დემოკრატიზაცია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჟორჟოლიანი გია, ბერეკაშვილი თამარ, მუსხელიშვილი მარინა
თემატური კატალოგი დემოკრატია|დემოკრატია, საზოგადოებრივი მეცნიერებები|სოციოლოგია
წყარო: ჟორჟოლიანი, გია და სხვ. ბერეკაშვილი, თამარ მუსხელიშვილი, მარინა
    დემოკრატიზაცია : საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში: დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროში : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის] / გია ჟორჟოლიანი, თამარ ბერეკაშვილი, მარინა მუსხელიშვილი ; [რედ.: ლია კაჭარავა] ; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მეცნიერება, 2001 - 194გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - ბიბლიოგრ.: გვ. 188-193. - ISBN 99928-891-9-5 : [5ლ.], 500ც.[MFN: 15405]
 
UDC:  321.7 + 316.32](075.8)
K 234.795/3 - საერთო ფონდი
K 234.796/3 - საერთო ფონდი
K 234.797/3 - საერთო ფონდი
F 78.281/3 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 2001



1 თავი I დემოკრატია და დემოკრატიზაცია კონცეპტები და თეორიები

▲back to top


1.1 შესავალი

▲back to top


80-იანი წლების ბოლოს ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყველაზე ხშირად ხმარებული სიტყვა, ალბათ იყო დემოკრატია. ამავე დროს, დასავლურ აკადემიურ პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში, თუმცა არა მედიასა და პოლიტიკური წრეების დისკურსში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და სსრკ-ში 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე პროცესებს იკვლევდა „დემოკრატიას“ სიხშირით „დემოკრატიზაცია“ ჭარბობდა. ეს, თითქოსდა, პირველი შეხედვით, უმნიშვნელო განსხვავება ტერმინოლოგიაში, სინამდვილეში ასახავდა ფუნდამენტურ, არსობრივ განსხვავებას შექმნილი რეალობის აღქმასა და მიმდინარე პროცესების გაგებაში.

კომუნისტურ ქვეყნებში, განსაკუთრებით ინტელიგენციის წრეებში გავრცელებული მოსაზრება, რომ „თუ არა კომუნიზმი, ჩვენ ვიქნებით ისეთივე, როგორც დასავლეთი“ მიხეილ გორბაჩევის მიერ დაწყებული „პერესტროიკის“ შედეგად მოხდენილ „ხავერდოვან რევოლუციებს“ ხდიდა გარდამტეხ ზღვრად, რომლის შემდეგ პირდაპირ და მაშინვე იწყებოდა დემოკრატია. „ცივი ომის“ დასრულებით გახარებული, ტექნოლოგიურად და იდეოლოგიურად გამარჯვებული ევრო-ატლანტიკის პოლიტიკური წრეებიც „ისტორიის დასასრულსა“ და ჰომო-საპიენსის ლიბერალურ-დემოკრატიულ ადამიანად საბოლოოდ გარდაქმნას ზეიმობდნენ. აკადემიური მეცნიერების წარმომადგენელთა მოკრძალებულ ეჭვს, რომ დაწყებული პროცესები უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისია დემოკრატიზაციისა, რომელიც სულაც არ არის აუცილებელი დამთავრდეს დემოკრატიით, და მით უმეტეს დაუყოვნებლივ, აღფრთოვანებულ განწყობაში დისონანსი ვერ შეჰქონდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თითქმის არავინ აქცევდა ყურადღებას.

მაგრამ, გავიდა წლები, რეალობა სულ უფრო და უფრო ფართო საზოგადოებისათვის ხდიდა საცნაურს, რომ დემოკრატიის დამკვიდრება მყისიერად შეუძლებელია, და სულ უფრო მეტად იპყრობდნენ ყურადღებას გამოკვლევები, რომელნიც სწავლობდნენ დემოკრატიზაციას, როგორც პროცესს და არა დემოკრატიას, როგორც სისტემას. დემოკრატიზაცია წამყვანი თემა ხდება პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთოდ და განსაკუთრებით შედარებით პოლიტიკურ კვლევებში.

ვიდრე უფრო ღრმად განვიხილავდეთ დემოკრატიზაციას, როგორც ფენომენს (მთელი სალექციო კურსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება), მოკლედ ვიტყვით, რომ სიტყვა „დემოკრატიზაცია“ აღნიშნავს პოლიტიკურ ცვლილებებს, რომლებიც მიმართულია დემოკრატიისაკენ. თუ დემოკრატიას წარმოვიდგენთ, როგორც მიზანს, დანიშნულების ადგილს, დემოკრატიზაცია შეიძლება განვიხილოთ, როგორც გზა, რომელიც ამ მიზნისკენ მიემართება. მაგრამ იმისათვის, რომ განსაზღვრულ იქნას სწორი, ოპტიმალური გზა მიზნის მიღწევისა, თავად მიზანი უნდა იყოს საკმაოდ მკაფიოდ განსაზღვრული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აღმოვჩნდეთ არა დანიშნულების ადგილას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს თუნდაც ორი აბსოლუტურად იდენტური დემოკრატია, მაგრამ მაინც შესაძლებელია იმ არსებითი ნიშან-თვისებების გამოკვეთა, რომელნიც თანამედროვე დემოკრატიებს ახასიათებთ.

დემოკრატიზაციის თანამდეროვე პროცესების შესწავლის შედეგად შესაძლებელია იმ გარე ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახედნენ და ვლინდებიან სხვადასხვა ქვეყენბის დემოკრატიზების მცდლობებზე. მელვილი გამოყოფს შემდეგ ფაქტორებს:

- თანამედროვე სამყაროში დემოკრატიისადმი, როგორც დეკლარირებული იდეალისადმი ნორმატიული განწყობის გავრცელება, მისი დასახვა საზოგადოებრივი გარდაქმენბის სავარაუდო და სასურველ მიზნად;

- მსოფლიო არენაზე დემოკრატიული მოდელის მიმზიდველობის ზრდა როგორც დასავლური ცივილიზაციის ტიპის ფართო კულტურული გავლენის შედეგი და ამის შედეგად ავტორიტარიზმის, როგორც ეროვნული განვითარების მოდელის დელეგიტიმიზაცია;

- დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმიდნარე რეალური გაფართოება და ექსპერიმენტირება დემოკრატიულ პროცედურებსა და ინსტიტუტებთან, რომელსაც მოსდევს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შედეგები;

- ავტორიტარიზმის ეკონომიკური არაეფექტურობა, მკაფიოდ გამოვლენილი 80-90-იან წლებში, განსაკუთრებით როგორც საზოგადოებრივი მოდერნიზების ინსტრუმენტისა, რაც უარყოფს ადრე გავრცელებულ წარმოდგენებს ეკონომიკის ავტორიტარული მოდერნიზების შედეგიანობის შესახებ;

- ისეთი სპეციფიული საერთაშორისო კონტექსტის შექმნა (მათ შორის ინსტიტუციონალურისაც - ე.წ. ტრანს-ნაციონალური სახელმწიფოთშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილის), რომელიც სპეციფიურად ხელსაყრელია ავტორიტარიზმიდან უფრო დემოკრატიულ მოდელებზე გადასვლისათვის.

1.2 § 1. დემოკრატია

▲back to top


მიუხედავად სიტყვა დემოკრატიის უაღრესად ფართო და სხვადასხვა კონტექსტუალური მნიშვნელობით ხმარებისა, ჩვენთვის ამჟამად მნიშვნელოვანია თანამედროვე დემოკრატიის ძირითადი შინაარსის განსაზღვრა. დემოკრატიის დეფინიცია მრავალი არსებობს, და შემდგომშიც ამ კურსში მოყვანილი სხვადასხვა ავტორების მიდგომები მეტად განსხვავებული იქნება ამ მხრივ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განმარტებების ამგვარი მრავალფეროვნება არ არის მეორეხარისხოვანი მოვლენა და ხშირად ბევრი გაუგებრობის მიზეზი ხდება. აქ ჩვენ რამდენიმე ყველაზე ცნობილ განმარტებას მოვიყვანთ, ხოლო შემდგომში ყოველთვის ვეცდებით ცხადი გავხადოთ თუ რომელ „დემოკრატიაზეა“ ლაპარაკი ამა თუ იმ კონტექსტში.

რობერტ დალი დემოკრატიას „ყველასათვის ღია შეჯიბრს“ უწოდებს. თანამედროვე დემოკრატია, მისი გაგებით ხასიათდება შემდეგი პარამეტრებით:

- ორგანიზაციების შექმნის და მათში გაწევრიანების თავისუფლება;

- სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება;

- არჩევნებში მონაწილეობის უფლება;

- უფლება იყო არჩეული საზოგადოებრივ და/ან სახელმწიფო თანამდებობაზე;

- პოლიტიკურ ლიდერთა უფლება იბრძოლონ საზოგადოებრივი მხარდაჭერისთვის და ამომრჩეველთა ხმებისთვის;

- ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების არსებობა;

- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება;

- სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა იყონ დამოკიდებული კენჭისყრის შედეგებზე ან საზოგადოებრივი მხარდაჭერის გამოხატვის სხვა ფორმებზე.

ეს არის დემოკრატია იდეალური გაგებით, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხორციელდება მეტ-ნაკლები სისრულით. ვინაიდან ამ იდეალის სრულად განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია, დასავლეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნების დემოკრატიებს იგი უწოდებს პოლიარქიებს - ტერმინის, რომელიც მეტად ხშირად იხმარება თანამედროვე პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში.

ხუან ლინცი თანამედროვე დემოკრატიის დასახასიათებლად ხაზს უსვამს მახასიათებელთა ოდნავ განსხვავებულ რიგს:

- იურიდიულად გარანტირებული უფლება ჩამოაყალიბო და დაიცვა პოლიტიკური ალტერნატივები. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს გაერთიანებების შექმნის უფლება (მათ შორის პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლება), სიტყვის თავისუფლება და სხვა პირადი უფლებები;

- თავისუფალი და არაძალისმიერი კონკურენცია ლიდერებს შორის ხელმძღვანელობის განხორციელების მათდამი მინიჭებული უფლების პერიოდული გადასინჯვით (პირველ რიგში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სახით, რეგულარული პერიოდულობით)

- პოლიტიკურ პროცესში ყველა რეალური პოლიტიკური ძალისა და პოლიტიკური ინსტიტუტის ჩართვა;

- პოლიტიკური საზოგადოებრიობის ყველა წევრს უნდა შეექმნას პირობები პოლიტიკაში მონაწილეობისთვის, პოლიტიკური მიმართებებისდა მიუხედავად.

ეს განმარტებები სასარგებლოა თავისი ლაკონურობის გამო, თუმცა დემოკრატიის შინაარსში უფრო ღრმად ჩასახედად სასარგებლო იქნება გავეცნოთ კარლ პოპერის ატიოდე წლის წინ, მის ერთ-ერთ უკანასკნელ სტატიაში გამოქვეყნებულ მოსაზრებებს დემოკრატიის არსის თაობაზე და ალენ ტურენის შეხედულებებს იმაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატია დღეს, მისი დღევანდელი გაგებით.

1.2.1 დემოკრატიის არსი პოპერის მიხედვით

▲back to top


დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რაც, ერთხელ დამკვიდრებული, შემდგომში თავისით არსებობს და საკუთარ საფუძვლებს ასაზრდოებს. დემოკრატია ვერ იარსებებს მასზე და მის პრაქტიკებზე მუდმივი მსჯელობის გარეშე არა მარტო ჩვენნაირ არადემოკრატიულ საზოგადოებებში, არამედ თვით ლიბერალური დემოკრატიის შუაგულშიც. ამას მოწმობს ის, რომ დემოკრატიის არსის გააზრებას და მისი თეორიების განახლებას მუდმივად უბრუნდებიან დასავლეთის ყველაზე ღრმა თეორეტიკოსები და ფილოსოფოსები. სერ კარლ პოპერი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც კვლავ უბრუნდება დემოკრატიის თემას და გვთავაზობს დემოკრატიის არსებობა-არარსებობის არატრადიციულ, მეტად პრაგმატულ კრიტერიუმს.

დემოკრატიის კლასიკური თეორია, ამბობს პოპერი, მოკლედ რომ ვთქვათ, არის თეორია იმისა, რომ დემოკრატია არის ხალხის მმართველობა და რომ ხალხს აქვს უფლება მართოს. კამათი მმართველობის შესახებ ისტორიულად ეხებოდა პასუხს კითხვაზე: „ვინ უნდა მართავდეს სახელმწიფოს?“ ამ კითხვაზე სხვადასხვა ისტორიულ კონტექსტში გაიცემოდა სხვადასხვა პასუხები - „საუკეთესონი“ (პლატონი), „არმია აკანონებს მმართველს“ (რომის იმპერია), „ღმერთი თავის ლეგიტიმურ პირთა, მონარქთა მეშვეობით“ (შუა საუკუნეების ევროპა), „მართავს გაბატონებული კლასი“ (მარქსი) და ა.შ.

სინამდვილეში კი, პოპერის მტკიცებით, საკითხის ასე დაყენება (ვინ უნდა მართავდეს), ანუ მმართველობის ლეგიტიმურობის წყაროს განსაზღვრის წინ წამოწევა, მავნე პრაქტიკაა. სრულიად ახალი პრობლემა უნდა იყოს აღიარებული რაციონალური პოლიტიკური თეორიის ფუნდამენტურ პრობლემად. ახალი პრობლემა, რომელმაც ძველის ადგილი უნდა დაიკავოს, შეიძლება ჩამოყალიბდეს ამდაგვარად: როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოში ხელისუფლების სისტემა, რომ შეიძლებოდეს ცუდი მმართველების მოშორება სისხლისღვრისა და ძალადობის გარეშე?

ძველი შეკითხვის საპირისპიროდ ეს არის მთლიანად პრაგმატული, თითქმის ტექნიკური პრობლემა. და თანამედროვე, ე.წ. დემოკრატიები პოპერს კარგ მაგალითად ესახება პრობლემის პრაქტიკული გადაჭრისათვის, თუმცა ისინი თავის დროზე გაცნობიერებულად არ შექმნილან ამ პრობლემის გადასაჭრელად. მართლაც, მათ ყველას გააჩნია ის, რაც გულისხმობს ამ ახალი პრობლემის გადაჭრის უმარტივეს პრინციპს - ხელისუფლება შეიძლება გამოცვალონ უმრავლესობის ხმებით.

პოპერის ეს თეორია, თუმცა კი ხაზგასმით არ წარმოადგენს „ხალხის მმართველობის“ თეორიას, და უფრო მეტად ნიშნავს კანონის მმართველობას, რომელიც განაპირობებს ხელისუფლების უსისხლო დათხოვნას უმრავლესობის ხმებით, არ ეჯახება დასავლური დემოკრატიების პრაქტიკას და ამდენად მას შეიძლება „დემოკრატიის“ თეორია ეწოდოს.

უინსტონ ჩერჩილმა ერთხელაც ხუმრობით თქვა, რომ დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა, თუ არ ჩავთვლით მმართველობის ყველა სხვა ცნობილ ფორმებს.

და ეს, პოპერის აზრით, გახლავთ არსი: ვისაც კი ოდესმე უცხოვრია მმართველობის სხვა ფორმის პირობებში - ვთქვათ, დიქტატურის ქვეშ, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს სისხლისღვრის გარეშე - ეცოდინება, რომ თუმც დემოკრატია არ არის სრულყოფილი ფორმა, ის ღირსია, რომ იბრძოლო მისთვის, და, რომ თავიც შესწირო, როგორც ეს პოპერს სწამს.

პოპერის მთელი თეორია შეიძლება დაფუძნდეს იმაზე, რომ არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა, რომელსაც ვიცნობთ: ან დიქტატურა, ანდა დემოკრატიის რომელიმე ფორმა. და ჩვენ არ ვამყარებთ ჩვენს არჩევანს დემოკრატიის სიკეთეზე, რომელიც შეიძლება იყოს საეჭვო, არამედ - მხოლოდ და მხოლოდ დიქტატურის სიავეზე, რაც აშკარაა. არა მარტო იმიტომ, რომ დიქტატორი იძულებულია ბოროტად გამოიყენოს თავისი ძალაუფლება, არამედ იმიტომაც, რომ დიქტატორი, თუნდაც იყოს კეთილმოსურნე, სხვას ყველას ართმევს პასუხისმგებლობას და, მაშასადამე, მათს ადამიანურ უფლებებსა და მოვალეობებს. ეს საკმარისი საფუძველია, რათა უპირატესობა მივანიჭიოთ დემოკრატიას - კანონის მმართველობას, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, თავიდან მოვიშოროთ არასასურველი მთავრობა.

1.2.2 ალენ ტურენი დემოკრატიის შესახებ

▲back to top


თუ მივუდგებით უაღრესად მარტივად და შეზღუდულად დემოკრატიის კონცეფციას, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ დემოკრატია არის თავისუფალი არჩევა მმართველობისა მართულების მიერ, რაც გულისხმობს თავისუფალ არჩევნებს, პარტიათა და პროფკავშირთა არსებობის შესაძლებლობას, პროპაგანდისტულ კამპანიათა წარმართვას ასოციათა თავისუფლებების წყალობით, შეკრებათა და სიტყვის თავისუფლებას.

არჩევანის პოლიტიკური თავისუფლების ველი ვერ იარსებებს, თუ არ იქნა აღიარებული საზოგადოებრივი სფეროს არსებობა და უფრო ფართო შინაარსით „პოლიტიკური საზოგადოებისა“. პიროვნული იზოლაცია, საზოგადოების ფრაგმენტაცია, კომუნიკაციის სისუსტე ცალკეულ სოციალურ კატეგორიებს შორის წარმოადგენს თითქმის გადაულახავ წინააღმდეგობებს დემოკრატიისათვის.

ეს მოთხოვნილება პოლიტიკური საზოგადოების არსებობისა ანუ მმართველობის მოწყობა გულისხმობს, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსაგან, ან უფრო მეტიც, უნდა იყოს სახელმწიფოზე ზევით - განსხვავება, რომელიც ჩვენ ხშირად გვიჭირს ვაღიაროთ. საკუთრივ დემოკრატიის სფერო ეს არის პოლიტიკური სისტემა. ერთი მხრივ, მასთან შეხებაშია კერძო სამყარო, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო სამყარო. შეუძლებელია იყოს დემოკრატია, თუ სამოქალაქო მდგომარეობა, რომელსაც უკავია შუალედური მდგომარეობა, არ მოიცავს (შეიცავს), ერთი მხრივ, კერძო ინტერესებსა და რწმენებს (შეხედულებებს), ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფოსადმი მიმართებას, მის აღიარებასა და მიღებას. არ შეიძლება იყოს დემოკრატია, თუ კერძო რწმენები, შეხედულებები და ინტერესები და სახელმწიფოებრივი ცნობიერება შეირწყმიან, კავშირდებიან უშუალოდ, ამოაგდებენ რა სამოქალაქო მდგომარეობის შუალედურ პოზიციას. დემოკრატია წარმოადგენს მუდმივ ძალისხმევას, მცდელობას სამოქალაქო მდგომარეობის სფეროს შექმნისა და იმის უზრუნველყოფისა, რომ კერძო რწმენებმა, შეხედულებებმა, ინტერესებმა და ჯგუფურმა კუთვნილებამ შეძლონ შეერთება და შერწყმა მასში ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს პირობებში. დემოკრატია სუსტია, როდესაც მისი უნარი შუამავლობისა არაადექვატურია და როდესაც ძალები, რომელთა შორისაც ის თამაშობს შუამავლის როლს, სუსტია ან ჩაკეტილია საკუთარ თავში. ისინი ვინც მხარს უჭერენ, იზიარებენ წმინდა ინსტიტუციონალურ შეხედულებას დემოკრატიაზე, სერიოზულ შეცდომას უშვებს. ისინი არ სვამენ კითხვას, როგორი ძალები იქნება მობილიზებული და როგორი მსხვერპლი იქნება მისაღები დემოკრატიის დაცვისათვის. „მხოლოდ გონება არ არის საკმარისი გონების დასაცავად“ (მაქს ხორკჰაიმერი - გერმანელი ებრაელი ფილოსოფოსი II მსოფლიო ომის ბოლოს). თავისუფლებათა დაცვა და ხელის შეშლა ანტიდემოკრატიულად განწყობილი ადამიანებისა და ჯგუფებისათვის ძალაუფლების მოპოვებაში არასაკმარისია დემოკრატიის დაცვისათვის. მან (დემოკრატიამ) შეიძლება გაძლოს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაფუძნებულია დარწმუნებულობაზე, რწმენაზე პოლიტიკური თავისუფლებისა და იმაზე, რასაც მონტესკიემ პირველმა უწოდა ზნეობა (ზნეობრიობა).

იმისთვის, რომ გავამკაფიოთ, გამოვააშკარაოთ ეს წყურვილი დემოკრატიისა, ჩვენ კონკრეტულად უნდა მივიდეთ რეალურ გამოცდილებასთან პოლიტიკური ცხოვრებისა და მასში პიროვნული მონაწილეობისა. აქამდე ჩვენ მიმართული გვქონდა ჩვენი მზერა ზევით და ვხედავდით, რომ დემოკრატია გულისხმობს პოლიტიკურ საზოგადოებას და, ამდენად, საზოგადოების დამოუკიდებლობას სახელმწიფოსთან მიმართებაში; ე.ი. დამოუკიდებლობას პრობლემებისა, რომელნიც დაკავშირებულნი არიან საზოგადოების მართვასთან, მისი (საზოგადოების) განვითარებისა და მოდერნიზაციის პრობლემათაგან (რომელნიც დაკავშირებულნი არიან სახელმწიფოსთან). საჭიროა, რომ ახლა მზერა მიიმართოს ქვევით - სოციალურ ჯგუფებსა და კერძო შეხედულება-რწმენებზე, ინტერესებზე, რათა დემოკრატიის საერთო, საზოგადოებრივი პირობების მიღმა, შემდგომ წარმოვაჩინოთ მისი საფუძვლები პიროვნებასა და კულტურაში.

დემოკრატია ვალდებულია იყოს წარმომადგენლობითი, ანუ მისი პოლიტიკური წარმომადგენლები უნდა შეესაბამებოდნენ ადამიანებს საზოგადოებაში საერთოდ, ან უკიდურეს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ხარისხით, იმდენად, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ გააიგივონ თავი პოლიტიკურ ხელისუფლებასთან.

შეიძლება თუ არა საერთოდ ფიქრიც კი დემოკრატიაზე, თუ არ არსებობს დარწმუნებულობა აუცილებლობაში გაბატონებული უმრავლესობისგან უმცირესობის, „დიდ მოღვაწეთაგან“ „პატარა ადამიანთა“, კაპიტალისტი ბოსებისაგან მუშათა კლასის დაცვისა? როგორი ფორმულაც არ უნდა იქნას გამოყენებული, ყველა შემთხვევაში დგას პრობლემა გაბატონებულ სოციალურ ურთიერთობათა გადასინჯვისა, მათდამი შეწინააღმდეგებისა და სწორედ ეს ბრძოლა ბატონობისა და გაბატონებულის წინააღმდეგ აძლევს დემოკრატიას მობილიზაციის იმ ძალას, რომლის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია მხოლოდ თავისუფალ ინსტიტუტთა არსებობა. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ან ქვეყანა თავს იცავენ შემოჭრილი ან ოკუპანტი უცხო სახელმწიფოსაგან, მაშინ ეს ბრძოლა შეიძლება ასოცირებული იყოს დემოკრატიის დაცვისთვის ბრძოლასთან, მაგრამ ეს ორი რამ (ბრძოლები) ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა არ გვევლინება თავისთავად არც ხელშემწყობად და არც მტრულად (საწინააღმდეგოდ) დემოკრატიასთან მიმართებაში. ჩვენ დროში, თანამედროვე პერიოდში უკვე აღარ შეიძლება იქნას აღიარებული, რომ დემოკრატია წარმოადგენს საყოველთაო ნების გამოხატულებას. მეტიც, ჩვენ შიშსაც კი განვიცდით იმის წინაშე, რომ მოწოდებამ ერთსულოვნებისაკენ შეიძლება მიგვიყვანოს უმცირესობათა განდევნამდე ან უგულებელყოფამდე და უკონტროლო და შეუზღუდავი აბსოლუტური ძალაუფლების დამყარებამდე.

ამავე დროს, რაც უფრო მეტად განსხვავებულნი და სპეციალიზირებულნი ხდებიან ინტერესთა ჯგუფები, მით ნაკლებად აქვთ უნარი დაკავებულნი იყვნენ საზოგადოების საერთო პრობლემებით და მით უფრო სუსტდება დემოკრატია. ასეთი ჯგუფების მოქმედება გვაგონებს ბაზარზე ეკონომიკურ ჯგუფთა მოქმედებას, დემოკრატია კი არ არის პოლიტიკური ბაზარი. ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო ღრმად, გავცდეთ წარმოდგენებს, რომ დემოკრატია არის შეერთება ინდივიდუალური ინტერესებისა და საერთო ინტერესისა. ასეთი შეთანხმებულობა (შეერთება) შეუძლებელია, თუ არ არსებობს დარწმუნებულობა, რომ ადამიანები არიან თანსწორნი, მიუხედავად განსხვავებისა ტალანტსა (ნიჭსა) და ბედში, რომელნიც მათ განასხვავებენ. ისტორიულად ამ პრინციპმა მიიღო ორი ფორმა. ზოგისთვის ეს საფუძველი იყო რელიგიური, სხვებისთვის - რესპუბლიკური. საფრანგეთმა მისცა ამ მეორე პოლიტიკურ ფილოსოფიას მისი მთავარი გამოხატულება. საფრანგეთის რევოლუციამ შეცვალა არისტოკრატები მოქალაქეებით, საიდანაც გამომდინარეობდა პროგრესული საშემოსავლო გადასახადის, მემკვიდრეობაზე გადასახადის და შემოსავლებში განსხვავების შემცირების ზომების როლის მნიშვნელობა. მაგრამ ეს ზრუნვა თანასწორობაზე შეიძლება მიემართებოდეს ავტორიტარული ცენტრალიზებული ძალაუფლების გაძლიერებისკენაც.

თავისუფლება და დემოკრატია ადრიდანვე იგივდებოდა სოციალური ბარიერების რღვევასთან და საზოგადოებისა და ერის ინტეგრაციასთან. რესპუბლიკა განისაზღვრებოდა, როგორც ერთადერთი განუყოფელი განსხვავებით ძველი რეჟიმებისაგან, რომელნიც დაყოფილნი (გაყოფილნი) იყვნენ ფენებად ჩვეულებების, პრივილეგიებისა და სპეციფიკური ადგილობრივი სამართლის შენარჩუნებით. აქედან გამომდინარე, ჩანდა ისე, რომ დემოკრატია მთლიანად ასოცირებულია რაციონალობასთან. მაგრამ ეს პერიოდი დიდი ხანია გავიდა: ჩვენ დიდხანს გვაწვა გაჭირვება და ტრადიცია და ამიტომ, ჩვენ ვცდილობდით განვთავისუფლებულიყავით პროგრესის უნივერსალისტური იდეის მიღების საშუალებით; საზოგადოდ, მაგრამ სამყაროს დიდი უმრავლესობა სულ უფრო მეტად იხრება დემოკრატიის ისეთი დეფინიციისაკენ, რომელიც ეფუძნება პიროვნულ და არა საზოგადო, საერთო მოსაზრებებს, ინტერესებსა და ლოგიკას. არ შეესაბამება ჭეშმარიტებას ის, რომ მსოფლიო ბუნებრივად მიდის დემოკრატიისაკენ. ვინ შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ დემოკრატია იგივეობრივია რაციონალურობისა და თანამედროვეობისა, როდესაც 20-იანი წლების გერმანია, შესანიშნავი ნიმუში თანამედროვე ქვეყნისა, გახდა ნაცისტური და როდესაც მრავალი რეჟიმი ლათინურ ამერიკაში, რომელთაც უწოდებდნენ „განვითარებადს“, შეიცვალა ავტორიტარული ძალაუფლებით?

იმიტომ, რომ ნებისმიერი ამ ზემოთმოტანილ დეფინიციათაგან, შორს არის იმისგან რომ იყოს სრულყოფილი, დემოკრატია უნდა განისაზღვროს უფრო რთულად და რეალისტურად - თავისუფალი არჩევანი მმართველობისა, რომელიც წარმოადგენს უმრავლესობის ინტერესებს და პატივს სცემს ფუნდამენტურ უფლებას ყველა ადამიანისა იცხოვროს თავისი რწმენის, შეხედულებათა და ინტერესთა შესაბამისად.

1.3 § 2. მინიმალური, ლიბერალური და კონსოლიდირებული დემოკრატია

▲back to top


ზოგჯერ ითვლება, რომ დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების მიღწევა (თავისუფალი არჩევნების ჩატარება) იგივეა, რაც თავისუფლების და პიროვნების უფლებების დამკვიდრება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. პიროვნული თავისუფლება უკავშირდება ლიბერალური ღირებულებების აღიარებას - ინდივიდუალიზმს და კანონის უზენაესობას, რაც მხოლოდ ლიბერალურ დემოკრატიებში გვხვდება.

რა სახელიც არ უნდა დავარქვათ - ლიბერალური დემოკრატიები, ანუ კაპიტალისტური დემოკრატიები, ან კიდევ დასავლური დემოკრატიები, პოლიარქიები, თანამედროვე განვითარებული დემოკრატიები - ერთი რამ კი ცხადია, რომ მათ რიცხვში შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კიდევ მინიმუმ 30 ქვეყანა.

ლიბერალური დემოკრატია, რომელიც ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, წარმოადგენს დემოკრატიის თანამედროვე ფორმას. და მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატია (არალიბერალური სახით) ჯერ კიდევ ბერძნებთან არსებობდა, ახალ ისტორიაში ლიბერალიზმი დემოკრატიაზე ორი საუკუნით ადრე წარმოიქმნა.

ლიბერალიზმი არის იდეათა რთული სისტემა, რომელიც საზოგადოების საწყისად ინდივიდს ისახავს. საზოგადოება „შედგება“ ინდივიდებისაგან და თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა მისი წევრებისა და მათ შორის ურთიერთობების ერთობლიობა. ეს შეხედულება, რომელსაც ზოგჯერ ინდივიდუალიზმს უწოდებენ, აყალიბებს ლიბერალურ შეხედულებებს პოლიტიკურ, საკანონმდებლო, მორალურ, ეკონომიკურ, მეთოდოლოგიურ და სხვა საკითხებზე.

დემოკრატია, რომელიც არ არის დაფუძნებული ლიბერალურ ღირებულებებზე, იოლად შეიძლება გარდაიქმნას უმრავლესობის ბატონობად უმცირესობაზე და თავისუფლებისთვის არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენს, ვიდრე დესპოტიზმი. დასავლური ჰუმანური აზროვნება საუკუნეების განმავლობაში მიმართული იყო „უმრავლესობის ტირანიის“ საშიშროების შესწავლაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მკლევარი დემოკრატიის 500-ზე მეტ ნაირსახეობას ანსხვავებს, ჩვენ აქ გამოვყოფთ დემოკრატიის მხოლოდ სამ ფორმას. ეს არის საარჩევნო, ანუ მინიმალური დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია და კონსოლიდირებული დემოკრატია.

საარჩევნო დემოკრატია არის პოლიტიკური მოწყობის ფორმა, რომელიც არსებობს იქ, სადაც ტარდება არჩევნები და დაცულია ძირითადი სამოქალაქო უფლებები - როგორიცაა სიტყვის და აზრის თავისუფლება - იმისთვის, რომ აზრს მოკლებული არ იყოს არჩევნების დროს კონკურენცია და არჩევნებში მონაწილეობა. ამგვარ ქვეყნებში, მიუხედავად იმისა, რომ სრულდება დემოკრატიის არსებობის მინიმალური მოთხოვნები, ადამიანთა უფლებების ყოველდღიურ განხორციელებას ჩვეულებრივ რეალური ყურადღება არ ექცევა. ბევრი უშვებს შეცდომას, როდესაც გადამეტებულ ყურადღებას უთმობს არჩევნებს, და არ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფენ ეს არჩევნები, თუნდაც მრავალპარტიული და სამართლიანი, საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფის მიერ საკუთარი ინტერესების და უფლებების განხორციელებას. საარჩევნო დემოკრატიის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ლიბერალური დემოკრატიის არსებობას და ამგვარი ქვეყნები სულაც არ არიან გარანტირებულნი, რომ სამუდამოდ შეინარჩუნებენ არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს, ვინაიდან ამ რეჟიმისათვის არსებული საზოგადოებრივი სხოვრების ბევრი ასპექტი საყრდენის როლს ვერ შეასრულებს.

ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, მაგალითად, თურქეთი, რუსეთი, შრი ლანკა,კოლუმბია და სხვები დღესდღეობით წარმოადგენენ საარჩევნო დემოკრატიებს. მაგრამ ლიბერალური დემოკრატიის მახასიათებელ უფრო მკაცრ მოთხოვნებს ისინი ვერ აკმაყოფილებენ. ყველა ამ ქვეყანაში ადამიანთა პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მაღალი კონკურენცია პარტიებს შორის და ტარდება თავისუფალი არჩევნები. ხაზგასასმელია ის, რომ თავისთავად არჩევნების ჩატარების არსებობის პროცედურა არ ნიშნავს იმას. რომ პოლიტიკური რეჟიმი წარმოადგენს საარჩევნო დემოკრატიას. ასე, მაგალითად, აზერბაიჯანში რეგულარულად ტარდება არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა იქ არსებული სისტემა კლასიფიცირდება როგორც კონსოლიდირებული ავტორიტარიზმი. ანუ არჩევნების ჩატარება თავისთავად არ ნიშნავს კონკურენტული პოლიტიკური გარემოს არსებობას, რომელშიაც პარტიების მონაცვლეობა ხელისუფლებაში ხორციელდება მშვიდობიანი, არაძალადობრივი, დემოკრატიული გზით. ანუ ის, თუ როგორ ტარდება არჩევნები და რა თავისუფლებებითაა უზრუნველყოფილი მათი სამართლიანი ჩატარება, სულაც არაა მეორეხარისხოვანი საკითხი საარჩევნო დემოკრატიის არსებობა-არარსებობისთვის.

დემოკრატიული რეჟიმი სიმტკიცეს იძენს იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების ჩატარების გარდა მას სხვა ნიშნებიც ახასიათებს. ნახევრად თავისუფალი ქვეყნის თავისუფალ ქვეყანად გადაქცევისთვის საჭიროა ახალი პოლიტიკური კულტურა - მთელი საზოგადოება უნდა განიხილავდეს დემოკრატიას არა საშუალებად, არამედ საკუთარი ცხოვრების წესად, ქვეყნის კონსტიტუცია უნდა გახდეს არა აბსტრაქცია, არამედ ყოველდღიური ქცევის საყოველთაოდ აღიარებული საფუძველი, ამგვარ საზოგადოებაში არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ექნებათ არადემოკრატიული გზებით ძალაუფლების მოპოვების შანსი - საზოგადოებამ ეს თავად არ უნდა დაუშვას. ამგვარი დემოკრატია იქცევა კონსოლიდირებულ დემოკრატიად - საზოგადოებად, რომელსაც ავტორიტარული და დიქტატორული მმართველობა არ ემუქრება. ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ კონსოლიდირებული დემოკრატია უკვე სრულფასოვანი, ლიბერალური დემოკრატიაა, მისი მაგალითი Freedom House-ის რეიტინგით, დღეს არის ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და სხვა.

კონსოლიდირებულ დემოკრატიად გადასაქცევად, საარჩევნო დემოკრატიამ მეტი სიღრმე და ლიბერალობა უნდა შეიძინოს. დემოკრატიის კონსოლიდირებას ხელს უწყობს მთელი რიგი ცვლილებები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში და მენტალიტეტში. ასე, მაგალითად, უნდა არსებობდეს სამოქალაქო საზოგადოება. ეკონომიკა უნდა იყოს კონკურენტული და ფუნქციონირებდეს დამოუკიდებლად, სახელმწიფოს უშუალო ჩარევის გარეშე. ბიუროკრატიული აპარატი უნდა ფუნქციონირებდეს ეფექტურად და უზრუნველყოფდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების რეალიზებას. კანონი უნდა იყოს საყოველთაო და სრულდებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. დემოკრატიის კონსოლიდირება უფრო ადვილია ისეთ საზოგადოებებში, სადაც არ არსებობს მნიშვნელოვანი სუბკულტურული დაყოფა - მაგალითად, ეთნიკური, რელიგიური, ტერიტორიული და სხვა. ცნობილია, რომ უკიდურესად ღარიბ ქვეყნებს უჭირთ დემოკრატიის შენარჩუნება, ხოლო განათლების მაღალი დონე და ცხოვრების ცივილიზებული სტანდარტი დემოკრატიისთვის ხელსაყრელია.

ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ, რომ, მაგალითად, ინდოეთს პრაქტიკულად არ გააჩნია არცერთი ზემოთჩამოთვლილი მახასიათებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს ქვეყანა წლების განმავლობაში წარმატებით ინარჩუნებს დემოკრატიულ რეჟიმს და მოსალოდნელია, რომ მომავალშიც შეინარჩუნებს. ამგვარად, ისტორიულ აუცილებლობაზე აპელირება და მეცნიერული კრიტერიუმების გამოცნობა, რომლებიც უტყუარად დაასაბუთებენ ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდირების შესაძლებლობას საკმაოდ არასანდო დასკვნების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა გარკვეული სტატისტიკური კანონზომიერებები არსებობს, და ისინი გარკვეულ ორიენტირებს იძლევიან. ამ დროს სხვა ქვეყნების გამოცდილებისა და შეცდომების თუ წარუმატებლობის შესახებ ცოდნა ნამდვილად არ უნდა იყოს ზედმეტი.

1.4 § 3. დემოკრატიზაციის ტალღები

▲back to top


სრულიად დემოკრატიული რეჟიმები, რომელბშიაც თავისუფლად ირჩევა მოსახლეობის წინაშე სრულიად ანგარიშვალდებული მთავრობა და წარმომადგენლობითი ინსტიტუტები, და ამასთან მთავრობის ძალაუფლება შეზრუდულია კანონის უზენაესობით, მსოფლიო რეჟიმების ყოველთვის უმცირესობას შეადგენდა. დღეს ამასთან დაკავშირებით ბევრი გაუგებრობა ჩნდება დემოკრატიის განმარტების ბუნდოვნების გამო. ხშირად თავისუფალი არჩევნების ჩატარება გაიგივებულია დემოკრატიასთან, ხშირად სჯერათ, რომ თუ ტარდება თავისუფალი არჩევნები, რეჟიმი უკვე არის კონსტიტუციური და სამართლებრივი, გააჩნია სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი ინსტიტუტები. გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს ხშირად სიმართლეს არ შეესაბამება.

XVIII, XIX და XX საუკუნეების რევოლუციები მიმართული იყო ძველი რეჟიმების ლიკვიდაციისაკენ, მაგრამ ჩვენ დროში, დღეს ის უმცირესობები ან უმრავლესობები, რომელნიც მიიჩნევენ თავს ჩაგრულებად (ან ნაღალატევად) ახალი რეჟიმებისგან, იწყებენ მოძრაობას დემოკრატიის არა რევოლუციური კონცეფციის სახელით. ეს განსაკუთრებით აშკარად გამოჩნდა აღმოსავლეთ ევროპაში „ხავერდოვანი რევოლუციებისას“. ამდენად, ჩვენ უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ ეს სრული ცვლილება ისტორიული ვითარებისა, გარემოებისა, რომელიც ძევს დემოკრატიის შესახებ ჩვენი თანამედროვე განსჯის საფუძველში.

მსოფლიოში დემოკრატიების რაოდენობის ზრდა სტაბილური არასდროს ყოფილა, მას გააჩნია პერიოდები წარმატებისა და უკანდახევისა.

კომუნისტური სამყარო არ არის ერთადერთი, რომელშიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკური რეჟიმი შეიცვალა. 1974 წლიდან, პორტუგალიის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ, იწყება პერიოდი, რომელსაც სამუელ ჰანტინგტონმა „დემოკრატიის მესამე ტალღა“ უწოდა. სანამ დაიწყებოდა დემოკრატიაზე გადასვლის ეს გლობალური სწრაფვა, სამყარო სულ რაღაც 40-მდე ისეთ ქვეყანას ითვლიდა, რომლებისთვისაც შეიძლებოდა მეტ-ნაკლებად დემოკრატიული გვეწოდებინა. ეს რიცხვი გარკვეულად გაიზარდა 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში იმ ქვეყნების ხარჯზე, რომლებშიც მანამდე ავტორიტარული (მეტწილად სამხედრო) რეჟიმები არსებობდა. 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან იწყება დემოკრატიის ნახტომისებური გავრცელების ხანა და დღეისთვის არსებობს 76-დან 117 დემოკრატია.

ჰანტინგტონის კლასიფიკაციით, მესამე ტალღამდე ადგილი ჰქონდა დემოკრატიზაციის კიდევ ორ პერიოდს: გრძელი, ნელი პერიოდი 1828-1926 და შემდგომ 1943-1964. თითოეულ მათგანს, მისი თქმით, მოყვა დემოკრატიების მსხვრევის „უკუტალღა“ (1922-დან 1942-მდე და 1961-დან 1975-მდე), რომლის დროსაც ზოგიერთი ახლადშექმნილი (ან აღდგენილი) დემოკრატია დაემხო. თითოეულმა უკუტალღამ მნიშვნელოვნად შეამცირა მსოფლიოში დემოკრატიების რიცხვი, მაგრამ საერთო ჯამში დემოკრატიზაციის თითოეული ტალღის პროცესში ახლადშექმნილი დემოკრატიების რაოდენობა აჭარბებდა მომდევნო პერიოდში მსხვრევათა რიცხვს. უკუტალღა დემოკრატიზაციის მესამე ტალღის მონაპოვრებსაც ემუქრება (ან უკვე იმსხვერპლა ზოგიერთი ახლადშექმნილი რეჟიმები).

დემოკრატიზაციის პირველი ტალღა იყო ნელი და გრძელი, მას არ მოუცვია დიდი რაოდენობის ქვეყნები. ის დაიწყო მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ამერიკული და ფრანგული რევოლუციებით. საფრანგეთსი პირველად მოიპოვა ხმის უფელბა ყველა მამაკაცმა 1792 წელს. მაგრამ შემდგომში საფრანგეთი მერყეობდა დემოკრატიულ და არადემოკრატიულ რეჟიმებს შორის. ამერიკის შეერთებულ შტატები გააუქმეს მონობა მხოლოდ სამოქალაქო ომის დროს 1863 წელს, და 1960-იან წლებამდე არ შემნილა შავკანიანი მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობის რეალური საფუძველი. პირველ მსოფლიო ომამდე ევროპაში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს არადემოკრატიული ქვეყნები წარმოადგენდა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიწები განაწილებული იყო ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, რუსეთისა და ოტომანთა იმპერიებს შორის. ათ-თხუთმეტ ქვეყანას მთელ მსოფლიოში თუ დაერქმეოდა დემოკრატიის სახელი, რომელთა დიდ ნაწილს წარმოადგენდა ყოფილი ბრიტანული კოლონიები, ისეთები, როგორებიცაა ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალი სახელმწიფოების შექმნამ შეამცირა არადემოკრატიული იმპერიების რაოდენობა, მაგრამ დემოკრატიების ზრდას დიდად ხელი არ შეუწყო. თუ დემოკრატიას განვსაზღვრავთ როგორც რეჟიმს, რომელშიაც ზრდასრულ მამაკაცთა უდიდეს ნაწილს აქვს ხმის უფლება და მთავრობა სახალხოდაა არჩეული, 1922 წლისთვის ამგვარი რეჟიმი იყო 21, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რაოდენობის თითქმის ნახევარს შეადგენდა. მაგრამ პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის გულუბრყვილო რწმენა, რომ ომის შედეგად დემოკრატიებს მსოფლიოში უსაფრთხო გარემო შეექმნათ, მალე გაქარწყლდა. იტალიაში დამყარდა ბენიტო მუსოლინის ფაშისტური რეჟიმი, ბალტიისპირეთიდან ბალკანებამდე ძალაუფლება აიღეს სამხედრო და სამოქალაქო დიქტატორებმა, რუსეთში სტალინის ხელისუფლება ტოტალიტარიზმის გზით კომუნიზმის მიღწევას უმიზნებდა. ასევე ტოტალიტარული, ნაცისტური რეჟიმი დაამყარა გერმანიაში ადოლფ ჰიტლერმა. მეორე მსოფლიო ომისთვის დემოკრატიულ ქვეყანათა რაოდენობა შემცირდა ათეულამდე, და დემოკრატია გახდა მმართველობის არატიპიური ფორმა.

დემოკრატიზაციის მეორე ტალღა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1962 წლისთვის დამოუკიდებელი ქვეყნების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა ყოფილი კოლონიების ხარჯზე. ზოგიერთმა ყოფილმა კოლონიამ (მაგ. ინდოეთმა) შემოიღო თავისუფალი არჩევნები, უმეტესობამ კი ამა თუ იმ სახის არადემოკრატიული რეჟიმი მიიღო. საარჩევნო დემოკრატიების რაოდენობამ ოცდათექვსმეტს მიაღწია. დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა დემოკრატიაზე აიღეს გეზი, ხოლო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ქვეყნები საბჭოთა გავლენის ქვეშ მოექცნენ. და თუმცა აბსოლუტურ ციფრებში დემოკრატიათა რაოდენობა გაიზარდა, ფარდობითად თუ შევხედავთ, დამოუკიდებელ ქვეყანათა მხოლოდ 32%-ში ტარდებოდა თავისუფალი არჩევნები. დემოკრატიზაციის მეორე ტალღას მოყვა უკუსვლა ლათინურ ამერიკაში და აზიაში სამხედრო რეჟიმების მომრავლებასთან ერთად. 1973 წლისთვის მხოლოდ ყოველ მეოთხე ქვეყანას მსოფლიოში ჰქონდა თავისუფალი არჩევნების ჩატარების პრეტენზია.

მესამე ტალღა დაიწყო ხმელთაშუა ზღვის ქვეყებიდან 1974 წელს. პორტუგალიისა და საბერძნეთის ავტორიტარული რეჟიმების დამხობას მოყვა გენერალ ფრანკოს სიკვდილი ესპანეთში და ამ ქვეყანაშიც დემოკრატიზაციის დაწყება. ეს ტალღა სულ უფრო მეტ რაოდენობას ქვეყნებისა აღწევდა, და 1989 წელს ბერლინის კედლის მსხვრევამ მასში ხარისხობრივად ახალი, გრადამტეხი ეტაპი აღნიშნა. საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის მსხვრევას მოყვა ცხრამეტი ახალი ქვეყნის შექმნა. 1995 წლისთვის ახალ დემოკრატიათა რაოდენობამ 117-ს მიაღწია. მსოფლიო ისტორიაში პირველად ქვეყანათა უმრავლესობა შეიძლება აღიწეროს როგორც ნახევრად თავისუფალი მაინც, ვინაიდან მათში ტარდება თავისუფალი არჩევნები.

ტალღური მოძრაობის მეტაფორა გულისხმობს გარკვეულ უკუტალღებს და „დე-დემოკრატიზაციას,“ რომელიც უნდა მოყვეს დემოკრატიზაციის პიკს. მართლაც, ამ უკუტალღის ნიშნების შემჩნევა შეიძლება. არჩევნები შეიძლება ტარდებოდეს ქვეყანაში, რომელშიაც პოლიტიკური პარტიები შეიძლება ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ, ხმების დათვლა სწორად არ ხორციელდებოდეს, მთავრობა არ იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის და შესაბამისად ხალხის წინაშე, ხოლო კანონი მხოლოდ ქაღალდზე არსებობდეს. თუ რეჟიმის ამგვარ მახასიათებლებსაც გავითვალისწინებთ, მაშინ შესაძლებელია მათი დე-დემოკრატიზება მოგვანიშნებდეს უბრალოდ იმაზე, რომ მათთვის დემოკრატიის სახელის დარქმევა შესაძლოა ნაჩქარევი იყო.

საშუალო ქვეყანა მსოფლიოში დღესდღეობით არის არც სრული დემოკრატია, არც სრულიად დესპოტია. ამერიკული ფონდი „თავისუფლების სახლი“ ზომავს დემოკრატიას მსოფლიოში თავისუფლების ინდექსის გამოყენებით, რომელშიაც შედის 21 სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების პარამეტრი. ეს პარამეტრები მნიშვნელოვანია არა მარტო არჩევნებთან დაკავშირებით, რაც იძლევა დემოკრატიის მხოლოდ საარჩევნო დემოკრატიად გაგების აცილების შესაძლებლობას. ქვეყნები განლაგდება ერთიან 7-ქულიან შკალაზე და ხვდებიან სამიდან ერთ კატეგორიაში:თავისუფალი, ნახევრად თავისუფალი და არათავისუფალი. თავისუფალი რეჟიმები ვარირებს ანგლო-ამერიკული და დასავლურ ევროპული დამკვიდრებული დემოკრატიებიდან ახალ, არა მთლად სარწმუნოდ დამკვიდრებულ პოსტ-კომუნისტურ დემოკრატიებამდე, როგორებიცაა, მაგალითად, რუმინეთი და ბულგარეთი.

ნახევრად თავისუფალი ქვეყნები არ არიან სრულიად დემოკრატიულები. ამგვარი რეჟიმები მოიძებნება ყველა კონტინენტზე. თავისუფლებისა და რეპრესიების ხარისხი ვარირებს შედარებით ღია პოლიტიკური სისტემებიდან, როგორებიცაა რუსეთისა და ბრაზილიის სისტემები უფრო შეზღუდულ თავისუფლებამდე, რომელიც სინგაპურს ან კუვეიტს ახასიათებს. არათავისუფალი ქვეყნები დღესდღეობით უმცირესობას წარმოადგენენ, თუმცა კი ქვეყანათა საერთო რაოდენობის მეოთხედს აჭარბებენ. ყველაზე ნაკლებად თავისუფალ ქვეყანათა რიცხვში შედის ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ჩინეთი, კუბა, საუდის არაბეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი.

დემოკრატიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში

1989 წელს ჰანტინგტონისეულ მესამე ტალღას შეუერთდა მრავალი ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპიდან და თვით საბჭოთა კავშირიც. ამ რეგიონის პოლიტიკური მოწყობის სტრუქტურიდან გამომდინარე, მოსკოვიდან წამოსული ლიბერალიზაციის პირველი ბიძგის საპასუხოდ დემოკრატიზაციის პროცესმა ყველაზე მძლავრად და სწრაფად რეგიონის პერიფერიები მოიცვა (პირველ რიგში აღმოსავლეთ ევროპა), ხოლო შემდგომ უკუტალღის სახით რეგიონის ცენტრს მიუბრუნდა.

საბჭოთა კავშირის მსხვრევამ და კომუნისტური ბლოკის გაქრობამ სრულიად ახალი სიტუაცია შექმნეს მსოფლიოში დემოკრატიისა და დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. დასავლეთის ლიბერალურ დემოკრატიას აღარ დარჩა იდეოლოგიური მეტოქე, რომელიც თვით დემოკრატიას საფრთხეს უქმნიდა. დღეს დასავლეთს, ერთის მხრივ, აღარა ჰყავს მეტოქე, რომელიც, თუნდაც თეორიულად, მის იდეალებსა და არსებობის წესს საფრთხეს უქმნიდეს, ხოლო მეორეს მხრივ, დასავლური ტიპის დემოკრატია დღესდღეობით არის მმართველობის ერთადერთი ლეგიტიმური ფორმა, რომლიც ალტერნატივები, თუმცა კი ბლომად არსებობს მსოფლიოში, ნორმატიულად არ აღიქმებიან სასურველ იდეალებად.

1989 წელი გახდა ისტორიული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიზების პროცესში. აღმოსავლეთი ევროპაში იგულისხმება შემდეგი ექვსი ქვეყანა:ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, გდრ (აღმოსავლეთ გერმანია), უნგრეთი, პოლონეთი და რუმინეთი (იუგოსლავია და ალბანეთი, თუმცა კი იყვნენ კომუნისტური ქვეყნები, არ იმყოფებოდნენ საბჭოთა კავშირის უშუალო გავლენის ქვეშ). 1989 წელს ყველა ეს ქვეყანა შევიდა დემოკრატიული გარდაქმნების პროცესით:დაწყებული პოლონეტით, სადაც აპრილში სოლიდარობამ მიაღწია შეთანხმებას კომუნისტურ ხელისუფლებასთან დამოუკიდებელი პროფკავშირების ლეგალურად აღდგენის შესახებ და დამთავრებული რუმინეთით, სადაც დეკემბერში ჩამოგდებულ იქნა ჩაუშესკუს ტირანიული რეჟიმი.

კომუნისტური წყობის „პერესტროიკის“ მსვლელობაში გორბაჩოვმა უარი თქვა ბრეჭნევისდროინდელ „შეზღუდული სუვერენიტეტის“ დოქტრინის დაცვაზე (რომლითაც თავის დროზე გამართლდა ჩეხოსლოვაკიის მოვლენების ჩახშობა). უარის თქმა აღმოსავლეთ ევროპაში კომუნიზმის ძალით შენარჩუნებაზე გადამწყვეტი მომენტი იყო რეგიონის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. თვით ამ ქვეყნებს შიგნით სახელმწიფო ძალაუფლებას არ ჰქონდა უნარი და ლეგიტიმურაობა ძალით ჩაეხშოთ ახალი დემოკრატიული ძალები.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ისევე იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, როგორც საბჭოთა კავშირის ეკონომიკა. განსაკუთრებულად გაღარიბებული იყო რუმინეთის მოსახლეობა, თუმცა პრობლემები ჰქონდა უფრო მდიდარ ქვეყნებსაც, ისეთებს, როგორებიცაა პოლონეთი და უნგრეთი, რომლებსაც 70-იან წლებში დაუგროვდათ დიდი საგარეო ვალი, ხოლო განხორციელებული ნაწილობრივი ეკონომიკური რეფორმები უშედეგო აღმოჩნდა. ეკონომიკური სტაგნაციისა და ზოგადად არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაციის ფონზე კომუნისტური რეჟიმის დასუსტების პირველივე ნიშნების კვალობაზე უნგრეთისა და პოლონეთის პარტიების ხელმძღვანეელბმა და ბიუროკრატიის ზედა ეშელონებმა წამოიწყეს პრივატიზება, რომლებმაც განსაკუთრებულად დიდ მაშტაბს მიაღწიეს 1988 და 1989 წლებში. ეს მოასწავებდა მბრძანებლური ეკონომიკის დასასრულს, და ანალოგიური ნიშნები შეიმცნეოდა ზოგიერთ სხვა ქვეყნებშიც.

ამ ორ ქვეყანაში ცხადი გახდა პოლიტიკური ლიბერალიზაციის ნიშნებიც. პოლონეთში იარუზელსკიმ გაანთავისუფლა ყველა პოლიტიკური პატიმარი. პროფკავშირები გახდნენ რეალურად მოქმედი ძალა პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისი როლი შეასრულა კათოლიკურმა ეკლესიამაც. უნგრეთში გაჩნდა ახალი პოლიტიკოსები და პოლიტიკური ძალები როგორც თვით კომუნისტური პარტიის რიგებში, ასევე მის გარეთ, რასაც არ მოჰყოლია რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან.

სულ უფრო ძლერდებისა საზოგადოებრივი ძალები, რომლებიც ახერხებდნენ თვითორგანიზებას და სახელმწიფო ხელისუფლების ოპონირებას. სხვადასხვა ქვეყნებში საზოგადოებრივმა გამოცოცხლებამ განსხვავებული ფორმები მიიღო - უნგრეთში ეს იყო დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება, პოლონეთში - პროფკავშირების ლიდერობა, აღმოსავლეთ გერმანიაში - პროტესტანტული ეკლესია, ჩეხოსლოვაკიაში - ხელოვნების მუშაკები და ინტელექტუალები. მიუხედავად განსხვავებებისა, ყოველივე ეს მიანიშნებდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას. სამოქალაქო საზოგადოების აშკარა სისუსტემ რუმინეთში უშუალო კავშირში იყო ჩაუშესკუს ძალისმიერ ჩამოგდებასთან და იმ რეჟიმის ავტორიტარულ ხასიათთან, რომელიც უშუალოდ ამ ჩამოგდების მერე დამყარდა.

საბჭოთ კავშირის მხრიდან სამხედრო საშიშროების მოხსნის ფონზე მძლავრმა ზეწოლამ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კომუნისტურმა მმართველობამ ქვეყნის შიგნით მყოფი დემოკრატიული ზალებისგან განიცადა შექმნა ამ რეჯიმების სწრაფი გარდაქმნის შესაძლებლობა. პირველი კომუნისტური რეჟიმი, რომელიც დაეცა, იყო პოლონური. 1989 წელს პარლამენტის არჩევნების ჩატარებამ მოიტანა შეუქცევადი შედეგები და ტადეუშ მაზოვეცკი გახდა პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თავის არჩევას არა-კომუნისტურ ძალებს, სოლიდარობას, უმადლოდა. თუმცა დემოკრატიზაციის მოდელები სხვადასხვა ქვეყნებსი განსხვავებული არმოჩნდა.

აღმოსავლეთ გერმანიის ბედი განსაკუთრებული აღმოჩნდა ამ ქვეყნებს შორის. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან გაერთიანებამდეც და მის შემდეგაც მთელი პოლიტიკური პროცესი მასში აღმოჩნდა დომინირებული დასავლეთ გერმანიასთან გაერთიანების იდეით და შესაბამისი პოლიტიკური ძალებით დასავლეთ გერმანიის მხრიდან. ეს გაერთიანება, რომელიც დაიწყო თავისუფალი არჩევნების ჩატარებით 1989 წლის მარტში, რომლებსიაც სრული გამარჯვება მოიპოვა ქრისტიან-დემოკრატიულმა გაერთიანებამ, და დასრულდა 1990 წლის 2-3 ოქტომბერს.

მიუხედავად თავისებურებებისა, რომლებითაც ხასიათდებოდა მოვლენები ამა თუ იმ ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ გარდაქმნას ახასიათებდა შემდეგი საერთო ნიშნები:

- კომუნისტური პარტიის მონოპოლისტური მმართველობითი როლის უარყოფა;

- კონსტიტუციური ცვლილებები ლიბერალური დემოკრატიის დასამკვიდრებლად;

თავისუფალი არჩევნები და საპარლამენტო დემოკრატიული საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება.

ცვლილებების დაწყებიდან გარკვეული დროისშემდეგ აშკარა გახდა, რომ დემოკრატიზაციის პროცესში ზოგიერთი ქვეყნები წინ უსწრებდენე სხვებს გარდაქმნების გზაზე. პირობითად პოსტ-კომუნისტური ქვეყნები შეიძლება გავაერთიანოთ ორ ჯგუფში:

ჯგუფი 1: ჩეხეთის რესპუბლიკა (შეიქმნა 1993 წელს ჩეხოსლოვაკიის ორ ნაწილად - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკიად დაყოფის შედეგად), უნგრეთი და პოლონეთი;

ჯგუფი 2: ბულგარეთი, სლოვაკია და რუმინეთი

პირველი ჯგუფის ქვეყნებსი სედარებით სწრაფად დამკვიდრდა კონსტიტუციური რეჟიმი და მრავალპარტიული სისტემა, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები, თვისობრივად შეიცვალა მმართველობა და დამკვიდრდა ფუძემდებლური სამოქალაქო თავისუფლებები. მეორე ჯგუფის ქვეყნებმა გამიცადეს კომუნისტური წყობიდან გამოსვლის უფრო მზიმე გზა. სამოქალაქო თავისუფლებები, ხელისუფლების უმტკივნეულო გადაცემა და მმართველობის არაავტორიტარული პრაქტიკის დამკვიდრება მათთვის უფრო ძნელი აღმოჩნდა.

ამ სხვაობების მიზეზების დასადგენად მრავალი ფაქტორის დასახელება შეიძლება, მათ შორის:

1. კულტურული სხვაობები და ისტორიული განვითარება (ოტომანთა იმპერიის- თურქების გავლენის კვალი მეორე ჯგუფის ქვეყნებზე)

2. სოციო-ეკონომიკური განვითარების უფრო მაღალი დონე პირველი ჯგუფის ქვეყნებში;

3. კომუნისტური მმართველობა მეორე ჯგუფში იყო უფრო სტაბილური, მაშინ როცა პირველში ადგილი ჰქონდა იდეოლოგიურ რევიზიონიზმს, პოლიტიკურ არასტაბილურობას, კომუნისტურ რეფორმიზმს;

4. პირველი ჯგუფის ქვეყნებში შედერებით ძლიერი იყო სამოქალაქო საზოგადოება

5. პირველ ჯგუფში კომუნისტური რეჟიმიდან გამოსვლაში დიდი როლი შეასრულეს სამოქალაქო მოძრაობებმა, ხოლო მეორე ჯგუფში ცვლილებების ინიციატორი დიდწილად თვით მმართველი ელიტის წრეში წარმოიშვა.

მთლიანად რეგიონის შედარება სხვა რეგიონებთან, ისეთებთან, როგორებიცაა სამხრეთ ევროპა ან ლათინური ამერიკა მეტად ბევრ კითხვას ბადებს, და არაცალსახად ფასდება სხვადასხვა ავტორებს მიერ გარკვეული ფუძემდებლური სხვაობების გამო. პოლ ლევისის აზრით (იხ. დემოკრატიზაცია, პოტერის რედაქტირებით) ეს სხვაობები არის შემდეგი (სხვა მიდგომა იხ. მაგალითად ადამ პრჟევროსკის Mდგრად დემოკრატიაში). ჯერ ერთი, პოსტკომუნისტური გარდაქმნები ეს იყო იმავდროულად გარკვეულწილად პოსტტოტალიტარული, და არა უბრალოდ პოსტავტორიტარული გარდაქმნები. ამდენად გარკვეული ურთიერთობები სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ძალებს შორის, რომლებიც პოსტავტორიტარულ გარდაქმნებში დიდ როლს თამაშობენ, აქ თითქმის არ იგრძნობოდა. ვითარებას მართავდა მეტწილად გარეშე ფაქტორები, და არა შიდა ძალები, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სამხრეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. ამასთან დემოკრატიზაცია არ იყო ცალკე აღებული პროცესი, არამედ მას თან ახლავდა ეკონომიკური გარდაქმნები, მბრძანებლური ეკონომიკიდან საბაზროზე გადასვლა. ასევე, სამხრეთ ევროპისგან და ლათინური ამერიკისგან განსხვავებით, დემოკრატიული მმართველობის ადრინდელი გამოცდილება ამ ქვეყნებში ან არ არსებობდა, ან შორეული ისტორიის ნაწილს წარმოადგენდა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ელემენტები იმ თეორიებისა, რომლებიც ადრეული ტრანზიტების შესწავლის ბაზაზე წარმოიშვა, გამოდგება ამ რეგიონისთვისაც. ასე, ელიტების სტრატეგიები კარგად ხსნიან იმ სწრაფ დემოკრატიზებას, რომელიც განიცადეს უნგრეთმა და პოლონეთმა. ამ ქვეყნებში ელიტა იყო დაყოფილი და მას მოუწია მოლაპარაკება და დემოკრატიული პაქტების დადება. მძლავრმა სამოქალაქო საზოგადოებამ არა მარტო შეზღუდა კომუნისტური ელიტების მოქმედების არეალი, არამედ გააძლიერა კონტრ-ელიტების პოტენციალი და იმ ლიდერების გავლენა, ვინც ლიბერალურ რეფორმებს მოითხოვდა.

ჩეხოსლოვაკიის დემოკრატიზაცია სხვა მოდელით წარიმართა, თუმცა კი არანაკლები წარმატებით. რეჟიმი ბოლომდე დარჩა ავტორიტარული, ელიტებში დაყოფა არ იგრძნობოდა და საზოგადოებაშიც არ იყო ძლიერი ოპოზიცია. ამან ხელი არ შეუშალა დემოკრატიულ გარდაქმნებს. გარკვეული ფაქტორები მისთვის ხელშემწყობი არმოჩნდა. მოდერნიზაციის და სოციო-ეკონომიკური განვითარების მაღალი დონე, რომლებიც ამ ქვეყანას გააჩნდა, გვაფიქრებინებს, რომ მოდერნიზაციის თეორიებს აქვთ გარკვეული პოტენციალი დემოკრატიზაციის პროცესების საკვლევად ქვეყნების ამ ჯგუფში. დემოკრატიზაციის უფრო ნელი ტემპი ბულგარეთსა და რუმინეთში შეიძლება აიხსნას როგორც შესაბამისი ელიტების ფაქტორით, ასევე ამ ქვეყნებში მოდერნიზაციის უფრო დაბალი ხარისხით.

1.5 § 4. შედარებითი პოლიტოლოგია და დემოკრატიზაცია

▲back to top


ჩვეულებრივ შედარებით პოლიტოლოგიაში გამოყოფენ სამ ურთიერთდაკავშირებულ ნაწილს.

I - ყველაზე მარტივი - უცხო ქვეყნების შესწავლა, და ხშირად, ერთმანეთისგან მოწყვეტით;

II - ქვეყნების სისტემური შედარება კონკრეტულ მოვლენებთან მიმართებაში მათი მსგავსებისა და განსხვავებების გამოვლენისა და ახსნისათვის; უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება თეორიების შემოწმებასა და ჩამოყალიბებას, ვიდრე ემპირიულ მონაცემებს (ასეთი მიდგომისას კონკრეტული ქვეყნები ასრულებენ ილუსტრაციის ფუნქციას).

III - კვლევის მეთოდები, ანუ წესები და სტანდარტები; საზღვრები და შესაძლებლობები შედარებისა ანალიზის სხვადასხვა დონეებზე.

ამგვარად, შედარებით პოლიტოლოგიას სხვა კვლევითი სფეროებისგან განასხვავებს ის გარემოება, რომ მისი საგანი განისაზღვრება, როგორც შინაარსით, ასევე მეთოდით.

ბოლო აფეთქება ინტერესისა შედარებითი პოლიტოლოგიის ძირითადი საკვლევი თემების(რითი განსხვავდებიან პოლიტიკური რეჟიმები? რა განსაზღვრავს რეჟიმის სტაბილურობასა და იწვევს მის ცვლილებას? მმართველობის რომელი ფორმაა „უკეთესი“? და სხვ.) მიმართ დაკავშირებულია დემოკრატიზაციის ახალ ტალღასთან. ამ ახალმა ინტერესმა დემოკრატიის პროცესებისადმი, ძიებამ ზოგადი კანონზომიერებებისა და მცდელობამ პროგნოზირებისა, ახალი იმპულსი უნდა მისცეს შედარებითი პოლიტოლოგიის გლობალისტურ სულსა და მისწრაფებას ერთი მხრივ, და თეორიის უკეთესი, უფრო სრული და მეთოდოლოგიურად გაუმჯობესებული ბაზისის შექმნას, მეორე მხრივ. ამ კონტექსტში უფრო ინტენსიური ხდება თანამშრომლობა და გამოცდილების გამოყენება განვითარებადი და ყოფილი „მესამე სამყაროს“ მკლევარებისა შედარებითი პოლიტოლოგიის იმ წამყვან მკლევარებთან, რომლებიც ძირითადად იზღუდებოდნენ განვითარებული დასავლური ქვეყნების კვლევით.

„რეჟიმთა ცვლის“ შედარებითი ანალიზი წარმოადგენს ბოლო წლების (ათწლეულების) ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებად ნაწილს პოლიტილოგიისა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათობა სერიოზული პროგნოსტიკური პოტენციალის მქონე თეორიის შექმნისა, არც თუ ისე დიდია (შეიძლება ითქვას - მცირეა). მიუხედავად იმ გამიცდილებისა, რომელიც პოლიტიკურმა მეცნიერებამ დააგროვა ავტორიტარული კაპიტალისტური რეჟიმებიდან დემოკრატიაზე გადასვლის შესწავლისას, მან ვერ მოახერხა, ვერ შეძლო ეწინასწარმეტყველებინა, გაეკეთებინა პროგნოზი 1989 წლის შემდგომ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნებში დაწყებული დემოკრატიზაციის პროცესის შესახებ.

დღეს არსებულ მოთხოვნილებას დემოკრატიზაციის პროცესის შედარებითი ანალიზისა აქვს სხვადასხვა მიზეზი. ჯერ კიდევ ლასუელი (1968, გვ.3) წერდა, რომ „მოთხოვნილება შედარებით ინფორმაციაზე მომდინარეობს პოლიტიკური ელიტებიდან, რომელნიც იმედოვნებენ, რომ მათი მდგომარეობა გამყარდება, თუ განივრცობა ტერიტორიული საზღვრები მათ მიერ მიღებული ინფორმაციისა. და მხოლოდ მეორე რიგში, ზოგიერთი პოლიტოლოგი ხედავს შედარებით კვლევებში შესაძლებლობას, რომ გაზარდოს არსებული ცოდნის მარაგი და შეუდაროს თავისი პოზიციები კოლეგების აზრს“. ბრიტანეთი თავდაპირველად დაინტერესებული იყო „ვესტმინსტერული სისტემის“ „ექსპორტში“ ფართო დეკოლონიზაციური მოძრაობის პერიოდში. მაგრამ, ეს იმედები მალე ჩაქრა ასეთი „გადატანა-ექსპორტის“ მცდელობათა უმეტესობის მარცხის გამო. ეს ინტერესი კვლავ აღორძინდა 70-იან წლებში სამხრეთ ევროპაში ახალი დემოკრატიების გაჩენასთან დაკავშირებით, ხოლო მოგვიანებით ლათინურ ამერიკაში, აზიის ნაწილში და ბოლოს პოსტკომუნისტურ სივრცეში და აგრეთვე ნაწილობრივ აფრიკაში განვითარებული პროცესების გამო.

დემოკრატიზაციის პროცესის შედარებითი კვლევების შედეგები კარგად გვაჩვენებენ ზოგადი და მარტივი მოდელების შექმნისა და სქემატური ახსნების არაპროდუქტიულობას. მოცემული, განსაზღვრული რეჟიმის ტიპის შექმნის, ჩამოყალიბებისა და სიცოცხლიუნარიანობისათვის საჭიროა, აუცილებელია სხვადასხვა, ხშირად სინამდვილეში ურთიერთსაპირისპირო, პირობები. მაგალითად, პოსტკოლონიური ქვეყნები იქმნებიან (წარმოიქმნებიან) მებრძოლი ანტიკოლონიალიზმის პირობებში, მაგრამ ნარჩუნდებიან, თავს ინარჩუნებენ საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრობლემების გადაწყვეტისათვის თავდაუზოგავი, რუდუნებითი შრომის მეშვეობით. სამხედრო რეჟიმები ჩვეულებრივ წარმოიშობიან, საიდუმლო შეთქმულებებისა და სამხედრო აჯანყებების (ბუნტების) შედეგად, მაგრამ თავს ინარჩუნებენ იმდენად, რამდენადაც იღებენ ფართო მხარდაჭერას ხალხისა სამოქალაქო ბიუროკრატიასთან ან პოლიტიკურ პარტიასთან კავშირში. ხარიზმატული ლიდერები, მ.ვებერის მიხედვით, იმტკიცებენ თავის პოზიციებს, ქმნიან რა სასწაულის მოჩვენებითობას, მაგრამ ინარჩუნებენ ლეგიტიმურობას ყოველდღიური პოლიტიკითა და ძალაუფლების, ხელისუფლების ბიუროკრატიზაციით. აბსოლუტური მონარქია ყველაზე უკეთ ეყრდნობა მოქალაქეთა უპირობო პატივისცემას ტახტისმემკვიდრეობითი ტრადიციისადმი, მაგრამ აშკარაა, რომ არ შეიძლება ხელახლა იყოს შექმნილი იმავე პრინციპებზე. დემოკრატია წარმოიქმნება კონფლიქტისა და კომპრომისისაგან, მაგრამ ნარჩუნდება, ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას მზარდი საზოგადოებრივი თანხმობის წყალობით.

სერიოზული შედარებითი გამოკვლევა მოითხოვს ყოველი შემთხვევის საკმაოდ ღრმა და „სავსე“, „სრულ“ ინტერპრეტაციას. სერიოზული გამოკვლევა წარმოაჩენს ზედაპირული მიდგომისა და დეტალებისა და კონკრეტიკისადმი ზედმეტად სქემატური მიდგომის მნიშვნელოვან ნაკლსა და ხარვეზებს; და ეწინააღმდეგება აუხსნელი (ახსნას არ დაქვემდებარებული) პროცესების წინასწარგანსაზღვრულ, წინასწარაკვიატებულ ახსნით სქემებში „ჩატენვას“. თავის მხრივ „სავსე“ („სრული“) და ღრმა ინტერპრეტაციები, რომელნიც საკმარისად და მახვიგონივრულად, დახვეწილად ითვალისწინებენ კონტექსტს, მოითხოვენ შესაბამის მეთოდოლოგიურ და კონცეპტუალურ სამუშაოებს. „დემოკრატიზაციის“ ახსნისათვის საჭიროა, როგორც კომპარატივისტი ისტორიკოსის ახსნითი ოსტატობა, ხელოვნება, ასევე თამაშთა თეორიის სპეციალისტის ლოგიკურ-დედუქციური აზროვნება.

აბსტრაქტული პროცესის, კერძოდ „დემოკრატიზაციის“, ნებისმიერი ახსნა, განმტკიცებული ისტორიული ფაქტებით, მოითხოვს იმ მნიშვნელობისა და აზრის (საზრისის) გათვალისწინებას, რომელსაც ანიჭებენ ამ ცნებასა და აბსტრაქტულ პროცესს ადამიანები, ჩართულნი ამ პროცესში. ამდენად, მეორე მიმართულება შედარებითი ტრანზიტოლოგიისა აჩერებს თავის ყურადღებას საზოგადოების და არა პოლიტიკური რეჟიმის დემოკრატიზაციაზე, და ანიჭებს მნიშვნელობას პოლიტიკურ მონაწილეობასა და „სიკეთეთა“ გადანაწილებას საზოგადოებაში, და არა პოლიტიკურ ინსტიტუტთა რეფორმირებას.

სრული შედარების განხორციელება უაღრესად რთულია, თუ არ შეუძლებელი. პოლიტიკური და სოციალური სინამდვილე არ არის ერთგვაროვანი და ცნებებისა და კატეგორიების გამოყენება კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს კოტექსტის დეტალურ ცოდნას და ძალიან ადვილია, რომ არასწორად იქნას გამოყენებული ცნებები და კატეგორიები. როდესაც ამოცანად დასახულია რთული დინამიკური პროცესების შედარება, რომელნიც მიმდინარეობენ რამდენიმე ქვეყანაში, მკლევარის უნარს „დაიჭიროს“ სოციალურ მოვლენათა თანაზომადობა, ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მთავარი რთული და მაღალი ხარისხით არაპროგნოზირებადი პროცესების გაგებაში -- ეს არის მათი შეპირესპირება, შეფარდება იმის რაციონალურ ახსნასთან, თუ რა შეიძლება მომხდარიყო საწინააღმდეგო შემთხვევაში - ანუ შესაბამისი კონტრმაგალითების შერჩევა. ამავე დროს როდესაც შესწავლის ობიექტია დემოკრატიის პროცესები, შეუძლებელია შეიქმნას ადექვატური სქემა ახსნისა დემოკრატიული ნორმების, პრინციპებისა და ღირებულებების შესაბამისად გაცნობის (ცოდნის) გარეშე - ისინი აუცილებელია წარმოშობადი პოლიტიკური წესრიგის სტრუქტურებისათვის. გასათვალისწინებელ სირთულეთა შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ტერმინთა და ცნებათა თარგმნის სირთულე.

განვიხილოთ რამდენიმე ნიმუში შედარებისა:

I ხერხი:

1. დემოკრატიზებადი ქვეყნების იდენტიფიცირება

2. მცდელობა ნაპოვნი იქნას ფაქტორი A, ან ფაქტორები A/B/C, რომლებიც უსწრებენ ან ასოცირებულნი არიან დემოკრატიასთან ამ ქვეყნებში

3. არადემოკრატიზებადი ქვეყნების იდენტიფიცირება და დარწმუნება იმაში, რომ A ან A/B/C არ არიან დაკავშირებულნი მათთან (ამ ფაქტორებს იქ არა აქვთ ადგილი)

4. თუ ეს ასეა, გამოკვლევა, შესწავლა შესაძლებლობისა, რომ A ან A/B/C არის პირობები ან მიზეზები დემოკრატიზაციისა.

II ხერხი:

1. იდენტიფიცირება ქვეყანათა ჯგუფისა, ზოგიერთი საერთო მახასიათებლით (მაგ.: აზიის ქვეყნები...)

2. განსხვავება (გამიჯვნა) ქვეყნებისა ჯგუფებად: დემოკრატიზებადი და არადემოკრატიზებადი

3. ძიება იმისა, რომ ნაპოვნი იქნას ფაქტორი A ან A/B/C, რომელიც არის საერთო დემოკრატიზებადი ქვეყნებისათვის და არ ახასიათებს არადემოკრატიზებად ქვეყნებს.

4. შესწავლილ (გამოკვლეულ) იქნას შესაძლებლობა, რომ A ან A/B/C არის პირობა ან მიზეზი დემოკრატიზაციისა.

დემოკრატიზაციის ახსნა უნდა ეფუძნებოდეს ორივეს, როგორც სინამდვილეს, რომელიც დაკავშირებულია რეალური სამყაროს კომპლექსურ რეალობასთან, ასევე ზოგადს, რომელიც საკმაოდ რელევანტურია ახსნილი ფენომენების ზოგიერთი (ან ყველა) შემთხვევისათვის. სინამდვილეში არსებობს წინააღმდეგობა (ერთგვარი დაძაბულობა) ემპირიულ კომპლექსურობასა და ზოგადს (განზოგადებულს) შორის. მცდელობამ განზოგადოებული ახსნისა შეიძლება მიგვიყვანოს მეტად კომპლექსური რეალობის უგულებელყოფამდე; მეორე მხრივ, გადამეტებულმა შეფასებამ, ხაზგასმამ ასეთი კომპლექსურობისა შეიძლება მიგვიყვანოს ახსნამდე, რომელიც მისადაგებული იქნება მხოლოდ შესწავლილი შემთხვევისადმი.

ამ წინააღმდეგობის (დაძაბულობის) მიხედვით გამოიყოფა ორი ტიპი შედარებითი მეთოდისა - პრიორიტეტების მიხედვით: 1. ცვლადებზე ორიენტირებული (variable-oriented) მიდგომა მიესადაგება გენერალიზებულ (ზოგად) ახსნას; 2. შემთხვევაზე ორიენტირებული (case-oriented) მიდგომა დაფუძნებულია კომპლექსურ რეალობაზე.

პირველის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ლიპსეტი (1960), ხოლო მეორის მურის (1966) ნაშრომები.

კომბინირებული (კონვერგენციული თეორიები) მიდგომის მაგალითად შეიძლება დასახელდეს Ruesehemeyer...(1992).

შედარებითი მეთოდის გამოყენებისას წამოიჭრება რიგი სირთულეებისა. მაგალითისთვის მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს: ა) მიზეზობრივი [მიზეზის] კომპლექსურობა; ბ) მონაცემთა არასრულყოფილება - სინამდვილის გაზომვისა და ინტერპრეტაციის პრობლემები; გ) შედარებითობა - შედარებადია თუ არა ის, რასაც ვხედავთ?

საბოლოოდ, დასკვის სახით, შედარებითი მეთოდის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი:

- მეტად და ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნების შედარება არის მეთოდი ანალიზისა, რომელიც ახდენს დემოკრატიზაციის მიზეზებისა და პირობების იდენტიფიცირებას

- შედარებითი პოლიტიკური ანალიზი წარმოქმნის მეთოდს ტესტირებისა, ემპირიული სინამდვილის საფუძველზე, დემოკრატიზაციის წინასწარი ახსნებისა

- არსებობს ცვლადებზე-ორიენტირებული და შემთხვევაზე-ორიენტირებული მიდგომა შედარებითი მეთოდისა, და კომბინირებული მიდგომა

1.6 § 5. დემოკრატიზაცია:ძირითადი თეორიები და კონცეპტები (ზოგადი მიმოხილვა)

▲back to top


იმისთვის რომ გავიგოთ და ავხსნათ მიმდინარე პროცესი, გავერკვეთ რატომ იყო დემოკრატიზაცია ძლიერი იმპულსი ზოგ ქვეყანაში, ხოლო სუსტი ან თითქმის არ არსებული სხვაგან, რატომ განვითარდა ან შეჩერდა ეს პროცესი სხვადასხვა ქვეყნებში, საჭიროა წინასწარ კარგად განისაზღვროს ჩვენი დაკვირვების საგანი და გამოიკვეთოს პრობლემები და მეთოდები.

უპირველეს ყოვლისა გვესაჭიროება სამუშაო დეფინიციები, კონცეპტები და შესაბამისი შედარებითი მეთოდები. უნდა გამოიკვეთოს ფენომენები, იდეები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ დემოკრატიზაციასთან მიმართებაში. იდეები და განმაზოგადებელი ახსნები მიმართებაში არიან თეორიულ მიდგომებთან.

ჩვეულებრივ გამოყოფენ პოლიტიკური რეჟიმების ხუთ ტიპს. სამი ძირითადი:ლიბერალური დემოკრატია, ნაწილობრივი დემოკრატია და ავტორიტარიზმი.; და ორი მარკერი: უშუალო და მონაწილეობრივი დემოკრატია.

ძირითადი განსხვავებები ამ ხუთ რეჟიმის ტიპს შორის დაკავშირებულია სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ატრიბუტებთან.

სახელმწიფო, მაქს ვებერის მიხედვით ხასიათდება, როგორც ერთობა ინსტიტუციური მოდელებისა (ნიმუშებისა) და პოლიტიკური ორგანიზაციებისა - მაიძულებელი (იძულებითი), ადმინისტრაციული, ლეგალური - რომლებიც განსხვავდებიან საზოგადოებაში სხვა ორგანიზაციებისაგან იმით, რომ აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ მონოპოლიზება ძალის ლეგიტიმური გამოყენებისა მოცემულ ტერიტორიაზე. სახელმწიფო - ეს არის შედარებით მყარი, გრძელვადიანი შემადგენელი ნაწილი გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტისა.

სამოქალაქო საზოგადოება, განსხვავდება სახელმწიფოსაგან და არის სფერო, რომელსაც ავსებენ - არაიძულებითი, ნებაყოფლობითი ასოციაციები და აგრეთვე ქსელი ურთიერთობებისა, რომელიც ყალიბდება ოჯახის, რწმენის, ინტერესებისა და იდეოლოგიის საფუძველზე. სახელმწიფოსგან გამიჯნული ეს ქსელი მოიცავს, მაგ.: პროფკავშირებს, სოციალურ მოძრაობებს, კოოპერატივებს, სამეზობლოებს, საზოგადოებებს, რომლებიც ხელს უწყობენ გარკვეულ ინტერესებს. პოლიტიკური პარტიებიც შემოდიან გარკვეული თვალსაზრისით ამ სფეროში, თუმცა ისინი არიან ნაწილი აგრეთვე სახელმწიფოსი.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო არ აღვიქვათ, დავინახოთ, როგორც ტოტალურად „გამოყოფილი“ (გამიჯნული) სამოქალაქო საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში. სახელმწიფო ჩართულია ყოველდღიური ცხოვრების რეპროდუქციაში და შესაბამისად არსებობს გადაკვეთა, „გადახლართვა“ სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოსი.

მთავარი განსხვავება ლიბერალურ დემოკრატიას, ნაწილობრივ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის დაკავშირებულია სახელმწიფოს ორ ძირითად ატრიბუტთან - ანგარიშვალდებული მთავრობა და თავისუფალი/გამჭირვალე არჩევნები, - და სამოქალაქო საზოგადოების ორ ძირითად ასპექტთან - სამოქალაქო/პოლიტიკური უფლებები და ასოციაციების ავტონომია.

ლიბერალური დემოკრატია არის ტიპი რეჟიმისა, რომელშიც სავალდებულო, შემზღუდველი წესების და პოლიტიკის (policy) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება არა მთელი საზოგადოების მიერ, არამედ წარმომადგენელთა მიერ, რომელნიც ანგარიშვალდებულნი არიან საზოგადოებისადმი. ეს ანგარიშვალდებულება უპირველეს ყოვლისა ხორციელდება თანასწორი, თავისუფალი, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნების მეშვეობით. მოქალაქეებს აქვთ უფლება: გამოხატონ თავისი განსაზღვრული დამოკიდებულება (მკაცრად დასჯის საფრთხის გარეშე) პოლიტიკურ საკითხებზე - ოფიციალურ პირთა, მთავრობის, რეჟიმის, სოციოეკონომიკური წესრიგის და პრევალირებული იდეოლოგიის კრიტიკის ჩათვლით; და ჩამოაყალიბონ ფარდობითად დამოუკიდებელი ასოციაციები; პოლიტიკური პარტიებისა და ინტერესთა ჯგუფების ჩათვლით.

ავტორიტარიზმი - ეს არის პოლიტიკური რეჟიმის ტიპი, სადაც სახელმწიფოს ლიდერები წარმართავენ და არეგულირებენ საზოგადოებრივ ცხოვრებას მოქალაქეებისადმი ანგარიშვალდებულებების გარეშე. არ არის კონკურენტული არჩევნები. მოქალაქენი მოკლებულნი არიან უფლებას ოფიციოზის (ოფიციალურ პირთა), მთავრობის, რეჟიმის, სოციოეკონომიკური წესრიგის, პრევალირებული იდეოლოგიის კრიტიკისა; მოქალაქენი, ვინც გამოთქვამენ ასეთ პოლიტიკურ თვალსაზრისს, ეწევიან რისკს დასჯილ იქნან მკაცრად სახელმწიფოს უსაფრთხოების ძალების მიერ. ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები მოქალაქეებისთვის არ არსებობს ან ოფიციალურად არ არის ნებადართული; სახელმწიფო საქმეების გასაიდუმლოება ჩვეულებრივია; სახელმწიფოს მიმართ კრიტიკული დამოუკიდებელი ასოციაციების და ორგანიზაციების ჩამოყალიბება და განვითარება არ არის ნებადართული, ხოლო თუ არსებულები ილაპარაკებენ ან იმოქმედებენ სახელმწიფოს სურვილების წინააღმდეგ - დაისჯებიან.

ნაწილობრივი დემოკრატია, ეს არის ტიპი პოლიტიკური რეჟიმისა, რომელშიც ანგარიშვალდებულება მთავრობისა მოქალაქეებისადმი მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია. სამხედროები, ტრადიციული ან სხვა არა არჩეული ფორმირებები (establishments) უარყოფენ, უგულებელყოფენ და ზღუდავენ ეფექტს არჩევნებისა და ინაწილებენ ხელისუფლებას არჩეულ მთავრობასთან. არჩევნები ტარდება, მაგრამ ისეა ორგანიზებული, რომ გარანტირებულია მხოლოდ ზოგიერთი კანდიდატის არჩევა. ოპოზიციური პარტიები შეიძლება არსებობდნენ და შეიძლება გარკვეული გავლენაც ჰქონდეთ, მაგრამ საარჩევნო სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ისინი ნორმალურად, როგორც წესი ვერასოდეს მოიგებენ არჩევნებს და ვერ ჩამოაყალიბდებენ მთავრობას. არსებობს შეზღუდვები თავისუფალი გამოხატვის უფლებისა და ალტერნატიული ინფორმაციის მიღებისა. ზოგიერთი, სახელმწიფოსადმი კრიტიკული ასოციაცია და ორგანიზაცია არსებობს, მაგრამ სახელმწიფო ყურადღებით ახორციელებს მათზე ზედამხედველობას.

ლიბერალური დემოკრატია არის გარკვეული თვალსაზრისით შეზღუდული დემოკრატია, თუმცა არაიმდენად, როგორც მონაწილეობრივი. ამიტომაც ჩვენ შემოგვაქვს ორი მარკერი დემოკრატიზაციის ტერმინოლოგიაში, რომლებიც აღნიშნავენ, წარმოაჩენენ დემოკრატიის იმ ფორმებს, რომლებიც პრინციპში ცდებიან, გარკვეულად აჭარბებენ ლიბერალურ დემოკრატიას.

მონაწილეობრივი დემოკრატია ფიგურირებს ზოგიერთი თანამედროვე სოციალური მოძრაობის პროგრამებში, თუმცა ჯერ არ არსებობს მონაწილეობრივი დემოკრატიის რეჟიმი სახელმწიფოს დონეზე. მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ლიბერალურ დემოკრატიებში მოქალაქეთა პოლიტიკური მონაწილეობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში (policy decisions), რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ მათ ცხოვრებაზე, შემოიფარგლება ხმის მიცემით დროდან დრომდე არჩევნებში. მონაწილეობრივი დემოკრატია ავრცობს და აღრმავებს ლიბერალურ დემოკრატიას, როგორც სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო საზოგადოების სფეროში, რთავს რა ხალხის უმრავლესობას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის მხარს უჭერს, მაგალითად თვალსაზრისს, რომ დემოკრატიული ანგარიშვალდებულების სფერო გასცდეს სახელმწიფოსა და მთავრობას და გავრცელდეს ეკონომიკურ საწარმოებზე, სამუშაო ადგილებზე, ლოკალურ საზოგადოებებზე და მეურნეობაზე.

პირდაპირი დემოკრატია:ლოკალურმა ერთობებმა [community] შეიძლება აირჩიონ ფართო წარმომადგენლობები ადმინისტრირებისა და კონტროლისათვის, შემდეგ - მათი წარმომადგენლობები ნაციონალური ინსტიტუტების დონეზე. ამ ვითარებაში მთელი ვერტიკალი შეიძლება დაიკავოს ერთმა პარტიამ. ის რომ ეს მოდელი უფრო წინ წასულია ვიდრე ლიბერალური დემოკრატია - ძალიან სადავოა (გავს საბჭოების სისტემას რაღაცით).

დემოკრატიზაციის შინაარსი - პოლიტიკური ცვლილებები დემოკრატიის მიმართულებით - ეს არის მოძრაობა დროში ნაკლებად ანგარიშვალდებულიდან მეტად ანგარიშვალდებული მთავრობისაკენ, ნაკლებად კონკურენტული (ან არარსებული) არჩევნებიდან თავისუფალი და გამჭვირვალე კონკურენტული არჩევნებისაკენ, მკაცრად აკრძალულიდან (ან შეზღუდულიდან) კარგად დაცული სამიოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისაკენ, სუსტი (ან არარსებული) ავტონომიური ასოციაციებიდან უფრო ავტონომური და უფრო მრავალრიცხოვანი ასოციებისაკენ სამოქალაქო საზოგადოებაში.

1.6.1 ძირითადი თეორიული მიდგომები

▲back to top


რასაკვირველია, დემოკრატიზაციის პროცესის კვლევისას გამომდინარე პრობლემათა კომპლექსურობიდან და სირთულიდან, მრავალგვარი თოერიული მიდგომები გამოიყენება, მაგრამ გარკვეული პრობითობის გათვალისწინებით შეიძლება თეორიულ მიდგომათა სამი ძირითადი ჯგუფი გამოვყოთ.

1. მოდერნიზაციული მიდგომა - ხაზს უსვამს გარკვეული რაოდენობის სოციალურ და ეკონომიკურ რეკვიზიტებს - ან ასოცირებულს არსებულ ლიბერალურ დემოკრატიებთან, ან აუცილებელს წარმატებული დემოკრატიზაციისათვის.

2. ტრანზიტული მიდგომა - ხაზს უსვამს პოლიტიკურ პროცესებსა და ელიტების ინიციატივებს, განსაზღვრულს ავტორიტარული მმართველობიდან ლიბერალურ დემოკრატიაზე გადასასვლელად.

3. სტრუქტურული მიდგომა - ხაზს უსვამს ძალაუფლების სტრუქტურების ცვლილებას დემოკრატიზაციისათვის ხელსაყრელი მიმართულებით

რა თქმა უნდა, ყოველი მიდგომა ხაზგასმულთან ერთად სხვა მრავალ ფაქტორსაც განიხილავს და ახსნის არც ერთურთისაგან ტატალურად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენს, მაგრამ ხაზგასმის თვალსაზრისით ყოველი მათგანი აშკარად განსხვავებულია.

მოდერნიზაციული მიდგომა

კლასიკურ საწყის წერტილად ამ მიდგომისა შეიძლება ჩაითვალოს სეიმურ მარტინ ლიპსეტის ესსე „ეკონომიკური განვითარება და დემოკრატია“ მის წიგნში „პოლიტიკური ადამიანი“ (1960). დემოკრატია, ამბობს ლიპსეტი, დაკავშირებულია ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებასთან ან მოდერნიზაციის დონესთან: „რაც მეტად არის ქვეყანა აყვავებული, მით მეტი შანსია, რომ დემოკრატია იქნება მყარი“.

აქ ახსნის პროცედურა შედგება იდენტიფიცირებისაგან მნიშვნელოვანი კორელაციებისა დისკრეტული სოციო-ეკონომიკური ცვლადების გარკვეულ რაოდენობას შორის, რომელთაგან ყოველი დაკავშირებულია დემოკრატიის ცვლადთან.

რა თქმა უნდა (და ეს კარგად იცოდა ლიპსეტმა), რომ დადგნილი კორელაციები არ არის იგივე, რომ დავადგინოთ რომ დემოკრატია გამოწვეულია სოციოეკომიკური განვითარებით. მაგრამ ლიპსეტი მაინც ცდილობს მოძებნოს ზოგი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, მაგ.: „ეკონომიკური განვითარება... და უმაღლესი განათლების გავრცელება აქტუალურად განსაზღვრავს (ახდენს დეტერმინირებას) „კლასთა ბრძოლის“ ფორმას, აძლევს რა შესაძლებლობებს ასეთ ჯგუფებს (ე.ი. განათლებულ და შედარებით კარგი ეკონომიკური მდგომარეობისა) დაბალი კლასებისა განავითარონ გრძელვადიანი პერსპექტივები და უფრო კომპლექსური და ეტაპობრივი (გრადუალისტური) შეხედულებები პოლიტიკაზე“.

სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში შეუძლია გააძლიეროს საშუალო კლასი, ხოლო „ფართო (დიდი) საშუალო კლასი“ კარგი ფაქტორია დემოკრატიისათვის, რადგან ის არბილებს, ასუსტებს კონფლიქტს, მხარს უჭერს ზომიერ და დემოკრატიულ პარტიებს და აყენებს ცუდ მდგომარეობაში ექსტრემისტულ ჯგუფებს.

განათლება შესაძლებელს ხდის ტოლერანტობის ნორმების საჭიროების გაგებას, ექსტრემისტული დოქტრინების უარყოფფას, რაციონალური ელექტორალური არჩევანის უნარის ზრდას.

ამ მიმართულების უფრო თანამედროვე კვლევები აჩვენებენ არა თავისთავად, სოციო-ეკონომიკური განვითარების კაუზატიურ ეფექტს დემოკრატიასთან მიმართებაში, არამედ მის გავლენას დამატებით ცვლადებთან კავშირში, როგორიცაა პოლიტიკური კულტურა, ეთნიკური შემწყნარებლობა და კონფლიქტები, პოლიტიკური ინსტიტუტები და პარტიული სისტემები, კოლონიური მემკვიდრეობა, საერთაშორისო ურთიერთობები. თუმცა ჯერ ცოტა მცდელობებია იმისა, რომ ნაჩვენებ იქნას როგორ კომბინირებენ ეს ცვლადები დემოკრატიზაციის ახსნისას.

ტრანზიტული მიდგომა

ამ მიდგომის საწყისად შეიძლება ჩაითვალოს დანკვარტ რასტოუს სტატია „გადასვლა დემოკრატიაზე: დინამიკური მოდელი“ (1970).

მოდერნიზაციული მიდგომისგან განსხვავებით, ტრანზიტული მიდგომა ახდენს ახსნის ფოკუსირებას ისტორიულ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც მარკირებულია სოციალური კონფლიქტით. რასტოუ აღნიშნავდა, რომ ისტორიულად ხალხს, რომელიც არ იმყოფება (არ არის) კონფლიქტში გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით, ექნება მხოლოდ მცირე სჭიროება (ან:არ ექნება საჭიროება საერთოდ) გამოიგონოს, შექმნას დემოკრატიის წესები კონფლიქტის გადაწყვეტისთვის. მოქმედება, მეტოქეობა, ბრძოლა, და საბოლოოდ შერიგება, მორიგება ისტორიულად ცალკეულ ქვეყნებში - ეს არის სწორედ ის, რასაც დემოკრატიასთან აქვს შეხება.

ამ მიდგომის შემდგომი დამუშავება ფართოდ გვხვდება დღევანდელ მეცნიერებაში. თანამედროვე მეცნიერები, ისევე როგორც რასტოუ, მკაფიოდ განასხვავებენ საწყის ტრანზიტს ავტირიტარული მმართველობიდან ანუ წინასწარ, პირველად პოლიტიკურ ლიბერალიზაციას და ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციას. მთავარი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ საწყისი ტრანზიტი ზოგჯერ სრულდება (დემოკრატია განიცდის კონსოლიდირებას), ხოლო ზოგჯერ ჩერდება, ანუ დემოკრატიზაცია განიცდის მარცხს.

პოლიტიკური ლიბერალიზაცია ავტორიტარულ რეჟიმში იწყება რეპრესიების შემცირებით და ზოგიერთი სამოქალაქო თავისუფლებების შექმნით, შემოღებით. ამ მოძრაობას აუცილებლად არ მივყავართ დემოკრატიზაციისკენ; ასეთი ლიბერალიზაცია შეიძლება შეწყვეტილ იქნას, შეჩერდეს, რეპრესიული მმართველობა შეიძლება დაბრუნდეს. როდესაც ლიბერალიზაცია იწყება სერიოზულად, სხვადასხვა პოლიტიკური აქტორები იწყებენ ჩართვას რეჟიმსა და ოპოზიციურ ძალებს შორის მიმდინარე ისტორიულ ურთიერთქმედებაში. ეს მოიცავს „მკაცრი ხაზის მიმდევრებს“ და „რბილი ხაზის მიმდევრებს“ ავტორიტარულ კოალიციაში, და „ოპორტუნისტებს“, „ზომიერებსა“ და „ექსტრემისტებს“ ოპოზიციაში.

ზოგიერთი სცენარი ამ ხუთი კატეგორიის კავშირურთიერთობებისა დემოკრატიზაციისათვის არის უფრო ხელსაყრელი, ვიდრე სხვები. მაგ.: შედარებითი დაკვირვებები ლათინურ ამერიკაში, გვაჩვენებს, რომ უფრო ხელსაყრელი ტრანზიტისთვის არის თუ იგი კონტროლირდება „რბილი ხაზის მიმდევრების“ და „ზომიერების“ კოალიციის მიერ, რომელშიც არა აქვთ ადგილი „რადიკალებს“.

სახვადასხვა პროცესებმა ან მოვლენებმა შეიძლება მისცენ ბიძგი პოლიტიკურ ლიბერალიზაციას. ერთ-ერთი ეს არის მარცხი ავტორიტარული რეჟიმისა, გამოწვეული ან სამხედრო მარცხისგან ან ეკონომიკური პრობლემებისგან. მეორე - ეს არის „წარმატების პარადოქსი“, მაგალითად, როდესაც მთავარი, ძირითადი, მნიშვნელოვანი წარმატება არწმუნებს ავტორიტარულ რეჟიმს, რომ იგი არაფერს დაკარგავს პოლიტიკური ლიბერალიზაციით, პირიქით მოიგებს საერთაშორისო ლეგიტიმურობის თვალსაზრისით. მოძრაობა დემოკრატიზაციის მიმართულებით შეიძლება დაიწყოს იმის გამოც, რომ ავტორიტარული რეჟიმი დარწმუნდეს, რომ ხელისუფლებაში დარჩენა ძალიან ძვირი დაჯდება, რადგან მოსალოდნელია მემკვიდრეობითი კრიზისი, რაც შეამცირებს მილიტარულ შეკავშირებულობას და საშინაო, შიდა ლეგიტიმურობას.

ტრანზიტის პერიოდში გამოყოფენ შუალედური მთავრობების ტიპებს.

ტრანზიტი უკვე შუალედური მთავრობიდან ან წონასწორი პირველადი ლიბერალიზაციიდან ლიბერალური ან ნაწილობრივი დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ მოიცავს სხვადასხვა ისტორიულ გზებს, რომელნიც არიან კომპლექსურნი და არა ცნობილნი წინასწარ, არა აუცილებლად განსაზღვრულნი. აქაც, ამ ტრანზიტშიც, კვლავ (როგორც წინა ეტაპზე და შუალედურ მთავრობებში), წარმატებისათვის გადამწყვეტია აქტორთა პოზიცია, რომლებიც დაკავშირებულნი არიან დემოკრატიასთან. ასეთი დემოკრატიული აქტორები არიან ყოველთვის უმცირესობაში, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორი მუშაობს მათ სასარგებლოდ. ერთი არის ის, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას ქვეყანაში, თუნდაც ეს უმრავლესობა არ იყოს აუცილებლად დაკავშირებული დემოკრატიასთან, არ სურს დაბრუნება იმ ავტორიტარული ან მილიტარული რეჟიმისა, რომელსაც ის ადრე იტანდა.

მეორე არის ის, რომ ავტორიტარული პოლიტიკური დისკურსი იდეოლოგიურად არის უფრო სუსტი გლობალური მასშტაბით, ვიდრე დემოკრატიული დისკურსი. ამდენად, დემოკრატიულ აქტორთა უმცირესობას შეუძლია წინ წასწიოს პოლიტიკური ერთობა დემოკრატიული კონსოლიდაციისკენ თუ: (ა) მოხდება ნეიტრალიზება აქტორებისა, რომელნიც არიან უპირობოდ ავტორიტარულები; (ბ) ხელი შეეწყობა პრეფერენციებსა და პრაქტიკას, რომლებიც თავსებადი არიან დემოკრატიის ფუნქციონირებასთან; (გ) გაიზრდება რაოდენობა დემოკრატიული აქტორებისა; (დ) მოხდება შეთანხმება იმის თაობაზე, რომ მათი სტრატეგია დაექვემდებაროს იმპერატივს, რომ ხელი არ შეეწყოს ავტორიტარიზმის დაბრუნებას (ურთიერთშორის კონკურენციის პირობებშიც).

სტრუქტურული მიდგომა

ახსნითი ფოკუსი მიმართულია ისტორიული ცვლილების გრძელვადიან პროცესზე. ტრანზიტული მიდგომისაგან განსხვავებით დემოკრატიზაციის პროცესი აიხსნება არა პოლიტიკური ელიტების ქმედებით, არამედ ძალაუფლების სტრუქტურების ცვლილებით, პირველყოვლისა.

საბაზო წანამძღვარი სტრუქტურული მიდგომისა არის ის, რომ სპეციფიკური ურთიერთობები, ურთიერთდამოკიდებულებები ძალაუფლების ზოგიერთი სტრუქტურებისა - ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური - და ის თუ როგორ იცვლებიან ისინი ისტორიულად, წარმოშობს გავლენებს და შესაძლებლობებს, რომლებიც წარმართავენ პოლიტიკურ ელიტებსა და სხვა აქტორებს ისტორიული ტრაექტორიით, რომელიც მიემართება ლიბერალური დემოკრატიისაკენ. სხვა ტიპის სტრუქტურული ურთიერთობები მიდის სხვა პოლიტიკური მიმართულებით. რადგან ძალაუფლების სტრუქტურები ჩვეულებრივ იცვლება თანდათანობით, გრადუალისტურად, ისტორიის განმავლობაში, ახსნაც გულისხმობს გრძელვადიან ფაქტორებს, და ზოგჯერ მოიცავს საუკუნეებს.

კლასიკურ საწყისად ამ მიდგომისა მიიჩნევა ბარინგტონ მურის „დიქტატურისა და დემოკრატიის საციალური საფუძვლები“ (1966). მურის მთავარი კითხვა არსებითად იყო შემდეგი: რატომ მოხდა, რომ თანდათანობითი ისტორიული ტრანსფორმაციის განმავლობაში XVIIს-იდან XXს-ის შუამდე, როდესაც აგრარული საზოგადოებები (სადაც უმრავლესობა მოსახლეობისა ცხოვრობდა სოფლად) შეიცვალნენ თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებებით, ინგლისი, საფრანგეთი და აშშ წავიდნენ ლიბერალური დემოკრატიის პოლიტიკური ფორმის მიმართულებით, იაპონია და გერმანია ფაშიზმისაკენ, რუსეთი და ჩინეთი კომუნისტური რევოლუციებისკენ, ხოლო ინდოეთი კიდევ სხვა მიმართულებით? ბ.მურის თვალსაზრისით ამ განსხვავებებს განაპირობებდა ძალაუფლების ოთხ სტრუქტურას შორის (სამი მათგანი იყო სოციალური კლასი - გლეხობა, მიწათმფლობელები, ქალაქის ბურჟუაზია, მეოთხე - სახელმწიფო) ურთიერთდამოკიდებულებათა ცვლილების სხვადასხვა ტიპი.

ერთ-ერთი თანამედროვე ნიმუში სტრუქტურული ახსნისა არის როიშმაიერისა და ჯ.სტეფენსონის „კაპიტალისტური განვითარება და დემოკრატია“ (1992). ისინი ამტკიცებენ, რომ წავა თუ არა საზოგადოება ლიბერალური დემოკრატიისაკენ - ეს არსებითად დამოკიდებულია კლასთა ძალაუფლების ბალანსზე და ბრძოლა დომინანტურ და დაქვემდებარებულ კლასებს შორის მართვის უფლებისათვის არის ის, რაც უფრო მეტად ვიდრე სხვა ფაქტორები, აყენებს დემოკრატიას ისტორიულ დღის წესრიგში და წყვეტს მის პერსპექტივას.გამოყოფენ ხუთ კლასს:(1) მსხვილი მიწათმფლობელები - ისტორიულად ყველაზე უფრო ანტიდემოკრატიული ძალა საზოგადოებაში; (2) გლეხობა - აგრარულ მუშაკთა და ფერმერთა ჩათვლით, რომელსაც აქვს ინტერესი დემოკრატიზაციისა, მაგრამ მოქმედებს თავად იშვიათად მის მხარდასაჭერად; (3) ურბანული მუშათა კლასი - იგი ისტორიულად წარმოადგენდა მთავარ ძალას, რომელიც ახორციელებდა ზეწოლას საარჩევნო უფლების გაფართოებისათვის, გაერთიანებათა, პროფკავშირული უფლებებისათვის და დემოკრატიული წინსვლის სხვა ასპექტებისათვის. (კაპიტალისტური ინდუსტრიალიზაცია აძლიერებს მუშათა კლასს და ასუსტებს მიწათმფლობელთა კლასს, რაც ხელსაყრელია დემოკრატიისათვის. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატია წარმოიშობა კაპიტალიზმის წინააღმდეგობრიობებიდან); (4) ბურჟუაზია - მისი როლი არის ნაკლებად ნათელი - იგი არ არის ისეთი ანტიდემოკრატიული, როგორც მსხვილი მიწათმფლობელები, მაგრამ არასოდეს ყოფილა გამორჩეული, როგორც ზეწოლის განმახორციელებელი ლიბერალური დემოკრატიისათვის. უეჭველია, რომ ბევრ შემთხვევაში ბურჟუაზია მხარს უჭერდა დემოკრატიის მარცხს, მისი როლი შეიძლება სხვადასხვა იყოს, რაც დამოკიდებულია მის კავშირზე, ურთიერთობებზე სხვა კლასებთან, სახელმწიფოს პოზიციასა და ძალაუფლებაზე, და საერთაშორისო ძალებზე; (5) მომსახურეთა (salaried) და პროფესიონალთა საშუალო კლასი - მათ ჰქონდა ასევე ორაზროვანი პოზიცია დემოკრატიზაციის მიმართ. ის დამოკიდებული იყო კონტექსტზე. სადაც მუშათა კლასი იყო შედარებით სუსტი, საშუალო კლასი ახორციელებდა ზეწოლას დემოკრატიზაციისათვის, რათა გაეუმჯობესებინა თავისი საკუთარი პოზიცია. თუ მუშათა კლასი ძლიერი იყო, მაშინ შეიძლება სხვანაირადაც ყოფილიყო (თუმცა არა აუცილებლად).

მთავარი ზოგადი თვალსაზრისი არის ის, რომ არც ერთი ცალკეული კლასის პოზიციის განხილვა არ შეიძლება სხვებისგან იზოლირებულად, და რომ კაპიტალისტური განვითარება ცვლის კლასობრივ კავშირებს და აქედან გამომდინარე არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დემოკრატიული პერსპექტივისთვის.

სახელმწიფო ძალაუფლების ფორმისა და სტრუქტურის ცვლილება იყო ფუნდამენტური მნიშვნელობისა დემოკრატიზაციისათვის. დემოკრატიზაციას ჰქონდა მეტი შანსი მაშინ, როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება იყო საშუალო სიძლიერისა - არც ძალიან ძლიერი და არც ძალიან სუსტი. აგრეთვე კაპიტალისტურმა განვითარებამ ისტორიულად წარმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმოშობა და განვითარება პოლიტიკური პარტიებისა, როგორც სახელმწიფო ძალაუფლების საპირწონისა.

რაც შეეხებათ პარტიებს, დომინანტური კლასები არიან უფრო მიდრეკილნი დემოკრატიისაკენ, როდესაც პარტიული სისტემა შეიცავს ძლიერ მემარჯვენე პარტიას; როდესაც ასეთი პარტია არ არსებობს ან სუსტია და მას არ შეუძლია დაიცვას მათი ინტერესები, ასეთი კლასები მზად არიან მიმართონ სამხედროებს დემოკრატიული მმართველობის აღკვეთისათვის.

ეს ავტორები აჩვენებენ აგრეთვე, რომ ტრანსნაციონალური ძალაუფლების ცვლილება ზემოქმედებს კლასთა ურთიერთკავშირებზე და სახელმწიფოს ბუნების ცვლილებაზე. ასე მაგალითად: ეკონომიკურმა დაქვემდებარებულობამ, დამოკიდებულებამ ერთი ქვეყნისა მეორეზე შეიძლება შეაფერხოს, შეაჩეროს ინდუსტრიალიზაცია და დატოვოს ან გახადოს მუშათა კლასი მცირე, და აქედან გამომდინარე შეასუსტოს პროდემოკრატიული ძალები. გეო-პოლიტიკური დაქვემდებარებულობა შეიძლება იყოს არახელსაყრელი დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის, თუ მასიური სამხედრო და ეკონომიკური დახმარება აძლიერებს სახელმწიფო აპარატს არათანაბარზომიერად (ზედმეტად) კლასობრივ ძალებთან ბალანსის მიმართებაში. საერთაშორისო დაძაბულობის შერბილებამ შეიძლება გააუმჯობესოს დემოკრატიული პერსპექტივა. ომმა (დამარცხებამაც და გამარჯვებამაც) შეიძლება გააძლიეროს კიდეც და შეასუსტოს კიდეც ხელსაყრელი გარემო დემოკრატიზაციისათვის. საერთაშორისო იდეოლოგიური და კულტურული დინებები, აგრეთვე, აძლიერებენ დემოკრატიზაციას.

1.7 § 6. ფაქტორები, რომელნიც განმსაზღვრელ როლს ასრულებენ დემოკრატიზაციის პროცესის ინტერპრეტაციისას

▲back to top


დემოკრატიზაციის პროცესის ინტერპრეტაციისას მკვლევარები გამოყოფენ რიგ ფაქტორებს, რომელთაც საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება პროცესის ახსნისას და რომელთაც, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვუწოდოთ ამხსნელი ფაქტორები.

შეიძლება ითქვას, რომ ამხსნელი ფაქტორები - ეს არის პირობები, სტრუქტურები და მიზეზები; შედარებითი ანალიზი გულისხმობს, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან დემოკრატიასთან, ან წარმოადგენენ მიზეზებს დემოკრატიზაციისას. სხვადასხვა თეორიებში სხვადასხვა ფაქტორებს ექცევა უპირატესი ყურადღება. ქვემოთ ჩამოთვლილია ექვსი ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ეკონომიკური განვითარება

მოდერნიზაციული მიდგომის მომხრეები უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კორელაციას ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიზაციას შორის. სტრუქტურული მიდგომის მომხრეებისათვის ეკონომიკური განვიტარება არის უპირატესად კაპიტალისტური განვითარება, შესაბამისი სტრუქტურებით. ტრანზიტული მიდგომის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური განვითარება ეხმარება საწყის ბიძგს კონკურენტული ელიტებისა, რომელნიც დაკავებულნი არიან დემოკრატიული კომპრომისის შექმნით.

სოციალური დაყოფა

ლიპსეტის მიხედვით, სოციოეკონომიკური მოდერნიზაცია ხელს უწყობს საშუალო კლასის ზრდას, რომლის ღირებულებები შეიძლება იყოს არსებითად პრო-დემოკრატიული. სტრუქტურული მიდგომის მომხრეები აღნიშნავენ, რომ კაპიტალისტური განვითარება წარმოშობს სოციალურ კლასებს, რომელთაგან ზოგიერთი (მაგ. ურბანული მუშათა კლასი) დაინტერესებულია დემოკრატიზაციით.

გადაუწყვეტელი პოლიტიკური ბრზოლა კლასებსა და ჯგუფებს შორის ლიბერალური დემოკრატიის გზაზე, არის აგრეთვე ცენტრალური მნიშვნელობისა ტრანზიტულ თეორიებში. მაგრამ არც ერთი კლასი არ არის ყველგან. ყველა ქვეყანაში და დროში ერთნაირად დაინტერესებული დემოკრატიზაციით.

გარდა კლასობრივისა, არსებობს სხვა ჯგუფური დაყოფაც. მაგ.: ეთნიკური, რასობრივი, ერობრივი, რელიგიური ან სხვა კულტურული კრიტერიუმებით. დემოკრატია ეფუძნება ხალხის სუვერენიტეტის პრინციპს და, ამდენად, „ვინ არის ხალხი“ - ამის გარკვევა ფუძემდებლური მნიშვნელობისაა. როდესაც „ხალხი“ ისე არის გამიჯნული ჯგუფური ანტოგონიზმით, რომ არ არსებობს ცნობიერება ერთიანი პოლიტიკური იდენტურობისა, დემოკრატია შეუძლებელად მიიჩნევა.

სოციალური დაყოფის კიდევ ერთი ფორმაა გენდერული დაყოფა, მაგრამ მიიჩნევენ რომ მას შეიძლება მეტი მნიშვნელობა ჰქონდეს მომავალში დემოკრატიისათვის - ისტორიულად კი იყო თითქმის უმნიშვნელო სხვა დაყოფებთან შედარებით.

სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტები

სტრუქტურული მიდგომის მომხრეები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიზაციის გზა მარკირებულია მკაცრი ბალანსით ძალაუფლებისა სახელმწიფოსა და შედარებით დამოუკიდებელ კლასებს შორის, და არა განსაკუთრებულად ძლიერი სახელმწიფოთი და მასზე დაქვემდებარებული კლასებით, ან სახელმწიფოთი, რომელიც თავად დამოკიდებულია უფრო ძლიერ ან უფრო ძლიერი ძალაუფლების მქონე კლასზე (მაგ. მიწათმფლობელთა კლასზე). მოდერნიზაციული მიდგომაც დემოკრატიზაციისთვის არახელსაყრელ ფაქტორად მიიჩნევს სახელმწიფოს საყოველთაო დომინირებას სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებაში: ასეთ ვითარებაში ეკონომიკური ზრდა ფერხდება, რადგან ეკონომიკური კონკურენცია პრივატული სექტორიდან გაძევებულია; ჩნდება გაყალბება და ძალადობა არჩევნებისას, რადგან უზარმაზარ უპირატესობებს იღებენ ის ინდივიდები, ვინც იგებს არჩევნებს; პოლიტიკური კორუფცია და „ჩალიჩი“ ხდება მთავარი ინსტრუმენტი წინსვლისა; განვითარების ყველა აქტივობა გაშუალებულია და კონტროლდება სახელმწიფოს მიერ, და საზოგადოებისა და ინდივიდის წარმატება დამოკიდებული ხდება სახელმწიფოზე (შესაბამისად იზრდება უთანაბრობა და დაძაბულობა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს შორის).

სახელმწიფო და კლასები არის მეტად განზოგადებული, აბსტრაქტული კატეგორიები, ამიტომ ავტორთა უმეტესობა აჩერებს ყურადღებას შუალედური დონის პოლიტიკურ ისტიტუტებზე, როგორც ამხსნელ ფაქტორებზე (მაგ. პარლამენტი, საარჩევნო სისტემა, პარტიული სისტემის სტრუქტურა, სპეციფიკური ურთიერთობები სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტებს შორის, ურთიერთობები პროფკავშირებსა და პარტიებს შორის და სხვ.).

ინსტიტუციონალური ანალიზი არ უგულებელყოფს ძირითად პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური თეორიების უმთავრესი ობიექტია, იგი ცდილობს ახსნას თუ როგორ ახდენენ ინსტიტუტები პოლიტიკური შედეგების ფორმირებას უფრო ფართო (სახელმწიფო-კლასების) ურთიერთობიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყნებში.

სამოქალაქო საზოგადოება

მოდერნიზაციის და ტრანზიტული მიდგომის მომხრეები მიიჩნევენ, რომ მოძრავი და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება აბალანსებს სახელმწიფო ძალაუფლებას. ძლიერი, მყარი, მკვიდრი სამოქალაქო საზოგადოება წარმოქმნის არსებით ზღუდეს ავტორიტარიზმის დაბრუნებისათვის და ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციასა და შენარჩუნებას. მიჩნეულია, რომ სამოქალაქო საზოგადოების „აღორძინება“, აღდგენა არის გადამწყვეტი სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ტრანზიტებისათვის. ეს მნიშვნელოვანი იყო სხვა რეგიონებისთვისაც - აზია, აფრიკა, აღმოსავლეთ ევროპა (სტუდენტები, ქალები, პროფკავშირები, რელიგიური ჯგუფები, ეთნიკური/ ტომობრივი ჯგუფები, იურისტები და სხვა პროფესიონალები, და სხვ.). სამოქალაქო საზოგადოების ასეთი მობილიზება ხშირად იწვევდა მედიის ჩართვას, რომელიც ახორციელებს ზეწოლას ავტორიტარულ სახელმწიფოზე.

სტრუქტურული მიდგომის მომხრეებიც აღნიშნავენ სამოქალაქო საზოგადოების ზრდის მნიშვნელობას სახელმწიფო აპარატის საპირწონედ. ისინი ხაზს უსვამენ აგრეთვე კაპიტალიზმის მნიშვნელობას დაბალი კლასების ორგანიზაციული შესაძლებლობების ზრდაში, რაც ცვლის კლასთა ძალაუფლების ბალანსს, თუმცა აღნიშნავენ, აგრეთვე, რომ კომპაქტური, მჭიდრო სამოქალაქო საზოგადოება აუცილებლობით არ არის პრო-დემოკრატიული. უფრო მეტიც, თუ მუშათა კლასი სუსტია, სამოქალაქო საზოგადოება გამოიმუშავებს შესაბამის (შესატყვის) საშუალებებს დომინანტური კლასების ძალაუფლების შენარჩუნებისათვის. ამდენად, მნიშვნელოვანია არა თავისთავად სამოქალაქო საზოგადოების ზრდა, არამედ მიმართება კლასობრივ ურთიერთობათა ტიპთან.

პოლიტიკური კულტურა და იდეები

მოდერნიზაციის თეორეტიკოსებისათვის ეს არის ძირითადი, ცენტრალური ამხსნელი ფაქტორი: გამოკვლევები, რომლებიც სოციოლოგიურ გამოკითხვებზეა დაყრდნობილი, აჩვენებენ მყარ სტატისტიკურ კავშირს მოსახლეობის მაღალ განათლების დონესა (დემოკრატიზაციის შედეგი) და მონაწილეობას, ზომიერებასა და ტოლერანტობას შორის. სტრუქტურული თეორეტიკოსები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა არის უფრო მეტად შედეგი დემოკრატიზაციისა, ვიდრე მიზეზი. ტრანზიტოლოგებისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური კულტურის იგნორირების ტენდენცია:ისინი მიიჩნევენ, რომ გადასვლა ლიბერალურ დემოკრატიაზე გამოწვეულია უპირატესად პოლიტიკური ელიტების სარგებლიანობაზე ორიენტირებული, ანგარიშიანი ქცევით კონფლიქტში, და არა ღირებულებრივი, კულტურული ორიენტირებით.

ტრანსნაციონალური და ინტერნაციონალური ფაქტორები

დემოკრატიზაციის ახსნა მოითხოვს ყურადღების მიქცევას, როგორც ინტერნაციონალური, ასევე ტრანსნაციონალური ფაქტორებისათვის. ინტერნაციონალური ურთიერთქმედებები - ეს არის სამხედრო ალიანსები, ომები, დიპლომატიური ურთიერთობები, სამთავრობოთაშორისი ინსტიტუტების ურთიერთქმედება (მაგ. გაერო, მსოფლიო ბანკი და სხვ.). ტრანსნაციონალური ურთიერთობები - ეს არის გლობალური საზოგადოებათშორისი (საზოგადოება-საზოგადოება) ურთიერთობები, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელნი სახელმწიფოს კონტროლისაგან. ეს მოიცავს გლობალურ, რეგიონალურ, ნაციონალურ და ლოკალურ სხვადასხვა სახის ურთიერთობებს პოლიტიკური სივრცეებისა - მაგ.:გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პროცესები, შრომის გლობალური დაყოფა, გლობალური მედია, გლობალური კომუნიკაციური ქსელი და სხვ.

2 თავი II დემოკრატიზაციის პროცესი, როგორც ტრანზიტი, ანუ გადასვლა დემოკრატიაზე

▲back to top


ამ თავში ჩვენ განვიხილავთ სამ უაღრესად მნიშვნელოვან მიდგომას, რომელნიც, ერთის მხრივ ასახავენ გარკვეულ ეტაპებს დემოკრატიზაციის პროცესების კვლევაში, ხოლო მეორეს მხრივ წარმოადგენენ მცდელობებს ზოგადი და კონკრეტული ტენდენციების ურთიერთდაკავშირებისა ტრანზიტის, დემოკრატიზაციის, ანუ დემოკრატიაზე გადასვლის პროცესის ახსნისას.

2.1 §1. დინამიკური მოდელი

▲back to top


დანკვარტ რასტოუს 1970 წელს ჟურნალში „Comparative Politics“ გამოქვეყნებული სტატია „დემოკრატიაზე გადასვლები:დინამიკური მოდელი...“ იქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომად, რომელიც გახდა საფუძველი ტრანზიტოლოგიური კვლევების გაღრმავებისა და ფართოდ გაშლისა. ყურადღების ფოკუსირება რასტოუმ მოახდინა პროცესზე, დინამიკაზე, ეტაპებზე და პროცედურებზე, რომლებიც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს დემოკრატიზაციისას.

რასტოუს თეორიის მიხედვით, დემოკრატიზაციის პროცესის დაწყებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ეროვნული ერთობის არსებობა. ეს ნიშნავს, რომ პოტენციური დემოკრატიის მოქალაქეთა მნიშვნელოვან, დიდ უმრავლესობას არა აქვს არავითარი ეჭვი და/ან არ ორჭოფობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ პოლიტიკურ ერთობას მიეკუთვნება იგი. დემოკრატია - ეს არის სისტემა დროებითი უმრავლესობის მმართველობისა. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მმართველთა შემადგენლობისა და პოლიტიკური კურსის თავისუფალი ცვლა, სახელმწიფოს საზღვრები უნდა იყოს მყარი, ხოლო მოქალაქეთა შემადგენლობა - მუდმივი:ხალხს არ შეუძლია გადაწყვიტოს, ვიდრე არ გადაწყვეტილა, ვინ არის ხალხი.

ეროვნული ერთობა დასახელებულია დემოკრატიზაციის წინაპირობად იმ აზრით, რომ იგი წინ უნდა უსწრებდეს სხვა სტადიებს პროცესისა, თუმცა არა აქვს მნიშვნელობა ამ ერთობის შექმნის კონკრეტულ დროს.

ეს წინაპირობა დემოკრატიაზე გადასვლისა ყველაზე სრულად რეალიზდება მაშინ, როდესაც ეროვნული ერთობა აღიარებულია არაცნობიერების დონეზე, როდესაც ის მიღებულია „ჩუმად“, როგორც ისეთი რამ, რაც თავისთავად იგულისხმება. ნაციონალისტური რიტორიკა ხშირად გაისმის მათგან, ვინც ყველაზე ნაკლებად არის დარწმუნებული თავისი ეროვნული იდენტურობის გრძნობაში.

საკუთრივ დემოკრატიზაციის პროცესი მოიცავს სამ ფაზას.

მოსამზადებელი ფაზა - ზემოთნახსენები წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, დემოკრატიზაციის პროცესი იღებს ბიძგს ხანგრძლივი და უშედეგო ბრძოლის მეშვეობით. იმისთვის, რომ პოლიტიკურმა ბრძოლამ მიიღოს ხსენებული თვისებები, მისი მონაწილენი უნდა წარმოადგენდნენ მყარ საზოგადოებრივ ძალებს, ჩვეულებრივ, სოციალურ კლასებს. ხოლო საკითხებს, რომელთა გარშემოც მიმდინარეობს ბრძოლა, მხარეთათვის უნდა ჰქონდეთ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. ასეთი ბრძოლა, უფრო ხშირად, იწყება ახალი ელიტის გამოჩენასთან ერთად, რომელნიც წარუძღვებიან აღმდგარი, ადრე ჩაგრული და ხელმძღვანელობაში არამონაწილე სოციალური ჯგუფების შეთანხმებულ მოქმედებებს.

საკითხთა წრე და ძალთა შემადგენლობა შეიძლება განსხვავდებოდეს მნიშვნელოვნად სხვადასხვა შემთხვევებში:ეს შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური ფაქტორები (ხშირად სწორედ ასეა), ასევე ნაციონალური, კონფესიური თუ სხვა. ისტორიულად დემოკრატია არ იყო პირველსაწყისი, ძირითადი მიზანი ბრძოლისა, მას მიმართავდნენ როგორც საშუალებას რაიმე სხვა მიზნის მისაღწევად; ან ის მიიღებოდა როგორც ბრძოლის ირიბი შედეგი, პროდუქტი. ბრძოლის გზები იყო სულ სხვადასხვა. მსოფლიოში არ არსებობს ორი დემოკრატია, რომელთაც გაიარეს ერთი გზა, სადაც იბრძოდნენ ერთი და იგივე ძალები, ერთი და იგივე საკითხების თაობაზე და მიღებულ იქნა ერთი და იგივე ინსტიტუციონალური შედეგები. ძნელი წარმოსადგენია, რომ მომავალშიც, რომელიმე დემოკრატიამ ზუსტად გაიმეოროს უკვე განვლილი გზა.

განმასხვავებელი ნიშანი მოსამზადებელი ფაზისა არის ძალთა პოლარიზაცია და არა პლურალიზმი. თუმცა საზოგადოების განხეთქილებას აქვს თავისი საზღვრები, განპირობებული ეროვნული ერთობის მოთხოვნით.

მაგრამ ეს პირობები ყველა შემთხვევაში არ იძლევა გარანტიას, რომ დემოკრატიზაციის პროცესი გაგრძელდება. ბრძოლა შეიძლება გაგრძელდეს იმ დრომდე, ვიდრე მხარეები არ დაიღლებიან, ხოლო საკითხები არ დაკარგავენ თავის აქტუალობას, ხოლო პროცესის მიმდინარეობისას არ წარმოიშობა დემოკრატიული გადაწყვეტა; ან, ერთ-ერთმა ჯგუფმა შეიძლება მოახერხოს ოპონენტის განადგურება. ამგვარად პროცესი შეიძლება შეჩერდეს და ეს ყველაზე ადვილად შეიძლება მოხდეს მოსამზადებელ ფაზაზე.

გადაწყვეტილების მიღების ფაზა - გადაწყვეტილება გულისხმობს არჩევანს, და თუმცა დემოკრატიის სასარგებლოდ არჩევანი არ შეიძლება გაკეთდეს თუ არ არის შესრულებული წინაპირობა და არ განხორციელებულა მოსამზადებელი ფაზა, ეს ყველა შემთხვევაში არის რეალური არჩევანი, რომელიც ავტომატურად არ გამომდინარეობს ხსენებული წინაპირობებიდან. გადაწყვეტილების ალტერნატიული ვარიანტი შეიძლება იყოს რბილი ავტოკრატია, ან უცხოური ბატონობა, ან დიქტატურა ან სხვა. შეიძლება გაგრძელდეს მოსამზადებელი ფაზაც.

გადაწყვეტილება დემოკრატიის სასარგებლოდ წარმოიქმნება რამდენიმე ძალის ურთიერთქმედების შედეგად. რამდენადაც შეთანხმების პირობები მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს და ვინმემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე რისკი მომავალ მოსალოდნელ შედეგებზე, აქ არაპროპორციულად დიდ როლს თამაშობს პოლიტიკურ ლიდერთა ვიწრო წრე. მოლაპარაკებათა პოტენციური მონაწილენი არიან აგრეთვე ჯგუფები, რომელნიც გამოეყვნენ ძირითად მებრძოლ მხარეებს, ან ახლად გამოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე.

ყველა შემთხვევაში დემოკრატია - არის შედეგი გაცნობიერებული გადაწყვეტილებისა, რომელიც მიიღება, სულ მცირე, პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან: დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღება, გარკვეული აზრით, უნდა განვიხილოთ, როგორც გაცნობიერებული, ღიად გამოხატული კონსენსენსუსის აქტი, რომელიც აუცილებლობით მოიცავს კომპრომისს. მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს ირიბი შედეგი ბრძოლისა და არა წინასწარი მიზანი:გადაწყვეტილების მიღების სტადიაზე მნიშვნელობა აქვთ არა იმ ფასეულობებს, რომელთაც აბსტრაქტულად აღიარებენ ლიდერები, არმედ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმისთვისაც ისინი მზად არიან. ამავე დროს, გადაწყვეტა, რომელიც შემუშავებულია ლიდერთა მიერ, სრულიადაც არ არის საყოველთაო. იგი გადატანილ უნდა იქნას პროფესიონალ პოლიტიკოსთა და მთელი მოსახლეობის დონეზე, რაც მოდელის ბოლო ფაზის არსს წარმოადგენს.

მიჩვევის ფაზა - დემოკრატია განსაზღვრების მიხედვით, არის კონკურენტული პროცესი, და ამ პროცესში უპირატესობას იღებენ ისინი, ვისაც შეუძლია ახალი სისტემისადმი თავისი ადეპტობის რაციონალიზება, ან მეტიც - ვისაც აქვს რწმენა სისტემისა. მაგრამ პოლიტიკა არ არის მხოლოდ კონკურენტული ბრძოლა სამთავრობო თანამდებობებისათვის. ეს არის პროცესი, მიმართული შიდაჯგუფური კონფლიქტების გადაწყვეტისკენაც, კონფლიქტებისა, რომელნიც განპირობებულნი არიან ინტერესთა შეჯახებით და დაკავშირებულნი არიან სკეპტიციზმთან ხვალინდელი დღის თაობაზე. ახალი პოლიტიკური რეჟიმი არის ახალი პოლიტიკური რეცეპტი უცნობ სამყაროში ერთობლივი გარღვევის განხორციელებისა. და რამდენადაც დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს მრავალმხრივ განხილვა-მოლაპარაკებათა პრაქტიკა, სწორედ ამ სისტემისათვის არის ყველაზე მეტად დამახასიათებელი განვითარება ცდათა და შეცდომათა მეთოდით, სწავლა საკუთარ გამოცდილებაზე. პირველი დიდი კომპრომისი, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება დემოკრატია, თუ ის საერთოდ აღმოჩნდება სიცოცხლისუნარიანი, თავისთავად არის საბუთი შერიგება-შეთანხმებისა და ურთიერთდათმობის პრინციპების ეფექტურობისა. ეს წარმატება უბიძგებს მოპაექრე ძალებს და პოლიტიკურ ლიდერებს სხვა მნიშვნელოვანი საკითხების დემოკრატიული გადაწყვეტისაკენ. აშკარა წარუმატებლობა რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტაში, დარტყმის ქვეშ აყენებს დემოკრატიის მომავალს. ხოლო, როდესაც მსგავსი წარუმატებლობა ხდება მიჩვევის სტადიის დასაწყისში, შედეგები შეიძლება იყოს საბედისწერო.

ყველაზე დიდი პრობლემები დემოკრატიას ხვდება ერთობის პრობლემათა გადაწყვეტისას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეროვნული ერთობის, როგორც წინაპირობის მნიშვნელობას.

დემოკრატიისადმი ნდობა გაიზრდება განსაკუთრებით სწრაფად, თუ ახალი რეჟიმის არსებობის პირველივე ათწლეულებში სახელმწიფო საქმეების მართვაში შეძლებს მონაწილეობის მიღებას პოლიტიკურ მიმართულებათა ფართო სპექტრი - ან სხვადასხვაგვარ კოალიციებში გაერთიანების გზით, ან პერიოდულად მთავრობისა და ოპოზიციის როლის შეცვლის მეშვეობით. ამავე დროს, დემოკრატიის მექანიზმთა და ხელმძღვანელობის რეკრუტირების კონკურენტული პირობების გამოყენება განამტკიცებს პოლიტიკოსებს დემოკრატიულ ჩვევებსა და რწმენებში. ეფექტური პარტიული ორგანიზაციების წარმოქმნა კი დააკავშირებს დედაქალაქის პოლიტიკოსებს მთელი ქვეყნის ელექტორალურ მასებთან, რის შედეგადაც სისტემას უერთდება მთელი მოსახლეობა. მაგრამ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ კონფლიქტის ფაზაში არ წარმოიშვან პარტიები, რომელთაც ექნებათ რეალური მასობრივი ბაზა, და ელექტორატის გაფართოება იქნება შეზღუდული. მაგრამ პოლიტიკური სიტემის ნაწილობრივი დემოკრატიზაციის ასეთ ვითარებაშიც, შეიძლება ამოქმედდნენ კონკურენციის მამოძრავებელი ძალები, რომელთაც შეიძლება მიიყვანონ პროცესი დასრულებამდე. თავად საპარლამენტო პარტიები, მომავალ პარლამენტში თავისი ჯგუფების გაზრდისა და გაძლიერებისათვის, თავად დაიწყებენ ამომრჩეველთა ორგანიზებისა და მათი მხარდაჭერის მოპოვებისათვის მუშაობას.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ დ.რასტოუს მოდელი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს: 1. უნდა არსებობდეს ეროვნული ერთობის განცდა; 2. უნდა არსებობდეს მყარი და სერიოზული კონფლიქტი; 3. აუცილებელია დემოკრატიული პროცედურების გაცნობიერებული არჩევანი; და 4. პოლიტიკოსები და ელექტორატი უნდა მიეჩვიონ ახალ წესებს.

მოდელიდან გამომდინარეობს აგრეთვე, რომ ხსენებული კომპონენტები უნდა ჩამოყალიბდნენ ცალ-ცალკე, რიგის მიხედვით. ყველა ამოცანას აქვს თავისი ლოგიკა და ჰყავს თავისი ბუნებრივი პროტაგონისტები: ადმინისტრატორთა ქსელი და/ან ნაციონალისტურად განწყობილი ინტელიგენციის ჯგუფი - ეროვნული გაერთიანების ამოცანისათვის; დაბალი კლასების მასობრივი მოძრაობა, რომელსაც შესაძლოა ხელმძღვანელობდნენ ზედა ფენების განსხვავებულად მოაზროვნე წარმომადგენლები - მოსამზადებელი ბრძოლის ფაზაში; პოლიტიკურ ლიდერთა ვიწრო წრე, დახელოვნებული მოლაპარაკებათა წარმართვასა და კომპრომისთა მიღწევაში - დემოკრატიული ნორმების ჩამოყალიბებისას; სხვადასხვა ტიპის ორგანიზატორები და ორგანიზაციები - მიჩვევის სტადიაზე.

რაც შეეხება კონსენსუსს ფუნდამენტურ პრინციპთა შესახებ - ეს არ შეიძლება იყოს დემოკრატიის წინაპირობა. თუ ადამიანები არ იმყოფებიან კონფლიქტის ვითარებაში პრინციპული საკითხების გამო, მათ საერთოდ არ ჭირდებათ რთული დემოკრატიული მექანიზმების გამოგონება კონფლიქტის გადაწყვეტისათვის. წარმოდგენილ მოდელს გადაჰყავს კონსენსუსის სხვადასხვა ასპექტები სტატიკური წინაპირობების კატეგორიიდან, პროცესის აქტიურ ელემენტთა კატეგორიაში.

დემოკრატიის საფუძველი არის არა მაქსიმალური კონსენსუსი, არამედ ვიწრო, დახვეწილი, სიფრიფანა ზღვარი თავსმოხვეულ ერთსახოვნებასა (რომელიც მიგვიყვანს რაიმეგვარ ტირანიამდე) და შეურიგებელ ბრძოლას (რომელიც დაანგრევს ერთობას სამოქალაქო ომის ან სეცესიის მეშვეობით) შორის.

2.2 § 2. ავტორიტარული რეჟიმის ლიბერალიზაცია და ძირითად პოლიტიკურ ძალთა ურთიერთქმედება დემოკრატიზაციის პროცესში

▲back to top


2.2.1 ლიბერალიზაცია

▲back to top


დიქტატურები ვერ ითმენენ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს. საქმე იმაშია, რომ როდესაც არ არსებობს „კოლექტიური ალტერნატივა“ (ან: ალტერნატივები), ცალკეული პირების დამოკიდებულება არსებული რეჟიმისადმი ნაკლებად ზემოქმედებს, ნაკლებად ახდენს გავლენას მის სტაბილურობაზე. სწორედ ამიტომ რეჟიმის დაცემის ახსნა ლეგიტიმურობის ტერმინებში ან ტავტოლოგიურია, ან მცდარი. ზოგიერთი ავტორიტარული რეჟიმი იყო უკანონო დამყარების (ჩამოყალიბების) მომენტიდანვე, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის გაეძლოთ 40 და მეტი წელიწადი. ძნელი სათქმელია, განწყობათა ცვლილება რა ხერხით ხდება ლიბერალიზაციის დაწყებამდე და რა ხერხით - მის (ე.ი. ლიბერალიზაციის) შედეგად.

ჯერ კიდევ მაქს ვებერი აღნიშნავდა, რომ ადამიანები ხდებიან მორჩილნი, ანუ ქედს იხრიან მისაღები ალტერნატივის არ არსებობის პირობებში, და ამ შემთხვევაში ცალკეული პიროვნება გრძნობს თავს სუსტად და უსუსურად. ავტორიტარულ რეჟიმებს ემუქრებათ არა მარტო ლეგიტიმურობის დარღვევა, ანუ კრიზისი, არამედ კონტრჰეგემონიის ორგანიზაცია: ალტერნატიული მომავლის კოლექტიური პროექტები. მხოლოდ კოლექტიური ალტერნატივის (ან ალტერნატივების) არსებობა აძლევს ცალკეულ პიროვნებას შესაძლებლობას პოლიტიკური არჩევანისა. ამიტომაც, ავტორიტარული რეჟიმები ცდილობენ ან დაუმორჩილონ დამოუკიდებელი ორგანიზაციები კონტროლს, ან ძალით გაანადგურონ ისინი.

გარკვეულ მომენტში ერთი ჯგუფი ავტორიტარული ისტებლიშმენტისა ავლენს მომთმენობას სამოქალაქო საზოგადოების რომელიმე დამოუკიდებელი ორგანიზაციის მიმართ. ეს არის დასტური ბზარის გაჩენისა ავტორიტარული ძალაუფლების მონოლითურ ბლოკში; ეს აჩვენებს საზოგადოებას, რომ, უკიდურეს შემთხვევაში, ზოგიერთი ფორმები დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა არ იქნებიან დათრგუნულნი. ეს არის ნიშნები ლიბერალიზაციის დაწყებისა.

ასეთი გადაწყვეტილებების ახსნა შეიძლება ორგვარად: „ზემოდან“ და „ქვემოდან“, და ეს მოდელები ხშირად მეტოქეობენ ლიბერალიზაციის პროცესის ახსნისას.

ლიბერალიზაცია - ეს არის შედეგი ურთიერთქმედებისა ავტორიტარული რეჟიმის შიგნით წარმოშობილ უთანხმოებებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმოშობად დამოუკიდებელ ორგანიზაციებს შორის. მასობრივი მოძრაობა მიანიშნებს პოტენციურ ლიბერალიზატორებს, რომ შესაძლოა ალიანსი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ძალთა განლაგება ხელმძღვანელობაში; და, პირიქით, უთანხმოებები ხელმძღვანელობაში მიუთითებენ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური სივრცე ღიაა მასში დამოუკიდებელ ორგანიზაციათა შესასვლელად. ამდენად, მასობრივი მოძრაობა და უთანხმოებები ხელმძღვანელობაში კვებავენ ურთიერთს.

გარკვეულ მომენტში სამოქალაქო საზოგადოება „იწყებს მობილიზებას“, იწყებენ ფორმირებას ორგანიზაციები, რომელნიც აცხადებენ დამოუკიდებლობას რეჟიმისაგან, აცხადებენ საკუთარ მიზნებს, ინტერესებსა და პროექტებს. მაგრამ ცენტრალიზებული, კონკურენციის გარეთ მდგომი რეჟიმის ინსტიტუტები ახდენენ მხოლოდ იმ ჯგუფთა ინკორპორირებას, რომელნიც მას (რეჟიმს) აღიარებენ და ახდენენ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესების შედეგების კონტროლირებას ეხ პოსტ. ამგვარად, ერთის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოებაში წარმოიქმნებიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები, მეორეს მხრივ - არ არსებობს ინსტიტუტები, სადაც ამ ორგანიზაციებს შეუძლიათ დაიცვან თავისი შეხედულებები და ინტერესები. ამ მიზეზის გამო - ერთადერთი ადგილი, სადაც ახლად ორგანიზებულ ჯგუფებს შეუძლიათ იბრძოლონ თავისი ღირებულებებისა და ინტერესებისათვის, ხდება ქუჩა. ბრძოლა გარდუვალად იღებს მასობრივ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში ლიბერალიზაციის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. რამდენადაც ლიბერალიზაცია ყოველთვის გულისხმობს კონტროლს ზემოდან, დამოუკიდებელ ორგანიზაციათა წარმოქმნა ადასტურებს, რომ ლიბერალიზაცია აღარ წარმოადგენს სიცოცხლისუნარიან პროექტს. მასობრივი გამოსვლები არყევენ ლიბერალიზატორთა პოზიციებს ავტორიტარულ ბლოკში. ლიბერალიზაცია ან მთავრდება, როგორც თვითკმარი პროცესი და ცალსახად:იგი ან მიდის პირქუშ პერიოდამდე, რომელსაც ფარისევლურად შეიძლება უწოდებდნენ ნორმალიზაციას, ან გრძელდება და გადადის დემოკრატიზაციაში.

ძირითად პოლიტიკურ ძალთა ურთიერთქმედება დემოკრატიზაციის პროცესში

ავტორიტარიზმიდან გამოსვლის პროცესის აღწერისას ო'დონელი (1979) და ო'დონელი და შმიტერი (1986) გამოყოფენ ოთხ პოლიტიკურ ძალას: მტკიცე ხაზის მიმდევრები და რეფორმატორები (რომლებიც შეიძლება იყვნენ და შეიძლება არ იყვნენ ლიბერალიზატორები) ავტორიტარული ბლოკის შიგნით; და ზომიერები და რადიკალები ოპოზიციაში.

ავტორიტარიზმიდან გამოსვლა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რეფორმატორებსა და ზომიერებს შორის ურთიერთგაგების შედეგად. იგი (გამოსვლა) შესაძლებელია, თუ:1. ზომიერები და რეფორმატორები აღწევენ შეთანხმებას ინსტიტუტების შესახებ, რომელთა პირობებშიც სოციალურ ძალებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, ექნებოდათ შესამჩნევი პოლიტიკური გავლენა დემოკრატიულ სისტემაში; 2. რეფორმატორებს შეუძლიათ მიაღწიონ თანხმობას მკაცრი ხაზის მიმდევრებთან ან მოახდინონ მათი ნეიტრალიზება; 3. ზომიერებს შეუძლიათ რადიკალთა კონტროლირება. ორი უკანასკნელი პირობა ლოგიკურად წინ უსწრებს პირველს, რამდენადაც განსაზღვრავენ რეფორმატორთა და ზომიერთა შესაძლო მოქმედებებს. როგორ შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიონ მათ, მან (ამ შეთანხმებამ) უნდა უბიძგოს მკაცრი ხაზის მიმდევრებს იმოქმედონ რეფორმატორებთან ერთად და შეაკავონ რადიკალები.

როდის შეიძლება იქნას მიღწეული შეთანხმება? რეფორმატორები დგანან სტრატეგიული არჩევანის წინაშე. მათ უნდა გადაწყვიტონ: ან შეინარჩუნონ ავტორიტარული ალიანსი მკაცრი ხაზის მიმდევრებთან, ან უნდა მიისწრაფოდნენ ზომიერებთან დემოკრატიული კავშირისაკენ. ზომიერებს თავის მხრივ შეუძლიათ შევიდნენ კავშირში რადიკალებთან და მიისწრაფოდნენ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ორგანიზებულ პოლიტიკურ ძალთა სრული განადგურებისაკენ (დანგრევისკენ), ან დაიწყონ მოლაპარაკებები რეფორმატორებთან და მიისწრაფოდნენ დაზავებისაკენ.

თუ რეფორმატორები გაერთიანდებიან მკაცრი ხაზის მიმდევრებთან, ხოლო ზომიერები - რადიკალებთან, ყალიბდება ორი ოპოზიციური კოალიცია, რომლებიც ებმებიან ორთაბრძოლაში ერთმანეთთან. თუ რეფორმატორები და ზომიერები აბამენ კავშირს ერთმანეთთან, შედეგად მიიღება დემოკრატია გარანტიებით. თუ ზომიერები შედიან ალიანსში რადიკალებთან, ხოლო რეფორმატორები - ზომიერებთან, მაშინ რეფორმატორები იღებენ დემოკრატიას გარანტიების გარეშე, რომელიც წარმოიშობა კოალიციიდან „რადიკალები - ზომიერები“. თუ რეფორმატორები ერთიანდებიან მკაცრი ხაზის მიმდევრებთან, ხოლო ზომიერები - რეფორმატორებთან, ზომიერები იღებენ ლიბერალიზაციას.

დემოკრატია ყალიბდება, თუ კონფლიქტში ჩართული პოლიტიკური ძალები მოილაპარაკებენ და შეთანხმდებიან ინსტიტუციონალური სტრუქტურის შესახებ, რომელიც უშვებს ღია, თუნდაც შეზღუდულ, მეტოქეობას, და თუ ეს სტრუქტურა წარმოშობს გრძელვადიან თანხმობას.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გადასვლა დემოკრატიაზე ხორციელდება მოლაპარაკებათა გზით, მეშვეობით: ზოგ შემთხვევაში ძველი რეჟიმის წარმომადგენლებთან, ხოლო სხვა შემთხვევაში - თავად პროტოდემოკრატიულ ძალებს შორის, რომელნიც ქმნიან ახალ სისტემას. მოლაპარაკებები არ არის აუცილებელი რეჟიმიდან გამოსვლისას, მაგრამ აუცილებელია დემოკრატიულ ინსტიტუტთა კონსტიტუირებისას. შეუძლებელია დემოკრატიის წინასწარ განსაზღვრა: იგი წარმოშობა ქმნადობა-ურთითქმედების და მოლაპარაკებების პროცესში.

ჯგუფები, რომლებიც შედიან კონფლიქტში დემოკრატიულ ინსტიტუტთა არჩევანის გარშემო, ეჯახებიან სამ საერთო პრობლემას: შინაარსი ვერსუს პროცედურა, შეთანხმება versus მეტოქეობა, მაჟორიტარული სისტემა ვერსუს კონსტიტუციონალიზმი.

მონაწილეებისათვის ცნობილია ძალთა თანაფარდობა იმ მომენტში, როდესაც მიიღება ინსტიტუციონალური სტრუქტურა, და ეს შეფარდება შეიძლება იყოს არაწონასწორი ან წონასწორი. ამ პირობათა შესაბამისად მიიღება ინსტიტუტთა განსაზღვრული ტიპები, და შემდეგ ეს პირობები განსაზღვრავენ რამდენად სტაბილურნი აღმოჩნდებიან ეს ინსტიტუტები.

I. ძალთა შეფარდება ცნობილია და არათანასწორი. ასეთ ვითარებაში ინსტიტუტები გამოიჭრებიან კონკრეტული პიროვნების, კონკრეტული პარტიისა, ან კონკრეტული ალიანსის თარგზე. ასეთ ვითარებაში ხშირად შეიძლება შეიცვალოს ინსტიტუტები და მთლიანად კონსტიტუციები. ახალი ინსტიტუტები ჩაიფიქრება, იქმნება, რათა მოხდეს ძალთა ახალი შეფარდების კონსოლიდირება. ფესვები და როლი ასეთი ინსტიტუტებისა კარგად წარმოჩინდება საფრანგეთის სახასიათო მაგალითზე:ფრანგებს არ სჯეროდათ რეჟიმთა სიცოცხლისუნარიანობისა - მათი კონსტიტუციები ხომ თითქმის პერიოდულ გამოცემათა სიხშირით გამოდიოდა - და კონსტიტუცია როგორც ასეთი არ სარგებლობდა არავითარი ავტორიტეტით. ყოველი დოკუმენტი განიხილებოდა როგორც შეთანხმება, რომელიც განამტკიცებდა ძალაუფლების დროებით განაწილებას (ან გადანაწილებას). არ იყო რა ფუძემდებლური და ნეიტრალური, დოკუმენტი მიიჩნეოდა მხოლოდ პროცედურულ საშუალებად, რომელიც შეიცავდა ფორმალურ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც მთავრობას საშუალება ეძლეოდა ემართა.

კონსტიტუციები, რომელნიც განამტკიცებენ ძალთა არსებულ შეფარდებას, არიან მყარნი და მტკიცენი მანამდე, იმ დრომდე, ვიდრე შენარჩუნდება ეს თანაფარდობა.

II. ძალთა თანაფარდობა ცნობილია და წონასწორი. ამ შემთხვევაში გარემოებათა ერთობლიობა ბევრად უფრო რთულია. ასეთ ვითარებაში, როდესაც კონფლიქტში ჩართული პოლიტიკური ძალები სხვადასხვაგვარად ხედავენ საზოგადოების პოლიტიკური ორგანიზაციის გზებს, სიტუაცია შეიძლება ვერ დაბალანსდეს სტრატეგიული საშუალებებით და ერთ-ერთი სავარაუდო შედეგი შეიძლება იყოს სამოქალაქო ომი.

კონლიქტის, სამოქალაქო ომის პერსპექტივა, რომელიც შეიძლება თაობათა ცხოვრების მანძილზე გაგრძელდეს, რასაკვირველია, მიმზიდველი არაა (არავისთვის). ამიტომაც, პოლიტიკური ძალები იძულებულნი არიან მიიღონ რაიმენაირი ინსტიტუციონალური სტრუქტურა - ნებისმიერი სტრუქტურა, როგორც დროებითი გადაწყვეტა. ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებები დროებით ამცირებენ კონფლიქტის ინტენსიურობას, მაგრამ ყველასათვის ცხადია, რომ ასე მიღებული კონსტიტუციები არ შესრულდება. ბრაზილიის ახლანდელი პრეზიდენტი, ცნობილი მეცნიერი ფერნანდო კარდოზო წერდა, რომ „კონსტიტუციის სტატიით (მუხლით) შეუძლებელია აიცილო სახელმწიფო გადატრიალება“. ქაოსი ყველასათვის მიუღებელია, იგი შეიძლება მივიდეს სამოქალაქო ომამდე და ამიტომაც, როდესაც კონფლიქტი რთულდება, ძალიან ცდილობენ მივიდნენ მარტივ გადაწყვეტილებამდე: ყველაზე ხშირია ან საკუთარი, ან სხვა ქვეყნის გამოცდილების აღება.

თამაშთა თეორიის თვალსაზრისით, კონფლიქტის სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილებები კოორდინაციის შესახებ - არასტაბილურია, თუმცა ზოგჯერ, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება, ისინი ხდებიან ქმედითნი. ზოგჯერ ინსტიტუტები ნარჩუნდება იმიტომ, რომ არსებობენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში: ცვლილებები ძვირი ჯდება.

III. ძალთა თანაფარდობა უცნობია.

დავუშვათ, რომ ქვეყანა გამოდის ავტორიტარული მმართველობის ხანგრძლივი პერიოდიდან და არავინ იცის როგორი იქნება ძალთა თანაფარდობა. თუ კონსტიტუცია იწერება ამ პერიოდში, ე.ი. როდესაც ძალთა თანაფარდობა ჯერ კიდევ არ არის ნათელი და გარკვეული, ივარაუდება რომ იგი (კონსტიტუცია) ხელს შეუშლის დაბრუნებას ძველ რეჟიმთან, შეამცირებს ფსონებს და რისკს მეტოქეთა ბრძოლაში, და გარკვეულად დააზღვევს მათ, ვინც განიცდის მარცხს; კონსტიტუცია ხელს უწყობს აგრეთვე იმას, რომ დამარცხებულებმა მიიღონ, აღიარონ დამარცხება და მონაწილეობა მიიღონ მიმდინარე საქმეებში.

საბოლოოდ შეიძლება გამოითქვას წინასწარი ვარაუდები:

  • ინსტიტუტები, რომლებიც მიიღება პერიოდში, როდესაც ძალთა თანაფარდობა უცნობია, უფრო სავარაუდოა, რომ შენარჩუნდებიან.

  • ინსტიტუტები, რომლებიც მიიღება როგორც დროებითი გადაწყვეტილებები პერიოდში, როდესაც ცნობილია, რომ ძალთა თანაფარდობა წონასწორია და სხვადასხვა ჯგუფები აძლევენ უპირატესობას ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს, ძალა შეიძლება შეიძინონ კონვენციებმა და შეთანხმებებმა, თუ ისინი შენარჩუნდებიან საკმარისად ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მაგრამ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ისინი დიდხანს შენარჩუნდნენ.

  • ინსტიტუტები, რომელნიც განამტკიცებენ დროებით უპირატესობას, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ იქნებიან ისევე მყარნი და მტკიცენი, როგორც პირობები, რომელთაც ისინი (თავად ინსტიტუტები) წარმოქმნეს.

2.3 §3. პოლიტიკური რეჟიმები, დემოკრატიზაცია და დემოკრატიის კონსოლიდაციის შესაძლებლობა

▲back to top


წინამდებარე თავი ძირითადად ეყრდნობს ხუან ლინცის და ალფრედ სტეპანის მეთოდოლოგიურად და ფაქტობრივად უაღრესად საინტერესო ნაშრომს, რომელიც მთელი რიგი ნოვატორული იდეებისა და მიდგომების საფუძვლეზე განიხილავს ფართო სპექტრს დემოკრატიზაციის პროცესში წარმოშობილი გამოწვევებისა და პრობლემებისა, როგორც ზოგად თეორიულ ასპექტში, ასევე მრავალმხრივი ფაქტობრივი მასალის, შემთხვევებისა და ქვეყნების შედარებითი კვლევის ჭრილში (განსაკუთრებით სამხრეთ ევროპა, სამხრეთ ამერიკა, აღმოსავლეთ ევროპა).

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მთელი რიგი შეცდომებისა და გაუგებრობებისა, რომელთაც ხშირად შეიძლება შევხვდეთ დემოკრატიზაციის პროცესის შემსწავლელ ნაშრომებში, ლინცი და სტეპანი შეეცადნენ მკაფიოდ გამოეკვეთათ საკვლევი საგანი და შესაბამისი პრობლემატიკაც. დემოკრატიზაცია, დემოკრატიაზე გადასვლა, დემოკრატიული გრადაქმნა ანუ ტრანზიტი არის სრული, როდესაც კმარი შეთანხმება არის მიღწეული პოლიტიკური პროცედურების შესახებ - რომელნიც განსაზღვრავენ თუ როგორ ჩამოყალიბდეს არჩევითი მთავრობა; როდესაც მთავრობის მოსვლა ხელისუფლებაში არის პირდაპირი შედეგი ღია და სახალხო კენჭისყრისა, როდესაც ამ მთავრობას დე ფაცტო აქვს ძალაუფლება და შესაძლებლობა აწარმოოს ახალი პოლიტიკა, და როდესაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ჩამოყალიბებული ახალი დემოკრატიის მიერ არ არის ვალდებული გაუნაწილოს და არც უნაწილებს ძალაუფლებას სხვა სტრუქტურებს de jure.

დემოკრატიზაცია მოიცავს ლიბერალიზაციას, მაგრამ იგი არის უფრო ფართო და უფრო სპეციფიკური კონცეპტი. ლიბერალიზაცია შეიძლება შეიცავდეს ისეთ პოლიტიკურ და სოციალურ ცვლილებებს, როგორიცაა:ნაკლები ცენზურა მედიაზე, სივრცის გაფართოება მუშათა კლასის ავტონომიური აქტივობის ორგანიზებისათვის, პიროვნებების უფლებათა დაცვის ზოგიერთი იურიდიული მექანიზმების შემოტანა, უმეტესობა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, გასახლებულთა დაბრუნება, შესაძლოა ზომები შემოსავლების განაწილების გაუმჯობესებისათვის, და რაც მთავარია ტოლერანტობა ოპოზიციისადმი. დემოკრატია აუცილებლობით მოითხოვს ღია შეჯიბრებითობას უფლებებისათვის „მოიგო“ კონტროლი მთავრობაზე, ანუ გახდე მთავრობა. ეს კი თავის მხრივ მოითხოვს ღია კონკურენტულ არჩევნებს, რომელთა შედეგებიც განსაზღვრავს ვინ მართავს. თუ დავეყრდნობით ამ განსაზღვრებას, ცხადია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ლიბერალიზაციას დემოკრატიზაციის გარეშე.

დემოკრატიაზე გადასვლის ამგვარი დეფინიცია გვიცავს ე.წ. „მცდარი ელექტორალიზმისგან“, რომელიც მიიჩნევს, რომ გამჭვირვალე არჩევნები არის საკმარისი პირობა დემოკრატიისა (მაგ. შემთხევა, როდესაც წინა პერიოდში მმართველი სამხედროები იტოვებენ პირდაპირ კონტროლს მთავრობაზე და დემოკრატიულად არჩეული მთავრობა de jure-ც არ არის სუვერენი, რასაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, 80-იან წლებში გვატემალაში). მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ასევე შეიცავს ეს დეფინიცია, არის საჭიროება შეთანხმების მიღწევისა ინსტიტუციონალურ მოწესრიგებულობაზე დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე (მაგ. საარჩევნო კანონზე, სახელმწიფო მოწყობაზე და სხვ.). სავსებით შესაძლებელია, რომ ამ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა ისეთი ღრმა და გადაულახავი აღმოჩნდეს, რომ კონსოლიდაციას ხელი შეუშალოს.

დემოკრატიულობის მკაფიო სტანდარტის შემოღება სასარგებლოა პოლიტიკური პოლემიკისთვისაც. ხშირად არადემოკრატიული ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ზოგიერთი ლიბერალური ცვლილებები, რომლებიც მათ შემოიტანეს, თავისთავად საკმარისნი არიან დემოკრატიისათვის. თუ შემოვიღებთ ნათელ სტანდარტს, დემოკრატიული ოპოზიციისათვის ეს გააადვილებს ყურადღების გამახვილებას იმაზე, თუ რა დამატებითი ან ზოგიერთი აუცილებელი ცვლილებები არის დარჩენილი გასაკეთებელი. განსაკუთრებით გამოსაყენებელია ასეთი სტანდარტი იმ პირობებში, როდესაც ძველი არადემოკრატიული რეჟიმი დაეცა (ან ეცემა) და ხელისუფლებაში გარდამავალი მთავრობაა. ასეთი პერიოდები ჩვეულებრივ აღსავსეა ეიფორიით, გამანადგურებელი, ძველის უარმყოფელი რეფორმებითა და დეკრეტებით. და თუ არ იარსებებს სასწრაფო ვალდებულება დემოკრატიული გადასვლისათვის საჭირო ყველა ნაბიჯის განხორციელებისა, „დროებითი“ შუალედური მთავრობა შეიძლება იქცეს მუდმივად.

კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეშ ივგულისხმება პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც დემოკრატია გადაქცეულია „ერთადერთ თამაშად ქალაქში“, ანუ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთადერთ გზად:

- ქცევის თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი ნაციონალური, სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ინსტიტუციონალური აქტორი არ ხარჯავს მნიშვნელოვან რესურსებს იმის ცდაში, რომ მიაღწიოს თავის მიზნებს არადემოკრატიული რეჟიმის შექმნის მეშვეობით, ან მიუბრუნდეს ძალადობას ან უცხოურ ინტერვენციას სახელმწიფოდან გამოყოფისათვის.

- დამოკიდებულების თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სწამს, რომ დემოკრატიული პროცედურები და ინსტიტუტები ყველაზე მეტად მისაღებია მათი საზოგადოების მართვისათვის და როდესაც ანტისისტემური ალტერნატივების მხარდაჭერა არის მეტად მცირე ან მეტ-ნაკლებად იზოლირებული დემოკრატიული ძალებისგან.

- კონსტიტუციურად ეს ნიშნავს, რომ სამთავრობო და არასამთავრობო ძალები მზად არიან (და მათთვის ჩვეული გახდა), რომ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე კონფლიქტების გადაწყვეტა განხორციელდეს სპეციფიური კანონების, პროცედურებისა და ინსტიტუტების მეშვეობით, რომლებიც სანქცირებულნი არიან ახალი დემოკრატიული პროცესის მიერ.

ზემოთმოტანილ განსაზღვრებას სჭირდება ორი აუცილებელი შენიშვნა:

1. კონსოლიდირებული დემოკრატიული რეჟიმის არსებობა არ გამორიცხავს მის დაცემას - მაგრამ თუ ეს მოხდა, ეს გამოწვეული იქნება ახალი რეალობებით და არა სისუსტითა და პრობლემებით, რომლებიც სპეციფიკურია კონსოლიდირებული დემოკრატიისათვის.

2. რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობს მხოლოდ ერთადერთი ტიპი კონსოლიდირებული დემოკრატიისა და რომ კონსოლიდირებულ დემოკრატიას არ შეუძლია გააუმჯობესოს ხარისხი.

იმისთვის, რომ დემოკრატია გახდეს კონსოლიდირებული, ის საჭიროებს ხუთ ურთიერთდაკავშირებულ სფეროს, რომელთა გარეშეც კონსოლიდირება ვერ მოხდება.

დემოკრატია წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ფორმას - ამდენად, სახელმწიფოს არსებობის გარეშე შეუძლებლია კონსოლიდირებული დემოკრატიის რეჟიმის არსებობა. სახელმწიფოს არსებობა-არარასებობის საკითხი ცალკე განხილვას მოითხოვს, და ჩვენ მას მომდევნო თავებშიც დავუბრუნდებით. ლინცი და სტეფანი ხაზს უსვამენ რა სახელმწიფოს არსებობას და ფუნქციონირებას, როგორც წინაპირობას დემოკრატიისა, გამოყოფენ შემდეგ ხუთ სფეროს, რომელთა გერეშეც ვერ მოხდება დემოკრატიის კონსოლიდირება: სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური საზოგადოება, კანონის მმართველობა, სახელმწიფო აპარატი, ეკონომიკური საზოგადოება.

1. სამოქალაქო საზოგადოება - ეს არის თვითორგანიზებადი ჯგუფები, მოძრაობები და ინდივიდები, შედარებით ავტონომიურნი, დამოუკიდებელნი სახელმწიფოსგან, რომელნიც ცდილობენ მოახდინონ ღირებულებათა არტიკულირება, შექმნან ასოციაციები და სოლიდარული გაერთიანებანი და წარმოადგინონ თავიანთი ინტერესები. სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვაგვარ სოციალურ მოძრაობებს (ქალთა ჯგუფები, სამეზობლო ასოციაციები, რელიგიური ჯგუფები, ინტელექტუალური ორგანიზაციები) და სამოქალაქო გაერთიანებებს ყველა სოციალური ფენისა.

სამოქალაქო საზოგადოების იდეამ, როგორც ნორმატიულმა მისწრაფებამ და როგორც ორგანიზების სტილმა დიდი როლი შეასრულა ოპოზიციის მობილიზებაში სამხედროთა ბიუროკრატიულ-ავტორიტარული რეჟიმებთან ბრძოლაში სამხრეთ ამერიკაში, განსაკუთრებით ბრაზილიაში, და კომუნისტურ ნომენკლატურასთან დაპირისპირებაში აღმოსავლეთ ევროპაში.

რა თქმა უნდა, ამ ჯგუფების გვერდით არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც შეიძლება გადამწყვეტი როლი შეასრულონ რეჟიმისა და ოპოზიციის დაპირისპირებაში, მაგრამ მათ, თავისთავად არ შეუძლიათ რეჟიმის დამარცხება და დემოკრატიის დამყარება.

2. პოლიტიკური საზოგადოება - სპეციალურად იმისთვის ორგანიზებული პოლითეია, რომ შეჯიბრებითობის საფუძველზე მოპოვებულ იქნას უფლება კონტროლის განხორციელებისა საჯარო ხელისუფლებასა და სახელმწიფო აპარატზე. საუკეთესო შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია დაანგრიოს არადემოკრატიული რეჟიმი. მაგრამ სრული დემოკრატიული გარდაქმნისათვის, და განსაკუთრებით დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის, საჭიროა პოლიტიკური საზოგადოების ჩართვა.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას არა მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოებების განსხვავებულობას, არამედ მათ კომპლემენტარულობას, რაც ყოველთვის არ არის აღიარებული: ხშირად ერთი განზომილება უგულებელყოფილია მეორის სასარგებლოდ. აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში არადემოკრატიულ რეჟიმებთან ბოლო ხნის ბრძოლებში ჩამოყალიბდა დისკურსი:სამოქალაქო საზოგადოება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს წარმოშობს პრობლემას დემოკრატიული გადასვლის პროცესში. პოლიტიკური საზოგადოების დემოკრატიული ლიდერები, საკმაოდ ხშირად, მიიჩნევენ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, რომალმაც შეასრულა თავისი ისტორიული როლი, უნდა იქნას დემობილიზებული დ ადგილი დაუთმოს ჩვეულებრივი, ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკის განვითარებას. ზოგ შემთხვევაში ეს გამოწვეულია იმით, რომ მოძრაობები, რომლებიც მოიხსენიებიან როგორც „სამოქალაქო საზოგადოება“ სინამდვილეში წარმოადგენენ არაფორმალურ პარტიებს. მაგრამ ეს ცუდი დემოკრატიული თოერია და ცუდი დემოკრატიული პოლიტიკაა:ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას. თავისი შესაძლებლობით წარმოშვას პოლიტიკური ალტერნატივები და განახორციელოს მთავრობისა და სახელმწიფოს მონიტორინგი, შეუძლია: ხელი შეუწყოს დემოკრატიაზე გადასვლის დაწყებას, შეეწინაარმდეგოს უკან დაბრუნებას, დაეხმაროს გადასვლის დასრულებას, კონსოლიდირებას და დემოკრატიის გაღრმავებას.

მაგრამ ამისათვის აუცილებელია გადაილახოს აგრეთვე ცრუ დაპირისპირება სამოქალაქო და პოლიტიკურ საზოგადოებებს შორის. ნორმატიული პრეფერენციები და ორგანიზაციის სტილი ამ საზოგადოებებში სხვადასხვანაირია. ინსტიტუციონალური რუტინიზაცია, მოლაპარაკებები და კომპრომისები პოლიტიკაში, დაყოფა და შიდა კონფლიქტები დემოკრატიულ ძალებში, ხშირად, აღიქმება სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიერ როგორც მორალურად მათთვის მიუღებელი - არა და ეს ყველაფერი აუცილებელია დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის.

3. კანონის მმართველობა (rule of law) - აუცილებელია სამოქალაქო და პოლიტიკური საზოგადოებების ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ის გულისხმობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი აქტორი - განსაკუთრებით კი მთავრობა და სახელმწიფო - პატივს ცემს და ეყრდნიბა კანონის მმართველობას. კანონის მმართველობა განსსახიერდება კონსტიტუციონალიზმში, და მოითხოვს მეტს, ვიდრე უბრალოდ მაჟორიტარული მმართველობა: იგი მოიცავს მკაცრ კონსენსუსს და სპეციალურ „თვით-შემზღუდველ“ პროცედურებს მართვისა, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ხმების დიდი უმრავლესობით. იგი მოითხოვს კანონთა მკაფიო იერარქიას, მათ ინტერპრეტაციას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ და მათ მხარდაჭერას მტკიცე ლეგალური კულტურით სამოქალაქო საზოგადოებაში.

4. ეფექტური სახელმწიფო აპარატი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ფუნქციონირებას - ეს უმნიშვნელოვანესი სფერო ბევრ ქვეყანაში ძალიან სუსტია ან არ არსებობს ფაქტიურად. სხვა სირთულეებთან ერთად, პოსტ-კომუნისტურ სახელმწიფოში განსაკუთრებულ სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ პარტია და სახელმწიფო არ იყო გამიჯნული და პარტიის გაუქმებამ (ან წასვლამ ხელისუფლებიდან) გამოიწვია დეზინტეგრცია და დელეგიმიტიზაცია სახელმწიფოსიც (უფრო ზუსტად - სახელმწიფო აპარატისა).

5. ეკონომიკური საზოგადოება - ჩვენი აზრით თეორიულად და ემპირიულად უაღრესად მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ ორი დებულება: 1. კონსოლიდირებული დემოკრატია შეუძლებელია (არც იყო და ვერც იქნება)მბრძანებლური ეკონომიკის პირობებში; 2. თანამედროვე კონსოლიდირებული დემოკრატია შეუძლებელია (არც იყო და ვერც იქნება) წმინდა საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

თანამედროვე კონსოლიდირებული დემოკრატია მოითხოვს ქსელს სოციო-პოლიტიკურ სფეროში ჩამოყალიბებული და აღიარებული ნორმებისა, ინსტიტუტებისა და რეგულაციებისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ეკონომიკურ საზოგადოებას, რომელსაც უკავია შუალედური მდგომარეობა სახელმწიფოსა და ბაზარს შორის.

ქვემოთ ჩვენ მოვიტანთ ლინცის და სტეპანის მიერ წარმოდგენილ რამდენიმე ცხრილს, რომელნიც თვალსაჩინოდ წარმოადგენენ თანამედროვე კონსოლიდირებული დემოკრატიის ხუთ ძირითად სფეროს, თანამედროვე რეჟიმების იდეალურ ტიპებს, მათ ურთიერთმიმართებასა და ურთიერთდამოკიდებულებებს, შესაძლებლობებსა და შეზღუდვებს, რომელნიც წარმოიშობიან დემოკრატიზაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში.

ცხრილი 1. თანამედროვე კონსოლიდირებული დემოკრატიის ხუთი ძირითადი სფერო: შიდა-დამაკავშირებელი პრინციპები და საშუამავლო ველები

0x01 graphic

0x01 graphic

აქ არის დემოკრატია და ის რეჟიმები, რომლებიდანაც ხორციელდება გადასვლა დემოკრატიაზე, ეს რეჟიმები დახასიათებულია რიგი მახასიათებლების მიხედვით, პლურალიზმი, იდეოლოგია, ლიდერობა. ამ დახასიათებებიდან წარმოჩინდება შესაძლებლობები, რომლებიც ექმნება დემოკრატიზაციის პროცესს ამა თუ იმ რეჯიმის პირობებში. რასაკვირველია, ის დასკვნები, რომლებიც ამ ცხრილზე დაკვირვებიდან შეიძლება გამოვიტანოთ, უპირველეს ყოვლისა მეტოდოლოგიური ღირებულებისაა და შეიძლება ასახავდეს მხოლოდ უაღრესად ზოგად ტენდენციებს (მაგ. ავტორიტარიზმი და პოსტ-ტოტალიტარიზმი უკეთეს პირობებს ქმნის დემოკრატიზაციისთვის).

ცხრილი 2 თანამედროვე რეჟიმების იდეალური ტიპები და მათი განმსაზღვრელი მახასიათებლები

0x01 graphic

ცხრილი 3. მთავარი არადემოკრატიული ტიპის რეჟიმის მონაწილეობა დემოკრატიული კონსოლიდაციის ამოცანებში

0x01 graphic

შენიშვნა: არენათა ხასიათი მთავარ არადემოკრატიულ რეჟიმში გარდამავლობის დასაწყისთან ახლოს მდგარ პერიოდში უდიდესი მნიშვნელობისაა იმ ამოცანებისათვის, რომლებიც დგება დემოკრატიული ლიდერების წინაშე. რაც ნაკლებად განვითარებულია არენა, უფრო დიდია დემოკრატიულ ლიდერთა ამოცანები, რომლებიც მათ უნდა განახორციელონ, ვიდრე ახალი რეჟიმი შეძლებს დემოკრატიის კონსოლიდაციას.

4. ძირითადი არადემოკრატიული რეჟიმის ტიპის მონაწილეობა დემოკრატიული გარდაქმნის გზაზე

0x01 graphic

ცხრილი 5 არადემოკრატიული რეჟიმის დამოკიდებულება ტრანზიტულობის დასრულების მინიმალური ამოცანებისადმი და დემოკრატიული რეჟიმის კონსოლიდაციისათვის იმ რეჟიმის ტიპისათვის.

0x01 graphic

3 თავი III პოლიტიკური დემოკრატიზაცია, ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება

▲back to top


3.1 §1. ეკონომიკა

▲back to top


3.1.1 საბაზრო ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკური რეჟიმები

▲back to top


მეოცე საუკუნის მიწურულს, როდესაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, რომლის მრეწველობა და მთლიანად ეკონომიკა განვითარდნენ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, მაგრამ საბოლოო ჯამში არაეფექტურნი აღმოჩდნენ, დადგა საკითხო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიმწვავით დაიწყო მსჯელობა, რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, ავტორიტარული თუ დემოკრატიული, მითუმეტეს, რომ თითქმის ყველა განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანა სწორედ დემოკრატიული რეჟიმის პირობებში არსებობს, ამასთან კაპიტალისტურმა ეკონომიკამ გლობალიზაციის ტენდენცია შეიძინა, რაც თითქმის შეუძლებელია დახურულ საზოგადოებაში, როგორიცაა, როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფოები.

ახასიათებენ რა თანამედროვე განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებს, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის განვითარება აქ დიდწილად გაპირობებულია სწორედ ეკონომიკის განვითარებით და საბაზრო ეკონომიკის მაღალი დონით ანუ დემოკრატიამ კი არ შეუწყო ხელი ეფექტურ საბაზრო ეკონომიკას, არამედ პირიქით, საბაზრო ეკონომიკაა დემოკრატიის აუცილებელი პირობა. ამგვარად, საბაზრო ეკონომიკის განვითარება უნდა მოხდეს ავტორიტარულ რეჟიმში, ე.ი. ჯერ უნდა განვითარდეს ეკონომიკური რეფორმა და შემდეგ, პოლიტიკური.

ამ დამოკიდებულების მომხრეებს ზოგჯერ მოჰყავთ აღმოსავლეთ აზიის „ოთხი დრაკონის“ - კორეის, ტაივანის, ჰონგ-კონგის და სინგაპურის მაგალითები. ყველა მათგანი კაპიტალისტური განვითარების მაგალითებია და თანაც, ხშირ შემთხვევაში, მათი ეკონომიკური სისტემა გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე დასავლეთის ტიპის ეკონომიკები. თითოეული მათგანი არადემოკრატიული რეჟიმის დროს ჩამოყალიბდა განვითარებულ სახელმწიფოდ. რაც შეეხება იაპონიას, მართალია, II მსოფლიო ომის შემდეგ ის დემოკრატიული იყო, მაგრამ მაშინ, როდესაც პირველად ჩამოყალიბდა წარმატებული კაპიტალიზმი, სწორედ არადემოკრატიული იყო (1868-1912 წწ). იგივე შეიძლება ითქვას, ეკონომიკური რეფორმების წარმატების შესახებ ესპანეთსა და ჩილეში, რაც ასევე ავტორიტარული რეჟიმის დროს განხორციელდა. არანაკლებ საგულისხმოა თანამედროვე ჩინეთის მაგალითი, რომელიც ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმის პირობებში ავითარებს საკმაოდ ეფექტიან საბაზრო ეკონომიკას, და უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიაზე ლაპარაკი აქ არ შეიძლება, მისი რეჟიმი ეკონომიკური წარმატების კვალდაკვალ საგრძნობლად შერბილდა.

ძლიერი და ქმედითი ეკონომიკური რეფორმების გატარებისთვის აუცილებელია ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც არ იქნება დიდად დამოკიდებული მიმდინარე მოვლენებზე, როდესაც ხშირია სოციალური სტრესები და საზოგადოდ სოციალური მდგომარეობა მეტად არამყარია. იმ პირობებში კი, როდესაც დაბალია ხელისუფლების ლეგიტიმურობა და მოდერნიზაცია ხორციელდება ღარიბ საზოგადოებაში, სადაც ფაქტიურად არ არსებობს საშუალო კლასი, ნაკლებად სავარაუდოა ეკონომიკური რეფორმის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლობით მოითხოვს დასაყრდენს მოსახლეობაში. ამ საზოგადოებებში მეტად პრობლემატურია შეგნებული კოლექტიური მოქმედებების ორგანიზება, რაც აუცილებელია ეკონომიკური რეფორმის წარმატებისთვის. ძნელი თუ არა შეუძლებელი ხდება გრძლევადიანი ინტერესები და სახელმწიფო ხარჯები ძირითადად მოკლევადიან ინტერესებს ხმარდება, ვინაიდან ასე მოითხოვს მძიმე სოციალური მდგომარეობა და საზოგადოებრივი მოთხოვნილებები, მით უფრო, რომ ავტორიზმიდან ახლახან გამოსულ ადამიანებს ჯერ კიდევ მყარად აქვთ შენარჩუნებული შეგნება, რომ მათი სოციალური მდგომარეობა მთლიანად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

ასეთი დამოკიდებულების ეკონომიკური შედეგი არის შემოსავლების არაეფექტიანი განაწილება, ხარჯების კიდევ უფრო ზრდა და შესაბამისად, დაზოგვისა და ინვესტირების შემცირება, რაც იწვევს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას.

ყოველივე ზემოთქმული ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო უნდა იყოს დამოუკიდებელი სხვადასხვა პარტიკულარისტული ზეწოლისაგან, რათა გაატაროს ქმედითი ეკონომიკური პოლიტიკა, ის უნდა იყოს უნივერსალური აგენტი, რომელიც თავის თავზე აიღებს რეფორმების განხორციელებას და ბოლომდე მიიყვანს მათ მიუხედავად ამომრჩევლების უკმაყოფილებისა. ის, რომ რეფორმა ხშირად უკმაყოფილებას იწვევს, ნათელია და ეჭვგარეშეა ისიც, რომ დამოკიდებულება ამომრჩეველზე ამ რეფორმების განვითარებას ემუქრება. მაგრამ სწორედ ავტორიტარული რეჟიმის დროს არის ხელისუფლება უნივერსალური აგენტი იმ აზრით, რომ ის სრულებით არ არის დამოკიდებული თავის ამომრჩეველზე და ამდენად თავისუფალია თავის მოქმედებაში, მას სულ არ სჭირდება ხალხის მხარდაჭერა და მის პოლიტიკას, არაპოპულარულსაც კი მომავალი სრულიად განაღდებული აქვს. ამ შემთხვევაში ახალი პოლიტიკა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს ან არა, მაგრამ სწორი ანუ წარმატებული პოლიტიკის შემთხვევაში ხელისუფლება, რომელიც, როგორც აღინიშნა, იზოლირებულია ქვეყნის შიგნით, სრულებითაც არ უნდა იყოს იზოლირებული ქვეყნის გარეთ, იმიტომ რომ მან აუცილებლობით უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სურვილები და რეკომენმდაციები, ვინაიდან თანამედროვე ეკონომიკის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია მის ჩართულობაზე სართაშორისო ბაზრებსა და მიმოქცევაში. ეს არის პარადოქსი, რომელიც ავტორიტარული რეჟიმის ძირითად პრობლემას წარმოადგენს.

ასე ასაბუთებენ თავის შეხედულებას ის მკვლევარები, ვინც მიიჩნევს, რომ მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის პირობებშია შესაძლებელი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, რომელიც თავის მხრივ დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის საწინდარს წარმოადგენს. მათი დასაბუთება, როგორც დავინახეთ, არ არის მოკლებული ლოგიკურობასა და სისტემატურობას. მაგრამ არანაკლებ შთამბეჭდავად გამოიყურება საწინააღმდეგო მხარის არგუმენტაციაც, რომელიც დემოკრატიის უპირატესობებს უსვამს ხაზს. დემოკრატიულ რეჟიმებთან შედარებით, ავტორიტარულ რეჟიმებში, როგორც ცნობილია ინფორმაცია შეზღუდულია, იმიტომ რომ დახურულ საზოგადოებაში ინფორმირებულობის საწინააღმდეგო მოტივები მოქმედებენ. ამიტომ ასეთ საზოგადოებებში ინფორმაცია ნაკლებად მისაწვდომია. ეს პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც განვითარების სტრატეგიის ფოკუსი ინვესტირების სტრატეგიიდან ინვესტირების პროდუქტიულობაზე გადაინაცვლებს. რაც შეეხება იმას, რომ ავტორიტარულ რეჟიმებში უფრო ადვილად გასატარებელია ეკონომიკური რეფორმები ხელისუფლების დამოუკიდებლობის გამო ამომრჩევლებისგან, ესეც საკამათო ხდება, იმიტომ რომ ასეთი რეჟიმები მეტად მოუქნელნი და მგრძნობიარენი არიან ნებისმიერი ცვლილებისადმი, ნებისმიერი კრიზისი აქ იწვევს შეუქცევად პროცესებს, რომელიც დამხობით ემუქრება სისტემას. ამიტომ თუ ეკონომიკური რეფორმის წარმატების შემთხვევაში ხელისუფლების ლეგიტიმურობა ძლიერდება, სამაგიეროდ მარცხის შემთხვევაში ეს ლეგიტიმურობა, რომელიც თითქმის მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას ეფუძნება, სავალალოდ შეიძლება დამთავრდეს ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას, ის დიდწილად სწორედ ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული და გარეგან კავშირებზე, ამიტომ აქ ეს წარმატება არც თუ ეჭვგარეშეა.

დემოკრატიული რეჟიმების შემთხვევაში დელეგიტიმაციის შედეგად აქ კრახი და ხელისუფლების დამხობა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან დემოკრატია ხასიათდება შინაგანი ლეგიტიმურობით. გარდა ამისა, არჩევნების სისტემა იძლევა საშუალებას აირჩეს ახალი, უფრო ლეგიტიმური და სასურველი მთავრობა, ანუ ხელისუფლება მშვიდობიანად და კონსტიტუციის გზით შეიცვალოს. ასე მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ეკონომიკურ კრიზისებზე პოლიტიკური რეაქცია იყო ის, რომ საზოგადოებამ ხმა მისცა იმ პარტიებს, რომლებიც მმართველობაში არ მონაწილეობდნენ და არა ის, რომ დემოკრატიის ლეგიტიმურობა უარყო და მხარი დაუჭირა დიქტატურას.

საზოგადოდ, პოლიტიკური პლურალიზმი, რომლითაც ხასიათდება დემოკრატია, ეკონომიკური თუ სხვა გადაწყვეტილებების მიღებისას მეტ საშუალებას იძლევა დიდწილად მისი ინფორმირებულობის ღვაწლითაც. უფრო მეტიც, დემოკრატიული ინსტიტუტები ამცირებენ ეკონომიკური რეფორმების ტრანსაქციულ ხარჯებს და ზღუდავენ საზოგადოებრივი რესურსების ძარცვას. თავისუფალი პრესა და პოლიტიკური ოპოზიცია ასრულებს „წინასწარი გაფრთხილების სისტემის“ მნიშვნელოვან როლს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება პოლიტიკური შეცდომების კორექტირება. დემოკრატიული პოლიტიკური ბაზრით შექმნილი კონკურენცია იძლევა დაჯილდოებისა და დასჯის ხელმისაწვდომ მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ თავიანთ შეცდომებზე და დაინტერესებულნი არიან ამ შეცდომებისაგან თავის დაცვაში. ელექტორატის მხარდაჭერისა და მასში რეპუტაციის დამკვიდრებაზე დამოკიდებულება ზღუდავს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან მოქმედებას. როდესაც ლიდერები დამოკიდებულნი არიან ეკონომიკური რეფორმების წარმატებზე, ეს მოქალაქეებთან კოოპერირების უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა და მათ მოქმედებებს საზოგადოების წინაშე მეტ პასუხისმგებლობებს ანიჭებს.

ერთი მხრივ, უმრავლესობის მმართველობა, და მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიები, პროფესიული კავშირები და პოლიტიკური პარტიები პოლიტიკოსების მიკერძოებულობის გავლენას ზღუდავს. ერთნიც და მეორენიც იძულებულები არიან მიიღონ ალტერნატიული გადაწყვეტილებები, წავიდნენ ურთიერთდათმობაზე, გააშუალონ თავიანთი მოთხოვნები, პარტიკულარისტული თუ სახელმწიფოებრივი. ხელისუფლების ლეგიტიმურობა არ არის ისე ძლიერ დამოკიდებული მის ეკონომიკურ ქცევებზე და ამიტომ ხდება ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობათა განაწილება-გაფანტვა, რის გამოც დემოკრატიული რეჟიმები უფრო მდგრადია ეკონომიკური კრიზისების დროს. ამიტომაც, ამ რეჟიმების პოლიტიკური სტიმულები, ინფორმაცია და ლეგიტიმურობა იძლევა შესაძლებლობებს, მიღწეულ იქნას უფრო მეტი ეკონომიკური წარმატება, ვიდრე ავტორიტარული მმართველობის დროს.

რასაკვირველია, თავად დემოკრატიულ რეჟიმებს შორისაც არსებობს განსხვავებები და მათი ინსტიტუციონალური მოწყობა და პოლიტიკური ინსტიტუტების ბუნება დიდ როლს თამაშობს რეფორმების ხასიათის განსაზღვრასა და განხორციელებაში. ცენტრალიზმი და ფედერალიზმი, კონსტიტუციონალიზმი თუ უმრავლესობის მმართველობა და საარჩევნო სისტემის სხვადასხვა ტიპები და ინსტერესების წარდგენის მექანიზმები - ცალ-ცალკე ყველა ფლობს განსაკუთრებულ გავლენას ეკონომიკური პოლიტიკის კეთებაზე. ინსტიტუტებს, რომლებიც ახდენენ ძალაუფლების ნაკლებ კონცენტრაციას, შეუძლიათ მოახდინონ მთავრობების პარალიზება და შეზღუდონ რეფორმების განხორციელება. მეორე მხრივ, საპრეზიდენტო სისტემა და სხვა ინსტიტუციონალური თავისებურებები, რომლებიც აძლიერებს მთავრობის ძალაუფლებას, ახდენენ ნაწილობრივ გადაწყვეტილებების მიმღებთა იზოლაციას, აძნელებენ ინფორმაციის გაცვლას, იწვევენ პოლიტიკური სტიმულების ეროზიას და პოლიტიკური აქტორების პოლარიზაციას. მართალია, ასეთი ინსტიტუტები ხელს უწყობს ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ შესაძლოა ეს გადაწყვეტილებები არასწორი აღმოჩნდეს. უფრო მეტიც, თუკი სოციალური კონსენსუსი მიღწეული არაა, შეუძლებელია ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელება. თუკი პოლიტიკოსები თანახმანი არიან, რომ არ არსებობს წარმოდგენილი პოლიტიკის ალტერნატივა, თუკი ინტერესთა ჯგუფებს და მეწარმეთა გაერთიანებებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ კორპორატიული შეთანხმებების მიღებას და მოქალაქეებს კი სჯერათ, რომ რეფორმები საჭიროა და ამ რეფორმებს მთავრობა კომპეტენტურად და სამართლიანად განახორციელებს, მაშინ რეფომებისათვის გზა ხსნილია.

ეკონომიკური რეფორმების წარმატებისთვის არ არის საკმარისი პოლიტიკური სისტემის სათანადო მოწყობა, აუცილებელია აგრეთვე სახელმწიფო აპარატის ეფექტური ფუნქციონირება. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის პირობები, რომელშიც ხდება ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. ეს პირობები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და დიდწილად განაპირობებენ რეფორმების წარმატებას. სახელმწიფოს სიძლიერე, თავისთავად, რეფორმატორებისათვის უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი. საბაზრო რეფორმების პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი საჭიროებენ ძლიერ სახელმწიფოს.

დემოკრატიისგან განსხვავებით, ავტორიტარიზმისა და ტოტალიტარიზმის დროს ძირითადი მმართველობა სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელშია, რომელიც სრულებითაც არ არის პროფესიონალიზმით შერჩეული ან დანიშნული, მეტიც, როგორც წესი მას ამოძრავებს იდეოლოგიის სამსახური და თავისი პარტიკულარისტული ინტერესები, მისი მოქმედებაც ამ იდეოლოგიური დირექტივების მიხედვით ხორციელდება, რაც შორსაა სახელმწიფოს სიძლიერეზე ზრუნვისაგან. ხელისუფლება აქ მხოლოდ თავის სიძლიერესა და საკუთარი იდეოლოგიის დაცვაზეა მიმართული.

რეჟიმის ცვლილებისას ახალი დემოკრატიული მთავრობა ყოველთვის არ საჭიროებს ბიუროკრატიის ძირეულ გარდაქმნას, მას შეუძლია, უბრალოდ, მისი დეცენტრალიზაცია და გაფართოება სოციალური კეთილდღეობის, საზოგადოებრივი მომსახურების წარმოების, სამართლის ადმინისტრირებისა და გადასახადების აკრეფის სფეროში. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს თუნდაც ის დემოკრატიული რეჟიმი, რომელიც დამყარდა საფრანგეთში მეფის ძალაუფლების დამხობის შემდეგ. ბიუროკრატიული აპარატი აქ თითქმის არც შეცვლილა. კარგ მაგალითს წარმოადგენს აგრეთვე ესპანეთის შემთხვევა. მისი სახელმწიფო ბიუროკრატია უკანასკნელ წლებში, ფრანკოს რეჟიმის დროს გახდა მოდერნიზებული და უფრო პროფესიული. არსებობს საწინაარმდეგო მაგალითებიც, მაგალითად, საბერძნეთში სახელმწიფო ბიუროკრატია მეტად პოლიტიზირებული იყო, რის შედეგადაც კონსერვატული და სოციალისტური მთავრობების დროს გაიზარდა პოლიტიკური სირთულეები ეკონომიკური რეფორმების განხორციელებისას. ამის მსგავსად, პოსტკომუნისტურ უნგრეთსა და პოლონეთში სახელმწიფო ადმინისტრაცია უფრო ნაკლებად იყო პოლიტიზირებული და ამდენად უფრო პროფესიული, რის შედეგადაც იქ ეკონომიკის მართვა უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე ბულგარეთსა და რუმინეთში, სადაც ვითარება სხვაგვარი იყო. საზოგადოდ, როდესაც ეკონომიკა ლიბერალიზებულია, სახელმწიფო ბიუროკრატია უფრო პროფესიონალური ხდება. ორივე ეს პირობა კი ზრდის შესაძლებლობას დემოკრატიული მთავრობისთვის, გაატაროს ეკონომიკური რეფორმები.

ეკონომიკური რეფორმების წარმატების ალბათობა დიდწილად დამოკიდებულია იმ იდეებსა და ღირებულებებზე, რომელიც არსებობს დემოკრატიულ საზოგადოებებში. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ იდეას, როგორიცაა, მაგალითად, თანასწორობის იდეა - როდესაც მოქალაქეებს სჯერათ, რომ რეფორმების დანახარჯები თანაბრად ნაწილდება. ამ შემთხვევაში ეკონომიკურ რეფორმებს უფრო მეტი წარმატება ელით. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძლება მოიპოვონ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ურთიერთნდობა მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის და კონსენსუსი საზოგადოებაში. რეფორმებისათვის აუცილებელი კონსენსუსის მისაღწევად დემოკრატიული მთავრობები ცდილობენ მოიპოვონ მოქალაქეების ნდობა, რადგან მათი წარმატება დამოკიდებულია რეჟიმის ფართომასშტაბიან ლეგიტიმურობაზე. მაგრამ, როდესაც პოლიტიკოსები არიან ცნობილი კორუფციის მაღალი დონით, მათ არ შეუძლიათ მოიპოვონ მხარდაჭერა ხალხისაგან. თუკი პოლიტიკოსები თავიანთ მანდატებს ეფექტიანად გამოიყენებენ და იმუშავებენ საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევაზე, მათი წარუმატებლობის რისკი მინიმუმამდე შემცირდება. ამგვარად, ეკონომიკური რეფორმების წარმატება თუ წარუმატებლობა დიდწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ რეფორმებზეც, საწიროა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ერთგვარი შეთანადება, რაც სახელმწიფოს მხრიდან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და ახალი სოციალური პოლიტიკის შემუშავებას. იგულისხმება, რომ ამავე დროს პოლიტიკოსების მორალური ქცევა სრულიად ლეგიტიმურია.

ასე რომ, წარმატებული ეკონომიკური რეფორმები წინააღმდეგობაში არ მოდის დემოკრატიულ მმართველობასთან. თუმცა, იმ პოლიტიკური თუ ისტორიული წინაპირობების შექმნა, რომელიც საჭიროა ეკონომიკური რეფორმების მობილიზაციისათვის, ხანდახან არ არის ადვილი და მოითხოვს დროს, და რაც მთავარია, პოლიტიკური და ეკონომიკური ცოდნის მარაგის დაგროვებას.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური რეფორმა მდგრადი იქნება, დროთა განმავლობაში ეფექტს გამოიღებს და ფუნდამენტურად შეცვლის ძველი ეკონომიკის სტრუქტურას, თუკი მთავრობა, რომელიც ამ რეფორმებს ახორციელებს, საზოგადოების მხრიდან აღიქმება ლეგიტიმურად, კონსულტაციებს მართავს ძირითად სოციალურ და ინტერესთა ჯგუფებთან, რთავს მათ პოლიტიკის შექმნის პროცესში და ცდილობს აუხსნას საზოგადოებას ამ რეფორმების აუცილებლობა და საჭიროება. დემოკრატიებს ყველა ამ ასპექტში უპირატესობები გააჩნიათ.

რ.დალი საბაზრო კაპიტალიზმისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართების შესახებ

რატომაა სასარგებლო საბაზრო კაპიტალიზმი დემოკრატიისათვის?

დემოკრატია და საბაზრო კაპიტალიზმი ორი ადამიანივითაა, რომლებიც დაქორწინდნენ, აქვთ ხშირი კონფლიქტი და მხოლოდ იმიტომ იტანენ რთმანეთის, რომ არცერთ პარტნიორს არ უნდა განცალკევებულად ყოფნა.

მიზეზები, რომლებიც ერთმანეთისათვის შეთავსებადს ხდის დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას:

- პოლიარქიური დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც არის თუნდაც საფუძვლები ჩაყრილი საბაზრო ეკონომიკისათვის, ხოლო იქ, სადაც საბაზრო ეკონომიკა არ დომინირებს, დემოკრატიის ადგილი არ არის. ამგვარი კავშირი არსებობს იმის გამო, რომ საბაზრო კაპიტალიზმის ძირითადი თვისებები მისაღებია და სასარგებლო დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის. ამის საწინააღმდეგოდ, არასაბაზრო ორიენტაციის ეკონომიკა ვნებს დემოკრატიას.

ამ დასკვნის გასახსნელად შეიძლება ავღნიშნოთ, რომ გძელვადიან პერიოდში საბაზრო ეკონომიკას მივყავართ ეკონომიკურ ზრდასთან, რაც ხელს უწყობს დემოკრატიას, რადგან ის არა მარტო ამცირებს სიღარიბეს და ზრდის ცხოვრების დონეს, არამედ, შედარებით ამცირებს სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების ალბათობას.

- საბაზრო კაპიტალიზმი დემოკრატიისათვის სასარგებლოა იმის გამოც, რომ იგი ქმნის განსაკუთრებულ სოციალურ და პოლიტიკურ პირობებს. ის ქმნის საკუთრების მფლობელებს, რომლებიც ეძიებენ ავტონომიას, თავისუფლებას, განათლებას, კანონის დაცვას და მმართველობაში მონაწილეობას. ანუ ეს არის საშუალო ფენა, კლასი, რომელიც ქვეყანაში განსაზღვრავს დემოკრატიზაციის დონესაც, რადგან სწორედ მისგან მოდის ძირითადად დემოკრატიული იდეების განხორციელებისა და ინსტიტუტების შექმნის სურვილი და ინიციატივა.

მართალია, არასაბაზრო ეკონომიკაშიც შეიძლება იყოს ეკონომიური ზრდა და არანაკლები, ვიდრე საბაზროში, მაგრამ ამ სისტემის სტრუქტურა და ინსტიტუციონალური მოწყობა სხვაგვარია, არ არის დაფუძნებული კერძო საკუთრებაზე და ყველაფერს აკონტროლებს მთავრობა, რის შედეგადაც ძლიერდება კორუფცია. ძალაუფლება საერთოდ იწვევს კორუფციას, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება იწვევს აბსოლუტურ კორუფციას. ეს ბუნებრივიცაა, შენ გაქვს შესაძლებლობა, გამოიყენო მთელი ეკონომიკური რესურსები და ამით შეინარჩუნო შენივე ძალაუფლება.

აქედან, მართალია, დემოკრატია არსებობს მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში, მაგრამ საბაზრო ეკონომიკა შესაძლოა არსებობდეს არადემოკრატიულ ქვეყნებშიაც. ამ ქვეყნებში ავტორიტარული ლიდერები ხელს უწყობენ თავიანთი პოლიტიკით წარმატებული საბაზრო ეკონომიკას, ახორციელებენ ექსპორტის სუბსიდირებას, ეკონომიკურ ზრდას და სტიმულს აძლევენ განათლებული საშუალო ფენის განვითარებას, მაგრამ ამასთან უნებლიედ იმკიან საკუთრივ თავიანთი განადგურების შედეგებს. ანუ თუმცა საბაზრო კაპიტალიზმი და ეკონომიკური ზრდა დემოკრატიისათვის სასარგებლოა გრძელვადიან პერიოდში, მაგრამ საკმაოდ უსარგებლოა არადემოკრატიული რეჟიმებისათვის.

მაგრამ არსებობს დიდი წინააღმდეგობები დემოკრატიასა და საბაზრო კაპიტალიზმს შორის, რომლებიც თითოეულ მათგანს ზღუდავს და გარკვეულად მოდიფიცირებას უკეთებს.

მაგალითად, საბაზრო ეკონომიკას მოაქვს ზოგიერთებისათვის მოგება, მაგრამ სამაგიეროდ, მძიმე მდგომარეობაში აყენებს ასევე საზოგადოების დიდ ნაწილს.

იმის გამო, რომ საბაზრო სისტემის თვითრეგულირებადობის აქსიომა წარსულს ჩაბარდა, საბაზრო კაპიტალიზმმა მოითხოვა მრავალი საბაზრო-კაპიტალისტური ინსტიტუტის მართვა და ამ პროცესში სახელმწიფოს ჩართვა. მაგალითად, მონოპოლიების მართვა, ეკონომიკურ სუბიექტთა საკუთრება, საკუთრების უფლებათა დაცვა. ეს და სხვა მრავალი საბაზრო საკითხი კანონების მეშვეობით წყდება. ასე რომ, სულაც არ არის თვითრეგულირებადი.

ამასთან, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე საბაზრო ეკონომიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ზოგიერთ ადამიანს, რადგან ყველა ეკონომიკური სუბიექტი საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე მოქმედებს და არასოდეს ფიქრობს სხვათა კეთილდღეობაზე. ლოგიკა ასეთია, თუ ეს მე არ გავაკეთე, სხვა გააკეთებს, ანუ ფულს სხვა მიიღებს და მერე მე დამჩაგრავს, ასე რომ, სხვაზე ფიქრს და მათთვის ანგარიშის გაწევას აზრი არ აქვს.

ასე რომ, ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა მნიშვნელოვნად ახდენს გავლენას საბაზრო კაპიტალიზმის ფუნქციონირებაზე და საბაზრო კაპიტალიზმის არსებობა კი უდიდეს გავლენას ახდენს დემოკრატიულ-პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ასე რომ, მიზეზი ორივე მხრივ უნდა ვეძებოთ:პოლიტიკიდან ეკონომიკისაკენ და ეკონომიკიდან პოლიტისაკენ.

იმის გამო, რომ საბაზრო კაპიტალიზმი თავისთავად წარმოშობს უთანასწორობას, ის ზღუდავს პოლიარქიური დემოკრატიის პოტენციალს პოლიტიკური რესურსების განაწილებაში უსამართლობის გაძლიერების გზით.

საბაზრო კაპიტალიზმი დიდად ასტიმულირებს დემოკრატიის განვითარებას პოლიარქიული დემოკრატიის დონემდე, მაგრამ პოლიტიკური თანასწორობისათვის მის მიერ უნებურად შექმნილი პირობების გათვალისწინებით, იგი ვეღარ ახერხებს დემოკრატიის აყვანას პოლიარქიულობის დონეზე ზემოთ.

რატომ ვნებს კაპიტალიზმი დემოკრატიას?

1. დემოკრატია და საბაზრო კაპიტალიზმი მუდმივ კონფლიქტში არიან და ამ კონფლიქტში ერთმანეთს გარკვეულად ზღუდავენ და მოდიფიცერებას უკეთებენ

ისტორიამ აჩვენა, რომ სამუშაო ძალის, მიწის, კაპიტალის და ფულის თვითრეგულირებადი ბაზრები, მართალია, ეფექტიანად მუშაობს და საზოგადოების წევრებისთვის სასარგებლოა, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილისათვის საზიანოა. სწორედ თავისუფალი ბაზრისგან დაზარალებულთა მხრიდან წარმოიშვა შეხედულება, რომ საჭიროა მისი რეგულირება. თუმცა, ამ შეხედულებას თავიდანვე ჰყავდა ოპონენტები, რომლებიც მიდიოდნენ რა კომპრომისზე, აცხადებდნენ, რომ თუკი მოხდება ბაზრის რეგულირება, ეს აუცილებლად უნდა იყოს დროებითი მოვლენა და არა მუდმივი. ასე ხდებოდა არა მარტო ინგლისში, არამედ დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნაბშიც. იქ, სადაც მთავრობაზე ზემოქმედება შეუძლია საზოგადოებას, შეუძლებელია თავისუფალი ბაზრის არსებობა, ანუ საბაზრო კაპიტალიზმი მთავრობის ინტერვენციების და რეგულირების გარეშე დემოკრატიულ ქვეყანაში შეუძლებელია. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს:

პირველი არის ის, რომ საბაზრო კაპიტალიზმის ძირითადი ინსტიტუტები თავისთავად მოითხოვენ მთავრობის მხრიდან ინტერვენციებსა და რეგულირებას. კონკურენციული ბაზარი, ეკონომიკური ერთეულების საკუთრება, კონტრაქტების ძალაში შესვლა და განხორციელება, მონოპოლიების შეზღუდვა და აკრძალვა, საკუთრების უფლებების დაცვა - საბაზრო კაპიტალიზმის ეს და სხვა მრავალი ასპექტი მთლიანად დაფუძნებულია კანონებზე, პოლიტიკაზე, წესრიგზე და სხვა მოქმედებებზე, რომელთაც მთავრობა ახორციელებს. ასე რომ, საბაზრო ეკონომიკა არ შეიძლება იყოს, და ვერც იქნება თვითრეგულირებადი.

მეორე, მთავრობის ინტერვენციის გარეშე საბაზრო ეკონომიკა თანდათანობით აზარალებს ზოგიერთ ადამიანს. და ისინი, ვინც ზარალდება, ან გრძნობს, რომ სამომავლოდ დაზარალდება, მოითხოვენ მთავრობისაგან ეკონომიკაში ჩარევას. პირადი ინტერესით მოტივირებული ეკონომიკური აქტორები ვერ ითვალისწინებენ სხვათა ინტერესებს საკუთარ ქცევაში, რადგან თუკი საწინააღმდეგოდ მოიქცევიან, შეიძლება მათაც იგივე ბედი გაიზიარონ და უფრო მეტიც, შეიძლება დაზარალებულებს უბრალოდ ადგილი გაუცვალონ.

ამ პირობებში უამრავი კითხვა წამოიჭრება: შესაძლებელია კი ამ ზარალის შემცირება, ან სრულიად აღმოფხვრა? თუკი შესაძლებელია, როგორი იქნება ამ შემთხვევაში დანახარჯები-სარგებლიანობის თანაფარდობა? როდესაც ზოგი ზარალდება, ხოლო ზოგი სარგებლობას იღებს, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, მაშინ საიდან უნდა განვსაზღვროთ რა არის მისაღები? რომელია საუკეთესო გადაწყვეტილება? და თუ საუკეთესო არა, ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება? როგორ უნდა იქნას მიღებული ეს გადაწყვეტილებები და ვის მიერ? როგორ და რა საშუალებებით უნდა შევიდეს ძალაში ეს გადაწყვეტილებები?

ცხადია, რომ ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური კითხვები. ისინი მორალური და პოლიტიკური კითხვებიცაა. დემოკრატიულ ქვეყანაში, ეძებენ რა ამ კითხვებზე პასუხებს, მოქალაქეები მიმართავენ მთავრობას და პოლიტიკოსებს. საუკეთესო კანდიდატი საბაზრო ეკონომიკის საზოგადოებისათვის მტკივნეული შედეგების შესაცვლელად ეკონომიკაში ჩარევისა არის სახელმწიფოს მთავრობა. ხოლო ის, მიაღწევენ თუ არა საზოგადოების წევრები მთავრობის მხრიდან ინტერვენციებს, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე.

ქვეყანაში, რომელიც ცნობილია, როგორც საბაზრო კაპიტალიზმის ქვეყანა, ყველა დონის მთავრობა მრავალგვარად ერევა ეკონომიკაში, მაგალითად:

- უმუშევრობის დაზღვევა;

- ხანდაზმულობისთვის დახმარება;

- ფისკალური პოლიტიკა ინფლაციისა და ეკონომიკური დაცემის თავიდან ასაცილებლად;

- დაცულობა: საჭმელი, წამლები, ავიახაზება, რკინიგზა, მეტრო, ქუჩები;

- საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ინფექციებზე კონტროლი, ვაქცინაცია სკოლებში;

- ჯანმრთელობის დაზღვევა;

- განათლება;

- ობლიგაციების, აქციების და სხვა ფასიანი ქაღალდების გაყიდვა;

- სტანდარტების დაწესება;

- საბაზრო კონკურენციის დაცვა, მონოპოლიების და სხვა სავაჭრო შეზღუდვების აკრძალვა;

- საიმპორტო კვოტებისა და ტარიფების შემოღება და შემცირება;

- პროფესიონალთა - ექიმების, იურისტების, ბუღალტრების და სხვათა ლიცენზირება;

- ეროვნული პარკების, რეკრეაციული ზონების დაფუძნება და შენარჩუნება;

- ფირმების რეგულირება გარემოს დაბინძურებაზე კონტროლის დაწესების გზით;

- თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის რეგულირება მისი გაყიდვის შემცირებით სხვადასხვა დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით;

და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

დასკვნა - დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება არსებობდეს თვითრეგულირებადი საბაზრო კაპიტალიზმი, სადაც სახელმწიფო არ ახორციელებს საბაზრო ჩავარდნების კორექტირებას.

და თუკი ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების არსებობა გავლენას ახდენს საბაზრო კაპიტალიზმის ფუნქციონირებაზე, საბაზრო კაპიტალიზმის არსებობა ქვეყანაში დიდ გავლენას ახდენს დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე. ასე რომ მიზეზობრივი ისარი მიმართულია პოლიტიკიდან ეკონომიკისაკენ, ხოლო ეკონომიკიდან პოლიტიკისაკენ.

2. რადგანაც საბაზრო კაპიტალიზმი უცილობლად იწვევს უთანასწორობას, ის ამცირებს დემოკრატიის პოტენციალს პოლიარქიული დემოკრატიის შექმნისა, რადგანაც ხელს უწყობს პოლიტიკური რესურსების განაწილების უთანაბრობას.

უთანასწორობის გამო, ზოგიერთი მოქალაქე უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს მთავრობაზე, გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე, ვიდრე სხვა. ასე რომ, საზოგადოების წევრები არ არიან პოლიტიკურად თანასწორნი, რითაც დემოკრატიის მორალური საფუძველი - საზოგადოების წევრთა პოლიტიკური თანასწორობის შესახებ, ირღვევა.

3. საბაზრო კაპიტალიზმი ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, თუკი მიღწეულია დემოკრატიული პოლიარქიის დონე. მაგრამ მისი საწინააღმდეგო პირობის გამო, რაშიც პოლიტიკური უთანასწორობა იგულისხმება, საბაზრო კაპიტალიზმი არ არის დემოკრატიის განვითარებისათვის სასურველი, ვიდრე არ მიიღწევა დემოკრატიული პოლიარქიის დონე.

საბაზრო კაპიტალიზმი არის ავტორიტარული რეჟიმის ძლიერი დამანგრეველი ძალა. როდესაც იგი ახდენს საზოგადოების ტრანსფორმაციას მიწისმფლობელთა და გლეხთაგან დაქირავებულებსა და დამქირავებლებად; გაუნათლებელი სოფლელი მოსახლეობიდან განათლებულ ურბანიზებულ, გადარჩენისუნარიან საზოგადოებად; მცირე ელიტის მიერ მონოპოლიზებული რესურსების საზოგადოებიდან რესურსების უფრო ფართოდ განაწილებულ საზოგადოებად; სისტემიდან, სადაც ბევრს შეუძლია ცოტა გააკეთოს იმისათვის, რომ გადარჩეს და საკუთარი ინტერესები დაიცვას, სისტემაში, სადაც ბევრს შეუძლია ეფექტიანად შეათანაწყოს მის საკუთრებაში არსებული რესურსები და მოახდინოს მთავრობაზე ზეგავლენა - თუკი საბაზრო კაპიტალიზმს შეუძლია ასეთი ცვლილებების მოხდენა და ასეთი პროცესები ვრცელდება მთელს განვითარებად სამყაროში, ის ასრულებს საზოგადოებისა და პოლიტიკის ტრანსფორმაციის ბორბლის ფუნქციას.

როდესაც ნაკლებად მოდერნიზებულ ქვეყანაში ავტორიტარული მმართველები ანვითარებენ საბაზრო ეკონომიკას, ისინი (გრძელვადიან პერიოდის) მუშაობენ საკუთარი მმართველობის ნგრევაზე, თუმცა ამას ვერ გრძნობენ.

მაგრამ თუკი საზოგადოება და პოლიტიკა არის საბაზრო კაპიტალიზმის მიერ ტრანსფორმირებული, შეხედულებები ფუნდამენტურად იცვლება. ახლა უკვე რესურსების უთანასწორობას, რომელსაც საბაზრო კაპიტალიზმი იწვევს, მოაქვს სერიოზული პოლიტიკური უთანასწორობა საზოგადოების წევრებს შორის. ასე რომ, როგორ შეიძლება პოლიარქიული დემოკრატიისა და საბაზრო კაპიტალიზმის დაწყვილება ისე, რომ დემოკრატიულმა პოლიარქიულობამ სამომავლოდ ზარალი არ განიცადოს, ძნელი სათქმელია. დამოკიდებულება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასა და მის არადემოკრატიულ ეკონომიკურ სისტემას შორის მეოცე საუკუნეში, მიგვითითა დემოკრატიის მიზნების და პრაქტიკის საშინელი გამოწვევისაკენ, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეშიც გაგრძელდება.

3.1.2 ბოლო ათწლეულის პოსტ-კომუნისტური რეფორმების ძირითადი ნიშნები

▲back to top


კაპიტალიზმისა და თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებები საკმაოდ მჭიდრო ურთიერთმიმართებაშია და კარგად ეხმიანება ერთმანეთს; რაც მთავარია, ორივე მათგანი, კაპიტალიზმიც და ლიბერალური დემოკრატიაც ცალკე აღებულიც კი, ლიბერალური ღირებულებებიდან მოდის, მათ ემყარება და განვითარებისას სწორედ მათ ითვალისწინებს. შესაძლოა, სწორედ ამის გამოა, რომ თანამედროვე განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში კაპიტალიზმის და დემოკრატიის განვითარება თითქმის პარალელურად მოხდა. ამით აიხსნება მათი, როგორც ცნებების და სისტემების იდენტიფიცირება და დებულებამ „დემოკრატია მოითხოვს კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკას“ აქსიომატური შინაარსი შეიძინა.

მეორე ღირებულება თანასწორობის გარდა, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია და, შეიძლება ითქვას, ფუნდამენტური, არის ინდივიდის თავისუფლება, რაც ამავე დროს უფლებაცაა. კაპიტალიზმის განვითარების მანძილზე, პრაქტიკულად, ადამიანის ყველა თავისუფლების (როგორც ეკონომიკურ, ისე სხვა ასპექტებში) განუხრელი დაცვა ძირითადი ამოცანაა. ამ ღირებულებას ემყარებოდა და ემყარება ლიბერალური კლასიკური ეკონომიკური თეორიის მამამთავართა და მიმდევართა შეხედულებებიც იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს კაპიტალისტურ საბაზრო ურთიერთობებში, ვინაიდან ის გარეშე ძალაა (გარეშე ძალად აქ იგულისხმება ყველაფერი, რაც არ არის დაკავშირებული მომხმარებელთა და მწარმოებლის უშუალო ურთიერთობებთან) და მისი მონაწილეობა ეკონომიკაში თრგუნავს უპირველეს უფლებას, ინდივიდის მოქმედების თავისუფლებას (იგულისმება, რომ ინდივიდი არ არღვევს კანონებს და არ ლახავს სხვა ადამიანთა თავისუფლებასა და ღირსებას). პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ასეთი განვითარება, როდესაც დემოკრატიას თან ახლავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა დასავლეთის ქვეყნებში ბუნებრივად მოხდა საზოგადოებისა და მისი ღირებულებების ჩამოყალიბების კვალობაზე. ის არ იყო გარედან თავს მოხვეული, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ შემოთავაზებული და საზოგადოების ისტორიული განვითარების შედეგია.

ამისგან განსხვავებით, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში დემოკრატიული გარდაქმნები თავიდანვე გარეშე ძალის ჩარევით დაიწყო, ხელოვნურად, რამაც ფაქტობრივად პოსტკომუნისტური ქვეყნების მთელი საზოგადოების შოკირება და, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთგვარი პარალიზებაც კი გამოიწვია. პოსტკომუნისტური ქვეყნების დემოკრატიული გარდაქმნების „ბოლო“ ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია. თუ თავიდან მიიჩნევდნენ, რომ 5-7 წელიწადში მოხდება დემოკრატიაზე და საბაზრო ეკონომიკაზე სრული გადასვლა, რაც პარალელურად აუცილებლობით საზოგადოების კეთილდღეობასაც მოიტანს, ამჟამად აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ე.წ. გარდამავალი ეტაპი გაცილებით ხანგრძლივი პროცესია. გარდაქმნიდან უკვე ერთი ათეული წელი გავიდა და არათუ ე.წ. კონსოლიდირებული (ჩამოყალიბებული) დემოკრატია, არამედ საარჩევნო დემოკრატიაც კი, შესაძლოა, არ არსებობს, რომ აღარაფერი ვთქვით, იმგვარი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე, როგორსაც „მოითხოვს დემოკრატია“.

ბოქსი - ჯერ დემოკრატია პოლიტიკაში და შემდეგ საბაზრო ეკონომიკა ან კაპიტალიზმი - ასეთი პრეცენდენტი მხოლოდ ერთია - პოსტ-სოციალისტური ქვეყნები. - ბოქსი

დაიწყო რა სოციალისტური სისტემის ტრანსფორმაცია, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში ეს პროცესი უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის ინსტიტუტების მშენებლობაში გამოიხატა (რაც ნიშნავს დემოკრატიზაციას ხელოვნურად, ზემოდან). ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოებისა და ეკონომიკის შეთანაწყობის პროცესი ამ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან. ვინაიდან ამ პროცესს არავითარი საფუძველი არ გააჩნდა, მისი მიმდინარეობაც ჩვეული სახით წარიმართა, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სოციალიზმის დროს, ინერციით, როდესაც ყველა დასახული მიზნისკენ მიისწრაფვოდა იმისგან დამოუკიდებლად, არსებობდა თუ არა მისი რაიმე წანამძღვარი. მაგრამ ამჯერად ამ მიზანმა მიმართულება შეიცვალა, ნაცვლად კომუნიზმისა ამ ქვეყნებმა დემოკრატიის აშენება გამოაცხადეს თავის მიზნად. თუმცა, კომუნიზმის გამოსაცხადებლად, საბჭოთა კავშირში გარკვეული საფუძვლები მომზადებული იყო და, ბოლოს და ბოლოს, ამაზე იდეოლოგიურად მუშაობა მთელი 70 წლის მანძილზე მიდიოდა. რაც შეეხება დემოკრატიას, აქ ესეც არ მომხდარა. უბრალოდ, ის შემოიღეს კარგი ცხოვრების მიღების იმედით. კარგი ცხოვრება მარტო დემოკრატიასთან კი არა, საბაზრო ეკონომიკასთანაც ასოცირდებოდა, ამიტომ პოსტკომუნისტური ქვეყნების მეორე მიზანი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გახდა. მაგრამ საბოლოოდ ირკვევა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჯერ-ჯერობით ვერც დემოკრატია დამყარდა და ვერც საბაზრო ეკონომიკამ მოიკიდა ფეხი.

ეკონომიკური სისტემა არ არის საზოგადოებრივი მოწყობის ის სფერო, რომელიც შეიძლება შეიცვალოს მთავრობის თვითნებური ჩარევით. პირიქით, ეს მეტისმეტად რთული სტრუქტურაა, რომელიც მოიცავს მრავალ სამართლებრივ და ფინანსურ ინსტიტუტს, ფორმალურ და არაფორმალურ წესს, საერთო ღირებულებებს და ტრადიციებზე დაფუძნებულ ქცევის ტიპებს. ეს ყველაფერი ემყარება ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ინსტიტუტებს. 1989 წლის გადატრიალებამ, რომელიც ეყრდნობოდა მეტწილად ძველი გეგმიანი მეურნეობის ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული საფუძვლების ნგრევას, ზემოთხსენებული პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები უფუნქციო გახადა და შემცვლელის ძიებისას კრახი განიცადა. კრახში იგულისხმება ამ შემცვლელის სწრაფად მოძებნის ილუზიის გაქრობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყველა „რევოლუციონერს“ რეალურად ესახებოდა.

ავსტრიული სკოლის ეკონომისტების (ჰაიეკი, მიზესი) უმთავრესი თეზისი მდგომარეობს იმაში, ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურა, რომელიც შეესაბამება საბაზრო ეკონომიკას, ყალიბდება ხანგრძლივი ევოლუციური პროცესის შედეგად, რის თაობაზეც ადრე უკვე იყო ნათქვამი. სამართლებრივი ინსტიტუტების გადმოღება შეიძლება ადვილი მოგვეჩვენოს და ბევრს სწორედ ასეც ეგონა, მაგრამ მათი ეფექტიანად ამუშავება მოითხოვს სხვა ქვეყნების გამოცდილების ცნობიერად გაზიარებას და მათთან შეგუება, ადაპტაცია ხანგრძლივი პროცესია, რის შედეგადაც ხდება ამ ინსტიტუტებთან მუშაობის ქცევებშიც გათავისება. ინსტიტუციონალური მშენებლობა, რომელიც გრძელვადიანი ამოცანაა და სტაბილიზაცია, ეკონომიკური რეფორმები და სხვა უფრო მოკლევადიანი საკითხები არ შეიძლება განვიხილოთ განცალკევებულად. მაგალითად, ეკონომიკური სისტემის რეაქცია ფულად-საკრედიტო და ფისკალურ ღონისძიებებზე დამოკიდებულია ამ ქვეყნის ფინანსურ და საბანკო სტრუქტურებზე. მენეჯერების და მუშაკთა მიდგომები დეცენტრალიზებულ საბაზრო ეკონომიკასთან კოორდინირების პრობლემებისადმი ასევეა დამოკიდებული იმ ინსტიტუციონალურ გარემოზე, რომელშიც ისინი მოქმედებენ.

ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც განსაზღვრული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტები. მაშინაც კი, როდესაც დამტკიცებულია არსებული სტრუქტურების არაეფექტიანობა, არ შეიძლება მათი სწრაფად „გადაყრა“ და სხვებით შეცვლა. ინსტიტუტები აუცილებლად ჯდებიან მოცემულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში დაშვებული და არდაშვებული მოქმედების გარკვეულ საზღვრებში. ასეთი საზღვრების აღიარებას მივყავართ საზოგადოებრივი ქცევის განსაზღვრული სტანდარტების აღიარებამდე, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს უფრო ზოგადი მორალური ღირებულებებიდან და სოციალური ტრადიციებიდან. სხვა სიტყვებით, სტრუქტურებს აქვთ არა მხოლოდ ინსტრუმენტული მნიშვნელობა, არამედ საკუთარი შინაარსი, რომელიც ასახავს მოცემულ სისტემაში მცხოვრები, მომუშავე ადამიანების მორალს და ქმნის საფუძველს ინდივიდების იმ მიზნების მხარდაჭერისათვის, რომლებიც სცდება პირადი ინტერესის ჩარჩოებს.

კავშირები შინაგან ღირებულებებს, განწყობებსა და ინსტიტუციონალურ სტრუქტურებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი აყალიბებენ საზღვრებს, რომლებშიც ინსტიტუციონალური სტრუქტურა კონკრეტული ინდივიდის კერძო ან ჯგუფური ინტერესებიდან გამომდინარე, დაექვემდებარება მანიპულირებას. ეს ნიშნავს, აგრეთვე, რომ სისტემის სასურველი ცვლილებები შესაძლოა შეფასებული იქნას არსებული ღირებულებებით და განწყობებით, ვინაიდან ამ ღირებულებების ცვლილება ძალიან ნელა მიმდინარეობს. ინსტიტუციონალურ სტრუქტურაში მისი ისტრუმენტული ასპექტების და შინაგანი ღირებულებების დაშორიშორება ნაწილობრივ გვეხმარება ავხსნათ დეზორგანიზაციისა და აპათიის გრძნობები, რომლებიც ესოდენ გავრცელებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოსახლეობაში.

ამგვარად, სისტემის შესაძლებლობა, განიცადოს ცვლილებები თანმიმდევრული, ევოლუციური გზით, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ ღირებულებათა და მორალურ ღირებულებათა საბაზისო სტრუქტურას ახალ პრობლემებთან და გამოწვევებთან ადაპტირება. ზოგიერთი სისტემა სრულიად მოკლებულია უნარს შეეთავსოს იმ კონსტრუქციულ სისტემებს, რომლებიც, შესაძლოა, მისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლოდ აუცილებელიც კი იყოს. მაგრამ ძველი სისტემის თუნდაც კრახი არ ნიშნავს, რომ შეიძლება ახლის ადვილად შექმნა. იმისთვის, რომ ახალმა სისტემამ დააკმაყოფილოს ლეგიტიმურობის, წესრიგისა და კეთილდღეობის ძირითადი მოთხოვნები, საჭიროა დრო და ეფექტიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

  • „ლეგიტიმურობა“ ასაბუთებს მთავრობის ძალაუფლებას მის მოქალაქეებთან მიმართებაში და ამყარებს კავშირს საზოგადოების ძირითად ინტერესებსა და მოსახლეობის „მორალურ წარმოდგენებს“ შორის;

  • „წესრიგი“ ნიშნავს კანონებს, სოციალურ წესრიგს, ნორმებს და პროცედურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოქმედების და ქცევის სოციალურად მისაღები ფორმებისათვის სტიმულებს, ხოლო მიუღებლობისათვის - დასჯას;

  • „კეთილდღეობა“ გულისხმობს, რომ საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან მიმართებაში ლოიალობა შეუძლებელი ხდება, თუკი სოციალური სარგებლობის და დანახარჯების განაწილება მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს უსამართლოდ მიაჩნია.

პოსტსაბჭოური ქვეყნების რეფორმების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ტიპის პოლიტიკური ეკონომიის შეცვლა მეორეთი დაიწყო ეკონომიკური ღონისძიებებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების ერთდროული პარალელური ცვლილებით და რომ ტრანსფორმაციას დაექვემდებარა ცენტრალიზებული გეგმიანი ეკონომიკა ავტორიტარული ხელისუფლებით. თანაც, ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნებს არ ჰქონდათ გამოცდილება ამ ტრანსფორმაციის პროცესების წარმართვისათვის. ღია, დემოკრატიული მთავრობებისგან, როგორც წესი, მოითხოვება ელექტორატის ინტერესების უზრუნველყოფა და რეფორმების ისეთი ტემპით წარმართვა, რომ რჩებოდეს დრო მისაღები გადაწყვეტილებების განსახილველად და გასაზიარებლად. ეს არის საერთო პრინციპი, მაგრამ რეფორმირების პროცესში მყოფი ქვეყნებისათვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან დისკუსიები უნდა იმართებოდეს არა რაიმე უმნიშვნელო, არამედ საზოგადოების სამომავლო სტრუქტურის და პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების ცვლილების პრინციპულ საკითხებზე. აუცილებელი მოთხოვნა დემოკრატიული სახელმწიფოსადმი არის განხორციელებული პოლიტიკის ახსნა და ხალხისაგან ამ პოლიტიკის გატარებაში მხარდაჭერის მონახვა. აქ, პირველყოვლისა, იგულისხმება ის, რომ სიტუაცია მთავრობისაგან მოითხოვს პოლიტიკის ამოცანების ნათლად გამოხატვას და იმის ჩვენებას, რომ ეს პოლიტიკა მხარდაჭერილია ხალხის მიერ. თუმცა, რასაკვირველია, ძალიან იშვიათია გრძელვადიანი კომპლექსური პროგრამა, რომელიც შეძლებდა გარდაქმნის მთლიანი პროცესის წარმოდგენას და ახსნას და მოახდენდა ხალხის მობილიზაციას მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ამიტომაც იყო, რომ ე.წ. „შოკურ თერაპიას“ იმედების გაცრუება მოჰყვა თვით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, სადაც ის „მოკლე ჩართვით“ განხორციელდა.

მეტად დამახასიათებელი იყო ილუზია, რომ „მხოლოდ კონკურენცია ავითარებს ინიციატივას, რაც უზრუნველყოფს მეწარმეობრივ უნარს და ტექნიკურ პროგრესს“. ეს ილუზია რეალობასთან მიახლოებისას გაქრა; მართალია, საბაზრო ურთიერთობები და საბაზრო ეკონომიკა ნებისმიერი ეკონომიკური სისტემისათვისაა დამახასიათებელი რაღაც სახით ან როგორც ხშირად ამბობენ, მათ იმანენტურ თვისებას წარმოადგენს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდული საბაზრო ურთიერთობები მაშინვე გაშლიან ფრთებს, როგორც კი ეს შეზღუდვები მოიხსნება. მართალია, ამ შეზღუდვების მოხსნით და „თამაშის წესების“ ცვლილებით აუცილებლად მივიღებთ სხვა შედეგს, იმისგან განსხვავებულს, რაც, ვთქვათ, საბჭოთა ეკონომიკურ სისტემაში გვქონდა, მაგრამ ამაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგულისხმებოდეს, რომ ე.წ. „შოკური თეორია“, „დიდი ნახტომი“ და ა.შ. ერთადერთ და სასურველ შედეგს მოიტანს, რომ ეს შედეგი განვითარებული საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ერთობლიობა იქნება.

თავის დროზე „შოკური თერაპიის“ მომხრეებმა ამ პრობლემების იგნორირება მოახდინეს; სცენარი აღმოსავლეთი ევროპის თითქმის ყველა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ერთნაირად წარიმართა - იმის შიშით, რომ „ძველი გვარდია“ არ დაბრუნებულიყო, რეფორმატორებმა უარყვეს კონსენსუსი და, როგორც აღინიშნა, ეს ცვლილებები კვლავ ძველებურად, ავტორიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი ფორმით მოხდა. ამდენად, ამგვარი ერთმნიშვნელოვნებითა და რაიმე ალტერნატივების უარყოფით, მოცემული მიდგომა საოცრად და პარადოქსულად ავტორიტარული აღმოჩნდა, ხოლო თავის პოლიტიკურ წანამძღვრებში ის მეტისმეტი აჩქარებითა და გულუბრყვილობით ხასიათდება.

ბოქსი - მაშინ, როდესაც 1988 წელს კომუნისტურმა რეჟიმებმა გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს პოლიტიკაშიც და ეკონომიკაშიც და როდესაც ეს აღმოსავლეთ ევროპაში ნიშნავდა დამატებით უცხოური ჰეგემონიის დასრულებას, უცნაურია, რატომ არ მოხდა უფრო დინჯი და გრადუალური მიდგომის გამოყენება - არადა ცხადია, რომ კონსენსუსზე დამყარებული პოლიტიკის არარსებობა იყო კომუნისტური რეჟიმების ყველაზე მეტად დამახასიათებელი თვისება და ეს განასხვავებდა მას დასავლური დემოკრატიებისგან.

რაიმენტი - რთული გზა საბაზრო ეკონომიკისაკენ,- ბოქსი.

შეიძლება ითქვას, რომ შოკურმა თერაპიამ „ძველი გვარდიის“ ნეიტრალიზება კი არ მოახდინა, არამედ მას დამატებითი კოზირებიც კი მისცა ხელში. სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაცია კარგად იქნა გამოყენებული ძველი რეჟიმის წარმომადგენელთა მიერ (ურთიერთშეზრდილი პარტიული, ბიუროკრატიული და სამეურნეო ელიტა) იმისათვის, რომ ჩალის ფასად შეესყიდათ აქტივები და მესაკუთრეები გამხდარიყვნენ. შედეგად, თუკი მათი ბატონობის წყარო იყო პარტიული იერარქია, ახლა ასეთ დონორად გადაიქცა ეკონომიკური ძალაუფლება, რომელიც სპეციალურად მათთვის წარმოიშვა საბაზრო ურთიერთობებზე შეზღუდვების მოხსნის კვალობაზე. ნომენკლატურამ გამოამჟღავნა ნებისმიერ სახელისუფლებო და მმართველობის ფორმასთან ადაპტირების არაჩვეულებრივი უნარი. უფრო მეტიც, ძველი გვარდიის წარმომადგენელთა უმრავლესობას აღარც კი აწყობდა „ისრების უკან გადაწევა“, რადგან თითქმის ყველა რეფორმიდან, რომელიც კი გატარდა, მან არც თუ ისე მცირე სარგებლობა მიიღო; და რაც უფრო მძაფრი და მძიმე იყო შოკი, მით უფრო ადვილი იყო ბაზრის არასრულყოფილებათა გამოყენება, ეკონომიკური და იურიდიული ინფრასტრუქტურის პრობლემების საკუთარი ინტერესებისათვის რეალიზება. მითუმეტეს, რომ ძველმა სისტემამ ამ თვალსაზრისით თავი თითქმის ამოწურა და ახალი სისტემით ახალი შესაძლებლობები და ვარიანტები გაჩნდა „შავი ხვრელების“ გამოყენებისთვის.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ და არიან გეგმიანი მეურნეობის რეფორმირებაზე, ვერ აანალიზებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რომ არც მათ მიერ კაპიტალიზმის წარმოდგენილი მოდელი და არც შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკა არ შეესაბამებოდა იმას, რისი პრაქტიკაც დასავლურ დემოკრატიებში არსებობს საბაზრო ეკონომიკის ასპექტში. როგორც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ, იქ მთავარი იყო და არის გრადუალიზმი, ანუ თანმიმდევრულობა და ეტაპობრიობა, ისევე როგორც კონსენსუსი და შოკურ ღონისძიებებს ძალიან იშვიათად მიმართავენ. მითუმეტეს, რომ დემოკრატიული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსება და ხელოვნება არის კონფლიქტურ ინტერესებს შორის თანმიმდევრულად ბალანსის მიღწევა, რეფორმის ყველა ეტაპზე მისი შეთანადება არსებულ ვითარებასთან და სოციალურ პოლიტიკასთან.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების რეფორმატორების კიდევ ერთ სამწუხარო ილუზიას წარმოადგენდა ის, რომ მათ ეგონათ, რომ დასავლური საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ საბაზრო ძალებით მართული სისტემაა ანუ ერთხელ შემოღებული თუ აღიარებული, ის თავისთავად ვითარდება და თვითონ ახდენს თავისი თავის კორექტირებას, მისი განვითარება როგორც პროგრესული სწორი, ისე მიდის. რაც შეეხება მთავრობის ჩარევას ეკონომიკაში, ის აღიქმებოდა, როგორც იმთავითვე მავნე ღონისძიება, რომელიც, პირველყოვლისა, ეკონომიკურ ეფექტიანობაზე აისახებოდა. სინამდვილეში კი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული სისტემის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ მთავრობებსა და ხალხებს ეძლევათ შესაძლებლობა მრავალი ალტერნატიული გზიდან ამოირჩიონ საქმეთა წარმოების მათთვის სასურველი და მისაღები გზა. როგორც ცნობილია, საბაზრო ეკონომიკის ყველა დემოკრატიულ ქვეყანას გააჩნია ინსტიტუტებისა და ღირებულებების საერთო ნაკრები, რომელთა გარეშეც ისინი ვერ დააკმაყოფილებენ თავად მათ სახელმწიფოებს. თუმცა, ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპის და იაპონიის ეკონომიკურ სისტემებს შორის მრავალი გასხვავებაა გარკვეული თვალსაზრისით.

ამგვარად, რეფორმატორთა სრული დაბნეულობა და მათი მოქმედების არაეფექტურობა გამოიწვია, ერთი მხრივ, საბაზრო ეკონომიკის სწრაფად დამკვიდრების გულუბრყვილო სურვილმა და ილუზიამ და, მეორე მხრივ, იმ მემკვიდრეობამ, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ღირებულებებსა, ქცევებსა და ტრადიციებში გამოიხატებოდა და რომელთა აღმოფხვრა მოკლევადიანი პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იყო. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეფორმირების პროცესების არაეფექტიანობას ამ ორ ძირითად მიზეზთან ერთად სხვა უამრავი ფაქტორი და მიზეზი განსაზღვრავს.

რეფორმების წარუმატებლობის (განსაკუთრებით პოსტსაბჭოურ სივრცეში) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ისეთ მოკლე დროში, როგორშიც მის შედეგებს მოელოდნენ, არის არა მხოლოდ ამ მოლოდინის არარეალურობა და ილუზორულობა, არამედ ის, რომ ისინი ორიენტირებულნი იყვნენ (და ეს არ ეხება მხოლოდ ეკონომიკურ რეფორმებს, ასეთივე წარმატებით შეიძლება ვისაუბროთ პოლიტიკური სიტემის ცვლილებაზეც) მხოლოდ მაკრო-დონეზე, და პრაქტიკულად უგულებელყოფდნენ ამ რეფორმების მიკრო-დონის სუბიექტებზე (მწარმოებლებზე, მომწოდებლებზე და საერთოდ ინდივიდებზე) დაყვანის აუცილებლობას. ანუ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეფორმატორები არ აღიარებდნენ რეფორმების შედეგად დასამკვიდრებელი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინსტიტუტების მიზნების, ხასიათის და თავისებურებათა შესაბამისობის აუცილებლობას საზოგადოების ღირებულებებთან, მოთხოვნებთან და შესაძლებლობებთან. სწორედ ამ შეუსაბამისობამ გამოიწვია საზოგადოებაში ტოტალური სტრუქტურული უმუშევრობა (იმავდროულად ე.წ. დეპროფესიონალიზაცია), შესაბამისად, მისი შემოსავლების კლება („დესაშუალოკლასიზაცია“) და საზოგადოების პოლარიზაცია (შემოსავლების და ძალაუფლების უთანაბრო გადანაწილება), პრაქტიკულად ე.წ. საშუალო ფენის ან კლასის დასაყრდენის გაქრობა.

საბაზრო ურთიერთობების დამკვიდრებაზე ორიენტირებული რეფორმები, რომელთა ზედამხედველობასაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ახორციელებენ, სულაც არ არის ორიენტირებული სიღატაკის აღმოფხვრაზე, მათი მიზანია ე.წ. ფინანასური სტაბილიზაცია და სტრუქტურული კორექტირებაა, რომელთაგან პირველი ძირითადად მოკლევადიანი მიზნების მიღწევას ემსახურება (თუმცა ამ მიზნების ხასიათის გამო, რაც პრაქტიკულად სულაც არ უშლის ხელს კორუფციას, დროთა განმავლობაში მათი მიღწევაც შეუძლებელი ხდება), ხოლო მეორე კი, შეიძლება ითქვას, რომ ცალმხრივად ხორციელდება, რადგან სტრუქტურულ კორექტირებას მოსდევს ახალი ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც ხშირად არ შეესაბამება საზოგადოების რეალურ მოთხოვნებს და ამდენად, პრაქტიკულად არ მუშაობს.

აქედან გამომდინარე, იმის გამო, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის მათ შორის, საშუალო ფენის (ინტელიგენციის დიდი ნაწილის) ჩათვლით, რომელიც თითქმის შიმშილობს, ნათელია, რომ პოლიტიკური და ორგანიზაციული სადავეების მფლობელთა ხელშია თავმოყრილი მთელი ეკონომიკური ძალაუფლება, მას უჩნდება პროტესტის გრძნობა ახლადჩამოყალიბებული, „ნახევრადდემოკრატიული“ სისტემის მიმართ. მითუმეტეს, რომ დაბალშემოსავლიანი ფენა ვერანაირ თანადგომას მასზე მაღლა მდგომი ფენისაგან, რომელიც ამავდროულად მისი ხელისუფალიცაა, ვერ ხედავს. და ამ ერთი მხრივ, აგრესიული და მეორე მხრივ, ინდიფერენტული დამოკიდებულებების ფონზე ჩნდება სწორედ ის უფსკრული, რომელიც სრულიად აქრობს საბჭოთა პერიოდშიც კი შენარჩუნებულ ნდობის ფაქტორს ადამიანებს შორის და აშორებს მათ თანამშრომლობისა და ერთად მოქმედების სურვილისაგან.

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად, საზოგადოების ერთ ნაწილში (არცთუ მცირერიცხოვანში) ჩნდება უნდობლობა თავისთავად დემოკრატიის მიმართ, სულ უფრო და უფრო მკვიდრდება აზრი, რომ დემოკრატიული გარდაქმნები ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის ელემენტარულ მატერიალურ პირობებს და ამდენად, ეს გარდაქმნები მიუღებელია, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება სულაც არ ნიშნავს ეფექტიანი ეკონომიკური სისტემის შექმნას, და ეს შეუძლებელია ავტორიტარული სისტემის გარეშე.

შესაძლოა ეს მართლაც ასეა? და თუ ასეა, უნდა შევწიროთ თუ არა ადამიანები დამოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას? დემოკრატიის ეკონომიკური ეფექტიანობა მართლაც გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა რეჟიმებისა? ნუთუ მართლა დემოკრატია და განვითარება შეუთავსებელი მიზნებია და საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს - დემოკრატია თუ განვითარება? რამდენად უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა მოვახერხოთ მათი შესაძლებლობების გამოყენება ეკონომიკური განვითარების მისაღწევად?

ეკონომიკური რეფორმების წარმატებისათვის მნიშვნელოვანია, როგორც ჩანს, ის, თუ როგორი სახით გამოიყენებს ქვეყანა ამ ორი რეჟიმისათვის დამახასიათებელ ნიშნებს და მეთოდებს და როგორ მიაღწევს საბაზრო ეკონომიკის ფორმირებას. მიუხედავად იმისა, რომ არის მაგალითები, რომლებიც ადასტურებენ ავტორიტარული რეჟიმების არსებობის ეფექტიანობას, ფაქტია, რომ გამოკვლევები აჩვენებს თვით პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში მიღწეულ ეკონომიკურ წარმატებებსაც (პოლონეთი, უნგრეთი), რისი მიღწევაც პრაქტიკულად გამორიცხული იყო 1981 წლამდე. საშინელი ფისკალური კრიზისები, უზარმაზარი საგარეო ვალები და ინფლაცია დაერთო განვითარების დიქტატორულ ღონისძიებებს არგენტინაში, პერუში, ბრაზილიაში, ნიკარაგუაში, ჰაიტიზე, ფილიპინებზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ბირმაში, ზამბიაში, უგანდაში, ზაირში. რაც შეეხება ავტორიტარული რეჟიმების წარმატებას აღმოსავლეთ აზიაში, ეს ალბათ, მეტწილად განაპირობა მთელმა რიგმა კულტურულმა და ინსტიტუციონალურმა ფაქტორებმა, ამ ქვეყნების ეკონომიკის ექსპორტზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ და მათი რეჟიმების უფრო მეტად კომპეტენტურმა ბუნებამ, ამ შემთხვევაში ავტორიტარიზმი დიდ როლს არ თამაშობდა.

იქამდე, სანამ საბოლოოდ ხაზს გადავუსვამდეთ საბაზრო ეკონომიკის სარგებლობას და დემოკრატიაზე უარს ვიტყოდეთ, ალბათ უპრიანია განვიხილოთ, თუ რამდენად შეესაბამება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში დამკვიდრებული ეკონომიკური სისტემა ცივილიზებულ საბაზრო ეკონომიკას.

3.1.3 არაფორმალური ეკონომიკა

▲back to top


ეკონომიკის დახასიათება მრავალი ნიშნითა და მიდგომით შეიძლება. ჩვენთან ყველაზე გავრცელებულია მისი კლასიფიკაცია საბაზრო და მბრძანებლურ ეკონომიკად როგორც ერთადერთ შესაძლო ალტერნატივად. მაგრამ ეკონომიკა შეიძლება დახასიათდეს სხვა მიდგომების საფუძველზეც. ერთი ასეთი მიდგომა, რომელიც პროდუქტიულად გამოიყენება ბევრი მეცნიერის მიერ პოსტ-საბჭოთა სინამდვილის შესწავლისას, გულისხმობს იმის დადგენას, თუ როგორია ამა თუ იმ ეკონომიკური სისტემის კანონიერად მუშაობის ხარისხი. როგორც რიჩარდ როუზი წერს, პოსტკომუნისტური საზოგადოებებისათვის არსებობს არჩევანი საბაზრო ეკონომიკის ორ სხვადასხვა სახეობას შორის: სამოქალაქო და არასამოქალაქო საბაზრო ეკონომიკას შორის. საბაზრო მექანიზმების განვითარება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა სამოქალაქო ეკონომიკისათვის, რომელიც მოითხოვს აგრეთვე ინდივიდებისა და ფირმებისაგან კანონის, კონტრაქტის, გადასახადების პატივისცემას და დამორჩილებას მათდამი. თუკი ასე არ ხდება, შედეგად ვიღებთ არასამოქალაქო საბაზრო ეკონომიკას, სადაც ბაზარი ფუნქციონირებს ყოველგვარი კანონის დაცვის გარეშე, მთავრობა ვერ ახერხებს გადასახადების შეგროვებას და მოქალაქეებსაც ძირითადად არ უნდათ მათი გადახდა.

დგება შემდეგი კრიტიკული კითხვა: გეგმიანი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა სამოქალაქო თუ არასამოქალაქო ეკონომიკის ჩამოყალიბებას იწვევს.

ბოქსი - არასამოქალაქო ეკონომიკის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფომ ხარჯებისა და გადასახადების განაკვეთების გადამეტებისაგან თავი უნდა შეიკავოს და მისცეს ინდივიდებს სტიმულები იმისათვის, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ვალდებულებები გადასახადებთან და სხვა კანონებთან დაკავშირებით მათთვის მისაღები გახდეს. - ბოქსი

დასავლეთში სამოქალაქო ეკონომიკა არის ნორმა. პოსტ-კომუნისტურ სამყაროში მისი ისეთი ფუძემდებლური ლეგალური კონცეპტები, როგორიცაა კერძო საკუთრება, კონტრაქტები, მოგებისა და წაგების ანგარიში, სააქციო კომპანიები სიახლეა, რომელიც ამასთან მთლიანად უცხოა. მაგალითად, პრივატიზაცია გულისხმობს, როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი სექტორის ლეგალურობას და ვიდრე სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები გაიყიდება, სახელმწიფომ როგორც გაყიდვის წინაპირობა უნდა აღიაროს ცენტრალიზებული კონტროლისაგან დამოუკიდებელი სამოქალაქო ეკონომიკის არსებობა. დღეს თანამედროვე პოსტ-კომუნისტურ საზოგადოებებში არსებობს ერთგვარი ფორმალური ტიპის ეკონომიკა, რომელიც აერთიანებს როგორც სამოქალაქო (ფორმალურ), ასევე არასამოქალაქო, არაფორმალურ (არაოფიციალურ) ელემენტებს და ქმნის ეკონომიკის ისეთ სახეობას, რომელიც არ არსებობს დასავლეთ ევროპაში.

არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის გავრცელებული ტიპებია:

1. ლეგალური არაფორმალური ეკონომიკა - ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არ ფიქსირდება ანგარიშგებასა და კონტრაქტებში, მაგრამ რომელიც არ არღვევს არსებულ საკანონმდებლო ნორმებს, და არც სხვა სამეურნეო აგენტების უფლებებს (მაგალითად, ნატურალური მეურნეობა სოფლად);

2. არასამართლებრივი ეკონომიკა - ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც არღვევს სხვა სამეურნეო აგენტების უფლებებს, მაგრამ არ არის რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით და ამდენად, მდებარეობს არასამართლებრივ ზონაში (მაგალითად, ფინანსური პირამიდები, „გამონაკლისის წესით“ დაშვებული შეღავათები და სუბსიდიები და სხვ);

3. ნახევრად სამართლებრივი ეკონომიკა - ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც თავისი მიზნებით შეესაბამება კანონმდებლობას, მაგრამ პერიოდულად სცდება კანონის საზღვრებს გამოყენებულ საშუალებათა ხასიათის მიხედვით (მაგალითად - გადასახადების თავიდან აცილების სხვადასხვა გზები, ბარტერული გაცვლები, მუშაობა პატენტისა და ლიცენზიის გარეშე, დაქირავება თანამშრომილის გაფორმების გარეშე);

4. არალეგალური კრიმინალური ეკონომიკა -კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა (მაგალითად - ნარკობიზნესის, იარაღის უკანონო წარმოება და ვაჭრობა, პროსტიტუცია, კონტრაბანდა, რეკეტი).

ამ ოთხი ფორმიდან პირველი ორი სრულიად არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ არ იცავს ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს (ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ასეთი ეკონომიკის წილი განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში). მესამე და მეოთხე ფორმები არაკანონიერია, განეკუთვნება ე.წ. ჩრდილოვან ეკონომიკას. მაგრამ აქაც აღსანიშნავია, რომ პოსტ-საბჭოთა სინამდვილეში ხსენებული ეკონომიკების ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის მესამე ტიპი პრაქტიკულად მოიცავს მთელი ეკონომიკის უდიდეს ნაწილს (შესაძლოა 80-90%25-ს) (I და II ტიპის გამოკლებით) - მაშინ, როდესაც ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკებში ასეთი ტიპის ეკონომიკა ჩვეულებრივ (ე.წ. „ნახევრად სამართლებრივი“) 5-დან 15%25-მდეა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გავრცელებული ჩრდილოვანი ეკონომიკის ძირითადი ელემენტებია:

- საწარმოს დაფარვა (რეგულარული ორგანიზებული სამეურნეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე) ან უკანონო მეწარმეობა;

- სამეურნეო ოპერაციების დაფარვა (წინასწარგანზრახული დაფარვა ხელშეკრულებებში და ანგარიშგებაში);

- დაქირავებული სამუშაო ძალის დაფარვა;

- შემოსავლების დაფარვა (გადასახადების არ გადახდა).

ბოქსი
ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდის ზოგიერთი კლასიკური მიზეზი:

1. ეკონომიკური და სტრუქტურული კრიზისის პირობებში შრომით ბაზარზე ვითარების გართულება, რაც იწვევს მცირე მეწარმეობისა და დამოუკიდებელი დასაქმების უსწრაფეს ზრდას (ბუმს), რაც თავისთავად ხდება ნოყიერი ნიადაგი ჩრდილოვანი ურთიერთობების ზრდისათვის;

2. მასიური მიგრაცია (გარე და შიდა) დეპრესიული რეგიონებიდან და ცხელი წერტილებიდან, მიგრანტთა მასები, როგორც წესი, ყალიბდებიან ჩრდილოვანი ეკონომიკის ანკლავებად;

3. სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩარევის ხასიათი: უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩრდილში წასული ეკონომიკის წილი არის პირდაპირ დამოკიდებული სამ პარამეტრზე: 1. რეგულატორული ჩარევის ხარისხი;

2. გადასახადების დონე; 3. კორუფციის მასშტაბები.

4. საგარეო ბაზრების გახსნა - რაც ზრდის კონკურენტულ ბრძოლას და უბიძგებს დანახარჯთა შემცირებისაკენ ნებისმიერი - ლეგალური თუ არალეგალური საშუალებებით;

5. გადახრა შრომით ურთიერთობებში მეტი არაფორმალურობისა და მოქნილობისაკენ, როგორც რეაქცია მათ ზედმეტად ინსტიტუციონალიზაციაზე და რეგლამენტაციაზე წინა პერიოდებში.
ბოქსი

პოსტსაბჭოთა პერიოდში ეკონომიკის ლიბერალიზაცია, იმის ნაცვლად, რომ საბაზრო ურთიერთობებისთვის შეეწყო ხელი და გამოეწვია ეკონომიკის აღმავლობა, რასაც მოელოდნენ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მქადაგებლები, იქცა უძლიერეს დამატებით სტიმულად ჩრდილოვანი სფეროების გაფართოებისათვის, რადგანაც შეამცირა ვერტიკალური კონტროლი სამეურნეო საქმიანობაზე და ამასთან შეინარჩუნა მაღალი ადმინისტრაციული ბარიერები და ტრანსაქციული დანახარჯები ბაზარზე შესვლისათვის, ისევე როგორც მძიმე საგადასახადო ტვირთი სამეურნეო აგენტების არასაკმარისი დაცულობის პირობებში.

ადმინისტრაციული ბარიერები და ტრანსაქციული დანახარჯები რეგისტრაციაზე, ლიცენზირებაზე და სხვ. მეტად მაღალია, რის გამოც სამეურნეო სუბიექტები ცდილობენ გაზარდონ შემოსავალი გადასახადებისგან თავის არიდების გზით.

ფორმალური წესები სისტემატურად ირღვევა სამეურნეო აგენტების მხრიდან, რითაც ხდება მათთვის განსაკუთრებული შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა ბაზარზე გარკვეული პრივილეგიების მიღების მეშვეობით (პრივილეგიებს იღებენ ჩინოვნიკთა მოქრთამვით).

სამეურნეო აგენტების მოქმედება ხდება ჩრდილოვანი, ისინი ეძებენ არა საბაზრო ნიშებს, არამედ საკონკურენტო უპირატესობებს უკვე დაკავებულ ნიშებში.

შემოსავლების გადანაწილებას პოსტ-საბჭოთა სინამდვილეში რთული ხასიათი აქვს და უფრო ხშირად ის ხორციელდება ირიბად - სახელმწიფო ბიუჯეტში დიფერენცირებული არგადახდების მეშვეობით.

გადასახადების არგადახდა (თავიდან აცილება) იქცა სამეურნეო აგენტების ჩრდილოვანი პოლიტიკის ღერძად და, რაც მთავარია, ამ პოლიტიკაში აშკარა არალეგალურობის გვერდით ჩართულია ჩვეულებრივი, რესპექტაბელური საწარმოებისა და რიგითი მოქალაქეების მასა. გადასახადებისგან თავის არიდება მორალურად გამართლებულად მიაჩნიათ მეწარმეებსაც და მთლიანად საზოგადოებასაც.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხდება საქმიანობის „ჩრდილში“ გადატანა არის ფორმალური საშუალებების შეზღუდულობა, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება უზრუნველყოფილი იქნას კონტრაქტების შესრულება თავად სამეურნეო აგენტების მიერ. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც წესი, შეუძლებელია მიმართო სასამართლოს ან რაიმე ოფიციალურ ინსტანციას, საქმიანი შეთანხმებების დარღვევისას, რაც უბიძგებს ძალის გამოყენების „დაკანონებისაკენ“ კანონის ძალის არარსებობის პირობებში.

ნიშანდობლივია თავისი პარადოქსალურობით ხელისუფალთა პოზიცია: ისინი აშკარად აღიარებენ (ხშირად გაზვიადებულადაც) ჩრდილოვანი (მათ შორის, კრიმინალური) ეკონომიკის მასშტაბებსა და როლს და ჩქმალავენ სახელმწიფოს როლს ეკონომიკურ საქმიანობაში. ჩრდილოვანი ეკონომიკა იქცევა „კოზირად“ პოლიტიკურ თამაშებში.

3.1.4 რეფორმების ზოგიერთი გაკვეთილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

▲back to top


როგორც ჩანს, არ შეიძლება დღეს დანამდვილებით იმის მტკიცება, რომ ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გარდაქმნებმა აუცილებლობით გამოიწვიეს ასეთი ეკონომიკური დაცემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, რომ ეს დეგრადაცია, რომელსაც ადგილი აქვს ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში „გარანტირებული“ იყო. მოვლენათა შემდგომი განვითარების პროგნოზირება ყველა მეცნიერს გაუჭირდებოდა, რადგან ამგვარი ტრანსფორმაციის პრეცენდენტი (კომუნისტური, გეგმიანი სისტემიდან დემოკრატიაზე და საბაზრო ეკონომიკაზე პარალელურად გადასვლის) მსოფლიოში არ არსებობდა. ამასთან ზოგიერთი მეცნიერი (როგორც დასავლეთის, ასევე პოსტსაბჭოთა ექსპერტებიც) აღიარებს, რომ ასეთი კრიზისები ბუნებრივი და გარდუვალიც კი იყო. „ურმის გადაბრუნებისა და გზის გამოჩენის“ ანდაზისა არ იყოს, ახლა შეფასება და ანალიზი შედარებით მარტივია და შეცდომებიც უკეთ ჩანს, თუმცა ერთი რამ კი უნდა ითქვას -- გარდაქმნების დაწყებისას გადაწყვეტილებების მიღების მთელი სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ მოვლენები მეტისმეტი დინამიურობით ვითარდებოდა, გადაწყვეტილებათა გააზრების და ანალიზის დრო ძალიან მცირე იყო, გამოცდილება არ არსებობდა. თუ მხედველობაში მივიღებთ ძველ ტრადიციებს და ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებში საკუთარი ადგილისა და ფუნქციების მოძიების აუცილებლობას, შედეგები, რომელსაც დღეს მთელი საზოგადოება იმკის თითქოსდა ბუნებრივი და ფატალურიც კი ჩანს, ყოველ შემთხვევაში ვითარება სრულიად ობიექტურად გამოიყურება ყოველივე ზომოთქმულის ფონზე.

რამდენადაც რეფორმამდელ და რეფორმისშემდგომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გარდაქმნები (პოლიტიკური თუ ეკონომიკური) ზემოდან დაიწყო, ეკონომიკური ძალაუფლებაც ამავე მიმართულებით გადანაწილდა. ამდენად ამ თვალსაზრისითაც ჩვენში ყველაფერი შებრუნებული აღმოჩნდა: დასავლური ლიბერალური დემოკრატიებისაგან განსხვავებით, პოლიტიკური ძალაუფლება ეკონომიკურმა სიძლიერემ კი არ მოიტანა, არამედ პირიქით, უცებ „ციდან ჩამოვარდნილმა“ პოლიტიკურმა ძალაუფლებამ თავისთავად, განსაკუთრებული შრომის და ჯაფის გარეშე, მოიყოლა ეკონომიკური ძალაუფლება. პოლიტიკური ძალაუფლების მქონეთათვის ესოდენ უზრუნველად მიღებული პრივილეგიები იმდენად ბუნებრივია, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია იმ ადამიანთა პრობლემები, ვინც რეალურად მუშაობს კაპიტალის დაგროვებაზე და ახალი ღირებულების შექმნაზე.

გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა უპირველეს ყოვლისა დააზარალა ის ფენები, რომლებიც ისედაც გაღატაკებულნი იყვნენ. ამასთან უღარიბესთა ფენაში მოექცა თითქმის მთელი ინტელიგენცია, რომელიც საბჭოთა პერიოდში ე.წ. საშუალო ფენას წარმოადგენდა, რომ აღარ ვილაპარაკოთ, პენსიონერებსა და სტუდენტებზე ანუ ღარიბებს მიეკუთვნება მოსახლეობის 80-90%25.

ამგვარად, მასობრივი პრივატიზაციის შედეგად, შეიქმნა „ბიუროკრატიული კლანური კაპიტალისტური“ სისტემა, სადაც წამყვან როლს ასრულებენ არა კერძო მეწარმეები, რომლებიც თავისუფლად კონკურირებენ ერთმანეთთან, არამედ სახელმწიფო ძალაუფლებასთან შეზრდილი და კრიმინალურ დაჯგუფებებთან დაახლოებული საქმიანი ადამიანები, რომელთაც პრაქტიკულად მონოპოლია აქვთ ყველაზე მომგებიან ბაზარზე, ისინი დისკრიმინაციას უწევენ მათ, ვისაც შესწევს ძალა მათზე უკეთესი ხარისხის პროდუქცია უფრო იაფად აწარმოოს. სახეზეა „ველური“ საბაზრო ურთიერთობები, სადაც შეზღუდულია კონკურენცია, და სადაც არ არსებობს იურიდიული და ეკონომიკური ბერკეტები, რომლებიც უზრუნველყოფენ კერძო საკუთრების დაცვას, პირად პასუხისმგებლობას, არჩევანის თავისუფლებას და მეწარმეობრივი უნარის რეალიზებას. ბაზარი მხოლოდ „თავისიანებისთვისაა“ და ამ ბაზარზე „სხვების“ დაშვება არავის არ მოსდის აზრად.

დღეს ვითარება ასეთია: ჩამოყალიბდა „ბიუროკრატიული კლანური“ კაპიტალიზმი, სადაც არ არის დაცული საკუთრების უფლებები, არ არსებობს ინვესტირებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების სტიმულები. ეს არის სოციალურად არამდგრადი სისტემა, რომელიც იწვევს შემოსავლების მძაფრ პოლარიზაციას, რის გამოც აქტიური მოსახლეობის დიდი ნაწილი შევიწროებულია და არა აქვს ლეგალური ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობა, არ გააჩნია უფლება. სულ უფრო იზრდება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი, რაც ხელს აძლევს კორუფციას და ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს.

მმართველი კლასი ამ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში ჩამოყალიბდა ყოფილი ნომენკლატურის, მსხვილი მეწარმეებისა და გავლენიანი მაფიოზური ჯგუფების კოორდინაციის და შერწყმის შედეგად. ის დღითი დღე ძლიერდება, თვითნებურად ინაწილებს რა ყველაზე მომგებიან სფეროებს მუდმივი შემოსავლის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი მოკლევადიანი (რადგან მის გრძელვადიან ინტერესებში სწორედ საზოგადოების ინტერესების დაცვა უნდა შედიოდეს) ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავ აგრძელებს ისეთი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რომელიც საკმაოდ შორსაა ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან.

რეფორმების შედეგად მივიღეთ მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი შემცირება, სოციალური დაძაბულობის გამწვავება და ეკონომიკური პოტენციალის უდიდესი ნაწილის დაკარგვა. ამ პირობებში ხდება აგრეთვე მოსახლეობის სრული გაუცხოება მთავრობის მიმართ. ეს გაუცხოება გამოწვეულია იმ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის შეუსაბამობით საზოგადოების მოთხოვნებთან, ღირებულებებთან, ტრადიციებთან და ინტერესებთან, რომელიც რეფორმების პირველ ეტაპზე განხორციელებულ ღონისძიებებს ახასიათებდა.

ამ გაუცხოებას რამოდენიმე კონკრეტული მიზეზი აქვს. ერთი მიზეზია მმართველი კლასის ჯგუფური ელიტიზმი და მისი მორალის დაბალი დონე, რაც კატასტროფულად სცემს მის პრესტიჟს მოსახლეობის თვალში. მეორე - თავად მმართველ კლასში არსებული განხეთქილებები და ოლიგარქიული კლანური დაჯგუფებების წარმოშობა, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და საკუთარი ინტერესების დაცვით კიდევ უფრო აზარალებენ მოსახლეობას. ეს კიდევ უფრო აბნევს მოსახლეობას, რადგან ინფორმაციის სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას აწვდიან მას ყველა ამ ჯგუფის შესახებ. მესამე - რეფორმების განხორციელება იმის გაუთვალისწინებლად, თუ რა გავლენას მოახდენენ ისინი მოსახლეობაზე, ანუ მათი ინტერესების სრული იგნორირება და რეალურად დაუცველი ფენების მოთხოვნების უგულებელყოფა. და მეოთხე - მოსახლეობის პასიურობა, რაც გამოწვეულია მისი გამოუცდელობით, თუმცა ამასთან იმის მოთხოვნილების დეფიციტით, რომ რაიმე ორგანიზებულ პოლიტიკურ მოქმედებებს მიმართოს, რათა თავიდან აიცილოს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებით მანიპულირება.

იქმნება შთაბეწდილება, რომ ამ გაუცხოების შედეგად კიდევ უფრო მტკიცდება მთავრობის „უფლება“, მთლიანად მოიხსნას პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. რასაკვირველია, იგი ოფიციალურად ამას არ აცხადებს, მაგრამ ყველა მისი ქცევა საზოგადოებისა და დაკისრებული მოვალეობებისადმი ამგვარ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობები არათუ არ აღიარებენ თავის დანაშაულს, არამედ კიდევ უფრო ამწვავებენ ვითარებას რეფორმათა კურსის უცვლელად გაგრძელებით, რომელიც დიდი ხნის წინათ აირჩიეს ანუ სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების დაუსრულებელი სერიით და შემდეგ მასზე (და არა საკუთარ თავზე) გარკვეული პასუხისმგებლობის დაკისრებით, რითაც მათი დანაშაული კიდევ უფრო იზრდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპიტალიზმზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკის ძირითად მახასიათებლებია: არჩევანის თავისუფლება, კონკურენცია, მოგების მიღების მოტივაცია, კერძო საკუთრება, საკონტრაქტო ურთიერთობების არსებობა და ა.შ. ამ მახასიათებლებიდან ჩვენში სახეზეა მხოლოდ კერძო საკუთრება, რომელიც არ არის დაცული კანონით. რიჩარდ როუზის „ეკონომიკური სისტემების ტიპოლოგიის“ მოვიყენებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში არის საბაზრო, მაგრამ არალეგალური ეკონომიკა, რომელშიც იგულისხმება ეკონომიკური სისტემა, რომელიც მუშაობს არა საკუთრების უფლებებსა და კანონიერ საქმიანობაზე დაყრდნობით, არამედ ძალისმიერი და ზეწოლის მეთოდებით, სადაც სახელმწიფო ვერ ახერხებს ამოიღოს გადასახადები, მოქალაქეები კი იძულებულნი არიან ჩაერთონ კორუფციაში. ეს არის ე.წ. „პარაზიტული“ ეკონომიკური სისტემა, რომელიც ადასტურებს, რომ საბაზრო მექანიზმის არსებობა არ არის საკმარისი პირობა იმ სამოქალაქო ეკონომიკის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განვითარებულ დემოკრატიებში არსებობს. ამისათვის საჭიროა, რომ ინდივიდები და ფირმები მოქმედებდნენ საკუთრების, კონტრაქტის, საგადასახადო კანონმდებლობის ფარგლებში.

თუ დავუბრუნდებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგებს და შევაფასებთ მათ საზოგადოების ღირებულებრივი სტრუქტურისა და ინსტიტუციონალური და წმინდა ეკონომიკური რეფორმების მიზნების შესაბამისობით, შეიძლება დავასკვნათ:

- დღევანდელი მმართველი ელიტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შეადგინა ფულისა და კავშირების მქონე საბჭოთა ნომენკლატურამ, ხოლო მეორე მხრივ, დღეს ყალიბდება ახალი პოლიტიკური და ფინანსური ნომენკლატურა, რომელიც აუცხოებს მასებს დემოკრატიული გარდაქმნებისა და ეკონომიკური საქმიანობის შესაძლებლობისაგან და საზოგადოებრივი განვითარებისათვის ყველაზე უფრო რეალურად და ეკონომიკურად პერსპექტიულად არაოფიციალურ (ხშირად კი კრიმინალურ) სცენარს ხდის;

- 90-იან წლებში განხორციელდა ერთგვარი ნეგატიური მობილიზაცია - ადამიანებს მიეცათ წინადადება, თვითონ გადაეწყვიტათ თავიანთი პრობლემები. ერთგვარი თავისუფლება ყველაფრისაგან: სახელმწიფოსაგან, საზოგადოებისაგან. ნეგატიური მობილიზაციის მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს რეჟიმის მხარდაჭერა, რომლის სოციალური ბაზაც სულ უფრო ვიწროვდება. სახელმწიფო არ აკონტროლებდა წარმოშობის პროცესში მყოფ ბაზარს, მაგრამ არც უზრუნველყოფდა მის თავისუფლებას. სახელმწიფომ გამოიყენა ნეგატიური მობილიზაცია, რადგან მასებისათვის მიცემულმა უფლებამ ანარქიაზე მას მოაპოვებინა ხალხის ლოიალობა რეჟიმის მიმართ; ამასთან, მან არ დაუჭირა მხარი მოსახლეობის თვითორგანიზების პერსპექტიულ ფორმებს ინსტიტუციონალურ დონეზე. ადამიანთა უსიტყვო მორჩილება სახელმწიფოსადმი გადაიქცა მის წინააღმდეგ ბუნტად, ყოველგვარი სახელმწიფოებრიობისადმი უარყოფით დამოკიდებულებად, მაშინ როცა ჩვეულებრივ, მოდერნიზაციას ხელს უწყობს მასების პოზიტიური მობილიზაცია, რომელიც გადმოიყვანს მოსახლეობას სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების მხარეს და იწვევს ენთუზიაზმს;

- პოსტსაბჭოთა სისტემაში სახელმწიფო აღიქმება ნეგატიურად, ვინაიდან ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოების სისტემა, მათი სიცოცხლისუნარიანობა, არ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე; ადამიანები თავის სიცოცხლეს, არსებობას უზრუნველყოფენ სახელმწიფოს გარეშე;

- პოსტ-საბჭოთა რეფორმატორები და რევოლუციონერები საკუთარ კონსტრუქტებს აღიქვამდნენ, როგორც რეალობებს. აქედან გამომდინარე, მათ ეკონომიკური განვითარების ორი ვარიანტი: რეგულირებადი სახელმწიფოს მიერ (საბჭოთა) და თავისუფალი საბაზრო (ამერიკული) წარმოუდგინეს საზოგადოებას, როგორც რეალობა და არა როგორც თეორიული აბსტრაქცია. რეალურად კი არსებობს შერეული ეკონომიკები და ამასთან დემოკრატიის ჩამოყალიბება და დამკვიდრება, მისი ვიწრო სოციალური ბაზის პირობებში, აუცილებლობით მოითხოვს, როგორც მინიმუმი, რაციონალურ სახელმწიფოს.

რეალური ვითარება ასე გამოიყურება, რომ პოსტ-საბჭოთა ეკონომიკაში წამყვანი ნაწილი არის არაფორმალური და ის არ შეიძლება მიეკუთვნოს არც ერთს ხსენებული პოლუსებიდან - არც სახელმწიფოს მიერ რეგულირებადს და არც თავისუფალ საბაზროს. მთელი რიგი სპეციგიური თვისებებისა მას განასხვავებს ხსენებული პოლუსებისგან:

- მიზანმიმართულობა არსებობის შენარჩუნებაზე და არა კაპიტალის დაგროვებაზე;

- მიზანმიმართულობა დასაქმებაზე და არა საშუალო მოგების მაქსიმიზაციაზე;

- ის წარმოადგენს „დაუცველი“ შრომის ერთობლიობას;

- მასში გამოიყენება საოჯახო და ადგილობრივი რესურსები და საოჯახო შრომა;

- ის დაფუძნებულია ნათესაობაზე, მეზობლობაზე, ეთნიკურობაზე და სხვა ამგვარი სახის კავშირებზე და ფუნქციონირებს, როგორც არარეგისტრირებული მეწარმეობა;

- მასში ხდება ლეგალური, არალეგალური და კრიმინალური სტრუქტურების ინტეგრირება;

- მასში ინკორპორირებულია ყოფა;

სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ასეთი ტიპის ეკონომიკაში, მაგრამ იგი მას არ მართავს;

მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ეკონომიკაში ხორციელდება ყიდვისა და გაყიდვის ერთობლიობა, ხოლო ფასები, გარკვეული ზომით, განისაზღვრება მოთხოვნითა და მიწოდებით, კონკურენციის საფუძველზე, მაგრამ ეს არ არის თავისუფალი ბაზარი, რადგან აქ, არ არის მკაფიო და ფორმალური მექანიზმი, რომელიც დააკავშირებდა ერთმანეთთან მწარმოებელს, მომხმარებელსა და გამყიდველს, და მეორეც, აქ მოქმედებს ნათესაობისა და სხვა ამგვარი ერთობების ურთიერთდამოკიდებულებები და აგრეთვე ურთიერთობები „კლიენტი-პატრონი“ (მათ შორის სახელმწიფო და კრიმინალური „რეკეტი“).

ასეთი არაფორმალური ეკონომიკა აწყობთ პოსტსაბჭოთა „ნეოლიბერალებს“, რამდენადაც იგი შეესაბამება მათ კერძო ინტერესებს სახელმწიფო საკუთრების გადანაწილებაში, თუმცა ის არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება რადიკალური ნეოლიბერლიზმის მოდელს.

უნდა ითქვას, რომ დასავლეთშიც არსებობენ ფენები, რომლებიც მისდევენ ცხოვრების ამ არაფორმალურს წესს, მაგრამ ეს მარგინალური ფენებია - ემიგრანტები, უმუშევრები, და სხვ. ის შეესატყვისება ყველაზე უფრო დაბალ სოციალურ დონეს - არსებობის შენარჩუნებასა და ადაპტაციას. ამ ფენების ჩართვა სოციალურ სისტემაში შესაძლებელია, თუ იგი მართლაც მხოლოდ მარგინალურია და საზოგადოებაში უმთავრესი ადგილი უკავია სხვა დონეებსა და ფუნქციებს.

ტენდენციები, რომლებსაც ავლენს არაფორმალური ეკონომიკა, შედეგად იწვევენ: 1. სახელმწიფოს ძალაუფლებრივი ფუნქციების ჩანაცვლებას წვრილი მესაკუთრეების გაცვლითი ურთიერთიერთობებით; 2. სოციალური წესრიგის, ინსტიტუციონალიზაციასა და სამართლებრივი რეგულირების უარყოფას; 3. საზოგადოებრივი მდგომარეობის ბუნებრივი მდგომარეობით შენაცვლებას; 4. წვრილი მეწარმეობის მიერ მაღალტექნოლოგიური წარმოების გამოდევნას; 5. ზღვარის წაშლას ლეგალურ, არალეგალურ და კრიმინალურ სფეროებს შორის.

სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში ორი მოდელის სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1. სახელმწიფო არეგულირებს ეკონომიკას; 2. სახელმწიფო უარყოფს ამ როლს. ეს არის იდეალური ტიპები. მაგრამ არის კიდევ ერთი ტიპი: როდესაც სახელმწიფო არ არეგულირებს ეკონომიკას, მაგრამ არც იშორებს ამ ფუნქციას და როგორც ზოგჯერ ამბობენ, „ჩაფლულია“ ეკონომიკაში. სახელმწიფო თავად ხდება არაფორმალური ეკონომიკის ერთ-ერთი აგენტი, რომელიც მოქმედებს ეკონომიკური ელიტებისა და ოლიგარქების მხარდასაჭერად.

სამხრეთ აზიელები და რუსები (რაც სამართლიანია პრაქტიკულად მთელი პოსტ-საბჭოეთა სივრცისთვის) ბოლო წლებში მტკივნეულად აღმოაჩენენ, რომ მათ ქვეყნებში, დასავლეთისაგან განსხვავებით, ეფექტური კაპიტალიზმი არ იქმნება კონკურენტი მესაკუთრეების მიერ: დასავლეთში ყველაფერს არეგულირებს ბაზარი, აქ კი ფულს დებენ იმ საქმეში, სადაც საიდუმლოდ ურჩევთ მათი მეგობარი მთავრობიდან - მახვილგონივრულად წერდა ჟურნალი „ეკონომისტი“.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი წინააღმდეგობა საბაზრო ეკონომიკის რეფორმების საქმეში უნდა ვეძებოთ არა წინააღმდეგობაში დემოკრატებსა (რეფორმატორებსა) და კომუნისტებს (ანტირეფორმატორებს) შორის, როგორც ეს ბევრს ეგონა 90-იანი წლების პირველ ნახევარში, არამედ ნამდვილ დემოკრატებსა (ნამდვილ რეფორმატორებსა) და დემოკრატიული ფრაზეოლოგიით შენიღბულ „რეფორმატორებს“ - ოლიგარქებს და მათ კლანებს შორის. ამიტომაც, ხალხის დიდი ნაწილი (მასა), რომელიც იყო მონაწილე დემოკრატიული მოძრაობისა, დღეს აღარ წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა რეჟიმების სოციალურ ბაზას და დემოკრატიის დამკვიდრებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ამოცანები შეიცვალა საკუთრების გადანაწილებისათვის ბრძოლით.

დემოკრატიული პროცესების უგულვებელყოფამ პოსტ-საბჭოთა ნეოლიბერალების მხრიდან და მარტო იმის გათვალისწინებამ, რომ ყველაზე უფრო აქტიური ფენების მისწრაფება მოგებისაკენ ტოლფასია დასავლური კაპიტალიზმის ეკონომიკური მოტივაციისა მიგვიყვანა არაფორმალურ ეკონომიკასთან და რეფორმების კრიმინალიზაციასთან.

3.1.5 სახელმწიფოს პოლიტიკური სიძლიერე და ეკონომიკა

▲back to top


დასავლეთში საყოველთაოდაა აღიარებული როგორც კონსერვატორების, ასევე სოციალ-დემოკრატების მიერ, რომ ფუნქციონირებადი ბაზარი გულისხმობს სამოქალაქო წესრიგს. სწორედ სახელმწიფო და არა ბაზარი აკანონებს და იცავს საკუთრების უფლებებს; სახელმწიფო და არა ბაზარი უზრუნველყოფს კონტრაქტების შესრულებას; სახელმწიფო და არა ბაზარი უზრუნველყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ქმნის უსაფრთხო გარემოს, რაც ახდენს ინვესტირების სტრიმულირებას. სახელმწიფოს და არა ბაზრის ფუნქციაა ამუშაოს ცენტრალური ბანკი და ბეჭდოს ფული. ეს არ არის რადიკალური იდეები: მათი აღიარება მოხდა, როგორც ამერიკის კონსტიტუციით, ასევე გლადსტონისა და დიზრაელის მიერ; „სამართლებრივი სახელმწიფო“ (Recht Staat) წინ უსწრებდა „მისწრაფებას მოგებისადმი“ ბაზარზე (საბაზრო ეკონომიკაში).

აქედან გამომდინარე, რამდენადაც პარადოქსულიც არ უნდა მოგვეჩვენოს, სახელმწიფოს ქმედება არის უცილობელი პირობა განსახელმწიფოებრიობისათვის, რომელსაც მივყავართ სამოქალაქო ეკონომიკისაკენ. თუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას ხელს უწყობს სოციალურ აქტივობაზე სახელმწიფოს კონტროლის მოსპობა, პირიქით, სამოქალაქო ეკონომიკის ჩამოყალიბება დამოკიდებულია სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე შემოიღოს კანონები, რომლებიც სჭირდება ბაზარს, რათა იფუნქციონიროს.

XX საუკუნის მიწურულს აღმოჩნდა, რომ სუსტი სახელმწიფო მეტად საშიშია საბაზრო განვითარებული ეკონომიკისთვის. უფრო ადრე, „ცივი ომის“ ეპოქაში მიიჩნევდნენ, რომ ყველა ბოროტება პოლიტიკაში მომდინარეობს „ძალიან ძლიერი სახელმწიფოსაგან“ და საფრთხე, რომელიც მომდინარეობდა „ძალიან სუსტი სახელმწიფოსაგან“, არ იმსახურებდა მნიშვნელოვან ყურადღებას არც საბჭოთა და არც არასაბჭოთა ლიბერალებში.

ამგვარად, პოსტ-საბჭოთა ქვეყნის მაგალითზე ხდება სრულიად აშკარა: არშემდგარი სახელმწიფო (ან ძალიან სუსტი სახელმწიფო) ლიბერალურ ღირებულებებს ემუქრება ისევე სერიოზულად, როგორც დესპოტური სახელმწიფო. ლიბერალურ საზოგადოებაში სწორედ ლიბერალური სახელმწიფოა ყველაზე საიმედო გარანტი „ადამიანის უფლებათა დაცვისთვის“. და იქ, სადაც სახელმწიფოს არ ძალუძს ეფექტიანად განახორციელოს თავისი ძალაუფლება, ადამიანის უფლებათა განხორციელება და დაცვა შეუძლებელია.

სამართლებრივი წესრიგისა და სახელმწიფო ძალაუფლების ნათელი მაგალითია კრედიტორის უფლება ვალის დაბრუნებაზე. ევროპელი ან ამერიკელი, რომელიც მოითხოვს თავისი უფლებების განხორციელებას კანონისა და ხელშეკრულებათა შესაბამისად, აუცილებლად მიმართავს დახმარებისათვის სახელმწიფოს.

ადამიანის უფლებათა დაცვა შეუძლებელია სახელმწიფო სახსრების ეფექტური გამოყენების გარეშე. ამ სახსრების მოპოვება კი გადასახადების აკრეფის გარეშე შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არ არის უზრუნველყოფილი, რამდენადაც სახელმწიფო არ არის გადახდისუნარიანი. გადასახადის გადამხდელები არ ენდობიან სახელმწიფოს, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურის მორალურ-სამართლებრივი სტრანდარტები უაღრესად დაბალია. კორუფციაში ჩართული მოხელეების მკაცრი მოთხოვნა გადასახადის გადახდისა, რასაკვირველია, სრულიად არასაკმარისია იმისათვის, რომ ადამიანებმა პატიოსნად მოახდინონ შემოსავლების დეკლარირება.

სახელმწიფოს მხოლოდ მაშინ შეუძლია გადასახადების აკრეფის დონის რეალურად ამაღლება, თუ ადამიანები დარწმუნდებიან, რომ სახელმწიფო მათ სამართლიანად (ყველას ერთნაირად) ექცევა და ამავე დროს ის მკაფიოდ აყალიბებს საკუთარ მიზნებს და ითვალისწინებს რა მათ ინტერესებს, პარტნიორულად თანამშრომლობს ძირითად საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ძალებთან საერთო პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

თუ საკუთრების უფლებები და მათი რეალიზაციის სამართლებრივი მექანიზმი მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, ქონების ფლობა არ წარმოშობს პატრონის გრძნობას, ისევე, როგორც პრივატიზაცია არ წარმოშობს მეწარმეობას. ბაზარს ქმნიან, ასულდგმულებენ და პერმანენტულად არეგულირებენ კანონები და სასამართლო გადაწყვეტილებები. ისევე, როგორც არ შეიძლება იყოს ბაზარი იქ, სადაც ყველაფერი იგეგმება, ასევე არ შეიძლება ის იყოს იქ, სადაც ყველაფერი იყიდება (მაგალითად, მოხელეები, რომლებიც გასცემენ სარეგისტრაციო მოწმობებსა და ლიცენზიებს). ბაზარი გულისხმობს კომპეტენტური და პატიოსანი ბიუროკრატიის არსებობას; კარგად ორგანიზებულ, ფინანსირებულ, ავტორიტეტულ და მაქსიმალურად შესაძლებლად პატიოსან სასამართლო სისტემას.

სრულიად აზრს მოკლებულია საკუთრების უფლების არსებობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად. თუ სახელმწიფოს არ შეუძლია შეინახოს პოლიცია და თუნდაც არმია, საკუთრების მფლობელის უფლებებს ძნელად თუ ვინმე დაიცავს მძარცველებისა და ბანდიტებისაგან (ქვეყნის შიგნითაც და გარედანაც).

ლიბერალური ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს ადამიანთა მზადყოფნა ენდონ ერთმანეთის სიტყვას, ეს არის ფსიქოლოგიური განწყობა, რომელიც სამართლის სფეროს გარეთ ძევს. სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქციაა, გააფართოვოს დროითი ჩარჩოები, რომლებშიც ფუნქციონირებენ ეკონომიკის კერძო სუბიექტები, ეკონომიკური ქცევის საყოველთაო და მდგრადი წესების დადგენის მეშვეობით.

პოსტ-საბჭოთა გამოცდილება ადასტურებს, რომ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა მხოლოდ ლიბერალურ პოლიტიკურ სისტემასთან ერთად თანაარსებობს და მხოლოდ ამ ორ სისტემას (პოლიტიკურს და ეკონომიკურს) ერთობლივად შეუძლია ხელი შეუწყოს შესაბამისი ზნეობრივ-ფსიქოლოგიური საფუძვლების შექმნასაც და ჩამოყალიბებასაც.

არ არის გამორიცხული, რომ მიუხედავად თავისი სისასტიკისა და უსამართლობისა, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში არსებულ „ველურ კაპიტალიზმს“ მაინც შეიძლებოდა მოეპოვებინა საზოგადოებრივი მხარდაჭერა აყვავებისათვის რომ მიეღწია, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს ქვეყნები „ეკონომიკური ბუმისაგან“ საკმაოდ შორის არიან, რაც ხელისუფლების (და სახელმწიფოს) ლეგიტიმურობას სერიოზულ ჩრდილს აყენებს.

იმის გამო, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ხელისუფლების არავითარი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთა წინაშე, არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები ეყრდნობიან უფრო მეტად ფარულ სტრუქტურებს - მათი ძალაუფლება არ მომდინარეობს ამომრჩეველთა მასისაგან, რაც ხალხის დიდი ნაწილის ინდიფერენტულობის მიზეზია დღევანდელი „დემოკრატიისადმი“ - თუ სახელმწიფოს არ შეუძლია და არ სურს უზრუნველყოს კანონების დაცვა და შესრულება, რა აზრი აქვს მასზე ზემოქმედებას? ანუ მცდელობას, მიღებული იქნას რაიმე კანონი, რომელიც მაინც არ შესრულდება?

პოსტსაბჭოთა სისტემაში სახელმწიფო თავისუფალია „ხალხზე დამოკიდებულობისაგან“, იგი შეიძლება იყოს დამოკიდებული ცალკეულ ოლიგარქიულ ჯგუფებზე, სავალუტო ფონდზე და სხვა, მაგრამ არა ხალხზე.

უძლურ სახელმწიფოში წესიერი ბიზნესმენი დისკრიმინირებულია, ის თავის დამხმარესა და ხელშემწყობს ვერ ხედავს. აქ არ განხორციელდა ლიბერალური საზოგადოებრივი ხელშეკრულება, რაც გულისხმობს, რომ მოქალაქეები იხდიან გადასახადს, ხოლო სახელმწიფო მოხელენი უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ საქონელს, რომელიც საზოგადოების ყველა წევრისათვისაა განსაზღვრული.

თავისუფალი ეკონომიკის სისტემის შენარჩუნებაში დაინტერესებულნი უნდა იყვნენ არა მხოლოდ მდიდრები, არამედ სხვებიც (საშუალო და დაბალი ფენებიც). თავისუფალი ეკონომიკა, რომელშიც კერძო სიმდიდრე დაცული უნდა იყოს, როგორც გარე, ასევე შიდა მტაცებლებისაგან, გულისხმობს, რომ ლიბერალურ სახელმწიფოს არ შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია მთელი საზოგადოების უფლებამოსილ წარმომადგენლობაზე, თუ ის არ განიხილავს ღატაკთა იზოლაციას, მათ გაუცხოებას დანარჩენი საზოგადოებისაგან, როგორც პირველხარისხოვან მორალურ პრობლემას და არ რეაგირებს ამ პრობლემაზე ენერგიულად, როგორც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გამოწვევაზე.

იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი თავისუფლება, ავტონომიურმა პიროვნებამ, უნდა დაიცვას ლეგიტიმური პოლიტიკური ხელისუფლება - სახელმწიფო - რომელიც, თავის მხრივ, იცავს და უზრუნველყოფს პიროვნების თავისუფლებას.

3.2 §2. სამოქალაქო საზოგადოება

▲back to top


3.2.1 სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოება

▲back to top


დემოკრატიაზე გადასვლის გადაწყვეტილების კვალდაკვალ დაიწყო ლაპარაკი სამოქალაქო საზოგადოებაზე. ითვლება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ტოლფასია დემოკრატიის განმტკიცებისა, მისი სტაბილურობისა და ეფექტურობისა, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ავტორიტარიზმის დაბრუნების საშიშროებას. ამ შეხედულებას ყველა არ იზიარებს და მაგალითად ასახელებენ იმ ცნობილ შემთხვევას, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებამ ანტიდემოკრატიული როლი შეასრულა. სახელდობრ, შერი ბერმანი აღნიშნავს, რომ 20-იანი და 30-იანი წლების გერმანიაში წარმოიქმნა უჩვეულოდ ბევრი პროფესიული და კულტურული ასოციაცია, მაგრამ სუსტი პოლიტიკური ინსტიტუტების ფონზე ამ აქტიურმა საზოგადოებრივმა ცხოვრებამ წარმოშვა არა დემოკრატია, არამედ ხელი შეუწყო ფაშიზმის აღმოცენებასა და გაბატონებას. ქვემოთ ჩვენ მოვიყვანთ არგუმენტებს სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული ფუნქციის სასარგებლოდ, თუმცა შევეხებით ამ ფუნქციის ხელისშემშლელ ფაქტორებსაც.

ტოკვილი, XIX საუკუნის ამერიკის აღწერისას, გაოცებული იყო ამერიკელთა მზადყოფნით შეექმნათ ათასგვარი ასოციაციები:

ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი საზოგადოებრივი მდგომარეობის, ყველანაირი შეხედულებების მქონე ამერიკელები მუდამ ქმნიან ასოციაციებს. ეს არის არა მხოლოდ კომერციული და ინდუსტრიული ასოციაციები, რომლებშიაც ყველა მონაწილეობს, არამედ სხვა ათასნაირი ტიპისა ასოციაციები - რელიგიური, მორალური, სერიოზული, ზედაპირული (უსარგებლო), მეტად ზოგადი და მეტად შეზღუდული, უზომოდ გაბერილი და მეტად მოკლევადიანი მიზნების განხორციელებაზე მიმართული. ამგვარად მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა არის ის, რომელშიაც ადამიანებმა დღესდღეობით უმაღლეს დონეზე აიყვანეს ერთობლივი მოქმედების საფუძველზე საერთო სურვილების მიღწევის ხელოვნება და იყენებენ ამ ახალ ტექნოლოგიას უდიდესი რაოდენობის მიზნების მისაღწევად.

მასვე ეკუთვნის დემოკრატიის დახასიათება არა იმდენად როგორც პოლიტიკური რეჟიმის ფორმის, არამედ როგორც საზოგადოების ტიპის. „დემოკრატიულ, ეგალიტარულ საზოგადოებას“ იგი უპირისპირებს მის „არისტოკრატიულ, იერარქიულ“ წინამორბედს. ამ გარდაქმნას იგი უკავშირებს ტრადიციული, იერარქიული სოციალური კავშირების რღვევასა და ინდივიდუალიზმის წარმოქმნას. ამ ახალ საზოგადოებაში დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების ქმედითუნარიანობა დამოკიდებულია მოქალაქეებში მაღალი მოქალაქეობრივი სულისკვეთების არსებობაზე. როდესაც მოქალაქეები იღებენ გადაწყვეტილებებს საზოგადოებრივ საკითხებზე (სხვა სიტყვებით, მონაწილეობენ პოლიტიკის კეთების პროცესში), მათ უნდა იხელმძღვანელონ არა მარტო საკუთარი წუთიერი ინტერესებით, არამედ მხედველობაში იქონიონ საერთო სიკეთის მიღწევა. ტოკვილის აზრით, სწორედ ამ უნარის გამომუშავებას, უწყობს ხელს დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქეთა უნარი და ჩვევა შექმნან ასიციაციები.

ფართოდ გვარცელებული თვალსაზრისის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს, რომელიც ნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადი, (ფართოდ) თვითგანვითარებადი, სახელმწიფოსგან ავტონომიური და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით. ზოგადად „საზოგადოებისგან“ ის განსხვავდება იმით, რომ მასში ინდივიდები მოქმედებენ კოლექტიურად საზოგადოებრივ სფეროში საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების და იდეების გამოხატვით, ინფორმაციის გასაცვლელად, საერთო მიზნების მისაღწევად, სახელმწიფოს წინაშე მოთხოვნების წამოსაყენებლად და სახელმწიფო მოხელეთა ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. სამოქალაქო საზოგადოება არის შუალედური წარმონაქმნი, რომელსაც უკავია ადგილი კერძო ცხოვრების სფეროსა და სახელმწიფოს შორის. სამოქალაქო საზოგადოება არ მოიცავს პირად და ოჯახურ ცხოვრებას, სარგებლის მიღებისკენ მიმართულ ჯგუფურ აქტიობას (მაგ., ზრუნვას დასვენებაზე, გართობაზე, სულიერ დაკმაყოფილებაზე), ცალკეული ფირმების კომერციულ წამოწყებებს და სახელმწიფოზე კონტროლის მისაღწევად წარმოებულ პოლიტიკურ ქმედებებს. სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედ პირებს ესაჭიროებათ ინსტიტუციონალიზებული სამართლებრივი წესრიგი მათი ავტონომიურობისა და მოქმედების თავისუფლების დასაცავად. ამგვარად, სამოქალაქო საზოგადოება არა მარტო ზღუდავს სახელმწიფო ხელისუფლებას, არამედ ლეგიტიმურ ხასიათსაც ანიჭებს მას იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელისუფლება დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. იქ, სადაც საკუთრივ სახელმწიფო არღვევს კანონიერების ჩარჩოებს და უგულვებელყოფს ინდივიდუალურ და ჯგუფურ ავტონომიურობას, სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება მაინც არსებობდეს, (თუმცა კი „ჩანასახოვანი“ ან „დამახინჯებული“ ფორმით) თუ მისი შემადგენელი ელემენტები მოქმედებენ გარკვეული გაზიარებული წესების შესაბამისად (რომლებიც, მაგალითად, უარყოფენ ძალადობას და აღიარებენ პლურალიზმს). გაზიარებული წესების არსებობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ეს ურთიერთობები „სამოქალაქოდ“ ჩაითვალოს.

სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება მოიცავდეს ორგანიზაციათა მრავალ ფორმას, როგორც ფორმალურს, ისე არაფორმალურს. ეს ჯგუფები შეიძლება იყოს: 1. ეკონომიკური (სამეწარმეო და კომერციული ასოციაციები და ქსელები); 2. კულტურული (რელიგიური, ეთნიკური, კომუნალური და სხვა ასოციაციები და ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ კოლექტიურ უფლებებს, ღირებულებებს, შეხედულებებს, რწმენასა და სიმბოლოებს); 3. ინფორმაციული და საგანმანათლებლო (რომლებიც აწარმოებენ საზოგადოებრივი ცოდნის, იდეების, ახალი ამბებისა და ინფორმაციის წარმოებას და გავრცელებას); 4. ინტერესებზე დაფუძნებული - (შექმნილი თავისი წევრების საერთო მატერიალური ან ფუნქციონალური ინტერესების დასაცავად; ეს წევრები შეიძლება იყონ მუშები, ვეტერანები, პენსიონერები, პროფესიონალები და ა.შ.); 5. ორიენტირებული განვითარებაზე (ორგანიზაციები, რომლებიც თავს უყრიან ინდივიდუალურ რესურსებს ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის, ინსტიტუტების და ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად) 6. გარკვეულ პრობლემატიკაზე ორიენტირებული (გარემოს დაცვის მოძრაობა, ქალთა უფლებების დაცვა, მიწის რეფორმა, მომხმარებელთა უფლებების დაცვა) 7. მოქალაქეობრივი (რომლებიც ცდილობენ არაპოლიტიკური გზით გააუმჯობესონ პოლიტიკური სისტემა და გახადონ ის უფრო დემოკრატიული ადამიანთა უფლებებზე მონიტორინგით, ამომრჩეველთა მობილიზებითა და განათლებით, არჩევნების პროცესებზე თვალყურის დევნით, ანტიკორუფციული საქმიანობით და ა.შ.).

გარდა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციებისა სამოქალაქო საზოგადოებაში შედის მთელი რიგი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებაში „იდეოლოგიური ბაზრის“ არსებობას და ინფორმაციისა და იდეების დაუბრკოლებელ გაცვლას. ამ ინსტიტუტების რიცხვში შედის არა მხოლოდ დამოუკიდებელი მასმედია, არამედ აგრეთვე ის ინსტიტუტებიც, რომლებიც განეკუთვნება ავტონომიური კულტურული და ინტელექტუალური საქმიანობის უფრო ფართო სფეროს - უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტები, გამომცემლობები, თეატრები, კინოფირმები, და ა.შ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები განსხვავდება სხვა საზოგადოებრივი ჯგუფებისგან რამდენიმე ასპექტით (გარდა იმისა, რომ უნდა იყვნენ ნებაყოფლობითი, თვითწარმოქმნადი, ავტონომიური და გარკვეული წესების ფარგლებში მოქმედი): 1. სამოქალაქო საზოგადოება ისახავს მიზნებს, რომლებიც საზოგადოებრივია, და არა პირადი. პროდუქტი, რომელიც იქმნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიერ წარმოადგენს საზოგადოებრივ სიკეთეს 2. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები საქმიანობის პროცესში ამა თუ იმ გზით ამყარებენ კავშირებს სახელმწიფოსთან, მაგრამ არ ცდილობენ მის ჩარჩოებში ფორმალური პოსტის ან ძალაუფლების მოპოვებას. ამის სანაცვლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ცდილობენ სახელმწიფოსაგან მიიღონ მატერიალური სარგებელი, პოლიტიკური კურსის ცვლილება, თანადგომა, კომპენსაცია ან ანგარიშგება. ამდენად სამოქალაქო საზოგადოება არ არის უბრალოდ რაღაც ნაშთი, რომელიც მიიღება „საზოგადოებისგან“ იმ ყველაფრის გამოკლებით, რაც მიეკუთვნება სახელმწიფოს ან ფორმალურ პოლიტიკურ სისტემას. მოქალაქეობრივი ორგანიზაციები და საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც ცდილობენ სახელმწიფოს ბუნების შეცვლას შეიძლება მაინც მივაკუთვნოთ სამოქალაქო საზოგადოებას, იმ შემთხვევაში, თუ მათ ძალისხმევას წარმართავს საზოგადოებრივი სარგებლის მოტანის სურვილი და არა თვით ჯგუფისთვის სახელმწიფო ძალაუფლების მოპოვება. მაგალითად, დემოკრატიული გარდაქმნების მხარდამჭერი მშვიდობიანი მოძრაობები, როგორც წესი, სამოქალაქო საზოგადოებიდან წარმოიქმნება.

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც განასხვავებს მას საერთოდ საზოგადოებისგან და ადამიანთა დაინტერესებული ჯგუფებისგან არის მისი პლურალიზმი. ის ხასიათდება მრავალფეროვნებით. თუკი რომელიმე ორგანიზაცია, იქნება ის რელიგიური ფუნდამენტალისტური, რევოლუციური ან სხვა, ცდილობს მოაქციოს თავისი მონოპოლიის ჩარჩოებში პოლიტიკური ან ფუნქციონალური სფერო, დაუქვემდებაროს საზოგადოება ერთადერთ აღმსარებლობას, ან პოლიტიკა - ერთადერთ იდეოლოგიას და ამტკიცებს, რომ ერთადერთი ლეგიტიმური გზა სწორედ მის მიერაა დასახული, ის უპირისპირდება სამოქალაქო საზოგადოების პლურალისტურ და ბაზარზე ორიენტირებულ ხასიათს. ამას უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე ნიშანი, დანაწევრებულობა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მასში არცერთი ჯგუფი არ ცდილობს ინდივიდის ან თემის ინტერესთა მთელი სპექტრის ასახვას. პირიქით, სხვადასხვა ჯგუფები გამოხატავენ სხვადასხვა ინტერესებს, ხოლო ინდივიდს შეუძლია გაწევრიანება ერთდროულად მრავალ სხვადასხვა ჯგუფში, რომEლიც განსხვავებულ მიზნებს ისახავენ.

სამოქალაქო საზოგადოება განსხვავებულია და ავტონომიურია არა მხოლოდ სახელმწიფოსგან და მთელი საზოგადოებისგან, არამედ აგრეთვე საზოგადოებრივი ქმედებების მეოთხე არენისგან - პოლიტიკური საზოგადოებისგან (რომელიც უპირველესად პარტიების სისტემას ნიშნავს). სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და კავშირებმა შეიძლება შექმნან ალიანსები პარტიებთან, მაგრამ თუ პარტიები მოაქცევენ მათ თავისი გავლენის ქვეშ, ან სულაც წარმართავენ მათ საქმიანობას, ამ შემთხვევაში კავშირების მოღვაწეობას უკვე პოლიტიკური ხასიათი ეძლევა, ისინი გადადიან პოლიტიკურ სფეროში და ძირითადად კარგავენ უნარს განახორციელონ გარკვეული, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფუნქციები ადამიანსა და სახელმწიფოს შორის შუამავლობისა და დემოკრატიული აღმშენებლობის სფეროში.

3.2.2 სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია

▲back to top


სამოქალაქო საზოგადოების მკვლევარი ლარი დაიმონდი ახასიათებს სამოქალაქო საზოგადოების ათ დემოკრატიულ ფუნქციას.

„სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვის ბაზისის უზრუნველყოფა“ წარმოადგენს პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას. ამ ფუნქციას გააჩნია ორი განზომილება: დემოკრატიულ სახელმწიფოში - სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების განხორციელების მონიტორინგი და შეზღუდვა, ხოლო ავტორიტარულ სახელმწიფოებში - მათი დემოკრატიზება.

მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ის, რომ, საზოგადოებრივი ასოციაციების მაღალი აქტიობა ავსებს პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა პოლიტიკური მონაწილეობის სტიმულირება, მოქალაქეთა პოლიტიკური ეფექტურობის და კვალიფიკაციის ამაღლება, და დემოკრატიული მოქალაქეობრიობის მოვალეობათა და უფლებათა აღიარება. როგორც ტოკვილი აღნიშნავდა, ნებაყოფლობითი ასოციაციები შეიძლება განვიხილოთ დიდ საყოველთაო სკოლად, რომელსაც ესწრება ყველა მცხოვრები გაერთიანების ზოგადი თეორიის შესასწავლად.

სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება გახდეს ისეთი დემოკრატიული ღირებულებების და პრაქტიკის დამკვიდრების ადგილი, როგორიცაა ტოლერანტობა, თანხმობა, კომპრომისის მონახვის სურვილი, განსხვავებული აზრის პატივისცემა. სწორედ ეს შეადგენს სამოქალაქო საზოგადოების მეოთხე ფუნქციას. ეს ღირებულებები და ნორმები ყველაზე სტაბილური ხდება მაშინ, როდესაც ისინი წარმოიქმნება გამოცდილებიდან, და სამოქალაქო საზოგადოებაში ორგანიზაციული მონაწილეობა ამ მხრივ დიდ გამოცდილებას იძლევა.

სამოქალაქო საზოგადოება თავისი მეოთხე ფუნქციით ემსახურება დემოკრატიას იმით, რომ ქმნის პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებულ არხებს ინტერესების გამოხატვის, დაბალანსებისა და წარმოჩენის მიზნით. ეს ფუნქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ეხება პოლიტიკისგან ტრადიციულად გათიშულ ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა ქალები ან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობები. სამოქალაქო საზოგადოება განსაკუთრებით მაშინ უწყობს ხელს დემოკრატიას, როდესაც იგი ქმნის მმართველობაში მონაწილების შესაძლებლობებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ადგილობრივი მმართველობის დემოკრატიზაცია მჭიდროდ უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

მეტად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ისეთი ფუნქციაც, როგორიცაა კლასობრივი კონფლიქტისა და პოლიტიკური დაპირისპირების საფრთხის შემცირება, რასაც ახდენს პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში, ვინაიდან იგი მოწოდებულია ხელი შეუწყოს მრავალფეროვანი ინტერესების წარმოქმნას. რამდენადაც ინდივიდები ერთიანდებიან სხვადასხვა ორგანიზაციებიში საკუთარი მრავალფეროვანი ინტერესების დასაცავად და დასაკმაყოფილებლად, უფრო სავარაუდო ხდება მათი ურთიერთობა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე ადამიანებთან. ამ ურთიერთგადამკვეთმა ზემოქმედებამ უნდა შეამციროს მათი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების კატეგორიულობა და ხელი შეუწყოს უფრო ვრცელი და მრავალმხრივი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს ტოლერანტობასა და მეტ მზადყოფნას კომპრომისებისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების მეექვსე ფუნქცია არის ახალი პოლიტიკური ლიდერების ჩამოყალიბება და მომზადება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში მათი ლიდერები და აქტივისტები იძენენ უნარ-ჩვევებსა და პრაქტიკას, რომელიც აუცილებელია მთავრობაში და პარტიულ პოლიტიკაში მოღვაწეობისათვის. ისინი სწავლობენ, თუ როგორ მოახდინონ ადამიანების მობილიზება და თავისი ქმედებების მოტივირება, საკითხების განხილვა, ფონდების მოპოვება და მართვა, ბიუჯეტის შედგენა, პროგრამების გამოქვეყნება, პერსონალის მართვა, შეთანხმებების მიღწევა და კოალიციების შექმნა.

სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება დიდი როლი ითამაშონ დემოკრატიის გამტკიცების საქმეში. გარდამავალ პერიოდში მათ შეიძლება თვალყური ადევნონ არჩევნებს, იმუშაონ საარჩევნო სისტემის რეფორმის გატარებაზე, შეიმუშაონ ხელისუფლების დეცენტრალიზების და პოლიტიკური პარტიების დემოკრატიზების გეგმები და ა.შ. დემოკრატიული გარდაქმნების წარმატების შემდეგ ადამიანთა უფლებების დამცავი ორგანიზაციები აგრძელებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას სამართლებრივი რეფორმების განხორციელებაში, ციხეებში ადამიანთა უფლებების დაცვასა, და უმცირესობების ინტერესების წარმოჩენაში. ამაში გამოიხატება მისი მეშვიდე ფუნქცია.

შემდეგი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოება ავრცელებს ინფორმაციას და ამით ემსახურება მოქალაქეებს მათი ინტერესების კოლექტიურ დაცვასა და მიღწევაში. თავისუფალი პრესა არის ინფრომაციითა და ალტერნატიული შეხედულებებით საზოგადოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. დამოუკიდებელ ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ მიაწოდონ საზოგადოებას ძნელად მოსაპოვებელი ინფორმაცია მთავრობის საქმიანობის შესახებ, რომელიც არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას აცხადებს მთავრობა საკუთარი საქმიანობის თაობაზე.

მორიგი მეცხრე ფუნქცია დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალი ინფორმაციისა და იდეების გავრცელება არსებითია დემოკრატიის პირობებში ეკონომიკური რეფორმების ჩასატარებლად. როგორც წესი, ეკონომიკის სტაბილიზების პროგრამები უნდა განხორციელდეს სწრაფად და ძალისმიერად არჩეული ხელისუფლების მიერ კრიზისულ სიტუაციაში. მათგან განსხვავებით, უფრო სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები - პრივატიზება, ეკონომიკური და სავაჭრო ლიბერალიზება - იმ შემთხვევაში იღებენ უფრო მდგრად და სრულყოფილ ფორმას, თუ ისინი მიიღწევა დემოკრატიული პროცესის ჩარჩოებში. როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა, ეკონომიკური რეფორმების წარმატებისათვის აუცილებელია ფართო მხარდაჭერა, რაც საჭიროებს სპეციალური მუშაობის ჩატარებას. მართლაც, იმ ინტერესებს, რომლებისთვისაც რეფორმებმა შესაძლოა არასასურველი შედეგი მოიტანონ, როგორც წესი, ბევრად უფრო ორგანიზებული სახე აქვთ, ვიდრე იმ ადამიანთა ინტერესებს, რომელთათვისაც რეფორმები პოტენციურად მოგების მომტანია. ამ ჯგუფში შესული ადამიანები - ფერმერები, წვრილი მეწარმეები, მომხმარებლები - როგორც წესი, გათიშულები და ცუდად ინფორმირებული არიან.

უკანასკნელი ფუნქცია დამოკიდებულია პირველი ცხრა ფუნქციის წარმატებულ განხორციელებაზე. სამოქალაქო საზოგადოება ამკვიდრებს მოქალაქეებში სახელმწიფოს პატივისცემას პოლიტიკური სისტემის პასუხისმგებლური ხასიათის, მისი ეფექტურობის, მასში ადამიანების ჩართულობის გაზრდით, და ამდენად, სისტემის ლეგიტიმურობის ხელშეწყობით. ის აუმჯობესებს სახელმწიფოს მმართველობით პოტენციალს და ზრდის მის შესაძლებლობას დაეყრდნოს მოქალაქეთა ნებაყოფლობით მორჩილებას.

დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ლიბერალურ დემოკრატიებს, როგორც წესი, ახასიათებთ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობა. თუმცა ეს პირველ რიგში ეხება დასავლურ დემოკრატიებს; მათგან განსხვავებით, მაგალითად იაპონიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში ნდობის მაღალი დონეა, არასახელმწიფო ასოციაციები ხასიათდებიან წევრების მცირე რაოდენობით.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, შეცდომა იქნებოდა იმის მტკიცება, რომ სამოქალაქო საზოგადოება, გაგებული როგორც „არასამთავრობო ასოციაციების ხშირი ქსელი“, წარმოქმნის დემოკრატიას. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გარკვეული კულტურული და ეკონომიკური კონტექსტი ხელს უწყობს როგორც დემოკრატიის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების არსებობას. დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთმიმართების უფრო სიღრმისეული ანალიზი საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოება არა უბრალოდ როგორც არასამთავრობო ასოციაციათა ერთობლიობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება არსებობდეს, არამედ როგორც საზოგადოების გარკვეული ტიპი, როგორც სოციალური კატეგორია, რომელიც განსაზღვრავს დემოკრატიის საზოგადოებრივ საფუძვლებს და ანიჭებს დემოკრატიას მის ჭეშმარიტ ხასიათს.

...სინამდვილეში ყველაზე არსებითია ის ინსტიტუტები და ის კონკრეტული სოციალური კონტექსტი, რომლებიც მას (დემოკრატიას) წარმოშობენ. ამ ინსტიტუციონალური პირობების მიღმა დემოკრატიისარსი ბუნდოვანი რჩება, ხოლო თავად ის - მიუღწეველი.. სამოქალაქო საზოგადოება უფრო სერიოზულ ლოზუნგად მეჩვენება, ვიდრე დემოკრატია, ვინაიდან იგი მიუთითებს კონკრეტულ ინსტიტუციონალურ პირობებზე და აუცილებელ ისტორიულ კონტექსტზე (გელნერი)

როგორც ვხედავთ, გელნერის მიდგომა უფრო ზოგად ხასიათს ატარებს, ვიდრე ის, რომელზედაც ზემოთ იყო ლაპარაკი. იგი სწავლობს საზოგადოებრივი ინსტიტუტების გარკვეული ტიპის (არასამთავრობო ორგანიზაციების) ჩამოყალიბების პერსპექტივებს ყველა სხვა ფაქტორთან მიმართებაში - ეკონომიკასთან, კულტურასთან, პოლიტიკასთან და ისტორიულ გამოცდილებასთან, და სულაც არ გამოყოფს ამ ერთობლიობიდან მხოლოდ ერთს - ასოციაციურ ცხოვრებას.

იყენებენ რა ერთსა და იმავე ტერმინს, ლარი დაიმონდი და გელნერი სხვადასხვა შინაარსს სდებენ მასში. ერთი ლაპარაკობს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ამა თუ იმ დოზით შეიძლება არადემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობდეს (და დემოკრატიზაციასაც უწყობდეს ხელს), ხოლო მეორე - გარკვეულ სოციალურ წესრიგზე, რომელიც წარმოშობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე თვით დემოკრატიასაც.

თუ ამ კონტექსტს არ გავითვალისწინებთ, ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება შეგვექმნეს, თითქოს საკუთრივ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა წარმოადგენდეს დემოკრატიის განმსაზღვრელ ელემენტს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ისინი იმსახურებენ ანუ იქმნება არაჯანსაღი პრაქტიკა.

ცნობილია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არ აძლევს ძლიერ სახელმწიფოს შესაძლებლობას დაამყაროს დიქტატი საზოადოებაზე. მაგრამ თუ სახელმწიფო სუსტია, მისი გაძლიერება გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ვიდრე ლაპარაკი მისი შეზღუდვის თაობაზე. ძლიერი სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია იმ ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა, რომელთა დამცველად სამოქალაქო საზოგადოება გვევლინება. სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უკავშირდება სახელმწიფოს გაძლიერებას, და არა პირიქით, მის დასუსტებას.

ტრადიციული გაგებით, სამოქალაქო საზოგადოება განისაზღვრება როგორც „ისტორიული წარმონაქმნი, რომელშიაც ერთობები, ინდივიდთა შორის კავშირები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და ეროვნული კულტურა იქმნება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მდგრადი ხდება პოლიტიკური ძალაუფლების ყველაზე მძლავრი ზეწოლის მიმართ“. მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამგვარი სამოქალაქო საზოგადოება ხელს კი არ შეუწყობს დემოკრატიას, არამედ დაბრკოლებებს შეუქმნის დემოკრატიზების პროცესებს, ვინაიდან ეს პროცესები სწორედ ისტორიულად დამკვიდრებული კავშირების და ინსტიტუტების გარდაქმნას მოითხოვენ.

სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გადაჭარბებული ყურადღება აგრეთვე არ არის გამართლებული, ვინაიდან ის ასევე შეიძლება გადაიზარდოს სახელმწიფოს და პოლიტიკის იგნორირებაში, რაც გამოიხატება დემოკრატიულ პროცესში პოლიტიკური პარტიების როლის დაკნინებაში. მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ, პატნემის თეორიის კრიტიკა. მაშინ აღინიშნა, რომ ჩრდილოეთ იტალიაში მრავალი საზოგადოებრივი ასოციაცია შეიქმნა სწორედ პოლიტიკური პარტიების ინიციატივითა და მფარველობით. ამასთან, ხშირად ზღვარი პოლიტიკურ პარტიასა და ინტერესთა ჯგუფს შორის არის საკმაოდ ბუნდოვანი და არაერთმნიშვნელოვანი. ინტერესთა ჯგუფები შეიძლება იღებდნენ მცირე პარტიების ფორმას, რომელთა პროგრამები ერთ პრიორიტეტულ საკითხზეა ორიენტირებული (მაგალითად, ეკოლოგიური მოძრაობა) და იღებდეს მონაწილეობას არჩევნებში ტაქტიკური მიზნით - საკუთარი იდეების პოპულარიზებისთვის.

არსებობს შებრუნებული მიდგომა, როდესაც მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური საკითხების განხილვა და მათზე მსჯელობა არაა სამოქალაქო საზოგადოების საქმე, იგი უნდა იყოს დეპოლიტიზირებული და არ ერეოდეს პოლიტიკურ ბრძოლებში, რადგანაც ეს მხოლოდ პოლიტიკოსების და სახელმწიფო მოხელეების სამოქმედო ასპარეზია. პოლიტიკის და სახელმწიფოს იგნორირება სამოქალაქო საზოგადოების სასარგებლოდ ხშირად გამოიხატება თვალსაზრისით, რომლის მიხედვითაც ასეთი დეპოლიტიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების ფონზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები პოლიტიკური საკითხების გაშუქებისას ხდებიან მეტისმეტად დამოკიდებულნი პოლიტიკოსების შეხედულებებზე, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია პოსტ-საბჭოური სივრცისთვის - განსხვავებით დემოკრატიული ქვეყნებისგან, სადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ბევრად უფრო კარგად ახერხებენ სწორედ პოლიტიკაზე და სახელმწიფო საკითხებზე დამოუკიდებელი, საზოგადოებრივი აზრის გამოთქმასა და ჩამოყალიბებას. იმ შემთხვევაში, თუ მათ ზურგს არ უმაგრებს სამოქალაქო საზოგადოება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკეთეს შემთხვევაში ასრულებენ კომუნიკაციურ ფუნქციას ხელისუფლება - ხალხი, მაგრამ ვერ ასრულებენ სხვა ფუნქციებს: ხალხი - ხელისუფლება და ხალხი - ხალხი. პოლიტიკური დღის წესრიგი დემოკრატიულ ქვეყნებში ნაწილობრივ მაინც მას-მედიის გავლენით ყალიბდება, რაც დემოკრატიის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. პოლიტიკური იდეები და ღირებულებები სწორედ სამოქალაქო საზოგადოებაში უნდა იღებდნენ ათვლის წერტილს, თუკი ლაპარაკია დემოკრატიის ხელშეწყობაზე სამოქალაქო საზოგადოების მიერ. დეპოლიტიზირებული სამოქალაქო საზოგადოების ფონზე მას-მედია ვერ იტვირთავს მეოთხე ხელისუფლების ფუნქციას.

პოსტ-საბჭოურ სივრცეში საზოგადოებრივი კონფლიქტი წარმოდგენილია როგორც პოლიტიკური სფეროს მახასიათებელი, რომელიც შორს დგას სამოქალაქო საზოგადოებისაგან, ამასთან სამოქალაქო საზოგადოება ხშირად ესახებათ როგორც თბილი, უკონფლიქტო ურთიერთობების სფერო. სწორედ ამით არის გამოწვეული სამოქალაქო საზოგადოების დეპოლიტიზების სურვილი. სინამდვილეში, სამოქალაქო საზოგადოების წარმოქმნის თავიდათავი სწორედ კონფლიქტის არსებობაა (პირველ რიგში ეკონომიკურის). თუ საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდა კონფლიქტების (კონკურენციის) პირობებში ერთობლივი მოქმედების, კონსენსუსის კულტურა, ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა ავტომატურად გადაინაცვლებს სახელმწიფოს კომპეტენციის სფეროში, რაც ასუსტებს, და არა აძლიერებს დემოკრატიას, ზრდის სახელმწიფოს მიერ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების საშიშროებას.

3.2.3 საზოგადოებრივი კაპიტალი და ნდობა, როგორც დემოკრატიული აღმშენებლობის კომპონენტები

▲back to top


თუ დემოკრატიას განვიხილავთ, როგორც პროცესს, რომლითაც მოქალაქეები ირჩევენ თავის მმართველებს კონკურენტული ელიტების რიცხვიდან და ეს ელიტები, თავის მხრივ, აღიარებას აღწევენ მაღალი სტატუსის მოპოვებით დიდ ფორმალურ ორგანიზაციებში, ასეთი დემოკრატია მოითხოვს რეგულარულ კონკურენციას ორგანიზებულ ჯგუფებს შორის, როდესაც თითოეული ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები, რომ იგი გამოხატავს მათ ინტერესებს და იმსახურებს მათ ნდობას.

პიროვნებამ შეიძლება მოიპოვოს ხმები არჩევნებში უბრალოდ პირადი მიმზიდველობის ხარჯზე, მაგრამ ამგვარი პიროვნების ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად არ არსებობს საკმარისი ინსტიტუციონალური საფუძვლები. ინდივიდები შეიძლება წარმოადგენდნენ ამოსავალ წერტილს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში, მაგრამ ისინი არ არიან ერთადერთი აუცილებელი ელემენტი. ადამიანები არ ცხოვრობენ იზოლირებულად. ოჯახი წარმოადგენს ასოციაციის უმარტივეს და ყველაზე მეტი ნდობით აღჭურვილ ფორმას. ოჯახს გარეთ მეგობრული კავშირების გაბმით პიროვნებები სურვილისამებრ ავრცობენ სანდო კავშირების ქსელს. მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან მმართველობითა და ეკონომიკის მდგომარეობით, უმრავლესობა მაინც კმაყოფილია თავისი ოჯახითა და მეგობრებით. სამუშაო და გასართობი კონტაქტები უზრუნველყოფენ პიროვნების პირველადი ჯგუფური ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას. ამ ქსელის ჩარჩოებში, პიროვნებას შეუძლია გადაწყვიტოს თუ ვის შეიძლება ენდოს უშუალო ინტენსიური კონტაქტების საფუძველზე და, თავის მხრივ, შეიძლება სანდო პიროვნების რეპუტაცია შეიძინოს.

როგორც დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნებში, ისე საზოგადოდ თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში შენარჩუნებულია უშუალო, ემოციური და ტრადიციული კონტაქტები ადამიანებს შორის, მაგრამ ამ ცხოვრებას გაცილებით უფრო მეტად არეგულირებს აბსტრაქტული, ფორმალური სტრუქტურები და ინსტიტუტები, რომელიც თანამედროვე ეპოქაში შეიქმნა. ეს სტრუქტურები და ინსტიტუტები უნივერსალურია, ყველა შემთხვევაში ერთნაირი და ადამიანისგან დაშორებული. ასეთია, მაგალითად, თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც, განსხვავებით ტრადიციული ძალაუფლებისგან, თანაბრად ექცევა ყველა ადამიანს სამართლის გარკვეულ უნივერსალურ პრინციპებზე დაყრდნობით.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა მჭიდროდ უკავშირდება ნდობას ამ აბსტრაქტული სისტემების მიმართ (რაც მოიცავს არაპერსონიფიცირებული პრინციპებისა და ანონიმური, უცნობი ადამიანების ნდობას), ვინაიდან აბსტრაქტული, უნივერსალური და ფორმალიზებული ინსტიტუტები დიდ როლს ასრულებენ თანამედროვე პოლიტიკის, ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებაში. ამგვარი ნდობის არსებობა წარმოადგენს აუცილებელ პირობას არა მარტო სამოქალაქო საზოგადოების, არამედ დემოკრატიის არსებობისთვისაც. ბოლოს და ბოლოს, ადამიანები არ მართავენ პირდაპირ, არამედ უნდა ენდობოდნენ წარმომადგენლობით ინსტიტუტებს, რომელთა პასუხისმგებლობის არსს წარმოადგენს მილიონობით ადამიანის ინტერესებისა და პრიორიტეტების შეჯერება. ამ ფუნქციის მატარებელი ზოგიერთი წარმომადგენელი, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატები, სახელმწიფოს მოხელეები არიან. სხვა ორგანიზაციები, როგორიცაა პროფკავშირები, ბიზნესის ასოციაციები, ეკლესია და უნივერსიტეტი, მიეკუთვნება სამოქალაქო საზოგადოებას და შედარებით დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. პოლიტიკური პარტიებს ენიჭებათ ყველაზე დიდი მნიშვნელობა დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის, ვინაიდან ისინი უზრუნველყოფენ კომუნიკაციის ორმხრივ არხებს მასებსა და მმართველობის ინსიტიტუტებს შორის.

ზემოთ უკვე ნახსენები მკვლევარის რიჩარდ როუზის აზრით, ნდობის არარსებობა წარმოადგენს საბჭოური მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმთავრეს მანკიერებას. ვინაიდან კომუნისტური პარტია ამტკიცებდა, რომ მარტო მან იცოდა, თუ როგორ უნდა წარემართა საზოგადოების ცხოვრება, არ ჰქონდა არანაირი აზრი ადამიანთა მიერ მათი შეხედულებების გამოვლენას არჩევნების ან სხვა, პარტია-სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად შექნილი ინსტიტუტების მეშვეობით. კომუნისტური ლოგიკა უზრუნველყოფდა საზოგადოების ტოტალიტარულ ორგანიზებას, რომელშიაც ყველა ინსტიტუტს უნდა მიეღო მონაწილეობა სოციალიზმის მშენებლობის ერთიან პროცესში. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა პროფკავშირები, მწერალთა კავშირი და სხვ. უბრალოდ პარტია-სახელმწიფოს მარიონეტებს წარმოადგენდნენ. ამგვარი მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებირივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს მოიცავდა, რასაც შედეგად მოსდევდა მოსახლეობის მასიური უნდობლობა ინსტიტუტების მიმართ, ვინაიდან ეს ინსტიტუტები კი არ გამოხატავდნენ ადამიანთა შეხედულებებს, არამედ თრგუნავდნენ მათ.

პოსტკომუნისტური ქვეყნების მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თანახმაა დემოკრატიზე, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ მათ საზოგადოებებს ამისთვის აკლიათ უმთავრესი შემადგენელი ნაწილი - სანდო ინსტიტუტები, რომლებსაც შესწევთ უნარი გასწიონ შუამავლის როლი ინდივიდებსა და სახელმწიფოს შორის. პარტიული პოლიტიკის უნდობლობა ენდემურია იმ ხალხში, რომლისთვისაც „პარტია“ ასოცირებულია „აპარატჩიკებთან“ და ნომენკლატურასთან. დამოუკიდებელი ინსტიტუტების სისტემატურმა ჩახშობამ თითქმის საუკუნის განმავლობაში მეტად გააძნელა ახალი ინსტიტუტების წარმოქმნა. ეს კი წარმომადგენლობით ინსტიტუტებს უქმნის სირთულეებს სახალხო აღიარების მოსაპოვებლად. ასეთი ვითარება თანაბრად ეხება პარტიებსაც.

აღსანიშნავია, რომ დემოკრატია სულაც არ მოითხოვს მთავრობისადმი მაღალი ნდობის აუცილებლობით არსებობას. საკმარისია გავიხსენოთ სკანდალებისა და კორუფციის მრავალი შემთხვევა მსოფლიოს ყველაზე ძირძველ და მყარ დემოკრატიებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ფრთხილი დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი მოხელეების მიმართ შეიძლება გამართლებული იყოს. დასავლეთის დემოკრატიებში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რეგულარულად აფიქსირებენ უნდობლობის მაღალ დონეს მმართველობის ინსიტიტუტების მიმართ. მაგრამ ვინაიდან ამ საზოგადოებებში უზრუნველყოფილია მრავალფეროვანი ინსტიტუტების ფუნქციონირება, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად, მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეუძლია მაინც იპოვოს ისეთი ინსიტუტი, რომელსაც ის მიენდობა. დასავლეთში შედარებით მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სრულად გამოთიშულნი არიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან იმ თვალსაზრისით, რომ ვერ პოულობენ ორგანიზაციას, რომელიც მათი ინტერესები წარმოადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ პოსტსაბჭოურ საზოგადოებებში ღრმადაა დასადგურებული უნდობლობა, ადამიანები მაინც ფართოდ სარგებლობენ არც ისე დიდი ხნით მოპოვებული დამოუკიდებლობით სახელმწიფოსაგან. მაგრამ ამავე დროს ეს უნდობლობა დაბრკოლებას უქმნის დემოკრატიის განვითარებას. ახლადშექმნილ რეჟიმებში ტარდება რეგულარული არჩევნები, მაგრამ კენჭისყრის შედეგად არ ირჩევა წარმომადგენლობითი ორგანოები, ვინაიდან გამარჯვებულები არ არიან დამკვიდრებული ინსტიტუტების წარმომადგენლები. ზოგადად, პოსტკომუნისტური ქვეყნების მოქალაქეები არ ენდობიან იმ პარტიებს, რომლებსაც ისინი ხმას აძლევენ. უნდობლობის მემკვიდრეობა იმდენად ძლიერია, რომ არჩევანის არსებობის შემთხვევაში მათ უმრავლესობას ურჩევნია იარსებოს სუსტი და არაეფექტური ხელისუფლების პირობებში, ვიდრე ძლიერი ხელისუფლებით.

ნდობა ინსტიტუტების მიმართ არ მყარდებაა კანონის ძალით. სანდო ინსტიტუტები არიან თანამშრომლობის და შესაბამისი პოლიტიკური ჩვევების გამომუშავების გრძელი და პოზიტიური ისტორიული პროცესის ნაყოფი. ნდობა შეიძლება იყოს მხოლოდ მოპოვებული, და ეს უფრო ადვილად ხდება როდესაც პროცესი მოდის ქვევიდან, და არა ზევიდან. პოსტ-საბჭოური ადამიანი ენდობა იმათ, ვისაც იცნობს, და იცნობს იმათ, ვისაც ენდობა. მცირე ორგანიზაციები, რომლებშიაც ყველა ყველას იცნობს უფრო ადვილად ხდება მათი წევრების ნდობის საგანი და უფრო ადვილად იქმნება, ვიდრე მასობრივ წევრობაზე გათვლილი ინსტიტუტები. შესაძლოა ეს მცირე ორგანიზაციები, იქნებიან ისინი ეკონომიკური თუ სამოქალაქო, დროთა განმავლობაში გადაიზარდონ დიდ და უფრო ფორმალიზებულ ინსტიტუტებად. სამოქალაქო საზოგადოების შექმნა წააგავს ბაღის კულტივირებას, ის მოითხოვს უზარმაზარ დროს და მოთმინებას.

ზემოთქმულთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია შემოვიტანოთ საზოგადოებრივი კაპიტალის ცნება.

რობერტ პატნემმა გამოიკვლია სამხრეთ და ჩრდილოეთ იტალიაში სამოქალაქო ცხოვრების თავისებურებები და მათი მიმართება ამ რეგიონების პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასთან. მდიდარ ფაქტობრივ და რაოდენობრივ მასალაზე დაყრდნობით მან აჩვენა, რომ საზოგადოებრივი კაპიტალი არის ის სიმდიდრე, რომელიც არ იქმნება ერთბაშად და რომელიც საზოგადოების წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია.

პატნემი სვამს კითხვას - რა კავშირშია ამა თუ იმ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების წარმატებული ფუნქციონირება იმ სოციალურ კონტექსტთან, რომელიც საზოგადოებას ახასიათებს?

1860 წელს იტალიის ერთიანი სახელმწიფოს გამოცხადების შემდეგ, ქვეყნის უაღრესად ცენტრალიზებული მმართველობის მოდელი განიხილებოდა, როგორც აუცილებელი საშუალება სუსტად ინტეგრირებული, მრავალფეროვანი და უკიდურესად განსხავებული გეოგრაფიული რეგიონების გასაერთიანებლად და ერთიანი ერის ჩამოსაყალიბებლად. მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის პირობებში გახდა შესაძლებელი 1948 წლის ახალ კონსტიტუციაში რეგიონებში პირდაპირი არჩევნებით არჩეული ხელისუფლების არსებობის დაფიქსირება. თუმცა კი კონსტიტუციის ეს მუხლი სრული სახით 1970 წლამდე არ ამოქმედებულა და შემდგომშიც ახლადშექმნილ რეგიონულ ხელისუფლებას გარკვეული დრო დასჭირდა, რათა რეგიონების თვითმმართველობა ფორმალურიდან რეალურად გადაქცეულიყო. 1970 წელს იტალიის მთავრობამ დაიწყო ქვეყნის მმართველობის დეცენტრალიზება და მოახდინა ძალაუფლებისა და რესურსების მნიშვნელოვანი დელეგირება ახლადშექმნილ რეგიონულ წარმომადგენლობით ხელისუფლებაზე.

რა მოუტანა რეფორმამ იტალიის რეგიონებს? გაუმჯობესდა თუ არა მის შედეგად მმართველობისა და პოლიტიკის ხარისხი? რამდენად წარმატებით ამუშავდა ახლადშექმნილი წარმომადგენლობითი პოლიტიკური ინსტიტუტები? ხელისუფლების საქმიანობის დეტალური შესწავლის საფუძველზე მეცნიერებმა „ნიშნები დაუწერეს“ რეგიონების ახლადშექმნილ ინსტიტუტებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კარგად ახორციელებდნენ ისინი მათ წინაშე მდგარ ამოცანებს - აუმჯობესებდნენ კანონმდებლობას, დროულად ამტკიცებდენენ ბიუჯეტებს, აუმჯობესებდნენ ბიუროკრატიის მუშაობას, ჯანმრთელობის დაცვას და სხვ.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი რეგიონის ხელისუფლება სტაბილურად კარგად მუშაობდა, ხოლო სხვების კი სტაბილურად დაბალ დონეზე ფუნქციონირებდა. ეს ობიექტური მაჩვენებლები ზედმიწევნით სრულად ასახავდა მოსახლეობის წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია ამა თუ იმ რეგიონული ხელისუფლების საქმიანობა. ამგვარად, ზოგიერთი რეგიონის ხელისუფლების მოღვაწეობა უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე სხვებისა. მათ უფრო ეფექტურად წარმართეს შიდა პროცესები, პოლიტიკური ინიციატივების გამოვლენისას მეტი შემოქმედებითობა გამოიჩინეს, უფრო ეფექტურად განახორციელეს ეს ინიციატივები. ეს განსხვავებები კარგად იყო გათვითცნობიერებული რეგიონების მოსახელობის მიერ.

რამ განაპირობა ეს განსხვავება? განა ყველა რეგიონს არ გააჩნდა იდენტური მმართველობის სტრუქტურები, და ანალოგიური საკანონმდებლო და ეკონომიკური რესურსები?

აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთის რეგიონების მმართველობა საერთო ჯამში უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე სამხრეთის რეგიონებისა. რამდენადაც წმინდა პოლიტიკური ხასიათის პარამეტრები იდენტურია, ამ განსხვავების ახსნა შეუძლებელია სხვა ტიპის, არაპოლიტიკური ფაქტორების მოშველიების გარეშე. ამგვარი ფაქტორები ორი სახის შეიძლება იყოს: ა) სოციალურ-ეკონომიკური - სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე, რომელიც უკავშირდება ინდუსტრიალიზაციის დონეს; და ბ) სოციალურ-კულტურული: „სამოქალაქო ურთიერთობების“ თავისებურებები - სამოქალაქო ურთიერთობების ხასიათი და სოციალური სოლიდარობის დონე.

დასავლეთის ისტორიაში სამრეწველო (ინდუსტრიული) რევოლუცია წარმოადგენს უკანასკნელი საუკუნეების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას, რომელმაც რადიკალურად შეცვალა დასავლური საზოგადოებების ცხოვრება. ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია მეცნიერების მიერ ხშირად განიხილება ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად. ინდუსტრიალიზაცია, რომელიც იტალიაში გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო, ბევრად უფრო წარმატებული აღმოჩნდა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, ვიდრე სამხრეთ ნაწილში. მაგრამ დასკვნა, რომელიც მეცნიერებმა გამოკვლევებზე დაყრდნობით გააკეთეს, შედეგია: სავარაუდოდ ორივე - თანამედროვე ეკონომიკის დამკვიდრება და დემოკრატიული ინსტიტუტების წარმატება ჩრდილოეთ იტალიაში უკავშირდება მესამე ფაქტორის ზეგავლენას - ამ რეგიონში საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობის ხასიათს.

რაში მდგომარეობს განსხვავების არსი საზოგადოებრივი ცხოვრების ამ ორ მოდელს შორის?

განსხვავება ჩრდილოეთისა და სამხრეთის მცხოვრებთა შორის დაახლოებით შეესაბამება სხვაობას მოქალაქესა და ქვეშევრდომს შორის. მოქალაქე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის უანგარო ალტრუისტია, რომელიც არ ზრუნავს საკუთარ ინტერესებზე, არამედ იმას, რომ თავის ინტერესებს ის იაზრებს უფრო ფართო საზოგადოებრივი ინტერესების კონტექსტში. მოქალაქეთა ერთობა ხასიათდება ყველასათვის ერთნაირი უფლებებითა და მოვალეობებით. ამგვარი ერთობა შეკრულია კოოპერირების და „მისვლა-მოსვლის“ ჰორიზონტალური ურთიერთობებით, და არა ზემდგომისა და მასზე დამოკიდებულის ურთიერთობებით, როგორც ეს ბატონსა და ქვეშევრდომს შორის ხდება. მოქალაქეები ურთიერთობენ როგორც თანასწორნი, და არა როგორც პატრონი და კლიენტი.

ისეთი საზოგადოების ღირებულებები და ნორმები, რომელიც შედგება მოქალაქეებისგან, ვლინდება ამ საზოგადოებების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამგვარ საზოგადოებაში ადამიანები უფრო ადვილად ქმნიან კავშირებს, ხოლო ეს კავშირები, თავის მხრივ, ხელს უწყობენ წარმატებულ საზოგადოებრივ ურთიერთქმედებას. იქ, სადაც მოქალაქეობრივი განწყობები სუსტია, ადამიანებს უჭირთ ერთად მოქმედება საერთო მიზნების მისაღწევად, ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებიც სცილდება მათი ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობაზე უშუალოდ ზრუნვას. საზოგადოებრივი ცხოვრებით მეტი დაინტერესება ვლინდება, კერძოდ, იმაში, რომ მოქალაქეთაგან შემდგარ საზოგადოებაში ადამიანები მეტად კითხულობენ გაზეთებს. მოქალაქეები, ქვეშევრდომებისგან განსხვავებით, ინტერესდებიან იმით, თუ რა იწერება გაზეთებში და უფრო ხშირად ყიდულობენ მათ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაკლები მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე მოსახლეობა ასოციალური ან აპოლიტიკურია. უბრალოდ მასში გამჯდარი ვერტიკალური, არასიმეტრიული, პატრონ-კლიენტის ურთიერთობები საზოგადოებრივ ცხოვრებას სხვა ელფერს ანიჭებენ. როდესაც იტალიის სამხრეთი რეგიონების მცხოვრებს ექმნება პრობლემა (მაგალითად, სჭირდება ლიცენზია, სამსახური და სხვა), იგი გაცილებით უფრო ხშირად ცდილობს მოძებნოს პოლიტიკოსი, რომელიც მას პიროვნულად დაეხმარება, ვიდრე ეს ხდება ჩრდილოეთ რეგიონებში. შეიძლება სწორედ ამიტომ პოლიტიკური ცხოვრება იქ უფრო პერსონიფიცირებულია, უფროა ორიენტირებული პოლიტიკოსებზე, როგორც პიროვნებებზე, ვიდრე მათ პროგრამებზე. ჩრდილოეთ რეგონებში პოლიტიკოსები უფრო იშვიათად ხვდებიან მთხოვნელებს, თანაც მათ უფრო ხშირად მიმართავენ პოლიტიკის განსაზღვრასთან და კანონების მიღებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, მაშინ როცა სამხრეთ რეგიონებში მათ უფრო ხშირად სთხოვენ სამსახურსა და მფარველობას.

ჩრდილოეთ იტალიაში სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება ნაკლებად იერარქიულია, ვიდრე სამხრეთში. თანასწორობა მნიშვნელოვანი მახასიათებელია იმ საზოგადოებისა, რომელიც უფრო მიდრეკილია ჰორიზონტალური, სიმეტრიული ურთიერთობებისადმი. სამხრეთში ადამიანები გრძნობენ, რომ ისინი არიან ექსპლუატირებულნი, არა აქვთ გავლენა და გათიშულები არიან. სამხრეთ რეგიონებში, მაფიის სამშობლოში, ბევრად უფრო გავრცელებულია კორუფცია. კანონები უფრო „კანონობს“ ჩრდილოეთში, ვიდრე სამხრეთში. ჰორიზონტალური კავშირების სისუსტის ფონზე იერარქია, ძალა და პოლიცია რჩება იმ შემაკავშირებელ ვერტიკალურ ინსტიტუტად, რომელიც იცავს საზოგადოებას ანარქიისგან.

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში განსხვავებული იყო აგრეთვე ეკონომიკური ზრდის ტემპები იტალიის სხვადასხვა რეგიონებში. იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთში წარმატებულად ვითარდება ბიზნესი და წარმოება, სამხრეთში უმეტესწილად ვერ ხერხდება სიღარიბისა და ჩამორჩენილობის დაძლევა. ამგვარად, სხვაობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაკავშირებულია ეკონომიკურ საქმიანობასთანაც. ამ კავშირის სრული ანალიზი მეტად რთულია, მაგრამ ზოგიერთი ნიშნის გამოკვეთა მაინც შესაძლებელია. ასე მაგალითად, მკვლევარები მიუთითებენ იტალიის ეკონომიკურ განვითარებაში ე.წ. „ინდუსტრიული რაიონების“ მნიშვნელობაზე. ამ რაიონებში ვითარდება წვრილი, მაგრამ ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული და მეტად პროდუქტიული წარმოება. მათ ახასიათებთ კონკურენციისა და კოოპერირების თავისებური ნაზავი. ფირმები კონკურირებენ ინოვაციების შემოტანისა და წარმოების განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ კოოპერირებენ ადმინისტრაციულ მომსახურებაში, ნედლეულის შემოტანაში, ინფორმაციის მიღებასა და კვლევებში. ფირმების ამ ქსელს ახასიათებს ჰორიზონტალური კავშირების სიძლიერე, რომელიც ეფუძნება ქვე-კონტრაქტების დადებას და შეკვეთების ნაწილის გადაცემას დროებით ნაკლებად დატვირთულ კონკურენტებზე. იქმნება ტექნოლოგიურად მოწინავე და მოქნილი სისტემა, რომელსაც შეუძლია წარმატებით კონკურირება თანამედროვე სამყაროში. კერძო ეკონომიკური ასოციაციებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ხშირმა ქსელმა... თანამშრომლობის ქცევის განვითარების ხელშეწყობით და მცირე ფირმებისთვის იმ ინფრასტრუქტურის შექმნით, რომელსაც ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ საკუთარი ძალებით, შექმნა გარემო, რომელშიაც წარმატებით ვითარდება ბაზარი.

რამ განაპირობა ესოდენ დიდი განსხვავება ჩრდილოეთ და სამხრეთ იტალიის საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობაში? პასუხის გაცემა ამ კითხვაზე მეტად რთულია, თუმცა კი ამ სხვაობის ფესვები შეიძლება განპირობებული იყოს ისტორიული ტრადიციით. ჩრდილოეთ იტალიას წარსულში (მეთერთმეტე საუკუნიდან) ახასიათებდა ქალაქი-რესპუბლიკების არსებობა. თვითმმართველობის ამ მრავალსაუკუნოვანმა ტრადიციამ, შესაძლოა, გამოუმუშავა მოსახლეობას თანასწორობის, პასუხისმგებლობის და სოლიდარობის ჩვევა. სამხრეთ იტალია კი განიცდიდა სიცილიის სამეფოს ფეოდალურ და ავტორიტარულ ბატონობას, რამაც იქ ჩამოაყალიბა არა მოქალაქე, არამედ ქვეშევრდომი. სამხრეთში, იტალიის გაერთიანების შემდეგაც:

ყველა კლასში კომუნალური სულის არარსებობა გამომდინარეობდა მორჩილების ჩვევისგან, რაც ადამიანებს დესპოტიზმის საუკუნეებმა ჩაუნერგეს. არისტოკრატიაც კი შეეჩვია ობსტრუქციას და გაიზიარა ის შეხედულება, რომ მორალური თვალსაზრისით სავსებით დასაშვებია მმართველების მოტყუება, თუკი ეს მოტყუება სარგებლის მომტანია... გადასახადების გადახდის საჭიროების გათვითცნობიერების სანაცვლოდ, ჩამოყალიბდა დამოკიდებულება, რომ თუ ადამიანთა ერთმა ჯგუფმა გამოძებნდა მათი გვერდის ავლის გზა, მაშინ დანარჩენმა ჯგუფებმაც უმჯობესია მიხედონ თავის საკუთარ ინტერესებს. ამგვარად თითოეული პროვინცია, თითოეული კლასი, თითოეული წარმოება ეძებდა მოგების მიღების გზებს საზოგადოების მოგების საფასურად.

ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მიღწევა უფრო იოლია იქ, სადაც ადამიანები თანამშრომლობენ და კოოპერირებენ. ამდენად თანამშრომლობა და კოოპერირება ზოგადად უნდა იყოს რაციონალური გათვლის შედეგი, და არა უბრალოდ „ღირსეული მოქალაქისთვის“ დამახასიათებელი ჩვევა. მაგრამ, როგორც იტალიის მაგალითი გვიჩვენებს, რაციონალური გააზრება იმისა, რომ კოოპერირება ზოგადად სასარგებლოა, არ იწვევს ამ კოოპერირების სწაფ განვითარებას. ის, რომ სხვადასხვა საზოგადოებები ავლენენ თანამშრომლობისა და კოოპერირების განსხვავებულ უნარს, მიუთითებს იმაზე, რომ გარდა ეკონომიკური, ინტელექტუალური, მატერიალური და სხვა სახის კაპიტალისა, საზოგადოების წარმატებული განვითარებისთვის საჭიროა კაპიტალის კიდევ ერთი სახეობა - საზოგადოებრივი კაპიტალი.

საზოგადოებრივ კაპიტალში იგულისხმება საზოგადოებრივი მოწყობის ისეთი მახასიათებლები, რომელთა რიცხვშიც შედის ადამიანთა შორის ნდობა, ურთიერთობის ნორმები და ამ ურთიერთობათა ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდას შეთანხმებული მოქმედების გაადვილების გზით.

ის, რომ საზოგადოებრივი კაპიტალი აადვილებს სპონტანურ თანამშრომლობას, შეიძლება დავინახოთ მარტივი მაგალითის საშუალებით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს ის, რასაც საბჭოთა დროში ჩვენ „ურთიერთდახმარების სალაროებს“ ვუწოდებდით. მათი ფუნქციონირების პრინციპი მარტივია. თუ სალაროში გაერთიანებულია, მაგალითად, თორმეტი ადამიანი, რომლებსაც შემოაქვთ ყოველთვიურად თითო-თითო ლარი, მაშინ ამ სალაროს ყველა წევრს შეეძლება რიგ-რიგობით, წლის განმავლობაში ერთხელ მიიღოს ამ სალაროდან თორმეტი ლარი. მთავარი, რასაც ეფუძნება ამ სალაროს ფუნქციონირება არის ის, რომ მან, ვინც უკვე აიღო თორმეტი ლარი, უნდა გააგრძელოს თავისი შენატანის შეტანა მანამ, ვიდრე არ შეიკვრება წრე და მანამ სალაროს მეთორმეტე, უკანასკნელი წევრი არ აიღებს მის კუთვნილ თორმეტ ლარს. რა ხდის ამგვარი ასოციაციების არსებობას შესაძლებელს? რატომ აგრძელებენ სალაროს წევრები შენატანების გადახდას მას შემდეგ, რაც თავისი წილი გამოიტანეს? და რატომ რისკავენ საერთოდ ამგვარ სალაროებში გაერთიანებას, მათ ხომ არა აქვთ იმის გარანტია, რომ სალაროს სხვა წევრების მიერ მოტყუებულნი არ დარჩებიან? საიდან ჩნდება ერთმანეთის ნდობა, რომელიც აუცილებელია სალაროს ფუნქციონირებისათვის?

პატარა სოფელში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და არავინ აპირებს სხვაგან გადასახლებას, ამგვარი ნდობა შეიძლება ბუნებრივად გამომდინარეობდეს იქიდან, რომ სოფლის ყველა მცხოვრები იძულებულია დაემორჩილოს ქცევის ერთიან ნორმებს, რომელთა დარღვევა დაგმობას გამოიწვევს თანასოფლელების მხრიდან. დიდ ქალაქში, სადაც ურთიერთობები ნაკლებად მჭიდრო და პიროვნულია, ნდობის უზრუნველსაყოფად საჭიროა უფრო რთული და ნაკლებად მჭიდროდ შეკრული საზოგადოებრივი ქსელების გამოყენება. ქალაქში სალაროს ყველა წევრი შეიძლება არ იცნობდეს ერთმანეთს და მათი ნდობა ერთგვარად ჯაჭვურად გადაიცემოდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე: „მე ვენდობი იმას, იმიტომ რომ მას ენდობი შენ, ხოლო მე შენ გენდობი“. ცხადია, რომ რაც უფრო მცირეა საზოგადოებრივი კაპიტალი, მით უფრო ძნელია ამგვარ ასოციაციაში ადამიანთა გაწევრიანება.

ეს მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გადაიქცეს საზოგადოებრივი კაპიტალი მატერიალურ მოგებად ყველასათვის. ისტორიულად, გარკვეული თვალსაზრისით, ანალოგიური მექანიზმების წყალობით წარმოიქმნა ბანკები ჩრდილოეთ იტალიის სავაჭრო ქალაქებში, რომლებიც გასცემდნენ კრედიტებს (ცრედერე - იტალიურად დაჯერება).

მისწრაფება გაიზარდოს საზოგადოებრივი კაპიტალი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი კაპიტალის ზრდის სურვილი. თანაც, საზოგადოებრივი კაპიტალი, სხვა რესურსებისგან განსხვავებით, იზრდება, და არა მცირდება მისი ხშირი მოხმარებით. და პირიქით, იგი მცირდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კაპიტალით არ სარგებლობენ.

საზოგადოებრივი კაპიტალი ამცირებს პარტნიორების ხარჯებს იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას. კერძოდ, ის შეთანხმება, რომელიც ერთ შემთხვევაში შეიძლება ძალაში შევიდეს ხელის ერთი ჩამორთმევით, სხვა შემთხვევაში პარტნიორების მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მოითხოვს ურიცხვი ადვოკატების ჩარევას და უამრავი ქაღალდის ხელმოწერას.

ნდობა არის საზოგადოებრივი კაპიტალის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი. თითქმის ყველა კომერციული ურთიერთობა გულისხმობს თავის თავში ნდობის ელემენტს, მათ შორის ყველა ურთიერთობა, რომელიც დროთა განმავლობაში გრძელდება. შეიძლება ვამტკიცოთ, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ჩამორჩენილობის დიდი ნაწილი შეიძლება აიხსნას ერთმანეთისადმი ნდობის არარსებობით.

ხშირად მიიჩნევენ, რომ წარმატებული თანამშრომლობისათვის საჭიროა მესამე მხარის არსებობა - მაგალითად, სახელმწიფო კანონის უზენაესობის დაცვა შეიძლება უზრუნველყოფდეს მხარეთა შორის გარკვეულ ნდობას. მაგრამ მიუკერძოებელი სახელმწიფოს შექმნა თავად არის პრობლემა, რომელიც თავისი ფუნქციონირების წინაპირობად მოითხოვს მისდამი ნდობას. სახელმწიფოს მმართველებმა შეიძლება გამოიყენონ სახელმწიფო ძალაუფლება საკუთარ ინტერესებში. თანამედროვე საზოგადოებაში, მისი პლურალისტური მოწყობიდან გამომდინარე ნდობა ვერ წარმოიქმნება ვერც გაზიარებული რელიგიური ნორმებიდან და ვერც სხვა გარეგანი ფაქტორებიდან. თავისი წმინდა სახით ნდობა უპირობოა.

რატომ ხდება, რომ ერთი საზოგადოება ხასიათდება ნდობის უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე მეორე? ისტორიული ფესვების მოძიება არ არის საკმარისი ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ვინაიდან იგი წარმოშობს სხვა კითხვას - რატომ მოხდა, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი იტალია განვითარების სხვადასხვა გზით წავიდა თუნდაც მეთორმეთმეტე საუკუნეში? იტალიის მაგალითის შესწავლა, სავარაუდოდ, ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას გვაძლევს - სოციალური კონტექსტი და ისტორია მნიშვნელოვნად განაპირობებენ ფორმალური ინსტიტუტების ფუნქციონირებას. საზოგადოებრივი კაპიტალის შექმნა იოლი არ არის, მაგრამ იგი წარმოადგენს კარგ პირობას დემოკრატიული ინსტიტუტების ეფექტური ამუშავებისათვის.

ნდობა, ეკონომიკა და დემოკრატია

სიტყვა „ნდობა“ მეტად პოპულარული გახდა 90-იანი წლების სამეცნიერო გამოკვლევებში.

ადამიანთა შორის ნდობას, როგორც საზოგადოებრივი კაპიტალის ფორმას, ფრენსის ფუკუიამა განიხილავს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტრუქტურის განმსაზღვრელ კომპონენტად. მისი მტკიცებით, აშშ-სა და იაპონიას გაცილებით მეტი აქვთ საერთო, ვიდრე ადრე ფიქრობდნენ. ორივე ქვეყნის მოქალაქეებს ახასიათებთ მაღალი უნარი ენდონ არა-ნათესავებს და, ამდენად, შექმნან დიდი ინდუსტრიული კორპორაციები. ნდობის დაბალი დონის მქონე ქვეყნებში, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში, ბიზნესი თითქმის მთლიანად ოჯახური საწარმოს სახით შენარჩუნდა. მხოლოდ მაღალი ნდობის მქონე საზოგადოებებში არის შესაძლებელი მესაკუთრეებმა იქირავონ პროფესიონალი მენეჯერი მათი საკუთრების სამართავად, რომელიც დაინიშნება ამ თანამდებობაზე მისი პროფესიონალიზმის წყალობით და არა ოჯახის წევრობის გამო.

ამერიკის და იაპონიის ამგვარი გაიგივება მეტად მოულოდნელად გამოიყურება და მიუთითებს იმაზე, რომ ამა თუ იმ საზოგადოებაში ნდობის არსებობის საფუძვლები ფუკუიამას არა აქვს სათანადოდ დიფერენცირებული. ფუკუიამასთვის ადამიანი არის სანდო იმდენად, რამდენადაც იქცევა საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და მორალის შესაბამისად. საზოგადოება მისგან მოელის გარკვეულ ქცევას, რომელსაც განაპირობებს ან მისი წარმომავლობა (მაგ. ფეოდალურ საზოგადოებაში), ან საზოგადოებაში გავრცელებული რელიგიური რწმენა, ან საზოგადოებრივი ქცევის მიღებული პრაქტიკა (მაგ. საქართველოში პანაშვიდზე მისვლა), და ის ამ მოლოდინს ამართლებს. იაპონური საზოგადოებისთვის, რომელიც მეტად კოლექტივისტურია და ეფუძნება წარმომავლობას, რელიგიურ და კულტურულ „ერთნაირობას“, ნდობის ფენომენის არსის ამგვარი გაგება, შესაძლოა, გამართლებულიც იყოს, მაგრამ ამერიკისთვის მისი გამოყენება ცოტა სათუოა. ამერიკელს იაპონელზე ბევრად უფრო ხშირად უხდება ტოლერანტობის გამოვლენა ქცევის განსხვავებული ნორმების მქონე ადამიანების მიმართ, ვიდრე ერთიან ნორმებზე დაფუძნებულ ურთიერთობებში მონაწილეობა. თანამედროვე ამერიკული საზოგადოება არის ინდივიდუალისტური, მასში პატივს სცემენ ინდივიდის ავტონომიას და პატიოსნებას. ადამიანის მორალი მისი კერძო საქმეა. ამდენად, თანამედროვე საზოგადოებაში ორ ადამიანს შორის ნდობის წარმოქმნა შეიძლება ზოგჯერ მოითხოვდეს უპირობო რწმენას ერთიმეორის მიმართ, ისეთივე უპირობოს, როგორიცაა მეგობრობა ან ღმერთის რწმენა, რომელიც ან არსებობს, ან არა, მაგრამ რომლის მოთხოვნა არ შეიძლება გარეგანი პირობების დასმით.

ადამიანთა შორის არსებული ნდობა არ არის საზოგადოების ერთხელ და სამუდამოდ მოცემული მახასიათებელი. ერთი მხრივ ის, როგორც ამას პატნემი ამტკიცებს, ახდენს გავლენას დემოკრატიული და საბაზრო ინსტიტუტების კარგ ფუნქციონირებაზე. მაგრამ მეორე მხრივ, სავარაუდოა, რომ ამ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირება თავად იწვევს ნდობის დონის ამაღლებას. ასე, შესაძლოა დავუშვათ, რომ ადამიანთა შორის ნდობის დაბალმა დონემ იტალიასა და გერმანიაში გავლენა მოახდინა ამ ქვეყნებში დემოკრატიის დამარცხებაზე მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში, მაგრამ ამ ნდობის მკვეთრი ზრდა ორივე ქვეყანაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიუთითებდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მასტაბილიზებელ ზეგავლენაზე საზოგადოებაზე. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს ზრდა უკავშირდება ამავე პერიოდში ამ ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფ აღორძინებას. ამჟამად სახეზეა აშშ-ში ნდობის დონის გარკვეული კლება, მეტიც გამოითქვა მოსაზრება ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი კაპიტალის კლების საშიშროების შესახებ, რასაც პატნემი გარკვეულწილად საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ტელევიზიის გავლენით ხსნის.

ტრადიციული და თანამედროვე საზოგადოებრივი წესრიგი

გერმანელმა მეცნიერმა ტიონისმა (Tönnies) საზოგადოებრივ მეცნიერებებში დაამკვიდრა ორი გერმანული ტერმინის გამოყენება, Gemeinschaft (თემი) და Gesellschaft (საზოგადოება) ორი ტიპის საზოგადოებრივი წესრიგის გასამიჯნავად. პირველი, Gemeinschaft შეესაბამება არამოდერნიზებულ, ტრადიციულ ერთობას, ხოლო მეორე, Gesellschaft - მოდერნიზებულ, ინდუსტრიალიზებულ, კონკურენციის საფუძველზე აგებულ საზოგადოებას. პირველს ტიონისი ერთგვარი ნოსტალგიით აღწერს როგორც ჰარმონიულს და ჰუმანურს, ხოლო მეორეს, რომელშიაც ადამიანები მუდმივად ქიშპობენ და პაექრობენ საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, განიხილავს დეჰუმანიზირებული, ეგოისტური ინტერესების ბრძოლის ველად.

თანამედროვე ტიპის საზოგადოების წარმოქმნამდე ტრადიციულ საზოგადოებებში Gemeinschaft-ში, ადამიანთა ურთიერთობები ნაკლებად მრავალფეროვანი იყო, მათ ხასიათს (და მის ქცევას) განაპირობებდა ადამიანის ადგილი საკმაოდ ვიწრო და მდგრად ერთობაში; საზოგადოებრივი წესრიგი უფრო ჰარმონიული იყო და ეფუძნებოდა ჩვეულებებს, ეროვნულ თავისებურებებს, ემოციებს და რელიგიას. საზოგადოებრივი ურთიერთობები იყო რეგლამენტირებული ურთიერთობა ადამიანებს შორის ხდებოდა პირისპირ. ადამიანთა შორის სოლიდარობა ამ საზოგადოებაში მექანიკურად მომდინარეობდა მათი ნათესაური, თემური ან მეზობლური დამოკიდებულებისგან.

თანამედროვე საზოგადოებრივი წესრიგი, Gesellschaft ეფუძნება რაციონალურ გათვლას და რაციონალური მიზნების ერთობას, იგი აგებულია კონტრაქტის, შეთანხმების საფუძველზე, მას იცავს პოლიტიკური კანონმდებლობა და იდეოლოგიურად ამართლებს საზოგადოებრივი აზრი. ცივილიზებული ადამიანი აზროვნებს რაციონალურად, მოქმედებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, თავად ირჩევს ურთიერთობათა სახეობას, ის მობილურია, მოდულური (გელნერის გაგებით), ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის ურთიერთობებისთვის მისი ფუნქციონალური მახასიათებლები (მაგ. პროფესიონალიზმი) უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი პიროვნული თავისებურება. ამ საზოგადოებაში სოლიდარობა ადამიანთა შორის ჩნდება მათი ინტერესებისა და მიზნების ორგანული თანხვედრის შედეგად.

ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები დომინირებს პირველი ტიპის საზოგადოებრივ წესრიგში, რომელთანაც უფრო ახლო დგას სოფლის მოწყობა. დიდი ინდუსტრიული ქალაქი უფრო ახლოსაა მეორე ტიპის საზოგადოებასთან. შემთხვევითი არ არის, რომ „სამოქალაქო“ საზოგადოება - ეს არის მოქალაქეთა, ქალაქელთა საზოგადოება.

ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანი მონაწილეობს ორივე ტიპის ურთიერთობებში, საწყისები, რომლებზედაც ხდება თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებში შესვლა, განსხვავებულია ურთიერთობების ტრადიციული ფორმისგან. ტრადიციული საწყისები ადამიანთა ურთიერთობისა არა არის საკმარისი თანამედროვე ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგის ფუნქციონირებისათვის, და ეს პრობლემა - ერთი ტიპის ურთიერთობებიდან მეორეზე გადასვა - თუმცა კი ყოველთვის მტკივნეულია, ყველა საზოგადოებაში ერთნაირად იოლად არ წყდება. თუ ტრადიციული ურთიერთობები უბრალოდ მოიშალა თანამედროვე წესრიგის ხელოვნურად დამკვიდრების შედეგად და მათ ადგილზე არ წარმოიქმნა სამოქალაქო საზოგადოება, ხელოვნურმა მოდერნიზაციამ შეიძლება უბრალოდ დაანაწევროს ადამიანები იმის ნაცვლად, რომ გამოიწვიოს შემდგომი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება.

ამ კუთხით განხილული სამოქალაქო საზოგადოების პრობლემა უკავშირდება საზოგადოების უნარს დაამყაროს ქმედითი თანამშრომლობა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ჩვენში მას, თუმცა კი ოდნავ განსხავებული ტერმინებით, ხშირად უბრუნდებიან, როდესაც ცდილობენ გასცენ პასუხი კითხვას - როგორ გავხდეთ დემოკრატიულები ისე, რომ არ დავკარგოთ ტრადიციული ფასეულობები და ურთიერთობების ჩვენებური, ქართული სტილი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გავიარეთ საბჭოური ტიპის, ძალისმიერი მოდერნიზების პროცესი, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არა გვაქვს გაცემული, ვინაიდან საბჭოთა დროს მოდერნიზაცია სწორედ გათიშულად და ატომიზირებულად გავიარეთ, ხოლო ის თანამშრომლობა, რომელიც პოლიტიკასა თუ ეკონომიკას ეხება, მხოლოდ ამჟამად დადგა დღის წესრიგში.

როგორც ტიონისის ანალიზი აჩვენებს, მარტო ტრადიციებზე დაყრდნობით თანამედროვე ურთიერთობების აგება შეუძლებელია. რაც არ უნდა ღირებული და აუცილებელი იყოს რელიგიური, კუთხური, ეროვნული, კულტურული თუ სხვა იდენტურობებისა და ერთობების აღდგენა, ისინი ყველა მიეკუთვნება მექანიკური, Gemeinschaft-ის სოლიდარობის ტიპს. Gesellschaft-ის ორგანული და ინდივიდუალისტური სოლიდარობის დამკვიდრება სხვა ტიპის ურთიერთობების აღმოცენებასთანაა დაკავშირებული. ურთიერთობების „სოფლური“ სტილი, რომელიც ნაცნობობის და პიროვნული ურთიერთობების დომინირებით ხასიათდება, ეკონიმიკას და პოლიტიკას ანიჭებს კლანურობის არაკონკურენტულ ხასიათს. ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაშიც კორუფციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი?

Gesellschaft-ში ადამიანს მუდმივად უწევს ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან ისე, რომ ეს ურთიერთობა არ არის რეგლამენტირებული არც ნაცნობობით, არც ნათესაობით, არც გაზიარებული მორალითა და არც რელიგიური ნორმებით. მას აქვს უფლებები და ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ როგორია მისი უფლებები და ვალდებულებები სხვა ადამიანების, საზოგადოების წინაშე?

აქ წინა პლანზე გამოდის პატიოსანი, თავისი სიტყვის ერთგული, შეთანხმების შემსრულებელი ადამიანის პრობლემა. ადამიანისა, რომელსაც პირობის შესრულებას პირველ რიგში აიძულებს არა სასჯელის შიში, არამედ საკუთარი სინდისი. შემთხვევითი არაა, რომ ეს საკითხი ფართოდ იხილებოდა მეთვრამეტე და მეცხრამეტე საუკუნის ფილოსოფოსებისა და მორალისტების მიერ. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს (ილია ჭავჭავაძე).

მკვიდრდება თუ არა Gesellschaft-ისთვის დამახასიათებელი ურთიერთობები დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგად, თუნდაც შორეულ მომავალში, თუ მათი კულტივირება სპეციალური ზრუნვის საგანი უნდა იყოს? რამდენად შესაძლებელია მათი კულტივირება? იქნებ ეს არის პოლიტიკური კულტურის ის პარამეტრი, რომელიც ვერ შეიცვლება მოცემული კულტურის ჩარჩოებში? ყველა ეს კითხვა, ცხადია, სცდება სამოქალაქო საზოგადოების პრობლემატიკას და მოიცავს ზოგადად როგორც დემოკრატიის დამკვიდრების, ასევე ეკონომიკური განვითარების პრობლემებს.

3.3 § 3. პოლიტიკური კულტურა

▲back to top


წინა თავებში ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ ზოგიერთი ტენდენცია, რომელიც დამახასიათებელი ხდება კვლევათა თემატიკისთვის 80-იანი წლებიდან მოყოლებული. როგორც ვნახეთ, უფრო მეტი ყურადღება ექცევა პოლიტიკის ეკონომიკურ ასპექტებს; იზრდება ინტერესი საშინაო პოლიტიკისა და პოლიტიკურ ინსტიტუტთა ფუნქციონირების საერთაშორისო კონტექსტის მიმართ; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინტერესთა ჯგუფებს; ინტენსიურად შეისწავლება ნაციონალიზმი და ეთნიკური კონფლიქტები... თემების ჩამოთვლა შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მაგრამ სპეციალურად უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება - აქცენტი, რომელიც კეთდება პოლიტიკური პროცესებისა და ინსტიტუტთა ფუნქციონირების შედეგებზე, ანუ აქცენტი რეალურ პოლიტიკაზე. დღეს შედარებითი პოლიტოლოგია ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ადრე დაკავებულია იმით, თუ რა შედეგებთან მიდის პოლიტიკა და უფრო ნაკლებად იმით, თუ რა ფაქტორები მოქმედებენ ამაზე.

სულ უფრო მეტად დემოკრატიის პროცესის შესწავლისას მეცნიერთაყურადღება კონცენტრირდება იმაზე, თუ რას აკეთებს პოლიტიკა, ვიდრე იმაზე, თუ რა ხდის პოლიტიკას ასეთს.

II მსოფლიო ომის შემდგომ გაშლილი დემოკრატიზაციის პროცესის შესწავლისას ერთ-ერთი წამყვანი თემა ხდება პოლიტიკური კულტურა. გ.ალმონდის და ს.ვერბას ცნობილ გამოკვლევაში „სამოქალაქო კულტურა“, საბუთდებოდა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები და მოქმედებათა ტიპები მოცემულ პოლიტიკურ სისტემაში შეესაბამებიან ერის პოლიტიკურ კულტურას. კულტურის შესწავლა გახდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დემოკრატიზაციის პროცესთა ანალიზისას, რამდენადაც საქმე ეხებოდა დემოკრატიისათვის აუცილებელ, საჭირო კულტურულ წანამძღვართა ძიებას. ალმონდმა და ვერბამ ხუთი დემოკრატიული საზოგადოების შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ ერის პოლიტიკური კულტურა ახდენს დამოუკიდებელ ზეგავლენას სოციალურ და პოლიტიკურ ქცევაზე. კულტურა ადგენს და განსაზღვრავს ქცევის ნორმებს, რომლებსაც აღიქვამენ და მისდევენ საზოგადოების წევრები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე პიროვნულად არ იზიარებს მოცემულ ღირებულებებს.

რ. ინგლჰარტმა (1990) მოიტანა ახალი მტკიცებულებები შესაბამისობისა მოქალაქეთა პოლიტიკურ შეხედულებებსა და დემოკრატიის სტაბილურობას შორის 22 ქვეყნის მაგალითზე. პატნემმა (ვრცლად იხ. პარაგრაფი საზოგადოებრივი კაპიტალის შესახებ) ჩაატარა შედარებები მთელი რიგი პარამეტრების მიხედვით იტალიის რეგიონებში და გამოარკვია, რომ თუ ვიცით კულტურული ტრადიციები, რომელნიც ვარირებენ თანაშრომლობისკენ განწყობიდან (რაც დამახასიათებელია ჩრდილოეთის სტილისათვის), იერარქიული დაქვემდებარების განწყობამდე (რაც დამახასიათებელია სამხრეთისათვის), შეიძლება დარწმუნებით ვიმსჯელოთ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა მოქმედების სტილის შესახებ. პატნემმა აჩვენა, რომ ეს კულტურული ტრადიციები სათავეს იღებენ მოქალაქეთა გაერთიანების ადრინდელ ფორმებში.

უკანასკნელი დროის გლობალური ტალღა დემოკრატიზაციისა კვლავ ხდის მნიშვნელოვანსა და აქტუალურს პოლიტიკურ კულტურასა და პოლიტიკურ სისტემას შორის შესაბამისობის პრობლემას: ჩვეულებრივ (არა ცვალებად, არა გარდამავალ) პირობებში პოლიტიკური ინსტიტუტები და პოლიტიკური რეჟიმის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები მდგრადია, მუდმივია, და აქედან გამომდინარე რთულია ინსტიტუციონალურ და კულტურულ ცვლილებებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლა. დემოკრატიასთან თავსებადი კულტურული ნორმების გავრცელებულობა და სიმყარე შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ფაქტორად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გეზის ახსნაში.

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე სოციალურმა მეცნიერებებმა მიაღწიეს დიდ წარმატებებს ემპირიული მასალების მოგროვებაში ევროპისა და აზიის ახალი დემოკრატიების (ანუ დემოკრატიზაციის პროცესში მყოფი ქვეყნების) პოლიტიკური კულტურისა და მოქალაქეთა პოლიტიკური შეხედულებების და ღირებულებრივი განწყობების შესახებ. მაგრამ ემპირიულ კვლევათა წარმატებებს არ ახლავს თან შესაბამისი თეორიული ინოვაციები, რომლებითაც ხასიათდებოდა დემოკრატიზაციის ადრინდელი „ტალღები“. ასეთი საჭიროება ცხადია: გამოცდილება გვკარნახობს, რომ არსებობს არა ერთი, არამედ მრავალი „დემოკრატიული კულტურა“, ისევე როგორც ხერხები და მეთოდები, პრინციპები ცნება „კულტურის“ განსაზღვრისა, რომლებიც საჭიროებენ აღწერასა და შემდგომ შესწავლას.

რ. ინგლჰარტმა წამოწია იდეა ღირებულებრივი ორიენტირების მოძრაობისა პოსტმატერიალურობის მიმართულებით ინდუსტრიულად განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში: იგი აღნიშნავს, რომ პრიორიტეტები საზოგადოებაში ფორმირდება, ყალიბდება შესაბამისად ორიენტაციისა რაიმეს „ნაკლულობაზე“ (რაც აკლია საზოგადოებას, ის არის პრიორიტეტული): ადამიანები მეტ ღირებულებას ანიჭებენ იმას, რაც საზოგადოებაში შედარებით ნაკლებია. უფროსი თაობის ადამიანები ჩვეულებრივ ხაზს უსვამენ საზოგადოების ტრადიციული „მატერიალური“ მიზნების მნიშვნელობას,ისეთებისას, როგორიცაა ეკონომიკური კეთილდღეობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, კანონიერება და წესრიგი, რელიგიური ღირებულებები და ძლიერი ეროვნული თავდაცვა. ახალი თაობა, რომელიც აღიზარდა პირობებში, როდესაც საზოგადოებამ, როგორც ჩანს, შეძლო მიეღწია ტრადიციული მიზნებისათვის, დასავლეთის ქვეყნებში ყურადღებას აქცევს „პოსტმატერიალურ“ მიზნებს - თვითგამოხატვას, პიროვნულ თავისუფლებას, სოციალურ თანასწორობას, თვითრეალიზაციას და ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფას. ამ ტიპის ინტერესებმა განაპირობეს მოქალაქეთა ახალი მოძრაობების წარმოშობა, მაგ.:ეკოლოგიური, ფემინისტური. და სხვ. პოსტმატერიალიზმმა დააყენა ეჭვის, კითხვის ქვეშ დემოკრატიის პრინციპები, გაშალა დისკუსია წარმომადგენლობითი და პარტიციპატორული (მონაწილეობრივი) დემოკრატიის შესახებ, რამაც შექმნა საფუძველი „დემოკრატიის კრიზისზე“ ლაპარაკისათვის (Klingemann H.-D., Fuchs D. [eds]. Citizens and the State. Oxford: Oxford University Press, 1995).

ინგლჰარტი განსაზღვრავს პოსტმატერიალიზმს, როგორც შედეგს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა; ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები განსხვავდებიან დასავლეთისაგან - ისინი იმყოფებიან, გარკვეულწილად, დასავლეთის მიერ გავლილი გზის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნების ელიტები და მოსახლეობა იხელმძღვანელებენ მატერიალური მიზნებით, რომლებიც ადრე პრევალირებდნენ ახალ დემოკრატიებში დასავლური დემოკრატიების პოლიტიკაში. ამასთან ერთად, დემოკრატიზაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუციონალურ ფორმათა განვითარებას.

მაგრამ, გლობალიზაციის პერიოდში დასავლეთის იდეოლოგიური და ინფორმაციული პრევალირების პირობებში, თვით ამ ქვეყნებშიც (ახალ დემოკრატიებში) პოსტმატერიალური ორიენტირები იკრებენ ძალას და არაადექვატური პირობების გამო ამ საზოგადოებებში წარმოშობენ პრობლემებს, რომლებიც უცნობია დასავლური განვითარების ალგორითმისათვის. ამ კოლიზიამ დღევანდელი დასავლური პოსტმატერიალისტური ორიენტირების ქსელსა და ახალ დემოკრატიათათვის საჭირო და აუცილებელ ტრადიციულ დასავლურ მატერიალურ ღირებულებებს შორის ამ ქვეყნებში დამატებითი სირთულეები და სულ სხვა, შესაძლოა, სრულიად „არადემოკრატიული“ პოლიტიკური სისტემების ფორმირება შეიძლება გამოიწვიოს.

პოლიტიკური კულტურის ღირებულებრივ ორიენტირთა ცვლილებები უშუალოდ ან გაშუალედებულად აისახება ელექტორატის ქცევაში. საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი მთავარი თემა ხდება, იმ ფაქტორთა მნიშვნელობის ფარდობითი ცვლილებები, რომელნიც ზემოქმედებენ ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე. პოლიტიკური არჩევანი დასავლურ დემოკრატიათა უმრავლესობაში ტრადიციულად განისაზღვრებოდა კლასობრივი, რელიგიური და სხვა სოციალური განსხვავებებით. რამდენადაც ადამიანები ნაკლებად იყვნენ მომზადებულნი რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისათვის ისინი ეყრდნობოდნენ შეხედულებებსა და განწყობებს გარკვეული, მათ მიმართ გარეგანი რეფერენტული ჯგუფებისა. ისეთი საზოგადოებრივი ინსტიტუტები, როგორიცაა პროფკავშირები და საეკლესიო თემები, იყვნენ მთავარი მოქმედი პირები პოლიტიკაში, ისინი ზეგავლენას ახდენდნენ როგორც ელიტაზე, ასევე უბრალო მოქალაქეებზე.

მზარდი ყურადღება ელექტორალური ქცევის ცვლილებისადმი დაკავშირებულია მასზე კლასობრივი და რელიგიური განსხვავებების გავლენის აშკარა შემცირებასთან. ეს დაადასტურა გამოკვლევებმა ბევრ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში:დღევანდელ ვითარებაში სოციალური მდგომარეობა აღარ განსაზღვრავს ადამიანის პოლიტიკურ პოზიციას.

გრძელვადიანი ფაქტორების მნიშვნელობის შემცირებამ, რომელნიც ეფუძნებიან სოციალურ მდგომარეობას ან პარტიულ კუთვნილებას, უნდა გააძლიეროს მოკლევადიანი ფაქტორების გავლენა, ისეთების, როგორიცაა კანდიდატის საერთო სახე ან მისი პოზიცია ცალკეული, განსაზღვრული საკითხისადმი; იზრდება ე.წ. „პრობლემის მიხედვით ხმის მიცემის“ პოტენციალი. დღეს მოქალაქეთა ყურადღებას იპყრობენ ამწუთიერი ან პიროვნული ხასიათის კონკრეტული საკითხები.

ამ ახალ ტენდენციებს საარჩევნო პროცესში დადებითთან (პოლიტიკოსთა ყურადღება საზოგადოებისადმი...) ერთად, შესაძლოა ჰქონდეთ უარყოფითი, ჩრდილოვანი მხარეებიც. „პრობლემის მიხედვით ხმის მიცემის“ გავრცელება ზღუდავს საზოგადოების შესაძლებლობას გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პრობლემებზე, რომლებიც ცდებიან კერძო ინტერესთა ჩარჩოებს. ისეთებზე, მაგალითად, როგორიცაა ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემა. ძალიან დიდმა ყურადღებამ ცალკეული საკითხისადმი შეიძლება მიგვიყვანოს რაციონალურობის ცნების შევიწროებასთან, რაც ისევე მავნეა დემოკრატიისათვის, როგორც „მკაცრი“, მყიფე სოციალური წყალგამყოფები. გარდა ამისა, პირდაპირი, გაუშუალებელი კონტაქტი პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისა ქმნის პირობებს დემაგოგიისა და პოლიტიკური ექსტრემიზმისათვის.

ახლად ფორმირებად დემოკრატიებშიც შეიძლება დავაკვირდეთ მსგავს სიტუაციას. წარმოშობის პროცესში მყოფი პარტიული სისტემები ძნელად თუ იქნებიან დაფუძნებულნი მყარ, მდგრად, მუდმივ განსხვავებებზე სოციალურ ჯგუფებს შორის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც დემოკრატიაზე გადასვლა ხორციელდება ძალიან სწრაფად. ელექტორალური ქცევის მოდელი ახალი დემოკრატიის ბევრ ქვეყანაშიც ეფუძნება იგივე მოკლევადიან ფაქტორებს, რომლებიც ბოლო ათწლეულებში დამახასიათებელი გახდა განვითარებული დემოკრატიებისათვის. თუმცა, მიზეზები სხვადასხვაა - იქ ტრადიციული გრძელვადიანი ინტერესები უზრუნველყოფილია, ახალ დემოკრატიაში კი მათი გამოვლენა, აგრეგირება და შესაბამისად უზრუნველყოფაც არ ხდება და არც საამისო განწყობილებები ყალიბდება განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო.

მაგრამ ეს მსგავსება ატარებს ზედაპირულ ხასიათს. ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები განიცდიან ელექტორალური არჩევანის მოდელების ევოლუციას, როგორც შედეგს ხანგრძლივად არსებული პოლიტიკური დაჯგუფებებისა და პარტიული კუთვნილება-განწყობების რღვევისა, უფრო „განათლებული“ ელექტორატის განვითარებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის შეზღუდულობის დაძლევის მცდელობისა. ახალი პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესში დასავლურ დემოკრატიებში ვითარდებიან იმ პირობებში, როდესაც ტრადიციული რეგულატორები, დაკავშირებულნი ინტერესთა ჯგუფებთან ან პარტიებთან, აგრძელებენ მნიშვნელოვან, თუმცა კი შემცირებად გავლენის მოხდენას.

აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დემოკრატიული პარტიული სისტემების წინაშე დგას ამოცანა ელექტორალური არჩევანის საბაზო სტრუქტურების განვითარებისა (ის რაც დასავლეთში უკვე განხორციელდა ადრე). მაგრამ პარტიების შექმნა გლობალიზაციისა და ინფორმატიზაციის ეპოქაში, კაბელური ტელევიზიისა და თანამგზავრული კავშირის სამყაროში, საარჩევნო პროცესის შესახებ ნებისმიერი სოციალური წარმომავლობის ადამიანთა გათვითცნობიერებულობის მაღალი ხარისხის პირობებში, ნაკლებად სავარაუდოა რომ წავიდეს 20-იანი წლების დასავლეთ ევროპული ნიმუშების მიხედვით.

90-იანი წლების ნაშრომებისათვის დემოკრატიზაცის სფეროში კვლავ დამახასიათებელი ხდება ყურადღების კონცენტრირება სახელმწიფოსა და ინსტიტუტებზე საზოგადოდ. ჩვენი აზრით, ნეოლიბერალური ეკონომიზმის კონსტრუქციულ კრიტიკაში და ახალი დემოკრატიების ფუნქციონირების პრობლემათა არსში გარკვევისათვის ამ უკანასკნელმა მიდგომამ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და დღესაც ასრულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შედარებით ვრცლად და უფრო საფუძვლიანად მიმოვიხილავთ ამ მიმართულების კვლევებს შემდგომ თავში.

4 თავი IV დემოკრატიზაციის თანამედროვე გამოწვევები

▲back to top


4.1 §1. მდგრადი დემოკრატია: დემოკრატიზაცია ეკონომიკური გარდაქმნების შუქზე

▲back to top


4.1.1 დემოკრატიზაციის მესამე ტალღის ქვეყნები და ეკონომიკური რეფორმები

▲back to top


წინა თავში ჩვენ ვილაპარაკეთ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის ურთიერთმიმართების ზოგადთეორიულ პრობლემებზე, აღვწერეთ ეკონომიკური რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები პოსტ-საბჭოურ სივრცეში, დავახასიათეთ სამოქალაქო საზოგადოება და მისი როლი დემოკრატიის მდგრადი არსებობისთვის. ყველა ამ პრობლემის თავისებურება უფრო ნათელი და მკაფიო ხდება კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინებით და იმ ქვეყნების შედრებითი ანალიზით, რომელბმაც ახლახანს განიცადეს დემოკრატიზება.

როგორც ადრე იყო ნახსენები, დემოკრატიზაციის მესამე ტალღამ, რომელიც 1974 წელს დაიწყო, მოიცვა სამხრეთ ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და პოსტ-კომუნისტური სივრცის ქვეყნები. მიუხედავად დიდი სხვაობებისა, რომლებიც ამ სამ რეგიონს ახასიათებთ, მათში წარმართული დემოკრატიზაციის პროცესების შედარებითი ანალიზი მეტად მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა დემოკრატიის მდგრადობის, სახელმწიფოსა და ეკონომიკური რეფორმების ურთიერთმიმართების საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ ამ შედარებით ანალიზს ეძღვნება წიგნი „მდგრადი დემოკრატია“, რომელიც დაიწერა 1995 წელს 21 ავტორისგან შემდგარი ჯგუფის მიერ ადამ პრჟევროსკის ხელმძღვანელობით; ეს ავტორები წარმოადგენდნენ 10 ქვეყანას და მათი მიზანი იყო ახლად დემოკრატიზებული ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევების შესწავლა.

ადრე ჩვენ ვილაპარაკეთ დემოკრატიზაციისა და საბაზრო ეკონომიკური რეფორმების ერთდროულობაზე პოსტ-კომუნისტურ სივრცეში. მაგრამ ეს ვითარებს არ იყო სულ მთლად უნიკალური იმ მხრივ, რომ ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის პროცესების ერთდროულობა მესამე ტალღის სხვა ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ეკონომიკური კრიზისები, რომლებიც განიცადეს არგენტინამ, ბრაზილიამ და მექსიკამ 80-იან წლებში უპრეცენდენტო აღმოჩნდა ამ ქვეყნების ისტორიაში.

რიგმა ქვეყნებმა (განსაკუთრებით პოსტ-კომუნისტური სივრციდან, მაგრამ არა მარტო მათ) გასწიეს რისკი და იღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტში, რომელიც უდიდესია სტალინისტური ფორსირებული ინდუსტრიალიზაციიდან (1929წ.) მოყოლებული. ეკონომიკურ ტრანსფორმაციას ამ ქვეყნებში დღეს (1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული) ბევრი აქვს საერთო ტრანსფორმაციის წინა, სოციალისტურ პროექტთან. ისინი ახორციელებენ ინტელექტუალურ პროექტს, რომელიც გამომუშავდა ჩრდილოეთ ამერიკის აკადემიურ წრეებში და გაზიარებულ იქნა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ისინი არიან რადიკალურნი:ისინი განწყობილნი არიან უგულებელყონ, გადაატრიალონ ყველა არსებული სოციალური ურთიერთობები. და ისინი გვთავაზობენ ერთადერთ პანაცეას, ჯადოსნურ ჯოხს, რომლის ერთი აქნევაც უმკურნალებს ყველა ავადმყოფობას. პირველად ისტორიაში კაპიტალიზმი ხდება აღიარებული, როგორც დოქტრინის აპლიკაცია და არა როგორც განვითარება გამოცდისა და შეცდომის ისტორიული პროცესისა.

გარდაქმნების ეს პროცესი ეყრდნობა იდეოლოგიას, ეს არის ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც მოდის აშშ-სა და მულტინაციონალური სააგენტოების განაცხადებებიდან იმის თაობაზე, რომ კურსი, რომელსაც უნდა მივსდიოთ აშკარაა, ცხადია. ეს იდეოლოგია დაფუძნებულია ბაზრისა და კერძო საკუთრების ღირსების, სიქველის, უკეთესობის რწმენაზე, რაც არ არის დამტკიცებადი, გამართლებადი, არგუმენტირებადი თანამედროვე ეკონომიკის შუქზე, მათ შორის ნეოკლასიკური თეორიისა. ის აყენებს ეფექტურობას განაწილებაზე უფრო მაღლა, იმდენად, რომ გამართლებულად მიიჩნევს მოსალოდნელ სოციალურ საფრთხეებს. ის განათავსებს ეკონომიკურ მოსაზრებებს პოლიტიკურზე ზემოთ, და მზადაა მიიტანოს სხვა ეკონომიკური და პოლიტიკური ღირებულებები ეფექტურობის სამსხვერპლოზე. ის დაფუძნებულია ღრმა რწმენაზე, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, რომელსაც აუცილებლად უნდა მივსდიოთ: არა მხოლოდ ოპონირება, არამედ მსჯელობა, დისკუსიაც კი განიხილება როგორც რეაქციონერობა, რომელიც გამომდინარეობს საკუთარი, „პოპულისტური“ კერძო ინტერესებიდან. ამ იდეოლოგიის მიმდევარნი აცხადებენ, ისე, თითქოს ისინი ფლობდნენ საბოლოო ჭეშმარიტებას: თითქოს ეს არის ზოგადი მოდელი პოლიტიკური და ეკონომიკური დინამიკისა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას შეფასებულ იქნას საბოლოო შედეგები ყველა ცალკეული ნაბიჯისა.

1991 წლის 30 აპრილს გარდიანი წერდა: დიდი ინდუსტრიული ეკონომიკების წარმმართველმა ჯგუფებმა გუშინ მოუწოდეს აღმოსავლეთ ევროპის ახალ დემოკრატიებს უარყონ გრადუალიზმი და მიიღონ პოლონეთის მოდელი სწრაფი ეკონომიკური რეფორმებისა. ითვლებოდა, რომ თუმცა გრადუალისტურმა მიდგომამ შეიძლება შეამციროს სოციალური დაძაბულობები, ხანგრძლივი პერიოდი ზომიერი რეფორმებისა შეიცავს საფრთხეს, რომ რეფორმატორებიცა და მოსახლეობაც დაიღალონ რეფორმებისგან, რამდენადაც ისინი ვერ მოიტანენ ხელშესახებ, შესამჩნევ ცვლილებებს. აგრეთვე, რეფორმათა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვანაირმა ანტი-რეფორმისტულმა და სხვა ლობისტებმა შეიძლება მოახდინოს ძალთა მობილიზება და თანდათანობით, ეტაპობრივად შეაჩეროს რეფორმის პროცესი. შოკური მიდგომის მომხრეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მოსახლეობის მზადყოფნა მსხვერპლის გაღებისათვის ხანმოკლეა, ხოლო პოლიტიკოსთა სიმამაცე - შეზღუდული. ფინანსური მხარდაჭერა ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისაც ასეთ მიდგომაზე იქნა მიბმული.

სინამდვილეში ეს მოდელი არის ნარევი ფაქტებისა, იდეების დაცვისა, ეგოიზმისა და კეთილი სურვილებისა. უფრო მეტიც, ეს არ არის ის მოდელიც კი, რომელსაც განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნები მისდევენ თავად, საკუთარ პრაქტიკაში: დასავლელი მრჩეველები ორაზროვან სიტუაციაში ვარდებიან, ამბობენ რა „გააკეთეთ როგორც ჩვენ გეუბნებით, და არა როგორც ჩვენ ვაკეთებთ“.

განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ვითარება არც ისე მარტივი და ცალსახაა, როგორც 80-იანი წლების ბოლოს წარმოედგინათ ნეოლიბერალური მიდგომის მომხრეებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიისა და აყვავების ძიება, მისწრაფება აუცილებლად შეიცავს ალტერნატივებს, არჩევანებს და გადაწყვეტილებებს - არჩევანები გარდაუვალია.

4.1.2 მოდერნიზაცია როგორც ინტერნაციონალიზაცია

▲back to top


II მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოში განხორციელდა მოდერნიზაციის რამდენიმე მოდელი, კერძოდ კომუნისტურ აღმოსავლეთში და კაპიტალისტურ სამხრეთში.

ლათინურ ამერიკული მოდელი დაეფუძნა კერძო საკუთრებას, სახელმწიფოს აქტიურ როლს და პროტექციონისტული პოლიტიკის წარმართვას, რომელიც ორიენტირებული იყო იმპორტის შემცვლელ ინდუსტრიალიზაციაზე. აღმოსავლეთ ევროპის მოდელი დაეფუძნა სახელმწიფო საკუთრებას და ცენტრალიზებულ მბრძანებლურ ეკონომიკას. ორივე რეგიონი იყო დამოკიდებული ნაწილი დიდი ინტერნაციონალური სისტემისა: მთავარი გადაწყვეტილებები ინვესტიციების, წარმოების, ფასების შესახებ მიიღებოდა ცალკეული ქვეყნების საზღვრებს მიღმა. აღმოსავლეთ ევროპის სისტემა დომინირებული იყო ერთი ცენტრის მიერ და გადაწყვეტილებები იყო უპირატესად პოლიტიკური, ხოლო სამხრეთში შესაძლებელი იყო სხვადასხვა ცენტრების მეტოქეობა და გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაკლებად ხილული კერძო ინსტიტუტების მიერ.

ორივე სტრატეგია იყო წარმატებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და რიგმა ქვეყნებისა შექმნა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ბაზა - ეკონომიკური ზრდის ტემპები იყო უმეტესწილად უფრო მაღალი ვიდრე განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში (1950 -80 წწ-ში). მაგრამ ეს ზრდა 1980 წლიდან ფერხდება, ხდება ტემპების დაცემა და თითქმის ეკონომიკის კოლაფსი.

ამ კოლაფსის ხუთი ახსნა მეტოქეობს ერთმანეთთან: 1. მაღალი ტემპები ზრდისა იყო შესაძლებელი მანამ, სანამ განვითარება იყო ექსტენსიური, არ იზღუდებოდა მასალებისა და შრომოთი რესურსების ნაკლებობით; 2. ეკონომიკურ მოდელებს, რომლებიც ანიჭებენ სახელმწიფოს უპირატეს როლს, როგორც არქიტექტორს განვითარების სტრატეგიისა, შეეძლოთ ეფექტურად ემუშავათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეკონომიკა იყო შედარებით მარტივი; 3. 1975 წლის შემდგომმა საერთაშორისო კონიუნქტურამ - უეცარმა ფასების აწევამ ნავთობზე და სხვა პირველად რესურსებზე, კომბინირებულმა საგარეო ვალთან და განვითარებულ ქვეყნებში არსებულ ფისკალურ სიმკაცრესთან - საფუძველი შეურყია განვითარების ისეთ სტრატეგიას, რომელიც იმპორტის შემცვლელ ინდუსტრიალიზაციაზე იყო დაფუძნებული; 4. განვითარების სტრატეგიები - მძიმე ინდუსტრიაზე ორიენტირებული ავტარქია აღმოსავლეთში და ხანგრძლივი ექსპლოატაციის სამომხმარებლო პროდუქციის წარმოების პროტექციონიზმი სამხრეთში - არ მიემართებოდნენ თავისთავად და მყარ განვითარებასთან, რადგან ისინი წარმოშობდნენ საგარეო გაცვლის პერმანენტულ კრიზისს; 5. კორუფცია და კაპიტალის გადინება სამხრეთში, ისევე როგორც მაღალი დონე არაპროდუქტიული, განსაკუთრებით სამხედრო ხარჯებისა აღმოსავლეთში ნთქავდა ეკონომიკური ნამატის მზარდ პროპორციას.

ამ მიზეზთაგან ძნელია ილაპარაკო რომელიმეს ერთადერთობაზე ან უპირატესობაზე. ფაქტია, რომ ეს მოვლენები ერთდროულად განვითარდა აღმოსავლეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, თუმცა კი გარეგნულად განსხვავებული რეაგირება გამოიწვიეს - აღმოსავლეთ ევროპამ უარყო ეკონომიკის თავისი მოდელი (მბრძანებლური ეკონომიკა), ლათინურმა ამერიკამ კი - არა.

მიუხედავად ამ სხვაობისა, ეკონომიკური კრიზისის გამოწვევაზე რეაგირების არსი არსებითად ერთი და იგივე აღმოჩნდა. ის შეიძლება აღიწეროს, როგორც მოდერნიზაცია ინტერნაციონალიზაციის გზით. სხვადასხვა პოლიტიკური ძალები კაპიტალისტურ სამხრეთში და პოსტ-კომუნისტურ აღმოსავლეთში ვერ ხედავენ ალტერნატივას „ჩრდილოეთ-დასავლეთის გზისა“: გზისა, რომელიც მიიყვანს მათ საზოგადოებებს პირველ სამყაროში. ეს არის გზა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ორგანიზაციის გადმოღებისა, რომელნიც უკვე არსებობენ:დემოკრატია, ბაზარი და ინდივიდუალისტური, მოხმარებაზე ორიენტირებული კულტურისა, რომელიც გაბატონებულია განვითარებულ კაპიტალისტურ სამყაროში. ამ სტრატეგიაში მოდერნიზაცია ხდება სინონიმი ინტერნაციონალიზაციისა: ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში, კომბინირებული იმიტაციასთან ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მოდელებისა, რომლებიც პრევალირებენ განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში. „აღმოსავლეთ ევროპული სილოგიზმი“ აცხადებს: „თუ არა კომუნიზმი, ჩვენ ვიქნებოდით როგორც დასავლეთი“.

ეს სტრატეგია განსხვავდება ომის შემდგომი მოდერნიზაციის სტრატეგიებისაგან, რომლებიც განიხილავდნენ განვითარებას, როგორც პროექტს ნაციონალური ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობისა. იმდროინდელი მიდგომები იცავდნენ ეროვნული კულტურის მნიშვნელობას, მიისწრაფოდნენ პოლიტიკური ინსტიტუტებისაკენ, რომლებიც შეიცავდნენ ეროვნულ ტრადიციებს, ეროვნულ ინდუსტრიას მიიჩნევდნენ ეკონომიკური ზრდის წარმმართველად და ორიენტირებულნი იყვნენ ლოკალურ ბაზრებზე. ამის საპირისპიროდ სტრატეგია მოდერნიზაციისა ინტერნაციონალიზაციის მეშვეობით ნებაყოფლობით აღიარებს, სულ მცირე, ნაწილობრივ დათმობას ეროვნული სუვერენიტეტისა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. ეს სტრატეგია აღებს ლოკალურ ბაზრებს უცხოური შეღწევისათვის, ის არღვევს კულტურულ ბარიერებს, და ახდენს პოლიტიკური ინსტიტუტების მოდელირებას საყოველთაოდ გავრცელებული ნიმუშების მიხედვით. კოკა-კოლა აღარ არის იმპერიალისტური ბატონობის ნარკოტიკი, არამედ უნივერსალური აყვავების ნექტარი.

ალტერნატივები აღარ არსებობს: დღეს მოდერნიზაცია ნიშნავს ლიბერალურ დემოკრატიას, მოხმარებაზე ორიენტირებულ კულტურას და კაპიტალიზმს.

მართალია, ადგილობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება და მისწრაფებები თამაშობს მნიშვნელოვან როლს, მაგრამ ერთდროულობა ამ ცვლილებებისა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში წარმოშობს ვარაუდს, რომ ინტერნაციონალური ფაქტორები არის გადამწყვეტი. ამას განაპირობებს, ერთის მხრივ, შექმნილი საერთო გარემო, რომელშიც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს უწევთ ოპერირება, ხოლო, მეორეს მხრივ, ინტერნაციონალურ აქტორთა სპეციფიკური ქმედებები, რომელნიც (აქტორები) ახორციელებენ ზეწოლას ცვლილებებზე.

80-იან წლებში წარმოებისა და ფინანსების გლობალიზაციამ შექმნა კონტექსტი, სადაც ეროვნული დამოუკიდებლობის ძველი სტილის დაცვა ხდება უაღრესად ძნელი. პროტექციონიზმით ქვეყნის დაცვა ხდება ძალიან მძიმე (და ძვირი), ფასი იზრდება ახალი ტექნოლოგიების სწრაფი დიფუზიის გამო, რაც ახდენს საერთაშორისო კონკურენციის ტრანსფორმირებას. ფინანსური ინტეგრაცია, თავის მხრივ, ართულებს დამოუკიდებელი გაცვლის სავაჭრო და სატარიფო პოლიტიკის განხორციელებას და აადვილებს კაპიტალის გადინებას.

ტეტჩერის, რეიგანისა და კოლის წარმოჩენამ, როგორც ლიდერებისა სამი უმნიშვნელოვანესი ინდუსტრიული ქვეყნისა, ხელი შუწყო ნეოლიბერალიზმის განმტკიცებას, როგორც ცენტრალური იდეოლოგიური ძალისა დასავლურ სამყაროში. ამ ძალის გაძლიერებას ხელი შეუწყო აგრეთვე აღმოსავლეთ აზიის მოდელის სიმძლავრის წარმოჩენამ, მოდელისა, რომელიც განიხილებოდა როგორც ნიმუში laissez faire ეკონომიკისა. და საბოლოოდ, ცივი ომის დასრულებამ და სსრკ-ის დეზინტეგრაციამ, თითქოსდა წერტილი დაუსვა, ალტერნატივის შესაძლებლობას.

1985 წლიდან, „ბეიკერის გეგმა“ ხაზს უსვამდა სტრუქტურულ რეფორმებს: განსაკუთრებით ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და ვაჭრობის როლის შემცირებას. 70-იანი წლებისაგან განსხვავებით, 80-იან წლებში ჩამოყალიბდა კრედიტორთა ერთიანი ფრონტი. ფინანსურ ინსტიტუტებს, კერძო ბანკებს და ტეტჩერ-რეიგან-კოლის მთავრობებს სურდათ თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება გამოეყენებინათ თავისი იდეოლოგიური განწყობა-მისწრაფებების განმტკიცებისათვის.

თუმცა ეს მიდგომები საყოველთაო არ იყო. იაპონია და კორეა მისდევდნენ განსხვავებულ ეკონომიკურ სტრატეგიას: ისინი იცავდნენ შიდა ბაზრებს და ზღუდავდნენ უცხოური კაპიტალის შემოსვლას. ასევე, აქ სახელმწიფო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს (ისევე, როგორც ესპანეთში) ფინანსური სუბსიდიების, ექსპორტის სტიმულირებისა და ინდუსტრიული პოლიტიკების მეშვეობით.

ყველა შემთხვევაში მოდერნიზაცია ინტერნაციონალიზაციის გზით (იქაც კი, სადაც ავტონომიური ეროვნული განვითარების სტრატეგია იყო უპირატესი - იაპონია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი...) წარმოშობდა და წარმოშობს დიდ დაძაბულობებს - შემოსავლების განაწილებაში, პოლიტიკაში, კულტურაში.

თუმცა, ზოგიერთი გზა მოდერნიზაციისა ინტერნაციონალიზაციის გზით ამცირებს ამ დაძაბულობებს, მაგ: არა გაუაზრებელი იმიტაცია, არამედ ახალ ინერნაციონალური კონტექსტისადმი გონივრულად წარმართული წარმატებული ადაპტაცია. სტრუქტურა არჩევნებისა არის განსხვავებული, და როგორც იაპონიის მაგალითი ადასტურებს, განვითერებული ქვეყნების პოლიტიკებისა და ინსტიტუტების იმიტირებას შეიძლება ჰქონდეს შემოქმედებითი, გამომგონებლური ადაპტაციის ფორმა, და არა პასიური მიმბაძველობისა.

უეჭველად წარმატებულია ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა. ინტერნაციონალიზაციამ შეიძლება მიიღოს აგრეთვე ფორმა ინტეგრაციისა რეგიონალ ბაზრებში და პოლიტიკურ ინსტიტუტებში - ასეთი არჩევანი აქვთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ევროგაერთიანების სახით. ასეთი ინტეგრაცია შეიძლება გულისხმობდეს ტრანსფერებსა და სუბსიდიებს ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის, და, რა თქმა უნდა, ბაზარზე დაშვებას. ამ ფაქტორმა ითამაშა როლი არა მხოლოდ ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკაშიც - დემოკრატიის დამკვიდრებაში, სამხრეთ ევროპის ქვეყნებისათვის. რეგიონალიზმმა დადებითი როლი შეასრულა სამხრეთ ამერიკაშიც (ერთიანი სავაჭრო სივრცე - ბრაზილია, არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი; თავისუფალი ვაჭრობის არეალში შესვლა - ჩილე, მექსიკა, აშშ, კანადა), თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპაში: არ იყო განმტკიცებული ინსტიტუციონალურად და მიმდინარეობდა ერთი აქტორის (აშშ) ჰეგემონიით.

მაგრამ, მიუხედავად ამ პოზიტიური შესაძლებლობებისა, ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია უდიდეს სირთულეებს წარმოშობს, ინტერნაციონალიზაცია - ეს არის კონკურენტული სტრატეგია: იგი აუცილებლად წარმოშობს გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. ყველა ქვეყანას არ შეუძლია იყოს ექსპორტიორი. მეტიც, გამარჯვებულები და დამარცხებულები შეიძლება იყვნენ არა სახელმწიფოები, არამედ რეგიონები, სექტორები, ინდუსტრიები, ფირმები ან ცალკეული სოციალური ჯგუფები - და ყველა ამ მიმართებებით შესაძლოა წარმოიშვას (და უკვე წარმოშობილია) დაძაბულობები.

მთავრობათა შესაძლებლობა ამ ვითარებაში, მოახდინონ დამარცხებულთა რაიმე ფორმით კომპენსირება, უაღრესად შეზღუდულია და ძალიან ამცირებს მთავრობათა ეფექტურობას.

4.1.3 სახელმწიფო, დემოკრატია და ეკონომიკა

▲back to top


უკანასკნელი ორი ათწლეულისათვის (90-იანი წლების შუამდე) დამახასიათებელი იყო ფოკუსირება რეჟიმებსა და ბაზარზე და ამასთან დაკავშირებულ თემებზე. ასეთი მიდგომისას, რაღაცნაირად, მოხდა უდიდესი გამორჩენა - ეს იყო ერთგვარი დაბრმავება სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელიც ადრე წარმოადგენდა უმთავრეს საგანს მკვლევართა და პოლიტიკოსთა ყურადღებისა. ამ შეცდომის გამოსწორებაში, უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ო'დონელის ნაშრომებმა.

ო'დონელი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფო ეს არის არა მხოლოდ სახელმწიფო აპარატი, სახელმწიფო სექტორი ან სახელმწიფო ბიუროკრატიის ნაკრები, რომლებადაც მას ხშირად აღიქვამენ, არამედ ამ ცნებაში ასევე შედის იმ საზოგადოებრივ ურთიერთობათა რიგი, რომლებიც ქმნიან გარკვეულ წესრიგს; ამ ურთიერთობათა დიდი ნაწილი ფორმალიზებულია სამართლებრივ სისტემაში, რომელსაც აყალიბებს და იცავს სახელმწიფო. კანონები თავისთავად არ დგინდება და არ სრულდება; კანონების რეალური აღსრულება დამოკიდებულია იმ უამრავ ქცევაზე, რომელიც (შეგნებულად თუ შეუგნებლად) თავსებადია კანონის მოთხოვნასთან. ეს ეფექტიანობა განპირობებულია დარწმუნებულობით იმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ხელისუფლება მოახერხებს კანონის აღსრულებას. ამდენად, კანონი არის სახელმწიფოს ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის სითანაბრეს, მის ერთგვაროვან აღსრულებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ყველა სოციალური ჯგუფისთვის.

როდესაც სახელმწიფო კრიზისშია (მაგ. არგენტინა, ბრაზილია და პერუ, ასევე სხვა ქვეყნები), ეს კრიზისი აისახება მთელ საზოგადოებაზე შემდეგ ასპექტებში: 1. სახელმწიფო ბიუროკრატია ვერ ფუნქციონირებს ეფექტურად; 2. კანონები არ ხორციელდება; 3. სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აწარმოებენ საზოგადოებრივ პროდუქტს. აღსანიშნავია, რომ ზოგმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ესპანეთი, პორტუგალია, სამხრეთ კორეა, ტაივანი და ჩილე მოახერხეს ამგვარი კრიზისის თავიდან აცილება. ისინი განვითარდნენ როგორც ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკები, რომლებსაც გააჩნიათ ძლიერი სახელმწიფოები, და რომელბმაც შეძლეს მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირება.

სახელმწიფოს ეფექტურობა-არაეფექტურობის საკითხი არ უნდა აგვერიოს სახელმწიფო აპარატის ზომისა და წონის საკითხში. ზედმეტად გაბერილი სახელმწიფო აპარატის შეკვეცა არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოს ეფექტურობის დაქვეითებას, არამედ მოქნილი და ეფექტური სტრუქტურის შექმნას. ხშირად, როდესაც ცდილობენ შეამცირონ სახელმწიფო აპარატი და შესაბამისად ბიუჯეტის დეფიციტი, უნებლიეთ აზიანებენ სახელმწიფოს სხვა მხარეებსაც - სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივ წესრიგს და სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებრივი პროდუქტის მწარმოებელს.

სახელმწიფო აპარატის შემცირება არ გამოიწვევს ამგვარ მძიმე შედეგებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო და საზოგადოება ერთმანეთთან ჰომოგენურადაა დაკავშირებული, ანუ კანონი თანაბრად ვრცელდება როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ყველა სოციალურ ფენაზე.

როდესაც სახელმწიფო კრიზისშია, მასთან ერთად არსებობენ ძალაუფლების ავტონომიური სფეროები. რაც უფრო დაშორებულია პროვინცია ან რაიონი ქვეყნის ცენტრს, მით უფრო სავარაუდოა მასში ძალისმიერი პერსონიფიცირებული მმართველობა - პატრიმონიალური, და სულთანისტურიც კი. მრავალ ახლადწარმოქმნილ დემოკრატიაში კანონი და სახელმწიფო ძალაუფლება ქრება, როგორც კი გასცდები დედაქალაქის საზღვრებს.

ჩნდება კერძო, ანუ პრივატიზირებული ძალაუფლების ზონები; ამ ზონებს ხშირად ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში; მათი წარმომადგენლობა შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ადგილზე მჭიდროდაა შეკავშირებული კლიენტელისტური, პერსონალისტური, პატრიმონიალური კავშირებით. პარლამენტში წარმოდგენილი ამგვარი ადგილობრივი ინტერესები მეტად შეზღუდულია:მათ უნდათ სტატუს-კვის შენარჩუნება და ცენტრიდან მაქსიმალური რაოდენობის რესურსების თავისთან გადმოქაჩვა. პარტიების არსებობა ხელს უწყობს ამგვარ ლობისტებს, ვიანიდან ეს პარტიები არა მარტო „არაიდეოლოგიურია“, არამედ სრულიად ოპორტუნისტულიც თავიანთ პოზიციებში, არ გააჩნიათ დისციპლინა; ახალი პარტიის შექმნა და პარტიიდან პარტიაში გადასვლა არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. ამგვარი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ იმას, რომ ქვეყნის მმართველობა იყოს დელეგატიური და ცეზარისტულიც კი, იმითი, რომ აფერხებენ მდგრადი რეპრეზენტატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

შესაბამისად სახელმწიფოს სისუსტე გავლენას ახდენს დემოკრატიის ფორმაზე. ასე რომ საკითხი - როგორია მოცემული რეჟიმი - დემოკრატიული თუ ავტორიტარული, ეხება არა მხოლოდ თავად რეჟიმს, არამედ სახელმწიფოსაც. დასმული საკითხი მოითხოვს იმის ანალიზს, თუ როგორაა მოწყობილი სახელმწიფო - უნივერსალისტურად თუ არა, ვრცელდება თუ არა მისი კანონები მთელ ტერიტორიაზე და ყველა სოციალურ ჯგუფზე. ამდენად გამოდის, რომ თვით სახელმწიფო შეიძლება იყოს ავტორიტარული ან დემოკრატიული, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად უნივერსალისტურია მასში კონსტიტუციურად განსაზღვრული მოქალაქეობის ნორმები, რამდენად თანაბრადაა დაცული ადამიანის უფლებები. იმ ახალ დემოკრატიებში, რომლებშიაც სახელმწიფოს არ შეუძლია კანონიერების დაცვა, მოქალაქეთა პოლიტიკური აქტიობა მეტად დაბალია. ქვეყნის „დემოკრატიულობა“ ვარირებს იმისდა მიხედვით, თუ რამდენადაა მასში დაცული არა მხოლოდ „პოლიტიკური“, არამედ „ლიბერალური“ უფლებები; ანუ შესაძლებელია, რომ მოქალაქე ერთის მხრივ თავისუფლად მონაწილეობდეს არჩევნებში და იმავდროულად არ იყოს დაცული პოლიციისგან ან უსამართლო მოსამართლეებისგან.

სახელმწიფოს კრიზისსა და სახელმწიფოს-როგორც-კანონის დაქვეითებას შეიძლება ხელი შეუწყოს მძიმე სოციო-ეკონომიკურმა კრიზისმა. ეს ხდება არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური დეზინტეგრაციის პროცესებისგან, და არა მხოლოდ სახელმწიფოს, მისი ბიუროკრატიის, მისი კანონებისა და თვით საზოგადოებრივი სიკეთის მწარმოებლის ლეგიტიმურობის სტატუსის კრიზისისგან. ამ კრიზის ხელს უწყობს აგრეთვე ნეოლიბერალური პოლიტიკაც, რომელიც, ეძებს რა სოციო-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებს, ცდილობს ნებისმიერი გზით შეამციროს სახელმწიფო აპარატი და მისი ხარჯები.

მართლაც, ეფექტური სახელმწიფოს გარეშე შეუძლებელია დემოკრატიისა და ბაზრის არსებობა. პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების დემოკრატიზაციის ეფექტი დამოკიდებულია სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტურობასა და ინსტიტუციონალურ სიცოცხლისუნარიანობაზე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო მეტისმეტად გაიზარდა, გახდა პოლიტიკურად მძიმე და ეკონომიკურად არაეფექტური, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მიმდინარე რეფორმების ანტისახელმწიფოებრივი საფუძვლები. „მდგრადი დემოკრატიის“ ავტორთა აზრით, ნეოლიბერალურ რჩევათა პრინციპული შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ჯეროვნად არ აფასებენ სახელმწიფო ინსტიტუტების როლს ჯგუფებისა და ინდივიდთა საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების ორგანიზებაში. დემოკრატია რომ იყოს მდგრადი, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ტერიტორიული მთლიანობისა და ფიზიკური უსაფრთხოებისა, მან უნდა შეძლოს უზრუნველყოს პირობები მოქალაქეობის ეფექტური განხორციელებისათვის, მან უნდა მოახდინოს მობილიზება საზოგადოებრივი დანაზოგებისა, მოახდინოს კოორდინირება რესურსთა განთავსებისა და შემოსავლების კორექტული განაწილებისა. და თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს ძალუძთ ამ ამოცანათა შესრულება, ისინი უნდა იქნან რეორგანიზებულნი და არა მარტივად შესუსტებულნი.

სახელმწიფოს როლი ტერიტორიული ერთიანობის შენარჩუნებაში განსაკუთრებით წამოიწია წინ სსრკ-ის (და იუგოსლავიის, ჩეხოსლოვაკიის) დაშლის შემდეგ. ესპანეთის გარდა, დღემდე, დემოკრატიზაცია წარიმართა ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არ იყო პრობლემატური; რიგი პოლიტიკური ძალებისათვის დემოკრატიზაცია იყო (და არის) სინონიმური ეროვნული დამოუკიდებლობისა - თვითგამორკვევისა და მულტინაციონალური სახელმწიფოს დანგრევისა, რომელიც განასახიერებდა ავტორიტარულ მმართველობას.

დემოკრატია არის სისტემა უფლებებისა და პასუხისმგებლობებისა, მაგრამ მათი განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები ავტომატურად არ წარმოიშობა დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობიდან: სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო არის აუცილებელი, რათა მათი განხორციელება გახდეს შესაძლებელი.

4.1.4 დემოკრატიზაცია და ტერიტორიული მთლიანობა

▲back to top


ჯერ კიდევ ჯონ სტიუარტ მილი წერდა: იმ ხალხში, რომელსაც არ გააჩნია შეხედულებათა და ინტერესთა ერთობა, განსაკუთრებით, როდესაც ისინი წერენ და კითხულობენ სხვადასხვა ენებზე, შეუძლებელია არსებობდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი, აუცილებელი წარმომადგენლობითი მთავრობის მუშაობისათვის.

ამის მსგავსად, რობერტ დალიც (1970:110-11) ასკვნის, რომ ნაციონალური განსხვავებები სახელმწიფოში ზღუდავს მონაწილეობას ზოგიერთი მოქალაქისათვის, და აქედან გამომდინარე ზღუდავს შესაძლებლობას წარმატებული პოლიარქიისა.

ბევრი ავტორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური იდენტურობა არის „თანდაყოლილი“, და რომ ეთნიკური და კულტურული დაყოფა არის უფრო საგნობრივი (და ობიექტური), ვიდრე ინტერესთა ჯგუფების ან კლასებისა. მართალია ამ შეხედულებებს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და ჰყავს, მაგრამ კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ პრიმორდიალისტური თეორია ფენიქსივით აღსდგა ხელახლა.

მაგ: ჩვენ ვნახეთ, რომ სერბები და ხორვატები დაუბრუნდნენ თავიანთ ჩვეულ ანტიპათიას, თუმცა იტანდნენ ერთმანეთს ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმის დროს. ბევრი სხვა დაპირისპირებისა და კონფლიქტების მოწმენიც გავხდით. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ე.წ. „საგნობრივი“ [ეთნიკური ობიექტური] განსხვავებანი ბევრ ამ ეთნიკურ ჯგუფებს შორის სულაც არ არის უფრო მეტი, ვიდრე ნორმანებსა და ბრეტონელებს, ბავარიელებსა და რაინლენდერებს, პიემოტეზელებსა და სიცილიელებს შორის. თუ ხალხი ერთ პოლიტიკურ ერთობაში ხაზს უსვამს კულტურულ განსხვავებებს და ერთვება ეთნიკურ მეტოქეობაში (შეჯიბრში), ცდილობს მეორე ჯგუფის დაჯაბნას, უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის უფრო შედეგი ინსტიტუციონალური მარცხისა, ვიდრე მისი მიზეზი.

რეგიონალური ნაციონალიზმი არ არის მიზეზი ინსტიტუციონალური მარცხისა ცენტრში, პირიქით; შეიძლება უფრო პირიქით, ინტერნაციონალური მარცხი ცენტრში წარმოშობს კონტექსტს, რომელშიც რეგიონალურ ნაციონალისტებს შეუძლიათ ეფექტურად მობილიზება და წარმართვა მოძრაობისა ავტონომიისაკენ.

რ.დალი წერდა, რომ ნაციონალური პრობლემა უნდა იქნას გადაწყვეტილი მანამდე, ვიდრე ნორმალური დემოკრატიული პოლიტიკა შეძლებს დამკვიდრებას.

ნაციონალისტური მოძრაობები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიზაციას თავისი მოწოდებებით სეპარატიზმისკენ, არ არიან გამოწვეულნი, როგორც ამას „პრიმორდიალისტები“ ამტკიცებენ, კულტურული განსხვავებებით თავისთავად; უფრო მეტად, მმართველობის მარცხი ხსნის კულტურულ ჯგუფთა მობილიზაციას ნაციონალიზმის სახელით. დემოკრატიული ტრანზიტის პერიოდში, როდესაც ცენტრი სუსტდება კულტურულად განსხვავებული რეგიონის პირისპირ, სავარაუდოა რომ განვითარდეს მოთხოვნები ავტონომიისა.

ყველაფერი ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია მულტინაციონალურ სახელმწიფოებში იქნება განსხვავებული, ვიდრე იქ, სადაც ნაციონალური მოთხოვნები არ არის არტიკულირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კულტურულად და ნაციონალურად ჰეტეროგენული საზოგადოებები არ არიან სიცოცხლისუნარი კანდიდატები წარმატებული დემოკრატიზაციისა.

4.1.5 დემოკრატია, მოქალაქეობა და სახელმწიფო

▲back to top


მოქალაქეობა შეიძლება განხორციელდეს უნივერსალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნორმატული სისტემა ექვემდებარება უნივერსალურ კრიტერიუმებს, როდესაც ეფექტურად ხორციელდება კანონის მმართველობა, როდესაც საჯარო ხელისუფლება არის მსურველი და შემძლე დაიცვას უფლებები, და როდესაც ყველა ინდივიდი სარგებლობს ზოგიერთი სოციალური და ეკონომიკური პრერეკვიზიტით. მხოლოდ ეფექტურ სახელმწიფოს შეუძლია წარმოშვას პირობები, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეობის უნივერსალურ რეალიზაციას.

იმისთვის რომ მოქალაქეობა იყოს ეფექტური დემოკრატიის პირობებში, სახელმწიფოს მიერ უნდა შესრულდეს სამი პირობა:

1. იმისათვის, რომ მოქალაქეობის განხორციელება იყოს წინასწარმეტყველებადი, მთავრობა და მოხელეები თავად უნდა მოქმედებდნენ კონსტიტუციასა და კანონებთან შესაბამისობაში.

2. უნივერსალისტური სამართლებრივი სისტემა არის ფუძემდებლური კონსტიტუციური განზომილება წესრიგისა, რომლის გარანტი მოცემულ ტერიტორიაზე არის სახელმწიფო:ის მოიცავს უფლებებსა და ვალდებულებებს საჯარო სამართლისა და აგრეთვე კერძო და საჯარო კანონმდებლობის ურთიერთობათა რეგულაციას. მხოლოდ ისეთმა სახელმწიფომ შეიძლება უზრუნველყოს არაძალადობრივი კერძო ურთიერთობები, რომელიც მტკიცედ ეყრდნობა კანონებს. აქედან გამომდინარე მოქალაქეობრივ უფლებათა განხორციელების და განმტკიცების, გაბატონების, ძლევამოსილების დონე დამოკიდებულია სახელმწიფოს ყოფნის (მონაწილეობის) ხარისხსა და რაოდენობაზე კერძო ურთიერთობებში. თუ სასამართლო და პოლიციური სისტემები გამოიყენება, როგორც საშუალება უფლებათა განხორციელებისათვის და კონფლიქტთა რეგულირებისათვის, მოქალაქენი უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ისინი (ეს სისტემები) იქნება გამოყენებული უნივერსალისტურად და უპირობოდ და რომ მათი გამოყენება წინასწარმეტყველებადია.

3. იმისათვის, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ ეფექტურად განახორციელოს თავისი მოქალაქეობრივი უფლებები, უნდა არსებობდეს ამ უფლებათა განხორციელებისათვის საჭირო სოციალური პირობები; ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ ინდივიდებისათვის, რომელნიც სარგებლობენ გარკვეული (თუნდაც მცირე) დონის მატერიალური უსაფრთხოებით, აქვთ ასევე გარკვეული (თუნდაც მცირე, მაგრამ მინიმალურად აუცილებელი, საჭირო) დონის განათლება, და ინფორმაციის მისაწვდომობა

მოქალაქეებმა, ისევე, როგორც სახელმწიფომ, ხელახლა უნდა განსაზღვრონ თავისი როლი დემოკრატიის ვითარებაში. სხვადასხვა ტიპის ავტორიტარულ სისტემებში სახელმწიფოს შეუძლია აწარმოოს სიკეთეები, უპირატესობები ცალკეული გამორჩეული ჯგუფებისათვის დისკრეტული წესით. ინდივიდები არ აზროვნებენ უფლებათა ტერმინებში, არ არის საინტერესო რამდენადაც ისინი შეიძლება ვერ განხორციელდეს და ყოველთვის შეიძლება იქნას დარღვეული. შესაბამისად, რადგან სახელმწიფო - ეს არის დესპოტური ძალაუფლება, მოქალაქენი არ აზროვნებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ტერმინებშიც: ვალდებულების ტერმინოლოგია

გამოიყენება დიქტატორული ძალაუფლების მიერ, როგორც ინსტრუმენტი რეპრესიებისა. დემოკრატიის ვითარებაში მოქალაქეებს აღარ აკისრიათ და ემუქრებათ მტრული ძალის მიერ დაკისრებული და დადგენილი ვალდებულებები; აქ მათ აქვთ ვალდებულებანი, რომელნიც აუცილებელნი არიან სოციალური კავშირის, კავშირურთიერთობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ხმის მიცემის უარყოფა (არჩევნებში არმონაწილეობა) და გადასახადების არ გადახდა, რაც ფართოდ გავრცელებულია ახალ დემოკრატიებში, კიდევ უფრო ასუსტებს უკვე სუსტ და არამყარ სახელმწიფოს.

უნდა განისაზღვროს ორმხრივი ურთიერთქსელი, ჩარჩო ვალდებულებებისა სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის:თუ, ერთი მხრივ, სახელმწიფო არ განამტკიცებს (და იცავს) და უზრუნველყოფს მოქალაქის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქენი ორგანიზებულად არ ცდილობენ გახადონ თავისი უფლებები ეფექტური და არ აიძულებენ სახელმწიფოს შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობანი, მოქალაქეობის საუკეთესო კონცეფციაც კი უნაყოფოა.

ახალი დემოკრატიები მიმართულნი უნდა იყვნენ ერთდროულად მოქალაქეობის პოლიტიკურ, სამოქალაქო და სოციალურ მოთხოვნილებებზე. მათ არ შეუძლიათ მისდიონ დასავლეთ ევროპის ხანგრძლივ გამოცდილებას, სადაც კანონის მმართველობა, პოლიტიკურ უფლებათა სისტემა, სოციალური კეთილდღეობისა და განათლების უფლებები წარმოდგენილი იყო, როგორც ერთმანეთის მომდევნო გამოწვევები. დღეს, რეჟიმთა ტრანზიტისა და ეკონომიკური კრიზისის ვითარება ბევრ ქვეყანაში აქცევს ზეწოლის ქვეშ მოქალაქეობის ყველა ამ პრერეკვიზიტს.

ბევრი ახალი დემოკრატიის მთავრობა აცხადებს და მიიჩნევს, რომ აქვთ რა დიდი ეკონომიკური სიძნელეები (მძიმე ეკონომიკური კრიზისი), მათ შეუძლიათ განუდგნენ თავის კანონიერ, ლეგალურ, კონსტიტუციურ ვალდებულებებსაც კი; და ამ პირობებში ბევრი მთავრობა ცდილობს მართოს განსაკუთრებული ზომებით და საშუალებებით.

ბევრ ახალ დემოკრატიაში კანონის მმართველობა ხორციელდება არარეგულარულად ტერიტორიულ სივრცეში, რადგან დიდი სოციალური განსხვავებები არსებობს მოქალაქეობრივი უფლებების დაცვაში. არაეფექტური სახელმწიფო თანაარსებობს ძალაუფლების ავტონომიურ სფეროებთან:ისინი ოპერირებენ სხვადასხვა წესებით და ხშირად დადიან კერძო ძალისა და კერძო ბატონობის (დომინირების) სისტემაზე, ფამილიზმზე, ოჯახურობა-კლანურობაზე, რეგიონალიზმზე, პერსონალიზმზე; მათი კავშირურთიერთობა სახელმწიფოსთან დაფუძნებულია გაცვლაზე ხმებისა, პოლიტიკური სარგებლისა, საჯარო ფონდებისა და ადმინისტრაციული რესურსებისა. ეს სახელმწიფოები უძლურნი არიან განახორციელონ, უზრუნველყონ კანონის მმართველობაც და მოქალაქეობაც თავისი ტერიტორიის დიდ ნაწილშიც და თავისი საზოგადოებების ფართო სექტორებშიც. ექსტრემალურ შემთხვევებში, სახელმწიფოები საერთოდ უგულებელყოფენ თავის პასუხისმგებლობას კანონიერების განმტკიცებასა და განხორციელებაში საზოგადოების ვრცელ სექტორებში, ან ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში, ზოგიერთ ურბანულ არელში, ან ზოგ სოციალურ ჯდუფში. ეს მოიცავს პოლიციურ დაცვასაც - ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეები პოლიციას აღიქვამენ უფრო საფრთხედ, ვიდრე დაცვად.

განათლება, ისევე როგორც საბაზო სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, მიღება, განაწილებულია მეტად არათანასწორად სოციალურ ჯგუფებში. ბევრ ქვეყანაში საბაზო სოციალური მომსახურებები შეიძლება იყოს de facto პრივატიზებული ან უბრალოდ, მარტივად გაუჩინარებული. წარმატებული შემთხვევები დემოკრატიზაციისა (მაგ., სამხრეთ ევროპაში) განხორციელდა სწორედ იქ, სადაც სახელმწიფომ გააფართოვა თავისი როლი, როგორც პროვაიდერმა (მწარმოებელმა) სოციალური დაცვისა და განათლებისა.

საგანმანათლებლო და სოციალურ უთანასწორობათა ზეგავლენა მოქალაქეობის განხორციელებაზე დასტურდება ბევრ საზოგადოებაში. განათლების დაბალი დონე დაკავშირებულია პოლიტიკურ სკეპტიციზმთან, პესიმიზმთან ინდივიდის პერსონალური შესაძლებლობების შესახებ ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და მოვლენებზე, უფრო შეზღუდულ პოლიტიკურ მონაწილეობასთან და ინდიფერენტიზმთან დემოკრატიასთან მიმართებაში. დემოკრატიული პოლიტიკის მხარდაჭერაც და უარყოფაც ასეთი ინდივიდისათვის სულერთია, ირელევანტურია. სოციო-ეკონომიკური უთანასწორობანიც აგრეთვე დაკავშირებულია ასეთსავე მიდგომებთან დემოკრატიული პოლიტიკის მიმართ. მაგალითად, პოლონეთში უმაღლესი განათლების მქონეთა 77%25 იზიარებდა აზრს, რომ დემოკრატია არის მართვის საუკეთესო ფორმა, ხოლო საშუალო განათლების რესპოდენტთაგან - 48%25.

70-იანი წლების გამოკვლევების (Habermas, 1975, Stigler, 1975) მიხედვით, ბევრი სახელმწიფო, როგორც განვითარებულ, ასევე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, გახდა მსხვერპლი მასში კერძო (მიკერძოებულ) ინტერესთა შეჭრისა და დაკარგა თავისი შესაძლებლობა მიდევნებოდა უნივერსალისტურ პოლიტიკას (policies). ამ ანალიზის მიზედვით, სახელმწიფო მეტისმეტად გაიზარდა და ანაწილებდა ძალიან ბევრს, და ამდენად შექმნა მძლავრი სტიმულები ძლიერი კერძო, პრივატული ჯგუფებისათვის მიდევნებოდნენ მატერიალურ ინტერესებს სახელმწიფოსთან მიმართებაში, ცდილიყვნენ ამ ინტერესთა დაკმაყოფილებას სახელმწიფო ასპარეზზე, სახელმწიფოს მეშვეობით და არა სამეწარმეო აქტივობის საშუალებით. შედეგად, არა მხოლოდ კერძო ინტერესი შეიჭრა სახელმწიფოში, არამედ ამ სახელმწიფოებმა განიცადეს ღრმა ფისკალური კრიზისი. ეს ვითარება დამახასიათებელია ლათინური ამერიკისა და აღმოსავლეთ ევროპისთვისაც.

სახელმწიფოს ეს ფისკალური კრიზისი შემდგომში კიდევ უფრო გაძლიერდა საბაზრო რეფორმაბზე ორიენტაციით. სტაბილიზაციისა და სტრუქტურული გარდაქმნის პოლიტიკები (policies) შეიცავდნენ დაცემას (ekonomikurs) და აქედან გამომდინარე შემცირდა საგადასახადო ბაზა:ამ ფენომენმა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ სსრკ-ის ქვეყნებში, სადაც გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე დაემთხვა საბჭოთა ბაზრის კოლაფსს. სტანდარტული სტრუქტურული გარდაქმნის პაკეტი ჩვეულებრივ მოიცავს ხარჯების შემცირებას სამმართველო სტრუქტურებისათვის. ამასთან ერთად, მაგალითად პოლონეთში, საგადასახადო ბაზის ეროზია ხშირად დამძიმებული, გაძლიერებული იყო პრივატიზაციის პროცესით. და, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აქტივობათა რეორიენტაცია გარდაუვალია და ასეთი რჩევებიც სამართლიანია, განურჩეველმა და უწესრიგო შეკვეცამ საჯარო ხარჯებისა შეამცირა სახელმწიფოს შესაძლებლობა მოქალაქეობრივი უფლებების ეფექტური განხორციელების გარანტირებისა, განსაკუთრებით პოლიციური დაცვის, განათლებისა და მდგრადი შემოსავლების სფეროებში.

უფრო კომპლექსური ჰიპოთეზა გულისხმობს, რომ რეჟიმის ცვლილება თავისთავად სხვადასხვა გზითა და ფორმით გარკვეულად არყევს საფუძველს სახელმწიფოების, როგორც ორგანიზაციების სიცოცხლისუნარიანობისა. ზოგიერთ მულტინაციონალურ სახელმწიფოებში ცენტრალურმა ბიუროკრატიულმა აპარატმა განიცადა დეზინტეგრაცია, როგორც ფისკალურმა, სამხედრო და, საბოლოოდ, პოლიტიკურმა ერთობამ. მაგრამ რეჟიმის ცვლილებამ შეიძლება შეარყიოს სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა მაშინაც კი, როდესაც სახელმწიფოს მთლიანობა არ არის შეგდებული სასწორზე.

4.2 § 2. ახალი დემოკრატიების ინსტიტუტები - მინიმალური და ლიბერალური დემოკრატიების შედარებითი ანალიზი

▲back to top


პირველ თავში ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ მსოფლიოში არსებულ დემოკრატიულ რეჟიმებს შორის ბევრია ისეთი რეჟიმი, რომელიც ხასიათდება მინიმალური დემოკრატიის არსებობით, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ლიბერალური დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს. ეს ფენომენი - არალიბერალური დემოკრატია განსაკუთრებით გავრცელდა სწორედ დემოკრატიზაციის მესამე ტალღის კვალობაზე და მრავალი მკვლევარის ყურადღების ცენტრში მოიქცა. ცხადი გახდა, რომ მინიმალური არალიბერალური დემოკრატიების არსებობის ახსნა იმით, რომ მათი კონსოლიდირება ჯერ კიდევ პროცესშია და რომ ისინი დროებით და გარდამავალ ფორმას წარმოადგენენ, არადამაკმაყოფილებელია. ამ ახსნას, ჯერ ერთი, აქვს ტელეოლოგიური ელფერი, ანუ ის ცდილობს ფაქტების დალაგებას სასურველი მიზნების მიღწევის აუცილებლობიდან გამომდინარე. ხოლო მეორე, რაც ცხადი გახდა ბოლო წლებსი არის ის, რომ მინიმალური დემოკრატიული წარმოადგენენ პოლიტიკური მოწყობის საკმაოდ სტაბილურ ფორმას, რომელიც, შესაზლოა, სულაც არ მიილტვოდეს ლიბერალიზებისკენ, ყოველ შემთხვევაში, ხილვად მომავალში.

ამ პრობლემამ გამოიწვია ბევრი ისეთი კვლევის ჩატარება, და თეორიული საკითხის წამოჭრა, რომლებიც ახსნიდნენ ამ ახალი მოვლენის საწყისებს. დაბლა ჩვენ მიმოვიხილავთ სამ მიდგომას, რომლებშიაც მოცემულია ახალი მინიმალური დემოკრატიების ნორმატიული მოწყობის დიაგნოსტიკის თეორეტიზება. ეს მიდგომები, თუმცა კი განსხვავებულ ტერმინოლოგიას იყენებენ, არსებითად ერთსა და იმავე მოვლენას აღწერენ. პირველი, რომელიც ეკუთვნის ზაქარიას, ლაპარაკობს კონსტიტუციური ლიბერალიზმის და დემოკრატიის ურტიერტმიმართებაზე. მეორე, ო'დონელის, არნიშნავს მინიმალურ დემოკრატიებშინ არაფორმალური პარტიკულარისტული ინსტიტუტების მნიშვნელობას, ხოლო მესამე, ასევე ო'დონელის, ლაპრაკობს ახალ დემოკრატიებსი ისეთი ტრადიციების ნაკლებობაზე, როგორებიცაა ლიბერალიზმის და რესპუბლიკანიზმი.

4.2.1 დემოკრატია თუ კონსტიტუციური ლიბერალიზმი

▲back to top


ღია, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის არსია, ხოლო ამ გზით შექმნილი მთავრობა - დემოკრატიულია იმისდა მიუხედავად, თუ როგორია იგი - თუნდაც იყოს კორუმპირებული, უუნარო, ხალხისთვის ზიანის მომტანი და სხვა. ითვლება, რომ კონკურენტული ღია არჩევნები საკმარისი კრიტერიუმია ქვეყნის დემოკრატიულობის დასამტკიცებლად.

კონსტიტუციურ ლიბერალიზმს, ამისგან განსხვავებით, არაფერი აქვს საერთო მთავრობის არჩევის პროცედურასთან. ის უფრო მთავრობის მიზნებს და საქმიანობის სტილს ეხება. ამ ტერმინში გაერთიანებულია არა ერთი - ლიბერალიზმის, არამედ ორი ისტორიული ტრადიციის - ლიბერალიზმისა და რესპუბლიკანიზმის იდეალები (იხ. დაბლა). ლიბერალიზმი გულისხმობს ინდივიდუალური თავისუფლების, პიროვნული ავტონომიისა და ღირსების დაცვას, ხოლო კონსტიტუციური ასპექტი მიუთითებს კანონის უზენაესობის ტრადიციას. კონსტიტუციური ლიბერალიზმი ისტორიულად განვითარდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ხელისუფლების ყველა შტოს ძალაუფლების დაბალანსებას, კანონის საყოველთაობას, მიუკერძოებელ სასამართოლსა და ტრიბუნალს და ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას. კონსტიტუციური ლიბერალიზმი აცხადებს, რომ ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ბუნებრივი განუყოფელი უფლებები და სახელმწიფომ უნდა მიიღოს ძირითადი კანონი, რომელიც საზღვრავს მის ძალაუფლებას და იცავს ამ უფლებებს.

მეოცე საუკუნემდე დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა ლიბერალური ავტოკრატია, ან, უკეთეს შემთხვევაში, ნახევრად დემოკრატია იყო. მათი უმრავლესობა საყოველთაო ხმის უფლების მქონე სრულუფლებიანი დემოკრატია გახდა მხოლოდ 1940-იანი წლების მიწურულს. მაგრამ მანამდე, 100 წლით ადრე, მათ მიღებული ჰქონდათ კონსტიტუციური ლიბერალიზმის მნიშვნელოვანი ასპექტები:კანონის უზენაესობა, პიროვნული საკითრების უფლება, მზარდი და განცალკევებული ძალაუფლებანი, სიტყვისა და შეკრების თავისუფლება. სწორედ კონსტიტუციური ლიბერალიზმი არის ის, რაც პირველ რიგში განასხვავებდა დასავლურ სახელმწიფოებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან. დღეს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში დემოკრატია ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე ლიბერალური კონსტიტუციონალიზმი. შეიძლება ვივარაუდოდ, რომ ლიბერალური დემოკრატია სულაც არ არის დემოკრატიის ერთადერთი კონსოლიდირებული ფორმა, და ის მისი მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ფორმაა.

დასავლურ მოდელთან ყველაზე ახლოა, ალბათ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების უახლესი ისტორია. აღმოსავლეთ აზიის რეჟიმთა უმრავლესობა მხოლოდ ნახევრად დემოკრატიულია, მაგრამ ამ რეჟიმთა უმრავლესობამ მიანიჭა თავიანთ მოქალაქეებს ეკონომიკური, სამოქალაქო, რელიგიური უფლებების ფართო სპექტრი - შეზღუდული პოლიტიკური უფლებებით.

კონსტიტუციურმა ლიბერალიზმმა მიიყვანა დასავლური დემოკრატიები დემოკრატიასთან, მაგრამ მოხდება კი პირიქით - მიდის თუ არა დემოკრატია კონსტიტუციურ ლიბერალიზმთან? დემოკრატიზაციის ბოლო ათწლეულების გამოცდილება ამ კითხვაზე მკაფიო პასუხს არ იძლევა. დემოკრატიზაციის მეორე ტალღის ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებში კონსტიტუციური ლიბერალიზმის მცირე გამოცდილების მქონე დიქტტურებმა გზა დაუთმეს დემოკრატიას. მაგრამ თავისუფლების თვალსაზრისით მათში მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, არჩევნები რომ ჩატარდეს, ხელისუფლებაში მოვა იმაზე ნაკლებად ლიბერალური რეჟიმები, ვიდრე დღეს რომ არსებობს. ამავე დროს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანათა უმრავლესობა, რომლებიც დღეს ლიბერალურ დემოკრატიებად ჩამოყალიბდნენ, თავის დროზე ავსტრო-უნგრეთის იმპერიას ეკუთვნოდა, რომელიც ლიბერალური ავტოკრატიის კლასიკური მაგალითია. ბირტანეთის ყოფილი კოლონიები ასევე წარმატებით ნერგავენ დემოკრატიას, ვინაიდან ბრიტანეთის კოლონიალიზმმა მათში კონსტიტუციური ლიბერალიზმის მემკვიდრეობა დატოვა.

როგორც კი ხელისუფლება დემოკრატიულადაა არჩეული, ჩნდება მოსაზრება, რომ მისი შეზღუდვა აღარაა საჭირო. დაძაბულობა დემოკრატიასა და კონსტიტუციურ ლიბერალიზმს შორის ჩნდება სამთავრობო ძალაუფლების საზღვარზე. კონსტიტუციური ლიბერალიზმის მთავარი მიზანია - ძალაუფლების შეზღუდვა, ხოლო დემოკრატიის - მისი აკუმულაცია და გამოყენება. ლიბერალიზმი ზრუნვას თავისუფლების დაცვაზე, რომელსაც, მისი აზრით, დემოკრატია ემუქრება. დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას ახასიათებს ძალაუფლების ექსტრაკონსტიტუციური უზურპაციის ტენდენცია, როემლიც დღესდღეობით განსაკუთრებით გავრცელებულია ლათინური ამერიკისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ამ სისტემებს, როგორც წესი, ჰყავთ ძლიერი ლიდერები, რომლებსაც სჯერათ, რომ ხალხის სახელით ლაპარაკობენ. ძალაუფლების უზურპაცია ხდება როგორც ჰორიზონტალურად (ხელისუფლების სხვა შტოების), ასევე ვერტიკალურად (რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებისა, კერძო ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების).

ძლიერი და ცენტრალიზებული მმართველობის შექმნა ხშირად მართლდება წესრიგისა და მოდერნიზაციის ჩატარების საჭიროებით. მაგრამ ლეგიტიმური ხელისუფლებიგან განსხვავებით ამგვარი ხელისუფლება გარდა გადამეტებული პოლიტიკურისა, სხვა სოციალურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას იხვეჭს ხოლმე. კონსტიტუციური ლიბერალიზმის არარსებობაში ორივე შესაზლო ალტერნატივა არასასურველია - ანარქია, ერთის მხრივ, და ტირანული სახელმწიფო, მეორეს მხრივ.

დემოკრატიას ზოგჯერ მიიჩნევენ ეთნიკური ჰარმონიისა და მშვიდობის გარანტად, რაც ესოდენ აქტუალურია დღევნდელი მშფოთვარე მსოფლიოსთვის. ეს მართლაც სწორია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ლაპარაკია ლიბერალურ დემოკრატიაზე. კონსტიტუციური ლიბერალიზმის უქონლობის ფონზე დემოკრატიის დანერგვამ გამოიწვია ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები და ომიც კი. არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაზე მარტივი გზა გამოდგა რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ხაზით მხარდაჭერის მოპოვება. ვინაიდან არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფოს ტრადიცია, გამარჯვებული ეთნიკური ჯგუფი ცდილობს სხვა ჯგუფების დაჩაგვრას. კომპრომისი წარმოუდგენელი ჩანს:შეიძლება მოილაპარაკო მატერიალურ საკიტხებზე, როგორებიცაა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და დახმარებები, მაგრამ როგორ უნდა მოგვარდეს განსხვავება ეროვნულ რელიგასთან დაკავშირებით? 1960 წელს აფრიკული და აზიური დემოკრატიების დამხობის მიმოხილვისას ორმა მეცნიერმა დაასკვნა რომ დემოკრატიის არსებობა „უბრალოდ სეუძლებელია გაჯერებული ეთნიკური კონკურენციის პირობებში“. მართლაც, რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას, თუ მათ შედეგად ერთი ტომის ნაცვლად მეორე იმარჯვებს, როდესაც ორივე თავის მიზნად მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ისახავს?

ამდენად, როდესაც ლაპარაკია დემოკრატიისა და მშვიდობის თანაფარდობაზე, ერთია ცხადი - მშვიდობა პირველ რიგში ლიბერალურია. ბოლო 200 წლის განმავლობასი დემოკრატიზებადი ქვეყნები გაცილებით ხშირად იწყებდნენ ომს, ვიდრე სტაბილური ავტოკრატიები ან ლიბერალური დემოკრატიები. იმ ქვეყნებსი, რომლებიც არ არიან დამყარებული კონსტიტუციურ ლიბერალიზმზე, დემოკრატიის აღზევებას ჰიპერნაციონალიზმი და ომის მოთხოვნებიც მოჰყვება. მაგალითები მრავალია, დაწყებული ნაპოლეონ მესამის საფრანგეთიდან, ვილჰელმის გერმანიიდან, ტაისოს იაპონიიდან და დამთავრებული დღევანდელი ქვეყნებით, თუნდაც სომხეთითა და აზერბაიჯანით.

კონსტიტუციის მნიშვნელობა უაღრესად მაღალია კონსტიტუციიური ლიბერალიზმისთვის. ხშირად ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულია. სინამდვილეში ამ სისტემის განმასხვავებელი ნიშანია სწორედ მისი არადემოკრატიულობა, რომელიც საარჩევნო უმრავლესობას მრავალ ბარიერს უქმნის. მმართველობის სამი განშტოებიდან ერთს - ზოგთა აზრით მთავარს - აურჩეველი 9 კაცი და ქალი უძღვება უვადოდ სიცოცხლის ბოლომდე. სენატი ყველაზე არარეპრეზენტატული უმაღლესი პალატაა მსოფლიოში. მსგავსად, ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებში უმრავლესობის კი არა, უმცირესობის მმართველობაა. სახელმწიფო ძალაუფლების კიდევ ერთხელ გადასამოწმებლად, შტატის და ადგილობრივი ხელისუფლებები ძლიერი და ფედერალური ხელისუფლების მათ ტერიტორიაზე შემოჭრის ყოველ მცდელობას ებრძვიან. კერზო ბიზნესი და სხვა არასამთავრობო ჯგუფები შეადგენენ კიდევ ერთ სტრატას საზოგადოებაში, რასაც ტოკვილი სასუამავლო ასოციაციების უწოდებს.

ფრანგული მოდელი ბევრად უფრო ემხრობა ადამიანის კეთილშობილების რწმენას, და არადასავლური ქვეყენბის უმეტესობამ ფრანგული მოდელი მიიღო. შემთხვევითი არ არის, რომ ამ ქვეყების უმრავლესობა პოლიტიკურ კრიზისებს ვერ გადაურჩა. რასაკვირველია, აქ ამერიკული მოდელის გადმოღებაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ლიბერალური კონსტიტუციონალიზმისადმი უფრო სერიოზული ყურადღების მიქცევაზე და ძალაუფლების განაწილების და კონტროლის მექანიზმებზე.

ქვეყანაში არჩევნების ჩატარება ადვილია, მაგრამ კონსტიტუციური ლიბერალიზმის დამკვიდრება კი ძნელია. თავისუფალი არჩევნების არქონა უნდა იქნას განხილული როგორც მმართველობის ერთ-ერთი, და არა ერთადერთი ნაკლი. შეძრუდული დემოკრატიის ხელისუფლება, რომელიც თანმიმდებრულად იცავს ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებებს, დიქტატუერად არ უნდა იწოდებოდეს.

4.2.2 უნივერსალიზმი და პარტიკულარიზმი - „ახალი დემოკრატიების“ პოლიტიკურ ინსტიტუტებში

▲back to top


წინა პარაგრაფებში იყო ნათქვამი, რომ დემოკრატიის ფუნქციონირება დიდადაა დამოკიდებული სახელმწიფოს ტიპზე, მის უნარზე უნივერსალურად გაავრცელოს კანონი და წესრიგი მთელ ტერიტორიაზე და ყველა სოციალურ ფენაზე. კონსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს სწორედ ეს ტიპი არსებობს ძველ და ინსტიტუციონალიზებულ დემოკრატიებში. შედარებით უფრო ცუდათაა შესწავლილი სახელმწიფოს ტიპები იმ ქვეყნებში, სადაც კონსტიტუციური და რეალური ნორმები მეტად შორსაა ერთმანეთისგან, და შესაბამისად კონსტიტუციის შესწავლა არაფერს ამბობს ხელისუფლების რეალურ მოწყობაზე.

„ახალი დემოკრატიების“ დახასიათებისას და მათი არსის წარმოჩენისას (როგორც ლათინური ამერიკის, ისე პოსტ-კომუნისტური ქვეყნების) თვალშისაცემი ხდება შემდეგი წინააღმდეგობა: ამ დემოკრატიებში არსებობს ორი უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. პირველი მათგანი ფორმალიზებულია, მაგრამ პერიოდულ ხასიათს ატარებს - ეს არის არჩევნები. მეორე კი არაფორმალურია, ფუნქციონირებს პერმანენტულად და ფართოდაა გავრცელებული - ეს არის პარტიკულარიზმი (ან უფრო ფართო მნიშვნელობით - კლიენტელიზმი).

რას წარმოადგენს ეს მეორე, არაფორმალური ინსტიტუტი და რა გავლენას ახეენს იგი დემოკრატიის ფორმალური ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე?

ზოგადად პარტიკულარიზმი, იგივე განსაკუთრებულობა ანდა მიკერძოება უნივერსალურობის ანუ საყოველთაობის საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს.

უნივერსალურობა, საყოვლეთაობა, ქმნის თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების საფუძვლებს. დემოკრატიის იდელს წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური თანასწორობის აღიარება. ამ თანასწორობის საფუძველი ადამიანთა საყოველთაო, თანდაყოლილი, ბუნებრივი უფლებებია, შესაბამისად, დემოკრატიის ყველა ინსტიტუტი უნივერსალური, საყოველთაო ხასიათისაა, რომლებითაც ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ისარგებლოს. არჩევნებში ყველა ამომრჩევლის ხმას თანაბარი წონა გააჩნია. სამართლებრივი სახელმწიფო ასევე უნივერსალისტურია. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. სახელმწიფო ორგანოები თანაბრად უნდა ემსახურებოდეს ყველას დადგენილი წესების შესაბამისად. ადამიანის პირადი თავისუფლებები და უფლებები დაცულია სწორედ ამ ყველასათვის ერთნაირი კანონებისა და წესების მეშვეობით და არა მათ საპირისპიროდ, მათი დარღვევით.

საპირისპიროდ, პარტიკულარიზმის პირობებში არ არის დაცული კანონებისა და წესების წინაშე ყველას თანასწორობა. პარტიკულარისტულ საზოგადოებებში უფლებები და თავისუფლებები არსებობს ცალკეული ადამიანებისათვის, რომლებმაც „მოახერხეს“ მათი მოპოვება და არა მთელი საზოგადოებისათვის. საყოველთაო, უნივერსალური კანონები და წესები აღიქმება არა თავისუფლების დამცავ მექანიზმად, არამედ მის შემზღუდველ ფაქტორად. იმ საზოგადოებებში, რომლებშიც პარტიკულარისტული ინსტიტუტები დომინირებს, ადამიანი არ ერიდება საყოველთაო წესებისა და ნორმების დარღვევას, თუკი ამ დარღვევით იგი თავის კერძო, პიროვნულ ინტერესებს დაიკმაყოფილებს. ამგვარ საზოგადოებებში კანონების აღსრულება უზრუნველყოფილია უფრო მეტად სახელმწიფოს ძალით, ვიდრე ამ კანონების ლეგიტიმურობით.

თუკი ძველ, ლიბერალურ დემოკრატიებში პოლიტიკური პროცესები მეტ-ნაკლებად ხორციელდება ღია, ფორმალიზებული წესების შესაბამისად, და საკმარისია ამ წესების შესწავლა, რათა გავერკვეთ, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის სისტემა პრაქტიკაში, პარტიკულარისტულ საზოგადოებებში არაფორმალური პრაქტიკების მხედველობაში მიუღებლად შეუძლებელია რეალურ ვითარებაში გარკვევა.

ამგვარ საზოგადოებებში ნებისმიერი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, და მათ შორის ყველაზე დიდი - სახელმწიფო, განიცდის იმ ადამიანთა ზეგავლენას, რომლებიც ცდილობენ მათ გამოყენებას საკუთარ ინტერესებში. ინდივიდუალურად, ეს ადამიანები არ ამჟღავნებენ სოლიდარობას სხვა, მათსავე მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა მიმართ. არ ამყარებენ ჰორიზონტალურ (პარტნიორულ) კავშირებს და არ თანამშრომლობენ მათი მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან საერთო მიზნების მისაღწევად. ისინი უპირველესად მთელ ძალისხმევას მიმართავენ უპირატესობის მისაღწევად ვერტიკალური (ბატონობა-დამორჩილება) ურთიერთობების საფუძველზე. ნაცნობობით, მოქრთამვით, კლანური სახის გაერთიანებებში შესვლით, ისინი ცდილობენ იმ საზოგადოებრივი სიკეთეების გამოყენებას, რომლებიც წესით საყოველთაო, უნივერსალური ხასიათის უნდა იყოს. თანამდებობის პირი, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება თავის „კლიენტებს“ - ნაცნობებს, მეგობრებს, ძღვენის მომტანებს, ხოლო დანარჩენები ამ „კლიენტებთან“ შედარებით არათანაბარ ურთიერთობებში ხვდებიან.

ძველ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებშიც ხშირია საზღვრების დარღვევა საზოგადოებრივ და კერძო სფეროებს შორის. მაგრამ თავად ამ საზღვრის არსებობის ცნება უმნიშვნელოვანესადაა მიჩნეული და საზოგადოება, კანონის საფუძველზე, ყოველთვის იბრძვის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომელთა პიროვნული მოტივებით ქმედება, პოლიტიკის კეთების კერძო ინტერესებისადმი დაქვემდებარება გამჟღავნდება. იმ პოლიტიკურ რეჟიმებში კი, რომლებშიც პარტიკულარიზმს ღრმად აქვს ფესვები გამჯდარი, საზოგადოებრივ და კერძო სფეროებს შორის არსებული საზღვრის ცნებას ნაკლები ყურადღება ექცევა და ნაკლები მნიშვნელობაც ენიჭება. შესაბამისად, ხელისუფლების მატარებელთ პოლიტიკის კეთების პროცესში ორიენტაცია აღებული აქვთ არა იმდენად საზოგადოებრივ, რამდენადაც კერძო ინტერესებზე.

პარტიკულარიზმი იმდენად ღრმად არის შეჭრილი ხელისუფლების სხვადასხვა სფეროებში და იმდენად ბუნებრივი სახე აქვს მიღებული, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ფორმალური, დაკანონებული წესების ნაწილს წარმოადგენს და სწორედ ის არის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მთავარი წარმმართველი ძალა. ყოველივე ამის შედეგია საზოგადოების ცინიკური დამოკიდებულება დემოკრატიის ინსტიტუტებისადმი, მათზე პასუხისმგებლების და ზოგადად „პოლიტიკოსების“ მიმართ. პარტიკულარიზმი აღიქმება ჩვეულებრივ მოვლენად, ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად და პრაქტიკაში იგი გამოიყენება პოლიტიკური ძალაუფლების მიღებისა და შენარჩუნებისათვის. ამგვარ პოლიტიკურ რეჟიმებში პარტიკულარიზმი როგორც საზოგადოებივი ნორმა, ნორმის ტიპი, სისტემის უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა, დემოკრატიულობასთან დაკავშირებული ყველა შემთხვევის ერთ სიბრტყეზე განხილვა არ შეიძლება. არსებობს შედარებით ძველი, ჩამოყალიბებული დემოკრატიებიც (იტალია, ინდოეთი, ანდა იაპონია, ლათინურ ამერიკაში - კოლუმბია და ვენესუელა), სადაც არ ხორციელდება ფორმალური, კანონით გათვალისწინებული წესების სრული დიქტატი. ეს რეჟიმები წარმოადგნენ კონსოლიდირებულ დემოკრატიებს, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად მიესადაგება მათ ლიბერალური დემოკრატიის სახელი.

პარტიკულარიზმი ადამიანთა საზოგადოების პერმანენტული თვისებაა. მხოლოდ უკანასკნელ ხანებში (თანამედროვეობის ეპოქაში) და ისიც მხოლოდ მცირე რაოდენობით ქვეყნებში (დასავლეთის ცივილიზაცია) იქნა აღიარებული უნივერსალისტური პოლიტიკური წესრიგი, დემოკრატიის უნივერსალური ნორმები და პოლიტიკის კეთების პროცესიც დემოკრატიის ნორმებს დაექვემდებარა. მრავალ „ახალ დემოკრატიაში“ პარტიკულარიზმი მყარად თანაცხოვრობს უმრავლეს ფორმალურ პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, მიუხედავად იმისა, რომ სახელისუფლო პოსტების დაკავება ხდება უნივერსალურობის პრინციპის დაცვით და ემყარება არჩევითობის პრინციპს. „ახალი დემოკრატიები“ არ ჯდებიან იმ დემოკრატიის თეორიის ჩარჩოებში, რომელიც მიესადაგება ჩრდილოეთ-დასავლეთის პოლიტიკურ რეჟიმებს.

იმას, რომ ზოგიერთი ე.წ. დემოკრატია არაფორმალური, კანონით გაუთვალისწინებელი წესების უკიდურეს ზეგავლენას განიცდის, მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს. ეს უპირველესად ეხება საზოგადოებრივ და კერძო სფეროებს შორის საზღვრის ბუნდოვანებას, რეალურ არარსებობას. ამგვარ ქვეყნებში პასუხისმგებლობა ან ანგარიშვალდებულება, რაც მყარი დემოკრატიების საკვანძო ასპექტია, განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს.

არჩევნების ინსტიტუციონალიზაცია ნიშნავს, რომ არსებობს ელექტორატის პასუხისმგებლობა, საკმარისად თავისუფალი პრესა და აქედან გამომდინარე, საზოგადოების სხვადასხვა აქტიურ ნაწილებს საშუალება აქვთ გააკონტროლონ ხელისუფლების მიერ პოლიტიკის კეთების პროცესი, შეაფასონ საზოგადოებისათვის მისი ავკარგიანობა და მოითხოვონ ძალაუფლების მატარებლის დასჯა არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში.

ის, რაც „ახალ დემოკრატიებს“ აკლიათ, არის პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების სხვა განზომილება, რომელსაც ო'დონელი „ჰორიზონტალურს“ უწოდებს. იგულისხმება ის კონტროლი, რომელიც გარკვეულმა სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებზე. ყველა ჩამოყალიბებულ დემოკრატიაში არსებობს სხვადასხვა სახის დაწესებულებები, რომელთაც გააჩნიათ კანონიერი უფლება აკონტროლონ და გამოიყენონ სანქციები სხვა სახელმწიფო დაწესებულებების არაკანონიერი ქმედების შემთხვევაში. ეს არის ხშირად გამოყენებული „კანონის მმართველობის“ ცნების ერთ-ერთი მთავარი სფერო, რაც გულისხმობს, რომ კანონი სახელმწიფო მოხელეებზე, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებზე მაღლა დგას. ზემოთქმულის ფუძემდებლური იდეაა, რომ ფორმალურ ინსტიტუტებს აქვთ კარგად ჩამოყალიბებული, კანონით განსაზღვრული მოქმედების ჩარჩოები, რომლებიც გარკვეულ არტახებში აქცევენ არჩეულ პირთა მოქმედებას, მათ მიერ პოლიტიკის კეთებას. ეს კი მჭიდრო კავშირშია კერძოსა და საზოგადოებრივის ურთიერთმიმართების სფეროსთან იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოებამ უნდა მისდიოს საყოველთაო და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულ წესებს და არა კერძო ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი რეალური ფუნქციონირება შორს დგას იდეალურისაგან, ამ საზღვრების ჩარჩოებისა და ანგარიშვალდებულების დემოკრატიის არსებობისათვის, იმისათვის, რომ სახელმწიფო საზოგადოებრივ და არა კერძო ინტერესებზე იყოს ორიენტირებული, საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება.

საპირისპიროდ, „ახალი დემოკრატიების“ უმრავლესობაში მხოლოდ მცირე ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულება თუ არსებობს. უფრო მეტიც, მრავალ მათგანში ხელისუფლების წარმომადგენლები ენერგიულად იღწვიან და ხშირად წარმატებითაც, რომ აღმოფხვრან თუნდაც მცირედი ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულება. ასეთ ვითარებაში პარტიკულარიზმი უმთავრესი პოლიტიკური ინსტიტუტი ხდება. არსებობს დიდი უფსკრული ფორმალურ წესებსა და იმ ხერხს შორის, რომლითაც პოლიტიკურ ინსტიტუტთა უმრავლესობა რეალურად ფუნქციონირებს. ეს კი იწვევს მიახლოებას პოლიტიკური ხელისუფლის დელეგატიურ, არაწარმომადგენლობით ცნებასთან. იგულისხმება კეისარული, პლებისციტური ტიპის აღმასრულებელი, რომელიც, არჩევის შემდეგ, უფლებამოსილად მიიჩნევს საკუთარ თავს მართოს ისე, წარმართოს პოლიტიკა იმგვარად, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. აღმასრულებელი ცდილობს დააკნინოს და შეზღუდოს პარლამენტი, სასამართლო, კონტროლის უფლების მქონე სახელმწიფო დაწესებულებები და დაისაკუთროს მათთვის კანონის ძალით მინიჭებული სფეროები. მეორე მხრივ, როგორც მაქს ვებერი აღნიშნავს, რეალურ ძალაუფლებასა და ანგარიშვალდებულებას მოკლებულ ინსტიტუტებში არსებობს იმგვარად მოქმედების ტენდენცია, რითაც მართლდება მათთვის ამ ფუნქციების მოკლება. პარტიკულარიზმი კიდევ უფრო ყოვლისმომცველი ხდება პარლამენტსა და პარტიებში, რომლებიც დაუფარავად იღწვიან სასამართლოს ფუნქციების შეზღუდვისათვის. მაკონტროლებელი ორგანოები ან უმოქმედოა, ან საერთოდ გაუქმებულია. ეს კონტექსტი ხელს უწყობს კანონიერად დამყარებული ხელისუფლების მომავალ ეროზიას და კიდევ უფრო უმნიშვნელოს ხდის საზღვრებს კერძოსა და საზოგადოებრივს შორის, ქმნის უზარმაზარ შესაძლებლობებს კორუფციისათვის.

ბუნებრივია კითხვა: პარტიკულარიზმისა და ზემოაღნიშნული საზღვრების არარსებობის პირობებში როგორ მოხდა ამ ქვეყნებში კონკურენტიანი და სამართლიანი არჩევნების ინსტიტუტის შენარჩუნება? დასმული კითხვის პასუხს ერთი მხრივ წარმოადგენს „დემოკრატიულობის“ სურვილი, რაც განპირობებულია საერთაშორისო ყურადღებით და საარჩევნო დარღვევების ფართო გაშუქებით. სამართლიანი არჩევნები არის მთავარი, რომ არ ითქვას ერთადერთი, რაც დემოკრატიულად წარმოაჩენს ქვეყნებს სხვა მთავრობებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე. ამჟამად ამ აღიარებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ამ ქვეყნებისათვის და იმ მთავრობებისათვის, რომლებიც მათ მართავენ. საკუთრივ ქვეყნის შიგნით არჩევნები არის მომენტი, როდესაც მოქმედებს რაღაც მსგავსი ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულებისა: პარტიები ხელისუფლებაში შედიან მიღებული ხმების მიხედვით. არჩევნებზე ხდება პოლიტიკურ საკითხებზე და ხმის მიცემის რიტუალებსა და სიმბოლოებზე ფოკუსირება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ვლინდება სამართლიანობის სურვილი მოქალაქეთა მხრიდან. ხელისუფლებათა უმრავლესობა ერიდება აშკარა დარღვევებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობისაგან „არადემოკრატიულის“ იარლიყი არ მიიღოს.

უკიდურეს პარტიკულარიზმს, დელეგატიურ მმართველობას, სუსტ ჰორიზონტალურ ანგარიშვალდებულებას მინიმუმ ორი არასასურველი შედეგი აქვს: პირველი არის ის, რომ ზოგადად კონტროლის ნაკლებობა ხელახლა დამკვიდრების საშუალებას აძლევს ძველ ავტორიტარულ პრაქტიკას, პოლიტიკის კეთების პროცესს დემოკრატიულობის ყოველგვარ ნიშანს აცლის. მეორე ის არის, რომ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს არსებობა უხდებათ ღრმა და აღმავალი არათანასწორობის პირობებში, პოლიტიკური კურსის განსაზღვრა და პოლიტიკის კეთების პროცესი მიმდინარეობს მაღალორგანიზებული და ეკონომიკურად ძლიერი ინტერესების სასარგებლოდ.

უმრავლეს „ახალ დემოკრატიებში“ ინდივიდებს და მოქალაქეებს კავშირი აქვთ ფორმალური წესებით მოქმედ მხოლოდ ერთ ინსტიტუტთან - არჩევნებთან. სრული სამოქალაქო უფლებებით კი მხოლოდ პრივილიგირებული უმცირესობის წევრები სარგებლობენ, სწორედ ისინი, ვინც რეალურად „აკეთებს“ პოლიტიკას.

დელეგირებული დემოკრატიიის ნიშნები პოსტ-საბჭოთა სივრცეში

გ. ო'დონელმა მიმოქცევაში შემოიტანა ცნება „დელეგირებული დემოკრატია“, რითაც იგი ახასიათებს გარდამავალი ტიპის საზოგადოებებს (უმთავრესად ლათინურ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში). იგი ხაზს უსვამს, რომ ამ ქვეყნებში არსებული რეჟიმები დემოკრატიულია ფორმალური ნიშნების თვალსაზრისით, მაგრამ ისინი არ ამჟღავნებენ ევოლუციის ნიშნებს წარმომადგენლობითი დემოკრატიის ჩამოყალიბების მიმართულებებით. ისინი წარმოადგენენ „ჯერ კიდევ არამყარ რეჟიმებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ინსტიტუტების საკუთარი სისტემა... მაგრამ მათ უკვე დაამტკიცეს საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა... ამ რეჟიმებში არ არსებობს არც ავტორიტარიზმის რაიმე ნიშანი და საფრთხე და არც წარმომადგენლობით დემოკრატიაზე გადასვლის ტენდენცია.“

მოცემულ მოდელს შემდეგი მახასიათებლები გააჩნია: მკაცრი მაჟორიტარიზმი, ძალაუფლების ერთ ხელში მოქცევა მისი პერსონიფიცირებით, ხელისუფალთა მისწრაფება შეამცირონ წარმომადგენლობითი ინსტიტუტების, პოლიტიკური ორგანიზაციების (მათ შორის ხელისუფლებისადმი ლოიალურებისაც) და არაინსტიტუციონალური პოლიტიკური მექანიზმების როლი.

„დელეგირებული დემოკრატიის“ მოდელის ჩარჩოებში შეიძლება მოვათავსოთ პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისათვის დამახასიათებელი ორი ფენომენი: პირველი უკავშირდება ხელისუფლებისათვის რეალური ავტორეპროდუქტირების მექანიზმების და ლეგიტიმურობის ინსტიტუციონალური (ე.ი. დეპერსონიფიცირებული) წყაროების არარსებობას. ეს მმართველ დაჯგუფებას აიძულებს ისწრაფვოდეს საკუთარი პოლიტიკის დეიდეოლოგიზაციისაკენ, ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წინაშე ვალდებულებებისაგან რეალური განთავისუფლებისაკენ და ამ მიზნებისათვის გამოსადეგარი წყაროების ხელოვნურად შექმნისაკენ.

ყოველივე ეს მიმდინარეობს ორი გზით:

1. ხალხის მიერ ხელისუფლების ლეგიტიმურობის დადასტურება რეფერენდუმების მექანიზმის გამოყენებით და ხელისუფლების მატარებელთა გარდაქმნა ამავე ლეგიტიმურობის წყაროდ;

2. პოლიტიკური ორგანიზაციების „ზემოდან“ შექმნა, რომლებიც შერწყმულნი არიან სახელისუფლო სტრუქტურებთან - წარმოადგენენ თავისებურ „ხელისუფლების პარტიას“. ამასთანავე, „ხელისუფლების პარტიებს“ შეუძლიათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების მიმართ ფორმალურად გამოხატონ უნდობლობა, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მასების უკმაყოფილებისათვის გარკვეული „ობიექტი“ გამოიძებნოს და ამ უკმაყოფილებას კონკრეტული მიმართულება ჰქონდეს.

ამ ტენდენციების მეორე გამოხატულებაა ხელისუფლების მიერ პროვოცირებული პოლიტიკურ ძალთა ბიპოლარიზაცია, რაც სერიოზულ პრობლემებს უპირველესად ოპოზიციას უქმნის, თუკი ის მართლაც დემოკრატიულ ფასეულობებსა და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზეა ორიენტირებული. მმართველი რეჟიმის უარი კომპრომისებზე ეყრდნობა საზოგადოების მხრიდან ინსტიტუციონალური თვითორგანიზების კატასტროფულ უუნარობას, რასაც ერწყმის სამართლებრივი განუკითხაობა. ყოველივე ეს კი გზას წარმოადგენს საპარლამენტო ფორმების დისკრედიტაციისაკენ. არასაპარლამენტო გზა კი (მაგ., ალტერნატიული მოძრაობების შექმნა) კიდევ უფრო უპერსპექტივოა და თავიდანვე არალეგიტიმურად აქცევს ოპოზიციას.

ამგვარ სიტუაციაში პოლიტიკური ორგანიზაციებისა და არჩევითი ინსტიტუტების არსებობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. მათ გააჩნიათ კანონიერი საფუძველი და აღიარებულნი არიან საზოგადოების მიერ, მაგრამ მცირე ძალა თუ აქვთ გადაწყვეტილებათა მიღების თვალსაზრისით. ყოველივე ამის შედეგს კი წარმოადგენს ამ ინსტიტუტების აღმავალი დეგრადაცია, საზოგადოებაში მათი პრესტიჟის დაცემა და რეალური ჩამოცილება ხელისუფლების სადავეებიდან. პოსტსაბჭოთა სინამდვილეში უამრავი ასეთი მაგალითი არსებობს. უფრო მეტიც, შეიძლება მსგავსი მოვლენების რეპროდუცირების პროგნოზირება თავისუფლად შეიძლება არჩევნების მიმდინარეობისას, რომელსაც მმართველი რეჟიმი ატარებს საკუთარი გავლენის განმტკიცების მიზნით. ამის პარალელურად მიმდინარეობს სახელმწიფო სამსახურის სისტემის დეგრადაცია, ყველა დონის სახელისუფლო სტრუქტურების გადაქცევა კორპორაციებად, რომლებიც აგებულია კლიენტელისტური პრინციპის კერძო ინტერესების საფუძველზე. მთლიანობაში სახელმწიფო აპარატს კი ენიჭება იდეოლოგიური ფუნქციები ხელისუფლების მიერ მისი უკონტროლობის, როგორც ლოიალობის საფასურის მხარდაჭერით.

4.2.3 ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი როგორც თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის საფუძვლები

▲back to top


დემოკრატია, ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი

ზემოთ ჩვენ ვილაპარაკეთ პარტიკულარისტულ ინსტიტუტებზე, ანუ პარტიკულარისტულ ნორმებზე, რომლებიც განსაზღვრავენ „თამაშის წესებს“ „ახალი დემოკრატიების“ საზოგადოებებში. რითი არის გამოწვეული ამგვარი ვითარება „ახალ დემოკრატიებში“, ხომ არ აკლიათ უნივერსალისტური ნორმები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივი სფეროების გამოსარჩევად, კანონის უნივერსალურად გამოსაყენებლად, წარმომადგენლობითი დემოკრატიის განსახორციელებლად? თუ მოჭარბებული აქვთ სხვა, პარტიკულარისტული ნორმები, რომებიც მათ მაგივრობას უწევენ?

ლიბერალურ დემოკრატიებს ახასიათებთ არა მარტო დემოკრატიისადმი ერთგულება, არამედ სხვა პოლიტიკური ტრადიციების არსებობაც. როგორც წესი მათში იგულისხმება ორი კომპონენტი, ორი პოლიტიკური ტრადიცია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს თანამედროვე დემოკრატიების სახეს - დემოკრატია და ლიბერალიზმი. მათთან ერთად არსებობს მესამე ტრადიცია, რომლისგანაც ასევე განუყოფელია თანამედროვე დემოკრატიის არსებობა - ეს არის რესპუბლიკანიზმი. ამ ორი პოლიტიკური ტრადიციის - ლიბერალიზმისა და რესპუბლიკანიზმის სისუსტეზე ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიუთითებს გილერმო ო'დონელი, როდესაც ცდილობს ახსნას ამ ქვეყნებში დამკვიდრებული პოლიტიკური რეჟიმების თავისებურებები, მათ შორის არა მარტო დემოკრატიის არალიბერალურობა არამედ კორუფციაც.

დემოკრატია, ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი სხვადასხვა ისტორიულ და ინტელექტუალურ ტრადიციაში იღებენ სათავეს. დემოკრატია სათავეს იღებს ძველ ათენში; რესპუბლიკანიზმი - წინაიმპერიულ რომში და ზოგიერთ შუასაუკუნოვან იტალიურ ქალაქებში; ლიბერალური ტრადიცია სცენაზე გამოდის შუასაუკუნოვანი ევროპის ფეოდალურ საზოგადოებებში, ხოლო შემდგომ ლოკის ინგლისში და მონტესკიეს საფრანგეთში. წინააღმდეგობრიობა, რომელიც მათ შორის არსებობს, ქმნის რთულ ნაზავს, თანამედროვე დემოკრატიის ღია და დინამიურ ფორმას.

ლიბერალიზმი იცავს ინდივიდს და მის უფლებებს, რომლებიც არც ერთმა ძალაუფლებამ არ შეიძლება შელახოს, და ამგვარად, კერძო სფეროს განიხილავს, საზოგადოებრივ სფეროსთან საპირისპიროდ, იმ ასპარეზად, სადაც ყველაზე სრულად ხდება ადამიანის რეალიზება. რესპუბლიკანიზმი, ისევე როგორც ლიბერალიზმი, მკაფიოდ განასხვავებს კერძო და საზოგადოებრივ სფეროებს, მაგრამ სხვა მიზეზის გამო. რესპუბლიკანიზმი ხაზს უსვამს პიროვნების, მით უფრო, მმართველის ვალდებულებებს საზოგადოების წინაშე და თვლის, რომ ადამიანის უმაღლესი ღირსებაა საზოგადოების უანგარო სამსახური.

შესაბამისად, საზოგადოებრივ სფეროს, საზოგადოებრივ ინტერესს ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი სხვადასხვა შინაარსს ანიჭებენ. ლიბერალიზმისთვის საზოგადოებრივი ინტერესი ეს არის ყველას ინტერესი, კერძო ინტერესების ნაკრები და მათგან გამომდინარე ჯამური შედეგი. რესპუბლიკანიზმისთვის ეს არის საერთო ინტერესი, ინტერესი, რომელიც მაღლა დგას თითოეულ კერძო ინტერესზე და რომელსაც კერძო ინტერესი შეიძლება შეეწიროს კიდეც.

განსხვავებული ფასეულობა, რომელსაც ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი ანიჭებენ კერძო და საზოგადოებრივ სფეროს, იწვევენ განსხვავებულ დასკვნებს პოლიტიკური უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, მოქალაქეობისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკური დებატების არსს წარმოადგენენ. ყველა ეს დებატები გამომდინარეობს იმ მკაფიო ზღვრის არსებობიდან, რომელიც ასხვავებს კერძოსა და საზოგადოებრივს, და რომელიც ორივე ტრადიციის მიერაა ხაზგასმული.

მიუხედავად ამ წინააღმდეგობრივი შინაგანი ლოგიკისა, ლიბერალიზმსაც და რესპუბლიკანიზმსაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი თანხვედრა, რომელიც განაპირობებს მათ ორგანულ თანაარსებობას ერთი საზოგადოებისა და ერთი დემოკრატიული სისტემის ჩარჩოებში:ორივე რეალიზდება კანონისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პატივისცემაში. რა გზითაც არ უნდა იაროთ, ლიბერალურით თუ რესპუბლიკურით, მიხვალთ ისეთი სამართლებრივი წესრიგის აღიარებამდე, რომელშიაც ადამიანის და საზოგადოების ურთიერთობას არეგულირებს უნივერსალური, ყველასათვის ერთნაირი კანონი. ეს კანონი არა მარტო იცავს ადამიანის უნივერსალურ (ყველასთვის ერთნაირ) თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მის ვალდებულებებს სხვა ადამიანიების, საზოგადოების წინაშე. შედეგად თანამედროვე დემოკრატიის მოქალაქე არის არა მარტო თავისუფალი, არამედ პასუხისმგებელი, მისი თავისუფლება განუყოფელია საზოგადოების (და არა მხოლოდ საკუთარი თავისა და საკუთარი ოჯახის) წინაშე მისი პასუხისმგებლობისგან.

როდესაც ვამბობთ, რომ საზოგადოებრივი და კერძო სფეროები ერთმანეთისგან განცალკევებულია, ეს სულაც არ ნიშნავს ამ სფეროების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობას. ლიბერალიზმისგან და რესპუბლიკანიზმისგან განსხვავებით, დემოკრატია კი არ აშორიშორებს ერთმანეთისგან კერძოს და საზოგადოებრივს (სახელმწიფოს და ეკონომიკას), არამედ პირიქით - მათ შორის კავშირს ამყარებს. დემოკრატიის მექანიზმებში ჩადებულია ის, რაც ახდენს კერძო და საზოგადოებრივი ინტერესების ერთმანეთზე მიბმას. დემოკრატიის ჩართვით ხდება სწორედ ინტერესთა მრავალნაირი კონფლიქტების მოგვარება, როგორც კერძო პირთა, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

დემოკრატია, რესპუბლიკანიზმისგან განსხვავებით, არ მოითხოვს მმართველებისგან განსაკუთრებულ კეთილშობილებას; პირიქით, დემოკრატია გულისხმობს, რომ ნებისმიერს შეუძლია ქვეყნის მართვა. ასევე, დემოკრატია, ლიბერალიზმისგან განსხვავებით, არ ფიქრობს, რომ პიროვნება დაცულია იმისგან, რასაც ხალხი, ხალხის უმრავლესობა გადაწყვეტს. დემოკრატია უზრუნველყოფს იმას, რომ ლიბერალიზმისა და რესპუბლიკანიზმის მიერ დაშორიშორებულ კერძო და საზოგადოებრივ სფეროებს შორის ჰარმონული ბალანსი დამყარდეს.

ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს სამი ტრადიცია გაერთიანებულა მრავალნაირად და ცვალებადად. ნებისმიერი მათგანისთვის გადაჭარბებული უპირატესობის მინიჭებამ შეიძლება დემოკრატიას საფრთხე შეუქმნას. დემოკრატია ლიბერალიზმისა და რესპუბლიკანიზმის გარეშე შეიძლება უმრავლესობის ტირანიად გარდაიქმნას, ლიბერალიზმი დემოკრატიისა და რესპუბლიკანიზმის გარეშე - პლუტოკრატიად, ხოლო რესპუბლიკანიზმი ლიბერალიზმისა და დემოკრატიის გარეშე გადაგვარდება თვითდაჯერებული ელიტის პატერნალისტურ მმართველობად.

ყველა ამ ტრადიციის ნაჯერი არის ქვყნის კონსტიტუცია და კანონმდებლოა, რომლებიც ტერიტორიულად განსაზღვრულ სახელმწიფოს არსბობას უკავშირდება. სახელმწიფო არის დემოკრატიის მეოთხე კომპონენტი, რომელიც მისი ხასიათის მნიშვნელოვან ელემენტებს განსაზღვრავს.

ახალი დემოკრატიები

ბევრი ქვეყანა, რომლისთვისაც, ინგლისისგან თუ საფრანგეთისგან განსხვავებით, დემოკრატია „სახლში ნაზარდი პროდუქტი“ არაა, ხშირად ცდილობს დაამკვიდროს ის კანონები და კონსტიტუცია, რომლებიც შეეფერება თანამედროვე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოწყობას, დამახასიათებელს განვითარებული დემოკრატიებისთვის. ამ დროს იწყება უსასრულო კამათი იმაზე, თუ რა არის უკეთესი - ცხოვრება აიგოს ამ კანონებისა და ინსტიტუტების შესაბამისად, თუ კანონები შემუშავდეს რეალური ცხოვრების მიხედვით. ცხადია, ორივე მხარე მხედველობაში მისაღებია. მაგრამ უფრო არსებითია ის, რომ თავად უნივერსალისტური კანონების შემოღება არის თანამედროვეობის ნიშანი, თანამედროვე ეპოქის მოვლენა. მათ უკან დასავლეთში ლიბერალური და რესპუბლიკური ტრადიციები დგას, რომლებიც ძნელად თუ გასცდა დასავლეთის საზღვრებს, მიუხედავად სხვა სამყაროს მრავალი ქვეყნის პრეტენზიისა, დემოკრატიის სახელი დარქმეოდა. დასავლეთში ლიბერალური და რესპუბლიკური პრინციპების გაბატონება კი ამ მხრივ უკავშირდება ეროვნული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და კაპიტალიზმის დამკვიდრებას.

ეროვნული სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე სამართლიანობის დაცვის ფუნქციას მას მერე, რაც ხორციელდება სამართლის კოდირება კანონების სახით და სამართლებრივი კანონის დაცვა ხდება სამართლებირივი სახელმწიფოს ფუნქცია. ამდენად სამართალი რეალიზდება კანონის მეშვეობით, და არა პირიქით - სამართლიანობის დამკვიდრება კანონიდან გამომდინარეობს. სამართლიანობის დამკვიდრებას უნივერსალური კანონის გზით საფუძველში უნდა ედოს სამართლიანობის უნივერსალისტური პრინციპები, ისეთი, როგორსაც დასავლეთში დემოკრატია, ლიბერალიზმი და რესპუბლიკანიზმი წარმოადგენენ. შესაძლებელია კი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა საზოგადოებაში სამართლიანობაზე რაიმე სახის უნივერსალისტური შეხედულებების არსებობის გარეშე?

თანამედროვე კაპიტალიზმის და საბაზრო ეკონომიკის განვითარების კავშირი ლიბერალიზმთან და რესპუბლიკანიზმთან ასევე შეიძლება განვიხილოთ კერძო და საზოგადოებრივი სფეროს დაშორიშორების სიბრტყეში. სწორედ კერძოს და საზოგადოებრივის დაშორიშორება შესაძლებელს ხდის ისეთ საზოგადოებრივ მოწყობას, როდესაც ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლება აღარაა მოქცეული ერთიან პირამიდაში. კაპიტალისტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მდიდარი ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენელზე ისე, რომ მისი თავისუფლება არ იყოს შელახული (თავისუფლების დაცვის ლიბერალური პრინციპი), ხოლო რესპუბლიკანიზმის შედეგია ის, რომ ხელისუფალი, რომელიც საზოგადოებას უანგაროდ ემსახურება, სანაცვლოდ საყოველთაო აღიარებას მოიხვეჭს, რაც მის უანგარობას ანიჭებს არა ალტრუიზმის, არამედ რაციონალურობის ელფერს.

ამდენად, თანამედროვეობის ეპოქაში დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოებრივის და კერძოს, სახელმწიფოს და ეკონომიკის ცალკე სფეროებად ჩამოყალიბება (რაც ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმოქმნას უკავშირდება) შეიძლება დემოკრატიული, ლიბერალური და რესპუბლიკური პრინციპების ჭრილში განვიხილოთ. ამ სფეროების ეს არათანხვედრა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის, არამედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

წარმომადგენლობითობა

როდესაც დემოკრატია არის პირდაპირი დემოკრატია - საჯარო ადგილას შეკრებილ მოქალაქეთა მიერ გადაწყვეტილებების მიღება - მაშინ არ არსებობს არჩევითი, წარმომადგენლობითი ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჩნდება. მაგრამ თანამედროვე დემოკრატია არის ძირითადად წარმომადგენლობითი დემოკრატია, რომელიც დაფუძლებულია ხელისუფლების არჩევის პრინციპზე.

ხელისუფლების არჩევის გზით, დემოკრატია ათავსებს კერძო ინტერესების მქონე პიროვნებას საზოგადოებრივ სფეროში, ანიჭებს მას საზოგადოებრივ ვალდებულებებს. მაგრამ ბევრს არაფერს ამბობს იმაზე, თუ როგორ უნდა იქნას მის მიერ გაგებული მისი მოვალეობები, რას უნდა ეფუძნებოდეს მისი გადაწყვეტილებები. რა პრინციპებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტოს მან კონფლიქტი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს მის კერძო ინტერესებსა და მის მიერ დასაცავ საზოგადოებრივ ინტერესებს შორის? ან კონფლიქტი სხვადსხვა საზოგადოებრივ ჯგუფთა ინტერესებს შორის?

წარმოვიდგინოთ პარლამენტის დეპუტატი, რომელიც არის ფემინისტური მოძრაობის აქტივისტი და პარლამენტში მოსულია ქალთა უფლებების დაცვის ლოზუნგით. ან რეგიონის წარმომადგენელი, ან ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც ამ უმცირესობის უფლებებს იცავს. რა პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ ამ ადამიანებმა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას? რა არის მათი წარმომადგელობითი ფუნქციის არსი? აქ შესაძლოა დეპუტატის მანდატის სხვადასხვა ინტერპრეტაცია:დეპუტატმა უნდა გამოხატოს თავისი ამომრჩევლების ინტერესები (იმათი, ვინც მას ხმა მისცა); დეპუტატი გამოხატავს მთელი მოსახლეობის ინტერესებს; დეპუტატი მისდევს თავისი პარტიის პოლიტიკას; დეპუტატი თავისუფალია მოიქცეს ისე, როგორც მას მისი სინდისი კარნახობს. ყოველ შემთხვევაში ის აუცილებლად აღმოჩნდება ისეთ სიტუაციებში, როდესაც იმ ჯგუფის ინტერესი, რომელსაც იგი წარმოადგენს, გარკვეულწილად არ ემთხვევა მთელი საზოგადოების ინტერესს - მაგალითად, მასწავლებელთა ხელფასების გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდა და, ამის შედეგად, ინფლაცია, რაც მთელ საზოგადოებას შეეხება.

აქ ნაჩვენებია „წარმომადგენლობითობის პარადოქსი“, რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა კერძო ინტერესების მათ ჯამურ (ან საერთო) ინტერესად გადაქცევის პროცესს. ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ამ პროცესში იქმნება, მდგომარეობს არა მხოლოდ კერძოსა და საზოგადოებრივის ურთიერთმიმართებაში, არამედ ურთიერთმიმართებაში სხვადასხვა საზოგადოებრივ ინტერესებს შორის, როგორიცაა სხვადასხვა ჯგუფური ინტერესები, სახელმწიფოს ინტერესი და სხვა.

ლიბერალიზმიც და რესპუბლიკანიზმიც იძლევიან წარმომადგენლობით დემოკრატიაში ამ კონფლიქტის სამართლიანი გადაჭრის სცენარს, მაგრამ სხვადასხვა ლოგიკიდან გამომდინარე. ლიბერალიზმი, განიხილავს რა საზოგადოებრივ ინტერესს როგორც კერძო ინტერესთა ჯამს, რომელთაგან ყველა თანასწორუფლებიანია, ამბობს, რომ უმრავლესობის თავისუფლება არ უნდა მიიღწეოდეს უმცირესობის თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე. დემოკრატია, ხალხის მმართველობა, არ უნდა გადაიქცეს უმრავლესობის ტირანიად, ამდენად გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს მოლაპარაკებითა და შეთანხმებით, ყველას ინტერესების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ ვალდებულია პოლიტიკოსი მხარი დაუჭიროს კომპრომისულ, ყველას თვალში სამართლიან წინადადებას. რესპუბლიკანიზმი, განიხილავს რა საზოგადოებრივ ინტერესს როგორც ყველას ინტერესზე მაღლა მდგომს, როგორც არა ჯამურს, არამედ საერთოს, პოლიტიკოსისგან მოითხოვს საზოგადოების წინაშე ვალდებულებების შესრულებას.

მოკლედ, ერთიც და მეორეც ამტკიცებს იმას, რომ საზოგადოებრივ თანამდებობაზე არჩეული ადამიანი ემსახურება ამა თუ იმ სახით გაგებულ საზოგადოებრივ ინტერესებს. ისინი ქმნიან მიუკერძოებლობის ეთიკურ ველს, რომლის რეალიზება, გარდა სამართლებრივი მექანიზმებისა, გულისხმობს ამ ეთიკური ნორმების გაზიარებასა და აღიარებას ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ.

ჰორიზონტალური ანგარიშვალდებულება

არჩევნები, რომლებიც ტარდება პერიოდულად, წარმოადგენენ ამომრჩეველთა მიერ ხელისუფლების კონტროლის ვერტიკალურ ინსტრუმენტს. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტი, მისი პერიოდული ხასიათისა და სხვა ნაკლოვანებების გამო სრულად ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლებაზე იმ კონტროლს, რომელიც აიძულებს მას დაუქვემდებაროს თავისი კერძო ინტერესები საზოგადოებრივ ინტერესებს. ამიტომ იყო, რომ დემოკრატიის ინსტიტუციონალურ მოწყობაში თავის დროზე გათვალისწინებულ იქნა ჰორიზონტალური კონტროლის არსებობა - ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებისა და შტოების მიერ ძალაუფლების განაწილებისა და ურთიერთკონტროლის მექანიზმები.

ჰორიზონტალური კონტროლი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები უფლებამოსილნი არიან - და რეალურად ასრულებენ კიდეც - ერთმანეთის ზედამხედველობასა და კონტროლს კანონების დაცვის თავალსაზრისით, კონსტიტუციურობისა და ძალაუფლების გადამეტების თავიდან აცილების მიზნით. ამ კონტროლის არარსებობის პირობებში შეიძლება დაზარალდეს დემოკრატიის სამივე კომპონენტი - დემოკრატიული, ლიბერალური და რესპუბლიკური. დემოკრატია ზარალდება, თუ არჩვნები ტარდება დარღვევებით, ლიბერალიზმი ზარალდება, თუ ირღვევა ადამიანთა უფლებები, ხოლო რესპუბლიკანიზმი ზარალება, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები არღვევენ კანონს და მოქმედებენ ვოლუნტარისტულად.

თუ პირველი და მეორე ყოველთვის იწვევენ პროტესტს, უკანასკნელი ყველაზე იშვიათად აღიქმება როგორც ბოროტება, და ზოგჯერ არც შეიცავს ბოროტ განზრახვას. მართლაც, პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ შლის არაპოპულარულ პარლამენტს, შეიძლება პატრიოტული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდეს და ხალხის მოწონებასაც იმსახურებდეს. მაგრამ ის იმავდროულად შლის სახელმწიფო მოწყობის საფუძვლებს, ეფექტურ და ავტონომიურ ინსტიტუტებს, რომლებმაც ერთობლივად, კომპლექსში უნდა განახორციელონ ძალაუფლება და გაინაწილონ პასუხისმგებლობა.

ახალ დემოკრატიებში ძალაუფლების ამგვარი გადამეტება, ხელისუფლების სხვა შტოების დასუსტება როგორც წესი პრეზიდენტებისგან მომდინარეობს. მართავენ რა ხალხის სახელით, ისინი ხშირად არ თვლიან საჭიროდ დაექვემდებარონ კანონის მოთხოვნებს. ამგვარი ერთპიროვნული მმართველების ძალაუფლება არ არის უსაზღვრო, მათაც უწევთ კომპრომისებზე წასვლა როგორც მოკავშირე, ისე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ამგვარი კომპრომისები სულ სხვა, არაკონსტიტუციურ წესებსა და ნორმებს ეყრდნობა, ამწუთიერი, კონიუქტურული და ინტრიგული ხასიათის თამაშის ელფერს ატარებს.

ჰორიზონტალური ანგარიშვალდებლების დარღვევა ასუსტებს დემოკრატიას, განსაკუთრებით კი მის რესპუბლიკურ და ლიბერალურ კომპონენტებს. ის ქმნის საფუძვლებს იმისათვის, რომ პოლიტიკოსებმა გამოიყენონ თავისი თანამდებობები ბოროტად, რაც დაუშვებელია რესპუბლიკური ნორმებიდან გამომდინარე, ან ამავე დროს ქმნიან საფუძველს იმისათვის, რომ ცალკეულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა გადამეტებული ძალაუფლება მოიპოვონ, რაც დაუშვებელია ლიბერალური ნორმებიდან გამომდინარე.

დემოკრატია შეიძლება არსებობდეს, და არსებობს კიდევაც, ლიბერალური და რესპუბლიკური კომპონენტების სისუსტის ფონზეც. მაგრამ ამგვარ დემოკრატიას ახასიათებს ხოლმე მაღალი კორუფცია (რესპუბლიკანიზმის ნაკლებობა) და შედარებით ნაკლებად - ძალაუფლების გადამეტება (ლიბერალიზმის ნაკლებობა). ნაკლებად იმიტომ, რომ როგორც კი ძალაუფლების გადამეტება გარკვეულ ზღვარს ცდება, რეჟიმი დემოკრატიულობის სახელს კარგავს. ერთი კი ფაქტია - დემოკრატია თავისთავად, ლიბერალიზმისა და რესპუბლიკანიზმის გარეშე, კორუფციისა და ძალაუფლების გადამეტების პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს.

ცხრილი 6. შიდა ურთიერთკავშირი სახელმწიფოს, ერს (ერებს) და დემოკრატიზაციას შორის (assuming no irredenta- ....დაშვებით)

„ტიტულარული ერების“ სახელმწიფო ლიდერების პოლიტიკა და ქმედება

0x01 graphic

5 ბიბლიოგრაფია:

▲back to top


  1. G.A.Almond and S.Verba. The Civic Culture Revisited: An Analytical Study, Boston: Little, Brown, 1980

  2. Anthony H. Birch „The Concepts and Theories of Modern Democracy“, Routledge, 1993

  3. Thomas Carothers, Civil Society, Foreign Policy, Winter 1999-2000, Issue 117

  4. L.Csaba. The Capitalist Revolution in Eastern Europe, A Contributon to the Economic Theory of Sistemic Change. Edvard Elgar, 1995

  5. R.A. Dahl, On Democracy, Yale University Press, 1998

  6. R. Dahl, Democracy and Its Critics, New Haven: Yale University Press,1989

  7. L.Diamond. Toward Democratic Consolidation. „Journal of Democracy“, v.5, N.3, 1994

  8. L.Diamond Is the Third Wave over? Journal of Democracy, v.7, N.3, 1996

  9. edited by Larry Diamond, Juan J. Linz, Seymour Martin Lipset, Politics in Developing Countries - Comparing Experiences with Democracy//Lynne Rienner Publishers, 1995

  10. Robert Fine, Civil Society Theory, Enlightment and Critique, Democratization, v.4,N.1, 1997

  11. Michael W.Foley, Bob Edwards, The Paradox of Civil Society, Journal of Democracy, V.7, N.3, 1996

  12. Freedom House, democracy indeses, www.freedomhouse.org

  13. M.Grawitz, J.Leca (eds). Traite de science politique. 4 vols. Paris: Press Universitaire de France, 1985

  14. ed. Howard Handelman, Mark Tessler. Democracy and its Limits. Lessons from Asia, Latin America, and the Middle East, University of Notre Dame Press, 1999

  15. Theodor Hnaf, Ghia Nodia. Georgia - Lurching to Democracy. From Agnostic Tolerance to Pious Jacobonosm: Societal Change and People's Reactions. Nomos Verlagsgesellschaft, Baden-Baden, 2000

  16. David Held Democracy and the Global Order, From the Modern State to Cosmopolitan Governance, Polity Press, 1997

  17. ed. by Barry Holden, Global Democracy. Key Debates,Routledge, 2000

  18. ed. by James F. Hollifield, Calvin Jillson. Pathways to Democracy: the Political Economy of Democratic Transitions, Routledge, 2000

  19. Samuel Huntington, The Third Wave, University of Oklahoma Press, 1991

  20. Samuel Huntington, Political Order in Changing Societies. New Haven, 1968

  21. R. Inglehart, Modernization and Postmodernization. Cultural, Economic, and Political Change in 43 Societies. Princeton University Press, 1997

  22. Klingemann H.-D., Fuchs D. [eds]. Citizens and the State. Oxford: Oxford University Press, 1995

  23. J.-E. Laneand, S. Ersson. comparative Politics. An Introduction and New Approach. Polity Press, 1994

  24. Juan J.Linz, Alfred Stepan. Problems of Democratic Transition and Concolidation. Southern Europe, South America and Post-Communist Europe. The John Hopkins University Press, 1996

  25. Seimur Martin Lipset Political Man New York: Doubleday, 1960

  26. ed. by Scott Mainwaring, Matthew Soberg Shugart, Presidentialism and Democracy in Latin America, Cambridge University Press, 1997

  27. Barington Moore Social Origins of Dictatorship and Democracy: Lord and Peasent in the Making of the Modern World (1966).

  28. G.O'Donell. Horisontal Accontability in New Democracies - „Journal of Democracy“, v.9, N.3, 1998

  29. G. O'Donnell, Illusions about Concolidation, „Journal of Democracy“, v. 7, N.2, 1996

  30. G. O'Donnell, On the State, Democratization and Some Conceptual Problems: A Latine American View with Glances at Some Poscommunist Countries. World Development, vol.21, N.8, 1993

  31. ed. David Potter, et., Democratization. Polity Press, 1997

  32. A.Przeworsky, Democracy and the Market. Political and Economic Reform in Eastern Europe and Latin America. Cambridge, Cambridge University Press, 1991

  33. Adam Przeworski, et. Sustainable Democracy, Cambridge University Press, 1995

  34. Adam Przeworski - The Neoliberal Fallacy/Journal of Democracy, Vol.3, No. 3, July 1992;

  35. R.D.Putnam, Making Democracy Work. Civic Traditions in Modern Italy. Princeton University Press, 1993

  36. Rueschemeyer D., Stephens J., Capitalist Development and Democrasy, Cambr. 1992

  37. Dankwart Rustow, Transitions to Democracy, Comparative Politics, 2, 1970

  38. R.Rose, Postcommunism and the Problem of Trust. „Journal of Democracy“, v.5, N.3, 1994

  39. Richard Rose - Toward a Civil Economy / Journal of Democracy, Vol.3, No. 2, April 1992;

  40. R.Rose, W.Mishler and C.Hapefer. Democracy and its Alterantives. Understanding Post-Communist Societies. The John Hopkins University Press, Baltimore, 1998

  41. Adam B. Seligman, The Problem of Trust, Princeton University Press, 1997

  42. Aleksander Smolar, From Opposition to Atomization, Journal of Democracy, v.7,N.1, 1996

  43. Ferdinand Tonnies, Gemeinschaft und Gesellschaft, The Michigan State University Press, 1957

  44. Alen Turen

  45. Kurt Weyland, The Politics of Corruption in Latin america. Journal fo democracy, v.9, N1, 1998

  46. Л.Бальцерович, Социализм, капитализм, Трансформация. Очерки на рубеже эпох. Москва, „Наука“, УРАО, 1999

  47. П.Бергер. Капиталистическая революция. 50 тезисов о процветании, равенстве и свободе. Прогресс, М. 1986

  48. Т.Ворожейкина. Демократия и экономическая реформа (опыт сравнительного анализа России и Латинской Америки). „Pro et Contra“, т.1б N.1

  49. Э.Гельнер. Условия свободы. Гражданское общество и его исторические соперники. М. 1995

  50. Дж.Дьюи. Возраждающийся капитализм. „Полис“, 3, 1994

  51. М.В.Ильин, А.Ю.Мельвиль, Ю.Е.Федоров. Демократия и демократизация (раздел учебного пособия). „Полис“, 1996, 5

  52. Б.Г.Капустин. Три рассуждения о либерализме и либерализмах. „Полис“,

  53. Б.Г.Капустин, И.М. Клямкин. Либеральные ценности в сознании россиян. „Полис“, 1994, 2

  54. И.Клямкин. Посткоммунистическая демократия и ее исторические особенности в России. „Полис“, 1993, 2

  55. Е.Мачкув. Преобразование коммунистического тоталитаризма и посткоммунистическая трансформация: Проблемы, концепции, периодизация. „Полис“, 2000, 4

  56. А.Ю. Мельвиль Опыт Теоретико - методологического синтеза структурного и процедурного подходов к демократическим транзитам. „Полис“, 1998, 2

  57. А.Ю.Мельвиль Демократические транзиты. Теоретико-методологические и прикладные аспекты. московский общественный научный фонд. Москва, 1999

  58. А.Н.Никитченко. Транснационализация демократии (третья волна). Демократизации в свете теории международных отношений. „Полис“, 1996, 5

  59. Г.Одонелл. Делегативная демократия. „Пределы власти“, М.1994

  60. Политическая наука: новые направления (под ред. Р.Гудина и Х.-Д. Клингеманна. Научн. ред. русского издания Е.Б.Шестопал). Вече, М.1999

  61. П.Раймента. Трудный путь к рыночной экономике: реальности и иллюзии. „МЭиМО“, 1996, 5

  62. Д.А.Растоу. Переходы к демократии: попытка динамической модели. „Полис“, 1996,5

  63. Росалес

  64. Алексис де Токвиль Демократия в Америке. Весь Мир, Москва, 2000

  65. О.Г.Харитонова. Генезис демократии (попытка реконструкции логики транзитологических моделей). „Полис“, 1996,5

  66. И.Шапиро. Введение в типоогию либерализма. „Полис“, 1994,3

  67. Ф.Шмиттер. Размышления о гражданском обществе и консолидации демократии. „Полис“, 1996, 5

  68. Ф.Шмиттер. Угрозы и диллемы демократии. „Пределы власти“, 1, 1994

  69. Л.Ф.Шевцова. Диллемы поскоммунистического общества. „Полис“, 1996, 5

  70. С.Холмс. Чему Россия учит нас теперь? „Pro et Contra“, www.carnegie.ru

  71. ვაცლავ ჰაველი, ძალა უძალოთა, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, თბილისი, 1995

  72. დომინიკ კოლა, პოლიტიკური სოციოლოგია (თარგმანი ფრანგულიდან), თბილისი, 1999

  73. სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 1998

  74. კარლ პოპერი, კიდევ ერთხელ ღია საზოგადოებისა და მისი მტრების შესახებ. ჟურნალი „ეპოქა“, №4, 1998