სამოქალაქო საზოგადოება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება
თარიღი: 1998
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი თბილისი 1998 ფონდ ევრაზიის გრანტის C97–0124 საფუძველზე 1997 წლის 1 ოქტომბრიდან სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრმა ფონდ ევრაზიისაგან მიღებული გრანტის საფუძველზე განახორციელა პროექტი „სამოქალაქო საზოგადოება ეთერში“. პროექტი გულისხმობდა ექვსი თვის განმავლობაში საქართველოს რადიოთი ყოველკვირეული თითოსაათიანი გადაცემის მომზადებას და წინამდებარე კრებულის გამოცემას – „სამოქალაქო საზოგადოება“. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი მადლობას უხდის კრებულის ავტორებს და გადაცემათა ციკლის მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის. მოცემული პროექტის მხარდაჭერა განახორციელა ევრაზიის ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი სახსრების ანგარიშში. კრებულში გამოთქმული ესა თუ ის თვალსაზრისი ან რომელიმე ავტორის თვალსაზრისი შეიძლება არ ემთხვეოდეს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ან ევრაზიის ფონდის თვალსაზრისს. კრებულის რედაქტორები: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია



1 შესავალი - სამოქალაქო საზოგადოების დეფინიცია

▲back to top


სამოქალაქო საზოგადოების ცნების შინაარსი მოიცავს საზოგადოების არასახელმწიფოებრივი ურთიერთობების მთელს ერთობლიობას - ეკონომიურს, სოციალურს, კულტურულს (მათ შორის. რელიგიურსაც). სამოქალაქო საზოგადოება არის ინდივიდუუმების სპონტანური თვითმმართველობისა და მოქალაქეთა მიერ ნებაყოფლობით ჩამოყალიბებული ასოციაციების და ორგანიზაციების სფერო, რომელიც კანონებით დაცულია მის მოღვაწეობაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ჩარევისა და თვითნებური რეგლამენტაციისაგან.

სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედებენ ინდივიდუუმები, სოციალური ჯგუფები, სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაციები, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები და ელიტარული ჯგუფები რომლებსაც აქვთ უნარი და საშუალება გავლენა მოახდინონ როგორც საზოგადობაზე. ისევე ხელისუფლებაზე.

სამოქალაქო საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით, რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს. ეს არის გაგებათა მრავალგვარობის, ანუ მრავალი ჭეშმარიტების არსებობის სფერო - სამყარო, სადაც ყოველ „მეს“ თავისი ჭეშმარიტების ძიების, პოვნისა და დამკვიდრების უფლება აქვს და ამ უფლების არსებობას საზოგადოება ეთანხმება. ეს ზოგადი შეთანხმება საშუალებას იძლევა შეიქმნას საერთო ინტერესების ასოციაციები და გამაშუალედებელ ინსტიტუტთა მრავალსაფეხურიანი მდიდარი სტრუქტურები.

სამოქალაქო საზოგადოება არის არა ერთჯერადი საზოგადოებრივი შეთანხმების პროდუქტი, არამედ თვით ამ შეთანხმებათა ძიებისა და დიალოგის წარმართვის დინამიკური პროცესი. შეთანხმების ძიება არის თანაცხოვრების შეუჩერებელი ფორმა, რომლის საფუძველზეც მიიღწევა დინამიკური წონასწორობა მუდმივად ცვლად საზოგადოებაში, რომელშიც განუწყვეტლივ იბადება და კვდება არასამთავრობო და ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები; ყალიბდება, ტრანსფორმირდება და ქრება ასოციაციური სტრუქტრები; ისახება, ღვივდება და ცხრება კონფლიქტები; ადგილს იმკვიდრებს და კარგავს ახალი და ძველი ჭეშმარიტება.

სამოქალაქო საზოგადოებაში ზნეობრივ ნორმათა სოციალურად მარეგულირებელი ფუნქცია განსაკუთრებელ მნიშვნელობას იძენს. ამგვარი საზოგადოება წარმოშობს, ემორჩილება და ინახავს შეზღუდვებს ურთიერთობაში მათი კანონში გაუფორმებელი სახითაც. კანონში გაფორმებული შეზღუდვა ან თავისუფლება არ არის საზოგადოებრივი სისტემის მოწესრიგების ერთადერთი ფაქტორი. კანონს მიღმა რჩება იმ ნორმების უზარმაზარი სისტემა, რომელთა ფორმირება ხდება დიალოგის, შეთანხმებათა ძიების, კონფლიქტებისა და მათი კომპრომისული მოგვარების უწყვეტ პროცესში.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს სწორედ ასეთი სამოქალაქო საზოგადოების აშენება საქართველოში. ჩვენი ტრადიციული კულტურა და საერთო ფესვები ქმნის ამგვარ პოტენციალს. საქართველო ისტორიულად იმ ცივილიზაციას ეკუთვნის, რომლის წიაღშიც იშვა საზოგადოების სამოქალაქო ფორმა. სამოქალაქო საზოგადოება ჩვენი კულტურისათვის უცხო არ არის; თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს. რომ სამოქალაქო საზოგადოება არაა პანაცეა, იგი ვერ წყვეტს თანამედროვე მსოფლიოს ყველა საზოგადოებრივ პრობლემას, მაგრამ ურთიერთობათა ახალი ფორმის შექმნით იგი მათ აადვილებს და მათი გადაწყვეტის ძიების ხელშემწყობ გარემოს ქმნის.

საქართველო დგას გარდაქმნის აუცილებლობის წინაშე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეხოს ეს პროცესი. არის საზოგადოება და საზოგადოებრივი სტრუქტურები. დღეისათვის საქართველოში არსებული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის გამიჯნული ტოტალიტარული წარსულიდან და ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი წარმოდგენებიდან, მაშინ როდესაც ახალი საბაზრო და პოლიტიკური ურთიერთობები. რომლებიც რკინის ფარდის გაუქმების შემდეგ მკვიდრდება ჩვენში, მოითხოვს სხვანაირ სოციალურ წესრიგს. სხვა სოციალურ კაპიტალს.

იმის მიხედვით, თუ როგორია საზოგადოება, რა სახის ურთიერთობები არსებობს მასში, ყალიბდება სახელმწიფოს მართვის სისტემაც. ქვეყანაში დემოკრატიული ორგანიზაციული ფორმის არსებობის პირობებში თუ საზოგადოება არ არის მზად მართვაში თანამშრომლობისათვის და მონაწილეობისათვის. ხელისუფლება იძულებული ხდება თავის თავზე აიღოს მართვის მთელი ფუნქცია. რაც გამორიცხავს ქვეყნის, როგორც მთლიანის დემოკრატიულობას და აიძულებს მმართველ ძალას. ტოტალიტარული გახდეს.

სამოქალაქო საზოგადოება არის სახელმწიფოს მართვის არა ატრიბუტული, არამედ სუბსტანციური ნიშანი. ხელისუფლებამ რომ მართვითი ფუნქციები განახორციელოს, მას სამოქალაქო საზოგადოება სჭირდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე პირობებში სამოქალაქო საზოგადოებას ალტერნატივა არ გააჩნია. ამის გამო. მოცემულ პროექტში სამოქალაქო საზოგადოება განხილულია, ერთი მხრივ, როგორც მართვის სისტემისათვის ადეკვატური გარემოს ფორმირების ინსტრუმენტი და, მეორე მხრივ, თავად მართვის სრულყოფის უალტერნატივო იარაღი.

დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებას. როგორც დემოკრატიულად ყოფნის უფრო მაღალ საფეხურს. შესაძლებელია საზოგადოებაში არ იყოს ამის უნარი ანდა იგი არსებობდეს, ოღონდ მიჩქმალული სახით. ამ შემთხვევაში საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოწვევა არსებობისათვის, მათი შენების დაწყება. თუმცა სამოქალაქო საზოგადოება გამომდინარეობს და იგულისხმება დემოკრატიულობის ცნებაში, არ არის აუცილებელი ისტორიულადაც იგივე გამომდინარეობა განმეორდეს. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ინტენსიფიკაციისა და ინტეგრაციის პროცესების ფონზე „მოცდა“ შეუძლებელია. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ მიმართული მოქმედებები არის ერთადერთი გზა. რომელიც აგვაცილებს არასასურველ ისტორიულ კატაკლიზმებს და სწორი გზით შეგვიყვანს მსოფლიო თანამეგობრობაში.

მართვის სისტემაში ოთხი კომპონენტია - საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება. ესაა მართვის ერთიანი სისტემა. რომელიც წარმოუდგენელია რომელიმე კომპონენტის გარეშე. ჩვენი ამოცანა იყო სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთობათა ჩამოყალიბება დანარჩენ სამ ხელისუფლებასთან, უფრო სწორად კი იმ პროცესთა აღძვრა, სტიმულირება და ინსტიტუციონალიზაცია, რომლებიც ასეთი ურთიერთობების ფორმირებას შეუწყობენ ხელს. სირთულე ისაა, რომ არავინ იცის დანამდვილებით. თუ როგორი იქნება ეს ურთიერთობები; მათი წინასწარ კონსტრუირება შეუძლებელია, რადგან ბევრი რამ იხვეწება სისტემის თვითორგანიზაციის პროცესში. ჩვენი პროექტის მიზანი იყო დახმარებოდა ხელისუფლებას იმ როლის განსაზღვრაში, რომელიც მან უნდა შეასრულოს ამგვარი ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესების მართვაში.

სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის განსაკუთრებული დონის, ანუ სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნიან არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციები. რომლებიც მიუთითებენ ერთი მხრივ საზოგადოების, და მეორე მხრივ მოქალაქის მზადყოფნას არ იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული მისთვის სასიცოცხლო პრობლემების დანახვის და გადაჭრის გზაზე.

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების თეორიული გააზრებისა და მისი მშენებლობის პრაქტიკული გამოცდილების ბაზაზე ჩამოყალიბდა ორი მთავარი მეთოდოლოგიური პრინციპი - ინკუბაცია და ინტეგრაცია. პროექტის განხორციელებისას გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ პრინციპების განსახორციელებლად.

არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაცია (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) არის მოქალაქეთა გაერთიანება საკუთარი წუხილების, ინტერესების ანდა სურვილების მიხედვით. ასეთი ორგანიზაცია ნათლად აჩვენებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ პრიორიტეტს, რაც საფუძელად უდევს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში პიროვნების ინტერესი ემთხვევა კონკრეტული სოციუმის ინტერესს და ურთიერთშეზღუდვები დაშვებულია და სასურველია ორივე მხარისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ერთ-ერთი ყეელაზე უფრო „ბუნებრივი“ და მნიშვნელოვანი ტიპი არის ერთობაზე დაფუძნებული ე.წ. სათემო და სამეზობლო ორგანიზაციები. ამ შემთხვევაში იკრიბებიან საერთო, საკუთარი გარემოს პრობლემით შეწუხებული მოქალაქეები და ეს წუხილი ერთნაირად საკუთარია როგორც მთლიანად ამ ორგანიზაციისათვის, ასევე თითოეული წევრისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სახელმწიფოში ნიშნავს მორალური იმპერატივის ინსტიტუციონალიზაციას, როდესაც არასამთავრობო არამომგებიან ორგანიზაციაში ჩართული მოქალაქე მოხალისეა არა არაპროფესიონალიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ პრობლემა, რომელსაც ის უძღვნის საკუთარ თავს, არის მისი საკუთარი, შინაგანი იმდენად, რომ მის წინაშე არ დგება ანაზღაურების პრობლემა (თუმცა, შეიძლება შეიქმნას ანაზღაურების საშუალება, სხვადასხვა გარემოების გამო, მაგრამ ეს არ არის ამ ორგანიზაციის და მოქალაქის საქმიანობის მასტიმულირებელი).

გარდა იმისა, რომ ეს ერთობა საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი უჯრედია, თემი აპირობებს ერთი მხრივ მართვის დაბალ დონეზე დიალოგის ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებას (დიალოგი ადგილობრივ მმართველობასთან) და საერთოდ დიალოგის კულტურის დამკვიდრებას (თემის შიგნით), რაც ხელს უწყობს მართვის სისტემის დემოკრატიულობას და, მეორე მხრივ, მოქალაქეს საკუთარ თავს აღაქმევინებს სახელმწიფოსაგან განსხვავებული სისტემის წევრად, რითაც საფუძველი ეძლება სახელმწიფოზე საზოგადოების და პიროვნების უპირობო და დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აუცილებლობით ყოფნის იდეას. გარდა ამისა, საკუთარი გარემოს პრობლემა იმდენად საგრძნობია, რომ საშუალებას იძლევა სხვადასხვა ფენის ხალხი დააკავშიროს ერთმანეთთან (რაც არ ხდება არასათემო არასამთავრობო ორგანიზაციაში), საერთო წუხილის გამო გაზიარებულობის და ერთ გარემოში ცხოვრების შეგრძნება გააჩინოს, რაც, საბოლოო ჯამში, არის გზა მთელ ქეეყანაში საერთო ბედის შეგრძნების, ანუ სახელმწიფოს მოქალაქის შეგნების ჩამოყალიბებისათვის, რაც არის მსოფლიო მოქალაქეობისაკენ აღებული გეზი.

ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის ხელშეწყობა გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების შენების დაწყებას ყველაზე უფრო დაბალი დონიდან რაც ძლიერ საფუძველს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და მისი ფენქციონირების გარანტიას ქმნის.

ამრიგად, სათემო და სამეზობლო ორგანიზაციების მშენებლობა ნიშნავს არა უბრალოდ კომუნალური პრობლემების გადაჭრისათვის და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ზრუნვას. არამედ. ამავე დროს, სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის ჩამოყალიბების აუცილებელი საფეხურის აგებას. ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების შექმნა ერთ-ერთი პირობაა იმ გათიშულობის, ურთიერთგაგების არარსებობის. ინტერესთა დაპირისპირებასა და ძველი მენტალიტეტის დასაძლევად, რომელიც დღევანდელ ქართულ საზოგადოებას მემკვიდრეობით ერგო ტოტალიტარიზმისაგან.

საქართველოსთვის ტრადიციულად არ იყო უცხო ერთობის პრინციპზე აგებული საზოგადოება; მაგრამ, ტოტალიტარულ სისტემაში ხანგრძლივმა არსებობამ მიჩქმალა და გადააფასა ერთობაზე ორიენტაცია. ამის გამო მოხდა სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის ღირებულებების დევალვაცია. ამიტომაც. ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობა წარმოგვიდგება. როგორც სახელმწიფოებრივი ამოცანა. აქედან გამომდინარე, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის პრობლემა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მართვის სისტემის გარდაქმნაში.

თემის წევრობა და მის აქტივობაში სისტემატური მონაწილეობა მისი ყოველი მონაწილის წინაშე გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს. რომელთა სრულად დაკმაყოფილება ხელს უწყობს „ახალი“ მოქალაქის ჩამოყალიბებას და აადვილებს ტრანსფორმაციის იმ პროცესის მიმდინარეობას, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება.

ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციათა ჩამოყალიბება მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოციალური სწავლებისათვის, რომელიც თავისი ძირითადი მახასიათებლებით სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც დღეს ტრასფორმაციის პროცესში მყოფი რეალობა გვიყენებს. სოციალური სწავლება არ ნიშნავს ცოდნის სახით რაიმე ინფორმაციის მიღებას - იგი არ არის სწავლა ამ სიტყვის ყოველდღიური მნიშვნელობით. იგი რაიმეს სპეციალური ცოდნა კი არ არის. არამედ მზაობაა გაგებისათვის. სოციალური სწავლება შეიძლება გაგებული იქნას. როგორც საერთო კონტექსტში მონაწილე მხარეთა სპეციფიკური სულიერი მზაობის დისპოზიცია.

ერთობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებში ხალხი სწავლობს საკუთარი ვიწრო ინტერესებისა და ჯგუფის ინტერესების გაწონასწორებას. ურთიერთგაგებისათვის ხელსაყრელი კონტექსტის შექმნას. გაგებისათვის მზაობის დამკვიდრებას. ატიტუდების ამგვარი ცვლა, თუკი იგი სისტემატურ ხასიათს მიიღებს, ღირებული იქნება არა მხოლოდ ყოველი ცალკე აღებული ერთობისათვის. არამედ მთელი საზოგადოებისათვის, რომელიც მიიღებს სოციალური სწავლებისათვის აუცილებელი ყველა მახასიათებლით აღჭურვილ მოქალაქეებს და სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც დღეს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი რეალობა გვიჩვენებს.

ერთობის წევრები ერთიანდებიან საერთო პრობლემის გარშემო, მაგრამ პრობლემის იდენტურობა არ არის საკმარისი საერთო ინტერპრეტაციული სივრცის გაჩენისათვის, ურომლისოდაც შეუძლებელია ვილაპარაკოთ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტის მიღწევის შესახებ. საჭიროა თემის წევრები ალაპარაკდნენ ერთ ენაზე რაც შექმნის პირობებს ისეთ გაგებათა ჩამოყალიბებისათვის, რომლებიც დაფუძნებული იქნება გაზიარებულ ფასეულობებსა და ზოგად მიზნებზე.

ერთობის ინტეგრაცია უნდა მოხდეს შინაგანი ძალით და არა გარედან. ამისათვის მისმა წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ერთი საარსებო გარემოს წევრები არიან და აღიარონ პირადი და ერთობის ინტერესების თანაბარი სტატუსი.

ყოველივე ზემოთქმულის რეალობაში განსახორციელებლად საჭიროა ყოველ კონკრეტულ ერთობაში სოციალური სწავლების ერი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმის - დიალოგის კულტურისა და ფასილიტაციის, როგორც დიალოგის წარმართვის მეთოდის - დამკვიდრება, რაც გულისხმობს ურთიერთობის ისეთი პროცესისათვის ხელშეწყობას, როდესაც ყალიბდება საერთო ინტერპრეტაციული სივრცე.

2 თავი პირველი. დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება

▲back to top


1.1 ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

1.2 ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები

2.1 1.1 ადამიანის. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

▲back to top


ვახტანგ ხმალაძე

„სამართლებრივი სახელმწიფოს“ თეორია ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს აბსოლუტურ ღირებულებად მიიჩნევს. ამ იდეას საქართველოს კონსტიტუცია ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებს: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“ (ეს იმას ნიშნავს, რომ ეს უფლებანი და თავისუფლებანი ადამიანისთვის არავის უბოძებია, ისინი მას თავისთავად აქვს და აქვს იმიტომ, რომ იგი არსებობს!). „ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი (მუხლი 7).

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონსტიტუციაში ასახვა ქმნის მათი დაცვისა და პიროვნების მიმართ სახელმწფოს შესაძლო ძალმომრეობის შებოჭვის სამართლებრივ გარანტიას. ბუნებრივია, ყველა უფლებასა და თავისუფლებას კონსტიტუცია ვერ ასახავს, თუნდაც იმ მიზეზის გამო. რომ საზოგადოების განვითარებასთან ერთად თანდათან ფართოვდება საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა არე. ჩვენს კონსტიტუციაში დაფიქსირებულია მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი. მაგრამ იმავდროულად „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული. მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“ (მუხლი 39).

ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს. რომ ხელისუფლების ნებისმიერი აქტი, რომელიც შეზღუდავს ადამიანის როგორც კონსტიტუციაში დაფიქსირებულ, ასევე სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს არაკონსტიტუციურია და არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტიტუციურ აქტად. ასეთი აქტი, სასამართლოში სათანადო სარჩელის შეტანის შემთხვევაში, მის მიერ ცხადდება ძალადაკარგულად. ცხადია, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის უკანონო მოქმედებამ შეიძლება მატერიალური და/ან მორალური ზიანი მიაყენოს ადამიანს. ასეთ შემთხვევაში კონსტიტუცია ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ სასამართლო წესით სრულად აუნაზღაუროს ადამიანს მიყენებული ზარალი სახელმწიფო სახსრებიდან (მუხლი 42.9). ესეც ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა.

მთელი კონსტიტუცია გამსჭვალულია ადამიანთა თავისუფლებისა და თანასწორობის სულისკვეთებით: „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია...“ (მუხლი 14). კონსტიტუცია საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლებრივად ერთნაირ მდგომარეობაში აყენებს; იგი არანაირ განსაკუთრებულ უფლებას არ ანიჭებს მოქალაქეთა არც ერთ ჯგუფს, არც რაიმე ნიშნით გამორჩეულ უმცირესობას და არც უმრავლესობას. იმავდროულად დაცულია, ერთი მხრივ, ადამიანთა ასეთი ჯგუფების თავისუფლება, მეორე მხრივ კი სახელმწიფოს ინტერესები (მუხლი 38):

„1. საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში და საჯაროდ.

2. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, უმცირესობათა უფლებების განხორციელება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფო წყობილებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას“.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, რომელთა არსებობა და რეალურად ცხოვრებაში დამკვიდრება სხვა უფლებათა განხორციელების აუცილებელი პირობაა. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათაგან ყურადღებას გავამახვილებთ იმ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესთან, მის ღირსებასა და თავისუფლებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასა და სახელმწიფო მართვაში მონაწილეობასთან, აგრეთვე იმ შემთხვევებზე, როდესაც კონსტიტუცია უშვებს ამ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვას.

კონსტიტუციის მე-9 მუხლი სიცოცხლეს ადამიანის ხელშეუვალ უფლებად აცხადებს და იქვე უშვებს ამ უფლების შეზღუდვას: „სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება - სიკვდილით დასჯა, მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ორგანული1 კანონით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის“. აქ ორ არსებით მომენტს. უნდა მივაქციოთ ყურადღება: პირველი - სრულიად აშკარადაა გაცხადებული მიზანი - სიკვდილით დასჯის გაუქმება და მეორე - მხოლოდ ისეთი დანაშაულისთვის შეიძლება სიკვდილით დასჯის გათვალისწინება, რომელიც უშუალოდ სიცოცხლის წინააღმდეგ არის მიმართული და, იმავდროულად, დანაშაულთა იერარქიაში ყველაზე მძიმეთა კატეგორიას მიეკუთვნება.

ადამიანის პატივი და ღირსება, მისი თავისუფლება ხელშეუვალად არის გამოცხადებული. აკრძალულია წამება. არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და ასეთი სასჯელის დაწესება და გამოყენება. აკრძალულია თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღდვა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, დაუშვებელია თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. მას უფლება აქვს, დაკავების ან დაპატიმრებისთანავე მოითხოვოს დამცველის დახმარება და ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს (თუ ადამიანს დამცველის დაქირავების საშუალება არა აქვს. მას სახელმწიფომ თავის ხარჯზე უნდა გამოუყოს დამცველი). იმისათვის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ უფლებათა დარღვევის საშუალება არ მიეცეთ და იმიტომ, რომ ყველა ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს თავისი უფლებები, კონსტიტუცია ავალდებულებს ხელისუფლების წარმომადგენელს, რომ დაკავებულ ან, დაპატიმრებულ პირს მაშინვე განუმარტოს მისი უფლებები და დაკავების (დაპატიმრების) საფუძველი (მუხლები 17,18).

ხელისუფლების მიკერძოებული დევნისგან (რისი მიზეზიც, შესაძლოა. პოლიტიკური მოსაზრებები ან შურისძიებაც კი იყოს) ადამიანის თავისუფლების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიაა ისიც, რომ ადამიანს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისათვის, „რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“; მას „არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის“; „კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“; და ბოლოს, „კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს“, ე.ი. საქმის განხილვისას სასამართლოს უფლება არა აქვს დაეყრდნოს ასეთ მტკიცებულებას (მუხლი 42).

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება და არავის არა აქვს უფლება, მას დამნაშავე უწოდოს, ვიდრე მისი დამნაშვეობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. კონსტიტუცია პირდაპირ აცხადებს. რომ დამნაშავეობის დამტკიცება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, რომ არავინ არ არის ვალდებელი ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა (დანაშაულის მტკიცება ბრალმდებლის მოვალეობაა), რომ საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (მუხლი 40).

კონსტიტუცია ხელშეუხებლად აცხადებს ადამიანის პირად ცხოვრებას, მის ჩანაწერებს. მიმოწერას. სატელეფონო საუბარს და სხვ.; კრძალავს მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინასა და სხვა მფლობელობაში შესვლას და ჩხრეკის ჩატარებას. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ „სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას“. მაშასადამე, მფლობელის ნებართვის გარეშე მის ბინაში შესვლა, გაჩხრეკვა, მისი წერილების გახსნა, სატელეფონო საუბრის მიყურადება, კომპიუტერში შენახული ინფორმაციის წაკითხვა და სხვ. შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხოლო მის გარეშე - მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, რომლებიც კანონით განსაზღვრულია როგორც „გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები“ (მუხლი 20).

ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება ქვეყანაში თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის, ქვეყნიდან თავისუფლად გასვლისა და ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლის უფლებაა. ეს უკანასკნელი უფლება. კონსტიტუციის თანახმად. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს აქვს. სხვა უფლებები კი - ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში. იმავდროულად, კონსტიტუცია უშვებს ამ უფლებათა კანონით შეზღუდვის შესაძლებლობას „დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“ (მუხლი 22). ცხადია, ასეთი ფორმულირება ხელისუფლებას შესაძლებლობას აძლევს მეტ-ნაკლებად შეზღუდოს ზემოაღნიშნული უფლებები, მაგრამ ეს შეზღუდვები აუცილებლობის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. მაგალითად, ჩვენში კარგა ხანს მოქმედებდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილი ჩაწერის ნებართვითი რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, სადმე რომ გეცხოვრათ, აუცილებელი იყო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ნებართვა. გარდა იმისა, რომ ასეთი რეჟიმი სრულიად მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის, იგი კორუფციისთვის ნოყიერ ნიადაგსაც ქმნიდა. 1996 წელს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც მოიხსნა ყოეელგვარი შეზღუდვა, სავალდებულოა მხოლოდ რეგისტრაცია, რისთვისაც საკმარისია სურვილი და საცხოვრებელი ადგილის არსებობა.

კონსტიტუცია აცხადებს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის, აზრის გამოთქმისა და გავრცელების, ინტელექტუალური შემოქმედების, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას, რის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა; კრძალავს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მის იძულებას გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ; კრძალავს შემოქმედებით პროცესში ჩარევასა და ცენზურას, მასობრივი ინიფორმაციისა და მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუცია კრძალავს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვას, თუკი მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა ულებებს; დაუშუვებლად მიიჩნევს შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელების აკრძალვას, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს და დასაშვებად მიიჩნევს ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შეზღუდვას კანონით დადგენილი „ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად“ (მუხლები 19. 23. 24).

იმისათვის, რომ სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობა არ გასცდეს კანონიერების ფარგლებს, იგი ღია უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ამის უზრუნველსაყოფად კონსტიტუცია ადგენს (მუხლი 211): „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებელებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას“. კონსტიტუცია ინფორმაციას ღიად აცხადებს, მაგრამ იმავდროულად იცავს ადამიანს მის ცხოვრებაში გაუმართლებელი ჩახედვისაგან: „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობისა (რომლის ერთ-ერთი ფორმაც შეკრება და მანიფესტაციაა) და რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლებებს, ვინაიდან ამ უფლებებზეა დამოკიდებული ძალაუფლების განხორციელებაში ხალხის მონაწილეობის ხარისხი რაც უფრო ფართოა ეს უფლებები, რაც უფრო მეტი თავისუფლება ეძლევათ ადამიანებს ამ სფეროში, მით უფრო მეტია მოქალაქეთა წილი ხელისუფლების განხორციელებაში, მით უფრო მეტ ანგარიშს უწევს ხელისუფლება მოქალაქეთა აზრს. ამ თვალსაზრისით კონსტიტუციის განსაზღვრული უფლებები ძალიან ფართოა (მუხლები 25, 26, 28):

- საზოგადოებრივი გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება ეძლევა ყველას. პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობისა კი - მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს (გამონაკლისია სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირადი შემადგენლობის წევრები, მოსამართლეები და პროკურორები - მათ არა აქვთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნის უფლება). ამ გაერთიანებათა „საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით“. ამ შემთხვევათა წრეს თავად კონსტიტუცია ადგენს: დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა“.

- რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. კონსტიტუცია რამდენიმე დამატებით პირობას აწესებს ასარჩევი პირებისთვის, კერძოდ, „პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან“ (მუხლი 49.2), ხოლო „პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე დაბადებით საქართველოს მოქალაქე 55 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში“ (მუხლი 70.2);

- კონსტიტუციის თანახმად, ყველას აქვს უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე უიარაღოდ ჩაატაროს შეკრება (მიტინგი) და მანიფესტაცია (ეს უფლება არა აქვთ სამხედროებს, პოლიციელებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს). კანონით შეიძლება დაწესდეს მხოლოდ წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია ისეთი ნორმის დადგენა, რომელიც ხელისუფლებას შესაძლებლობას მისცემს აკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება (ამ წესიდან გამონაკლისს კონსტიტუცია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დროს უშვებს). ხელისუფლებას მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ შეწყვიტოს უკვე დაწყებული შეკრება ან მანიფესტაცია, და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.

პოლიტიკურ უფლებათა დადგენისას საქართველოს კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას (მუხლი 27), სხვა საკითხებში კი მათ საქართველოს მოქალაქის თანაბარ უფლებებს ანიჭებს. გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა (მუხლი 47).

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოში ადამიანის პოლიტიკურ და ზოგიერთ სხვა უფლებათა წარმოქმნის აუცილებელი წინაპირობა საქართველოს მოქალაქეობაა. სწორედ ამიტომ მოქალაქეობასთან დაკავშირებული უმთავრესი საკითხები კონსტიტუციით (მუხლები 12 და 15), სხვა საკითხები კი „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით განისაზღვრება კონსტიტუციის თანახმად.

- „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით“ (ნატურალიზაციით მოქალაქეობის მოპოვება ნიშნავს არამოქალაქის განცხადების საფუძველზე მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას, რისთვისაც აუცილებელია, რომ ეს პირი აკმაყოფილებდეს კანონით დადგენილ პირობებს; ერთ-ერთი პირობაა ქართული ენის ცოდნა კანონით დადგენილ ფარგლებში).

- „საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწფოს მოქალაქე“, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების მომენტიდან იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას და, მაშასადამე, მოქალაქეობიდან გამომდინარე ყველა უფლებას;

- დაუშვებელია მოქალაქეობის ჩამორთმევა და საქართველოდან მისი მოქალაქის გაძევება (გავიხსენოთ, რომ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ერთიც ხდებოდა და მეორეც).

გარდა ზემოაღნიშნული უფლებებისა, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ანიჭებს კონსტიტუცია სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას (მუხლი 29); სახელმწიფოს ხარჯზე საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღების უფლებას (მუხლი. 35). კონსტიტუცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მიმართ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ, ხელი შეუწყოს დასაქმებაში, თუ იგი უმუშევრად დარჩა (მუხლი 52). იმავდროულად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ავალდებულებს ქვეყნის დაცვასა და სამხედრო ვალდებულების მოხდას (მუხლი 101).

როგორც ვხედავთ, კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნევს ადამიანის ზოგიერთ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვას კანონით, ზოგიერთისას - მხოლოდ ორგანული კანონით. ზოგიერთის შეზღუდვას კი საერთოდ კრძალავს. გამონაკლისია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პერიოდი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს უფლება ეძლევა ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს ზოგიერთი, ზუსტად განსაზღვრული უფლება და თავისუფლება (მუხლი 46); მაგრამ საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს გადაწყვეტილება 48 საათის განმავლობაში უნდა შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად და თუ პარლამენტმა მომდევნო 48 საათში არ დაამტკიცა იგი, დეკრეტი გაუქმებულად ითვლება მისი ძალაში შესვლის მომენტიდან.

______________

1. ორგანული კანონი „ჩვეულებრივი“ კანონისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონითაა გათვალისწინებული და პარლამენტის მიერ მისი მიღებისთვის ხმათა მეტი რაოდენობაა საჭირო, ვიდრე „ჩვეულებრივი“ კანონისთვის. ორგანულ კანონს უპირატესი იურიდიული ძალა აქვს „ჩვეულებრივ კანონთან შედარებით.

2.2 1.2 ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები

▲back to top


ფრიდონ საყვარელიძე

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კლასიფიკაციის კლასიკური ვარიანტის მიხედვით გამოყოფენ შემდეგ უფლებებსა და თავისუფლებებს:

1 ადამიანის მატერიალური უფლებები და თავისუფლებები

1. პირადი, ანუ სამოქალაქო უფლებები და თავისუფლებები (ყველა ადამიანის თანასწორობა კანონის წინაშე, მოქალაქეობის უფლება, სიცოცხლის, პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, წამების დაუშვებლობა; სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება და სხვ.).

2. პოლიტიკური უფლებები (ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება, საარჩევნო უფლება; პოლიტიკური პარტიის, პროფესიული კავშირის შექმნისა და მათ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება; მიტინგების, მანიფესტაციების ჩატარების უფლება და სხვ.

3 სოციალური უფლებები (შრომის უფლება, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა; გაფიცვის, განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვის უფლებები და სხვ.).

სხვა კლასიფიკაციები ადამიანის მატერიალურ უფლებებსა და თავისუფლებებში გამოყოფენ აგრეთვე ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს, რომლებიც წარმოდგენილი კლასიფიკაციის მიხედვით ადამიანის უფლებების ზემოჩამოთვლილ ჯგუფთაგან ერთ-ერთს მიეკუთვნებიან, მაგ., საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება ამ კლასიფიკაციით მიეკუთვნება როგორც პირად, ასევე სოციალურ უფლებებს, თუმცა ის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური უფლებაც არის; დედაენით სარგებლობის უფლება პირადი უფლებაა, მაგრამ, ამასთანავე, კულტურულიც.

II. საპროცესო შეღავათები

ზოგადი განმარტებით, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი პირობები და გარანტიები I ჯგუფში ჩამოთვლილი მატერიალური უფლებების დასაცავად. ადამიანის უფლებაა, მაგალითად, ჰქონდეს სასამართლო, რომელიც დაიცავს მის კანონიერ უფლებებს და რომლის მოწყობაც სახელმწიფოს ვალდებულებაა.

ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ ადამიანის სოციალურ უფლებებს.

ადამიანის სოციალური უფლებების წარმოშობის წყაროებზე საუბრისას ძირითადად ორ კონცეფციას განიხილავენ:

1. ადამიანის სოციალური უფლებების წარმოშობა შედეგია საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა. თუკი ჩვენ ვმუშაობთ, სახელმწიფოს წინაშე ვიხდით მოვალეობას გადასახადების გადახდის სახით, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია დავდოთ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები (მაგ., დავდებ ყოველთვიურად, ვთქვათ, 20 ლარს და ბავშვის განათლების ხარისხიანობას სახელმწიფოს მივანდობ ან პირიქით, ამ 20 ლარს ჩემს მიერ არჩეულ მასწავლებელს პირადად მივცემ და უკვე მას მოვთხოვ პასუხს. შემიძლია ასევე დავდო ფული თუნდაც ჯანდაცვის დაზღვევის ფონდში და, ავად გახდომის შემთხვევაში, ფულის გადახდა აღარ დამჭირდება; ან, ვინაიდან ჯანმრთელობას არ ვუჩივი, ამ ფულს შევინახავ და თუ მაინც გავხდი ავად, ექიმს პირადად გადავუხდი და ა.შ. გააჩნია, თუ როგორ გადავწყვეტთ და როგორ ხელშეკრულებას დავდებთ. ცნობილია, რომ კომუნისტური სისტემის არსებობის დროს ჩვენი გამომუშავების 90%-ს ვიხდიდით სოციალური და არამარტო სოციალური სფეროს დასაფინანსებლად).

2. სოციალური უფლებები, ისევე როგორც მატერიალურ უფლებებში შემავალი სხვა უფლებები, ადამიანის ღირსებასთან არის დაკავშირებული. ღირსება კი ადამიანის დაბადებითი და განუყოფელი თვისებაა და არ არის დამოკიდებული ადამიანის პიროვნულ თვისებებზმე. ის ერთნაირად გვაქვს ყველას - ახალშობილსა და მოხუცებულს, კეთილშობილ ადამიანსა და რეციდივისტს. სხვა არის ადამიანის პიროვნული ღირსება, რომელიც დამოკიდებულია ადამიანის ზნეობაზე, ცხოვრების წესზე და ა.შ.

ამ კონცეფციიდან გამომდინარე, მშიერი და შიშველი მათხოვარი ღირსებაშელახულია და საზოგადოება უნდა ზრუნავდეს მისი ღირსების აღსადგენად.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის მეცამეტე თავში ცალკეა გამოყოფილი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებანი და მოიცავს მუხლებს 115-დან 128-ის ჩათვლით, ანუ 16 მუხლს.

113-ე მუხლში ნათქვამია:

„რესპუბლიკა ზრუნავს თავის მოქალაქეთა ღირსეული არსებობისათვის“, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 1921 წლის კონსტიტუცია ადამიანის სოციალური უფლებების წარმოშობას ადამიანის ღირსებას უკავშირებს. სხვა მუხლებში ლაპარაკია საკუთრებისა და კერძო ინიციატივის უფლებაზე. აქვეა აღნიშნული საკუთრების სოციალური ფუნქცია, ანუ საკუთრება ადამიანის არა მარტო სოციალურ-ეკონომიეური უფლებაა, არამედ მოვალეობაც საზოგადოების წინაშე.

მუხლი 116:

„მიწის დამუშავება და გამოყენება შეადგენს მიწის მფლობელის მოვალეობას საზოგადოების წინაშე“.

შემდგომ მუხლებში განმარტებულია შრომის უფლება და შრომის პირობები, შრომის ბირჟის დაარსების აუცილებლობა, უმუშევართა დახმარება სამუშაოს აღმოჩენით ან დაზღვევის სახით, ქალთა შრომა, დედობისა და ბავშვთა დაცვისათვის მზრუნველობა, შრომისუნარდაკარგული მოქალაქის უფლებები.

და ბოლოს. მუხლი 127:

„შრომის დამცველი კანონების დარღვევისათვის დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით“.

სწავლა-განათლება და სკოლა ცალკეა გამოყოფილი მე-11 თავში, რომლის მიხედვითაც პირველდაწყებითი სწავლა საყოველთაო, უსასყიდლო და სავალდებულოა, ხოლო უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ-დასახური და სასწავლო ნივთები პირველდაწყებით სკოლაში უფასოდ მიეცემათ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუციაში ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებები თითქმის სულ არ არის ან მინიმალურადაა დაფიქსირებული. ასეთია, მაგალითად, ამერიკისა და საფრანგეთის (კონსტიტუციები, თუმცა, ამერიკის კონსტიტუციის IX შესწორება (1791წ.) -„კონსტიტუციაში გარკვეულ უფლებათა ჩამოთვლა არ უნდა განიმარტებოდეს ხალხისათვის მინიჭებული სხვა „უფლებების საზიანოდ ან უარყოფისათვის“ - ერთგვარად ავსებს ამ ვაკუუმს, იტალიის კონსტიტუციაში კი პირიქით, სოციალურ-ეკონომიკური უფლებები და ურთიერთობები საკმაოდ დეტალიზებულია. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური და ისტორიული მიზეზები აქვს. დემოკრატიის ამერიკული მოდელი გულისხმობს ადამიანის თავისუფლებას სახელმწიფოსაგან, ანუ ეს უფლებები და თავისუფლებები ჩემი განუყოფელი, დაბადებითი უფლებებია და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დაფიქსირებულნი არიან თუ არა ისინი კონსტიტუციაში, ისინი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად არსებობენ.

რაც შეეხება ევროპულ მოდელს, ის გულისხმობს თავისუფლებას სახელმწიფოს დახმარებით. ანუ სახელმწიფოსა და ხალხს შორის საზოგადოებრივი ხელშეკრულების შედეგია. სახელმწიფოს აქვს იმდენი უფლება, რამდენსაც ხალხი აძლევს მას. ანუ ხალხი, ზოგჯერ თავისი უფლებების ხარჯზე, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ახდენს თავის უფლებათა ნაწილის დელეგირებას სახელმწიფოსთვის.

საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის სოციალური უფლებების წარმოშობის ორივე კონცეფციას იყენებს

მაგალითად, მუხლი 37.1:

„ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით“ (ე.ი. ყველას აქვს უფლება დადოს ხელშეკრულება სახელმწიფო თუ კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ანუ - შეუძლია გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ეს უფლება - ხელშეკრულებითი კონცეფცია).

„კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება“ (აქ უკვე ადამიანის ღირსების დაცვაა გათვალისწინებული, ვინაიდან უსახსრობის გამო მზრუნველობას მოკლებული ადამიანი ღირსებაშელახულია).

მუხლი 35.3:

„სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო, დაწყებითი განათლება სავალდებულოა, სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას, მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება“ (აქაც დაცულია იმ ადამიანის ღირსება, ვინც ვერ ახერხებს უსახსრობის გამო განათლების მიღებას, თუმცა არც ხელშეკრულებითი ფორმაა უარყოფილი. ყველას შეუძლია ხელშეკრულების საფუძველზე მიიღოს ფასიანი განათლება).

აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაშივეა დაფიქსირებული, რომ საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა „...დაამკვიდრონ სოციალური სახელმწიფო...“, რაც კარგად გვიხატავს იმ პოლიტიკურ კონიუნქტურას, რომლის დროსაც იქნა მიღებული ეს კონსტიტუცია და რაც, უდავოდ, მემარცხენე ძალების ზეგავლენის შედეგია.

უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველები საერთოდ უარყოფენ კონსტიტუციაში სოციალური უფლებების დაფიქსირების აუცილებლობას, ვინაიდან, მათი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველთვის შეეძლება არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს კანონი ბიუჯეტის შესახებ იმ მოტივით, რომ ის არ არის სოციალური და გააუქმოს იგი, რაც გარკვეულ პოლიტიკურ ვითარებაში გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაქცევას პოლიტიკურ ორგანოდ და, რაც მთავარია, ხელისუფლების კრიზისს.

კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ სოციალური უფლებების არსებობა საქართველოს კონსტიტუციაში სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ყველა თანაბარია (აქ ვგულისხმობთ თანაბრობას არა კანონის წინაშე, არამედ ეკონომიურ თანაბრობას). აქ იგულისხმება ის მინიმუმი ადამიანის სოციალური მოთხოვნილებებისა, რომლებიც უნარჩუნებენ მას ღირსების გრძნობას.

მუხლი 32:

„სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრობის სტატუსი განისაზღვრება კანონით“.

ამრიგად, საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება კანონით და ამ თანხების წყაროს წარმოადგენს გადასახადებისაგან მიღებული თანხა. ჩვენ ვიხდით მათთვის, ვისაც შია და არა აქვს შემოსავალი, ცხოვრობს ქუჩაში, ანუ ვიხდით იმ მინიმუმისათვის, რომელიც ადამიანს ღირსებას შეუნარჩუნებს, მაგრამ ამაზე შორს ვერ წავალთ და ვერ გადავიხდით, მაგალითად, იმისათვის, რომ ყოველ მათგანს ჰქონდეს საკუთარი იახტა, მანქანა ან თუნდაც მოტოციკლი.

საქართველოს კონსტიცუციის II თავში ათამდე მუხლია, რომლებშიც ადამიანის სოციალური უფლებებია დაფიქსირებული. ზოგიერთ მათგანს ჩვენ უკვე შევეხეთ. დანარჩენი მუხლებია:

მუხლი 30

„1. შრომა თავისუფალია.

2. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით.

3. შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე სახელმწიფო იცავს საქართველოს მოქალაქეთა შრომით უფლებებს საზღვარგარეთ.

4. შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება კანონით“.

33-ე მუხლში დაფიქსირებულია გაფიცვის უფლება, რომლის განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით.

ჩვენ უკვე შევეხეთ 35-ე მუხლის მე-3 პუნქტს. სხვა პუნქტები, რომლებიც განათლებას ეხება, ასეა ჩამოყალიბებული:

„1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან“.

მუხლი 36

„2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით“.

ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია იმ კონსტიტუციათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებშიც ისტორიულ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო საკმაოდ ფართოდაა ასახული ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებები.

3 თავი მეორე - სამოქალაქო საზოგადოების ფილოსოფიური ასპექტები

▲back to top


2.1 ეროვნული იდეოლოგიის აჩრდილი და სამოქალაქო საზოგადოება

2.2 იდეოლოგია და საზოგადოება. დეიდეოლოგიზაციის პრობლემა.

2.3 შემჭიდროება და გადაჭარბება

2.4 სამოქალაქო საზოგადოება ინტელექტუალებისთვის

3.1 2. ეროვნული იდეოლოგიის აჩრდილი და სამოქალაქო საზოგადოება

▲back to top


გია ნოდია

აჩრდილი დაძრწის საქართველოში, ეროვნული იდეოლოგიის აჩრდილი...

ამ აჩრდილის გამოჩენამ დემოკრატიული ძალების სრულიად ბუნებრივი - ცალსახად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. მეც ამ რეაქციას არსებითად ვიზიარებ, მაგრამ, ამავე დროს, მეპარება იმის შიში, რომ ამ უარყოფაში ყველაფერი ზედმეტად არ გავამარტივოთ და სიტყვა „იდეოლოგიისადმი“ დამოკიდებულებაზე არ დავიყვანოთ: „იდეოლოგია“ კომუნისტურ სამყაროს გვაგონებს და ისიც ვიცით, რომ თანამედროვე დასავლურ, განსაკუთრებით კი მემარცხენე-ლიბერალური მიმართულების სოციალურ-პოლიტიკურ აზროვნებაში ეს სიტყვა უფრო მეტად ნეგატიური კონოტაციით იხმარება (როგორც „ყალბი ცნობიერება“). ამგვარ კრიტიკაზე კი შემუშავდა სტანდარტული პასუხიც: კი ბატონო, სიტყვა „იდეოლოგია“ თუ გეჩოთირებათ, იყოს, ვთქვათ, „ეროვნული მსოფლმხედველობა“, სიტყვებზე რატომ ვდაობთ... სიტყვებზე დავის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალება ალბათ ტერმინების განმარტებაა, ამიტომ მეც ამით დავიწყებ.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ სიტყვა „იდეოლოგიაზე“ ელეთ-მელეთი არ მომდის და ვთვლი რომ გარკვეულ კონტექსტში ის შეიძლება სავსებით ნეიტრალური, ე.ი. არა უარყოფითი აზრით იყოს ნახმარი; მაგალითად, ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ იმაში, რომ გარკვეულ პრინციპთა და ღირებულებათა ერთობლიობას, რის საფუძველზეც პოლიტიკური პარტია თავისი მოქმედების პროგრამებს გამოიმუშავებს, „იდეოლოგია“ ვუწოდოთ.

იდეოლოგია ნებისმიერ შემთხვევაში არის რაციონალურად განსაზღვრულ პრინციპთა სისტემა რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებელებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ აზრით იგი ჰგავს რელიგიას, უფრო სწორად, იდეოლოგია (ისტორიულად) სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის სუროგატი. შემთხვევითი არაა, რომ იდეოლოგიის თვით ცნება საფრანგეთის რევოლუციის შემდეომ პერიოდში შეიქმნა: რაკი საფრანგეთის რევოლუციამ ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყო და უარყო პოლიტიკის რელიგიურ იდეებზე დამყარების ტრადიცია, საჭირო გახდა რელიგია შეცვლილიყო რაღაც სხვა მოძღვრებით, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებდა, ოღონდ, ახალი დროების შესაფერისად, რაციონალობაზე, მეცნიერებაზე იქნებოდა ორიენტირებული (სიტყვის მეორე ნაწილი - „ლოგია“ - სწორედ ამას მიანიშნებს).

შემდგომში სიტყვა „იდეოლოგია“ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ უპირატესად იგი მაინც სხვადასხვა პოლიტიკური პროგრამის ფილოსოფიური წანამძღვრების ერთობლიობას აღნიშნავს, ანუ მასში ძირითადად იგულისხმება სამი ელემენტი: გარკვეული ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე (არსებითად, ცხადია, სოციალურ რეალობაზე - ადამიანთა საზოგადოებაზე); ღირებულებით წარმოდგენათა ერთობლიობა, ე.ი. შეხედულებები იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა სოციალური სისტემის აგებისას, (პიროვნების თავისუფლებას, თანასწორობას, ტრადიციების დაცვას, და ა.შ.); დაბოლოს, პრაქტიკული მოქმედების პრინციპები, რასაც უშუალოდ ემყარება პოლიტიკური პროგრამები (ე.ი. წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უპირატესად მიჩნეული ღირებულებები სოციალურ რეალობაში). იდეალურ მემთხვევაში პოლიტიკური პარტია სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა გარკვეული იდეოლოგიით გაერთიანუბულ ადამიანთა ერთობლიობა. თუ - როგორც ზოგიერთი ფიქრობს - იდეოლოგიის ცნება მოძველდა და დღეს „დეიდეოლოგიზაციის“ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაშინ პოლიტიკური პარტიების საჭიროებაც კითხვის ქვეშ დგება. მაგრამ, ჩემი აზრით, „დეიდეოლოგიზაციის“ თეორია (რომელიც დასავლეთში რამდენიმე ათეული წლის წინ იყო მოდაში) ტექნოკრატიული უტოპიაა, ხოლო სინამდვილეში დასავლეთის პოლიტიკური აზროვნება დღესაც საკმაოდ იდეოლოგიზებულია (თემცა დღეს სხვა იდეოლოგემებია ყურადღების ცენტრში ვიდრე ორმოცდაათი წლის წინ).

ამ თვალსაზრისით, კომუნისტური იდეოლოგია, რომლის წიაღში ჩვენ ყველანი აღვიზარდეთ, მხოლოდ კერძო შემთხვევაა იდეოლოგიისა საზოგადოდ, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ კომუნისტურმა პარტიამ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა და ყველა სხვა ალტერნატივა განდევნა, ხოლო თავისი პარტიის იდეოლოგია სახელმწიფო იდეოლოგიად გამოაცხადა. ეს იყო, ფაქტობრივად, სახელმწიფო რელიგიის (ცხადია, ფსევდორელიგიის) აღდგენის ცდა. ისინი, ვინც დღეს ჩვენში სახელმწიფო რელიგიის შემოღებას მოითხოვენ (აშკარად თუ შეფარულად), ფაქტობრივად, კომუნისტურ ტრადიციას აგრძელებენ. თუნდაც ეჩვენებოდეთ, რომ ეროვნულ ან რელიგიურ ნიადაგზე დგანან.

„მსოფლმხედველობა“ დაახლოებით იგივეა, ოღონდ მასში პოლიტიკური ელემენტი ნაკლებმნიშვნელოვანია, თუ იდეოლოგია ფრანგების გამოგონებაა (ფრანგები კი უკიდურესად პოლიტიზირებული ერია), მსოფლმხედველობა (Weltanschauung) გერმანული გენიის ნაყოფია - ხოლო გერმანელები უფრო ფილოსოფიის სიყვარულით იყვნენ ცნობილი. ამიტომ მსოფლმხედველობის ცნებაში მთავარია საკუთრივ ფილოსოფიური ელემენტი - წარმოდგენები სამყაროზე და ღირებულებითი ორიენტაციები - და ამ იდეების დამუშავება შეიძლება უშუალოდ არ ითვალისწინებდეს პრაქტიკულ-პოლიტიკურ იმპლიკაციებს, მაგრამ სხვა მხრივ, „მსოფლმხედელობაც“ იმავე ეპოქის შვილია, რითაც „იდეოლოგია“ და საბოლოოდ იმავე ფუნქციაზეა მიმართული - რაციონალური მსჯელობის მეშვეობით შეცვალოს რელიგია. საერთო მსოფლმხედველობის ქონა უფრო ფილოსოფიურ მიმდინარეობას ეხება, ვიდრე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ განსხვავება აქ ნიუანსებშია და არსებით მხარეს არ ეხება; ამიტომ სიტყვები „იდეოლოგია“ და მსოფლმხედველობა“ ადვილად შეიძლება შევუნაცვლოთ ერთმანეთს.

შეიძლება თუ არა ეს სიტყვები შევუთანადოთ ერს? ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში.

პოლიტიკური პარტიისაგან (ან ფილოსოფიური მიმდინარეობისაგან) განსხვავებით ერი არ არის რაიმე რაციონალური პრინციპებით გაერთიანუბულ ადამიანთა ჯგუფი. ერს აერთიანებს, ერთი მხრივ, ეთნიკური საფუძველი (ენა, კულტურა, წარმოდგენები საერთო წარმოშობაზე), მეორე მხრივ კი საერთო პოლიტიკური ორგანიზაციის (სახელმწიფოს) შექმნისა და შენარჩუნების ნება. არ შეიძლება არც ერთის და არც მეორის კონსტრუირება რაციონალური პრინციპების საფუძველზე.

ამასთან დაკავშირებით, არ უნდა დაგვავიწყდეს სიტყვა „ერის“ ორაზროვნება, განსაკუთრებით ჩვენს პირობებში. „ერი“ („ნაცია“) ახალი დროის მოტანილი ცნებაა და უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი შინაარსი აქვს, მაგრამ ჩვენში (ნაწილობრივ ესეც კომუნისტური ტრადიციის შედეგია) ის თითქმის მთლიანად ეთნიკური აზრით იხმარება. გამოთქმაში „ეროვნული იდეოლოგია“ ეს გარემოება დამატებით გაუგებრობას - და საფრთხეს - განაპირობებს. ერთი მხრივ, ის აშკარად მიანიშნებს სახელმწიფოებრიობასთან კავშირზე (ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ ამ თემაზე მუშაობა სახელმწიფო კანცელარიას დაეკისრა); მაგრამ, ამავე დროს, მრავალი გარემოებიდან ჩანს, რომ მისი ადეპტები ეთნიკურ ქართველთა ინტერესების გამომხატველ მიმდევრებს გულისხმობენ; მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ქართულ პოლიტიკურ ტრადიციას აგრძელებს, რომ მასში მოსახლეობის უმრავლესობა ქართველია და სახელმწიფოებრიობის გარკვეული ატრიბუტებიც ქართულია (სახელმწიფო ენა, ჰიმნი და ა.შ.), სახელმწიფოს სახელით მიღებული ნებისმიერი საპროგრამო დოკუმენტი ქვეყნის მთელი პოლიეთნიკური მოსახლეობის ინტერესებს უნდა გამოხატავდეს და არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისას. უკანასკნელი გზა ქვეყნის სულიერი და ტერიტორიული დანაწევრებისკენ მიდის და ეს ჩვენმა არცთუ შორეულმა - მეტად სავალალო - გამოცდილებამ დაგვანახა. ამ სტატიის შემდგომ ნაწილში სიტყვა „ერს“ ვიხმარ საქართველოს მთელი მოსახლეობის („საქართველოს ხალხის“) აზრით.

თუკი ერის მაკონსტიტუირებელი ორივე ეს ელემენტი - ეთნიკური საფუძველი და პოლიტიკური ნება - არსებობს, მაშინ მათგან მეორე (პოლიტიკური ნება) ჩვეულებრივ თავის გამოხატულებას ახდენს გარკვეულ დოკუმენტში, რომელიც ადგენს პოლიტიკური თანაცხოვრების საფუძვლებს - კონსტიტუციაში. ამდენად, თუკი გამოთქმას „ეროვნული მსოფლმხედველობა (იდეოლოგია)“ რაიმე აზრი აქვს, მაშინ ეს არის სახელმწიფოს კონსტიტუცია (და, თუ გნებავთ, უმნიშვნელოვანესი ქვემდებარე საკანონმდებლო აქტები) და არაფერი ამის გარდა. არანაირ სხვა რაციონალურ კონსტრუქციას არ შეიძლება ჰქონდეს ერის, როგორც მთლიანობის, წარმოდგენის ფუნქცია. ნებისმიერი სხვა „ეროვნული იდეოლოგია“ იქნება რომელიმე პოლიტიკური პარტიის (ან ინტელექტუალური მიმდინარეობის) მიერ საერთო სააზროვნო სივრცის უზურპაციის მცდელობა, ისევე, როგორც „სახელმწიფო რელიგიის“ შემთხვევაში, ეროვნული მსოფლმხედველობის (იდეოლოგიის), როგორც ერთგვარი მოძღვრების, ჩამოყალიბება-დამკვიდრებისადმი მისწრაფება სხვა არაფერია, თუ არა გამოხატულება აშკარა თუ შეფარული ნოსტალგიისა კომუნისტური დროის იდეოლოგიურ სიცხადეზე, როცა კერძო ადამიანს აღარ სჭირდებოდა ფიქრი ზოგადი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პრობლემებზე, რადგან ყველაფერი უკვე ვიღაცის მიერ იყო გააზრებული. დემოკრატიული სახელმწიფო, თავისი არსით, იდეოლოგიურად პლურალისტურია, აქ სხვადასხვა იდეოლოგიები მუდმივი დისკუსიის პროცესში არიან ჩაბმულნი. დემოკრატიული კონსტიტუცია, ქმნის იმ გარემოს, რომელშიც ამგვარ დისკუსიას არაფერი აბრკოლებს.

ცხადია, იმას, ვისაც „ეროვნული იდეოლოგია“ უნდა, ასეთი განსაზღვრება მაინც არ დააკმაყოფილებს, ამდენად არც აქვს აზრი ქვეყნის კონსტიტუციას „ეროვნული იდეოლოგია“ ვუწოდოთ. მით უმეტეს, რომ დღეს კონსტიტუციები და კანონები ხშირად სხვა ქვეყნების შესაბამისი აქტებიდან გადმოიწერება ხოლმე და, გარკვეული ადაპტაციის შემდეგ, მიიღება ეროვნული პარლამენტების მიერ - „ეროვნული იდეოლოგიის“ ადეპტები კი სწორედ ეროვნული უნიკალობის რაციონალური დაფიქსირებისკენ მიისწრაფვიან. მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ეროვნული უნიკალობა არ არსებობს ან რომ მას გააზრება არ სჭირდება. ყოველი ერი ისევე უნიკალურია, როგორც ნებისმიერი სხვა და მისთვის სრულიად ბუნებრივია (ჩემი აზრით აუცილებელიც) ურთიერთობა დაამყაროს საკუთარ თავისთავადობასთან. ერი თავის თავს ავლენს არა მხოლოდ სხვებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა-შენარჩუნებით, არამედ იმით, თუ როგორ წყვეტს მის წინაშე მდგომ პრობლემებს. ამ გადაწყვეტილებათა მიღება კი ჩვეულებრივ ხდება ერის სულიერ-პოლიტიკური გამოცდილების და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გადააზრების, ახალი და ახალი ინცერპრეტაციების ფონზე. საკუთარი თავის რეინტერპრეტაციის ეს დაუსრულებელი პროცესი ისეთივე მოუცილებელი ელემენტია ერის ცხოვრებისა, როგორც ეროვნული ჰიმნი ან საგადასახადო ინსპექცია; მაგრამ თუ გვინდა, სიტყვებს „იდეოლოგია“ და „მსოფლმხედველობა“ რაიმე გააზრებადი მნიშვნელობა შევუნარჩუნოთ, არ უნდა ვეცადოთ და ეს პროცესი ამ სიტყვებით ნაგულისხმევ ხისტ კალაპოტში არ უნდა მოვამწყვდიოთ.

„ეროვნული იდეოლოგიის“ ადეპტები ხშირად მოიხმობენ „საერთაშორისო გამოცდილებას“ და ამბობენ: აი, ამერიკელებს თუ აქვთ „ამერიკული იდეა“, ჩვენ არ გვინდაო? მაგრამ (ეროვნული) იდეა, იდეოლოგიისაგან განსხვავებით, არ არის სისტემურობის პრეტენზიის მქონე ინტელექტუალური კონსტიტუცია; თუ იდეოლოგიებს ინტელექტუალები აგებენ, ეროვნული იდეა ხელოვნურად ვერ შეიქმნება, ის ან არის ან არ არის და ინტელექტუალი, უმეტეს შემთხვევაში, მის ფორმულირებაზე, ინტერპრეტაციაზე თუ მოახდენს გავლენას.

სახელდობრ „ამერიკულ იდეასთან“ დაკავშირებით არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება. ამერიკელებს, როგორც ერს, ეთნიკური სუბსტრატი არა აქვს, ანუ მათთვის არ არის დამახასიათებელი „სისხლისა“ და „მიწის“ კავშირის მითოსი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ემყარება ევროპული კონტინენტური ერები (ქართული ეროვნული ცნობიერებაც ამ მითოსისგანაა დავალებული). შესაბამისად, ამერიკელთათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სწორედ საერთო პრინციპები, ღირებულებები: გარკვეული აზრით, ამერიკელები იდეაზე დამყარებული ერია და ამ გამამთლიანებელი იდეის გარეშე ვერც იარსებებენ; მაგრამ რა არის, ვთქვათ, „ფრანგული იდეა“, ან „გერმანული იდეა“, ან „უნგრული იდეა“?

მით უმეტეს სასაცილოა ეროვნული იდეის „შექმნაში“ სახელმწიფოს მონაწილეობა. ამერიკის პრეზიდენტი კლინტონი შეიძლება, რიტორიკის მიზნით, „ამერიკულ იდეაზე“ ან „ამერიკულ ოცნებაზე“ აპელირებას ახდენდეს, მაგრამ მას აზრადაც არ მოუვა, ამ იდეის ავტორობა ფედერალურ მთავრობას მიაწეროს. პრეზიდენტ ელცინის წრიდან წამოსული ინიციატივა, ავტორთა ჯგუფს ცენტრალიზებული წესით შეექმნა „რუსული იდეა“ (ან იდეოლოგია) მუდმივი მხიარულების წყაროა რუსეთის ექსპერტებს შორის.

მოკლედ, რა სიტყვაც გინდა ვიხმაროთ - ეროვნული „იდეოლოგია“, „მსოფლმხედველობა, „იდეა“, - მისი შექმნა სახელმწიფოს საქმე არ არის. როცა მე ვიცი, რომ სახელმწიფო კანცელარია რაღაც ამდაგვარის შექმნაზე (ან შექმნის „კოორდინაციაზე“) მუშაობს, ჩემი რეაქცია ცალსახაა: როგორც გადასახადების გადამხდელი, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, ისედაც დეფიციტური საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად დაიხარჯოს.

ასეთი ამაყად დემოკრატიული განცხადება შეიძლება ეფექტურ დასასრულად გამომდგარიყო, მაგრამ აქ წერტილის დასმისგან მაკავებს იმის გაცნობიერება, რომ ეროვნული იდეოლოგიის წყურვილი თავისთავად არის ჩვენი საზოგადოებრივი ცნობიერების ფენომენი და როგორც ასეთს, მას ახსნა სჭირდება. მხოლოდ „ტოტალიტარული აზროვნების გადმონაშთის“ იარლიყი არა მგონია საკმარისი იყოს მის გასაგებად. გულუბრყვილო მისწრაფება, რომ ეს პრობლემა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა, სახელმწიფომ გადაწყვიტოს - ნამდვილად კომუნისტური წარსულიდანაა, მაგრამ თვით ნაკლულობის გრძნობას, რომ „რაღაცა საჭიროა“, ცოტა უფრო ღრმა ფესვები აქვს, და დემონსტრატიულად დეიდეოლოგიზებული დემოკრატიული ჟესტით მას თავიდან ვერ მოვიშორებთ.

ნაკლულობის გრძნობა, ჩემი აზრით, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების არსებითად კონიუნქტურული და ოპორტუნისტული ბუნებიდანაც გამომდინარობს. ახალმა (ან განახლებულმა) ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საკუთარი ინიციატივით ერთადერთი იდეა - დამოუკიდებლობა წამოაყენა; მაგრამ ეს თავისთავად მხოლოდ ნეგატიური იდეაა: იმას არ გავაკეთებთ, რაც რუსეთს უნდა რომ გავაკეთოთ. მერე ამას დაუპირისპირდა ალტერნატიული პროექტი გავიგოთ, რუსეთს რა უნდა ჩვენგან და ის გავაკეთოთ (პროექტი ჩავარდა მინიშნებული ინფორმაციის მიუწვდომლობის გამო: რუსეთმა არ იცის, ჩვენგან ან საერთოდ რა უნდა მაგრამ ეს კიდევ სხვა პრობლემაა). ტრიალებს კიდევ დემოკრატიის იდეა. მაგრამ მის მიმართაც არ არის ნათელი: დემოკრატია მართლა გვინდა, თუ უბრალოდ საჭიროა, რომ დემოკრატიულები ვჩანდეთ? თუ ეროვნული მოძრაობა რაღაც პრინციპებისადმი ერთგულების მოჩვენებას მაინც ქმნიდა, საშობაო გადატრიალების შემდეგ სულ აირია ყველაფერი, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის ძირითად პრინციპად „ბალანსი“, იქცა. ეს კი უკვე ოპორტუნიზმის სხვა სახელია. კონკრეტულ ვითარებაში ამის ნაწილობრივი გამართლება იქნებ არსებობდა კიდეც, მაგრამ საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდა, რა გვინდა და სად მივდივართ. „ევრაზიული დერეფნის“ და „ნავთობსადენის“ თემათა ცენტრალურობა ამ ბუნდოვანებას ცხადია არაფერს შველის (ნავთობისთვის სულერთია, მონარქიის ტერიტორიაზე გაივლის, დემოკრატიის თუ სამხედრო დიქტატურის). მმართველმა პარტიამ ვერაფრით გაარკვია რა იდეოლოგიურ მიმართულებას ეკუთვნის, ხოლო მისმა თავმჯდომარემ - რაში მდგომარეობს მისი მხარდაჭერა საკუთარი პარტიისადმი. საბაზრო რეფორმებს იმიტომ ვატარებთ, რომ სხვანაირად სავალუტო ფონდი სესხებს არ მოგვცემს, თუ ეს სესხები იმისთვის გვინდა, რომ საბაზრო რეფორმები ჩავატაროთ? გავაუქმეთ სიკვდილით დასჯა იმიტომ, რომ სიკვდილით დასჯა ცუდია. თუ იმიტომ, რომ უამისოდ ევროსაბჭოში არ მიგვიღებენ (ხოლო ევროსაბჭოში უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ რა იცი, რა ხეირია?) მოკლედ, რას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვინდა და რას - იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის?

ჩვენში განსაკუთრებელი პოლიტიკური სიბრძნის ნიშნად ითვლება საკვანძო საკითხებში რაც შეიძლება მეტი ბუნდოვანების შენარჩუნება. ძირითადი პოლიტიკური გადაწყვეტილებები კი მიიღება უალტერნატივობის ნიშნით - ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ სხვაგვარად არ შეიძლება; მაგრამ უალტერნატივობა ნიშნავს თავისუფალი არჩევანის არქონას. ჩვენ, როგორც ერი კი არ ვიღებთ გადაწყვეტილებას, არამედ ისტორიის ზეპიროვნული (ხანდახან იქნებ პიროვნულიც, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი) ძალები იღებენ გადაწყვეტილებას ჩვენს მაგივრად. ბუნებრივია, ყვირილი დაიწყო, ჩვენ ვინღა ვართ? ჩვენ რა გვინდა? რა არის ჩვენი ღირებულებები და მიზნები? რა არის ჩვენთვის მისაღები და მიუღებელი?

კონკრეტულად ვინ და როგორ უნდა ჩამოაყალიბოს ეს? ერთი მხრივ, თავისი ვერსიის წარმოდგენა, შემოთავაზება ევალება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყნის ხელმძღვანელობა იკისრა (ე.ი. არა სახელმწიფოს, არამედ ხელისუფლებას). ეს არ ნიშნავს, რომ მისი ხედვა სხვისთვის სავალდებულო გახდება - ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ გაიგოს, საბოლოო ჯამში რა უნდა ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას. ჩვენს პირობებში სამწუხაროდ ეს გაძნელებულია არა მარტო იმიტომ, რომ მმართველი პარტია იდეილოგიურად ამორფული რჩება, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ისიც არ ვიცით ნამდვილად, არის თუ არა ის მმართველი პარტია.

მაგრამ თუნდაც ამ მხრივ ყველაფერი რიგზე იყოს, ზედმეტი იმედები არც აქ უნდა გვქონდეს პოლიტიკური ძალები მაინც, როგორც წესი, მიმდინარე პოლიტიკური მომენტის ინტერესებიდან გამოდიან და, ძალაუფლებისათვის ბრძოლის დემოკრატიული მექანიზმების გათვალისწინებით, ფარისევლები უნდა ვიყოთ, რომ ამაში მეტისმეტად გავამტყუნოთ. ეროვნული განვითარების საკვანძო, ფილოსოფიურ საკითხებზე პასუხი უპირველეს ყოვლისა საზოგადოების საქმეა. ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ეროვნული იდეის დამუშავების პროექტი წამოიწყოს და მის შედეგად შესაბამისი დოკუმენტი „დადოს“. „ეროვნული იდეოლოგიის“ ცნების მანკიერება მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ ხელისუფლება გვიდგენს, რა არის კარგი და რა არის ცუდი, არამედ იმ წარმოდგენაში, რომ პრინციპში შესაძლებელია ერის, ე.ი. პოლიტიკური თანაცხოვრების სისტემით გაერთიანუბული ადამიანთა ერთობის მიზნებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება რაღაც სასრული რაციონალური წარმონაქმნის სახით. ის, რაც არ არის „ეროვნული იდეოლოგია“ (მაგრამ რისი დეფიციტიც იმალება „ეროვნული იდეოლოგიისადმი“ მისწრაფების უკან), არის ეროვნული დისკუსია ან დისკუსია ეროვნული პროექტის გარშემო.

ასეთ დისკუსიას საგანგებო გამოცხადება არ სჭირდება და ასე თუ ისე ის უკვე მიმდინარობს, თუმცა მას აკლია სიცოცხლე და საფუძვლიანობა. საზოგადოება ჩეენთან ჯერ კიდევ სუსტია და არ სჯერა თავისი ძალისა. ის შინაგანად კვლავ დამოკიდებულია ძალაუფლებაზე იმდენად, რომ საკუთარი დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად ძალაუფლებისადმი მუდმივ ოპონირებაშია ჩართული. ეს უკანასკნელიც, ცხადია, აუცილებელია, მაგრამ ის, რომ საზოგადოება ძალაუფლებასთან მიმართებაში ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობს, გამოხატავს იმ რწმენის არქონას, რომ საზოგადოება პირველადია ძალაუფლების მიმართ.

3.2 2.2 იდეოლოგია და საზოგადოება. დეიდეოლოგიზაციის პრობლემა

▲back to top


ემზარ ჯგერენაია

1. არსებობს საზოგადოება იდეოლოგიის გარეშე?

„საზოგადოება არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მას აცნობიერებს ინდივიდი“, ე.ი. საზოგადოება წარმოადგენს გაცნობიერების შედეგს. თანამედროვე ფილოსოფიის ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს ტექსტი, რომელიც მას აღწერს; მაშასადამე, საზოგადოება არ არის ინდივიდების უბრალო ერთობლიობა (ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ყოველგვარი ცოცხალი ორგანიზმისაგან შემდგარი აგრეგატისათვის შეგვეძლო გვეწოდებინა საზოგადოება), არამედ გარკვეული სისტემაა და ამ სისტემურობას მას ანიჭებს იდეოლოგია, ანუ იდეათა სისტემა, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი თავის თვითიდენტიფიკაციას, ხოლო ამგვარი „წაკითხვებით“ საზოგადოება აღწევს „თვითაღწერას“. მოკლედ, იდეოლოგია შესაძლებელს ხდის, უფრო სწორად „ახდენს“ საზოგადოების კონსტრუირებას და მას გადააქცევს გარკვეული ტიპის ტექსტად. ინდივიდთა შორის ურთიერთობა უკვე ხდება ტექსტუალურ დონეზე და ამ დონეზე კი იშლება ზღვარი რელიგიას, მსოფლმხედველობას, კულტურას, მეცნიერებას (მაგალითად, სოციოლოგიურ თეორიას), როგორც აღწერის ტიპებს შორის. რელიგია შეიძლება გათამაშდეს როგორც იდეოლოგია, უფრო ზუსტად, სოციალურ ტექსტში რელიგია შეიძლება აღიწეროს როგორც იდეოლოგია და პირიქით, იგივე ითქმის მეცნიერების, მსოფლმხედველობის და ზოგადად, კულტურული წარმონაქმნების მიმართ. საზოგადოება არ არსებობს იმ ტექსტის, ანუ იდეოლოგიის გარეშე, რომელიც „კითხულობს“ ამ რეალობას და მისი ანიჰილაციის გზით აღწევს ვიდეო-სინამდვილის კონსტრუირებას; ეს არის ერთგვარი მანკიერი წრე, რომლისგან თავდასხმა ნიშნავს კვლავ მასში ჩავარდნას.

2. მარქსის იმედები და იდეოლოგიის კლასიკური გაგება (სოციო-ფსიქოანალიზი)

მარქსი იმედოვნებდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში დადგება დრო, როცა იდეოლოგია გაქრება, რადგან აღარ იქნებიან მისი მატარებლები. ეს იმედები ემყარებოდა მარქსის იმ დაშვებას, რომლის თანახმადაც იყო დრო, როცა კაცობრიობას არ ჰქონდა იდეოლოგია. იგი ფიქრობდა, რომ საზოგადოების ისტორიული ტიპი შეუძლებელია არსებობდეს იდეოლოგიის გარეშე, მაგრამ მარქსი უშვებს და კანონზომიერად მიიჩნევს, რომ საზოგადოება შინაგანი წინააღმდეგობის რევოლუციით დაძლევის გზით შეძლებს მოიშოროს იდეოლოგია (რაც, ფაქტობრივად, იმპლიციტურად გულისხმობს ზოგადად კულტურის მოშორებას) და დაბრუნდეს მის ბუნებრიობაში. თვით ეს ბუნებრიობა ნიშნავს ენის, ინსტრუმენტის არქონის ვითარებაში დაბრუნებას. ისტორიაში ამ ენას (აღწერის ენას, ინსტრუმენტს), აჩენს საკუთრება, რაც, თავის მხრივ, იწვევს კლასთა ბრძოლას, რომლის „სუბლიმაციასაც“ წარმოადგენს ისტორია, ანუ კულტურა, იდეოლოგია და, არსებითად, იდეოლოგია „ყალბია“, „ყალბი ცნობიერებაა“, რადგან ბუნებრიობა გზასაა აცდენილი. კერძო საკუთრების მოშორება, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას განკურნავს ამ სიყალბისაგან და მის ბუნებრიობაში - კომუნიზმში დააბრუნებს. „სიყალბე“, „ყალბი“ მარქსს, არსებითად, ანათესავებს ფროიდთან. მარქსის მეთოდს შეიძლება ვუწოდოთ სოციოანალიზი, მსგავსად ფსიქოანალიზისა. ფროიდიც იკვლევდა რა კულტურისა და ცივილიზაციის, ე.ი. ნევროზების წარმოშობის მიზეზებს, თვლიდა, რომ კაცობრიობის ისტორიაში იყო ერთგვარი ინცესტუალური პერიოდი, ანუ უნევრომო, „უკულტურო“ ეპოქა და მხოლოდ ინცესტუალურმა აკრძალვებმა გამოიწვიეს კულტურის შექმნა. თავისთავად კი ამ კულტურამ არაცნობიერში განდევნა ის ბუნებრივი, რაც იდო ინცესტში. ამდენად, მსგავსად მარქსისა, ფროიდის თანახმადაც კულტურა (შეიძლება გვეთქვა იდეოლოგია) არსებითად „ყალბი“ ცნობიერის ნაყოფია. მარქსის სოციოანალიზი ეს იგივეა, რაც ფსიქოანალიზი, ორივე უკავშირდება ძალადობისა და შეთქმულების ფენომენს. გაბატონებული კლასების იდეოლოგია - ეს არის ძალადობა ბუნებრიობაზე, ისევე როგორც კულტურა არის ძალადობა არაცნობიერზე: ასეთია მარქსისა და ფროიდის დასკვნები. მარქსის მიერ შემუშავებული იმედის პრინციპი უკავშირდება თანამედროვეობის იმედებს, რომელთაც „დეიდეოლოგიზაცია“ ჰქვია.

3. დეიდოლოგიზაცია - მითი და რეალობა. შესაძლებელია თუ არა იგი?

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ყოველი შეხედულება, აზრი, თუკი იგი სოციალური ტექსტის ცენტრს, ვთქვათ, ცენტრალურ ხელისუფლებას ან, ვთქვათ, დედაქალაქს დაუკავშირდება, იქცევა იდეოლოგიად. მსოფლმხედველობას ან მის მსგავს ტექსტს + გარკვეული სოციალური ფენის ძალაუფლების ნება = იდეოლოგიას. ასეთია იდეოლოგიათა წარმოშობის ტექნიკური ციკლი. ასე ესმის ის კლასიკურ სოციოლოგიას. ეს დებულება იმთავითვე გულისხმობს ორ ძირითად გარკვეულობას: 1) არიან ადამიანები, რომელთაც ძალაუფლების ნება მიაქანებთ სოციალური ტექსტის ცენტრისკენ და 2) რომ ეს ადამიანები არიან რა გარკვეულ სტრუქტურაში მოქცეულნი, ქმნიან რაღაც კლასს. ძალაუფლების ნება შიშველი ძალის სახით კი არ გამოდის, არამედ გამოდის როგორც გარკვეული ტექსტი და კლასთა ბრძოლა ტექსტებს შორის კონფლიქტში პოულობს ასახვას. დეიდეოლოგიზაცია გულისხმობს ცენტრალური აღმწერი ტექსტის რეკონსტრუქციას, დემონტაჟს, მაგრამ ეს დემონტაჟი, თავის მხრივ, გულისხმობს მეტაიდეოლოგიას, რომელიც, მართალია, განსხვავდება ცენტრალური აღმწერი ტექსტის იდეოლოგიისაგან, მაგრამ, არსებითად, იგივეა. თანამედროვე სოციალურ ტექსტში ცენტრალური ხელისუფლება კარგავს ცენტრს და, მაშასადამე, ისპობა ის მექანიზმი, რომელიც იდეოლოგიათა წარმოშობის კლასიკურ ტექნოლოგიას ქმნიდა. არა ერთი იდეოლოგია, არამედ რაფინირებულ, გასაგნებულ იდეოლოგია-ტექსტთა მთელი ჯგუფები ეჯახებიან ერთმანეთს და ქმნიან თანამედროვე სოციალური ტექსტის მუდმივად კომპლიქტირებად რეალობას, რაც შეუძლებელს ხდის ყოველგვარ დეიდეოლოგიზირებას (ამის მაგალითია ეთნოკონფლიქტები). აქედან გამომდინარე, არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს ერთიანი რეალობა - იდეოლოგია. თანამედროვე ევროპული სიტუაცია ეს არის პოლიიდეოლოგიურობა და, მაშასადამე, გავლენის შიშის გაქრობაც. გავლენის შიში ნიშანდობლივია ქართული სივრცისთვის.

გავლენის შიში

გავლენის შიშის ცნება პირველად ლიტერატურულ კრიტიკაში გაჩნდა. მის შემქმნელად ჰაროლდ ბლუმი უნდა მივიჩნიოთ, თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ ჰაროლდ ბლუმის თეორია გავლენების შესახებ ფროიდის ფსიქოანალიზისაგან არის დავალებული. ბლუმს აღწერილი აქვს პოეზიაში ურთიერთგავლენების მექანიზმი: ყოველი ახალი თაობის შემოქმედი ცდილობს გაუსხლტეს წინამორბედის გავლენას. მოახდინოს მისი შემოქმედების რევიზია. ბლუმის აზრით, გასხლტომის ასეთი 6 მექანიზმი მაინც არსებობს. შემოქმედის უმთავრესი პრობლემაა არ მიეცეს დავიწყებას, დარჩეს და ადგილი დაიმკვიდროს შთამომავლობის მეხსიერებაში. მეხსიერებაში დარჩენისათვის ბრძოლაში მონაწილეობას იღებენ როგორც ცოცხლები, ასევე გარდაცვლილები. გავლენის შიში იმავდროულად არის ბანალობის შიში, ორიგინალობა, თაობათა მეხსიერებაში დარჩენის, ანუ გავლენისაგან განთავისუფლების ერთ-ერთი გზა. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ცნება „გავლენის შიში“ გაფართოება და ახსნის ბლუმისეული მექანიზმების გადატანა უფრო ფართო სფეროებზე, კერძოდ, კულტურათა ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის სფეროებზე? შესაძლოა ეს განზრახვა უფრო გამართლებული იყოს იმ კულტურებისათვის, რომლებიც ძირითადად ლიტერატურაზე ორიენტირებულ, ლიტერატურაცენტრულ კულტურებს წარმოადგენენ? ეგებ ქართული კულტურაა სწორედ ასეთი? („ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა“, „ქართველი პოეტი ორგზის პოეტია“) ფსიქოანალიზის საყოველთაო ექსპანსიის გამოცდილება თითქოს იძლევა ამგვარი გაბედულების შესაძლებლობას, თუმცა ამჯერად ასეთ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე ვერ ავიღებთ.

გავლენის შიში და გავლენის თავიდან აცილების ქართული პარადიგმები

ქართული პოლიტიკური (და არა მარტო პოლიტიკური) ცნობიერება „ნათესავების“ ძიებით უხსოვარი დროიდანაა გართული. ბოლო დროს დამკვიდრებული აზრის თანახმად, ქართველებს მსოფლიოში არა ჰყავთ ნათესავები და იგი სამყაროში „გადაგდებული“, მიტოვებული ერია. არ გვყავს სისხლით ნათესავი ერი, ანუ პოლიტიკური პარტნიორი, რომელსაც დაუინტერესებლად ექნებოდა ჩვენი მხარდაჭერის სურვილი ან შესაძლებლობა. ამგვარი მიტოვებულობის შეგრძნება ბადებს გავლენის შიშის პირველ სინდრომებს. არასისხლით ნათესავების კეთილი ნაბიჯებიც კი შიშით აღიქმება და მათ მიმართ ამბივალენტური განცდა იჩენს თავს. ეს არის მადლიერება-შიშის ფსიქოანალიტიკური ამბივალენტობა. გავლენის აცილების მოთხოვნილება წარმოიშობა მაშინ, როცა ესა თუ ის სოციუმი თავის თავს დამოუკიდებელ ორიგინალურ ერთეულად აცნობიერებს. საფრთხე გარედან (გავლენის სახით) ემუქრება ორიგინალურს, ერად ყოფნის პირველ ტექსტებს. იგულისხმება, რომ ასეთი პირველტექსტები არსებობენ (ჩვენი სივრცისთვის პირობითად პირველტექსტებად შეიძლება ჩავთვალოთ: „ქართული სუფრა, როგორც აკადემია“; დროის უანგარიშო ხარჯვა, ანუ დროსტარება არა ხვალინდელ რუტინაში უკეთესად ჩართვის მიზნით, არამედ თვითმიზნურად უანგარიშო ხარჯვის თვალსაზრისით; ცრუღიაობა უცხოს გავლენებისადმი, ანუ თეატრალობა). გავლენის აცილების ერთ-ერთი პირველი პარადიგმა ჯერ კიდევ მეცხრე საუკუნის ძეგლში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია“ დაცული. ქრისტიანულ ძმობას გრიგოლ ხანძთელი უდგენს ახალ კანონს. ეს კანონი შერჩეულია „ჯერკუალის“, ანუ უცხოს „გაგდების“ პრინიპით. „ჯერკუალის“ გაგდების მიზანი პირველტექსტების შენახვა, გაფრთხილება და მათი საკრალურობის შენარჩუნება იყო.

გავლენის სრული შეჩერება, სრული იზოლაცია მაინც შეუძლებელია. ჰომოგენური სივრცის შიგნით ჩნდებიან ადამიანთა ჯგუფები, რომელნიც „ირხევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. ჩნდებიან მარგინალები, რომელთა ეროვნული ხორცი ეს ესაა დასცილდება ეროვნულ სულს. ეს ჯერ კიდევ არაა ღალატი, მაგრამ რხევისაგან ჩნდება ახალი პრაგმატული ადამიანი. რხევა დასაშვებია, მაგრამ საშიშია და მისი ინტენსივობა ზეგავლენების ზრდoს პირდაპირპროპორციულია. „ჯერკუალის“ გაგდების, ანუ გავლენის არიდების სხვა პარადიგმაც არსებობს. „შედარებით მცირე ბოროტების თეორია“ გავლენის აცილების კიდევ ერთ მექანიზმად მივიჩნიოთ. ამ პარადიგმის თანახმად, გავლენების სელექცია უნდა მოხდეს. სელექციას საფუძვლად უდევს გავლენათა კლასიფიკაცია ძალზე მავნე და ნაკლებად მავნე გავლენებად. სახეცვლილებას, „უცხოს“ შემოჭრას იდეოლოგიური გამართლება ეძებნება, იწყება უცხოს „მოშინაურება“ - ტრანსმუტაცია.

ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (მანამდე კი ეროვნულ მოძრაობაში) შედარებით მცირე ბოროტების თეორია ეჭვქვეშ დადგა. სწორედ მაშინ გაჩნდნენ ეროვნული იდეოლოგიის პირველი ადეპტები. იდეოლოგების აზრით, ეროვნულმა იდეოლოგიამ „ჩვენ - ისინი“ სტრუქტურაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. იგი უნდა გახდეს წმინდა ფილტრი, რომელიც „საკუთრივ ეროვნულს“ დაიცავს გავლენებისაგან და, მაშასადამე, ტრანსმუტაციისაგან.

ეროვნული იდეოლოგიის კონცეფციას აქვს სოციალური ბაზაც. თავისთავად ცხადია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, გამომდინარე ცხოვრების წესიდან, მეურნეობრიობის ტიპიდან, ადამიანთაშორისი ურთიერთობების ტრადიციული მოდელიდან, ყოველთვის დახშული იქნება გარედან გავლენებისთვის. ეროვნული იდეოლოგია მათთვის საკუთარი არსებობის გამართლების ერთადერთი ფორმა იქნება. მეორე მხრივ, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ისტებლიშმენტს სჭირდება ნდობა იმ ქვეყანაში, სადაც თვითონ ცხოვრობს და პოლიტიკური კაპიტალი ბატონობისთვის. ისტებლიშმენტი შეეცდება ააგოს ისეთი იდეოლოგია, რომელიც მასების სულიერ ზრახვებს უპასუხებს. რასაკვირველია, პოლიტიკური ან ინტელექტუალური ელიტა საკუთარ შემოქმედებას (ეროვნულ იდეოლოგიას) ირონიით შეხედავს, მაგრამ მას ხელში ექნება იარაღი მასების სამართავად. ეროვნული იდეოლოგიით პოლიტიკური ელიტა დააკმაყოფილებს მოსახლეობის უმრავლესობის პატივმოყვარეობას და ეროვნული პირველტექსტების დაცვის ზოგადსახალხო მოთხოვნას და იმავდროულად საკუთარი ბატონობის ლეგიტიმაციასაც მოახდენს.

3.3 2.3 შემჭიდროება და გადაჭარბება

▲back to top


მამუკა ლეკიაშვილი

1. დავიწყებთ ტავტოლოგიით, რომელსაც მაინც ვერსად გავექცევით. რეალურ სამყაროში ყველაფერი რეალურია და პირიქით, ყველა რეალური საგანი ამ სამყაროს ნაწილს წარმოადგენს. ნებისმიერი საგანი, მოვლენა, პროცესი თუ სისტემა რეალურია იმდენად, რამდენადაც რეალურ სამყაროს ეკუთვნის. ეს სამყარო რეალური საგნებისაგან შედგება და შეიძლება ითქვას, რომ იგი რეალურია ყველგან და ყოველთვის, ამ უკანასკნელთა ჩათვლით.

მაგრამ რეალურ სამყაროში ვერ ვნახავთ რეალობას, როგორც ასეთს მიუხედავად იმისა, რომ ის განუყრელად თან ახლავს ყოველივე რეალურს. რეალობა არის ყველა საგანთან და მისგან განუყოფელია. რასაც უნდა შევხედოთ, იქვე რეალობასაც მოვკრავთ თვალს, ოღონდ არა საგანში, საგნის ფარგლებში, არამედ მის კიდეზე, პერიფერიაზე. რეალობას, როგორც ასეთს, მხოლოდ პერიფერიული ხედვით ვამჩნევთ. როგორც კი რეალობის დანახვას დავაპირებთ და მზერის მასზე გადატანას შევეცდებით - რეალობა გაქრება და მის ნაცვლად ისევ რაიმე რეალური საგანი შეგვრჩება, ხოლო რეალობა თავისთავად კვლავ საგნის პერიფერიაზე გადაინაცვლებს. რამდენიც უნდა ვდიოთ, რეალობას ვერ დავეწევით, ვერც უეცარი თავდასხმით შევიპყრობთ. ის არასოდეს გახდება უშუალო დაკვირვების საგანი. მთელი სამყაროს ერთიანად დანახვაც რომ მოვახერხოთ, რეალობა მის საზღვარზე მოთავსდება. გავიხსენოთ ვიტგენშტაინის მეტაფიზიკური სუბიექტი, რომელიც სამყაროს საზღვარია მაგრამ სამყაროს არ ეკუთვნის. ამრიგად, რეალობა აბსოლუტურად მარგინალურია.

რეალობის ადგილმდებაროება თითქოს დავადგინეთ, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, თუ რას წარმოადგენს რეალობა თავისთავად. ყველა რეალური შეიცავს იმას, რაც რეალურია მასში. საგანი ყოველთვის სავსეა საკუთარი თავით, შინაარსით, ფორმით, ფუნქციით და ა.შ. რეალობას კი მსგავსი არაფერი გააჩნია. რეალობას არაფერი გააჩნია ისეთი, რაც ერთ საგანს მეორე საგნისაგან, ერთ ცნებას მეორე ცნებისაგან განასხვავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, მის შეჩერებას და მოხელთებას შევძლებდით. რეალობა თავისთავად ცარიელია და ამ სიცარიელეს ემთხვევა. საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ რეალობა არის მარგინალური სიცარიელე.

ვიტგენშტაინის თანახმად, მხედველობის არეში არაფერს ემჩნევა, რომ მას თვალი ხედავს. ასევე მთელ სამყაროში ან რომელიმე საგანში მისი რეალურობა არაფერს განსაზღვრავს. რეალურს რეალობა არაფერს კარნახობს. ამის გამო, რამდენადაც იგი მხოლოდ რეალურია, სამყარო თუ საგანი ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს საპირისპიროს - იმას, რომ სამყარომ ან სამყაროს რომელიმე ნაწილმა არ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს რეალობაზე თავისთავად.

2. თუმცა რეალობა (აბსოლუტურად) მარგინალურია ის, როგორც ითქვა, ყველგან და ყოველთვის განუყრელად თან ახლავს რეალურ საგანს და მისი იდენტიფიკაციის პირობას (საფუძველს) წარმოდაგენს. თანაც - მიუხედავად იმისა, რომ სიცარიელეა - რეალობას, როგორც ასეთს არც თვალსაჩინო ხარვეზის სახე აქვს. მოკლედ, რეალობა არის არა აშკარა და მარტივი სიცარიელე, არამედ ის რაღაცით მეტია სიცარიელეზე.

მაგრამ რეალობა სიცარიელეზე მეტი შეიძლება იყოს (ისევ და ისევ) მხოლოდ სიცარიელით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება რეალური და არა რეალობა თავისთავად: თუ რეალობა მეტია სიცარიელეზე რაღაცით, რაც არაა სიცარიელე, ასეთ შემთხვევაში ეს „რაღაც“ რეალური სამყაროს ნაწილი აღმოჩნდება და ამით თავად რეალობასაც რეალური სამყაროს ფარგლებში მოაქცევს.

ამრიგად, რეალობა ჭარბი სიცარიელეა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ რეალობა განუსაზღვრელია - ის ხომ თვითონ არის საზღვარზე - რეალობაში „დავინახავთ“ სიცარიელის გადაჭარბებას. (რეალობა, როგორც სიცარიელის გადაჭარბება სხვა არაფერია, თუ არა ტრანსცენდენტალური პროცესი და მისი იმპლიციტური ტემპორალობა).

გადაჭარბება, კერძოდ სიცარიელის გადაჭარბება, თავის მხრივ, გულისხმობს გადაჭარბებულ და გადაუჭარბებელ სიცარიელეებს. ამდენად, სიცარიელის გადაჭარბება სიცარიელეთა განსხვავებას და მოწესრიგებას ნიშნავს, ხოლო განსხვავებული სიცარიელეები საჭიროებენ გარკვეულ სადემარკაციო ქსელს, რომელიც მათ განსხვავებას და მოწესრიგებას იკისრებს. ასე ჩნდება რეალობაში ერთის მხრივ სიცარიელეთა, ცარიელ უჯრათა განუსაზღვრელი სიმრავლე, მეორე მხრივ კი - სადემარკაციო ქსელი. რაკი რეალობა თავისთავად ამ ორის ერთიანობაში მდგომარეობს, იგი საბოლოოდ ბადის სახით წარმოგვიდგება. შეიძლება ითქვას, რომ რეალობა ქსოვს სიცარიელის ბადეს.

3. გადაჭარბება გასაქანს აძლევს შემჭიდროებას. შემჭიდროება ბადეში ცარიელი უჯრების სულ უფრო მეტ დანაწევრებას, შევსებას და დაზუსტებას იწვევს. ეს კი ბადის ადგილზე ერთიანი და მჭიდრო ქსოვილის-ტექსტის-დამკვიდრებას მოასწავებს. რადგან ცარიელ უჯრათა შევიწროება, დანაწევრება და დაზუსტება მოწესრიგების განვითარებად შეიძლება ჩაითვალოს, ტექსტი უნდა განვიხილოთ, როგორც ტოტალერი წესრიგით გარანტირებული ფინიში. გარანტირებულში ვგულისხმობთ რეალობისაგან დაცულს.

ტექსტი რომელიც შემჭიდროების საბოლოო შედეგია, სიცარიელეს აღარ შეიცავს. ქსელის შემჭიდროებით ბადეში სიცარიელეთა შევსება გრძელდება, მანამდე, სანამ არ ამოივსება და გაქრება უკანასკნელი ხარვეზი, მაგრამ როცა ამოვსებული და გაუქმებულია სიცარიელე, შეუძლებელია მისი გადაჭარბება და მაშინ ქრება რეალობა, როგორც ასეთი. ამ აზრით, სიცარიელისაგან დაცლილი ტექსტი რეალობისაგანაც დაცლილია.

ეს კი ნიშნავს, რომ რეალობის სიახლოვეს შეუძლებელია იყოს ტექსტი, და პირიქით, თუ არის ტექსტი - გაუქმებულია რეალობა. უფრო ზუსტად, ტექსტი, რომელიც შეუძლებელია რეალური იყოს - რეალობის შეწყვეტას ამტკიცებს. სხვა სიტყვებით, რეალურნი არიან ნაწარმოებები და არა ტექსტები.

შემჭიდროება თანდათან ბოჭავს, საბოლოოდ კი გამორიცხავს გადაჭარბებას. შემჭიდროების შედეგი, ანუ ტექსტი, მთლიანად აუქმებს რეალობის ბადეს, რომელშიც რეალობის გადაჭარბებაა შესაძლებელი. ტექსტის ტოტალური წესრიგი კი უპირისპირდება რეალობას, როგორც მოწესრიგების (ტრანსცენდენტალურ) პროცესს. ამრიგად, სრულყოფილი წესრიგის ტექსტი წარმოადგენს ქაოსს, რომელიც ერთხელ და საბოლოოდ არის გარანტირებული. ტექსტის ქაოსი უპირისპირდება და სპობს რეალობას და რეალურს.

გადაჭარბების და შემჭიდროების წყვილი უშუალოდ უკავშირდება უნიკალურობის საკითხს. ვფიქრობთ, რომ უნიკალური (სპეციფიკური) და განუმეორებელი მხოლოდ სიცარიელეა, რადგან ყველაფერი, რაც არაა სიცარიელე, არამედ არის რაღაც სხვა - შეიძლება გამეორდეს და გამრავლდეს. თუ ეს ასეა, მაშინ რეალობა, როგორც სიცარიელის გადაჭარბება, სიცარიელის და ე.ი. უნიკალურობის ერთადერთ წყაროდ წარმოგვიდგება. რეალური საგანი სიცარიელეს, როგორც უნიკალურობის შესაძლებლობას პოულობს რეალობაში როგორც ასეთში. ეს ალბათ ერთადერთი, „უნიკალური“ შემთხვევაა, როდესაც რეალობა რაიმეს კარნახობს რეალურს. ამ თვალსაზრისით გადაჭარბების შეცვლა შემჭიდროებით, რასაც ბადის ქსოვილთან მიახლოება მოჰყვება, რეალურ სამყაროში უნდა გამოინახოს უნიკალურობის კლებით და გაუფერულებით. ამ დროს ორიგინალის ადგილს ასლები იკავებენ, ხოლო ნაწარმოებებს ტექსტები ავიწროებენ. უნიკალურობის კლება არის ნიშანი, რომელიც რეალური სამყაროს ფინიშთან - ტექსტთან მიახლოებაზე მეტყველებს.

4. რეალური სამყაროს ცენტრალური სფეროს სოციალური რეალობა წარმოადგენს. გავიხსენოთ, რომ რეალობას, როგორც ასეთს, ასახავს ბადე, რომელიც ცარიელი უჯრებისა და სადემარკაციო ქსელისაგან შედგება. სოციალური რეალობა კი ერთ-ერთი რეალური საგანია რეალურ სამყაროში. გარკვეული აზრით, სოციალური რეალობის საუკეთესო მოდელი შაშის დაფაა. ორივე მათგანი რეალური, სათამაშო უჯრების გარდა შეიცავს ლაკუნების, ცარიელი უჯრების (არ აგვერიოს თავისუფალ სათამაშო უჯრებში) აუცილებელ სისტემას. ჭადრაკისგან განსხვავებით, შაშს თამაშობენ დაფის თეთრ ან შავ უჯრებზე, ხოლო დანარჩენი - შესაბამისად შავი ან თეთრი - უჯრები თამაშში არ მონაწილეობენ. სწორედ ეს გამორიცხული და ამ აზრით ცარიელი უჯრები წარმოადგენენ ლაკუნებს შაშის დაფაზე. როგორც სოციალური, ასევე შაშის თამაშის წესების თანახმად, რეალური სვლები კეთდება რეალურ უჯრებზე ლაკუნების გვერდის ავლით, ქვები და მოთამაშეები თითქოს ვერც ამჩნევენ მათ.

სოციალური რეალობის ამსახველ შაშის დაფაზე რეალობა ესაზღვრება რეალურს, ცარიელი უჯრები ემიჯნებიან სათამაშო უჯრებს. ეს დაფა ნაწილობრივ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კუბოკრულად შევსებული რეალობის ბადეა და მასზე აისახება ასევე სადემარკაციო ქსელი, რომელიც არ არის რაიმე რეალური. შავი და თეთრი უჯრები დაფაზე ერთმანეთს თვითონ განსაზღვრავენ მათგან დამოუკიდებლად არსებული (რეალური) ქსელის დაუხმარებლად.

შეიძლება ითქვას, რომ შაშის დაფა „დინამიური წონასწორობის“ მდგომარეობაშია - სათამაშო პერიპეტიების მიუხედავად შავი და თეთრი, ცარიელი და რეალური უჯრების თანაფარდობა (რაოდენობა) დაფაზე უცვლელი რჩება. ასეთი რამ რეალურ სამყაროში არ ხდება; ალბათ ყველგან და ყოველთვის, თუმცა მეტ-ნაკლები ინტენსიურობით, სოციალური რეალობა შემჭიდროებას განიცდის.

სოციალურ რეალობაში შემჭიდროებას მრავალი განსხვავებული მოვლენა იწვევს. მათ შორისაა ნაციონალიზმიც, რომელიც ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გავრცელების საკმაოდ მარტივ სისტემას ემყარება, მაგრამ ამ სისტემის მოქმედების მაგალითზე ადვილი დასანახია ზოგიერთი საკვანძო მომენტი შემჭიდროების სოციალურ დრამაში. ნაციონალიზმის საინფორმაციო სისტემას ინფორმაცია არსებითად არც აინტერესებს. მისთვის ინფორმაცია არის მხოლოდ ასპარეზი (საბაბი) გარკვეული შეფასებითი ინტერპრეტაციისთვის: ნებისმიერი ცნობა - ისტორიული, პოლიტიკური, სპორტული თუ მეტეოროლოგიური - ერთმნიშვნელოვან შეფასებას იძენს კონკრეტულ (ნაციონალისტურ) ინტერესებთან მიმართებაში. სხვა სიტყვებით, ინფორმაცია ხდება ან მავნე, მტრული და ცილისმწამებლური ან, პირიქით - ხელსაყრელი, სასარგებლო და სამართლიანი. ამრიგად, ინფორმაცია საერთოდ კარგავს თავის შინაარს და მის ნაცვლად შეფასებითი მნიშვნელობით იტვირთება. ნაციონალიზმი უბრალოდ არ ცნობს და არ უშვებს ნეიტრალურ ინფორმაციას. მიაწერს რა დადებით ან უარყოფით ღირებულებას ფაქტებსაც ისევე, როგორც ადამიანებს, იგი მათ ნეიტრალიტეტის უფლებას ართმევს.

როდესაც სათამაშო დაფა ნაციონალიზმის ხელში აღმოჩნდება, იგი ახალი, „ნაციონალისტური“ პარტიის დაწყებას ცდილობს. ამისთვის ნაციონალიზმი ქვებს საწყის პოზიციებზე განალაგებს. დაფის, ვთქვათ, თეთრ უჯრებზე. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალ პარტიაში ყველა შავი უჯრა ცარიელი და ხელშეუხებელი იქნება. ასეთი პერსპექტივა ნაციონალიზმის საინფორმაციო სისტემისთვის, როგორც ითქვა, მიუღებელია. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ ითამაშოს, ნაციონალიზმს პოზიციები გადააქვს შავ უჯრებზე, რათა მათი ნეიტრალიტეტი წინასწარ გამორიცხოს, მაგრამ ამ გადანაცვლებას, ცხადია, თეთრი უჯრების დაცარიელება მოჰყვება. ისე, რომ პარტია არც ამჯერად დაიწყება, ხოლო ქვებს - იმავე მოსაზრებით - თეთრ უჯრებზე დაბრუნება მოუწევთ.

ადგილის ძიებაში ქვების აქეთ-იქით გადატანა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, ამ „უტოპიურ“ მოქმედებას თამაშისკენ მისწრაფების იდეოლოგია ამართლებს; თუმცა სრულიად აშკარაა, რომ მთავარ მიზანს წარმოადგენს დაფაზე ლაკუნების, ცარიელი უჯრების აღკვეთა. ეს კი - შემჭიდროების პირველი, ნეგატიური განსაზღვრებაა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ დაფაზე განვითარდა შემჭიდროების პირველი ფაზა, რომელსაც „უტოპიურს“ ვუწოდებთ.

შემჭიდროების მეორე ფაზაში „უადგილობის“ ფიქსაცია ხდება: ყველა ქვა ჩერდება თეთრი და შავი უჯრების საზღვარზე, მაგრამ იქ, სადაც ქვა ერთდროულად ორ უჯრაზე დგას, უქმდება თავად საზღვარი და უჯრებს შორის განსხავავებაც იკარგება: თეთრი და შავი უჯრები განაცრისფერდებიან. ამ ფაზაში თეთრი და შავი ქვების დაპირისპირებული პოზიციები ქმნიან შემჭიდროებულ ნაცრისფერ მონებს, რომელთა შორის მოთავსებულია ჯერ კიდევ შავ-თეთრი, შეუმჭიდროებული ჰორიზონტალების ზონა. ეს ფაზა „ბუფერულია“ იმითაც, რომ გარდამავალი საფეხურია შემჭიდროების პირველიდან ბოლო, მესამე ფაზაზე. ბუფერულ ფაზაში უკვე აშკარად, თუმცა ნაწილობრივ, ხორციელდება პირველი ფაზის ფარული მიზანი - დაფაზე ცარიელი უჯრების აღკვეთა. იცვლება იდეოლოგიაც: დინამიური თამაშის იდეას მისი სქემატური ნაშთი, თეთრი და შავი ქვების პოზიციური დაპირისპირება ენაცვლება.

მას მერე, რაც ქვა ორი უჯრის საზღვარზე გაჩერდა, აღარაფერი აბრკოლებს მის გადასმას. „გზაჯვარედინზე“ - სადაც ქვა ერთდროულად ოთხ უჯრაზე დადგება. ყველა გზაჯვარედინზე ქვების განლაგების შედეგად მთელი დაფა, მისი ყოველი უჯრა - თეთრიც და შავიც დაკავებული და შევსებული აღმოჩნდება. დაფაზე არ რჩება არც ერთი ლაკუნა, არც ერთი ცარიელი უჯრა. ეს არის შემჭიდროების მესამე, „ფინალური“ ფაზა. ამ ფაზაში დასრულდება დაფის ტოტალური შემჭიდროება, დაპყრობა და განხორციელდება შემჭიდროების მიზანი - რეალური დაფის მთელი სიბრტყის ანექსიის შედეგად დაფიდან საბოლოოდ გაიდევნება რეალობა, ანუ თამაშის იდეაც და შესაძლებლობაც.

ფინალურ ფაზაში გაუქმდება ყველა საზღვარი უჯრებს შორის, ე.ი. „წაიშლება“ სადემარკაციო ქსელი და დაფა ერთფეროვანი - ნაცრისფერი გახდება. ამის შედეგად საფუძველი გამოეცლება ასევე თეთრი და შავი ქვების დაპირისპირებას და განსხვავებას (თუმცა დაფის ანექსიაში ისინი თავიდანვე ერთად მონაწილეობენ). ამრიგად, სოციალური რეალობის ტოტალურ შემჭიდროებას ასახავს ნაცრისფერი დაფა, რომელზეც ნაცრისფერი ქვები აწყვია დამყარებულია ტოტალური წესრიგი.

მაგრამ გზაჯვარედინების დაკავებით დაფის ანექსიას ქვების მხოლოდ ნაწილი მოხმარდება, ნაწილი კი თავისუფალი, დაუსაქმებელი დარჩება. ეს თავისუფალი ნაცრისფერი ქვები ნაცრისფერი დაფის (ტექსტის) ზედაპირზე დაიწყებენ არარეალური და ქაოტური პირუეტების შესრულებას იმის ნიშნად, რომ მოწესრიგებული თამაშის რეალობა უკვალოდ ჩაიძირა ტოტალური წესრიგის ქაოსში.

5. საბჭოთა კავშირს თუ გავიხსენებთ, მისი სოციალური დაფის სხვადასხვა ფრაგმენტში ერთდროულად დავაკვირდებით შემჭიდროების სამივე ფაზას: 1) ერთგული მოქალაქე ჯერ მტრად გამოცხადდებოდა ხოლმე, რაც გამოიხატებოდა მისი გადაადგილებით გულაგში ან საიქიოში; შემდეგ იგი რეაბილიტაციას იღებდა და ნომინალურად მაინც უბრუნდებოდა ერთგული ქვეშევრდომის სტატუსსა და ადგილსამყოფელს. (თუმცა მისი მდგომარეობა საბოლოო და გარკვეული არ იყო არსად, არც ერთ „უჯრაზე“). ამგვარი „გადაადგილების“ თუ „უადგილობის“ პრაქტიკის მასშტაბი და ხანგრძლიობა იმაზე მეტყველებს, რომ საბჭოთა დაფაზე - რეჟიმის ფრაგმენტში - შემჭიდროების უტოპიური ფაზა ვითარდებოდა. 2) მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე - განსაკუთრებით ცივი ომის ეპოქაში - ერთმანეთს უპირისპირდებოდა ორი მტრული, თავისთავში ერთგვაროვანი ბანაკი, სოციალისტური და კაპიტალისტური. მათ გარდა იყო კიდევ მესამე - ნეიტრალური და „ფერადი“ - სამყარო. ამრიგად, პოლიტიკურ ფრაგმენტში ბუფერულ ფაზას ვხედავთ. 5) საბჭოთა იდეოლოგიური ტექსტის ზედაპირზე განუწყვეტლად, საზეიმო ვითარებაში სრულდებოდა სრულიად უაზრო და მაინც, რატომღაც, ყველასთვის გასაგები ვერბალური პირუეტები ლოზუნგების, მოწოდებების, მოხსენებების და სხვათა სახით. იდეოლოგიის ფრაგმენტში ტოტალური შემჭიდროება ფინალურ ფაზაში იყო შესული.

საბედნიეროდ, არც ამ უკანასკნელ ფრაგმენტში ყოფილა შემჭიდროება უზადო, აბსურდული პირუეტების გვერდით იქმნებოდა პოლიტიკური ანტი-საბჭოთა ანეკდოტები. ზოგადად ანეკდოტი, ოხუნჯობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხელოვნური ნახვრეტი ენის შემჭიდროებულ ქსოვილში. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი კარგი ოხუნჯობა ენის ქსოვილში ამოჭრის ან ამოგლეჯს რომელიმე განსაკუთრებით გამკვირვებულ და ერთფეროვან ნაწილს (კორძს). ოხუნჯობა - ისევე, როგორც მეტაფორა - აჩენს ხარვეზებს, სიცარიელეებს და ამით რეალობას აბრუნებს ენაში. ხშირად პოლიტიკური ანეკდოტი იყო ერთადერი იარაღი, რომელსაც საბჭოთა იდეოლოგიურ ტექსტში რეალობისთვის „სასულეების“ გაკეთება შეეძლო.

გარკვეული აზრით, რეალური სამყარო რეალობასა და ტექსტს შორისაა მოქცეული. სავარაუდოა, რომ ორივე მათგანს - რეალობას და ტექსტს - თავისი წარმომადგენლები ჰყავთ ჩვენს სამყარში. თუ ასეა, რეალობის მაცნე უნდა იყოს ოხუნჯობით გამოწვეული მხიარული სიცილი, ხოლო ტექსტის მაუწყებელი იქნება ამა თუ იმ იდეოლოგიით ნასაზრდოები და წაქეზებული - პათეტიკური სერიოზულობა.

შაშის დაფა სოციალურ რეალობაში გადაჭარბების ზოგად მოდელსაც წარმოადგენს. შაშის დაფაზე თეთრი და შავი უჯრების სისტემები სრულიად იდენტურნი არიან. ამიტომ, ერთ დაფაზე ერთდროულად ორი პარტია შეიძლება გათამაშდეს: თეთრ უჯრებზე ითამაშებენ შავი და თეთრი ქვები. შავ უჯრებზე კი, ვთქვათ, წითელი და მწვანე, თუ დაფა საკმაოდ დიდია, მოთამაშეები კი ისე არიან თამაშით გატაცებულნი, რომ თავისი პარტიების მეტს ვერაფერს ამჩნევენ, ასეთ შემთხვევაში ორივე პარტია შეუფერხებლად და ურთიერთდაღრევის გარეშე წავა, მაგრამ როცა მთელ დაფას პარალელური პარტიები დაიკავებენ, დაფის ყველა - თეთრი და შავი - უჯრა იქნება ცარიელი და ნეიტრალური ერთი რომელიმე - შესაბამისად შავ და თეთრ უჯრებზე გამართული - პარტიისათვის. ეს კი ნიშნავს, რომ გარკვეული აზრით დაფა დაემსგავსება ცარიელი უჯრების ბადეს, ანუ მაქსიმალურად მიუახლოვდება რეალობას, როგორც ასეთს. რეალობა კი სიცარიელის გადაჭარბებას გულისხმობს.

ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პროექტმა უნდა გაითვალისწინოს სოციალური რეალობის სწორედ ასეთი გადაჭარბება; რაც ნიშნავს პარალელური პარტიის დაწყებას დაფის ცარიელ უჯრებზე.

6. ამ „სოციოლოგიურ“ ანალოგიათა გვერდით, შაშის დაფაზე გარკვეულ „კოსმოლოგიურ“ ანალოგიასაც დავინახავთ. სოციოლოგიის და კოსმოლოგიის ერთ დაფაზე მოთავსება შემთხვევითი ან ნაძალადევი არ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ (სოციოლოგიას და კოსმოლოგიას) აქვთ საერთო საზღვარი - რეალობა, როგორც ასეთი.

დავუშვათ, რომ შაშის ქვა, რომელიც დიაგონალზე მოძრაობს, დაფის პირველი ჰორიზონტალიდან ბოლო ჰორიზონტალზე დაუბრკოლებად „გადის“. თამაშის წესების მიხედვით, ეს ქვა თითო სვლით თითო უჯრაზე გადაადგილდება. ასე რომ, მისი მოძრაობა მთელ დაფაზე წყვეტილი, დისკრეტული იქნება. ბოლო ჰორიზონტალზე „გასული“ ქვა, როგორც ვიცით, „ქალბატონი ხდება. „ქალბატონს“ კი, ჩვეულებრივი ქვისაგან განსხვავებით, მრავალუჯრიანი უწყვეტი სვლების გაკეთების უფლება აქვს. რადგან ჩვენი ქვა დაფის კუთხეში „გავა“, ამიტომ ახალშობილი ქალბატონი - იმავე დიაგონალზე - მთელი დაფის უკან გადმოსერვას შეძლებს ერთი გრძელი, უწყვეტი სვლით.

ვფიქრობთ, ეს „იდეალური“ შემთხვევა იმის ანალოგიად გამოდგება, რასაც რეალობის სიცარიელეში რაიმე რეალობის (რეალური მოვლენის, საგნის ან სამყაროს) წარმოქმნა შეიძლება ვუწოდოთ. რეალობა სიცარიელის ბადეა, უფრო ზუსტად, რეალობა არის სიცარიელის გადაჭარბების (ტრანსცენდენტალური) პროცესი, რომელიც სიცარიელიდან სიცარიელეში გადასვლას გულისხმობს. ამდენად, ეს პროცესი შინაგანად დისკრეტულია (რეალობის, როგორც ტრანსცენდენტალური პროცესის შინაგანი დისკრეტულობა ზემოხსენებული „იმპლიციტური ტემპორალობის“ შინაარსია). რეალობის ბადეში რომელიღაც აბსოლუტურად განუსაზღვრელ „ჰორიზონტალზე“ ხდება „ქალბატონში გასვლა“: რეალობაში ჩნდება რაღაც რეალური და, როგორც შაშის ქალბატონი იწყებს უწყვეტი სვლებით სიარულს, ასევე იწყებს „გასული“ რეალობა უწყვეტ არსებობას რაიმე რეალურის სახით. რეალობის შინაგან დისკრეტულობას კი რეალობის უწყვეტი ისტორიულობა ცვლის. შევნიშნავთ, რომ არსებობის უწყვეტობა (ისტორიულობა) აუცილებელი პირობა და საფუძველია, როგორც სამყაროსა და კოსმოლოგიისათვის, ასევე სოციალური რეალობისა და სოციოლოგიისთვისაც; ამ ანალოგიით, რეალურის (საგნის თუ სამყაროს) წარმოშობა არის არა პირველად „გაჩენა“, არამედ ის წარმოადგენს უკან გაბრუნებას რეალობის მიერ ერთხელ უკვე გავლილი გზით. მაგრამ რეალობა არ უნდა ვეძებოთ რეალურის სიღრმეში, საფუძველში, სადღაც მის მიღმა, არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ რეალობა რეალურის ზედაპირზეა გაფენილი ისე, როგორც გამჭვირვალე მზერა - ხილულ საგანზე.

(შინაგანად დისკრეტულ) რეალობაში (უწყვეტად) რეალურის წარმოქმნის თვალსაჩინო მაგალითია წინადადება. მართლაც, წინადადების ცალკეული სიტყვების ჩამოთვლის ბოლოს ჩნდება რაღაც სრულიად ახალი და მოულოდნელი - იბადება წინადადების ერთიანი, უწყვეტი შინაარსი, რომლიც „უკუსვლით“ სწვდება წინადადების დასაწყისს და არ დაიყვანება შემადგენელ სიტყვებზე. არ უდრის მათ მნიშვნელობათა ჯამს.

3.4 2.4 სამოქალაქო საზოგადოება ინტელექტუალებისათვის

▲back to top


გიგი თევზაძე

ამ ტექსტის სათაურს ჰქვია „სამოქალაქო საზოგადოება ინტელექტუალებისათვის“ მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ამ ტექსტს ეს ჰქვია. ტექსტის სათაურია „სამოქალაქო საზოგადოების სამი ვერსია“. ხოლო რაც შეეხება ტექსტს, მას ეწოდება „სამოქალაქო საზოგადოება - ინსტრუმენტი თუ სტრუქტურა?“. ხოლო თვითონ ტექსტი არის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილი ჩვენს გარემოში“.

ლუის კეროლის აღმნიშვნელის და აღსანიშნის შესახებ ამ ცნობილი პასაჟის პერიფრაზით, მინდა დავიწყო იმ ეიფორიის წინააღმდეგ განცხადებით, რომელიც ამ ბოლო წლებში არის სამოქალაქო საზოგადოების გარშემო, ანუ, ტრადიციის მიხედვით კითხვაში რომ მოვაქციო დასაწყისი, უნდა ვიკითხო: სად არის სამოქალაქო საზოგადოება, ანუ, სად უნდა ვეძებოთ ის, სად უნდა ვიკითხოთ და ვის უნდა ვკითხოთ მის შესახებ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მე მინდა დავიწყო ხუმრობით, ანუ მოვუხმო სამ პასუხს, „Three versiიns of Judas betrayal“: ჰეგელიანურს, სტრუქტურალისტურს და პოსტმოდერნისტულს. ეს სამი ვერსია მოწოდებულია წარმოგვიდგინოს ჩვენი ნათელი მომავალი, ე.წ. Brave World, სამოქალაქო საზოგადოების სივრცეში.

1. პირველი მათგანი არის, როგორც აღვნიშნე, ჰეგელიანური:

„თავიდან“ არსებობს საზოგადოება, რომელიც უუცხოვდება საკუთარ თავს და ქმნის საკუთარ ანტითეზისს, ანუ სახელმწიფოს. ეს თეზისი და ანტითეზისი მუდმივ კონფლიქტში არიან, რაც გამოხატულია მუდმივ დაძაბულობაში და ორივე ელემენტის მხრიდან ერთმანეთის დაქვემდებარება-გაუქმების ინტენციაში.

ეს კონფლიქტი იხსნება და უქმდება სამოქალაქო საზოგადოების შექმნით, რომლის დროსაც სახელმწიფო და საზოგადოება ორგანიზაციულად და ინსტიტუციურად იყოფენ გავლენის და მოქმედების საზღვრებს. სამოქალაქო საზოგადოება თავის თავში ითვისებს პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს, რომელიც არ მონაწილეობს სახელმწიფო მართვის სისტემაში და ამით სახელმწიფოს უქმნის მარადიული არსებობის აუცილებელ საფუძველს.

თეზისის და ანტითეზისის სინთეზით წარმოშობილი ფენომენი წარმოგვიდგება როგორც საზოგადოების დამთხვევა საკუთარ თავთან, ოღონდ უფრო მაღალ საფეხურზე. შეიძლება ითქვას, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოება იხსნება და ნარჩუნდება უფრო მაღალ საფეხურზე, ანუ, საზოგადოების განვითარების ბოლო ეტაპზე საზოგადოება და სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო მმართველობის სისტემა და სამოქალაქო საზოგადოება, ემთხვევა ერთმანეთს.

აქ მთავრდება ისტორია. თეზისი და ანტითეზისი მკაცრად ინსტიტუციონიზირებულები არიან. ისინი აღარ უპირისპირდებიან ერთმანეთს, პირიქით, ისინი განსაზღვრავენ და აპირობებენ ერთმანეთის არსებობას, გვევლინებიან მთლიან და არაწინააღმდეგობრივ ფენომენად.

2. მეორე სტრუქტურალისტური კონსცრუქციაა:

არსებობს ოპოზიცია სახელმწიფო-საზოგადოება, რომელთა უკონფლიქტო არსებობა შეუძლებელია. როგორც კი ხდება მათი რაღაცნაირი დაახლოება, იწყება სოციალური ძვრები, რომლებიც გამოიხატება რევოლუციებში და პერმანენტულ გადატრიალებებში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ XIX საუკუნეში სახელმწიფო თავის თავში შეიცავდა გადატრიალების შესაძლებლობას. ამ ოპოზიციის მოსახსნელად იქმნება (?) მედიაცია - სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც არბილებს ამ ოპოზიციას და ქმნის მათ მაგივრად სახელმწიფო მართვის სისტემას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, გლობალურ სამოქალაქო საზოგადოებას.

0x01 graphic

ოპოზიცია უკვე აღარ არის შეურიგებელი და ელემენტებს შორის შესაძლებელია უმტკივნეულო ინტერაქია. სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ინსტიტუცია, ამ შემთხვევაში გვევლინება რიტუალად რომელიც ამავე დროს მედიაციის მექანიზმია.

შედეგად ვიღებთ შემდეგნაირ კონსტრუქციას: სახელმწიფო, რომელიც ასრულებს რიტუალს, ანუ ბოლომდე ინსტიტუციონიზირდება (შეიძლება ითქვას, კარგავს იდეოლოგიას და იდეოლოგიურობას), გარდაიქმნება სახელმწიფო მართვის სისტემად, ხოლო საზოგადოება, რომელიც ასევე ინსტიტუციონიზირდება, ანუ, თავიდან ბოლომდე გვევლინება რიტუალის შემსრულებლად, გარდაიქმნება გლობალურ რიტუალის შემსრულებლად, ანუ, არის უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფოს საზოგადოება.

ამდენად, მას შემდეგ, რაც რიტუალი დგინდება მედიაციურ მექანიზმად, ურთიერთობა ამ ორ ელემენტს შორის ხდება განსაზღვრული და საერთოდ ქრება რევოლუციების და გადატრიალებების შანსი. იმდენად, რამდენადაც დაშვებელია და ლეგიტიმირებულია ყველა შესაძლებელი რიტუალი. რიტუალის პოტენციური სივრცე ხდება ყველა ადგილი და წერტილი.

სახელმწიფო მართვის სისტემის იერარქიულობა ხდება ნაკლებად მკაცრი, ხოლო გლობალური საზოგადოების - უფრო ხისტი, რადგანაც იქმნება მოქმედებების და ურთიერთობების განსაზღვრული მექანიზმი.

სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება ხდება ერთმანეთისათვის აუცილებელი და მათი არსებობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი ხდება.

3. მესამე, პოსტმოდერნისტული აღწერისათვის მინდა მოვუხმო ჟან ბოდრიარის ერთ მეტაფორას და მასზე დაყრდნობით მოვახდინო ადეკვატური აღწერა. მე ვგულისხმობ ბორხესის რუკის მეტაფორას;

როგორც ბოდრიარი ამბობს, დღევანდელ სამყაროში სახელმწიფოები არსებობენ პუნქტირების სახით, რომლებიც რუკაზეა დატანილი და ლეგიტიმირებულია (უკვე არ არსებული, სიმულირებული) ძალაუფლების მიერ. სახელმწიფოებრიობის თვითშეგნებაც მთლიანად გეომენტალურია, ანუ, განსაზღვრულია პოლიტიკური რუკის გეოგრაფიით.

მაგრამ სახელმწიფო რუკით შემოფარგლულ საზღვრებში არსებობს ინცენცია, რომელიც მიმართულია საფუძველ-რუკის გაუქმებაზე და მოითხოვს საკუთარი რუკის ლეგიტიმაციას. XIX საუკუნეში ეს გამოიხატებოდა საზოგადოების სახელით ძალაუფლების მოპოვების სურვილში, ანუ, არსებობდა ლეგიტიმურობის დადგენის უფლების მოპოვების მოთხოვნა. ჩვენს გარემოში ეს ინტენცია გამოიხატება ეთნოკონფლიქტით, რომელიც ითხოვს რუკაზე ახალი პუნქტირის გავლებას და ანონიმური ძალაუფლებიდან მის მიერ წარდგენილ-წარმოდგენილი რუკის ლეგიტიმაციას. ინტენციის ეს საფეხურები და „განვითარება“ შეიძლება დავახასიათოთ, როგორც სიმულირებულების გრადაციები. თუკი სახელმწიფო, საფუძველ-რუკა, გეო-მენტალურია, ეთნოკონფლიქტის ცნობიერება შეიძლება მთლიანად დავახასიათოთ, როგორც ნატურ-მენტალობა, რომელიც რუკაზე გავლებულ საზღვარს უპირისპირებს ქვას, ხეს, ეკლესიას, ისტორიას, როგორც საკუთარი მოთხოვნების დამტკიცების უტყუარ საშუალებას.

სახლმწიფოსა და საზოგადოების ამ ისტორიული წინააღმდეგობის დასაძლევად საზოგადოებას ენიჭება გეო-მენტალური რუკის სტატუსი. ანუ, ის იქცევა ისეთივე რიგის მოვლენად როგორიც სახელმწიფოა, და მათ შორის „ონტოლოგიური“ კონფლიქტი იხსნება, ანუ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება.

სამოქალაქო საზოგადოება ისეთივე სრულყოფილ კავშირების და ინტერაქციის სისტემას ქმნის, როგორც სახელმწიფო მართვის სისტემა, ანუ, სახელმწიფო რუკა.

ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოება არ ემთხვევა საზღვრებით საფუძველ რუკას: ის ბევრად უფრო გლობალურია, ვიდრე სახელმწიფო და თავისი ბუნებით გულისხმობს ერთიან, მსოფლიო, განუყოფელ სამოქალაქო საზოგადოებას. ასე რომ, მომავალი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მრავალი სახელმწიფოს და ერთი სამოქალაქო საზოგადოების თანაარსებობა რომელშიც სახელმწიფოს აღარაფერი აღარ ემუქრება და განწირულია მარადიულობისათვის.

საზოგადოება საბოლოოდ ინსტიტუციონიზირდება და, შეიძლება ითქვას, სამოქალაქო საზოგადოების „შიგნიდან“ სახელმწიფო არც კი გამოჩნდება.

ამ მესამე აღწერის ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს მხოლოდ ორი რუკა. აქვე ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ კიდევ ერთი რუკა

ეკონომიკური (ფულის), რომელიც უკვე კარგა ხანია არსებობს, როგორც სახელმწიფო რუკიდან დამოკიდებული ერთეული.

რა თქმა უნდა, რუკების ავტონომიურობა არ გამორიცხავს ინდივიდების გადინებას. ეს პროცესი უკვე ხდება და მომავალში ალბათ, კიდევ უფრო დაიხვეწება. ამ გადინების სპეციფიკურობა ისაა, რომ ინდივიდი არასოდეს არ ხვდება პრინციპულად ახალ ინსტიტუციაში და სამყაროში. იგი ყოველთვის არის სიმულირებულში, კარნავალურ გარემოცვაში, ყველგან ხვდება იერარქიულ სისტემებს და ა.შ. რაც მთავარია, ყოველთვის არსებობს დაბრუნების შანსი. ეს კი, სიწყნარის, სიმშვიდის და კეთილდღეობის უეჭველი გარანტიაა.

ამ სამი აღწერის გვერდით შესაძლებელია გავაკეთოთ კიდევ რამდენიმე აღწერა, მაგალითად ექსისტენციური ფილოსოფიის მიხედვით, სადაც ალბათ, საბოლოოდ მივალთ საყოველთაო მან-ურობის დაფუძნებამდე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმეს გაგვირთულებს ყოეელ წამს არაღიარებულებითი მიდგომის გამოცხადების აუცილებლობა. ყოველ შემთხვევაში ეს მეოთხე აღწერაც შესაძლებელია და ალბათ, ბევრი სხვაც.

რაც ზემოთ მოყვანილმა აღწერებმა გვიჩვენეს, ცხადყოფს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის არა ცალკე სტრუქტურა, არამედ უფრო იარაღი, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს შენარჩუნებას და მისი მარადიულობის დადგენას.

სამოქალაქო საზოგადოება მართლაც ემსახურება დაძაბულობის შესუსტება-შეკავებას, მაგრამ, გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ამას და სხვას არაფერს, ამდენად, სამოქალაქო საზოგადოებას არა აქვს არც ეთიკური, და არც ფილოსოფიური პერსპექტივები. თუმცა, შეიძლება ჰქონდეს, და ალბათ აქვს კიდეც, როგორც ყველა იარაღს, ესთეტიკური პერსპექტივა;

ანუ, ის შეიძლება გახდეს გრძნობადი დაკმაყოფილების წყარო ყველასათვის (რაც არ შეეძლო ტრადიციულ სახელმწიფოს, მისი ყველასათვის მიუწვდომლობის და ძალაუფლების დელეგირების სივრცის შეზღუდულობის გამო), მაგრამ, ისევე როგორც ტრადიციული სახელმწიფოს შემთხვევაში, საზღვრების (რაც სამოქალაქო საზოგადოებაში შეუდარებლად უფრო ფართოა) გადასვლა და დარღვევა ისევე მკაცრად დაისჯება, მაგრამ ეს რეპრესია შეეხება მხოლოდ პიროვნებებს, რომლებიც ვერასოდეს ვერ შექმნიან სერიოზულ საფრთხეს (ჩამთრევი და ყველა ინსტიტუციონალური წარმოშობის ფენომენის შემწოვი მექანიზმის გამო, რომელიც აქვს სამოქალაქო საზოგადოებას).

მაგრამ ამ ვითარებას, მომავლის ამ გლობალურ შემთხვევას შეიძლება „დადებითი შედეგიც“ ჰქონდეს: ისევე როგორც სახელმწიფო რუკა სამოქალაქო საზოგადოების რუკის „ქვეშ“ იმალება და არ ჩანს, ასევე იმალება და ქრება კონკრეტული პიროვნება რეპრეზენტაციების და რეპრეზენტატორთა დიალოგების სიმრავლეში. ეს კი, შესაძლებელია, ავტორის, ძალაუფლების და სახიფათო შემთხვევების დაბრუნების სერიოზული გარანტია აღმოჩნდეს. დაბრუნების, რომელიც აღარ ჩავარდება რეპრეზენტაციულ წრეში იმის გამო, რომ რეპრეზენტაცია იქნება ის ერთადერთი, რომელსაც დაბრუნება, სინამდვილეში კი აღმოჩენა და თავიდან გამოგონება დაუპირისპირდება.

4 თავი მესამე - სამოქალაქო საზოგადოების კანონმდებლობა

▲back to top


3.1 საქართველოს კონსტიტუცია - სამოქალაქო საზოგადოების შექმნის საფუძველი

3.2 სამოქალაქო კოდექსი

4.1 3.1 საქართველოს კონსტიტუცია - სამოქალაქო საზოგადოების შექმნის საფუძველი

▲back to top


ვახტანგ ხმალაძე

სამოქალაქო საზოგადოების შექმნის ამოცანა განსაკუთრებით მწვავედ პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში დგას. ამის უმთავრესი მიზეზი თავისი განვითარების გზაზე იძულებით შეჩერებული საზოგადოების თვითშეგნებაა, საზოგადოებისა, რომლის თავისუფალ განვითარებასაც ათწლეულების განმავლობაში აბრკოლებდა კომუნისტური იდეოლოგია და ტოტალიტარული რეჟიმი. ადამიანებს ჩამორთმეული ჰქონდათ თანდაყოლილი უფლებანი და თავისუფლებანი - აზრის, სინდისისა და სიტყვის თავისუფლება, საკუთრების უფლება, გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება; საზოგადოებრივ ურთიერთობებს აწესრიგებდნენ არადემოკრატიული კანონები და ეს კანონებიც კი არ სრულდებოდა.

ცხადია, ასეთი მდგომარეობა სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების შექმნისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არსებობს ევოლუციის ხელშემშლელი სხვა ფაქტორები - პოლიტიკური არასტაბილურობა (რომელიც, როგორც წესი, გარედანაა პროვოცირებული), მოშლილი ეკონომიკა, ძველი ბიუროკრატიული აპარატის „უკვდავობა“ (რომელსაც არ შეუძლია, ხშირად კი არც უნდა ახალი პრინციპების შესაბამისად მართვა). ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კი ასეთი ფაქტორების სრული სპექტრია წარმოდგნილი.

საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლას ათწლეულები სჭირდება და იმისათვის, რომ განვითარება სწორი გზით წავიდეს, აუცილებელია განისაზღვროს სახელმწიფოს მიზანი, ძირითადი ღირებულებანი, რომელთაც აღიარებს და იცავს სახელმწიფო, სახელმწიფოში მოქმედი ძირითადი „თამაშის წესები“ და ყოველივე ეს კანონით უნდა განისაზღვროს. სახელმწიფოსთვის ასეთი კანონია მისი კონსტიტუცია. ყველა სხვა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნის მიღწევას, კანონები საზოგადოების განვითარების დონეს უნდა შეესაბამებოდნენ და უნდა ვითარდებოდნენ საზოგადოების ევოლუციასთან. ერთად იმავდროულად, ყველა კანონი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის არსს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რაოდენ მნიშვნელოვანი როლის შესრულება აკისრია საქართველოს კონსტიტუციას სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესში - კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების სტრატეგიას, მის მიზანსა და ძირითად ღირებულებებს, ხელისუფლების მოწყობისა და საქმიანობის პრინციპებს.

ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევის პირველი მცდელობა თითქმის ოთხმოცი წლის წინ მოხდა - 192l, წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია, დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუცია. მას საფუძვლად დაედო კაცობრიობის მოწინავე ნაწილის მიერ აღიარებული პრინციპები, პრინციპები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო სამართლის საფუძვლად იქცა. კონსტიტუცია თითქმის ყველა იმ დებულებას შეიცავდა, რომლებიც დღეს უკვე „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითაა“ დადგენილი, რითაც მან შექმნა, დღევანდელი ტერმინოლოგიით, სამოქალაქო საზოგადოების შექმნის წინაპირობა, მაგრამ ამ კონსტიტუციას ბედად არ ერგო თავისი მისიის შესრულება - კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში და დაიპყრეს იგი, რაც დასრულდა საქართველოს ფაქტობრივი ანექსიით. ასე შეწყდა და შეწყდა რამდენიმე ათეული წლით, საქართველოს თავისუფალი განვითარების პროცესი.

თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოში, ისევე როგორც მთელს საბჭოთა კავშირში, დემოკრატიისთვის „დიდი ღამე“ იდგა. მხოლოდ ოთხმოციანი წლების ბოლოს დაიწყო „გარდაქმნად“ წოდებული პროცესი და ორიოდე წელიწადში იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვებით დასრულდა - 1990 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდა პირველი (ანექსიის შემდგომ) თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნები, რომელიც მოიგეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის რადიკალური ფრთის წარმომადგენლებმა. ახლადარჩეულმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტს ჩატარებელი რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, გამოაცხადა საქართველოს სახელმიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამას ბიძგი უნდა მიეცა არსებითი კონსტიტუციური გარდაქმნებისთვის, მაგრამ, ერთი მხრივ, საქართველოში და მის გარშემო არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ, მეორე მხრივ კი იმან, რომ არჩევნებში გამარჯვებული გუნდი თავისი ცნობიერებით მოუმზადებელი აღმოჩნდა სრულმასშტაბიანი დემოკრატიული ცვლილებებისთვის, გამოიწვია ის, რომ არსებითად ხელუხლებელი დარჩა თავისი არსით კომუნისტური ეკონომიკური და სახელმწიფო ხელისუფლების სისტემები.

9991 წლისა და 1992 წლის მიჯნაზე განხორციელებული სამხედრო გადატრიალების შემდგომ ხელისუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც გამოაცხადა 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენა. მაგრამ მას რეალურად არ უმოქმედია და ვერც იმოქმედებდა, ვინაიდან მის ასამოქმედებლად აუცილებელი იყო ძირეული სამართლებრივი რეფორმის ჩატარება. ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა 1992 წლის ნოემბრამდე, როდესაც ახლადარჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ“. ამ კანონმა ახლებურად მოაწესრიგა ხელისუფლების უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოთა სტრუქტურა და უფლებამოსილება1, მაგრამ არ შეხებია სასამართლო ხელისუფლებას, არაფერი უთქვამს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზოგიერთი სხვა საკითხის შესახებ.

1993 წლის მარტიდან მუშაობა დაიწყო 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მოსამზადებლად. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კონსტიტუცია. რომელიც მთელი მოცულობით ამოქმედდა იმავე წლის 25 ნოემბრიდან.

ვნახოთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი კონსტიცუცია ზემოთ დასახულ მიზნებს2. უპირველეს ყოელისა უნდა აღინიშნოს. რომ კონსტიტუცია გამსჭვალულია თავისუფლებისა და თანასწორობის სულისკვეთებით:

  • „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის3 წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა. საცხოვრებელი ადგილისა“ (მუხლი 14).

  • საქართველოს მოქალაქენი თანასწორი არიან სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მათი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად მათ უფლება აქვთ თავისუფლად, ყოველგვარი დისკრიმინაციისა და ჩარევის გარეშე განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოერებაში და საჯაროდ“ (მეხლი 38.1).

  • საქართველოს კონსტიტუციამ დააკანონა ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი საერთაშორისო სამართლის ნორმათა შესაბამისად. მაგრამ ამით არ შემოიფარგლა -

  • საქართეელოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“ (მუხლი 39).

დიდი მნიშვნელობა აქვს მე-7 მუხლს რომელმაც განსაზღვრა სახელმწიფოს ვალდებელება და იმავდროულად შეზღუდა როგორც სახელმწიფოს, ასევე ხალხის შესაძლო მოქმედების არე:

  • „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებელებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით“.

  • ნარკვევის მოცულობა საშუალებას არ გვაძლევს, გავაანალიზოთ ყველა საკითხი. ამიტომ ყურადღებას შევაჩერებთ იმ დებულებებზე, რომლებიც ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. რომელთა არსებობაცა და განხორციელებაც აუცილებელი პირობაა სხვა უფლებათა და თავისუფლებათა განსახორციელებლად; ზოგიერთ დებულებას უცვლელად მოვიყვანთ, ზოგიერთისას კი მხოლოდ შინაარსს გადმოვცემთ: კონსტიტუცია კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევასა და ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქის გაძევებას (მუხლი 13).

  • კონსტიტუცია იძლევა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების გარანტიას; კრძალავს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მის იძულებას გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ; იძლევა ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლების გარანტიას და კრძალავს შემოქმედებითი საქმიანობის ცენზურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დაუშვებელია სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს, შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და გავრცელების აკრძალვა, თუ მისი გავრცელება არ ლახავს სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს (მუხლები 19 და 23). ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ეს თავისუფლებანი არ არის აბსოლუტური - ერთის თავისუფლება მთავრდება იმ მიჯნასთან, რომლის გადალახვის შემდეგაც ილახება მეორის თავისუფლება. ამ მიჯნას კი საზოგადოების განვითარების დონე განსაზღვრავს.

  • ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, კონსტიტუცია აძლევს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას (მუხლი 22)|.

  • „მუხლი 24

1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.

2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.

3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება...“.

ამ დებულებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ღია საზოგადოების დამკვიდრებისთვის, მით უფრო კომუნისტური რეჟიმიდან გამოსული ქვეყნისთვის, რომელშიც თითქმის ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. ინფორმაციის თავისუფლების გარეშე შეუძლებელია არა მარტო საზოგადოების განვითარება, არამედ ისეთ მოვლენებთან ბრძოლა, როგორიცაა ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და კორუფცია.

1. კონსტიტუცია ყველას (გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში) აძლევს უფლებას, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ და დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობის დაკანონებას, ისიც იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას უფლება არა აქვს აკრძალოს შეკრება ან მანიფესტაცია; მას შეუძლია მხოლოდ მისი შეწყვეტა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო (მუხლი 25)4. „მუხლი 261. ყველას აქვს საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის პროფესიული კავშირების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება.

2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

4. დაუშვებელია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნა.

5. პირი, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო ძალების, სახელმწიფო უშიშროების ან შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში, გამწესდება მოსამართლედ, პროკურორად, წყვეტს პოლიტიკური გაერთიანების წევრობას.

6. საზოგადოებრივ და პოლტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“.6

მე-5 პუნქტით დაწესებულმა შეზღუდვამ უნდა უზრუნველყოს ე.წ. სამართალდამცავი ორგანოებისა და ქვეყნის თავდაცვის ძალების დამოუკიდებლობა პოლიტიკური პარტიების ზემოქმედებისაგან.

  • „მუხლი 28

1. საქართეეღოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.

2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“.

  • „მუხლი 35

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

3. სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო, დაწყებითი განათლება სავალდებულოა, სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას, მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრლ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.

4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით“.

  • „მუხლი 41

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას.

2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

„საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაეშუვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. კონსტიტუცია დასაშვებად მიიჩნვეს ამ უფებათა შეზღუდვას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. რაც შეეხება საკუთრების ჩამორთმევას, იგი დაუშვებელია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში და მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, ოღონდ ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას (მუხლი 21).7

„მუხლი 301. შრომა თავისუფალია.

2. სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით....“

ამრიგად, კონსტიტუცია კრძალავს იძულებით შრომას. იგი არა მარტო კრძალავს მონოპოლიურ საქმიანობასა და თავისუფალი მეწარმეობის შეზღუდვას, არამედ ავალდებულებს სახელმწიფოს, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას.

თუ გადავხედავთ კონსტიტუციის მე-2 თავს, შევამჩნევთ, რომ კონსტიტუცია უშვებს ადამიანის ზოგიერთი უფლებისა და თავისუფლების შეზღუდვას კანონით, ზოგიერთისას - ორგანული კანონით, ზოგიერთის შეზღუდვა კი საერთოდ აკრძალულია. გამონაკლისია საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პერიოდი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს უფლება ეძლევა დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით განსაზღვრული უფლებანი და თავისუფლებანი. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი იგი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა დეკრეტი პარლამენტში შეიტანოს დასამტკიცებლად და თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 1996 წლის კანონის თანახმად, დეკრეტი გაუქმებულად ჩაითვლება.8

კონსტიტუციის თანახმად, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტი სასამართლო ხელისუფლებაა, რომელიც „ხორციელდება საკონსტიტუციო კონტროლის, მართლმსაჯულების და კანონით დადგენილი სხვა ფორმების მეშვეობით“ (მუხლი 82). მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, ხოლო საკონსტიტუციო კონტროლს - საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიულ აქტების კონსტიტუციურობას ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებთან და თავისუფლებებთან შესაბამისობის თვალსაზრისით (მუხლი 89). კონსტიტუცია ყოველ ადამიანს ანიჭებს უფლებას, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს (მუხლი 42).

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად კონსტიცუციით დაწესდა სრულიად ახალი ინსტიტუცია - სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) ინსტიტუცია:

  • „მუხლი 43

1. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელსაც 5 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

2. სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტები, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებსა და პირებს. სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით...“

„სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულმა კანონმა ზუსტად განსაზღვრა სახალხო დამცველის უფლებამოსილება; იგი საკმაოდ ფართოა. სახალხო დამცველისთვის არ არსებობს დახშული კარი და დახურული ინფორმაცია, თუნდაც იგი სახელმწიფო საიდუმლოებას იყოს მიკუთვნებული, თუ საქმე ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება. ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ყველა ორგანო, ყველა დაწესებულება, ორგანიზაცია და წარმოება, ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დასაბუთებული პასუხი მისცეს მას. სახალხო დამცველი უფლებამოსილია განიხილოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან; უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც მოქალაქის ინფორმაციის საფუძველზე (რომელიც შეიძლება ანონიმურიც კი იყოს), ასევე საკუთარი ინიციატივით; ვალდებულია ყოველწლიურად წარუდგინოს პარლამენტს მოხსენება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ - მოხსენებაში მითითებული უნდა იყონ ის სუბიექტები, რომლებმაც არ შეასრულეს სახალხო დამცველის რეკომენდაციები. სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად მას ირჩევენ 5 წლის ვადით და თანამდებობიდან მისი განთავისუფლება შეიძლება მხოლოდ იმპიჩმენტის წესით; იგი თავად ნიშნავს თავის მოადგილესა და აპარატის თანამშრომლებს და შეუძლია დროებით მიანიჭოს მათ თავისი უფლებამოსილების ნაწილი.

სამოქალაქო საზოგადოების არსებობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად ზუსტადაა დაცული ხელისფლების დაყოფისა და ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებათა კონტროლისა და გაწონასწორების პრინციპები. „საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“ (მუხლი 1.2), ხოლო მმართველობის ფორმა - პრეზიდენტული რესპუბლიკა. კონსტიტუციამ მკაფიოდ გამიჯნა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებანი.

საკანონმდებლო ხელისუფლების განხორციელება პარლამენტის განსაკუთრებული უფლებამოსილებაა (საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ შეყოვნებითი ვეტოს დადების უფლება აქვს), იმავდროულად „იგი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას“ (მუხლი 48). პარლამენტი წყვეტს ომისა და ზავის, საგანგებო და საომარ მდგომარეობის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის საკითხებს; პარლამენტი ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირებას, დენონსირებასა და გაუქმებას, თანხმობას აძლევს პრეზიდენტს მინისტრების, ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნაზე; პარლამენტი უფლებამოსილია იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენოს საქართველოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მინისტრები, გენერალური პროკურორი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები.

აღმასრულებელ ხელისუფლებას თავში უდგას საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. იგი „წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად“ (მუხლი 69). პრეზიდენტი არის საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში და მისი სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. პრეზიდენტს მინიჭებული აქვს მნიშვნელოვანი დისკრეციული უფლებები, მაგრამ მას არა აქვს პარლამენტის ვადამდე დათხოვის უფლება. პრეზიდენტს, მინისტრებს, სხვა სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელებს უფლება აქვთ კონსტიცუციისა და კანონის საფუძველზე გამოსცენ ქვეკანონური ნორმატიული აქტები („ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონი აზუსტებს ამ უფლებამოსილებას - „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა (მიღება) შეიძლება მხოლოდ -საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით... საქართველოს პრეზიდენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებულებას იმ შემთხვევაშიც, თუ საკანონმდებლო აქტით შესაბამისი საკითხი არ არის მოწესრიგებული“9).

სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრებისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ქმედითობის ხარისხს. ამის საფუძველი კონსტიტუციამ შექმნა (თავი მეხუთე):

„სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები“. „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“. „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით“ „არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე“. „ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას“. „სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“. „მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე.10 გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს“. „სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას“. „სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ“. „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი დამოკიდებულია მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადაზეც. მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად გამწესება კი - 10 წლის ვადით და მხოლოდ ერთხელ, საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნაში, ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით მონაწილებს ხელისუფლების სამივე განშტოება - მისი 9 წევრიდან სამს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, სამ-სამს კი ნიშნავენ საქართველოს პრეზიდენტი და უზენაესი სასამართლო.

აღსანიშნავია კონტროლისა და გაწონასწორების სისტემის ერთი მნიშვნელოვანი მხარე. პარლამენტს უფლება არა აქვს გააუქმოს ხელისუფლების სხვა ორგანოთა და თვითმმართველობის ორგანოთა ნორმატიული აქტები და გადაწყვეტილებანი, პრეზიდენტი უფლებამოსილია გააუქმოს მხოლოდ მისდამი ანგარიშვალდებული აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა აქტები. მხოლოდ სასამართლოს აქვს მინიჭებული სრული უფლებამოსილება ამ სფეროში. კერძოდ, კონსტიტუციასთან კანონისა და პრეზიდენტის, აფხაზეთის, აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც წყვეტს აგრეთვე დავას სახელმწიფო ორგანოთა შორის კომპეტენციის თაობაზე; დავას, რომელიც დაკავშირებულია რეფერენდუმისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხთან; წყვეტს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხს და უფლებამოსილია გადაწყვიტოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი, თუ ისინი ეხებიან მოქალაქეობასა და ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს (ეს უკანასკნელი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას): „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“. მეტ-ნაკლებად სრული სურათის შესაქმნელად ისიც აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციობას უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც „არის ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი“ (მუხლი 95). მისი უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომლის წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით შვიდი წლის ვადით ირჩევს პარლამენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით საბჭოს წევრთაგან ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი (მუხლი 96). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ხელისუფლების არც ერთ განშტოებას არ მიეკუთვნება, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი აკისრია კონტროლისა და გაწონასწორების სისტემაში, არის საქართველოს კონტროლის პალატა, რომელიც ზედამხედველობს „სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას“ (მუხლი 97). კონტროლის პალატის თავმჯდომარეს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 5 წლის ვადით ნიშნავს პარლამენტი. ეროვნული ბანკი და კონტროლის პალატა დამოუკიდებელნი არიან თავის საქმიანობაში და ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, ხოლო კონტროლის პალატა ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კონსტიტუციამ შექმნა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი. ახლა ყველაფერი ხელისუფლებასა და, უპირველეს ყოვლისა, ხალხზე - „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროზეა“ (მუხლი 5) დამოკიდებული. ეს კი მეტად ხანგრძლივი და მძიმე პროცესია.

__________________

1. ამ კანონით დადგენილი ხელისუფლების მოდელი პარლამენტური რესპუბლიკის ბევრ ელემენტს შეიცავდა, მაგრამ საკმაოდ ეკლექტიკური იყო.

2. ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუცია არ შეიცავს მეტად მნიშვნელოვან ნაწილს - განსაზღვრული არ არის ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა და ადგილობრივი თვითთმართველობის საკითხები. ამის მიზეზი იყო, ერთი მხრივ, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და, მეორე მხრივ, ამ საკითხთა გადაწყვეტისადმი პოლიტიკურ ძალთა მკვეთრად განსხვავებული მიდგომა.

3. აქ სიტყვა „კანონი“ გამოყენებულია ფართო გაგებით - იგი გულისხმობს კონსტიტუციასაც, კანონსაც და სხვა ნებისმიერ ნორმატიულ აქტსაც.

4. ამ უფლების განხორციელება უზრუნველყო 1996 წლის კანონმა, რომელმაც გააუქმა ე.წ. საპასპორტო რეჟიმი და მის ნაცვლად დააწესა რეგისტრაცია, რისთვისაც საკმარისია ადამიანის სურვილი და საცხოვრებელი ადგილის არსებობა (საკუთრება ან მფლობელის თანხმობა).

5. ნიშანდობლივია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის შემუშავების ისტორია, რომელიც პარლამენტმა 1997 წელს მიიღო. აღმასრულებელ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი დიდი სურვილისა, მაქსიმალურად შეეზღუდა შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობა, კონსტიტუციამ არ მისცა ამის საშუალება და პარლამენტისთვის მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით, არსებითად შეიცვალა.

6. ამ მუხლის შესაბამისად 1997 წელს მიღებული ორგანული კანონებით განისაზღვრა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაარღვევს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე მოთხოვნას; საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებით: შეჩერება - თუ არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, აკრძალვა - თუ დაარღვია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული რომელიმე მოთხოვნა ან საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლა საქმიანობა.

7. 1997 წელს მიღებული ორგანული კანონით განისაზღვრა, რომ „გადაუდებელ აუცილებლობას განეკუთვნება ვითარება, რომლის დროსაც ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიის, ეპიზოოტიის გამო საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უშიშროებას. გადაწყვეტილებას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულება ან ადგილობრივი მმართველობის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება საკუთრების ობიექტი. საკუთრების ობიექტის საფასური, საბაზრო ფასით, მესაკუთრეს მიეცემა საკუთრების ჩამორთმევამდე. საკუთრების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

8. უნდა აღინიშნოს, რომ 1996 წლის კანონით პარლამენტს გადაწყვეტილება 48 საათში უნდა მიეღო. 1997 წელს კი კანონში შევიდა შესწორება, რომლითაც ეს შეზღუდვა მოიხსნა. ასეთი მდგომარეობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას, ვინაიდან დეკრეტის დამტკიცებას პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, კენჭისყრაზე მისი დამტკიცების დასმას კი - დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობა, დეკრეტს კენჭი საერთოდ არ ეყრება და იგი დაუმტკიცებლად იმოქმედებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე.

9. ეს უკანასკნელი წინადადება იძულებითი ნაბიჯია, რომლის გადადგმაც გამოიწვია არსებულმა მდგომარეობამ - თეთრმა ლაქებმა კანონმდებლობაში და რიგ შემთხვევებში ნორმათა სწრაფად დადგენის აუცილებლობამ.

10. თუ საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, ასეთ ქმედებაზე თანხმობა უნდა განაცხადოს თვით საკონსტიტუციო სასამართლომ, ხოლო თუ ეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის წევრს, - საქართველოს პარლამენტმა.

4.2 3.2 სამოქალაქო კოდექსი

▲back to top


ოთარ ზოიძე

1997 წლის 25 ნოემბრიდან ადმოქმედდა ახალი სამოქალაქო კოდექსი. კოდექსის 1505.9 მუხლით გაუქმდა მანამდე მოქმედი კანონი მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ. აღნიშნული კანონი შეიცვალა სამოქალაქო კოდექსის 30-49-ე მუხლებით; საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი ახლებურადაა დარეგულირებული. ამ სიახლეთა გათვალისწინება სავალდებულოა ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციისთვის.

1. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ზოგადი სტატუსი

სამოქალაქო კოდექსი იურიდიულ პირებს ორ ჯგუფად ყოფს: 1. კომერციული იურიდიული პირები; 2. არაკომერციული იურიდიული პირები. საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიეკუთვნება არაკომერციულ იურიდიულ პირებს. აღნიშნული ორი ჯგუფის იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსის განმასხვავებელი ნიშანია მისი საქმიანობის მიზანი; მსგავსად კომერციულისა, არაკომერციული იურიდიული პირიც შეიძლება ეწეოდეს კომერციულ საქმიანობას, მაგრამ კომერციულისაგან განსხვავებით, არაკომერციული იურიდიული პირისათვის ამგვარი საქმიანობა (მოგების მიღება) არის არა მიზანი, არამედ საშუალება თავისი ერთადერთი მიზნის მისაღწევად; „სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება საერთო მიზანს, არ ცვლის არაკომერციული იურიდიული პირის ხასიათს“ (მ. 30). არაკომერციული იურიდიული პირებისთვის კომერციული საქმიანობის დამხმარე ხასიათიდან გამომდინარეობს მეორე განმასხვავებელი ნიშანი კომერციული და არაკომერციული იურიდიულ პირებს შორის, კერძოდ, განსხვავებით კომერციული იურიდიული პირებისაგან, არაკომერციული პირებისთვის კომერციული საქმიანობით. მიღებული მოგების განაწილება კავშირის წევრებს და ფონდის შემომწირველებს შორის დაუშვებელია (მ. 30), ანუ კომერციული იურიდიული პირების დაფუძნების მიზანია დამფუძნებელთა მიერ მოგების მიღება, ხოლო არაკომერციული იურიდიული პირების დამფუძნებელთა მიზანია მოგების წარმართვა წესდებით განსაზღვრული სხვა მიზნის მისაღწევად.

აღნიშნული განსხვავების გამო სხვადასხვაგვარია კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად, რეგისტრაციის წესიც; კომერციულ იურიდიულ პირთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეგისტრაციის წესი დადგენილია მეწარმეთა შესახებ კანონით, ხოლო არაკომერციულისა - სამოქალაქო კოდექსით.

სამოქალაქო კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მეწარმეთა შესახებ კანონის 1.1 მუხლის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად“. აღნიშნული განმარტებიდან არ გამომდინარეობს, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ეკრძალებათ კომერციული საქმიანობა; მათ უფლება აქვთ, ეწეოდნენ ამგვარ საქმიანობას, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს დამხმარე ხასიათი, ანუ კომერციული საქმიანობით მიღებული მოგება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წესდებით დადგენილი მიზნის მიღწევას;

სამოქალაქო კოდექსი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ორ ჯგუფად ყოფს - კავშირებად და ფონდებად. ამგვარი დაყოფა კოდექსის მნიშვნელოვანი სიახლეა; სიახლეა ისიც, რომ კოდექსი იმპერატიულად ადგენს: არაკომერციული იურიდიული პირი (საზოგადოებრივი ორგანიზაცია) შეიძლება არსებობდეს მხოლოდ კავშირის (ასოციაციის) ან ფონდის სახით.

კავშირი

ცნება კავშირის განმარტება მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 30.2-ე მუხლში: კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც.

ამ განმარტებიდან შეიძლება გამოვყოთ კავშირის დამახასიათებელი ნიშნები: ა) კავშირი არის იურიდიული პირი; ბ) კავშირს აქვს საერთო მიზანი, რომელსაც განსაზღვრავენ დამფუძნებლები კავშირის წესდებით; გ) კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან; დ) კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებლის არსებობა მაინც;

კავშირი ზოგადი (კრებითი) სახელია იმ საზოგადოებრივი გაერთიანებებისა, რომლებიც მოქმედებენ ასოციაციების, ცენტრების, კლუბების, ინსტიტუტების, აკადემიებისა თუ სხვათა სახით.

დაფუძნება, როგორც ზემოთ აღინიშნა, კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია მინიმუმ ხუთი დამფუძნებელი პირის არსებობა; კავშირის დაფუძნება არის მრავალმხრივი გარიგება; ამდენად, აუცილებელია დამფუძნებელთა ნება თანახვედრი იყოს, ე.ი. დამფუძნებლებს ჰქონდეთ მკაფიოდ განსაზღვრული საერთო მიზანი; მიზანი აისახება კავშირის წესდებაში, რომლის არსებობა კოდექსის შესაბამისად სავალდებულოა (წესდების გარდა დამფუძნებლებმა შეიძლება დადონ დამფუძნებელი ხელშეკრულებაც, მაგრამ მისი არსებობა სავალდებულო არაა);

წესდება კავშირის ძირითადი დოკუმენტია, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 32.1 მუხლის შესაბამისად, უნდა განსაზღვრავდეს კავშირის ორგანიზაციასა და სტრუქტურას. კოდექსი ადგენს წესდების სავალდებულო და ფაკულტატურ რეკვიზიტებს; კავშირის წესდების სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) საქმიანობის მიზანი; ბ) სახელწოდება; გ) ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი); დ) ქონების ლიკვიდაციისა და განაწილების წესი; ე) დამფუძნებელთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია, საცხოვრებელი ადგილი; ვ) კავშირის მმართველი ორგანოს - გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყეეტილებების მიღების წესი; ზ) კავშირის წევრთა უფლებამოსილება;

კავშირის წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც (ფაკულტატური რეკვიზიტები): ა) მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოების ფუნქციები; ბ) კავშირის წევრთა კრების უფლებამოსილება.

მოკლედ დავახასიათებთ წესდების სავალდებულო რეკვიზიტებს.

ა) საქმიანობის მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ სამართალს, აღიარებულ სამართლებრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს; ბ) სამოქალაქო კოდექსის 26.1-ე მუხლის შესაბამისად, კავშირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; კავშირის სახელწოდებაში ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის აღნიშვნა სავალდებულოა, მაგ: რეგისტრირებული კავშირი „განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი“; გ) კოდექსის 27.1-ე მუხლის შესაბამისად, კავშირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი; მას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი); სხვა ადგილსამყოფელი ჩაითვლება ფილიალის ადგილსამყოფელად.

წესდებას ხელს უნდა აწერდეს ყველა დამფუძნებელი; სავალდებულოა წესდების სანოტარო წესით დამოწმება.

რეგისტრაცია. კავშირი იურიდიული პირის უფლებას მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ იძენს. კავშირის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოში. რეგისტრაციისათვის სავალდებულოა წესდება და განცხადება; განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კავშირის სახელწოდება; ბ) იურიდიული მისამართი; გ) საქმიანობის მიზანი; დ) წესდების მიღების თარიღი; ე) დამფუძნებელთა ვინაობა; ვ) გამგეობის წევრთა ვინაობა; ზ) გამგეობის წევრთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილმების შესაძლო შეზღუდვა.

განცხადებას ხელი უნდა მოაწეროს ყველა დამფუძნებელმა და გამგეობის ყველა წევრმა; მსგავსად წესდებისა, განცხადება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

სასამართლო ვალდებულია კავშირის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ერთი თვის ვადაში განცხადების წარდგენის დღიდან. თუ ამ ვადაში სასამართლომ არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღო (დადებითი ან უარყოფითი), რეგისტრაცია განხორციელებულად ითვლება, ანუ კავშირის დამფუძნებლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ კავშირის სავალდებულო რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლოს უფლება აქეს, უარი თქვას კავშირის რეგისტრაციაზე. უარი უნდა დასაბუთდეს და ითვლისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობას. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო წესით.

კავშირის სარეგისტრაციო მონაცემები შეიტანება რეესტრში და იგი ექვემდებარება გამოქვეყნებას. ეს წესი კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს რეესტრის ჩანაწერებს და მოითხოვოს წერილობითი ამონაწერები.

კავშირის გამგეობა ვალდებულია სასამართლოს სარეგისტრაციოდ წარუდგინოს ყოველი ცვლილება; რომელიც შევიდა წესდებაში ან რომელიც შეეხო გამგეობის შემადგენლობას (შეიცვალა გამგეობის რომელიმე წევრი); ცვლილებები მოწმდება სანოტარო წესით.

მმართველობის ორგანოები. კოდექსი ადგენს კავშირის მმართველობის სავალდებულო და ფაკულტატურ ორგანოებს. სავალდებულო ორგანოებს მიეკუთვნება საერთო კრება და გამგეობა, ხოლო ფაკულტაკურს - კომისიები ან სხვა საკონსულტაციო ორგანოები.

საერთო კრება. კავშირის მმართველობის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება. კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა კრების წელიწადში ერთხელ მაინც მოწვევა; წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კრების მოწვევას უფრო მეტი სიხშირით; ამავე დროს, კოდექსი ითვალისწინებს რიგგარეშე კრების მოწვევის ორ შემთხვევას: ა) როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს; ბ) როცა კრების მოწვევას წერილობით ითხოვს კავშირის წევრთა ერთი მეათედი; ამ უკანასკნელ შემთხვევაში აუცილებელია კრების დღის წესრიგის მითითება. კრების მოწვევა ევალება გამგეობას გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება კავშირის წევრთა ერთი მეათედის ინიციატივითაა მოწვეული;

კოდექსი იმპერატიულად ადგენს კრების მოწვევის პროცედურას; კრების მოწვევის შესახებ კავშირის ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით ან მოწვევა უნდა გამოცხადდეს ბეჭდვით ორგანოში კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც. ყველა შემთხეევაში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს კრების დღის წესრიგი; გამოცხადებულ დღის წესრიგში არშეტანილ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა.

კოდექსის 41.5-ე მუხლი განსაზღვრავს საერთო კრების კომპეტენციას. კრებას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში (მაგ. წარმომადგენლობის უფლებამოსილება), რომელიც კოდექსის შესაბამისად მხოლოდ გამგეობის პრეროგატივაა და მისი წესდებით შეცვლა დაუშვებელია.

კოდექსი არ იძლევა საერთო კრების უფლებამოსილებათა სანიმუშო ჩამონათვალს; ეს უფლებამოსილება უნდა დადგინდეს კავშირის წესდებით (გამგეობის არჩევა, კონტროლი გამგეობის საქმიანობაზე და ა.შ.)

კოდექსი იმპერატიულად განსაზღვრავს საერთო კრებაზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურასაც, კერძოდ: გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით; წესდების შეცვლას სჭირდება ხმათა ორი მესამედი, ხოლო კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს კავშირის ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს.

აღსანიშნავია, რომ კოდექსი უშვებს კრების მუშაობაში დაუსწრებლად მონაწილეობის შესაძლებლობას. ამისათვის საჭიროა წერილობითი თანხმობა; ამგვარი წევრები უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

გამგეობა. გამგეობა კავშირის სავალდებულო ორგანოა. იგი არჩეულ უნდა იქნეს კავშირის დაფუძნებისთანავე, რადგან გამგეობის შემადგენლობის არსებობა რეგისტრაციის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

გამგეობას ირჩევს წევრთა საერთო კრება. კოდექსის 40.1 მუხლის შესაბამისად, გამგეობის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, მაგრამ ეს ნორმა არ არის იმპერატიული, რადგან დაშვებული წესდებით გამგეობის უფლებამოსილების სხვა ვადა განისაზღვროს. ყველა შემთხვევაში გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე.

სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს გამგეობის წევრთა მინიმალურ და მაქსიმალურ რაოდენობას და ამ საკითხს წესდების გადასაწყვეტად ტოვებს. თუ კრება ვერ აირჩევს გამგეობის წევრთა იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც წესდებითაა დადგენილი, ახალი კრების მოწვევამდე გამგეობის წევრებს ირჩევს სასამართლო კავშირის წევრებისაგან. საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს კავშირის კრება. აქვე აღვნიშნავთ, რომ კრება უფლებამოსილია გამგეობა დააკომპლექტოს როგორც კავშირის წევრებისაგან, ისე გარეშე პირთაგან.

კრება უფლებამოსილია გამგეობის წევრი ნებისმიერ დროს გაიწვიოს. გამოწვევის მიზეზს კოდექსი უკავშირებს „მნიშენელოვანი საფუძვლის არსებობას“; თუ რა ჩაითვლება მნიშვნელოვან საფუძვლად, განსაზღვრავს საერთო კრება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

კოდექსი დეტალურად არ არეგულირებს გამგეობის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებს. კოდექსის 36-38-ე მუხლებით განსაზღვრულია მხოლოდ გამგეობის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება, რომლის შეცვლა დაუშვებელია წესდებით ან კრების გადაწყვეტილებით. კოდექსის შესაბამისად, გამგეობის წევრებს აქეთ კავშირის ხელმძღვანელობის უფლება, რაც, ამავე დროს, მათი ვალდებულებაცაა. წესდებით უნდა დადგინდეს, გამგეობის წევრები ერთპიროვნულად უძღვებიან საქმეებს, თუ ერთობლივად. წესდებითვე განისაზღვრება ხელმძღვანელობის ფარგლები. კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა, წესდებით დადგინდეს იმ მოქმედებათა წრე, რომელთა განხორციელება საჭიროებს სხვა საკონტროლო ორგანოების (მაგ: საერთო კრების) თანხმობას; ასეთ საკითხთა წრეს შეიძლება მივაკუთვნოთ კავშირის ქონების გასხვისება, დაგროვება, სესხის აღება და ა.შ.

კოდექსით გამგეობას დაკისრებული აქვს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რაც იმას ნიშნავს, რომ „გამგეობა წარმოადგენს კავშირს ... მესამე პირებთან ურთიერთობაში“. კოდექსი უშვებს, რომ „წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ შეზღუდვებს მესამე პირისათვის ძალა აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ისინი რეგისტრირებულია რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე პირებმა იცოდნენ ამ შეზღუდვების შესახებ“.

კავშირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა შეიძლება წესდებით დაეკისროს სპეციალურ წარმომადგენელს. წესდებამ უნდა მოაწესრიგოს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და წარმომადგენლობის ფორმა, რაც ასევე ექვემდებარება რეესტრში სავალდებულო რეგისტრაციას. სპეციალური წარმომადგენელი არ არის გამგეობის წევრი. იგი შეიძლება გაუძღვეს კავშირის საქმიანობას ამა თუ იმ სფეროში (სპორტი, პრესა).

გამგეობის წევრები და სპეციალური წარმომადგენლები პასუხს აგებენ კავშირის წინაშე კავშირისათვის მიყენებული ზიანის გამო. კავშირის მხრივ უარის თქმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილია, თუკი იგი აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

გამგეობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხთა წრე უნდა დადგინდეს წესდებით.

კომისიები. კოდექსის 42-ე მუხლით დადგენილია შესაძლებლობა, კავშირმა შექმნას კიდევ ერთი მმართველობის ორგანო - კომისია (კომისიები); მისი შექმნა სავალდებულო არაა და იგი დამოკიდებულია კავშირის კრების შეხედულებაზე. თუმცა კოდექსი თავად განსაზღვრავს კომისიის ფუნქციას - კომისიას გადაეცემა კრებებს შორის კრების ფუნქციები, განსაკუთრებით კავშირის საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად. რადგან კომისია ასრულებს კრების ფუნქციას, ამდენად, მისი წევრი შეიძლება დანიშნულ იქნას მხოლოდ კავშირის შემადგენლობიდან.

კომისიას ქმნის კრება.

საკონსულტაციო ორგანოები. წესდებით შეიძლება გათვალისწინებულ იყოს სპეციალური საკონსულტაციო საბჭოს არსებობა. მას ქმნის კრება. საკონსულტაციო საბჭოში შეიძლება გაერთიანდნენ კავშირის არაწევრებიც. თავისთავად ცხადია, საკონსულტაციო საბჭოს ფუნქცია მხოლოდ რჩევების მიცემით შემოიფარგლება და მათი რეკომენდაციები შესასრულებლად სავალდებულო არაა.

კავშირის წევრობა. კავშირის წევრი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. მნიშვნელობა არა აქვს ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა, უცხოელი თუ მოქალაქეობის არმქონე პირი. ასევე არა აქვს მნიშვნელობა, იურიდიული პირი კერძო სამართლის სუბიექტია თუ საჯაროსი, კომერციული თუ არაკომერციული. კავშირის წევრობის წარმოშობის ორი საფუძველია: ა) კავშირის დაფუძნებაში მონაწილეობა; ბ) კავშირში შესვლა.

პირს კავშირის წევრად იღებს გამგეობა; მიღების ერთ-ერთი შესაძლო პირობა დადგენილია კოდექსით - მსურველის წერილობითი განცხადება; სხვა პირობები შეიძლება დადგინდეს წესდებით (მაგ: მიერთების განცხადება, საწევროს შეტანა, გამოსაცდელი ვადა და ა.შ.).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირს კავშირის წევრად იღებს გამგეობა; თავისთავად ცხადია, რომ გამგეობის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, მაგრამ კოდექსი უშვებს ერთ გამონაკლისს, როცა გამგეობა ვალდებულია მსურველი კავშირში მიიღოს: „თუ წევრობის მსურველთათვის კავშირი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას საარსებო სოციალური ან სხვა ამოცანების განხორციელებისას, მაშინ ამ პირს აქვს კავშირში გაწევრიანების მოთხოვნის უფლება, თუკი წევრად მისი მიღება არ ეწინააღმდეგება კავშირის ძირითად პრინციპებს (კოდექსის 44. 5-ე მუხლი)“. როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაში აუცილებელია ორი პირობის ერთდროულად არსებობა.: 1. კავშირი უნდა ასრულებდეს წევრობის მსურველისათვის მნიშვნელოვან ფუნქციას საარსებო სოციალური ან სხვა ამოცანების განხორციელებისას; 2. კავშირში მსურველის მიღება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კავშირის ძირითად პრინციპებს.

კავშირის წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის; თუმცა წესდებით შეიძლება განსხვავებული წესი დადგინდეს; იურიდიულ ლიტერატურაში მიუთითებენ სპორტული კრების (კავშირის) წევრობის გაცვლის შესაძლებლობაზე.

კოდექსი ადგენს კავშირიდან წევრის გასვლის სამ ფორმას: 1. ნებაყოფლობითი გასვლა; 2. გარიცხვა; 3. გარდაცვალება.

წევრის ნებაყოფლობითი გასვლის შემთხვევაში წესდებით შეიძლება დადგინდეს გასვლის ვადა, მაგრამ კოდექსის იმპერატიული მოთხოვნაა, ეს ვადა არ აღემატებოდეს 1 წელს; საპატიო მიზეზით გასვლისას ამ ვადის დაცვა სავალდებულო არაა.

კოდექსის 44.4-ე მუხლით დადგენილია წევრის გარიცხვის ორი საფუძველი: ა) წესდებით გათვალისწინებული შემთხვევა; ბ) მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობა; წევრის გარიცხვის უფლება აქვს მხოლოდ საერთო კრებას; გარიცხულს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული უფლებების აღსადგენად.

კავშირის წევრს აქვს უფლება-მოვალეობანი, რომელთა ჩამონათვალს აუცილებლად უნდა შეიცავდეს წესდება; წევრის უპირველესი უფლებაა ხმის უფლება, საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება, კავშირის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის თუ ამ ორგანოების კონტროლის უფლება... წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კავშირის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა უფლებათა არსებობასაც;

წევრის მოვალეობაა, საწევრო შენატანის გადახდა; საწევროს ოდენობა იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეიძლება განსხვავებულად დადგინდეს. კავშირის წევრი მოვალეა, იცავდეს წესდებას.

არარეგისტრირებული კავშირი

სამოქალაქო კოდექსი უშვებს კავშირის არსებობას რეგისტრაციის გარეშე; არარეგისტრირებულ კავშირს ჰყავს დამფუძნებლები, წევრები, აქვს წესდება, ქონება, მაგრამ რაკი არ არის რეგისტრირებული, იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს;

არარეგისტრირებული კავშირის სტრუქტურა, მოწყობა დგინდება მხოლოდ ამ კავშირის წესდებით და მისთვის სავალდებულო არაა კოდექსით დადგენილი იმპერატიული ნორმები; არარეგისტრირებულ კავშირს შეიძლება ჰქონდეს თავისი სახელწოდება, რასაც აუცილებლად უნდა დაერთოს დამატება: „არარეგისტრირებული კავშირი“.

არარეგისტრირებულ კავშირს შეიძლება ჰქონდეს საბანკო ანგარიში.

ფონდი

ცნება

ფონდის ცნება მოცემულია კოდექსის 50.5-ე მუხლში: „ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალური ქონების საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრები“.

ამ განმარტებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოიყოს ფონდის შემდეგი მახასიათებლები: ა) ფონდი არის იურიდიული პირი; ბ) ფონდის დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც; გ) ფონდს, როგორც დამფუძნებელთაგან დამოუკიდებელ სებიექტს, არა ჰყავს წევრები; დ) ფონდს აქვს საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზანი; ე) ფონდის მიზნის მისაღწევად დამფუძნებელმა უნდა გაიღოს ქონება;

კოდექსის 30.3-ე მუხლში მითითებელი საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის გარდა ფონდი შეიძლება შეიქმნას აგრეთვე „განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების“ მხარდასაჭერად (კოდექსის 46-ე მუხლი, ფონდი დესტინატერებისათვის).

კოდექსის 30.5-ე და 46-ე მეხლებში მითითებელი მიზნების გარეშე ფონდი, როგორც ასეთი, არ არსებობს; სწორედ ეს მიზნებია ის ელემენტი, რომელიც განაპირობებს ფონდის სპეციფიკას.

ფონდის მიზანს განსაზღვრავს დამფუძნებელი, მაგრამ შემდგომში მისი შეცვლა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნებართვითაა დასაშვები (კოდექსის 46-ე და 49-ე მუხლები).

დაფუძნება

ფონდის დაფუძნება შეუძლია ერთ პირს (იურიდიულს ან ფიზიკურს);

დაფუძნებისათვის სავალდებელოა დამფუძნებელი დოკემენტის - წესდების არსებობა.

წესდება უნდა შეიცავდეს:

ა) საქმიანობის მიზანს;

ბ) სახელწოდებას;

გ) იურიდიულ მისამართს;

დ) ფონდის ლიკვიდაციისა და ქონების განაწილების წესს;

ე) ფონდის დამფუძნებლის (დამფუძნებლების), შემომწირველების გამგეობის ყველა წევრის სახელს, გვარს, გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყვეტილებების მიღების წესებს;

ვ) შესაწირავის მინიმალურ ოდენობასა და სახეს;

ზ) მითითებებს თანხის გამოყენების შესახებ.

წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

რეგისტრაცია

ფონდის რეგისტრაცია ხორციელდება იუსტიციის სამინისტროში. განცხადება რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ფონდის სახელწოდება; ბ) იურიდიული მისამართი; გ) მიზანი; დ) წესდების მიღების თარიღი; ე) დამფუძნებლების ვინაობა; ვ) გამგეობის წევრთა ვინაობა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვა.

დამფუძნებელმა უნდა იკისროს ფონდში ქონების იმ ოდენობის შეტანის მოვალეობა, რაც აუცილებელია ფონდის მიზნის მისაღწევად. ქონების არასაკმარისობის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო ფონდს რეგისტრაციაში არ გაატარებს. ამ ქონების გადაცემა უნდა მოხდეს რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია ძალას კარგავს; ქონების გადაცემაზე უარის თქმა შეიძლება მხოლოდ რეგისტრაციამდე.

მმართველობის ორგანოები

ფონდს არა აქვს საერთო კრება , რადგან მას არ ჰყავს წევრები.

ფონდის მმართველი ორგანოა გამგეობა, რომლის ფუნქციები კავშირის გამგეობის ფუნქციათა ანალოგიურია.

ფონდის გამგეობის არჩევის სპეციფიკურობა ფონდის საერთო კრების არ არსებობითაა განპირობებული. გამგეობას ირჩევს: ა) დამფუძნებლები; ბ) სამეთვალყურეო ორგანო, გ) დესტინატერები.

სამეთვალყურეო ორგანოს (კურატორიუმის) არსებობა სავალდებულო არაა; კურატორიუმის წევრებს ნიშნავენ დამფუძნებლები. მათი გარდაცვალების შემთხვევაში კურატორიუმის წევრები იცვლება კოოპტაციის წესით ან დესტინატერების მიერ. კურატორიუმის ძირითადი ფუნქციაა: გამგეობის არჩევა და მისი წევრების შეცვლა; კონტროლი გამგეობის საქმიანობაზე. კურატორიუმს უფლება აქვს, შეაჩეროს გამგეობის გადაწყვეტილება, გააუქმოს ან მოითხოვოს მისი გაუქმება, თუ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს ან წესდებას.

თუკი არსებობს ფონდი დესტინატერებისათვის, მაშინ დესტინატერებს უფლება აქვთ, დამფუძნებლების გარდაცვალების შემთხვევაში გამგეობა ახალი წევრებით შეავსონ;

იმ შემთხვევაში, თუ გარდაიცვლება ფონდის დამფუძნებელი და ფონდს არა ჰყავს არც კურატორიუმი და არც დესტინატერი, მაშინ ფონდის გამგეობაზე კონტროლს განახორციელებს იუსტიციის სამინისტრო; მას შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ და შეამოწმოს მისი დოკუმენტაცია.

ფონდის მიზნის შეცვლა

ფონდის მიზნის შეცვლა შეუძლია: ა) დესტინატერებს გამგეობის ყველა წევრისა და იუსტიციის სამინისტროს თანხმობით; ბ) იუსტიციის სამინისტროს, თუ დესტინატერების გარეშე ფონდში შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა ან არსებობს სხვა საფუძველი ფონდის ლიკვიდაციისათვის; სამინისტროს ლიკვიდაციის ნაცვლად შეუძლია მოითხოვოს მიზნის შეცვლა ან განახორციელოს ფონდის შერწყმა სხვა ფონდებთან თავდაპირველ მიზანთან მსგავსების შენარჩუნებით; თუ დამფუძნებელთაგან ცოცხალია ერთი მაინც, საჭიროა მისი თანხმობა.

სახელმწიფო კონტროლი კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე

კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ (იუსტიციის სამინისტრომ) უნდა გააუქმოს რეგისტრაცია, თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება.

საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით (1997წ. 14 ნოემბერი) დადგინდა კავშირისა და ფონდის საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის საფუძვლები და წესი.

კავშირისა და ფონდის საქმიანობის შეჩერებისა და აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს;

სასამართლოს შეუძლია 3 თვემდე ვადით შეაჩროს კავშირის ან ფონდის საქმიანობა, რომელიც არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ კავშირი ან ფონდი, თუ მათი მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომლებიც ეწევიან ომის და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნიან ან შექმნილი აქვთ შეიარაღებული ფორმირებები ან სასამართლოს მიერ მათი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს არსებითად სამეწარმეო საქმიანობას;

კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრო ფონდის რეგისტრაციას აუქმებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ.

კავშირისა და ფონდის ხელახალი რეგისტრაცია გარდამავალ პერიოდშ

სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე არსებულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელახალი რეგისტრაცია უნდა გაიარონ 1999 წლის 1 იანვრამდე ან ამ ვადამდეც, თუ მათი დამფუძნებლები ან წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას წესდებაში ან სხვა დამფუძნებელ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

ხელახალი რეგისტრაციისთვის აუცილებელია: ა) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება; ბ) წესდების ახალი რედაქცია.

ხელახალი რეგისტრაციისთვის სარეგისტრაციო მოსაკრებლის ოდენობაა ჩვეულებრივი მოსაკრებლის 25%25.

თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები დადგენილ ვადაში არ გაივლიან ხელახალ რეგისტრაციას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

5 თავი მეოთხე - სოციალური კაპიტალი

▲back to top


ლევან ბერძენიშვილი

დემოკრატიისათვის აუცილებელია საზოგადოება, რომელშიც დაგროვილია ე.წ. „სოციალური კაპიტალი“. სოციალური კაპიტალი გულისხმობს სოციალური ორგანიზაციის (პრინციპების, ნორმების, სტრუქტურების) იმ თავისებურებებს, რომელთაც შეუძლიათ განამტკიცოს საზოგადოების მიერ განხორციელებულ კოორდინირებულ მოქმედებათა ეფექტიანობა. კაპიტალის სხვა ფორმების მსგავსად სოციალური კაპიტალიც საწარმოო კაპიტალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ გარკვეული მიზნები, რომლებიც მიუღწეველია მისი არარსებობის შემთხვევაში, მაგალითად, ჯგუფს, რომლის წევრებიც ერთმანეთს ენდობიან, გაცილებით ეფრო მეტი შეუძლია, ვიდრე ჯგუფს, სადაც ასეთი ნდობა არ არსებობს.

სოციალერი კაპიტალი ბადებს თანამშრომლობისაკენ ლტოლვას. მისი ფორმების ნაირსახეობას წარმოადგენს ე.წ. „მორალური რესურსები“, რომელთა მოცულობა მოხმარების პროცესში კი არ მცირდება, არამედ იზრდება, ხოლო ამოიწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი არ გამოიყენება. რაც უფრო ეყრდნობიან ადამიანები ერთმანეთს, მით უფრო მაღალია ურთიერთნდობის ხარისხი.

სოციალერი კაპიტალის სხვა ფორმები, როგორიცაა სოციალური ნორმები და ურთიერთკავშირები, ასევე ძლიერდება მათი გამოყენების შემთხვევაში და დნებიან გამოუყენებლობის შემთხვევაში.

სოციალური კაპიტალის ერთ-ერთი სპეციფიკური ნიშანი ისაა, რომ იგი ჩვეულებრივ წარმოადგენს საერთო ქონებას, მაშინ როცა კაპიტალი ფულადი სახით, როგორც წესი, კერძო პირებს ეკუთვნით, როგორც ატრიბუტი სოციალური სტრუქტურისა, რომელშიც დამკვიდრებულია ადამიანი, სოციალური კაპიტალი არ წარმოადგენს მის მოსარგებლე პირთა კერძო საკუთრებას. სხვა საჯარო სიკეთის მსგავსად, სოციალური კაპიტალი ხშირად არ არის დაცული და შენახული ადამიანთა მიერ.

ნდობა, რომელიც აუცილებელია საზოგადოებრივი ინტეგრაციისა და თანამშრომლობისათვის, სულაც არ არის ბრმა. იგი თავის თავში მოიცავს მოქმედი პირების საქციელის პროგნოზს მცირერიცხოვან საზოგადოებებში (რომელთა მაგალითსაც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებაც) ასეთი პროგნოზი პირად ნაცნობობას და ე.წ. „უშუალო ნდობას“ ემყარება. დიდ და უფრო გართულებულ საზოგადოებრივ სისტემებში (როგორიც შეიძლება აღმოჩნდეს „ჩვენი საზოგადოებაც“) საჭირო ხდება ნდობის „არაპერსონალური“, ანუ „ირიბი“ ფორმები, რომლებიც არ ეყრდნობა პირად ნაცნობობას. საზოგადოებრივი ინტეგრაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმ პროცესს, რომელშიც პირადი ნდობა სოციალურ ნდობად იქცევა.

რთულ სოციალურ სისტემებში ნდობა აღიძვრება ორი ურთიერთდაკავშირებული წყაროდან - ურთიერთდამოკიდებულობის ნორმებიდან და სამოქალაქო ჩართულობის სტრუქტურებიდან. ბალანსირებული ურთიერთდამოკიდებულობა გულისხმობს თანაბარძალოვანი მომსახურებების ერთდროულ გაცვლას. მეგობრობა, მაგალითად ეყრდნობა საერთო ურთიერთდამოკიდებულობას - ჯერ კიდევ ციცერონი აღნიშნავდა, რომ „არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ვალი, ვიდრე სიკეთის დაბრუნებაა“.

საზოგადოებრივ ინტეგრაციაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ სანათესაო კავშირები. გარკვეული თვალსაზრისით სისხლის ნათესაობა შეიძლება შედარდეს სამოქალაქო მონაწილეობისა და სამოქალაქო მონაწილეობის ჰორიზონტალურ კავშირებთან, მაგრამ ოჯახი როგორც მოვლენა გაცილებით უფრო უნივერსალურია. ამავე დროს, სამოქალაქო მონაწილეობის სტრუქტურები თავის თავში მოიცავენ საზოგადოების უფრო ვრცელ სეგმენტებს და ამით განამტკიცებენ თანამშრომლობას თემის დონეზე. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ კოლექტიურ მოქმედებათა პირობების უზრუნველსაყოფად „ძლიერი“ პიროვნებათაშორისი კავშირები (ნათესაობა და ახლო მეგობრობა) ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე „სუსტი“ კავშირები (ნაცნობობა და ორგანიზაციათა ერთობლივი წევრობა). სუსტი კავშირები უფრო მეტი ხარისხით აახლოებენ სხვადასხვა მცირე ჯგუფების წევრებს, მაშინ როცა ძლიერი ჯგუფები აერთიანებენ ადამიანებს ერთი კონკრეტული ჯგუფის ჩარჩოებში.

6 თავი მეხუთე - სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა

▲back to top


5.1 ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის კონცეფცია

5.2 ინტეგრაციის პროცესი - სამოქალაქო ფორუმი

5.3 ხელისუფლების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში

5.4 სახელმწიფო ფინანსები საზოგადოებრივი სექტორისათვის - შესაძლებელია თუ არა, ვისარგებლოთ ამ რეზერვით საქართველოში?!

6.1 5.1. ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის კონცეფცია

▲back to top


ლევან ბერძენიშვილი

5.1.1 შესავალი

საქართველო დგას გარდაქმნის აუცილებლობის წინაშე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც აუცილებლად უნდა შეეხოს ეს პროცესი, არის საზოგადოება და საზოგადოებრივი სტრუქტურები. დღეისათვის საქართველოში არსებული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის გამოსული ტოტალიტარული წარსულიდან და ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი წარმოდგენებიდან. მაშინ, როდესაც ახალი საბაზრო და პოლიტიკური ურთიერთობები, რომლებიც რკინის ფარდის გაუქმების შემდეგ მკვიდრდება ჩვენში, მოითხოვენ სხვანაირ სოციალურ წესრიგს, სხვა სოციალურ კაპიტალს.

იმისდა მიხედვით, თუ როგორია საზოგადოება, რა სახის ურთიერთობები არსებობს მასში ყალიბდება სახელმწიფოს მართვის სისტემაც. ქვეყანაში დემოკრატიული ორგანიზაციული ფორმის არსებობის პირობებში, თუ საზოგადოება არ არის მზად მართვაში თანამშრომლობისათვის და მონაწილეობისათვის, მმართველობა იძულებული ხდება თავის თავზე აიღოს მართვის მთელი ფუნქცია, რაც გამორიცხავს ქვეყნის, როგორც მთლიანის დემოკრატიულობას.

დემოკრატიელი სახელმწიფოს იდეა თავის თავში გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც დემოკრატიულად ყოფნის უფრო მაღალ საფეხურს. შესაძლებელია საზოგადოებაში არ იყოს ამის უნარი ანდა, იგი არსებობდეს, ოღონდ მიჩქმალული სახით. ამ შემთხვევაში საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოწვევა არსებობისათვის, მათი შენების დაწყება. თუმცა სამოქალაქო საზოგადოება გამომდინარეობს და იგულისხმება: დემოკრატიულობის ცნებაში, არ არის აუცილებელი ისტორიულადაც იგივე გამომდინარეობა განმეორდეს. თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ინტენსიფიკაციისა და ინტეგრაციის პროცესების ფონზე „მოცდა“ შეუძლებელია. სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ მიმართული მოქმედებები არის ერთადერთი გზა, რომელიც აგვაცილებს არასასურველ ისტორიულ კატაკლიზმებს და სწორი გზით შეგვიყვანს მსოფლიო თანამეგობრობაში.

აქედან გამომდინარე, ახალი სოციალური კაპიტალის დამკვიდრების აუცილებლობა, სოციალური სწავლების ინტენსიფიცირება გულისხმობს ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის გარკვეული სტრატეგიის შემუშავებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოქალაქო საზოგადოების კაპაციტეტი შეიძლება მიჩქმალულად არსებობდეს საზოგადოებაში. საქართველოს შემთხვევაში შეიძლება ითქვას, 70-წლიანი კომუნისტური რეჟიმის ბატონობის გამო მოხდა გათითოკაცება და დაიკარგა ერთობის ის ტრადიცია, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სამოქალაქო საზოგადოებას. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ასეთი, არ არის უცხო საქართველოსათვის, რაკი მისი კულტურა და გაბატონებული ცხოვრების წესი ეფუძნება იმ ცივილიზაციას და ტრადიციას, რომელშიც ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების იდეა. ამიტომ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების პროვოცირება, მისი გამოწვევა არსებობისათვის. აუცილებელია სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მხრივ წარმართული აქტიობების წარმატებით განხორციელებას, ანუ, უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების უნარის მშენებლობის ინსტიტუციონალიზაცია. ამ ინსტიტუციონალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სამოქალაქო საზოგადოების ფონდების არსებობის აუცილებლობა საქართეელოში, რომელთა მუშაობაც სხვა სახის აქტიობებთან ერთად გულისხმობს ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის აუცილებლობის და გარდაუვალობის დანახებას საზოგადოებისათვის, კონკრეტული კომუნების ჩამოყალიბების პროცესის კონსულტაციას, შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას და ფინანსურ დახმარებას.

მსგავსი ფონდების ასეთი საქმიანობა ნიშნავს დიალოგის, სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის კაპაციტეტის მშენებლობის ინსტიტუციონალიზაციას და ამ უნარების და ღირებულებების ჩამოყალიბების და პროვოცირების სახელმწიფო მართვის სისტემის განუყოფელ ელემენტად ქცევას.

5.1.2 ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები

სახელმწიფოს და საზოგადოების ურთიერთობის განსაკუთრებული დონის, ანუ, სამოქალაქო საზოგადოების არსებობის ინსტიტუციონალურ საფუძველს ქმნიან არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიუთითებენ ერთი მხრივ საზოგადოების, და მეორე მხრივ მოქალაქის მზადყოფნას არ იყოს სახელმწიფოზე დამოკიდებული მისთვის სასიცოცხლო პრობლემების დანახვის და გადაჭრის გზაზე.

არასამთავრობო არამომგებიანი ორგანიზაცია (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია) არის მოქალაქეთა გაერთიანება საკუთარი წუხილების, ინტერესების ანდა სურვილების მიხედვით. ასეთი ორგანიზაცია ნათლად აჩვენებს პიროვნებისა და საზოგადოების ინტერესების თანაბარ პრიორიტეტს, რაც საფუძვლად უდევს სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში პიროვნების ინტერესი ემთხვევა კონკრეტული სოციუმის ინტერესს და ურთიერთშეზღუდვები დაშვებულია და სასურველია ორივე მხარისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ერთ-ერთი ყეელაზე უფრო „ბუნებრივი“ და მნიშვნელოვანი ტიპი არის ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები (Community Based Orgahizations). ამ შემთხვევაში მოქალაქეები იკრიბებიან საერთო, საკუთარი გარემოს პრობლემით შეწუხებულები, და ეს წუხილი ერთნაირად საკუთარია როგორც მთლიანად ამ ორგანიზაციისათვის, ასევე თითოეული წევრისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების არსებობა სახელმწიფოში ნიშნავს მორალური იმპერატივის ინსტიტუციონალიზაციას, როდესაც არასამთავრობო არამომგებიან ორგანიზაციაში ჩართული მოქალაქე მოხალისეა არა არაპროფესიონალიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ პრობლემა, რომელსაც ის უძღვნის საკუთარ თავს. არის მისი საკუთარი, შინაგანი იმდენად, რომ მის წინაშე არ დგება ანაზღაურების პრობლემა (თუმცა შეიძლება შეიქმნას ანაზღაურების საშუალება სხვადასხვა გარემოებების გამო. მაგრამ ეს არ არის ამ ორგანიზაციის და მოქალაქის საქმიანობის მასტიმულირებელი).

გარდა იმისა, რომ ეს ერთობა საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი უჯრედია, კომუნა აპირობებს ერთი მხრივ მართვის დაბალ დონეზე დიალოგის ინსტიტუციონალურ ჩამოყალიბებას (დიალოგი ადგილობრივ მმართველობასთან) და საერთოდ დიალოგის კულტურის დამკვიდრებას (კომუნის შიგნით) რაც ხელს უწყობს მართვის სისტემის დემოკრატიულობას, და მეორე მხრივ, მოქალაქეს საკუთარ თავს აღაქმევინებს სახელმწიფოსაგან განსხვავებელი სისტემის წევრად, რითაც საფუძველი ეშლება სახელმწიფოზე საზოგადოების და პიროვნების უპირობო და დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აუცილებლობით ყოფნის იდეას. გარდა ამისა, საკუთარი გარემოს პრობლემა იმდენად საგრძნობია, რომ საშუალებას იძლევა სხვადასხვა ფენის ხალხი დააკავშიროს ერთმანეთთან (რაც არ ხდება არაკომუნურ არასამთავრობო ორგანიზაციაში), საერთო წუხილის გამო გაზიარებულობის და ერთ გარემოში ცხოვრების შეგრძნება გააჩინოს. რაც საბოლოო ჯამში, არის გზა მთელ ქვეყანაში საერთო ბედის შეგრძნების, ანუ, სახელმწიფოს მოქალაქის შეგნების ჩამოყალიბებისათვის, რაც არის მსოფლიო მოქალაქეობისაკენ აღებული გეზი.

ერთობაზე დაფუძნებელი ორგანიზაციების მშენებლობის ხელშეწყობა გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების შენების დაწყებას ყველაზე უფრო დაბალი დონიდან, რაც ძლიერ საფუძველს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოების არსებობას და მისი ფენქციონირების გარანტიას შექმნის.

ამრიგად, CBO-ს მშენებლობა ნიშნავს არა უბრალოდ კომუნალური პრობლემების გადაჭრისათვის და მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ზრუნვას, არამედ, ამავე დროს, სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის ჩამოყალიბების აუცილებელი საფეხურის აგებას.

ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების შექმნა ერთ-ერთი პირობაა იმ გათიშულობის ურთიერთგაგების არარსებობის ინტერესთა დაპირისპირებასა და ძველი მენტალიტეტის დასაძლევად, რომელიც დღევანდელ ქართულ საზოგადოებას მემკვიდრეობით ჰხვდა ტოტალიტარიზმისაგან.

საქართველოსთვის ტრადიციულად არ იყო უცხო ერთობის პრინციპზე აგებული საზოგადოება, მაგრამ, ტოტალიტარულ სისტემაში ხანგრძლივმა არსებობამ მიჩქმალა და გადააფასა ერთობაზე ორიენტაცია, რის გამოც მოხდა სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის ღირებულებების დევალვაცია. ამიტომაც, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობა წარმოგვიდგება, როგორც სახელმწიფოებრივი ამოცანა. აქედან გამომდინარე, ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის პრობლემა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მართვის სისტემის გარდაქმნაში.

CBO-ს წევრობა და მის აქტივობაში სისტემატური მონაწილეობა მისი ყოველი მონაწილის წინაშე გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს, რომელთა სრულად დაკმაყოფილება ხელს უწყობს „ახალი“ მოქალაქის ჩამოყალიბებას და აადვილებს ტრანსფორმაციის იმ პროცესის მიმდინარეობას, რომლის წინაშეც დგას ქართული საზოგადოება.

ერთობაზე დაფუძნებელი ორგანიზაციათა ჩამოყალიბება მეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის სოციალური სწავლებისათვის, რომელიც თავისი ძირითადი მახასიათებლებით სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც დღეს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი რეალობა გვიყენებს. სოციალური სწავლება არ ნიშნავს ცოდნის სახით რაიმე ინფორმაციის მიღებას - იგი არ არის სწავლა ამ სიტყვის ყოველდღიური მნიშვნელობით. იგი რაიმეს სპეციალური ცოდნა კი არ არის, არამედ მზაობაა გაგებისათვის. სოციალური სწავლება შეიძლება გაგებული იქნას, როგორც საერთო კონტექსტში მონაწილე მხარეთა სპეციფიკური სულიერი მზაობის დისპოზიცია.

ერთობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციებში ხალხი სწავლობს საკუთარი ვიწრო ინტერესებისა და ჯგუფის ინტერესების გაწონასწორებას, ურთიერთგაგებისათვის ხელსაყრელი კონტექსტის შექმნას, გაგებისათვის მზაობის დამკვიდრებას. ატიტუდების ამგვარი ცვლა, თუკი იგი სისტემატურ ხასიათს მიიღებს, ღირებული იქნება არა მხოლოდ ყოველი ცალკე აღებული ერთობისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, რომელიც მიიღებს სოციალური სწავლებისათვის აუცილებელი ყველა მახასიათებლით აღჭურვილ მოქალაქეებს და სრულად დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელსაც დღეს ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი რეალობა გვიყენებს.

ერთობის წევრები ერთიანდებიან საერთო პრობლემის გარშემო, მაგრამ პრობლემის იდენტურობა არ არის საკმარისი საერთო ინერპრეტაციული სივრცის გაჩენისათვის, ურომლისოდაც შეუძლებელი ვილაპარაკოთ რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტის მიღწევის შესახებ საჭიროა community-ს წევრები ალაპარაკდნენ ერთ ენაზე რაც შექმნის პირობებს ისეთ გაგებათა ჩამოყალიბებისათვის, რომლებიც დაფუძნებული იქნება გაზიარებულ ფასეულობებსა და ზოგად მიზნებზე.

ერთობის ინტეგრაცია უნდა მოხდეს შინაგანი ძალით და არა გარედან. ამისათვის მისმა წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი ერთი საარსებო გარემოს წევრები არიან და აღიარონ პირადი და ერთობის ინტერესების თანაბარი სტატუსი.

ყოველივე ზემოთთქმულის რეალობაში განსახორციელებლად საჭიროა ყოველ კონკრეტულ ერთობაში სოციალური სწავლების ერთ-ერთი ყეელაზე მნიშვნელოვანი ფორმის - დიალოგის კულტურისა და ფასილიტაციის, როგორც დიალოგის წარმართვის მეთოდის - დამკვიდრება, რაც გულისხმობს ურთიერთობის ისეთი პროცესისათვის ხელშეწყობას, როდესაც ყალიბდება საერთო ინტერპრეტაციული სივრცე.

5.1.3 დიალოგის როლი ერთობაზე დამყარებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისათვის

დიალოგი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის სისტემების განვითარებისათვის, რომელთა საფუძველი არის ჯგუფი, ვინაიდან ჯგუფის განვითარებისათვის ყველაზე ღირებული სწორედ დიალოგის წარმოებაა. რადგან დიალოგი გულისხმობს ადამიანთა ურთიერთქმედებას, იგი თავის მხრივ სისტემად გვევლინება, რომლის ძირითად მაფორმირებელ ფაქტორს მოსმენა წარმოადგენს.

ამრიგად, ნებისმიერი ტიპის სისტემაში დიალოგის განსახორციელებლად აუცილებელია მოსმენის კულტურის დამკვიდრება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილი წარსულის სპეციფიკიდან გამომდინარე გარკვეულწილად უცხოა ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც მიჩვეულია „მონოლოგურ“ და არა „დიალოგურ“ რეალობაში არსებობას.

ემპათიური მოსმენა, მხარდაჭერა სისტემის ინტერაქციაში მყოფ ელემენტებს უქმნის ხელსაყრელ პირობებს არგუმენტაციის ძიებისა და ლოგიკური მიმართებების წვდომისათვის.

დიალოგის მიზანია არა მოგება, როგორც დებატებში, არამედ უფრო ნათელი გაგება, სწავლა, უფრო ფართო პერსპექტივის წვდომა. დიალოგის ბოლოს ადამიანმა უნდა დაინახოს, რომ მისი პოზიცია უფრო უკეთესია, ვიდრე დასაწყისში იყო. დიალოგში წაგებელი არ არსებობს, პირიქით, ხდება ადამიანის გამდიდრება.

თუ მხედეელობაში მივიღებთ დიალოგის პროცესის ზემოხსენებელ თავისებურებებს, ნათელი ხდება. თუ რაოდენ აუცილებელია დიალოგის კულტურის დამკვიდრება ნებისმიერი ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის შიგნით მისი ჩამოყალიბებისა და ნორმალური ფენქციონირებისათვის. ამისათვის საჭიროა ფუნდამენტური კულტურული ცვლილება, რომელიც გულისხმობს ურთიერთობის ისეთ დონეზე გადასვლას, როდესაც სისტემის ელემენტები ერთმანეთის მიმართ ღიაა და გამსჭვალულია, ურთიერთნდობითა და ურთიერთდახმარების სურვილით. ამ ტიპის სისტემები უფრო სიცოცხლისუნარიანია და მზადაა მუდმივი სწავლისა და გარდაქმნისათვის, რაც მათ საშუალებას აძლევს მზად იყონ მომავლის გაურკვევლობათა წინაშე.

დიალოგი აუცილებელია არა მარტო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისათვის, არამედ მიღებული ინფორმაციის საფეძველზე ახალი მიდგომის ჩამოსაყალიბებლად სხვადასხვა ტიპის კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, პროექტებისა და პროგრამების წარმატებით განსახორციელებლად.

დიალოგის კულტურის დანერგვის აუცილებლობა გამომდინარეობს იმ პრობლემათა აქტუალობიდან, რომელთა გადაწყევტის წინაშეც აუცილებლად დადგება ნებისმიერი ერთობაზე დაფუძნებელი ორგანიზაცია:

  • ახალ სოციალურ ღირებელებათა და ურთიერთობის ახალ ფორმათა დამკვიდრება

  • ერთობის შიგნით მის წევრებს შორის ურთიერთობის კონსტრუქციული სტილის დამკვიდრება

  • ერთობაზე დაფუძნებელ ორგანიზაციათა და ადგილობრივ მმართევლობით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის უზრენველყოფა

  • სამოქალაქო საზოგადოების სხვა ინსტიტუტებთან ურთიერთობის დამყარება

  • კონფლიქტური სიტუაციების თავიდან აცილება

  • ორგანიზაციული სწავლების ფორმათა დამკვიდრება

  • ლიდერობის ახალი სტილის ჩამოყალიბებასა და ჯგუფური მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებას.

დიალოგი არ ხორციელდება სპონტანურად და ნებისმიერ სივრცეში. დიალოგი არის სისტემა და მის განხორციელებას სჭირდება მაფორმირებელი პირობები, რომლებიც ქმნიან დიალოგის შესაძლებლობას. ერთ-ერთი ძირითადი პირობა, რომელიც ქმნის დიალოგის შესაძლებლობას, არის მომავალი დიალოგის მონაწილეებისათვის ერთ სივრცეში ყოფნის და ერთი პრობლემების ქონის გაცნობიერება. უნდა მოხდეს ამ გაცნობიერების ინსტიტუციონალიზაცია. ამ პროცესის გადაქცევა სახელმწიფო მართვის ობიექტად. ეს ინსტიტუციონალიზაცია კი ხორციელდება ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციების მშენებლობის კაპაციტეტის შექმნით.

5.1.4. ერთობაზე დამყარებული ორგანიზაციების მშენებლობის სპეციფიკური ხასიათი საქართველოში

საქართველოში კომუნისტური რეჟიმის 70-წლიანი ბატონობის შედეგად მოხდა მთელი რიგი სოციალური ჩვევების და ინსტიტუტების დევალვაცია, გაუქმება, ღირებულება დაეკარგა ისეთ სოციალურ ინტენციას, როგორიცაა ერთობაზე ორიენტაცია და საზოგადოების, როგორც ერთობის გაგება.

ეს დევალვაცია მოხდა იმის გამო, რომ საზოგადოების ასეთი მოწყობა საბჭოთა წყობილების და სისტემის მიერ აყვანილი იყო იდეოლოგიის დარგში და მისი დამკვიდრება ხდებოდა ძალისმიერი მეთოდებით, სადაც იყო და არ იყო საჭირო. ბუნებრივია, ასეთმა სიტუაციამ გამოიწვია საზოგადოებაში ერთობის იდეის სრული მიუღებლობა და ყველა მოწოდება ერთობის დამყარებისაკენ აღიქმებოდა როგორც კომუნისტური სივრცის გამაგრების სურვილი. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია საზოგადოების ღირებულების გაქარწყლება და საბოლოოდ მისი გაქრობა ქართული სინამდვილიდან, იმიტომ, რომ ერთობის ღირებულება, რომელიც საზოგადოების საფუძველია, იყო გაქარწყლებული და უარყოფილი.

ასეთი საქმის ვითარება არ იყო ცენტრალური ევროპის სოციალისტურ ქეეყნებში, რომლებიც „რკინის ფარდის“ მოხსნის შემდეგ უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: ჯერ ერთი, ისინი შედარებით ცოტა ხანს იმყოფებოდნენ კომუნისტურ რეჟიმში და ამიტომ თავისუფალი ეკონომიკის გამოცდილება არ იყო დავიწყებული. მეორეც, მათ, როგორც წესი, ჰქონდათ მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი სახელმწიფოდ ყოფნის გამოცდილება და ამიტომ, საკუთარ სახელმწიფოებრივ სივრცეში საზოგადოებად ყოფნის ჩვევები.

ამის გამო, საქართველოში ერთობაზე დამყარებული ორგანიზაციების მშენებლობა ნიშნავს საზოგადოების საფუძვლების თავიდან მშენებლობას, რაც გულისხმობს სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის დეკლარაციული დონიდან ინსტიტუციონალურ განზომილებაში გადაყვანას.

საზოგადოების თავიდან მშენებლობა, აგება ნიშნავს ერთი მხრივ ერთობისათვის ღირებულების კვლავ მინიჭებას, და მეორე მხრივ, საზოგადოებრივი ცხოვრების ახალი ეთიკური განზომილების შემოტანას: მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობენ ერთობაზე დამყარებული ორგანიზაციებში, უპირველეს ყოვლისა საკუთარ პრობლემებს წყვეტენ, რომლებიც, ამავე დროს სხვების პრობლემებია და მათ წინაშე არ დგას საქმიანობის ანაზღაურების საკითხი. გარდა ამისა. ასეთი საქმიანობის გამო მიმდინარეობს საზოგადოებაში ახალი პროფესიების შეძენის პროცესი, მიმდინარეობს ახალი შრომითი ფუნქციების ძიება. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალი საზოგადოება, გარდა ახალი პროფესიებისა, მოიპოვებს მყარ, ტრადიციულ საფუძველს, რომელიც დაიცავს მას კატაკლიზმებისაგან და დაშლისაგან.

ტრადიციული საფუძვლის ქონა ნიშნავს ტრადიციულობას ეთიკური კატეგორიების მიმართ, როდესაც საზოგადოება დგას მოვალეობის გრძნობაზე, რომელიც მის თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს სხვის მიმართ.

საზოგადოების თავიდან მშენებლობა ნიშნავს მოქალაქეობის ეთიკურ კატეგორიად ქცევას და სოციალური ფენომენებისთვის (როგორებიცაა სახელმწიფო, საზოგადოება, მოქალაქე) ეთიკური მნიშვნელობის მინიჭებას. ერთობაზე დაფუმნებული ორგანიზაციების არსებობისათვის ხელშეწყობა არის მორალური საზოგადოებისაკენ მიმართული სტრატეგიის ნაწილი.

სამოქალაქო საზოგადოება, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვესწრაფვით, გულისხმობს ახლებურ სისტემურ ელემენტებს, როდესაც საზოგადოების არსებობის და ყოფნის განმსაზღვრელი არის არა პოლიტიკური სისტემა, არამედ ის ეთიკური ფუნქციები, რომელიც ამოიკითხება ამ საზოგადოებრივ სისტემაში და რომელიც ხორციელდება ამ საზოგადოების არსებობით.

ასეთი საზოგადოება არის ბევრად უფრო მდგრადი, ვიდრე პოლიტიკური და რელიგიური იდეოლოგიით შეკრული სისტემა. იდეოლოგიური სისტემები ყოველთვის გულისხმობენ უფრო მეტს, ვიდრე საზოგადოების, როგორც ასეთის არსებობისთვისაა საჭირო. ანუ, ისინი გულისხმობენ გარკვეული, განსაზღვრული იერარქიის აუცილებლობას, მაშინ როდესაც ეთიკური იმპერატივი, რომელიც „მხოლოდ“ ერთობის და მისგან გამომდინარე აქტიობების აუცილებლობას გულისხმობს, არის ის მინიმუმი, რომელიც საჭიროა საზოგადოების არსებობისათვის გარედან თავს მოხვეული ძალადობის გარეშე, ანუ, ერთობაზე დამყარებული ორგანიზაციების არსებობაზე გადის გზა, რომელსაც მივყავართ საზოგადოებამდე, რომელიც არის არა რაიმე ხელშეკრულებით, ანუ იურიდიულ-პოლიტიკური მეთოდებით გამაგრებული, რომელშიც საზოგადოებრივი სივრცე პოლიტიკურადაა მოწყობილი და ეთიკური კანონები ყალიბდება ამ სივრცეში ურთიერთობების დასარეგულირებლად, არამედ რომელიც ეთიკური ნორმითაა შეკრული, რომელშიც სისტემქმნადი ელემენტი არის ერთი მხრივ, ადამიანის სოციალურობის მოთხოვნილება, და მეორე მხრივ, ამ მოთხოვნის მენტალური ფორმა - ერთობის ცნობიერება და ამ ცნობიერების მატარებელი მოქალაქე.

მოქალაქე, რომელიც ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციაში და მასთან ერთად ჩნდება, არის სახელმწიფოებრიობის ღირებულების სრულყოფილი ინსტიტუციონალიზაციის წინაპირობა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში არ არსებობს (აღარ არსებობს) ამ ფენომენის წარმოქმნადი ფაქტორები. ამისათვის საჭიროა ამ სისტემქმნადი ფაქტორების გამოწვევა არსებობისათვის, მათი პროვოცირება, მათი შექმნა იმ საფუძვლიდან, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ანუ, საჭიროა ინდივიდის გარდაქმნა მოქალაქედ, მოსახლეობის გარდაქმნა საზოგადოებად, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტერიტორიის გარდაქმნა სახელმწიფოდ.

ამიტომ, ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციებს უნდა მიეცეს არსებობის საშუალება. ამ მხრივ, სახელმწიფოს უპირველესი ზრუნვის საგანი უნდა გახდეს შესაბამისი ფონდების ჩამოყალიბება და მათი არსებობის სამართლებრივი საფუძვლის დადგენა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდები არსებობენ ცენტრალური ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მაგრამ მათ ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციების პროვოცირების ამოცანა არ უდგათ წინ. გარდა ჩვეულებრივი საქმიანობისა (ქვეყანაში არსებული ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციების სოციოლოგიური სურათის შექმნა საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტების დასადგენად, ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციების კონსულტაცია, ფინანსური დახმარება) ამ ფონდებმა თავის თავზე უნდა აიღონ პოტენციური ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციების მოძებნა და მათი ამოქმედება. ამისათვის უნდა იქნეს გამოყენებული ორგანიზაციული მუშაობის ყველა მეთოდი, უნდა შეიქმნას ინფორმაციული ქსელი, რომელმაც მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას. სახელმწიფოს მიერ ამის გათვალისწინების და აქტიური ხელშეწყობის გარეშე ეს საქმიანობა ვერ მიიღებს საჭირო გავრცელებას. ერთობაზე დამყარებულ ორგანიზაციები არის საფუძველი საქართველოს მსოფლიო თანამეგობრობაში ჩართვისათვის. საქართველოში მათი ჩამოყალიბების სპეციფიკა მოითხოვს მმართველობის მხრიდან აქტიურ ჩარევას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ვერ მოექცევა მსოფლიოს განვითარების ხაზში, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება და რომელშიც უკვე ჩართვის შესაძლებლობა ჩვენს ხელთაა.

6.2 5.2 ინტეგრაციის პროცესი - სამოქალაქო ფორუმი

▲back to top


დიმიტრი დადიანი

ტოტალიტარიზმის პირობებში პოლიტიკური ძალადობით მოხდა საზოგადოებრივი ცხოვრების სრული იდეოლოგიზაცია, საზოგადოება შეკრული იყო პოლიტიკური ძალით და არა საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულებებით. პოსტტოტალიტარულ პერიოდში ქვეყანა საერთო ღირებულებათა სისტემის გარეშე დარჩა. შედეგად მივიღეთ საზოგადოების იდეური დეზინტეგრაცია, რომლის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინება იყო ეთნიკური კონფლიქტები აფხაზეთსა და შიდა ქართლში და სამოქალაქო ომი, რომელიც დრამატულად იოლად მოეხვია თავს საზოგადოებას.

ტოტალიტარიზმს პასუხისმგებლობა გადაჰქონდა სოციალური იერარქიის რაც შეიძლება მაღალ დონეზე. გარდა ამისა, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმის დევნისა და დამოუკიდებელი აზროვნების გამოვლინებათა მკაცრ შეზღუდვათა ატმოსფეროში საზოგადოებას ჩამოუყალიბა გაგება, რომ იგი არის მართვის ობიექტი და მას არ შეიძება ჰქონდეს რაიმე ტიპის მომთხოვნელობა ხელისეფლების მიმართ, დამკვიდრდა კონფლიქტივიზმის „ჯოგური“ ფორმები. სოციალური ცნობიერების ამ მდგომარეობის ინერცია დღესაც ვლინდება საზოგადოების პასიურობაში.

როგორც პარლამენტში წარმოდგენილი, ისე მის გარეთ დარჩენილი პოლიტიკური პარტიები არ იცნობენ თანამშრომლობის ფორმებს, ხშირ შემთხვევაში არ აღიარებენ ერთმანეთს ანგარიშგასაწევ ძალებად და ვერ ხედავენ ურთიერთობის სხვა ფორმებს, თუ არა პოლიტიკური ბლოკების შექმნას ან კონფრონტაციას. მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ პარტიათა წესდებები გამოქვეყნებულია, არა მხოლოდ მოსახლეობისათვის, არამედ ამა თუ იმ პარტიის წევრებისათვისაც კი ხშირად უცნობია მისი პარტიის ნამდვილი ამოცანები, ხოლო უმეტეს შემთხვევებში პარტიებს არც აქვთ ჩამოყალიბებული რაიმე სტრატეგიული მიზნები. პოლიტიკური პარტიებისათვის ხმის მიცემა, როგორც წესი, არ ემყარება სათანადო ობიექტურ ინფორმაციას.

არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესი ნაწილი ჩამოყალიბებულია უცხოეთიდან შემოსული იმპულსით და ვერ გამოხატავს ქვეყნის მოსახლეობის ძირითად სატკივრებს. არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, ე.წ. „საზოგადოებები“ არ იცნობენ ერთმანეთს, არ ეხმარებიან ერთმანეთს, არ აღიარებენ საერთო ღირებელებათა სისტემის გაზიარების აუცილებლობას.

ერთი მხრივ, ტოტალიტარიზმისა და, მეორე მხრივ, ხანგრძლივი სახელმწიფოებრივი დამოკიდებელების შედეგად საქართველოში სახეზეა სახელმწიფო ცენტრალიზებული პროპაგანდისტული მანქანის მოუქნელობა, საყოველთაო უნდობლობა, ბიუროკრატიზმი, ობიექტურობის დევალვაცია, საზრისის გაქრობა, „მნიშვნელობის პრივატიზაცია“, ამბიციურობა, პროფესიონალი პოლიტიკოსების დეფიციტი, პოლიტიკური უკულტურობა, პასუხისმგებლობის გაუცხოება.

ღირებულებათა გაზიარება არ ნიშნავს ყველას მიერ ღირებულებათა გარკვეული სისტემის აღიარებას, არამედ სხვადასხვა მსოფლმხედველობების მატარებელი ადამიანებისა და ჯგუფების ურთიერთგაგებას, ანუ გაგებათა ურთიერთობას, მათს კომუნიკაციას ამავე დროს, გაგებათა კომუნიკაცია არ ნიშნავს ანტაგონისტურ მსოფლხედვათა კომუნიკაციას. ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ სივრცეში, რომელიც საერთო არ არის, ერთმანეთს ვუცვლით სიტყვებს და არა გაგებებს. ჩვენი სივრცე კონსტრუირდება შემთხვევითად ერთმანეთთან დაპირისპირებული მსოფლმხედველობებითა და ინსტიტუციებით, რომლებსაც ერთმანეთი არ აინტერესებთ და მათგან არ გამომდინარეობს საერთო სივრცის საჭიროება.

ერთმანეთის არ და ვერ გაგება, საზრისის პრივატიზაცია უკვე კონფლიქტია, რომელიც გარკვეუელ სიტუაციაში გაღვივდება. კონფლიქტის მოხსნა გულისხმობს არა მხოლოდ არსებული კონფლიქტებისა და კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას, არამედ ფარული ან მთვლემარე კონფლიქტების გამოვლენასა და ნეიტრალიზაციასაც.

შეაბამისად, უნდა შეიქმნას სამოქალაქო ფორუმი როგორც ინსტიტუცია, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტების მოხსნას, კონსენსუსის საჯარო ძიებას და გაგებათა კომუნიკაციის სივრცის შექმნას, ანუ სამოქალაქო საზოგადოების პირველადი ბირთვის ჩამოყალიბებას.

სამოქალაქო ფორუმისა და სხვა გამაშუალებელი ინსტიტუტების ახლად შექმნილი ორგანიზაციები და აგრეთვე მათი სულისჩამდგმელი პიროვნებები ხელისუფლების მხარდაჭერას იმსახურებენ. ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციათა ჩამოყალიბებას და დაიცავს მათ მოსაზრებათა თავისუფალ გამოხატვას.

ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა განსხვავებული მოსაზრებანი ჩავრთოთ საზოგადო სიკეთის ორმხრივი ძიების პროცესში. არსებული პოლიტიკური დისკურსის დესტრუქციულად წინააღმდეგობრივი ბუნების შესარბილებლად შემოთავაზებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის მქონე, ხელისუფლებისადმი „ლოიალური ოპოზიციის“ კონცეფცია.

ნდობაზე აგებული არსებული ურთიერთობები უნდა გაფართოვდეს, განვითარდეს და უნდა მოხდეს მათი, როგორც სოციალური ნორმის ინსტიტუციონალიზაცია. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისათვის კრიტიკული როლი ეკისრება თავისუფალი პრესისა და მასმედიის განვითარებას, თუმცა ეს სერიოზულ პრობლემებს ქმნის მასმედიის სოციალური პასუხისმგებლობის შენარჩუნებისა და კერძოდ სოციალური ნორმების ჩამოყალიბებისათვის. თუ ვაპირებთ მოვახდინოთ ჩვენი, როგორც საზოგადოების, რეორიენტაცია, აწმყოში დავსახოთ ნათელი პერსპექტივები, კვლავ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი და დავისახოთ მომავლის გზა, გავთავისუფლდეთ ისტორიის ტვირთისაგან, ვისწავლოთ რა დავკარგეთ და რას უნდა გავუფრთხილდეთ, ამისათვის სერიოულად უნდა შევაფასოთ საკუთარი წარსული.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ არის დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობის გამოცდილება, პიროვნული თავისუფლების იდეალები და დასავლური ცხოვრების სოციალური ნორმების უმეტესობა მისაღები აღმოჩნდა ქართველთათვის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება საკუთარი პოტენციალისა და ინიციატივის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს. იგი აქტიურად უნდა ჩაერთოს როგორც ღირებულებების, მიზნებისა და განვითარების სტრატეგიების საზოგადოებრივ განხილვაში და ქვეყნის მომავალი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში, ასევე საკუთარი წარსულის ანალიზის პროცესში. ასეთი დისკუსიები აუცილებელია როგორც არსებულ სატკივართა გაგებისა და მათ მიმართ მგრმნობელობის ჩამოყალიბების, აგრეთვე საკუთარი მომავლის შექმნაზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარების პროცესის ნაწილი. ისინი ინსტიტუციონალიზებული უნდა იყოს საჯარო განხილვაში, სადაც შესაძლებელია დიალოგის კულტურის ნებითი მოდელირება და შესწავლა. ასეთმა განხილვებმა შესაძლებელია შექმნან ბირთვი თვითმმართველობის ფორმათა ჩამოყალიბებისათვის. ისინი შესაძლებელია განვითარდეს, როგორც, მაგალითად, მუნიციპალურ მმართველობაში საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობის ინსტრუმენტები და გამოხატოს ხალხის მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ.

საჯაროობა ამ შემთხვევაში ნიშნავს არა ყველას ყველასთან შეხვედრას და მიტინგს, არამედ ურთიერთობების საზოგადოებრივი სამსჯავროს წინაშე გამოტანას, რაც ქმნის ამ ურთიერთობათა სოციალური გააზრების, რაციონალიზაციის საფუძველს. სამოქალაქო ფორუმი ჩვენს პირობებში არ უნდა იყოს „სახალხო“, ანუ საკრებულო. ის უნდა იყოს ფორუმი ხალხისათვის, ანუ არა სტიქიურად, არამედ მიზანმიმართულად ჩამოყალიბებული ინსტიტუტი, რომელიც პროფესიულად იმუშავებს დასახული მიზნების შესასრულებლად.

6.3 5.3 ხელისუფლების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში

▲back to top


ლევან ბერძენიშვილი

საქართველოში მიმდინარე რეფორმას განსაკუთრებული, ფუნდამენტური ხასიათი აქვს, ვინაიდან სინამდვილეში ხდება არა არსებულ ფორმათა ცვლა, არამედ სრულიად ახალი ფორმების ჩამოყალიბება. ფიგურალურად რომ ვთქვათ, საჭირო ხდება არა ძველი შენობის დაშლისას დარჩენილი აგურებისგან ახლის შენება, არამედ თიხისგან ახალი აგურების დამზადება.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში არ აღიძრა საზოგადოების სპონტანური აქტივობა სამოქალაქო ფორმების ჩამოყალიბების მიზნით. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სპეციფიკა ისაა, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არა იმდენად ხელშეწყობა და ფაცილიტაცია სჭირდებათ, რამდენადაც სტიმულირება.

ამავე დროს, დემოკრატიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ყალიბდება ადამიანის უფლებათაგან ერთ-ერთი „ახალი“ უფლება: ესმოდეს, რა სამყაროში ცხოვრობს. ფუნდამენტური რეფორმის მიმდინარეოებისას საზოგადოებას არა მარტო უფლება აქვს იცოდეს, რა ღირებულებებს ეფუძნება რეფორმა, რა მიზნებს ისახავს და რა საშუალებებს იყენებს არამედ უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ თვითონ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი ღირებელებები, დაისახოს მიზნები და განახორციელოს რეფორმა.

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ როგორც სახელმწიფომ, ისე საზოგადოებამ კი არ უნდა გაიხსენოს ძველი, არამედ უნდა ისწავლოს ახალი, რომლის პოტენციალიც მას აქვს; შესაბამისად, დგება სოციალური სწავლის აუცილებლობა.

ახალი ფორმების ჩამოყალიბება, საზოგადოებრივი-ორგანიზაციების სტიმულირება და მათი ფაცილიზაცია, მართვაში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა არის გზა სოციალური სწავლის მეშვეობით იმ სოციალური კაპიტალის დაგროვებისა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია რეფორმებისთვის ევოლუციური ხასიათის მიცემა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ფორმირებისათვის სახელმწიფო ხელშეწყობის კონცეფციის ამოსავალია მოსაზრება, რომ რეფორმას, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, საკუთარი უნარების მობილიაციის ბა ახორციელებს თავად ეს ქვეყანა. რეფორმის ამგვარი გაგება სახელმწიფო დონეზე ნიშნავს პოლიტიკის ფორმირებისა და მართვისათვის კაპაციტეტის (ანუ ინტელექტუალური მზადყოფნისა და მატერიალური, ორგანიზაციული და საინფორმაციო რესურსების კომპლექსის) შექმნის საჭიროებას.

ახლო წარსულში, ტოტალიტარიზმის პირობებში, საქართველოში საზოგადოება შეკრული იყო პოლიტიკური ძალით და არა საყოველთაოდ გაზიარებული ღირებულებებით. ამჟამად, პოსტტოტალიტარულ პერიოდში, ჩვენ, როგორც ერს, არ გვაქვს გაზიარებული უზოგადესი ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოებრიობის ჩამოსაყალიბებლად. სხვასთან ერთად, საქართველოს არ გააჩნია კანონმორჩილების ისტორიული გამოცდილება და მისი კულტურა. ჯერჯერობით ხალხი არ კისრულობს პასუხისმგებლობას არსებულ სიტუაციაზე. იგი ლიდერს ეძებს და მას აკისრებს საკუთარ პრობლემათა გადაწყვეტას.

ერად ჩამოყალიბებისათვის საჭიროა ინტეგრაცია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა პოლიტიკურ ძალადობასა ან გარდაუვალ ეკონომიკურ ინტერესზე - არამედ გაზიარებულ ღირებულებებზე. ერად ჩამოყალიბების პროცესში საქართველოს წინაშე დგება მოსახლეობის საზოგადოებად ქცევის ამოცანა, ანუ თავისუფალი ადამიანების გაჩენის, ადამიანში პიროვნების ფორმირებისა და მათი ინტეგრაციის ფორმების ჩამოყალიბების ამოცანა. პასუხისმგებლობებითა და ვალდებულებებით ყველაზე მეტად სწორედ თავისუფალი ადამიანია დაკავებული, რადგანაც თავისუფლება სამყაროს მიმართ არის სულიერი და არა ფიზიკური მდგომარეობა. სამოქალაქო საზოგადოება არის სწორედ თავისუფალ ადამიანთა ინტეგრირების ახალი ფორმების გენერირების პროცესი. სამოქალაქო საზოგადოება არის თავისუფალ ადამიანთა ისეთი კრებული, რომელსაც ახასიათებს არა იმდენად საერთო, რამდენადაც იარებული ღირებულებები, სწრაფვა ისეთი სოციალური სწავლის პროცესისაკენ, რომელშიც მთავარია არა იმდენად კომპრომისი, რამდენადაც ერთმანეთo ისათის ყოფნა.

ტოტალიტარულ საზოგადოებაში არის ერთი ჭეშმარიტება - ერთი „მე“, რომელსაც პირობითად ჰქვია „ჩვენ“. ამის საპირისპიროდ, სამოქალაქო საზოგადოება არსებობს იმ ინტერესთა მრავალფეროვნების ფორმით, რომელთა არსებობის უფლებას ეს საზოგადოება ცნობს. ეს არის გაგებათა მრავალგვარობის, ანუ მრავალი ჭეშმარიტების არსებობის სფერო სამყარო, სადაც ყოველ „მეს“ თავისი ჭეშმარიტების ძიების, პოვნისა და დამკვიდრების უფლება აქვს.

სამოქალაქო საზოგადოება არის არა ერთჯერადი საზოგადოებრივი შეთანხმების პროდუქტი, არამედ თვით ამ შეთანხმებათა ძიებისა და დიალოგის წარმართვის დინამიკური პროცესი. შეთანხმების ძიება არის თანაცხოვრების შეუჩერებელი ფორმა, რომლის საფუძველზეც მიიღწევა დინამიური წონასწორობა მუდმივად ცვლად საზოგადოებაში, რომელშიც განუწყვეტლივ იბადებიან და წყვეტენ არსებობას არასამთავრობო და ერთობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები; ყალიბდება, ტრანსფორმირდება და ქრება ასოციაციური სტრუქტურები; ისახება, ღვივდება და ცხრება კონფლიქტები; ადგილს იმკვიდრებს და კარგავს ახალი და ძველი ჭეშმარიტება.

სამოქალაქო საზოგადოებაში ზნეობრივ ნორმათა სოციალურად მარეგულირებელი ფუნქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამგვარი საზოგადოება წარმოშობს, ემორჩილება და ინახავს შეზღუდვებს ურთიერთობაში მათი კანონად გაუფორმებელი სახითაც. კანონის სახით გაფორმებული შეზღუდვა ან თავისუფლება არ არის საზოგადოებრივი სისტემის მოწესრიგების ერთადერთი ფაქტორი. კანონს მიღმა რჩება იმ ნორმების უზარმაზარი სისტემა, რომელთა ფორმირება ხდება დიალოგის, შეთანხმებათა ძიების, კონფლიქტებისა და მათი კომპრომისული მოგვარების უწყვეტ პროცესში ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ გააჩნია დემოკრატიული საზოგადოებრივი წყობის გამოცდილება, პიროვნული თავისუფლების იდეალები და დასავლური ცხოვრების სოციალური ნორმების უმეტესობა მისაღები აღმოჩნდა ქართველთათვის. ქართული სამოქალაქო საზოგადოება საკუთარი პოტენციალისა და ინიციატივის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს. იგი აქტიურად უნდა ჩაერთოს როგორც ღირებულებების, მიზნებისა და განვითარების სტრატეგიების საზოგადოებრივ განხილვაში და ქვეყნის მომავალი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებაში, ასევე საკუთარი ისტორიული წარსულის ანალიზის პროცესში. ასეთი დისკუსიები აუცილებელია როგორც არსებულ სატკივართა გაგებისა და მათ მიმართ მგრძნობელობის ჩამოყალიბების, აგრეთვე საკუთარი მომავლის შექმნაზე საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის განვითარების პროცესის ნაწილი. ისინი ინსტიტუციონალიზებული უნდა იყოს საჯარო განხილვაში, სადაც შესაძლებელია დიალოგის კულტურის ნებითი მოდელირება და შესწავლა. ასეთმა განხილვებმა შესაძლებელია შექმნან ბირთვი თვითმმართველობის ფორმათა ჩამოყალიბებისათვის. ისინი შესაძლოა განვითარდეს, როგორც, მაგალითად, მუნიციპალურ მმართველობაში საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობის ინსტრუმენტები და გამოხატოს ხალხის მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ.

საქართველოში მიმდინარე სოციალური გარდაქმნის პროცესი თავისებური და გამორჩეულია. საზოგადოება, რომლის აშენებასაც მიზნად ისახავს საქართველო, არის არა მისი ბუნებრივი ისტორიულ-კულტურული განვითარების ლოგიკური პროდუქტი, არამედ სოციალური დიზაინის ობიექტი. ეს გარემოება ქმნის მთელ რიგ სპეციფიკურ სირთულეებს მთლიანად რეფორმისა და განსაკუთრებით სოციალური გარდაქმნის პროცესში. არსებულ მდგომარეობაში სოციალური გარდაქმნის ურთულესი, პოტენციურად სახიფათო ამოცანა ინტელექტუალური შესაძლებლობებისა და სხვა სახის რესურსების მობილიზაციას მოითხოვს. ძალისხმევის ინტენსიფიკაცია მრავალი ფორმითა და მეთოდით არის შესაძლებელი და სასურველი. ერთ-ერთი ასეთი ფორმაა ჟურნალი, რომელიც თავისი ტრადიციული ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენს ინტერაქტიულ სივრცეს ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს გარდაქმნებს და საზოგადოებას, რომელიც თანამონაწილეობს ამ პროცესში, შორის. ის იძლევა სოციალური დიზაინის საკითხების საზოგადოებამდე მიტანისა და აუცილებელი უკუკავშირის საშუალებას.

6.4 5.4 სახელმწიფო ფინანსები საზოგადოებრივი სექტორისათვის - შესაძლებელია თუ არა, ვისარგებლოთ ამ რეზერვით საქართველოში?!

▲back to top


ლია ჩახუნაშვილი

(გადმობეჭდილია ფონდ „ჰორიზონტის“ ამავე სახელწოდების ბიულეტენიდან ავტორის თავაზიანი თანხმობით)

დღეს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სფეროში მომუშავე თეორეტიკოსები, ისე პრაქტიკოსები - ისინი, ვისაც მუშაობისას ყოველდღიურად უწევს ამ შეკითხვისათვის კონკრეტული პასუხის გაცემა, მსჯელობენ საქართველოს საზოგადოებრივი სექტორის სახელმწიფო წყაროებიდან დაფინანსების შესაძლებლობებზე, პროცესის გამჭვირვალობისა და ამ დახმარების განაწილების საკითხებზე. ჟურნალი „ჰორიზონტი“ გიზიარებთ იმ ინფორმაციას, რომლის შეგროვებაც ჩვენ შევძელით და დიალოგში გიწვევთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოგვაწოდებთ თქვენს შენიშვნებსა და მოსაზრებებს ჟურნალ „ჰორიზონტის“ მომდევნო გამოცემებისათვის.

საქართველოში დღეს ბევრს ჰგონია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ისეთი მწირია, რომ მისგან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს არაფერი ხვდებათ. სინამდვილეში, საქართველოს მთავრობამ შეძლო გამოეძებნა გზები პირდაპირი და არაპირდაპირი მექანიზმების მეშვეობით ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასაფინანსებლად.

სახელმწიფო ბიუჯეის ასიგნება

საქართველოს 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საზოგადოებრივი ორგანიზაციები მხოლოდ ერთ ადგილასაა მოხსენიებული. კერძოდ, ნათქვამია: „საქმიანობა კულტურის, სპორტისა და რელიგიის სფეროში, რიგითი ნომერი 43, რელიგიური და სხვა საზოგადოებრივი საქმიანობა - შემოქმედებითი კავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები“. ამ სახის საქმიანობისათვის გამოყოფილია 408.5 ათასი ლარი. ეს თანხა ბიუჯეტის ხარჯების დაახლოებით 0,0002%25-ს შეადგენს.

ამჟამად სახელმწიფო შემოქმედებით კავშირებს დაფინანსებას სუბსიდიის სახით ერთწლიან პერიოდზე გადაანგარიშებით უნაწილებს. შემოქმედებითი კავშირებისათვის განკუთვნილ სახსრებს მართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურა - სახელმწიფო პროგრამების დაფინანსების სამმართველო. მიმდინარე 1997 წელს, სახელმწიფო პროგრამებში ექვსი შემოქმედებითი კავშირი მონაწილეობს: მწერალთა კავშირი, კომპოზიტორთა კავშირი, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული კავშირების საქართველოს საზოგადოება, საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოება, საავტორო უფლებათა სააგენტო და საზოგადოება „ცოდნა“. 1998 წლის ბიუჯეტის პროექტი ამ ნუსხისათვის კიდევ სამი ორგანიზაციის დამატებას ითვალისწინებს. ესენია: არქიტექტორთა კავშირი, მხატვართა კავშირი და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირი. ზემოთ დასახელებული უკლებლივ ყველა შემოქმედებითი კავშირი საბჭოთა პერიოდში არსებული ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამართალმემკვიდრეა. შეგახსენებთ, რომ კომუნისტური მმართველობის დროს ასეთი ორგანიზაციები მხოლოდ ფორმალურად ატარებდნენ მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანების ნიშნებს. სინამდვილეში ისინი ხელისუფლების იდეოლოგიურ დანამატს წარმოადგენდნენ და ერთგული სამსახურისთვის მისი განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. ამ ორგანიზაციებს კომუნისტურ ელიტასთან დაახლოებული პირები ხელმძღვანელობდნენ.

სარეერვო სახსრები

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს აქვთ საშუალება, მიიღონ ერთჯერადი დახმარება საბიუჯეტო ფონდებიდან - სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან ან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.

1997 წელს ამ შესაძლებლობით ისარგებლეს: (1) ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიამ - ამ ორგანიზაციამ პრეზიდენტის ფონდიდან მიიღო 5.000 ლარი ჩოგბურთში თბილისის ქალთა ღია პირველობის მოსაწყობად; (2) სოციალური დაცვის საქართველოს საქველმოქმედო ფონდმა „9 აპრილი“ პრეზიდენტის ფონდიდან მიიღო 800 ლარი; (3) საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მიიღო 5.000 ლარი ქართული სპორტის ენციკლოპედიის გამოსაცემად; (4) კინემატოგრაფისტთა კავშირმა სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან მიიღო 38.700 ლარი ფილმის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ პრეზენტაციისათვის.

იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციათაგან, ვისთანაც ჩვენ გვისაუბრია, ბევრს არაფერი სმენია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახსრების მოპოვების ამ შესაძლებლობის შესახებ; თითქმის არავინ იცოდა, თუ როგორ შეიძლება ითხოვო ამგვარი დახმარება და რა კრიტერიუმებს ეყრდნობა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ.

სამინისტროები და მმართველობის მუნიციპალური ორგანოები

დარგობრივი სამინისტროები და მუნიციპალური მმართველობის ორგანოები ბიუჯეტიდან არ იღებენ მიზნობრივ სახსრებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებისათვის კონკურსის წესით სოციალური შეკვეთის მისაცემად. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ქონების დიდი ნაწილი მუნიციპალური მმართველობის მფლობელობაშია და უკვე არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როცა მათ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს უსასყიდლოდ, გარკვეული ვადით სარგებლობისათვის გადასცეს საოფისე ფართი. მაგალითისათვის გავიხსენოთ თუნდაც ორგანიზაცია „ბავშვი და გარემო“, რომელსაც თბილისის მერიამ ხუთი წლით, ქუჩის ბავშვებისათვის თავშესაფრისა და დღის ცენტრის მოსაწყობად ყოფილი ბაგა-ბაღის შენობა გადასცა. ასეთი დახმარება პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის ნაირსახეობად შეიძლება მივიჩნიოთ.

დარგობრივი სამინისტროები საკმაოდ ხშირად აძლევენ სოციალურ შეკვეთას ამა თუ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციას. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის დახმარებით პრივატიზაციის პროგრამის განხორციელების პროცესში, სოციოლოგიური გამოკვლევის ჩატარება შეუკვეთა საზოგადოებრივ ორგანიზაციას - საქართველოს ეკონომიკის რეფორმირებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ ცხოველთა სახეობების დაცვისა და ადგენის სამეცნიერო ცენტრი „ნოეს კიდობანი“ გარემოს დაცვის სამინისტროს შეკვეთით ბიომრავალფეროვნების პროგრამას ახორციელებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს ჯანდაცვის სისტემის რეფორმას. ჯანდაცვის სამინისტროში 1995 წლის ბოლოს შეიქმნა მსოფლიო ბანკის ჯანმრთელობის პროექტის საკოორდინაციო ბიურო. ბიურო მეორე წელია ატარებს ყოველწლიურ კონკურსს გრანტებზე ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდისა და დაავადებათა პროფილაქტიკისათვის. საერთო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას - როგორც სამთავრობოს, ისე არასამთავრობოსა და ბიზნეს ორგანიზაციას. კონკურსისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა 200.000 აშშ დოლარს შეადგენს. შარშან გრანტი მოიპოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: საერთაშორისო ფონდმა „კურაციომ“, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრმა და საზოგადოება „ვარკეთილმა“, ერთობლივი პროექტისათვის, რომელიც ვარკეთილის დასახლებაში სამეზობლო და სათემო ჯანდაცვის ცენტრის მოდელირებას ითვალისწინებდა. გრანტი მიიღო აგრეთვე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ბემონი“ სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ნარკომანიის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო პროგრამის ჩასატარებლად. წლევანდელ კონკურსზე წარდგენილია 100-მდე საპროექტო წინადადება, მათ ავტორთა შორის არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც.

ზემოთ აღწერილ თითქმის ყველა შემთხვევაში სამინისტროები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის მიცემული შეკვეთებისათვის საბიუჯეტო სახსრებს არ იყენებენ. საერთაშორისო დონორები, რომლებიც საქართველოს რეფორმების გატარებაში ეხმარებიან, თავიანთ პროგრამებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობასაც ითვალისწინებენ - დონორებმა იციან, რომ ცალკეულ კონკრეტულ საქმეებს საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო ეფექტიანად და შედეგიანად შეასრულებენ. სტანდარტული სქემა ასეთია: საქართველოს მთავრობა დარგობრივი სამინისტროს მონაწილეობით ადგენს სახელმწიფო პროგრამას და საერთაშორისო დონორს გრანტის ან შეღავათიანი სესხისათვის მიმართავს. პროგრამის გარკვეულ კომპონენტში, როგორც დონორის პრიორიტეტი, ჩადებულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის აუცილებლობა.

სახელმწიფო კანელარია

სახელმწიფო ორგანიზაციებს შეუძლიათ აღმოუჩინონ მორალური მხარდაჭერა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ამ გზით დაეხმარონ მათ ფინანსების მოპოვებაში. სახელმწიფო კანცელარიაში მოქმედებს პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება. ეს შედარებით ახლად შექმნილი სტრუქტურა ამჟამად ფორმირების პროცესშია. მოცემულ ეტაპზე იგი ცდილობს, იმოქმედოს, როგორც შუამავალმა და დამაკავშირებელმა რგოლმა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს შორის. მართალია, ეს განყოფილება თავად არ ფლობს სახსრებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროგრამებისათვის, მაგრამ მას შეუძლია, დაეხმაროს მათ, გაიკვალონ გზა სახელმწიფო თუ დონორთა ფინანსებისაკენ.

განყოფილებამ გამოთქვა საპროექტო წინადადებების განხილვის სურვილი. თუ პროექტი და მათი ავტორები განყოფილების ექსპერტების ნდობასა და მოწონებას დაიმსახურებენ (ერთი პირობა) და თუ პროექტი სახელმწიფო პრიორიტეტებს დაემთხვევა (მეორე პირობა), საზოგადოებრივი ორგანიზაციები განყოფილებისაგან მიიღებენ რეკომენდაციას შესაბამისი პროფილის სახელმწიფო ორგანოებისათვის ან საერთაშორისო დონორებისათვის წარსადგენად. ეს მექანიზმი ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია.

დასკვნა

საზოგადოებრივი სექტორი საქართველოში დღეს პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული სახელმწიფო სახსრებზე. საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ლიდერები ხშირად სახელმწიფო სტრუქტურებთან ფინანსურ ურთიერთობას დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშით შეგნებულად არიდებენ თავს. მიუხედავად ამისა, ლიდერების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ სახელმწიფო სახსრებზე უარის თქმა პირობებში, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის განვითარებული კერძო ქველმოქმედება საზოგადოებრივი სექტორის მხრიდან გონივრული არ არის. ისინი აცხადებენ, რომ ამ სახსრების გამჭვირვალე განაწილება ყველას სარგებელს მოუტანდა: საზოგადოებრივ ორგანიზაციებს (მათ მიეცემათ პროგრამების განხორციელების საშუალება), სახელმწიფოს (მას მიეცემა საშუალება მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე) და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებას რეალური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარებოდა. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ამ ლიდერთა აზრით, საუკეთესო გამოსავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის სახელმწიფო სახსრების განაწილების ნათელი პროცედურების შემუშავებაა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მკაფიო კრიტერიუმები შერჩევისათვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესის სრული გამჭვირვალობა.

7 დამატება 1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

▲back to top


მიღებული და დეკლარირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 217 ა (III) რეზოლუციით 1948 წლის 10 დეკემბერს

პრეამბულა

რამდენადაც კაცობრიობის ოჯახის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსების, მისი თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველია; და

რამდენადაც ადამიანის უფლებების უგულვებელყოფას და უპატივცემულობას შედეგად მოჰყვება ბარბაროსული აქტები, რომლებიც აღაშფოთებენ კაცობრიობის სინდისს და ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანები ისარგებლებენ სიტყვისა და რწმენის თავისუფლებით და არ იცხოვრებენ შიშსა და გაჭირვებაში, აღიარებულია ადამიანთა საერთო უმაღლეს მისწრაფებად; და

რამდენადაც არსებითია, რომ ადამიანის უფლებები კანონით იყოს დაცული იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანი არ გახდეს იძულებული, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ აჯანყებას მიმართოს, როგორც უკანასკნელ გამოსავალს; და

რამდენადაც არსებითია, რომ ხელი შეუწყოს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას; და

რამდენადაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირეული უფლებების, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს, ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას უფრო მეტი თავისუფლების პირობებში; და

რამდენადაც წევრმა ქვეყნებმა იკისრეს ვალდებელება, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემასა და მათ დაცვას; და

რამდენადაც ამ უფლებებისა და თავისუფლებების არსის საერთო გაგება დიდად მნიშვნელოვანია ამ ვალდებულების რეალიზაციისათვის; და

ამდენად

გენერალური ასამბლეა

აცხადებს

ადამიანის უფლებების ამ საყოველთაო დეკლარაციას,

როგორც ამოცანას, რომლის მიღწევასაც უნდა ესწრაფვოდეს ყველა ერი და ყველა სახელმწიფო, იმ მიზნით, რომ ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, რომელიც გამუდმებით იქონიებს მხედველობაში ამ დეკლარაციას, ესწრაფვოდეს სწავლისა და განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას და ეროვნული და საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებების მეშვეობით მათი საყოველთაო და ეფექტიან აღიარებასა და განხორციელების უზრუნველყოფას, როგორც წევრი ქვეყნების ხალხებს შორის, ისე იმ ტერიტორიების ხალხებს შორის, რომელზეც ვრცელდება წევრი ქვეყნების იურისდიქცია.

სტატია l

ყველა ადამიანი იბადება როგორც თავისუფალი და ღირსებითა და უფლებებით თანასწორი. ადამიანები დაჯილდოებულნი არიან გონებითა და სინდისით და ერთმანეთს უნდა ეპყრობოდნენ ძმობის სულისკვეთებით.

სტატია 2

ყოველი ადამიანი, მიუხედავად რომელიმე სახის განსხვავებისა - რასობრივი კუთვნილებისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, აღმსარებლობისა, პოლიტიკური ან სხვა რწმენებისა, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობისა, ქონებრივი, წოდებრივი და სხვა მდგომარეობისა, სარგებლობს ყველა იმ უფლებითა და თავისუფლებით, რომლებიც გამოცხადებულია ამ დეკლარაციით.

გარდა ამისა, არ უნდა არსებობდეს რაიმე განსხვავება ქვეყნის ან ტერიტორიის, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, იმის მიუხედავად, ეს ტერიტორია დამოუკიდებელია, სამეურვეოა, არათვითმმართველია თუ მისი სუვერენიტეტი რაიმე სხვა ფორმითაა შეზღუდული.

სტატია 3

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

სტატია 4

არავინ არ უნდა ცხოვრობდეს მონობაში ან დამონებულ მდგომარეობაში; მონობა და მონებით ვაჭრობა აკრძალელია.

სტატია 5

არავის წამება არ შეიძლება, არ შეიძლება მოეპყრონ ვინმეს ან დასაჯონ ვინმე სასტიკად, არაადამიანურად ან ღირსების შემლახველი ფორმით.

სტატი 6

ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს, აქვს უფლება, სამართლის სებიექტად აღიარონ.

სტატია 7

კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანაბარია და აქვს უფლება, ყოველგვარი განსხვავების გარეშე თანაბრად იყოს დაცული კანონით. ყველა ადამიანს აქვს უფლება ნებისმიერი სახის დისკრიმინაცისაგან, რომელიც ამ დეკლარაციას არღვევს და ამგვარი დისკრიმინაციისაკენ ნებისმიერი წაქეზებისაგან თანაბრად იყოს დაცული.

სტატია 8

ყოველ ადამიანს აქვს უფლება, კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოებში აღიდგინოს კონსტიტუციით ან კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები მათი დარღვევის შემთხვევაში.

სტატია 9

არ შეიძლება თვითნებურად ვინმეს დაპატიმრება, დაკავება ან გაძევება.

სტატია 10

ყოველ ადამიანს, მისი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისა და მისადმი წარდგენილი სისხლის სამართლის ბრალდების საფუძვლიანობის დადგენის მიზნით, უფლება აქვს, სრული თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანად განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.

სტატია 11

(1) ყოველ ადამიანს, რომელსაც დანაშაულის ჩადენაში ბრალი ედება, აქვს უფლება, მიიჩნეოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დანაშაული არ იქნება დადგენილი კანონიერი წესით საჯარო სასამართლო განხილვის გზით, რომლის დროსაც მას უზრუნველყოფილი აქვს ყველა საშუალება დაცვისათვის.

(2) არავინ არ შეიძლება დამნაშავედ იქნეს ცნობილი დანაშაულისათვის რაიმე მოქმედების ჩადენისა ან უმოქმედობის საფუძველზე, რომლებიც ეროვნული კანონების თანახმად ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით მისი ჩადენის დროს არ წარმოადგენდა დანაშაულს. აგრეთვე არ შეიძლება დაედოს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ დროს, როცა დანაშაული იქნა ჩადენილი.

სტატია 12

არ შეიძლება ადამიანის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში თვითნებურად შეჭრა, მისი საცხოვრებლის ხელშეუხებლობის, კორესპონდენციის საიდუმლოს ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის თვითნებურად ხელყოფა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება, რომ მას კანონი იცავდეს; ამგვარი ჩარევისა ან ამგვარი ხელყოფისაგან.

სტატია 13

(1) ყოველ ადამიანს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში აქვს თავისუფლად გადაადგილებისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მისი საკუთარი ქვეყნის ჩათვლით, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

სტატია l4

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დევნისაგან სხვა ქვეყნებში ეძებოს თავშესაფარი და ისარგებლოს ამ თავშესაფრით.

(2) ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნას იმგვარი დვენის შემთხვევაში, რომელიც სინამდვილეში გამოწვეულია არაპოლიტიკური დანაშაულის ჩადენით ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედებით.

სტატია 15

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იყოს მოქალაქე.

(2) არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება, შეიცვალოს მოქალაქეობა.

სტატია 16

(1) სრულწლოვან მამაკაცებსა და ქალებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი ყოველგვარი რასობრივი, ეროვნული ან აღმსარებლობის ნიშნით შეზღუდვის გარეშე. ისინი ქორწინებაში შესვლისას, ქორწინების პერიოდში და ქორწინების დარღვევის დროს თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.

(2) ქორწინება შეიძლება შედგეს მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობით.

(3) ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და მას აქვს უფლება, იყოს დაცული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან.

სტატია 17

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად.

(2) ქონების თვითნებურად ჩამორთმევა არ შეიძლება.

სტატია 18

ყოველ ადამიანს აქვს აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად შეიცვალოს აღმსარებლობა ან შეხედულებები და მის უფლებას, თავისუფლად მისდევდეს თავის რელიგიას ან აცხადებდეს თავის შეხედულებებს სწავლებისას, ღვთისმსახურებისას და რელიგიური და რიტუალური მოქმედებების შესრულებისას როგორც ერთპიროვნულად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ ან კერძო ფორმით.

სტატია 19

ყოველ ადამიანს აქვს შეხედულებების თავისუფლება და მათი თავისუფლად გამოთქმის უფლება; ყოველივე ეს გულისხმობს უფლებას, თავისუფლად დაიცვა საკუთარი შეხედულებები და უფლებას, თავისუფლად მოიძიო, მიიღო და გაავრცელო ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი მედიის მეშვეობით და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

სტატია 20

(1) ყველას აქვს მშვიდობიანი თავშეყრისა და გაერთიანების უფლება.

(2) არ შეიძლება ვინმე აიძულო, რაიმე გაერთიანების წევრი გახდეს.

სტატია 21

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვაში უშუალოდ ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.

(2) საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახური თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყოველი ადამიანისათვის.

(3) ხალხის ნება უნდა იყოს მთავრობის ხელისუფლების საფუძველი; ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდული და გაუყალბებელი არჩევნებით, რომლებიც უნდა მოეწყოს მასში მონაწილეობის საყოველთაო და თანაბარი უფლების საფუძველზე, ფარული არჩევნების გზით ან მისი ექვივალენტური ფორმების მეშვეობით, რომლებიც ხმის მიცემის თავისუფლებას უზრუნველყოფენ.

სტატია 22

ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს უფლება სოციალურად იყოს დაცული, და, ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, მოახდინოს თავისი პიროვნული ღირსების მხარდასაჭერად და პიროვნების თავისუფლად განვითარებისათვის აუცილებელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების რეალიზაცია.

სტატია 23

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, იშრომოს, თავისუფლად აირჩიოს დასაქმების ადგილი, ისარგებლოს შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობებით და დაცული იქნას უმუშევრობისაგან.

(2) ყოველ ადამიანს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, აქვს უფლება, თანაბრად გაწეული შრომისათვის თანაბარი ანაზღაურება მიიღოს.

(3) ყოველ დასაქმებულ ადამიანს აქვს უფლება, მისი შრომა ანაზღაურდეს სამართლიანად და ისე, რომ მან ამ ადამიანისა და მისი ოჯახისათვის ადამიანის ღირსების შესაფერისი არსებობა უზრუნველყოს. საჭიროების შემთხვევაში ეს ანაზღაურება სოციალური დაცვის სხვა საშუალებებით უნდა შეივსოს.

(4) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, შექმნას პროფესიული კავშირი ან თავისი ინტერესების დასაცავად პროფესიულ კავშირში გაწევრიანდეს.

სტატია 24

ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დაისვენოს და თავისუფალი დრო თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს; მათ შორის, აქვს უფლება, მისი სამუშაო საათები შეიზღუდოს ისე, როგორც ამას გონიერება მოითხოვს და, პერიოდულად ანაზღაურებული შვებულებით ისარგებლოს“.

სტატია 25

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, ისარგებლოს ცხოვრების ისეთი დონით (საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო მეთვალყურეობის და აუცილებელი სოციალური მომსახურების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. მას აქვს უფლება, იყოს დაცული უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, დაქვრივების, სიბერის დადგომის ან მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით საარსებო საშუალების დაკარგვის შემთხვევაში.

(2) დედები და ჩვილები განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ და განსაკუთრებული დახმარებით უნდა სარგებლობდნენ. ქორწინების შედეგად თუ მის გარეშე დაბადებული ყველა ბავშვი სოციალურად თანაბრად უნდა იყოს დაცული.

სტატია 26

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს განათლება. განათლება უფასო უნდა იყოს (უკიდურეს შემთხვევაში - დაწყებითი და საშუალო განათლება მაინც). დაწყებითი განათლება სავალდებულო უნდა იყოს, ტექნიკური და პროფესიული განათლება კი ყველასათვის ხელმისაწვდომი. უმაღლესი განათლება, თითოეულის დამსახურების საფუძველზე, ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

(2) განათლება ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის გაძლიერებისაკენ უნდა იყოს მიმართული. განათლება ხელს უნდა უწყობდეს ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას და მეგობრობას ყველა ერს, რასობრივ და რელიგიურ ჯგუფს შორის, და უნდა აღრმავებდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

(3) მშობლებს აქვთ პრიორიტეტული უფლება, აირჩიონ, თუ რა სახის განათლება მისცენ თავიანთ მცირეწლოვან შვილებს.

სტატია 27

(1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, დატკბეს ხელოვნებით, მიიღოს მონაწილეობა ტექნიკურ პროგრესში და ისარგებლოს მისი სიკეთით.

(2) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დაცული იყოს მისი ავტორობით შექმნილი სამეცნიერო, ლიტერატურული ან მხატვრული შრომიდან გამომდინარე მისი ზნეობრივი და მატერიალური ინტერესები.

სტატია 28

ყოველ ადამიანს აქვს უფლება, დაცული იყოს სოციალური და საერთაშორისო წესრიგი, რომლის არსებობისას ამ დეკლარაციაში გადმოცემული უფლებები და თავისუფლებები მთლიანად შეიძლება განხორციელდეს.

სტატია 29

(1) ყოველ ადამიანს აკისრია მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რომლის წიაღშიც არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

(2) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების დროს ყოველი ადამიანი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ სხვების უფლებებისა და თავისუფლებების საკადრისი აღიარებისა და პატივისცემის და ზნეობის სამართლიანი მოთხოვნების, საზოგადოებრივი წესრიგისა და საყოველთაო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით კანონითაა განსაზღვრული

(3) ამ უფელებებისა და თავისუფლებების განხორციელება არამც და არამც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

სტატია 30

ამ დეკლარაციაში არაფერი არ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც რომელიმე სახელმწიფოს, ადამიანთა ჯგუფის ან ცალკეული პირისათვის რაიმე უფლების მინიჭება, ეწეოდეს ნებისმიერ საქმიანობას ან ასრულებდეს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც ამ დეკლარაციაში გადმოცემული უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებისაკენაა მიმართული.

8 დამატება 2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (წიგნი პირველი, თავი მეორე: იურიდიული პირები)

▲back to top


I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 24. ცნება. სახეები

1. იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. იურიდიული პირი შეიძლება იყოს: კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი, და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მათი შექმნის, ორგანიზაციისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

4. სახელმწიფო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი. სახელმწიფოს უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (სამინისტროები, სახელმწიფო დეპარტამენტები და ა.შ.) ისე, რომ ისინი არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონში ან მის დამფუძნებელ დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოსა თუ არასამეწარმეოს) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა წესდებაში გათვალისწინებული.

3. ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე. ამ საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ნებართვის მიღების მომენტიდან.

4. არასამეწარმეო იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისo ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან.

მუხლი 26. არასამეწარმეო იურიდიული პირის სახელწოდება

1. არასამეწარმეო იურიდიულ პირს აქვს სახელწოდება, რომელშიც აღინიშნება მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. სამეწარმეო იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება წესრიგდება კანონით მეწარმეთა შესახებ.

2. პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ სარგებლობს სხვა იურიდიული პირის სახელწოდებით, ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შეწყვიტოს ეს სარგებლობა და აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო სარგებლობით გამოწვეული ზიანი.

3. იურიდიული პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში გამოიყენება მე-18 მუხლის წესები.

მუხლი 27 იურიდიული პირის ადგილსამყოფელი

1. იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

2. იურიდიული პირის სხვა ადგილსამყოფელი ჩაითვლება მისი ფილიალის ადგილსამყოფელად.

მუხლი 28. იურიდიული პირის ფილიალი

1. იურიდიული პირის ფილიალი - განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოადგენს ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

2. ფილიალი არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული აქტის საფუძველზე.

მუხლი 29. სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირები

იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით.

მუხლი 30. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები

1. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი. სამეწარმეო საქმიანობა, რომელიც ატარებს დამხმარე ხასიათს და ემსახურება საერთო მიზანს, არ ცვლის არაკომერციული იურიდიული პირის ხასიათს. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება კავშირის წევრებსა და ფონდის შემომწირველებს შორის დაუშვებელია.

2. კავშირი არის იურიდიული პირი, რომელშიც საერთო მიზანს ისახავს რამდენიმე პირი და მისი არსებობა დამოუკიდებელია მასში წევრთა შემადგენლობის ცვლილებისაგან. კავშირის დასაფუძნებლად აუცილებელია ხუთი დამფუძნებელი წევრი მაინც.

3. ფონდი არის იურიდიული პირი, როცა ერთი ან რამდენიმე დამფუძნებელი სპეციალურ ქონებას საერთო-საზოგადო სასარგებლო მიზნის მისაღწევად საკუთრებად გადასცემს დამოუკიდებელ სუბიექტს, რომელსაც არა ჰყავს წევრები.

II. საერთო ნორმები კავშირისა და ფონდის შესახებ

მუხლი 31. კავშირისა და ფონდის რეგისტრაცია

1. კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო, ხოლო ფონდისას - იუსტიციის სამინისტრო.

2. რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინ, როცა წესდება შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის მიზნები არ ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს. აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. ფონდის შემთხვევაში ქონება უნდა მიესადაგებოდეს დასახულ მიზნებს.

3. რეგისტრაციისათვის აუცილებელია ყველა დამფუძნებლისა და გამგეობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერილი განცხადება და წესდება. კავშირის რეგისტრაციისათვის აუცილებელი მასალები წარედგინება კავშირის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულ სასამართლოს.

4. სასამართლომ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ უნდა მიიღოს ერთი თვის ვადაში განცხადების შეტანის დღიდან. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რეგისტრაცია განხორციელებულად ჩაითვლება. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

5. რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს დასაბუთებული და ითვალისწინებდეს გასაჩივრების შესაძლებლობასა და წესს. უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

მუხლი 32. კავშირისა და ფონდის წესდება

1. კავშირისა და ფონდის ორგანიზაცია და სტრუქტურა წესრიგდება წესდებით.

2. წესდება უნდა შეიცავდეს:

ა. საქმიანობის მიზნებს;

ბ. სახელწოდებას;

გ. ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

დ. ქონების ლიკვიდაციისა და განაწილების წესს;

ე. კავშირის ან ფონდის დამფუძნებლების, შემომწირველების, გამგეობის ყველა წევრის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, პროფესიასა და საცხოვრებელ ადგილს, გამგეობის სხდომების დანიშვნისა და მათზე გადაწყეეტილებების მიღების წესებს;

გ. კავშირის წევრთა უფლებამოსილებას.

5. წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც, სახელდობრ:

ა. მმართველობისა და კონტროლის სხვა ორგანოების ფუნქციებს;

ბ. კავშირის წევრთა კრების უფლებამოსილებას.

4. ფონდის წესდება, ამ მუხლის მეორე ნაწილში მოცემულის გარდა. უნდა შეიცავდეს:

ა. შესაწირავის მინიმალურ ოდენობასა და სახეს;

ბ. მითითებებს თანხის გამოყენების შესახებ.

5. წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

მუხლი 33. რეგისტრაციის მონაცემები

1. კავშირისა და ფონდის რეგისტრაციის დოკუმენტი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: იურიდიული პირის სახელწოდებასა და ადგილსამყოფელს, საქმიანობის მიზანს, წესდების მიღების თარიღს, დამფუძნებლების ვინაობას, გამგეობის წევრთა ვინაობასა და მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესაძლო შეზღუდვებს.

2. რეგისტრაციის მონაცემები უნდა გამოქვეყნდეს.

3. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს რეესტრის ჩანაწერებს და მოითხოვოს წერილობითი ამონაწერები.

მუხლი 34. ცვლილებების რეგისტრაცია

ცვლილებები, რომლებიც საჭიროებენ რეგისტრაციას, გამგეობამ დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს სასამართლოს (იუსტიციის სამინისტროს) სანოტარო წესით დამოწმებული ფორმით. ისინი შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება.

მუხლი 35. სახელმწიფო კონტროლი კავშირისა და ფონდის საქმიანობაზე

სასამართლომ (იუსტიციის სამინისტრომ) უნდა გააუქმოს რეგისტრაცია, თუ კავშირი ან ფონდი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, ან თუ წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება შეუძლებელი ხდება.

მუხლი 36. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

1. ხელმძღვანელობის უფლება აქვთ გამგეობის წევრებს და, ცალკეულ შემთხვევებში, სპეციალურ წარმომადგენლებს. ეს ამავე დროს მათ მოვალეობას შეადგენს.

2. ხელმძღვანელობის ფარგლები განისაზღვრება წესდებით კავშირის ან ფონდის მიზნების შესაბამისად.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთი პირის მიერ საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილებას, ან აწესებდეს ორი ან რამდენიმე პირის ერთობლივ ხელმძღვანელობას.

4. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს, თუ რომელი მოქმედების განხორციელება საჭიროებს სხვა საკონტროლო ორგანოების თანხმობას.

მუხლი 37 გამგეობის კომპეტენცია მესამე პირებთან ურთიერთობაში

1. გამგეობა წარმოადგენს კავშირს ან ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობებში. წესდებამ უნდა მოაწესრიგოს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები იმოქმედებენ ერთპიროვნულად, რამდენიმე თუ ყველა ერთობლივად.

2. წესდებით შეიძლება შეიზღუდოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ამ შეზღუდვებს მესამე პირთათვის ძალა აქვთ მხოლოდ მაშინ, თუ ისინი რეგისტრირებულია რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მესამე პირებმა იცოდნენ ამ შეზღუდვების შესახებ.

3. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს კავშირის ან ფონდის სპეციალური წარმომადგენლის არსებობას. წესდებამ უნდა მოაწესრიგოს მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები და წარმომადგენლობის ფორმა, რაც ასევე უნდა იქნეს რეგისტრირებული.

მუხლი 38. ზიანის ანაზღაურება

1. კავშირი და ფონდი პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რომელიც მიადგათ მესამე პირებს. გამგეობის წევრების ან სხვა წარმომადგენლების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას ისეთი მოქმედების შედეგად, რომელიც იწვევს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდნენ. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, კავშირის ან ფონდის წინაშე პასუხს აგებენ წარმოშობილი ზიანისათვის. უარის თქმა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე ბათილია, თუკი იგი აუცილებელია მესამე პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

3. კავშირისა და ფონდის ვალდებელებებისათვის მათი წევრები პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებენ პასუხს კავშირი და ფონდი მათი წევრების ვალდებულებებისათვის.

მუხლი 39 კავშირისა და ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. კავშირისა და ფონდის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. კავშირისა და ფონდის ლიკვიდაცია ხდება წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიზნის მიღწევის შედეგად, გაკოტრების ან რეგისტრაციის გაუქმებისას.

3. ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

4. ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირები შეიძლება განისაზღვრონ წესდებით. სასამართლო, ან იუსტიციის სამინისტრო დარჩენილ ქონებას შესაბამისად გადასცემს ერთ ან რამდენიმე კავშირს ან ფონდს, რომლებიც იმავე ან მსგავს მიზნებს ემსახურებიან, რასაც - ლიკვიდირებული კავშირი ან ფონდი, თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.

5. ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს. ქონება შეიძლება განაწილდეს გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.

6. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობისას სასამართლოს (იუსტიციის სამინისტროს) შეუძლია სხვა ლიკვიდატორების დანიშვნა. ლიკვიდატორები პასუხს აგებენ როგორც გამგეობის წევრები.

III. სპეციალური ნორმები კავშირის შესახებ

მუხლი 40. გამგეობა

1. გამგეობას ირჩევს წევრთა კრება ოთხი წლის ვადით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. გამგეობის უფლებამოსილება გრძელდება ამ ვადის გასვლის შემდეგაც ახალი გამგეობის არჩევამდე. წესდება განსაზღვრავს ასევე გამგეობის წევრთა საქმიანობის ანაზღაურების საკითხს.

2. გადაწყვეტილება გამგეობის არჩევის შესახებ შეიძლება ნებისმიერ დროს გაუქმდეს. გაუქმების საკითხი წესდებით შეიძლება დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობასთან.

3. თუ გამგეობის წევრთა რაოდენობა ვერ აღწევს წესდებით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას, სასამართლოს შეუძლია გარდამავალი დროისათვის დანიშნოს წევრები იმავე კავშირიდან. ასეთ შემთხვევაში გამგეობის წევრებმა უნდა მოიწვიონ წევრთა საერთო კრება. რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.

მუხლი 41. კავშირის წევრთა საერთო კრება

1. კავშირის წევრთა საერთო კრებას იწვევს გამგეობა წელიწადში ერთხელ მაინც, ან როცა ამას კავშირის ინტერესები მოითხოვს. საერთო კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს წევრთა მეათედის წერილობითი მოთხოვნით და კრების დღის წესრიგის მითითებით.

2. კრების მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით ან კავშირის ბეჭდვით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით კრებამდე ორი კვირით ადრე მაინც.

5. წევრთა კრება გადაწყვეტილებას იღებს კავშირის ყველა იმ საკითხზე, რომლებიც არ შედის გამგეობის კომპეტენციაში. გადაწყვეტილება ნამდვილია მხოლოდ მაშინ, თუ საკითხი კრების მოწვევისას დღის წესრიგში იყო შეტანილი.

4. კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო გადაწყვეტილება წესდების შეცვლის თაობაზე - ორი მესამედის უმრავლესობით. კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა წევრის ხმათა ოთხ მეხუთედს. იმ წევრებს, რომლებიც ვერ ესწრებიან კრებას, შეუძლიათ წერილობით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში. ისინი უთანაბრდებიან კრებაზე დამსწრე წევრებს.

მუხლი 42. კომისიები

წევრთა კრებას შეუძლია წესდების მიხედვით შექმნას კომისიები, რომელთაც კრებებს შორის პერიოდში შეიძლება გადაეცეთ კრების ფუნქციები, განსაკუთრებით კავშირის საქმიანობაზე კონტროლის განსახორციელებლად. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მხოლოდ კავშირის წევრები.

მუხლი 43. საკონსულტაიო ორგანოები

კავშირის ამოცანების განხორციელების პროცესში წევრთა კრებას შეუძლია შექმნას სპეციალური საკონსულტაციო საბჭოები, თუ წესდება ამას ითვალისწინებს. ასეთ ორგანოებში შეიძლება გაერთიანდნენ ისინიც, ვინც არ არიან კავშირის წევრები.

მუხლი 44. კავშირის წევრობა

1. კავშირში წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე ან წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ყოველ წევრს უფლება აქვს გავიდეს კავშირიდან. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გასვლის განსაზღვრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. თუ კავშირიდან გასვლა გამოწვეულია საპატიო მიზეზით, მაშინ გასვლის ვადის დაწესება სავალდებულო არ არის.

3. წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი საფუძველის არსებობისას წევრთა საერთო კრებას შეუძლია წევრი გარიცხოს კავშირიდან. გარიცხულ წევრს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში.

5. თუ წევრობის მსურველთათვის კავშირი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას საარსებო სოციალური ან სხვა ამოცანების განხორციელებისას, მაშინ ამ პირს აქვს კავშირში გაწევრიანების მოთხოვნის უფლება, თუკი წევრად მისი მიღება არ ეწინააღმდეგება კავშირის ძირითად პრინციპებს.

მუხლი 45. არარეგისტრირებული კავშირი

1. არარეგისტრირებული კავშირის მოწყობისა და სტრუქტურის საკითხები განისაზღვრება წევრთა ურთიერთშეთანხმებით. არარეგისტრირებული კავშირი არ არის იურიდიული პირი.

2. წევრთა საწევრო შესატანები და ამ შესატანებით შეძენილი ქონება შეადგენს კავშირის საერთო ქონებას.

3. არარეგისტრირებული კავშირი შეიძლება სასამართლოში ან სასამართლოსგარე ურთიერთობებში წარმოდგენილი იყოს თავისი წევრებით ან საამისოდ უფლებამოსილი პირებით.

4. კრედიტორების მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს კავშირის საერთო ქონებიდან, ამასთან, პერსონალურად და, როგორც სოლიდარული მოვალეები, პასუხს აგებენ აგრეთვე ის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ კავშირის სახელით.

IV სპეციალური ნორმები ფონდის შესახებ

მუხლი 46. ფონდი დესტინატერებისათვის

30-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულის გარდა, ფონდის მიზანი შეიძლება იყოს აგრეთვე განსაზღვრული პირების ან პირთა კონკრეტულად განსაზღვრული წრეების მხარდაჭერა. ყველა პირს, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ წილი ფონდის ქონებიდან (დესტინატერები), გამგეობის ყველა წევრის თანხმობით შეუძლიათ ფონდის გაუქმება ან ფონდის მიზნის შეცვლა, თუ ამას ეთანხმება იუსტიციის სამინისტრო, ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება ნაწილდება დესტინატერებს შორის.

მუხლი 47 ფონდში შესატანის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. დამფუძნებელმა (დამფუძნებლებმა) სანოტარო წესით დამოწმებული ფონდის შექმნის დოკუმენტით უნდა იკისროს ფონდში ქონების იმ ოდენობით შეტანის მოვალეობა. რომელიც აუცილებელია ფონდის მიზნის მისაღწევად. თუ ქონება არასაკმარისია, მაშინ მას უარი უნდა ეთქვას ფონდის რეგისტრაციაზე.

2. რეგისტრაციამდე ყოველთვის შეიძლება უარის თქმა ქონების გადაცემაზე რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში ქონება სრულად უნდა იქნეს გადაცემული, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგისტრაცია კარგავს ძალას.

3. ფონდის მიზნები უნდა დაფინანსდეს ქონებიდან მიღებული შემოსავლებით, თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. თუ გარკვეული დროის მანძილზე ეს შემოსავლები საკმარისი არ არის, მაშინ ფონდის საქმიანობა შესაბამისად უნდა შემცირდეს ან შეჩერდეს ხოლო შემოსავლები მიემატოს ფონდის ქონებას.

4. ფონდის ქონების მდგომარეობის თაობაზე ყოველწლიურად უნდა შედგეს ანგარიში შესაბამისი ფორმით.

მუხლი 48. სამეთვალყურეო ორგანო

1. გამგეობისა და სპეციალური წარმომადგენლების დანიშვნის, გამოწვევისა და კონტროლის მიზნით წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო ორგანოს (კურატორიუმის) შექმნას, რომლის წევრებსაც მოიწვევენ ფონდის დამფუძნებლები. დამფუძნებლების გარდაცვალების შემდეგ დესტინატერების მიერ ან წესდებით განსაზღვრულ ფარგლებში სამეთვალყურეო ორგანოს შემადგენლობა შეიძლება გაიზარდოს ახალი წევრებით (კოოპტაციის წესი).

2. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკონტროლებს, რომ ფონდის მმართველობა ხორციელდებოდეს კანონისა და წესდების შესაბამისად. იუსტიციის სამინისტროს შეუძლია ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია ფონდის საქმიანობის შესახებ და შეამოწმოს მისი დოკუმენტაცია.

3. სამეთვალყურეო ორგანოს (კურატორიუმს) შეუძლია შეაჩეროს გამგეობის გადაწყვეტილებები და ღონისძიებები, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან მოითხოვოს მათი გაუქმება, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან კანონს ან წესდებას.

4. სამეთვალყურეო ორგანო უზრუნველყოფს, რომ გამგეობის და სხვა ორგანოების დანიშვნა შეესაბამებოდეს წესდებას. თუ წესდება საკმარისად ვერ აწესრიგებს ამ ურთიერთობებს, ამ ორგანოს შეუძლია დამატებითი მითითებების მიცემა.

მუხლი 49. ფონდის მიზნის შეცვლა

თუ დესტინატერების გარეშე ფონდში შეუძლებელია დასახული მიზნის მიღწევა, ან არსებობს სხვა საფუძველი ფონდის ლიკვიდაციისათვის, იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, თუ წესდებაში არაფერია ნათქვამი ამის შესახებ, ლიკვიდაციის ნაცვლად მოითხოვოს მიზნის შეცვლა ან განახორციელოს სხვა ფონდებთან შერწყმა თავდაპირველ მიზანთან მსგავსების შენარჩუნებით; თუ დამფუძნებელთაგან ცოცხალია ერთი მაინც, საჭიროა მისი თანხმობა.