
![]() |
მიბაძვა ქრისტესი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კემპელი თომა |
თემატური კატალოგი რელიგია |
წყარო: De Imitatione Christi / თომა კემპელი ; [ქართ. თარგმანი მამა ა. მღებრიშვილისა ; რედ. ა. ჭელიძე]. - [ხელახალი გამოც.]. - თბ. : ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, 2007. - 493გვ. ; 14სმ.. - ISBN: 978-9941-0-0179-6 : [ფ.ა.][MFN: 132245] UDC: 27-475.5 + 27-549 |
საავტორო უფლებები: © ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პატრ ა. მღებრიშვილის 1890 წელს გამოქვეყნებული ქართული თარგამნის ხელახალი გამოცემა. თბილისი, 2007 წლის ნოემბერი ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია DE IMITATIONE CHRISTI ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია თბილისი 2007 კემპელი თომა ISBN 978-9941-0-0179-6 De imitatione Christi ქართული თარგმანი მამა ა. მღებრიშვილისა პირველი გამოცემა 1890 ხელახალი გამოცემა 2007 ხელახალი გამოცემის რედაქტორი: ა. ჭელიძე მ.ი. კომპიუტერული მომსახურება: დ. საყევრიშვილი გ.აბესაძის ქ. 6, 0105 თბილისი. |
![]() |
1 ხელახალი გამოცემის წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ამ წიგნის ქართველი მკითხველისათვის შეთავაზების მთავარი მიზეზი დღესაც იგივე რჩება, რაც მთარგმნელმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ გააცხადა თავის წინასიტყვაობაში მისეული თარგმანის პირველი გამოცემისას. ამჟამად კი ჩვენ გვამოძრავებს არა მხოლოდ ის, რომ დღევანდელ მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ ესოდენ სახელგანთქმული ასკეტიკური თხზულება, არამედ, პირველ ყოვლისა, სურვილი, რომ თანამედროვე მორწმუნეს ხელთ ჰქონდეს საუკუნეების მანძილზე აქტუალური და შთამაგონებელი სულიერი სახელმძღვანელო. და კიდევ: არცთუ უკანასკნელი მოტივი, რის გამოც ხელახლა ვბეჭდავთ წიგნს, რომელსაც ეწოდება De imitatione Christi, არის პატივის მიგება მისი ქართულად მთარგმნელის, მამა ა. მღებრიშვილისა და მისი სახით ყველა იმ სასულიერო პირთა ხსოვნის მიმართ, რომლებიც XIX-XX საუკუნეების მანძილზე უანგაროდ ემსახურებოდნენ ღმერთსა და ერს. ეს თარგმანი, გარდა ყველაფრისა, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა შორის იმ დროს არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის ერთი მეტყველი ნიმუშია: ქართველი კათოლიკე მღვდლის თარგმანს რედაქტირებას უწევს ქართველი მწერალი ნ. ლომოური.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს იმ ანონიმ მთარგმნელთა ღვაწლიც, რომელთაც არანაკლები შრომა გაუწევიათ და ბევრად უფრო ადრე უთარგმნიათ ეს წიგნი ქართულად; ამ თარგმანთა ულამაზეს ხელნაწერებს ჩვენამდე მოუღწევია. დღეს იქნება თუ ხვალ, მათი წიგნად გამოქვეყნებაც გვეიმედება...
მღებრიშვილისეული თარგმანი ამ ხელახალ გამოცემაში უცვლელადაა დაცული; გასწორდა მხოლოდ აშკარა სტამბური შეცდომები; შევცვალეთ სასვენი ნიშნები, ისიც ზოგიერთ შემთხვევაში, ხოლო ბიბლიური ტექსტების ციტირებას თანამედროვე სახე მივეცით.
ხელახალი გამოცემის რედაქტორი
![]() |
2 ანონიმური თარგმანის ხელნაწერის გვერდი. |
▲ზევით დაბრუნება |
,,ქრისტესთან შედგომასა ზედა“
De imitatione Christi-ს ერთ-ერთი ადრეული
DE IMITATIONE
CHRISTI
LIBRI QUATUOR.
მიბაძვა ქრისტესი
თხზულება
თომა კემფელისა
ოთხ წიგნად
ნათარგმნი ლათინურიდამ
პ. ა. მღებრიშვილისაგან
გორი
ა. კალანდაძის და ი. ყანჩაველის სტამბა
1890
![]() |
3 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ეს სახელგანთქმული თხუზულება: „მიბაძვა ქრისტესი“ ამჟამად პირველად დაიბეჭდა ქართულს ენაზედ. მართალია, ზოგიერთა პატივცემულ და შრომის-მოყვარე პირთა წინათაც უცდიათ ამ წიგნის გადმოღება ქართულად, მაგრამ რადგანაც მათს შრომაში, სამწუხაროდ, ბევრი იმისთანა ნაკლულევანებანი მოიპოებიან, რომელნიც არა მცირედს ღირსებას უკარგვენ მოხსენებულს თხზულებას, ამის გამო მეც კვალად განვიზრახე თარგმნა მისი. ამ ნაირად ჩვენს სამშობლო ენაზედაც გვექმნება ის წიგნი, რომელიც ევროპიულ, ამერიკულ და თითქმის ყველა აზიურს ენაზედ არის ნათარგმნი.
ამ წიგნის ავტორი არის დიდებული თომა კემფელი, რომელიც სცხოვრებდა მეთხუთმეტე საუკუნეში. თომა კემფელი დაიბადა 1380 წელსა, სოფელს კემპში; მშობელნი მისნი ღარიბი გლეხი-კაცები იყვნენ და ამის გამო საკუთარის ხარჯით მათ არ შეეძლოთ აღეზარდათ თავიანთი ნიჭიერი შვილი. ამიტომ იგი მისცეს ერთს სასწავლებელში, სადაც ღარიბ ბავშებს, საზოგადოების ხარჯზედ ზდიდნენ. როდესაც მაღალ ნიჭიერმა თომამ ამ სკოლაში სწავლა დაამთავრა, იგი გახდა წევრად, განგებითა ღვთისა, ერთ იმ მეცნიერთა საზოგადოებისა, რომელსაც მაშინდელი განათლებული და გულ-მხურვალე ბერები შეადგენდნენ. აქ მიიღო ბერობა და იწყო თვისი წმიდა და დიდად სასარგებლო მოღვაწეობა. მომეტებულად მწერლობას აქცევდა იგი ყურადღებას და ამ ასპარეზზედ მან გამოიჩინა გასაოცარი ნიჭი, ცოდნა და შეგნება საღმრთო წერილისა. მან დასწერა ასზედ მეტი სხვა და სხვა თხუზულებანი, რომელთა შორის ყველაზედ წარჩინებული და დიდებულია: „მიბაძვა ქრისტესი“. ერთი ის გარემოება, რომ ეს წიგნი დღეს მთლად დედამიწის ზურგზედ მოფენილია, ცხადად აჩვენებს მის ღირსების სივრცე-სიდიდეს. ჰკითხულობთ ამ წიგნს და მის სიმშვენიერით აღტაცებულმა აღარ იცით რას მიაქციოთ უმთავრესი ყურადღება - აზრთა სიღრმე-სიუხვეს, თუ მაღალ გრძნობათა სიტკბოებას, პოეზიის დიდებულებას, თუ ენის სინარნარეს...! გულ გახსნით ვაღვიარებ ჩემს სისუსტეს: კარგად ვიცი, რომ ეს დიდებული წიგნი უფრო მეტად მომზადებულის და ნიჭიერის მთარგმნელის ღირსი იყო. გული მეწოდა, როდესაც ვხედავდი, რომ მთლად დედამიწის ზურგზე თითქმის აღარ არის იმისთანა ქრისტიანთ ერი, რომელსაც თავის სამშობლო ენაზედ არ ჰქონდეს მოხსენებული თხუზულება. იმათაც-კი, რომელნიც ქრისტეს მცნებით განათლებულან ახლოს ხანებში, უკვე ორი და სამი თარგმანი ამ წიგნისა შეუძენიათ, და ჩვენ-კი, ძველის დროიდგანვე ქრისტესთვის ტანჯულთ და წამებულთა, ვერ შევიძელით ჩვენის ღვთის მეტყველურის ლიტერატურის გამდიდრება ამ წიგნის მიმატებითა; ამ გარემოებამ გამაბედვინა შევსდგომოდი თარგმანსა. ყველაფერი ნელნელა და ცოტცოტაობით იწყობა... ჩემზედ წინადაც ბევრს უცდიათ ამ წიგნის თარგმნა... დღეს მეც ვცადე და ამით საქმემ, ცოტად თუ ბევრად, წინ წაიწია. იქმნება, ღმერთმა ინებოს და ჩემს შემდეგ გამოჩნდეს უფრო ღირსეული მთარგმნელი ამ წიგნისა და შეამსოს ის ნაკლი, რომელიც მე თავიდგან ვერ ავიცდინე. მხოლოდ იმას კი ვიტყვი, რომ არაფერი ცდა არ დამიზოგავს: რაც-კი ღონე მქონდა, ყველაფერი მოვიხმარე მოხსენებულის შრომის ხეირიანად დამთავრებისათვის. „ქრისტეს მიბაძვის“ თარგმნა დავიწყე 1883 წელს ლათინურიდამ, გათავების შემდეგ წავიკითხე, მაგრამ ვერ მომეწონა... ამიტომ ხელახლად დავიწყე თარგმნა: რადგან დედანში ზოგიერთი აზრები მეტად ღრმად არიან გამოთქმულნი, მათს გაგებას დიდი მეცადინეობა და ფიქრი უნდა, ამიტომ აქ მოვიშველე ორი ფრანგული თარგნამიც... ვადარებდი ამ სამს წიგნს ერთმანერთს, ვიკვლევდი სიმა რთლეს და ამ ნაირად დიდის სიფრთხილით გადმომქონდა დედნის შინაარსი ქართულად. ამათი შემწეობით საქმე უფრო მარჯვედ წავიდა. 1885 წელში გავათავე ეს მეორედ ნათარგმნი; მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, რადგან ქართული, ჩემი სამშობლო ენა, ხეირიანად არ ვიცოდი, ვინაიდგან სიყმაწვილიდამ მოკიდებული უცხო ქვეყანაში ავიზარდე, ამიტომ ეს ენის უცოდინარობა თარგმანს ძალიან დაეტყო; ვიგრძნე რა ეს, მივჰყე ხელი ქართულის ლიტერატურის შესწავლას, რამაც მალე დიდი შემწეობა გამიწია: უფრო კარგად მომზადებულმა მესამეჯერ დავიწყე თარგმნა. ამ დროს შევიტყე, რომ ,,ქრისტეს მიბაძვის“ ორი რუსული თარგმანიც იყო. მოვიხმარე ეს წიგნებიც, რომელთაც კარგა შესამჩნევათ გამიადვილეს ჩემი შრომა. გავათავე მესამედ, მაგრამ მაინც კიდევ დიდს განსხვავებას ვხედავდი დედანსა და ჩემს ნათარგმნს შუა. მოხსენებულ 1885 წლიდამ 1888 წლამდე კიდევ სამჯერ გადმოვიღე... უკანასკვნელი თარგმანი კარგად მეჩვენა, მაგრამ მაინც ჩემს თავს ვერ დავემყარე და ამიტომ განვიზრახე მეჩვენებინა რომელიმე ქართულის ენის მცოდნესათვის ჩემი შრომა. ვაჩვენე კიდეც მრავალს პირებს. სწორედ ამ დროს გავიცანი ბ. ნიკო ლომოური, რომელსაც ვაჩვენე ეს ჩემი შრომა და გავუცხადე ჩემი განზრახვა. ბ. ლომოურმა სიამოვნებით აღმითქვა თვისი შემწეობა. ამ დროიდამ მოკიდებული მთელი ორი წელიწადი ორთავემ ერთად ვიწყეთ ამ თხზულების კითხვა-სწორება. ჯერ გადვიკითხეთ და შევასწორეთ პირველი ორი წიგნი; შემდეგ ეს ორი უკანასკნელი წიგნიცა... ამ გვარის ძმურის დახმარებისათვის გულითადს მადლობას ვუძღვნი ბატ. ლომოურს.
მთარგმნელი
![]() |
4 წიგნი პირველი - სასარგებლო დარიგებანი სულიერი ცხოვრებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 თავი I - ქრისტეს მიბაძვაზედ, და მასზედ, თუ ვითარ უნდა მოვიძულოთ სოფლის ყოველივე ამაოებანი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. „რომელიც შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქვნდეს ნათელი ცხოვრებისა“ (იოან. 8, 12), იტყვის უფალი. ესენი არიან ქრისტეს სიტყვები, რომლებითაც გვირჩევს იგი, რომ ცხოვრებასა და ზნესა მისსა მივებაძოთ, უკეთუ გვნებავს ვიქმნეთ ჭეშმარიტად განათლებულნი და ყოველი სიბნელისაგან გულისა თავისუფალნი. მაშ, უმთავრესი მეცადინეობა ჩვენი უნდა იყვეს მიქცეული მასზედ, რომ მარადის ქრისტე იესოს ცხოვრებაზედ ვფიქრობდეთ.
2. მოძღვარება ქრისტესი უაღრეს-არს ყველა წმიდანების მოძღვარებაზედ; და იგი, რომელსაც ექმნება ჭეშმარიტი სული ქრისტესი, დაფარულს მანანასა ჰპოვებს მას შინა. მაგრამ მოხდება ხოლმე, რომ მრავალნი თუმცა ხშირად ისმენენ სახარებასა, ხოლო მცირედ აღიძვრიან მისგან, რადგან არა აქვსთ მათ სული ქრისტესი. რომელსა ჰნებავს სრულიად გულისხმა-ჰყოს სიტყვანი ქრისტესი, და შთაჰხვდეს მათ, მისთვის საჭიროა მთელი ცხოვრება თვისი ცხოვრებასა მისსა მიამსგავსოს.
3. რას გარგებს შენ, უკეთუ ბრძნულად ბჭობდე სამებაზედ, ხოლო არა გქონდეს სიმდაბლე, ურომლისოდაც ვერ სათნო ეყოფვი სამებასა? ჭეშმარიტად, მაღალი სიტყვები ვერ ჰყოფენ კაცსა წმიდად და მართლად, არამედ სათნოებიანი ცხოვრება შეიქმს მას საყვარლად ღვთისა. ის უფრო მირჩევნია, რომ ვგრძნობდე გულის შემუსვრას, ვიდრე რომ ვიცოდე განმარტება მისი. ზეპირად რომ იცოდე მთელი დაბადება და ყოველი თქმულებანი ფილოსოფოსთა, რას გარგებენ შენ იგინი, უკეთუ არა გაქვს სიყვარული ღვთისა და მადლი მისი? „ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო არს“ (ეკკლ. 1, 2), თვინიერ სიყვარულისა ღვთისა და მხოლოდ მის წინაშე მსახურებისა. უაღრესი სიბრძნე მასშია, რომ მოიძულოს კაცმა სოფელი ესე და მიისწრაფიდეს ზეციურისა სამეუფოისაკენ.
4. მაშ, ამაო არს ძიება წარმავალისა სიმდიდრისა და სასოების დამყარება მასზედ. ამაო არს კვალად ძიება პატივისა და მაღალის ხარისხისა. ამაო არს შედგომა ხორციელთა წადილთა და ნდომა იმისთანა რისამე, რომლისათვისაც შემდგომში ფიცხელად უნდა დავისაჯნოთ. ამაო არს, რომ კაცი დღეგრძელობას ნატრობდეს და სათნოიან ცხოვრებაზედ კი არა ზრუნავდეს. ამაო არს ზრუნვა მხოლოდ აწმყო ცხოვრებაზედ და უყურადღებოდ დატოვება მომავალისა. ამაო არს შეყვარება მსწრაფლ წარმავალისა, და არ მისწრაფება იქით, სადაც არს სიხარული საუკუნო.
5. ხშირად მოიგონებდე ამ სიტყვებს: „ვერ გაძღება თვალი ცქერითა და არცა ყური აღივსება სმენითა“ (ეკკლ. 1, 8). მაშ ეცადე მოაშორო შენი გული ყოველსავე ხილულსა, და მიაქციო იგი უხილავთაკენ. ვინაიდგან, რომელნიც მიჰყვებიან გრძნობათა, იგინი გააბიწიერებან სინიდისსა თვისსა და ჰკარგვენ მადლსა ღვთისასა.
![]() |
4.2 თავი II - თავმდაბლობაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ყოველს კაცს ბუნებით აქვს სურვილი ცოდნის შეძენისა, მაგრამ რას არგებს მას ეს ცოდნა, თუ მასთანვე არ ექმნება შიში ღვთისა? უბრალო გლეხი კაცი, რომელიც ღმერთს მსახურებს გულწრფელად, ჭეშმარიტად, უმჯობესია ამპარტავან ფილოსოფოსზედ, რომელიც თავის თავზედ კი არ ზრუნავს, არამედ სცდილობს გამოიკვლიოს ციურ მნათობთა სვლანი. იგი, რომელიც ჭეშმარიტად სცნობს თავის თავსა, შეურაცხ-ჰყოფს მას და ქება მისთვის სასიამოვნო როდიღა იქმნება. რომ ვიცოდე ყოველივე ის, რაც-კი ამ ქვეყნიერობაზედ არის და სიყვარული-კი არა მქონდეს, რას გამომადგება ეს წინაშე ღვთისა, რომელმან უნდა მსაჯოს ჩემის საქმეების-დაგვარად?
2. დააცხრე შენში ნამეტანი სურვილი ცოდნის შეძენისა, რამთუ მასში მოიპოებიან მრავალნი ცთომილებანი და გაბნეულება გონებისა. მეცნიერთა ჰნებავსთ მიჩნეულ-იყვნენ და იწოდებოდნენ სხვათაგან ბრძნებად. ხოლო ბევრი რამ არის იმისთანა, რომლის ცოდნა მცირე რამეს, ანუ სრულიად არაფერს არ არგებს სულსა; ამისთვის ფრიად უგუნურია იგი, რომელიც გარდა სულის ცხოვნებისა ეძიებს სხვა რაიმეს. მრავალ მეტყველება ვერ გააძღობს სულსა; უმანკო ცხოვრება-კი აღავსებს მას სიხარულითა, და უბიწო სინიდისი მიანიჭებს დიდს სასოებას ღმერთზედ.
3. რავდენათაც უფრო ბევრი და უფრო კარგად იცი, იმდენად უფრო ფიცხელად იქმნები განსჯილი, უკეთუ სიწმინდით არ იცხოვრებ. ნუ გაამპარტავანდები, რაც უნდა დიდი მეცნიერი და გამოცდილი იყვე, არამედ გეშინოდეს შენის ცოდნის-დაგვარად. უკეთუ გგონია, რომ შენ ბევრი რამ იცი, კარგად და საფუძვლიანად გესმის ყოველივე, მასთანვე იცოდე ისიცა, რომ არიან კვალად მრავალნი რაიმენი და უფრო მეტნიც, რომლებიც შენ არ იცი. თავი დიდ რამედ ნუ მოგაქვს, არამედ მარადის გახსოვდეს უმეცრება შენი. რისთვის უნდა რაცხვიდე შენს თავსა სხვებზედ უკეთესად, როდესაც მრავალნი არიან შენზედ მეცნიერნი, და შენზედ უფრო ნათლად ესმისთ სჯული ღვთისა. უკეთუ გნებავს შეისწავლო და იცოდე რაიმე ჭეშმარიტად სასარგებლო, ეცადე, რომ არავინ გიცნობდეს და არაფრად გრაცხვიდენ შენ.
4. ის არის უმაღლესი სწავლა და ფრიად სასარგებლო გაკვეთილი, რომ კარგად იცნას კაცმა თვისი თავი და შეიძულოს იგი. იგი არის დიდი ბრძენი და ყოვლისფრით სრული, რომელიც თავის თავს არაფრად რაცხავს და სხვებს-კი დიდს პატივსა სცემს. უკეთუ ნახო ვინმე ცხადად შემცოდე, ანუ მომქმედი დიდის დანაშაულობისა, შენ მაინც არ უნდა შერაცხო თავი შენი მასზედ უკეთესად, რადგან არ იცი, რაოდენს ხანს დარჩები მაგ წმიდა ცხოვრებაში. ჩვენ ყოველნი უძლურნი ვართ, მაგრამ ნურასოდეს ნუ იფიქრებ, რომ შენზედ უფრო უძლური სხვა იყვეს ვინმე.
![]() |
4.3 თავი III - ჭეშმარიტების მოძღვრებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ნეტავი იმას, რომელსაც თვით ჭეშმარიტებამ ასწავოს, არა გამოხატულებისა და წარმავალი სიტყვების საშვალებით, არამედ პირდაპირ თავით თვისით. ჩვენი შეხედულება და გრძნობა ხშირად გვაცდუნებენ და მცირესა ჰხედვენ. რას გამოგვადგება ჩვენ დიდის გულსმოდგინებით გამოკვლევა ღრმათა და დაფარულთა რაიმეთა, რომელთა უცოდინარობა არ დაგვეყვედრება დღესა მას განკითხვისასა? დიდი უგუნურებაა, როდესაც არ ვზრუნავთ საჭირო და სასარგებლო საგანთა ცოდნისათვის და გულს-ვმოდგინევობთ იმ რაიმეთათვის, რომელნიც აღძვრენ ჩვენში ამაო ცნობის მოყვარეობას და მავნებელნი არიან ჩვენთვის, თვალნი გვაქვს და ვერ ვხედავთ.
2. და რას გამოგვადგება ჩვენ მსჯელობა ზოგადსა და კერძოობაზედ? რომელსაც დაუსაბამო სიტყვა ელაპარაკება, იგი თავისუფალია მრავალგვარ უსაფუძვლო აზრებისაგან. მხოლოდი სიტყვისაგან წარმოსდგება ყოველივე და ყოველივე მას მხოლოზედ ლაპარაკობს, და ეს არის „დასაბამი, რომელიც გველაპარაკება ჩვენ“ (იოან. 8, 25). უამისოდ არავის შეუძლიან გულის-ხმა-ჰყოს, ანუ სიმართლით განსაჯოს რაიმე. ვისთვისაც ყოველივე მხოლოდია, ვინც ყოველსავე მიაწერს მხოლოდსა, და ყოველსავე ხედავს მხოლოსა მასში, მას შეუძლია მოიპოვოს სიმტკიცე გულისა, და მშვიდობით დაემკვიდროს ღვთისათანა. ჰოი ღმერთო-ჭეშმარიტებავ! ჰყავ, რათა ვიქმნე მე შეერთებული შენთანა სამარადისო სიყვარულითა. ხშირად ვბეზრდები ბევრის კითხვისა და სმენისაგან. შენში არის ყოველივე, რაიცა მსურს და მენატრება. დასდუმდნენ ყოველნი მოძღვარნი და ყოველნი გაჩენილნი წინაშე შენსა; არამედ მხოლოდ შენ უბნობდე ჩემთან.
3. რავდენათაც უფრო შემოკრებული აქვს კაცს თვისი აზრები და უზაკველია გულითა, იმდენად უფრო ადვილად შთახვდება მაღალთა რაიმეთა, ვინაიდგან ზეციდგან მიიღებს იგი გულის-ხმიერების ნათელსა. სული უბიწო, უზაკველი და მტკიცე არასოდეს არ გაიბნევა მრავალ საქმეებისა-გამო, ვინაიდგან ყოველსა იქმს იგი დიდებისათვის ღვთისა, და ცდილობს გაინთავისუფლოს თვისი თავი ყოველნაირ საპირადო ძიებისაგან. იმისთანა რა გაბრკოლებს და გაწუხებს შენ, როგორათაც დაუმორჩილებელი გულის-თქმა შენი? კეთილის-მყოფელი და ღვთის მოშიში კაცი პირველად თავის თავში განაგებს ყოველსავე მას, რისაც საქმით გაკეთება სურს. ეს საქმეები ვერ მიაქცევენ მას ბოროტ წადიერებათაკენ. არამედ იგი აწარმოებს მათ კეთილ-გონიერების თანახმად. ვინ იბრძვის იმ კაცზედ ფიცხელად, რომელიც ცდილობს თვისი თავის ძლევასა? პირველი ჩვენი მეცადინეობა უნდა მიქცეული იყვეს მასზედ, რათა ვსძლიოთ თავსა ჩვენსა და ყოველ დღე უმეტეს განვმტკიცდებოდეთ და წარვემატებოდეთ კეთილში.
4. ამა ქვეყნიურს ყოველნაირს სისრულეს თანა სდევს რაიმე ნაკლულევანება, და თვით ნათელიც ჩვენის სიბრძნისა, ცოტად თუ ბევრად მოცულია წყვდიადითა. სიმდაბლით ცნობა ჩვენის თავისა უფრო შეუცთომელი, ღვთისაკენ მიმავალი, გზა არის, ვიდრე ღრმა ცოდნათა გამოკვლევანი. არ არის გასაკიცხავი მეცნიერება, არცა უბრალო ცოდნა რაიმეთა; ცოდნა ვითარცა ცოდნა კეთილია და დაწესებული არის ღვთისაგან; მაგრამ მაინც უმეტეს ამისა უნდა გვერჩივნოს კეთილი სინიდისი და სათნოებიანი ცხოვრება. მაგრამ, რადგან მრავალნი უფრო ცოდნის შეძენასა ცდილობენ, ვიდრე სათნოიან ცხოვრებასა, ამის-გამო ხშირად სცდებიან და არავითარი, ანუ ფრიად მცირე ნაყოფი მოაქვთ.
5. ახ! უკეთუ ეგოდენი ეშრომათ ბიწიერების ამოსაფხვრელად თავიანთ გულიდამ, და მის ნაცვლად შთაენერგათ მასში სათნოებანი, რაოდენ გულს-მოდგინეობენ საჯიბრო კამათობაში; ჭეშმარიტად, აღარ იქმნებოდა ამოდენი სიბოროტე და საცთურობა ხალხში, და არცაღა ეგოდენი ზნეობითი მოუძლურება მონასტრებში. ჭეშმარიტად, განკითხვის დღეს იმას კი არავინ მოგვთხოვს, თუ რა წაგვიკითხავს, არამედ თუ რა გვიმოქმედია; არცა იმას - თუ ვითარი მჭევრ-მეტყველებით გვილაპარაკნია, არამედ - თუ ვითარი სიწმიდით გვიცხოვრია. ახლა მიპასუხე: სად არიან ის მასწავლებელნი და მოძღვარნი, რომელთაც შენ იცნობდი, ვიდრე ცოცხალნი იყვნენ და მეცნიერებით ჰყვავოდნენ? დღეს სხვებს დაუპყრიათ მათი ადგილი, მაგრამ არ ვიცი-კი ახსოვსთ მათ იგინი, თუ არა. თავიანთი სიცოცხლის დროს იგინიცა რამედ ითვლებოდნენ, მაგრამ დღეს-კი ხსენებაც აღარ არის მათი!
6. ახ, რა უეცრად ჰქრება ამა სოფლიური დიდება! ნეტავი ცხოვრება მათი შესაფერი ყოფილიყო მათის ცოდნისა! მაშინ ყოველი სწავლა და წაკითხული ნაყოფიერი იქმნებოდა მათთვის. ვინ მოსთვლის, რავდენნი იღუპებიან ამ სოფლად ამაო მეცნიერებით, რომელიც აუძლურებს მათში სურვილს ღვთის მსახურებისას! რადგან დიდი სახელის შეძენას უფრო რჩეულობენ, ვიდრე თავმდაბლობას, ამისგამო განქარდებიან იგინი გულის-თქმათა შინა თვისთა. იგი არის ჭეშმარიტად დიდი, რომელსაც აქვს დიდი სიყვარული. იგი არის ჭეშმარიტად დიდი, რომელიც სცნობს თვის თავსა უმცირესად და არა რად მიაჩნია დიდება და პატივი. იგი არის ჭეშმარიტად ბრძენი, რომელიც შერაცხს ნაგვად ამქვეყნიურ დიდებათა, მისთვის, რათა ქრისტე შეიძინოს (ფილიპ. 3, 8). იგი არის ჭეშმარიტად განსწავლული, რომელიც ჰყოფს ნებასა ღვთისასა და უარ ჰყოფს ნებასა თვისსა.
![]() |
4.4 თავი IV - მასზედ, თუ ვითარის მოფიქრებით უნდა იქცეოდეს ადამიანი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. არ უნდა ვერწმუნებოდეთ ყოველსავე, რასაც გავიგონებთ, ანუ რაც ფიქრად მოგვივა, არამედ ყველაფერი უნდა განვსაჯოთ სიფრთხილით და მოთმინებით ღვთის სურვილის-დაგვარად. საუბედუროდ, ხშირად უფრო გვეადვილება ბოროტის რწმენა და თქმა სხვების შესახებ, ვიდრე სიკეთისა; ესრედ უძლურ ვართ ჩვენ! არამედ ყოვლისფრით სრული ადამიანები ადვილად როდი ირწმუნებენ ყოველს გაგონილს ამბებს: ვინაიდგან იციან სისუსტე კაცისა, რომელიც მარად მიდრეკილია ბოროტებისკენ, და ადვილად შემცოდე სიტყვითა.
2. დიდი სიბრძნეა, როდესაც კაცი არ არის აჩქარებული თავის მოქმედებაში, არცა დაჟინებული თავის აზრებში. ამგვარივე სიბრძნეა კვალად, როდესაც კაცი არ ერწმუნება ყოველს გაგონილს სიტყვებს და არცა ჩქარობს გარდასცეს სხვათა ყოველივე იგი, რაც გაუგონია და დაუჯერებია. ბრძენსა და კეთილ სინდისიან კაცსა რჩევა შეჰკითხე და უფრო მისდიე შენზედ უკეთესის დარიგებასა, ვიდრე საკუთარი ჭკუის ზრახვასა. კეთილის ცხოვრებით კაცი შეიქმნება ბრძენი ღვთის დაგვარად და გამოცდილი მრავალ ნაირად. რავდენათაც კაცი უფრო თავმდაბალი და მორჩილი იქმნება წინაშე ღვთისა, იმდენად უფრო მეტი სიბრძნე და მშვიდობა ექმნება მას ყოველს საქმეში.
![]() |
4.5 თავი V - საღმრთო წერილის კითხვაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. საღმრთო წერილში უნდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას და არა მჭევრ-მეტყველებას. ის აზრი უნდა ამოვიკითხოთ საღმრთო წერილში, რომლითაც იგი არის დაწერილი. უფრო სარგებლობა უნდა ვეძიოთ მასში, ვიდრე სინარნარე ლექსთა. მდაბიოდ დაწერილი სასულიერო წიგნებიც იმგვარის კმაყოფილებით უნდა აღმოვიკითხოთ, როგორათაც მაღალის ხელოვნებით შედგენილნი და ღრმა აზრებით სავსე თხზულებანი. ნუ მიხედავ შენ დამწერის სახელის ღირსეულებას, ნურცა მის დიდსა ანუ მცირესა სწავლასა; არამედ მხოლოდ სიყვარულმან ჭეშმარიტებისამან მიგიზიდოს შენ მის საკითხავად. ნუ ეძიებ ვისგან არის თქმული; არამედ შეისმინე რაიცა არის თქმული.
2. ადამიანებს ბოლო ეღებათ, ხოლო ,,ჭეშმარიტება უფლისა ჰგიებს უკუნისამდე“ (ფს. 116, 2). მრავალ გვარად და პირ უთვნელად ლაპარაკობს ღმერთი ჩვენთან. საღმრთო წერილის კითხვის დროს ხშირად ვნებას გვაძლევს ჩვენ ცნობის მოყვარეობა: ჩვენ გვსურს დაწვრილებით გამოვიკვლიოთ და შევიტყოთ ის, რასაც მხოლოდ თვალი უნდა გადავავლოთ. უკეთუ გსურს ჰპოვო სარგებლობა, აღმოიკითხე სიმდაბლით, გულწრფელობით, სარწმუნოებით და ნურასოდეს ნუ ეძიებ მოიპოვო სახელი მეცნიერისა. გამოიკითხე წმიდათა კაცთაგან გულს-მოდგინებით და ისმინე მათგან პასუხი დუმილით. ნუ გაჰკიცხავ თქმულთა იგავთა მოხუცებულთაგან, რამეთუ იგინი უმიზეზოდ არ არიან თქმულნი.
![]() |
4.6 თავი VI - ურიგო სურვილების შესახებ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. როდესაც მოისურვებს კაცი რაიმეს უწესოდ, მსწრაფლ შეიქმნება მოუსვენარი.ამპარტავანი და ვერცხლის მოყვარე ვერასოდეს ვერ განისვენებენ. გლახაკი და მდაბალი სულითა სცხოვრებენ დიდს მყუდროებაში. რომელსაც ჯერ კიდევ არა სრულიად მოუკვდენია თავი თვისი, ადვილად განიცდება და იძლევა თვით მსუბუქთა და მდაბალთა რაიმეთაგანაც. რომელიც უძლურია სულითა და ჯერ კიდევ ხორციელი ბუნებით, და საგრძნობიერო რაიმეთა ზედა მიდრეკილ, მისთვის ფრიად სამძიმო არის სრულიად განეშოროს ამა სოფლიურ წადიერებათა. ამისგამოა, რომ ხშირად მოიწყენს, როდესაც განშორდება მათ, და ადვილად ეწყინება, თუ რაიმე წინააღმდეგობა შეემთხვა.
2. და უკეთუ შეუდგება იგი თავის წადიერებათა, მაშინათვე სინიდისი წინააღუდგება და ჰყვედრის მას, რამეთუ მიჰყვა იგი გულისთქმათა თვისთა და ვერ ჰპოვა მისგან განსვენება, რომელსაც ეძიებდა. ჭეშმარიტი სიმშვიდე გულისა მოიპოება ვნებათა წინააღმდეგ ბრძოლითა და არა მათდა მსახურებითა. ამისთვის კაცსა ხორ ციელსა არა აქვს მშვიდობა გულისა, არცა იმას, რომელიც შესდგომია გარეშე რაიმეთა; არამედ იმას, რომელიც გულმხურვალე და სულიერია.
![]() |
4.7 თავი VII - მასზედ, თუ ვითარ უნდა ერიდებოდეს ადამიანი ამპარტავანებას და ამაო სასოებასა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ამაოებაა, რომელიც თვის სასოებას დაამყარებს კაცზედ ანუ სხვა რაიმე გაჩენილზედ. სირცხვილად ნუ მიიჩნევ, რომ იესო ქრისტეს სიყვარულისათვის სხვას ემსახურებოდე და გლახაკად გამოჩნდე ამ ქვეყანაზედ. ნუ მიენდობი შენს თავსა, არამედ სასოება შენი დაამყარე ღმერთზედ. ეცადე რავდენათაც-კი შეგიძლია, ჰყო კეთილი და ღმერთი იქმნება შემწე შენის კეთილის ნებისა. ნუ მიენდობი შენს ცოდნას, ნურცა სხვების გამოცდილებას, არამედ სასოება შენი იყვეს დამყარებული ღვთის მადლზედ, რომელიც შეეწევა მდაბალთა და დასცემს ამპარტავანთა.
2. ნუ იქადი შენის სიმდიდრითა, უკეთუ შეგიკრეფია შენ იგი; ნურცა ძლიერის მეგობრებითა; არამედ სასიქადულო შენი იყვეს ღმერთი, რომელი გვანიჭებს ყოველსავე, და გარდა ამა ყოველთა, ჰნებავს თვით თავი თვისიც მოგვცეს ჩვენ. ნუ გაამპარტავანდები შენის ტანადობითა, ნურცა სიმშვენიერითა, მცირედი სნეულება შესცვლის და დაამახინჯებს მას. ნუ მოგწონს თავი იმითი, რომ მოხერხებული და ნიჭიერი ხარ, რომ ამითი არ განარისხო ღმერთი, რომელსაც მოუნიჭებია ყოველივე, რაც-კი შენში კეთილია.
3. შენს თავს სხვებზედ უკეთესად ნუ ჩარაცხავ, ვაი თუ ყველაზე უსაძაგლეს გამოჩნდე წინაშე ღვთისა, რომელმაც უწყის ყოველივე, რაც-კი ადამიანის გულშია. ნუ გაამპარტავანდები შენის კეთილი მოქმედებითა, ვინაიდან დიდი განსხვავებაა ღვთისა და ადამიანის მსჯავრთა შორის: ხშირად რაც მოსწონთ კაცთა, სძულს ღმერთსა. უკეთუ რაიმე კეთილ თვისებათა ხედავდე შენში, - სიმდაბლის დაცვა თუ გინდა, - გახსოვდეს, რომ სხვათა შენზედ უმეტესი აქვსთ იგინი. ის-კი არ გავნებს შენ, რომ ყველაზე უკანასკნელად ჩარაცხო თავი შენი, არამედ დიდი მავნებელი ის იქმნება, უკეთუ ერთს ვისმეზედაც მაღლად დააყენო შენი თავი. თავმდაბალი მარადის მყუდროებაშია; ხოლო ამპარტავანის გულში ხშირად შური და მრისხანებაა.
![]() |
4.8 თავი VIII - მასზედ, თუ ვითარ უნდა ერიდებოდეს ადამიანი მეტისმეტ დაახლოვებას ხალხთან. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ,,ყოველს კაცს ნუ განუცხადებ შენს გულის პასუხსა“ (ზირ. 8, 22), არამედ მხოლოდ ბრძენთა და ღვთის მოშიშ კაცთა დაეკითხე შენს საქმეზედ. ხშირად ნუ იქმნები ახალგაზდებთან და ერის-კაცებთან. მდიდრებს ნუ მიეფერები, და დიდკაცებთან ყოფნას ერიდე. მდაბალთა, მშვიდთა, ღვთის მოშიშთა და კეთილ-ზნეობიან კაცთა დაუახლოვდი, და სულისათვის სასარგებლო საგნებზედ იმუსაიფე მათთან. ნურც ერთს დედაკაცს ნუ დაუახლოვდები, არამედ საერთოდ ყოველნი კეთილნი დედანი შეავედრე ღმერთსა. ნატრობდე დაახლოვებას მხოლოდ ღმერთთან და ანგელოზებთან; ხოლო კაცთაგან გაცნობას ერიდე.
2. ყველანი უნდა გვიყვარდნენ; მაგრამ ყველასთან დაშინაურება-კი არ ვარგა. ხშირად მოხდება ხოლმე, რომ კაცი, რომელიც თავის კეთილის სახელით არის განთქმული გაცნობამდისინ, სრულიად ჰკარგავს თვის ღირსებათა ჩვენს თვალში, როდესაც დაახლოვებით გავიცნობთ მას. ზოგჯერ გვგონია, რომ ჩვენის დაახლოვებით ვასიამოვნებთ სხვებს, მაგრამ კიდეც მაშინ ვხდებით არა სასიამოვნონი, რადგან ამით სრულიად გავაცნობთ მათ ჩვენს უზნეობასა.
![]() |
4.9 თავი IX - მორჩილებასა და ქვეშევრდომობაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. უმჯობესია, რომ სხვებს ვემორჩილებოდეთ და უფროსის ხელ-ქვეით ვსცხოვრებდეთ, ვიდრე თავისუფალნი ვიყვნეთ. ისა სჯობს, ჩვენ სხვებს ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ბრძანებელ ვიყვნეთ სხვებისა. მრავალნი მორჩილებაში არიან უფრო დაჭირების გამო, ვიდრე სიყვარულისა; ამისთვის იგინი ხშირად სწუხან და დრტვინვენ; ვერასოდეს ვერ მოიპოვებენ იგინი სულის თავისუფლებას, უკეთუ ყოვლის გულით არ დაემორჩილებიან თავიანთ უმფროსებს სიყვარულისათვის ღვთისა. ირბინე სადაც გინდა; ვერსად ვერ ჰპოვებ შენ განსვენებასა, უკეთუ სიმდაბლით არ დაემორჩილები წინამძღვრის კანონთა. მრავალნი ჰგონებდენ გაუმჯობესობასა თავიანთი მდგომარეობისას გამოცვლით ადგილისა, მაგრამ მოსტყუვდნენ.
2. ჭეშმარიტად, ყოველს კაცს უყვარს, რომ თვისი სურვილისა მებრ იმოქმედოს, და უფრო მათკენ მისწევს გული, რომელნიც მისი აზრისანი არიან, არამედ უკეთუ ღმერთი იმყოფება ჩვენს შორის, საჭიროა, რომ უარვჰყოთ ზოგჯერ ჩვენი საკუთარი ნებაც კეთილმშვიდობისათვის. ვინ არის მისთანა ბრძენი, რომელმან ყოველივე სისრულით იცოდეს? მაშ დიდათ ნუ მიენდობი შენს საკუთარ ჭკუას, არამედ სიამოვნებით ისმინე სხვათა მსჯელობაც. უკეთუ საფუძვლიანია შენი აზრი, მაგრამ დასტოვებ მას სიყვარულისათვის ღვთისა, და სხვების აზრს მიჰყვები, ამით უფრო მეტს ისარგებლებ.
3. მე ხშირად გამიგონია, რომ უფრო უსაშიშროა სხვათაგან რჩევის მიღება, ვიდრე მიცემა. ზოგჯერ მოხდება, რომ აზრი ერთისა და მეორისაც საფუძვლიანია, მაგრამ, უკეთუ არ დაეთანხმები სხვებსა, როდესაც ამას თხოულობს საქმე, ანუ გონიერება, ეს არის ნიშანი ამპარტავანებისა და კერპობისა.
![]() |
4.10 თავი X - მასზედ, თუ ვითარ უნდა ერიდებოდეს ადამიანი მომეტებულს ლაპარაკსა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მოერიდე რავდენათაც შესაძლო იყვეს კაცთა ყაყანსა, რამეთუ საქვეყნიერო საქმეებზედ ლაპარაკი დიდად დაგვიშლის, რაგინდ გულის სიმშვიდითაც იყვეს იგი მოხდენილი ამიტომ, რომ ადვილად შევიბილწვით და დავტყვევდებით ამაოებითა. ნეტავი მრავალჯერ მდუმარება დამეცვა და კაცთა საზოგადოებაში არ გავრეულვიყავი! მაგრამ, რად გვიყვარს ამდენი ლაპარაკი და ესრედ ხშირად მუსაიფი, როდესაც იშვიათად ისე გავათავებთ ბაასს, რომ არ დავიმძიმოთ სინიდისი? მისთვის გვიყვარს ესრედ ერთმანეთთან მუსაიფი, რომ მით გვინდა ნუგეში ვცეთ ერთმანეთსა და ვცდილობთ სხვა-და-სხვა ზრახვათაგან დაღალულს ჩვენს გულს შვება მივსცეთ. ჩვენ სიამოვნებით ვლაპარაკობთ და ვფიქრობთ იმგვარ საგნებზედ, რომელნიც ძლიერ გვიყვარან და გვენატრებიან, ანუ იმისთანებზედ, რომელნიც ჩვენდა საწინააღმდეგოდ მიგვაჩნია.
2. მაგრამ, ვაი ჩვენ! ხშირად ამაოდ ვნატრულობთ და ტყუილად ვეძებთ: ვინაიდგან ეს გარეგანი ნუგეშინისცემა გვაშორებს ჩვენ შინაგანსა და ღვთიურს ნუგეშინისცემასა. ამიტომ მარად უნდა ვმღვიძარებდეთ და ვლოცულობდეთ, რომ უბრალოდ არ დაგვეკარგოს დრო. თუ საჭიროა ლაპარაკი და დრო ნებას გაძლევს, ილაპარაკე სულისათვის სასარგებლო საგნებზედ. ცუდი ჩვეულება და დაუდევრობა ჩვენი სა|თნოებაში წარმატებისათვის დიდად გვიშლიან შეკავებას ჩვენის ენისას.
მაგრამ, გულმხურვალედ საუბარი სასულიერო საგნებზედ დიდად სასარგებლოა წარმატებისათვის სულისა, უმეტესად იქ, სადაც ერთის აზრით და ერთის სულით დაკავშირებულნი ღვთისათანა, ერთურთს ესაუბრებიან.
![]() |
4.11 თავი XI - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვეძიებდეთ მშვიდობასა და გულს ვმოდგინეობდეთ წარმატებასათვის. |
▲ზევით დაბრუნება |
1. დიდს მშვიდობას შევიძენთ, უკეთუ არ ჩავერევით სხვების სიტყვებსა და საქმეებში, რომელნიც სრულიად ჩვენ არ შეგვეხებიან. განა შეიძლება დიდხანს დაჰყოს მყუდრო ცხოვრებაში იმ კაცმა, რომელიც ერევა სხვების საქმეებში, გართულია გარეშე საგნებში და იშვიათად ზრუნავს თავის თავზედ? ნეტარ არიან წრფელნი გულითა, რამეთუ მათ მოელით დიდი მშვიდობა.
2. რანაირად შეიქმნენ ეგრედ სრულნი ზოგიერთა წმიდანი, და ეგრედ გამჭვრეტელნი ღვთიურთა საქმეთა? ასე, რომ იგინი სცდილობდნენ სრულებით მოეკვდინათ თავიანთ თავში ამა სოფლიურნი წადილნი და მით შეიძლეს სრულის გულით ღმერთთან შეერთება, და ყოვლითურთ თავისუფალთა მხოლოდ თავიანთ სულის ცხოვნებისათვის იშრომეს. მაგრამ ჩვენ მეტის მეტად გართულნი ვართ უწესო ნდომათა შინა და დიდად ვზრუნავთ წარმავალ რამეთათვის. იშვიათია, რომ სრულიად დაგვეძლიოს ერთი რომელიმე ჩვენი ბიწიერებაც კი, და ყოველს ცისმარე დღეს გვეშრომოს წარმატებისათვის; ამიტომაც ვართ ჩვენ ესრედ გულცივნი და უნაღვლელნი.
3. უკეთუ სრულიად მოგვეკვდინა თავი ჩვენი, და შინაგან თავისუფალნი ვყოფილვიყავით, მაშინ შეგვეძლო შთამხვდარვიყავით ღვთიურ რაიმეთა, და გვეცნო სიტკბოება განჭვრეტისა. მაგრამ უმეტესი და უპირველესი დამაბრკოლებელი მიზეზი ამისა ის არის, რომ დატყვევებულნი ვართ ჩვენ ვნებათა და გულისთქმათაგან და არ ვსცდილობთ შევუდგეთ წმიდანების სათნოებიან კვალსა. როდესაც შეგვემთხვევა რაიმე თვით მცირედი უბედურება, მსწრაფლ ვეცემით სულითა და კაცთაგან ვეძიებთ ნუგეშინისცემასა.
4. უკეთუ მხნედ ვყოფილვიყავით ბრძოლაში, როგორადაც ჰშვენის კაცსა ძლიერსა, ჭეშმარიტად ვიხილავდით შეწევნასა ღვთისასა, გარდამოსულს ჩვენზედ ზეციდგან. ვინაიდგან, იგი, რომელიც გვაძლევს ბრძოლის შემთხვევას, - რათა ძლევა შევიმოსოთ, - მარადის მზად არის აღმოგვიჩინოს შემწეობაცა მებრძოლთა და წმიდასა მადლსა ზედა მისთა მსასოებელთა. უკეთუ მხოლოდ გარეშე წესების აღსრულებაში იქმნება ჩვენი ღვთის მსახურებრივი წარმატება, მაშინ მსწრაფლ ბოლო მოეღება ჩვენს გულმხურვალებასაც. მაშ ცული ხის ფესვებს მოუმარჯვოთ, რათა, განწმენდილთა ვნებათაგან, დავიმკვიდროთ სრული მშვიდობა.
5. უკეთუ წელიწადში ერთი ბიწიერება მაინცა აღმოგვეფხვრა ჩვენი გულიდამ, მალე შევიქმნებოდით სრულნი კაცნი. მაგრამ ხშირად წინააღმდეგ ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენის მოქცევის დროს უფრო უკეთესი და უბიწონი ვიყავით, ვიდრე მრავალ წლიური ვარჯიშობის შემდეგ. გულმხურვალება და წარმატება დღითი დღე უფრო უნდა აღორძინებულ იყოს ჩვენში; მაგრამ დღეს ისიც დიდ საქმედ მიაჩნიათ, თუ რომ წინანდელი გულმხურვალების მცირედი ნაწილი მაინც შერჩენია ვისმეს. უკეთუ დასაწყისში მცირედი ძალა დაგვეტანა ჩვენის თავისათვის, მაშინ შემდგომში შეგვეძლო ყოველივე გვექმნა ადვილად და სიამოვნებით.
6. ძნელია დატოვება თვისთა ჩვეულებათა, მაგრამ უფრო უმეტესად ძნელია ქცევა წინააღმდეგ თვისის ნებისა. მაგრამ, უკეთუ მცირე და მსუბუქ რაიმეთათვის ვერ გიძლევია, მაშ როგორ უნდა დასძლიო უდიდესი? დასაწყისშივე წინააღუდეგ შენს ბოროტ მიდრეკილებათა და დასტოვე ცუდნი ჩვეულებანი, თორემ იგინი შეუმჩნევლად მიგიყვანებენ შენ უდიდესს სიძნელესთან. ახ, ნეტავი იცოდე თუ ვითარს მშვიდობას შეიძენ შენთვის, და რაგვარს სიხარულს მოჰფენ სხვებს შენის კეთილის ქცევით; დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ დიდის გულსმოდგინებით იმეცადინებ შენის სულიერის წარმატებისათვის.
![]() |
4.12 თავი XII მასზედ, თუ ვითარ სასარგებლო არიან წინააღმდეგი შემთხვევანი ადამიანისთვის. |
▲ზევით დაბრუნება |
1. სასარგებლოა ჩვენთვის, როდესაც ძნელი და წინააღმდეგი რაიმე შეგვემთხვევა, ვინაიდგან ესენი ხშირად გამოაფხიზლებენ კაცსა და მით სცნობს იგი თავის განდევნილობას, და აღარ დაამყარებს თავის სასოებას ქვეყნიურს რაიმეზედ. მარგებელია ჩვენთვის, როდესაც ვითმენთ წინააღმდეგობას, ანუ ცუდს და უსაფუძვლო აზრს შეადგენენ ჩვენზედ, მაშინაც-კი, როდესაც მოქმედება და განზრახულება ჩვენი კეთილნი არიან; ვინაიდგან ესენი ხშირად ჩვენ სიმდაბლეს შეგვაჩვევენ და ამაო მედიდურობისაგან დაგვიფარვენ. რამეთუ, მაშინ უფრო ვეძიებთ ღმერთს ჩვენს შინაგანს მოწმედ, როდესაც კაცნი ჩვენ შეურაცხგვყოფენ და კეთილს არ მოელიან ჩვენგან.
2. ამისთვის იმგვარად უნდა ჰქონდეს კაცს სასოება თვისი ღმერთზედ დამყარებული, რომ აღარ ესაჭიროებოდეს მას კაცთაგან ნუგეშინისცემა. როდესაც კეთილ-სათნოიანი კაცი შეწუხებული და განცდილია, ანუ ბოროტი ფიქრებით იტანჯება, მაშინ უფრო კარგად სცნობს იგი საჭიროებას ღვთისას, და მიხვდება, რომ უიმისოდ ვერავითარი კეთილის ქმნა მას ვერ შეუძლია. მაშინ სწუხს იგი, ოხრავს და ითხოვს ხსნას უბედურებისა მისგან, რომლითაც იტანჯება იგი. ამ დროს სწყინდება მას განგრძობა თვისი სიცოცხლისა და ნატრობს სიკვდილსა, რათა ,,განვიდეს ამ ცხოვრებიდგან და იმყოფობოდეს ქრისტესთან“ (ფილიპ. 1, 24). ამდროს ცხადად ხედავს იგი, რომ სრული უშიშროება და ნამდვილი მშვიდობა ამ ქვეყნად შეუძლებელია.
![]() |
4.13 თავი XIII - მასზედ, თუ ვითარ საჭიროა მოთმინება საცდურებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ვიდრემდის ამ ქვეყანაზედ ვსცხოვრობთ, შეუძლებელია შეუწუხებლად და უსაცდუროდ ყოფნა. ამისთვის სწერია იობის წიგნში: ,,ცხოვრება კაცისა ამ ქვეყანაზედ ბრძოლაა“ (იობ. 7, 1). ამისთვის ყოველნი უნდა გაუფრთხილდნენ საცდურებათა, და მღვიძარებდნენ ლოცვითა, რათა არ იქმნან შეპყრობილ ეშმაკისაგან, რომელსაც არასოდეს არ სძინავს, არამედ, ,,ვითარცა ლომი დარბის და ეძებს, რომ ვინმე შთანთქას“ (1 პეტრ. 5, 8). არავინ არის იმისთანა სრული და არც ისე წმიდა, რომ ზოგჯერ მაინც არ შემთხვევოდეს განსაცდელი: ვინაიდგან არას გზით არ შეგვიძლია სრულიად განვთავისუფლდეთ მათგან.
2. მაგრამ, რაგინდ მძიმე და შემაწუხებელნიც უნდა იყვნენ საცდურებანი, მაინც დიდად სასარგებლონი არიან კაცისათვის: იგინი სიმდაბლეს შეაჩვევენ კაცს, გასწმენდენ და სწურთნიან მას. ყოველთა წმიდათა მრავალი შევიწროება და საცდურებანი გამოიარეს და ფრიად წარემატნენ, ხოლო რომელთაც ვერ დაითმინეს დაისაჯნენ და წარწყმდნენ. არც ერთი მონაზონთა კრება არ არის ესოდენ წმიდა, არცა მისთანა გამარტოებული ადგილი, სადაც არ იყვნენ საცდურებანი და წინააღმდეგობანი.
3. სინამ კაცი ცოცხალია, მას არ შეუძლია სრულიად გაინთავისუფლოს თავი საცდურებათაგან, ვინაიდგან გულისთქმათა შინა ვშობილ-ვართ, და ამიტომ ჩვენშივეა მიზეზი საცდურებისა. მოგვშორდება თუ არა ერთი განსაცდელი, ანუ შეწუხება, მსწრაფლ მეორე მოგვევლინება; და ესრედ მარადის გვაქვს რაიმე დასათმენი: რამეთუ სიკეთე ნეტარებისა ჩვენისა დავჰკარგეთ. მრავალნი ცდილობენ საცდურებათაგან გაქცევას და უფრო ღრმად-კი ვარდებიან მათში. გაქცევა ვერ მოგვანიჭებს გამარჯვებასა; არამედ მოთმინებით და სრულის სიმდაბლითა დავიმორჩილებთ ყოველთა მტერთა.
4. იგი, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ერიდება საცდურებათა და ფესვთა მისთა არ ამოჰკაფავს დიდს ვერას ისარგებლებს, არამედ უფრო ხშირად შეემთხვევიან მას საცდურებანი და უმეტეს ვნებას მიიღებს. ნელ-ნელა მოთმინებითა, სიმტკიცით და შეწევნითა ღვთისათა უფრო სძლევ, ვიდრე ფიცხელობითა და მოუთმენლობით. ხშირად რჩევა შეჰკითხე სხვათა, როდესაც საცდურებაში ხარ და მკაცრად ნუ მოეპყრობი მათ, რომელნიც განცდილნი არიან, არამედ ნუგეში ეც ისე, როგორადაც შენის თავისათვის გინდოდეს.
5. დასაწყისი ყოველთა ბოროტთა საცდურებათა არიან ჩვენი სულის დაუდგრომელობა და სიმცირე სასოებისა ღმერთზედ. რამეთუ, როგორადაც უტიმონო ნავი ღელვათაგან მიმოტაცებულ იქმნება, აგრედვე კაცი მოშვებული და თავის კეთილ განზრახვათა დამტოვებელი მრავალგვარად იქმნება განცდილი. სახმილი გამოსცდის რკინას (ზირ. 31, 30). ხოლო საცდურება გასწმენდს კაცსა მართალსა. ხშირად თვით ჩვენც არ ვიცით საკუთარი ძალა ჩვენი, არამედ საცდური გამოაჩენს მას. მაგრამ, მღვიძარედ უნდა ვიყვეთ, განსაკუთრებით საცდურის დასაწყისში; ვინაიდგან მაშინ უფრო ადვილად დაიძლევა მტერი, როდესაც სრულიად დავუხშავთ მას შესავალს სულისას, და კარებზე მოგვადგება თუ არა მსწრაფლ გარედ ზღუდისა განვაძევთ მას. ამისთვის ძველთაგან თქმულია:
,,წინააღუდეგ ბოროტსა, თვით მისსა დასაწყისშია.
ვიდრემდის ფესვი გაუდგამს, ძმაო, მას შენს
გულშია,
მცირედღა არგებს სნეულსა, წამალი მოსარჩენია,
როდესაც განცხოველდების სულის წამწყმედი სენია“
vvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvvიოვიდი
რამეთუ წინაპირველ მარტო განზრახვა წარმოუდგება ფიქრსა; მას უკან ცხოველი გამოხატულობა, შემდგომ სიამე და უწესო ძვრა და უკანასკვნელად წარიტაცავს თანხმობასაც. ამნაირად ნელ-ნელა სრულიად შეიპარება ჩვენ სულში ბოროტი მტერი იგი, თუ რომ დასაწყისშივე არ აღმოვუჩინეთ მას წინააღმდეგობა. და რავდენათაც უყურადღებოდ ვსტოვებთ მას, იმდენად დღითი-დღე უფრო ვუძლურდებით ჩვენ, და მტერი ჩვენი-კი ძლიერდება.
6. ზოგნი, პირველ თავიანთ მოქცევის ჟამს, ითმენენ ფიცხელ საცდურებათა, სხვანი-კი ბოლოს დროს; არიან იმისთანანიც, რომელნიც თითქმის მთელს თავიანთ საცოცხლეში იტანჯებიან მათგან. ზოგიერთნიც უფრო მსუბუქად არიან განცდილნი: ასეთია ბრძნული და სამართლიანი განგება ღვთისა, რომელმაც უწყის მდგომარეობა და ღირსეულება ყოველის კაცისა, და რომელიც ყოველსავე განაგებს საცხონებლად რჩეულთა თვისთა.
7. ამისთვის არასოდეს სასოება არ უნდა დავკარგოთ განსაცდელში, არამედ უფრო მხურვალედ უნდა ვევედრებოდეთ ღმერთსა, რათა შეგვეწიოს ყოველს ჩვენს უბედურებაში. ჭეშმარიტად სარწმუნო არს ღმერთი, ამბობს წმიდა მოციქული პავლე, და ჰყოფს განსაცდელისათანა ჩვენს გამოხსნასაც, რათა შეგვეძლოს დათმენად მისი (1 კორ. 10, 13). მაშ დავიმდაბლოთ თავი ჩვენი წინაშე მტკიცესა ხელსა ქვეშე ღვთისასა (1 პეტრ. 5, 6) ყოველ საცდურსა და უბედურებაში, რამეთუ, მდაბალთა სულითა აცხოვნებს უფალი, და აღამაღლებს მათ (ფსალმ. 33, 17).
8. საცდურებასა და უბედურებაში გამოჩნდება წარმატება კაცისა, ვინაიდგან მათით განმრავლდებიან ღირსეულებანი და უფრო ცხადად გამოსჩნდებიან სათნოებანი. რასაკვირველია, რომ ღვთის მოყვარული და გულ-მხურვალე იყვეს კაცი, როდესაც არა გრძნობს იგი რაიმე შეწუხებასა! მაგრამ როდესაც კაცი უბედურებაში მოთმინებით და სიმტკიცით დაჰყოფს, მაშინ იმედია, რომ იგი მიახწევს უმაღლესს სისრულემდი. ზოგნი ფიცხელ გამოცდათა მხნედ დაითმენენ, ხოლო მსუბუქთა და ყოველ-დღიურთა რამეთაგან-კი ხშირად მარცხდებიან: ეს იმისთვის, რათა დაიმდაბლონ თავი და მსუბუქთ რაიმეთა შინა გამოცდილებით სცნან თავიანთი უძლურება, და მძიმე შემთხვევაში აღარ მიენდნონ თავიანთ თავსა.
![]() |
4.14 თავი XIV - მასზედ, თუ ვითარ უნდა ერიდებოდეს ადამიანი სხვებზედ უმართებულო მსჯელობას. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მთელი შენი ყურადღება მიაქციე შენს თავსა და სხვების მოქმედებათა განსჯას ერიდე. რომელიც განიკითხავს სხვათა, ამაოა შრომა მისი; ვინაიდგან ხშირად სტყუვდება კაცი და ადვილად სცოდავს: ხოლო რომელიც განიკითხავს და გამოიძიებს თავის თავსა, იგი მარადის ნაყოფიერად მოქმედობს. ხშირად ვმსჯელობთ ჩვენ სხვა და სხვა საგნებზედ ჩვენის გულისთქმებისაებრ, რამეთუ თავმოყვარეობა ჩვენ ნებას არ გვაძლევს, რომ განვსაჯოთ იგი ჭეშმარიტების დაგვარ. უკეთუ აზრი და სურვილი ჩვენი მარადის იყვნენ მიქცეულ ღვთისაკენ, მაშინ ადვილად აღარ შევშფოთდებით, უკეთუ საქმე ნებისაებრ ჩვენისა არ წაგვემართება.
2. არამედ, ხშირად ხდება, რომ საიდუმლო რამ დამარხული ჩვენს გულში, ანუ სხვა რაიმე გარეშე საგანი გვიზიდვენ თავიანთკენ. მრავალნი პიროვნებათა თვისთა ეძიებენ თავიანთ საქმეში, და თვით კი ვერ ამჩნევენ ამას. იმათ ჰგონიათ, რომ მშვიდობით სცხოვრებენ, სინამ ყოველივე მათი ნებისა და სურვილისაებრ ხდება; მაგრამ, თუ საქმე ისე არ მოუათ, როგორც უნდათ, მაშინათვე აღშფოთდებიან და მოიწყენენ. აზრთა და გრძნობათა სხვა-და-სხვაობისა გამო ხშირად ჩამოვარდება ხოლმე უთანხმობა მეგობართა და მოქალაქეთა, ღვთის-მსახურთა და კეთილ-მორწმუნეთა შორის.
3. ძნელად დაიტოვება ძველი ჩვეულება, და არავის სურს, რომ მას ამხილონ უმეტეს მისსა, რასაც თვითა სცნობს.უკეთუ შენ უფრო შენს ჭკუასა და გამჭრიახობას მიენდობი, ვიდრე ყოვლად შემძლებელს იესო-ქრისტეს ძალასა, ძნელად და გვიან შეიქმნები განათლებული კაცი; ვინაიდგან ღმერთს ჰნებავს, რომ სრულიად მას დავემორჩილოთ და აღგზნებულის სიყვარულით ყოველს გონიერებაზედ უფრო მეტად ავმაღლდეთ.
![]() |
4.15 თავი XV - სიყვარულისაგან ნაწარმოებელ საქმეთა-ზედა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. არა ვითარის საქვეყნიერო რაიმისათვის, არც ვისიმე სიყვარულისათვის, არ უნდა ჩაიდინო ბოროტება, არამედ ზოგჯერ თვით კეთილი საქმეც-კი უნდა გადავდოთ და ანუ შევცვალოთ უფრო სხვა უკეთილესზედ სარგებლობისათვის დაჭირებულთა. ამითი იმ კეთილ საქმეს-კი არ მოვსპობთ, არამედ უკეთილესზედ შევცვლით. უსიყვარულოდ ჩადენილი საქმე არაფერში არ არის გამოსადეგი, ხოლო სიყვარულისაგან ნაწარმოები, რაგინდ უმცირესი და უბრალო რამ იყვეს, დიდს ნაყოფს გამოსცემს.ვინაიდგან ღმერთი უმეტეს ყურადღებას აქცევს არა საქმის რაოდენობას, არამედ აზრსა მომქმედისას.
2. მრავალს მოქმედობს იგი, ვისაც დიდი აქვს სიყვარული. ბევრს აკეთებს იგი, რომელიც კეთილად მოღვაწეობს. იგი მოღვაწეობს კეთილად, ვინც უფრო საზოგადოებას ემსახურება, ვიდრე თავის ნებასა. ხშირად ჩვენ სახორციელო სურვილი სიყვარული გვგონია; ძრიელ იშვიათია, რომ ბუნებითი მიდრეკილება, ჩვენი საკუთარი ნება, იმედი ვითარიმე სასყიდლისა და სურვილი რაიმე კმაყოფილების მიღებისა არ იყვნენ ჩართულნი ჩვენს მოქმედებაში.
3. რომელსაც აქვს ჭეშმარიტი და სრული სიყვარული, იგი არაფერში არ ეძიებს თავის სარგებლობას; არამედ ნატრობს მხოლოდ, რომ ყოველს რამეში ღმერთი იდიდოს. მას არავისი არა შურს რა, იმიტომ რომ არ უყვარს არა ვითარი საპირადო სიამოვნება, არცა ეძიებს თვისი თავის გამხიარულებას; არამედ ნატრობს ნეტარებას ღვთისათანა, რომელიც არს უაღრეს ყოველთა კეთილთა. იგი არავის მიაკუთნებს რაიმე კეთილს; არამედ ყოველს მიაწერს ღმერთს, რომელიც არს წყარო ყოველთა კეთილთა და საუკუნო განსვენება ყოველთა წმიდათა. ახ! უკეთე ჰქონდეს ვისმეს მცირეოდენი ნაპერწკალი ჭეშმარიტის სიყვარულისა, იგი ცხადად იგრძნობს, რომ ყოველივე ქვეყნიური სავსეა ამაოებითა.
![]() |
4.16 თავი XVI - მასზედ, თუ ვითარის შეწყნარებით უნდა ვუცქეროდეთ სხვების ნაკლულევანებათა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. უკეთუ ვერ მოახერხო შენის თავის, ანუ სხვების გასწორება, მოიცადე მოთმინებით, ვიდრემდის ღმერთმა განაგოს სხვანაირად. ვინ იცის, იქნება ეს იყვეს ფრიად სასარგებლო სავარჯიშო გასამტკიცებელად შენის მოთმინებისა, ურომლისოდ არაფრად ღირს ყოველი შრომა ჩვენი. მაგრამ შენ მაინც-კი სიმდაბლით უნდა შესთხოვდე ღმერთს შემწეობასა, რათა სიმშვიდით დაითმინო ესოდენი გაჭირვებული მდგომარეობა შენი.
2. უკეთუ ამხილო ვისმეს ერთხელ, ანუ ორჯერ და მან არ გისმინოს შენ, ნუ შეეკამათები იმას, არამედ ყოველივე მიანდე ღმერთსა, რომელსაც შეუძლია შეცვლა ბოროტისა კეთილზედ, რათა აღსრულდეს ნება მისი ყოველთა მონათა შორის თვისთა და იყოს იგი დიდებული. ეცადე სიმშვიდით დაითმინო სხვათა ნაკლულევანება და ყოველნაირი უძლურება, რადგან შენშიც ბევრი რამეა იმისთანა, რომელნიც უნდა დაითმინოს სხვებმა. უკეთუ შენი თავი ვერ გაგისწორებია ისე, როგორადაც შენ გინდა, მაშ როგორ შეგიძლია შესცვალო სხვები შენის სურვილისამებრ? ჩვენ გვინდა, რომ სხვები იყვნენ სრულნი და თვით-კი არ ვისწორებთ საკუთარ ნაკლულევანებათა.
3. ჩვენ გვინდა, რომ სხვები ფიცხელად იქმნენ მხილებულნი, და თვით-კი არ გვეამება, რომ ვინმემ გვამხილოს. ჩვენ სავნებელად მიგვაჩნია, როდესაც სხვებს დიდს თავისუფლებას აძლევენ; ხოლო თვით-კი არ გვინდა, რომ ვინმემ რისამე უარი გვითხრას. ჩვენ გვინდა, რომ სხვები კანონთა შინა იყვნენ მკაცრად დაკრძალულნი, ხოლო თავისა ჩვენისათვის-კი არა ვითარი შეიწროება არ გვსურს. აქედამ ცხადია, რომ ისე არ ვეპყრობით ჩვენს მოყვასს, როგორც ჩვენს თავს. უკეთუ ყველანი სრულნი ყოფილიყვნენ, მაშინ ვისგანღა უნდა დაგვეთმინა რაიმე ღვთის გულისათვის?
4. არამედ ღმერთს მისთვის განუწესებია ესრედ, რათა ვისწავოთ ,,დათმენა ერთმანეთის ნაკლულევანებათა“ (გალ. 6, 2), ვინაიდგან არავინ არის უნაკლულევანო, არავინ არის უტვირთო, არცა მისთანა, რომ სრულიად კმაყოფილი იყვეს თვისის თავისა, და არცა იმისთანა მეცნიერი, რომ სხვათა სიბრძნე არ ესაჭიროებოდეს; არამედ საჭირო არს, რომ ერთმანერთს დავუთმინოთ, ერთმანერთს ნუგეშს-ვსცემდეთ, ერთმანერთს შევეწეოდეთ, ვმოძღვრიდეთ და ვამხნევებდეთ. უბედურებაში უფრო ცხადად გამოჩნდება, ვინ რაოდენ სათნოებიანია. ვინაიდგან შემთხვევა-კი არ აუძლურებს კაცსა, არამედ აჩვენებს როგორიც არის იგი.
![]() |
4.17 თავი XVII - მონაზონურს ცხოვრებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. საჭიროა ისწავო ძლევა შენის თავისა მრავალს რაიმეში, თუ გინდა მშვიდობით და თანხმად იცხოვრო სხვებთან. უბრალო საქმე არ არის, რომ ვინმემ იცხოვროს მონასტერსა და საზოგადოებაში ისე, რომ არავინ მოიმდუროს და ამგვარად განატაროს მთელი თავისი სიცოცხლე. ნეტარება იმას, ვინც კეთილად იცხოვრებს და ბედნიერად დაასრულებს იქ თავის სიცოცხლეს. თუ გინდა ამგვარად იცხოვრო და წარემატო, განდევნილად და მწირად ჩარაცხე შენი თავი ამ ქვეყანაზედ. სულელად უნდა იყვე შერაცხული ქრისტესთვის, უკეთუ გნებავს იქონიო მონაზონებრივი ცხოვრება.
2. ტანისამოსის გამოცვლა და თმათა აღკვეცა დიდს არაფერს არგებენ კაცსა; არამედ ზნეთა გამოცვლა და სრული მოკვდინება თვისთა ვნებათა შეჰქმნიან ნამდვილ მონაზონსა. რომელიც, გარდა ღვთისა და თვისი სულის ცხოვნებისა, უფრო სხვა რაიმეს ეძიებს, იგი მარადის განუსვენებელი და მწუხარე იქმნება. იმას ვერ შეუძლია დიდხანს მშვიდობიანად იცხოვროს, რომელიც არ იმეცადინებს, რათა დაიმციროს თვისი თავი და ყველას დაუმორჩილოს იგი.
3. მორჩილობისათვის მოსულხარ აქა და არა მბრძანებლობისათვის. იცოდე მისთვის ხარ მოწოდებული, რათა მოითმინო და იშრომო და არა იმისთვის, რომ ამაო შექცევასა და უქმად ყოფნაში გაატარო დრო. აი აქ გამოიცდებიან კაცნი, როგორც ოქრო ქურაში. აქ არავის შეუძლია იცხოვროს, ვინც არ ისურვებს ყოვლის გულით, რომ დაამდაბლოს თვისი თავი სიყვარულისათვის ღვთისა.
![]() |
4.18 თავი XVIII - წმიდათა მამათა სამაგალითო ცხოვრებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მიხედე ცხოველ მაგალითებს წმიდათა მამათა, რომლებშიაც ბრწყინავდა ჭეშმარიტი სისრულე და ღვთის მსახურება, და მაშინ დაინახავ, როგორ მცირეა და თითქმის არა რაი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ახ! რა გამოჩნდება ჩვენი ცხოვრება, უკეთუ შევადაროთ იგი მათს ცხოვრებას. წმიდათა და ქრისტეს მოყვასთა მსახურეს უფალსა შიმშილითა და წყურვილითა, სიცივითა და შიშიშვლითა, შრომითა და სარჯელითა, მღვიძარებითა და მარხვითა (ბ.კორ. 28), ლოცვითა და წმიდითა განზრახვებითა, დევნულებითა და გინებითა მრავალთა.
2. ახ! რაზომ მრავალნი და ფიცხელნი ტაჯვანი დაითმინეს მოციქულთა, წამებულთა, აღმსარებელთა, ქალწულთა და სხვათა მრავალთა, რომელთაც ისურვეს შესდგომოდენ კვალსა ქრისტესსა. მათ მოიძულეს სულნი თვისნი ამა სოფელსა, რათა საუკუნო ცხოვრებაში მოეპოვათ იგინი (იოან. 12, 25). ახ! ვითარის მკაცრი მჭიდროებითა ატარებდნენ თავიანთ სიცოცხლეს წმიდა მამანი უდაბნოებში! ვითარ დიდი და ფიცხელი საცდურებანი დაითმინეს მათ! რავდენი შეწუხება მისდგომიათ მტრისაგან! ვითარის გულმხურვალებით ხშირად ევედრებოდენ ღმერთს! როგორ ფიცხელად მარხულობდნენ, ვითარი გულსმოდგინება და აღგზნებული ნატვრა ჰქონდათ მათ სულიერი წარმარტებისათვის! ვითარ ფიცხელად იომეს და დაიმორჩილეს ვნებანი თვისნი, ვითარი წმიდა და წრფელი აზრი ჰქონდათ მათ ღვთის სამსახურში. დღე მუშაობდნენ, ხოლო ღამე ლოცულობდნენ, თუმც შრომის დროსაც-კი გულში ლოცულობდნენ.
3. ყოველს დროს სასარგებლოდ ხმარობდნენ; ყოველი საათი ეჩვენებოდათ მათ ფრიად მოკლედ სამსახურისათვის ღვთისა; ხშირად ისე წარიტაცებოდნენ ყოვლად ტკბილი განჭვრეტისაგან ზეციურთა რაიმეთა, რომ ხორციულის საზრდოს მიღებასაც ივიწყებდნენ. უარ ჰყვეს ყოველ სიმდიდრე, ყოველი ღირსება, ყოველი პატივი, ყოველნი მეგობარნი და ნათესავნიც; ქვეყნიურს არას ნდომობდნენ. იმასაც-კი ფრიად მცირესა ხმარობდნენ, რაც აუცილებლად საჭირო იყო სიცოცხლისათვის და ამასაც მწუხარებით ასრულებდნენ. იგინი იყვნენ ყოვლითურთ გლახაკნი ქვეყანაზედ, მაგრამ ფრიად მდიდარნი მადლითა და სათნოებითა. გარეგნობით იყვნენ ღატაკნი, ხოლო შინაგან სავსე მადლითა და ღვთიურის ნუგეშინის ცემითა.
4. ქვეყნისათვის იყვნენ უცხონი, არამედ მახლობელნი და სარწმუნო მეგობარნი ღვთისა. მათ არაფრად მიაჩნდათ თავიანთ თავი და ქვეყნისაგანაც იყვნენ შეურაცხყოფილნი; მაგრამ წინაშე ღვთისა იყვნენ პატიოსანნი და საყვარელნი. ჭეშმარიტის სიმდაბლითა და მორჩილებითა სცხოვრებდნენ, სიყვარულსა და მოთმინებაში იყვნენ და ამისთვის დღითი-დღე სულიერად წარემატებოდნენ და წინაშე ღვთისა უხვად მადლს იძენდნენ. იგინი იყვნენ მოცემულნი ხატად ყოველთა ღვთის მსახურთათვის, ამისთვის მათმა მაგალითმა უმეტესად უნდა აღგვძრას ჩვენ წარმარტებისათვის, ვიდრე გულგრილთა ხილვამ დაგვაუძლუროს ჩვენ.
5. ახ! ვითარი გულსმოდგინება ჰქონიათ ყოველთა ბერთა, პირველ დასაწყისში თავიანთი წმიდა დაწესებულებისა. ვითარი გულმხურვალება ლოცვაში! რაოდენი მომშურნეობა სათნოებისათვის! როგორი ერთგულობა მონასტრის წესების დაცვაში! ვითარი პატივისცემა და მორჩილება უმფროსებისა და მათ მიერ დაწესებულ კანონთა! დღესაც მოწმობენ მათის ცხოვრების კვალნი, თუ როგორ ჭეშმარიტად წმიდა და სრულნი კაცნი ყოფილან იგინი, რომელთაც ესრედ გმირულად უომიათ და ფეხ-ქვეშ დაუთრგუნიათ სოფელი. დღეს-კი იგი არის დიდად შერაცხული, რომელიც არ არღვევს კანონებსა, რომელიც მოთმინებით ტვირთულობს მას, რაც თავის ნებით მიუღია.
6. ჰაი, ჰაი! ვითარს გულგრილობას და უზრუნველობას ვხედავთ ეხლანდელს ჩვენს ცხოვრებაში! რა ჩქარა გამქრალა პირვანდელი გულ-მხურვალება ჩვენი და დღეს სიცოცხლეც-კი მოგვწყენია, ამიტომ რომ გულ-ცივნი ვართ და შრომა გვეზარება. ღმერთმა ინებოს, რომ აღარ იყვეს შენში ასე სრულიად მიძინებული წადილი სათნოებაში წარმატებისა, რა-კი ნახე ეგოდენი სამაგალითო ცხოვრება გულმხურვალე მამათა!
![]() |
4.19 თავი XIX - მასზედ, თუ ვითარ უნდა წურთვიდეს თავის თავს კეთილი მონაზონი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ცხოვრება კეთილი მონაზონისა ყოველი სათნოებით უნდა იყვეს შემკული და როგორცგარეგნობით ეჩვენება იგი კაცთა, ამნაირივე უნდა იყვეს შინაგან. მაგრამ, უფრო უმჯობესი იქმნება, რომ შინაგანი სიწმიდე მისი აღემატებოდეს გარეგანს, რადგან ზედამხედველი ჩვენი არის ღმერთი, რომელსაც უნდა თაყვანსა ვსცემდეთ ყველგან და ყოველთვის და მის წინაშე ვიდოდეთ ანგელოზებრივის უბიწოებით. ყოველ დღე უნდა განვიახლებდეთ ჩვენს პირველს აღთქმასა და აღვსძვრიდეთ ჩვენში იმგვარსავე გულსმოდგინებასა, როგორიც გვქონდა ჩვენის მოქცევის პირველს დღეს და ვიტყოდეთ: “შემეწიე მე, უფალო ღმერთო ჩემო, რათა კეთილად დავიცვა აღთქმა ესე ჩემი და სიწმიდით გემსახურო შენ; მომეც მე ძალა, რომ დღეს დავიწყო სრულიად აღსრულება მათი, ვინაიდგან აქამომდე არაფერი არა გამიკეთებია-რა.
2. რავდენათაც უფრო მტკიცე იქმნება ეს ჩვენი გარდაწყვეტილება, იმდენად უფრო წარვემატებით სათნოებაში, და რომელსაც უნდა დიდად წარემატოს, მას უდიდესი გულსმოდგინეობაცა ესაჭიროება შრომაში. უკეთუ ისიც-კი, რომელსაც მტკიცე გარდაწყვეტილება აქვს, ხშირად უძლურდება, მაშ როგორ მიაღწევს იგი თავის მიზანს, რომელიც იშვიათად, ანუ გულცივად ჰყოფს რაიმე აღთქმას? მრავალნაირად შეგვემთხვევა ჩვენ ხოლმე ჩვენის აღთქმის დარღვევა: თვით მცირეოდენი დაუდევრობაც-კი, ჩვენს სულიერს ვარჯიშობაში, ძნელად გაივლის უზიანოდ. განზრახულება მართალის კაცებისა უფრო დაფუძნებულია მათს სიბრძნეზედ-კი არა, არამედ ღვთის მადლზედ, რომელზედაც სასოებენ ყოველის საქმის დასაწყისში. რადგან კაცი განიზრახს, ხოლო ღმერთი განაგებს (იგავ. 16, 1); რამეთუ გზა კაცისა არ არის მის ხელში (იერ. 10, 23).
3. უკეთუ, რომელიმე კეთილმსახურებისათვის, ანუ სულიერი სარგებლობისათვის მოყვასისა დავსტოვებთ რაიმე ჩვეულებრივს ვარჯიშობასა, ადვილად შეიძლება შესრულება მისი შემდეგში. ხოლო უკეთუ დავსტოვებთ მას გულცივობისა და დაუდევრობის გამო, ეს იქმნება დიდი შეცდომილება და დიდი ვნებაცა მოჰყვება მას. რაც უნდა ფრთხილად ვიყვეთ, მაინც ადვილად შევსცდებით მრავალს რამეშე, მაგრამ მაინც რაიმე მტკიცე გარდაწყვეტილებას უნდა დავადგეთ და მომეტებულად წინააღმდეგ იმ ცთომილებათა, რომელნიც უფრო უშლიან ჩვენს წარმატებას. უნდა გამოვიკვლიოთ ხოლმე და გავისწოროთ როგორათაც შინაგანი ყოფაცხოვრება, აგრეთვე გარეგანი საქციელი ჩვენი, ვინაიდგან ერთიცა და მეორეც დიდად უშლიან ჩვენს კეთილს წარმატებას.
4. უკეთუ არ შეგიძლია ხშირად ჩაუფიქრდე შენს თავსა, ეცადე ჰყო ესე დღეში ერთხელ მაინც; დილით ანუ საღამოთი. დილით გარდაწყვიტე - როგორ უნდა იცოცხლო იმ დღეს; ხოლო საღამოზედ გამოიძიე სინიდისი შენი, განიხილე სიტყვანი, საქმენი და ზრახვანი შენნი იმ დღის განმავლობაში, იქმნება მრავალგზის შეგეწყინოს მით ღმერთი და მოყვასი. შეიმოსე საჭურველი, როგორათაც მხნე მოლაშკრემან, წინააღმდეგ ეშმაკის მანქანებათა, მოიძულე ავმუცლობა შენი და მაშინ ადვილად დაიმორჩილებ სხეულის ყოველს წადიერებას. ნურასოდეს ნუ იქმნები ცუდად, არამედ იკითხე, სწერე, ილოცე, კეთილის საფიქრებელს მიეცემოდე, ანუ იშრომე საყოველთაო სარგებლობისათვის. მაგრამ კეთილ-გონივრულად უნდა მოვიქცეთ სახორციელო წურთვაშიაც, რადგანაც მიღება მათი ყველას ერნაირად არ შეუძლია.
5. რომელი ვარჯიშობაც ყველასთვის არ არის დადებული, იმას ნუ იქმ ყველას წინაშე; სჯობია დაფარულად ჰყო იგი. ფრთხილად იყავ, ზარმაცობა არ გამოიჩინო საზოგადო საქმეში და მეტის-მეტი გულს-მოდგინება საკუთარი საქმისათვის. არამედ ჯერ აღასრულე კარგად და ერთგულად მოვალეობა შენი და შემდგომ, უკეთუ დაგრჩეს თავისუფალი დრო, მოიხმარე იგი შენის საკუთარის კეთილის საქმისთვის. ერთნაირი წურთვა არ გამოდგება ყველასთვის; ზოგისათვის ერთია შესაფერი და სხვებისათვის მეორე. აგრეთვე სჯობს დროისა და ჟამის დაგვარ წურთვებიც შეიცვალონ; რადგან ზოგი მათგანის აღსრულება დღესასწაულებში უფრო გამოსადეგია და სხვებისა-კი უბრალო დღეებში. ზოგი გვესაჭიროება განსაცდელში და სხვანი-კი მშვიდობისა და განსვენების დროს. ზოგი გამოგვადგება მწუხარების ჟამს და სხვა, როდესაც მხიარულნი ვართ.
6. საუფლო დღესასწაულებში უნდა განვიახლებდეთ საკეთილმსახურო წურთვათა და დიდის გულს-მოდგინებით ვითხოვდეთ შეწევნასა წმიდანებისას. ერთის დღესასწაულიდგან მეორე დღესას/წაულამდე უნდა განვემზადოთ იმგვარად, თითქო განსულად ვიყვეთ ამ ცხოვრებიდამ, და მიმთხვევად საუკუნესა მას დღესასწაულსა. ამისთვის უნდა ვეცადოთ, რომ უმხურვალესად განვემზადოთ ამა წმიდა დღეებში; ვიცხოვროთ უმეტესის გულსმოდგინებით და მტკიცედ დავიცვათ ყველა კანონები, როგორადაც მოსწრაფენი მიღებად შრომის სასყიდლისა ღვთისაგან.
7. მაგრამ, თუ მისაგებელის ჟამი ჯერ არ დამდგარა, გვრწამდეს, რომ ჩვენი ეხლანდელი განმზადება არ არის საკმაო და ვერც გავმხდარვართ ჯერ ღირსნი იმ დიდებისა, რომელიც განმზადებულია ჩვენთვის ღვთისაგან. მაშ ვეცადნეთ, რომ უკეთესად მოვემზადოთ იმ სოფლისათვის. ,,ნეტარ-არს, - იტყვის წმიდა მახარებელი ლუკა, - იგი მონა, რომლისა მოვიდეს უფალი მისი და ჰპოვოს იგი ესრედ მომქმედი“. ,,ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინის იგი“ (ლუკ. 12, 43).
![]() |
4.20 თავი XX - მასზედ, თუ ვითარ უნდა გვიყვარდეს განმარტოებითი ცხოვრება და მდუმარება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ეძიე მარჯვე დრო, რათა იზრუნო შენის თავისთვის და ხშირად ფიქრობდე ღვთის კეთილს მოქმედებაზედ. ამაო ცნობის მოყვარეობას ერიდე. წაიკითხე იმისთანა წიგნები, რომელთაც უფრო სინანულზედ მოგიყვანონ, ვიდრე გაგართონ. მოერიდე უსარგებლო და მომეტებულს ლა[პარაკს, უსარგებლო სიარულს ნაცნობებთან, ახალი ამბავების და ჭორების სმენას და საკმარისად ჰპოვებ მარჯვე დროს, რათა იფიქრო კეთილს რაიმეზედ. უუდიდესნი წმიდანნი, რავდენათაც შესაძლებელი იყო ერიდებოდნენ კაცთა საზოგადოებას და ღვთის გულისათვის განმარტოებულს ცხოვრებას რჩეულობდნენ.
2. ვიღაცას უთქვამს: ყოველს დროს, როდესაც კაცთა თანა ვიმყოფები, სახლში ვბრუნდები რაიმე ნაკლულევანებით (სენეკა, ეპისტ. 7). ამას ჩვენც ხშირად ვგრძნობთ საკუთარის გამოცდილებით, ყოველ ხანგრძლივის მუსაიფის შემდეგ. სრული მდუმარების დაცვა უფრო ადვილია, ვიდრე იმისა, რომ კაცმა ლაპარაკის დროს მეტი არა სთქვას რა. უფრო ადვილია სახლში დაფარულად ცხოვრება ვიდრე გარედ საკმაოდ თავდაცულად ყოფნა. მაშ, ვისაც უნდა, რომ ეწიოს შინაგანს და სულიერს ცხოვრებას, საჭიროა მისთვის, რათა მსგავსად იესოსი, კაცთა კრებულისაგან განვიდეს. არავის შეუძლია უშიშრად გამოჩნდეს ხალხში, უკეთუ არ ეყვარება მას დაფარული ცხოვრება. არავის შეუძლია უშიშრად ილაპარაკოს, უკეთუ მდუმარება არ ეყვარება. არავის შეუძლია უშიშრად სხვების უმფროსად იყვეს, უკეთუ თვით არ უყვარს ქვეშევრდომობა. არავის შეუძლია უშიშრად მბრძანებლობდეს, უკეთუ პირველ თვით არ უსწავლია მორჩილება. არავის შეუძლია უშიშრად მხიარულობდეს, უკეთუ არ ემოწმება მას კეთილი სინიდისი.
3. უშიშრობა წმიდანებისა დაფუძნებული იყო მარადის ღვთის შიშზედ. თუმც დიდად შემკულნი იყვნენ იგინი მრავალის სათნოებითა და მადლითა ღვთისა განათლებულნი, მაგრამ მაინც ფრთხილობდნენ და სიმდაბლეში იყვნენ. ხოლო უშიშრობა უკეთურთა წარმოვალს მათის ამპარტავანებისა და ამაყობისაგან და ბოლოს მოტყუებულნი რჩებიან მისგან. ნურასოდეს ნუ დაჰპირდები შენს თავს უშიშრად ყოფნას ამ ცხოვრებაში, თუ გინდ გეგონოს შენი თავი კეთილი ბერი, გინა გულმხურვალე მეუდაბნოელი.
4. რომელნიც საუკეთესოდ ყოფილან შერაცხულნი კაცთაგან, ხშირად დიდს ხიფათს შემთხვევიან მეტის-მეტის მინდობილობით თავიანთს თავზედ. ამისთვის უფრო სჯობს მრავალთათვის, რომ ხშირად საცდურსა და ბრძოლაში იყვნენ, რათა დიდის მყუდროებით არ გაამპარტავნდნენ და უწესოდ არ მიიდრიკონ გარეგანი ნუგეშინისცემათაკენ. ჰაი, ჰაი! რავდენად უბიწო ექმნება ადამიანს სინიდისი, უკეთუ არასოდეს არ ეძიებდეს საწუთრო მხიარულებასა და არცა გაერთობოდეს საქვეყნიერო რაიმეში. ახ! ვითარს დიდს მშვიდობასა და განსვენებაში იქმნება კაცი, უკეთუ მოიშორებს თავიდან ყველა ამაო მზრუნველობასა, იმეცადინებს მხოლოდ შეყვარებისათვის ღვთისა და თავის სულის ცხონებისათვის და თვის სასოებას დაამყარებს ღმერთზედ.
5. მხოლოდ ის შეიქმნება ზეციური ნუგეშინისცემის ღირსი, რომელიც შეინანებს ჭეშმარიტის გულითა. თუ გინდა, რომ ჭეშმარიტის გულით შეინანო, შედი შენს სენაკში, დასტოვე ყველა საქვეყნიერო ზრუნვა და როგორადაც ფსალმუნში წერია, შენს სარეცელზედ შეინანე (ფსალმ. 4, 4); შენს სენაკში იპოვნი იმას, რასაც ხშირად შენ იმის გარედ ჰკარგავ. სენაკში ყოფნა სასიამოვნოა, უკეთუ დიდხანს დარჩები მასში; მოსაწყენია, თუ რომ ხშირად გამოდიხარ იქიდგან. უკეთუ შენის მოქცევის პირველი დღიდგანვე შეიყვარებ მასში ყოფნას, იმიერით ის შეიქმნება შენი საყვარელი მეგობარი და ტკბილი ნუგეშინისმცემელი.
6. დუმილსა და მყუდროებაში წარემატება კეთილ-მორწმუნე სული და გულის-ხმას ჰყოფს საღმრთო-წერილის საიდუმლოებათა. იმაში იპოვნის იგი ცრემლის წყაროს, რომლით განიბანს და განსწმენდს ყოველ-ღამე თავის თავსა და იმდენად უფრო დაუახლოვდება თავის შემოქმედსა, რავდენათაც უფრო განშორდება საქვეყნიერო ზრუნვასა. მაშ ვინც მოშორდება მეგობრებსა და ნაცნობებს, მას დაუახლოვდება ღმერთი წმიდა ანგელოზებითურთ. უფრო სჯობს უცნობელნი ვიყვეთ და ვზრუნვიდეთ ჩვენის სულისათვის, ვიდრე სასწაულთა ვიქმოდეთ და ჩვენის თავისთვის-კი არას ვფიქრობდეთ. ქების ღირსია ის ბერი, რომელიც ძვირად გამოდის გარედ, კაცთა დასანახავად ერიდება და არც თვით უნდა რომ ვინმე ნახოს.
7. რად გინდა ხილვა მისი, რის ქონვაც აღკრძალულია? სოფელი ესე განვლის და ყოველი გულისთქმაც მისი (1 იოან. 2, 17). ბოროტი გულისთქმა ნავარდობაზედ გიწვევს შენ; მაგრამ როდესაც გაივლის ის დრო, სინიდისის დამძიმებისა და გულის აღშფოთების მეტი სხვა რა დაგრჩება შენ მისგან? ხშირად მხიარულად გამოდის კაცი გარეთ და მწუხარე ბრუნდება შინ და მხიარულად გატარებულს საღამოს მოსდევს ხოლმე სამწუხარო დილა. ასეა ყოველი ხორციელი მხიარულება; პირველში ტკბილია, მაგრამ შემდგომ სწყლულავს და მოჰკლავს კაცსა. რას ნახავ შენ სხვაგან მისთანასა, რომელსაც აქ ვერ ხედავდე? აჰა ცაი და დედამიწა და ყოველი ის ნივთიერებანი, რომლითაც შესდგება ყოველივე.
8. რას ნახავ შენ სადმე მისთანა რამეს, რომელსაც შეეძლოს მარადის ყოფნა მზის ქვეშ? იქნება გგონია, რომ გასძღები როდისმე, მაგრამ ამას შენ ვერასოდეს ვერ ეწევი. უკეთუ თვალით იხილო ყოველივე არსი ამა ქვეყნისა, რა წარმოგიდგება შენ წინ, თუ არ ამაო ჩრდილი? აღიმაღლე თვალი შენი ზეცად ღვთისა მიმართ, და ითხოვე მისგან მოტევება ცოდვათა და დაუდევრობათა შენთა. დაუტევე ამაოება ამაოთა; ხოლო შენ ჰყავ იგი, რაც შენთვის ღმერთს უბრძანებია. შედი სენაკში, შეიკეტე კარი, და მოუწოდე შენთან საყვარელს იესოს. მასთან იმყოფე შენს სადგომში, ვინაიდგან ეგოდენს მშვიდობას შენ ვერსად ვერ ნახავ. უკეთუ არასოდეს არ გამოსულიყავი გარედ და არ გესმინა საქვეყნიერო რაიმენი, უფრო მშვიდობით იცხოვრებდი, მაგრამ რადგან სიამოვნებით ისმინე საქვეყნიერო ახალი ამბები, იმისთვის დაჰკარგე გულის მშვიდობა.
![]() |
4.21 თავი XXI - ჭეშმარიტის გულით შენანებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. თუ გინდა რომ მოიპოვო რაიმე წარმატება, ღვთის გეშინოდეს; ნუ გეყვარება თავისუფალი ცხოვრება; არამედ კანონსა დაუმორჩილე ყოველი შენი გრძნობანი და ნურასოდეს ნუ შეუდგები შეუსაბამო მხიარულებას. იქონიე ჭეშმარიტი სინანული და გექმნება გულმხურვალებაც. სინანული მრავალს კეთილს შესძენს სულსა; ხოლო მხიარულება-კი დააკარგვინებს მას. საკვირველია, როგორღა უნდა მხიარულებდეს კაცი ამ ქვეყანაზედ, როდესაც დაფიქრდება და სცნობს ექსორიობასა თვისსა და იმ საშიშროებათა, რომლებითაც გარემო-მოცულია სული მისი.
2. უგუნურებისა და ჩვენის ნაკლულევანების უყურადღებოდ დატოვების გამო ვერა ვგრძნობთ ჩვენი სულის უბედურებას: ხშირად კიდევაც ვიცინით, როდესაც უფრო უნდა ვსტიროდეთ. ჭეშმარიტად თავისუფლება და სრული სიხარული მხოლოდ ღვთის შიშსა და კეთილს სინიდისშია. ბედნიერია ის, ვინც მოიშორებს თავიდგან ყველა იმ მიზეზებს, რომელნიც მის ფიქრებს აქეთ-იქით გაიტაცებენ და შეუდგება ჭეშმარიტის გულით შენანებას. ნეტავი იმას, რომელიც მოიშორებს თავიდგან ყოველსავე მას, რაც დაამძიმებს და გააბიწიერებს მისს სინიდისსა. იბრძოლე ვაჟკაცურად; ჩვეულება ჩვეულებით დაიძლევა. თუ შენ შეგიძლია მოშორდე კაცთა, ისინი უფრო ადვილად მოგშორდებიან, რათა ჰყო საქმენი შენნი.
3. სხვების საქმეებს შენ ხელს ნუ ახლებ და ნურც მაღალთა პირთა საქმეებში გაერევი. მარადის შენს თავზედ გეჭიროს თვალი და პირველად დაარიგე შენი თავი და შემდეგ შენი მოყვასი. ნუ შესწუხდები, თუ კაცთაგან კარგად ვერა ხარ მიღებული; არამედ შესწუხდი დიდად, მხოლოდ მისთვის რომ საქციელი შენი არ არის ესოდენ კანონიერი და არა ხარ ისე გაბრთხილებული, როგორადაც შეჰფერის ღვთის მსახურსა და ჭეშმარიტს მონაზონს. ხშირად მარგებელი და საიმედოა, რომ ამ ცხოვრებაში მოკლებული იყვეს კაცი მრავალს ნუგეშინისცემას და მომეტებულად სახორციელოს. ხოლო, უკეთუ ღვთიური ნუგეშინისცემა არა გვაქვს, ანუ ძლიერ იშვიათად გვეძლევა ჩვენ იგი, ეს ჩვენი ბრალია ამიტომ, რომ ჭეშმარიტის გულით შენანება არ გვინდა და არცა ამაო და გარეგანს ნუგეშინისცემას ვსტოვებთ.
4. სცან, რომ უღირსი ხარ ღვთიური ნუგეშინისცემისა და უფრო ღირსი ხარ დიდი შეწუხებისა. როდესაც კაცი მიეცემა ჭეშმარიტის გულით სინანულს, მაშინ მისთვის ყოვლითურთ შემაბეზრებელი და მწარეა სოფელი. სათნოებიანი კაცი მრავალს ჰპოულობს სამწუხაროს და სატირელს თავის ცხოვრებაში. ვინაიდგან თავის თავს იძიებს თუ მოყვასსა, იგი იგრძნობს, რომ არავინ არ არის უმწუხაროდ ამ ქვეყანაზედ და რავდენათაც უფრო კარგად გამოიძიებს თავის თავს, იმდენად უფრო დიდად შესწუხდება. საგანი ჭეშმარიტი სინანულისა და გულითადი წუხვილისა არიან ცოდვანი, და ბიწიერებანი ჩვენნი, რომლებითაც იმგვარად გარემოცულნი ვართ, რომ იშვიათად შეგვიძლია განვიზრახოთ ზეციურნი რაიმენი.
5. უკეთუ ხშირად ფიქრობდე უფრო სიკვდილზედ, ვიდრე დღეგრძელობაზედ, ეჭვი არ არის უმეტესის გულსმოდგინებით იმეცადინებ ცხოვრების გამოცვლისათვის. უკეთუ წარმოიდგენდე კვალად ჯოჯოხეთის ან განსაწმედელის მოსალოდნელს სატანჯველს, ვგონებ სიხარულით დაითმენ ყოველს შრომასა და ტანჯვასა და არცაღა შეუშინდები რაიმე სიმკაცრესა. მაგრამ რადგან ყოველივე ესე არ არის ჩანერგილი ჩვენს გულში და ჯერ კიდევ გვიყვარს სიამოვნებით ცხოვრება, ამიტომ ასე გულგრილნი და უნაღვლელნი ვართ.
6. ხშირად უძლურნი ვართ სულითა და ამიტომ ასე სწუხს საბრალო სხეული ჩვენი. მაშ ევედრე სიმდაბლით უფალსა, რათა მოგანიჭოს შენ მადლი შენანებისა და სთქვი მსგავსად წინასწარმეტყველისა: მაჭამე მე უფალო პური ცრემლითი და მასვი მე ცრემლთა საწყაულითა (ფსალმ. 79, 5).
![]() |
4.22 თავი XXII - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვფიქრობდეთ მარადის ჩვენს საბრალო მდგომარეობაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ყველგან და ყოველთვის საბრალო იქმნები, უკეთუ ღვთისაკენ არ მიიქცევი. რისთვის მოიწყენ, როდესაც არ მოხდება რამე იმგვარად, როგორც შენ გინდა? ვის უსრულდება ყოველივე თავის ნებისაებრ? არც მე, არც შენ და არც არავის სხვას ამ ქვეყანაზედ. იმისთანა არავინ არ არის ამ ქვეყანაზედ, რომელსაც არა ჰქონდეს რაიმე მწუხარება, ანუ შეწუხება, გინდ იყოს ხელმწიფე. ვინ არის ყველაზედ ბედნიერი? ცხადია, მხოლოდ ის, რომელსაც შეუძლია დაითმინოს რაიმე ღვთისათვის.
2. მრავალნი უძლურნი და სნეულნი იტყვიან: აი ეს კაცი რაოდენ ბედნიერია! რავდენად მდიდარია! როგორი დიდებული! რაოდენ ძლიერი და ამაღლებული! მაგრამ მიაქციე თვალი შენი ზეციურ სიკეთეთა და მაშინ დაინახავ, რომ სრულიად არაფერია ამ სოფლის ყოველი დიდება, არამედ ყოვლითურთ უსაფუძვლო და შემაბეზრებელი რაიმეა, ამიტომ, რომელსაც უნდა შეძენა მისი, მან უნდა დიდი შრომა და შიში გამოიაროს. ბედნიერება კაცისა არ მდგომარეობს ამ წუთი სოფლიურ სიკეთეთა სიუხვეში; ვინაიდგან იგი ზომიერიც საკმარისია მისთვის. ჭეშმარიტად დიდი საცოდაობაა ქვეყანაზედ ცხოვრება. რავდენათაც უფრო ეცდება კაცი, რათა სულიერად იცხოვროს, იმდენად უფრო მწარედ ეჩვენება მას სოფელი, ვინაიდგან მაშინ უფრო კარგად იგრძნობს და ცხადად დაინახავს უძლურებას და განხრწნილებას კაცობრიულ ბუნებისას. რამეთუ ჭამა, სმა, მღვიძარება, ძილი, განსვენება, შრომა და სხვა ყოველნი ბუნებითნი საჭიროებანი დიდი უბედურება და ტანჯვანი არიან კეთილმორწმუნე კაცისათვის, რომელიც გულით ნატრობს ხსნასა თვისთა ხორციელთა საჭიროებათაგან და განთავისუფლებას ცოდვისაგან.
3. ფრიად შეჭირვებულია ამ ქვეყანაზედ შინაგანი (ადამიანი ორის ბუნებისაგან შესდგება: - სულიერისა და ხორციელისა. სიტყვანი - ,,შინაგანი კაცი“ - აღნიშვნენ სულიერს ბუნებას: ხოლო ხორციელი ბუნების აღსანიშნავად იხმარებიან სიტყვანი: -,,გარეგანი კაცი“. მთარგმნ.) კაცი ხორციელთა საჭიროებათაგან. ამის გამო ლმობიერებით შესთხოვდა წინასწარმეტყველი დავითი დახსნასა მათგან და ამბობდა: ურვათა ჩემთაგან გამომიყვანე მე უფალო (ფსალმ. 24, 17). მაგრამ, ვაი მათ, რომელნიც ვერ სცნობენ ამგვარს თავიანთს უბადრუკებას! და უმეტესად ვაი მათ, რომელთაც უყვარსთ კიდევაც განსახრწნელი და საბრალო ცხოვრება ესე. ვინაიდგან, თუმც ზოგნი მწარე შრომითა და კარ-და-კარ წანწალით ძლივს იძენენ ცხოვრებისათვის საჭირო რაიმეთა, მაგრამ მაინც ისე შეუყვარებიათ იგი, რომ თუ-კი შესაძლო იყვეს საუკუნოდ ცსოვრება მათი ამ ქვეყანაზედ, აქ ცხოვრებას ირჩევდნენ და სრულიად აღარ იზრუნავდნენ სასუფეველისათვის ღვთისა.
4. ახ! ვითარ უგუნურნი და გულით ურწმუნონი არიან იგინი, რამეთუ ისე გასტკბობიათ მათ სოფელი, რომ გარდა ამ ქვეყნიურ რაიმეთა, სხვა ვეღარაფერს ვერა სცნობენ! მაგრამ, მათდა საუბედუროდ, ბოლოს სცნობენ საბრალონი, თუ ვითარ ამაო და საზიზღარი რაიმე ჰყვარებიათ მათ. ხოლო წმიდანი ღვთისანი და კეთილმორწმუნე მეგობარნი ქრისტესი არასოდეს არ აქცევდნენ ყურადღებას ხორციულ კმაყოფილებათა და არცა მას, რაიცა ბრწყინავდა ამ ქვეყანაზედ; არამედ ფიქრი და სასოება მათი იყვნენ მიქცეულნი საუკუნო სიკეთეთა ზედა. ყოველი სურვილი მათი მარადის მიისწრაფებოდა ზეცად უცვალებელ და უხილავის მიმართ, რათა ხილულთადმი სიყვარულს არ დაემდაბლებინა იგინი მიწად. ნუ წარიკვეთ, ძმაო, სულიერს ცხოვრებაში წარმატების იმედს: ჯერ კიდევ დრო და ჟამი გაქვს.
5. რათ სტოვებ ხვალისათვის შენი გარდაწყვეტილების აღსრულებაში მოყვანას? აღსდეგ, მსწრაფლ დაიწყე და სთქვი: აჰა ესერა, აწ არს დღე იგი შრომისა, აწ არს დღე იგი ბრძოლისა და ჟამი მარჯვე ცხოვრების გაუმჯობესობისა (2 კორ. 6, 2). როდესაც ტანჯვასა და მწუხარებაში ხარ, აი მაშინ არის დრო ღირსეულად სასყიდლის დამსახურებისა. შენ ჯერ ცეცხლი და წყალი უნდა განვლო, სინამ ეწიო ადგილსა განსასვენებელსა (ფსალმ. 65, 11). უკეთუ შენს თავს ძალას არ დაატან, ვერა სძლევ ბიწიერებასა. ვიდრემდის ამ ხრწნადს ხორცში ვართ, არ შეგვიძლია უცოდვოდ ვიცხოვროთ; ვერც მოუწყენრად და უმწუხაროდ შეგვიძლია ვიყვეთ. თუმც ვნატრობთ განსვენებას ყოველნაირ უბედურებათაგან, მაგრამ, როდესაც წარვმწყმიდეთ ცოდვითა უმანკოება ჩვენი, მაშინ მასთანვე დავკარგეთ ჩვენი ჭეშმარიტი ნეტარებაცა. ამისთვის უნდა ვიქონიოთ მოთმინება და მოველოდეთ განუზომელს მოწყალებასა ღვთისა: ვიდრემდის წარხდეს უსჯულოება და დაინთქას მოკვდავი იგი ცხოვრებისაგან (ფსალმ. 56, 1; 2 კორ. 5, 4).
6. ახ! რა საშინელია უძლურება კაცისა, რომელიც მიდრეკილია მარადის ბიწიერებაზედ! დღეს მიხვალ, აღსარებას იტყვი და ხვალ ისევ ვარდები იმავ ცოდვაში. ამ წამს პირობას სდებ, რომ ფრთხილად ვიქმნებიო და მეორე წამს-კი იმგვარად იქცევი, თითქო არაფერი არ აღგეთქვას. მაშ სიმართლე მოითხოვს, რომ დავიმდაბლოთ თავნი ჩვენნი და არასოდეს არ მივიჩნიოთ იგი დიდ რამედ, რადგანაც ასე უძლურნი და დაუდგრომელნი ვართ. შეიძლება ერთს წუთშიაც წარვსწყმიდოთ ჩვენის უზრუნველობით ყოველი იგი, რაიცა მადლის მიერ და შემდგომ ეგოდენი მწარე შრომისა ძლივს შეგვიძენია.
7. უკეთუ ახლავე ასე გულგრილნი ვართ, როგორ უნდა ვიყვეთ მაშ ბოლოს დროს? ვაი ჩვენ, თუ ვემზადებით მოსვენებისათვის იმ გვარად, თითქო მშვიდობიანს და მყუდრო დროში ვიყვეთ მაშინ, როდესაც ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში კვალიც არა სჩანს ჭეშმარიტის უბიწოებისა! კარგი იქმნებოდა, რომ ხელ-ახლად გაგვწრთნიდენ კეთილ საქციელში, როგორადაც მორჩილთა, იმ იმედით, რომ ჩვენ მაშინ გავისწორებთ საქციელსა და უმეტესად წარვემარტებით სულიერს ცხოვრებაში.
![]() |
4.23 თავი XXIII - მასზედ, თუ ვითარ მარადის უნდა ფიქრობდეს ადამიანი სიკვდილზე. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მალე უნდა გამოესალმო ამ წუთ სოფელს. მაშ ჩაუკვირდი კარგად შენს მდგომარეობას. დღეს ცოცხალია კაცი და ხვალ-კი აღარსად სჩანს, რაკი მიგვეფარება იგი თვალიდგან, მალე თვით ხსენებაცა მისი ჰქრება. ახ! უგრძნობლობავ და გულფიცხელობავ კაცისა! რამეთუ აწმყოსათვის ზრუნავს მხოლოდ და მომავალზედ კი არ ფიქრობს. ყოველ საქმესა და განზრახულებაში იმგვარად უნდა მოიქცე, როგორადაც წამის-წამს სიკვდილის მომლოდინე. უკეთუ გექმნება კეთილი სინიდისი, მაშინ დიდათ აღარ შეგეშინდება სიკვდილისა. სჯობია მოვერიდოთ ცოდვასა, ვიდრე გვეშინოდეს სიკვდილისა. უკეთუ დღეს არა ხარ მზად, ხვალ როგორ იქმნები? ხვალინდელი დღისა არა ვიცით რა. რით იცი, უკეთუ ხვალ ცოცხალი იქმნები.
2. რას გვარგებს ხანგრძლივი სიცოცხლე, თუ ასე ნაკლებ განვისწორებთ მას? ახ! დღეგრძელობა მარადის არ არის სასიკეთო, არამედ ხშირად იგი უფრო ცოდვას გვიმატებს. ღმერთმან ინებოს, რომ ერთი დღე მაინც კეთილად გაგვეტარებინოს ამ ქვეყანაზედ. მრავალნი წელთა აღრიცხვენ თავიანთი მოქცევის დღიდგან, მაგრამ ნაყოფი მათის მოქცევისა - ცხოვრების გაუმჯობესობა-კი ხშირად მცირედი აქვსთ. უკეთუ საშიშოა სიკვდილი, იქნება ხანგრძლივი სიცოცხლე უფრო საშიშო იყვეს. ნეტარება იმ კაცს, რომელსაც მარადის თვალ-წინ აქვს წარმოდგენილი თავისი სიკვდილის წამი, და ყოველ დღე ემზადება სიკვდილისათვის. გინახავს როდისმე სულთამბრძოლი ადამიანი? იცოდე შენც იგივე მოგელის.
3. როდესაც დილა გაგითენდეს, წარმოიდგინე, რომ შეიძლება დაღამებას ვეღარ მოესწრო; ხოლო საღამოზედ დარწმუნებული ნუ იქმნები, რომ დილა გაგითენდეს. მაშ ყოველთვის მზად იყავი და იმგვარად იცხოვრე, რომ სიკვდილმა მოუმზადებელს არასოდეს არ მოგასწროს. მრავალნი იხოცებიან უცბად და მოულოდნელად; ვინაიდგან არავინ არ იცის დრო, როდის უნდა მოვიდეს ძე კაცისა (ლუკ. 12, 40). როდესაც მოვა ის უკანასკნელი წამი, მაშინ სულ სხვანაირად დაინახავ მრთელს შენს წარსულს ცხოვრებას და დიდათ შესწუხდები, რომ ესოდენ დაუდევნელი და მცონარე ყოფილხარ.
4. როგორ ბედნიერი და გონიერია ის კაცი, რომელიც ახლავე ცდილობს იცხოვროს იმ გვარად, როგორადაც სიკვდილის წამს სასურველი იქმნება მისთვის! დიდი იმედი ექმნება სიკვდილის წამს იმ კაცს, რომელსაც სრულიად მოუძულებია ეს სოფელი, აღგზნებული ნატვრა ჰქონია სათნოებაში წარმატებისა, შეუყვარებია კანონიერი ცხოვრება, უშრომია მოსანანიებლად ცოდვათა, დაუზარებელი ყოფილა მორჩილებისათვის, უარ უყვია თვისი თავი და დაუთმენია ყოველი უბედურება იესო ქრისტეს სიყვარულისათვის. ბევრი კეთილი შეგიძლია ჰყო, სინამ ჯანმრთელი ხარ, მაგრამ დასნეულებული არ ვიცი-კი რის გაკეთებას შეიძლებ. ძნელად რომ სნეულებას ვინმე გაესწორებინოს, როგორადაც იშვიათია, რომ მრავალჯერ წმიდათა ადგილთა თაყვანისცემით ვინმე წმიდა გამხდარიყვეს.
5. შენს სასოებას ნუ დაამყარებ მეგობრებსა და მოყვასებზედ და ნურცა გარდასდებ მომავლისათვის შენის სულის ცხონების საქმეს, რადგან კაცნი უფრო მალე დაგივიწყებენ, ვიდრე შენ გგონია. სჯობს ახლავე, სინამ მარჯვე დრო გაქვს, იზრუნო და რაიმე კეთილი საქმე წაიმძღვარო, ვიდრე იმედი სხვების შემწეობაზედ იქონიო. თუ რომ ახლა თვითონ შენ არ იზრუნავ შენის თავისათვის, მაშ შემდეგში ვიღა იზრუნავს შენთვის? აი, ახლა ეს დრო შენთვის დაუფასებელია. ,,აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა (...) აწ არს დღე იგი ცხოვრებისა.“ (2 კორ. 6, 2) მაგრამ ვაი შენ! უკეთუ კეთილად ვერ მოიხმარებ ამ დროს, რომელსაც შეუძლია ღირსი გყოს საუკუნოდ ცხოვრებისა. მოვა დრო, რომ ნატრობდე ერთს დღეს, ანუ ერთს საათს გასასწორებლად შენის ცხოვრებისა, მაგრამ არ ვიცი მიიღებ შენ მას, თუ არა.
6. ახ! საყვარელო ძმაო, როგორის ხიფათისაგან, ვითარის საშიშროებისაგან შეგიძლია დაიხსნა შენი თავი, უკეთუ შიში და მოლოდინი სიკვდილისა მარადის განუშორებლად გექმნება. ეხლავე ეცადე იცოცხლო იმ გვარად, რომ სიკვდილის დროს უფრო გიხაროდეს, ვიდრე გეშ/ინოდეს. ეხლავე ისწავლე მოკვდინება შენის თავისა ამ ქვეყანაზედ, რათა იცხოვრო შემდგომ ქრისტესთან. ეხლავე ისწავლე შეურაცხება ყოველივესი, რათა შემდგომ კადნიერად შეგეძლოს წასვლა ქრისტესთან. ეხლავე გაიკანონე შენი ხორცი, რათა შემდგომ მტკიცე იმედი გქონდეს.
7. ახ! უგუნურო! რას ფიქრობ შენს დღე-გრძელობაზედ, როდესაც შენის სიცოცხლისა ერთი დღისაც-კი დარწმუნებით არა იცი რა? ძრიელ ბევრნი მოსტყუვდნენ ამ გვარის ფიქრებით და უეცრად-კი მოესპოთ მათ სიცოცხლე. რავდენჯერ გაგიგონია, რომ ესა და ეს მახვილით მომკვდარა, ის წყალში დამხჩვალა სხვა მაღლიდგან ჩამოვარდნილა და თავი გასჩეხია; ბევრი სუფრაზედ მომკვდარა, ზოგი გარდაცვლილა თამაშობის დროს, ერთი ცეცხლში დამწვარა; მეორე ავაზაკთა წერა გამხდარა, მესამე უმსხვერპლია ჭირსა და ესრედ ყველა კაცის დასასრული კი სიკვდილია. ,,და დღენი მისნი, ვითარცა აჩრდილი წარვლენ“ (იობ. 14, 2; ფსალმ. 143, 4).
8. ვინ მოგიხსენებს შენ შემდგომ შენის სიკვდილისა, ანუ ვინ ილოცავს შენთვის? მაშ აღსდეგ მსწრაფლ, აღსდეგ, საყვარელო ძმაო, ეხლავე დაიწყე და ჰქმენ ყოველივე, რის ქმნაც საჭიროა, ვინაიდგან შენ არ იცი არცა დრო შენის სიკვდილისა და არცა შედეგი მისი. სინამ დრო გაქვს, შეიკრიბე საუნჯე უკვდავი; გარდა შენის ცხოვრებისა ნურაფერზედ ნუ იფიქრებ და მხოლოდ ღვთიურ რაიმეთათვის იზრუნე. პატივი ეც წმიდათა ღვთისათა და ჰბაძვიდე საქმეთა მათთა და ამით გაიხადე იგინი შენს მეგობრებად, რათა სიკვდილის შემდეგ შეგიწყნარონ მათ შენ საუკუნეთა მათ საყოფელთა. (ლუკ. 16, 9).
9. იცხოვრე ქვეყანაზედ, ვითარცა მოგზაურმან და მწირმან, რომელთაც ამა სოფლისა არა ენაღვლებათ რა. დაიცევ გული შენი თავისუფლად და აღამაღლე იგი მარადის ღვთისადმი, რამეთუ არა გაქვს შენ აქ საყოფელად ქალაქი (ებრ. 13, 14). ვედრებანი, სულთქმანი და ცრემლნი შენნი მარად დღე აღავლინე ზეცად, რათა სული შენი, შემდეგ შენის სიკვდილისა, განვიდეს უფლისა მიმართ. ამენ.
![]() |
4.24 თავი XXIV - განკითხვასა და სასჯელზედ ცოდვილთა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ყოველს შენს მოქმედებაში სახეში იქონიე შედეგი მისი და ის, თუ ვითარ უნდა წარსდგე წინაშე იმ საშინელი მსაჯულისა, რომლისათვის არაფერია დაფარული, საჩუქრებით იგი არ მოისყიდება და არცა ბოდიშს შეიწყნარებს, არამედ ყოველს სიმართლისაებრ განიკითხავს. ახ, საწყალობელო და უგუნურო ცოდვილო! რა პასუხი უნდა აგო ყოველს შენს ბოროტ მოქმედებათა მცოდნე უფალსა, როდესაც ზოგჯერ განრისხებულის კაცის ერთი შეხედვაც-კი გათრთოლებს? რისთვის ახლავე არ ემზადები განკითხვის დღისათვის, როდესაც ვერავინ ვერ გაგამართლებს; ვერავინ ვერ დაგიფარავს, ვინაიდგან მაშინ ყველას თავისი საკმარისი ტვირთი ექმნება. ახლა შრომა შენი იქმნება ნაყოფიერი, გოდება შენი კეთილ-შეწყნარებულ, სულთქმა შენი შესმენილ, ცრემლი შენი დამაკმაყოფილებელ ღვთისა და განმწმენდელ ცოდვათა შენთაგან.
2. დიდსა და მაცხონებელს განწმედას აქვე გაივლის სულგრძელი კაცი, როდესაც შეურაცხებას იღებს, მაგრამ იგი უფრო სწუხს სხვის ბოროტებაზედ, ვიდრე თავის შეურაცხებაზედ; როდესაც მტერთათვის ლოცულობს სიამოვნებით და წმიდის გულით შეუნდობს შეცოდებათა; როდესაც მარადის მზად არის თვით მოითხოვოს შენდობა სხვების წინაშე; როდესაც უფრო იბრალებს, ვიდრე მრისხანებს, როდესაც ძალას ატანს თავის თავს და სცდილობს, რომ სხეული თვისი სრულიად დაუმორჩილოს სულსა. სჯობს ახლავე გაიწმიდოს კაცი ცოდვებისაგან და გაისწოროს მან ცთომილებანი, ვიდრე დასტოვოს გაწმედა მათი მომავალის ცხოვრებისათვის. ჭეშმარიტად დიდად ვსცდებით, რომ ჩვენს სხეულს ასე უზომოდ ვიყვარებთ.
3. რა უნდა შთანთქას მაშ იმ ცეცხლმა, თუ არ ცოდვანი შენნი? რავდენათაც ახლა დაზოგავ შენს თავს და შეუდგები ნებასა სხეულისას, იმდენად უფრო მკაცრად დაისჯები შემდეგში და იმდენად უფრო მეტს ნივთიერებათა შემოიკრებ დასაწველად. ყოველნი თავიანთ ცოდვისა და სიბოროტის დაგვარად დაისჯებიან. ზარმაცნი გახურებული შანთით იქმნებიან იქ დაჯგვლემილნი. ხოლო ნაყროვანნი საშინელის შიმშილითა და წყურვილით დაიტანჯებიან. იქ მეძავნი და უწმინდურის სიამოვნების მოყვარულნი ადუღებულს კუპრსა და მყრალს გოგირდში იქმნებიან შთაყრილნი, ხოლო მემშურნენი სიმწარისაგან სატანჯველთა იღმუილებენ როგორათაც ძაღლნი გაცოფებულნი.
4. არ იქმნება მისთანა ბიწიერება, რომელსაც თავისი საკუთარი სატანჯველი არა ჰქონდეს. იქ ამპარტავანნი საშინელი სირცხვილისაგან იქმნებიან თავზარ დაცემულნი და ძუნწნი უკანასკნელს სიღატაკეს გამოივლიან. ერთი საათის სატანჯველი იქ უფრო საშინელი იქმნება, ვიდრე აქ ასი წლის ყოვლად ფიცხელი საკანონოები. იქ არ არის დასჯილთათვის არავითარი განსვენება და არცა ნუგეში, ხოლო აქ-კი ზოგჯერ მაინც შეიძლება შრომათაგან განისვენოს კაცმა და მოყვასთაგან ნუგეშცემული იქმნეს. ახლა იზრუნე და იტირე შენის ცოდვებისათვის, რომ იმ განკითხვის დღეს უშიშრად იყვე ნეტართათანა; რამეთუ მაშინ დადგეს დიდის კადნიერებით მართალი წინაშე მაჭირვებელთა თვისთა და შეურაცხ-მყოფელთა სალმობათა მისთა (სიბრძ. 5, 1). მაშინ აღსდგება და იქმნება მსაჯულად ის, რომელიც აწ თავმდაბლად ემორჩილება მსჯავრსა კაცთასა. მაშინ გლახაკსა და მდაბალსა დიდი იმედი ექმნებათ, მაგრამ ამპარტავანნი ითრთოლებენ შიშითა.
5. მაშინ გამოჩნდება, რომ მხოლოდ ის ყოფილა, ამ ქვეყანაზედ ბრძენი, რომელსაც შეურაცხება მიუღია და სულელად ჩარაცხულა ქრისტესთვის. მაშინ ყოველივე მწუხარება, რომელიც ადამიანს მოთმინებით უტვირთნია, იქმნება სასიამოვნო, ხოლო ყოველმან უსჯულომან დაიყოს პირი თვისი (ფსალმ. 106, 42). მაშინ განიხარებს ყოველი მოშიში ღვთისა, ხოლო უსჯულო იქმნება მწუხარე. მაშინ უფრო იხარებს ხორცი შეწუხებული, ვიდრე ხორცი იგი, რომელიც ყოფილა მარადის განცხრომაში. მაშინ გამობრწყინდება ძაძა, ხოლო გაშავდება ძვირფასი ტანისამოსი. მაშინ უფრო დიდებული იქმნება გლახაკური ქოხი, ვიდრე მოოქროებული პალატი. მაშინ უფრო გამოდგება მტკიცე მოთმინება, ვიდრე ყოველი ძლიერება ამა სოფლისა. მაშინ უფრო ამაღლდება წრფელი მორჩილება, ვიდრე ყოველი ამა სოფლის ვერაგობა.
6. მაშინ უფრო იხარებს კეთილი და უბიწო სინიდისი, ვიდრე სამეცნიერო ფილოსოფია. მაშინ სიმდიდრეთა შეურაცხებას უფრო დიდი ფასი ექმნება, ვიდრე ამა სოფლიურ ყოველსავე საუნჯეს. მაშინ გულმხურვალე ლოცვა უფრო დიდად ნუგეშსა გცემს, ვიდრე აქ მიღებული სხვა-და-სხვა გემრიელი საჭმლები. მაშინ მდუმარებაში გატარებული შენი ცხოვრება უფრო მეტს სიხარულს შეგძენს, ვიდრე აქაური ხანგრძლივი მუსაიფი. მაშინ კეთილმოქმედებანი შენნი უმეტესად ეღირებიან, ვიდრე შენი მშვენიერი მრავალსიტყვაობანი. მაშინ უფრო სასიამოვნო იქმნება მჭიდრო ცხოვრება და ფიცხელი საკანონო, ვიდრე ყოველი კმაყოფილება სოფლისა. მაშ ეცადე ახლა დაითმინო მსუბუქი სასჯელები, თუ გინდა, რომ შემდგომ უმძიმესთა გადაურჩე. ახლავე გამოსცადე აქ ის, რაც უნდა დაითმინო შემდგომ. უკეთუ აქ მცირედი ვერ მოგითმენია, მაშ როგორ უნდა დაითმინო იქ საუკუნო სატანჯველი? უკეთუ დღეს მცირედს შეწუხებას ასე მოთმინებიდგან გამოჰყევხარ, მაშ რაღა უნდა დაგმართოს შენ ჯოჯოხეთის ცეცხლმა? მერწმუნე არ შეგიძლია ერთად ორგვარი სიხარული იქონიო: ასე რომ ამ ქვეყანაზედაც განცხრომაში იყვე და შემდგომ იქაც ქრისტესთან იხარო.
7. თუ შენ დღემდე პატივსა და უწმიდურს სიამოვნებაში გიცხოვრია, რას გამოგადგება შენ ყოველი ესე, უკეთუ უცებ სიკვდილი შეგემთხვას? მაშ, გარდა ღვთის სიყვარულისა და მხოლოდ მისდა მსახურებისა, ,,ყოველივე ამაო არს“ (ეკკლ. 1, 2). ხოლო რომელსაც ჭეშმარიტის გულით უყვარს ღმერთი, მას არ ეშინია არც სიკვდილისა, არც სატანჯველთაგან, არცა განკითხვისა და არცაღა ჯოჯოხეთისა, ვინაიდგან ჭეშმარიტი სიყვარული კადნიერებას მოგვცემს ღვთის წინაშე წარდგომისას. მაგრამ რომელსაც ჯერ კიდევ ცოდვა უყვარს, მას, რასაკვირველია, ეშინება სიკვდილისა და განკითხვისა. თუ სიყვარული ღვთისა ვერ მოგაშორებს შენ ბოროტისაგან, ისიც კარგი იქმნება, უკეთუ შიში გეენიისა მაინც შეგაკავებს შენ; ვინაიდგან, რომელიც არაფრად მიიჩნევს შიშსა ღვთისასა, იგი კეთილში ვერ განემტკიცება, არამედ მსწრაფლ ეშმაკის საფრხეში შთავარდება.
![]() |
4.25 თავი XXV - მასზედ, თუ ვითარის გულსმოდგინებით უნდა ვცდილობდეთ მთელის ჩვენის ცხოვრების გასწორებას. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მღვიძარედ და გულსმოდგინედ იყავი ღვთის სამსახურში და ხშირად იფიქრე, თუ რისთვის მოსულხარ შენ აქ მონასტერში და რისთვის დაგიტოვებია სოფელი. იმისთვის არა, რომ იცოცხლო ღვთისათვის და სულიერი კაცი შეიქმნე? მაშ გულსმოდგინედ ესწრაფებოდე შენს წარმატებას, რამეთუ მალე მიიღებ სასყიდელს შენის შრომისათვის და მაშინ, შენი სულის ამოსვლის დროს, ვეღარ იგრძნობ შიშსა და ვერც მწუხარებას. აქ მცირეს იშრომებ და მით-კი დიდს განსვენებას და სამარადისო ნეტარებას მოიპოვებ შემდეგში. უკეთუ ჭეშმარიტის ერთგულობით მოეკიდები შენს საქმეს, უთუოდ ღმერთიც ერთგული და უხვი იქმნება სასყიდლის მონიჭებაში. დიდი იმედი უნდა გქონდეს იმისი, რომ მიახწევ გამარჯვებასა, მაგრამ ერიდე სრულიად ამ იმედზედ დამყარებასა: ამით შეიძლება დაზარმაცდე და ანუ გაამპარტავნდე.
2. ერთხელ ერთი ნაღვლიანი კაცი, რომლის გულში იმედი და შიში მუდამ ებრძოდნენ ერთმანერთს, როდესაც აღელვებული შეიქმნა მწუხარებისაგან, შევიდა ეკლესიაში, დაემხო საკურთხეველის წინ, დაიწყო ლოცვა და ამბობდა თავის გულში: ,,ახ! ნეტავი ვიცოდე, ღვთის სამსახურში მტკიცედ დავრჩები თუ არა?“ და მსწრაფლ ამის პასუხად, მის სულს მოესმა ღვთიური სიტყვა ესე: ,,რას იქმოდი, უკეთუ გცოდნოდა შენ ეგ? რასაც მაშინ იქმოდი, ეხლა ჰყავ და შიში აღარაფრისა გექმნება“. მაშინ ნუგეშინცემულმან და გამხნევებულმან თავის თავი მიანდო ღვთის ნებას, და დასცხრა იმაში ყოველი სამწუხარო მღელვარება. იმიერიდგან დაუტევა ცნობის მოყვარეობა და აღარ ეძიებდა, თუ რა მოელოდა მას შემდეგში; არამედ უფრო იმას სცდილობდა, რომ გაეგო სათნო და ყოვლად სრული ნება ღვთისა და მის დაგვარად დაეწყო ყოველი კეთილი საქმე და აღესრულებინა იგი.
3. ,,ესევდ უფალსა და ჰყავ სიტკბოება, დაემკვიდრო ქვეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა“ (ფსალმ. 36, 3) ერთი რამე უბრკოლებს მრავალთა წარმატებასა და გულსმოდგინედ შრომასა ცხოვრების გასასწორებელად; აი ეს: ერიდებიან შრომის სიძნელეს და სამძიმოდ მიაჩნიათ ბრძოლა. ჭეშმარიტად, ისინი უფრო წარემატებიან სათნოებაში, რომელნიც დიდის გულსმოდგინებით სცდილობენ სძლიონ მას, რაც უფრო სამძიმოა, რაც უფრო უსიამოვნოა მათთვის. რამეთუ რავდენათაც უფრო სძლევს კაცი თვის თავსა და თვის ვნებათა მოაკვდენს, იმდენად უფრო წარემატება სათნოებაში და უფრო უხვად მიიღებს მადლსა.
4. მაგრამ შრომა, რომლითაც უნდა მოაკვდინოს და დასძლიოს კაცმა თავისი ვნებანი, ყველას ერთნაირი როდი აქვსთ. გულსმოდგინე მოღვაწე, თუნდაც რომ ვნებანი მრავალნი ჰქონდეს, უფრო წარემატება სათნოებაში, ვიდრე მეორე, რომელსაც, თუმცა კეთილ ზნიანია იგი, მაგრამ გულსმოდგინება კი მცირედი აქვს. ჩვენის ცხოვრების გასასწორებლად ორი რამეა უფრო საჭირო: პირველად - რათა ძალა დავატანოთ ჩვენს თავსა და განვეშოროთ იმ ბიწიერებათა, რომელთაკენ უმეტესად მიდრეკილია სუსტი ბუნება ჩვენი; და მეორედ - რათა გულსმოდგინედ ვიმეცადინოთ შეძენისათვის იმ სათნოებათა, რომელნიც უფრო გვესაჭიროებიან ჩვენ. განსაკუთრებით იმეცადინე, რათა მოერიდო და სძლიო იმ ცდომილებათა, რომელნიც უფრო მეტად გეზიზღებიან სხვებში.
5. ყოველი შემთხვევით ისარგებლე შენი თავის წარმატებისათვის, როდესაც ხედავდე, ანუ ისმენდე რაიმე კეთილს მაგალითსა, შენც აღიგზნებოდე სურვილით მისდა მისაბაძავად. ხოლო უკეთუ საძრახისი რაიმე იხილო სხვაში, გაფრთხილდი, რომ შენც არა ჰყო იგივე, ანუ უკეთუ ოდესმე ჩაგიდენია რაიმე მისთანა, ეცადე მსწრაფლ შეინანო შენ იგი. როგორადაც შენ ადევნებ თვალ-ყურს სხვებსა, შენც ეგრედვე გექცევიან სხვები. რაოდენ სიამოვნებას და სიტკბოებას გრძნობს კაცი, როდესაც ხედავს ძმათა გულმხურვალეთა, ღვთის მოყვარეთა, კეთილ-ზნეობიანთა და გულსმოდგინებით დამცველთა თავიანთის წესებისა! ხოლო რაოდნად სამწუხარო და სამძიმოა ხილვა მათი, რომელნიც ურიგოდ ატარებენ ცხოვრებას და არ ასრულებენ იმ თავიანთ მოვალეობასა, რომლისათვისაც არიან მოწოდებულნი! რავდენად მავნებელია, როდესაც გულგრილად ეკიდებიან თავიანთ წოდების მოვალეობას და ეტანებიან იმ გვარ საქმეებს, რომელნიც მათს მდგომარეობას არ შეჰფერის.
6. გახსოვდეს აღთქმა შენი და მარადის თვალწინ გქონდეს ხატი ჯვარცმულისა. როდესაც წარმოიდგენ იესო ქრისტეს ცხოვრებას, დიდად შეგრცხვება, რომ უფრო მეტად არ სცდილხარ, რათა ცხოვრება შენი დაგემსგავსებინა მისი ცხოვრებისათვის, თუმც დიდი ხანია დასდგომიხარ გზასა ღვთისასა. ბერი, რომელიც გულსმოდგინებით და სასოებით ფიქრობს იესო ქრისტეს ყოვლად წმიდა ცხოვრებასა და ვნებაზედ, უხვად ჰპოებს იმაში ყოველსავე, რაიცა მისთვის სასარგებლო და გამოსადეგია და აღარ იქმნება იმისთვის საჭირო, რომ გარდა იესოსი, სხვა უკეთესი რაიმე ეძიოს. ახ! უკეთუ ჯვარცმული იესო შემოვიდოდეს ჩვენს გულში, ვითარ მსწრაფლ და საკმაოდ განსწავლულნი შევიქმნებოდით.
7. გულმხურვალე ბერი ყოველსავე კმაყოფილებით შეიწყნარებს და აღასრულებს, რაიცა-კი მას ებრძანება. ბერსა მცონარესა და გულგრილსა მწუხარება მწუხარებაზედ ემატება და ყოვლის მხრივ ითმენს იგი ტანჯვასა, იმიტომ რომ შინაგანს ნუგეშინისცემას მოკლებულია, ხოლო გარეგანის ძიება-კი აღკრძალულია მისთვის. ბერსა, რომელიც ცხოვრობს არა წესისაებრ, მოელის დიდი უბედურება. რომელიც ეძიებს შემსუბუქებას და განსვენებასა, იგი მარადის აღშფოთებული იქმნება, ვინაიდგან ხან ერთი არ მოეწონება და ხან მეორე.
8. როგორ სცხოვრებენ ეგოდენ მრავალნი სხვა ბერები გამომწყვდეულნი მონასტრებში ფიცხელი კანონების ქვეშ? იშვიათად გამოდიან გარედ, განმარტოებულნი ცხოვრებენ, საზრდო მათი არს გლახაკური, ძაძით არიან შემოსილნი, ბევრს მუშაობენ, ცოტას ლაპარაკობენ, გვიან იძინებენ, ადრე დგებიან, დიდხანს ლოცულობენ, ხშირად კითხულობენ და ყველაფერში მტკიცედ ასრულებენ წესებს. მიჰხედე ბერებს (...) და მოლოზანთა სხვა-და-სხვა წესისათა, თუ როგორ ყოველ ღამეს დგებიან, უგალობენ და აქებენ ღმერთსა ფსალმუნებითა. მაშ, გრცხვენოდეს შენ, რომ ამგვარ წმიდა საქმეში ესრედ მცონარე ხარ, იმ დროს, როდესაც ესოდენ ბერთა სიმრავლე ღაღადებს ქებასა ღვთისასა.
9. ახ! რა კარგი იქმნება, რომ შენს ცხოვრებაში სხვა საქმე არა გქონოდა რა, გარდა იმისა, რომ აქებდე უფალსა ღმერთსა ყოვლის გულითა და პირითა შენითა. ახ! უკეთუ არც ჭამა ყოფილიყო შენთვის საჭირო არასოდეს, არცა სმა და არცა ძილი, არამედ შეგძლებოდა მარადის ქება ღვთისა და ვარჯიშობა შენს სულიერს საქმეში! მაშინ უმეტესად ბედნიერი იქმნებოდი, ვიდრე დღეს, როდესაც დაუმონავებიხარ სხეულის საჭიროებათა. ინებოს ღმერთმა, რომ დამცხრალიყვენ ჩვენში ამგვარნი საჭიროებანი და იზრდებოდეს სული ჩვენი მხოლოდ იმ სულიერის საზრდელითა, რომელსაც, ახ! ჩვენდა სამწუხაროდ, ძრიელ იშვიათად ვღებულობთ!
10. როდესაც კაცი მიაღწევს იმ სისრულემდე, რომ აღარ ეძიებს ქმნულებათაგან ნუგეშინისცემასა, მხოლოდ მაშინ სრულიად იგრძნობს ღვთის სიტკბოებასა, მაშინ კმაყოფილი იქმნება ყველაფრით, რაც-კი უნდა შეემთხვეს. მაშინ არც მრავალი რაიმისათვის განიხარებს იგი და არც მცირეზედ შესწუხდება; არამედ სრულის სასოებით თვის თავს მიანდობს ღმერთსა, რომელიც არის მისთვის ყოველივე ყოველსა შინა, წინაშე რომლისა არა რაი განჰქარდება და არცა მოკვდება, არამედ ყოველნი ცხოველ არიან და ყოველს წამის ყოფასა მისსა დაუყონებლივ ემორჩილებიან.
11. გახსოვდეს მარადის საბოლოვო შენი, და გახსოვდეს, რომ დაკარგული დრო აღარ დაგიბრუნდება. თვინიერ შრომისა და გულსმოდგინებისა შენ ვერ შეიძენ სათნოებათა. უკეთუ გულგრილობას დაიწყებ, იგრძნობ მწუხარებასა. ხოლო უკეთუ გულმხურვალებას მიეცემი, დიდს მშვიდობას ჰპოვებ და მადლი ღვთისა და სიყვარული სათნოებისა შვებას მოგცემენ შრომაში. გულმხურვალე და მეცადინე კაცი მარადის ყოველის საქმისათვის მზად არის.
ყოველი საძნელო და გასაჭირის მუშაობის ატანა უფრო ადვილია, ვიდრე შებრძოლება წინააღმდეგ ვნებათა და ცდომილებათა. რომელიც არ ერიდება მცირეთა ცდომილებათა, თანდა-თან უმძიმესთა შინა ჩავარდება (ზირ. 19, 1). საღამოობით ყოველთვის მხიარული იქმნები, უკეთუ დღე კეთილად გაგიტარებია. თვალ-ყური ადევნე შენს თავს, გაამხნევე და გააფრთხილე შენი თავი; სხვებმა რაც უნდა ჩაიდინონ, შენ მაინც ზრუნვიდე შენს თავზედ. რავდენათაც უფრო ძალას დაატან შენს თავს, იმდენად უფრო წარემატები.
![]() |
5 წიგნი მეორე - დარიგებანი სახელმძღვანელოდ შინაგანი ცხოვრებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 თავი I - შინაგანს საუბარზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. აჰა ეგერა სასუფეველი ღვთისა შორის თქვენსა არს (ლუკ. 17, 22). ,,მოიქეცით ყოვლითა გულითა თქვენითა უფლისა მიმართ, იტყვის უფალი“ (იოელ. 2, 12). დაუტევეთ საბრალო სოფელი ესე და სული თქვენი ჰპოებს განსვენებასა. ისწავე შეურაცყოფა ყოვლისავე გარეგანისა, ზრუნვიდე მხოლოდ შინაგანისათვის და იხილავ სასუფეველსა ღვთისასა, გარდმომავალსა შენზედა. ვინაიდგან ,,სასუფეველი ღვთისა არს სიმართლე და მშვიდობა და სიხარული სულითა წმიდითა“(რომ. 14, 17), რომელი არა მიეცემა უსჯულოთა. მოვა შენთან ქრისტე და აღგავსებს ყოვლის ნუგეშინისცემითა თვისითა, უკეთუ შენ გაუმზადებ მას სავანესა შენს გულში. ყოველი დიდება და სამკაული მისი გულსა შინა არს (ფსალმ. 44, 13), და მასში ჰნებავს მას განსვენება. ხშირად ეწვევა იგი შინაგანს კაცსა, საუბრობს მასთან სიტკბოებითა, აღავსებს მას ნუგეშისცემითა, უხვად ანიჭებს მშვიდობასა და ექცევა მას, როგორადაც გულითადი მეგობარი.
2. აღსდეგ, მორწმუნე სულო, განუმზადე გული შენი სიძესა მას, რათა მოვიდეს და დაიმკვიდროს შენთანა.რამეთუ იტყვის მაცხოვარი: ,,უკეთუ ვისმეს უყვარდე მე, სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისსა და მისთანა დავსდგეთ“ (იოან. 14, 23). მაშ განუღე გული შენი ქრისტესა და დახშე შესავალი მისი ყოველივე სხვისათვის. უკეთუ ქრისტე იქმნება შენთან, შეიქმნები მდიდარი და სრულიად კმაყოფილი. იგი თვით იზრუნებს შენის ყოველივე საჭიროებისათვის და ადამიანებზედ სასოების დამყარება შენთვის საჭირო აღარ იქმნება. კაცნი ადვილად გამოიცვლებიან და შემწეობა მათი უძლურდება; ხოლო ქრისტე ჰგიებს უკუნისამდე (იოან. 12, 34), და ბოლომდი განუყრელად იქმნება შენთან.
3. მოკვდავსა და უძლურს კაცზედ ნუ დაამყარებ შენს სასოებას, თუნდაც რომ იგი იყვეს შენთვის დიდად სასარგებლო და საყვარელი (იერ. 17, 5); აგრეთვე ნუ შესწუხდები დიდად იმისი მტერობით და წინააღმდეგობით. დღევანდელი შენი მომხრე, ხვალ შეიძლება მოწინააღმდეგე გახდეს, რამეთუ ადამიანები ქარისავებ მალე იცვლებიან. დაამყარე ყოველი სასოება შენი ღმერთზედ და მხოლოდ იგი იყვეს საგანი შენის შიშისაც და სიყვარულისაც. იგი იქმნება მოსარჩლე შენი საჭიროების დროს და მოაქცევს ყოველსავე შენს სასარგებლოდ. არა გაქვს შენ აქ საყოფელად ქალაქი (ებრ. 13, 14), და სადაც-კი უნდა იყვე, გახსოვდეს, უცხო ხარ და მგზავრი; ვერსად ვერ ჰპოებ განსვენებასა, ვიდრემდის არ ეღირსები შინაგანს შეერთებას ქრისტესთან.
4. აქ გარეშემო შენსა რას ათვალიერებ? აქ არ არის შენი განსვენების ადგილი, არამედ ცათა შინა არს სამყოფელი შენი, ხოლო ყოველსავე ამა ქვეყნიურსა მიმავალი მგზავრივით უცქირე. ყოველნი განვლიან და შენც მათთან განვლი. გაუფრთხილდი, ნუ მიეკარები მათ, ვაი თუ შეგიპყრან და წარგწყმიდონ. ყოველი შენი განზრახვა მიჰმართე უზენაესსა, ხოლო ვედრებასა შენსა მარადის აღავლენდე ქრისტესთან. უკეთუ შენ არ შეგიძლია განჭვრეტა უმაღლესისა და ზეციურისა, წარმოიდგინე ვნება ქრისტესი და წმიდათა წყლულებათა შინა მისთა სცხოვრებდე სიამოვნებით. უკეთუ შენ მიჰმართავ სასოებით ქრისტე იესოს საღმრთოთა წყლულებათა, რომელნიც არიან უძვირფასესნი ნიშანნი მისი ვნებისა, მაშინ შენ ადვილად დაითმენ მწუხარებასა: არცა ბევრს ინაღვლი, უკეთუ კაცთა შეურაცხგყონ შენ და მათგან შენის სახელის უპატიურად ხსენებასაც ადვილად დაითმენ.
5. თვით ქრისტეც-კი იყო ქვეყანაზედ შეურაცხყოფილი კაცთაგან და დიდს გაჭირვებაში მყოფი, დატოვებული შეიქმნა ნაცნობთა და მეგობართაგან, როდესაც მას ჰკიცხავდნენ. ქრისტემ ინება ვნება და შეურაცხყოფა და შენ-კი ჰბედავ მცირე რამეზედ ჩივილს! ქრისტეს ჰყვანდნენ მტერნი და ცილისმწამებელნი და შენ გინდა, რომ ყველანი შენი მეგობარნი და კეთილის-მყოფელნი იყვნენ! საიდგან უნდა დაგვირგვინდეს შენი მოთმინება, თუ-კი რაიმე განსაცდელი არ შეგემთხვევა? რანაირად გახდები შენ მეგობარი ქრისტესი, უკეთუ არავითარის წინააღმდეგობის დათმენა არ გინდა? ყოველივე დაითმინე ქრისტესთან და ქრისტესთვის, უკეთუ გინდა, რომ სუფევდე ქრისტე იესოსთან.
6. უკეთუ შენ ერთხელ მაინც ღრმად ჩაგეხედნა იესოს გულში და ცოტად მაინც გეგრძნო იმისი აღგზნებული სიყვარული, მაშინ არ მიაქცევდი ყურადღებას არცა საკუთარს მოსვენებას და არცა შეწუხებასა, არამედ უმეტეს გაიხარებდი, რომ ითმენ შეურცხებას, ვინაიდგან სიყვარული იესოსი ასწავებს კაცს თვისის თავის უარისყოფასა. რომელსაც უყვარს იესო და ჭეშმარიტება, ვინც ნამდვილ შინაგანი კაცია და უწესო ნდომათაგან განთავისუფლებული, მას ადვილად შეუძლია დაუახლოვდეს ღმერთსა, სულით ამაღლდეს უფროს თვისი თავისა და ჰპოვოს ტკბილი განსვენება.
7. რომელიცა სცნობს ყოველსავე მათის ბუნების დაგვარად და არა სხვათა აზრისა და თქმულებისა მიხედვით, იგი ჭეშმარიტად ბრძენია და განსწავლული უმეტეს ღვთისა მიერ, ვიდრე კაცთაგან. ვისაც შეუძლია სვლა შინაგანის გზით და მცირედ პატივსა-სცემს გარეგანსა, იგი არ ეძიებს ადგილსა და არცაღა ელოდება დროს საკეთილმსახურო ვარჯიშობისათვის. შინაგანი კაცი ადვილად შემოიკრებს აზრებს, ვინაიდგან სრულიად არასოდეს არ განიბნევა გარეშე საგნებში. მას ვერ შეაშინებს გარეგანი შრომა, ვერცა საქმე, რომელიც ზოგჯერ შეემთხვევა ხოლმე ადამიანს, არამედ შემთხვევის დაგვარ მოექცევა იგი მას. რომელიც შინაგან კეთილად განწყობილი და მომართულია, იგი ყურადღებას არ აქცევს საოცართა და ბილწთა მოქმედებათა კაცთასა. რავდენათაც კაცი უფრო მეტად გაჰყვება გარეშე საგნებს, იმდენად უფრო მას ფიქრები აერევა და სხვა-და-სხვა დაბრკოლებებს შეემთხვევა.
8. უკეთუ შენ იყვე კეთილად გმნწყობილი და სუფთა, ყოველივე გექმნება შენ სასარგებლოდ და წარმატებულად. ბევრი რამ შენ არ მოგწონს და ხშირად გაშფოთებს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ სრულიად არ მოგიკვდინებია შენი თავი და არ განშორებულხარ ყოველსავე ამა ქვეყნიურსა. ისე ძრიელ ვერაფერი ვერ წაჰბილწავს და შეაშფოთებს ადამიანის გულსა, როგორათაც უწმიდური სიყვარული ქმნულებათა. უკეთუ შენ უარს ჰყოფ გარეგანს ნუგეშინისცემათა, მაშინ შეგეძლება განჭვრეტა ზეციურისა და ხშირად იმხიარულებ შინაგანის შვებითა.
![]() |
5.2 თავი II - თავმდაბლად მორჩილებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. დიდად ნუ გენაღვლება, ვინ გესარჩლება, ანუ ვინ არის შენი წინააღმდეგი, არამედ იმეცადინე და მოიქეც იმნაირად, რათა ღმერთი ყოველს შენს საქმეში შენთან იყვეს. კეთილი სინიდისი იქონიე და ღმერთი შენ დაგიცვავს. ვინაიდგან, ვისაც ღმერთი შემწედ ჰყავს, მას ვერას ავნებს ვერავითარი სიბოროტე კაცთა. უკეთუ მდუმარებით მოითმენ, უეჭველად იხილავ შეწევნასა ღვთისასა. თვით მან უწყის დრო და საშვალება შენის გამოხსნისა და ამისთვის მას უნდა მიანდო შენი თავი სრულიად; რამეთუ ღვთისაგან არს შეწევნა და ხსნა ჩვენი ყოველის შეშფოთებისაგან. ხშირად დიდად მარგებელია ჩვენთვის, რომ სხვებმა იცოდნენ ნაკლულევანებანი ჩვენნი და გვამხელდნენ, რათა მით განემტკიცოს ჩვენში დიდი სიმდაბლე.
2. როდესაც კაცი თვისის ნაკლულევანების დანახვით დაიმდაბლებს თავსა, მაშინ იგი ადვილად დაამშვიდებს სხვათა და დააკმაყოფილებს განრისხებულთა მასზედ. მდაბალს ღმერთი მფარველობს და იხსნის: მდაბალი უყვარს და ნუგეშსა სცემს; მდაბალი კაცის წინაშე მუხლს იდრეკს (მდაბალი კაცისკენ იხრება - გამომც.), მდაბალს აღავსებს უხვად მადლითა თვისითა და დამდაბლებულსა აღამაღლებს დიდებისათვის. მდაბალს გამოუცხადებს საიდუმლოებათა თვისთა, ტკბილად იწვევ/ს და იზიდავს მას თავისაკენ. მდაბალი მარად დამშვიდებულია, რაგინდ შემაშფოთებელი რამ შეემთხვეს: ვინაიდგან სცხოვრობს იგი ღმერთთან და არა ქვეყანაზედ. ნუ გგონია წარემატო სათნოებაში, უკეთუ შენს თავს ყველაზედ უმცირესად არ ჩარაცხ.
![]() |
5.3 თავი III - კეთილს და მშვიდობის მყოფელს კაცზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ჯერ შენი თავი დაამშვიდე და შემდგომ შეგეძლება სხვების დამშვიდება. მშვიდობის მყოფელი კაცი უმეტეს სასარგებლოა, ვიდრე მსწავლული. კაცი, თვისთა ვნებათა მიმდევარი, თვით კეთილ საქმეს გარდაცვლის ბოროტად და ადვილად ირწმუნებს ბოროტსა. კეთილი და მშვიდობის-მყოფელი კაცი-კი ყოველსავე კეთილად გარდააქცევს. ვისაც მტკიცე მშვიდობა მოუპოვებია, იგი სხვაზედ არ ეჭვნეულობს, ხოლო რომელიც უკმაყოფილოა და აღშფოთებული, იგი მარადის ღელავს სხვადასხვა იჭვნეულობითა, არც თვით განისვენებს და არცაღა სხვათა აძლევს მოსვენებასა. იგი ხშირად ამბობს და ჰყოფს მას, რომლის თქმა და მოქმედება უჯეროა და სტოვებს მას, რაც მისთვის უფრო სასარგებლოა. სხვის მოვალეობას სჩხრეკს და თავისაზედ-კი არც-კი ფიქრობს. ჯერ შენს თავზედ იყავ გულსმოდგინებით და შემდგომ უფრო სიმართლით შეგეძლება მიაქციო იგი შენს მოყვასზედ.
2. შენს საქმეს-კი კარგად გამოესარჩლები და გაამართლებ და სხვებისაგან თავის გამართლებაც-კი არ გინდა შეიწყნარო. უფრო სამართლიანი იქმნებოდა, რომ ბრალდებულად დაგესახა შენი თავი და გაგემართლებინა მოყვასი შენი. უკეთუ გინდა დაგითმინონ სხვათა, შენც დაუთმინე მათ. შეხედე, თუ როგორ ჯერ კიდევ შორსა ხარ ჭეშმარიტის სიყვარულისა და სიმდაბლისაგან; რამეთუ მშვიდი მხოლოდ თავის თავს განურისხდება და ჰყვედრის და არა სხვას. დიდი საქმე არ არის, უკეთუ შენ იცხოვრებ ქვეყანაზედ პატიოსან და მშვიდობის მოყვარე ხალხთან: ეს ყველას მოსწონს, ყველასთვის ადვილია ამ გვარი ცხოვრება, ყველას უყვარს იგინი, ვინც იმის დაგვარად ფიქრობენ. მაგრამ მშვიდობით ცხოვრება ავზნიან, ბოროტ, გარყვნილ და მოწინააღმდეგე ადამიანებთან, - აი ეს არის მადლით მოსილი მოქმედება, მამაცური მოღვაწეობა და საქმე, ღირსი დიდის ქებისა.
3. არიან ზოგნი, რომელნიც თვითაც მშვიდობით სცხოვრებენ და სხვებთანაც მშვიდობით არიან. არიან მისთანანიც, რომელნიც თვითაც მოკლებულნი არიან მშვიდობასა და სხვათაც არ ასვენებენ, იგინი ყველასთვის სამძიმო არიან და თავიანთი თავისათვის ხომ უფრო მეტად. არიან კვალად ზოგნიც, რომელნიც თვითაც სტკბებიან მშვიდობით და მეცადინეობენ, რათა სხვებსაც მიანიჭონ მშვიდობა. მაგრამ ამ სავაგლახო ცხოვრებაში მშვიდობა ჩვენი უნდა მდგომარეობდეს უმეტესად მასში, რათა ყოველივე დავითმინოთ სიმდაბლით, ვიდრე იმაში, რომ არ ვგრძნობდეთ წინააღმდეგობას. ვისაც უფრო მეტად შეუძლია დათმენა, მას მეტი მშვიდობაც ექმნება; მან სძლია თავსა თვისსა; იგი მეუფეა ქვეყნისა, მეგობარი ქრისტესი და მემკვიდრე ზეცისა.
![]() |
5.4 თავი IV - გულის სიწმიდესა და აზრის უმანკოებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. კაცს აქვს ორი ფრთა, რომლითაც შეუძლია აფრენა ყოველივე ამ ქვეყნიურისაგან, ესე იგი: გულწრფელობა და უმანკოება. გულწრფელობა უნდა იყვეს აზრებში და უმანკოება გრძნობაში. გულწრფელობა ეძიებს ღმერთსა და უმანკოება ჰპოებს და შეიტკბობს მას. არც ერთი კეთილი საქმე შენ არ გაგიძნელდება, უკეთუ შინაგან იქმნები თავისუფალი უწესო ნდომათაგან. შენ იქმნები თავისუფალ შინაგან, როდესაც არ მოისურვებ და არ ეძიებ სხვა არაფერსა, გარდა მხოლოდ ღვთის მოსაწონსა და მოყვასის სასარგებლო საქმესა. უკეთუ გული შენი იქმნება წრფელი, მაშინ ყოველი დაბადებული იქმნება შენთვის ცხოვრების სარკედ და წიგნად მოძღვარებისა. ყოველივე ქმნულება, რაგინდ მცირედი და დაბალიც-კი უნდა იყვეს, წარმოგვიდგენს ღვთის სახიერებას.
2. უკეთუ შენ ყოფილიყავი შინაგან კეთილი და წმიდა, მაშინ ყოველივეს დაუბრკოლებლივ იხილავდი და ჭეშმარიტად გულისხმას ჰყოფდი. გული წმიდა სჭვრეტს ცასა და ქვესკნელსა. ყოველი კაცი გარეშე საგნებზე სჯის იმგვარად, როგორც თვით არის შინაგან. უკეთუ არის ქვეყანაზედ რაიმე სიხარული, უეჭველია იგი არს საკუთრება უბიწო გულისა და უკეთუ არს რაიმე მწუხარება და უბედურება, უეჭველია იგი არის საკუთრება ბოროტის სინიდისისა. როგორათაც რკინა ჩავარდნილი ცეცხლში ჰკარგავს ჟანგსა და ცეცხლს დაემსგავსება, აგრეთვე კაცი, სრულიად ღვთისაკენ მიქცეული, ჰკარგავს მცონარებასა და გარდაიქცევა ახალ კაცად.
3. როდესაც კაცი დაიწყობს გულგრილობას, მაშინ მცირედი შრომისაც ეშინია და კმაყოფილებით შეიწყნარებს გარეგანს ნუგეშინისცემასა. ხოლო, როდესაც დაიწყებს სრულიად თვისი თავის ძლევასა და მხნედ დაადგება ღვთიურს გზას, მაშინ იგი სულ უბრალო რამედ მიიჩნევს მას, რაც წინად სამძიმო ეგონა.
![]() |
5.5 თავი V - თვისი თავის განხილვაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ჩვენ მეტის მეტად არ უნდა დავენდოთ ჩვენს თავს, ვინაიდგან ხშირად მოკლებულნი ვართ ხოლმე მადლსა და გულისხმიერებასა. ჩვენ გვაქვს მცირე ნათელი და ამ მცირესაც ხშირად ვკარგავთ ჩვენის უზრუნველობითა. ხშირად ჩვენ ვერც-კი ვამჩნევთ, თუ რაოდნად ბრმანი ვართ გონებით. ხშირად ბოროტებას ჩავდივართ, მაგრამ უფრო დიდი სიბოროტე ის არის, რომ თავსაც ვმართლულობთ. ზოგჯერ ხორციულ ვნებათაგან ვართ აღელვებულნი და ჩვენ-კი ეს კეთილ გულსმოდგინებისაგან გვგონია. სხვათა მცირე შეცთომილებასაც-კი ვამხილებთ და ჩვენსას დიდსაც-კი ყურადღებას არ ვაქცევთ. სხვებისაგან მოყენებულ შეწუხებას ჩვენ საჩქაროდ ვგრძნობთ და სამძიმოდ გვეჩვენება; ხოლო მას-კი ყურადღებასაც არ ვაქცევთ, თუ რაოდენ შეწუხებას ითმენენ სხვანი ჩვენგან. რომელიც დაწვრილებით და პირუთნეველად განიხილავს თავის ნამოქმედარსა, იგი მკაცრად აღარ განიკითხავს სხვათა.
2. შინაგანს კაცს უფრო მეტად მიაჩნია ზრუნვა თავის თავზედ, ვიდრე სხვა რაიმეზედ. და, რომელიც გულს მოდგინედ ფიქრობს თავის თავზედ, მას ადვილად შეუძლია მდუმარებდეს სხვებზედ. ვეღასოდეს ვერ იქმნები შინაგანი, კეთილი და ღვთის მოყვარული, სინამ მდუმარებას არ დაიცვავ სხვათა შესახებ და განსაკუთრებით ყურადღებას არ მიაქცევ შენს თავზედ. უკეთუ შენ იზრუნავ ღვთისათვის და შენის თავისათვის, მაშინ მცირედს გავლენას მოახდენს შენზედ ყოველივე ის, რასაც შენს გარეშე დაინახავ. თუ არ შენის თავისათვის, მაშ ვისთვის უნდა იყვე? რას გამოგადგება შენ, უკეთუ ყველაფერს თვალყურს ადევნებდე და შენის თავისთვის-კი არ ზრუნავდე? თუ გინდა იქონიო მშვიდობა და ჭეშმარიტი ერთობა ღმერთთან, საჭიროა ყოველივე დაუტევო და მხოლოდ შენს თავზედ იფიქრო.
3. დიდად გარგებს, უკეთუ დაუტევებ ჟამიერს მზრუნველობასა, მაგრამ დიდად გავნებს, უკეთუ ჟამიერ რაიმეთა დიდ რამედ ჩარაცხავ. ნურასფერს ნუ მიიჩნევ ნურც ამაღლებულად, ნურც დიდებულად, ნურც სასიამოვნოდ და ნურც სასარგებლოდ, გარდა ღვთისა და რაიცა არს ღვთისაგან. შერაცხე ამაოებად ყოველივე ნუგეშინისცემა, რომელიც-კი წარმოსდგება ქმნულებათაგან. ღვთის მოსიყვარულე სულსა ეზიზღება ყოველივე გარდა ღვთისა. მხოლოდ ღმერთი არს საუკუნო, განუზომელი, აღმავსებელი ყოვლისა, ნუგეშინისმცემელი სულისა და ჭეშმარიტი სიხარული გულისა.
![]() |
5.6 თავი VI - კეთილი სინიდისის მხიარულებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. დიდება კეთილის კაცისა არის მოწმობა კეთილის სინიდისისა (2 კორ. 1, 12). იქონიე კეთილი სინიდისი და მარადის იქმნები მხიარული. კეთილ სინდისს ბევრის ატანა შეუძლია და უბედურებაშიაც-კი დიდად მხიარულია. ბოროტი სინიდისი მარადის შიშს და მოუსვენრობაშია. ტკბილად განისვენებ უკეთუ გული შენი არ გყვედრის რაიმეს. მხოლოდ მაშინ გაიხარებ, როდესაც რაიმე სიკეთეს ჩაიდენ. ბოროტთა არასოდეს არა აქვსთ ჭეშმარიტი სიხარული და ვერც გრძნობენ შინაგანს მშვიდობასა, რადგან ,,არ არის სიხარული უთნოთათვის, იტყვის უფალი ღმერთი“ (ეს. 57, 21). და უკეთუ მათ გითხრან: მყუდროებაში ვართ, ბოროტი ვერ მოგვეკარება ჩვენ და ვის შეუძლია ვნება ჩვენი-ო? ნუ ერწმუნები მათ (იერ. 5, 12), ვინაიდგან რისხვა ღვთისა უცებ აღსდგება მათზედ და მით განქარდებიან საქმენი მათნი და ზრახვანიცა მათნი წარწყმდებიან.
2. კაცი რომ ტანჯვაში იყვეს და ამ ყოფით იქადოდეს, ეს ძნელი არ არის მისთვის, ვისაც შეუყვარებია იგი, რამეთუ რომელიც ამნაირად იქადოდეს, იქადის იგი ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო-ქრისტესითა (რომ. 5, 3; გალ. 6, 14). დიდება, რომელსაც კაცნი ერთმანერთს აძლევენ, მსწრაფლ წარმავალია. ამა სოფლიურს დიდებას მარადის თან მოსდევს მწუხარებაცა. დიდება კეთილის-მყოფელთა მათს სინიდისშია და არა კაცთაგან ქებაში. სიხარული მართალთა ღვთისაგან არს და ღვთისა მიმართ და უხარიათ მათ ჭეშმარიტებისათვის. რომელსაც ენატრება დიდება ჭეშმარიტი და საუკუნო, იგი არ ზრუნავს ჟამიერის დიდებისათვის; მაგრამ რომელიც ეძიებს, ანუ გულით არ შეურაცხყოფს წარმავალს დიდებასა, სჩანს მას ნაკლებ უყვარს ზეციური დიდება. მას გული მარადის დამშვიდებული აქვს, რომელიც არ აქცევს ყურადღებას არც თავის ქებასა და არც ძაგებას.
3. რომელსაც წმიდა სინიდისი აქვს, იგი ადვილად შეიძენს მშვიდობასა და მყუდროებას. კაცთა ქებით შენ წმიდა ვერ გახდები და ვერც მათის ძაგებით შეიქმნები შენ ცუდი. რაც ხარ, ის ხარ და ვერც კაცთა სიტყვით გახდები იმაზედ უკეთესი, რაც ხარ წინაშე ღვთისა. უკეთუ კარგად სცნობ შენს შინაგანს ვინაობას, მაშინ დიდს ყურადღებას აღარ აქცევ, თუ რას ამბობენ შენზედ კაცნი. ,,კაცი ხედავს პირსა, ხოლო ღმერთი გულსა“ (1 მეფ. 16, 7). კაცი ხედავს მოქმედებასა, ხოლო ღმერთი აზრსა მოქმედებისასა. რომელიც მარადის კეთილად მოქმედებს და თვისი თავი დიდ რამედ არ მიაჩნია, იგია ჭეშმარიტად სულით მდაბალი. რომელიც არ ეძიებს ნუგეშინისცემასა გაჩენილთაგან, მას აქვს დიდი უბიწოება და სასოება ღმერთზედ.
4. რომელიც არ ეძიებს არავითარს გარეგანს მოწმობას თავის სასარგებლოდ, სჩანს მას თვისი თავი სრულიად მიუნდვია ღვთისათვის. ის-კი არ არის ღირსეული, რომელიც თავის თავსა ემოწმება, - იტყვის წმიდა მოციქული პავლე, - არამედ იგი, რომელსაც უფალი ეწამება (2 კორ. 10, 18). რომელიც გულით მარადის ღმერთთან არის შეერთებულ და რომელიმე გარეგანის სიყვარულისაგან არ არის დამონავებული, იგია შინაგანი კაცი.
![]() |
5.7 თავი VII - მასზედ, თუ ვითარ უნდა გვიყვარდეს ყველაზედ მომეტებულად უფრო იესო. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ნეტარება იმას, რომელსაც ესმის რაი არს შეყვარება იესოსი და შეურაცხყოფა თვისი თავისა იესოსათვის! ვისაც უნდა შეყვარება იესოსი, მან უნდა დაუტევოს სხვა ყოველი გულითადი მეგობარი, ვინაიდგან იესოს ჰნებავს, რომ ყველაზედ უფრო მხოლოდ იგი იყვეს შეყვარებული. სიყვარული ქმნილებათადმი მაცთუნებელი და ცვალებადია, მაგრამ სიყვარული იესოსადმი სარწმუნოა და უცვალებელი. რომელიც დაენდობა დაბადებულთა, მათთანვე დაეცემა, ხოლო ვინც დაენდობა იესოს საუკუნოდ მკვიდრ იქმნება. ის გიყვარდეს და იგი იყოლიე შენს მეგობრად; როდესაც სხვა ყველანი მოგშორდებიან, იგი არ მოგშორდება შენ და არცა ინებებს არასოდეს, რომ წაწყმდე შენ საუკუნოდ. მოვა დრო, როდესაც, გინდა თუ არ გინდა, უნდა საუკუნოდ გამოესალმო ამ წუთის სოფელსა.
2. შეერთებული იყავ იესოსთან ცოცხალი იყვე, თუ მკვდარი, სარწმუნო არს იგი; ჩააბარე მას შენი თავი. მას მხოლოსა შეუძლია შეწევნა შენი, როდესაც სხვა ყველანი მოგშორდებიან შენ. ეს შენი საყვარელი იმ გვარი თვისებისაა, რომ შენთან უცხო ვისმეს ყოფნას არ შეიწყნარებს, არამედ ჰნებავს, რომ მხოლოდ მან დაიპყრას შენი გული და შიგ განისვენოს, როგორადაც მეფე სამეფო ტახტზედ განისვენებს. უკეთუ დაგეცვა შენი გული თავისუფლად ყოველთა ქმნილებათადმი სიყვარულისაგან, მაშინ იესო სიამოვნებით იცხოვრებდა შენთან. დაკარგულად ჩარაცხე ყოველივე, რაც გიმოქმედია კაცთათვის და არა იესოსთვის. ნუ მიეყრდნობი ლერწამსა და დიდს იმედს ნუ იქონიებ მისგან, რომელიც ქარსაც-კი ვერ უძლებს, რადგან ,,ყოველი ხორცი თივა არს და ყოველი დიდება კაცისა, ვითარცა ყვავილი თივისა ჩამოცვივა“ (ეს. 40, 6).
3. ადვილად მოსტყუვდები, უკეთუ მხოლოდ კაცის გარეგანს შეხედულებას უმზერ. უკეთუ კაცისაგან ეძიებ ნუგეშინისცემასა და სარგებლობასა, ხშირად ზარალის მეტს ვერას ნახავ. უკეთუ ყოველს რამეში იესოს ეძიებ, უეჭველია იესოს ჰპოვებ და უკეთუ შენს თავს ეძიებ, ცხადია, იმასვე ჰპოვებ, მაგრამ ჰპოვებ მას შენს წასაწყმედლად. რადგან კაცი, რომელიც არ ეძიებს იესოს, უფრო დიდს ვნებას აძლევს თავსა თვისსა, ვიდრე ყოველნი მისი მოწინააღმდეგენი და მრთელი ქვეყანა ერთიან.
![]() |
5.8 თავი VIII - უგულითადესს მეგობრობაზედ იესოსთან. |
▲ზევით დაბრუნება |
1. როდესაც იესოა ჩვენთან, მაშინ ყოველივე ადვილია და საძნელოდ არა მიგვაჩნია რა; მაგრამ როდესაც ჩვენთან არ არის იესო, მაშინ ყოველივე სამძიმოა. როდესაც იესო არ ელაპარაკება შინაგან ჩვენს გულს, სხვა ყოველი ნუგეშისცემა უბრალოა; მაგრამ უკეთუ იესო მხოლოდ ერთს სიტყვასა იტყვის, მსწრაფლ დიდს ნუგეშინისცემას ვიგრძნობთ. აი, ხედავ როგორ მაშინვე წამოდგა ფეხზედ მარიამი და მირბოდა იმ ადგილიდგან, სადაც იჯდა და სტიროდა, როდესაც უთხრა მას მართამა: ,,მოძღვარი მოსულ-არს და გიწოდს შენ“-ო? (იოან. 11, 28). ბედნიერია ის წამი, როდესაც იესო მოგვიწოდებს ჩვენ ცრემლთაგან სულიერის სიხარულისათვის! როგორ ულმობელი და ფიცხელი ხარ უიესოდ! როგორ უგუნური და ცუდი ხარ, როდესაც ნატრობ, გარდა იესოსი, სხვა რაიმეს! განა ამითი მთელს ქვეყანაზედ მეტს არა ჰკარგავ?
2. უიესოდ რა უნდა მოგანიჭოს შენ ქვეყანამ! ცხოვრება უიესოდ მწარე ჯოჯოხეთია; მაგრამ იესოსთან, - ტკბილი სასუფეველია. როდესაც იესო შენთან არის, ვერცერთს მტერს ვერ შეუძლია შენი ვნება. რომელიც ჰპოებს იესოს, ჰპოებს იგი დიდ საუნჯეს, ანუ უფრო უკედ - სიკეთეს, უმეტეს ყოველთა სიკეთეთა. ხოლო რომელიც დაჰკარგავს იესოს, იგი დაჰკარგავს იმისთანა დიდს რაიმეს, რომელიც მთელს ქვეყანას აღემატება. ყველაზედ უღატაკესი ის არის, რომელიც უიესოთა სცხოვრობს, ხოლო ყველაზედ მდიდარი იგია, ვინც იესოსთან კეთილად არის განწყობილი.
3. დიდი მეცნიერი ის არის, რომელსაც შეუძლია იცხოვროს იესოსთან და დიდი კეთილგონიერებაა საჭირო, რომ იესო მარადის თავისთან იყოლიოს კაცმა. იყავ მდაბალ და მშვიდობის მყოფელი და იესო იქმნება შენთან. იყავ კეთილმოშიში და მშვიდი და იესო იმკვიდრებს შენთან. მსწრაფლ გაგშორდება იესო და დაჰკარგავ მადლსა მისსა, უკეთუ გარედ დაიწყებ ცქერას. ხოლო უკეთუ განიშორებ და დაჰკარგავ მას, ვიღას მიჰმართავ და ვის მოსძებნი შენს მეგობრად? უმეგობროდ შენ არ შეგიძლია ბედნიერად იცხოვრო; და თუ იესო არ გეყოლება ყოველს მეგობრებზედ უფრო დაახლოვებულ მეგობრად, შენ იქმნები მარადის მწუხარე და უნუგეშო.მაშ უგუნურად იქცევი, უკეთუ სხვა რაიმეზედ გაქვს სასოება და სხვაზედ გიხარია. უმჯობესია მთელი ქვეყანა შენი მტერი იყვეს, ვიდრე რომ იესო იყვეს შენგან შეწყენილი. მაშ ყველა საყვარელს ვისმეზედ უფრო იესო გიყვარდეს.
4. გიყვარდეს ყველანი იესოსთვის, ხოლო იესო-კი თავის თავისათვის. მხოლოდ იესო-ქრისტე უნდა გიყვარდეს განსაკუთრებულის სიყვარულითა: რადგან მხოლოდ იგია ყველაზე უკეთესი და სარწმუნო მეგობარი. ყველანი მეგობარნი, თუ მტერნი გიყვარდეს მისთვის და მასშინა; და მათ ყოველთათვის ილოცე, რათა ყოველთა სცნან და შეიყვარონ იგი. ნურასოდეს ნუ მოისურვებ, რომ განსაკუთრებით შენ იყვე შეყვარებული, ანუ ქებული; ვინაიდგან ეს მხოლოდ ეკუთვნის ღმერთსა, რომელსაც მსგავსი არა ჰყავს. ნუ მოისურვებ კვალად, რომ სხვა ვინმემ დაიპყრას შენი გული და ნურცა შენ დაიპყრობ სიყვარულით სხვების გულსა; არამედ მხოლოდ იესო იყვეს შენსა და ყველა კეთილის კაცების გულში.
5. იყავ უბიწო და თავისუფალ შინაგან, და ნუ იქმნები დასაკუთრებული ქმნულებათაგან. შენ უნდა წარუდგინო ღმერთსა გული წმიდა და უბიწო, უკეთუ გნებავს მოიცალო და იხილო, თუ ვითარ ტკბილ არს უფალი. ხოლო ამას შენ ვერ მიახწევ, უკეთუ მადლი მისი არ მოიწევა შენზედა და იგი თვით არ მიგიზიდავს შენ იმ გვარად, რომ განთავისუფლებული და დახსნილი ყველა რაიმისაგან მხოლოდ მასთან შეერთდე. ვინაიდგან როდესაც მადლი ღვთისა მოვალს კაცზედ, მაშინ ყველაფერი შეუძლია მას, და როდესაც განშორდება მისგან, მაშინ შეიქმნება იგი გლახაკი და უძლური და დატოვებული მხოლოდ ტანჯვისათვის. ამგვარს ყოფაშიაც კაცი არ უნდა დაეცეს სულით და არ უნდა დაჰკარგოს სასოება, არამედ გულმშვიდად დაემორჩილოს ნებასა ღვთისასა და ყოველივე დაითმინოს სადიდებლად იესო-ქრისტესი; ზამთარს მოჰყვება ხოლმე ზაფხული, ღამეს დღე და ქარიშხალს ჰაერთაშეზავება.
![]() |
5.9 თავი IX - სრულიად უნუგეშო მდგომარეობაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ძნელი არ არის მოძულება კაცობრიულის ნუგეშინისცემისა, როდესაც გაქვს ნუგეშინისცემა ღვთიური. მაგრამ დიდი და ფრიად დიდი საქმეა, უკეთუ შესძლო ცხოვრება თვინიერ კაცობრიულ და ღვთიურის ნუგეშინისცემისა და დიდებისათვის ღვთისა, მორჩილებით დაითმინო ესეთი საბრალო მდგომარეობა გულისა, არ ეძიო არაფერში შენი პიროვნება, არცა ყურადღებას აქცევდე საკუთარს ღირსეულებას. რა გასაკვირველია, უკეთუ მხიარული და გულმხურვალე იყვე, როდესაც მოიწევის შენზედა მადლი? ესეთი ჟამი ყველასთვის სანატრელია. მეტად ტკბილია მგზავრობა, როდესაც წინ მიგიძღვის მადლი ღვთისა. განა საკვირველია, რომ ვერ იგრძნო ვერავითარი სიმძიმე ტვირთვისა, როდესაც მიჰყევხარ ყოვლის შემძლებელს და წინ მიგიძღვისუზენაესიწინამძღოლი?
2. ფრიად სასიამოვნოა სხვისაგან ნუგეშინისცემის მიღება, რადგან კაცისათვის ძნელია თავის თავზედ ხელის აღება. სძლია სოფელს წმიდა ლავრენტი წამებულმა, მსგავსად თვისი საყვარელი მღვდელ-მთავრისა, რამეთუ ყოველივე რაც-კი ამ ქვეყნად მას ეჩვენებოდა დამატკბობელად, მოიძულა და სიმშვიდით დაითმინა, სიყვარულისათვის ქრისტესი, განშორება წმიდა სიქსთო მღვდელ-მთავრისაგან, რომელიც მას სასოებით უყვარდა. სიყვარულისათვის შემოქმედისა სძლია კაცთადმი სიყვარულსა და სათნო ყოფა ღვთისა ამჯობინა კაცთა ნუგეშინისცემასა. ამავე ნაირად ისწავლე შენცა დატოვება უსაჭიროესის და უსაყვარლესის მეგობრისა სიყვარულისათვის ღვთისა. ნურც დიდად შესწუხდები, უკეთუ შენმა მეგობრებმა დაგტოვონ შენ; იცოდე, რომ ოდესმე ჩვენ ყოველნი უნდა განვშორდეთ ერთმანერთს.
3. დიდხანს და ბევრი უნდა ებრძოდეს კაცი თავის თავსა, სინამ სრულიად დაიმორჩილებდეს მას და ყოველს თვის სურვილსა მიაქცევდეს ღვთისადმი. როდესაც კაცი დაენდობა თავის თავს, იგი ადვილად მიიდრიკება კაცობრიულს ნუგეშინისცემათაკენ. მაგრამ რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს ქრისტე და გულსმოდგინებით შეუდგება კეთილსათნოებათა, იგი არ ეძიებს ამგვარს ნუგეშინისცემათა და არცა საგრძნობიერო სიტკბოებათა, არამედ უმეტესად ნატრობს, რათა, ქრისტეს სიყვარულისათვის, დაითმინოს ფიცხელნი გამოცდანი და მკაცრი შრომანი.
4. მაშ როდესაც მიიღებ ღვთისაგან სულიერს ნუგეშინისცემასა, შეიწყნარე შენ იგი დიდის მადლობითა და იცოდე, რომ ეგ არის საჩუქარი, ნაბოძები ღვთისაგან და არა სასყიდელი შენის მოღვაწეობისა. ამით ნუ გაამაყდები და ნუ მიეცემი მეტის მეტს სიხარულსა და ნურც დიდ რაიმედ მიიჩნევ შენს თავსა, არამედ იმ წყალობისათვის უფრო დაიმდაბლე თავი შენი და იყავ ფრთხილი და მოშიში ყოველს შენს საქმეში, რამეთუ გაივლის ეს დრო და მას მოჰყვება საცდურება. როდესაც ეს ნუგეშინისცემა მოგშორდება შენ, მაშინვე ნუ მიეცემი სასოწარკვეთილებასა, არამედ სიმდაბლით და მოთმინებით მოელოდე მოხედვასა შენზედა ზეცით, რამეთუ ღმერთს შეუძლია ხელახლად დაგიბრუნოს შენ უმეტესი მადლი და ნუგეშინისცემა. აქ არც რამე ახალია და არც უცხო მათთვის, რომელნიც გამოცდილნი არიან გზასა ზედა ღვთისასა, ვინაიდგან, თვით უდიდესთ წმიდანებს და ძველის დროის წინასწარმეტყველთაც ხშირად გამოუცდიათ ამ გვარი ცვლილება.
5. მისგამოდ, ერთმა მათგანმა, როდესაც იგრძნო მოახლოვება მადლისა, სთქვა: ,,ვსთქვი განგებულებასა (როდესაც უხვად შევიძინე ყოველივე, ვსთქვი: ახლა კი ვერაფერს ვეღარ შეუძლია ჩემი შეშფოთება. მთარგმ.) ჩემსა; არა შევიძრა უკუნისამდე“ ფსალმ. 29, 6). ხოლო როდესაც გრძნობდა მადლის განშორებასა, იტყოდა ხოლმე: ,,რე მიაქციე პირი შენი ჩემგან და შევსძრწუნდი“ (ფსალმ. 29,7). მაგრამ სასოებას არ წარიკვეთდა იგი, არამედ მხურვალედ ევედრებოდა ღმერთსა და იტყოდა: ,,შენდამი უფალო ხმა ვყო და ღვთისა ჩემისა მიმართ ვილოცო“ (მუნვე 8). ბოლოს, იგი შემოიკრებს თავის ლოცვების ნაყოფსა და აღვიარებს, რომ შესმენილ იქმნენ ვედრებანი მისნი და იტყვის: ,,ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა“ (მუნვე 10). მაგრამ რაში მდგომარეობს შეწევნა ესე? ,,აქციე - ამბობს თვითვე -- გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძაი ჩემი და გარე შემარტყე მე სიხარული“ (მუნვე 11). უკეთუ ესრედ ეპყრობოდა ღმერთი დიდთა წმიდათა, მაშ ჩვენ უძლურთა და გლახაკთა რისთვის უნდა დავკარგოთ სასოება, როდესაც ვართ ზოგჯერ გულმხურვალედ და ზოგჯერ გულგრილად, ვინაიდგან სული მოვა და წავა თავის სურვილისამებრ. ამისთვის იტყვის ნეტარი იობი: მიხედავ მას ცისკრად და მსთვად განსცდი მას (იობ. 7, 18).
6.მაშ რისი იმედი უნდა მქონდეს, რაზედ უნდა დავამყარო ჩემი სასოება, თუ არ მხოლოდ ღვთის მრავალს მოწყალებაზედ და მოსალოდნელს ზეციურს მადლზედ? ვინაიდგან ვერც ყოფნა კეთილ კაცებთან, ანუ გულმხურვალე ძმათა და ჭეშმარიტ მეგობრებთან, არცა კითხვა სასულიერო წიგნებისა, ანუ მშვენიერ თხზულებათა; ვერც სმენა დამატკბობელ საეკლესიო გალობათა და ქებათა, ყოველივე ესე ბევრს ვერას გამომადგებიან და ვერცა რას შემეწევიან, უკეთუ განშორებულ-არს ჩემგან მადლი ღვთისა და საკუთარს სიგლახაკეში დატოვებულ-ვარ. მაშინ ყველაზედ უკეთესი ის იქმნება, რომ მოთმინებით ვიცხოვრო: უარ ვჰყო თავი ჩემი და მივენდო ნებასა ღვთისასა.
7. არასოდეს არ შემხვედრია იმისთანა ღვთის მოშიში და კეთილ-მორწმუნე კაცი, რომელსაც-კი არ გამოეცადოს ოდესმე განშორება მადლისა და არ ეგრძნოს შემცირება გულმხურვალებისა. არასოდეს არ ყოფილა არც ერთი წმიდა ისე ამაღლებული და ისე განათლებული ღვთისაგან, რომელსაც ანუ პირველში და ანუ ბოლოს არ შეხვედროდეს რაიმე საცდურებანი. იგი ვერასდროს ვერ ეღირსება მაღალთა და ღვთიურთა რაიმეთა განჭვრეტას, რომელსაც, ღვთისა სიყვარულისათვის, არ გამოუვლია რაიმე საცდურებანი. ვინაიდგან საცდურება საზოგადოდ ნიშანია მომავალის ნუგეშინისცემისა. ამიტომაც ზეციური ნუგეშინისცემა აღთქმულია მათთვის, რომელნიც გამოივლიან საცდურებათა: ,,მელმან სძლიოს - იტყვის უფალი - მივსცე მას ჭამად ხისა მისგან ცხოვრებისა“ (გამოცხ. 2, 17).
8. ღვთიური ნუგეშინისცემა მიეცემა კაცს მისთვის, რათა მხნედ დაითმინოს შეჭირვებანი; შემდგომად ამისა მოევლინება მას მაცდურება რაიმე, რათა არ გაამპარტავანდეს თავის კეთილ საქმეთა გამო. ეშმაკს არასოდეს არა სძინავს, არცა ხორცია ჯერ კიდევ მოკვდინებული: ამისათვის ნუ დასცხრები და ყოველს წამს ემზადებოდე ბრძოლისათვის, ვინაიდგან მარჯვნივ თუ მარცხნივ შემოზღუდული-ხარ მარადის დაუცხრომელ მტერთაგან.
![]() |
5.10 თავი X - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვმადლობდეთ ღმერთსა მის მრავალ მოწყალებისათვის. |
▲ზევით დაბრუნება |
1. რად ეძიებ განსვენებასა, როდესაც შრომისათვის შობილხარ? განემზადე უმეტესად მოთმინებისათვის, ვიდრე ნუგეშინისცემისათვის; სატვირთველად ჯვარისა, ვიდრე სიხარულისათვის. ვინ არის მისთანა ქვეყნიერი კაცი, რომელმან კმაყოფილებით არ შეიწყნაროს ნუგეშინისცემა და სულიერი სიხარული, უკეთუ შესაძლო იყვეს მარადის მათი მიღება? სულიერნი ნუგეშინისცემანი უაღრეს არიან უფროს ყოველთა ქვეყნიურთა სიტკბოებათა და ყოველთა ხორციულ განცხრომილებათა. რამეთუ ყოველნი ქვეყნიურნისიამოვნებანიანუბილწნიარიან, ანუ ამაონი; მხოლოდ სულიერნი სიამოვნებანი არიან პატიოსან და მოსაწონარ, შობილნი მადლისაგან და უბიწო სულში გადმომდინარე ღვთისაგან. მაგრამ არვის არ შეუძლია, სურვილისამებრ თვისისა, მარადის იქონიოს ღვთიური ნუგეშინისცემა ესე, ვინაიდგან საცდურებანი არასოდეს გვანებებენ თავს.
2. ხოლო დიდს წინააღმდეგობას უწევს ზეციურს მოხედვას ჩვენზედა ცრუ თავისუფლება ჩვენის გონებისა და დიდი იმედის ქონვა ჩვენს თავზედ. ღმერთი კეთილად მოქმედებს, როდესაც გვაძლევს მადლსა ნუგეშინისცემისას, ხოლო კაცი იქცევა ბოროტად, როდესაც ყოველსავე მისგან მიღებულად არა სცნობს და მისთვის არ უძღვნის მას მადლობას. ამისთვის ნიჭნი მადლისა არ გარდმოდიან ჩვენზედ; ვინაიდგან ჩვენ უმადურნი ვართ მათ მომნიჭებელის წინაშე და დავიწყებული გვყავს იგი, რომელიც არს დასაბამი მათი.რამეთუ მადლი მარადის გადმოდის მასზედ რომელიც ღირსეულის მადლობით მიიღებს მას; ხოლო ამპარტავანსა წაერთმევა იგი, რაც ეძლევა მდაბალსა.
3. არ მინდა იმისთანა ნუგეშინისცემა, რომელიც აღხოცავს ჩემს გულში სინანულსა, და არცაღა ვეძიებ იმისთანა განჭვრეტას, რომელიც დაჰბადავს ჩემში ამპარტავანებას. ვინაიდგან არა ყოველი მაღალი წმიდაა, არცა ყოველი სიტკბოება კეთილია; არცა ყოველი ნდობა უბიწოა და არცა ყოველი, რაიცა ჩვენ მოგვწონს სათნო ეყოფის ღმერთსა. სიხარულით შევიწყნარებ მადლსა მას, რომელიც მყოფს მე მდაბალს და ღვთის მოშიშსა და რომელიც მომანიჭებს მე მხნეობას, რათა ადვილად უარ ვჰყო თავი ჩემი. ვისაც მიუღია ნიჭი მადლისა და გამოუცდია განშორება მისი, იგი ვერასოდეს ვერ გაჰბედავს რაიმე კეთილის მითვისებას, არამედ მას თავი თვისი მიაჩნია გლახაკად და ყოველს სიკეთეს მოკლებულად. ,,ეცი ღვთისა ღმერთსა“ (მათ. 22, 21) და შენი შენთვის დაიტოვე,ესეიგი: ჰმადლობდე ღმერთსა მისი მადლისათვის და მხოლოდ შენს საკუთრებად სცნობდე ცოდვათა და სასჯელსა ამა ცოდვათათვის.
4. ,,მოვედ და დასჯედ უკანასკნელსა ადგილსა“ (ლუკ. 14, 10) და აღყვანილ იქმნები უმაღლესს ადგილზედ, ვინაიდგან მაღალი უდაბლოდ არ იქმნება. თვით წმიდანნიცა, უმაღლესნი წინაშე ღვთისა, უმცირესად რაცხვენ თავიანთ თავსა; და რაოდენ უფრო იდიდებიან, იმდენად უფრო სიმდაბლითა სცხოვრობენ. სავსენი არიან ჭეშმარიტებითა და ზეციურის დიდებითა და არ ეძიებენ იგინი ამაო დიდებასა. დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი არიან ღვთისათანა და ამიტომ სრულიად შეუძლებელია მათი გაამპარტავანება. ყოველს მიღებულს სიკეთეს რაცხვენ იგინი ღვთისაგან მონიჭებულად, დიდებას ერთმანერთისაგან არ ეძიებენ, არამედ უნდათ დიდება იგი, რომელიც ღვთისაგან არს; ყველაზედ მომეტებულად ნატრობენ, რომ მხოლოდ ღმერთი იყვეს დიდებულ მათსა და ყოველს წმიდათა შორის და მარადის მისკენ მიისწრაფიან სულით.
5. მაშ იყავ მადლიერ მცირესათვის და შეიქმნები ღირსი უდიდესის მიღებისათვით უმცირესი მიიჩნიე უდიდესად და სულ უბრალო - შესანიშნავ საჩუქრად. უკეთუ მივხედავთ მომნიჭებელის ღირსებას, არც ერთი ნიჭი, მისგან ბოძებული, არ შეიძლება ჩაირაცხოს მცირედ, ანუ უბრალო რამედ, ვინაიდგან მცირე არ არის იგი, რასაც გვანიჭებს უზენაესი ღმერთი. თუ გინდა სასჯელი და გვემულებაცა მოიღოს მან ჩვენზედ, სასიამოვნოდ უნდა მიგვაჩნდეს იგიც; ვინაიდგან ყოველსა, რაისაც მოიღებს იგი ჩვენზედ, ჩვენს საცხონებლად ჰყოფს მას. რომელსაც სურს დაცვა ღვთის მადლისა, იგი უნდა იყვეს მადლიერი მადლისათვის, როდესაც მიიღებს მას, და მომთმენი, როდესაც განეშორება იგი მისგან. ევედროს, რათა კვალად დაუბრუნოს მას იგი და ამიერიდგან იყვეს ფხიზელი და მდაბალი, რათა ხელმეორედ არ დაჰკარგოს იგი.
![]() |
5.11 თავი XI მასზედ, თუ ვითარ მცირეა იესოს ჯვარის მოყვარეთა რიცხვი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. იესოს აწ მრავალი ჰყავს თვისი ზეციურის სასუფეველის მოყვარულნი, მაგრამ მისის ჯვარის მტვირთველნი-კი ცოტანი არიან. მრავალი ჰყავს მოყვარულნი ნუგეშინისცემისა, ხოლო მცირედნი მწუხარებისა. მრავალსა ჰპოულობს ტაბლაზედ თანა მოზიარეთა, ხოლო მცირედთა თვისთან მემარხულეთა. ყველას უნდა ქრისტესთან იხაროს; ხოლო მცირედნი არიან, რომელთაც-კი უნდოდესთ მისთვის რაიმის დათმენა. მრავალნი შეუდგებიან ქრისტეს განტეხადმდე პურისა; ხოლო მცირედნი - შესმადმდე ვნებისა ბარძიმისა. მრავალნი თაყვანსა სცემენ სასწაულთა მისთა, ხოლო მცირედთა ჰნებავსთ გაკიცხულად სიკვდილი მასთან ჯვარზედ. მრავალთა უყვარსთ იესო, ვიდრემდის შეემთხვევათ მათ რაიმე უბედურება. მრავალნი აქებენ მას და აკურთხებენ, ვიდრემდის მიიღებენ მისგან რაიმე ნუგეშინისცემასა. ხოლო როდესაც იესო მიეფარება და დროებით სტოვებს მათ, იგინი მსწრაფლ იწყებენ დრტვინვას, ანუ ეძლევიან სასოწარკვეთილებას.
2. მაგრამ იგინი, რომელთაც უყვარსთ იესო იესოსთვის და არა საკუთარის ნუგეშინისცემისათვის, აკურთხებენ მას მწუხარებასა და უბედურებაშიაც ამგვარად, როგორადაც დიდს ნუგეშინისცემაში. და თუნდაც რომ არ მოისურვოს არავითარი ნუგეშინისცემა მათთვის, იგინი მაინც არ დასცხრებიან ქებისაგან მისისა და მარადის მადლობასა სწირვენ მას.
3. ახ! ვითარ ყოვლად შემძლებელია იესოსადმი უბიწო სიყვარული, რომელშიაც არ არის ჩართული არავითარი ანგარიში და თავმოყვარეობა! სასყიდლით დადგინებულთ მუშაკთა არ ემსგავსებიან ისინი, რომელნიც მარადის ნუგეშინისცემას ეძიებენ? განა იგინი ცხადად არ აჩვენებენ, რომ თავიანთი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ქრისტე, როდესაც ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ განსვენებასა და სარგებლობაზედ? სად მოიძიება მისთანა კაცი, რომელსაც უანგაროდ სურდეს სამსახური ღვთისა.
4. ძნელად მოიპოება იმისთანა სულიერი კაცი, რომ განძარცულ იყვეს ყოველ ამ ქვეყნიურ რაიმეთაგან. ვის შეუძლია იპოვოს ჭეშმარიტად გლახაკი სულითა, რომელიც განშორდებოდეს ყოველსავე ქმნულებათა? ,,უძვირეს არს ქვისა მრავალ სასყიდლისათა“ (იგავ. 31, 10) და კიდის კიდემდე არს იგი საძიებელი. მთელი თავისი ქონება რომ მისცეს კაცმან, ეს მაინც არაფრად არ გამოჩნდება მასთან. თუ გინდა ფიცხელად გაიკანონოს თავი, მაინც კიდევ მცირე იქმნება ესე. უკეთუ შეიძინოს ყოველნაირი ცოდნა, მაინც შორს იქმნება იგი. გინა თუ ჰქონდეს მას დიდი სათნოება და აღგზნებული მხურვალება, მაინც ჯერ კიდევ ბევრი აკლდება მას; აკლდება მას უმთავრესად ერთი რამ, რომელიც მისთვის ყველაზედ უფრო უსაჭიროესია. - რა არის ესა? ისა, რომ დასტოვოს ყოველივე, დასტოვოს და უარ ჰყოს სრულიად თავის თავი და აღარ იქონიოს არავითარი სიყვარულითვისი თავისა. და როდესაც აღასრულოს ყოველივე, რასაც თავის მოვალეობად სცნობდა, ჰგონებდეს, რომ სრულიად არა გაუკეთებია რა.
5. რაც-კი დიდ რამედ ეჩვენება, ნურასოდეს ნუ ჩარაცხავს მას დიდად, არამედ აღვიაროს მან თავი თვისი ჭეშმარიტად უსარგებლო მონად, ვითარცა იტყვის ჭეშმარიტება: ,,ოდესაც ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, ჰსთქვით, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი, რომელი თანა გვედვა ყოფად, ვჰყავით“ (ლუკ. 17, 10). მაშინ შეიძლება გახდეს ჭეშმარიტად გლახაკი და ღატაკი სულითა და შეეძლება თქმა, მსგავსად წინასწარმეტყველისა: ,,რამეთუ მხოლოდ შობილ და გლახაკ ვარ მე“ (ფსალმ. 24, 16). ხოლო ყველაზედ მდიდარი, ყველაზედ უძლიერესი და ყველაზედ თავისუფალი ის არის, რომელსაც შეუძლია უარის ყოფა თავის თავისა და ყოველთა რაიმეთა და რომელიც შეჰრაცხავს თავსა თვისსა ყველაზედ უკანასკნელად.
![]() |
5.12 თავი XII - წმიდა ჯვარის სამეფო გზასა ზედა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მრავალთა სამძიმოდ ეჩვენებიან ეს სიტყვები: ,,უარ ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი და“ შეუდექ იესოსა (მათ. 16, 24; ლუკ. 9, 23). არამედ უფრო სამძიმო იქმნება იმ უკანასკნელს დღეს სმენა ამ სიტყვებისა: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა“ (მათ. 25, 41). ხოლო რომელნიც აწ სიხარულით მოისმენენ და შეუდგებიან წმიდა ჯვარის ხმასა, მათ აღარ შეეშინდებათ, როდესაც გაიგონებენ საუკუნოდ დასჯის განჩინებასა. სახე ესე წმიდა ჯვარისა გამოჩნდება ცაში, როდესაც მოვა უფალი განსჯად სოფლისა (მათ. 24, 30). მაშინ ყოველნი მსახურნი ჯვარისა, რომელნიც ამ ცხოვრებაში ებაძებოდნენ ჯვარცმულსა, წარსდგებიან დიდის იმედით მსაჯული ქრისტეს წინაშე.
2. მაშ რად გეშინია ჯვარის აღებისა, რომლის მიერ შედიან ზეციურს სუფევაში? ჯვარი არს ცხონება, ჯვარი არს ცხოვრება; ჯვარი არს საფარველი წინააღმდეგ მტერთა: ჯვარი არს გარდმომავლენელი ზეციურ სიტკბოებისა, ჯვარშია ძლიერება გონებისა; ჯვარშია სიხარული სულისა, ჯვარშია უაღრესობა სათნოებისა; ჯვარშია სისრულე სიწმიდისა. გარეშე ჯვარისა არ შეიძლება ცხონება სულისა, არცა იმედი საუკუნო ცხოვრების მოპოებისა. მაშ აღიღე ჯვარი შენი, შეუდექ იესოსა, და შეხვალ საუკუნო ცხოვრებაში. ის წინა გიძღოდა შენ დატვირთული ჯვარითა, რომელზედაც მოკვდა შენთვის, მისთვის, რომ შენც იტვირთო ჯვარი შენი და ნატრობდე სიკვდილსა მასზედ. რამეთუ, უკეთუ მოკვდე მასთან, მისთანავე სცხონდები (რომ. 6, 8), და უკეთუ მასთანა ზიარ იქმნები ტანჯვაში, დიდებაშიაც მასთანა ზიარ იქმნები.
3. ამ ნაირად ყოველივე დამყარებულია ჯვარსა და მასზედ სიკვდილზედ. არა არს სხვა გზა ცხოვრებისა და ჭეშმარიტის და შინაგანის მშვიდობისა, უკეთუ არა გზა წმიდისა ჯვარისა და ყოველ დღიურ მოკვდინებისა. წადი, სადაც გსურს, ეძიე, რაც გინდა, ვერსად ვერ ჰპოვებ ესოდენს მაღალს და ესოდენს უშიშარს გზას, როგორიც არის გზა წმიდისა ჯვარისა. განაგე და დაადგინე ყოველივე ისე, როგორადაც გნებავდეს და ჰგონებდე: ვერაფერს ვერ ჰპოვებ გარდა იმისა, რომ შენ უნდა მარადის ითმენდე რაიმე სატანჯველსა ან ნებით და ან უნებურად და ამ ნაირად ყოველგან ჰპოვებ ჯვარსა; ვინაიდგან ანუ სხეულში გრძნობ სატკივარსა და ანუ სულში რაიმე შეშფოთებასა.
4. ზოგჯერ ღვთისაგან იქმნები დატოვებული და ზოგჯერ მოყვასთაგან დაჩაგრული და უფრო სამწუხარო ის არის, რომ შენი თავი თვით შენვე გაგიხდება სამძიმოდ. ამასთანავე არ გექმნება შენ საშუალება განთავისუფლებისა და არცა ნუგეში შემსუბუქებისა, არამედ სინამდისინ ღვთის ნებაა, უნდა დაითმინო შენ იგი. ხოლო ღმერთს ჰნებავს, რათა ისწავლო შენ უნუგეშოდ დათმენა მწუხარებისა, მას სრულიად დაუმორჩილო თავი შენი და მწუხარების დათმენით შეიქმნე უფრო თავმდაბალი. მხოლოდ იგი იგრძნობს გულითა ქრისტეს ვნებასა, რომელიც მის მსგავსად გამოივლის რაიმე სატანჯველსა. ამ ნაირად ყოველთვის განმზადებულია ჯვარი და ყოველგან გელის შენ. სადაც გინდა გაიქცე მისგან, ვერსად ვერ დაემალები მას, ვინაიდგან საცა წახვალ, ყველგან თან დაგაქვს თავი შენი და მარადის ჰპოებ თავსა შენსა. მიიქეც, საითაც გინდოდეს: გინდა შენს ზევით, გინდა შენს დაბლა, გნებავს შენს შინაგან, გნებავს შენს გარედ; ყველგან ჰპოებ ჯვარსა და ყველგან საჭირო იქმნება შენთვის მოთმინება, უკეთუ გნებავს იქონიო მშვიდობა გულისა და ღირს შეიქმნე საუკუნო გვირგვინისა.
5. უკეთუ შენ სიამოვნებით იტვირთავ ჯვარსა, იგიც გიტვირთავს შენ და მიგიყვანს სანეტარელს ადგილას, სადაც ბოლო მოეღებათ ყოველს შენს ტანჯვათა. ხოლო უკეთუ უგულოდ იტვირთავ ჯვარსა, უმეტესად დაიმძიმებ ტვირთსა და მით უფრო დასტანჯავ შენს თავს და ტვირთს-კი მაინც ვერ აიცილებ თავიდგან. უკეთუ ერთს ჯვარს გაექცე, უსათუოდ მეორეს იპოვი და იქმნება ეს უფრო მძიმეც იყვეს პირველზედა.
6. ნუ თუ გგონია, რომ თავიდან აიცდინო იგი, რაც ვერც ერთს მოკვდავს ვერ აუცილებია? რომელს წმიდანს უცხოვრია ამ ქვეყანაზედ, რომელსაც არ ეტვირთოს ჯვარი და შეწუხება? ვინაიდგან თვით უფალი ჩვენი იესო-ქრისტე, ვიდრე სცხოვრებდა ამ ქვეყნად, არც ერთს საათს არ ყოფილა შეუწუხებლად და უტანჯველად: ,,ანუ არა ესრედ ჯერ იყო ვნებად ქრისტესა და შესვლად დიდებასა თვისსა?“ (ლუკ. 24, 26). მაშ ვითარ ეძიებ ამ ჯვარის სამეუფო გზის გარეშე სხვა გზასა.
7. მთელი სიცოცხლე ქრისტესი იყო ჯვარი და წამება; შენ-კი ეძიებ განსვენებასა და სიხარულსა? სცდები, სცდები, უკეთუ ნაცვლად ტანჯვათა დათმენისა სხვა რაიმეს ეძიებ; ვინაიდგან მთელი მოკვდავი ცხოვრება ესე ჩვენი სავსეა სალმობითა და გარემოზღუდვილია ჯვრებითა. და ხშირად რაოდენ უფრო წარემატება კაცი სულიერად, იმდონად სამძიმო ხდება ჯვარი მისი; ვინაიდგან, რაოდენ უფრო ცხოველია სიყვარული, ეგოდენ უფრო მწარე იქმნება გრძნობა თვისის განდევნილობისა.
8. მაგრამ ესოდენს მწუხარებაში მყოფი არ არის მოკლებული ამ მწუხარების შემამსუბუქებელს ნუგეშინისცემასა: რამეთუ იცის, რომ ამ გვარად ტვირთვა ჯვარისა დიდად გაუმრავლებს მას დამაჯილდოებელს ნაყოფსა. ვინაიდგან ოდეს იგი ნებით დაემორჩილება ჯვარსა, ყოველივე მწუხარება შეეცვლება მას ტკბილ იმედად ღვთიურ ნუგეშინისცემისა. და რაოდენ უფრო შესწუხდება სხეული სატანჯველითა, ეგოდენ უფრო გაძლიერდება სული შინაგანის ნუგეშინისცემითა. და ხანდისხან სურვილი ჯვარცმულის ქრისტეს მიმსგავსებისა ისე შეაყვარებს კაცს მწუხარებისა და ტანჯვათა დათმენას, რომ ამიერიდგან აღარ უნდა უჯვროდ და უსენოდ იცხოვროს, ვინაიდგან მან დარწმუნებით იცის, რომ რავდენათაც უფრო მრავალს და მძიმე ტანჯვათა გამოივლის სიყვარულისათვის ღვთისა, იმდენად უფრო აამებს ღმერთსა. ეს სათნოება არ არის კაცობრივი, არამედ მადლია ქრისტე-იესოსი, რომელიც შემძლებელ არს და მოქმედებს ადამიანის სუსტს სხეულზედ ისეთ ნაირად, რომ გულმხურვალედ შეაყვარებს და შეაწყნარებინებს მას, რაც უფრო თვით ბუნებით შემაძრწუნებელი და მოსარიდებელია.
9. წინააღმდეგია კაცობრივი ბუნებისა შეყვარება და ტვირთვა ჯვარისა, დასჯა და დამორჩილება საკუთარის სხეულისა, ლტოლვა დიდებათაგან, ნებით დათმენა შეურაცხებათა და მოძულება თავის თავისა და სურვილი, რათა ყველასაგან გაკიცხულ იყვეს, დათმენა ყოველნაირ ზარალისა და უბედურებათა და არ ნატვრა არა ვითარი ბედნიერებისა ამ ქვეყანაზედ. უკეთუ მიხედავ შენს თავს, დაინახავ, რომ ამის მსგავსს, საკუთარისძალით,შენ ვერასფერს ვერ შეიძლებ. ხოლო უკეთუ ესვიდე უფალსა, მიიღებ ზეციდგან ძალსა, რომლითაც დაიმორჩილებ სოფელსა და სხეულსა შენსა. თვით ეშმაკის მტერობისაც-კი არ შეგეშინდება, უკეთუ შეჭურვილ იქმნები სარწმუნოებითა და აღბეჭდილი ქრისტე-იესოს წმიდა ჯვარითა.
10. მაშ განამზადე თავი შენი, როგორადაც ქრისტეს მორწმუნე და კეთილ მონამან, რათა იტვირთო უშიშრად ჯვარი უფლისა შენისა, რომელმანც ინება მასზედ მიმსჭვალვა და სიკვდილი შენის სიყვარულისათვის. განემზადე სატვირთველად მრავალნაირ შეჭირვებათა და უბედურებათა ამ საბრალო ცხოვრებაში; რამეთუ ყოველივე ესე უსათუოდ შეგემთხვევა შენ სუყველგან, სადაც-კი უნდა შეიფარო თავი შენი. ეს ასე უნდა იქმნას, და ვერავითარის სხვა რაიმე საშუალებით ვერ გადურჩები ამ მწუხარებათა და ბოროტთა სენთა, არამედ უნდა დაითმინო შენ იგი. მაშ შესვი მხიარულებით ბარძიმი ესე მაცხოვრისა შენისა, უკეთუ გნებავს მეგობრობა მისი და წილდებულება მასთან. მიანდე ღმერთსა ნუგეშინისცემა შენი; როგორც მას ჰნებავს ისე, ჰყოს. ხოლო შენ განემზადე დასათმენად შეჭირვებათა და მიითვალე იგინი უდიდეს ნუგეშინისცემად: ,,რამეთუ ... ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი, მერმისა მის თანადიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩვენდა მომართ“ (რომ. 8, 19).
11. როდესაც მიხვალ იქამდისინ, რომ შეჭირვებანი ტკბილად და სასიამოვნოდ გეჩვენებიან ქრისტეს სიყვარულისათვის, მაშინ ჩარაცხე თავი შენი ბედნიერად: შენ ჰპოვე სამოთხე ქვეყანაზედ. ხოლო სინამდისინ ტანჯვა ჯერ კიდევ სამძიმოა შენთვინ და სცდილობ მისგან გარდარჩენას, იქმნები უბედური და სადაც უნდა წახვიდე, ყველგან თან გამოგყვება იგი.
12. უკეთუ განამზადო თავი შენი ტანჯვისა და სიკვდილისათვის, იმ გვარად, როგორადაც საჭიროა, მსწრაფლ ტკბილად გეჩვენებიან იგინი და ჰპოებ მშვიდობასა. თუნდაცრომწარტაცებული იქმნე, მსგავსად წმიდა მოციქული პავლესი, მესამე ცადმდე, მაშინაც-კი არ შეგიძლიან უშიშრად ყოფნა მრავალნაირ შეწუხებათაგან. ,,მე უჩვენო მას, - სთქვა იესომ წმიდა მოციქულს პავლეზედ, - რავდენ ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათვის“ (საქმე 9, 16). მაშ, შენ უნდა იტანჯო, უკეთუ გნებავს შეიყვარო იესო და მარადის მსახურებდე მას.
13. ინებოს ღმერთმან, რომ სახელისათვის იესოსი ღირს იქმნე რაიმე ტანჯვათა დათმენისა! აი ჭეშმარიტი დიდება შენი! აჰა უდიდესი სიხარული ყოველთა წმიდათა ღვთისათა! და აი კეთილი მაგალითი მოყვასისათვის! თუმც ყველა აქებს მოთმინებასა, მაგრამ მოთმინების მსურველნი-კი ცოტანი არიან. საჭიროა დაითმინო შენც მცირედი რაიმე ქრისტესთვის, როდესაც ხედავ, რომ სხვანი უფრო მწარედ იტანჯებიან სოფლისათვის.
14. დარწმუნებით იცოდე, რომ ცხოვრება შენი უნდა ჰგავდეს მომაკვდავისა ცხოვრებასა და რაოდენ უფრო მოიკვდინებს კაცი თავის თავს, იმდენად უფრო დაუახლოვდება იგი ღმერთსა. არავის არ შეუძლია შეგნება ზეციურ მოვლენათა, უკეთუ არ მოიწადინებს ყოველნაირ წინააღმდეგობათა დათმენას ქრისტესათვის. იმაზედ სასიამოვნო არასფერია ღვთისათვის და არცა იმაზედ მარგებელი შენთვის ამ ქვეყანაზედ, როგორადაც სიხარულით ტანჯვა ქრისტესათვის. უკეთუ შენზედ იყვეს დამოკიდებული არჩევნის მოხდენა, შენთვის უმჯობესი იქმნება არჩევა ტანჯვისა ქრისტეს გულისათვის, ვიდრე მრავალთა ნუგეშინისცემათა: ვინაიდგან მაშინ უმეტესად მიებაძები ქრისტესა და მსგავსი გახდები ყოველთა წმიდათა; რამეთუ ღირსება და სათნოებაში წარმატება ჩვენი მრავალს სიხარულსა და ნუგეშინისცემაში-კი არ მდგომარეობს, არამედ მასში, რათა სიმტკიცით დავითმინოთ დიდნი ურვანი და მწუხარებანი.
15. უკეთუ ყოფილიყო სხვა უმჯობესი და უფრო მარგებელი საშუალება კაცთა ცხონებისათვის, ვიდრე ტანჯვა, ქრისტე უთუოდ გვაცნობებდა ჩვენ თვისის სიტყვითა და მაგალითით. ხოლო იგი მოწაფეთა თვისთა და ყოველ მისდა შედგომის მსურველთა ცხადად ასწავებს ჯვარის ტვირთვასა და ამბობს: ,,რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარ-ჰყავნ თავი თვისი, და აღიღენ ჯვარი თვისი და მომდევდინ მე“ (ლუკ. 9, 23). მაშ, შემდგომ ამა ყოველთა სიტყვათა ამოკითხვისა და განხილვისა, ვჰყოთ ეს უკანასკნელი დასკვნაცა: ,,ვითარმედ მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესვლად სასუფეველსა ღვთისასა“ (საქმე14,22).
![]() |
6 წიგნი მესამე - შინაგანს ნუგეშინისცემაზედ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 თავი I - ქრისტეს შინაგანს საუბარზედ მორწმუნე სულთან. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ,,ვისმინო მე, რასაც მეტყოდეს უფალი ღმერთი ჩემი“ (ფსალმ. 84, 8).
ქრისტე: ნეტარ არს სული, რომელიც უსმენს უფალსა, რასაც იგი შინაგან ესაუბრება მას, და მიიღებს მის პირისაგან ნუგეშინის მცემელ სიტყვასა! ნეტარ არიან ყურნი, რომელნიც ისმენენ ტკბილ ღვთიურ შთაგონებათა, და დახშულ-არიან ამა ქვეყნიურ შთაგონებისათვის!
ჭეშმარიტად ნეტარ არიან ყურნი, რომელნიც ისმენენ არა გარეშე ხმასა, არამედ შინაგანს, რომელიც ასწავებს მათ ჭეშმარიტება! ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც დახშულ არიან ყოვლისა გარეშისათვის და მხედველნი შინაგანისა! ნეტარ არიან, რომელნიც გასჭვრეტენ შინაგანსა, და ყოველ დღიურის ვარჯიშობით უფრო და უფრო მეცადინეობენ, რათა შეეძლოსთ გულის ხმის ყოფა ზეციურთა საიდუმლოებათა! ნეტარ არიან, რომელნიც მხიარულის გულით მეცადინეობენ ღვთისათვის და განეშორებიან ყოველსავე ამა სოფლიურ დამაბრკოლებელ გარემოებათა!
მორწმუნე სული: გულის-ხმა ჰყავ ესე ყოველი, ჰოი სულო ჩემო, და დაჰხშე კარნი შენის მგრძნობიერობისა, რათა ისმინო, რასაც გეტყვის შენ უფალი ღმერთი შენი.
2. ქრისტე: ამას იტყვის საყვარელი შენი: ,,მხსნელი შენი ვარ მე“ (ფსალმ. 34, 3); მე ვარ მშვიდობა და ცხოვრება შენი. მარადის ჩემთან იყავი და ჰპოვებ მშვიდობასა; დაუტევე ყოველივე წარმავალი და ეძიე საუკუნო. ყოველივე ამა სოფლიური მაცდურების მეტი სხვა რა არის? და რას გარგებენ შენ ყოველნი დაბადებულნი, უკეთუ დამბადებელმან დაგტოვოს შენ? მაშ უარ ჰყავ ყოველივე და იყავი მორწმუნე და სათნო საყოფელი წინაშე შენის შემომქმედისა, რათა მიემთხვიო ჭეშმარიტსა ნეტარებასა.
![]() |
6.2 თავი II - მასზედ, თუ ვითარ საიდუმლოდ საუბრობს ჭეშმარიტება სულთან. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: სთქვი, უფალო, და გისმენს მონა შენი (1 მეფ. 3, 9). ,,მონა შენი ვარ: მეცნიერ მყავ მე, და გულის-ხმა ვჰყვნე წამებანი შენნი“ (ფსალმ. 118, 125). მისდრიკე გული ჩემი სიტყვათა მიმართ პირისა შენისათა (მუნვე 36). გადმოვიდეს, ვითარცა ცვარი, მცნება შენი (რჯლ. 32, 2.). ძენი ისრაელისანი ეუბნევოდნენ მოსეს: შენ გვითხარი ყოველივე და ღმერთი ნუ გველაპარაკება ჩვენ, თორემ ყველანი გავსწყდებით (გამ. 20, 19). ესეთი არ არის, უფალო, ესეთი, ვედრება ჩემი; არამედ სიმდაბლით და გულ-ხურვალებით გევედრები, როგორადაც წინასწარ-მეტყველი სამუილ: სთქვი, უფალო, და გისმენს მონა შენი (1 მეფ. 3, 9). მოსე ნუ მელაპარაკება მე, ნურცა ვინმე სხვა წინასწარმეტყველთაგანი, არამედ მხოლოდ შენ, უფალო და ღმერთო ჩემო, რომელი ხარ თვით მასწავლებელი და განმანათლებელი ყოველთა წინასწარმეტყველთა: ვინაიდგან უიმათოდ შენ შეგიძლია მასწავლო მე ყოველივე სრულებით; და უშენოდკი იგინი ვერაფერს ვერ მარგებენ მე.
2. მათ შეუძლიათ გარდმოცემა სიტყვებისა; მაგრამ-კი არ შეუძლიათ მონიჭება გულისხმიერებისა. იგინი მშვენიერად ლაპარაკობენ; მაგრამ უკეთუ შენ სდუმნო, იგინი ვერ აღსძვრენ გულსა. იგინი გვაძლევენ წერილთა, ხოლო შენ გვიცხადებ მათს აზრსა. იგინიგარდმოგვცემენსაიდუმლოებათა;ხოლო შენ გაგვაგებინებ მათს მნიშვნელობათა. იგინი გვიცხადებენ შენს ბრძანებათა; ხოლო შენის შემწეობით ჩვენ ვასრულებთ მათ. იგინი გვიჩვენებენ გზასა, ხოლო შენ გვამხნევებ, რათა ვიდოდეთ მასზედ. იგინი მოქმედობენ გარეგან, ხოლო შენ წვრთნი და განანათლებ გულთა. იგინი რწყავენ, ხოლო შენ აღორძინებ. იგინი გვასწავლიან სიტყვებს, ხოლო შენ გვაძლევ გულისხმიერებასა.
3. მაშ მოსე-კი ნუ ილაპარაკებს ჩემთან, არამედ თვით შენ, უფალო ღმერთო ჩემო, საუკუნო ჭეშმარიტებავ, მითხარი ყოველივე, რათა არ მოვჰკვდე, ისე რომ არ გამოვიღო რაიმე ნაყოფი, ოდეს მხოლოდ გარეგან ვიქმნე განსწავლული და არა შინაგან აღგზნებული. ნურცა მექმნებიან მე სასჯელად ის სიტყვები, რომელნიც ვისმინე და კი არ აღვასრულე; ვსცანი და არ შევიყვარე; ვირწმუნე და კი-არ დავიმარხე. მაშასადამე სთქვი, უფალო, და გისმენს მონა შენი, - რამეთუ სიტყვანი საუკუნო ცხოვრებისა გაქვს შენ (1 მეფ. 3, 9; იოან. 6,68). მეუბენ მე, რათა ამით ნუგეშინისცე სულსა ჩემსა, გასწმიდო მთელი ცხოვრება ჩემი, და ვადიდო და ვუგალობდე მით წმიდასა სახელსა შენსა უკუნისამდე.
![]() |
6.3 თავი III - მასზედ, თუ ვითარის კრძალვით უნდა მოისმენდეს კაცი ღვთის სიტყვებს და მრავალნი-კი ყურადღებას არ აქცევენ მას. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ისმინე, ძეო ჩემო, სიტყვანი ჩემნი, სიტყვანი ყოვლად ტკბილნი, რომელნიც უაღრეს არიან ამა ქვეყნიურ ფილოსოფოსთა და ბრძენთა ყველა სწავლაზედ. ,,სიტყვანი ჩემნი სულ არიან და ცხოვრება“ (იოან. 6, 63) და კაცობრიულ გონებით გამოუძიებელ არიან. მათში არავინ არ უნდა ეძიებდეს ამაო კმაყოფილებასა, არამედ უნდა ისმენდეს მდუმარებით და მიიღებდეს მათ სრულის სიმდაბლითა და სიყვარულით.
2. მორწმუნე სული: და ვსთქვი: ,,ნეტარ არს კაცი, რომელიც განსწავლო შენ, უფალო, და ამცნო სჯული შენი და მით მიანიჭო მას მშვიდობა დღეთა ბოროტთა“ (ფსალმ. 93, 10. 11) და არ იქმნას იგი უნუგეშოდ დატოებული ამ ქვეყნად.
3. ქრისტე: მე, იტყვის უფალი, დასაბამიდან ვასწავებდი წინასწარ-მეტყველთა, და აქამომდეც ვასწავებ ყოველთა კაცთა, ხოლო მრავალნი დაყრუებულან: არ ესმისთ ჩემი სიტყვები და გაკერპებულან გულითა. მრავალნი უფრო სიამოვნებით უსმენენ ქვეყანასა, ვიდრე ღმერთსა; უფრო ადვილად მიჰყვებიან სხეულის წადილსა, ვიდრე ღვთის სურვილსა. წარმავალთა და მცირე რაიმეთა აღუთქვამს მათ ქვეყანა და იგინიც დიდის გულმოდგინებით მსახურებენ მას; მე აღვუთქვამ უმაღლესს და საუკუნესა და ამას-კი ვერ მიხვედრია ადამიანის გული. ვინ მემსახურება მე, ვინ მემორჩილება ყველაფერში იმ გვარის ერთგულებით, როგორადაც მსახურებენ სოფელსა და ემორჩილებიან მთავართა სოფლისათა? გრცხვენოდეს სიდონო, სთქვა ზღვამან. (ეს. 23, 4) ხოლო, უკეთუ გსურს შეიტყო მიზეზი მისი, აი ეს არის: კაცნი, მცირედის სარგებლობის გულისათვის, შორს გზას გაივლიან და საუკუნო ცხოვრების შეძენისათვის-კი მრავალთა ფეხის გადადგმაც ეზარებათ. სულ მცირე სარგებლობის მისაღებად აქეთ-იქით დაწანწალებენ; ხანდისხან ერთის გროშის გულისათვის სამარცხვინო დავიდარაბას ასტეხენ; უბრალო ნივთის და მცირე სარგებლობისათვის დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევენ თავიანთ თავს.
4. მაგრამ, ვაი სირცხვილო! უცვალებელის კეთილისა, დაუფასებელის საჩუქრისა, უმაღლესის პატიოსნებისა და დაუსრულებელის დიდებისათვის-კი თითის განძრევაც არ უნდათ. გრცხვენოდეს, მაშ მონაო ზარმაცო და მარადის ბედის მონდურაო, რამეთუ ხედავ, რომ იგინი თავიანთ თავის წარწყმედას უფრო მიესწრაფებიან, ვიდრე შენ შენს ცხონებასა. იგინი ამაოებაზედ უფრო ხარობენ, ვიდრე შენ ჭეშმარიტებაზედ. მათ ხშირად ატყუებს საკუთარი იმედი,ხოლო აღთქმა ჩემი არავის არ მოატყუებს და მსასოებელნი ჩემზედა არას დროს უნუგეშო არ დარჩებიან. მე მივცემ, რაც აღმითქვამს და აღვასრულებ, რაც მითქვამს, უკეთუ სიკვდილადმდე ერთგულად ვეყვარები ვისმეს (იოან. 15, 9. 10). მე ვარ დამჯილდოებელი ყველანაირ კეთილისა და ფიცხელი გამომცდელი კეთილ-მსახურთა ჩემთა.
5. ჩაინერგე შენს გულში ჩემი სიტყვები (2 კორ. 3, 3) და გულს-მოდგინებით იფიქრე ხოლმე მასზედა: ვინაიდგან დიდად გამოგადგებიან შენ იგინი განსაცდელის ჟამსა. რასაც კითხვის დროს ვერ მიხვდები, მას გაგაგებინებ, როდესაც მოვალ შენთან. ორნაირად მივხედავ რჩეულთა ჩემთა: განცდითა და ნუგეშინისცემით. ორს გაკვეთილს ვაძლევ მათ ყოველ დღე; ერთითა ვამხელ შეცდომილებათა მათთა და მეორით ვასწავებ სათნოებაში წარმატებას. ,,რომელმან შეურაცხ-მყოს მე, და არ შეიწყნაროს სიტყვანი ჩემნი, ჰყავს მას მსაჯული თვისი, რომელმან საჯოს იგი უკანასკნელსა დღესა“ (იოან. 12, 48).
ლოცვა,
რომლითაც უნდა ვითხოვდეთ ღვთისაგან გულ-მხურვალების მადლის მონიჭებასა.
6. მორწმუნე სული: უფალო, ღმერთო ჩემო! შენ ხარ ყოველი სიკეთე ჩემი. ხოლო ვინ ვარ მე, რომ ვბედავ შენთან საუბარსა? მე ვარ ერთი უგლახაკესი მონათა შენთაგანი და სულ უკანასკნელი მატლი, ამაზედ უფრო ღატაკი და საზიზღარი, ვიდრე როგორიც მგონია მე ჩემი თავი. არამედ მოიხსენე, უფალო, რამეთუ არა რაი ვარ, არაფერი არ შემიძლია და არც არა მაქვს რამე. მხოლოდ შენ ხარ კეთილი, მართალი და წმიდა; შენ ყოველივე შეგიძლიან, შენ ხარ მომნიჭებელი ყოვლისა და აღმავსებელი ყოველთა, მხოლოდ ცოდვილსა დასტოვებ უარარაოდ. ,,მოიხსენე მოწყალებანი შენნი, უფალო!“ (ფსალმ. 24, 6) და აღავსე გული ჩემი მადლითა შენითა, რომელსა არა გნებავს, რათა საქმეთა შენთა განვლონუქმად.
7. როგორ უნდა დავითმინო ეს საბრალო ცხოვრება, უკეთუ არ გამაძლიერებ მოწყალებითა და მადლითა შენითა! ნუ მომარიდებ პირსა, შენს მოსვლას ნუ დამიგვიანებ, და ნურც შენსა ნუგეშინისცემასა მომაკლებ; ვაი, თუ უამათოდ სული ჩემი შეიქმნას ვითარცა მიწა, ურწყავი შენს წინაშე (ფსალმ. 142, 6). ,,მასწავე მე, უფალო, რათა ვჰყო ნება შენი“ (ფსალმ. 142, 10); მასწავე, რათა ღირსეულად და სიმდაბლით ვიქცეოდე შენს წინაშე, რამეთუ შენ ხარ სიბრძნე ჩემი და ჭეშმარიტად მიცნობ მე უწინარეს ქვეყნის შექმნისა და თვით ჩემის დაბადებისა მიცან მე.
![]() |
6.4 თავი IV - მასზედ, თუ ვითარის სიმდაბლითა და ჭეშმარიტებით უნდა ვიდოდეთ ღვთის წინაშე. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, სიმართლით იარე ჩემს წინაშე და უბიწო გულით მეძიებდე მე მარადის.რომელიცსიმართლითივლისჩემსწინაშე, დაცული იქმნება იგი ყველა ნაირ ბოროტებათა თავს-დასხმისაგან და ჭეშმარიტება იხსნის მას უშჯულოთა საფრხისა და ცილის წამებათაგან. უკეთუ ჭეშმარიტებამა გაგანთავისუფლა შენ, ჭეშმარიტად თავისუფალი იქმნები და არა ვითარ ყურადღებას აღარ მიაქცევ კაცთა უსარგებლო ლაპარაკსა.
2. მორწმუნე სული: უფალო, ჭეშმარიტებაა რასაც ამბობ, გევედრები, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა. შენმა ჭეშმარიტებამ მასწავოს მე, მან დამიცვას და დამიფაროს მე სანეტარო აღსასრულადმდე. მან მიხსნას მე ყოველთა ბოროტ გულისთქმათა და უწესო სურვილთაგან, რათა ვიდოდე შენს წინაშე სრულიად თავისუფალის გულითა.
3. ქრისტე: მე გასწავებ შენ, იტყვის ჭეშმარიტება, რაიც ჭეშმარიტი და სათნო საყოფელია ჩემს წინაშე. შენს ცოდვებზედ ფიქრობდე დიდის ზიზღითა, და მწუხარებით,
და თუ რაიმე კეთილიც ჩაგიდენია, მისგამო დიდ რამედ ნუ ჩარაცხავ შენს თავს. იცოდე, შენ ხარ ცოდვილი, და სხვა არაფერი; მონა მრავალთა ვნებათაგან დატყვევებული. თვით ბუნებით მიდრეკილი ხარ არა რაიობისაკენ, ხშირად ეცემი, ადვილად იძლევი, მსწრაფად შეკრთები და მოუძლურდები ხოლმე. იმისთანა არაფერია შენში, რომლითაც-კი შეგეძლოს თავის ქება, მაგრამ ისეთი-კი ბევრი რამა გაქვს, რომლისათვის უნდა შეარცხვინო შენი თავი: ვინაიდგან დაშორებით უფრო უძლური ხარ, ვიდრე შენა გგონია.
4. მაშასადამე, ნურაფრად ნუ ჩარაცხავ თვით საუკეთესო შენს საქმეებსაც-კი. ნუ ჩასთვლი ნურაფერს დიდად, ნურცა ძვირფასად და საკვირველად, ნურცა პატივისცემის ღირსად, ნურცა უმაღლესად, ნურცა ღირსად ქებისა და სანატრელად, გარდა მხოლოდ იმისა, რაიც საუკუნოა. ყველაზედ უფრო მომეტებულად საუკუნო ჭეშმარიტება იყვეს შენთვის სასიამოვნოდა ყველაზედ უფრო საზიზღრად მიგაჩნდეს შენ სულ უკანასკნელი უღირსება შენი. ნურაფერს ნუ შეუშინდები იმოდნად, ნურაფერს გაჰკიცხავ იმგვარად, და ნურცა გაექცევი ნურაფერს იმნაირად, როგორათაც შენს საკუთარს ცოდვათა და ბიწიერებათა. ესენი უფრო სამწუხარონი უნდა იყვნენ შენთვის, ვიდრე ყოველივე დანაკლისი ამა ქვეყნიური. ზოგნი გულ-წრფელად არ იქცევიან ჩემს წინაშე, არამედ ამაყურის ცნობის მოყვარეობით უნდათ შეიტყონ საიდუმლოებანი ჩემნი და შთახვდნენ უმაღლესს განგებას ღვთისას, მაშინ, როდესაც დაუვიწყნიათ თავიანთ თავიც და თვისი სულის ცხონებაც. იგინი ხშირად ვარდებიან დიდს საცდურებასა და ცოდვებში თავიანთ ამპარტავნებისა და ამაყური ცნობის-მოყვარეობის გამო, ამისათვის ,,გარე მივაქცევ პირსა ჩემსა მათგან.“
5. გეშინოდეს ღვთის სამართლისა, თრთოდე ყოვლის-შემძლებელის რისხვისაგან. ხოლო ერიდე უზენაესის საქმეთა გამოძიებას; არამედ გამოიძიე უსჯულოებანი შენნი და სცან, თუ ვითარ შემცოდე ხარ, და ვითარ გულ-გრილი კეთილ მოღვაწეობისათვის! ზოგნი წიგნებზედ ამყარებენ სასოებას, ზოგნი ხატებზედ, ზოგიერთნი გარეგან ნიშნებზედ და სახეზედ. ზოგნი მაღვიარებენ მხოლოდ პირითა და არა გულითა.
არიან იმისთანა ადამიანებიც, რომელნიც განათლებულან გონებითა და გაწმენდილან გულითა: იგინი ყოვლის მეცადინეობით ეძიებენ საუკუნოსა, მსოფლიურს რაიმეზედ სმენაც-კი ემძიმებათ და ბუნების უსაჭიროეს მოთხოვნილებათაც-კი მწუხარებით მსახურებენ: აი ესენი არიან იგინი, რომელთაც ესმით, რასაც ეუბნევა მათ სული ჭეშმარიტებისა. ესმით, რომ იგი ასწავებს მათ მსოფლიურ რაიმეთა შეურაცხებას, და ზეციურთა შეყვარებას; სოფლისუარ ყოფასა და დღე და ღამ ზეცის ნატვრას.
![]() |
6.5 თავი V - მასზედ, თუ ვითარ საკვირველ-მომქმედია ღვთიური სიყვარული. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: გაკურთხებ შენ, მამაო ზეციერო, მამაო უფლისა ჩემისა იესო ქრისტესაო, რამეთუ ღირს მყავ მე გლახაკი მოხსენებისა. ჰოი მამაო მოწყალებისაო, და ღმერთო ყოვლის ნუგეშინისცემისაო (2 კორ. 1, 3), გმადლობ შენ ნუგეშინის ცემისათვის, რომელსაც ზოგჯერ მომივლენ ხოლმე, თუმცა ღირსი არა ვარ ამ ნუგეშინისცემათა. გაკურთხებ შენ მარადის და გადიდებ მხოლოდ შობილი ძისა შენისა და ნუგეშინისმცემელი სული წმიდისათანა უკუნითი უკუნისამდე. ჰოი უფალო ღმერთო ჩემო! მოყვარულო ჩემო წმიდაო! როდესაც ეწვევი ჩემს გულს, მთელი ჩემი შინაგანი არსება აღივსება სიხარულითა. შენ ხარ დიდება ჩემი და მხიარულება გულისა ჩემისა; შენ ხარ სასოება და თავ-შესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
2. მაგრამ რადგან ჯერედ კიდევ უძლური ვარ შენს სიყვარულში და უსრულო სათნოებაში, ამისთვის საჭიროა ჩემთვის ნუგეშინისცემა შენი და მით განმტკიცება ჩემი. მაშ მომხედე მე ხშირად და მასწავე წმინდა სჯული შენი. მიხსენ მე ბოროტ ვნებათა ჩემთაგან, და გაჰკურნე გული ჩემი ყოველნაირ უწესო წადიერებათაგან, რათა გაიკურნოს სული და გაიწმიდოს გული ჩემი, რომ მით შევიძლო შეყვარება შენი, განვძლიერდე მოთმინებაში და მოვიპოვო სიმტკიცე.
3. დიდი საქმეა სიყვარული და ამასთანავე დიდი სიკეთეც. მხოლოდ მას შეუძლიან შემსუბუქება ყოველივე მძიმე ტვირთისა, და ყოველსავე უთანასწორობას ერთნაირად შეიწყნარებს. რამეთუ იგი ზიდავს თავის ტვირთსა და კი არა ჰგრძნობს მისს სიმძიმესა და ყოველსავე სიმწარეს გარდააქცევს სასიამოვნო სიტკბოებად. გულ-წრფელი სიყვარული იესოსადმი დიდი საქმეებისაკენ გვიწვევს ჩვენ და აღგვიძრავს სისრულეში წარმატების სურვილს.სიყვარული მარადის ზე აღემართება, და უბრალო მდაბალი რაიმე მას ვერ დაიპყრობს. სიყვარული ეძიებს თავისუფლებას, და არ ჰნებავს, რომ მას შეეხონ რაიმე ამ ქვეყნიური წადიერებანი, რათა მის შინაგანს მხედველობას წინ არაფერი არ აეფაროს, რათა არ იქმნას შეპყრობილი ჟამიერ სიკეთისაგან, რომ ამ ქვეყნიურმა რაიმე უსიამოვნებამ არ დააუძლუროს იგი. არაფერი არა არის რა სიყვარულზედ უტკბილესი, მასზედ უძლიერესი, მასზედ უმაღლესი, მასზედ უფართოესი, მასზედ უნეტარესი, მასზედ უსრულესი და უკეთილესი არც ზეცას და არც ქვეყანაზედ; რამეთუ სიყვარული ღვთისაგან არს შობილი, და მხოლოდ ღმერთში შეუძლიან მას განსვენება, რამეთუ იგი არს უაღრესი უფროს ყოველთა დაბადებულთა.
4. რომელსაც უყვარს, იგი ფრინავს, მიესწრაფის და უხარია; თავისუფალია იგი და დაპყრობა მისი არაფერს არ შეუძლია. იგი დასთმობს ყოველსა ყოვლისათვის, და აქვს ყოველივეყოველსაშინა,რამეთუგანისვენებსიგიმასში, რომელიც არის უაღრეს ყოველთა, რომლისაგან მომდინარეობს და გამოვალს ყოველი კეთილი. იგი აქცევს ყურადღებას საჩუქრის მომნიჭებელს, რომელიც ყოველს სიკეთეზედ უფრო უდიდესია, და არა საჩუქრებს. ხშირად სიყვარულმა არ იცის ზომა, არამედ ზომაზედ უფრო მეტად აღეგზნება. სიყვარული არა გრძნობს ტვირთის სიმძიმეს, შრომას არ ერიდება, რაც შეუძლიან იმაზედ უფრო მეტის გაკეთება სურს; მას შეუძლებელად არა მიაჩნია-რა, არამედ ყოველივე შესაძლოდ და შენდობილად ჰგონია. მაშასადამე, სიყვარულს ყოველივე შეუძლიან, და ბევრს იმისთანა რამეს აკეთებს, რომლის აღსრულება ყოვლად შეუძლებელია უსიყვარულოდ.
5. სიყვარული მღვიძარეა და ძილშიაც-კი ფხიზლობს. დაღალვა მას ვერ აუძლურებს; შევიწროება არ აწუხებს; საშიშრობას არ შეუშინდება, არამედ, როგორათაც ცხოველი ცეცხლი და აღგზნებული ალი, ზემორედ მიისწრაფის და ყოველსავე განვლის დაუბრკოლებლივ. რომელსაც უყვარს, მან იცის მნიშვნელობა სიყვარულისა. გოდება აღგზნებილი სულისა ესმის ღმერთსა, რომელსაც შეღაღადებს ესრედ: ღმერთო, ღმერთო ჩემო! სიყვარულო ჩემო! შენ სრულიად ჩემი ხარ და მეც სრულიად შენი.
6. გამამტკიცე მე სიყვარულში, რათა იგრძნოს გულმან ჩემმან სიტკბოება სიყვარულისა, დადნეს იგი სიყვარულით და სცურავდეს მასში. რათა დაპყრობილ ვიქმნე სიყვარულითა და წარტაცებული მხურვალებისა და განცვიფრებისაგან, ზე ავმაღლდე უფროს თავისა ჩემისა. რათა გიგალობდე გალობასა სიყვარულისასა; მოგდევდე შენ საყვარელსა ჩემსა ზეცად, და დაშვრეს სული ჩემი შენდამი სიყვარულის ქებითა და ღაღადებითა. რათა შეგიყვარო შენ ჩემს თავზედ უმეტესად, და თვით თავიცა ჩემი და იგინიცა, რომელთაც შენ ჭეშმარიტად უყვარხართ, შევიყვარო შენს გამო, როგორადაც იტყვის შენ მიერ გარდმოცემული მცნება სიყვარულისა.
7. სიყვარული არსმსწრაფლი, წრფელი, სახიერი, გამამხიარულებელი და სასიამოვნო; ძლიერი, დამთმენი, სარწმუნო, ბრძენი, სულგრძელი და მხნე, და არასოდეს არ მაძიებელი თვისი თავისა. რამეთუ, რომელიც ეძიებს თავსა თვისსა, იგი მოკლებულია სიყვარულსა. სიყვარული არს ფრთხილი, მშვიდი და მართალი, არ არის იგი განაზებული, არცა უგუნური და არცა ამაოების მაძიებელი: იგი არს ფხიზელი, უბიწო, შეურყეველი, წყნარი და დაცულ გრძნობებიანი. სიყვარული არს პატივისმცემელი და მორჩილი უმფროსთა, ხოლო თავისი თავისა დამამდაბლებელი და შეურაცხ-მყოფელი. იგი არს მოსავი და მადლიერი ღვთისა, მასზეა მინდობილი და მასზედვე აქვს დამყარებული სასოება თვისი, მაშინაც-კი, როდესაც არა გრძნობს არა ვითარ სიტკბოებას ღვთისაგან, ვინაიდგან სიყვარულიც-კი არ არის თავისუფალი მწუხარებისაგან.
8. რომელიც განმზადებული არ არის ყოვლისავე დასათმენად და ყველაფერში თავის საყვარლის ნებას არ მისდევს, იგი არ არის მოსიყვარულე. ვისაც უყვარს, მან ყოველივე სიმწარე და შეჭირვება უნდა სიამოვნებით მიიღოს საყვარელის გულისათვის და არა ვითარ წინააღმდეგ შემთხვევაში არ უნდა უღალატოს მას.
![]() |
6.6 თავი VI - იმ ნიშნებზედ, რომლითაც იცნობება ჭეშმარიტი მოსიყვარულე |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო! ჯერ კიდევ არა ხარ შენ შეურყეველი და კეთილ-გონიერი მოსიყვარულე.
2. მორწმუნე სული: რატომ, უფალო?
3. ქრისტე: იმიტომ, რომ სულ უბრალო წინააღმდეგობის გამო ანებებ თავს შენს დაწყობილებათა და მეტის მეტი სიხარბით ეძიებ ნუგეშინის ცემასა. მტკიცე მოსიყვარულე შეურყეველად დგას ყოველნაირს საცდურებათა შორის, და არა სწამს მზაკვრული შთაგონებანიმტრისა; და როგორათაც ბედნიერებაში, ისე უბედურებაში ერთნაირად უყვარვარ მას.
4. კეთილ-გონიერი მოსიყვარულე იმდენად საყვარლის მონიჭებულს საჩუქარს არ აფასებს, რამდენადაც მომნიჭებელის სიყვარულსა. იგი უფრო მეტად აფასებს სიყვარულსა, ვიდრე ამ სიყვარულის ნაყოფსა; და საყვარელი თვისი მიაჩნია ყოველს მისგან მონიჭებულ საუნჯეთა უძვირფასესად. დიდ სულოვანი მოსიყვარულე არ კმაყოფილდება საჩუქრითა, არამედ ყოველს მის კმაყოფილებას მე შევადგენ. ამისთვის, ჯერ საქმე სრულიად არ არის გაფუჭებული, თუ რომ ხანდიხან ჩემს, ანუ ჩემის წმიდანების შესახებ არა გაქვს ისეთი მხურვალე გრძნობა, როგორიც გსურს. ის კეთილი და ტკბილი სურვილი, რომელსაც ხანდისხან შენა გრძნობ, არის შედეგი ჩემის მადლის გავლენისა და წინასწარ გემოს გაღება ზეციურ დიდების სიტკბოებისა; ამ გრძნობას აგრე რიგად არ უნდა დაემყარო, ვინაიდგან იგი როგორც მოვა, ისე წავა. ხოლო ბრძოლა ბუნების ბოროტ მღელვარებათა წინააღმდეგ და შეურაცხება ეშმაკის მანქანებათა არის ნიშანი კეთილ-მსახურებისა და დიდის ღირსეულებისა.
5. მაშასადამე, ნუ შეგაშფოთებენ შენ ნურა ვითარი უცხო ოცნებანი, რომლის საგანსაც-კი უნდა შეეხებოდნენ. მტკიცედ დაადექ შენს განზრახულებას და წრფელ აზრებს, რომელნიც გაქვს ღვთისა მიმართ. მაცთურებად ნუ ჩარაცხ, თუ რომ შენ ხანდისხან უცებ იგრძნო სულიერი აღტაცება, და შემდეგ ამისა სწრაფადვე შთავარდე ჩვეულებრივს საძაგელს მდგომარეობაში; ვინაიდგან ეს საძაგელი მდგომარეობა უფრო შენს უნებურად არის წარმომდგარი, ვიდრე შენის ნებითა, და თუ ეს მდგომარეობა უსიამოვნოა შენთვის, და ეწინააღმდეგები მას, ამითი კი არ ავნებ შენს თავსა, არამედ შეიძენ დიდს ღირსებას.
6. იცოდე, რომ უძველესი მტერი კაცისა ხმარობს ყოველს ღონისძიებას, რათა ამოფხვრას შენში ყოველივე კეთილი სურვილი და დაგა ტოვებინოს შენ ყოველივე საღვთისმსახურო წვრთნანი, ესე იგი: მსახურება წმინდათა, ყოვლად სასარგებლო წარმოდგენა ვნებათა ჩემთა, და ცოდვათა შენთა, სიწმინდით დაცვა გულისა და მტკიცე გარდაწყვეტილება შესახებ სათნოებაში წარმატებისა. ის სცდილობს აღძრას შენში მრავალი ბოროტი ზრახვანი და მით დაგაღონოს და შეგაძრწუნოს შენ, რათა ხელი აგაღებინოს გულმხურვალე ლოცვისა და საღმრთო წერილის კითხვისაგან. მას სძულს კეთილი აღსარება შენი; და უკეთუ მისთვის შესაძლო იყვეს, ხელს აგაღებინებდა წმინდა ზიარების მიღებისაგან. ნუ ერწმუნები მას, და ნურცა გეშინიან მისი, თუმცა ხშირად მაცთუნებელს საფრხეს გიგებს იგი შენ. მასვე უკან დაუბრუნე ის ბოროტი და უწმინდური განზრახვანი, რომელთაც გაგონებს იგი და უთხარ მას ესრედ: წარვედ ჩემგან, სულო არა წმინდაო; გრცხვენოდეს, უბადრუკო; როგორც სჩანს ყოვლად უწმინდური უნდა იყვე, რომ ამგვარს ბიწიერებათა მაგონებ. განმეშორე, საზიზღარო მაცთურო, არ გექმნება შენ ჩემთან არა ვითარი საზიარო: არამედ იესო იქმნება ჩემთან, ვითარცა ძლიერი მოლაშკრე, და შენ იქმნები შერცხვენილი. ჩემთვის უფრო უმჯობესია მოვჰკვდე და დავითმინო ყოველნაირი ტანჯვა, ვიდრე დაგეთანხმო შენ. დაჩუმდი, გაიკმინდე ხმა; (მარკ. 4, 39) ამიერიდგან აღარას გაგიგონებ, რანაირი ტანჯვაც-კი გინდა შემამთხვიო. უფალია გამნათლებელი, და მაცხოვარი ჩემი, ვისი უნდა მეშინოდეს? უფალია მფარველი ცხოვრებისა ჩემისა: ვისგან უნდა შევსძრწუნდე? (ფსალმ. 26, 1. 3). უკეთუ აღსდგეს ჩემზედა ლაშკარი, არ შეეშინდება ჩემს გულს, რამეთუ უფალი არის მწე ჩემი და მსხნელი ჩემი (ფსალმ. 18, 14).
7. იბრძოლე, ვითარცა მხნე მოლაშკრემან, და უკეთუ უძლუროების გამო, ოდესმე დაეცე, წინანდელზედ უფრო მტკიცედ ხელმეორედ შემოიკრიფე ძალა, და იქონიე იმედი, რომ ჩემგან მიიღებ უფრო უმეტეს მადლსა; ერიდე მომეტებულად ამაო კმაყოფილებას და ამპარტავნებასა. ამათ მრავალნი შეჰყავსთ შეცდომილებაში, და სამუდამოდ აბრმავებენ. იყვეს შენდა გამაფრთხილებელ და მომნიჭებელ სამარადისო თავმდაბლობისა ესე ვითარი დაღუპვა ამპარტავანთა კაცთა, რომელთაც თავიანთ თავი დიდი რამეები ეგონათ.
![]() |
6.7 თავი VII - მასზედ, თუ ვითარის თავმდაბლობით უნდა ჰფარვიდეს კაცი ღვთისაგან მინიჭებულს მადლსა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ჭეშმარიტად დიდს შეგძენს, უკეთუ თავდაბლობით დაჰფარავ გულმხურვალების მადლსა, არ გაამპარტავნდები მით, ბევრს არ ილაპარაკებ მასზედ და დიდრამედ არ ჩარაცხავ მას; არამედ უმეტესად შეურაცხჰყოფ და უღირსად იცნობ თავსა შენსა ამ მადლისათვის. მეტად არ უნდა დაენდოს კაცი სულის ამგვარს მდგომარეობას, ვინაიდგან შეიძლება მალე წინააღმდეგად შეიცვალოს იგი. როდესაც მადლი ღვთისა გარდმოვალს შენზედა, განიზრახვიდე თუ რაოდენ საბრალო და საცოდავი ხდები, ოდეს ის შენ თავს განებებს. წარმატება სულიერს ცხოვრებაში მხოლოდ იმაში-კი არ მდგომარეობს, რომ სტკბებოდე ნუგეშინის-ცემის მადლითა, არამედ მასში, რომ სიმშვიდით, თავგანწირულობით და სულ-გრძელობით დაითმინო მოკლება მისი და არ მოექცე გულ-გრილად არცა ლოცვასა და არც სამუდამოდ ხელი აიღო იმ სასულიერო ვარჯიშობისაგან, რომელსაც შენ ყოველ დღე ასრულებდი; არამედ შეძლების დაგვარად ეცადე სიამოვნებით შეასრულო ყოველივე, რაც შესაძლოა და შენს მოვალეობას შეადგენს, და არ მოიქცე უზრუნველად იმისგამო, რომ იგრძნო გულ-გრილობა და შეშფოთება სულისა.
2. მრავალნი მსწრაფლ მოუთმენლობას და სასოწარკვეთილობას მიეცემიან ხოლმე, როდე საც საქმე ისე არ წარემართებათ, როგორც მათ ჰნებავსთ; ვინაიდგან მუდამ კაცის ნებაზედ როდია მისი გზა და კვალი (იერ. 10, 23); არამედ ღმერთი არს მომნიჭებელი წყალობის და ნუგეშინისცემისა, როდის, რაოდენი, ვისთვის და რანაირადაც მას ჰნებავს. მრავალ უგუნურთა იმავე გულ-მხურვალების მადლით დაღუპეს თავიანთი თავი, რადგან განიზრახეს იმაზედ მეტის ქმნა, რისაც შემძლებელ იყვნენ; დაივიწყეს სისუსტე თვისი და გაჰყვნენ უფრო თავიანთ გულის წადილსა, ვიდრე გონივრულს მოსაზრებასა. რადგან მათ თავიანთს თავზედ შეადგინეს უფრო დიდი აზრი, ვიდრე ჰნებავდა ღმერთსა, ამიტომ მსწრაფლ დაჰკარგეს მადლი. იგინი, რომელთაც უნდოდათ დაბინავება ზეცაში, შეიქმნენ გლახაკნი და ყოვლითურთ დამდაბლებულნი, რათა ამგვარად დაგლახაკებულთა და დამდაბლებულთა ისწავლონ, რომ საკუთარის ფრთებით არ შეუძლიათ მათ ფრენა; არამედ ჩემს ფრთებზედ უნდა ჰქონდესთ დამყარებული იმედი. რომელნიც ახლად დასდგომიან ღვთის გზასა და ამიტომ გამოუცდელნი არაინ, ისინი, უკეთუ არ შეისმენენ რჩევას ბრძენთასა, ადვილად დაჰკარგვენ გზასა და დაიღუპებიან.
3. რამეთუ, რომელნიც თავიანთ საკუთარს გულის-ზრახვათა უფრო შეუდგებიან, ვიდრე რჩევასა გამოცდილთა კაცთასა, უბედური შედეგი ექმნებათ მათ, უკეთუ არ განშორდებიან თავიანთ საკუთარს მსჯელობასა. იშვიათია, რომ იმათ, რომელთაც თავიანთ თავი მეცნიერი ჰგონიათ, სიმდაბლით შეიწყნარონ დარიგება სხვებისაგან. უმჯობესია, რომ მცირე ცოდნა ჰქონდეს კაცსა, იყვეს თავმდაბალი და წრფელ გულის-ხმიერი, ვიდრე - საუნჯე სიბრძნისა და ამითი ამპარტავნობდეს. ისა სჯობს შენთვის, რომ მცირედი გქონდეს, ვიდრე მრავალი, რადგან შეიძლება ამით გაამპარტავნდე. უგუნურად იქცევა, რომელიც თავის თავს ყოვლითურთ მხიარულებას მისცემს, ივიწყებს თავის წარსულს სისაწყლესა და უმანკო შიშსა ღვთისასა, რომელიც გვაფრთხილებს რათა არ დავჰკარგოთ უკვე მონიჭებული მადლი. არც ის არის კეთილ-გონიერი, რომელიც განსაცდელისა და უბედურების ჟამს სასოებას წარიკვეთს და მიეცემა იმგვარს აზრებსა და გრძნობათა, რომელნიც არ შეშვენიან ჩემზედ მსასოებელსა.
4. რომელსაც მშვიდობიანობის დროს მეტის მეტად შეუყვარებია უშიშრად ცხოვრება, იგი ბრძოლის ჟამს მოუძლურდება და შეშინდება. უკეთუ გცოდნოდა მარადის სიმდაბლით და ზომიერად ცხოვრება და კეთილ-გონივრულად დაგეცვა და გემწყსო შენი სული, ასე ადვილად აღარ ჩავარდებოდი საცდურსა და ცოდვაში. გახსოვდეს მარად ეს მშვენიერი დარიგება: როდესაც სავსე ხარ გულ-მხურვალებითა, მაშინ წარმოიდგინე, რა მოგივა, უკეთუ ეს მადლი წაგერთვას შენ. და თუ სწორედ ასე მოგივიდეს, მაშინ ნუ შეგეშინდება: შეიძლება ხელ მეორედ დაგიბრუნდეს ის მადლი, რომელიც მე დროებით აგხადე შენს გასაბრთხილებელად და ჩემს სადიდებლად.
5. ხშირად უფრო სასარგებლო იქმნება შენთვის ამგვარი გამოცდა, ვიდრე მარადის, შენის ნებისაებრ, ბედნიერად ცხოვრება. ღირსება ადამიანისა იმაში-კი არ მდგომარეობს, რომ მრავალი ჩვენებანი და ნუგეშინისცემანი მიეღოს, ანუ დახელოვნებული იყვეს საღმრთო წერილის ცოდნაში, ანუ უმაღლესს ხარისხამდე იყვეს ასული, - არამედ მასში, რომ ჰქონდეს ჭეშმარიტი თავმდაბლობა და სავსე იყვეს ღვთაებრივი სიყვარულითა; მარადის ეძიებდეს უბიწო და უანგარო აზრით დიდებასა ღვთისასა, არაფერს მნიშვნელობას არ აწერდეს თავის თავს, გულწრფელად შეურაცხჰყოფდეს მას, და სხვათაგან მოძულება და დამცირება უფრო მეტად მიაჩნდეს, ვიდრე პატივისცემით მოქცევა მათგან.
![]() |
6.8 თავი VIII მასზედ, თუ ვითარის თავმდაბლობით უნდა ვიქცეოდეთ ღვთის წინაშე. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: აწ ვიწყო სიტყვად უფლისა მიმართ, რამეთუ მე ვარ მიწა და ნაცარი (დაბ. 18, 27). უკეთუ დიდ რამედ შევრაცხო მე ჩემი თავი: აჰა შენ სდგახარ ჩემს წინაშე და უსჯულოებათა ჩემთაც ჩემს წინააღმდეგად ჰმოწმონ, და აბა რიღათი გავიმართლებ თავს? მაგრამ, უკეთუ ჩემს თავს დავამცრობ, ჩავრაცხავ არაფრად, დიდს აზრს არ ვიქონიებ ჩემს თავზედ, და წარმოვიდგენ, რომ მიწა ვარ და სხვა არაფერი; მაშინ შემეწევა მე მადლი შენი, ნათელი შენი დაუახლოვდება ჩემს გულს; და ყოველი თავმოყვარეობაცა ჩემი, რაც უნდა მცირედი იყვეს, საუკუნოდ დაინთქმება ჩემის არარაობის უფსკრულში. იქ დამანახვებ მე რაც ვარ, რაც ვიყავი და რაც გავხდი; ვინაიდგან არაფერი არ ვყოფილვარ თურმე, და მე-კი არ ვიცოდი ეს. უკეთუ ჩემს ამარად დამტოვებ მე, მაშინ ყოველითურთ არა რაი და უძლური ვიქმნები; მაგრამ უკეთუ მომხედავ, მსწრაფლ გავძლიერდები და აღვივსები ახალის მადლითა. დიდი საკვირველებაა ჭეშმარიტად, რომ ასე უეცრად აღმადგენ და ამ გვარად შემიწყნარებ სახიერებითა შენითა, როდესაც სიმძიმის გამო ჩემის ტვირთისა მარადის მიწისაკენ მივიზიდები.
2. ამას სიყვარული შენი მოქმედობს, რომელიც მიუხედავად მაფრთხილებს მე, მრავალსა დაჭირებაში მშველის, საცდურებათაგან მიფარავს, და ჭეშმარიტად ურიცხვ უბედურებათაგან მიხსნის მე. უზომოდ შევიყვარე ჩემი თავი მით დავღუპე იგი; ხოლო როდესაც გეძიებ, და უბიწო სიყვარულით შეგიყვარებ შენ მხოლოსა, მაშინ გპოულობ შენც და ჩემს თავსაც, და ამ სიყვარულმა ცხადად დამანახვა სრული არა რაიობა ჩემი. ჰოი გამოუთქმელო სიტკბოებაო! ჩემზედ მოიღე ისოდენი წყალობა, რომლის ღირსი მე სრულიად არ ვიყავი, ვერ გავბედავდი მის თხოვნას და ვერც იმედს ვიქონიებდი მისს მიღებაზედ.
3. კურთხეულ იყავნ, ღმერთო ჩემო, რადგან თუმცა უღირსი ვარ მე ყველა სიკეთისა, მაგრამ დიდებულება და დაუსრულებელი მოწყალეობა შენი მაინც მარადის კეთილს ანიჭებს უმადურთაც და იმათაც, რომელნიც უფრო განშორებულნი არიან შენგან. მიგვაქციე შენსკენ, რათა ვიყვნეთ სიკეთის დამხსომებელნი, მშვიდნი და კეთილ მოშიშნი: რამეთუ შენ ხარ მომნიჭებელი ცხოვრებისა, სიმხნე და ძლიერება ჩვენი.
![]() |
6.9 თავი IX - მასზედ, თუ ვითარ ყოველსავე უნდა მივაწერდეთ ღმერთსა, რომელიც არის ჩვენი საბოლოო. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, თუ გინდა, რომ ჭეშმარიტად ნეტარი იყვე, შენს უაღრესს და უკანასკნელსაბოლოოდმეუნდამიგაჩნდე.ამგვარი აზრი გასწმენდს შენს წადიერებას, რომელიც ხშირად მიდრეკილია უწესოდ შენსკენ და დაბადებულთაკენ. რადგან უკეთუ, ეძებ რომელსამე შემთხვევაში, შენს თავს, მსწრაფლ დაგლახაკდები და გახმები. ამისათვის, უპირველესად, ყოველივე მე უნდა მომაწერო, როგორადაც უმთავრესს მიზეზსა, რომლისაგანაც მიგიღია ყველაფერი. ყოველივე სცან გარდმოსულად უაღრესის კეთილისაგან; ამისათვის ყოველივე მე უნდა მომაწერო, რადგან მე ვარ დასაბამი მათი.
2. ჩემგან, როგორადაც ცხოველის წყაროსაგან, იღებენ წყალსა ცხოვრებისასა პატარანიცა და დიდნიც, გლახაკნიცა და მდიდარნიც; და რომელნიც მემსახურებიან მე თავისუფლად და თავიანთის ნებით, მადლის წილ მადლსა მიიღებენ ჩემგან (იოან. 1, 16). მაგრამ, რომელიც უჩემოდ ეძიებს დიდების მოპოებას, ანუ რომელიმე საპირადო კეთილისაგან მოელის თავის კმაყოფილებას, იგი ვერასოდეს ვერ მიახწევს ჭეშმარიტს სიხარულსა, და ვერც შეიძენს გულის თავისუფლებასა; არამედ მარადის იქმნება იგი ბევრნაირად შეწუხებული და ნაღვლიანი. მაშ, ნურავითარ სიკეთეს ნუ მიაწერ ნურც შენს თავს და ნურცა სხვა ვინმე კაცსა, არამედ ყოველივე მიაწერე ღმერთსა, რადგან უიმისოდ კაცს არაფერი არა აქვს რა. ყოველივე მე მიმიცია და მსურს, რომ ყოველივე უკანვე დამიბრუნდეს, და მადლობის გარდახდასაც ფიცხელად მოვითხოვ.
3. ეს არის ჭეშმარიტება, რომლისაგან განიდევნება ყოველივე ამაო დიდება. და როდესაც შემოვა გულში ზეციური მადლი და ჭეშმარიტი სიყვარული, აღარ იქმნება იმაში არავითარი შური და შევიწროება, და ვერც იუფლებს მასზედ საკუთარი სიყვარული; რადგან სიყვარული ღვთისა სძლევს ყველაფერს და სულის ძალას გააცხოვლებს. თუ შენ კეთილ-გონიერი ხარ, მხოლოდ მე უნდა ვიყვე შენი სიხარული და იმედიც; ,,რამეთუ არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოდ ღმერთი“ (მარკ. 10, 18), რომელსაც ყველაზედ უფრო მეტად შეჰფერის ქება და კურთხევა.
![]() |
6.10 თავი X - მასზედ, თუ ვითარ ტკბილია ღვთის სამსახური იმისთვის, ვინც სოფელს მოიძულებს. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ახლა კიდევ დავიწყებ ლაპარაკს, უფალო, და არ დავჩუმდები; ჩუმად ვესაუბრები ღმერთსა ჩემსა, უფალსა და მეუფესა ჩემსა, რომელიც არს მაღალთა შინა: ,,ვითარ მრავალ-არს წყალობა სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა!“ (ფსალმ. 30, 20); მაგრამ იმათთვის რაღა იქმნები, რომელთაც უყვარხართ, და რომელნიც ყოველის გულით გემსახურებიან შენ? ჭეშმარიტად გამოუთქმელია სიტკბოება შენის ცქერისა, რომელსაც მიანიჭებ შენს შემყვარებელთა. ამით უფრო მიჩვენე სიტკბოება შენის სიყვარულისა, რომ არსად რა ვიყავი და გამაჩინე, როდესაც გზა დაბნეული შენზედ მოშორებული ვიყავი, მამიწოდე, რათა მემსახურა შენთვის, და მამცნე, რათა შემეყვარებინე შენ.
2. ჰოი წყაროვ საუკუნო სიყვარულისაო! რა უნდა ვსთქვა შენზედ? როგორ უნდა დაგივიწყო შენ, როდესაც ღირსი მყავი კიდევ მოხსენებისა გახრწნილი და მკვდარი? იმოდენა წყალობა მიყავი მე მონასა შენსა, რომ ყოველითურთ მოულოდნელი იყო იგი ჩემთვის; და იმისთანა სიკეთე და მეგობრობა აღმომიჩინე, რომლებისაც მე სრულიად ღირსი არ ვიყავი. ამ წყალობის სამაგიეროდ რა უნდა მოგაგო შენ? ყველას ხომ არ შეუძლია დატოვება ყველაფრისა, მიტოვება სოფლისა და ბერად შედგომა? განა დიდი რამეა, რომ მე შენ გემსახურო, როდესაც ყველა გაჩენილს სდევს ეს მოვალეობად? ის კი არ არის დიდი რამე, რომ მე შენ გემსახურო; მაგრამ დიდი და საკვირველი აი ეს არის, რომ ჩემისთანა გლახაკი და უღირსი ღირსი გამხადე შენის სამსახურისა, და შენს საყვარელს მსახურებთან თანაზიარი მყავი.
3. აჰა, ყოველივე შენია, რაც მე მაქვს და რითაც გემსახურები; მაგრამ ჭეშმარიტად შენ უფრო მეტს სამსახურს მიწევ, ვიდრე მე შენ. აჰა, ცაიცა და დედა-მიწაც-კი კაცთა სამსახურისათვის შეგიქმნია, და მარად მზად არიან შენს წინაშე, და ასრულებენ ყოველ დღე, რაც-კი გიბრძანებია მათთვის. ეს კიდევ ცოტაა; ანგელოზებიც-კი კაცთათვის დაგიდგენია მსახურად. მაგრამ, ამ ყოველივეს იმან გადააჭარბა, რომ თვით შენც-კი ინებე, რათა კაცთათვის გემსახურა და შეჰპირდი ,,მიეცემად სული შენი სახსრად მრავალთა“ (მარკ. 10, 45).
4. ამოდენა აუარებელის წყალობისათვის სამაგიერო რა უნდა მოგაგო შენ? ნეტავი შემაძლებინა, რომ მთელს ჩემ სიცოცხლეში შენ გემსახურო! ნეტავი ერთს დღეს მაინც შემაძლებინა იმგვარად გემსახურო, როგორც ღირსი ხარ! ჭეშმარიტად ღირსი ხარ ყოველნაირის სამსახურისა და პატივის ცემისა, და საუკუნოდ ქებისა. ჭეშმარიტად შენ ხარუფალიჩემი,და მე ვარ გლახაკი მონა შენი, რომელიც ვალდებული ვარ გემსახურებოდე შენ ჩემის ყოველის შეძლებით და არ უნდა დავსცხრე არასოდეს შენის ქებისაგან. ეს მინდა, ამას ვნატრობ: და სხვა, რაც მაკლდეს, გევედრები, ის შენ შეავსო.
5. ამაზედ დიდი პატივი და დიდება სხვა აღარაფერია კაცისათვის, რომ შენ გემსახუროს და შენთვის მოიძულოს ყველაფერი. რადგან ისინი აღივსებიან შენის მადლითა, რომელნიც თავიანთის ნებით იკისრებენ შენს ყოვლად წმიდა სამსახურს. ისინი ჰპოვებენ სული წმიდის ყოვლად ტკბილს ნუგეშინისცემასა, რომელნიც შენი სიყვარულისათვის უარს ჰყოფენ ყოველს ხორციულ სიამოვნებას. ისინი შეიძენენ დიდს თავისუფლებას გულისას, რომელნიც შენის სახელის გულისათვის ვიწრო გზას შეუდგებიან, და ყოველსავე საქვეყნიერო ზრუნვას თავს დაანებებენ.
6. ჰოი მადლით შემოსილო და ტკბილო ღვთის სამსახურო, რომლით სრულიად თავისუფალი და წმიდა ხდება კაცი! ოჰ! რა საღმრთო მდგომარეობაა მონაზონებრივი სამსახური, რომელიც კაცს ხდის ანგელოზების თანასწორს, ღვთის მოსაწონს, ეშმაკთა შემაძრწუნებელს და ყოველთა მორწმუნეთაგან საქებელს. ოჰ! ამბორ-საყოფელო და მარადის სანატრელო მონებავ, რომელიც შესძენ კაცსა ყოვლად უაღრესს სიკეთეს და საუკუნო სიხარულს.
![]() |
6.11 თავი XI - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვიკვლევდეთ და ვაზომიერებდეთ ჩვენის გულის წადიერებათა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ჯერ კიდევ ბევრი რამე უნდა ისწავლო შენ, რომელიც ჯერ აქამომდე არ გქონია კარგად შესწავლილი.
მორწმუნე სული: მითხარი, რაი არს, უფალო?
ქრისტე: ისა, რომ მთელი შენი სურვილი დაამყარო ჩემს ნებაზედ და არც იყვე მოყვარული შენის თავისა, არამედ იმასა ნატრობდე მხოლოდ, რომ აღსრულდეს ნება ჩემი. ხშირად შენი გულის წადიერებანი აღგაგზნებენ და სასწრაფოდ გიტაცებენ შენ ხოლმე, მაგრამ საჭიროა ამ დროს ჩაუკვირდე და გაიგო, - ჩემის დიდებისათვის ხარ უფრო აგრე აღძრული, თუ შენის საკუთარის სარგებლობისათვის? უკეთუ მე ვარ მაგის მიზეზი, მარადის კმაყოფილი დარჩები შენ, რანაირადაც უნდა განვაგო მე იგი; მაგრამ თუ შენის თავის ზრუნვა იქმნება იმაში დამალული, იცოდე შეგაწუხებს და აღგაშფოთებს შენ იგი.
2. მაშ გაფრთხილდი, მაშინვე არ მიენდო შენი გულის სურვილებს, სინამ მე არ შემეკითხო; რადგან, შეიძლება ის რაიმე, რომელიც პირველში სასიამოვნოდ გეჩვენა და გულსმოდგინებით ეძიე, მერმედ საზიზღარი გამოდგეს და შეინანო. ამისთვის ყოველს წადიერებას მაშინათვე არ უნდა შეუდგეს კაცი, თუნდაც რომ კეთილად ეჩვენოს იგი; აგრეთვე არც უნდა იმავე წამს გაექცეს მას, რაც პირველში წინააღდეგად ეჩვენა. ამიტომ საჭიროა ზოგჯერ თავის დაკავება თვით კეთილს მეცადინეობასა და სურვილებშიაც, რადგან ვაი თუ ნამეტარის სულ-სწრაფობით დაიბნე, ანუ შენის უზომო ქცევით ვინმე დააბრკოლო, ანუ შეიძლება კიდევაც სხვის წინააღმდეგობამ შენ შეგაშფოთოს და სულით დაეცე.
3. ამისთვის საჭიროა ძალადობა მოიხმაროს კაცმა და მხნედ წინააღუდგეს სურვილების მიმზიდველობას და ყურადღება არ მიაქციოს მას, თუ რა სწადია, ანუ რა არ სწადია სხეულს, არამედ უფრო იმას ეცადოს, რომ სულს დაუმორჩილოს იგი, თუნდაც რომ ეს მას არ ეამებოდეს. იქამდის უნდა ებრძოლოს მას, სინამ არ დაიმორჩილოს იმ გვარად, რომ აღარაფერში წინააღმდეგი აღარ გაუხდეს, მცირეზედ დაკმაყოფილდეს, მდაბალი რამე სასიამოვნოდ მიიჩნიოს და თვით უჯერო რამეზედაც-კი აღარ სჩიოდეს.
![]() |
6.12 თავი XII მასზედ, თუ ვითარ უნდა ვისწავლოთ მოთმინება და ვებრძოდეთ ბოროტს გულის-თქმათა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ვხედავ, უფალო ღმერთო ჩემო, რომ ძრიელ საჭიროა ჩემთვის მოთმინება, რადგან ბევრს უსიამოვნობას შევემთხვევი ხოლმე ამ ცხოვრებაში. რაც უნდა ვეცადო უშფოთველი ცხოვრების მოპოებისათვის, მაინც თავიდგან ვერ ამიცილებია ბრძოლა და მწუხარება.
2. ქრისტე: აგრეა, ძეო ჩემო, ამიტომ არც მე მნებავს, რომ ეძიო შენ იმ გვარი მყუდრო ცხოვრება, რომელიც სრულიად თავისუფალი იყვეს გამოცდისა და წინააღმდეგობისაგან. მაგრამ იგიც მშვიდობად ჩასთვალე, როდესაც შეწუხებულს ყოფაში ჩავარდე და მრავალს ტანჯვაში გამოიცადო. უკეთუ იტყვი, ბევრი ტანჯვის ატანა არ შემიძლიაო, მაშ როგორ უნდა გაუძლო შენ გამწმედელს ცეცხლს? ორს ბოროტში ყოველთვის უმცირესი უნდა აირჩიო. მაშ, თუ გინდა საუკუნო ტანჯვას გადურჩე, ეცადე ახლანდელი უბედურება ღვთის გულისათვის მოითმინო. იქმნება გგონია, იყვეს იმისთანა ვინმე ამ წუთი-სოფელში, რომ სულ არაფერს ანუ ცოტა რამეს ითმენდეს? რომელნიც განებიერებულნი ნაზად ცხოვრებენ, იმათშიაც-კი ვერ ნახავ მაგგვარს ვისმეს.
3. მაგრამ შეიძლება სთქვა: იგინი დიდს განცხრომაში არიან, თავიანთ ნებაზედ სცხოვრობენ და ამიტომ აგრე რიგად დიდ რამედ აღარ მიაჩნიათ თავიანთი მწუხარება.
4. ვსთქვათ ეგრეა, ვსთქვათ იმათ აქვსთ ყველაფერი, რასაც-კი მოისურვებენ, მერე, შენ როგორ გგონია: დიდხანს გასტანს მათი ამ გვარი ყოფა? ისე გაქრებიან ამ სოფლის მდიდარნი, რაგორადაც კვამლი და სახსენებელიც-კი აღარ დარჩება მათის წარსულის შვებისა. მაგრამ ნუ გგონია, რომ ეს მათი განსვენებაც შეუწუხებლად, უტანჯველად და უშიშრად იყვეს. იცოდე, ხშირად იმ შვებასთან მწუხარებაც და ტანჯვაც მრავალი აქვსთ, და სამართლიანადაც მოსდისთ ესა, რადგან უწესოდ ეძიებენ და მისდევენ მხიარულებას, ამისთვის უტანჯველად და შეუშფოთებლად ვერ სტკბებიან მით. ოჰ! როგორ მოკლე, ვითარ მაცთური, რავდენად შეუსაბამო და ბილწნი არიან ყოველი ეს კმაყოფილებანი! მაგრამ ისე დამთვრალი და დაბრმავებულია მათგან ხალხი, რომ ვეღარ მიმხვდარა ამას და როგორადაც პირუტყვნი, ხრწნადი ცხოვრების მცირეოდენი სიტკბოებისათვის სულს იწყმედენ. შენ-კი, ძეო ჩემო, ,,კვალსა გულის-თქმისა შენისათა ნუ ხვალ, და ნებათაგან შენთა დაეყენე“ (ზირ. 18, 30). ,,იშვებდ უფლისა მიმართ, და მან მოგცესშენთხოვაიგულისაშენისა“ (ფსალმ.36,4).
5. ხოლო თუ გინდა, რომ ნამდვილის კმაყოფილებით დასტკბე და უხვად იქმნე ჩემგან დასაჩუქრებული ნუგეშინისცემით, შეურაცხჰყავ ყოველივე ამ ქვეყნიური, უარ ჰყავ ყოველივე ამ სოფლიური სიტკბოება, და მაშინ გაკურთხებ და გაგამდიდრებ შენ ნუგეშინისცემითა, და რავდენადაც უფრო მოშორდები გაჩენილთაგან ყოველგვარს ნუგეშინის-ცემას, იმდენად უფრო დამატკბობელს და ჭეშმარიტს ნუგეშინისცემათა ჰპოებ ჩემში. მაგრამ, პირველში-კი, სინამ ამას ეწეოდე, დიდი შეწუხება და ბრძოლა უნდა გამოიარო. გაჯიქებული ჩვეულება დიდად გიწინააღმდეგებს, მაგრამ კეთილის ჩვეულებით დამარცხდება იგი. ხორცი იდრტვინავს, მაგრამ სულის მხურვალებით ისიც დამორჩილდება. ძველის დროების გველიც გამოგცდის, და შეგაწუხებს; მაგრამ ლოცვით განსდევნი მას. გარდა ამისა, სასარგებლო შრომით უმთავრესს შესავალს დაუხშობ მას.
![]() |
6.13 თავი XIII თავმდაბლურს მორჩილებაზედ ხელქვეითთა, ქრისტე-იესოს მაგალითისა-მებრ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, რომელიც ცდილობს თავიდან აიცილოს მორჩილება, მას მოაკლდება მადლიცა და რომელიც ეძიებს თავისთვის განსაკუთრებით რამეს, იგი ჰკარგავს იმასაც, რაც ყველას აქვს მინიჭებული. რომელიც სრულის ნებით და მოწადინებით არ დაემორჩილება თავის მეუფროსეს, სჩანს, რომ იმას ჯერ კიდევ არ ჰყოლია თავისი სხეული სრულიად დამონავებული, არამედ იგი ხშირად დრტვინავს და ეწინააღმდეგება მას. მაშ დაემორჩილე სასწრაფოდ შენს მეუფროსეს, თუ გინდა, რომ დაიმორჩილო სხეული. რადგან ადვილად შეიძლება დაძლევა გარედგან მოდგომილის მტერისა, როდესაც შინაგანი კაცი არ იქმნება დაუძლურებული. შენ არ გყავს სხვა იმისთანა ძრიელი და სულის დამღუპველიმტერი, როგორიც არის თვით შენი თავი, როდესაც იმას და შენს შორის არ სუფევს სრული თანხმობა. აუცილებლად საჭიროა, სრულიად შეურაცხჰყო შენი თავი, თუ გინდა, რომ სძლიო ხორცსა და სისხლსა. რადგან ჯერ კიდევ აგრე უწესოდ გიყვარს შენი თავი, ამისათვისაც გიძნელდება დაუმორჩილო იგი სხვის ნებას.
2. განა დიდი საქმე იქმნება, რომ შენ, მტვერმა და არა რაიობამ, ღვთის გულისათვის კაცს დაემორჩილო, როდესაც მე, ყოვლის შემძლებელმა და ყოვლად უზენაესმა, რომელმან ყოველივე არა რაისაგან შევქმენ, შენის გულისათვის სიმდაბლით დავემორჩილე კაცთა? ასე მისთვის დავიმდაბლე და ყველაზედ უფრო დავიმცირე მე თავი, რომ შენც ამის მიხედვით სძლიო შენს ამპარტავნებას. ისწავლე, მტვერო, მორჩილება! ისწავლე, მიწავ და ტალახო, სიმდაბლე და ფეხქვეშ გაეშალე ყველასა. ისწავლე შენის ნების დამონავება და იყავ ყველაფერშიმორჩილი.
3. განურისხდი შენს თავს, და ნუ მოითმენ იმის ამაყობას, ისე დაამდაბლე და დაამცირე შენი თავი, რომ ყველას შეეძლოს ზედ გარდავლა და გაქელვა მისი ქუჩის ტალახსავით. რა გაქვს საჩივლელი, გამოუსადეგარო კაცო? რისთვის იჩენ წინააღმდეგობას, როდესაც გამხილებენ შენ, საძაგელო ცოდვილო, რომელსაც უანგარიშოდ შეგიწყენია ღმერთი და მრავალჯერ ღირსი გამხდარხარ ჯოჯოხეთისა? მაგრამ შეგიწყალე შენ, რადგან სული შენი პატიოსანია ჩემს წინაშე; შეგიწყალე, რათა სცნა, თუ როგორ შეგიყვარე შენ და მარადის მადლიერი იყვე ჩემის მოწყალებისათვის; რათა შეუდგე მარადის სრულს მორჩილებას და ჭეშმარიტს სიმდაბლეს და მოთმინებით იტვირთო შეურაცხყოფა შენის თავისა.
![]() |
6.14 თავი XIV - მასზედ, თუ ვითარ საჭიროა ვფიქრობდეთ ღვთის მიუწდომელს განკითხვაზედ, რათა რომ ჩვენის კეთილის მოქმედებით არ გაავმპარტავნდეთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: საშიშარი ხმა შენის განკითხვისა მესმის, უფალო, და საშინელებისა მისგან თრთიან ყოველნი ძვალნი ჩემნი და ფრიად ეშინია ჩემს სულს. თავ-ზარი მეცემა, როდესაც დავფიქრდები, რომ: ,,არცა ცაი არს წმიდა შენს წინაშე“ (იობ. 15, 15). უკეთუ ანგელოზებშიაც-კი ჰპოვე სიმრუდე და არ დაზოგე იგინი, მაშ ჩემს თავს რაღა იქმნება? (იობ. 4, 18). ცის ვარსკვლავებიც-კი ჩამოცვინდნენ ქვეყანაზედ (გამოცხ. 6, 13), მაშ მე მტვერმა რაღა უნდა ვიფიქრო ჩემს თავზედ? რომელთა საქმენი საქებურად სჩნდნენ, ჩაცვინდნენუფსკრულში,დარომელნიცანგელოზებისპურით იკვებებოდნენ, ვნახე მე ისინი, რომ ღორების საჭმელიც-კი ენატრებოდათ.
2. უკეთუ ხელს აიღებ ჩვენზედ, უფალო, მაშინ სრულიად აღარსად არ დარჩება არა ვითარი სიწმიდე. უსარგებლო შეიქმნება ყოველივე სიბრძნე, უკეთუ დასტოვებ მის მართვას. ყოველი ძალა უსარგებლო შეიქმნება, უკეთუ შენ არ დაგვიფარავ. არც უბიწოებაა უსაშიშრო, უკეთუ შენ არ იქმნები მცველი მისი. არც ჩვენი სიფრთხილე ღირს რამედ, უკეთუ შენ არ იქმნები მფარველი ჩვენი; რადგან დატოვებულნი შენგან ვიხჩობით და ვიღუპებით, და შენის მოხედვით-კი ვსცოცხლდებით და ფეხზე ვსდგებით. დაუდგრომელნი ვართ, მაგრამ შენის წყალობით ვმტკიცდებით, გულცივნი ვართ, მაგრამ შენ მიერ აღვეგზნებით.
3. ოჰ! როგორ არ უნდა ვსცნობდე ამ ჩემს სიმდარესა და არარაიობას! განა კიდევ რამედ უნდა მიმაჩნდეს, თუ რაიმე კეთილია ჩემში? მაშ, როდესაც ასე მიუწდომელია სამართალი შენი, უფალო, როგორ ღრმად არ უნდა დავიმდაბლო მე ჩემი თავი, როდესაც სიმდარისა და არა რაიობის მეტს სხვა არაფერს არ შევადგენ? ჰოი განუზომელო უაღრესობავ! ახ ზღვაო თვალგარდაუწდომელო, რომლის შედარებით მე სრულებით არა რაი ვარ! მაშ, როგორღა უნდა ავმპარტავნობდე? განა შეიძლება, რომ კვალად დაიმედებული ვიყვე ჩემს კეთილს მოქმედებაზედ? ყველა ამაო დიდება გაქრება, როდესაც განმიკითხამ მე.
4. შენთან შედარებით განა შეიძლება რამედ გამოჩნდეს კაცი? განა შეიძლება, თიხამ თავი იქოს მეჭურჭლის წინ? (ეს. 29, 16). როგორ შესაძლებელია კიდევ ამაოდ მედიდურობდეს ის კაცი, რომლის გულიც სრულიად ღვთის ნებაზეა დამყარებული? მრთელს ქვეყანასაც ვერ შეუძლია მისი გაამპარტავნება, რომელსაც ჭეშმარიტებისათვის დაუმორჩილებია თავისი თავი. ვერც კაცთა ქებანი შესცვლიან მის გულსა, რომელსაც თავისი ყოველი სასოება ღმერთზედ აქვს დამყარებული. რადგან თვით ქების მთქმელნიც-კი სრულიად არა რაი არიან; არამედ ყოველნი ისე განქარდებიან, როგორც ხმა მათის სიტყვებისა, მაგრამ ,,ჭეშმარიტება უფლისა ჰგიეს უკუნისამდე“ (ფსალმ. 116, 2).
![]() |
6.15 თავი XV - მასზედ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ანუ რას უნდა ვიტყოდეთ, როდესაც გულით გვწადია რაიმე. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ყოველს შემთხვევაში ასე იტყოდე: ,,უკეთუ ეს შენთვის სასიამოვნო იქმნება, უფალო, შესრულდეს ამგვარად; უკეთუ ამით იქმნები შენ დიდებული, უფალო, ასრულდეს იგი შენი სახელით. უკეთუ ხედავ, უფალო, რომ ეს, რასაც, მე ვნატრობ, ჩემთვის შესაფერი და სასარგებლოა, მომმადლე, გევედრები შენის დიდებისათვის. მაგრამ უკეთუ სცნობ, რომ იგი ჩემთვის სავნებელია და ჩემის სულის საცხონებელად ის ვერ შემეწევა, მომაშორე მე ამგვარი სურვილი“. რადგან ყველა ნატვრა არ არის სული წმიდის შთაგონებით, თუმცა-კი კაცს მართალ და კეთილად ეჩვენება. ჭეშმარიტად ძნელი გამოსაცნობია: როდესაც რამეს ნატრობს კაცი, ამას კეთილი სული აგონებს მას, თუ ბოროტი სული, ან იქმნება ისევ თვითონვე იყვეს ამის მიზეზი. პირველში ბევრს ისე ჰგონებიათ, რომ კეთილის სულისაგან ყოფილან აღძრულნი, მაგრამ ბოლოს უგრძვნიათ, რომ მოტყუებულნი ყოფილან.
2. ამისათვის როდესაც კაცი გრძნობს რაიმე სურვილს, ყოველს დროს ღვთის შიშით და მდაბალის გულით უნდა ინატროს და ითხოვოს იგი. განსაკუთრებით უფრო მე უნდა მომენდოს, ვიდრე თავის ნებას, და იტყოდეს: ,,შენ უფრო კარგად იცი ყოველივე, უფალო, როგორც სჯობია, როგორც შენ გნებავს, ისე შესრულდეს ყოველივე.“ ,,მიბოძე, რაც შენ გნებავს, რამდენიც და როდესაც შენ გნებავს.“ ,,იმგვარად მომეპყარ, როგორც ამჯობინო, რა ნაირადაც უფრო გესიამოვნებოდეს, და როგორც შვენოდეს უფრო შენს უაღრესს დიდებას.“ ,,დამადგინე, სადაც შენ გნებავს, და მომიხმარე ისე, როგორც შენ გესიამოვნება.~ `შენს ხელში ვარ, რაც გნებავს, ის მიყავი.“ ,,აი, შენი მონა ვარ; მზად ვარ მე ყველაფრისათვის: რადგან მე მინდა ვიცოცხლო შენთვის, და არა ჩემთვის; ნეტამც-კი ღირსეულად და სრულად აღვასრულებდე მას.“
ლოცვა
ღვთის ნების შესრულებისათვის.
3. მორწმუნე სული: მომმადლე მე მადლი შენი, ყოვლად კეთილი იესო, ,,რათა ჩემთან იყოს მშრომელი“ (სიბრძ. 9, 10) და ჩემთან დაითმინოს ბოლომდი. ინებე, რომ მარადის ის ვინატრო და ვინდომო, რომელიც უფრო შენი მოსაწონი და სასიამოვნოა. შენი ნება იყვეს ჩემი ნებაცა, და ჩემი ნება მარადის შენსას მისდევდეს და ყველაფერში მას ეთანხმებოდეს. მარადის თანხმა ვიყვე შენთან ნდომაშიაც და არ ნდომაშიც, ასე რომ მინდოდეს, რაც შენ გნებავს, და რაც შენ არ გნებავს, ის არც მე მინდოდეს.
4. ეს წყალობა მიყავ, რომ ამ სოფლიურ ყველა რამისათვის მკვდარი ვიყო და შევიყვარო შეურაცხება და მოძულება ამ ქვეყანაზედ, შენი სიყვარულისათვის. ინებე, რომ ყოველს სასურველზედ უმეტესად შენში მენატრებოდეს განსვენება, და ჩემმა გულმაც შენში ჰპოვოს მშვიდობა. შენ ხარ ჭეშმარიტი მშვიდობა გულისა, შენ ხარ ერთად ერთი განსვენება მისი; შენს გარეშე ყველაფერი სამძიმოა და ყველაფერში მოუსვენრობაა. ,,მშვიდობით მასზედა დავწვე და დავიძინო“ (ფსალმ. 4, 8), ესე იგი: შენში, რომელი ხარ უაღრესიდასაუკუნოსახიერება.ამინ.
![]() |
6.16 თავი XVI - მასზედ, თუ ვითარ ჭეშმარიტს ნუგეშინისცემას მხოლოდ ღმერთში უნდა ვეძიებდეთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ყოველი ჩემი ნეტარება და ნუგეშინის-ცემა ზეცას არის და არა ამ ქვეყანაზედ. თუნდაც რომ ყოველივე ამ სოფლიური კმაყოფილება მე მქონდეს და შემეძლოს მოპოება ყოველ ნაირის სიტკბოებისა, მაინც დარწმუნებით მეცოდინება, რომ ყველა ეს დიდხანს ვერ გასტანს. მაშ ვერასოდეს ვერ ნახამ, შენ სულო ჩემო, სრულს ნუგეშინისცემას და ჭეშმარიტს კმაყოფილებას, თუ არ მხოლოდ ღმერთში, რომელიც არის ნუგეშინის მცემელი გლახაკთა და მფარველი მდაბალთა. ცოტა კიდევ მოითმინე, სულო ჩემო, და მოუცადე ღვთიურს აღთქმასა, და უხვად დაგხვდება ზეცას ყველა სიკეთე. ]უკეთუ უწესოდ მოინდომებ საწუთროს, დაჰკარგავ მაშინ ზეციურსა და საუკუნოს. ჟამიერი მარტო სახმარებლად არის გამოსადეგი, მაგრამ სანატრელი-კი საუკუნო უნდა იყვეს. ჟამიერი რაიმე შენ ვერ დაგაკმაყოფილებს, რადგან იმისთვის არა ხარ შენ გაჩენილი.
2. თუნდა კიდევაც რომ გქონდეს ყველა ჟამიერი სიკეთე, მაინც ამითი შენ ბედნიერი და ნეტარი ვერ შეიქმნები, რადგან მარტო ღმერთშია შენი ყველა ნეტარება და ბედნიერება, ამიტომ რომ იგია შემომქმედი ყველაფრისა. მე იმ სიტკბოებაზედ კი არ ვლაპარაკობ, რომელსაც აქებენ ამ ქვეყნის უგუნური მოსიყვარულენი, არამედ იმისთანაზედ, რომელსაც მოელიან ქრისტეს კეთილნი და მორწმუნე მონანი; მის სიტკბოებასა აქვე იგრძნობენ ხოლმე ღვთის მოშიშნი და გულით წმიდანნი, რომელთა მოქალაქობა ცათა შინა არს (ფილიპ. 3, 20). ყოველივე კაცობრიული ნუგეშინისცემა ამაოა და მოკლე; მაგრამ ნამდვილი და ჭეშმარიტი ნუგეშინისცემა ის არის როდესაც თვით ჭეშმარიტება გვაგრძნობინებს შინაგან. ღვთის მოყვარულ კაცსა ყოველგან თან ჰყავს თავისი ნუგეშინისმცემელი იესო, და ეუბნევა მას: ,,ჩემთან იყავი ყოველგან და ყოველთვის, უფალო იესო! ეს იყვეს ჩემთვის ნუგეშინისცემა, რომ გულით ვნატრობდე უნუგეშოდ დატოვებას კაცთაგან.“ ,,უკეთუ შენი ნუგეშინისცემა მომაკლდება მე, იყვეს ნება შენი, ხოლო ეს სამართლიანი გამოცდა ჩემი უფრო დიდს ნუგეშინისცემად შემეცვალოს მე, ვინაიდგან არა სრულიად განრისხნე, არცა უკუნისამდე ძვირი იხსენო (ფსალმ. 102, 9)“.
![]() |
6.17 თავი XVII - მასზედ, თუ როგორ ყოველივე ზრუნვა ჩვენი უნდა დავამყაროთ ღმერთზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ნება მომეცი ისე მოგეპყრა, როგორც მე მინდა, მე ვიცი შენთვის როგორც სჯობს. შენ კაცობრიულად ფიქრობ, და კაცობრიულის გულისთქმებისამებრ სჯი მრავალ რაიმეზედ.
2. მორწმუნე სული: მართალს ბრძანებ, უფალო, შენ უფრო მეტად ზრუნავ ჩემთვის, სინამ მე ჩემის თავისათვის. ამისათვის დიდად შემცდარია იგი, რომელიც თავის ზრუნვას შენზედ არ დაამყარებს. უფალო, ოღონდ ნება ჩემი წრფელად და მტკიცედ იყვეს შენთან შეერთებული, და სხვაფრივ როგორც გნებავდეს, ისე მომეპყარი. რა რიგადაც უნდა მომეპყრა, მაინც კეთილი იქმნება ჩემთვის. თუ გინდ სიბნელეში დამტოვე, მაინც გადიდებ; თუ გნებავს ნათელში მამყოფე, მაინც გადიდებ. ნუგეშინსამცემ, მაინც გადიდებ, მტანჯავ, მაინც გადიდებ.
3. ქრისტე: ძეო ჩემო, აი სწორედ მაგრე უნდა მოიქცე, თუ გინდა, რომ მე მომდევდე. ისე უნდა იყვე გამზადებული შეწუხებისათვის, როგორადაც სიხარულისათვის. ისე უნდა გიყვარდეს სიღარიბე და სისაწყლე, როგორადაც სიმდიდრე და სიუხვე.
4. მორწმუნე სული: ყოველსავე სიამოვნებით დავითმენ, უფალო, რასაც-კი მომივლენ. ყოველსავე ერთნაირად მივიღებ შენგან კეთილი იყოს თუ ბოროტი, სიტკბოება იყვეს თუ სიმწარე, სიხარული იყვეს თუ შეწუხება; რაც უნდა შემემთხვეს, ყველაფრისათვის მადლობას შემოგწირავ. მიხსენ მე ყველანაირის ცოდვისაგან და მაშინ შიში აღარ მექმნება სიკვდილისა და არცა ჯოჯოხეთისა. ოღონდ საუკუნოდ ნუ მომიძულებ, და ნუ ამოშლი ჩემს სახელს ცხოვრების წიგნიდან და სხვა რანაირი შეწუხებაც უნდა მომადგეს ვერაფერს ვერ დამაკლებს მე იგი.
![]() |
6.18 თავი XVIII - მასზედ, თუ ვითარის მოთმინებით უნდა ვიტვირთოთ ამ ქვეყანაზედ ყველანაირი უბედურება, ქრისტეს მაგალითისამებრ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ზეციდგან იმისთვის გარდმოვედი, რომ შენ მეცხოვნებინე. შენი სიყვარულისათვის და არა ჩემი საჭიროებისათვის მივიღე მე შენი უძლურებანი, რომ გესწავლა შენც მოთმინებით და უჩივლელად დათმენა ჟამიერის უბედურებისა. ჩემის შობიდგან, ვიდრე ჯვარზედ სიკვდილამდე ერთს წამსაც არ ვყოფილვარ შეუწუხებლად. ვიცხოვრე უკიდურესს სიღარიბეში; ყვედრებანი მრავალი დავითმინე; შეშფოთება და გაკიცხვა სიმშვიდით შევიწყნარე. რომელთაც სიკეთე ვუყავი, უმადურობით გარდამიხადეს. მე სასწაულებს ვმოქმედებდი და სხვები მგმობდნენ. მე ვმოძღვრიდი და ისინი მკიცხავდნენ.
2. მორწმუნე სული: რადგან შენ ამგვარის მოთმინებით იცხოვრე, უფალო, და ამითი უპირველეს ყოვლისა, აღასრულე შენი მამის ბრძანება, სიმართლე მოითხოვს, რომ მე, საბრალო ცოდვილმაც, მოვითმინო ყოველივე, ავასრულო შენი ნება, და რავდენ ხანსაც გნებავს, ვიტვირთო ეს მძიმე და მწარე სიცოცხლე ჩემის ცხონებისათვის. თუმცა ძნელი რამ არის ამ ქვეყანაზედ ცხოვრება, მაგრამ შენის მადლით დიდად დამჯილდოებელიც არის. შენმა მაგალითმა და წმიდანების მოღვაწეობის კვალმა სასიამოვნო და ადვილად ასატანი ჰყვეს იგი უძლურთათვის. ახლა უფრო დიდად სანუგეშოც გახდა იგი, ვიდრე ძველს აღთქმაში, რადგან მაშინ დახშული იყო კაცთათვის ბჭე ზეცისა, და თითქმის ვერავინ ვერ სცნობდა ცხოვრების გზას, და ამისთვის მცირედნი ეძიებდნენ სასუფეველსა ღვთისასა. თვით მართალნიც-კი ვერ შედიოდნენ სასუფეველში, თუმცა ღირსნი იყვნენ ცხონებისა, სინამ არ გაიტანჯე და შენის წმიდა სიკვდილით არ დაგვიხსენი.
3. ოჰ! როგორი მადლობის ღირსი ხარ ჩემგან, რომ მიჩვენე მე და აგრეთვე ყოველთა მორწმუნეთა ჭეშმარიტი გზა საუკუნო დიდებისა! შენი ცხოვრება ჩვენთვის გზა არის, და წმიდა მოთმინებით მოვდივართ შენთან, რომელი ხარ გვირგვინი ჩვენი. უკეთუ შენ არ წაგვძღოლოდი წინ და არ გესწავლებინა ჩვენთვის, ვინ შემოგიდგებოდა შენ? ახ, რამდენი დარჩებოდნენ უკან, უკეთუ წინ არ ჰქონოდათ შენი დიდებული მაგალითები! აი,ჯერამოდონასასწაულები გვინახავს და ქადაგებანი გაგვიგონია შენგან და მაინც კიდევ გულ-გრილნი ვართ, მაშ როგორღა უნდა შემოგდგომოდით მაშინ, უკეთუ ამისთანა დიდი ნათელი არა გვქონოდა?
![]() |
6.19 თავი XIX - შეურაცხებათა დათმენაზედ, და იმ ნიშნებზედ, რომლებითაც იცნობება ჭეშმარიტი მოთმინება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: რას ამბობ, ძეო ჩემო? წარმოიდგინე ჩემი ტანჯვანი და სხვა წმიდანებისაც და მაშინ ვეღარ გაჰბედავ ჩივილს. რაში მდგომარეობს შენი მხნეობა? ჯერ ერთი წვეთი სისხლიც კი არ დაგიღვრია. შენი ტანჯვანი ძრიელ უბრალონი არიან, შედარებით იმათ ტანჯვასთან, რომელთაც დაითმინეს იმდენი ბოროტება, იმდენი საცდურებანი, იმდენი უბედურებანი, შეჭირვებანი და სხვა და სხვა მწუხარებანი. სხვების ფიცხელი ტანჯვანი უნდა წარმოიდგინო, რომ შენი მსუბუქნი ადვილად დაითმინო. და თუ ისინი შენ გეჩვენება სამძიმოდ, გაფრთხილდი, ვინ იცის, იქმნება შენი სულმოკლეობაა ამის მიზეზი. მსუბუქი იყვნენ თუ მძიმენი, ეცადე ყოველთვის მოთმინებით იტვირთო იგინი.
2. რავდენადაც უფრო განემზადები მოთმინებისათვის, იმდენად უფრო დიდ სიბრძნეს გამოიჩენ, და დიდი ჯილდოს ღირსიც შეიქმნები. მათი დათმენაც აღარ გაგიჭირდება, როდესაც განმზადებული ხარ, და ბრძოლაში გამოიცდები. ნურასოდეს ნუ იტყვი: ,,მე არ მინდა მოვითმინო ამა და ამ კაცისაგან ესა და ეს შეურაცხება; ამგვარი რამ არც მოსათმენია ჩემგან, რადგანაც მეტის მეტად მაწყევინა, და იმგვარს რამესა მწამებს, რაც მე ფიქრადაც არ მომსვლია, სხვისაგან ადვილად ავიტან ყველაფერს, რისაც-კი მოთმინება შესაძლებელიაო.“ დიდისულელობაა მაგის თქმა, რადგან კაცის პიროვნებას უცქერი, მისგან მიღებული წყენა გახსომს და იმას-კი არ ფიქრობ, რომ მაგ მოთმინებაში დიდი
3. ის არ არის ჭეშმარიტი მომთმენი, რომელიც მოითმენს მხოლოდ მას, რაც მას უნდა და ვისგანაც უნდა. ჭეშმარიტი მომთმენი არ აქცევს ყურადღებას, რომელი კაცისაგან მოსდის მას წყენა; არ იკითხავს: მისი უფროსია, მისი თანასწორია, თუ მასზედ მდაბალი; კეთილი და წმიდა კაცია, თუ გარყვნილი და უღირსი, - არამედ სულ ერთია მისთვის, ვისაგანაც უნდა იყვეს, და რანაირი წინააღმდეგობაც უნდა შეემთხვეს, მარადის კმაყოფილებით შეიწყნარებს, როგორადაც ღვთისაგან მოვლენილს საჩუქარს. როდესაც ღვთის გულისათვის დაითმენს კაცი რაიმე შეწუხებას, რაც უნდა მცირედი იყვეს იგი, დაუჯილდოებელს არ დასტოვებს მას.
4. მაშ, ბრძოლისათვის მარადის მზად იყავი, თუ გინდა, რომ გაიმარჯვო. უბრძოლველად, იცოდე, ვერავინ ვერ მიიღებს მოთმინების გვირგვინს. თუ შეწუხებას არ შეიწყნარებ, სჩანს არც გვირგვინი გინდა, და თუ გინდა, რომ დაგვირგვინდე, მხნედ იომე და შეწუხებანი დაითმინე. უშრომელად განსვენება არ იქმნება, და უბრძოლველად გამარჯვება.
5. მორწმუნე სული: გევედრები, უფალო, მადლითა შენითა გამიადვილე მე იგი, რაც ბუნებითად შეუძლებელად მეჩვენება მე. ხომ უწყი, უფალო, როგორ სუსტი ვარ მოთმინებაში; თვით მცირედი წინააღმდეგობაც კმარა, რომ სულმოკლეობაში ჩამადგოს. ინებე, უფალო, რომ შევიწყნარო და შევიყვარო შენის სახელის დიდებისათვის ყოველი უბედურება, რომელი შემემთხვევა მე, რადგან შენთვის ტანჯვა და შეწუხება დიდად შემეწევიანმეცხონებისათვის.
![]() |
6.20 თავი XX - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვსცნობდეთ და ვაღვიარებდეთ ჩვენს საკუთარს უძლურებას და ამ ცხოვრების სივაგლახეს. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ვაღვიარებ ბრალსა ჩემსა, ვაღვიარებ ჩემს უძლურებას შენს წინ, უფალო (ფსალმ. 31, 5). ხშირად მცირედი რაიმე სასოწარკვეთილებაში მაგდებს და მაღონებს. გარდავწყვეტ, მხნედ მოვიქცევითქო, მაგრამ როგორც შემემთხვევა მცირედი საცდური თუ არა, მაშინვე დიდად ვწუხდები. ხშირად სულ უბრალო რამ დიდს საცდურს შემამთხვევს ხოლმე, და როდესაც უშიშრად მგონია მე ჩემი თავი, და მისთანას არაფერსა ვგრძნობ, ამდროს უცებ ვხედავ, რომ სრულიად მცირე მიზეზისგამო-კი თითქმის დამხობილი ვარ.
2. მაშ, იხილე, უფალო, სიმდაბლე და უძლურება ჩემი, რომელიც შენთვის ცხადნი 237 შინაგანს ნუგეშინისცემაზედ არიან. შემიწყალე და ,,მიხსენ მე თიხისაგან, რათა არა დავინთქა“ (ფსალმ. 68, 14) და არ დავიმარხო საუკუნოდ. მხოლოდ ეს მაწუხებს და მარცხვენს მე შენს წინ, რომ ძრიელ მიდრეკილი ვარ შეცოდებაზედ, და იმოდენა ძალა არა მაქვს, რომ ვეწინააღმდეგო გულის-თქმათა. ამითი ვგრძნობ უფრო ჩემს უძლურებას, რომ ძრიელ ხშირად და ადვილად მომდიან საძაგელი ფიქრები, და მეტად ძნელად მშორდებიან იგინი.
3. ჰოი! ყოვლად ძრიელი ღმერთო ისრაილისაო, მომშურნეო მორწმუნე სულთაო! იხილე შრომა და ჭირი მონისა შენისა და შეეწიე მას ყოველს საქმეში. განმაძლიერე მე, უფალო, შენის ზეციურის ძალითა, რათა ძველმა კაცმა და საბრალო სხეულმა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დამორჩილებული სულისაგან, ჩემზედ არ იუფლონ, რომელსაც უნდა ვებრძოდე,სინამსულიმიდგიაამსაბრალოწუთი-სოფელში.ვაი, რა ცხოვრებაა ეს ცხოვრება! სავსეა იგი მწუხარებითა და უბედურებითა! ყველანაირი საფრხე და მტერი ამაშია. ჯერ პირველი შეწუხება, ანუ საცდური არ დამცხრალა, და ჰხედავ, მეორე მოდის. ჯერ პირველ მტერთან არ გაგითავებია ომი, და ჰხედავ, რომ სხვა უფრო მრავალნი მოულოდნელად თავს დაგსხმიან.
4. მაშ როგორ უნდა შეიყვაროს კაცმა ამგვარი ცხოვრება, როდესაც ასე მწარეა, და ექვემდებარება ამოდენს უბედურებათა და სალმობათა? განა ამგვარ ყოფას სიცოცხლე უნდა ეთქვას, როდესაც ამოდონა სიკვდილისა და ჭირის მიზეზია? მაგრამ მაინც კიდევ უყვარსთ იგი, და მრავალნი მისგან მოელიან სიტკბოებას. ამ სამდურავსაც-კი გაიგონებთ ხშირად: ცრუ და მატყუარია სოფელიო; მაგრამ მაინც მისი გამოსალმება არავის არ უნდა; რადგან გულის-თქმას დაუმორჩილებია კაცი. ამ წუთ-სოფელში ზოგი რამ ცხოვრებასგვაყვარებსდა იმას გვაძულებს. ,,გულის-თქმა ხორცთა და გულის-თქმა თვალთა და სილაღე ამის ცხოვრებისა“ (1 იოან. 2, 16) სოფელს გვაყვარებენ; მაგრამ მათ მოსდევენ ჭირნი და სალმობანი, რომელნიც გვაძულებენ და გვაზიზღებენ ქვეყანას.
5. მაგრამ, ვაი რომ ამ წუთი სოფლით გატაცებული სული იძლევა ბიწიერების სიტკბოებითა, და ნეტარებად მიაჩნია ამ ბიწიერებაში ყოფნა, ამიტომ, რომ არ უხილავს, არ უგრძვნია სიტკბოება ღვთისა, და დიდად მშვენიერება სათნოებისა! ხოლო რომელთაც სძულთ სოფელი და ცდილობენ წმინდა მორჩილებით ემსახურონ ღმერთს, იგინი სცნობენ ღვთიურ სიტკბოებას, რომელიც აღთქმულია სოფლის უარის მყოფელთათვის, და ცხადად ჰხედვენ, რომ დიდად შემცდარია და მრავალნაირად მოტყუებული სოფელი.
![]() |
6.21 თავი XXI მასზედ, თუ ვითარ მარტო ღმერთში უნდა ვეძიებდეთ განსვენებასა და არა სხვა ამა ქვეყნიურ სიკეთესა და სიამოვნებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ყველაზედ უფრო და ყოველს შემთხვევაში ღმერთში უნდა ეძიებდე განსვენებას, სულო ჩემო, რამეთუ იგია საუკუნო განსვენება ყველა წმიდანებისა.
ინებე, ყოვლად ტკბილო და საყვარელო იესო, რომ ყველა გაჩენილებზედ უფრო შენში განვისვენო მე, და არ ვეძიო არასოდეს ჩემი განსვენება არც ჯანის-სიმრთელესა და სიმშვენიერეში; არც დიდებასა და პატივში; არც შეძლებასა და ღირსებაში; არც მეცნიერებასა და გულის ხმიერებაში; არც სიმდიდრესა და ხელოვნებაში, არც სიხარულსა და შვებაში; არც კეთილს სახელსა და ქებაში; არც სიტკბოებასა და ნუგეშინისცემაში; არც იმედის ქონვასა და დაპირებაში; არც ღირსეულებასა და ნატვრაში; არც რომელიმე შენგან მისაღებელს ჯილდოსა და საჩუქრებში; არც განცხრომასა და ლხინში, რომელიც-კი შესაძლებელია კაცთათვის, და ბოლოს, ერთი სიტყვით, არც ანგელოზებსა და მთავარ ანგელოზებში; არც ზეციურ მხედრობაში; არც ხილულთა და უხილავთა შორის და არცაღა შენს გარდა სხვა რაიმეში, ღმერთო ჩემო.
2. რადგან შენ ყველაზედ უფრო უკეთილესი ხარ, უფალო ღმერთო ჩემო; შენ მხოლოდ ხარ მაღალი; შენ ყოვლად ძლიერი; შენ ყოვლად დამაკმაყოფილებელი; შენ ყოველი სიუხვე; შენ ყოვლად ტკბილი და ყოვლად ნუგეშინისმცემელი; შენ ყოვლად მშვენიერება და ყოვლად საყვარელი; შენ ყოვლად პატიოსანი და ყოვლად დიდებული უფროს ყოველთა, რომელში არს ერთბამად და სავსებით ყოველი სიკეთე, მარადის იყო და იქმნება.ამისათვის რაც რომ მომცე, შენს გარდა, ანუ რაც უნდა გამომიცხადო შენზედ და ან აღმითქვა, მაინც ცოტა იქმნება და ვერ დამაკმაყოფილებს მე იგი, სინამ შენ არ გიხილავ და სამუდამოდ არ დავემკვიდრები შენთან. რადგან ჩემი გული ვერასოდეს ვერ დატკბება და ვერ დაკმაყოფილდება, სინამ ყველა სიკეთეზე და გაჩენილებზედ უფრო ღირსეული არ გახდება და შენში არ განისვენებს.
3. ჰოი! ქრისტე-იესო! საყვარელო სიძეო ჩემო, მოსიყვარულეო წმიდაო, და მეუფეო ყოველთა დაბადებულთაო! ვინ შემასხას მე ფრთები (ფსალმ. 54, 7) ჭეშმარიტი თავისუფლებისა, რომ აღმოვფრინდე და განვისვენო შენთან? ახ! როდის მეღირსება, რომ ყველაფერი დავსტოვო და გულის ხმა ვჰყო, თუ როგორ ტკბილი ხარ შენ, უფალო ღმერთო ჩემო! როდის უნდა შევერთდე მე ისე შენთან, რომ შენის სიყვარულით წარტაცებული ჩემს თავს ვეღარ ვგრძნობდე, არამედ მხოლოდ შენა გგრძნობდე იმ გვარის საკვირველისაშუალებით,რომლისცნობაყველას არ შეუძლია. მაგრამ ახლა-კი ხშირად ვკვნესი, და ტანჯვით ვითმენ ამ ჩემს საბრალო მდგომარეობას. ბევრნაირს უბედურებაში ვვარდები ხოლმე ამ სავაგლახო ცხოვრებაში, რომელიც ხშირად მაშფოთებს, მტანჯავს, და ნათელს მიხშობს; ხშირად მიშლის და მაგვიანებს, გზებს მიხლართავს და თავისუფლებას არ მაძლევს, რომ შენთან მოვიდე და ტკბილი ამბორი გიყო, რომლითაც ხარობენ ნეტართა სულნი. იხილე, უფალო ესოდენი ჩემი სულთქმა, მწუხარება და გაჭირვებული მდგომარეობა და შემიბრალე.
4. ჰოი იესო, საუკუნო დიდების ბრწყინვალებაო, (ებრ. 1, 3) და ამ სავაგლახო ცხოვრებაში მყოფთა ნუგეშო! შენს წინ მე ხმა ვეღარ ამომიღია, და დუმილი ჩემი საუბრობს შენთან. ასე რად იგვიანებს უფალი, და არ მოდის ჩემთან? (ლუკ. 12, 45). მოვიდეს ჩემისთანა საბრალოსთან და გამამხიარულოს, გამომიწოდოს ხელი და გამომიხსნას მე, საწყალობელი,შეწუხებისაგან. მოდი უფალო, მოდი; უშენოდ ვერც ერთს დღეს და ვერც ერთ საათს ვერ გავატარებ მხიარულად: რადგან შენ ხარ ჩემი სიხარული და უშენოდ ჩემთვის ლხინიც კი ამოა. მე უბედური დაბორკილებულის ტყვესავით საპყრობილეში ვზივარ, სინამ შენის მოსვლით ნათელს არ მომფენ, მეგობრულის თვალით არ მომხედავ და არ გამანთავისუფლებ.
5. სხვებმა შენს ნაცვლად რაც უნდათ, ის ეძიონ; მე-კი შენს გარდა სხვა არაფერი არ მესიამოვნება და ვერც გამამხიარულებს; რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი, ჩემი იმედი და საუკუნო ცხოვრება. არ დავსცხრები და არც დავჩუმდები თხოვნისაგან, სინამ მე შენი მადლი არ დამიბრუნდება და არ ეტყვი ამას ჩემს გულსა:
6. ქრისტე: აი, აქ ვარ, რადგან მომიწოდე, აგერ მოვდივარ შენთან. რადგან სტიროდი და მნატრობდი, და რადგან თავი დაიმდაბლე და გულით შეინანე, შემეწყალე და ამიტომ მოვედიშენთან.
7. მორწმუნე სული: და მეც ვუპასუხე: მისთვის მოგიწოდე და გინატრე, უფალო, და შენთვის ყველაფერი უარ ვყავი, რადგან პირველად შენ აღმიძარი მე ეს სურვილი. მაშ, კურთხეულ იყავნ, უფალო, რომ შენის მრავალ მოწყალებით ესოდენი სიკეთე მიყავი მე, შენს მონას. ამაზე მეტი რაღა უნდა გითხრას, უფალო, მონამან შენმან? მარტო ისღა რჩება, რომ შენს წინ ღრმად თავი დაიმდაბლოს, და მარადის ახსოვდეს მას თავის უსჯულოება და არარაიობა. რადგან იმისთანა არაფერია მთელს ზეციურსა და ქვეყნიურს საკვირველებათა შორის, რომელი გემსგავსოს შენ: საქმენი შენნი კეთილ არიან, განკითხვანი შენნი ჭეშმარიტ, და განგება შენი სუფევს ყოველსა ზედა (დაბ. 1, 13; ფსალმ. 18, 9; სიბრძ. 14, 3). მაშ შენ ქება და დიდება, ჰოი სიბრძნეო მამისაო! გაქებდეს და გაკურთხებდეს მარადის პირი ჩემი, სული ჩემი და ყოველნი დაბადებულნი ერთბამად.
![]() |
6.22 თავი XXII მასზედ, თუ ვითარ მარადის უნდა გვახსოვდეს ღვთის უთვალავი კეთილის ყოფანი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: გახსენ, უფალო, გული ჩემი, რათა შეიწყნაროს მან სჯული შენი, და მასწავლე მე შენს კვალზედ სიარული (2 მაკ. 1; ფსალმ. 24, 4); ჰყავ, რათა გულისხმა ვყო ნება შენი, გულსმოდგინებით გამოვიძიო და დიდის პატივისცემით მოვიხსენო, თვითვეულად თუ საერთოდ ყოველნი წყალობანი შენნი, ჩემდამო ქმნულნი, და ღირსეული მადლობა გარდაგიხადო მათთვის. ნამდვილად ვსცნობ და კიდევაც ვაღვიარებ, რომ მე არ შემიძლია თვით იმავე მცირედის წყალობისათვის ღირსეული ქება შეგასხა. მე ყველა ამ მონიჭებულ წყალობათა ღირსი არა ვარ, და როდესაც შენს დიდებულებას წარმოვიდგენ, აღარაფერი სჩანს ჩემი სული მასთან.
2. ყოველივესიკეთე,რაც-კიმოიპოებაჩემში, სულიერი თუ ხორციელი, შინაგანი თუ გარეგანი, ბუნებრივი თუ ზესთა ბუნებრივი, ყველა შენი წყალობაა, და მით ცხადად სჩანს, რომ ხარ კეთილის-მყოფელი, სახიერი და მოწყალე, რომლისაგან მიგვიღია ესე ყოველივე. თუმც ზოგს მრავალი მიუღია, და ზოგს მცირედი, მაგრამ მაინც ყოველივე შენია, და უშენოდ-კი შეუძლებელია, რომ ვინმემ თვით მცირე რაიმე შეიძინოს.
ვისაც მრავალი მიუღია, იმან თავის ღირსებას როდი უნდა მიაწეროს იგი, არც სხვაზედ უფრო მეტი უნდა ეგონოს თავისი თავი, და არც თავისზედ ნაკლებს უნდა დასცინოდეს; რადგან ის არის ყველაზედ დიდი და ყველაზედ უკეთესი, რომელსაც სხვაზედ ნაკლები ჰგონია თავისი თავი და სითამდაბლით და გულმხურვალებით მადლობას შემოგწირავს. და, რომელსაც სხვაზედ უფრო უკანასკნელად და უღირსად ჰგონია თავისი თავი, ის უმეტესის მიღების ღირსი შეიქმნება.
3.ხოლო რომელსაც მცირედი მიუღია,არც უნდა ის შესწუხდეს იმისთვის, არც უნდა იჩივლოს და არც უნდა სხვისი შეშურდეს; არამედ შენ უნდა მოგმართოს და უფრო უნდა ადიდოს სახიერება შენი, რომ ასე უხვად, ასე მუქთად, ასე მიუხედავად, და თავისუფლად არიგებ შენს მოწყალებასა. ყოველივე შენგან არის და ამისთვის ყველაფერში შენ უნდა იდიდებოდე. შენ უფრო კარგად იცი, ვის რა უნდა მიეცეს; ის ჩვენი საქმე არ არის, რისთვის ერთს უფრო მეტი აქვს მეორეზედ; ამის განხილვა შენ გეკუთნის, რადგან შენს წინ განსაზღვრილია თვითვეულის ღირსეულება.
4. ამისთვის, ესეც დიდი წყალობაა ჩემთვის, უფალო ღმერთო ჩემო, რომ ჩემში ბევრი არ მოიპოება იმგვარი რაიმე, რომელსაც ადამიანები დიდად აფასებენ, და მრავალს ქებასა და დიდებას შეასხმენ. როდესაც კაცი ხედავს თავის სიღატაკესა და უკანასკნელობას, მაშინ არ უნდა შესწუხდეს და სულით დაეცეს, არამედ უფრო უნდა გაიხაროს და ინუგეშოს,რადგანშენ, ღმერთო ჩემო, დაშინაურებულ და მახლობელ მეგობრებად აგირჩევია ღატაკნი, მდაბალნი და ამ ქვეყნად ყველასგან მოძულებულნი. ამის მოწამე თვით შენნი მოციქულნი არიან, რომელნიც ყოველს ქვეყანაზედ მთავრებად დაადგინე (ფსალმ. 44, 16). ქვეყანაზედ იცხოვრეს უდრტვინველად; იგინი იყვნენ თავმდაბალნი, გულწრფელნი, უბოროტონი და უწყინარნი. ტანჯვის დროსაც-კი უხაროდათ, რომ შენი სახელისათვის ამისი ღირსი შეიქმნენ, (საქმე 5, 14) და ამგვარად შეიყვარეს მათ ყველანაირი შეურაცხება, რომელიც სძულს სოფელსა.
5. ამნაირად, ყველაზედ სასიხარულო მხოლოდ ის უნდა იყვეს მისთვის, რომელსაც უყვარხარ და უცვნია შენი კეთილმოქმედებანი, რათა აღსრულდეს მასში შენი ნება და საუკუნიდგან განსაზღვრილი სათნო-ყოფა შენი. ამაში ისეთს კმაყოფილებას და ნუგეშინისცემას უნდა ჰპოულობდეს იგი, რომ უნდოდეს ყველაზედ უმდაბლესად ყოფნა იმგვარადვე, როგორადაც სხვებს ყველაზედ წარჩინებული მდგომარეობა ენატრებათ; ისეთის სიმდაბლითა და კმაყოფილებით უნდა იჯდეს უკანასკნელს ადგილს, როგორადაც სხვები საპატიო ადგილზედ; იმდენად უნდა სურდეს შეურაცხება და ყველასგან დამდაბლება: არ ჰქონდეს არც არავისაგან პატივისცემა, არც რაიმე სახელი, რავდენად სხვები ეძებენ ამაღლებას, დიდ სახელს და ამ სოფლიურს პატივისცემას. რადგან ყველაზედ უფრო უნდა ირჩიოს, რომ შენი ნება აღსრულდეს, და შენ იყვე დიდებული, და ამათ უფრო დიდი ნუგეში და სიხარული უნდა მიანიჭონ მას, ვიდრე ყველა წყალობამ, რომელიც მიუღია შენგან და ანუ უნდა მიიღოს.
![]() |
6.23 თავი XXIII - ოთხს საშუალებაზედ, რომლითაც შეუძლიან კაცს მოიპოვოს დიდი მშვიდობა. |
▲ზევით დაბრუნება |
1.ქრისტე: ძეო ჩემო, მე მინდა გაჩვენო ახლა შენ მშვიდობისა და ნამდვილის თავისუფლების გზა.
2. მორწმუნე სული: აასრულე, უფალო, რასაც ბრძანებ და სიამოვნებით მოგისმენ.
3. ქრისტე: ეცადე, ძეო ჩემო, რომ უფრო სხვისი ნება შეასრულო, ვიდრე შენი.
ყოველთვის ცოტა ამჯობინე ბევრს.
ყოველს დროს ბოლო ადგილი ირჩიე, რომ ყველაზედ უკან იყვე.
მარად იმას ნატრობდე და ის ითხოვე, რომ სრულიად აღსრულდეს შენზედ ღვთის ნება.
აი, ვინც ამგვარად მოიქცევა, ის დასდგომია მშვიდობისა და განსვენების გზას.
4. მორწმუნე სული: ამ შენს მოკლე სიტყვებში დიდი სისრულე სჩანს, უფალო. მოკლედ არიან ნათქვამი, მაგრამ სავსეა აზრებითა და უხვად არის მასში კეთილი ნაყოფი. უკეთუ ერთგულად დავიცვამ მას, ისე ადვილად როდიღა შევშფოთდები. რადგან, როდესაც ვიგრძნობ მოუსვენრობასა და შეწუხებას, მაშინათვე ვსცნობ, რომ გარდავსულვარ ამ მოძღვარებისაგან. მაგრამ რადგან შენ ყოველივე შეგიძლია, და მარადის კეთილ წარმატება გსურს სულისათვის, აღამატე ჩემში შენი წმინდა მადლი, რომ შევიძლო შენი ბრძანების აღსრულება და ამით ჩემი სული ვაცხოვნო.
ვედრება
ცუდი ფიქრების მოსაშორებლად.
5. უფალო ,,ღმერთო ჩემო, ნუ განეშორები ჩემგან, ღმერთო ჩემო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ!“ (ფსალმ. 70, 12) რადგან ათას ნაირი ფიქრები თავს დამსხმიან, და შიშით სულს მიხუთავენ.
ისე როგორ უნდა ვებრძოლო მე იმათ, რომ არაფერი მევნოს; ანუ რანაირად უნდა შევმუსრო მე იგინი?
6. მაგრამ მე წინ წაგიძღვებიო, მეუბნევი, ქვეყნის მთავართა დავამდაბლებ, საპყრობილის
კარებს გაგიღებ და საიდუმლოებს გამოგიცხადებო (ეს. 45, 2).
7. ამისრულე, რასაც ბრძანებ, უფალო, და მაშინ-კი, დაგინახვენ თუ არა, მომშორდებიან ყველა ბოროტი ფიქრები. ჩემი მხოლოდი იმედი და ნუგეშინისცემა ის არის, რომ გაჭირვების დროს შენ მოგმართო, შენ მოგენდო, მხურვალე გულით მოგიწოდო და შენგან შეწევნას მოთმინებით მოველოდე.
ლოცვა,
რომლით ღვთისაგან უნდა ვითხოვდეთ გონების განათლებას.
8. გამინათლე გული ჩემი, კეთილო იესო, და გაფანტე მისგან ყოველი სიბნელე, დააცხრომე ჩემში ბოროტ ცთომილებანი და შემუსრე ძალა საცდურთა, რომელნიც სიცოცხლეს მიჭირვებენ. ძლიერად იბრძოლე ჩემთვის, და დაიმორჩილე ეს ბოროტი მხეცი,რომელარსმაცთუნებელი გულის-თქმა, რათა ,,იყოს მშვიდობა ძალითა შენითა“ (ფსალმ. 121, 7) და ქებანი მრავალნი ისმოდეს შენს წმიდა კარავში, ესე იგი უმანკო სინიდისში. უბრძანე ქარსა და ღელვას, უთხარი ზღვას, რომ დამშვიდდეს, ქარიშხალს, რომ დასცხრეს და აღარ იქროლოს და იქმნება დიდი მყუდროება.
9. ,,გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი“ (ფსალმ. 42, 3) და მაშინ განათლდება ქვეყანა, რადგან მეც ურწყავი და უნაყოფო ქვეყანა ვარ, სინამ არ გამანათლებ. გადმოავლინე ზეციდგან მადლი შენი: დანამე ჩემი გული ზეციურის ცვარითა; მოიყვანე წვიმა კეთილ მოშიშებისა, რათა მოირწყოს პირი ქვეყანისა და გამოიღოს უხვებით კეთილი ნაყოფი. აღადგინე ცოდვით დატვირთული გონება ჩემი, და ჩემი სურვილი ზეცისკენ მიაქციე, რათა გავძღე ზეციურის ნეტარების სიტკბოებითა და მწუხარებად მივიჩნიო საქვეყნიერო ზრუნვანი.
10. ასწიე ჩემგან და მომაშორე ყველაჟამიერი კაცთა ნუგეშინისცემა, რადგან გაჩენილს ვერაფერს ვერ შეუძლია ჩემი სრულიად დაკმაყოფილება და ნუგეშინისცემა. შენთან შემაერთე სიყვარულის მტკიცე კავშირით, რადგან მარტო შენ საკმარისი ხარ შენის შემყვარებელისათვის, და უშენოდ-კი მისთვის ყოველივე ამაო და უსარგებლოა.
![]() |
6.24 თავი XXIV - მასზედ, თუ როგორ უნდა მოვერიდოთ ცნობის-მოყვარებით სხვების ყოფა-ქცევის გამოძიებას. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ნუ იქმნები ცნობის მოყვარე, ძეო ჩემო, და უსარგებლო მზრუნველობას თავი დაანებე. რას გარგებს შენ ამის, ანუ იმის ცქერა? ,,შენ მე შემომიდეგ“ (იოან. 21, 22). შენ რა გენაღვლება, როგორი კაცია ესა, ანუ ის; ეს რას აკეთებს, ანუ ის რას ამბობს? შენ შენის საქმეების პასუხის გებაში ხარ, და არა სხვებისა. მაშ თავს რად იწუხებ? მე ყველაფერი ვიცი, ყველას გულს ვხედავ და ვიცი, ვინც რას ფიქრობს, ვინც რას ნატრობს, და ვის რა აზრი აქვს. მაშ ყოველივე მე მომანდე და შენ მყუდროდ იყავი. თავი დაანებე, ვინც რაც უნდა ქმნას. ბოლოს ყოველივე მათ წინ დახვდებათ. ისინი მე ვერ მომატყუებენ.
2. ნუ გინდა ამაო სახელის დიდება; ყველას ნუ დაუშინაურდები და ნურც დაახლოვებულს მეგობრობას იქონიებ ვინმე კერძო პირთან. რადგან ესენი შენს ფიქრს გააბნევენ და გულს დაგიბნელებენ. ყოველსავე ჩემის გულის პასუხს თავისუფლად გეტყვი და გამოგიცხადებ, თუ რომ ჩემი მოსვლისათვის გულს-მოდგინებით იფხიზლებ, და მოვალ თუ არა, შენს გულში კარს გამიღებ. გაბრთხილდი, მღვიძარედ იყავი, მარადის ილოცე,დაყველაფერშითავმდაბლადმოიქეცი.
![]() |
6.25 თავი XXV - მასზედ, თუ რაში მდგომარეობს გულის ნამდვილი მშვიდობა და სულის ჭეშმარიტი წარმატება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მე მითქვამს, ძეო ჩემო, რომ მე თქვენ ჩემს მშვიდობას დაგიტოვებთ, ჩემს მშვიდობას მოგცემთ, მაგრამ იმისთანა მშვიდობას კი არა, როგორსაც სოფელი გაძლევს (იოან. 14, 27). მშვიდობას ყველანი ნატრობენ, მაგრამ ჭეშმარიტის მშვიდობის შეძენისათვის-კი ყველანი არ მეცადინეობენ. ჩემი მშვიდობა მხოლოდ მათში განისვენებს, რომელნიც მშვიდნი და მდაბალნი არიან გულითა. შენი მშვიდობა იმაში იქმნება, რომ მრავალი რამე მოითმინო. უკეთუ ჩემსას მოისმენ და რასაც გეტყვი აასრულებ, დიდს მშვიდობას შეიძენ.
2. მორწმუნესული: მაშ,როგორმოვიქცე, უფალო?
3. ქრისტე: ყოველს შენს სიტყვასა და საქმეში ფრთხილად იყავი; ყოველთვის იმას ცდილობდე, რომ მე მასიამოვნო, და ჩემს გარდა სხვა არაფერი არ ინატრო და არც ეძიო. ამისგარდა სხვების სიტყვებსა და საქმეებს ადვილად ნუ გაასამართლებ; რაც შენზედ არ არის მონდობილი, ნურც იმისთანა საქმეში გაერევი; და მაშინ ისე ხშირად და ადვილად როდიღა აღშფოთდები. მაგრამ ისე, რომ არასოდეს არ შეგენთხვას რაიმე აღშფოთება, ანუ არ დაითმინო რაიმე ტანჯვა გულისა, ან შეწუხება სხეულისა ამ წუთი-სოფელში შენ ამას ვერ მოესწრები; ამგვარი ბედნიერება მარტო ზეცას არის. ნამდვილი მშვიდობა იმაში ნუ გგონია, რომ ვერაფერს შეწუხებას ვერ გრძნობდე, არც ის ვარგა, თუ ზოგჯერ უსიამოვნება არ შეგემთხვევა ვინმესგან; ვერც იმითი შეიქმნები სრული ბედნიერი, რომ ყველაფერი როგორც შენ გინდა, ისე შეგისრულდეს. ნურც იმითი დიდი ვინმე გეგონება შენითავი, ანუ განსაკუთრებით ღვთისაგან შეყვარებული, უკეთუ შენში ხედავ დიდს გულმხურვალებასა და სიტკბოებას; რადგან ამით არ იცნობება სათნოების ნამდვილი მოსიყვარულე, არც ამაში მდგომარეობს კაცის წარმატება და სისრულე.
4. მორწმუნე სული: მაშ რაშია, უფალო?
5. ქრისტე: იმაში, რომ ყოვლის გულით ღვთის ნებას შესწირო შენი თავი; აღარაფერში არ ეძიო შენი სარგებლობა; არც დიდში და არც პატარაში, არც ჟამიერში და არც საუკუნოში. არამედ ყოველივე განურჩევლად შეიწყნარე, ყველაფრისათვის მადრიელი იყავი, ბედნიერებისთვისაც და უბედურებისთვისაც და ყოველსავე ერთნაირის თვალით უცქეროდე. უკეთუ მხნედ იქმნები და იმედს არ დაჰკარგავ, როდესაც შენ ნუგეშინისცემა მოგაკლდება, არამედ უფრო განემზადები უმეტესის მოსათმენად; არასოდეს არ გამოუსარჩლდები შენს თავს: როგორც თუ ამისთანა ტანჯვა შენთვის უსამართლოდ იყოს მოვლენილი; არამედ თაყვანსასცემ და აქებ, ყოველს შემთხვევაში, ჩემს მართლ მსაჯულობას და წმიდა განგებას, აი, მაშინ დასდგომიხარ ჭეშმარიტს და ნამდვილ მშვიდობის გზასა, და ამდროს შეგიძლია დიდი იმედი იქონიო; რომ კვალად მნახავ და გაიხარებ. და თუ უკეთუ შეიძლებ და შენს თავს სრულებით უარს ჰყოფ, მაშინ იცოდე, რომ რავდენადაც შესაძლებელია, უხვად შეიძენ მშვიდობას ამ წუთის სოფელში.
![]() |
6.26 თავი XXVI - სულის თავისუფლების უაღრესობაზედ, რომელიც შეიძლება მოიპოვოს კაცმა უფრო გულმოდგინე ლოცვით, ვიდრე წიგნების კითხვით. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, სრულმა ადამიანმა ყოველთვის ზეციურს საგნებზედ უნდა იფიქროს, და სხვა ყველა საქვეყნიერო ზრუნვას თავი დაანებოს, ზარმაცობის გამო-კი არა, არამედ როგორადაც გაჩენილთა უწესო სიყვარულისაგან სრულიად თავისუფალმან. 2. დამიფარე გევედრები, ყოვლად სახიერო უფალო ღმერთო, საქვეყნიერო ზრუნვათაგან, რომ დიდად არ ვიყო მათში გართული; სახორციელო მრავალ საჭიროებათაგან მიხსენ მე, ვაითუ სიამოვნებისაგან გატაცებული შევიქმნე; ყველა სულიერი განსაცდელისაგან დამიხსენი, რომ ნამეტარი შეწუხების გამო მხნეობა არ დავკარგო. მხოლოდ იმ რაიმეთაგან-კი არ გთხოვ დამიხსნა, რომელთაც ამაოება სოფლისა გაშმაგებით ეძიებს, არამედ იმ უბედურებათაგანაც, რომელნიც ამ მოკვდავი ბუნების შესახებ საყოველთაოდ წართქმულ წყევის გამო სძევს ტვირთად სულსა მონისა შენისა და უშლის სულიერის თავისუფლების შეძენას, რომელსაც იგი ნატრობს.
3. ჰოი, ღმერთო ჩემო, გამოუთქმელო სიტკბოებაო! სიმწარედ შემიცვალე ყოველივე ხორციული ნუგეშინისცემა, რომელიც საუკუნო ნეტარების სიყვარულისაგან მაშორებს, მზაკრულად მიზიდავს იმ აწმყო და საგრძნობიერო რაიმეთაკენ, რომელთაც მხოლოდ მოჩვენებული შეხედულება აქვსთ კეთილისა. ნუ ვიქმნები დაძლეული, ღმერთო ჩემო, ნუ ვიქმნები დაძლეული ხორცისა და სისხლისაგან, ნურცა მოტყუებული სოფლისა და მის ამაო დიდებისაგან, და ნურცაღა გაიმარჯვოს ეშმაკმა ჩემზედ თავის მზაკვრობით. ბრძოლაში მომეც მხნეობა, შეწუხებაში მოთმინება და სიმტკიცე მოთმინებაში. ნაცვლად სოფლიურის ყველა ნუგეშინისცემისა მომფინე მე მადლი შენის წმიდის სულისა, და სახორციელო სიყვარულის სამაგიეროდ, აღავსე ჩემი გული შენის სიყვარულითა.
4. საჭმელი, სასმელი, ჩასაცმელ-დასახური და ყველა რაც-კი ხორცისათვის საჭიროა, გულმხურვალე კაცისათვის სამძიმონი არაინ. შემეწიე, რომ ამგვარი საჭიროებანი ზომიერად ვიხმარო და დიდის ნატვრით არ ვეძიო. სულ დატოვება მათი შეუძლებელია, რადგან ბუნების გამოზრდაც საჭიროა; მაგრამ ნამეტანის ძიებას და სასიამოვნო რამეების მოპოებას შენი წმიდა სჯული გვიკრძალავს, რადგან ამითი ხორცი გაძლიერდება და სული დაუძლურდება. გევედრები, უფალო, რათა ყველა ამგვარს შემთხვევაში შენი წმიდა მარჯვენა მეწეოდეს მე, რომ თავიდან ვიშორებდე ყოველს უზომიერობას.
![]() |
6.27 თავი XXVII - მასზედ, თუ ვითარ ბედნიერებას გვაკარგვინებს ჩვენი თავმოყვარეობა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, თუ გინდა, რომ მე მთლად შენი ვიყვე, შენც უნდა ყოველივე მე დამითმო, ასე რომ შენთვის აღარაფერი არ დაიტოვო. იცოდე, შენი თავმოყვარეობა უფრო მეტად მავნებელია შენთვის, ვიდრე ყველას აქვეყნიერო რაიმენი. რავდენადაც უფრო შეიყვარებ, ანუ ინატრებ რამეს, იმდონად უფრო მიგიზიდავს შენ იგი. უკეთუ გაბრთხილდები, ურიგოდ და უწესოდ არაფერს არ შეიყვარებ, ყველაფრისაგან თავისუფალი იქმნები. იმისთანას ნურაფერს ნუ ინატრებ, რომ მისი შენახვა შენთვის შეუფერებელი იყვეს. იმისთანას ნურაფერს ნუ იქონიებ, რომ შენ შეგაწუხოს და შინაგანი თავისუფლება მოგისპოს. საკვირველია, რისთვის ყოველის გულით მე არ მომენდობი და ყველაფერს მე არ მომანდობ, რაც-კი გენატრება და რის ქონებაც შეგეძლება?
2. ტყუილ-უბრალოდ აგრე რისთვის სწუხარ? მაგოდენა შრომას ტყუილად რისთვის სწევ? შენ ჩემის ნების შესრულებას ეცადე და ყველაფერი კარგად იქმნება. უკეთუ ხან ერთს დაუწყობ ძებნას და ხან მეორეს; ხან აქ გენდომება ყოფნა და ხან იქა, და ამგვარად შენს სარგებლობას და შენს კმაყოფილებას მიჰყვები, ყოველთვის შეწუხებული იქმნები და მოსვენება არ გექმნება; რადგან თითო წუნი ყველაფერშია და ყველგან შეიძლება წინააღმდეგობა შეგემთხვას.
3. მაშ, ის უფრო სჯობს შენთვის, რომ ყველა ჟამიერი რაიმენი მოიშორო და უარი ჰყო, სინამ შეიძინო და გაიმრავლო იგინი. ამაში არა მარტო ფული და სიმდიდრე უნდა იგულისხმო, არამედ ამპარტავნული ძიება პატივისა და სურვილი ამაო დიდებისა, რომელნიც სოფელთან უნდა დასრულდნენ. ადგილი ვერ დაგიფარავს, უკეთუ გულ-მხურვალება არა გაქვს; ვერც გარედგან შეძენილი მშვიდობა გასძლებს დიდხანს, უკეთუ შენს გულს საფუძვლად არა გაქვს მტკიცე ნიადაგი, ესე იგი: ჩემზედ არა ხარ დამყარებული, შეგიძლია ადგილი გამოიცვალო, მაგრამ ამით შენ უკეთესი ვერ გახდები. რადგან მოვა რა შემთხვევა და დაემორჩილები თუ არა იმას, ხელ ახლავ დაგხვდება იგივე, რასაც ერიდებოდი, და იქმნება ეს უწინდელზედ უარესიც იყვეს.
ვედრება
მოპოებისათვის გულის უბიწოებისა
და ზეციურის სიბრძნისა.
4. მორწმუნე სული: გამამტკიცე მე, ღმერთო, სულის წმიდის მადლითა.
მომეც მე შინაგან განმაძლიერებელი ძალა, რომ უსარგებლო ზრუნვა და შეწუხება თავიდგან მოვიშორო; არ ვიქნე გატაცებული საქვეყნიერო რაიმეთა შეძენის სურვილითა: რანაირიც უნდა იყვნენ ეს რაიმენი, გინდა უბრალო და თუნდა ძვირფასი; არამედ ყველაფერი და თვით ჩემი თავიც-კი წარმავალად ჩავრაცხო.
რადგან ყველაფერი რაც-კი ცის ქვეშეთ მოიპოვება, ამაოება და მწუხარებაა სულისათვის (ეკლ. 1, 14). ოჰ, რა ბრძენია ის, ვინც ასე ფიქრობს!
5. მომეც მე, უფალო, ზეციური სიბრძნე, რათა ყველაზედ მომეტებულად შენ გეძიო და გპოვო, და ყველაზედ უფრო შენ გიცნა და შეგიყვარო. და სხვა ყოველივე, შენი სიბრძნის დაგვარად, ისე ვსცნა, როგორიც არის. შემეწიე, რომ ბრძნულად მოვერიდო მზაკვარ კაცს და მოწინააღმდეგეს მოთმინებით გავუძლო. რადგან დიდი ბრძენია იგი, რომელიც ქარივით წარმავალ სიტყვას არ აჰყვება, და არც სირინოზის* მომხიბლავ ხმას ყურადღებას მიაქცევს. ვინც ამგვარის სიფრთხილით იმგზავრებს, გზას უშიშრად გაივლის.
__________________________
* სირინოზი მეზღაპრეთაგან წარმოდგენილია ქალ-თევზად, რომელიც თავის მომხიბლავის ხმით იტყუებდა მენავეთა ზღვაში უხილავი კლდეებისაკენ დასაღუპავად.
![]() |
6.28 თავი XXVIII - წინააღმდეგ მძრახველთა ენისა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ნუ გეწყინება, ძეო ჩემო, თუ შენზედ ვინმე ბოროტს აზრს შეადგენს, ანუ ცუდს იტყვის. შენ უფრო ცუდიც უნდა გეგონოს შენი თავი, და არავის არ უნდა რაცხავდე შენზედ უარესად. უკეთუ სულიერად იცხოვრებ, დიდ ყურადღებას აღარ მიაქცევ ქარისავით წარმავალ სიტყვებს. დიდი სიბრძნეა იმაში, რომ იცოდეს კაცმა დუმილის დაცვა წინააღმდეგს შემთხვევაში, გულით მე მომმართოს, და როდესაც მას ბოროტად გაასამართლებენ სხვები, არ ეწყინოს.
2. შენი ბედნიერება კაცთა სიტყვებისაგან-კი არ შესდგება. იმათ თუგინდ ცუდი სთქვან შენზედ, თუგინდ კარგი, შენ მაინც ისევ ის იქმნები, რაც ხარ. ჭეშმარიტი ბედნიერება და ნამდვილი დიდება მარტო ჩემშია. ის შეიძენს დიდს მშვიდობას, რომელიც არ ეძიებს კაცთაგანარც მოწონებას და არც მათი დაწუნებით შესწუხდება. უწესო სიყვარულისაგან და უსაფუძვლო შიშისაგან წარმოსდგებიან გულის მოუსვენრობა და გონების დაფანტვა.
![]() |
6.29 თავი XXIX - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვევედრებოდეთ და ვადიდებდეთ ღმერთსა შეწუხებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, საუკუნოდ კურთხეული იყვეს შენი სახელი, რომ მე ამგვარი განსაცდელი და შეწუხება მომივლინე. ამას ხომ თავიდგან ვერ ავიცილებ; მაშ ისევ შენ უნდა მოგმართო, რომ შემეწიო და შენ ეს მე კეთილზედ შემიცვალო. უბედურებაში ვარ, უფალო, და ამისათვის გული მიწუხს; მაგრამ ჩემი ბოროტი ვნება უფრო ტანჯვას მიმატებს მე. ახლა რაღა ვსთქვა, მამაო საყვარელო, როდესაც ამისთანა შეწუხებაში ვარ? ,,მიხსენ მე ჟამისაამისაგან“ (იოან.12,27).
მაგრამ იმისთვის დადგა ჩემთვის ამისთანა ძნელი დღე, რათა რომ უკანასკნელად დამდაბლებული განმათავისუფლო და ამითი იდიდო შენ. ჩემი ხსნა ინებე, უფალო (ფსალმ. 39, 13), თორემ მე საბრალომ აბა რა ვქმნა? ან შენს გარდა სხვას ვის მივმართო. ამ შეწუხებულს მდგომარეობაშიაც მოთმინება მომეცი, უფალო. შემეწიე მე, ღმერთო, და მაშინ აღარ შეუშინდები რანაირადაც უნდა ვიტანჯო.
2. ან ახლა რაღა ვსთქვა? შენი ნება ასრულდეს, უფალო (მათ. 26, 42). მე ამ ტანჯვისა და შეწუხების ღირსი ვყოფილვარ და ამისთვის კიდევაც უნდა მოვითმინო; მაგრამ ეს წყალობა მიყავი, რომ მოთმინებით მაინც გავუძლო, სინამ ეს ქარიშხალი გარდაივლიდეს და უკეთესი დრო დამიდგებოდეს. შენს ყოვლად ძრიელ მარჯვენას შეუძლია, რომ ეს საცდური მომაშოროს და მისი სიფიცხე დააცხროს, რათა რომ არ დავეცე; ამისთანა წყალობა ხომ მრავალჯერ გიქმნია შენ ჩემთვის, ღმერთო,ჩემო მწყალობელო (ფსალმ. 58, 16).
და რავდენადაც უფრო ეს ჩემთვის ძნელია, იმოდნად უფრო ადვილია შენის უზენაესის მარჯვენისათვის (ფსალმ. 76, 10).
![]() |
6.30 თავი XXX - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვითხოვდეთ შეწევნასა ღვთისაგან და მოველოდეთ მის მადლის დაბრუნებასა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, მე ვარ უფალი გამაძლიერებელი შენის შეწუხების ჟამს. მე მომმართე, როდესაც შეწუხებაში იყვე. მისთვის არა გაქვს ზეციური ნუგეშინისცემა, რადგან ლოცვით ჩემთან მომართვას აგვიანებ. მის ნაცვლად, რომ გულს მოდგინედ მე მევედრო, შენ სხვაგან ეძიებ ნუგეშინისცემას და გამხიარულებას. მაგრამ ეგენი ვერაფერს ვერ გარგებენ შენ, სინამ არა სცნობ, რომ მხოლოდ მე ვარ მხსნელი მოსავთა ჩემთა (ფსალმ.16,7),და ჩემს გარდა ვერავისაგან ვერ მიიღებ ვერც საკმაო შემწეობას, არცა კეთილს დარიგებას და არც რაიმე საიმედო ღონისძიებას. მაგრამ, ეხლა-კი, როდესაც სული მოიბრუნე შემდეგ გაჭირვებისა, განძლიერდი ამ ჩემის მოწყალების ხილვითა. რამეთუ ახლოს ვარ, იტყვის უფალი, რათა განვაახლო ყოველივე; და არა მხოლოდ ისე, როგორც პირველში იყო, არამედ დავუმატო უფრო სხვა ღირსებაც.
2. განა ჩემთვის არის რამე საძნელო? ანუ, განა იმათ ვგევარ, რომელნიც დაჰპირდებიან და კი არ აასრულებენ?
ეგ არის შენი სარწმუნოება? იდეგ მტკიცედ და შეურყეველად. სულ-გრძელობა და მხნეობა იქონიე და თავის დროზედ ნუგეშინისცემა მოგეცემა. მე დამიცადე, მე: მოვალ და გაგკურნამ შენა (მათ. 8, 7). საცდურება გტანჯავს შენ და უსაფუძვლო შიში გულს გიხეთქავს. რაში გამოგადგება, რომ მოსალოდნელის შემთხვევისათვის ეხლავე ნაღვლობ? ეგ ხომ უფრომწუხარებას მოგიმატებს? განა იმ დღის მწუხარება-კი არ კმარა? იმ დღეს თვითონ აქვს თავის საკმარისი მწუხარება (მათ. 6, 34). ამაო და უსარგებლოა, რომ კაცი მოსალოდნელ რაიმისათვის შეწუხდეს, ან მხიარულობდეს, რადგან შეიძლება ის სრულებიდაც არ მოხდეს.
3. კაცობრიული სუსტი ბუნებაა მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ხშირად სტყუვდება ოცნებით; აქედგან სჩანს, რომ ის ჯერ კიდევ სულმოკლეა, რადგან ასე ადვილად უგონებს მტრის მზაკვრულ შთაგონებათა. მტრისათვის სულ ერთია სიცრუით მოგატყუებს და შეგაცთენს თუ ჭეშმარიტებით; აწინდელ რაიმეთა სიყვარულით დაგამარცხებს, თუ მოსალოდნელის შიშით. ,,ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენნი, ნუცა შეეშინდებათ“ (იოან. 14, 1 და 27), მე მერწმუნეთ და ჩემს მოწყალებაზედ გქონდესთ იმედი. როდესაც გგონია განშორებულიხარ ჩემგან, აი სწორედ უფრო მაშინ ვარ შენთან ახლოს. როდესაც სრულიად დაღუპული გგონია შენი თავი, იცოდე მაშინ უფრო დიდი შესაძინი მოგელის. როდესაც რაიმე საქმე უკუღმართად წაგივიდეს, ნუ წარმოიდგენ, რომ ყველაფერი გათავებულიყოს შენთვის. აწინდელის შენის მდგომარეობით ნუ გაზომამ მთლად შენს ცხოვრებას, და ნურც ისე მიეცემი მწუხარებას, ვითომც აღარაფერი იმედი ხსნისა აღარ იყვეს.
4. როდესაც ჩემგან მოგევლინება დროებით რაიმე შეწუხება, ანუ მოგაკლდება სანატრელი ნუგეშინისცემა, მაშინ იმას კი ნუ იფიქრებ, რომ სრულიად დავიწყებული მყვანდე შენ; არამედ ამგვარი საშუალებით მოიპოვება სასუფეველი ცათა. ისა სჯობს შენთვის, და სხვა ჩემი მსახურებისთვისაც, რომ ამგვარის შეწუხებით გამოიცადოთ, ვიდრე, რომ ყოველივე თქვენის ნებისაებრ აღგისრულდეთ. მე ვიცი ყველა შენი საიდუმლო განზრახვანი; ისა სჯობს ბევრად შენის ცხონებისათვის, რომ ზოგჯერ გულმხურვალება სრულიად დაგეხშოს, რომ კეთილის დაწინაურებით არ გაამპარტავნდე და იმისთანა რამე არ გეგონოს შენი თავი, რაც არა ხარ. რაც მომიცია, შემიძლია უკანვე წაგართვა, და როცა მნებავს, წართმეული ისევ დაგიბრუნო.
5. როდესაც გაძლევ რამეს, ჩემსას გაძლევ, და თუ გართმევ, შენსას არაფერს გართმევ, რადგან ,,ყოველი მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდმო არს“ ჩემგან მოცემული (იაკ. 1, 17). როდესაც შეწუხებას, ანუ უსიამოვნო რამეს მოგივლენ, ნუ დაიწყებ ჩივილს და იმედს ნუ გარდაიწყვეტ; კიდევ მალე მოვალ და ნუგეშინსაგცემ და მწუხარებას სიხარულზედ შეგიცვლი. თუმც ამგვარად გეპყრობი, მაგრამ მართალი ვარ მაინცა და ღირსი დიდის ქებისა.
6. უკეთუ სიმართლით გამოიძიებ და კარგად დაფიქრდები, უბედური შემთხვევა ეგრედ აღარ გაგამწარებს, არამედ გაიხარებ კიდეც და მადლობას შემომწირავ; ასე გაშინჯე - სასიხარულოდაც-კი მიიჩნევ, რომ ასე გტანჯავ და არ მებრალები. ,,ვითარცა შემიყვარა მე მამამან, მეცა შეგიყვარენ თქვენ“ (იოან. 15, 9). აი ეს ვუთხარ ჩემს საყვარელს მოწაფეებს, როდესაც წარვავლინე იგინი მთელს ქვეყანაზედ ბრძოლისათვის და არა ჟამიერი სიხარულისათვის, შეურაცხყოფისათვის და არა დიდებისათვის; შრომისათვის და არა ცუდად ყოფნისათვის; არა განსვენებისათვის, არამედ რათა მრავალი ნაყოფი გამოეღოთ მოთმინებითა (ლუკ. 8, 15). მაშ გახსოვდეს შენც ეს სიტყვები, ძეო ჩემო.
![]() |
6.31 თავი XXXI - მასზედ, თუ ვითარ უნდა მოვიძულოთ ყოველივე გაჩენილი, რათა ვპოვოთ ყოველთა დამბადებელი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, ჯერ კიდევ დიდად საჭიროა ჩემთვის შენი ძლიერი მადლი, სინამ არ შევიქმნები ისე სრული, რომ ვერავინ და ვერაფერმა ვერ შეიძლონ ჩემზედ უფლობა. რადგან სინამ იმათგან თავს არ დავიხსნი, არ შემიძლია თავისუფლად შენთან ამოვფრინდე. აი, ისიც ამგვარს თავისუფლებას ნატრობდა, რომელიც ამბობდა: ვინ შემასხას მე ტრედსავით ფრთები, რომ ავფრინდე და განვისვენო? (ფსალმ. 54, 6). ვინ არის იმ კაცისთანა მოსვენებული, რომელსაც არა აქვს ბოროტი თვალი? ანუ მისთანა თავისუფალი, რომელიც ქვეყანაზედ არაფერს არ ნატრობს? ამისათვის ყველაფერზედ უნდა ხელი აიღოს კაცმა, თავისი თავიც უნდა სრულებით უარჰყოს, და როდესაც მიახწევს ამგვარს სისრულემდის, მაშინ სცნობს, რომ შენ ხარ შემომქმედი ყოველთა და არაფრით არა გევხარ გაჩენილებს. მაგრამ რომელიც ყოველთა გაჩენილთაგან არ არის განთავისუფლებული, მას ვერ შეუძლია შეიგნოს საღმრთო საგნები. ამისათვის ყველას არ ძალუძს ციურ რაიმეთა განჭვრეტა, რადგან ყველას ვერ შეუძლია წარმავალ გაჩენილთა თავიდგან მოშორება.
2. ამისთვის მეტად საჭიროა ძლიერი მადლი, რათა მის შემწეობით ამაღლდეს სული და აღვიდეს ზეცად. ხოლო, უკეთუ კაცი სულით არ არის ამაღლებული და ყოველთა დაბადებულთაგან თავისუფალი და არც სრულიად ღმერთთან შეერთებული, იმან რაც უნდა იცოდეს, ანუ ჰქონდეს, ეს ყოველივე არაფრად არ ღირს. მარადის იქმნება იგი ყველაზედ უკანასკნელი და მიწასთან გასწორებული, რომელიც სხვა რამეს უფრო დიდად მიიჩნევს, ვიდრე მას მხოლოსა, რომელიც არის განუზომელი და საუკუნო კეთილი. რადგან, გარდა ღვთისა ყოველივე არა რაია, და არც არაფრად მისაჩნევია. დიდი განსხვავებაა იმ კაცებ შუა, რომელთაგანი ერთია ღვთიურის სიბრძნით განათლებული და გულმხურვალე, ხოლო მეორე საქვეყნიერო მეცნიერებით განათლებული. ზეგარდამო ღვთისაგან მოვლინებული სიბრძნე დაშორებით მაღლა სდგას იმ ცოდნაზედ, რომელიც მოიპოება ადამიანის ხერხითა და მეცადინეობით.
3. მრავალნი ნატრობენ ზეციურ საიდუმლოებათა განხილვას, მაგრამ სამწუხაროდ იმას-კი არავინ აქცევს ყურადღებას, რაც ამის მისახწევად საჭიროა. ამისი დიდი მიზეზი ის არის რომ გარეშე ნიშნებსა და საგრძნობიერო საგნებს დიდს მნიშვნელობას აწერენ, ხოლო თავიანთი თავის სრულს მოკვდინებაზედ-კი დიდად არ ზრუნვენ. ვერ გამიგია, რა არის ამის მიზეზი, ასე რად ხდება, ანუ რა გვაქვს მიზნად ჩვენ, როდესაც სასულიერო პირებად ვიწოდებით, მაგრამ მდაბალის და წარმავალ რაიმეთათვის-კი ბევრს ვშრომობთ და დიდად ვმეცადინეობთ, და ჩვენი შინაგანის კეთილ მდგომარებისათვის-კი თითქმის სრულიად არაფერს არა ვფიქრობთ.
4. ახ! ზოგჯერ ცოტაოდნად ძლივს ჩავუფიქრდებით ხოლმე ჩვენს თავს, მაგრამ სწრაფლ ისევ სხვა საგნებზედ გადადის ჩვენი აზრი, და ამნაირად ფიცხელად არასოდეს არ ვიძიებთ ჩვენს მოქმედებათა. არ ვაქცევთ ყურადღებას, საით არიან მიქცეულნი ჩვენი გულისთქმანი, და არცა ვტირით, რომ ასე ბიწიერებით სავსეა მთელი ჩვენი არსება. რადგან გაირყვნა ყოველი ხორციელი (დაბ. 6, 12; 7, 17), ამისთვის მოხდა ქვეყანაზედ წარყვნა. რადგან ჩვენი შინაგანი გულისთქმანი განხრწნილნი არიან, ამის გამო მათგან წარმომდგარი ყოველი ჩვენი მოქმედებანიც ბიწიერნი უნდა იყვნენ, აქედგან სჩანს, რომ დაგვიკარგავს ჩვენი ყოველი შინაგანი ძალა. ნაყოფი უბიწო გულისა არის წმიდა ცხოვრება.
5. ყველას ის უნდა შეიტყოს, ვის რა გაუკეთებია; მაგრამ იმას კი არავინა კითხულობს, თუ რაოდენი სათნოებაა მის მოქმედებაში. ყველა მას სცდილობს შეიტყოს, ვინ არის ძლიერი, ვინ მდიდარი, ვინ მშვენიერი, ვინ არის მეცნიერი, ვინ განთქმული მწერალი, ვინ კარგის ხმით მომღერალი და ვინ კეთილ შრომის მოყვარული; მაგრამ იმას-კი არავინა კითხულობს, ვინ არის გლახაკი სულითა, მომთმინო, მშვიდი, სახიერი და კეთილი. ბუნება კაცისა გარეგანს უცქერის, მაგრამ მადლი-კი შინაგანს არსებას აქცევს ყურადღებას. პირველი ხშირად სტყუვდება, მეორე-კი ღმერთზეა მსასოებელი, და ამიტომ არცა სტყუვდება იგი.
![]() |
6.32 თავი XXXII - თვისი თავის უარის ყოფაზედ და გულის თქმებათა მოკვდინებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ვერ შეიძენ სრულს თავისუფლებას, სინამ უარს არა ჰყოფ შენს თავს. დატყვევებულ არიან ყველა იგინი, რომელნიც ეძებენ საკუთრებას, არიან თავ მოყვარულნი, ხარბნი, ამაო ცნობის მოყვარულნი, უსაქმოდ მაწანწალანი, მაძიებელნი უფრო თავიანთის კმაყოფილებისა, ვიდრე იესო ქრისტესი; თუმცა კეთილი განზრახვანი მათ ხშირად მოსდისთ, მაგრამ მარადის უნაყოფოდ რჩებიან იგინი. რადგან ყველა, რაც არ წარმოსდგება ღვთისაგან, განქარდება. დაიხსომე კარგად ეს მოკლე, მაგრამ აზრით სავსე სიტყვები: დასტოვე ყველაფერი, და ჰპოვებ ყოველსავე. უარ ჰყავ შენნი გულისთქმანი და ჰპოვებ განსვენებასა. ჩაუფიქრდი ამ სიტყვებს, და როდესაც შეასრულებ ამათ, მაშინ გაიგებ ყველაფერს.
2. მორწმუნე სული: უფალო, ეს ერთი დღის საქმე არ არის, და არც ბავშური თამაშობაა, რადგან ამ მოკლე სიტყვებში მოთავსებულია ყოველივე მონაზონებრივი სისრულე.
3. ქრისტე: ძეო ჩემო, შენ მაშინვე გულს ნუ გაიტეხ და უკან ნუ დადგები, როდესაც გიჩვენებ იმ გზას, რომელზედაც დადიოდნენ წმიდა მამები; არამედ შენ უფრო უმაღლესისაკენ უნდა მიისწრაფიდე, და თუ ეს საქმით არ შეგიძლია, გულით მაინც უნდა ნატრობდე მას. ახ, რა კარგი იქნება, რომ ეს ყველა ასე აგიხდებოდეს შენა, და მიახწევდე იქამდის, რომ აღარ გიყვარდეს შენი თავი, არც დადიოდე შენს ნებაზედ, არამედ მორჩილებით ასრულებდე ჩემს ნებას, და იმ წინამძღვრისას, რომელიც მე დამინიშნავს შენთვის! მაშინ შეიქმნები ჩემი მოსაწონი, და მთელი შენი ცხოვრებაც სიხარულსა და მშვიდობაში გაივლის. ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა დასტოვო, და თუ ჩემის გულისათვის ყველა იმათ სრულებით არ მოიძულებ, ვერ მიიღებ, რასაც მთხოვ. გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, და მაშინ გამდიდრდები, ესე იგი, მიიღებ ზეციურს სიბრძნეს, რომელიც დასთრგუნავს ყოველსავე ამა ქვეყნიურსა. ეს უფრო გერჩიოს, ვიდრე საქვეყნიერო სიბრძნე, კაცთაგან მოწონება და საკუთარი თავმოყვარეობა.
4. ჩემი სათქმელი ეს არის: დასტოვე ყოველივე, რაც ადამიანებს ძვირფასად მიაჩნიათ, და შენ მდაბალი რამეები აირჩიე. რადგან ზეციური სიბრძნე მათ მდაბალი და უბრალო რამე ჰგონიათ და ამიტომ თითქმის სრულებით დავიწყებული აქვსთ იგი: ჭეშმარიტს სიბრძნეს არ უყვარს თვისი თავის გამოჩენა, და არც ქვეყნისაგან ქებას ეძიებს. მრავალნი ჰქადაგებენ მას პირით, ხოლო საქმით ყოვლითურთ შორს არიან მისგან. მაგრამ ჭეშმარიტად ეს ის ძვირფასი მარგალიტია, რომელიც დაფარულია მრავალთათვის.
![]() |
6.33 თავი XXXIII - ჩვენი გულის დაუდგრომელობაზედ, და მასზედ, თუ ვითარ ყოველს საქმეში მიზნად ღმერთი უნდა ვიყოლიოთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ნუ ენდობი შენი გულის გრძნობათა, რადგან იგინი ხშირად სულ სხვა და სხვანაირად იცვლებიან. შენდა უნებურად ამგვარს ყოფაში უნდა იყვე სინამ ცოცხალი ხარ: ზოგჯერ მხიარული, ზოგჯერ მოწყენილი; ხან დამშვიდებული, ხან აღშფოთებული; ამ წამს გულმხურვალე, მეორე წამს გულ-ცივი; ზოგჯერ გულმოდგინე, ზოგჯერ ზარმაცი; ხან კეთილგონიერი, ხანაც მსუბუქის ჭკუისა.
მაგრამ კაცი ბრძენი და სულით განათლებული-კი ყველა ამ ცვლილებათა შეურყეველად უდგია წინა, და სრულიად ყურადღებას არ აქცევს არც თავის გრძნობებს და არც მას, თუ საიდგან წარმოსდგება ეს დაუდგრომელობა; არამედ მთელი თავისი ჭკუა გონება მიქცეული აქვს ჯეროვან და სანატრელ აღსასრულისაკენ. ცხადია, რომ მას შეუძლია შეურყეველად იდგეს ამოდონა სხვა და სხვა გვარ შემთხვევათა შორის, რომელსაც თვისი კეთილ გონიერების თვალი მარადის ჩემსკენ აქვს მოქცეული.
2. ხოლო, რავდენადაც ეს თვალი უმანკო იქნება, იმდენად უფრო მტკიცედ დაუდგება ცხოვრების მრავალ გვარს ქარიშხალს. მაგრამ მრავალს უბნელდებათ გონების წრფელი თვალი, ამიტომ რომ რა წამს შეხვდებიან რაიმე სასიამოვნოს, მაშინათვე კმაყოფილებით დაუწყებენ ხოლმე ცქერას; რადგან იშვიათია იმისთანა სრულიად თავისუფალი კაცი, რომელიც თავისი საპირადო სარგებლობის მაძიებელი არ იყვეს. ამნაირად ურიები მიდიოდნენ ბეთანიაში მართასა და მარიამთან არა მარტო იესოს გულისათვის, არამედ რათა ლაზარეცა ენახათ (იოან. 12, 9). ამისთვის უნდა გაიწმიდოს კაცმა თვისი გონების თვალი და მარადის ჩემსკენ ჰქონდეს მოქცეული, და არ იყვეს სხვა არაფრის მაცქერალი.
![]() |
6.34 თავი XXXIV - მასზედ, თუ ვითარ ღვთის მოყვარული კაცისათვის ყველაზედ უფრო უტკბილესი ღმერთია. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: აი, ღმერთი ჩემია, და ამითი ყველაფერიც ჩემია. ამაზედ მეტი რაღა მინდა? ანუ ამაზედ უკეთესს სხვას რაღას ვინატრებ? ოჰ, რა სასურველი და ტკბილია ეს სიტყვა! მაგრამ იმათთვის-კი არა, რომელთაც სოფელი ანუ სოფლიური რამე უყვარსთ, არამედ მარტო მათთვის, რომელთაც ღმერთი უყვარსთ! ღმერთი ჩემია და ამითი ყველაფერიც ჩემია! ვინც მიხვდება, საკმარისია მისთვის ეს სიტყვები და მოსიყვარულესთვის სასიამოვნოა მათი ხშირი განმეორება. შენთან, ღმერთო ჩემო, ყველაფერი სასიამოვნოა, უშენოდ-კი ყოველივე უსიამოვნო ხდება. შენ ხარ მყუდროება გულისა, მშვიდობა და დიდი სიხარული მისი. შენ ასწავლი მას ყველაფერზედ საფუძვლიანსმსჯელობას და ყველგან შენს ქებას. უშენოდ ყოველივე ადვილი მოსაწყენია; და თუ გინდა, რომ სასიამოვნო და გემრიელი იყვეს რამე, მაშინ შენის წმიდა მადლით უნდა იქმნეს იგი შეზავებული და შენის სიბრძნის მარილით შეგემებული.
2. ვისაც შენი სიტკბოება უგემებია, მას რაღა უნდა ეჩვენოს ტკბილად? და ვისაც ეს სიტკბოება არ უგრძნია, მისთვის სადღა რა უნდა იყვეს ჭეშმარიტად სასიამოვნო. მაგრამ ბრძენნი ამა სოფლისა და ავხორცნი ძრიელ შორს დგანან შენს სიბრძნეზედ; რადგან სიბრძნე მათი ამაოებაა, და ვნებათა შედგომა სიკვდილია. ხოლო რომელნიც მოიძულებენ ყოველსავე სოფლიურსა, თავიანთ სხეულს მოაკვდენენ, და ამგვარად შემოგიდგებიან შენ, აი ესენი უნდა ჩაითვალონ დიდ მეცნიერებად; რადგან ამაოებას უარს ჰყოფენ ჭეშმარიტებისათვის და ხორცს სულისათვის. აი ესენი გრძნობენ, ჭეშმარიტად, ღვთის სიტკბოებას, და რაც-კი გაჩენილებში სიკეთე მოიპოვება, ყველა ამას აწერენ დიდებასა დამბადებელისას. მაგრამ დიდი განსხვავებაა სიტკბოებაში გამჩენისა და გაჩენილისა; საუკუნოებისა და ჟამიერისა, შეუქმნელისა და ქმნულისა.
3. ჰოი ნათელო საუკუნო, რომელი უაღრესობ ყოველს გაჩენილებზედ სიბრწყინვალითა! გამოაბრწყინვე ზეცით ელვა, რომელმან სრულიად გაფანტოს სიბნელე ჩემის გულისა. გასწმიდოს, გაამხიარულოს, გაანათლოს და გააცხოველოს სული ჩემი და ყოველი ძალნი მისნი, რათა სიხარულით გატაცებული შენთან შეერთდეს. ოხ! როდის დადგება ჩემთვის ეს სასურველი და სანეტარო წამი, რომ მეჩვენო და გავძღე შენის ცქერითა და შენ იქმნე ჩემთვის ყველაფერი! სინამ არ მომენიჭება მე ესა, სიხარული ჩემი არ იქმნება სრული. ვაი ჩემს თავს! ჯერ ისევ ცოცხალია ჩემში ძველი კაცი; ჯერ კიდევ არ არის ჯვარცმული და სრულიად მოკვდინებული. ჯერ კიდევ ხორცი სულს სჩაგრავს; ჯერ კიდევ საშინელი ბრძოლა არის მათ შორის და არ აძლევს იგი თავისუფლებას სულსა, რათა იმეფოს ამან მშვიდობით
4. ხოლო შენ, რომელი ხარ მეუფე ზღვათა და მის ღელვათა დამამშვიდებელი, (ფსალმ. 88, 9) აღსდეგ, მოდი და შემეწიე მე (ფსალმ. 43, 26). გაფანტე წარმართნი, რომელნიც დამზადებულან ბრძოლისათვის (*ფსალ. 67, 29) და შემუსრე იგინი შენის ძლიერებითა. გამოიჩინე შენი დიდება, გევედრები, უფალო, და ადიდე მარჯვენა შენი, (ივდ. 9, 11; ზირ. 36, 6) რადგან ჩემთვის, შენს გარდა არ არის სხვა იმედი და არცა თავშესაფარი, უფალო ღმერთო ჩემო.
![]() |
6.35 თავი XXXV - მასზედ, თუ ვითარ შეუძლებელია, რომ კაცს არ ეშინოდეს განსაცდელისა ამ ცხოვრებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, შეუძლებელია ისე იცოცხლო, რომ შიში არაფრისა არა გქონდეს; არამედ, სინამ ცოცხალი ხარ, მარადის საჭირო იქმნება შენთვის სულიერი ფარ-ხმალი. ყოვლის მხრივ მტრები გყავს შემორტყმული და მარჯვნივ თუ მარცხნივ ეომები მათ. ამისთვის, თუ ყოვლის მხრივ არა გაქვს აფარებული მოთმინების ფარი, მალე მიიღებ მათგან ჭრილობას. ამასთანავე, უკეთუ გულით მარადის ჩემთან არ იქმნები შეერთებული იმ აზრით, რომ ყოველივე დაითმინო ჩემთვის, ვერასოდეს ვერ გაუძლებ შენ ფიცხელს ომს და ვერც დაიმსახურებ ნეტარების გვირგვინს. მაშ უნდა გააპო მტერი ვაჟკაცურად და მძლავრის მარჯვენით დასცე ყოველი მოწინააღმდეგე შენი. რამეთუ რომელმან სძლიოს, მიეცეს მას საჭმელად მანანა (გამოცხ. 2, 17), ხოლო მხდალს მოელის დიდი უბედურება.
2. უკეთუ ამ ცხოვრებაში ეძიებ განსვენებასა, მაშ რანაირად უნდა მოიპოვო შენ განსვენება საუკუნო? სჯობს გაემზადო უმეტესად მოთმინებისათვის, ვიდრე განსვენებისათვის. ჭეშმარიტს მშვიდობას ამ ქვეყანაზედ ნუკი ეძიებ, ზეცას ეძიე. ნუ მოელი მას ნურც კაცთაგან და ნურც სხვა რომელსამე დაბადებულთაგან; არამედ
ღვთისაგან მოელოდე. ღვთის სიყვარულისათვის სიამოვნებით უნდა დაითმინო ყოველივე: შრომა, მწუხარება, საცდურება, დევნულება, შეწუხება, სიღატაკე, სნეულება, უსამართლოდ მოპყრობა, შეურაცხება, ცილის წამება, დამცირება, ყვედრება, მხილება და მოძულება. აი, ყოველივე ესე შეგძენენ შენ სათნოებას; ესენი გყოფენ შენ ქრისტეს ჭეშმარიტს მოლაშკრეს და განგიმზადებენ ზეციურს გვირგვინს. მცირედის შრომისათვის მე მივაგებ საუკუნო საჩუქარს, და წარმავალის შეურაცხებისათვის დაუსრულებელს დიდებას.
3. იქმნება გგონია, რომ ყოველთვის, შენის სურვილისამებრ, გქონდეს სულიერი ნუგეშინისცემა? ეგ ყოველთვის ჩემს წმიდანებსაც არა ჰქონიათ; მათ იტვირთეს მრავალნი შეწუხებანი, ათასნაირნი საცდურებანი და დიდი უბედურებანი. და ყოველივე ესე სულგრძელობით დაითმინეს; იგინი დაიმედებულნი იყვნენ მარადის ღმერთზედ და არა თავიანთ თავზედ; დარწმუნებულნი იყვნენ, რომ აქაურნი ტანჯვანი ვერასოდეს ვერ იქმნებოდნენ იმგვარის ღირსებისა, რომ დაემსახურათ ის საუკუნო დიდება, რომელიც მათ მოელოდათ (რომ. 8, 19). ნუ თუ შენა გსურს ერთბაშად მიიღო ყველა ის, რაც სხვებს მწარის ცრემლით და დიდის ვაი-ვაგლახით ძლივს მოუპოვებიათ? ელოდე უფალსა, ვაჟკაცურად მოიქეც, და გამხნევდი: გულს ნუ გაიტეხ, ნუ დაიხევ უკან, არამედ შენი სული და ხორცი ღვთის დიდებას შესწირე. მე უხვად გადგიხდი ყველა ამას, და ყოველს შენს შეწუხებაში შენთან ვიქმნები.
![]() |
6.36 თავი XXXVI - წინააღმდეგად კაცთა უსამართლო განკითხვისა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, შენ ყოვლის გულით ღმერთს მიენდე, და კაცთა განკითხვისაგან ნუ შეგეშინდება, უკეთუ სინიდისი გემოწმება, რომ ღვთის მოშიში და უმანკო ხარ. ძრიელ კარგია და ნეტარებაა სწორედ, რომ ამგვარად იტანჯებოდეს კაცი, და არც ძნელია ეს გულით მდაბალი კაცისათვის, რომელიც დაიმედებულია უფრო ღმერთზედ, ვიდრე თავის თავზედ. ზოგნი ბევრს ლაპარაკობენ, და ამიტომ ყველაფერი არ უნდა დაუჯეროს მათ კაცმა. მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ყველანი კმაყოფილი ჰყვანდეს კაცს; თუმც დიდად ცდილობდა მოციქული პავლეც, რომ ყველასთვის ესიამოვნებინა ღვთის გულისათვის და ყველასთვის ყოველივე გახდა, მაგრამ მაინც განკითხული იქმნა კაცთა სამსჯავროში; ხოლო ამისთვისაც არ შესწუხდა (1 კორ. 9, 23. 43).
2. რაც-კი ხელიდან გამოუვიდოდა, ყოველივე ჰყო, რათა დაემოძღვრა და ეცხონებინა სხვანი; მაგრამ ამითი ზოგჯერ მაინც ვერ აიცდენდა ხოლმე თავიდგან განკითხვასა და მოძულებასა მრავალთაგან (1 კორ. 9, 22). ამისთვის ყველაფერი ღმერთს მიანდო, რომლის წინაშე ცხადია ყოველივე და სიმდაბლით და მოთმინებით იფარავდა თავის თავსმათსწინააღმდეგად, რომელნი იტყოდნენ მასზედ უსჯულოებასა, ანუ რომელნი ზრახვიდნენ ამაოებასა და სიცრუესა თავიანთის გულის დაგვარად. თუმც ზოგჯერ მართლულობდა თავს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ თავისი სიჩუმით უძლურნი არ დაბრკოლებულიყვნენ.
3. მაშ შენ მოკვდავი კაცისა როგორ უნდა გეშინოდეს? ის დღეს არის და ხვალ გაქრება. გეშინოდეს ღვთისა და მაშინ კაცისა აღარ შეგეშინდება. რას დაგაკლებს შენ ადამიანი თავისი სიტყვითა, ანუ უსამართლობით? იმითი ის თავის თავს უფრო ავნებს, ვიდრე შენ; და ვინც უნდა იყვეს, ვერსად ვერ წაუვა იგი ღვთის განკითხვას. შენ მარადის თვალ წინ გყვანდეს წარმოდგენილი ღმერთი და ფრთხილად იყავი ჩივილისა და სამდურავისაგან. მაგრამ თუ დაინახო, რომ შეურაცხყოფილი და გაუპატიურებული ხარ უმიზეზოდ, ნუ განრისხდები, რომ მოუთმენლობით სასყიდელი არ შეიმცირო; არამედ გულით მე მომმართე ზეცას, რადგან მე ვარ, რომელი ვიხსნი შეურაცხებისა და უსამართლოებისაგან, და მივაგებ ყველა კაცს მათის მოქმედებისამებრ.
![]() |
6.37 თავი XXXVII - ნამდვილს და სრულს თვისი თავის უარის ყოფაზედ, რომლით შეიძინება თავისუფლება გულისა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, უარ ჰყავ თავი შენი და მაშინ მიპოვნი მე. ნურაფერს ნუ ინდომებ, ნურავითარს საკუთრებას ნუ იქონიებ, და ყოველთვის უფრო მეტს შეიძენ. რადგან, როდესაც სრულიად და სამუდამოდ უარს ჰყოფ შენს თავს, უფრო სიუხვით მიიღებ ჩემს მადლს.
2. მორწმუნე სული: უფალო, რამდენჯერ უნდა უარ-ვჰყო ჩემი თავი? ანუ რაში უნდა მდგომარეობდეს ეს უარის ყოფა?
3. ქრისტე: მარადის და ყოველს დროს; ყველა რამეში, მცირეშიაც და დიდშიაც; ერთი სიტყვით მინდა, რომ სრულიად ღატაკი იყვე. სხვანაირად როგორ შეიძლება შენ მე მეკუთნოდე და მე შენ, უკეთუ როგორადაც შინაგან, აგრეთვე გარეგანს მოქმედებაშიაც სრულიად მოკვდინებული არ გექმნება შენი ნება? რავდენადაც მალე შეუდგები ამ საქმეს, იმდენად უფრო საუმჯობესო იქმნება შენთვის; და რავდენადაც უფრო შენი თავის უარის-ყოფა ნამდვილი და სრული იქმნება, იმდენად უფრო ჩემი მოსაწონი იქმნება და მრავალს შეიძენ.
4. ზოგნი თუმც უარს ჰყოფენ თავიანთს თავს, მაგრამ არა ისე, როგორც უნდა; რადგან ყოვლითურთ ღმერთზედ არ არიან მინდობილნი; არამედ კიდევ თავიანთს თავზედ ზრუნვენ. ზოგნიც, თუმც პირველში სრულიად უარს-ჰყოფენ მას, მაგრამ შემდგომ, როდესაც შეემთხვევათ განსაცდელი, ისევ უკან უბრუნდებიან თავიანთს თავს და ამისათვის ვერ წარემატებიან სათნოებაში. ამგვარნი ვერასოდეს ვერ შეიძენენ წმიდა გულის ნამდვილს თავისუფლებას და ვერც იქონიებენ ჩემთან ტკბილს მეგობრობას, სინამ თავიანთს თავს სრულიად უარს არ ჰყოფენ და მე არ შემომწირვენ მას, ურომლისოდ შეუძლებელია სრულიად ჩვენი შეერთება.
5. ბევრჯელ მითქვამს შენთვის და კიდევ გეტყვი: უარ ჰყავ და მოიძულე შენი თავი და უხვად შეიძენ საუკუნო მშვიდობას. ყველაფერი უნდა დასტოვო, თუ გინდა რომ ყოველივე შეიძინო; ნურაფერს ნუ ეძიებ, ნურაფერს ნუღარ დაიბრუნებ უკანვე, მტკიცედ მხოლოდ ჩემთან იყავი შეერთებული და მეც შენთან ვიქმნები. შენი გული იქმნება თავისუფალი და მას სიბნელე ვეღარ მიეკარება. ამას ეცადე, ეს ითხოვე, და იმას ნატრობდე, რომ ყოველ ნაირ საკუთრებისაგან თავისუფალი იყვე, და როგორადაც იესოა ღატაკი, შენც ისე ღატაკი შეუდგე მას, მოაკვდინო შენი თავი, რომ საუკუნოდ ჩემთან იცხოვრო. მაშინ დასცხრებიან ყველა ამაო ოცნებანი, უსაფუძვლო ფიქრები და გარდანამეტი ზრუნვა. მაშინ მოგშორდება უზომო შიში და მოკვდება უწესო სიყვარული.
![]() |
6.38 თავი XXXVIII - მასზედ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ გარეგანს საქმეებში და ვითარ უნდა მივმართავდეთ ღმერთსა განსაცდელის დროს. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: იმას ეცადე, ძეო ჩემო, რომ ყოველგან და შენს ყოველს გარეგანს საქმესა და შრომაში თავისუფლად დაიცვა შენი გული, და შენ იყვე პატრონი შენის თავისა; ყოველივე შენ უნდა გემორჩილებოდეს, და არა შენ იმათ. უფალი უნდა იყვე და მართველი შენის საქმისა და არა მსახური და მონა. თავისუფალი და ნამდვილი ისრაელი უნდა იყვე, რათა მემკვიდრე შეიქმნე იმ მამულისა, და იმ თავისუფლებისა, რომლითაც ხარობენ შვილნი ღვთისანი (გალ. 3, 26. 29); იგინი შორს არიან აწმყოზედ და განიზრახვენ საუკუნოებას; წარმავალთა ხედვენ მარცხენა თვალით, მაგრამ მარჯვენა თვალი მარადის ზეცას აქვსთ მიქცეული; არ არიან დატყვევებულნი ჟამიერთა კეთილთაგან,არამედ კეთილის აღსასრულისათვის ხმარობენ მათ, როგორც გაუწესებია ღმერთსა და დაუდგენია უზენაესს შემომქმედსა, რომელსაც უთავბოლოდ არაფერი არ გაუჩენია.
2. ხოლო, უკეთუ არც ერთს შემთხვევაში ყურადღებას არ მიაქცევ რომელსამე გარეგანს მოვლენას და სიამოვნებით არ დაუწყებ ცქერას ყველაფერს, რასაც გაიგონებ ანუ დაინახავ, არამედ ყოველს შემთხვევაში შეხვალ მოსესთან კარავში და შეეკითხები უფალსა; ისმენ ზოგჯერ მისგან საღმრთო პასუხსა და გამოხვალ განსწავლული, თუ როგორ უნდა მოიქცე აწმყოსა და მომავალში; რადგან მოსეც ყოველს საეჭვო და გასაჭირს შემთხვევაში მარადის კარავს მიმართავდა ხოლმე, და ლოცვით ითხოვდა შემწეობას სახიფათო მდგომარეობაში და კაცთა სიბოროტისაგან განთავისუფლებას; ამავე ნაირად შედი შენც გულის საიდუმლოებაში და დიდის ვედრებით ითხოვე შეწევნა ღვთისაგან. იმიტომ ისუ და ძენი ისრაელისანი მოსტყუვდნენ გაბაონელთაგან, როგორადაც ვკითხულობთ საღმრთო წერილში, რადგან პირველში უფალს არ შეეკითხნენ (იესო 9, 13. 14); არამედ ადვილად დაიჯერეს მათი ტკბილი სიტყვები და მათი ცრუ მოქმედებით შესცდნენ იგინი.
![]() |
6.39 თავი XXXIX -მასზედ, თუ ვითარ კაცი არ უნდა იყვეს აჩქარებული მოქმედებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ყოველს დროს მე მომანდე შენი საქმე, ძეო ჩემო, და მე კარგად ვაწარმოვებ მას თავის დროზედ. მოუცადე ჩემს განკარგულებას და დაინახავ, თუ რავდენად სასარგებლო იქმნება ეს შენთვის.
2. მორწმუნე სული: უფალო, დიდის სიამოვნებით მოგანდობ შენ ყოველსავე ჩემს საქმეს, რადგან მე იმოდონა სიბრძნე არა მაქვს, რომ კარგად ვაწარმოვო ისინი. ახ! ნეტავი არ იქმნება, რომმ ამას იქით თავი დავანებო ყოველს ამგვარს მზრუნველობას და ყოველითურთ მოვანდო თავი ჩემი შენს წმიდა ნებას!
3. ქრისტე: ხშირად ხდება, ძეო ჩემო, რომ კაცი ერთს რამეს ნატრობს გულით და მისთვის მოუსვენრობაშია; მაგრამ შეიძენს თუ არა, მასუკან სულ სხვა თვალით შესცქერის; ეს იმიტომ, რომ სურვილი დაუდგრომელია, ხშირად ერთიდან მეორეზედ გარდადის. მაშ დიდი საქმეა, რომ შეიძლოს კაცმა თვით მცირე რამეშიაც-კი თვისი თავის უარის ყოფა.
4. ჭეშმარიტი წარმატება კაცისა თვისი თავის უარის ყოფაშია, და რომელსაც უარ უყვია თვისი თავი, აი, ის არის მართლა თავისუფალი და მოსვენებული. მაგრამ უძველესი მტერი, რადგან წინააღმდეგია ყველა კეთილისა, არ იშლის თავის სიბოროტეს; არამედ დღე და ღამე დიდს მზაკვრობას ხმარობს, რომ გაუფრთხილებელი როგორმე მოატყუოს და თავის მახეში გააბას, ამისთვის: ,,იღვიძებდით და ილოცევდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა“ (მათ.26,41).
![]() |
6.40 თავი XL - მასზედ, რომ კაცს თავისგნით არა აქვს არავითარი სიკეთე, რომლითაც-კი შეეძლოს თვისი თავის ქება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, ,,რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი? ანუ ძე კაცისა, რამეთუ მოხედავ მას.“ (ფსალმ. 8, 4). იმისთანა რა ღირსეულება ნახე კაცში, რომ დაგისაჩუქრებია შენის მადლით? რა სიმართლე მაქვს, უფალო, რომ ვჩივოდე, როდესაც მომიძულებ? ანუ გემდურებოდე, როდესაც სათხოვარს არ ამისრულებ? ჭეშმარიტად, საჭიროა დავფიქრდე და ვსთქვა, რომ არაფერი არა ვარ, უფალო, არაფერი არ შემიძლია, და არც რაიმე კეთილია ჩემში; არამედ ყოვლითურთ უძლური და გლახაკი ვარ და თანდათან უფრო სისაწყლეში მივდივარ; და თუ შენ არ შემეწევი და არ გაამხნევებ ჩემს გულს, სულაც გავგრილდები და დავსუსტდები.
2. ხოლო შენ მარადის ერთი და იგივე ხარ (ფსალმ. 101, 12. 27), და საუკუნოდ დარჩები კეთილი, მართალი და წმიდა; ყოველსა ჰყოფ კეთილად, სიმართლითა და სიწმიდით, და სიბრძნით განაგებ ყოველსა. ისე სუსტი ვარ, რომ უფრო მეხერხება უკან ჩამორჩენა, ვიდრე წინ წასვლა, ამიტომ ერთს მდგომარეობაში ყოფნა მუდამ არ შემიძლია: დღეში შვიდნაირად უნდა შევიცვალო ხოლმე. მაგრამ, როდესაც შესაწევნელად გამომიწოდებ შენს ძლიერს მარჯვენას, მაშინათვე საუკეთესოდ იცვლება ჩემი მდგომარეობა. რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია, კაცის მოუხმარებლად, შემეწიო და გამაძლიერო იმ გვარად, რომ არასოდეს აღარ შეიცვალოს სხვაფერად ჩემი სახე, არამედ მხოლოდ შენსკენ მოიქცეს ჩემი გული და შენში გაისვენოს.
3. მაშ, უკეთუ უარს ვჰყოფ ყოველს კაცობრივს ნუგეშინისცემას, რათა გულმხურვალება შევიძინო, ანუ, რადგან არავისაგან არა მაქვს ნუგეშინისცემა და დამჭირნე ვარ შენ მოგძებნო, მაშინ შეიძლება იმედი ვიქონიო, შენს მადლზედ, რომ ახალის ნუგეშინისცემით გამამხიარულებ მე.
4. გმადლობ, წყაროვ ყოვლის სიკეთისაო, კეთილწარმატებისათვის, რომელსაც მომივლენ მე. მე ამაოება ვარ შენს წინ და სხვა სრულიად არაფერი. კაცი ვარ დაუდგრომელი და უძლური. მაშ რითი უნდა ვიქებდე თავსა? ანუ რის გამო უნდა ვეძიებდე მე ჩემს პატივს? იმისთვის, რომ არაფერი ვარ? ეს ხომ უფრო უმეტესი არარაობა იქმნება ჩემთვის? ჭეშმარიტად დიდი მავნებელი სენია და დიდი ამაოებაა ცრუ თავის ქება: რადგან მოგვაშორებს იგი ჩვენ ჭეშმარიტის დიდებისაგან და ზეციურს მადლს დაგვაკარგვინებს. არც შენ გესიამოვნება ის კაცი, რომელსაც თვისი თავი მოსწონს, და რომელიც კაცთაგან ქებას ეძიებს, იგი ზეციურს მადლს მოკლებული იქმნება.
5. იმაშია ჭეშმარიტი დიდება და წმიდა სიხარული, რომ კაცი შენგან იდიდოს და არა თვისი თავისგან; შენის სახელით უხაროდეს და არა თვისი სათნოიანი მოქმედებით, და არცაღა გაჩენილთაგან მიიღოს რაიმე კმაყოფილება, თუ არ მხოლოდ შენთვის. შენი სახელი უნდა იყვეს ქებული და არა ჩემი: შენნი საქმენი უნდა იყვნენ დიდებულნი და არა ჩემი; შენი წმიდა სახელი უნდა იკურთხებოდეს, ხოლო ჩემზედ არავითარი ქება არ უნდა ითქმოდეს კაცთაგან. შენ ხარ დიდება ჩემი; შენ ხარ ,,სიხარული გულისა ჩემისა“ (ფსალმ. 118, 111). შენით უნდა ვიყვე მე ქებული და მხიარული მარადის. ხოლო მე უძლუროების მეტი არაფერი არა მაქვს სასიქადულო (2 კორ. 12, 5).
6. ურიებმა ეძიონ დიდება ერთმანერთისაგან; მე დიდებას მხოლოდ ღვთისაგან ვეძიებ (იოან. 5, 44). რადგან ყოველი კაცობრივი დიდება და ყოველი ჟამიერი პატივი, და ყოველი უაღრესობა სოფლისა, შედარებით შენს საუკუნო დიდებასთან, ამაოება და სისულელეა. ჰოი სიმართლე და მოწყალებაო ჩემო! ღმერთო ჩემო და ნეტარო სამებაო! შენ მხოლოსა გშვენის ქება, პატივი, ძალი და დაუსრულებელი დიდება საუკუნოებიდგან და უკუნისამდე.
![]() |
6.41 თავი XLI - მასზედ, თუ ვითარ უნდა მოვიძულოთ ყოველივე ჟამიერი პატივი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ნუ შესწუხდები, ძეო ჩემო, უკეთუ სხვებს აქებენ და პატივსა სცემენ, და შენ-კი დაგამცირებენ და შეურაცხგყოფენ. გულით მე მომმართე ზეცას, და მაშინ აღარ შესწუხდები,როდესაცშეურაცხგყოფენშენქვეყანაზედკაცნი.
2. მორწმუნე სული: ბრმანი ვართ, უფალო, და სოფლის ამაოებით ადვილად ვსტყუვდებით. უკეთუ კარგად დავფიქრდები, მე არავისაგან არ მიმიღია არასოდეს უსამართლოება, და არც სიმართლე მაქვს, რომ შენს წინააღმდეგად ვჩივოდე. მაგრამ ღირსი-კი ვარ, რომ ყოველნი დაბადებულნი მე მდევნიდნენ, რადგან მრავალგზის დიდად შემიწყენიხარ შენ. ამისგამო სიმართლე მოითხოვს, რომ ყოველნაირად გაკიცხული და შეურაცხყოფილი ვიყვე; ხოლო შენ-კი უნდა იყვე ქებული, პატივცემული და დიდებული. და სინამ არ გავემზადები იმ გვარად, და გულით არ ვინატრებ, რომ შეურაცხყოფილი და მოძულებული ვიყვე ყველა გაჩენილთაგან და არაფრად ჩარაცხული, შეუძლებელია მოვიპოვო გულის მშვიდობა, გავნათლდე სულით და სრულიად შენ შემოგიერთდე.
![]() |
6.42 თავი XLII - მასზედ, თუ ვითარ ჩვენს მშვიდობას კაცთაგან არ უნდა მოველოდეთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, თუ შენს მშვიდობას ვინმე კაცისაგან მოელი, იმიტომ რომ შენი და იმისი ხასიათები უდგებიან ერთმანერთს და ტკბილად სცხოვრობთ, მარადის მოუსვენებელი და შეწუხებული იქმნები. მაგრამ, უკეთუ მიჰმართავ ჭეშმარიტებას, რომელიც ცხოველ არს და სუფევს უკუნისამდე, ადვილად დაითმენ მეგობრის მოშორებას და მისს საკვდილსაც-კი. მეგობრული სიყვარული უნდა იყვეს დამყარებული ჩემზედ, და მხოლოდ ჩემთვის უნდა გიყვარდნენ ყველა ისინი, ვინც სათნოიან კაცებად გეჩვენებიან და რომელნიც ღირსნი არიან ამ ქვეყანაზედ შეყვარებისა. უჩემოდ მეგობრობა არაფერში არ არის გამოსადეგი და ვერც დიდხანს გასტანს; და არც შეიძლება, რომ სიყვარული იყვეს წმიდა, და ჭეშმარიტი, რომელსაც მე არ შევაკავშირებ. იმოდნად უნდა მოაკვდინო შენში სურვილი კაცობრივის სიყვარულისა, რომ რავდენადაც-კი შეიძლება ნატრობდე კაცთა ამხანაგობისაგან განშორებას; რავდენადაც უფრო კაცი მოშორებული იქმნება საქვეყნიერო ნუგეშინისცემისაგან, იმდენად უფრო დაუახლოვდება იგი ღმერთსა. რავდენათაც უფრო ღრმად დაიმდაბლებს და შეურაცხყოფს თავის თავს, იმდენად უფრო ამაღლდება იგი ღმერთთან.
2. ხოლო, რომელიც თავის თავს მიაწერს რაიმე სიკეთეს, იგი დაუშლის გარდამოსვლას ღვთის მადლისას თავის გულში; რადგან სული წმიდის მადლი მარადის მდაბალს გულს ეძიებს. უკეთუ დაამცირო შენი თავი და გაჩენილთა სიყვარულს მოშორდე, მეც უხვად დაგასაჩუქრებ ჩემის მადლითა. და როდესაც-კი კმაყოფილებით დაუწყებ გაჩენილებს ცქერას, იცოდე დამბადებელიც შენ მოგარიდებს თავის მადლიანს თვალს. მაშ ეცადე ყველაფერში შენი თავი დაიმორჩილო სიყვარულისათვის დამბადებელისა, და მაშინ შეგეძლება იცნა კარგად ღმერთი. რაც უნდა მცირე იყვეს საგანი შენის სიყვარულისა, უკეთუ უწესო გრძნობით დაუწყებ მას ცქერას, იგი მოგაშორებს უმაღლესს სიკეთესა და ავნებს შენს სულსა.
![]() |
6.43 თავი XLIII - წინააღმდეგ ამ ქვეყნიურ ცრუ მეცნიერებისა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ფრთხილად იყავი, არ მოსტყუვდე კაცთა მშვენიერის და ტკბილის სიტყვებით; რადგან მჭევრმეტყველებით-კი ვერ მოვიგებთ სასუფეველსა ღვთისასა, არამედ კეთილ-მოქმედებით (1 კორ. 4, 20). ყურადღება მიაქციე ჩემს სიტყვებს, რომელნიც გულს აღანთებენ და გონებას ანათლებენ; სინანულს აძლევენ და ჭეშმარიტს ნუგეშინისცემას ანიჭებენ. ნურასოდეს ნუ წაიკითხავ ჩემს სიტყვებს იმ განზრახვით, რომ სწავლულიდაბრძენიგამოსჩნდე, არამედ რათა მოიშორო შენნი ბიწიერებანი; რადგან ეს უფრო სასარგებლო იქმნება შენთვის, სინამ ახსნა მრავალ ძნელ კითხვებისა.
2. რაც უნდა ბევრი იკითხო და ისწავლო, მაინც გახსოვდეს, რომ მე ვაძლევ ყველას მეცნიერებას (ფსალმ. 93, 80); მე ვარ, რომელიც ისე გავანათლებ და გონიერს ვყოფ ყრმებს (ფსალმ. 118, 130), რომ ვერა-კაცი ვერ მოახერხებს ამას. რომელთანაც მე ვისაუბრებ, ის მაშინვე ბრძენი შეიქმნება და დიდად წარემატება სულითა. ვაი მათ, რომელნიც სხვა და სხვა ახალის ამბების შეტყობას-კი ცდილობენ, და იმას, თუ როგორ უნდა მემსახურნენ, ბევრს არაფერს დასდევენ. მოვა დრო, როდესაც გამოჩნდება ქრისტე, მოძღვართა მოძღვარი, ანგელოზთა უფალი, და მოისმენს თვითვეულისაგან გაკვეთილს, ესე იგი გამოიძიებს ყოველ მათგანის სინიდისს. მაშინ ხელში ეჭირება მას ანთებული ლამპარი და ისე დაჩხრეკს იერუსალემს, და ბნელისაგან დაფარულს ყველაფერს გამოააშკარავებს; მაშინ თავის გამართლებისათვის გვიანღა იქმნება.
3. მე ვარ, რომელი მდაბალს იმ ზომამდე ავამაღლებ გონებით, რომ შეიგნებს საუკუნო ჭეშმარიტების მრავალ საიდუმლოებათა, რომლის მსგავსი არ შეუძლია ისწავლოს სხვამ ათის წლის შრომით სასწავლებელში. მე ვასწავლი ჩუმად, აურ-დაურევლად აზრებისა, არ ვეძიებ მასში ჩემს დიდებას, და არც მრავალ ნაირ დამტკიცებათა წარმოდგენით. მე ვასწავლი საქვეყნიერო რაიმეთა შეძულებას, აწმყოს უარის ყოფას, საუკუნოის ძიებას, ზეციურის გულისხმის ყოფას. თავის მორიდებას პატივისცემისაგან, საცდურებათა დათმენას, ჩემზედ სასოების ქონებას, ჩემს გარდა სხვა არაფრის ნატვრას და ყველაზედ უფრო მომეტებულად ჩემს შეყვარებას.
4. რომელთაც შემიყვარეს მე ყოვლის გულითა, მათ შეიგნეს ღვთიური საიდუმლოებანი და საკვირველად ლაპარაკობდნენ. იმათ უფრო ბევრი გააკეთეს, რომ ყველაფერი დასტოვეს, ვიდრე რომ შეესწავლათ დაწვრილებით ყოველივე. ზოგს ჩვეულებრივ საგნებზედ ველაპარაკები და ზოგსაც მაღალს რამეებზედ. ერთს ტკბილის იგავებით და მაგალითებით გავაცნობ ჩემს თავსა და სხვებს დიდის ბრწყინვალებით გამოუცხადებ საიდუმლოებათა. წიგნები ყველას ერთნაირად ემუსაიფებიან, მაგრამ ყველას ერთნაირად-კი არ სწურთნიან. რადგან მე ვარ მასწავლებელი შინაგან ჭეშმარიტებისა, გამომცდელი გულისა, მცნობელი განზრახვათა, მწარმოებელი საქმისა და დამსაჩუქრებელი თვითვეულისა თავიანთის ღირსებისამებრ.
![]() |
6.44 თავი XLIV - მასზედ, თუ ვითარ დიდად არ უნდა იყვეს კაცი გარეგან საგნებში გართული. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ბევრი რამეა, ძეო ჩემო, რომელიც სჯობია არ იცოდე. სჯობს, რომ მკვდრად ჩარაცხო შენი თავი ამ ქვეყანაზედ და ქვეყანა შენთვის ჯვარცმულად (კორ. 3, 3; გალ. 6, 14). ბევრ რამეს თვალ ყური უნდა მოარიდო, და უფრო მომეტებულად უნდა ფიქრობდე შენს შინაგანს მოსვენებაზედ. სჯობია უსიამოვნო საგნებს თვალი მოარიდო და ბევრჯელ უფრო სამჯობინოა, რომ სხვას აზრი დაუთმო, სინამ შეკამათებით აწყენინო. უკეთუ მტკიცედ იქნები ღმერთთან შეერთებული და მარადის წარმოდგენილი გექნება მისი სამართალი, ადვილად დაითმენ სხვისაგან დაძლევას.
2. მორწმუნე სული: ახ, სადამდის მიაღწია, უფალო, ჩვენმა სისაწყლემ! ჟამიერს თუ რამეს დავკარგავთ, მაშინათვე ვსტირით; მცირედი შესაძენისათვის დიდს შრომას და შეწუხებას ვსწევთ; და სულის წაწყმედისათვის თითქმის სრულიად არც ვსწუხვართ. ბევრჯელ გვავიწყდება ისა, და თუ გვაგონდება როდესმე, ისიც მომეტებულად გვიან. უბრალო, ანუ უსარგებლო რაიმესათვის-კი დიდად ვზრუნავთ; და რომელიც მართლა დიდად საჭიროა, მისთვის-კი ბევრიარა გვენაღვლება რა, რადგან კაცი ერთობ გართულია საქვეყნიერო კმაყოფილებაში, და მასში რჩება სამუდამოდ, თუ არ ჩაუკვირდა კარგად თავის მდგომარეობას.
![]() |
6.45 თავი XLV - მასზედ, თუ ვითარ ყველა კაცს არ უნდა ვერწმუნებოდეთ, და როგორ ადვილად შეიძლება შესცდეს კაცი სიტყვაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: მწუხარებაში შემეწიე მე, უფალო, რადგან შემწეობა კაცისა ბევრს ვერას მიშველის (ფსალმ. 59, 11). რამდენჯერ მოვსტყუებულვარ იმათგან, ვისგანაც დიდი იმედი მქონდა მე. და ბევრჯელ ვისი იმედიც სრულიად არა მქონდა, მისგან მიმიღია ნუგეშინისცემა! მაშ ამაო არის კაცზედ იმედის დამყარება; ხოლო მართალთა ხსნა შენს ხელშია, ღმერთო. კურთხეულ იყავნ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოველისათვის, რაიც-კიშემემთხვევამე. უძლურნი ვართ და დაუდგრომელნი; ადვილად ვსტყუვდებით და ვცვალადობთ.
2. ვის შეუძლია ისე გაფრთხილებული და წინდახედული იყვეს ყველა შემთხვევაში, რომ არასოდეს მოსტყუვდეს და არც გაშფოთდეს? მაგრამ, რომელიც შენ მოგენდობა და წმიდის გულით გეძიებს, უფალო, ის ისე ადვილად როდიღა შესცდება; და უკეთუ ჩავარდეს იგი რაიმე შეწუხებაში, როგორიც უნდა იყვეს ეს შეწუხება, შენ მაინც მალე იხსნი მას, ანუ ნუგეშინსასცემ, რადგან არასოდეს სამუდამოდ არ დაივიწყებ მოსავთა შენთა (ფსალმ. 9, 10). იშვიათია იმისთანა სარწმუნო მეგობარი, რომელმან ყოველს შემთხვევაში ნამდვილი მეგობრობა გაგიწიოს. მხოლოდ შენ ხარ, უფალო, ყოველს შემთხვევაში სარწმუნო და შენს გარდა სხვა არავინ არის.
3. ოჰ, რა ბრძენი ყოფილა ის წმიდა სული, რომელსაც უთქვამს: ,,გონება ჩემი განმტკიცებულ და დაფუძნებულ არს ქრისტეშიო“ (წმინდა აგათა). უკეთუ მეც ასე ვყოფილვიყავი, კაცობრივი შიში ამგვარად ხომ ვეღარ შემაშფოთებდა და ვერც მწარე სიტყვები ამაღელვებდნენ? ვის შეუძლია, რომ ყველაფერი წინ და წინ სცნას, ანუ ყველა უბედურს შემთხვეულებას წინადვე კარგად გაუფრთხილდეს? უკეთუ ზოგჯერ წინადვე ცნობილი უბედურებაც-კი ძრიელ გვაწუხებს, მაშ რაოდენ უფრო დიდად არ უნდა შეგვაწუხოს მოულოდნელმა უბედურებამ? მაშ რისთვის არ ვიყავი მე, საბრალო, წინადვე გაფრთხილებული და რად დაუჯერე ყველას ასე ადვილად. იმისთვის, რომ კაცნი ვართ უძლურნი, თუმც-კი სხვებს ანგელოზებად ვგონივართ და ანგელოზებს გვეძახიან. მაშ შენს მეტს სხვა ვიღას უნდა ვერწმუნო, უფალო, რადგან შენ ხარ იმგვარი ჭეშმარიტება, რომ არც არავის მოატყუებ და არც მოსტყუვდები. მაგრამ, წინააღმდეგ ამისა, ,,ყოველი კაცი ცრუ არს“ (ფსალმ. 115, 2); ყველა უძლურია, დაუდგრომელი და გაუბრთხილებელი მომეტებულად ლაპარაკში, ასე რომ მაშინაც-კი ძნელად უნდა დავიჯეროთ მისგან, როდესაც სიმართლის სახე ადევს მისს ნათქვამს.
4. რაოდენი სიბრძნეა იმ სიტყვებში, რომელიც გვითხარი: მოერიდეთ კაცთა, რადგან სახლობაცა კი მტერია მისი (მიქ. 7, 6; მათ. 10, 36) და ნუ ერწმუნებით ყველას, რომელნიც გეტყვიან: აი აქ არის, ანუ იქა (მათ. 24, 23; ლუკ. 17, 23). ყოველივე ესე შევიგნე ჩემის უბედურებით; და ნეტავი ახლა მაინც გავფრთხილდებოდე და ისე უგუნურად აღარ მოვიქცეოდე! ზოგჯერ კაცს უთქვამს ჩემთვის: აი, ფრთხილად იყავი, იცოდე: არავის არ უთხრა ეს ჩემი სიტყვებიო. მეც ფრთხილად ვარ, და მგონია, რომ მართლა საიდუმლოდ არის დაცული მისი ნათქვამი; მაგრამ ბოლოს ვხედავ, რომ თვითონ იმას ვეღარ მოუთმენია, რომელიც მე მაფრთხილებდა, გაუცივარ მეცა და თავისი თავიც და წასულა. დამიფარე მე, უფალო, ამგვარი ცრუ და მსუბუქ გონებიანი კაცებისაგან, რათა არ ჩავარდე მათს ხელში და მეც მათსავებ ცუდი არაფერი არ ჩავიდინო. მათქმევინე მე მტკიცე და ჭეშმარიტი სიტყვები და პირფერობისაგან დამიფარე მე. რაც სხვებში არ მომწონს, მას ყოველნაირად უნდა ვერიდებოდე მეც.
5. ახ! რავდენს კეთილსა და მშვიდობას შევიძენთ, უკეთუ სხვების შესახებ ჩუმად ვიქმნებით, ყველაფერს ადვილად არ ვირწმუნებთ, რაც გაგვიგონია საიდუმლოდ შევინახავთ, ყველას ჩვნს გულს არ გავუშლით, და მარადის გეძიებთ შენ, გულთა მხილველო; არ ავყვებით ყველას სიტყვას, არამედ ვინატრებთ, რომ ყოველივე ჩვენს შინაგან და ჩვენს გარეშე აღსრულდეს შენის წმიდა ნებისაებრ! ახ! როგორ უშიშრად იქმნება ჩვენში დაცული ზეციური მადლი, უკეთუ თავიდან ავიცილებდეთ ყოველსავე ამა ქვეყნიურს დიდებასა და არცა ვინატრებდეთ არაფერს მისთანას, რაც ხალხს საკვირველ რამედ ეჩვენება; არამედ გულს მოდგინებით უნდა ვეძიებდეთ მას, რაც ასწორებს ჩვენს ცხოვრებას და აღორძინებს ჩვენში სასოებას. ბევრმა დიდი ვნება მიიღო იმისაგან, რომ ყველამ შეიტყო მათი სათნოიანი ცხოვრება და აქეს იგინი. ხოლო სხვებს მრავალს მეტად არგო, რომ დაფარული იყვნენ მათი კეთილი საქმენი ამ ხრწნილს ცხოვრებაში, რომელიც სავსეა საცდურებითა და არის გამუდმებული ბრძოლა.
![]() |
6.46 თავი XLVI - მასზედ, თუ როგორ უნდა ვსასოებდეთ ღმერთზედ, როდესაც უსამართლოდ ვიკიცხებით. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მხნედ იყავ, ძეო ჩემო, და ჩემზედ გქონდეს სასოება. სიტყვისა როგორ უნდა შეგეშინდეს? უბრალო ქარია, რომელიც, თუმცა-კი ჰაერში გრიალობს, მაგრამ ქვასაც-კი ვერას აკლებს. თუ რამეში დამნაშავე ხარ, ეცადე, რომ ეს შეცდომილება როგორმე გაისწორო, და თუ სინიდისი წმიდა გაქვს, მაშინ მოიგონე, რომ ვალდებული ხარ დაითმინო ყოველივე ეს ღვთის გულისათვის. თუმც სიტყვებით შეწუხება ყველა შეწუხებაზედ ადვილი დასათმენია, მაგრამ შენ ეს დიდრამედ გეჩვენება, რადგან ამაზედ უმძიმესის დათმენა შენთვის შეუძლებელია. აი, ხედავ ამისთანა უბრალო რამე როგორ მაშინვე ტყვიასავებ ხვდება შენს გულს! ეს იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელი სუსტი კაცი ხარ და ამ ქვეყნიურ პატივისცემას უფრო მეტს ყურადღებას აქცევ, ვიდრე გეკუთვნის. რადგან გეშინია სასაცილო არ გახდე, ამიტომ არ გეამება, რომ ვინმემ შენი ურიგობა გამხილოს, და ცდილობ დაჰფარო იგი.
2. მაგრამ თუ კარგად ჩაუკვირდები შენს თავს, დაინახავ, რომ ჯერ ისევ ცოცხალია შენში სოფლის სიყვარული და ცდილობ მოსაწონი იყვე კაცთაგან. რადგან, როდესაც ერიდები შეურაცხებას და შენს ნაკლულოვანებათა მხილებას, სჩანს სრულიად არა გაქვს ჭეშმარიტი სიმდაბლე და არც სრულიად მოკვდინებული ხარ ქვეყნისათვის, და არც ქვეყანაა შენთვის ჯვარცმული (გალ. 6, 14). მაგრამ ისმინე ჩემი სიტყვები, და მაშინ აღარ შესწუხდები ათასნაირი ცილიც რომ დაგწამონ. რაც უნდა დიდი სიბოროტე სთქვან შენზედა, რა დაგაკლდება შენ იმითი, უკეთუ ყურადღებას არ მიაქცევ და სულ უბრალო ჩალადაც-კი არ ჩასთვლი? ბეწვსაც ვერ მოგაკლებენ თმიდგან.
3. მაგრამ რომელსაც თავისი გული არა ჰყავს დამორჩილებული და არც ღმერთი ჰყავს მარადის თვალწინ წარმოდგენილი, მას თვით უბრალო დაცინვაც-კი დიდად ააშფოთებს. ხოლო, რომელსაც ჩემზედ აქვს სასოება დამყარებული, და თავის საკუთარს მსჯელობაზედ არ არის დანდობილი, მას სრულიად არავისი არ ეშინია; რადგან მე ვარ მსაჯული ყოველთა; ჩემთვის არაფერია დაფარული; მე ყველა ნამდვილად ვიცი რაც მომხდარა; ვხედავ ვინ არის დამჩაგვრელი და ვინ დაჩაგრული. ჩემი ნათქვამია აი ეს სიტყვები: რამეთუ განცხადდები ან მრავალთა გულთა ზრახვანი (ლუკ. 2, 35; 1 კორ. 4, 5), და როგორც მითქვამს, ისეც ასრულდება. მე უნდა გავსაჯო ბრალიანიცა და უბრალოც; მაგრამ მნებავს პირველში ჩემი დაფარული მსჯავრით გამოვსცადო მე იგინი.
4. კაცთა მოწმობა ხშირად შემცდარია, მაგრამ ჩემი სამართალი ჭეშმარიტია და მარადის შეუცვლელადვე დარჩება. საზოგადოდ მრავალთათვის დაფარულია იგი, მაგრამ ზოგთათვის-კი განცხადებულია. იგი არასოდეს არ მოსტყუვდება და არც არავის არ მოატყუებს; თუმცა-კი უმეცართა სამართლიანი არა ჰგონიათ ესა. მაშ ყველა რამის გასამართლება მე უნდა მომანდონ და თავიანთს გონიერებას არავინ არ უნდა დაემყაროს. მართალი არ შესწუხდება არასოდეს, რაც უნდა შეემთხვას იმას ღვთისაგან (იგავ. 12, 21). თუ გინდ უსამართლოდაც გასაჯონ, ბევრს არაფერს ინაღვლის; არც იმისთვის გაიხარებს აგრე რიგად, უკეთუ ზოგნი მას სრულიად გაამართლებენ. რადგან იმან იცის, რომ მე ვარ გულთა და თირკმელთა გამკითხველი (ფსალმ. 7, 9) და პირუთნეველი მსაჯული, და არა კაცთა შეხედულების დაგვარად გამკითხველი. ვინაიდგან რაც ხალხს ბევრჯერ საქებრად მიაჩნიათ, ის ჩემს წინ ხშირად შეცდომილებაა.
5. მორწმუნე სული: უფალო ღმერთო, მსაჯულო მართალო, ძრიელო და სულგრძელო, რომელი სცნობ კაცის უძულურებასა და სიბოროტეს, შენ ხარ ჩემი ძალა და მთელი სასოება; რადგან ჩემი სინიდისი ბევრს ვერაფერსა მშველის. რაც შენთვის ცხადია, ის ჩემთვის დაფარულია; ამისათვის სიმდაბლით უნდა მოვიქცე ყოველს დროს და სიმშვიდით უნდა დავითმინო, როდესაც რაიმეს მამხილებენ. მომიტევე მე სახიერებითა შენითა, უკეთუ როდესმე ამგვარად არ მოვქცეულვარ და კიდევ მომიმატე მადლი, რომ უფრო მტკიცე იყვეს ჩემი მოთმინება. ისა სჯობს, რომ შენის უხვის მოწყალებისაგან მოველოდე ჩემი ცოდვების მოტევებას, სინამ უდანაშაულო მეგონოს ჩემი თავი, რომელიც ჩემთვის დაფარულია. თუგინდ ჩემში ვერა ვითარს დანაშაულობას ვერ ვხედავდე, მაინც ვერ გავბედავ თავის გამართლებას (1 კორ. 4, 4), რადგან, თუ არ შენის მოწყალებით, ხორციელი ვერავინ ვერ გამართლდება (ფსალმ. 142, 2).
![]() |
6.47 თავი XLVII - მასზედ, თუ ვითარ საუკუნო ცხოვრებისათვის ყველა უბედურებანი უნდა დავითმინოთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, მაგ შრომამ, რომელიც ჩემის გულისათვის თავზედ აგიღია, გული არ გაგიტეხოს, არც შეწუხებას შეუშინდე. მოიგონე ჩემი დაპირება და მარადის ნუგეშინისცემული იქმნები. მე შემიძლია აღურიცხველი და განუზომელი სიკეთით დაგსაჩუქრო შენ. დიდს ხანს არ გასწევს შენი ამგვარი შრომა ამ ქვეყანაზედ, არც ყოველთვის ასე მწუხარე იქმნები; ცოტა კიდევ მოითმინე და მალე ბოლო მოეღებათ მაგ შენს უბედურებათა. მოვა დრო, როდესაც სრულიად მოისვენებ ყოველის შრომისა და შეწუხებისაგან. ყოველივე, რაც-კი ჟამთა ვითარებასთან გაივლის, მოკლე და უბრალო რამ არის.
2. გულს მოდგინედ შეუდექი შენს საქმეს, ერთგულად იშრომე ჩემს ვენახში და მე ვიქმნები შენი სასყიდელი. სწერე, იკითხე, იგალობე, ოხვრიდე, მდუმარებდე, ილოცვიდე, და ყოველი უსიამოვნება მხნედ დაითმინე; რადგან იმისთანა ნეტარებაა საუკუნო ცხოვრება, რომ ამაზედ უმეტესი შეწუხებაც რომ დაითმინო, მაინც კიდევ ცოტა იქმნება. მოგივა მშვიდობა ერთს დღეს, რომელიც დანიშნულია ღვთისაგან, და მაშინ აღარ იქმნება აღარც დღე და აღარც ღამე; არამედ იქმნება სამარადისო ნათელი, დაუსრულებელი ბრწყინვალება, შეურყეველი მშვიდობა და ჭეშმარიტი განსვენება. მაშინ აღარ იტყვი: ვინ დამიხსნის ამ მოკვდავი სხეულისაგან? (რომ. 7, 24) და აღარც კვნესით წარმოსთქვამ: ვაი მე! როგორ გაგრძელდა ჩემთვის წუთისოფელი! (ფსალმ. 119, 5) რადგან სიკვდილი დაითრგუნება თუ არა, მაშინვე დადგება საუკუნო ცხოვრება; გაქრება ყველა მწუხარება და მის ადგილს დაიჭერს სანეტარო სიხარული, ტკბილი და ბედნიერი ამხანაგობა.
3. ოხ! შენ რომ იხილო ის დიდება, რომლითაც ზეცაში დაგვირგვინებულნი არიან წმიდანი, ის ბედნიერება, რომლითაც სტკბებიან იგინი, რომელნიც ერთს დროს, ამ ქვეყანაზედ, ყველასაგან მოძულებულნი იყვნენ და, ასე გაშინჯე, სიცოცხლის ღირსადაც-კი არ იყვნენ ჩარაცხულნი, მაშინ ეჭვი არ არის, რომ სიმდაბლით მიწასთან გაათანასწორებ შენს თავს და იმას უფრო ირჩევ, რომ ყველას ხელქვეითი იყვე, ვიდრე ბრძანებელი ერთი ვინმესი. თავის დღეში აღარ ინატრებ ამ ქვეყანაზედ რაიმე ბედნიერებას; არამედ უფრო გაიხარებ, რომ ღვთის გულისათვის იტანჯებოდე, და დიდ დიდებად ჩარაცხავდი, რომ არაფრად იყვე მიჩნეული კაცთაგან.
4.ახ! უკეთუ კარგად გქონდეს შეგნებული ეს ჭეშმარიტებანი და ღრმად იყვნენ იგინი შენს გულში ჩანერგილნი, განა კიდევ გაბედავდი რამეზედ საჩივრის წარმოთქმას? განა საუკუნო ცხოვრებისათვის ყოველივე სიძნელე არ უნდა დავითმინოთ? განა უბრალო რამეა დაკარგვა ანუ მოპოება ღვთის სასუფეველისა? მაშ ამოიხედე ზეცისაკენ: აი მე ვარ აქა და ყველა ჩემი წმიდანებიც ჩემთან არიან. რადგან მათ ამ ქვეყანაზედ დიდი ბრძოლა დაითმინეს, მისთვის ახლა უხარიათ, ნუგეშინისცემულნი არიან, აღარაფრისა ეშინიათ, და ტკბილად განისვენებენ ჩემთან უკუნისამდე მამისა ჩემისა სასუფეველში.
![]() |
6.48 თავი XLVIII - საუკუნო ნეტარებაზედ და ამ ცხოვრების სივაგლახეზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ჰოი სანეტარო სამკვიდრებელო ზეციურო ქალაქისო! ოხ! ბრწყინვალე დღეო საუკუნოებისაო, რომელსაც ვერასოდეს ვერ შეგეხება სიბნელე ღამისა, არამედ მარადის უზენაესი ჭეშმარიტების სხივებით კაშკაშებ! დღეო, მარადის მხიარულო, მარადის მშვიდობიანო და საუკუნოდ უცვალებელო! ახ! როდის გამითენდები, რომ დასრულდეს ჩემთვის ყველა ეს წუთიერება! წმიდანებისათვის უკვე გათენებულა ეს დღე და მისის საუკუნოდ ბრწყინვალე სხივებით სტკბებიან იგინი; ხოლო ამ ქვეყნად ჯერ ისევ მოგზაურნი შორიდან, როგორადაც სარკეში, შესცქერიან მას.
2. ზეციურნი მოქალაქენი გრძნობენ, რაოდენ სასიხარულოა ის დღე: ხოლო ევას გამოდევნილნი შვილები-კი გოდებენ, რადგან მწარე და დაუთმენელია ეს ცხოვრება. დღენი ამ ქვეყანაზედ მოკლე და მავნებელნი არიან და სავსე მწუხარებითა და ვაებით. კაცი ცოდვით ივსება ამ ცხოვრებაში და მრავალ ვნებათაგან არს დამონავებული; რავდენნაირიშიშიაქვსგულში!ათასნაირიზრუნვათავს ახვევია! ცნობის მოყვარეობისაგან გატაცებულია, ამაოებისაგან დაბრმავებული, მრავალ შეცდომილებით სავსეა, შრომისაგან წელში მოდრეკილი, განსაცდელთაგან დატანჯული, განცხრომებისაგან დასუსტებული და სიღატაკით წამებული.
3. ახ! როდის მოეღება ბოლო ამოდენს უბედურებას? როდის უნდა განვთავისუფლდე ბიწიერებათა უწყალო მონებისაგან. როდის იქმნება, რომ მხოლოდ შენ მახსოვდე, უფალო? როდის უნდა გავიხარო სრულიად შენით? როდის უნდა გადავრჩე ამოდონა დამაბრკოლებელ გარემოებათა? როდის უნდა შევიძინო ჭეშმარიტი თავისუფლება, და როდის უნდა მოვისვენო სულიერის და ხორციელის ტანჯვისაგან? როდის უნდა მოვიღო მშვიდობა შეურყეველი, უშფოთველი, უშიშარი, მშვიდობა შინაგანი და გარეგანი და ყოველ მხრივ დაურღვეველი? კეთილო იესო, როდის მეღირსება, რომ გიხილო შენ? როდის იქმნება დავინახო შენი ზეციური დიდება? როდის იქმნები შენ ჩემთვის ყოველივე ყველაფერში? ახ! როდის უნდა ვიყვე მე შენთან სასუფეველში, რომელიც გაგიმზადებია დასაბამიდგან სოფლისა შენს შემყვარებელთათვის? (მათ. 25, 34). უნუგეშოდ ვარ დატოვებული სიღატაკეში და განდევნილი მტრების ქვეყანაში, სადაც განუწყვეტელი ომია და საშინელი უბედურება!
4. სულთქმით გევედრები, ნუგეში მეც ამ ტყვეობაში და დააცხრე ჩემი მწუხარება. ყოველივე მძიმე ტვირთია ჩემთვის, რითაც-კი ნუგეშსა მცემს მე სოფელი. დიდად ვნატრობ შენთან ვიხარო, მაგრამ მე ვერასოდეს ვერ ვეღირსე ამას. მენატრება ზეციერებთან შეერთება, მაგრამ საქვეყნიერო რაიმენი, და დაუმორჩილებელი გულისთქმანი-კი ქვეით მწევენ მე. მე მინდა გონებით ყველაზედ მაღლა ვიდგე, მაგრამ სხეულის გამო ყველაზედ უკანასკნელად ვრჩები; და ამნაირად, მე საბრალო ჩემს თავსვე ვეომები, და თვითონ ჩემი თავისაგანვე მე ვიტანჯები, რადგან სული ზეცისაკენ მიიწევს და სხეული-კი ქვეითკენ მეწევა.
5.ახ! როგორ ვიტანჯები მაშინ ჩემს გულში, როდესაც ზეცაზედ ვფიქრობ, და ათასნაირი სახორციელო ფიქრები წარმომიდგებიან, და ჩემი ლოცვის შესრულებას მიშლიან! ,,ღმერთო ჩემო, ნუ განეშორები ჩემგან, და ნუ გარე მიიქცევ პირსა შენსა რისხვითა მონისა შენისაგან.“ (ფსალმ. 70, 12; 26, 9). ,,გამოაბრწყინვენ ელვანი შენნი, და განაბნინე იგინი; გამოავლინენ ისარნი შენნი, და გაფანტე ყოველი ოცნებანი მტრებისა“ (ფსალმ. 143, 6). შენ იყავ მეფე ჩემის გონებისა, საქვეყნიერო ყველაფერი დამავიწყე, და მომეც მე ძალა, რომ მსწრაფლ მოვიშორო ჩემგან და შეურაცხვჰყო ყოველნი ბოროტი ოცნებანი. შემეწიე, საუკუნო ჭეშმარიტებაო, რომ არ მიმიზიდოს მე რომელიმე ამაოებამ. მოდი ჩემთან, ზეციერო სიტკბოებავ, და შენს წინ ყველა უწმიდურება განქარდება. მომიტევე კვალად და შემინდევი მე სახიერებითა შენითა, როდესაც ლოცვის დროს სხვა რამეებზედ უფრო ვფიქრობ, ვიდრე შენზედა. რადგან ჭეშმარიტად უნდა ვსთქვა, რომ საშინლადფიქრ-დაფანტული ვარ ხოლმე. ხშირად მე არ ვარ იქ, სადაც ჩემი სხეულია, არამედ იქ, სადაც ჩემი გონება ტრიალებს. მე ვარ იქა, სადაც არიან ჩემი ფიქრები; ხოლო ჩემი ფიქრები იქ არიან, სადაც არს საგანი ჩემის სიყვარულისა. ხშირად ის წარმომიდგება გონებაში, რაც უფრო მამწონს და რაზედაც უფრო მიდრეკილია ჩემი ბუნება.
6. ამისთვის არის ცხადად ნათქვამი შენ მიერ, საუკუნო ჭეშმარიტებავ: ,,რამეთუ სადაც არის საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენიო“ (მათ. 6, 21). უკეთუ სასუფეველი მიყვარს, სიამოვნებით ზეცაზედ ვფიქრობ; ხოლო უკეთუ სოფელი მიყვარს, თანამოზიარე ვარ მასთან მხიარულებაშიაც და მწუხარებაშიაცა. უკეთუ მიყვარს სხეული, ხშირად ვფიქრობ მასზედა, და თუ ჩემი სიყვარულის საგანს სული შეადგენს, მაშინ კმაყოფილებით ვფიქრობ სასულიერო საგნებზედ. საზოგადოდ იმ საგნებზედ ვლაპარაკობ და ვისმენ, რომელნიც მომწონან და სახე მათი ჩანერგული მაქვს გულში. მაგრამ ბედნიერი ის არის, უფალო, რომელიც შენის სიყვარულისათვის თავიდან მოიშორებს ყოველსავე გაჩენილთა, რომელიც ფიცხელად მოეპყრობა თავის ბუნებას, და გულმხურვალებით ჯვარს აცმევს სახორციელო გულის თქმათა, რათა დამშვიდებულის და უბიწო სინიდისით შემოგწიროს წმიდა ლოცვანი, გარეგან და შინაგან გაიწმიდოს ყველა ქვეყნიურ რამეთაგან და შეირაცხოს ანგელოზების დასთა შორის.
![]() |
6.49 თავი XLIX - საუკუნო ცხოვრების შეძენაზედ, და იმ სიკეთეზედ, რომელიც აღთქმულია მებრძოლთათვის. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, როდესაც ზეციურის შთაგონებით ჰგრძნობ შენს გულში საუკუნო ნეტარების შეძენის სურვილს, და ნატრობ, რომ ხორცის ტყვეობისაგან განთავისუფლებულ იქმნე, რათა დაუბრკოლებლი ვუმზერდე ჩემს ნათელსა, გაუღე შენი გული ამ ზეციურს მადლსა და დიდის სურვილით მიიღე იგი. დიდი მადლობა შესწირე უზენაესს სახიერებას, რომ ასე მოწყალებით გექცევა, ამგვარად ებრალები, ესრედს გულს-მოდგინებას ძრავს შენში; მხარს გაძლევს, რათა საკუთარის მძიმე ტვირთის გამო არ დაეცე. ნუ გგონია, რომ ეს შენის მოფიქრებით, ანუ მეცადინეობით იყვეს; იცოდე, ეს არის ზეციური წყალობა და მადლი; ეს ზეციური მოხედვა იმ მიზნით არის, რათა წარემატებოდე შენ სათნოებასა და სიმდაბლეში. მზად იყავი მომავალის ბრძოლისათვის, ყოვლის სულითა და გულით სცდილობდე ჩემთან შეერთებას და გულ მხურვალებით ჩემს სამსახურს.
2. ძეო ჩემო, ცეცხლი ხშირად ანთია, მაგრამ ალი უკვამლოდ არ ავარდება. ამავ ნაირად, თუმც ზოგიერთთა ზეციურის მადლის შეძენის სურვილი გულში ცეცხლივით უღვივით, მაგრამ საცდურებისა და სახორციელო სურვილებისაგან მაინც როდი არიან განთავისუფლებულნი; გამოა, რომ როდესაც დიდის ნატვრით ღვთისაგან თხოულობენ ზეციურს მადლსა, მათ მარტო დიდება ღვთისა როდი აქვსთ სახეში. ამგვარივეა შენი სურვილიც, როდესაც დაჟინებით ითხოვ ჩემგან მის დაკმაყოფილებას, რადგან არ შეიძლება, რომ იყვეს უბიწო და სრული, რაშიაც-კი საკუთარი სარგებლობა არის ჩარეული.
3. ითხოვე არა ისა, რაც შენთვის სასიამოვნო და სასარგებლოა, არამედ ისა, რაც ჩემთვის მოსაწონია და ჩემს დიდებას შეეფერება; რადგან, მართალი რომ ვსთქვათ, ჩემი ნების აღსრულება უფრო უნდა ირჩიო, სინამ ყოველის შენის სურვილებისა. ვიცი, რასაც ნატრობ და რისთვისაც ოხრავ ხშირად. შენ ახლავე გსურს შეიძინო დიდებული თავისუფლება ღვთის შვილებისა. შენ ახლავე გინდა ხარობდე საუკუნო სამკვიდრებე/ლში და შვებით სავსე ზეციურს სამშობლოში, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა; ამაზედ უწინ ჯერ სხვა დრო მოგელის შენა: დრო ბრძოლისა, დრო შრომისა და გამოცდისა. შენ ნატრობ უზენაესის სიკეთით დატკბობას; მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია შენთვის. აი, მე ვარ ეს სიკეთე: მე მომელოდე, სინამ მოვიდეს შენზედ სასუფეველი ღვთისა.
4. ჯერ კიდევ უნდა გამოიცადო ამ ქვეყანაზედ და იწურთებოდე მრავალ ნაირად. ზოგჯერ მიიღებ ნუგეშინისცემას; მაგრამ არა იმოდენს, რომ სრულიად დაკმაყოფილდე. მაშ ,,განძლიერდი და მხნედ იყავ“ (ისესო 1, 6), რათა ებრძოლო ბუნებას და დაითმინო მისი წინააღმდეგობა. უნდა ,,შეიმოსო ახალი კაცი, და იცვალო სხვა კაცად“ (ეფ. 4, 24; 1 მეფ. 10, 6. 9). ის უნდა ჰყო ხოლმე ხშირად, რაც შენ არ გინდა და არა ჰყო, რაც შენ გინდა. სხვებს უნდა აუსრულდეს თავიანთი სურვილი, მაგრამ შენ-კი არასოდეს. სხვების ნათქვამი-კი უნდა ისმინონ, მაგრამ შენსას-კი ყურადღება არ უნდა აქციონ. სხვებმა რაც უნდა ითხოვონ მიიღებენ, მაგრამ შენ-კი ვერ მიიღებ, რაც უნდა ითხოვო.
5. სხვებს კი უნდა დიდად აქებდნენ,მაგრამ შენ-კი არც უნდა გახსენოს ვინმემ. სხვებს მრავალნაირს საქმეებს უნდა მიანდობდნენ, მაგრამ შენ-კი უსარგებლო კაცად უნდა იყო ჩარაცხული. თუმც ამგვარი რაიმენი ზოგჯერ კაცის ბუნებას არ ეამება, მაგრამ დიდს სათნოებას შეიძენ, უკეთუ უჩივლელად მოითმენ. აი, ამგვარად და სხვა მრავალი ამის მსგავსის საშუალებით გამოსცდის უფალი თვის სარწმუნო მონას, რათა ამით შეეჩვიოს იგი თვისის თავის უარის ყოფასა და ყოველს შემთხვევაში თვისი ნების მოკვდინებასა. ყველაზედ უფრო მომეტებულად მაშინ არის დიდად საჭირო, რომ შენი თავი მოაკვდინო, როდესაც ხედავ და ითმენ რაიმეს შენის ნების წინააღმდეგად და უფრო მაშინ, როდესაც გიბრძანებენ იმგვარს საქმეს, რომელიც შენ შეუფერებელ და უსარგებლო რამედ გეჩვენება. რადგან ქვეშევრდომი ხარ უმფროსისა, და ვერ გაგიბედია უწინააღმდეგო მისს ნებას, ამიტომ ასე გიძნელდება ასრულება სხვის ნებისა და შენის საკუთარის მსჯელობის უარის ყოფა.
6. მაგრამ, ძეო ჩემო, წარმოიდგინე ნაყოფი მაგ შრომისა და ის, თუ როგორ მალე ბოლო უნდა მოეღოსთ მაგათ, და შემდგომ თუ ვითარი დაუსრულებელი სასყიდელი უნდა მიიღო მისთვის, და მაშინ აღარ შესწუხდები, არამედ დიდად ნუგეშინისცემული იქმნები. ერთის მცირედის კმაყოფილების უარ ყოფისათვის ამ ქვეყანაზედ, ზეცას დაკმაყოფილებული იქმნება ყოველი შენი სურვილი, რადგან იქ მოიპოვებ ყველაფერს, რასაც-კი მოისურვებ და ინატრებ. იქ შეიძენ ყოველივე კეთილს იმგვარად, რომ არ გექმნება არავითარი შიში მათის დაკარგვისა. იქ შენი ნება მარადის ჩემს ნებასთან იქმნება შეერთებული და არასოდეს აღარ მოისურვებს იგი ჩემს გარდა სხვა რამეს. იქ აღარავინ გეყოლება შენ მოწინააღმდეგე, არც მომდურავი, არც შემაწუხებელი და არც მოკამათე; არამედ ყოველივე, რასაც-კი მოისურვებ, მსწრაფლ მოგენიჭება; მით გაძღება დასრულიად დაკმაყოფილდება შენი გული. იქ მე მივაგებ დამდაბლებისათვის დიდებას, მწუხარებისათვის სიხარულს, და უკანასკნელობისათვის დიდების ტახტსა სასუფეველში. იქ გამოჩნდება ნაყოფი მორჩილებისა, იქ გაიხარებს, რომელსაც უშრომია მოსანანიებლად თვისთა ცოდვათა და თავმდაბალი მორჩილი დიდებით დაგვირგვინდება.
7. მაშ სითავმდაბლით ყველას ემორჩილებოდე და ყურადღებას ნუ მიაქცევ, ვინ გეტყვის, ანუ ვინ გიბრძანებს რამეს; არამედ შენ იმას ეცადე, რომ ყველას თხოვნა და სურვილი, უმფროსი იყვეს თუ უნცროსი, ანუ შენი ტოლი, სასიკეთოდ მიიჩნიო და კეთილის გულით შეასრულო. დეე, ვისაც რაც უნდა, ის ეძიოს, ვინც რითაც უნდა, იმითი იდიდოს, და ვისაც ვინ უნდათ/, ის შეაქონ; შენ ნურცერთს ამათგანს ყურადღებას ნუ მიაქცევ, არამედ შენ მარტო შენის შეურაცხებისათვის გაიხარე და იმისთვის, რათა აღსრულდეს მარადის ჩემი ნება და ვიყვე პატივცემული. მარტო იმას ნატრობდე, რომ მარადის ღმერთი იდიდოს - შენი სიცოცხლით იყოს თუ სიკვდილით (ფსალმ. 1, 2).
![]() |
6.50 თავი L - მასზედ, თუ ვითარ ღმერთს უნდა მიანდოს კაცმა თვისი თავი მწუხარებაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: კურთხეულ იყავნ, უფალო ღმერთო, მამაო წმიდაო, აწ და უკუნისამდე! რამეთუ რაც ინებე, ასრულდა, და ყოველივე, რასაც მოქმედობ სასიკეთოა ჩემთვის. შენ უნდა იყვე მხიარულება შენის მონისა და არა მისი სიცოცხლე, და არცა სხვა რაიმე; რადგან მხოლოდ შენ ხარ, უფალო, ჩემი ჭეშმარიტი სიხარული, შენ ხარ შვება და დიდება ჩემი. იმისთანა რა აქვს შენს მონას, რომელიც შენგან არ მიეღოს, თუმც-კი იმის ღირსი არ იყო? (1 კორ. 4, 7) ყოველივე შენია, რაც მოგიცია და რა სიკეთეც გიქმნია. ღატაკი ვარ და სიყრმიდგანვე ვშრომობ. (ფსალმ. 87, 15) ზოგჯერ ისე მაქვს სული გამწარებული, რომ მდუღარებას ვაფქვევ: გული მისკდება შიშით, როდესაც წარმოვიდგენ ბოროტის გულისთქმისაგან გამზადებულს საცდურებათა.
2. ვნატრობ სიხარულსა მშვიდობისასა; ვითხოვ მშვიდობასა ძეთა შენთასა, რომელთაც ნუგეშინისცემის ნათლით ასაზრდოებ. უკეთუ მომანიჭებ მე ამ მშვიდობასა და ჭეშმარიტს სიხარულს, სული ჩემი იღაღადებს გალობასა სიხარულისასა და მხურვალე გულით გაქებს შენ. მაგრამ, უკეთუ მომშორდები, როგორც სხვა დროსაც მრავალჯერ გიქმნია, მაშინ ვეღარ შევიძლებ, რომ ,,გზასა მცნებათა შენთასა ვრბიოდე“ (ფსალმ. 118, 32). არამედ უნდა მოვიდრიკო მუხლი და გულში ვიცემდე ხელს, რომ ისეთი აღარ ვარ, როგორც გუშინ და გუშინწინ ვიყავი, ,,ოდეს ნათობდა სანთელი შენი თავსა ზედა ჩემსა (იობ. 29, 3), და საფარველსა ფრთეთა შენთასა მიფარვიდი მე პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდნენ მე“ (ფსალმ. 16, 8).
3. მამაო მართალო, მამაო წმიდაო და მარადის საქებელო, აჰა დადგა ის ჟამიც, რომ შენი მონა გამოიცადოს. მამაო საყვარელო, სიმართლე მოითხოვს, რომ დღეს მონამან შენმან რაიმე შეჭირვება დაითმინოს შენთვის. მამაო, მარადის თაყვანსაცემელო, აჰა მოვიდა ის დრო, რომელსაც შენ საუკუნიდგანვე წინად ხედვიდი, რომ მონა შენი ცოტა ხანს დაძლეული იქმნას გარეგნულად, მაგრამ შინაგან-კი მარადის შენთან სუფევდეს. ცოტა ხანს შეურაცხყოფილი, დამდაბლებული, და ყველასაგან დამცირებული იყვეს და ბოროტ ვნებათა და უძლუროებათაგან შეწუხებული, რათა განთიად კვალად შენთან აღსდგეს ახალის ნათლითა და ზეცას იქმნეს დიდებული. მამაო წმიდაო, შენ ასე დაგიწესებია და ამგვარად გისურვია და ისეც შესრულდა.
4. წყალობა, რომელიც შენის მეგობრებისათვის გნებავს, იმაში მდგომარეობს, რომ იტანჯონ და შესწუხდნენ ამ ქვეყანაზედ შენის სიყვარულისათვის რავდენჯერაც, ვისგანაც და რანაირადაც შენ გნებავს. არაფერი არ მოხდება ქვეყანაზედ უმიზეზოდ და იმგვარად, რომ წინადვე შენგან არ იყვეს დაწესებული. ,,კეთილ არს ჩემდა, უფალო, რამეთუ დამამდაბლებ მე, რათა ვისწავლო მე სიმართლენი შენნი“ (ფსალმ. 118, 71) და მოვიშორო ჩემის გულიდგან ყოველი ამპარტავნება და ამაყობა. ჩემთვის დიდი სასარგებლოა, რომ ,,დაჰფარა სირცხვილმან პირი ჩემი“ (ფსალმ. 68, 7), - ეს იმიტომ, რომ მხოლოდ შენში ვეძიო მე ჩემი ნუგეშინისცემა და არა კაცებში. ამით ვისწავლო კვალად, რომ შენის მიუწდომელის განკითხვისა მეშინოდეს, რომლით შეაძრწუნებ მართალსაც და უღმრთოსაც, მაგრამ მარადის ჭეშმარიტებისა და სიმართლის დაგვარად.
5. მადლობას გწირავ ყველა იმისთვის, რომ არ დამზოგე მე ტანჯვაში, არამედ მწარედ გვემული მყავი მე და აღმავსე უკურნებელის წყლულებითა, და შეწუხებითა შინაგან თუ გარეგან. შენს გარდა არავინ არის ცის ქვეშ, რომელსაც შეეძლოს ჩემი ნუგეშინისცემა, უფალო ღმერთო ჩემო, ზეციერო მკურნალო სულთაო, ,,რომელი დაჰკვეთ და გაჰკურნებ, ჩაიყვან ჯოჯოხეთად და აღმოიყვან“ (1 მეფ. 2, 6; იობ. 13, 2). სწავლა შენი წინამიძღვის მე, და კვერთხი შენი მწურთვის მე (ფსალმ. 17, 35).
6. აი, შენს ხელში ვარ, მამაო საყვარელო, და შენი მწრთველი კვერთხის ქვეშე ვიმდაბლებ ჩემს თავსა. სცემე ბეჭთა ჩემთა და ქედსა ჩემსა, რათა გავისწორო სიმრუდე ჩემი ისე, როგორც შენ გნებავს. შენი კეთილი და მდაბალი მოწაფე გამხადე მე, რადგან კეთილის მყოფელი ხარ, რათა ყოველს დროს შენი ნებისაებრ მოვიქცე. შენ მოგანდობ საწურთველად ჩემს თავს და ყოველივეს, რაც-კი ჩემშია; ისა სჯობს, ახლავე აქვე დამსაჯო, ვიდრე შემდეგში. შენ ყველაფერი იცი სათითაოდ და საერთოდ, და რაც კაცის სინიდისშია შენ ყოველივეს სცნობ. შენ წინადვე იცი, რაც უნდა მოხდეს და არ გესაჭიროება რომ ვინმემ გითხრას შენ, ანუ შეგატყობინოს, რაც რომ ქვეყნიერობაზედ ხდება. შენ იცი, რაც უფრო საჭიროა ჩემის წარმატებისათვის და თუ რავდენად შემეწევა მე შეწუხება, რათა გავიწმიდო ჩემი შეცდომილების ჟანგისაგან. ისე მომეპყარ, როგორც შენთვის იყვეს სასიამოვნო, მაგრამ ნუ დამსჯი მე იმისთვის, რომ ცოდვაში გამიტარებია მთელი ჩემი სიცოცხლე, რომელსაც ყველაზედ უფრო კარგად და ცხადად შენა სცნობ.
7. ეს წყალობა მიყავ, უფალო, რომ ვსცნა, რაც საცნობელია; შევიყვარო, რაც შესაყვარებელია; ვაქო, რომელიც შენი მოსაწონია; მეც მივიჩნიო, რაც პატიოსანია შენს წინ, და შეურაცხვჰყო მეც, რაც შენ გეზიზღება. დამიფარე, რომ გარეგნულად, თვალის შეხედულებისაებრ, არ ვმსჯელობდე, და არც გამოუცდელ კაცთა თქმულობისაებრ ვზრახვიდე; არამედ სიმართლისაებრ გავარჩიო ხილულნი სასულიერო საგნებისაგან, და მარადის, ყველაზედ უფრო, შენი ნება ვეძიო. ხშირად სტყუვდება კაცის გრძნობა მსჯელობაში; აგრეთვე მოტყუებულნი არიან სოფლის მოყვარულნიცა, რადგან უყვარსთ მხოლოდ ხილული სიკეთენი. განა შეიძლება, რომ კაცი უკეთესი გახდეს იმითი, რომ სხვისაგან დიდ-ვინმედ იყვეს ჩარაცხული? ცრუ კაცი ცრუ კაცს აქებს და იმითი ატყუებს, თავმომწონი თავმომწონს, ბრმა ბრმას და ავადმყოფი ავადმყოფს; და ამგვარი ერთმანერთის ქება უფრო დიდი გაუპატიურება არის მათთვის, სინამ პატივისცემა. რადგან, - ამბობს თავმდაბალი წმიდა ფრანჩისკო - ყოველი კაცი, ისეთია, უფალო, როგორც შენ იცნობ, და არა იმაზედ მეტი.
![]() |
6.51 თავი LI - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვარჯიშობდეთ მდაბალ საქმეებში, როდესაც არა გვაქვს ძალა უაღრესის საქმის გასაკეთებლად. |
▲ზევით დაბრუნება |
1.ქრისტე: ძეომ ჩემო, შეუძლებელია,რომ მარადის ნატრობდე სათნოების შეძენას, და ყოველთვის ზეცაზედ ფიქრობა არ მოგწყინდეს; არამედ ადამის პირველი ცდომილების გამო საჭიროა, რომ ზოგჯერ მდაბალი საქმეებიც იკადრო, და გინდა თუ არ გინდა, მწუხარებით უნდა ზიდო ტვირთი უძლურის ცხოვრებისა. სინამ მაგ მოკვდავ სხეულში ხარ, მოწყინებასა და მწუხარებას ვერ აიცილებ თავიდგან. შენს სიცოცხლეში ხშირად უნდა სტიროდე მაგ შენის სხეულის გამო, რადგან იგი შენ თავისუფლებას არ მოგცემს, რომ მუდამ სულიერად იცხოვრო და ღვთიურს საგნებზედ ფიქრობდე.
მაშ ის მირჩევნიან, რომ გარეგან მდაბალ საქმეებს შეუდგებოდე, კეთილ-მოქმედებაში იქმნებოდე გართული, ჩემს მოსვლას და ზეციურს მოხედვას შენზედ დიდის იმედით მოელოდე, მწირობა და გულ ცივობა შენის მოთმინებით იტვირთო, სინამ კვალად მოგხედო და ყველანაირი შეწუხებისაგან გამოგიხსნა შენ. რადგან მაშინ დაგავიწყებ შენს მწარე შრომათა და შენი გული მოისვენებს. წინ გარდაგიშლი აყვავებულს წალკოტსა საღმრთო წერილისას, რათა მხიარულის გულით ,,გზასა მცნებათა ჩემთასა ჰრბიოდე“ (ფსალმ. 118, 32) და იტყოდე: ჩვენი ამ ქვეყნიური ტანჯვანი ვერასოდეს ვერ იქმნებიან იმგვარის ღირსებისა, რომ დაიმსახურონ ის საუკუნო დიდება, რომელიც ჩვენ მოგველის (რომ. 8, 19).
![]() |
6.52 თავი LII - მასზედ, თუ ვითარ უფრო სასჯელის ღირსად უნდა რაცხვიდეს კაცი თავის თავსა, |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, მე ღირსი არა ვარ შენის ნუგეშინისცემისა და არცა სულიერად შენის მოხედვისა; არამედ სწორედ სამართლიანად მექცევი მე, როდესაც ასე ოხრად მტოვებ სიღატაკეში. მე სასჯელისა და ტანჯვის მეტის სხვა არაფრის ღირსი არა ვარ, იმიტომ რომ მრავალგზის დიდად შემიწყენიხარ შენ, და ათას ნაირად შემიცოდებია შენთვის. ამისთვის, ჭეშმარიტად, თვით მცირედი ნუგეშინისცემისაც-კი ღირსი არა ვარ. მაგრამ რადგან შენ ხარ ღმერთი სახიერი და მრავალ მოწყალე, და არა გნებავს შენის ქმნულებათა წარწყმედა, არამედ გსურს აჩვენო სიმდიდრე შენის სახიერებისა, მოწყალების სავსე ჭურჭლითა, ამისთვის კვალად ნუგეშსა მცემ ყოვლითურთ უღირსს მონასა შენსა იმგვარად, როგორც შეჰფერის შენს ღვთაებას.
2. იმისთანა რა მიმოქმედია, უფალო, რომ ღირსი ვიყვე შენის ზეციურის ნუგეშინისცემისა? არ მახსოვს, რომ რაიმე კეთილი ჩამედინოს; ხოლო ეს კი ვიცი, რომ მარადის ბიწიერებაზედ ვყოფილვარ მიდრეკილი და არასოდეს არ ვცდილვარ სიცოცხლის გასასწორებლად. ეს ნამდვილია, ამის უარის ყოფა არ შემიძლია, მაგრამ უკეთუ ვიცრუებ, შენ ადგები ჩემს წინააღმდეგად და მაშინ ვიღა მიშველის? ჯოჯოხეთისა და საუკუნო ცეცხლის მეტი სხვა რა დავიმსახურე მე ცოდვის ქმნით? ჭეშმარიტად ვაღვიარებ, რომ ღირსი ვარ ყველანაირის გაკიცხვისა და შეურაცხყოფისა, და აღარ მეკუთვნის, რომ შენს მსახურებაში ვიყვე ჩარაცხული. და თუმცა ეს ჩემთვის მეტად ძნელი გასაგონია, მაგრამ სიმართლე მოითხოვს, რომ ამგვარად გავკიცხო ჩემი თავი და ვამხილო თვისი ცოდვები, რათა რომ იქმნება ამით როგორმე ღირსი გავხდე შენის წყალობისა.
3. რაღა მეთქმის მე შერცხვენილსა და პირშავს! ამის მეტი ვერაფერი შემიძლია გავბედო და ვსთქვა: შეგცოდე, უფალო, შეგცოდე, შემიწყალე და შემინდევი. იმოდენა მომითმინე, რომ ვიგლოვო ჩემი მწუხარება, სინამ მივქცეულვარ იმ ქვეყნისაკენ, სადაც მარადის სიბნელე სუფევს და სიკვდილის წყუდიადი (იობ. 10, 20. 21). ამის მეტს სხვა რაღას მოითხოვ საბრალო დამნაშავე და ცოდვილისაგან, თუ არ, რათა სწუხდეს გულითა და ცოდვათა თვისთათვის თავს იმდაბლებდეს? ჭეშმარიტის სინანულითა და დამდაბლებით გულისა ჰპოებს კაცი იმედს მოტევებისას, სინიდისს დაიმშვიდებს, დაკარგულს მადლს დაიბრუნებს, მოსალოდნელის რისხვისაგან თავს გადაირჩენს, და ამით შეირიგებს მონანებული ცოდვილი ღმერთსა და მასთან შეერთდება წმიდა ამბორის ყოფითა.
4. ჭეშმარიტის გულით შენანება ცოდვილებისა დიდად მოსაწონი მსხვერპლია შენს წინ, უფალო, და ამის სურნელება ბევრად სასიამოვნოა შენთვის, სინამ შემოწირულის საკმეველისა. აი, ეს არის ის პატიოსანი ნელსაცხებელი, რომელიც ინებე, რომ შენს უწმიდესს ფეხებზედ დაესხათ, რადგან ,,გულსა შემუსვრილსა და დამდაბლებულსა არა შეურაცხყოფ“ (ფსალმ. 50, 17). ამაშია მტრის რისხვისაგან გადარჩენისათვის თავის შესაფარი; ამითიგაიწმიდება და გასუფთავდება კაცი ყველანაირ ბოროტ ჩვეულებისა და ბიწიერებისაგან.
![]() |
6.53 თავი LIII - მასზედ, თუ ვითარ შეუძლებელია მოთავსება ღვთის მადლისა საქვეყნიერო სიტკბოებასთან. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, ჩემი მადლი იმგვარის მაღალის ღირსებისაა, რომ შეუძლებელია მისი მოთავსება გარეშე საგნებთან, ანუ საქვეყნიერო ნუგეშინისცემასთან. მაშ უკეთუ გნებავს მოეფინოს შენზედ მადლი ჩემი, მოიშორე თავიდან ყოველი დამაბრკოლებელი მიზეზები. მოსძებნე შენთვის დაფარული ადგილი, გიყვარდეს განდეგილად ცხოვრება; ხალხთან მუსაიფს ერიდე და უფრო სჯობს მხურვალე გულით ევედრო ღმერთსა, რათა გული შემუსვრილი და წმიდა სინიდისი იქონიო.იცოდე,სრულიად არაფერია სოფელი; ყოველს საქვეყნიერო ზრუნვაზედ უფრო ღვთის სამსახური გერჩიოს. შეუძლებელია, რომ მეც მემსახურო და სოფელიც გიყვარდეს. უნდა დასტოვო ნათესავნიცა და მეგობარნიც და ყოველი ჟამიერი სიამოვნებაც უნდა უარჰყო. ამავ ნაირად სთხოვდა წმიდა მოციქული პეტრე მორწმუნე ქრისტიანეთა, რომ ისე მოქცეულიყვნენ, ვითარცა მწირნი და წარმავალნი ამ სოფლისაგან (1 პეტრ. 3, 11).
2. ოხ! როგორ დიდად ნუგეშინისცემული იქნება სიკვდილის ჟამს ის კაცი, რომელიც განთავისუფლებულია ამა ქვეყნიურ ყველანაირ სიყვარულისაგან. მაგრამ სულით სნეული ადამიანი ვერ ჩახვდება ამას, თუ როგორ უნდა იყვეს გულით მოშორება ყველა რაიმესაგან, და ვერც სიცოცხლის მოყვარული კაცი გაიგებს, თუ რაში მდგომარეობს ადამიანის შინაგანი თავისუფლება. ხოლო ვისაც უნდა, რომ სულიერი კაცი შეიქმნეს, მან უნდა უარჰყოს ყველა მახლობელიცა და უცხონიც, და ისე არავის არ უნდა ერიდებოდეს, როგორც თავის თავსა. როდესაც სრულიად დასძლევ შენს თავსა, მაშინ ადვილად დაიმორჩილებ სხვებსაც. ნამდვილ ძლევა-შემოსვილი იგია, ვინც თავის თავზედ გაიმარჯვებს. რომელიც ისე დაიმონებს თავის თავს, რომ გრძნობებს ყველაფერში დაუმორჩილებს გონებასა და გონებასაც - მე: აი ის არის ჭეშმარიტი მძლეველი თვისის თავისა და ბატონი მთელის ქვეყნისა.
3. უკეთუ გინდა შეიძინო ეს მაღალი ღირსება, ვაჟკაცურად შეუდექ საქმეს, ცული ხის ფესვებს მოუმარჯვე, რათა ამოჰკაფო და მოსპო შენში უწესო და დაფარული თავმოყვარეობა და აღარ ეძიო ჟამიერი რაიმე სიკეთე. უწესო თავმოყვარეობა თითქმის ყველა იმ შეცდომილების მიზეზია, რომელიც უნდა ძირით ამოიფხვრას. როდესაც სძლევს და დაიმორჩილებს კაცი ამ სიბოროტეს, მარადის დიდს მშვიდობას და მყუდროებაში იქმნება. მაგრამ ვინაიდგან ძრიელ ცოტანი ცდილობენ თავიანთ თავის მოკვდინებასა და მისს სრულიად უარყოფასა, ამისგამო დატყვევებულნი არიან და არ შეუძლიათ სულით ამაღლდნენ. ხოლო რომელსაც უნდა, რომ თავისუფლად მე მომდევდეს, მან უნდა მოაკვდინოს ყოველი ბოროტი და უწესო სიყვარული თვისის თავისა და არც რომელიმე გაჩენილებზედ უნდა იქონიოს განსაკუთრებული სიყვარული.
![]() |
6.54 თავი LIV - ბუნებისა და მადლის სხვა და სხვა გვარს თვისებებზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, გულს მოდგინედ თვალ ყური ადევნე ბუნების და მადლის მიდრეკილებათა, რადგან ძრიელ წინააღმდეგნი არიან იგინი ერთმან-ერთისა, და ამასთანავე ძნელად გასარჩევნი; ასე, რომ მარტო სულიერსა და ღვთის მიერ განათლებულს კაცს შეუძლია მათი გარჩევა. თუმც ყოველს კაცს კეთილი სურს და ყველა თავისი ნათქვამი და ნამოქმედარი კეთილი ჰგონია, მაგრამ ამგვარის იმედით ბევრნი არიან მოტყუებულნი.
2. ბუნება მზაკვარია: ბევრს იზიდავს თავისკენ და მახეში აბამს, ბევრს ატყუებს; მას მიზნად ყოველთვის თავისი თავი აქვს. ხოლო მადლი წრფელად მოქმედობს; იგი ბოროტის ყოველს აჩრდილსაც-კი ერიდება; საფრხეს არავის უდგამს; ყოველივეს მხოლოდ ღვთისათვის მოქმედობს, რადგან იგი აქვს მიზნად და იმაშივე განისვენებს.
3. ბუნებას ეშინია სიკვდილისა; მას არ უყვარს შეწუხება, არც დაძლევა ვისმესაგან, არც ვისმეს ბრძანების ქვეშ ყოფნა, და არც ვისმეს დაემორჩილება თავის ნებით. ხოლო მადლი ცდილობს თვისი ნება მოაკდინოს; ეწინააღმდეგება გრძნობიერებას, უყვარს მორჩილება, არ შესწუხდება დამარცხებისათვის, არ ეძიებს თავისუფლებას, არამედ უყვარს მორჩილობა კანონისა, იგი არ ნატრობს, რომ სხვებზედ უფლობდეს, არამედ მისი სურვილი ის არის, რათა მარადის ღმერთს ემორჩილებოდეს, მასთან იცხოვროს და მასთან იყვეს; და მარადის მზად არის დაემორჩილოს სიყვარულისათვის ღვთისა ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა (1 პეტ. 2, 13).
4. ბუნება მხოლოდ თავისის მოსვენების და სარგებლობისათვის შრომობს; ხოლო მადლი არასოდეს არ ფიქრობს თავის მოსვენებისა და სარგებლობისათვის; არამედ იგი მხოლოდ იმას ცდილობს, რაც ყველასთვის სასარგებლო იქმნება.
5. ბუნება სიხარულით იწყნარებს დიდებასა და პატივსა; ხოლო მადლი ყოველს დიდებასა და პატივს მარადის ღმერთს მიაკუთნებს.
6. ბუნებას შერცხვენისა და შეურაცხებისა ეშინია, ხოლო მადლსა უხარია, როდესაც იესოს სახელისათვის ითმენს ტანჯვა მწუხარებას (საქმე 5, 41).
7. ბუნებას უყვარს უსაქმობა და სხეულის მოსვენება; ხოლო მადლს არ შეუძლია ცუდად ყოფნა, არამედ მარადის სიამოვნებით შრომობს.
8. ბუნება ეძიებს ყოველ საუცხოვოსა და მშვენიერს, სძულს ცუდი და უბრალო რამე; ხოლო მადლს დიდად ესიამოვნება ყველაფერი უბრალო და გლახაკური, არც უშნო რამეს ითაკილებს და არც ძველი ტანისამოსის ჩაცმა მიაჩნია სირცხვილად.
9. ბუნება მხიარულებით შეჰცქერის ყოველსავე ჟამიერსა და საქვეყნიერო შესაძინისათვის ხარობს, ზარალისათვის დიდად მოიწყენს და ცოტაოდენი საწყენი სიტყვით განრისხდება. ხოლო მადლი ნატრობს მას, რაც არის საუკუნო და ჟამიერს არაფერს არ აქცევს ყურადღებას, არც მათის დაკარგვისათვის შესწუხდება, არც წინააღმდეგი სიტყვებისათვის მოიწყენს, ვინაიდგან მისი სიხარული და საუნჯე არიან ზეცას, სადაც არაფერი არ წახდება.
10. ბუნება ხარბია;უფროიმასცდილობს, რომ მიიღოს, ვიდრე გასცეს; უყვარს საკუთრება და პიროვნება. ხოლო მადლი გულმოწყალეა, რაც თვით აქვს, უნდა რომ ის სხვებსაც გაუყოს; საკუთრად თავისათვის მას არაფერი არ უნდა; მცირეზედ კმაყოფილია, და სწამს რომ გაცემა უფრო კარგია, ვიდრე მიღება (საქმე 20, 35).
11. ბუნება მიდრეკილია გაჩენილებზედ, თვისი სხეულის დაკმაყოფილებაზედ, ამაოებაზედ და შექცევაზედ. ხოლო მადლი მიზიდულია ღვთისა და სათნოებისაკენ. უარს ჰყოფს გაჩენილებს, სტოვებს სოფელს, სძულს ხორცისა გულისთქმანი; შექცევას ერიდება და რცხვენია ხალხში გამოჩნდეს.
12. ბუნებას სასიხარულოდ მიაჩნია საქვეყნიერო ნუგეშინისცემა, რადგან ეს მის გრძნობიერობისათვის სასიამოვნოა. ხოლო მადლი მარტო ღვთიურს ნუგეშინისცემას ეძიებს; მისთვის უზენაესი სიკეთეა სასიამოვნო და არა ხილული.
13. ბუნება მარტო თავისის სარგებლობისა და კმაყოფილებისათვის შრომობს; მუქთად არაფერს არ გააკეთებს, არამედ, ვისთვისაც სიკეთე უქმნია, მარადის სამაგიეროს მოელის, ზოგჯერ ორეულადაც, და უნდა, რომ დიდად აქონ, ძრიელ მოუწონონ და დიდად დააფასონ მისი შრომა. ხოლო მადლი ჟამიერს არაფერს არ ეძიებს, მხოლოდ ღმერთს ნატრობს თავის შრომის სასყიდლად, ჟამიერს რაიმეთაც იმოდენს თხოულობს, რაოდენიც საჭიროა მისთვის, რათა მოიპოვოს საუკუნო სიკეთე.
14. ბუნებას უხარია, როდესაც ბევრი ჰყავს მეგობრები და ნათესავები; თავისი კეთილშობილებითა და ხარისხოვნებით ამაყობს; ეფერება მძლავრებს, მდიდრებს ელაქუცება და თავის მსგავსებს აქებს. ხოლო მადლს თავის მტრებიც-კი უყვარს; არც მრავალი მეგობრების ყოლით გაამპარტავნდება. მას არაფრად მიაჩნია არც თავისი ხარისხი, და არც გვარიშვილობა, უკეთუ სათნოებით არ არიან შემკულნი. მას გლახაკნი უფრო დიდად მიაჩნია, ვიდრე მდიდარნი. უმანკონი უფრო ეწყალება, სინამ ძლიერნი; მართლებთან უფრო უხარია, ვიდრე მცბიერებთან; აგულიანებს კეთილებს, რომ იმათ დაებაძნონ, რომელთაც უმეტესი მადლი აქვსთ, რათა სათნოებით ძე ღვთისას დაემსგავსნონ.
15. ბუნებას ცოტა რამე დააკლდება, ანუ მცირედი შეწუხება შეემთხვევა თუ არა, მაშინვე ჩივილს დაიწყებს; ხოლო მადლი სიღატაკესაც-კი სულგრძელობით დაითმენს.
16. ბუნება ყველაფერს თავის თავს მიაწერს, და მარტო თავის სარგებლობისათვის იბრძვის და კამათობს. ხოლო მადლი ყველაფერს ღმერთს მიაკუთნებს, რომელიც დასაბამია და წყარო ყველა სიკეთისა; თავის თავს არაფერს კეთილს არ მიაწერს, არასოდეს არ მედიდურობს; არავისთან არ დავობს, და არც სხვის აზრებზედ უფრო თავის აზრებს ამჯობინებს; არამედ მარადის მთელი თავისი ჭკუა-გონება დაუმორჩილებია საუკუნო სიბრძნისა და ღვთის მსჯელობისათვის.
17. ბუნებას ესიამოვნება, რომ შეიტყოს დაფარული საქმეები და ახალი ამბები, თავის გამოჩენა უყვარს ხალხში და უნდა, რომ ყველაფერი გამოსცადოს და ყველაფრის გემო გაიგოს. უნდა, რომ ყველანი იცნობდნენ მას, და იმისთანა საქმეები ჩაიდინოს, რომ ყველა გააკვირვოს და ყველანი მას აქებდნენ. ხოლო მადლი არ არის ახალი ამბების მაძიებელი, არც ცნობის მოყვარე; რადგან ამგვარი საქმეები ძველის კაცის გახრწნილი ბუნებისაგან წარმოსდგება, თორემ ქვეყანაზედ ახალი და მკვიდრი არაფერი არ არის. იგი ასწავლის გრძნობათა მოკვდინებას და იმას, რომ ხალხში გამოჩენას და თავმომწონებას მოერიდონ, სიმდაბლით დაფარონ ყოველივე, რასაც-კი შეუძლია ქება და გაკვირვება გამოიწვიოს, ყველაფერში და ყოველს სწავლა-ცოდნაში მარტო იმას ცდილობდნენ, რომ სათნოებაში წარემატნონ და ღმერთი ადიდონ. მას არ უნდა, რომ მასზედ, ანუ მის საქმეებზედ ქებით ილაპარაკონ, არამედ მხოლოდ იმას ნატრობს, რათა ამ თვისის ნიჭიერებისათვის ღმერთს ადიდებდნენ, რადგან იგი თვისის კაცთ მოყვარეობით ყოველივეს უხვად არიგებს.
18. მადლი ზესთა ბუნებრივი ნათელია, და განსაკუთრებული ღვთის წყალობაა. იგი არის ნამდვილი ნიშანი რჩეულებისა და საუკუნო ცხოვრების საწინდარია; იგი კაცს მოაშორებს ქვეყნისაგან, ზეცას შეაყვარებს და ხორციელს სულიერად გარდასცვლის.
ხოლო რავდენადაც უფრო მოაკვდინებს და დაიმორჩილებს კაცი თავის ბუნებას, იმდენად უფრო უხვად მიიღებს მადლსა, და ყოველ დღე ახალი მადლის მიერ შინაგანი კაცი ღმერთს დაემსგავსება.
![]() |
6.55 თავი LV - კაცის გახწნილს ბუნებაზედ და ღვთის მადლის მოქმებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო ღმერთო ჩემო, რომელმან შემქმენ ხატად და მსგავსად
შენისა, მომმადლე მადლი შენი; როგორც მიჩვენე, დიდად სასარგებლო და საჭიროა იგი ჩემის ცხონებისათვის, რომ ვსძლიო ჩემს ბოროტს ბუნებას, რომელიც მიზიდავს მე შეცოდებაზედ და წარწყმედას მექადება. რამეთუ ვხედავ სხვა ძალას ჩემს სხეულში, რომელიც ეწინააღმდეგება ჩემს გონებას (რომ. 7, 23), და დამონავებული მივყევარ, რათა გრძნობების მონად გამხადოს; და არც შემიძლია ვეწინააღმდეგო მის გულისთქმათა, სინამ არ გადმოვა შენი წმიდა მადლი ჩემს გულზედ და არ შემეწევა.
2. დიდი მადლი მჭირია იმისთვის, რათა ვსძლიო ბოროტს ბუნებას, რომელიც ,,სიყრმითვე მიდრეკილი-არს სიბოროტეზედ“ (დაბ. 8, 21). რადგან კაცის ბუნება, რაკი პირველშივე ადამის შეცოდების მიერ დაეცა და გაიხრწნა, და ამ ცოდვის ბრალი ყველა კაცთ ნათესავზედ გადმოვიდა, ამიტომ, ის ბუნება, რომელიც კეთილი და წრფელი გააჩინე, დღეს გარდაქცეულა ბიწიერ, უძლურ და გახრწნილ ბუნებად, და ყოველი მისი მოძრაობანი ამაოებასა და სიბოროტეზედ არიან მიდრეკილნი; ხოლო ის მცირედი ძალა, რომელიც მას შერჩენია, ცეცხლის ნაპერწკალივით ნაცარშია წაფლული. ეს ნაპერწკალი მისი დიდის სიბნელით მოცული გულ-ხმიერებაა: მას ჯერ კიდევ შეუძლია გაარჩიოს კეთილი ბოროტისაგან და ჭეშმარიტება სიცრუისაგან, თუმცა-კი აღარა აქვს იმოდენა ძალა, რომ შეასრულოს კიდეც ის კეთილი, რომელიც სცნა, რადგან დაუკარგავს მას ჭეშმარიტი ნამდვილი ნათელი და გრძნობის პირვანდელი უბიწოება.
3. ამისთვის, როგორც შინაგანს კაცს, მომწონს სჯული შენი, ღმერთო ჩემო (რომ. 7, 22), რადგან ვხედავ, რომ ,,მცნება შენი წმიდაა, მართალ და კეთილ“ (რომ. 7, 12), და ჰნებავს მოშორება ჩემი სიბოროტისა და ცოდვისაგან. ხოლო მე ვემონები სხეულით ცოდვის კანონსა (რომ. 7, 25), რადესაც უფრო ჩემს გრძნობებს ვემორჩილები, სინამ გონებას. ამიტომ, თუმც კეთილ-მოქმედების სურვილი მაქვს, მაგრამ იმის ნაყოფს-კი ვერა ვხედავ ჩემში (რომ. 7, 18). თუმც ხშირად მრავალი კეთილი განზრახვები მაქვს, მაგრამ, რადგან შენი მადლისაგან უშემწეოდ ვარ დატოვებული ჩემს უძლუროებაში, ამისათვის სულ უბრალო წინააღმდეგი შემთხვევის გამო მხნეობას ვკარგავ და ჩემს გარდაწყვეტილებას თავს ვანებებ. ვიცი სათნოების გზა და ცხადად ვხედავ, როგორც უნდა მოვიქცე, მაგრამ, რადგან ზურგზედ მაწევს საკუთარი ცოდვის მძიმე ტვირთი, მის გამო მაღალ სათნოების რამეს ვეღარ შევწვდენივარ.
4. ახ! როგორ დიდად საჭიროა ჩემთვის, უფალო, შენი მადლი, რათა დავიწყო კეთილი საქმე, გავაგრძელო და დავასრულო იგი! უიმისოდ მე არაფერი არ შემიძლია, ხოლო შენის მადლის შემწეობით-კი ყველაფერს შევიძლებ (ფილიპ. 4, 13). ჰოი! ჭეშმარიტო ზეციურო მადლო, ურომლისოდ ჩვენ არაფერი ღირსება არ მოგვეპოვება, და არც ბუნებითი ნიჭიერებანი არიან რამეში გამოსადეგნი. უშენმადლოდ, უფალო, არაფრად არ ღირან არც რაიმე ოსტატობა, არცა სიმდიდრე, არც სახის მშვენიერება, არცა ძალა, არც გამოცდილება და არცა მჭევრმეტყველობა. რადგან ბუნების ნიჭნი როგორც კეთილთათვის, აგრეთვე ბოროტთათვისაც საყოველთაოა; ხოლო რჩეულთათვის საკუთარი ნიჭი-კი მადლია, ანუ სიყვარული. ეს იმის ნიშანია, რომ იგინი საუკუნო ცხოვრების ღირსად არიან ჩარაცხულნი. მადლი იმისთანა უაღრესი ღირსებისაა, რომ უიმისოდ არაფერში გამოსადეგია არც წინასწარმეტყველობის ნიჭი, არც სასწაულთ მოქმედება და არც თვით უღრმესი აზროვნება. უშენ-მადლოდ და უსიყვარულოდ, უფალო, არაფრად არ ღირან შენს წინაშე არც სარწმუნოება, არც იმედი და არც სხვა რომელიმე სათნოებანი.
5. ჰოი, ყოვლად უნეტარესო მადლო, რომელიც სულით გლახაკსა გაამდიდრებ სათნოებითა და გულით მდაბალს მრავალგვარი სიკეთებით მდიდარსა ჰყოფ! მოდი, ცემითა, რათა უძლუროებისა და გულცივობის გამო სულით არ დავეცე. გევედრები, უფალო, მიწყალობე მე შენი მადლი, რადგან ის ჩემთვის სრულებით საკმარისია (2 კორ. 12, 9), თუნდაც, რომ მის მეტი სხვა ვერაფერი ვერა შევიძინო-რა. როდესაც შენი მადლი იქმნება ჩემთან, რანაირადაც უნდა ვიყვე განცდილი, ანუ მწუხარებისაგან ტანჯული, მაინც არ შემეშინდება. ის არის ჩემი ძალა, ის არის ჩემი დამრიგებელი და ჩემი მფარველი; იგი ყველა ჩემს მტრებზედ უფრო ძლიერია და ყოველს მეცნიერებზედ უმეცნიერესი.
6. ის არის მასწავლებელი ჭეშმარიტებისა, კეთილ-წესიერების კანონი, ნათელი გულისა, ნუგეშინისმცემელი შეწუხებულთა; გამფანტველი მწუხარებისა, მომშორებელი შიშისა, მშობელი გულმხურვალებისა და მომცემი ცრემლთა. უიმისოდ მე რა ვარ? მარტო ხმელი ხე, და უსარგებლო გადასაგდები ჯირკი. მაშ მარადის წინ მიმიძღოდეს, უფალო, შენი მადლი, მაფრთხილებდეს მე და გამზადებული მყოს ყოველთვის სამოქმედებლად კეთილისა შენის ძის ქრისტე-იესოს მიერ. ამინ.
![]() |
6.56 თავი LVI - მასზედ, თუ ვითარ უნდა უარ ვჰყოთ ჩვენი თავი და ქრისტეს ვებაძებოდეთ ჯვარის ტვირთვაში. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, რავდენადაც უფრო უარს ჰყოფ შენს თავს, იმდენად უფრო გაგიადვილდება ჩემი შემოდგომა. როგორადაც ყველა საქვეყნიერო სურვილების მოშორებით მოიპოვებ შინაგანს მყუდროებასა, აგრედვე შენის შინაგანის პიროვნების უარის ყოფით ღირსი გახდები ღმერთთან შეერთებისა. მინდა გასწავლო შენის თავის სრულიად უარის-ყოფა, რათა დაემორჩილო ჩემს ნებას უარის უთქმელად და უჩივლელად. ,,მომდიე მე ... მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და ცხოვრება“ (მათ. 9, 9; იოან. 14, 6). უგზოდ შეუძლებელია სიარული, უჭეშმარიტოდ რაიმის ცნობა და უსიცოცხლოდ ცხოვრება. მე ვარ გზა, რაზედაც უნდა დადიოდე; მე ვარ ჭეშმარიტება, რომელიც უნდა მირწმუნო, და მე ვარ ცხოვრება, რომლისაც უნდა იმედი გქონდეს. მე ვარ უშიშარი გზა, ჭეშმარიტება უტყუარი, ცხოვრება დაუსრულებელი. მე ვარ ნამდვილი და სწორე გზა; მე ვარ ჭეშმარიტება უზენაესი, ცხოვრება ჭეშმარიტი, სანეტარო და შეუქმნელი. უკეთუ დაადგები ჩემს გზას, იცნობ ჭეშმარიტებას, ეს ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს შენ (იოან. 8, 32), და მოიპოვებ საუკუნო ცხოვრებას.
2. ,,ხოლო უკეთუ გნებავს მოიპოვო საუკუნო ცხოვრება, დაიცევ მცნებანი“ (მათ. 19, 17); უკეთუ გინდა იცნო ჭეშმარიტება, მირწმუნე მე. თუ გსურს ყოვლითურთ სრული გახდე, გაჰყიდე შენი მონაგარი (მათ. 19, 21); უკეთუ გნებავს ჩემი მოწაფე შეიქმნე, უარ ჰყავი შენი თავი (ლუკ. 9, 23; 14, 26). თუ გნებავს დაიმკვიდრო სანეტარო ცხოვრება, მოიძულე აწინდელი ცხოვრება; თუ გსურს ზეცას ამაღლდე, ამ ქვეყანაზედ თავი დაიმდაბლე. თუ გინდა ჩემთან სუფევდე, ჩემსავით ჯვარი იტვირთე; რადგან, რომელნიც ჯვარს ემსახურებიან, მარტო ისინი მოიპოვებენ ნეტარებისა და ჭეშმარიტის ნათლის გზასა.
3. მორწმუნე სული: უფალო ქრისტე-იესო, რადგან მთელი შენი ცხოვრება ამ ქვეყანაზედ შეწუხებასა და შეურაცხებაში გაატარე, ეს წყალობა მიყავი, რომ მეც მოგებაძო შენ, მეც შენსავებ შეურაცხყოფილი ვიცოცხლო ქვეყანაზედ. რადგან მოწაფე მოძღვარზედ უმფროსი არ არის და არც მონა თავის ბატონზედ (მათ. 10, 24). ინებე, რომ იშრომოს შენმა მონამ და სიცოცხლით შენ დაგემსგავსოს, რადგან ამაშია ჩემი ცხოვრება და ნამდვილი სიწმიდეც. მის გარდა, რაც უნდა წავიკითხო, ანუ ვისმინო, ვერაფერი ვერ გამამხიარულებს და ვერც დამატკბობს სრულიად.
4.ქრისტე: ძეო ჩემო, რადგან იცი და წაგიკითხავს ყოველივე, ,,ნეტარ ხარ, უკეთუ ჰყოფდე მაგას (იოან. 13, 17). რომელსა აქუნდეს მცნებანი ჩემნი, და დაიმარხოს იგინი, იგი არს, რომელსა უყვარვარ მე და მეც შევიყვარო იგი, გამოუცხადო მას თავი ჩემი“ (იოან. 14, 21) და გვერდით მოვისვა სასუფეველში მამისა ჩემისა (გამოცხ. 3, 21).
5. მორწმუნე სული: ინებე, უფალო, რათა ღირს ვიქმნე და აღსრულდნენ ჩემზედ ყველა ეს შენი სიტყვები და დაპირებანი! შემიწყნარებია შენის ხელისაგან ჯვარი, შემიწყნარებია და ვტვირთულობ და სიკვდილამდე ვიტვირთავ კიდევც მე ამას ისე, როგორადაც დამდე შენ იგი ჩემს მხარზედ. ცხოვრება კეთილი მონაზონისა ნამდვილი ჯვარია, რომელსაც მიჰყავს იგი ზეცას. რაკი დაწყობილია, უკან დადგომა და თავის დანებება აღარ იქმნება.
6. ნუ გეშინიათ, ძმებო, ერთად წავიდეთ წინ; იესოც ჩვენთან იქმნება. იესოს გულისათვის გვიტვირთავს ჯვარი, ზედ სიკვდილიც იესოსთვის დავითმინოთ. ის არის ჩვენი მთავარი და წინამძღვარი და შემწეც ის იქმნება ჩვენი. აჰა, წინ მიგვიძღვის ჩვენი მეუფე, ის იომებს ჩვენს მაგიერად. მამაცურად შევუდგეთ ჩვენც მას და ნურაფრისა ნუ გვეშინია, მზად ვიყვეთ ვაჟკაცურად ომში სიკვდილისათვის, თავს ნუ შევირცხვენთ ნუ გამოვექცევით ჯვარსა და მით ნუ დავკარგავთ ჩვენს დიდებას.
![]() |
6.57 თავი LVII - მასზედ, თუ ვითარ მეტის-მეტად არ უნდა დაღონდეს კაცი, როდესაც რაიმე შეცდომა მოუხდება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ძეო ჩემო, მე ის უფრო მესიამოვნება, რომ მომთმინო და თავმდაბალი იყვე უბედურებაში, სინამ დიდად ნუგეშინისცემული და გულმხურვალე ბედნიერებაში. რად შესწუხდები ხოლმე იმ უბრალო რაიმესთვის, რომელსაც შენს წინააღმდეგად იტყვიან, ანუჰყოფენ? უმეტესი შეურაცხებაც რომ მოგაყენონ, მაშინაც კი არ უნდა გეწყინოს. ყურადღებას ნუ მიაქცევ მაგგვარს რამეებს, ახალი ამბავი არ არის, არც პირველია, და არც უკანასკნელი იქმნება, თუ ბევრს ხანს იცოცხლებ. სინამ მყუდროებაში ხარ, მხნეობას იჩენ, ასე გაშინჯე, სხვებსაც-კი არიგებ და ამხნევებ კეთილის სიტყვებით მაგრამ, გეწევა მცირედი განსაცდელი თუ არა, მაშინათვე ჰკარგავ მხნეობასა და გონებას. ჩაუკვირდი კარგად შენს უძლურებას, რომელიც არა ერთხელ შეგინიშნავს შენის თავისათვის თვით უბრალო შეწუხების დროსაც-კი მაშინ, როდესაც ისინი შენის ცხონებისათვის ყოფილან მოვლენილნი.
2. ეცადე, რავდენადაც შეგიძლია, თავიდგან მოიშორო ამგვარი უძლურება; ხოლო უკეთუ ჩავარდე განსაცდელში, იმედს ნუ დაჰკარგავ და დიდად ნუ დაღონდები. უკეთუ მხიარულის გულით არ შეგიძლია დაითმინო, მოთმინებით მაინც იტვირთე. უკეთუ სხვების სიტყვებმა გაწყევინონ და გაგაშფოთონ, იმას მაინც ეცადე არაფერი სთქვა იმისთანა, რომ სუსტნი დააბრკოლო. მალე დაგიწყნარდება გაშფოთებული გული, და შენი შინაგანი მწუხარებაც გაქრება, როდესაც გადმოვა შენზედ მადლი. ,,ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი“ (იერ. 22, 24) და მზად ვარ შეგიწყალო და უმეტესად ნუგეშსა გცემ, უკეთუ მე მომენდობი, და გულმხურვალედ მომიწოდებ.
3. გულ-დამშვიდებით იყავი, უმეტესის დასათმენრად მოემზადე. სრულიად დაღუპული ნუ გგონია შენი თავი, როდესაც ხშირად შეწუხებული ხარ, ანუ ფიცხელად ხარ განცდილი. ღმერთი ხომ არა ხარ, კაცი ხარ, ხორციელი ხარ და არა ანგელოზი. მაშ, როგორ შეგიძლია, რომ მარადის სათნოების ერთსა და იმავ წრეში იყვე, როდესაც ანგელოზთაც-კი ვერ იქონიეს მაგისთანა სიმტკიცე ზეცას და პირველმა კაცმა სამოთხეში? მე აღვადგენ და ვაცნობებ, რომელნიც გულით შეინანებენ, და ჩემის ღვთაების მონაწილეს ვყოფ, რომელნიც იცნობენ თავიანთს უძლურებას.
4. მორწმუნე სული: უფალო, კურთხეულ იყოს შენი სიტყვა, რადგან ეგ თაფლზედ უფრო ტკბილია ჩემთვის (ფსალმ. 118, 103; 18, 10). აბა რა ვქნა, უფალო, ამოდენა ტანჯვასა და შეწუხებაში, უკეთუ შენის წმიდა სიტყვებით არ გამამხნევებ მე? არ მენაღვლება როგორ, ანუ რავდენ ხანსაც უნდა ვიტანჯო, ოღონდაც-კი ვცხონდე! ეს წყალობა მიყავ, რომ ჩემი აღსასრული კეთილი იყვეს და ეს ჩემი სიცოცხლე ბედნიერად დავასრულო. მომიხსენიე მე, ღმერთო ჩემო, და სწორე გზაზედ დამაყენე, რომ შენთან სასუფეველში მომიყვანოს. ამინ.
![]() |
6.58 თავი LVIII - მასზედ, თუ ვითარ უნდა ვერიდებოდეთ მაღალ საგნების და ღვთის დაფარულ განკითხვათა გომოკვლევას. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: გაბთხილდი, ძეო ჩემო, მსჯელობას ნუ დაიწყებ მაღალს საგნებზედ და ღვთის დაფარულს განკითხვაზედ; ნუ გამოიძიებ თუ რისთვის ზოგი სულ უმოწყალოდ არის დატოვებული და ზოგი-კი მადლით არის გამდიდრებული; ერთი სულ ტანჯვაშია და მეორე-კი სავსეა ყოვლის სიკეთით. ეს ადამიანიშვილისათვის შეუძლებელი რამ არის; მისი ჭკუა-გონება ვერ მისწვდება და ვერ გაიგებს ღვთის განკითხვას. მაშ, როდესაც ეშმაკი აღგიძრავს ამგვარს აზრებს, ანუ კაცნი ცნობის მოყვარებით გამოგკითხავენ რამეს ამ საგანზედ, მაშინ შენ წინასწარმეტყველის ამ სიტყვებით უპასუხე: ,,მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არიან განკითხვანი შენნი“ (ფსალმ. 118, 137). კვალად: ,,განკითხვანი უფლისანი ჭეშმარიტ და მართალ არიან“ (ფსალმ. 18, 10). გეშინოდეს ჩემის განკითხვისა, და ნუ მოისურვებ მის გამოძიებას, რადგან ადამიანის გულხმიერება მას ვერ მისწვდება.
2. ნურც წმიდანების ღირსებაზედ დაიწყებ სჯას და მის გამოძიებას, თუ იმათში რომელი უფრო დიდი წმიდაა, ანუ რომელი უფრო მაღლა სდგას სასუფეველში. აქედგან წარმოსდგება ხოლმე ხშირად უსარგებლო ცილობა და შფოთი, თავს იჩენს ამპარტავნება და ამაო მედიდურობა; ამას მოჰყვება შური და უთანხმობა: ვინაიდგან ყველანი სიამპარტავნით ცდილობენ, რომ ღირსებით თავიანთი წმიდანები ყველაზედ უფრო მაღლა დააყენონ. ამგვარის ცოდნისა და გამოძიების სურვილი კეთილს ვერაფერს ვერ შეგძენს, მაგით უფრო შეაწუხებ წმიდანებს, რადგან ,,არა ვარ ღმერთი შფოთისა, არამედ ღმერთი მშვიდობისა.“ (1 კორ. 14, 33) და ეს მშვიდობა ჭეშმარიტს სიმდაბლეშია და არა ამაყობაში.
3. არიან იმისთანა პირნი, რომელთაც ზოგიერთი წმიდანები უფრო მეტად უყვარსთ, სინამ სხვები, მაგრამ ამგვარი ქცევა კაცობრივია და არა ღვთიური. ყველა ისინი ჩემის წყალობით გახდნენ წმიდანები, მე მივანიჭე მათ მადლი და მე ავამაღლე იგინი დიდებით. მე ვიცი ყველა მათგანის ღირსება, მე წინადვე ვაკურთხე იგინი. უწინარეს ყოველთა საუკუნეთა ვიცნობდი მე ჩემს საყვარლებს; ,,მე გამოვირჩიე იგინი სოფლისაგან“ (იოან. 15, 19), და არა თუ მათ მე გამომირჩიეს. მე მოვუწოდე იგინი ჩემის მადლითა; მე დავიახლოვე იგინი ჩემის მოწყალებით, და ათასნაირ საცდურებში გამოვატარე. მე ვიყავი დიდი ნუგეშინის მცემელი მათი, მე მივანიჭე მათ სიმტკიცე და დავაგვირგვინე მათი მოთმინება.
4. მე ვიცნობ ყველა მათგანს პირველიდგან უკანასკნელადმდე, და ყველანი გამოუთქმელის სიყვარულით მიყვარან. მე უნდა მაქებდნენ, მე უნდა მადიდებდნენ და ყველაფერზედ უფრო მე უნდა პატივს მცემდნენ ყველა ჩემი წმიდანები, რადგან მე ავამაღლე იგინი და მე გამოვირჩიე ამ დიდებისათვის, თუმცა-კი ჩემს წინ არა ვითარი ღვაწლი არ მიუძღოდათ. მაშ, რომელიც შეურაცხჰყოფს ამ ჩემს წმიდანებში სულ მცირეთაგანს, იგი შეურაცხმყოფელია თვით უპირველესისაც. და რომელმაც პატივი არა სცეს რომელსამე ჩემს წმიდანთაგანს, იგი მამცირებს მეც და ჩემთან სასუფეველში მყოფთაც. რადგან ყველანი ერთად შეკავშირებულნი არიან სიყვარულით, ყველაში ერთი გრძნობაა, ერთი ნებაა და ყველას ერთმანერთი უყვართ.
5. მაგრამ მათში უფრო მოსაწონი ეს არის, რომ თავიანთს თავზედ, და თავიანთს ღირსებაზედ უფრო მე უყვარვარ. მათ აღარ ახსოვსთ თავიანთ თავი, დაუვიწყიათ თავიანთ თავმოყვარეობა და არიან გატაცებულნი მხოლოდ ჩემი სიყვარულით, რომელშიაც მხიარულებით განისვენებენ. არაფერს არ შეუძლია მათი გულის შეცვლა, ანუ უკან დაბრუნება, რადგან დამტკბარნი არიან საუკუნო ჭეშმარიტებით, და სიყვარულის დაუშრეტელის ცეცხლით აღგზნებულნი. მაშ დაჩუმდნენ ხორციელი და პირუტყვის მსგავსი კაცნი და ნუღარ მსჯელობენ წმიდანების ღირსებაზედ, რადგან მათ მარტო თავიანთი დიდება უყვარსთ და სხვა არა იციან რა. იგინი ზოგს მათგანს აქებენ და ზოგს-კი დაამცირებენ, როგორც თვითონ უნდათ, და არა ისე, როგორც საუკუნო ჭეშმარიტების წინ მოსაწონია.
6. ბევრშია ამგვარი უმეცრება, მაგრამ უმეტესად იმათში, რომელნიც უფრო ნაკლებად არიან განათლებულნი და ვერ სცნობენ, თუ რაში მდგომარეობს ერთმანერთის ნამდვილი სულიერი სიყვარული. როგორც ამ ქვეყნიურს სიყვარულსა და კაცობრიულს მეგობრობას ხედვენ, ამგვარივე დამოკიდებულება ჰგონიათ ზეციურს არსთა შორისაც. მაგრამ დიდი განსხვავებაა სუსტის ადამიანების და ღვთის მიერ განათლებულ კაცების ცოდნასა და მოსაზრებათა შორის.
7. მაშ ფრთხილად იყავი, ძეო ჩემო, ნუღარ დაიწყებ ცნობის მოყვარებით მსჯელობას იმგვარს მაღალს საგნებზედ, რომელთაც შენი ჭკუა ვერ მისწვდება; არამედ უფრო იმას ეცადე გულსმოდგინებით, რომ სულ უკანასკნელის ადგილის ღირსი მაინც გახდე სასუფეველში.თუნდაც რომ იცოდეს ვინმემ წმიდანებში რომელი უფრო წმიდაა და რომელი უფრო მაღლა სდგას სასუფეველში, რაში გამოადგება მას ამგვარი ცოდნა, უკეთუ ამით არ ისწავლის ჩემს წინაშე სიმდაბლით მოქცევას, და ყოვლის გულით მე არ მადიდებს? ის უფრო ესიამოვნება ღმერთს, რომ ადამიანი დაფიქრდეს, თუ რა დიდი ცოდვილია, თუ როგორ მცირედია მასში სათნოება, და თუ ვითარ დაშორებულია იგი წმიდანებისაგან, სინამ რომ მსჯელობდეს მათს ხარისხსა და ღირსებაზედ. ისა სჯობს, მხურვალე გულით და მდუღარე ცრემლით ევედრო წმიდანებს და სიმდაბლით ითხოვო მათგან ძრიელი მეოხება, სინამ ამაოდ სცდილობდე გაგებას მათის დაფარულის დიდებისას.
8. წმიდანები სრულიად კმაყოფილნი არიან თავიანთ მდგომარეობით, ნეტავი ისე ადამიანები იყვნენ კმაყოფილნი იმითი, როგორიც არიან და შეუფერებელს ლაპარაკს თავს დაანებებდნენ. წმიდანები როდი ამპარტავნობენ თავიანთის ღირსეულებით, რადგან თავიანთს თავს არ მიაწერენ არავითარს კეთილს, არამედ მე, რომელმაც ჩემის უსაზღვრო სიყვარულით დავსაჩუქრე იგინი. ისე გამდიდრებულნი არიან იგინი ღვთიურის სიყვარულითა და აუწერელის მხიარულებით, რომ იმათს დიდებასა და ნეტარებას აღარაფერი არ აკლიათ. რავდენადაც უფრო დიდებულნი არიან წმიდანები, იმდონად უფრო თავმდაბლობენ და იმდონადაც უფრო დაახლოვებულნი არიან ჩემთან და ჩემი საყვარელნი არიან. აი იმიტომ არის დაწერილი საღმრთო წერილში ასე: ,,დაჰსდებენ გვირგვინთა მათთა წინაშე საყდრისა ღვთისა, და თაყვანსასცემენ კრავსა მას, რომელი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 4, 10; 5, 14).
9. მრავალთა უნდათ გაიგონ: ვინ იქმნება უფრო დიდი სასუფეველში (მათ. 18, 1), და იმას კი არ კითხულობენ, რომ თვითონ იქ შესვლის ღირსნი გახდებიან თუ არა. ზეცაში უმცირესობაც-კი დიდი ღირსებაა, სადაც ყველანი დიდნი არიან, რადგან ყოველნი ძედ ღვთისად უნდა იწოდებოდნენ და იყვნენ. მათგანი უმცირესიც-კი ათას წილად უნდა ბედნიერი იყვეს, ხოლო ცოდვილი ასი წლისაც რომ მოკვდეს, წყეული იქმნება (ეს. 60, 22; 65, 20). როდესაც მოციქულებმა იკითხეს: ჩვენგანი ვინ იქმნება უფრო დიდი ზეცას სასუფეველშიო (მათ. 18, 1), აი რა პასუხი მიიღეს: სინამ არ მოიქცევით და ყრმებს არ დაემსგავსებით, ვერავინ ვერ შეხვალთ ზეცას სასუფეველში, რადგან რომელიც დაიმდაბლებს თავის თავს, ვითარცა ყრმა ესე, ის იქმნება უფრო დიდი სასუფეველში (მათ. 18, 4).
10. ვაი მათ, რომელნიც არ მეცადინეობენ, რომ სიმდაბლით ყრმებს დაემსგავსონ, რადგან ზეცის კარი დაბალია და ისინი იმაში ვერ შევლენ! ვაი მდიდრებს! რადგან იმათ თავიანთი ნუგეშინისცემა აქვე მიუღიათ (ლუკ. 6, 24), რამეთუ გლახაკნი-კი უნდა შევიდნენ სასუფეველში, მაგრამ ისინი-კი გარედ დარჩებიან, უნუგეშოდ მტირალნი. გაიხარეთ,მდაბალნო, გამხიარულდით, გლახაკნო, ,,რამეთუ თქვენი არს სასუფეველი ღვთისა“ (ლუკ. 6, 20), უკეთუ სიმართლით იცხოვრებთ.
![]() |
6.59 თავი LIX - მასზედ, თუ ვითარ ყოველი ჩვენი იმედი და სასოება მხოლოდ ღმერთზედ უნდა გვქონდეს დამყარებული. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, შენს გარდა სხვა ვიღას უნდა მივენდო ამ ქვეყანაზედ, ანუ სხვა ვიღაა ცის ქვეშ ჩემთვის ნუგეშინის მცემელი, თუ არ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რომლის მოწყალებას არა აქვს დასასრული? უშენოდ სად ვყოფილვარ მე ბედნიერი; ანუ შენთან ყოფნის დროს როდის ვყოფილვარ მე უბედური? უფრო მირჩევნია, რომ შენის გულისათვის სიღატაკეში ვიყვე, სინამ უშენოდ მდიდარი. ამ ქვეყნად შენთან მგზავრობა უფრო დიდი ნეტარება იქმნება ჩემთვის, სინამ უშენოდ ზეცაში ყოფნა. სადაც შენ ხარ, იქ სასუფეველია, და სადაც შენ არა ხარ, იქ არის სიკვდილი და ჯოჯოხეთი. შენს ნატვრაშია მუდამ ჩემი სული; ამისთვის შენს წინაშე უნდა ვღაღადებდე, ვგოდებდე და შენ უნდა გევედრებოდე. შენს გარდა გულით ვერავის ვერ მივენდობი; და არც არავის არ შეუძლია ჩემი გაჭირვების დროს იმნაირად შემეწიოს, როგორც შენ, ღმერთო ჩემო. შენ ხარ სასოება და იმედი ჩემი; შენ ხარ ჩემი ნუგეშინისმცემელი და მარადის ერთგული მეგობარი.
2. ყველანი თავიანთს სარგებლობას ეძებენ (ფილიპ. 2, 22), მაგრამ შენ-კი მარტო ჩემი კეთილი წარმატება და ცხონება გსურს და ყოველთვის ჩემს სასარგებლოდ მოქმედობ. თუმც ზოგჯერ მრავალნაირს განსაცდელსა და შეწუხებას მომივლენ, მაგრამ ამასაც-კი ჩემს სასარგებლოდ ჰყოფ, ვინაიდგან შენს საყვარლებს ათასნაირადა გამოსცდი ხოლმე. მაგრამ მაინც დიდად შესაყვარებელი და თაყვანს საცემელი ხარ, მაშინაც-კი, როდესაც გამომცდი,რადგანარცმაშინმაკლებ შენს ზეციურს ნუგეშინისცემასა.
3. მაშ მეც გულით შენ მოგენდობი და შენ შემოგეხიზნები, და ჩემს ყოველს ტანჯვასა და შეწუხებასაც შენ შემოგწირავ, რადგან ყოველივე, რასაც-კი შენს გარედ ვხედავ, სუსტია და უსაფუძვლო. მე ვერც მეგობრები მიშველიან რასმეს, ვერც ძლიერნი შემეწევიან, ვერც მეცნიერნი მომცემენ სასარგებლო დარიგებას, ვერც სამეცნიერო წიგნები მანუგეშებენ, ვერც სიმდიდრე გამანთავისუფლებს და ვერც ვერავითარი განმარტოებული ადგილი დამიფარავს მე უშიშრად, უკეთუ შენ არ მიწინამძღვრებ, არ შემეწევი, არ გამაძლიერებ, ნუგეშს არ მცემ, არ დამარიგებ და არ დამიცვამ.
4. ყოველივე, რაც-კი ჩვენ ბედნიერებას და მშვიდობას გვიქადის, უშენოდ ისიც-კი გამოუსადეგარია და არავითარი ნამდვილი ბედნიერების მოცემა მას არ შეუძლია. მაშ შენ ხარ წყარო ყველა სიკეთისა, დასაბამი ცხოვრებისა, საუნჯე სიბრძნისა, და ყველაზედ უფრო საიმედოდა ძლიერი ნუგეშინისმცემელი მონათა შენთათვის. თვალი მარადის შენსკენ მრჩება, შენგან მოველი ყოველივეს, ღმერთო ჩემო და მამაო მოწყალებისაო! აკურთხე და გასწმიდე სული ჩემი შენის ზეციურის კურთხევითა, რათა შეიქმნას იგი შენს ღირსეულ სადგომად, და საყდრად შენის საუკუნო დიდებისა; ნუღარ იქმნება ამ შენის ღვთაების ტაძარში იმგვარი რაიმე, რამაც შეაწუხოს თვალნი შენის დიდებულებისა. ,,მრავლითა მოწყალებითა შენითა მოიხილე ჩემზედა“ (ფსალმ. 68, 16), სიმრავლითა მოწყალებისა შენისათა შეისმინე ვედრება შენის გლახაკის მონისა, რომელიც შორს ქვეყანას არის გაგდებული, სადაც არის სიბნელე და წყვდიადი სიკვდილისა. დაიფარე და გადაარჩინე დაღუპვისაგან სული შენის საბრალო მონისა ამ გახრწნილს ცხოვრებაში და შემწეობითა შენის მადლისა დამაყენე უშიშარს გზაზედ და მიმიყვანესაუკუნობრწყინვალებისმამულში.
![]() |
7 წიგნი მეოთხე - უწმიდეს ზიარების საიდუმლოზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
მხურვალე შეგონება წმიდა ზიარების მისაღებლად.
ქრისტე:
,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მათ. 11, 28).
,,პური, რომელი მე მივჰსცე ხორცი ჩემი არს, რომელსა მე მივჰსცემ ცხოვრებისათვის სოფლისა“ (იოან. 6, 51).
,,მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის მოცემული; ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა“ (ლუკ. 22, 19; 1 კორ. 11, 24).
,,რომელი სჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილარსდამე მასთანა“ (იოან. 6, 56).
,,სიტყვათა, რომელთა გეტყვი თქვენ სულ არიან და ცხოვრება“ (იოან. 6, 63).
![]() |
7.1 თავი I - მასზედ, თუ ვითარის კრძალულებით უნდა მივიღებდეთ ქრისტეს ხორცსა და სისხლსა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. შენი სიტყვებია ესენი, ქრისტე, საუკუნო ჭეშმარიტებაო, თუმცა-კი ერთსა და იმავე დროს არ არიან თქმულნი და არც ერთსა და იმავე ადგილას დაწერილნი. მაშ რადგან შენნი არიან და ჭეშმარიტებაა, ამისათვის დიდის მადლიერობითა და დიდის რწმუნებით უნდა შევიწყნარო მე იგინი. შენნი არიან იგინი, რადგან შენგან არიან წართქმულნი; მაგრამ ჩემნიც არიან, რადგან ჩემის ცხოვრებისათვის არიან თქმულნი შენგან. სიხარულით შევიწყნარებ მე მათ შენის პირისაგან, რათა რომ ღრმად გაიდგან მათ ფესვები ჩემს გულში. ფრიად მამხნევებენ მე ეს ყოვლად სახიერი, ტკბილი და სასიყვარულოსიტყვები, მაგრამ დიდადაც მაშინებენ მე ცოდვანი ჩემნი, და უწმიდური სინიდისი ჩემი ნებას არ მაძლევს, რომ მივიღო ესოდეს დიდი საიდუმლო. შენის სიტყვების სიტკბოება მიზიდავს მე, მაგრამ სიმრავლე ჩემის ცოდვებისა არ მიშვებს მე.
2. მიბრძანებ, რათა კადნიერად მოგეახლო შენ, თუ მინდა, რომ შენთან მონაწილეობა ვიქონიო, და მივიღო ეს უკვდავების საზრდო, უკეთუ ვნატრობ, რომ ცხოვრება და დიდება საუკუნო შევიძინო. ,,მოვედით ჩემდა-ო - გვიბრძანებ - ყოველნი მაშურალნი და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ-ო“ (მათ. 11, 29). ახ! როგორ ტკბილი და სასიამოვნოა ეს სიტყვები ცოდვილისათვის, რადგან შენ იწვევ, უფალო და ღმერთო ჩემო, გლახაკსა და უღირსსა მისაღებლად შენის ყოვლად წმიდა ხორცისა. მაგრამ, ვინ ვარ მე, უფალო, რომ შენთან მოახლოვება გავბედო? ,,ცასა ცათასა ვერ ძალ უძს დატევა შენი“ (3 მეფ. 8,27), დაშენ - კი ამბობ: „მოვედით ჩემთანო“.
3. რას ნიშნავს შენი ესოდენი განუზომელი მოწყალება და ესეთი მეგობრული მიწვევა? როგორ უნდა გავბედო მე შენთან მოსვლა, როდესაც იმისთანა კეთილს ვერაფერს ვერ ვხედავ ჩემში, რომ მე ამის კადნიერება მომცეს? როგორღა უნდა შეგიყვანო შენ ჩემს სახლში მე, როდესაც მრავალჯერ შემიწყენია შენი სახიერება? ანგელოზნი და მთავარ ანგელოზნი თაყვანსა გცემენ, წმიდანნი და მართალნი თრთიან შენს წინ და შენ გვეუბნევი მოდით ჩემთანაო. ვინ ირწმუნებდა ამ ჭეშმარიტებას, უფალო, უკეთუ შენ არ გეთქვა იგი? და ან ვინ გაჰბედავდა შენთან მოახლოვებას, თუ თვით შენ არ გებრძანებინა?
4. მართალმა კაცმა ნოემ ასი წელიწადი იშრომა კიდობნის აშენებისათვის (დაბ. 6, 17), რომ იმითი რაოდენიმე სული და თავის თავი გადერჩინა, და მე რანაირად უნდა დავემზადო ერთს საათში, რომ ღირსეულად მივიღო შემოქმედი სოფლისა?
შენმა დიდმა მსახურმა და განსაკუთრებით შენმა საყვარელმა მეგობარმა მოსემ ულპობი ხისაგან გააკეთა კიდობანი, და შეამკო იგი პატიოსანის ოქროითა (გამ. 25, 10), რომ იმაში შეენახა დაწერილი სჯულის ფიცარი, და მე გახრწნილმა ქმნილებამ როგორ უნდა გავბედო ისე ადვილად შეწყნარება შენი, რომელი ხარ თვით სჯულის მდებელი და ცხოვრების მომნიჭებელი?
ყოვლად ბრძენმა ისრაელთა მეფე სოლომონმა შვიდი წელიწადი აშენა ყოვლად მშვენიერი ტაძარი შენის სახელის დიდებისათვის; რვა დღეს იდღესასწაულა მისი კურთხევის დღე, ათასობით მოგართვა სალხინებელი მსხვერპლები; ხმითა ნესტვისათა და ღაღადებით შეიტანა აღთქმის კიდობანი დიდის დიდებით და დაასვენა იგი მისთვის განმზადებულს ადგილს (3 მეფ. 8).
და მე საბრალომ და ყველა კაცზედ უსაწყლესმა როგორ უნდა შეგიყვანო შენ ჩემს სახლში, როდესაც ნახევარი საათი ძლივს შემიძლია გავატარო გულმხურვალებაში? ნეტავი-კი ღირსეულად გავატარო როდესმე და არ მენაღვლება, თუ გინდ ამაზედ ნაკლებიც იყვეს!
ოხ! აი იმათ როგორ უშრომიათ, რომ ესიამოვნებინათ შენთვის, ღმერთო ჩემო! ვაი მე, რავდენად მცირეა ჩემი ნამოქმედარი! რა ცოტა დროს ვხმარობ, როდესაც ვემზადები საზიარებლად! იშვიათია ამდროს მე სრულის გონება შემოკრებით ვიყო! უფრო იშვიათი კიდევ ის არის, რომ უსარგებლო აზრებში არ ვიყვე გართული! ჭეშმარიტად შესაფერი არ არის, მაცხოვარო, რომ როდესაც შენის ღვთაების წინ ვიმყოფები, შეუსაბამო აზრები წარმომიდგებოდნენ გონებაში, და ანუ რომელიმე ქმნულება გამიტაცებდეს მე, რადგან მაშინ ანგელოზთა კი არა, ანგელოზების უფალს ვიწყნარებ მე სტუმრად.
6. მაგრამ დიდი განსხვავებაა აღთქმის კიდობნისა და იმაში შენახულ რაიმეებში, და შენის ყოვლად წმიდა ხორცისა და მისს გამოუთქმელს მადლებში; ძველის შჯულის მსხვერპლში, რომელიც მარტო სახე იყო მომავალისადა შენის ჭეშმარიტის ხორცის მსხვერპლში, რომელში აღსრულდნენ ყოველნი ძველის დროის მსხვერპლები.
7. მაშ რისთვის უფრო აღგზნებული არა ვარ შენს წინაშე? რისთვის უფრო უმეტესის გულს მოდგინებით არ ვემზადები მე მისაღებლად შენის წმიდა საიდუმლოსი, როდესაც იმოდენა მხურვალება და გულს მოდგინება აჩვენეს ღვთის სამსახურში ძველად წმიდათა მამამთავართა, წინასწარმეტყველთა, მეფეთა და მთავართა და ყოველთა ერთა?
8. ყოვლად გულმხურვალე მეფე დავითი ,,ხტოდა ყოვლის ძალითა თვისითა წინაშე კიდობნისა“ (2 მეფ. 6, 16), როდესაც წარმოიდგენდა იმ წყალობაებს, რომელნიც ღმერთს ექმნა ადრევე მისი მამა-პაპებისათვის. შეამზადებინა მრავალგვარი საკრავები, შესთხუზა ფსალმუნები და ხალხს აგალობა სიხარულით; სავსე სულის წმიდის მადლითა თვითონაც ხშირად ჰგალობდა ქნარზედ; ასწავლა ისრაელის ერს გულითადი ქება ღვთისა, და ყოველ დღე ერთის ხმით ღაღადებდნენ და აკურთხებდნენ ღმერთსა და მოჰფენდნენ მის ქებას (2 მეფ. 6, 14). უკეთუ მაშინ აღთქმის კიდობანის ერთი დანახვა იმოდენა გულმხურვალებას აძლევდა და იმისთანა ღვთის ქებას ათქმევინებდა ხალხს, მაშ რაოდენ უფრო დიდი პატივისცემა და ღვთის სიყვარული უნდა აღძრას ჩემში და ყოველს ქრისტიანთ ერში წმიდა საიდუმლოს ხილვამ და ქრისტე-იესოს უწმიდესის ხორცის მიღებამ?
9. ბევრნი მიდიან სხვა და სხვა ადგილებში წმიდა ნაწილების თაყვანის საცემლად და აღტაცებაში მოდიან, როდესაც ესმით მათი მოქმედებანი; გაოცებით შინჯვენ მათს დიდებულს ტაძრებს და მხურვალებით ემთხვევიან მათს ოქროსა და აბრეშუმში შეხვეულს წმიდა ძვლებს; და აი, აქ-კი თვითონ შენ ხარ ჩემს წინ საკურთხეველზედ, ღმერთო ჩემო, წმიდაო წმიდათაო, დამბადებელო კაცთაო და უფალო ანგელოზთაო! ხშირად მარტო ცნობის მოყვარების გამო მიდიან ხოლმე ამგვარს ადგილებში, და ახალს და გასართობს ამბებს ეძიებენ იქ; ამგვარის ქცევით ისინი, ცხადია, დიდს კეთილს ვერაფერს ვერ შეიძენენ, და მომეტებულად უფრო მაშინ, როდესაც ასე სულელურად გაუდგებიან გზას და კი არ განამზადებენ თავიანთს გულს ჭეშმარიტის მონანებით. მაგრამ აქ-კი, ამ საიდუმლოშია მრთლად თვითონ შენ იმყოფები ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი, ქრისტე-იესოვ, და როდესაც ღირსეულად და გულმხურვალებით მიგიღებენ შენ, ამით ყოველს დროს უხვად მიიღებენ საუკუნო ცხოვრების ნაყოფსაც. მაშასადამე, აქ არც სისულელეა, არც ცნობის მოყვარებაა და არც გრძნობიერობის სიამოვნებაა, რომელიც ჩვენ გვიზიდავს შენსკენ; არამედ ეს არის მტკიცე სარწმუნოება, ცხოველი იმედი და გულწრფელი სიყვარული.
10. ჰოი, ღმერთო, ჰოი უხილავო შემომქმედო ქვეყნისაო, როგორ საკვირველად მოქმედობ შენ ჩვენზედ! ეს რა დიდი სიყვარული და წყალობაა შენის რჩეულებისათვის, რომ თვით შენს თავს აძლევ მათ საზრდოდ ამ შენის საიდუმლოს მიერ! ამას ადამიანის ჭკუა-გონება ვერ მისწვდება; ეს განსაკუთრებით მათს გულს წარიტაცებს და იმათ სიყვარულს გააცხოვლებს, რომელნიც ღვთის მოყვარულნი არიან. რადგან შენნი მორწმუნე მსახურნი, რომელნიც მთელს თავიანთს ცხოვრებაში მეცადინეობენ სიცოცხლის გამოცვლისათვის, ხშირად იძენენ ამ უსაღმრთოესის საიდუმლოს შემწეობით მხურვალების დიდს მადლსა და სათნოების სიყვარულს.
11. ჰოი საკვირველო და დაფარულო მადლო საიდუმლოსაო! რომელიც მხოლოდ ქრისტეს კეთილ მორწმუნეთაგან ხარ ცნობილი; ხოლო ურწმუნოთა და ცოდვილთაგან-კი უცნობელი. ამ საიდუმლოს მიერ გვეძლევა სულიწმიდის მადლი და ცოდვისაგან დასუსტებული და დამახინჯებული სული ძლიერდება და გამშვენიერდება. ზოგჯერ იმგვარია ეს მადლი, რომ მისგან უხვად დასაჩუქრებული გულმხურვალებისაგან არა მარტო სული, არამედ თვით უძლური ხორციც-კი გრძნობს ხოლმე ახალის ძალის მომატებას.
12. მაინც უნდა დიდად ვსტიროდეთ და ვსწუხდეთ, რომ ასე გულცივნი და უნაღვლელნი ვართ და გამქრალია ჩვენში სურვილი ქრისტეს მიღებისა, რომელიც არის ყოველი იმედი და ღირსეულება ჩვენის ცხონებისათვის. რადგან ის არის სიწმიდე და ხსნა ჩვენი; ის არის ნუგეშინისმცემელი მგზავრთა და საუკუნო ნეტარება წმიდანებისა. უფრო სამწუხარო კვალად ის არის, რომ მრავალნი ძრიელ გულგრილად ეკიდებიან მაცხოვნებელს საიდუმლოს, რომელიც არის შვება ზეცისა და ცხოვრება ქვეყნისა. ახ! როგორ ბრმა და გულ გაქვავებულია ადამიანი, რომ ამისთანა დიდს წყალობას ყურადღებას არ აქცევს, და ყოველ დღე მისი ხმარებით უფრო და უფრო უნაღვლელი ხდება!
13. უკეთუ ეს ყოვლად უწმიდესი საიდუმლო მთელს ქვეყნიერობაზედ მარტო ერთს ადგილას უწმიდეს ზიარების საიდუმლოზედ და მხოლოდ ერთის მღვდლისაგან იწირვებოდეს და იკურთხებოდეს, რა გგონია? როგორის გულს მოდგინებით წავიდოდა ხალხი იმ ადგილას და იმ მღვდელთან, რათა დასწრებოდა და ენახა შეწირვა ამ უსაღმრთოესის საიდუმლოსი? მაგრამ დღეს კი მრავალნი არიან მღვდელნი და ყოველს ადგილს ქრისტე იწირვება, ეს იმიტომ, რომ რავდენადაც უფრო მოფენილი იქმნება მთელს ქვეყანაზედ ყოვლად წმიდა ზიარების საიდუმლო, იმდონად უფრო ყველასაგან ცნობილი იქმნება წყალობა და კაცთ მოყვარეობა ღვთისა.
მადლობას გწირავ შენ, კეთილო იესო, მწყემსო საუკუნო, რომ ღირსი გვყავი ჩვენ, გლახაკნი და განდევნილნი, შენის დაუფასებელის ხორცითა და სისხლით გამოზრდისა, და მიწვევისა ამ საიდუმლოს მისაღებლად შემდეგის სიტყვებით: ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქვენ“ (მათ.11,28).
![]() |
7.2 თავი II - ღვთის ყოვლად დიდს გულკეთილობასა და სიყვარულზედ, რომელნიც გვიჩვენა ამ საიდუმლოში კაცთა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, მონდობილი შენს სახიერებასა და დიდს მოწყალებაზედ, მოგმართავ შენ, როგორადაც სნეული მკურნალსა და მაცხოვარსა ჩემსა; როგორც მშიერი და მწყურვალე ცხოველს წყაროსა, ღატაკი ზეციურს მეუფესა, მონა თავის ბატონსა, დაბადებული თავის შემოქმედსა და უნუგეშოდ დატოვებული თავის გულ შემატკივარს მანუგეშებელს. მაგრამ რით გავხდი მე ამ წყალობის ღირსი, რომ შენ ჩემთან მოდიხარ? ვინ ვარ მე, უფალო, რომ შენს თავს მაძლევ მე? როგორ უნდა გამოვჩნდე მე ცოდვილი შენს წინაშე? ანუ შენ როგორ კადრულობ ჩემისთანა ცოდვილთან მოსვლას? ხომ იცნობ შენს მონას და იცი, რომ იმისთანა სიკეთე იმაში არაფერი არ არის; რომლის გულისათვის უყო მას ეს წყალობა? ვაღვიარებ ჩემს სიგლახეს, ვსცნობ შენს სახიერებას, ვაქებ შენს მოწყალებას და მადლობას გწირავ შენის უსაზღვრო კაცთ მოყვარეობისათვის. ამნაირად მექცევი შენ მე იმისთვის-კი არა, რომ მე ღირსი ვიყვე ამისი, არამედ იმისთვის, რომ შენ მოწყალე ხარ, და გნებავს ამითი გამაცნო, თუ როგორ კეთილი ხარ, რათა უმეტესად შეგიყვარო ამ შენის თავმდაბლობის გამო. მაშ ვანაიდგან ეს შენთვის დიდად სასიამოვნოა, და მისი აღსრულება გიბრძანებია, მეც სიხარულით მივიღებ ამგვარს დიდს წყალობას, ოღონც-კი ჩემმა ცოდვებმა არ დამიშალონ.
2. ოხ! ყოვლად ტკბილო და კეთილო იესო, ვითარი, თაყვანისცემისა, როგორი მადლობისა და საუკუნოდ ქების ღირსი ხარ ჩემგან, რომ შენს უწმიდესს ხორცს მაძლევ მე საზრდოდ, რომლის უაღრესობას ვერც ერთი კაცი ვერ გამოსთქვამს! მაგრამ რას უნდა ვფიქრობდემეზიარებისდროს,როდესაცამითვუახლოვდები ჩემს უფალს, და კი არ შემიძლია ღირსეულად თაყვანისცემა, თუმც კი დიდად ვნატრობ მის სასოებით მიღებას? ყველა საფიქრებელზედ უფრო უკეთესი და უფრო სასარგებლო ის არის, რომ სრულიად დავიმდაბლო ჩემი თავი შენს წინაშე და მხოლოდ შენი დაუსრულებელი სახიერება ვადიდო. გადიდებ შენ, ღმერთო ჩემო, და უკუნისამდე აღგამაღლებ; შევურაცხვჰყოფ ჩემს თავს და შენს წინაშე მიწაზედ დავემხობი.
3. შენ ხარ წმიდა წმიდათა, ხოლო მე კი ყველა ცოდვილებზედაც უკანასკნელი. მე შენის შეხედვის ღირსიც-კი არა ვარ და შენ-კი ჩემს წინ თავს იმდაბლებ. შენ ჩემთან მოდიხარ, ჩემთან ყოფნა გსურს, შენს ტაბლაზედ მიწვევ, საჭმელად ზეციურს ხორცს მაძლევ და ანგელოზების პურსა, რომელიც თვითონ შენ ხარ ,,პური ცხოველი, გარდამოსული ზეცით ცხოვრებისათვის სოფლისა“ (იოან. 6, 48. 50. 51).
4. აი რანაირად შეგიყვარებივართ ჩვენ და ვითარი სიკეთე გიქმნია ჩვენთვის! ახ! რა დიდის მადლობისა და ქების ღირსი ხარ შენ ამ წყალობისათვის! ოხ! როგორ სასარგებლო და მაცხოვნებელი იქმნა ჩვენთვის ის განზრახულება, რომლით განგვიწესდა ეს საიდუმლო! ახ! ეს რა ტკბილი და დიდებული წვეულებაა, რომელშიც შენს თავს გვაძლევ საჭმელად! ოხ! ვითარ საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო! რა ძლიერი ძალაა შენში, როგორ შეუცილებელია შენი ჭეშმარიტება! რამეთუ სთქვი და ყოველივე იქმნენ, და როგორც ბრძანე ისეც აღსრულდნენ (ფსალმ. 32, 9; 148, 5).
5. აი ყოვლად საკვირველი საქმე, რომელიც უნდა ვირწმუნოთ მხოლოდ, თორემ ამას ჩვენი ჭკუა გონება ვერ მისწვდება, რადგან შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ჭეშმარიტი ღმერთი და კაცი მთლად მცირე სახისა ქვეშე პურისა და ღვინისა იმყოფები და რამოდენიც უნდა სჭამონ მიმღებელთა შენთა, ხარ მოუკლებელი! შენ, უფალო ყოველთაო, რომელსაც არავითარი საჭიროება არა გაქვს, ჩვენთან ყოფნა ინებე ამ საიდუმლოს მიერ; დაიცევ გული და სული ჩემი უბიწოდ, რათა წმიდის და მხიარულის სინიდისით ხშირად შევიძლო ამ საიდუმლოს მიღება, რომელიც აკურთხე და გასწმიდე განსაკუთრებით შენის დიდებისათვის და საუკუნო მოსახსენებლად შენს კეთილ მოქმედებათა.
6. გაიხარე, ჰოი სულო ჩემო, და მადლობა შესწირე ღმერთს, რომელმაც ამისთანა დიდი საჩუქარი და ესოდენი განსაკუთრებითი ნუგეშინისცემა დაგიტოვა შენ ამ ცრემლის ღელეში. ვინაიდგან რავდენ გზისაც აღასრულებ ამ საიდუმლოს და მიიღებ ხორცსა ქრისტესსა, მოქმედობ საქმეს შენის დახსნისას და მონაწილე ხარ ყოველთა ღირსებათა ქრისტესთა. რამეთუ სიყვარული ქრისტესი არასოდეს არ შემცირდება და დიდებული მოწყალება მისი მარადის მოუკლებელი იქმნება. ამისთვის საჭიროა, რომ მარადის ახალის გაწმედილის სულით და დიდის მოწიწებით მიუახლოვდე ამ ყოვლად დიდსა და მაცხოვნებელს საიდუმლოს. როდესაც სწირავ, ანუ წირვას ისმენ, მაშინ ისე წარმოიდგინე, თითქო დღეს ხდებოდეს გადმოსვლა და განხორციელება ქრისტესი ნეტარის ქალწულის საშოში, ან ისე თითქო იმ წამს იყვეს გაკრული ჯვარზედ, იტანჯებოდეს და კვდებოდეს იგი კაცთა ცხონებისათვის.
![]() |
7.3 თავი III - მასზედ, თუ ვითარ სასარგებლოა ხშირად ზიარება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: აჰა მოვდივარ შენთან, უფალო, რათა დავსტკბე ამ შენის წყალობით და ვილხინო შენს წმიდა ტაბლაზედ, ,,რომელიც განუმზადე შენის გულკეთილობით გლახაკსა, ღმერთო“ (ფსალმ. 67, 10). შენშია ყოველივე, რომელიც შემიძლია ვინატრო და რომელსაც უნდა ვნატრობდე; შენ ხარ ცხოვრება ჩემი, ხსნა ჩემი, სასოება ჩემი, ძალი ჩემი, დამამშვენებელი და დიდება ჩემი. მაშ გაახარე დღეს, უფალო, სული მონისა შენისა, რამეთუ შენდამი აღვიმაღლე, უფალო იესო, სული ჩემი (ფსალმ. 85, 4). აწ მსურს გულმხურვალებით და მოწიწებით მიგიღო; ვნატრობ ჩემს სახლში შეგიყვანო, რომ ზაქესავებ მეც ღირს ვიქმნე შენგან კურთხევის მიღებისა და აბრაამის ძეთა შორის შერაცხვისა (ლუკ. 19, 2). ჩემს სულს შენის ხორცის მიღება სურს; გული ჩემი ნატრობს შენთან შეერთებას.
2. მომეც მე თავი შენი და ეს ჩემთვის საკმარისი იქმნება, რადგან უშენოდ ნუგეშინისცემაც-კი არაფერშია გამოსადეგი. უშენოდ ყოფნა მე არ შემიძლია; და უკეთუ შენ არ მომხედავ, ჩემი სიცოცხლე შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა ხშირად მოგიახლოვდე და მიგიღო ხოლმე შენა, როგორადაც ერთად ერთი საშუალება ჩემის ცხონებისა, რათა ვაითუ მოკლებული ამ ზეციურს საზრდელს დასუსტებული გზაში დავრჩე. ერთხელ, როდესაც უქადაგებდი ერსა და ჰკურნებდი მათ მრავალნაირ სენთაგან აი, ასე სთქვიშენ, ყოვლად მოწყალეო იესო: არ მინდა, რომ ეგენი მშიერნი წავიდნენ, ვაი თუ გზაზედ დასუსტდნენ და ვეღარ იარონ (მათ. 15, 32). მაშ აწ ჩემ შესახებაც ამგვარადვე მოიქეც შენ, რომელმაც სანუგეშებლად მორწმუნეთა ამ საიდუმლოში ყოფნა ინებე. შენ ხარ ტკბილი საზრდელი სულისა, და რომელიც ღირსეულად სჭამდეს შენგან, მონაწილე შეიქმნება და მემკვიდრე საუკუნო დიდებისა. ჩემთვის-კი, რომელიც ასე ხშირად ვეცემი და ვსცოდავ, ასე ადვილად ვსუსტდები და გულგრილობას ვეძელევი, საჭიროა ლოცვას მოვუხშირო, მალიმალ გავენდო და ვეზიარო შენის წმიდა ხორცითა და სისხლითა, რათა განვახლდე, გავიწმიდო და აღვეგზნა, რომ ვაი თუ მათის დაგვიანებით გზა ავუქციო ჩემს წმიდა გარდაწყვეტილებას.
3. კაცის გული იმავ სიყრმითვე ბოროტზეა მიდრეკილი (დაბ. 8, 20), და უკეთუ ღვთიური საშუალება არ შველოდეს მას, უფრო დიდს სიბოროტეში ჩავარდება იგი. წმიდაზიარების საიდუმლო დაგვიფარავს ბოროტისაგან და განგვაძლიერებს კეთილში. ]თუ-კი დღეს, როდესაც ვეზიარები, ანუ ვსწირავ, ასე უნაღვლელი და გულცივი ვარ, აბა მაშინ რაღა მომივა, უკეთუ არ მივიღებ და აღარ ვიხმარ ამისთანა დიდს საშუალებას. თუმცა ყოველ დღე ღირსი არა ვარ მისის მიღებისა და არც კარგად მომზადებული საწირავად, მაგრამ მაინც ვეცდები შესაფერს დროს მივიღო ეს ღვთიური საიდუმლო და მონაწილე შევიქმნე ესოდენის მადლისა. რადგან უპირველესი და უმთავრესი ნუგეშინისცემა ის არის მორწმუნე სულისათვის, რომ სინამ მოკვდავი ხორცით შენსკენ მოგზაურობს, ხშირად გიხსენიებდეს შენ ღმერთსა თვისსა და გულმხურვალებით მიგიღებდეს საყვარელსა თვისსა.
4. ახ! ეს რა დიდი წყალობაა ჩვენთვის შენის სახიერებისაგან, უფალო ღმერთო, ჩემო შემომქმედო და მაცხოვარო ყოველთა სულთაო, რომ კადრულობ და მოდიხარ გლახაკ სულთანდამთლადშენისღვთაებითადაკაცებით გააძღობ მას მშიერსა! ახ! რა ბედნიერია ის გული და როგორ ნეტარია ის სული, უფალო, რომელიც მხურვალედ მიღების ღირსი ხდება თვისის უფლისა და ღვთისა, და შენის მიღებით სრულის სიხარულით ივსება! ახ! როგორ დიდებულს უფალს ღებულობს; რა საყვარელი სტუმარი შეჰყავს; ვითარ სასიამოვნო ამხანაგს წყნარულობს; როგორ ერთგულს მეგობარს პოულობს; რა მშვენიერს და სახელოვანს სიძეს ეხვევა, რომელიც ყოველს საყვარელზედ უსაყვარლესია და ყოველს სასურველზედ უფრო სანატრელია! დაჩუმდეს შენს წინაშე, ყოვლად ტკბილო და საყვარელი იესო, ცაცა, ქვეყანაცა და მთელი მათი შემკობილებაც; ვინაიდგან ყოველივე მათი დიდება და მშვენიერება მხოლოდ შენის მოწყალების სიკეთეა, და ვერასოდეს ვერ გაჰბედვენ ისინი შედარებას შენის სახელის დიდმშვენიერებასთან, რომლის სიბრძნე აურიცხველია (ფსალმ.146,5).
![]() |
7.4 თავი IV - მასზედ, თუ ვითარ დიდს სიკეთეს მიიღებენ, რომელნიც გულმხურვალებით ეზიარებიან. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: გამამზადე მე შენი მონა, უფალო ღმერთო, შენის მადლიანის კურთხევითა (ფსალმ. 40, 3), რათა ღირსეულად და გულმხურვალებით შევიძლო მიახლოვება შენს დიდებულს საიდუმლოსთან. აანთე გული ჩემი შენის სიყვარულითა, და მარადის ფხიზლად მამყოფე მე, ,,მომხედ მე მაცხოვარებითა შენითა“ (ფსალმ. 105, 4), რათა დასტკბეს სული ჩემი შენის ღვთიურის სიტკბოებითა, რომელიც უხვად მოიპოება ამ საიდუმლოში, რადგან წყაროა იგი ყოველის სიკეთისა. თვალები ამიხილე, რომ დავინახო ამისთანა დიდებული საიდუმლო, განმიძლიერე მე სარწმუნოება, რათა უეჭვოდ და მტკიცედ ვირწმუნო საიდუმლო ესე. ეს შენი მოქმედებაა და არა ადამიანისა; შენ გან არის განწესებული და არა თუ კაცისაგან გამოგონილი. ადამიანისშვილის ჭკუა-გონება ამას ვერ მიხვდება დ/ა ვერ გაიგებს, რადგან ანგელოზების მახვილი გონებაც-კი ვერ მისწვდება ამას. მაშ აბა მე უღირსმა და ცოდვილმა, მიწამ და მტვერმა როგორ უნდა გამოვიცნო და შევიტყო ამისთანა წმიდა და ღრმა საიდუმლო?
2. მაგრამ, რაკი მიბრძანებ, უფალო, წმიდის გულითა, ჭეშმარიტის და მტკიცე სარწმუნოებით მოგიახლოვდები; დიდის კრძალვითა და იმედით მოვალ შენთან და მრწამს ჭეშმარიტად, რომ შენ აწ აქ ამ საიდუმლოში იმყოფები სრული ღმერთი და სრული კაცი. რადგან გნებავს, ღმერთო ჩემო, რომ მე შენ მიგიღო და სიყვარულით შენთან შევერთდე, ამისთვის მეც ვევედრები შენს სახიერებას და ვითხოვ შენგან იმისთანა განსაკუთრებულს მადლსა, რათა სიყვარულის მიერ მთლად დავდნე და შენთან ვიყვე მე შეერთებული, და შენს გარდა მე სხვა ნუგეშინისცემა აღარ ვინდომო. ეს ყოვლად დიდებული და თაყვანსაცემელი საიდუმლო ცხოვრება არის სულისა და ხორცისა, და მკურნალია ყოველთა სულიერთა სენთა. მის მიერ გავიწმიდები ბიწიერებათაგან, დავიმორჩილებ ბოროტს გულისთქმათა, ვსძლევ და დავასუსტებ საცდურებათა, უხვად შევიძენ მადლსა და სათნოებათა, გამიმტკიცდება სარწმუნოება, გამიცხოვლდება იმედი, აღმეგზნება და გამიფართოვდება სიყვარული.
3. მრავალნი წყალობანი მიგინიჭებია და დღესაც ხშირად ანიჭებ, ამ საიდუმლოს მიერ, შენს შემყვარებელთა, რომელნიც მხურვალე გულით ეზიარებიან, ღმერთო, მაცხოვარო სულისა ჩემისაო, მკურნალო უძლურთაო და შინაგან ყოველთა ნუგეშინისმცემელო. დიდს ნუგეშინისცემას მოჰფენ მათ, რომელნიც მრავალნაირ შეწუხებაში არიან და სასოწარკვეთილთა შენს მფარველობაზედ დაიმედებულს ჰყოფ, და ახალის მადლით მათ სულიერად გაამტკიცებ და გაანათლებ, რომელნიც ზიარებამდისინ მწუხარე და გულცივნი იყვნენ, მას შემდეგ, როდესაც მიიღეს ზეციური სასმელ-საჭმელი, საუკეთესო მდგომარეობაში დაინახეს თავიანთი თავი. ამისთანა მოწყალებით იმიტომ ეპყრობი შენს რჩეულებს, რათა სცნან კარგად და გამოსცადონ, თუ როგორ უძლურნი არიან, და მასთანვე, თუ რა დიდი წყალობა და მადლი მიუღიათ მათ შენგან. თუმც პირველში ბუნებითად გულცივნი, შეუბრალებელნი და უმოსიყვარულონი ყოფილან, მაგრამ შენის წყალობით შემდეგში-კი გულმხურვალენი, მოწყალენი და კაცთ მოყვარე შექმნილან. როგორ შეიძლება, რომ ვინმე სიმდაბლით მიუახლოვდეს ტკბილს წყაროს და ცოტათი მაინც არ იგრძნოს მისი სიტკბოება? ანუ გაძლიერებულ ცეცხლის წინ იდგეს და სითბო-კი არ მისდიოდეს? შენ ხარ წყარო, უხვად გადმომჩქეფარე, შენ ხარ აღგზნებული და დაუშრეტელი ცეცხლი.
4. მაგრამ უკეთუ აღკრძალულია ჩემთვის ამ წყაროდგან წყლის ამოღება და არც ნება მექმნება, რომ ამით სრულიად მოვიკლა წყურვილი, მაშინ ამ ზეციურის წყაროს ღარს მაინც მიუშვერ პირს, რათა რაოდენიმე ცვარით იქნება გავისველო პირი, და ამით მოვიკლა ის საშინელი სიმწყურვალე, რომელიც მახჩობს. ამისგარდა, უკეთუ ვერ შემიძლია, რომ მსგავსად ხერუბიმთა და სერაბინთა ზეციური შევიქმნე და ცეცხლს დავემსგავსო, იმას მაინც ვეცდები, რათა გულმხურვალებით გავამზადო ჩემი თავი, რომ როდესაც სიმდაბლით მივიღებ ამ მაცხოვნებელს საიდუმლოს, იქმნება ღვთიურის ცეცხლის მცირედი ნაპერწკალი მაინც შევიძინო. ხოლო ამგვარის გამზადებისათვის რაც მაკლია, შენ შეავსე შენის სახიერებითა და მადლით, კეთილო იესო, და უწმიდესო მაცხოვარო, რომელმან ინებე შენსკენ მოწოდება ყოველთა ამ სიტყვებით: ,,მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ მძიმენი და მე განგისვენო თქვენ“ (მათ. 11, 28).
5. ნამეტარის შრომისაგან ოფლში ვარ გაწურული; მწუხარებისაგან გული მაქვს დაკოდილი, ცოდვით დატვირთული ვარ, საცდურებისაგან დაღალული, ბოროტ გულის თქმათაგან მრავალნაირად შეწუხებული და ტანჯული, და იმისთანა არავინ არა მყავს შენს გარდა, უფალო ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, რომელმან შემეწიოს, დამიხსნას და გამანთავისუფლოს მე მათგან; შენ დაგავედრებ ჩემს თავსა და ყოველივეს, რაიცკი მომეძევა, რათა შენს საფარველს ქვეშ მამყოფო და მიმიყვანო საუკუნო ცხოვრებაში.
შემიწყნარე მე შენის სახელის პატივისა და დიდებისათვის, რომელმან გამიმზადე ხორცი შენი საჭმელად და სისხლი, შენი სასმელად. ინებე, უფალო ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, რომ რაოდენ უფრო მოუხშირო საიდუმლოს მიღებას, იმოდენად უფრო აღორძინდეს ჩემში სურვილი ღვთის სიყვარულისა.
![]() |
7.5 თავი V - საიდუმლოს უაღრესობაზედ, და მღვდლის ღირსებაზედ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ანგელოზსავით უბიწო რომ იყვე, და წმიდა იოანე ნათლისმცემელსავით წმიდა, მაშინაც-კი ღირსი არა ხარ ამ საიდუმლოს მიღებისა და შეწირვისა. კაცი არასოდეს არ იყო იმის ღირსი, რომ გაეწმიდა ქრისტეს საიდუმლო და შეხებოდა მას, და მიეღო ეს ანგელოზების პური. როგორადაც დიდია ეს საიდუმლო, აგრეთვე დიდია მღვდლების ღირსებაც, რადგან ანგელოზებსაც-კი არა აქვსთ ის, რაც ამათ მიუღიათ. მხოლოდ ეკკლესიისაგან კანონიერად ცხებულს მღვდლებს აქვსთ მონიჭებული შეძლება ქრისტეს ხორცის შეწირვისა და გაწმედისა. მღვდელი მხოლოდ მსახურია ღვთისა და ამსრულებელი მისის სიტყვისა ისე, როგორც უბრძანებია და დაუწესებია მას: ხოლო უპირველესი მწარმოებელი და უხილველი მომქმედი ამ საიდუმლოსი თვითონ ღმერთია, რომელსაც ყოველივე ემორჩილება და ყოველივე მისის ბრძანებისაებრ სრულდება.
2. მაშ, ამ ყოვლად უზენაესს საიდუმლოში უფრო უნდა ირწმუნო თვით ყოვლად შემძლებელი ღმერთი, სინამ ის, რასაც შენ ხედავ, ანუ ჰგრძნობ; რისგამო შიშითა და მოწიწებით უნდა მიუახლოვდე ხოლმე მას. ჩაუკვირდი კარგად შენს თავს. ხედავ, ვითარი სამსახური მოგმადლებია შენ ხელთ-დასხმითა ეპისკოპოზისა? აი, ნაკურთხი და ცხებული იქმენ მღვდლად, რათა ეს ღვთიური მსხვერპლი შესწირო; მაშ ახლა ეცადე დიდის სარწმუნოებითა და გულმხურვალებით შესწირო ხოლმე ღმერთს თავის დროზედ მსხვერპლი ესე, და უბიწოდ იცხოვრო. ამით შენი მოვალეობა კი არ შემსუბუქებულა, არამედ ახლა უფრო დიდად ვალდებული ხარ, რომ რიგიანად იცხოვრო და დიდი წმიდა შეიქმნე. მღვდელი ყოველნაირის სათნოებით უნდა იყვეს შემკული, და თავის წმიდა სიცოცხლით სხვებს უნდა მაგალითს აძლევდეს. ის თავისი ყოფა ქცევით თავის მრევლსა და საზოგადოდ ხალხს კი არ უნდა ემსგავსებოდეს, არამედ ზეცას ანგელოზებს და ქვეყანაზედ სათნოებით შემკულ წმიდა კაცებს.
3. შემოსილი მღვდელი, რომელიც სიმდაბლითა და მხურვალის გულით ევედრება ღმერთსა თავისთვის და მთელის ერისათვის, წარმომადგენელია ქრისტესი. მისს შესამოსს, როგორადაც გულის ადგილას, აგრედვე ზურგისას, გამოხატული აქვს სახე მაცხოვრის ჯვარისა, რათა მარადის წარმოდგენილი ჰქონდეს ვნება ქრისტესი. გულის ადგილას იმისთვის აქვს ჯვარი, რომ გულს მოდგინედ ფიქრობდეს ქრისტეს კვალზედ და მხურვალის გულით ცდილობდეს მის შედგომას. ხოლო ზურგის ადგილას გამოხატული ჯვარის სახე იმას ნიშნავს, რომ ხალხისაგან მიყენებული ყოველგვარი შეურაცხება ღვთის გულისათვის სიხარულით დაითმინოს. იმისთვის აქვს მას მოხსენებული პირველი ჯვარი, რათა ცოდვანი თვისნი იტიროს, ხოლო მეორე იმას წარმოადგენს, რომ კვალად სხვების შეცოდებანიც გულდაწვით იტიროს, და სცნას, რომ იგი არის შუამავლად დადგენილი ღვთისა და ცოდვილთა შორის; ამისთვის იგი მარადის უნდა ევედრებოდეს მათთვის ღმერთსა და სწირავდეს წმიდა მსხვერპლსა, სინამ არ მიიღებს ღვთისაგან მადლსა და მოწყალებასა. როდესაც სწირავს მღვდელი, ამით ადიდებს ღმერთსა, გაახარებს ანგელოზთა, სიკეთეს უყოფს ეკკლესიასა, შველის ცოცხალთა, განსვენებას ანიჭებს მიცვალებულთა, და ყველა სიკეთის მონაწილეს ხდის თავისთავსა.
![]() |
7.6 თავი VI - მოსამზადებელი ლოცვა მაზიარებელთა-თვის. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: როდესაც წარმოვიდგენ, უფალო, შენს დიდებულებას და მერმე ჩემს არარაობას, დიდად ვკრთები და ვცახცახებ. უკეთუ არ მივიღო შენი საიდუმლო, ვერა ვცხონდები; და თუ უღირსად ვეზიარე, მაშინ შენი რისხვა უნდა მეწიოს. მაშ აბა როგორ მოვიქცე, ღმერთო ჩემო, შემწეო ჩემო და დამრიგებელო, ჩემს ყოველს გაჭირვებაში?
2. შენ დამაყენე სწორე გზაზედ, და მოკლედ მასწავლე, როგორ მოვემზადო, რომ ღირსეულად ვეზიარო. დიდად საჭიროა ვიცოდე, თუ როგორის გულმხურვალებითა და კრძალვით უნდა მოვამზადო ჩემი თავი, რომ ეს ჩემი ზიარება, ანუ შეწირვა ამ უდიდებულესისა და უსაღმრთოესის საიდუმლოსი ჩემთვის მაცხოვნებელი იყვეს.
![]() |
7.7 თავი VII - მასზედ, თუ ვითარ უნდა გამოვიძიოთ ჩვენი სინიდისი და პირობა დავსდვათ სიცოცხლის გამოცვლისათვის. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მწირველი მღვდლისათვის ყველაზედ უფრო საჭირო ის არის, რომ დიდის თავმდაბლობით, მოწიწებით, სრულის სარწმუნოებითა და მხოლოდ ღვთის სადიდებლად წარსდგეს ღვთის წინაშე, შესწიროს უსისხლო მსხვერპლი, აიღოს და ეზიაროს. გულსმოდგინებით გამოიძიე შენი სინიდისი და, რავდენადაც შეიძლო, გასწმიდე შენ იგი ჭეშმარიტის სინანულითა და კეთილის აღსარების თქმით, ისე რომ აღარაფერი არ გაგაჩნდეს გულში, რომელმაც შეგაწუხოს და საკურთხეველის წინაშე თავისუფლად წარდგომა დაგიშალოს. სწუხდე საერთოდ ყოველის შენის ცოდვებისათვის და უფრო საკუთრად ნანობდე გულით და ტიროდე შენს ყოველ დღიურს შეცოდებისათვის. ხოლო უკეთუ დრო ნებას გაძლევდეს, აღვიარე წინაშე ღვთისა, საიდუმლოდ შენს გულში, ყოველი საძაგლობანი შენის ბოროტის ბუნებისა.
2. შესწუხდი და იტირე იმისთვის, რომ ჯერ ისევ ხორცისა და ქვეყნისაკენ ხარ მიდრეკილი; შენნი ვნებანი არა გყვანან მოკვდინებულნი და უწესო გულის თქმანი ჯერ კიდევ შენზედ უფლობენ. არ ცდილობ, რომ შენი გარეგანი გრძნობიერებანი დაიკავო და ხშირად გატაცებული ხარ უსარგებლო ოცნებათაგან. გარეშე საგნებზედ ხარ მიდრეკილი და შინაგანისათვის-კი დიდად უნაღვლელი. სიცილი და ხუმრობა დიდად გეადვილება, მაგრამ ცრემლისა და სინანულისათვის-კი გული გაქვს გაქვავებული. მოსვენებისა და განცხრომისათვის მზად ხარ, ხოლო გულმხურვალებისა და კეთილ ცხოვრებისათვის-კი ზარმაცი. ცნობის მოყვარებით ეძებ ახალს ამბებს, სასიამოვნო რამეების დანახვა გინდა და სითავმდაბლე და დამცირება-კი არ გესიამოვნება. ნატრობ მრავალი შეიძინო, მაგრამ სხვისთვის-კი არაფერი არ გემეტება, სულ შენთვის გინდა შეინახო. ძრიელ დაუფიქრებელი ხარ ლაპარაკში და არ ცდილობ მდუმარება დაიცვა. ძრიელ უზნეო ხარ საქციელში და დაუდევნელი - მოქმედებაში. უზომო - სმა-ჭამაში და ღვთის სიტყვისათვის-კი - ზარმაცი. ზღაპრების გაგონება არ მოგწყინდება და ღვთის სამსახურში კი თვლემას დაიწყობ. წირვის გათავებას ეჩქარები და იმას-კი არ ცდილობ, რომ დაფიქრებით აღასრულო. უნაღვლელად ეკიდები შენს სავალდებულო ლოცვებს, გულ ცივი ხარ წირვის თქმაში და უგრძნობელი ზიარების დროს. ხშირად გაბნეული ხარ და იშვიათად დაფიქრებული. ადვილად გაჯავრდები, ცოტა რამეზედ აწყევინებ სხვებს. გიყვარს სხვების გასამართლება და ფიცხელად მხილება. მხიარული ხარ ბედნიერებაში და მწუხარე უბედურებაში. ხშირად მრავალ კეთილს განიზრახ და საქმით-კი ბევრს
3. როდესაც ეს შეცდომილებანი და ანუ სხვა უძლურებანი შენნი აღვიარო აღსარებაში, იტირო და ჭეშმარიტის გულით შეინანო, მას უკან მტკიცე პირობა დასდევი, რომ ეცადო მარადის სიცოცხლის გასწორებისა და მის გაუმჯობესობისათვის. შემდგომ უარ ჰყავ თავი შენი და შენის ნებით, სადიდებლად ჩემის სახელისა, შემამწირე მე იგი საუკუნო მსხვერპლად შენის გულის საკურთხეველზედ, ესე იგი შენი სულიც და ხორციც სრულიად მე ჩამაბარე; მაშინ შეიქმნები ღირსი წარსდგე წინაშე ღვთისა, შესწირო საიდუმლო ჩემის ხორცისა და სისხლისა და მიიღო იგი საცხოვნებელად შენის თავისა.
4. რადგან მარტო მაშინ შეიქმნება შენი შესაწირავი ღირსეული, სრული და შენი გამწმედელი ცოდვათაგან, როდესაც წირვაზედ, ზიარების დროს, ქრისტეს ხორცთან შესწირავ მთლად შენს თავსაც უბიწო მსხვერპლად ღმერთსა. უკეთუ კაცი გააკეთებს ყველაფერს, რაც ხელიდან გამოუვა და ჭეშმარიტის გულით შეინანებს თავის ცოდვებს, მაშინ, როდესაც-კი წარმოსდგება ჩემს წინაშე შენდობისა და წყალობის სათხოვნელად, ,,ცხოველ ვარ მე, იტყვის უფალი, რამეთუ არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი“ (ეზეკ. 33, 11). ამიერიდგან აღარ გავიხსენებ იმის ცოდვებს, არამედ მიუტევებ ყველაფერს.
![]() |
7.8 თავი VIII - ქრისტეს ჯვარცმაზედ და ჩვენს მოვალეობაზედ მის წინაშე. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მე ხელებ გაპყრობილი და შიშველი ჯვარს ვეცვი შენის ცოდვებისათვის და ნებით შევსწირე ჩემი სიცოცხლე ღმერთს, მამასა ჩემსა ისე, რომ აღარაფერი არ დავზოგე, რათა დამეტკბო შენზედ გარისხებული ღმერთი; აი შენც უნდა ამგვარადვე შემომწირო ხოლმე შენის ნებით ყოველ დღე წირვაზედ შენი თავი წმიდა და უბიწო მსხვერპლად, ყოვლის შენის ძალითა, სულითა და გონებით. მე მხოლოდ იმასა გთხოვ შენა, რომ თავი შენი მთლად მე შემომწირო. შენის თავის გარდა სხვა რაც უნდა მომცე მე, ვერასოდეს ვერ დამაკმაყოფილებ, რადგან მე შენს თავსა გთხოვ და არა სხვა რაიმე პატივისცემას.
2. როგორადაც, ჩემი სიცოცხლის გარდა სხვა რაც უნდა შემეწირა, საკმარის არ იქმნებოდა შენთვის, აგრეთვე შენს გარდა შენც სხვა რაც უნდა მომცე მე საკმარისი არ იქმნება ჩემთვის. შენი თავი შემომწირე, შენი სიცოცხლე მთლად ღვთისათვის გადასდე, და აი, მაშინ იქმნება ჩემთვის სასიამოვნო შენი მსხვერპლი. ჩემი თავი და სიცოცხლე მთლად შენთვის შევსწირე ზეციერს მამასა; ჩემი ხორცი და სისხლიც-კი შენ მოგეცი საჭმელად რათა რომ მთლად მე შენი ვყოფილვიყავი და შენც ჩემი. მაშ, უკეთუ შენს თავზედ ისევ შენვე იუფლებ და გულით მე არ დამითმობ მას, შენი შესაწირავი სრული არ იქმნება და არც შესაძლებელი იქმნება ჩვენი ნამდვილი შეერთება ერთმანერთთან. ამიტომ ყველაფერზედ უწინ იმას უნდა ეცადო, რომ სულით და გულით შენი თავი მთლად ღმერთს შესწირო, უკეთუ გინდა თავისუფლება და მადლი შეიძინო. ამისგამოა, რომ ასე ცოტანი არიან უმაღლესად განათლებულნი და შინაგან თავისუფალნი, რადგან ყველას არ უსწავლია თავიანთ თავის სრული უარის ყოფა.
ეს ჩემი ნათქვამი უნდა ასრულდეს; ვინც ხელს არ აიღებს მთელს თავის ქონებაზედ, ვერასოდეს ვერ გახდება ჩემი მოწაფე (ლუკ. 14, 33), მაშ თუ გინდა ჩემი მოწაფე შეიქმნე, სრულის გულით მე შემომწირე შენი თავი.
![]() |
7.9 თავი IX - მასზედ, თუ ვითარ ყოველივე და ჩვენი თავიც-კი უნდა ღმერთს შევსწიროთ და ყველასთვის უნდა ვილოცოთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, რაც-კი ზეცას, ანუ ქვეყანაზედ მოიპოვება, ყოველივე შენია. მეც მინდა სრულიად შენ შემოგწირო ჩემი თავი და მარადის შენთან ვიცხოვრო. უფალო, დღეს ჭეშმარიტის გულით გწირავ შენ ჩემს თავს და ვიქმნები მარადის შენი მონა, შენი მორჩილი და სამარადისოდ მსხვერპლის შემომწირველი შენის დიდებისათვის. მეც შემიწყნარე ამ წმიდა მსხვერპლთან, შენის დაუფასებელის ხორცისა, რომელსაც დღეს გწირავ მე შენ, წინაშე ანგელოზთა, რომელნიც აწ აქ ესწრობიან უხილავად, რათა იქმნას იგი მაცხოვნებელი ჩემთვის და ყველა შენის ერისათვის.
2. შენს დამამშვიდებელს საკურთხეველზედ დავსდებ, უფალო, ყოველს ჩემს ცოდვებს და დანაშაულობათა, რომელნიც მიმოქმედია შენს წინაშე და წინაშე ანგელოზთა ჩემი პირველი შეცოდების წამიდგან დღევანდლადმდე; შენის სიყვარულის ცეცხლით დასწვი და გაანაცრე იგინი; გამბანე ცოდვების ყველა ჭუჭყი და გასწმიდე სინიდისი ჩემი ყოველნაირის ბიწიერებისაგან; დამიბრუნე მე შენი მადლი, რომელიც ცოდვების გამო დავკარგე, მით მომმადლე მე სრული მოტევება და შენის მოწყალებით მიმიღე შენთან ტკბილის ამბორის ყოფითა.
3. სიმდაბლით ვაღვიარებ ყველა ჩემს ცოდვებს აღსარებაში, ჭეშმარიტის გულით გამოვიტირებ მათ, და დაუცხრომელად ვითხოვ შენგან შებრალებასა; ამის მეტი სხვა რა შემიძლია, უფალო? აჰა, შენს წინაშე ვდგევარ, ღმერთო ჩემო, და გეხვეწები, შემიწყალე და შემისმინე ვედრება ჩემი. დიდად მეზიზღებიან ყოველი ჩემი ცოდვები; ამას იქით აღარ მინდა მათი ჩადენა; ვწუხვარ ჭეშმარიტის გულით და მთელს ჩემს სიცოცხლეს ამ მწუხარებაში გავატარებ; მზად ვარ მოვინანიო, და რაოდენადაც-კი შემეძლება დაგაკმაყოფილო. მომიტევე მე, ღმერთო, მომიტევე ცოდვანი ჩემნი, დიდებისათვის შენის წმიდა სახელისა; აცხოვნე სული ჩემი, რომელი დაუფასებელის სისხლითა შენითა დაიხსენ. აჰა, შენს მოწყალებაზედ ვარ მონდობილი; შენთვის ჩამიბარებია ჩემი თავი;
წყალობის თვალით მომხედე და ჩემის სიბოროტის და უშჯულოების დაგვარად ნუ მომექცევი.
4. შემოგწირავ კვალად ყოველს იმ მცირე და უბრალო კეთილთა, რომელნიც ჩემში მოიპოვებიან; გააუმჯობესე იგინი, გასწმიდე, შენი მოსაწონი გახადე, და შეიწყნარე; მე ზარმაცი და ყველა კაცზედ გამოუსადეგარი მარადის კეთილში წარმატების ღირსი გამხადე, და სანეტარო და საქებურ აღსასრულს მიმწიე.
5. შემოგწირავ კვალად ყოველს კეთილს სურვილებს ღვთის მოყვარულ კაცთა, საჭიროებათა ჩემის მშობლებისას, მეგობრებისას, ძმებისას, დებისას, და ყველა ჩემის ნათესავებისას; აგრეთვე იმათსას, რომელთაც შენის სიყვარულისათვის რაიმე სიკეთე უქმნიათ ჩემთვის, ანუ სხვებისათვის; რომელთაც მთხოვეს და დამავალეს ვსწირო და ვილოცო მათთვის და მათის ცოცხალთა და მიცვალებულთათვის: შეეწიე მათ შენის მადლითა, ნუგეშინიეც, დაიფარე ყველანაირი ხიფათისა და შეწუხებისაგან, გაანთავისუფლე ყოვლის ბოროტისაგან, და მაშინ იგინი სიხარულით უსაზღვრო მადლობას შემოგწირვენ.
6. შემოგწირავ კვალად ვედრებასა და დამამშვიდებელს მსხვერპლსა, განსაკუთრებით უფრო მათთვის რომელთაც შემაწუხეს, შემაწყინეს, შეურაცხმყვეს, ანუ რაიმე ზარალი და უბედურება შემამთხვიეს; აგრეთვე ყველა მათთვისაც, რომელნიც ოდესმე შემიწყენია, გამიშფოთებია, შემიწუხებია და დამიბრკოლებია სიტყვით, ანუ ბოროტი მაგალითის ჩვენებით, ცნობით, თუ უმეცრებით, რათა მოგვიტევო ყოველთა ცოდ
ვანი და ერთმანეთის დანაშაულობანი. ამოხოცე, უფალო, ჩვენის გულიდან ყველანაირი ეჭვიანობა, გულძვირობა, მრისხანება, უთანხმობა, და ყოველივე რაც რომ სიყვარულის წინააღმდეგია, და რომელიც ძმურს ერთგულობას შეასუსტებენ. შეგვიწყალე ჩვენ უფალო, შეგვიწყალე, რომელნიც ვითხოვთ შენგან მოწყალებასა, მოგვმადლე ჩვენ საჭირო მადლი შენი, და ღირსნი გვყავ შენის წყალობისა, რათა მივემთხვივნოთ ცხოვრებასა მას საუკუნოსა. ამინ.
![]() |
7.10 თავი X მასზედ, თუ ვითარ უმიზეზოდ არ უნდა დავიშალოთ ხოლმე საიდუმლოს მიღება. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: ხშირად უნდა მოხვიდე ხოლმე მადლიანსა და ღვთიურის მოწყალების წყაროსთან, რომელიც სავსეა ყველა სიკეთითა და სიწმიდით, უკეთუ გინდა, რომ შენს ბოროტგულისთქმათადაბიწიერებისაგანგაიკურნო, მით გამხნევებული და გამზადებული დახვდე მარადის ყველანაირს საცდურსა და ეშმაკის მზაკვრებას. რადგან იცის სულის მტერმა, რომ წმიდა ზიარების მიღებით დიდი შეწევნა და მადლი გეძლევა, ამისათვის ყოველს საშუალებას ხმარობს, რათა მორწმუნენი და ღვთის მოყვარულნი როგორმე მოაშოროს მას.
2. რისგამო, ზოგიერთნი მაშინ უფრო შეწუხებულნი არიან ეშმაკის საცდურისაგან, როდესაც წმიდა ზიარების მისაღებლად ემზადებიან, სინამ სხვა დროს. ეს ბოროტი სული, ვითარცა იობის წიგნშია დაწერილი, მოვა და ჩაერევა ხოლმე ღვთის შვილებში, რათა, ჩვეულებისამებრ, თავისი სიბოროტით ააშფოთოს იგინი, ჩაუგდოს მათ გულში შიში და ეჭვნეულება, შეამციროს მათში გულმხურვალება და შეარყიოს მათი სარწმუნოება, რომ ამითი მათ ანუ სრულიად თავი დაანებებინოს ზიარებასა და ანუ გულცივად მიაღებინოს იგი. ხოლო შენ ყურადღება არ უნდა მიაქციო მის ამგვარს ბოროტსა და მზაკრულს შთაგონებას, რაც უნდა ბილწნი და საზიზღარნიც უნდა იყვნენ, არამედ ყოველი ეს მასვე უნდა გადააყარო თავზედ უკანვე; ზიზღით უნდა დასცინოდე მას და მისის სიბოროტისა და მზაკვრობის გამო არასოდეს არ უნდა განშორდე შენ წმიდა ზიარებას.
3. ხშირად გარდანამეტი მეცადინეობა გულმხურვალების შეძენისათვის და გულაჩხრეკილობა დიდად დაუშლიან ადამიანს აღსარების თქმას და მოაცდენენ ზიარებასა. შენ ბრძენი კაცების რჩევას ყური დაუგდე და თავიდან მოიშორე გულაჩხრეკილობა და ეჭვიანობა, რადგან ესენი მოგაშორებენ ღვთის მადლსა და გულმხურვალებას დაგაკარგვინებენ. მცირედის გულგაშფოთებისა და სინიდისის ანღვრეულების გამო ნუ დაიშლი საიდუმლოს მიღებას, არამედ მაშინვე წადი და გაენდე; სხვებსაც გულით მიუტევე შეცოდებული. უკეთუ შენ გიწყევინებია ვისთვისმე, სიმდაბლით შენდობა მოითხოვე მისგან, და ღმერთიც შენ მოგიტევებს.
4. რა სარგებლობას მოგიტანს აღსარების დაგვიანება, ანუ უზიარებლად დარჩენა? გაიწმიდე შენი თავი, რაც შეიძლება მალე, ამოანთხიე ერთბაშად მთლად შენი გესლი, ეცადე მალე გაიკურნო შენი თავი და მაშინ ბევრად უკეთესად შეიცვლება შენი მდგომარეობა. უკეთუ დღეს რომელიმე მიზეზის გამო დასტოვებ საიდუმლოს მიღებას, შეიძლება ხვალ უფრო მძიმე რაიმე შეგემთხვეს და სულაც ვეღარ გაბედო მასთან მიახლოვება; ამ გვარად, ადვილად საფიქრებელია, რომ დიდხანს დარჩე უზიარებლად და ბოლოს, ვინ იცის, იქმნება ვეღარაც-კი მოახერხო შენ ისა. რავდენიც შეიძლება ეცადე სძლიო ყოველს შენს სიძნელესა და სიზარმაცეს, რადგან უსარგებლოა ბევრი ნაღვლობა და მწუხარებაში ყოფნა და ყოველ დღიურ შემთხვევის გამო ღვთიურ საიდუმლოსაგან დაშორება. მეტად მავნებელია დიდხანს უზიარებლად ყოფნა, რადგან ამითი სულაც უფრო გაგრილდება ადამიანის გული. საუბედუროდ რავდენი არიან გულცივნი და უნაღვლელნი ადამიანები, რომელნიც განგებ ეძებენ იმ გვარს შემთხვევებს, რომ აღსარების თქმა და საიდუმლოს მიღება აიცილონ თავიდგან, რადგან ჰგონიათ ამითი განთავისუფლდებიან უმანკოდ ცხოვრების მოვალეობისაგან.
5. ახ! როგორ შემცირებულია სიყვარული და გულმხურვალება იმათში, რომელნიც ასე ადვილად თავს გადირჩენენ წმიდა ზიარების მიღებისაგან. რა ბედნიერი და ღვთისათვის მოსაწონია ის კაცი, რომელიც ისე წმიდად სცხოვრობს და უბიწოდ ინახავს სინიდისს, რომ ყოველ დღეც შეუძლია ეზიაროს, მონატურიც არის ამისი, თუ-კი ამის ნება ექმნება და მასთანავე შეიძლებოდეს საიდუმლოდ მისი აღსრულება. ხოლო, უკეთუ სიმდაბლისა ანუ რომელიმე ნამდვილი მძიმე მიზეზის გამო ვერ ბედავს ვინმე საიდუმლოს მიღებას, დიდად საქებურია მისი ამგვარად მოქცევა. მაგრამ, უკეთუ გულგრილობის გამო იქცევა ამნაირად, მაშინ რაც ძალი და ღონე აქვს უნდა ეცადოს აღძრას მხურვალება თავის გულში და დანარჩენს შეეწევა ღმერთი, რომელიც მუდამ ხედავს მისს კეთილს სურვილს.
6. ხოლო, როდესაც ვისმეს კანონიერი მიზეზის გამო არ შეუძლია ეზიაროს, სურვილი და ნატვრა მაინც უნდა ჰქონდეს საიდუმლოს მიღებისა და მაშინ კიდევ მიიღებს იმ მადლსა, რომელიც უნდა მოჰმადლებოდა მას ზიარებით. ყველა ღვთის მოყვარულ ადამიანს შეუძლია, რომ ყოველ დღე და ყოველს საათში მიუახლოვდეს დაუბრკოლებლივ ქრისტეს საიდუმლოს სულიერად და მიიღოს იგი თვისის თავის საცხოვნებლად. მაგრამ ვალი აქვს, რომ რომელსამე განსაზღვრილს და ნაბრძანევს დღეებშიაც მიიღოს დიდის გულმხურვალებითა და მოწიწებით ხორცი თავის მაცხოვრისა საიდუმლოებრივად; ეს უნდა ჰყოს უფრო ღვთის დიდებისა და პატივისცემისათვის, სინამ თავის სანუგეშოდ. იმდენჯერ ეზიარება ადამიანი საიდუმლოდ და უხილავად გამოიკვებება ქრისტესაგან, რავდენ ჯერაც ქრისტეს განხორციელების საიდუმლოს და მის ვნებას მხურვალე გულით წარმოიდგენს და მისის სიყვარულით აღეგზნება.
7. ხოლო, რომელიც მარტო რომელიმე დღესასწაულის, ანუ რაიმე ძალდატანების გამო მოემზადება ზიარებისათვის, ხშირად ამ გვარს მომზადებას მომზადება არ ეთქმის. ის კაცია ბედნიერი, რომელიც ყოველ დღე წირვაზედ, ანუ ზიარების დროს ღმერთსა სწირავს მსხვერპლად თავის თავს. წირვას ნურც აუჩქარებ და ნურც ძალიან გააგრძელებ, არამედ საზოგადო ჩვეულებას მიჰყევი და როგორც სჯობდეს წირვაზედ დამსწრეთათვის, იმნაირად მოიქეც. ისე არ უნდა მოიქცე, რომ სხვები გააბეზრო და მოაწყინო, არამედ იმ საზოგადო გზას დაადექი, რომელზედაც ძველადვე უვლიათ მამებს და უფრო სხვების სარგებლობას ემსახურე, ვიდრე შენს საკუთარს გულმხურვალებასადასურვილებს.
![]() |
7.11 თავი XI - მასზედ, თუ ვითარ საჭირონი არიან მორწმუნე სულისათვის ხორცი ქრისტესი და საღმრთო წერილი. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ახ! ყოვლად ტკბილო, უფალო ჩემო იესო, რა დიდს წყალობას უშვრები მორწმუნე სულსა, რომელიც შენს სუფრაზედ ლხინობს, რადგან თვით შენ ხარ მიცემული მისთვის საჭმელად, შენ, მისი ყოვლად საყვარელი და გულის სანატრელი! ახ! რა ტკბილი იქმნება ჩემთვის, რომ შენს წინაშე დავღვარო მდუღარე ცრემლი სიყვარულისა, რათა ამით დაგბანო ფეხი კეთილ მსახურ მარიამ-მაგდანელსავით! მაგრამ ვინ მომცემს მე ამისთანა გულმხურვალებას? ანუ სად არის ესოდენი წმიდა და უხვი ცრემლთა ნაკადული? ჭეშმარიტად, უნდა აღეგზნებოდეს ჩემი გული და სიხარულის ცრემლებს უნდა აფქვევდეს წინაშე შენსა და წინაშე ანგელოზებისა! ვინაიდგან ამ საიდუმლოში თვით ჭეშმარიტად შენ იმყოფები ჩემს თვალწინ, მხოლოდ სხვა სახით.
2. მე არ შემიძლია თვალი გავუმართო შენს ღვთიურს ელვარებას და ვერც მთელი ქვეყანა გაუჩერდება წინ შენს დიდებულს ბრწყინვალებას. აი, ამ ჩემის უძლურების გამოა, რომ ჰფარავ შენს თავს ამ საიდუმლოში და სხვა უბრალო სახით მეჩვენები. ჭეშმარიტად, დღეს ჩემთან არის იგი და თაყვანსავსცემ მას, რომელსაც თაყვანსასცემენ ზეცას ანგელოზები, მხოლოდ იმ გარჩევით, რომ მე ჯერ კიდევ მარტო სარწმუნოების წყალობით ვხედავ მას და ისინი-კი პირდაპირ და ცხადად. მე უნდა კმაყოფილი ვიყვე ამ ჭეშმარიტის სარწმუნოების ნათლითა და იგი უნდა მინათებდეს მე გზასა, სინამ შერიჟრაჟდეს დღე საუკუნო ბრწყინვალებისა და აჩრდილმა სახისა გადიწიოს (ქებ. 2, 17), ხოლო რაჟამს გათენდეს (1 კორ. 13, 11), მაშინ გაუქმდება საჭიროება საიდუმლოსი, რადგან ზეციურს დიდებაში აღარ სჭირიათ ნეტართა საიდუმლოს მკურნალება. გამოუთქმელის ბედნიერებით ხარობენ იგინი ღვთის წინაშე, პირდაპირ ხედვენ დიდებასა მისსა და უმეტესად განათლებულნი ღვთიურ და დაუსრულებელ შარავანდედითა, სტკბებიან ღვთის განხორციელებული სიტყვითა, რომელიც იყო პირველიდგან და იქმნება უკუნისამდე.
3. როდესაც წარმოვიდგენ ამ საკვირველებათა, აღარაფრად მამდიან თვალში სულიერი ნუგეშინისცემანიც-კი, რადგან სინამ ცხადად არ ვნახავ მთელს თავის დიდებით უფალსა ჩემსა, არაფრად არ მიმაჩნია ყოველივე, რასაც ვხედავ, ანუ რაც მესმის ამ ქვეყანაზედ. უფალო, თვით შენ ხარ მოწამე, რომ არაფერს არ შეუძლია ნუგეშინისცემა, ანუ დამშვიდება ჩემი; ეს მხოლოდ შენ შეგიძლია, ღმერთო ჩემო, რომლის საუკუნოდ ცქერა მენატრება. მაგრამ ეს ჩემთვის შეუძლებელია, სინამ ამ მოკვდავ ცხოვრებაში ვარ, რისგამო ჩემთვის დიდი მოთმინება საჭიროა და ყოველს ჩემს სურვილებში შენ უნდა გემორ ჩილებოდე. რადგან შენი წმიდანებიც-კი, უფალო, რომელნიც აწ შენთან ხარობენ ზეცას, დიდის სარწმუნოებითა და მოთმინებით მოელოდნენ თავიანთს სიცოცხლეში, გამობრწყინებას შენის დიდებისას. რაც იმათ სწამდათ, ის მეცა მწამს, რასაც იგინი მოელოდნენ, იმას მეც ვეღირსები. მანამდისინ-კი, წმიდანების მაგალითით გამხნევებული, მეც სარწმუნოებით მოველოდები. ჩემი მანუგეშებელი და ცხოვრების მაგალითი საღმთო წიგნები იქმნებიან; ამის გარდა ყველაზედ უფრო შენი ყოვლად უწმიდესი ხორცი იქმნება ჩემთვის საკუთარ მკურნალად და მფარველად.
4. ვხედავ, რომ ჩემთვის დიდად საჭიროა ამ ქვეყანაზედ ორი რამე, ურომლებისოდ თვით ჩემი სიცოცხლეც-კი შეუძლებელი იქმნება. სინამ ამ ხორცში ვარ გამოწყვდეული, საზრდო და ნათელია საჭირო. ამისთვის მოგიცია ჩემისთანა საბრალო სნეულისათვის შენი ხორცი ჩემის სულისა და ხორცის საზრდოდ, ხოლო სანთლობას შენი სჯული მიშვრება მე (ფსალმ.116, 105). უამათოდ მე ცხოვრება არ შემიძლია, რადგან შენი სიტყვა ნათელია ჩემის სულისა, ხოლო საიდუმლო პურია ცხოვრებისა. აი, ეს ორნაირი სუფრაა გაშლილი წმიდა ეკლესიაში, ერთი მარცხნივ, მეორე მარჯვნივ: პირველია წმიდა საკურთხეველი, რომელზედაც ძევს პური გაწმედილი, ესე იგი დაუფასებელი ხორცი ქრისტესი. ხოლო მეორე არის ფიცარი ღვთის სჯულისა, რომელზედაც არის დაწერილი წმიდა მოძღვრება; იგი გვასწავლის ჭეშმარიტს სარწმუნოებას და მიგვიყვანს პირდაპირ იმ ფარდასთან, სადაც არს წმიდა წმიდათა. მადლობას გწირავ შენ, უფალო ჩემო იესო, ბრწყინვალებაო საუკუნო ნათლისაო, იმ წყალობისათვის, რომ შენის მსახურების: წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და სხვა მოძღვრების მიერ დაგიმზადებია ჩვენთვის ეს შენი წმიდა საღმრთო სუფრა.
5. გმადლობ, დამბადებელო და მხსნელო ყოველთა კაცთაო იმისათვის, რომ დაგიმზადებია ჩვენთვის ეს დიდებული სერობა, რომელზედაც გვაძლევ საჭმელად არა მომასწავებელს კრავსა, არამედ შენს საკუთარს ყოვლად უწმიდესს ხორცსა და სისხლსა, ამით გნებავდა დაგენახვებინა ყოველი ადამიანისათვის შენი უსამზღვრო კაცთ მოყვარება. მოალხენ ყოველ მორწმუნეთა ამ უწმინდესს წვეულებაში და მაცხოვნებელის სასმელით დაატკბობ მათ; ამაშია სიხარული სამოთხისა; ამ წვეულებაში წმიდა ანგელოზებიც ჩვენთან ერთად ლხინობენ, მაგრამ ისინი უფრო უმეტესს სიტკბოებასა გრძნობენ.
6. ახ! რაოდენ დიდი და პატიოსანია მღვდლების თანამდებობა! მათთვის ღმერთს მიუცია ის უფლება, რომ თავიანთ საღმრთო სიტყვითა უნდა გასწმიდონ, ღმერთი დიდებისა; თავიანთის პირით უნდა აკურთხონ, ხელშიდ უნდა დაიჭირონ, უნდა სჭამონ და სხვებსაც უნდა დაურიგონ. ოხ! ვითარ უმანკო უნდა იყვეს მღვდლის ხელი, როგორ უბიწო მისი პირი, რა წმიდა მისი სხეული და რაოდენ უჩირქო მისი გული, რომელშიაც ასე ხშირად შედის თვით შემოქმედი უბიწოებისა! მღვდლის პირისაგან, რომელიც ასე ხშირად ეზიარება ქრისტეს საიდუმლოთი, წმიდა, პატიოსანის და სულისათვის სასარგებლო სიტყვების მეტი სხვა არაფერი არ უნდა ისმოდეს.
7. თვალები მღვდლისა, რომელიც ხშირად ხედვენ ქრისტეს ხორცს, კეთილი და უბიწო უნდა იყვნენ; ხელები, რომელნიც დამბადებელს ცისა და ქვეყნისა ეხებიან, უნდა იყვნენ უმანკო და მარადის ზეცას აპყრობილნი! განსაკუთრებით მღვდლებზედ არის ნათქვამი სჯულსა შინა: ,,წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ უფალი ღმერთი თქვენი“ (ლევ. 19, 2).
8. შემეწიოს მე მადლი შენი, ყოვლის მპყრობელო ღმერთო, რომ რა-კი მღვდლობის თანამდებობა მიკისრია, ღირსეულად, მხურვალე გულით, ყველანაირის სიწმიდით და კეთილ სინიდისით გემსახურო შენ. ხოლო, უკეთუ ვერ შევიძლებთ იმგვარის სიწმიდით ცხოვრებასა, როგორიც ვალი გვაქვს, ეს წყალობა მაინც გვიყავი, რომ ვიტიროთ ჭეშმარიტისგულით ჩვენი ნამოქმედარი სიბოროტე; სიმდაბლით და მტკიცედ გარდავსწყვიტოთ, რომ ამას იქით უმეტესის გულმხურვალებით გემსახუროთ შენ.
![]() |
7.12 თავი XII - მასზედ, თუ ვითარის გულსმოდგინებით უნდა მოემზადოს ადამიანი მისაღებლად ქრისტეს ხორცისა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მე ვარ მოყვარული უმანკოებისა და მომნიჭებელი ყველანაირის სიწმიდისა. მე ვეძიებ წმიდა გულს; ჩემთვის მოსასვენებლად ადგილი მარტო ის არის. მომიმზადე მე დიდი მორთული დარბაზი, რომ მე და ჩემმა მოწაფეებმა შენს სახლში ვსჭამოთ პასექი (მარ. 14, 14; ლუკ. 22, 11). უკეთუ გინდა შენს სახლში შემოვიდე და შენთან დავრჩე, გასწმიდე მაშ შენი თავი ძველი ცომისაგან (1 კორ. 5, 7), და დამისუფთავე სადგომი შენს გულში. დაცალე იგი საქვეყნიერო ზრუნვისა და ყველა ნაირის ბიწიერებათაგან;
იყავი გამხოლოებული, ვითარცა ჩიტი მარტოდ-მარტო მჯდომარე სახლის ბანზედ (ფსალმ. 101, 8), და დიდის მწუხარებით სულისა წარმოიდგინე წასული უწესო ცხოვრება შენი. მოსიყვარულე თავის საყვარელს ყოველთვის მშვენიერად მორთულს სახლს დაახვედრებს, რადგან მისი სიყვარული იქიდგან გამოჩნდება, რანაირადაც მიიღებს თავის საყვარელს.
2. მაგრამ, ესეც-კი იცოდე, რომ შენ ღირსეულად ვერასოდეს ვერ მომიმზადებ შენს თავსა ჩემ მისაღებლად, თუ გინდ მთელი წელიწადიც რომ მარტო ამისთვის იშრომო. მხოლოდ ჩემის მადლისა და მოწყალების გამო შენ ღირსი ხდები ჩემს სუფრაზედ მოწვევისა, სწორედ იმ გლახაკსავით, რომელსაც მიიწვევს ვინმე მდიდარი თავის სუფრაზედ და იმას-კი თავმდაბლად მადლობის გარდახდის მეტი სხვა არა შეუძლია-რა. შენ ყოველივე, რაც-კი ხელიდგან გამოგივა, გულმოდგინებით გააკეთე; არა ისე, როგორც სხვა დროს ძალდატანების გამო გაგიკეთებია, არამედ შიშით, მოწიწებით და სიყვარულით მიიღე ხორცი შენის საყვარელის უფლისა, რომელიც კადრულობს შენთან მოსვლას. მე მოგიწვიე შენ, მე დაგიძახე ჩემთან; შენ მოდი და მიმიღე მე და რაც შენ გაკლია, მე შეგისრულებ.
3. როდესაც გსაჩუქრებ გულმხურვალების მადლითა, ის-კი ნუ გეგონება, რომ შენ ამის ღირსი ყოფილიყვე, არამედ მადლობა შემომწირე მე, ღმერთსა შენსა, რომელიც განიჭებ ამ წყალობას. უკეთუ ხედავ, რომ გულცივი და უგრძნობელი ხარ, მოუხშირე ლოცვას, მდუღარე ცრემლით იტირე და დაუღალავად რეკავდე ჩემს კარებს, სინამ არ მიიღო ჩემგან მცირეოდენი, ანუ რამდენიმე ცვარი მაინც მაცხოვნებელის მადლისა. მე ვარ შენთვის საჭირო და არა შენ ჩემთვის. შენ კი არ მოდიხარ ჩემთან, რომ წმიდა გამხადო, მე მოვდივარ შენთან, რათა წმიდა გყო და საუკეთესოდ შეგცვალო. შენ მოდიხარ ჩემთან იმისთვის, რომ გაგწმიდო და ჩემთან შეერთდე, რათა ახალი მადლი მიიღო და ხელახლად აღეგზნას შენში სურვილი სიცოცხლის გასწორებისა. უბრალო რამე ნუ-კი გგონია შენ ეს მადლი, არამედ დიდის მეცადინეობით მოამზადე შენი გული და შეიყვანე შენი საყვარელი.
4. შენ იმას კი არ უნდა ეცადო მარტო, რომ წმიდა ზიარების წინად მოამზადო შენი თავი, არამედ საიდუმლოს მიღების შემდგომაც გმართებს ფრთხილად მოქცევა. საიდუმლოს მიღების შემდეგაც ისე ფრთხილად უნდა იცხოვრო, როგორადაც იმის წინად. რავდენადაც უფრო გაბრთხილებით იცხოვრებ ზიარების შემდეგ, იმდენად უფრო ღირსი გახდები უმეტესის მადლის მიღებისა შემდეგში. ამისგამო ხდება, რომ ზოგიერთებს აღარ მისდევსთ იმოდენა ძალა, რომ კარგად მოემზადნენ ზიარებისათვის, რადგან შემდგომ საიდუმლოს მიღებისა მაშინადვე სიამოვნებით გაჰყვნენ რაიმე საქვეყნიერო მხიარულებასა. მოერიდე მომეტებულს ლაპარაკსა, შინიდგან კარზედ ნუ გამოხვალ და გახსოვდეს, რომ ღმერთთან ხარ შეერთებული, იმისთანა ვინმე გყავს შენა, რომლის მოტაცვას მთელი ქვეყანაც-კი ვერ შეიძლებს. ყოველსავე ამ ქვეყნიურს მზრუნველობას უნდა მოშორდე და შენი თავი სრულიად მე ჩამაბარო ისე, რომ განუყრელად ჩემთან იცხოვრო და არა შენთვის ცალკედ.
![]() |
7.13 თავი XIII - მასზედ, თუ ვითარ ყოვლის გულით უნდა ნატრობდეს მორწმუნე სული ქრისტესთან შეერთებას საიდუმლოს მიერ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ვინ გამხდის მე, უფალო, იმისთანა ბედნიერს, რომ გპოვო მხოლოდ შენ, გაგიღო მთლად გული ჩემი და შეგიყვანო, ვითარცა ნატრობს სული ჩემი, რათა ვეღარავინ ვერ შეურაცხმყოს, ვერც ერთმა გაჩენილმა ვეღარ მავნოს და ვერც იუფლოს ჩემზედა; არამედ მხოლოდ შენ იმუსაიფო ჩემთან და მე შენთან, როგორადაც მოსიყვარულემთავის საყვარელთან და მეგობარმა თავის ერთგულს მეგობართან? ამას ვნატრობ მხოლოდ და ამას გევედრები, რომ მთლად შენთან ვიყვე მე შეერთებული გავინთავისუფლო გული ჩემი ყველანაირ გაჩენილთა სიყვარულისაგან; წმიდა ზიარების მიღებითა და მალი-მალ წირვის შესრულებით უფრო კარგად ჩავხვდე ზეციურს და საუკუნოს. ახ! როდის უნდა ვიყო მე, უფალო ღმერთო ჩემო, ისე შენთან შეერთებული და შენში შთანთქმული, რომ სრულიად დავივიწყო მე ჩემი თავი? ეს წყალობა მიყავი, რომ შენ ჩემთან იცხოვრო და მე შენთან და გაუყრელად ერთად ვიყვნეთ მარადის.
2. ჭეშმარიტად, შენ ხარ ჩემი საყვარელი, ,,გამორჩეული ბევრეულთაგან“ (ქებ. 5, 10), რომელში სამუდამოდ დამკვიდრება ყველაფერს ამჯობინა სულმან ჩემმან. ჭეშმარიტად, შენ ხარ ჩემი დამამშვიდებელი, რომელშიაც არის უაღრესი მშვიდობა და ნამდვილი მყუდროება; ხოლო შენს გარდა შრომისა, მწუხარებისა და დაუბოლოებელის სისაწყლის მეტი სხვა არაფერია. ჭეშმარიტად, შენ ხარ ღმერთი დაფარული (ეს. 45, 15). შენ არავითარი ერთობა არა გაქვს უღმრთოებთან, არამედ მდაბალთა და კეთილთა თანა საუბრობ. ოხ! ვითარ ტკბილ არს სული შენი, უფალო, რომელი, რათა სიტკბოება შენი გამოუცხადო შვილთა შენთა, ყოვლად ტკბილის და ზეციდგან გადმოსულის პურითა გამოზრდი მათ! ჭეშმარიტად არც ერთი ნათესავი არ არის იმისთანა დიდებული, რომელსაც ისე დაახლოვებული ჰყავდეს ღმერთი, როგორადაც შენ ღმერთი ჩვენი მახლობელ ხარ ყველა შენს მორწმუნეებთან (რჯლ. 4, 7), რომელთაც შენს თავს აძლევ საჭმელად და მათს გასამხიარულებლად, რათა რომ ყოველ დღე ნუგეში სცე და გული მათი ზეცას აღამაღლო.
3. სხვა რომელი ნათესავია ისე სახელ გათქმული, როგორც ქრისტიანთ ერია? ცისქვეშ რომელი გაჩენილია ისე შეყვარებული ღვთისაგან, როგორადაც მხურვალე სული, რომელთანაც მიდის ღმერთი, რათა გამოზარდოს იგი თავისის დიდებულის ხორცითა? ჰოი გამოუთქმელო მადლო! ოჰ განსაკვირვებელო მოწყალებაო! ჰოი დაუსრულებელო სიყვარულო, საკუთრად კაცთათვის მიმადლებულო! მაგრამ, რა მივაგო უფალსა ყველა ამ წყალობისა და ესოდენის სიყვარულის სამაგიეროდ? იმისთანა არაფერი არ მომეპოვება, რომ სამადლობელოდ შევსწირო ღმერთს და მისთვის სასიამოვნო იყვეს გარდა ჩემის გულისა, აი, ამას მივართმევ მთლად და სრულიად მასთან შევერთდები. მაშინ გაიხარებს მთლად ჩემი არსება, როდესაც სული ჩემი იქმნება სრულიად ღმერთთან შეერთებული. მაშინ მეტყვის: უკეთუ შენ გინდა ჩემთან შეერთდე, მეც შენთან ყოფნა მსურს. ხოლო მეც მივუგებ და ვეტყვი: უკეთუ შენ იკადრებ, უფალო, ჩემთან დადგომას, მეც დიდად მენატრება შენთან ყოფნა. მე იმას ვნატრობ მხოლოდ, რომ გული ჩემი შენთან იყვეს შეერთებული.
![]() |
7.14 თავი XIV მასზედ, თუ ვითარი აღგზნებული ნატვრა აქვსთ ზოგიერთ ღვთის მოყვარულთა ქრისტეს უწმიდესის ხორცის მიღებისა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ახ! ,,ვითარ მრავალ არს წყალობა სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელი დაუმარხე მოშიშთა შენთა!“ (ფსალმ. 30, 20). როდესაც წარმოვიდგენ, უფალო, იმ საკვირველს გულმხურვალებასა და სიყვარულს, რომელნიც აქვსთ ზოგიერთ მორწმუნეთა წმიდა საიდუმლოს მიღების დროს, მრცხვენია და ვიტანჯები, რომ მე ასე გულცივად და უსასოებოდ ვუახლოვდები შენს საკურთხეველს და ტრაპეზს წმიდა ზიარებისას! ვწუხვარ, რომ ასე გულ-გაქვავებული და უგრძნობელი ვარ, რომ სიყვარულის ცეცხლით არა ვარ აღგზნებული შენს წინაშე, ღმერთო ჩემო, არც იმისთანა ძლიერი სურვილი და ნატვრა მაქვს, ვითარცა ჰქონიათ მრავალ მორწმუნეთა, რომელთაც ისეთი ცხოველი სიყვარული ჰქონდათ წმიდა ზიარებისა და ისე დიდად ენატრებოდათ მიღება მისი, რომ თვალიდგან ცრემლს ვერ იშრობდნენ. რადგან სხვა ნაირად ვერ მოეკლათ მათ თავიანთი საშინელი შიმშილი და წყურვილი, ამიტომ აღგზნებულნი შენ გეწაფებოდნენ, როგორადაც ცხოველს წყაროსა, დიდის სიამოვნებითა და გაცხოველებულის ნატვრით მიიღებდნენ შენს წმიდა ხორცსა და ამით ძღებოდნენ იგინი.
2. ახ! რაოდენ დარწმუნებულნი ყოფილან იგინი, რომ ნამდვილად შენა ხარ ამ საიდუმლოში! დიახ, მაშინვე იცნობენ უფალს პურის გატეხის დროს იგინი, რომელთაც გული აღგზნებიათ იესოსთან სიარულის დროს! (ლუკ. 24, 35). ვაი ჩემს თავს! სად არის ჩემში ამისთანა სურვილი და გულმხურვალება; ასეთი ძლიერი და ჭეშმარიტი სიყვარული! მილხინე მე, ყოვლად კეთილო, ტკბილო და მოწყალე იესო; ეს წყალობა მიყავ მე ღატაკს მთხოვარსა შენსა, რომ ზოგჯერ მაინც ვიგრძნო მცირედი ნაპერწკალი შენის სიყვარულისა ჩემს გულში წმიდა საიდუმლოს მიღების დროს, რათა უფრო დავმტკიცდე სარწმუნოებაში, უმეტესი სასოება ვიქონიო შენს მოწყალებაზედ და ამ ზეციურ მანანის მიერ ჩემშიდ აღგზნებული შენი სიყვარული არასოდეს აღარ დაშრტეს.
3. იმისთანა კეთილი და მოწყალე ხარ, რომ ეჭვი არ არის მიწყალობებ იმ მადლსა, რომელსაც გთხოვ და როდესაც დადგება შენი მოწყალების დღე, მომმადლებ სახიერებითა შენითა სულსა მხურვალებისას. თუმც ისე აღგზნებული ნატვრა არა მაქვს, როგორიცა ჰქონიათ საკუთრად შენს ერთგულს მსახურთა, მაგრამ მიყავი ის წყალობა, რომ ჩემს გულშიაც გაცხოველდეს ამათებური სურვილი, გთხოვ და გევედრები, რათა მეც მონაწილე გამხადო იმ გულმხურვალებისა, რომელითაც შემკულნი არიან ყველა შენი მოსიყვარულე მონანი და მათს კრებაში გარევის ღირსი გამხადე.
![]() |
7.15 თავი XV - მასზედ, თუ ვითარ სრულიად უნდა დავიმდაბლოთ და უარვჰყოთ ჩვენი თავი, უკეთუ გვინდა გულმხურვალების მადლი შევიძინოთ. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მარადის უნდა ეძიებდე შენ გულმხურვალების მადლსა, და დაუღალავად უნდა ითხოვდე, მოთმინებითა და იმედით უნდა მოელოდე მას, დიდის მადლობით უნდა მიიღო და სიმდაბლით უნდა დაიცვა იგი, გულმოდგინებით უნდა შრომობდე მისის დახმარებით და ღმერთს უნდა მიანდო დრო და საშვალება შენის მოხედვისა, სინამდის გადმოვიდეს შენზედ ეს მოწყალება. მომეტებულად მაშინ უფრო გმართებს სიმდაბლით ქცევა, როდესაც მცირეს, ანუ სრულიად ვერავითარს გულმხურვალებას ვერ გრძნობ შენს გულში; მაგრამ არც მეტის მეტად იმედი უნდა დაჰკარგო და არც უნდა დიდად შესწუხდე. ხშირად ღმერთი უცებ მიანიჭებს იმას, რაზედაც უარს ეუბნებოდა დიდიხნის განმავალობაში. ზოგჯერ ლოცვის გათავების შემდეგ აძლევს მას რაზედაც უარს ეუბნეოდა ლოცვის დაწყების დროს.
2. უკეთუ ყველას მაშინვე მიეცემოდეს მადლი და მსწრაფლ აუსრულდებოდეს თავისი ვედრება და სურვილი, მაშინ ადამიანისათვის თვისის უძლური ბუნების დათმენა ძნელი აღარ იქმნება. ამისთვის დიდის იმედითა და თავმდაბლურის მოთმინებით უნდა მოველოდეთ გულმხურვალების მადლსა. ხოლო როდესაც შენ იგი არ მოგენიჭება, ანუ დაფარულად ჩამოგერთმევა, მაშინ ეს შენს თავსა და შენს ცოდვებს დააბრალე. ზოგჯერ ერთი უბრალო შემთხვევა უშლის ხოლმე ჩვენზედ მადლის გადამოსვლას და ანუ მას დაგვაკარგვინებს, რის გამო უბრალო აღარ ეთქმის იმ შემთხვევას, რომელიც ესოდენს სიკეთეს მოგვაშორებს. მაგრამ გინდა უბრალო იყვეს იგი, თუ გინდა დიდი, უკეთუ მოიშორებ თავიდან და სძლევ მას, ყოველი შენი სათხოვარი აგისრულდება.
3. როდესაც შენს თავს გულით სრულიად ღმერთს ჩააბარებ, შენის ნებისა და კმაყოფილების შესრულებას აღარ ეძიებ, არამედ ყოვლითურთ ღმერთზედ იქმნები მინდობილი, მაშინ შეიძენ დიდს მყუდროებასა და მშვიდობას, რადგან შენი სურვილი და კმაყოფილებაც ის იქმნება, რაც ღმერთს ესიამოვნება. მაშ ვინც გულის სიწმიდით თავის გონებას აღიმაღლებს ზეცად ღვთისადმი, რომელიც მოიშორებს გულიდამ უწესო სიყვარულსა და უარს ჰყოფს ყველანაირ ამაო კმაყოფილებას, იგი დაიმსახურებს გულმხურვალების მადლსა. დაინახავს თუ არა ღმერთი დაცარიელებულს ჭურჭლებს, მაშინვე თვისის კურთხევით აავსებს ხოლმე მათ. აგრედვე, რაოდნადაც უფრო კაცი უარს ჰყოფს სრულიად ყოველსავე ჟამიერსა, მოიძულებს და მოაკვდენს თავის თავსა, იმდენად უფრო მალე და უხვად მიიღებს იგი მადლსა და ყოვლითურთ განთავისუფლებულს გულსა ზეცად აიმაღლებს.
4. მაშინ დაინახავს, რომ ხელი უფლისა იფარავს მას და დიდად გაუხარდება, გაუკვირდება, სიამოვნებით აევსება გული და თავის თავს სრულიად მას ჩააბარებს საუკუნოდ. აი, ესოდენს კურთხევას მიიღებს ღვთისაგან კაცი, რომელიც ყოვლის გულით უფალს ეძიებს და ამაოებას არ შეუდგება სული მისი. როდესაც მიიღებს იგი საიდუმლოს, ამით ღირსი ხდება ღმერთთან შეერთებისა, რადგან ღებულობს მას, არა თუ თავის სანუგეშებლად და გულმხურვალების დასაკმაყოფილებლად, არამედ რათა აქოს და ადიდოს ამით ღმერთი.
![]() |
7.16 თავი XVI - მასზედ, თუ ვითარ უნდა გავაცნოთ იესოს ჩვენი საჭიროებანი და ვითხოვდეთ მისგან მადლსა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: ჰოი ყოვლად ტკბილო და საყვარელო უფალო, რომლის გულმხურვალედ მიღებასა ვნატრობ, შენ უწყი თუ ვითარ უძლური და ღატაკი ვარ, რაოდენს სიბოროტესა და შეცდომილებაში ვიმყოფები და ხშირად როგორ შეწუხებული, განცდილი, აღშფოთებული და წაბილწული ვარ. შენგან ვითხოვ შველას, გევედრები ნუგეშინი მეც და მილხინე მე. შენ გაგიშლი ჩემის გულის დარდებს, რადგან შენ ყოველივე იცი, ხედავ ჩემის სულის ყოველნაირს მდგომარეობას, მხოლოდ შენ შეგიძლია ნამდვილად ნუგეშინისცემა და შეწევნა ჩემი. შენ კარგად იცი მე უფრო მომეტებულად რაც მეჭირვება და თუ ვითარ ღატაკი ვარ სათნოებით.
2. აი, შენს წინაშე ვდგევარ ღატაკი და შიშველი, წყალობას და შებრალებას გთხოვ. მაჭამე რამე მთხოვარსა, მშიერი ვარ, მცივა გამათბე შენის სიყვარულის ცეცხლითა, ბრმა ვარ, მომხედე და თვალები ამიხილე. ყველაფერი ამ ქვეყნიური მწარედ მაჩვენე, შეწუხებასა და უბედურებაში მოთმინება მომეცი. დამავიწყე და შემაძულე მე ყოველივე, რაც-კი ქვეყნისათვის არის გაჩენილი. აამაღლე ჩემი გული შენთან ზეცას და ნუ ინებებ, რომ მე ქვეყანაზედ გზა დაბნეულივით დავხეტიალებდე. მხოლოდ შენ ხარ ჩემი დამატკბობელი აწ და უკუნისამდე, რადგან მხოლოდ შენ ხარ ჩემი საჭმელი და სასმელი, ჩემი სიყვარული და მხიარულება; ჩემი სიტკბოება და მთელი ჩემი ბედნიერება.
3. ნეტავი როდის იქმნება მომხედო და აღვეგზნა, დავიწვა და შენს არსებად გარდავიქცე, ისე რომ შინაგან შემაერთებელის მადლისა და ცხოველის სიყვარულის მიერ შენში დავდნე და შენთან სულით ერთს არსებას შევადგენდე! ნუ ინებებ, რომ მშიერი და მწყურვალი წავიდე შენგან, არამედ ის წყალობა მეც მიყავი, რომელიც ხშირად გიქმნია საკვირველად შენის წმიდანებისათვის. განა ძნელი იქმნება შენთვის დამწვა და სხვა არსებად გადამაქციო, როდესაც ცეცხლი ხარ მარად აღგზნებული და დაუშრეტელი და სიყვარული, რომელიც გასწმედს გულსა და გონებას განანათლებს?
![]() |
7.17 თავი XVII - მასზედ, თუ ვითარის აღგზნებულის სიყვარულით უნდა ვნატრობდეთ ქრისტეს მიღებასა. |
▲ზევით დაბრუნება |
1. მორწმუნე სული: უფალო, დიდის გულმხურვალებით, აღგზნებული სიყვარულითა და დიდის სასოებით ვნატრობ შენს მიღებას, სწორედ იმნაირად, როგორადაც საიდუმლოს მიღების დროს მხურვალე გულით გნატრობდნენ შენ მრავალნი წმიდანნი და ღვთის მოყვარულნი, რომელთაც დიდად შეგაყვარეს თავი, თავიანთის წმიდა ცხოვრებითა. ჰოი, ღმერთო ჩემო, სიყვარულო საუკუნო, ყველა ნაირო სიკეთეო და დაუსრულებელო ბედნიერებაო ჩემო, იმ გვარის გულმხურვალებითა და მოწიწებით ვნატრობ შენს მიღებას, როგორც ჰქონიათ ოდესმე და შესძლებიათ თვით უმაღლესს წმიდანებს.
2. თუმცა ღირსი არა ვარ მე ამ გვარს გულმხურვალებასა ვგრძნობდე, მაგრამ შენ გწირავ მთლად ჩემის გულის სურვილებს იმგვარად, თითქო მხოლოდ მე ვიყვე მთლად ქვეყნიერებაზედ ესოდენის გულმხურვალებით აღგზნებული. ამასთანავე გულითადის პატივის ცემითა და დიდის მადლობით მოგართმევ და შემოგწირავ, უფალო, ყოველს იმ კეთილსა, რომელიც-კი შეუძლია წარმოიდგინოს და ინატროს რომელიმე ღვთის მოყვარულმა. მე ჩემთვის არაფერი არ მინდა და არც ვიქონიებ; არამედ სრულის ნებითა და სიხარულით ყოველსავე და თვით ჩემს თავსაც-კი შენ გიმსხვერპლავ. უფალო, ღმერთო ჩემო, დამბადებელო და მხსნელო ჩემო, მე დღეს ვნატრობ შენს მიღებას იმგვარის მხურვალე გულითა და პატივისცემით, იმისთანა ღირსეულებითა და სიყვარულით, იმნაირის სარწმუნოებითა, იმედითა და სიწმიდით, ვითარცა შეგიწყნარა და გინატრა ყოვლად უწმიდესმა დედამან შენმა და დიდებულმა ქალწულმა მარიამმა, როდესაც დიდის თავმდაბლობით და სასოებით მიიღო ხარება განხორციელების საიდუმლოსი ანგელოზის მიერ და მორჩილობით უპასუხა: მე ვარ მხევალი უფლისა და ასრულდეს სიტყვა შენი ჩემზედა (ლუკ. 1, 38).
3. როგორადაც ნეტარი წინამორბედი შენი და ყველა წმიდანებზედ უდიდესი წმიდა იოანე ნათლისმცემელი, ჯერ ისევ დედის მუცელსა შინა მყოფი კრთებოდა სიხარულით სცნა რა სულიწმიდის მიერ შენი მასთან მოსვლა და შემდგომ, როდესაც გნახა შენ, იესო, რომხალხში დაიარებოდი, დიდის სიმდაბლითა და აღგზნებულის სიყვარულით სთქვა: მეგობარი სიძისა, რომელიცა დგას და ესაუბრება მას, სიამოვნებით ისმენს მის ხმასა (იოან. 3, 29), ამავნაირად ვნატრობ მეც, რომ აღგზნებული ვიქმნე ძრიელის და წმიდა სურვილითა და ყოვლის გულით შემოგწირო შენ თავი ჩემი. ამისთვის შემოგწირავ შენ ყოველ ღვთის მოყვარე სულთა შვებასა, აღგზნებულს სიყვარულსა, გულსა და გონებისა წამტაცველს სიხარულსა, ზესთა ბუნებრივს ნათელსა და ზეციურთა ჩვენებათა ყოვლის დიდებითა და პატივითა, ვითარცა გწირვენ და შემომწირველნი უნდა იყვნენ მარადის ყოველნი დაბადებულნი ცათა შინა და ქვეყანაზედ. ყველა ამას შემოგწირავ როგორადაც ჩემთვის, ისე იმათთვის, რომელნიც ჩემს ვედრებაზედ არიან დანდობილნი, რათა იყვე ყოველთაგან დიდებული და ქებული უკუნისამდე.
4. შეიწყნარე,უფალო ღმერთო ჩემო, ეს ჩემიაღთქმა და ამასთანავე სურვილი ჩემი, რომელსაც მიზნად აქვს დაუსრულებელი ქება და კურთხევა შენი, როგორადაც ღირსია ყოვლად გამოუთქმელი დიდებულება შენი. ამას გწირავ და მასთანვე ვნატრობ, რომ ყოველს დღეს და ყოველს წამს შევიძლო მისი შემოწირვა შენთვის, აგრედვე მხურვალე გულით და დიდის ვედრებით ვსთხოვ და მოვიწვევ ჩემთან ყველა ზეციურ სულთა და ყოველთა მორწმუნეთა შენთა, რათა ჩემთან ერთად გაქონ და მადრიელობა შემოგწირონ.
5. გაქებდნენ კვალად შენ ყოველნი ერნი და ყოველნი ნათესავნი ქვეყანისანი, ყოველმან ენამან ადიდოს დიდის სიხარულითა და აღგზნებულს მხურვალებითა უწმიდესი და ყოვლად ტკბილი სახელი შენი! ხოლო რომელნიც მოწიწებით და მხურვალე გულით აღასრულებენ შენს უსაღრმთოესს საიდუმლოსა და სრულის სარწმუნოებით მიიღებენ მას, ღირს იქმნენ შენგან მადლისა და მოწყალების მიღებისა და ვსთხოვ ჩემისთანა საბრალო ცოდვილისათვისაც მხურვალე გულით ილოცონ. კვალად, როდესაც ღირს იქმნებიან გულმხურვალების მადლის მიღებისა, რომელსაც თხოულობენ და მოიპოებენ სანეტარო შეერთებას შენთან, ოდეს ყოვლად ნუგეშცემულნი და საკვირველად დამტკბარნი დაბრუნდებიან წმიდა და ზეციური ტრაპეზისაგან, მაშინ მე საბრალოც მომიხსენიონ.
![]() |
7.18 თავი XVIII - მასზედ, თუ ვითარ უნდა ერიდებოდეს კაცი ცნობის მოყვარებით წმიდა ზიარების საიდუმლოს გამოძიებას, სიმდაბლით უნდა ქრისტეს ბაძავდეს და თავის გონებას უმორჩილებდეს წმიდა სარწმუნოებას. |
▲ზევით დაბრუნება |
1. ქრისტე: მარადის უნდა ერიდებოდე ამ ყოვლად უღრმესის საიდუმლოს გამოძიებას, თუ არ გინდა რომ ეჭვისაგან იქმნე დაღუპული. რომელიც მოისურვებს ღვთის დიდებულების გამოძიებასა, ის იმ დიდებისაგანვე იქმნება დაღუპული. ღმერთი იმისთანა საკვირველებათა მოქმედია, რომ ადამიანის გონება თავის დღეში ამათ ვერ მისწვდება. ადამიანისათვის აკრძალული არ არის, რომ სიმშვიდითა და თავდაბლობით გამოიძიოს ჭეშმარიტება, უკეთუ ამასთანავე მარადის მზად იქმნება მოისმინოს დარიგება მამებისა და შეუდგეს მათ წმიდა მოძღვრებასა.
2. ბედნიერია ის გულწრფელი კაცი, რომელსაც დაუტოებია ძნელი გზა გამოძიებისა და მტკიცედ მისდევს ღვთის მცნებათა. ბევრმა დაჰკარგა გულმხურვალების მადლი იმითი, რომ მოინდომა მაღალი საიდუმლოთა გამოკვლევა. შენგან თხოულობს ღმერთი სარწმუნოებასა და უბიწო ცხოვრებასა და არა გონების გამჭრიახობასა და არცა დაწვრილებით ცოდნას ღვთის საიდუმლოებისას. რავდენი რამეა ქვეყანაზედ, რომელიც შენ ვერ გაგიგია; მაშ როგორ უნდა გაიგო ზეციურნი საიდუმლოებანი? დაემორჩილე ღმერთს, შენი გონებაც სიმდაბლით დაუმორჩილე სარწმუნოებას და მაშინ მოგეცემა შენ იმოდენი ნათელი მეცნიერებისა, რაოდენიც შენთვის სასარგებლო და საჭიროა.
3. ზოგნი ფიცხელად იტანჯებიან საიდუმლოების შესახებ ეჭვნეულებითა, მაგრამ ეს მათი ბრალი არ არის, არამედ მზაკვრებაა მტრისა. შენ ნუ აღშფოთდები, ნუ გაჰყვები შენს ფიქრებს და ნურც ყურადღებას მიაქცევ ეშმაკისაგან მოვლინებულს ეჭვნეულებას, არამედ გწამდეს სიტყვა ღვთისა; გწამდეს ნათქვამი წმიდათა და წინასწარმეტყველთა მისთა და მაშინათვე მოგშორდება შენ ის ბოროტი სული. ამგვარი გამოცდა ხშირად დიდად სასარგებლოა ღვთის ერთგული მონისათვის. ურწმუნოთა და ცოდვილთა არ გამოსცდის მტერი, რადგან უიმისოდაც მას ეკუთვნიან, ხოლო მორწმუნეთა და ღვთის მოშიშთა ყოველნაირად აწუხებს და მრავალნაირად სტანჯავს.
4. მაშ წასდექი უეჭვოდ, მტკიცე სარწმუნოებითა და ფრიადის მოწიწებით მისაღებლად წმიდა ზიარებისა და რისაც გაგება შენ ვერ შეიძლო, ის უშიშრად ყოვლის შემძლებელს ღმერთს მიანდე. ღმერთი არასოდეს არ მოგატყუებს შენა; არამედ სტყუვდება ის კაცი, რომელიც დიდად ერწმუნება თავის თავს. ღმერთი არის ხშირად გულწრფელ ადამიანებთან, მდაბალთა გამოუცხადებს თავის თავსა, ჩვილთა მისცემს გულხმიერებასა, გაუღებს გონებას გულით უმანკოებს, ხოლო ცნობის მოყვარულთა და ამპარტავანთა არ აღირსებს თავის მადლსა. ადამიანის გონება სუსტია და ამიტომ ადვილად მოსტყუვდება; ხოლო ჭეშმარიტი სარწმუნოება მარადის უტყუარია.
5. ადამიანის გონება და ბუნების ყოველივე ძალნი უნდა მისდევდნენ სარწმუნოებას და არასოდეს არ უნდა უსწრობდნენ წინ და არც უნდა უშლიდნენ მას; რადგან ამ ყოვლად უწმიდესსა და უსაღმრთოესს საიდუმლოში უმთავრესი ადგილი უჭირავს სარწმუნოებასა და სიყვარულს და დაფარულად მოქმედობენ მასში. საუკუნო, განუზომელი, დაუსრულებელი და ყოვლის შემძლებელი ღმერთი ჰყოფს დიდთა საკვირველებათა ცასა და ქვეყანაზედ და გამოუკვლეველ და საკვირველ არიან საქმენი მისნი. მაგრამ უკეთუ მოქმედება ღვთისა იმგვარის თვისებისა ყოფილ იყო, რომ ადამიანის გონებას ადვილად შესძლებოდა მისი გაგება, მაშინ ხომ იგი აღარც საკვირველი იქმნებოდა და აღარც გამოუთქმელი.
დასასრული.