![]() |
სოციოლინგვისტიკა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ლადარია ნოდარ |
თემატური კატალოგი სახელმძღვანელოები |
წყარო:
ლადარია ნოდარ სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 132გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო"). - ISBN 99928-963-0-2 : [ფ.ა.], 500ც. [MFN: 16981] UDC: 316.74:80 + 81'27 K 240.297/3 - საერთო ფონდი K 240.298/3 - საერთო ფონდი K 240.299/3 - საერთო ფონდი 316.74:4/ლ-14 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 79.150/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", ლადარია ნოდარ |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო OPEN SOCIETY – GEORGIA FOUNDATION სოციალურ მეცნიერებათა სერია ნოდარ ლადარია დაშვებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის ,,მეცნიერება“ თბილისი 2002 სერიის მთავარი რედაქტორი: მარინე ჩიტაშვილი რედაქტორი: ლია კაჭარავა კორექტორი: დალი სულაშვილი ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო“ |
![]() |
1 თემა 1. სოციოლინგვისტიკის მოკლე ისტორიული მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
1.1. სოციოლინგვისტიკის სათავეები
ძველთაგანვე უკვე ცნობილი იყო, რომ სოციალური თვალსაზრისით ენა არ წარმოადგენს ერთგვაროვან ფენომენს. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ესპანელი მეცნიერი, სალამანკის უნივერსიტეტის პროფესორი გონსალო დე კორეასი წერდა: ,,უნდა აღვნიშნოთ, რომ პროვინციაში გავრცელებული დიალექტების გარდა ენას კიდევ აქვს სახესხვაობები, რომლებიც დამოკიდებულია ამ პროვინციებში მცხოვრებთა ასაკზე, საზოგადოებრივ მდგომარეობასა და ქონებაზე: არსებობს სოფლად მცხოვრებ მდაბიოთა, ქალაქელთა, დიდგვაროვან ბატონთა და კარისკაცთა, სწავლულ ისტორიკოსთა, მოხუცთა, მქადაგებელთა, მამაკაცთა და დედაკაცთა, თვით უასაკო ყრმათა ენა”.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს თავისი ბუნებით წმინდა სოციოლინგვისტური გამონათქვამი საკმაოდ აშკარა რეალობას ასახავს, რომლის შემჩნევა არ არის ძნელი. მიუხედავად ამისა, საკუთრივ ტერმინი სოციოლინგვისტიკა მხოლოდ 1952 წელს შემოიღო ამერიკელმა სოციოლოგმა კარიმ (ჩურრიე). ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სოციოლინგვისტიკის დისციპლინა XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში აღმოცენდა. მისი ფესვები გაცილებით ღრმაა და ისინი ევროპულ ტრადიციაში უნდა ვეძებოთ.
გამოკვლევები, რომელთა ინტერესის სფეროში შეგნებულად შედიოდა ლინგვისტური და სოციალური ფენომენების ერთმანეთთან დაკავშირება, ენაზე საზოგადოებრივ ცვლილებათა ზეგავლენის შესწავლა, უკვე XX საუკუნის დასაწყისიდან წარიმართა საფრანგეთში, რუსეთში, ჩეხეთში. იმის გამო, რომ ევროპულ ტრადიციაში, ამერიკულისაგან განსხვავებით, ჩვეულებრივ, გაცილებით ნაკლებადაა ხაზგასმული მეცნიერების პრაგმატული მხარე, მკვლევრები თავიანთ ნაშრომებს არ გამოარჩევდნენ წმინდა ლინგვისტური ხასიათის შრომებისაგან. მაგალითად, თვით ფრანგული წარმოშობის დიდი რუსი ენათმეცნიერი ბოდუენ კურტენე აღიარებდა, რომ ლინგვისტიკის საფუძველი არა მარტო ინდივიდუალური ფსიქოლოგიაა, არამედ სოციოლოგია, რის გამოც მას არ მიაჩნდა, რომ აუცილებელი იყო შესაბამისი ინტერესების გაფორმება რაიმე განსაკუთრებულ სამეცნიერო დისციპლინად.
სწორედ XX საუკუნის დასაწყისის ენათმეცნიერებს ეკუთვნის მრავალი ფუნდამენტური იდეა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა სოციოლინგვისტიკის წარმოშობა. ზოგიერთი ამგვარი იდეა ქვემოთაა ჩამოთვლილი: ენობრივი სახსრების განაწილება სოციალური გარემოებებით განპირობებულ საკომუნიკაციო სფეროებში; ერთიანი ეროვნული ენის სოციალური დიფერენციაცია მასზე მეტყველთა საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით; ენის ევოლუციის ტემპების დამოკიდებულება საზოგადოების განვითარების ტემპებზე; ენობრივ ცვლილებათა ,,ჩამორჩენა” სოციალური ცვლილებების ტემპისაგან; ტერიტორიულ დიალექტოლოგიასთან ერთად სოციალური დიალექტოლოგიის აუცილებლობის დასაბუთება და სხვა.
XX საუკუნის მეორე ნახევარში სოციოლინგვისტიკა ადრე შექმნილი თეორიული და აბსტრაქტული შრომების პრაქტიკულ შემოწმებასა და ზოგადი ჰიპოთეზების ზუსტ მათემატიკურ გამოსახვაზე გადავიდა. თვალსაჩინო ამერიკელი სოცილინგვისტის ჯოშუა ფიშმანის აზრით, თანამედროვე ეტაპზე ენის სოციოლოგიური კუთხით შესწავლას სისტემურობა, მონაცემთა აკრეფის მკაცრი მიზანმიმართულობა და ფაქტების რაოდენობრივ-სტატისტიკური ანალიზი ახასიათებს.
1.2. სოციოლინგვისტიკის სამეცნიერო სტატუსი
ვინ არის სოციოლინგვისტი - ენათმეცნიერი თუ სოციოლოგი? ზოგიერთი მკვლევრის აზრით, პირდაპირ და სრულიად გარკვევით უნდა იქნეს განცხადებული, რომ სოციოლინგვისტიკა ენათმეცნიერების დარგია. მაგალითად, რუსეთის ერთ-ერთ წამყვან სოციოლინგვისტს, ვ. ი. ბელიკოვს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე კამათი კიდევ შეიძლებოდა გასულ საუკუნეში, დღეს კი, გაწეული შრომის შუქზე უკვე აშკარად ჩანს ამ დისციპლინის ენათმეცნიერული ხასიათი.1 სხვა საკითხია, რომ სოციოლინგვისტებმა მრავალი მეთოდი სოციოლოგიისაგან აიღეს (მაგალითად, ანკეტირება, მასობრივი კვლევა, ზეპირი გამოკითხვები და ინტერვიუები). გარდა ამისა, სოციოლინგვისტური მომზადება კარგ სამსახურს გაუწევს სოციოლოგსაც, მაგალითად, სიღრმისეული კვლევისას ან ბიოგრაფიული ინტერვიუს ანალიზის დროს.
შესაძლოა, ვ. ი. ბელიკოვის ამ აზრში არის გარკვეული დადებითი საზრისი და საფუძველი, მაგრამ თუ ზერელედ მაინც გადავავლებთ თვალს დასავლეთში შექმნილ სოციოლინგვისტურ ნაშრომებს, შევამჩნევთ, რომ ცალკე ენათმეცნიერული და ცალკე სოციოლოგიური ტენდენციის მქონე გამოკვლევებთან ერთად ბევრი ნაშრომი ამჟღავნებს ეთნოლოგიის, ეთნოგრაფიის ან ისტორიული თუ კულტურული ანთროპოლოგიისათვის დამახასიათებელ ინტერესებსა და მეთოდოლოგიას.
საბოლოო ჯამში შეიძლება დავასკვნათ, რომ სოციოლინგვისტიკა საკმაოდ დამოუკიდებელი მაგრამ მონათესავე ჰუმანიტარულ დისციპლინებთან მჭიდრო კავშირში მყოფი დარგია. თუ რომელიმე კონკრეტულ სოციოლინგვისტურ გამოკვლევაში შეიმჩნევა მიდრეკილება ლინგვისტიკისაკენ, ეს ნიშნავს, რომ მისი შესწავლის ობიექტი ენაა, ხოლო სოციუმი კი ამ ობიექტზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორი. თუ სხვა კონკრეტულ ნაშრომში სიმძიმის ცენტრი სოციოლოგიისაკენაა გადახრილი, მაშინ მდგომარეობა საპირისპიროა, ანუ საკვლევი ობიექტი სოციუმია, ხოლო ენა ამ ობიექტის არსებობის ერთ-ერთი გამოვლენაა. როგორც ეტყობა, არ უნდა ვეცადოთ, მკაცრად განვსაზღვროთ და რეგლამენტის ფარგლებში მოვაქციოთ სოციოლინგვისტიკის დამოკიდებულება სხვა ჰუმანიტარულ დარგებთან, რადგან ამ განსაზღვრას არსებითი გავლენა მხოლოდ სამეცნიერო ბიუროკრატიის სფეროში შეიძლება ჰქონდეს. გაცილებით უფრო პროდუქტიული იქნება თვით სამეცნიერო დისციპლინის უფრო ფართო განსაზღვრება შემოვიღოთ, მაგრამ ამ პრობლემის განხილვა სცილდება წინამდებარე სალექციო კურსის ფარგლებს.
1.3. სოციოლინგვისტიკის ობიექტი
თანამედროვე სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, უილიამ ლაბოვი სოციოლინგვისტიკას განმარტავს, როგორც მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ,,ენას მის სოციალურ კონტექსტში”. თუ ამ სწორხაზოვან განმარტებას დავუკვირდებით, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ სოციოლინგვისტები საკუთრივ ენას, ესე იგი მის შინაგან აგებულებას კი არ შეისწავლიან, არამედ იმას, თუ როგორ გამოიყენება ეს ენა მასზე მეტყველთა (ანუ, ენათმეცნიერების სპეციალურ ენაზე -ინფორმანტების) მიერ. ამგვარი ანალიზის დროს კი უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს მოსაუბრეზე. ბუნებრივია, რომ ამ ფაქტორთა უმრავლესობა სოციალური ხასიათისაა.
მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი, რომელიც ენის სემანტიკურ შინაარსსა და სტრუქტურას სოციალურ გარემოებებთან აკავშირებს. ამ მდგომარეობას ნათლად წარმოაჩენს ენაში არსებული სტერეოტიპების სოციალური ხასიათი:
1980-იანი წლების დასაწყისში ოქსფორდის რამდენიმე სწავლულმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობა მეცნიერულად გაუნათლებელია, რადგანაც ეს ადამიანები ჯერაც ისე ლაპარაკობენ მზის შესახებ, თითქოს ის დედამიწის ირგვლივ მოძრაობს. ამის შემდეგ ინგლისელმა ლინგვისტებმა, შაფმა2 და კამერონმა3 სრულიად სამართლიანად აღნიშნეს, რომ თვით ეს მეცნიერები თავიანთ ყოველდღიურ საუბრებში ამბობენ, რომ მზე ,,ამოვიდა”, ან ,,ჩავიდა”.
უნდა ითქვას, რომ მეცნიერებაშიც სრულიად ვერ გავთავისუფლდებით სტერეოტიპული გამოთქმებისაგან, რომელთა უმრავლესობა ანთროპომორფული წარმოშობისაა. მეცნიერებაში, უფრო მეტიც, სწორედ რომ სოციოლინგვისტიკაში დამკვიდრებულ ამგვარი სტერეოტიპების მაგალითს წარმოადგენს ისეთი სიტყვაშეთანხმებანი, როგორიცაა ,,ენის ცვლილება”, ან ,,ენის ვარიაცია”. მაგრამ მათ მიმართ არ უნდა განვეწყოთ ნეგატიურად, რადგან ენაში არსებული სტერეოტიპები თავისთავად მნიშვნელოვან ენათმეცნიერულ და სოციოლინგვისტურ მონაცემს წარმოადგენს. ჩვენ აუცილებლად უნდა გვესმოდეს მეცნიერთა წარსული თაობების ენა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ესა თუ ის ენა ,,იცვლება”, ან ,,კვდება”, ან ,,გენეტიკურად მომდინარეობს სხვა რომელიმე ენიდან”. ყველა ეს გამონათქვამი, არსებითად, ანთროპომორფული მეტაფორებია, ესე იგი მათ ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების კვალი ატყვია.4
შემდეგში ჩვენ დავეთანხმებით ლე პაჟის (Le Page) მიერ გამოთქმულ დებულებას: ,,ენები არ მოქმედებენ, მოქმედებენ ადამიანები; ენები მხოლოდ ადამიანთა ქმედებების აბსტრაქციებია”.
საკუთრივ ენათმეცნიერებასა და სოციოლინგვისტიკას შორის მკვეთრი განსხვავება მჟღავნდება, თუ გავიხსენებთ რუსული წარმოშობის ამერიკელი ლინგვისტის, ნაომ ხომსკის (Chomsky) მიერ შექმნილ ეგრეთ წოდებულ გენერაციულ გრამატიკას. ეს თეორია განიხილავს ენაზე იდეალურ მეტყველს და აღწერს იმ პროცესებს, რომელთა წყალობით ეს იდეალური ინფორმანტი აგენერირებს (წარმოშობს) მხოლოდ მართებულ, სტანდარტიზებულ გამონათქვამებს. რაც შეეხება სოციოლინგვისტიკას, მას მხოლოდ რეალურ ინფორმანტებთან აქვს საქმე და მის ფარგლებში გამონათქვამების სტანდარტული ნორმებისადმი შესაბამისობა არ მოითხოვება. სოციოლინგვისტს, უპირველეს ყოვლისა, აინტერესებს, თუ რა სოციალური მიზეზებითაა გამოწვეული ამგვარი დარღვევები და ვარიაციები.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სოციოლინგვისტიკის ძირითადი საგანი ენის ფუნქციონირებაა. ენის შინაგანი აგებულება ამ დროს მიიჩნევა წინასწარ მოცემულობად და სპეციალურ გამოკვლევას არ ექვემდებარება, იმ შემთხვევათა გარდა, როცა სოციალური ასპექტი ენის ფუნდამენტურ სტრუქტურაში აღწევს და გავლენას ახდენს მასზე. საბოლოო ჯამში, კვლავ უნდა დავუბრუნდეთ უილიამ ლაბოვის ამ პარაგრაფის დასაწყისში უკვე მოყვანილ ფორმულას: ,,სოციოლინგვისტიკა არის მეცნიერება, რომელიც იკვლევს ენას სოციალურ კონტექსტში”.
_______________________
1 Sdr. В. И. Беликов, Л. П. Крысин, «Социолингвистика», Рос. гос. гуманит. ун-т, М. 2001, стр. 16.
2 Sdr. Schaff, A. The Pragmatic Function of Stereotypes, in International Journal of the Sociology of Language, 45, 1984, pp. 89-100.
3 Sdr. Cameron, D. Demithologizing sociolinguistics: why language does not reflecting society, in Ideologies of Language, Routledge, London 1990, pp. 79-93.
4 საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში დამკვიდრებული ტერმინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი ისაა, რომ ეს ტერმინები ძალიან ახლოს დგას ჩვეულებრივ სიტყვებთან.
![]() |
2 თემა 2. სოციოლინგვისტური თეორიის ძირითადი ცნებები |
▲ზევით დაბრუნება |
სოციოლინგვისტიკა, როგორც საზოგადოებრივი მეცნიერების ცალკე დარგი, წარმოიშვა ენათმეცნიერების (ლინგვისტიკის), სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიისა და ეთნოგრაფიის, ასე ვთქვათ, ,,სასაზღვრო” კონტაქტის შედეგად. სოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანი პრობლემათა საკმაოდ ფართო კომპლექსია, რომელიც უკავშირდება ენის, როგორც ასეთის, სოციალურ ბუნებასა და საზოგადოებრივ ფუნქციებს. ერთი მხრივ, შეისწავლება სოციალური ფაქტორების გავლენა ენაზე, მეორე მხრივ კი - ის როლი, რომელსაც ენა ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ბუნებრივია, რომ ამ ახალი სამეცნიერო დარგის დისციპლინათშორისი სტატუსი მჟღავნდება მის მიერ გამოყენებულ ცნებებსა და ტერმინებში: აქ ვხვდებით როგორც წმინდა ლინგვისტურ, ასევე წმინდა სოციოლოგიურ ტერმინოლოგიას.
მაგალითად, ენობრივი კოლექტივი (ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ერთ რომელიმე ენაზე ურთიერთობს), რომელიც ზოგადი ენათმეცნიერებისათვის არ არის არსებითი, სოციოლინგვისტური ანალიზის საწყის ცნებას წარმოადგენს და განიმარტება როგორც ლინგვისტური, ასევე სოციალური ნიშნების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნება თითქოსდა არ საჭიროებს განსაკუთრებულ დეფინიციას, ეს გარემოება უფრო მოჩვენებითია. მაგალითად, საფრანგეთში მცხოვრები ფრანგები და ფრანგულენოვანი კანადელები არ შედიან ერთსა და იმავე ენობრივ ერთობაში. ამასვე ვიტყვით ინგლისელებისა და ამერიკელების, გერმანელებისა და ავსტრიელების, ესპანელებისა და ლათინური ამერიკის მცხოვრებლების შესახებაც. მეორე მხრივ, როგორ შეიძლება განვიხილოთ ერთსა და იმავე ქალაქში მცხოვრები და მომუშავე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები: შედიან თუ არა ისინი ერთსა და იმავე ენობრივ ერთობაში - მაგალითად, ლოს ანჟელესში მცხოვრები ინგლისურად მოსაუბრე მექსიკელები და საკუთრივ ამერიკელები?
ამგვარად, სოციოლოგიური და ლინგვისტური ელემენტების შეხამება აუცილებელია ენობრივი კოლექტივის განმარტებაში, რომელიც საბოლოოდ ასე წარმოგვიდგება: ენობრივი კოლექტივი არის ერთობლიობა საერთო სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კავშირებით გაერთიანებულ ადამიანებისა, რომლებიც ამ ერთობლიობის ფარგლებში გავრცელებული ერთი ან რამდენიმე ენის მეშვეობით თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ახორციელებენ უშუალო და გაშუალებულ კონტაქტებს ერთმანეთთან და სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებთან.
იგივე შეიძლება ითქვას სოციოლინგვისტური ცვლადების შესახებაც: სოციოლოგიური ცვლადებისაგან განსხვავებით, რომლებიც სოციალური სტრუქტურის ან სიტუაციის ცვლილებასთანაა დაკავშირებული, სოციოლინგვისტური ცვლადები ამის გარდა უკავშირდება რომელიმე წმინდა ენობრივ სტრუქტურასაც (ფონეტიკურს, მორფოლოგიურს, სინტაქსურს, სემანტიკურს და ა.შ.).
სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია ენის სოციალური დიფერენციაცია მისი შინაგანი სტრუქტურის ყველა დონეზე. ეს ფენომენი ყოფითი თვალსაწიერიდანაც საკმაოდ ადვილი შესამჩნევია: საკმარისია მოვისმინოთ ადამიანის მეტყველება, რომ ასაკისა და სქესის გარდა, რომლებიც ხილულადაც ადვილი მისახვედრია, არ გაგვიჭირდება გამოვიცნოთ მის წარმოშობა, განათლების დონე და სხვა სოციალური მახასიათებლები. ამგვარი დიფერენციაცია შესამჩნევია არა მარტო ზეპირი მეტყველების, არამედ წერილობით მოცემული ტექსტების საფუძველზეც. მათი ენობრივი ანალიზი გვაძლევს წარმოდგენას ავტორის ან ადრესატის საზოგადოებრივ სტატუსზე, იმ საზოგადოების კულტურულ, სოციალურ და ისტორიულ მახასიათებლებზე, რომლის წიაღშიც ეს ტექსტები შეიქმნა.
ენის სოციალურ დიფერენციაციასთან მჭიდროდაა დაკავშირებული ენისა და ნაციის ურთიერთობის პრობლემა. ამასთან დაკავშირებით სოციოლინგვისტიკა ოპერირებს ცნებით ,,ნაციონალური ენა”.
ასეთივე მნიშვნელოვანი ცნებაა ,,ენობრივი სიტუაცია”, რომელიც განიმარტება, როგორც ენის არსებობის ფორმათა ერთობლიობა.
ქვემოთ ჩამოთვლილია და განმარტებული სოციოლინგვისტიკის ზოგიერთი უფრო კონკრეტული საკვანძო ცნება. რა თქმა უნდა, ამ განმარტებებს ჯერ მხოლოდ წინასწარი ხასიათი აქვთ, რადგანაც 1) სოციოლინგვისტიკა ჯერაც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მეცნიერებაა და მისი მრავალი მნიშვნელოვანი თეორიული კომპონენტი ჯერაც დაუმუშავებელია; 2) ცნებათა სრული და ამომწურავი განმარტების მოცემა და მისი გაგება უკვე მოითხოვს სოციოლინგვისტური ტერმინოლოგიისა და აპარატის ცოდნას.
ენობრივი კოდი: ყველაზე ფართო და ზოგადი გაგებით, კოდი კომუნიკაციის საშუალებაა. ამ ტერმინით აღინიშნება როგორც ბუნებრივი ენები (ქართული, ინგლისური, ბანტუ, იაპონური), ასევე ხელოვნური ენებიც (ესპერანტო, ასემბლერი, ფორტრანი, დროშების მეშვეობით გამოხატული საზღვაო კოდები). საკუთრივ ენათმეცნიერებაში კოდის ქვეშ იგულისხმება ადამიანთა შორის კომუნიკაციის ენობრივი საშუალებები: ენა, დიალექტი, ქალაქური კოინე, პიჯინი, ჟარგონი, ლინგვა-ფრანკა და ა.შ.1
კოდთან ერთად გამოიყენება ტერმინი სუბკოდი (ქვეკოდი, ქვესისტემა), რომელიც ძირითადი კოდის გარკვეულ ნაირსახეობას აღნიშნავს (მაგალითად, ლიტერატურული ენა, პროფესიული ჟარგონი, ტერიტორიული დიალექტი, რომლებიც ერთი ეროვნული ენის ქვესისტემებია). ხშირად სუბკოდებს უწოდებენ ენის არსებობის ფორმებს. ეს ტრადიცია განსაკუთრებით გავრცელებულია რუსულენოვან ლიტერატურაში და, როგორც ეტყობა, თავის წარმოშობას დიალექტიკურ მატერიის არსებობის მატერიალისტური ფილოსოფიის ფარგლებში მიღებულ ფორმებს უნდა უმადლოდეს.
სოციოკომუნიკაციური სისტემა: ერთ რომელიმე ენობრივ ერთობაში მოქმედი და ერთმანეთთან ფუნქციონალური შემავსებლობის ურთიერთობაში მყოფი კოდებისა და სუბკოდების ერთობლიობას ამ ერთობის სოციოკომუნიკაციური სისტემა ეწოდება.
აქ უნდა განვმარტოთ ფუნქციონალური შემავსებლობის ცნება. იგულისხმება, რომ ყოველ ენობრივ ერთობაში მოქმედ კოდს (სუბკოდს) განსაკუთრებული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოციალური ფუნქცია აქვს, რომლის აღსრულება შეუძლებელია ან გაძნელებულია სხვა კოდის ან სუბკოდის გამოყენებით. მაგალითად, ფამილიარული, მეგობრული ურთიერთობის სუბკოდი გამოუყენებელია, მაგალითად, სასამართლოში, ასევე ოფიციალურ დეკლარაციაში ვერ გამოვიყენებთ კერძო წერილისათვის დამახასიათებელ გამოთქმებს. ერთობის შემადგენელი კოდები ერთმანეთს ავსებს.
კოდების გადართვა და შერევა: კოდების ფუნქციონალური განაწილება ნიშნავს, რომ რომელიმე ენობრივ ერთობაში შემავალი კონკრეტული კონტინგენტი, რომლისთვისაც მისაწვდომია საკომუნიკაციო საშუალებათა ზოგადი ერთობლიობა, იყენებს მას ურთიერთობის კონკრეტულ პირობათა მიხედვით. იგულისხმება, რომ ერთი და იგივე ადამიანი ფლობს რამდენიმე სუბკოდს და მათ შორის ,,გადართვას” აწარმოებს იმის მიხედვით, თუ რა კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფება დროის მოცემულ მომენტში. ამ გარემოების კერძო და განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევაა ის ვითარება, როდესაც საზოგადოებაში ერთზე მეტი ენა მოქმედებს. კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც რამდენიმე ენას ფლობს, ამ ენათაგან ერთ-ერთს ირჩევს. ზოგჯერ კოდის გადართვას ესთეტური ან სხვა ბუნების ექსპრესიული მიზეზი აქვს, მაგალითად, სატელევიზიო წამყვანებისა და დიჯეების მეტყველებაში, როდესაც გარკვეული სიტყვები ან მთელი ფრაზები უცხო ენაზე წარმოითქმება.
ენობრივი ცვლილება: სოციოლინგვისტური კვლევის მნიშვნელოვანი ნაკადი კონცენტრირებულია ენის ცვლილებაზე. მრავალი მეცნიერი დაკავებულია ორმაგი მიზნით: ერთი მხრივ ახსნან, მეორე მხრივ კი, იწინასწარმეტყველონ ენაში მომხდარი ესა თუ ის ცვლილება. მართალია, ამ განხრით მრავალი თეორიული და ემპირიული გამოკვლევა არსებობს, მაგრამ ძირითადი მნიშვნელობა აქვს სამ მათგანს: Milroyb Linguistic Variation and Changeb Oxford: Blackwell 1992J Labovb Principles of Linguistic Changeb I: Internal Factorsb Oxford: Blackwell 1994J2 Chambersb Sociolinguistic Theoryb Oxford: Blackwell 1994y
თავისთავად, ცვლილების ცნება იმდენად ელემენტარულია და პირველადი, რომ თითქოსდა არც მოითხოვს განმარტებას. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ისეთ რთულ ფენომენს, როგორიცაა ენა, მეტად ძნელია განვმარტოთ, თუ რა არის ენის ცვლილება ამ სიტყვის ლინგვისტური ან სოციოლინგვისტური თვალსაზრისით. მაგალითად, თუ კომპიუტერული ტექნიკის და მის შემდეგ ელექტრონული კომუნიკაციების განვითარების შედეგად წარმოიქმნა ჯერ მხოლოდ ვიწრო სპეციალისტებისათვის დამახასიათებელი პროფესიული ჟარგონი, ხოლო მოგვიანებით კი მთელს მსოფლიოში გავრცელებული ეგრეთ წოდებული ,,მეილის” ინგლისური, დროის რომელი მომენტიდან შეიძლება ვილაპარაკოთ ენის ცვლილებაზე?
როგორია ენობრივი ცვლილების მიზეზები და მექანიზმები? რატომ იკარგება ერთი, მაგრამ შენარჩუნდება სხვა ენობრივი ფორმები ან ერთეულები? რა ძალები ეწინააღმდეგება ენობრივ ცვლილებებს? რა ძირითადი პრინციპები უდევს საფუძვლად მოცემულ საზოგადოებაში ენობრივი ცვლილებების ახსნისა და წინასწარი განსაზღვრის შესაძლებლობას? - ამ კითხვებზე ცდილობს უპასუხოს სოციოლინგვისტიკა ენობრივ ცვლილებებთან დაკავშირებულ კვლევის სფეროში. ქვემოთ ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხებს.
ვარიაცია: ენობრივი ცვლილებების შესწავლას მჭიდროდ უკავშირდება ენობრივ ვარიაციებზე დაკვირვება. მართლაც, ამ ორ ცნებას ხშირად განიხილავენ საერთო სათაურის ქვეშ: ენის ისტორიული, ესე იგი დროის განმავლობაში განვითარებული ცვლილება შეიძლება მივიჩნიოთ ვარიაციის კერძო სახედ. მაგრამ არანაკლებ საინტერესოა ენის სივრცითი ვარიაციები. გარდა ამისა, არსებობს ენის ვარიაციები, რომლებიც ვითარდება არა ფიზიკურ, არამედ საზოგადოებრივ სივრცეში. იგულისხმება ბუნებრივ ენათა ის სახესხვაობები, რომლებიც შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში. ამ მხრივ ყველაზე ზოგადი საკითხებია: რა არის ენის ვარიაციები და როგორ ახდენს ამ ცნების განსაზღვრა გავლენას იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ თვით ენას? რა სოციალურ ატრიბუტებს ეყრდნობა ვარიაციის არსებობა? როგორ ურთიერთქმედებს ენის დროითი, რეგიონალური და სოციალური ვარიაციები ერთმანეთთან?
წინასწარ აღვნიშნოთ, რომ სპეციალური ლიტერატურის დიდ ნაწილში ტერმინი ,,ვარიაცია” გამოიყენება იმ ფენომენის აღსანიშნავად, რომელსაც ყოფით კონტექსტში მოვიხსენიებთ როგორც ,,ენას”. მაგალითისათვის, ამბობენ, რომ ნორვეგიული და შვედური სკანდინავური ჯგუფის ვარიაციებია, იტალიური, ესპანური და რუმინული- რომანული ჯგუფისა და ა.შ.
სასაზღვრო მარკერი: ზემოთქმულიდან უკვე გასაგებია, რომ სოციოლინგვისტიკისათვის შესწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია ენის სიმბოლური ფუნქცია როგორც სოციალური ჯგუფის ჩამოყალიბების საშუალება. იგულისხმება, რომ მეტ-ნაკლებად მკაფიოდ გამოხატული ენობრივი ნიშანი მეტად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ორ სოციალურ ჯგუფს შორის საზღვრის გასავლებად. ამ საკითხს მიეძღვნა შემდეგი მნიშვნელოვანი შრომები: Giles, Language, Ethnicity and Intergroup Relations, London and New York: Academic Press, 1977, - რომელშიც განხილულია ენის მნიშვნელობა ეთნოგენეზისის პროცესსა და ეთნიკური ჯგუფების ურთიერთობაში; Le Page, Tabouret-Keller, Acts of Identity: Creole-based approaches to ethncity and language, Cambridge University Press, 1985 - აქ გაანალიზებულია ადამიანების ენობრივი ნიშნით დაჯგუფება როგორც იდენტურობის, ანუ თვითმყოფადობის დამკვიდრების აქტი; Gal, Language Shift: Social Determinants of Linguistic Change in Bilingual Austria, New York: Academic Press, 1979 - გამოკვლევა ეხება ენას, როგორც ნაციონალიზმის ან პოლიტიკური ლოიალობის გამოხატვის საშუალებას.
მულტილინგვიზმი: სოციოლინგვისტების დიდი ძალისხმევა იქნა დახარჯული ისეთი სოციალური დაჯგუფებების შესასწავლად, რომლებიც ხასიათდება მათი წევრების მიერ ორი ან მეტი ენის აქტიური გამოყენებით. ამ ფენომენის მნიშვნელობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში უეჭველია როგორც ისტორიული, ასევე სოციოლოგიური თვალსაზრისითაც. XX საუკუნის უდიდესი ნაწილის განმავლობაში საქართველოში რუსული ენის ცოდნა ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იყო სოციალური პრესტიჟის მოსაპოვებლად. სიტუაციის ცვლილების შედეგად ამ ადგილს თანდათანობით იკავებს რომელიმე ევროპული ენა, უმეტეს შემთხვევაში - ინგლისური. მიუხედავად მსგავსებისა, ამ ორ ვითარებას შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა და სოციოლინგვისტური თვალსაზრისით რუსულისა და ინგლისურის ადგილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საგრძნობლად დიფერენცირებულია შეძენის მექანიზმის, ინტენციისა და არსებული როლის მიხედვით.
თუმცა საკითხის მნიშვნელობა არავითარ ეჭვს არ იწვევს, ამ სფეროში არსებულ შრომათა უმრავლესობა ჯერჯერობით დესკრიფციულ, ანუ აღწერით ხასიათს ატარებს და წარმოადგენს ორი ან მეტი ენის გამოყენების თავისებურებათა ემპირიულ აღნუსხვას. იგრძნობა თეორიული შრომების ნაკლებობა, რომლებშიც უფრო ღრმად იქნებოდა გამოკვლეული, თუ რა გავლენას ახდენს ინდივიდთა სოციალურ ქცევაზე მათ მიერ ორი ან მეტი ენის გამოყენების უნარი და ამ უნარზე სოციალური მოთხოვნა. ამ თვალსაზრისით მაინც შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ნაშრომი: Ferguson, Diglossia, in Dell Hymes, Language in Culture and Society, 429,39, New York:Harper and Row, 1959, sadac yuradReba gamaxvilebulia diglosiaze,3 rogorc mravalenovanebis kerZo SemTxvevaze; Veltman, Language Shift in the United States, The Hague: Mouton, 1983, სადაც განხილულია საზოგადოებრივი მულტილინგვიზმის დინამიკა, რომელიც ენობრივ ცვლილებებს იწვევს; Dorian, The problem of semi-speaker in language death. International Journal ოფ ტჰე Sociology of Language, 12, 23-32, 1977, ამ სტატიაში განხილულია ენის ,,გაცვეთა” ენობრივი კონფლიქტის შედეგად.
ენების უკანდახევა და მათი სხვა ენებით ჩანაცვლება და ახალი ენების წარმოშობაც შეიძლება განვიხილოთ როგორც მულტილინგვიზმისა და სხვადასხვა ენათა შორის კონტაქტების ერთ-ერთი შედეგი.
სოციოლინგვისტიკას აინტერესებს არა მარტო ის, თუ რა გავლენას ახდენს ინდივიდის ან ინდივიდთა ჯგუფის სოციალურ ცხოვრებაზე რამდენიმე ენის ცოდნა, არამედ ისიც, თუ რა განსაკუთრებულ ფუნქციას ატარებს ამ ცხოვრებაში გამოყენებულ ენათაგან თითოეული. ეს განპირობებულია იმ თავისთავად ცხადი ფაქტით, რომ სხვადასხვა ენას ადამიანი სხვადასხვა სოციალურ გარემოში ან სიტუაციაში იყენებს. ამ ვითარების ამსახველი ერთ-ერთი ტერმინია მულტილინგვიზმის კერძო შემთხვევა, დიგლოსია.
რელატივიზმი: სოციოლინგვისტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ენობრივი რელატივიზმის, ანუ ფარდობითობის ჰიპოთეზას, რომელზედაც, ძირითადად, დამყარებულია საპირისა და უორფის შრომები. ამ საკითხს საკმაოდ რთული ისტორია ჰქონდა. 1971 წელს ბერნსტაინმა შემოიღო ,,შეზღუდული” და ,,დახვეწილი” კოდის ცნება (იგულისხმება ენის ის ,,მარაგი” და სტრუქტურა, რომლითაც სარგებლობენ სხვადასხვა შემეცნებით და სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანები). ამ თეორიამ წარმატება ვერ მოიპოვა არა მეცნიერული სისუსტის მიზეზით, არამედ მისი პოლიტიკური არასასურველობის გამო. სამწუხაროდ, ბერნსტაინის თვალსაზრისმა ენის სოციალურ-კლასობრივი განსაზღვრულობის შესახებ ნაკლები გავლენა მოახდინა სოციოლინგვისტიკის განვითარებაზე, ვიდრე ეს უნდა ყოფილიყო მეცნიერების თავისუფალი განვითარების პირობებში.
დღემდე არ მიეცა დამაკმაყოფილებელი მეცნიერული ახსნა იმ საკითხს, თუ როგორაა განპირობებული ინდივიდის მიერ გამოყენებული ენის სტრუქტურა მისი მსოფლმხედველობით. ბევრმა, ამის საპირისპიროდ, გამოთქვა აზრი, რომ თვით ენის სტრუქტურა ახდენს გავლენას ადამიანების მიერ გარე სამყაროს აღქმაზე.4 ამის გარდა, მაგალითად, წარმოიშვა თვალსაზრისი, რომ ენის გამოყენების დამოკიდებულება სქესზე გამოწვეულია მამაკაცისა და ქალის მიერ სამყაროს სხვადსხვანაირ აღქმასა და მათ შორის არსებულ გაუგებრობებზე.
რელატივიზმის ბაზაზე ხდება სხვადასხვა ჯგუფთა ფარგლებში გავრცელებული ენობრივი ვარიაციების შედარებითი ანალიზი, მათი ენობრივი რესურსების გამოკვლევა. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა ფორმალური (ეგრეთ წოდებული თავაზიანი) მეტყველებისა სხვადსხვა ენის ფარგლებში სოციალური ფაქტორებისა და შედეგების გათვალისწინებით.
ინტერფერენცია: ბილინგვი ადამიანის მეტყველებაში ხშირად ხდება ორი სხვადასხვა კოდისათვის დამახასიათებელი ნიშნების ზედდება, ანუ ინტერფერენცია, რომელიც განიმარტება როგორც ბილინგვის ერთი რომელიმე ენის მეორეზე ნებისმიერი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში იგულისხმება მხოლოდ არაკონტროლირებადი პროცესი. შეგნებულ ნასესხებობებს ინტერფერენციასთან არ აკავშირებენ. ინტერფერენციის მიმართულება შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. უფრო ხშირად გამოყენებადი ენა უფრო ადვილად მოქმედებს მეორეზე. ამის აღმოჩენა საკმაოდ ადვილია იმ ადამიანთა მაგალითზე, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
ფონოლოგიური ინტერფერენცია შეიძლება იყოს სამი სახის: 1. ფონემათა არასაკმარისი გარჩევა (მაგალითად, ევროპელებს უჭირთ გაარჩიონ ქართული ,,ქ” და ,,კ”, ,,თ” და ,,ტ”). 2. ფონემათა ზედმეტი გარჩევა (მაგალითად, ფრანგებს შეუძლიათ რუსულ ენაში გაარჩიონ ღია და დახურული ,,ე”, რომლებსაც თვით რუსები ვერ არჩევენ). 3. რეინტერპრეტაცია (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია გერმანელის მიერ რუსული ენისათვის დამახასიათებელი ყრუ და მჟღერი თანხმოვნების დაპირისპირების ინტერპრეტაცია, როგორც სუსტი და ძლიერი ბგერების დაპირისპირებისა, რაც ხშირად არის გამოყენებული XIX საუკუნის რუსულ ლიტერატურაში გერმანელისათვის დამახასიათებელი მეტყველების გადმოსაცემად).
მორფოლოგიური ინტერფერენცია, ჩვეულებრივ, ეს არის მეორე ენის გრამატიკულ კატეგორიათა აღქმა საკუთარი ენის შუქზე. მაგალითად, რუსულად მოლაპარკე ქართველებს ყოველთვის უჭირდათ გრამატიკული სქესის გამოხატვა, ქართულად მოლაპარაკე სომხები კი ხშირად ცვლიან მოთხრობით ბრუნვას სახელობითით. საინტერესოა ამ მხრივ, რომ ზოგჯერ ინტერფერენციის მიმართულება საპირისპიროა, მაგალითად ძნელი წარმოსადგენია, რომ შემდეგი გამოთქმების ავტორებმა აუცლებლად კარგად იციან რუსული ენა: ,,გაყიდვაშია” (იყიდება), ,,საქმე იმაშია” (საქმე ისაა), ,,როგორც წესი” (ჩვეულებრივ). ამ ლექსიკური ინტერფერენციის მიზეზი, ალბათ, საგაზეთო და ოფიციალური ტექსტების უხარისხო თარგმნის მრავალწლიანი წერილობითი ტრადიციაა. სამაგიეროდ, შორისდებულ ,,ნუ”-ს ხშირი გამოყენება (,,ნუ, რა ვიცი” და ა.შ.) ზეპირი ინტერფერენციის მაგალითია. საზოგადოდ, ინტერფერენცია ინდივიდის პიროვნული თვისებაა, მაგრამ გარკვეულ ენობრივ სიტუაციაში მან შეიძლება საზოგადო ხასიათი მიიღოს და ენაში დამკვიდრდეს, რასაც ახლახან მოყვანილი მაგალითები მოწმობს.
სინტაქსური ინტერფერენციის ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა სიტყვათა ჩვეული მიმდევრობის შეცვლა რომელიმე ენის გავლენით. მაგალითად, რუსმა შეიძლება თქვას ინგლისურად *„came the spring» (the spring came),5 ხოლო გერმანელმა კი — *„the child has fever, it is ill” (the child has a fever, he/she is ill).
_______________________
1 ამ ტერმინების უმრავლესობა განმარტებული იქნება სალექციო კურსის განმავლობაში. რაც შეეხება ლინგვა-ფრანკას, ამ ტერმინით, რომლის მნიშვნელობა ლათინურიდან შეიძლება ითარგმნოს, როგორც საყოველთაო, თავისუფალი ან მისაწვდომი ენა, აღინიშნებოდა ლათინური, იტალიური და არაბული ენების საფუძველზე წარმოქმნილი ენა, რომლითაც შუა საუკუნეებსა და ახალი დროის დასაწყისში ურთიერთობდნენ ხმელთაშუა ზღვის ნაოსნები და ვაჭრები. ამ ენის სახესხვაობა, რომელსაც საბირი (ლათინურიდან - ცოდნა, გაგება) ეწოდებოდა XIX საუკუნებმდე შემორჩა. დღეს ლინგვა-ფრანკად პირობითად იწოდება ის ენები (ხელოვნური ან ბუნებრივი), რომლებიც ადამიანთა მუდმივ ან დროებით საზოგადოებებში საურთიერთობო ფუნქციას ატარებდნენ, თუმცა შესაძლოა, რომ საზოგადოების არც ერთი წევრი თავისთავად არ იყოს ამ ენის მატარებელი.
2 ამ წიგნის მეორე ტომი, რომელიც ენობრივი ცვლილების გარეგან ფაქტორებს ეძღვნება, ამჟამად მზადდება გამოსაცემად.
3 თუმცა ეს ტერმინი და მისით აღნიშნული ფენომენი წინამდებარე სალექციო კურსის ფარგლებში რამდენჯერმე განმარტების გარეშე გვხვდება, იგი დაწვრილებითაა განხილული 12. თავში.
4 Lucy, Language Diversity and Tought: A reformulation of the linguistic relativity hipothesis, Cambridge: Cambridge University Press, 1992
5 ნიშნით ენათმეცნიერულ ლიტერატურაში მიღებული ტრადიციის თანახმად აღვნიშნავთ არარსებულ, უმართლებულო ან მიუღებელ ენობრივ ფორმებს.
![]() |
3 თემა 3. ლინგვისტური, სოციოლოგიური და ისტორიული მეთოდოლოგიის ურთიერთშეღწევა |
▲ზევით დაბრუნება |
ფენომენს, რომლის მიმოხილვასაც ვაპირებთ ამ ქვეთავში, ხშირად სხვადასხვა მაგრამ მაინც მსგავს განმარტებებს აძლევენ იმის მიხედვით, თუ რა აკადემიურ დისციპლინას აკუთვნებს საკუთარ თავს ავტორი. იმ შემთხვევაში, თუ იგი ისტორიკოსია, მოსალოდნელია, რომ იტყვის: ლინგვისტური და სოციოლოგიური მეთოდოლოგიის შეღწევა ისტორიულ კვლევაში. ენათმეცნიერი, ალბათ, გამოთქმის განსხვავებულ ვარიანტს აირჩევს: სოციოლოგიური მეცნიერებების გავლენა ლინგვისტიკაზე. ხოლო სოციოლოგი უთუოდ მოიხსენიებს სოციოლოგების მიერ კვლევის ლინგვისტური მეთოდების მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში დაწყებულ ათვისებას.
როგორც ვხედავთ, ისტორიულ მეცნიერებას ამ ურთიერთობაში ისეთივე ადგილი უკავია, როგორც IV ჯგუფის სისხლს: იგი ღებულობს სხვა მეცნიერებებისაგან მეთოდოლოგიურ დახმარებას, მაგრამ თვითონ ვერც ერთს ვერ გაუზიარებს კვლევის საკუთარ ხერხებს. ერთი მხრივ, ეს გამოწვეულია ისტორიკოსთა კვლევის ობიექტის განსაკუთრებული ბუნებით: ეს ობიექტი, როგორც ცნობილია, შედგება ერთადერთი და განუმეორებელი მოვლენების მიმდევრობისაგან, სადაც ნებისმიერი მცდელობა, მოინახოს და გამოიყოს ცვლილების ან მიზეზშედეგობრივი კავშირის ობიექტური კანონზომიერებები, სხვა აკადემიური დისციპლინის ფარგლებში შეჭრას მოასწავებს. მიღებულ კონკრეტულ შედეგთა საფუძველზე რაიმე განზოგადების გასაკეთებლად, ისტორიკოსი ვერ ასცდება წარსულის შესწავლაში სოციოლოგიური მეთოდოლოგიის გამოყენებას, ან ცალკეულ მოვლენათა კლასიფიკაციაში მორფოლოგიის მსგავსი წესებისა და მათ შორის ურთიერთობაში სინტაქსის ელემენტების ძიებას. რა თქმა უნდა, ეს მეორე, არსებითად ლინგვისტური მეთოდი ისტორიკოსისათვის უფრო ძნელი განსახორციელებელია, განზოგადებისა და აბსტრაქციის მართლაც ძალიან მაღალი დონის გამო, მაგრამ, მაგალითად, კულტუროლოგიურ კვლევებს თავის დროზე ძალიან დიდი სტიმული მისცა ახალმა ინტერდისციპლინარულმა დარგმა, ეგრეთ წოდებულმა სემიოტიკამ, რომელიც კულტურის ყოველ ფენომენს განიხილავს და შეისწავლის როგორც კომუნიკაციას აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს კავშირი სოციოლოგიასა და ენათმეცნიერებას შორის.
ისტორიულ მეცნიერებაში უკვე დიდი ხანია შემჩნეულია საწყისთა ძიების საეჭვოობა: იმდენად არასაიმედოა რომელიმე ისტორიული ფენომენის საწყისის დროში დაფიქსირების დასაბუთება, რომ თვით ამოცანის დაყენება უკვე არამეცნიერულობას გვაფიქრებინებს. ამ მიზეზით საკმაოდ რთული იქნება ზუსტად განვსაზღვროთ დროში ის მომენტი, როდესაც დაიწყო სოციოლოგიურ და ლინგვისტურ მეთოდოლოგიათა ურთიერთობა. მაგრამ ჩვენთვის სრულიად მისაღები სიზუსტით შეიძლება ვთქვათ, რომ ამ დისციპლინათა ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლის ანალიზი მიზანშეწონილი იქნებოდა დაგვეწყო შვეიცარიელი ენათმეცნიერის, ფერდინანდ დე სოსიურის წვლილის მოკლე მიმოხილვიდან.
დე სოსიურის მთავარი ნაწარმოები ,,Cours de linguistique générale” (ზოგადი ენათმეცნიერების კურსი) მისმა სტუდენტებმა მასწავლებლის სიკვდილის შემდეგ შეადგინეს ლექციათა ჩანაწერების საფუძველზე და გამოაქვეყნეს 1915 წელს. ეს წიგნი არა მარტო თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ნაშრომად იქცა, არამედ სტიმული მისცა ისეთი ახალი და განსაკუთრებული დარგებისა და მეცნიერული მიმდინარეობების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა სემიოტიკა და სტრუქტურალიზმი. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ კურსიდან გამომდინარე შედეგებმა სოციოლოგიური მეთოდოლოგიის გამდიდრებაზეც. მაგრამ აქ ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თვით დე სოსიურის ენათმეცნიერული შეხედულებები ჩამოყალიბდა მის მიერ თანამედროვე სოციოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებლის, დიურკჰაიმის ნაწარმოებთა შესწავლის შედეგად. დიურკჰაიმის მიერ ერთი მხრივ საზოგადოების აგების ჰარმონიული პრინციპის აქცენტირება, მეორე მხრივ კი - საზოგადოების შესწავლა მისი ისტორიული განვითარებისაგან აბსტრაჰირებულად სწორედ ის ორი ძირითადი მომენტი იყო, რომელზედაც დაამკვიდრა დე სოსიურმა ენის თავისი თეორია.
ამ ახალი ლინგვისტიკის ჩვენთვის საინტერესო ნიშანი იყო ენის შესწავლის მეთოდიკაში ორი მიდგომის გამოყოფა და მათ შორის პრიორიტეტების განაწილება. იგულისხმება ენის მიმართ დიაქრონული და სინქრონული მიდგომა. პირველი, დიაქრონული მეთოდი ნიშნავს ენის განვითარებისა და ცვლილების შესწავლას დროთა განმავლობაში, ხოლო მეორე, სინქრონული - ენის დეტალურ აღწერას დროის მოცემულ მომენტში. დე სოსიურმა პრიორიტეტი სინქრონულ მიდგომას მიანიჭა ორი მოსაზრების გამო: 1) სინქრონული მიდგომა პირველადია და აუცილებელი, რადგანაც ენის ისტორიის კვლევა შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ და მხოლოდ როგორც დროის მდინარებაში რამდენიმე განსაკუთრებული მომენტის გამოყოფა და ამ მომენტებით დათარიღებული ისტორიული დოკუმენტების საფუძველზე ენის მდგომარეობის რამდენიმე სინქრონული აღწერილობის შექმნა; 2) სინქრონული მიდგომა დამოუკიდებელია, რადგანაც ენობრივი კატეგორიებისა და მათ შორის არსებული კავშირების მეცნიერული კვლევისათვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს თუ რა ისტორიული პროცესების წყალობით ჩამოყალიბდა ეს კატეგორიები და კავშირები. ამ მეორე მოსაზრების საილუსტრაციოდ დე სოსიური იყენებს ჭადრაკის ანალოგიას, სადაც რაიმე მოცემული პოზიციიდან პარტიის მოსაგებად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გზით მივიდნენ მოთამაშეები ამ პოზიციამდე. აშკარაა, რომ ტრადიციული ენათმეცნიერებიდან ახალი ლინგვისტიკის წარმოშობა არა მარტო გარეგნულად ჰგავს ისტორიისა და ფილოსოფიის წიაღიდან სოციოლოგიის წარმოშობას, არამედ ამ პროცესთან სრულიად შეგნებულ ნათესაობას ამჟღავნებს.
XX საუკუნის დასაწყისი, როგორც ჩანს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ისტორიციზმის ფარგლებს გარეთ გამოსვლით აღინიშნა.
![]() |
4 თემა 4. ენობრივი დემოგრაფია და ლინგვისტური ეთნოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. დემოგრაფია
დემოგრაფია არის მეცნიერება მოსახლეობის, ანუ პოპულაციის შესახებ. სხვა მრავალი მეცნიერების მსგავსად იგი შეიძლება ვიწრო და ფართო მნიშვნელობით განიმარტოს. ,,ყველაზე ვიწრო მნიშვნელობით დემოგრაფია შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, განაწილებას, სტრუქტურასა და ცვლილებას. ცვლილების კომპონენტებია დაბადება, სიკვდილი და მიგრაცია”. ფართო მნიშვნელობით კი დემოგრაფია გულისხმობს პოპულაციური ჯგუფების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას. ამ ინფორმაციაში მათი დედაენების შესახებ მონაცემებიც შედის.
მაგრამ მრავალ ქვეყანაში არ არსებობს ენობრივი აღწერები. იმ ქვეყანათა უმრავლესობაში კი, სადაც ამგვარი აღწერები არსებობს, ეს ინფორმაცია ხშირად გამოუყენებელია სოციოლოგებისათვის ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების დამაკმაყოფილებელი ტექნიკის არარსებობის გამო.
4.2. ენობრივი მახასიათებლები
როგორც ვთქვით, სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკვლევისას (არ არის აუცილებელი, რომ ეს საკუთრივ სოციოლინგვისტური გამოკვლევა იყოს) და მოსახლეობის საყოველთაო ან ნაწილობრივი აღწერისას კითხვარში შეაქვთ ინდივიდის ენობრივი მახასიათებლები. ამ თვალსაზრისით კითხვარის შედგენა მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს ადვილად, რადგანაც რეალურად ენობრივი მახასიათებლების შეტანისას ორმხრივი სიძნელე წარმოიქმნება: 1) ძნელია ავუხსნათ რესპონდენტს, თუ რა იგულისხმება კონკრეტულად კითხვარის ამა თუ იმ პუნქტში; სხვადასხვა კულტურის ადამიანები სხვადასხვა საზრისს ანიჭებენ თითქოსდა საყოველთაოდ აღიარებულ და სკოლის მერხიდან ყველასათვის გასაგებ ცნებებს; 2) ამგვარი ცნებებისათვის არც ისე ადვილია მეცნიერული განმარტების მინიჭებაც, რომელიც კვლევის თვალსაზრისით ეფექტური და ნაყოფიერი იქნება. ერთიანი სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავება გაძნელებულია სხვადასხვა ფაქტორით, რომელთაგან უმთავრესია მოსახლეობის აქტიური მიგრაცია, ეთნიკური და სარწმუნოებრივი ჯგუფების ერთმანეთში აღრევა, კოლონიალიზმის ეპოქიდან მოყოლებული შეუსაბამობა ეთნიკურ და სახელმწიფო საზღვრებს შორის და სხვა.
ჯერ კიდევ 1953 წელს იუნესკოს ექსპერტებმა შეიმუშავეს ენის პოლიტიკური სტატუსის შემდეგი დიფერენციაცია:
სახელმწიფო ენა: ენა, რომელიც ინტეგრაციულ ფუნქციას ასრულებს მოცემული სახელმწიფოს ფარგლებში, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში; ენა, რომელიც მოცემული სახელმწიფოს სიმბოლოა.
ოფიციალურ ენა: სახელმწიფო მმართველობის, კანონმდებლობის, სასამართლოს ენა.
სატიტულო ენა: ენა, რომლის სახელწოდება თანხვდება (შეესაბამება) ეთნოსის სახელწოდებას.
არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში ეს სამი მახასიათებელი აუცილებლად ერთსა და იმავე ენას უნდა აღნიშნავდეს.
ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის აღწერებისას გამოყენებული ენობრივი მახასიათებლების შესახებ საჯარო მონაცემები, ჩვეულებრივ, სამ განსხვავებულ ფორმას იღებს:
დედაენა, ან მშობლიური ენა: ზოგადად განიმარტება როგორც ადრეულ ბავშვობაში შეთვისებული ენა. ამ განმარტებაში გვხვდება მცირეოდენი ვარიაციები (რომლებიც ანალიზზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს). ამ ვარიაციათაგან ყველაზე გავრცელებულია შემდეგი: ,,მშობლიური ენა არის ენა, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ინდივიდის ოჯახში მის ადრეულ ბავშვობაში, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ იგი მოცემულ მომენტში ლაპარაკობდეს მასზე” (გაეროს სოციალურ და ეკონომიკურ საქმეთა დეპარტამენტი, 1959). კანადაში ჩატარებული ენობრივი აღწერებისას გამოიყენებოდა შემდეგი განმარტება: ,,ენა, რომელიც ინდივიდმა აითვისა ადრეულ ბავშვობაში და დღემდე ესმის”.
ზოგჯერ ხდება, რომ ერთი და იგივე ინდივიდის მიერ დასახელებული მშობლიური ენა იცვლება აღწერიდან აღწერამდე. ამ შემთხვევის კლასიკური მაგალითია ინდოეთში მცხოვრები მაჰმადიანები, რომლებიც სხვა სოციალურ ჯგუფებზე მეტად არიან დაკავშირებული ურდუს ენობრივ ოჯახთან. როგორც მაჰმადიანები, ასევე ურდუს ენაზე სხვა მოლაპარაკენი ძალიან გავრცელებულნი არიან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ამიტომ მაჰმადიანები ყოველთვის ცდილობენ ორი ენა შეისწავლონ: მათი დასახლების რეგიონის უმთავრესი ენა (მაგალითად, ტელუგუ, კანადა, მარათი და ა.შ.) და ურდუს ენაც. ბავშვები ადრეული ასაკიდან ეუფლებიან ორივეს. 1951 - 1961 წლებში მაჰმადიანი მოსახლეობა გაიზარდა 25,6 %-ით, ხოლო ურდუს უნაზე მოლაპარაკეთა რიცხვი - 68,7 %-ით. მაჰმადიანთა ხსენებული სოციოკულტურულ თავისებურებათა გამო, სოციოლოგიური კვლევის შედეგად ძალიან ძნელი იქნება გავარკვიოთ, სინამდვილეში როგორია ,,ჭეშმარიტი” დედაენის განაწილება.
საქართველოში დედაენის ზემოთ მოყვანილი განმარტების შემოღებამ და მოსახლეობის აღწერისას მისმა პრაქტიკულმა გამოყენებამ შეიძლება გარკვეული გაუგებრობა და ნაციონალისტურად განწყობილ წრეებში აღშფოთებაც გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ სამეგრელოსა და სვანეთში ხსენებული კრიტერიუმების თანახმად რესპონდენტმა ხშირ შემთხვევაში გრაფაში ,,დედაენა” უნდა მიუთითოს არა ,,ქართული”, არამედ შესაბამისად ,,მეგრული” ან ,,სვანური”. საქმე ისაა, რომ ეს მართლაც ენებია, ხოლო განსაკუთრებული დამწერლობის, ლიტერატურული ტრადიციის არსებობის ან სახელმწიფო ენის სტატუსის მოთხოვნა დედაენის განმარტებაში მოთხოვნილი არ არის. სინამდვილეში საშიში არაფერია: პიეტეტი, ანუ მოწიწება დედაენის მიმართ შეიძლება სოციოლოგიის კვლევის ობიექტი იყოს, მაგრამ მან არანაირი გავლენა არ უნდა მოახდინოს მის მეთოდოლოგიაზე. როგორც მეცნიერული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის მენტალობაზე, ღირებულებათა სისტემაზე, სოციალურ სტატუსსა და სხვა ფაქტორებზე მის ოჯახში დამკვიდრებული სალაპარაკო ენა.
ძირითადი ენა: განიმარტება სხვადასხვანაირად. ,,ძირითადი ენა” (ფინეთი), ,,ოჯახში ყველაზე ხშირად გამოყენებული ენა” (კანადა), ენა, რომელზედაც ინდივიდი თავისუფლად ლაპარაკობს, შინაგანი ფიქრისა და განსჯის ენა. განმარტებათა დიდი მრავალფეროვნება ძალიან აძნელებს შედარებითი ხასიათის ანალიზს ამ მიმართულებით.
კითხვარში ,,ძირითადი ენის” შეტანა მისი გამოყენების სფეროს დაუზუსტებლად სასარგებლო შეიძლება იყოს, თუ რესპონდენტს თვითონ შეუძლია ამა თუ იმ ენის გამოსაყენებელი რამდენიმე ერთმანეთის გადამკვეთი სფეროს გამოყოფა, თუმცა ეს, ჩვეულებრივ, ძნელია იმ პირთათვის, რომლებიც სხვადასხვა ენას იყენებენ. ამიტომაც მრავალენოვან რეგიონებში უმჯობესია აუცილებლად დავაზუსტოთ რამდენიმე ძირითადი სფერო: სახლი, სამსახური, დასვენება და ა.შ.
თუ ზემოთ მოყვანილ მსჯელობას განვაგრძობთ, საქართველოში მცხოვრები მეგრელებისა და სვანებისათვის, რომელთათვის მშობლიური ენა მეგრული ან სვანურია, ქართული ენა ძირითადი ენის კატეგორიას მიეკუთვნება. ეს არის ენა, რომელსაც არა მარტო სწავლობენ სკოლაში, იყენებენ სამსახურში, არამედ რომელზედაც აწარმოებენ, მაგალითად, პირად მიმოწერას მათთან, ვისაც უშუალო კონტაქტისას მშობლიურ ენაზე დაელაპარაკებოდნენ.
დასახელებულ ენათა ფლობა: ამგვარი ტიპის შეკითხვა წარმოადგენს ენათა მოკლე სიას, რომლებიც წარმოადგენს რეგიონში გავრცელებულ ეროვნულ ან ოფიციალურ ენებს (მაგალითად, ინგლისური და ფრანგული კანადაში), ან რეგიონალურ ენებს ზუსტად განსაზღვრული პოლიტიკური ან ადმინისტრაციული დაყოფის პირობებში (მაგალითად, უელსური უელსში, გელური შოტლანდიაში).
ეს პუნქტი ანკეტაში შეიძლება საკმაოდ დიდ სფეროს მოიცავდეს და ითვალისწინებდეს თითოეული ენის ფლობის დონეებად დაყოფასაც.
4.3. დევიაციები მოსახლეობის აღწერისას
როგორც დემოგრაფების გამოცდილებიდან გამომდინარეობს, აკურატული სტანდარტებიდან გადახრა შეიძლება მოხდეს მოსახლეობის აღწერის თითოეულ ეტაპზე: დაგეგმარების, ჩაწერის, კომპილაციის, შეფასების, ტაბულირებისა და ანალიზის დროს. სავარაუდოა, რომ ამ გადახრათა დონე დამოკიდებულია რაიმე განსაკუთრებული მახასიათებლის გამოთვლისას სოციალური ჯგუფის წევრთა შორის მიღწეული თანხმობის (კონსენსუსის) ბუნებაზე.
მაგალითისათვის განვიხილოთ მოსახლეობის აღწერის ერთი საკმაოდ ტიპიური შემთხვევა. იგულისხმება ბელგიაში 1846 და 1960 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერები.
ორივე ამ აღწერისას კითხვარში შედიოდა შეკითხვა: ,,ჩვეულებრივ, რა ენაზე საუბრობთ ხოლმე?”. 1846 წელს ეს ერთადერთი შეკითხვა იყო, რომელიც ენის გამოყენებას ეხებოდა. მაგრამ სულ მალე ერთ გარკვეულ საკითხზე კითხვარის ამგვარმა ფოკუსირებამ პრობლემები გამოიწვია, განსაკუთრებით ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც სხვადასხვა არაოფიციალურ ავტოქტონურ ენებსა და დიალექტებს იყენებდნენ. ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, 1960 წელს, ბელგიაში, სტატისტიკოსების, სოციოლოგებისა და ლინგვისტებისაგან შემდგარმა სამცენიერო კომისიამ შესთავაზა მთავრობას, გაეფართოებინათ კითხვარი და შეეტანათ მასში შეკითხვები იმის შესახებ, ესმის თუ არა რესპონდენტს მის რეგიონში გავრცელებული დიალექტი ან ოფიციალურისაგან განსხვავებული რომელიმე სხვა ენა. უფრო მეტიც, კომისიამ ურჩია მთავრობას, ყურადღების კონცენტრირება მხოლოდ ეროვნულ ოფიციალურ ენებზე კი არ მოეხდინა, არამედ დაინტერესებულიყო რესპონდენტთა მიერ სხვა ევროპული ენების ცოდნითაც, რაც შეარბილებდა კითხვარის ცალმხრივობას და ნაკლებად გააღიზიანებდა იმ მოსახლეობას, რომლისთვის მთავარი სალაპარაკო ენა არ იყო ფრანგული. გარდა ამისა, კითხვარში დედაენის შესახებ მეტად დელიკატური საკითხი არ ყოფილა შეტანილი პირდაპირი და შეუფარავი ფორმით. არჩეული იყო შეკითხვის უფრო ირიბი ფორმა: ,,თქვენთვის ცნობილ ენებს შორის, რომელია თქვენთვის განსაკუთრებით ახლობელი?”. ამასთან, ინტერვიუერებს მიეცათ შემდეგი ინსტრუქცია: ,,თუ რესპონდენტს უჭირს, გადაწყვიტოს, თუ რომელი ენაა მისთვის განსაკუთრებით ახლობელი, შეუძლია უპასუხოდ დატოვოს ეს შეკითხვა”. ბელგიაში ჩატარებული აღწერისას კითხვარი უნდა შეევსო როგორც ფრანგულ, ასევე ჰოლანდიურენოვან ყოველ მოქალაქეს 14 წლის ასაკიდან.
სამწუხაროდ, კომისიამ ვერ გამონახა აღწერის შედეგთა ანალიზის ეფექტური საშუალებები, რის გამოც 1961 წელს ბელგიის პარლამენტის უმრავლესობამ არ მიიჩნია სანდოდ აღწერის შედეგები და ენობრივი საზღვრების გავლებისას იხელმძღვანელა წინა აღწერათა შედეგებით.
4.4. სოციოლოგიური გამოკვლევები
სოციოლოგიური გამოკვლევები, აღწერებისაგან განსხვავებით, კერძო მხარდაჭერის ქვეშ ტარდება. ამგვარად, ენობრივ ვარიაციათა გავრცელების გამოკვლევის შედეგად XIX საუკუნეში შეადგინეს დიალექტთა რუკები და ატლასები. ენაზე მეტყველთა გამოკითხვის შედეგად (საველე სამუშაოებზე) გამოიკვეთა ის ტერიტორიები, სადაც მოქმედებდა გარკვეული გრამატიკული წესები. რუკაზე ერთი რომელიმე ენობრივი ვარიაციის შემომსაზღვრელ მრუდებს იზოგლოსები ეწოდა გეოგრაფიაში მიღებული იზოთერმებისა და იზობარების მსგავსად, რომლებიც, შესაბამისად, ერთნაირი საშუალო ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის რეგიონებს შემოფარგლავს. მაგრამ იმხანად არ გამოკვლეულა ენაზე მეტყველთა სოციალური სტატუსისა და ენობრივ მახასიათებელთა კორელაცია. დადგინდა მხოლოდ, რომ ადამიანები ცვლიან მეტყველების სტილს იმის მიხედვით, ფორმალურ თუ არაფორმალურ სიტუაციაში იმყოფებიან.
აქვე უნდა აღვნიშნოთ (და ეს საქართველოს შემთხვევისათვის განსაკუთრებით ტიპიურია), რომ დიალექტოლოგები ყოველთვის არჩევდნენ ლინგვისტურად ჰომოგენური სოფლური რეგიონების შესწავლას და უყურადღებოდ ტოვებდნენ რთულსა და ლინგვისტურად ჰეტეროგენულ ქალაქურ გარემოს. დიალექტის ცნება, თუნდაც აბსტრაქტულად წარმოთქმული, დღემდე ბევრ ადამიანში სრულიად უსაფუძვლოდ აღძრავს სოფლის ასოციაციას.
საზოგადოდ, გავრცელების არეალის გამოკვლევები უფრო საბაზისო ეკონომიკურ და სოციალურ რეალობასთანაა დაკავშირებული, ვიდრე ენაზე ინდივიდუალურ მეტყველთა მონაცემებთან. სოციოლინგვისტური ,,არეალი” ანუ სფერო არ უნდა განვიხილოთ როგორც წმინდა ტერიტორიული კატეგორია: ეს უფრო სოციალური კონსტრუქციაა, რომლის დადგენა ხდება მრავალი მონაცემის დეტალური ანალიზის შედეგად. იგულისხმება, რომ არ არის აუცილებელი, ერთი სოციოლინგვისტური არეალის წარმომადგენლები კომპაქტურად სახლობდნენ რომელიმე ტერიტორიაზე, ან, ასეთი არეალის საზღვრები პრინციპულად შეიძლება ვაჩვენოთ რუკაზე. ეს ყოველივე განსაკუთრებით ნათლად ჩანს ქალაქური გარემოს მაგალითზე: თუკი სოფლის ტერიტორიაზე ჩვენ მეტ-ნაკლებად მკაცრად შეგვიძლია ვაჩვენოთ, მაგალითად, დიალექტისა და ტერიტორიის კორელაცია, თანამედროვე ქალაქში ეს მხოლოდ პირობითობის გაცილებით უფრო დიდი წილითაა შესაძლებელი. შეიძლება ვთქვათ, რომ ქალაქის სოციოლინგვისტური ,,რუკა” სხვადასხვაა დღე-ღამის სხვადასხვა დროს.
ამგვარად, სოციოლინგვისტური ,,რუკა” ჩვეულებრივი გეოგრაფიული რუკისაგან განსხვავებით ორგანზომილებიანი კი არა, - მრავალგანზომილებიანია. იგულისხმება, რომ სივრცითი კოორდინატების, ანუ ადგილის გარდა მოქმედებაში სხვა ცვლადებიც შემოდის, კერძოდ, სოციალური როლი და დრო.
თუ ყველა ამ ცვლადების კომბინაცია რეგულარულია, ე.ი. მოსალოდნელია კულტურისა და ეკონომიკის მოცემული სახეობისათვის, მაშინ ამ ცვლადების მიერ შექმნილ სიტუაციას ხელსაყრელი ეწოდება. მაგალითად, თუ ჩვენ ვაკვირდებით, რომ სკოლაში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კონტაქტი ყოველთვის რაიმე A ენაზე წარმოებს, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ყოველი ამგვარი სიტუაცია ერთსა და იმავე არეალს, ანუ განათლების სფეროს ეკუთვნის. ეს მაგალითი რომ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ სამეგრელოს რეგიონში საშუალო სკოლაში გაკვეთილის განმავლობაში ქართულად წარმოთქმული სიტყვები და ფრაზები განათლების არეალს განეკუთვნება, ხოლო მეგრულად წარმოთქმული - სხვა რომელიმე სფეროს (მაგალითად ყოფით, არაფორმალურ და ა.შ.), მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმის ადგილი და დრო დაახლოებით ერთნაირია.
ორი სხვადასხვა ფუნქციის მქონე ენის კომბინირების ამ მოვლენას, რომელსაც დიგლოსია ეწოდება, დაწვრილებით უფრო ქვემოთ გავეცნობით.
სიღრმისეული შესწავლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია ლაბოვისა1 და ფიშმანის2 ჩატარებული გამოკვლევები, რომელთა ობიექტები იყვნენ ინგლისურ-ესპანური ბილინგვები ნიუ-იორკის მახლობლად არსებული პუერტორიკოელთა სათვისტომოდან.
ამ შემთხვევაში მკვლევარი ირჩევდა საველე სამუშაოსათვის აუცილებელი კვლევის ინსტრუმენტების დიდ და მცირე კომპლექტს. უფრო კონკრეტულად, თუ წინასწარი საუბრის შედეგად მკვლევარი მიიჩნევდა, რომ ენის მიმართ რესპონდენტის მგრძნობელობა დიდი არ არის, იგი პირდაპირი გამოკითხვის მეთოდს მიმართავდა, როგორც ეს მოსახლეობის აღწერისას ხდება. მაგრამ, თუ მკვლევარს ეჭვი ეპარებოდა პასუხების მართებულობაში, შესაძლებელი იყო კვლევის უფრო ირიბი ხერხების გამოყენება, მაგალითად, წარმოთქმული ტექსტის სიხშირული ანალიზი და ა.შ.
ამ ტექნიკის გამოყენებისას რესპონდენტს უჩვენებდნენ 150 სიტყვისაგან შემდგარ სიას (75 ინგლისური და 75 ესპანური სიტყვა) და სთხოვდნენ 8 საფეხურიანი სისტემის მიხედვით ჩამოეწერა ეს სიტყვები მათი ცხოვრებაში წარმოთქმის ან გაგონების სიხშირის მიხედვით. 75 სიტყვის ერთობლიობა დაჯგუფებული იყო 15 სიტყვიან 5 კლასად, რომელთაგან თითოეული ეხებოდა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროს: ოჯახს, სკოლას, რელიგიას, მეგობრობას, სამსახურს.
თუ მკვლევარს სურდა, კიდევ უფრო გაეზარდა თავისი კვლევის სიზუსტე, შეეძლო კიდევ ორი დავალება მიეცა რესპონდენტისთვის: 1) დაესახელებინა ერთი წუთის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომელიც აღნიშნავდა გარკვეულ ადგილას (სკოლაში, ეკლესიაში, სამსახურში) ნანახ ან არსებულ საგნებს. მოცემული ტიპის რესპონდენტებისათვის ესპანური, უპირატესად, რელიგიის ენაა, ამიტომაც საეკლესიო საგნებს უფრო ესპანურად ასახელებდნენ. 2) რესპონდენტს ასმენიმებდნენ ფირზე ჩაწერილ ორენოვან საუბარს და სთხოვდნენ, აეხსნა, ადეკვატური იყო თუ არა ენის არჩევანი.
ამგვარი ,,ვიწრო გამოკვლევა” შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსახლეობის ენობრივი აღწერის შედეგთა შესამოწმებლად ან შესავსებად.
ენობრივი აღწერა ან მეცნიერული გამოკვლევა (ან ორივე ერთად) სოციოლინგვისტურ პრობლემათა შესწავლის მრავალ შესაძლებლობას იძლევა. ამგვარი ღონისძიებები აუცილებლად უნდა უსწრებდეს წინ, ან თან ახლდეს ყოველგვარ ენობრივ პოლიტიკას სახელმწიფოს მხრიდან.
4.5. სოციოლინგვისტიკა და დემოგრაფია
,,სუფთა” ენათმეცნიერს უმრავლეს შემთხვევაში არ აინტერესებს მის მიერ გამოკვლეული ტექსტების წარმოშობა. სოციოლინგვისტისათვის კი არსებითი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ენაზე მოსაუბრეთა მრავალ მახასიათებელს.
სოციოლინგვისტები გარკვეული აზრით ენის დემოგრაფები არიან. მათ უნდა გამოიკვლიონ და აღწერონ განსხვავებები მეტყველებაში. ეს განსაკუთრებით ძნელი საქმეა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ორ ენას შორის განსხვავება არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ინდუსტრიულ სახელმწიფოთა უმრავლესობაში. ჩვეულებრივ, უნდა არსებობდეს ორ ენას შორის რაღაც დისტანცია, ისინი რომ ორ სხვადასხვა ენად მივიჩნიოთ. მაგალითად, ვერ ვიტყვით, რომ კირუნდის ენა (ლაპარაკობენ ბურუნდიში) ბევრად არ განსხვავდება კირუანდის ენისაგან (ლაპარაკობენ რუანდაში). მაგრამ სოციოლინგვისტმა უნდა ახსნას, თუ რატომ აღიქვამენ კირუნდის მწერლების ენას სწორედ ასეთად, თუკი ეს ენები ძალიან მსგავსია.
გარდა ამისა, სოციალურად მეტად მნიშვნელოვანია ენების ამოცნობა და იდენტიფიცირება. მართლაც, ენა არ არის უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება, იგი სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებისა და წევრობის სიმბოლოცაა. სხვა მიზეზთა შორის ამასაც ჰქონდა გარკვეული წვლილი ევროპის საბჭოს მიერ რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ქარტიის შექმნაში. ეს ქარტია უკვე გადაეცა რატიფიკაციისათვის წევრ ქვეყნებს. მის VII მუხლში ვკითხულობთ, რომ მხარეებმა უნდა დაამყარონ თავიანთი პოლიტიკა, კანონმდებლობა და პრაქტიკა გარკვეულ ობიექტურ პირობებზე, რომელთა შორის უზრუნველყონ რეგიონალურ და უმცირესობათა ენებზე უნივერსიტეტებში ან მათ ეკვივალენტურ დაწესებულებებში სწავლა და მეცნიერული კვლევა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა შემქნა ნაკლებად ხმარებულ ენათა ევროპული ბიურო, რომელიც უმცირესობათა და რეგიონალურ ენათა პრობლემებს კურირებს. კერძოდ, მას ევალება ევროპის შიგნით სოციოლინგვისტური კვლევების წარმოება, რათა ენობრივი სიტუაცია მუდმივი ობიექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდეს.
მაგრამ დემოგრაფიულ მახასიათებლებს სოციოლინგვისტური კვლევისას შეიძლება პოლიტიკისაგან საკმაოდ შორს მდებარე სფეროებშიც ჰქონდეს მნიშვნელობა. მაგალითად, რეკლამის ეფექტურობის განსაზღვრისას. ამბობენ, რომ რეკლამა მაშინაც ეფექტურია, როცა მომხმარებელს აღიზიანებს. მაგრამ გაღიზიანებამ გარკვეულ საზღვარს არ უნდა გადასცდეს, თორემ გასაღებას საფრთხე დაემუქრება.
მაგალითად ავიღოთ სამი ტექსტი: ,,Cool - მართლაც საკაიფო ჟურნალია!”; ,,როცა ვრიგლის ღეჭავ, ირგვლივ მყოფებს ტვინი ეკეტებათ!”; ,,RC-Cola - ვინც არ იცის, დაისვენოს!”. ერთი შეხედვით, ყველა ეს სარეკლამო ფრაზა ახალგაზრდებზეა გათვლილი. პირველ ორ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, მით უმეტეს, რომ თვით საქონელიც გათვალისწინებულია გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფზე. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ უალკოჰოლო სასმელის შემთხვევაში? შეიძლება მოვამზადოთ ერთი რეკლამა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, ან იმდენი სარეკლამო ტექსტი, რამდენიც ასაკობრივი ჯგუფია. ოღონდ მეორე შემთხვევაში ერთი სარეკლამო განცხადება არ უნდა იქცეს ანტირეკლამად განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენლისათვის. ამისათვის საჭიროა გავარკვიოთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის რეაქცია რეკლამაში გამოყენებულ ჟარგონულ სიტყვაზე ან გამოთქმაზე. ხომ შეიძლება, 14-18 წლის ვაჟებს სულ სხვანაირი რეაქცია ჰქონდეთ რომელიმე სიტყვაზე, ვიდრე 20-24 წლის ქალებს? საკვლევი ინტერესის სფეროში უნდა მოვაქციოთ დედაქალაქსა და საოლქო ცენტრებში მცხოვრებნი, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, გლეხები, მოსამსახურეები, მართლმადიდებლები, მაჰმადიანები, იეღოვას მოწმეები და ქვეყნის მოსახლეობის სხვა კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფები, რომელთა რეაქცია მნიშვნელოვანია საქონლის გასაღებისათვის. აი აქ გადაიკვეთება სოციოლოგიის, ლინგვისტიკისა და დემოგრაფიის კომპეტენციები.
აი კიდევ სულ სხვა ბუნების ამოცანა. ვთქვათ, მრავალეროვან სახელმწიფოში ერთი ეროვნული უმცირესობა 100 ათას ადამიანს ითვლის, ხოლო მეორე - 5 ათასს. რომელ ენას აქვს გადარჩენის უფრო დიდი შანსები. საზოგადოდ, ამგვარ შემთხვევებში რაოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს: თუ 100 ათასიდან ნახევარმა თავისი სატიტულო ეთნიკური ენა არ იცის, ხოლო დანარჩენები ბილინგვებია ისე, რომ მათგან 5%-ს სკოლის ასაკის ბავშვები წარმოადგენენ, ხოლო სკოლამდელები თითქმის არ არიან (ასეთი ვითარება არცთუ იშვიათია), მაშინ ენა განწირულია გასაქრობად.
როგორც ვხედავთ, დემოგრაფია საკმაოდ მნიშვნელოვან დამხმარე საშუალებად შეიძლება გამოდგეს სოციოლინგვისტური გამოკვლევისათვის. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი გარემოება.
მაგალითად, დემოგრაფია კაცობრიობას სოციოლოგიისაგან განსხვავებული კუთხით უდგება. თუ სოციოლოგისათვის ინდივიდები, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების წევრებია, დემოგრაფისათვის ისინი მხოლოდ და მხოლოდ მოსახლეობის ელემენტარული ერთეულებია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში არსებული სტრუქტურული ერთობები დემოგრაფისათვის უბრალოდ სტატისტიკურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ რაოდენობით გამოირჩევა: ქალაქის მცხოვრებლები, უმუშევრები, ხუთ და მეტშვილიანი დედები, უცოლო მამაკაცები, უბედური შემთხვევის მსხვერპლნი, 25 წლამდე ასაკის მარტოხელა დედები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ დემოგრაფიულ ლიტერატურაში ამ ერთობლიობებს ჯგუფებს უწოდებენ, ამ ტერმინში არ დებენ სოციოლოგიურ საზრისს.
ერთი შეხედვით, ყოველივე ამას არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონდეს სოციოლინგვისტიკასთან. მაგრამ არსებობს საკმაოდ ფართო სტატისტიკა, რომელიც დემოგრაფიულ ინფორმაციას უკავშირებს ტერიტორიებს, რომელთა ეთნიკური და ენობრივი შემადგენლობა ცნობილია. ეს კი მეტად სასარგებლო ინფორმაციაა. ყოველ შემთხვევაში, დემოგრაფიული მონაცემების გამოყენებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, თუ როგორ და რა მიზნით იქნა მიღებული ეს მონაცემები, რადგანაც ისინი, ჩვეულებრივ, რთულსა და შინაგანი კავშირებით მდიდარ კომპლექსს წარმოადგენს.
___________________
1 Sdr. Labov, W. The Social Stratification of English in New York City. Washington, DC: Center for Applied Linguistics 1966.
2 Sdr. Fishman, J. A. Sociolinguistics, Rowley, MA: Newbury House, 1971.
![]() |
5 თემა 5. ენის სოციოლოგიური განზომილებები: ენობრივი განსხვავებები და ვარიაციები |
▲ზევით დაბრუნება |
5.1. შესავალი
როგორც ამერიკელმა ენათმეცნიერმა ედვარდ საპირმა აღნიშნა 1921 წელს, ,,ყველამ იცის, რომ ენები ცვალებადია”. მიუხედავად იმისა, რომ სოციოლინგვისტიკის მიმოხილვებსა და სახელმძღვანელოებში საპირის ამ გამოთქმას ენობრივი ვარიაციების მეცნიერული შესწავლის პირველ სტიმულად მიიჩნევს, თვით ფენომენი გაცილებით უფრო ადრე იყო შეგნებული. მაგალითად, გვიანი ანტიკურობის, კერძოდ კი IV საუკუნის უდიდესი ქრისტიანი მოღვაწე, იერონიმე, რომლის კალამს ეკუთვნის ბიბლიური წიგნების ლათინური თარგმანი, ეგრეთ წოდებული ,,ვულგატა”, წერდა: ,,თვით ლათინური ენა ყოველდღიურად იცვლება სივრცესა და დროში”.1 XIII-XIV საუკუნეებში მოღვაწე უდიდესი იტალიელი პოეტი დანტე ალიგიერიც წერდა თავის ფილოსოფიურ ტრაქტატში ,,ნადიმი”, რომ ხალხური სასაუბრო ენა ცვალებადი და ,,ხრწნადია”.2 მართლაც, ენის ცვალებადობას გრძნობს ყველა, ვინც კი მას იყენებს. უფრო მეტიც: ადამიანთა უმრავლესობას ეს საკითხები აინტერესებს. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლინგვისტურმა თეორიამ მხოლოდ მცირე ხნის წინათ მიაქცია ჯეროვანი ყურადღება ამ საკითხს. დიდი ხნის განმავლობაში, ტრადიციული გრამატიკის გაბატონებული მდგომარეობისას, ენა განიხილებოდა როგორც უცვლელი და სტაბილური ფენომენი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ენის ცვლილების ფაქტში არავის ეპარებოდა ეჭვი, ენათმეცნიერები ან ამაოდ ცდილობდნენ მის შეჩერებას ნორმატიული გრამატიკის შემუშავების გზით, ან უკიდურეს შემთხვევაში, არ ამჟღავნებდნენ მისადმი არავითარ ინტერესს. XX საუკუნეში გავრცელებული თეორიები, ჩვეულებრივ, არ განიხილავდა ენის ან დიალექტის წიაღში არსებულ ნაირგვარობასა და მიმდინარე ცვლილებებს: ეს სამართლიანია დე სოსიურის, ამერიკული და პრაღის სტრუქტურალისტთა სკოლისა და ხომსკის გენერაციული გრამატიკის შემთხვევაშიც. ამის შედეგი იყო, რომ ლინგვისტური თეორიების უმრავლესობას ენის, ასე ვთქვათ, სტანდარტიზებულ ფორმასთან ჰქონდა საქმე, ბუნებრივი მეტყველების საკმაოდ არსებითი ნიშნები კი ყურადღების მიღმა რჩებოდა.
როდესაც ტრადიციული გრამატიკა დესკრიფციულმა ლინგვისტიკამ შეცვალა, კვლევის ცენტრში აღმოჩნდა, ეგრეთ წოდებული ვარიაციონისტული პარადიგმა,3 რომელიც დამყარებულია უილიამ ლაბოვის მიერ შემუშავებულ კვლევის მეთოდოლოგიასა და ანალიზურ ტექნიკაზე. ამ მეცნიერის მიერ დადგენილი და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ის, რომ ,,ენის ცვალებადობა ექვემდებარება, ან შეიძლება დამტკიცდეს, რომ ექვემდებარება სტრუქტურირებას”. ეს ნიშნავს, რომ ენობრივი ცვალებადობის მეცნიერული აღწერა შესაძლებელია. მკვლევართა წინა თაობების უყურადღებობა ენის ცვალებადობის მიმართ სწორედ იმით აიხსნებოდა, რომ მათ მიაჩნდათ, თითქოს ვარიაციები ენაში (რომელთა არსებობის უარყოფა, როგორც უკვე ვთქვით, უბრალოდ, აზრს მოკლებული იქნებოდა) სრულიად შემთხვევითია და მათი სტრუქტურირება შეუძლებელია.
ვარიაციონისტული პარადიგმის განსხვავება ემპირიული კვლევის სხვა მეთოდებისაგან ის არის, რომ მასში ენობრივი ვარიაციები და ცვალებადობა განიხილება ენაზე კონკრეტულ მეტყველთა ქცევასთან კავშირში. ამიტომ შემდგომში ჩვენ განვიხილავთ ენის ვარიაციებისა და ცვალებადობის სტრუქტურას სხვადასხვა ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური, ანუ საკუთრივ ენათმეცნიერების ფარგლებს გარეთ გამომავალი თვალსაზრისით.
5.2. ვარიაციის რანგი და სიღრმე
ენა უწყვეტ და ერთმანეთთან მემკვიდრეობითად დაკავშირებულ ცვალებადობათა მიმდევრობას ამჟღავნებს რამდენიმე სტრუქტურულ დონეზე. ეს დონეებია, კერძოდ: ფონოლოგია, მორფოლოგია და სინტაქსი.
ფონეტიკის სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთი და იმავე სიტყვის ორი ფონეტიკური ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოდ შეიძლება შეგვხვდეს ერთი ინდივიდის მეტყველებაში, ხოლო ბგერითი ნიმუშების ვარიანტთა უმრავლესობის სტრუქტურირება ნამდვილად შესაძლებელია. ფონეტიკური ვარიაციის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ასიმილაცია. მაგალითად, ბრიტანულ ინგლისურ გამოთქმაში becon and eggs პირველი სიტყვის ბოლო ბგერამ [n] შეიძლება მისი წინამორბედი [k]-ს გავლენით შეიძლება შეიცვალოს წარმოთქმის ადგილის და წინანუნისმიერიდან სასისმიერ ნაზალურ ბგერად გადაიქცეს. ეს მოვლენა უბრალოდ ჩქარი და დაუდევარი მეტყველების დროს შეიძლება მოხდეს და ერთი და იგივე ინფორმანტი სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციაში თანხმოვნის ორივე ფორმას შეიძლება წარმოთქვამდეს.
ასეთივე ვარიანტები შეიმჩნევა მორფოლოგიასა და სინტაქსში, სადაც ერთი და იმავე აზრის გამოთქმისათვის მრავალი საშუალება არსებობს. განსაკუთრებით ეს სამართლიანია ენის არასტანდარტული ფორმებისათვის. მაგალითად, ინგლისური ენის ლონდონურ ვარიანტში გვხვდება ცვალებადობა you were და you was-ს შორის. ნიუქასლის სასაუბრო ენაში კი არსებობს ვარიაცია ცან'ტ-სა და ცანნოტ-ს შორის.
დაკვირვების რაოდენობითი პარადიგმა იკვლევს ენობრივი ვარიაციის რეგულარობას (კანონზომიერებას) ისეთი განზომილებების გამოყენებით, რომლებიც თვით ენის მიმართ გარეგანია. ეს განზომილებები, როგორც წესი, სოციალურია. და მაინც, მეცნიერული სიმკაცრე რომ დავიცვათ, ვარიაციის კვლევაში ჩართული ორი განზომილება უფრო ზუსტად განიმარტება როგორც ,,ბუნებრივი”. იგულისხმება სივრცე და დრო, რომლებიც ადამიანთა საზოგადოებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, და რომელთა კვლევას მრავალი საუკუნის განმავლობაში ექსტენსიურად აწარმოებდნენ ენათმეცნიერები.
ენის ვარიაციები სივრცეში წარმოედგენს ლინგვისტური გეოგრაფიის ობიექტს, რომელიც თავის თავში ტრადიციულ დიალექტოლოგიას შეიცავს. დროითი ვარიაციები ისტორიული ლინგვისტიკის საკვლევი საგანია.
ბოლო წლების განმავლობაში დიდი უპირატესობა მოიპოვეს ენის უფრო აშკარად ,,ადამიანურ” განზომილებაში წარმოებულმა კვლევებმა. ეს არის სოციალური განზომილება და მის წიაღში სოციალური ფაქტორებით გამოწვეული ენობრივი ვარიაციები შეისწავლება. სწორედ ამ განზომილებაში მომხდარი ცვლილებები იქნა პირველად შესწავლილი რაოდენობრივი თვალსაზრისით, ანუ ვარიანტების დათვლითა და მათი სიხშირეებისა და სტატისტიკური წონების შედარებით სხვადასხვა ინდივიდებისა და ინდივიდთა ჯგუფების შემთხვევაში. რაოდენობრივი მეთოდი იმდენად არსებითია ვარიაციონისტული პარადიგმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ზოგჯერ რაოდენობრივ სოციალურ დიალექტოლოგიას უწოდებენ.
მკვლევარი თავიდან ირჩევს ცვლადს (მაგალითად, რომელიმე ცალკეულ ბგერას, რომლის წარმოთქმის ვარიანტებსაც უნდა დააკვირდეს იგი) და რაოდენობითად იკვლევს მის სტატისტიკურ განაწილებას ენაზე მეტყველებსა და მეტყველთა ჯგუფებს შორის. რაოდენობრივი ტექნიკის გამოყენება ხელს უწყობს აღწერის დეტალურობასა და საიმედოობას და საშუალებას იძლევა, რომ აღმოვაჩინოთ და თვალსაჩინოდ წარმოვადინოთ სოციალურ ჯგუფებს შორის არსებული საკმაოდ ფაქიზი ენობრივი განსხვავებები. მაგალითად, კვლევის ძველი ფორმების დომინირების დროს მიაჩნდათ, რომ საწყისი h ბგერის წარმოუთქმელობა ინგლისურ ენაში შეიძლება ავხსნათ ენაზე შესაბამისი მეტყველის მუშათა კლასს მიკუთვნებულობით, ხოლო იმავე ბგერის «რეგულარული» წარმოთქმა საშუალო კლასს ახასიათებს. რაოდენობრივი შესწავლის შედეგად კი დადგინდა, რომ ჰ ბგერის ცვალებადობა, სხვადასხვა ქალაქებში გამოკვლეული, უკვე ასე კატეგორიულად არ იყო კორელირებული მოლაპარაკეთა სოციალურ წარმოშობასთან.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელიც ასახავს h ბგერის გამოტოვების პროცენტულ წილს ინგლისის ორ ქალაქში შეგროვებულ ემპირიულ მასალაზე სოციალურ კლასთან მიმართებაში:
|
ბრედფორდი |
ნორვიჩი |
საშუალო საშუალო კლასი |
12 |
6 |
დაბალი საშუალო კლასი |
28 |
14 |
მაღალი მუშათა კლასი |
67 |
40 |
საშუალო მუშათა კლასი |
89 |
60 |
დაბალი მუშათა კლასი |
93 |
60 |
როგორც ვხედავთ, „მდაბიო” წარმოთქმის წილი საკმაოდ ძლიერადაა დამოკიდებული კლასობრივ წარმოშობაზე, მაგრამ საკმაოდ დეტერმინირებულია ტერიტორიულადაც. ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, შემთხვევითია თუ არა ფონოლოგიური ვარიაციები ადამიანთა მეტყველებაში, თუ ადამიანებმა ,,იციან” იმის შესახებ, თუ რა ვარიანტი უნდა გამოიყენონ ამა თუ იმ კომუნიკაციურ სიტუაციაში. კვლევის რაოდენობრივი მეთოდი მეტყველების დროითი, სივრცითი და სოციალური განაწილების მეტ-ნაკლებად ნათელ სურათს იძლევა, თუმცა არ ძალუძს მიღებული სურათის ახსნა. რაოდენობრივი მეთოდის საშუალებით შესაძლებელია ვარიაციის რანგისა და სიღრმის აღწერა.
აქ უნდა გავითვალისწინოთ ის მოვლენაც, რომელზედაც უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი, სოციოლინგვისტიკის მეთოდების განხილვისას, და რომელსაც უილიამ ლაბოვმა ,,დამკვირვებლის პარადოქსი” უწოდა. საქმე ეხება იმ გარემოებას, რომ სოციოლინგვისტური გამოკვლევისას ადამიანება ხშირ შემთხვევაში იციან, რომ მათ აკვირდებიან და შესაბამისად ცდილობენ დროებით აამაღლონ თავიანთი სამეტყველო კულტურა.
5.3. ენობრივ ცვლილებათა სოციალური ფაქტორები
ენის ორი ძირითადი თვისებაა: ა) როგორც უკვე ვნახეთ, იგი განუწყვეტლივ იცვლება მისი სტრუქტურის ყველა დონეზე (ფონოლოგია, გრამატიკა, მეტყველების სტილი, სემანტიკა და ლექსიკონი); ბ) იგი სხვადასხვანაირად იცვლება სხვადასხვა დროსა და ადგილას. ზოგჯერ საზოგადოება ცდილობს ენობრივი ცვლილებები თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციოს. როდესაც წერა-კითხვის ცოდნა საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია, ძირითადი ძალისხმევა მიმართულია წერილობითი ენის სტანდარტიზაციისათვის. ამ ძალისხმევას ემსახურება ეგრეთ წოდებული პრესკრიფციული გრამატიკა და ორთოგრაფიის ნორმები, რომლებიც მისაწვდომია ავტორიტეტული ლექსიკონების მეშვეობით. ამგვარი გრამატიკები და ორთოგრაფიული ლექსიკონები აყალიბებს ენის კონსერვატიულ გამოყენებას, რომელიც დაკავშირებულია ტრადიციულ ლიტერატურასთან და მოქმედ სოციალურ ღირებულებებთან. ეს ყოველივე ხელს უშლის მიღებული ნორმებიდან გადახრას, საერთოდ განვითარებას. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში (Académie Française) და ესპანეთში (Academia Real de la Lengua Española), არსებობს აკადემიები, რომლებთაც ევალება ენობრივ სიტუაციაზე კონტროლი და სტატუს ქუო-ს შენარჩუნება. აკადემიები, ენის პალატები და მათი მსგავსი დაწესებულებები აბრკოლებს, მაგალითად, ჟარგონისა და სლენგის ფართოდ გამოყენებასა და ლეგიტიმაციას, გრამატიკული ნორმების სასაუბრო ენისათვის დამახასიათებელ გამარტივებათა წერილობით ტექსტებში შეღწევას, ორთოგრაფიული ნორმების ცვლილებას.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის საყოველთაოდ დეკლარირებულია ენის უცვლელობის პოზიტიური ღირებულება, მის უზრუნველსაყოფად მიღებულ ზემოთჩამოთვლილ და სხვა საშუალებებს, ჩვეულებრივ, დიდი წარმატება არა აქვთ. თვით წერილობითი ენაც კი, პრესის კოლოსალური განვითარების წყალობით, საკმაოდ სწრაფად იცვლება, მრავალ ინოვაციას ღებულობს და ამ პროცესზე კონტროლის დაწესება თითქმის შეუძლებელია. ამ ვითარების არსებობაში დასარწმუნებლად საკმარისია რამდენიმე ათეული წლის წინათ გამოცემული პროზაული ნაწარმოების წაკითხვა.
ზეპირი მეტყველების შემთხვევაში პრესკრიფციული ზომების მიღება კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტურია. ერთი ადამიანის სიცოცხლეში მრავალი ამგვარი ცვლილების დაკვირვებაა შესაძლებელი.
გავლენათა ტიპები: ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად გასაგებია, რომ ლინგვისტები ესწრაფვიან, გაიგონ ენობრივ ცვლილებათა მიზეზები. ამ ცვლილებათაგან ზოგიერთი, რომელიც მეტ-ნაკლებად დიდ და ხანგრძლივ გავლენას ახდენს ადამიანთა დიდ ჯგუფებზე, შეიძლება იყოს ე. წ. მაკროლინგვისტიკის საგანი. ამ ტიპის ცვლილებები, ჩვეულებრივ, ენის სტრუქტურათა მთლიანობას მოიცავს და ზოგჯერ ადამიანების სრულიად შეგნებული გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული. ეს შეგნებული გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ინსტიტუციონალურ დონეზე მიიღება და ხშირ შემთხვევაში ენის დაგეგმარების პროგრამებს მიეკუთვნება. მაკროლინგვისტიკის შესწავლის სფეროში შედის, მაგალითად, სტანდარტიზაციის პროცესი, როდესაც ერთი დიალექტის წინ წამოწევა ხდება და ეს დიალექტი იქცევა სალიტერატურო ენის ბაზად. სხვა შემთხვევაა, როცა ორი ენა ფართომასშტაბიან კონტაქტში შედის (ინგლისური და ესპანური აშშ-ში, ეროვნული და რუსული ენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში), რაც საყოველთაოდ იწვევს ბილინგვიზმის გავრცელებას. ენობრივი კონტაქტი და ბილინგვიზმი იწვევს ისეთ საკონტაქტო მოვლენებს, როგორიცაა კოდის გადართვა, ნასესხები სიტყვების შეღწევა ერთი ენიდან მეორეში და პირიქით, გრამატიკული ნიმუშების ასიმილაცია და სხვა. ენობრივი კონტაქტის უფრო შორეული შედეგი შეიძლება იყოს რომელიმე ენის გამოუყენებლობა, ენობრივი გადაადგილება (shift) მეორე ენის სასარგებლოდ და, ბოლოს, მისი სიკვდილი. არსებობს კიდევ ორი მაკროლინგვისტური ცვლილება, რომელიც არ გულისხმობს ინსტიტუციურ ქმედებას: ეს არის ენის პიჯინიზაცია და კრეოლიზაცია, როდესაც ენათა კონტაქტის შედეგად (როგორც წესი კოლონიური პლანტაციების რეგიონებში) წარმოიქმნება ახალი ენა დომინანტური ენის ძირითადი ლექსიკითა და უკიდურესად გამარტივებული გრამატიკით.4
უფრო მიკროლინგვისტურ დონეზე ენობრივი ცვლილება შეიძლება დაიწყოს ცალკეული ინდივიდის ან მცირე ჯგუფის მიერ, ხოლო შემდეგ მიბაძვის შედეგად გავრცელდეს და მიიღოს სოციალური მნიშვნელობა. ზოგ შემთხვევებში ასე წარმოშობილი სიახლეები მთელ საზოგადოებას მოიცავენ. ახალი სიტყვების (შეიძლება ვთქვათ, სალექსიკონო სტატიების, ან ნეოლოგიზმების) შემთხვევაში ცვლილება შეიძლება სრულიად შეგნებული ქმედების შედეგი იყოს. ამგვარად წარმოიშვა სიტყვები: რადარი, ლაზერი და სხვა. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელია სიახლის შემომტანი ინდივიდის პოვნა და დასახელება.
ორი ტიპის მცდარი წარმოდგენა შეიძლება იქცეს დაბრკოლებად მიკროლინგვისტური კვლევისათვის. პირველია რწმენა, რომ შეუძლებელია ენობრივი ცვლილების პირველი მომენტის ,,დაჭერა”. მაგალითად იმიტომ, რომ ეს ცვლილებები ძალიან დიდ დროს მოითხოვს და მათი კვლევა საათის ისრებზე დაკვირვებას ჰგავს, როცა ისრების მოძრაობა არ ჩანს, მაგრამ თუ თვალს აარიდებ და მოგვიანებით კვლავ შეხედავ, შეამჩნევ, რომ ისრები გადაადგილდა. მეორე წარმოდგენა ის არის, რომ ადამიანები ხშირად უყურებენ ენის ისტორიას როგორც ერთი ლიტერტურული პერიოდიდან მეორეზე წყვეტილ გადასვლათა მიმდევრობას.
მაგრამ საქმე სულ სხვაგვარადაა: უილიამ ლაბოვის მიერ მიღებული შედეგების თანახმად, შესაძლებელია დავაკვირდეთ ენობრივ ცვლილებებს ,,რეალურ დროში”, მაგალითად, ერთ ოჯახში მცხოვრები სამი თაობის მეტყველების მოსმენით. ამგვარი ტიპის ემპირიული მონაცემები ჯერ კიდევ ცოტაა, მაგრამ რეალურ დროში ენობრივ ცვლილებათა დაკვირვების უკვე დადგენილი შესაძლებლობა ბევრს გვპირდება.
ენობრივი ცვლილება როგორც გამარტივება: პრესკრიფციულ გრამატიკოსთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყოველგვარი ენობრივი ცვლილება გამარტივების მიმართულებით მიმდინარეობს უმცირესი ძალისხმევისაკენ სწრაფვის საყოველთაო ტენდენციის მიზეზით. პრესკრიფციონისტები იქამდეც კი მივიდნენ, რომ ენობრივ ცვლილებათა ძირითად ფაქტორად სიზარმაცე დაასახელეს. მაგალითად ქართულ სიტყვაში ,,ჯანმრთელობა”, ჩვეულებრივ, არ ისმის ოთხივე თანხმოვანი, რომელთა გამოთქმა ენაზე მეტყველთა უმრავლესობას მეტად ძნელად მიაჩნია. ასევე, სიტყვის, ,,გვერდზე” წარმოთქმისას ,,დზ” კომპლექსის მაგიერ ხშირად ისმის ერთი ბგერა ,,ძ,,. მიუხედავად იმისა, რომ ეს ,,ზე” თანდებულის გრაფიკული გამოსახვით განპირობებულ ორთოგრაფიას ეწინააღმდეგება, უახლეს ქართულ ლიტერატურაში დაფიქსირებული დაწერილობა ,,გვერძე”5 საფუძველს ქმნის მომავალი ენობრივი ვარიაციისათვის. თუკი ეს განცხადება ზედმეტად გაბედულად გვეჩვენება, გავიხსენოთ ძველი ქართული დაწერილობა ,,გუერდითგან”, რომელმაც ზუსტად იგივე მიზეზების გამო სრულიად უმტკივნეულოდ მიიღო დღევანდელი ფორმა ,,გვერდიდან”.
,,სიზარმაცისა” და ზედმეტი ძალისხმევის თავიდან აცილების მიზეზით იგივე სახის ცვლილებები ხდება გრამატიკაშიც. მაგალითად, ინგლისურ ენაში მიღებულია ფორმები: I don't, you don't, we don't, they don't. ამის მსგავსად ზოგიერთი მეტყველი ამბობს ჰე დონ'ტ, იმის მაგიერ, რომ წარმოთქვას ნორმატიული ფორმა he doesn't. და მაინც ინგლისელთა უმრავლესობის მიერ ნორმისაგან ამგვარი გადახვევა უზრდელობად ან გაუნათლებლობადაა მიჩნეული. ქართულ ენაში ანალოგიური ბუნების ეფექტად შეიძლება იქნეს მიჩნეული უკვე საყოველთაოდ გავრცელებული ფორმები ,,ხალხი ზის”, ,,ბავშვები დავსვი” და ,,მშობლები მოუკვდა” თუმცა ნორმატიულად მიღებულია ,,ხალხი სხედს”, ,,ბავშვები დავსხი” და ,,მშობლები დაეხოცნენ”.
მიუხედავად ზემოთქმულისა, მხოლოდ სიზარმაცით ვერ ავხსნით ქართული ენის დასავლურ ვარიაციებში ,,ნ” ბგერის ამოვარდნას ზმნის სასხვისო ქცევის ფორმაში: ,,აყვანიებს”, ,,აკოცნიებს”, ,,არონიებს” და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სტანდარტული ფორმების წარმოთქმა ნამდვილად მოითხოვს სამეტყველო აპარატის უფრო მეტ დაძაბვას, დიალექტური ფორმების წარმოშობა, ალბათ, სხვა ფაქტორებითაა გამოწვეული.
ენობრივი ცვლილების ფუნქციური ფაქტორები: რამდენიმე ენათმეცნიერმა, განსაკუთრებით კი ანდრე მარტინემ6 გამოთქვა აზრი, რომ ფონოლოგიური ცვლილებები განპირობებულია ენის კომუნიკაციური ფუნქციის შენარჩუნებისა და დაცვის აუცილებლობით. ეს თვალსაზრისი დამყარებულია ეგრეთ წოდებული ჯაჭვური ძვრების იდეაზე, როდესაც ერთი ცვლილება დაუყოვნებლად იწვევს მეორეს და ა.შ., რათა შენარჩუნდეს სიტყვათა მნიშვნელობის გარჩევისათვის აუცილებელი ბგერითი კონტრასტები. ამგვარი თვალსაზრისის გაბატონებას ენობრივი ვარიაცია დაჰყავს ენის შინაგან თვისებაზე, მაგრამ რეალურად, რაოდენ მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ენის შინაგანი სტრუქტურა, ცვლილების უპირველესი გამომწვევი, რა თქმა უნდა, სოციალური მიზეზებია.
მიბაძვის როლი: ენობრივი ცვლილებების შესწავლისას ერთ-ერთი ძირითადი ჰიპოთეზა ისაა, რომ როდესაც რაიმე ვარიაცია პირველად განხორციელებულია ცალკეული ინდივიდის მიერ, იგი ენაში მკვიდრდება მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმის შედეგად, როცა სხვა ინდივიდები მიბაძავენ მას. ეს პროცესი, როგორც ეტყობა, ნამდვილად ვითარდება ახალი ლექსიკონის შექმნისას, როდესაც ერთ რომელიმე ადამიანს შემოაქვს ახალი ტექნიკური ტერმინი, ან იგონებს შესაბამისი ჟარგონის ფერადოვან გამოთქმას, რასაც სხვათა მხრიდან მიბაძვა მოჰყვება. ის, თუ რა გზით მიმდინარეობს ანალოგიური პროცესი ნაკლებად ფონოლოგიის შეგნებულ სფეროში, ნაკლებად ცხადია. ცნობილია, მაგალითად, ანეკდოტი იმის შესახებ, რომ კასტილიურ ესპანურში [s]-ის შეცვლა [θ]-თი იმის გამო მოხდა, რომ ესპანეთის მეფეს მეტყველების დეფექტი ჰქონდა. იგივე გადმოცემა არსებობს იმის თაობაზე, თუ როგორ გახდა ფრანგული [r]-ს წარმოთქმა ხახისმიერი. ორივე შემთხვევაში თავისთავად მიჩნეულია, რომ საზოგადოების წევრები ბაძავენ მათი მონარქის მეტყველების პრესტიჟულობას, მაგრამ ამგვარი ისტორიების აუთენტურობა ძნელი დასამტკიცებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ახსნა გულისხმობს, რომ ახალი ტიპის წარმოთქმა ნასესხებია. მაგრამ ენობრივ სესხებას, რა დონეზეც არ უნდა მოხდეს ის, არასოდეს არა აქვს ყველა ლექსიკურ ერთეულზე ერთნაირი გავლენის თვისება, როგორც ეს აშკარად შეიმჩნევა კასტილიურ და ფრანგულ მაგალითებზე: გრაფიკული ნიშნები ,,ს” და ,,რ” ამ ენებში ყველა სიტყვაში ერთნაირად წარმოითქმის.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი სოციოლოგიური დაბრკოლება. თუ ვიგულისხმებთ, რომ მიბაძვა პრესტიჟულ მოდელებს მისდევს, აუცილებლად უნდა დავაყენოთ პრესტიჟის განსაზღვრის საკითხიც. ძალიან ადვილია პრესტიჟული ვუწოდოთ ყოველივეს, რასაც ადამიანები ბაძავენ. ამის საპირისპიროდ, ძალიან ხშირად ხდება, რომ მაღალი კლასის წარმომადგენლები ითვისებენ დაბალი კლასებისათვის დამახასიათებელ მეტყველებას.
და თუ მაინც მივიღებთ მიბაძვას ენის ცვლილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, უნდა ვაღიაროთ, რომ ახალი ვარიაციის არა მარტო ,,ზემოდან დამკვიდრების” გზა არსებობს, არამედ ხშირად მის საპირისპირო ,,ქვემოდან დამკვიდრებასაც” შეიძლება საკმაო მნიშვნელობა აღმოაჩნდეს.
მიბაძვის ერთ-ერთი კონკრეტული სახეა ეგრეთ წოდებული ჰიპერკორექციონიზმი, როდესაც ენის სხვა ვარიაციებში, ან სულაც სხვა ენებში არსებული გრამატიკული ფორმა ან გამოთქმის თავისებურება, რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო პრესტიჟულად მიიჩნევა, მიბაძვის შედეგად აწარმოებს საწყის ვარიაციაში არარსებულ ფორმებს. ამგვარადაა წარმოშობილი, მაგალითად, იტალიურ ენაში სიტყვები ლა ცრონაცა (ლათინური chronica) და პირველი პირის ფორმები ტენგო, ვენგო და სხვა (infinitivia tenere, venire, რომელიც ზემოხსენებული ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში მოგვცემდა პირველ პირში შემდეგ ფორმებს: *tegno, *vegno). ამავე ტიპის მოვლენაა რუსული ენისათვის დამახასიათებელი კბილისმიერი თანხმოვნების დარბილება ქართულ ენაში, რომლის გამო, როდესაც ვინმე წარმოთქვამს [*ვერძი], შეიძლება იტალიელ კომპოზიტორს გულისხმობდეს, და არა მამალ ცხვარს, ან ზოდიაქოს ნიშანს. ასევე, ცნობილი იტალიელი ტენორის გვარი ხშირად წარმოითქმის [*პავაროწი]. ქართულ სამეტყველო ენაში ასეთი პრაქტიკის საყოველთაო გავრცელება ამტკიცებს, რომ მიუხედავად დეკლარირებული საწინააღმდეგო ვითარებისა და რუსული ენიდან ლექსიკური ნასესხობების ოფიციალური ტაბუირებისა, ქართულ საზოგადოებაში რუსული ენა პრესტიჟულად მიიჩნევა.7
გრამატიკული ცვლილება და ფონოლოგიური ცვლილება: ჩვეულებრივ, ყველაზე ხშირად ახსენებენ გრამატიკული ცვლილების ორ უმთავრეს ფაქტორს. პირველი ფაქტორი ისაა, რომ ფონოლოგიური ცვლილებები ხშირად ეხება მორფოლოგიურ ელემენტებს და შეიძლება მათ შორის განსხვავებები სრულიად წაშალოს. ამის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას ახალი სინტაქსური სტრუქტურები, რათა ამგვარად განხორციელებულ იქნეს ის ფუნქციები, რომლებსაც ადრე მორფოლოგია ასრულებდა. მაგალითად ძველ ინგლისურ ენაში არსებული კანკლედობის დაბოლოებები სრულიად გაქრა (თუ არ გავითვალისწინებთ ნათესაობითი ბრუნვის დაბოლოებას, ,,ს”). სამაგიეროდ, წინადადებაში დამკვიდრდა სიტყვათა მკაცრი მიმდევრობა, რაც სინტაქსურად იძლევა სუბიექტისა და ობიექტის ერთმანეთისაგან გარჩევის საშუალებას.
მეორე ფაქტორი ზემოთ უკვე განხილული ანალოგიური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ, როდის და სად დაიწყება ანალოგიური პროცესის მოქმედება, მაგრამ მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია. უახლესი გამოკვლევები ამტკიცებს, რომ გრამატიკული ცვლილებების მოსახდენად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარეგან სოციალურ ძალებსაც.8
ენობრივი ცვლილებების სოციოლინგვისტური მოტივაციები: ამ მიმართულებით მეცნიერული დაინტერესება დაიწყო 1963 წელს უ. ლაბოვის მიერ მასაჩუსეტსის შტატის სანაპიროსთან ახლოს მდებარე კუნძულების მოსახლეობის სოციოლინგვისტური კვლევის შედეგად. უ. ლაბოვმა დაამტკიცა, რომ ინგლისურ რედუცირებულ ხმოვანთა გამოთქმის გარკვეული თავისებურება კუნძულებზე მცხოვრები ინდივიდების მიერ ადასტურებდა მათ ლოიალობას კუნძულის მოსახლეობის მიმართ. სხვა სიტყვებით, გამოთქმის თავისებურება ამ ლოიალობის სოციალური მარკერი იყო და აპირისპირებდა ამ ინდივიდებს დანარჩენ მსოფლიოსთან. შემდგომ წლებში ლაბოვმა თავისი კვლევები განაგრძო ნიუ-იორკის მაგალითზე და საგრძნობლად გააფართოვა თავისი პირვანდელი დასკვნები.
სოციოლინგვისტური შედეგის მისაღებად ლაბოვმა ხუთი სხვადასხვა სიტუაციური კონტექსტი გამოყო, რომელთა ფარგლებში იგი ატარებდა ზეპირი მეტყველების სტილზე დაკვირვებას: A) შემთხვევითი სტილი; B) ყურადღებიანი სტილი; ჩ) ტექსტის ხმამაღალი კითხვა; D) ერთმანეთთან დაუკავშირებელი სიტყვების სიის ხმამაღალი კითხვა; D') სიტყვათა წყვილების ხმამაღალი წარმოთქმა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლაბოვმა აღმოაჩინა, რომ მაღალ კლასს მიკუთვნებულობა კორელირებულია მეტყველების უფრო კონსერვატიულ სტილთან. დაბალი კლასის წარმომადგენლებში კონსერვატიული სტილის წილი იზრდებოდა სიტუაციური კონტექსტის ფორმალურ ხარისხთან ერთად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ოფიციალურია ან ფორმალური სიტუაცია, რომელშიც ადამიანი იმყოფება, რაც უფრო მეტია დამოკიდებული ამ სიტუაციაზე, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ადამიანი საკუთარ მეტყველებას და ცდილობს იგი ნორმატიულ მოთხოვნებს დაუქვემდებაროს.
თავის შედეგებზე დაყრდნობით ლაბოვმა ვარიაციული თეორია შეიმუშავა. ამ თეორიის თანახმად, მაგალითად, არსებობს ერთი სოციალური ჯგუფი, რომლის მეტყველების სტილი ყველაზე უფრო ძლიერადაა დამოკიდებული სოციოლინგვისტურ ფაქტორებზე. საქმე ეხება საკუთარი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მებრძოლ საშუალო კლასის წარმომადგენლებს. მათი მეტყველება ჰიპერკორექტულობით გამორჩევა. ამ გზით ინდივიდებს სურთ თავიანთი თავი ერთი მხრივ წინასწარ მიაწერონ იმ სოციალურ ფენას, რომელშიც მათ სურთ მოხვედრა, მეორე მხრივ კი, სურთ ღირესეულად მოაჩვენონ თავი იმ პირებს, რომლებზედაც, როგორც ჰგონიათ, დამოკიდებულია მათი მომავალი. როდესაც ამ ადამიანებს ექსპერიმენტის ფარგლებში სთხოვეს გამოეხატათ აზრი საკუთარი მეტყველების შესახებ ჩანაწერის მოსმენის საფუძველზე, მათ თავიანთ თავს მკვეთრად ნეგატიური შეფასება მისცეს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ისინი ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ გაცილებით უკეთესად ფლობენ ენას და შესაძლო შეცდომები მხოლოდ სიტუაციის უჩვეულობით იყო გამოწვეული.
როგორც ეტყობა, ამგვარივე სოციოლინგვისტური ფენომენია ქართულ მეტყველებაში არქაიზმების შეუსაბამო გამოყენებაც. სიტყვა ,,რამეთუ”, მაგალითად, განსაკუთრებით ხშირად გვხვდება სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლებში. ამ გზით ისინი შეუგნებლად ცდილობენ საკუთარ თავსა და თავიანთ სისტემას მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ და ხაზი გაუსვან ამ სისტემის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
წერა-კითხვის ცოდნის გავლენა: რადგანაც წერილობითი ენა გაცილებით უფრო ნელა იცვლება, ვიდრე ზეპირი, გარკვეული დროის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ საზოგადოებაში წერა-კითხვის გავრცელება თავისი გავლენით შეიძლება აბრკოლებდეს და ანელებდეს სასაუბრო ენის ცვლილებებს. მაგრამ საერთო სურათი გართულებულია იმ გარემოებით, რომ განათლების დაბალი დონის მქონე ქვეყნებში (მაგალითად, ინდოეთში) წერა-კითხვის მცოდნე ადამიანები, ძირითადად, მაღალ კლასს მიეკუთვნებიან. თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ რომელიმე ბრამინის მეტყველება კონსერვატიულ ხასიათს ატარებს, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რა არის ამის მიზეზი: წერა-კითხვის ცოდნა, თუ მაღალი სოციალური მდგომარეობა. ეს ორივე ფაქტორი ხელს უწყობს მეტყველების გარკვეულად ნორმატიულ დონეზე შენარჩუნებას.
განათლების მაღალი დონის მქონე საზოგადოებაში, ჩვეულებრივ, სოციალურ კლასთა შორის განსხვავებები ნაკლებია და სოციალური მობილობა კი - ძლიერი. ამგვარ განვითარებულ საზოგადოებაში მცხოვრებ ინდივიდებს უფრო მეტი საშუალება აქვთ პრესტიჟულ მეტყველებას მიბაძონ, ხოლო თვით პრესტიჟული სოციალური სტატუსის მეტყველთა შორის მეტყველების ,,დემოკრატიული” სახე დადებითი კონოტაციის მატარებელია. ეს ვითარება, მედიის საკმაო განვითარებასთან ერთად, ააქტიურებს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ენის ცვლილებებს, რაც აძნელებს ენობრივ პროცესებზე წერა-კითხვის ცოდნის კერძო გავლენის შეფასებას.
ლექსიკური დიფუზია: როგორც სოციოლინგვისტმა უილიამ უანგმა აჩვენა,9 ენობრივი ცვლილება ხშირად ლაბოვის მიერ მითითებული დისკრეტული და შედარებით სწრაფი გზით კი არ ხდება, არამედ მოსაზღვრე დიალექტებს შორით სიტყვიერი მასალის თანდათანობითი სესხებითა და დიფუზიით (ურთიერთშეღწევით). ამ პროცესებს, კერძოდ, ხელს უწყობს მოსახლეობის აქტიური მიგრაცია ქვეყნის შიგნით. ძირითადი სტრუქტურული დონე, რომელზედაც ამგვარი ტიპის ნელი ცვლილებები ხდება, ენის ფონოლოგიური აგებულებაა. როდესაც დიალექტებს შორის ამგვარ ნასესხობათა საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგროვდება, ამბობენ, რომ სახეზეა ბგერითი ცვლილება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წესიდან მრავალი გამონაკლისიც არსებობს, რადგანაც ცვლილებათა ფაქტორები მრავალრიცხოვანია და ყოველთვის არ ხერხდება მათი ერთმანეთისგან საიმედო დიფერენციაცია.
_________________
1 ,,Ipsa latinitas et regionibus quotidie mutetur et tempores” - S. Hieronymus, Commentaria in Epistolam ad Galatas, II. 3.
2 ,,Lo volgare è non stabile e corruttibile”. (Convivio I; 5, 4).
3 უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ზედსართავები ,,ვარიაციული” და ,,ვარიაციონისტული”. მათგან პირველი ახასიათებს ნებისმიერ თვისებას ან მაჩვენებელს, რომელიც დაკავშირებულია რაიმე ცვლილებასთან, ვარიაციასთან; მეორე კი აღნიშნავს იმგვარ თვალსაზრისებს ან აღწერით მოდელებს, რომლებიც ცვლილებას, ვარიაციას აღიარებენ შესასწავლი ობიექტების უმთავრეს ან, ყოველ შემთხვევაში, არსებით თვისებად. აქედან გამომდინარე, ვარიაციული შეიძლება იყოს ქცევა, სიჩქარე, სიხშირე და სხვა, ხოლო ვარიაციონისტული - შეხედულება, თეორია, მრწამსი. ამგვარ სიტყვებს, რომელთა საზრისი საკმაოდ განსხვავებულია, ხოლო ლექსიკური სტრუქტურა კი მსგავსი, პარალოგიზმები ეწოდება.
4 უფრო დაწვრილებით ეს მოვლენები განხილულია 12. თავში, სადაც შევეხებით ენობრივი კონტაქტის საკითხებს.
5 მაგალითად, ამგვარი ენობრივი მომენტები მრავლადაა წარმოდგენილი აკა მორჩილაძის რომანში ,,აგვისტოს პასიანსი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2001).
6 Sdr. Martinet, A. Economie des changements phonétiques, Franke Bern 1955.
7 საქართველოში XIX და XX საუკუნეების განმავლობაში რუსული ენის სოციალური ფუნქცია ჯერ კიდევ ელოდება თავის მიუკერძოებელ მკვლევარს. ამ თვალსაზრისით სასარგებლო იქნება გავიხსენოთ, რა ენაზე ტარდებოდა პირველი ქართული რესპუბლიკის მთავრობის სხდომები, ან რა ენაზე მეტყველებდა ქართველი შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენციის უმრავლესობა XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში.
8 იხ., მაგალითად, Kroch, ,,Reflexes of grammar in patterns of language change”, Language Variations and Change, 1, 199-244, 1989
9 Sdr. Wang, The Lexicon in Phonological Change, The Hague, Mouton 1977
![]() |
6 თემა 6. დიალექტისა და სოციოლექტის ადგილი სოციუმში |
▲ზევით დაბრუნება |
6.1. შესავალი
იმ დროიდანვე, როდიდანაც მოგვეპოვება ენის შესახებ დაკვირვება და გამოთქმული აზრი, აღიარებულია დიალექტის სიმბოლური მნიშვნელობაც. სამი ათასზე მეტი წლის წინათ ძველებრაულ სიტყვაში ,,შიბოლეთ” (ხორბლის ყანა) ბგერა ,,შ”-ს წარმოთქმის სისწორე გამოყენებული იქნა როგორც ენობრივი და აქედან გამომდინარე ეთნიკური მახასიათებელი. ბიბლიური გადმოცემის თანახმად (მსაჯულთა წიგნი, 12; 5-6), მდინარის ფონთან ისრაელიანები ყოველ გადმომსვლელს აიძულებდნენ წარმოეთქვა ეს სიტყვა, და თუ ვინმე იტყოდა ,,სიბოლეთ”, რადგან სხვაგვარად არ შეეძლო, თავს ეფრემელთა ტომის წარმომადგენლად გამოამჟღავნებდა და ამის გამო სიკვდილი ელოდა. ძველი აღთქმის ეს ტრაგიკული ფაქტი შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის მიერ ჩატარებულ უძველეს სოციოლინგვისტურ გამოკვლევად, რომელიც სწორედ ენის ძირითად და დიალექტურ ვარიაციას შორის დამოკიდებულებას შეეხებოდა.
ჩვენს შემთხვევაში ტერმინს ,,დიალექტი” გამოვიყენებთ ენის ნებისმიერი რეგიონალური, სოციალური, ან ეთნიკური სახესხვაობის აღსანიშნავად. დიალექტად წოდებული ვარიაცია შეიძლება შეინიშნებოდეს ენის ნებისმიერ სტრუქტურულ დონეზე, ე.ი. შეეხებოდეს მის ფონოლოგიას, მორფოლოფიას, სინტაქსს, სემანტიკას, ენის გამოყენების სფეროებს. ერთი შეხედვით ,,დიალექტსა” და ,,ენას” შორის დამოკიდებულება შემდეგია: დიალექტები ენის ქვედანაყოფებია. მაგრამ უფრო დეტალური შესწავლის შედეგად ჩანს, რომ ენასა და დიალექტს შორის საზღვარი იმდენად არამკვეთრი და წაშლილია, რომ ტერმინოლოგიის ამგვარი გაგება შეუძლებელს ხდის თეორიულ აღწერას, ხოლო ენის მთლიანობის ისეთი უბრალო კრიტერიუმები, როგორიც არის სტრუქტურული სიახლოვე და გაგების შესაძლებლობა, სრულიად იმსხვრევა და აღარ მოქმედებს. მაგალითად, ჩინური ენის სამი ძირითადი დიალექტი, მანდარინი, კანტონური დიალექტი და ვუ, სრულიად გაუგებარია ერთმანეთისთვის მათ ზეპირ ფორმაში. ამის საპირისპიროდ შვედური და ნორვეგიული ენებზე მეტყველებს, ჩვეულებრივ, დაუბრკოლებლივ ესმით ერთმანეთის ლაპარაკი.
ამგვარადვე რეგიონალური, სოციალური და ეთნიკური დიალექტების ცნებები არც ისე ცხადია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ერთდროულად ეკუთვნოდეს რამდენიმე ზემოხსენებულ ჯგუფს და ეს მათი მრავალგვარი სოციალური წევრობა მრავალგვარად ახდენს გავლენას მათ მიერ ენის გამოყენებაზე.
ამრიგად, ტერმინით ,,დიალექტი” შემდგომში გავსაზღვრავთ ზოგად ენობრივ ვარიაციას, რომლის უფრო დეტალური განმარტება შეუძლებელია კონკრეტული ენობრივი და სოციალური სტრუქტურისა და შესაბამისი კერძო ტრადიციის გაუთვალისწინებლად.
მეოცე საუკუნეში დიალექტოლოგია მჭიდროდ დაუკავშირდა სოციოლოგიას, უფრო ღრმად გაითვალისწინა გეოგრაფიული და ისტორიული ფაქტორები. ამ თვალსაზრისით ნოვატორულად შეიძლება ჩაითვალოს უილიამ ლაბოვის შრომები (სახელდობრ: Labow, W., The Social Motivation of a Sound Change. in Word, 19, 273-309, 1963; The Social Stratification of English in New York City, Center for Applied Linguistics, Washington DC, 1966; Sociolinguistic Patterns, Pennsylvania Universiti Press, Philadelphia, 1972).
6.2. დიალექტური ვარიაციის ბუნება
საერთო რწმენის თანახმად, ენის დიალექტური ნიმუშები პირდაპირი და მარტივია: ერთი ჯგუფის ყველა წევრი კატეგორიულად იყენებს ერთ რომელიმე დიალექტურ ფორმას, სხვა ჯგუფის ყველა წევრი კი - მეორეს. მაგრამ სოციოლინგვისტური გამოკვლევის შედეგად, ჩვეულებრივ, დგინდება, რომ სოციალური და დიალექტური კორელაციები მოცემული საზოგადოების წიაღში გაცილებით უფრო რთული და მრავალსახაა, ვიდრე ეს პოპულარული თვალსაზრისიდან გამომდინარეობს.
გარდა ამისა ზოგადი დებულება, რომ ,,ყოველ სიტყვას თავისი საკუთარი ისტორია აქვს”,1 უკვე ვეღარ გამოიყენება, რადგანაც სიტყვები, მათი ენობრივ და სოციალურ სტრუქტურებში მჭიდრო ჩართულობის გამო, უკვე ვეღარ განიხილება ერთმანეთისაგან გათიშულად.
საზოგადოდ, ტერმინი ,,ენა” შეიძლება ორგვარად ავხსნათ: 1) საზოგადოდ, ენა როგორც ნიშნურ სისტემათა გარკვეული კლასი; 2) კონკრეტულად, ეთნიკური ან იდიოეთნიკური ენა - რეალურად არსებული ნიშნური სისტემა, რომელსაც იყენებენ რომელიმე სოციუმში, რომელიმე სივრცესა და რომელიმე დროში.
თუ ამ შემთხვევაში სოციუმს, სივრცესა და დროს ვიწროდ არ განვიხილავთ, მივიღებთ, რომ იდიოეთნიკური ენა საკმაოდ რთულად ორგანიზებული სისტემაა, რომელიც თავის თავში ასახავს სოციალურ, სივრცულსა და დროით დიფერენციაციას, ორგანიზაციას და ცვლილებებს. სხვა სიტყვებით, ყოველი იდიოეთნიკური ენა ერთმანეთთან ახლო მყოფი ნიშნური სისტემების აგრეგატია. ამ ,,შემადგენელ” ნიშნურ სისტემათა აღსანიშნავად დროთა განმავლობაში სხვადასხვა ტერმინი გამოიყენებოდა: დიალექტი, კილოკავი, სოციოლექტი, ლიტერატურული ენა, კოინე, სასაუბრო ენა და ა.შ. ამავე დროს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ენათმეცნიერების სხვადასხვა ტრადიციებში წარმოშობილ ტერმინთა უმრავლესობა ერთმანეთზე ძალიან ძნელად დაიყვანება. მაგალითად, რუსული ტერმინი просторечие (ნეგატიური ჟღერადობის სიტყვა, რომელიც უფრო ვულგარულ და ოფიციალურად მიუღებელ მეტყველებას აღნიშნავს) სრულიად არაეკვივალენტურია ინგლისური ტერმინისა სლანგ (ყველაზე ახლოსაა ამ ტერმინთან სიტყვა ,,ჟარგონი”, ყოველ შემთხვევაში, იგი ნეიტრალური ტერმინია, რომლითაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისათვის ლექსიკური თავისებურებები აღინიშნება), ან ქართულისა - სასაუბრო ენა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, წერილობით მეტყველებასთან დაპირისპირებაში მოიაზრება.
საზოგადოდ, მეცნიერული გამოკვლევისას ენის ამა თუ იმ ვარიაციის სტატუსის გათვალისწინება მნიშვნელობას მოკლებულია გამოკვლევის შედეგისათვის, ამასთან, მისი გარკვევა და დასაბუთება, ხშირად, ძალიან ძნელიცაა. ამიტომაც შემოღებული იქნა ტერმინი ,,იდიომი”, რომელიც ენის ნებისმიერ სოციალურ ან ტერიტორიულ სახესხვაობას აღნიშნავს. ეს ცნება შეიძლება განვიხილოთ როგორც ტერმინ ,,კოდის” სინონიმი.
როდესაც იდიოეთნიკურ ენაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ყოველი ენა ურთიერთცალსახა დამოკიდებულებაში იმყოფება რომელიმე ხალხთან. ეს გარემოება ძველთაგანვე იმდენად მყარად იყო დამკვიდრებული ადამიანთა ცნობიერებაში, რომ სიტყვით ,,ენა” ხშირად აღინიშნებოდა თვით ეთნოსიც. ამგვარი მეტონიმია შემთხვევითი არაა, რადგანაც ყოველი ხალხი თავის განსაკუთრებულ ენაზე მეტყველებს.
ამავე დროს საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა ხალხები ერთსა და იმავე ენაზე მეტყველებენ, მაგალითად, ინგლისელები და ამერიკელები, არგენტინელები და ესპანელები, გერმანელები და ავსტრიელები).
ეს ყოველივე საკმაოდ რთულ პრობლემებს აჩენს. მაგალითად, არავის ეპარება ეჭვი, რომ ებრაელები ეთნოსს წარმოადგენენ, მაგრამ სულ ახლო წარსულში, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში ლაპარაკობდნენ იდიშზე (აშქენაზები), ქართულად (ქართველი ებრაელები), თათურად (მთიული ებრაელები), ტაჯიკური ენის ვარიანტზე (ბუხარელი ებრაელები) ან ყირიმულ-თათრულად (ყირიმელი ებრაელები), ხოლო რელიგიური მიზნებისათვის ძველ ებრაულ ენას იყენებდნენ. ასე რომ, ყოველი ებრაული ჯგუფი მეტყველებდა ორ ერთმანეთის არამონათესავე ენაზე, რომელთაგან ერთი ყველა ჯგუფისათვის საერთო იყო. იქნებ სწორედ ეს საერთო ენა უნდა ვიგულისხმოთ ეთნოსის განმასხვავებელ ნიშნად? მაგრამ ძველი ებრაულის ცოდნა მიუწვდომელი იყო ქალებისათვის, რომელთა გამორიცხვა ეთნოსიდან შეუძლებელია. ასევეა მრავალ სხვა შემთხვევაშიც: გერმანულად ლაპარაკობენ გერმანელები და შვეიცარიელების ნაწილი, ფრანგულად - ფრანგები და შვეიცარიელების სხვა ნაწილი. შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ შვეიცარლები ერთიან ხალხად? თუ დადებითად ვუპასუხებთ ამ კითხვაზე, მაშინ ვინ არიან გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი შვეიცარიელები?
არცთუ იშვიათად ხდება, რომ ადამიანები საერთოდ არ ახდენენ საკუთარი თავის რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან იდენტიფიკაციას. ლიტვის, ბელორუსიის, რუსეთისა და პოლონეთის სასაზღვრო ზონაში ადამიანები რამდენიმე ენაზე თავისუფლად მეტყველებენ (თუმცა ეს ვარიაციები საგრძნობლად განსხვავდება შესაბამისი ლიტერატურული ვარიაციებისაგან), ისინი კაუნასელთან ლიტვურად საუბრობენ, ვარშაველთან პოლონურად, მინსკელთან ბელორუსულად და ფსკოველთან - რუსულად. კითხვაზე ,,ვინა ხართ?” ეს ადამიანები პასუხობენ: ,,აქაურები ვართ”, ხოლო კითხვაზე ,,ერთმანეთთან რა ენაზე საუბრობთ?” პასუხობენ: ,,ჩვეულებრივად, უბრალოდ”. ამგვარი ადგილები საკმაოდ ბევრია დედამიწაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარი ეროვნებისა და მშობლიური ენის შესახებ მკაფიო წარმოდგენის არსებობა სულაც არ არის უნივერსალურად გავრცელებული.2
თუმცა ეს საკითხები უფრო ეთნოლოგიის გადასაწყვეტია, ეროვნებისა და ენის ურთიერთკავშირს მაინც აქვს გარკვეული ენათმეცნიერული ინტერესი. ამ მხრივ არსებული ფაქტების განხილვისას ხელსაყრელია ვიმოძრაოთ მარტივიდან რთულისაკენ და ჯერ განვიხილოთ ის ენობრივი ვარიანტები, რომელთაც არა აქვს წერილობითი ტრადიცია.
6.2.1. უმწერლობო იდიომთა ურთიერთდამოკიდებულება
თავიდან ყველა საზოგადოება უმწერლობო იყო. კომუნიკაციები სოციუმებს შორის, თუ მათი ენები ურთიერთგაუგებარი იყო, კომუნიკაციის პრობლემა ბილინგვიზმის საშუალებით წყდებოდა. ჯგუფური იდენტურობა მკვიდრდებოდა ,,თავისიანებისა” და ,,უცხოების” ერთმანეთისაგან გამიჯვნით, თანაც ,,თავისიანების” კატეგორია გაცილებით უფრო ვიწრო იყო იმ ერთობლიობაზე, რომელსაც დღეს ეთნოსს უწოდებენ. დროთა განმავლობაში ლოკალური იდენტურობა რეგიონალურით იცვლებოდა, რომლის წიაღიდანაც თანდათანობით ვითარდებოდა ჯერ წოდებრივ-კლასობრივი, შემდეგ კი ეტატური, ანუ სახელმწიფოებრივი იდენტურობა. ხშირად (თუმცა არა ყოველთვის) შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთმანეთისათვის გასაგებ იდიომებზე მეტყველი ადამიანების იდენტურობა, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში თვითშეგნების ამ ტიპს სხვა ტიპებთან შედარებით მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
მაგალითად, ძალიან ახლო მონათესავე ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება არ სურდეთ ერთმანეთის გაგება. ამგვარი ვითარება ხორციელდება შვედებისა და ნორვეგიელების შემთხვევაში, რომელთა შორის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური იდენტურობის სხვაობა გაცილებით უფრო ძლიერი ფაქტორია, ვიდრე მათი ენობრივი და, აქედან გამომდინარე, ეთნიკური ნათესაობა. მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ უმწერლობო იდიომებზე მეტყველთა იდენტურობა და ურთიერთმიმართება გვაინტერესებს. ამ თვალსაზრისით, მოვიყვანოთ ამერიკელი მკვლევარი ქალის, მ. მიდის მიერ 1935 წელს ჩატარებული, ეგრეთ წოდებული პაპუას-მუნდუგუმორების3 ტომის ეთნოგრაფიული გამოკვლევა.4 მუნდუგომორებს შორის არსებობს კანიბალიზმის ტაბუ, როდესაც საქმე ეხება მათ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს. ტაბუს დამრღვევს, ტომის ადათის მიხედვით, სასწრაფო და გარდაუვალი სიკვდილი ელის. როდესაც მუნდუგუმორების ერთი ჯგუფი საცხოვრებლად მდინარის ნაპირიდან ქვეყნის სიღრმეში გადავიდა, ეს ტაბუ კიდევ რამდენიმე ხანს ძალაში იყო. მაგრამ როდესაც ძველ ადგილზე დარჩენილი მუნდუგუმორების წარმომადგენელმა ერთი გადასახლებულთაგანი შეჭამა და ცოცხალი გადარჩა, ამ ფაქტის საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ ორი ჯგუფის ენები უკვე საკმაოდ დაშორდა ერთმანეთს.
იდიომთა ურთიერთგაგების საკითხი ყოველთვის ასე სასტიკად არ წყდება, მაგრამ მისი მეცნიერული ობიექტივაცია მაინც ძალიან ძნელია. რუსი მეცნიერი ს. იახონტოვი იდიომთა წყვილებს ხუთ კატეგორიად ყოფს, რომელთაგან ჩვენ შემთხვევაში სამს აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა:5
1) სხვადასხვა იდიომთა მეტყველები თავისუფლად ურთიერთობენ, მაგრამ მეტყველების თვისებებზე დაყრდნობით შეუძლიათ დაადგინონ თანამოსაუბრის ,,წარმოშობა”. ამ შემთხვევაში განსხვავებათა ასაკი დიდი არაა. (ასე შეესაბამება ერთმანეთს, მაგალითად, ჰოლანდიური და აფრიკაანსი).
2) იდიომთა მეტყველები თავისუფლად ურთიერთობენ, მაგრამ შესაძლებელია გაუგებრობის ცალკეული შემთხვევები. ეს ვითარება მოწმობს განსხვავებათა დაახლოებით 500 წლიან ასაკზე. (ამგვარ ურთიერთობაშია ერთმანეთთან რუსული და უკრაინული, თათრული და ბაშკირული, უზბეკური და უიგურული ენები).
3) იდიომთა მეტყველებს თავისუფალი ურთიერთობა არ შეუძლიათ, მაგრამ ხშირად ესმით ერთმანეთის საუბარში ნაცნობი სიტყვები და გამოთქმები. რამდენიმე ხანში ისინი ეჩვევიან ერთმანეთის ლაპარაკს და შეუძლიათ ისწავლონ ერთმანეთის ენა სახელმძღვანელოსა და თარჯიმნის გარეშე. ბუნებრივია, რომ ფონეტიკური ცვლილებების გამო ნაცნობი სიტყვების აღმოჩენა უფრო გაადვილებულია უცხო ტექსტის წაკითხვისას, ვიდრე მოსმენისას. ამგვარი განსხვავებების ასაკი 1000 - 1500 წელია. (ასე შეესაბამება ერთმანეთს, მაგალითად, რუსული და ბულგარული ან პოლონური).
ასეულობით პაპუასური ენის შედარებითი შესწავლის შედეგად მიღებულ იქნა ენისა და დიალექტის განსხვავების შემდეგი ფორმალური კრიტერიუმი: თუ საერთო ლექსიკურ ერთეულთა რაოდენობა 81%-ზე მეტია, ეს იდიომები ერთი ენის დიალექტებად მიიჩნევა, ხოლო საერთო ლექსიკის 78%-ზე ნაკლები წილის შემთხვევაში - მონათესავე ენებად. რაც შეეხება 3%-იან ,,ღრიჭოს”, ამ დროს უნდა დავიწყოთ იმის კვლევა, თუ რა თვისების ლექსიკა აქვთ საერთო შესასწავლ იდიომებს.
უნდა ითქვას, რომ ს. ვურმის6 მიერ დადგენილი ეს კრიტერიუმი ვერ გამოიყენება უნივერსალურად. მაგალითად, ევროპულ მასალაზე მისადაგებისას აღმოჩნდება, რომ სხვადასხვა იბერო-რომანული ან სკანდინავიური იდიომები ერთიანი ენების სახელს იმსახურებენ.
საზოგადოდ, ურთიერთგაგება ვერ იქნება იდიომთა სიახლოვის ინდიკატორი, რადგანაც მისი დონე ძლიერად იცვლება ინფორმანტიდან ინფორმანტამდე და ინდივიდთა პირადი ენობრივი გამოცდილებითაა განპირობებული. ასევე მნიშვნელოვანია ფონეტიკური ფაქტორებიც. მაგალითად ნელი საუბრისას პორტუგალელებს ესმით ესპანელებისა, დანიელებს - შვედებისა, მაგრამ საწინააღმდეგო მიმართულებით საუბრის გაგება საგრძნობლად გაძნელებულია.
ბოლოს მოვიყვანოთ ეგრეთ წოდებული ენობრივი ჯაჭვის მაგალითი, რომელიც პირველად იქნა შენიშნული რომანული ვარიაციების დიალექტოლოგიური შესწავლისას. თუ პირობითად გამოვყოფთ გეოგრაფიულ პუნქტებს: A-B-C-D-E-...-V-W-X-Y-Z, აღმოჩნდება, რომ მეზობელი პუნქტების მცხოვრებნი ვერ ამჩნევენ ერთმანეთის მეტყველებაში განსხვავებებს, A-სა და E-ს, V-სა და Z-ს მცხოვრებლები კომუნიკაციისას მცირე სიძნელეებს გრძნობენ, E-სა და V-ს მკვიდრნი ძალიან გაძნელებულად ურთიერთობენ, ხოლო A-სა და ძ-ს შორის ურთიერთგაგება საერთოდ არ არსებობს. ცხადია, რომ A და Z ვარიაციები სხვადასხვა ენებს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგრამ მათ შორის ზუსტი საზღვრის გატარება შეუძლებელია. ამ მოვლენას სხვანაირად ენობრივი უწყვეტობა ეწოდება.
6.2.2. ზეპირი იდიომი და წერილობითი ტრადიცია
წერილობითი ტრადიციის წარმოშობისას სახელმწიფოს შიგნით მკვიდრდება დიგლოსია. არსებითად ყველა ოფიციალური ფუნქცია წერილობითი ენის მფლობელობაში გადადის. წერა-კითხვის ცოდნა და, საზოგადოდ, განათლება გარკვეულ სოციალურ და კულტურულ არეალში პრესტიჟული ხდება. განათლება უმცირესობის ხვედრია და მისი მიღება დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ რამდენად ახლოა ინდივიდის მშობლიური იდიომი წერილობით ენასთან. მაგალითად, ადრეულ შუა საუკუნეებში ლათინური ერთნაირად იყო წერილობითი ენა რომანულ, გერმანულ და კელტურ ენაზე მეტყველი ხალხებისათვის. აღმოსავლური ქრისტიანობის არეალში ამ მხრივ უფრო მეტი მრავალფეროვნება იყო, მაგრამ ზეპირი და წერილობითი იდიომების ნათესაობა არც აქ უნდა მივიჩნიოთ აუცილებელ პირობად: რომანული იდიომის ერთ-ერთ ვარიაციაზე მეტყველი რუმინელებისათვის ახალი დროის დასაწყისამდე წერილობითი ენა საეკლესიო სლავური იყო. დანარჩენ მსოფლიოშიც საკმაოდ მსგავსი სიტუაციაა დამკვიდრებული: მუსულმანებისათვის საკრალური წერილობითი ენა არაბული იყო, ინდუისტებისათვის - სანსკრიტი, შორეულ აღმოსავლეთში - ვენიანი.
ევროპაში ეთნიკური თვითშეგნება გვიანდელი შუა საუკუნეებიდან იწყებს ჩამოყალიბებას და თანამედროვე სახეს XIX საუკუნეში აღწევს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო გვიანაც. ახალი წერილობითი ენების წარმოქმნამდე ლათინური ენის დიალექტების დონეზე (ყოველ შემთხვევაში ფუნქციონალურად მაინც) არა მარტო რომანული ზეპირი ვარიაციები იყო, არამედ გერმანულიც. ფუნქციონალური თვალსაზრისით საშუალო პოზიცია ეკავა მრავალრიცხოვან კოინეებს (ბერძნულად ,,საერთოს” ნიშნავს), რომლებიც, ძირითადად, სხვადასხვა ზეპირი იდიომების საფუძველზე იქმნებოდა ლინგვისტური საზღვრების ზონაში მდებარე მსხვილი ფეოდალური ადგილ-მამულების ტერიტორიაზე. გვიანდელ შუა საუკუნეებში და რენესანსის პერიოდში ზოგი ამგვარი კოინე წერილობითაც ფიქსირდება.
რეგიონალური ენები ხშირად ვრცელდებოდა საკუთარი ბუნებრივი არეალის გარეთაც, მაგრამ მათი შანსები არათანაბარი იყო და სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ისტორიულ გარემოებებზე დამოკიდებული. მაგალითად, პროვანსულმა იდიომმა XI-XII საუკუნეებიდან მოყოლებული, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ევროპული ლიტერატურების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ საფრანგეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში თანდათანობით განიდევნა ჩრდილოეთ საფრანგეთში გავრცელებული დიალექტების ზეწოლით; იტალიაში კი ტოსკანური, რომელზედაც დაიწერა დანტე ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედია”, თანდათანობით პრესტიჟული გახდა მთელი აპენინის ნახევარკუნძულისათვის და საფუძვლად დაედო იმ წერილობით და ზეპირ ვარიაციას, რომელიც დღეს იტალიური სალიტერატურო ენის სახელითაა ცნობილი. მიუხედავად ტოსკანურის უპირატესი კულტურული პოზიციისა, იტალიის სახელმწიფოს ისტორიული განვითარების განსაკუთრებულმა გზამ განაპირობა ის ვითარება, რომ ყოველი დიალექტის სტატუსი საკმაოდ მაღალია, არსებობს განვითარებული დიალექტური ლიტერატურები, ხოლო დიალექტზე ფილმების გადაღება სრულიად გასაგები და მისაღები მოვლენაა დღესაც.
გერმანიაში, სადაც ფეოდალური დაქსაქსულობა იტალიაზე გაცილებით უფრო ძლიერი იყო, მიუხედავად ამისა, ლიტერატურული ენის საფუძველში მყოფმა დიალექტმა მაინც ჩაახშო სხვა ადგილობრივი იდიომები. ამის მიზეზი იყო მარტინ ლუთერის მიერ შესრულებული ბიბლიის გერმანული თარგმანის მაღალი ავტორიტეტი.
ურთიერთგასაგებობა, რომელსაც ტრადიციული ენათმეცნიერება ერთი ენის დიალექტებისათვის აღიარებს, რეალურად მიღწეულ იქნა ევროპაში მხოლოდ საყოველთაო განათლების შემოღების შემდეგ. დიალექტები ურთიერთგასაგები იმიტომ ხდება, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები სინამდვილეში უკვე დიალექტებს კი არ იყენებენ, არამედ სალიტერატურო ენის ლოკალურ ვარიაციებს, რადგანაც სულ უფრო ძლიერდება დიალექტების ნიველირება ნორმატიული ენის ინტერფერენციული ჩარევის გამო.
როგორც უკვე ვთქვით, ევროპულ ერთა კომპლექსი, ძირითადად, XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ზოგ შემთხვევაში წერილობითი ენები, რომლებიც ახალი დროის დასაწყისში გამოიყენებოდა ამა თუ იმ ეთნოსების ფარგლებში, შეცვლილ პოლიტიკურ სიტუაციაში გამოუსადეგარი ხდებოდა.
ნორვეგია, მაგალითად, დიდი ხნის განმავლობაში იყო პოლიტიკურ კავშირში დანიასთან, რის გამოც სალიტერატურო ენის ფუნქციას მის ტერიტორიაზე დანიური ასრულებდა. ამ პერიოდის მანძილზე ნორვეგიის დედაქალაქში წარმოიქმნა ნორვეგიულ-დანიური კოინე, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო სალიტერატურო ნორვეგიულ ენას, რომელსაც ჯერ ,,რიკსმოლი” დაერქვა, ანუ ,,სახელმწიფო ენა”, შემდეგ კი - ,,ბუკსმოლი”, ანუ ,,წიგნიერი ენა”. XIX საუკუნეში გაძლიერდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავდა ნორვეგიული ენის დამკვიდრებას წმინდა ნორვეგიული დიალექტების საფუძველზე. ამ ენას ჯერ ,,ლანსმოლი” ეწოდებოდა (ქვეყნის ან სოფლის ენა), მერე კი - ,,ნიუნორსკი” (ახალი ნორვეგიული ენა). თუ საკითხს ერთგვარად გავამარტივებთ, ორი სახელმწიფო ენის განვითარება კონვერგენციული გზით მიმდინარეობდა. დღევანდელ ლიტერატურაში გამოცემული ლიტერატურა ენობრივი თვალსაზრისით შეიძლება მივიჩნიოთ ორ პოლუს შორის განფენილ კონტინუუმად.
მსგავსი სიტუაცია შეიქმნა XIX საუკუნის დასაწყისის საბერძნეთშიც, სადაც დამოუკიდებლობის მიღებამდე წერილობითი სტანდარტი მსგავსი იყო ახალი აღთქმის ენისა. ამ ენის ოდნავ მოდერნიზებული ვარიანტი, კათარევუსა (განწმენდილი ენა), მაინც საკმაოდ არქაულად ჟღერდა. ამიტომ XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული სალიტერატურო ენის ზეპირმეტყველებასთან დაახლოების მომხრე რადიკალურად განწყობილმა მოღვაწეებმა შეიმუშავეს ახალი სტანდარტი, ე. წ. დიმოტიკი (ხალხური ენა). ამგვარ დემოკრატიზაციას ყველა როდი მიესალმა: XX საუკუნის დასაწყისში ესქილეს ტრაგედიების დიმოტიკიზე თარგმნამ სტუდენტური მღელვარება გამოიწვია, რომელსაც ადამიანთა მსხვერპლიც მოყვა. ახალ სტანდარტზე დაწერილი ლიტერატურის გამოცემა გრძელდებოდა, მაგრამ საბოლოო აღიარება დიმოტიკიმ მხოლოდ 1973 წელს მიიღო.
იმ ქვეყნებში, სადაც განათლებისა და ინფორმაციის სისტემები უზრუნველყოფს საყოველთაო ურთიერთგაგებას მოსახლეობაში, რეგიონალური იდენტურობის რეალიზაციის მოთხოვნილება ხელს უწყობს ძველი წერილობითი ტრადიციების გაცოცხლებასა და ახლების წარმოქმნას. ამგვარი ვითარების ნათელი ნიმუშია ფრანკოსშემდგომი ესპანეთი, სადაც, მაგალითად, საერთაშორისო ჟურნალი ,,იუნესკოს კურიერი” გამოდის ესპანურის გარდა კიდევ კატალანურ, გალისიურ და ბასკურ ენებზეც. ინფორმაციული საჭიროება ამისათვის არ არის, რადგანაც კატალანური და გალისიური ენები საკმაოდ ახლოს დგას ესპანურთან, ხოლო ყველა ბასკი ბილინგვია.
ამის საპირისპირო სიტუაციის კლასიკური მაგალითია ენობრივი სიტუაცია ჩინეთში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის კომუნიკაციურ ერთიანობას ზეპირი დიალექტები კი არა, იეროგლიფური დამწერლობა უზრუნვლეყოფს. ჩინური დიალექტებზე მეტყველებს ერთმანეთის მეტყველება არ ესმით, მაგრამ ყველანი ერთნაირად ადვილად კითხულობენ დაწერილ ტექსტს, თუმცა მისი გახმოვანების ერთიანი ტრადიციაც კი არ არსებობს. XX საუკუნის დასაწყისში ცნობილი რუსი სინოლოგი პ. შმიდტი წერდა: ,,ჩინელებმა რომ ევროპული ანბანი მიიღონ, ეს ათი ახალი ენის წარმოქმნას მაინც გამოიწვევს”.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩინური ერთიან ენადაა მიჩნეული, ხოლო ავსტრალიაში მცხოვრები ჩინელების დიალექტები მოსახლეობის აღწერისას დამოუკიდებელ ენებად მიიჩნევა. ვინ არის მართალი? თვითონ ჩინელები საკმაოდ ადვილად ეგუებიან როგორც ჩინეთში, ასევე ავსტრალიაში მიღებულ წესებს და ეს მათ ეთნიკურ თვითშეგნებაზე სუსტად აირეკლება.
6.2.3. დიალექტების შინაგანი მოტივაცია
ტრადიციული დიალექტოლოგიის ედიქტია, როგორც ვთქვით, ის დებულება, რომ ,,ყოველ სიტყვას თავისი ისტორია აქვს”. ამ დებულების თანახმად ერთი ენის დიალექტური სახესხვაობები ხშირად აიწერებოდა როგორც ლექსიკურ ან გრამატიკულ ერთეულთა ერთმანეთთან დაუკავშირებულ ერთობლიობათა ჯგუფები. ვნახოთ ამ მიდგომის ნიმუში ინგლისური ენის მაგალითზე.
ფონოლოგიური ასპექტი:
[u] ბგერის სხვადასხვანაირი გამოთქმა სიტყვებში ბოოტ და ტუბე, ან გრძელი [o]-ს გამოთქმა სიტყვებში bought და caught განიხილებოდა როგორც სტრუქტურულად ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ელემენტები, რადგანაც ისინი ერთი სისტემის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა ერთეულებს იყენებენ.
მორფოლოგიური ასპექტი:
ასევე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად განიხილებოდა უკუქცევითი ნაცვალსახელის სოციალურად განპირობებული ფორმები himself da hisself (მაგალითად, John liked hisself).
სინტაქსური ასპექტი:
We was down there yesterday — we where down there yesterday.
იმის გამო, რომ ორ სოციალურად განსაზღვრულ ფორმას შორის არანაირი სტრუქტურული ურთიერთობა არ არსებობს, მიჩნეული იყო, რომ ეს ფორმები სრულიად დამოუკიდებელია ერთმანეთისგან და ასევე უნდა იქნეს შესწავლილი.
ერთი სიტყვით, ფორმათა თანაარსებობა ერთი სისტემის ფარგლებში მიღებული იყო შემთხვევით მოვლენად.
ამგვარი მიდგომა ნამდვილად შეზღუდულად გამოიყურება, თუკი გავითვალისწინებთ ენობრივი ცვალებადობისა და ვარიაციულობის ბუნებას, რომელიც საფუძვლად უდევს დიალექტურ განსხვავებებს. უფრო მეტიც, ემპირიული მონაცემები მიგვანიშნებს, რომ არსებობს რამდენიმე შინაგანი პრინციპი, რომელიც განაპირობებს ენაში, როგორც სისტემაში, დიალექტური სახესხვაობების წარმოქმნას. ამაზე გვაფიქრებინებს სინტაქსური ან მორფოლოგიური უნიფორმალობა, რომელიც შეიმჩნევა ერთი ენის იმ ვარიაციებში, რომელთა შორის არ არსებობს არანაირი უშუალო გავრცელების კავშირი (მაგალითად, ინგლისური ან ესპანური ენის სასაუბრო ვარიაციები, რომლებიც წარმოშობილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ერთმანეთთან უშუალო კავშირის გარეშე).
უილიამ ლაბოვმა აჩვენა, რომ ინგლისური ენის დიალექტების ფონოლოგია შინაგანი კანონების თანახმად ვითარდება და ნაწილდება, ხოლო სოციოლოგიურ დახასიათებას მხოლოდ შემდეგ ღებულობს. ლაბოვის გამოკვლევა ინფორმანტების მცირე კოლექტივის დაკვირვებაზე იყო დამყარებული. ლაბოვმა ამგვარად სამი პრობლემა გადაწყვიტა: 1) გადასვლის პრობლემა: როგორ ცვლის ერთმანეთს ენის განვითარების სხვადასხვა ეტაპები? 2) კონტექსტის პრობლემა: საჭიროა ვიპოვოთ ,,სოციალური და ენობრივი ქცევის უწყვეტი მატრიცა, რომელშიც ჩაწერილი იქნება ენობრივი ცვლილება”; 3) შეფასების პრობლემა: როგორ აფასებენ ინფორმანტების იმ ენობრივ ფაქტებს, რომლებსაც აკვირდება მკვლევარი.
საბოლოო ჯამში უილიამ ლაბოვმა ენობრივი ცვლილების შემდეგი ეტაპები გამოყო:
1) ცვლილების დასაწყისი: ენობრივი ერთობის განსაზღვრულ ქვეჯგუფში მოცემულ ენობრივ ფორმას ჯგუფის ყველა წევრი ითვისებს.
2) მოსაუბრეთა შემდგომი თაობები აღიქვამენ ამ ენობრივ ფორმას როგორც უფროსი თაობის სამეტყველო თავისებურებას.
3) რა ზომითაც მოცემული ქვეჯგუფის ღირებულებები აღიქმება სხვა ქვეჯგუფებში, ენობრივი ცვლილება მათშიც ვრცელდება.
4) თანდათანობით ცვლილების გავრცელების საზღვრები ენობრივი ერთობის საზღვრებს თანხვდება.
5) სიახლის გავლენით ახალ ყაიდაზე გადაეწყობა ამ ერთობაში მოქმედი ენის ფონოლოგიური სისტემა.7
6) სტრუქტურული გადაჯგუფება იწვევს ძველთან დაკავშირებულ ახალ ცვლილებებს და ციკლი მეორდება.
წინამდებარე კურსის ფარგლებში ამ მოვლენის უფრო დეტალური განხილვა არ მოხერხდება, რადგან ამისათვის საჭირო შეიქნება საკმაოდ რთული ლინგვისტური აპარატის მოხმობა. ძირითადი დასკვნის სახით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დიალექტების წარმოქმნა ხდება ენის შინაგანი სტრუქტურისა და მასში მოქმედ კავშირთა იერარქიის წყალობით. სხვადასხვა დიალექტური ფორმები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ განიხილება და სხვადასხვა სიტყვებს ხშირ შემთხვევაში საზიარო ისტორია აქვთ. დიალექტური ვარიაციების სოციალური დიფერენციაცია ენის განვითარებასა და საზოგადოებრივ ფუნქციონირებაში უკვე შემდგომი ეტაპია.
6.2.4. სისტემატური ცვალებადობა
კიდევ ერთი განზომილება, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ დიალექტის სოციალური აღწერისათვის, არის ცვალებადობის სისტემატური ხასიათი. წარსული ათწლეულების განმავლობაში დიალექტების შესწავლამ აღმოაჩინა ერთი მეტად საინტერესო გარემოება: დიალექტები ერთმანეთისგან იმით კი არ გამოირჩევა, რომ მათში კატეგორიულად გამოიყენება, ან არ გამოიყენება ესა თუ ის ფონეტიკური ან გრამატიკული ვარიანტი, არამედ ამ ვარიანტების ფარდობითი სიხშირით. მაგალითად, ემპირიულად მტკიცდება, რომ ცვალებადობა [in] და [ing] ისეთ სიტყვებში, როგორც, მაგალითად, swimmin' და swimming, გვხვდება ინგლისური ენის პრაქტიკულად ყველა დიალექტში, ხოლო სხვადასხვა დიალექტები გამოირჩევა ერთმანეთისაგან მხოლოდ ამ ვარიანტების ფარდობითი სიხშირით.
ის გარემოება, რომ ამგვარი ფლუქტუაციები ყველა ენის ყველა დიალექტში გვხვდება, არ ნიშნავს, რომ ისინი შემთხვევითია და მხოლოდ სტატისტიკურ განაწილებას ემორჩილება. მიუხედავად ამისა, წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ ვარიანტების ალბათობებს, ან, უფრო ზუსტად, ფარდობით სიხშირეებს დიალექტებში, რადგანაც მათზე მრავალი სხვადასხვანაირი ფაქტორი მოქმედებს. ამ ფაქტორების აღსანიშნავი ტექნიკური ტერმინია ცვალებადობის მაიძულებლები (constraints on variability). ეს ფაქტორები ორ ძირითად ტიპად იყოფა.
პირველ ტიპს შეადგენს სხვადასხვა სოციალური, ანუ გარეგანი ფაქტორები, რომლებიც სისტემატურად ზრდის ან ამცირებს ამა თუ იმ ვარიანტის ხვედრით ალბათობას. მაგალითად, სოციალური კლასისადმი მიკუთვნება სწორედ ასეთი ფაქტორია, რადგანაც უფრო სავარაუდოა, რომ მაღალი საზოგადოებრივი სტატუსის მქონე ადამიანმა წარმოთქვას -ing და არა -in', რომელიც, თავის მხრივ, დაბალი საზოადოებრივი მდგომარეობის მარკერად შეიძლება ჩაითვალოს.
მაგრამ ყველა ვარიაცია როდი შეიძლება აიხსნას სოციალური ხასიათის მოსაზრებათა უბრალო მოხმობით. არსებობს თვით ლინგვისტური სისტემის ასპექტები, რომლებიც შეიძლება გავაერთიანოთ და დავახასიათოთ როგორც ვარიაციის შინაგანი ფაქტორები.
6.3. სოციალური დიალექტი
უკვე ითქვა, რომ სოციოლინგვისტიკა შეიძლება მოკლედ განიმარტოს, როგორც ენის იმ ვარიაციულობის შესწავლა, რომელიც განპირობებულია საზოგადოებრივი სტრუქტურით. სოციალური ვარიანტები და სოციალური დიალექტები ენის ისეთი ქვესისტემებია, რომლებსაც იყენებენ ადამიანები თავიანთი სოციალური მდგომარეობის, განათლების, სქესის, ასაკის მიხედვით ერთსა და იმავე სიტუაციაში.
ცნობილია, რომ ნებისმიერ ენაში არსებობს სპეციალური საშუალებები, რომლებიც აღნიშნავს დიალოგის ერთ-ერთი მონაწილის სოციალურ მახასიათებლებს. მეტყველება, რომელიც შეიცავს ამ საშუალებებს, მიანიშნებს მსმენელს, თუ როგორ აღიქვამს მოსაუბრე ამ მახასიათებლებს და თუ მოსაუბრე არასწორ საშუალებებს იყენებს, ეს მის მიერ ნორმების განზრახულ ან უნებლიე დარღვევას ნიშნავს. მოსაუბრის ყველაზე გავრცელებული სოციალური მახასიათებელი მისი სქესია. მაგალითად, კოასატის ინდიელთა (ლუიზიანას შტატი) ენაში არსებობს რეგულარული ზმნური ფორმები ცალკე მამაკაცებისათვის და ქალებისათვის. ცნობილ ამერიკანისტს, ედვარდ სეპირს საინტერესო მაგალითი მოყავს: ნუტკას ტომის ინდიელების (კუნძული ვანკუვერი) ენაში არსებობს სპეციალური ენობრივი ფორმები, რომლებსაც იყენებენ, როცა ესაუბრებიან რაიმე დეფექტის მქონე ადამიანებს (მსუქნები, ძალიან მაღლები ან დაბლები, სუსტი მხედველობის ან სმენის მქონენი, კოჭლები, ცაციები და კასტრატები), ან ლაპარაკობენ ასეთ ადამიანებზე.
დიალექტური ვარიაციის ყველაზე გავრცელებული განამრტება ეკუთვნის რ. ი. მაკდევიდ უმცროსს. ამ მეცნიერის მიხედვით ეს ,,არის მოცემულ საზოგადოებაში მიღებული მეტყველების სუბვარიანტი, რომელიც გარკვეულ საზოგადოებრივ ძალთა მოქმედების წყალობით ახასიათებს გარკვეულ ეთნიკურ, რელიგიურ და ეკონომიკურ ჯგუფებს, ან განათლების გარკვეული დონისა და ტიპის მქონე ინდივიდთა ჯგუფებს”.8
ამ განმარტების ქვეშ ექცევა არა მხოლოდ საკუთრივ სოციალური, არამედ ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ენობრივი ვარიანტები. ამიტომ ბევრი მკვლევარი უფრო ვიწრო მნიშვნელობის ტერმინს იყენებს: social-class dialects (სოციალური კლასის დიალექტები).
თვით ტერმინი სოციოლექტი ლინგვისტიკაში შედარებით გვიან, XX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა. სოციოლექტს უწოდებენ ენობრივ თავისებურებათა ერთობლიობას, რომელიც რომელიმე სოციალურ ჯგუფს ახასიათებს. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს პროფესიული, წოდებრივი, ასაკობრივი და ა.შ., მაგრამ მის მიერ გამოყენებული ენა აუცილებლად უნდა შედიოდეს ეროვნული ენის რომელიმე ქვესისტემაში.
ჩვეულებრივ, საზოგადოების წევრები მეტყველების მიხედვით ადვილად არჩევენ მოსაუბრის სოციალურ მახასიათებლებს, ე.ი. ახდენენ მოსაუბრეთა კლასიფიკაციას.
სოციოლექტების განვითარება შეიძლება აიხსნას ისეთივე პარამეტრებით, როგორც ჩვეულებრივი დიალექტებისა, ე.ი. საზღვრებისა და მანძილების მეშვეობით. ოღონდ ორივე პარამეტრს ამ შემთხვევაში არა გეოგრაფიული, არამედ სოციალური საზრისი აქვს. ნეოლოგიზმის, ფონეტიკური ინოვაციის ან ახალი გრამატიკული ფორმის გავრცელებას შეიძლება ამუხრუჭებდეს კლასებს, თაობებს, რასებსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის არსებული საზღვრები. თუ რაიმე სიახლე მაღალ კლასებში წარმოიშვა, ყველაზე გვიან იგი დაბალი კლასის საზღვრებს აღწევს, ხოლო ,,ქვემოთ” წარმოშობილმა ენობრივმა ფორმამ შეიძლება სულაც ვერ ააღწიოს ,,ზევით” - ეს სოციალური მანძილია.
ყველაზე ადვილია იმ საზოგადოებებში გავრცელებული სოციოლექტების შესწავლა, რომლებშიც სტრატიფიკაცია ერთხელ და სამუდამოდ ფიქსირებულია. საქმე კასტურ საზოგადოებებს ეხება. პ. ტრადგილის ნაშრომში მოტანილი ცხრილიდან ჩანს, რომ სოციალური ვარიაციები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ტერიტორიული:9
|
ბრახმანები |
არაბრახმანები |
||
|
დჰარვარი |
ბანგალორი |
დჰარვარი |
ბანგალორი |
ინფინიტივის |
-likke |
-ok |
-ak |
-ak |
მიმღეობის |
-o |
-o |
-a |
-a |
ზმნა |
kut |
kut |
kunt |
kunt |
დასავლური ცივილიზაციის ქვეყნებში სოციალური სტრატიფიკაცია უფრო მოძრავი და ნაკლებად გარკვეულია, სოციალურ კლასებს შორის საზღვრები უფრო წაშლილია და არსებობს ,,ვერტიკალური მობილობა”, ანუ საზოგადოებრივ კიბეზე ზევით-ქვევით მოძრაობის შესაძლებლობა. ეს სოციოლინგვისტთა ამოცანას საგრძნობლად ართულებს.
ენობრივი ვარიაციულობის დონე უკუპროპორციულია სოციალური სტატუსისა: რაც უფრო მაღალია სტატუსი, მით ნაკლები ვარიანტები მოიპოვება შესაბამის სუბვარიაციაში.
სოციალური დიალექტების აღწერა ძნელია. ტრადიციული საველე, «სოფლური» მეთოდიკა აქ არ მოქმედებს. ქალაქის დიალექტოლოგიამ რამდენიმე საკუთარი მეთოდი შეიმუშავა. XX საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლებიდან მოყოლებული ამ დარგმა ინტენსიური განვითარება დაიწყო უპირველეს ყოვლისა უილიამ ლაბოვის (აშშ) და პიტერ ტრადგილის (დიდი ბრიტანეთი) შრომების წყალობით.
თავისთავად სოციოლექტები არ წარმოადგენს კომუნიკაციის მთლიან სისტემებს. ევროპულ ენებში ეს მხოლოდ ენის თავისებურებებია - სიტყვები, სიტყვათა შეთანხმებები, სინტაქსური კონსტრუქციები. როგორც ვნახეთ, კასტურ საზოგადოებებში სოციოლექტები უფრო უახლოვდება კომუნიკაციის მთლიან და თვითკმარ სისტემას, რადგანაც მისი თავისებურება მორფოლოგიის დონეზეც მჟღავნდება, მაგრამ ეს გარემოებაც მთლიანადაა განპირობებული კასტური საზოგადოების განსაკუთრებული სტრუქტურით.10 ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა საკმაო მეცნიერული საფუძველი აქვს ინგლისელი ენათმეცნიერის გ. ბ. ჰიუიტის უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველოში მეგრულ და სვანურ ენებს პრესასა და ტელევიზიაში ქართული ენის სოციალურ დიალექტებად მოიხსენიებენ.11
სოციოლექტის ერთ-ერთი მაგალითია ქართული ახალგაზრდული ჟარგონი. ბუნებრივია, რომ მისი შემადგენლობა წლიდან წლამდე, უფრო ზუსტად კი, თაობიდან თაობამდე იცვლება, მაგრამ მაინც საყოველთაოდაა ცნობილი სიტყვები: ,,ბაითი” (სახლი), ,,თოხლი” (საჭმელი), ,,ასწორებს” (სიამოვნებას ანიჭებს), ,,ტეხავს” (უსიამოვნებას ანიჭებს, ხასიათს აფუჭებს), ,,მაგარი” (კარგი, ხარისხიანი), ,,დაიადა” (მოიპოვა, მიიღო), ,,დააწერა” (წაართვა) და სხვა მრავალი. ზოგი ამ სიტყვათაგანი ნასესხებია სხვა ენიდან, ზოგიც მეტონიმიის12 საშუალებითაა ნაწარმოები, მაგრამ ეს სიტყვები სტანდარტული ქართული ენის მოთხოვნათა შესაბამისად იბრუნვის ან იუღლება, მათი წინადადებებში გაერთიანება ზოგადი ენობრივი მოდელების თანახმად ხდება. ის ლექსიკა, რომელიც სოციალური ჯგუფისათვის დამახასიათებელ რეალიებს არ აღნიშნავს სოციოლექტსა და სტანდარტულ ენას საერთო აქვს.
____________________
1 Sdr. Gilliéron, Atlas linguistique de la France, 13 vols. Champion, Paris 1902-10
2 Sdr. Алпатов В. М. Проблемы двуязычия и языков национальных меньшинств//Речевое общение в условиях яыковой неоднородности, М., 2000, стр. 53-57.
3 თანამედროვე ტერმინოლოგიის თანახმად, ამ ტომს ახლა ბივატს ეძახიან.
4 Sdr. Mead, M. Sex and temperament in three primitive societes, NY 1935.
5 Sdr. Яхонтов, С. Е. Оценка степени близости родственных языков // Теоретические основы классификации языков мира. М., 1980, стр. 34-75.
6 Sdr. Wurm, S. Language Death and Disappearance, in Endangered Languages, NY 1991, pp. 1-17.
7 მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა ხშირად გვესმის რეალურ ქართულ მეტყველებაში ბგერა [f].
8 McDavid, R. I., The Relationship of the speech of Negroes to the speech of Whites, in Black-White Speech Relationships, Washington DC: Center for Applied Linguistics, 1971, p. 18.
9 Sdr. Trugdill, P. Sociolinguistics: An introduction to language and Society, Penguin, London 1983, p. 141.
10 იმ საზოგადოებაში, სადაც სოციალური საზღვრები შედარებით გამჭვირვალეა, სხვადასხვა კლასების წარმომადგენლებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება აქვთ და ერთმანეთის ენის გამოყენებას არანაირი ტაბუ არ უკრძალავს. ამიტომაც სოციოლექტი ვერ ვითარდება სრულყოფილ კომუნიკაციურ სისტემამდე. კასტურ საზოგადოებაში კასტები ძლიერად იზოლირებულ სოციალურ ჯგუფებს წარმოადგენს, ამიტომაც საზოგადოებრივი ტაბუირების ძლიერი სისტემის გამო კასტების ენები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ვითარდება და ვარიაციის რანგი და სიღრმე გაცილებით უფრო დიდია და ენის მთელ სტრუქტურაზე მჟღავნდება.
11 Sdr. Hewitt G. B., Aspects of Language Planning in Georgia, in Language Planning in the Soviet Union, London 1989.
12 მეტონიმია - ზოგადად შეიძლება განიმარტოს, როგორც ერთი სიტყვის ან გამოთქმის მნიშვნელობის გადატანა მეორე სიტყვაზე ან გამოთქმაზე. მეტონიმიის კერძო მაგალითია მეტაფორა.
![]() |
7 თემა 7. გენდერი როგორც სოციოლინგვისტური ცვლადი |
▲ზევით დაბრუნება |
7.1. ტერმინის განმარტება: სოციოლინგვისტური გენდერული გამოკვლევის მიზნები.
გენდერისა და სქესის სოციოლინგვისტური გამოკვლევები 1970-იანი წლებიდან დაიწყო. ძირითადი ყურადღება კვლევის ორ მიმართულებას ექცევა: მამაკაცებისა და ქალების სამეტყველო ქცევას ფონოლოგიურ დონეზე და საურთიერთო ქცევა (საუბრის სტილი) ქალებსა და მამაკაცებს შორის დისკურსული თვალსაზრისით.
გენდერული მიმართულების სოციოლინგვისტური კვლევა ხშირად წინააღმდეგობრივია, რადგან ძლიერადაა დამოკიდებული ავტორის შინაგან შეხედულებებზე გენდერისა და სქესის შესახებ, შერჩეულ მეთოდოლოგიაზე, გამოყენებულ მაგალითებზე და ა.შ.
გამოქვეყნებულ ნაშრომებში წამოყენებულია მრავალი ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულება. მაგალითად, ზოგი სტანდარტულ ენას მიაკუთვნებს ელიტას, ანუ საშუალო კლასის მამაკაცებს, სხვები კი სტანდარტულ ენას ქალებს მიაკუთვნებენ, ხოლო სასაუბრო სტილს - მამაკაცებს. ამიტომ გენდერული პრობლემებისადმი მიძღვნილი სოციოლინგვისტური ლიტერატურის მიმართ აუცილებელია კრიტიკული მიდგომის შემუშავება.
აუცილებელი განმარტებები:
გენდერი და სქესი: ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორც ,,ბიოლოგიურ ან ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის”, მაშინ როცა გენდერი გულისხმობს ,,მამრთა და მდედრთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს”.1 ამ შემთხვევაში არ განვიხილავთ იმ სიძნელეებს, რომლებიც მოჰყვება სქესის ასეთი ცალსახა განმარტების უკრიტიკოდ მიღებას (თვით გიდენსს კარგად აქვს შეგნებული ეს სიძნელეები), რადგანაც ორ ტერმინს შორის სხვაობის გასაგებად ამგვარი მიახლოება სრულიად საკმარისია.
მაგრამ სოციოლინგვისტურ დონეზე გადასასვლელად აუცილებელია უფრო დიფერენცირებული განმარტებები. მართლაც, ახლო განხილვისას წამოიჭრება რამდენიმე სრულიად ფუნდამენტური ხასიათის შეკითხვა: ყველა ბიოლოგიური მდედრი ავითარებს თუ არა საკუთარ თავში მდედრობითი გენდერის დამახასიათებელ თვისებებს? როგორ უნდა ავხსნათ ქალებს შორის არსებული განსხვავებები? რომელი სხვა სოციოლოგიური კატეგორიები არის გასათვალისწინებელი? სოციოლოგიურ პერსპექტივაში როგორც სექსი, ასევე გენდერი განიხილება სოციალურად განვითარებულ სტატუსებად. ამასთან, სქესი მიჩნეულია კონტინუუმად, რომელიც შედგენილია ქრომოსომული, გონადური და ჰორმონული სქესისაგან, რომელთაგან თითოეული მოქმედებს გარემო ფაქტორთა ჯგუფის გავლენის ქვეშ. ყოველივე ზემოთქმული შეეხება სქესისა და გენდერის უნიტარულ მოდელს.
რ. ქონელმა 1993 წელს შემოიღო არაუნიტარული მოდელი: როგორც მასკულინობა, ასევე ფემინურობა იცვლება, მათი კონტექსტზე დამოკიდებული ვარიაციებისა და მრავალფეროვნების ახსნა კი გენდერული ფსიქოლოგიის საქმეა.2 ამავე დროს, ქონელის თანახმად, რადგანაც მასკულინობა და ფემინურობა ერთ პიროვნებაში თანაარსებობს სხვადასხვა წილით, მათი პოლარულად დაპირისპირებულ თვისებებად განხილვა მართებული არ იქნებოდა. უფრო სწორია, ვიფიქროთ, რომ ეს ორი განცალკევებული განზომილებაა: ,,ფემინურობა და მასკულინობა არსს არ წარმოადგენს, ეს გარკვეული ურთიერთობების განცდის ორი სხვადასხვა გზაა”.3
უფრო მეტიც, ლევონტენის მიერ მოცემული განმარტების თანახმად, პიროვნების გენდერული იდენტიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, ,,თუ რა იარლიყი მიაკერეს პიროვნებას მის ბავშვობაში... აქედან გამომდინარე, ბიოლოგიური განსხვავებები უფრო სიგნალია და არა მიზეზი შემდგომში გარკვეული სოციალური როლის მისაღებად”.4
სოციოლინგვისტური ცვლადები: თავიდან მოვიყვანოთ უარდჰოუს მიერ შემოთავაზებული განმარტება ლინგვისტური ცვლადისათვის, რომელიც არანაირად არ ითვალისწინებს გარემომცველ კონტექსტს: ,,ლინგვისტური ცვლადი ლინგვისტური ერთეულია, რომელსაც აქვს ვარიანტები, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია”.5 ამგვარი ვარიანტები შეიძლება თვისობრივად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან (მაგალითად გარკვეული თანხმოვნის წარმოთქმა ან არწარმოთქმა), ან რაოდენობრივად (ერთი და იგივე ხმოვნის სხვადასხვა ხანგრძლიობა). როდესაც შემდეგ ამ ვარიანტების კორელირება ხდება სხვადასხვა სოციალურ მახასიათებლებთან, მაგალითად, სქესთან, ასაკთან და სხვა, ლინგვისტური ცვლადი იქცევა სოციოლინგვისტურ ცვლადად.
ესე იგი სოციოლინგვისტური ცვლადი ეს არის რომელიმე ლინგვისტური ცვლადი, რომლის მსჯელობაში შეყვანა ხდება ამა თუ იმ სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით.
7.2. სოციოლინგვისტური გენდერული კვლევების უმთავრესი პარადიგმები
7.2.1. საკითხის მოკლე ისტორია
გენდერულად განპირობებული ენობრივი ვარიაციების შესწავლა დაიწყო 1960-იანი წლებიდან უილიამ ლაბოვის სოციოფონოლოგიური მიმოხილვებით. ამ შრომებში ლაბოვი სქესსა და გენდერს განიხილავს ენობრივი ვარიაციების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად. სოციოფონოლოგიური ვარიაციების ასახსნელად ლაბოვი იყენებს ,,პრესტიჟის” სოციოლოგიურ კონცეფციას.
შემდგომ ათწლეულებში სოციოფონოლოგიურ კვლევებში ლაბოვის მიერ დადგენლი პრინციპები გამოიყენებოდა. ერთ-ერთი პირველი კრიტიკული მიდგომა ამ ტრადიციის მიმართ 1976 წელს გამოქვეყნებული ნიკოლსის გამოკვლევაა, რომელშიც დასახული იყო ახალი გზები როგორც მეთოდოლოგიური, ასევე თეორიული განვითარებისათვის.6 ნიკოლსი დაუპირისპირდა ქალების უნიტარულ მოდელს, ის ამტკიცებდა, რომ ქალები გადაწყვეტილებას იღებენ და არჩევანს აკეთებენ გარკვეული სოციალური სტრუქტურის ფარგლებში, და არა მათი ქალური მდგომარეობის ზოგადი მოსაზრებების თანახმად. მანვე გააპროტესტა მიღებული პრაქტიკა, რომელიც ქალის სოციოეკონომიკურ სტატუსს მისი ქმრის მონაცემთა საფუძველზე ადგენდა.
თვისობრივად ახალი მიდგომა ეტყობა ლესლი და ჯეიმს მილროების მიერ 1980-იან წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომებს.7 ეს მეცნიერები თავიანთ მეთოდს აგებენ ენის გამოყენებისადმი მიკროსოციოლოგიურ მიდგომაზე, ფართოდ იყენებენ ახალ მიმართულებებს: დისკურსის ანალიზს, მეტყველების ეთნოგრაფიას და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონტექსტისადმი ყურადღებას.
7.2.2. უილიამ ლაბოვის ტრადიცია
ლაბოვი პირველი იყო იმათგან, ვინც აღნიშნა სქესისა და გენდერის, როგორც სოციალური ცვლადის მნიშვნელობა. აუცილებელი ინფორმაციის შესაგროვებლად ლაბოვმა პირველმა გამოიყენა სოციოლინგვისტური ინტერვიუ, რომელიც საგანგებოდ იყო აწყობილი მეტყველების სხვადასხვა სტილის გამოსავლენად. მისი ანალიზის შედეგად ფონოლოგიური ცვლადები განაწილდა სქესის, გენდერის, ასაკის, სოციოეკონომიკური სტატუსისა და სიტუაციური კონტექსტის მიხედვით.
ლაბოვმა ყურადღება მიაქცია ადამიანის სამეტყველო ქცევის ორ მახასიათებელს: ა) ყველა სოციალური კლასისა და ასაკის ქალები უფრო სტანდარტულ ენობრივ ვარიანტებს იყენებენ, ვიდრე მათი ეკვივალენტური მამაკაცები. სტანდარტად, ჩვეულებრივ, სტანდარტად მიჩნეული ენის ელიტარული ვარიანტი, ხოლო მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისათვის ამ სტანდარტისაგან გადახრა განსაზღვრავს ენობრივი დევიაციის ხარისხს. ბ) დაბალი საშუალო კლასის წარმომადგენელთა მეტყველება ამჟღავნებს ,,ჰიპერკორექტულობისაკენ” მიდრეკილებას. ეს ადამიანები სოციალური პრესტიჟის მოსაპოვებლად ბაძავენ საშუალო კლასის წარმომადგენლებს, რომელთა ენა, ჩვეულებრივ, უფრო ახლოსაა სტანდარტთან. მაგრამ დაბალი სოციალური კლასის მეტყველება მიბაძვის პროცესში გარკვეული კონტექსტის ცვლილებას სხვა კონტექსტზეც ავრცელებს, რაც ენობრივ ვარიაციებს უწყობს ხელს. თუ აქ პირველ მახასიათებელს გავიხსენებთ, ქალები ამ ჰიპერკორექტულ მეტყველებას უკეთესად ითვისებენ და ბავშვების აღზრდისას მათ გადასცემენ, რის შედეგად ახალი თაობისათვის ენობრივი ვარიაცია უკვე ბუნებრივად იქცევა.
ლაბოვის ადრეულ ნაშრომებში უკვე იგრძნობა, რომ ავტორი არ კმაყოფილდება მოვლენების უბრალო აღწერით და ცდილობს ენობრივი ვარიაციების მიზეზთა ახსნას. ამ მიზნით, იგი სოციოლოგიურ ცნებებს იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი ცნებაა ჯგუფის თვითიდენტიფიკაცია, რომელიც ენობრივი რეალობის სოციალურ განაწილებასთან (მაგალითად, ზოგიერთი ვარიაციის განსაკუთრებული პრესტიჟულობასთან) კავშირში გავლენას ახდენს ამა თუ იმ სამეტყველო ქცევის არჩევაზე. ამგვარად, ჯგუფის სტატუსი და მისი განსაკუთრებული ენა ძირითადი სოციოლინგვისტური საკითხია.
დაბალი საშუალო კლასის ქალები ბაძავენ საშუალო კლასის ადამიანებს უკეთესი სოციალური პოზიციის შესაძენად, თვით საშუალო კლასის ფარგლებში ადგილის დასამკვიდრებლად. ენობრივი არასაიმედოობის შეგრძნება, რომელიც მუდამ თანსდევს დაბალი საშუალო კლასის წარმომადგენლებს, ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ლაბოვი ამტკიცებს, რომ ,,ენობრივი არასაიმედოობის ინდექსი აპირობებს იმ შემთხვევათა პროპორციას, რომლებშიც ადამიანები ასხვავებენ საკუთარ საუბარსა და იმ მეტყველებას, რომელიც კორექტულია”.8
რაც შეეხება საკუთრივ გენდერულ ასპექტებს, ლაბოვმა თავის ადრეულ გამოკვლევებში საკუთარი თავი შემოფარგლა ენობრივ ვარიაციებზე გენდერისა და სქესის გავლენის განსაზღვრით, მაგრამ არ უცდია გამოერკვია ამ გავლენის მიზეზები. შემდეგ ლაბოვმა გამოთქვა აზრი, რომ ქალის განსაკუთრებული მგრძნობელობა პრესტიჟის საკითხებისადმი გამოწვეულია მისი საზოგადოებრივი როლის სპეციფიკით. კერძოდ, ირანსა და ინდოეთში, სადაც ქალები არ მონაწილეობენ საჯარო დისკურსში, მათი მიდრეკილება უფრო სტანდარტული მეტყველების გამოყენებისაკენ ნალკებად შესამჩნევია.
1990-იან წლებში ლაბოვი შეეცადა ორი ერთგვარად შეუთავსებელი შეკითხვის შერიგებას: 1) რატომ იყენებენ მამაკაცები უფრო არასტანდარტულ ვარიაციას? 2) რატომ მართავენ ქალები ენის ცვლილებას?
ისევე, როგორც წინათ, ლაბოვმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ბავშვების აღზრდის მომენტსა და ამ მხრივ ქალების გადამწყვეტ დანიშნულებას. აქ მთავარია ეგრეთ წოდებული ,,საქმიანობითი როლებისა” და გენდერული ასპექტის კორელაცია. ქალები თავიან მოვალეობად მიიჩნევენ შვილების აღზრდას იმგვარად, რომ გაუხსნან მათ სოციალური სტატუსის ამაღლების პერსპექტივა. ლაბოვის დასკვნებით მხოლოდ კლასობრივი და გენდერული ასპექტების ერთდროული გათვალისწინება იძლევა საშუალებას ენის ზოგიერთი ფონოლოგიური და გრამატიკული ვარიაციის ასახსნელად. მაგრამ ლაბოვის საბოლოო დასკვნები, მიუხედავად ავტორის დიდი მეთოდოლოგიური მიღწევებისა და შემდგომი განვითარებისათვის მეტად ნაყოფიერი იდეებისა, ვერ გასცილდა რიტორიკულ განზოგადებათა დონეს. მაგალითად, ლაბოვის აზრით, ქალები იმიტომ ცდილობენ სიმბოლური კაპიტალის უფრო ინტენსიურ დაუფლებას, რომ მამაკაცებთან შედარებით ნაკლები მატერიალური ძალაუფლება აქვთ.
__________________
1 Sdr. Giddens, A. New Rules of Sociological Method, Hutchinson, London 1976, p. 161.
2 Sdr. Connel, R. W., Gender and Power: Society, the Person and Sexual Politics. Polity Press, Oxford 1993, pp. 23-37.
3 Ibid. p. 43.
4 Lewontin, R., Human Diversity. Free
5 Wardhaugh, R. An Introduction to Sociolinguistics, Oxford: Blackwells 1992, p. 121.
6 Sdr. Nichols, P. C., Linguistic Options and Choices for Black Women in the RuRal South, in Language, Gender and Society, Newbury House, Cambridge 1983 (=1976), pp. 54-68.
7 მაგალითად, Milroy J. and Milroy L. Regional Accents of English: Belfast, Blacstaff, Belfast 1981; Id. Sociolinguistic Methodology and the Identification of speakers' Voices in Legal Proceedings, in Applied Linguistics, Academic Press, London 1983, pp.51-72.
8 Labov, W., Op. cit. p. 131.
![]() |
8 თემა 8. ასაკი როგორც სოციოლინგვისტური ცვლადი |
▲ზევით დაბრუნება |
ასაკის მომატება, ხანში შესვლა (aging) გადამწყვეტი პროცესია ადამიანური გამოცდილებისათვის, იგი ნიშნავს ფიზიკური და სოციალური უნარ-ჩვევების შეძენას, ინდივიდის მიერ გარე სამყაროს ცხოვრებაში მონაწილეობის მუდმივ განვითარებას, პირადი ისტორიის კონსტრუირებასა და საზოგადოებრივი ისტორიის წიაღში მოძრაობას. თუ ხანში შესვლა ინდივიდის დროში მოძრაობაა, თვით მოცემული ასაკი (age) არის მისი ადგილი დროსა და ისტორიაში მოვლენათა სოციალურ თანრიგთან მიმართებით. ყოველივე ზემოთქმულის გამო ასაკის როგორც დინამიური ასევე სტატიური ასპექტები უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ინდივიდის ცხოვრებისათვის, არამედ ინდივიდთა ჯგუფების სოციოლოგიური აღწერისას.
სოციოლინგვისტიკის თვალსაზრისით ასაკის დინამიური ასპექტი დაკავშირებულია ენის ისტორიულ ცვლილებასთან, ხოლო სტატიური ასპექტი - პიროვნების მეტყველების ასაკობრივ გრადაციებთან.
8.1. მოჩვენებითი და რეალური დრო
ენობრივი ვარაციების სოციოლოგიური შესწავლა ხშირად გვაჩვენებს, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მეტყველების კონსერვატიულობა. მოჩვენებით დროში ჩატარებულ კვლევას ვუწოდებთ ისეთ კვლევას, როდესაც დროის რომელიმე მომენტში ემპირიულ მონაცემებში შეგვყავს სხვადასხვა ასაკის ადამიანები და ენის დროითი ვარიაციის შესახებ დასკვნები გამოგვაქვს ერთდროულად მცხოვრები სხვადასხვა ადამიანების მეტყველებაზე დაკვირვების საფუძველზე. ამის საპირისპიროდ, რეალურ დროში ჩატარებული კვლევა ეყრდნობა ისეთ ემპირიულ მონაცემებს, რომლებიც ამა თუ იმ ხერხით აღებულია დროის შესაბამისი პერიოდებიდან.
თუ მხოლოდ მოჩვენებით, ფარდობით დროში განაწილებულ მონაცემებს გამოვიყენებთ, ვერ დავადგენთ, საზოგადოებაში არსებული ენობრივი ნიმუშები იცვლება წლების განმავლობაში, ენაზე მეტყველნი ხდებიან უფრო კონსერვატიულები ასაკის ზრდასთან ერთად, თუ ორივე ეს მოვლენა პარალელურად ხდება. ამ გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოვიყენოთ რეალურ დროში მიღებული ემპირიული მონაცემები.
რეალური დროის მონაცემთა ვარგისიანობა და მათი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეიძლება სხვადასხვა პერიოდში მიღებული მაგალითების ერთმანეთთან შედარება, რამდენად ახლოს არიან ერთმანეთთან მონაცემთა ბაზაში შესული სოციალური ჯგუფები, ან თითოეულ სოციალურ ჯგუფში აღებული ცალკეული პიროვნებები.
8.2. ასაკისადმი მიდგომა
ყოველგვარ კვლევაში აღინიშნება ენაზე მეტყველთა ქრონოლოგიური ასაკი. დასავლეთის შემთხვევაში ქრონოლოგიური ასაკი მეტ-ნაკლებად ემთხვევა სოციალურ ასაკს, რადგანაც საზოგადოებაში ინტეგრირების ტემპები დასავლეთის ყველა ქვეყნისათვის საერთოა, სოციოლოგები კი ამ ფაქტორებს ავტომატურად ითვალისწინებენ. მაგრამ ამგვარი მიმართება არაა საყოველთაოდ მიღებული. ბევრ ქვეყანაში ქრონოლოგიური ასაკი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რა სოციალური ასაკი აქვს ამა თუ იმ ინდივიდს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 18 წლის პერუელი ქალი სოციალური თვალსაზრისით გაცილებით უფრო ასაკოვანია მის გერმანელ თანატოლზე.
ეს გარემოება არა მხოლოდ სივრცეში მჟღავნდება, არამედ დროში. ასაკის შესახებ შეხედულებები შესამჩნევად იცვლება ისტორიის მანძილზე. მაგალითად, შუა საუკუნეებში ბავშვები სოციუმის მიერ აღქმულნი იყვნენ როგორც პატარა და უუნარო მოზრდილები.
იმის გამო, რომ ასაკის დიფერენცირება ძლიერად არის დამოკიდებული საზოგადოების ტიპზე, საკმაოდ ძნელია მისი რაციონალური პერიოდიზაციის დადგენა. უმეტეს შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებისეულ ციკლს ყოფენ შემდეგ პერიოდებად: ბავშვი, მოზარდი, მოზრდილი. ყოველი პერიოდის ზუსტი ქრონოლოგიური საზღვრები მნიშვნელოვნად მერყეობს საზოგადოების ტიპიდან გამომდინარე.
საზოგადოებაში არსებობს ასაკობრივი განვითარების გარკვეული ინსტიტუციური (სკოლის ასაკი, სრულწლოვანება, საპენსიო ასაკი) და ტრადიციული (ცხოვრების ათწლეულებად დაყოფა, ოქროს, ვერცხლის ასაკი) მარკერები. გარდა ამისა არსებობს ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების ციკლის ისეთი ეტაპები, რომლებიც ნაკლებადაა დაკავშირებული ქრონოლოგიურ ასაკთან: მაგალითად, ქორწინება, პირველი შვილი და ა.შ. ასაკის გრადაციებში შედის აგრეთვე ფიზიოლოგიური მარკერები: სარძევე კბილების მოცვლა, მენსტრუალური ციკლის დასაწყისი და ა.შ.
მიუხედავად იმისა, რომ ქრონოლოგიური ასაკის კავშირი ბიოლოგიურ და სოციალურ ასაკთან, როგორც ვნახეთ, საკმაოდ პირობითია, ინდუსტრიულ საზოგადოებებში მას მაინც მიენიჭება უპირატესობა. რაც უფრო განვითარებულია საზოგადოება ტექნოლოგიური თვალსაზრისით, მით უფრო მეტი სოციალური საზრისი ენიჭება წლების რაოდენობით გამოხატულ ასაკს. დაბალ ტექნოლოგიურ საფეხურზე მყოფი საზოგადოებები ცხოვრებისეული ციკლის პერიოდიზაციის აღსანიშნავად უფრო იყენებენ ფიზიოლოგიურ მარკერებს, რომლებიც გადამწყვეტია, მაგალითად, ინიციაციის ასაკის დასადგენად, რაც პიროვნების სოციუმში ინტეგრაციისათვის უმნიშვნელოვანეს საფეხურს წარმოადგენს.
ასაკი სხვა სოციალურ ცვლადებთანაც ურთიერთობს. მაგალითად, ცხადია, რომ ქალებისა და მამაკაცების ასაკის პერიოდიზაცია განსხვავდება ერთმანეთისაგან, თან ეს განსხვავება მით უფრო მცირეა, რაც უფრო მაღალია საზოგადოების ტექნოლოგიური დონე.
8.3. ადამიანის სასიცოცხლო ციკლი
ასაკობრივი პერიოდების გამოკვლევა სოციოლინგვისტიკის მხრივ არათანაბარია: გაცილებით უკეთესადაა შესწავლილი ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკი.
8.3.1. ბავშვობა
ადრეული ბავშვობის ასაკში ენობრივი ვარიაციების რაოდენობრივი შესწავლა დიდ ისტორიას არ ითვლის.
უნდა ვაღიაროთ, რომ ადრეულ ასაკში მოზრდილები არ არიან ბავშვებისათვის ძირითადი ენობრივი ნიმუშები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანატოლებთან და უფროს მეგობრებთან ურთიერთობას, რომლის დროსაც ბავშვები იძენენ სოციალური მონაწილეობის უნარ-ჩვევებს. ასევე საინტერესოა ბავშვების არჩევითი ორიენტაცია თანატოლების და უფროსების მიმართ, როდესაც გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური კლასისადმი მიკუთვნება.
8.3.2. მოზარდობის ასაკი
მოზარდობის ასაკი, როგორც ასეთი, დამახასიათებელია ინდუსტრიული საზოგადოებისათვის და ახალი დროის ისტორიისათვის. სოციოლინგვისტიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოზარდები, ანუ პირები, რომლებიც ემზადებიან მოზრდილის სოციალური როლისათვის, რეალურად უარყოფენ მოზრდილებად გახდომას. ეს უცნაური გარემოება მკაფიოდ ეტყობა იმ ენობრივ ნიმუშებს, რომლებსაც მოზარდები მისდევენ.
8.3.3. მოზრდილობის ასაკი
თუ მოზარდობის ასაკში გვაქვს ენობრივი ვარიაციების საკმაოდ სწრაფად ცვლადი და თაობათა განმავლობაში ძლიერად არასტაბილური სურათი, მოზრდილობის ასაკში ხდება ენობრივი ქცევის სტაბილიზაცია და მის ძირითად ორიენტაციად უფრო კონსერვატიული ნიმუშები შეირჩევა. გარკვეული აზრით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამგვარი ვითარების მიზეზია სამუშაო ადგილების უმრავლესობაზე ენობრივი სტანდარტის პრიორიტეტი.
თუმცა ენობრივი კონსერვატიზმი მოზრდილი ასაკისათვის მიკუთვნებული ძირითადი მახასიათებელია, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ამგვარი მდგომარეობა უნივერსალურია. თუ, მაგალითად, საზოგადოება ასაკთან ერთად ადამიანს სოციალური არჩევანის სულ უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს, მაშინ მისი ენობრივი ქცევაც დროთა განმავლობაში ნაკლებ ნორმატიული ხდება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ ასაკოვანი ადამიანები ,,უბრუნდებიან” მშობლიურ დიალექტებს და მათი მეტყველების ჯერ ფონოლოგია, შემდეგ კი მორფოლოგია, სოციალური როლის ნაკლები აქტიურობის გამო, სულ უფრო შორდება საყოველთაო ენობრივ სტანდარტს.
![]() |
9 თემა 9. ზეპირი და წერითი მეტყველება |
▲ზევით დაბრუნება |
9.1. შესავალი
XX საუკუნის შუა წლებამდე მკვლევრები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ სამეტყველო და სამწერლობო ენას შორის არსებულ განსხვავებებს. ეს პრობლემა წარმოიქმნა ისტორიული დოკუმენტების სტილისტური ანალიზისა და აზრობრივი ინტერპრეტაციის სანდოობის შემოწმების აუცილებლობის მიზეზით.
1980-იანი წლებიდან კვლევა კიდევ უფრო დაკვირვებული გახდა და გათვალისწინებულ იქნა წერა-კითხვის გავრცელების გავლენა როგორც მთლიანად საზოგადოებაზე, ასევე კონკრეტულად საზოგადოების წევრთა ენობრივი ქცევის სტანდარტზე.
დიდი ხნის განმავლობაში ენათმეცნიერებაში გავრცელებული იყო კამათი წერითი და ზეპირი მეტყველების პირველადობის შესახებ. ზეპირი მეტყველების პირველადობის გარეგნულად ცხადი თვალსაზრისი დამტკიცებას საჭიროებს.
9.2. ძირითადი პარადიგმები და მათი კრიტიკა
ბევრი ლინგვისტური ნაშრომი წერა-კითხვის სოციალური როლის შესახებ დაკავშირებულია სამეტყველო და სამწერლობო ენას შორის განსხვავებებთან. ამერიკელი მკვლევარი ჰოლიდეი იყენებს ევოლუციურ და ფუნქციურ არგუმენტებს იმ აზრის მხარდასაჭერად, რომლის თანახმად ეს ორი ენა ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან.1 სამწერლობო ენა, ამბობს ის, სამეტყველოსაგან განსხვავებული გზით ვითარდება, რადგანაც იგი სულ სხვა ფუნქციებს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მკვლევრები ეთანხმებიან ჰოლიდეის მის ძირითად თვალსაზრისში, ისინი მაინც ეჭვის თვალით უყურებენ მის კონცენტრაციას ევოლუციასა და ფუნქციონალიზმზე. ევოლუციონიზმს, მაგალითად, მისი ზედმეტი მჭვრეტელობისათვის აკრიტიკებენ და იმისათვისაც, რომ იგი რეალური ისტორიული დროისაგან განყენებულია. მართლაც, ევოლუციონიზმს ორი ძირითადი ნაკლი აქვს. ჯერ ერთი, მის შესამოწმებლად საჭიროა უფრო მეტის ცოდნა წარსული დროის შესახებ, რომლის მიღებაც შეუძლებელია, განსაკუთრებით ზეპირი მეტყველების მხრივ. მეორე ნაკლი ის არის, რომ ყოველგვარი ევოლუციონისტური თეორია გლობალურია, იგი, ჩვეულებრივ, ვერ ხსნის, თუ რატომ მოხდა, მაგალითად, ენის კონკრეტული ცვლილება გარკვეულ დროსა და ადგილზე.
დ. ტანენმა2 ფუნქციონალიზმთან შედარებით უფრო დახვეწილი მეთოდი შეიმუშავა სამეტყველო და სამწერლობო ენას შორის განსხვავებების ასახსნელად. ამ მეთოდის თანახმად, ,,განვითარების” უფრო დიდი წილი ზეპირ მეტყველებაში შეინიშნება, მაშინ როცა სამწერლობო ენა უფრო კონსერვატიულია. იმის გამო, რომ ინფორმაციის გადაცემის წერითი არხი მოკლებულია პარალინგვისტურ ელემენტებს,3 მის ფარგლებში კოდირება მხოლოდ ლექსიკური და სინტაქსური სახსრებით წარმოებს. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ ეთნოგრაფმა ბენიემ გამოთქვა აზრი, რომ სამწერლობო ენაც საკმაო პარალინგვისტურ ელემენტს შეიცავს, რომელიც ჟესტიკულაციისა და სახის გამომეტყველების მსგავსია.4 სამწერლობო ენაში ეს არის კალიგრაფიის არჩევა, მელნის ფერი, შრიფტი, აკინძვის ხერხი და ხარისხი და ა.შ. ამერიკელი მკვლევარი მ. მაკოლეი ამტკიცებდა, რომ წერილობითი ენა არ არის აუცილებლად ზეპირ მეტყველებაზე მეტად გასაგები და ცხადი, რადგანაც მთავარი არა გრამატიკულ-რიტორიკული კავშირებია, არამედ დამოკიდებულება რეფერენციასა და გამოცდილებას შორის.5
9.3. წერა-კითხვის ცოდნა: პრაქტიკული შედეგები
კლასიკური მიდგომა წერითი და ზეპირი მეტყველების შესწავლისადმი გამოირჩევა უბრალო დიქოტომიით წერილობითსა და ზეპირ მეტყველებას შორის. ეს თვალსაზრისი ემყარება იმ პრინციპს, რომლის მიხედვით წერილობითი მოვლენები ყოველთვის ჩართულია ზეპირ მოვლენებში (მეორადი მათ მიმართ), ხოლო ლინგვისტური პრაქტიკის შემთხვევათა უმრავლესობა უფრო კარგად გაიგება, თუ გავითვალისწინებთ შესაბამისი არხების შერევას. წერილობითი და ზეპირი არხების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად კვლევა, ჩვეულებრივ, ნაკლებად ნაყოფიერია.
ამ მხრივ სამაგალითოა ჰითის მიერ ქვემო კაროლინაში ჩატარებული გამოკვლევა.6 მაგალითად, გაანალიზებულია ერთი ქალის მიერ მიღებული წერილის ტექსტი და მისი ზეპირი კომენტარები, რომლებიც ქალთან სტუმრად შეკრებილმა მეგობრებმა და ნათესავებმა გააკეთეს. ეს ადამიანები აანალიზებდნენ წერილობითი ტექსტის მნიშვნელობას, გამოჰყავდათ შედეგები და იძლეოდნენ რჩევებს ზეპირი პასუხისათვის. ცხადია, რომ მთლიანობა მის ნაწილთა უბრალო ჯამზე მეტია. ამის აღსაწერად სოციოლინგვისტებს ახალი ტექნოლოგიები სჭირდება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია წერილობითი და ზეპირი მეტყველების ბანალური დიქოტომიის დაძლევა.
1993 წელს ბეინემმა გამოიკვლია დასავლეთ ლონდონში მცხოვრები მაროკოელი ემიგრანტების ჯგუფი.7 აქ მკვლევარს დასჭირდა ,,წერა-კითხვის მედიატორთა” ცნების შემოღება, რომლის ქვეშ იგულისხმება წერილობითი ტექსტების ნებისმიერი ფორმალური ან არაფორმალური ინტერპრეტატორი. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, ადამიანი, რომელიც გაუნათლებელ ადამიანებს უკითხავს მათი ახლობლების მიერ გამოგზავნილ წერილებს, ან სხვა ტექსტებს. ამ გამოკვლევაში გამოვლენილია ის მსგავსებები, რომელიც არსებობს წერა-კითხვის მედიატორთა და საზოგადოდ ნებისმიერი კომუნიკაციის განმმარტებელთა მიერ ჩატარებულ ინტერპრეტაციებს შორის. წერა-კითხვის მედიატორები, მაგალითად, ის პირები, რომლებსაც ჯგუფი ირჩევს რაიმე დაწესებულებებში წარმომადგენლებად, ასე თუ ისე აუცლებლად იღებენ თავიანთ თავზე ინტერპრეტატორების როლს.
ამის შემდეგ აღწერილი იქნება წერა-კითხვის პრაქტიკის ოთხი ძირითადი ასპექტი: წერა-კითხვის უცოდინარობის სტიგმატი, წერა-კითხვის შესწავლა სკოლაში, წერა-კითხვა მეორე ენაზე, წერა-კითხვის ცოდნა და ნაციონალიზმი. ყოველ ამ განხილვაში ხაზგასმული იქნება წერილობითი პრაქტიკის ზეპირი განზომილება.
9.4. წერა-კითხვის უცოდინარობის სტიგმატი
როგორც განვითარებულ ასევე განვითარებად ქვეყნებში წერა-კითხვის გამავრცელებელი კამპანიების შემდეგ უცოდინარობა იმდენად ნეგატიურად იყო შეფასებული, რომ სტიგმატად იქცა. სანამ ეს მოხდებოდა, ადამიანები ისე იღებდნენ თავიანთ თავზე კომუნიკატორის როლს, რომ სულაც არ გრძნობდნენ ამ საკითხის პრობლემატურობას. მაგალითისთვის საკმარისია გავიხსენოთ ემელიანე პუგაჩოვი, რომელიც წერაკ-ითხვის უცოდინარი იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ წერა-კითხვის უცოდინარობა მნიშვნელოვნად აბრკოლებს ადამიანების მიერ საკუთარი თავის შეფასებას.
მაგალითად, 1970-იან წლებში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა წერა-კითხვის უცოდინარობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების შედეგად განცხადდა, რომ ერთ მილიონზე მეტი ადამიანი წერა-კითხვის უცოდინარია, ხოლო კიდევ უფრო მეტი ფუნქციონალურად უუნაროა, რათა კითხვასა და წერაზე საზოგადოებრივი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. იგივე 1970-იანი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებისა და საერთაშორისო კონფერენციების წყალობით დადგინდა, რომ აღწერილი პრობლემები და მათი შედეგები ადვილად ვერ აიწერება წერა-კითხვის ცოდნასა და უცოდინარობას შორის უბრალო დიქოტომიის გატარებით. მოზრდილთა განათლების ეროვნული ინსტიტუტის (National Institute for Adult education) ცნობით, მოსწავლეთა უმრავლესობა ძირითად საკითხად ,,ნდობის“ პრობლემებს ასახელებს და არა საკუთრივ წერა-კითხვის უნარს. ბევრ მათგანს სკოლაში სწავლისას სხვადასხვა სახის დაბრკოლებები შეხვდა (ჯანმრთელობა, სკოლის გამოცვლა, მასწავლებელთა მიერ ცუდი მოპყრობა და ა.შ.), რის გამოც მათი თვითშეფასება განათლების მხრივ ძალიან დაბალი აღმოჩნდა. ზოგიერთი მათგანი წერა-კითხვის უცოდინარობის შესახებ ხალხურ თვალსაზრისს ატარებდა, რომელიც უცოდინრად მიიჩნევს ადამიანს, რომელიც სწორად ვერ კითხულობს, აქვს პრობლემები გარკვეულ ჟანრებთან მიმართებაში, ვერ ავსებს ოფიციალურ საბუთებს და ა.შ. საზოგადოდ ,,წერა-კითხვის“ უცოდინარობა ხალხურ შეგნებაში ზოგადი უმეცრების, სიბრიყვის, კოგნიტიური დეფიციტის სინონიმია.
ასევე შეუწყო ხელი სტიგმატის წარმოქმნას 1970-იან წლებში მექსიკაში ჩატარებულმა წერა-კითხვის გამავრცელებელმა კამპანიამ, რომლის დროსაც განსაკუთრებით შეიცვალა ქალაქის მცხოვრებთა დაბალი სოციალური ფენების თვითშეფასება. რაც შეეხება სოფლად მცხოვრებ ინდიელებს, მათ ცხოვრებაში წერა-კითხვასთან ცოტა რამ არის დაკავშირებული, იგი არ წარმოადგენს სოციალური პრესტიჟის მოსაპოვებელ მნიშვნელოვან პირობას, ამიტომაც ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ ნაკლები ცვლილებები განიცადა.
სტიგმატის შექმნაში საკმაო წვლილი შეიტანეს იუნესკომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომელთა ანგარიშებში წერა-კითხვის უცოდინარობა შეფასებულია როგორც ,,სიბნელეში ცხოვრება“.
წერა-კითხვის სტიგმატიზაცია არის ერთი ნაწილი უფრო დიდი იდეოლოგიური დისკურსისა, რომელიც კიცხავს დიალექტურ და სოციოლექტურ წერის ნორმებსა და სტანდარტიდან გადახრილ ზეპირ მეტყველებას, რომელთაც მიუღებელ ვარიაციებად მიიჩნევს. სტანდარტული ნორმები დადგენილია და დაცული ეგრეთ წოდებული ენის დამცველთა მიერ, რომლებიც აკონტროლებენ და ურჩევენ თამაშის წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ენათმეცნიერებამ და, ჯერძოდ, სოციოლინგვისტიკამ უკვე გადამწყვეტად დესკრიფციული ხასიათი მიიღო და მნიშვნელოვან დროსა და ენერგიას უთმობს სხვადასხვა ვარიაციათა აღწერას, ხალხური და ხშირად პოლიტიკური შეხედულება ამ ვარიაციათა შესახებ ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია. სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის დარგში გამოქვეყნებული სამეცნიერო ლიტერატურა ცალსახად მოწმობს, რომ ენის არასტანდარტული ვარიაციები სტიგმატიზებულია.
არასტანდარტული ვარიაციების მიმართ ნეგატიური განწყობა ზოგჯერ გამოდის რასობრივი და ეროვნული არატოლერანტობის მანიშნებლად. მაგალითად, ზოგთა მიერ პიჯინები და კრეოლური ენები ხშირად ხასიათდება როგორც ,,დამტვრეული“ (broken) საწყის ენასთან შედარებით, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი (განსაკუთრებით, კრეოლური ენები) უკვე სრულად ასრულებს ახლადწარმოქმნილ სოციუმებში ენისაგან მოთხოვნილ ყველა ფუნქციას. ამ ენებისადმი მსგავსი დამოკიდებულება აღნიშნავს მათზე მეტყველთა მიმართ ქედმაღლურ დამოკიდებულებას.
თვალსაზრისი, თითქოს ეგრეთ-წოდებული უმწერლობო, ან ,,ზეპირი“ საზოგადოებები ცხოვრობენ და მოქმედებენ კოგნიტიურად უფრო მარტივ გარემოში, კვებავს გაუნათლებლობის სტიგმატს. მიუხედავად ამისა, ჰოლედეი,8 სკრიბნერი და კოლი,9 ფინეგანი10 ამტკიცებენ, რომ ზეპირი პრაქტიკები ისევე რთულია, როგორც წერილობითი. ფუნქციონალური გრამატიკის პერსპექტივიდან ჰოლიდეი წერს: ,,იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ფიქრობს ადამიანთა უმრავლესობა, ზეპირი მეტყველება თავის მთლიანობაში უფრო რთულია წერილობით ენაზე თავისი გრამატიკით, ხოლო რაც შეეხება არაფორმალურ, სპონტანურ საუბარს, იგი ყოველგვარ მეტყველებაზე უფრო რთულია გრამატიკულად“
9.5. განათლების სისტემა და წერითი მეტყველება
გულუბრყვილო იქნებოდა იმის ფიქრი, რომ დაწყებითსა და საშუალო სკოლაში და სხვა სასწავლებლებში მიღებულ განათლებასა და, განსაკუთრებით, წერითი მეტყველების ნორმებსა და უნარ-ჩვევებს ყველა ადამიანი ერთნაირად გამოიყენებს ცხოვრებაში. ამგვარი წარმოდგენა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ განათლების ეგრეთ წოდებული ,,ავტონომიური“, ანუ დამოუკიდებელი და თვითკმარი მოდელის ფარგლებში. ეს მოდელი არ ითვალისწინებს ადამიანზე მრავალი სხვადასხვა ფაქტორის გავლენას, ან განიხილავს ამ ფაქტორებს, როგორც რაღაც ნეგატიურს და დასაძლევს. ბუნებრივია, რომ განათლების სისტემები მრავალ ქვეყანაში უფრო კონსერვატიულ ხასიათს ატარებს და, კერძოდ, ენის სწავლების სფეროში უფრო პრესკრიფციული გრამატიკის პოზიციებზე დგას, რომელიც მეცნიერებაში, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დაძლეულია.
უეჭველია, რომ პიროვნების უფრო თავისუფალი და მრავალმხრივი ჩამოყალიბებისათვის, მისი თანდაყოლილი და შეძენილი შესაძლებლობების უფრო სრული გამოვლენისათვის აუცილებელია მასზე მოქმედი ფაქტორების უფრო ღრმა შესწავლა და მათი ჯეროვანი გათვალისწინება სახელმწიფო განათლების პროგრამებში.
ზეპირი და წერილობითი ენის მახასიათებელთა კვლევა, გამოიყენება პედაგოგიურ კონტექსტში, რათა უფრო რაციონალურად იქნეს დაგეგმილი სწავლების პროცესი და აუცილებელი საგნების ჩამონათვალი (სხვაგვარად, კურიკულუმი). მაგრამ რამდენიმე წლის წინათ განთლების ,,ავტონომიური“ მოდელი ეჭვის ქვეშ იქნა დაყენებული ეგრეთ წოდებული განათლების ეთნოგრაფიის პერსპექტივიდან. ენის სწავლების ეთნოგრაფიული მიდგომა საკმაოდ პოპულარული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ მრავალი ლიტერატურა გამოდიოდა იმისათვის, რომ ,,მასწავლებლებს გაადვილებოდათ იმის გაგება, თუ რას ნიშნავს სწავლება კულტურულად განსხვავებული მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახში“.12 ყველაფერი დაიწყო სუზან ფილიპსის 1983 წელს უორმ სპრინგსის ინდიელთა რეზერვაციაში ჩატარებული კლასიკური გამოკვლევიდან, სადაც მკვლევარი შეეცადა ეპასუხა კითხვაზე: რატომ სდუმან მოწაფეები გაკვეთილზე?13 ფილიპსმა გამოიყენა ეთნოგრაფიული მეთოდოლოგია იმისათვის, რომ შეედარებინა სასკოლო განათლების ნიმუში აღზრდის იმ მეთოდებთან, რომლებიც ინდიელთა კულტურული ერთობის ფარგლებში მოქმედებდა. მან აღმოაჩინა, რომ ინდიელთა ტომში ბავშვები თავიდანვე თვით-დეტერმინაციის მაღალი დონით გამოირჩევიან და გამოცდილების მისაღებად ვალდებულნი არიან თვითონ დააკვირდნენ მოზრდილების ქცევას. რჩევისათვის ეს ბავშვები მხოლოდ თავის უფროს ძმებსა და დებს მიამრთავენ. ამის გამო მოწაფეები თავს მეტად უხერხულად გრძნობდნენ იქ, სადაც სწავლების უმთავრესი მეთოდი ვერბალური ინსტრუქცია იყო, და სადაც ისინი ვალდებულნი იყვნენ სხვა მოსწავლეთა წინაშე სიტყვიერად მიეცათ თავიანთი ცოდნის ანგარიში. ეს მიდგომა უმთავრესი აღმოჩნდა აშშ-ს სკოლებში ,,ეთნიკურ უმცირესობათა მარცხის“ ასახსნელად.
1993 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი სოციოლოგი ქალის, კამიტას სამწლიანი გამოკვლევების შედეგები.14 საქმე ეხებოდა ფილადელფიის უმაღლესი სკოლის სტუდენტებს. ამ კონკრეტულმა გამოცდილებამ უარი ათქმევინა ავტორს წერით მეტყველებაზე იმ თვალსაზრისიდან, რომელიც მას მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის შედეგად გამოუმუშავდა, და რომელიც, როგორც თვით ირწმუნება, დომინანტურია აშშ განათლების სისტემაში. მკვლევარი თანდათანობით აკვირდებოდა იმ შემთხვევებს, როდესაც სტუდენტები არა ოფიციალური მოთხოვნის გამო, არამედ საკუთარი სურვილითა ინიციატივით ქმნიდნენ წერილობით ტექსტებს. აღმოჩნდა, რომ ასეთი ტექსტები ახალგაზრდული კულტურის ,,ორგანიზებული“ ნაწილის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან ამგვარი ტექსტები მკვეთრად განსხვავდება სასკოლო ტექსტებისაგან. ეს არ არის ოფიციალური თხზულებები, ან აკადემიური აღწერილობები (საკურსო შრომა და ა.შ.), რომელთა დაწერას ავალებენ სტუდენტებს, არამედ ის ნიმუშებია, რომელთაც თვით სტუდენტები ქმნიან მათივე სოციალური და კულტურული სფეროს ორგანიზაციის მიზნით. ამ წერილობით ნიმუშებს კამიტამ ,,ვერნაკულარული ტექსტები“15 უწოდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ სასკოლო კონტექსტში ეს ,,ვერნაკულარული მწერლობა“ განიხილება მორალურსა და დისციპლინარულ ტერმინებში, როგორც მეამბოხე, ნორმების დამრღვევი და მიღებული განათლებისადმი არაადეკვატური.
სასკოლო სტანდარტისაგან განსხვავებული წერილობითი ნიმუშები არ არის ახალი მოვლენა. უძველესი დროიდან იგი დაფიქსირებულია, მაგალითად, ეგრეთ წოდებულ გრაფიტებში.16 გვიანდელი ანტიკური ხანის ლათინური და ბერძმული გრაფიტები, განსაკუთრებით კი მათში უხვად არსებული ორთოგრაფიული შეცდომები უმდიდრესი მასალაა იმდროინდელი გამოთქმის წესებისა და ფონოლოგიის შესასწავლად. მაგალითად, თუ გრაფიტის ტექსტში გვხვდება ბერძნული ასო ,,οcι“, სადაც ორთოგრაფიული ნორმა მოითხოვს ,,є“-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ეპოქაში ბერძნული დიფტონგების წარმოთქმა უკვე სახეცვლილი იყო.
კამიტას მსგავსი კვლევა განახორციელა 1986 წელს ემი შუმანმა აშშ აღმოსავლეთში.17 განსხვავებით კამიტასაგან, შუმანს არ განუხილავს სტუდენტთა არაფორმალური წერილობითი შემოქმედება სასკოლო ნორმებთან შედარებით. მან უბრალოდ შეისწავლა ეს ნიმუშები თავისთავად, როგორც გარკვეული შეზღუდული სოციალური ერთობის კულტურული რეპერტუარი. ამ თვალსაზრისით აღმოჩნდა, რომ ეს წერილობითი ნიმუშები უფრო ამა თუ იმ კომუნიკაციური არხისა და ჟანრის არჩევანს გამოხატავს და არა მეტ ან ნაკლებ უვიცობასა და ნორმატიული ენის მიუღებლობას. შუმანის მიერ მიღებული შედეგები არ ახდენს ენობრივ ანომალიების დემონსტრაციას, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ წერილობითი და ზეპირი მეტყველების დასახასიათებლად გამოყენებული სტანდარტული კრიტერიუმები და კატეგორიალური აპარატი უნდა შეიცვალოს.
დღესაც მრავალი კვლევა ტარდება იმისათვის, რომ გამოკვლეულ იქნეს განსხვავება განათლების სისტემის მოლოდინებსა და ამ მოლოდინების სტუდენტების მიერ ინტერპრეტაციას შორის.
საქართველოში წერილობითი ენის უნარ-ჩვევების გამომუშავება საშუალო სკოლის ფარგლებში, როგორც ჩანს ერთ განსაკუთრებულ და მრავალი აზრით შემთხვევით მიზანს ემსახურება: უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. მოსწავლის მიერ მიღებული ნორმატიული გრამატიკის წესები და რიტორიკული ფორმულები გამოდგება მხოლოდ ამ გამოცდების პროცესში ჩამოყალიბებული საშუალო ესეისტური სტილისათვის, მაგრამ თითქმის ვერ ემსახურება ადამიანის მიერ სხვადასხვა ცხოვრებისეულ გარემოებებში აზრის წერილობითი გადმოცემისათვის აუცილებელი გამოცდილების შექმნას. საინტერესო იქნებოდა ამ თვალსაზრისით მოსახლეობის მიერ შეთხზული წერილობითი ტექსტების (საჩივრების, განცხადებების, პროექტების, პირადი წერილების) ანალიზი და მათი შედარება არსებულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან.
9.6. სახალხო განათლება და ნაციონალიზმი
თეორიული ნაშრომები, რომლებიც სხვადასხვა ნაციონალიზმის გაძლიერებასა და აღზევებას სწავლობს, ამ პროცესებში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წერა-კითხვის ცოდნისა და, საზოგადოდ, განათლების გავრცელებას. უფრო მეტიც, ის მკვლევრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნაციონალიზმი შედარებით ახალი მოვლენაა,18 მის წარმოშობაში მნიშვნელოვან წილს საზოგადო განათლების ბუნებას ანიჭებს. სამოქალაქო საზოგადოების ცნობილ მკვლევარს, გელნერს,19 ამ თვალსაზრისით მიაჩნია, რომ თანამედროვე სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ჰომოგენურობა შესაძლებელია მხოლოდ საყოველთაო განათლების თანამედროვე სისტემის შემთხვევაში, რაც სრულიად განუხორციელებელი იყო სოციალური განვითარების ადრინდელ ეტაპებზე. თუ ახალ დრომდე განათლება მხოლოდ ელიტარულ კლასებს ეკუთვნოდა, დღეს იგი უკვე იმდენად ფართოდაა გავრცელებული, რომ ეს მასობრივი განათლება თვითონ ხსნის გარკვეულ წილად ეროვნული სახელმწიფოს წარმოშობას. ,,ახალი დროის ინდუსტრია მოითხოვს მობილურ, განათლებულ, ტექნოლოგიურად აღჭურვილ მოსახლეობას და ეროვნული სახელმწიფო ერთადერთი შესაძლებელი აგენტია ამგვარი სამუშაო ძალის უზრუნველსაყოფად, რადგანაც ძალუძს მიაწოდოს მოსახლეობას მასობრივი, საჯარო, სავალდებულო და სტანდარტიზებული განათლება”.20
განათლება, რომლის შესახებაც ამ ქვეთავში ვსაუბრობთ, მხოლოდ ,,ავტონომური” მოდელის შეიძლება იყოს. ცალკეული, ნაციონალურად სანქცირებული განათლების სისტემა, ჩვეულებრივ, იქმნება სხვადასხვა ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფების მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად და თავის ბაზას აყალიბებს კულტურულად ჰომოგენური და პოლიტიკურად უნიტარული ეროვნული სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისად. გელნერის თანახმად, განათლების სისტემა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა: იგი სთავაზობს ადამიანებს სრულიად ნეიტრალურ საშუალებას, რათა ადამიანებმა მოახდინონ თავიანთი ცოდნის ავთენტურობის დადასტურება სწავლების მიუკერძოებელ ცენტრებში ასევე სავარაუდოდ მიუკერძოებელი გამოცდებისა და ტესტების საშუალებით.
სხვა მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ყურადღება სხვადასხვა ალტერნატიული განათლებებისაკენ მიმართეს, არ ეთანხმებიან ამგვარ თვალსაზრისს და ავტონომიური განათლების ხსენებულ თვისებებს არ მიიჩნევენ ძირითად ღირებულებად. იგივე სმითი ამტკიცებს, რომ განათლების სისტემასა და ნაციონალიზმს შორის კავშირის გასაანალიზებლად არ კმარა მხოლოდ ინდუსტრიული და ეკონომიკური ფაქტორებით შემოფარგლვა, არამედ საჭიროა გავითვალისწინოთ პრაქტიკული განათლების კულტურული და იდეოლოგიური ასპექტები.21 სწორედ ეს ასპექტები აყალიბებს ნაციონალისტური დისკურსის ძირითად რიტორიკას.
ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს გარდამავალი პერიოდის საქართველოს მაგალითზე, სადაც განათლებაზე ინდუსტრიული და ეკონომიკური მოთხოვნები პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო მისი იდეოლოგიზაცია და მითოლოგიზაციაც კი სრულიად აშკარაა.
______________________
1 Sdr. Halliday, M. A. K., Introduction in Functional Grammar, Edward Arnold, London 1985.
2 Tannen, D., The Myth of Orality and Literacy, in Linguistics and Literacy, Plenum, NY 1982.
3 იგულისხმება, მაგალითად, ინტონაცია, ჟესტიკულაცია, სახის გამომეტყველება და უშუალო ზეპირი ურთიერთობის სხვა მსგავსი მომენტები, რომელთაც საკუთრივ ენობრივი ხასიათი არა აქვს.
4 Sdr. Besnier, N. The Linguistic Relationship of Spoken and Written Nukulaelae Registers, in Language 64, pp. 707-737, 1988.
5 Sdr. Macaulay, M., Preceesing Varieties in English: An Examination of Oral and Written Speech Across Genres, Universiy of British Columbia Press, Vancouver 1990.
6 Sdr. Heath, S. B., What No Bedtimes Story Means: Narrative Skills at Home and at School, in Language and Society, 11, 1982, pp. 49-76.
7 Sdr. Baynham, M., Code-switching and Mode-switching: Community Interpreters and Mediators of Literacy, in Cross-cultural Approaches to Literacy, Cambridge University Press, Cambridge 1993, pp. 294-314.
8 Halliday, Spoken and Written Language, Oxford University Press, 1985
9 Scribner and Cole, The Psychology of Literacy, Harvard University Press, Cambridge 1981
10 Finnegan, Literacy and Orality: Studies in the Technology of Communication, Basil Blackwell, Oxford 1981
11 Halliday, Introduction to Functional Grammar, Edward Arnold, London 1985, p. 47
12 Villegas, J., Culturally Responsive Teaching, Princeton, ETS 1991, p. 4.
13 Sdr. Phillips, S., The Invisible Culture: Communication in Classroom and Community on Warm Springs Indian Reservation, Longmann, NY 1983.
14 Sdr. Camitta, M., Vernacular Writing: Varieties of Literacy among Philadelphia High School Students, in Cross-cultural Approaches on Literacy, Cambridge University Press, Cambridge 1993.
15 ვერნაკულარული — ლათინური სიტყვიდან ვერნა (mona). ამ ტერმინით აღინიშნება სამეტყველო ან წერილობითი ენა, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო საზოგადოების დაბალ ფენებში, და რომელიც დაპირისპირებული იყო ოფიციალურ (ჩვეულებრივ ლათინურ, ან განთლებულ ხალხურ) ენასთან. ტერმინი ენობრივი რეგისტრის გაცილებით უფრო ,,დაბალ“ დონეს გამოხატავს, ვიდრე ტერმინი ,,ვულგარული“, მაგალითად, პროვანსული და იტალიური პოეზია ვულგარულ ენაზეა დაწერილი, მაგრამ მას ვერნაკულარულს ვერ ვუწოდებთ, რადგანაც ამ უკანასკნელ ტერმინთან არაფორმალურობის უკიდურესი დონეა ასოცირებული. კამიტას მიერ ტერმინ ,,ვერნაკულარულის“ არჩევა განხილული ტექსტების სწორედ ასეთ არაფორმალურ ბუნებაზე უნდა მიუთითებდეს.
16 გრაფიტი — (იტ. grafitti — naCxapnebi), saerTo saxelwodeba kedlebze warwerebisa.
17 Sdr. Shuman, A. Storytelling Rights: The Uses of Oral and Written Texts by Urban Adolescents, Cambridge University Press, Cambridge 1986.
18 Smith, The Ethnic Orignis of Nations, Oxford University Press, Oxford 1986.
19 Gellner, Nations and Nationalism, Basil Blackwell, Oxford 1983.
20 Gellner, Op. cit., p. 29.
21 Smith, Op. cit., p. 58.
![]() |
10 თემა 10. საინფორმაციო საშუალებათა სოციოლინგვისტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
10.1. შესავალი
არც ერთი მოვლენა არ მოხდებოდა ისე, როგორც ის სინამდვილეში ხდება და არ იქონიებდა ამ სინამდვილეზე აქტუალურ გავლენას საინფორმაციო საშუალებათა, ანუ მედიის გარეშე. მედია საზოგადოებას ამცნობს და განუმარტავს, ართობს და ანათლებს. ზოგი კრიტიკოსის აზრით, მედია ,,რეალობის სარკეა”, სხვათა თანახმად კი - თვით გაშუქებული მოვლენების უშუალო და განუყოფელი ნაწილი.
მედიის სოციოლინგვისტური თვალსაზრისით განხილვა ერთი მხრივ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რას წარმოადგენს საინფორმაციო საშუალებები მათი კომუნიკაციური უნარისა და ეფექტურობის აზრით, მეორე მხრივ კი, საშუალებას გვაძლევს კონტექსტისა და დისკურსის ზუსტი შერჩევით მოვახდინოთ კომუნიკაციის მიმართვა საზოგადოებაზე სასურველი ეფექტის მოსახდენად.
ჩვენს განხილვაში გვერდს ავუვლით ორ სფეროს: 1) საინფორმაციო საშუალებათა ზოგიერთ ტიპს, სახელდობრ, ფილმებს, თეატრსა და წიგნებს. თუმცა ეს ფენომენები შეიძლება განვიხილოთ საინფორმაციო საშუალებებად, მრავალი ისტორიული და კულტურული მოსაზრებების გამო ისინი განსაკუთრებულ განხილვას მოითხოვს, რაც მეთოდოლოგიურად საკმაოდ განსხვავებულია იმ მიდგომისაგან, რომელიც სრულიად დამაკმაყოფილებელია პრესის, ტელევიზიისა და რადიოს განსახილველად. 2) ვიზუალურ და ხმოვან კოდებსა და მათ ურთიერთქმედებას, რადგან ეს სფერო თავისთავად სცილდება სოციოლინგვისტიკის ფარგლებს.
10.2. საინფორმაციო საშუალებები და მათი დისკურსის ადგილი
მაკროსოციოლინგვისტიკის თვალსაზრისით საინფორმაციო საშუალებები სოციალური ინსტიტუციაა.1 უფრო მეტად წინააღმდეგობრივია მედიის კომუნიკაციური თვისებების ფუნქციონალური განმარტება.
დავიწყოთ კომუნიკაციის, ანუ შეტყობინების ნაკადის მოძრაობით: მისი შინაარსი გამოდის წყაროდან და მედიუმის საშუალებით აღწევს სამიზნეს, ანუ რეციპიენტს. მედიით გათვალისწინებული კომუნიკაცია ცალმხრივია. ცალმხრივობა გამომდინარეობს ტექნიკური საშუალებების ბუნებიდან და გამორიცხავს მედიას ტელეკომუნიკაციათა სიიდან. ეს გარემოება სისტემურად და მკვეთრად გამორიცხავს რეციპიენტის მონაწილეობას. მაგრამ აქაც არსებობს განსხვავება: მაგალითად, ბეჭდვითი სიტყვა, პრესა გაცილებით უფრო მკაცრად გამორიცხავს რეციპიენტებთან ინტერაქციას, მაშინ როცა მედიის ელექტრონული საშუალებები უფრო ადვილად უზრუნველყოფს მსმენელებისა და მაყურებლების გარკვეულ ფარგლებში ჩართვას.
ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებულია კიდევ ერთი გარემოება: ის, რომ კომუნიკაცია შეიძლება ხდებოდეს ერთ ან რამდენიმე დონეზე ან ღერძზე. ერთ-ერთი ასეთი ღერძია შეტყობინების ცალმხრივი მოძრაობა მედიუმიდან რეციპიენტისაკენ. ეს შემთხვევა გვაქვს მაშინ, როდესაც ტელეკომენტატორი თავის საუბარს უშუალოდ აუდიტორიისაკენ მიმართავს. ინფორმაციის გადაცემის სხვა ღერძი მოქმედებს, როდესაც შეტყობინებას რესპონდენტსა და ინტერვიუერს შორის დიალოგის ფორმა აქვს, რომელსაც რეციპიენტი მხოლოდ ,,ესწრება”. იგივე ითქმის თამაშებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების რეპორტაჟისას. ერთი დონიდან ან ღერძიდან მეორეზე გადასვლას თან ახლავს დისკურსის სხვადასხვა სიგნალები, რომლებიც მედიის პროფესიონალთა კონტროლის ქვეშაა.
განხილვის მესამე ასპექტი დაკავშირებულია კომუნიკაციის შინაარსთან. როდესაც შეტყობინება ეხება ,,გარე სამყაროს”, მაშინ მედიის ურთიერთობა „რეალობასთან“ წინააღმდეგობრივია. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მედია ,,ირეკლავს” სინამდვილეს, სხვების აზრით, იგი გაბატონებულ შეხედულებათა ,,ორკესტრირებას” ახდენს. არსებობენ ისეთი კრიტიკოსებიც, რომელთა აზრით მედია ქმნის ,,რეალობას”. თავი რომ ავარიდოთ რომელიმე ამ თვალსაზრისს, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედია იშვიათად არის რომელიმე ცხოვრებისეული შემთხვევის უშუალო მოწმე. მართლაც, ძნელი წარმოსადგენია პირდაპირი რეპორტაჟი რომელიმე კატასტროფიდან. უმრავლეს შემთხვევაში, მასობრივი ინფორმაციის ცენტრები უკვე გაშუალებულ ინფორმაციას ღებულობენ საგარეო სააგენტოებიდან. ამ ინფორმაციის შექმნაში მრავალი აგენტი მონაწილეობს: საინფორმაციო დეპარტამენტები, ექსპერტები, ,,მოწმეები”, პრესრელიზები და ა.შ. რედესაც გადაიცემა ექსპერტის უშუალო აზრი, ან მოვლენის მოწმის ,,ჩვენება”, ან კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია, მაშინ მედიაცია სუსტადაა წარმოდგენილი. უფრო ძლიერია მისი წილი მაშინ, როცა ინფორმაცია დაიყვანება უბრალო მიმოხილვაზე.
მეოთხე ფაქტორი, რომელიც ინფორმაციის ფორმირებაზე მოქმედებს შინაგანი ბუნება აქვს. იგი მოქმედებს მაშინ, როდესაც შეტყობინებებზე გავლენას ახდენს საინფორმაციო საშუალებათა საკუთრების ფორმა, ტექნოლოგია, საინფორმაციო კანონი და ა.შ. მედიის წიაღში შესული ინფორმაცია, სანამ საზოგადოებამდე მიაღწევდეს დონეთა მთელს იერარქიას გადის. საბოლოო პროდუქტი შეიძლება გახდეს ენობრივი კომისიის, სტილის რედაქტორის ან სხვა სახის პროფესიონალის კონტროლის საგანი.
მეხუთე გარემოება, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია, ისაა, რომ რეციპიენტების მონაწილეობის შეზღუდულობა შეიძლება წინააღმდეგობრიობის მიზეზი გახდეს. ძველი თეორიები, რომელთა თანახმად, რეციპიენტები უბრალოდ საინფორმაციო ნაკადის პასიური სამიზნეები არიან, უკვე შეიცვალა ახალი თეორიებით, რომლებიც რეციპიენტებს გადამწყვეტ როლს ანიჭებს საინფორმაციო ნაკადის შინაარსის შექმნაში. სწორედ რეციპიენტის არჩევანია მიიღოს თუ არა რომელიმე კონკრეტული ინფორმაცია, ახსნას იგი, თუ აუხსნელად დატოვოს, გაითვალისწინოს, თუ გააუქმოს მისი ეფექტი.
ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უეჭველია: მედია უზრუნველყოფს მიღებული და გადაცემული ინფორმაციის საჯაროობას. მისი დისკურსი ჰოლმა განმარტა როგორც საჯარო იდიომა.2 ამგვარი ენა არ არის და არც შეიძლება იყოს ჰომოგენური.
10.3. მედიის დისკურსი და შეტყობინებები
ტერმინი ,,მედიის დისკურსი”, ან, უფრო მოკლედ, ,,მედია-დისკურსი” ასახავს ენისა და სხვა სემიოტიკური კოდების ფორმას, სტრუქტურასა და გამოყენებას მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ. ამ ტერმინს იყენებენ ინფორმაციის შექმნის საფუძველში მდებარე კოგნიტიური სისტემების (ე. წ. იდეოლოგიების) მიმართაც.
აუცილებელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან საკუთრივ მედია-დისკურსი და ის შეტყობინებები, რომლებსაც იგი ატარებს თავის თავში. ეს განსხვავება სამ ძირითად განზომილებაში განიხილება.
შეტყობინებათა და მედია-დისკურსის განზომილებები
ინფორმაციის შინაარსი, სანამ მედიის მიერ გადაცემულ შეტყობინებად იქცევა, ინსტიტუციური იერარქიის სხვადასხვა დონეს გადის. გადაცემის თვალსაზრისით შეტყობინებები დროსა და სივრცეში ნაწილდება.
შეტყობინებათა ყველაზე გავრცელებული ტიპია ეგრეთ წოდებული დაბალი დონის გამოსავალი (low-level output), ანუ როდესაც ინტერპრეტაციის დონე მინიმალურია. ამ შემთხვევაში შეტყობინების შინაარსი, მისი გადაცემის სემიოტიკური არხი და საბოლოო საზრისი ცალსახად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამგვარი შეტყობინება გვაქვს, როდესაც ვღებულობთ ცნობას, მაგალითად, ჰაიტის სამხედრო მთავრობის გადადგომის შესახებ, ან ვუსმენთ უშუალო ინტერვიუს რომელიმე გამოჩენილ პოლიტიკოსთან, ან თვალს ვადევნებთ სპორტულ შეჯიბრებას. ამგვარი შეტყობინება საკმაოდ ხელსაყრელია იმისათვის, რომ დისკურსსა და შეტყობინებას შორის ურთიერთობის სამ განზომილებას დავაკვირდეთ.
1) იერარქიული განზომილება: ამ თვალსაზრისით დაბალი დონის გამოსავალი პროგრამის ფორმატის რეალიზაციაა. ფორმატი გულისხმობს ინფორმაციის კონკრეტულ სახეს: ახალი ამბები, სარედაქციო სტატია, რეპორტაჟი, შოუ და ა.შ. სხვადასხვა სახის ინფორმაციას აჯგუფებს კატეგორიებად, რომლებიც გამოხატავს ინფორმაციათა ორიენტაციების მსგავსებას. ორიენტაცია არ არის წინასწარ ერთხელ და სამუდამოდ მოცემული კატეგორია, იგი გამომდინარეობს იმ კლასიფიკაციიდან, რომელსაც მედია თავს ახვევს ,,რეალობას”. მაგალითად, ახალი კანონის მიღება, პოლიციის ოფიცრის მკვლელობა, ეროვნული ნაკრების გამარჯვება, ახალი რომანის გამოქვეყნება სხვადასხვა ორიენტაციების ინფორმაციული შეტყობინებებია არა თავისთავად, არამედ სწორედ იმის გამო, რომ მათ სხვადასხვა კატეგორიებს ანიჭებს მედია. ამ ორიენტაციების მიხედვით შეიძლება დადგენილ იქნეს არა მხოლოდ ცალკეული სტატიები ან გადაცემები, არამედ, მაგალითად, საფინანსო გაზეთი, ან მუსიკალური რადიოარხი. ამგვარი ორიენტაციები შეადგენს ,,მედია-ენის”,,მეტყველების ნაწილთა” ერთობლიობას.
2) სივრცე-დროითი განზომილება: ტელეგადაცემათა მიმდევრობა არ შეიძლება იყოს ნებისმიერი. მაგალითად, შოუს გადაცემა სამუშაო დროს არაეფექტურია. დასავლეთის ქვეყნებში ახალი ამბები გადაიცემა იმ საათებში, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ სახლებში სადილობს ან ვახშმობს. ეს ეკრანთან უფრო დიდი აუდიტორიის შეგროვების გარანტიას იძლევა. ასევე სტრუქტურირებულია გაზეთის ან ჟურნალის სივრცე. ხშირად ამ მოვლებას განსაკუთრებული კომენტარი არც სჭირდება. მაგალითად, იტალიური გაზეთებისათვის XX საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში მესამე გვერდი თავისთავად აღნიშნავდა კულტურის სიახლეებს, რომლებიც ამ გვერდზე იბეჭდებოდა. სივრცე-დროითი განზომილება თავისებური «მედია-სინტაქსის» როლს ასრულებს.
3) თემებისა და საინფორმაციო არეალების ურთიერთგადაკვეთის განზომილება: ბევრ თემას (მაგალითად, ქალები, რასიზმი, ძალადობა) შეიძლება დამოუკიდებელი ადგილი ეჭიროს და მას განსაკუთრებული გადაცემები შეიძლება მიეძღვნას, მაგრამ იგივე თემები შეიძლება სულ სხვა ფორმატის ინფორმაციაშიც (სპორტული რეპორტაჟი, კულტურის ამბები) შეგვხვდეს თემატური ფრაგმენტის სახით. ამის გარდა, შეიძლება გადაიკვეთოს ინფორმაციის გადაცემის სხვადასხვა არხებიც: ტექსტური ინფორმაცია შეიძლება ორგანულად შედიოდეს რომელიმე სატელევიზიო შოუში, არაფერი რომ ვთქვათ მუსიკალურ ფონზე.
მედიის სამივე განზომილება აქტიურად იყენებს სხვადასხვა სემიოტიკურ კოდებს: ენას, ბგერებს, ვიზუალურ მასალას, ფილმებს. აქვე გამოიყენება კოგნიტური, ანუ შემეცნებითი ელემენტები: სქემები, რუკები, გრაფიკები და სხვა.
საზოგადოდ, მედია თავისი სირთულის გამო ვერ დაექვემდებარება ანალიზის რომელიმე ცალკეულ სახეს. ამიტომ იგი უფრო ფართო, სემიოტიკური მიდგომის ობიექტი უნდა იყოს, რომელიც კულტურის ნებისმიერ გამოვლინებას განიხილავს როგორც კომუნიკაციურ აქტს.
_________________
1 Schramm, Mass Comunications, Urbana, University of Illinois Press, 1975; Curran and Seaton, Power withaout Responsability, London, 1991.
2 Sdr. Hall, S., The Social Production of News, in Policing the Crisis: Mugging, the State, and Law and Order, Macmillan, London 1978, p. 126.
![]() |
11 თემა 11. დიგლოსია და ბილინგვიზმი როგორც ეთნოსოციოლინგვისტური კატეგორიები |
▲ზევით დაბრუნება |
11.1. ძალაუფლება და პრესტიჟი
დიგლოსიური ენები და სიტუაციები, ჩვეულებრივ, განისაზღვრება როგორც სამეტყველო ერთობაში ორი ან რამდენიმე ენობრივი სახესხვაობის შემცველი. ამ დროს ეს ენობრივი სახესხვაობები ერთმანეთთან კომპლემენტარულ, ანუ შემავსებელ დამოკიდებულებაშია. ენობრივ სფეროებს შორის დიგლოსიის შემთხვევაში ერთგვარი იერარქიული ურთიერთობაა დიდად შეფასებულიდან (H - highly valued) მცირედ შეფასებულამდე (L - less valued). თუკი ეს ორი ენობრივი სახესხვაობა მიჩნეულია ნათესაურად, H სახესხვაობა, როგორც წესი, ენის უფრო კონსერვატიულ ფორმას წარმოადგენს, ანუ ლიტერატურულ დიალექტს (იმ შემთხვევაში, თუ ენა სამწერლობოა). ენის გამოყენების ფორმალური სფეროებში -საჯარო მეტყველება, რელიგიური ტექსტები და პრაქტიკა, განათლება და ენის გამოყენების სხვა პრესტიჟული მიმართულებებზე - დომინანტურია H ფორმა. L ნორმა გამოიყენება უფრო არაფორმალურ სფეროში, ყოფითი ურთიერთობის, ანეგდოტების, ქუჩაში, ბაზარში, ტელეფონზე საუბრისას და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ L და H ფორმები ერთმანეთთან გენეტიკურ კავშირში არ არის, უფრო ხშირად H ენობრივი სახესხვაობა უფრო მაღალი საერთაშორისო პრესტიჟის მქონეა, ან ლოკალური პოლიტიკური ელიტისა თუ დომინანტური რელიგიური ჯგუფის სალაპარაკო ენაა.
11.2. კ. ფერგიუსონის ორიგინალური ფორმულირება
ფერგიუსონმა შემდეგნაირად განმარტა დიგლოსია:1
ეს არის შედარებით სტაბილური ენობრივი სიტუაცია, რომელშიც ენის პირველად დიალექტებთან ერთად (რომელიც შეიძლება შეიცავდეს სტანდარტებს, ან რეგიონალურ სტანდარტებს), არსებობს მათგან ძალიან განსხვავებული, მაღალ დონეზე კოდიფიცირებული (ხშირად, გრამატიკულად უფრო რთული) ზედდებული ვარიაცია, რომლის შეთვისება ჩვეულებრივ ხდება ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში, და რომელიც გამოიყენება ფორმალურ სამეტყველო და წერილობით სფეროებში, მაგრამ არასოდეს გამოიყენება ერთობის არც ერთ ჯგუფში ყოფითი კომუნიკაციებისათვის.
რით განსხვავდება დიგლოსია სტანდარტული ენისა და ადგილობრივი დიალექტების უფრო ჩვეული სიტუაციისაგან? უკანასკნელ შემთხვევაში სტანდარტული ენა შეიძლება გამოიყენებოდეს ყოველდღიური კომუნიკაციებისას, ხოლო დიგლოსიისას კი - არასოდეს. ამგვარი გამოყენება არაბუნებრივად ან პედანტურად მიიჩნევა (როგორც არაბული ან ბერძნული ენების შემთხვევაში), ან საკუთარი ჯგუფის მიმართ არალოიალურად (შვეიცარია, ჰაიტი).
დიგლოსიის ცნება და დიგლოსიური სიტუაციების ანალიზი საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, სხვათა შორის, პოლიტიკური ხასიათის კვლევებისათვისაც. ხშირად, მეცნიერს, რომელმაც კარგად აითვისა შესაბამისი მეთოდიკა, შეუძლია საკმაოდ ზუსტი პოლიტიკური პროგნოზების მოცემა ენობრივი სიტუაციის განვითარებისა და ენის გარშემო საყოველთაო დისკუსიის შედეგების საწინასწარმეტყველოდ.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგიონში, სადაც დიგლოსიური სიტუაციაა, H და L ვარიაციები ერთმანეთთან გენეტიკურად არაა დაკავშირებული, საქმე გვაქვს დიგლოსიის გაფართოებულ ვარიანტთან.
დიგლოსიის ირგვლივ 1959 წლის შემდგომ გაშლილი კვლევა კონცენტრირდება სხვადასხვა ცვლადებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე: ფუნქცია, პრესტიჟი, ლიტერატურული მემკვიდრეობა, ენის ათვისება, სტანდარტიზაცია, სტაბილურობა, გრამატიკა, ლექსიკა, ფონოლოგია, განსხვავება დიგლოსიასა და დიალექტურ სტანდარტებს შორის, სივრცეში დროსა და ენობრივ ოჯახებში გავრცელება და განაწილება, გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები.
1. ფუნქცია: ფუნდამენტურია დიგლოსიაში მონაწილე ენობრივ სახესხვაობათა ფუნქციური დიფერენციაცია, რადგანაც სწორედ იგი განასხვავებს დიგლოსიას ბილინგვიზმისაგან. H და L ვარიაციები სრულიად განსხვავებული მიზნებით გამოიყენება და ენაზე თანდაყოლილი მეტყველისათვის შეიძლება უჩვეულო იყოს ან სულაც სასაცილო ან შეურაცხმყოფელი, თუ ვინმე L ვარიაციას H-ის ადგილას გამოიყენებს, ან პირიქით.
2. პრესტიჟი: გამოკვლეულ დიგლოსიათა უმრავლესობაში H ვარიაციას უფრო მეტი პრესტიჟი უკავშირდება, ვიდრე L ვარიაციას. H ვარიაცია ეს არის „დიდი“ ლიტერატურის, კანონიკური რელიგიური ტექსტების, ძველი პოეზიის, საჯარო რიტუალების, საზეიმო გარემოებების ენა, ხოლო L ვარიაცია აღიქმება როგორც ნაკლებად ღირსეული, ,,გაფუჭებული”, ვულგარული და ა.შ.
3. ლიტერატურული მემკვიდრეობა: დიგლოსიურ ენათა უმრავლესობაში მთელი ლიტერატურა მოცემულია H ვარიაციაში. L ვარიაცია არ გვთავაზობს არანაირ ლიტერატურას გარდა ,,დიალექტიური” პოეზიის, სარეკლამო განცხადებების, ან ეგრეთ წოდებული ,,დაბალი” ჟანრებისა. დიგლოსიურ ენათა უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ მხოლოდ H ვარიაციას შეიძლება ეწოდოს ,,ენა”. L ვარიაციის არსებობას ან სრულიად უარყოფენ, ან ამბობენ, რომ მას იყენებენ მხოლოდ ,,უბრალო მოკვდავნი”, მდაბიონი. ზოგიერთ ტრადიციებში, მაგალითად, შექსპირის პიესებში L ვარიაცია გამოიყენება პერსონაჟთა სოფლური, კომიკური, გაუნათლებელი და სხვა მსგავსი ბუნების დასახასიათებლად.
4. ათვისება: L ვარიაცია ისწავლება პირველად, ეს დედაენაა, ოჯახის ენა. H ვარიაცია შეიძინება სკოლაში. ამიტომ იქ, სადაც ლინგვისტები ამბობენ, რომ L ვარიაცია პირველადია, ადგილობრივი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ H-ს შეიძლება ეწოდოს ენა.
5. სტანდარტიზაცია: H ძლიერად სტანდარტიზებული ვარიაციაა. მისთვის არსებობს გრამატიკები, ლექსიკონები, კანონიკური ტექსტები და ა.შ. L ვარიაცია იშვიათადაა სტანდარტიზებული ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით. თუ მისი გრამატიკა არსებობს, ის საზოგადოების აუტსაიდერების მიერაა დაწერილი.
6. სტაბილურობა: დიგლოსიები, ჩვეულებრივ, სტაბილურია. ისინი საუკუნეების ან ათასწლეულების განმავლობაშიც კი ძლებენ. ზოგჯერ ხდება, რომ L ვარიაცია იპყრობს სივრცეს და განდევნის H ვარიაციას. მაგრამ H სრულიად მხოლოდ იმ შემთხვევაში თრგუნავს L-ს, თუ იგი პოლიტიკური ელიტის ენაა.
7. გრამატიკა: H ვარიაციების გრამატიკები გაცილებით უფრო რთულია L ვარიაციების გრამატიკებზე. მათში უფრო განვითარებულია ზმნური ფორმები, გრამატიკული სქესი, სიტყვათშეთანხმება და სინტაქსი.
8. ლექსიკა: ამ შემთხვევაში არსებობს ურთიერთგადაფარვა, მაგრამ ხშირად ხდება, რომ H ვარიაცია შეიცავს L-ში არარსებულ სიტყვებს და პირიქით.
9. ფონოლოგია: აქ ორი ტიპის სისტემა უნდა გავარჩიოთ. 1) როცა L და H ვარიაციები იზიარებენ ერთსა და იმავე ფონოლოგიურ ელემენტებს, მაგრამ L-ს შეიძლება ჰქონდეს უფრო რთული მორფოფონემიკა, ან სხვა სიტყვებით, H არის L-ის ფონოლოგიური ინვენტარის კერძო ქვესიმრავლე. ენაზე მოლაპარაკები, ჩვეულებრივ, ვერ ახერხებენ ამ ორი სიმრავლის ცალ-ცალკე შენარჩუნებას; 2) H ვარიაციაში არსებობს კონტრასტები, რომლებიც არ შეინიშნება L-ში - ამ შემთხვევაში L სესხულობს H-ში არსებულ კონტრასტებს ცალკეული ცნებების გამოსახატავად.
10. განსხვავება დიგლოსიასა და სტანდარტულ დიალექტებს შორის: დიგლოსიის შემთხვევაში არავინ იყენებს H ვარიაციას როგორც დედაენას. ეს მხოლოდ L ვარიაციას შეეხება. სტანდარტული დიალექტების შემთხვევაში საზოგადოების ზოგი წევრი ლაპარაკობს H-ზე როგორც დედაენაზე, სხვები კი შინ L ვარიაციას სწავლობენ, სკოლაში კი H-ს.
11. გავრცელება ენობრივ ოჯახებში, სივრცესა და დროში: დიგლოსია არანაირად არ არის შეზღუდული რომელიმე გეოგრაფიული რეგიონით ან ენობრივი ოჯახით. დიგლოსიები არსებობს საუკუნეებისა და ათასწლეულების განმავლობაში. დიგლოსიათა უმრავლესობა გულისხმობს წერა-კითხვის ცოდნას, მაგრამ უმწერლობო, ზეპირი დიგლოსიებიც საკმაოდ გავრცელებულია.
12. ხელშემწყობი ფაქტორები და პირობები:
ა) H ვარიაციაზე შექმნილი ძველი პრესტიჟული ლიტერატურის არსებობა, რომლის ასეთად შენარჩუნებას ესწრაფვის ლინგვისტური კულტურა.
ბ) წერა-კითხვის ცოდნა, რომელიც გავრცელებულია მცირერიცხოვან ელიტაში.
გ) დიგლოსიები ერთ ღამეში არ მწიფდება. მათი განვითარება დროს მოითხოვს.
ეს სამი ფაქტორი, რომელიც, გარკვეული აზრით, რელიგიასთან არის დაკავშირებული, იწვევს დიგლოსიის სტაბილურობას არაბულ ქვეყნებსა და სამხრეთ აზიაში.
____________________
1 Sdr. Ferguson, C. A., Diglossia in Word, 15, 1959, pp. 325-40.
![]() |
12 თემა 12. საზოგადოების ლინგვისტური განზომილებები:ენობრივი კონტაქტი და ენის ცვლილება |
▲ზევით დაბრუნება |
სანამ ენობრივი კონტაქტისა და ენობრივი ცვლილების კვლევათა თანამედროვე მდგომარეობის გადმოცემას შევუდგებოდეთ, განვიხილოთ ამ ცვლილებასთან დაკავშირებული ენობრივი კონტაქტის საკმაოდ ცნობილი და უკვე კლასიკური მაგალითები ენის პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის სახით. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადრეულ შუა საუკუნეებში ლათინურისა და ადგილობრივი ბარბაროსული ენების კონტაქტს პიჯინიზაციის სახე ჰქონდა, ხოლო თანამედროვე ევროპული ენების ჩამოყალიბება კრეოლიზაციის მსგავსი პროცესის შედეგად მოხდა. ამერიკის აღმოჩენამ და ევროპული კოლონიალური პოლიტიკის განვითარებამ მთელ მსოფლიოში გამოიწვია როგორც პიჯინიზაციის, ასევე კრეოლიზაციის პროცესთა მრავალი მაგალითი. იმის გამო, რომ თვით მოვლენა საკმაოდ ძველია, ხოლო მისი ბოლო მნიშვნელოვანი ტალღა, რომლის შესახებ უფრო მეტი ექსპერიმენტული მასალის მოპოვებაა შესაძლებელი, ახალი დროის დასაწყისიდანაა ცნობილი, პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის სამეცნიერო აღწერა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ეს აღწერა სათავეს იღებს გერმანელი ენათმეცნიერის, შუჰარდტის (Schuhardt) 1882-83 წელს გამოსული შრომებიდან. შუჰარდტი განსაკუთრებულ ყურადღებას კრეოლურ ენებს აქცევდა და მის გამოკვლევებს დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, ძირითადად, იმის გამო, რომ მათში მოცემულია დიდი ფაქტობრივი მასალა იმ ენებზე, რომლებიც დღეს უკვე გამქრალია, ან ძალიან შეცვლილი.
XX საუკუნეში ამ საკითხმა გაცილებით უფრო დიდი ინტერესი დაიმსახურა, მაგრამ 1950-იან წლებამდე მისი შესწავლა შემოიფარგლებოდა ცალკეული პიჯინებისა და კრეოლური ენების ერთმანეთთან დაუკავშირებელი აღწერებით. მხოლოდ 1959 წლიდან, როდესაც იამაიკის ვესტინდოეთის უნივერსიტეტში ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია შესაძლებელი გახდა ლაპარაკი კრეოლისტიკაზე, როგორც განსაკუთრებულ ლინგვისტიკურ დარგზე. კრეოლისტიკამ შემდგომში მრავალი სასარგებლო შედეგი მოიტანა აზიის, აფრიკისა და ამერიკის ახალგაზრდა ქვეყნებში ენობრივი პოლიტიკისა და აღმშენებლობის ჩასატარებლად.
ქვემოთ მოცემულია აუცილებელი განმარტებები:
პიჯინიზაცია: ეს არის სოციოლინგვისტური პროცესი, რომელიც იწყება და მიმდინარეობს ორი ან რამდენიმე სხვადასხვაენოვანი ჯგუფის შეზღუდული და არასისტემატური კონტაქტების პირობებში. ამ კონტაქტის შედეგად ერთ-ერთი ჯგუფის ენა ყველა დონეზე განიცდის მნიშვნელოვან რედუქციას და მისი სტრუქტურა საგრძნობლად იცვლება. პროცესი სრულდება პიჯინის, ანუ რედუცირებული დამხმარე ენის შექმნით, რომელიც სიტუაციურად შემოსაზღვრულ საკომუნიკაციო ფუნქციებს ასრულებს და არც ერთი ჯგუფის წევრისათვის არ არის მშობლიური.
ენათმეცნიერთა უმრავლესობა, მათ შორის ესპერსენი, ბლუმფილდი, ჰოლი და სხვები, ფიქრობს, რომ პიჯინი შეიძლება წარმოიშვას არა მარტო ერთი, არამედ რამდენიმე ენობრივი ჯგუფის კონტაქტისას. მაგრამ სხვა თვალსაზრისის თანახმად კონტაქტში მონაწილე ენობრივ ჯგუფთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს. ამ თვალსაზრისის სასარგებლოდ მეტყველებს XVII-XIX საუკუნეების განმავლობაში შეგროვებული ემპირიული მონაცემები იმ რეგიონებიდან, სადაც პიჯინებისა და შემდეგ კრეოლური ენების წარმოქმნაა შენიშნული.
მეცნიერები სხვადასხვანაირად აფასებენ საწყისი ენაზე მეტყველთა წვლილს პიჯინის ჩამოყალიბებაში. ესპერსენისა და ბლუმფილდის თანახმად პიჯინიზაციას ორი ფაქტორი იწვევს: 1) სუბსტრატი ენებზე მეტყველთა მიერ საწყისი ენის არასწორი ან არასრული შეთვისება, რადგანაც ამ ენის შესასწავლად, ჩვეულებრივ, მათ ძალიან მცირე დრო და არახელსაყრელი პირობები ეძლევათ (ენის შესწავლა სმენით, სისტემატური მეცადინეობის არარსებობა და სხვა); 2) საწყისი ენაზე მეტყველთა ენობრივი ქცევა: ისინი, ჩვეულებრივ, განგებ ამარტივებენ თავიანთ მეტყველებას, რათა სუბსტრატი ენებზე მეტყველებმა უფრო ადვილად გაუგონ.
როგორც ვხედავთ, პიჯინის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ როგორც საწყისი, ასევე სუბსტრატი ენების წარმომადგენლები. უნდა ითქვას, რომ პიჯინიზაციის სხვადასხვა მოდელები, რომლებიც შემდგომ პერიოდში იყო შემოთავაზებული, მხოლოდ იმით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ მოყვანილი ფაქტორებიდან ან ერთს ანიჭებს უპირატესობას, ან - მეორეს.
აქვე უნდა დავსძინოთ, რომ პიჯინიზაცია, ანუ საწყისი ენის ფრაგმენტებად დაშლა და ამ ფრაგმენტების სუბსტრატი ენის ელემენტებთან არევის გზით ხელოვნური ენის წარმოქმნა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ საწყისი და სუბსტრატი ენებზე მეტყველებს თავიდან არ ესმით ერთმანეთის. წინააღმდეგ შემთხვევაში პიჯინიზაციის მაგიერ ადგილი აქვს ინტერფერენციას, რომელიც ზოგად შემთხვევაში განიმარტება როგორც ბილინგვთა მეტყველებაში არსებული ყოველი ენის ნორმისაგან გადახრა იმის შედეგად, რომ მათ ერთ ენაზე მეტი იციან. მოცემულ შემთხვევაში ბილინგვების როლში გამოვლენ იმ საწყისი და სუბსტრატი ენებზე მეტყველები, რომელთა შორის არსებობს ურთიერთგაგება.
საწყისისა და სუბსტრატის როლთა განაწილება სიტუაციურად შემოსაზღვრულსა და არასისტემატურ კონტაქტში მყოფ ენებს შორის სოციალურად მარკირებულია. ყველა ცნობილი ლინგვისტური სიტუაცია მოწმობს, რომ საწყისი ენის როლში გამოდის გაბატონებული სოციალური ჯგუფის ენა. სწორედ ამ ენის სტრუქტურულ საფუძველზე ყალიბდება პიჯინი, ხოლო სუბსტრატი, ანუ დამორჩილებული სოციალური ჯგუფების ენებიდან ხდება მხოლოდ ცალკეული ლექსემების სესხება, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადგილობრივ რეალიებს აღნიშნავს.
როგორც ვხედავთ, პიჯინიზაცია პრინციპულად განსხვავდება ენების ურთიერთშეღწევის, ანუ ინტერფერენციისაგან, რადგანაც შეზღუდული საკონტაქტო სიტუაცია არ იძლევა ენის გამდიდრების საშუალებას, არაფერი რომ არა ვთქვათ იმ გარემოებაზე, რომ კონტაქტში მონაწილე ენობრივი ჯგუფების წარმომადგენლები შეუგნებლად ეწინააღმდეგებიან ამ გამდიდრებას, რათა არ დაკარგონ კომუნიკაციის სიმარტივე. პიჯინის გამდიდრება და შეცვლა პრაქტიკულად ნულამდეა დასული. ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ პიჯინიზაცია ინტერფერენციისა და ურთიერთგამდიდრების გამომრიცხავი ალტერნატივაა.
გარკვეულ პირობებში შეიძლება მოხდეს პიჯინის კრეოლიზაცია. ესეც სოციოლინგვისტური პროცესია, რომლის შედეგად დამხმარე ენა-პიჯინი იქცევა არარედუქცირებულ ენად, რომელსაც შესწევს უნარი, შეასრულოს ჩვეულებრივი ენის ყველა ფუნქცია და იგი მშობლიურია მასზე მეტყველთათვის.
კრეოლიზაციის პროცესში პიჯინის გაფართოება ხდება როგორც იმანენტური საშუალებების ხარჯზე (სიტყვაწარმოება, დერივაცია,1 გრამატიკული ფორმების განვითარება), ასევე სხვა ენებთან ურთიერთობის წყალობით. ამგვარი ინტერფერენციის წვლილი კრეოლური ენის წარმოქმნაში შეიძლება ძალიან საგრძნობი იყოს. იქნებ ამ მიზეზით მიიჩნევს ბევრი მკვლევარი, რომ კრეოლიზაციასა და ინტერფერენციას შორის განსხვავება მხოლოდ ინტენსივობაშია და რომ ნებისმიერ ძალიან ინტენსიურ ინტერფერენციას შეიძლება ვუწოდოთ კრეოლიზაცია. ამის გამო კრეულურ ენათა რიცხვს ხშირად ისეთ ენებსაც აკუთვნებენ, რომლებსაც არასოდეს გაუვლიათ პიჯინის სტადია, მაგრამ უფრო გავრცელებული განსაზღვრების თანახმად, ეს ენები არ არის კრეოლური (მაგალითად აფრიკაანსი, ინდონეზიური ენები და სხვა). რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ინტერფერენცია, იგი მაინც ვერ გამოიწვევს ერთ-ერთი ენის სტრუქტურაში ისეთ ღრმა ცვლილებებს, როგორც კრეოლიზაცია.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება გამოვყოთ სხვადასხვა ტიპის სიტუაციები, რომლებიც არსებული პიჯინების კრეოლიზაციას იწვევს. ქვემოთ მოყვენილია რამდენიმე მათგანი:
1) კარიბის ზღვის აუზი. სხვადასხვა ეთნიკური და ენობრივი ჯგუფის წარმომადგენელი აფრიკელი მონები დასავლეთ აფრიკიდან კარიბის ზღვის აუზის კუნძულებზე განლაგებულ პლანტაციებში გადაჰყავდათ. პლანტატორები ყოველნაირად ცდილობდნენ მონების დაქსაქსვას, რათა თავიდან აეცილებინათ ამბოხებისა და შეთქმულების საშიშროება. განსაკუთრებით ეს ეხებოდა იმ ეთნოსებს, რომლებსაც მებრძოლის სახელი ჰქონდა გავარდნილი. ამგვარად, ერთსა და იმავე პლანტაციის მონებს არ ესმოდათ არც ერთმანეთის, არც თეთრი ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა. ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად რჩებოდა ინგლისური ან ფრანგული პიჯინი, რომელსაც მონათა ნაწილი ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას იცნობდა, ზოგი კი ატლანტის ოკეანის გადაღმა მგზავრობისას ეუფლებოდა. ამავე ენას სწავლობდა თეთრი ადმინისტრაციის კონტინგენტი. სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მონათა შორის ქორწინებებს ის შედეგი მოსდევდა, რომ ზანგების მეორე თაობისათვის პიჯინი უკვე მშობლიური ენა იყო, რის გამოც მჟღავნდებოდა ენობრივი ფუნქციის გაფართოების ტენდენცია, ანუ პიჯინის კრეოლიზაცია. დროთა განმავლობაში ამგვარად წარმოქმნილი კრეოლური ენები იქცეოდა თეთრი კოლონისტების მეორე ენებად, რომლებსაც ისინი მშობლიურთან ერთად ბავშვობიდანვე ეუფლებოდნენ.
შერეული ეთნოსების ფორმირებას თან ახლდა აფრიკელთა რელიგიური და კულტურული ფესვებისაგან მოწყვეტის პროცესი მოსახლეობის აქტიური ქრისტიანიზაციისა და ევროპულ-ამერიკული ღირებულებების ძალდატანებითი დანერგვის შედეგად. ამგვარი სინთეზის ელემენტები ეტყობა კრეოლი მოსახლეობის წეს-ჩვეულებებს, ტანსაცმელს, მუსიკასა და ფოლკლორს.
ამრიგად, კარიბის აუზის მსგავს ისტორიულ-სოციალურ სიტუაციებში კრეოლური ენები იქმნება პიჯინების გაფართოების შედეგად.
2) სიერა-ლეონეს სიტუაცია. XVIII საუკუნის ბოლოს დღევანდელი სიერა-ლეონეს რესპუბლიკი ტერიტორიაზე, ქალაქ ფრიტაუნსა და მის ირგვლივ მდებარე მიწები დასახლებული იყო კრეოლიზირებული ზანგებით, რომლებიც გამოყვანილი იყვნენ კარიბის ზღვის კუნძულებიდან. ეს ადამიანები დასავლეთ აფრიკაში არსებული ინგლისური პიჯინის ბაზაზე წარმოქმნილ სხვადასხვა კრეოლურ ენებზე ლაპარაკობდნენ. როგორც ეტყობა, ამ ტერიტორიაზე გაჩენილი კრეოლური ენის საფუძველი ერთ-ერთი კარიბული კრეოლური ენაა. მოსახლეები აფრიკაში ორ ჯგუფად მოვიდნენ: პირველი ჯგუფის წარმომადგენლებმა მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში იცხოვრეს, მეორე ჯგუფის წარმომადგენლებმა კი - კანადაში, სადაც ისინი გარკვეულ დონეზე დაეუფლნენ ინგლისური ენის ლოკალურ დიალექტებს. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ მარუნები (იამაიკის კრეოლური ჯგუფი), მაგრამ იზოლირებული ცხოვრების წესის გამო, მათ საერთო მდგომარეობაზე დიდი გავლენა არ მოუხდენიათ. კიდევ უფრო მოგვიანებით ჩამოსახლდნენ მონობიდან გათავისუფლებული სხვა აფრიკელები, რომლებიც კრეოლურ, პიჯინურ და ავტოქტონურ ენებზე საუბრობდნენ. ახალი კრეოლური ენისა და კულტურის ჩამოყალიბება სიერა-ლეონეს ტერიტორიაზე ხდებოდა ყველა ამ ენის აქტიური და ხანგრძლივი სინთეზის პროცესში. თვითმყოფადობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდნენ იორუბას ისლამური რელიგიის აღმსარებელი ტომების წარმომადგენლები. ეს პროცესი და ახალი, კრიოს ეთნოსისა და ენის ჩამოყალიბება საბოლოოდ დასრულდა XIX საუკუნის შუახნებისათვის.
სიერა-ლეონეს მსგავს სიტუაციებში ახალი კრეოლური ენა წარმოიქმნება არა პიჯინის, არამედ ადრე წარმოქმნილი კრეოლური ენის საფუძველზე მისი სხვადასხვა ენებთან ინტერფერენციის შედეგად. ეს ენებია: ა) იმავე რეგიონსა და იმავე პიჯინის ბაზაზე წარმოქმნილი კრეოლური ენები; ბ) ინგლისური ენის ზოგიერთი დიალექტი; გ) დასავლურ-აფრიკული, პორტუგალური და ფრანგული პიჯინები; დ) დასავლურ-აფრიკული იორუბას ენა.
როგორც ვხედავთ, პროცესის ძირითადი მიმართულება ,,პიჯინი - კრეოლი” იგივე რჩება, მაგრამ ხდება მისი გართულება მომდევნო ეტაპზე ინტერფერენციული ურთიერთობების აქტიური შემოსვლით.
3) ოკეანიის სიტუაცია. XIX საუკუნის პირველ ნახევარში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ახალი ჰებრიდის კუნძულებიდან კაროლინის არქიპელაგამდე რეგიონში წარმოიქმნა და გავრცელდა რამდენიმე ინგლისურენოვანი პიჯინი, რომელთა მიზეზი იყო ინგლისელი მეზღვაურების, ვეშაპებზე მონადირეებისა და თევზის ვაჭრების არასისტემატური და შეზღუდული კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. მოგვიანებით ამ პიჯინებიდან ზოგიერთი იქცა საერთაშორისო ურთიერთობის საშუალებად ავსტრალიასა და ოკეანიაში განლაგებულ შაქრის პლანტაციებზე. აქ პიჯინები გამოიყენებოდა როგორც მუშათა შორის, ასევე ინგლისურ ადმინისტრაციასთან კონტაქტებისათვის. ამიტომ ადმინისტრაციის წევრებიც სწავლობდნენ ამ ენას.
მას შემდეგ, რაც მუშები შინ ბრუნდებოდნენ, ისინი სარგებლობდნენ მაღალი რეპუტაციით, როგორც უფრო მაღალ ცივილიზაციას ნაზიარები პირები. ასევე მაღალ სტატუსს იძენდა მათ მიერ მოტანილი ენა. თუ მხედველობაში მივიღებთ განსახილველი რეგიონის ძალიან მაღალ ენობრივ სიმკვრივეს (750-ზე მეტი ენა), ეს მაღალი პრესტიჟის მქონე ახალი პიჯინი ძალიან ადვილად იმკვიდრებდა საარსებო სივრცეს.
მიუხედავად საკომუნიკაციო სტრუქტურისა და არეალის სწრაფი გაფართოებისა, ენა, რომელმაც გადალახა პიჯინის ფუნქციონალური საზღვრები და საერთაშორისო ურთიერთობის ,,ლინგვა-ფრანკად” იქცა, იგი მაინც არ იყო მშობლიური არც ერთი მეტყველისათვის.
ეს კრეოლიზაცია, ანუ ამ შემთხვევაში მშობლიურ ენად ქცევა, მოგვიანებით დაიწყო. ამ სიტუაციაში კრეოლური ენა წარმოიქმნება იმ საერთაშორისო ურთიერთობის ენებიდან, რომლებიც საწყის ეტაპზე არც ერთი მეტყველისათვის არ არის მშობლიური და რომლებიც, თავის მხრივ, სხვა პიჯინების ბაზაზე წარმოიქმნა. ამ შემთხვევაში კრეოლური ენის ფორმირებას არ ახლავს კრეოლური ეთნოსის ჩამოყალიბება.
დღეს მსოფლიოში კრეოლურ ენებზე მოლაპარაკე ადამიანების საერთო რიცხვი აღემატება ათ მილიონს. ძირითადი კრეოლური ენებია:
ა) ინგლისურენოვანი პიჯინების საფუძველზე წარმოქმნილი ენები: იამაიკური, სრანანი, სარამაკა და ჯუკა (სამივე სურინამი), კრიო (სიერა-ლეონე, გამბია, ეკვატორიალური გვინეა), ტოკ-პისინი (პაპუა და ახალი გვინეა).
ბ) ფრანგულენოვანი პიჯინების საფუძველზე წარმოქმნილი ენები: ჰაიტის ენა, მავრიკიული, რეუნიონისა და გვიანის.
გ) ესპანურენოვანი პიჯინების საფუძველზე წარმოქმნილი ენები: პაპიამენტო (არუბას კუნძულები, ბონაირე და კიურასაო), ფილიპინებში გავრცელებული.
დ) პორტუგალურენოვანი პიჯინების საფუძველზე წარმოქმნილი ენები: კრიულო (გვინეა-ბისაუ, მწვანე კონცხის კუნძულები).
საბოლოო დასკვნის სახით მოკლედ შევაჯამოთ ენის პიჯინიზაციისა და კრეოლიზაციის პირობები.
1) სხვადასხვაენოვან ჯგუფებს შორის არარეგულარული, სიტუაციურად შეზღუდული ხასიათის ურთიერთობა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ზეპირად.
2) ერთ-ერთი ენა (პიჯინის საწყისი ენა) დომინირებს სხვა ენაზე ან ენებზე, რომლებიც პიჯინიზაციის პროცესში სუბსტრატი ენების როლს იძენს.
3) საწყისსა და სუბსტრატ ენებს შორის არ უნდა არსებობდეს ურთიერთგაგება.
პიჯინის ხანგრძლივი შენარჩუნებისათვის აუცილებელია ერთი დამატაბითი პირობა: სუბსტრატი ენები არ უნდა განიცდიდეს კიდევ ერთი (საწყისი) ენის აუცილებლობას რეგულარული და ნორმატიული სტრუქტურის მისაღწევად.
პიჯინის კრეოლიზაციისათვის აუცილებელია ორი პირობა:
1) ახალი კრეოლური ეთნოსის ფორმირება, რომელსაც რომელიმე პიჯინური ენის გარდა სხვა ენა არ გააჩნია.
2) რომელიმე არსებული ეთნოსის გადასვლა რომელიმე კრეოლიზაციის პროცესში მყოფ პიჯინზე, რომელსაც მშობლიური ენის სტატუსი ეძლევა. ამ შემთხვევაში ადრე არსებული მშობლიური ენის შენარჩუნება აუცილებელია, რომ შემდგომში მოხდეს ძველსა და ახალ ენას შორის ინტენსიური ინტერფერენცია.
არ არსებობს რაიმე არსებითი დაბრკოლება იმისათვის, რომ კრეოლური ენა მდიდარი ლიტერატურული ტრადიციის მქონე სამწერლობო ენად გადაიქცეს.
_____________________
1 დერივაცია (ლათ. დერივატიო - გადაყვანა, გადახრა) - ახალი სიტყვების წარმოქმნა მოცემული ენის სიტყვათწარმომქმნელი საშუალებების მეშვეობითა და ამ ენაში არსებული სიტყვათწარმოქმის მოდელების თანახმად.
![]() |
13 თემა 13. ენობრივი კონტაქტი და ენის გენერაცია ან დეგენერაცია |
▲ზევით დაბრუნება |
13.1. შესავალი
მიუხედავად იმისა, რომ ენის სიკვდილი და გაქრობა თვით კაცობრიობასავით ძველია, ამ ფენომენის სისტემატური შესწავლა კვლევის საკმაოდ ახალი მიმართულებაა. ამ მხრივ ყურადსაღები სამეცნიერო ნაშრომები შეიქმნა მხოლოდ 1970-იანი წლების ბოლოდან. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: Dressler, W. U., On the phonology of language death: Papers from the English Regional Meeting of the Chicago Linguistic Society, 448-57. Chicago, 1972; Dorian, N. C., Language Death: The Life Cycle of a Scottish Gaelic Dialect, Philadelphia University Press, 1981; Idem, Investigating Obsolescence: Studies in Language Contraction and Death, Cambridge University Press, 1988; Taylor, A. R., Language Obsolescence, Berlin and New York: Mouton and Gruyter, 1992.
ენათმეცნიერებისათვის ენის გადაგვარების პროცესის შესწავლა იმითაა საინტერესო, რომ უკვე დავიწყებული და გამოუყენებელი ენები თავიანთ თავში ინახავს მათ მიერ განცდილ სტრუქტურულ ცვლილებებს და მეტ ინფორმაციას იძლევა ენის განვითარების ზოგად პროცესზე. მაგრამ სოციოლინგვისტური ინტერესის ძირითადი სფეროა ენის გადაგვარების გარემოებათა შესწავლა.
ამჟამად გადაგვარების პროცესში მყოფი ენების კვლევა განიხილება როგორც ,,ხსნის ლინგვისტიკა”. ეს სფერო განაპირობებს საველე გამოკვლევების მეთოდოლოგიის შემუშავებას. ამ პირობებში რაოდენობითი შესწავლა შეიძლება გარემოებებით იყოს შეზღუდული, ხოლო თვისობრივი შესწავლა საჭიროებს ენის შემორჩენილ მეტყველებთან განსაკუთრებით ფაქიზ მიდგომას.
13.2. კვლევის საგნისა და სფეროს განსაზღვრა
ენის სიკვდილის ფენომენი სხვადასხვა ტერმინით განისაზღვრებოდა. ზოგი გამოკვლევა ტერმინის მნიშვნელობას უშუალოდ ანიჭებს გამოთქმას ,,ენის სიკვდილი”. ზოგჯერ გამოიყენება უფრო რბილი გამოთქმები, როგორიცაა ,,ენის უკუსვლა”, ,,ენის დაცემა” და სხვა. მაგრამ უმთავრეს მეცნიერულ ნაშრომებში მიღებულია ტერმინი ,,ენობრივი გადართვა”, ან ,,ენობრივი ჩანაცვლება”.
ენის სიკვდილი გულისხმობს ენის სრულ გაქრობას. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებშია დაკავშირებული ამგვარი მოვლენა ენაზე მეტყველთა მთელი საზოგადოების სიკვდილთან. უფრო ხშირად საქმე გვაქვს ბილინგვალიზმის შედეგად ერთი ენის მეორეთი სრულ ჩანაცვლებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ენის პროგრესული სიკვდილი ხშირად შეიცავს თავის თავში ენის ისტორიულ ცვლილებასაც, ეს უკანასკნელი მაინც განსხვავებულია და გაცილებით მეტ დროს მოითხოვს. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვთქვათ, რომ ლათინური ენა არ არის მკვდარი, რადგან იგი სივრცესა და დროში იმდენად შეიცვალა, რომ ათეულობით სხვა ენას მისცა სათავე. მაგრამ სიკვდილი განიცადა, მაგალითად, ამერიკაში კოლონიზაციამდე გავრცელებული ენების უმრავლესობამ, რომელთა მეტყველების შთამომავლები ამჟამად ინგლისურად ან ესპანურად ლაპარაკობენ.
,,ენის სიკვდილის” მეტაფორა გულისხმობს, რომ საქმე პროცესთან უნდა გვქონდეს. იგი ჩნდება მაშინ, როცა ენის გაქრობა თითქოსდა გარდაუვალია. სინამდვილეში ენები განიცდიან თანდათანობით ან უეცარ სიკვდილს.
უეცარი სიკვდილის ექსტრემალური შემთხვევაა, როდესაც მთელი პოპულაცია ერთბაშად ქრება მიწის პირიდან. ამგვარი პროცესის მაგალითია ტასმანიელები და მათი ენა. ამ დროს ენათმეცნიერებს არაფერი რჩებათ სათქმელი, რადგან ენის უკანასკნელი მეტყველი თავისი ფიზიკური გაქრობით წყვეტს ენის ფუნქციურ არსებობას.
ენის რადიკალური სიკვდილი უეცარი სიკვდილის მსგავსია. განსხვავება ის არის, რომ პოპულაციის გენოციდის შედეგად მაინც რჩება ცოცხალ მეტყველთა საკმაო რაოდენობა, მაგრამ გადარჩენილები ხიფათის თავიდან ასაცილებლად ირჩევენ ენის გამოცვლას. ამგვარად მოუვიდა, მაგალითად, პიპილის ენას სალვადორში ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდის შემდეგ სამთავრობო ჯარების მხრიდან 1930 წლებში (ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა la matanza-ს, ანუ ,,ჟლეტის” სახელწოდებით).
ენის სიკვდილის ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა თანდათანობითი გადაგვარება, რომელიც რამდენიმე თაობის განმავლობაში ხდება. ამ დროს ენის გადაგვარებასა და გაქრობას თან ახლავს მისი ინტენსიური ცვლილებები. ამ პროცესის მაგალითებია, გელური ენა ევროპაში, ნორვეგიული - ამერიკაში და მრავალი სხვა.
ზოგჯერ ენის სიკვდილის პროცესი პირველ რიგში შეეხება ენის ყველაზე დაბალ რეგისტრებს და ,,ცოცხლად” ტოვებს ფორმალური რეგისტრის მცირე ფრაგმენტებს. ამგვარი სიკვდილი ,,ქვემოდან ზემოთ” შეიძლება შევიცნოთ ლათინური ენის შემთხვევაში, რომლის ყველაზე მაღალი ფორმალური რეგისტრის კვალი დღემდე შეიმჩნევა თანამედროვე ევროპულ ენებში.
ეგრეთ წოდებული ,,ტერმინალური მეტყველებია” ის ადამიანები, რომლებიც არასრულყოფილად ფლობენ ენას. მათ არა აქვთ საკმაო უნარი ილაპარაკონ მოცემულ ენაზე, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაო უნარი აქვთ მისი გაგებისა. ეს სიტუაცია შეიმჩნევა თანამედროვე ევროპული ენის ბევრი დიალექტის შემთხვევაში, როდესაც დაუბრკოლებელი მეტყველების უნარი მხოლოდ უფროს თაობას შერჩენია, ხოლო ახალგაზრდები, თუმც კარგად იგებენ დიალექტის მთელ ლექსიკას, მეტყველების თვალსაზრისით უფრო გაწაფულნი არიან ენის ლიტერატურულ ვარიანტში.
მკვდარი ენის მეტყველთა კიდევ ერთი კერძო შემთხვევაა ეგრეთ წოდებული ,,ენის ხსოვნაში მატარებლები”. იგულისხმება ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ადრეულ სტადიაზე დაუბრკოლებლად ფლობდნენ ენას, მაგრამ მოცემულ მომენტში მისი მხოლოდ გახსენება შეუძლიათ. ამგვარი პირების არსებობა დამახასიათებელია ენის სიკვდილის საკმაოდ გვიანდელი სტადიისათვის. ხშირად ამ ადამიანთა მეხსიერება საკმაო საშუალებაა, რომ განხორციელდეს ხსნის ლინგვისტური პროექტი, მაგრამ ზოგჯერ ისინი იმდენად არიან ტრავმირებულნი მათი მეტყველების არასრულყოფილების გამო, რომ ვეღარაფერი აიძულებთ გაიხსენონ ადრინდელი ცოდნა.
ენათმეცნიერი, ნორმან დენისონი, ,,ენობრივი სიკვდილის” მაგიერ გვთავაზობს მისი აზრით უფრო ზუსტ მეტაფორას ,,ენის თვითმკვლელობა”: ესა თუ ის კულტურა თვითონ ,,გადაწყვეტს” ენაზე უარის თქმას. მრავალენოვანი მშობლები დროის რომელიღაც მომენტში წყვეტენ ბავშვებთან ენის ნაკლებად პრესტიჟულ ვარიანტზე საუბარს, რადგანაც ამას აღარ მიიჩნევენ საჭიროდ ან მიზანშეწონილად. შესაბამისად შვილებიც კარგავენ მოტივაციას, დაეუფლონ ენას, რომელსაც აღარ გააჩნია ისეთი დადებითი კონოტაციები, როგორიცაა ახალგაზრდობა, თანამედროვეობა, ტექნიკური ჩვევები, მატერიალური წარმატება, განათლება.
ენობრივი ჩანაცვლების ანალიზისას საჭიროა განვიხილოთ შემდეგი ფაქტორები:
1. მეტყველთა რიცხვი: რაც უფრო მეტი ადამიანი მეტყველებს რომელიმე ენაზე, მით უფრო მცირეა იმის ალბათობა, რომ ეს ენა გაქრება. თუმცა მეტყველთა დიდი რაოდენობა თავისთავად არ იძლევა ენის შენარჩუნების გარანტიას, მეორე მხრივ კი მეტყველთა მცირერიცხოვნებაც თავისთავად არ ნიშნავს, რომ ენა აუცილებლად განწირულია გასაქრობად. ვერ ვიტყვით, რომ რაოდენობრივი თვალსაზრისით კრიტიკულ ზღვარს მიღწეული ენა აუცილებლად გაქრება. მეტ-ნაკლებად დანამდვილებით შეგვიძლია მხოლოდ საპირისპირო დებულება გამოვთქვათ: ის ენები, რომლებიც მომავალში გაქრება, დღეს მეტყველთა რიცხვის რაოდენობრივ კრიზისს განიცდის.
2. ენობრივი გარემოცვა: რაც უფრო ინტენსიურია მეზობელ ენებთან კონტაქტი, მით უფრო სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება განსახილველი ენა. მაგრამ ნამდვილი ვითარება, ჩვეულებრივ, გაცილებით უფრო რთულია: რომელიმე რეგიონში გავრცელებული ორ- ან სამენოვნება, ხშირ შემთხვევებში, არ უშლის ხელს ერთი ჯგუფის ადამიანებს თავიანთი ჯგუფის ფარგლებში საკუთარ ენაზე ისაუბრონ. რობერტ აუსტერლიცი ამბობს, რომ მრავალენიანობა მხოლოდ ევროპელებისათვის ატარებს გამონაკლისის ხასიათს, მაშინ როცა დედამიწის მრავალ რეგიონში, განსაკუთრებით კი იქ, სადაც ჯერ არ ჩამოყალიბებულა ეროვნული სახელმწიფოები, მრავალენოვანება ჩვეული მოვლენაა. გარდა ამისა, ენობრივი გარემოცვა თავისთავად კი არ არსებობს, არამედ იცვლება ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების ზეგავლენით. ყოველი ეს ფაქტორი ახალ ვითარებას ქმნის და მხოლოდ ნაწილობრივ მოქმედებს უშუალოდ ენობრივ სიტუაციაზე.
3. სამეურნეო საქმიანობის ტიპი: თუ ენობრივი ერთობა ინარჩუნებს თავის ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას, უფრო მეტია ალბათობა, რომ ამ საქმიანობას მონოლინგვური ჯგუფები განახორციელებენ, რაც ხელს უწყობს ენის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ერთი და იგივე საქმიანობით დაკავებული ადამიანები ენას თუ არა, შესაბამის შრომით ტერმინოლოგიასა და სხვა საჭირო ლექსიკას ინარჩუნებენ. ამის საპირისპიროდ, დაქირავებულ შრომაზე გადასული ადამიანები, ჩვეულებრვი, განსხვავებულ ენობრივ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე. უნდა ითქვას, რომ ეს ფაქტორიც არაა დამოუკიდებელი, რადგანაც სამეურნეო საქმიანობის ტიპი სტაბილური რჩება ან იცვლება სხვადასხვა ისტორიული, პოლიტიკური, ეკოლოგიური ან სხვა მიზეზებით. ამ შემთხვევაში სწორედ ეს მიზეზები უნდა განვიხილოთ ენობრივ სიტუაციაზე მოქმედ უფრო ღრმა და მნიშვნელოვან ფაქტორებად. ამასთან, ეს გარემოებები ყოველთვის როდი ,,მუშაობს”: შეიძლება მოვიყვანოთ იმის მრავალი მაგალითი, როდესაც სამეურნეო საქმიანობის ცვლილება არ იწვევს ენობრივ ჩანაცვლებას.
4. ენის კვლავწარმოება: თუ ენა თაობიდან თაობას ნორმალურად გადაეცემა, მისი შენარჩუნების შესაძლებლობები მეტია. მაგრამ შვილებისათვის ენის გადაცემა ვერ გამოდგება მისი შემდგომი არსებობის გარანტიად: მრავალია შემთხვევა, როდესაც ენა გადაეცა შვილებს, მათ შეუძლიათ მასზე მეტყველება, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო შეგნებულად უარს ამბობენ ამაზე და სხვა საკომუნიკაციო ენას ირჩევენ. ეს ფაქტორიც არაა დამოუკიდებელი, რადგან თაობიდან თაობას ენის გადაცემა სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება შეწყდეს: ხელისუფლების მხრიდან იძულებით, ან თვით მშობლების ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების ძალით.
5. ეროვნებათშორისი ქორწინებები: როგორც ეტყობა, ეს პირობა იმ შემთხვევაშია რეალური, როდესაც ქალები ესწრაფვიან უცხოელებთან, ან სულაც თავიანთი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ ქორწინებას. მაგრამ ეს პირობაც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ვამტკიცოთ, თითქოს ბავშვები ცალსახად შეისწავლიან მამისას და უგულებელყოფენ დედის ენას. ამისათვის ქალი შეგნებულად უნდა გადავიდეს ქმრის ენაზე და საკუთარი უარყოს, ამგვარი გადაწყვეტილების მოტივები კი ცოლქმრული ურთიერთობის მიღმა დგას.
6. სახელმწიფოს ენობრივი პოლიტიკა: უეჭველია, რომ სახელმწიფოს ენობრივმა პოლიტიკამ სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანებით დასახლებულ გარკვეულ ტერიტორიებზე შეიძლება საგრძნობი შედეგები გამოიღოს. ეს პოლიტიკა, ჩვეულებრივ, სახალხო განათლების სისტემის მეშვეობით მოქმედებს და ერთი ან ორი თაობის განმავლობაში აღწევს მიზანს. მაგრამ მეორე ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება აუცილებლად არ იწვევს პირველი ენის გაქრობას, ხოლო თუ სახელმწიფო პირდაპირ მიმართავს რეპრესიებს რომელიმე ენის ჩასახშობად, ამის შედეგები ცალსახა ვერ იქნება: ჩახშობის პოლიტიკამ შეიძლება გააძლიეროს და შეგნებულ დონეზე აიყვანოს ეთნიკური და ენობრივი თვითშეგნება, გააღვიძოს პროტესტის გრძნობა.
7. პრესტიჟი: როცა სატიტულო ენა არაპრესტიჟული ხდება, ხოლო სხვა ენა პრესტიჟს იძენს, იქმნება ენობრივი ჩანაცვლებისათვის ხელსაყრელი სიტუაცია. მაგრამ დაბალი პრესტიჟი თავისთავად არ იწვევს ამგვარ ჩანაცვლებას: ორი ენა -დაბალი და მაღალი პრესტიჟის მქონე - შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მშვიდობიანად თანაარსებობდეს. გარდა ამისა, ეს ფაქტორიც ვერ ჩაითვლება დამოუკიდებლად, რადგან ენის პრესტიჟს მრავალი გარეგანი მიზეზი აპირობებს.
8. დამწერლობის არსებობა ან არარსებობა: ამ პირობასაც ხშირად ასახელებენ ენობრივი ჩანაცვლების შესწავლისას. უმწერლობო ხალხური ენები, ჩვეულებრივ, თმობენ თავიანთ პოზიციებს უფრო ,,განვითარებული” ენის წინაშე, რომელიც სამწერლობო ტრადიციის არსებობის გამო ბუნებრივად უფრო აგრესიულია. მაგრამ ეს ფაქტორი არაა არსებითი. დამოკიდებულება დამწერლობის არსებობაზე შეიმჩნევა, მაგრამ ის უშუალო არაა.
![]() |
14 თემა 14. ენობრივი კონფლიქტები |
▲ზევით დაბრუნება |
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, მაშინაც კი, როცა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა ჯერ არ იყო დასრულებული, ენათა შორის კონფლიქტები აუცილებლად გადადიოდა მათ კონკრეტულ მეტყველთა შორის კონფლიქტში. ენათა შორის ასეთნაირი ურთიერთობები ქმნის კვლევის სფეროს ისეთი დარგისათვის, რომელსაც ,,კონტაქტლინგვისტიკა” შეიძლება ვუწოდოთ.
საკითხის ისტორია
XX საუკუნის ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ენათმეცნიერების დარგში აქცენტების საგრძნობი გადაადგილება მოხდა: ნაომ ხომსკის მიერ დაარსებული გენერაციული ენათმეცნიერების მიმდევართა თითქოსდა მშვიდ და ჰომოგენურ გარემოს გამოეყო ჯგუფი, რომლის წევრები აღიარებენ ლინგვისტიკის სფეროში სოციალური, ფსიქოლოგიური და ინდივიდუალური კომპონენტების გათვალისწინების აუცილებლობას.
კონტაქტლინგვისტიკა
ამ დარგის ჩამოყალიბება 1950-იანი წლების დასაწყისიდან ითვლის თავის ისტორიას.1 პირველ ხანებში იგი სოციოლოგიური და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით შეისწავლიდა ენობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ შედარებით მარტივ მოვლენებს: სიტყვების სესხებას, მორფოლოგიურ და სინტაქსურ გავლენებს, კალკირებას და ა.შ.
კონტაქტლინგვისტიკის საკვლევი თემატიკა
ენობრივი დაგეგმარება და ენობრივი პოლიტიკა ხშირად აპირობებდა კონტაქტლინგვისტიკურ გამოკვლევათა აუცილებლობას. ეს განსაკუთრებით მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც ისტორიული და პოლიტიკური მიზეზების შედეგად აღმოჩნდა, რომ მეორე და მესამე ენის შესწავლა ხელს უწყობს სახელმწიფოთა შორის კონტაქტების გაფართოებასა და გაღრმავებას.
ყოველივე ამან გამოიწვია ენობრივი კონტაქტების როგორც დიაქრონული, ასევე სინქრონული ასპექტების შესწავლა.
კონტაქტლინგვისტიკა და მულტილინგვიზმი
გასაოცარია, რომ ენობრივი უმცირესობების სიმდიდრით გამორჩეულ ქვეყნებში (საფრანგეთი, რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი) შედარებით ნაკლებია კონტაქტლინგვისტიკის სფეროში ჩატარებული გამოკვლევები. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ამ ქვეყნებში სოციოლინგვისტური მუშაობა აუცილებელია, რადგანაც მრავალი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ლოკალურ ენობრივ სიტუაციას.
14.1. კონტაქტლინგვისტიკის განმარტება
ტერმინი ,,კონტაქტლინგვისტიკა” პირველად შემოღებულ იქნა ენობრივ კონტაქტთა და კონფლიქტთა პირველ მსოფლიო კონგრესზე 1979 წლის ივნისში. იგი, ფაქტობრივად, წარმოადგენს მულტილინგვური კვლევების ინტერდისციპლინარულ დარგს. კონტაქტლინგვისტიკის სფეროში შედის სამი ძირითადი ობიექტი: ენა, ენაზე მეტყველი და ენობრივი სფერო.
ბუნებრივია, რომ კონტაქტლინგვისტიკის სფეროში შედის ისეთი ენათმეცნიერული დონეები, როგორიცაა ფონოლოგია, სინტაქსი, ლექსიკა. მაგრამ ეს დისციპლინა თანაბრად მოიცავს დისკურსის ანალიზს, სტილისტიკასა და პრაგმატიკას. გარდა ამ წმინდა ენათმეცნიერული ობიექტებისა კონტაქტლინგვისტიკა ითვალისწინებს სოციოლოგიურ კატეგორიებსაც: ერს, ენობრივ ერთობას, ენობრივ საზღვრებს, მიგრაციას და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია ენობრივი კონტაქტებისა და კონფლიქტების ტიპოლოგია, მულტილიგვიზმის კონკრეტული სახე და სხვა. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ბუნებრივი, სახელმწიფოს მიერ დაწესებული, ხელოვნური და ა.შ. შეიძლება გვქონდეს სემილინგვიზმის ან ინტერლინგვის შემთხვევები: პირველი ორი ენის ,,სანახევროდ” შესწავლას აღნიშნავს, მეორე კი - ენების ეკლექტურ ნარევს, რომელსაც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა იყენებს ურთიერთობისათვის.
კონტაქტლინგვისტიკის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია, რომ ჩვეულებრივ სოციოლინგვისტურ ცვლადებს არსებითად ემატება კიდევ ერთი: ენობრივი უმცირესობის სტატუსი.
14.2. მულტილინგვიზმი ანუ მრავალენიანობა
14.2.1. რა არის მულტილინგვიზმი?
ტერმინით ,,მულტილინგვიზმი” შეიძლება აღვნიშნოთ როგორც ინდივიდის მიერ ენის გამოყენება, ასევე მისი კომპეტენცია ერთზე მეტი ენის სფეროში. გარდა ამისა, იგივე ტერმინით აისახება სახელმწიფოს შიგნით ისეთი სიტუაცია, როდესაც მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია რამდენიმე ენის გამოყენება. ინდივიდუალურ დონეზე მულტილინგვიზმი, ჩვეულებრივ, ბილინგვიზმამდე დაიყვანება, რადგანაც ორზე მეტი ენის ცოდნა, თუმც შეიძლება არ იყოს იშვიათი მოვლენა, მას იშვიათად აქვს საკუთრივ სოციოლინგვისტური მნიშვნელობა, რადგანაც ძალზე ცოტაა ადამიანები, რომლებიც ორზე მეტ ენას იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა მსოფლიო მეტად მდიდარია მულტილინგვური სიტუაციებით. ეს მოვლენა განსაკუთრებით ხშირია სასაზღვრო ზონებში, პოსტკოლონიალურ რეგიონებში, თავისებური ისტორიული წარსულის მქონე სახელმწიფოებში (მაგალითად: შვეიცარია, ბელგია და სხვა).
რაც შეეხება ბი- ან მულტილინგვიზმის ,,ნორმატიულ” განმარტებას, აქ საქმე მარტივად როდია. ყველა განმარტება, რომელიც შეიცავს შემდეგნაირ დახასიათებებს - რომ ინდივიდმა თანაბრად კარგად იცის ენები, ან ერთდროულად შეისწავლა ისინი, ან მსგავს კონტექსტებში იყენებს მათ - ჩვეულებრივ არარეალისტურია.2 ამიტომაც დღეს საყოველთაოდ მიღებულია უფრო ზოგადი, ან, როგორც ამბობენ, მეთოდოლოგიური განმარტება: ,,მულტილინგვიზმი არის ორი ან მეტი ენის ერთდროული გამოყენება”, ანდა ,,მულტილინგვიზმი არის ინდივიდის კომპეტენცია ორ ან მეტ ენაში”.3 ეს განმარტებები კონკრეტული კვლევის მოთხოვნებიდან გამომდინარე შემდგომი დახვეწის საშუალებას იძლევა.
საზოგადოებრივ ან სახელმწიფოებრივ დონეზე შეგვიძლია განვასხვავოთ ,,ოფიციალური” და ,,დე ფაქტო” მულტილინგვიზმი. მაგალითად, შვეიცარია ოფიციალურად მულტილინგვური ერია, რაც მისი დეკლარაციიდან გამომდინარეობს, მაგრამ აქ მულტილინგვიზმი დამყარებულია ტერიტორიულ პრინციპზე. რადგანაც საყოველთაო მნიშვნელობის დოკუმენტები არსებობს ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენაზე, ქვეყნის თითოეული მოქალაქე იზრდება თავისი მშობლიური კანტონის მონოლინგვურ გარემოში. კანადა ოფიციალურად ბილინგვი ქვეყანაა, რადგანაც ინგლისური და ფრანგული ენები კანადის კონსტიტუციით ოფიციალურ ენებადაა აღიარებული, მაგრამ კანადელთა უმრავლესობას რეგულარული (სკოლის გარეშე) კონტაქტი მხოლოდ ერთ მათგანთან აქვს. უფრო მეტიც, ოფიციალურის გარდა კანადაში ასობით ენაზე ლაპარაკობენ იქ დამკვიდრებული იმიგრანტთა ჯგუფები. ამ ენათაგან ზოგიერთი უკვე რამდენიმე თაობის განმავლობაში არსებობს კანადაში და გარკვეულ ტერიტორიაზე გავლენითაც სარგებლობს. ამგვარად, კანადა, რომელიც ოფიციალურად ბილინგვი ერია, დე ფაქტო მულტილინგვურია.
საზოგადოებრივი მულტილინგვიზმი იქმნება ისეთი კონტექსტური ფაქტორების გავლენით, როგორიცაა საერთაშორისო მიგრაცია (მაგალითად, არგენტინა და აშშ), კოლონიალიზმი (მაგალითად, უელსი და კენია), საერთაშორისო საზღვრები (მაგალითად, საზღვარი ავსტრიასა და სლოვენიას, ან საფრანგეთსა და გერმანიას შორის). გარდა ამისა, არსებობს ეგრეთ წოდებული ეთნოლინგვისტური ანკლავები, ანუ, გერმანულად, Sprachinseln (მაგალითად, უნგრული ანკლავები სლოვაკიაში, ან სერბული - გერმანიაში).
დონეების მიხედვით მულტილინგვურ გარემოში არსებული ენები იშვიათადაა ერთი და იგივე მნიშვნელობის. მაგალითად ლუქსემბურგელებს ერთმანეთთან ყოველდღიური კონტაქტისათვის აქვთ თავიანთი საკუთარი ენა (Letzebuergesch), მაგრამ განსაკუთრებულ სიტუაციებში ისინი იყენებენ ფრანგულს ან გერმანულს როგორც H ენებს. მულტილინგვი ინდივიდის მიერ ენის არჩევა დამოკიდებულია სოციოლინგვისტურ ცვლადებზე, რომლებსაც ქვემოთ განვიხილავთ.
14.2.2. კვლევის პარადიგმები
როგორც ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, მულტილინგვიზმის კვლევა მოიცავს ენობრივი სისტემების კონტაქტის, ენების საზოგადოებრივი ფუნქციებისა და ერთზე მეტი ენის მცოდნე ადამიანების მეტყველების შესწავლას. ამ ფაქტების ერთმანეთისაგან იზოლირებულად განხილვა არ შეიძლება. ყოველი მათგანს უნდა შევხედოთ, როგორც ერთი მთლიანი თავსატეხის ნაწილს, რომლის ამოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ყოველ ცალკეულ ფაქტორს ერთი მთლიანის კომპონენტად მივიჩნევთ.
ამ თვალსაზრისით შემუშავებულია კვლევის რამდენიმე პარადიგმა, რომლებსაც ქვევით ჩამოვთვლით:
ენობრივი კონტაქტის პარადიგმა კონცენტრირებულია ,,ენაზე როგორც სისტემაზე” და იგი ითვალისწინებს როგორც სოციოლინგვისტურ, ასევე ფსიქოლინგვისტურ ფაქტორებსაც, მოიცავს ენობრივი კონტაქტების შემთხვევებსა და საერთაშორისო ნიმუშებს.
ენობრივი ჩანაცვლების პარადიგმა შეეხება ენის გამოყენებას, გამოყენების არეებს და ერთი ენიდან მეორის გამოყენებაზე გადასვლას კონკრეტულ სიტუაციებში თუ საზოგადოდ.
ენის სიკვდილის პარადიგმა გარკვეულად ფარავს ენობრივი ჩანაცვლების პარადიგმას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესწავლის ობიექტია ის ენები, რომლებიც მხოლოდ ერთ მცირე რეგიონში არსებობს (მგალითად, უელსური, ბრეტონული, ამერიკის ინდიელთა ენები და ა.შ.) ენობრივი ჩანაცვლებისაგან განსხვავებით ენის სიკვდილის პარადიგმა განიხილავს ენის გრამატიკის ცვლილებას მისი სიცოცხლის ბოლო სტადიაში.
ენის ცვეთის პარადიგმა შეეხება იმ ვითარებას, როდესაც ინდივიდი ივიწყებს, ან დროთა განმავლობაში კარგავს თავისი პირველი ენის ცოდნას. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მაგალითად, იმიგრანტთა ოჯახებში მშობლებისა და შვილების მეტყველების შედარებითი გამოკვლევა.
14.2.3. მულტილინგვიზმის სოციალური შედეგები
ეროვნული და რეგიონალური ტენდენციების გარდა არსებობს კიდევ მუდმივი თავისთავადი დაძაბულობა მონოლინგვიზმისა და მულტილინგვიზმს შორის. ამ მოვლენის დაკვირვება შესაძლებელია აშშ-სა და ავსტრალიის ისტორიულ მაგალითზე. ამ ქვეყნებში XIX საუკუნის განმავლობაში დაშვებული იყო მულტილინგვისტური პოლიტიკა, მაგრამ იგი XIX საუკუნის დასასრულისათვის ჯერ ტოლერანტული მაგრამ შემზღუდველი პოლიტიკით შეიცვალა, ხოლო I მსოფლიო ომის დასაწყისისთვის კატეგორიულად მონილინგვისტური გახდა. უფრო ტოლერანტული პოლიტიკისაკენ შემობრუნება აშშ-ში მხოლოდ 1960-იან წლებში დაიწყო, ხოლო ავსტრალიაში - 1970-იანი წლების დასაწყისიდან.
გლობალურ მასშტაბში მონოლინგვიზმსა და მულტილინგვიზმს შორის სიტუაცია, ასე ვთქვათ, რხევადია მეტ-ნაკლები პერიოდულობით. ორ მსოფლიო ომს შორის გამეფებული ქსენოფობიისა და მონოკულტურალიზმის პირობებში პოლიტიკა მონოლინგვიზმისკენ იყო გადახრილი, მაგრამ 1960-იანი და 70-იანი წლებიდან, როდესაც მსოფლიოში დომინანტური ხასიათი მიიღო სოციალური სამართლიანობისათვისა და ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლამ, პოლიტიკაც უფრო ამტანი გახდა მულტილინგვიზმის მიმართ, რომელმაც პოზიტიური ღირებულების სტატუსი შეიძინა.
დღეს მულტილინგვიზმის განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ერთი მხრივ, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, მეორე მხრივ კი, მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია, რომელმაც გლობალური მასშტაბები მიიღო.
ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იმიგრანტები უბრალოდ ,,სტუმარი მუშახელია” და უარყოფენ, რომ მათ ტერიტორიაზე დე ფაქტო უკვე ჩამოყალიბდა მულტიკულტურული საზოგადოება, თავიანთ ეთნიკურ უმცირესობებს მარგინალურ სტატუსს ანიჭებენ. მაგრამ ამ ქვეყნებში ამგვარ მარგინალთა უკვე არაერთი თაობა აღიზარდა, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ერის კულტურულსა და ეკონომიკურ განვითარებაში, და სულ უფრო და უფრო ძნელი ხდება მათი შეზღუდული მდგომარეობის გამართლება.
ევროპარლამენტის 1993 წლის დადგენილებით მიღებულ იქნა ქარტია უმრავლესობისა და უმცირესობათა ენებს შორის, სადაც უკანასკნელთ ეძლევათ მათ ენებზე განათლების, მედიის, საჯარო ადმინისტრირებისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციების ასრულების გარანტია.
14.2.4. ენის დაგეგმარება და მულტილინგვიზმი
ენობრივმა პოლიტიკამ და/ან საზოგადოების დამოკიდებულებამ (ატიტუდმა) შეიძლება გააძლიეროს, მიიღოს, აიტანოს, ან უარყოს მულტილინგვიზმი, ანდა სპეციალური სტატუსი მიანიჭოს ერთს, ან ერთზე მეტ ენას. იქ, სადაც ენობრივი პოლიტიკა მხარს უჭერს მულტილინგვიზმს, ამას შეიძლება შემდეგი მოტივაციები ჰქონდეს:
სოციალური - ყველა სოციალური ჯგუფის ერთნაირად სამართლიანი მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.
კულტურული - კულტურის შენარჩუნების გასაადვილებლად.
პოლიტიკური - რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა სოციალური ჯგუფის პოლიტიკური მხარდაჭერა და მათი ხმები არჩევნებზე.
ეკონომიკური - რათა ყველა ენის მფლობელთა ქონება უკეთ იქნეს მობილიზებული ქვეყანაში საგადასახადო საქმიანობის აღსრულებისათვის.
რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეიძლება ნამიბიიდან, სინგაპურიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და შვეიცარიიდან.
ახალი ნამიბიის ენობრივი პოლიტიკა ოფიციალურ სტატუსს ინგლისურ ენას ანიჭებს, თუმცაღა ეს მოსახლეობის მხოლოდ 3 %-ის მშობლიური ენაა და მხოლოდ 53 %-მა იცის იგი. ინგლისურის მიღება ერთადერთ ოფიციალურ ენად განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ორი პირვანდელი ენა - აფრიკაანსი და გერმანული - მოსახლეობის წარმოდგენაში ასოცირებულია კოლონიალიზმთან და ჩაგვრასთან. მეორე მხროვ, სახელმწიფოს ტერიტორიაზე ლოკალური აფრიკული ენების ძალიან დიდი რაოდენობაა გავრცელებული, რომელთა შორის შეუძლებელია რაიმე პრიორიტეტის დადგენა.
ამისაგან განსხვავებით, სინგაპურში ოთხი ოფიციალური ენაა. მათგან სამი -მანდარინი, მალაური და ტამილური - შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამი უმთავრესი ეთნიკური ჯგუფის ენები. მეოთხე ენა ინგლისურია, რომლის ფუნქცია ეროვნებათა შორის კონტაქტის უზრუნველყოფაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინური წარმოშობის სინგაპურელთა უმრავლესობა ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტზე საუბრობს, მთავარ ენად მაინც მანდარინი იქნა არჩეული, რადგანაც სახელმწიფოს ეძლევა საშუალება ურთიერთობა იქონიოს როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ასევე ტაივანთან.
ავსტრალიაში, სანამ ეროვნული ენა არაა გამოცხადებული, ამ ფუნქციას ინგლისური ასრულებს. ამ შემთხვევაში ენობრივი პოლიტიკა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს მისდევს:
ინგლისური ენის საყოველთაო ცოდნა;
ინგლისურისაგან განსხვავებული ენების შენარჩულება და განვითარება;
სხვა ენებზე ინფორმაციისა და სხვადასხვა სამსახურების უზრუნველყოფა;
მეორე ენის შესწავლის საყოველთაო შესაძლებლობა.
მთავრობის ძალისხმევა ამ თვალსაზრისით კონცენტრირებულია საერთო განათლებაზე. ერთი მხრივ ყველამ (როგორც აბორიგენებმა, ასევე იმიგრანტებმა) უნდა ისწავლოს ინგლისური, რომელიც ძირითადია ავსტრალიის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, მეორე მხრივ, ამ დაწესებულებებში ისწავლება მეორე ენების დიდი რაოდენობა (საერთო ჯამში 38 ენა), რომელთაგან ერთ-ერთში მოსწავლემ გამოსაშვები გამოცდა უნდა ჩააბაროს. სახელმწიფო თავს არიდებს ინგლისური ენისათვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, რადგანაც ასეთ შემთხვევაში ფორმალურად შეიზღუდება სხვა ენათა სტატუსი. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისური ენა ოფიციალურად გამოცხადდა შტატების ერთი მეოთხედის მხარდაჭერით, ხოლო უმცირესობათა ენათაგან უდიდესმა - ესპანურმა - ამ პროცესში განტევების ვაცის ხვედრი გაიზიარა.
კანადაში ,,ოფიციალური ბილინგვიზმი” მიმართულია ინგლისურსა და ფრანგულს შორის გარკვეული ბალანსის შესანარჩუნებლად, მაგრამ ქვეყნის ისტორიული თავისებურებების, პოლიტიკური და ეკონომიკური მოსაზრებების გამო ენობრივი პოლიტიკა უფრო ინგლისურ ენას მეურვეობს. თუ განვიხილავთ ბილინგვიზმისა და ბიკულტურალიზმის სამეფო კომისიის (Royal Commission on Bilingualism and Bixulturalism) მიერ 1965-1970 წლებში გაკეთებულ დასკვნებს, აღმოჩნდება, რომ თუ მთელს კანადაში პროგრესულად ბილინგვიზმი იკიდებდა ფეხს, კვებეკის პროვინციაში (ფრანგულენოვანი კანადელებითაა დასახლებული) მოსახლეობა ინგლისურის მიმართ ეთნიკური დაპირისპირების გამოისობით სულ უფრო მონოლინგვური ხდებოდა. 1974 წელს ფრანგული ენა გამოცხადდა კვებეკის პროვინციის ერთადერთ ოფიციალურ ენად. 1988 წელს მოხდა ამ საკანონმდებლო აქტის გადასინჯვა იმის გამო, რომ კანადა მულტიკულტურულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ფაქტობრივად, იგი ისეთივე მრავალენოვანი ქვეყანაა, როგორც ავსტრალია. აქ არსებობს პროვინციები (ალბერტა, მანიტობა, სასკაჩევანი), სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ადგილობრივ ენებზე, რომელთაც არანაირი სტატუსი არ გააჩნიათ.
შემდგომ წლებში ენობრივმა პოლიტიკამ ფრანგულის მხარეს გადაინაცვლა, რომლის წილი გაიზარდა სასკოლო პროგრამებში. რაც შეეხება ადგილობრივ ენებს, დაშვებულია მათი შესწავლა ფაკულტატიურად.
საზოგადოდ, შეიძლება გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ეგრეთ წოდებული სიმეტრიული მულტილინგვიზმი, როდესაც ყველა ენას ერთნაირი სტატუსი აქვს, და ასიმეტრიული მულტილინგვიზმი, როდესაც ერთ-ერთ ენას სხვებზე მაღალი სტატუსი აქვს მინიჭებული.
შვეიცარიაში, მაგალითად, ფრანგული, გერმანული, იტალიური და რეტო-რომანული ენების სტატუსი ერთნაირია მიუხედავად ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანების არათანაბარი რაოდენობისა. გერმანულ ენაზე 1990 წლის მონაცემებით მოსახლეობის 73,5% ლაპარაკობს, ფრანგულზე - 20,1 %, იტალიურზე - 4,5 %, ხოლო რეტორომანულზე - 0,9 %. ეს ენები ტერიტორიული პრინციპითაა განაწილებული, ესე იგი თითოეული კანტონი ბილინგვური კი არ არის, არამედ გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურენოვანია.
იგივე მდგომარეობა არ არის სინგაპურში. მალაური ენა აქ სახელმწიფო ენაა, მაგრამ მისი სოციალური ფუნქცია შეზღუდულია ეროვნული ჰიმნითა და ეროვნული დევიზებით. ასევე სოციალურად განსხვავებული და კონკრეტული ფუნქციები აქვს დანარჩენ ენებსაც, - მანდარინს, ტამილურსა და ინგლისურს, - მაგრამ მათი ოფიციალური სტატუსი ერთი და იგივეა.
შვეიცარიაში არა მარტო სტატუსის ერთნაირობა გვაქვს, არამედ ვერ ვიტყვით, რომ ოთხი ოფიციალური ენიდან რომელიმეს განსხვავებული სოციალური ფუნქცია აკისრია.
თავის წიგნში ,,წარმოსახვითი საზოგადოებები” (Immagined Communities — 1983) ბენედიქტ ანდერსონი გვიჩვენებს ,,ბეჭდვითი” (სტანდარტული) ენის მნიშვნელობას იმ დროიდან, როდესაც ,,გამოგონილ” იქნა არარსებული ერები. სწორედ სტანდარტული ენა ხდება ამ შემთხვევაში ეროვნული თვითშეგნების საფუძველი, განსაკუთრებით XIX საუკუნის ევროპაში. სწორედ მაშინ იქნა აღიარებული ენა ერისა და კულტურის საფუძვლად გერმანელი ფილოსოფოსების ჰერდერისა და ჰუმბოლდტის მიერ.
14.3. ნაციონალიზმი და შინაგანი ეროვნული კონფლიქტი
14.3.1. ეროვნება და ,,ეთნიკურობა”
ინტუიციურად საკმაოდ ადვილად ვგრძნობთ, რომ ენა ეროვნული, ნაციონალური თვითშეგნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და საფუძველია. ამ მხრივ საკმარისია გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის მიერ შემოთავაზებული ცნობილი ფორმულა: ,,ენა, მამული, სარწმუნოება”, რომელიც სწორედ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების საფუძვლად იყო დასახული XIX საუკუნის 60-იან წლებში. მაგრამ საკითხის ინტუიციური წვდომა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, ამიტომ აუცილებელია გარკვეული მეცნიერული სიმკაცრით განვიხილოთ ტერმინი ,,ეროვნება”, რომელსაც უიგივებენ არცთუ იშვიათად გამოყენებად ტერმინს ,,ნაციონალობა”. ამ უკანასკნელის დასავლური ეტიმოლოგიური ეკვივალენტი, ინგლისურად - ,,nationality”, სემანტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავდება და ქართულად ითარგმნება როგორც ,,მოქალაქეობა”, ხოლო ქართული ,,ეროვნება” (შესაბამისად, ქართულ ენაში რუსულის მეშვეობით შემოსული სიტყვა ,,ნაციონალობა”) დასავლურ ენებში ბერძნული ძირის საშუალებით გამოიხატება და ინგლისურად მისი თარგმანი იქნება ,,ethnicity”. ტერმინი ,,ნაციონალობა” რუსულ ენაში გერმანულიდან შემოვიდა და დამკვიდრდა XX საუკუნის დასაწყისიდან სოციალ-დემოკრატი ავტორების ნაწერების მეშვეობით. მისი განსაკუთრებულად ფართო გამოყენება დაიწყო სტალინის ეპოქიდან და იგი საბჭოთა კავშირის პირობებში ოფიციალურ ტერმინად იქცა.
მაშასადამე, ქართული ,,ეროვნების” სემანტიკური ეკვივალენტი არის ინგლისური ,,ethnicity”, რომელსაც ინგლისურ და სხვა ევროპულ ენებში აშკარად უფრო დაბალი რეგისტრის ჟღერადობა აქვს, ვიდრე ,,მოქალაქეობას”. მაგალითად ეთნიკური რესტორანი ნიშნავს იმ ადგილს, სადაც ტრადიციულისაგან განსხვავებული კერძები მზადდება.4 იგივე შეიძლება ითქვას კიდევ ერთი სიტყვაშეხამების მიმართ: ,,ethnic shop”, რომელიც ქართულად უნდა ვთარგმნოთ არა როგორც ეროვნული, არამედ ეთნოგრაფიული მაღაზია, სადაც იყიდება კუსტარული ნაწარმი, სარიტუალო საგნები და ა.შ.
თანამედროვე მეცნიერებაში ეთნიკურობის ახსნის სამი პრინციპულად განსხვავებული მიდგომა არსებობს. ერთს ეწოდება პრიმორდიალიზმი, რომლის თანახმად ეთნიკურობას საფუძვლად უდევს ადამიანთა პირველყოფილი სულიერი ერთობა (E. Shils).5 ამ თეორიის თანახმად ეთნიკურობა ადამიანის, მისი პიროვნების საწყისი ფუნდამენტური თვისებაა, რომელიც უპირობოა და არაა დამოკიდებული ისტორიულ, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე. მეორე მიდგომაა სიტუაციონიზმი: ინდივიდი თავის თავს მიაწერს გარკვეულ ეთნიკურ ჯგუფს (ამავე დროს სხვებიც მიაკუთვნებენ მას ამავე ჯგუფს) გარკვეულ სიტუაციაში. თვით ჯგუფი იქმნება საკუთარი თავის შემოსაზღვრის წყალობით. ამგვარი თვითმიკუთვნებისა და მიკუთვნების საფუძველია რესურსებისათვის ბრძოლა (F. Barth).6 კონსტრუქციონიზმი: ეთნიკურობა კონსტრუირდება, იქმნება შემოქმედებითი წარმოსახვის ნოვატორული აქტის შედეგად, მას ქმნის ელიტა საკუთარი ინტერესების დასაცავად, საფუძვლად კი უდევს მოგონილი ტრადიციები, რომლებიც თითქოსდა ძველთაგანვე მნიშვნელოვანი იყო.
ეროვნებისა და ეთნიკურობის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დეტალური თეორია ეკუთვნის ფრ. ბარტს, რომლის თანახმად ეთნიკურობის შეგნება წარმოიშობა ადამიანებს შორის არსებულ საზღვარზე და ამ საზღვრითაა განპირობებული. საზღვარი ამ შემთხვევაში არ უნდა ვიგულისხმოთ როგორც აუცილებლად გეოგრაგიული, ტერიტორიული ფენომენი, არამედ კულტურული ან სოციალური. თვით ეთნიკურობის ან ეროვნულობის ცნება წმინდა სიტუაციური წარმოშობისაა. მაგალითად ერთი და იგივე ადამიანი, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა სიტუაციებს, რომლებშიც ის ხვდება ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება იყოს განხილული როგორც ბალტიისპირელი, ლიტველი ან ლივი.7 ასევე ერთი და იგივე ადამიანი თუ მას მოსკოვის პოლიცია გააჩერებს ქუჩაში შეიძლება მოხსენიებულ იქნეს როგორც კავკასიელი, რომელიმე საერთაშორისო კონფერენციაზე, - როგორც ქართველი, ხოლო თბილისურ რესტორანში კი - როგორც მეგრელი. სამივე ეს განმარტება მის ეთნიკურობას გამოხატავს, სამივე ადეკვატურია და წარმოშობილია სიტუაციით. როგორც ვხედავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: ადამიანის ეთნიკურობა განისაზღვრება არა მარტო იმით, თუ რას ფიქრობს იგი საკუთარ თავზე, არამედ იმითაც, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები, ამ შემთხვევაში კი სრულიად აბსურდულია იმაზე ფიქრი, თუ რომელი ფაქტორია უფრო მნიშვნელოვანი.8
ამ ვითარების საილუსტრაციოდ შეიძლება მოვიყვანოთ ჩრდილოაღმოსავლეთ აზიის მცხოვრები ჩუქჩების მაგალითი, რომელთა ყოფაც XX საუკუნის დასაწყისში შეისწავლა რუსმა ეთნოგრაფმა ვ. გ. ბოგორაზმა.9 მისი მრავალტომიანი და ახლა უკვე კლასიკური შრომის გავლენით ჩუქჩებად იწოდება პოპულაცია, რომელიც სინამდვილეში შვიდი სხვადასხვა ეთნოსისაგან შედგება. მათი წარმომადგენლები, დიდი კულტურული, სოციალური და ენობრივი განსხვავებების წყალობით, შესანიშნავად არჩევენ ერთმანეთს სხვებისაგან და არასოდეს ეშლებათ არც საკუთარი და არც მეზობელი ეთნოსების იდენტიფიკაცია, მაგრამ როდესაც საუბრობენ გარეშე ადამიანთან, რომელიც არ ეკუთვნის მოცემულ სოციოკულტურულ არეალს, საკუთარ თავსაც და სხვებსაც უბრალოდ ჩუქჩებად მოიხსენიებენ.
ზემოთქმულს უნდა დავუმატოთ, რომ ეროვნული (სახელმწიფოებრივი) და ენობრივი საზღვრები, ჩვეულებრივ, არასოდეს თანხვდება ერთმანეთს. ამის დასატასტურებლად საკმარისია გადავხედოთ შემდეგ ცხრილს:10
ენების რაოდენობა |
ამგვარი ქვეყნების |
პროცენტული შეფარდება |
1 |
6 |
4 |
2 |
22 |
14 |
3 - 5 |
27 |
18 |
6 - 10 |
24 |
16 |
11 - 50 |
46 |
30 |
> 50 |
28 |
18 |
როგორც ვხედავთ, ყველაზე დიდია იმ ქვეყანათა წილი, სადაც ენების რაოდენობა მერყეობს 11-დან 50-მდე. ნებისმიერ, თუნდაც ძალიან მცირერიცხოვან კოლექტივში რამდენიმე ენობრივი ვარიანტი არსებობს. ზოგიერთ მათგანში მოქმედებს სუფთა ბილინგვიზმი: ორი სხვადასხვა ენა, რომელთა შორის ადამიანები არჩევანს სიტუაციის მიხედვით აკეთებენ. მაგრამ ასეთი ,,სუფთა” შემთხვევები, უბრალოდ, ყველაზე აშკარა მაგალითებია საყოველთაოდ გავრცელებული ვითარებისა, როდესაც ადამიანები ერთი ენიდან მეორეზე გადადიან. ,,არც ერთი ნორმალური ადამიანი, არც ერთი ნორმალური საზოგადოება არ შემოიფარგლება ერთადერთი ენობრივი ვარიანტით”.11 ,,ბევრ მრავალენოვან საზოგადოებაში ენათა შორის არჩევანს იგივე ფუნქციური დატვირთვა აქვს, რაც ერთი და იმავე ენის ლექსიკურ ვარიანტებს შორის არჩევანს ერთენოვან საზოგადოებაში”.12
შექმნილ ვითარებაში ძნელია და შეუძლებელიც გამოვიყენოთ ერის სტალინისეული განმარტება, რომელიც არა მარტო გაბატონებული იყო საბჭოთა პერიოდის მეცნიერებაში თვით სტალინური რეჟიმის დასრულების შემდეგაც, არამედ დღემდე ქვეცნობიერად განაპირობებს პოსტკომუნისტურ სივრცეში წარმოქმნილ ეროვნულ ნაციონალიზმებს.
რა თქმა უნდა, ერის განმარტება ურთულესი პრობლემაა, რადგანაც თვით ერი არა იმდენად გარემო რეალობაში, რამდენადაც ადამიანების ცნობიერებაში არსებული ფენომენია. ერთ-ერთი ამგვარი განმარტების მცდელობას იძლევა თანამედროვე ამერიკელი მკვლევარი ჯოშუა ფიშმანი, რომლის თანახმადაც ,,ერი არის სოციოკულტურული ერთეული, რომელიც განვითარდა და გამოვიდა პირველადი ლოკალური თვითგამორკვეული ერთეულების, ლოკალური პრობლემებისა და შინაგანი კავშირების ფარგლებს გარეთ”.13 აქ თვითგამორკვეული ლოკალური ერთეულების ქვეშ იგულისხმება ტომები და ეთნიკური ჯგუფები. ოდნავ მოგვიანებით ფიშმანი იძლევა ერის კიდევ ერთ დეფინიციას (თუმცა კი ამბობს, რომ არ არის დეფინიციათა გამრავლების მომხრე): ,,ერი არის ნებისმიერი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც შესამჩნევი ან მზარდი ხარისხით იმყოფება ერთი კონკრეტული ეროვნების კონტროლის ქვეშ”.14
თავის გამოკვლევაში ფიშმანი გამოყოფს სოციოკულტურულ ერთეულთა სკალას ან სპექტრს, რომლის ერთ ბოლოში მრავალეროვანი სახელმწიფოებია, ხოლო მეორე ბოლოში კი - მრავალეთნიკური ერები. ჩვენი ეს ორი მახასიათებელი ერთი უწყვეტი და წრფივი სპექტრის ორ ბოლოს კი არ წარმოადგენს, არამედ შეიძლება გადაზომილ იქნეს ერთმანეთის პერპენდიკულარულ საკოორდინატო ღერძებზე, ხოლო სახელმწიფოები და ერები სიბრტყეზე განლაგდებიან იმის მიხედვით, თუ როგორია მათი კონკრეტული მახასიათებლები. საქართველოს შემთხვევაში ორივე საკოორდინატო მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იქნება, რადგანაც საქართველო ერთი მხრივ მრავალეროვანი სახელმწიფოა (აქ ცხოვრობენ აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, რომლებიც ერებს წარმოადგენენ და მათ ენებზე უზრუნველყოფილია, მაგალითად, განათლება), მეორე მხრივ კი -მრავალეთნიკური ერია, რადგან არსებობენ ქართველები, რომლებისთვის მშობლიურია მეგრული, სვანური, ბაცბური ენები (არაფერი რომ არა ვთქვათ მრავალრიცხოვან დიალექტებზე, რომელთა განსხვავება ნორმატიული ქართულისაგან საკმაოდ მცირეა).
ამგვარ ვითარებაში (და ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, პოსტკოლონიური რეჟიმის ახალგაზრდა აფრიკულ ქვეყნებში) ეროვნული და ენობრივი პოლიტიკა წარმოადგენს ორ მიმართულებას შორის ბალანსირებას. ერთი მიმართულება ნაციონალიზმია, რომლის კარნახით ყველა ცალკეული ეთნიკური ჯგუფი ისწრაფვის იმისაკენ, რომ სრულად ფლობდეს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ უფლებებსა და შესაძლებლობებს. მეორე მიმართულება კი - ნაციონიზმია (ტერმინი ეკუთვნის ფიშმანს),15 რომელიც უმთავრეს ღირებულებად მიიჩნევს სახელმწიფოს მთლიანობას და ეთნიკურსა და ენობრივ პოლიტიკას პრაგმატული მოსაზრებების საფუძველზე წარმართავს. ამ მხრივ ხშირად ფიზიკურად შეუძლებელია ნაციონალიზმის ხელშეწყობა, რადგანაც, თუნდაც ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა არსებულ ენაზე განათლების უზრუნველყოფა სახელმწიფოსათვის გაუმართლებელი და გამანადგურებელი ხარჯი იქნებოდა.
მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნაციონალიზმი ყოველთვის დესტრუქციულად მოქმედებს ენობრივ პოლიტიკაზე. როგორც ფიშმანი ასკვნის, ნაციონალიზმი სრულიად შეგნებულად ქმნის თანამედროვე, აუთენტურსა და გამაერთიანებელ სტანდარტულ ენას, რომელიც ასევე შეგნებულად და მზრუნველობით შენარჩუნდება იქ, სადაც ენის მხოლოდ რეგიონალური და სოციალური ვარიანტები არსებობდა, რომელთა გამოყენება შეუგნებელი იყო.
მაგალითად, XIX საუკუნის შუაწლებში ქართული ლიტერატურული ენის წარმოშობა და განვითარება განპირობებულია ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი (ე.ი. გარკვეული აზრით ნაციონალისტური) მოძრაობის შეგნებული და მიზანსწრაფული მოქმედებით. მეორე მხრივ, ამ მოძრაობის ეს მიზანსწრაფვა მნიშვნელოვნად იყო გამოწვეული რუსეთის იმპერიასთან ეროვნულ ნიადაგზე დაპირისპირებითა და მისი პოლიტიკური გამოცდილების შეთვისებით. როგორც ვხედავთ, ფრ. ბარტის თვალსაზრისი საზღვრის აუცილებლობის შესახებ ეროვნული თვითშეგნების წარმოშობისას აქაც მართლდება.
______________________
1 Weinrich, U., Languages in Contact: Findings and Problems, New york, 1953.
2 Sdr. Haugen, ,,Bilingualism, language contact and immigrant languages in the United States”, in Current Trends in Linguistics, Mouton, The Hague 1973, pp. 505-591.
3 Ibid. p. 516.
4 Tu sityvasityviT vTargmniT inglisurad ,,erovnul restorans”, miviRebT enis matareblebisaTvis sakmaod uCveulo sityvaSexamebas “national restaurant”, romelsac ingliseli an amerikeli gaigebs, rogorc saxelmwifo daqvemdebarebaSi myof, an raRac gansakuTrebuli mniSvnelobis mqone dawesebulebas.
5 citirebulia: Jenkins, R., Rethinking Ethnicity: Arguments and explorations, Sage Publications, London 1997.
6 Sdr. Barth, F., Ethnic Groups and Boundaries: The Social Organization of Culture Difference, Universitetsforlaget, Oslo 1969
7 livebi - eTnikuri jgufi litvaSi, romlebsac sakuTari ena aqvs.
8 magaliTad, rodesac TbilisSi SuaRamea, londonSi saRamos cxra saaTia, xolo vaSingtonSi - naSuadRevis sami saaTi. am situaciidan gamomdinare absurdulia SekiTxva: ,,sinamdvileSi ra droa?”.
9 Sdr. Богораз, В. Г., ,,Чукчи”, Л., 1934-1939. Т. 1-2.
10 Stewart, W. A. A Sociolinguistic Typology for Describing National Multilingualism, in Readings in the Sociology of Language, The Hague, Paris: Mouton 1968.
11 Hymes, D., The Ethnography of Speaking, in Anthropology and Human Behaviour, Washington 1962, p. 14.
12 Gumperz, J., The Speech Community, in International Encyclopedia of the Social Sciences, Macmillan, London 1968, p. 383.
13 Fishman, J., Language and Nationalism, Washington 1972, p. 3.
14 Ibid. p. 5.
15 Ibid. passim
![]() |
15 თემა 15. სოციოლინგვისტური კვლევების მიმართულებანი |
▲ზევით დაბრუნება |
15.1. სინქრონული სოციოლინგვისტიკა
თუ გავითვალისწინებთ ტერმინ ,,სინქრონულის” პირდაპირ მნიშვნელობას, დავასკვნით, რომ ეს მიმართულება იკვლევს მხოლოდ ენასა და საზოგადოებას შორის არსებულ დამოკიდებულებებსა და ურთიერთობას, მაგრამ არ განიხილავს პროცესებს, რომელთა მიმდინარეობას დროითი განფენილობა აქვს.
მაგრამ სინამდვილეში სინქრონული სოციოლინგვისტიკა შეისწავლის როგორც დამოკიდებულებებს, ასევე პროცესებსაც. დამოკიდებულებები ასახავს ენასა და საზოგადოებას შორის კავშირების სტატიკას, ხოლო პროცესები - ამ კავშირების დინამიკას.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:
ენის ყველა მეტყველს გარკვეული სოციალური მახასიათებლები აქვს: განათლების დონე, პროფესია, ღირებულებათა სისტემა და ა.შ. შეიძლება გამოვყოთ ორი სტატუსი: ,,ენაზე მეტყველი” და ,,სოციალურ მახასიათებელთა მატარებელი”, რომელთა შორის დამოკიდებულება არაა დაკავშირებული დროში მიმდინარე არანაირ პროცესებთან - ეს მხოლოდ მოცემულობებია. მაგრამ თუ გვსურს სხვადასხვა სოციალურ მახასიათებლეთა მატარებლების მიერ ენის გამოყენების შესწავლა, უნდა გავცილდეთ მოცემულობის საზღვრებს და დავაკვირდეთ სამეტყველო კომუნიკაციის პროცესს. სტატიკა დინამიკით იცვლება.
მაგალითად, ენობრივი და ეთნიკური მახასიათებლების განაწილება, ჩვეულებრივ, არაცალსახაა: ერთი მხრივ, რომელიმე ეთნოსის წარმომადგენლები შეიძლება მრავალ სხვა ენასაც იყენებდნენ, მეორე მხრივ კი - არსებობს ენები (მაგალითად, სუახილი) რომელიც არ არის დაკავშირებული რომელიმე ეთნოსთან. ამ ფაქტის კონსტატირება საკმაოდ ტრივიალურია. მაგრამ როგორია პირველი და მეორე ენების ურთიერთდამოკიდებულება და ურთიერთკავშირი? რომელ სფეროებსა და სიტუაციებში გამოიყენება ეს ენები? ამისათვის აუცილებელია კვლევის სინქრონულ პლანშიც გავითვალისწინოთ კომუნიკაციური პროცესები.
კიდევ ერთი მაგალითი. როდესაც რომელიმე ეროვნული ენის სოციალურ დიფერენციაციას აღწერენ სინქრონული ,,ჭრილის” საფუძველზე, ჩვეულებრივ, აღნიშნავენ მის ფარგლებში გარკვეული ქვესისტემების არსებობას. ეს შეიძლება იყოს ლიტერატურული ფორმა, ტერიტორიული დიალექტები, პროფესიული ჟარგონები და ა.შ. ეს ქვესისტემები ერთმანეთისაგან იზოლირებული არაა, მათ შორის აქტიური ურთიერთობა და ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. როგორ იყენებენ ამ ქვესისტემებს ენის მეტყველნი? როგორია მათი ფუნქციონალური დამოკიდებულება? ამ კითხვებზე პასუხიც შეუძლებელია მხოლოდ სტატიკურ დონეზე დარჩენით.
სინქრონული სოციოლინგვისტიკის კომპეტენციაში შედის ენობრივი სოციალიზაციის შესწავლაც, ანუ ენის შესწავლა და ათვისება განსაზღვრული სოციალური როლის მიღებასთან ერთად.1 ეს პროცესი ეგრეთ წოდებული ,,სიტუაციური გრამატიკის” დაუფლებას უკავშირდება.
ბუნებრივია, რომ შეუძლებელი იქნებოდა სინქრონული მიდგომის ,,სიწმინდის” დაცვა კონკრეტულ გამოკვლევაში. როგორც ემპირიული მონაცემების გასამდიდრებლად, ასევე თეორიული არგუმენტაციისათვის ხშირად საჭიროა ისტორიული მონაცემების მოტანა და ენობრივი სისტემების დროითი განვითარების დაკვირვება. ჩვეულებრივ, სინქრონულ სოციოლინგვისტიკას ის ნაშრომები მიეკუთვნება, რომელთა ფარგლებში სინქრონული მიდგომის უპირატესი წილი შეინიშნება.
15.2. დიაქრონული სოციოლინგვისტიკა
ყველაზე უფრო ზოგადად დიაქრონული სოციოლინგვისტიკა შეიძლება განვმარტოთ როგორც კვლევის მიმართულება, რომელიც ენის ისტორიას შესაბამისი ერის ისტორიასთან ურთიერთობაში შეისწავლის. მაგრამ ამგვარი განსაზღვრება აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ. მრავალ ტრადიციულ ნაშრომში, რომელიც ენის ისტორიას ეხება, განხილულია ისტორიული კონტექსტიც. შეიძლება თუ არა ამ ნაშრომების მიკუთვნება სოციოლინგვისტიკისადმი?
სოციოლინგვისტური გამოკვლევის არსებითი ნიშანია ენობრივი ფაქტებისა და სოციალური პროცესების სისტემატური და თანმიმდევრული მოყვანა შესაბამისობაში. სოციოლინგვისტური გამოკვლევა აუცილებლად უნდა ხასიათდებოდეს ენის შინაგანი ბუნებისათვის დამახასიათებელი და სოციალურად განპირობებული ფაქტების მკაცრი იდენტიფიკაციიათა და ურთიერთგამიჯვნით.
დიაქრონულ ასპექტში ენის ან საზოგადოების სოციოლინგვისტური გამოკვლევა მიზნად ისახავს ენის ისტორიასა და საზოგადოების ისტორიას შორის კავშირების გამჟღავნებას. ამ მიზნის აღსრულების გზაზე მკვლევარმა მრავალი ამოცანა უნდა ამოხსნას, რომელთა შორის შეიძლება იყოს შემდეგ კითხვებზე პასუხებიც:
იწვევს თუ არა სოციალური ცვლილება ენის უშუალო ცვლილებას, თუ ეს უკანასკნელი უფრო რთული და გაშუალებული გზით ხდება?
სოციალური ევოლუციის რომელი ფაქტორებია უფრო არსებითი ენის განვითარებისათვის?
ენობრივი სისტემის რომელი ,,ნაწილებია” ყველაზე მგრძნობიარე სოციალური ცვლილებების მიმართ - სხვა სიტყვებით, სახელდობრ რა იცვლება ენაში სოციალური გარდაქმნების ზეგავლენით, და რა რჩება ფარდობითად სტაბილური დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში?
დიაქრონული სოციოლინგვისტიკის საგანია აგრეთვე რომელიმე ქვეყანაში ენობრივი სიტუაციის დროითი ცვლილებები სოციალური ცვლილებების ზეგავლენით, ენის ან ენათა ჯგუფის ფუნქციონალური ევოლუცია, ეროვნული ენის ლიტერატურული ფორმის კომუნიკაციური ფუნქციის განვითარება და ა.შ.
ვნახოთ დიაქრონული სოციოლინგვისტიკის რამდენიმე გამოყენებითი მაგალითი.
XVI საუკუნის დასაწყისში პორტუგალიის ენობრივ სიტუაციას ახასიათებდა მრავალენიანობა, რომელსაც საფუძვლად ედო პორტუგალური, ესპანური და ლათინური ენები (ამ უკანასკნელზე იწერებოდა გეოგრაფიული აღწერები, იდგმებოდა სტუდენტური პიესები უნივერსიტეტებში და ა.შ.). საუკუნის ბოლოსაკენ გაიზარდა პორტუგალური ენის დამოუკიდებლობა და ფუნქციონალური თვითკმარობა. ლიტერატურულ ენაში აქტიურად შევიდა სასაუბრო და დიალექტური ფორმები, რაც ირეკლავდა იმდროინდელ სოციალურ ძვრებს: ფეოდალური ინსტიტუტების ნგრევას, აბსოლუტიზმის გამყარებას, ქალაქების ზრდას, მაღალი კლასის წარმომადგენელთა ინტეგრირებას სამეფო კარის ირგვლივ და ა.შ. ეს გამოკვლევა ეკუთვნის რუს მკვლევარს ე. მ. ვოლფს.2
XIX - XX საუკუნის იაპონიის ენობრივი სიტუაციის ანალიზისას მკვლევრები განსაკუთრებით გამოყოფენ 1945 წლის შემდგომ პერიოდს, როდესაც გაიზარდა ინგლისური ენის სოციალური ფუნქცია: გამოდის გავლენიანი გაზეთების ინგლისური ვერსიები, შესაძლებელია ინგლისურ ენაზე საუბარი ორ იაპონელს შორის, ინგლისური ენა გამოიყენება რეკლამაში ელიტარული განწყობის შესაქმნელად, ინგლისურად იწერება სამეცნიერო სტატიები.
დიაქრონულ სოციოლინგვისტიკას ახასიათებს ერთი აშკარად დეკლარირებული და თანმიმდევრულად განხორციელებადი პრინციპი: ენის ისტორია შესწავლილ უნდა იქნეს მის მეტყველთა და მათი ყოველდღიური ცხოვრების ისტორიასთან მჭიდრო კავშირში.
15.3. მაკროსოციოლინგვისტიკა
მაკრო- და მიკროსოციოლინგვისტიკის ერთმანეთისაგან გამოყოფა ერთგვარად ანალოგიურია საზოგადოების შესახებ მეცნიერების მაკრო- და მიკროსოციოლოგიად დაყოფისა. მაკროსოციოლოგია დაკავებულია საზოგადოების წიაღში მიმდინარე სიღრმისეული პროცესებით, ხოლო მიკროსოციოლოგიის ინტერესებში შედის ადამიანი როგორც ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წევრი.
ზოგი ავტორი მაკრო და მიკროსოციოლინგვისტიკას აღიქვამს არა როგორც ორ მიმართულებას, არამედ სოციოლინგვისტური ანალიზის ორ დონეს. ამგვარი მიახლოება შესაძლებელი იყო ადრეულ ეტაპებზე, მაგრამ მეცნიერების განვითარებასთან ერთად ეს ორი დონე თანდათანობით იძენს დამოუკიდებლობას და ორ მიმართულებად იქცევა.
მაკროსოციოლინგვისტიკა შეისწავლის ფართომასშტაბიან პროცესებსა და დამოკდიებულებებს, რომლებიც არის ენაში და რომლებიც ამა თუ იმ ზომით არის განპირობებული სოციალური ფაქტორებით. ეს პროცესები შეიძლება ახასიათებდეს მთლიანად საზოგადოებას, ან ადამიანთა საკმაოდ დიდ ერთობლიობებს: სოციალურ ფენებს, ეთნოსებს, ეთნიკურ ჯგუფებს და ა.შ. მაგალითად, ენის სოციალური დიფერენციის შესწავლა თავის თავში შეიცავს მაკროდონესაც, რომელზედაც ხდება იმის დადგენა, თუ როგორაა განაწილებული მოცემული ენა და მისი ქვესისტემები მის მეტყველთა სხვადასხვა სოციალურ ფენაში.
მაკრომიდგომა უპირატესია მრავალ კვლევაში, რომელიც ეძღვნება ბილინგვიზმს. ამ მიდგომისათვის დამახასიათებელია ისეთი ასპექტების კვლევა, როგორიცაა: სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეთა ფარდობითი რაოდენობა, ენათა ფუნქციების განსაზღვრა, ენობრივი ინტერფერენციის სხვადასხვა ტიპი და სხვა ასპექტები, რომელთა განხილვას არ სჭირდება ცალკეულ ინფორმანტებთან მუშაობა.
მაკროსოციოლინგვისტიკის ფარგლებში შემუშავდება აგრეთვე ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორებიცაა ენის ნორმალიზაცია და კოდიფიკაცია, ენობრივი პოლიტიკა და დაგეგმარება, რადგანაც მსგავს პრობლემათა გადაწყვეტა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე როგორც მთლიანზე.
მაკროსოციოლინგვისტიკას მიეკუთვნება ენობრივ სიტუაციასთან დაკავშირებული პრობლემების კვლევაც, რადგან ენობრივი სიტუაცია, როგორც ვიცით, მოაზრება მხოლოდ რომელიღაც განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ხოლო ამ თვალსაზრისით მხოლოდ მთლიანად საზოგადოების განხილვა შეიძლება. სოციალური ჯგუფები საზოგადოების შიგნით, ჩვეულებრივ, არ გამოიყოფა ტერიტორიული პრინციპით.
ბოლო ათწლეულებში სოციოლინგვისტებმა ყურადღება მიაქციეს ენათა ურთიერთქმედების კიდევ ერთ სფეროს, რომელიც მაკრომიდგომას საჭიროებს. საქმე ეხება ენობრივ კონფლიქტებს. ამ მიმართულებით გამოიყოფა ახალი დარგი - ლინგვისტური კონფლიქტოლოგია. ენობრივი კონფლიქტების საფუძველში სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები ძევს, ამიტომაც კონფლიქტის ბუნების შესწავლა ბუნებრივია სწორედ მაკროდონეზე, თუმცა ცალკეული კონფლიქტების წარმოშობა შეიძლება ჯგუფური ინტერესების დაჯახებამ გამოიწვიოს.
15.4. მიკროსოციოლინგვისტიკა
მიკროსოციოლინგვისტიკა არის სოციოლინგვისტურ კვლევათა მიმართულება, რომელიც დაკავებულია ენის გამოყენების შესწავლით მცირე სოციალური ერთობლიობების ფარგლებში.3 დიდი და მცირე სოციალური ერთობლიობები არა მხოლოდ რაოდენობრივად განირჩევა ერთმანეთისაგან, არამედ თვისებრივადაც: მცირე სოციალურ ჯგუფში მოქმედი ენობრივი რეგულაციები ხშირად არ მოქმედებს, ან განსხვავებულად მოქმედებს დიდი სოციალური ერთობლიობის ფარგლებში და პირიქით.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სოციოლინგვისტიკის ძირითადი მიმართულება ენისა და საზოგადოების მაკროპროცესები იყო. ცალკეულ ინდივიდებისა და მცირე სოციალურ ჯგუფების მასშტაბი მკვლევართა გაცილებით ნაკლებ ყურადღებას იპყრობდა, თუმცა ამგვარ ფენომენთა მნიშვნელობა არაერთხელ იყო შენიშნული. მაგალითად, რ. ბელი წერდა, რომ ,,ჯგუფის წევრობას ნამდვილად უნდა ჰქონდეს ენობრივი ინდიკატორები - ჯგუფისათვის დამახასიათებელი ფონოლოგიური და ლექსიკური ხასიათის ნიშნები, რომელთა მეშვეობითაც მაშინათვე ხდება ჯგუფის წევრის იდენტიფიკაცია და ,,უცხოს” გამორიცხვა - ამიტომაც ლინგვისტიკამ უნდა გააფართოოს თავისი სფერო და მოიცვას მცირე ჯგუფებში ენის გამოყენების აღწერა”.4 რ. ბელის აზრით, არ უნდა უგულებელვყოთ ის გარემოება, რომ უკვე არსებობს ექსპერიმენტული კვლევის მეთოდიკა, რომელმაც უკვე გამოიღო პრაქტიკული შედეგები და რომლის გადააზრება შესაძლებელია სოციოლინგვისტიკური ტერმინებით.
მაგრამ მიკროსოციოლინგვისტიკური მიმართულების ნაშრომთა რაოდენობა დღემდე საკმაოდ მოკრძალებული რჩება. უნდა ითქვას, რომ ამგვარი კვლევების გარეშე შეუძლებელია განვსაჯოთ ადამიანის როგორც სოციალური არსების სამეტყველო ქცევა. გარდა ამისა, ინდივიდუუმის როგორც გარკვეულ გამონათქვამთა ,,გენერატორის” ფუნქცია მხოლოდ მცირე სოციალური ჯგუფების ფარგლებში შეიძლება გამოვლინდეს და შესწავლილ იქნეს და არა მთელი საზოგადოების ფონზე.
ამრიგად, მიკროსოციოლინგვისტიკა მიზნად ისახავს ადამიანისა და მისი უახლოესი გარემოცვის შესწავლას. რა თქმა უნდა, მაკრომიდგომის ფარგლებშიც განიხილება გარკვეული სოციალური ჯგუფები, მაგრამ ეს ჯგუფები პირობითია, მათი წევრების ურთიერთობას საბოლოო შედეგისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ამის საპირისპიროდ, მიკრომიდგომისათვის არსებითია სწორედ მცირე სოციალური ჯგუფის შიგნით მიმდინარე უწყვეტი კომუნიკაციური პროცესი. თავისი ამგვარი სპეციფიკის გამო მიკრომიდგომა ფართოდ იყენებს ფსიქოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიისათვის დამახასიათებელ ძირითად ცნებებს (სოციალური როლი, მცირე ჯგუფი - ფორმალური/არაფორმალური, რეფერენტული, პირველადი/მეორადი და ა.შ.).
მიკროსოციოლინგვისტიკის ძირითადი პრობლემები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს: 1) როგორი ენა (ან ენები) გამოიყენება მოცემული მცირე სოციალური ერთობლიობის ფარგლებში? 2) როგორ გამოიყენება ეს ენა (ან ენები) მოცემული მცირე სოციალური ერთობლიობის წევრთა მიერ?
ამ შეკითხვებზე პასუხები ერთი შეხედვით ტრივიალური და წინასწარ ცნობილია: თუ მოცემული სოციალური ერთობა არსებობს გარკვეული სოციუმის წიაღში (ერის, ქვეყნის ეთნოსის და ა.შ.), მაშინ ამ ერთობლიობის წევრები იგივე ენობრივ წარმონაქმნებს უნდა იყენებდნენ, რასაც მთელი საზოგადოება.
მაგრამ დაკვირვება ცხადყოფს, რომ ადამიანების ჯგუფად გამოყოფას აუცილებლად ახასიათებს ლინგვისტური მომენტიც: მათ მიერ გამოყენებული ენა განსხვავდება ზოგადეროვნული ენისა და მისი ქვესისტემებისაგან. ამის ერთ-ერთი დამამტკიცებელი საბუთი ეგრეთ წოდებული საოჯახო ენების არსებობაა. ასევე მიკროსოციოლინგვისტურ დაკვირვებას ექვემდებარება სხვადასხვა ინტერესების მიხედვით გაერთიანებულ ჯგუფებში წარმოშობილი თავისებური საკომუნიკაციო ენები (აქ საზოგადოდ პროფესიული ან სხვა სახის ჟარგონები კი არ იგულისხმება, არამედ სწორედ ცალკეული ჯგუფების ლინგვისტური თავისებურებები).
კომუნიკაციის ასეთი სპეციფიკური საშუალებების გამოყენებას შეიძლება რამდენიმე განსაკუთრებული თვისება ჰქონდეს. სხვა სიტყვებით, კომუნიკაციის საშუალებათა სპეციფიკურობას მათი გამოყენებისა და ამ საშუალებათა კომბინირების სპეციფიკურობა ემატება. მაგალითად, ჯგუფის შინა გამოყენებისათვის დამახასიათებელია ენობრივი ნიშნის სიმბოლური ფუნქცია: ენის გარკვეული სიტყვები, გამონათქვამები, გამოთქმის თავისებურებები იქცევა ჯგუფისადმი მიკუთვნების სიმბოლურ ნიშნებად. ეს გამოწვეულია იმით, რომ ყოველი მოსაუბრე გრძნობს აუცილებლობას, თავისი მეტყველებით თავისი ჯგუფისადმი მიკუთვნების დემონსტრირება მოახდინოს. თუ ამგვარ სამეტყველო ტექნიკას არ დაეუფლება, ადამიანი ვერ განაცხადებს პრეტენზიას ამა თუ იმ მცირე სოციალური ჯგუფის წევრობაზე. ასეთი პირები ხშირად ჯგუფის პერიფერიაზე აღმოჩნდებიან ხოლმე. სამართლიანია საპირისპირო დებულებაც: უ. ლაბოვის დაკვირვებით აუტსაიდერები, ჯგუფიდან გარიყულები სათანადოდ ვერ ითვისებენ ჯგუფისათვის დამახასიათებელ სამეტყველო თავისებურებებს.
ჯგუფისათვის დამახასიათებელი მეტყველების სხვა საინტერესო გამოვლინებაა მეტყველების ჯგუფური შაბლონების წარმოქმნა. იმის მსგავასად, როგორც ერთობლივი მოქმედების პირობებში ადამიანებს ქცევითი სტერეოტიპები გამოუმუშავდებათ ხოლმე, ასევე ერთი ჯგუფის ფარგლებში ხშირი, თითქმის უწყვეტი კომუნიკაციები იწვევს სტერეოტიპული, შაბლონური გამოთქმების ან სხვა ენობრივი ფორმების წარმოშობას.
თუ ჯგუფის შინაგან ზეპირ სამეტყველო ურთიერთობას დავახასიათებთ, უნდა აღვნიშნოთ ორი ტენდენცია: ისეთი სამეტყველო საშუალებების ელიმინაცია, რომლებიც უშუალოდ ასახელებს მეტყველების ობიექტს და, ამის საპირისპიროდ, ისეთი სამეტყველო საშუალებების განვითარება და გაშლა, რომლებიც ამ ობიექტს აფასებს. ეს იმის გამო ხდება, რომ საერთო გამოცდილებით გაერთიანებული ჯგუფის წევრები არ გრძნობენ იმის აუცილებლობას, რომ ექსპლიციტურად დაასახელონ საუბრის საგანი, სამაგიეროდ ისინი საუბრის ობიექტისადმი თავიანთი ემოციური დამოკიდებულების გამომჟღავნებას ესწრაფვიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მცირე სოციალური ჯგუფის ენას ახასიათებს ძლიერი პრედიკატულობა, შედარებით სუსტი ნომინატურობის პირობებში.
მიკროსოციოლინგვისტიკაში ძალიან პოპულარულია ინდივიდუუმების დიადებსა და ტრიადებში მიმდინარე სამეტყველო კომუნიკაციური პროცესების კვლევა. აქ, მაგალითად, იგულისხმება ექიმისა და პაციენტის, ცოლისა და ქმრის, მასწავლებლისა და მოწაფის, მოსამართლის, მსჯავრდებულისა და ადვოკატის ურთიერთობები. ამგვარი მიკროჯგუფების სოციოლინგვისტური განხილვა ამჟღავნებს იმ მექანიზმებს, რომლებიც მართავს სამეტყველო ქცევას კომუნიკანტთა განსხვავებული სოციალური როლების პირობებში.
_______________________
1 მაგალითად, იმიგრანტის მიერ სამუშაოს დაწყებისას ენის აუცილებელი მარაგის დაუფლება, ან მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მისაღებად ინგლისურის შესწავლა საქართველოში და ა.შ.
2 Sdr. Вольф, Е. М., ,,Некоторые особенности языковой ситуации в Португалии XVI в.”//,,Функциональная стратификация языка”, М., 1985.
3 სპეციალურ ლიტერატურაში შეიძლება შეგვხვდეს მაკრო- და მიკროსოციოლინგვისტიკის ფუნქციათა სხვანაირი განაწილება. მაკროსოციოლინგვისტიკა შეისწავლის ენას მისი კომუნიკაციური ფუნქციის თვალსაზრისით, ანუ ამ მიმართულების კვლევის ობიექტია ის, რასაც დე სოსიური უწოდებდა ლანგაგე. მიკროსოციოლინგვისტიკა, ამის საპირისპიროდ, მიკროსოციოლინგვისტიკის შესწავლის საგანია პაროლე, ანუ სამეტყველო ფუნქციის კონკრეტული და რეალური გამოვლინებები.
4 citirebulia: Беликов, Крысин, Op. cit. p. 249.
![]() |
16 თემა 16. სოციოლინგვისტური კვლევის მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
16.1. ინფორმანტების შერჩევა
ინფორმანტების შერჩევის პრობლემას, ჩვეულებრივ, ანკეტირებასთან დაკავშირებით განიხილავენ, მაგრამ იგი ნებისმიერი სოციოლინგვისტური გამოკვლევისას მნიშვნელოვანია. სოციოლინგვისტის საკვლევი პრობლემა ყოველთვის რაიმე განსაკუთრებულ სოციუმთანაა დაკავშირებული. ამ სოციუმის წევრებს ისევე, როგორც სოციოლოგიაში, გენერალური ერთობლიობა ეწოდება.
გენერალური ერთობლიობა (სოციოლინგვისტური თვალსაზრისით) არის ყველა იმ ინდივიდთა სიმრავლე, რომელთა ენობრივი თავისებურებები კონკრეტული სოციოლინგვისტური გამოკვლევის ობიექტს წარმოადგენს.
როგორც ვხედავთ, გენერალური ერთობლიობა დამოკიდებულია შერჩეულ ამოცანაზე. თუ, მაგალითად, ვსწავლობთ ბილინგვიზმს საქართველოში, მაშინ გენერალური ერთობლიობა ამ ქვეყნის მთელი მოსახლეობაა. თუკი ჩვენი გამოკვლევის საგანია საქართველოში გამოსული რუსული გაზეთების სალიტერატურო ენის სპეციფიკური თვისებები, მაშინ გენერალურ ერთობლიობაში მხოლოდ ის პირები შევლენ, ვისაც ოდესმე საქართველოში რუსული საგაზეთო სტატია გამოუქვეყნებია.
როდესაც გენერალური ერთობლიობა ძალიან დიდია, ან ძნელად გამოსარჩევი, მკვლევრები ირჩევენ მათთვის საინტერესო თვისებათა მქონე ინფორმანტების გარკვეულ რაოდენობას, რომელსაც შერჩევითი ერთობლიობა, ან, უბრალოდ, შერჩევა ეწოდება. ინფორმანტების ეს ჯგუფი რეპრეზენტატიული უნდა იყოს, ე.ი. გენერალური ერთობლიობის მეტ-ნაკლებად სანდო მოდელს უნდა წარმოადგენდეს.
მკვლევრის წინაშე მეტად რთული ამოცანა დგას. მაგალითად, ერთსა და იმავე ქვეყანაში ბილინგვიზმის გამომწვევი მრავალი ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, ამიტომაც შერჩევით ერთობლიობაში უნდა შედიოდეს ყველა ამ ფაქტორის ამსახველი ბილინგვი ინდივიდები, თანაც მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ ფაქტორთა ინტერფერენციის შესაძლებლობებიც. გარდა ამისა, შერჩევით ერთობლიობაში აუცილებლად უნდა იყოს ასახული არა მხოლოდ ბილინგვიზმის უშუალო მიზეზები, არამედ ის სოციოლოგიური და სოციოლინგვისტური პარამეტრები, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენს ინფორმანტთა მეტყველებაზე (სქესი, ასაკი, განათლება და ა.შ.).
თუ შერჩევით ერთობლიობაში დაცულია გენერალური ერთობლიობის რომელიმე პარამეტრების მქონე ინდივიდთა რაოდენობრივი შეფარდებები, ამგვარ შერჩევას კვოტური ან პროპორციული ეწოდება, შესაბამის პარამეტრებს კი - ბმული.
თუკი შერჩევას რუსულ ენაზე დაწერილი სტატიების ავტორებიდან ვახდენთ, ამგვარ შერჩევას მიზნობრივი ეწოდება. მრავალ შემთხვევაში მიზნობრივი შერჩევის ჩატარება გაცილებით უფრო ძნელია, რადგანაც გაურკვეველია კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით უნდა ჩავრთოთ ინფორმანტები. მაგალითად, თუ ვსწავლობთ სვანური ენის პროსოდიული1 თავისებურებების გავლენას ქართულ მეტყველებაზე, რა თქმა უნდა, ინფორმანტებს მხოლოდ სვანური გვარის საფუძველზე ვერ ავარჩევთ, რადგან სვანური გვარის მქონე ინფორმანტმა შეიძლება სულაც არ იცოდეს სვანური. ინფორმანტის მიერ სვანური ენის ცოდნაც თუმც აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.
მიზნობრივ შერჩევას უპირისპირდება ალბათური შერჩევის რამდენიმე სახე. ერთ-ერთი ამგვარია ეგრეთ წოდებული შემთხვევითი შერჩევა, როდესაც გენერალური ერთობლიობის ყოველ წევრს შერჩევით ერთობლიობაში მოხვედრის ერთნაირი შანსი აქვს. მიუხედავად გარეგნული სიმარტივისა ამ შერჩევის პრაქტიკული განხორციელება საკმაოდ რთულია, რადგანაც აუცილებელია გვქონდეს გენერალური ერთობლიობის მონაწილეთა ზუსტი სია, რომლიდანაც მოვახდენთ შერჩევას შემთხვევითი რიცხვების გენერატორის მეშვეობით. ამიტომ შემთხვევით შერჩევას ხშირად სისტემური შერჩევით ცვლიან: როდესაც საჭიროა ი რაოდენობის ელემენტი ავირჩიოთ n რაოდენობის გენერალური ერთობლიობიდან, შეირჩევა საერთო სიის ყოველი n/i ადგილზე მყოფი ელემენტი.
სოციოლინგვისტური გამოკვლევებისას ხშირად გამოიყენება კლასტერული შერჩევაც, როდესაც გენერალური ერთობლიობა იყოფა ტერიტორიულ კლასტერებად (ინგლისური სიტყვიდან cluster - ,,კონა”, ,,ბუჩქი”, ,,ჯგუფი”), ხოლო შემდგომი შერჩევა უკვე კლასტერებიდან მიმდინარეობს.
ასევე ეფექტური შეიძლება იყოს სტრატიფიცირებული შერჩევაც. მკვლევარს, ჩვეულებრივ, საკმაოდ ნათელი წარმოდგენა აქვს გენერალური ერთობლიობის სოციალურ სტრუქტურაზე, რომლის დაყოფა ყოველთვის შეიძლება დონეებად, ან ფენებად. მაგალითად, ქართულ ენაზე მოლაპარაკეები შეიძლება დავყოთ სოფლის მცხოვრებლებად, ქალაქში მცხოვრებ მრეწველობაში მომუშავეებად, სტუდენტებად, მოსამსახურეებად და ა.შ. ინფორმანტების შემდგომი შერჩევა სწორედ ამ ფენებიდან ხდება. სტრატიფიცირებული შერჩევის დროს ადვილია ჯამური პროპორციული შერჩევითი ერთობლიობის მიღება.
16.2. მასალის შეგროვების მეთოდები
თუკი ზოგადად შევადარებთ ერთმანეთს სოციოლოგიური და სოციოლინგვისტური კვლევის მეთოდებს, უნდა დავიწყოთ იმით, რომ პრაქტიკულ სოციოლოგიაში არსებობს პირველადი ინფორმაციის შეკრების სამი მეთოდი: დაკვირვება, დოკუმენტების შესწავლა და გამოკითხვა. დაკვირვებისა და გამოკითხვის როლი სოციოლინგვისტური კვლევის შემთხვევაშიც სრულიად აშკარაა. საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ ამგვარივე დიდი მნიშვნელობა აქვს დოკუმენტების შესწავლასაც. სოციოლოგიაში დოკუმენტს უწოდებენ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაფიქსირებულია წერილობით, ბეჭდურად ან ნებისმიერი აუდიოვიზუალური ხერხით. მაგრამ აუცილებელია ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ის დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება ღირებული აღმოჩნდეს სოციოლოგიური გამოკვლევისას, იმ დოკუმენტებისაგან, საიდანაც შესაძლებელია საკუთრივ სოციოლინგვისტური ინფორმაციის მიღება.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პირველი სახის დოკუმენტებს სოციოლინგვისტიკისათვის არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია. მოსახლეობის აღწერის მასალების, სტატისტიკურმა კრებულებისა და სხვა მგავსი საბუთების გამოყენება განსაკუთრებით სასარგებლო და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია კვლევის საწყის ეტაპებზე. მაგალითად, რომელიმე რეგიონში ბილინგვიზმის კვლევისას, ჯერ მიზანშეწონილია ზოგადსატისტიკური დოკუმენტების საფუძველზე დავადგინოთ ერთი და მეორე ენაზე მეტყველთა რაოდენობა და დასახლების ზონები, შესაბამისი სკოლებისა და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა, პერიოდულ გამოცემათა და წიგნების რიცხვი, სხვადასხვაენოვან რადიო და ტელეგადაცემათა განაწილება და ასე შემდეგ. უპიროვნო სტატისტიკურ მონაცემთა შესწავლასთან ერთად სასარგებლოა პირადი საბუთების (ანკეტების, საბიბლიოთეკო ფორმულარებისა და სხვა) განხილვაც. ყოველივე ეს აადვილებს სამუშაო ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას.
ზოგიერთ შემთხვევაში ეს დოკუმეტები ინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს.
მეორე რიგის დოკუმენტები, უპირველეს ყოვლისა, პერსონიფიცირებული ტექსტებია. პერსონიფიცირებულია ნებისმიერი ტექსტი, მოცემული წერილობით, ან აუდიო სახით, რომელიც მიღებულია ექსპერიმენტულ პირობებში, ან სპეციალურადაა შერჩეული, რომლის ავტორის მნიშვნელოვანი სოციალური მახასიათებლები ცნობილია. სწორედ ამგვარი ტექსტების ლინგვისტური ანალიზის წყალობით ხდება სოციოლინგვისტური დასკვნების გამოტანა.
მაგალითად, ბილინგვიზმის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფორმანტების მეტყველების აუდიო ჩანაწერების განხილვას. იგივე შეიძლება ითქვას სასკოლო თხზულებების, განცხადებების, ახსნა-განმარტებითი ბარათებისა და სხვა მსგავსი წერილობითი საბუთების თაობაზე. ასე დაფიქსირებული ინფორმაცია გამოიყენება ინფორმანტთა ენის როგორც ფონეტიკური, ასევე სტილისტური და სხვა ხასიათის შესწავლისათვის.
სოციოლოგიური დაკვირვების ერთ-ერთი თავისებურებაა ეგრეთ წოდებული ჰოტორნის ეფექტი. 1927 - 1932 წლებში ამერიკელი სოციოლოგები აკვირდებოდნენ სხვადასხვა ფაქტორების გავლენას შრომის ნაყოფიერებაზე ჩიკაგოში განლაგებულ ჰოტორნის ქარხანაში. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი პარამეტრის (შესვენების ხანგრძლიობა, განათება, მუშების ბრიგადებად განაწილება) ნებისმიერი ცვლილებისას შრომის ნაყოფიერება იზრდებოდა. დაკვირვების ობიექტები თითქოსდა ცდილობდნენ ,,გაეხარებინათ” დამკვირვებელი. ასევე ინფორმანტმაც შეიძლება ძალდატანებით შეცვალოს თავისი მეტყველება: დამკვირვებლის მიმართ კეთილგანწყობილების გამოსახატავად ილაპარაკოს უფრო ,,კულტურულად”, ან პირიქით ხაზი გაუსვას თავის სამეტყველო თავისებურებებს.
უილიამ ლაბოვმა შეიმუშავა ამგვარი ფენომენის თავიდან ასაცილებელი მეთოდიკა და გამოხატა იგი დებულებაში, რომელსაც დამკვირვებლის პარადოქსი უწოდა: ,,სამეტყველო კოლექტივის ლინგვისტური კვლევის მიზანია, გაარკვიოს, თუ როგორ ლაპარაკობენ ადამიანები, როდესაც მათზე არ ახდენენ სისტემატურ დაკვირვებებს. ამის გარკვევა კი მხოლოდ სისტემატური დაკვირვების საშუალებით შეიძლება”.2 ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლევარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ინტერვიუდან მომდინარე მონაცემებით, უნდა შეავსოს ისინი კვლევის სხვა მეთოდებით ან პერიოდულად ცვალოს ინტერვიუს სიტუაცია, რათა შესაძლებელი გახდეს დაკვირვების პირობების გავლენის იდენტიფიკაცია და გამორიცხვა.
გარდა ამისა, შესაძლოა ფარული დაკვირვების გამოყენებაც. მაგალითად რუსი ლინგვისტი ს. ვისოცკი სწავლობდა სტაროვერების სამეტყველო თავისებურებებს და მათი ლოცვითი შეკრებებისას, როდესაც ჩაწერა აკრძალული იყო, ჯიბიდან ხელის ამოუღებლად, ბრმად იწერდა თავისი დაკვირვების შედეგებს.3 ასევე ფარულად იქნა ჩატარებული სამეტყველო ქცევაზე დაკვირვება მოსკოვში 1991-1993 წლებში გამართული მიტინგებისას. აქ არსებობდა საშიშროება, რომ ჩამწერი ბრბოს უშიშროების აგენტად მიეჩნია და ჩაექოლა.4
საკმაოდ ეფექტურია ნაწილობრივად ფარული დაკვირვება, მაგალითად, შეიძლება დავუმალოთ ინფორმანტებს ჩვენი კვლევის ნამდვილი მიზანი და ვუთხრათ, რომ გვაინტერესებს მათი აზრი რომელიმე განყენებულ საკითხზე. შეიძლება ვთხოვოთ ადამიანებს, მოგვითხრონ თავიანთი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე. ამგვარი თხრობა ინფორმანტს იტაცებს და მოკლე ხანში ის უკვე აღარ ფიქრობს მის წინ მდებარე დიქტოფონზე.
ქვემოთ განხილულია დაკვირვების რამდენიმე განსაკუთრებული სახესხვაობა:
ჩართული დაკვირვება: მეტად ეფექტურია დამკვირვებლის პარადოქსისგან თავის დასაღწევად. მისი არსი ისაა, რომ დამკვირვებელი თვით ხდება საკვლევი ჯგუფის წევრი.
ამგვარი დაკვირვება ძალიან ძნელი შესასრულებელია, რადგან დამკვირვებლის სააშკარაოზე გამოყვანა კვლევის სრულ მარცხს იწვევს. ასევე ძალიან ძნელია სრულყოფილად აითვისო ინფორმანტთა სამეტყველო თავისებურებები, რადგანაც, ერთი მხრივ, ეს თავისებურებები კვლევის საგანს წარმოადგენს და მკვლევარი თითქოსდა წინასწარ სრულად უნდა ფლობდეს თავისი კვლევის შედეგებს, მეორე მხრივ კი - ინფორმანტების ჯგუფში იდენტიფიკაცია სამეტყველო ქცევის გარდა მრავალი სხვა თავისებურების დაცვას გულისხმობს.
ჩართული დაკვირვებისას დიდ მნიშვნელობას იძენს დაკვირვების ეთიკური ფაქტორი. თუ ჩვენ ვიყენებთ პიროვნების მეტყველების ჩანაწერებს, განსაკუთრებით, როდესაც ეს ჩანაწერები რაიმე მონათხრობს ან ინფორმაციას შეიცავს, ზნეობრივი თვალსაზრისით აუცილებელია მოვიპოვოთ ამ პიროვნების თანხმობა. ყოველ შემთხვევაში, ინფორმანტის ანონიმურობა დაცული უნდა იყოს.
ჩართული დაკვირვების კიდევ ერთი სიძნელე მისი წარმატების შედეგად ვლინდება: ჩვეულებრივ, შეგროვებული მასალა საკმაოდ დიდია და მკვლევრისათვის საინტერესო ინფორმაცია მის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ამგვარი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად არსებობს ეგრეთ წოდებული მიმართული კვლევები, რომელთა ცალკეული სახეებია ზეპირი ინტერვიუ და ანკეტირება.
ზეპირი ინტერვიუ: ეს ხერხიც სოციოლოგიიდან და სოციალური ფსიქოლოგიიდან მომდინარეობს. განსხვავება ისაა, რომ სოციოლინგვისტს პასუხების ფორმა უფრო აინტერესებს, ვიდრე მათი შინაარსი.
რა თქმა უნდა, შეიძლება გამოვიყენოთ პირდაპირი შეკითხვები, რომლებიც შეეხება რაიმე ენობრივი ფორმის მართებულობას, რესპონდენტის დამოკიდებულებას ნეოლოგიზმებთან ან ნასესხებ სიტყვებთან, არანორმატიულ ლექსიკასთან და ა.შ., მაგრამ ამგვარი შეკითხვების შედეგები ინდივიდთა ენის გამოყენებას კი არ ახასიათებს, არამედ მათ ენისადმი დამოკიდებულებასა და ცალკეული ენობრივი ფაქტების შეფასებას. მიუხედავად დიდი მნიშვნელობისა, ამგვარი შედეგები მაინც მეორადი ღირებულებისაა, რადგანაც სოციოლინგვისტიკის მთავარი ამოცანა სხვადასხვა სოციალური ჯგუფების წარმომადგენელთა მიერ სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციაში ენის სპონტანური გამოყენების თავისებურებათა კვლევაა.
ამის გამო ინტერვიუს მთავარი მიზანია მასალის მიღება რესპონდენტის სპონტანური ენობრივი ქცევის შესახებ. თუ ინტერვიუ მკაცრად დაწესებული სცენარის თანახმად წარიმართება, მას ფორმალური ეწოდება, ხოლო თუ ასეთი სცენარი არ არსებობს და ინტერვიუერისა და ინფორმანტის საუბარი იმპროვიზაციულად მიმდინარეობს, ინტერვიუც არაფორმალურია. ინტერვიუს ეს უკანასკნელი სახე შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როცა მკვლევრის ინტერესები მეტყველების ფონეტიკურ მახასიათებლებზე კონცენტრირდება.
ანკეტირება: ანკეტირება ინფორმაციის მოპოვების ყველაზე გავრცელებული და ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ხერხია. იგი, ჩვეულებრივ, გამოიყენება ინფორმანტების დიდი რაოდენობის გამოკვლევისას, სხვა სიტყვებით, მაკროსოციოლინგვისტური გამოკვლევებისას.
სოციოლინგვისტური ანკეტები შეიძლება დავყოთ ორ ტიპად: ერთი შეეხება საზოგადოებაში ენის ფუნქციონირების ობიექტურ კვლევას, მეორე კი -ინფორმანტების დამოკიდებულებას ენის მიმართ. პირველი ტიპის ანკეტები გაცილებით უფრო გავრცელებულია. მათი საშუალებით, მაგალითად, ირკვევა, თუ როგორ არის განაწილებული მოსახლეობაში აზრი ამა თუ იმ ენისადმი სახელმწიფო სტატუსის მინიჭების შესახებ, რომელ ენას ირჩევენ ბილინგვები ოფიციალური, საოჯახო ან სხვა ტიპის კომუნიკაციებისათვის.
ტესტები: ხშირად ინფორმანტებს სთავაზობენ ფორმით მრავალფეროვან დავალებებს. ეს შეიძლება იყოს სიტყვების სიები, ან ერთიანი ტექსტი, რომელიც ინფორმანტმა მიკროფონის წინ ხმამაღლა უნდა წაიკითხოს; წერითი დავალებები ტექსტის გამოტოვებული ფრაგმენტების აღსადგენად; გარკვეულ დროით რეჟიმში დასმულ ინტერვიუერის შეკითხვებზე ზეპირი პასუხი და ა.შ.
ტესტების მიზანი ინფორმანტს მხოლოდ ზოგადად, ყოველგვარი დეტალების გარეშე უნდა ვაცნობოთ.
XX საუკუნის 80-იანი წლებიდან ძალიან გავრცელდა სოციოლინგვისტური ექსპერიმენტების გამოყენება.
სოციოლოგიაში არსებობს ორი თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ რა არის ექსპერიმენტი. ერთნი ფიქრობენ, რომ ეს იმავე თანრიგის მეთოდია, როგორიცაა დაკვირვება ან დოკუმენტების განხილვა. სხვები ექსპერიმენტს სამეცნიერო ჰიპოთეზის შესამოწმებელ ყველაზე სერიოზულ მეთოდად მიიჩნევენ. პირველი თვალსაზრისი არცთუ მთლად ლოგიკურია: ექსპერიმენტის ფარგლებშიც ხომ ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების იგივე ხერხები გამოიყენება, როგორც დაკვირვებისას, განსხვავება კი არსებითია და თვით საკვლევი სიტუაციის ხელოვნურ მოდელირებაში მდგომარეობს.
სოციოლოგიასა და სოციოლინგვისტიკაში ექსპერიმენტის ყველაზე უფრო მისაღები განმარტება შემდეგია: ეს არის გამოკვლევა, რომლის პროცესში იქმნება ან მოიპოვება პირობები, რომლებიც აუცილებელია და საკმარისი მოვლენათა ურთიერთკავშირების გამომჟღავნებისა და გაზომვისათვის უკვე ჩამოყალიბებული ჰიპოთეზის შესამოწმებლად.
სოციოლინგვისტურ კვლევებში ძალიან ხშირად გამოიყენება ექსპერიმენტის ის სახე, რომელსაც უწოდებენ მატცჰედ guise technique. პირველად ეს ტექნიკა შეიმუშავა ფსიქოლოგმა უ. ლამბერტმა ბილინგვიზმის ფსიქოლოგიური ასპექტებისა და სამეტყველო ქცევის შესწავლისათვის. ამ სახის ექსპერიმენტებში მონაწილეობს ინფორმანტების ორი ჯგუფი.5 ყველა მონაწილე ან ბილინგვია, ან ორ დიალექტს ფლობს. ერთი ჯგუფის ინფორმანტები ხმამაღლა კითხულობენ ორ ენაზე მომზადებულ ტექსტს. წაკითხვის ჩაწერა ხდება მაგნიტოფირზე, რომელსაც შემდეგ ასმენინებენ მეორე ჯგუფში შემავალ ინფორმატებს და სთხოვენ მათ, გამოთქვან შეფასებები.
მაგალითისთვის განვიხილოთ დ. ჰოპეს მიერ 1976 წელს ჩატარებული ექსპერიმენტი.6 ავტორი ესწრაფოდა იმ განსხვავებათა გამოვლინებას, რომლებსაც ადგილი აქვს ნორმატიული ფრანგული ენისა და მისი სოციალური და ტერიტორიული ვარიანტების აღქმასა და პრაგმატულ ზემოქმედებაში. აქაც ექსპერიმენტში ინფორმანტების ორი ჯგუფი მონაწილეობდა. პირველ ჯგუფში შედიოდნენ სხვადასხვა სოციალური სტატუსის ადამიანები, რომლებიც სათანადოდ ვერ ფლობდნენ ლიტერატურულ ენას, ან სულაც დიალექტზე მეტყველნი იყვნენ. მეორე ჯგუფს კი შეადგენდნენ პარიზელები: გიმნაზიებისა და უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლები, სახელმწიფო ფუნქციონერები. პირველი ჯგუფის ინფორმანტების მიერ წაკითხული ტექსტის საფუძველზე მეორე ჯგუფის ინფორმანტებს უნდა გამოეთქვათ საკუთარი აზრი ყოველი მკითხველის სოციალური და ეკონომიური მდგომარეობის, ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ. ექსპერიმენტმა დაადგინა ავტორის ჰიპოთეზა, რომლის თანახმად მეტყველებაში ნორმატიული ენის მაღალი წილი მიიჩნევა მაღალი საზოგადოებრივი და ეკონომიური მდგომარეობის მაჩვენებლად. მიუხედავად ამისა, აღმოჩნდა, რომ მსმენელებს მოსწონთ დიალექტური მეტყველების ცალკეული გამოვლენები, ხოლო სრულიად ნორმატიული ენა არაბუნებრივ შთაბეჭდილებას ახდენს. ასევე დაადასტურა ექსპერიმენტმა ავტორის თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ ქალაქური აქცენტი უფრო მეტად ფასდება სოფლურზე, ხოლო დიალექტი - სოციოლექტზე.
აღვნიშნოთ, რომ სოციოლინგვისტური ექსპერიმენტები, ძირითადად, ისეთი ფენომენების გამოკვლევისას გამოიყენება, როგორებიცაა ენის სოციალური დიფერენციაცია, ბილინგვიზმი, სიტუაციურად განპირობებული სამეტყველო ქცევა. რა თქმა უნდა, სოციოლინგვისტიკის ინტერესები არ შემოიფარგლება ამ საკითხებით, რადგანაც ენის სოციალური განპირობებულობა განისაზღვრება არა მარტო ენის ურთიერთობით სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუციებთან, არამედ თვით ენის ბუნებით.
ლექსიკურ-სემანტიკური დონის სოციოლინგვისტური გამოკვლევის მაგალითზე შეიძლება დავინახოთ, როგორ გამოიყენება სხვადასხვა სოციოლინგვისტური მეთოდი.
______________________
1 პროსოდია (ბერძ. პროსòდია - მახვილი, მისამღერი) - მოცემულ ენაში მახვილიანი და უმახვილო, გრძელი და მოკლე ხმოვნების წარმოთქმის თავისებურებათა ერთობლიობა.
2 Labov, W., The Study of Language in its Social Context, in Studium Generale, 23, 1970, pp. 30-87; citirebulia rusuli Targmanis mixedviT: Лабов, У., Исследование языка в его социальном контексте//Новое в лингвистике, Вып. 7. Социолингвистика. М., 1975, стр. 121.
3 Sdr. Беликов, Крысин, Op. cit. p. 281.
4. Ibid.
5 Sdr. Lambert, W., A social Fsycology of Bilingualism, in J. Pryde and J. Holmes (eds.), Sociolinguistics. Penguin, London 1972.
6 Sdr. ,,Некоторые вопросы социальной лингвистики”, М. Наука, 1981