![]() |
სამხედრო მოსამსახურეთა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|ადმინისტრაციული სამართალი |
საავტორო უფლებები: © ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმის მიხედვით შეიძლება დაეკისროს დისციპლინური, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ქვემოთ განვიხილავთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს.
1. სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირს, სამხედრო სამსახურის წესის დარღვევისათვის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ დისციპლინურ წესდებათა მიხედვით.
ქვემოთ მოცემულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლები, რომლებიც შეეხებათ წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს:
მუხლი 1961. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა.
გასაწვევ უბანზე მიწერისათვის ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში გამოძახებაზე მოქალაქის გამუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე -
გამოიწვევს გაფრთხილებას.
მუხლი 197. სამხედრო აღრიცხვის წესების დარღვევა.
სამხედრო ვალდებულთა მიერ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში გამოძახებაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზის გარეშე, ან იმ სააღრიცხვო ორგანოსათვის, სადაც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, განათლების, სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის შესახებ ცნობების დადგენილი ვადით დარღვევით შეტყობინება -
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში -
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
მუხლი 1972. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა.
სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო სამსახურის წესის დარღვევა, რომელიც არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას -
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით ოცდაათ დღემდე.
მუხლი 1973. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით.
1. პირის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოუცხადებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით -
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა -
გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.
მუხლი 198. სამხედრო ბილეთის განზრახ გაფუჭება ან დაკარგვა.
სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტების (სამხედრო ბილეთებისა და გასაწვევ უბანზე მიწერის მოწმობების) განზრახ გაფუჭება ან დაუდევრად შენახვა, რასაც მოჰყვა მათი დაკარგვა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ დარღვევათაგან ერთ-ერთის განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში -
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
სამხედრო მოსამსახურეებს საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვისა და საბაჟო წესების დარღვევისათვის, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენისათვის ან შენახვისათვის ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისათვის დაეკისრებათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე. კერძოდ, იგულისხმება შემდეგი ადმინისტრაციული სამრთალდარღვევები:
მუხლი 119. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა.
1. სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც თან არა აქვს:
ა) მართვის მოწმობის ჩამორთმევის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროებითი ნებართვა;
ბ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები;
გ) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისი;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციაში რეგისტრირებული მოცემული სატრანსპორტო საშუალების ფლობის, მისით სარგებლობის ან სხვა უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების მფლობელის არყოფნისას მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლის შემთხვევაში, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება, აგრეთვე თუ დარღვეულია სატრანსპორტო საშუალების ნომრიანი აგრეგატის რეგისტრაციის წესები, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.
მუხლი 125. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა.
1. სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, -
გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას ერთი თვის ვადით.
მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა.
1. შიდა წყალსატევებში თევზჭერის წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ოთხას ლარამდე, თევზსაჭერი იარაღის, წყლის სატრანსპორტო საშუალებებისა და მოპოვებული თევზის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. წყლის ყველა ტიპის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (ნავები, ნახევარბარკასები, მოტოფელუგები და მცირე სიმძლავრის კატარღები) გამოყენებით საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ათას ლარამდე, თევზსარეწი იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
5. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით, თევზის ანდა წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურების სხვა საშუალებებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), -
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ზღვის ნაკრძალ რაიონში, აკრძალულ დროს ან ადგილას, თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ათასიდან სამოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
მუხლი 45. ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევებში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად ჩაითვლება, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის.
2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.
მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა.
წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, -
გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება ჩაითვლება არასაკმარისად, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განსახილველად უფლებამოსილი ორგანოები (თანამდებობის პირები)
რაიონის (ქალაქის) სასამართლოები, მოსამართლეები (ადმინისტრაციული მოსამართლეები) განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა საქმეებს, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 86-ე მუხლებით.
შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე და 125-ე მუხლებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა (რომლებიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ) საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით.
თავდაცვის სამინისტროს ორგანოების სახელით სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ შემდეგ ორგანოებს:
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების ხელმძღვანელები აწარმოებენ საქმეებს იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით;
2. სამხედრო საავტომობილო ინსპექციის თანამდებობის პირები, უფროსი ან მისი მოადგილე, სამხედრო საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, უფროსი ინსპექტორი, აგრეთვე სამხედრო საავტომობილო ინსპექციის შტატგარეშე ინსპექტორებად დადგენილი წესით დანიშნულ ოფიცრები აწარმოებენ საქმეებს იმ სამართალდარღვევებზე, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის პირველი ნაწილით, 125-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია - ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1973 მუხლით.
ოქმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების, სამხედრო მოსამსახურეთა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირთა მიერ ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელთათვისაც შეიძლება დადებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ჩამორთმევის სახით, სამხედრო საავტომობილო ინსპექცია გადასცემს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
3. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახება დგება ოქმი.
თუ ოქმის შედგენა ადგილზე შეუძლებელია, საქმის სწორად და დროულად განხილვა-აღსრულების უზრუნველსაყოფად დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.
ადმინისტრაციული დაკავების შესახებ უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც აღინიშნება:
მისი შედგენის თარიღი და ადგილი;
შემდგენის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი;
ცნობები დაკავებულის პიროვნების შესახებ;
დაკავების დრო და მოტივი,
ოქმს ხელს აწერენ ოქმის შემდგენი თანამდებობის პირი და დაკავებული.
თუ დაკავებული უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, ამის შესახებ ოქმში კეთდება ჩანაწერი.
დაკავებული პირის თხოვნით მის ადგილსამყოფელს უნდა აცნობონ ნათესავებს.
ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა იყოს სამ საათზე მეტი.
პირადი გასინჯვა უნდა აწარმოოს გასასინჯი პირის სქესის თანამდებობის პირმა, იმავე სქესის ორი პირის თანადასწრებით.
პირადი და ნივთების გასინჯვის შესახებ დგება ოქმი ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
დაკავების, პირადი გასინჯვის ან ნივთების გასინჯვის დროს აღმოჩენილი ნივთები და დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ სამართალდარღვევის იარაღს ან უშუალო ობიექტს, შეიძლება ჩამოერთვას მესაკუთრეს.
ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთვევისას შედგება ოქმი ან ადმინისტრაციული სამრთალდარღვევის, ნივთების გასინჯვისა ან ადმინისტრაციული დაკავების ოქმებში კეთდება სათანადო ჩანაწერი.
ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და დოკუმენტების ჩამორთმევა დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება გაასაჩივრონ ზემდგომ ორგანოებში ან პროკურორთან.
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომლიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში.
4. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (სახდელი)
ადმინისტრაციული სახდელი პირს შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არა უგვიანეს ორი თვისა.
სისხლისამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტის შემთხვევაში, მაგრამ როცა დამრღვევის მოქმედებაში არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ერთი თვისა
ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.
თუ ადმინისტრაციულიულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად.
დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ არ აღსრულდება, თუ იგი არ იყო აღსასრულებლად მიქცეული დადგენილების გამოტანიდან ექვსი თვის განმავლობაში.
ადმინისტრაციული სახდელის სახეებია:
1. გაფრთხილება;
გაფრთხილება გამოაქვთ წერილობითი ფორმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას.
2. ჯარიმა;
ჯარიმა არ შეიძლება იყოს შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობის (20 ლარი) ერთ მესამედზე ნაკლები.
3. იმ საგნის კონფისკაცია, რომელიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის იარაღს, უშუალო ობიექტს და საბაჟო წესების დარღვევის საგანს, საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების საშუალებას წარმოადგენდა;
აღნიშნული სახდელი გულისხმობს საგნის სახელმწიფო საკუთრებად იძულებით უსასყიდლოდ გადაცემას. კონფისკაციას ექვემდებარება მხოლოდ დამრღვევის პირადი საკუთრების საგანი.
4. მოქალაქისათვის მინიჭებული სპეციალური უფლების (სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების) ჩამორთმევა;
მოქალაქეს მინიჭებული სპეციალური უფლება ჩამოერთმევა სამ წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატიური დარღვევისათვის. უფლების ჩამორთმევის ვადა არ შეიძლება იყოს თხუთმეტ დღეზე ნაკლები.
5. ადმინისტრაციული პატიმრობა.
ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენება ოცდაათ დღემდე ვადით. ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს შესაბამისი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს მოსამართლე.
სამხედრო სამსახურის წესის დარღვევის, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონდ შეძენის ან შენახვისთვის, წვრილმანი ხულიგნობისთვის საქმეს ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის წარდგინების საფუძველზე. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი.
კონფისკაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი. გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ძირითადი სახდელის სახით.