![]() |
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის სადამკვირვებლო მისია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|არჩევნები, მესამე სექტორი|ასოციაციები |
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მონიტორინგის ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 17 იანვარი 2008 |
![]() |
1 I. შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2007 წლის 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დაშლისა და დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დახურვის შემდგომ გამოცხადებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა.2 2007 წლის 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა 2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით. 2007 წლის 16 ნოემბერს გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგა და საქართველოს პარლამენტმა 25 ნოემბერს დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. მას შემდგომ რაც არჩევნების დღედ განისაზღვრა 2008 წლის 5 იანვარი დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), რომელიც დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა დონის არჩევნების მონიტორინგის პროცესში, 12 ნოემბერს ორ სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან ერთად (საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) გამოაქვეყნა „10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისათვის“.3 საიას მიერ 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დაკვირვება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოების ფინანსური მხარდაჭერით.
___________________________
1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია ფინანსურად მხარდაჭერილია ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), ბრიტანეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ჰოლანდიის საელჩოს მიერ. ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია შეიძლება არ გამოხატავდეს დამფინანსებლების ოფიციალურ პოზიციას.
2. იხ. „საიამ ადამიანის უფლებათა კვირეული შეკრების თავისუფლებით დაიწყო“, 10.12.2007, http://www.gyla.ge/?display=news&view=616
3. იხ. „10 წინაპირობა საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“, http://www.gyla.ge/?display=news&view=606
![]() |
2 II. მისიის ფორმატი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) დაფუძნებიდან დღემდე აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. საიას სადამკვირვებლო მისიის ძირითადი მიზანია შესწავლილ იქნეს თუ რამდენად ხდება საარჩევნო კანონმდებლობისა და დადგენილი სტანდარტების დაცვა საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური სუბიექტების, მედია საშუალებების, საჯარო მოხელეებისა და ხელისუფლების ორგანოების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და შედეგების შეჯამებისა და წარდგენილი საჩივრების განხილვის პროცესში.
2007 წლის 12 ნოემბერს საიას გამგეობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საია 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგს განახორციელებდა თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში, თელავში, რუსთავში, გორსა და დუშეთში) ხოლო არჩევნების დღის მონიტორინგს კი თბილისში, ქუთაისში, ბათუმში-ხელვაჩაურში.
![]() |
3 III. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი1
საიას დამკვირვებლების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული როგორც საკანონმდებლო ასევე პრაქტიკაში გამოვლენილ ხარვეზებზე, რომლებიც ზეგავლენას ახდენდნენ წინასაარჩევნო პერიოდში საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის თავისუფალ და სამართლიან კონკურენციაზე.
__________________
1. იხ. საიას წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის პირველადი ანგარიში გამოქვეყნებული 2008 წლის 3 იანვარს, http://www.gyla.ge/?display=news&view=627
![]() |
3.1 ა) შენობა-ნაგებობების ნუსხა და სააგიტაციო შეხვედრებისთვის ადგილის ხელმისაწვდომობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 74-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად:
„საოლქო საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიერ გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხის საფუძველზე, საარჩევნო სუბიექტებისათვის, მათთან შეთანხმებით, ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გამართვის განრიგს (თუ მოხდა ღონისძიებათა გადაფარვა და სუბიექტთა შეთანხმება ვერ მოხერხდა, ღონისძიებათა თანმიმდევრობა წილისყრით განისაზღვრება).“
საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების დაუშვებლობის საარჩევნო კამპანიის დროს. მოცემული მუხლის მე-3 ნაწილი მიხედვით, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება მათ შორის გულისხმობს: „სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, აგრეთვე იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაკავებული შენობების გამოყენებას საქმიანობისათვის, რომლებიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს არა აქვთ იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იმავე პირობებით გამოყენების შესაძლებლობა“.
2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით თვითმმართველობების მიერ კანონის დაცვით საარჩევნო ადმინისტრაციისადმი წარდგენილ იქნა ინფორმაცია მათ მიერ კამპანიის ფარგლებში საარჩევნო შეხვედრებისთვის გამოყოფილი ფართის შესახებ. ცესკოს მიერ მოცემული ინფორმაცია განთავსდა ვებ-გვერდზე. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, რომელიც შეიძლება შეფასდეს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევად და საჭიროებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან შესწავლასა და შეფასებას. მოცემული შემთხვევებია მათ შორის შემდეგი:
28 ნოემბერი, შეხვედრა თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მასთან ერთად დევნილებს შეხვდნენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა. საიას შეფასებით მოცემული შეხვედრა გახლდათ სააგიტაციო/წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.1 უნდა აღნიშნოს, რომ თბილისის თვითმმართველობის მიერ ცესკოსთვის გადაცემულ ინფორმაციაში საკრებულოს დარბაზი არ გახლავთ გამოყოფილი სააგიტაციო შეხვედრებისთვის.2
11 დეკემბერი, თელავს სტუმრობდა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე და ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები. ოპოზიციამ შეხვედრა ამომრჩეველთან თელავის კულტურის სახლში დაიწყო, მაგრამ ფართის სიმცირის გამო თელავის სახელმწიფო თეატრისაკენ გადაინაცვლა. თუმცა თეატრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ოპოზიციას თეატრში შესვლაზე და კარი არ გაუღო იმ მიზეზით, რომ თეატრში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 10 დეკემბერს იმავე თეატრში ამომრჩეველს შეხვდა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი. მას არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია თეატრის ადმინისტრაციის მხრიდან თეატრის დიდ დარბაზში მოსახლეობასთან შეხვედრაზე თუნდაც სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო. თელავის სახელმწიფო თეატრი თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
21 დეკემბერი, ზესტაფონი, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის არკადი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, 21 დეკემბერს ზესტაფონში ისინი არ შეუშვეს „ფეროს“ კულტურის სახლში მხარდამჭერთა ჯგუფის პრეზენტაციის გასამართავად, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა შეთანხმებული იყო კულტურის სახლის ხელმძღვანელობასთან.
____________________
1. იხ. ინფორმაცია განთავსებული თბილისის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც იწყება შემდეგი წინადადებით - „საქართველოს ყოფილი პრეიზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა“- http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=344&info_id=3884
2. იხ. ცესკოს ინტერეტ-გვერდზე არსებული იფნროამცია, http://www.cec.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=307&info_id=3454
![]() |
3.2 ბ) ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის დროს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად საიას მიერ დაფიქსირდა კამპანიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეების მონაწილეობა კანონის დარღვევით.
საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად:
„5. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ: თ) სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს“
ამასთან ერთად, საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად თუ საჯარო მოხელეები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე არ ვრცელდება არანაირი შეზღუდვა თუ ისინი არიან რეგისტრირებული კანდიდატები. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა კამპანიაში მონაწილეობა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების (მაგ. პარლამენტის წევრი, მინისტრი, ქალაქის მერი), აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეების მხრიდან (მაგ. გუბერნატორები), იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ გახლდათ რეგისტრირებული კანდიდატები მოცემულ არჩევნებზე მათზე ვრცელდებოდა საერთო ვალდებულება არ მიეღოთ მონაწილეობა აგიტაციაში სამსახურებრივი და თანამდებობრივი მოვალეობის შესრულების დროს ან იმ დროს როდესაც ამ მოვალეობის შესრულება ეკისრებოდათ კანონისა და დებულებით დადგენილ დროს.1
- საიამ 3 დეკემბერს ოფიციალური წერილით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სახელმწიფო საჯარო მოხელეების ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანისა და თბილისის მერის გიგი უგულავას ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მოთხოვნით, რადგან მათ დაარღვიეს საარჩევნო კოდექსი, როდესაც 28 ნოემბერს, სამუშაო დროს მონაწილეობდნენ სააგიტაციო შეხვედრაში. ცესკოს თავმჯდომარემ 7 დეკემბერს წერილობითი უარი უთხრა საიას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ისე რომ მოცემული საკითხი სხდომაზე არ გატანილა. პასუხი გასაჩივრებულ იქნა საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ 18 დეკემბერს დასაშვებად ცნო სარჩელი და არსებითი განხილვა დაინიშნა 20 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის დროს, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ბატონების უგულავასა და სუბელიანის პერსონალური დაჯარიმება, მათ ინტერესებს ოფიციალურად წარმოადგენდნენ მერიისა და სამინისტროს იურიდიული სამსახურის იურისტები. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შესულა და საიას მიერ გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში (განხილვა არ დაწყებულა).
- საიამ 13 დეკემბერს, მეორე ოფიციალური წერილით მიმართა ცესკოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მთელი რიგი საჯარო მოხელეების აგიტაციაში მონაწილეობის წესის დარღვევის გამო დაჯარიმების მოთხოვნით (პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორც მმართველი ისე ოპოზიციური პარტიიდან და სხვა საჯარო მოხელეები-გუბერნატორები)2. მოცემული განცხადება ცესკოს სხდომაზე განხილულ იქნა 19 დეკემბერს და კენჭისყრის შედეგად (7 წევრი 6-ის წინააღმდეგ) საიას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საიამ მოცემული უარი საჯარო მოხელეების - გუბერნატორების ნაწილში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში. 4 იანვრის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით საიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა, რომ საჯარო მოხელის მხრიდან მოხდებოდა კანონის დარღვევა თუ იგი უშუალოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განახორციელებდა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას. მოცემული გადაწყვეტილება შეიძლება განიმარტოს ისე, რომ როდესაც საჯარო მოხელეს ეკისრება ვალდებულება კონკრეტულ დროს ახორციელებდეს სამსახურებრივ მოვალეობას და არ ასრულებს მას აგიტაციაში მონაწილეობის გამო, დარღვეულად არ უნდა ჩიათვალოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები (!). მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის შესული და საიამ გაასაჩივრა იგი სააპელაციო სასამართლოში.
- საიამ 26 დეკემბერს, მესამე ოფიციალური წერილით მიმართა ცესკოს საჯარო მოხელის, კახეთში გუბერნატორის გია ნაცვლიშვილის მიერ 10 დეკემბერს კანონის დარღვევით სააგიტაციო შეხვედრაში მონაწილეობის გამო მისი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მოთხოვნით. მოცემული საჩივარი ცესკოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული (კენჭისყრით 7 - 6-ის წინააღმდეგ). საიამ მიმართა სასამართლოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის დროს, მთელი რიგი საჯარო მოხელეების მხრიდან საჯაროდ იქნა გაცხადებული მათ მიერ კუთვნილ შვებულებაში გასვლის შესახებ (მაგ. მინისტრ ბაქრაძის მიერ, რომელიც ასრულებდა კანდიდატ სააკაშვილის შტაბში სპიკერის ფუნქციას). საიას ცენტრალური და რეგიონული ოფისების მიერ ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობაზე დაყრდნობით გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ყველა საჯარო დაწესებულებიდან მოცემულ პერიოდში საჯარო მოხელეების მიერ შვებულების სარგებლობის ფაქტების შესახებ. მოცემულ საკითხზე მიღებული პასუხებით3 არ დგინდება იმ საჯარო მოხელეების შვებულებაში გასვლის ფაქტი, რომელთა მიმართაც საიამ მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას დაჯარიმების მოთხოვნით.
_______________________
1. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საკითხზე გამოხატა პოზიცია (თანამდებობის პირების სუბელიანისა და უგულავას დაჯარიმების საქმეზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სპეციალური რეჟიმის თვალსაზრისით), მოცემული გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში და საიას მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში (ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის მოცემული საკითხი ჯერ არ ყოფილა განხილული). მოცემული საკითხის საარჩევნო კოდექსის ორაზროვნად რეგულირების გამო აუცილებელია მისი განმარტება საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთიანობაში.
2. კანონის დარღვევა მოხდა წინასაარჩევნო პერიოდში 1 დეკემებრიდან 10 დეკემებრის პერიოდში თბილისსა და რეგიონებში, შემდეგი საჯარო მოხელეების მხრიდან: პარლამენტის წევრები- მარიკა ვერულაშილი, ზვიად ძიძიგური, ფიქრია ჩიხრაძე, გიგი წერეთელი; მინისტრები - პეტრე ცისკარიშვილი, დავით ბაქრაძე, მაია მიმინოშვილი; თბილისის მერი - გიგი უგულავა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე; გუბერნატორები - მიხეილ სვიმონიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზაზა გოროზიაა;
3. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის რიგი საჯარო დაწესებულებიდან ჯერ კიდევ პასუხები არ არის მიღებული (კანონით დადგენილი ინფორმაციის მიღების ვადის დარღვევის მიუხედავად). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის (დავით ბაქრაძე) აპარატიდან ოფიციალური პასუხი არ მიღებულა.
![]() |
3.3 გ) ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, დაპირება („ამომრჩევლის მოსყიდვა“) |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ა) ქვეპუნქტის მიხედვით:
„9. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:
ა) საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით ამომრჩევლებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე ამომრჩევლების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით;“
ამავე მუხლის მე-91 ნაწილი ადგენს:
„91. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში“
- 20 დეკემბერს საიამ ზემოაღნიშნული ნორმების დარღვევის გამო მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა პრეზიდენტობის კანდიდატების მიხეილ სააკაშვილისა და არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის რეგისტრაციის გაუქმება.
I. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ფონდის დაკვეთით დაიბეჭდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის - მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი ჟურნალი. ჟურნალი გამოვიდა 2007 წლის 30 ნოემბერს 250 000 (ორასორმოცდაათი ათასიანი) ტირაჟით და უფასოდ გადაეცათ საქართველოს მოქალაქეებს და გავრცელდა მასობრივად. ჟურნალი შედგება 90 გვერდისგან (ყდის გარე გვერდების გარეშე). ჟურნალის 48-ე გვერდზე, რომელსაც აწერია „საახალწლო საჩუქარი“ დაბეჭდილია „ციცინათელას პარკის“ სამი ბილეთი, რომელთა ამოჭრის შემთხვევაში მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ „ციცინათელას პარკში“ არსებულ ყველა ატრაქციონით. ამ ბილეთის თანახმად ასევე უფასოა პარკში შესვლა და დღის განმავლობაში ერთჯერადი კვება. გარდა აღნიშნულისა, ა/წ 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში აბუთიძეების ოჯახს ესტუმრა და მარიამ აბუთიძეს კომპიუტერი საჩუქრად გადასცა, რაც სხვადასხვა ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებებმა გააშუქეს. ამასთან, კანდიდატმა მოცემული შემთხვევა გამოიყენა მის ერთ-ერთ პოლიტიკურ რეკლამაში.
II. 2007 წლის 18 დეკემბერს სხვადასხვა ტელეკომპანიების („რუსთავი 2“, „იმედი“) საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გავრცელდა პრეზიდენტობის კანდიდატ არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის მიერ რადიო „იმედში“ გაკეთებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ამომრჩევლებს საკუთარი სახსრებიდან ფულადი სახის დახმარებებსა და შეღავათების დაწესებას დაჰპირდა. კერძოდ, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ: „სანამ არ დავრწმუნდებით, რომ ტარიფები არის გათვლილი სწორად და შეგროვებული თანხები იხარჯება ეფექტურად, და აი ამ დრომდე მე ჩემი პირადი სახსრებიდან დავფარავ ყოველთვიურად 100 კილოვატი ელექტროენერგიის ღირებულებას ყოველი ოჯახისათვის... ამავე მოცულობის გაზის ღირებულებას დავფარავ და სრულად ავანაზღაურებ წყლის გადასახადს....“
სასამართლომ 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი:
- პარკი „ციცინათელას“ ბილეთები ჩათვალა „სარეკლამო საშუალებად“
- კომპიუტერის გადაცემა არ ჩაითვალა დარღვევად რადგან, სასამართლოს განმარტებით მსგავსი დარღვევა (ქმედება) უნდა ატარებდეს „მეტ-ნაკლებად მასობრივ ხასიათს (შეიცავდეს ქმედებათა გარკვეულ სიმრავლე), რაც ქმნის გარკვეული ხარისხით იმის ალბათობას, რომ ზემოქმედებას იქონიებს არჩევნების შედეგებზე, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.“
- მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ აღნიშნა, რომ კანდიდატ პატარკაციშვილის მიერ გაკეთებული განცხადება შეიცავდა კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის დარღვევას, სასამართლოს თქმით „ამ ეტაპზე არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ გაქარწყლებულია და არ ქმნის იმის ალბათობას, რომ ზემოქმედებას იქონიებს ამომრჩეველთა ნების გამოხატვაზე კანდიდატ არკადი პატარკაციშვილის სასარგებლოდ.“ აქვე სასამართლომ მიუთითა იმას, რომ კანდიდატის მიერ მსგავსი განცხადებების განმეორების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება მსგავსად მისი წარმომადგენლების მიერ მიერ მათი „გაქარწყლება.“1
საიას მიერ წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა სხვა შემთხვევებიც, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებად - მეტერიალური ფასეულობის ამომრჩევლისთვის გადაცემად (გადაცემის დაპირებად):2
- წინასაარჩევნო პერიოდში ქ. ბათუმში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბიდან, კერძოდ ერას ქუჩაზე მუზეუმის წინ არსებული შტაბიდან ხდებოდა სურსათით სავსე ყუთების დარიგება მოსახლეობაში. პარტიის აქტივისტები თავად არიგებდნენ სურსათს და ამასთან მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ მხარი დაეჭირათ მათი კანდიდატისათვის.
- წინასაარჩევნო პერიოდში, ქ. დუშეთში მოსახლეობაში რიგდებოდა ოჯახზე ერთი ტომარა ფქვილი და სოციალურად დაუცველ ოჯახების ნაწილზე ამანათები, რასაც ორგანიზებას უწევდნენ ადგილობრივი გამგეობისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები.
- 3 დეკემბერს, ბათუმში, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად ხალხი ცარიელ სამარშრუტო ტაქსში დაპატიჟეს და შესთავაზეს „ბენზემდე“ უფასო მგზავრობა. ამასთან დაკავშირებით ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მე ვაფინანსებ სამარშრუტო ტაქსებს. თანხები ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის.“
- 11 დეკემბერს, ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში ახდენდნენ პენსიონერების რეგისტრაციას იმ დაპირებით, რომ უახლოეს დღეებში ისინი მიიღებდნენ პროდუქტებს.
- 13 დეკემბერს, ბათუმში, საკრებულოს წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მოაწყო შეხვედრა პატრიოტულ ბანაკში მონაწილეებთან და განუცხადა, რომ გაუგზავნიან სამადლობელ წერილებს მშობლებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი „დაეხმარებიან“ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს - მიხეილ სააკაშვილს, მაშინ მათ ექნებათ შესაძლებლობა წავიდნენ პატრიოტულ ბანაკებში ლიდერებად და მიიღონ შესაბამისი ანაზღაურება.
26 დეკემბერს, ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ საარჩევნო შტაბში მიმდინარეობდა სიების შედგენა საჩუქრების გადასაცემად (ვაუჩერები, მედიკამენტები, ინვალიდის სკამები...), იწერდნენ მოქალაქეთა მონაცემებს (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი...) და პირდებოდნენ, რომ ყველაფერს სახლში მიუტანდნენ. 25 ლარიანი ვაუჩერების პენსიონერებისათვის გადასაცემი სია ნაციონალური მოძრაობის შტაბში ხდებოდა, რისთვისაც პენსიონერები რეგისტრაციას გადიოდნენ. მსგავსი პროცესი დაფიქსირდა, 27 დეკემბერს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ოფისში, რომელიც მდებარეობს ლერმონტოვის ქუჩაზე №90-ის მოპირდაპირე მხარეს (ლერმონტოვის №15). მიღებული ინფორმაციით ხდებოდა ფქვილის გადაცემა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის.
______________________
1. იხ. საიას მიერ შეტანილი სარჩელი და სასამართლოს გადაწყვეტილება, http://www.gyla.ge/?display=news&view=626
2. აღნიშნული ინფორმაციის დიდი ნაწილის შესახებ ეცნობა შემდგომი რეგირებისათვის საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შექმნილ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სამთავრობო სამუშაო ჯგუფს“. მოცემული ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის სამთავრობო ჯგუფმა რეაგირება მოცემულ ფაქტებზე არ მოახდინა.
![]() |
3.4 დ) ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სხვა ფაქტები, მოქალაქეებზე ზეგავლენა |
▲ზევით დაბრუნება |
საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის ფორმატი მოიცავს საარჩევნო კოდექსით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში პოლიტიკური სუბიექტების მიერ „ადმინისტრაციული რესურსების“ გამოყენების ფაქტების შესწავლას. ამავე დროს, „ადმინისტრაციული რესურსების“ საკითხის მასშტაბურობის გათვალისწინებით საია უერთდება „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შედეგად შუალედურ ანგარიშებში გამოთქმულ შეშფოთებას სპეციალური სოციალური პროექტების მხოლოდ საარჩევნო კონტექსტში ინიცირების შესახებ.1
საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლი ადგენს „ადმინისტრაციული რესურსის“ გამოყენების დაუშვებლობის შემთხვევებს. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით:
„აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიისათვის იმ ორგანიზაციების მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება, რომლებიც ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“. მოცემული მუხლი დამატებით ითვალისწინებს, გარკვეული თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი რესურსის გამოყენების აკრძალვის სხვადასხვა შემთხვევებს.
მონიტორინგის შედეგად განხორციელდა რამდენიმე ფაქტის შესწავლა, რომლებიც საჭიროებენ აგრეთვე რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციისა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან კანონით გათვალისწინებული გზით. მოცემული შემთხვევებია მათ შორის შემდეგი:
- საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, 3 დეკემბერს სტუმრობდა აჭარას. მოსახლეობასთან გამოსვლის დროს, იგი შეხვდა ქალბატონ „ელენეს“2 წარმოშობით მოლდაველს და რუსეთის მოქალაქეს და საჯაროდ „იშუამდგომლა“ იუსტიციის სამინისტროს მიმართ ქალბატონისთვის „პასპორტის გადაცემის და მოქალაქეობის გაკეთების შესახებ“. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 10 დეკემბრის №677 ბრძანებულების საფუძველზე ქ-ნ ელნარა გაბიბოვას, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, დაბადებულს მოლდოვას რესპუბლიკაში მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საია ინფორმაციის თავისუფლების კანონმდელობაზე დაყრდნობით სწავლობს აღნიშნულ საკითხს.
- 10 დეკემბერი, თელავი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა მოსახლეობას თელავის სახელმწიფო თეატრში. პრეზიდენტის დასახვედრად მოსახლეობა მობილიზებული იყო მიკრო-ავტობუსებით სხვადასხვა სოფლებიდან, მათ შორის სპეციალურად პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად ავტობუსებით იყო მოყვანილი გურჯაანის რაიონის მოსახლეობაც. როგორც თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საიას წარმომადგენელს აუწყეს, სკოლის მასწავლებლებმა ბავშვები გაკვეთილებიდან პირდაპირ პრეზიდენტობის კანდიდატთან შესახვედრად წაიყვანეს, უმეტესად უფროსკლასელები. ბავშვები განმარტავდნენ, რომ მათ ფეხით იარეს სკოლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე, რომ დახვედროდნენ პრეზიდენტობის კანდიდატს, როგორც მათ უთხრეს და დაავალეს სკოლის ადმინისტრაციიდან. მათივე განმარტებით დილით შედგა სკოლაში გამოცხადებულ მოსწავლეთა სიები, რომ შემდგომში რომელიმე მათგანი არ გაპარულიყო სახლში და ყველა მისულიყო პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრაზე.
- 12 დეკემბერი, დუშეთი, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა დუშეთის მოსახლეობას. ამ დღეს მობილიზებული იყო საჯარო სკოლები. თითქმის ყველა საკრებულოდან მოყვანილი იყვნენ რაიონულ ცენტრში მოსწავლეები და მასწავლებლები და ფაქტიურად ამ დღეს დუშეთის რაიონში სწავლის პროცესი არ ყოფილა. დაახლოებით 12 სთ და 30 წუთზე დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობა დაატოვებინეს ყველას, დაადეს ბოქლომი და კანდიდატ სააკაშვილის დაცვამ დაიკავა შენობის სახურავი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ შენობაში საკრებულოს გარდა განთავსებულია იუსტიციის სამინისტროს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოების დუშეთის სამსახურები, საგადასახადო ინსპექცია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი და სხვა საჯარო დაწესებულებები. ამ შეხვედრაზე ხალხის თავმოყრას ორგანიზებას უწევდა სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაური და გადაადგილდებოდა სააკაშვილის ესკორტით. სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა გაგრძელდა 20 წუთი.
- 30-31 დეკემბერს ოზურგეთის რაიონის მოსახლეობას დაურიგდათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მომზადებული ბუკლეტები. ბუკლეტის სახელწოდებაა „ჩვენ დავიწყეთ“. მასში ნათქვამია, რომ ოზურგეთის თვითმმართველობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოსვლიდან ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში თუ რამ გაკეთდა, მასზეა გამახვილებული ყურადღება. თავად ბროშურის ავტორი, როგორც ბროშურიდანვე ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბროშურა წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წლიურ ანგარიშს, თუმცა ბროშურაში არის ფარულად მოცემული თითოეულ გვერდზე პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ნომერი (ნომერი 5, შემოხაზული), ბროშურაში ნათქვამია, რომ 5 მიმართულებით მიმდინარეობს სამუშაოები, ამ ხუთი მიმართულებიდან 1-4 რომაული ციფრებითაა დანომრილი, ხოლო მე-5 ლათინურით და იგი შემოხაზულია. რაც მთავარია, ბროშურებში ჩადებული იყო სარეკლამო ფურცლები, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით, რომელიც თავის მხრივ მოსახლეობას ულოცავს შობა ახალ წელს და ნაძვის ხის სათამაშოზე შემოხაზული დიდი 5-იანი.
- ქუთაისი, საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შემდეგ ქუთაისის საკრებულომ ქუთაისის მერს უფლებამოსილება გაუზარდა და მას სარეზერვო ფონდის სახსრების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება მისცა. (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ აღნიშნული არჩევნებთან დაკავშირებული არ არის, საიას ქუთაისის ფილიალი სწავლობს მოცემული გადაწყვეტილების კანონიერებას).
- წინასაარჩევნო პერიოდში, ბათუმში, თელავში, საიას მონიტორების მიერ მოპოვებული ინფორმაციით რიგ ადგილობრივ სამსახურებში, სამსახურების ხელმძღვანელების მიერ ხდებოდა მითითება თანამშრომლებზე, რომ 5 იანვარს არჩევნებზე მათ შემოეხაზათ მე-5 ნომერი.
____________________
1. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინოთ, რომ 22 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებით (კანდიდატების სააკაშვილისა და პატარკაციშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე) სასამართლო აღნიშნავს, რომ „ასევე უნდა განიმარტოს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მოიცავს ისეთ დაპირებას (ზეპირი ან წერილობითი ფორმით), რომელიც უკავშირდება ამომრჩეველთა მიერ კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში მატერიალური სიკეთის მიღებას კანდიდატის პირადი სახსრებიდან (ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, აღნიშნული სახსრები უშუალოდ კანდიდატისაგან მოხვდება ამომრჩეველთან თუ ირიბად, კერძოდ, ბიუჯეტში მისი მიზნობრივი ჩარიცხვის გზით, თუ რაიმე საქველმოქმედო აქტივობის სახით), თავისი არსით გაიგივებულ უნდა იქნეს დაპირების სანაცვლოდ კონკრეტული კანდიდატისათვის ხმის მიცემაზე შეთანხმებასთან და ჩაითვლება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევად, რაც ასევე აკრძალულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა)“
2. მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში თვითონ კანდიდატი ქალბატონს მიმართავს, როგორც ელენეს.
![]() |
3.5 ე) წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მედია |
▲ზევით დაბრუნება |
საიას მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ფარგლებში ხდებოდა შესწავლა მედია საშუალებების მიერ კანონის დაცვის მდგომარეობის (გარდა ქრონომეტრაჟისა, რასაც საიას მონიტორინგი არ იკვლევდა). უნდა აღინიშნოს, რომ 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გავრცელებული დარღვევა - პოლიტიკური რეკლამის გაშვების დროს შესაბამისი მითითების („ფასიანი“, „უფასო“) არ არსებობა მოცემულ საარჩევნო პერიოდში არ ფიქსირდება. საია, აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდში ყოველკვირეულად ითხოვდა ცესკოდან მედია საშუალებების გადაცემულ ყოველკვირეულ ინფორმაციას. აქაც გასული წლის საარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით მედია საშუალებები ფორმალურ დონეზე (კონკრეტული ინფორმაციის წარდგენა) ასრულებენ კანონის მოთხოვნებს. მოცემული ინფორმაცია გამოყენებულ იქნება საარჩევნო სუბიექტების მიერ საარჩევნო ფონდების ხარჯვის კანონიერების შემოწმების დროს.
- მოცემული ანგარიშის ეტაპზე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება კახეთის რეგიონის რადიო „ჰერეთის“ საქმეზე, რომლის სამართლებრივი ინტერესებს იცავს საიას თელავის ოფისი:
19 ნოემბერს რადიო „ჰერეთმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გოჩა მამაცაშვილი (თელავის ყოფილი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, ახლანდელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე) გენერალური პროკურორის ძმასთან დავით ადეიშვილთან ერთად (კახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ყოფილი მოადგილე), თელავში მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებდა. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ეთერში გავიდა ლეიბორისტული პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნიკა ვარდოშვილის კრიტიკული კომენტარი. ამ განცხადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. რაც ხაზგასმული იყო ზემოხსენებულ რეპორტაჟში. რადიო „ჰერეთის“ თანამშრომლებს აქვთ ფარული აუდიო ჩანაწერი სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ გენერალურ დირექტორს რამაზ სამხარაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობასთან“ დაახლოებულ პიროვნებას, ისაკო ცქიფურიშვილს შორის. საუბარი ჩაწერილია 2007 წლის 30 ნოემბერს. ფარული ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ისაკო ცქიფურიშვილი, მისმა ნათესავმა, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ დააკავშირა ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახელდება კირკიტაძე, რომლებმაც ისაკო ცქიფურიშვილი გამოაგზავნეს რამაზ სამხარაძესთან საშუამავლოდ. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ისაკო ცქიფურიშვილი რამაზ სამხარაძეს სთხოვდა არ გაეკრიტიკებინა რადიო „ჰერეთის“ ეთერით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. წინააღმდეგ შემთხვევაში აღინიშნა, რომ ხელისუფლების სახელით „ჰერეთს“ ლიცენზიას არ მიეცემოდა, მაუწყებლობა გაჩერდებოდა.
5 დეკემბერს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა პრესკონფერენცია გამართა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა რადიო „ჰერეთის“ საკითხი პირადი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანოს. მაშინ, როდესაც „ჰერეთისათვის“ ულიცენზიოდ მაუწყებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის აქტუალური ერთი წლის შემდეგ გახდა. კომისიაში აცხადებდნენ, რომ რადიო ჰერეთს სალიცენზიო მოსაკრებლის 20% კომისიის გადაწყვეტილების ვადებში, 2007 წლის 20 მაისამდე არ გადაუხდია, შესაბამისად ლიცენზია არ გაცემულა. რადიო „ჰერეთმა“ 2 დღით ადრე 2007 წლის 18 მაისს გადარიცხა თანხა გადაწყვეტილებაში არსებულ საბანკო რეკვიზიტებზე, სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც რადიოს ჟურნალისტებმა 5 დეკემბერს პრესკონფერენციაზე წარადგინეს. კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი რადიო „ჰერეთს“ კომისიის ბუღალტერიაში არ წარუდგენია და შესაბამისად რადიოზე ლიცენზია გაიცემა საბუთის წარდგენიდან, ამ შემთხვევაში 3 დეკემბრიდან 7 დღის ვადაში. თუმცა კომისიის წარმომადგენლის განმარტებით კომპანია ვერ გაექცევა ლიცენზიის გარეშე საქმიანობისათვის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მიმდინარე სამართლებრივი დავა კომუნიკაციების კომისიასთან.
![]() |
3.6 ე) საარჩევნო ფონდების გამჭვირვალეობა |
▲ზევით დაბრუნება |
საია წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო ფონდების საქმიანობის მონიტორინგს კანონთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ფონდების მონიტორინგმა აჩვენა მთელი რიგი დარღვევები ყველა საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, რასაც არ მოჰყოლია კანონის შესაბამისი რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. საარჩევნო კოდექსის:
- 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტი ფონდის გახსნიდან 2 დღის ვადაში მოცემულ ინფორმაციას აწვდის საარჩევნო ადმინისტრაციას;
- 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო ფონდის გახსნიდან თვეში ერთხელ უნდა ეცნობოს ფონდში შემოწირულების წყარო, ოდენობა და მიღების თარიღი;
- 48-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით საარჩევნო სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით მიიღებს კანონით დადგენილ ხმათა რაოდენობას კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 8 დღისა, ხოლო სხვა სუბიექტები არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა ვალდებულნი არიან საარჩევნო ფონდის სრული ანგარიში აუდიტორის დასკვნასთან ერთად წარუდგინოს საარცევნო ადმინისტრაციას.
- 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით საარჩევნო ფონდის მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე დაყრდნობის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია გააფრთხილოს წერილობით, მოითხოვოს ხარვეზის გამოსწორება და დარღვევის არსებითი ხასიათის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს „და მოითხოვოს არჩევნების შედეგების შეჯამება ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად“
- 86-ე მუხლის მიხედვით ცესკო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აჯამებს კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-8 დღისა.
აღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებისათვის საარჩევნო ფონდების ვალდებულება, პირველადი ინფორმაცია შემოწირულობათა შესახებ წარუდგინონ ცესკოს, რეალურად წარმოიშობა კენჭისყრის დღის - 5 იანვრის შემდეგ (რადგან საარჩევნო ფონდები სუბიექტების მიერ ძირითადად გახსნილ იქნა 5 დეკემბრის შემდეგ). ამავე დროს, „გამარჯვებული“ სუბიექტის მიერ კანონით მინიჭებული 8 დღიანი ვადის სრულად გამოყენების შემთხვევაში, ცესკოს ფაქტიურად არ რჩება დრო შეისწავლოს მოცემული დოკუმენტაცია, მანამ სანამ არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს (არაუგვიანეს 8 დღისა). მოცემული მდგომარეობა ხელს უშლის საარჩევნო ფონდების გამჭირვალეობას საარჩევნო პერიოდში და მათი ხარჯვის კანონიერების შესწავლას ცესკოს მხრიდან ფიქტიურად აქცევს.
არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადებამდე (25 ნოემბრამდე) საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების განხილვის დროს საიამ დააყენა საკითხი რიგგარეშე არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტებისთვის სპეციალური ანგარიშგების ვადების განსაზღვრის შესახებ. კომიტეტმა არ გაიზიარა მოცემული წინადადება.
საარჩევნო ფონდების გამჭირვალეობისა და ცესკოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ეფექტურად განხორციელების მიზნით საიამ 17 დეკემბერს მიმართა ცესკოს წერილით და დადგენილების პროექტით, რომელიც ითვალისწინებდა საარჩევნო ფონდებისათვის პირველადი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება კენჭისყრის დღემდე - 24 დეკემბერს. ცესკომ არ გაიზიარა წინადადება და კენჭისყრით (7 წევრი 6-ის წინააღმდეგ) მხარი არ დაუჭირა დადგენილების მიღებას.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური მოძრაობის, ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო ფონდებმა გამოხატეს „კეთილი ნება“ და 24 დეკემბერს ნებაყოფლობით წარუდგინეს ცესკოს პირველადი ინფორმაცია შემოწირულობების შესახებ. საიას მიერ მოცემული ინფორმაცია საარჩევნო ფონდების მიერ წარდგენილი დამატებით ანგარიშებთან ერთად გაანალიზდება და მომზადდება სპეციალური ანგარიში საარჩევნო ფონდების ხარჯვის მონიტორინგთან დაკავშირებით.
![]() |
4 IV. კენჭისყრის დღე |
▲ზევით დაბრუნება |
საიას გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კენჭისყრის დღეს საია დაკვირვებას ახორციელებდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის საარჩევნო უბნებზე.
საია დაკვირვებას ახორციელებდა რამდენიმე, სხვადასხვა, კომპილაციური მეთოდის გამოყენებით - უშუალოდ უბანზე დაკვირვება კენჭისყრის მთელი დღის განმავლობაში; დაკვირვება მობილური ჯგუფების მეშვეობით, როდესაც მობილური ჯგუფის წევრები ახდენდნენ ოლქის ტერიტორიაზე უბნების შემოვლას დარღვევების არსებობა-არარსებობის გამოვლენის მიზნით; წარმომადგენლობა საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში სამართლებრივი დოკუმენტების შექმნაზე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სამართლებრივი ექსპერტიზის გაწევის მიზნით. საარჩევნო უბნების დახურვამდე მობილური ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს მეტნაკლებად პრობლემური უბნები და დარჩნენ ამ უბანზე ხმის დათვლასა და შეჯამებაზე დასაკვირვებლად. გარდა ამისა, საიაში მთელი დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეებს შეეძლოთ საარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციის შეტყობინება. საჭიროების შემთხვევაში შეტყობინებულ ინფორმაციაზე რეაგირებას ადგილზე გასვლით ახდენდა შესაბამისი მობილური ჯგუფი.
თბილისში - საიას 166 დამკვირვებელი აკვირდებოდა არჩევნებს ცალკეულ უბნებზე და ამასთანავე მათ დახმარებას უწევდა 2-2 დამკვირვებლისგან შემდგარი 10 მობილური ჯგუფი;
ქუთაისში - საიას 66 დამკვირვებელი აკვირდებოდა არჩევნებს 66 საარჩევნო უბანზე და ამასთანავე მათ დახმარებას უწევდა მობილურ ჯგუფებში გადანაწილებული 11 დამკვირვებელი;
ბათუმი-ხელვაჩაური - საიას 75 დამკვირვებელი აკვირდებოდა არჩევნებს საარჩევნო უბნებზე და ამასთანავე მათ დახმარებას უწევდა დამკვირვებლებისაგან შემდგარი 5 მობილური ჯგუფი;
საოლქო საარჩევნო კომისიებში (თბილისის საარჩევნო ოლქებში, ქუთაისი, ბათუმი) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მუდმივად იმყოფებოდნენ საიას დამკვირვებლები.
საიასა და პარტნიორი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ სადამკვირვებლო მისიის მიერ კენჭისყრის დღის განმავლობაში მედია ცენტრში ჩატარებულ იქნა რამდენიმე ბრიფინგი (10:00, 13:00, 15:00, 16:00, 18:00 და 21:00 საათზე). პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია შესაბამისი საათისათვის ასოციაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული და ცხელი ხაზით შეტყობინებული საარჩევნო დარღვევების შესახებ.
![]() |
4.1 ცხელი ხაზი |
▲ზევით დაბრუნება |
საიას ცენტრალურ ოფისში კენჭისყრის დღეს გახსნილი იყო ცხელი ხაზი (ტელეფონის ორი ნომერი). ამავე დროს კენჭისყრის დღის განმავლობაში დარღვევებთან დაკავშირებით მოქალაქეები უკავშირდებოდნენ საიას ქუთაისისა და ბათუმის ოფისებს.
კენჭისყრის დღეს საია-ს ოფისში ცხელ ხასზე დღის განმავლობაში შემოსული საკითხების მიხედვით გამოიკვეთა შემდეგი დარღვევები:
1. ამომრჩეველთა სიების არასრულყოფილება. კერძოდ, ცხელ ხაზზე დარეკილი მოსახლეობის უმეტესობა გამოთქვამდა პრეტენზიების საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების შეყვანის გამო;
2. კანონით გათვალისწინებული კენჭისყრის პროცედურის დარღვევა: საარჩევნო კაბინაში რამოდენიმე პირის შესვლა ერთდროულად, აგიტაცია საარჩევნო უბნებზე, მარკირების პროცედურის ხარვეზებით განხორციელება; და ა.შ.
![]() |
4.2 კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევები |
▲ზევით დაბრუნება |
საიას დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ იქნა შემდეგი სახის დარღვევები:1
საარჩევნო უბანზე და შენობაში დაცვის და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა კანონის დარღვევით ყოფნა
1. დაცვის თანამშრომლები - მთაწმინდის ოლქის №1, №14, №32, 33-ე უბნებზე დაცვის სამსახურის წევრები უარს აცხადებდნენ დაეტოვებინათ საარჩევნო უბანი. კრწანისის ოქლის №10 უბანზე ამ უკანასკნელის დახურვის შემდგომ (20:00 საათის შემდეჰ), დაცვის თანამშრომლები უბანზე (შიგნით) დარჩნენ.
2. პოლიციელები - სამგორის ოლქი №63 უბანზე იმყოფებოდნენ პოლიციელები, რომლებიც არ ტოვებდნენ უბანს. ანალოგიური ხდებოდა კრწანისის ოლქის №10 უბანზე, სამგორის ოლქის №11-12-9 უბნებზე და ქუთაისის №81 საარჩევნო უბანზე. ნაძალადევის ოლქის №5 უბანზე პოლიციელები მივიდნენ და ხმა მისცეს იმის მიუხედავად, რომ თბილისში არ იყვნენ რეგისტრირებულნი.
- საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე
მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატების და პოლიტიკური პარტიების დაშვებულზე მეტი რაოდენობის წარმომადგენლები (მაგ. დიდუბის ოლქის №51; ჩუღურეთის ოლქის №5, 26-36 უბნები; კრწანისის ოლქის №10 უბანი;)
- აგიტაცია საარჩევნო უბანზე
საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ხორციელდებოდა აგიტაცია ცალკეულ უბნებზე (შიგნით), რომელიც ხელს უშლიდა ამომრჩევლის მიერ საკუთარი ნების თავისუფალ გამოვლენას კენჭისყრაში მონაწილეობის გზით: 1. სამგორის ოლქი №58-63 უბნებზე და ისნის ოლქის №13 უბანზე ნაციონალური მოძრაობის ქუდით და ქურთუკით პირები იმყოფებოდნენ უბანზე და ახორციელებდნენ ამომრჩეველთა აგიტაციას. 2. კრწანისის ოლქის №1 უბანზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ეწეოდა აგიტაციას უბნის შემოსასვლელთან. 3. კრწანისის ოლქში, №14 უბანზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უბნის ტერიტორიაზე ეწეოდნენ აგიტაციას.
- დამკვირვებელთა დაშვება საარჩევნო უბანზე
გარკვეულ უბნებზე საიას წარმომადგენლებს ექმნებოდათ პრობლემები უბანში შესვლასა და ჯეროვნად დაკვირვებასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, საბურთალოს ოლქის №41, 61 უბნებზე რამოდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ საიას დამკვირვებლებს, ხოლო კრწანისის ოლქის №1 საარჩევნო უბანზე გაგდებით ემუქრებოდნენ საიას დამკვირვებელს, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა და საჩივარი დაწერა არასათანადოდ დალუქულ საარჩევნო ყუთთან დაკავშირებით.
- ამომრჩეველთა სიები
განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენდა ამომრჩეველთა სიები და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები. ასე მაგალითად კრწანისის ოლქის №42 უბანზე და ჩუღურეთის №1 უბანზე არ იყო დამატებითი სიების მეშვეობით ხმის მიცემის შესაძლებლობა, თბილისის №4 საპატიმროში არ იყო სია თუ რომელ პატიმრებს ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება. სიებთან დაკავშირებულმა პრობლემატიკამ იჩინა თავი ასევე ქუთაისში სადაც №81 საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა დამატებითი სიები, რომლებშიც შეტანილ იქნენ პირები, რომლებიც არ ცხოვრობენ ქუთაისში და რეგისტრირებულნი არიან თბილისსა და სხვა ქალაქებში.
ხმის მიცემისას დადგენილი პროცედურების დარღვევა
მრავალი სახის პრობლებამ იჩინა თავი ასევე ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემები ძირითადად ეხებოდა საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებულ პროცედურებს (დიდუბის ოლქის №43 უბანი, სადაც საკონტროლო ფურცელზე ისე შეიტანეს პირველი ამომრჩევლის მონაცემები, რომ თავად პირველი ამომრჩეველი ჯერ არ იყო მისული უბანზე; ხელვაჩაურის №3 საარჩევნო უბანზე საკონტროლო ფურცელზე ხელის მოწერა დაავიწყდა საარჩევნო კომისიის წევრს და ამის გარეშე ჩააგდეს ორივე ყუთში ხოლო კომისიის წევრებმა აღარ მიიჩნიეს მიზანშეწონილად ყუთის გახსნა); ამომრჩეველთა სიებს და დამატებითი სიების მეშვეობით ხმის მიცემის პროცედურებს (ჩუღურეთის №2 უბანზე არ იტოვებენ იმ პირთა პირადობის მოწმობების ასლებს, რომლებიც დამატებითი სიების საშუალებით აძლევდნენ ხმას, ბათუმის ოლქის 72-ე უბანზე დამატებით სიებში 10 ამომრჩეველი შეიყვანეს შესაბამისი განცხადების დაწერის გარეშე); საარჩევნო ყუთს (ქუთაისის ოლქში საარჩევნო ყუთები მასიურად არ იყო დალუქული ინდივიდუალური ნომრის მქონე ზონრებით; ჩუღურეთის ოლქის №1 უბანზე გადასატანი ყუთისათვის არ მოიძებნა ლუქი და განხორციელდა მისი შეფუთვა პლასტირით, ანალოგიური განმეორდა კრწანისის ოლქის №1 საარჩევნო უბანზე; ვაკის ოლქის №10 უბანზე ისევე როგორც ბათუმის ოლქის 50-ე უბანზე დალუქული არ იყო საარჩევნო ყუთი); უშუალოდ ხმის მიცემის პროცედურას (ბათუმის ოლქის 33-ე უბანზე სპეციალური კონვერტების გარეშე იყრებოდა ბიულეტენები; კრწანისის ოლქის №29 და 30-ე უბნებზე ხდებოდა კაბინაში რამოდენიმე ამომრჩევლის ერთდროულად შესვლა; ქუთაისის ოლქის №21 უბანზე კაბინები არ იყო ზემოდან გადახურული და დარღვეული იყო კენჭისყრის ფარულობა; ქუთაისის ოლქის №91 საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის ან პასპორტის მაგივრად სამხედრო ბილეთითა და დაბადების მოწმობებით ხდებოდა ხმის მიცემა); მარკირების პროცედურას (ჩუღურეთის ოლქის №21 უბანზე არ ხდებოდა ამომრჩეველთა მარკირება; ხელვაჩაურში №8 უბანზე არ ხდებოდა მარკირების შემოწმება); კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებულ პროცედურებს (ვაკის ოლქის №1, ქუთაისის ოლქის №50 უბნებზე ფუნქციების გადანაწილება განხორციელდა წილისყრის გარეშე ხოლო ქუთაისი ოლქის №19 უბანში საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების შეცვლა მოხდა რაც არ აღინიშნა ჩანაწერთა წიგნში; თვითნებურად შეიცვალა წილისყრით შედეგად დაკისრებული ფუნქციები ქუთაისის ოლქის №53-ე უბანზე).
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა კვალიფიკაცია
არჩევნებამდე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, არასაკმარისი სწავლებისა და საუბნო კომისიის წევრთა შეცვლის გამო დაკვირვების დროს დაფიქსირდა მრავალი ტექნიკური თუ პროცედურული შეცდომა რომელსაც კომისიის წევრები უშვებდნენ, აგრეთვე ხდებოდა რიგი პროცედურების ზედმეტად დროში გაწელვა (მაგ. კენჭისყრის შედეგების დათვლისა და შეჯამების).
- ტექნიკური პრობლემები
განვლილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ასევე აღინიშნა გარკვეული პრობლემები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო უბნებზე არსებულ ტექნიკურ ხარვეზებს, რაც ხელს უშლიდა ხმის მიცემის პროცესის ჯეროვნად წარმართვას. აღსანიშნავია მარკირების გამოსავლენი აპარატების უხარისხობა (ხშირად ფუჭდებოდა) რაც შეიმჩნეოდა საბურთალოს ოლქის №80, 63-ე, ქუთაისის ოლქის №21 უბნებზე; ასლის გადამღები აპარატის გაუმართაობა, მთაწმინდის ოლქის მე-14 უბანზე, რაც აფერხებდა დამატებითი სიებით ხმის მიცემის პროცედურას.
ფაქტიურად ყველა ოლქში უბნებზე შეიმჩნეოდა კონვერტების (განსაკუთრებით განსხვავებული ფერის სპეციალური კონვერტების) ნაკლებობა, ხოლო გლდანის ოლქის №101 უბანზე, სადაც რეგისტრირებულ იყო 1250 ამომრჩეველი, მიტანილ იქნა მხოლოდ 1000 კონვერტი. კენჭისყრის დღის დასრულების პარალელურად საარჩევნო უბნებზე მასიურად დაიწყო ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროენერგია გამოირთო ქუთაისის ოლქის №24, 74-ე, 63-ე, 93-ე, 60-ე, მე-16, 61-ე, საბურთალოს ოლქის 69-ე, ვაკის ოლქის 34-ე, 35-ე უბნებზე. ელექტროენერგია აღდგა გათიშვიდან მოკლე დროში (საშუალოდ ერთი საათის განმავლობაში).
_________________________
1. დარღვევების მოცემული ტიპოლოგია ეხება კენჭიყრის დღის 7:00 საათიდან 20:00 საათამდე არსებული პროცედურის დარღვევას და დაფიქსირებული დარღვევების სრულად გასაანალიზებლად გთხოვთ იხილოთ ანგარიშის IV ნაწილი (საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში)
![]() |
5 V. ცესკოს მიერ დამატებითი სიით მიცემული ხმების დათვლისა და შეჯამების პროცესის მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
2007 წლის 7 დეკემბერს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად საბოლოო სახით ჩამოყალიბდა 1297 მუხლი, რომელმაც გაითვალისწინა 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების დროს დამატებითი სიებით ხმის მიცემის შესაძლებლობა. კოდექსმა გაითვალისწინა სპეციალური შესაძლებლობა საუბნო საარჩევნო კომისიას კენჭისყრის შედეგად (2/3 აუცილებელი ხმით) გადაეწყვიტა დამატებითი სიით მიცემული ხმები დაითვლებოდა უბანზე თუ გაიგზავნებოდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც თავის მხრივ კენჭისყრით (2/3 აუცილებელი ხმით) გადაწყვეტდა დაითვლებოდა დამატებითი სიით მიცემული ხმები თუ დარჩებოდა დაუთვლელი.1
2008 წლის 7 იანვარს ცესკომ კენჭი უყარა და გადაწყვიტა დათვლილიყო კომისიაში საარჩევნო უბნებიდან 34 000 მდე გამოგზავნილი კონვერტი. კომისიის განკარგულებამ გაითვალისწინა კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების დათვლა ცესკოს თანამშრომლების დახმარებით და შემდგომში ერთიანად შედეგების შეჯამება სპეციალურად დამტკიცებული შემაჯამებელი ოქმის მეშვეობით. 7 იანვრიდან 11 იანვრის დილის 2:00 საათამდე ცესკოს მიერ განხორციელდა ერთიანობაში აღნიშნული კონვერტების დათვლა. ამ პროცესს სრულად აკვირდებოდა საიას 3 დამკვირვებელი. საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტული უბნებიდან არ იქნა მიღებული აუცილებელი დოკუმენტაცია (დამატებითი სიები, მოქალაქეების ხელმოწერებით, პირადობის/დევნილის მოწმობების ასლები). საიას დამკვირვებლების მიერ ხმების დათვლის მთელი პროცესის განმავლობაში ფიქსირდებოდა დარღვევები, რომელთა თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობებოდათ ცესკოს წევრებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ. საიას დამკვირვებლების აზრით, ხმების დათვლა ხდებოდა არაორგანიზებულად. მართალია, საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს უშუალოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმის დათვლის წესს, თუმცა სპეციალური დებულების არარსებობა არ ათავისუფლებს ცესკოს (რომელიც ფაქტიურად ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის ფუნქციას) იხელმძღვანელოს საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლით, რომელიც დაწვრილებით განსაზღვრას ხმის დათვლის პროცედურას საუბნო საარჩევნო კომისიისთვის. 59-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, განსხვავებული ზომისა და შეფერილობის კონვერტების გახსნა ერთდროულად ხდებოდა რამდენიმე პირის მიერ, რაც შეუძლებელს ხდიდა იმის გარკვევას, თუ რამდენი ბიულეტენი იყო მოთავსებული ერთ კონვერტში. მთვლელები დამკვირვებელთა თხოვნის მიუხედავად, უმრავლეს შემთხვევაში არ ამოწმებდნენ საარჩევნო ბიულეტენებზე რეგისტრატორის ხელმოწერისა და ბეჭდის არსებობას, რასაც საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიულეტენების ნამდვილობა/ბათილობის დასადგენად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. საარჩევნო კოდექსი იმპერატიულად მოითხოვს დამატებითი სიებით მიცემული შედეგების შეჯამებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენებს თან ახლავს დამატებითი სია და პირადობის დოკუმენტების ასლები; ამასთან ერთად, კოდექსის მიხედვით თუ ხელმოწერების რაოდენობა გახლავთ უფრო ნაკლები ვიდრე უბნიდან მიღებული კონვერტები მოცემული უფლებიდან მიღებული კონვერტები უნდა ჩაითვალოს ბათილად და არ იქნება გათვალისწინებული საერთო შემაჯამებელ დოკუმენტში. მოცემული დარღვევების დაფიქსირების გამო, საიას დამკვირვებლებმა 10 იანვარს 16:50 საათზე ოფიციალურად მიმართეს ცესკოს საჩივრით და მოითხოვეს 123-მდე კონკრეტული უბნიდან კანონის დარღვევით მიღებული ბიულეტენების ჩაუთვლელად შეეჯამებინა დამატებითი სიებით მიღებული ხმები.
ცესკომ 10 იანვრის 20:00 საათის სხდომაზე კენჭი უყარა (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ) და მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ბიულეტენების გაბათილების შესახებ, რომლებშიც არ ირკვეოდა ამომრჩევლის ნება.2 შესაბამისად 11 იანვარს გამთენიისას, 02:00 საათზე ცესკომ ერთიანად შეაჯამა დამატებითი სიით მიცემული ხმები. საიამ 11 იანვარს საჯაროდ შეაფასა მოცემული ფაქტი, როგორც უკანონო გადაწყვეტილება.
________________________
1. მოცემული ცვლილებების განხილვის დროს, საია გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება კენჭისყრის არსებობის შესახებ. კერძოდ, ცესკოს არ უნდა მისცემოდა უფლებამოსილება ყოველგვარი დარღვევის აღმოჩენის მიუხედავად კენჭისყრით უარი ეთქვა მიცემული ხმების დათვლაზე.
2. მიუხედავად იმისა, მოცემული ბიულეტენებს ახლდა თუ არა თან დამატებითი სიები და პირადობის მოწმობების/დევნილის მოწმობების ასლები.
![]() |
6 VI. საიას მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოებში |
▲ზევით დაბრუნება |
საიას დამკვირვებლებმა კენჭისყრის დღეს (5 იანვარს) და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებს საარჩევნო კოდექსის სრული დაცვით მიმართეს 230-მდე საჩივრით.1
კენჭისყრის დღის დასრულების შემდეგ საარჩევნო ოლქის მიხედვით შედეგების ოფიციალურ შეჯამებამდე (6 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით) საიას დამკვირვებლები საოლქო საარჩევნო კომისიებში ოფიციალურად აყენებდნენ საკითხს საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვის შესახებ. ამასთან ერთად, 7 იანვარს მედია ცენტრის დამფუძნებელმა ოთხმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ (საია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველო; ახალი თაობა-ახალი ინიციატივა) გაავრცელა განცხადება და მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას - საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს ყველა საჩივრის დროული და კანონით დადგენილი ყველა პროცედურით დაცვის განხილვა და ხმების კანონიერად და გამჭვირვალედ შეჯამება. 2
ქვემოთ წარმოგიდგენთ ინფორმაციას კონკრეტული საარჩევნო ოლქების შესაბამისად რიგ საარჩევნო უბნებში დაფიქსირებულ უმნიშვნელოვანეს დარღვევებთან შესახებ შეტანილი საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით (საოლქო, ცენტრალურ კომისიებში და სასამართლოებში)3
- №1 მთაწმინდის ოლქი
მთაწმინდის ოლქში საიას დამკვირვებლების მიერ თითქმის ყველა უბანზე იქნა დაწერილი საჩივარი ბიულეტენებისა და კონვერტების მიღება-ჩაბარების აქტის არ არსებობის გამო. აგრეთვე საოლქო კომისიაში შეტანილ იქნა საჩივარი ხუთი საუბნო კომისიის მიერ უბნის საჩივრების ჩაუბარებლობის თაობაზე. საოლქო კომისია დამკვირვებელთა მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე აჯამებდა საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმს, რაზეც საია დამკვირვებლების მიერ დაწერილ იქნა განცხადება - მოთხოვნით დაუყოვნებლივ გამართულიყო კომისიის სხდომა, რომელზეც განიხილებოდა შეცდომით შევსებული შემაჯამებელი ოქმების დაჯამების საკითხი. საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა დამკვირვებელთა მოთხოვნა და გამართა სხდომა. სხდომაზე საიას და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ იქნა, რომ კომისიას ბათილად ეცნო 6 და №11 უბნების შემაჯამებელი ოქმები, რადგან მათში იყო მნიშვნელოვანი ცდომილებები. საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა, სხდომაზე წარმოადგინა შესაბამისი საუბნო კომისიების მიერ წერილობითი ფორმით გაკეთებული ახსნა-განმარტებები, რომლებშიც ისინი გარმარტავდნენ რომ აღნიშნული შეცდომები იყო მექანიკური ხასიათის. საოლქო კომისიამ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვიტა დაეჯამებინა შემაჯამებელი ოქმი და გადაეგზავნა დასამტკიცებლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.
- №2 ვაკის ოლქი
5 იანვარს საიას დამკვირვებლების მიერ ვაკის №2 ოლქის ფარგლებში შეტანილ საჩივართა შორის აღსანიშნავია:
- 8, 10, 13 უბნებზე კენჭისყრის პროცესი დაიწყო ძირითადი და გადასატანი ყუთების დალუქვის გარეშე. საიას დამკვირვებლების მიერ დღის განმავლობაში დაფიქსირდა მხოლოდ №8 საარჩევნო უბანზე ყუთის შემდგომი კანონის დაცვით დალუქვის ფაქტი (კენჭისყრის დაწყებიდან 2 საათის შემდეგ). საიას დამკვირვებლებმა კანონით დადგენილი წესით კენჭისყრის პროცედურის დასრულებამდე შესაბამისი საჩივრები შეიტანეს საუბნო კომისიებში.
- 63, 69, 52 უბნებზე დამატებითი სიით არჩევნებში მონაწილეობის შედეგად მიღებული კონვერტების რაოდენობა აღემატებოდა 15-ს და იმის მიუხედავად, რომ საარჩევნო კოდექსის 1291 მუხლის მიხედვით მათი დათვლა უნდა მომხდარიყო განცალკევებულად, საუბნო საარჩევნო კომისიებმა შეურიეს მოცემული კონვერტები ძირითადი სიით მიღებულ ბიულეტენებს. მოცემულ დარღვევებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას.
ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ 7 იანვარს საიას დამკვირვებლების საჩივრების არსებითი განხილვის გარეშე (საჩივარზე არ იყო მითითებული „ქ. თბილისი“, მითითებული იყო უბნების ნომრები და აკლდა მისამართები) უარყო დამკვირვებლების საჩივრები. საიას დამკვირვებლებმა საოლქო საარჩევნო კომისიის უარი საჩივრების განხილვის შესახებ გაასაჩივრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკომ 9 იანვრის სხდომაზე კენჭისყრით არსებითად განსახილველად არ მიიღო საიას დამკვირვებლების საჩივარი (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ). საიას დამკვირვებლებმა დააყენეს საკითხი ცესკოს სხდომაზე საჩივრის არსებითად განსახილველად მიუღებლობის მიუხედავად, კომისიას გამოეყენებინა 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და საკუთარი ინიციატივით შეესწავლა მოცემულ უბანზე არსებული დარღვევები. კომისიამ კენჭისყრით არ დაუჭირა მხარი მოცემულ წინადადებას (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ). საიას დამკვირვებლებმა ცესკოს უარი საჩივრების განხილვაზე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ 12 იანვარს განიხილა საიას საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი (სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოთ მოცემული ხარვეზები საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით - „ქ. თბილისის“, უბნის ნომრების გარდა უბნის ზუსტი მისამართების მიუთითებლობა, საკმარისი საფუძველი იყო დამკვირვებლების საჩივრების განუხილველად დასატოვებლად). საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ 15 იანვრის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
- №3 საბურთალოს ოლქი
2008 წლის 7 იანვარს გაიმართა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული საჩივრები. სხდომას ესწრებოდა როგორც №3 საბურთალოს ოლქში საიას დამკვირვებლები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.4 ზემოაღნიშნულ სხდომაზე (07.01.08) №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ საკუთარი ინიციატივისა და საიას საჩივრების საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ცესკოსათვის განკარგულებით და მოეთხოვა 5 უბნის შედეგების გაუქმება (მხოლოდ № 1 უბანზე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით, დანარჩენ 4 უბანზე - 11-ე, 61-ე, მე-80 და 82-ე, საიას საჩივრების საფუძველზე), რომელიც სხდომის ოქმში კომისიის მდივნის მიერ იქნა დაფიქსირებული. მიუხედავად ზემოთქმულისა, №3 საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ №1 უბანთან დაკავშირებით მიმართა ცესკოს განკარგულებით (განკარგულება №004/1-2008) და მოითხოვა ამ უბნის შედეგის გაუქმება, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო (განკარგულება №19/2008). ხოლო დანარჩენ უბნებთან მიმართებაში 2008 წლის 9 იანვარს 22:35 წთ., მაშინ როდესაც უკვე გასული იყო განკარგულების გასაჩივრების ვადა, წარმოგვიდგინა განკარგულება (№003/1-2008), რომელიც თითქოსდა 2008 წლის 7 იანვრის კომისიის სხდომის საფუძველზე იქნა მიღებული და რომელიც შეეხება კონკრეტულ უბნებზე საიას საჩივრების დაუკმაყოფილებლობას. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ საკუთარი განკარგულების (№003/1-2008) კანონიერი საფუძვლის შექმნის მიზნით თვითნებურად შეცვალა 2008 წლის 7 იანვრის კომისიის სხდომის ოქმი და შესწორებული ოქმი 2008 წლის 10 იანვარს დღის 17:30 წუთზე გადასცა საიას დამკვირვებლებს. რომელშიც მითითებულია რომ საიას არც ერთი საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული კომისიის სხდომაზე. №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 2008 წლის 7 იანვრის შესწორებული სხდომის ოქმი შეადგინა საიას დამკვირვებლების თანდასწრებით 2008 წლის 10 იანვარს.
საიას მიერ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2008 წლის 10 იანვარს შეტანილი იქნა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილ იქნა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებების ბათილობა, რომლითაც დამტკიცდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები. სასამართლო სხდომაზე (12 იანვარი) საიას დამკვირვებლებმა მოითხოვეს 7 იანვრის სხდომაზე დამსწრე პირთა მოწმის სახით გამოძახება, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. საიამ 14 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რათა დაიწყოს წინასწარი გამოძიება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 7 იანვრის სხდომის ოქმის გაყალბებას.
- №4 კრწანისის ოლქი
საიას დამკვირვებლების მიერ შედგენილ საჩივრებიდან აღსანიშნავია კრწანისის №4 საარჩევნო ოლქის №30 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებული ფაქტი, რომელიც თავისი შინაარსიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს და მან, ამ უბნის შედეგებზე, გადამწყვეტი და არსებითი ზეგავლენა მოახდინა. კერძოდ, მითითებულ უბანზე ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის ისეთი უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპის დარღვევას, როგორიცაა „კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა“. მითითებულ უბანზე კენჭისყრა მიმდინარეობდა კენჭისყრის პროცედურის ფარულობის აშკარა და სისტემატური დარღვევების ფონზე, ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლებს, საარჩევნო კაბინაში შესვლით, კონკრეტულ მითითებას აძლევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე სხვა პირებიც. საარჩევნო უბანი მდებარეობს ფონიჭალაში, იგი ძირითადად დასახლებულია არა ქართულენოვანი მოსახლეობით და თავად ამომრჩეველთა მხრიდან, სახელმწიფო ენის არცოდნის გამო, შეუძლებელი ხდებოდა ბიულეტენებში არსებული ჩანაწერების გააზრება, ეს „მიზეზი“ ხდებოდა სწორედ ამომრჩეველთათვის შესაბამისი მითითებების მიცემის საფუძველი. მითითებული დარღვევა ადგილზე დადასტურებულ იქნა მოწმის მეშვეობითაც. აღნიშნული დარღვევების თაობაზე, საიას დამკვირვებლების მიერ, წარდგენილ იქნა საჩივრები კრწანისის №4 საარჩევნო ოლქის შესაბამის საარჩევნო უბნებზე. თუმცა შესაბამისმა საარჩევნო უბნებმა რეაგირება ამ საჩივრებზე არ მოახდინეს. გამოვლენილ დარღვევებზე საჩივრები წარდგენილ იქნა ასევე კრწანისის №4 საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, თუმცა მან, 2008 წლის 7 იანვარს, ისე მიიღო გადაწყვეტილებები, რომ მის გამოტანამდე, საჩივრის წარმდგენ პირს, სადავო საკითხთან დაკავშირებით, არ მისცა საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. აღნიშნულის შემდეგ, დამკვირვებლების მიერ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, საჩივარი წარდგენილ იქნა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საჩივრით მოთხოვნილ იქნა კრწანისის №4 საარჩევნო ოლქის უბნებზე წარდგენილი საჩივრების განხილვა, მათ შორის №30 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 2008 წლის 10 იანვრის №5 სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება საჩივრების განუხილველად დატოვების შესახებ (კენჭისყრით - 7 ხმა 6-ის წინააღმდეგ). საიას დამკვირვებლებმა დააყენეს საკითხი ცესკოს სხდომაზე საჩივრების არსებითად განსახილველად მიუღებლობის მიუხედავად, კომისიას გამოეყენებინა 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და საკუთარი ინიციატივით შეესწავლა მოცემულ უბანზე არსებული დარღვევა. კომისიამ კენჭისყრით არ დაუჭირა მხარი მოცემულ წინადადებას (7 ხმა 6-ის წინაარმდეგ). ამის შემდეგ საიას დამკვირვებლებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს ცესკოს გადაწყვეტილების გაუქმება და მათ მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა, მაგრამ სასამართლოს, 2008 წლის 13 იანვრის განჩინებით დამკვირვებელთა საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და არ იქნა განხილული.5
- № 5 ისნის ოლქი
5 ისნის ოლქის ფარგლებში შეტანილი საჩივრებიდან აღსანიშნავია №38 უბანზე დაფიქსირებული დარღვევა - კომისიამ ხმა მიაცემინა დამატებითი სიების მეშვეობით იმ მოქალაქეებს, რომელთა საცხოვრებელი მისამართები არ ექცეოდა აღნიშნული უბნის საზღვრებში. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი დაიწერა უბანზე, საუბნო კომისიამ დამატებითი სიებით მიღებული ხმები არ დაითვალა და გადაუგზავნა ცესკო-ს, აღნიშნულ უბანზე შედეგების არ დათვლის ან/და შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საიას დამკვირვებლებმა მიმართეს ცესკო-ს. ცესკოს სხდომაზე (9 იანვარს) საიას დამკვირვებლებმა დააყენეს საკითხი არ მომხდარიყო ისნის №38 უბნის გათვალისწინება დამატებითი სიებით მიღებულ ხმათა ცესკოს მიერ შეჯამების დროს. ცესკომ კენჭისყრით (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ) არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა.
- № 8 გლდანის ოლქი
გლდანის №8 საპყრობილეში გახსნილ გლდანის №10 საარჩევნო ოლქის №108 და №109 უბნებში ამომრჩევლებს ხმა მხოლოდ სპეციალური სიების საფუძველზე უნდა მიეცათ (საარჩევნო კოდექსის მე-10 და მე-11 მუხლები). ნაცვლად ამისა, ამომრჩევლები, ხმას დამატებითი სიების საფუძველზე აძლევდნენ, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის დარღვევას, რომლის თანახმადაც, დამატებითი სიებით ხმის მიცემა ამომრჩევლის მიერ მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით არის შესაძლებელი. კანონდარღვევის აღმოფხვრისა და დარღვევის არსიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საიას დამკვირვებლების მიერ შედგენილი იქნა საჩივრები ორივე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სახელზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომისიის წევრები კვლავაც განაგრძობდნენ ამომრჩეველთა შეყვანას დამატებით სიებში, რაც გასაჩივრდა გლდანის საოლქო კომისიაში. ვინაიდან №108 და №109 საარჩევნო უბნის შედეგები შემდგომში დათვლილ იქნა ამავე ოლქის №39 და №42 საარჩევნო უბნის შედეგებთან ერთად, დამკვირვებლების მიერ, მე-2 დღის 6 საათამდე №108-ე, 109-ე, №39 და №42 უბნების შედეგების ბათილობის თაობაზე საჩივარი იქნა შეტანილ №10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა აღნიშნული უბნების ბათილად ცნობაზე იმ მოტივით, რომ უბნებზე შეტანილ საჩივრებში ბათილად ცნობის მოთხოვნა დაყენებული არ ყოფილა. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 12 იანვრის გადაწყვეტილებით, დამკვირვებლების მიერ უბნებსა და გლდანის №10 საარჩევნო ოლქში 5 იანვარს შეტანილი საჩივრები ცნო დასაშვებად, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ, მოთხოვნის შესაბამისად, გლდანის №10 საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დაევალებინა მათი განხილვა, ყოველგვარი მტკიცებულებების გამოკვლევისა და შესწავლის, ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის გარეშე, თავად განიხილა და არ დააკმაყოფილა საჩივარში მითითებული მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ 15 იანვარს არ გაიზიარა საიას მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო, საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, გასცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
- № 9 ნაძალადევის ოლქი
9 ნაძალადევის ოლქის ფარგლებში 5 იანვარს საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი იყო 15 საჩივარი (მათ შორის №95 უბანზე წარდგენილი ერთი საჩივრის დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა დამკვირვებელს) №9 ნაძალადევის ოლქის №5, №15, №19, №39, №42, №80, №84 და №95 საარჩევნო უბნებში. არც ერთ საჩივარს არ მოჰყოლია რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიების მხრიდან. ნაძალადევის №9 საარჩევნო ოლქის №5, №19 და №39 უბნებზე წარდგენილი საჩივრები ეხებოდა ისეთ დარღვევებს, რომლებიც, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ამ უბნების შედეგების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
მოცემული უბნების მიხედვით აღსანიშნავია შემდეგი დარღვევები:
ა) №5 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები, რომლებიც პირადობის მოწმობის მიხედვით არ იყვნენ რეგისტრირებულები №9 ოლქის №5 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შეყვანილნი იყვნენ დამატებით სიაში და მათ მიეცათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება დამატებითი სიის საფუძველზე.
ბ) №9 საარჩევნო ოლქის №19 საარჩევნო უბანზე ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, საკონტროლო ფურცლების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ძირითად საარჩევნო ყუთში არსებული საკონტროლო ფურცელი განსხვავდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შენახული საკონტროლო ფურცლისაგან. კერძოდ, ძირითად საარჩევნო ყუთში არსებულ საკონტროლო ფურცელზე არ იყო დაფიქსირებული პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა.
გ) №9 საარჩევნო ოლქის №39 საარჩევნო უბანზე ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ, საკონტროლო ფურცლების შედარებისას აღმოჩნდა, რომ ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებში არსებული საკონტროლო ფურცლები განსხვავდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ შენახული საკონტროლო ფურცლისაგან. კერძოდ, გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, ყუთიდან ამოღებულ საკონტროლო ფურცელზე არ იყო დაფიქსირებული საუბნო კომისიის დამსწრე წევრების, მათ შორის საუბნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის ხელმოწერები. ამასთან, №39 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ყუთიდან ამოღებულ საკონტროლო ფურცელზე მოაწერა ხელი გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნის ანუ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ. გარდა ამისა, ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ, ყუთიდან ამოღებულ საკონტროლო ფურცელზე არ იყო დაფიქსირებული საუბნო კომისიის დამსწრე წევრების, მათ შორის საუბნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის ხელმოწერები.
საარჩევნო უბნებიდან შედეგების მიღებისას, საოლქო კომისიამ დამკვირვებლებს არ მისცა საშუალება ენახათ ჩანაწერთა წიგნები და დაფიქსირებული საჩივრები. კომისიის გადაწყვეტილებით, ჩანაწერთა წიგნების ნახვა შესაძლებელი იქნებოდა საოლქო კომისიის სხდომაზე, რომელიც დაინიშნებოდა ყველა საარჩევნო უბნის შედეგების მიღების შემდეგ და სადაც ასევე განხილული იქნებოდა საჩივრები. №9 ნაძალადევი საოლქო საარჩევნო კომისიამ 6 იანვარს სხდომა არ დანიშნა.
კომისიის მდივნისა და თავმჯდომარის განცხადებით, 7 იანვარს გადაწყდებოდა სხდომის დანიშვნის საკითხი. დამკვირვებლებს ეცნობათ, რომ მოგვიანებით მიიღებდნენ ინფორმაციას სხდომის ჩატარების დროსა და თარიღის შესახებ, თუმცა არაერთი მცდელობისა, ეს ინფორმაცია ხელმიუწვდომელი დარჩა.
7 იანვარს, 12.30 საათზე, მორიგი სატელეფონო საუბრისას, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, თითქოსდა სხდომა შედგა 6 იანვარს და საიას დამკვირვებლების საჩივრები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თანახმად, რომელიც მხოლოდ 9 იანვარს გახდა ხელმისაწვდომი, კომისიის სხდომა გაიმართა 7 იანვარს, და კომისიამ საჩივრები განუხილველად დატოვა საარჩევნო კოდექსის 62 მუხლის თანახმად - კანონით დადგენილი რეკვიზიტების არქონის გამო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საოლქო საარჩევნო კომისიამ არც ერთი ორგანიზაციის დამკვირვებელს არ მისცა საშუალება დასწრებოდა სხდომას.
ვინაიდან, საოლქო საარჩევნო კომისიამ განკარგულების ასლის გაცემაზე უარი განაცხადა ტექნიკური პრობლემების არსებობის გამო, ამასთან გაურკვეველი რჩებოდა განკარგულების გამოცემის თარიღი, 2008 წლის 7 იანვარს, საჩივარი იქნა შეტანილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იქნა მოთხოვნილი კენჭისყრის დღეს, საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა. იქვე აღინიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182.2 მუხლი და ზეპირ განხილვაზე საჩივრის წარმდგენ პირებს არ მისცა ახსნა-განმარტების წარდგენის შესაძლებლობა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 იანვრის სხდომაზე არსებითი განხილვის გარეშე უარყო საიას დამკვირვებლების საჩივარი (კენჭისყრით 7 ხმა 6-ის წინააღმდეგ).
2008 წლის 11 იანვარს, საიას დამკვირვებლებმა მიმართეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ბათილად ცნობა; ბ) №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის №5, №15, №19, №39 საარჩევნო უბნების კენჭისყრის (საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების) შედეგების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობა; გ) №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის შემაჯამებელი ოქმი №2 (საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების) და №9 ნაძალადევის საარჩევნო საოლქო კომისიის 2008 წლის 9 იანვრის №4/2008 საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგების დამტკიცების თაობაზე განკარგულების ბათილად ცნობას; დ) გაბათილებული უბნების შედეგების გათვალისწინებით №9 ოლქის შედეგების ხელახლა შეჯამებასა და ახალი შემაჯამებელი ოქმისა და განკარგულების გამოცემას. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ არც ერთი სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
- ქუთაისის № 59 ოლქი
ქუთაისის №59 საარჩევნო ოლქის ფარგლებში დაფიქსირებულ საჩივრებთან დაკავშირებით აღსანიშნავია №72 და 81 უბნებთან დაკავშირებით საჩივრები. საიას დამკვირვებლებმა მოცემულ უბნებში დააფიქსირეს დამატებითი სიებით იმ მოქალაქეების მიერ ხმის მიცემა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული მოცემული საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე. შესაბამისი საჩივრები წარდგენილ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიებში. ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 9 იანვარს განიხილა საიას საჩივარი მოცემულ უბნებთან დაკავშირებით, კენჭისყრით დააკმაყოფილა იგი და მიმართა ცესკოს შუამდგომლობით მოცემული უბნების მიხედვით დამატებითი სიით მიღებული ხმების (ბიულეტენების) ბათილად გამოცხადების შესახებ. ცესკომ მის 10 იანვრის სხდომაზე დაადასტურა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება.
- ბათუმის № 79 და ხელვაჩაურის №83 ოლქები
კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში ბათუმის ¹79 და ხელვაჩაურის ¹83 საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში საიას დამკვირვებლების მიერ შეტანილ საჩივრებთან დაკავშირებით აღსანიშნავია საჩივრები ბათუმის ოლქზე - №11, 12-ე, 14-ე, 30-ე, 55-ე, 57-ე, 66-ე, 71-ე, 72-ე, 73-ე, 49-ე უბნების და ხელვაჩაურის ოლქზე - №8, 16-ე, 35-ე, 58-ე, 5-ე, 7-ე, 18-ე, 20-ე, 22-ე, 25-ე, 37-ე, 38-ე, 53-ე, 16-ე, 17-ე, 18-ე, 6-ე, 51-ე, 55-ე, უბნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. აღნიშნულ უბნებთან დაკავშირებით საჩივრები ეხებოდა, კენჭისყრის დღის უმნიშვნელოვანესი პროცედურების დარღვევებთან ერთად, საუბნო კომისიიდან ოფიციალურად მიღებული შემაჯამებელი ოქმებსა და საოლქო კომისიაში არსებულ ოქმებს შორის არსებულ მნიშვნელოვან სხვაობას. ბათუმის №79 და ხელვაჩაურის №83 საოლქო კომისიებმა მათ 9 იანვრის სხდომებზე იმსჯელეს მოცემულ საჩივრებთან დაკავშირებით და კენჭისყრით არ დააკმაყოფილეს ისინი. საიამ 10 იანვარს ბათუმის და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით (საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) საჩივრებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკომ საჩივარი ბათუმის ოლქთან დაკავშირებით განიხილა 11 იანვარს სხდომაზე, ხოლო ხელვაჩაურის ოლქთან მიმართებაში 12 იანვრის სხდომაზე. საიას დამკვირვებლებმა ცესკოს წარუდგინეს საჩივართან დაკავშირებით ყველა ოფიციალური დოკუმენტაცია დედნების სახით (მათ შორის საუბნო შემაჯამებელი ოქმები) და დააყენეს საკითხი საჩივრების განსახილველად მიუღებლობის შემთხვევაში კომისიას გამოეყენებინა კოდექსის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და უშუალოდ, საკუთარი ინიციატივით შეესწავლა საჩივარში მოყვანილი ფაქტები. ცესკომ კენჭისყრით (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ) განუხილველად დატოვა საიას დამკვირვებელთა საჩივრები და კვლავ კენჭისყრით (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ) უარი თქვა მოცემული ფაქტების საკუთარი ინიციატივით შესწავლაზე.
საიამ საჩივრებით მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებს და მოითხოვა ბათუმის №79 და ხელვაჩაურის №83 ოლქის შემაჯამებელი ოქმების გაუქმება და დამკვირვებელთა ზემოთ აღნიშნული საჩივრების განხილვა. სასამართლოებმა 12 იანვარს არ დააკმაყოფილეს საიას საჩივრები.6 გადაწყვეტილებები გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში (თბილისის და ქუთაისის). სააპელაციო სასამართლოებმა 15 იანვარს კანონიერ ძალაში დატოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები.
_______________________
1. უნდა აღინიშნოს, რომ დაკვირვების მისიის სამივე ქალაქში საიას დამკვირვებლების მიერ საარჩევნო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (რომლის გამოსწორება კომისიას შეეძლო დაუყოვნებლივ) კომისიის თავმჯდომარეს ეძლეოდა ზეპირი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ ზეპირ მითითებაზე რეაგირება არ ხდებოდა, დამკვირვებელი წერდა საჩივარს. შესაბამისად, აღნიშნულ ანგარიშში დაფიქსირებულ საჩივართა რაოდენობაში არ შედის ზეპირად მიცემული შენიშვნები.
2. იხ. დამკვირვებელი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, 7 იანვარი 2008,
http://www.civil.ge/files/files/press%20statement_GYLA_nGnI_ISFED_TI%20Georgia_Jan%207_eng.pdf
3. მოცემული ანგარიშის ფორმატის გათვალისწინებით შეუძლებელია ყველა - 230მდე საჩივრის განხილვა (დარღვევების ტიპოლოგია მითითებულია მაღლა). აქ განხილულია საოლქო, ცენტრალური საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ იმ საჩივართა განხილვის საკითხი, რომელთა მიხედვით საიას დამკვირვებლები მოითხოვდნენ კონკრეტული უბნების შედეგების ბათილად ცნობას/შემაჯამებელი ოქმის გაუქმებას.
4. პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის წარმომადგენელი - მარინა ჭყონია, ახალი მემარჯვენეები - მანუჩარ შიშინაშვილი, სამართლიანი არჩევნები - ნინო ბიბილეიშვილი, პარტია „თავისუფლება“ - ჟანეტა ლეჟავა, პროფესიული კავშირების წარმომადგენელი - მანანა სანაძე, ირინა იმერლიშვილი.
5. სასამართლოში საჩივარი წარდგენილ იქნა 12 იანვარს. 13 იანვარს დილის 10 საათზე ცესკოს დაგეგმილი ჰქონდა სხდომა, რომელზეც გეგმავდა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეჯამებას. საარჩევნო კოდექსის 641 მუხლის მიხედვით აკრძალულია ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების შეჯამება საერთო სასამართლოში არსებული შესაბამისი საარჩევნო დავის დასრულებამდე. ცესკოს სხდომის დაწყებამდე საიას დამკვირვებელი დაუკავშირდა საქალაქო სასამართლოს, რომლის თანამშრომლისგან მიიღო ზეპირი ინფორმაცია, რომ შეტანილი საჩივარი ჯერ იყო გადაცემული განმხილველ მოსამართლეზე. საიას დამკვირვებელმა ცესკოში სხდომის დაწყების დროს მიაწოდა ინფორმაცია კომისიის წევრებს სასამართლო განხილვასთან დაკავშირებით. კომისიამ ინფორმაციის მიუხეადავად 10:00 საათის სხდომაზე შეაჯამა არჩევნების საბოლოო შედეგები. 13 იანვარს, დღის მეორე ნახევარში საიამ ფოსტით მიიღოს სასამართლოდან მოსამართლის განჩინება (13 იანვრით დათარიღებული) წარმოებაში საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლომ საჩივარის დაუკმაყოფილებლობის ძირითად მოტივად დაასახელა სასამართლოსადმი მიმართვის პროცედურის დარღვევა. ამასთან საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებთან დაკავშირებით აღნიშნა: „სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის 2008 წლის 08 იანვრის №03/2008 წლის განკარგულება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მხარის მიერ არ გასაჩივრებულა, სადაო არ გამხდარა და აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77-ე მუხლის 29-ე პუნქტის თანახმად წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუემენტს, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამაბელი ოქმებისა და შესაბამისი განკარგულების კანონიერების საკითხს ვერ განიხილავს, მათში დაშვებული არითმეტიკული უზუსტობების მხრივაც და ამ გარემოებაზე მითითება, საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და შესაბამისი განკარგულების ბათილად ცნობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.“
![]() |
7 VII. დასკვნები და შეფასებები |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო პერიოდი
- 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა და წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობდა ძალზედ შემჭირდოებულ ვადებში. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების თარიღის ფორმალურად დანიშვნა მოხდა 25 ნოემბერს. მაგრამ, რეალური წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო 8 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ. საარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმდინარეობდა საგანგებო მდგომარეობის დროს, მედია საშუალებების ვირტუალური შეზღუდვის ფონზე. 7 ნოემბერს დახურულმა ტელეკომპანია „იმედმა“ განაახლა საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდის შუაში და მოცემული პერიოდის მიწურულს კვლავ შეაჩერა მაუწყებლობა. მოცემულ პერიოდში საარჩევნო კანონი შეიცვალა ორჯერ (22 ნოემბერი, 7 დეკემბერი). ამ და სხვა ფაქტორებმა კიდევ უფრო რთული გახადეს წინასაარჩევნო კამპანიის ეფექტური მონიტორინგი. საიამ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგი განახორციელა თბილისსა და 7 რეგიონულ ცენტრში (თელავი, დუშეთი, რუსთავი, გორი, ოზურგეთი, ქუთაისი, ბათუმი). კამპანიის განვლილმა პერიოდმა აჩვენა მთელი რიგი დარღვევები, პოლიტიკური სუბიექტების, საჯარო მოხეელებისა თუ სხვა სუბიექტების მხრიდან, რომლებზეც დროული რეაგირება უნდა გამხდარიყო წინაპირობა წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის. მოცემულ ანგარიშში მოყვანილ დარღვევებთან დაკავშირებით საიას წარმომადგენლები პერმანენტულად აწვდიდნენ ინფორმაციას, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციას (განცხადებებისა თუ საჩივრების მეშვეობით), ისე ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს და მედია საშუალებებს.
- შენობა-ნაგებობების ნუსხა და სააგიტაციო შეხვედრებისთვის ადგილის ხელმისაწვდომობა მონიტორინგის შედეგად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც: ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიხეილ სააკაშვილმა (ფორმალურად კანდიდატად რეგისტრაციამდე) მოაწყო შეხვედრა თბილისის საკრებულოში (28 ნოემბერს), რომელიც არ შედის სააგიტაციოდ წინასწარ განსაზღვრულ შენობების სიაში; თელავში თეატრის ადმინისტრაციამ უარი უთხრა ერთ-ერთ ოპოზიციურ კანდიდატს შეხვედრის გამართვაში; ზესტაფონში, მეორე ოპოზიციური კანდიდატის მხარდამჭერებს არ მიეცათ საშუალება შეხვედროდნენ მხარდამჭერებს „ფეროს“ კულტურის სახლში;
- ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში სხვადასხვა დონის საჯარო მოხელეების კანონის დარღვევით მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში გახლდათ ერთ-ერთი უძირითადესი პრობლემა განვლილ პერიოდში. კანონმდებლობის დარღვევით აგიტაციაში მონაწილეობდნენ როგორც პოლიტიკური თანამდებობის საჯარო მოხელეები (დეპუტატები, მმართველი თუ ოპოზიციური პარტიებიდან, მინისტრები, ქალაქის მერი), ისე სხვა საჯარო მოხელეები - გუბერნატორები (რომლებიც კანონის თანახმად არ არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები); მოცემულ პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ საარჩევნო კოდექსის მთელი რიგი მუხლი მოცემულ საკითხზე ბუნდოვანია და ზუსტი სამართლებრივი მოსაზრების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია სხვა საკანონმდებლო აქტების ერთობლივი გაანალიზება; საიამ რამდენიმე საჩივრით მიმართა ცესკოს, მაგრამ, სამწუხაროთ ცესკომ კენჭისყრით (7 წევრი 6-ის წინააღმდეგ) არ დააკმაყოფილა საიას საჩივრები. მიმდინარეობს რამდენიმე სასამართლო დავა ცესკოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით (სააპელაციო ინსტანციაში)
- ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, დაპირება (“ამომრჩევლის მოსყიდვა“) საიას მიერ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემის (გადაცემის დაპირების) პირდაპირი შემთხვევები ორი რეგისტრირებული კანდიდატის - მიხეილ სააკაშვილისა და არკადი პატარკაციშვილის მიერ. საიამ, როგორც დამკვირვებელმა ორგანიზაციამ თავი მოვალედ ჩათვალა მიემართა სასამართლოსთვის და მოეთხოვა ორივე კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმება. სასამართლომ 22 დეკემბერს არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი. ამასთან ერთად მსგავსი შინაარსის შემთხვევები ფიქსირდებოდა საიას რეგიონული ოფისების მიერაც (ბათუმი, დუშეთი). მოცემული შემთხვევები საჭიროებდნენ დაუყოვნებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის მოცემული რეაგირება არ დაფიქსირებულა.
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სხვა ფაქტები, მოქალაქეებზე ზეგავლენა
მიუხედავად იმისა, რომ საიას მონიტორინგი კონცენტრირებულია საარჩევნო კოდექსით პირდაპირ დადგენილი აკრძალვებზე, „ადმინისტრაციული რესურსების“ საკითხის მასშტაბურობის გათვალისწინებით საია უერთდება „საერთაშორისო გამჭვირვალეობა-საქართველოს“ მიერ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის შედეგად შუალედურ ანგარიშებში გამოთქმულ შეშფოთებას სპეციალური სოციალური პროექტების მხოლოდ საარჩევნო კონტექსტში ინიცირების შესახებ. მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებულია რამდენიმე შემთხვევა: კანდიდატ სააკაშვილის მიერ 3 დეკემბერს მოლდაველი წარმოშობის რუსეთის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე „შუამდგომლობა“; რეგიონებში სააგიტაციო შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობის „თავისებურებანი“ (თელავი, დუშეთი); რეგიონებში სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლებისგან მიღებული ზეპირი ინფორმაცია მათ მიმართ უშუალო უფროსის მიერ „აგიტაციის“ განხორციელების შესახებ (ბათუმი, თელავი);
- წინასაარჩევნო კამპანიის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მედია
საიას მიერ ხორციელდება მედია საშუალებების მიერ საარჩევნო კანონის დაცვის მონიტორინგი (გარდა ქრონომეტრაჟის შესწავლისა). არ შეინიშნება დარღვევები „ფასიანი“ და „უფასო“ პოლიტიკური რეკლამებისათვის შესაბამისი მითითებებთან დაკავშირებით. მედიის მხრიდან ფორმალურად სრულდება ცესკოსთვის ყოველკვირეული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რადიო „ჰერეთის“ საქმე, რომელსაც კომუნიკაციების კომისიასთან დავაში წარმოადგენს საიას თელავის ოფისი.
- საარჩევნო ფონდების გამჭვირვალეობა
მოქმედი კანონი მოცემული კამპანიის ვადების გათვალისწინებით არ იძლევა საშუალებას კენჭისყრის დღემდე მოხდეს საარჩევნო ფონდების საქმიანობის განსაჯაროობა და ცესკომ შეძლოს კენჭისყრის შემდეგ წარდგენილი საბოლოო ანგარიშების შესწავლა მანამ სანამ მოხდება კენჭისყრის შედეგების ოფიციალური შეჯამება. საიას ინიციატივა, მიღებულიყო გადაწყვეტილება ფონდების მიერ პირველადი ინფორმაციის კენჭისყრის დღემდე წარმოდგენის შესახებ, ცესკოს სხდომაზე არ იქნა მხარდაჭერილი (7 წევრი 6-ის წინააღმდეგ). ამასთან, სამმა საარჩევნო ფონდმა (ნაციონალური მოძრაობის, ლეიბორისტული პარტიისა და ახალი მემარჯვენეების) გამოხატეს „კეთილი ნება“ და წარადგინეს პირველადი ინფორმაცია ცესკოში 24 დეკემბერს. მოცემული ინფორმაციის ფონდების მიერ საბოლოო ანგარიშებთან ერთად გაანალიზდება და გამოიცემა საარჩევნო ფონდების მონიტორინგის სპეციალური ანგარიში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2008 წლის 3 იანვარს გამოაქვეყნა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პირველადი ვერსია და მოუწოდა საარჩევნო ადმინისტრაციას, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მასში აღნიშნულ ფაქტებზე დროული და ადექვატური რეაგირება. ამავე დროს გამოხატა მზადყოფნა მოცემულ ორგანოებთან თანამშრომლობისათვის. ნათელია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის გაჯანსაღების, მისი გამჭირვალედ, სამართლიან და დემოკრატიულ პროცესად გარდაქმნისათვის აუცილებელია საარჩევნო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება.
არჩევნები მარტო ყენჭისყრის დღე არ არის, არჩევნების შეფასებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წინასაარჩევნო კამპანიის დეტალურ შესწავლას. მოცემულ ანგარიშში მითითებული ინფორმაცია იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას - 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია, არ შეესაბამებოდა დემოკრატიული, სამართლიანი თუ გამჭირვალე საარჩევნო პროცესის საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.
- კენჭისყრის დღე
საიას დამკვირვებლები კენჭისყრის დღეს დააკვირდნენ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ხელვაჩაურის რიგ საარჩევნო უბნებზე. საიას სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდა 350 მდე იურისტი, იურისტ-სტუდენტები. დაკვირვების ფორმატი მოიცავდა რიგ საარჩევნო უბნებზე პერმანენტულ მონიტორინგს, მობილური დამკვირვებელი ჯგუფების გამოყენებას, საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში პერმანენტულ დაკვირვებას. საიას დამკვირვებლები ახდენდნენ მონიტორინგს, დოკუმენტირებას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში საჩივრების შედგენასა და წარდგენას (კენჭისყრის დღესა და მომდევნო პერიოდში საიამ წარადგინა 230-მდე საჩივარი, რომელთა შორის ყველაზე სერიოზული დარღვევების გამო ითხოვდა 35-მდე უბნის შემაჯამებელი ოქმების გაუქმებას/შედეგების ბათილად გამოცხადებას).
საიას მიერ 2008 წლის 7 იანვარს შეფასებულ იქნა კენჭისყრის დღე თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში ერთიანობაში დადებითად - კენჭისყრის დღე შედგა, მოსახლეობამ გამოხატა საკუთარი ნება. ამავე დროს, დაფიქსირდა რიგი სერიოზული დარღვევები, რომლებიც საჭიროებდნენ დროულ და კანონიერ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, რაც თავის მხრივ გავლენას მოახდენდა ერთიანობაში არჩევნების შეფასებაზე.1
- კენჭისყრის დღის შემდგომი პროცედურები - საჩივრების განხილვა, შედეგების შეჯამება
საიას დამკვირვებლები აკვირდებოდნენ ცესკოში დამატებითი სიით მიცემული ხმების დათვლის პროცესს. საია მიესალმა გადაწყვეტილებას დათვლილიყო დამატებითი სიით მიცემული ხმები ცესკოს მიერ. ამავე დროს, ხმების დათვლის დროს რიგ საარჩევნო უბნებიდან გამოგზავნილ მასალებში აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი ნაკლოვანებები - კონვერტებს (ბიულეტენებს) თან არ ახლდა დამატებითი სია (არჩევნებში მონაწილე მოქალაქეთა ხელმოწერების არსებობის დასადასტურებლად) და პირადობის/დევნილის მოწმობების ასლები. მოცემული დარღვევების დაფიქსირების გამო, საიას დამკვირვებლებმა ოფიციალურად მიმართეს ცესკოს საჩივრით და მოითხოვეს 123 კონკრეტული უბნიდან კანონის დარღვევით მიღებული ბიულეტენების ჩაუთვლელად შეეჯამებინა დამატებითი სიებით მიღებული ხმები. ცესკომ კანონის მატერიალური ნორმების დარღვევით კენჭისყრის გზით (7 ხმა 6-ის წინააღმდეგ) უარყო საჩივარი და ერთიანად შეაჯამა უბნები.
საიას მიერ არჩევნების სადამკვირვებლო გამოცდილებაში არ ყოფილა გამოვლენილი საარჩევნო დავების განხილვის ისეთი საერთო ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე არჩევნებზე. მოცემულ ანგარიშში განხილულია საიას მიერ წარდგენილ ყველაზე სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სასამართლოებში. უმნიშვნელოვანესი საჩივრებიდან (რომლებიც ეხებოდა კონკრეტული უბნის შედეგებს) მხოლოდ ერთი იქნა სრულყოფილად განხილული და დაკმაყოფილებული (ქუთაისი). საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ იქნა დაშვებული არსებითად განსახილველად. მოცემული პროცედურების უდიდესი პრობლემა მდგომარეობს ბუნდოვან და ნაკლოვანებებით აღსავსე საარჩევნო კოდექსში. ამავე დროს, საჩივრების „პროცედურული“ მიზეზით არსებითად განსახილველად მიუღებლობის მიუხედავად, ცესკომ საჩივრებთან მიმართებაში არც ერთ შემთხვევაში არ გამოიყენა მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება საკუთარი ინიციატივით დაინტერესებულიყო კონკრეტული უბნისა თუ ოლქის მიერ შესაძლო კანონდარღვევებით და შეესწავლა ისინი.
საჩივრებთან მიმართებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა სასამართლო ინსტანციების ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა, საჩივართა უდიდესი ნაწილის „პროცედურული“ მიზეზით უარყოფის გამო.
არჩევნები მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე არ არის. არჩევნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია კენჭისყრის დღის შემდგომი პროცედურები - საჩივართა განხილვა, შედეგების შეჯამება. საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში საჩივრების უდიდესი ნაწილის არსებითად განხილვაზე უარის თქმით და მთელი რიგი საარჩევნო ოლქების უკანონო შეჯამებით ხელყო კანონის უზენაესობის პრინციპი, რაც უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ცნობისათვის.
2008 წლის 5 იანვრის არჩევნების დროს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიეცა შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაცია განეხორციელებინა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შექმნილ სამთავრობო ჯგუფთან. ამან უდაოდ საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა მოცემულ პერიოდში. საიას შეფასებით კენჭისყრის დღე შედგა, ხალხმა გამოხატა საკუთარი ნება, ამავე დროს, წინასაარჩევნო პერიოდის და კენჭისყრის შემდგომი საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების მთელი რიგი დარღვევები და ნაკლოვანებები მიუთითებს იმაზე, რომ განვლილი არჩევნები არ იყო ისეთი დემოკრატიული, გამჭირვალე და სამართლიანი, როგორც ეს მოთხოვნილია საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოხატავს მზადყოფნას მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე აქტიურად ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ სუბიექტებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კანონმდებლობისა და საარჩევნო პროცესის გაჯანსაღების მიზნით.
_______________________
1. კენჭიყრის შემდგომი პროცედურების მნიშვნელობისა და საჩივრების განხილვის, მათ შორის შედეგების კანონიერად და გამჭირვალედ შეჯამების აუცილებლობაზე გაცხადდა ოთხი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში (საია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველო, ახალი თაობა - ახალი ინიციატივა; 7 იანვარი 2008წ.) http://www.civil.ge/files/files/press%20statement_GYLA_nGnI_ISFED_TI%20Georgia_Jan%207_eng.pdf