მრავალეთნიკური საქართველო (მოკლე ცნობარი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეთნიკური უმცირესობები საქართველოში
წყარო: მრავალეთნიკური საქართველო : (მოკლე ცნობარი) / ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი ; [შემდგ. ლია მელიქიშვილი] - თბ., 2008 - 42გვ. ; 20სმ.[MFN: 136036]
 
UDC:  323.15(479.22)
F 91.217/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ადამიანის რესურსების განვითარების ფონდი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 2008 შემდგენელი: ლია მელიქიშვილი. ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მოკლე ცნობარი შედგენლია: ნ. აბაშიძის, ზ. ზურაბიშვილის, ლ. მელიქიშვილის, ლ. მელიქსედ-ბეგის (შვილის). ნ. ომარაშვილის, ლ. ფაშაევას, გ. ჩიქოვანის, ნ. ჯალაბაძისა და ლ. ჯანიაშვილის ნაშრომების მიხედვით გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკური დეპარტამენტის მონაცემები



1 საქართველოს აზერბაიჯანელები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: აზერბაიჯანლილარ, აზერილერ (აზერი თურქილარ).

თვითშეგნება: აზერბაიჯანული (თურქული ორიენტაციის).

რელიგია: მუსლიმები (დიდი ნაწილი შიიტები, ნაწილი - სუნიტები).

ენა: აზერბაიჯანული (განეკუთვნება თურქულ ენათა ოღუზურ ჯგუფს).

მოსახლეობა: 307556 (5,7% - 1989 წ. აღწერილობით), 284761 (6,5% - 2002 წ. აღწერილობით).

დასახლება: თბილისი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, საგარეჯო, ლაგოდეხი, თელავი, წალკის, მცხეთის, თეთრიწყაროს, კასპის, ქარელის, დედოფლისწყაროს რაიონები (დასახლება კომპაქტური).

ჩამოსახლების ისტორია: ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მცხოვრები მომთაბარე ტომები ისტორიული წყაროების მიხედვით ცნობილია ელის“ სახელწოდებით (ელი თურქული სიტყვაა და ნიშნავს ტომს, ხალხს, ქცეყანას, მხარეს).

ელთა ჩამოსახლების საქმეში განსაკუთრებით აქტიური იყო შაჰ-აბას პირველი. მან სამხრეთ ირანიდან საქართველოში დიდი რაოდენობით მომთაბარე ტომები შემოიყვანა. მაგრამ შაჰ-აბას პირველის გეგმა ყიზილბაშურ სახანოებად ექცია ქართული ქრისტიანული სამეფო, ჩაშალა მატყყოფის აჯანყებამ გიორგი სააკაძის მეთაურობით. ელის ნაშთები საბოლოოდ ქართული სახელმწიფოს სამსახურში ჩადგნენ. ამ მომთაბარე ტომებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ირანის ცენტრალური და სამხრეთის რაიონებიდან იყვნენ გადმოსახლებულნი, სულაც არ გააჩნდათ ირანული ეროვნული თვითშეგნება. საქართველოში ირანიდან გადმოსახლებულ მომთაბარეებს, გასაგებია, აზერბაიჯანელებთან უფრო მეტი აკავშირებდა (ენა, რელიგია, ზნე-ჩვეულება და სოციალური წყობა), ვიდრე საკუთრივ ირანელებთან. ამიტომაც არის, რომ საქართველოში მცხოვრებთ, მათ შთამომავლებს, თავი აზერბაიჯანელებად მიაჩნიათ.

რელიგია: აზერბაიჯანელები რელიგიურად მუსლიმები არიან და ისლამს მისდევენ.

ისლამი, რომელიც არაბული სიტყვაა და მორჩილებას (უფრო მონობას) ნიშნავს, ერთღმერთიანობას აღიარებს. ისლამის მთელი მოძღვრება გადმოცემულია ყურანში და შეიცავს შვიდ დოგმას: რწმენა ღმერთისა და ანგელოზებისა, ყველა საღვთო წიგნებისა, ალაჰის ყველა წარმოგზავნილისა - წინასწარმეტყველისა, მათ შორის ისას (ქრისტეს), ქვეყნის აღსასრულისა და მკვდრეთით აღდგომისა, ყველაფერი რაც მოხდა და მოხდება ალაჰის ნებაა (სამყაროს დაღუპვამდე და მეორედ მოსვლამდე).

ყურანის გარდა, აღსანიშნავია სუნა და შარიათი. სუნა ნიშნავს გადმოცემას, განმარტებას. მუსლიმთათვის ესაა „სულის მარგებელი კრებული“, სადაც ასახულია მუჰამედისა და სხვა პირველ მოსულთა ცხოვრება, როგორც ეტალონი შემდგომი თაობებისათის.

შარიათი ესაა კანონთა კოდექსი ე. ი. მუსლიმთა რჯულის კანონი, რომელიც არეგულირებს პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს ყველა სფეროს. ისლამური კულტმსახურების ძირითადი ელემენტების რწმენის ფორმულა (შაჰადი) არის ლოცვა, მარხვა, მოწყალება ანუ ქვლმოქმედება (ზაქათი) და მექას მონახულება. ლოცვას, როგორც წესი, წინ უძღვის მოსამზადებელი საფეხური - განბანა. დაწესებულია ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და დაღამებისას (დაწოლის წინ).ყოველი ლოცვა იწყება: „არა არს ღმერთი გარდა ალაჰისა“. ამას წარმოთქვამს მუსლიმანი ყველგან და ყოველთვის. მუსლიმანი ვალდებულია შეინახოს რამაზანი (მარხვა) და აღნიშნოს დღესასწაულები. ამ პერიოდში მორწმუნეთათვის, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, აკრძალულია სმა-ჭამა, დაბანა, სქესობრივი ურთიერთობა.

გავრცელებულია წინდაცვეთის, „დასუნათბის“, წესი.

დღესასწაულები: აზერბაიჯანელები ძირითადად მუსულმანურ დღესასწაულებს აღნიშნავენ მთვარის კალენდრის მიხედვით. თითქმის ყოველი დღესასწაული პარასკევს (ჯუმა) ემთხვევა. მუსულმანური რელიგიით ეს ისეთივე განსაკუთრებული დღეა, როგორც ებრაელებისათვის შაბათი და ქრისტიანებისათვის კვირა.

ყველაზე გავრცელებული დღესასწაულია ურაზა ბაირამ - ოცდაათდღიანი მარხვის დღესასწაული, ყურბან-ბაირამ მსხვერპლშეწირვა, ნორუზ ბაირამ - სამყაროს გაღვიძება (21 მარტი), მავლიდ - წინასწარმეტყველის დაბადების დღეს აღნიშვნა. ლოცულობენ საქართველოში მრავლად არსებულ მეჩეთებში.

მუჰარამი - მუსულმანი შიიტების რიტუალია. იგი ჰალიფატის შიგნით დინასტიურ დაპირისპირებასთან არის დაკავშირებული. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ, მისმა მომხრეებმა მოციქულის ოჯახი უმაღლეს ხელისუფლად და მისი ბიძაშვილის - ალის მემკვიდრედ გამოცხადება მოინდომეს. ამან გამოიწვია ისლამის გახლეჩვა და VII - ს-ის 2 ნახევარში წარმოიქმნა რელიგიურ-პოლიტიკური დაჯგუფება შიიტები, რომელიც მუჰამედის ერთადერთ კანონიერ და სულიერ მემკვიდრედ ალის აღიარებდნენ. ალის სიკვდილის შემდეგ, მისი ადგილი მისმა შვილმა - ჰუსეინმა დაიკავა. ჰალიფატის შიგნით ომი გამწვავდა. ჰუსეინმა მოინდომა ხელისუფლების ხელში სრულად აღება, მაგრამ ის ამ ბრძოლაში დამარცხდა. ეს მუსულმანური კალენდრით მუჰარამის თვის ათ რიცხვში მოხდა და სწორედ აქედან წარმოიშვა რიტუალის სახელწოდება აშურა“,შაჰსეი-ვაჰსეი. ამ ტრაგედიის შემდეგ, ჰუსეინი შიიტებმა მოწამედ აღიარეს და მისი დაღუპვის დღე - აშურა აღინიშნებოდა, როგოც სამგლოვიარო დღე.

ტრადიციები. დასახლება. აზერბაიჯანელი დასახლებები უმეტესად განლაგებული იყო მდინარებისა და სარწყავი არხების სანაპიროებზე. XX ს-ის დასაწყისში მიწურბანიანი სახლები შეცვალა ერთ და ორსართულიანმა კაპიტალურმა, ქვის ნაგებობებმა. დასახლებების ცენტრში გაჩნდა სავაჭრო, სასაწავლო და კულტურული დაწესებულებები. სოფლის ცენტრში იყო სალაყბო, სადაც წყდებოდა საჭირბოროტო საკითხები. ბოლო წლებში დაიწყო სოფლის ცენტრებში მეჩეთების შენება. შენარჩუნებული იქნა ნაგებობათა ზოგიერთი თავისებურებაც, კერძოდ სახლები მიმართულია ყრუ კედლით გზისაკენ და ფასადით ეზოსაკენ. ეზოები შედარებით მომცროა და მიჯრით ერთმანეთზეა მიწყობილი.

მეურნეობა. მესაქონლეობის შეზღუდვის ხარჯზე თანდათანობით გაიზარდა მიწათმოქმედების ხვედრითი წილი XX საუკუნისათვის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რიგ სოფლებში განვითარებული იყო მემარცვლეობა (ხორბალი, სიმინდი), მებაღჩეობა (კომბოსტო, პომიდორი და ა. შ.) და მევენახეობაც კი. სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ამარაგებენ ქალაქს.

ოჯახი. ოჯახის შექმნისა და მის წევრთა ურთიერთობის რეგლამენტირების საკითხებში განსაკუთრებით ღრმად იჭრება მუსულმანური რელიგია. ოჯახი წარმოადგენს სისხლით მონათესავე კოლექტივს, რომელსაც სათავეი უდგას ოჯახის უფროსი მამაკაცი აღსაკალი“. აღსაკალი ასევე არის ხანშიშესული პიროვნება, რომელსაც დღემდე პატივისცემით ეპყრობიან. ახალგაზრდასთან შეხვედრისას, პირველ სალამს აძლევს აღსაკალი. მის წინაშე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა, ხმამაღალი ლაპარაკი, ყვირილი, ჩხუბი, ბილწსიტყვაობა, უაზრო სიცილი და ა. შ. საჭირბოროტო საკითხების გასარჩევად მიმართავენ აღსაკალს.

ქორწინება. აზერბაიჯანელი მოსახლეობის საქორწინო ყოფა ისლამის ნორმებითაა რეგლამენტირებული. ეს განსაკუთრებით მჟღავნდებოდა სუფრასა და ტრადიციული ხონჩის შემადგენლობაში ღვინისა და სპირტიანი სასმელების აკრძალვაში, ასევე სასულიერო პირის, მოლას, მონაწილეობაში საქორწინო ცილკის ამ ეტაპზე.

ბოლო ხანებში ხშირია მოდერნიზებული ქორწილები (რიტუალების სასახლეებში, რესტორნებში და ა. შ.) ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს სპირტიანი სასმელების მოხმარება, ქალებისა და მამაკაცების ერთად ლხინი, აუცილებლად ითვლება მმაჩის ბიუროში ხელმოწერის რეგისტრაცია.

ქალიშვილისათვის სათანადო მზითევის გაწყობას აზერბაიჯანელები ოჯახის ღირსების საქმედ მიიჩნევენ. მზითევი ქალის პირად საკუთრებად ითვლებოდა და ოჯახში მატერიალურ კეათილდღეობას ხმარდებოდა.

მიცვალებულის კულტი. აზერბაიჯანელთა ყოფით რიტუალებში ყველაზე არქაულად მიჩნეულია დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც ისლამურ ტრაიციაზეა აგებული. მომაკვდავს აწვენენ ზურგზე, სამხრეთის მიმართულებით. შემდეგ კითხულობენ ლოცვას. აუცილებელია გარდაცვლილის სამჯერ წყლით ან ქვიშით განბანვა. იგი თეთრი ტილოს სუდარაში გახვეული უნდა დაიკრძალოს. მიცვალებულს მზის ჩასვლამდე მარხავენ. მიცვალებულის სულის მოსახსენიებლად აწყობენ ქელეხს, რომელზეც საგანგებო რბილ ლავაშებს „არატიჩ-ს“ აცხობდნენ.

ტანსაცმელი. თანამედროვე აზერბაიჯანული სამოსი ევროპული ყაიდისაა, თუმცა გარკვეულ ნაციონალურ ელემენტებსაც შეიცავს. ქალებში ჩადრის ადგილი დაიჭირა თავსაფარმა, რომლის ტარებაც აუცილებელია სრულწლოვნებას მიღწეული გოგონასათვის. ასევე ნაწილობრივ შემონახულია ფაფახის ტარების ტრაციცია ხანდაზმულ პირებში.

ტრადიციული საკვები. აზერბაიჯანული ტრადიციული საკვები საკმაოდ მრავალფეროვანია: დოლმა, ფით, აშ (ფლავი), ქიუფთა, ბოზბაშ, ქიაბაბ, ხაშ. მარტო ფლავის ორმოცი სახეობა არსებობს. ხორცეულში ძირითადად იყენებენ ცხვარს, ასევე შინაურ ფრინველს, რისგანაც მზადდება ჩიგირთმა. არ ჭამენ ღორის ხორცს. ჭარბად იყენებენ ბურღულეულის და მცენარეულ საკვებს. კერძოდ მოხარშულს ეძლევა უპირატესობა. საჭმელი საკმაოდ მსუყეა. იყენებენ რძის ნაწარმს. ამზადებენ კარაქს, ყველს, ხაჭოს. ფართოდ იყენებენ საჭმელში სხვადასხვა სუნელებს, განსაკუთრებით ცნობილია საწებელა ნაშარაბი აზერბაიჯანელებისთვის ჩაის მოხმარების კულტურას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო, როგორც სასმელს არამედ, როგორც ურთიერთობის, საქმის გადაწყვეტის და მოლაპარაკებების საქმეში.

2 საქართველოს სომხები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: ჰაი.

თვითშეგნება: სომხური.

რელიგია: ქრისტიანობა (გრიგორიანელები, ნაწ. კათოლიკები).

ენა: სომხური (ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფი.)

მოსახლეობა: 437 221 (8,1%) (1989 წ. აღწერით); 248 929 (6,5%) (2002 წ. აღწერით).

დასახლება: განსახლებულნი არიან საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. კომპაქტურად დასახლებულნი არიან შემდეგ რაიონებში: გაგრის 22 სოფელში, გუდაუთის 14 სოფელში, გულრიფშის 17 სოფელში, ოჩამჩირის 7 სოფელში, სოხუმის 11 სოფელში, ასპინძის 1 სოფელში, ახალქალაქის 56 სოფელში, ახალციხის 16 სოფელში, ნინოწმნინდის 26 სოფელში, ბოლნისის 3 სოფელში, ბორჯომის 3 სოფელში, თეთრიწყაროს 3 სოფელში, მარნეულის 10 სოფელში, წალკის 14 სოფელში, დედოფლისწყაროს 1 სოფელში. სულ ეროვნება სომეხი ჭარბობს 204 სოფელში და 1 ქალაქში (გაგრაში).

ჩამოსახლების ისტორია: საქართველოში სომხების ჩამოსახლება იწყება ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე და გრძელდება დღემდე. მათი განსახლების გეოგრაფია მეტ-ნაკლებად მოიცავს თითქმის მთელს საქართველოს. სომხეთი საქართველოს უძველესი და უახლოესი მეზობელი იყო სამხრეთიდან, რომელიც ყოველთვის პირველი ხვდებოდა ამიერკავკასიისაკენ წამოსულ მტერს, ამის გამო საქართველო ბუნებრივი თავშესაფარი ხდებოდა სომხებისათვის.

საქართველოც და სომხეთიც ამიერკავკასიის აპარეზზე ჰეგემონობისათვის და ამ რეგიონის ხალხთა გამაერთიანებლის პრეტენზიებით გამოდიოდნენ, რაც არც თუ იშვიათად, იწვევდა მათ შორის პოლიტიკური საზღვრების გადანაცვლებას, მიგრაციულ პროცესებს და ეთნიკური შემადგენლობების ცვლას.

მეოთხე საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ქალაქის მშენებლობისათვის სომეხი ხელოსნები მოიწვია და სხვადასხვა შეღავათები და საპატიო პრივილეგიები მისცა.

სომეხ ახალშენთა მომრავლება საქართველოში არაბთა შემოსვლის დღეს 851-852 წ.წ. გაიზარდა და უფრო ფართო ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც სომხურმა სახელმწიფოებრიობამ უმძიმესი მარცხი განიცადა, ჯერ ბიზანტიის აგრესიის და შემდეგ თურქ-სელჩუკთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ.

XII-XIII სს. ხელოსნებისა და ვაჭრების ჩამოსახლება ხდება თბილისისი მოდამოებში და ქართლის რეგიონში.

კატასტროფული აღმოჩნდა პოლიტიკური ვითარება სომხეთში XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნეში, როცა მომთაბარე დამპყრობლებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს საარსებო ფართობები. ამ დროიდან სომეხთა გაძლიერებული ლტოლვა საქართველოსაკენ, სადაც მათ ცხოვრების გაცილებით უკეთესი პირობები ეგულებოდათ, სავსებით ბუნებრივი ხდება. XV საუკუნიდან განსაკუთრებით ფართო და სისტემატური ხასიათი მიიღო სომეხთა გადმოსახლებამ საქართველოში.

ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის შედეგად გენერალმა ციციანოვმა 1804 წ. ერევნის სახანოდან ორი ათასი სომეხი გადმოასახლა და დაასახლა ავლაბარსა და თბილისის გარეუბნებში.

1828-1829 წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლისის ზავის თანახმად, რელიგიური ნიშნით, მოხდა მოსახლეობის გაცვლითი გადასახლება. ქრისტიანები თურქეთიდან რუსეთის იმპერიაში და მუსულმანების თურქეთში. სომხების ძირითადი ნაწილი ჯავახეთში ჩაასახლეს. ამას დაემატა XX საუკუნის დასაწყისში გენოციდის შედეგად გამოქცეული ლტოლვილების შემოსვლა.

რელიგია. სომხები ძირითადად გრიგორიანელები არიან. ქრისტიანობამ სომხეთში, მისი გავრცელების პირველ ხანებშივე, განიცადა ცვლილება და ეთნიკურ სპრციფიკურ სომხურ ვარიანტად ჩამოყალიბდა. სომხური ეკლესიას გრიგორიანულსაც უწოდებენ გრიგოლ განმანათლებლის საპატივცემულოდ, რომლის ძალისხმევით IV საუკუნის დასაწყისში ქრისტიანობა გამოცხადდა სომხეთის სახელმწიფო რელიგიად. მცირე რაოდენობით არიან კათოლიკებიც.

დოგმატურ განსხვავებებს მართლმადიდებლებსა და მონოფიზიტ (გრიგორიანულ) სომხებს შორის სამების ინტერპრეტაცია ქმნის. მონოფიზიტების შეხედულებით, ძე ღვთისა ორბუნებიანად შეიძლება ვაღიაროთ მხოლოდ მის განხორციელებამდე. განხორციელების შემდეგ ღვთაებრივმა ბუნებამ იმდენად შთანთქა ადამიანური, რომ ამ უკანასკნელმა თავისი სუბსტანცია მთლიანად დაკარგა, ამის შემდეგ ძე ღვთისა მხოლოდ ერთბუნებოვანია.

ცალკე უნდა გამოიყოს ნათლიის საკითხი, რომელიც სომხებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნათლიას აღნიშნავენ ტერმინით კნგრ და ხაჩკნგრ (ლიტ. ქავორი). ხანჩკნგრობის ინსტიტუტი უკავშირდება ჯვარედინ ნათლობას. ორ ოჯახს შორის ნათლობა თაობიდან თაობაზე გადაგის. ერთი თაობის წარმომადგენელი მეორე ოჯახის მეორე თაობის წარმომადგენლის ნათლიაა. ნათლული თავად შემდგომ ნათლიის შვილის ნათლია ხდება და ა. შ. ამ ოჯახებს შორის მკაცრი ეზოგამია მყარდება.

დღესასწაულები. სომხური კალენდარული დღესასწაულები, მართალია ქრისტიანულ ელფერს ატარებენ, მაგრამ მრავალ წინაქრისტიანულ ელემენტსაც შეიცავენ. დიდი სახალხო ზიემი იყო ახალი წელი, წყალკურთხევა, სუბსარქისობა, აღდგომა, ვარდავარი, ამაღლება და მარიამობა.

მეტად პოპულარული დღესწაულია წმინდა სარქისობა - (სურბ სარქისი). სომხური ქრისტიანული წმინდანის სახელი უკავშირდება სიყვარულსა და ოცნებების ახდენას. ამ დღეს ზოგიერთი ახალგაზრდა მარილიან კვერს ჭამს, რადგან ითვლება, რომ მოწყურებულს ვინც სიზმარში წყალს მიაწვდის ის იქნება საბედო.

ტრადიციები. დასახლება. სომხებით დასახლებულ სოფლებში ძირითად ორიენტირს გრიგორიანული ან კათოლიკური ეკლესია წარმოადგენს. როგორც წესი ეკლესიასთან მდებარეობს მირე ზომის მოედანი, ხალხის თავშესაყარი ადგილი. აქვეა წყარო აუზებით და ჩამოსაჯდომი ძელსკამებით. ეკლესიის მოედანზე იმართება სახალხო თავყრილობები; აქ იკრიბებიან საეკლესიო დრესასწაულების დღოს, სოფლის საჭირბოროტო საქმეების გასარჩევად, ანდა უბრალოდ სალაყბოდ.

სასაფლაო, ჩვეულებრივ, სოფლის განაპირას მდებარეობს. მიცვალებულთა პატრონიმიული პრინციპით დასაფლავება ამ ბოლო დრომდე შემორჩენილია.

შენობა-ნაგებობის განლაგებით სომხური სოფლები ადგილობრივი ქართული დასახლებისაგან თითქმის არ განსხვავდება, ოღონდ სახლებს ძირითადად ტუფისაგან აგებენ.

მეურნეობა. ქალაქად მცხოვრები სომხები მისდევდნენ ხელოსნობასა და ვაჭრობას.

სოფლად მცხოვრები სომხები მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდენდნენ. ცალკეულ რაიონებში (ჯავახეთში) აუცილებელი იყო საქონლის ნაკელისაგან საწვავის (წივის) დამზადება. მაღალგანვითარებული მესაქონლეობა პოზიტიურ გავლენას ახდენდა შინამრეწველობაზე. ჯავახეთის სოფლები განთქმული იყვნენ ოჯახებში დამზადებული შალის ნაწარმით, რომელიც საფრანგეთშიც კი გაჰქონდათ.

ზაფხულის დასაწყისში საქონელი ალპურ საძოვრებეზე „იაილებზე“ მიდიოდა, სადაც ქალები რძის პროდუქტების დასამზადებლად მიჰყვებოდნენ.

ოჯახი. XX საუკუნის დასაწყისამდე სოფლებში მცხოვრები სომხებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი მრავალთაობიანი ოჯახები. მასთან ერთად არსებობდა მცირე ინდივიდუალური ოჯახები, მაგრამ მრავალთაობიანი და მრავალრიცხოვანი ოჯახები უკეთ იყვნენ მორგებული საქართველოსა და კავკასიის პირობებს ეკონომიკური თვალსაზრისით. სომხური დიდი ოჯახებისათვის დამახასიათებელი იყო ოჯახის უფროსისადმი უსიტყვო მორჩილება, რაც გვიანობამდე შემორჩა სომხურ ტრადიციას.

ქორწინება. საპატარძლოსა და სასიძოს შერჩევას ქალ-ვაჟის ოჯახი ტრადიციულად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ცდილობენ საქორწინო პარტნიორი თავიანთი კონფესიური და ეთნიკური გარემოდან შეერჩიათ.

შუამავალი მოლაპარაებას აწარმოებდა ქალ-ვაჟის დედ-მამას შორის. ნიშნობაში ვაჟის მხარე მიიტანდა ოქროს ბეჭედს, სამკაულებს, ყვავილების თაიგულს კენტი რაოდენობით. შემდეგი ეტაპი იყო ქორწილი ჯერ ქალის, ხოლო შემდეგ ვაჟის ოჯახში. აუცილებელი იყო ახალდაქორწინებულთა დასაჩუქრება. თანაც ხმამაღლა აცხადებდნენ ვინ რა საჩუქარი მოიტანა. ვაჟის სახლში ქორწილამდე ახალგაზრდები ეკლესიაში მიდიოდნენ ჯვრის დასაწერად.

მიცვალებული კულტი. სომხურ ყოფაში დიდი ადგილი უჭირავს მიცვალებულის მოვლა-გაპატიოსნებას. ადრე გარდაცვლილს მხოლოდ ერთი დრე აჩერებდნენ სახლში, მერე კი ეკლესიაში გადაიყვანდნენ. ამჟამად მიცვალებულის ეკლესიაში გადაყვანა იშვიათია, მაგრამ აუცილებელია მღვდლის ოჯახში მიყვანა წესის ასაგებად.

ქელეხი შეიძლებოდა გაკეთებულიყო მიცვალებულის ოჯახში ან სასაფლაოზე. სასაფლაოზე ქელეხის გაკეთების წესი XX საუკუნის 90-იან წლებში გაჩნდა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს უკავშირდებოდა. ყვალა ოჯახს არ ჰქონდა საშუალება სუფრა ოჯახში გაეწყო და ამიტომ სასაფლაოზე გაშლილი შედარებით მწირი პურ-მარილით კმაყოფილდებოდნენ.

ორმოცს აკეთებენ არა მეორმცე, არამედ გარდაცვალებიდან 39-ე ან 41-ე დღეს. ამ დღეს ჭირისუფალი წვავს შავ ტანსაცმელს, მამაკაცები იპარსავენ წვერს.

ტანსაცმელი. სომხურ მოსახლეობაში სოფლად XX საუკუნის შუახანებამდე იყო შემონახული ტრადიციული კოსტუმის ელემენტები, რომელშიც შეიმჩნეოდა თურქული და ქართული სამოსის გარკვეული გავლენა. ქალაქად კი XIX საუკუნეში გადავიდნენ ევროპულ ჩაცმულობაზე.

საკვები. ტრადიციული საკვები მზადდება ძირითადად საქონლის ხორცისგან: ქაბაბი, მწვადი, გიუფთა, ჩანახი, ბოზბაში, სუნჯუხი, ბასთურმა, ყაურმა, ხაშლამა, ტოლმა. ხშირად ხმარობენ ხორბლის მარცვლისგან და ბურღულეულისგან დამზადებულ კერძებს, ტკბილგულიან ქადებს, პოპულარულია სომხური „ლავაში“, მაწონი ბრინჯით და ხორბლით. სასმელებიდან ხმარობენ ყავას, ჩაის, კონიაკს, ღვინოს. სომხები ამზადებდნენ ორი სახის ყველს - მრგვალსა და ჩეჩილს.

3 საქართველოს ოსები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: ირონ.

თვითშეგნება: ოსური.

რელიგია: ქრისტიანობა.

ენა: ოსური (ინდო-ევროპულ ენათა ჯგუფი.)

მოსახლეობა: 164055 (3%,0%) (1989 წ. აღწერით); 38028 (0,9%) (2002 წ. აღწერით).

დასახლება: შიდა ქართლი (ცხინვალის, ახალგორის, ჯავის, ზნაურის რაიონები), აფხაზეთი, აჭარა, ლაგოდეხი, დუშეთის, თელავის, თეთრიწყაროს, კასპის, ქარელის, ყაზბეგის, ყვარლის, ახლეტის, გორის, ხაშურის, ბორჯომის, ახალგორის რაიონები, ქ. რუსთავი. (1989 წ. აღწერით 60 ათასი ცხოვრობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე).

ჩამოსახლების ისტორია: ოსები ინდოევროპული ხალხების ჩრდილო ირანული ჯგუფს მიეკუთვნებიან, ეთნოგენეტიკურად დაკაშირებული არიან სკვითებთან, სარმატებთან და განსაკუთრებით ალანებთან. მათი უახლოესი წინაპრები იყვნენ ალანები.

XIII ს-მდე ალანები ძირითადად იმიერკავკასიის ველებში ცხოვრობდნენ. XIII ს-ის 20-იანი წლებიდან კავკასიაში იწყება მონღოლთა შემოსევები, რასაც თან დაერთო რბევა ყაბარდოელთა მხრიდან, რომელთაც ხელში ჩაიგდეს ოსების საცხოვრებელი არეალი - ჩრდილო კავკასიის ბარის მთელი ტერიტორია. ოსები ტოვებენ ამ ბარს და კავკასიის მთებს აფარებენ თავს. ხეობათა ბარში გადმოსასვლელებში ჩნდება ყაბარდოელთა დასახლებები, რის შედეგადაც ოსები მთებში მკაცრად ჩაკეტილნი აღმოჩნდნენ. აქ, ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, ძირითადად ხეობების მიხედვით ჩამოყალიბდა ოსთა სასოფლო-ტერიტორიული ერთეულები, სახევო გაერთიანებები: თაგაურის, ქურთათის, ალაგირის და დიგორის, სადაც შეზღუდული საარსებო პირობები იყო. ამიტომ მათი შემდგომი ლტოლვა სამხრეთისაკენ ბუნებრივი ეკონომიკური აუცილებლობით იყო გამოწვეული.

XIII ს-ის მეორე ნახევრიდან საქართველომ დაკარგა კონტროლი გადმოსასვლელებზე, ვეღარ შეძლო საკუთარი საზღვრების დაცვა და ოსები ქართლს მოაწყდნენ, იწყეს მთიური მეკობრეობა, რაც იმდროინდელი მთიელების, საარსებო საშუალება იყო. რაც დრო გადიოდა, მეკობრეობა საშიშ ხასიათს იღებდა. ეს მდგომარეობა XIV ს-ის 20-იან წლებამდე გაგრძელდა, ვიდრე გიორგი ბრწყინვალემ არ აღკვეთა. განდევნილ ოსებს გიორგი ბრწყინვალემ თავის ქვეყანაშივე დახმარება აღმოუჩინა.

ქსნის და არაგვის ერისთავებმა და მაჩაბლებმა თხოვნით მიმართეს სიმონ მეფეს, ნება დაერთო ოსები ხიზნებად დაესახლებინათ თავიანთ მამულებში. დასახლდნენ ქსნისა და არაგვის ერისთავების, მაჩაბლების, ფალავანდიშვილების, ფურცელაძეების და სხვა თავად-აზნაურთა მამულებში. ქართველმა თავად-აზნაურობამ, სიმონ მეფის დავალებით, გადმოხვეწილ ოსებს მისცეს დასასახლებელი ადგილები, სამშენებლო მასალა, სარჩო, სამეურნეო იარაღები, ჩაუდგეს ქოხები. ზოგი ოსი ქართველების ოჯახის შვილობილიც კი გახდა. გახშირდა ქართველებსა და ოსებს შორის ნათელ-მირონობა, ურთიერთდამოყვრება და ა. შ.

ის ტერიტორია საქართველოში სადაც ოსების ჩამოსახლება და მათი თანდათანობით გაფართოება მოხდა მოიცავს შიდა ქართლს, ქსნის, არაგვის, ორი ლიახვისა და კუდაროს ხეობებს, რომლებიც ძირითადად ქსნის საერისთაოსა და სამაჩაბლოს სათავადოს ეკუთვნოდა. სამაჩაბლო, როგორც სათავადო XV ს-ის დასაწყისში ყალიბდება დიდი ლიახვის ხეობაში. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ოსებით დასახლებული ტეიტორია, ძირითადად გორისა და დუშეთის მაზრებში მოექცა. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილის ბაზაზე, საქართველოს გულში, რუსეთის ხელისუფლებამ 1842 წელს შექმნა ე. წ. „ოსეთის ოკრუგი“, ხოლო 1922 წლის 20 აპრილს, ქართველმა და რუსეთის კომუნისტებმა ის სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად აქციეს.

რელიგია. საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებული ოსები ქრისტიანები არიან.

რელიგიის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტიც, რომ მიგრაციის პროცესში ოსების მიერ გადმოტანილია სალოცავების ნიშები, რომელზედაც ახალმოსახლენი ლოცულობდნენ, ხოლო მათი წინაპრის კულტი კი ძირ ოსეთში (ჩრდ. ოსეთში) დღესაც არსებობს. ასეთი ნიშების რაოდენობა საკმაოა.

ადრექრისტრიანული რწმენა-წარმოადგენებიდან აღსანიშნავია, როგორც ძველი იარნული, ასევე კავკასიური ელემენტები. სამხრეთელი ოსების რწმენა-წარმოადგენებიდან ბევრია დაკავშირებული აგრარულ კულტთან - ხვნის დაწყებასთან, მოსავლის აღებასთან, ბუნების ძალებისადმი მიძღვნილი და სხვ. წეს-ჩვეულებები. შემორჩენილია საგვარეულო, სასოფლო კულტები - დზუარ (ჯვარი).

ესასწაულები. განსაკუთრებით პატივისცემით იყო მოცული წმ. გიორგის, წმ. ილიას, მიქელ-გაბრიელის და სხვა სალოცავები და დღესასწაულები.

ტრადიციები. დასახლება. სოფელს ოსურად ეწოდება ყაუ. ამ ტერმინს ხშირად წინ უძღოდა სოფლის დამაარსებელი პიროვბის სახელი (მაგ. ზასეთაყაუ, ხუგათყაუ). საცხოვრებელი ნაგებობები ქვისგან შენდებოდა - ძირითადად სწორი გადახურვით. მაღალმთიანეთში საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობები ერთ ჭერქვეშ თავსდებოდა. პირველ სართულზე იდგა საქონელი და ინახებოდა სასოფლო-სამეურნეო იარაღები. მეორეზე, დიდ, ფართე საცხოვრებელში - ხადზარ-ში თავსდებოდა მთელი ოჯახი. მთაში გვხვდებოდა ციხე-სახლები - განახ. სოფლის დასახელების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო მამაკაცთა თავშეყრის ადგილი - ნიხასი. ნიხასზე მამაკაცები იკრიბებოდნენ ყოველ თავისუფლა დროს სასაუბროდ, გასართობად, რაიმე ხელსაქმის გასაკეთებლად (მაგალითად, ტყავის გამოსაქნელად). მაგრამ, რაც მთავარია, ნიხასი იყო ადილი, სადაც ირჩეოდა და წყდებოდა საერთო- სასოფლო საჭირბოროტო საკითხები: საზღვრების დაცვის, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყება-დამთავრების, ხიდების, გზების მოწესრიგების, ზნეობის დაცვის, დანაშაულში შემჩნეულთათვის სხვადასხვა სასჯელის მიყენებისა და მრავალი სხვ. საკითხი ხმათა უმრავლესობით და უხუცესთა ავტორიტეტული გადაწყვეტილებით მთავრდებოდა. ადათობრივი სამართალი წარმართავდა სათემო საკითხებს.

მეურნეობა. საქართველოს მთიანეთში ოსური მეურნეობის ძირითადი დარგი მესაქონლება იყო. მიზდევდნენ მეფუტკრეობასაც. მებოსტნეობის კულტურებიდან მოყავდათ კარტოფილი, ჭარხალი, ხახვი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ნიორი. დაბლობში ჩამოსახლებული ოსები მებაღობას და ზოგჯერ მევენახეობასაც მისდევდნენ. ასევე მეთევზეობას და მონადირეობას.

ოჯახი. უხუცესი მამაკაცი - ხისტარი, მართავდა არა მარტო ოჯახს, არამედ საზოგადოებრივ ურთიერთობასაც. ნათესაური გაერთიანების წევრები გარკვეულ ურთიერთვალდებულებებით გამოირჩეოდნენ. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ ჭირში და ლხინში, როგორც ფიზიკურად, ისევე - მატერიალურად. მტკიცედ იყო დაცული ეგზოგამია. რაც მნიშვნელოვანია, ნათესავები იცავდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს და რომელიმე წევრის მავანისგან მკვლელობის შემთხვევაში, მონაწილეობდნენ სისხლის აღების აღსრულებაში. თუმცა, აქაც იყო დიფერენცირებული აღნიშნული მოვალეობის შესრულების თანმიმდევრობა - შურისძიება პირველ რიგში ევალებოდა პირველი რიგის ნათესავს - მამას, შვილს, ძმას და შემდეგ ბიძაშვილობას.

ქორწინება. ოსებში ახალი ოჯახის შექმნა მარტო ქალ-ვაჟის პასუხისმგებლობით არ განისაზღვრებოდა. ცხადია, ყოველი მშობლის სურვილი იყო დანათესავებოდნენ ღირსეულ მოყვრებს. სასურველ შემთხვევაში იწყებოდა მზადება ქორწილისთვის. ქალის გასტუმრება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა ოჯახისათვის - მას მზითევის სახით ატანდნენ ლოგინს და საოჯახო ნივთებს, ტანსაცმელს. სამხრეთელი ოსები (ჩრდილო ოსებისგან განსხვავებით) ქალს ერთ ძროხას ან რამდენიმე თხას თუ ცხვარსაც აძლევდნენ, რასაც ქართული ტერმინით - სათავნო - აღნიშნავდნენ.

უფრო რთული ამოცანის წინაშე იდგა ვაჟის ოჯახი, რომელსაც გამოსასყიდი - ურვადი უნდა გადაეხადა (საქონელი, სპილენძის ჭურჭელი, ზოგჯერ ფულიც). ურვადს განსაზღვრავდა შეთანხმება, რაც ღარიბ ოჯახს მძიმე ტვირთად აწვებოდა (მითუმეტეს თუ ქალი უფრო დაწინაურებული ოჯახიდან მოჰყავდათ, ურვადის რაოდენობა ნორმირებუილ არ იყო. მის გადახდაში ოჯახის ნათესავები, პირველ რიგში ძმები, ეხმარებოდნენ.

დაკრძალვის წესი. ოსურ ტრადიციებს შორის მყარადაა შემორჩენილი მიცვალებულის კულტი - წინაპართა მიმართ პატივისცემა.

დიდხანს იყო შემორჩენილი წესი ირონვანდაგ, რომლის მიხედვითაც ახლო ნათესავი ქალები კარის ზღურბლიდან მიცვალებულამდე მუხლებით მიდიოდნენ. დაკძალვის წესებიდან აღსანიშნავია „ცხენის შეწირვის“ წესი (ადრეულ ხანაში პირდაპირი მნიშვნელობით, შემდგომში სიმბოლურად - ირგვლივ შემოტარებით).

ოსთა კულტურა, ხელოვნება, ფოლკლორი. ოსური კულტურის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა მათი სიმღერები და მსოფლიოში ცნობილი ულამაზესი ცეკვები.

ოსების ფოლკლორი მდიდარი იყო ყველა ჟანრის პოეზიით. განსაკუთრებული ღირებულებისაა ოსური ნართული ეპოსი, რომელშიც ასახულია ოსთა საზოგადოებრივი ყოფა, ზნე-ჩვეულებები, გმირული ბრძოლები. თავისი იდეურ-მხატვრული ღირებულებით, ამ ეპოსს, მსოფლიოში აღიარებულ სხვა ეპოსთა შორის, ღირსეული ადგილი უკავია.

სამოსი. ტანსაცმელი ვროპული ყაიდისაა, ერთადერთი რაც შემორჩათ ბოლო ხანებამდე ესაა ოსი მამაკაცის თავსაბურავი - ნაბდის ცნობილი ოსური ქუდი ფართე ნაპირებით და ფაფახით.

საკვები. ოსები საკვებად იყენებენ, როგორც მსხვილფეხა, ისე წვრილფეხა საქონლის ხორცს, ასევე ფრინველს. მათი კერძები მდიდარია მცენარეული, კერძოდ მარცვლეული და ბალახეული საკვებით. ცნობილია ოსური ყველი და ხაბიზგინი, რომელიც ხაჭაპურის მსგავსია და ყველთან ერთად დამატებული აქვს ჭარხლის ფოთლები.

4 საქართველოს ბერძნები.

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: ბერძნულენოვნებისა - ელინოფონები („რომეოს“, „ელინოს“), თურქულენოვნებისა - ურუმი

თვითშგნება: ბერძნული.

რელიგია: ქრისტიანობა (მართლმადიდებლები).

ენა: ელინოფონები ლაპარაკობენ ბერძნულად, ურუმები - თურქული ენის დიალექტზე.

მოსახლეობა: 100 324 (1,9%) (1989 წ. აღწერით), 15166 (0,3%) (2002 წ. აღწერით).

დასახლება: კომპაქტურად იყვნენ დასახლებული: წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, ახალქალაქის, მარნეულის, ბორჯომის რაიონების სოფლებში. აფხაზეთში, აჭარაში და ქალაქებში: თბილისი, ბოლნისი, ბათუმი, სოხუმი.

ჩამოსახლების ისტორია: საქართველოში დღეს მცხოვრები ბერძნები, მიუხედავად საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ურთიერთობისა, არ წარმოადგენენ ანტიკურ სამყაროს შთამომავლებს.

თანამედროვე ბერძნების გადმოსახლების ისტორია XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. ის უშუალოდ უკავშირდება საქართველოში სამთამადნო მრეწველობის განვითარებისათვის რეკლე II-ის მიერ გატარებულ ღონისძიებებს XVIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისისათვის ახტალისა და ალავერდის ვერცხლისა და სპილენძის საბადოების დასამუშავებლად ერეკლე II-მ ანატოლიელი ბერძნები მოიწვია.

რუსთ-თურქეთის ომის შემდეგ, ანდრიანოპოლისის ზავის თანახმად, ბერძნები, როგორც ქრისტიანები, გადმოასახლეს საქართველოში.

XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ბერძნები ბრუნდებიან საბერძნეთში.

რელიგია. ბერძნები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. ბოლო წლებში წალკაში დამკვიდრდა ერთი ასეთი ჩვეულება: საბერძნეთში წასულ მოსახლეობიდან ზოგიერთი სიზმარში იღებს დავალებას ღმერთისაგან, რომ ააგოს ეკლესია საქართველოში მიტოვებული სახლის ეზოში. ისინი ასრულებენ ამ მოთხოვნას. ჩამოდიან და აშენებენ მცირე ზომის ეკლესიებს, რომელიც ყველა წესის დაცვით არის მოხატული. ზოგი თავის სოფლის ეკლესიის რესტავრაციას ანხორციელებს. ამ ეკლესიებში კვირა დღეს მრავალი დადის სალოცავად.

რელიგიური დღესასწაულები. მართლმადიდებელი გადმოსახლებულებისათვის XIX ს-ის 40-იან წლებში 12 სამრევლო დაარსდა. მოსულებს დახვდათ მზა ტაძრები (ზოგი პერგამენტის საეკლესიო წიგნებიც კი), რომლებიც თავის სამრევლო ეკლესიებად აქციეს, თავიდან ყოველგვარი ცვლილებების გარეშე. გადმოსახლებულები განსაკუთრებულად სცემდნენ პატივს და აღნიშნავდნენ წმინდანებს: კონსტანტინეს, პეტრე და პავლეს, ილიას, კუზმა და დამიანეს, სოფიოს დღეებს, ფერისცვალებას, ღვთისმშობლის მიძინებას და წმ. პანტელეიმონის დღეებს. წალკელები დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ღვთისმშობლის გამოსახულებას ვარძიაში, ეთაყვანებოდნენ წმ. გიორგის, რომლის დღეს აღნიშნავდნენ 23 აპრილს და 10 ნოემბერს.

ტრადიციები. დასახლება. წალკის რაიონში გავრცელებული იყო საცხოვრებელი ნაგებობა - ყარა იაფი - მიწური გადახურვით. ყარა იაფშის ჰორიზონტალურ გეგმაში წარმოადგენილი იყო: ადამიანის საცხოვრებელი, სასადილო-საკუჭნაო, სათავსო, ბოსელი, საზაფხულო სადგომი. საცხოვრებელ კომპლექსში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა სასადილო-საკუჭნაოს. აქ კეთდებოდა ყველა საოჯახო საქმე. აქ იყო ტანდირი (თონე), რომელშიც ცხვებოდა პური, ამზადებდნენ საჭმელს.

მეურნეობა. ბერძნების მეურნეობა იყო მეცხოველეობა, მიწათმოქმედება (თრიალეთში); მებაღეობა, მებოსტნეობა (ქვემო ქართლში), მეჩაიეობა, მეთამბაქოეობა, მეციტრუსეობა (აჭარასა და აფხაზეთში).

მამაკაცები არიან კარგი ხელოსნები, ქვის ხუროები, ხის დამამუშავებლები. ქვემო ქართლში აწარმოებდნენ ნოხებს.

ოჯახი. ბერძნების ოჯახის უფროსი იყო არა მარტო შესანიშნავი ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, არამედ მერჯვე მუშაკიც, რომელიც ოჯახში ასრულებდა ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ საქმეს. იგი ხელმძღვანელობდა ხვნას, მარცვლოვანი კულტურის თესვას, მოსავლის აღებას, ზრუნავდა საქონლის გამრავლებაზე, ქირაობდა საძოვრებს. ოჯახის უფროსი ასრულებდა ერთ-ერთ ყველაზე პასუხსაგებ და საპატიო მოვალობას - თესდა მარცვალს მოხნულ მინდორში.

ქორწინებასა და მიცვალბულთან დაკავშირებული რიტუალები ძირითადად მართლმადიდებული წესით მიმდინარეობდა.

საკვები. იყენებდნენ მცენარეულს (განსაკუთრებულად მარცვლეულს), რძის ნაწარმს და ხორცის პროდუქტს. საქართველოში ცნობილი იყო ბერძნული პური.

5 საქართველოს ქურთები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: ეზიდი.

თვითშეგნება: ქურთული (ნაწილობრივ იეზიდური).

რელიგია: იეზიდური (კონფესიური მიმდინარეობა).

ენა: კურმანჯი (ქურთული).

მოსახლეობა: 33 330 (0,6%) (არაკომპაქტური) (1989 წ. აღწერით); იეზიდი 18 329 (0,4%), ქურთი 2 514 (0,1%) (2002 წ. ქურთი, როგორც ეროვნება და იეზიდი, როგორც კომფესია ცალ-ცალკე აღიწერა).

დასახლება: თბილის, რუსთავი, თელავი, ბათუმი.

ჩამოსახლების ისტორია: იეზიდები, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ, ეთნიკურად ქურთები არიან. ქურთები მსოფლიოს უძველეს ხალხთ რიცხვს განეკუთვნება. ამჟამად ეთნოგრაფიული ქურთისტანის ტერიტორია წარმოადგენს მთაგორიან მხარეს, გაყოფილს თურქეთს, ირანს, სირიასა და ერაყს შორის, დასახლებულს ძირითადად ქურთებით.

ცალკეული ქურთული ტომები საქართველოში, კერძოდ მესხეთში, XVI საუკუნიდან ჩამოდიან. XIX სუკუნის დასაწყისში ქურთული მოსახლეობა ციხესიმაგრე ქველის მიდამოებში ბინადრობს.

XIX საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, თბილისის გუბერნიაში შედიოდა ახალქალაქის, ახალციხის და ბორჩალოს მაზრები, ცხოვრობდა დაახლოებით 3000 ქურთი. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, ყიდდნენ საქონელს, მატყლს, კარაქს, მატყლიდან ამზადებდნენ მაუდს, ხალიჩებს, ფარდაგებს, ქეჩას, ხურჯინებს. ზემოთხსენებული ქურთები რწმენით მუსულმანები იყვნენ.

თბილისის გუბერნიის გარდა მუსულმანი ქურთები 839 ადამიანის ოდენობით აღნიშნულ პერიოდში, ცხოვრობდნენ აგრეთვე აჭარაში. აჭარაში ქურთები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ.

1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერის გამო, თურქეთში დაიწყო ქურთების რელიგიურ-პოლიტიკური დევნა. ლტოლვილების ძირითადი მასა საქართველოში გადმოვიდა და 1918 წლის ბოლოს ისინი აღმოჩნდნენ თბილისში. მათი უმრავლესობა აქვე დაბინავდა.

1944 წელს სამცხე-ჯავახეთის 3 ათასზე მეტი და 2 ათასზე მეტი აჭარის ქურთი (მუსულმანი) გადაასახლეს შუა აზიაში.

ბოლო წლებში ქურთი-იეზიდები მძიმე ეკონომიკური პირობების გამო სტოვებენ ჩვეულ ადგილებს და მიემგზავრებიან რუსეთში და დასავლეთში, ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში.

რელიგია. იეზიდებს სწამთ ღმერთი „ხოდე“, მისგან ნაწარმოები მთავარი ანგელოზი „მელექ-ტაუზი“ - ფარშევინგი, რომელსაც მემკვიდრეობით მიეკუთვნებიან. სულ 7 კასტაა, აქედან სამი საქართველოშია: შეიხები, ფირები და მირიანები. კასტებს შორის მკაცრად არის დაცული ქორწინება. კასტები იცავენ აკრძალვებს: საკვების მიღებაში, ფერებში. თვითეულ ოჯახს თავისი რო და შეიხი ჰყავს.

დღესასწაულები. ქურთ ეზიდთა ძირითადი მასა, დასაბამიდან გლეხები, საქართველოში გადმოსახლების შემდეგ, ქალაქის მცხოვრებლებად იქცა. ბევრი დრესასწაული დაკარგლი იქნა ჯერ კიდევ ამიეკავკასიაში გადმოსახლებამდე, მაგრამ ძირითადი მათგანი მათ ახსოვდათ და იცავდნენ.

პირველი და უმთავრესი დღესასწაულია როჟიე ეზიდი“, რომელიც ღმერთს ეძღვნება. სამი დღე მარხვას იცავენ. მეოთხე დღეს, ზეიმობენ აიდა ეზიდს“. ამ დღესასწაულის მთავარი კომპონენტია მიცვალებულთა წილი საჭმლის გატანა.

კლოჩ - აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მარტის პირველ ოთხშაბათს, ყოველ ოჯახში აცხობენ კულიჩს, რომელშიც მძივს ან მონეტას დებენ. მეორე დღეს, დილით, ოჯახის უფროსი ახსენებს ღმერთს და სჭრის მას. თავდაპირველად ნამცხვარს შუაში დაუსვამენ დანას, ამას ეწოდება ხატა ჯოტი“, ანუ „გუთნის კვალი“.ვისაც ერგება მძივი ან მონეტა ის ღმერთისგან კურთხეული იქნება.

ამიერკავკასიის და რუსეთის იეზიდები, სხვა იეზიდებისგან განსხვავებით, აღნიშნავენ როჟე მარზალას - გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს. ამ დღეს იეზიდები ნათესავების საფლავზე გადიან.

ტრადიციები. დასახლება. საქართველოში, კერძოდ თბილისში ჩამოსული ქურთი-იეზიდები სახლდებოდნენ იმის მიხედვით, როგორც თავის სამშობლოში ცხოვრობდნენ, ანუ თანასოფლელები ცდილობდნენ დასახლებულიყვნენ ქალაქის ერთ რაიონში; უფრო მეტიც, ერთი ბარის (პატრონიმიული ანუ ნათესაური გაერთიანების) წარმომადგენლები ერთ ქუჩაზე სახლდებოდნენ. უმეტეს შემთხვევაში, აქვე ბინადრობდნენ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც ემსახურებოდნენ თავის ერისკაცებს.

მეურნეობა. ქალაქურ ყაიდაზე ცხოვრობდნენ.

ოჯახი. მრავალსულიან ოჯახებში გადამწყვეტი ხმა ოჯახის უფროსს ეკუთვნოდა.

ქორწინება. საქართველოში ჩამოსახლებული ქურთ-იეზიდები იყოფოდნენ სასულიერო და საერო პირებად. სასულიერო პირები შეიხებად და ფირებად ქორწინება რელიგიურ ჯგუფებს შორის იკრძალებოდა. ძირითადში ეს წესი დღემდე მოქმედებს. ძველი ტრადიციული ელემენტები შემონახულია ქორწინებაში. არის შერეული ქორწინებები. დაცულია მზითევი და საქორწინო გადასახადი.

მიცვალებულის კულტი. ძლიერად არის დაცული ძველი წესები. შეიძლება ითქვას, რომ ძველი წესები, რომლებიც მიცვალებულის კულტს უკავშირდება ითქმის არ შეცვლილა დღემდე.

ტანსაცმელი. ქურთული ეგზოტიკური ნარფერებით გაწყობილ ტანსაცმელს ქურთები XX საუკუნის 60-იან წლებამდე ხმარობდნენ და ის თბილისური ცხოვრების ერთ-ერთი კოლორიტი იყო.

საკვები: ტრადიციულ საკვებს განსაკუთრებით ხმარობენ დღესასწაულებზე. ტრადიციულად დომინირებს რძის ნაწარმი და ბურღულეული.

6 საქართველოს ასირიელები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: ათურაი

თვითშეგნება: ასირიული.

რელიგია: ქრისტიანობა.

ენა: ასურული. მოსახლეობა: 6 206 (0,1%) (1998 წ. აღწერით; 3 299 (0,1%) (2002 წ. აღწერით).

დასახლება: თბილისის (უბნებად), გარდაბნის და მცხეთის რაიონები (კომპაქტურად სოფ. ქანდა).

ჩამოსახლების ისტორია: ასირიელები მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხია. ძველთაგანვე ცხოვრობდნენ წინა აზიაში - ჩრდილო ერაყში, სირიაში, იარნის ჩრდილო-დასავლეთში და თურქეთში. ეთნიკურად ისინი უკავშირდებიან ძველ ასირიელებს.

საქართველოში ქრისტიანობის ისტორია უკავშირდება ასირიელი ცამეტი მამის მოღვაწეობას. მოღვაწეობის მიზანი იყო ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცება საქართველოში. მამათა წამოსვლის მოთავე და ხელმძღვანელი იოანე ზედაზნელი ყოფილა. პირველად VI ს-ის 1 ნახევარში ქ. ანტიოქიიდან დავით გარეჯელი მოსულა, შემდეგ VI ს-ის შუა ხანებში იოანე ზედაზნელი მოწაფეების თანხლებით და ბოლოს 70-იან წლებში აბიბოს ნეკრესელი.

მათ მიერ დაარსებული მონასტრები გადაიქცა საგანმანათლებლო ცენტრებად, რომელთაც დიდი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა ენიჭებოდათ.

რუსეთში, ამიერკავკასიაში და კერძოდ საქართველოში ასირიელების გადმოსახლების ძირითადი მიზეზი იყო რელიგიური ფაქტორი. ამიერკავკასიის ასირიელები, კერძოდ სომხეთის და საქართველოს, გადმოსახლებულები არიან თურქეთ-ირანის-ერაყის მაღალმთიანი სასაზღვრო ზონიდან.

XVIII ს-ის მეორე ნახევარში ცხოველმყოფელი ხდება ქართულ-ასირიული ურთიერთობა. მეფე ერეკლე II ასირიელი ეპისკოპოსი ისაის მეშვეობით ცდიობდა სომხების, ქურთ-იეზიდებისა და თურქეთის ასირიელების ჩაბმას თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XVIII ს-ის მეორე ნახევარში ასირიელები ჭაობის ამოშრობის მიზნით ჩაასახლეს კოლხეთში.

XIX საუკუნის რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში, ამიერკავკასიაში გადმოსახლებულთა ყოველ ტალღას მოჰყვებოდა ასირიელებიც.

XIX საუკუნის 70-იან წლებში თბილისში უკვე ცხოვრობდა 5 ათასამდე ასირიელი. ასირიელები კომპაქტურად სოფ. ქანდაში (მცხეთის რაიონი) არიან დასახლებული. პირველად აქ ოთხი ოჯახი დასახლდა. მათ თანდათან ირანიდან და თურქეთიდან გადმოსახლებულები ემატებოდნენ. მაგრამ ძირითადი ნაწილი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩასახლდა.

ქანდაში ჩამოსახლებულები ითვისებდნენ, აქ დახვედრილ მიტოვებულ მატერიალური კულტურის ძეგლებს, სახლებს, სამეურნეო ნაგებობებს.

რელიგია: ქრისტიანობა (უმთავრესად იაკობიტები, ნესტორიანელები, კათოლიკები, მართლმადიდებელები, ასირიულ-ქალდეური და სხვა).

ქრისტიანობის მიღების პერიოდში ასირიელების პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა ძალზედ მძიმე იყო. ქრისტიანობის მიღებამ ხელი შეუწყო ამ ხალხის შეკავშირებას და ხელი შეუშალა ასიმიაციას.

დღესასწაულები. საქართველოს ასირიელები განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნავენ წმინდა მარიამობას შარა დე მატ მარიამ 28 აგვისტოს დიდუბის ეკლესიაში (წმ. მარიამობის სახელობის) და წმინდა გიორგობას მარავაჯიზ აპრილში და 23 ნოემბერს ქაშვეთის ეკლესიაში.

ტრადიციები. ტრადიციები ქართველების მსგავსია.

მეურნეობა: ქანდელი ასირიელები მისდევენ მიწათმოქმედებას. მათში არიან შესანიშნავი მშენებლები, მღებავები, დურგლები.

7 საქართველო ლეკები (ავარელები)

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: მაარულადო (მთიელი.

თვითშენება: ავარული.

რელიგია: მუსლიმანური (სუნიტები).

ენა: ხუნძური.

მოსახლეობა: 2 239 (დაახლოებით ყვარლის რაიონში, ხოლო 2002 წლის აღწერით საქართველოში მცხოვრებ დაღესტნის სხვა ხალხები 4,2 ათასს შეადგენს).

დასახლება: ცხოვრობდნენ სოფ. თივი, ჩანტლისყური, სარუსო, თხილისწყარო.

ჩამოსახლების ისტორია: დაღწესტნის ხალხები ქართულ ისტორიულ წყაროებში ლეკებად, ხოლო მათი ქვეყანა ლეკათად მოიხსენიება. დაღესტნის ხალხებიდან საქართველოში ძირითადად ავარელები (თვითსახელწოდება მაარული), იგივე ხუნძები ცხოვრობენ.

ავარელები, რომლებიც დაღესტნის მთიან რეგიონებიდან ჩამოსახლდნენ, კომპაქტურად სახლდებოდნენ კახეთში, ყვარლის რაიონში, ხოლო ლაგოდეხში ერთი უბანი უჭირავთ.

ისტორიული ქარტეხილების წყალობით მრავალსაუკუნოვანი ქართულ-დაღესტნური ურთიერთობები ერთგვაროვანი არასოდეს ყოფილა. თუ ერთ შემთხვევაში ისინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ქმნიდნენ და ავითარებდნენ მჭიდრო პოლიტიკურ, სოციალუ-ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს, მეორე შემთხვევაში, ეს ურთიერთობა დაპირიასპირებებისა და კონფლიქტებისაგან დაზღვეული არ იყო და მათ შორის ადგილი ჰქონდა შუღლს, მტრობასა და ურთიერთთავდასხმებს. საქართველოსა და დაღესტანს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობანი განსაკუთრებით შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ოსმალეთის გავლენა გაძლიერდა. გახშირდა დაღესტნელ ფეოდალთა თავდასხმები კახეთსა და, შემდგომ, ქართლზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში ლეკიანობის სახელით არის ცნობილი.

ავარელთა კახეთში ინტენსიურად დასახლების პირობა სწორედ ქვეყანაში XVI საუკუნეში შექმნილმა პოლიტიკურმა სიტუაციამ წარმოშვა, როდესაც ირან-თურქეთის ომის შემდეგ, აღმოსავლეთ კავკასია მთლიანად ირანის გავლენის ქვეშ მოექცა.

კახეთის მიწაზე ჩანოსახლებულ ლეკთა ნაკადები არ წყდებოდა XVIII-XIX საუკუნეებშიც. ავარელთა გადმოსახლება საქართველოს მიწაზე XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ შამილის წინამძღოლობით კავკასიის ხალხების ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდშიც გაგრძელდა. რუსეთის მთავრობამ კახეთში იძულებით გადაასახლა 4 000 ლეკი, რითაც, შამილს გამოაცალა მნიშვნელოვანი ძალა.

დაღესტნელთა მიერ საქართველოში მიწების დაკავების პროცესს თავდაპირველად ეკონომიკური ინტერესები ედო საფუძვლად. აქაური ლეკები ოდითგანვე საქართველოს ზამთრის მდიდარი საძოვრებით სარგებლობდნენ და საცხოვრებლად რჩებოდნენ და ადგილზე დაიწყეს მეურნეობის წარმოება. გაჩნდა ლეკური დასახლებები.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პერიოდში დაიწყო ავარელთა ნაწილის გადინება სამშობლოში, ნაწილი კი კვლავ კახეთში დარჩა.

რელიგია. ავარელები ოფიციალურად მუსლიმი სუნიტები არიან, თუმცა მათი რწმენა არქაული, ისლამური და ქრისტიანული (შედარებით უმნიშვნელო) რელიგიების ელემენტთა ნაზავს წარმოადგენს. ქრისტიანული კულტურის კვალი კარგად ვლინდება ლეკების მიერ ალავერდობისა და ნეკრესობის ქრისტიანული დღესასწაულების ქართველებთან ერთად აღნიშვნის ტრადიციაში. ისლამური ტრადიციები სხვასთან ერთად ნათლად იკვეთება მიცვალებულის დაკრძალვის წესებში.

ტრადიციები. დასახლება. დასახლება წარმოადგენილია ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული კარმიდამოებით, სადაც საცხოვრებელი და მცირე ზომის სამეურნეო ნაგებობები (ბაკი, სასიმინდე, გომური და სხვ.) ერთმანეთს უკავშირდება. სოფელი უბნებად არის დაყოფილი. ყველა სოფლის ცენტრში რომელიმე ადმინისტრაციულ დაწესებულებასთან არის მოედანი, რომელიც სოფლის საერთო „გოდეკანად“ (საკრებულო) ითვლება.

მეურნეობა. ახალი დარგებია - მევენახეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, მეაბრეშუმეობა და მეხილეობა. ავარელებმა კახელებისგან აითვისეს მეღვინეობა. ავარელებმა საქართველოში დიდხანს შემოინახეს მომთაბარე მესაქონლეობის წესი ე. წ. ორხელაობა, რაც ზაფხულობით საქონლის სამთო სადგომებზე გადარეკვას და იქ მეურნეობის წარმოებას გულისხმობს მეურნეობის ტრადიციული ფორმებიდან ავარელებში შემორჩენილია მეცხვარეობა.

დღეს ავარელთა ნაწილი მშენებლობაზე მუშაობს. ისინი სეზონურ სამუშაოებზედაც დადიან.

ოჯახი და საოჯახო ყოფა. მუსულმანური კულტურისათვის დამახასიათებელი მრავალცოლიანობა აქ ნაკლებად გვხვდება. დასაშვებია გვარის (თუხუმის) შიგნით ქორწინება. ქალებს ან ერთმანეთში ათხოვებენ ან დაღესტნიდან მოჰყავთ. ქალის შეფასების კრიტერიუმი ყოველთვის ითვალისწინებდა ქალის შრომისმოყვარეობას, ოჯახის ავტორიტეტს, ძმათა სიმრავლესა და პოპულარობას.

ქორწინება. საქორწინო ურთიერთობების ციკლი შედგება ორი ეტაპისაგან: ნიშნობისა და ქორწილისაგან. საქორწინო რიტუალში შეიმჩნევა ქართული (ქრისტიანული) კულტურის გავლენა (მუსიკის თანხლება, სუფრის წესები და ა. შ.) აუცილებელი ქორწინების რელიგიური გაფორმება. საქორწინო ტერმინოლოგიაში შესულია ქართული სიტყვები „მაჭანკალი“, „მაყარი“, „მეჯვარე“.

მიცვალებულის კულტი. მიცვალებულს მუსულმანური წესით მარხავენ. დასაფლავების დღეს იკრძალება იარაღის სროლა, მიწის დამუშავება, სოფლიდან გასვლა. მიცვალებულის სული მოსახსენიებლად იხდიან ქელეხს. ქართული კულტურის გავლენა აღინიშნება სასაფლაოების დიზაინში (ქვის მოხატულობა, ქართული წარწერები (უმთავრესად ქართველი მეგობრებისაგან), ქვეზე მიცვალებულის სურათის დახატვა ან მოთავსება, რაც ისლამური წესით იკრძალება. ასევე ბოლო დროს დაიწყეს საფლავების შემოღობვა და ყვავილებით შემკობა, თუმცა თანამედროვე რეისლამიზაციის პროცესები აქაც იჩენს თავს - საფლავის ქვაზე ვხვდებით ისლამურ სიმბოლიკას, არაბულ წარწერებს, წლებს, სადაც დროის აღრიცხვა ჰიჯრის კალენდრით ხდება და ა. შ.

ტანსაცმელი. დღეს კახეთში მცხოვრებ ავარელთა სამოსი კახელთა ჩაცმულობისაგან თითქმის არ განსხვავდება. მუსულმანი ქალის სამოსის აუცილებელი ატრიბუტი - თავშალი დღესაც აქტუალურია. თუმცა ახალგაზრდა თაობა ქალაქურ ყაიდაზე იმოსება.

სამოსი. საქართველოში ცხოვრებამ გარკვეულწილად იმოქმედა ავარელთა როგორც კვების რაციონზე (ბოსტნეული, ხილი), ასევე მათ სამზარეულოზე. გარდა ტრადიციუი საკვებისა (ხინკალი, დოლმა, შურპა, ფაფეული) ავარელები ქართულ კერძებსაც ამხადებენ. აღსანიშნავია, რომ დღეს მორწმუნე მაჰმადიანი ღვინის დალევაზე ხშირად უარს არ ამბობს.

8 საქართველოს ქისტები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: ქისტი

თვითშეგნება: ქისტურ-ვაინახური (ჩეჩნებისა და ინგუშების საერთო სახელწოდება და ნიშნავს „ჩვენ ხალხს“).

რელიგია: მუსულმანობა.

ენა: ვაინახური ენის ქისტური დიალექტი, ქართული.

მოსახლეობა: დაახლოებით 5455 (0,09%) (1989 წ. აღწერით); 7110 (0,2%) (2002 წ. აღწერით).

დასახლება: კომპაქტურად არიან დასახლებული პანკისის ხეობის სოფლებში ჯოყოლო, ბირკიანი, ომალო, შუა და ზემო ხალაწანი, დუისი.

ჩამოსახლების ისტორია: პანკისის ხეობაში ქართველთაგან დაცლილ ტერიტორიაზე ქისტების მასობრივი ჩამოსახლება XIX საუკუნეში, სავარაუდოდ 1826 წლიდან დაინწო და ამავე საუკუნის 60-იან წლებში დასრულდა.

ქისტები პანკისში საქართველოს მოსაზღვრე ჩეჩნეთის მაღალმთიანი მცირემიწიანი სოფლებიდან ჩამოვიდნენ. ვაინახთა საქართველოში მიგრაციის საფუძველი იყო მესისხლეობა, შამილისგან თავის დაცვა და ძირითადად ეკონომიკური სიდუხჭირე.

საქართველოში დაფუძნების შემდეგ პანკისელი ქისტები მის განუყოფელ ნაწოლად იქცნენ, ამიტომაც ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესი უშუალოდ აისახებოდა მათ ყოფასა და ცხოვრებაზე. მათ საქართველოს სხვა კუთხეში მცხოვრებთა მსგავსად შეეხო ეგზეკუციაც და გაციმბირებაც, გაკულაკებაც და კოლექტივიზაციაც. პანკისის ხობა იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის თავდაპირველი ბაზა, სადაც შეფიცულებს ქისტი თანამოაზრეები ჰყავდათ და მათთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ.

ერთადერთი რამ, რაც ქისტებს არ შეეხოთ, ეს 1944 წლის რეპრესიები იყო, როდესაც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, მათ შორის ჩეჩნები და ინგუშები, შუა აზიაში გადაასახლეს. თავად ქისტებს სტალინის რეპრესიებისაგან თავის დაღწევა ქართველების დამსახურებად მიაჩნიათ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში საყოველთაო მატერიალურმა სიდუხჭირემ განაპირობა პანკისის ქისტური მოსახლეობის ეკონომიკური მიგრაცია, რასაც შედეგად ხეობის სოფლების დაცარიელება მოჰყვა. XX საუკუნის ბოლო წლებში ჩრდ. კავკასიაში არსებული მდგომარეობის და განსაკუთრებით ჩეჩნეთ - რუსეთის (1994-1996 წწ.) ომის გამო ქისტების უმრავლესობა (2000 ადამიანი) დაუბრუნდა პანკისის ხეობას. ამას მოგვიანებით დაემატა ჩეჩენ ლტოლვილთა დიდი ჯგუფი, რომელთაც რუსეთ-ჩიჩნეთის მეორე ომის შედეგად 1999 წლს პანკისის ხეობაში მოიყარა თავი.

რელიგია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სოფ. ჯოყოლო პანკისის ხეობის კულტურული ცენტრი გახდა. 1888 წელს „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელმა საზოგადოებამ“ ჯოყოლოში არსებული ფიცრული ეკლესიის ნაცვლად ააშენა ქვითკირის ეკლესია და ყოფილი ეკლესიის შენობასი გახსნა სასულიერო სასწავლებელი. ეს იყო პანკისის ხეობაში განათლების პირველი კერა.

1902 წ. მაჰმადიანმა ქისტებმა სოფ დუისში კავკასიის მუფტისა და ადგილობრივ მაჰმადიანთა ინიციატივით ააშენეს მეჩეთი. საბჭოთა რუსეთმა 1918 წ. 23 იანვარს გამოსცა დეკრეტი თავისუფალ მორწმუნეობის შესახებ. ამის შემდეგ დაიწყო დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან მუსლიმანი მოლების გადმოსვლა ხეობაში, რომლებიც ის-ეფენდის და კუნ-ჰაჯის მოძღვრებების მიმდევრები იყვნენ. ქისტებში გავრცელებულ სექტებს საფუძვლად ედო მისტიური ქადაგება „ტარიკატი“, რომელიც კავკასიაში იწოდებოდა „მიურიდიზმად“, რაც ნიშნავს „გზა ღვთისაკენ“. ის ქადაგებდა „ადამიანის ნამდვილ გადარჩენას“, რომელიც შემდგომ სულიერი და მორალური სრულყოფით „უახლოვდება ღმერთს“. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ პანკისში დახურეს ყველანაირი რელიგიური დაწესებულება, მათ შორის ქრისტიანულიც.

ბოლო პერიოდში, კერძოდ ჩეჩნეთის ომის შემდგომ, „ნაყშბადის“ და „კუნტჰაჯის“ მიმდინარეობის გვერდით პანკისის ქისტებში გავრცელება იწყო ვაჰაბიზმმა. ეს მოძღვრება მოითხოვს მუჰამედის დროინდელი, ადრეული ისლამისკენ დაბრუნებას. ღმერთია მხოლოდ ალაჰი, მხოლოდ მასზე უნდა ილოცო, მხოლოდ მას უნდა შესწირო, განუდგე არავაჰაბისტს, ჯიჰადი ურწმუნოთა წინაარმდეგ. პანკისში სულ ხუთი მეჩეთია. აქედან ერთი ვაჰაბისტებმა ააგეს სოფელ დუისში.

დღესასწაულები. ქისტები, როგორც მუსლიმანურ ისე ქრისტიანულ და წარმართულ დღესასწაულებს (ამ უკანასკნელს ქართველებთან ერთადაც) აღნიშნავენ.

ტრადიციები. დასახლება. პანკისელი ქისტების დასახლების ერთეულია სოფელი - იურთ. თითოეულ გვარს ყველა სოფელში გამოკვეთილად ერთი უბანი ეჭირა. ქისტური სოფლები კახურის ანალოგიურია.

მეურნეობა. ქისტები მისდევენ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას. მარცვლეული კულტურებიდან მათ მოჰყავდათ სიმინდი, ხორბალი, ქერი, შვრია და სხვ. პანკისელი ქისტები აგრეთვე მისდევენ სოფლის მეურნეობის ადგილობრივად გავრცელებულ სახეებს - მევენეხეობას, მებოსტნეობას, მეხილეობას. მათი სამეურნეო საქმიანობა მთასა და ბარზე განაწილდა მესაქონლეობას ალპური ხასიათი ჰქონდა (და ნაწილობრივ ახლაც აქვს). საქონელი ზაფხულობით მთაში, დანარჩენ დროს კი ბარში ჰყავდათ. ქისტებმა თუშებისგან ისწავლეს ცხვრის ყველის წარმოება. გარდა ამისა, პანკისში შინამრეწველობის დარგებიდან საკმაოდ განვითარებულია ხელოსნობა, ხის ჭურჭლის, საფენი და წამოსასხამი ნაბდების, ქუდების დამზადება, რაც უმთავრესად საოჯახო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

ოჯახი. პანკისელი ქისტების ოჯახში მკაცრად არის დაცული უფროს-უმცროსობის მამაპაპური წესი, რაც ყოფის ნებისმიერ სფეროში იჩენს თავს. ოჯახის უფროს მამაკაცს და უფროს დიასახლისს განსაკუთრებული პატივისცემით ექცევიან.

ქორწინება. ყოველი ქისტის ოჯახი დაინტერესებული იყო მოყვრობითი ნათესაობა დაემყარებინა თავისივე სოფელში. ყურადღება ექცეოდა სასიძოს ავტორიტეტს, ეკონომიკურ მდგომარეობას და შეხდულებას. აღსანიშნავია, რომ ქართული კულტურის გავლენით, პანკისელ ქისტებში შარიათით ნებადართული მრავალცოლიანობა აკრძალულია. თანამედროვე პირობებში შეიცვალა ქორწინებასთან დაკავშირებული ძველი წესები, დღეს იმ ფორმებიდან შემორჩენილია ქალის დანიშვნით წაყვანა და ქალის ოჯახიდან გაპარვა. კვლავ აქტუალურია მზითევის ინსტიტუტი.

მიცვალებულის კულტი. ქისტები მუსულმანური ტრადიციისამებრ მიცვალებულს მზის ჩასვლამდე მარხავდნენ, თუმცა დღეს ეს წესი რამდენადმე შეცვლილია და დასაფლავება მეორე ან მესამე დღეს მოზდეს, იმ შემთხვევაში თუ ჭირისუფალი შორიდან არის მოსასვლელი. ქალები სასაფლაოზე არ მიდიან, სასაფლაოდან უკან მობრუნებულ მამაკაცებს სუფრა გაშლილი ხვდებათ. ქრისტიანებისათის ცალკე სუფრა იშლება ღვინით. საფლავის ქვაზე გვხვდება მიცვალებულის სურათებიც, რაც მაჰმადიანური სარწმუნოებით აკრძალულია.

ტანსაცმელი. თანამედროვე პირობებში ქისტები ქალაქურ ყაიდაზე იცვამენ. ქალები ატარებენ გრძელ თმას და თავსაბურავს, რომლის გარეშე საზოგადოებაში არ გადიან. წინათ მამაკაცები თავზე თმას იპარსავდნენ და ატარებდნენ წვერს, ბოლო ხანებში კი თმას მოკლედ იჭრიან.

საკვები. ქისტების ტრადიციული საჭმელებია მოხარშული ხორცი ნივრიანი საწებლით, მოხარშული გალანა, სიმინდის ფქვილის ატრიები, ქათმის ჩახოხბილი, ხინკალი, მწვადი, ფხალეული ნიგვზით, ხაჭო-ერბო, სასმელი - თაფლისაგან დამზადებული ტკბილი წყალი და სხვ.

მკაცრად არის დაცული სტუმართმასპინძლობის ეტიკეტი, სიცოცხლისუნარიანია დაძმობილების ინსტიტუტი, სისხლ-მესისხლეობის ტრადიცია, კვლავ აქტუალურია ადათობრივი სამართალი, შენარჩუნებულია უხუცესთა საბჭოს ფუნქცია საერთო საზოგადოებრივი და სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტაში და ა. შ.

9 საქართველოს რუსები

▲ზევით დაბრუნება


საკუთარი სახელწოდება: რუსკიე.

თვითშგნება: რუსული.

რელიგია: ქრისტიანობა - მართლმადიდებლობა; (კომფესიური ჯგუფები ე. წ. რუსული სექტები).

ენა: რუსული.

მოსახლეობა: 34 172 (6,3%) (1989 წ. აღწერით); 67 671 (1,5%) 2002 წ. აღწერით).

დასახლება: სახლობდნენ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. ეროვნებით რუსი საბჭოთა პერიოდსი ჭარბობდა საქართველოს 21 სოფელში.

ჩამოსახლების ისტორია: საქართველოში რუსების მასობრივი ჩამოსახლება XIX საუკუნის 1 ნახევარში დაიწყო, რასა უპირველეს ყოვლისა, რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებდა.

რუსული კოლონიზაცია სამხედრო დასახლებების შექმნით დაიწყო. გადაწყვეტილი იქნა მოეწყოთ დემობილიზებულ რუს ჯარისკაცთა კოლონიები, რომლებიც შედგებოდა სამსახურიდან გადამდგარი დაოჯახებული ჯარისკაცებისაგან. 15 წლიანი სამსახურის ვადის გასვის შემდეგ რუს ჯარისკაცებს ეძლეოდათ დაოჯახებისა და საქართველოში საცხოვრებლად სამუდამოდ დარჩენის უფლება. შემდგომში ეს დასახლებები სოფლებად გარდაიქმნა.

სამხედრო კოლონიზაციის გარდა, რუსი მოსახლეობის საქართველოში დაფუძნებას თავადაზნაურული და საეკლესიო/სამონასტრო კოლონიზაციაც უწყობდა ხელს. ამ გზით რუსების ხელში აღმოჩნდა საუკეთესო ქართული მიწები. მაგალითად „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი“ ვლანგალი სამცხე-ჯავახეთის 21 სოფლის მფლობელი გახდა და მესხეთის დიდ ფეოდალად გადაიქცა. XIX საუკუნის მიწურულს შავი ზღვის კოლონიზაციის და მსხვილ მიწათმფლობელთა ფენების შექმნის მიზნით დაარსდა ზღვის სანაპირო მიწების ლატარიაში გათამაშების განსაკუთრებული კომიტეტი, რომელმაც გაავრცელა ლატარიის ბილეთები რუსეთის ქალაქების აზნაურთა, მსხვილი ბურჟუაზიის წარმომადგენელთა, სამხედრო და სამოქალაქო მოხელეებს შორის. ამ ლატარიის საფუძველზე მიწებს იგებდნენ, ყიდდნენ და საბოლოოდ ქართული მიწები რუსების საკუთრებასი აღმოჩნდა. აფხაზეთში საიმპერატორო ოჯახის წევრებს მისცეს 1 754 დესატინა მიწის ფართობი.

საეკლესიო კოლონიზაციის შედეგად, რუს ბერებს გადაეცათ მონასტრები და მათ გარშემო მამულები, სადაც რუსული დასახლებები ჩნდებოდა.

XIX საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოში რუსული მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქრისტიანული ეკლესიისაგან დევნილი სექტები - დუხობორები, სკოპცები, მოლოკნები და სხვ. რუსული ქრისტიანული სექტები XVIII საუკუნის შუა ხანებში წარმოიქმნა. ისინი უიპრისპირდებოდნენ ოფიციალურ ეკლესია, რის გამოც მათ ეკლესია და სახელმწიფო სდევნიდა და ასახლებდა იმპერიის უკიდურეს პროვინციებში.

სკოპცები. პირველი რუსი სექტანტები, რომლებიც საქართველოში ჩამოასახლეს იყვნენ სკოპცები (საჭურისები). მათ სწამდათ, რომ ცოდვის წყარო ხორციელი სიამეა, ამიტომ ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი სხეულის სამარცხვინო დასაჭურისებით იმედოვნებდნენ ზეცაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. იყვნენ სასოწარკვეთილი და უიმედონი, იშვიათი ფანატიკოსები და არ ხდებოდა მათი გამრავლება.

1820 წ. სკოპცები აღმოჩნდნენ კავკასიის კორპუსის ჯარის ნაწილებში და დაასახლეს სოფელ მარანში. მალე ამ სოფელში თავი მოუყარეს 3 ათასამდე კაცს. ახალმოსულნი დასახლდნენ კოდორში. მათგან შეადგინეს საჯინიბო რაზმები, რომელთაც ევალებოდათ სამხედრო ტვირთების გადაზიდვა. ქალები გოსპიტლებში მრეცხავებად მუშაობდნენ. თანდათან სექტებში ძალაუფლება მდიდარმა ვაჭრებმა ჩაიგდეს ხელში. სექტა გახდა რეაქციული და ცარიზმის ინტერესებს ემსახურებოდა. (1841 წელს გურიის გლეხთა აჯანყების ჩახშობაში მიიღეს მონაწილეობა). 1842 წ. ქონებრივი დიფერენციაციის შედეგად სექტაში მოხდა განხეთქილება. ერთმა ნაწილმა უარყო რეაქციული მოძღვრება და შეურიგდა მართლმადიდებელ ეკლესიას. 1850 წ. ნიკოლოზ 1-ის ბრძანებით სკოპცებს ჯარში აღარ იღებდნენ, რის გამოც შეწყდა ამიერკავკასიაში მათი გადასახლება.

დუხობორები. დუხობორები („დუხობორცი“ - ანუ „სულისათვის მებრძოლნი“) მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი პროტესტანტული სექტის მიმდევრები არიან. 1839 წელს მიღებული განკარგულებით, დუხობორთა გადასახლება გადაწყდა კავკასიაში, კერძოდ ჯავახეთში. მათ დააარსეს 8 სოფელი: როდიონოვკა, ტამბოვკა, ბოგდანოვკა, ორლოვკა, გორელოვკა, სპასოვკა, ტროიცკოე და ეფრემოვკა.

დუხობორებს თავისი თავი მიაჩნიათ ჭეშმარიტ და რჩეულ ხალხად, რომელმაც უნდა შექმნას ღვთის სიყვარულით განმსჭვალული ძმობა. დუხობორებმა რელიგიურ საფუძველზე ეკონომიკურად ძლიერი თემი და სპეციფიკური კულტურა შექმნეს. დუხობორები უარყოფენ ქრისტიანულ რელიგიის წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, ეკლესია, ხატს, ჯვარს და ა. შ. წმინდა ადგილად დუხობორები თვლიან მხოლოდ ჯავახეთში არსებულ სალოცავებს, ობოლთა სახლს, წინაპართა საფლავებს, წმინდა მთებს.

დუხობორთა სექტაში მყარად არის დაცული ცხოვრების ნორმირებული და ზნეობრივი წესები. ისინი გაერთიანებული არიან თემში - ობშჩინა, რომელიც ზრუნავს თავის თითოეულ წევრზე. დუხობპრების იზოლაციას აძლიერებს ის გარემოც, რომ ისინი არ ეწევიან პროზელიტობას (დუხობორი ვერ გახდები, დუხობორად უნდა დაიბადო), ქორწინება ნებადართულია მხოლოდ დუხობორებს შორის.

დუხობორები ტრადიციულად მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას (მსხვილფეხა, წვრილფეხა საქონლისა და ცხენების მოშენება) მისდევდნენ.

დუხობორულ საზოგადოებაში დოვლათი თანაბრად ნაწილდებოდა. ღარიბი და უსახსრო თემში არ მოიპოვებოდა. დუხობორების როგორც სულიერ, ასევე სამეურნეო ცხოვრებას ხელმძღვანელობდნენ და წარმართავდნენ რელიგიური წინამძღოლები. ამდენად, მათში მმართველობის ადგილობრივი ფორმები თეოკრატიულ ხასიათს ატარებდა. წინამძღოლთან მოღვაწეობდა „უხუცესთა საბჭოც“, რომელიც მრჩევლისა და მედიატორის როლს ასრულებდა.

1990 წელს რუსეთის პოლიტიკის გამო დაიწყო მათი გადასახლება საქართველოდან რუსეთში. 3000 დუხობორმა რუსეთის ფედერაციის საზოგადოება „როდინას“ ხელშეწყობით დატოვა საქართველო.

მოლოკნები. სახელწოდება „მალაკანი“ ზოგი წყაროს მიხედვით უკავშირდება მარხვის დროს სექტანტების მიერ რძის სმას. სხვანი კი აკავშირებან მდინარე მოლოჩნაიასთან, რომლის ნაპირზეც ამ სექტის დიდი ნაწილი განსახლდა. საქართველოში მცხოვრები მალაკნების აზრით, კი მათ ეს სახელი რიცხობრივი სიმცირის გამო შეარქვეს.

მოლოკნები საქართველოში ჩამოსახლდნენ XIX საუკუნის შუა წლებიდან. თბილისში ისინი დამკვიდრდნენ კომპაქტურად. XIX ს. 50-იან წლების მეორე ნახევარიდან საქართველოში ითვლებოდა დაახლოებით 3 ათასი მოლოკანის ოჯახი. თბილისში ოფიციალურად მოქმედებდა მოლოკნების 4 სამლოცველო სახლი, სადაც სისტემატურად დადიოდა 1800-ზე მეტი მორწმუნე.

რელიგიური შეხედულებებით ისინი დუხობორებისაგან განსხვავებით, აღიარებდნენ ავტორიტეტს, მაგრამ ბიბლიის ტექსტსა და საეკლესიო საიდუმლოებებს სიმბოლურად იგებდნენ. მაგალითად ერთარსება - სამება, მათი აზით, შემდეგნაირად არის გააზრებული: მამა ღმერთი არის მეხსიერება, ძე ღმერთი გონება, სული წმინდა ნება. ასევე თავისებურად ესმით მათ ქრისტეს განკაცების არსი: ქრისტე მოევლინა ქვეყანას, რათა ეხსნა იგი სწავლებით და არა თავისი თავის ნებაყოფლობით შეწირვით. აღდგომის საიდუმლოს ისინი იაზრებდნენ არა რეალურ ფაქტად, არამედ ქრისტეს სწავლების აღდგინებად მის მიმდევართა შორის. მათ, დუხობორების მსგავსად, წყლით ნათლობა მიაჩნიათ ზდმეტად. აღიარებენ მხოლოდ ამ საიდუმლოს სულიერ მხარეს.

ისინი ეწინააღმდეგებოდნენ რევოლუციას 1921 წ. საქართველოს ანექსიას აპროტესტებდნენ სიტყვებით „ეს ძალაუფლება ჩვენი არ არის და მას ჩვენ არ მივიღებთ, ღმერთის შეგნებით საბჭოების გარეშე ვცხოვრობთ.“

XX საუკუნის დასაწყისში, რუსეთის მონარქიის დამხობის შემდეგ საქართველოში სტაროვერები ჩნდებიან. XVII საუკუნის შუა ხანებში პატრიარქ ნიკონის მიერ ჩატარებულმა საეკლესიო რეფორმამ გამოიწვია განხეთქილება, ე. წ. „რასკოლი“ რომლის შედეგადაც წარმოიქმნა სტაროვერთა მოძრაობა. მასში ერთიანდებოდნენ დიდგვაროვანი ბოიარები და ვაჭრები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ სახემწიფო და საეკლესიო პოლიტიკით. მათ მიემხრნენ საბატონო გლეხები და ქალაქის ღარიბ-ღატაკთა ფენა. მთავრობა დევნიდა ამ სექტას და ამიტომ ისინი გადაასახლა ციმბირში, ავსტრიაში, პრუსიაში, თურქეთსა და რუმინეთში. რუმინეთში გადასახლებულმა სტაროვერებმა, უკიდურესად მძიმე საარსებო პირობების გამო, ბათუმის ოლქში გადასახლების სურვილი გამოთქვეს. ისინი სექტის ზომიერ მიმდინარეობის წარმომადგენლები (უმღვდელონი) იყვნენ. სტაროვერები პირველად თბილისში გამოჩდნენ 1912 წელს. ბათუმის გუბერნატორმა სტაროვერები მეთევზეობის განვითარების მიზნით სოფ. გრიგოლეთში ჩაასახლა. თბილისში მათი სამოსახლო არსენალის მთასთან მდებარეობდა. სტაროვერებს ჰქონდათ სამლოცველო სახლი, სადაც მათთან ერთად თბილისის გარნიზონის ჯარისკაცებიც დადიოდნენ.

საქართველოში რუსეთის სახელმწიფოსაგან ხელშეწყობის, შეღავათების და უკეთესი პირობების ქონა რუს სექტებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა და ისინი ერთგვარ ექსპლუატატორთა როლშიც გამოდიოდნენ - ეწეოდნენ მევახშეობას, ქირაობდნენ მოჯამაგირეებს ადგილობრივი მოსახლეობისაგან და სხვ., რაც მათ მიმართ ავტოქთონი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

თუ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან უკვე ფართო ხასიათს ატარებდა ინდივიდუალური, სტიქიური მიგრაცია, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერება რუსეთის იმპერიის სხვა რაიონებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან.

საბჭოთა პერიოდში საქართველოში რუს მიგრანტთა ძირითადი მასა წარმოების სხვადასხვა სფეროში ჩაებნენ, ფაბრიკა-ქარხნებში, მაღაროებში, ტრანსპორტსა და მშენებლობაში, სოფლის მეურნეობასა და სხვ. მეორე მსოფლიო ომის დროს ევაკუირებული მრავალი რუსი ეროვნების ადამიანი საცხოვრებლად საქართველოში დარჩა. რუსების ნაწილმა ასიმილაცია განიცადა, ზოგი გაქართველდა და მხოლოდ რუსული გვარიღა აქვს შემორჩენილი.

ტრადიციები. კოლონიებში რუსებმა სტრუქტურა და საცხოვრებელიც რუსულ ყაიდაზე მოაწყვეს, რომელთაც ახასიათებდათ სწორი ფართი ქუჩები ორივე მხარეს ჩამწკრივებული კარით შეღებილი სახლებით. რუსების კარმიდამოს, რომელიც სისუფთავითა და სიკოხტავით გამოირჩეოდა, ჰქონდა დიდი ფართო ეზო, სამეურნეო სათავსოები, სახლის უკან პატარა ბოსტანი. ჭიშკარზე დამაგრებული იყო საშოშიე. ავეჯი თვითნაკეთი ჰქონდათ. ინტერიერის აუცილებელი აქსესუარი იყო სამოვარი, ოთახის კუთხეში ხატები, სექტანტებს ოთახის კედლებზე ეკიდათ მეფისა და მხედართმთავრის სურათები.

საქართველოში ჩამოსახლებული კაზაკები სოფლის მეურნეები და ხელოსნები გახდნენ. მისდევდნენ პურის ცხობას, ლუდის წარმოებას, მეჩექმეობას, მეეტლეობას და სხვ. კაზაკები მონაწილეობდნენ საქართველოს სამხედრო გზის გაყვანაში. კურორტ ბორჯომსა და ლიკანში მეფისნაცვლის შენობის მშენებლობაში.

რელიგიური დღესასწაულებს რუსები ატარებენ როგორც ოჯახში, ასევე ქრისტიანულ რუსულ ტაძრებში. კონფესიური ჯგუფები კი თავიანთ სამლოცველო სახლებში. ტრადიციულ საკვებს რუსები განსაკუთრებულად რელიგიურ დღესასწაულების დროს ამზადებენ (რძის ნაწარმისაგან დამზადებული კერძები, ფაფეულობა, ბლითები და სხვ.).

1980-1990-იან წლებში პერესტროიკისა და საბჭოთა სისტემის დაშლის შედეგად საქართველოში რუსების რაოდენობა თანდათან კლებულობს. რუსთა ეკონომიკური მიგრაციის პროცესს პოსტრსაბჭოთა პერიოდში მოჰყვა მათი ისტორიულ სამშობლოში მასიური გადასახლება.

რუსულ კულტურას საქართველოში ღრმა ტრადიციები გააჩნია. რუსული ეთნოსის წარმომადგენელთა საქართველოში რუსულ კულტურას ჩამოყალიბება-განვითარებას უწყობდა ხელს.