![]() |
რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ? |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები |
წყარო:
b>რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ? : ევროკავშირსა და საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების მოკლე მიმოხილვა - [თბ., 2000] - 36გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 28981] UDC: 341.217(4) + 327(479.22:4) + 341.241.8 + 339.92(479.22:4) + 339.923:061.1EC F 88.048/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა |
თარიღი: 2000 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ევროკავშირსა და საქართველოს შორის 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელმოწერილი შეთანხმების მოკლე მიმოხილვა |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე დოკუმენტში ფართო საზოგადოებისთვის მისაწვდომი ენით არის აღწერილი შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტი მიზნად ისახავს, გააცნოს საზოგადოებას შეთანხმების იმ თავების შინაარსი, რომლებიც ეხება პოლიტიკას, ეკონომიკასა და ურთიერთთანამშრომლობას, გარდა ამისა, მიაწოდოს შეთანხმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
დოკუმენტს თან ერთვის ძირითად ტერმინთა ჩამონათვალი ანბანის მიხედვით.
2000 წლის მარტი, ევროპულ გაერთიანებათა კომისია გამოცემულია საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის მიერ, თბილისი, ნინო ჩხეიძის ქ. №38
ნებადართულია ხელახლა გამოცემა (გარდა კომერციული მიზნებით გამოცემისა), თუკი ცნობილი იქნება გამომცემელი.
წინამდებარე მიმოხილვის მიზანია მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება. მას არა აქვს პრეტენზია, იყოს ამომწურავი, არა აქვს, აგრეთვე, იურიდიული ძალა.
![]() |
2 ევროკავშირი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირში შედის 15 წევრი სახელმწიფო: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და გაერთიანებული სამეფო. წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, გარკვეულ სფეროებში გააერთიანონ თავიანთი სუვერენიტეტი და რესურსები; პოლიტიკას ამ სფეროებში ატარებენ ევროპული თანამეგობრობის ინსტიტუტები. თანამეგობრობის ძირითად პოლიტიკურ ინსტიტუტებს ეკუთვნის მინისტრთა საბჭო, გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილებით აღჭურვილი, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარი ორგანო, ევროკომისია, მთავარი აღმასრულებელი ორგანო, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებაც აქვს, და პირდაპირი გზით არჩეული ევროპარლამენტი.
ევროკავშირი სათავეს იღებს რამდენიმე ხელშეკრულებიდან, რომელთა უმთავრესი მიზანია ომისშემდგომ ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვა და ეკონომიკური ინტეგრაციის მეშევეობით წევრი ქვეყნების ერთობლივი განვითარება. პირველი ხელშეკრულება - ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულება - დაიდო 1951 წელს, რათა სულ ცოტა ხნის წინ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ქვანახშირისა და ფოლადის პროდუქცია ერთიან, ზესახელმწიფოებრივ კონტროლს დაქვემდებარებოდა. ამ ხელშეკრულების ძირითადი მიზანი იყო ევროპის მრეწველობის აღორძინება და, ამასთანავე, იმის უზრუნველყოფა, რომ რომელიმე ერთ ქვეყანას არ მისცემოდა საშუალება, ხელახლა შეექმნა შემტევი ჯარები.
ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების წარმატებამ წევრ სახელმწიფოებს უბიძგა, დაედოთ მსგავსი, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების შესახებ ხელშეკრულება („ევრატომი“), აგრეთვე ბევრად უფრო მრავალმხრივი ხელშეკრულება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ; ეს ხელშეკრულებები 1957 წელს დაიდო. ხელშეკრულება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების შესახებ, აქტიური, დინამიური ხელშეკრულება, რომელიც, ძირითადად, „რომის ხელშეკრულების“ სახელით არის ცნობილი, განსაკუთრებული მოვლენა იყო: იგი ითვალისწინებდა უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის პროგრამას; ეკონომიკური ინტეგრაცია დაიწყო თავისუფალი სავაჭრო ზონით, რაც შემდგომში საბაჟო კავშირად გადაიზარდა, ხოლო 1993 წლიდან იქცა ერთიან ევროპულ ბაზრად საერთო წესებითა და კანონმდებლობით ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
1970-იან წლებში ევროპის ეკონომიკურმა გაერთიანებამ შეიმუშავა საერთო დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი, რაც ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობის სახელით არის ცნობილი. ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა ოფიციალურად 1986 წელს მიღებულ ერთიან ევროპულ აქტში გაფორმდა. 1992 წელს დადებულ ხელშეკრულებაში ევროკავშირის შესახებ, რომელსაც „მაასტრიხტის ხელშეკრულებასაც“ უწოდებენ, ევროპის პოლიტიკური თანამშრომლობა გადაიზარდა უფრო თანმიმდევრულ და მრავლისმომცველ საერთო საგარეო და თავდაცვით პოლიტიკად. მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ეკონომიკური ინტეგრაცია კიდევ უფრო წინ წასწია ეკონომიკური და ფულადი ერთიანობის სტრუქტურის შემუშავებითა და 1999 წელს ერთიანი ევროპული ფულადი ერთეულის, ევროს, შემოღებით. გარდა ამისა, ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ აძლიერებს პოლიტიკურ ინტეგრაციასაც - იგი ევროკავშირის მასშტაბით თანამშრომლობას ამყარებს სამართალდაცვისა და საშინაო საქმეთა სფეროებში და ევროპის პოლიტიკურ თანამშრომლობას უფრო მრავლისმომცველ და დახვეწილ საერთო საგარეო და თავდაცვით პოლიტიკად აქცევს. 1997 წელს ევროკავშირმა ახალი, ამსტერდამის ხელშეკრულება დადო. ამ ხელშეკრულების ოთხი მთავარი მიზანია მოქალაქეთა დასაქმება და მათი უფლებები, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ზონის შექმნა, მსოფლიო მასშტაბის საქმეებში ევროპის ხმის მომძლავრება და ევროკავშირის ინსტიტუციური სტრუქტურების მეტი ეფექტიანობის მიღწევა ევროკავშირის გაფართოების გათვალისწინებით.
![]() |
3 რას წარმოადგენს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ? |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმებას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ 1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში მოაწერეს ხელი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა. ევროპის თანამეგობრობა და თითოეული წევრი სახელმწიფო შეთანხმების სრულუფლებიან მხარეებს წარმოადგენენ.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მამოძრავებელი ძალაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარების სურვილი, ურთიერთობისა, რომელიც დაფუძნებული იქნება მათ შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე და საზიარო ფასეულობებზე. ეს შეთანხმება დიდი წინ წადგმული ნაბიჯია; მან შეცვალა ევროგაერთიანებასა და საბჭოთა კავშირს შორის 1989 წელს ხელმოწერილი შეთანხმება ვაჭრობისა და კომერციული და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. 1989 წლის შეთანხმების შემდეგ ფუნდამენტური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები მოხდა. 1992 წელს ევროგაერთიანებამ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო და მას შემდეგ საქართველოს ბრიუსელში ევროკავშირში თავისი მისია აქვს, გარდა ამისა, ოთხმა წევრმა ქვეყანამ თბილისში თავისი საელჩო გახსნა, ხოლო 1995 წელს წარმომადგენლობა საქართველოში ევროკომისიამაც დააარსა.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მთავარი მიზნებია:
● მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგისთვის სათანადო სტრუქტურის შემუშავება, რაც პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების საშუალებას უზრუნველყოფს;
● საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებაში, ეკონომიკის განვითარებასა და საბაზრო ეკონომიკაზე საბოლოოდ გადასვლაში;
● მხარეებს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების, აგრეთვე ჰარმონიული ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა და ამ გზით მათი მყარი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა;
● სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, ფინანასური, სამოქალაქო, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩაყრა.
შეთანხმება ათწლიანი პერიოდით დაიდო, შემდგომში კი ავტომატურად გაგძელდება, თუკი საქართველომ ან ევროკავშირმა არ მოინდომეს მისი შეწყვეტა. ეს არ ნიშნავს, რომ შეთანხმება დროთა განმავლობაში არ შეიცვლება. ის არ არის უცვლელი სტრუქტურა - პირიქით, შესაძლებელია მისი განვითარება ევროკავშირისა და საქართველოსათვის სასურველი მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოში მიმდინარე განვითრების შესაბამისად, განსაკუთრებით კი საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და დემოკრატიის მშენებლობაში საქართველოს წინსვლის გათვალისწინებით.
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ გამსჭვალულია ორივე მხარის სურვილითა და ვალდებულებით, ხელი შეუწყონ დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, რის შედეგადაც მხარეებს მიეცემათ საშუალება, გააძლიერონ პოლიტიკური, კომერციული და კულტურული კავშირები და გაიკვლიონ გზა შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ. ზემოხსენებულ სფეროებში შეთანხმება ბევრად უფრო მრავლისმომცველია, ვიდრე 1989 წლის შეთანხმება, და ითვალისწინებს სათანადო სტრუქტურას ევროპასთან საქართველოს უფრო მჭიდრო ინტეგრაციისათვის. ამავე დროს, ის პატივს მიაგებს საქართველოსა და მის უახლოეს მეზობლებს შორის არსებულ ტრადიციულად მჭიდრო კავშირებს, რომლებიც, როგორც მხარეებს მიაჩნიათ, მომავალი კეთილდღეობისა და სტაბილურობის საწინდარია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ წამოწყებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ამიერკავკასიის დამოუკიდებელ ქვეყნებსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის ხელშეწყობას.
1997 წლის 1 სექტემბერს ამოქმედებული, შუალედური შეთანხმების დადებით საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რაც შეიძლება სწრაფად, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საბოლოო რატიფიცირებამდე, განახორციელონ ამ უკანასკნელის დებულებები, რომლებიც ეხება ვაჭრობას და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს.
წინამდებარე მიმოხილვაში განხილულია შეთანხმების მამოძრავებელი მიზნები და პრინციპები, აგრეთვე ის გარემოება, თუ რა მნიშვნელობა ექნება შეთანხმების რეალურად განხორციელებას.
![]() |
4 ზოგადი პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმება ემყარება სამ „ძირითად ელემენტს“: დემოკრატიის პატივისცემას, საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებს (განსაზღვრულია გაერო-ს წესდებასა და ეუთო-ს დოკუმენტებში) და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
შეთანხმებაში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ნათქვამია, რომ თუ რომელიმე მხარე ვერ შეასრულებს თავის მოვალეობებს, მეორეს შეუძლია მიიღოს „სათანადო ზომები“. თანამშრომლობის საბჭომ, რომელიც კურირებს ამ შეთანხმებას, უნდა განიხილოს შემოთავაზებული ზომები, გარდა განსაკუთრებით სასწრაფო შემთხვევებისა.
მხარეებს გადაწყვეტილი აქვთ, უფრო ინტენსიური გახადონ რეგიონული თანამშრომლობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
![]() |
5 პოლიტიკური დიალოგი |
▲ზევით დაბრუნება |
იმ პოლიტიკური პრინციპების გარდა, რომლებზეც ყველა მხარე შეთანხმდა და რომლებიც შეთანხმების პრეამბულაშია ჩამოყალიბებული, შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სერიოზულ პოლიტიკურ დიალოგს. ამის საშუალებას იძლევა ინსტიტუციური სტრუქტურა რეგულარული კონტაქტებისთვის, რომელსაც შეთანხმება გვთავაზობს. ინსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებული დებულებები კავშირებს ამყარებს ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობებსა და პარლამენტებს შორის (დაწვრილებით იხ. გვ. 18).
პოლიტიკური დიალოგი გააძლიერებს პოლიტიკურ კავშირებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და, ამავე დროს, უფრო მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებსაც დაუდებს სათავეს. უფრო მეტიც, ამგვარი დიალოგი რეგიონულ საფუძველზეც შეიძლება წარიმართოს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონული კონფლიქტებისა და დაძაბულობების მოგვარებაში.
ქვემოთ მოყვანილია პოლიტიკური დიალოგის მიზნები, რომლებიც ჩამოყალიბებულია პრეამბულაში:
● საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების ხელშეწყობა.
დიალოგის წარმმართველი იქნება ორივე მხარის რწმენა კანონის უზენაესობის პირველხარისხოვან მნიშვნელობაში, ადამიანთა (განსაკუთრებით, უმცირესობების) უფლებებისადმი პატივისცემა, მრავალპარტიული სისტემის შექმნა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ მიმართული ეკონომიკური ლიბერალიზაცია. აღიარებულია, აგრეთვე, საქართველოს ძალისხმევა, დააარსოს ამ პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები.
● უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდა და ამიერკავკასიის თავისუფალი სახელმწიფოების მომავალი განვითარების ხელშეწყობა, ორივე მხარისათვის მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე შეხედულებათა ჰარმონიზებაში დახმარება.
პოლიტიკური დიალოგი ასახავს ორივე მხარის ვალდებულებას, ხელი შეუწყონ საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და დაიცვან ეუთო-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ორგანიზაცია) პრინციპები და დებულებები. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი აღიარებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
![]() |
6 ეკონომიკური პარტნიორობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 სასაქონლო ვაჭრობა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირისთვის უფრო ხელმისაწვდომს ხდის ერთიმეორის ბაზარს; არ უნდა მოხდეს ერთმანეთის საქონლის დისკრიმინაცია, ე.ი. დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ დამყარებული უნდა იქნას სხვა სავაჭრო პარტნიორებთან თანასწორობაზე, გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იქნას თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია იმპორტირებულ და შინაურ საქონელს შორის.
![]() |
6.1.1 უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, მიანიჭონ ერთმანეთს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი საქონლით ვაჭრობაში. ეს ნიშნავს, რომ საექსპორტო-საიმპორტო ურთიერთობისას ვერც ერთი მხარე ვერ დააწესებს უფრო მაღალ საბაჟო გადასახადებს და მოსაკრებლებს, ვიდრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის, ე.ი. მსოფლიოს უმეტესი დანარჩენი ქვეყნებისათვის არის დაწესებული. მხარეები ერთმანეთს ვერც იმაზე უფრო მძიმე საბაჟო პროცედურებს თუ ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს დაუწესებენ, ვიდრე სხვა ქვეყნები სარგებლობენ, იმპორტირებულ საქონელზე გადასახადებისათვის, ვაჭრობასთან დაკავშირებული მოსაკრებლებისათვის და საშინაო ბაზარზე საქონლის ყიდვასთან, გაყიდვასთან, ტრანპორტირებასთან, განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული წესებისათვის.
ამ ზოგად წესს მხოლოდ ორი გამონაკლისი აქვს, რომლებიც გათვალისწინებულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებში. ჯერ ერთი, ევროკავშირის ან საქართველოს მიერ იმ ქვეყნებისთვის, რომლებთანაც მათ დადებული აქვთ ხელშეკრულებები საბაჟო კავშირისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების შესახებ, შეთავაზებული განსაკუთრებული უპირატესობები არ გავრცელდება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პარტნიორებზე (ეს გულისხმობს, რომ ზემოხსენებული „უპირატესი“ ხელშეკრულებები შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს). მეორე - იგივე წესი იმოქმედებს, თუ ხელსაყრელი პირობები სასაზღვრო ვაჭრობის სტიმულირების მიზნით არის შეთანხმებული მეზობელ ქვეყნებთან.
ამგვარად, ევროკავშირი აღიქმება ერთ ქვეყანად და საქართველო არ სარგებლობს საბაჟო გადასახადისაგან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ანიჭებენ. ის არც იმ უპირატესი ხელშეკრულებებიდან მიიღებს სარგებელს, რომლებიც ევროკავშირს დადებული აქვს ცენტრალური ევროპის იმ რამდენიმე ქვეყანასთან, საბოლოოდ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები რომ უნდა გახდნენ.
შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში არაფერია ამის შესახებ ნათქვამი, სინამდვილეში ევროკავშირი იმ ქართული პროდუქციისთვის, რომელიც უპირატესობათა განზოგადებულ სქემაში ხვდება (ამ სქემით სარგებლობის უფლება საქართველოს 1992 წლიდან მიენიჭა), კიდევ უფრო ნაკლებ საბაჟო გადასახადებს დააწესებს.
![]() |
6.1.2 რაოდენობრივი შეზღუდვების არარსებობა |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმება კრძალავს ქვოტების (რაოდენობრივი შეზღუდვების) დაწესებას საქართველოში წარმოებული პროდუქციის ევროკავშირში იმპორტირებაზე და პირიქით. მხარეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და საგანგებო პროცედურის შესაბამისად შეუძლია დააწესოს ვაჭრობის შემზღუდველი ზომები, თუმცა ორივე მხარეს შეუძლია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით, მიიღოს ზომები უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის (დემპინგისა და ექსპორტის სუბსიდირების) წინააღმდეგ.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები არ შეეხება საფეიქრო პროდუქციით ვაჭრობას; ამ ნაწარმით ვაჭრობა განხორციელდება ცალკე შეთანხმებით, რომელიც არეგულირებს საქართველოს ექსპორტს (რომელიც დღესდღეობით არ ექვემდებარება შეზღუდვებს); ეს მდგომარეობა ცოტა ხნის წინ 2003 წლამდე გაგრძელდა. გარდა ამისა, რაოდენობრივი შეზღუდვების მოხსნა არ ვრცელდება იმ პროდუქციით ვაჭრობაზე, რომლებსაც მოიცავს ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დამაარსებელი ხელშეკრულება. ბირთვული მასალებით ვაჭრობა წარიმართება ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების („ევრატომი“) დამაარსებელი ხელშეკრულების დებულებათა საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და საქართველოს შორის შეიძლება დაიდოს ცალკე შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს ვაჭრობას ამ სფეროში.
![]() |
6.1.3 საქონლის თავისუფალი ტრანზიტი |
▲ზევით დაბრუნება |
მხარეები ერთმანეთს მიანიჭებენ თავ-თავიანთ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნებისთვის გამიზნული საქონლის თავისუფალი ტრანზიტის უფლებას. ამ სფეროში იმოქმედებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დებულებები: სხვა წესებს შორის, ტრანზიტული საქონელი არ უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადს და არ უნდა იყოს უსაფუძვლოდ დაყოვნებული. გარდა ამისა, საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთის საქონლის ტრანზიტს იმაზე ნაკლებად ხელსაყრელი პირობებით არ უნდა მოეკიდონ, ვიდრე საქონლის სხვა ქვეყნებიდან ტრანზიტს ეკიდებიან.
მსგავსად ამისა, საქონელი, რომელიც დროებით არის დაშვებული საქართველოს ან ევროკავშირის ტერიტორიაზე, ანუ რომელიც იმპორტირებულია, რათა შემდგომში ხელახლა იქნას ექსპორტირებული, არ ექვემდებარება საიმპორტო გადასახადებსა და მოსაკრებლებს.
![]() |
6.1.4 ბიზნესი და ინვესტიციები |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმებაში არის მნიშვნელოვანი დებულებები, რომლებიც მიმართულია ინვესტირებისა და მომსახურების გაწევისათვის ხელსაყრელი და სტაბილური გარემოს შექმნისაკენ. კერძოდ, შეთანხმება მიზნად ისახავს, გააუმჯობესოს პირობები ევროკავშირში ქართული კომპანიებისა და ფილიალების დასაარსებლად და სამოქმედოდ და პირიქით. შეთანხმებაში არის, აგრეთვე, დებულებები გადახდებისა და საინვესტიციო კაპიტალის გადაადგილებისა და დასაქმებულთათვის და საქმიან პირთათვის პირობების შესახებ.
ზემოხსენებულის გარდა, საქართველოსა და ევროკავშირის ცალკეული წევრი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს მათ შორის ახალი შეთანხმებების დადების შესაძლებლობა. ამ შეთანხმებათა საშუალებით მოხდება შემდეგი სფეროების მართვა:
● ინვესტირებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ინვესტირების ხელშეწყობა. მხარეები რეგულარულად მიაწოდებენ ერთმანეთს ინფორმაციას კანომდებლობის, კანონქვემდებარე აქტებისა და საინვესტიციო ბაზრობების, გამოფენების, სავაჭრო კვირეულებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობის გამოცდილების შესახებ.
● ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება.
უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული ორმხრივი საგადასახადო შეთანხმებების საფუძველზე მინიჭებული უპირატესობები არ შეეხება სხვა ქვეყნებს. ასეთი უპირატესობის მინიჭება გახდება გამონაკლისი უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის პრინციპიდან.
![]() |
6.1.4.1 კომპანიების (მათ შორის, ერთობლივი საწარმოების) დაარსება და მათი ფუნქციონირება |
▲ზევით დაბრუნება |
ქართული კომპანიები ევროკავშირის ტერიტორიაზე
ევროკავშირი დააწესებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს თავის ტერიტორიაზე ქართული კომპანიების დასაფუძნებლად. ამის შედეგად ქართული კომპანიის დაარსება ევროკავშირში ისევე ადვილი გახდება, როგორც უმეტესი სხვა ქვეყნების კომპანიებისა.
დაფუძნების შემდეგ ქართულ კომპანიას იგივე პირობები შეექმნება სამუშაოდ და ისეთივე უფლებები მიენიჭება, როგორც ევროკავშირის კომპანიებს, თუმცა შესაძლებელია, ამგვარი უფლებები ყოველთვის არ იქნას მინიჭებული, მაგალითად, ისეთ სფეროებში, როგორიც არის სამთო საქმე, თევზჭერა, უძრავი ქონება, აუდიო-ვიდეო მომსახურება, ტელეკომუნიკაციები, გარკვეული სახის პროფესიული მომსახურება, სოფლის მეურნეობა და ახალი ამბების სააგენტოები. ამ სფეროებში ევროკავშირის ზოგიერთ ნაწილში არსებობს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ქართული კომპანიებისთვის დაწესებული წესები ნებისმიერი მესამე ქვეყნის კომპანიებისთვის მინიჭებულ რეჟიმზე არანაკლები უპირატესობით ხასიათდება. ზემოხსენებული უპირატესობები არ მიენიჭება, აგრეთვე, ქართული კომპანიების ფილიალებს, რომლებსაც არ გააჩნიათ იურიდიული პირის სტატუსი. მათ მიმართ იმოქმედებს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი.
(სექტორების მიხედვით შეზღუდვების შესახებ იხილეთ გვ. 12, ხოლო კაპიტალის ბრუნვის შესახებ - გვ. 13).
ევროკავშირის კომპანიები საქართველოს ტერიტორიაზე
საქართველოში ევროკავშირის კომპანიებს ცოტა განსხვავებული წესები მიესადაგება. საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნების მსურველ ევროკავშირის კომპანიას შეუძლია გააკეთოს არჩევანი ქართული კომპანიების მიმართ დამოკიდებულების მსგავს დამოკიდებულებასა (წესები, რომლებიც ვრცელდება ქართულ კომპანიებზე) და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს (სხვა ქვეყნების კომპანიებისთვის მოქმედი საუკეთესო წესები) შორის, იმისდა მიხედვით, რომელი მათგანი უფრო ხელსაყრელია, თუმცა ზოგიერთ სექტორში არ არსებობს ამგვარი არჩევანის საშუალება და ევროკავშირის კომპანიებზე ავტომატურად გავრცელდება სხვა უცხოური კომპანიებისთვის მოქმედი (უპირატესი ხელშეწყობის) რეჟიმი. ეს შეეხება გარკვეულ საქმიანობას ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სექტორებში, ფასიანი ქაღალდების, ბანკნოტების, მონეტებისა და მარკების საკითხს, სახიფათო ინფექციური დაავადებით დაავადებულ ადამიანთა და ცხოველთა მკურნალობას, სუფთა სპირტის წარმოებასა და მინერალების საბადოებს. უცხოური ინვესტირება აკრძალულია ისეთ სფეროებში, როგორიც არის საქართველოს თავდაცვა და უსაფრთხოება, ნარკოტიკულ ნივთიერებათა წარმოება და გაყიდვა და ნარკოტიკულ ნივთიერებათა შემცველი მცენარეების კულტივირება და გაყიდვა.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის კომპანიების საქმიანობის მარეგულირებელ წესებს, დაფუძნებულ კომპანიებს შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი ქართული კომპანიების მიმართ დამოკიდებულების მსგავს დამოკიდებულებასა და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს შორის.
(სექტორების მიხედვით შეზღუდვების შესახებ იხილეთ გვ. 12, ხოლო კაპიტალის ბრუნვის შესახებ - გვ. 13).
საქმიანობის პირობების შემდგომი განვითარება
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და ევროკავშირი საქმიანობის საწარმოებლად ერთმანეთს ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიან, მაინც იარსებებს გარკვეული შეზღუდვები. შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირს ავალდებულებს, ერთმანეთის კომპანიების დაფუძნებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებით „ყოველ ღონეს მიმართონ“, რათა არ მიიღონ იმაზე უფრო მკაცრი ზომები, რომლებიც აქამდე იყო მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ახალი შეზღუდვები, უმთავრესად, თავიდან უნდა იქნას აცილებული შეთანხმების ხელმოწერამდე, ანუ 1996 წლის 21 აპრილამდე, ერთი დღით ადრე; თუმცა,
● თუკი საქართველო დააპირებს ისეთი ხასიათის კანონმდებლობის მიღებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ევროკავშირის კომპანიებს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის, მან თავისი განზრახვა უნდა აცნობოს ევროკავშირს. ევროკავშირმა შეიძლება სთხოვოს საქართველოს ზემოხსენებული კანონმდებლობის პროექტები და მოაწყოს საქართველოსთან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით;
● თუ შემოღებული იქნება ახალი შეზღუდვები, ისინი შემოღებიდან სამი წლის განმავლობაში არ გავრცელდება შემოღების მომენტისათვის საქართველოში უკვე არსებულ ევროკავშირის კომპანიებზე.
ბევრი არსებულ შეზღუდვათაგან მომსახურების სფეროს შეეხება, თუმცა საქართველო და ევროკავშირი, ძირითადად, კისრულობენ ვალდებულებას, ერთმანეთის კომპანიებს თავ-თავიანთ ტერიტორიებზე მისცენ მომსახრების გაწევის საშუალება. ამ სფეროში საქმიანობის საწარმოებელი პირობები თანდათანობით გაუმჯობესდება და მოხდება მათი ლიბერალიზება. ევროკავშირი და საქართველო მოეთათბირებიან ერთმანეთს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს, რათა საქართველოში განვითარდეს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული მომსახურების სექტორი. მისაღწევი ლიბერალიზების მაქსიმალური დასახული დონე განსაზღვრულია იმ წესებში, რომლებსაც ითვალისწინებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული შეთანხმება მომსახურების სფეროში ვაჭრობის თაობაზე.
გარკვეულ სექტორებში არსებული წესები: ტრანსპორტი, ფინანსური მომსახურება
დებულებები, რომლებიც შეეხება კომპანიების დაფუძნებასა და მათ მოქმედებას, არ ვრცელდება საჰაერო, შიდა საწყალოსნო და საზღვაო ტრანსპორტზე. ეს საკითხები უნდა მოიცვას საქართველოსა და ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შორის დადებულმა ორმხრივმა შეთანხმებებმა.
მიუხედავად ზემოთქმულისა, შეთანხმებაში განსაზღვრულია, რომ იმ საერთაშორისო სატრანსპორტო ოპერაციების შემთხვევაში, რომლებშიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის ჩართული საზღვაო ტრანსპორტი, ქართული და ევროკავშირის გადამზიდი კომპანიები, თუკი ისინი სათანადოდ არიან რეგისტრირებულნი საქართველოში ან ევროკავშირში, ისეთივე უპირატესობებით ისარგებლებენ, როგორც ნებისმიერი სხვა კომპანიები.
უნდა აღიკვეთოს ყველა ადმინისტრაციული და ტექნიკური წინააღმდეგობა საზღვაო სატრანსპორტო კომპანიების თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციისათვის. ევროკავშირი და საქართველო ერთმანეთის გემებს თავ- თავიანთ ტერიტორიებზე ისეთივე პირობებსა და უფლებებს მიანიჭებენ, როგორითაც მათი საკუთარი გემები სარგებლობენ.
შეთანხმებაში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ გარკვევით არის აკრძალული ტვირთის განაწილების ღონისძიებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გათვალისწინებულია უფრო ადრინდელი შეთანხმებებით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა და ყოფილ საბჭოთა კავშირს შორის.
რაც შეეხება ფინანსურ მომსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებისათვის ამ სექტორში (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ.) ჩვეულებრივი პირობები მოქმედებს, ევროკავშირს და საქართველოს აქვთ უფლება, მიიღონ ნებისმიერი ზომები, რომლებიც საჭირო იქნება ფინანსური სისტემის თუ ცალკეული ინვესტორებისა და დეპოზიტორების დასაცავად.
![]() |
6.1.4.2 უცხოური პერსონალი |
▲ზევით დაბრუნება |
ქართულ კომპანიებს აქვთ უფლება, ევროკავშირის ტერიტორიაზე თავიანთ ფილიალებსა და შვილეულ კომპანიებში სამუშაოზე აიყვანონ ძირითადი პერსონალი - მენეჯერები და მაღალკვალიფიციური ექსპერტები; იგივე ვრცელდება ევროკავშირის კომპანიებზე. ეს შეიძლება მოხდეს იმ პირობით, თუკი აყვანილი თანამშრომლები იმუშავებენ მხოლოდ მათი დამქირავებელი და მიმავლინებელი კომპანიისათვის, აგრეთვე იმ პირობით, რომ თანამშრომლებს ამ კომპანიაში ერთი წელი მაინც ექნებათ ნამუშევარი.
ძირითადად, ევროკავშირში დასაქმებული ქართველები და საქართველოში დასაქმებული ევროკავშირის მოქალაქეები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, სამუშაოს ანაზღაურებისა და სამუშაოდან გათავისუფლების პირობებთან და წესებთან დაკავშირებით ისეთივე უფლებებით ისარგებლებენ, როგორც ადგილობრივი მოსამსახურეები.
შეთანხმება არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული იმგვარად, თითქოს ის ნებას აძლევდეს ევროკავშირის ან საქართველოს რომელიმე სხვა მოქალაქეს, შევიდეს და დარჩეს საქართველოში ან ევროკავშირში. შეთანხმება არ ცვლის საიმიგრაციო წესებს; ორივე მხარე კისრულობს, მიიღოს ერთობლივი ზომები არალეგალური იმიგრაციის გასაკონტროლებლად. ამავე დროს, ევროკავშირი და საქართველო განიხილავენ იმ საკითხს, თუ რა გზით შეიძლება გაუმჯობესდეს პირობები საქმიანი ადამიანების ევროპაში სამოგზაუროდ და პირიქით.
![]() |
6.1.5 ფულადი გადასახადები და კაპიტალის მოძრაობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო და ევროკავშირი შეთანხმდნენ, დაუშვან, რომ ფულადი გადასახადები მიღებული საქონლისა თუ მომსახურებისათვის, აგრეთვე გადახდა მათი მოქალაქეების გადაადგილებასთან დაკავშირებით განხორციელდეს თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში.
გარდა ამისა, ნებადართული იქნება კომპანიების დაფუძნებასთან და მათ საქმიანობასთან (როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი) დაკავშირებული კაპიტალის გადაადგილება (პირდაპირი ინვესტირება). შესაძლებელი იქნება, აგრეთვე, ამგვარი ინვესტირებიდან მიღებული შემოსავლის თავისუფალი რეპატრიაცია და ინვესტიციების ამოღება.
შეთანხმებაში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ არ არის განსაზღვრული ლიკვიდურ საშუალებათა ბრუნვასთან, მაგალითად, ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან, დაკავშირებული გადახდის წესები, მაგრამ საქართველო და ევროკავშირი მოითათბირებენ, თუ რა სახით შეუწყონ ხელი ამგვარ გადახდას.
მიმდინარე ფულად გადასახადთან და კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით უცხოური ვალუტის გაცვლაზე არ შეიძლება არც ერთი ახალი შეზღუდვის შემოღება, ხოლო არსებული წესები არ უნდა გამკაცრდეს. ამგვარ „სტატუს კვოს“ მხოლოდ ორი გამონაკლისი აქვს. საქართველოს შეუძლია მიმართოს ვალუტის გაცვლის შეზღუდვებს, თუკი ეს იქნება პირობა საერთაშორისო ფინანსური დაწესებულებისგან კრედიტის მიღებისა და თუკი ამას საგანგებოდ დაამტკიცებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ვალუტის გაცვლის ამგვარი შეზღუდვა უნდა გავრცელდეს საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორზე და არა მხოლოდ ევროკავშირზე. მეორე გამონაკლისის სახით ევროკავშირს და საქართველოს შეუძლიათ შეზღუდონ კაპიტალის მოძრაობა, თუკი ეს მათი სავალუტო კურსის ოპერირებასა და მონეტარულ პოლიტიკას შეუქმნის საფრთხეს, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეზღუდვები ნამდვილად აუცილებელია და იმ პირობით, რომ მათი მოქმედება ექვს თვეზე მეტხანს არ გაგრძელდება.
![]() |
6.1.6 ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ორივე მხარემ ხელი უნდა შეუშალოს ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების არალეგალურ იმპორტირებას ან გაყიდვას. ამ თვალსაზრისით საქართველომ უნდა გააუმჯობესოს ინტელექტუალური, სამრეწველო და კომერციული საკუთრების უფლებათა დაცვა, რათა ხელი შეუშალოს პროექტების, სავაჭრო ნიშნების, პატენტების, პროგრამების, სამხატვრო ნამუშევრებისა და ა.შ. უკანონო გამოყენებას, და უნდა უზრუნველყოს დაცვის ისეთი დონე, როგორიც ევროკავშირში არსებობს.
შეთანხმებაში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მოხსენიებულია ამ სფეროში მრავალმხრივი კონვეციებიდან გამომდინარე ვალდებულებები და ნათქვამია, რომ ხუთწლიანი გარდამავალი პერიოდის ბოლოსათვის საქართველო უნდა შეუერთდეს აღნიშნულ კონვენციებს. იმ დრომდე დამოკიდებულება ევროკავშირის კომპანიებისა და მოქალაქეების მიმართ თუნდაც ისეთი უნდა იყოს, როგორც დამოკიდებულება ნებისმიერი სხვა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების მიმართ, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების და იმ ქვეყნებისა, რომლებიც უფრო ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ.
![]() |
6.2 სამართლებრივი თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოსაც და ევროკავშირსაც კარგად აქვთ გაცნობიერებული ის გარემოება, რომ როგორც ამჟამად არსებული, ისე მომავალი კანონმდებლობის თანამეგობრობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, განსაკუთრებით კი ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებში, მნიშვნელოვანი წინაპირობაა უფრო მჭიდრო ეკონომიკური კავშირების განვითარებისათვის. საქართველომ თავისი კანონმდებლობა თანდათანობით ევროკავშირის კანონმდებლობას უნდა მიუსადაგოს. თავის მხრივ, ევროკავშირი საქმიანი პარტნიორებისთვის ევროკავშირიდან და საქართველოდან ერთიმეორის ტერიტორიაზე ინვესტირებისა და ბიზნესის სფეროში ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ევროკავშირი მზად არის, საჭიროებისთანავე გაუწიოს საქართველოს აღნიშნული დახმარება.
თანამეგობრობა უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური დახმარებით კონკურენციის შესახებ კანონის შემუშავების სფეროში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე შეეხება ხელშეკრულებას საწარმოებს შორის, პრივილეგირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, სახელმწიფო დახმარებებს, სახელმწიფო მონოპოლიებსა და სახელმწიფო საწარმოებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურენციის შესახებ კანონი პრობლემებს შეუქმნის ვაჭრობის განვითარებას, მხარეები კომპეტენტური კომისიების ერთობლივი მოღვაწეობის მეშვეობით შეეცდებიან შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას.
![]() |
6.3 ეკონომიკური თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სფეროების ფართო სპექტრს მოიცავს. უპირველესი ამოცანა ეკონომიკური რეფორმების პროცესის ხელშეწყობაა, ასევე საქართველოს ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების საქმეში დახმარების გაწევა. ყოველივე ეს უნდა მოხდეს სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გათვალისწინებით. ამ მიზნით შეთანხმებაში განსაზღვრულია ის სფეროები, სადაც ევროკავშირი და საქართველო ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებას გეგმავენ. ეს სფეროებია:
ეკონომიკური და სოციალური განვითარება;
საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სტანდარტების გათვალისწინებით;
ადამიანური რესურსების განვითარება;
მეწარმეობის განვითარების (მათ შორის, პრივატიზაციის, ინვესტიციებისა და ფინანსური სამსახურების განვითარების) ხელშეწყობა;
სოფლის მეურნეობა და საკვები პროდუქტები;
ენერგეტიკა;
ტრანსპორტი;
ტურიზმი;
გარემოს დაცვა;
რეგიონული თანამშრომლობა.
ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება იმ ზომებს უნდა დაეთმოს, რომლებიც უზრუნველყოფს თანამშრომლობის გაღრმავებას ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ასევე სხვა მიმდებარე ქვეყნებს შორის, რაც შემდგომში მთლიანად რეგიონის ჰარმონიული განვითარების წინაპირობა უნდა გახდეს.
ევროკავშირის ძირითად ინსტრუმენტს ეკონომიკური თანამშრომლობის დასაფინანსებლად ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა „ტასისი“ წარმოადგენს. პროგრამის ძირითადი მიზნები და მოღვაწეობის სფეროს განსაზღვრა ჩამოყალიბებულია მხარეთა შორის მიღებული პროგრამის ფარგლებში. მხარეები უზრუნველყოფენ თანამეგობრობის მიერ გაწეული ტექნიკური დახმარების მჭიდრო კოორდინაციას სხვა წყაროებიდან, მაგალითად, ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფოსგან, რომელიმე მესამე ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მომდინარე დახმარებებთან.
![]() |
6.4 თანამშრომლობის სხვა სფეროები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.4.1 თანამშრომლობა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა თავიდან აცილებისა და არალეგალური იმიგრაციის კონტროლის სფეროებში |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი და საქართველო შეთანხმდნენ, ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა:
● ეკონომიკის სფეროში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, მათ შორის, კორუფციას;
● სხვადასხვა საქონლით, მათ შორის, საწარმოო ნარჩენებით, არალეგალურ გარიგებებს;
● ყალბი ფულის დამზადებას.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოსაგვარებლად გათვალისწინებულია ტექნიკური და ადმინისტრაციული თანამშრომლობა. გარდა ამისა, ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად შეებრძოლებიან:
● უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას (ფულის გაკეთილშობილებას);
● ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების წარმოებას, შენახვასა და ტრანსპორტირებას;
● არალეგალურ იმიგრაციას (მხარეები შეთანხმდნენ ერთიმეორის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეების იძულებით გაძევების შესახებ. ამასთან ერთად, საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან გააფორმოს ორმხრივი შეთანხმებები, სადაც განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც შეიძლება გამოყენებული იქნას აღნიშნული იძულებითი გაძევება).
![]() |
6.4.2 კულტურული თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობა კულტურის სფეროში ითვალისწინებს:
● ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების, სამუზეუმო ფასეულობების შენახვისა და დაცვის საკითხებში;
● კულტურულ გაცვლას სხვადასხვა დაწესებულებას შორის, ასევე მსახიობებისა და კულტურის სხვა დარგში მოღვაწე ადამიანების კულტურულ გაცვლას;
● ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას.
![]() |
6.5 დემოკრატია და ადამიანთა უფლებების დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ ყველა იმ საკითხში, რომელიც ეხება დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე ადამიანთა უფლებების დაცვას. ტექნიკური დახმარება მიმართული იქნება იმ კანონების შემუშავებისა და გამოყენებისაკენ, რომლებიც დაარეგულირებს სამართლებრივი სისტემისა და საარჩევნო სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. კონტაქტები და ურთიერთგაცვლა გათვალისწინებულია როგორც ნაციონალურ, რეგიონულ და სამართალდამცავ ხელისუფლებათა დონეზე, ისე პარლამენტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც.
![]() |
6.6 ინსტიტუტები |
▲ზევით დაბრუნება |
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ დებულებათა შესრულების გაკონტროლების მიზნით, შეთანხმების თანახმად, უნდა შეიქმნას სამი მაკონტროლებელი კომიტეტი: თანამშრომლობის საბჭო, თანამშრომლობის კომიტეტი და საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი.
![]() |
6.6.1 თანამშრომლობის საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობის საბჭოს შეკრება მინისტრების დონეზე უნდა მოხდეს, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ. ევროკავშირის მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები და ევროკომისიის წევრები. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფორუმი პოლიტიკური დიალოგის გასამართავად ეწყობა.
თანამშრომლობის საბჭო თვალყურს ადევნებს შეთანხმების შესრულებას. შეთანხმება თანამშრომლობის საბჭოს გარკვეული სპეციფიური ფუნქციების შესრულებას ავალებს, თუმცა, ამავე დროს, საბჭოს აქვს უფლებამოსილება, განიხილოს ორმხრივი ინტერესის მქონე ნებისმიერი საკითხი და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
ზემოაღნიშნული კონკრეტული ფუნქციები გულისხმობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების თაობაზე რეკომენდაციების მიცემას, სხვა ქვეყნების მოქალაქეთა შრომა-დასაქმების პირობების რეგულირებას, მომსახურების ბაზრის განვითარებას, ინტელექტუალურ, სამრეწველო და სავაჭრო სფეროებში მრავალმხრივი შეთანხმებების მიღებას, საიმიგრაციო კონტროლთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესწავლას. გარდა ამისა, თუკი შეთანხმებასთან დაკავშირებით წარმოიშობა სადაო საკითხები, თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია ამ საკითხების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მომრიგებელთა მოწვევა და მათგან რეკომენდაციების მიღება (თუმცა საბჭო არ არის ვალდებული, შეასრულოს ეს რეკომენდაციები). თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია, აგრეთვე, სადაო საკითხების გადასაჭრელი პროცედურების შემუშავება.
იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებულია საგანგებო პირობების გამოყენება სავაჭრო შეზღუდვების შემოღებასთან, ახალ სავალუტი შეზღუდვებთან, თანამეგობრობის მიზნებისა და ფინანსური დახმარების სფეროებთან ანდა რომელიმე მხარის მიერ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის საბჭო წინასწარ უნდა იქნას ინფორმირებული.
![]() |
6.6.2 თანამშრომლობის კომიტეტი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამშრომლობის კომიტეტში შედიან მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები. კომიტეტს ევალება თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრების მომზადება და თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრებს შორის სამუშაოთა მიმდინარეობის უწყვეტობის უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, თანამშრომლობის საბჭოს შეუძლია გადასცეს თანამშრომლობის კომიტეტს ნებისმიერი თავისი უფლება.
თანამშრომლობის საბჭოსა და თანამშრომლობის კომიტეტის საპრეზიდენტო სამსახურს რიგრიგობით უხელმძღვანელებენ ევროპის თანამეგობრობა და საქართველო.
![]() |
6.6.3 საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი |
▲ზევით დაბრუნება |
საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი შედგება საქართველოს და ევროპის პარლამენტების წევრებისაგან. ეს კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირის პარლამენტარებს შორის პოლიტიკური დიალოგის საშუალებაა. საპარლამენტო კომიტეტი და თანამშრომლობის საბჭო მიაწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას; საპარლამენტო კომიტეტს შეუძლია, საბჭოს რეკომენდაციებიც გაუწიოს.
![]() |
6.6.4 გამონაკლისი შემთხვევები და სადაო საკითხების მოგვარება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.6.4.1 გამონაკლისი შემთხვევები |
▲ზევით დაბრუნება |
შეთანხმების დებულებათა შესრულება სავალდებულოა საქართველოსა და ევროკავშირისათვის. არის მხოლოდ რამდენიმე განსაზღვრული შემთხვევა, როდესაც მხარეებს აქვთ უფლება, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე არ შეასრულონ შეთანხმებით გათვალისწინებული დებულება:
● როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას;
● იარაღის წარმოებასთან და იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული ღონისძიებები;
● საგანგებო ზომები, მიმართული კანონიერებისა და წესრიგის დაცვისა და მშვიდობის შენარჩუნებისკენ;
● ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია სამრეწველო პროდუქციისა და ტექნოლოგიების ორმხრივ გამოყენებაზე კონტროლთან დაკავშირებით ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, ევროკავშირიც და საქართველოც იტოვებენ უფლებას, შემოიღონ გარკვეული შეზღუდვები ვაჭრობის სფეროში, თუკი ეს ზომები არ წარმოადგენს სავაჭრო ურთიერთობათა ფარული ან დისკრიმინაციული შეზღუდვის საშუალებას. ზემოაღნიშნული შეზღუდვები შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგ შემთხვევებში:
● საზოგადოებრივი ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების, აგრეთვე ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად (ამგვარი შეზღუდვები ეხება, აგრეთვე, ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროს);
● ბუნებრივი რესურსების (მათ შორის, ოქროსა და ვერცხლის), ხელოვნების ნიმუშების, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველსაყოფად.
![]() |
6.6.4.2 სადაო საკითხების გადაწყვეტა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირსა და საქართველოს შორის
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებით გათვალისწინებული დებულების განხორციელება დავის საგნად იქცა, თანამშრომლობის საბჭო ეცდება დავის გადაჭრას რეკომენდაციების მიცემის საშუალებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში საბჭოს, საქართველოსა და ევროკავშირს უფლება აქვთ, მიმართონ მომრიგებლებს. ეს მომრიგებლები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ხმათა უმრავლესობის საფუძველზე, თუმცა ამ რეკომენდაციების შესრულება არ არის სავალდებულო.
თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ არ ხდება ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება, მას შესაბამისი ზომების მიღება შეუძლია, თუმცა ამის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს თანამშრომლობის საბჭოს, რომელსაც გარკვეული დრო ეძლევა გადაწყვეტილების მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე დაარღვევს შეთანხმებას ან ხელყოფს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უმთავრეს ფასეულობებს თუ საბაზრო ეკონომიკის ძირითად პრინციპებს, მეორე მხარეს ექნება უფლება, დაუყოვნებლივ, წინასწარი მოთათბირების გარეშე შეაჩეროს შეთანხმების მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი სანქციების განხორციელებამ მინიმალურად უნდა შეაფერხოს შეთანხმების მოქმედება.
ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის
ბუნებრივია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებსა და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ეფექტიანად დაიცვან შეთანხმებით, აგრეთვე სხვა ხელშეკრულებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული თავიანთი უფლებები. ამ მიზნით ევროკავშირი და საქართველო ვალდებულნი არიან, თანაბარი პირობები შეუქმნან სასამართლოებში და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში უცხო ქვეყნებისა და საკუთარ მოქალაქეებს და მათ ტერიტორიაზე განლაგებულ იურიდიულ პირებს. კომერციის სფეროში წარმოქმნილი სადაო საკითხების მოგვარებისას ევროკავშირიც და საქართველოც უნდა დაეყრდნონ არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას და საერთაშორისო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს.
![]() |
6.7 ძირითადი ტერმინები |
▲ზევით დაბრუნება |
ა
ადამიანთა უფლებები
არბიტრაჟი
აუდიო-ვიდეო მომსახურება
ახალი ამბების სააგენტოები
ბ
ბაზრის ხელმისაწვდომობა
ბუნებრივი რესურსები
გ
გადამზიდი სააგენტოები
გადასახადები
საგანგებო უპირატესობები
გადახდები
ინვესტირებასთან დაკავშირებით
ლიკვიდური კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებით
ვაჭრობასთან დაკავშირებით
გამონაკლისები
შეთანხმებიდან
ბიზნესისა და ინვესტირების თაობაზე წესებიდან
გარემო
გარემოსდაცვითი პრობლემები
„გატ“-ი. იხ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
დ
დავები
კომპანიებს შორის
საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ცალკეულ პირებს შორის
დახმარება. იხ. ტექნიკური დახმარება
დემოკრატია
ე
„ევრატომი“. იხ. ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება
ევროკავშირი
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება
ევროპის ეკონომიკური გაერთიანება
ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება
ეკონომიკური რეფორმა
ვ
ვაჭრობა
ვაჭრობასთან დაკავშირებული გადახდა
ვაჭრობის ხელშეწყობა
ზ
ზოგადი შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ. იხ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
თ
თავისუფალი სავაჭრო ზონა
თანამშრომლობა
თანამშრომლობის სფეროები
თანამშრომლობის კომიტეტი
თანამშრომლობის საბჭო
თევზჭერა
ი
იარაღი
იმიგრაცია
არალეგალური იმიგრაცია
საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები
ინვესტირება
ინფორმაციის გაცვლა
მოგების რეპატრიაცია
კაპიტალის გადარიცხვა
ინტელექტუალური საკუთრება, უფლებების დაცვა
ინფორმაცია
ინფორმაციის გაცვლა
ვალდებულებები თანამშრომლობის საბჭოს წინაშე
კ
კანონი და მართლწესრიგი
კანონმდებლობა, კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა
კომპანიების დაფუძნება
შეზღუდვები
კომპანიების ფუნქციონირება
შეზღუდვები
კონკურენცია
საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტი
კანონმდებლობა
მ
მომრიგებლები
მომსახურება
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ო
ოქრო და ვერცხლი
პ
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა
პერსონალი
უცხოურ ფილიალებში
სამუშაო პირობები
პოლიტიკური დიალოგი
მიზნები
ინსტიტუტები
პროფესიული მომსახურება
რ
რაოდენობრივი შეზღუდვები. იხ. ქვოტები
ს
საბაზრო ეკონომიკა
საბაჟო
საბაჟო გადასახადი
საბაჟო პროცედურები
სატარიფო უპირატესობები
საბაჟო კავშირი
საბჭოთა კავშირი, ყოფილი
რეგიონული თანამშრომლობა
საიდუმლოებები
საკუთრების უფლებები
საკუთარი კომპანიებისადმი დამოკიდებულების მსგავსი დამოკიდებულება
ინვესტირებისათვის
გადამზიდი სააგენტოებისათვის
სამეწარმეო
სამთო საქმე
სამუშაო პირობები
საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი
სასამართლოები
საქმიანი ადამიანები
სოციალური
სოციალური განვითარება
სუვერენიტეტი
ტ
„ტასისი“
ტელეკომუნიკაცები
ინვესტიცია
ტერიტორიული მთლიანობა
ტექნიკური დახმარება
ტვირთის განაწილება
ტრანზიტი
ტრანსპორტი
საჰაერო
შიდა საწყალოსნო
საზღვაო
უ
უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
ინვესტირებისათვის
ინტელექტუალური საკუთრების დაცვისათვის
გადამზიდი სააგენტოებისათვის
დაბეგვრისათვის
ვაჭრობისათვის
ტრანზიტისათვის
უპირატესობათა განზოგადებული სქემა
უსაფრთხოება, საერთაშორისო
უფლებები კომერციულ საკუთრებაზე
უძრავი ქონება
ქ
ქვოტები
შ
შეზღუდვები
კაპიტალის მოძრაობაზე
ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე
კომპანიების დაფუძნებაზე
კომპანიების ფუნქციონირებაზე
შეიარაღება
შეთანხმება
ორმაგი დაბეგვრის შესახებ
ინვესტიციების დაცვის შესახებ
საჰაერო ტრანსპორტის შესახებ
საწყალოსნო ტრანსპორტის შესახებ
შეთანხმება ვაჭრობისა და კომერციული
და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ
საბჭოთა კავშირთან
თანამშრომლობა საბჭოთა კავშირთან
შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ
მიზნები
სადაო საკითხები
ხანგრძლივობა
შუალედური შეთანხმება
ინვესტირება
ხ
ხელახალი ექსპორტირება
ხელოვნების ნიმუშები