი - 20 თეთრია.

გაზეთს 8 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, მდივანი და 5 ჟურნალისტი.

ტყიბული

გაზეთი ტყიბულის მოამბე

გაზეთი 1931 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის ტყიბულის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. თავიდან მას ტყიბულის მაღაროელი ერქვა. იგი XX საუკუნის 90-იან წლებში ტყიბულის სახელით გამოდიოდა და ადგილობრივი ხელისუფლების პერიოდულ გამოცემას წარმოადგენდა. 2004 წელს ადგილობრივმა გამგეობამ გაზეთის რეორგანიზაცია მოახდინა და ამასთან სახელიც შეუცვალა.

ტყიბულის მოამბის რეორგანიზაცია მართვის არაეფექტურობით და გაზეთზე დაბალი მოთხოვნილების დონით იყო განპირობებული. მიუხედავად არსებული საბიუჯეტო დაფინანსებისა, ხშირი იყო პერიოდულობის დარღვევა და გამოცემის გაჩერების შემთხვევები. გაზეთისათვის გამგეობის სუბსიდია წელიწადში 2000 ლარია. ტყიბულის მოამბის გამოსაცემად საჭირო თანხების ძირითადი ნაწილი, გამგეობის გათვლით, თავად გაზეთის რედაქციას უნდა მოეპოვებინა, მაგრამ სარეკლამო ბაზრის არარსებობის გამო გაზეთს ამ თანხის მობილიზების საშუალება არ აქვს. ასე რომ, რეორგანიზაციის მიუხედავად, სასურველი შედეგი მაინც მიუღწეველია. გაზეთი პერმანენტული კრიზისის პირობებშია და პერიოდულობის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.

გაზეთის მუშაობის ძირითადი მიმართულება ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებაა. მასში ქვეყნდება ტყიბულის გამგეობისა და საკრებულოს გადაწყვეტილებები და დადგენილებები, სამუშაო სხდომების და შეხვედრების ამსახველი მასალები, სოფლის საკრებულოების ანგარიშები გაკეთებული სამუშაოების შესახებ და რაიონის სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს დაფინანსებით წარმოებული პროექტების შედეგების ამსახველი სტატიები. გარდა ამისა, გაზეთი ყურადღებას უთმობს ქალაქში არსებულ სავალალო სოციალურ მდგომარეობას. ტყიბულის მოამბეში ბევრი იწერება რაიონის წარსულზე და მის გამოჩენილ მოქალაქეებზე, ცნობილ მემაღაროელებსა და სოციალისტური შრომის გმირებზე. გაზეთის მხედველობის ველშია მართლმადიდებლობა და მართლმადიდებლური დღესასწაულები.

გაზეთს საკუთარი ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. აწყობა-დაკაბადონება, ბეჭდვა თავიდან თბილისში, ამჟამად კი ქუთაისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა. ათი გვერდი აქვს. ტირაჟი 800 ცალია. გამოდის თვეში ერთხელ (ხშირად ეს პერიოდულობაც ირღვევა). საცალო ფასი 40 თეთრია.

გაზეთს 4 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, ბუხჰალტერი და 2 კორესპონდენტი.

გაზეთი ოკრიბა

გაზეთი დაარსდა 1993 წელს საქველმოქმედო საზოგადოება ოკრიბას მიერ. 1998 წელს გაზეთმა ხელახალი რეგისტრაცია გაიარა და შეზღუდული საზოგადოება გახდა. იგი ერთი პირის საკუთრებაშია.

გაზეთმა უარი თქვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მიმართულებაზე და ესეისტური მიმართულება არჩია. მასში ქვეყნდება სტატიები მხარის და, ზოგადად, საქართველოს ისტორიის, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების და მათი ტყიბულის რაიონთან კავშირის შესახებ. ოკრიბა დიდ ადგილს უთმობს რაიონის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და სასულიერო ცხოვრების (საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მოქმედი მონასტრები) კერების დღევანდელი მდგომარეობის გაშუქებას. გაზეთში ხშირად იბეჭდება ადგილობრივი ავტორების პოეზიის ნიმუშები, ქართველ კლასიკოსთა ესეები და თხზულებები, ან ამონარიდები მათი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან.

გაზეთს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. რედაქტორის განცხადებით, გაზეთის გამოცემაში ადგილობრივ და დედაქალაქის ბიზნესმენთა ქველმოქმედება ეხმარება. ოკრიბას ტექნიკური აღჭურვილობა სულ ერთი კომპიუტერია. იგი A3 ფორმატისაა. გვერდების რაოდენობა 4-იდან 12-მდე მერყეობს. ტირაჟი 1000 ეგზემპლარია. გამოდის არასტაბილური პერიოდულობით, საშუალოდ ორ თვეში ერთხელ. გაზეთის აწყობა-დაკაბადონება, ბეჭდვა ხან თბილისში ხდება, ხან ქუთაისში.

ოკრიბაში მხოლოდ მისი დამფუძნებელი და რედაქტორი მუშაობს.

ტელეკომპანია ნაქერალა

ტელეკომპანია დაფუძნდა 1996 წელს კერძო პირის მიერ. მაუწყებლობს კვირაში ერთხელ ოთხშაბათს ერთი საათით. მისი ერთადერთი გადაცემა საინფორმაციო გამოშვებაა, რომელიც კვირის მანძილზე მომხდარ ამბებს აშუქებს. ტელევიზიას ადგილობრივ გამგეობასთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ამ უკანასკნელის საქმიანობის გაშუქების თაობაზე. თუმცა, ამას არ აკეთებს, ვინაიდან გამგეობა ტელევიზიას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ვერ უხდის. ნაქერალას ერთადერთი შემოსავლის წყარო ფასიანი განცხადებებია, რეკლამა კი საერთოდ არ აქვს.

ნაქერალას ტექნიკური აღჭურვილობა ოთხ ვიდეომაგნიტოფონს და ორ ვიდეოკამერას მოიცავს. მისი მაუწყებლობა ტყიბულის რაიონის ნაწილზე ხდება.

ტელევიზიას ორი თანამშრომელი ჰყავს: დირექტორი და ჟურნალისტი.

თერჯოლა

გაზეთი თერჯოლა

გაზეთი 1933 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის თერჯოლის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. თავიდან მას ჩხარის კოლმეურნე ერქვა, შემდეგ საკოლმეურნეო სოფელი. 1989 წლიდან გაზეთს თერჯოლა ჰქვია. ამჟამად გაზეთი თერჯოლის რაიონის გამგეობის მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა.

გაზეთი, ძირითადად, ადგილობრივი გამგეობის მუშაობას აშუქებს. გამგეობის და საკრებულოს ოფიციალური დოკუმენტების გარდა, თერჯოლა აქვეყნებს რაიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ამსახველ მასალებს.

გამგეობა გაზეთს თავისი მასალების განსათავსებლად თითო ნომერში 250 ლარს ურიცხავს. ფინანსურად თერჯოლას სოფლის საკრებულოებიც ეხმარებიან, რომლებიც მისი ძირითადი ხელმომწერები არიან.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობაა: კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, დიქტოფონი და ფოტოაპარატი. აწყობა-დაკაბადონება ადგილზე ხდება, ბეჭდვა - თბილისში. თერჯოლა A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია, გამოდის ორ კვირაში ერთხელ. ტირაჟი 1000 ცალია.

გაზეთს 7 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, ბუხჰალტერი, სამი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი.

ჭიათურა

გაზეთი ჭიათურა

გაზეთი 1929 წელს კომუნისტური პარტიის ჭიათურის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის საგამომცემლო ორგანოს მემკვიდრეა. საბჭოთა პერიოდში მას ჭიათურის მაღაროელი ერქვა, 2000 წლიდან კი ჭიათურა დაერქვა. გაზეთი რედკოლეგიის მიერ არის დაფუძნებული და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სტატუსითაა დარეგისტრირებული.

გაზეთის მუშაობის ძირითადი მიმართულება ადგილობრივი გამგეობის, საკრებულოს და ხელისუფლების ორგანოების მუშაობის გაშუქებაა. მას უფრო ცნობის ფურცლის სახე აქვს და ადგილობრივ ხელისუფლებას ოფიციალური დოკუმენტების გამოქვეყნების საშუალებას აძლევს. ჭიათურაში იბეჭდება, როგორც გამგეობის და საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განკარგულებები, ისე სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ჭიათურის განყოფილების მიერ შედგენილი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა, პოლიციის და გამგეობის დარგობრივი სამსახურების განცხადებები. გაზეთში გარკვეული ადგილი ეთმობა მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას, რომელიც მოძველებულ ინფორმაციას ეყრდნობა და არც ანალიტიკურ ხასიათზე აქვს პრეტენზია.

გაზეთს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება გამგეობასთან, გააშუქოს მისი მუშაობა გარკვეული დაფინანსების საფუძველზე. გარკვეულ შემოსავალს იძლევა ადგილობრივი სახელისუფლებო სტრუქტურების და სოფლის საკრებულოების ხელმოწერები. რეკლამა გაზეთს თითქმის არ აქვს და მის ადგილს ფასიანი განცხადებები, მილოცვები და ნეკროლოგები იჭერს.

გაზეთის ტექნიკური აღჭურვილობა ერთი დიქტოფონით შემოიფარგლება. აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. ჭიათურა A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია, კვირაში ერთხელ, ზოგჯერ ორ კვირაში ერთხელ 1000 ეგზემპლარად გამოდის. გაზეთის საცალო ფასი სახელშეკრულებოა.

გაზეთში 6 თანამშრომელია: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, ლიტერატურული მუშაკი, კორექტორი, ბუხჰალტერი, საქმეთა მმართველი.

გაზეთი ჭიათურა XXI

გაზეთი 2002 წელს ადგილობრივმა გამგეობამ დაარსა, მაგრამ დაფინანსება უჭირს და გაზეთი არასტაბილური პერიოდულობით თვეში ერთხელ გამოდის. გამგეობას თავისი მუშაობის ამსახველი მასალების გამოქვეყნება გაზეთ ჭიათურაში უფრო იაფი უჯდება, ვიდრე ჭიათურა XXI-ს გამოცემა.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. იბეჭდება ქუთაისში, A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია. ტირაჟი 500 ცალია. საცალო ღირებულება 20 თეთრია, მაგრამ ვერ იყიდება და სახელმწიფო ორგანიზაციებს უფასოდ ურიგდებათ.

გაზეთში 3 თანამშრომელია: რედაქტორი და 2 კორესპონდენტი.

გაზეთი არენა

გაზეთი 1999 წელს დაარსდა საზოგადოებრივ საწყისებზე, მისი გამოცემა სპონსორების და ქველმოქმედების საშუალებით ხდება და უფასოდ ვრცელდება.

არენა მხოლოდ სპორტის თემას აშუქებს როგორც ჭიათურის, ისე საქართველოს მასშტაბით. გაზეთის ფურცლებზე ფეხბურთს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. აქ იბეჭდება ევროპის და მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატების შესარჩევი თუ მიმდინარე მატჩების შედეგები და გრაფიკები. არენა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის პოპულარიზაციას ეწევა და, გარკვეულწილად, მის გულშემატკივართა საინფორმაციო ბიულეტენის ფუნქციას ასრულებს.

არჩევნების პერიოდში გაზეთს დეპუტატობის კანდიდატები აფინანსებენ, რათა რაიონში პოპულარული გაზეთით რეკლამა გაიკეთონ.

გაზეთი საკუთარ ტექნიკურ აღჭურვილობას არ ფლობს. იგი თბილისში იბეჭდება, A3 ფორმატისაა, ოთხიდან რვა გვერდამდე მოცულობისაა და არასტაბილური პერიოდულობით გამოდის. არენას ტირაჟი, ისე როგორც პერიოდულობა და მოცულობა, დაფინანსებაზეა დამოკიდებული. იგი 500-იდან 2000-მდე მერყეობს.

გაზეთში მხოლოდ მისი რედაქტორი მუშაობს.

ტელე-რადიოკომპანია იმერვიზია

ტელერადიოკომპანია დაარსდა 1989 წელს როგორც კაბელური ტელევიზია. 1991 წელს იმერვიზიამ მეტრულ არხზე დაიწყო მაუწყებლობა, ხოლო რადიო 1999 წელს ამოქმედდა და პირველი რადიოს რეტრანსლაციას ეწევა. ტელე-რადიოკომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. მას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. ამათგან ერთს 54%25 ეკუთვნის, ხოლო დანარჩენ ოთხს თანაბარი წილები აქვთ.

ტელეკომპანიის მაუწყებლობა, ძირითადად, რუსთავი2-ის საეთერო ბადით მიმდინარეობს, საკუთრივ იმერვიზიის გადაცემები სამ საათს იჭერს: 18:00-იდან 20:00-მდე და 22:00-იდან 23:00 საათამდე. საეთერო ბადე საინფორმაციო გამოშვებისგან, მუსიკალური შოუ პროგრამისგან, ტელემაღაზიისგან და განცხადებებისგან შედგება. იმერვიზიის საინფორმაციო გამოშვება კვირაში ოთხჯერ გადის და 15-20 წუთს იჭერს. მასში ადგილობრივი პრობლემების გაშუქება ხდება. ადგილობრივ გამგეობასთან გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამგეობა თავისი მუშაობის გაშუქებაში გარკვეულ თანხას იხდის. საინფორმაციო გამოშვებაში მზადდება ქალაქში არსებული სოციალური და ეკონომიკური სიტუაციის ამსახველი სიუჟეტები. ტელევიზიის მხრიდან ყურადღება ექცევა მანგანუმის მოპოვების ინფრასტრუქტურაში დასაქმებული პირების ყოფით და სოციალურ პრობლემებს. იმერვიზია მჭიდროდ თანამშრომლობს პოლიციასთან რაიონში არსებული კრიმინალური სიტუაციის გასაშუქებლად.

ტელე-რადიოკომპანიის შემოსავლების ძირითად ნაწილს ფასიანი განცხადებებიდან, მილოცვებიდან, ნეკროლოგებიდან და ტელემაღაზიიდან შემოსული თანხა შეადგენს. მცირე შემოსავალი ადგილობრივი გამგეობის მუშაობის გაშუქებაში გადახდილი თანხაცაა. გარდა ამისა, ტელეკომპანიის ძირითად მეწილეს რადიოსთან გახსნილი აქვს კომპიუტერული ცენტრი და უცხო ენების სასწავლო ცენტრი, რომლიდანაც საჭიროების შემთხვევაში ტელე-რადიოკომპანიის ხარჯების დაფარვა ხდება.

იმერვიზიის ტელე- და რადიოსტუდიების ტექნიკური აღჭურვილობა ასე გამოიყურება: 11 კომპიუტერი, 1 ციფრული და 3 VHS ვიდეოკამერა, სარელეო აპარატურა, ორი მიკჩერი, სტუდიის მართვის პულტი, მიკროფონები, ძირითადი და სარეზერვო გადამცემები. მაუწყებლობა მთლიანად ფარავს ჭიათურის და ნაწილობრივ ზესტაფონის და საჩხერის რაიონებს.

ტელე-რადიოკომპანიაში 19 თანამშრომელია: დირექტორი, სარეკლამო სამსახურის უფროსი და 3 სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და 3 ჟურნალისტი, 8 ოპერატორი, ბუხჰალტერი, დამლაგებელი.

საჩხერე

გაზეთი მოდი ნახე

გაზეთი 1939 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის საჩხერის რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემკვიდრეა. მას თავიდან ოქტომბრის გზით ერქვა, შემდეგ ახალი ცხოვრება, ხოლო XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ტალღა დაერქვა. მოდი ნახე გაზეთს 2003 წლიდან ეწოდა, როდესაც მისი გამოცემა საჩხერის არასამთავრობო ასოციაცია მასმედიამ დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ მოდი ნახეს არასამთავრობო ორგანიზაცია გამოსცემს, იგი რეალურად ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოა, გამგეობის დაფინანსებით იბეჭდება და მისი მუშაობის გაშუქებაზეა ორიენტირებული. გაზეთის გვერდებზე გამგეობისა და საკრებულოს მიერ მიღებული ოფიციალური დოკუმენტები იბეჭდება. გარდა ხელისუფლების მუშაობისა, გაზეთში ვრცელი სტატიები ეძღვნება რაიონის კულტურის, ჯანდაცვის და განათლების სფეროში გამოჩენილ ადამიანებს. საიუბილეო თარიღები გაზეთის აუცილებელ თემატიკას წარმოადგენს და ამ შემთხვევაში გაზეთის მთელი ნომერი იუბილარ გამოჩენილ მწერალს ან საზოგადო მოღვაწეს ეთმობა. გაზეთში იბეჭდება რელიგიური ხასიათის მასალაც.

მოდი ნახეს საკუთარი ტექნიკური ბაზა არ გააჩნია. მისი აწყობა-დაკაბადონება და ბეჭდვა თბილისში ხდება. გაზეთი A3 ფორმატისაა, რვაგვერდიანია, გამოდის ორ კვირაში ერთხელ. ტირაჟი 500 ცალია. საცალო ღირებულება 40 თეთრია.

მოდი ნახეს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, პასუხისმგებელი მდივანი, მბეჭდავი, ბუხჰალტერი და 2 ჟურნალისტი.

წყალტუბო

გაზეთი წყალტუბო

გაზეთი 1939 წელს დაარსებული კომუნისტური პარტიის წყალტუბოს რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის პერიოდული გამოცემის მემეკვიდრეა. თავიდან ახალი წყალტუბო ერქვა. მოგვიანებით გაზეთს დროშა, ხოლო 1990-იან წლებში წყალტუბო დაერქვა. ამჟამად გაზეთი სრული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა და მისი დამფუძნებელი რედკოლეგიაა.

გაზეთი ფორმალურად დამოუკიდებელია, მაგრამ პერმანენტული ფინანსური პრობლემების გამო ადგილობრივი ხელისუფლების საგამომცემლო ორგანოს ფუნქციას ასრულებს. წყალტუბოს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ადგილობრივ გამგეობასა და საკრებულოსთან, რომლებიც თავიანთი საქმიანობის გაშუქებაში გაზეთს გარკვეულ ანაზღაურებას უხდიან. გარდა ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის გაშუქებისა, გაზეთი ბეჭდავს ადგილობრივი სოციალური პრობელემების ამსახველ მასალებსაც. ბოლო დროს ჭარბობს სტატიები ენერგოდეფიციტის და რაიონისთვის დაწესებული ელექტრომომარაგების მკაცრი გრაფიკის შესახებ. გაზეთის თითქმის ყოველ ნომერში იბეჭდება რელიგიური ხასიათის მასალა, რომელიც მართლმადიდებლობის არსსა და მის დღესასწაულებს ეხება. ხშირად იბეჭდება დაუფარავი აგრესიულობით დაწერილი სტატიები რელიგიური უმცირესობების შესახებ.

გაზეთს ტექნიკური აღჭურვილობა არ გააჩნია. დაკაბადონება და ბეჭდვა ქუთაისში ხდება. წყალტუბო A3 ფორმატისაა, ოთხგვერდიანია, გამოდის კვირაში ერთხელ ტირაჟით - 400 ეგზემპლარი. მთელი ტირაჟი ხელმომწერებზე ვრცელდება, რომლებიც წყალტუბოს რაიონის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებს წარმოადგენენ. გაზეთის საცალო ფასი 30 თეთრია.

წყალტუბოს 6 თანამშრომელი ჰყავს: რედაქტორი, რედაქტორის მოადგილე, მბეჭდავ-მემანქანე, კორექტორი, ბუხჰალტერი და ჟურნალისტი, რომელიც ამავე დროს ადგილობრივი გამგეობის პრესცენტრის თანამშრომელია.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

საქართველოს რეგიონული მედიის მდგომარეობის ამსახველი დიაგრამები

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

__________________

1 იმერეთის რეგიონში კვლევა 2004 წლის 7-19 ნოემბერს ჩატარდა.

2 2002 წლის აღწერის შედეგები. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. თბილისი, 2002.

3 ამ 13 მედია-ორგანიზაციის გარდა, რომლებიც მოცემულ კვლევაში არიან შეტანილი ქუთაისში კიდევ ორი გაზეთი სარკმელი საქართველოისი და იმერეთის მოამბე არსებობს, რომლებიც არასტაბილური პერიოდულობით და ხანგრძლივი ინტერვალებით გამოდიან

4 სამტრედიის შემთხვევაში შეტანილი არაა აქ არსებული ტელე-რადიოკომპანია ზარის ამსახველი მასალა, რადგან ორგანიზაციის მესაკუთრემ და დირექტორმა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მკვლევარებს ინტერვიუს მიცემაზე უარი უთხრა.

5 საჩხერეში ერთი გაზეთი არსებობს, თუმცა, აქ წლების მანძილზე გამოდიოდა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის ადგილობრივი განყოფილების გაზეთიც მერმისი, რომელიც დღესდღეობით ფინანსური პრობლემების გამო არ გამოდის, მაგრამ იურიდიულად ლიკვიდირებული არაა.

6 ზესტაფონში არსებულ ტელეკომპანია არგოTV-ს, რადიო არგო პლუსს და გაზეთ ზესტაფონის მოამბეს ერთი დამფუძნებელი ჯგუფი ჰყავს, ამ შემთხვევაში უფრო უპრიანია საუბარი მედია-ჰოლდინგის არსებობაზე.

7 თუმცა იმერეთის ზოგიერთ სოფელში თურქი-მესხების თემებია წარმოდგენილი, რომელთა შესახებაც მედია, როგორც წესი, არ საუბრობს, გამონაკლისს ხონის ტელეკომპანია მეგაTV წარმოადგენს, რომელმაც რამდენიმე ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა მათ ყოფას.

8 გამონაკლისს ამ შემთხვევაში რადიო ძველი ქალაქი წარმოადგენს.