ადამიანის უფლებები და მათი დაცვა საერთაშორისო კანონმდებლობით (ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ქროშოუ რალფ
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: [ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის / მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ] - [თბ.], 2002 - 27გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 21071] მომზადებულია რალფ ქროშოუს მიერ ევროპის საბჭო, 2002 წლის მარტი



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სტანდარტი - უმნიშვნელოვანესი პრინციპები, შეთანხმებათა სავალდებულო დებულებები, კოდექსებში ჩართული წესები და სახელმძღვანელო მითითებები, პრინციპთა სისტემები - პოზიტიური სახით გამოხატავს იმ ქცევასა და საუკეთესო პრაქტიკას, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია პოლიციის ეფექტიანი, კანონიერი და ჰუმანური მუშაობისთვის.

ევროპის საბჭო პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც 1949 წლის 5 მაისს დააარსა ევროპის ათმა სახელმწიფომ ევროპის ქვეყნებს შორის ერთობის განსამტკიცებლად. დღეისათვის ევროპის საბჭოში 45 წევრი სახელმწიფო შედის: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ანდორა, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, ირლანდია, ისლანდია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი, სან მარინო, საფრანგეთი, საქართველო, სერბია და მონტენეგრო, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია,” შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ხორვატია.

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია ხელისუფლების ყველა დონეზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა და ხელშეწყობა, სოციალური კავშირების განმტკიცება და ევროპის ინდივიდუალობის და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობიერების ხელშეწყობა. ევროპის საბჭოს მუშაობის შედეგად დღეისათვის მიღებულია 180-ზე მეტი ევროპული კონვენცია და შეთანხმება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ევროპული კონვენცია კულტურის შესახებ, ევროპული სოციალური ქარტია და ევროპული კონვენცია წამების თავიდან აცილების შესახებ. რამდენიმე „კერძო შეთანხმება“ საშუალებას აძლევს მსურველ სახელმწიფოთა შეზღუდულ რაოდენობას, ითანამშრომლონ გარკვეულ სფეროში, როგორიც არის, მაგალითად, მედიკამენტების ხარისხი, კონსტიტუციური სამართალი თუ ევროპული კინემატოგრაფიის ერთობლივი პროდუქციის ხელშეწყობა. 1989 წლიდან ევროპის საბჭომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა მიიერთა და ხელს უწყობს მათ პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული რეფორმების გატარებაში.

2 ადამიანის უფლებები და პოლიცია - ზოგიერთი კითხვა და პასუხები ამ კითხვებზე

▲ზევით დაბრუნება


რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები?

ადამიანის უფლებები სათავეს იღებს ადამიანის ღირსებიდან და პიროვნების ფასეულობიდან. ეს უფლებები საყოველთაოა, ხელშეუვალი და თანასწორი. ეს უფლებები ყველა ადამიანს აქვს; შეუძლებელია მათი წართმევა ან მათზე უარის თქმა; და ადამიანის უფლებები ყველა ადამიანს თანასწორად აქვს - მიუხედავად ისეთი კრიტერიუმებისა, როგორიც არის რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, სარწმუნოება, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულება, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობა, საკუთრების, დაბადების თუ სხვა სტატუსი.

ადამიანის უფლებები გულისხმობს უფლებებს, რომლებიც განსაზღვრულია ისეთ საერთაშორისო დოკუმენტებში, როგორიც არის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,“ „საერთაშორისო შეთანხმება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ,“ „საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,“ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული რეგიონული შეთანხმებები და ის დოკუმენტები, რომლებშიც საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის კონკრეტულ ასპექტებზე, მაგალითად, წამების აკრძალვაზე.

ნიშნავს ის ფაქტი, რომ რაკი ადამიანის უფლებები ხელშეუვალია და მათი წართმევა რომელიმე ადამიანისთვის დაუშვებელია, არ შეიძლება მათი შეზღუდვა ან უგულებელყოფა?

არა, ეს ნიშნავს, რომ როდესაც უფლება ასახულია კანონთა კოდექსში, უნდა განისაზღვროს ამ უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვები თუ საზღვრები. მაგალითად, ადამიანის თავისუფლების უფლება შეიძლება შეიზღუდოს დაპატიმრების ან დაკავების კანონიერი უფლებამოსილების გამოყენებით.

თქვენ მოიხსენიებთსაერთაშორისო დოკუმენტებს,“ „დეკლარაციას,“ „შეთანხმებასდახელშეკრულებას“. რა განსხვავებაა მათ შორის?

„საერთაშორისო დოკუმენტები“ ამ კონტექსტში გულისხმობს ყველა იმ ტექსტს, რომლებშიც შეტანილია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები. ზოგიერთი ამ ტექსტიდან ხელშეკრულებაა, რომელიც მის ხელისმომწერ სახელმწიფოს იურიდიულ ვალდებულებებს აკისრებს. ამ ხელშეკრულებებს მოვიხსენიებთ, აგრეთვე, „შეთანხმებებად“ ან „კონვენციებად.“ იურიდიული თვალსაზრისით სავალდებულო შესასრულებელი ხელშეკრულებაა გაერო-ს ქარტიაც.

ჩვენს მიერ მოხსენიებული დეკლარაცია არის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,“ რომელიც მიღებული იქნა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბრის 217 A (111) რეზოლუციით. ეს არ არის იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულება, თუმცა იურისტები საერთაშორისო მასშტაბით დავობენ იმის თაობაზე, თუ რამდენად სავალდებულო უნდა იყოს დეკლარაციის ზოგიერთი ან ყველა დებულება ყველა სახელმწიფოსთვის საერთაშორისო ჩვეულებრივი სამართლის ფარგლებში. ზოგიერთი დეკლარაცია ან რეზოლუცია ანდა მათი ზოგიერთი ნაწილი დროთა განმავლობაში შეიძლება სავალდებულო გახდეს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, თუკი აღმოჩნდება, რომ მათი დებულებები სახელმწიფოთა მიერ მიღებულ ზოგად პრაქტიკად იქცა. თუ დებულებები ამგვარ სტატუსს მოიპოვებს, მიჩნეულია, რომ ისინი საერთაშორისო ჩვეულებრივი სამართლის ნაწილს შეადგენს.

„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“ და ორი ზემოხსენებული საერთაშორისო შეთანხმება შეადგენენ ე.წ. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტს და მათ მთელს მსოფლიოში გამოიყენებენ. არსებობს, აგრეთვე, იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებები, რომლებიც რეგიონულ დონეზე მოქმედებს. ეს არის „ადამიანის და ხალხების უფლებათა აფრიკული ქარტია,“ „ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია“ და „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.“

სხვა საერთაშორისო დოკუმენტები გულისხმობს კანონთა კოდექსებსა და პრინციპების სისტემებს. ეს არის ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული ტექსტები, როგორიც არის, მაგალითად, გაერო-ს გენერალური ასამბლეა. თავისთავად ეს დოკუმენტები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მაგრამ მათში გამეორებული და განმტკიცებულია ხელშეკრულებათა დებულებები და ისინი დახმარებას უწევს და ხელს უწყობს აღნიშნულ დებულებებთან შესაბამისობას ამ სფეროში დეტალური სტანდარტების ჩამოყალიბების მეშვეობით.

ზემოხსენებული საერთაშორისო შეთანხმებების სათაურები ადამიანის განსხვავებულ უფლებებზე მიგვანიშნებს. არის თუ არა ყველა მათგანი ერთნაირად მნიშვნელოვანი და დაკავშირებულია თუ არა ყველა ეს უფლება პოლიციის მუშაობასთან?

განსხვავების წარმოშობის უპირველესი მიზეზია ის დამოკიდებულება, რომელიც ადამიანის უფლებებისადმი თეორიული თვალსაზრისით არსებობდა. თავდაპირველად ადამიანის უფლებები განიხილებოდა მოთხოვნებად მოქალაქეთა ცხოვრებაში მთავრობათა ჩაურევლობის შესახებ. უფლებების ეს პირველი თაობა ცნობილია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სახელწოდებით. ეს უფლებებია: სიცოცხლის უფლება; ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; უფლება, რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას და მის მიმართ ცუდად მოპყრობას; უფლება, რომელიც გულისხმობს ფიქრის, სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლებას; უფლება, რომელიც გულისხმობს შეხედულებისა და ამ შეხედულების გამოხატვის თავისუფლებას; და ბოლოს, უფლება, რომელიც მშვიდობიანი თავშეყრისა და გაერთიანებათა შექმნის თავისუფლებას გულისხმობს. გასაგებია, რომ ამ სახის უფლებები უშუალო ზეგავლენას ახდენს პოლიციის საქმიანობაზე და თავადაც განიცდის პოლიციის მხრიდან ზემოქმედებას.

შემდგომში წამოიჭრა მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებად უნდა იქნეს აღიარებული მთავრობების მხრიდან სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობის მიზნით პოზიტიური ჩარევის მოთხოვნებიც. უფლებათა ამ მეორე თაობას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები ეწოდა. ეს უფლებებია: სოციალური დაცვის უფლება; მუშაობის უფლება; განათლების უფლება; და საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ურთიერთკავშირი უფლებათა ამ მეორე კატეგორიასა და პოლიციის საქმიანობას შორის ნაკლებად აშკარაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს.

უფლებების ეს ორი თაობა ერთმანეთზეა დამოკიდებული. შეუძლებელია მათი ერთმანეთისგან განცალკევება, ვინაიდან ერთით სარგებლობა მეორით სარგებლობასთან არის გადაჯაჭვული. ამ თვალსაზრისით ადამიანის არც ერთი ცალკეული უფლება არ ითვლება სხვაზე მნიშვნელოვნად, თუმცა, ცხადია, ერთმა ან მეტმა უფლებამ სხვადასხვა ვითარებაში შეიძლება მეტი მნიშვნელობა შეიძინოს.

თითოეული აღნიშნული კატეგორიის უფლებებს „ინდივიდუალური უფლებები“ ეწოდება, რადგან ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა ცალკეულ ადამიანებს აქვთ. ამჟამად აღიარებულია ადამიანის უფლებათა მესამე თაობაც, რომელსაც „კოლექტიურ უფლებებს“ უწოდებენ. ამ კატეგორიას განეკუთვნება, მაგალითად, განვითარების უფლება.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ პოლიციის სამსახურების ხელმძღვანელებს გარკვეული შენიშვნები აქვთ ხოლმე ადამიანის უფლებების ცნებასთან დაკავშირებით, არის ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს ადამიანის უფლებები უფრო დამნაშავის დაცვას ეხება, ვიდრე დაზარალებულისა. ხომ არ აკნინებს ეს ადამიანის უფლებათა ფასეულობას?

არა, ადამიანის უფლებების ძირითადი მიზანია კონკრეტული სახის დარღვევის - სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების - ფაქტების აღკვეთა. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების დანიშნულებაა ადამიანების დაცვა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად დაზარალებისგან, ხოლო დაზარალების შემთხვევაში მათთვის კომპენსაციისა თუ სხვაგვარი დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ადამიანის უფლების ზოგიერთი დარღვევა თავისთავად დანაშაულებრივი საქციელია - მაგალითად, სახელმწიფო მოხელეების მიერ ადამიანის წამება და უკანონო მკვლელობა.

ადამიანის უფლებები დამნაშავეებსაც აქვთ, მაგალითად, დამნაშავეებს აქვთ უფლება, მათი საქმე სამართლიანად იქნეს განხილული, აქვთ, აგრეთვე, უფლება, დაკავების ადგილებში ადამიანურად მოეპყრონ. სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შედეგად ადამიანი დაკარგავს თავის უფლებას თავისუფლებაზე, თუკი განაჩენი პატიმრობის გარკვეულ ვადას გულისხმობს.

რაც შეეხება პოლიციის თანამშრომლებს, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ როდესაც დანაშაულს იძიებენ, მათ საქმე დანაშაულში ეჭვმიტანილებთან აქვთ და არა გამოძიების შედეგად დანაშაულში მსჯავრდებულებთან. რაოდენ ზუსტადაც არ უნდა გრძნობდეს პოლიციის თანამშრომელი, რომ ესა თუ ის ეჭვმიტანილი დამნაშავეა, ამ ადამიანის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ეს არის საქმის სამართლიანად განხილვის უფლების არსებითი ელემენტი და ამ უფლების თანმხლები წესების დანიშნულებაა, თავიდან იქნეს აცილებული უდანაშაულო ადამიანების მსჯავრდება ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ.

მართლმსაჯულების შეცდომები, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგად უდანაშაულო ადამიანების მსჯავრდებას იწვევს, სერიოზულად უთხრის ძირს პოლიციისადმი და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისადმი ნდობას და რწმენას. ეს, თავის მხრივ, იწვევს იმას, რომ ადამიანები უარს ამბობენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე და მისთვის დახმარების გაწევაზე, საბოლოოდ კი კლებულობს პოლიციის მუშაობის ეფექტიანობა.

რაც შეეხება დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს, არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია დაზარალებულთა მიმართ მოპყრობის სტანდარტები. ეს დოკუმენტია „დეკლარაცია დანაშაულისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად დაზარალებულ პირთათვის მართლმსაჯულების ძირითადი პრინციპების შესახებ“.

რას გვეტყვით ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, რომლებსაც ბოროტმოქმედები და ტერორისტები ჩადიან?

ადამიანის უფლებათა დარღვევა დარღვევის ის კატეგორიაა, რომლის ჩადენაც შეუძლია მხოლოდ პირს, ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს სახელით ძალაუფლების გამოყენების უფლებამოსილება რომ აქვს მინიჭებული. არც ბოროტმოქმედებს და არც ტერორისტებს არ უკავიათ მსგავსი მდგომარეობა და არა აქვთ ასეთი უფლებამოსილება. როდესაც ბოროტმოქმედები ან ტერორისტები ჭრიან ან კლავენ ადამიანებს, ისინი სისხლის სამართლის სერიოზულ დანაშაულს ჩადიან, მაგრამ ეს არ არის ადამიანის უფლებათა დარღვევა. ეს არ ამცირებს მათ მიერ მიყენებული ზარალის მასშტაბს და ისინი იმსახურებენ საკუთარი დანაშაულისთვის კანონის შესაბამისად დასჯას.

ამ საკითხის ილუსტრირების მიზნით შეგვიძლია განვიხილოთ პოლიციის თანამშრომლის საქციელი. თუ მორიგე პოლიციელი, დანაშაულის აღიარების გამოძალვის მიზნით, დაკითხვის პროცესში სცემს დანაშაულში ეჭვმიტანილს, ეს იქნება დანაშაული (თავდასხმა), მაგრამ ეს ადამიანის უფლების (უფლებისა, რომელიც კრძალავს ადამიანის მიმართ ცუდად მოპყრობას) დარღვევაც იქნება. მეორეს მხრივ, თუ პოლიციელი არ არის მორიგე, კერძო პირის სახით ჩაერთვება კამათში და ამის შედეგად სცემს მეორე ადამიანს, ეს იქნება სისხლის სამართლის თავდასხმა, მაგრამ არ იქნება ადამიანის უფლების დარღვევა.

პოლიციის თანამშრომელი ორივე შემთხვევაში კანონის ძალით უნდა დაისაჯოს დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ პირველ მაგალითში ადამიანის უფლების დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირს უფლება ექნება, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილება ან კომპენსაცია მიიღოს.

რაც შეეხება წამებას და იმ პირების გამოვლენას და დასჯას, ვინც აწამებს ადამიანებს, საერთაშორისო დოკუმენტებში გაფართოებულია ადამიანის ამ კონკრეტული უფლების დარღვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ცნება.

ამრიგად, ადამიანის უფლებებთან მიმართებაში პოლიციელები დამრღვევებად არიან მიჩნეულნი?

არა, ურთიერთდამოკიდებულება პოლიციასა და ადამიანის უფლებებს შორის კონცენტრირებულია ცნებების „დაცვა“ და „პატივისცემა“ გარშემო. ეს შეიძლება უაღრესად პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება იყოს.

სინამდვილეში, ადამიანის უფლებათა დაცვა პოლიციის მოვალეობაა. პოლიციის თანამშრომლები ამას თავისი ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში აკეთებენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მეშვეობით - სოციალური წესრიგის პირობებში შესაძლებელია ადამიანის უფლებათა ყველა კატეგორიით სარგებლობა. როდესაც საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა, სახელმწიფოს უმცირდება ან ეკარგება უნარი, უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა.

გარდა ამისა, პოლიციის მუშაობა ხელს უწყობს სახელმწიფოებს, შეასრულონ თავიანთი იურიდიული ვალდებულებები, რომლებიც ეხება კონკრეტული უფლებების - მაგალითად, სიცოცხლის უფლების - დაცვას.

რაც შეეხება „პატივისცემას“, თავიანთი მოვალეობების შესრულებისას პოლიციის თანამშრომლები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა პოლიციის ფუნქციაა, მოთხოვნა ადამიანის უფლებების პატივისცემის თაობაზე ზეგავლენას ახდენს იმ გზებზე, რომელთა საშუალებითაც პოლიციელები ყველა თავის ფუნქციას ასრულებენ.

ესეც პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულებაა, ვინაიდან ადამიანის უფლებების პატივისცემის მოთხოვნა მჭიდროდ არის დაკავშირებული პოლიციის ფუნქციების ეფექტიან შესრულებასთან. მაგალითად, ადამიანის უფლებებს კანონი იცავს, ხოლო პოლიცია კანონს აღასრულებს - დანაშაულის თავიდან აცილებისა და გამოვლენის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. ამ თვალსაზრისით პოლიციის ეფექტიანი მუშაობა შედგება წესრიგის დამყარების ფუნქციებისგან და, იმავდროულად, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობისგან. ადამიანის უფლებათა დარღვევა და კანონის დარღვევა კანონისავე აღსრულების მიზნით არ არის პოლიციის ეფექტიანი მუშაობა - მიუხედავად იმ სხვა შედეგებისა, რომლებიც შეიძლება მიღწეული იქნეს. როდესაც პოლიციელები არღვევენ კანონს კანონისავე აღსრულების მიზნით, ისინი არ ამცირებენ დანაშაულებრიობას - პირიქით, ზრდიან მას.

ურთიერთდამოკიდებულება პოლიციასა და ადამიანის უფლებებს შორის ნეგატიური მხოლოდ მაშინ არის და პოლიციელები დამრღვევებად მხოლოდ მაშინ აღიქმებიან, როდესაც პოლიციის თანამშრომლები არ სცემენ პატივს ადამიანის უფლებებს. ეს ნიშნავს, რომ პოლიციის მუშაობა არ არის ეფექტიანი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიციის ეფექტიანი მუშაობის ელემენტი აკრძალვებთან და შეზღუდვებთან შესაბამისობაა, იქნებ პოლიციის თანამშრომლებს ადამიანის უფლებების მიმართ უფრო პოზიტიური შეხედულების ჩამოყალიბებაში დაეხმაროს, თუკი დოკუმენტებში, გარდა აკრძალვების და შეზღუდვებისა, უფრო მეტი რამ იქნება ნათქვამი პოლიციის მიერ განსახორციელებელ ქმედებებზე.

ის პრინციპები, რომლებსაც ადამიანის უფლებები ემყარება - ადამიანის ღირსებისადმი პატივისცემა და უფლებების საყოველთაო ხასიათი, მათი ხელშეუვალობა და თანასწორობა - არ არის აკრძალვები და შეზღუდვები, ეს არის უდიდესი ჰუმანური მცნებები, რომლებსაც კანონის უზენაესობა განამტკიცებს. ეს პრინციპები უზრუნველყოფს უაღრესად პოზიტიურ საფუძველს ორ მხარეს შორის ურთიერთობისთვის. ეს მხარეები არიან ისინი, ვინც აღასრულებს სახელმწიფო ძალაუფლებას, და ისინი, ვისი სახელითაც ხდება ამ ძალაუფლების აღსრულება - საზოგადოების წევრები და ჯგუფები.

უფლებები, რომელთაც ეს პრინციპები უდევს საფუძვლად, ზემოხსენებული ურთიერთკავშირის მართვის მიზნით ქცევის უფრო კონკრეტულ წესებს გვთავაზობს. პოლიციის საქმიანობის თვალსაზრისით ეს პოზიტიური მოთხოვნებია - მაგალითად, ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების პატივისცემა ანდა დანაშაულის გამოძიების იმგვარად წარმართვა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლების აღსრულება.

ზემოთ, მესამე კითხვასთან (გვ. 5) დაკავშირებით მოხსენიებული კანონთა კოდექსები და პრინციპთა სისტემები შეიცავს სამართლებრივ ინსტრუმენტებს პოლიციის თანამშრომელთათვის. ეს ინსტრუმენტები იძლევა დეტალურ და პოზიტიურ სახელმძღვანელო მითითებებს წესრიგის დამყარების სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის თვალსაზრისით. მაგალითად, გაერო-ს „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქცევის კოდექსში“ მოცემულია ქცევის ზოგადი და კონკრეტული წესები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ძალის გამოყენება (მუხლი 3), კონფიდენციალურობა (მუხლი 4), დაკავებულ პირთა დაცვა (მუხლები 5 და 6) და კოლეგების ცუდ საქციელზე რეაგირება (მუხლი 8). 1-ლ მუხლში მოთხოვნილია პასუხისმგებლობისა და პროფესიული კომპეტენციის მაღალი სტანდარტები. გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ეს კოდექსი (34/169, 1979 წლის 17 დეკემბერი), სხვა საკითხებთან ერთად მოითხოვს, რომ ყოველი სამართალდამცავი უწყება იყოს მთელი საზოგადოების წარმომადგენელი, რეაგირებდეს საზოგადოების საჭიროებებზე და ანგარიშვალდებული იყოს საზოგადოების წინაშე. ეს ძალზე პოზიტიური განცხადებაა პოლიციის საქმიანობის ხასიათთან და იმ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიციის სამსახურებს აქვთ საზოგადოების ჯგუფების (რომლებსაც პოლიცია ემსახურება) მიმართ.

მეორე ამგვარი დოკუმენტია „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები“. დოკუმენტში ჩამოყალიბებული 26 პრინციპი განსაზღვრავს პოლიციის მიერ ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის დეტალურ და პრაქტიკულ მაგალითებს. პრინციპები ასახავს პოზიტიურ სტანდარტებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ეროვნული წესებისა და სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება (პრინციპი 1); სხვადასხვა სახის აღჭურვილობის განვითარება, რათა შესაძლებელი გახდეს ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიფერენცირებული გამოყენება, გარდა ამისა, თავდაცვითი აღჭურვილობის განვითარება (პრინციპი 2); ის გარემოებები, რომლებშიც შესაძლებელია ადამიანების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება (პრინციპი 9); პოლიციის თანამშრომელთა მომზადება (პრინციპი 20); პოლიციის თანამშრომელთათვის დაძაბულ ვითარებაში კონსულტაციების ჩატარება; და პოლიციის თანამშრომელთა და პოლიციის სამსახურების ხელმძღვანელთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა (პრინციპები 24-26).

რასაკვირველია, პოლიციის თანამშრომლები დაინტერესებულნი არიან იმით, თუ როგორ ხდება კანონის აღსრულება. რა ზომები და სისტემები არსებობს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობა?

ჯერჯერობით არ არსებობს სისხლის სამართლის მუდმივად მოქმედი საერთაშორისო სასამართლო, რომელიც განიხილავდა იმ პირთა საქმეებს, ადამიანის უფლებათა დარღვევით გამოწვეულ დანაშაულებში რომ ედებათ ბრალი. არც პოლიციის ისეთი საერთაშორისო სამსახური არსებობს, ასეთ დანაშაულებს რომ გამოიძიებდა. თუმცა უკვე მოხდა მოლაპარაკება ისეთი შეთანხმების შესახებ, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება საგანგებო საერთაშორისო სასამართლო. ეს სასამართლო განიხილავს იმ პირთა საქმეებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ დანაშაული მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ და ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვანი დარღვევები. ეს შეთანხმება ძალაში მაშინ შევა, როდესაც საკმარისი რაოდენობის სახელმწიფო იკისრებს შეთანხმებით გათვალისწინებული ვალებულებების შესრულებას.

ამჟამად არსებობს სხვადასხვა მექანიზმი, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. ეს მექანიზმები უმეტესწილად მიმართულია სახელმწიფოთა ხელშეწყობისკენ ისეთი კონსტიტუციური და სამართლებრივი ზომების შექმნასა და დამკვიდრებაში, რომლებიც აუცილებელია, რათა მათ შეძლონ, შეასრულონ თავიანთი საერთაშორისო იურიდიული ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. შემდეგ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, უზრუნველყონ საკუთარ კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობა ადმინისტრაციული და სხვა საშუალებებით, ხოლო როდესაც კონსტიტუცია და კანონმდებლობა დაირღვევა, უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირთათვის დაკმაყოფილება ან კომპენსაცია.

საერთაშორისო მექანიზმები ორ ფართო კატეგორიად იყოფა - გაერო-ს სისტემის ფარგლებში შემუშავებული უწყებები და პროცედურები და შეთანხმებებზე დაფუძნებული უწყებები და პროცედურები. გაერო-ს სისტემის ფარგლებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე ძირითადი უწყებაა ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც შედგება გაეროს წევრი სახელმწიფოების 53 წარმომადგენლისაგან. კომისია ატარებს გამოკვლევებს, ამზადებს რეკომენდაციებს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების პროექტებს. გარდა ამისა, კომისია ასრულებს საგანგებო დავალებებს, რომლებსაც მას გაერო-ს გენერალური ასამბლეა და ეკონომიკური და სოციალური საბჭო აძლევს. ეს დავალებები გულისხმობს, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებათა განხილვას და გამოკვლევას და ამგვარ დარღვევებთან დაკავშირებული კომუნიკაციის წარმოებას.

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის განსახილველად გაერო-ს სისტემაში ჩამოყალიბდა, აგრეთვე, რიგი ე.წ. სპეციალური პროცედურებისა. ამ პროცედურას შეიძლება ახორციელებდეს ერთი ადამიანი - საგანგებო მომხსენებელი, ანდა სამუშაო ჯგუფი. სპეციალური პროცედურები ორ კატეგორიად იყოფა - თემატურ პროცედურებად და პროცედურებად კონკრეტული ქვეყნებისთვის.

თემატური პროცედურები ეხება დარღვევათა განსაზღვრულ სახეს. მაგალითად, 1980 წელს ადამიანის უფლებათა კომისიამ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი ადამიანების ძალადობის გზით ანუ არანებაყოფლობით გაქრობის საკითხებში, რომლის ამოცანა იყო ადამიანების ძალადობის გზით გაქრობის ფენომენის შესწავლა და კომისიისთვის მოხსენება. დღეისათვის მოქმედებს საგანგებო მომხსენებელი სასჯელთა კანონის გადამეტებით აღსრულების საკითხებში; საგანგებო მომხსენებელი წამებასთან დაკავშირებულ საკითხებში; საგანგებო მომხსენებელი რელიგიური შეუწყნარებლობის საკითხებში; და სამუშაო ჯგუფი თვითნებური დაკავების საკითხებში.

პროცედურები კონკრეტული ქვეყნებისთვის (საგანგებო მომხსენებლები და სამუშაო ჯგუფები) განიხილავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სიტუაციებს კონკრეტულ ქვეყნებში ან ტერიტორიებზე. ამ თვალსაზრისით მსოფლიოს ყველა რეგიონის მრავალი ქვეყანა გახდა საერთაშორისო მასშტაბით საგულდაგულო შესწავლის საგანი.

არსებობს შეთანხმებაზე დაფუძნებული პროცედურის ბევრი სხვადასხვა ფორმა. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების IV ნაწილის საფუძველზე შექმნილ ადამიანის უფლებათა კომიტეტს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს - „მეთვალყურეობა“ და „განცხადებები“. მეთვალყურეობა ხორციელდება ანგარიშგების პროცედურის მეშვეობით: შეთანხმების ხელისმომწერი სახელმწიფოები პერიოდულად წარადგენენ ანგარიშებს „მათ მიერ მიღებული იმ ზომების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს შეთანხმებაში აღიარებულ უფლებათა განხორციელებას,“ წარმოადგენენ აგრეთვე, ანგარიშებს „ამ უფლებებით სარგებლობის საქმეში წინსვლის“ შესახებ. განცხადებები გულისხმობს იმ პირთა შეტყობინებებს (საჩივრებს), რომლებიც ამტკიცებენ, რომ დაირღვა შეთანხმებაში განსაზღვრული მათი უფლებები, აგრეთვე შეთანხმების ხელისმომწერი სახელმწიფოების შეტყობინებებს (საჩივრებს) სხვა ხელისმომწერი სახელმწიფოების საქციელთან დაკავშირებით.

„წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა წამების საწინააღმდეგო კომიტეტი. ეს კომიტეტი ღებულობს პერიოდულ ანგარიშებს კონვენციის ხელისმომწერი სახელმწიფოებისგან და ამოწმებს ინფორმაციას, რომელიც შეიცავს დასაბუთებულ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონვენციის ხელისმომწერი ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე სისტემატურად აქვს ადგილი წამების შემთხვევებს.

ზემოთ (გვ. 5) მოცემულ მესამე კითხვაზე პასუხში მოხსენიებული სამივე რეგიონული შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა უწყებები და პროცედურები შეთანხმების დებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ასე რომ ამჟამად არსებობს ადამიანისა და ხალხების უფლებათა აფრიკული კომისია; ადამიანის უფლებათა ამერიკული კომისია და ადამიანის უფლებათა ამერიკული სასამართლო; და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

ეს მხოლოდ ძალზე მოკლე მიმოხილვაა, რომელიც გვთავაზობს აღსრულების სხვადასხვა მექანიზმის მაგალითებს. გაერო- სისტემაში და შეთანხმებათა ფარგლებში ჩამოყალიბებულია და არსებობს სხვა უწყებებიც. არის თუ არა ევროპაში კონკრეტული გზით უზრუნველყოფილი და აღსრულებული ადამიანის უფლებები?

ევროპის საბჭო 1949 წელს შეიქმნა ევროპის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების მიზნით, რაც, თავის მხრივ, მიზნად ისახავდა სოციალური და ეკონომიკური პროგრესის ხელშეწყობას და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას. ევროპაში ადამიანის უფლებების დასაცავად და ამ უფლებათა დარღვევებისთვის კომპენსაციისა და სხვაგვარი დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად ევროპის საბჭოს რიგმა წევრებმა შეიმუშავეს მრავალი დეტალური მექანიზმი. ქვემოთ მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს აღვწერთ.

უფლებათა დაცვის სისტემის ცენტრალური კომპონენტია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც კი ოდესმე ხელმოწერილი ყოფილა. სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, თანხმდებიან, უზრუნველყონ კონვენციაში განსაზღვრული უფლებებით სარგებლობა, უზრუნველყონ, აგრეთვე, „ქმედითი“ სამართლებრივი ზომები თავ-თავიანთ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის. თუ დამცავი მექანიზმები ქვეყნის დონეზე არ იმოქმედებს, ადამიანს აქვს საშუალება, მიმართოს დამოუკიდებელ საერთაშორისო დაწესებულებას - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოები თანახმა არიან, ევალებოდეთ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულება და შეასრულონ ისინი. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტილებას ცალკეული პირი იცილებს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფოს სამართლებრივ სისტემაში. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა, 43, წევრი სახელმწიფო დათანხმდა თავის იურისდიქციაში კანონის პირდაპირი ძალა მიენიჭებინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებისთვის. ამგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში განსაზღვრული ადამიანის უფლებები ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში ქვეყნის კანონმდებლობის (რომელიც არეგულირებს პოლიციის მუშაობას) შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმოწერისას, 1950 წელს, აღიარებული და გარანტირებული იქნა ადამიანის თორმეტი ძირითადი ინდივიდუალური უფლება. შემდგომში დადებული შეთანხმებების შედეგად გაიზარდა კონვენციის ფარგლებში უზრუნველყოფილ უფლებათა რაოდენობა. კონვენციაში განსაზღვრული უფლებებიდან ადამიანის უფლებებისა და პოლიციის მუშაობის სფეროში ყველაზე ხშირად შემდეგი უფლებები მოქმედებს: ადამიანის უფლება სიცოცხლეზე (მუხლი 2), წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის აკრძალვის უფლება (მუხლი 3), ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5), საქმის სამართლიანად განხილვის უფლება (მუხლი 6), პირადი და ოჯახური ცხოვრებისადმი, საცხოვრებლისა და კორესპონდენციისადმი პატივისცემით მოპყრობის უფლება (მუხლი 8), საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის, შეხედულების, სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლად არჩევის უფლება (მუხლი 10), მშვიდობიანი თავშეყრისა და გაერთიანებების თავისუფლად დაარსების უფლება (მუხლი 11).

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩამოაყალიბა, თუ როგორ შეიძლება ამ უფლებებით სარგებლობა მრავალ სხვადასხვა კონკრეტულ სიტუაციაში და დანერგა და განავითარა ამ უფლებების გამოყენება ახლად წამოჭრილი საკითხების გათვალისწინებით. უკანასკნელ ხანებში განხილული საქმეები შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის მასშტაბი პოლიციაზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებისა, მიიღოს ზომები, რათა დაიცვას სიცოცხლეზე უფლება, როდესაც ამ უფლებას მესამე მხარეები ემუქრებიან, აგრეთვე, ის საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია თავად პოლიციის თანამშრომელთა სოციალური და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა. დაკავების ადგილების მონახულებისა და სახელმწიფოებთან კონფიდენციალური დიალოგის წარმართვის სფეროში წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტი მუშაობს იმისათვის, რომ დაიცვას წამებისა და ცუდად მოპყრობისაგან ის ადამიანები, რომლებსაც აღკვეთილი აქვთ თავისუფლება. ამ პროცესის ფარგლებში შემუშავდა, მაგალითად, დეტალური სტანდარტები და პრაქტიკული სახელმძღვანელო მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება.

ადამიანები, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს განეკუთვნებიან, სარგებლობენ ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-შეთანხმების ფარგლებში გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით. პოლიციის მუშაობის თანამედროვე მეთოდები უშუალოდ ვრცელდება, მაგალითად, სახელმწიფოების წინაშე არსებულ პრობლემასა და მოთხოვნაზე, მიიღონ საგანგებო ზომები იმ ადამიანების დასაცავად, ვისაც მათი ეთნიკური, კულტურული, ენობრივი თუ რელიგიური კუთვნილების გამო საფრთხე ან ძალადობის აქტები შეიძლება ემუქრებოდეს.

ევროპის სოციალურ ქარტიაში განსაზღვრულია პროგრესული ხასიათის ვალდებულებები ეკონომიკური და სოციალური უფლებების სფეროში. ქარტიაში გარანტირებული ძირითადი უფლებები - დასაქმების, ვაჭრობისა და სოციალური დახმარების უფლებები - ზეგავლენას ახდენს არა მარტო საზოგადოების მიმართ პოლიციელთა მოვალეობების მასშტაბზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ არის ორგანიზებული თავად პოლიციის სამსახური. საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია პოლიციის შესახებ (რეზოლუცია 690 (1979)) უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას თავად პოლიციის თანამშრომელთა უფლებებზე, აღიარებს რა, რომ „პროფესიული, ფსიქოლოგიური და მატერიალური პირობები, რომლებშიც პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები, უნდა უზრუნველყოფდეს მის თანმიმდევრულობას, მიუკერძოებლობასა და ღირსებას.“* ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე უწყებათა სხვა რეკომენდაციებსა და რეზოლუციებში ჩამოყალიბებულია სტანდარტები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიციის საქმიანობას ეხება. ასეთი საკითხებია, მაგალითად, პოლიციასთან თანამშრომლობა და პერსონალური მონაცემების დაცვა, მოწმეების დაშინება და ეჭვმიტანილის იურიდიული დამცველის უფლებები.

________________________

* რეკომენდაცია 858 (1979) პოლიციის შესახებ დეკლარაციასთან დაკავშირებით, თავი ბ, ნაწილი 4, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ოცდამეთერთმეტე ჩვეულებრივი სესია.

3 * * *

▲ზევით დაბრუნება


პოლიციის თანამშრომელთათვის განკუთვნილი წინამდებარე ბუკლეტი შექმნილია ადამიანის უფლებების სფეროში სწავლებისას დამხმარე მასალის სახით იმ სპეციალისტებისთვის, ვისაც პოლიციელთა მომზადება აკისრია. ბუკლეტი წარმოადგენს პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მასალის ნაწილს. სასწავლო მასალის დანარჩენი კომპონენტებია:

  • დისკუსიის წარმართვის ხერხები - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის;“

  • საინფორმაციო ხასიათის ბროშურა პოლიციის თანამშრომელთათვის;

  • ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის;

  • სასწავლო ვიდეოფილმიპოლიცია და ადამიანის უფლებები;“

  • სახელმძღვანელო გამოცდილი პროფესიონალებისათვის - „ხედვა, თანამედროვე მიდგომა და პროფესიონალიზმი პოლიციის მიერ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის აღკვეთის საქმეში“;

  • პოლიციის სამსახური დემოკრატიულ საზოგადოებაში - არის თუ არა თქვენი ქვეყნის პოლიცია წამყვანი სამსახური ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით“.

დამატებითი ინფორმაციის ან გამოცემების მოპოვების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ:

ევროპის საბჭოს, მისამართი: F-67075 Strasbourg Cedex

ტელეფონი: +33 (0)3 88 41 20 33; ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 45;

ელ. ფოსტის მისამართი: point_i@coe.int

პოლიციითა და ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აგრეთვე, მიმართონ ევროპის საბჭოს ინტერნეტგვერდს შემდეგ მისამართზე:

http://www.humanrights.coe.int/police

ადამიანის უფლებების ცენტრი ესექსის უნივერსიტეტი
Wivenhoe Park Colchester Essex CO4 3SQ United Kingdom

ტელეფონი: +44(0)1206 872558

ფაქსი: +44(0)1206 873627

ელ. ფოსტის მისამართი: hrc@essex.ac.uk

ადამიანის უფლებების ცენტრი გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის უფლებების სფეროში ყველაზე დიდი ხნის წინ დაარსებული საუნივერსიტეტო პროგრამაა. ცენტრი აწარმოებს სწავლებასა და კვლევას დისციპლინათაშორის საფუძველზე, გარდა ამისა, მსურველებს სთავაზობს მომზადებას და კონსულტაციებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მასშტაბით დაცვის (მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და პოლიციის მუშაობის) სფეროში.

ავტორი, რალფ ქროშოუ, პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. ამჟამად ბ-ნი ქროშოუ ადამიანის უფლებების ცენტრის საბჭოს წევრია და მუშაობს ადამიანის უფლებებისა და პოლიციის საქმიანობის სფეროში.