სუუამი - შექმნის ისტორია და განვითარების პერსპექტივები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კომახია მამუკა
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


მამუკა კომახია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) შექმნა, სადაც დღეს 12 სახელმწიფოა გაერთიანებული. დსთ-ში რუსეთის ერთპიროვნულ ლიდერობას სხვა სახელმწიფოებიც აღიარებენ. რუსეთი ყოფილი სატელიტებისადმი საბჭოთა კავშირის დროინდელი ურთიერთობების აღდგენის სურვილს აშკარად გამოხატავს. რუსეთი სხვადასხვა სახის კოლექტიური ხელშეკრულებებით ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის ახალი ფორმატით აღდგენას ესწრაფვის. ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, თავისი უმწეო მდგომარეობიდან გამომდინარე, იძულებულია რუსეთთან ასეთი ფორმის თანამშრომლობა მიიღოს.

თუმცა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში გაჩნდენ „ურჩი“ სახელმწიფოებიც, რომლებიც რუსეთის გავლენის შესუსტებასა და საკუთარი დამოუკიდებლობის განმტკიცებას ესწრაფვიან. ეს „ურჩი“ სახელმწიფოები საკუთარი ძალების გაერთიანებით რუსეთის ჰეგემონიის შესუსტებას ცდილობენ, რაც მათი მხრიდან სხვადასხვა გაერთიანებების შექმნაში გამოიხატება. საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისაგან შემდგარი ერთი ასეთი გაერთიანება სუუამ-ია. სუუამ-ში დღეისათვის ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა შედის: საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდავა.

სუუამ-ის წევრი ქვეყნები

საქართველო

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში XIX საუკუნიდან მოექცა. 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველო სსრკ-ის შემადგენლობაშია. რუსეთის ჯარის ნაწილები დღესაც არიან საქართველოს ტერიტორიაზე. სამხედრო ბაზების გარდა, ე.წ. რუსი სამშვიდობოები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში კვლავაც აგრძელებენ თავიანთ მოღვაწეობას.

ფართობი: 69.700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი (164კმ), აზერბაიჯანი (322კმ), რუსეთი (723კმ), თურქეთი (252კმ); ბუნებრივი რესურსები: ტყე, ჰიდრორესურსები, მარგანეცი, ქვანახშირისა და ნავთობის მცირე მარაგი, ზღვის კლიმატი, ჩაი და ციტრუსები; მოსახლეობა: 4,4 მლნ. (2001 წლის აღწერის წინასწარი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: ქართველები 70,1%; სომხები 8,1%; რუსები 6,3%; აზერბაიჯანელები 5,7%; ოსები 3%; აფხაზები 1,8%; სხვები 5%; რელიგიები: მართლმადიდებლური (ქართველები) 65%; მუსლიმები 11%; მართლმადიდებლური (რუსები) 10%; გრიგორიანული (სომხები) 8%; უცნობია 6%; ენები: ქართული 71% (ოფიციალური), რუსული 9%, სომხური 7%; აზერბაიჯანული 6%; სხვები 7%; აფხაზური ენა ოფიციალურია აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.

სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა.

ეკონომიკა: საქართველოს ეკონომიკა ძირითადად ეყრდნობოდა შავ ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულ ტურიზმს, ციტრუსებისა და ჩაის მოყვანას, მარგანეცის მოპოვებას; ღვინის, ლითონების, მანქანათმშენებლობის, ქიმიურ და მსუბუქ მრეწველობას. ქვეყნის ენერგომოხმარება თითქმის მთლიანად ნავთობისა და გაზის იმპორტზეა დამოკიდებული. შედარებით მნიშვნელოვანი შიდა ენერგოწყაროა ჰიდროელექტროსადგურები. მძიმე ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ქვეყნის ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილურობას ინარჩუნებს. გადასახადების ამოღებასთან დაკავშირებით არსებული მუდმივი პრობლემების გამო, წლების განმავლობაში ბიუჯეტის დიდი დეფიციტია. ყოველწლიურად აქტუალურია ენერგოკრიზისის თემა. საქართველოს მთავარი იმედი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაა. მილსადენებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარ კატალიზატორად მიიჩნევა. მზარდი სავაჭრო დეფიციტი, გადასახადის აკრეფაში პრობლემები, კორუფცია და პოლიტიკური გაურკვევლობა ეკონომიკურ მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

სამხედრო ხარჯები: 15,740 მლნ. აშშ დოლარი (2001.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 0,4% (2001.); უცხო ქვეყნის ძალები: საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დსთ-ის სამშვიდობო ძალებია, რომელიც რუსი სამხედროებისგან შედგება.

უზბეკეთი

რუსეთმა უზბეკეთი XIX საუკუნის მიწურულს დაიპყრო. 1925 წელს სოციალისტური რესპუბლიკა დაარსდა. საბჭოთა პერიოდში „თეთრი ოქროსა“ (ბამბის) და ხორბლის ინტენსიურმა წარმოებამ აგროქიმიკატების ზედმეტი გამოყენება და წყლების რესურსების შემცირება გამოიწვია. შედეგად, მოიწამლა მიწა, არალის ზღვა და სხვა მდინარეები ნახევრად დაშრა. 1991 წლიდან ქვეყანა ცდილობს შეამციროს სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულება და ნედლეულისა და ნავთობის რეზერვები განავითაროს. არსებული საფრთხეებიდან მნიშვნელოვანია ისლამური ტერორიზმის მუქარა ტაჯიკეთიდან და ავღანეთიდან, ადამიანის უფლებების დარღვევა და დემოკრატიზაციის ნაკლებობა.

ფართობი: 447,400 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: ავღანეთი (137კმ), ყაზახეთი (2.203კმ), ყირგიზეთი (1,099კმ), ტაჯიკეთი (1,161კმ), თურქმენეთი (1,621კმ); ბუნებრივი რესურსები: ბუნებრივი გაზი, ნავთობი, ქვანახშირი, ოქრო, ურანი, ვერცხლი, სპილენძი, ცინკი, მოლიბდენი; მოსახლეობა: 25,155 მლნ. (2001 წლის ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: უზბეკები 80%, რუსები 5,5%, ტაჯიკები 5%, ყაზახები 3%, კარაკალპაკები 2,5%, თათრები 1.5%, სხვები 2,5% (1996.); რელიგიები: მუსლიმები 88% (ძირითადად სუნიტები), მართლმადიდებლები 9%, სხვები 7,1%. ენები: უზბეკური 74,3%, რუსული 14,2%, ტაჯიკური 4,4%; სხვები 7,1%.

სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა.

ეკონომიკა: უზბეკეთი მშრალი ქვეყანაა, ჩაკეტილ ქვეყანაში ინტენსიურად მუშავდება ტერიტორიის 10%. საბჭოთა კავშირის პერიოდში უზბეკეთი უღარიბეს ადგილად ითვლებოდა, სადაც მოსახლეობის 60% მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში ცხოვრობდა. დღეს კი, ქვეყანა მსოფლიოში ბამბის მესამე, ხოლო ოქროსა და გაზის უდიდესი მწარმოებელია, რეგიონში კი ქიმიური და მანქანათმშენებლობის დარგებში ლიდერია. 1994 წლიდან, ინფლაციის მაღალი დონის მიუხედავად, მთავრობამ რეფორმები დაიწყო, შემოიღო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩაატარა ფართო პრივატიზაცია, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი შეკვეცა, გააუმჯობესა საინვესტიციო გარემო. თუმცა, სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში თავისი ძლიერი როლის შენარჩუნებამ სტრუქტურულ რეფორმებს ხელი შეუშალა, რაც ეკონომიკის ჯანსაღი განვითარების მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორია.

სამხედრო ხარჯები: 200 მლნ. აშშ დოლარი (1999.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 2% (1999.); საერთაშორისო დავები: ისლამისტი ტერორისტების პერიოდული შემოჭრა ავღანეთიდან და ტაჯიკეთიდან.

უკრაინა

ბუნებრივი რესურსებით მდიდარი უკრაინა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის ცენტრი იყო. ქვეყანამ დამოუკიდებლობის საბოლოო მოპოვება მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლო.

ფართობი: 603,700 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: ბელარუსი (891კმ), უნგრეთი (103კმ), მოლდავა (939კმ), პოლონეთი (428კმ); რუმინეთი (სამხრეთით 169კმ, დასავლეთით 362კმ), რუსეთი (1,576კმ), სლოვაკეთი (90კმ); ბუნებრივი რესურსები: რკინა, ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი, ნავთობი, გრაფიტები, ტიტანიუმი, ნიკელი, დასამუშავებელი მიწები. მოსახლეობა: 48,760 მლნ. (2001 . ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: უკრაინელები 73%, რუსები 22%, ებრაელები 1%, სხვები 4%. რელიგიები: უკრაინული მართლმადიდებლური - მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინული მართლმადიდებლური - კიევის საპატრიარქო, უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური, უკრაინის კათოლიკები (უნიატები), პროტესტანტები, ებრაელები. ენები: უკრაინული, რუსული, რუმინული, პოლონური, უნგრული.

სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა.

ეკონომიკა: რუსეთის შემდეგ უკრაინა ყოფილი საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. შავი ზღვისპირეთის ნაყოფიერ მიწებზე მოდიოდა ხორცის, რძის, ხორბლისა და ბოსტნეულის დიდი მარაგი, რომელიც სხვა რესპუბლიკებსაც მიეწოდებოდა. მნიშვნელოვანი იყო მძიმე მრეწველობა და ნედლეულის მოპოვებაც. უკრაინა დამოკიდებულია ენერგოიმპორტზე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაწყებულ რეფორმებს ბევრი ხელისშემშლელი ბარიერი შეხვდა, რამაც მისი წარმატებული მსვლელობა შეაფერხა. შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო რეფორმები წარმატებით ევრ ხორციელდება.

სამხედრო ხარჯები: 500 მლნ. აშშ დოლარი (1999.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 1,4% (1999.); საერთაშორიოს დავები: ანტარქტიკის მიმართ ტერიტორიული მოთხოვნები არა აქვს (თუმცა დაიტოვა ამის გაკეთების უფლება) და არ ცნობს სხვა ქვეყნების მოთხოვნებს.

აზერბაიჯანი

დამოუკიდებლობა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად მთიანი ყარაბაღის ირგვლივ სომხეთთან ჯერ კიდევ მოსაგვარებელია კონფლიქტი. აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჰყავს მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი. ძალზედ დიდია კორუფციის მასშტაბები.

ფართობი: 86,600 კვ/კმ (მთიანი ყარაბაღისა და ნახიჩევანის ჩათვლით) მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი, უშუალოდ აზერბაიჯანთან, (566კმ), სომხეთი, აზერბაიჯან-ნახიჩევანის ანკლავთან, (221კმ), საქართველო (322კმ), ირანი, უშუალოდ აზერბაიჯანთან, (432კმ), ირანი, აზერბაიჯან-ნახიჩევანის საზღვართან, (179კმ), რუსეთი (284კმ), თურქეთი (9კმ); ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, გაზი, რკინა, ლითონები, ალუმინი. მოსახლეობა: 7,771 მლნ. (2001 წლის ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: აზერბაიჯანელები 90%; დაღესტნელები 3,2%; რუსები 2,5%; სომხები 2%; სხვები 2,3% (1998.); თითქმის ყველა სომეხი მთიან ყარაბაღში ცხოვრობს; რელიგიები: მუსლიმები 93,4%; რუსი მართლმადიდებლები 2,5%; სომეხი მართლმადიდებლები 2,3%; სხვები 1,8% (1995.); ენები: აზერბაიჯანული 89%; რუსული 3%; სომხური 2%; სხვები 6% (1995.)

სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა

ეკონომიკა: ხასიათდება მაღალი სტრუქტურული უმუშევრობით და ცხოვრების დაბალი სტანდარტით. ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციაა: ნავთობი, ბამბა და გაზი. ნავთობისა და გაზის მდიდარი რესურსების წყალობით ქვეყნის ეკონომიკამ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ეკონომიკური პროგრესის შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევა კორუფცია, სომხეთთან კონფლიქტი. სავაჭრო პარტნიორებიდან რუსეთის ადგილი დაიკავა თურქეთმა, ირანმა და ევროპის სხვა ქვეყნებმა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები და რეგიონში მილსადენების მარშრუტების განსაზღვრა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე დიდ გავლენას ახდენს.

სამხედრო ხარჯები: 131 მლნ. აშშ დოლარი (2001.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 14,55% (2001.); საერთაშორიოს დავები: სომხეთთან კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გამო; ჯერაც გადაუწყვეტელია კასპიის ზღვის საზღვრები აზერბაიჯანს, ირანს, ყაზახეთს, რუსეთსა და თურქმენეთს შორის.

მოლდავა

რუმინეთის მმართველობაში ყოფნის შემდეგ II მსოფლიო ომის მიწურულს მოლდავა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რუსული სამხედრო ძალები აგრძელებენ დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში დისლოკაციას.

ფართობი: 33,843 კვ/კმ; მოსაზღვრე ქვეყნები: რუმინეთი (450კმ), უკრაინა (939კმ), ბუნებრივი რესურსები: მურა ნახშირი, ფოსფატი, დასამუშავებელი მიწები; მოსახლეობა: 4,431 მლნ. (2001 . ივლისის მიახლოებითი მონაცემები); ეთნიკური ჯგუფები: მოლდაველები/რუმინელები 64,5%, უკრაინელები 13,8%, რუსები 13%, გაგაუზები 3,5%, ებრაელები 1,5%, ბულგარელები 2%, სხვები 1,7% (1999.); რელიგიები: აღმოსავლური მართლმადიდებლები 98,5%; ებრაელები 1,5%; ენები: მოლდავური (იგივეა რაც რუმინული), რუსული, გაგაუზური (თურქული დიალექტი).

სახელმწიფო მმართველობის ტიპი რესპუბლიკა.

ეკონომიკა: მოლდავაში კარგი კლიმატი და კარგი მიწებია, მაგრამ არ არის მინერალური რესურსები. რის გამოც ეკონომიკა დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, ხილის, ბოსტნეულის, თამბაქოს მოყვანაზე, მეღვინეობაზე. მოლდავა ნავთობის, ქვანახშირის, ბუნებრივი გაზის იმპორტს მთლიანად რუსეთიდან ახდენს. შიდა და რეგიონული პრობლემები რეფორმების შემაფერხებელი ფაქტორია.

სამხედრო ხარჯები: 6 მლნ. აშშ დოლარი (1999.); სამხედრო ხარჯები: მშპ-ის 1% (1999.); უცხო ქვეყნის ძალები: მოლდავადან საერთაშორისო შეთანხმებების მიუხედავად ჯერ კიდევ არ გასულა რუსეთის სამხედრო ბაზა.

სუუამ-ის შექმნის ისტორია და მნიშვნელოვანი შეხვედრები

სუუამ-ის ჯგუფი ფორმალურად შეიქმნა, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ალიანსი, რომლის მიზანია ჯგუფის წევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება. სუუამ-ის შექმნის დეკლარირებული მიზნების გარდა, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მიერ რუსეთის გვერდის ავლით ალტერნატიული ენერგომარშრუტების მოძებნა, ახლო კავშირების დამყარება ნატო-სთან და ევროკავშირთან. სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის ხუთწლიან პერიოდში, სუუამი ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით, რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას ესწრაფვის. გარდა ამისა, იგი არსებული უსაფრთხოების პრობლემების, კონფლიქტების გადაწყვეტის ხელშეწყობისა და სხვა საფრთხეების აღმოფხვრაზე სასაუბროდ შეხვედრის ფორუმია.

აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინას დელეგაციებს შორის თანამშრომლობა 1996 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიწყო ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კონფერენციაზე, სადაც ოთხმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გააკეთა და საერთო ინიციატივები წამოაყენა. მანამდე, 1996 წლის შემოდგომაზე აზერბაიჯანმა, საქართველომ და უკრაინამ კოალიცია შეკრეს და კასპიური ნავთობის საქართველოსა და უკრაინის გავლით ევროპაში ექსპორტზე საერთო ინტერესი გამოთქვეს. 1997 წლის 18 ივნისს ისლამ კარიმოვმა ჰეიდარ ალიევთან ერთობლივი ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ „ჩვენ არ შევუერთდებით რუსეთ-ბელარუსის კავშირს, რაგდან ყოფილი სსრკ-სადმი ნოსტალგიას არ განვიცდით“.

მხარეებს განსაკუთრებით აღელვებდათ შეთანხმება, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემდა გაეზარდა თავისი კვოტა შეზღუდული შეიარაღების განთავსების ზონებში: კავკასიაში, სამხრეთ უკრაინასა და მოლდავაში.

1997 წლის 10 ოქტომბერს აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის პრეზიდენტები სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას ერთმანეთს შეხვდნენ და ორმხრივ, რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში ინტერესთა თანხვედრა აღნიშნეს. პრეზიდენტების მიერ მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს ტრანს-კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) შექმნაში ოთხი სახელმწიფოს თანამშრომლობისა და გაძლიერების მნიშვნელობას ,,სტაბილური და უსაფრთხო ევროპის ფორმირებისათვის, რომელიც დაეფუძნებოდა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებებს.” ქვეყნის ლიდერებმა ასევე აღნიშნეს სხვადასხვა ევროპულ თუ ატლანტიკური სტრუქტურების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები და არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მნიშვნელობა.

1997 წლის 25 ნოემბერს ბაქოში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე კონსულტაციების შედეგად ერთობლივ ოქმს მოეწერა ხელი. ოთხ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის განვითარების სურვილი განსაკუთრებით აღინიშნა შემდეგ სფეროებში: პოლიტიკური ურთიერთქმედება და თანამშრომლობა, კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის სფეროში ურთიერთქმედება და სეპარატიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა, სამშვიდობო ღონისძიებებსა და ტრანს-კავკასიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში თანამშრომლობა, ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

გადაწყდა ნავთობისა და გაზის წარმოებისა და ტრანსპორტირების სფეროში კონკრეტული პროექტების განხორციელებაში ურთიერთდახმარების საკითხი. მხარეები შეთანხმდნენ ნატო-სთან საერთო ინტერესების სფეროში განსაკუთრებული პარტნიორობისა და დიალოგის დაფუძნებაზე. თანამშრომლობის ძირითად ნაწილად აღიარეს ევროაზიული დერეფნის უსაფრთხოება, სადაც სუამ-ის ჯგუფსა და ცენტრალურ აზიურ ჯგუფს ურთიერთქმედების დიდი შესაძლებლობები აქვთ. წევრი ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ იმუშავონ რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტაზე სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ყველა სახელმწიფოს საზღვრების ურღვევობის პრინციპის პატივისცემით; იბრძოლონ აგრესიული ნაციონალიზმის, სეპარატიზმისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ. ასევე გააგრძელონ ურთიერთქმედება სამშვიდობო ძალებსა და სხვა მისიებში, კერძოდ, გაერო-ში, ეუთო-ში, ნატო-ში (პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამაში), ევროპის საბჭოსა და სხვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

1998 წლის 16 სექტემბერს თბილისში ხელი მოაწერეს სუამ-ის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრის ოქმს სასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ. მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას საერთაშორისო ტერორიზმის, იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, შეთანხმებულ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებში, კერძოდ, ნატო-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლასა და სხვა საკითხებს.

1998 წლის 5 ოქტომბერს სუამ-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ვაშინგტონში უკრაინის საელჩოში შეხვდნენ. დელეგაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მიიღეს ერთობლივი განცხადება, სადაც ოთხი ქვეყანა განსაზღვრავდა იმ მიზნებს, სადაც უნდა ეთანამშრომლათ: 1) სუამ-ის წევრ-ქვეყნებზე რუსეთის ფინანსური კრიზისის უარყოფითი შედეგების შემცირება; 2) ერთმანეთის მხარდაჭერა „რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის“ მხარდაჭერაში; 3) ევროპა-სამხრეთ-კავკასია-ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის პროექტში ერთმანეთთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა; 4) კასპიის საბადოების განვითარების დაჩქარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე მრავალმხრივი მილსადენების მშენებლობის საკითხების ერთობლივი ლობირება.

ოთხივე ქვეყანამ დაადასტურა თავისი ვალდებულება გააგრძელონ ეკონომიკური რეფორმები, რომელიც მიზნად ისახავს თითოეულ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და მსოფლიო ეკონომიკაში მათი ქვეყნების აქტიურ ინტეგრაციას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს ოთხმრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ევრო-აზიული სატრანსპორტო დერეფნის შექმნაში, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტორი მასში მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური სუვერენიტეტის გასაძლიერებლად.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცა კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობისა და გაზის რესურსების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტასა და მრავალმხრივი მილსადენების სატრანსპორტო სისტემის შექმნას. რეგიონში დაუსრულებელი კონფლიქტები რეგიონული თანამშრომლობის განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორად დასახელდა. დელეგაციის ხელმძღვანელებმა დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ერთად იმუშავონ ყველა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

1998 წლის 2 დეკემბერს ოსლოში (ნორვეგია) გაიმართა ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს მეშვიდე სხდომა, სადაც შეხვედრა გამართეს საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავას საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გაკეთდა ერთობლივი განცხადება პრესისათვის, რომელშიც აღინიშნა სუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობა და ეუთო-ს დადებითი როლი საქართველოს ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში. ამასთანავე, გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, რომ რეგიონში არსებული სხვა კონფლიქტების მოწესრიგებაში ეუთო-ს მოქმედება უშედეგო აღმოჩნდა.

1999 წლის 21-22 იანვარს საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ბაქოში უსაფრთხოების საკითხებზე აზრთა გასაზიარებლად შეიკრიბნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდა მოლდავა. მინისტრებმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიმდინარე საკითხები განიხილეს. მინისტრებმა წინა შეხვედრების დროს აღიარებული პრინციპების პატივისცემას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. მინისტრებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობის განვითარება ერთობლივი წვრთნების, კონსულტაციების, სამეცნიერო და სხვა პრაქტიკულ საკითხებზე კონფერენციების, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, სამხედრო აკადემიებსა და გაერთიანებებს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების გზით. ხელი მოაწერეს ორ დოკუმენტს - ერთობლივ კომუნიკეს და შეხვედრის ოქმს.

1999 წლის 2 აპრილს დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, მოსკოვში უკრაინის საელჩოს შენობაში გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოებისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უზბეკეთის მხარე ამ ღონისძიებაში, როგორც სრულფასოვანი წევრი ისე მონაწილეობდა.

1999 წლის 24 აპრილს ვაშინგტონში ნატო-ს 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაზე (23-25 აპრილი) უზბეკეთი სუამ-ის წევრი გახდა, ხოლო სუამი სუუამ-ად გადაკეთდა. სუამ-ში უზბეკეთის გაწევრიანება აშშ-ის პოზიციას დაუკავშირეს, რომელიც მსგავსი ნაბიჯით რუსეთის გავლენის შესუსტებას ისახავდა მიზნად. ნატო-ს სამიტის მსვლელობისას სუუამ-ის წარმომადგენლები აშშ-ის კონგრესში აბრეშუმის გზის ენერგოსატრანსპორტო დერეფნის შესახებ მიძღვნილ კონფერენციაში დისკუსიისთვის მიიწვიეს. სუუამ-ის უკვე ხუთი ქვეყნის პრეზიდენტმა ადრე მიღებულ განცხადებებში დეკლარირებული პრინციპებისადმი ერთგულება კვლავ დაადასტურეს. პრეზიდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური შეუწყნარებლობის, სეპარატიზმის, რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას მიაქციეს. პრეზიდენტებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვეს ტერორიზმისა და ძალადობის მზარდი მასშტაბების გამო, რაც, მათი თქმით, „არა მარტო ცალკეულ პირებსა და ქვეყნებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას“.

სუუამ-ის პრეზიდენტებმა დაადასტურეს მზადყოფნა „გააღრმავონ პრაქტიკული თანამშრომლობა მშვიდობის დაცვის სფეროში შესაბამის იურიდიულ ბაზაზე დაყრდნობით“. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების გატარებას, რათა გაამკაცრონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და სხვა ტიპის მასობრივი განადგურების იარაღების რეჟიმები და ასევე შეაჩერონ იარაღის გადაცემა კონფლიქტურ ზონებში.

პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ სუუამ-ის ფარგლებში თანამშრომლობა არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის ან ქვეყნების ჯგუფის წინააღმდეგ და მასში წევრობა ღიაა ნებისმიერი ქვეყნისათვის, რომელიც აღიარებს სუუამ-ის ჯგუფის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებს.

სუუამ-ში უზბეკეთის მიღებით სუუამი აზიამდე გაფართოვდა. რუსი ექსპერტების აზრით, ამით აღმოსავლეთ ევროპაში - უკრაინა და ცენტრალურ აზიაში - უზბეკეთი, ორი პოლუსი შეიქმნა, რომელთაც, დასავლურ მხარდაჭერაზე დაყრდნობით, რუსული გავლენის შესუსტება სურდათ. უზბეკეთის მიღებას ორმაგი მნიშვნელობა ჰქონდა: პირველი, მან ხაზი გაუსვა მოსკოვის წარუმატებლობას დსთ-ის ქვეყნებს ნატო-ს წინააღმდეგ რუსული პოლიტიკა გაეზიარებინათ და მეორე, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა სუუამ-ის წევრი ქვეყნების სტრატეგიული ორიენტაცია დასავლეთზე.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტები დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ და მედიასთან მოკლე განცხადებები გააკეთეს. გამოქვეყნდა საერთო განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ სუუამი „არც ერთი ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის წინააღმდეგ“ არ არის მიმართული. ამით სუუამ-ის წევრები რუსეთისა და მისი მოკავშირეების, განსაკუთრებით სომხეთის დაშოშმინებას ესწრაფოდნენ.

შეხვედრისას პრეზიდენტებმა ცენტრალური აზია-სამხრეთ-კავკასია-ევროპის დამაკავშირებელ სატრანსპორტო დერეფანზე და ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრეს. კარიმოვმა შეხვედრის შემდეგ მკვეთრად განაცხადა, რომ ზოგიერთ ქვეყანას „ცენტრალურ აზიაში იმპერიული ამბიციებითა და სტრატეგიული ინტერესებით შეპყრობილს, სურს ძირი გამოუთხაროს ამ პროექტებს, რადგან ის ამ ქვეყნებს გვერდს უვლის“. არ იყო რთული მისახვედრი, რომ კარიმოვი „ზოგიერთ ქვეყანაში“ რუსეთს გულისხმობდა.

ვაშინგტონის სამიტის შემდეგ სუუამი სუამ-ის მსგავსად საკონსულტაციო ორგანოდ დარჩა, რომელიც ხელშეკრულებებით არ იყო შეკრული. ვაშინგტონის შეხვედრამდე, ხუთი ქვეყანა ცდილობდა მათი ურთიერთობის კოდიფიცირება ფორმალურ დოკუმენტში მომხდარიყო. კონსულტაციებისას ძირითადი ყურადღება ეკონომიკურ და დიპლომატიურ თანამშრომლობას ეხებოდა, სამხედრო თანამშრომლობას კი ორმხრივი შეთანხმებების ნაწილად ტოვებდა. თუმცა, ქვეყნები შეთანხმდენენ ეს საკითხი მათი ინტერესებიდან გამომდინარე მომავლისათვის გადაედოთ.

ნატო-ს სამიტზე დასწრებამდე სუუამ-ის სამმა ქვეყანამ - აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება დატოვეს, რომელიც ტაშკენტის შეთანხმების სახელით არის ცნობილი. იგი 1992 წელს დამფუძნებელ კონფერენციაზე მიიღეს. შეთანხმებას ვადა ამოეწურა 1999 წლის 20 აპრილს იმ ქვეყნებისათვის, რომლებმაც შეთანხმების ვადის გაგრძელებაზე პროტოკოლს ხელი არ მოაწერეს. რუსული მხარე იმედოვნებდა, რომ ეს სამი ქვეყანა შეთანხმებას ბოლო მომენტში ხელს მაინც მოაწერდა. თუმცა, მოსკოვის ზეწოლის მიუხედავად მათ შეთანხმებიდან გამოსვლა არჩიეს. სუუამ-ის დანარჩენი ორი წევრი უკრაინა და მოლდავა შეთანხმების მონაწილენი საწყის ეტაპზევე არ იყვნენ. ტაშკენტის გამოსვლა ტაშკენტის შეთანხმებიდან ყველაზე უფრო სიმბოლური ნიშანი იყო იმისა, რომ რუსული ორბიტის გარეთ ახალი გაერთიანება იქმნებოდა.

ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ, 28 აპრილს შევარდნაძემ საზოგადოებას პირველად განუცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზანი იყო. პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი ნატო-ში გასაერთიანებლად, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს უფრო მალე, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“. პრეზიდენტმა ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში საქართველოს უფრო ფართო მონაწილეობაზე ისაუბრა, რაც მან ამ დიდი გზის ერთ-ერთ საფეხურად დასახა. საქართველო აზერბაიჯანის შემდეგ დსთ-ში მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც ალიანსში გაწევრიანება საშუალო ხანგრძლივობის მიზნად დაისახა. სუუამ-ის სხვა წევრებიდან, უკრაინა ნატო-სთან აქტიურად თანამშრომლობს განსაკუთრებული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. კიევმა ასევე ნატო-ს სამიტზე ხელი მოაწერა შეთანხმებას იავორივის სამხედრო ნაწილის ნატო-სა და პარტნიორი ქვეყნების ძალების საწვრთნელ ცენტრად გადაკეთებაზე.

1999 წლის 24 აპრილს სუუამ-ის წევრი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადების შემდეგ, სუუამ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 6-7 აგვისტოს ტისოვეჩში, უკრაინა, სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ერთობლივი ოქმი მიიღეს.

ერთობლივი ოქმი ხაზს უსვამდა წევრი ქვეყნების მიერ რამდენიმე სასიცოცხლო საკითხზე საერთო პოზიციის არსებობას: საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების მხარდაჭერა, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოების საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისადმი პატივისცემა. მხარეები შეთანხმდნენ გაეგრძელებინათ კონსულტაციები ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნაზე, სამხედრო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლაზე.

1999 წლის 28-30 ივნისს საქართველოში სუუამ-ის საქმიანობის კოორდინირებისათვის ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი. ვიზიტისას მინისტრმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში უკრაინის როლზეც ისაუბრა. კიევმა კონფლიქტის ზონაში გაერო-ს ეგიდით მშვიდობისდამცველების გაგზავნის მზადყოფნაც გამოთქვა. უკრაინამ ასევე აღიარა საქართველოს უფლება საბჭოთა ფლოტიდან წილის მიღებაში. თუმცა, უკრაინული მხარე ასევე აღნიშვდა, რომ თბილისის მოთხოვნა ძალზედ დაგვიანებული იყო.

აღსანიშნავია, რომ 1999 წლის 15 ივლისს კიევში ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრისას რუსეთის მაშინდელმა პრემიერმა სერგეი სტეპაშინმა რუსეთის სუუამ-ში გაწევრიანება მოითხოვა, რაც ექსპერტებმა სუუამ-ის სერიოზულ გამოცდად მიიჩნიეს. სტეპაშინის ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, თუმცა ამ მხრივ მოსკოვსაც „არ გამოუდია“ თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში სუუამ-ის წევრებს სერიოზული ახსნა-განმარტება უნდა მიეცათ, თუ რატომ არ მიიღებდნენ მასში რუსეთს, რომლის მიღების შემთხვევაშიც სუუამ-ის არსებობა აზრს დაკარგავდა.

1999 წლის ივლისში ფლორენციის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ოფიციალურად სუუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს პირველად შეხვდა, რაც სუუამ-ით ვაშინგტონის დაინტერესების მანიშნებელი იყო. ამ შეხვედრამ საფუძველი დაუდო ახალ ფორუმს „სუუამ-აშშ-ის საკონსულტაციო ჯგუფს“ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. სუუამ-ის მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს სუუამ-ის ჯგუფის საერთაშორისო როლისადმი „მზარდი ამერიკული დაინტერესების“ გამო.

1999 წლის სექტემბერში ვენაში ეუთო-ს სამიტზე სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შევხდნენ ერთმანეთს. ამავე პერიოდში აშშ-ში სუუამ-ის ქვეყნის საელჩოები ერთობლივად ლობირებას ცდილობენ. რასაც 2000 წლის შემოდგომაზე კონგრესში სუუამ-ის წარმომადგენლების ენერგოსაკითხებზე დისკუსიისათვის შეკრება მოჰყვა.

1999 წლის მიწურულს სუუამ-ის კოორდინატორების ინსტიტუტი შეიქმნა.

2000 წლის 6 სექტემბერს გაერო-ს ათასწლეულის სამიტზე, ნიუ-იორკში, სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტები შეიკრიბნენ. მრავალმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით გადაწყდა მოეწვიათ სახელმწიფო მეთაურთა ყოველწლიური რეგულარული სამიტი და წელიწადში ორჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრები. ეროვნულ კოორდინატორთა კომიტეტის შეხვედრები კი კვარტალურად გაიმართებოდა. სუუამ-ის ლიდერთა შეხვედრის ერთობლივ კომუნიკეში სხვა ამოცანებთან ერთად, პრიორიტეტად დაისახა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის სასურველი პირობების შექმნა და მათ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება. მიზნად დაისახეს ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის განვითარება, წარმოების, კომერციის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ეკონომიკის, საერთაშორისო საკრედიტო და ფინანსური თანამშრომლობის, საზღვრების, საბაჟო და ფისკალური სამსახურების, კომუნიკაციების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, განათლებისა და კულტურის სფეროებში.

ლიდერები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ სხვადასხვა დონეზე სუუამ-ის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის მექანიზმების განვითარებას, მათ შორის აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს, ბიზნეს-წრეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებსა და მასმედიას შორის. ასევე შეთანხმდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მათი საქმიანობის კონსულტაციისა და კოორდინაციის მექანიზმების და სხვადასხვა დონეებზე საერთო განცხადებების პრაქტიკის დანერგვის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაზე.

2000 წლის 4 ოქტომბერს გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა, სუუამ-ის ქვეყნების სახელით, გაერო-ს 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სუუამ-ის ქვეყნებმა ნარკოტიკების კონტროლისათვის, განსაკუთრებით ნარკოტიკების მიწოდებისა და მისი მოხმარების შემცირების კუთხით, ეროვნული სტრატეგიები შეიმუშავეს. ამ საკითხს აქტუალობას ანიჭებდა ის ფაქტი, რომ სუუამ-ის ქვეყნებიდან ნარკოტიკების დიდი ნაწილი ევროპულ ქვეყნებში მიდის. თითქმის სუუამ-ის ყველა ქვეყანა აზიაში ნარკოტიკების მთავარი მწარმოებელი ქვეყნებიდან ნარკოტიკების ევროპაში შეტანის პროცესში სატრანზიტო ქვეყნების ფუნქციას ასრულებენ.

გაერო-ს ამავე სესიაზე, სუუამ-ის სახელით გამოვიდა გაერო-ში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელიც, რომელმაც გაერო-ს ხარჯებზე ისაუბრა.

2000 წლის 24 ოქტომბერს ხუთმა ქვეყანამ გაერო-ში სუუამ-ის ნიუ-იორკის სექტემბრის სამიტის დოკუმენტები დაარეგისტრირეს, როგორც დამფუძნებელი დოკუმენტები.

2000 წლის ნოემბერში სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა სუუამ-ის პირველი უმაღლესი დონის დიპლომატიური კონფერენცია, სადაც აშშ-ის წარმომადგენელიც მონაწილეობდა. კონფერენციის მიზანი იყო ემსჯელათ სუუამ-ის ინსტიტუციონალიზაციასა და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.

იალტის სამიტი

სუუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების სამიტებიდან ბოლოს იალტის სამიტი გაიმართა, რომელსაც წინ დიდი მითქმა-მოთქმა უძღოდა. ეს იყო სუუამ-ის წევრი ქვეყნების ლიდერების პირველი შეხვედრა უშუალოდ სუუამ-ის წევრ ქვეყანაში. პოლიტიკოსები და ექსპერტები აქტიურად ბჭობდნენ გაიმართებოდა თუ არა რამდენიმეჯერ გადადებული შეხვედრა. თავდაპირველად სამიტი 2001 წლის 6-7 მარტს დაიგეგმა. მის გადადებას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისა და მოლდავას პრეზიდენტის პეტრე ლუჩინსკის ოფიციალურ მოთხოვნას უკავშირებენ. მარტო ორჯერ გადადება ალიევის მოთხოვნით მოხდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანი პუტინთან დაახლოების პოლიტიკას აწარმოებდა და მისი ნაბიჯი გასაგები იყო. ბაქოს პუტინთან გააქტიურებული მოლაპარაკებების შედეგების სუუამ-ის სამიტით დაკნინება არ სურდა. გარდა ამისა, ალიევის თხოვნის საბაბი იყო 8-9 მარტს აშგაბათში დაგეგმილი კასპიური სამიტი, რომელში მონაწილეობასაც ბაქო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ლუჩინსკის საბაბი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები იყო. თუმცა, ექსპერტები ამ მიზეზებს დაუჯერებლად მიიჩნევენ. ის, რომ სუუამ-ის წევრი ქვეყნების ლიდერებმა 2001 წლამდე ორი წლის განმავლობაში სამიტზე ერთად შეხვედრა ვერ მოახერხეს, რუსეთის პოლიტიკის წარმატებად მიიჩნიეს.

არაოფიციალურად, ყველაფრის მიზეზი პრეზიდენტი კუჩმა იყო, რომელმაც მოსკოვისაგან პოლიტიკური ზეწოლის გამო სამიტის გადადება ითხოვა. იმ პერიოდში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და ამ მოვლენის გამო შექმნილი არასტაბილური ვითარება კუჩმას აიძულებდა მზერა აღმოსავლეთისაკენ, რუსეთისაკენ მიეპყრო.

ყველაფერ ამას მოლდავაში კომუნისტების გამარჯვება დაემატა. არჩევნებამდე პეტრე ლუჩინსკი მოსკოვის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა და სუუამ-ს ზურგი შეაქცია. მისი დამარცხების შემდეგაც კი, მან განაცხადა, რომ ჯგუფს არ შეეძლო „რაიმე სარგებელი“ მოეტანა მოლდავასათვის და მის მემკვიდრეს ღიად მოუწოდა სუუამ-ის დაგეგმილი ინსტიტუციონალიზაციისათვის წინააღმდეგობა გაეწია.

მოლდავას პრეზიდენტი კომუნისტების ლიდერი ვლადიმერ ვორონინი გახდა, რომელიც ექსპერტთა პროგნოზით სუუამ-ის მესაფლავე გახდებოდა. ვორონინმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პრორუსულ პოლიტიკას გაატარებდა. მოლდავას ვორონინის მოსვლის შემდეგ სუუამი არ დაუტოვებია, მაგრამ კიშინიოვმა განაცხადა, რომ მასში გასაწევრიანებლად რუსეთიც უნდა მოეწვიათ. რაც ფაქტობრივად, შემდგომში ყველა ნაბიჯის მოსკოვთან შეთანხმებას ნიშნავდა. ვორონინის პრორუსული რიტორიკა შემდგომში ცოტათი შემსუბუქდა.

ყველაფრის მიუხედავად სამიტისათვის მომზადება მაინც მიმდინარეობდა. მოსალოდნელი სამიტის პრიორიტეტებად დაისახა სამდივნოს შექმნა, სავარაუდოდ იგი კიევში განლაგდებოდა; ხუთი ეროვნული კოორდინატორის როლის გაძლიერება, რომელიც ძალზედ არაორგანიზებული იყო; სუუამ-ისათვის საპარლამენტათაშორისო განსაზღვრების მიცემა ასევე იყო დღის წესრიგში. თავმჯდომარეობის როტაციის ინსტიტუციონალიზაცია ან სახელმწიფოთაშორისო ორგანოების შექმნა; საკონსულო კონვენციის დამტკიცება და სუუამ-ის ქვეყნებს შორის გადაადგილების გაადვილება; სუუამ-ის თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა განსაკუთრებით საინტერესო საკითხი იყო, რადგან დსთ-ის ფარგლებში მსგავსი ზონის შექმნა რუსეთის პოზიციის გამო ვერ მოხერხდა. სუუამ-ისთვის სამხედრო ელემენტის მინიჭება სამშვიდობო ბატალიონის შექმნის სახით არ განხილულა, რადგან მას რამდენიმე სახელმწიფო (განსაკუთრებით მოლდავა) ეწინააღმდეგებოდა. ასევე დღის წესრიგში იდგა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც, რომლის შესახებაც სუუამ-ის ქვეყნები ადრეც საუბრობდნენ.

მოსალოდნელი სამიტის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად მიიჩნევდენ, შეძლებდა თუ არა სამიტი ,,ინსტიტუციონალიზმის” საკითხის გადაწყვეტას. ანუ გადაიქცეოდა თუ არა სუუამი არაფორმალური ჯგუფიდან სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციად.

გავრცელებული სკეპტიციზმის მიუხედავად, 2001 წლის 6-7 ივნისს იალტის სამიტი მაინც გაიმართა. სიმბოლური იყო, რომ სუუამ-ის წევრი ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს იმ ისტორიულ სასახლეში შეხვდნენ, სადაც საფუძველი ჩაეყარა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ „იალტის მსოფლიო წესრიგს“. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ეროვნულ კოორდინატორთა კონსულტაციების შედეგად, სამიტზე რუსეთის, აშშ-ის და თურქეთის წარმომადგენლებიც მოიწვიეს. მოსკოვმა მიწვევა არ მიიღო, რის გამოც კიევმა აშშ-სა და თურქეთს თხოვნით მიმართა სამიტში მონაწილეობისაგან თავი შეეკავებინათ. ვაშინგტონი და ანკარა მოერიდნენ მოსკოვის გაღიზიანებას და სამიტს არ დაესწრნენ.

იალტის სამიტის დღის წესრიგში ორი ამბიციური საკითხი იდგა: ორგანიზაციის პოლიტიკური ინსტიტუციონალიზაცია და წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა. ინსტიტუციონალიზაციის საკითხი მოლდავას პრეზიდენტის ვორონინის პოზიციამ გაართულა, რომელიც მსგავსი ნაბიჯით რუსეთის გაღიზიანებას გაურბოდა. საბოლოო ჯამში ინსტიტუციონალიზმის საკითხი ვერ გადაწყდა, ამაში გარკვეულწილად დიდი როლი შეასრულა რუსეთმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს სუუამი დსთ-ის ალტერნატივად არ გადაიქცეს. დასავლეთელი ექსპერტები კი, სუუამ-ს ინსტიტუციონალიზაციის გარეშე დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებენ. როგორც ჩანს, ეს საკითხი მომავალი სამიტისათვის გადაიდო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები სამიტის ჩატარებას მიესალმნენ და სამიტი წევრ სახელმწიფოებს შორის ახლო თანამშრომლობისაკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, აგრეთვე მხარი დაუჭირა სუუამი-აშშ-ის დიალოგის გაძლიერებას. იალტის სამიტსა და სუუამ-ის მხარდაჭერად იქნა აღქმული სამიტამდე სუუამ-ის ზოგიერთ ქვეყანაში სენატორ ბრაუნბეკის ვიზიტიც.

სამიტზე ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს: სუუამ-ის იალტის ქარტიას, სუუამ-ის წევრი ქვეყნების კონვენციას საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთდახმარების შესახებ. სახელმწიფოს მეთაურებმა, ხაზი გაუსვეს სუუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების პროექტზე მუშაობის დასრულებას.

სუუამ-ის წევრი ქვეყნების კონვენცია საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთდახმარების შესახებ სამართლებრივ საფუძველს უყრის სუუამ-ის წევრი ქვეყნების ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვის სფეროში, მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე.

დიდი მოლოდინის მიუხედავად ვერ მოხერხდა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმება. ექსპერტები სუუამ-ის წარმატების წინაპირობად სწორედ ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებას მიიჩნევენ. ეს განსაკუთრებით აქტუალური იყო დსთ-ში მიმდინარე პროცესების ფონზე. რუსეთმა წლების განმავლობაში ვერ შეძლო დსთ-ში თავისუფალი ვაჭრობისათვის შესაბამისი პირობები შეექმნა და პროტექციონისტური პოლიტიკის წყალობით, დსთ-ს ფარგლებში ეკონომიკური კავშირები შეასუსტა. სუუამი, ამ სფეროში წარმატების მიღწევით, დაამტკიცებდა, რომ იგი დსთ-ის ღირებული ალტერნატივაა.

წევრ ქვეყნებს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო პრეზიდენტებმა ვერ მოახერხეს შეთანხმება. თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას განსაკუთრებით შეეწინააღმდეგა უზბეკეთის პრეზიდენტი, რომელიც ასეთი ზონის შექმნისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საქართველოსა და უკრაინის წევრობას ხელისშემშელელ ფაქტორად მიიჩნევს. ეს საკითხი კვლავ მოუგვარებელია და მხარეებს შორის მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა.

სუუამ-ის ორგანიზაციული სტრუქტურა

სუუამ-ის უმაღლესი ორგანო სახელმწიფოს მეთაურთა ყოველწლიური შეხვედრებია. სუუამ-ში თავმჯდომარეობა წევრი სახელმწიფოების მიერ ალფაბეტის მიხედვით სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებს შორის პერიოდში ხორციელდება.

სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებზე მიიღება გადაწყვეტილება:

  • სუუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე;

  • სუუამ-ის სპეციალიზებული ორგანოების შექმნაზე;

  • საერთო ინტერესის მქონე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე პოზიციების შეთანხმებაზე.

სუუამ-ის აღმასრულებელი ორგანო საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაა, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ იმართება. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება სუუამ-ის ფარგლებში მიღებული შეთანხმებების განხორციელების საკითხები. ასევე მზადდება სახელმწიფოს მეთაურთა შეხვედრებისათვის სუუამ-ის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების წინადადებები.

სუუამ-ის სამუშაო ორგანო ეროვნული კოორდინატორების კომიტეტია, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ დანიშნული ეროვნული კოორდინატორები შედიან, თითო წევრი სახელმწიფოდან. კოორდინატორები წევრ-სახელმწიფოებს შორის სუუამ-ის ფარგლებში საქმიანობას კოორდინირებას უწევენ, უზრუნველყოფენ სახელმწიფოს მეთაურთა და საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრებს. ეროვნულ კოორდინატორთა შეხვედრები თანმიმდევრობით წევრ-სახელმწიფოებში კვარტალურად იმართება. ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ინიციატივით შეიძლება ეროვნულ კოორდინატორთა რიგგარეშე შეხვედრაც გაიმართოს.

სუუამ-ის ფარგლებში გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება, ხოლო სამუშაო ენა რუსული და ინგლისურია.

სუუამ-ის მოკლე და გრძელვადიანი მიზნები

სუუამ-ის წევრების ინტეგრაციისათვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. მათ შორის აღსანიშნავია კასპიის აუზისა და ევროპის დამაკავშირებელი ნავთობის სატრანსპორტო დერეფნის დაფუძნება, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებისა და რეგიონში ინსტიტუციონალიზებული უსაფრთხოების შექმნის სურვილი, სუუამ-ის სამშვიდობო ძალების შექმნის სურვილი და მათი საერთო წინააღმდეგობა დსთ-ში რუსეთის ჰეგემონობისადმი.

სუუამ-ის თანამშრომლობაში წარმოიქმნა ოთხი სფერო, რომელიც ინტეგრაციის მიმართულებებს განსაზღვრავს. ეს სფეროებია ინსტიტუციონალიზაცია, ეკონომიკური/სავაჭრო თანამშრომლობა, ჰუმანიტარული საქმიანობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

ინსტიტუციონალიზაცია

სუუამ-ის წევრებს სურთ, რომ მათი „კლუბისადმი“ საერთაშორისო აქტორების მხრიდან ნდობა გაიზარდოს. ამისათვის წევრები შეთანხმდნენ, უპირველეს ყოვლისა ორგანიზაციის ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოახდინონ. იურიდიული ძალის მქონე ქარტიისა და სამდივნოს შექმნა, პრეზიდენტებისა და მინისტრების დონეზე შეხვედრების გამართვა, ყურადღების მიპყრობის ერთი საშუალებაა და შესაძლოა გავლენიანი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვების საშუალება.

2000 წლის ბოლოდან სუუამ-ის ინსტიტუციონალიზაციისათვის გარკვეული ღონისძიებები ჩატარდა. სუუამ-ის საკითხების ექსპერტი ჯენიფერ მოროუნის მოჰყავს ზოგიერთი ახლო თუ შორეულ პესპექტივაში გადასადგმელი ნაბიჯი, რამაც შეიძლება ამ მიზნის მიღწევას ხელი შეუწყოს:

  • სუუამ-ის განვითარებისათვის კონცეპტუალური ბაზის შექმნა;

  • სუუამ-ის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის განხორციელება;

  • სუუამ-ის პროგრამის მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების მკვეთრი ჩამოყალიბება;

  • სუუამ-ის, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის ქარტიისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რატიფიცირება, მათ შორის ინსტიტუციონალური ორგანოების, სამდივნოს ჩათვლით;

  • სუუამ-ის სხვა საერთაშორისო აქტიორებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ფორმატისა და სტრატეგიული მიმართულების შექმნა.

ეკონომიკური/სავაჭრო თანამშრომლობა

რადგანაც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები სუუამ-ის შემდგომი ინტეგრაციისათვის ქვაკუთხედია, ამ სფეროში შემდგომი ახლო და შორეული მიზნების დასახვაა შესაძლებელი:

  • სუუამ-ის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების ჰარმონიზაცია და ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება;

  • სუუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა და განხორციელება;

  • სუუამ-ის ფარგლებში ეკონომიკური თანამშრომლობისათვის კონკრეტული მიმართულებების დაფუძნება;

  • ერთობლივი ფინანსური და ეკონომიკური სტრუქტურების პრინციპებისა და მექანიზმების განსაზღვრა;

  • სუუამ-ის ფარგლებში სატრანსპორტო/ენერგეტიკული და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტიული მიმართულებების განსაზღვრა და განვითარება;

  • „აბრეშუმის გზის“ აღორძინება, როგორც პანევროპული ეკონომიკური პროექტისა;

  • ევროპის ეკონომიკურ სივრცეში სუუამ-ის ქვეყნების ინტეგრაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა;

  • ევროკავშირთან სუუამ-ის პარტნიორობის სტრატეგიის განვითარება. აქ პასუხები უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს: რა გზით არის შესაძლებელი რეგიონული თანამშრომლობის განვითარება? ორმხრივი კავშირები ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან? პირდაპირ ევროკავშირის ინსტიტუტებთან (მაგალითად, ევროკომისია)? თუ რამე სხვა.

ჰუმანიტარული განვითარება

ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობით სუუამი ცდილობს:

  • სუუამ-ში მიგრაციული პროცესების ანალიზს;

  • სუუამ-ის ქვეყნებში დემოგრაფიული ვითარებისა და ეთნიკურ ჯგუფებსა და რელიგიებს შორის დაპირისპირების ანალიზს;

  • სუუამ-ის ქვეყნებში ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებების სფეროში არსებული ვითარების გამოძიებას;

  • სუუამ-ის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარების დონის ანალიზს;

  • ეროვნული და ადგილობრივი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტაციის პრობლემების შესწავლას;

უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა

სუუამ-ის ქვეყნები შეთანხმდნენ უსაფრთხოების სფეროში შემდეგი მიზნების მიღწევაში ითანამშრომლონ:

  • უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური ბაზისა და სტრატეგიის შეთანხმება;

  • სუუამ-ის რეგიონში კონფლიქტების საბოლოო გადაწყვეტისთვის ახალი მიდგომების შემუშავება;

  • სუუამ-ის ფარგლებში (აშშ/ევროკავშირი/ნატო/სხვები(ორმხრივი)) სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებისა და ფორმების განსაზღვრა;

  • სუუამ-ის ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავება ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისთვის.

სუუამ-ის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა: შიდა პრობლემები

სუუამ-ის ყველაზე სერიოზული გამოწვევა მისი ცალკეული წევრების სისუსტესა და პოტენციური კონფლიქტის წყაროების სიმრავლეშია. მაგალითად, მოლდავა პარალიზებულია იმის გამო, რომ რუსეთი არ აპირებს ეუთო-რუსეთის შეთანხმების შესრულებას დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარების გამოყვანის შესახებ. მოლდავას ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე ლუჩინსკიმ სუუამ-ის ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციად, შესაბამისი სტრუქტურებით, გარდაქმნის წინააღმდეგ გამოვიდა. რაც მისი აზრით, საკონსულტაციო ორგანოს შესახებ მიღწეულ შეთანხმებას სცილდებოდა. ლუჩინსკის აზრით, მოლდავაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა მნიშვნელოვნად და ეს ურთიერთობები უფრო ორმხრივ დონეზე და სხვა ორგანიზაციების ფარგლებში უნდა განვითარდეს. ლუჩინსკის განცხადებით, მოლდავა აპირებს გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც ახლო მომავალში წარმოიქმნება, როდესაც ქვეყნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პაქტს შეურთდებიან.

უზბეკეთი ჩართულია ისლამური მოძრაობების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაშიც ის ნაწილობრივ რუსეთზე დამოკიდებულებას გრძნობდა. დღეს უზბეკეთს დიდ დახმარებას უწევს აშშ, თუმცა რუსეთის როლის დაკნინებაც არ შეიძლება. ტაშკენტში სერიოზული ეჭვი აქვთ, რომ კარიმოვის რეჟიმის წინააღმდეგ მოსკოვი უზბეკეთის ისლამურ მოძრაობას აქეზებს. ისლამური მოძრაობა კარიმოვის რეჟიმის დამხობასა და ისლამური სახელმწიფოს შექმნას ისახავს მიზნად. ეს გარკვეულწილად რუსეთის ინტერესებშიც შედის, რადგან მოსკოვს სერიოზულად არ მოსწონს კარიმოვის დამოუკიდებელი პოლიტიკა.

აზერბაიჯანი სერიოზული შიდა პრობლემების წინაშე დგას. მმართველი პარტიის მიერ გაყალბებული არჩევნების შემდეგ გამართული დემონსტრაციები და პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება სერიოზულ შიდა პრობლემებს ქმნის. ასეულ ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი ქვეყანას მძიმე ტვირთად აწევს, რაც მუდმივად შიდა დაძაბულობის წარმოქნის საფრთხეს ქმნის.

საქართველო ცდილობს რუსეთის ჯარებმა სრულად დატოვონ ქვეყნის ტერიტორია. გარდა ამისა, პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლება რუსეთის მფარველობაში მყოფი სეპარატისტული მოძრაობების ტყვეა. ქვეყანაში რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის გამო, საქართველო ვერ აკონტროლებს საკუთარ საზღვრებსა და ტერიტორიას. ქვეყანაში 260 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი და 7 ათასამდე ლტოლვილი პერიოდულად სახელმწიფოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების გამწვავების მიზეზია.

სუუამ-ის ქვეყნებში შიდა პრობლემების მიუხედავად, არის სხვა ძალებიც რაც სუუამ-ის ინტეგრაციასა და ინსტიტუციონალიზაციას უშლის ხელს. ნათელია, რომ უკრაინამ თავისი საგარეო პოლიტიკა 2000 წლის ბოლოსთვის რუსეთისკენ მიმართა, გადააყენა რა პროდასავლური საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი. 2000 წლის ოქტომბერში ასტანაში, ყაზახეთი, დსთ-ის ქვეყნების ჯგუფმა (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბელარუსი და ტაჯიკეთი) რუსეთის მეთაურობით გადაწყვიტეს საბაჟო კავშირი ევრაზიულ ევროპულ კავშირად (ეეკ) გარდაექმნათ და შედეგად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ახალ ორგანიზაციას აფუძნებდა და ხელს უწყობდა „ყოფილ საბჭოთა კავშირში რეალურ ინტეგრაციულ“ პროცესებს. ასე, რომ დსთ-ში გეოკონომიკური სივრცე გადაიქცა პროდასავლურ და პრო-დსთ-ურად.

უკრაინა: სუუამ-ის არშემდგარი ლიდერი

უკრაინა საშუალო სიდიდის ქვეყანაა, რომლის საგარეო-პოლიტიკური ინტერესები და ამბიციები რეგიონული მასშტაბისაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინა ცდილობს გავლენიან რეგიონულ სახელმწიფოდ გადაიქცეს. ამიტომაც, უკრაინა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და მის ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რეგიონულ პოლიტიკაში განსაკუთრებული ყურადღება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობასა და აღნიშნულ რეგიონში უკრაინისათვის ადგილის დამკვიდრებას დაეთმო. 1997 წელს კიევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „უკრაინის სტატუსის დამკვიდრება, როგორც ცენტრალური ევროპის რეგიონის განუყოფელი ნაწილისა“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. კიევის დიპლომატიაც სწორედ ამ მიზნის რეალიზაციისაკენ იყო მიმართული. ცენტრალურ ევროპაში ადგილის დამკვიდრება კიევისათვის აუცილებელი იყო უკრაინის შიდა ტრანსფორმაციის საბოლოო წარმატებისათვის და ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავლის განსაზღვრისათვის.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რეგიონული თანამშრომლობა უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში მნიშვნელოვან კომპონენტად განიხილება. კიევში მიაჩნდათ, რომ რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა უკრაინას დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციას ხელს შეუწყობდა. თუმცა, უკრაინამ ცენტრალური ევროპის რეგიონის ნაწილად გახდომაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწია. ექსპერტთა შეფასებით, უკრაინა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ფსიქოლოგიური მახასიათებლებით კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგიონის ქვეყნების უმრავლესობისაგან და ეს განსხვავება კიდევ უფრო იზრდება.

1997 წლის მიწურულს უკრაინის რეგიონული პოლიტიკის პრიორიტეტებში შავი ზღვის რეგიონიც გამოჩდა. უკრაინა უკვე განიხილავს საკუთარ თავს, როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის ქვეყანას. კიევის დიპლომატიაში გაჩნდა ფორმულა, რომ უკრაინა განეკუთვნება ერთდროულად ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპას. უკრაინის სტრატეგიული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისადმი განპირობებული იყო რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობით, მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობით, ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალით. გარდა ამისა, უკრაინას სურს კასპიის ენერგორესურსების გამოყენებით საკუთარი ენერგოიმპორტის დივერსიფირება მოახდინოს და ამით რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. კიევის ინტერესი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებისადმი დაემთხვა კასპიის ენერგორესურსების მნიშვნელობის ზრდასაც.

უკრაინის რეგიონული პოლიტიკის სამხრეთი განზომილება რეალობაში გამოიხატა უკრაინის გააქტიურებით ისეთ რეგიონულ ორგანიზაციებში, როგორებიცაა ბისეკი და სუუამი. უკრაინელი ექსპერტები სუუამ-ისადმი უკრაინის ორ ძირითად ინტერესს გამოყოფენ:

უკრაინისათვის სუუამი გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საშუალება საკუთარი თავი რეგიონულ ლიდერად წარმოეჩინა, რასაც უკრაინამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ვერ მიაღწია. უკრაინის ეკონომიკურმა სირთულეებმა და საგარეო პოლიტიკაში არასტაბილურობამ კიევს ხელი შეუშალა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უფრო აქტიური როლი შეესრულებინა. ამ მხრივ, სუუამი ის რეგიონული ინიციატივა იყო, სადაც უკრაინას შეეძლო საკუთარი რეგიონული პოლიტიკური როლი, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტისა, უფრო განეხორციელებინა. შედეგად, სუუამ-ის შექმნისთანავე უკრაინა ჯგუფის არაფორმალური ლიდერი გახდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინას დიდი როლი ენიჭებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში გეოპოლიტიკური პლურალიზმის შექმნაში. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ერთი ნაწილი წინააღმდეგი იყო, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ზენაციონალური ორგანიზაცია გამხდარიყო, სადაც წამყვან პოლიტიკურ და სამხედრო როლს რუსეთი შეასრულებდა. სუუამ-ის წევრები მზად იყვნენ ეღიარებინათ უკრაინის როლი, რადგან კიევს მათი სუვერენიტეტის გარანტად, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პირველ წლებში და დასავლეთთან დამატებით დამაკავშირებელ რგოლად განიხილავდნენ. უკრაინის განსაკუთრებული ურთიერთობები ნატო-სთან სუუამ-ის წევრი ქვეყნებისათვის გარკვეული სარგებლის მომტან მოვლენად აღიქმებოდა. გარდა ამისა, აზერბაიჯანი, საქართველო და მოლდავა საკუთარ ,,გაყინულ” კონფლიქტებში უკრაინის სამშვიდობო მისიაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

უკრაინისათვის სუუამ-ით დაინტერესება ასევე განპირობებული იყო ეკონომიკური პერპსპექტივით. კიევის ვარაუდით სუუამი შეიძლება უფრო ღრმა ეკონომიკური, ენერგეტიკული და სატრანსპორტო თანამშრომლობის ინსტრუმენტი გამხდარიყო. ასევე უკრაინა კასპიის ნავთობისა და გაზის მომხმარებელიც გახდებოდა. უკრაინა იყო და დღესაც არის დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. აღნიშნული ქვეყანა გარკვეულ იმედებს ამყარებდა, რომ მის ტერიტორიას კასპიური რესურსების ევროპაში ტრანზიტისათვის გამოიყენებდნენ. უკრაინელი სახელმწიფო მოხელეები აცხადებენ რომ, სუუამ-ის სრული პოტენციალი გამოუყენებელი დარჩება ეკონომიკურ და ენერგეტიკულ საკითხებში ძლიერი თანამშრომლობის გარეშე.

კასპიურმა ნავთობმა სუუამ-ში აზერბაიჯანის როლი გაზარდა. სუუამი შეიქმნა თანასწორობის პრინციპებზე, სადაც წამყვანი როლი არცერთ ქვეყანას არ ექნებოდა, მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ სუუამი ორ მნიშვნელოვან ბერკეტს ეფუძნებოდა: უკრაინა იყო პოლიტიკური ბერკეტი, აზერბაიჯანი კი ჯგუფის ენერგეტიკული ბერკეტი, რაც უკრაინის პოლიტიკური როლის დაბალანსებასა და შევსებას ახდენდა.

სუუამ-ის წევრები დიდ დაინტერესებას ავლენდნენ ჯგუფში უკრაინის პოლიტიკური როლის გაზრდით. რადგან უკრაინის ძლიერება და მისი კავშირები დასავლეთთან შეასუსტებდა რუსეთის მხრიდან ზეწოლას, მაგრამ კიევმა სრულად ვერ მოახერხა მასზე დაკისრებული იმედების გამართლება. შიდა ეკონომიკურმა პრობლემებმა, პოლიტიკურმა სისუსტემ და რუსეთის ზეწოლისადმი მოწყვლადობამ შეზღუდა კიევის უნარი ამგვარი პოლიტიკური როლი შეესრულებინა. უკრაინამ ვერ შეძლო სუუამ-ში პარტნიორი ქვეყნების ამბიციები დაეკმაყოფილებინა, რომლებიც უკრაინას ჯგუფში ლიდერის მისიის შესრულებას აკისრებდნენ. შესაძლოა, სწორედ ამან განაპირობა თბილისის ინიციატივა სუუამ-ში რუმინეთისა და ბულგარეთის გაერთიანების შესახებ. რაც ახალი პოტენციური ლიდერის ძიების სურვილით იყო განპირობებული.

უკრაინის მიერ ლიდერის როლის შესრულებაში გარკვეულმა წარუმატებლობამ ჯგუფის წევრ სახელმწიფოებში სხვა პრობლემებიც წარმოქმნა, რაც ჯგუფის ერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. უკრაინის საგარეო პლიტიკაში 2000 წელს ახალი მიმართულებები გააქტიურდა, რაც ბევრს აფიქრებინებდა, რომ სუუამი კიევის ახალი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მსხვერპლი გახდებოდა. ეს არ მოხდა და უფრო მეტიც 2001 წლის ზაფხულში იალტაში უკრაინამ სუუამ-ის პრეზიდენტების შეხვედრასაც კი უმასპინძლა.

რაც დრო გადის უკრაინაში პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი სულ უფრო მეტად ეჭვობს, რომ კასპიური ენერგომარშრუტები უკრაინის ტერიტორიაზე აღარ გაივლის, რაც შეიძლება სუუამ-სადმი უკრაინის ენთუზიაზმის შემცირების საფუძველი გახდეს. ჯგუფის შექმნისას უკრაინა იმედოვნებდა, რომ კასპიური ენერგორესურსები საქართველოდან უკრაინაში და შემდგომ ევროპაში იპოვიდა გაგრძელებას. ჯერჯერობით ამ მხრივ პერსპექტივები არ ჩანს. ეკონომიკურ და ენერგეტიკულ სფეროში რეალური თანამშრომლობის გარეშე კი, ნაკლებად სავარაუდოა სუუამ-ის არსებობა უკრაინის მმართველმა ელიტამ გაამართლოს.

სუუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა სასურველამდე ჯერ კიდევ შორს დგას. უკრაინის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები სუუამ-ის დანარჩენ წევრებთან ძალზედ მოკრძალებულია. 2000 წელს უკრაინის ექსპორტი სუუამ-ის ქვეყნებში მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 2,5%-ს შეადგენდა. იმპორტი კი მხოლოდ 1,8% იყო. შედარებისათვის, უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობა სუუამ-ის დანარჩენ ოთხ ქვეყანასთან ბელარუსთან ეკონომიკური ურთიერთობის 70%-ს შეადგენს. უკრაინელი ექსპერტების განცხადებით, ამ მხრივ სუუამ-ის ,,მოწინააღმდეგე” რეგიონული ჯგუფების: ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და რუსეთ-ბელარუსის კავშირის ეკონომიკური პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე სუუამ-ისა.

მოკრძალებული ეკონომიკური მაჩვენებლების გამო უკრაინის პოლიტიკური ელიტა ეჭვის თვალით უყურებს სუუამ-ში უკრაინის მომავალს. მათ მიაჩნიათ, რომ სუუამ-ის ქვეყნების შიდა სისუსტეები, ამ ქვეყნებში ვერ უზრუნველყოფს ვერც საგარეო და ვერც შიდა ინვესტიციებს. გარდა ამისა, სუუამ-ს არ გააჩნია დიდი გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებში და, შესაბამისად, ვერ შეუწყობს ხელს უკრაინის საერთაშორისო ინტერესების მხარდაჭერას. ამის მაგალითად გამოდგება ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის პოსტზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ტარასიუკის კანდიდატურის ჩავარდნა. სუუამ-ის წევრმა ქვეყნებმა ტარასიუკის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი, მაგრამ რუსეთის ზეწოლის გამო უკრაინამ კანდიდატურა უკან გაიხმო. მოსკოვს ტარასიუკი მისი მკვეთრად პროდასავლური ორიენტაციის გამო არ მოსწონდა.

კიევში მიაჩნიათ, რომ ლიდერობის სანაცვლოდ უკრაინამ გარკვეული სარგებელი უნდა მიიღოს სუუამ-ისაგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საეჭვოა, რომ კიევმა სუუამ-ის ტვირთის ზიდვა მარტომ ისურვოს. მით უმეტეს უკანასკნელ პერიოდში კიევი სულ უფრო რწმუნდება, რომ ენერგომარშრუტები უკრაინაზე არ გაივლის, რაც მის ინტერესს, ისედაც სუსტი ჯგუფისადმი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს.

სუუამ-ის სამხედრო ასპექტები

სუუამ-ის ქვეყნები სამხედრო თვალსაზრისით, პირველ რიგში, ცდილობენ რუსეთის ჰეგემონობის ქვეშ მყოფი რეგიონული უსაფრთხოების ორგანიზაცია, დსთ-ის ღირებული ალტერნატივა შექმნან. სუუამ-ის ხუთივე წევრმა ან უარი თქვა ან გამოვიდა დსთ-ის ყველა უსაფრთხოების შეთანხმებიდან. სუუამ-ის ფარგლებში სამხედრო თანამშრომლობა საბოლოო მიზნად ნატო-სთან ინსტიტუციონალური კავშირების დამყარებას ისახავს, მაქსიმუმ კი, ალიანსში გაერთიანების მიღწევისაკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქმება. აშშ-ში საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ „ნატო სუუამ-ის დედობილია“. ამ საერთო მიზნის გარდა, ქვეყნებს აქვთ განსხვავებული ინტერესებიც. აზერბაიჯანსა და ასევე საქართველოს სურთ სუუამ-მა შექმნას სამხედრო ჯგუფი, რომელიც აზერბაიჯანიდან გამავალ მილსადენს დაიცავს. აზერბაიჯანს ასევე სურს სამშვიდობო ძალების შექმნა, რომელიც სუუამ-ის წევრი ქვეყნების სეპარატისტულ რეგიონებში განთავსდება. უზბეკეთს, თავის მხრივ, სურს სამხედრო დახმარება შიდა ისლამისტური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სუუამ-ს, მიუხედავად იმისა, რომ იგი საერთო ინტერესების საფუძველზე შეიქმნა, მთელი რიგი პრობლემები და შეზღუდვები გააჩნია. მაშინ, როდესაც სუუამ-ის წევრები იზიარებენ საერთო მოსაზრებას დასავლეთზე, როგორც მათ მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობაში ყველაზე საიმედო მოკავშირისა, ამ ქვეყნების პროდასავლური პოლიტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება.

სუუამ-ის ერთობლივი სამხედრო ღონისძიებები შეზღუდულია წევრი ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების განსხვავებული ხედვის გამო. სუუამი დღესაც რჩება სახელმწიფო გაერთიანებად გარკვეულ სფეროებში საერთო ინტერესებით, მაგრამ ჯერ კიდევ სრულიად განსხვავებული უსაფრთხოების ინტერესებით. მაგალითად, მილსადენის დაცვა პრიორიტეტული მნიშვნელობისაა საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის, მაშინ როდესაც უკრაინა, მოლდავა და უზბეკეთი არ მონაწილეობენ მილსადენის მარშრუტებში.

სუუამ-ის წევრების შეზღუდული რესურსები სუუამ-ის ჩარჩოებში მათ თანამშრომლობას შეზღუდავს. სუუამ-ის არცერთ წევრს არ შეუძლია უზბეკეთს საკუთარ ტერიტორიაზე აჯანყებულებთან საბრძოლველად ღამის ხედვის ან სხვა სახის შეიარაღება მიაწოდოს. მას შემდეგ რაც უზბეკეთმა აშშ-თან ტერორიზმის წინააღმდეგ ახლო თანამშრომლობა დაიწყო, ამის აუცილებლობაც გაქრა.

სუუამ-ის არც ერთ წევრს არ შეუძლია საგარეო თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს. მხოლოდ უკრაინასა და მოლდავას აღმოსავლეთ ევროპაში და საქართველოსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიაში აქვთ საერთო საზღვრები. დასავლური დახმარების - ექსპერტიზის, ფულისა და ტექნიკის გარეშე, სუუამ-ის შესაძლო ერთობლივი სამხედრო ღონისძიებები მხოლოდ ქაღალდზე დარჩება. ერთი სარგებელი რაც შეიძლება სუუამ-ის შექმნამ მოიტანოს, არის ის, რომ შეიქმნას თანამშრომლობის პროგრამები დასავლური (ნატო) მხარდაჭერისა და დახმარების მოსაზიდად.

სუუამ-ის სამშვიდობო ბატალიონის შექმნის იდეა, ზოგიერთ შემთხვევაში კარგია, ზოგჯერ კი მადესტაბილიზირებელი. უკრაინას, ყველაზე კარგად შეუძლია ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან სამშვიდობო მისიას გაუძღვეს. უკრაინას ამისთვის კარგი შანსებიც აქვს, რადგან იგი არ მონაწილეობდა არც ერთ მიმდინარე კონფლიქტში და ბალანსირებულ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა. ერევანი და ბაქო არ არიან წინააღმდეგნი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესში უკრაინელმა სამშვიდობოებმაც მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, სუუამ-ის მიერ სამშვიდობო მისიის შესრულება დიდად არის დამოკიდებულება სუუამ-ის ნატოს-თან ასოცირებაზე. ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ქვეყნის მიერ სუუამი ნატო-სა და ევროკავშირის რეგიონულ დამატებად განიხილება და ნაკლებად სავარაუდოა მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებები სუუამ-ის სამშვიდობო ძალების განთავსებაზე დათანხმდნენ. სეპარატისტებს კი ძლიერი მხარდაჭერა აქვთ რუსეთისაგან.

უფრო მეტიც, სუუამ-ის ის წევრები, რომელთა ჯარებიც მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებში იბრძოდნენ, ვერ შეძლებენ კონფლიქტურ ზონაში ჭეშმარიტად ნეიტრალური ძალების ფუნქციის შესრულებას. აზერბაიჯანული ძალების მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალის სახით განთავსება სეპარატისტების ბუნებრივად უარყოფილი იქნება და იგი ბრძოლების განახლების საბაბიც გახდება. იგივეს თქმა შეიძლება საქართველოს ჯარებზე აფხაზეთში და მოლდავას ჯარებზე დნესტრისპირეთში.

„სამშვიდობო ძალები“ ყოფილ საბჭოთა კავშირში ხშირად გამოიყენება რეგიონში სტრატეგიული სამხედრო ყოფნის საშუალებად. დთს-ის (რომელიც რეალურად მთლიანად რუსულია) სამშვიდობო ძალები აფხაზეთში საქართველოში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ძალებთან ერთად მოქმედებს. 1990-იან წლების დასაწყისში სამშვიდობო ძალები და რუსეთის ბაზებიც საქართველოს მთავრობამ მოსკოვის ზეწოლის შედეგად მიიღო. სუუამ-ის ქვეყნებს შეუძლიათ სამშვიდობო ოპერაციები სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის მოპოვების საშუალებადაც აქციონ.

სუუამი იქმნებოდა დასავლეთთან, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით ნატო-ს ნიშნავს, ახლო ინსტიტუციონალური კავშირების განსამტკიცებლად. თუმცა, ნატო-ში სუუამ-ის ქვეყნების სრული გაწევრიანება უფრო გრძელვადიანი პესპექტივაა, რადგან ნატო-ს ჯერ კიდევ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჰყავს „მოსანელებელი“. დასავლეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობისას რუსეთის ფაქტორს კვლავაც ითვალისწინებს. სუუამ-ის წევრების დასავლეთისაკენ და ნატო-საკენ სწრაფვაში წარუმატებლობამ ამ ქვეყნების პრიორიტეტები შეიძლება იძულებით შეცვალოს და ის ანტიდასავლური გახადოს. დასავლური მხარდაჭერის იმედი სუუამ-ის ქვეყნებისათვის ბიძგი იქნება მოსკოვის წინააღმდეგ უფრო აგრესიულები გახდნენ. დასავლეთის მხრიდან არასაკმარისი ფინანსური, პოლიტიკური და მატერიალური მხარდაჭერის შემთხვევაში, სუუამ-ის ქვეყნებს დესტაბილიზაცია და შესაძლოა დამოუკიდებლობის დაკარგვაც დაემუქროს.

დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება

აზერბაიჯანმა, საქართველომ და უზბეკეთმა უარი თქვეს დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაში შემდგომ მონაწილეობაზე. ამით ისინი დსთ-ის იმ ქვეყნებს შეუერთდნენ, რომლებმაც თანამეგობრობის სამხედრო თანამშრომლობის ჩარჩოებში მონაწილეობა შეზღუდეს. უკრაინა, მოლდავა და თურქმენეთი კოლექტიური უსაფრთხოების პაქტის წევრები არასოდეს გამხდარან. ისინი უპირატესობას ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ორმხრივ დონეზე სამხედრო თანამშრომლობას ანიჭებდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და ბელარუსიის ბევრმა პოლიტიკოსმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვეს, რადგან ამაში დსთ-ის ფრაგმენტაციის ნიშნები დაინახეს.

აზერბაიჯანის, საქართველოსა და უზბეკეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ფორმალური გაერთიანება იყო, რომელიც მისი წევრი ქვეყნების ინტერესების რეალურ დაცვას ვერ ახერხებდა. მათი აზრით, შეთანხმება უფრო რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა, ვიდრე მისი წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. უზბეკეთი ადანაშაულებდა რუსეთს ცენტრალურ აზიაში თავისი სამხედრო ყოფნის შენარჩუნების მცდელობაში; აზერბაიჯანმა უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მიერ სომხეთისათვის რუსული იარაღის გადაცემის გამო; საქართველო კი უკმაყოფილო იყო რუსეთის როლით აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. არის სხვა სახის კრიტიციზმიც, თუმცა ის, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ქვეყნები სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე კონსენსუსის მიღწევას ვერ ახერხებენ გასაკვირი არ არის.

დღეს დსთ-ის წევრების პოზიციები ერთობლივი თავდაცვის განვითარებისა და სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებზე ორად არის გაყოფილი. კოლექტიური უსაფრთხოების ქვეყნები სუუამ-ის ქვეყნებს ეწინააღმდეგებიან. თუმცა, ამ შემთხვევაში სუუამ-ის ლიდერები რაიმე პოლიტიკურ და სამხედრო მიზნებს უარყოფენ. უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამდივნოს განცხადებით: ,,სუუამ-ის ქვეყნები პირველ რიგში გეოგრაფიულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი და ტრანსპორტირების საკითხებში საერთო ინტერესები აქვთ”.

მსგავსი არგუმენტებისათვის არის საფუძველი, მაგრამ არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სუუამ-ს სამხედრო და პოლიტიკური მიზნებიც აქვს. 1999 წლის აპრილში ნატო-ს საიუბილეო სამიტზე სუუამ-ის ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას „ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში და პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარებაზე და კონფლიქტის გადაწყვეტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე“. მათ ასევე ხაზი გაუსვეს „საერთო ძალისხმევას ეთნიკური დაპირისპირების, სეპარატიზმის, რელიგიური ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

სუუამ-ის ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ ერთად იმუშაონ გაუვრცელებლობის სტატუსის შენარჩუნებაზე და არასტაბილურ რეგიონებში მასობრივი განადგურების იარაღის მიწოდების შეჩერებაზე.

სუუამ-ის ერთობლივი სამხედრო საქმიანობა სპეციფიკურ ეკონომიკურ მიზნებს ეფუძნება. 1999 წლის 16 აპრილს საქართველოში, იალღუჯის საწვრთნელ პოლიგონზე უკრაინამ, საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, რომელიც ბაქო-სუფსას მილსადენის ოფიციალურ გახსნას დაემთხვა. სამხედრო ღონისძიებები აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტრანსკასპიური მილსადენის დაცვას ითვალისწინებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც წვრთნებში რუსეთი არ მონაწილეობდა.

ამავე დროს, ეს ქვეყნები სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას ცდილობენ, რომელიც ცენტრალურ აზიას სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას დააკავშირებს და რუსეთს გვერდს აუვლის. ეს უკვე რეგიონში რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შესუსტების კიდევ ერთი მცდელობაა.

1999 წლის სტამბოლის ეუთო-ს სამიტზე საქართველომ მიაღწია, იმას, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზები უნდა დატოვეს. გარდა ამისა, საქართველომ და აზერბაიჯანმა ნატო-ს ბაზების მასპინძლობის სურვილიც გამოთქვეს.

სუუამ-ის წევრები ნატო-ს ქმედებებს მაქსიმალურად მხარს უჭერენ. უკრაინის გარდა სუუამ-ის წევრებს ნატო-ს ბალკანური სამხედრო ოპერაცია არ გაუპროტესტებია.

სუუამი ამ მხრივ ახალ სამხედრო და პოლიტიკურ გაერთიანებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც არსობრივად რუსეთის გავლენის შესუსტებისაკენ არის მიმართული. შეძლებს თუ არა სუუამი, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას, მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ნატო-ს პოზიციაზე. ექსპერტთა აზრით, სუუამ-ის წარმატების შემთხვევაში დასავლეთის სამხედრო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები უკეთ იქნება დაცული, რუსეთის პოზიციები კი მნიშვნელოვნად შეირყევა.

რუსეთი და სუუამი

არსებობს სახელმწიფოს ქცევის რეალისტურ/ნეორეალისტური და პლურალისტური მოდელი. რეალისტური და ნეორეალისტური თეორიების მიხედვით სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში უპირველესი აქტიორია. მათი ,,რაციონალური” და ,,არარაციონალური” ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ სახელმწიფო აქტიორები მათ მიერ დასახულ საგარეოპოლიტიკურ კურსს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებში შედის (ძალისა და გავლენის შენარჩუნება/გაფართოება), როგორ ზუსტად მისდევენ.

რუსეთი სუუამ-ის გაძლიერების პერსპექტივაზე, ამ ორგანიზაციის დაარსების დღიდანვე წუხს. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ რუსეთი გარე სამყაროს კვლავ „მტრულ გარემოდ“ განიხილავს, ნებისმიერი რეგიონული ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთი წამყვან როლს არ ასრულებს, მოსკოვის მიერ, აპრიორი, მისი ინტერესებისადმი საფრთხედ განიხილება. ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულება სუუამ-ის მიმართ შეიძლება ემყარებოდეს რეალისტურ/ნეორეალისტურ თეორიას და/ან მოსკოვის ნეოიმპერიალისტური ტენდენციების გამოხატულება იყოს. თუკი პუტინის რუსეთი დსთ-ის ქვეყნებში კონტროლისა და გავლენის აღდგენას ცდილობს, მაშინ სუუამი მსგავსი გეგმების განხორციელებაში ხელისშემშლელ ფაქტორად მოიაზრება. რუსეთის მიერ ამგვარი პოლიტიკის გატარება, სუუამ-ის დაშლის მცდელობას გულისხმობს, ან მინიმუმ მაინც ორგანიზაციის უბრალოდ ცერემონიულ ფუნქციებამდე შემცირებას და ამავე დროს კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერებას. თუმცა, ამგვარი პოლიტიკის წარმატებული განხორციელებისათვის მოსკოვმა, საკუთარ ტერიტორიაზე სტაბილურობის გაუმჯობესებას უნდა მიაღწიოს, რადგან როგორც ჩეჩნეთმა აჩვენა, მის გარეშე ეფექტური საგარეო პოლიტიკის გატარება მოსკოვს უჭირს.

რუსეთის მიერ გარე სამყაროს, როგორც „მტრულ გარემოდ“ აღქმის შემთხვევაში, ნებისმიერი რეგიონული ორგანიზაცია, რომელშიც იგი წამყვან როლს არ ასრულებს, მტრულად განიხილება. და თუკი რუსეთის პოლიტიკა გააგრძელებს ,,რეგიონში წამყვანი პოზიციებისათვის ბრძოლას” და ძველი იმპერიალისტური ან საბჭოთა სტილის სტატუს კვოს შენარჩუნებას, სუუამი ბუნებრივად იქნება წინაღობა კავკასიის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ამგვარი წამყვანი როლის მოპოვებაში.

თუმცა, მეორე მხრივ, თუკი რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დაცვის ინტერესს ეფუძნება და არ ცდილობს თავის მეზობლებზე გავლენის მოპოვებას, რუსეთმა, თეორიულად, სუუამ-ის მსგავსი რეგიონული ორგანიზაციების გავრცელებას მხარი უნდა დაუჭიროს, რაც პლურალისტური ხედვის შედეგია. თუკი რუსეთი დაინტერესებული იქნებოდა თავისი არსებული საზღვრების უსაფრთხოების გაზრდაში, მაშინ რუსეთი სუუამ-ის მიერ რეგიონული უსაფრთხოების განხორციელბაში დაინტერესებული უნდა იყოს, რაც რუსეთს სამხრეთი საზღვრების უსაფრთხოებისა და ჩრდილოეთ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნებისათვის კარგ საშუალებას მისცემს.

რუსეთსა და სუუამ-ს შორის თანამშრომლობა პოტენციურად შეამცირებს რეგიონში მტრულ ძალთა ცენტრების პოტენციურ დომინირებას. ბუნებრივია, რომ სუუამ-ის ქვეყნებსა და რუსეთს რეგიონული სტაბილურობის გაძლიერებასა და ტერორიზმთან და ნარკოტიკების ტრანზიტთან ბრძოლაში საერთო ინტერესები აქვთ. თუმცა, რადგან რუსეთი სუაამ-ს არანაირ დონეზე მხარს არ უჭერს, ამას მივყავართ დასკვნამდე, რომ რუსეთის გეგმები რეალისტურ-ნეორეალისტური კონცეფციების ასახვაა.

სუუამ-ისადმი განსაკუთრებით აგრესიული დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლებაში, ჟურნალისტურ და აკადემიურ წრეებში შეიმჩნევა. ევრაზიის პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ექსპერტის პოლ გობლის მოსაზრებით, რუსეთის აღნიშნული წრეები სუუამ-ს საფრთხის წყაროდ სამი მიზეზის გამო განიხილავენ:

პირველი, რუსეთი სუუამ-ს დსთ-ში რუსული ჰეგემონობის მიმართ საფრთხედ განიხილავს. თუკი სუუამ-ში კიდევ გაწევრიანდება ერთი ან ორი წევრი, მაშინ სუუამი დსთ-ის ფარგლებში რუსეთის წინადადებების ჩაგდებას შეძლებს. ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მოსკოვის შესაძლებლობას თავის მეზობლებზე გავლენა მოახდინოს და ასევე ზიანი მიაყენოს დსთ-ს პრესტიჟს, რაც რუსული გავლენის სივრცედ აღიქმება.

რუსული ხედვით, სუუამ-ში ხუთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის გაერთიანებით, სუუამ-ის წევრები იქცევიან როგორც სახელმწიფოები, ვიდრე ახლად დამოუკიდებელი ქვეყნები ან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. სუუამ-მა შეძლო საერთაშორისო შეხვედრებზე ერთობლივი განცხადებების გაკეთება, ერთმანეთში წინასწარ მოლაპარაკება, ინფორმაციის გაცვლა და შეხედულებების გაზიარება.

რუსეთში შიშობენ, რომ თუკი სუუამ-ის ქვეყნები შეძლებენ თანამშრომლობას, მაშინ რუსეთს გაუჭირდება მათი დამორჩილება და მათ წინააღმდეგ რაიმე ღონისძიებების გატარება. თუმცა, რუსეთში არიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუუამ-თან თანამშრომლობა უფრო მისაღებია, ვიდრე მის წინააღმდეგ წასვლა. თუმცა, ეს ჯგუფი ჯერჯერობით უმცირესობაშია. მათ უჭირთ დაარწმუნონ ოპონენტები, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში სუუამ-თან თანამშრომლობა პოზიტიურად შეიძლება იქნეს გამოყენებული.

მეორე და სერიოზული საფრთხე, რაც სუუამ-ისგან შეიძლება მოდიოდეს არის სუუამ-ში იმ ქვეყნების შესაძლო გაერთიანება, რომლებიც არასოდეს ყოფილან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ან უფრო მეტიც არ ყოფილან საბჭოთა ბლოკში. ამ საკითხზე განსაკუთრებით გააქტიურდა მსჯელობა მას შემდეგ, რაც შანხაის ექვსეული შეიქმნა. მოსკოვში ბევრი შიშობს, რომ პეკინმა ეს ორგანიზაცია შეიძლება ცენტრალურ აზიაში ე.წ. „ჩინეთის დსთ-ად“ გადააქციოს და ამით ეს ექვსეულის წევრი ქვეყნები რუსეთის გავლენის ორბიტიდან საკუთარზე გადაიყვანოს. შედეგად, თუკი სუუამ-ში ისეთი „გარე აქტიორები“ გაწევრიანდებიან, როგორიც თურქეთია, რუსეთის სამხრეთ საზღვარზე შეიძლება ისეთი პროცესები განვითარდეს, როგორც ეს ეჭვობენ, რომ ჩინეთს ცენტრალურ აზიაში სურს.

მესამე, რუსეთი შიშობს, რომ სუუამ-მა შეიძლება დასავლეთის დიდი ყურადღება მიიპყროს, ხოლო მათი მხარდაჭერის წყალობით შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემები გადაწყვიტოს და წარმატებით მოახერხოს დასავლურ მოდელზე ტრანსფორმაცია. აღნიშნული პროცესები ამ ქვეყნებს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოიყვანს და რუსულ გავლენას კი შეამცირებს.

სუუამ-იდან მომავალი საფრთხის თავიდან ასაცილებლად რუსეთს გააჩნია სერიოზული ბერკეტები, რომელიც მოსკოვს შეუძლია სუუმ-ის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენოს. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მოსკოვი სუუამ-ის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს სამ მნიშვნელოვან ბერკეტს: გაზის მიწოდება, სავიზო რეჟიმი და სამხედრო ბაზები. სხვადასხვა დროს, ამ ბერკეტების ამოქმედებისგან მიყენებული დარტყმა განსხვავებული ხარისხისაა.

რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან დიდ ნაწილს ამარაგებს გაზით, რომელსაც პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პერიოდულად აღარ აწვდის ზოგიერთ ქვეყნებს. ამ მხრივ, ყველაზე მეტად რუსეთზე დამოკიდებულია უკრაინა, მოლდავა და საქართველო. მოსკოვი განსაკუთრებით აქტიურობს ზამთრის პერიოდში, როდესაც გაზზე მოთხოვნილება ამ ქვეყნებში იზრდება. რუსულ გაზზე დიდი დავალიანება ამ ქვეყნებს აიძულებს სერიოზული პოლიტიკური დათმობები გააკეთონ. გარდა ამისა, მოსკოვი კიევს ახალი მილსადენის აშენებით ემუქრება, რომელიც გვერდს აუვლის უკრაინას და შესაბამისად კიევი ვეღარ მიიღებს სატრანზიტო ტარიფს.

სავიზო რეჟიმის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იყო საქართველოსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში. სუუამ-ის ამ ორი კავკასიური სახელმწიფოდან რუსეთში ასეულ ათასობით ადამიანი მუშაობს, რომლებიც საკუთარ ოჯახებში მილიონობით დოლარს უგზავნიან. საქართველოსა და აზერბაიჯანისათვის ეს გზავნილები ქვეყნის ეკონომიკისათვის სერიოზულ შეღავათს წარმოადგენს. რუსეთი ამ ქვეყნებთან სავიზო რეჯიმის შემოღებით მათ დასჯას ისახავდა მიზნად. რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2000 წლის ნოემბრისათვის დსთ-ის თავისუფალი სავიზო მიმოსვლის შეთანხმებიდან გამოვიდოდა. ეს გადაწყვეტილება არ შეეხებოდა იმ ქვეყნებს, რომლებთანაც რუსეთს ახლო კავშირები ჰქონდა. რუსეთის გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მხოლოდ საქართველოს შეეხო, ბაქომ მოსკოვთან გარკვეულ გარიგებას მიაღწია და შედეგად მოსკოვმა აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმი არ შემოიღო. ექსპერტების განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებით საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. თუმცა, სავიზო რეჟიმის საკითხში რუსეთმა საქართველოზე დაგეგმილი ზეწოლა ვერ განახორციელა. რეალურად სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის სერიოზული პრობლემები არ შეუქმნია და ისინი დღესაც თავისუფლად გადაადგილდებიან. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ახლა რუსეთში გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე სავიზო რეჟიმის შემოღებამდე.

რუსეთი ასევე ცდილობს გამოიყენოს თავისი სამხედრო ბაზები სუუამ-ის იმ ქვეყნებში, სადაც რუსი სამხედროები არიან. მაშინ, როდესაც საქართველომ რუსეთს უარი უთხრა სამხედრო ბაზების საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელებაზე, მოსკოვმა თბილისი ჩეჩენი მერბძოლების მფარველობაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, თბილისი საქართველოში რუსულ სამხედრო ბაზებს ხშირად ადანაშაულებს საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების ხელშეწყობაში. გარდა ამისა, მდინარე ენგურთან მდგარ დსთ-ს სამშვიდობო ძალებს, რომელიც ფაქტობრივად მხოლოდ რუსი სამხედროებისაგან შედგება, თბილისი ხშირად სდებს ბრალს აფხაზი სეპარატისტების მხარდაჭერაში.

რუსეთი არ აპირებს სამხედრო ბაზის გაყვანას მოლდავაშიც, სადაც მოსკოვი სეპარატისტული დნესტრისპირეთის მხარდამჭერად გვევლინება. უზბეკეთის ხელისუფლება ერთი პერიოდი ადანაშაულებდა მოსკოვს კარიმოვის რეჟიმის წინააღმდეგ ისლამისტი აჯანყებულების მხარდაჭერაში. ტაშკენტის განცხადებით, რუსეთს უზბეკეთში ისლამური საფრთხის შექმნით, ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების დამკვიდრება სურდა. თუმცა, რუსეთმა ამ მიზანს ვერ მიაღწია. უფრო მეტიც, უზბეკეთში დღეს ამერიკელი სამხედროები არიან განთავსებული.

უკრაინაში კი ხშირად გაისმის რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მოთხოვნები. რუსულენოვან მოსახლეობას რუსეთთან მოსაზღვრე უკრაინის აღმოსავლეთის დიდი ნაწილი უკავია. რუსი ნაციონალისტები აღმოსავლეთ უკრაინის შეერთებაზეც კი საუბრობენ. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების წარმოქმნა უკრაინას სერიოზულად აღელვებს. გარდა ამისა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებსაც იყენებს, რაც განსაკუთრებით საგრძნობია უკრაინაში არჩევნების პერიოდში. წინასაარჩევნო პერიოდში უკრაინის ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს მოსკოვის მხარდაჭერის სანაცვლოდ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან და ამით ძალაუფლება შეინარჩუნოს.

რუსეთი სუუამ-ს ეწინააღმდეგება, როგორც ოფიციალურად, ისე ფარულადაც. მოსკოვი ე.წ. „ანტი-სუუამ-ის“ ჯგუფის - დნესტრისპირეთი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი, მთავარი მფარველია. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც გამოეყვნენ მოლდავას, საქართველოსა და აზერბაიჯანს.

სუაამ-ის წინააღმდეგ რუსეთის წაქეზებით გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 2000 წლის 20-22 ნოემბერს დნესტრისპირეთის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების დნესტრისპირეთის დედაქალაქ ტირასპოლში, რუსეთის სამხედრო მფარველობის ქვეშ გამართული შეხვედრა. მხარეებმა მიიღეს კომუნიკე, რომელიც „სუუამ-ის მზარდი საქმიანობისა და გაფართოებული პრეროგატივების“ გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ისინი სუუამ-ს აკრიტიკებდნენ რუმინეთისა და ბულგარეთის მსგავსი ქვეყნების მიღების მცდელობის, სუუამ-ის სამშვიდობო ბატალიონის შექმნაზე საუბრისა და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში თანამშრომლობის გამო. თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ნაირა მელკუმიანმა სუუამ-ის დადანაშაულებაში წამყვანი როლი შეასრულა. იგი სუუამ-ს „პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე გამყოფი ხაზების“ შექმნაში ადანაშაულებდა ოთხი სეპარატისტული რეგიონის არცნობის გამო. ე.წ. მინისტრებმა სუუამ-ის განვითარება სეპარატისტული რეგიონებისადმი და სომხეთის მიმართაც კი მტრულ ნაბიჯად დაახასიათეს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეორე შეხვედრა 2-3 ივლისს მთიან ყარაბაღში, სტეფანაკერტში გაიმართა. მინისტრების განცხადებით, კონფლიქტის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის იდეამ თავისი თავი ამოწურა. მინისტრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის სუუამ-ზეც ისაუბრეს. თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა საინფორმაციო ცენტრისა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზეც იმსჯელეს. შეხვედრის ბოლოს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ამ თვითგამოცხადებელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საკონსულტაციო დონეზე თანამშრომლობის პროტოკოლს. პროტოკოლი აღნიშნავდა რეგულარული კონსულტაციების გამართვის საჭიროებას მათთვის საინტერესო საკითხებზე, განსაკუთრებით პოლიტიკურ სფეროში, იურისპრუდენციაში, რესურსების განვითარებაში და სხვა. პროტოკოლში მხარეებმა აღნიშნეს სტეპანაკერტში, ტირასპოლსა და ცხინვალში მთიანი ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლობების გახსნის აუცილებლობა.

2001 წლის 19 და 22 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუუამ-ის განვითარებაზე ყველაზე მწვავე შეტევა განახორციელა, დაადანაშაულა რა მისი წევრი ქვეყნები სამხედრო ბლოკის შექმნის მცდელობაში, რითაც ისინი სუუამ-ის დაარსებისას დასახული მიზნებიდან არსობრივად უხვევდნენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში სუუამი დაადანაშაულა იმაში, რომ სუუამ-მა გადაუხვია „მის საწყის ხასიათს, როგორც დსთ-ს შიგნით არაფორმალურ საკონსულტაციო ჯგუფისა“. მეორე, სუუამ-ის დღის წესრიგი, რომელიც ფოკუსირებული იყო კასპიის ნავთობისა და გაზის საბადოებზე და ევროპის სატრანსპორტო პროექტებზე, ახლა უკვე სხვა საკითხებსაც მოიცავს. მესამე, რუსული დოკუმენტი სუუამ-ს ადანაშაულებდა „ჯგუფის თავიდან დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ სამხედრო თანამშრომლობის დაჩქარებაში“ (შემოთავაზებული სამშვიდობო ბატალიონი, ე.წ. GUUAMBAT). თუმცა ბრალდება, რომ სუუამ-ს მოკლევადიან პერსპექტივაში სამხედრო კომპონენტის განვითარების პოტენციალი გააჩნია, შეიძლება გადაჭარბებულად შეფასდეს. არასაკმარისი ეკონომიკური რესურსების გარდა, წევრი ქვეყნების მხრიდან ამ სფეროში ნაკლები პოლიტიკური ნებაა. მოლდავამ სუუამ-ის სამშვიდობო ან მილსადენების უსაფრთხოების დაცვაში რაიმე ინტერესის შესახებ რამდენიმეჯერ უარყო.

სუუამ-ის ირგვლივ ატეხილმა აჟიოტაჟმა სუუამ-ისადმი უპრეცედენტო საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია, რომელიც 2001 წლის დაგეგმილ მარტის სამიტამდე მოხდა. აშშ-ის სახელმწიფო უწყებებმა სუუამ-ისადმი დიდი ინტერესის გამოვლენა დაიწყეს, თუმცა აშშ-ს მისი ინსტიტუციონალიზმისადმი ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. ევროკავშირი ნაკლებ ინტერესს ავლენდა ორგანიზაციისადმი, თუმცა ევროკავშირის კომისია მოვლენების განვითარებით ინტერესს გამოთქვამდა. საუბარი იყო სუუამ-ის ზოგიერთი წევრის უკმაყოფილებაზეც. კერძოდ იყო ინფორმაცია, რომ მოლდავა და უზბეკეთი ჯგუფის „ზედმეტი პოლიტიზირებით“ მოხარულნი არ იყვნენ. მსგავს ტენდენციას კი შეიძლება ჯგუფის დაშლისათვისაც შეეწყო ხელი.

სუუამ-ის წინააღმდეგ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად 2000 წლის ოქტომბერში ასტანაში დსთ-ს რამდენიმე ქვეყნის შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს. მათ გადაწყვიტეს დსთ-ის საბაჟო კავშირი ევრაზიის ეკონომიკურ თანამეგობრობად გარდაექმნათ. რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ბელარუსისა და ტაჯიკეთის ლიდერები შეთანხმდნენ დაეარსებინათ ახალი ორგანიზაცია „ყოფილ საბჭოთა სივრცეში რეალური ინტეგრაციის“ პროცესებისთვის ხელშესაწყობად. ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განცხადებით, ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინები მოსკოვსა და ალმაატაში იქნება. ექსპერტების განცხადებით, რუსეთის ლიდერობით შექმნილი ახალი ორგანიზაცია დსთ-ს შიგნით გამყოფი ხაზის ფორმალიზაციას ნიშნავს. ქვეყნები ორ ბანაკად გაიყო საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური და საგარეოპოლიტიკური ორიენტაციების მიხედვით. შედეგად სახეზეა დასავლეთზე ორიენტირებული სუუამი და რუსეთზე ორიენტირებული თანამეგობრობა. მსგავსი ტენდენციების განვითარება დსთ-ის დეზინტეგრაციის მაჩვენებელია, რამაც დსთ-ის დაშლაც კი შეიძლება გამოიწვიოს.

სომხეთი და სუუამი

სუუამ-ის წევრების წინაშე მდგარი გეოსტრატეგიული გამოწვევები ხშირად უშუალოდ მათი მეზობლებიდან მოდის. ამ მხრივ, განსაკუთრებული როლი სომხეთს უკავია, რომელსაც აზერბაიჯანთან კონფლიქტის გამო არ შეუძლია სუუამ-ის ფარგლებში კონსულტაციებში მიიღოს მონაწილეობა. აზერბაიჯანმა გამორიცხა სომხეთი მთავარი საექსპორტო მილსადენის პროექტიდან. სომხეთი არ მონაწილეობს არც ერთ იმ დიდ პროექტში, სადაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთად არიან. თუმცა, ექსპერტების განცხადებით, ძნელი იქნება საუბარი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, თუ მასში გამორიცხული იქნება მათი უშუალო მეზობელი, სომხეთი.

საქართველომ სომხეთის ეს ,,დილემა” აღიარა. მტრულ გარემოცვაში მოხვედრილი სომხეთისათვის საქართველო ერთადერთი სივრცეა, საიდანაც ის დასავლეთს უკავშირდება. სომხეთს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის საფუძველზე შეუძლია გამოიყენის შავი ზღვის ქართული პორტები, რაც სომხეთის ეკონომიკური კავშირების განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია. რუმინეთის პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროექტებში სომხეთის მონაწილეობის საჭიროებას აღიარებს. მისი თქმით: „შევარდნაძე და მე ამ პროექტებში (სატრანსპორტო) სომხეთის მონაწილეობას აუცილებლად მივიჩნევთ“. აქედან გამომდინარე, საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობა გადამწყვეტია კავკასიაში ეკონომიკური და სამხედრო სტაბილურობისათვის მანამ, სანამ სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთობლივად მუშაობა არ შეუძლიათ.

დსთ და სუუამი

თავიდანვე სადავო საკითხი იყო სუუამ-ის ფარგლებში ინტეგრაცია მოხდებოდა თუ არა დსთ-ის შემდგომი ინტეგრაციის ხარჯზე. რეალურად ორი ორგანიზაცია განსხვავებული მიზეზების გამო შეიქმნა და სხვადასხვა მიზნები ჰქონდათ. თუ დსთ საერთო წარსულით არის გაერთიანებული, სუუამ-ის ქვეყნები საერთო ევროპული მომავლის პერსპექტივით გაერთიანდნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დსთ-საგან განსხვავებით სუუამ-ს არა აქვს ცენტრი. მასში არიან თანასწორუფლებიანი პარტნიორები, სადაც არც ერთ ქვეყანას მკვეთრად გამოკვეთილი დომინანტური როლი არ უკავია. ეს ორგანიზაცია შეიქმნა იმიტომ, რომ საერთო ინტერესები ეფუძნებოდა საერთო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს. ამის საწინააღმდეგოდ დსთ შეიქმნა რუსეთის მიერ ძირითადად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გარკვეული დონის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ჰეგემონობის შენარჩუნებისათვის.

გარდა ამისა, სუუამ-სა და დსთ-ს განსხვავებული მიზნები აქვთ. სუუამ-ის წევრები უპირატესობას ანიჭებენ პოლიტიკის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში კავშირების გაძლიერებას, რომლის საბოლოო მიზანია მისი თითოეული წევრის ევროპასთან და დასავლეთთან დაახლოება. სუუამ-ის ელჩებმა შემდეგი მიზნები გამოჰყვეს:

  • აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება;

  • ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსა და ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამაში ურთიერთქმედების განვითარება;

  • რეგიონში მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების შეჩერება;

  • მათ ქვეყნებში ნარკოტიკების ტრანზიტთან ბრძოლა (როგორც ეს გამოცხადებული იყო 2000 წლის 18 მაისს აშშ-ში აშშ-სუუამ-ის ურთიერთობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე).

დსთ-ის ქვეყნებს, მეორე მხრივ, არა აქვთ ყველა სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული საერთო მიზნები. რეალურად ისინი სამ სხვადასხვა მიზანს მისდევენ. დსთ-ის ზოგიერთი ქვეყანა, როგორებიცაა რუსეთი და ბელარუსი, მხარს უჭერენ საერთო სახელმწიფოს აღდგენას, ცენტრით მოსკოვში. სხვა წევრები დსთ-ს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის ცივილიზებულ საშუალებად მიიჩნევენ. სუუამ-ის ქვეყნები დსთ-ში ურთიერთობებისას მრავალმხრივიდან ორმხრივ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, ისინი არ უჭერენ მხარს საერთაშორისო ფორუმებზე დსთ-ს „ელჩებმა“ ყველა წევრი სახელმწიფო წარმოადგინონ.

სუუამ-ის ურთიერთობა დასავლეთთან: აშშ, ნატო და ევროკავშირი

სუუამ-ის მიმართ აშშ-ის პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1998 წელს აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი რუსეთში ვიზიტიდან დაბრუნდა. უზბეკეთის სუაამ-ში მიღებას სწორედ აშშ-ის დამსახურებად მიიჩნევენ.

2000 წლის 18 მაისს, ვაშინგტონში სუუამ-ის ქვეყნების ელჩებმა აშშ-ში სემინარზე განაცხადეს, რომ სუუამ-ის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაძლიერებაა. სემინარს თავისუფლების რადიო აფინანსებდა, რომლის უკან სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს მოიაზრებდნენ. ელჩებმა აშშ-ს მათი ქვეყნების „სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდეს და მზადყოფნა გამოთქვეს ერთმანეთსა და აშშ-თან თანამშრომლობა განევითარებინათ. სემინარს ევროპულ საკითხებზე სენატის საგარეო ურთიერთობების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორი გორდონ სმიტი ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ „სუუამ-ში აშშ-ის დიდი ჩარევის საჭიროებაო“.

სუუამ-ისადმი აშშ-ის დაინტერესებად შეიძლება მივიჩნიოთ 2000 წლის თავდაცვისა და უსაფრთხოების დახმარების აქტი, რომლითაც კონგრესმა სუუამ-ის ქვეყნებსა და სომხეთს გამოუყო თანხები, რათა „ამ ქვეყნებს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული სუვერენიტეტი განემტკიცებინათ“. გამოყოფილი თანხები ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, გაუვრცელებლობასა და ექსპორტის კონტროლში დახმარებას, ანტი-ტერორიზმში დახმარებას.

კონგრესმენთა განცხადებები ნათელყოფს, რომ ისინი აქტიურად უჭერენ მხარს სუუამ-ის ჯგუფის თანამშრომლობას პოლიტიკურ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში. ექსპერტთა აზრით, აშშ, თავისი სტრატეგიიდან გამომდინარე, მხარს დაუჭერს ამ ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანებას მათი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებაში, კონფლიქტების გადაწყვეტასა და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

2000 წლის 20 სექტემბერს ჟურნალისტის კითხვაზე ნიშნავს, თუ არა გაერო-ს ათასწლეულის სამიტზე სუუამ-ის შეხვედრის აშშ-ის მიერ დაფინანსება ამ ჯგუფთან ამერიკული თანამშრომლობის ზრდას, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა სუუამ-ის ამერიკული მხარდაჭერა დაუდასტურა. მან განაცხადა: „ჩვენ დავინახეთ, რომ ამგვარი სახის რეგიონული თანამშრომლობა სასარგებლო და მნიშვნელოვანია. ამის შესახებ რამდენიმეჯერ იყო საუბარი. ამაზე ისაუბრეს დღეს დილით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ტარასიუკთან სახელმწიფო მდივნის ვიზიტისას. სახელმწიფო მინისტრმა ამ საკითხზე ისაუბრა ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან სხვადასხვა შეხვედრებისას. იგი ნიუ-იორკში შეხვდა ედუარდ შევარდნაძესაც. მათ ამ საკითხზეც ისაუბრეს. ზოგადად, სუუამ-ს ვხედავთ, როგორც რეგიონული თანამშრომლობის პოზიტიურ განვითარებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ნებისმიერი გზით, როგორც შეგვიძლია. არ მაქვს განსაკუთრებული დეტალები რა შეგვიძლია ჩვენ მათ მხარდასაჭერად გავაკეთოთ, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთებას პოზიტიურად ვაფასებთ“.

სუუამ-ის მხარდაჭერის ერთ-ერთ სიმბოლოდ შეიძლება 2000 წლის 19 ოქტომბერს აშშ-ში სუუამ-ის ქვეყნების საელჩოების მიერ თავისი პირველი საინფორმაციო ბროშურის გამოშვება ჩავთვალოთ. მასში წევრი ქვეყნების შესახებ მოკლე ცნობებია.

როგორც ზემოთ იყო ნახსენები, აშშ-ის მთავრობა სუუამ-ს ფრთხილად ეკიდებოდა. სუუამი მხარდაჭერას ძირითადად არაოფიციალურ დონეზე გრძნობდა. თუმცა, 2000 წელს კონგრესმა სუუამ-ს „აღიარებისაკენ“ შეზღუდული ნაბიჯები გადადგა „სუუამ+სომხეთისათვის“ ყოველწლიური საგარეო სამხედრო დახმარების დაფინანსების გამოყოფით. სახელმწიფო დეპარტამენტმა 2000 წლის დეკემბერში სუუამ-ის გამხნევებისათვის „საკონსულტაციო საბჭო“ შექმნა.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით თავდაცვის დეპარტამენტს სუუამ-ის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე უკვე აქვს თავდაცვითი და სამხედრო კავშირები. დეპარტამენტის განცხადებით, მან შეიძლება მხარი დაუჭიროს სუუამ-ის არაფორმალურ ასოციაციას, თუკი იგი თავდაცვის სექტორში საერთო ინტერესებს გამოჰყოფს. ამ შემთხვევაში, იგი მზად იქნება დახმარების გასაწევად. სუუამ-ის სამშვიდობო ბატალიონის (GUUAMBAT) შესაძლო შექმნა ბუნებრივია, რომ აშშ-ის თავდაცვითი სტრუქტურების განსაკუთრებული ინტერესის სფერო გახდება. უკრაინას აქვს ტრენინგ-ცენტრი და სტრუქტურები, ისევე როგორც შესაბამისი ძალები და საშუალებები სამშვიდობო ოპერაციების ჩასატარებლად. მაგალითად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიევში დააფუძნა სამშვიდობი და ვერიფიკაციის ცენტრი და დასავლეთ უკრაინაში, იავორივში გადაკეთდა სამშვიდობო ტრენინგ მოწყობილობა. უკრაინა და სუუამ-ის სხვა წევრები ცდილობენ თავისი წვლილი შეიტანონ ნატო-სა და გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებში (უკრაინა პოლონურ-უკრაინული სამშვიდობო ბატალიონით - UkrPolBat - KFOR-ში). წევრ ქვეყნებს ყველას აქვს ინტერესი საკუთარ ტერიტორიებზე კონფლიქტები მოაგვარონ და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას შეუწყონ ხელი.

თუმცა, რადგან სუუამ-მა ვერ მოახერხა გადაედგა ასეთი ნაბიჯები საკუთარი სტრუქტურებისა და მიზნების ფორმალიზაციის კუთხით, აშშ-ის მთავრობის ინტერესები სუუამ-ისადმი გარკვეული დროით გადაიდო. სუუამი მაქსიმალურად ცდილობს აშშ-ის ყურადღება მიიპყროს. მოლდავა და უზბეკეთი სუუამ-იდან გამოსვლით იმუქრებოდნენ, თუკი აშშ არაფერს გააკეთებდა.

ნატო და ევროკავშირი ყველაზე ნაკლებ ენთუზიაზმს ავლენდნენ სუუამ-ის მხარდაჭერასა და მათთან კონსულტაციაში. ნატო-ს შემთხვევაში სუუამ-მა თხოვნით მიმართა მას 2000 წლის ზაფხულში „19+5“ ფორმატით კონსულტაციები გაემართათ, მაგრამ ეს შეთავაზება ნატო-ს მიერ უარყოფილ იქნა. ზოგადი განწყობილება ისეთია, რომ ნატო-ს პარტნიორებს ნატო-სთან თანამშრომლობა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შეუძლიათ. ევროკავშირს ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან და მათ შორის სუუამ-ის წევრებთან ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები აქვთ, განსაკუთრებით პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებების საშუალებით და აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობით. ევროკავშირი არ ავლენს სურვილს სუუამ-თან დიპლომატიური ან სხვა სახის კონტაქტები დაიწყოს, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც იგი არ არის ინსტიტუციონალიზებული.

2000 წლის ივნისში თავისუფლების რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ჯორჯ რობერტსონმა სუუამ-ის განვითარება მოიწონა და ნატო-ს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აღიარა. შეკითხვაზე, დაეხმარება თუ არა ნატო სუუამ-ის განვითარებას, რობერტსონმა განაცხადა: „ნატო ცდილობს შეცვალოს არსებული თანამშრომლობის სტრუქტურები. წარსულში ვცდილობდით განგვევითარებინა თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, ორმხრივ თუ მრავალმხრივ დონეზე. რეალურად სუუამ-ის ქვეყნებს ჰქონდათ შესაძლებლობა ფლორენციაში, იტალიაში, ევროატლანტიკური თანამშრომლობის მინისტრთა შეხვედრაზე, ჰქონოდათ სუუამ-ის მინისტრთა შეხვედრა ამ საკითხზე. არის რამდენიმე რეგიონული წამოწყება, რომელიც ქვეყნებს აერთიანებს, რათა საერთო პრობლემების გადაწყვეტაში ითანამშრომლონ. ამ შემთხვევაში ნატო მათ მხარს უჭერს და გააგრძელებს მათ მხარდაჭერას“.

ექსპერტთა აზრით, სუუამი პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, როგორც გამოცდა დასავლეთისა და რუსეთის სასაზღვრო რეგიონში ახალი უსაფრთხოების ორგანიზაციის გავრცელებისა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები (ბალტიის ქვეყნების გამოკლებით), რომლებიც ნატო-სა და ევროკავშირის უშუალო პასუხისმგებლობის მიღმა არიან, რუსეთის მხრიდან ნებისმიერ დონეზე ჰეგემონობის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ამგვარი ვითარება ევროპული უსაფრთხოებისათვის ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების შესაძლებლობების გაჩენას ქმნის. ნატო-სა და ევროკავშირისათვის ბუნებრივია, რომ უფრო რთული იქნება უშუალოდ მათი პასუხისმგებლობის გარეთ მყოფ ზონის ქვეყნებზე გავლენა მოახდინოს. ასე, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან მომავალი ახალი საფრთხეების ნეიტრალიზაცია და მათი სტაბილიზაციის მხარდაჭერა შეიძლება სუბრეგიონული უსაფრთხოების ზონების შექმნით მიიღწეს. ამგვარი ზონების შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცეში შესაძლებელი გახდა ფრაგმენტაციის შედეგად, რამაც ხელი შეუწყო ამ რეგიონში ქვეყნების სხვადასხვა სუბრეგიონულ ორგანიზაციებში გაერთიანებას, მაგალითად სუუამი, ბისეკი და სხვა.

სუუამი ერთადერთი სუბრეგიონული ორგანიზაციაა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელსაც მკვეთრად გამოკვეთილი პროდასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვს. შედეგად, სუბრეგიონული განვითარების მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების მიერ, განსაკუთრებით აშშ-ის მიერ, შექმნის ევროკავშირისა და ნატო-ს ახალ აღმოსავლეთის საზღვარს, რომელიც არ იქნება ბუფერული ზონა, არამედ სტაბილური სუბრეგიონი, რომელიც ევროპული უსაფრთხოების მხარდაჭერას მიისწრაფვის.

სუუამ-ის გაფართოება

ექსპერტთა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ სუუამ-ის გასაძლიერებლად საჭიროა დსთ-ის სივრცის მიღმა ჯგუფში ახალი წევრებისა და დამკვირვებლების მოძებნა. მასში ძირითადად დასავლეთის ქვეყნები მოიაზრება. შესაძლო კანდიდატებში კი მოიაზრება პოლონეთი, ნატო-ს წევრი, რომელიც სლოვაკეთთან ერთად უკრაინას ესაზღვრება. რუმინეთი არა მარტო ესაზღვრება მოლდავას, არამედ საქართველო რუმინეთსა და ბულგარეთს უყურებს, როგორც მეზობლებს შავიზღვისპირეთში.

თუკი ნატო-ს წევრის სუუამ-ში მიწვევა რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, რუმინეთი სრულიად განსხვავებული საკითხია. რუმინეთის ნატო-ში გაწევრიანება ახლო მომავალში არ არის მოსალოდნელი. ბუქარესტი ძალზე დაინტერესებულია კასპიური რესურსების მის ტერიტორიაზე შუაგულ ევროპის მიმართულებით ტრანზიტით. რუმინეთის სუუამ-ში გაწევრიანებამ კი მისი სატრანზიტო ქვეყნად გახდომის შანსები შეიძლება გაზარდოს.

რუმინეთმა სუუამ-თან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. 2000 წლის ათასწლეულის სამიტის შემდეგ სუუამ-ის ლიდერებმა ბუქარესტის ინიციატივა პოზიტიურად მიიღეს. რუმინეთის მსგავსი განცხადება სუუამ-ის გარკვეული პოტენციალის დამადასტურებლად მიიჩნიეს.

სუუამ-ის გაფართოებასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ,,ამ ორგანიზაციის კარები ღია უნდა იყოს სხვა ქვეყნებისათვისაც, როგორებიცაა თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი”.

* * *

ზოგიერთმა მკვლევარმა სუუამ-ს ჯერ კიდევ მის ინსტიტუციონალიზებამდე დიდი ნდობა გამოუცხადა. მაგალითად, უკრაინელი ექსპერტი ტარას კუზიო აცხადებდა, რომ ,,რუსეთმა დაკარგა შანსი წარმოადგენდეს ყოფილ საბჭოთა კავშირს ან მისი რეინტეგრაცია მოახდინოს ... ამის მაგივრად მემკვიდრე სახელმწიფოები ქმნიან საკუთარ რეგიონულ თანამშრომლობებს და ცდილობენ არსებულ ევროპულ ორგანიზაციებში გაერთიანდნენ”. სუუამ-ის წევრ-ქვეყნებს რეალურად სურთ ნატო-სთან და ევროკავშირთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

სუუამ-ის წევრებმა საკუთარი თავი საწინააღმდეგო ინტერესების დაპირისპირების ზონაში აღმოაჩინეს. შეძლებს თუ არა სუუამი ამ წინააღმდეგობების გადალახვას, ამაზე ნათელი პასუხი არ არის, მაგრამ ექსპერტები არსებული ვითარებიდან გამომდინარე რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობენ: 1. ალიანსის თანდათანობით დაშლა (მაგალითად, სუუამ-იდან სუა-მდე (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი) ან სა-მდე (საქართველო და აზერბაიჯანი)); 2. სუუამ-ის შემდგომი გაფართოება (შესაძლოა პოლონეთის, რუმინეთის ან თურქეთის მონაწილეობით); 3. ალიანსის ამჟამინდელი სტრუქტურის შენარჩუნება შედარებითი დეპოლიტიზაციით, რომელიც სამხედრო ელემენტს არ შეიცავს. პირველი და მესამე ვარიანტი მოსკოვისთვის, მეორე და მესამე ვარიანტი კი აშშ-ის ინტერესებისათვის მისაღები უნდა იყოს. თუმცა, მხოლოდ მესამე ვარიანტი შეიძლება გახდეს საფუძველი კომპრომისის მოსაძებნად. ჯგუფის არსებობა რუსეთისათვის მხოლოდ სუუამ-ის დეპოლიტიზაციის შემთხვევაში თუ იქნება მისაღები, სხვა ყველა ვარიანტი კი პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის გავლენის შესუსტებას გულისხმობს. ჯერჯერობით ჯგუფი სერიოზულ საფრთხეს ვერ უქმნის რუსეთის ინტერესებს. რაც უფრო მეტად განპირობებულია მისი წევრი ქვეყნების შიდა სისუსტეებით, ვიდრე რუსეთის ძლიერი პოზიციით.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სუუამი გადაიქცა „დამარცხებულთა კლუბად“. მათი აზრით, ამ ქვეყნებმა არ განავითარეს ნათელი მიზნები და ამოცანები, არ გააკეთეს კლუბის ინსტიტუციონალიზაცია, განიცდიან რუსეთის ზეწოლას და მხარდაჭერა ვერ მიიღეს დასავლეთიდან, რაც მათ აუცილებლად სჭირდებათ. ექსპერტთა განცხადებით, დასავლეთის მხრიდან ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერამდე სუუამ-მა ინსტიტუციონალიზაცია უნდა მოახდინოს. ეს აშკარა იყო ბისეკი-ს შემთხვევაშიც, რომელმაც 1998 წლის სექტემბრამდე, ინსტიტუციონალიზმამდე დასავლეთის ყურადღება ვერ მიიპყრო.

ექსპერტთა აზრით, ჯგუფის პოზიციების განმტკიცების მიზნით სუუამი ცდილობს გაერთიანებაში უფრო ძლიერი ქვეყნები მოიზიდოს. რუმინეთს სუუამ-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სუუამ-სა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა შესაძლებელია. პოლონეთი სუუამ-ის მომავლისათვის მნიშვნელოვანია. პოლონეთი, რომელიც უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია (ამერიკული მხარდაჭერით) და მონაწილეობს აშშ-უკრაინა-პოლონეთის სამმხრივ თავდაცვაზე ორიენტირებულ ჯგუფში, გაწევრიანების ყველაზე მიმზიდველი კანდიდატია, რადგან იგი სუუამ-ის წევრების წინაშე არსებულ პრობლემებს იზიარებს.

ექსპერტთა აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სუუამ-მა და მომავალმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაკვეთილი აიღონ სხვა სუბრეგიონული ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო ორგანოებისგან. მაგალითად ექსპერტებს ვიშეგრადის ჯგუფი (ამ ჯგუფის შესახებ იხ. დანართი №2) მოჰყავთ, რომელსაც სუუამ-თან ბევრი მსგავსება აქვს. ვიშეგრადის ჯგუფის მსგავსად სუაამი საკონსულტაციო ორგანოა სამდივნოსა და ქარტიის გარეშე, მაგრამ სუუამ-ისაგან განსხვავებით, ვიშეგრადის ჯგუფი ეფექტურად მოქმედი ორგანო იყო. უფრო მეტიც, სუუამ-ისაგან განსხვავებით, მას დასავლეთის მხარდაჭერა ჰქონდა.

იმ ფაქტმა, რომ აშშ-მა, ნატო-მ და ევროკავშირმა სუუამ-ის მხარდაჭერის შესახებ ოფიციალურად არ გაააცხადეს, განაპირობა ის, რომ ჯგუფმა ამ ეტაპზე ინსტიტუციონალიზაცია ვერ მოახერხა. ექსპერტთა მოსაზრებით, მაშინ როდესაც ამ ქვეყნებთან ნატო და ევროკავშირი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს, უმჯობესია ამ ქვეყნებთან მრავალმხრივ და ორმხრივ დონეზე ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა, უფრო აქტიური როლი შეასრულონ რეგიონულ დონეზე საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით აქტიური ქმედებები მხოლოდ რეგიონში დასავლეთის ინტერესების განმტკიცებას თუ შეუწყობს ხელს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ცვლილებები მოხდა. გაჩნდა ახალი ალიანსები, რომლებშიც ერთ დროს სხვადასხვა ბანაკში მყოფი ქვეყნები აღმოჩნდნენ გაერთიანებულნი. მსოფლიო ანტიტერორისტულ კამპანიაში გაურკვეველია სუუამ-ის, როგორც ჯგუფის როლი. როგორც მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, ანტიტერორისტულ კამპანიაში სუუამ-ის წევრი ქვეყნები ინდივიდუალურ საფუძველზე მონაწილეობენ, რამაც მომავალში შესაძლოა ჯგუფის როლიც გამოკვეთოს.

პირველი ქმედება, რაც სუუამ-ის მხრიდან ტერაქტების შემდეგ განხორციელდა, ეს იყო ერთობლივი განცხადება, რომელშიც სუუამ-ის წევრმა ქვეყნებმა დაგმეს ტერორისტული აქტი და მხარი დაუჭირეს მსოფლიოში ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობას. ექსპერტთა ნაწილს მიაჩნია, რომ აშშ-ის წინამძღოლობით მიმდინარე კამპანია სუუამ-ს გაძლიერების შანს აძლევს. ფაქტობრივად, სუუამ-ის ყველა სახელმწიფო გარკვეულწილად ანტიტერორისტული კამპანიის მონაწილე გახდა. ამ კამპანიაში ყველაზე გამორჩეული ადგილი უზბეკეთმა დაიკავა. უზბეკეთის პრეზიდენტის აშშ-ში ტერაქტის შემდეგ ვიზიტმა დაადასტურა, რომ უზბეკეთი სერიოზულად არის განწყობილი აშშ-ის ნომერ პირველი მოკავშირე გახდეს ცენტრალურ აზიაში. ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებებისას აშშ-მა კარიმოვს ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა აღუთქვა, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველს იძლევა. უზბეკეთმა სერიოზული მხარდაჭერა მიიღო ვაშინგტონისგან, როგორც სამხედრო ტექნიკის, ისე ფინანსების სახით. ორ ქვეყანას შორის დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა შესაძლოა სუუამ-ის ბედზეც აისახოს.

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ სუუამ-ის წევრმა ქვეყნებმა აშშ-ის თავისი საჰაერო სივრცე დაუფიქრებლად შესთავაზეს. თუმცა, დღეისათვის არ ჩანს, რომ აშშ სუუამ-თან, როგორც ჯგუფთან რაიმე სახით თანამშრომლობს. ამ ეტაპზე ვაშინგტონი უპირატესობას ორმხრივ ურთიერთობას ანიჭებს. მაგრამ ფაქტია, რომ სუუამ-ის ქვეყნები მთლიანობაში მომგებიან გეოგრაფიულ სივრცეში აღმოჩდნენ. ავღანეთსა და ნატო-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს შორის საჰაერო სივრცე სუუამ-ის ქვეყნებზე გადის: უკრაინა, შავი ზღვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კასპიის ზღვა და თურქმენეთი და უზბეკეთი. ერთადერთი გამონაკლისი თურქმენეთია, თუმცა თურქემენეთის უარის შემთხვევაში, არსებობს ყაზახეთის ვარიანტიც, რომელმაც რუსეთთან კონსულტაციის გარეშე დაუჭირა მხარი აშშ-ის ანტიტერორისტულ კამპანიას. ყაზახეთის ქმედება ძალზე წააგავდა პროდასავლური სუუამ-ის წევრი ქვეყნის ქმედებას. მხოლოდ ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა გაიარეს კონსულტაცია რუსეთთან, თუ როგორ ემოქმედათ აშშ-ის ანტიტერორისტული კამპანიის დაწყებისას.

ჯერ კიდევ ტერაქტებამდე დასავლეთი სუუამ-ის ცალკეულ წევრებს უსაფრთხოების სამსახურის, საბაჟოებისა და სასაზღვრო ძალების განვითარებაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, ნატო-სა და სუუამ-ის ზოგიერთი წევრის ერთობლივი სამხედრო წვრთნა იმის იმედს იძლევა, რომ სუუამ-ის წევრი ქვეყნები შიდა სტაბილურობის მოპოვებას და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლებას შეძლებენ.

სუუამ-ის წევრი ქვეყნები აქცენტს ღიად დასავლეთზე აკეთებენ, თუმცა მათი შიდა სისუსტე იმდენად სისტემური და კომლექსურია, რომ სუუამ-ის ერთობლივ ორგანიზმად განვითარება, ალბათ, ჯერ კიდევ ნაადრევია. დასავლეთსა და განსაკუთრებით აშშ-ს სურვილი აქვს, რომ სუუამი ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცეს, რომელიც რუსეთის გარშემო პროდასავლურ ზონას შექმნის. თუმცა, თავად სუუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება ხელს უშლის ამ სუსტი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნებისაგან ძლიერი ჯგუფის შექმნას. მითუმეტეს რომ, 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ სუუამ-ის თითოეული სახელმწიფო ორმხრივ დონეზე ცდილობს აშშ-თან მოაგვაროს თავისი ურთიერთობა და სტრატეგიულ სფეროებში ითანამშრომლოს. თუ ამ ორმხრივმა თანამშრომლობამ გარკვეული შედეგი გამოიღო და უპირველეს ყოვლისა თუ სუუამ-ის წევრი ქვეყნები შეძლებენ შიდა რეფორმების განხორციელებას, მაშინ შეიძლება რეალური გახდეს სუუამ-ის სერიოზულ ორგანიზაციად გადაქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სუსტი სახელმწიფოების მიერ ძლიერი ჯგუფის შექმნაზე პრეტენზია ყოველგვარ საფუძველს იქნება მოკლებული. მითუმეტეს, თუ ჯგუფს დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა არ ექნება. სუუამ-ის წევრ ქვეყნებში დღეისათვის მიმდინარე არცთუ ისე ჯანსაღი პროცესები სუუამ-ის ჯგუფის განვითარების პერსპექტივას ბუნდოვნად აქცევს. უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ, რომ სუუამი ძლიერ ჯგუფად მოგვევლინება. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ჯგუფმა არსებობა შეწყვიტოს.

დანართი 1
მნიშვნელოვანი თარიღები

1996 წელი - ვენაში (ავსტრია) აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის დელეგაციებს შორის თანამშრომლობა დაიწყო (ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების კონფერენციაზე).

1997 წლის 10 ოქტომბერი - აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდავასა და უკრაინის პრეზიდენტები სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სამიტის მსვლელობისას, ერთმანეთს შეხვდნენ და ორმხრივი, რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაში ინტერესთა თანხვედრა აღნიშნეს.

1997 წლის 25 ნოემბერი - ბაქოში (აზერბაიჯანი) სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე კონსულტაციების შედეგად, ერთობლივ ოქმს მოეწერა ხელი.

1998 წლის 28 აპრილი - დსთ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, სუამ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო შეხვედრა-თათბირი გაიმართა, რომელიც საბჭოზე განსახილველ საკითხებზე პოზიციების შეჯერება-შეთანხმებას დაეთმო.

 

1998 წლის 21-23 ივლისი - სუამ-ის სახელმწიფოების წარმომადგენელთა მონაწილეობით, კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, დსთ-ის საქმიანობის სრულყოფისა და მისი სტრუქტურის რეფორმირების საკითხებზე კონსულტაციები ჩატარდა.

1998 წლის 16 სექტემბერი - თბილისში ხელი მოაწერეს სუამ-ის ქვეყნების სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელების სამუშაო შეხვედრის ოქმს სასაზღვრო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ.

1998 წლის 5 ოქტომბერი - სუამ-ის წევრი ქვეყნები ერთმანეთს ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში შეხვდნენ. დელეგაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

1998 წლის 2 დეკემბერი - ოსლოში (ნორვეგია) ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა საბჭოს მეშვიდე სხდომაზე შეკრებილმა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავას საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს.

1999 წლის 21-22 იანვარი - საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრები ბაქოში უსაფრთხოების საკითხებზე აზრთა გასაზიარებლად შეიკრიბნენ. შეხვედრაში არ მონაწილეობდა მოლდავა. მინისტრებმა საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების მიმდინარე საკითხები განიხილეს.

1999 წლის 10 მარტი - თბილისში, ბისეკ-ის ქვეყნების შეხვედრისას გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოების წარმომადგენელთა კონსულტაცია, რომელზეც მოლაპარაკებათა ოქმი მიიღეს.

1999 წლის 2 აპრილი - დსთ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, მოსკოვში, უკრაინის საელჩოს შენობაში, გაიმართა სუამ-ის სახელმწიფოებისა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, უზბეკეთის მხარე ამ ღონისძიებაში სრულფასოვანი წევრის სტატუსით მონაწილეობდა.

1999 წლის 24 აპრილი - ვაშინგტონში (აშშ) ნატო-ს 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებისას უზბეკეთი სუამ-ის წევრი გახდა. სუამი სუუამ-ად გადაკეთდა.

1999 წლის 24 აპრილი - სუუამ-ის წევრი ქვეყნის ლიდერების მიერ ხელმოწერილი განცხადების შემდეგ, სუუამ-ის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 6-7 აგვისტოს ტისოვეჩში (უკრაინა) სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც ერთობლივი ოქმი მიიღეს.

1999 წლის 28-30 ივნისი - საქართველოში სუუამ-ის საქმიანობის კოორდინირებისათვის ვიზიტად იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ტარასიუკი. ვიზიტისას მინისტრმა აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში უკრაინის როლზეც ისაუბრა.

1999 წლის 15 ივლისი - კიევში (უკრაინა) უკრაინის პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმასთან შეხვედრისას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი სტეპაშინმა რუსეთის სუუამ-ში გაწევრიანება მოითხოვა.

1999 წლის ივლისი - ფლორენციის სამიტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ოფიციალურად სუუამ-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს პირველად შეხვდა, რაც სუუამ-ით ვაშინგტონის დაინტერესების მანიშნებელი იყო.

1999 წლის სექტემბერი - ვენაში (ავსტრია) ეუთო-ს სამიტზე სუუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.

2000 წლის 6 სექტემბერი - გაერო-ს ათასწლეულის სამიტზე, ნიუ-იორკში, სუუამ-ის ქვეყნების პრეზიდენტები შეიკრიბნენ.

2000 წლის 4 ოქტომბერი - გაერო-ში აზერბაიჯანის მუდმივმა წარმომადგენელმა სუუამ-ის ქვეყნების სახელით, გაერო-ს 55-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე ნარკოტიკების უკანონო ტრანზიტზე ისაუბრა.

2000 წლის 24 ოქტომბერი - გაერო-ში სუუამ-ის ნიუ-იორკის სექტემბრის სამიტის დოკუმენტები დარეგისტრირდა, როგორც დამფუძნებელი დოკუმენტები.

2000 წლის ნოემბერი - სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართა სუუამ-ის პირველი უმაღლესი დონის დიპლომატიური კონფერენცია, სადაც აშშ-ის წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

2001 წლის 6-7 ივნისი - სუუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტების მონაწილეობით იალტაში, უკრაინაში სამიტი გაიმართა.

2001 წლის 1-2 აგვისტო - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურების არაფორმალურ სამიტზე სოჭში (რუსეთი) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სუუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდაჭერა გამოთქვა.

2001 წლის 12 სექტემბერი - სუუამ-ის წევრი ქვეყნების საელჩოებმა ვაშინგტონში (აშშ) ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც დაგმეს აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტები.

2001 წლის 7-8 ნოემბერი - სუუამ-ის წევრი ქვეყენების მთავრობების წარმომადგენლები ბაქოში (აზერბაიჯანი) შეიკრიბნენ რეგიონის სატრასპორტო დერეფნების უსაფრთხოებასა და ფუნქციონირებაზე სასაუბროდ. შეხვედრაში აშშ-ის მთავრობის წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

2002 წლის 24-25 იანვარი - თბილისში (საქართველო) სუუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა მერვე შეხვედრა გაიმართა.

დანართი 2
ვიშეგრადის ჯგუფი

ვიშეგრადის ოთხეული არაოფიციალური სახელია ცენტრალური ევროპის 4 პოსტკომუნისტური ქვეყნის: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი - გაერთიანებისა. თავდაპირველად ჯგუფს ვიშეგრადის „ტროიკა“ ერქვა, ხოლო მას შემდეგ, რაც 1993 წელს ჩეხეთი და სლოვაკეთი ცალკე სახელმწიფოები გახდნენ, იგი ოთხეულად გადაიქცა.

ჯგუფს სახელი დაერქვა ჩრდილოეთ უნგრული ქალაქის ვიშეგრადის სახელით, სადაც 1991 წლის 15 თებერვალს ერთმანეთს სამი ქვეყნის პრეზიდენტები შეხვდნენ: ჩეხოსლოვაკიის - ვაცლავ ჰაველი, უნგრეთის - არპად გიონზი და პოლონეთის - ლეჰ ვალენსა. ამ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ევროპული ინტეგრაციისაკენ მიმავალ გზაზე სამ ქვეყანას შორის (დღეს უკვე ოთხი) ახლო თანამშრომლობის შესახებ. კომუნისტური რეჟიმის მსხვრევის შემდეგ, მათი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო ტოტალიტარული რეჟიმიდან თავისუფალ, პლურალისტურ და დემოკრატიულ საზოგადოებაზე გადასვლის გზაზე.

ჯგუფის წევრი ქვეყნები ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ და ერთი ცივილიზაციის ნაწილნი არიან. იზიარებენ საერთო კულტურულ და ინტელექტუალურ ღირებულებებს და საერთო რელიგიური ტრადიციები აქვთ. ოთხივე სახელმწიფოს სურვილია ევროკავშირში გაწევრიანება.

ჯგუფის წევრების განცხადებით, მათი ჯგუფი არ არის საერთო ევროპული ინტეგრაციის ალტერნატივა და სხვა ცენტრალურ ევროპულ სტრუქტურებს არ უპირისპირდება. პირიქით, ჯგუფის მიზანია ყველა ქვეყანასთან, განსაკუთრებით უშუალო მეზობლებთან, მაქსიმალური თანამშრომლობა.

ჯგუფს სურს წვლილი შეიტანოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში. ჯგუფის ყველა საქმიანობა მიმართულია ცენტრალური ევროპის რეგიონში სტაბილურობის გამყარებაზე და ევროკავშირში მათი გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

1. GUUAM - successor to the CIS or competitor, Central Asia/Caucasus/Analyst, Friday/August 6 1999;

2. From GUAM to GUUAM - Uzbekistan joins regional structure, Center for Russian Studies, 7 May 1999;

3. Anatol Lieven, What is it and what is it for?, Eurasia Insight, December 29 2000;

4. Vladimer Socor, While you wait, why not join GUUAM?, Wall Street Journal Europe, September 15 2000;

5. The countries of Russia`s former empire face a winter squeeze by the Kremlin, The Economist, September 30, 2000;

6. Kornely K. Kakachia, Will GUUAM and EEC bury the CIS?, Perspective, Volume XI, Number 2, November-December 2000;

7. Tomas Valasek, Military cooperation between Georgia, Ukraine, Uzbekistan, Azerbaijan and Moldova in the GUUAM framework, Caspian Studies Program, December 2000;

8. Viktor Zamyatin, Will the Moldovan pothole stop GUUAM?, ,,The Day” N8 5 March 2001;

9. Igor Torbakov, GUUAM`s loss is Russia`s gain, Eurasia Insight, June 22, 2001;

10. Oleksander Pavliuk, Ukraine`s regional politics: the case of GUUAM, Director of the Kiyv Center, East-West Institute, February 12 2001;

11. Sergey Zgurets, GUUAM between Russia and the USA, 19/02/2001;

12. Dr. Jennifer D.P.Moroney, Ukraine, GUUAM, and Western support for the proliferation of subregional organizations in Europe`s Security Gray Zone; Paper prepared for the annual ASN Convention, Harriman Institute, Columbia University, NY, 5-7 April 2001;

13. Fahrad Mammadov, GUUAM summit scheduled long ago took place, Turkistan Newsletter, Friday, 8 June 2001;

14. Olamgir Razzakov, Russia`s attempt to undermine GUUAM unity, Biweekly Briefing, Wednesday/February 14 2001;

15. Emil Danielyan, Ex-Soviet breakaway regions discuss cooperation in Karabakh, RFE/RL Armenia Report, 07/02/2001;

16. Khatuna Salukvadze, The GUUAM summit:toward a new Yalta order for the CIS?, Central Asia-Caucasus Analyst, 30 June, 2001;

17. Taras Kuzio, The role of GUUAM in the international anti-terrorist strategy, Eurasia Insight, October 28, 2001;

18. Igor Torbakov, GUUAM`s potential to play role in anti-terrorism alliance appears limited, EurasiaNet, November 7, 2001;

19. Ariel Cohen, US official give high marks to Kariomov on Washington visit, Eurasia Insight, March 19, 2002;

20. ქვეყნების შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა: The World Factbook 2001: www.cia.gov/cia/publications/factbook/;

21. სტატიაში გამოყენებულია სუუამ-ის ინტერნეტ-გვერდის მასალები: www.guuam.org;

22. სტატიაში გამოყენებულია ვიშეგრადის ჯგუფის ინტერნეტ-გვერდის მასალები: www.visegrad.org.