რაც მტრობას დაუნგრევია... მეთოდური სახელმძღვანელო მშობლიური ლიტერატურის მასწავლებელთათვის (VII კლასი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, ხუროშვილი ანა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
საავტორო უფლებები: © წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
თარიღი: 1999
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისი 2004 წიგნი მომზადდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატების კრისტიან ცუმვალდისა და იზაბელ ბურჟის ზოგადი ხელმძღვანელობით ავტორები ნინო გვარამაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხუროშვილი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გამომცემლობა „სი-ჯი-ეს“, თბილისი, 0119, ა. წერეთლის პროსპექტი 118.



1 გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. ნ. ლორთქიფანიძე, მოთხრობები ტ. 3 „საბჭოთა საქართველო“, 1977 წ.

2. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი, „განათლება“, 1973 წ.

3. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, „ქსე“, 1986 წ.

4. Женевские конвенции от 12 августа 1949 года и дополнительные протоколы к ним. МККК 1994

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო კოლეგებო!

სიამოვნებით წარმოგიდგენთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ მომზადებულ პედაგოგიურ მასალას. უპირველეს ყოვლისა, შევეცდებით ვუპასუხოთ ზოგიერთ კითხვას, რომელიც, ბუნებრივია, დაებადება ყოველ თქვენგანს.

1. რას ისახავს მიზნად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა?

პროგრამის მიზანია დააფიქროს მოსწავლეები დამოკიდებულებაზე ომის მსხვერპლისადმი, ქცევის წესებზე ომის პირობებში, გააცნოს მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) ნორმები; მიაწოდოს მათ ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ.

2. რა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

ეს არის საერთაშორისო სამართლის დარგი, რომელიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ომის მსხვერპლთა (დაჭრილი მეომრების, ტყვეების) დაცვას.

3. რა დოკუმენტებს ეყრდნობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი დოკუმენტებია ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენცია და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი.

4. რას წარმოადგენს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა?

ეს მოძრაობა მიმართულია გაჭირვებულთა დასახმარებლად.
მოძრაობა შედგება 3 კომპონენტისაგან:

ა) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - ემბლემა

0x01 graphic

ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში კონფლიქტის დროს, უშუალოდ მის შემდეგ და ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთ.

ბ) ეროვნული საზოგადოებები - ემბლემა

0x01 graphic
ან
ქრისტიანულ ქვეყნებში

0x01 graphic

მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობაში

შენიშვნა: ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში ემბლემად გამოიყენება წითელი ჯვარი.

ეროვნული საზოგადოება მოქმედებს ქვეყნის შიგნით. მშვიდობიან დროს ეხმარება მარტოხელებს, მოხუცებს, ავადმყოფებს. კონფლიქტების დროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ეხმარება კონფლიქტისაგან დაზარალებულებს.

გ) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია - ემბლემა

0x01 graphic

ეს საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს ეროვნულ საზოგადოებებს, ეხმარება მოსახლეობას სტიქიური უბედურებისა და შიმშილის დროს სხვადასხვა ქვეყანაში.

5. რატომ უნდა გავრცელდეს ცოდნა სჰს-ის შესახებ?

ნორმის დაცვა შეიძლება მოითხოვო მათგან, ვინც ეს ნორმა იცის. როცა სახელმწიფო უერთდება ჟენევის კონვენციებსა და დამატებით ოქმებს, ის იღებს ვალდებულებას დაიცვას მათში მოცემული ნორმები და გაავრცელოს ცოდნა მათ შესახებ მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში. საქართველო ჟენევის კონვენციებსა და დამატებით ოქმებს 1993 წელს მიუერთდა. ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში მას დახმარებას უწევს წჯსკ.

6. რატომ მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საგანმანათლებლო პროგრამაზე?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გავრცელება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. წჯკს-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წჯსკ ეხმარება განათლების სამინისტროს მოსწავლეთა შორის სჰს-ის შესახებ ცოდნის გავრცელებაში.

7. რომელ კლასებში ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა?

VI კლასისათვის შექმნილია დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში „შეიცან თავი შენი“.

VII კლასელთათვის მომზადდა სახელმძღვანელო „რაც მტრობას დაუნგრევია...“. მასალა განაწილებულია შემდეგ საგნებში: მშობლიური ლიტერატურა, რუსული ენა, ერთ-ერთი უცხოური ენა (ფრანგული, ინგლისური, გერმანული), გეოგრაფია და ისტორია. ეს, ერთი მხრივ, დაეხმარება მოზარდებს პრობლემის მრავალმხრივობის დანახვაში, ხოლო, მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს, გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნის შინაარსობრივი მრავალფეროვნება.

8. რატომ შევიტანეთ მასალა მშობლიური ლიტერატურის სწავლების პროგრამაში?

მშობლიური ლიტერატურის პროგრამაში სჰს-ის საკითხების შეტანა განაპირობა წლების მანძილზე ჩამოყალიბებულმა აზრმა, ლიტერატურის სწავლებაში აღმზრდელობითი ფუნქციის მნიშვნელოვანი როლის შესახებ. გარდა ამისა, ემოციური ზემოქმედება, რომელსაც მხატვრული ნაწარმოები ახდენს, დაეხმარება მოსწავლეს საკითხის აღქმაში. რაც შეეხება ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობას „რაინდები“, მასში უხვად არის ომის პირობებში ღირსებისა და მაღალი ზნეობის მაგალითები. ამ ნაწარმოების საშუალებით შესაძლებელია მუშაობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: დამოკიდებულება მოწინააღმდეგის დაჭრილებისა და დაღუპულებისადმი, ტყვეობისადმი; მტრის, როგორც ადამიანის პატივისცემა; ომის წარმართვის ღირსეული მეთოდები და სხვა.

9. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ მასალის სწავლებისას?

პროგრამა არ ისახავს მიზნად ამა თუ იმ საგნის სწავლებას. მისი მიზანია აღნიშნული საგნების გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (ომის სამართლის) შესაბამისი ქცევის წესების სწავლებისათვის, შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში ქცევის ნორმების სწავლებისათვის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გაცნობისათვის. ამის გამო, აუცილებელია მასწავლებელმა დაკვირვებით წაიკითხოს მეთოდური მითითებები და მისდიოს მათ.

10. რას წარმოადგენს მეთოდური სახელმძღვანელო?

მეთოდური მითითებები მასწავლებელთათვის ყველა საგანში ცალ-ცალკეა გამოცემული. მათში მოცემულია, აგრეთვე, მასალა შესაბამის საგანში მოსწავლის სახელმძღვანელოდან (დაბეჭდილია მუქ ფონზე).

11. რა მეთოდიკური თავისებურებით ხასიათდება მასალა?

სწავლების მეთოდიკა გულისხმობს მოსწავლეთა აქტივობას. მასწავლებელი მხოლოდ წარმართავს მეცადინეობას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობისათვის. ამ მეთოდიკით მუშაობა არ გულისხმობს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას.

ვიმედოვნებთ, რომ მასწავლებლები გულისყურით მოეკიდებიან საქმეს, რომელიც ყველა ჩვენგანის საკეთებელია.

წარმატებას გისურვებთ!

3 ნიკო ლორთქიფანიძე - რაინდები

▲ზევით დაბრუნება


მასალას ეთმობა 4 საათი. უმჯობესია ეს 4 საათი დაწყვილებულ გაკვეთილებზე ჩატარდეს.

მიზანი

- მოსწავლეებს სამომავლოდ მიეცეთ საშუალება, ომის თემაზე შექმნილი ნაწარმოების წაკითხვისა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების ცოდნის თვალსაწიერიდან, ისეთი ნორმებისა, როგორიცაა, მაგალითად, ადამიანის ღირსების პატივისცემა, დაჭრილი მტრის ან სამხედრო ტყვის დაცვა, დაღუპული მტრის პატივისცემა, საომარ საშუალებათა შერჩევა და სხვა.

გაკვეთილამდე ერთი კვირით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებს უტარებს 5 წუთიან საუბარს, რომელიც შეეხება ნიკო ლორთქიფანიძის მოღვაწეობის პერიოდს, მისი პროზის თავისებურებას, ეპოქას, რომელიც აღწერილია „რაინდებში“. ამის შემდეგ მასწავლებელი კლასს აძლევს დავალება 1-ს სახლში შესასრულებლად. მან უნდა განუმარტოს მოსწავლეებს, თუ რა იგულისხმება დავალება 1-ის შესრულებაში.

დავალება 1

წაიკითხე ნიკო ლორთქიფანიძის „რაინდები“. პირველი წაკითხვის შემდეგ დაიწყე კითხვა თავიდან. გზადაგზა დაყავი მოთხრობა ეპიზოდებად. ყოველ ეპიზოდს მოუძებნე შესაბამისი სათაური და ჩაწერე რვეულში. სათაურის ქვეშ ჩამოწერე იმ მოქმედ პირთა გვარ-სახელები, რომლებიც ამ ეპიზოდში მონაწილეობენ.

დავალების მიცემიდან ერთი კვირის შემდეგ ტარდება პირველი და მეორე გაკვეთილი.

3.1 პირველი და მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა:

საშინაო დავალების შემოწმება
შინაარსის დაფიქსირება
საშინაო დავალების ახსნა

ტექსტის სიდიდისა და პერსონაჟთა სიმრავლის გამო, ეს გაკვეთილი უნდა დაეთმოს შინაარსის დაფიქსირებას.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წაიკითხონ შინ შესრულებული დავალება და დაფაზე წერს ეპიზოდების სათაურებსა და პერსონაჟების გვარ-სახელებს.

დაფაზე წარმოდგენილი სურათი სავარაუდოდ შემდეგია:

1. გიორგის სტუმრობა მეფესთან

იმერეთის მეფე სოლომონ
დედოფალი
გიორგი აგიაშვილი

2. მეფის მისვლა ოდიშის მთავართან

მეფე
ოდიშის მთავარი
მოხუცი დედოფალი

3. მეფისა და გიორგის თათბირი ბრძოლის წინ

მეფე
გიორგი აგიაშვილი
ლაზიკა

და ა.შ.

სავარაუდოა, რომ გამოვიდეს 16-17 ეპიზოდი.

პერსონაჟების დასახელებისას მასწავლებელმა უნდა გააკეთოს კომენტარი. მაგალითად: გიორგი აგიაშვილი სარდალია; არჩილი მეფის ძმაა; ოდიშის მთავარი და მოხუცებული დედოფალი მეფის პირველი მეუღლის მშობლები არიან და სხვა.

მას შემდეგ, რაც დავალება აისახება დაფაზე, შინაარსის აღდგენა წარიმართება შემდეგნაირად: ესა თუ ის მოსწავლე ყვება ცალკეული პერსონაჟის ამბავს და იხსენებს ყველა ეპიზოდს ნაწარმოებიდან, სადაც ეს მოქმედი პირი მონაწილეობს. ამგვარად, მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება გაიაზრონ ყოველი მათგანის ქცევა. თითოეულ პერსონაჟზე საუბარი დაეხმარება მოსწავლეებს შინაარსის დაფიქსირებაში.

თხრობისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, სასურველია, ბავშვებმა შეუსწორონ ერთმანეთს. მასწავლებელი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ერევა.

ამას დაეთმობა პირველი ორი გაკვეთილი.

პერსონაჟების სიმრავლე თხრობაში ყველა მოსწავლის ჩართვის საშუალებას იძლევა.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს კიდევ ერთხელ წაიკითხონ შინ შემდეგი ეპიზოდები:

1. თათბირი შერვაშიძეების ბანაკში;
2. თავდასხმა მეფეზე;
3. ალანელი მებრძოლი;
4. მეფისა და ბექირ ბეის ორთაბრძოლა
5. ანჩაბაძისა და არჩილის შებრძოლება;
6. ასტამურ ინალიპა ბრძოლის ველზე;
7. ცოლისძმის ძებნა;
8. ცოლისძმის პოვნა;
9. შედეგები და ჯილდოები;
10. ნადიმი;
11. ეპილოგივით

ამ ეპიზოდების აქცენტირება დაგვეხმარება გაკვეთილის დასაწყისში გაცხადებული მიზნის მიღწევაში.

შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ

დავალება 2

დაუფიქრდი და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

ა) ნიშნავს თუ არა სამშვიდობო დაზავება ომით მიყენებული ყველგვარი ტანჯვის შეწყვეტას?
ბ) სამუდამოა თუ არა ომში მოპოვებული წარმატება?
გ) რომელ სიტყვებს დაიმოწმებდი ტექსტიდან წინა („ბ“) კითხვაზე პასუხის გაცემისას?

3.2 მესამე და მეოთხე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

ჯგუფური მუშაობა ეპიზოდებზე
ჯგუფებში გაწეული მუშაობის ანალიზი
საუბარი ომის შედეგებსა და ომში ქცევის წესებზე
ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესახებ

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაიყონ 6 ჯგუფად (თუ კლასი მცირერიცხოვანია, შეიძლება მოსწავლეთა დაწყვილება). თითოეულ ჯგუფს სამუშაოდ სთავაზობს წინასწარ გამზადებულ ბარათს. მუშაობისას მოსწავლეებს შეუძლიათ წიგნით სარგებლობა.

მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ჯგუფში მუშაობის წესებს:

- მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებში სურვილის მიხედვით (ვისაც ვისთან უნდა).

- ჯგუფში წინასწარ ირჩევენ მოსწავლეს, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის ნამუშევარს.

- ჯგუფში თითოეული მოსწავლე გამოთქვამს აზრს და მოლაპარაკების შედეგად ყალიბდება ჯგუფის აზრი, რომელიც იწერება ფურცელზე ან რვეულში ერთი მოსწავლის მიერ.

- აზრის გამოთქმა ჯგუფში ხდება ხმადაბლა, რათა ხელი არ შეეშალოთ მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს.

- მოსწავლეები უნდა ჩაეტიონ მოცემულ დროში.

სამუშაოდ ეძლევათ 15 წუთი.

I ჯგუფის ბარათი

სამუშაოდ გეძლევათ ეპიზოდი „ალანელი მებრძოლი“. დაკვირვებით წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები. თანმიმდევრობით ისაუბრეთ ყოველ მათგანზე. მოამზადეთ პასუხი ბოლო ორ პუნქტზე კლასის წინაშე წარსადგენად.

ა) გაიხსენეთ, ვის დაუპირისპირდა ალანელი და რით დამთავრდა ყოველი დაპირისპირება.

ბ) რა შეგიძლიათ თქვათ ალანელზე მისი ქცევიდან გამომდინარე?

გ) რა შეგიძლიათ თქვათ არჩილზე?

დ) როგორ მოიქცეოდა სხვა ალანელის ადგილზე არჩილსა და წულუკიძესთან დაპირისპირების ეპიზოდებში?

ე) როგორ მოიქცეოდა სხვა არჩილის ადგილზე?

ვ) რომელი საქციელი მიგაჩნიათ უფრო სწორად, ან უფრო ბუნებრივად?

ზ) იცავენ თუ არა ალანელი და არჩილი ომში ქცევის რაიმე წესს? ჩამოაყალიბეთ ეს წესები.

თ) რომელ წესს შეცვლიდით?

II ჯგუფის ბარათი

სამუშაოდ გეძლევათ ეპიზოდები: „მეფისა და ბექირ ბეის ორთაბრძოლა“ და „ნადიმი“. დაკვირვებით წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები.

თანმიმდევრობით ისაუბრეთ თითოეულ მათგანზე. მოამზადეთ პასუხი ბოლო
ორ პუნქტზე კლასის წინაშე წარსადგენად.

ა) გაიხსენეთ, რატომ არ მოიქნია ბექირ ბეიმ ხმალი პირველმა?
ბ) გაიხსენეთ, რატომ შეატრიალა ხმალი მეფემ ბექირ ბეის თავზე და გაეცალა?
გ) როგორ მოიქცეოდა სხვა ბექირ ბეის ადგილზე?
დ) როგორ მოიქცეოდა სხვა მეფის ადგილზე?
ე) რომელი საქციელი მიგაჩნიათ უფრო სწორად ან უფრო ბუნებრივად?

ვ) იცავენ თუ არა მეფე და ბექირ ბეი ომში ქცევის რაიმე წესს? ჩამოაყალიბეთ ეს წესები.

თ) რომელ წესს შეცვლიდით?

III ჯგუფის ბარათი

სამუშაოდ გეძლევათ ეპიზოდი „ანჩაბაძისა და არჩილის შებრძოლება“. დაკვირვებით წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები. თანმიმდევრობით ისაუბრეთ თითოეულ მათგანზე. მოამზადეთ პასუხი ბოლო ორ პუნქტზე კლასის წინაშე წარსადგენად.

ა) რა შეგიძლიათ თქვათ ანჩაბაძეზე?
ბ) რა არის ბრძოლის დროს არჩილისათვის მნიშვნელოვანი?
გ) როგორ მოიქცეოდა სხვა არჩილის ადგილზე?
დ) რომელი საქციელი მიგაჩნიათ უფრო სწორად ან უფრო ბუნებრივად?

ე) რა წესით ხელმძღვანელობს არჩილი?
ვ) შეცვლიდით თუ არა ამ წესს თქვენ?

IV ჯგუფის ბარათი

სამუშაოდ გეძლევათ ეპიზოდი „ასტამურ ინალიპა ბრძოლის ველზე“. დაკვირვებით წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები. თანმიმდევრობით ისაუბრეთ თითოეულ მათგანზე. მოამზადეთ პასუხი ბოლო ორ პუნქტზე კლასის წინაშე წარსადგენად.

ა) გაიხსენეთ ინალიპას დამოკიდებულება ამ ომისადმი.
ბ) რა მიაჩნდა ინალიპას ღირსების საქმედ?
გ) რა შეგიძლიათ თქვათ ინალიპაზე?
დ) როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო სხვა გიორგის ადგილზე?
ე) რომელი საქციელი მიგაჩნიათ უფრო სწორად ან ბუნებრივად?

ვ) რა წესებს იცავენ ბრძოლაში ინალიპა და გიორგი აგიაშვილი?
ზ) რომელ მათგანს შეცვლიდით?

V ჯგუფის ბარათი

სამუშაოდ გეძლევათ ეპიზოდები „ცოლისძმის ძებნა“ და „ცოლისძმის პოვნა“. დაკვირვებით წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები. თანმიმდევრობით ისაუბრეთ თითოეულ მათგანზე. მოამზადეთ პასუხი ბოლო ორ პუნქტზე კლასის წინაშე წარსადგენად.

ა) გაიხსენეთ, როგორ მოიქცა გიორგი ცოლისძმის ძებნისას და მისი პოვნის შემდეგ.
ბ) როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცევა ანალოგიურ სიტუაციაში?

გ) რომელი საქციელი მიგაჩნიათ უფრო ბუნებრივად ან სწორად?

დ) რა წესებს მისდევს გიორგი აგიაშვილი ბრძოლის ველზე?
ე) რომელ მათგანს შეცვლიდით?

VI ჯგუფის ბარათი

სამუშაოდ გეძლევათ ეპიზოდები „თათბირი შერვაშიძეების ბანაკში“ და „თავდასხმა მეფეზე“. დაკვირვებით წაიკითხეთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები. თანმიმდევრობით ისაუბრეთ თითოეულ მათგანზე. მოამზადეთ პასუხები კლასის წინაშე წარსადგენად.

ა) ომის რა წესებია მისაღები თათბირის სხვადასხვა მონაწილისათვის?
ბ) ომის რა წესებია აღნიშნული ეპიზოდში „თავდასხმა მეფეზე“?
გ) რომელ მათგანს შეცვლიდით?

სამუშაოდ მოცემული დროის გასვლის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მუშაობის შეწყვეტას და მიმდევრობით იძახებს I, II, III, IV, V და VI ჯგუფის წარმომადგენლებს პასუხების წარსადგენად.

პასუხების მოსმენისას სხვა ჯგუფის მოსწავლეებსაც უნდა მიეცეთ კითხვის დასმისა და შეკამათების საშუალება. არ არის გამორიცხული, რომ მოსწავლეები ყოველგვარი ან ზოგიერთი წესის წინააღმდეგ წავიდნენ. ნუ დატუქსავთ მათ. შეუწყეთ ხელი მათ კამათს ერთმანეთთან.

მოსწავლეებს უნდა ვაჩვენოთ კავშირი ნაწარმოებში მათ მიერ აღმოჩენილ წესებსა და დღეს მოქმედ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამის ქცევის წესებს შორის. თითოეული ჯგუფის პასუხების განხილვის შემდეგ მასწავლებელი ატყობინებს მოსწავლეებს ამ წესებსდა წერს მათ დაფაზე. გთავაზობთ ყოველი ეპიზოდისთვის სჰს-ის შესატყვის წესებს:

I ჯგუფისათვის

აკრძალულია დაჭრილის სიცოცხლის ხელყოფა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის იგი.

აკრძალულია თავდასხმა ადამიანზე, რომელიც მორჩილებას გამოხატავს.

(ჟენევის 1949 წლის I კონვენცია და I დამატებითი ოქმი).

II ჯგუფისათვის

აკრძალულია ტყვის შეურაცხყოფა, წამება, მოკვლა. ტყვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვებით, ტანსაცმლით, საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებით. ტყვეს უნდა მიეცეს საშუალება, შეატყობინოს თავისი ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებს.

(ჟენევის 1949 წლის III კონვენცია).

III ჯგუფისათვის

აკრძალულია დაჭრილის სიცოცხლის ხელყოფა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის იგი.

(ჟენევის 1949 წლის I კონვენცია)

IV ჯგუფისათვის

აკრძალულია დაჭრილის სიცოცხლის ხელყოფა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის იგი. მას უნდა გაეწიოს სამედიცინო დახმარება.

(ჟენევის 1949 წლის I კონვენცია)

V ჯგუფისათვის

ბრძოლის ველზე დაღუპულები უნდა დაიკრძალონ, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნიან ისინი. იკრძალება დაჭრილთა და მიცვალებულთა ძარცვა.

(ჟენევის 1949 წლის I კონვენცია)

VI ჯგუფისათვის

აკრძალულია მუხანათობა. მუხანათობაში იგულისხმება საქციელი, რომლითაც ერთი მხარე მეორის ნდობას ბოროტად იყენებს.

თეთრი დროშით მოსალაპარაკებლად მოსული მოწინააღმდეგის წარმომადგენელი ხელშეუხებელია.

(ჟენევის 1949 წლის კონვენცია და I დამატებითი ოქმი).

უმჯობესია, ჯგუფების მიერ მომზადებული პასუხები და სჰს-ის შესაბამისი წესები დაფაზე მასწავლებლის მიერ შემდეგნაირად ჩაიწეროს: პერსონაჟის სახელის გასწვრივ წესები, რომლებსაც ის იცავს, ამ წესების გასწვრივ სჰს-ის შესაბამისი წესები. ჩანაწერი დაფაზე სავარაუდოდ ასეთ სახეს მიიღებს:

ალანელი

არ კლავს ახლობელს;

არ კლავს დაჭრილს;

აკრძალულია დაჭრილის
სიცოცხლის ხელყოფა,
მიუხედავად იმისა, თუ
რომელ მხარეს ეკუთვნის
იგი.პატივს სცემს ადამიანის
ღირსებას;

არჩილი

არ კლავს ახლობელს;

არ კლავს დაჭრილს;

აკრძალულია დაჭრილის
სიცოცხლის ხელყოფა,
მიუხედავად იმისა, თუ
რომელ მხარეს ეკუთვნის
იგი.

არ კლავს ადამიანს, რომელიც
მორჩილებას გამოხატავს;

ზრუნავს სხვის სიცოცხლეზე;

აკრძალულია თავდასხმა
ადამიანზე, რომელიც
მორჩილებას გამოხატავს

მეფე

წაქცეულს თავს არ ესხმის;
ტყვეებს პატივს სცემს;

უთანხმდება მოწინააღმდეგეს
ომის დაწყების დროზე;

აკრძალულია ტყვის
შეურაცხყოფა, წამება,
მოკვლა. ტყვე უზრუნ-
ველყოფილი უნდა იყოს
საკვებით, ტანსაცმლით,
საჭიროების შემთხვევაში
სამედიცინო დახმარებით.
ტყვეს უნდა მიეცეს
საშუალება შეატყობინოს
თავის ადგილსამყოფელი
ოჯახის წევრებს.

ბექირ ბეი

პატივს სცემს ასაკსა და
წარმომავლობას;

ინალიპა

პატივს სცემს ადამიანის
ღირსებას;

გიორგი

არ კლავს დაჭრილს;

ზრუნავს დაჭრილისათვის
დახმარების აღმოჩენაზე;

პატივს სცემს მიცვალებულს;

არავის ძარცვავს

აკრძალულია დაჭრილის
სიცოცხლის ხელყოფა,
მიუხედავად იმისა, თუ
რომელ მხარეს ეკუთვნის
იგი მას უნდა გაეწიოს
სამედიცინო დახმარება.

ბრძოლის ველზე
დაღუპულები უნდა
დაიკრძალონ, მიუხედავად
იმისა, თუ რომელ მხარეს
ეკუთვნიან ისინი.

იკრძალება დაჭრილთა და
მიცვალებულთა ძარცვა.

ქელეშ ბეი

მუხანათობას არ მიმართავს.

აკრძალულია მუხანათობა.

ასეთი ჩანაწერი გაუადვილებს მოსწავლეებს მასალის აღქმას.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ აკრძალულია დაჭრილის სიცოცხლის ხელყოფა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მხარეს ეკუთვნის იგი.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ომის შედეგების ჩამოთვლას. ჩამონათვალი შეიძლება ასეთი იყოს:

გამარჯვება
დამარცხება
დაღუპულები
დაჭრილები
ტყვეები
გაძარცულები
გამდიდრებულები (ზოგი დასაჩუქრებული, ზოგი - ძარცვით)
დაჯილდოებულები და ა.შ.

აქედან უმრავლესობა ომის მხვერპლია.

მასწავლებელი სვამს შემდეგ კითხვებს და ხელს უწყობს მოსწავლეთა მსჯელობას მათ ირგვლივ.

კითხვები:

1. რას ფიქრობთ, რას ემსახურება წესების შესრულება? (ზედმეტი მსხვერპლის თავიდან აცილებას და ადამიანის ღირსების დაცვას).

2. დააკვირდით პერსონაჟთა ქცევას. ეწინააღმდეგება თუ არა მათთვის მისაღები წესების შესრულება პატრიოტული ვალის მოხდას?

3. ეპიზოდშითათბირი შერვაშიძეების ბანაკშიმოძებნეთ სიტყვები ომის შესახებ. („ომი ხომ ჯირითი არ არის, ესროლო და თან ერიდო არ დავასახიჩროვო... რითაც გაგვივა, მით უნდა გავიტანოთ ჩვენი...“). რას ფიქრობთ ამის შესახებ?

4. ეპიზოდშინადიმიმოძებნეთ სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ შეხედულებას ომის წარმართვის შესახებ („ვისაც წაეკიდებოდე, გულსა შიგან საზავოსა ადგილსაცა დაუგდებდი, მეცნიერი კაცი ომსა შინაგან საზავოსა ადგილსაცა დააგდებსო“...). როგორ გესმით ეს სიტყვები?

5. როგორ შეიძლება გულშისაზავო ადგილის“ დატოვება? (ზედმეტი მსხვერპლის თავიდან აცილებით და მტრის ღირსების პატივისცემით).

სასურველია, რომ მოსწავლეები მივიდნენ შემდეგ დასკვნებამდე: სამშობლოს სიყვარული და დაცვა ყოველი ადამიანის ვალია. მაგრამ სამხედრო წარმატების მიღწევა არ გამორიცხავს ზედმეტი მსხვერპლის თავიდან აცილებას. გამარჯვებისათვის ნებისმიერი გზა არ არის მისაღები. მტერშიც უნდა შეძლო ადამიანის დანახვა. მის ღირსებასაც უნდა სცე პატივი.

დასასრულს, მასწავლებელი ამბობს, რომ ნაწარმოების მთავარი მოქმედი პირნი იცავდნენ თავიანთი ზნეობისათვის მისაღებ წესებს. სხვადასხვა ხალხის კულტურასა და წეს-ჩვეულებებში არსებული ამდაგვარი წესები XX საუკუნეში სამართლებრივ ნორმად ჩამოყალიბდა. ასეთია ჟენევის 1949 წლის კონვენციები და 1977 წლის დამატებითი ოქმები, რომელთა თანახმად, აკრძალულია დაჭრილთა მოკვლა და მიცვალებულთა ძარცვა, დაჭრილს აქვს უფლება მიიღოს სამედიცინო დახმარება, მიცვალებული უნდა დაიკრძალოს, არ უნდა შეილახოს ტყვის ღირსება და მტრის დამარცხებისთვის მუხანათობას არ უნდა მიმართო. ეს საერთაშორისო წესებია. ისინი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მისაღებია სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციების მქონე ხალხებისათვის. ყველა ეს წესი ერთად ემსახურება ზედმეტი მსხვერპლის თავიდან აცილებასა და ადამიანის ღირსების დაცვას.

შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 3.

დავალება 3

ქვემოთ მოცემული ტექსტი არის ჟენევის 1949 წლის I კონვენციის 24-ე მუხლი. მასში იმ ხალხზეა ლაპარაკი, ვინც დახმარებას უწევს დაჭრილებს.

„სანიტარული პერსონალი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ დაჭრილთა და ავადმყოფთა მოძიების, შეგროვების, გადაყვანისა ან მკურნალობისათვის, ან დაავადებების თავიდან აცილებისათვის, (...) ყველა გარემოებაში პატივისცემითა და მფარველობით სარგებლობს.“

დაფიქრდი და უპასუხე შემდეგ კითხვებს:

- რას ნიშნავს „სანიტარული პერსონალი“?

- რას ნიშნავს „ყველა გარემოებაში პატივისცემითა და მფარველობით სარგებლობს“?

- რა არსებითი განსხვავებაა მებრძოლებსა და სანიტარულ პერსონალს შორის?

- როგორ უნდა განასხვავო ბრძოლის ველზე მებრძოლები სანიტარული პერსონალისაგან?

4 რ ა ი ნ დ ე ბ ი

▲ზევით დაბრუნება


ნ. ლორთქიფანიძე

ვისაც გამოუცდია დიდი ავადმყოფობა, ახსოვს ბოდვა, ტკივილების დროს ჩანგი თუ არა, ზღაპარი მაინც მოუსმენია, - იგი გაიგებს ჩემს სულისკვეთებას და სასიამოდ დარჩება არეული ისტორიის, დავიწყებული ზეპირგადმოცემების და დაღლილი ოცნების ხლართი მწარე ღამეებში ნაღვლიანი ფიქრების გასაფანტავად შეკონილი:

4.1 1

▲ზევით დაბრუნება


კარებთან ვიღაცამ ორჯერ-სამჯერ მორიდებით, მაგრამ განგებ ჩაახველა.

- ვინა ხარ მანდ?
- მე გახლავარ, ბატონო, გიორგი...
- ვინ გიორგი? შემოდი...
- საიდან გაჩნდი? - დაეკითხა დედოფალი.
- ჰმ!.. - გაეცინა გიორგის.
- ტყიდან გეახელი, დედოფალო.

ჩქარის ნაბიჯით ოთახში შემობრძანდა მეფე იმერეთისა.

შეჩერდა.

შეხედა.

- გეძებ, ვერ გპოულობ. სად ხარ? - დატუქსვით მიმართა მეფემ.

- ნამოხვანში* გახლდი...

- რაო?

- ნამოხვანში გახლდი, წისქვილის ქვებს ვტეხდი...

- მეწისქვილეობა დამიწყე, როცა მე ომისთვის ვემზადები?!

- არაფერი მსმენია, მეფეო...

- საქმეც ისაა... რომ დაიკარგები, ხმას ვერ მოგაწვდენს ადამიანი.

- რა ვქნა, მეფეო, რჩენა მინდა და ხელი უნდა გავანძრიო. - გიორგი შეჩერდა და ელოდა, იქნებ ახლა მაინც წამოცდეს რაიმე წყალობაო.

- შენს ვაჟკაცობაზეა დამყარებული: ვერცხლიც შეგიძლია იშოვო და ყმაც.

- ვის ეომები, მეფეო? - წყალობაზე იმედგაწყვეტილის ხმით შეეკითხა გიორგი.

- ვეხმარები ოდიშის მთავარს აფხაზთა მთავრების წინააღმდეგ!

- როდის წაბრძანდები?

- ზეგ დილით.

გიორგი ჩაფიქრდა.

- მაშ, გავსწევ, წისქვილს მოვაწყობ და...

- გადირიე? ისედაც მცირეა ჩემი ლაშქარი...

- მეფეო, სანამ თქვენ შარაგზით აფხაზეთის საზღვარს მიუახლოვდებოდეთ, მე მცირე რაზმით წინ დაგიხვდებით... მე ვიცი მოკლე გზები.

- მეც იმ გზით წავალ...

- ვერა, მეფეო, მე მეყოლება სულ ხუთიოდე ცხენოსანი, ორი საბარგო ჯორი და ოციოდე ქვეითი. მათი ბილიკზე გაყვანა ადვილია, თუმცა ზოგჯერ ცხენების დაგორებაც კი მოგვიხდება. ათასი კაცი კი, თუ არ გაიშალა, ერთმანეთს დაასახიჩრებს...

- უშენობა დაემჩნევა ჯარს.

- მეფეო, ნუ დამიშლი წისქვილის დამთავრებას... მეცინოდენ, ქვას ვერ იშოვნის და სათავის კეთება ტყუილა ჩაუვლისო... ამაღამვე ჩავიტან მასალას, ხვალ და ზეგ უკვე ავარიკრიკებ სახლიკაცების** გულის გასახეთქად... თუ გნებავს, ჩემს კაცებს გამოვაწყობ და მოგართმევ, მე კი ორის მხლებელით პირდაპირ წავალ და ენგურის პირად დავიცდი: იქაური ადგილები ვიცი, მაგრამ ომის წინ მივლა-მოვლა კარგია...

- უსარდლოდ მაინც როგორ იქნება ჯარი, - უპასუხა ჩაფიქრებულმა მეფემ.

- სარდალი თვარა, მე რომ გაწვრთნილი ჯარი მყავს, მისი ჭირი არ იქნა!.. მე ჩაგისწრებთ, თუ თქვენ გიახლებით, ჯარს ჩვეულებრივ დავრაზმავ, ძველებურად შევძახებ, წინ წავალ. ...

მეფემ რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა ოთახში.

- ბედნიერია, ვისაც გაწვრთნილი ჯარი ჰყავს - მცოდნე იარაღის ხმარების, შეტევის და მოგერიების, - შენიშნა გიორგიმ.
- ნუ გეშინია, ჩვენც გვეყოლება გაწვრთნილი და მუდმივი ჯარი.
- მე ვერ მოვესწრები და...
- ჩვენი შვილები მოესწრებიან...
- ღმერთმა გისმინოს...
- აბა გიახლები... დროა, ბატონო...
- წადი, შვილო, კეთილი გზა მოგცეს ღმერთმა.
- ენგურის პირას დაგხვდები, მეფეო.
- კარგი... ოღონდ...
- მეფევ, როდის იყო...
- ვიცი, ვიცი...

ოდნავ შეჩერდნენ. სათქმელი აღარაფერი იყო.

- შემოსვლისას სალამი არცერთმა არ მაღირსეთ, ახლა მაინც მიბრძანე, - ღიმილით სთქვა გიორგიმ. მეფესაც გაეღიმა.

- გზა მშვიდობისა, ჩემო გიორგი, მომიკითხე ჩემი ნათლული.

გიორგიმ გულზე აკოცა მეფეს; დედოფალმა თავში მოჰკიდა ხელები მიმავალს და ძმურად თავზე აკოცა.

- ჩემს ბატონს შენ გაბარებ, აბა შენ იცი...

- კაი ბავშვს კი აბარებ... - გაეცინა მეფეს.

- რა ვქნა, დედოფალო, ომში მე არაფერს დამიჯერებს... უზნეური ბავშვია, - იოხუნჯა გიორგიმ, მდაბლად ორივეს თავი დაუკრა.

- დედოფალო, კალთას გეამბორები... მეფეო, თაყვანისცემა! - და სარდალი ფარდის იქით მიიმალა...

- ასეთი ერთგული და გონიერი კაცი რო ერთი ასი მყავდეს! - ინატრა მეფემ.

- აი, მე რომ არ მიჯერებდი, განრისხული გყავდა!..

- ვცდებოდი, ჩემო გვრიტო...

______________

* ნამოხვანი - ადგილი იმერეთში

** სახლიკაცი - მამაკაცი, რომელიც იმავე ოჯახს ან გვარს ეკუთვნის

4.2 2

▲ზევით დაბრუნება


მეფის მცირერიცხოვანი ჯარით მოსვლა არ იამა ოდიშის მთავარს.

მოხუცი დედოფალი მეფის გასაგონადაც კი დედაბრულად ბუზღუნებდა:

- აი, დახმარება თუ გინდა სიძე-ბატონისაგან, ამას ჰქვია!.. თითქო სანადიროდ მოსულიყოს! სასაცილოდ აგვიგდო!.. თუ გავიმარჯვეთ, სახელი მისია; თუ დავმარცხდით - ჩვენ აგვიანცებენ...

მოთმინებიდან გამოსულმა მეფემ მოკლეთ მოსჭრა:

- ცოტაა თუ ბევრი ჩემი ჯარი, გამარჯვება ჩემს კისერზე იყოს... თქვენი ჯარი სრულიად ნუ გამოვა! თუ გაწყრა ღმერთი და დამამარცხეს, ჩემი სამეფო თქვენთვის დამითმია - მოგახმაროთ ღმერთმა!..

4.3 3

▲ზევით დაბრუნება


მეფეს ენგურის პირას დახვდა გიორგი.

- დამეკარგა შენი იმედი, - მიეგება მეფე.

- წუხელის გიახელი, ბატონო, ღამით. ადგილები დავათვალიერე. აფხაზთ ჯარი დიდი ჰყავთ...

- ჩვენ კი მცირენი ვართ, ოდიშელნი არ გამოსულან. სულ ასიოდე კაცი იქნება, თუმცა რჩეული ვაჟკაცები.

- რატომ?

- წამომცდა, სულ არ ხართ საჭირო-მეთქი, და დაიხვია ხელზე მთავარმა... თავისი ნებით კი მეტმა არ ისურვა.

- ჩვენ რაღას ვაკლავთ, შე დალოცვილო, თავს? შემოვაბრუნოთ ცხენები და გაუდგეთ ჩვენს გზას.

- ეჰ, ასეც არ იქნება!.. თუ გავიმარჯვეთ, ღმერთმა ჰქნა, აფხაზეთი მფარველობას შეგვევედრება... შუაში მომწყვდეული ოდიში სამუდამოდ ქედს მოიხრის ჩვენს წინაშე...

გიორგიმ თავი ჩაღუნა: შერცხვა, რომ ვერ გასჭვრიტა მეფის წინდახედული საქმენი.

- თანაც, - დაუმატა მეფემ, - ძველ მოყვარეს, სიმამრს თუ არ დავეხმარე, როგორ შემხედავს ან სოფელ-ქვეყანა, და ან განსვენებული ჩემი მეუღლე როგორ შემხვდება საიქიოს... ბევრია მტერი?..

- ჩვენზე ორჯერ მეტი იქნება...

- ბანაკი რომ პატარაა შესახედავად?

- ბარგი არ აქვთ... ურმები არ ჰყავთ... თავის ქვეყანაში არიან... ქეიფობენ... დანამდვილებით მაინც ვერაფერს ვიტყვი, ოღონდ ჩემმა ლაზიკამ ასე მითხრა... ის გაღმა იყო და ბანაკს ირგვლივ შემოუარა.

- როგორ? რანაირად? ჯერ რომ წყალი არ დავარდნილა?

- მაგი ხომ კაცის შვილი არ არის... ან ბოშებმა დატოვეს და პირდაპირ ეშმაკმა ჩამოუგდო ფაცხაში დედამისს, - და ლაზიკასკენ გაიხედა, - ცხენიც კი გამოიყვანა გაღმიდან...

- ძალიან უმარჯვნია!.. შენ როგორ გაუშვი, არ შეგეცოდა?

- ვეხვეწე, ხვალ წყალი დავარდება და მერე გადი-მეთქი, - არ დამიჯერა. გადამეკიდა... საშველი აღარ მომცა... წყლის პირას ჩამიყვანა, ამიხსნა - ეს ჩქერი გაღმა მხარეს ეცემა, მას გავყვებიო, იქედან კი - მეორე ჩქერზე მიმითითა - იმას გამოვყვებიო... მერმე აქ ერთი ფუტურო ხე მოსჭრა, ჭვრიტიმალები დაუგლისა, წინ გაიგდო და უკან გაყვა - ვუყურებდი - წელს ზევით არც კი დასველებულა. კაშკაშა მთვარე იყო... აქეთ კი დილას მოვიდა და ეს ცხენიც მოიყვანა. შემომჩივლა, მეორე შუა წყალში მოსილულზე დამრჩაო.

- მოდი აქ, ბიჭო! - დაუძახა თვით მეფემ.

ლაზიკა თავის ცხენიანათ მივიდა.

- როგორია ჯარი?

- სულ დარჩეული ვაჟკაცებია, ბატონო, ღამის ყარაულათაც კი აზნაურები უნდა იყონ... მაგრამ რაცხა უკმაყოფილებაც არის ჯარში... გუშინ წასვლას აპირებდა თურმე ინალიპა, მაგრამ გააჩერეს.

- საიდან გაიგე?

- იქ რომ ვიყავი, ჩოჩქოლი ატყდა... მერე ყარაულების ფაცხას მივაყურე: მთავრების კარვიდან მოსული უამბობდა მათ... მე ასე გამოვიტანე...

- ზარბაზნები აქვთ?

- ბატონსაც მოვახსენე, ზარბაზანი არ მინახავს, მარა ერთ ადგილას ბუჩქებს რგავდენ, გამიკვირდა: რა დროს ბაღჩის გაშენებაა-მეთქი, და მინდოდა მივპაროდი, მაგრამ იქედან ძაღლის ყეფა მომესმა, და ვეღარ მივბედე.

- აქედან იხედება ის ადგილი?

- აი, ეგერ გახლავთ, მეფეო... წითელი მიწა რომ მოჩანს, მის ქვევით ორი ხეა და ხეების ცოტა დაშორებით - ბუჩქნარი... სწორეთ ისაა, მეფე ბატონო; ემჩნევა კიდევაც, რომ ადამიანის ხელს იქ უფათურებია... ასე მწკრივად და მრგვალად სხვაგან არსად არის ბუჩქები.

- დააყენე მზვერავი? - ჰკითხა მეფემ გიორგის.

- დავაყენე, მეფეო, მაგრამ გამოცდილი ხალხია: დღისით არავინ მიეკარება, და ღამით კი არ დაინახება...

- ჩვენი ბანაკი როგორია? - დაეკითხა მეფე ისევ გიორგის.

- მშვენიერი... უკან სალი კლდეა, ჯიხვიც ვერ ავა; აქეთ მდინარე - ერთი მზვერავი კმარა; ქვევით კი გაშლილი უტყეო ველია, ჩიტიც კი თვალში მოგხვდება კაცს.

- ძლიერ დაღლილი ვართ ჯარიც და მეც; ცოტა ვივახშმოთ და მოვისვენოთ.

ცხენები შეაჯგუფეს; ირგვლივ ურმები დააყენეს; ხალხი და ლაშქარი ურმების უკან მიწვა; ყველამ მოძებნა სასთუმალი - უნაგირი, უღელი, ჯირკი, უბრალო ქვა, მაგრამ არავის უძებნია ქვეშსაგები ან ზედსახურავი; იშვიათად თუ ვისმე ქონდა ნაბადი; მხოლოდ მეფეს დაუყარეს კოპიტის* ტოტები, გაუგეს ზედ ნაბადი.

ყველამ მიიძინა.

არ ეძინა ორს: უდიდესს - მეფეს და უმცირესს - ლაზიკას.

- მოიწი აქეთ! - გაღვიძების შემდეგ დაბალის ხმით უთხრა მეფემ გიორგის.

თავისი სასთუმალი გაღვიძებულმა მეფისკენ მისწია და დაჯდა.

- დაწევი... ვერავინ შეგვნიშნავს, რომ ვთათბირობთ... ჩვენ დიდხანს ვერ მოვიცდით აქ. სიმამრ-ბატონს ურემი ბევრი წამოუყვანია და სურსათი ცოტა წამოუღია; თანაც, ვინ იცის, ჩემი აქ ყოფნით ვინ როგორ ისარგებლებს.

- მტერი რომ ბევრია?!. ოდიშის მთავარს იმედი აქვს, დამხმარე ჯარი კიდევ მომივაო...

- მოსვლით არავინ მოვა, ტყუილია, მტერს კი შეიძლება მოემატოს... ქელეშბეის მსახურნი, უეჭველია, ყრიან ხმას, რომ მათი ჯარი აივსო ნადავლით და ნატყვევნით; ჩემი ნათესავი ქალი, მისი მეუღლე, ვინ იცის, იქნებ თვალთმაქცურად სამძიმარსაც კი ღებულობს ჩემი სიკვდილის გამო და უგულო შეტირილებს მართავს... აფხაზის ხალხს ყველა ეს გაამხნევებს, და ახლა თუ მარტო აზნაურობაა, შესაძლოა, მთელი ბრბო მოაწვეს აქეთკენ საშოვრად.

- ხმებზე თუ წავიდა საქმე, თქვენ სიმამრსაც კარგი ხმები დაუყრია აფხაზეთში...

- მაინც?

- ვითომც თქვენ თვალი გიჭრიდესთ*... რა ჯარიც არ უნდა იყოს, რომ შეხედავთ, გააფუჭებთ, და თითქოს ამიტომაც იყოს, რომ თქვენ საკუთარ ჯარს არ უყურებთ და მუდამ ჯარის წინ ბრძანდებით.

- ვინ დაიჯერებს?

- დაიჯერებენ კი არა, გლეხობა რომ არ გამოსულა, სულ ამის ბრალიაო, - ბრძანა დღეს აფხაზეთის კარგმა მცოდნემ გლახუა ჩიჩუამ.

- მე რატომ არ მითხრეს ეს ამბავი?

- ვერ გაგიბედეს უსათუოდ, რომ ასეთი ცუდი თვისება მოგაწერეს - თვალის მჭრელობა...

- ო, ნეტავი მართლა მქონდეს, შევზღუდავდი ჩემს ფარგლებს და დავამშვიდებდი ქვეყანას, ჩემს სამეფოს.

გაჩუმდნენ.

- თუ გენებება, ბატონო, ხვალვე შეიძლება დავეცეთ, დილისთვის მდინარე დავარდება. ფონი აქვე იქნება...

- ხვალ არა და ზეგ, მგონია, უნდა გავათავოთ ეს საქმე: ან გავიმარჯვებთ და ან...

- გავიმარჯვებთ, მეფეო, გავიმარჯვებთ: შენ გვერდში გვეყოლები და არ გავიმარჯვებთ?!.

დადუმდენ, თვლემდენ.

- ჰო, - კიდევ შენიშნა მეფემ, - ხვალ კარვების აშენება დაიწყე, თითქოს ერთი თვით ვაპირებთ დარჩენას.

- მესმის, ბატონო, ნახევრად ძილში უპასუხა გიორგიმ, - მეც ასე ვფიქრობდი.

________________

* კოპიტი - ხის ჯიში

* თვალი გიჭრიდესთ - აქ: შეგეძლოთ თვალის ცემა, გათვალვა

4.4 4

▲ზევით დაბრუნება


შერვაშიძეების ბანაკში თათბირობდენ.

- რისი გვეშინია? ჩვენ ბევრად მეტი ვართ.

- მაგიერათ - მეფეს თვალს უჭრის, გადახედავს ჯარს და დააძაბუნებს*.

- თვალის ჭრის რა მოგახსენო, არ დამიცდია, და იმერეთის საუკეთესო ვაჟკაცები კი თან ახლავს: არჩილი, აგიაშვილი, მესხი, ერისთავი...

- ოდიშიდან ხომ არავინაა?

- როგორ არა! სულ გალექსული გმირებია...

- მე მაინც ჩემსას ვამბობ - მეფეს თვალს უჭრის... ის ნუ გადახედავს ჯარს, და სხვა რაც მოხდება, ღვთის ნებაა...

- მერე როგორ შეუთვალოთ მეფეს, ისე იომე - ჩვენს ჯარს არ შეხედო-თქო? - ღიმილით სთქვა ქელეშ-ბეიმ.

- მოსაკითხი გავუგზავნოთ ვისიმე ხელით და მოვწამლოთ.

- უ, რას ამბობ! - იუცხოვა უმცროსმა.

- აბა, ტყულა დავიხოცოთ? ომი ხომ ჯირითი არ არის, ესროლო და თან ერიდო არ დავასახიჩროვო... რითაც გაგვივა, მით უნდა გავიტანოთ ჩვენი...

- მე წინააღმდეგი ვარ... ვაჟკაცურად შევხვდეთ: რაც მოსავალია, ვერ გავექცევით...

- მე თანახმა ვარ შენი: მეფის თავიდან მოშორება გამარჯვებას უდრის, მაგრამ მეფეც ხომ ფრთხილად არის: ასე ადვილად თავს არ მოგვაწამლვინებს.

- მაშ მკვლელი გავუგზავნოთ.

- არც მაგია შესაძლებელი - ვინ მიგიშვებს მეფესთან!..

- აი რა, - ჩაერია ბჭობაში მოხუცი ემუხვარი, ჩვენი ზარბაზნის მსროლელი ჩემულობდა, ტყვიას სადაც მინდა იქ მივარტყამო; გავიგოთ, სად არის მეფის კარავი, და ვესროლოთ.

- მერე სადაა მისი კარავი?

- მზვერავები გვეტყვიან.

- თქმა არ კმარა... ნათქვამზე ხომ ვერ დაუმიზნებ, - ხიფათიდან წინდაწინვე თავის დაღწევისათვის მოიმიზეზა მეზარბაზნემ.

- აბა გავგზავნოთ მეფესთან კაცი დღისით... აქედან შენ უყურე და განიშნებს.

- როგორ უნდა მანიშნოს?

კუთხეში მჯდომმა უჩარდიამ წამოიწია:

- მე გამგზავნეთ, ბატონებო, მოციქულად... მოვახერხებ, რომ უსათუოდ მეფის კარავში პირველად შევიდე... იქედან რომ გამოვალ, ესროლეთ.

- ეს კარგი აზრია.

- მაშ ასე, - დაარიგა უფროსმა, - მეფეს იახლები; სანამ მის კარავში არ შეხვალ, არსად შეხვიდე, მოიმიზეზე - საჩქარო საქმე მაქვს-თქო, მოახსენე, როდის გნებავს ომის დაწყება-თქო.

- ახლავე წავიდე?

ცას შეხედეს... ღამდებოდა.

- არ იქნებოდა ცუდი... მაგრამ გვიანაა... ხვალ ადრე წადი... დაბრუნდი მალე და კეთილად.

- გახსოვდეს: როგორც კი მეფეს დაშორდები, ჩქარა წამოდი, თორემ მაშინვე ვესვრი, რადგან მეფეც იქნება კარვიდან მალე გამოვიდეს - და ეს ხერხი უნაყოფოდ ჩაგვივლის.

- კარგი.

- მე ყველა ამის წინააღმდეგი ვარ, ეს სილაჩრე და მუხანათობაა.

- ნამეტანი არაფერი ვარგა, - შენიშნა უფროსმა ძმამ, - აქ ვაჟკაცობას კი არ ვაჩვენებთ ერთი-მეორეს, აქ სიკვდილ-სიცოცხლის ამბავია.

- გემორჩილები, ძმაო ბატონო, მაგრამ ვამბობ, არ იყო საჭირო.

_____________________

* დააძაბუნებს - დააუძლურებს

4.5 5

▲ზევით დაბრუნება


ნიშნად მოციქულობისა, კალთაგადაკაპიწებული, თეთრი ჩოხით გამოწყობილი უჩარდია მეფის ბანაკს მიუახლოვდა.

დარაჯებს დიდხანს არ შეუჩერებიათ, პირდაპირ მიჰგვარეს მეფეს, რომელიც ჭადრაკს ეთამაშებოდა ოდიშის გამოჩენილ მოჭადრაკეს.

- ღვთის წყალობა მეფეს.

- კეთილი იყოს თქვენი მოსვლა... რას გვეტყვი საყურადღებოს?

- მთავრიშვილები მოგახსენებენ, როდის ინებებთ ომის დაწყებასო.

- რაც უფრო მალე შევექცევით, მით უკეთესია, - მოკლედ მოსჭრა მეფემ და უჩარდიას თვალი თვალში გაუყარა: ასეთმა უჩვეულო, ახირებულმა მოციქულობამ ცოტა არ იყოს გააკვირვა.

- მაშ ასე გადავცემ: მეფემ ბრძანა, რაც უფრო მალე შევექცევით, უკეთესია-თქო.

- გწყალობდეს დედა ღვთისა.

- გზა მშვიდობისა. უჩარდია წავიდა. ჭადრაკის თამაში არ შეუწყვეტიათ. მოციქულობამ მეფე მაინც ააბორგა.

- მეც ვერ გაგიბედე, თორემ არ მომეწონა; ზედმეტი თავაზიანობა ყოველთვის საეჭვოა.

- გამიგონია, ჩვენს ძველებს ასეთი ჩვეულებაც ჰქონიათ, - დაუდასტურა ფაღავამ. და ვერ მოასწრო ხელში აღებული მხედრის გადასმა, რომ კარავი შეიძრა და მოისმა ზარბაზნის ხმა. მეფემ ზევით აიხედა - კარავის წვერი იწოდა.

- გამოიტანეთ რაც რამ არის... კარავი წააქციეთ და ჩააქრეთ ცეცხლი, არ გადავიდეს, - მშვიდად გასცა ბრძანება მეფემ და ჭადრაკი აიღო. - წამობრძანდი შენს კარავში იქ დავათავოთ.

- მდევარი! არ გაუშვათ მაგ წუწკი!

- ხელი არ ახლოთ! - ისევ ბრძანა მეფემ, - მაგრამ ვინც ომიდან მაგის თავს მომიტანს, ათ ოქროს ვაჩუქებ, ჰკარით ბუკი და ნაღარა... დაემზადეთ... ომი იწყება...

- ფონი* მონახულია? - დაეკითხა მეფე სარდალს.

- კი, ბატონო, ორს ადგილას...

- ამინდიც ხელს გვიწყობს: გრილა და მზეც კაშკაშებს, - დაუმატა მოჭადრაკემ.

______________

* ფონი - მდინარეში გასასვლელი ადგილი, სადაც წყალი თხელია და ნელი

4.6 6

▲ზევით დაბრუნება


მეფე გამობრძანდა.

იგი აღარ ჰგავდა ტკბილ მობაასე, მშვიდ მეთაურს.
თავს მუზარადი ეხურა, ტანს ეცვა ჯაჭვის პერანგი.
დინჯი ნაბიჯი.
დაძაბული სხეული.
მიხრა-მოხრა მკვირცხლი;
კილო მბრძანებელი;
აზრი ფხიზელი.
მოართვეს ცხენი. მოახტა.

- აგიაშვილო, ვინ არის მებაირახტრე?
- ლორთქიფანიძე, მეფეო!
- მიმყოლი?
- ლასხიშვილი.
- უთხარი: ვინც გახრის ბაირაღს, თავს გავაგდებინებ...

აბა, ხრესილის სამაგიერო გადავიხადოთ.

მეფემ აღაპყრო ხელი:

- ღმერთო, შეგვეწიე!

ყველამ პირჯვარი გადაიწერა.

4.7 7

▲ზევით დაბრუნება


ფონებით გავიდენ მდინარეში.

გაიშალენ მინდორზე. ელოდენ მტერს.

ზარბაზნის ხმა არც დიდ იმედს იძლეოდა და არც არავის აშინებდა. მხოლოდ ცხენები ცქვეტდენ ყურს.

თხემიდან* ჩამოაჭენა ცხენი უცნობმა; ჰაერში ლეკური* შეატრიალა; ჩააგო; იმავე წუთს დამბაჩა დასცალა, გადააგდო, გაჭენებული ცხენიდან გადაიხარა და მარდად აიღო.

- ჯირითობს, გვიწვევს.

არჩილმა გაიწია.

- მოითმინე, ბატონიშვილო! ვინ იცის, ვინ არის...

- მე გავალ, ბატონო, - და გააგდო ცხენი ავალიანმა: მაგრამ მისული არ ეგონათ, რომ უნაგირზე ჩაეკეცა.

უცნობმა კი ცხენი ისევ აახელფეხა...

ავალიანს აბაშიძე გაჰყვა. კაცხის თავადმა მხოლოდ მოასწრო დამბაჩის დაცლა, - მისი ცხენი მალე უაზროდ დაჭიხვინობდა ველში.

- ე, რავა უცადო, სანამ გაგვწყვეტს! - თავის მგლისებურს ცხენს ქუსლი ჰკრა არჩილმა.

უცნობი არჩილის დანახვაზე ცხენზე გადახტა და საყელოს ღილი გაიხსნა.

- ვინა ხარ? - დაეკითხა უცნობს უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ბატონიშვილი.

- ალანელი, თქვენი ძიძიშვილი.

- მოდი აქ.

ალანელი ეახლა. არჩილი ცხენიდან გადმოიხარა - და ალანელმა გულზე აკოცა, არჩილმა - თავზე.

უფრო ხანგრძლივი იყო წულუკიძის და ალანელის შებრძოლება, მაგრამ როცა ხელში დაჭრილი წულუკიძის ხმალი მიწას დაეცა, ალანელი გადიხარა ცხენიდან, აიღო ხმალი, მოწინააღმდეგეს ქარქაშში ჩაუდვა და ისევ თავის ადგილას გაჩერდა.

მაშინ ძალით ხელიდან გაუსხლტა მასთან მდგომი პირტიტველი ერისთავი და მიაშურა.

ალანელმა მხოლოდ ახლა იკადრა თოფის მხრიდან გადმოღება და დაახალა; ერისთავი ცხენიდან გადავარდა. ყველას ეგონა - ატირდა ბარაკონის* დამამშვენებელი მზეთუნახავი გულქანიო, მაგრამ საცნაური დაინახეს: ალანელს უკან შემოჯდომოდა ერისთავი, იღლიებს ქვეშ გაეტარებია ხელები, თვით ხელთ ეგდო აღვირი. განცვიფრებულს ალანელს თოფიც კი ვერ გადაეგდო და ისე მიჰქროდა მტერთა ბანაკში.

შეიქნა საშინელი ყიჟინი.

______________

* თხემი - მთის ზედა ნაწილი

* ლეკური - ცივი იარაღის ნაირსახეობა

* ბარაკონი - ადგილი რაჭაში

4.8 8

▲ზევით დაბრუნება


თავში ხშირი, შეწყნარდა თოფისა და ბუკის ხმა.

მხოლოდ ზარბაზანი განსაზღვრულ დროს გამოსცემდა თავის მოსაწყენ „ბუუ“-ს.

ცქერა მოსწყინდათ მხედრებს. აღელვება მატულობდა.

- აბა, თქვენი მარჯვენის ჭირიმე! ენგურსაც ვაჩვენოთ ჩვენი ვაჟკაცობა! - დაიგრიალა გიორგი სარდალმა...

თითქმის ერთსა და იმავე დროს ორივე მხრიდან ყიჟინით დაიძრა ჯარი.

დაიწყეს ხელჩართული ომი.

აი იქ, წულუკიძის ირგვლივ, შეჯგუფდა ჯარი.

აქ ზეფიშვილს შემოარტყეს რკალი.

გამოჩნდა ლურჯაზე მჯდომი ხმალამოღებული მეფე.

გორიდან დაეშვა ბექირ ბეი; მანაც ამოიღო ხმალი.

შეხვდენ. მაცქერალთ გული აძგერდა.

ჩაუარეს ერთმანეთს უხმოდ, უომრად.

მსწრაფლ შემოატრიალეს ცხენები და მიაშურა ერთმა მეორეს...

ვინ დააობლებს თავის ჯარს? ბევრმა მიატოვა ბრძოლა და მათ მიაჩერდა, თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს: გაუსწორდენ. მთავრის ცხენს ფეხი გაუსხლტა და წაიქცა; მხედარი ოდნავ წინ გადიხარა, უნაგირს დაყვა; მეფემ ჩაუქროლა, ხმალი წაქცეულის თავზე ჰაერში შეატრიალა და გასწია მებრძოლთა ჯგუფისაკენ, სადაც მამა-შვილს მიქელაძეს სამი აფხაზი შემოხვეოდა და სახიფათო მდგომარეობაში ჩაეყენებია: შვილი უკვე ჩამოეგდოთ უნაგირიდან, მამას სისხლი სდიოდა, მაგრამ ცხენოსანიც და ქვეითიც ციბრუტივით ტრიალობდენ და...

- აქა ვარ, არ შეგეშინოსთ! დაჰკარით მაგ გლახებს!

- უი, მეფე! - თავზარდაცემულმა დაიძახა ერთმა და თავს უშველა.

- სად მირბიხარ შე დედაბერო? - მიაძახა ამხანაგმა, მეტი ვერ მოასწრო: მოხუცი მიქელაძის ხმლით თავგაჩეხილი ცხენზე გადმოვარდა. მესამე აფხაზმაც იკადრა გაქცევა.

- არ გაუშვა! - უბრძანა მამამ შვილს.ყმაწვილი მოახტა აფხაზის ცხენს და დაედევნა.მეფე ცხენზე ჩამოხტა და მოხუც მიქელაძეს მოეხმარა.

- დროზე მოგვისწარი, გწყალობდეს უფალი... ცუდად იყო ჩვენი საქმე.

- ძლიერად ხარ დაჭრილი?

- არაფერია, ბატონო, - ბოდიშობდა მოხუცი, როცა მეფე მისივე ყაბალახით თავს უკრავდა.

- მოითმინე, მოითმინე! აი, ასე! ბანაკში წაბრძანდი, იქ უკეთ შეგიკრავენ; მე ვერ გამოგყვები...

- არა, შენი ჭირიმე, აქ დარჩი, გაამხნევე გადაარჩინე, როგორც ჩვენ.

მოხუცმა უკვე იგრძნო სისუსტე, ნელა შეჯდა ცხენზე და წყნარის ნაბიჯით წავიდა.

შეტაკების უკანასკნელი სიფიცხე ტრიალობდა.

არჩილი მიიზლაზნებოდა თავის წელმოხრილი, ფეხმსხვილი ცხენით, თითქოს კამეჩი დადისო ცხვრის ფარაში.

ორი-სამი შეტაკების შემდეგ რაღაც გული აუვარდა და მხოლოდ მეფის ხათრით ვერ ტოვებდა ბრძოლის ველს.

ე, მოხუცო, დაჭრილთ შორის
რომ დამდგარხარ უცხენოთო,
ზიარებას თუ უმზადებ,
მოვახერხებთ უშენოთო:

დაცინვით მიმართა არჩილმა.

ანჩაბაძეს მეძახიან,
საოხუნჯოთ - გრძელწვერასო;
თუ საომრად მობრძანდები,
რაზედ ხარჯავ ფუჭ სიტყვასო!

დაუყოვნებლივ უპასუხა დამხდურმა.

წინათ მთავარს გადუდექი -
თვით გნებავდა შენ მთავრობა:
ახლა ცდილობ - ჩვენი სისხლით
შეიყიდო ორგულობა?

კიდევ გაეშაირა არჩილი.

შერვაშიძეს ვეცილები,
მე მეკუთვნის ბატონობა;
მით უმეტეს ვერ ავიტან -
ჩიქვანს ჰქონდეს პირველობა:

- მაინცდამაინც გინდა ჯოჯოხეთში გაგგზავნო? - ჩამოხტომისთანავე შეეკითხა არჩილი.

  • არა, ბატონიშვილო, თქვენ მინდა შეგკადროთ სამოთხეში წერილის გატანება...

კენწლაობდენ.

ორივეს ეტყობოდა ხერხი და გამოცდილება. ბოლოს მოხუცმა ძლიერად მოუქნია; არჩილმა გადაზნექილ ხმალს წვერში მოარტყა ლეკური და მოხუცის ხმალი წკრიალით დავარდა.

- დამრჩი! - ძლივს მოასწრო არჩილმა: მოხუცს უკვე ამოეღო დამბაჩა. არჩილმა წვერით შუბურათ ჰკრა პირში ხმალი... მოხუცი პირაღმა დაეცა, მაშინვე თვითონვე პირდაღმა გადატრიალდა.

- ვერაა ვაჟკაცური ჭრილობა. ჩემი ბრალი არ იყო: ან კისერში უნდა მეკრა და ან პირში... ასე სჯობია: თუ მოუსწრეს, არ მოკვდება...

და თავის თავზე უკმაყოფილო არჩილმა ქუსლიც ჰკრა და მათრახიც გადაუსვა ცხენს, რომელიც ძლივს აძუგძუგდა, ბუმბერაზ მხედრის სიმძიმით წელგაწყვეტილი.

4.9 9

▲ზევით დაბრუნება


ველზე გამოჩნდა შავულვაშიანი, წვერმოპარსული, ჩაბალახთავწაკრული, ნაბდიანი ცხენოსანი... აბჟანდზე* ცერებით შედგებოდა და მიმოიხედავდა. ვინც შეუტევდა, უგულოდ გზას უთმობდა, და მეომარნიც შორდებოდენ - ზოგს შუა კაცი ეგონა, ზოგს მგლოვიარე.

ერთი ახალგაზრდა ნამეტანი აუხირდა: ორჯერ შეატრიალა ცხენი, მაგრამ ახალგაზრდა წინ გადეღობა და ხმლის მოქნევა რომ დაუპირა, უეცრად ნაბდიდან ამოყო ხელი, რომელშიაც მოკლე თოფი ეჭირა... თითქმის გულზე მიადვა და პირქუშად უთხრა:

- წადი, ძმაო, სხვა მონახე - შენთვის არ მცალია...

თავაზიანობაზე უფრო თოფის ტუჩმა გასჭრა: დარცხვენილი ახალგაზრდა გაშორდა. მხედარმა დაინახა, ვისაც ეძებდა: ცხენი და მხედარი ორივე აიწურა, მოწყდა და შურდულივით გაექანა.

- აგიაშვილო, დამიხვდი: შენთან მოვალ! - დაუძახა კარგა მოშორებით მხედარმა.

- მობრძანდი, მე მზად გახლავარ! - და ცხენი ალმაცერად ისე დააყენა, რომ ხმლის მოქნევა უფრო მოსახერხებელი ყოფილიყო.

მხედარმა ცხენი უეცრად შეაჩერა. თოფი აგიაშვილს გულზე დაადვა:

- დამრჩი!

- რაღა მეთქმის!..

უცნობი მხედარი ეჭვის თვალით უყურებდა, არ მოელოდა ასე ადვილად გამარჯვებას. აგიაშვილმა ხმალი შეაბრუნა, წვერში ხელი მოკიდა და ტარ-მუშტით მტერს გაუშვირა.

უცნობმა თოფი დაუშვა და ლეკურის გამოსართმევათ მარცხენა ხელი გაუწოდა.

ამ დროს აგიაშვილის ლეკური ჰაერში გადატრიალდა, ჰაერშივე სტაცა მას ხელი პატრონმა, და უცნობი მარჯვენა მხრიდან მარცხენა ძუძუში დაიჭრა.

- ამას ვეძებდი... ღირსი ვარ... - და ცხენიდან ნახევრად ჩამოხტა, ნახევრად გადმოვარდა.

- ვინ ბრძანდები? - დაეკითხა აგიაშვილი.

- ასტამურ ინალიპა.

  • ეს მეორე ძმაც მე მხვდა... - გაუელვა თავში, - თქვენებს შევატყობინებ აქიმი მოგაშველონ.

ამ გამარჯვებით ცოტა არ იყოს, დანაღვლიანებული აგიაშვილი მივარდა ვიღაც აფხაზს და უთხრა, - ინალიპა ძლიერ დაჭრილია, აი იქ... მიეშველეთ.

აფხაზმა ცხენი გააჭენა.

- ვაი საწყალო! რაც იარაღს არ უქნია, იმას საწამლავი დამართებს, - ჩაილაპარაკა იქვე მდგომმა ჩიჩუამ.

- როგორ?

- მაგი არის ინალიშვილების ერთი ბუდის ერთადერთი ვაჟი-მემკვიდრე; ქალი კი მთავრის შვილსა ჰყავს და დიდი ხანია უთვალთვალებს მემკვიდრეობას.

- დანარჩენი ინალიშვილები, ნათესაობა რას იტყვის?

- ჰო, ვინ იცის... იქნება მთავრის ოჯახს იმედები გაუცრუვდეს, მაგრამ ცდას არ დააკლებენ... მორიგდებიან ნათესავებთან... ბევრი რამ მაინც დარჩებათ.

მოხუცი ჩიჩუა და აგიაშვილი განგებ იყვნეგნ აქ უსაქმოდ გაჩერებული: გამოცდილმა თვალმა უკვე შეამჩნია, რომ შეტაკება თავდება, რომ აფხაზები უკუქცეული იქნებიან, და აქ იყო საჭირო გზის გადაჭრა, თავზარის დაცემა, რომ ვერ გამობრუნებულიყვნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

მეფეს წამოეწია აგიაშვილი და ჰკითხა:

- მტერი გაქცევაზეა. რა ვქნათ?

- ჩვენ საზღვრამდის მივდენოთ... მერე რაც ნებავთ, ის ქნან.

- და რომ შემობრუნდენ?

- შეუძლებელია! ყველა ეს ალანელები, ჩერქეზები, როცა დაინახავენ, რომ ოდიშიდან ვერაფერს წაიღებენ, თვით აფხაზეთს შეესევიან...

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

შორი-შორს იყო ხალხი, კაცი, ჯარი; ცნობა კი ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდი ელვის სისწრაფით გადად-გადმოდიოდა.

ინალიპას, ცნობილი ვაჟკაცის და გვარიშვილის დამარცხება უკანასკნელი ზარი და ნიშანი გამოდგა: აფხაზები შედრკენ. იმერლებმა და ოდიშლებმა კიჟინა დასცეს და მთელ ველს მოედვა გაქცეული და მდევარი.

-დაგვრჩი, ვერ წახვალ!

ცხენს აჩერებდენ, თავს იხრიდენ ნიშნად დამონებისა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გიორგიმ ვერ მოითმინა და ისევ მივიდა დაჭრილ ინალიპასთან...

- ახია ჩემზე, რაც მომივიდა: არ მომწონს დაუსრულებელი ომი ოდიშთან და იმერლებთან... არ მიყვარს მთავარი და მისი ოჯახი. შემეშინა მოღალატეთ არ გამოვსულიყავ პატრონის წინაშე, არავის ეფიქრა, რომ შიშმა ამიტაცა და ბრძოლის ველი დამატოვებია... გუშინ, ცხარე სიტყვიერი შეტაკების შემდეგ, კიდეც დავტოვე ბანაკი, მაგრამ დავბრუნდი. მინდოდა მოვალეობა შემესრულებია, გესლიანი ენისთვის კლიტე დამედვა და წავსულიყავ... თქვენ აგირჩიეთ - გვარიშვილობით ერთი ვართ და თქვენთან შებრძოლებაც სასახელოა. თანაც თქვენ ჩემი ძმის სისხლი გმართებდათ. გადაეცით მეფეს, რომ მისი გამარჯვება მახარებს...

ჭენებით აფხაზი მოდიოდა.

აგიაშვილი დაემზადა.

- ნუ სწუხართ, ხელს არ გახლებენ. - ინალიპამ მოსულს რაღაც აფხაზურად უთხრა.

- უ, ცუდად ვარ... ახლა წაბძანდი...

- ჩვენს აქიმს გაახლებთ.

- ნუ შეიწუხებთ თავს. თუ მოსარჩენი ვარ, ჩვენი აქიმიც მომარჩენს. თუ არა და... ახია... გადაეცით მეფეს, რომ თავის მსხვერპლად შეწირვა არ მინდოდა, მაგრამ მის გამარჯვებას ჩემს ღმერთსაც ვევედრებოდი.

____________

* აბჟანდი - უზანგი

4.10 10

▲ზევით დაბრუნება


ომის ველზე კიდევ დიდხანს მიმოქროდა აგიაშვილი... იგი ეძებდა ცოლისძმას, ომში პირველად გამოსულს, რომელიც სასოებით და მუდარით ჩააბარეს მოყვრებმა.

ხის ძირში აფხაზთა მცირე ჯგუფი ფაცურობდა... დაჭრილებსა და მიცვალებულთ ცხენებზე აჯდენდენ და აკრავდენ.

მის დანახვაზე ყველა შეხტა ცხენზე და გაექანა.

ერთი ყმაწვილი-ღა ჩამორჩა: დამფრთხალი ცხენი ხან ყალყზე დგებოდა, ხან ტრიალობდა; ყმაწვილი ვერ ახერხებდა შემოჯდომოდა ნაბადში შეფუთნულსა და უნაგირზე მოხერხებულად დაკრულ კაცს. აგიაშვილის მოახლოებაზე ყმაწვილი რაღაც უიმედოდ შეჩერდა. სიკვდილს მოელოდა. სრულიად ბავშვი იყო. აგიაშვილმა ცხენს აღვირში ხელი სტაცა.

აფხაზი დაიბნა - არ მოელოდა.

- შეჯექ!..

ყმაწვილი რაღაც უხერხულად მიუახლოვდა ცხენს; შეჯდომას რომ აპირებდა, ცხენზე მჯდომი ნაბდიანი ჩაეკეცა.

  • დაჭრილია? - ჰკითხა აგიაშვილმა მეგრულად.


- არა, მკვდარია!


- ვინაა?


- დედა-ჩემის გაზრდილი...


- ყოჩაღ: არ დაგიტოვებია! აბა შეჯექი!

მიცვალებულის სახიდან ნაბადი ჩამოცურდა. აგიაშვილმა იცნო მის მიერ მოკლული აფხაზი და ცხენს ქუსლი ჰკრა.

- ის ბავშვიც მომეკლა. ვინ იცის, იქნებ სისხლი იძიოს... ეჰ, რას ვერჩოდი ან იმას...

შენიშნა ცოლისძმის ცხენი.

მოუკლავთო, იფიქრა.

მიუახლოვდა. ვიღაც მძიმეთ დაჭრილის გვერდში ეგდო.

დაჭრილმა თავს ძალა დაატანა და ჩაიხროტინა:

- უნდოდა იარაღი წაერთმია... მუჭი დავკარი...

- ადე! - ზიზღით მიმართა გიორგიმ ყმაწვილს, - ვაჟკაცობას სწავლობ თუ ცარცვას?.. შეგირცხვა თავი! - და მათრახი მთელის ძალღონით გადაკრა.

ბავში დაიკლაკნა, წამოდგა დარცხვენილი.

- შეაჯდინე ეს კაცი ცხენზე... იარაღი მოუნახე და ჩემს კარავში წაიყვანე... ილარიონს უთხარი მოუაროს...

მერმე დაჭრილს მიუბრუნდა და უთხრა:

- ნუ გაამხელ მაგის თავსხლაფის დასხმას, ნუ მოსჭრი სამუდამოდ თავს. ყმაწვილია, გასწორდება...

4.11 11

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა გათავდა. მზე გადიხარა. მიყუჩდა ველი. ხის ძირში ჩამოხტა მეფე და გაგებულ ნაბადზე დაბრძანდა. ხალხი მის ირგვლივ იყრიდა თავს ნადავლითა და ტყვეებით... მოყავდათ ცხენები. მოჰქონდათ იარაღი. მეფე წყალობას უხვად არიგებდა.

აი მოვიდა მედროშე.

- ვინ შემოაბრუნა ბაირაღი?
- ლასხიშვილმა, ბატონო.
- სადაა?
- მოკლეს, ბატონო.
- დაუბრუნე, ერისთავო, მის ქვრივს და ობლებს, რაც ჩამორთმეული ჰქონდა...
- დაგლოცოს უფალმა!
- შენ გახარე ბაირაღი?!

- ნუ გაურისხდები, მეფეო: დაკოდილი ცხენი ვერ გააჩერა, მაგრამ იმდენი ვაჟკაცობა კი იხმარა, რომ პატივმოყვარეობისათვის ბაირაღი თან არ გაუტაცნია - მიმშველს გადასცა. როცა ცხენი დაიმორჩილა, უკანვე მოიჭრა. სწორეთ იმ წუთში ლასხიშვილს თავი გაუპო ბექირ-ბეიმ და ვიღაც აფხაზმა ჩვენს დროშას კიდეც სტაცა ხელი, მაგრამ ოტიამ მოასწრო, მკლავი გააგდებია და დროშა ხელში ჩაიგდო. მერმე მაგი შეგვიძღვა ბანაკში.

- ჰოო... ბატონო ნიკოლოზ, ასეთი ყმაწვილი თავადობის ღირსია, ხომ?

- ჭეშმარიტად, მეფეო! თანაც აზნაურათ კი არ ვთვლი, შვილებში არ გამირჩევია...

- მაშ მომიცია შენთვის თავადობა, ოტია...

- გწყალობდეს წმინდა გიორგი...

- თქვენ რა გვარი ხართ? - მიმართა მეფემ ოთხს - სახეზე ეტყობოდათ - მამა-შვილს, რომელნიც, თოფით-ხანჯალ-ლეკურებით დატვირთულნი, ძლივს მოდიოდნენ.

- ჩემი ყმები გახლავან, - დაიწყო მოხუცმა დიდებულმა, მაგრამ არჩილმა შეაწყვეტინა.

- ამდენხანს, არ ვიცი, რა გვარის იყვნენ, მაგრამ ჩეხელიძეები კი შეფერით აწი.

- ჭეშმარიტად... ჩეხელიძე იყოს თქვენი გვარი, და შემდეგშიაც ასე უერთგულეთ ქრისტეს რჯულსა და მეფეს.

- თქვენი ჭირი მოგვეცა! - დაიღრიალა მათ შორის უხუცესმა.

- შენც ომობდი, ბებერო?

- როგორ არა, მეფეო, როგორ არა! მაგი იყო თავი და თავი, - ჩაერია ისევ არჩილი.

- ბრძოლის ველიდან ვბრუნდებოდი... აფხაზებს შორიდან თავი დაეარათ და ბანაკს დასცემოდენ... და ეს ბებერი შვილებით იგერიებდა, როგორც ვეფხვი.

- როცა მაგის ორი უფროსი ბიჭი წამოვიყვანე და უმცროსიც იმათვე აეტორღიალა, მაგ ბებერმა მითხრა: დედაკაცებში ნუ დამტოვებთ; ბარგის თვალყურის მდევნელად მეც გამოვდგებიო, და პირველი ვაჟკაცი კი გამოდგა...

- ...იარაღი მაინც ჰქონოდა, წალდი* გრძელ ჭოკზე* წამოეგო და ისე ტრიალებდა ჯარასავით... არც სხვებს ჰქონიათ ხეირიანი იარაღი, - დაუმატა არჩილ-გიჟმა.

- ...რა ვქნა, მეფეო, ყველას ვერ გაწვდა ჩემი თოფხანა... მოხუცი და პატარა ბიჭი წალდ-ნაჯახის ამარა დამრჩენ.

- მაგიერად ახლა კარგი შეუძენიათ.

- ვისაც მტერთან ბრძოლა უნდა, იარაღს ომშივე იშოვნის...

- მომიცია თქვენთვის 40 ქცევა* ადგილი და აზნაურობა, ოღონდ ვალდებულება თქვენი ბატონის წინაშე თქვენვე გაასწორეთ.

- არა, მეფეო! რადგან მასახელეს, გამითავისუფლებია საშვილიშვილოდ, ოღონდ ჩემი სულის მოსახსენებლად სწირონ აღაპით* გელათის მონასტერში.

- კი, შენი ჭირიმე; რასაც გვიბრძანებთ, ავასრულებთ, ოღონდ მეფის წყალობა შეგვაფერებიე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

- აი, მეფეო, ასლანიშვილი, უჩარდია რომ შუა გააპო.

- მერე თავი რად არ მოართვა? - შეეკითხა მარად ურწმუნო და გამკილავი წერეთელი.

- არ იკადრა მურტალი ჯაშუშის თავის წამოღება.

- კარგი უქნია... აი, ეს ჯორი მამაშენს მიართვი და ეს, - მეფემ საუცხოოდ შემკულ უნაგირზე მიუთითა, რომელზედაც თვითონ ეყრდნობოდა, - დაპირებულ ათ ოქროს მოლარე გადმოგცემს.

- არა ვარ ღირსი, მეფე-მწყალობელო.

ამ დროს მოაჭენა ცხენი აგიაშვილმა.

- შენ არაფერი და არავინ მოართვი ბატონს! - თითქოს სალაღობოდ, და ნამდვილ კი მზაკვრობით შენიშნა წერეთელმა.

- მიცვალებულთ მე არ ვცარცვავ და ვაჟკაცობის დამტკიცებას არ ვსაჭიროებ, - მკვახედ უპასუხა აგიაშვილმა.

მოვიდა მიქელაძე და მოიტანა ხმლის წვერზე წამოგებული თავი მტრის მებაირახტრისა.

მოდიოდა ყველა ნადავლით, ან ამაყის შეგნებით, რომ მოიმოქმედა დაკისრებული, და ჯილდოსთვის მეფეს არ აწუხებდა.

და მოვიდა ალმასხანიც.


მეფე ღიმილით შეხვდა საუკეთესო გამრთობ კარის-კაცს:

- აკი ამბობდენ, ალმასხანი ვერ ივაჟკაცებსო!..
- ა! - შეუტია ალმასხანმა ტყვეს.
- მიარტყი მაგ ენა-მყრალს.

მაგრამ ტყვე არ იძროდა.

- გაიარე, შე ურჯულო! - კიდევ მოუქნია გათამამებულმა ალმასხანმა.
- რას მირტყამ, ბატონო!..
- ბიჭო ამან საიდან იცის ქართული?!. - გაკვირდა მეფე.

ალმასხანს ალმური მოედო სახეზე, უნდოდა რაღაც დაემალა - და კიდევ გადაკრა მათრახი.

- რას მერჩი, ბატონო? მართლა აფხაზი ხომ არა ვარ? რა დაგემართა? - უყვირა ისევ ტყვემ.
- ვინა ხარ? - ჰკითხა მეფემ.
- ვინ ვიქნები, ბატონო! აგიაშვილის მეწისქვილე ვარ - და რატომ მაძრობს ტყავს?
- ლაზიკა! აი, დაგლახროს ღმერთმა!..

ყველანი შეკრთენ... ალმასხანი მცირე ხნით დადუმდა. მოისმა სიცილი.

- რა ამბავია, ბიჭო, რას ბოდავ! - შეუწყრა მეფე, - ეს თავიც როგორ წაგიკრავს?

- რაი, ბატონო, და მე არც აფხაზი ვარ და არც თათარი - ორივეს ღვთის რისხვა მიეცა! დამპირდა, მეფესთან წაგიყვან და მე ვიცი შენი საჩუქარიო... ახლა ქე მირტყამს...

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ლაზიკა უძილობამ და წყალში ტატყუნმა გააცივა; მთელი დღე ხან სიცხისაგან ბოდავდა, ხან სიცივისაგან კანკალობდა, სანამ ალმასხანი, რომელიც ჩიგვნარში, ბანაკის ახლოს, იმალებოდა, არ წააწყდა.

- რას შვები, ბიჭო, შენ? - ცოტა არ იყოს დარცხვენით დაეკითხა ალმასხანი.

- ვკვდები, ბატონო, თვარა ახლაა საშოვარი...

- გეიქცა მტერი?

- კი, ბატონო, ეგერ ტყვეებიც ჩაატარეს ჩვენმა კაცებმა.

- რა ვქნა, ა? ბიჭო, ერთ ტყვეს ვერ მიშოვი? გამოართვი თქვენ ბიჭებს - აგიაშვილს ბევრი ეყოლება...

- რას ბრძანებ, ბატონო, მომკლავს ჩემი ბატონი.

- მოახერხე აბა რამე.

ლაზიკას საკვირველმა აზრმა გაურბინა თავში...

- რას მომცემ?


- გამოგაწყობ...


- რად მინდა გამოწყობა... ერთი უღელი ხარი მომეცი.


- კარგი, მარა რას იზამ?

- ა, ბატონო, შენი ყაბალახი მათხოვე, თავს წავიკრავ... პირს სისხლით შევისვრი და ულვაში ქე მაქ დალოცვილი გრძელი... საცვეთსაც* თუ მიშოვი, აფხაზი ვიქნები ნამდვილი... მარა ხარებს ხომ მომცემ?

- გითხარი, მოგცემ, - და ალმასხანმა მოიხსნა ყაბალახი, - მარა ეს საცვეთი სადღა გიშოვო?

- არაფერია, მაგასაც მოვახერხებ - აგერ თოქალთოს* გავარღვევ და იმასაც შევიხვევ და თასმით გავიკრავ, - ოღონდ თუ მიმტყუნე, მეც გაგამხელ.

- კაი, კაი!..

მაგრამ გამოწყობილი საქმე ლაზიკამ ვერ დააგვირგვინა კეთილად: ციებამ უწია თუ მართლაც რტყმევა ვერ აიტანა, ლაზიკა ხელცარიელი დაუბრუნდა თავის ბუნაგს და სასოება ცხენის უნახავადაც კი დაეგდო.

- ცხელება აქვს... მოუარეთ, უყურეთ, სანამ მომჯობინდებოდეს; მერე ერთად წამოდით, - უბრძანა შინ დასაბრუნებლად გამზადებულმა ბატონმა თავის ორ ბიჭს.

_____________

* წალდი - ცულის ნაირსახეობა

*ჭოკი - გრძელი ჯოხი

*ქცევა - ფართობის საზომი ერთეული

*აღაპი - (ბერძნ. სიყვარული), ეკლ. - ლოცვა და პურისჭამა მიცვალებულის მოსახსენებლად. ქელეხი.

*საცვეთი - იგივეა, რაც პაიჭი - წვივზე წამოსაცმელი ტყავი ან შალი, საწვივე წინდა

*თოქალთო - ცხენის ზურგზე, უნაგირის ქვეშ, საოფლეზე დასაგები ქეჩა

4.12 12

▲ზევით დაბრუნება


ნადიმი გრძელდებოდა. სულ უფრო დიდსა და დიდ პირებს ადღეგრძელებდნენ - სულ უფრო დიდსა და დიდ სასასმოს სცლიდენ.

როცა არჩილის სადღეგრძელოს სვამდა, აფხაზეთის მთავრის შვილმა ხოტბასა და ქებას ღიმილით დაუმატა:

- შემარცხვინე, ბატონიშვილო არჩილ, ტყვედ ქმნილს, დღეს უარარაოს ისეთი საჩუქარი მიბოძე, რომ ვერ გადაგიხდი.

- თქვენ ბრძანეთ, ბატონიშვილო, და გადამხდელი მე ვიყო...

- არა, მირონცხებულო მეფეო, რად გაგსარჯოთ, - მოკრძალებით მოახსენა ბატონიშვილმა.

- მერე გადამიხდი.

- ეჰ, ძმაო სოლომონ, - ორივეს გააწყვეტინა სიტყვა შეზარხოშებულმა არჩილმა - ბატონიშვილის ხასიათი ვიცი: თავს მოიკატუნებს და მერმე ისეთ საჩუქარს მიბოძებს, რომ შემარცხვენს, მოულოდნელად მოსული სტუმარი დაფუძნებულ მასპინძელს... იგი უხვი გამოვა და მე კი ძუნწი, მაგრამ მე არაფერ საჩუქარს არ მივიღებ გარდა ერთისა.

- მიბრძანე, რაც გენებოს...
- აასრულებ?
- თუ კი შემეძლება...
- მაშ, გულახდილად სთქვი საჯაროდ, რატომ არ შეუტიე მეფეს, როცა ერთმანეთს შეხვდით, ხომ კი ეძებდით მას?

ბატონიშვილმა თავი ჩაღუნა და მეფეს შეხედა, თითქოს ჰკითხავდა, ვთქვაო?

- ბრძანე, ბრძანე...

- მირონცხებული მეფე, - მორცხვად წარმოსთქვა ყმაწვილმა, - ჩემზე ხნითაც უფროსია და გვარიშვილობითაც უმაღლესი - პირველად მას უნდა ენებებია ხმლის მოქნევა...

- ყოჩაღ!
- დაგელოცა სიტყვა-პასუხი!
- ვენაცვალე შენს ვაჟკაცობას! ესმის აქეთ-იქით.
- ასეთი მტერი მოგცეს ღმერთმა!

- ვაკოცოთ ერთმანეთს!.. - სთქვა არჩილმა და ფეხზე წამოიწია, მაგრამ, სანამ მთლად ადგებოდა, მის წინ გაჩნდა ახალგაზრდა აფხაზი და უპირებდა გულზე კოცნას; არჩილი არ დანებდა, ერთმანეთს ლოყები დაუკოცნეს.

ვეებერთელა უხეშ არჩილს სრულიად არ შეეფერებოდა ეს ნაზი სურათი.

მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

ისევ არჩილმა მიმართა მეფეს

- ძმაო-ბატონო, ახლა შენ უნდა გვითხრა, რატომ არ შეებრძოლე ბატონიშვილს?...

მეფე სდუმდა.

- ენამოქარგულად კი არა, როგორც შენ იცი ზოგჯერ, არამედ ჩემებურად...

- როგორც კი პირველად შევხედე, გავიფიქრე: ასეთი ვაჟკაცის გაფუჭებას ღმერთი არ შეუნდობს კაცს-თქო და ჩაუარე გვერდი... მეორედ რომ ვუახლოვდებოდით ერთმანეთს, დაუპირე ხმლის მოქნევა, მაგრამ საბედისწეროდ ცხენს ფეხი დაუსხლტა...

- და წაქცეულს კი არ იკადრე შეხებოდი. შენი ჭირიმე, შენი, - აღტყინებით იყვირა ვიღაცამ ბოლოში.

- გაუმარჯოს მეფეს, გაუმარჯოს რაინდებს! - ღრიალებდა დიდი და პატარა. მწიგნობარი აბულაძე მოძღვრავდა თანმჯდომს ახალგაზრდას: არ გახსოვთ ვისის* სიტყვები, “ვისაც წაეკიდებოდე, გულსა შიგან საზავოსა ადგილსაცა დაუგდებდი, მეცნიერი კაცი ომსა შინაგან საზავოსა ადგილსაცა დააგდებსო”... აი ასე იქცევა ჩვენი მირონცხებულიც...

- დიაღაც, ბატონო, ბრძენია ჩვენი მეფე...

- ხალხო და ჯამაათო! - მოისმა უეცრად თვალუწვდენელ ჭანდრიდან.

ყველამ ჭანდარს დაუწყო ცქერა.

- ხალხო და ჯამაათო! - ყვიროდა ვიღაც ფოთლებში მიმალული.

იკურთხოს ღვთის განგება!
დღეგრძელი იყოს მეფე!
გაიმარჯვა ჩვენმა ჯარმა.
გაიქცა მტერი.
მოსრნა ურჯულო ბაგრატიონთა მკლავმა...
თავი ისახელა აგიაშვილმა, წულუკიძემ...
გათავადდა აზნაური,
გააზნაურდენ გლეხები...
დაესხა თავსლაფი ალმასხანს...
არ მისცეთ მის შთამოებას ქალი:
არ ჩაესიძოთ მის ოჯახს;
ამოწყდეს ლაჩარი.
არ მინდა მისი ბატონობა.
გამანთავისუფლეთ მისგან, თვარა გადმოვვარდები აქედან კისრით.

- კარგი, ჩამოდი, - გაიღიმა მეფემ.

- აქაც ლაზიკა! - განრისხდა აგიაშვილი, - ჩამოდი, შე, მართლა, ძაღლიშვილო, რა გააჭირე საქმე, ყველგან ეჩრები... შენი გასამასხარავებელი კიდევ ვინ არის?!

ლაზიკა ხიდან მობუნძღული ჩამოვიდა: არ მოუწონეს ოხუნჯობა.

- გაატუტუცეს ეს ლაწირაკი! - ჩაილაპარაკა ვიღამაც.

ხალხი ჯერ კიდევ არ დაწყნარებულიყო ამ უცნაურ შემთხვევის შემდეგ, ჯერ კიდევ ყურადღებით აცქერდებოდენ მეფის ახალ ხუმარას, რომ მოშორებით გავარდა დამბაჩა.

- რა მოხდა? - იკითხა მეფემ.

ცოტა ხნის შემდეგ მოახსენეს: ალმასხანის ვაჟმა თავი მოიკლა.

- რა საცოდაობაა! - ერთადერთი შვილი. ეს სულ შენი სისულელის ბრალია! - შეუწყრა ხუმარას მეფე და ჩქარის ნაბიჯით გასწია სულთმობრძავ ყმაწვილისაკენ.

- რა კარგი ყმაწვილია, - შენიშნა დედეოფალმა.

- მაგის მაგიერ მამამისს მოეკლა თავი, უფრო კანონიერი არ იქნებოდა, - მიბუზღუნობდა არჩილი.

__________

* ვისი - იგულისხმება მე-12 საუკუნეში გადმოქართულებული ლიტერატურული ნაწარმოები „ვისრამიანის“ პერსონაჟი - ვისი

4.13 ე პ ი ლ ო გ ი ვ ი თ

▲ზევით დაბრუნება


ვინც დამხმარე იყო, დასახმარებელი შეიქნა: განდევნილმა მეფემ უცხოეთში დალია სული. მთავარი მომქმედნი პირნიც დაიხოცნენ. ვინც ცოცხალი დარჩა, მასაც ზღაპრად ეჩვენებოდა წარსული ზრახვანი და სულისკვეთებანი.

გადაბერებული მიქელაძის სასახლე ვეღარ იტევდა ცოლ-შვილიან შვილებსა და შვილიშვილებს, მაგრამ თეთრი, გრძელი წვერები, შეკრული წარბები და ღარებგავლებული შუბლი ჯერ კიდევ ერთ ჭერქვეშ აჩერებდა მათ.

„... - ერთხელ მეფეს ისე გასჭირვებია ახალციხეში, - უამბობდა აღდგომა დღეს ბუხრის წინ შეკრებილ თავისიანებსა და სტუმრებს მოხუცი მიქელაძე, - რომ ღაბუაშვილებისათვის (აბაშიძეებისათვის) მოუწერია - ცოტა ღვინო და არაყი მომაწოდეთო და ქორქაშვილს 25 მანეთს შესესხულებოდა“.

ერთმა ყმაწვილმა სახლისკაცმა შენიშნა:

- ღმერთმა კი შეარცხვინა ისეთი მეფე, „ცოტა ღვინოსა და არაყს“ რომ თხოულობსო. მოხუცი წამოხტა და ყმაწვილს სილა გაარტყა:

- როგორ არ გრცხვენია ქართველ კაცს ქართველ მირონცხებულს მეფეზე ასეთი სიტყვების თქმისო.

მოხუცი შეაწუხა სტუმრის შეურაცხყოფამ, მაგრამ კანონიერად მიაჩნდა თავისი საქციელი.

ამ უსიამოვნების გამო აირია ოჯახი: ვიღაცას შეურაცხყოფილი ყმაწვილის ქმრობა უნდოდა, თუ მიჯნურობა... და გაიყო ოჯახი.

მარტო დარჩა მოხუცი თავის დიდ სასახლეში და პატარ-პატარა, იქვე ეზოში მიმოდგმულ ოდებში ვერც კი გაიგეს, როცა ის გარდაიცვალა.

მხოლოდ ლაზიკას საქმე და აზრი გამოდგა სიცოცხლეუნარიანი:

მისი ცხენი, ისე, როგორც თვით ლაზიკაც, შეიქნენ მეჩალვადრეების წინამორბედნი: მათი შთამომავალნი იყვნენ, ჭიათურიდან რომ პირველ ქარავნად წამოვიდნენ შავი ქვით დატვირთულნი.

1924-25წ.