ევროპის საბჭო ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მომზადებულია კომუნიკაციის დირექტორატის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ, ადამიანის უფლებების გენერალური დირექტორატის თანასწორობის განყოფილებასთან თანამშრომლობით მხატვრული გაფორმება: The Big Family - ფოტოები: ევროპის საბჭო გვ. 10, გვ. 12, გვ. 13 და Photo Alto გვ. 6, გვ. 8, გვ. 9, გვ. 12, გვ. 15, გვ. 16 ითარგმნა და გამოიცა საქართველოში ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიუროს მიერ ივლისი, 2006 წელი www.coe.int/trafficking www.coe.ge Geo



1 პრობლემის მასშტაბი

▲ზევით დაბრუნება


„ადამიანებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს.ადამიანებით უკანონო ვაჭრობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ამ ვაჭრობის მსხვერპლთა მონურ მდგომარეობამდე მიყვანა.

ამონარიდი: ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის პრეამბულა

ადამიანებით უკანონო ვაჭრობა ევროპაში ძალზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი, ძირითადად, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით (43%), თუმცა ხშირია ფერმებზე, „სვეთშოფებში“ და საოჯახო მეურნეობებში ძალზე დაბალი ანაზღაურების ფასად ან არალეგალურად მუშაობის მიზნით ადამიანებით ვაჭრობაც (32%). შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოანგარიშებით, ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლი დაახლოებით 2,45 მილიონი ადამიანია, მათ შორის უმეტესობა ქალები და ბავშვებია.

ადამიანებით ამგვარი უკანონო ვაჭრობა, მსხვერპლის ექსპლუატაციითა და დაშინებით, მონებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმას წარმოადგენს. ადამიანებს ექცევიან როგორც გასაყიდ ან შესაძენ ნივთებს, საქონელს, რომელსაც ჩააბამენ იძულებით შრომაში, ჩვეულებრივ, სექსუალურ ინდუსტრიაში (ხშირად სოფლის მეურნეობასა და ოფიციალურ თუ არაოფიციალურ „სვეთშოფებშიც“) და რომელსაც კაპიკებს თუ გადაუხდიან ან სულაც არაფერს მისცემენ. ადამიანებით უკანონო ვაჭრობის იდენტიფიცირებულ მსხვერპლთა უმრავლესობა ქალებია, თუმცა ზოგჯერ ტრეფიკინგის მსხვერპლნი მამაკაცებიც ხდებიან. გარდა ამისა, ბევრი მსხვერპლი ახალგაზრდაა, ზოგჯერ ბავშვი. ყველა მათგანი მძიმე ცხოვრებისთვის არის განწირული, მათი სიცოცხლე დანგრეულია ექსპლუატაციისა და გამომძალველობის შედეგად.

ევროპის საბჭოს უპირველესი საზრუნავია ადამიანის უფლებების დაცვა და მათი ხორცშესხმის უზრუნველყოფა ევროპის საბჭოს ყველა, 800 მილიონი, მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი სქესის, რასის, წარმომავლობის, კანის ფერის თუ მსოფლმხედველობისა. ადამიანებით უკანონო ვაჭრობა ძირს უთხრის ძირითად ფასეულობებს და ევროპის საბჭომ იკისრა ვალდებულება, ებრძოლოს მას. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს - საერთოევროპულ ორგანიზაციას - იდეალური პოზიცია უკავია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ასპექტთან საბრძოლველად და მსხვერპლთა დასაცავად - ევროპის საბჭოს 46 წევრ სახელმწიფოს შორის არიან ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმოშობისა და ტრანზიტის ქვეყნები და ის ქვეყნები, სადაც ეს ადამიანები ჩაჰყავთ.

0x01 graphic

„ადამიანებით უკანონო ვაჭრობა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ხელყოფს ადამიანის უფლებებს“

ტერი დვისი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი

2 ევროპის საბჭოს მიერ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განხორციელებული ღონისძიებები

▲ზევით დაბრუნება


1980-იანი წლების ბოლოდან ევროპის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მუშაობაზე ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროში. ადამიანებით უკანონო ვაჭრობა ზეგავლენას ახდენს მრავალ ისეთ საკითხზე, რომლებიც ევროპის საბჭოს საზრუნავს წარმოადგენს, როგორიც არის, მაგალითად, ქალებისა და ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია, ქალების დაცვა ძალადობისგან, ორგანიზებული დანაშაული და მიგრაცია. ევროპის საბჭოს წამოწყებული აქვს რიგი ინიციატივებისა ამ სფეროში: გარდა სხვა საკითხებისა, მას შექმნილი აქვს სამართლებრივი დოკუმენტები, შემუშავებული აქვს სტრატეგიები, ჩატარებული აქვს კვლევა, მონაწილეობა აქვს მიღებული სამართლებრივ და ტექნიკურ თანამშრომლობაში და განხორციელებული აქვს მონიტორინგი.

ევროპის საბჭოს მიერ ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით შექნილი ძირითადი დოკუმენტებია:

  • წევრი სახელმწიფოებისთვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2000)11 სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

  • წევრი სახელმწიფოებისთვის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია (2001)16 სექსუალური ექსპლუატაციისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ.

ევროპის საბჭომ აუცილებლად მიიჩნია, მოემზადებინა სამართლებრივი თვალსაზრისით სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც გასცდებოდა რეკომენდაციებსა და ამა თუ იმ ღონისძიებებს. 2005 წლის 3 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა ვარშავაში, 2005 წლის 16 მაისს, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანათა სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების მესამე სამიტზე. სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ახალი კონვენცია სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში.

3 საერთაშორისო ინიციატივები

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო მასშტაბის ფენომენს - ადამიანებით უკანონო ვაჭრობას - შეიძლება ჰქონდეს ეროვნული ან ტრანსნაციონალური ხასიათი. ადამიანებით უკანონო ვაჭრობა ხშირად უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს, რომლისთვისაც ის დღევანდელ დღეს ერთ-ერთ ყველაზე სარფიან საქმეს წარმოადგენს; ევროპაში მასთან ისეთივე დაუძინებელი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს, როგორც ნარკოტიკებთან და ფულის გათეთრებასთან. ზოგიერთი შეფასების მიხედვით, ადამიანებით უკანონო ვაჭრობას მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია ფულის უკანონოდ მოპოვებაში იარაღით უკანონო ვაჭრობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ.

ამ თვალსაზრისით ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან საერთაშორისო ბრძოლას საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ კონვენციის ოქმმა ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით უკანონო ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ („პალერმოს ოქმი“). ევროპის საბჭოს კონვენცია, რომელიც ეყრდნობა პალერმოს ოქმს და ითვალისწინებს ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებით შექმნილ საყოველთაო თუ რეგიონული მასშტაბის სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, მიზნად ისახავს ამ დოკუმენტებით უზრუნველყოფილი დაცვის განმტკიცებას და მათში დადგენილი სტანდარტების სრულყოფას.

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრობლემით მზარდმა შეშფოთებამ უბიძგა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიც არის „ინტერპოლი“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, გარდა ამისა, მსხვერპლთათვის დახმარების გაწევაზე ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს.

ევროპაში ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს არეგულირებს ევროკავშირის საბჭოს 2002 წლის 19 ივლისის ჩარჩო გადაწყვეტილება ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის დირექტივა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის გაცემული ცხოვრების ნებართვების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთ ან რომლებიც ჩართულნი იყვნენ უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ოპერაციებში და რომლებიც თანამშრომლობენ კომპეტენტურ ორგანოებთან.

4 რატომ არის საჭირო ახალი კონვენცია?

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს იდეალური პოზიცია უკავია ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ასპექტთან საბრძოლველად: მას შეუძლია ტრეფიკინგის მსხვერპლთა წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, შეთანხმდნენ საერთო, სავალდებულო პოლიტიკაზე. არსებულ საერთაშორისო დოკუმენტებს არა აქვს საკმარისად სავალდებულო ხასიათი, ანდა ისინი პრობლემის მხოლოდ „ერთ ასპექტს“ ითვალისწინებენ.

ევროპის საბჭოს კონვენციის მიერ მოტანილი დამატებითი სარგებლობა, უპირველეს ყოვლისა, არის იმის დადასტურება, რომ ადამიანებით უკანონო ვაჭრობა ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს, ხელყოფს, აგრეთვე, ადამიანის ღირსებას და ხელშეუხებლობას და რომ ამიტომ ყველა მისი მსხვერპლისთვის აუცილებელია მეტი დაცვის უზრუნველყოფა. მეორე, კონვენცია ითვალისწინებს ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას. მესამე, კონვენცია ამკვიდრებს მონიტორინგის მექანიზმს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფოების მიერ კონვენციის დებულებათა ეფექტიანი შესრულება.

კონვენცია ყოვლისმომცველი შეთანხმებაა, რომელიც მიზნად ისახავს:

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრევენციას;

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვას;

  • ადამიანებით უკანონო მოვაჭრეთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრას.

კონვენცია ეხება:

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას: ეროვნულს, ტრანსნაციონალურს, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულს თუ დაუკავშირებელს;

  • ყველა მსხვერპლს: ქალებს, მამაკაცებსა თუ ბავშვებს;

  • ექსპლუატაციის ყველა ფორმას: სექსუალურ ექსპლუატაციას, იძულებით შრომას და სამსახურს, მონობას თუ მსგავს პრაქტიკას, მომსახურებას და ადამიანისთვის ორგანოების ამოცლას.

რატომ არის საჭირო ახალი კონვენცია?

5 ადამიანებით უკანონო ვაჭრობის განმარტება

▲ზევით დაბრუნება


რას ნიშნავს ადამიანებით უკანონო ვაჭრობა?

ევროპის საბჭოს კონვენციაში ადამიანებით უკანონო ვაჭრობა განმარტებულია, როგორც:

  • ქმედება: „პირთა სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება“;

  • საშუალება: „მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმის გამოყენების, ან თაღლითობის, ან მოტყუების, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე“;

  • ექსპლუატაციის მიზნით: „ექსპლუატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, გულისხმობს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, კატორღულ მუშაობას ან ორგანოების ამოცლას“.

„მსხვერპლი“ განმარტებულია, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაექვემდებარა ტრეფიკინგს კონვენციაში განსაზღვრული ნებისმიერი საშუალებით. ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლის თანხმობას მის ექსპლუატაციაზე არ ენიჭება მნიშვნელობა, როდესაც გამოყენებულია რომელიმე განმარტებაში ჩამოყალიბებულ საშუალებათაგან (იძულება, თაღლითობა, მოტყუება...).

6 ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრევენცია

▲ზევით დაბრუნება


ადამიანებით უკანონო ვაჭრობა მრავალი ფორმით ვლინდება, მრავალ სხვადასხვა სფეროში გვხვდება და საზოგადოების სხვადასხვა ფენაზე ახდენს ზემოქმედებას. იმისათვის, რომ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრევენციისკენ მიმართული ქმედება ეფექტიანი იყოს, და ამ ფენომენის ხასიათის გათვალისწინებით, აღნიშნული ქმედება კოორდინაციას საჭიროებს. ამიტომ უნდა გატარდეს ზომები კოორდინაციის დასამყარებლად და განსამტკიცებლად იმ სხვადასხვა დონის ეროვნულ ორგანოს შორის, რომლებსაც ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ.

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის თავიდან ასაცილებელ ძირითად ზომებს შორის არის საზოგადოებისთვის ამ ფენომენის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ცოდნის დონის ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიები იმ პირთათვის, ვინც ადამიანებით მოვაჭრეთა უპირველეს სამიზნეს წარმოადგენს, აგრეთვე, ზომები, რომელთა დანიშნულებაა, დაარწმუნონ ე.წ. „მომხმარებლები“ ტრეფიკინგის ნეგატიურ ხასიათში და უარი ათქმევინონ მოთხოვნაზე.

გარდა ამისა, ტრეფიკინგის პრევენციისთვის აუცილებელია ისეთი ზომების გატარება, როგორიც არის სასაზღვრო კონტროლი და უსაფრთხოების ზომები სამგზავრო დოკუმენტაციისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთების სინამდვილის უზრუნველსაყოფად.

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის თავიდან აცილებასა და მსხვერპლთა დაცვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ ევროპის საბჭოს კონვენცია მოგვიწოდებს საჯარო ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის თანამშრომლობისკენ.

7 ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვა

▲ზევით დაბრუნება


მსხვერპლთა იდენტიფიცირება

ევროპის საბჭოს კონვენციაში დაბეჯითებით არის მითითებული, რომ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლნი აღიარებულები უნდა იქნენ მსხვერპლად, რათა პოლიცია და ხელისუფლების ორგანოები არ ეკიდებოდნენ მათ, როგორც არალეგალურ მიგრანტებს ან დამნაშავეებს. თუ ვერ მოხერხდება ტრეფიკინგის მსხვერპლის სწორად იდენტიფიცირება, ეს ნიშნავს, რომ მსხვერპლს შეიძლება მომავალშიც უარი ეთქვას მის ძირითად უფლებებზე. იდენტიფიცირების პროცესში არ შეიძლება მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან ადამიანის გასახლება.

კონვენციაში არსებობს საგანგებო დებულებები მსხვერპლ ბავშვებთან (18 წლამდე ადამიანებთან) დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველნი არიან ადამიანებით მოვაჭრეთა წინაშე. მსხვერპლ ბავშვს უნდა დაენიშნოს საგანგებო წარმომადგენელი და მიღებული უნდა იქნეს აუცილებელი ზომები ბავშვის ვინაობისა და მოქალაქეობის დასადგენად. ყველანაირი ზომა უნდა იქნეს მიღებული, აგრეთვე, მსხვერპლი ბავშვის ოჯახის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, თუ ეს შედის ბავშვის ინტერესებში.

პირადი ცხოვრების დაცვა

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთა პირადი ცხოვრებისა და ვინაობის დაცვა აუცილებელია როგორც მსხვერპლის ფიზიკური უსაფრთხოებისთვის (ადამიანებით უკანონო მოვაჭრეთა მხრიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით), ისე მათი ხელახალი სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობის შესანარჩუნებლად.

მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთ უნდა გაეწიოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დახმარება და ხელი უნდა შეეწყოთ სოციალურ რეაბილიტაციაში. ეს არის სამედიცინო დახმარება, კონსულტაციები და ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე, სათანადო საცხოვრებელი ბინა. გარდა ამისა, მსხვერპლებმა უნდა მიიღონ კომპენსაცია განცდილი ზიანისათვის.

ზეგავლენის დაძლევისა და გამორკვევის პერიოდი და ცხოვრების ნებართვა

მსხვერპლებს ეძლევათ სულ მცირე 30 დღის ხანგრძლივობის პერიოდი, რათა დაძლიონ და თავი დააღწიონ ადამიანებით მოვაჭრეთა ზეგავლენას და დაფიქრდნენ ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობის თაობაზე. მსხვერპლებს ეძლევათ ცხოვრების ნებართვები, რომელთაც შეიძლება ვადა გაუგრძელდეს, თუკი ამის საჭიროება მსხვერპლთა პირადი მდგომარეობიდან გამომდინარეობს ან მათი დარჩენა საჭიროა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში თანამშრომლობის გამო.

მსხვერპლთა რეპატრიაცია

სახელმწიფომ, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება, ხელი უნდა შეუწყოს ამ პირის დაბრუნებას მისი უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით, და უნდა მიიღოს ეს პირი. როდესაც ერთი სახელმწიფო აბრუნებს ადამიანს მეორე სახელმწიფოში, მან ეს ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით უნდა გააკეთოს.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უნდა დაარსდეს რეპატრიაციის პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს მსხვერპლად ხელახლა ქცევის თავიდან აცილებას.

ადამიანებით უკანონო ვაჭრობა არის მონობა 21- საუკუნის ევროპაში, ყველა ჩვენგანის თვალწინ.“

მოდ დე ბორ-ბუკიკიო
ევროპის საბჭოს გენელარული მდივნის მოადგილე

0x01 graphic

8 ადამიანებით უკანონო მოვაჭრეებისა და მათი თანამონაწილეების სისხლისსამართლებრივი დევნა

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს კონვენციის საფუძველზე ადამიანებით უკანონო ვაჭრობა მიჩნეული იქნება სისხლის სამართლის დანაშაულად. შესაბამისად, ადამიანებით უკანონო მოვაჭრეებისა და მათი თანამონაწილეების წინააღმდეგ აღიძვრება სისხლისსამართლებრივი დევნა. კონვენციაში გათვალისწინებულია, აგრეთვე, ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლის მომსახურებით შეგნებულად სარგებლობის სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადების შესაძლებლობა.

კონვენცია სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაცემას ან გადაცემას ანდა სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მითვისებას, მოშორებას, დამალვას, დაზიანებასა თუ განადგურებას - ადამიანებით უკანონო მოვაჭრეთა ჩვეულებრივ ქმედებას მსხვერპლებზე ზეწოლის მიზნით.

კონვენციის მიხედვით, კომერციულ კომპანიებს, ასოციაციებსა და მსგავს იურიდიულ ერთეულებს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ დანაშაულისათვის, რომელსაც ამ იურიდიულ ერთეულში წამყვანი თანამდებობის მქონე ფიზიკური პირი ჩადის იურიდიული პირის სასარგებლოდ. ტრეფიკინგის მიზნით გამოყენებული დაწესებულებები უნდა დაიხუროს, მოგება ჩამორთმეული უნდა იქნეს, ხოლო დამნაშავეებმა (კომპანიამ თუ კერძო პირებმა) მსხვერპლს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ.

კონვენცია ხელისუფლების ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას, აწარმოონ სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანებით უკანონო მოვაჭრეებისა და მათი თანამონაწილეების წინააღმდეგ ისე, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი ჩივილი მსხვერპლის მხრიდან. ამის მიზანია, რომ ადამიანებით უკანონო მოვაჭრეებმა არ გამოიყენონ მუქარა და ზეწოლა მსხვერპლებზე, რათა უარი ათქმევინონ ჩივილზე.

ადამიანებით უკანონო მოვაჭრეებისა და მათი თანამონაწილეების სისხლისსამართლებრივი დევნა ადამიანებით უკანონო ვაჭრობის დანაშაულისთვის სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები: დანაშაულმა განზრახ ან სერიოზული დაუდევრობის შედეგად საფრთხეში ჩააგდო მსხვერპლის სიცოცხლე; დანაშაული ჩადენილი იქნა ბავშვის წინააღმდეგ; დანაშაული ჩადენილი იქნა საჯარო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების დროს; დანაშაული ჩადენილი იქნა კრიმინალური ორგანიზაციის ფარგლებში.

კონვენციაში არსებობს დაუსჯელობის თაობაზე დებულება, რომელიც სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას, არ დააკისრონ სასჯელი მსხვერპლებს უკანონო საქმიანობაში მონაწილეობისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აიძულეს, ჩაბმულიყვნენ ამ საქმიანობაში.

9 მონიტორინგის მექანიზმი

▲ზევით დაბრუნება


ყველა შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება მისი მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობით ფასდება. ევროპის საბჭოს კონვენციის საფუძველზე დაარსებულ მონიტორინგის სისტემას, რომელიც კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი ძლიერი მხარეა, ორი საყრდენი აქვს:

ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (GRETA), რომელიც განახორციელებს კონვენციის შესრულების მონიტორინგს. ამ ჯგუფის ამოცანაა თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციის განხორციელების თაობაზე ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება. იმ სახელმწიფოებს, რომლებიც სათანადოდ არ ასრულებენ კონვენციაში გათვალისწინებულ ზომებს, მოეთხოვებათ მდგომარეობის გამოსწორება.

მხარეთა კომიტეტი, რომელიც შედგება კონვენციის იმ ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლებისაგან, რომელთათვისაც კონვენცია ძალაში შევიდა. ამ კომიტეტს შეუძლია, GRETA-ს ანგარიშებისა და დასკვნების საფუძველზე, სახელმწიფოებისთვის მოამზადოს რეკომენდაციები.

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით უკანონო
ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

მიზნად ისახავს:

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრევენციას

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვას

  • ადამიანებით უკანონო მოვაჭრეთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრას

კონვენცია ეხება:

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას: ეროვნულს, ტრანსნაციონალურს, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულს თუ დაუკავშირებელს

  • ყველა მსხვერპლს: ქალებს, მამაკაცებსა თუ ბავშვებს

  • ექსპლუატაციის ყველა ფორმას: სექსუალურ ექსპლუატაციას, იძულებით შრომას თუ სამსახურს, მონობას თუ მსგავს პრაქტიკას, მომსახურებას და ადამიანისთვის ორგანოების ამოცლას

ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყანა

ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სან მარინო, სერბია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.