ბიბლია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და დაფასებული წიგნია.
შეკითხვაზე, - სამუდამო პატიმრობა რომ მოგისაჯონ და ერთადერთი წიგნის წაღების უფლება დაგრთონ, რომელს აირჩევდით? მწიგნობართა უმრავლესობა (ფილოსოფოსები, ათეისტები და არაქრისტიანებიც კი) იძლევა პასუხს - ბიბლიას!
ბიბლიისა თუ მისი ცალკეული წიგნების გამოცემათა რაოდენობა და საერთო ტირაჟი ნებისმიერი სხვა წიგნის გამოცემათა რაოდენობას და ტირაჟს შეუდარებლად აღემატება. დღეისათვის ძნელად მოიძებნება კულტურასა და ცივილიზაციას ასე თუ ისე ნაზიარები ხალხი, რომლის ენაზეც ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი მაინც რომ არ იყოს ნათარგმნი. ბიბლიოლოგიის საკითხებს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში ყოველთვის საპატიო ადგილი ეთმობა. თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მოქმედებს ბიბლიური საზოგადოებები, რომლებიც კულტურულ - საგანმანათლებლო მიზნებს ისახავენ და ბიბლიის ტექსტს ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდიან.
ბიბლია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წიგნებს (,,ბიბლონ“-წიგნი). იგულისხმება არა ნებისმიერი, არამედ ღვთივშთაგონებული და სულიწმიდის მადლით აღვსილი წიგნების კრებული.
ეტიმოლოგიურად „ბიბლონ“ უკავშირდება ეგვიპტური მცენარის „პაპირუსის“ (ქართულად ,,ჭილის“) ბერძნულ შესატყვისს - ,,ბიბლოს“, რომელიც, გარდა მცენარისა - პაპირუსისა ანუ ჭილისა, ეწოდებოდა იმავე მცენარისაგან დამზადებულ საწერ მასალას, ტყავის (ეტრატის ანუ პერგამენტის), ანდა ქაღალდის მაგიერ რომ გამოიყენებოდა. ამ სიტყვამ („ბიბლოს“) შემდეგ წიგნის მნიშვნელობა შეიძინა.
ბიბლიას, „საღვთო წერილისა“ და „წმიდა წერილის“ გარდა, შეიძლება ვუწოდოთ „წიგნთა-წიგნი“, „თვით-წიგნი“, მარტივად „წიგნი“, ,,წერილი“. როდესაც იტყვიან: „წიგნი გვაუწყებს“, „წერილი გვაუწყებს“, „წიგნის“ ქვეშ ბიბლია იგულისხმება.
ბიბლია ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა საერთო სახელწოდებაა. ეს ტერმინი დაამკვიდრეს IVს-ის დიდმა მამებმა- იოანე ოქროპირმა და ეპიფანე კვიპრელმა.
წიგნები, რომლებსაც ბიბლიურს უწოდებენ, ჯგუფდება ორ კატეგორიად: კანონიკური ანუ დაბეჭდილი (ე.ი. ბეჭედდასმული) და არაკანონიკური ანუ დაუბეჭდავი. უკანასკნელთ ხშირად აპოკრიფულსაც ეძახიან (,,აპოკრიფი“ ბერძნული სიტყვაა და ,,დაფარულს“ ნიშნავს). კანონიკური ანუ წმიდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია კანონის სახელით. „კანონი“ ხშირად ბიბლიის მნიშვნელობით იხმარება.
შემადგენლობა, შინაარსი, ავტორები
ბიბლია ორ ნაწილად იყოფა - ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. პირველს მიეკუთვნება წიგნები, რომლებიც დაწერილია ქრისტეს შობამდე და რომელთა ღვთიურობა აღიარებულია როგორც ებრაელების, ისე ქრისტიანების მიერ. მეორე აერთიანებს წიგნებს, რომლებიც მოციქულებისა და მახარებლების კალმითაა განსრულებული.
ღვთივშთაგონებული წიგნების რაოდენობა სხვადასხვა ტრადიციაში სხვადასხვაგვარია. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ბიბლიური წიგნის ავტორიტეტს ანუ სიწმიდეს ყველა ერთნაირი თვალით არ უყურებს.
ბიბლიის კანონიკური წიგნების რიცხვი, ძველი ტრადიციის თანახმად, უდრის 49-ს. აქედან 22 განეკუთვნება ძველ აღთქმას, 27 - ახალს (შედარებით ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ).
ქართული „აღთქმის“ შესატყვისებია: ებრ. „ბერით“, ბერძნ. „დიათეკე“, ლათ. „ტესტამენტუმ“, რუს. „ზავეტ“. მათი მნიშვნელობებია - ანდერძი, დაპირება, კავშირი, ხელშეკრულება. „ძველი აღთქმა“ გულისხმობს იმ დაპირებას, იმ კავშირს, იმ ხელშეკრულებას და იმ ანდერძს, რომელიც ქრისტეს შობამდე აღუთქვა ღმერთმა ადამიანს. ფაქტობრივად, ესაა ხელშეკრულება ორ სუბიექტს - ღმერთსა და ადამიანს - შორის. ისტორიის კონკრეტულ ჟამს ღმერთი განკაცდა ქრისტე იესოში, რომელმაც აღთქმა განაახლა და მისი შინაარსი სრულყო. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ორივე აღთქმა არსებით ერთი და იგივეა. აქ საქმე ერთი მთელის სხვადასხვა საფეხურებთან გვაქვს. ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის ისტორია სხვა არაფერია, თუ არა აღთქმის შინაარსის ეტაპობრივად გაცხადება და დაზუსტება, ამ შინაარსის გაღრმავება. კითხვაზე - რა აუცილებელი იყო დროში ასეთი განგრძობითობა - პასუხს გზადაგზა გავცემთ.
უზენაესი ღმერთი - ყოვლადწმიდა სამება - ერთიანი ნებით და მადლით ისტორიის კონკრეტულ ჟამსა და ალაგს ეცხადებოდა სათნო და მართალ ადამიანებს, რჩეულ პიროვნებებს და აუწყებდა სიბრძნეს და მეცნიერებას. ეს ადამიანები ცნობილი არიან წინასწარმეტყველებად და მოციქულებად.
წინასწარმეტყველნი ძველი აღთქმის ავტორები არიან, მოციქულნი - ახლისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ძველი აღთქმის ყველა ეპიზოდი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, არის მინიშნება ახალ აღთქმაზე. ნეტარი ავგუსტინეს თქმით: „ძველ აღთქმაში დაფარულია ახალი აღთქმა და ახალ აღთქმაში გაცხადებულია ძველი“.
ბიბლიის პირველ ხუთ წიგნს - ხუთწიგნეულს-ებრაულად, დედნის ენაზე, ეწოდება თორა (კანონი). მათ ავტორად ანუ ჩამწერად ითვლება ღმერთთანმეტყველი მოსე, რომელმაც მამების რჯული აღადგინა, მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა ერი და აუწყა ზეციური განგება: მცნება და კანონი. მაშასადამე, მოსეს მიეწერება ხუთი წიგნი, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, პირველი ცოდვა და მისი შედეგი, სამოთხიდან გამოსვლა და კაცობრიობის გამრავლება, რჩეული ერის -ისრაელის - თავგადასავალი აღთქმულ ქვეყანაში მისვლამდე.
ძველი აღთქმის დანარჩენ წიგნებში ასახულია ებრაელი ერის თვითდამკვიდრებისა და თვითაღშენების პროცესი; 12 ტომის მონოლითურ სახელმწიფოდ გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს დაშლის ამბავი; ომები გარეშე თუ შინაურ მტრებთან; კვლავ მონობა, კვლავ გაფანტვა და მაინც - ხსნის იმედი და მოლოდინი. აქ არის სიბრძნე, აქ არის შეგონება, აქ არის პოეზია. მათი ავტორები, წინასწარმეტყველები, აღწერენ ცხოვრების ავსაც და კარგსაც, დაუფარავად და პრინციპულად ამხილებენ დიდსა თუ მცირეს, თავიანთ თავსაც და უცხო ძალასაც. წინასწარმეტყველთაგან, რომლებიც ბიბლიური წიგნების ავტორებად, უფრო ზუსტად, ღვთის კალმებად არიან ცნობილნი, გამორჩეული ადგილი უჭირავთ: ისუ ნავეს ძეს, დავით მეფეს, რომლის წიგნს (საგალობელთა კრებულს) ქართულად „ფსალმუნნი“ ან ,,დავითნი“ ეწოდება, სოლომონ მეფეს - ბრძენს, რომელსაც მიეწერება სამი კანონიკური წიგნი (იგავნი, ეკლესიასტე, ქება-ქებათა) და ერთი არაკანონიკური (სიბრძნე). მათ მოჰყვებიან წინასწარმეტყველები დიდნი (ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი) და მცირენი რიცხვით 12 (ოსია, იოველი, ამოსი, აბდია, იონა, მიქია, ნაუმი, ამბაკუმ, სოფონია, ანგია, ზაქარია, მალაქია).
თანამედროვე ებრაული ტრადიციის მიხედვით, რომელსაც მასორეტულს უწოდებენ, ძველი აღთქმა დაყოფილია 39 წიგნად. მათ აჯგუფებენ სამ ნაწილად. პირველს ეწოდება კანონი ანუ რჯული (თორა) და შეიცავს მოსეს ხუთწიგნეულს: დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული. მეორე ნაწილს კი - წინასწარმეტყველნი და შეიცავს წიგნებს: ისო ნავეს ძე, მსაჯულნი, პირველი და მეორე მეფეთა ანუ სამოელის წიგნები (ითვლება ერთ წიგნად), მესამე და მეოთხე მეფეთა (ითვლება ერთ წიგნად), ესაია, იერემია, ეზეკიელი, თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი (ითვლება ერთ წიგნად). მესამე ნაწილს ეწოდება წერილნი და შეიცავს შემდეგ წიგნებს: იობი, რუთი, ფსალმუნნი, იგავნი, ქებათა-ქება, ეკლესიასტე დანიელი, იერემიას გოდება, ეზრა და ნეემია (ითვლება ერთ წიგნად), პირველი და მეორე ნეშტთა (ითვლება ერთ წიგნად) და ესთერი. თუ რუთისა და მსაჯულთა წიგნებს გავაერთიანებთ ერთ წიგნად და, ასევე, იერემიას გოდებასა და იერემიას წინასწარმეტყველებას ერთ წიგნად ჩავთვლით, მივიღებთ 22 წიგნს. იოსებ ფლაბიოსის მოწმობითაც ძველად ებრაელები სწორედ 22 წიგნს თვლიდნენ მათი ანბანის 22 ასო-ნიშნის შესაბამისად.
ძველი აღთქმის არაკანონიკური წიგნები
ბიბლიის ბერძნულ თარგმანში, რომელიც სეპტუაგინტას (,,სამოცდაათისეული'') სახელითაა ცნობილი, შესულია ძველი აღთქმის სხვა წიგნებიც: ეპისტოლე იერემიასი და ბარუქი, ტობითი, ივდითი, სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, მე-2 და მე-3 ეზრა, მაკაბელთა სამი წიგნი და კიდევ: ზოგიერთი ნაწყვეტი, ჩართული კანონიკურ წიგნებში, როგორიცაა:
1. ესთერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელიც არაა დანომრილი მუხლობრივად ბერძნულ და სლავურ ბიბლიაში;
2. მანასეს ლოცვა მე-2 ნეშტთას ბოლოში;
3. სამი ყრმის სიმღერა დანიელის წიგნში (მე-13 თავი);
4. მოთხრობა სუსანაზე (იქვე) და
5. ბელსა და გველეშაპზე (იქვე, თ. 14).
ეს წიგნები და ნაწყვეტები ებრაულ ბიბლიაში არ არის. ისინი გამოჩნდნენ ბერძნულ ენაზე და სხვადასხვა დროს შეიტანეს ბიბლიაში. ეკლესია არ აღიარებს მათ კანონიკურ წიგნებად, მაგრამ მიიჩნევს აღმზრდელობითად და სულის მარგებლად.
ახალი აღთქმის წიგნების ის თანმიმდევრობა, რომელიც ქართულ გამოცემებშია, უძველესია. ამას ადასტურებს ბიბლიის ალექსანდრიული და ვატიკანური ხელნაწერები (IV ს.), მოციქულთა კანონები, ლაოდიკიისა და კართაგენის კრებათა აქტები და სხვა, მაგრამ ყველგან ასე არაა. მაგალითად, ვულგატაში (ლათინურში) და ახალი აღთქმის ამჟამინდელ ბერძნულ გამოცემებში კათოლიკე ეპისტოლეები მოთავსებულია პავლეს ეპისტოლეთა შემდეგ, აპოკალიფსამდე.
პავლეს ეპისტოლეების განლაგების პრინციპი ასეთია: ჯერ წარმოდგენილია ეპისტოლეები, მიმართული მთლიანი ეკლესიებისადმი, შემდეგ - ის ეპისტოლეები, რომლებიც ცალკეული პირებისადმია გაგზავნილი.
ძველი აღთქმის წიგნების ერთ კრებულად ჩამოყალიბება ხდებოდა თანდათანობით, ამ წიგნების გამოჩენასთან ერთად.
მითითებას რჯულის შემადგენლობისა და ძველი აღთქმის წიგნების სამ ნაწილად გაყოფის შესახებ ჩვენ ვხვდებით იესო ზირაქის ძესთან (220 წ. ქრისტეს შობამდე). სეპტუაგინტა (270 წ. ქრისტეს შობამდე) იმის დასტურია, რომ ძველი აღთქმის ყველა კანონიკური და არაკანონიკური წიგნი შედიოდა ერთ კრებულში, რადგან ისინი ერთ თარგმანში არიან წარმოდგენილნი.
როდის ჩამოყალიბდა კანონი ანუ რჯული, ე.ი. ძველი აღთქმა მთლიანად? ზუსტად ვერ ვიტყვით. მითითებას „რჯულის“ თანდათანობით შედგენის შესახებ ჩვენ ვხვდებით თვითონ წმინდა წიგნებში: როდესაც მოსემ რჯულის ყველა სიტყვა ჩაწერა წიგნში და შესანახად გადასცა ლევიანებს, ბრძანა, დაედოთ იგი აღთქმის კიდობნის გვერდით (2 რჯული 31:24-26). ისო ნავეს ძემ ღვთის სიტყვები და გამოცხადებები საღვთო რჯულის წიგნში ჩაწერა ანუ შეუერთა მოსეს ხუთწიგნეულს (იესო 24:26). სამუელმა გამოუცხადა ხალხს მეფის უფლებანი, წიგნში ჩაწერა და უფლის წინაშე დადო (1 მეფ. 10:25).
სამუელის მიერ დაარსებულ წინასწარმეტყველთა სკოლებიდან გამოვიდნენ შემდეგდროინდელ მოვლენათა აღმწერნი - წინასწარმეტყველები: ნათანი, გადი და სხვები, რომლებიც ითვლებიან წმიდა მწერლებად და წმიდა წერილის მცველებად.
წმიდა წიგნები ინახებოდა წმიდათა წმიდაში, აღთქმის კიდობნის გვერდით. ისინი ცნობილნი იყვნენ ლევიანთა და მღვდელთათვის; ივსებოდნენ ახალი ჩანაწერებით ძველი აღთქმის მამების მიერ და ინუსხებოდნენ ხოლმე საეკლესიო თუ საერო მიზნებისათვის.
საღვთო წიგნების კრებულად გაერთიანება დასრულდა ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ეზრას, ნეემიას და უკანასკნელ წინასწარმეტყველთა მიერ.
ახალი აღთქმის კანონიც თანდათან იქმნებოდა ამა თუ იმ წიგნის სამოციქულო წარმომავლობის დადგენის ან უარყოფის კვალდაკვალ, საკითხის გულმოდგინედ შესწავლის საფუძველზე.
წიგნი, რომელსაც პირველი ქრისტიანები კითხულობდნენ, იყო ძველი აღთქმა. მალე, პირველსავე საუკუნეში, გამოჩნდა სახარებები და მოციქულთა ეპისტოლეები, მასთან ერთად - ნაყალბევი თხზულებებიც იესო ქრისტეს ცხოვრებისა და მოძღვრების შესახებ. I-II საუკუნეებში დაიწერა იმ მამათა თხზულებები, რომლებიც ეკლესიაში ცნობილნი და პატივცემულნი იყვნენ როგორც მოციქულთა უშუალო მოწაფეები და მოწაფეთა მოწაფეები: კლიმენტი, პოლიკარპე, ეგნატე და სხვანი, რომლებიც სამოციქულო კაცებად იწოდებიან. ამდენად, ეკლესიას ჰქონდა ზუსტი განსაზღვრის შესაძლებლობა, თუ რომელი წერილი ჩაეთვალა ჭეშმარიტად სამოციქულოდ, წმინდად და ღვთივშთაგონებულად და გაემიჯნა ასეთი წერილები ანუ წიგნები როგორც ყალბი და არაჯანსაღი მოძღვრების შემცველი თხზულებებისაგან, ისე იმ თხზულებებისაგან, რომლებიც ეკუთვნოდნენ არა უშუალოდ მოციქულებს, არამედ - მოციქულთა მოციქულებს. უკანასკნელთა თხზულებები, რა თქმა უნდა, შეიცავდა ჯანსაღ და სწორ მოძღვრებას, მაგრამ ისინი მაინც ადამიანური წარმომავლობის იყო და მნიშვნელობით ვერ შეედრებოდა ღვთაებრივ და გამოცხადებულ წერილს.
II ს-ში ეკლესიაში ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა ოთხი სახარების, მოციქულთა საქმეების, პავლეს ცამეტი ეპისტოლის, პეტრეს პირველი ეპისტოლის და მოციქულ იოანეს პირველი ეპისტოლის ჭეშმარიტებას და ორიგინალურობას. იმ დროისათვის ეს წიგნები შეადგენდნენ საერთო-საყოველთაო კანონს. ახალი აღთქმის დანარჩენმა ნაწილმა საყოველთაო აღიარება გვიან მოიპოვა. მაგალითად: ორიგენე III ს-ში ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, რომ ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, ეპისტოლეები იაკობისა, იუდასი, მეორე პეტრესი, მეორე და მესამე იოანესი იყო ნამდვილი და ჭეშმარიტი. დასავლეთში დიდხანს ყოყმანობდნენ ებრაელთა მიმართ ეპისტოლესთან დაკავშირებით, აღმოსავლეთში - აპოკალიფსთან დაკავშირებით.
მოციქულთა წერილებთან ერთად დიდი პატივისცემით სარგებლობდა და IV ს-მდე ეკლესიაში ლიტურგიკული დანიშნულებაც ჰქონდა ზოგიერთ ეპისტოლეს. პირველ რიგში უნდა დავასახელოთ პაპი კლიმენტისა და ბარნაბას ეპისტოლეები და ერმიასის „მწყემსი“.
საეკლესიო ისტორიკოსი ევსევი (IV) ახალი აღთქმის წიგნებს სამ კატეგორიად ყოფს:
1. ეკლესიის ერთსულოვანი აზრით და დასტურით მოციქულთა ხელიდან გამოსული თხზულებანი - ოთხი სახარება, საქმენი მოციქულთა, პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე, პირველი იოანესი და პირველი პეტრესი.
2. საყოველთაოდ არაღიარებულნი და სადავონი. მათგან ზოგიერთნი: ეპისტოლე იაკობისა, იუდასი, 2 პეტრესი, 2-ე და 3-ე იოანესი და აპოკალიფსი ეკლესიამ საბოლოოდ მაინც აღიარა და შეიტანა კანონში. სხვანი კი, როგორიცაა: საქმენი პავლესი, ერმიასის „მწყემსი“, პეტრეს აპოკალიფსი, ბარნაბას ეპისტოლე, მოციქულთა სწავლანი („დიდაქე“) და სახარება ებრაელთა მიმართ, მათი არამოციქულებრივი წარმომავლობის გამო, არ შეიტანეს კანონში;
3. უეჭველად არამოციქულებრივი და უდავოდ ერეტიკულიც კი.
კანონის საბოლოო ვარიანტი შეიმუშავეს ლაოდიკიის, ჰიპონიის, კართაგენისა და რომის კრებებმა IV-V სს-ში. ამ მხრივ დიდია პაპი ინოკენტი I-ისა და, განსაკუთრებით, პაპი გელასის ღვაწლი. უკანასკნელმა დაახლოებით 493 წელს გამოაქვეყნა დეკრეტი, რითაც საბოლოოდ განისაზღვრა კანონი. ამის შემდეგ იქ შეტანილი წიგნების წინააღმდეგ აქა-იქ ცალკეული გაუბედავი ხმები თუ ისმოდა. მხოლოდ გერმანულმა რეფორმაციამ დააყენა ეჭვის ქვეშ ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნის კანონიკური ღირსება. ლუთერმა გაბედა და აპოკრიფული უწოდა აპოკალიფსსა და ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ. მის კვალდაკვალ სხვა ლუთერელი ღვთისმეტყველებიც მეორეხარისხოვანს უწოდებდნენ იმ წიგნებს, რომლებიც ძველად დავას იწვევდნენ (2 პეტრე, 2 და 3 იოანე, იაკობი, იუდა, ებრაელთა მიმართ ეპისტოლე და აპოკალიფსი), თუმცა კანონში მაინც ტოვებდნენ მეორეხარისხოვანი წიგნების უფლებით და, მაშასადამე, ღირსებით საღმრთო წერილის დანარჩენ ნაწილთან არ ათანაბრებდნენ.
XVIII ს-ის შუა წლებიდან დასავლეთ ევროპაში აღორძინდა რაციონალიზმი, რომელმაც უარყო რწმენა და წერილის ღვთივშთაგონებულობა; მან ლაშქრობა დაიწყო და თავი მოუყარა არგუმენტებს არა მხოლოდ ცალკეული წიგნების, არამედ მთელი წერილის წინააღმდეგ. თუმცა ეს მიმდინარეობა კათოლიკეებისა და ორთოდოქსი პროტესტანტების ერთსულოვან და საფუძვლიან წინააღმდეგობას წააწყდა.
ბიბლიოლოგიის საკვანძო საკითხები
ბიბლია იწერებოდა 13 საუკუნის განმავლობაში (XIII-I). უძველესია მოსეს „ხუთწიგნეული“, უგვიანესი იოანეს „გამოცხადება“.
მოსეს რჯული განკუთვნილი იყო „რჩეული ერისათვის“, ებრაელებისათვის და, ბუნებრივია, ძველი აღთქმა დაიწერა მათსავე ენაზე. უძველეს ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია მხოლოდ IX-Xსს-ის ხელნაწერები. ესენია: პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის სახ. ბიბლიოთეკის, ბრიტანეთის მუზეუმის და კიდევ რამდენიმე, რომელთა გვერდით დგას ე.წ. ლაილაშის ბიბლია, რომელიც დაცულია თბილისის კ.კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში. უძველესი ხელნაწერების ფრაგმენტები 1948 წელს მკვდარი ზღვის აუზში აღმოჩნდა. ისინი ცნობილია ყუმრანის ხელნაწერების სახელით, რომელთა მეცნიერული შესწავლა დღესაც გრძელდება.
ქრისტიანულმა სამყარომ ძველი აღთქმა უმთავრესად ბერძნულენოვანი თარგმანით გაიცნო. ძვ.წ. VI ს-ში ისრაელის სამეფო ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, დაიპყრო და „რჩეული ერის“ დიდი რაოდენობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტა. ნაწილი მცხეთის სანახებს მოადგა და ჩვენს მიწა-წყალზე ჰპოვა თავშესაფარი. ნაწილი - აღმოსავლეთში, ნაწილიც დასავლეთში გაიხიზნა. მათ თანდათან დაივიწყეს დედაენა. ამის გამო რაბინთა წინაშე დადგა საკითხი საღმრთო წერილის მორწმუნეთათვის გასაგებ ენაზე თარგმნისა. ეს იდეა მომწიფდა ალექსანდრიის ებრაულ დიასპორაში, რომლის საურთიერთო და სააზროვნო ენა ბერძნული იყო. გამოიკვეთა ამ ენაზე ძველი აღთქმის თარგმნის აუცილებლობა, რამაც ხორცი პტოლემეოს ფილადელფოსის დროს შეისხა. შემონახულია გადმოცემა: 270 წ-ს ალექსანდრიაში 70 (უფრო ზუსტად, 72) მთარგმნელი შეკრიბეს და ორ-ორად დააჯგუფეს. მთარგმნელები დასხდნენ ცალ-ცალკე ოთახებში და მუშაობდნენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. მათი თარგმანები (გამოვიდა 35) იდენტური აღმოჩნდა, რაც ღვთის მადლისა და ნების მაუწყებლობად ჩაითვალა. აღნიშნულ თარგმანს ბერძნულად ჰებდომეკონტა, ლათინურად სეპტუაგინტა ანუ სეპტანტა (სამოცდაათისეული) უწოდეს. იგი გავრცელდა ბერძნულენოვან სამყაროში და საფუძვლად დაედო ახალ, სხვაენოვან თარგმანებს, გარდა ლათინურისა. უშუალოდ ებრაელი დედნიდან ბიბლია ამ ენაზე IVს-ის საეკლესიო მოღვაწემ ნეტარმა იერონიმემ 386-406 წლებს შორის თარგმნა.
ძვ.წ. II-III სს-ში ბერძნულ ენაზე ძველი აღთქმის კიდევ სამი თარგმანი აღმოცენდა. ესენია: აკვილას, სვიმახოსისა და თეოდოტიონის. მათი მიზანი იყო წარმოედგინათ ებრაული ტექსტის სრული შესატყვისი, მოეცათ ზედმიწევნითი თარგმანი. მიუხედავად ამისა, ამ თარგმანებმა საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვეს, თუმცა ღვთისმეტყველები ყოველთვის უწევდნენ ანგარიშს და მათ მონაცემებს ითვალისწინებდნენ. სეპტანტის ხელნაწერების არშიებზე, ამა თუ იმ ადგილის გასწვრივ, ხშირად ვხვდებით მინაწერებს იმის შესახებ, თუ როგორ იკითხება მოცემული მუხლი აღნიშნულ თარგმანებში. ასეთ შრომას, კატენის სახელით რომაა ცნობილი, მეცნიერული მიზანი ჰქონდა. სამღვდელმსახურო (ლიტურგიკულ) პრაქტიკაში ყოველთვის და ყველგან 70-თა თარგმანს იყენებდნენ.
სეპტუაგინტას პირვანდელ ვარიანტს ჩვენამდე არ მოუღწევია. ის დაყოფილია სამ უმთავრეს რედაქციად. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის თქმით, ,,ბიბლიოლოგიის ყურადღება ახლა მიქცეულია იქითკენ, რომ ეს თარგმანი როგორმე აღდგენილ იქნეს. ამას კი შესაძლებლად ცნობენ სხვადასხვა ენაზე ნათარგმნ ტექსტთა მეოხებით, რომელთაც, უეჭველია, საფუძვლად დაედო ერთ - ერთი ქვემოდასახელებულ სამ რედაქციათაგან. ეს რედაქციებია: ორიგენის ჰეგზაპლები, რომელიც პალესტინაში იყო გავრცელებული, ლუკიანეს, ანტიოქელი მღვდელმოწამისა მეოთხე საუკუნეში, რომელსაც ეწოდება კოინე და მიღებული იყო ანტიოქიისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოებში და ივსიქი ალექსანდრიელისა, რომელიც ალექსანდრიაში იყო მიღებული“.
ხელნაწერები. აღმოჩენები. დასკვნები
ბიბლიოლოგიის ერთ-ერთი საპატიო უბანია ბიბლიური კოდიკოლოგია ანუ ბიბლიის ხელნაწერთმცოდნეობა. ეს ითქმის როგორც სეპტუაგინტას და ახალი აღთქმის ბერძნული ტექსტის, ისე სხვაენოვან თარგმანთა მიმართ. აღნიშნული დარგი გვეხმარება, პასუხი გავცეთ კითხვაზე, თუ როდის შეიქმნა კანონი, ე.ი. როდის გაიაზრეს ძველი და ახალი აღთქმა ერთ წიგნად ანუ ერთი მთელის ორ ნაწილად. ეს პრობლემა აქტუალური იყო XIX-XX სს-ის მიჯნაზე, ათეიზმისა და, კერძოდ, საღმრთო წერილის კრიტიკის მძვინვარების ხანაში. ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობდა, რომ I-III სს-ში ეკლესიის მამებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გააზრებული ძველი და ახალი აღთქმების მთლიანობა. ამბობდნენ: ბიბლიური წიგნები, რომლებიც სხვადასხვა დროსა და გარემოში აღმოცენდნენ, შემდეგ გააერთიანეს შემუშავებული გეგმისა და მიზნის მიხედვითო. ამ თეორიის წარმომადგენელნი ხელზე იხვევდნენ იმ ფაქტს, რომ მაშინ, XX საუკუნის 30-იან წლებამდე, არ იყო მიკვლეული ბიბლიის (სრული კანონის) უძველესი ნუსხები; არ ეგონათ თუ აღმოჩნდებოდა IVს-ის ხელნაწერების - ბიბლიის სინური და ვატიკანური კოდექსების - უადრესი ეგზემპლარები. ეს ბედნიერება წილად ხვდა ინგლისელ მოგზაურს ჩესტერ-ბიტს. მან 1931 წელს ეგვიპტეში ფელახებისაგან იყიდა 12 პაპირუსის ანუ ჭილის ხელნაწერი წიგნი. ისინი ფაიუმში უნახავთ, რომელიღაც ქრისტიანული მონასტრისა თუ ეკლესიის ნანგრევებში. მოგზაურმა ეს ხელნაწერები გადასცა ბრიტანეთის მუზეუმს, სადაც ცნობილმა არქეოგრაფ-პაპიროლოგებმა და თეოლოგებმა შეისწავლეს ისინი. გაირკვა, რომ 12 ხელნაწერი წიგნი ანუ კოდექსი წარმოადგენდა ერთი მთელის 12 ტომს და მოიცავდა ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) ტექსტს. მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ეს იყო სეპტუაგინტას უძველესი ნუსხა ჩვენამდე მოღწეულთაგან. იგი დაათარიღეს II-III სს-ით, რამაც შუქი მოჰფინა ბევრ საკითხს.
გაირკვა, რომ ბიბლია არის ჩვენამდე მოღწეულ ყდაში ჩასმულ წიგნებს შორის უძველესი. ამ აზრითაც იგი ჭეშმარიტად წიგნთაწიგნია: რამდენადაც მეცნიერებას თვალი მიუწვდება, ბიბლიამ მისცა დასაბამი ფურცელთა ყდაში ჩასმის ტრადიციას ანუ, შეიძლება ითქვას, ბიბლიით იწყება წიგნის (კოდექსის) ისტორია.
გარდა ამისა: ამ ფოლიანტებს შორის აღმოჩნდა აპოკალიფსი და დანიელის წიგნი. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ძველთაგანვე, III სს-ში მაინც, არსებობდა იოანე ღვთისმეტყველის ,,გამოცხადების“ კანონად შერაცხვის ტრადიცია და შემდეგ გამოითქვა ეჭვი მისი ავტორიტეტის თაობაზე. დანიელის წიგნი ბერძნულ ენაზე იმხანად (1931 წ-მდე) მხოლოდ თეოდოტიონის თარგმანითა და XIს-ის ხელნაწერით იყო ცნობილი. ჩესტერ-ბიტის აღმოჩენამ დაადასტურა მისი კუთვნილი ადგილი 70-თა თარგმანში. ამასთანავე: მეტი დამაჯერებლობა შეიძინა ირინეოს ლიონელის (II) სიტყვებმა: ,,ოთხივე სახარება ქრისტიანებისათვის არის ღვთაებრივი გამოცხადება“ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქრისტიანებისათვის მთავითვე არა მარტო ოთხივე სახარება, არამედ მთელი ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, რთ ,,ღვთაებრივ გამოცხადებად“ მოიაზრებოდა.
ბიბლიურმა კოდიკოლოგიამ ლახვარი ჩასცა თეორიას, რომელიც ქადაგებდა: ბიბლია არის „თეთრი ძაფით აკინძული და შეერთებული რომელიმე გაუწაფავი რედაქტორის ხელით“. ასე მოფიქრალნი გვარწმუნებდნენ: მოსეს ხუთწიგნეული წინასწარმეტყველის გარდაცვალებიდან ოთხი საუკუნის შემდეგ (IX ს-ში ძვ.წ.) შეიქმნა, სახარებები - IIIს-ში და ა.შ. ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად ასეთი თვალსაზრისები გაქარწყლდა. აი რას წერს ჩვენი საუკუნის უდიდესი გერმანელი თეოლოგი დაფილოლოგი ა. ჰარნაკი: ,,სამოცი წლის წინათ დავით შტრაუსმა წარმოიდგინა, თითქოს დაამტკიცა პირველი სამი სახარების ლამის მთლიანი არაისტორიულობა. მაგრამ შემდეგი წლების ისტორიულმა კრიტიკამ კვლავ დაამტკიცა მათი ისტორიულობა“. არც თუ დიდი ხნის წინათ საბჭოთა კავშირის სკოლებშიც ასწავლიდნენ, იესო ქრისტე მითიური პიროვნებააო, ისტორიულად არარსებული, ხოლო ქრისტიანული რელიგია - მაშვრალთა და დავრდომილთა ოცნება-სურვილების ნაყოფი. დღეისათვის მეცნიერების ხელთაა უამრავი ისტორიული წყარო, დოკუმენტი და არგუმენტი იესოს ისტორიულობის დამადასტურებლად. ასე რომ, თავად წყაროთმცოდნეობა, რომელიც არის მეცნიერების ,,არსობის პური“, ფანტავს სკეპსისს და ამყარებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციულ თვალსაზრისებს.
ბიბლიის (ძველი და ახალი აღთქმის) ძველ თარგმანთა შორის ქართული თარგმანი ერთერთი უძველესი თარგმანია. იგი ქართლის გაქრისტიანების (IV ს-ის 20-30-იანი წლები) ახლო ხანს უნდა აღმოცენებულიყო, რასაც უძველესი ქართული ხელნაწერები (ძირითადად - პალიმფსესტები) ცხადყოფს. ისინი V-VI სს-ით თარიღდება და მათ ფურცლებზე (პალიმფსესტების ქვედა ფენაში) ბიბლიის ქართული თარგმანის ნიმუშებია შემონახული.
ირკვევა, რომ ჩვენს წინაპრებს ბიბლიის სხვადასხვა წიგნი სხვადასხვა დროს დასხვადასხვა პირობებში უთარგმნიათ. მათ დედნად ბერძნული ორიგინალი გამოუყენებიათ (თუმცა ამ თემაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა). შემდგომი ეპოქის (განსაკუთრებით - X-XI სს.) სწავლულებს პირველთარგმანებისათვის რევიზია ჩაუტარებიათ და გაუუმჯობესებიათ; დედნებთან მაქსიმალურად დაუახლოვებიათ და სტილისტურად გაუშალაშინებიათ.
ხელნაწერი წიგნები (კოდექსები), რომლებიც IX-XII სს-ით თარიღდებიან და ჩვენს სიძველეთსაცავებში არიან დაცული, ამ თვალსაზრისით მდიდარ მასალას შეიცავენ. ბევრი ბიბლიური წიგნის ძველი ქართული თარგმანი რამდენიმე რედაქციითაა ცნობილი. ამ რედაქციათაგან კანონიკური ტექსტის უფლება უპირატესად გიორგი მთაწმინდელის (XI ს.) თარგმან-რედაქციებმა მოიპოვა და ქართულენოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურებაში დღესაც ისინი გამოიყენება.
XXს-ის 80-90-იან წლებში ბიბლია ახალ ქართულ ენაზეც ითარგმნა. ძირითადად ორი თარგმანი შესრულდა - საქართველოს საპატრიარქოსეული და სტოკჰოლმის ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტისეული. ორივე გამოცემულია. მათ გასაუმჯობესებლად და ახალი თარგმანების შესაქმნელად მუშაობა გრძელდება. ქვემოთ ძველი აღთქმისეული ადგილები უმეტესად ამოღებულია საპატრიარქოს გამოცემიდან (1989 წ.).
ებრაელებს ჰქონდათ საკმარისი საშუალება და სწრაფვა, რათა დაეცვათ წმინდა წიგნები მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან არა მხოლოდ შინაარსის, არამედ ფორმის და ენის მხრივაც. ბაბილონელთა ტყვეობის დროიდან სამეტყველო ენა გაემიჯნა სამწერლო ენას. კლასიკური ებრაული ხალხში აღარ ისმოდა და გაუგებარ გახდა. ებრაელებმა არამეულად დაიწყეს ლაპარაკი. ამ ენაზე უმარტავდნენ ხალხს კანონს, რომლის შინაარსი მათ მშობლიურ ენაზე უკვე აღარ ესმოდათ (ნეემია 8:1-8. შდრ. 13:23-25). ძველებრაული ენა დარჩა რელიგიის, წმინდა წიგნებისა და ლიტერატურის ენად.
ტყვეობის ხანიდან ებრაელები განსაკუთრებით მიეჯაჭვნენ ყოველგვარ ნაციონალურს და გამოწვლილვით იცავდნენ თავიანთ ადათებს. იერუსალიმის დანგრევის შემდეგ (Iს. ჩვ.წ.) სწავლული ებრაელები გადასახლდნენ ტიბერიაში, სადაც დააარსეს ცნობილი რაბინთა აკადემია. II ს-ში ჩვ.წ. იქვე შეიქმნა თალმუდისტთა საზოგადოება, რომელიც აერთიანებდა წმ. წერილის შემსწავლელებს და განმმარტებლებს. ისინი ერთმანეთს უდარებდნენ ხელნაწერებს, ასუფთავებდნენ ტექსტს შეცდომებისაგან, რომლებიც ეზრას დროიდან შეპარულიყო და ადგენდნენ წმ. წერილის ერთიან სახეს გრაგნილებისათვის. მათ დათვალეს სიტყვების და ასოების რიცხვიც კი თითოეულ წმიდა წიგნში. მაგალითად, შესაქმის წიგნში აღმოჩნდა 2078 სიტყვა და 78100 ასო. ასეთი სამუშაო, რა თქმა უნდა, ხელს უწყობდა ტექსტის დაცვას დამახინჯებისა და გადაწერისმიერი შეცდომებისაგან.
ესაა მიზეზი, რომ თალმუდისტების ხელთ არსებული ტექსტი II-III სს-ისა ახლოს დგას თანამედროვე ტექსტთან. ყველა იმდროინდელ იკითხვისში ჩვენ ვხვდებით მხოლოდ 220 ვარიანტს. ამასთანავე - უმნიშვნელოსა და არაარსებითს.
როდესაც ებრაული ცოცხალი ენა იყო, მას ტრადიცია იცავდა, მაგრამ ახლა, როდესაც ერი სხვა ენაზე მეტყველებდა, დღის წესრიგში დადგა ხელნაწერების სწორად ამოკითხვის პრობლემა. ამისათვის კი საჭირო იყო მეცნიერულ-არქეოგრაფიული მუშაობის ჩატარება. ეს მისია იკისრეს სწავლულმა რაბინებმა, რომელთაც საქმიანობის მიხედვით მასორეტები ანუ ტრადიციის შემნახველნი (მასორა - ტრადიცია) ეწოდათ. მათ ყველა სიტყვას დაუსვეს ხმოვნები, შეკრიბეს და ერთმანეთს შეუდარეს ძველი ხელნაწერები და განმარტებები. დაადგინეს მუხლების ზომა და პუნქტუაცია. ტექსტზე მუშაობის ასეთ კომბინაციას ეწოდება დიდი მასორა, ხოლო ცალკეულ საქმეს - მცირე მასორა. ეს სამუშაოები ებრაულ ტექსტებზე, რომელიც V ს-ში დაიწყო, შემდეგაც ასეთივე გულმოდგინებით გაგრძელდა.
ებრაელებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა წმიდა ტექსტები შეენარჩუნებინათ უცვლელად და დაუმახინჯებლად. ჩვენამდე მოღწეულ ტექსტთა ერთნაირობა სერიოზული საბუთია იმისა, რომ ძველი აღთქმის წიგნები მთავარში და არსებითში მაინც უცვლელად არიან შემონახულნი.
ახალი აღთქმის ყველა წიგნი ბერძნულ ენაზე დაიწერა. გამონაკლისი უნდა იყოს მათეს სახარება, რომელიც, შესაძლებელია, არამეულად დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ბერძნულად.
ბერძნული ენის რომელ დიალექტზე დაიწერა ბიბლიის ეს მონაკვეთი?
- ძირითადად კოინეზე. ესაა საერთო-სახალხო, ყველასათვის გასაგები და ხელმისაწვდომი მეტყველება.
ენისა და სტილის უბრალოება შეესაბამება სახარებისა და ზოგადად ქრისტეს მოძღვრების არსებას, - მის ხალხურობას, საყოველთაობას.
ბიბლია იოჰან გუტენბერგის გამოგონების პირმშოა. 1445 წელს დაისტამბა საღმრთო წერილის ფრაგმენტები გერმანულ ენაზე, რასაც მოჰყვა ლათინური ვულგატა, რომელიც დღემდე პოლიგრაფიის შედევრად რჩება.
ამა თუ იმ ქვეყნის სტამბის ისტორია საღვთო წიგნის გამოცემით იწყება. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. პირველი ქართული წიგნები, რომლებიც დაისტამბა, საღვთო წერილისა იყო (თუმცა ქართული ანბანი უფრო ადრე ეზიარა სტამბას, რომში). ეს წიგნებია: ,,დავითნი“ (მოსკოვი, 1705) და „სახარება“ (თბილისი, 1709). სრული ბიბლია კი 1743 წელს დაისტამბა მოსკოვში.
ყველაფერი, რაც არსებობს - ხილული თუ არახილული, ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური, შექმნილია, - ქმნილებაა. შემოქმედი არის ღმერთი, რომელმაც ინება და შექმნა.
წუთისოფელი, მოციქულის სიტყვის თანახმად, ,,ბოროტსა ზედა დგას“ (1 იოანე 5:19). აქ ყველაფერი მიედინება, იჟანგება, იხრწნება, ლპება და კვდება. ერთნი ამპარტავნებენ, მეორენი იჩაგრებიან; ცბიერება და მუხანათობა ლაღობს, სიმართლე და პატიოსნება ითრგუნება; არის გვალვები, გადაუღებელი წვიმები, მეწყერები და მიწისძვრები; ომები და კატასტროფები. ესენი წუთისოფლის მოუცილებელი ნიშნებია. დაისმის კითხვა: ღმერთმა ასეთი სოფელი შექმნა?
ამ კითხვას ბიბლია და ბიბლიური თეოლოგია უარყოფით პასუხს სცემს.
თუ არა წუთისოფელი, რა არის ,,ყოველივე ხილული“, რომელიც ღმერთმა შექმნა? ბოროტებას ამქვეყნად სათავე ვინ დაუდო?
- პასუხისმგებლობა ადამიანის კისერზეა!
„თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ - ასე იწყება ბიბლია. აქ იგულისხმება როგორც ანგელოზური, ისე მატერიალური სამყარო. „ცა“ მოიცავს ზეცის უხორცო და გონიერ ძალებს, ე.ი. ანგელოზებს, „მიწა“ კი ყოველივეს ცისქვეშეთში. თუ როგორ შეიქმნა ანგელოზთა დასები, ბიბლია კონკრეტულად არაფერს გვეუბნება, რაც გასაგებია: იგი დაწერილია ადამიანისათვის ადამიანისავე ენაზე და ყურადღებას ამა ქვეყნის ბედზე, მის თავგადასავალზე ამახვილებს.
სიტყვა „შექმნა“ (,,ღმერთმა შექმნა...“), მიგვანიშნებს ღვთის შემოქმედებით პროცესზე, ნებაყოფლობით აქტზე, მის თავისუფალ ნებაზე. ღმერთი არის ყოველივეს არა იძულებითი, არა ბუნებითი, არა აუცილებლობითი, არამედ ნებაყოფლობითი და შემოქმედებითი მიზეზი. შემოქმედება კი ყოვლის უწინარეს გულისხმობს თავისუფლებას და ძირშივე გამორიცხავს იძულებას. ასე რომ, თავისუფლების იდეა ბიბლიის პირველ სტრიქონშია ჩამარხული.
ეს სტრიქონი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ღმერთმა თავდაპირველად სამყაროს მოდელი შექმნა და ეს მოდელი ერთბაშად, მყისიერად შექმნა. ესაა პოტენცია, რომლის რეალიზაცია მომავალში უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც. ხილული, მატერიალური, ნივთიერი სამყარო დროში განგრძობით, ეტაპობრივად, - ექვს დღეში შეიქმნა. აქ იგულისხმება არა ასტრონომიული, არამედ მისტიური დღე. უფრო სწორად - ექვსი დროითი პერიოდი. მაშასადამე, კოსმოსის სრულქმნას ექვსი დროითი მონაკვეთი დასჭირდა. თუმცა, ვიმეორებთ, ეს არაა ჩვენეული დრო, დროის ჩვენეული განზომილება. გავითვალისწინოთ, რომ მზე, დედამიწა და მათი ტრაექტორია (ანუ დღე-ღამისა და წელიწადის საზომი) შესაქმის პირველ დღეებში არ არსებობდა. ფსალმუნში ნათქვამია: ,,ათასი წელი, ვითარცა გუშინდელი დღე“ (89:4), რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ შესაქმისეული დღე ასტრონომიულ შინაარსს არ შეიცავს.
პირველ დღეს ღმერთმა ნათელი შექმნა; მეორე დღეს - ცა; მესამე დღეს - მიწა; მეოთხე დღეს - მანათობელნი ცისა და ქვეყანისა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. ასე დაედო სათავე წუთისოფელში ნათელისა და ბნელის მონაცვლეობას.
მეხუთე დღეს ღმერთმა შექმნა სულდგმულთა სამყარო - წყლის ბინადარნი და ცის ფრინველები. ასე რომ, სიცოცხლეს ამასოფლური დასაბამი წყლისა და ჰაერის წიაღში მიეცა.
მეექვსე დღეს ღმერთმა ცხოველთა სამყარო და ადამიანი შექმნა. ამ დღით დაგვირგვინდა ყოველივე ზემოთქმული, რადგან შეიქმნა ცისა და მიწის მშვენება, შესაქმის უდიადესი ნაყოფი და გვირგვინი, ქვეყნის პატრონი და უფალი - ადამიანი.
,,თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარის და მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
შექმნა ღმერთმა კაცი. თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა- მეექვსე დღე“ (დაბ. 1: 24-31).
მეშვიდე დღეს - შაბათს - ღმერთს არაფერი შეუქმნია (ებრ. შაბათ „შეწყვეტა“, „განსრულება“). მან მხოლოდ აკურთხა და წმიდაჰყო იგი და „დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა“ (დაბ. 2:2).
როგორც ვხედავთ, საღვთო წერილის ყურადღება მეექვსე დღის შესაქმეზეა კონცენტრირებული. ყოველი დღის შესაქმეს ამკობს ფრაზა: „დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო“. ხუთგზის აღინიშნება, რომ კარგია, ხოლო მეექვსედ, შესაქმის ბოლო დღეს, შექმნილის მთლიანობაში მოხილვის შემდეგ, როგორც შეჯამება შემოქმედებითი აქტებისა, აღმატებით ხარისხშია ნათქვამი: „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და, აჰა, ძალიან კარგი იყო“. „კარგს“ ებრაულად შეესატყვისება ,,ტობ“, რაც ნიშნავს ,,კეთილსაც“ და ,,მშვენიერსაც“. ქართული ,,კარგი“ მოიცავს ორივე მნიშვნელობას. მართლაც, პირველქმნილი სამყარო კეთილი და მშვენიერი იყო.
ღმერთმა რაც შექმნა, კეთილად ქმნა. მის მიერ ქმნილი სამყარო სრულყოფილი, უმწიკვლო და მშვენიერი იყო. იქ სუფევდა სრული ჰარმონია და სიმფონია, აბსოლუტური თანხმობა და წესრიგი. მატერია, რომელიც ღმერთმა შექმნა, არის სულიერი მატერია. მისთვის უცხოა ავადმყოფობა, ე.ი. კოროზია - ჟანგვა ანუ ხრწნა. ამ მატერიას არა აქვს სიმყიფე, ზომა და წონა. ეს კატეგორიები მხოლოდ მის პოტენციაშია და გამოვლინდება გარკვეული მიზეზის შედეგად. მიზეზი არის ცოდვა, რის გამოც სულიერი მატერია გარდაისახება ხრწნადად და მოკვდავად, - მარადიულობიდან წუთისოფლად, სულიერებიდან მშვინვიერად, უმწიკვლოებიდან მწიკვლოვანად.
მაშასადამე, პირველქმნილი ბუნება და მისი ბინადარნი, მთელი გალაქტიკა: ცა და მიწა - ხმელეთი, ზღვა და ატმოსფერო, მინერალური სამყარო, მცენარეულობა, ცხოველები და ადამიანი დასაბამიერ ყოფაში, შესაქმისეულ დროში, ყოვლითურთ კეთილნი იყვნენ. მათ შორის სიყვარული, მშვენიერება, ნეტარება და ბედნიერება სუფევდა. მოკლედ - თხა და მგელი ერთად ძოვდა. სულიერ არსებებს არც სციოდათ და არც სცხელოდათ, არ შიოდათ, არ ჰქონდათ ვნება - სექსუალური სწრაფვა, არ იცოდნენ ტკივილი. ცხოვრობდნენ როგორც უმანკო ბავშვები, ანგელოზთა მსგავსნი.
რამ გააუხეშა ღვთის ქმნილება? ვინ გადააქცია უკვდავი და უხრწნელი მატერია მოკვდავად და ხრწნადად? ვინ შექმნა წუთისოფელი ანუ სამყარო, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, აღვიქვამთ და ვხედავთ; სადაც თანაარსებობს ჰარმონია და, დროდადრო, დისჰარმონია, სიკეთე და ბოროტება, სიყვარული და სიძულვილი, სილამაზე და სიმახინჯე? ერთი სიტყვით - ვინ არის მიზეზი უკეთურების და უმსგავსობის?
გავიხსენოთ, რომ ღმერთმა შესაქმის გვირგვინად ადამიანი შექმნა და განუზომელი ღირსებით - საკუთარი ხატებითა და მსგავსებით დააჯილდოვა. ღმერთმა მარტოდენ ადამიანს მიმადლა ის, რაც მას, და მხოლოდ მას, - ცისა და ქვეყნის შემოქმედს, ამკობს - აზროვნება, ნებისყოფა, არჩევანის თავისუფლება და შემოქმედებითობა. ღმერთმა გამორჩეულ ალაგას დაასახლა ადამი: ,,უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა“ (დაბ. 2:8). ედემის ბაღი ანუ სამოთხე, როგორც მომდევნო აღწერილობიდან ჩანს, ქვეყნის შუაგულია. ღვთისგან ქმნილი სამყარო იმთავად თუმცა მთლიანად სამოთხე იყო, მაგრამ აღნიშნული სახელი ამშვენებდა იმ მხარეს - წალკოტს, სადაც სახლობდა ღვთის ხატი და მსგავსი. ეს მხარე არა მარტო ქვეყნის შუაგული, არამედ ყველაზე მაღალი ადგილიც იყო, რაც ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს ადამიანის უმაღლეს ადგილს ქმნილებათა შორის და მის პასუხისმგებლობას სულიერ და უსულო არსებათა, ცისა და მიწის, მთელი გალაქტიკის წინაშე. ადამიანს უნდა გაეგრძელებინა შემოქმედისაგან დაწყებული საქმე, ე.ი. უნდა ეშრომა და ეღვაწა, ოღონდ არა ლუკმაპურისათვის (როგორც წუთისოფელში), არამედ სულიერი და ფიზიკური ძალების განმტკიცებისათვის, რათა აღსრულებულიყო ღვთის ლოცვა-კურთხევა: აღორძინდით და გამრავლდით (ახალი თარგმანით - ინაყოფიერეთ და იმრავლეთ)! რა თქმა უნდა, ისინი უნდა აღორძინებულიყვნენ, მათ უნდა ენაყოფიერათ და ემრავლათ, მაგრამ არა ისე, როგორც დღეს - ხრწნილებით, არამედ სულიერად, წმიდად და უმანკოდ (მსგავსად ქალწული მარიამისა).
,,გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო.
თქვა უფალმა ღმერთმა:. არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რასაც დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი, დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
შიშველნი იყვნენ ორთავენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ“ (დაბ. 2:16-24).
ადამიანი ავტონომიური, თავისთავადი, თვითმყოფადი და თავისუფალი არსებაა. ღმერთი არ ერევა მის შემოქმედებით აქტში, არ ზღუდავს მის ნებას საგნებისა და მოვლენების სახელდების ჟამს. ეს კი ნიშნავს, რომ უზენაესმა მოაზროვნესა და მეტყველ არსებას მიმადლა ყველა სულდგმულისაგან გამორჩეული ნიჭი ანუ ტალანტი - თავისუფლება. და რადგან თავისუფლება მიმადლა, მისცა არჩევანის გაკეთების, ორიენტაციის დამოუკიდებლად აღების, ნაბიჯის შემოქმედებითად გადადგმის საშუალებაც. ამის ნიშანი იყო ედემის შუაგულში აღმოცენებული ორი ხე: ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. პირველის ნაყოფი განამტკიცებდა უკვდავებასა და უხრწნელებას, მეორისა - პირიქით, სოფელს ავადმყოფობასა და სიკვდილს უქადდა. ორი ხე ორი გზის სიმბოლო იყო: კეთილისა და ბოროტისა. არჩევანი კი ადამიანს უნდა გაეკეთებინა: საითაც გადადგამდა ნაბიჯს, იქით წარიმართებოდა მისი ბედი. ღმერთი კაცის ნება-სურვილში ვერ ჩაერეოდა. თუ ჩაერეოდა, თავის თავს დაუპირისპირდებოდა, ადამიანში კი ადამიანს მოკლავდა, რადგან ძეხორციელი მხოლოდ თავისუფლებით, პიროვნულობითა და ნების უნარით განირჩევა არაადამიანთაგან. სამივე ცნება - აზროვნება, ნება და თავისუფლება - ერთი მთლიანობაა, რომლის ჩახშობა და ჩაკვლა ნიშნავს პიროვნების - ღვთის ნაპერწკლის, ,,სიცოცხლის სუნთქვის“, ,,ღვთის სულის“ - ხელყოფას, რაც მიუტევებელი ცოდვა და დანაშაულია. წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: ღმერთი ყოვლის შემძლებელია, მაგრამ არ შეუძლია ადამიანის ცხონება, თუ უკანასკნელი თვითონ არ ინებებს ცხონებას. ამის გამო ღმერთმა ედემში მხოლოდ მცნება მისცა ადამს; აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ნაყოფის ჭამა, მაგრამ ნებისყოფისათვის გზა არ დაუხშვია.
ბიბლიის კომენტატორთა თქმით, ბოროტება ხილულ სამყაროში არახილულიდან შემოიჭრა (თუ საიდან და რა მიზეზით აღმოცენდა ბოროტება იქ, ვისაუბრებთ ქვემოთ). ამქვეყნად ეს აქტი გველის მეშვეობით განხორციელდა. ეშმაკი შევიდა ქვემძრომის სხეულში, ეახლა ადამის ცოლს - ევას, დააინტერესა იგი კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფით; აცდუნა იგი: „უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა“.
აი, დასაბამი ცოდვისა, საბედისწერო ნაბიჯისა, რომელიც გადადგა ადამიანმა, მოაზროვნემ, თავის თავზე კონტროლის უნარმქონე არსებამ. ცოდვა საღვთო განაწესის ანუ მცნების დარღვევაში გამოიხატა. ამ ფაქტს პირველცოდვა ეწოდება. მისი მასშტაბი და შინაარსი გლობალური, კოსმიური, ყოვლისმომცველი იყო. მან მყისიერად, ერთბაშად და თვისობრივად შეცვალა კაცის სხეულიც და ხასიათიც. ცოდვის შედეგად დაირღვა გვამისა და სულის სიმრთელე: სხეული ხრწნადად და მოკვდავად იქცა, - დაავადდა, დასნეულდა. ცოდვის შედეგი იმავდროულად გავრცელდა გარემომცველ სამყაროზე: უსულო და სულიერ საგნებზე - მინერალებზე, ფლორასა და ფაუნაზე, კოსმოსზე, მთელს გალაქტიკაზე, ნებისმიერ კუთხესა და კუნჭულზე. მატერიალური სამყარო განემსგავსა პირველსახეს და შეიძინა ის ქიმიური შემადგენლობა, ფორმა და თვისებები, რასაც დღეს ვხედავთ, აღვიქვამთ და ვსწავლობთ. ასე რომ, ჩვენი თვალთახედვის წინ მყოფი სამყარო - ჭუჭყიანი და ცოდვილი - შეიქმნა ადამიანის მიზეზით, პირველცოდვის გამო, ერთბაშად, მყისიერად, ცოდვისა და რისხვის ერთჯერადი აფეთქების შედეგად.
წამოიჭრება კითხვა: რატომ იყო დანაშაული კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხის ნაყოფის ჭამა? ეს კითხვა პირველ რიგში პედაგოგს უნდა დაებადოს: განა კაცობრიობის იდეალი განათლება, ცოდნის დაუსრულებლად მზარდი მწვერვალების დაუფლება არაა? - რა თქმა უნდა, მაგრამ ამისათვის აუცილებელია პიროვნების ზრდისა და განვითარების მრავალწახნაგოვანი გზის გავლა, ე.ი. ცოდნის კიბეზე ასვლისათვის მომზადება, რომ შუა გზაზე არ დავეცეთ და არ დავიღუპოთ. მაგალითად, ცხიმიანი საჭმელი, ჩვეულებრივ პირობებში, მისწრებაა ენერგიის გასამტკიცებლად, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოუვა თოთო ბავშვს მისგან? ანდა: რა შედეგს მოვიმკით: ბალღებს უმაღლესი სასწავლებლების პროგრამით რომ ვასწავლოთ? ყველაფერს თავისი დრო აქვს. ზიარების საიდუმლოს შესახებ ეკლესიის მოძღვრებას თუ გავიხსენებთ, ბიბლიის ეს ეპიზოდი შეგვიძლია ასეც გავიაზროთ: ეს ხე იგივე ვაზია და მისი ნაყოფის ჭამა-ზიარება. ზიარება სულისა და ხორცის კურნებაა, მაგრამ სულით და ხორცით მოუმზადებელთათვის სასჯელი და უბედურება.
კოსმიური ტრაგედიის პირველშედეგი წერილში გადმოცემულია ასე: „აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ? მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ, და დავიმალე. უთხრა: ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას. ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი.
უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი სიცოცხლის დედა.
გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა...“ (დაბ. 3:7-21).
ცოდვის გამო ადამიანის არა მხოლოდ ფსიქიკა და ცნობიერება შეიცვალა, არამედ ხორციც. ადამს ემოსა ნათლის სხეული, რომელიც აეხადა აკრძალული ნაყოფის გემოს ხილვის შემდეგ და შეეძინა უხეში სხეული - ,,ტყავის სამოსი“, რომელიც ყოველ წუთს განიცდის მოლეკულათა ცვალებადობას, რასაც თან სდევს სიცივე, სიცხე და ავადმყოფობა, უკანასკნელს კი - სიკვდილი. ამიტომაცაა საჭირო საკვები დაკარგული მოლეკულების აღსადგენად, სამოსელი სიცივისა თუ სიცხისაგან თავის დასაცავად, მედიკამენტები საკურნებელად და ა.შ. ,,მიწის დაწყევლა“ სიმბოლურად აღნიშნავს გარემომცველი სამყაროს (და არა მარტო დედამიწის) ნირშეცვლას სულიერიდან ფიზიკურისაკენ, უხრწნელებიდან ხრწნადობისაკენ, ლპობისა და აღხოცვისაკენ.
ასე რომ, წუთისოფელი ადამიანის ცოდვისა და დანაშაულის შედეგია.
ცოდვას და დანაშაულს, აუცილებლობის პრინციპით, სასჯელი მოჰყვა. სასჯელმა ცისქვეშეთში ყველაფერი მოიცვა. დაირღვა ჰარმონია, თანხმობა ადამიანისა ღმერთთან და გარემომცველ სამყაროსთან, მცენარეებთან და ცხოველებთან. ზოგიერთი ცხოველი გახდა მტაცებელი და მავნებელი, მცენარე კი - შხამიანი და მომწამვლელი. ყველა და ყოველივე დაიმონა ცოდვის მარწუხმა, რომლის მიზეზი არის ადამიანი - ხილული სამყაროს პატრონი, მეფე და პასუხისმგებელი. ამიტომაც ყოველი დაბადებული, პავლე მოციქულის სიტყვის თანახმად, ადამის გამო ,,თანაელმის და თანაკვნესის მოაქამომდე“ (რომ. 8:23).
ცოდვის შედეგები ქრისტიან თეოლოგთა მიერ ასეა გააზრებული: ,,გვწამს, რომ პირველი ადამიანი, შექმნილი ღვთისაგან, დაეცა სამოთხეში მაშინ, ოდეს ეურჩა ღვთის მცნებას და აღასრულა გველის მზაკვრული რჩევა. სწორედ იქიდან გავრცელდა მემკვიდრეობით წინაპართა ცოდვა შემდგომ თაობებზე. ასე რომ, არ არსებობს დაბადებულთაგან ძეხორციელი, თავისუფალი რომ იყოს ამ ტვირთისაგან და დღევანდელ ცხოვრებაში არ აჩნდეს პირველცოდვის დაღი. ამგვარ ტვირთად ანუ დაცემის შედეგად ჩვენ მიგვაჩნია არა თვით ცოდვა, როგორიცაა: უპატიოსნება, ღვთის გმობა, მკვლელობა, მძულვარება და სხვა ამგვარი, რაც მომდინარეობს, ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, ადამიანის ბოროტი გულიდან და არა ბუნებიდან (რადგან ბევრი მამათმთავარი, წინასწარმეტყველი და სხვა უამრავი წმინდანი ძველი და ახალი აღთქმისა, აგრეთვე ღვთის წინამორბედი და, უპირატესად, სიტყვისა ღვთისა მშობელი და ყოვლადწმიდა მარიამი არ იყვნენ მონაწილენი ამ და მსგავს ცოდვათა). ეს ტვირთი ანუ დაცემის შედეგი არის მიდრეკილება ცოდვისაკენ და ის უბედურებანი, რაც ღვთის მართლმსაჯულებამ განუჩინა ადამიანს მისივე ურჩობის გამო. ესენია: მომქანცველი შრომა, მწუხარება, ფიზიკური უძლურება, სალმობანი შობისა, განსაზღვრულ დრომდე ამქვეყნად ცხოვრება-ხეტიალი. ბოლოს კი ხორციელი სიკვდილი“ (მსოფლიო პატრიარქების ეპისტოლე, „საღვთისმეტყველო კრებული“, 1988, №3, გვ.61-62).
ნუთუ ღმერთმა დაწყევლა ყოველივე და არ დაინდო ძუძუთა ბავშვიც? პასუხი ცხადია და ერთადერთი: ადამიანმა თვითონ დაიწყევლა თავი; დაიტეხა ცოდვის ლოგიკური შედეგი - სასჯელი; თავისივე მიზეზით, გაუკუღმართებული ნებით დაიავადა სხეული და დაასნეულა სხვაც. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა განდევნა ადამი და ევა სამოთხიდან, რაც თარგმანებით (კომენტარით) ნიშნავს შემდეგს: ადამმა თავად განიდევნა თავი სამოთხიდან, რადგან განემსგავსა მას. უმწიკვლო და მწიკვლოვანი ერთმანეთის გვერდით ვერ თავსდებიან. სამოთხეში კი მხოლოდ სიკეთე და სიწმიდე ხარობს, ბოროტების ნაფრცქვენიც არაა იქ. მითუმეტეს: იქ ჰყვაოდა და ჰყვავის ცხოვრების ანუ უკვდავების ხე, რომლის ნაყოფი გააუკვდავებდა დაცემულ ადამს - მის შებღალულ ხორცსა და სისხლს, მასთან ერთად ყოველივეს ცისქვეშეთში, უკვე ლპობისა და ხრწნისაკენ მიდრეკილს. ეს კი აღუწერელი ტრაგედია იქნებოდა, რადგან ყველაფერი გახდებოდა უკვდავი, მაგრამ მარად ლპობადი და მარად ხრწნადი. ავადმყოფობა, სიბერე და მიხრწნილება განიგრძობოდა უკუნითი უკუნისამდე; სიმყრალე და შმორი მოიცავდა ყველაფერს (შდრ. დაბ. 3:22- 24).
ასე დაკარგა ადამიანმა სამოთხე და მის არსებაში ღვთის ხატება დაკნინდა, მაგრამ არ აღხოცილა. მას კვლავ შერჩა ის ძალა და ბუნება, რითაც ღმერთმა შემოსა. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი გარდაიქმნებოდა უგონო არსებად, ე.ი. არაადამიანად. ამის საპირისპიროდ ვხედავთ, რომ ადამიანს შერჩა შემოქმედების და მადლის მომუშაკების უნარი. კაცობრიობამ შემოინახა აგრეთვე ხსოვნა სამოთხისა, ღმერთთან უშუალო კავშირისა, ნეტარი ცხოვრებისა; ვიცით, რომ ჩვენი ჭეშმარიტი სამშობლო, სადაც დაგვასახლა ზეციერმა მამამ, არის ედემი. წუთისოფელი კი მდგმურობისა და მსხემობის ქვეყანაა. ამიტომაც კაცთა მოდგმის ნარეკლიანი ისტორია სავსეა ნოსტალგიით, სამშობლოზე მოთქმითა და ვაებით, იქ დაბრუნების დაუოკებელი სწრაფვით, დაკარგული სამოთხის განცდით.
ამ იდეალის სრულყოფა კი სათანადო გზათა და საშუალებათა ძიებას გულისხმობს,რაც კაცობრიობის პირველივე თაობამ აღმოაჩინა. ესაა სასჯელის მოხდა ანუ მსხვერპლის გაღება დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით.
ადამსა და ევას, უკვე დაცემულთ, შეეძინათ შვილები - აბელი და კაენი. პირველი მწყემსი იყო, მეორე - მიწისმუშა. ორივემ მიართვა უფალს შესაწირავად თავ - თავისი შრომის ნაყოფი. მოხედა უფალმა აბელის ძღვენს, კაენისა კი უარყო... ,,ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე“ (4:5-7). გაფრთხილების მიუხედავად, კაენმა ძმა ველად გაიხმო და მოკლა.
ამრიგად, სამოთხეში ჩადენილი ცოდვა გაღრმავდა: შურის საფუძველზე ძმამ დაღვარა ძმის სისხლი. ადამიანი არა მარტო მოკვდავია, არამედ პოტენციური მკვლელიცაა.
მიზანშეწონილია დაისვას კითხვა: რატომ არ შეიწირა ღმერთმა კაენის მსხვერპლი? მარტივი პასუხი ასეთია: იგი ორგულებით და ანგარებით იყო გაღებული, მისი ძმისა - წრფელი გულით და სარწმუნოებით. არსებობს სხვაგვარი ინტერპრეტაციაც. აქ მსხვერპლშეწირვის ორი სახეა წარმოდგენილი - სისხლიანი და უსისხლო, და მოცემულია წინასწარმეტყველება მომავალი, ჭეშმარიტი და გამომსყიდველი მსხვერპლის რაგვარობის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭა სისხლიან მსხვერპლს, რაც, უნდა ვიფიქროთ, გამომსყიდველი მსხვერპლის სიმბოლოდ დაისახა. დავაკვირდეთ და გავიხსენოთ, რომ აბელი იყო მწყემსი. მრავალი წლისა და ჟამის შემდეგ მხსნელი და მაცხოვარი სწორედ მწყემსთა გარემოცვაში მოევლინა სამყაროს; ბოსელმა და ბაგამ უმასპინძლა მას; მან დაღვარა სისხლი და ამ სისხლმა გამოგვისყიდა.
,,უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ? უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა. უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს“ (4:10-15).
უკანასკნელი მუხლი გვინერგავს იმედს: მიუხედავად ცოდვის მორევში ჩაძირვისა, ადამიანი შემოქმედს ბედის ანაბარად არ დაუტოვებია, - შეუნარჩუნა ნაპერწკალი, რომელიც სამოთხეში მიმადლა, - თავისი ხატება და მსგავსება. ადამიანი დარჩა ღვთის მზრუნველობის ქვეშ. ჩავუღრმავდეთ უფლის ნათქვამს: შვიდჯერ მეტი სასჯელი მიეზღვება კაენის მდგომარეობაში მყოფთა მკვლელს, - დევნილებისა და უპატრონოების, ქვრივებისა და ობლების, სუსტებისა და ხეიბრების დამთრგუნველებს. ღმერთი ყურადღების გარეშე არ ტოვებს ურჩ შვილებსაც კი და გზადაგზა, კეთილი მშობლისა და პედაგოგის მსგავსად, სჯის, რომ გაზარდოს და გააკეთილშობილოს ისინი. შთაუნერგოს მათ სიბრალული, სინანული და თანალმობა. ღმერთი დროდადრო, ამა თუ იმ საბედისწერო ვითარების ჟამს, როცა აუცილებელია, ერევა კაცთა საქმესა და ცხოვრებაში, ოღონდ ჩვენს ნებას არ თრგუნავს და ხელუხლებლად ტოვებს; პასუხისმგებლობის უფლებას ადამიანს არც ერთ შემთხვევაში არ ართმევს.
შეეძლო თუ არა ადამიანს საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გამოესყიდა დანაშაული და აღეხოცა პირველცოდვა?
ხსნა არსაიდან ჩანდა, არც პირველყოფილ და და არც ტექნიკის საუკუნეში, რასაც სათავე ლამექის ვაჟმა, თუბალ-კაენმა, ,,რვალისა და რკინის ყოველგვარ საჭურველთა მჭედელმა“ (დაბ. 4:22), დაუდო. მართალია, ღვთის თანადგომისა და დახმარების ნიშანი მალე გამორჩნდა, - აბელის ნაცვლად კვლავ მოემადლა ადამს ძე - სახელად შეთი ანუ სეითი, რომელმაც კეთილი შთამომავლობა შვა და „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ (დაბ. 4:26), მაგრამ ეს არ იყო საკმარისი პირველცოდვის გავლენის გასაქარწყლებლად. ჯერ ერთი, როგორც აღვნიშნეთ, წუთისოფელში ცოდვისაგან დახსნილი არავინაა და, მეორე სეითის შთამომავლობა მალე აღირია კაენისაში და უკეთურება გამრავლდა. სამოთხეში ჩადენილი დანაშაულის შედეგები მხოლოდ მაშინ განქარდებოდა, თუ სასჯელი იმავე დანაშაულის შესაბამისი, ტოლფასი იქნებოდა. პირველცოდვის რეზონანსი გლობალური, ყოვლისმომცველი იყო. ამავე მასშტაბის უნდა ყოფილიყო სასელი ანუ, რაც იგივეა, მსხვერპლი, გამომსყიდველი მსხვერპლი.
რა არის მსხვერპლი ანუ სასჯელი?
როდესაც ადამიანი კანონის საწინააღმდეგოდ იქცევა და ჩადის დანაშაულს, აგებინებენ პასუხს. სასამართლო აწესებს სასჯელს დანაშაულის სიმძიმის კვალობაზე. ადმინისტრაციული სასჯელის საბოლოო და უზენაესი მიზანია თვითსასჯელი, ე.ი. სასამართლო ვალმოხდილია, თუკი დამნაშავე გააცნობიერებს ცოდვას, მიეცემა სინანულს და ნებაყოფლობით იტვირთავს სასჯელს ანუ შეეცდება მის გამოსყიდვას. სრულყოფილი გამოსყიდვის ერთადერთი საშუალება დანაშაულის ტოლფასი სიკეთის ქმნაა. ჯარიმა, პატიმრობა და, თუნდაც, სიკვდილი ჭეშმარიტი სასჯელის მხოლოდ გარეგანი მხარეა და, მაშასადამე, გამოსყიდვის აქტისათვის არასაკმარისი. ამ აქტს აგვირგვინებს ზნეობრივი სასჯელი ანუ ნებაყოფლობითი მსხვერპლი. ასე რომ, რელიგიური მსხვერპლი ანუ შესაწირავი იგივე თვითსასჯელია. მისი გარეგანი ფორმები, სამოქალაქო სამართალს რომ შევადაროთ, არის შემდეგი: ნივთიერი ძღვენი, ასკეტიზმი ანუ სულიერ-ზნეობრივი გმირობა და, ბოლოს - თავის გაწირვა (შეწირვა).
მსხვერპლი შეიძლება იყოს სისხლიანი ან უსისხლო, რითაც მორწმუნენი მოელიან მადლს, წყალობას და კურთხევას. მსხვერპლშეწირვა ცნობილია ყველა საზოგადოებაში, ცივილიზაციის ნებისმიერ საფეხურზე. მისი უმაღლესი სახეა ზნეობრივი სიკეთე, ე.ი. არა ნივთი, არამედ (და პირველ რიგში) წრფელი გული და მისი ნაყოფი - ქველმოქმედება და, რაც უფრო განვითარებულია პიროვნება, მით ახლობელი და შინაგანია მისთვის მსხვერპლშეწირვის ეს უმაღლესი რანგი - კაცისა და ღვთის სათნო ცხოვრება.
მსხვერპლშეწირვის საფუძველია ადამიანის მიერ ღვთის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შეგნება და მისი გამოსყიდვის სურვილი. ამდენად, მსხვერპლის გაღება დანაშაულის გამოსყიდვის გზა და საშუალებაა. XIX-XX სს-ის რუსი თეოლოგი პავლე სვეტლოვი ასე მსჯელობს: რელიგიური პიროვნების შინაგანი სამყაროსათვის ნიშანდობლივია მოლოდინი 1) სასჯელისა და 2) შენდობისა. ამის გამო მის წინაშე ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები ღაღადებენ, რომელთაგან ერთი უქადის სიკვდილს, მეორე ჰპირდება სიცოცხლეს. წარმოიქმნება ანტინომია - თანაარსებობა სასჯელისა და პატიებისა. სწორედ ამგვარი წინააღმდეგობის მოსპობასა და მოგვარებას ისახავს მიზნად მსხვერპლი, რომელიც, თავისი არსით, არის ყველაზე ძვირფასი რამ, სიცოცხლის სადარი და მისი ტოლფასი. ადამიანი ეძებდა საკუთარი სიცოცხლის შემცვლელს. ამ აზრით ყოველგვარი ,,ზვარაკი“ მიიჩნეოდა ადამიანური სიცოცხლის ჩანაცვლებად ანუ უმაღლესი სიკეთის ექვივალენტად. ამგვარი ჩანაცვლება იყო ორი სახის: 1) პირდაპირი, -საკუთარის ნაცვლად სხვისი სიცოცხლის შეწირვა (მაგ. აბრაამის მიერ ისაკისა. ამ მიზნით უძველეს დროში, და ახლაც, ველური ტომები სამხედრო ტყვეებს იყენებდნენ) და 2) ირიბი, - ადამიანის სიცოცხლის შეცვლა ცხოველებით ან უსულო საგნებით.
ზვარაკს, ძველი აღთქმის თანახმად, ორი მიზანი აქვს: ა) მან ღმერთთან კავშირი უნდა აღადგინოს და ბ) ჭეშმარიტად გამომსყიდველ მსხვერპლზე მიანიშნოს, ე.ი. ადამიანებს განუმტკიცოს რწმენა, რომ ასეთი მსხვერპლი მომავალში უსათუოდ შეიწირება.
ძველი აღთქმის მსხვერპლი ჭეშმარიტი მსხვერპლის სიმბოლო იყო და მას გამოსყიდვის აქტის შესრულება ორი მიზეზის გამო არ შეეძლო: 1) ადამის შთამომავალს, უკვე დაცემულსა და ნაკლოვანს, აღარ ძალუძდა აბსოლუტური და ყოვლისმომცველი (პირველცოდვის მასშტაბის) სიკეთის ქმნა, - ყოვლად უმწიკვლო ანუ ღვთის დიდების შესაფერისი მსხვერპლის გაღება და 2) თითოეული ადამიანი არის დამოუკიდებელი პიროვნება და პასუხისმგებელი საკუთარ საქციელზე - ავსა თუ კარგზე. მადლი, რომელსაც იგი მოიმუშაკებს, მასვე ადიადებს. ამიტომ: რომც დავუშვათ ყოვლად უცოდველი კაცის დედამიწაზე არსებობა, მისეული სიკეთე შეამკობს მხოლოდ მის პიროვნებას. რა ბედენა იქნება ეს სხვისათვის?! არსებითად - არავითარი. შესაბამისად, მის მიერ გაღებული მსხვერპლი ვერ იქნება ყოველთა და ყოვლისათვის. იმავე პ. სვეტლოვის თქმით, „გამომსყიდველ შენაცვლებად ანუ მსხვერპლად შეიძლება ვიგულვოთ მხოლოდ ერთი რომელიმე სიცოცხლე, თავისი მნიშვნელობით ტოლფასი რომ იქნება შესაძლებელ სიცოცხლეთა დაუსრულებელი რიგისა, წარსულსა და მყოფადში ამქვეყნად მოვლინებულ ადამიანთა სიმრავლისა. იგი უნდა იყოს უნივერსალური, ზოგადადამიანური სიცოცხლე, მსოფლიო მსხვერპლი“.
გამომსყიდველი მსხვერპლის მისია მხოლოდ და მხოლოდ უნივერსალურმა პიროვნებამ უნდა იტვირთოს, - არა რომელიმე ადამიანის ძემ, არამედ კაცობრიობის ძემ - კაცის ძემ. მაგრამ ძე კაცისა, ნაშობი ჩვენნაირი ხორცით (მოკვდავითა და ხრწნადით), სრულყოფილი ვერ იქნება. სრულყოფილი მხოლოდ და მხოლოდ ღვთის შვილი - ღვთის ძე იქნება, - აბსოლუტური სიწმიდე და სიმართლე. მხსნელის პიროვნებაში უნდა გაერთიანდეს სრული კაცი და სრული ღმერთი, უნდა მოხდეს მოკვდავისა და უკვდავის, ხრწნადი და უხრწნელი სხეულის სინთეზი. მაშასადამე, უნდა განკაცდეს ღმერთი, რომელიც საკუთარ კისერზე აიღებს კაცთა ცოდვებს, გაწირავს თავს, მოკვდება, აღდგება, ამაღლდება და თან წარიტანს ამაქვეყნის ყველა მწიკვლსა და უკეთურებას.
იკითხავს გამომეძიებელი გონება: არ შეეძლო ცისა და ქვეყის შემოქმედს განკაცების გარეშე, იმთავითვე, მეყსეულად ეხსნა ადამი და მისი შთამომავლობა? პასუხი ერთადერთია: არ შეეძლო! რადგან ამ შემთხვევაში შეიბღალებოდა ადამიანის ავტონომია. ეს იქნებოდა თავსმოხვევა და ძალადობა პიროვნების სულზე, მის სინდისზე; ეს იქნებოდა მისი თავისუფალი ნების დათრგუნვა. მხსნელი თავად ადამიანი უნდა იყოს, - ყოვლითურთ ჩვენნაირი, თვინიერ ცოდვისა.
კვლავ წამოიჭრება კითხვა: აუცილებელი იყო მხსნელის ანუ, ძველი ქართულით, - მაცხოვრის სიკვდილი? პასუხი აქაც ერთია: დიახ! ყოველი ორგანიზმი, რასაც სიცოცხლის სული უდგას, უნდა მოკვდეს, რომ წარმოიქმნას ახალი სიცოცხლე. თესლი ანუ მარცვალი უნდა გაიხრწნას და განქარდეს, რომ აღმოცენდეს ნერგი, როგორც უკვდავების წყარო, სიცოცხლის ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი (შდრ. იოანე 12:24). ასეთია წუთისოფლის კანონი. მოკვდავი და ხრწნადი სხეული, ქვეყნის მხსნელსა და მაცხოვარს რომ ემოსა, უნდა მომკვდარიყო, ახალი - უკვდავი და უხრწნელი სხეული რომ წარმოქმნილიყო. იმავე აზრით, ყოველი ხილული და მატერიალური, რაც არსებობს, უნდა მოკვდეს. სიკვდილი აუცილებელია ახალი კოსმოსის, ახალი ცისა და ახალი მიწის წარმოსაქმნელად, უფრო სწორად - მოკვდავი ხორცის გაუკვდავებისათვის, დაკარგული სამოთხისა და სიცოცხლის ხისაკენ მისასვლელი გზის პოვნისათვის.
და რადგან ადამიანს, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო (რომ იგი შობითგან ცოდვილია), არ ძალუძს ამ იდეალის სრულყოფა, თავად ღმერთი ეხმარება მას. ოღონდ: ეხმარება ისე, რომ არ დაითრგუნოს პიროვნების ნება. ღმერთი ადამიანთან ხელშეკრულებას დებს, რაც ნიშნავს კავშირის გაბმას თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. ღმერთი ადამიანს უდგენს რელიგიური და საზოგადოებრივი ცხოვრების კონსტიტუციას, - აძლევს რჩევა- დარიგებებს, შეგონებებს; უჩვენებს მაგალითებს. თუკი უკანასკნელი გაჰყვება თვითგანწმენდისა და აღორძინების ანუ ინტელექტუალური და სულიერი განვითარების გზას, ზეციერი მამა აღასრულებს დანაპირებს, აღთქმას, ანდერძს. აღთქმის იდეალი კი არის გამოსყიდვა ანუ ხსნა, - მხსნელის მოვლინება.
აღთქმა მოიცავს ორ ეტაპს - ძველსა და ახალს. პირველი აღგვითქვამს მხსნელს, მეორე - ცათა სასუფეველს
კიდევ იბადება კითხვა: რატომ ერთბაშად არ გაანდო ღმერთმა ადამიანებს სათქმელი, ანუ რატომ იმთავითვე სისავსით არ წარმოაჩინა აღთქმის შინაარსი?
- ალბათ იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ადამიანი სამოთხეში დაეცა. მას ზრდისა და განვითარების საფეხურები უნდა გაევლო, რომ აღორძინებულიყო, ე.ი. განვითარებულიყო სულიერად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად. იგი მზად უნდა ყოფილიყო ცოდნის იმ დონის შესათვისებლად და შესარგებად, რასაც მოიცავდა კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბედნიერების ნაცვლად უბედურებას დაიმკვიდრებდა... მაშასადამე, საჭირო იყო პედაგოგიური პრინციპის დაცვა. ადამიანს ზრდისა და განვითარების დრო და საშუალება უნდა მისცემოდა. მას უნდა ეაზროვნა, ეფიქრა და ემსჯელა თავისთავზე და გარემომცველ სამყაროზე; უნდა გამდიდრებულიყო ცოდნით და გამოცდილებით; ჭეშმარიტებასთან მიახლების ღირსი უნდა გამხდარიყო.
მოციქული გვაუწყებს: ღმერთს ვინც უყვარს, კიდეც სჯის (ებრ. 12:6) ანუ მოუვლენს განსაცდელს, გამოატარებს ქარტეხილებს, შეაგონებს, წაახალისებს და დროდადრო კიდეც დასჯის, რათა გამოიბრძმედოს და გამაგრდეს, გამდიდრდეს ცოდნით, პრაქტიკული, ცხოვრებისეული გამოცდილებით, რომ შესაძლებელი გახდეს მასთან ახალი კავშირის, ახალი მცნების, ახალი აღთქმის დადება, კონტაქტის გაღრმავება.
პირველი აღთქმა წუთისოფლის პირველი გლობალური სასჯელის შემდეგ დაიდო. მხედველობაში გვაქვს საყოველთაო ანუ მსოფლიო წარღვნა (დაბ. 6-8), რაც უკეთურებათა გამრევლებას მოჰყვა. ეს ბიბლიის ერთ-ერთი შთამბეჭდავი ეპიზოდია. უზენაესი ბედის ანაბარად არ ტოვებს ადამიანს. მას და მის ანგელოზებს ახარებთ კაცის წარმატება, აღონებთ და ამწუხარებთ დამარცხება, დაცემა. კაცობრიობა, ამავე მონათხრობის მიხედვით, ზნეობრივი ჭაობისაკენ მიექანებოდა. მასთან ერთად შეილახა ყოველი სულდგმულის ზნე და თვისება; შეიბღალა, დაეცა და გადაგვარდა მატერიის ყოველი მოლეკულა და ატომი, მთელი ფიზიკური სამყარო, რომლის პატრონად და მეფედ ღმერთმა ადამი განაჩინა. ქვეყნის ბედი და უბედობა ადამიანზეა დამოკიდებული: როგორი ზნეცა აქვს ძეხორციელს დედამიწაზე, ისეთივე სახე ექნება მიწას. გადაგვარებისა და რყვნის პროცესი რომ არ გაღრმავებულიყო, ღმერთმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა მიწას და ყველაფერს, რაც მას ავსებს. სიკვდილი იყო ერთადერთი გამოსავალი, რომ ახალი ცა და ახალი მიწა, ახალი სიცოცხლე, ახალი კაცობრიობა აღმოცენებულიყო, ძველი გარდაქმნილიყო და განახლებულიყო, - სიკვდილით სიკვდილი დათრგუნულიყო.
ეს მისია ერთადერთ კაცს დაევალა. „მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში... მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში, ღმერთთან დადიოდა ნოე“ . ორმოცდღიანი კოკისპირული წვიმების შემდეგ დედამიწაზე წარღვნა დაიწყო, რაც ას ორმოცდაათ დღეს გაგრძელდა. გადარჩა მხოლოდ ნოე, მისი ოჯახი და ყველა სულდგმულის თითო-თითო წყვილი, რომლებიც კიდობანში იყვნენ. კიდობანი არარატის მთას მიადგა და, აჰა, მტრედმა ზეთისხილის რტო მოიტანა ქვეყნის გადარჩენის ნიშნად.
ნოემ ღმერთს საკურთხეველი აუგო და მსხვერპლი შესწირა.
უფალმა კეთილსურნელება იყნოსა, მსხვერპლი შეიწირა და აღთქვა: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო; მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი. ,,ვიდრე ქვეყანა იქნება - არც თესვა და მკა, არც ყინვა და სიცხე, არც ზაფხული და ზამთარი, არც დღე და ღამე არ გაუქმდება“ (დაბ. 8:22).
ამ დაპირების ,,სასწაულად“ ანუ სახილველ ნიშნად ღმერთმა ცისარტყელა დასახა, ცისარტყელაზე უკეთ რას უნდა გამოეხატა უფლის მსასოებელი აღთქმა? პირველი აღთქმა საყოველთაო სასჯელს მოჰყვა, რადგან სასჯელმა რამდენადმე შეამსუბუქა ცოდვა. მართალმა კაცმა კაცთა მოდგმა გადაგვარებისაგან იხსნა და ახალი ცივილიზაცია დაასაძირკვლა.
წარღვნა არსებითად ახალ აღთქმასა და მის იდეალს - წუთისოფლის უკანასკნელ დღეს,სამოთხისა და სასუფევლის განახლებას მოასწავებდა. სასუფეველში კი მხოლოდ ნათელღებული, ზეციური წყლით განწმენდილი და განბანილი დაისადგურებს. როგორც ქაოსისაგან ღმერთმა თავდაპირველად შექმნა კოსმოსი, ასევე განახლდა სიცოცხლე წარღვნის შემდეგ და მისი წყალობით. წარღვნა შესაქმემდელი ქაოსის, ხოლო წარღვნის დასასრული და ცისარტყელა სამყაროს შექმნის, კურთხევისა და ღვთისმიერი აღთქმის სიმბოლური სახეა.
წარღვნა ისტორიული ფაქტია. ამას ადასტურებს როგორც არქეოლოგია და ძველი ლიტერატურა, ისე ფოლკლორი. ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ ძეგლთა შორის უძველესი ,,გილგამეშის ეპოსი“ იწყება ასე: ,,რომელმან სიღრმე იხილა ხმელეთის კიდეგან... საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული, მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა“. პლატონი გვიამბობს: მას, თურმე, ეგვიპტელი ქურუმებისაგან სმენია, რომ ,,ერთ ბნელსა და ავბედით ღამეს“ დაირღვა კანონზომიერება; ცთომილებმა ტრაექტორია იცვალეს და მოხდა კატასტროფა - ჩაიძირა და წყლით დაიფარა კონტინენტი, რომელსაც ატლანტისი ეწოდებოდა... პროფ. ალექსანდრე ლოპუხინი თავს უყრის გადმოცემებს წარღვნის შესახებ და ამბობს, რომ ისინი მთელ დედამიწაზეა გავრცელებული. ყოველი მათგანისათვის საერთოა ხსოვნა საყოველთაო წარღვნის შესახებ, - თუ როგორ აღხოცა ღმერთმა კაცთა მოდგმა ერთი კეთილშობილი ოჯახის გამოკლებით. ყველაზე დიდ მსგავსებას ბიბლიურ თხრობასთან ავლენს მექსიკაში გავრცელებული გადმოცემა: იქაური ნოე, კოქს-კოქსი, ცოლთან ერთად თავს შეაფარებს გემს. ქვეყანა წყლით დაიფარება. რამდენიმე დღის შემდეგ ცოლ-ქმარი გემიდან გამოუშვებენ ძერას, რათა შეიტყონ, იკლო თუ არა წყალმა. ფრინველი არ დაბრუნდება. მაგრამ შემდეგი მოციქული, პატარა ჩიტი - კოლიბრი, ნისკარტით აყვავებულ რტოს მოიტანს და ამით წარღვნის დამთავრებას ამცნობს პატრონს...
ახალი ისტორია მსხვერპლშეწირვით დაიწყო: მოხედა უფალმა ნოეს საკურთხეველს და შეიწირა სამადლობელი მსხვერპლი, რადგან მართალი კაცისაგან იყო გაღებული. თუმცა ეს არ იყო ჭეშმარიტი და კაცთა მოდგმის გამომსყიდველი მსხვერპლი, რადგან ნოესაც ადამიანური სისუსტეები გააჩნდა. სრულყოფილ მსხვერპლამდე ვრცელი გზა იყო გასავლელი.
დღევანდელი კაცობრიობა ნოეს შვილებისაგან - სემის, ქამისა და იაფეტისაგან - წარმოიშვა. ქამმა სათავე დაუდო აზიისა და აფრიკის მკვიდრ ტომებს, სემმა - სემიტებს, ე.ი. ებრაელებსა და ებრაელების მონათესავე ერებს, იაფეტმა - დანარჩენ ხალხებს.
ნოემ შვილებიდან სემი დალოცა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მომავალში სემის შთამომავალთა შორის გამოიკვეთებოდა რჩეული ერი, რომლის წიაღშიც შეისხამდა ფრთას გამოსყიდვის იდეა.
კაცობრიობის რასებად, ერებად და ენებად დაყოფა, თუმცა ეს არაა ღვთის სათნო და მოსაწონი საქმე, გარდაუვალი და ბუნებრივი პროცესი იყო, რაც ნოეს შთამომავალთა გამრავლებისთანავე დაიწყო. ამ პროცესის შეჩერების ცდა, რაც ქალაქისა და გოდოლის მშენებლობაში გამოიხატა (დაბ. 11:1-9), არ მოხერხდა. უფალმა ერთპირ და ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ენა აურია და ისინიც დაიფანტნენ.
განა ცისა და მიწის კავშირი წუთისოფლის იდეალი და რელიგიის ქვაკუთხედი არაა? მაშ, რატომ შეუშალა უფალმა ხელი ერთიანობისაკენ სწრაფვასჱ ერთიანობა იმ შემთხვევაშია სასურველი, როდესაც საქმე მართალი და პატიოსანი ადამიანების ერთიანობასთან გვაქვს. სხვა შემთხვევაში იგი უარყოფითი მოვლენაა. უდიდესი ქალაქისა და გიგანტური გოდოლის (ბაბილონის) მშენებლებს ამპარტავნება ამოქმედებდათ. ისინი ღვთის ლოცვაკურთხევის, მისი შემწეობისა და სასოების გარეშე იკაფავდნენ გზას ცისაკენ; ისინი იმ ანგელოზებს ჰგავდნენ, რომლებიც გაამპარტავდნენ და მოინდომეს უფალთან გათანაბრება. ამის გამო მათ მყისვე აეყარათ უხორცო და გონიერ ძალთა პატივი. ასეა ამჯერადაც: ურჩობასა და ჯანყს ღმერთმა დასტური არ დასცა და ძირშივე აღკვეთა იმ კულტურის გეზი, რომელიც ადამიანურ სიამაყეს ეფუძნებოდა.
რჩეული ერის პატივი ისრაელიანებს (ებრაელებს) ერგოთ. აღთქმის შინაარსი ღმერთს მათთან ურთიერთობაში უნდა გაეცხადებინა. ეს ხალხი ღვთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, მაგრამ არა იმიტომ, რომ უზენაესთან თითქოს მიკერძოებას, თვალღებას აქვს ადგილი. არა, ეს არაა ღვთის ბუნება (საქ. 10:34-35). ისრაელმა თავად გამოირჩია თავისი თავი, რადგან მისმა მამათმთავრებმა და წინამძღვრებმა გამოამჟღავნეს მოსმენისა და მორჩილების კულტურა. ღმერთმაც ამ ერს აზიდინა აღთქმის ტვირთი. და რადგან მძიმე იყო ეს ტვირთი, ხატოვნად რომ ვთქვათ, უფალმა იგი ნება-ნებად დაადგა მის მხრებს. ამგვარი ,,დატვირთვა“ სხვა არა არის, თუ არა ძველი აღთქმის წარმოჩინების ისტორია, რაც ებრაელთა თავგადასავლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ბიბლია სისავსით გვიამბობს ამ თავგადასავალს. თვალს არ ხუჭავს არაფერზე, არ ჩქმალავს არც ერთ სამარცხვინო ფაქტს, ფარდას ხდის მსაჯულთა და წინასწარმეტყველთა ცხოვრებასაც კი, სადაც უხვად პოულობს ბიწსა და ტალახს. თუმცა ღვთის განგება უცვალებელია; აღნათქვამი უნდა აღსრულდეს, - ისრაელიანთა მოდგმამ უნდა გამოიაროს ტანჯვისა და განსაცდელის ოკეანე, იწვნიოს სასჯელი, გამოიცადოს, აღიჭურვოს ცოდნით და მადლით, რათა გაიზარდოს, დავაჟკაცდეს, რომ სწორედ მის წიაღში შეისხას ხორცი აღთქმამ და გამოსყიდვის აქტი აღსრულდეს.
აღთქმის ცხადჩენის გზა სამი ეტაპისაგან შედგება.
1. აღთქმა აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა (ძვ.წ. XIX-XVII სს.)
აბრაამი სემის შთამომავალი იყო, იმ სემისა, რომელიც მამამ (ნოემ) აკურთხა და ეს კურთხევა მის შთამომავლობასაც გადასწვდა.
აბრაამი დაემორჩილა უფლის სიტყვას, დატოვა მამისეული კერა შუამდინარეთში (მესოპოტამიაში) და ქანაანის ქვეყანაში გადასახლდა. ამ ფაქტს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს - აბრაამი ზურგს აქცევს ძველ ტრადიციას და საფუძველს უყრის ახალს. ქალდეა და შუამდინარეთი ცის მნათობთა საკულტო ქვეყნები იყო. სავარაუდებელია, რომ თარეხი (აბრაამის მამა) და მისი ოჯახი მთვარეს სცემდა თაყვანს (,,თარეხ“ ებრაულად მთვარეს ნიშნავს). ამიტომ, აბრაამს უნდა გამოეცვალა ადგილსამყოფელი, რომ ახალი ხალხისა და რელიგიისათვის, ახალი ცნობიერებისათვის დაედო სათავე. აბრაამი ,,აღთქმულ მიწაზე“ მდგმურის უფლებით დასახლდა. ,,მდგმურობის ქვეყანა“ ქანაანი, სადაც დასახლდა აბრაამი, არის წუთისოფლის სახე. წუთისოფელში კი ადამიანები მდგმურები და სტუმრები არიან. ოღონდ ადამიანმა წუთისოფლის დაძლევაზე, მის გამარადისებაზე უნდა იზრუნოს. ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რომ მისი შთამომავალნი ,,მდგმურობის ქვეყანას“ დაიმკვიდრებენ. უზენაესი სამგზის გამოეცხადა მას (დაბ. 12:7; 13:14-17; 15). მაგრამ აბრაამს მემკვიდრე არ ჰყავდა, რადგან ბერწი იყო მისი კანონიერი ცოლი სარა. უფალმა ახარა აბრაამს- მას, ასი წლის მოხუცს, შეეძინება ვაჟი, რომელიც გაამრავლებს ერს.
ასე დადო ხელშეკრულება ღმერთმა რჩეული ერის - ისრაელის - მამამთავართან. აი, ამ ხელშეკრულების პრეზენტაცია:
,,ოთხმოცდაცხრა წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი. იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და დიდად, დიდად გაგამრავლებ.
პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: ეს მე ვარ, და, აჰა, ჩემი აღთქმაც: უამრავ ხალხთა მამა შეიქნები! აღარ გერქვას ამიერიდან სახელად აბრამი, რადგან ურიცხვ ხალხთა მამად გაქცევ. დიდად, დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. დავდებ აღთქმას ჩემსა და შენს შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე, სამარადისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები“ (დაბ. 17:1-7).
ასე იქცა აბრამი აბრაამად (აბრაჰამ ,,მამა მრავლისა“) ანუ ,,მრავალი ხალხის“ მამად. კურთხევა, რომელიც აბრაამს მიემადლა, განივრცო მთელს ერზე. ამ კურთხევის გარეგანი ნიშანი ანუ ,,აღთქმის სასწაული“ წინადაცვეთა იყო; აბრაამის ოჯახის წევრებს და მათ შთამომავალთ, ყველა მამაკაცს, დაბადებიდან რვა დღის შემდეგ ჩუჩა უნდა მოეჭრა (დაბ. 17:10-11). ამ აქტს სიმბოლური აზრი ჰქონდა: როგორც ცისარტყელა, პირველი აღთქმის სასწაული ანუ ნიშანი, შთააგონებდა ადამიანებს ღვთის მშვიდობისმყოფელ ნებას, წინადაცვეთა ამა ქვეყნის ბიწსა და უკეთურებაზე უარის თქმას მიანიშნებდა. იგი სახეობრივად მოასწავებდა ჭეშმარიტ ნათლისღებას, როგორც ახალი აღთქმისა და ახალი რჯულის საწინდარს. მაშასადამე, წინადაცვეთა იყო ძველი აღთქმის და ძველი რჯულის ბეჭედი და არ გაუქმდებოდა მანამ, სანამ თავად ძველი აღთქმა და ძველი რჯული არ აღესრულებოდა. ეს წესი თაობათა ყოფაში დამკვიდრდა და დღემდე შემორჩენილია ებრაელთა და მუსლიმანთა შორის.
აბრაამს ვაჟი შეეძინა - ისაკი. თუმცა მას მეორე ვაჟიც ჰყავდა - ისმაელი, რომელიც მოსამსახურე ქალისაგან -აგარისაგან - გაუჩნდა. ისმაილი ,,მხევლის შვილი“ იყო, ისაკი - აღთქმის. ამიტომ მემკვიდრეობა უკანასკნელს უნდა რგებოდა, მას რჩეული ერის ერთ - ერთი მამათმთავრის მისია უნდა ეტვირთა. ისმაელისაგან არაბთა ტომები წარმოდგნენ, რომლებსაც აგარიანები ან ისმაიტელები ეწოდათ.
ღმერთმა გამოსცადა აბრაამი - ისაკის მსხვერპლად შეწირვა მოსთხოვა... და, აი, როდესაც აბრაამმა შვილის დასაკლავად დანა აიღო, მოუხმო მას უფლის ანგელოზმა და უთხრა: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, რადგან მივხვდი, რომ ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შვილი გამოიმეტე ჩემთვის. აბრაამმა ვერძი დაინახა, რომელიც ბუჩქებში რქებით გახლართულიყო. აიყვანა ვერძი და შესწირა მსხვერპლად შვილის მაგიერ.
ეს ეპიზოდი, აღწერილი გასაოცარი ოსტატობით (დაბ. 22:1-19), მიგვანიშნებს, რომ ხსნა რწმენას, სიყვარულსა და ერთგულებაშია. თითოეული მოითხოვს მსხვერპლს. მსხვერპლი კი სანუკვარი საგნის დათმობას ნიშნავს. აბრაამი სწორედ ამგვარი ,,მთმობელის“ სახეა. მან უფალს ძღვნად მიართვა საკუთარი მზე - აღთქმისა და სიბერის შვილი. აქ არის წინასწარმეტყველება - კაცობრიობას იხსნის მსხვერპლი, სიყვარულისმიერი მსხვერპლი, რაც რეალურად დაკარგვას კი არა, შეძენას ნიშნავს. თუკი ერთგულებით გავსცემთ, აბრაამის მსგავსად, ღვთის მადლითა და კურთხევით აღვსილი დაგვიბრუნდება უკან! ამ წინასწარმეტყველებამ მაშინ შეისხა ხორცი, როდესაც ღმერთმა კაცთა ცხოვრებისათვის წუთისოფელში მხოლოდშობილი ძე მოავლინა.
ისაკს ტყუპისცალები შეეძინა - ესავი და იაკობი. ესავმა პირველად გამოაღო საშოს კარი. იგი ბანჯგვლიანი იყო, იაკობი - სრული კაცი. ესავი მონადირე გამოვიდა, ველების კაცი, იაკობი - კარვებში მცხოვრები (დაბ. 25:27). ისინი, ცხადია, სხვადასხვა სტილის ადამიანები იყვნენ. მემკვიდრეობა, ტრადიციისამებრ, პირმშოზე, ესავზე, უნდა გადასულიყო, რაც პროგრესისა და ცივილიზაციის გზიდან გადახვევა იქნებოდა, რადგან კულტურა ტყეებსა და ნადირთა შორის, სადაც, ფაქტობრივად ბინა დაედო ესავს, ვერ შეიქმნება. აქ კი თითქოს განგების ხელი ჩაერია... იაკობმა ესავს პირმშოებაც დასტყუა და მამის კურთხევაც (დაბ. 25:29-34; 27). კურთხევა ასეთი იყო: ,,მოგცეს ღმერთმა ცვარი ცისა, სინოყივრე მიწისა, უხვი ხორბალი და ღვინო; გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა! გახდი ბატონი შენი ძმებისა და თაყვანი გცენ დედაშენის შვილებმა. წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი“.
აქ თითქოს გამოსწორდა ,,ბუნების შეცდომა“. კურთხევა და რჩეულება იაკობის ნაშიერებზე გადავიდა და სიტყვები - ,,გემსახურონ ხალხები და თაყვანი გცენ ტომებმა!“ ნათქვამია მხსნელის მისამართით, რომელიც პოტენციურად მკვიდრობდა იაკობის გენში.
იაკობმა ცხოვრების დიდი ნაწილი მსხემობას, მდგმურობასა და სხვის სამსახურში გაატარა, მაგრამ მამისა და პაპის კურთხევა უკაფავდა განსაცდელით სავსე ბილიკებს.
...და, აჰა, ,,მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას კაცი ვინმე გათენებამდე. როცა შეატყო, რომ ვერ ერეოდა, შეეხო იგი მის თეძოს სახსარს; და ეღრძო იაკობს თეძოს სახსარი მასთან შერკინებისას. უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ. უთხრა: რა გქვია? მიუგო: იაკობი. უთხრა: ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთსა და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე. ჰკითხა იაკობმა: მითხარი შენი სახელი. უთხრა: რისთვის მეკითხები სახელს? და იქვე აკურთხა. უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი“ (დაბ. 32:24-30).
,,ღმერთთან შერკინების“ ეპიზოდში გაცხადებულია ბიბლიური კონცეფცია ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ. უზენაესი თითქოს ,,თავს უყადრებს“ ადამიანს და შერკინების უფლებასაც აძლევს. ამაზე მიუთითებს სახელი, - ისრაელი (კურთხევასთან ერთად რომ ებოძა იაკობს), რაც ნიშნავს - ღმერთთან მებრძოლი. ეს სახელი იაკობის შთამომავლობაზეც განივრცო, იმ შთამომავლობაზე, რომელმაც მრავალი წლისა და ჟამის შემდეგ არამც თუ ბრძოლა გამოუცხადა განკაცებულ ღმერთს, არამედ ჯვარს აცვა იგი. ამდენად, ,,ღმერთთან შერკინების“ ეპიზოდი სამომავლო ამბავზეც მეტყველებს.
იაკობს თორმეტი შვილი შეეძინა: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ზაბულონი, ისაქარი, დანი, გადი, აშერი, ნაფთალი, იოსები, ბენიამინი. მათ წარმოშვეს ებრაელთა თორმეტი ტომი, რომელიც გაერთიანდა ერთი ერის განუყოფელ და თანაც დანაწილებულ სხეულად. ასე შეიქმნა ,,ისრაელის სახლი“ თორმეტი ძის, თორმეტი გვარის, თორმეტი შტოს შემადგენლობით. მათგან თითოეულს ინდივიდუალური სახე, საკუთარი ბედი და მისია განესაზღვრა. თორმეტივე თავთავიანთი კურთხევით აკურთხა მამამ ისრაელიანთა წინაპარმა (დაბ. 49:1-28). მამის კურთხევამ ფრთა შეისხა: იაკობის სახლი ერად იქცა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ეს მოხდა არა აღთქმულ მიწაზე, არამედ მონობის ქვეყანაში - ეგვიპტეში.
მამას გამორჩეულად უყვარდა უმცროსი შვილი იოსები, რის გამოც ძმებმა შეიძულეს იგი. ამ სიძულვილს აძლიერებდა სიზმრები, რომელთაც იოსები ხედავდა და რომლებიც მის ამაღლებასა და ძმათა დამდაბლებას წინასწარმეტყველებდა. ამიტომაც ძმებმა თავიდან მოიშორეს იგი. ჯერ ჭაში ჩააგდეს. შემდეგ კი ოც ვერცხლად ეგვიპტეში მიმავალ ვაჭრებს მიყიდეს. იოსებმა მრავალი განსაცდელი გამოიარა, მაგრამ გადარჩა და ფაქტობრივად ეგვიპტის პატონ-პატრონი გახდა. როდესაც მსოფლიოში მოუსავლიანობამ, შიმშილობამ და სიკვდილმა იფეთქა, მისი ნიჭისა და სიზმართმცოდნეობის წყალობით (დაბ. 39) მხოლოდ ეგვიპტეში იპოვებოდა პური და ბეღელსაც იოსები განაგებდა. მისწვდა იაკობის ყურს ეგვიპტის სიმდიდრის ამბავი და გაგზავნა შვილები ეგვიპტეში. აღსრულდა წინასწართქმული: ძმებმა თაყვანი სცეს იოსებს, თუმცა ვერ იცნეს. ,,დაბადების“ 41-46 თავებში ეს ამბავი მოთხრობილია შთამბეჭდავად, დიდი ხიბლითა და ოსტატობით; ნათქვამია, რომ დიდსულოვნად შეუნდო იოსებმა სახლიკაცებს; ღვარძლის ნამცეციც არ დაუტოვებია გულში. პირიქით, - აღიარა, რომ ყველაფერი მოხდა განგებით: აქ ღმერთმა თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნაო; ,,თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე ეხსნა“ (დაბ. 50:20).
იაკობი და მთელი მისი ჯალაბობა ეგვიპტეში გადასახლდა. ფარაონმა ისინი საუკეთესო მიწებზე დაასახლა... გამოხდა ხანი, იაკობმა შვილები ,,თავთავიანთი კურთხევით“ აკურთხა და ,,შეერთო იგი თავის ერს“ (დაბ. 49:29-33).
წუთისოფელმა არაერთი პარადოქსი იცის. ისრაელისათვის ეგვიპტე ერთდროულად ხსნაც არის და მონობაც. ეგვიპტელთა მომდევნო თაობებმა დაივიწყეს იოსები და მისი ღვაწლი. მათ დაიმონეს ებრაელები და დაჩაგრეს. ,,მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ, მით უფრო მრავალრიცხოვანი ხდებოდა და ვრცელდებოდა ხალხი. შიშმა მოიცვა ეგვიპტელები ისრაელიანთა წინაშე. უწყალოდ ამუშავებდნენ ისრაელიანებს ეგვიპტელები. სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით...“ (გამ. 1:22-14). მაგრამ, რაც მეტად ამწარებდნენ, მით მეტად ერთიანდებოდა ერი. უკიდურეს გასაჭირში ხალხს აღმოხდა კვნესა და ამ კვნესას იმედი მოჰყვა.
,,გაიხსენა ღმერთმა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული აღთქმა. მოხედა ღმერთმა ისრაელიანებს, იცნო ისინი ღმერთმა“ (გამ. 2:24-25) და გამოაჩინა წინამძღოლი.
2. მოსეს რჯული (ძვ.წ. XIII ს.)
ფარაონმა ბრძანება გასცა, გაეწყვიტათ ებრაელი ახალშობილები. ასეც მოხდა. მხოლოდ მოსე გადარჩა, რადგან დედამ გაფისულ კალათში ჩააწვინა და ნილოსის ტალღებს გაატანა. მდინარემ კი ლელიანში გარიყა, სადაც ფარაონის ასული ბანაობდა. უფლისწულმა იგი იშვილა და გაზარდა. როდესაც დავაჟკაცდა, მოსეს თავისიანებისკენ გაუწია გულმა, მაგრამ თავისიანებმა იგი არ მიიღეს და აიძულეს უცხო მხარეში გადაკარგულიყო.
„გამოსვლის“ მე-3 თავში აღწერილია საკვირველი ხილვა:
„მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შუაგულ მაყვალში. და დაინახა: აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა უფალმა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე! მიუგო: აქა ვარ. უთხრა: ახლოს ნუ მოხვალ! გაიძვრე ფეხსამოსი, რადგან ეს ადგილი, სადაც შენ დგეხარ, წმიდა მიწაა. უთხრა: მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის ღმერთი, ისაკის ღმერთი, იაკობის ღმერთი. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ღვთის ხილვისა შეეშინდა. თქვა უფალმა: ვიხილე ჩაგვრა ჩემი ერისა ეგვიპტეში და მომესმა ზედამხედველებისაგან გამწარებულთა ღაღადი. რაკი გავიგე მისი გასაჭირი, ჩამოვედი რომ ვიხსნა იგი ეგვიპტელთაგან და წავიყვანო მაგ ქვეყნიდან მადლიანსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე... ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ერი, ისრაელიანები... უთხრა მოსემ ღმერთს: კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი: თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო? უთხრა ღმერთმა მოსეს: მე ვარ, რომელი ვარ...“
,,მე ვარ, რომელი ვარ“ ებრაულად გამოითქმის - ეჰიე აშეთ ეჰიე. მას უკავშირებენ ღვთის სახელს, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს - იაჰვე (დამახინჯებულად -,,იეღოვა“) პირველად აქ, მაყვლის ბუჩქთან, გაცხადდა ღვთის ერთ - ერთი სახელი, - იაჰვე.
მოსე თავისიანებს შორის არ გაზრდილა. შესაძლებელია, იგი დედაენასაც ვერ ფლობდა სრულყოფილად. ამის მიუხედავად, ერის მხსნელის მისია მას დაეკისრა. მოსემ იტვირთა ეს მისია და ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტეში ჩავიდა.
ბიბლიაში ვრცლად და დრამატულადაა მოთხრობილი ფარაონისა და მოსეს ანუ ეგვიპტელთა და ებრაელთა ბრძოლა, რაც არის სატანისა და ღმერთის, წუთისოფლისა და ზეშთასოფლის ურთიერთობის სახე. მოსემ დაამარცხა ფარაონის კარზე ქურუმები და გრძნეულები; ცხადყო, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ებრაელთა ღმერთია, რომელიც უხმობს თავის ხალხს აღთქმული ქვეყნისაკენ. გაუსასტიკდა გული ფარაონს და მანამ არ გაუშვა ისრაელის შთამომავლობა, სანამ იძულებული არ გახდა.
ასე ,,გამოგლიჯა ხელიდან“ მოსემ რჩეული ერი მონათმფლობელს და წაიყვანა აღთქმული ქვეყნისაკენ, მაგრამ არა საქარავნო გზით (რითაც იოსები და მისი ძმები ჩავიდნენ), არამედ უდაბნოს გავლით. ეს გზა განსაცდელით იყო სავსე, მაგრამ ისრაელმა მონობას თავი მაინც დააღწია; უფალს საგალობელი აღუვლინა და დღესასწაული დააწესა - პასექი, რაც ,,გამოსვლას“, ,,გადასვლას“, ამ შემთხვევაში - ეგვიპტის საზღვრის გადალახვას ნიშნავს. იგი ყოველ წელიწადს, გაზაფხულის ბუნიობიდან (დღისა და ღამის სწორებიდან) სავსე მთვარის პირველ დღეს აღინიშნება.
უდაბნოში ორმოცწლიან ხეტიალს მისტიური მნიშვნელობა აქვს. ისრაელმა იხეტიალა არა უმიზნოდ, როგორც მაწანწალამ, არამედ გამოიწრთო და დაღვინდა. მან გამოსცადა შიმშილი, წყურვილი, სიცივე თუ პაპანაქება, მოთარეშე ტომების თავდასხმები; დაცემაც და ამაღლებაც. ებრაელი ტომები მონოლითურ ერად სწორედ უდაბნოში ჩამოყალიბდნენ.
უდაბნო ბერმონაზვნური ასკეტიზმის წინასახეა. როგორც ეგვიპტის უდაბნომ ჩამოაყალიბა ისრაელიანთა მოდგმა რჩეულ ერად და მათი გონება ღვთის სიტყვის მოსასმენად მოამზადა, ,,უმანკო ჩასახვის სავანენიც“ (მონასტრები) ასევე სრულყოფენ ღვთის ძიების გზაზე მავალთა სულებს და მათ ახალ ერად გარდაქმნიან - რჩეულად და ნათელღებულად. გავითვალისწინოთ, რომ ძველი აღთქმის ,,რჩეული ერი“ ახალი აღთქმისეული ერის წინასახეა. ესაა ეკლესია, ვისთვისაც ნაციონალური უპირატესობა აბსოლუტურად უცხოა.
და, აი, იმავე მთაზე, სადაც ადრე მაყვლის ბუჩქი იწვოდა და არც იწვოდა, უფალმა განაახლა და მეტად გააცხადა აბრაამთან, ისაკსა და იაკობთან დადებული აღთქმა. აქ ისრაელს მსხვერპლის შეწირვის წესები და ათი მცნება ანუ ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრების კონსტიტუცია, რჯული, ე.ი. კანონი ებოძა (გამ. 19-34).
1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
2. არა ქმნნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა და ქვეშე ქვეყანისა. არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ.
3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა.
4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდაყავ იგი: ექვს დღე იქმოდე და ჰქმენ ყოველი საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე, შაბათი, არის უფლისა - ღვთისა შენისა.
5. პატივეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.
9. არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვრისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყოს მოყვასისა შენისა.
აბრაამის, ისააკის და იაკობის შთამომავლობა სინას მთაზე რელიგიურ ერად ჩამოყალიბდა. ეს ერი გენეტიკურ-სისხლისმიერი ერთიანობის, საფუძველზე არ შექმნილა. გავითვალისწინოთ, რომ აბრაამმა წინადაცვითა როგორც სისხლით ნათესავები, ისე უცხო ქვეყნებში ნაყიდი მოსამსახურეები (დაბ. 17:27). ამასთანავე: ღმერთი რომელმაც ისრაელიანთა მოდგმა მონობის ქვეყნიდან გამოიყვანა, წარმართთა მამა და სიხარულიცაა, რაც ძველ აღთქმაშივეა გაცხადებული იონა წინასწარმეტყველის მაგალითზე. ბიბლიურ ,,მამობასა“ და ,,შთამომავლობას“ თესლისმიერ - გენეტიკურ გაგებაზე მაღალი რეგისტრიც აქვს და ეს რეგისტრი ახალი აღთქმის შუქზე ცხადდება, რის თანახმადაც რჩეული ერი ჭეშმარიტებასთან წილნაყარ ხალხს ნიშნავს გვარის, ტომისა და კანის ფერის განუსხვავებლად. რჩეული ერის სხვაგვარი გაგება არაქრისტიანული და, ზოგადად, არაცივილიზებული ცნობიერებაა.
მოსემ ,,გაგზავნა ისრაელიანთაგან ყმაწვილი კაცები და მათაც მიიტანეს აღსავლენი და შესწირეს უფალს ხარები სამადლობელ მსხვერპლად. აიღო მოსემ ნახევარი სისხლი და თასებში ჩაასხა, ხოლო ნახევარი სამსხვერპლოს ასხურა. აიღო აღთქმის წიგნი და წაუკითხა ხალხს. თქვა ხალხმა: ყველაფერს აღვასრულებთ და შევისმენთ, რაც უბრძანებია უფალს. აიღო მოსემ სისხლი და მოასხურა ხალხს. თქვა: აჰა, სისხლი აღთქმისა, რომელიც დაგიდოთ უფალმა ყველა ამ საქმეზე“ (გამ. 24:5-8).
აღთქმა ამჯერად სისხლით განმტკიცდა. ცხადი გახდა, რომ კაცობრიობას სისხლი გამოისყიდის, რაც ნიშნავს: მხსნელი, რომელიც მოევლინება ქვეყანას, შეიწირება ჩვენთვის. ის ზვარაკად მიიტანს საკუთარ თავს და დაღვრის სისხლს, რომელიც გაგვწმენდს. ამის თაობაზე იოანე ოქროპირი ამბობს: ,,მითხარ, რის გამო აპკურა მოსემ აღთქმის წიგნსა და ერს? უთუოდ იმიტომ, რომ ეს სისხლი სახე იყო პატიოსანი სისხლისა... ეს არის სისხლი, იტყვის მაცხოვარი, ახალი აღთქმისა თქვენთვის დათხეული“. აქედან ცხადია, რომ ძველი აღთქმის მსხვერპლს, რომელიც დიდის კრძალვით იწირებოდა ყოველ დღე, სიმბოლური და წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა.
ვინ მოევლინებოდა ქვეყნიერებას მაცხოვრად?
სანამ პასუხს მიიღებდა, ისრაელს ცხოვრების გზაზე კვლავ თვალსაჩინო მონაკვეთი უნდა გაევლო; უნდა შესულიყო აღთქმულ ქვეყანაში, დამკვიდრებულიყო იქ და შეექმნა ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო.
წინასწარმეტყველება ახდა: ისრაელი ქანაანის სანახებს მიადგა. გამოეცხადა უფალი მოსეს ნებოს მთაზე და აუწყა: შენმა თვალებმა იხილეს აღთქმული ქვეყანა, შენ კი ვერ შეხვალ იქ. და წინამძღვარი გარდაიცვალა. მისი სამარე ცნობილი არაა. ეს მოხდა 1220-1200 წლებს შორის.
3. მეფე და წინასწარმეტყველი დავითი (1010-970)
ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრდა და ჩაება ცხოვრების ორომტრიალში. განვლო წლებმა და საუკუნეებმა. ,,რჩეულმა ხალხმა“ ბევრი კარგი და ბევრიც ავი მოიმოქმედა. ხშირად ივიწყებდნენ უფალს. უფალი კი მათ წვრთნიდა; არც სასჯელს და არც წყალობას არ აკლებდა და ძველი აღთქმის სისავსით გაცხადებისათვის საფუძველს ამზადებდა. ეს მისია წილად ხვდათ საულსა და დავითს, რომლებიც წინასწარმეტყველმა სამუელმა ღვთის მითითებით გამოარჩია.
ერთიანი ისრაელის პირველი მეფე საული ბენიამინის ტომიდან იყო, დავითი კი - იუდას შთამომავალი, იესეს ვაჟი, სოფელ ბეთლემიდან. ეს მხარე აღთქმულ ქვეყანაში ყველაზე ჩამორჩენილ პროვინციად ითვლებოდა; მისი წიაღიდან არავინ ელოდა ხსნას. მოხდა პირიქით: უფლის თვალში მადლი სწორედ იუდეველმა მწყემსმა, ტანმორჩილმა ჭაბუკმა დავითმა იპოვა, ფილისტიმელი გოლიათი დაამარცხა და ებრაელი ერი სირცხვილისაგან იხსნა. ეს ფაქტი უმნიშვნელოვანეს წინასწარმეტყველებას შეიცავს, რაც კომენტარსაც არ საჭიროებს, ყოველ შემთხვევაში, - მკითხველისათვის მალე გახდება ცხადი.
საულმა გადაუხვია რჯულის კანონიდან, - საკუთარი ხელით დაკლა საკლავი (I მეფ. 13). მას უმალვე წაერთვა მადლი ანუ ქარიზმა და მიემადლა დავითს. პირად-პირადი ცოდვებისაგან არც დავითი იყო თავისუფალი, მაგრამ პირველცხებული და ღვთივკურთხეული მეფის სახელი მას მაინც შერჩა. მისი ქარიზმა უმცროს შვილს - სოლომონ ბრძენს გადაეცა და, ამდენად, სამეფო დინასტიას დასაბამი დავითმა მისცა.
დავითმა დააფუძნა და განამტკიცა ერთიანი ისრაელის სამეფო. დედაქალაქად იერუსალიმი გამოაცხადა. გადმოიტანა იქ ერის უდიდესი სიწმიდე - რჯულის კიდობანი, სადაც ინახებოდა მცნებათა ორი დაფა ანუ ფიცარი და იგი იმ ბორცვზე დაამკვიდრა, სადაც აბრაამმა, ისაკის ნაცვლად, ვერძი შესწირა. აქ შემდეგ სოლომონმა დიდი ტაძარი ააგო.
დავითისა და მისი შვილის მეფობა (1010-979, 970-931) ისრაელის ისტორიაში ,,ოქროს ხანადაა'' ცნობილი. სამოთხისდარმა ცხოვრებამ დაისადგურა და ისრაელიანნი ,,ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ“ (მე-3 მეფ. 4:20); ,,უშიშრად ისხდნენ... დანიდან ვიდრე ბერშებამდე“. იყო წყალობა და იყო ხილვები. ეცხადებოდა უფალი დავითს და აუწყებდა სიბრძნეს, რასაც წინასწარმეტყველი გამოთქვამდა ლექსად და ამღერებდა ქნარზე ანუ ებრაულად - ფსალმუნზე. ასე შეიქმნა და წიგნთაწიგნში წარუშლელად დაიდო ბინა ,,ფსალმუნმა“, რომელთა რიცხვი უდრის ას ერგასს (ას ორმოცდაათს). მათ კრებულს ქართული ტრადიციით ეწოდება ,,დავითნი“, რომელიც სასულიერო თუ საერო პოეზიის ჭეშმარიტი წყაროა.
ღვთის ძის განკაცება პირველად ფსალმუნთმგალობელმა იწინასწარმეტყველა. მისი მეშვეობით უკვე სრულყოფილად გაცხადდა ძველი აღთქმა ანუ საღმრთო ანდერძი; გამოიკვეთა სისხლიანი მსხვერპლშეწირვისა და, ზოგადად, მოსეს რჯულის საბოლოო მიზანი - უწყება გამომსყიდველი, გამომხსნელი და მაცხოვნებელი მსხვერპლის შესახებ. ზვარაკად თავს თავად უფალი მიიტანს. ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში ღმერთი შეისხამს ხორცს, რომელიც სამყაროს კონკრეტული პიროვნების ანუ ჩვეულებრივი ადამიანის სახით მოევლინება. იგი ნებაყოფლობით დაღვრის სისხლს ჩვენი ცოდვების წარხოცვისა და სამყაროს გაპატიოსნებისათვის.
88-ე ფსალმუნში ვკითხულობთ: ,,ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა: უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი - თესლამდე საყდარი შენი“ (ახ. თარგმანით - ,,დავდე პირობა ჩემს რჩეულთან, შევფიცე დავითს, ჩემს მორჩილს: უკუნისამდე გავამაგრებ შენს შთამომავლობას და თაობიდან თაობამდე დავაფუძნებ შენს ტახტს“) (4-5). ლაპარაკია უფლის აღთქმაზე, რომელიც მიემადლა რჩეული ერის რჩეულ შვილებს: აბრაამს, ისაკს, იაკობსა და მოსეს, რომ ქვეყანას მათი თესლისაგან მოევლინება ხსნა. ეს აღთქმა უკვე ფიცით განმტკიცდა, რაც სამგზის ჩენილი აღთქმის ბეჭდით დადასტურებას, დაბეჭდვას უდრის და წინასწარმეტყველების დვრიტას მთელი არსებით ასაჩინოებს. ამის თაობაზე უფალმა დავითს ნათან ბრძენისა და წინასწარმეტყველის პირით უფრო ცხადად აუწყა: ,,მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ. ის ამიშენებს სახლს და მე გავამტკიცებ მის ტახტს სამარადისოდ. მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის. წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი. დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში სამარადისოდ. მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ“ (I ნეშტ. 17:11-14).
აქ თითქმის ყველაფერია თქმული: კონკრეტული პიროვნება, ვისი სახითაც მოვა ცისა და ქვეყნის მაცოცხლებელი, აღმოცენდება ცხებული მეფის, იესეს ძის, დავითის თესლისაგან და მეფობის მადლით დედის საშოშივე შეიმოსება; დაიბადება ჭეშმარიტ მეფედ და დაერქმევა ,,მესია“ (ებრაული გამოთქმით - ,,მაშიახ“), რაც ბერძნულად ,,ხრისტოსად“, ,,ქრისტედ“ ითარგმნება, ქართულად - ,,ცხებული“. სწორედ მესია, ე.ი. ქრისტე ანუ ცხებული, ვითარცა ყოვლადსრული და საყოველთაო მეფე, აღასრულებს ხილული და არახილული სამყაროს იდეალს, - აღადგენს დაცემულ ადამს და განაახლებს ცისა და მიწის კავშირს. ასე რომ, პიროვნება, ვისაც უგალობდა დავითის ქნარი, იქნება არა მხოლოდ ცხებული, არამედ - მხსნელიც. ,,მხსნელს“ ებრაულად ეწოდება ,,იეშუა“, ბერძნული ტრანსკრიფციით - „იესუ“, „იესო“, რომელიც ამავე ენაზე ითარგმნება ,,სოტერად“, ლათინურად - ,,სალვატორ“, რუსულად - ,,სპასიტელ“, ძველი ქართული ტრადიციით - მაცხოვარი. მაშასადამე, განკაცებული ღმერთი, ვით სანუკვარი მეფე, წარმომდგარი იუდას ტომისაგან, სახელდობრ - დავითის შთამომავალი, იქნება ცხებული მხსნელი ანუ ქრისტე იესო.
კაცობრიობას მხსნელი რჩეული ერის წიაღიდან მოევლინება. ერთსა და იმავე დროს იგი ღმერთიც იქნება და კაციც. იგი სამსხვერპლოზე მიიტანს თავის თავს, რითაც შეარიგებს კაცთა მოდგმას ღმერთთან და, უშუალო წინაპრის დავითის მსგავსად, დათრგუნავს გოლიათს ანუ წუთისოფლის საცთურს, ე.ი. ეშმაკს და მის სამეფოს - ჯოჯოხეთს.
რა ბედი ეწია ერთიანსა და ძლევამოსილ ისრაელს?
მისმა თავკაცებმა გადაუხვიეს ჭეშმარიტების გზიდან. ბრძენმა და ცხებულმა მეფე სოლომონმა, ცოლების ზეგავლენით, უცხო ღმერთებს სცა თაყვანი (მე-3 მეფ. 11:4-8) და გარყვნილების მორევს მიეცა. მის კვალს დაადგნენ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები. მათ შორის დაისადგურა შურმა და მტრობამ. სოლომონის შემდეგ, 929 წელს, ისრაელის სამეფო ორად დაიყო. ტომებს შორის ჩამოვარდა ქიშპი და უთანხმოება, რის გამოც უფალმა დასაჯა საყვარელი (მაგრამ ურჩი) ერი. ვინაიდან მათ არ შეისმინეს წინასწარმეტყველთა და რჯულის მეცნიერთა სიტყვები და არ გამოსწორდნენ, ხელახლა ამოყვეს თავი ტყვეობაში: 597 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა აიკლო, იავარყო სოლომონის ტაძარი და მისი წმიდათაწმიდა - რჯულის კიდობანი მცნებათა ფიცრებითურთ.
მონობის უღელი ისრაელიანებს მძიმე ტვირთად დააწვა. მათ დედაქალაქში შესვლა აუკრძალეს. ისინი მიდიოდნენ იერუსალიმის მახლობლად, დადგებოდნენ ერთი კედლის წინ და მოთქვამდნენ. ეს კედელი შემორჩენილია დღემდე და ,,გოდების კედელს“ უწოდებენ.
ტყვეობისა და მსხემობის ჟამს ებრაელ ერს კვლავ აღმოხდა კვნესა და მიეცა სინანულს. კვლავ მოხედა უფალმა შეჭირვებულ ხალხს და წინასწარმეტყველები გამოუგზავნა. ისინი ქადაგებდნენ და მესიას გზას უკაფავდნენ. მათგან გამორჩეულნი არიან: ოსია, ამოსი, ელია თეზბიტელი, ესაია, იერემია, იეზეკიელი, დანიელი, იონა, ზაქარია, ანგია და სხვანი. ისინი იუწყებოდნენ, რომ მოვა ჟამი, როდესაც ღმერთი განკაცდება და დაიბადება ქალწულის მიერ ბეთლემის ქვაბში, ბოსელში. ის იქნება ,,იესეს ყლორტი“, რომლის შობას მოჰყვება ჩვილთა არწყვეტა, რის გამოც მას მოუწევს ხიზნობა ეგვიპტეში და, ამდენად, რჩეული ერის თავგადასავლის გამეორება. იგი დაისჯება უსამართლო კაცთა გულარძნილობის გამო; ნებაყოფლობით იტვირთავს სასჯელს თითოეული ჩვენგანის ნაცვლად და დასახავს გზას, რომელიც ადამის შვილებს ცათა სასუფეველში მიიყვანს. ბედნიერება არა მხოლოდ ებრაელობას, არამედ ყველას მიემადლება. ამასთანავე, რაც არსებითია, უძლეველი და უდიადესი მეფე - ქვეყნის მხსნელი და მაცხოვარი - დედამიწას შეურაცხკაცად შეურაცხი პროვინციიდან მოევლინება.
ამქვეყნიური ფასეულობანი გადაფასდა. წუთისოფელს იხსნის მორჩილი, მდაბალი და ყველასაგან დაწუნებული ადამიანი, რომელიც სხვათა ცოდვებს ნებით იტვირთავს. ქრისტეს მოვლინების ზედმიწევნითი წინასწარმეტყველება მოცემულია ესაიას წიგნის 53-ე თავში, რომელიც, ნეტარი იერონიმეს თქმით, მახარებლის სიტყვებს უფრო ჰგავს, ვიდრე წინასწარმეტყველისას. ამის გამო ამ თავს მე-5 სახარებას უწოდებენ და მართლაც, იგი ძველი აღთქმის გვირგვინია:
,, ... არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგეხედა; არც იერი, რომ მივეზიდეთ. საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისაგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისათვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით. თითოეული ჩვენ - ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისათვის დაისაჯა. მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა“.
ძველმა აღთქმამ და წინასწარმეტყველებამ ხორცი ჩვენი წელთაღრიცხვის გარიჟრაჟზე შეისხა. ღმერთმა კაცთა ნათესავის გამოსახსნელად დედამიწაზე მხოლოდშობილი ძე მოავლინა. მარადიული, დაუსაბამო და უჟამო ღმერთი განკაცდა.
ებრაელ ქალწულ მარიამს, დავითის შთამომავალს, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ დაორსულდება და შეეძინება ვაჟი. ხარებას შობა მოჰყვა, შობას კი ყველაფერი, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ.
იესო ქრისტე, სათნო გადმოცემის თანახმად, 30 წლის ასაკში მოინათლა იოანე წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის მიერ. ამ ფაქტით ძველი აღთქმა და რჯული დასრულდა. იოანე ნათლისმცემელი დგას გზათგასაყარზე და ითვლება ძველი აღთქმის უკანასკნელ წინასწარმეტყველად და ახლის წინამორბედად. მისი ქადაგება - შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა! ნიშნავდა ღმერთსა და ადამიანს შორის ახალ ურთიერთობათა, ახალ ხელშეკრულებათა დასაბამს. აქ არის მინიშნება ახალი აღთქმის უმთავრეს იდეალზე - ცათა სასუფეველზე და მისი მიღწევის პირობაზე - სინანულზე. ქრისტიანული სინანულის არსს ასაჩინოებს ბერძნული შესატყვისი ,,მეტანოია“, რაც ნიშნავს: ხელახალი გონება, გონების გარდაქმნა, განახლება, ზეაღზიდვა. იგულისხმება პიროვნების გაკეთილშობილება, შეცვლა, განახლება. ახალ აღთქმაში მონაწილეობის წინაპირობაა სინანული ანუ ცოდვათა გაცნობიერება, რამაც უნდა გამსჭვალოს ინდივიდი და შეცვალოს სასიკეთოდ.
ძველი აღთქმის გარეგანი ნიშანი წინადაცვეთა იყო. ახალი აღთქმის ხილული ნიშანი კი ნათლისღება და ზიარებაა. ნათლისღება არის ახალი აღთქმის კარი, წინაბჭე, ზიარება კი - მისი გვირგვინი. ნათლისღების მეშვეობით მორწმუნე ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება, ზიარების მეშვეობით კი იგი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება. ერთიც და მეორეც ეკლესიის მიერ გააზრებულია საიდუმლოდ (საკრამენტად), რომელთაგან მეორე (ზიარება) თავად უფალმა დაადგინა. მან მოციქულები პირველად საპასექო სუფრაზე აზიარა. პური საკუთარ ხორცად, ღვინო კი საკუთარ სისხლად დასახა და ამით მსხვერპლშეწირვის ებრაული წესი გააუქმა. სახარების ამ ეპიზოდს, რომელსაც ოთხივე მახარებელი აღწერს (მათე 26:17-30; მარკოზი 14:12-26; ლუკა 22:14-71; იოანე 13:1-35) საეკლესიო ტრადიცია საიდუმლო სერობას უწოდებს. საიდუმლო სერობა, შეიძლება ითქვას, ახალი აღთქმის პრეზენტაციაა.
ახალი აღთქმის იდეალი არის ცათა სასუფეველი. პავლე მოციქულის თქმით, მოსეს რჯული დროებითი მოვლენაა. სიბრძნის საბოლოო გაცხადება ხდება იესოს პიროვნებაში, რომელმაც აღასრულა და გააუქმა რჯული (რომ. 10:4), რომელიც ებრაელებს ხსნისა და გამართლების საშუალება ეგონათ. ამიერიდან ადამიანმა არა რჯულის ანუ კანონის, არამედ რწმენის შესაბამისად უნდა იცხოვროს. ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველია სიყვარული და, პავლეს მოძღვრებით, თუ ადამიანს მოყვასი უყვარს, რჯულის ყველა მოთხოვნა შესრულებულია. ამას გულისხმობს მაცხოვარი, როცა ორ მთავარ მცნებაზე ლაპარაკობს: ერთია, გიყვარდეს ღმერთი შენი, მეორეა - გიყვარდეს მოყვასი შენი. ეს ორი მცნება მთელ რჯულს მოიცავს. კაცისათვის, რომელიც არ მრისხანებს, ფუჭია შეხსენება მცნებისა ,,არა კაც კლა“. ნეტარი ავგუსტინე ამგვარად გამოხატავს ამ ორი მცნების არსს: ,,გიყვარდეს უფალი და გააკეთე, რაც გინდა“ (იგულისხმება, რომ უფლის სიყვარული მხოლოდ სიკეთეს გაგაკეთებინებს). ახალი აღთქმის რჯული არის სიყვარულის რჯული და თუ სიყვარული არსებობს ადამიანთა შორის, რჯულიც დასრულებულია.
რას ნიშნავს ,,რჯულის დასრულება“, ანდა ,,გაუქმება“? რჯულის ქვეშ აქ რწმენა არ იგულისხმება (რწმენა, იმავე პავლეს თქმით, გადარჩენის მთავარი პირობაა: რომ. 1:17). ქრისტემ წეს-განგების, მსხვერპლშეწირვის რიტუალისა და, ზოგადად, კანონის არსობრივი მნიშვნელობა უარყო. ახალმა რელიგიამ კანონს პირველხარისხოვნება ჩამოაშორა. მან გააუქმა, აზრმოკლებულად, უფრო ზუსტად - ყავლგასულად გამოაცხადა წინადაცვეთა და სისხლიანი მსხვერპლის შეწირვა. ყურადღება სულიერ მხარეზე, ინდივიდის შინაგან რწმენასა და ქველმოქმედებაზე გადაიტანა. ქრისტიანობა არის სიყვარულის, სიბრალულის, სინანულის, თანაგრძნობისა და თანალმობის რელიგია, რომლის ბირთვი თავად იესო ქრისტე, - მისი ცხოვრება, პირადი მაგალითი და მის ბაგეთაგან გამოთქმული მოძღვრებაა.
ქრისტე ამ მოძღვრების კაცთა შორის დასანერგად მოვიდა. თანამოსაგრეებად თორმეტი მოციქული გამოირჩია (მათე 10:2-4). მოციქულებმა და მოციქულთა მოციქულებმა, რიცხვით სამოცდაათმა, ახალი მოძღვრება - ქრისტიანობა - მსოფლიოს მოჰფინეს.
ქრისტიანობა არის ხსნისა და გამოსყიდვის რელიგია. ეს მისია, საბოლოო ჯამში, ყველა რელიგიას აკისრია, მაგრამ ქრისტეს მოძღვრებას სპეციფიკური ნიშნები აქვს. ეს, პირველ რიგში, ჯვრისა და ჯვარცმის, როგორც გამოსყიდვის საშუალების, მიმართ ითქმის. ლაპარაკია არა საკუთრივ ჯვარზე, როგორც გრაფიკულ გამოსახულებაზე, არც ჯვარცმაზე - დასჯის ფორმაზე, არამედ შინაარსზე, რასაც მოიცავს ცნებები: ჯვარი და, მისგან განუყოფელი, გამოსყიდვის დოგმატი. იესო ქრისტემ ადამიანი და, მასთან ერთად, წუთისოფელი გამოისყიდა ჯვარცმამდე დამდაბლების გზით. მან მიატოვა ,,თავისი მამული'', შეიმოსა მონის ხატი და ჯვარს ეცვა როგორც დამნაშავე, განწირული და მიუსაფარი. ახალი აღთქმის მთავარი ნიშანი ანუ სასწაული თავმდაბლობის შედეგად დაღვრილი და შეწირული სისხლია. მისი მოძღვრებისათვის ნიშანდობლივია ძველი ფასეულობების გადაფასება და ახალი ზნეობრივი კრიტერიუმების დამკვიდრება. მაგალითად, სიმდიდრე, სილაღე, თვალტანადობა, რასაც ელტვოდა წარმართთა ცნობიერება, ქრისტიანთა მიერ ჩათვლილია არაარსებით კატეგორიებად. გამოცლილი აქვს საფუძველი პრინციპს - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ამქვეყნიური დიდება, რაც ებრაელთა რჯულშიც თვალსაჩინოდ ფიგურირებდა, სახარების თანახმად სანუკვარი ფაქტი არაა. ადამიანს ადიადებს არა ძლიერი მკლავი, ანდა სავსე ქისა, არამედ უმანკო გული და სინდისი. ქრისტიანული ეთიკისა და მორალის სპეციფიკური ნიშანია შენდობა, მტერთათვის ლოცვა და ბოროტების სიკეთით გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველივე ეს ძველ აღთქმაში არაერთგზისაა აღნიშნული პირდაპირ თუ ალეგორიულად, მაცხოვარმა იესო ქრისტემ სიმდაბლის, მოთმინებისა და მიტევების პირადი მაგალითი გვიჩვენა. რა თქმა უნდა, ზნეობის ამ რანგამდე ასვლა ადვილი არაა და ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, ზრდა-განვითარების გარკვეული ეტაპების გავლის შემდეგ. ხელოვნურობა ამ სფეროში დამღუპველია. არ შეიძლება, თვალნაკლულებს ვუხმობდეთ სანადიროდ, სმენადახშულებს - სასიმღეროდ, ძალააყრილთ - საასპარეზოდ. ისინი ჯერ უნდა განიკურნონ (თუკი ექვემდებარებიან მკურნალობას). ასევე, სინდისისაგან დაშრეტილნი (თუკი მკვდარნი არ არიან ამ თვალსაზრისით), ჯერ უნდა გამოვაფხიზლოთ, ვაზიაროთ ზნეობის საერთაშორისო ნორმებს - ელინურს, ებრაულს, ვედურს (ე.ი. ძველ ინდურს), თუნდაც - ათეისტურს და შემდეგ მოვთხოვოთ უმაღლესი ეთიკა - მტერთათვის ლოცვა. საზოგადოებამ, ასე ვთქვათ, ჯერ უნდა შეასრულოს ძველი აღთქმის ნორმატივი, რომ ახალი აღთქმის სამანებს ეზიაროს, გაუსწოროს თვალი ქრისტეს მოძღვრებას არა მხოლოდ გონებით და ცოდნით, არამედ ცხოვრებით - სულით და გულით. ეს ნიშნავს შემდეგს: ჯერ ათ მცნებას უნდა დავეუფლოთ და აღვასრულოთ, რომ მივეახლოთ სახარების ცხრა ნეტარებას; ჯერ კანონის წინაშე უნდა ვიყოთ მართალნი, რომ გავთავისუფლდეთ მისი მარწუხებისაგან. დაბალგანვითარებულნი ვერა და ვერ გათავისუფლდებიან კანონის ზეგავლენისაგან. თუ დააპირებენ, გაცილებით მძიმე სასჯელს დაიტეხენ თავს...
ახალი აღთქმის სიღრმე და სიდიადე, ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების, მისი პირადი მაგალითის გარდა, აღბეჭდილია შეგონებებში, ლოცვებში, სასწაულებსა და იგავებში. ესენია, მაგალითად, ცხრა ნეტარება (მათე 5:4-12), მამაო ჩვენო (მათე 6:9-13; ლუკა 11:2-4), იგავი შეცდომილ ძეზე ანუ, ძველი ქართული ტრადიციით, უძღებ შვილზე (ლუკა 15:11- 32), ათ ქალწულზე (მათე 25:1-13), ლაზარეს აღდგინებაზე (იოანე 11:1-45) და სხვა.
ესქატოლოგიური ანუ წუთისოფლის უკანასკნელი დღის რაობის თვალსაზრისით ყველაზე საყურადღებო ლაზარეს მაგალითია.
ქრისტემ გვანიშნა: ვინც უფლის მეგობარია, სიკვდილი ვერაფერს დააკლებს, - გვამი გახრწნილი და განქარვებულიც რომ ჰქონდეს, ლაზარეს მსგავსად გაცოცხლდება და საკუთარი სხეულით აღდგება. ეს ქვეყნიერების დასასრულს ანუ ,,მეოთხე დღეს“ მოხდება. იმ ფაქტს, რომ ლაზარე უფალმა მე - 4 დღეს აღადგინა, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ქრისტე მესამე დღეს აღდგა, ლაზარე - მეოთხე დღეს, რაც საყოველთაო განკითხვისა და განახლების ჟამზე მიანიშნებს. იმ დღეს ყველა მართალი უკვდავებას ეზიარება.
თუკი კვლავ დაისმება კითხვა, რა არის ქრისტიანობის სპეციფიკა, რასაც ანალოგი სხვა რელიგიებში არ მოეპოვება, ვუპასუხებთ - თავად ქრისტეს პიროვნება, ვნება და აღდგომა. მან ყოველი კაცის ცოდვა იტვირთა და საკუთარი თავი გაწირა თითოეული ჩვენგანის ნაცვლად. მას მიაყენეს განუზომელი ტანჯვა და გვემა, ნერწყვა და ყვრიმალისცემა, მათრახი და ეკლის გვირგვინი, შეურაცხყვეს და ჯვარს აცვეს ჰურიასტანის პრეფექტის პონტოელი პილატეს დასტურით იერუსალიმის გარეუბანში, გოლგოთას ბორცვზე, ახალი წელთაღრიცხვის 33-ე წელს.
მაგრამ აღსრულდა წინასწარმეტყველება: კვირას, სიკვდილიდან მესამე დღეს, ცისკარზე, მკვდრეთით აღდგა ის, ვინც დაამცირეს და ჯვარს აცვეს.
ქრისტე ამქვეყნად მოკვდავი და ხრწნადი სხეულით მოვიდა, მაგრამ ჯვარცმისა და დამარხვის შემდეგ, იმის გამო, რომ იგი ბუნებით ღმერთი იყო, უკვდავი და უხრწნელი სხეულით აღდგა. ქრისტიანებს სწამთ, რომ საყოველთაო განკითხვის ჟამს ჩვენი ხორციც ასევე განახლდება. ქრისტეს აღდგომა მოასწავებს დაკარგული სამოთხის პოვნას და მისკენ დასაბრუნებელ გზას გვისახავს.
ღვთისმეტყველება და ღვთისმსახურება ურთიერთგანუყოფელი დარგებია. პირველი თეორიაა, მეორე - პრაქტიკა. თეორია შთააგონებს და მსჭვალავს პრაქტიკას და მის ტიპოსს, მის სახეს, მის სტრუქტურას. ორივეს ერთი და იგივე მიზანი აქვს -ღვთისშემეცნება. მართალია, საღვთისმსახურო წეს-განგებანი და, ზოგადად, ტიპიკონი ცვალებადობის კანონს ექვემდებარება, მაგრამ ღვთისმსახურების არსება უცვლელია და ქრისტეს მოძღვრების დედააზრს მისადაგებული.
როგორც ღვთისმეტყველების, ისე ღვთისმსახურების საფუძველი საღვთო წერილი და საღვთო გადმოცემაა.
ღვთისმეტყველება და, ზოგადად, ქრისტიანული მოძღვრება არსობრივად ჩამოყალიბებულია ბიბლიასა და ახალი აღთქმის საღვთო გადმოცემაში. ღვთისმეტყველების ისტორია, ფაქტობრივად, ბიბლიისა და მოციქულთა მოძღვრების მეტი და მეტი გამომხატველობითი საშუალებებით ათვისებისა და წარმოჩენის პროცესია.
ღვთისმეტყველების მიზანი საღმრთო წერილში დავანებული სიბრძნის გამომზევება და სხვათა გონებამდე მისი მიტანაა. მოაზროვნე, რაგინდ რელიგიური პათოსით მეტყველებდეს, თეოლოგად ვერ ჩაითვლება, თუ არ ეყრდნობა საღვთო ავტორიტეტს და მის საფუძველზე არ გამოჰყავს დებულება.
ქრისტიანული ღვთისმეტყველების ძირითადი დებულებები - დოგმატები - შემუშავდა საღვთო წერილის კომენტირების საფუძველზე.
ბიბლიური ტექსტების ახსნა-განმარტებას სახელდებენ ორგვარად: ჰერმენევტიკა და ეგზეგეტიკა. ორივე ბერძნულია: ,,ჰერმენეია“ ნიშნავს განმარტებას, თარგმნას; ,,ექსეგესის“ კი - გადმოცემას, უწყებას. უფრო პოპულარულია მეორე ეტერმინი - ეგზეგეტიკა.
საღმრთო წერილის მუხლობრივი და თემატური განმარტების ანუ თარგმანების ტრადიცია ებრაელთა შორის ჩაისახა, მაგრამ ქრისტიანებმა ამ დარგს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს. მათ, პირველ რიგში, ძველი აღთქმა ახალი აღთქმის თვალით უნდა დაენახათ და წაეკითხათ.
ქრისტიანული ეგზეგეტიკის წყარო მაცხოვარია. ძველი აღთქმის ამა თუ იმ პასაჟს, წინასწარმეტყველებებსა და საკუთარი ბაგით წარმოთქმულ იგავებს, ალეგორიებსა თუ სენტენციებს იგი თვითონვე განმარტავდა. დროდადრო, ეკლესიაში საკამათო საკითხების წარმოჩენასთან ერთად, ბიბლიური ეგზეგეზის აუცილებლობა მწვავედ იჩენდა თავს და გასაკვირი არაა, რომ ამ დარგში სიტყვა თითქმის ყველა მამამ და ღვთისმეტყველმა თქვა, მათ შორის - რომის პაპმა კლიმენტიმ, წმ. ბარნაბამ, ეგნატე ანტიოქიელმა, კლიმენტი ალექსანდრიელმა, თეოფილე ანტიოქიელმა, ორიგენემ, იპოლიტე რომაელმა და ბევრმა სხვამ. ჩამოყალიბდა ორი სკოლა - ალექსანდრიისა და ანტიოქიის. პირველი, რომელსაც სათავე კლიმენტი ალექსანდრიელმა დაუდო, უფრო ფილოსოფიური, მისტიურ - ალეგორიული იყო. იგი შესაქმის თითქმის ყოველ მუხლს სიმბოლურად იაზრებდა. მეორე კი, მღვდელმოწამე ლუკიანე ანტიოქიელის (III-IV სს.) დაფუძნებული, უმთავრესად დამოძღვრითი და კატეხიზმური ხასიათის გახლდათ. ანტიოქიური სკოლის ყველაზე დიდი წარმომადგენელი იოანე ოქროპირია. ალექსანდრიული და ანტიოქიური სკოლების მიღწევები განავითარა კაბადოკიურმა სკოლამ, რომლის კორიფენი არიან: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი (ნაზიანზელი) და გრიგოლ ნოსელი. მათ შრომებში ქრისტიანულმა ეგზეგეტიკამ უმაღლეს საფეხურს მიაღწია.
ეგზეგეტიკის დახმარებით ქრისტიანული მოძღვრება წერილობითად და გამოთქმითად ჩამოყალიბდა. ამ მოძღვრების, როგორც თეოლოგიური სისტემის ფუნდამენტი დოგმატიკაა.
დოგმა ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს ,,თვალსაზრისს“, „შეხედულებას“, ,,მოძღვრებას“, თავად დარგი - დოგმატიკა - მოიცავს ეკლესიის მიერ დადგენილ, უცვალებელ, ზედმიწევნით მტკიცე მოძღვრებას ღვთისმეტყველების ძირითად საკითხებზე - ღმერთსა და მის შესაქმეზე, ეკლესიაზე, მერმის საუკუნეზე და ა.შ.
მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციით, ძირითადი საღვთისმეტყველო დოგმატები თვით საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაშივეა კოდირებული. ისინი ჰგვანან მდოგვის მარცვალს, რომელიც ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ ,,როდესაც იზრდება, ყოველ მწვანილზე დიდია და ხედ იქცევა“ (მათე 13:32). დოგმატები წერილსა და გადმოცემაში მარცვლების მსგავსადაა წარმოდგენილი, რომლებიც გარემო პირობების შესაბამისად იხარებენ და ნაყოფს იძლევიან (ლუკა 8:11-15). დოგმატებს თავიანთი სათქმელი სრულყოფილად და ყველასათვის გასაგებად რომ გაეცხადებინათ, ღვთისმეტყველებს ისინი უნდა გამოეთქვათ და წერილობით ჩამოეყალიბებინათ, სიმბოლოებსა და ფორმულებში გამოეხატათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ინდივიდუალური საღვთისმეტყველო მსჯელობანი ფართო ასპარეზს იპოვიდა, რაც ახალი და ახალი ერესების აღმოცენებას წაახალისებდა. ასეც მოხდა, მაგრამ ამ ფაქტმა დოგმატიკის განვითარებას ანუ, ეკლესიის ენაზე რომ ვთქვათ, ჭეშმარიტების მეცნიერული კატეგორიებით გამოხატვას შეუწყო ხელი.
ამდენად, დოგმატების ძირითადი ნაწილი ახალი ეპოქის ადრეულ საფეხურზე ჩამოყალიბდა, მაგრამ გამოცხადებული და უცვალებელი სიბრძნის (ცოდნის) სტატუსი მათ IV-VIIIსს-ში შვიდი მსოფლიო და რამდენიმე ადგილობრივი კრების დასტურით მიენიჭა. დოგმატებს, ეკლესიის რწმენით, მფარველობს სულიწმიდა და ყოველგვარი ცდომილებისაგან იცავს. თითოეული დოგმატი ეფუძნება საღმრთო წერილს და გადმოსცემს გამოცხადებული სიბრძნის ამა თუ იმ მხარეს ფორმულებად, ე.ი. დადგენილებათა თუ განაწესთა სახით. მათი წყალობით უნდა აილაგმოს რჯულის სხვადასხვა საკითხის თვითნებური გააზრება. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ დოგმატები ყალიბდებოდა და იხვეწებოდა ერეტიკულ შეხედულებათა მხილების კვალზე. მისი მიზანი იყო კათოლიკე, ე.ი. საყოველთაო მოძღვრების სისტემაში მოყვანა და სრულყოფა. დიდ ,,მესჯულეებად“ (,,დოღმატიკოსებად“) ითვლებიან: ათანასე ალექსანდრიელი (+373), ბასილი დიდი (+379), გრიგოლ ღვთისმეტყველი (+390), იოანე ოქროპირი (+470), კირილე ალექსანდრიელი (+ 444), მაქსიმე აღმსარებელი (+662), იოანე დამასკელი (+749), თეოდორე სტუდიელი (+826), სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (+1032), გრიგოლ პალამა (XIV ს.) და სხვა.
დოგმატები ერთმანეთთან შეათავსა და მართლმადიდებლური მოძღვრება შეჯამებული სახით გადმოსცა იოანე დამასკელმა შრომაში ,,წყარო ცოდნისა“ (პეგე გნოსეოს), რასაც ზოგჯერ ,,თეოლოგიის ჟამს“ უწოდებენ. იგი შედგება სამი ნაწილისაგან: 1. საფილოსოფოსონი თავნი ანუ დიალექტიკა, სადაც წარმოდგენილია საღვთისმეტყველო ტერმინების დეფინიცია (განსაზღვრება) და თეოლოგიური კვლევა-ძიების მეთოდი; II. წვალებათა წინააღმდეგ. იქ ჩამოთვლილი, განხილული და უარყოფილია უმთავრესი ერეტიკული მიმდინარეობანი; III. ზუსტი ანუ უცდომელი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა. ესაა შრომის ყველაზე ვრცელი და ფასეული ნაწილი, სადაც თემატურად და თანმიმდევრობით განხილულია საეკლესიო მოძღვრების ცალკეული საკითხები, კერძოდ - დოგმატები ღვთის შესახებ, ერთარსებისა და სამგვამოვნების შესახებ, ღვთისმშობლის, ანგელოზების, წმინდანების, ხატებისა და სხვათა შორის. ამ შრომის გამო იწოდება იოანე დამასკელი პატრისტიკის ანუ მამათა მოძღვრების სრულმყოფელად. სამივე ნაწილი თარგმნილია ქართულად. მათგან მესამე ,,მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“ - ახალ ქართულ ენაზე ე. ჭელიძის მიერ (თბ., 2000).
ქრისტიანული მოძღვრების დოგმატების სახით წარმოჩენის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია ,,მრწამსი“. ,,მრწამსს“ მეორენაირად ,,სარწმუნოების სიმბოლო“ ეწოდება. ,,სიმბოლო“ ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ,,ნიშანს''. ძველად იგი ეწოდებოდა სარწმუნოებრივ ფორმულებს, რითაც ქრისტიანი გამოხატავდა საკუთარ რელიგიურ კრედოს.
,,მრწამსში“ ქრისტიანული რელიგიის არსი არეკლილი და წარმოჩენილია რეზიუმეს სახით. ესაა სარწმუნოების კონსპექტი, - ერთობ ლაკონიური და, ამასთანავე, ყოვლისმთქმელი. იგი ქრისტიანული მოძღვრების დოგმატურ, მყარ, უცვალებელ დებულებათა ზუსტი და ამომწურავი შეჯამებაა. იგი ნათლისღებისა და ლიტურგიის დროსაც წარმოითქმის. IVს-მდე, სანამ მრწამსის საბოლოო რედაქცია შემუშავდებოდა, მისი რამდენიმე ვარიანტი არსებობდა. მათ შორის მოციქულთა სიმბოლო (შემორჩენილია და დღემდე იკითხება რომის კათოლიკურ ეკლესიაში). ქრისტიანთა შორის ერთსულოვნება რომ ყოფილიყო, ეკლესიის წინამძღვრებმა გადაწყვიტეს მრწამსის ერთი კანონიკური ტექსტი შეედგინათ. ეს მისია თავს იდო შვიდთაგან პირველმა ორმა - ნიკეისა (325) და კონსტანტინოპოლის (381) მსოფლიო საეკლესიო კრებებმა. აღნიშნულ ფორუმებს ფრიად განსწავლული მამები ხელმძღვანელობდნენ - ევსტათი ანტიოქიელი, ნიკოლოზ მიროლუკიის მთავარეპისკოპოსი, ათანასე ალექსანდრიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვანი. მათ დააკანონეს თორმეტმუხლიანი ანუ წევრიანი რეზიუმე - სიმბოლო, რომლის თითოეულ ასოს ოქროს ფასი აქვს და ითვლება საკაცობრიო აზროვნების, სულიერი და ინტელექტუალური შემეცნების მწვერვალად. იგი ნახევარ გვერდზე იტევს ბიბლიის უმთავრეს სათქმელს.
საეკლესიო ტრადიცია თითოეული წევრის პირველავტორად თორმეტ მოციქულთაგან ერთ - ერთს ასახელებს: პირველი მიეწერება პეტრეს, მეორე - იაკობ დიდს, მესამე -იოანეს, მეოთხე - ანდრიას, მეხუთე - ფილიპეს, მეექვსე - თომას, მეშვიდე - ბართლომეს, მერვე - მათეს, მეცხრე - იაკობ უმცროსს, მეათე - სვიმეონს, მეთერთმეტე - იუდას (ქრისტეს ხორციელ ძმას), მეთორმეტე - მატათას (იუდა ისკარიოტელის მაგიერ რომ აირჩიეს). ნიკეა კონსტანტინეპოლის კრებებმა, მორწმუნეთა შეხედულებით, მხოლოდ შეავსეს და დააზუსტეს მოციქულთა პირით ნამცნები დებულებები. ნებისმიერი თეოლოგიური მსჯელობა და თეორია გამომდინარეობს, ანდა - უნდა გამომდინარეობდეს, ,,მრწამსიდან“ მისივე განვრცობის, განმარტებისა და გაცხადების მიზნით.
სარწმუნოების სიმბოლო ანუ მრწამსი
1. მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა;
2. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა;
3. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა;
4. და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე, და ივნო და დაეფლა;
5. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა;
6. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა;
7. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;
8. და სულიწმიდა, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანისიცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ;
9. ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია;
10. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა;
11. მოველი აღდგომასა მკვდრეთით;
12. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნისასა. ამინ.
მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების საფუძველთა საფუძველია მოძღვრება ერთი სამპიროვანი ღმერთის ანუ ერთარსება-სამების შესახებ. ესაა ძირითადი ღვთისმეტყველება,- ცოდნა ღმერთზე, მის ბუნებასა და თვისებებზე, მისმიერ შესაქმეზე, წუთისოფელზე და უზენაესის მასთან დამოკიდებულებაზე. ღვთისმეტყველება, ფართო გაგებით, ღვთისა და ღვთისმიერი შესაქმის გარდა სხვა სფეროებსაც მოიცავს. ესენია: მოძღვრება ანგელოზებზე, - ანგელოლოგია; ბოროტების აღმოცენებაზე - დემონოლოგია; ადამიანზე - ანთროპოლოგია; ეკლესიაზე - ეკლესიოლოგია; ქვეყნიერების საბოლოო დღეზე - ესქატოლოგია. წარმოვაჩენთ თითოეულს მოკლედ სამი ქვეთავის ფარგლებში: ძირითადი ღვთისმეტყველება (თეოლოგია), ეკლესიოლოგია, ესქატოლოგი.
ღვთისმეტყველება. მრწამსის პირველი სიტყვები, რომ ღმერთი არის ერთი, უარყოფს წარმართთა მრავალღმერთიანობას. მართალია, ანტიკური ფილოსოფიის საუკეთესო წარმომადგენლები - სოკრატე, პლატონი, არისტოტელე და სხვა - უახლოვდებოდნენ მონოთეიზმს, მაგრამ ელინური სამყარო - მისი რელიგიური მოძღვრებანი და ნაირგვარი კულტი, რომლის გარემოცვაშიც ფუძნდებოდა ქრისტიანული მსოფლგაგება, ყოვლისშემოქმედი ღმერთის იდეამდე ვერ ამაღლდა. ამიტომაც განცხადება - „მრწამს ერთი ღმერთი“ - იმდროისათვის ახალი და გაბედული სიტყვა იყო.
ღმერთი არის სული უსხეულო, მარადიული და უცვალებელი, ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი, სახიერი ანუ კეთილი და, რაც მთავარია, ,,ღმერთი არის სიყვარული“ (მათე 19:17; I იოანე 4:8). მრავალრიცხოვან ეპითეტთა შორის ღვთის არსს და ბუნებას ყველაზე მეტად სიყვარული აცნაურებს. სიყვარული არის იმის მიზეზი, რომ ღმერთი არის სამპიროვანი (სამსახოვანი, სამჰიპოსტასოვანი, სამგვამოვანი).
ღვთის სრულყოფილ გონებას განუზომელი სიყვარული ეთანასწორება. სიყვარული კი ითხოვს ობიექტს, - ტრფობის საგანს, რომ ჰპოვოს კმაყოფილება და ნეტარება. ადამიანი ვერ კმაყოფილდება გარემომცველი ბუნების: მცენარეთა თუ ცხოველთა, ვერც საკუთარი პროფესიის სიყვარულით და ეძებს თავის მსგავსს ალერსისათვის, - შვილს. უზენაესის ტოლსწორი, ცხადია, ქვეყნიერების ვერც ერთი ელემენტი ვერ იქნება. მისი სიყვარული, ერთი და ერთგვამოვანი რომ იყოს (ანუ მარტო), დაუოკებელი დარჩება. ქრისტიანული თეოლოგია ამ საკითხს სამპიროვნულობით წყვეტს: მარადმოყვარულ მამას ჰყავს მარადსაყვარელი არსება - მხოლოდშობილი ძე, ხოლო მამას და ძეს თავსევლება წმიდა სული, რომელიც არის მამის ნათელი და სიწმიდე, მისი ელვარება, მისი სინათლე. ამრიგად, არსებით მთლიანი და ერთიანი აბსოლუტი გასამგვამოვნებულია და ატრიბუტები, რაც ჩამოვთვალეთ, სამების თითოეულ წევრს მიეკუთვნება. ასე რომ, ერთარსება-სამების ფაქტი ანუ ღვთის სამობით არსებობა გაპირობებულია სიყვარულის დაუწერელი და გარდაუვალი კანონით. აქედან გასაგებია ნეტარი ავგუსტინეს სიტყვათა არსი - „ვჭვრეტ სამებას, თუ სიყვარულს ვხედავ“. სიყვარული გულისხმობს კავშირს და საღვთო წიაღში, უზენაეს ერთარსებაში, მარადიულ მთლიანობას მამისას, ძისას და სულიწმიდისას.
სამების წევრებს შორის ამგვარი ურთიერთმიმართებაა: მამა სიყვარულით შობს თავის ტოლსა და სწორს - ძეს. ესაა ბუნებით შობა, რაც არაა შემოსაზღვრული დროითა და სივრცით; იგი ყოველთვის აღესრულებოდა და აღესრულება. მამის წიაღიდან მიწყივ ,,სხივოსნდება“ ანუ იშობა ძე. ,,მრწამსი“ გვამცნობს, რომ იესო ქრისტე არის მამისაგან შობილი ,,უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“. სამივე ჰიპოსტასს - მამას, ძეს და სულს - აქვთ ერთი ღირსება, ერთი სისრულე. ამიტომ შეჰფერით ერთნაირი პატივი და თაყვანისცემა.
ამასთანავე: ერთარსება - სამება „განუყოფლად განყოფილია“. ეს ნიშნავს, რომ სამების პირები განირჩევიან პირისეული თვისებებით: მამა ღმერთი არის უშობელი, - არც იშობა და არც გამომდინარეობს არავისგან. იგი თავადაა მშობელი და გამომავლინებელი; ძე ღმერთი არის შობილი; სულიწმიდა კი - გამომავალი. ამ უკანასკნელი დოგმის შესახებ გვაუწყებს ,,მრწამსის“ მე-8 წევრი: „...რომელი მამისაგან გამოვალს“. დასავლეთის ეკლესიაში, რომის საპატრიარქოში, ეს აზრი თითქოს დააზუსტეს და გააფორმეს ასე: „... რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს“, ე.ი. რომის კათოლიკური ეკლესიის თვალსაზრისით, სულიწმიდა გამომდინარეობს როგორც მამისაგან, ისე ძისაგან, რაც არ შეიწყნარა აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ.
სამების არსებას ვიზუალურად მზის, სითბოსა და სინათლის ურთიერთმიმართება ასაჩინოებს. არ არსებობს მზე სითბოსა და სინათლის გარეშე, როგორც უკანასკნელნი - პირველწყაროს, მზის დისკოს გარეშე: სადაცაა მზე, არის სითბოც და სინათლეც. ასევე: სადაც მამაა, არის ძე, არის სულიწმიდა და - პირუკუ. ღმერთი ყველგანაა. მაშასადამე, წმიდა სამება მადლითა და დიდებით სუფევს ყველგან და ყოველთვის. თუ რით განირჩევა ძის შობა წმიდა სულის გამოსვლისაგან, გონებით ამას ვერ მივწვდებით.
საღმრთო წერილში, ძველშიც და ახალ აღთქმაშიც, არაერთგზისაა მინიშნებული ღვთის სამობით არსებობა. ბიბლიის კომენტატორები თვლიან, რომ აბრაამის სამი სტუმარი (დაბ. 18) სამების ალეგორიული სახეა. დავით წინასწარმეტყველის სიტყვებში: ,,სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა ყოველი ძალი მათი“ (ახ. თარგმ. ,,უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო“) (ფს. 32:6) ,,სიტყვა“ ძე ღმერთს უდრის, „სული“ (,,ქარი“) - წმიდა სულს, „უფალი“ - მამაღმერთს. უფრო მკაფიოდ სამების საიდუმლო გამოთქმულია ახალ აღთქმაში (მათე 28:19; 2 კორ. 13:13), განსაკუთრებით - იოანე ღვთისმეტყველის მიერ: „სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ (I იოანე 5:7).
ხილული და არახილული სამყარო ერთარსება-სამების შემოქმედებაა. მართალია, სამება ერთი ნებით, ერთი განზრახვით ქმნის სამყაროს, მაგრამ ცალკეულ პირთა როლი შესაქმის პროცესში სხვადასხვაგვარია. შესაქმის ინიციატორი არის მამა, რომელიც ძის მეშვეობით ქმნის სამყაროს სულიწმიდაში. ამის გამო ძე ,,ძალად“, ანდა „სიტყვად“ იხსენიება, რაც ჩანს იოანეს თავის პირველ მუხლში: ,,პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი“.
ასე რომ, ცისა და ქვეყნის შექმნის ინიციატორი არის მამაღმერთი, უშუალო აღმსრულებელი ანუ მისი ნების მოქმედი - ძე, ხოლო სრულმყოფელი და მადლით აღმავსებელი - წმიდა სული.
ბიბლიური კოსმოგონიის (სამყაროს შექმნის) თანახმად ქვეყანა სამების ერთიანი და თავისუფალი ნების შედეგად არარსობიდან შეიქმნა. თუ ძე მამისაგან იშვა ბუნებითად, უმიზეზოდ, სამყარო ღმერთმა განზრახვის, სურვილის შესაბამისად დაასაძირკვლა.
რამ განაპირობა ეს სურვილი? - სიყვარულმა, ტრფობისა და ზრუნვის საგნის წყურვილმა. ღმერთმა ასეთ საგნად სამყარო გამოსახა.
დაისმის კითხვა: თუკი ღმერთი არის სიკეთე და მხოლოდ სიკეთე, როგორ აღმოცენდა სამყაროში ბოროტება?
ბოროტებას საფუძველი ანუ წყარო არ გააჩნია. იგი არასუბსტანციური ძალაა და, ამდენად, წარმავალი, დროებითი. უკეთურების სიმბოლოა ბნელეთი, სიკეთისა კი სხივი ანუ ნათელი. სიბნელეს ანუ ღამეს, განსხვავებით დღისაგან, წყარო, ე.ი. ობიექტური მიზეზი არ აქვს. იგი მაშინ წარმოიშობა, როდესაც სხივი გარდატყდება მრუდე გზის გამო ანუ მზეს (სინათლის პირველწყაროს) მყიფე სხეული ჩამოეფარება. ასე ჩამოწვება ხოლმე ჯანღი და ყიამეთი, რაც იძლევა და იმუსრება ცისკრის მიერ. დღე და ნათელი უძლეველია, რადგან აქვთ წყარო - თვალშეუდგამი მზე. ღამე და უკუნეთი კი მოკლებულია საფუძველს, რადგან ობიექტურად არ არსებობს „სიბნელის ბუდე“ და პირველმიზეზი. ამგვარივე ურთიერთობაა სიკეთესა და ბოროტებას შორის. პირველი სუბსტანციური და მარადიულია, მეორე - დროებითი. სიკეთეს აფრქვევს ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველივე. ბოროტებას თესავს ეშმაკი ანუ სატანა, რომელიც ღმერთს პირველად ეურჩა და დაადგა უკეთურების გზას, თუმცა კეთილ არსებად იყო შექმნილი.
ღმერთმა ყველაზე ადრე ცანი ანუ არახილული სამყარო შექმნა. ესაა გონიერ და უხორცო ძალთა დასები, რომელთაც ანგელოზებს ვუწოდებთ. ,,ანგელოზი“ (,,ანგელოსი“) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,მაცნეს'', ,,მაუწყებელს“. ისინი ეცხადებიან ადამიანებს და ამცნობენ ღვთის ნებას, ხელს უმართავენ და წინამძღვრობენ კეთილ საქმეში. მათ აუწყეს ქვეყანას მაცხოვრის შობა, მისი აღდგომა, მეორედ მოსვლის გარდაუვალობა და ა.შ. ანგელოზთა რიცხვი უთვალავია და იყოფა დასებად. ამაზე პირველად პავლე მოციქულმა მიგვანიშნა, როდესაც თქვა: ,,... მასში შეიქმნა ყოველი: მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი. ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა“ (კოლას. 1:16). ეს ცოდნა უფრო დააზუსტა და გააცხადა აღნიშნული მოციქულის მოწაფემ დიონისე არეოპაგელმა, რომელიც თეოლოგიის მამად იწოდება. მის ტრაქტატში ,,ციური იერარქიის შესახებ“ (ახალ ქართულ ენაზე თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო ედიშერ ჭელიძემ: ,,საღვთისმეტყველო კრებული'', 1987, №3) წარმოჩენილია ანგელოზთა რაობა. ისინი ცხრა გუნდად, ცხრა წყებად ანუ დასად განიყოფიან. მათ ერთმანეთთან იერარქიული დამოკიდებულება აქვთ, რასაც განაპირობებს ღმერთთან მეტნაკლები სიახლოვის ფაქტორი. ესენია (ზემოდან ქვემოთ): 1. სერაფიმები, 2. ქერუბიმები, 3. საყდარნი, 4. ხელმწიფებანი, 5. უფლებანი, 6. ძალნი, 7. მთავრობანი, 8. მთავარანგელოზნი და 9. ანგელოზნი. იერარქია არის შემეცნების ზეაღმავალი გზა. თითოეული უქვემოესი დასი ღვთიურ ნათელს მხოლოდ უზემოესის მეშვეობით ეზიარება. ყველაზე ქვემო არსებები ანუ საკუთრივ ,,ანგელოზები“ ,,მთავარანგელოზთა“ საშუალებით იღებენ საღვთო ხელდასხმას, რომელსაც, თავის მხრივ, ხილულ ქვეყანას გადასცემენ, პირველ რიგში - საეკლესიო იერარქიას. ზოგადი სურათი ასეთია: ღმერთი თავის ნებას და სათქმელს პირველად სერაფიმებს აუწყებს, სერაფიმები - ქერუბიმებს, ქერუბიმები - საყდართ, საყდარნი - ხელმწიფებათ, ხელმწიფებანი - უფლებათ, უფლებანი - ძალთ, ძალნი - მთავრობათ, მთავრობანი მთავარანგელოზთ, მთავარანგელოზნი - ანგელოზთ. უკანასკნელნი კი - ადამიანებს. ასე შეიქმნა ბიბლია. ამ აზრითაა საღვთო წერილის ჭეშმარიტი ავტორი ღმერთი - სამება, რომლის ერთ-ერთი წევრი - წმიდა სული სწორედ ანგელოზთა იერარქიული კიბის მეშვეობით უკავშირდება წინასწარმეტყველებს და მოციქულებს.
ღმერთმა მხოლოდ კეთილი ანგელოზები შექმნა, მათგან ზოგიერთმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება, დაადგა ღვთის საწინააღმდეგო გზას, რასაც შედეგად დაცემა მოჰყვა. უხილავი ცის კაბადონზე დემონები ანუ ბოროტი ანგელოზები (ეშმაკები) გამოჩნდნენ. რადგან ისინი ღმერთს საკუთარი სურვილით გადაუდგნენ, შეიძლება ითქვას, რომ მათ თვით დაიწყევლეს თავი ანუ განეშორნენ მადლს, რითაც ადრე აღვსილნი იყვნენ. ანგელოზთა ამ დასს ეწოდა ეშმაკი ანუ სატანა, ლიუციფერი, რომელიც გახდა ბოროტების წყარო და ნიადაგი.
მართალია, ღვთის ქმნილება ეშმაკის მანქანების გამო გაუხეშდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ადამიანის კისერზეა. იგი გონიერი არსება იყო და თვითკონტროლის უნარი ჰქონდა. ეს პასუხისმგებლობა მის მხრებს დღესაც აწევს, რადგან მას შერჩა ღვთის ბეჭედი, ღვთის ნაპერწკალი - ცნობიერება, გონიერება, არჩევანის უნარი, თავისუფლება. აზროვნება ის უნარი და თვისებაა, რაც ადამიანს ცხოველისაგან გამოარჩევს.
გამოსყიდვა. კაცობრიობას საკუთარი ძალებით არ შეეძლო პირველცოდვისა და მისი შედეგის განქარვება. ვერანაირი მსხვერპლი, კაცის ხელით გაღებული, ვერ დააკმაყოფილებდა დანაშაულის ზღვევის პირობას. გამომსყიდველი მსხვერპლი უნივერსალური, ზოგადადამიანური სიცოცხლე უნდა ყოფილიყო ანუ მსხვერპლი „ყოველთა და ყოველთათვის“. გამოსყიდვა მხოლოდ და მხოლოდ უფლის განკაცების, ჯვარცმის, სიკვდილისა და აღდგომის მეოხებით შეიძლებოდა, რაც სინამდვილედ იქცა: ცათა და მიწის შემოქმედი განსხეულდა და დაიბადა კონკრეტული პიროვნების - იესო ქრისტეს - სახით. ქრისტიანთა რწმენით, იესო ქრისტემ თავი თვისი თითოეული ჩვენგანის ნაცვლად გაწირა, რათა გამოვესყიდეთ; მან საკუთარი სისხლის გაღებით ადამიანი ღმერთს შეარიგა.
ქრისტე დედამიწას სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ღმერთკაცად მოევლინა. შობის შედეგად მას არაფერი დაუკარგავს. პირიქით, შეიმოსა ახალი ბუნება და გახდა ყოვლითურთ ადამიანი. ამასთანავე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, იგი განკაცდა მოკვდავი და ხრწნადი სხეულით. ეს აუცილებელი იყო გამოსყიდვის საიდუმლოს სრულყოფისათვის. კერძოდ: ადამიანს თვითონ უნდა გაეღო მსხვერპლი ანუ საკუთარი ნებით ეტვირთა სასჯელი პირველცოდვის გამო. ხსნის იდეა მისთვის უნდა ყოფილიყო არა თავსმოხვეული, არამედ სულისა და გულის ამოძახილი. ამიტომაც ქრისტე დაიბადა, გაიზარდა და მოკვდა როგორც ვინმე ჩვენგანი, ოღონდ ცოდვის გარეშე. მას შიოდა, სციოდა, სტკიოდა და ჰქონდა თავმოყვარეობისა და სირცხვილის განცდაც.
რამდენად აუცილებელი იყო ჯვარცმით სიკვდილი?
ჯვარი, თეოლოგიური თვალსაწიერით, არის მსხვერპლი - მაცხოვრის ქველმოქმედება და ვნება. საბოლოო ჯამში, ჟვრად ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების სისავსე გაიაზრება. მისი სიმბოლოა სასმისი და დაკლული კრავი. გავიხსენოთ სამების ხატები, კერძოდ, ანდრია რუბლიოვის ,,სამება“, სადაც ტრაპეზზე წარმოდგენილია თასი ზვარაკის თავითურთ, რაც მიანიშნებს, რომ ღვთის ძის მსხვერპლად შეწირვის გარდუვალობა განჭვრეტილი, განჩინებული და უწყებული იყო წინასწარ, დასაბამშივე. სწორედ ამ მსხვერპლს გულისხმობდა მოძღვარი, როდესაც ამბობდა: ,,მამაო, უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ სასუმელი ესე“ (მათე 26:39). ეს სასმისი არის იგივე ჯვარი, რაზეც ნებაყოფლობით დაემსჭვალა ქრისტე, ხოლო ჟვარცმის წინასახე და წინასწარმეტყველება - საპასექო კრავი და, ზოგადად, ძველი აღთქმის მსხვერპლი, რომელმაც რეალური სახე გოლგოთაზე მიიღო. იოანე ღვთისმეტყველის „გამოცხადების“ თანახმად, ესაა ,,კრავი დაკლული უწინარეს სოფლის დაბადებისა“ (გამოცხ. 13:8), რაც ცხადყოფს ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი ზვარაკის, ჯვარცმის, ვნებისა და სიკვდილის წინაგანგებულებას. ამის საფუძველზე შემუშავდა დოგმა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ხელთუქმნელობისა; იგი გაიგივდა მარადიულ სასმისთან, რომელიც ამქვეყნად უნდა ,,შეესვა“ ქრისტეს (მათე 20:22; 26:39; იოანე 18:11).
ჯვარი ითვლებოდა დასჯის იარაღად უმძიმესი დანაშაულისათვის. იგი, სახეობრივად რომ ვთქვათ, ირეკლავდა საზოგადოების ზნედაცემულ ფენას და წარმოადგენდა ცხოვრების ჭაობს. უფრო სწორად, ჭაობის ჭენჭყობს, სადაც არა ერთი და ორი პიროვნება ჩაძირულიყო. თუკი ვინმე მოისურვებდა მათ გადარჩენას, უნდა ჩასულიყო იქ, ჩაესუნთქა მყრალი ჰაერი და ეგემა დამპალი ბალახები. ეს ტვირთი თავს იდო იესო ქრისტემ, ,,რომელი ჯვარს ეცვა ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის...“ ამით მან ადამის შვილებს ცხოვრების ხესთან მისასვლელი გზა გაუხსნა. ჯვარი თავადაა უკვდავების ხე. გავიხსენოთ ,,ცხოვრების ხე“, რომელიც შემდგომ, ცოდვით დაცემის გამო, ადამიანის თვალს მიეფარა (დაბ. 3:24). წუთისოფელში მხოლოდ მისი ძალის აღორძინებას შეეძლო სიკვდილის დათრგუნვა... და რადგან ჯვარი არის უკვდავების ხე, მასზე დამსჭვალვის შედეგად მაცხოვარი აღდგა და ამაღლდა. ამის გამო ყოველმა, ვისაც სურს ცხონება, ეს გზა უნდა გაიაროს. ამ გზაზე დადგომა ნიშნავს ქრისტესთან, მის სიკვდილთან, ,,მასში სიკვდილთან“ ზიარებას, წილის დადებას. ეს იდეალი, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა რწმენით, ეკლესიის მეშვეობით ხორციელდება.
ეკლესიოლოგია. ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „კრებულს“, ,,საზოგადოებას“, „ერს“ (არა ნაციის გაგებით). მაშასადამე, ყოფითი აზრით, ეკლესიას აქვს ორი მნიშვნელობა: 1. არის მორწმუნეთა საზოგადოება და 2. სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან. თეოლოგიური თვალთახედვით ეკლესია არის ქრისტეს სხეული, გვამი, ხოლო თითოეული მორწმუნე - მისი ესა თუ ის ნაწილი, ასო. ამდენად, ეკლესია აერთიანებს ქრისტეს მორწმუნეებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი, - ყველას და ყოველგან მყოფთ, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც. იგი, ამის გამო, არსით ერთიანია და განუყოფელი, მაგრამ მაინც ორნაწილედი: ზეციური და ამქვეყნიური ანუ უხილავი და ხილული. ისინი არსობრივად შეადგენენ ერთ სამწყსოს ერთი და იმავე მწყემსმთავრისა - ღმრთისა. ქვეყნიური ეკლესია იბრძვის და გზად იმყოფება ჯერაც, მეორე კი, ზეცის ეკლესია, უკვე ზეიმობს გამარჯვებას, რადგან ეწია იდეალს. აქედან ცხადია დასკვნა: ამქვეყნიური ეკლესია, წუთისოფლის დარად, დამძიმებულია სხვადასხვა ცოდვით, ზეციური კი არის ყოვლითურთ მრთელი და უმწიკვლო. პირველს უწოდებენ ,,ქვათა ეკლესიას“, ხორცთა ეკლესიას, მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ისწრაფვის და ელტვის მეორეს, უზემოესს, ჭეშმარიტ იდეალს - ციურს, მოზეიმეს ანუ მედღესასწაულეთა ეკლესიას. ეკლესიას უხმობენ აგრეთვე სძლად, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქრისტესთან ჭეშმარიტი და მისტიური ქორწილია.
ეკლესიის შეუქმნელობისა და მარადიულობის რწმენა ძველთაგანვე მსჭვალავს კათოლიკე ეკლესიას. ეს რწმენა პავლე მოციქულის მიერ ასეა ჩამოყალიბებული: ,,ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ“ (I კორ. 3:16-17). პირველი საუკუნის ერთ ჰომილიაში, რომელიც კლიმენტი რომაელს მიეწერება, ვკითხულობთ: ,,ვფიქრობ, არა ხართ უმეცარნი იმისა, რომ ცხოველი ეკლესია არის სხეული ქრისტესი, რადგანაც ამბობს წერილი: ,,ქმნა ღმერთმა ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად“. „მამაკაცი“ ეს არის ქრისტე, ხოლო „დედაკაცი“ ეკლესია. წინასწარმეტყველთა და მოციქულთა ბაგეები გვმოძღვრავს, რომ ეკლესია გაჩნდა არა ახლა, არამედ - დასაბამშივე. იგი ისევე სულიერი იყო, როგორც ჩვენი იესო და უკანასკნელ ხანს ეს ეკლესია ჩვენ მხსნელად მოგვევლინა ანუ ეკლესია, რომელიც სულიერი იყო, განივთდა, ხილული გახდა იესო ქრისტეს სხეულში...“
მაშასადამე, ეკლესიის მარადიულობისა და ქრისტეს სხეულთან მისი არსობრივი გაიგივების რწმენა ეკლესიის ძველი რწმენაა.
ხილული ეკლესია, რომელიც გეოგრაფიული ადგილის, საღვთისმსახურო ენისა და ტრადიციების მიხედვით რამდენიმე მსხვილ ერთეულად იყოფა, დაფუძნებულია თავად იესო ქრისტეს მიერ იმ სიტყვების საფუძველზე, რითაც მიმართა პეტრეს: ,,შენ ხარ კლდე, და კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“ (მათ. 16:18). ეკლესიის პირველმოსახლენი მოციქულები არიან (საქმ. 2:1-7). მათ ჩამოაყალიბეს ქრისტეს დობილთა და ძმობილთა საზოგადოება და დაასაძირკვლეს ეკლესია, განანათლეს მსოფლიო და ნათლისღების ხელმწიფება მიმადლეს მოსაყდრეებს ანუ ეპისკოპოსებს (ზედამხედველებს), მოსაყდრეებმა - თავიანთ მოსაყდრეებს და ასე შემდეგ, ვიდრე აქამომდე. ეს ჯაჭვი, აპოსტოლური მოსაყდრეობა ანუ სამოციქულო ხელდასხმის უწყვეტობა, არასდროს გაწყვეტილა და არც გაწყდება. ამის გამო ეკლესია იწოდება სამოციქულოდ. მოციქულთა მემკვიდრენი არიან ეპისკოპოსები, რომლებიც, მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა რწმენით, ისევე აუცილებელნი არიან ეკლესიისათვის, როგორც სუნთქვა ადამიანისათვის და მზე - ქვეყნიერებისათვის.
წუთისოფელში ეკლესიის მისია პირველცოდვის განქარვება და, ამდენად, ცოდვილი ადამიანების მოძიება, გამოსწორება და ცხონებაა. მის ხელში ორი საშუალებაა: მოძღვრება და საეკლესიო საიდუმლოებები.
საეკლესიო საიდუმლოთა რიცხვი უდრის შვიდს. არც მეტს და არც ნაკლებს - გარდა ამ რაოდენობისა, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიები არ ცნობენ. ესენია:
1. ნათლისღება.
2. მირონცხება.
3. მღვდლობა ანუ მღვდელმსახურად ხელდასხმა.
4. უსისხლო მსხვერპლი ანუ ევქარისტია, ე.ი. წირვა და ზიარება.
5. ქორწინება.
6. სინანული, რომლის შემადგენელი ნაწილი აღსარებაა.
7. ზეთისცხება.
ნათლისღება ეკლესიის კარიბჭედ იწოდება, ზიარება კი - გვირგვინად. ნათლისღების წყალობით მორწმუნე ახალ კაცად იბადება და ეკლესიის წევრი ხდება. ზიარება კი მას სისხლით და ხორცით იდეალთან, ე.ი. ქრისტესთან აკავშირებს.
ნათლისღების შინაარსი არეკლილია საგალობელში: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელი გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია!“ ჭეშმარიტი და სულიერი ნათლისღება მაშინ აღესრულება, როდესაც პიროვნება გარდაიქმნება და განახლდება. ამ შემთხვევაში იგი პირველცოდვის ბატონობისგანაც თავისუფლდება და პირადი ცოდვებიც ეხსნება, რაც ნათლობამდე ჩაუდენია. ნათლისღება მორწმუნეებს ანიჭებს ბეჭედს. მის არსებაში სულიწმიდა შემოდის, რომელიც მარადის და უკუნისამდე მასში ივანებს, ოღონდ პიროვნების ნებას არ თრგუნავს: უნარჩუნებს არჩევანის, თვითგამორკვევის უფლებას. ნათლისღების ბეჭედი წარუშლელია. ამ საიდუმლოს აღსრულების შემდეგ ამა თუ იმ ადამიანმა ათასი ცოდვა რომ ჩაიდინოს და, გნებავთ, რჯულიც უარყოს, შეუძლებელია კანონიერად მონათლულის ხელმეორედ მონათვლა. მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებში არსებობს კანონიკური წესი, რომლის თანახმად ნათლისღება უნდა აღესრულოს კათაკმეველის (ხმობილის) სუფთა წყალში შთაფლვით, ანდა სხურებით ხელდასხმული მღვდლის მიერ. მხოლოდ გაჭირვების შემთხვევაშია შესაწყნარებელი, რომ ეს საქმე თავს იდოს რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც ღრმად აქვს გაცნობიერებული ღვთაებრივი ნათლობის მნიშვნელობა. ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნათლობამ, სხვა რიტუალის მსგავსად, ოცსაუკუნოვანი ისტორიის გზაზე განიცადა ზოგიერთი ცვლილება, რაც არამც და არამც არ შეხებია მის შინაგან მხარეს.
ეკლესიებში ძველი დროიდანვე დამკვიდრებულია ჩვილთა მონათვლის ტრადიცია, რაც XVIIს-ში ულტრაპროტესტანტებმა უარყვეს და იგი არასახარებისეულ მოვლენად გამოაცხადეს. ეს საკითხი ძველი ტრადიციების მიმდევარ ეკლესიებსა და თანამედროვე დენომინაციებს შორის დღემდე ცხარე დებატებს იწვევს.
ნათლისღება ადამიანს ცხონების შანსსა და პოტენციას ჰგვრის, მაგრამ არა გარანტიას. მის მიერ გაკვალული გზა ბოლოვდება ზიარებით, რასაც წინუძღვის სინანული, ე.ი. გულშემუსრვა, მარხვა, ლოცვა და აღსარება. უკანასკნელი ნიშნავს ცოდვათა აღიარებას სულიერი მოძღვრის წინაშე და, ამ გზით, სინდისის შემსუბუქებას. მორწმუნეს მხოლოდ სინანულის ანუ მეტანოიის, ე.ი. ცნობიერების დაწმენდისა და უკეთურ ჩვევათა დაძლევის შემდეგ ეძლევა ლოცვა- კურთხევა ზიარებისა, რომელიც ეკლესიის იდეალია. ამიტომ უწოდებენ მას ყოვლადუწმიდესს, განსაკრთომელს, ანდა - საშინელ საიდუმლოს; მიაგებენ უდიდეს პატივს და იხსენიებენ კრძალვით და რიდით.
ევქარისტიის ანუ ლიტურგიის (ჟამისწირვის) ქვეშ იგულისხმება სისხლიანი მსხვერპლის ნაცვლად უფლისადმი შემუსრვილი სულისა და გულის ძღვნა. ამის გამო ევქარისტიას ,,უსისხლო მსხვერპლის შეწირვასაც“ უწოდებენ, რაც აღესრულება საზოგადო მსახურების ანუ ლიტურგიის შედეგად. ლიტურგიის დროს იწირება უსისხლო მსხვერპლი, - პური და ღვინო, რომელიც მოაქვთ მორწმუნეებს განწმენდილ სინდისთან და ლოცვასთან ერთად. ამ პურს, საგანგებოდ გამომცხვარს, უწოდებენ სეფისკვერს, ე.ი. სამეუფო (სამეფო) კვერს, ხოლო ღვინოს -ზედაშეს. პურს დასერავენ და დაჭრიან, ღვინოში კი მართლმადიდებელი ქრისტიანები წყალს შეურევენ მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად. ესაა ,,კვეთა“, რაც უდრის ბერძნულ ,,პროსკომიდიას“ - წინადაგებას. იგი წინაუძღვის ლიტურგიას და ასახიერებს მაცხოვრის ჯვარზე დამსჭვალვას. ამის შემდეგ წინადაგებული ძღვენი (პური და ღვინო) გადააქვთ საკურთხევლის ტრაპეზზე (მაგიდაზე) და იწყება წირვა ანუ უსისხლო მსხვერპლის გადაარსება იესო ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად.
ეს საიდუმლო თავად უფალმა დაასაძირკვლა საპასექო სუფრაზე, რასაც გვამცნობენ სახარებანი (მათე 26:20-29; მარკოზი 14:17-25; ლუკა 22:14-23) და მოციქული პავლე (I კორ. 11:23-25). ქრისტიანთა შეგნებით ეს იყო უკანასკნელი პასექი. იმჯამს დაფუძნდა ახალი მსხვერპლშეწირვა, ახალი რელიგია და ახალი ცნობიერება. საიდუმლო სერობაზე გაცხადდა ახალი საზოგადოების, ადამიანთა ახალი ურთიერთობის, ეკლესიის არსი: ესაა არა ბიოლოგიური, არა სისხლისმიერი, არამედ სულიერი ოჯახი, რომელიც დაარსდა მაცხოვრის სიტყვების საფუძველზე: „ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა... ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა“. მართლმადიდებლებს და კათოლიკებს სწამთ, რომ ზიარებისეული პური და ღვინო იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ხორცია. აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში, რომელიც მათ ინგლისელ ქრისტიანებს მე-18 ს-ში გაუგზავნეს, ვკითხულობთ: „გვწამს, რომ ამ მღვდელმსახურებაში თანამყოფობს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. თანაც, თანამყოფობს არა სიმბოლურად, არა სახეობრივად, არა მარტოდენ მადლის სისავსით, როგორც ეს დანარჩენ საიდუმლოებებშია, არა მხოლოდ მოფენით, როგორც ზოგიერთი მამა ამბობდა ამას ნათლისღების შესახებ, არა პურის განმსჭვალვით, ე.ი. არა ლუთერის მიმდევართა საკმაოდ უხეში და უღირსი განმარტებისებრ, რომ ევქარისტიისათვის განკუთვნილ პურს თითქოს მხოლოდ სიტყვის ღვთიურობა მოიცავს მტკიცედ, არამედ - ჭეშმარიტად და რეალურად. ასე რომ, პურისა და ღვინის კურთხევით პური გარდაიქმნება, გარდაარსდება, შეიცვლება და გარდაისახება თავად ღვთის ჭეშმარიტ ხორცად, რომელიც ბეთლემს იშვა ქალწულისაგან, ნათელიღო იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა, მჯდომარე არს მარჯვენით მამისა და გამოჩნდება ზეციურ ღრუბელთა ზედა. ღვინო კი გარდაიქმნება და გადაარსდება ღვთის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე ვნების დროს დაიღვარა ცხოვრებისათვის ქვეყნისა. კვლავად გვწამს, რომ კურთხევის შემდეგ პური და ღვინო ჩვეულებრივ პურად და ღვინოდ კი არ რჩებიან, არამედ გარდაიქმნებიან ღვთის ხორცად და სისხლად, ოღონდ პურისა და ღვინის ფორმითა და სახით“.
აქედან ცხადია ისიც, რომ ლიტურგიკული პურისა და ღვინის არსებას ყველა ქრისტიანული აღმსარებლობა ერთნაირად არ იზიარებს. მართლმადიდებლებს, კათოლიკებსა და პროტესტანტების ნაწილს სწამთ, რომ ევქარისტიის დროს პური და ღვინო საიდუმლოდ და უხილავად გადაარსდება და მაცხოვრის ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად შეიქმნება, თუმცა გარეგნულად პურად და ღვინოდ რჩება. ამ რწმენას პირველად ლუთერი აუმხედრდა და ჩამოაყალიბა თეორია, რომლის თანახმადაც ევქარისტიული პური და ღვინო მხოლოდ და მხოლოდ იმსჭვალება იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მადლით, ე.ი. პურსა და ღვინოს ღვთის სიტყვის ღვთიურობა მხოლოდ ეფინება და გადაარსება არ ხდება. ეს თეორია მომდევნო თაობათა პროტესტანტებმა გააღრმავეს და ევქარისტიული პური და ღვინო ქრისტეს სისხლისა და ხორცის სიმბოლოებად ცნეს.
ევქარისტიის მიზანი მორწმუნეთა შორის ესქატოლოგიური მოლოდინის ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის რწმენის გაღვივებაა.
ესქატოლოგია ნიშნავს მოძღვრებას საბოლოო დღეზე. ჩვენი მკითხველისათვის უცხო არ უნდა იყოს ბიბლიური რწმენა ქვეყნის დასასრულსა და მკვდართა აღდგომაზე, რაც ფორმულირებულია ,,მრწამსის'' მე-7, მე-11 და მე-12 წევრებად. იქ ნათქვამია, რომ იესო ქრისტე კვლავ მოვა დედამიწაზე; აღდგებიან მკვდრები და შევაბიჯებთ მერმის საუკუნეში.
ღვთის წინაშე ათასი წელი ერთ დღეს უდრის (ფს. 89:9). რამდენადაც ,,შესაქმის“ წიგნი შვიდი დღის შესახებ გვაუწყებს, ბიბლიური შვიდი დღე შეიძლება მოვიაზროთ 7 ათას წლად. ამის ანალოგიით ქრისტიანთა შორის ფეხი მოიკიდა რწმენამ, რომ ქვეყანა შვიდათას წელს იარსებებს. მერე დადგება მისი აღსასრული და მეორედ მოვა მაცხოვარი იესო. წუთისოფლის არსებობის შვიდ ათას წელს შვიდ საუკუნეს უწოდებდნენ, ხოლო მომავალ ცხოვრებას - მერვეს. ასე წარმოიშვა სპეციფიკური ტერმინი მერვე ანუ მერმისი საუკუნე.
მერვე საუკუნე არის აღთქმის იდეალი ანუ ცათა სასუფეველი, რასაც, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, შეგნებულად თუ გაუაზრებლად, ელტვოდა და ელტვის წუთისოფლის ყოველი ელემენტი, - სულდგმული თუ მინერალი, გონიერი თუ პირუტყვი, ხეპრეც და მეცნიერიც. ესაა სამოთხე და ედემი, სადაც ვმკვიდრობდით. იქ კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ დავბრუნდებით.
,,მკვდართა აღდგომა“ ნიშნავს იმ სხეულების გაცხოველებას, რომლებიც ამქვეყნად შეერთებული იყვნენ სულებთან. გვამი სრულიად განხრწნილი და განქარვებული რომც იყოს, მაინც განახლდება, რადგან ბუნებაში არაფერი იკარგება. ყოველი სული მყისიერად მოძებნის საკუთარ სხეულს, ანდა ამ სხეულის გარდასახულ - გადაგვარებულ ნაწილებს და აღდგება. თითოეული პიროვნება ხორცითურთ აღდგება, მაგრამ არა იმგვარი ხორცით, რითაც რონინებდა წუთისოფელში, ე.ი.- მოკვდავითა და ხრწნადით, არამედ - უხრწნელით და უკვდავით, - ისეთით, როგორიც ადამს ცოდვამდე ემოსა.
ამ უიდუმალეს საკითხზე მოციქული შემდეგნაირად მსჯელობს:
,,...ვიღაცა იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ? უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა. და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი. მაგრამ ღმერთი აძლევს მათ სხეულს, როგორიც ნებავს, და თვითეულ თესლს - თავის სხეულს.
„ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა ხორცი კაცთა, სხვა - პირუტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა ფრინველების. არიან სხეულნი ზეციერნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება, და სხვა - მიწიერთა. სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და ვარსკვლავი ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.
,,ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში; ითესება უძლურებაში, აღდგება ძლიერებაში; ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი. არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.
,,აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი... ხოლო როდესაც ხრწნადი შემოსავს უხრწნელებას და მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება სიტყვა დაწერილი: დაინთქა სიკვდილი ძლევით. სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ (I კორ. 15:35-55).
მკვდართა აღდგომისა და ქვეყნის განახლების გარდუვალობას მოციქულთა თანამოსაგრე პაპი კლიმენტი ასე ასაბუთებს: „საყვარელნო, დავუკვირდეთ, თუ როგორ საჩინოს ხდის მეუფე მომავალი აღდგომის დაუყოვნებლივ აღსრულებას, რომლის სათავედ მან უფალ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა დაგვისახა. ვნახოთ, საყვარელნო, ჟამითი- ჟამად ქმნილი აღდგომა. დღე და ღამე გვიცხადებს ჩვენ აღდგომას: როდესაც ღამე მიიძინებს, დღე აღდგება, ხოლო როდესაც დღე გადავა, ღამე მოგვეახლება. ან თუნდაც ხილი ვნახოთ: როგორ და რა სახით მიმდინარეობს თესვა? გამოვიდა მთესველი და მიმოყარა მიწაზე ყოველი თესლი, რომლებიც მიწაზე დაცემისას გამხმარნი და შიშველნი იყვნენ. ამიტომაც ჯერ დაიშალნენ, შემდეგ კი უფლის წინაგანგების სიდიადემ დაშლილობისაგან აღადგინა ისინი და მანვე ერთისაგან მრავალი ნაყოფი აღმოაცენა და გამოიღო. ვნახოთ აღმოსავლეთის, კერძოდ, არაბეთის მხარეებში ქმნილი უცნაური სასწაული: არის ფრინველი, რომელსაც ფენიქსს უწოდებენ. იგი მარტოსული ცხოვრობს ხუთასი წელი. შემდეგ კი, როდესაც კვდომისა და დაღუპვის ჟამი დაუდგება, ეს ფრინველი თვით იკეთებს თავისთვის სამარეს საკმეველისაგან, მირონისაგან და სხვა ნელსაცხებლებისაგან, სადაც მივა აღსასრულის ჟამს და იქ აღესრულება. როდესაც გაიხრწნება გვამი, იშვება რაღაც მატლი, რომელიც იზრდება მომკვდარი ცხოველის სინოტივეში, ფრთიანდება და როდესაც მთლად მომძლავრდება, აიღებს იმ სამარეს, სადაც მისი წინამორბედის ძვლებია, იტვირთავს მას და არაბეთიდან წაიღებს ეგვიპტეში, ეგრეთ წოდებულ ჰელიოპოლისში. დღისით, ყველას თვალწინ, მზის სამსხვერპლოზე აფრინდება იგი, იქ დააწყობს ძვლებს და თვით უკან გამოეშურება. ქურუმები გასინჯავენ მატიანეებს და აღმოაჩენენ, რომ ხუთასი წლის თავზე მოსულა ეს ფრინველი“ (თარგმნა ედიშერ ჭელიძემ).
მკვდრეთით ყველა მიცვალებული აღდგება: მართალიც და ცოდვილიც, მორწმუნეც და ურწმუნოც. განახლდება ყველა სხეული, მაგრამ შეიმოსება სხვადასხვა ღირსებით და პატივით თავთავიანთი დამსახურების კვალობაზე: ღირსეულნი ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი მიეცემიან საუკუნო სატანჯველს ანუ ჯოჯოხეთს. ამრიგად, ქრისტე მეორედ მოსვლის ჟამს გამართავს საყოველთაო სამსჯავროს, განიკითხავს თითოეულ ჩვენგანს და მართალთათვის სამოთხეს განაჩინებს, შებილწულთათვის - ჯოჯოხეთს (შდრ. მათე 25:31-45).
როდის დადგება ქვეყნის აღსასრული და საშინელი სამსჯავრო ანუ აპოკალიფსური ჟამი? უფალი გვაუწყებს: ,,იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მარკ. 13:32; მათე 24:36). მაშასადამე, ,,აპოკალიფსური ჟამი“ არის უსაიდუმლოესი და მისი კონკრეტულად მითითება არ ხელეწიფება ღვთის ძესაც კი, როგორც, ამავე დროს, ხორცშესხმულ არსებას და ყოვლითურთ ადამიანს. იოანე ოქროპირი განმარტავს სახარების აღნიშნულ მუხლს და ამბობს, რომ უფალმა მოსვლის თარიღის ,,არა მხოლოდ გამოცნობა, არამედ თვით ძიებაც კი აკრძალა“. ამ დღის დადგომას მორწმუნე ყოველ წამს უნდა ელოდებოდეს და თავს ამზადებდეს. ამიტომაა, რომ მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველური გამოთვლები არა მარტო დამაჯერებლობასაა მოკლებული, არამედ უპირისპირდება საღმრთო წერილის პრინციპს და სულისკვეთებას. მოძღვრის ვალია, პავლე მოციქულის მსგავსად, მრევლს ყოველდღე აფრთხილებდეს: ,,აჰა, მოიწია დღე ქრისტესი“ (2 თეს. 2:2) და ათი ქალწულის იგავს ახსენებდეს (მათე 25:1-13).
ისმის კითხვა: საშიშია თუ სანატრელი მეორედ მოსვლა? - ერთიც და მეორეც, რადგან ესაა ცოდვილთა სასჯელი და მართალთა ჯილდო. და რადგან თითოეულ პიროვნებაში თანაარსებობს ავიც და კარგიც, ცოდვაც და მადლიც, მერმისი საუკუნე ერთდროულად გვაფრთხობს და გვხიბლავს. გვაფრთხობს სამსჯავრო და გვხიბლავს რელიგიის იდეალი, - ახალი ცხოვრება, ახალი საზოგადოება, ახალი იერუსალიმი, ახალი ცა და ახალი მიწა, რაც უფალმა ცხადლივ აუწყა ესაია წინასწარმეტყველს:
,,ამოვა ყლორტი იესეს ღეროდან და მისი ფესვის ამონაყარი გაიხარებს. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს, დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ - ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ. დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავის პირისქარით ბოროტეულს მოაკვდინებს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე. დადგება მგელი ცხვართან ერთად და ვეფხვი დაბინავდება ციკანთან ერთად. ხბო, ლომი და ნასუქალი პირუტყვი ერთად იქნებიან და ჩვილი ბავშვი წაუძღვება მათ. ძროხა და დედა დათვი ერთად მოსძოვენ და მათი შვილები ერთმანეთის გვერდით დაწვებიან, ლომი ძროხასავით შეჭამს ჩალას. ძუძუთა ბავშვი უნასის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუანასხლეტი ასპიტის ბუდეში ჩაყოფს ხელს. არავინ იბოროტებს და არავინ იბილწებს მთელ ჩემ წმიდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული. იმ დღეს ხალხთა დროშად იდგება იესეს ფესვი და მისკენ დაიწყებენ დენას ტომები; დიდება იქნება მისი საშვებელი. იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი...“ (11:1-11).
ყველასათვის საოცნებო დღეს არსობრივად და რეალურად გამრთელდება ჩატეხილი ხიდი, აღდგება კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის. შეიმუსრება ,,მთავარი იგი ამის სოფლისაი“, ე.ი. ეშმაკი, რომელიც გველის სახით მოევლინა ადამსა და ევას; აცდუნა ისინი და ისტორიის მანძილზე თესავდა ღვარძლსა და მტრობას. ფერს იცვლის და გარდაიქმნება ყოველი არსებული. გაკეთილშობილდება მგელიც და ქვეწარმავალიც. გახდება შესაძლებელი, რომ, ,,ვეფხისტყაოსნის“ ფინალური სიტყვის თანახმად, - ,,თხა და მგელი ერთად ძოვდეს“. მეტიც, გველი დაიბრუნებს ბუნებას, რითაც ის ღმერთმა შექმნა (და რაც ღმერთმა ქმნა, კეთილად ქმნა). იგი განიმსჭვალება სიყვარულით და, ვაჟა-ფშაველას ტალანტსაც რომ ვუხმოთ, მწედ და მკურნალად მოევლინება ადამის მოდგმას, რომელსაც ,,ბახტრიონში“ ასახიერებს ბერი ლუხუმი, ომგადახდილი და ვალმოხდილი. პოემის ფინალი გველისა და ადამიანის დაძმობილების შესაძლებლობას გვამცნობს. ეს სცენა, შთაგონებული ესაიას აპოკალიფსური ხილვით, შეიძლება ითქვას, არის მთის გენიოსის ბიბლიური მსოფლგაგების მწვერვალი და ჩვენც წერტილს დავსვამთ მისი ციტირების შემდეგ:
... დაფიქრდა გველი ძლიერად,
გული ევსება ბრალითა.
ბევრის ცოდვების მოქმედსა
გადაუბრუნდა გუნება:
რა სიბრალულით იმსჭვალვის
მისი გველური ბუნება!
ზედ გადააწვა, მკერდზედა
წყლულს ულოკავდა ენითა.
თან მკერდს უსველებს მხედარსა
ცრემლების ჩამოდენითა.
აყრუებს ტყესა და ველსა
ოხვრითა რამოდენითა!
მთელს ერთს თვეს ასე უვლიდა
ადამის ტომის მტერია,
ბოროტების გზა გაუშვა,
კეთილი დაუჭერია!
საჭმელსაც თვითონ უზიდავს,
ასმევს წყალს ლაღის მთისასა;
ღამ-ღამ ზღაპარსაც უამბობს
ორის ობოლის ძმისასა.
ამბობენ: შააძლებინა
სნეულსო ფეხზე დადგომა;
ეღირსებაო ლუხუმსა
ლაშარის გორზე შადგომა.
ღვთისმსახურების ორი სახე არსებობს: კერძო და საზოგადო. კერძო ღვთისმსახურება ნიშნავს ინდივიდის პირად საუბარს ღმერთთან ან ღვთაებრივ არსებასთან (ანგელოზთან, წმინდანთან). ლაპარაკია სავედრებელ ან სამადლობელ ლოცვებზე საკუთარი თავისათვის, სხვისთვის ან სხვათათვის, კერძო შემთხვევებისათვის (ნათლისღება, წესის აგება და ა.შ.), რაც შეიძლება ერთმაც აღასრულოს და ბევრმაც, მაგრამ ეს მაინც კერძო მსახურება იქნება. საზოგადო ღვთისმსახურება ეწოდება ლიტურგიას, რაც ბერძნული სიტყვაა და „ერის საქმეს“, „საზოგადო საქმეს“ ნიშნავს. ამ დროს სხვადასხვა ერის, სხვადასხვა კლასის, სხვადასხვა სტილის ადამიანები ღმერთს ერთი სულით და ერთი გულით ადიდებენ.
ღვთისმსახურების ორივე ტიპი სათავეს სახარებიდან იღებს. იესო ქრისტემ როგორც ინდივიდუალური ლოცვის, ისე საზოგადო ლოცვისა და მსახურების მაგალითი მოგვცა. ის მარტოც ლოცულობდა და სხვებთან ერთადაც; პირველის საჭიროებასაც ქადაგებდა და მეორისასაც.
პირველი საზოგადო მსახურება (ლიტურგია) უფალმა თავად აღასრულა. ესაა საიდუმლო სერობა, რომელმაც ძველაღთქმისეული მსხვერპლშეწირვა გააუქმა და ახალაღთქმისეულ მსხვერპლი აქ სამადლობელი ლოცვებია, რომელსაც მორწმუნეები აღავლენენ და უფლის სისხლსა და ხორცს ეზიარებიან. უკანასკნელნი წარმოდგენილია ღვინისა და პურის სახით და მათთან ზიარება ლიტურგიის ანუ ევქარისტიის მწვერვალი და იდეალია (,,ევქე“ ბერძნულად ლოცვას, ,,ევქარისტია“ ლოცვათა შეწირვას ნიშნავს). ამ პროცესის ძველი ქართული სახელწოდება ჟამისწირვა, ჟამის შეწირვაა. როგორც კერძო, ისე საზოგადო მსახურების ტექსტები (ლოცვები, საგალობლები, ასამაღლებლები და წესგანგებები) გაერთიანებულია საერთო სახელწოდების ქვეშ - ლიტურგიკა.
ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი მედღესასწაულეობა ანუ, ბერძნულად, ეორტალოგიაა.
სარწმუნოების განმტკიცების მიზნით ეკლესიამ ღირსსახსოვარ დღეებს ძველთაგანვე პატივი მიაგო და შეიმუშავა საუფლო, საღვთისმშობლო, წმიდა მოწამეთა და სანატრელ მოვლენათა დღესასწაულების ციკლი, რაც თანდათან, საეკლესიო-საღვთისმეტყველო ცოდნისა და პრაქტიკის გამდიდრების კვალდაკვალ, ივსებოდა და იხვეწებოდა; ყალიბდებოდა ქრისტიანული კალენდარი; ითხზვებოდა აგიოგრაფიული ცხოვრებანი და საგალობელნი, რაც მორწმუნეთა შთაგონების დაუვსებელი წყაროა.
დღესასწაულებზე მორწმუნეთა კონსოლიდაცია ხდება. საგანგებო ღვთისმსახურებამ მათ უნდა გაახსენოს ის, რასაც დღესასწაულობენ; უნდა განაახლოს მადლი, რითაც საგულისხმებელ ჟამს შეიმოსა ქვეყანა; მათ შინაგან სამყაროში უნდა განმეორდეს ,,მას ჟამსა შინა“ აღსრულებული სიკეთე.
შეიძლება დაისვას კითხვა: რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამა თუ იმ საღვთო მოვლენას - შობას, აღდგომას და სხვა? თეოლოგები უპასუხებენ: არავითარი, ანდა უმნიშვნელო, თუკი ჩვენს არსებაში კვლავ არ აღესრულება! ნეტარ ავგუსტინეს უთქვამს: ,,შობა ესე მიწყივ აღესრულებოდა და აღესრულება, მაგრამ თუ იგი ჩემში არ აღსრულდება, რა სარგებელია ჩემთვის?'' მთავარია, ჩემში აღსრულდეს. ქრისტეს შობა, მაგალითად, აღესრულება მარადისობაში, ყოველ წამს და ყოველ ჯამს; აღესრულა დროსა და სივრცეში, ბეთლემში და უნდა აღესრულოს პიროვნების სულში. არსებობს შეგონება: ,,თავად უნდა იქცე მარიამად და შობო იესო!“ ამდენად, საღვთო დღესასწაულების მიზანია, რომ თითოეული მორწმუნის გულში იშვას მაცხოვარი იესო ქრისტე, ნათელიღოს, ფერი იცვალოს, აღდგეს და ამაღლდეს, რათა მლოცველმა თავადაც დაიდოს წილი უფლის ღვაწლსა და მისიაში - აღდგეს მასთან ერთად, ფერი იცვალოს, გარდაიქმნას, ამაღლდეს.
დღესასწაულების რაოდენობა საეკლესიო ცხოვრების გამდიდრებისა და გამრავალფეროვნების კვალდაკვალ იზრდებოდა. ყველაზე ძველი საუფლო ანუ იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული დღესასწაულებია. სიძველით და ღირსებით მათ საღვთისმშობლო დღესასწაულები მოსდევს. მათ გვერდითაა წმიდა მოწამეთა და მოღვაწეთა ხსენებანი, რომელთა დამსახურების წარმოჩენას ეკლესიამ თავიდანვე განსაკუთრებული პატივი მიაგო. IV-V სს-ში ჩამოყალიბდა საუფლო-საღვთისმშობლო და წმიდა ხსენებათა მდიდარი ციკლი, რომელსაც დღეს კალენდარს ვუწოდებთ. სხვაა ასტრონომიული კალენდარი, რომელიც სახელმწიფოსა და სამოქალაქო ცხოვრებას არეგულირებს და სხვაა საეკლესიო კალენდარი, რომელიც სინამდვილეში არის საეკლესიო განაწესი, რიგი (ორდო) და რომელსაც წარმომავლობით ასტრონომიულ კალენდართან კავშირი არა აქვს. დღესასწაულთა განაწესს ეკლესია ასტრონომიული კალენდრის ამა თუ იმ სისტემას პრაქტიკული მიზნებით უსადაგებს.
კალენდარი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს დროის შედარებით ხანგრძლივ პერიოდებად - დღეებად, კვირეებად, თვეებად, წელიწადებად და საუკუნეებად - დანაწილებისა და აღრიცხვის სისტემას. ძირითადია ორი: მთვარისა და მზის კალენდარი. ქრისტიანული დღესასწაულებიდან მოძრავნი პირველთან არიან მისადაგებულნი, უძრავნი - მეორესთან. მზის კალენდრის თანახმად ერთი ტროპიკული ანუ ზუსტი წელიწადი უდრის დედამიწის ერთ გარემოქცევას მზის გარშემო. აქ თავს იჩენს სირთულე: ერთი ტროპიკული წელი შედგება დღე -ღამეთა არა მთელი, არამედ წილადი რიცხვისაგან - 365, 2422 დღე-ღამისაგან ანუ 365 დღე -ღამის, 5 საათის, 48 წუთისა და 46 წამისაგან, ე.ი. ყოველი წლის ბოლოს რჩება, ნაშთის სახით, ზედმეტი დრო - ზედნადები. ყველაზე სრულფასოვნად ითვლება წელთაღრიცხვის ის სისტემა, რაც დღეისათვის საყოველთაოდაა გავრცელებული. მისი ისტორია მოკლედ ასეთია: იულიუს კეისარმა ჩვენს ერამდე 45 წელს ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენეს რჩევით შემოიღო სისტემა, რომლის მიხედვით ყოველი მომდევნო სამი წლის ხანგრძლივობა უდრის 365 დღეს, ხოლო ყოველი მეოთხისა - 366 (ესაა ნაკიანი წელიწადი, როდესაც თებერვალი 29 დღე-ღამეს ითვლის). ამრიგად, წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე, რაც ძალიან ახლოა ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობასთან (365, 2422). იულიუსის კალენდარი ქრისტიანულმა ეკლესიამ ხმარებაში შემოიღო 325 წელს, მაგრამ ამით პრობლემა ვერ გადაიჭრა. ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი ჩამორჩენა, იულიუსის საშუალო და ტროპიკულ წელიწადთა განსხვავებულობით გამოწვეული, უმნიშვნელოა (44 წთ. და 46 წმ.), მაგრამ საუკუნეთა მანძილზე იგი იმდენად შესამჩნევი ხდება, რომ მისი უგულვებელყოფა შეუძლებელია: ყოველ 400 წელიწადში სხვაობა 3 დღე-ღამეს შეადგენს. მაგ. IV ს-ში გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტს მოდიოდა, XVI ს-ში კი 11 მარტს. ამრიგად, იულიუსის დროთააღრიცხვა XVI ს-ში უკვე 10 დღე-ღამით ,,ჩამორჩებოდა ბუნებას“. ამან მოითხოვა იულიუსის სისტემის რეფორმა, რომელიც განახორციელა რომის პაპმა გრიგოლ XIII -მ 1582 წელს. მისი დადგენილების თანახმად, დღეთა ანგარიში წინ წაწეულ იქნა 10 დღით: 4 ოქტომბრის მომდევნო დღე გამოცხადდა 15 ოქტომბრად. ამის შემდეგ გაზაფხულის ბუნიობა კვლავ 21 მარტს დაემთხვა. იმისათვის, რომ კალენდარი კვლავ არ ,,ჩამორჩეს“, გრიგორიუსის სისტემის მიხედვით ყოველი საუკუნის ბოლო წელი, რომელიც იულიუსის წესით ნაკიანია, ნაკიანად ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული საუკუნის რიცხვი 4-ზე უნაშთოდ იყოფა. მაგალითად, 1600 წელი ნაკიანად ჩაითვალა (16 იყოფა 4-ზე), 1700, 1800 და 1900 წლები კი - უნაკოდ (17, 18 და 19 არ იყოფა 4-ზე). ამის შედეგად ნაკიან წელთა რაოდენობა შემცირდა და შემცირდა კალენდარული წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაც - იგი ტროპიკულს სულ 26 წამითღა აღემატება. ამის გამო ერთი დღეღამის ცდომილება მხოლოდ 3200 წელიწადში დაგროვდება. ე.წ. გრიგორიუსის ანუ გრიგორისეულ კალენდარს უწოდებენ წელთაღრიცხვას ახალი სტილით, იულიუსისას - ძველი სტილით. ახალი სტილი აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ვიმეორებთ, თუ იულიუსის კალენდარში სამი დღე-ღამის ცდომილება გროვდებოდა ყოველ 4 საუკუნეში, გრიგორისეულში ერთი დღე-ღამის ცდომილება 3200 წლის მანძილზე დაგროვდება, რაც, ფაქტობრივად, კალენდრის პრობლემის გადაჭრას ნიშნავს. მიუხედავად ამისა რეფორმა ერთბაშად არ გავრცელებულა. პირველად იგი XVI ს-ის 80-იან წლებში დასავლეთ ევროპის კონტინენტზე შემოიღეს, უფრო გვიან - ინგლისსა და აზიის ზოგ ქვეყანაში. ახალი სტილი რუსეთში 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით დააკანონეს. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამით ,,ჩამორჩებოდა“. ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. იმავე წლის 1 მაისიდან კალენდარული რეფორმა საქართველოშიც გატარდა.
,,ახალ სტილზე“ გადასულია ქრისტიანული მსოფლიოს დიდი ნაწილი, მათ შორის -მართლმადიდებლურიც, გარდა საქართველოს, რუსეთისა და ზოგიერთი სხვა ეკლესიისა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ,,ახალ სტილზე“ გადასვლის საკითხი საქართველოს საპატრიარქოს წინაშე XX ს-ის 20-იან წლებში იდგა. საკათალიკოსო საბჭომ რამდენჯერმე მიიღო დადგენილება რეფორმის თაობაზე, რაც 1927 წელს სრულიად საქართველოს IV საეკლესიო კრებამაც დაადასტურა. ამ იდეას მხარს უჭერდა სამღვდელოების უმრავლესობა, მათ შორის წმინდანად შერაცხილი კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია). ვიცით, რომ მან პატიმრობის დროს (1923-25), მეტეხის ციხეში, მარხვები ახალი სტილით დაიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ იმხანად ინტელექტუალურ დონეზე კალენდრის რეფორმას არავინ დაპირისპირებია, აღნიშნული სიახლე მაინც ვერ დამკვიდრდა. ხალხმა იგი კომუნისტურ მოვლენად შეაფასა და საკათალიკოსო საბჭო, რომელიც მაშინ საინფორმაციო საშუალებებს მოკლებული იყო, დათმობაზე წავიდა, - მოერიდა მრევლში შფოთისა და განხეთქილების გაღრმავებას, კერძოდ - რუსულენოვანი მრევლის გაგულისებას, რაც სქიზმას ანუ განხეთქილებას გამოიწვევდა. ამის გამო შეაჩერა საეკლესიო კრების დადგენილების რეალიზაციის პროცესი და მღვდელმსახურებს დაავალა, ხალხისათვის ახალი სტილის უპირატესობა განემარტათ. დღეს უხერხული ფაქტის წინაშე ვდგავართ: პატრიარქი ახალი სტილის მიხედვით გვილოცავს კალანდას - 1 იანვარს, შემდეგ კი შობას, რომლის კალენდარული თარიღი 25 დეკემბერია, მაგრამ ძველი სტილის 25 დეკემბერი ჩვენს ცხოვრებაში რეალურად მოქმედი კალენდრის 7 იანვარს თანხვდება. ეს და მსგავსი ფაქტები გარკვეულ სირთულეებს ქმნის, მაგრამ სანამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი არ აკურთხებს აღნიშნული კრების დადგენილების ძალაში შეყვანას, ეკლესიის ყოველი წევრი ვალდებულია დაემორჩილოს მოცემულ ვითარებას.
,,ახალი სტილის“ ეკლესიური თვალსაზრისითაც უპირატესობას უდიდესი საუფლო დღესასწაულების - შობისა და აღდგომის - კალენდარული ტრადიცია ცხადყოფს.
1. შობას ადრე ყველგან ერთსა და იმავე დღეს არ აღნიშნავდნენ. რომის ეკლესიაში მას 25 დეკემბერს დღესასწაულობდნენ, აღმოსავლეთში - 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, ალექსანდრიაში - 20 მაისს. ამ ფაქტს რამდენიმე უხერხულობა ახლდა. ჯერ ერთი, საფრთხე ემუქრებოდა მსოფლიო ეკლესიის ერთიანობას და, მეორე - რჩებოდა (6 იანვრის შემთხვევაში) შთაბეჭდილება, რომ ქრისტემ ღმრთეება ნათლისღების ჟამს შეიმოსა ანუ იგი, როგორც ღმერთი, ნათლისღების წყალობით იშვა, რაც მძიმე შეცდომა და ერესია. და რომ მოუმზადებელი და გულუბრყვილო მორწმუნეები არ შესულიყვნენ შეცდომაში, აღმოსავლეთის ეკლესია მივიდა დასკვნამდე, - აუცილებელია, რომ შობისათვის საგანგებო დღესასწაული დაკანონდეს; მართებული თარიღი 25 დეკემბერია.
25 დეკემბერს წარმართები ასტრონომიულ მოვლენას - „მზის დაბადებას“ ანუ სინათლის მიერ სიბნელის ძლევას, დღის ღამეზე გამარჯვებას დღესასწაულობდნენ. ქრისტე სიმართლის მზეა. მაშასადამე, შობის არსებას სახეობრივად ასტრონომიული წლის ვერც ერთი დღე ისე ვერ ასახიერებს, როგორც 25 დეკემბერი. III-IVსს-ში აღმოსავლეთის ეკლესიებში უკვე დამკვიდრებული იყო ხარების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლადღების, 25 მარტს აღნიშვნის ტრადიცია. ეს კი ლოგიკურად, ფეხმძიმობის ჩვეულებრივი ვადის თანახმად, ქრისტეშობას 25 დეკემბერზე დებდა. 25 მარტი + 9 თვე=25 დეკემბერს.
აღმოსავლეთის ეკლესიებში კალენდარული რეფორმა IV-V სს-ის მოღვაწის იოანე ოქროპირის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, სახელთანაა დაკავშირებული. მან დიდი კვლევა - ძიებითი სამუშაო ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე - ქრისტე 25 დეკემბერს იშვა. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ამ დღეს მთავრდება მზებუდობა, ღამე იკლებს და დღე მატებას იწყებს; ნათელს შეემატება, ღამეს და სიბნელეს - მოაკლდება. წმ. იოანეს თანახმად, 25 დეკემბერი ქრისტეშობის ძველი დღესასწაულია, რამაც აღმოსავლეთის ეკლესიებში უსაფუძვლოდ, რაღაც გაუგებრობის გამო, შეიცვალა ადგილი, დასავლეთმა (რომმა) კი ძველი ტრადიცია შემოინახა.
ანტიოქიასა და კონსტანტინოპოლში შობა ნათლისღებისაგან კალენდარულად IVს-ის 60-იან წლებში გამიჯნეს. ყველაზე მეტი კონსერვატიზმი ,,ქრისტეს აკვანმა“, იერუსალიმმა, გამოიჩინა. რეფორმა, ჩანს, იქ მე-6 ს-მდე, იუსტინიანე იმპერატორის დრომდე, გაჭიანურდა. შობისა და ნათლისღების ერთად აღნიშვნის ტრადიცია დღეს მხოლოდ სომხურ სამოციქულო ეკლესიაშია შემონახული.
2. აღდგომას უმთავრესი ადგილი უჭირავს საუფლო დღესასწაულთა შორის. მისი ჯეროვნად აღნიშვნისათვის შემუშავებულია 50-50-დღიანი ციკლი. პირველ ორმოცდაათეულს ეწოდება დიდი ანუ მძიმე მარხვა, მეორეს - ზატიკი. დიდი მარხვა იწყება აღდგომამდე შვიდი კვირით ადრე და მოიცავს ა) საკუთრივ დიდ მარხვას - 40-დღიანს და ბ) ვნების კვირას, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული იესო ქრისტეს ტანჯვა - წამებასთან. ამიტომაც იგი განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა. მძიმე მარხვა მთავრდება ბრწყინვალე აღდგომით, რასაც მოსდევს ასევე შვიდკვირიანი ზეიმი - ზატიკი (ბერძნულად - პენტეკოსტე ,,ორმოცდაათი“). ეს ციკლი (ასი დღე) - მარხვან-ზატიკი - ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანთა ეკლესიურ ცხოვრებაში. მისი დადგომისა და განსრულების თარიღი დამოკიდებულია აღდგომაზე.
ქრისტე ჯვარს აცვეს ებრაული პასექის ჟამს, პარასკევ დღეს. მე-3 დღეს იგი ადგა. ეს შვიდეულის პირველ დღეს, ერთშაბათს, მოხდა. ამის გამო მოციქულებმა დაადგინეს, რომ აღდგომა უსათუოდ პასექის მომდევნო შვიდეულის ერთშაბათს ედღესასწაულათ. ამ დღეს დაარქვეს ბერძნული სახელი - კვირა, რაც ნიშნავს საუფლოს. ასე რომ, აღდგომა თავიდანვე ბუნებრივად დაუკავშირდა პასექს. პასექი გაზაფხულის ბუნიობიდან (დღისა და ღამის სწორებიდან) პირველ სავსე მთვარეს აღინიშნებოდა. ამ ფაქტს სიმბოლური და საიდუმლო შინაარსი ჰქონდა: ,,პასექი“ ეგვიპტიდან გამოსვლას, უდაბნოს გადალახვას და აღთქმულ ქვეყანაში მისვლას გულისხმობს. იგი ქრისტეს აღდგომის წინასახე და მომასწავებელია. ასტრონომიული დრო - გაზაფხული, ბუნიობა და ბუნიობის პირველი სავსე მთვარე ანუ დღის საბოლოო გამარჯვება ღამეზე, სინათლისა წყვდიადზე - აღდგომის შინაარსს ერწყმის და გამომსახველობით ძალას ჰმატებს.
რადგან სხვადასხვა წლის გაზაფხულზე, ბუნიობის - 21 მარტის - შემდგომ, მთვარე სხვადასხვა დღეს ივსება (მთვარის კალენდრის კვალობაზე), პასექიც მოძრავი დღესასწაულია. შესაბამისად მოძრაობს აღდგომის თარიღი: მისი უკიდურესი წერტილებია 22 მარტი და 25 აპრილი. ეს სადავო არაა, მაგრამ მე-4 საუკუნემდე აღმოსავლეთის ეკლესიებში ერთსულოვნება არ სუფევდა. ზოგიერთი საეკლესიო თემი ჟჯვარცმას და აღდგომას ერთი და იმავე მნიშვნელობის ფაქტებად მოიაზრებდა და ერთი სახელწოდების ქვეშ აერთიანებდა - პასქა. პასქა (პასხა) ვნების პარასკევს იწყებოდა და კვირას მთავრდებოდა. ამდენად, იგი კომბინირებული დღესასწაული იყო (შობისა და ნათლისღების ერთსა და იმავე დღესასწაულში გაერთიანების მსგავსი). ეს დღესასწაული შეიძლებოდა ებრაელთა პასექსაც დამთხვეოდა და პასექზე ადრეც დამდგარიყო, თუკი ბუნიობის შემდეგ მთვარე შაბათს აივსებოდა და ებრაული პასექის ერთკვირიანი ზეიმი დაიწყებოდა. ამ ფაქტს შესაძლებელია, გაუთვითცნობიერებელი პირები შეცდომაში შეეყვანა და დაეტოვებინა შთაბეჭდილება, თითქოს პასექი და აღდგომა ერთი და იგივე დღესასწაულია.
,,პასქა“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ტანჯვას“, ,,წამებას“, ,,ვნებას“. აღდგომას (არაკომბინირებულს) იმხანად (და ახლაც) ებრაულის გავლენით პასექსაც (ებრ. ფესახ) უწოდებენ. ვინაიდან ორივე სახელწოდება - პასექი და პასქა - ფონეტიკურად ერთმანეთს ჰგავს, კიდევ უფრო მეტად იჩენდა თავს ამ დღესასწაულების ერთმანეთთან გაიგივების საცდური. გარდა ამისა, ქრონოლოგიური პრინციპის გამო, რომ ქრისტე აღდგა პასექის შემდგომ, გაუმართლებელი იყო ამგვარი დამთხვევა. ამიტომ ჟერ მოციქულებმა, შემდეგ ეკლესიის მამებმა იმსჯელეს და 341 წელს ანტიოქიის ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, რომ ვნება და აღდგომა ქრისტეს გამომსყიდველ მისიაში თვისობრივად სხვადასხვა ფაქტებია და ერთ დღესასწაულად მათი მოაზრება - მძიმე თეოლოგიური შეცდომა. აღდგომა ანუ აღვსება უნდა ვიდღესასწაულოთ ებრაული პასექის სწორ კვირას ანუ ერთი კვირის შემდეგ. იგი არც წინ უნდა უსწრებდეს და არც უნდა დაემთხვეს ისრაელიანთა პასექს. თუკი მთვარე აღივსება კვირა დღეს, ე.ი. დადგება ებრაელთა პასექი, აღდგომას ვიზეიმებთ შემდეგ კვირას.
ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო პრაქტიკა, წეს - განგებანი და ლიტურგიკული საკითხავ - საგალობლები, კალენდარის შედგენილობა და თარგი, ასკეტიზმის ფორმები და სხვა რეგლამენტები ცვალებადობის კანონს ყოველთვის ექვემდებარებოდა.
„მართლმადიდებლობა“ ბერძნული „ორთოდოქსიის“ ქართული თარგმანია. აღმსარებლობის მნიშვნელობით იგი პირველად II-III სს-ის უდიდესი საეკლესიო მოღვაწის კლიმენტი ალექსანდრიელის შრომებში დასტურდება და ეკლესიის საერთო რწმენის გამომხატველ ტერმინად გზადაგზა მკვიდრდება. ,,მართლმადიდებლობა“ უპირისპირდება „ჰეტეროდოქსიას“ ანუ ,,სხვადმადიდებლობას“. უკანასკნელი ისეთ რელიგიურ პოზიციას გულისხმობს, რომელიც ეკლესიის საერთო რწმენა და პოზიცია არაა. უფრო ფართო და ზუსტი განმარტებით, ორთოდოქსია არის იმ რწმენისეული დოგმატებისა და განჩინებების ერთობლიობა, რომლებშიც იესო ქრისტესა და მოციქულების მოძღვრებაა ასახული. თავად დოგმატები წერილობითად ეკლესიის მამების მიერაა ჩამოყალიბებული და კრებებისაგან დამოწმებული. ამის გამო ისინი მორწმუნეთა შეგნებით სრულ ჭეშმარიტებას შეიცავენ და, ამდენად, ცვალებადობის კანონს არ ექვემდებარებიან.
მართლმადიდებელი ეკლესია ის ეკლესიაა, რომელიც მოციქულებმა და თანამოციქულებმა დაასაძირკვლეს და მომდევნო ეპოქის დიდმა მერჯულეებმა განამტკიცეს. ეს ეკლესია დღემდე შეუცვლელად ინახავს როგორც მოციქულთა და თანამოციქულთა, ისე წმ. მამების სარწმუნოებას და შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების სულისკვეთებას.
კიდევ მეტად რომ დავაკონკრეტოთ, მართლმადიდებლობა არის იესო ქრისტესა და მოციქულების მოძღვრება, ჩამოყალიბებული ძველი რწმენის სიმბოლოებში და გადმოცემული ეკლესიის მამების და მასწავლებლების მიერ.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიების გაცალკევების შემდეგ ეს სახელწოდება აღმოსავლეთის, ასე ვთქვათ, შვიდ მსოფლიო კრებისეულ ეკლესიებს შერჩა და მათ დაუსაკუთრდა. დასავლეთის ეკლესიას, რომის საყდრის დაქვემდებარებაში მყოფს, რომელიც აღმოსავლეთის ეკლესიებს აღმსარებლობითაც გაემიჯნა, ერთიანი ეკლესიის მეორე დასახელება შერჩა - კათოლიკეობა. რომაული კათოლიკობის იდეოლოგები და აპოლოგეტები, რადგან დადებით ეპითეტს ვერ იმეტებდნენ, შუა საუკუნეებში მართლმადიდებელ ეკლესიას ხშირად ბერძნულ ეკლესიად ან ბერძენთა ეკლესიად მოისენიებდნენ. ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთის ეკლესია ენობრივი თვალსაზრისით უპირატესად ბერძნული მოვლენაა. კათოლიკეებისაგან მართლმადიდებელი ეკლესიის ბერძნულ ეკლესიად მოხსენიების ტრადიცია ინერციით ალაგ-ალაგ დღესაც იჩენს თავს, რაც კურიოზია და ბევრი მსმენელი თუ მკითხველი შეცდომაში შეჰყავს. ვინც საგანში ჩაუხედავი და გაუთვითცნობიერებელია, გამოთქმა ,,აღმოსავლეთის ბერძნული ეკლესია'' ეროვნებით ბერძენთა ეკლესია ან საბერძნეთის ეკლესია ჰგონია*.
მართლმადიდებელი ეკლესიის არსება ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის მე-9 წევრშია ჩამოყალიბებული. იგი არის წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო.
1. მართლმადიდებელ ეკლესიად იმ მორწმუნეთა საზოგადოება მოიაზრება, რომლებიც აღიარებენ ზეციური და ამქვეყნიური ეკლესიების არსებით მთლიანობას და განუყოფლობას ანუ ყოველივე იმას, რაც ზემოთ აღვნიშნეთ.
2. ძველი დოგმატის თანახმად, ეკლესია არსებითად იგივე ქრისტეს სხეულია და, ამდენად, წუთისოფელში ისეთივე მსხემი და მწირია, როგორც მისი პატრონი და მთავარმესაჭე - მაცხოვარი იესო ქრისტე. ხილული ეკლესიები, რომლებიც არიან საბერძნეთში, საქართველოში, რუსეთსა თუ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, წუთისოფლის სტუმრები არიან და სანამ სტუმრად რჩებიან, მათაც ამძიმებთ წუთისოფლის მწიკვლი და უკეთურება. მაგრამ ეს დროებითია. ისინი მიილტვიან ჭეშმარიტი სამშობლოსაკენ, ზეციერი მამის საუფლოსაკენ, რომელიც ყოვლითურთ წმიდაა და ამაოების ანტიპოდი. სიწმიდე არის ეკლესიის არსება და მის წიაღში დამკვიდრება მორწმუნეთა იდეალია.
3. წუთისოფელში ეკლესიები ორგანიზებულია რეგიონების, სახელმწიფოების, მხარეების, ოლქებისა, ქალაქების, სოფლებისა და უბნების მიხედვით, მაგრამ ეს დაყოფა პირობითია, უტილიტარული მოტივებით და პრაქტიკული მიზნებით გაპირობებული. არსობრივად ეკლესია ერთიანია, საყოველთაოა, მსოფლიოა, რადგან მთელს ოიკუმენას მოიცავს და, ამდენად, იგი ჭეშმარიტად ეკუმენურია, - კათოლიკეა. თითოეული მართლმადიდებელი ეკლესია საყოველთაო ანუ კათოლიკე ეკლესიის განუყოფელ - განუკვეთელ ნაწილს წარმოადგენს.
4. მართლმადიდებლობის არსებითი ნიშანი მოციქულთა მემკვიდრეობის დაცვა და ათვისებაა. აქ როგორც მოძღვრება, ისე საღვთისმსახურო პრაქტიკა იგულისხმება. ერთიც და მეორეც მომდევნო თაობამ გააღრმავა და გაამდიდრა, მაგრამ ისე, რომ ფესვებს არ მომწყდარა, - არ მომწყდარა საღვთო წერილს და საღვთო გადმოცემას. რაც არაა მოციქულთა მემკვიდრეობა, ის არცაა მართლმადიდებლობა.
მართლმადიდებელთა მოძღვრება და პრაქტიკა, საღვთო წერილისა და საღვთო გადმოცემის გარდა, წმიდა მოწამეებისა და მოღვაწეების, ეკლესიის მამებისა და, რაც მთავარია, საეკლესიო კრებების ღვთისმეტყველებას ეფუძნება.
მართლმადიდებელი ეკლესიის არსება უფრო მკვეთრად, ფართო პროფილით და ვრცელი ფორმულების სახით წარმოჩენილია „მართლმადიდებლობის საზეიმო აქტში“, რომელიც 842 წელს, კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა კრებამ შეიმუშავა (იხ. ქვემ. გვ. 133), აგრეთვე სხვა შემაჯამებელ ტრაქტატებში, რომელთაგან ერთ-ერთი (მსოფლიო პატრიარქების ეპისტოლე) ზემოთაც დავიმოწმეთ.
სტრუქტურა და კანონიკური წყობილება
როგორც ზეცის, ისე ქვეყნის ეკლესია იერარქიულია. ანგელოზები და მორწმუნე ადამიანები დაყოფილი არიან დასებად, რომლებიც ერთმანეთთან იერარქიულ ანუ საფეხურებრივ დამოკიდებულებაში იმყოფებიან. ეს უზენაესთან ზიარების, ე.ი. უქვემოესი დასის სრულყოფილების გზა და საშუალებაა. იმავე დიონისე არეოპაგელის მოწმობით (იხ. ზემ. გვ.66), ამქვეყნიური ეკლესია ღმერთს ზეციური იერარქიის მეშვეობით უკავშირდება. ამქვეყნიურ ეკლესიაშიც ანგელოზთა იერარქიის მსგავსი იერარქია მოქმედებს. ერისკაცების მაკურთხეველი ანუ ხელდამსხმელი სამღვდელოთა დასია, რომელიც, თავის მხრივ, სამ იერარქიულ დასად იყოფა (ქვემოდან ზევით) - დიაკონთა, მღვდელთა და ეპისკოპოსთა დასებად. თითოეული დასი თავის წიაღში ასევე იერარქიულია: კერძოდიაკონი, დიაკონი და მთავარდიაკონი; მღვდელი, დეკანოზი და პრესვიტერი; ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი (ან პატრიარქი). სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეკლესიაში ეს დასები და იერარქიული ხარისხები სხვადასხვა სახელებითაა ცნობილი.
,,ეკლესია“ ნიშნავს როგორც მორწმუნეთა ცალკეულ თემს, ისე ეკლესიათა მსხვილ გაერთიანებებს და, პირველ რიგში, ყველა ეკლესიის ერთიანობას. საეკლესიო თემების, ასე ვთქვათ, ოლქობრივ გაერთიანებას ეპარქია ეწოდება. ეპარქია ოლქის შესატყვისია და მის მმართველს ეპისკოპოსი (ზედამხედველი) ჰქვია.
ნებისმიერი საეკლესიო თემი ტერიტორიის მიხედვით შესაბამისი ეპისკოპოსის იურისდიქციაში შედის. მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევისა და მფარველობის მიღმა მყოფი ეკლესია ეკლესია არაა. ეს ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად ეპისკოპალური ეკლესიაა.
თავდაპირველად ყველა საეპისკოპოსო კათედრა მმართველობის თვალსაზრისით ავტონომიური იყო. ეპარქიათა გაერთიანება, ეპისკოპატისა და, შესაბამისად, მთავარეპისკოპოსის ინსტიტუტის ჩამოყალიბება შედარებით გვიან მოხდა (მე-3ს-იდან). წარმოიშვა ავტოკეფალური (თვითთავადი) ეკლესიები ანუ, უფრო სწორად, ეკლესიათა გაერთიანებები. ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობელს პატრიარქად (მამათმთავრად) მოიხსენიებდნენ.
IVს-ის ბოლო წლებში მსოფლიო ეკლესია ხუთ დამოუკიდებელ საეპისკოპოსო კათედრად ანუ ხუთ ეკლესიად იყო დაყოფილი, - რომის, კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის და იერუსალიმის საეპისკოპოსო კათედრებად, უფრო სწორად - საპატრიარქოებად. შემუშავდა თეორია, რომელსაც პენტარქია (,,ხუთმთავრობა“) ერქვა და რომელიც მოცემულ ვითარებას, ე.ი. მთელი ოიკუმენეს ხუთ საპატრიარქოდ დაყოფას, საკრალურ - ეკლესიოლოგიური მოტივებით უმაგრებდა ზურგს. ლაპარაკია აღნიშნული კათედრების აპოსტოლური (მოციქულებრივი) წარმომავლობის რწმენაზე. რომის საყდარი წმ. პეტრემ დააარსა, კონსტანტინოპოლის (ეფესოდან გადმოტანილი) - იოანე ღვთისმეტყველმა, ალექსანდრიის - მარკოზ მახარებელმა, ანტიოქიის - ლუკა მახარებელმა, იერუსალიმის - წმ. იაკობმა, უფლის ძმამ. ცნობილია ამავე თეორიის მეორე ვარიანტიც. ქვეყანაზე ოთხი პატრიარქია, ოთხი მახარებლის კათედრათა მიხედვით. რომის პატრიარქს (პაპს) ლუკა მახარებლის კათედრა უჭირავს, კონსტანტინოპოლისას - იოანესი, ალექსანდრიისას - მარკოზისი, ანტიოქიისას - მათესი. მეხუთე პატრიარქს კი, იერუსალიმისას, ასეთი ტიტული მისი ქალაქის განსაკუთრებული სიწმინდის გამო ერგო. თუკი ქრისტეს მოძღვრებას რომელიმე ,,ბარბაროზი“ ერი ეზიარება, მისი ეპისკოპოსი ხუთიდან ერთ - ერთ პატრიარქს უნდა დაექვემდებაროს, კერძოდ იმას - ვისგანაც რჯული მიიღო.
პენტარქია რომსა და ბიზანტიაში ღვთისგან დაწესებულ მოვლენად მოიაზრებოდა და მართლმადიდებლური ცნობიერების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მას მტევნის ხუთ თითს, ანდა ხუთი გრძნობის ორგანოს ადარებდნენ. IX ს-ის ერთი თეოლოგის თქმით, „ქრისტემ თავის სხეულში, ე.ი. ეკლესიაში, იმდენი საპატრიარქო კათედრა დააწესა, რამდენი გრძნობაცაა მოკვდავი ადამიანის სხეულში. თუ ეს კათედრები შეკავშირებულნი არიან ერთი ნებისყოფით, მაშინ მთელი ეკლესია ჯანსაღია ისე, როგორც ადამიანის სხეული მრთელია მაშინ, როდესაც ხუთი გრძნობა მთელი და უზადოა“.
პენტარქიის ბატონობის ჟამს ახალი საპატრიარქო კათედრების დაარსება მწვალებლობად და მართლმადიდებლობის ღალატად აღიქმებოდა. მსგავსი ,,ღალატი“ პირველად სომხეთის ეკლესიამ ჩაიდინა. VIს-ის მიწურულს კათალიკოსმა აბრაამმა არა მარტო ქალკედონის მართლმადიდებლური კრების დადგენილება უარყო (იხ. ქვ.), არამედ თავის თავს პატრიარქი უწოდა, რაც სომხეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. ამის გამო კონსტანტინოპოლის კრებამ სომხეთის ეკლესიას 597 წელს ბრალი არამართლმადიდებლობაში დასდო. საქართველოს (ქართლის) კათალიკოსი კირიონი კონსტანტინოპოლის კვალს გაჰყვა და სომხეთის ეკლესიასთან ევქარისტიული (ლოცვითი) კავშირი გაწყვიტა.
აქედან ცხადია: პენტარქიას ანუ ხუთ პატრიარქთა ავტორიტეტს ბზარი მაშინ შეეპარებოდა და საფუძვლიანადაც შეირყეოდა, როდესაც ამა თუ იმ ეკლესიას ეკლესიათა საერთო რწმენისაგან განსხვავებული შეხედულებები, ე.ი. ერესები ანუ წვალებანი დაეუფლებოდა. თუკი სამოციქულო საყდართაგან რომელიმე ამა თუ იმ ერესს მიემხრობოდა, ან თვით შობდა მას, რის მაგალითებსაც ქვემოთ ვნახავთ, სხვა ეკლესიები მასთან კავშირს წყვეტდნენ და პენტარქიაც ძალას კარგავდა, - ფიქტიური ხდებოდა.
მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის რწმენისეული განხეთქილებები IV-X სს-ში არაერთგზის მომხდარა, მაგრამ დაძაბულობის განმუხტვა ხერხდებოდა და XI ს-მდე პენტარქიის ავტორიტეტი ასე თუ ისე ძალაში რჩებოდა. ჩანს, ამ ავტორიტეტს, ე.ი. ხუთი პატრიარქის ერთად ხსენების ტრადიციას მართლმადიდებლურ სამყაროში იმდენად ჰქონდა ფესვები გადგმული, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში მას ეკლესიათა გაყოფის (დიდი სქიზმის) შემდეგაც ვადასტურებთ. საქართველოში, მაგალითად, სიგელ-გუჯრები XV-XVI სს-მდე ხშირ შემთხვევაში კვლავ ხუთი პატრიარქის მოხსენიებით იწყებოდა.
XI ს-იდან მსოფლიოში ახალი საპატრიარქოები (მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო) აღმოცენდა და პენტარქიას ყავლი გაუვიდა.
ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესია თხუთმეტი ავტოკეფალური და სამი ავტონომიური ეკლესიითაა წარმოდგენილი. ავტოკეფალური ეკლესიებია: 1. კონსტანტინოპოლის (კათედრა კონსტანტინოპოლში ანუ სტამბოლში), 2. ალექსანდრიის (კათედრა ალექსანდრიაში), 3. ანტიოქიის (კათედრა დამასკოში), 4. იერუსალიმის (კათედრა იერუსალიმში), 5. რუსეთის (კათედრა მოსკოვში), 6. საქართველოსი (კათედრა თბილისში), 7. სერბეთის (კათედრა ბელგრადში), 8. რუმინეთის (კათედრა ბუქარესტში), 9. ბულგარეთის (კათედრა სოფიაში), 10. კვიპროსის (კათედრა ლევკუსიაში), 11. ელადის (კათედრა ათენში), 12. ალბანეთის (კათედრა ტირანაში), 13. პოლონეთის (კათედრა ვარშავაში), 14. ჩეხოსლოვაკიის (კათედრა პრაღაში) და 15. ამერიკის (კათედრა ნიუ-იორკში). ავტონომიური ეკლესიებია: 1. სინაის (კათედრა კაიროში), 2. ფინეთის (კათედრა კუიპიოში) და 3. იაპონიის (კათედრა ტოკიოში).
მართლმადიდებელ ეკლესიას ცენტრი (როგორც, ვთქვათ, კათოლიკებს რომი) არ გააჩნია. მსოფლიო პატრიარქის ტიტული კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსს აქვს, მაგრამ ეს წოდებაა და არა თანამდებობა. დამოუკიდებელი ქვეყნების მსხვილი ეკლესიები დამოუკიდებელია. ვინც არაა დამოუკიდებელი და სურს დამოუკიდებლობა, ამის შესაძლებლობა იდეალში მოეპოვება. დამოუკიდებლობისათვის, მაგალითად, უკრაინის ეკლესია იბრძვის, რასაც მხარს უჭერს კონსტანტინოპოლი და ეწინააღმდეგება მოსკოვი. ასეთი ვითარება ეკლესიათაშორის ურთიერთობას ძაბავს.
აზრთა და პრინციპთა სხვადასხვაობას აქვს ადგილი საღვთისმსახურო პრაქტიკაში, სახელმწიფოსთან და სხვადმადიდებლებთან ურთიერთობის საკითხშიც. ამ მოტივების საფუძველზე მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში პირველი სერიოზული განხეთქილება 1652-1666 წლებში მოხდა. პატრიარქ ნიკონის ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში ბერძნულიდან ძველად თარგმნილი საღვთისმსახურო წიგნების მეცნიერული კორექტირება და ზოგიერთ საეკლესიო წესში ცვლილებების შეტანა დაიწყეს, რაც მორწმუნეთა ნაწილმა, პროტოპოპ (იგივე დეკანოზ) ამბაკუმ პეტროვისა და ეპისკოპოს პავლე კოლომენსკის შთაგონებით, რეფორმატორობად მონათლა და ერესად გამოაცხადა. ნიკონის რეფორმები გაიგივებულ იქნა აპოკალიფსურ სისაძაგლესთან, რომელიც უკანასკნელი ჟამის მომასწავებელია. კონსერვატორ-ფუნდამენტალისტები, ქარიზმატულ და საკუთარ რწმენაში გაკერპებულ ლიდერ ამბაკუმთან ერთად, მეორედ მოსვლას გულისფანცქალით ელოდნენ. თვითგანადგურება გადარჩენის ყველაზე ეფექტურ საშუალებად გამოცხადდა, რის გამოც ბევრი თავს იმარხავდა, ბევრი თავს იწვავდა, ბევრიც შორეული ციმბირის უღრან და მიუვალ ტყეებში გარბოდა, იქ სახლდებოდა და გარესამყაროსთან, ,,ანტიქრისტეს სამეფოსთან“. ყოველგვარ კავშირს წყვეტდა. ამბაკუმი დააპატიმრეს და 1682 წელს დაწვეს, მაგრამ მის მიერ აზვირთებული ტალღის დაცხრომა ვერ მოხერხდა. მოხდა რასკოლი (განხეთქილება). წარმოიშვა სტაროვერების (იგივე სტაროობრიადცების) ეკლესია, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე ნიკონის ეკლესიას უწოდებს და მადლაყრილად მიიჩნევს.
სტაროვერებმა ცალკე ეკლესია შექმნეს, რომელიც მალე დაიქსაქსა ,,ბეზპოპოვცებად“ და ,,პოპოვცებად“ ანუ უმღვდლო და მღვდლიან ეკლესიებად. სტაროვერების მხარეზე საბოლოოდ არც ერთი ეპისკოპოსი არ აღმოჩნდა, რის გამოც მღვდლად კურთხევა აღარ ხდებოდა. ძველი მღვდლები გარდაიცვალნენ. სტაროვერების ნაწილმა ეკლესიური ცხოვრების მღვდლის გარეშე წარმართვა შესაძლებლად მიიჩნია, ნაწილი კი ასეთ ვითარებას ვერ შეეგუა და ოფიციალური ეკლესიის მღვდლების მოთაფლვა, მოქრთამვა და გადაბირება დაიწყო. 1848 წელს ავსტრიელმა პოპოვცებმა ერთ-ერთი ეპისკოპოსის მიმხრობა შეძლეს და ამ გზით სასულიერო იერარქია აღიდგინეს.
,,სტაროობრიადცი“ კარგად გამოხატავს ამ მიმდინარეობის ბუნებას - წესების გაფეტი შებას ანუ წესებისადმი იმ მნიშვნელობის მინიჭებას, რა მნიშვნელობაც დოგმატს შეჰფერის. სტაროვერობის სპეციფიკური ნიშნებია: პირჯვრის ორი თითით გადაწერა, ნათლობისას მზის მიმართულებით სვლა ორჯერ ,,ალილუია“, რვაბოლოიანი ჯვარი, თავის მიწამდე დახრით თაყვანისცემა და სხვა.
დევნილების გამო, რომელიც XIX ს-ის მიწურულამდე გაგრძელდა, სტაროვერები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ. ნაწილი საქართველოში ნებით გადმოსახლდა, ნაწილი გადმიასახლეს და ფოთის მიდამოებში დაასახლეს. ისინი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტში, სავაჭრო ურთიერთობის გარდა, არ შედიოდნენ.
XX ს-ის 80-ანი წლების დასაწყისიდან სტაროვერული იდეების ქადაგებას ფილოლოგი და პოეტი მურთაზ ჩახავა შეუდგა და თბილისსა და ზოგიერთ სხვა რეგიონში მცირერიცხოვანი ეკლესიები ჩამოაყალიბა. მოგვიანებით მ. ჩახავას ეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭეს და დაარქვეს იონა.
საქართველოში მცხოვრები სტაროვერების ანუ იგივე ძველმართლმადიდებლების საერთო რიცხვი (ეროვნების განურჩევლად) დღეისათვის არაზუსტი მონაცემებით 1000-მდე აღწევს.
განხეთქილებანი სხვა ეკლესიებშიც მოხდა. საბერძნეთში დღეს რამდენიმე დამოუკიდებელი სინოდია. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზეზის გამო აუმხედრდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქებს და, მათთან მიმართებით, სქიზმატური ეკლესიები შექმნეს. მათგან ზოგი კალენდრის საკითხში დაუპირისპირდა მსოფლიო საპატრიარქოს (გრიგორისეული კალენდრის მიმართ ისტერიული დამოკიდებულება გამოამჟღავნა), ზოგი იმის გამო, რომ ეკუმენურ მოძრაობაში მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო იდეოლოგია დაინახა, ზოგიც კომუნისტურ მთავრობასთან ეკლესიის ლოიალურ დამოკიდებულებას ვერ შეეგუა და ა.შ. რუსეთის ემიგრანტულმა ეკლესიამ, მაგალითად, მოსკოვის მთავარეპისკოპოსს კომუნისტურ რეჟიმთან ოპორტუნიზმში დასდო ბრალი და ევქარისტიული კავშირი მასთან დღემდე გაწყვეტილი აქვს. ანალოგიური ვითარებაა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც.
ერი და ეკლესია. მართლმადიდებელი ეკლესიები, როგორც ავტოკეფალურნი და ავტონომიურნი, შემოსილნი არიან იმ ქვეყნებისა და ერების ელფერით, რომელთა წიაღშიც ისინი მსხემობენ. მართლმადიდებელი ეკლესია, კათოლიკურთან შედარებით, ეროვნული ეკლესიაა და ეს თვისება სქიზმის (ეკლესიათა გაყოფის) მომდევნო ეპოქაში, XIს-ის შემდეგ, მისთვის კიდევ უფრო ნიშანდობლივი გახდა. ეროვნულობა (ნაციონალურობა) ვლინდება ღვთისმსახურების ენაშიც, ეროვნული მწერლობის სტიმულირებაშიც, წეს-განგებათა ადგილობრივ ელემენტებშიც და ა.შ. ეროვნულობა დადებითი მოვლენაა, თუკი იგი რწმენის სფეროში არ იჭრება და კათოლიკეობის პრინციპებს არ ბღალავს; იგი დადებითია იმდენად, რამდენადაც კერძო და უნიკალური (ეროვნული) უნივერსალურს (ზეეროვნულს) ეზიარება, მაგრამ არ ითქვიფება მასში. ეს სიმდიდრეა და კაცობრიობის დარღვეული ერთიანობის განახლების საწინდარი.
ეროვნებათა და, მაშასადამე, ეროვნულ კულტურათა არსებობას სულიწმიდამაც მისცა დასტური (საქ. 2:3-4). აქ სადავო არაფერია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ეკლესიაში რომელიმე ეთნოსი ბატონდება და ისეთ გავლენას ახდენს მოცემული ეკლესიის ფორმასა და შინაარსზე, მის იერარქიასა და დემოგრაფიაზე, რომ ეკლესიის კათოლიკეობა იჩრდილება და ითრგუნება. ამ მოვლენას მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ენაზე ფილეტიზმი ეწოდება. ტერმინი ბერძნულია და მეტომეობას ნიშნავს. იგი მწვალებლობაა, რადგან ეკლესიათა ეროვნებების მიხედვით დაყოფას და ორგანიზებას გულისხმობს. ამ გზით მართლმადიდებლობას ფრთა ეკვეცება და მისი კათოლიკეობა (საყოველთაობა, უნივერსალურობა) ეჭვის ქვეშ დგება.
ფილეტურმა ტენდენციებმა პირველად მონოფიზიტთა შორის იფეთქა და სომხეთის ეკლესია, როგორც აღვნიშნეთ, მსოფლიო ეკლესიას ამ მოტივითაც ჩამოშორდა. ეს მიდრეკილება აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიებმა პოსტბიზანტიურ ხანაში, XVს-ის შემდეგ, კიდევ უფრო გამოავლინეს. ბულგარეთის ეკლესიამ XIXს-ში იმდენად ნაციონალური ხასიათი შეიძინა, რომ იგი რეალურად ეთნიური ბულგარელების ეკლესიად იქცა, - კათოლიკე ეკლესია ნაციონალური ეკლესია გახდა. ერთი და იმავე ქვეყნის, ბულგარეთის, ტერიტორიაზე ორი ეკლესია ჩამოყალიბდა - ბულგარელთა და არაბულგარელთა, რაც მოციქულთა კანონების მიხედვით სავსებით შეუწყნარებელია. ამის გამო 1872 წელს კონსტანტინოპოლში საეკლესიო კრება შედგა, რომელმაც ,,ბულგარული განხეთქილება“ განიხილა და დაგმო ეკლესიური ნაციონალიზმი, როგორც მართლმადიდებელი და კათოლიკე ეკლესიის პრინციპებთან შეუთვისებელი მოვლენა. კრებამ დაადასტურა, რომ ეკლესია, როგორც ევქარისტიული ერთიანობა, მოწოდებულია გადალახოს განყოფანი და ერთმანეთისაგან განცალკევებულ - გაუცხოვებულ ნაციონალობათაგან თვისობრივად სხვა, უფრო მაღალი საფეხურის ერთიანობა შექმნას. დაგმობილია ისეთი ვითარება, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე კონფესიურად იდენტური, მაგრამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ეროვნული ნიშნით განყოფილი ეკლესიები არსებობს თავთავიანთი ეპისკოპოსების დაქვემდებარებაში.
მართალია, აღნიშნული კრების განჩინება ყველა ეკლესიისათვის გახდა ცნობილი, მაგრამ, ფილეტური მიდრეკილებები მართლმადიდებლურ სამყაროში გზადაგზა მაინც იჩენს თავს. ეს განსაკუთრებით რუსეთის ეკლესიის მისამართით ითქმის, მაგრამ ამ პრობლემისაგან თავისუფალი არც საქართველოს ეკლესიაა (იხ. ზ. კიკნაძე, ეკლესია გუშინ, ეკლესია ხვალ, თბ., 2002, გვ. 12, 94-98).
დღევანდელ მსოფლიოში მართლმადიდებელთა საერთო რიცხვი 153 მილიონს აღემატება. დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, ბოლო მონაცემებით, მართლმადიდებელი ეკლესია მზარდ და პერსპექტიულ ეკლესიად გამოიყურება. იგი ძველ ეპოქათა სულიერი კულტურისა და ტრადიციების მემკვიდრეა, რის გამოც განათლებული საზოგადოება, აღმსარებლობის მიუხედავად, მის მიმართ ინტერესსა და პატივისცემას ამჟღავნებს.
* მძიმე შეცდომებია დაშვებული მ. ცაცანაშვილის წიგნში ,,სახელმწიფო და რელიგია“ (თბ., 2001), სადაც ვკითხულობთ: ,,საბერძნეთის ეკლესია... დაყოფილია ავტოკეფალურ ეკლესიებად, რომელთაც საკუთარი მეთაური ჰყავს და ავტონომიური მართვით ხასიათდება (მსოფლიო საპატრიარქო კონსტანტინეპოლში, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, რუსეთის, სერბიის, რუმინეთის, ბულგარეთის, საქართველოს საპატრიარქოები. ასევე კვიპროსის, პოლონეთისა და ალბანეთის ეკლესიები)“ (გვ. 46). ამ და ბევრი სხვა უცნაური ინფორმაციისა თუ ინტერპრეტაციის წყაროს დადგენა ცალკე გამოკვლევის საგანია.
საქართველოს ეკლესიის ისტორიის სრული კურსი, კვლევა-ძიების თანამედროვე დონეს რომ შეესაბამებოდეს, ჯერ არ გაგვაჩნია. თუმცა ცალკეული საკითხი სიღრმისეულადაა დამუშავებული და შესწავლილი. ისტორიული საბუთების დიდი ნაწილი ქართულ თუ უცხოურ ენებზე გამოვლენილია და აღნუსხული. ამის მიუხედავად, წყაროების სიმცირისა და, ზოგჯერ, შეუსაბამობათა გამო, ბევრი კარდინალური პრობლემა გადაუჭრელი, დაუზუსტებელი და საკამათოა.
არსებობს გადმოცემა: როდესაც მოციქულებმა წილი იყარეს, ვის სად უნდა ექადაგა, ივერთ მხარე ღვთისმშობელს ერგო. თუმცა, ღვთის განგებით, ჩვენს მიწაზე ფეხის დადგმა მას არ დასცალდა. მაცხოვარმა მოციქულები - ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი წარმოგზავნა. მათგან მეორემ ახალ ათონში ჰპოვა ძვალშესალაგი.
ამის შემდეგ საქართველოში ქრისტეს მოძღვრება მოგზაურებს, ვაჭრებს და ტყვეებს შემოჰქონდათ. ,,ქართლის ცხოვრებაში“ რევ მეფეზე ნათქვამია: ,,იყო წარმართი, არამედ მოწყალე ქრისტეანეთა, რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რაიმე სახარება უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, და აქვნდა რაიმე სიყვარული ქრისტესი“. ამის გამო მას „მართალი“ ეწოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ იმხანად, II - III სს-ში, ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანთა თემები და ტაძრებიც არსებობდა. ამ ვარაუდს ზურგს არქეოლოგიური მასალა უმაგრებს.
ასე რომ, განმანათლებელსა და მოციქულთასწორს - წმიდა ნინოს - საქართველოში ნოყიერი ნიადაგი დახვდა და ერის დიდი ნაწილი, სამეფო კართან ერთად, ქრისტეს რჯულზე მოაქცია. კონკრეტული თარიღის თაობაზე მეცნიერებაში სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს: ყველაზე პოპულარულია ივანე ჯავახიშვილის ვარაუდი - 337 წელი.
საეკლესიო წყაროების უმრავლესობასა და თანამედროვე ისტორიოგრაფიაში გამყარებულია აზრი, რომ აღმოსავლეთ საქართველოს, ე.ი. ქართლის ანუ ივერიის ეკლესია IV ს-იდან ანტიოქიის პატრიარქის იურისდიქციაში მოექცა, მაგრამ სულიერ - ზნეობრივი, ინტელექტუალური და თვით რიცხობრივ - მატერიალური ზრდა-განვითარების შედეგად V-ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის ზეობის დროს, შეიძინა თვითგამორკვევისა და საკუთარ საქმეთა დამოუკიდებლად გაძღოლის უნარი და ფაქტიურად გახდა ავტოკეფალური. ხსენებული მეფის თხოვნის საფუძველზე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აკურთხა და საქართველოში გამოგზავნა თორმეტი ეპისკოპოსი, რომელთაც წინამძღვრობდა კათალიკოსი პეტრე, ეროვნებით ბერძენი. ქართლის კათალიკოსის კათედრა იყო და არის მცხეთის სვეტიცხოველი, რომელიც ნაკურთხია 12 მოციქულის სახელზე.
ივერიის საკათალიკოსო, მსოფლიო ეკლესიის მაჯისცემის კვალად, საღვთისმეტყველო - დოგმატურ პოლემიკაში ჩაება. მას უნდა გამოეკვეთა სარწმუნოებრივი ორიენტაცია და განესაზღვრა აღმსარებლობითი კრედო. V-VI სს-ის ბიზანტია რელიგიური ომების ქარცეცხლში გაეხვია, რამაც გამოძახილი კავკასიაშიც ჰპოვა. ცხადია, ერთსულოვნებას არც აქ ჰქონდა ადგილი. ირანი მონოფიზიტობას ახალისებდა, ,,ახალი რომი“ ანუ კონსტანტინოპოლი უფრო -დიოფიზიტობას ანდა უნიატობას. ირკვევა, რომ მცხეთის საყდარმა კურსი ქალკედონის კრებისაკენ აიღო.
506 წელს სომხეთის ქ. დვინში შედგა სომეხთა, ქართველთა და ალბანელთა კრება. მასალები შემონახულია სომხურ ენაზე, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაცია 24 ეპისკოპოსისაგან შედგებოდა. ხელმძღვანელობდა კათალიკოსი გაბრიელი. სომეხთა კრებულს სათავეში ედგა ბაბგენ კათალიკოსი. სხდომებსაც უმთავრესად ის თავმჯდომარეობდა. უკანასკნელი გამოკვლევები ცხადყოფს, რომ აღნიშნულმა კრებამ დაგმო ნესტორიანობა და მხარი დაუჭირა კეისარ ზენონის ,,ჰენოტიკონს“ (,,ერთობას“).
უეჭველია, ირანს ხელს აძლევდა, ბიზანტიის საპირისპიროდ, ანტიქალკედონური ორიენტაცია და, ჩანს, სომხეთისა და, ნაწილობრივ, ალბანეთის ეკლესიებმა, აღნიშნული ფორუმის შემდეგ, მის სურვილს გაუწიეს ანგარიში, რაც აისახა იმავე დვინის II საეკლესიო კრების განჩინებაში 551 წელს. სომეხი სამღვდელოების დიდი ნაწილი უკვე მონოფიზიტობას მიემხრო. ქართველებისა კი - დიოფიზიტობას. გაცხარდა დავა - კამათი მეზობელ იერარქებს შორის. გადამწყვეტი სიტყვა კირიონ ქართლის კათალიკოსმა (599-614/16) თქვა.
კირიონ (კირონ) პირველი მსოფლიო მასშტაბით საყურადღებო ფიგურაა. დაბადებულა ჯავახეთში სოფ. საკუტრიაში (საქურდიაში); აღზრდილა და განსწავლულა სომხეთსა და ბიზანტიაში; ზიარებია მეცნიერებისა და კულტურის მრავალ დარგს, მეტადრე - ღვთისმეტყველებას; აღზევებულა უმაღლეს სასულიერო რანგამდე და ინტელექტუალური კონტაქტი დაუმყარებია იმდროინდელი ცივილიზაციის კორიფეებთან. სომხური წყაროების მიხედვით, მცხეთის საყდარზე ასვლისთანავე მან ქალკედონის პოზიცია გამოხატა, რამაც დაძაბა ურთიერთობა სომხეთის ეკლესიის მესვეურებთან. ამას ადასტურებს ,,ეპისტოლეთა წიგნი“, რომელშიც შემონახულია მისი წერილები სომხეთის კათალიკოსებთან მოსესთან და აბრაამთან. მან ამხილა ადრესატები ერესში და, სამწყსოსთან ერთად, შეწყვიტა ევქარისტიული კავშირი მათთან.
ასე რომ, VI I ს-ის პირველ ათეულში კირიონ კათალიკოსის აქტიურობითა და წარჩინებულთა მხარდაჭერით ქართლში საბოლოოდ გაიმარჟვა დიოფიზიტობამ და ბიზანტიურმა ორიენტაციამ. ზოგჯერ კონკრეტულ თარიღსაც ასახელებენ - 607 წელი.
ამ ფაქტმა განამტკიცა ქართველების ავტორიტეტი მართლმადიდებლურ სამყაროში და წრფელყო გზა დაწინაურებული მსოფლიოსაკენ, ჭეშმარიტი და სრულფასოვანი ავტოკეფალიისაკენ.
საქართველოს ეკლესიას სრულყოფილი და იურიდიული ავტოკეფალია ერთბაშად არ მოუპოვებია. ვახტანგ გორგასლის დროს ივერიის მწყემსმთავარმა - მთავარეპისკოპოსმა - შეიძინა ტიტული კათალიკოსისა, რაც მცხეთის საკათალიკოსოს სრულ დამოუკიდებლობას ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, თუმცა თვალსაჩინო ნაბიჯი იყო ამ გზაზე: კათალიკოსები, თუნდაც ბერძნები ყოფილიყვნენ, ანგარიშს უწევდნენ თავიანთ ხელმწიფეებსა და საკუთარი ეკლესიის საჭიროებას.
ასევე დიდმნიშვნელოვანი ფაქტები იყო შემდეგი: VIს-ის შუა წლებიდან საქართველოს კათალიკოსად ქართველთა დადგინება; VIIს-ის დასაწყისში ქართლის კათალიკოსთა ქართლშივე ხელდასხმა; წმ. მირონის მცხეთას მოხარშვა და ამ ფაქტის ოფიციალურად დადასტურება თეოფილაქტე პატრიარქის (741-751) მიერ მოწვეულ ანტიოქიის საეკლესიო კრებაზე.
სრულყოფილი ავტოკეფალიის გზაზე საბოლოო სიტყვა მელქისედეკ კათალიკოსმა თქვა (XI ს-ის პირველი ნახევარი). მან თავი კათალიკოს-პატრიარქად გამოაცხადა (ნაცვლად ,,კათალიკოს-მთავარეპისკოპოსისა“. ამ ტიტულს მისი წინამოადგილენი ატარებდნენ). ამ ფაქტთან დაკავშირებით ანტიოქიაში შედგა საგანგებო კრება, რომელმაც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის კანონიერება დასტურყო.
იურიდიულ ავტოკეფალიას ანიჭებენ მხოლოდ იმ ეკლესიას, რომელიც მზადაა ამისათვის, ე.ი. შეუძენია უნარი საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად მოწესრიგებისა, დგას რელიგიურად მართებულ პოზიციაზე და აკმაყოფილებს ინტელექტუალური, სულიერი და ზნეობრივი ცხოვრების ნორმებს. საქართველოს ეკლესიამ საქრისტიანოს შემატა წმიდა მოწამეთა, ღირს მეუდაბნოე მამათა და მართალთა რიცხვმრავალი დასი. ესენია: რაჟდენ პირველმოწამე, წმიდა შუშანიკი, ევსტათე მცხეთელი, აბიბოს ნეკრესელი, აბო ტფილელი, კონსტანტი კახი, დავით და კონსტანტინე არგვეთელი მთავრები და მრავალი სხვანი, - ძველი, საშუალო საუკუნეებისა თუ ახალი დროისა, რომელთა ღვაწლი ცათა შინა ელვარებს. აღსანიშნავია ათცამეტი სირიელი მამის მისია. მათ საქართველოს სხვადასხვა მხარეში საფუძველი ჩაუყარეს მონასტრებს, რომლებიც მალე კულტურისა და მწიგნობრობის კერებად იქცნენ.
საქართველოს ეკლესიამ ამოამორჩა და გამოკვება ქართული კულტურა, რომლის მიმართ განათლებული მსოფლიო დღეს დიდ ინტერესს იჩენს.
დასავლეთ საქართველოში, ეგრისის ანუ იგივე აფხაზეთის სამეფოში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად დაახლოებით იმავე დროს გამოცხადდა, როგორც აღმოსავლეთში, მაგრამ იქ ბიზანტიის ეკლესიური გავლენა მძლავრობდა და მღვდელმსახურება ბერძნულად აღესრულებოდა. ამ მხრივ სასიკეთო ძვრები VIII-IXსს-ში მოხდა, როდესაც გრიგოლ ხანძთელმა და მისმა თანამოღვაწეებმა სამონასტრო ტრადიცია აფხაზეთის სამეფოშიც განავრცეს. ასე ჩაეყარა საფუძველი ქართლისა და აფხაზეთის ეკლესიურ დაახლოებას, რასაც თან ახლდა ქართული საღვთისმსახურო ენის საზღვრების გაფართოება დასავლეთსა თუ ჩრდილოეთში, კავკასიონის ქედს მიღმა. ამის წყალობით კი გაიზარდა ,,ქართლის“ ანუ ,,საქართველოს“ ცნება, რაც აღნიშნა გიორგი მერჩულემ: ,,ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
საქართველოს ეკლესიას XIII -XIV სს-ში ძნელბედობის ხანა დაუდგა, რადგან ქვეყნის დაქუცმაცებამ და გარეშეთა ძალადობამ მისი სხეულის სიმტკიცეც შეარყია. ბიზანტიის იმპერიის დაცემამ (1453) უარყოფითი კვალი საქართველოს ისტორიაზეც დატოვა. ამიერიდან ჩვენი ქვეყანა მაჰმადიანთა გარემოცვაში აღმოჩნდა. თუმცა XVII-XVIIIსს-ში საქართველოს ეკლესია მომძლავრდა და ღირსეულად განაგრძო ერის სულიერი და გონებრივი ცხოვრების საჭეთმპყრობლობის მისია. გაიზარდა მისი საერთაშორისო ავტორიტეტიც, მაგრამ ქართლ - კახეთის გაუქმების შემდეგ, 1811 წელს, რუსეთის უწმიდესმა სინოდმა, საერო ხელისუფლების ინიციატივით, თანადგომით და უშუალო ჩარევით, დაარღვია მსოფლიო საეკლესიო კრებათა რამდენიმე დადგენილება და ჩაიდინა არაკანონიერი აქტი: პეტერბურგში გაიწვია კათალიკოსი ანტონ მეორე, ნება არ დართო მას სამშობლოში დაბრუნებისა და საქართველოს უხუცესი ეკლესია შეიერთა. ჯერ აღმოსავლეთში, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოში მან კათალიკოსის კათედრა გააუქმა და მის ნაცვლად ეგზარქოსის თანამდებობა შემოიღო. პირველი ეგზარქი იყო ქართველი - მიტროპოლიტი ვარლამი (ერისთავი). დანარჩენი კი - რუსები, რომელთაც გზავნიდნენ პეტერბურგიდან. ისინი, მიუხედავად ზოგიერთი მათგანის პიროვნული ღირსებისა, ემსახურებოდნენ ველიკორუსულ პოლიტიკას.
ასე წაერთვა ძველთუძველეს სამოციქულო ეკლესიას თვითმმართველობის უფლება, რასაც შედეგად ჩვენს ქვეყანაში სასულიერო ცხოვრების რეორგანიზაცია მოჰყვა. გააუქმეს თელავის სასულიერო სემინარია და სხვა ეროვნული სასწავლებლები; შეამცირეს ეპარქიებისა და მონასტრების რიცხვი; ეკლესიებს ჩამოართვეს მამულები და გადასცეს ხაზინას, ხოლო მღვდლების რჩენა დააკისრეს ადგილობრივ მოსახლეობას; ზოგიერთ დიდ ტაძარში თითქმის დააკანონეს ჟამისწირვისა და ლოცვის რუსულ, ე.ი. მრევლისათვის გაუგებარ ენაზე აღსრულება და სასულიერო ხელოვნების ყველა უბანზე გააბატონეს არაქართული სტილი, რამაც რელიგიური თვალსაზრისითაც არასასურველი ნაყოფი გამოიღო: თანამემამულეთა შორის განელდა სარწმუნოებრივი გრძნობა.
რაც ვთქვით, ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაქსიმალიზმი არც ამ შემთხვევაში გვარგებს. დროა, აქვე ისიც ვთქვათ, რომ რუსეთის უწმიდესი სინოდის მძლავრობის ხანაში საქართველოს ეკლესიას, ავთან ერთად, მადლიც შეემატა. განმტკიცდა და ხორცი შეისხა ეროვნული და ეკლესიური მთლიანობის იდეამ: გამრთელდა ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ანუ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეკლესიები ეგზარქატის ქვეშ, მაგრამ მაინც, გაერთიანდნენ; გამოიცა საეკლესიო მწერლობის არაერთი ძეგლი, განსაკუთრებით - ლიტურგიკული ტექსტები და, რაც მთავარია, რუსეთის სასულიერო სასწავლებლებში, სემინარიებსა და აკადემიებში, აღიზარდნენ საეკლესიო არქეოლოგიის პროფესიონალი მუშაკები, რომელთაც გამოამზევეს საქართველოს სულიერი საუნჯე და მისი ეკლესიის ადგილი ქრისტიანულ ცივილიზაციაში. ამ მხრივ პლატონ იოსელიანის, დიმიტრი ბაქრაძის, თედო ჟორდანიას, კირიონ, ამბროსი და კალისტრატე კათალიკოსების და კორნელი კეკელიძის დასახელებაც საკმარისია.
ავტოკეფალიის განახლების პრობლემა იყო რთული და წინააღმდეგობებით სავსე. აფხაზეთისა და ქართლის საკათალიკოსოების გაუქმების უსამართლობის მხილებას სიცოცხლე შესწირეს დოსითეოზ ქუთათელმა, ექვთიმე გაენათელმა და სხვებმა. საერო პირები - მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო მარი, ალექსანდრე ცაგარელი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ხახანაშვილი, სერგი გორგაძე, თედო ჟორდანია, სარგის კაკაბაძე, ანტონ ნატროშვილი, თედო სახოკია, იროდიონ სონღულაშვილი, ივანე ჯავახიშვილი და სხვანი თანამდგომნი იყვნენ იმ მოძრაობისა, რომელიც XIX-XXსს-ის მიჯნაზე გაააქტიურეს ქართველი სამღვდელოების მესვეურებმა: ეპისკოპოსებმა (შემდგომ - პატრიარქებმა) კირიონმა (საძაგლიშვილმა) და ლეონიდემ (ოქროპირიძემ), არქიმანდრიტმა (შემდგომ - პატრიარქმა) ამბროსიმ (ხელაიამ), დეკანოზმა (შემდგომ - პატრიარქმა) კალისტრატე ცინცაძემ, კორნელი კეკელიძემ (იმხანად დეკანოზმა) და სხვებმა. ე. თაყაიშვილი იხსენებს: ,,... ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტეთ დიდი დემონსტრაცია მოგვეწყო და ავტოკეფალია მოგვეთხოვა. თან უნდა წაგვეღო ბაირაღები და პლაკატები წარწერით: ,,აღგვიდგინეთ ავტოკეფალია“. წამოიჭრა საკითხი: ,,ვინ უნდა გაძღოლოდა წინ ამ არაჩვეულებრივ დემონსტრაციას? ილიამ გვითხრა: თუ საჭიროა, მე წაგიძღვებითო“.
1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთის იმპერიაში გამოცხადდა სარწმუნოების თავისუფლება და საქართველოს ეკლესიასაც მიეცა შესაძლებლობა, განემტკიცებინა ავტოკეფალური მართვა-გამგეობა. იმა წლის 12 (ახ. სტ. 25) მარტს, კვირა დღეს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში თავი შეიყარა ათიათასზე მეტმა ქალმა და კაცმა. აქ იყვნენ საქართველოს მღვდელმთავრები: ლეონიდე, გიორგი, ანტონი და პიროსი, თბილისის ქართველი სამღვდელოება, დეპუტატები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან. ერთი სიტყვით, - სრულიად საქარველო. „განიცადენზე“ ეპ. ლეონიდემ წარმოთქვა სიტყვა და გამოთქვა სიხარული, რომ ამიერიდან საქართველოს ეკლესია დაიწყებს ახალ ცხოვრებას, ავტოკეფალურს და თავისუფალს. ნაწირვებს ტაძრის გალავანში გადაიხადეს სამადლობელი პარაკლისი იმის გამო, რომ რუსეთში დაემხო თვითმპყრობელობა და დამყარდა თავისუფლება. შემდეგ სამღვდელოება და ხალხი ისევ შევიდა ტაძარში, სადაც მოიხსენიეს საქართველოს უკანასკნელი მეფენი: ერეკლე მეორე და გიორგი მეცამეტე; უგალობეს ,,მრავალჟამიერი“ საქართველოს ეკლესიის თავისუფლებისათვის მებრძოლთ: ეპისკოპოსებს - კირიონსა და დავითს, არქიმანდრიტ ამბროსის, რომლებიც სინოდის მიერ იყვნენ დასჯილნი უსამართლოდ. ბოლოს კი წაიკითხეს ოქმი, რომ 1) ამ დღიდან, ე.ი. 12 მარტიდან, გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; 2) დროებით, კათალიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე და 3) საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.
ამ აქტის საფუძველზე აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. კათალიკოს - პატრიარქად აირჩიეს ეპისკოპოსი კირიონი, ცნობილი მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც არაერთგზის იწვნია უსამართლობის სუსხი და მოწამებრივად აღესრულა 1918 წლის 13 ივლისს საზაფხულო რეზიდენციაში - მარტყოფში. ეს ტრაგედია დღემდე ბურუსითაა მოცული.
რუსეთის უწმიდესი სინოდი დამოუკიდებლობის დეკლარაციას მტრულად შეხვდა. მან საქართველოს იერარქია მადლმოკლებულად გამოაცხადა და მორწმუნეებს მოუწოდა: არ მიეწვიათ ქართველი „ავტოკეფალისტი მღვდლები“ საეკლესიო წესებზე, არ მიეღოთ მათგან ლოცვა-კურთხევა, არ შესულიყვნენ ქართულ ეკლესიებში, თორემ „უსათუოდ მოხვდებოდნენ ჯოჯოხეთში“. ნაეგზარქოსალმა პლატონმა, რომელიც, თუმცა დიდად აფასებდა ქართულ კულტურას, მოსკოვის საეკლესიო კრებაზე განაცხადა: ქართველები გადაუდგნენო მართლმადიდებლობას.
შედარებით რბილი პოზიცია დაიკავა დროებითმა, ე.წ. კერენსკის მთავრობამ. მან ცნო ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალური უფლებები, მაგრამ ეროვნული ეკლესიის დონეზე. ეს შემდეგს ნიშნავს: საქართველოს საკათალიკოსოს მრევლად ცხადდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ეროვნების მართლმადიდებელი. დანარჩენი კი, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები (რუსი, ბერძენი, აფხაზი, ოსი თუ სხვა) - რუსეთის სამწყსოდ. მათთვის უწმინდესმა სინოდმა დააწესა კავკასიის მიტროპოლიტის თანამდებობა, რომლის რეზიდენცია თბილისში უნდა ყოფილიყო. ამ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში საქართველოში ორი მართლმადიდებელი ეკლესია იმოქმედებდა: ერთი ქართველებისათვის, მეორე- არაქართველებისათვის. ამ მოვლენას ეწოდება ფილეტიზმი, რაც, ვიმეორებთ, ეკლესიების ტომობრივ დაყოფას და ორგანიზებას ნიშნავს. მას ქაოსი შეაქვს ეროვნებათა ურთიერთობაში და ეწინააღმდეგება ქრისტეს მოძღვრების სულისკვეთებას.
ეკლესია არ შეიძლება ნაციონალური იყოს. საქართველოს პირველმა საეკლესიო კრებამ 1917 წლის სექტემბერში კატეგორიულად დაგმო ეს იდეა და ხაზი გაუსვა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას, რომ მის მრევლად ითვლება ყველა მართლმადიდებელი, ვინც ჩვენი ქვეყნის საზღვრებს შორის სახლობს.
რუსეთის ეკლესიის ზეგავლენით თავიდან სხვა საპატრიარქოებიც არ ადასტურებდნენ ჩვენი ავტოკეფალიის იურიდიულ უფლებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ქართველებმა ისარგებლეს შემთხვევით,- რუსეთის იმპერიის ავადმყოფობით, ე.ი. გაკომუნისტებით და ,,უმადური შვილების მსგავსად ხელი აღმართეს“ მასზე.
ასე რომ, XX ს-ის 20-30-იანი წლები საქარათელოს ეკლესიისათვის ყოველმხრივ მძიმე იყო. მეტადრე ანტირელიგიური კამპანიის ბობოქრობის გამო, რაც გამოიხატებოდა საერო და სასულიერო პირების დევნაში, მათგან ზოგიერთის დაპატიმრებასა და ფიზიკურ ლიკვიდაციაში, ტაძრების დაკეტვასა და დანგრევაში, მორწმუნეთა შეურაცხყოფაში. იმართებოდა შემდეგი სახის „ანტირელიგიური პროცესები“: „ბეზბოჟნიკები“, იგივე კომკავშირლები, სიცილ-კისკისით დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა ჯგუფ - ჯგუფად; დაატარებდნენ ჯვრებს, ხატებს, ბაირაღებს და სხვა საეკლესიო საგნებს; გადაიცვამდნენ ანაფორებს, მანტიებს; იხურავდნენ კუნკულ-ბარტყულებს; შეხინტრიცდებოდნენ ეკლესიებში, ოხუნჯობდნენ, მღვდლებს წვერს აკრეჭდნენ და ა.შ.
ასეთ ვითარებაში მოძღვართა დიდმა ნაწილმა, ნებსით თუ უნებლიეთ, მიატოვა მრევლი. ზოგმა სახალხოდ გმო ღმერთი და სარწმუნოება. ზოგიც გაუკკღმართებული რჯულის - ცრუმორწმუნეობის - ჭაობში ჩაიძირა. გაწყვიტა მეტროპოლიასთან კავშირი და დაიწყო საეკლესიო წესების თვითნებურად შესრულება, სისხლიანი მსხვერპლის შეწირვა და ჯადოსნობაც კი. ამ მოვლენამ სერიოზულ მასშტაბს მიაღწია, რამაც შეაშფოთა მართალი სარწმუნოების ჭირისუფლები.
გაღრმავდა კონფრონტაცია სახელმწიფოსთან. საქართველოს ეკლესიის იერარქებმა დაგმეს 1921 წლის 25 თებერვალს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალდატანებით გასაბჭოების ფაქტი. კათალიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ 1922 წელს მემორანდუმით მიმართა გენუის კონფერენციას და მოითხოვა სამწყსოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანა. ამ ნაბიჯს მთავრობის რადიკალური რეაქცია მოჰყვა: 1923 წლის იანვარში დააპატიმრეს უწმიდესი მღვდელმთავარი და საკათალიკოსო საბჭო სრული შემადგენლობით. ეს საქართველოს ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ბრალდებულნი 1924 წლის მარტში გაასამართლეს. სამსჯავრო ანტისაეკლესიო ისტერიის ქვეშ მიმდინარეობდა. რევოლუციონერი მუშები სასამართლოს წინ აწყობდნენ მანიფესტაციებს; ყვიროდნენ: ,,ძირს ამბროსი!“, ,,ძირს შენიღბული კონტრრევოლუცია!“ და ,,ხალხის მტრების“ დახვრეტას მოითხოვდნენ. კათალიკოსის „საბოლოო სიტყვის“ წერილობითი ვარიანტი (ჟურნ. ,,მნათობი“, 1988, N10) ცხადყოფს ავტორის პრინციპულობას, ტაქტს, დიპლომატიას და განათლებას. მართალია, მან აღიარა, რომ მსოფლიო კონფერენციაზე გაგზავნილმა წერილმა სასურველი ნაყოფი ვერ გამოიღო, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში ეკლესიის მწყემსს სხვაგვარად მოქცევის უფლება არ ჰქონდა... თავი დამნაშავედ ბრალდებულთაგან არც ერთმა არ ცნო. ხალხის მეხსიერებამ მამათმთავრის სიტყვები შემოინახა: ,,ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - საქართველოს, ლეში კი, სადაც გსურთ, იქ ჩააგდეთ!“
სასულიერო უწყებაში პოლიტიკურმა განხეთქილებამ იჩინა თავი. ჩვენში, რუსეთის მსგავსად, ჩამოყალიბდა ე.წ. ,,ცხოველი ეკლესია“, რომელსაც ეპისკოპოსები ქრისტეფორე (ციცქიშვილი) და დავითი (კაჭახიძე) მეთაურობდნენ. ისინი მორწმუნეთა დევნის ძირითად მიზეზად მიიჩნევდნენ ეკლესიის მმართველი საბჭოს ანტისახელმწიფოებრივ კურსს და ამბობდნენ: ჩვენ მხოლოდ ათეიზმში არ ვეთანხმებით კომუნისტებს; სხვა მხრივ კი მათი იდეები თანხვდება ქრისტიანობასო. ამგვარად მოაზროვნე სასულიერო პირებმა და მათმა თანამეინახე მრევლმა 1926 წლის 26-27 დეკემბერს ქუთაისში მოიწვიეს ყრილობა და კათალიკოსის ,,ანტისაბჭოური პლატფორმა“ გაამათრახეს; შეიმუშავეს ეპისტოლე, რომლის სტრიქონებს შორის იგრძნობა მოხუცი მწყემსმთავრის წუთისოფლიდან მალე გასვლის სურვილი. კათალიკოსი რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა და მმართველობის სადავეებს პროსაბჭოური ფრაქცია დაეპატრონა კათალიკოს - პატრიარქ ქრისტეფორეს მეთაურობით. მისმა პოლიტიკამ, რაც ექსპერიმენტს ჰგავდა, კრახი განიცადა. იმხანად საბჭოთა კავშირში ეკლესიების ნგრევა-აწიოკებამ, მასობრივი კოლექტივიზაციის პარალელურად, ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. მას რელიგიურ ლიდერთა უკიდურესად ოპორტუნისტული პოლიტიკაც კი ვეღარ აოკებდა. 1934 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მართლმადიდებელი სამრევლოების რიცხვი 15-ს არ აღემატებოდა. დალუქეს ჩვენი ქვეყნის ემბაზი - სვეტიცხოველი; სამების დედათა მონასტრის ტაძარში წირვა-ლოცვა აკრძალეს, რის გამოც მონაზვნებმა ტრაპეზი სარდაფში გამართეს; დაკეტვის საფრთხე დაემუქრა სიონს. კათალიკოს - პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ საგანგაშო მდგომარეობა გამოაცხადა და ოფიციალური თხოვნით მიმართა სტალინს; აღიარა: ,,საქართველოს ეკლესიის კარს მოსდგომია ისეთი განსაცდელი, რომელსაც შეუძლია სავსებით მოუღოს მას ბოლო სულ მოკლე ხანში''... ფეხზე დადგა ინტელიგენცია, რის გამოც საქართველოს საპატრიარქოს ანულირების კურსი გაჭიანურდა. ამასობაში დაიწყო ომი. საბჭოთა მთავრობას იდეოლოგიურ ფრონტზე სიტუაციის გამწვავება ხელს აღარ აძლევდა და მისი პოლიტიკაც მოქალაქეთა სინდისის მიმართ ერთი შეხედვით ლოიალური გახდა.
კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე, სხვა კონფესიების ლიდერებთან ერთად, ანტიფაშისტური ფრონტის მხარეზე დადგა, რის შედეგადაც საბჭოთა მთავრობამ ეკლესიას ბეგარა შეუმსუბუქა და შეწყვიტა აშკარა რეპრესიები. მორწმუნეებმა ოდნავ ამოისუნთქეს.
გაჯანსაღდა ვითარება საერთაშორისო არენაზეც. 1943 წელს აღდგა ძმური ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის. დამყარდა კავშირი სხვა მართლმადიდებელ თუ არამართლმადიდებელ ეკლესიებთან, საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებთან, კერძოდ - ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსთან (1962 წლიდან), ევროპის ეკლესიათა კონფერენციასთან, ქრისტიანთა სამშვიდობო კონფერენციასთან, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტთან და ბოლოს: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია იურიდიულად დაამოწმა კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა და მისმა სინოდმა 1990 წლის 3 მარტს საგანგებო განჩინების თანახმად, რომლის ტექსტი (სიგელი) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს - უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს გადაეცა.
პერესტროიკის ხანიდან, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა, სასულიერო და საერო საზოგადოების გარკვეულ კატეგორიას ეკლესიურ-ნაციონალური და ეკლესიურ-რიგორისტული, ე.ი. ულტრაკლერიკალური ემოციები, ფიქრები თუ იდეები მოეძალა. ამ იდეებს მხარი პოლიტიკურმა პარტიებმაც აუბეს და საქართველოში რეალურად ანტიეკუმენური ფრონტი შეიქმნა. კათალიკოს-პატრიარქმა და უწმიდესმა სინოდმა დააკმაყოფილეს რადიკალურად განწყობილი პირების მოთხოვნა და 1997 წლის 20 მაისს გამოიტანეს დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოსა და ევროპის კონფერენციის რიგები დატოვა. განხეთქილებას, რომლის წინაშეც მაშინ საქართველოს ეკლესია იდგა, საფუძველი გამოეცალა და ეს საფრთხე თავიდან იქნა აცილებული, მაგრამ პრობლემები მაინც დარჩა. რადიკალებს ეკუმენისტობად არა მარტო ეკუმენურ ორგანიზაციებში გაწევრიანება მიაჩნიათ, არამედ იმ ეკლესიებთან ევქარისტიული კავშირიც, რომლებიც ეკუმენურ მოძრაობაში არიან ჩაბმული და სხვადმადიდებლების მხარდამხარ ლოცვებზე უარს არ ამბობენ. თუ ამ პოზიციას გავიზიარებთ, მოთხოვნა, რომ საქართველოს საპატრიარქომ ეკუმენიზმის მხარდამჭერ ეკლესიებთან სარწმუნოებრივი კავშირი გაწყვიტოს, ლოგიკურად აღიქმება. ამის მიუხედავად საქართველოს საპატრიარქომ, თუმცა ოფიციალურად ანტიეკუმენური ორიენტაცია გამოხატა, ეკუმენიზმის არმგმობ ეკლესიებთან ლოცვითი თანაზიარება შეინარჩუნა. რამდენიმე საეკლესიო თემმა, უფრო სწორად, - სამღვდელოთა და საეროთა ჯგუფებმა ამ ფაქტის მიმართ აღშფოთება ვერ დაფარეს და საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციიდან გავიდნენ. ასე რომ, მასშტაბით მცირე სქიზმა მაინც მოხდა.
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციითაც აღიარებულია, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოში ამ ეკლესიის იურიდიულ პრიორიტეტზე მიანიშნებს. კონსტიტუციაში აგრეთვე აღნიშნულია (თავი 1, მუხლი 9), რომ სახელმწიფო ,,საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან“ ურთიერთობას კონსტიტუციური რანგის შეთანხმებით (ხელშეკრულებით, კონკორდანტით) არეგულირებს. ეს ,,შეთანხმება“ საქართველოს პრეზიდენტისა და კათალიკოს-პატრიარქის მიერ ხელმოწერილ იქნა მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, 2002 წლის 14 ოქტომბერს, ცხოველმყოფელი სვეტის ხსენების დღეს, და დამტკიცებულ უწმიდესი სინოდისა და პარლამენტისაგან.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანოა სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელიც საჭიროებისამებრ მოიწვევა. კრებათა - შორის პერიოდში პასუხისმგებელი პირია მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რომელსაც საეკლესიო კრება ირჩევს და რომლის ხელდასხმა და აღსაყდრება (ინტრონიზაცია) მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულება. იგი მოვალეობას უწმიდესი სინოდის თანადგომით აღასრულებს. 1977 წ. 25 დეკემბრიდან ამ თანამდებობაზე უწმიდესი და უნეტარესი ილია II (ირაკლი შიოლაშვილი) ბრძანდება, რომლის საჭეთმპყრობელობის პირველ ნაბიჯებს საქართველოში საეკლესიო ცხოვრების გაცოცხლება და საყოველთაო სიხარული მოჰყვა.
ამჟამად უწმიდესი სინოდი 25 მღვდელმთავრისაგან შედგება. სულ 27 ეპარქიაა. მღვდელმსახურთა და ეკლესიის თანამშრომელთა მომზადების საქმეს ორი აკადემია და რამდენიმე სასულიერო სემინარია ემსახურება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის რაოდენობა, მისი სამოღვაწეო ასპარეზი და გავლენის სფერო დღითიდღე იზრდება.
ეკლესიათა ერთიანობის ანუ პენტარქიის რეალურად მოქმედების ჟამს ეკლესიათა საერთო რწმენისაგან განსხვავებული რწმენა-თეორიები გზადაგზა ჩნდებოდა. ამის გამო, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიები იქმნებოდა, რათა ამ რწმენა-თეორიების ბუნება და ავკარგიანობა გარკვეულიყო. თუკი დადასტურდებოდა, რომ ისინი რწმენის არსებით პუნქტებს, ე.ი. ქრისტიანული ღვთისმეტყველების მაცოცხლებელ ღერძს უპირისპირდებიან და აზიანებენ, საეკლესიო კრებები ასეთ თეორიებს ერესებად ანუ მწვალებლობებად (წვალებებად) ნათლავდნენ და ანათემას უცხადებდნენ. ეს კი, არც მეტი და არც ნაკლები, ნიშნავს: მათ მიმდევრებს, ვინც სინანულს არ მიეცემოდა, ეკლესიიდან გარიცხავდნენ - განკვეთდნენ. განკვეთილები თავიანთ ეკლესიებს ქმნიდნენ, რომელთაც ერთიანი ეკლესიის ენაზე ერეტიკოსთა (მწვალებელთა) საკრებულო, მწვალებელთა ეკლესია ანუ სექტა ეწოდებოდა.
ერესებისა და სექტების წარმოშობის მთავარ მიზეზად ღვთისმეტყველების მკვლევრები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ ეკლესიის ისტორიის ადრეულ საფეხურზე, რომელსაც აპოლოგეტიკის ხანას ეძახიან, დოგმატები ლოგიკისა და დიალექტიკის ენაზე ჩამოყალიბებული და გაფორმებული არ იყო. ასეთ ვითარებაში, როგორც მოსალოდნელია, რჯულის კარდინალურ საკითხებზეც კი აზრთა სხვადასხვაობა იჩენდა თავს. წარმოიშობოდა სხვადმადიდებლობა და მრავლდებოდნენ სხვადმადიდებლები; იქმნებოდა ახალ-ახალი თეორიები და იქმნებოდა და ყალიბდებოდა მათ მიმდევართა ახალ-ახალი ეკლესიები. ჭეშმარიტების პოზიციიდან ეს უარყოფითი მოვლენაა, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ დოგმატიკის როგორც საღვთისმეტყველო დისციპლინის შექმნას ანუ, რაც იგივეა, დოგმატთა ფორმირებას სწორედ სხვადმადიდებლობამ მისცა ბიძგი. ასე რომ, ერესებმა ერთიანი ეკლესიის სხეული ერთდროულად კიდეც დააზიანა და კიდეც განამტკიცა.
ქვემოთ იმ თეორიებსა და დენომინაციებს მიმოვიხილავთ, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაშიც და ქართული კულტურის ისტორიაშიც თვალსაჩინო კვალი დატოვეს.
ძირითადი ლიტერატურა: ა. პ. ლებედევი, საეკლესიო კრებები VI, VII და VIII საუკუნეებში, ს-პბ., 1807 (რუს. ენაზე); ე. ვ. ბოლოტოვი, ლექციები ძველი ეკლესიის ისტორიაში, ს-პბ., 1918 (რუს. ენაზე); ბროკჰაუზეფრონის ენციკლოპედია; ვ. ს. სოლოვიოვი, თხზულებათა კრებული, ტ. IX, 1907, ს-პბ.; მ. ჯანაშვილი, ისტორია მართლმადიდებელი ეკლესიისა, ტფ., 1889; ს. ყაუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1948.
მე-20 საუკუნის დასაწყისში მკვლევარებს მხოლოდ რამდენიმე გნოსტიკური თხზულების ფრაგმენტზე მიუწვდებოდათ ხელი და ძირითადად ქრისტიანობის აპოლოგეტთა შრომებში წარმოდგენილ ცნობებს ეყრდნობოდნენ. სიცარიელე 1945 და მომდევნო წელს ეგვიპტეში გნოსტიკოსთა ბიბლიოთეკის აღმოჩენამ შეავსო.
გნოსტიციზმი ბერძნული სიტყვაა: „გნოსის“ ნიშნავს ცოდნას, ,,გნოსტიკოსი“ - მცოდნეს, ,,გნოსტიციზმი“ - მცოდნეობას. ასე იხსენიებდნენ სექტებს, რომელთა წევრებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ: სიმონიანელები, ნიკოლაიტები, მენანდრელები, კერინთოსიანელები, დოსითესიანელები, დოკეტისტები, კარპროკრატიანელები, მარკიონიტები, ვალენტინელები, ებიონიტები, სატურნინელები და სხ. სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.
გნოსტიკოსები თავიანთ თავს ჭეშმარიტ და ერთადერთ ქრისტიანებად რაცხდნენ, თუმცა მათი მოძღვრება წარმოადგენდა მრავალპლასტოვან კონგლომერატს, - წარმართობის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ნაზავს, სადაც სახარების ფაქტები და სწავლებანი ერწყმოდა ელინურ-ბაბილონურ მითებსა თუ ფილოსოფიურ თვალსაზრისებს.
უნდა შევნიშნოთ, რომ ჩამოთვლილ ჯგუფებს ბევრი რამ აშორებდა ერთმანეთისაგან, მაგრამ ჰქონდათ საერთოც, სპეციფიკური, რასაც ვ. სოლოვიოვი დაახლოებით ასე გადმოსცემს:
მატერია და მატერიალური სამყარო, რომელიც შექმნილია უმდაბლესი ღვთაების - დემიურგის მიერ, არის ბოროტება. წუთისოფელი და მისი ყოველი მსახური განწირულია. მხოლოდ რჩეულებს ეღირსებათ ხსნა და საუკუნო ცხოვრება. ესენი არიან სულიერი პიროვნებები - პნევმატიკოსები, რომლებიც დასაბამიდანვე და ბუნებითად ეკუთვნიან საღვთო წიაღს, რადგან ჩანასახშივე ფლობენ ციურ ელემენტს. ისინი მსოფლიო ქაოსიდან დაუბრუნდებიან ჭეშმარიტ სამშობლოს მრთელნი და უვნებელნი, ყოველგვარი ნადავლის გარეშე. არაფერი მდარე არ ამაღლდება, არაფერი ბნელი არ განათლდება, ხორციელი და მშვინვიერი არ გასულიერდება. მაშასადამე, ხორციელი და მშვინვიერი ადამიანები (თუნდაც მორწმუნეები) ვერ ცხონდებიან. მათი მომავალი წყვდიადი და არარაობაა. ცხონდებიან მხოლოდ პნევმატიკოსი გნოსტიკოსები ანუ სულიერი შემმეცნებლები.
გნოსტიკოსები არღვევდნენ სამების დოგმატს და ასხვავებდნენ ღმერთს ქვეყნის შემოქმედისაგან, რაც ნიშნავს, რომ სამყარო შეიქმნა ღვთის ნების საწინააღმდეგოდ (იხ. ქვემ.). ამ დანაშაულის გამოსასწორებლად ღმერთი დაემსგავსა ადამიანს და გახდა მოჩვენებითი კაცი. ესაა დოკეტიზმი, რომლის თანახმადაც მაცხოვარი იესო ქრისტე არც სრული ღმერთია და არც სრული კაცი: იგი მოჩვენებითია. მისი მობრძანებით ქვეყანას არა თუ შეემატა რამე, არამედ დააკლდა, რადგან წარიყვანს პნევმატიკოსთა ოჯახს, რომლის წევრები მიმოფანტული არიან სხვადასხვა ტომში. ცხადია, აქ გნოსტიკოსები იგულისხმებიან, რომელთა სამომავლო ბედნიერება, მათივე პიროვნების გამორჩეულობის გამო, გარანტირებულია.
თავისებურია გნოსტიკოსების დამოკიდებულება ბიბლიასთან. ისინი მკვეთრ ზღვარს დებდნენ ძველსა და ახალ აღთქმას შორის. ძველი აღთქმის ღმერთს - იაჰვეს - სახავდნენ ბოროტ ძალად, ბოროტ შემოქმედად ანუ ბოროტ დემიურგად, რომელიც დაამარცხა იესო ქრისტემ.
თავდაპირველად უზენაესი სიკეთე არსებობდა, რომლის წიაღიდან იშვა მდედრული ძალა. ამ ორი საწყისისაგან - უზენაესისა და მდედრული ძალისაგან - განხორციელდა შობათა სერია, შეიქმნა მრავალი სულიერი არსება, შეიძლება ითქვას - ციური იერარქია.
უზენაესი იერარქიის უქვემოეს საფეხურზე მყოფმა ძალამ - სოფიად სახელდებულმა, აღფრთოვანებულმა უზენაესი მამის მიერ აღსრულებული შესაქმით, მოინდომა რომ თვითონაც აღესრულებინა შესაქმე და მან მართლაც შექმნა არსება, რომელიც შორსაა სრულყოფილებისაგან. ესაა იაჰვე ანუ, გნოსტიკოსთა სახელწოდებით, იალდაბაოთი, რომელიც ერთდროულად ღვთიურიცაა და არასრულყოფილიც. ამის გამო კი - ამპარტავნებით და შურით აღვსილი. იგი თავს უზენაეს ღმერთად თვლის და სოფიას ნაპერწკალს მოსტაცებს.
ამ ნაპერწკალის საღვთო წიაღისაგან განშორებამ მთელი ზეციური სისავსის (რომელიც უკვე აღარაა სისავსე), ყველა ზეციური ძალის ტანჯვა გამოიწვია. რადგან დაირღვა სისავსე, ზეციური ძალები ცდილობენ დასაბამიერი სრულყოფილების აღდგენას. მათ საპირისპიროდ იალდაბაოთი ქმნის ადამს, შემდეგ კი - ევას, რომ ზეციური სისავსისაგან მოწყვეტილი ნაპერწკალი მათში გადამალოს და ამ გზით შეინარჩუნოს იგი. თავად კი იბატონოს და იმეფოს საკუთარ ქმნილებებზე. სახელდობრ - ადამიანზე.
იწყება ომი ორ ზეციურ ძალას - უზენაეს არსსა და იალდაბაოთს - შორის.
სოფია გველის სახით დედამიწაზე მოციქულს მოავლენს, როიმ გამოფხიზლდნენ ადამი და ევა და გაიცნობიერონ მათში არსებული საღვთო ნაპერწკლის სიდიადე. იალდაბაოთი მყისვე გამოდევნის ჩვენს წინაპრებს სამოთხიდან და ხელს შეუწყობს მათ ხორციელ გამრავლებას, რომ ამ გზით დაანაწევროს საღმრთო ნაპერწკალი და გაფანტოს იგი სხვადასხვა ადამიანში.
...გამოხდება ჟამი და უზენაესი წიაღიდან მოივლინება მხსნელი - მაცხოვარი, რომლის მიზანია, მოიძიოს მხოლოდ ამ ნაპერწკლის შემცველი ადამიანები, შეაგნებინოს მათ მათივე ციური წარმომავლობა და წუთისოფელში გაფანტული საღვთო ნაპერწკლები უზენაესი წიაღისაკნენ მიაქციოს, კვლავ აღადგინოს ზეციური სამყაროს სრულყოფილება. ადამიანები, რომლებმაც შეიცნეს მათში არსებული საღვთო ნაპერწკალი, არიან გნოსტიკოსები.
ამრიგად, ეს მოძღვრება უარყოფს საყოველთაო ხსნის პრინციპს: გადარჩებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც დასაბამიდანვე აქვთ გნოსტიკური ნაპერწკალი. მათთვის უცხოა აზრი სხეულებრივი აღდგომის შესახებ. პირიქით: აღსასრულის ჟამს ნივთიერება გაქრება.
პრობლემაა გნოსტიციზმის წარმომავლობისა და ისტორიული ფესვების გარკვევა. მათ ზოგი აღმოსავლურ რელიგიაში, ბუდიზმში, ხედავს. თუკი ეს ჰიპოთეზაა, აღნიშნავს ვ. სოლოვიოვი, უეჭველია კავშირი ნაკლებად პოპულარულ, მაგრამ მეტად ორიგინალურ სისტემასთან - მანდეიზმთან ანუ საბიზმთან. სიტყვა ,,მანდა“ მანდეურ ენაზე, არამეულის ერთ-ერთ დიალექტზე, ,,ცოდნას“ ნიშნავს, მანდეველები - მცოდნეებს. ასევე: ,,საბი“ ითარგმნება ნათლისღებად, საბიელები - ნათელღებულებად.
მანდეიზმი აღმოცენდა მცირე აზიაში ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე და დღესაც არსებობს. მიმდევრები თავიანთ თავს ,,იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ უწოდებენ და ამჟამად სახლობენ ევფრატის ქვემო წელსა და ერაყის მიდამოებში. XIX ს-ის ბოლოს მათი რიცხვი 20000 არ აღემატებოდა. ჰყავთ სასულიერო პირები და გააჩნიათ საღვთისმსახურო და დოგმატური შინაარსის წიგნები, წარმოშობით ძველი (I-III სს.), მაგრამ მუჰამედის შემდეგ გადამუშავებული. უმთავრესია: ,,გინზა-რაბბა“ (დიდი საცავი), ,,იოანეს წიგნი“ და ,,კოლასთა“, სადაც თავმოყრილია მითები, ჰიმნები და დარიგებები.
მანდაველები მამათმთავრად იოანე ნათლისმცემელს ასახელებენ. უკანასკნელს გნოსტიკოსთა სისტემაშიც გამორჩეული ადგილი ეჭირა. იგი ძველი და ახალი ეპოქების მიჯნაზე დგას და თითქოს ბუნებრივია, რომ მის თაყვანისმცემელთა კულტში, ე.ი. მანდეველთა და გნოსტიკოსთა შორის, აღრეულია წარმართობა და ბიბლია.
მანდეველთა თეოლოგია ზოგადად ასეთია:
ღვთაება ანუ აბსოლუტი დიფერენცირებულია ნათელ ძალებად ანუ ეონებად. ესენია: დიდი გონება (მანა-რაბბა), ცხოვრება, წყნარი ქროლვა, მზის ღმერთი (სამ-სემირი), ცის ღმერთი (იუშამინი), რომელიც მყოფობს ცვართა სათავესთან და სინათლის წყაროსთან, ციური იორდანე - გონების მკურნალი, რაც ესატყვისება გნოსტიკოსთა სოფიას და რომელიც წარმოდგენილია ყოვლისმომცველ ხედ, რომელიც აერთიანებს ბიბლიურ ორ ხეს - სიცოცხლის ხესა და შემეცნების ხეს.
ჩვენი სულები ღვთის გამოსხივებანი არიან, თუმცა დაბნელებულნი და დატყვევებულნი მატერიალურ ყოფაში. მათი ხსნისათვის ეონები სახლდებიან რჩეულებში, მაგალითად, იოანე ნათლისმცემელში, რომელიც აფუძნებს რელიგიურ განბანას და ჩაყვინთვას სულის განწმენდის სიმბოლოდ ციურ იორდანეში. სოფიასთან (სიბრძნესთან) ზიარებულებმა ანუ განდობილებმა თავი უნდა შეიკავონ ხორცის ჭამისაგან, ღვინის სმისაგან და სქესობრივი კავშირისაგან. ისინი განყენებულნი არიან უწმინდური მსოფლიოსაგან; ფლობენ საიდუმლოს და გულმოდგინედ ფარავენ უზიარებელთაგან.
მანდეველთა სექტა, ყველა მონაცემის მიხედვით, გნოსტიციზმის მემკვიდრეა.
ასე რომ, შეიძლება ითქვას: თუმცა ხანგრძლივი საღვთისმეტყველო პაექრობის შემდეგ, II-IVსს-ში, გნოსტიციზმი ძლეულ იქნა, ნაშთის სახით აქა-იქ დღესაც სულდგმულობს ცალკეული ჯგუფებისა თუ პიროვნებების ცნობიერებაში.
ამ მოძღვრების ბურჯია მღვდელი ორიგენე.
იგი დაიბადა 185 წლის ახლო ხანს ქ. ალექსანდრიაში ბერძნისა თუ ელინიზებული ეგვიპტელის ოჯახში. მიიღო შესანიშნავი განათლება მამის - ლეონიდეს - წყალობით. მის მასწავლებლებად ასახელებენ სახელგანთქმულ კლიმენტი ალექსანდრიელს და ფილოსოფოს ამონიოს საკას - ქრისტიანყოფილ წარმართს. დევნილების ჟამს მამამისი გაასამართლეს და ქონება ჩამოართვეს. სახლი გაპარტახდა. დედა და ექვსი უმცროსი ძმა ორიგენეს კმაყოფაზე აღმოჩნდა. იგი ასწავლიდა გრამატიკას და რიტორიკას ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლაში, რომლის წინამძღვრადაც დაინიშნა იგი 17 თუ 18 წლის ასაკში. გავრცელდა ხმა - ჭაბუკმა მოძღვარმა, ლამაზმან მოწაფე გოგონებთან ცდუნების შიშით, თავი დაიკოდა, თუმცა ამ ცნობას ეკლესიის ძველი ისტორიკოსები საეჭვოდ მიიჩნევენ. სიმართლე არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ორიგენემ ადრევე მოიხვეჭა ჩინებული მასწავლებლისა და ღვთისმეტყველის სახელი. მისი შრომები ხელიდან ხელში გადადიოდა.
216 წელს ალექსანდრიაში ქრისტიანთა დევნა განახლდა და, თაყვანისმცემელთა დაჟინებული თხოვნის თანახმად, ორიგენე პალესტინაში გადავიდა, სადაც ეპისკოპოსებმა - ალექსანდრე იერუსალიმელმა და თეოქტისტე კესარიელმა - საპატიო თავშესაფარი მისცეს და, თუმცა ჯერაც ერისკაცი იყო, აკურთხეს მრევლის წინაშე საღმრთო წერილის მქადაგებელ - კომენტატორად. მალე ხარისხშიც აიყვანეს და 228 წელს მღვდლად ხელი დაასხეს, რამაც ალექსანდრიის მღვდელმთავრის- დიმიტრიოსის - აღშფოთება გამოიწვია. მან გაიხსენა და ირწმუნა ადრე დარხეული ჭორი და ორიგენეს შემდეგი ბრალდებები წაუყენა: 1. თვითკასტრაცია, 2. უფლებამოსილების გადაჭარბება (რომ ერისკაცი ეპისკოპოსების წინაშე ქადაგებდა ბიბლიას) და 3. საეკლესიო კანონების აბუჩად აგდება (რადგან იგი ალექსანდრიის მოქალაქედ ითვლებოდა, იქაური ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე სხვა ეპარქიაში მისი ხელდასხმა არ ეგებოდა). 231 წელს საქმე განიხილა ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ და გამოიტანა ულმობელი განაჩენი - ორიგენე გამოაცხადა უღირს პედაგოგად და განაშიშვლა მღვდელობისაგან, რაც საგანგებო სიგელებით ეცნობა მეზობელ მღვდელმთავრებს. ზოგიერთმა ეკლესიამ, მათ შორის, ცხადია, კესარიისა და იერუსალიმის ეპისკოპოსებმა აღნიშნული განჩინების მადლმოსილება არ ცნეს და, მეტიც, ორიგენეს პალესტინის კესარიაში გაახსნევინეს სასულიერო სასწავლებელი, რამაც მსმენელთა დიდი რიცხვი მიიზიდა, ხოლო მოძღვართმოძღვრის ავტორიტეტმა მწვერვალს მიაღწია. მან იმოგზაურა ათონსა და არაბეთში. ბევრი გნოსტიკოსი დაუბრუნა კათოლიკე ეკლესიას.
...დაიწყო მორწმუნეთა რბევა-აწიოკება. ორიგენე შეიპყრეს, სცემეს და ცხრაკლიტულში ჩასვეს, რამაც გატეხა მისი ჯანმრთელობა და 253 თუ 254 წელს სული განუტევა.
თანამედროვეთა უწყებით, ორიგენეს პიროვნება მთლიანად განემსჭვალა რელიგიურ და ინტელექტუალურ ინტერესებს. მატერიალურ მხარეზე ნაკლებად ზრუნავდა. მარხულობდა ფიცხლად: ასკეტობდა და ქველმოქმედებდა. ეწეოდა დევნილების მსხვერპლთ და მათ ოჯახებს.
მას დარჩა უმდიდრესი წერილობითი მემკვიდრეობა, ერთი ცნობის თანახმად,-6000 თხზულება. ძირითადი ნაწილი, საბედნიეროდ, შემორჩენილია. მათგან აღსანიშნავია შემდეგი: ეგზეგეტიკური თხრობანი, პოლემიკური და დიდაქტიკური წერილები, ,,ლოცვის შესახებ“, ,,მოწამეთა შემაგონებელი სიტყვა“, ,,საწყისთა შესახებ“, ეპისტოლეები ამონიოსისადმი, გრიგოლ საკვირველმოქმედისადმი და სხვა. მისი რჩეული თხზულებების კრებულს ,,ფილოკაკია“ (მშვენიერების მოყვარეობა) ეწოდება. საგანმანათლებლო და მეცნიერული თვალსაზრისით გამოირჩევა ,,ჰეგზალპები“ ანუ ექვსნაწილედი. ესაა ძველი აღთქმის ნუსხა 6 სვეტად: პირველში წარმოდგენილია ებრაული ტექსტი დედნის ანბანით, მეორეში - იგივე ტექსტი ბერძნული ტრანსკრიფციით, მესამეში - აკვილას თარგმანი, მეოთხეში - სხვიმახოსის, მეხუთეში - სეპტუაგინტა და მეექვსეში - თეოდოტიონის. ასე რომ, სახეზეა სოლიდური ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური შრომა ჭეშმარიტების დადგენის ანუ ორიგინალის თავდაპირველი ტექსტის შეძლებისამებრ აღდგენის მიზნით. ავტოგრაფიული ეგზემპლარი ჯერ ტვიროსში ინახებოდა, შემდეგ კესარიაში 653 წლამდე, როდესაც დაიწვა არაბების მიერ ქალაქის აღების დროს.
ორიგენეს რელიგიურ-ფილოსოფიური მოსაზრებები და პოზიცია ყველაზე თვალსაჩინოდ ჩამოყალიბებულია შრომაში „საწყისთა შესახებ“ („პერი არხონ“).
ჭეშმარიტი შემეცნების ანუ ჭეშმარიტების წყარო არის იესო ქრისტეს სიტყვა, რაც დაუნჯებულია საღმრთო წერილსა და საეკლესიო გადმოცემაში. ორიგენეს თქმით, საღმრთო და სამღვდელო წერილში ზოგიერთი პუნქტი ჩამოყალიბებულია სრულყოფილად და ნათლად, სადავოც არაფერია. ზოგიერთი კი საჭიროებს ახსნა-განმარტებას.
მისი მოძღვრება 9 პუნქტად იყოფა: 1) ღმერთი არის ერთი, შემოქმედი და ყოველივე არსებულის განმგებელი, - იესო ქრისტეს მამა. იგი ერთი და იგივეა სიკეთესა და მართლმსაჯულებაში, ახალში და ძველ აღთქმაში (გნოსტიკოსთა საპირისპიროდ); 2) იესო ქრისტე არის მამისაგან შობილი უწინარეს ყოველი ქმნილებისა. იგი ემსახურებოდა მამას ქვეყნის შექმნისას და უკანასკნელ ჟამს ღვთისაგან განუშორებელად განკაცდა, - შეიმოსა ნამდვილი ხორცის სხეული და არა მოჩვენებითი. ნამდვილად იშვა ქალწულისა და წმიდა სულისაგან. ნამდვილად ივნო. მოკვდა და აღდგა. დაბრუნდა თავის მოწაფეებთან და მათ წინაშე მიწიდან ამაღლდა; 3) წმიდა სული პატიოსნებით და ღირსებით ეზიარება მამას და ძეს. იგი ერთი და იგივეა ყველა წმინდანში ძველი თუ ახალი აღთქმისა; 4) კაცის სული, რომელიც ფლობს საკუთარ პიროვნებას და ცხოვრებას, აღდგომის დღეს შეიძენს განუხრწნელ სხეულს. თუმცა სულის წარმოქმნისა და გამრავლების წესზე საეკლესიო სწავლებაში გამოკვეთილი არაფერია; 5) ყველა გონიერ არსებას მიემადლა თავისუფალი ნება ბოროტ ძალებთან ბრძოლაში, რის გამოც გვაკისრია პასუხისმგებლობა ამქვეყნადაც და საიქიოშიც; 6) არსებობს ეშმაკი და მისი მსახურები, მაგრამ ბუნებასა და მის წესზე მათი მოქმედება მოაშთეს მოციქულებმა; 7) ამჟამინდელი ხილული ქვეყანა შემოფარგლულია: აქვს საწყისი და სასრული დროში, მაგრამ იმის შესახებ, თუ რა იყო ადრე და რა იქნება შემდეგ, ანდა - სხვა ხილული ქვეყნის თაობაზე, საეკლესიო სწავლებაში გარკვეული არაა; 8) საღმრთო წერილი, რომელიც შთაგონებულია წმიდა სულით, ზედაპირულისა და ანბანურის გარდა, შეიცავს კიდევ სხვა, იდუმალსა და სულიერ აზრებს; 9) უდავოა კეთილი ანგელოზების არსებობა და ღვაწლი: ემსახურებიან ღმერთს ჩვენი ხსნისათვის, მაგრამ მათი ბუნების, წარმოშობის და მყოფობის წესის შესახებ გარკვევით არაა თქმული საეკლესიო სწავლებაში მსგავსად მზისა, მთვარისა, ვარსკვლავებისა. 10) ჯოჯოხეთი გაუქმდება და საბოლოოდ ყველა ცხონდება. ესაა აპოკატასტასი.
აი, ამ ,,სიცარიელის“ შევსებისა და ნათელფენის მიზნით ორიგენემ გამოკვეთა თეორიები, რაც მისმა მოწაფეებმა და მოწაფეთა მოწაფეებმა განავითარეს, ახალი დეტალებით და არგუმენტებით შეავსეს, გაამძაფრეს. ასე ჩამოყალიბდა ორიგენისტობა, რამაც ეკლესიის წიაღში მითქმა-მოთქმა და სქიზმა გამოიწვია; წარმოიქმნა ორი მტრული ბანაკი - ორიგენელები და ანტიორიგენელები. მათი წინააღმდეგობის ტალღა ნელნელა ზვირთდებოდა და ზოგან, მაგალითად, წმ. საბას ლავრაში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფამდეც კი მიდიოდა. იმპერატორმა იუსტინიანე დიდმა საგანგებო ზომებს მიმართა: 543 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვია ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელმაც განიხილა ,,ორიგენიზმის“ პრობლემა. წამოაყენეს 10 მუხლისაგან შემდგარი ბრალდება. გამოუცხადეს ანათემა ორიგენეს და მის მიმდევრებს, ხოლო თხზულებანი განადგურების ღირსად ცნეს. ეს უკიდურესი და ულმობელი განაჩენი იყო, რასაც, ჩანს, ბევრი გრძნობდა კიდეც და ნანობდა. ამიტომ ათი წლის შემდეგ კონსტანტინოპოლის V მსოფლიო საეკლესიო კრებამ გადასინჯა აღნიშნული საქმე და ბრალდებათა რიცხვი შეამცირა, მაგრამ ორიგენელებს და მათ მამათმთავარს ერეტიკოსის იარლიყი შეუნარჩუნა.
ორიგენიზმის არსებით ნიშანს შეადგენს: 1. სამების წევრთა ურთიერთდაქვემდებარებულობა ანუ სუბორდინიზმი, რაც, ცხადია, არღვევს ერთარსება-სამების დოგმატს; აღიარებს მასში იერარქიას და თვლის, რომ მამა აღემატება ძეს, ძე - სულს; 2. სულების წინასწარ არსებობის და გარდასხეულების ანუ რეინკარნაციის თეორია. მის თანახმად (როგორც აღმოსავლურ რელიგიებშია) სული არსებობს ხორცის უწინარეს და სახლდება ერთი სხეულიდან მეორეში: განიცდის მეტემფსიქოზს (აქ საგრძნობია პლატონის გავლენა); 3. რწმენა ეშმაკის გამოსწორების, ჯოჯოხეთის მოსპობის და საყოველთაო ცხონების შესახებ.
აღნიშნულის მიუხედავად, ორიგენეს დამსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე უდავოა. შეიძლება ითქვას, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქრისტიანული დოგმატების მეცნიერულ-ფილოსოფიურ ენაზე გამოთქმას და გაამდიდრა საეკლესიო მწერლობა. აღზარდა ღვთისმეტყველთა დასი, რომელთა შორის ბრწყინავენ დიონისე ალექსანდრიელი და გრიგოლ საკვირველმოქმედი. მას დიდად აფასებდნენ კაბადუკიელი მამები.
ესაა გახმაურებული წვალება, რომელიც მღვდელმა არიოზმა ჩამოაყალიბა.
არიოზი 256 წელს ალექსანდრიაში დაიბადა. განისწავლა ანტიოქიის სასულიერო სკოლაში მღვდელმოწამე ლუკიანეს, სეპტუაგინტას ცნობილი რედაქტორის (იხ. ზემ.), ხელმძღვანელობით. ფიქრობენ, რომ მოძღვარმა ჩაუნერგა მას თესლი, რაც შემდეგ განხეთქილების ვაშლად აღმოცენდა.
ერთხელ, 318 წელს, ალექსანდრიის ეპისკოპოს ალექსანდრეს თავის მღვდლებთან კერძო საუბარში უთქვამს: „წმ. სამება სამობით ერთია“, ე.ი. სამების თითოეული წევრი თანაარსიაო. მსმენელთაგან თურმე არიოზი შეეპასუხა: ,,რადგან მამამ შვა ძე, შობილის, როგორც ასეთის, არსებობას აქვს დასაბამი. მაშასადამე, იყო დრო, როდესაც ძე არ იყო და იგი თავის არსებობას იწყებს არარსებობიდან“. ასე რომ, ძე ანუ სამების მეორე ჰიპოსტასი არის წარმონაშვი და ქმნილებაო. ატყდა კამათი, რაც მაშინ დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ ქარიშხალი მალე ამოვარდა: მღვდელი თავდაჯერებას მიეცა და გამვლელ-გამომვლელთ თავის აზრებს შთააგონებდა. სასულიერო და საერო პირებმა მოითხოვეს, რომ ეპისკოპოსს აელაგმა ეს თვითნებობა და ,,ტვინის ჭყლეტა“. მეუფემ საგანგებო სხდომა მოიწვია, იმსჯელა და გამოიტანა დასკვნა, რომ ,,ძე მამის თანადროული და თანაარსია“ და არიოზს ქადაგება აუკრძალა, მაგრამ მას უკვე შეეკრიბა თანამოაზრეთა დიდი გუნდი, მათ შორის რამდენიმე ეპისკოპოსი, რომლებიც ენთუზიაზმით ავრცელებდნენ წვალებას ეგვიპტესა და მის ფარგლებს გარეთაც კი. ალექსანდრე ალექსანდრიელმა, რადგან გადარწმუნების ყველა მამაშვილური საშუალება ამოწურა, უკიდურეს ზომას მიმართა და ურჩი მოძღვარი კათოლიკე ეკლესიისაგან განკვეთა ერეტიკოსობის ბრალდებით.
არიოზი გაშმაგდა. მან წერილობითი საჩივრით მიმართა ნიკომიდიის მღვდელმთავარ ევსევის - თანაკურსელს ანტიოქიის სასწავლებლიდან. უკანასკნელმაც შეიწყნარა მსჯავრდებული და ქადაგების უფლება მისცა. ალექსანდრიელმა ეპისკოპოსმა საგანგებო და ვრცელი ეპისტოლე დაუგზავნა თითქმის ყველა ქალაქის ეპისკოპოსებს, სადაც ამხილა და გააცამტვერა ახალი ერესი. ერესიარქმაც არ დააყოვნა: პასუხად დაწერა და გაავრცელა წიგნი სათაურით ,,თალია“, რაც ნიშნავს ლხინს, ნადიმს. იქ პოეტური ფორმით, ნახევრად ლექსად, ნახევრად პროზით, ლამაზად და მიმზიდველად, ჩამოაყალიბა თავისი მოძღვრება, რომლის მიმდევართა რიცხვი ივსებოდა და მრავლდებოდა.
ვითარება დაიძაბა. საქმე გაწევ-გამოწევამდე მივიდა. ცნობა იმპერატორსაც მიაწოდეს - კონსტანტინე დიდს. მან ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და თანაბარი სიყვარულით მიმართა დაპირისპირებულ მხარეებს, შეეწყვიტათ ,,კინკლაობა“, ,,მათივე გულის სიღრმეში შეენახათ“ კერძო აზრები.
ხელმწიფის ავტორიტეტმაც ვერ გაჭრა. მაშინ მეფემ ისტორიაში არსმენილ საშუალებას მიმართა: ბრძანა ეკუმენური კრების მოწვევა (,,ოიკუმენედ“ იწოდებოდა ცივილიზებული მსოფლიოს ის ნაწილი, სადამდეც რომის კულტურულ-პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა). ორგანიზაცია დაიგეგმა: 325 წლის ივნისის მეორე ნახევრისათვის ქ. ნიკეაში მობრძანება სთხოვეს დედამიწის ყველა ეპისკოპოსს. ასეც მოხდა: შეიკრიბა 318 მღვდელმთავარი თანმხლები პირებითურთ - სასულიერო და საერო საყდრიონით, რომლის რიცხვს, ერთი წყაროს თანახმად, ,,სათვალავი არ ჰქონდა“. მათ შორის ყოფილა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე. მგზავრობის, ბინისა და კვების ხარჯები კონსტანტინემ იკისრა.
აღნიშნული წლის 4 თუ 5 ივლისს ნიკეაში ჩაბრძანდა იმპერატორი და კრებაც მეორე დღესვე გაიხსნა. სხდომები ტარდებოდა სამეფო სასახლის დიდ დარბაზში. იქვე იყო არიოზი თავისი ფრაქციით (სხვადასხვა მონაცემის მიხედვით მის მხარეზე 10, 17 თუ 22 ეპისკოპოსი იდგა). ხელისუფალი ეპისკოპოსებს შორის იჯდა. მას მიესალმა ევსევი კესარიელი (მეორე მონაცემით - ევსტათი ანტიოქიელი). საპასუხო სიტყვა წარმოითქვა ლათინურად, რაც სინქრონულად ითარგმნებოდა ბერძნულად (ჩანაწერი შემონახულია). მეფემ, თუმცა ჯერ მონათლული არ იყო, ეპისკოპოსებს ძმები და თანამოსაგრენი უწოდა; აღნიშნა, რომ ვართ სამწუხარო ფაქტის მოწმენი: დევნილების ხანაში ქრისტიანთა შორის თანხმობა და ძმობა სუფევდა, დღეს კი ერთმანეთს ვჭამთო. მისი თქმით, სარწმუნოებრივი განხეთქილება სახელმწიფოს მთლიანობას არღვევს და ეს ამბავი უფრო სავალალოა, ვიდრე გარეშე ომებიო... დაიწყო ოფიციალური კამათი. სიტყვა დავიდარაბის მიზეზს - არიოზს - დაუთმეს. მან თავმოწონებით დაადასტურა ბრალდება, რასაც საზოგადო აღშფოთება მოჰყვა. გამოვიდნენ მისი მომხრეები. ევსევი ნიკომიდიელმა წაიკითხა არიანელთა მრწამსი ანუ რწმენის სიმბოლო, მაგრამ გრაგნილი, რაზეც წარმოდგენილი იყო ტექსტი, წამში ნაფლეთებად აქციეს. მაშინ ევსევი კესარიელმა, თავდაჭერილმა არიანელმა, კრებას მეორე ვარიანტი შესთავაზა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ძეღმერთი არის ,,ყოველი ქმნილების უწინარეს შობილი“.
ასე რომ, არიანელებს შორის გამოიკვეთა ორი შტო: რადიკალები (ევსევი ნიკომიდიელი) და ზომიერები (ევსევი კესარიელი). მეფემ და სულიერმა მამებმა ორივე პოზიცია დაგმეს. ჭეშმარიტი ცოდნის ჩამოყალიბების გზაზე მთავარი სიტყვა ალექსანდრე ალექსანდრიელმა და ახალგაზრდა დიაკონმა ათანასემ თქვეს. უკანასკნელი შემდეგ აფრიკის ეკლესიათა მმართველი და ღვთისმეტყველების ბურჯთაგანი გახდა: ახოვნად აღუდგა წინ ერესს და მისივე ისრით (დიალექტიკით, ელინური ფილოსოფიით, მეცნიერული აკრიბიით ანუ სიზუსტით) განგმირა იგი; გააბათილა არიოზის ყველა არგუმენტი; სხვა მამების თანამონაწილეობით ჩამოაყალიბა რწმენის სიმბოლო და მოამზადა განჩინება, რომლის ძალითაც ანათემაზე გადაეცა ანუ ეკლესიისაგან განიდევნა ყველა, ვინც ფიქრობდა და ავრცელებდა ხმას -,,იყო დრო, როცა ძე არ იყო“, რომ იესო ,,იშვა არარსებობიდან, შეიქმნა და შეიცვალაო“. ამის საპირისპიროდ ფორუმმა ჩამოაყალიბა დოგმატი, რომ ღვთის ძე არის თანაარსი და თანასწორი მამისა და სულიწმიდისა, - „მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“, „შობილი და არა ქმნილი“. კრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს თვალსაზრისი შერაცხა ღვთის სიტყვად და წმიდა სულის სუნთქვად, რაც აისახა კიდეც იმპერატორის საბოლოო სიტყვასა და სიგელში.
მართალია, სამეუფო გზამ გაიმარჯვა, მაგრამ არც მწვალებლობამ დახარა თავი. არიანელები, რომელთა დიდი ნაწილი პროვინციებში გადაასახლეს, კვლავ გააქტიურდნენ. მალე სეფეკაცებიც მოინადირეს და კონსტანტინემ გული იბრუნა მათზე. მან, დის - კონსტანტიას - თხოვნის თანახმად, ექსორიობიდან დააბრუნა არიოზი; მისი ხარისხში აღდგენა ინება და, რადგან წმ. ათანასემ უარი უთხრა, ბრძანა, დედაქალაქის ეპისკოპოსს აღესრულებინა მისი წადილი, მაგრამ ერესიარქი 336 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა.
არიანელები უფრო აღბორგდნენ. მათ მხარეზე კონსტანტინე დიდის შვილი და მემკვიდრე აღმოჩნდა - კონსტანცი. მან ნამდვილი ომი გამოუცხადა მსოფლიო კრებას და მის მიმდევრებს. მრავალი ეპისკოპოსი განდევნა და დააპატიმრა. ალექსანდრიელი ათანასეს შეპყრობაც მოიწადინა, მაგრამ მორწმუნეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მღვდელმთავარი გადამალეს. ამის შემდეგ მას იმპერატორი ,,მაწანწალას“ და ,,შფოთისთავს“ უწოდებდა და ეძებდა მსჯავრის დასადებად. წმ. ათანასეს რომის პაპი იცავდა და მფარველობდა.
კონსტანცის შემდეგ ატმოსფერო გაუარესდა. ივლიანე განდგომილისა და ვალენტიოსის ხანა ერესების აღზვავებით აღინიშნა. მომძლავრდნენ უკიდურესი არიანელები - ევნომიანელები და ევდოკიანელები. აგრეთვე - ნახევარარიანელები, რომლებიც ასწავლიდნენ, რომ ძე მამის მსგავსია (,,ჰომოიუსიოს“), მაგრამ არა თანაარსი (,,ჰომოუსიოს“), როგორც დაადგინა მსოფლიო კრებამ. ბობოქრობდნენ მაკედონიანელები. ისინი უარყოფდნენ წმიდა სულის ღვთაებრივობას და, მაშასადამე, სამების დოგმატს. საეკლესიო პრაქტიკაც ქაოსს მოეცვა. ანტიოქიაში, მაგალითად, ორი ეპისკოპოსი მეუფებდა: ერთი - მწვალებელი, მეორე - მართლმადიდებელი, რომის საყდრისაგან დადგინებული.
ასეთ გარემოში გამეფდა თეოდოსი დიდი, რომელმაც სატახტო ქალაქში - კონსტანტინოპოლში - 381 წელს, გრიგოლ ღვთისმეტყველის (ნაზიანზელის) მღვდელმთავრობის ჟამს, მოიწვია კრება ,,მთელს იმპერიაში ნიკეის სწავლების დასამტკიცებლად ყველა ერესის წინააღმდეგ“. შემადგენლობით ეს თავყრილობა ადგილობრივი იყო (მონაწილეობდა 150 ეპისკოპოსი), მაგრამ საღვთისმეტყველო საკითხების ,,ღირსეულად და საყურადღებოდ“ გადაწყვეტის გამო მსოფლიო კრების ავტორიტეტი მოიხვეჭა, რაც მოგვიანებით დაადასტურა კიდეც რომის პაპმა. სხდომებს პირველად მელეტი ანტიოქიელი უძღვებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ -გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბოლოს კი - ნექტარიოსი. აქტიურობდა გრიგოლ ნოსელიც. ძირითადად განიხილეს ორი საკითხი: მრწამსი და ერესები. დაადასტურეს ანუ კვლავ ,,დაბეჭდეს“ და დააზუსტეს რწმენის სიმბოლო, რაც წინა კრებამ შეიმუშავა და რაც ეკლესიათა საერთო სარწმუნოების ჭეშმარიტ ბალავერად იქცა. არიოზის მოძღვრება კვლევ უშეღავათო და უცვალებელ ანათემას მიეცა.
მეცნიერებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ დასავლეთის ზოგიერთ ეკლესიაში სწორედ არიანელთა, უფრო ზუსტად - მაკედონიანელთა, საპირისპიროდ დაამატეს მრწამს ,,ფილიოკვე“ ანუ სამების მესამე წევრის ძისაგანაც გამოსვლის დოგმა, რაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ ბევრი უსიამოვნების საბაბად იქცა.
V-ს-ის I ნახევარში არიანელობა ისტორიას ჩაბარდა, თუმცა მისი გავლენა დიდხანს იგრძნობოდა ზოგიერთი ტომის სარწმუნოებაზე, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში იწამეს ქრისტეს რჯული. კერძოდ - გუთების, ვანდალებისა და ბურგუნდების ეკლესიებზე. საგრძნობია, გნოსტიციზმთან ერთად, მისი როლი იმ თანამედროვე მიმდინარეობაზე, რომლის წევრები თავიანთ თავს ,,იეჰოვას მოწმეებს“ ეძახიან (იხ. ქვემოთ).
დავძენთ: ძველ ქართულ საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ კრებულებში - მრავალთავებში - შემონახულია ქადაგება, რომელიც, ზედწერილის მიხედვით, ჩვენს განმანათლებელ მოციქულთასწორ ნინოს წარმოუთქვამს ქრისტეს ვენახში არიანელთა ბობოქრობის ჟამს ნათლისღების ანუ სამებობის დღესასწაულზე.
ესაა თეოლოგიურ-ტრიადოლოგიური ტრაქტატი, სადაც ვკითხულობთ:
,,ღმრთეება ერთ არს, ბუნება იგივე არს და ძლიერება დაუსრულებელ... ყოვლისა მპყრობელობა ერთარსებით აქვს, რამეთუ სრული ღმერთი არს მამა და სრული ღმერთი არს ძე და სრული ღმერთი არს ყოვლადწმიდა სული. ბუნება ერთი არის და იგივე ღმრთეება და არა განვკვეთო. ხოლო ერთარსება არს უკვდავი, გარნა თვის-თვისება განეყო: რამეთუ მამა მარადის მამა არსს და არა იცვალების ძედ გინა თუ სულად და სული მარადის სული არსს და არა იცვალების მამად გინა თუ ძედ, რამეთუ სული არა მშობელ არს და არცა შობილ, არამედ სული ღმრთისა პირისა არს და შთაბერვა ქრისტესი ითქმის და არს გამოდინება სამარადისო და დაუწყვედელი“.
კონსტანტინოპოლის ახალაღსაყდრებული მთავარეპისკოპოსი იმპერატორს ასე მიესალმა: ,,მომეც მე, ხელმწიფევ, მსოფლიო, განწმენდილი ერესებისაგან და მე მოგცემ შენ ციურ სამეფოს; მაბრძოლე მე ერეტიკოსების წინააღმდეგ და მე გაბრძოლებ შენ სპარსელების წინააღმდეგ“.
შეშფოთდნენ მწვალებლები. აღფრთოვანდნენ ექსტრემისტი ფანატიკოსები. დაფიქრდნენ ორთოდოქსი ღვთისმეტყველები.
რა ვიცით აღნიშნული სიტყვის ავტორის - ნესტორის - ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ?
წარმოშობით იგი სირიიდან, გერმანიკის კესარიიდან იყო. არც შთამომავლობა და არც დაბადების წელი ცნობილი არ არის. წმ. კირილე ალექსანდრიელის თქმით, ,,ის გამოვიდა სიბინძურიდან და მისი მოდგმა იყო სამარცხვინო“.
დაამთავრა ანტიოქიის საღვთისმეტყველო სკოლა. რამდენიმე წელი გაატარა მონასტერში და მღვდლად ეკურთხა. იყო კარგი მოქადაგე. თუმცა, ჟამთააღმწერლის შეფასებით, „მას ჰქონდა საკმაო მჭევრმეტყველება, მაგრამ ნაკლები გონიერება“. ამის მიუხედავად, პირადი აქტიურობითა თუ ნაცნობ - მეგობრების წყალობით, სამეფო კარის ნდობა დაიმსახურა და, იმპერატორ თეოდოსი II-ის (მცირის) ზეგავლენით, 428 წელს დედაქალაქის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს.
მღვდელმთავრობის პირველსავე დღეს, აღსაყდრების ანუ ინტრონიზაციის ზეიმზე, როგორც მივანიშნეთ, მან გამოხატა ზიზღი რწმენის სფეროში სხვაგვარად მოაზროვნეების მიმართ და ამ ზიზღს მოუძებნა პოლიტიკური და ეროვნული სარჩული. იგი ყოველდღე არწმუნებდა ხელისუფალს, რომ ქვეყნის მთლიანობისათვის აუცილებელია მონოკონფესიურობა. შესაბამისად, სექტანტობას და მწვალებლობას შედეგად მოაქვს სახელმწიფოს დაღუპვა და გაცამტვერება. იმპერიის დუღაბი მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობააო. შემდეგ ნესტორი ყველაფერში და ყველგან ლანდავდა ერესს, რასაც სამკვდრო - სასიცოცხლო ომი გამოუცხადა. მისი მეუფების წლებში სექტანტებს, რომლებსაც კონსტანტინეს ქალაქში შედარებით მოწყალე თვალით უყურებდნენ, დაუწყეს სასტიკი დევნა,-სვამდნენ ციხეში, ერეკებოდნენ, ართმევდნენ ქონებას, უხურავდნენ და უნგრევდნენ ეკლესიებს. დაწვეს არიანელთა ერთადერთი სამლოცველო, რაც თურმე სისხლის ფასად შეენარჩუნებინათ. ხანძარი მთელ კვარტალს მოედო და გადაბუგა. ერეტიკოს-სქიზმატიკოსების რბევა ვრცელდებოდა იმპერიის სხვა ნაწილებზეც, რაც ალაგ-ალაგ სისხლისმღვრელ შეტაკებებში იზრდებოდა. ანტაგონიზმი ღრმავდებოდა.
ამ დროს კი მძვინვარე ანტიერეტიკოსი თავად აღმოჩნდა ერეტიკოსი. გაეპისკოპოსებიდან რამდენიმე თვის თუ სულაც კვირის შემდეგ მან საკათედრო ტაძარში ასეთი დებულება ჩამოაყალიბა: ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს არ შეეფერება სახელად „ღვთისმშობელი“, რადგან ღმერთს არ შეიძლება ჰყავდეს დედა - ეს წარმართობააო; ქალწულმა შვა არა ღმერთი, არამედ მხოლოდ ადამიანი, რომელსაც მის (დედის) გარეშე შეუერთდა ღვთის სიტყვა, - საუკუნეთა უწინარეს შობილი მამისაგან. ასე რომ, მქადაგებლის აზრით, კაცი იესო, მარიამის შვილი, იყო ღვთის სავანე და ჩვენი ხსნის საჭურველი; ეს ადამიანი, წმიდა სულის გარდამოსვლის გზით, გახდა ქრისტე, ე.ი. ცხებული, და ღვთის სიტყვა დაემკვიდრა მასთან.
ამის გამო ნესტორმა მარიამი მოიხსენია არა ღვთისმშობელად (თეოტოკოს), არამედ ,,კაცისმშობელად“ (ანთროპოტოკოს). ეს თვალსაზრისი შემდეგ უფრო განავრცო და დააკონკრეტა, მაგრამ, რადგან ხალხის გულისწყრომა იგრძნო, კომპრომისზე წავიდა და „კაცისმშობელი“ ,,ქრისტესმშობლით“ (ქრისტოტოკოს) შეცვალა. თუმცა უკვე ყველასათვის ნათელი იყო, რომ საქმე ეხებოდა არა ტერმინს, არამედ ძირითად ქრისტიანულ დოგმატს განკაცების შესახებ. მართალია, ნესტორი, მონოფიზიტებისაგან განსხვავებით (იხ. ქვემ.), არ უარყოფდა ქრისტეში ორი ბუნების - ღმერთისა და ადამიანის - არსებობას, მაგრამ თვლიდა, რომ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე იშვა: ჯერ - კაცი, მერე - ღმერთი. ამ მსჯელობის მიხედვით ირღვეოდა დოქტრინა იესო-კაცისა და ქრისტე-ღმერთის ჰიპოსტასური იგივეობის შესახებ და გამოდიოდა დასკვნა, რომ ჯვარცმული ღმერთის სხეულში ორ ბუნებასთან ერთად ორი პიროვნება ცხოვრობდა.
ბიზანტიონი, რომელსაც შემდეგ კონსტანტინოპოლი ეწოდა, ღვთისმშობლის წილხვედრ ქალაქად ითვლებოდა და დიდი დედის მიმართ იქ განსაკუთრებული სასოება სუფევდა. ამიტომაც უფრო გაოგნდნენ და აღშფოთდნენ მსმენელები. შეიქმნა პატრიარქის თეოლოგიური ოპოზიცია ქილიკიის (შემდგ. კონსტანტინოპოლის) ეპისკოპოს პროკლესა და ადვოკატ ევსევის ხელმძღვანელობით. უკანასკნელმა თურმე ნესტორს ქადაგება მჭახე შეძახილით შეაწყვეტინა: ,,ტყუილია და ღვთის გმობა! ჭეშმარიტად ერთი და იგივე ღვთის სიტყვა შობილია მამისაგან მარადისობაში და განსხეულებული დროში ქალწულისაგან ჩვენი ხსნისათვის!“.
დაიწყო ერესის საჯარო მხილება. მალე კონსტანტინოპოლის კარიბჭეზე გამოაკრეს განცხადება გრაგნილის სახით, რაც მთავარხუცესს მწვალებლობაში სდებდა ბრალს, კერძოდ - IIს-ში დაგმობილი ერესიარქის პავლე სამოსატელის შეხედულებათა განახლებას: თითქოს ქრისტე იყო მხოლოდ უდიდესი წმინდანი და წინასწარმეტყველი, რომელშიც ყველაზე აღმატებული ძალით დამკვიდრდა სამების მეორე წევრი. ტექსტი მთავრდებოდა დასკვნით: ,,ანათემა, ვინც ყოფს ღვთის ძეს მარიამის ძისაგან!“
ნესტორმა, რადგან იმპერატორის მფარველობას იმედოვნებდა, რევანში წამოიწყო. ეკვეთა ოპონენტებს ეკლესიებსა თუ მონასტრებში და, პარალელურად, ჭეშმარიტი რწმენის იარლიყით გაავრცელა თავისი თეორია (არცთუ წარუმატებლად). მის თანამეინახეთა შორის აღმოჩნდნენ ანტიოქიის პატრიარქი იოანე და ეპისკოპოსი დოროთე. მათ მეტწილად ანტიოქური სკოლის წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.
ცნობა ერესის აღმოცენების შესახებ ეგვიპტის უდაბნოსაც მისწვდა. ბერები ჯგუფ - ჯგუფად მიდიოდნენ ალექსანდრიის ეპისკოპოს კირილესთან, უკვე აღიარებულ ღვთისმეტყველთან, თხოვნით - ეთქვა სიტყვა ჭეშმარიტების დადგენის გზაზე. ასეც მოხდა: კირილემ შეადგინა და გაავრცელა ტრაქტატი, სადაც, ნესტორის მოუხსენიებლად, გაკიცხა ღვთის ქალწულის საშოშივე განკაცების უარმყოფნი. შემდეგ, ვინაიდან ვითარება იძაბებოდა, თავად ნესტორს გაუგზავნა ,,შეგონებანი“. უკანასკნელმა კი, დარწმუნებულმა თავის სიმართლეში, რომის პაპს ცელესტიუსს აუწყა ყოველივე და სთხოვა მსჯავრის გამოტანა. პაპმა განიხილა ნესტორის თეორია და დაგმო. მან უფლებამოსილებით აღჭურვა კირილე ალექსანდრიელი, ემოქმედა მისი (პაპის) სახელით და, თუ საჭიროდ ჩათვლიდა, მოეთხოვა ნესტორისაგან ცდომილების უარყოფა ათი დღის განმავლობაში. წმ. კირილემ ერთხელ კიდევ აახლა მაბრალებელი ეპისტოლე ნესტორს და მის მიმდევრებს, სადაც წარმოადგინა ამომწურავი მსჯელობა განკაცების თაობაზე, და ადრესატებს სინანულისაკენ მიუხმო, მაგრამ ამაოდ. მაშინ საღმრთო ფილოსოფოსმა მაქსიმალური სიზუსტით განჩხრიკა ახალი მოძღვრება და მისგან გამოყო 12 საანათემო ანუ შესაჩვენებელი დებულება; შეადგინა სათანადო უსტარი და კონსტანტინოპოლში გაატანა მოციქულებს. ნესტორმა საზეიმოდ განაცხადა, რომ იგი ანგარიშს უწევს ტრადიციას და იწყნარებს ეპითეტს ,,ღვთისმშობელი“, მაგრამ არა მისი პოზიციისაგან განსხვავებული აზრით. მან სახელდახელოდ შეადგინა კონტრპასუხი, მაგრამ იმდენად ზერელე და უკუღმართი არგუმენტებით, რომ ადრინდელი მომხრეებიც კი დააფრთხო და ჩამოიშორა.
იმპერატორმა 431 წელს მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა ბრძანა. ადგილად შეარჩიეს ქალაქი ეფესო, სადაც ღვთისმშობელმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. იქ, ყოვლადწმიდის მიძინების ტაძარში, იმედოვნებდნენ ჭეშმარიტების დადგენას ქალწულის მუცლადღების საიდუმლოთა საიდუმლოს შესახებ მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე. დანიშნულ დროს ეფესოში ჩავიდა დეპუტაცია ქრისტიანული მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. არ ჩანდა იოანე ანტიოქიელი. მას რამდენიმე ხანს უცადეს და შემდეგ, 22 ივნისს, კირილე ალექსანდრიელმა, რომელსაც პაპის რწმუნება ჰქონდა, კრება გახსნილად გამოაცხადა. ნესტორმა, 68 ეპისკოპოსმა, დიდებულმა თავადმა ირინეოსმა და იმპერატორის კომისარმა კანდიდიანემ პროტესტი გამოაცხადეს ფორუმის იოანე ანტიოქიელის გარეშე დაწყების გამო და პროცესი დატოვეს. ასე რომ, კრება ბრალდებულის დაუსწრებლად ჩატარდა. მონაწილეობდა 160 ეპისკოპოსი, სულ - 200 მამა. პრობლემა პირველსავე სხდომაზე გადაიჭრა. დაამტკიცეს დებულება, რომელიც ქართულად ასე ითარგმნება: ორი ბუნება - ღვთიური და ადამიანური -გაერთიანდა ქრისტეში განუყოფლად და შეურწყმელად. დანარჩენი მონაკვეთიც ამ თეზისის წანამძღვრებისა და დეტალების განხილვას დაეთმო. შეიმუშავეს 8 კანონი და ანათემა შეუთვალეს ნესტორსა და ნესტორიანებს.
ამასობაში ეფესოს ანტიოქიის პატრიარქიც მოადგა აღმოსავლეთის ეპისკოპოსთა ხლებით. ისინი მიესალმნენ თანამოაზრეთა ბანაკს და მოაწყვეს ცალკე კრება, რაც ეკლესიის ისტორიაში იხსენიება ,,შეკრებად“, ,,თავყრილობად“. იგი იოანე ანტიოქიელის თავმჯდომარეობით წარიმართა და გამოიტანა დასკვნა „კირილეს კრების“ არაკანონიერების შესახებ. ამიტომაც მისი წინამძღვრები კირილე ალექსანდრიელი და მემნონ ეფესელი (ე.ი. ადგილობრივი ეპისკოპოსი, რომელმაც ტაძარი არ დაუთმო ნესტორიანებს) განკვეთეს ეპისკოპოსობისაგან და განაყენეს მღვდელმსახურებისაგან; დაწერეს საჩივარი და გაუგზავნეს თეოდოსი მეორეს.
მეფემ ორივე კრების წარმომადგენლები იხმო. ორივე ლიდერი დააპატიმრა და შეუდგა საქმის ობიექტურ განხილვას. მთავრობის სახლის წინ, მოედანზე, ბერმონაზონთა და მორწმუნეთა მიერ იმართებოდა დემონსტრაციები, ეწყობოდა აქციები, პიკეტები; იყო დიდი ჩოჩქოლი ორივე მხრიდან. ბოლოს და ბოლოს იმპერატორმა საბოლოო განაჩენი გამოიტანა: აღიარა 200 მამისაგან შემდგარი კრების ავტორიტეტი და გაათავისუფლა წმ. კირილე. ნესტორი კი გაგზავნა წმ. ევპრეპის მონასტერში ანტიოქიის მახლობლად. იქიდან კი, უკვე მოხუცი და დაუძლურებული - შორეულ ეგვიპტეში, ე.წ. ,,დიდ ოაზისში“, სადაც მომთაბარეებმა მოიტაცეს და ბევრი წვალების შემდეგ დააბრუნეს. მან ამდენი ვეღარ აიტანა და გარდაიცვალა.
ოპოზიციონერები არ დაცხრნენ. მათ, იოანე ანტიოქიელის თაოსნობით, კვლავ მოიწვიეს კრება ანტიოქიაში. დაგმეს ზემოხსენებული 12 შეჩვენება, რადგან, მათი თქმით, იგი ზუსტად არ გადმოსცემდა ნესტორის მოძღვრების დედააზრს; განმეორებით დაამტკიცეს კირილესადმი ანათემა, რაშიც მათ იმხანად მხარი დაუჭირა ცნობილმა ღვთისმეტყველმა თეოდორიტე კვირელმა; იმედოვნებდნენ იმპერატორის თანადგომას, მაგრამ ამაოდ: კეთილმორწმუნე მეფემ გეზი მშვიდობისაკენ აიღო და ერთხელ გამოტანილი მსჯავრის გადასინჯვა არ ინება.
ნესტორის ერთგულები ანტიოქიის აღმოსავლეთში შეჯგუფდნენ, მაგრამ თეოდოსი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ანტიოქიის პატრიარქ რაულის ინიციატივით ამტყდარი დევნის გამო, გადაიხვეწნენ სპარსეთს, სადაც შეიწყნარეს როგორც ,,ბიზანტიისაგან ვნებულნი“. იქ მათ 499 წელს სელევკიის კრებაზე თავიანთი ეკლესია შექმნეს და დაადგინეს ,,სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქ-კათალიკოსი“.
ნესტორიანობა გავრცელდა მცირე აზიაში, ინდოეთსა და ჩინეთში. მათგან სპარსეთში დიდი რიცხვი თმურ-ლენგის (XIV-XV) დროს მოისრა. გადარჩენილებმა ქურთისტანის მთებს და თურქეთის სამხრეთ ზოლს შეაფარეს თავი, სადაც დღემდე სახლობენ. ნაწილმა XVII ს-ში რომთან უნიას (შეთანხმებას, გაერთიანებას) მოაწერა ხელი. ისინი დღეს აღმოსავლეთის კათოლიკებად იწოდებიან და შეადგენენ თავისებურ, ქალდეური წესის, საპატრიარქოს. უმრავლესობა კი ძველი რწმენის ერთგული დარჩა. ჩინეთში ეს კონფესია დღეს აღარ ჩანს. ინდოეთში კი იცნობენ ,,წმ. თომას ქრისტიანებად“. ზოგი იაკობიტებთან, ე.ი. მონოფიზიტებთან, - რადიკალურად განსხვავებული რწმენის ხალხთან გაერთიანდა, რაც უცნაურია და მიანიშნებს ორივე მხარის აღმსარებლობითი ცნობიერების დაქვეითებაზე.
ნესტორის მოძღვრებას საქართველომდეც მოუღწევია. ჩვენში რელიგიურ უმცირესობებს (V-VI სს-ში მაინც) ლმობიერად ეპყრობოდნენ, რაც, სავარაუდებელია, დადებითად მოქმედებდა მათ შემეცნებით კულტურაზე და, როგორც სომეხთა და ქართველთა კათალიკოსების მიმოწერიდან ანუ ,,ეპისტოლეთა წიგნიდან'' ჩანს, ბევრს უჩენდა ეკლესიის წიაღში სინანულით დაბრუნების სურვილს. წამოჭრილა პრობლემა, მოენათლათ თუ არა ისინი ხელმეორედ ანუ ჩაეთვალათ თუ არა ერეტიკოსთა ხელით შესრულებული წესი ძალმოსილად. ქართლის კათალიკოს კირიონს რჩევა რომის პაპისათვის - გრიგოლ დიდისათვის (+604) - უკითხავს. შემორჩენილია პასუხი ლათინურ ენაზე, რაც გამოავლინა და თარგმნა მღვდელმა მიხეილ თამარაშვილმა (მისივე, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ. 1902, გვ. 23-26). ვინაიდან პრობლემა დღესაც აქტუალურია, წარმოვადგენთ მონაკვეთს.
პაპი აუწყებს საქართველოს მწყემსმთავარს: „სიყვარულმა სიშორე არ იცის და ვისაც ადგილი აშორებს, მას ეპისტოლე აახლოებს... გვეკითხებოდით: ნესტორის შეცთომათაგან მოქცეულ მღვდელთა და ერთათვის საჭიროა ნათლისღება, ანუ კმარა მარტო აღსარებაო? ამ საგნისა ჩვენ უწყით ჩვენის მამების ძველის დროის ჩვეულება, რომ, როდესაც მოიქცევიან მწვალებლობისაგან, რომელშიაც მონათლულან წმიდა სამების სახელით, მათ ვუერთებთ წმიდა ეკლესიას ან ზეთის ცხებით, ან ხელდასხმით და ან მარტო სარწმუნოებას აღიარებინებთ, რადგან მწვალებლობაში მონათლულთ სულიწმიდა მაშინ სწმენდს, როდესაც ნესტორიანები ჩვენის ხელდასხმით და მონოფიზიტები სარწმუნოების აღსარებით უერთდებიან ეკლესიას. გარნა ის მწვალებლები, რომლებიც წმიდა სამების სახელით არ არიან მონათლულნი, როგორადაც ქრისტეს უარისმყოფელნი მონოსიანები და კათოფარიგელები, რომელნიც სულიწმიდად რაცხენ მონტანისტების ბოროტ კაცსა, რომლის მსგავსიც ბევრი არის, უნდა მოინათლონ, რათა ეკლესიას შეუერთდნენ... ხოლო ნესტორიანების მწვალებლობას ისევ მათი შეცდომილება აბრმავებს. ისინი წმიდა სამების სახელით არიან მონათლულნი, მაგრამ, მსგავსად ურიებისა, დაჟინებით უარს ჰყოფენ მხოლოდშობილის ძის განხორციელებას. ამიტომ, როდესაც ისინი მოიქცევიან წმიდა კათოლიკე ეკლესიისადმი, საჭიროა, ასწავლოთ მათ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარება, რათა ირწმუნონ მტკიცედ, რომ ძე კაცისა, ღმერთი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ღვთაებით არს უწინარეს სოფლისა და იგივე განკაცდა ბოლო დროს, რადგან სიტყვა იგი ხორცშესხმულ იქნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, რადგან, ვამბობთ, სიტყვა იგი რა განხორციელდა, არ შეიცვალა მისგან რაც იყო, არამედ მიიღო და გახდა ისიც, რაც არ იყო. საუკუნო მამის მხოლოდშობილმა ძემ თავისი განხორციელების საიდუმლოით თავისი არსება კი არ დაამცირა, არამედ ჩვენი ბუნება აღამაღლა... ხოლო იგი, რომელი უწინარეს სოფლისა ღმერთია, ბოლო დროს ქალწულის საშოში განკაცდა. მასშივე იცხო იმავე სულისაგან, როდესაც ჩაისახა. არც ისეა, რომ ჯერ ჩასახულიყო და მერმე ცხებულ, არამედ სულიწმიდის თვით იმავე მოქმედებით, რომ ქალწულისაგან ხორცი შეისხა, იცხო სულიწმიდისაგანვე. ამიტომ, ვინც ნესტორის შეცთომილებისაგან მოიქცევიან, თქვენი წმიდა კრებულის წინაშე აღიარონ მისი ჭეშმარიტი შობა და შეაჩვენონ ნესტორი, მისი მიმდევარნი და დანარჩენნი მწვალებელნი. ეგრეთვე შემოგვპირდენ, რომ პატივს სცემენ და შეიწყნარებენ იმ ყველა კრებათა, რომელსაც მსოფლიო ეკლესია აღიარებს. შემდგომ თვინიერ რამ სიძნელისა, მიიღეთ ესრეთნი პირნი თქვენს საზოგადოებაში და დასტოვეთ იმ წესსა ანუ ხარისხში, რომელშიაც არიან. განუბნიეთ მათ შეცთომილებანი და ასწავლეთ ყველაფერი, რაც კი საჭიროა. სიტკბოებით მოეპყარით, ნურავითარ სიძნელეს აღმოუჩენთ მათი ხარისხის შესახებ, რათა იგინი თავიანთი მტრის ხელიდან დაიხსნათ. ეგოდენ ყოვლისმპყრობელის უფლისაგან განიმრავლებთ საუკუნო დიდების სასყიდელს, რაოდნათაც უფრო მომეტებულად შემოჰკრებთ მათ, რათა თქვენთან სამარადისოდ ადიდონ უფალი...“
მონოფიზიტობა და სომხური ეკლესია
გავითვალისწინოთ, რომ მართლმადიდებელი ფორმულა - ქრისტეში ორი ბუნება მკვიდრობს განუყოფლად და შეურწყმელად, - ნესტორის ცდომილების - ორი ბუნების ორ პირად მიჩნევის - გამოსასწორებლად შეიმუშავეს, მაგრამ აღგზნებული პაექრობისა და ლანძღვა-გინების დროს წარმოიშვა მეორე უკიდურესობა მაცხოვრის ორი ბუნების შერწყმისა და ერთ ბუნებად წარმოჩენის შესახებ.
ესაა მონოფიზიტობა, რაც ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ერთბუნებიანობას (მონე ,,ერთი“ და ფიუსის ,,ბუნება“). ერესიარქებად ითვლებიან დიოსკორე და ევტიქი. გამოჩენის დღიდანვე იგი დაიყო რამდენიმე შტოდ იაკობის, პეტროსის, სევეროზის, თეოდოსისა თუ გაიანეს მოძღვრებათა მიხედვით.
მონოფიზიტების საერთო პოზიცია ასეთია: იესო ქრისტე წუთისოფელში მოვიდა ორი ბუნებით, მაგრამ განკაცების ანუ განსხეულების ჟამს საღმრთო ბუნებამ გამოუთქმელად და სასწაულებრივად შეირწყა კაცობრივი და ერთ ბუნებად გამოჩნდა; ღმრთეებამ შთანთქა კაცება და, ამდენად, ერთიანი ბუნება ჩასახლდა ქრისტეს გვამში და მოგვევლინა ერთი პიროვნებით, ერთი არსებით, ერთი ნებით. მაშასადამე, ქრისტეს სინკრეტული ბუნება აერთიანებს ღვთიურს და ადამიაურს, რომელთაგან მეორემ დაკარგა თვითმყოფადობა და მხოლოდ ლოგიკით თუ განირჩევა ღვთიურისაგან. აქედან მივდივართ დასკვნამდე, რომ მაცხოვარი, მოსული სოფლად, მხოლოდ ღმერთია. მისი ადამიანური სახე, ცხოვრება და ვნება - მოჩვენებითი, ილუზიური, არაარსებითი.
აი, თეორია, რომლის მტკიცება და მხილება ერთდროულად კაცობრიობის ტრაგედიაცაა და ბედნიერებაც, რადგან მორწმუნეთაგან მოითხოვა აურაცხელი სისხლი, მაგრამ ღვთისმეტყველებს კვლავ გადაადგმევინა ნაბიჯი ჭეშმარიტების სრულჩენის გზაზე.
ერთხელ, ნესტორთან კამათის დროს, წმ. კირილე ალექსანდრიელმა, რომელიც აყალიბებდა ღმერთკაცის პიროვნული ანუ ჰიპოსტასური ერთიანობის, უცვალებლობისა და შეურწყმელობის დოგმატს, თქვა: ,,ღვთის სიტყვის ერთიანმა ბუნებამ ხორცი შეისხა“ (,,Mia fiusis to teu logu sesarkomene“). ამ სიტყვებს მონოფიზიტობასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ იგი მაინც გაუგებრობათა თავსაკიდურ ლოდად იქცა. ეგვიპტელმა ბერებმა იგი ანბანურად აღიქვეს და წმ. კირილეს გარდაცვალების შემდეგ (441) შეითვისეს რწმენა, რომ განხორციელების შედეგად მაცხოვარს აღარ შერჩა ადამიანური ბუნება, - კაცება გაითქვიფა ღვთაებაში. ამიტომაც, ცხადია, იესო ყველაფერს აკეთებდა და იქმოდა მხოლოდ და მხოლოდ ღვთიური ნებით, ზრახვითა და შეგნებით. ეს მოძღვრება, მონასტრიდან მონასტერში ზეპირმოარული, აიტაცა კონსტანტინოპოლელმა არქიმანდრიტმა, თანამედროვეთა თქმით, - მცირეგანათლებულმა, მაგრამ ბერების წრეში და სასახლის კარზე პოპულარულმა ევტიქიმ. მან მალე თანამოაზრენიც შეიძინა და წამოიწყო ქადაგება, რამაც სერიოზულ მასშტაბებს მიაღწია. გაცხარდა კამათი. ვითარების გასაანალიზებლად პატრიარქმა ფლაბიანემ 448 წელს მოიწვია ადგილობრივი საეკლესიო კრება 32 ეპისკოპოსის შემადგენლობით. მონოფიზიტობა ერესად გამოაცხადა, მისი ჯიუტი ქომაგი კი განიკვეთა, რაც ოფიციალურად ეცნობა რომის პაპს-წმ. ლეონს. თავის მხრივ ევტიქიმაც იჩივლა პაპთან, მაგრამ წარუმატებლად. შემდეგ იმპერატორს მიმართა გავლენიანი მინისტრის - საჭურისი ქრიზანთოსის - შემწეობით. მას აგრეთვე მხარში ამოუდგა ალექსანდრიის პატრიარქი, წმ. კირილეს მემკვიდრე, -დიოსკორე, რომელმაც გააღრმავა და ზურგი გაუმაგრა ერესს. ფიქრობენ, რომ მას, რელიგიურთან ერთად, ძალაუფლებითი მოტივიც ამოძრავებდა. კერძოდ ის, რომ ალექსანდრიის უხუცესი საპატრიარქო ვერ ეგუებოდა უმრწემესი კონსტანტინოპოლის აღზევებას. დიოსკორეს თვალწინ ედგა წინამორბედების მაგალითი,- ალექსანდრიელი მწყემსმთავრების მიერ კონსტანტინოპოლელთა საქმეების განხილვა: თეოფილემ წმ. იოანე ოქროპირი გაასამართლა, წმ. კირილემ - ნესტორი. მან კი ამჯერად ფლაბიანეს განკითხვა მოინდომა და კეისრის - თეოდოსი მცირის - თანადგომაც ჰპოვა. 449 წელს, ევტიქის საკასაციო განცხადების საფუძველზე, ქ. ეფესოში შედგა კრება, რომელიც ცნობილია ,,ავაზაკთა კრების“ სახელით. მას დიოსკორე თავმჯდომარეობდა. ევტიქის მოწინააღმდეგეები დარბაზიდან გაყარეს, მომხრეებს კი ფართოდ გაუღეს კარი. ევტიქი ხარისხში აღადგინეს, ფლაბიანეს ახალი, თითქოს წინა კრების დადგენილების საწინააღმდეგო, დოგმატის შემოღება დასწამეს, თანამდებობიდან გადააყენეს და გადაასახლეს, რის შემდეგაც მალე გარდაიცვალა. ასევე გაასამართლეს ევსევი დორიელი, ევტიქის ბრალმდებელი, და დომნა ანტიოქიელი.
გამარჯვება მოჩვენებითი და ხანმოკლე აღმოჩნდა: პაპმა ლეონმა, როგორც კი ლეგატმა ინფორმაცია მიაწოდა, რომში სასწრაფოდ მოიწვია კრება, დიოსკორე და ევტიქი სამღვდელო მადლისაგან განშიშვლებულად გამოაცხადა და ,,ავაზაკთა კრების“ ყველა დადგენილება - ბათილად, რაც საგანგებო ეპისტოლით აცნობა კონსტანტინოპოლის სამღვდელოებას, სენატს და ხალხს. დიოსკორე არ დაემორჩილა პაპის ავტორიტეტს და მეტიც - ანათემა შეუთვალა. შეიქმნა კრიზისული სიტუაცია. ამასობაში სამეფო კარზე ცვლილებები მოხდა: გარდაიცვალა თეოდოსი და ტახტზე ავიდნენ მარკიანე და დედოფალი პულხერია, რომელიც ფლაბიანეს თაყვანისმცემელი იყო. მათ გაილაშქრეს მონოფიზიტების წინააღმდეგ და ალექსანდრიის განკანონებული პატრიარქის თვითნებობის ასალაგმად 451 წელს, პაპთან შეთანხმების შემდეგ, ქალკედონში IV მსოფლიო საეკლესიო კრება მოიწვიეს.
კრება გაიხსნა 8 ოქტომბერს და 1 ნოემბრამდე გასტანა.
შვიდთაგან ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი კრება იყო. თუ ნდობით აღჭურვილ პირებსაც არ მივიღებთ მხედველობაში, დელეგატების რიცხვი 630-მდე აღწევდა. აქტიურად მონაწილეობდნენ: ანატოლი კონსტანტინოპოლელი, დომნა ანტიოქიელი (რომელიც საპყრობილედან მარკიანემ გამოიყვანა), მაქსიმე ანტიოქიელი (დომნას შემცვლელი), იუბენალი ალექსანდრიელი, პალადი კესარია-კაბადუკიელი, თვით დიოსკორე ალექსანდრიელი, პაპის ლეგატები და სხვანი. აგრეთვე იმპერატორი, სენატორები და მორწმუნე ერის წარმომადგენლები. თავმჯდომარეობდა ანატოლი კონსტანტინოპოლელი. პირველ რიგში განიხილეს ,,ავაზაკთა კრების“ საქმე. ევსევი დორიელმა წაიკითხა დოკუმენტი, სადაც აღნუსხული იყო დიოსკორეს ძალადობის მამხილებელი ფაქტები. დაკითხეს მოწმეები. ბრალდება დადასტურდა, რის გამოც დიოსკორეს გაუუქმეს მანდატი და საბრალდებო სკამზე დასვეს. მის გვერდით რამდენიმე ეგვიპტელი ეპისკოპოსიც აღმოჩნდა. კრებამ ანათემა გამოუცხადა დიოსკორეს, ევტიქის და ,,ავაზაკთა კრების'' იმ მოქმედ პირებს, რომელთაც არ მოინანიეს. შემდეგ მსჯელობამ თეოლოგიის სფეროში გადაინაცვლა. უნდა გაერკვიათ ქრისტეს ორი ბუნების ურთიერთმიმართების საკითხი ანუ უნდა დაეღწიათ თავი ორი უკიდურესობისაგან - ნესტორიანობისა და მონოფიზიტობისაგან. გააანალიზეს წმ. კირილე ალექსანდრიელისა და იოანე ანტიოქიელის თხზულებები მოცემულ თემაზე. სახელმძღვანელოდ შეიწყნარეს წმ. ლეონის ეპისტოლე ფლაბიანესადმი, რომელიც პაპის ლეგატებმა წაიკითხეს. ეს დოკუმენტი ( ქართული თარგმანი შესულია ანტონ კათალიკოსის ,,მზამეტყველებაში'“. იხ. ქვ.) დაედო საფუძვლად განჩინებას, რითაც დაიგმო ქრისტეში როგორც ორი პირის ანუ პიროვნების რწმენა (ნესტორიანობა), ისე - ერთი ბუნების (მონოფიზიტობა). ამავე ეპისტოლის ანუ ტომარის მიხედვით განსაზღვრეს უფალ იესო ქრისტეს გვამში ორი ბუნების შეერთების, უფრო ზუსტად კი - თანაარსებობის, თანამყოფობის დოგმატი, რომლის დედააზრი ასეთია:
ერთი და იგივე პირი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი გონიერი სულით და სხეულით; თანაარსი მამისა ღვთაებით და თანაარსი ჩვენი კაცებით, ყოვლითურთ ჩვენი მსგავსი ცოდვის გარეშე; შობილი საუკუნეთა უწინარეს მამისაგან ღვთაებით, ხოლო უკანასკნელ ჟამს -ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის მარიამ ქალწული ღვთისმშობელისაგან კაცებით. ერთი და იგივე ქრისტე, ძე, უფალი მხოლოდშობილი ორი ბუნებით შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, მამისაგან განუშორებლად განკაცდა ისე, რომ შეერთებით არანაირად არ დარღვეულა ორი ბუნების განსხვავება, არამედ მეტად შეინახა თითოეული ბუნების თავისებურება და გაერთიანდა ერთ პირში, ერთ ჰიპოსტასში, - არა ორ პირად განწვალდა ანუ გაიყო, არამედ სუფევს ერთი და იგივე მხოლოდშობილი ძე, ღვთის სიტყვა, უფალი იესო ქრისტე, როგორც ძველი წინასწარმეტყველები გვაუწყებდნენ მასზე და როგორც თვით უფალი იესო ქრისტე გვასწავლის ჩვენ და როგორც გადმოგვცემს ჩვენ მამათა სიმბოლო.
ამ დოგმატს ეწოდება მართლმადიდებელი რწმენის განვრცობილი სიმბოლო, რასაც კრების უმრავლესობამ მოაწერა ხელი. ეგვიპტელმა ეპისკოპოსებმა, თუმცა დიოსკორეს განკვეთის სამართლიანობა აღიარეს, ზოგიერთი პუნქტისაგან, მაგალითად, პაპი ლეონის დოგმატური ეპისტოლისაგან (ტომარისაგან), შორს დაიჭირეს თავი და თქვეს: მთავარეპისკოპოსი ჯერ დადგენილი არა გვყავს, მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე კი ნაბიჯს ვერ გადავდგამთო...
ბოლო სხდომაზე მობრძანდა იმპერატორი. გამოთქვა კმაყოფილება კრების შინაარსიანი მოღვაწეობის გამო და მონაწილეებს კეთილწარმატება უსურვა.
თეორიულად თითქოს ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ მოვლენები მაინც არასასურველი გზით განვითარდა.
საქრისტიანო ორ ბანაკად გაიყო: დიოფიზიტებად (ორბუნებიანებად), ე.ი. ორთოდოქსქალკედონიტებად ანუ სინოდიტებად და მონოფიზიტებად, ე.ი. მწვალებელ-ანტიქალკედონიტებად. პირველს მიემხრენ ბერძნები და ლათინები, მეორეს - უმეტესად აღმოსავლეთის ქვეყნები: სირია, პალესტინა, ეგვიპტე (მეტადრე კოპტების ეკლესია) და სომხები. ასეთი განაწილების მიზეზს ზოგჟერ შესაბამისი საზოგადოებების მენტალიტეტსა და ცხოვრების სტილში ეძებენ. აზიელთა სააზროვნო სისტემას, იქაური ბერმონაზვნების მკაცრ ასკეტიზმსა და მისტიციზმს, მათს სულსა და გონებას მონოფიზიტობა თითქოს უფრო ესალბუნებოდა, ვინაიდან, ფიქრობენ მკვლევრები, ეს მოძღვრება, მისივე არსების კვალდაკვალ, მეტ სტიმულს იძლევა ხორციელი სამყაროსა და ქვეყნიური პრობლემების იგნორირებისათვის. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ევტიქი-დიოსკორეს ერესმა თავიდან სავანე განდეგილთა წრეში ჰპოვა და რელიგიურ ამბოხებათა აკვანი არცთუ იშვიათად მონასტრებში ირწეოდა.
მართლაც: აჯანყების პირველი ალამი პალესტინელმა მონოფიზიტმა ბერმა თეოდოსიმ ააფრიალა. აიღეს იერუსალიმი. დაარბიეს მართლმადიდებელთა უბნები, შებილწეს სიწმიდეები. მხოლოდ საიმპერიო ჯარებმა დაიცვეს მორწმუნეთა სიცოცხლე. შემდეგ შფოთისთავი სინაზე გადავიდა, იქიდან - ალექსანდრიაში, სადაც ნამდვილი ,,ბართლომეს ღამე“ დაატრიალა: შეიარაღებული ფანატიკოსების ბრბო დაძრწოდა და კარდაკარ დაეძებდა ,,ერეტიკოსებს“. მათ დაწვეს სერაფისის განთქმული ტაძარი, რომელშიც ჯარისკაცების დიდი რაზმი იმყოფებოდა, ხოლო პატრიარქი პროტერიუსი საკათედრო ტაძარშივე განგმირეს (+457)). მწყემსმთავრობა კი უკიდურეს მონოფიზიტ ტიმოთე ელურს (კატას, დედოფალას, - ბერძნების ზედწოდებით) ჩააბარეს. აწმყო საგოდებელი გახდა. იმპერატორმა ლეონმა დემოკრატიულ საშუალებებს მიმართა: სახელმწიფოს ეპისკოპოსთა და მთავარ არქიმანდრიტთა შორის 460 წელს რეფერენდუმი ჩაატარა, რითაც გაირკვა, რომ იერარქთა დიდი უმრავლესობა ქალკედონის პოზიციაზე იდგა, მაგრამ ამის აღნიშვნამ ოპოზიცია უფრო გააბოროტა.
V ს-ის 70-იან წლებში მონოფიზიტების ბუდე სირიაშია. ლიდერი კი - ანტიოქიის პატრიარქი პეტრე, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია პეტროს მკაწვრელის სახელით (ბერძნ. კნაფევს ანუ კანაფა, ლათ. ფულონი, სომ. თაფიჩ, რუს. სუკოვშჩიკ). ამგვარი ეპითეტი განაპირობა უკუღმართმა მოძღვრებამ, მისი მტკიცებით - ჭეშმარიტი რწმენის დევიზმა, რაც წარმოადგინა ფორმულით: -,,ღმერთი ჯვარს ეცვა“ (,,თეოს ესტავროთე“). ესაა ,,თეოპასქია“ (,,ღმერთის ტანჯვა“, ბერძნ.), რაც, მკაწვრელის თეორიის მიხედვით, ნიშნავს: ივნო არა მარტო ქრისტემ, არამედ მთელმა სამებამ; არა ტრიადის ერთ-ერთმა წევრმა, არამედ ერთიანმა ღვთაებამ, რაც აისახა კიდეც ლოცვებში და სამწმიდაობის საგალობელი ჩამოყალიბდა ასე: ,,წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდაო, რომელი ჩვენთვის ჯვარს ეცვი“. ამ მოძღვრების მქადაგებლები ცნობილი არიან ,,თეოპასქიტებად''. თვით საგალობელს სომხურად ეწოდება „ხაჩეცარი“ (ხაჩ. „ჯვარი“, ხაჩეცარი - ,,ჯვარცმული“), რასაც მათ ლიტურგიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. ცხადია, დამატება (,,რომელი ჯვარს ეცვი“) ქრისტეს ადამიანური არსების იგნორირებამ თუ დამცრობამ განაპირობა. ამას კი, თავის მხრივ, ახალი გართულებები მოჰყვა.
სამეფო კარზეც არ იყო ერთსულოვნება. მაგალითად: კეისარმა ბასილიკემ 474 წელს შეთხზა ანტიქალკედონური ,,საყოველთაო ეპისტოლე“, 500 ეპისკოპოსს ძალდატანებით მოაწერინა ხელი და გაავრცელა, რასაც რომის პაპის პროტესტი მოჰყვა, აიმხედრა ადგილობრივი დიოფიზიტი მოსახლეობაც. მისი პოლიტიკა თითქოს შეარბილა ზენონმა. 482 წელს მან გამოსცა უნიატური დოკუმენტი, ერთიანობის აქტი - ჰენოტიკონი, რაზეც პატრიარქმა აკაკიმაც მოაწერა ხელი. ესაა მოწოდება საყოველთაო შერიგებისა და თანხმობისაკენ. იგი ნეიტრალურია კამათის ობიექტის მიმართ; მოუწოდებს მხარეებს, დაივიწყონ ურთიერთგანსხვავებანი და ყურადღება საერთოზე, სახელდობრ, პირველი სამი საეკლესიო კრების დადგენილებებზე გაამახვილონ, დანარჩენი კი - საკითხი ქრისტეს ერთი თუ ორი ბუნების შესახებ - გვერდზე გადადონ. სამწუხაროდ, ვერც ამან გამოიღო სასურველი ნაყოფი. პირიქით, რომსა და ბიზანტიას შორის 35 წლიანმა განხეთქილებამ (სქიზმამ) დაისადგურა, რაც გამოიხატა შემდეგში: პაპმა ფელიქს III დაგმო ჰენოტიკონი, ეკლესიისაგან განკვეთა აკაკი და შემცვლელთ მოსთხოვა, მოსახსენიებლიდან (დიფტიქიდან) ამოეშანთათ მისი სახელი. მართალია, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსები ჰენოტიკონს მხარს არ უჭერდნენ, მაგრამ არც მოსახსენებელში შეჰქონდათ ცვლილება, რაც პაპისადმი ურჩობის პირველი მაგალითი იყო. აღნიშნული პერიოდი ცნობილია „სქიზმად აკაკის გამო“. იგი გაგრძელდა იმპერატორ იუსტინე პირველსა და პაპ ორმიზდამდე. 518 და 536 წლებში კონსტანტინოპოლს შედგა ადგილობრივი კრებები. გაასამართლეს ანტიქალკედონიტი პატრიარქი სევეროზი და დაგმეს მისი თხზულებები (იხ. ქვ.). პაპის მითითების საფუძველზე კათედრა ჩამოართვეს ანთიმოზს, საიდუმლოდ რომ ერთგულებდა მონოფიზიტებს და მის ადგილზე დანიშნეს მინა.
როგორი იყო ვითარება აფრიკასა და აღმოსავლეთში? - საშინელი. ალექსანდრიისა და ანტიოქიის სამღვდელმთავრო კათედრებზე დიოფიზიტები და მონოფიზიტები ელვისებურად ცვლიდნენ ერთმანეთს. უკანასკნელნი ორად გაიყვნენ: უნიის მომხრეებად და მოძულეებად, რომელთაგან უკიდურესი მიმართულების პარტია ეპისკოპოსობის ინსტიტუტზეც კი ამბობდა უარს, თუკი განწესებული მღვდელმთავარი ჰენოტიკონის მომხრე აღმოჩნდებოდა. ასეთ მორწმუნეებს კონსტანტინოპოლის 536 წლის კრებაზე აკეფალისტები (უთავოები) შეარქვეს. მათ აგრესიას და ტერორს საზღვარი არ ჰქონდა. ერთ-ერთი იერარქისაგან დაგეშილი და მგლად ქცეული ბერები 488 წლის ახლო ხანს შეიჭრნენ ანტიოქიის სამეუფო ტაძარში და იმდენი ურტყეს მართლმადიდებელ პატრიარქს, რომ მეორე თუ მესამე დღეს გარდაიცვალა. ვერც იერუსალიმსა და კონსტანტინოპოლში დამყარდა წესრიგი. მთავრობის ვერანაირმა ღონისძიებამ - დიალოგმა, ფერებამ, თხოვნამ, მუქარამ თუ ჰენოტიკონმა - ვერ დააცხრო ფანატიკოსების ვნებები. მიუხედავად ამისა, იმპერატორები - იუსტინე I, იუსტინიანე დიდი და იუსტინე II - მაინც დიალოგის პლატფორმაზე იდგნენ, მაგრამ სიმშვიდეს ყოველთვის ვერ ინარჩუნებდნენ და უკიდურეს ზომებსაც მიმართავდნენ. ცნობილია ასეთი ფაქტი: იუსტინე მეორის დროს, 567 წელს, კვლავ შეიმუშავეს უნიის პროექტი. წამოიწყეს შეთანხმების კამპანია. შედგა მოლაპარაკება ქ. კალინიკის ერთ მონასტერში, მაგრამ გრაგნილი, რაზეც ტექსტი იყო წარმოდგენილი, ბერებმა მეფის მოციქულს თავზე გადაახიეს. დაიწყო სამოქალაქო ომი, ულმობელი და გამანადგურებელი, - მონოფიზიტების დაჭერა, ქონების წართმევა, გასახლება, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, დასახიჩრება, დახოცვა და ა.შ. თვითმხილველი გვიამბობს: ,,ანტიოქიის მიდამოებში, მთელს არაბისტანსა და პალესტინაში... მოსახლეობა გაძევებული იყო სამკვიდრებელი ადგილებიდან და გაფანტული. ვისაც დაიჭერდნენ, ბორკილებს ადებდნენ, ამწყვდევდნენ სატუსაღოში და ყოველგვარ სასჯელსა და ტანჯვას აყენებდნენ. ბევრი, ქონების ჩამორთმევის შემდეგ, კვდებოდა შეუბრალებელი ცემისაგან. სხვებს თავს ესხმოდნენ რაზმები და ულმობელი ჯალათები, რომელნიც ერეკებოდნენ მათ ერთი ადგილიდან მეორეზე... თუ ვინმე გაბედავდა ამ საბრალოთა შეფარებას სოფლებსა და სახლებში, მათ აწიოკებდნენ, სცემდნენ და ტანჯავდნენ... დიდსა თუ პატარა მონასტრებს სირიაში უდიდესი სულგრძელობით უხდებოდათ გადატანა ყოველგვარი დევნულობისა, სიმძიმისა, ტანჯვისა, შიმშილისა, წყურვილისა, სიცივისა და სიტიტვლისა... (ბერები) მსგავსად ნადირისა, მთელ ღამეებს ატარებდნენ ცის ქვეშ, დაეხეტებოდნენ მთასა და ბარში, სუსხიან ზამთარში ღამეებს ათევდნენ თოვლსა და ყინულზე, ქვებზე მჯდომარენი, სიცივისა და ძლიერი ქარისაგან შეწუხებულნი...“ ,,ვერავინ ბედავდა მათთვის თავშესაფარი მიეცა სახლში, ვინაიდან ასეთ სახლს კონფისკაციას უშვებოდნენ, ხოლო მის პატრონს პასუხისგებაში აძლევდნენ. ამიტომ მრავალი იძულებული იყო, მსგავსად ნადირისა, შეფარებოდა გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებს ევფრატის გაღმა. ზოგი კიდევ გარბოდა თოვლით დაფარულს მთებში და იმალებოდა თხისა და ცხვრის ბაკებში...“ (იხ. კ.კეკელიძე, ეტიუდები..., I, თბ., 1956, 28-30).
ასე რომ, ბიზანტიის იმპერიაში ერესის წინსვლა ძალის მეშვეობით აღიკვეთა, თუმცა მავნე შედეგების გაქარწყლება ვერ მოხერხდა. ყველასათვის ნათელი იყო, რომ რელიგიური ორომტრიალის წიაღში თანდათან იჩეკებოდა და ფრთიანდებოდა ნაციონალური სეპარატიზმი, რასაც სარწმუნოებრივ ცნობიერებაში პროვინციული ელემენტები შეჰქონდა და დღეს ფილეტიზმის სახელითაა ცნობილი (იხ. ზემ).
მონოფიზიტები ერთიან ფრონტს ვერ ქმნიდნენ შინააშლილობისა და მიმდინარეობებად დაყოფის გამო. ძირითადი მიმდინარეობებია:
1. სევერიანობა. ეფუძნება სევეროზ ანტიოქიელი პატრიარქის (V-VI) მოძღვრებას, რომელსაც ლიბერალურ, ე.ი. ზომიერ ფრთად მიიჩნევენ და თვლიან, რომ იგი შედარებით ახლოსაა დიოფიზიტურ თვალსაზრისთან. მართალია, სევეროზიც ერთ ბუნებას აღიარებდა ქრისტეში, მაგრამ ქადაგებდა, რომ ღვთაებას მთლიანად არ შთაუნთქავს კაცებრივი - მხოლოდ არსებითობა დაუკარგა მას. სამაგიეროდ შეუნარჩუნა თვისებები. ასე რომ, სევეროზი იესოს პიროვნებაში ასხვავებდა ანუ ერთმანეთისაგან მიჯნავდა ადამიანურ და ღვთიურ თვისებებს; სწამდა, რომ მაცხოვრის ხორცი აღდგომამდე იყო ჩვენი მსგავსი, - ხრწნადი. ამის გამო მოწინააღმდეგეებმა სევერიანებს ,,ხრწნისთაყვანისმცემლები“ (,,ფთარტოლატრაი“) შეარქვეს.
სევერიანთა ფრაქციას დამოუკიდებელი ეკლესიის სახე მისცა ედესის ეპისკოპოსმა იაკობმა (VI), რომელიც დიოფიზიტთა შორის ცნობილია ,,წანწალას“ (ბერძნ.) და ,,ბარადასის“ (სირ.) ანუ ,,ჩამოფლეთილის“ სახელით. მას საკუთარი სისტემა არ შეუქმნია, მაგრამ იმდენად დიდი კვალი დატოვა ისტორიაში, რომ ხშირად სევერიანებს იაკობიტებად იხსენიებენ.
2. ივლიანიტობა ანუ ეპ. ივლიანე ჰალიკარნასელის (VI) სწავლება, რომლის რეზიუმე ასეთია: ქრისტე მოგვევლინა როგორც ახალი ანუ მეორე, ე.ი. ცოდვამდელი ადამი, ვისი ხორციც არ იხრწნებოდა და არ კვდებოდა (ხრწნა ცოდვის შედეგია). აქედან ცხადია, - მაცხოვრის გვამი განკაცებისთანავე შეიმოსა უხრწნელებით და ამ ფაქტთან მისი მიწიერი ცხოვრების (მას რომ სციოდა, სტკიოდა, შიოდა, რცხვენოდა) შეუთანხმებლობა არის მხოლოდ მოჩვენებითი, ზედაპირული. მაშასადამე, ივლიანეს აზრით, ღმერთკაცი იყო უვნებო; თურმე მას რეალურად არც სციოდა, არც სტკიოდა, არც შიოდა და არც რცხვენოდა (როდესაც ყვრიმალს სცემდნენ). ამიტომ ივლიანიტებს „უხრწნელმოჩვენებითებს“ (,,აფთარტოდოკეტაი“) ეძახდნენ.
ერთბუნებიანთა განწვალება შემდგომ თაობებშიც გაგრძელდა.
ქრისტიანობა სომხეთში პირველად მოციქულებმა თადეოზმა და ბართლომემ იქადაგეს. დევნილების ხანაში იქ მორწმუნეთა ღონიერი თემები ჩამოყალიბდა და ახალი აღთქმა ოფიციალურ სარწმუნოებად ადრე გამოცხადდა, IV ს-ის პირველ ათეულში, თრდატ III-ის დროს, გრიგოლ განმანათლებლის მისიონერული ღვაწლის წყალობით. იგი სომხეთის პირველი ეპისკოპოსი გახდა და ჰაოსიანთა ეკლესია გრიგორიანულადაც იწოდება.
სომხეთის სამოციქულო ეკლესია ქალკედონის საპირისპირო თვალსაზრისს მიემხრო და ფილეტური ტენდენციები ადრე გამოავლინა (იხ. ზემ. გვ. 87). ეს ტენდენციები დღეს ამ ეკლესიის სპეციფიკური ნიშნებია, რაზეც მეტყველებს მისი ოფიციალური სახელწოდება ,,სომხური ეკლესია“. სახეზეა სომეხი ერისა და სომხური ეკლესიის იდენტიფიკაცია, რასაც საფუძვლად მსოფლიო ეკლესიისაგან სომხეთის საკათალიკოსოს ჩამოშორება დაედო.
ბოლოდროინდელი სამეცნიერო გამოკვლევების თანახმად, კავკასიელმა ქრისტიანებმა - საქართველოს, სომხეთისა და ალბანეთის ეკლესიებმა -შეიწყნარეს ზენონის ჰენოტიკონი და 506 წელს, დვინის საეკლესიო კრებაზე, უნიონალური პოზიცია გამოიმუშავეს. შემდეგ ერთიანობა დაირღვა. საქართველოს ეკლესიამ დიოფიზიტობას უერთგულა. დანარჩენებმა კი (შესაძლებელია, ირანის გავლენით) - მონოფიზიტობას. ალბანეთი VII-VIII -სს-ში გამუსლიმანდა და X-XI სს-ში სახელმწიფოებრივადაც გაუქმდა. სომეხთა ძირითადი ნაწილი ევტიქი-დიოსკორეს მოძღვრებას მიენდო. ვინც ქალკედონის პოზიციაზე დარჩა, ის ბუნებრივად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში აღმოჩნდა და დროთა ვითარებაში გაქართველდა. ასევე გასომხდნენ მონოფიზიტი ქართველებიც.
VII ს-მდე სომხეთსა და საქართველოს შორის ძმური სარწმუნოებრივ-ეკლესიური ურთიერთობა სუფევდა. დვინის II ადგილობრივი კრების შემდეგ კი, 554 წლიდან, როდესაც სომხეთის იერარქიამ ერთბუნებიანობა სახალხოდ აღიარა, ევქარისტიული თანაზიარება შეწყდა.
V-VI სს-იდან სომხეთის სამეფო დაიშალა; ერმა სახელმწიფო დაკარგა, რის გამოც ეკლესიის ნაციონალურ-გამაერთიანებელი ფუნქცია გაიზარდა და საკათალიკოსო საყდარი, რომელმაც შუასაუკუნეებში, პოლიტიკური კლიმატის შესაბამისად, რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი, საერო ხელისუფლების ფუნქციითაც აღიჭურვა. ასე ჩამოყალიბდა სომხური ნაციონალური ეკლესია. მის წიაღში კი შეიქმნა მდიდარი სასულიერო მწერლობა, რაც სომხურ კულტურას მსოფლიო მნიშვნელობას ანიჭებს. ეს განსაკუთრებით საისტორიო ლიტერატურის მისამართით ითქმის.
ამჟამად სომხური ეკლესიის სამეუფო ქალაქია ეჩმიაძინი, სადაც ცხოვრობს უმაღლესი პატრიარქი და უწმიდესი კათალიკოსი ყოველთა სომეხთა. თუმცა ამავე ეროვნების მორწმუნეებს თვითმართვადი საპატრიარქოები სხვაგანაც აქვთ,- იერუსალიმსა და კონსტანტიპონოლში (ქილიკიის საპატრიარქო). მათგან უპირატესი ეჩმიაძინის მღვდელმთავარია.
თეოლოგიურმა სეპარატიზმმა საეკლესიო პრაქტიკაშიც იჩინა თავი. დაიწყეს, ერთბუნებიანობის კვალზე, ზიარების საიდუმლოს აღსრულება უცომო პურით და წყალგაურეველი ღვინით; შეინარჩუნეს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ერთობლივად ზეიმის აღმოსავლური ტრადიცია (იხ. ზემ.), შეითვისეს ,,ხაჩეცარი“ (იხ. ზემ.) და შემოიღეს ორიგინალური მარხვა - სურბსარქისი ანუ ალაჯორი.
,,ალაჯორი“ ანუ ,,არაჯორი“ არის ქართული ვარიანტი სომხური სიტყვისა. ,,არაჯავორ“, რაც ნიშნავს ,,წინასწარს“, ,,წინამავალს“, ,,პირველს“. მართლაც, ალაჯორი წინ უსწრებს დიდმარხვას სამი კვირით და, მაშასადამე, მოდის მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეზე, სადაც დადებულია აგრეთვე წმ. სარქისის ხსენება. აქედან წარმოდგება მეორე სახელწოდება - სურბსარქისი ანუ წმინდა სარქისი (სერგი). ესაა მონოფიზიტების ძველი მარხვა, რომელიც გამოირჩევა სიმკაცრით და, ჩანს, შემოუღიათ ასკეტური მოთხოვნილების გამძაფრების შედეგად. მისი დაწესების ისტორია გაურკვეველია. მოღწეულია ურთიერთგამომრიცხავი ლეგენდები, რომელთაგან დამფუძნებლად ზოგი გრიგოლ განმანათლებელს ასახელებს, ზოგი - პეტროს მკაწვრელს ან წმ. სარქისს.
პეტროს მკაწვრელს (თუ წმ. სარქისს) ჰყავდა საკვირველი ძაღლი - ალაჯა. როდესაც პატრონი რომელიმე ქალაქსა თუ სოფელში წასვლას დაეშურებოდა, წინამორბედად ალაჯას გზავნიდა, რათა შეემზადებინა მრევლი. ერთ დღეს პატრონმა ალაჯა ვეღარ იპოვა. დაუწყო ძებნა. მგლებს დაეგლიჯათ ალაჯა. გულს ელდა ეცა და გასცა ბრძანება, რომ ყოველ წელიწადს, დანიშნულ დროს, მორწმუნე სომეხმა ერმა კვნესით და გლოვით ახსენონ ალაჯა.
რა თქმა უნდა, ეს პამფლეტია, გავრცელებული აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ერებში, მათ შორის - რუსულ საეკლესიო მწერლობაში. ამის მიუხედავად, ველიკორუსებმი, როდესაც კავკასიელთა ერთმანეთზე მისევა განიზრახეს, ამ ლეგენდის ავტორებად ქართველები გამოაცხადეს. მაინც ვინ მოიგონა, ანდა ვინ მისცა რეზონანსი ამ სამარცხვინო ამბავს? პასუხი კორნელი კეკელიძემ გასცა, - იმხანად თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორმა (გაზ. ,,საქართველო“, 1916,5.V9, N 124). მან აღნიშნა რომ ხსენებული ლეგენდა დაიბადა პირველად საბერძნეთში, „შავბნელით მოცულ საშვალ საუკუნეებში, როდესაც ქალკედონიტ-ბერძენთა და ანტიქალკედონიტ-სომეხთა შორის ატეხილი დოღმატური პოლემიკა უკიდურესად გამწვავდა. წარმოიშვა ის სწორედ სომეხთა სარწმუნოებრივ გრძნობათა შესაბღალავად და მათი ეკლესიის გასაქირდავად, მაგრამ აქ ქართველები არაფერ შუაშია: ეს ლეგენდა შეთხზა პირველად სომხის რენეგატ-მღვდელმთავარმა ისააკმა, რომელმაც მეთერთმეტე საუკუნის ნახევარში ბერძნულ მართლმადიდებლობასთან ერთად ნიკიის სამიტროპოლიტო საყდარიც მიიღო. როგორც ყველა რენეგატს ჩვევია, მოპირდაპირეთა ბანაკში გადასვლის შემდეგ, ისააკმა ხელი მოჰკიდა მშობლიური ეკლესიის და ერის განქიქებას...“ მან, ისააკმა, შექმნა დოგმატურ-მაბრალებელი კრებული, რითაც მონოფიზიტთა ერსა და ეკლესიას, ვის წიაღშიც იშვა, აღიზარდა და განისწავლა, ამაზრზენი ბრალდებები წაუყენა; არ მოერიდა სიყალბეესაც კი. მისი ლეგენდა სწრაფად გავრცელდა სხვადასხვა ვარიანტით. თარგმნეს ქართველებმა დანარჩენ ანტიმონოფიზიტურ ძეგლებთან ერთად, აგრეთვე - რუსებმა, რომლებმაც იგი საღვთისმსახურო წიგნებშიც შეიტანეს ასეთი კომენტარით (თარგმანი კ.კეკელიძისა):
,,გვესმა წმიდათა მამათა და ბერძენთა საღმრთოთა წიგნთაგან სიტყვა, განმაქიქებელი მწვალებლობისა და უგუნურებისა მათისა (სომხებისა), ვითარმედ კვირიაკესა ფარისეველთასა ენითა მათითა ,,არცივურ“ ეწოდების. ,,არცი“ იყო მოძღვარი მათი, ხოლო ,,ურეც'' ეწოდებოდა მოწაფესა მასსა ძაღლსა, რომელსაც ქედსა მისსა დაჰკიდის გუჯარი თვისისა სარწმუნოებისა და მწვალებლობისა და მოწაფეთა თვისთა წარუგზავნის. გარდახდომასა მრავალთა წელთასა მხეცთა მძვინვარეთა განბძარეს ,,ურეც“ და შეემთხვა მოძღვარსა მათსა ,,არცის'' ურვა და სალმობა ფრიადი და განაწესა მან მიმდგომთა თვისთა მარხვა კვირიაკესა მას ,,ურეც“-ისათვის მოწაფისა თვისისა“.
საზოგადოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ განწვალების პირველივე დღიდან, კირიონ ქართლისა და აბრაამ სომეხთა კათალიკოსების დროიდან (VI-VII), გაცხარდა პოლემიკა, თუ ვინ გადაუხვია ძველი ტრადიციიდან ანუ ჭეშმარიტი რწმენიდან. შეიქმნა მდიდარი ლიტერატურა ორივე ენაზე. საკმარისია დავასახელოთ უხტანესის ,,ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (თარგმნა ზ. ალექსიძემ, თბ., 1975) და არსენ საფარელის ,,განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა“ (გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბ., 1980). აგრეთვე - ანტონ კათალიკოსის ,,მზამეტყველება“ (გამოიცა 1892 წელს ალექსანდრე ეპისკოპოსის საფასით და მღდ. პ. კარბელაშვილის რედაქციით). ხშირად იმართებოდა საჟარო პაექრობები. ცნობილია ღრტილას კრების სიტყვისგება ექვთიმე გრძელსა და სოსთენ სომეხთა მოძღვარს შორის 1046 წელს არტანუჯში. ასევე - დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს, რითაც მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს კიდეც ამუნათ-აკრიტიკებდნენ და კიდეც უახლოვდებოდნენ, უმეგობრდებოდნენ. სასიამოვნო ფაქტია, რომ კონფესიური სხვაობის მიუხედავად ქართველ-სომეხთა კულტურულ-ლიტერატურული თანამშრომლობა არასდროს ჩამკვდარა.
დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოში წარმოდგენილია შვიდი ეკლესიით: თბილისში - 2, ბათუმში - 1, დანარჩენი კი მესხეთ -ჯავახეთში. მორწმუნეთა რიცხვი, მათი წინამძღვრების თქმით, 200.000-ს უდრის. ისინი ერთი ეპისკოპოსის სულიერი მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. მისი კათედრა თბილისშია - წმ. გიორგის ეკლესიაში. ამჯერად ეპისკოპოსია გეორქ სერაიდარიანი, ეპარქიის მდივანი - ვილჰელმ გრიგორიანი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი. სამღვდელოთა კრებული ათ სასულიერო პირს ითვლის. თბილისში საკვირაო სკოლაც მოქმედებს.
სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს თავისთავს მონოფიზიტებს არ უწოდებს.
მონოთელიტობა და მარონიტები
გავიხსენოთ ზემონათქვამი: ერესებმა და სექტებმა ბიზანტიის პროვინციებში სეპარატიზმი გამოკვება, რის გამოც ხელისუფლება, დაზაფრული იმპერიის მთლიანობის რღვევით, შემორიგების კურსს დაადგა. ჰენოტიკონმა არ გაამართლა. არც დამსჯელმა ოპერაციებმა. გამოსავლის ძიებამ თეოლოგიის სფეროში გადაინაცვლა, სადაც აღმოცენდა ახალი წვალება - მონოთელიტობა ანუ ერთნებიანობა.
მისი აკვანი კოლხეთში - ფაზისში - დაირწა.
აქ ერთმანეთს შეხვდნენ კეისარი ჰერაკლე (ირაკლი) და ადგილობრივი მიტროპოლიტი კიროსი, რომელიც, ზაზა ალექსიძის გამოკვლევის თანახმად, შესაძლებელია, კირიონ ქართლის კათალიკოსი იყოს (ეპისტოლეთა წიგნი, თბ., 1968, თ. კირიონ ქართლის კათალიკოსი). ჰერაკლეს 622-628 წლებში დაეპყრო სპარსეთი, გაენადგურებინა მეფე ხოსრო და მისი ამალა, ტყვეობიდან ეხსნა იერუსალიმის პატრიარქი ზაქარია, მასთან ერთად - ძელი ცხოველი, რომელიც დამპყრობლებს გაეტაცათ, და დიდი ალაფით დაბრუნებულა უკან. აღმოსავლეთში ის შეხვედროდა მონოფიზიტ ეპისკოპოსებს, ებაასა მათთან და მისულიყო დასკვნამდე, რომ ქრისტეს აქვს ,,ერთი მაცხონებელი მოქმედება'' (,,მია ძოოპოიოს ენერგეია''). ე.ი. ორი ბუნება გაერთიანებულია ერთ მოქმედებაში, ერთ საქმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონოენერგეიზმის ანუ ერთმოქმედებიანობის იდეას, რაც, ჰერაკლეს აზრით, იდეალური ვარიანტის როლს შეასრულებდა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების შერიგების გზაზე. მეფემ ამ თვალსაზრისის თეორიულად ჩამოყალიბების, მეცნიერულ- საღვთისმეტყველო ფორმით წარმოჩენის მოთხოვნილება იგრძნო და შესაბამისი წინადადებით მიადგა ფაზისის - ახლანდელი ფოთის ანუ დასავლეთ საქართველოს - მამათმთავარს, ცნობილს ინტელექტით, განათლებით და რჟულშემწყნარებლობით. მასპინძელმა მოისმინა ხელმწიფის სიტყვა, დაუჯდა ჭკუაში, მაგრამ, ვიდრე გადაჭრით რამეს იტყოდა, უპირატეს იერარქს - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოს სერგის - დაეკითხა. უკანასკნელმა შეუქო ინიციატივა, დალოცა იგი და სახელმძღვანელოდ გაუგზავნა მენა (მინა) კონსტანტინოპოლელის ეპისტოლე პაპ ვირგილიუსისადმი, სადაც წმიდა მამების შრომებიდან მოხმობილი იყო ციტატები ქრისტეში ერთი მოქმედებისა და ერთი ნების დასადასტურებლად. ყურადღება მახვილდებოდა გამოთქმაზე ,,ღმერთკაცებრივი მოქმედება“ (,,თეანდრიკე ენერგეია“), რომელიც გვხვდება წმ. დიონისე არეოპაგელის კორპუსში, სწორედ VIს-ში რომ გამოჩნდა დღის სინათლეზე და ავტორიტეტი მოიხვეჭა.
სავარაუდებელია, რომ კიროს ფაზისელმა უნიონალური მოღვაწეობა კავკასიის მასშტაბით განავრცო და 630 წელს სომხეთის საკათალიკოსოსთან ხელშეკრულებას მიაღწია კონფესიურ თანხმობაზე. არ ვიცით, რამდენხანს გასტანა თანხმობამ, მაგრამ ფაქტია, რომ იმპერატორი მოიხიბლა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, - ეკუმენური იდეით, აღიარა ფაზისელის დამსახურება და იგი ალექსანდრიაში, ყველაზე ცხელ წერტილში, მონოფიზიტების ცენტრში, გადაიყვანა. დანიშნა პატრიარქად და შეთავსებით ჩააბარა ეგვიპტის განმგებლის თანამდებობა. კიროსმა იმედები გაამართლა: ითვისა მომრიგებელი მოსამართლის ფუნქცია და 633 წელს მიაღწია უნიას იქაური მონოფიზიტების მნიშვნელოვან ნაწილსა და მართლმადიდებლებს შორის. ამ აქტს, გაფორმებულს წერილობით დოკუმენტად, კიროსმა საფუძვლად დაუდო საკუთარი შრომა - ,,თავნი“, რომელიც 9 განყოფილებისაგან შედგებოდა; მიმოიხილავდა სამების დოგმატს და განკაცების საიდუმლოს. მე-9 ნაწილი ეძღვნებოდა ფორმულას - ,,ერთი ღმერთკაცებრივი მოქმედება“, რითაც წარმოჩნდა ახალი მოძღვრების - მონოთელიტობის - ძირითადი პრინციპები.
თელემა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ნებას“. მონოთელიტობა არის მოძღვრება, რომ მაცხოვარს - ერთ პირს, ერთ ჰიპოსტასს, ერთ გვამს -აქვს ერთი ნება და ერთი მოქმედება (ენერგია). ასე რომ, ეს თეორია ნებას მიიჩნევს ჰიპოსტასის და არა ბუნების ანუ არსების თვისებად. მართალია, დიოფიზიტების მსგავსად, იგი აღიარებს ორ ბუნებას ერთ ჰიპოსტასში, მაგრამ ერთმანეთისაგან თიშავს ბუნებას და ნებას; მიაჩნია, რომ ორი ბუნება, ერთი ჰიპოსტასის შესაბამისად, ერთიანდება ღმერთკაცებრივ ნებაში, ქმედებაში, საქმეში.
ამრიგად, მივიღეთ სინკრეტული დებულება: დიოფიზიტური - ბუნების თვალსაზრისით, მონოფიზიტური - ნებისა და ქმედების მხრივ. უკანასკნელში დომინირებდა ღვთაებრივი ასპექტი. ამიტომაც იგი უფრო მონოფიზიტური იყო და ეგვიპტელმა მონოფიზიტებმაც თავი გამარჯვებულად იგრძნეს. მათი დიდი ნაწილი დაუბრუნდა ეკლესიას. მიესალმნენ აგრეთვე ქალკედონიტებიც, საბერძნეთისა და აღმოსავლეთის თითქმის ყველა იერარქი კონსტანტინოპოლის პატრიარქ სერგის მეთაურობით. ვნებები თითქოს დაცხრა, მაგრამ დროებით და ერთი შეხედვით.
აღმოსავლეთში მართლმადიდებლობის აპოლოგია იმხანად იკისრა წმ. სოფრონმა. ის რომში წავიდა კონსულტაციისათვის. 634 წელს იერუსალიმის პატრიარქი გახდა. გააანალიზა კიროსის მოძღვრება, უწოდა მას შენიღბული მონოფიზიტობა და მისცა ერესის კვალიფიკაცია; შეკრიბა ეკლესიის მამათა 600 გამონათქვამი, შეადგინა კრებული და გაგზავნა რომში, სადაც გულდასმით განიხილა პაპმა გელასიმ და დასტურყო. სოფრონმა აღმოსავლეთშიც შეიძინა მომხრეთა დიდი რიცხვი, რამაც დააფიქრა კეისარი. დედაქალაქის მღვდელმთავარმა ანუგეშა იგი და 638 წელს იმპერატორის სახელით გამოაქვეყნა ცნობილი ტრაქტატი - ,,სარწმუნოების გადმოცემა“ ანუ ,,ეკთეზისი'', რითაც ერთი ენერგიის ფორმულა გამოცხადდა არასავალდებულოდ და მის ირგვლივ კამათი აიკრძალა. სამაგიეროდ გაესვა ხაზი, როგორც უცვალებელ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტეში, ორ ბუნებასთან ერთად, მკვიდრობს მხოლოდ ერთი ნება.
კონსტანტინოპოლელ პატრიარქს მხარი აუბა პაპმა ჰონორიუსმა, გელასის მემკვიდრემ. ორივე მღვლდელმთავარი ერთმანეთში ურევდა ცნებებს: ნებას როგორც სულიერი სამყაროს ბუნებით აქტს და ნებას როგორც ზნეობრივ გადაწყვეტილებას (,,გნომე“ ანუ ,,ბულე“, ,,ბულესის“). ხელს სჭიდებდნენ იმ ფაქტს, რომ ქრისტეს, ყოვლადუცოდველს, ორ ბუნებისეულ ნებასთან ანუ სურვილთან ერთად აქვს მხოლოდ ერთი ზნეობრივი ნება (გავიხსენოთ სულიერი ბრძოლის ეპიზოდი და ზნეობრივი არჩევანი გეთსიმანიის ბაღში: მათე 26: 38-42). ბევრი მართლმადიდებელი, გაუწაფავი ლოგიკასა და დიალექტიკაში, დააბნია საკითხის სირთულემ, ტერმინების ორაზროვნებამ და მონოთელიტების ბრალდებამ, თითქოს ორი ნების აღიარება ნიშნავს ქრისტეს სულში კეთილისა და ბოროტის თანაარსებობის დაშვებას. ამის საპირისპიროდ პაპი ჰონორიუსი ამტკიცებდა, რომ ქრისტეში უეჭველად ერთი ღვთაებრივი ნებაა - სიკეთე.
ვიმეორებთ, ჰერაკლეს ,,ეკთეზისი“ და, 10 წლის შემდეგ, იმპ. კონსტანტი II-ის ,,განაწესი'' (ტიპოსი) შფოთისა და მითქმა-მოთქმის გასამუხტად მომზადდა, მაგრამ საწინააღმდეგო ნაყოფი გამოიღო. ბიზანტიის ცენტრალური ნაწილი არეულობამ მოიცვა. ამასობაში არაბებმა ისლამის დროშა ააფრიალეს, ეგვიპტე და პალესტინა დაიპყრეს და მნიშვნელოვანწილად გადაარჯულეს. იქ თეოლოგიური მაძიებლობისათვის აღარავის ეცალა. კონსტანტინოპოლში ერესმა გაიმარჯვა. ჭეშმარიტების ჯვარი რამდენიმე კაცმა იტვირთა. მათგან ყველაზე მეტად მაქსიმე აღმსარებელი გაბრწყინდა - ,,ნაყოფიერი მორჩი და მოღვაწების რჩეული ,,ჭური“, უდიდესი საეკლესიო მოღვაწე და თეორეტიკოსი. მისი ცხოვრება და შემოქმედება განუყოფელია იმდროინდელი მართლმადიდებლობის ისტორიისაგან და ამ კუთხით ჩვენც გავამახვილებთ ყურადღებას.
წმ. მაქსიმე დაიბადა 582 წელს კონსტანტინოპოლში. დაეუფლა სასულიერო და საერო მეცნიერების მრავალ დარგს, ელინურ სიბრძნეს და მამათმეტყველებას (პატროლოგიას). მიაღწია უმაღლეს თანამდებობას,- სამეფო კარის მდივნობას, მაგრამ სინდისის ხმამ ამა სოფლის დიდებაზე უარი ათქმევინა. იმ დღეს, როდესაც, მონოთელიტობის სახელმწიფო იდეოლოგიად გამოცხადების ნიშნად, წმიდა სოფიის გალავანში აღიმართა აბრა სამეუფო გუჯრით ანუ ხსენებული ეკთეზისითურთ, მან დატოვა სასახლე, გაყიდა მონაგები, საფასე გლახაკთათვის განაბნია, შეიმოსა საბერო სქემა და გეზი წმიდა პეტრეს ქალაქისაკენ აიღო, სადაც მართალი სარწმუნოება, წმიდა პაპის საფარველის ქვეშ, შედარებით უმწიკვლოდ ინახებოდა. აქ დაიმოწაფა ორი ძმა - ანასტასი და ანასტასი. ერთხანს უდაბნოში მკვიდრობდა, მაგრამ, წმიდა ანგელოზის მითითების თანახმად, პაპ იოანეს ეახლა. მღვდელმთავარმა იგი ყალბი მეცნიერების სამხილებლად და დასამხობად აკურთხა და გზა აფრიკისაკენ დაულოცა. ალექსანდრიაში მაქსიმე შეხვდა კონსტანტინოპოლელი სერგის მემკვიდრეს - პიროსს, რომელიც, თურმე, ბოროტმოქმედების გამო სამშობლოდან გაუძევებიათ. მათ შორის 645 წელს შედგა დიალოგი, რასაც შემდეგ წმიდა მამამ ლიტერატურული სახე მისცა. იგი ცნობილია სათაურით ,,სიტყვისგება პიროსისადმი“ და ითვლება ხსენებული წვალების ყველაზე საფუძვლიან კრიტიკად.
ბუნება (,,ფიუზის“) მოქმედებისა და ნების გარეშე არის მხოლოდ განყენებული ცნება, ტვინის ჭყლეტა და არარეალობა. თითოეულ ბუნებას თავისი ნება და საქმე ახლავს. ვინც ერთ ნებასა და საქმეს აღიარებს, ის უნებლიეთ ურყოფს ორ ბუნებას ერთ პიროვნებაში. ამდენად, სადაც ორი ბუნებაა, - ორი ნება და ორი მოქმედებაა. შესაბამისად, ორი ბუნება ერთი ნებით და მოქმედებით არსობრივად იგივე მონოფიზიტობაა. ამასთანავე, განაგრძობს ღვთისმეტყველი, თუკი მაცხოვარს აქვს ერთი ნება, ისმის კითხვა: რომელია ეს ნება - საღვთო თუ კაცობრივი? თუ ვიტყვით, - საღვთოა, მივალთ დასკვნამდე, რომ მაცხოვარი არ განკაცებულა, რადგან: სადაა მისი ადამიანური ნებაჱ ხოლო თუ ადამიანისად მივიჩნევთ ამ ნებას, მაშინ ღმერთი არ ყოფილა იგი, რადგან: სადაა მისი ღვთაებრივი ნება? თუკი ვიფიქრებთ, რომ ქრისტეს ჰქონდა ერთი სინთეზური ნება - საღვთოც და ადამიანურიც, მაშინ უფრო დიდ აბსურდს მივიღებთ. გავითვალისწინოთ, რომ მაცხოვარი, როგორც მეორე ჰიპოსტასი, მამასთან და სულთან ერთნებაა და ერთარსება. და თუ მაცხოვრის ჰიპოსტასი ადამიანურ ნებას შეიცავს,-ადამიანური ნება შეზავებული ყოფილა მამისა და სულის ანუ სამების ნებასთან, რაც სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა მოძღვრება ძე ღმერთთან ერთად მამისა და სულის ანუ სამების - ე.ი. სრული ღმრთეების -განკაცებისა და ვნების შესახებ. ესაა უკიდურესი მონოფიზიტობა, - „ხაჩეცარი“ ანუ ,,თეოპასქია“.
ამის საწინააღმდეგოდ უნდა ვირწმუნოთ და ვაღიაროთ, რომ ნება არის ბუნების თვისება და რომ განკაცებული მაცხოვარი, ორი ბუნების შესაბამისად, ორ შეურწყმელ, შეუზავებელ, მაგრამ განუყოფლად შეერთებულ ნებას ფლობს - საღმრთოს და ადამიანურს - ერთ პიროვნებაში.
წუთისოფელში ღვთის ძემ ორივე ნება გამოავლინა. სიტყვებით: „როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდართ, ასევე ძეც, ვისაც ნებავს, აცოცხლებს“ (იოანე 5:21) ანდა - „იერუსალემ, იერუსალემ... რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები“ (მათე 23:37) - გამოთქვა საღმრთო განზრახვა, მაცხონებელი ძალა და მოქმედება. მაგრამ უცომოების ჟამს პურის ჭამა რომ მოუნდა (ლუკა 22:8), კაცის ბუნებისამებრ მოუნდა. წმ. მამა სხვა ეპიზოდებსაც იხმობს იმის გასაცხადებლად, რომ მაცხოვრის სულში თანამყოფობდა ორივე ნება - ადამიანური და საღმრთო. მათგან პირველი ძალდაუტანებლად ემორჩილებოდა ანუ ექვემდებარებოდა მეორეს.
ჭეშმარიტების წინაშე ქედი მოიხარა პიროსმა და ურწმუნოების ჯერკვალი განაგდო; წავიდა რომში, ეახლა პაპ თეოდორეს, აღუთქვა ფიცით და ხელწერილით მართლაღსარება და გამოსთხოვა ლოცვა-კურთხევა, რომ დაბრუნდეს საბერძნეთში და იღვაწოს საღმრთო რჯულის განმტკიცებისათვის. პაპმა დალოცა, მაგრამ მღვდელმთავარმა სიტყვა გატეხა: იგი გზაში, ,,ვითარცა ძაღლი თავისსავე ნათხევარსა, მიიქცა“. ამ დროს გარდაიცვალა მისი შემცვლელი, უარესი ერეტიკოსი - პავლე. პიროსი წარუდგა კეისარ კოსტას და ტახტი დაიბრუნა. როდესაც ეს ამბავი ეუწყა პაპს, „მივიდა მოციქულთა თავის - პეტრეს - სამარხთან, აიღო ბარძიმი, ჩააწო წმიდა სისხლში კალამი და საკუთარი ხელით დაწერა პიროსისა და ყველა მისი თანამოაზრის ეკლესიისაგან განკვეთა“. თევდორე მალე აღესრულა და ტახტი წმ. მარტინემ დაიკავა. ამ დროს აფრიკიდან წმ. მაქსიმეც დაბრუნდა. შეხვდა პაპს. მათ გადამჭრელ ზომებს მიმართეს: მოიწვიეს კრება 150 ეპისკოპოსის შემადგენლობით, დაგმეს წვალება და შეაჩვენეს კიროს ფაზისელ-ალექსანდრიელი, სერგი, პიროს და პავლე კონსტანტინოპოლელები, მათი მომხრე იმპერატორები და ღვარძლის ყველა მთესველი. კრების აქტები და მაქსიმეს ეპისტოლეები მთელს საქრისტიანოს მოეფინა.
ეს ფაქტი ბიზანტიის ხელისუფლებამ პოლიტიკურ დივერსიად აღიქვა და გაუგონარი რამ მოიმოქმედა: აპენინის ნახევარკუნძულზე დესანტი გადასხა და მართლმადიდებლობის ბურჯები - წმ. მარტინე, წმ. მაქსიმე, მისი ორი მოწაფე და თანამოსაგრენი - ხელფეხშეკრული ჩამოიყვანეს ბიზანტიის დედაქალაქში.
შედგა სასამართლო, რომელსაც დაესწრო კეისარი და პატრიარქი, პიროსის მემკვიდრე - პეტრე. პაპს ბრალდებად ბიზანტიის ხელისუფლების ძირგამომთხრელი საქმიანობა წაუყენეს. წმ. მაქსიმეს - სამშობლოს ღალატი. პირველი ყირიმში გადაასახლეს, სადაც სასტიკი პყრობილების შემდეგ გარდაიცვალა. მაქსიმეს აურაცხელი ტანჯვა შეამთხვიეს: ცრუ მოწმეები, დაკითხვები, შანტაჟები, პროვოკაციები, ცემა და ფერად-ფერადი დაპირებები, მაგრამ უცვალებელი აღსარებისაგან ვერ დაადუმეს. სამსჯავროზე მან წარმოთქვა მრწამსი, რისთვისაც მას ეწოდა აღმსარებელი. ეს ტექსტი იმსახურებს წმ. თეოლოგიის ჯამის პატივს, რადგან თითოეული სიტყვა ოქროთ იწონის და შეიცავს სარწმუნოების მოკლე ანალიზს. წარმოვადგენთ გამოკრებით წმ. ექვთიმე მთაწმიდლის თარგმანის მიხედვით (კიმენი, ტ. I, კ.კეკელიძის გამოცემა, ტფ., 1918, გვ. 87-90).
,,მრწამს ერთი ღმერთი: მამა უშობელი, და ერთი ძე და სიტყვა ღმრთისა მამისაგან შობილი, და ერთი სულიწმიდა მამისაგან გამომავალი. სამგვამოვნება. განყოფილი რიცხვითა და თვითებითა მით გვამოვნებისათა, და განუყოფელი ღმრთეებითა: რამეთუ განიყოფვიან განუყოფელად და შეიერთებიან შეურევნელად. ამისთვისცა ვიტყვით სამგვამოვნებასა და ერთარსებასა. და ერთსა ბუნებასა ღმრთეებისასა, რამეთუ ზოგადი არს სამთავე ღმრთეება. და საღმრთოსა ბუნებისა სახენი ხოლო თვისი თითოეულისა: მამისა მამობა უშობელი, ძისა ძეობა შობილი და სულისა წმიდისა გამოსლვა, რამეთუ არცა მამა შეიცვალების ძედ ანუ სულად, არცა ძე მამად ანუ სულად, არცა სულიწმიდა მამად ანუ ძედ, რამეთუ თვითებანი შეუცვალებელ არიან. ღმერთად აღვიარებ თითოეულსა... სამებასა თაყვანსვსცემ ერთარსებით და ერთარსებასა სამებით, - ერთარსებასა სამგვამოვანსა... სწორსა ძლიერებითა და პატივითა. ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა: ერთსა ბუნებასა, ერთსა არსებასა, ერთსა ძალსა, ერთსა ხელმწიფებასა, ერთსა უფლებასა, ერთსა მეუფებასა... უკვდავსა, უვნებელსა... ჯერ იჩინა და ინება მხოლოდ შობილმან ძემან და სიტყვამან ღვთისამან გამოუთქმელითა მით კაცთმოყვარებითა, ნებითა მამისა და სულისათა, ძიება დაბადებულთა თვისთა; გარდამოხდა წიაღთაგან მამისათა, ვინა იგი არასადა განეშორა და დაიმკვიდრა საშო ყოვლადწმიდისა მის ქალწულისა სულისა მიერ წმიდისა და მიიხვნა მისგან ხორცნი სულითურთ პირმეტყველით და იშვა ღმერთი განხორციელებული, იშვა გამოუთქმელად და ქალწულება დედისა დაიცვა განუხრწნელად. არა თავსიდვა შერევნა ანუ შეცვალება, არამედ რა იგი იყო, ეგო და რა არა იყო, იქმნა. შეიმოსა ხატი მონისა ჭეშმარიტად, - არა უცნებით, და ყოვლითურთ გვემსგავსა ჩვენ თვინიერ ცოდვისა. აღვიარებ მას საუკუნოდ და ჟამიერად, დაუბადებელად და დაბადებულად, უვნებელად და ვნებულად, უკვდავად და მოკვდავად. იგივე ღმერთი და კაცი არა თუ სხვა და სხვა, არამედ ერთი არს პირველგანხორციელებისა და შემდგომად განხორციელებისა, - ერთი შეზავებული გვამი ორითა სრულითა ბუნებითა და ორითა ბუნებითითა ნებითა და ორითა საქმითა ერთგვამად შეერთებულითა უცვალებელად და შეურევნელად იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა საღმრთოთა საქმეთა ვითარცა ღმერთი, და იგივე ნებსით ინებებდა და იქმოდა კაცობრივთა და უბრალოთა საქმეთ ვითარცა კაცი, რამეთუ ბუნება უნებელი და უსაქმო არა არს. არა იძულებით დამორჩილებულიყო იგი ბუნებითთა თანანადებთა, რამეთუ ნებსით იშვა, ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით დაშვრა, ნებსით შეეშინა, ნებსით ჯვარსეცვა, ნებსით მოკვდა, - ჭეშმარიტად და არა უცნებით. ესე ყოველი ნებითა კაცობრივისა ბუნებისათა... ესრეთ მწამს, ესრეთ აღვიარებ, ესრეთ ნათელღებულვარ. და ყოველთა მწვალებელთა და ყოველსა წვალებასა შევაჩვენებ. შევიწყნარებ და პატივს ვცემ წმიდათა კრებათა ნიკიას 318 წმიდათა მამათა და კონსტანტინ 150 წმიდათა მამათა, ეფესოს 200 წმიდათა მამათა, ქალკედონის 630 წმიდათა მამათა, კონსტანტინეპოლის კვალად 164 წმიდათა მამათა და სხვანიცა სადა რომელ იქმნეს კრებანი, დამამტკიცებელნი მართლისა სარწმუნოებისანი, რომელნიცა კათოლიკე ეკლესიამან შეიწყნარნა და რომელნიცა წმიდათა მათ კრებათა შეიწყნარნეს და რომელნი მათ შეაჩვენეს, შევაჩვენებ და ვადიდებ და უგალობ და თაყვანსვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.
გაიმართა სიტყვისგება. ბრალდებულმა წარმოადგინა ცოცხალი არგუმენტები საღმრთო წერილიდან და მამათა მემკვიდრეობიდან. გამოამჟღავნა დიდი ერუდიცია, მეცნიერული ტაქტი და ნათელი გონება. ამასთანავე, - პრინციპულობა, რომ არ გადაუხვევდა არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რამაც მსაჯულები გააბოროტა და ულმობელი განაჩენი გამოატანინა: ენის მოკვეთა, მარჯვენის მოჭრა, ქუჩა-ქუჩა ჩამოტარება და ექსორია. სასჯელი მოწაფეებზეც უნდა გავრცელებულიყო.
659 წლის 21 იანვარს, დილით, ბერი მაქსიმე, 77 წლის სნეული, მისი ორი მოწაფე: ანასტასი ხუცესი და ანასტასი დიაკონი დაასახიჩრეს, ფეხშიშველი მოატარეს ქალაქის თორმეტ უბანში, კარიბჭემდე მარშით - კისკისით და სტვენით - მიაცილეს და საქართველოს გზას გაუყენეს.
სამეგრელოში ტყვეები ერთმანეთს დააშორეს. მაქსიმე ლეჩხუმს გადაგზავნეს და დაატუსაღეს ციხეში ,,ჰიმირ“, რაც იგივე მურის ციხესიმაგრეა.
ჯალათები ამაოდ დაშვრენ: მოხუცმა დაკოდილ ხელზე კალამი მიიბა და ასე წერდა ეპისტოლეებს, რომლებსაც პირველად საპყრობილის მცველები კითხულობდნენ. მათი გული თანალმობით და სიყვარულით ივსებოდა, წმიდანს პატივს სცემდნენ და წერილები ჟამითი-ჟამად ცხრაკლიტულის მიღმაც ვრცელდებოდა. ადგილობრივი მოსახლეობა შენდობასა და კურთხევას ითხოვდა.
აღმსარებელს წინასწარ აუწყა ანგელოზმა წუთისოფლიდან გასვლის დღე. ერთი შვიდეული იმარხულა და 662 წლის 13 აგვისტოს „ხელთა ღმრთისათა შეჰვედრა სული თვისი სიხარულით და მხიარულებით“. გვამს ციხის მახლობლად განუსვენეს, წმ. არსენის მონასტერში. იმავე ღამეს სამი ლამპარი დაადგრა სამარეს და სასწაულებიც აღესრულა: მის სახეს ანუ ,,ძეგლს“ ადგილობრივი მცხოვრებნი ყოველდღე ხედავდნენ (გეორგიკა, IV, ნაკ. I, თარგმანი და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა, თბ., 1941, გვ. 50-51) და იმდენად ჩაიბეჭდეს სულსა და გულში, რომ შთამომავლობას ლეგენდად გადასცეს.
ლეჩხუმში დღესაც გაიგონებთ: წმ. მაქსიმე იყო უცხო და ჩვენს მიწაზე სიკეთისათვის იარებოდა. ერთხელ ღამეულ ნისლში გამოელაპარაკა მავნებელს, ქარეიშვილ-ჭაბუკიანს, - „სხვას ზიანს ნუ აყენებო“. ბოროტმა კაცმა არ ისმინა და სისხლი დაღვარა. ამის გამო ჭაბუკიანთა საგვარეულო თავს დასჯილად თვლის და ყოველწლიურად კლავს კურატს წინაპრის ურჯულოების წარხოცვის მიზნით.
დავუბრუნდეთ ძირითად სათქმელს.
მოწამეთა გვირგვინმა ეკლესია განამტკიცა. პაპმა აგათონმა, რომელმაც წმ. მარტინე შეცვალა, 124 ეპისკოპოსის კრება ჰყო, დაგმო პაპის მიმართ ბიზანტიის ხელისუფალთა ძალადობა და ,,ერთი ნების მეტყველება“. კეისარი კოსტა უფრო აღბორგდა, წმიდა ტახტის დალაშქვრა განიზრახა. ჩავიდა სილიციაში, რათა ჯარი შეეკრიბა. შევიდა აბანოში, გაისაპნა და აიქაფა. ამ დროს, თითქოს ცოდვამ უწია, მსახურმა ვერცხლის ჭურჭელი ჩაარტყა და სული გააფრთხობინა, - სასახლის ინტრიგათა მსხვერპლი გახდა... სკიპტრა მისმა შვილმა - კონსტანტინე IV-მ, პოგონატმა - მიითვალა. მან ძირფესვიანად შეცვალა წინამორბედთა კურსი, გადასინჯა რელიგიური პოლიტიკა, მამაშვილური კავშირი დაამყარა რომის პაპთან და კონსტანტინოპოლის დაქვრივებულ კათედრაზე პატრიარქად მართლმადიდებელი დანიშნა -გიორგი; მოიწვია VI მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც საბოლოო მსჯავრი უნდა გამოეტანა.
კრება შედგა კონსტანტინოპოლში 680 წელს. სხდომებმა, რიცხვით 18, ერთ წელიწადს გასტანა. ესწრებოდა 153 თუ, ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, 170 მამა. მათ შორის - პაპის სამი ლეგატი, კონსტანტინოპოლელი გიორგი და თეოფანე ანტიოქიელი, რომელმაც მაკარი შეცვალა. უკანასკნელმა წარმოადგინა წერილობითი მოხსენება, რასაც მონოთელიტობის სუნი ასდიოდა. მან კეთილი რჩევა არ ისმინა და ლანძღვა-მუქარაზე გადავიდა, რისთვისაც გააძევეს ქალაქიდან. ასეთივე ბედი ეწია მღვდელ კონსტანტინე სირიელს, რომელიც მრისხანედ უარყოფდა ქრისტეში ადამიანურ ნებას ჯვარცმის შემდეგ. აქტიურობდა ბერი პოლიქრონია, რომელმაც დაიქადნა: ერთი ნებისა და ერთი მოქმედების რწმენით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მკვდარს აღვადგენო. დელეგატები, ხალხი და სამღვდელონი შეგროვდნენ, რომ გამხდარიყვნენ სასწაულის მოწმე, რაც, ცხადია, არ აღესრულა. ამან კი ერესის ქომაგებს ჩალა გამოავლო პირში. ბოლოს განახლდა მსჯელობა დადგენილების გამოსატანად. წაიკითხეს აგათონ პაპის ეპისტოლე იმპერატორ კონსტანტინესადმი. აღიარეს იგი სულიწმიდის ხმად, დაგმეს ერესი და მისი თავკაცები: კეისარი ჰერაკლე, ფაზისელ-ალექსანდრიელი კიროსი, კონსტანტინოპოლელი სერგი, ფარანელი თეოდორე, რომაელი პონორიუსი; პიროს, პავლე და პეტრე კონსტანტინოპოლელები და სხვანი. აღავლინეს ქება-დიდება ღირსი და ღმერთშემოსილი მამებისადმი, უკანასკნელ ჟამს გამოჩენილი წმიდანებისადმი და იწამეს ქრისტეს ორი ბუნება განუყოფელად, შეუცვალებელად, შეუზავებელად, შეურწყმელად და... ორი ნება დაუპირისპირებლად. ცხადყვეს, რომ მაცხოვრის ,,ადამიანური ნება უთმობს ანუ ექვემდებარება ღვთაებრივს, მაგრამ არ ისპობა მისგან''.
ამრიგად, მონოთელიტობა დაემხო და ბიზანტიაში სავსებით აღიგავა. შესაბამისი ლიტერატურა დაწვეს და აკრძალეს. წამოიწყეს დევნილება და გადასახლება. ფიქრობენ, რომ ერეტიკოსების ნაწილმა სირიას, წმ. მარონის (+400) მონასტერს, შეაფარა თავი. იქ მათ შექმნეს ცალკე საეკლესიო სტრუქტურა, რომელმაც მოიცვა აფრიკელი მონოთელიტების საზოგადოებაც. ეს ორგანიზაცია VIII -IX სს-ის მწერლებთან მარონიტების სექტის სახელითაა ცნობილი. ისინი თავიანთ თავს ხან მონოთელიტებს უწოდებდნენ, ხან მონოფიზიტებს. XIII ს-ში უარი თქვეს თავიანთ დოგმატებზე და რომის ეკლესიასთან კავშირი შეკრეს. მათი ცენტრი დღეს ლიბანშია. მიმდევართა რიცხვი 600 ათასს აღემატება. საღვთისმსახურო ენაა სირიულ-არაბული. კათოლიკებთან საერთო რწმენის მიუხედავად, ინარჩუნებენ ძველ რიტუალებს და იერარქიას. ჰყავთ პატრიარქი, რომელსაც აქვს ნომინალური ტიტული ანტიოქიელისა.
მარონიტების წარმომავლობისა და თავგადასავლის ზოგიერთი დეტალი დღემდე გაურკვეველია. პრობლემატურია მათი ერესიარქის ანუ მამათმთავრის ვინაობა. ასეთად ისინი ასახელებენ ალ-მუკავკასს, რომელიც ერთდროულად ეგვიპტის საერო ხელისუფალიც იყო და სულიერი წინამძღვარიც; ჰყავდა ცოლი და მშვენიერი ასული - არმანუშა, ვისმა სილამაზემ და სიმამაცემ არაბთა ამირა მოაჟადოვა, ირწმუნა მისი სიყვარულის უძლეველი ძალა და, დატყვევებული ქალწული, უვნებელი გაისტუმრა მდიდარი ძღვნით. ამტკიცებენ: იდუმალებით მოცული პიროვნება - მუკავკასი - კიროს ფაზისელ-ალექსანდრიელია. ეს სახელი მისთვის ეგვიპტეში შეურქმევიათ და კავკასიასთან კავშირზე მიუნიშნებიათ. თუ ზ. ალექსიძის თეორია კირონ ქართლელისა და კიროს ფაზისელის იგივეობის შესახებ (იხ. ზემ.) დასაბუთდა, ცხადია, მუკავკასი იგივე კირიონ ქართლის კათალიკოსად ჩაითვლება და ჩვენც აღვადგენთ საქართველოს ჩინებული შვილის იდუმალ ბიოგრაფიას; თამამად ვიტყვით, რომ მისი სამოღვაწეო სარბიელი შორს გასცდა სამშობლოს ფარგლებს და სიცოცხლის დღენი რელიგიურად და პოლიტიკურად გაკოტრებულმა სხვა კონტინენტზე დალია 641 წლის 21 მარტს. საიდუმლოებითაა მოცული მისი აღსასრულის მიზეზი: ზოგი ამტკიცებს, უკურნებელი დიზენტერია შეეყარაო, ზოგი ამბობს, თავი მოიკლა - მოიშხამაო. სრული სიმართლე არავინ უწყის.
მორიგი წვალების აკვანი საქართველოს ცის ქვეშ დაირწა და აქვე დასამარდა.
ხატი ნიშნავს სახეს, სურათს, ნებისმიერ გამოსახულებას. ესაა თავდაპირველი მნიშვნელობა, რაც შემდეგ გაფართოვდა, შეიძინა რელიგიური აზრი და სპეციფიკური შინაარსი, იქცა კონკრეტული - საკრალური და საკულტო -საგნის სახელწოდებად. მისი ბერძნული შესატყვისია ,,ეიკონ“ ანუ ,,იკონ“, რუსული - ,,ობრაზ“. ხატის მისია ღვთისა და ყოველივე ღვთაებრივის წარმოჩენა, უფრო ზუსტად, განხატებაა. ამრიგად, ეკლესიის თვალთახედვით, ხატი არის საკრალური საგანი; იესო ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების ფერწერული გამოსახულება, შემოსილი მადლით, რადგან ფორმით ასაჩინოებს სარწმუნოებრივად სათაყვანებელ არსებას და მლოცველთა გრძნობას და გონებას ასახული რეალობისაკენ მიაქცევს. ასეთივე ფასი აქვს ცხოველმყოფელი ძელის ანუ გოლგოთის ჯვრის ნიშს, რასაც მორწმუნე ყოველდღე ხედავს, განიცდის თუ გამოისახავს. აგრეთვე - წმიდა ჭურჭლებს, საღვთო და სამღვდელო წიგნებს, წმიდა ნაწილებს და სხვა რელიქვიებს.
ხატწერას ანუ იკონოგრაფიას პირველ საუკუნეებშივე ჩაეყარა საფუძველი. არსებობს სათნო გადმოცემა, ეკლესიის მამების მიერ დამოწმებული, რომ უკურნებელი სენით შეპყრობილმა ედესის მეფემ - ავგაროზმა - ეპისტოლე აახლა მაცხოვარს და მიიწვია. ქრისტემ წადილი ვერ შეუსრულა. სამაგიეროდ უსტარი მიუწერა და სასწაულებრივ აღუბეჭდა თავისი სახე ტილოზე. ასე გამოისახა ,,ხელთუქმნელი“ ხატი, რომელიც ქ. ედესაში ინახებოდა. მისი ერთი პირი, ,,დედის თანაღირსი“, საკვირველად კეცზე ამოტვიფრული და შემდეგ ნაჭერზე გადასული, საქართველოში ანტონ მარტყოფელმა მოაბრძანა, - 13 სირიელ მამათაგანმა (VI ს.), ხოლო დედანი Xს-ში ,,ქალაქთა მზეს“ -კონსტანტინოპოლს ეძღვნა, სადაც დააწესეს ხსენების დღე - 16 აგვისტო. საქართველოს მეორე ხელთუქმნელი ხატიც ერგო - დედაღვთისა. ,,ქართლის ცხოვრების“ თანახმად, იგი ჩვენში ანდრია პირველწოდებულს მოუტანია; მისი შემწეობით სამცხეში მას მრავალი სასწაული აღუსრულებია, გაუცამტვერებია არტემისისა და აპოლოს კერპები, გაუცოცხლებია დიდებული ქვრივის - სამძივარის - ვაჟი და, ხალხის თხოვნით, იქვე დაუტოვებია. ანტონ მარტყოფელის ძღვენი ანჩის საყდარში ინახებოდა. თამარის დროს ბექა ოპიზარს იგი მოუჭედავს. იოანე ანჩელს კი ღირსად შეუქია (თუმცა ანდრია მოციქულის მოტანილად მიუჩნევია). XVI ს-ში თბილისში გადმოუსვენებიათ და იმ ტაძარში დაუსვენებიათ, შემდეგ ანჩისხატი რომ დარქმევია. ამჯერად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში. ,,ხელთუქმნელი ღვთისმშობლის“ ბედი გაურკვეველია...
პირველ ხატმწერად ლუკა მახარებელს ასახელებენ, რომელსაც მაცხოვრისა და მისი დედის ხატები დაუწერია. ხატებს დევნილების დროინდელი მწერლებიც ახენებენ: ტერტულიანე, მანუცია ფელიქსელი, კლიმენტი ალექსანდრიელი, მეთოდე ტირონელი, ორიგენე. ძველსავე დროში ხატების არსებობაზე მატერიალური ძეგლებიც მეტყველებენ - კატაკომბები, ე.ი. მაღაროები თუ გვირაბები, სადაც ხელისუფალთა ძალადობის გამო მორწმუნეები იკრიბებოდნენ. თუმცა ამ ეპოქის ხატწერა, სავარაუდებელია, მაშინდელი რეჟიმის მიზეზით, უმთავრესად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა. მაგალითად, ქრისტეს გამოსახავდნენ თევზად ან კისერზე ცხვარშესმულ მწყემსად და ა.შ. ეკლესიის ლეგალიზაციის შემდეგ ხატებისადმი თაყვანისცემა ფართოდ გავრცელდა. დაიწყეს ტაძრებისა და ოჯახების წმიდა სურათებით შემკობა, რასაც სტიქიური ხასიათი ჰქონდა. არ არსებობდა დოქტრინა ანუ დოგმატი ხატთაყვანის რაობის, წესებისა და საზღვრების შესახებ. მარტივი და გულუბრყვილო ხალხი ერთმანეთისაგან ვერ ასხვავებდა ხატსა და კერპს, ხატთაყვანისცემას და ხატმსახურებას, რასაც სავალალო შედეგები მოჰქონდა: მოციქულებრივი ტრადიცია ირყვნებოდა და ადგილი ეთმობოდა ხატის მონობას, ცრუმორწმუნეობას, ფანატიზმს, რელიგიურ მანიაკობას და პათოლოგიას. ერთი ლიტერატურული წყაროს თანახმად, ბევრი საერო და სასულიერო პირი არა მხოლოდ პატივს მიაგებდა და თაყვანს სცემდა ხატებს, არამედ დებდნენ ხატებზე ტილოს ნაჭრებს და ხატისაგან ქმნიდნენ ნათლიას თავიანთი შვილებისათვის წმიდა ნათლობის ჟამს; საბერო სქემის მოსურნე თმას ხშირად სამღვდელო პირს კი არ აძლევდა, არამედ აწყობდა ხატების წინ; სამღვდელო და საეროთაგან ზოგიერთი აფხეკდა ხატს საღებავს, აზავებდა ბარძიმში და აძლევდა მსურველს ზიარებასთან ერთად; სხვები ქრისტეს ხორცს (ევქარისტიულს) დებდნენ ხატებზე და იქიდან ასრულებდნენ წმ. საიდუმლოს; იყვნენ ისეთები, რომლებიც უგულვებელყოფდნენ ეკლესიას და კერძო ბინებში ხატებისაგან ქმნიდნენ საკურთხევლებს“.
მოსალოდნელმა რეაქციამ არ დააყოვნა: მუსლიმანები და ქრისტიანი ერეტიკოსები (ნესტორიანები, მონოფიზიტები) სიცილით კვდებოდნენ, აღნიშნულ მოვლენებს პოლითეიზმად, მეკერპეობად, ფეტიშიზმად, მაგიად აღიქვამდნენ. ხალიფები თავიანთ ტერიტორიებზე ჯვარ-ხატების გამოჩენას კრძალავდნენ. მართლმადიდებელთა მეორე ნაწილი - საღად მოაზროვნე ორთოდოქსები - საგონებელში ჩავარდნენ. მესამე ფრთა მეორე უკიდურესობაში გადაეშვა და ხატების უარყოფამდე მივიდა.
ამრიგად, ხატის მონათა არანორმალურ სიყვარულს ხატის მებრძოლთა არანორმალური სიძულვილი დაუპირისპირდა. დაიწყო გამოუცხადებელი ომი. იმპერატორი ლეონ III ისავრიელი (717-740) ხატმბრძოლთა მხარეს დადგა. აღსანიშნავია, რომ სამეფო კარი, ფინანსური ინტერესების გამო, ნებსით თუ უნებლიეთ, უფრო ხშირად ხატების ძარცვის ინიციატორის როლში გამოდიოდა. მართლაც: 726 წელს გამოქვეყნდა ედიქტი ანუ ბრძანება, რომ ჩამოეხსნათ, დაემტვრიათ ხატები და გადაეღებათ ფრესკები, თვალმარგალიტები კი სახელმწიფო ხაზინაში ჩაებარებინათ. ლეონის, შესანიშნავი სარდლისა და კანონმდებლის, ერთგული არმია განკარგულების აღსრულებას შეუდგა, - ხატების ფხრეწას, წიგნებიდან მინიატურების ხევას და იკონოგრაფიული სასწავლებლებისა თუ სახელოსნოების კეტვას, რაც ბერმონაზვნების, საშუალო ფენისა და ქალების მხრიდან გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა. ხელჩართული შეტაკებები არც თუ იშვიათად ხოცვა-ჟლეტაში იზრდებოდა. ბიზანტია ორად გაიყო. იფეთქა ორგანიზებულმა აჯანყებამ, რაც იმპერატორმა ჩაახშო, მაგრამ ვერ მოსპო. ხატთაყვანის დასაცავად დაირაზმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის რჩეული სამღვდელოება პაპების: გრიგოლ II, გრიგოლ III-ის და კონსტანტინოპოლის პატრიარქ გერმანეს წინამძღვრობით. მათ ახალი მოძრაობა შეაფასეს ერესად და მრევლს სიფხიზლისაკენ მოუწოდეს, რამაც ხელმწიფის რისხვა განაპირობა. პატრიარქი თანამდებობიდან გადააყენეს და ქალაქიდან გააძევეს. პასუხად პაპმა გრიგოლიმ მოიწვია კრება, აკურთხა ბრძოლა ხატების უარმყოფელთა წინააღმდეგ, დაგმო ,,ამა სოფლის ძლიერთა'' ეკლესიის საქმეებში ჩარევა და განკვეთა კონსტანტინოპოლის მწვალებელი პატრიარქი ანასტასი.
ლეონის ინტრიგების ქსელი იმპერიის გარე სივრცესაც გასწვდა. ამას წმ. იოანე დამასკელის ცხოვრება ცხადყოფს. იგი, მთელს აღმოსავლეთში სიბრძნითა და განათლებით განთქმული ქრისტიანი, მანსურის სახელით პრემიერმინისტრის მოვალეობას ასრულებდა დამასკოს ხალიფატში. როდესაც ხატმბრძოლობის წინააღმდეგ ეპისტოლეები დაწერა და ბიზანტიაში დააგზავნა, დედანთა კალიგრაფიის მიბაძვით ლეონის მოხელემ ყალბი დოკუმენტი შეაკოწიწა, თითქოს იოანე კეისარს დამასკოს დასალაშქრად აქეზებდა. ხალიფამ ირწმუნა სიცრუე და მართალი კაცი თანამდებობას ჩამოაშორა. სიმართლე გაირკვა, მაგრამ წმ. იოანემ საერო სამსახურზე ხელი აიღო, აღიკვეცა ბერად და, როგორც თავის ადგილზე აღვნიშნეთ, შექმნა ფუნდამენტური შრომები აღმოსავლური თუ დასავლური ღვთისმეტყველებისათვის. მეტადრე - ხატის შინაარსის, მნიშვნელობის, სარწმუნოებრივი მისიის დადგენისათვის, თაყვანისცემის დროს ზომიერების დაცვისათვის.
მამის კვალს გაჰყვა შვილი - კონსტანტინე V კოპრონიმი (741-755). მან გაანადგურა მოწინააღმდეგეთა პარტია და ბრძანა საეკლესიო კრების მოწვევა, რაც შედგა 754 წელს ქალკედონის მახლობლად, იერიის სასახლეში. ესწრებოდა 300-ზე მეტი ეპისკოპოსი, რომელთაც ხატების საწინააღმდეგოდ თეორიული საფუძვლების მოძებნა სურდათ. ბჭობისა და კამათის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე: ,,წმინდანთა გამოხატვა საღებავებისა და ფერების საშუალებით არის ფუჭი საქმე, ამაოება. მეტიც - ღვთის გმობა და ეშმაკობა“. ,,ამის საპირისპიროდ გვმართებს, საქმით ვბაძავდეთ წმიდანებს“, რათა მათი ,,სათნოებანი იქცნენ ცოცხალ ხატებად“, ხოლო ლოცვები და შუამდგომლობანი გამოვითხოვოთ საეკლესიო გადმოცემათა შესაბამისად. ამრიგად, ხატთაყვანი აიკრძალა კანონით, რაც არ ვრცელდებოდა ჯვრის ნიშზე, თუმცა ჯვრის გამოსახულება არსობრივად ხომ იგივე ხატია? ხატთაყვანისცემა ხომ იგივე წმინდანთა თაყვანისცემაა?
ხატმბრძოლებმა თავი გამარჯვებულად წარმოიდგინეს: ენერგიული ფრონტი გახსნეს და დაიწყეს მოწინააღმდეგე ბერების დევნა-აწიოკება. დაიღვარა მოწამეთა სისხლი, მათ შორის სტეფანე ახლისა. შერისხული მოსახლეობა იყრებოდა მამაპაპეული საკარმიდამოდან და გარბოდა იტალიასა თუ შავი ზღვის ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში. მათ სახლკარს კი მონოფიზიტი სომხები და სირიელები იკავებდნენ, რაც, ცხადია, დემოგრაფიულ სურათს ცვლიდა. ამას კი, პირველ რიგში, მმართველობის აპარატში ამჩნევდნენ და უკმაყოფილებასაც ვეღარ ფარავდნენ. როდესაც ხელისუფლება დედოფალ ირინეს ჩაბარდა (ვაჟის მცირეწლოვანების გამო), ხატთაყვანისმცემელთა პარტიამ ამოისუნთქა. შეწყდა დევნა ადმინისტრაციის მხრიდან. ხატების სიყვარულს უფრო არისტოკრატი ქალები ამჟღავნებდნენ. მათი თანადგომით 784 წელს სამეფო ქალაქის პატრიარქად აკურთხეს წმ. ტარასი, რომელმაც გაამყარა ანტიერეტიკული პოზიცია და, მასთან თათბირის შემდეგ, დედოფალმა მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა ბრძანა. კონსტანტინოპოლი 786 წლის აგვისტოში დელეგატებით გაივსო. დაინიშნა სხდომა, მაგრამ გამოჩნდა არმია - ხატების სიძულვილით და იმპერატორებისადმი ერთგულებით შედუღაბებული, რომელიც გადაეღობა ეპისკოპოსთა კრებულს და დაფანტა. დედოფალმა წინააღმდეგობა ვერ გაბედა, მაგრამ დიპლომატიით სარდალთა გული მოიგო, დიდი ნაწილი პროვინციებში გადააჯგუფა, ვეტერანები დაითხოვა, მიიზიდა ახალი კადრი და შეამზადა ნიადაგი საერთაშორისო ღონისძიების უსაფრთხოებისათვის.
VII მსოფლიო კრება შედგა 787 წელს ქ. ნიკეაში პაპი ადრიანეს წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ესწრებოდა 307 ეპისკოპოსი სახელმწიფოებრივ ჩინოსნებთან ერთად. სხდომების რიცხვი უდრიდა რვას. პირველი 24 სექტემბერს ჩატარდა. თავმჯდომარეობდა პატრიარქი ტარასი. პირველ რიგში უსამართლოდ განკვეთილი და შერისხული სასულიერო პირები აღადგინეს ხარისხში. გადავიდნენ უმთავრეს საკითხზე, სადაც ყველას მიეცა აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება. გაცხარდა კამათი, მაგრამ მსჯელობა კონსტრუქციულად წარიმართა. იმოწმებდნენ საღმრთო წერილის გამონათქვამებს და ეკლესიის პირველმამათა თვალსაზრისებს. ძველი აღთქმის სპილენძის გველი, სიწმიდის კარვის მორთულობა, კუროებისა და ლომების, ქერუბიმებისა და სერაფიმების გამოსახვა სახეობრივად მოასწავებს ეკლესიურ ხატთაყვანისცემას ანუ წმიდა პირებისა და მოვლენების ფერწერულ გამოსახვას, რის წინაშეც გვმართებს კრძალულება. ორ უკიდურესობაში რომ არ გადაეშვან, კრებამ მორწმუნეებს, ბასილი დიდისა და იოანე დამასკელის შეხედულებათა კვალად, შემდეგი დებულება განუჩინა: ხატებს უნდა თაყვანი ვცეთ და არა მხოლოდ ამბორს ვუყოფდეთ. თაყვანისცემა სხვაა და მსახურება სხვა. ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს. ხატებს კი, წარმოჩენილი სიწმიდის გამო, თაყვანს ვცემთ და ვეამბორებით, მაგრამ, ვიმეორებთ, - არა როგორც ღმერთს, არამედ -პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშის მსგავსად. თანაც, პატივს მივაგებთ არა მატერიალურ მხარეს, ანდა საგნობრიობას, არამედ - პირველსახეს. ბასილი დიდის თქმითაც, ,,ხატი არის სახით ჩენილი პატიოსნება, რომელიც პირველსახეს ცხადყოფს“ ანუ ,,ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“. ასე რომ, ხატების თაყვანისცემა განუყოფელია წმიდანების და, ზოგადად, სიწმიდეთა თაყვანისცემისაგან, ე.ი. პირველსახისაგან (არქეტიპისაგან): ვინც თაყვანს სცემს ხატს, თაყვანს სცემს პირველსახეს. შეუძლებელია ხატთაყვანის გამიჟნვა მისდამი თაყვანისცემისაგან, ვინც ან რაც მასზეა გამოსახული, - ისინი ჰგიენ ერთობით ანუ ამგვარად: პატივი, რასაც მიაგებენ მეფის დესპანს, მოუკლებელია დიდებისაგან, თავად ხელმწიფეს რომ აღუვლენენ.
ამრიგად, კრებამ დაგმო ისინი, რომლებიც მიაგებენ ხატებს ღვთის დარ პატივს და ისინიც, მართლმადიდებლურ ხატთაყვანს კერპმსახურებას რომ უწოდებენ.
გააუქმეს 754 წლის კრების დადგენილებები; საუკუნო წყევა და შეჩვენება შეუთვალეს ხატმებრძოლთა ერესიარქებს; გაათანაბრეს ისინი მეფე ნაბუქოდონოსორთან, რომელმაც იავარყო რჯულის კიდობანი, აგრეთვე -სამარიელებთან და იუდეველებთან. დადგენილება გრაგნილზე გადაიტანეს, რაც, ეპისკოპოსებთან ერთად, დაადასტურა დედოფალმა ირინემ და უფლისწულმა კონსტანტინემ. ეპისტოლეები გაავრცელეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყველა ეპარქიაში.
პრობლემა პრაქტიკულად მაინც გადაუჭრელი დარჩა.
IX ს-ის დასაწყისში ვითარება კვლავ დაიძაბა. 813 წელს ბიზანტიაში მოხდა პუტჩი: ჯარმა დაამხო მართლმადიდებელი იმპერატორი მიხეილ I და მის ადგილზე აღაზევა ენერგიული და პოპულარული მხედართმთავარი ლეონ V სომეხი (813-820), - პირწავარდნილი ერეტიკოსი, რომელმაც განაახლა ხატების მუსრვა. 815 წელს მოიწვია კრება; გააუქმა მე-7 მსოფლიო კრების გადაწყვეტილება და აღადგინა 754 წლის განჩინება. ეკვეთა ოპონენტებს და გადააყენა პატრიარქი ნიკიფორე, დააპატიმრა წმ. თეოდორე სტუდიელი (+826), - ცნობილი ჰიმნოგრაფი და ღვთისმეტყველი, ბევრი სასულიერო პირი და ინტელიგენტი. ვითარება რამდენადმე განიმუხტა იმპერატორ მიხეილ II - ის (ენაბრგუს, ამორიელის) დროს. მან გამოაცხადა ამნისტია და გამოაქვეყნა განკარგულება - ,,არავის მოუბრუნდეს ენა არც ხატების უარსაყოფად, არც დასაცავად. დაე, დუმილმა იმეფოს!''
დუმილმა დიდხანს ვერ გასტანა. მიხეილ II-ის მემკვიდრემ, თეოფილემ (829-842), ისევ განაახლა დევნა, მაგრამ არა ძველი მასშტაბით. ხატებისადმი პატივისცემას უკვე ღრმად გაედგა ფესვები. სიმპათიას ვერ ფარავდა დედოფალიც თეოდორა, რომელსაც ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ვაჟის-მიხეილ III-ის სიჭაბუკის გამო, ქვეყნის მართვა-განმგებლობა ჩაბარდა. მას მხარში სენატორთა და სეფეკაცთა დიდი რაზმი ამოუდგა. გადააყენეს ხატმებრძოლი პატრიარქი იოანე VII და დანიშნეს მეთოდი - თეოფილეს მიერ დევნილი მართლმადიდებელი.
842 წლის 19 თებერვალს მეთოდი კონსტანტინოპოლელის (+846) წინამძღვრობით აიასოფიაში კრება გაიმართა, რომელმაც აღიარა VII მსოფლიო საეკლესიო კრების ავტორიტეტი, მისი დებულებების უცვლელობა და პირველად შეასრულა ,,მართლმადიდებლობის დამცველთა საუკუნო ხსოვნის წესი“ ანუ, ქართულად, ,,ძეგლისწერა სარწმუნოებისა, რომელი აღწერეს წმიდათა მამათა კონსტანტინოპოლს შეკრებილთა წმიდათა ხატთა თაყვანისცემისათვის, რომელ ესე წარიკითხვის სოფიაწმიდას პირველსა კვირიაკესა წმიდათა მარხვათასა“. იმ დღიდან, განაწესისამებრ, აღნიშნული ტექსტი, რომელსაც შეიძლება ლოცვითი ქადაგება ვუწოდოთ, ყოველ ეკლესიაში იკითხება და, შესაბამისად, დიდმარხვის პირველი დღე სახელდებულია მართლმადიდებლობის ზეიმად.
გავიხსენებთ კიდევ ერთ ფაქტს: იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა (XI), რადგან ომისათვის სახსრები სჭირდებოდა, სხვადასხვა ეკლესიიდან შეაგროვა ხატების ოქროსა და ვერცხლის პერანგები; აქცია კაპიტალად და შეიძინა იარაღი. ქალკედონის მიტროპოლიტმა ლეონმა თქვა, რომ ეს ხატმბრძოლობაა. ატყდა დავა. 1085 წელს კონსტანტინოპოლში მოიწვიეს კრება. ესწრებოდნენ: ორი პატრიარქი, 24 ეპისკოპოსი, 12 დიაკონი, 15 იღუმენი და მრავალი საერო პირი, სენატის 46 წარმომადგენელი. იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნა: ხატების თაყვანისცემა გულისხმობს არა ნივთიერებას, არამედ სახეებს, რომლებიც მათზე აღიბეჭდებიან. ამიტომ მეფის საქციელი ხატმბრძოლობად ვერ ჩაითვლებაო...
რას ამბობდნენ საქართველოში?
- ადიდებდნენ წმიდა ხატებს და სანაწილეებს. აქ მშვიდობიან ნავთსაყუდელს პოულობდნენ ბიზანტიის იმპერატორებისა და ერეტიკოსი მღვდელმთავრებისაგან ვნებულნი. ქართლისაკენ ეშურებოდნენ ჭეშმარიტი ხელდასხმის მაძიებელნი, მართალი სარწმუნოების აღმსარებელნი. ისტორიამ კონკრეტული ფაქტიც შემოინახა, - წმ. იოანე გუთელის ანუ ხერსონელის ცხოვრება. გავიხსენოთ ქართველი მამის - წმ. გიორგი მთაწმიდლის -სიტყვები: ,,იყო ჟამი, რომელ ყოველსა საბერძნეთსა შინა მართლმადიდებლობა არა იპოვებოდა და იოანე გუთელ ეპისკოპოსი მცხეთას იკურთხა ეპისკოპოსად, ვითარცა სწერია დიდსა სვინაქსარსა“.
სიწმიდეთა შორის ბრწყინავს ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
მისი საღმრთო თავგადასავალი ასეთია: როდესაც ქრისტეს ეკლესიას ამქვეყნად სენმა დარია ხელი და მადლშემოსილ საგნებს ეკვეთენ, ნიკეაში ცხოვრობდა ვინმე ქვრივი ქალი. მას კეისრის ჯარისკაცი სწვევია. კედელზე დედაღვთისა შეუნიშნავს. აღბორგებულა. მახვილი უძგერია და საკვირველების მოწმეც გამხდარა, - ღვთისმშობლის სახეზე სისხლს გამოუჟონავს. ბოროტეული დამფრთხალა და გაქცეულა. ღვთისმოსავს კი, მწვალებელთა თავდასხმის შიშით, ხატი ზღვისთვის მიუცია.
„ათონის მთის აქტებში“ სასურველ ამბავს ვეცნობით: 999 წლის 27 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, აქაურმა მამებმა იხილეს და განიცადეს სასწაული, - ზღვაზე ღვთისმშობლის ხატმა მოსცურა. გამოსვენება უნდოდათ, მაგრამ არცერთის ხელი არ მიიკარა. შეწუხდნენ. გააათკეცეს ლოცვა-ვედრება და ემცნოთ თვალშეუდგამი ნება: სიწმიდის ღირსი მხოლოდ და მხოლოდ ივერიელი გაბრიელიაო... ბერმა ფეხით განვლო მოლივლივე ტალღები და გამოაბრძანა ჭეშმარიტი ქალწულის სახე, რასაც ივირონის კარიბჭის თაღზე განუსვენეს. ამიტომ ეწოდა კარის ღვთისმშობელი ანუ, ბერძნულად, პორტაიტისა.
ეს ისტორია აკაკი წერეთელმა გაასხივოსნა.
მართლმადიდებლობის ზეიმით ერესებისა და მათი მამხილებელი კრებების ეპოქა ფაქტობრივად დასრულდა. დოგმატური ღვთისმეტყველების თითქმის ყველა ძირითად საკითხს პასუხები გაეცა, რის გამოც თეორიის სფეროში ცხარე დებატები და შეხლა-შემოხლა მოსალოდნელი აღარ უნდა ყოფილიყო. IX ს-ის შუა წლებში ვნებები თითქოს დაცხრა, მაგრამ რომი და ბიზანტია ამიერიდან სქიზმატურმა მოძრაობამ, უფრო ზუსტად, ეკლესიების იერარქთა დაპირისპირებამ მოიცვა, რაც ეკლესიათა გათიშვით და პენტარქიის გაუქმებით დამთავრდა.
დიდი სქიზმის კონკრეტული თარიღი 1054 წლის 16-20 ივლისია, მაგრამ ეს დღე საუკუნეთა განმავლობაში მზადდებოდა.
სქიზმათა ზოგადი მიზეზი, წმ. ბასილი დიდის თანახმად, ქრისტეს ეკლესიის მსახურთა გულებში ძმური სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გრძნობის ნაკლებობაა. ასეთი ლიდერები, როგორც წესი, გადამეტებულ პრინციპულობას, ე.ი. ახირებას, კაპრიზობას იჩენენ, ამჟღავნებენ ეგოიზმს, მხოლოდ საკუთარი, ანდა თავიანთი პარტიების ინტერესებს ითვალისწინებენ და სხვათა ინტერესებს და თვალსაზრისებს ხელაღებით უარყოფენ; მასწავლებლობის ჟინი აქვთ, მაგრამ მოწაფის როლში გამოსვლას ვერ იტანენ; სხვებისგან ყურადღებას მოითხოვენ, თვითონ კი სხვებს ყურს არ უგდებენ და მოსმენის კულტურასაც ვერ ავლენენ. კონკრეტული მიზეზები, რაც საეკლესიო განხეთქილებას წარმოშობს, ორგვარია: დოგმატური და ორგანიზაციულ - მმართველობითი. ასე რომ, სქიზმა შეიძლება დოგმატურიც იყოს და არადოგმატურიც, ანდა - ერთიც და მეორეც ანუ დოგმატურიც და ორგანიზაციულიც. წინა საუკუნეებში მომხდარ სქიზმათა დიდი ნაწილი, როგორც ვნახეთ, უფრო დოგმატურ ხასიათს ატარებდა, - რომი აღმოსავლეთის ამა თუ იმ ეკლესიას ერესში ადანაშაულებდა. დიდი სქიზმა გაცილებით რთული მოვლენაა. თუ ადრე ,,დოგმატური ბრალმდებლის'' როლში თითქმის ყოველთვის რომი გამოდიოდა, IX ს-ის მეორე ნახევრიდან საბრალდებო სკამზე იგი თავად აღმოჩნდა. საწყის ეტაპზე ბრალდებები კონსტანტინოპოლის მხრიდან იყო როგორც კანონიკურ-წესჩვეულებითი (უმთავრესად), ისე საღვთისმეტყველო-დოგმატური (აქა-იქ), რომის მხრიდან კი - კანონიკური და იერარქიული. ეკლესიათა გაყოფის ფაქტი დღესაც სხვადასხვანაირადაა კვალიფიცირებული. კათოლიკები მას „ბერძენთა სქიზმას“ უწოდებენ, მართლმადიდებლები, უფრო ხშირად, „ლათინთა ერესს“, თუმცა შეფასების თვალსაზრისით ერთსულოვნებას არც დასავლეთში აქვს ადგილი და არც აღმოსავლეთში. მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა ნაწილი, მაგალითად, მოსკოვის წმ. მიტროპოლიტი ფილარეტი (+1867), რომის ეკლესიას, ე.ი. რომაულ კათოლიკობას ანუ რომის კათოლიკეთა ეკლესიას კვლავ ერთიანი ეკლესიის შემადგენელ ნაწილად თვლის (ცხადია, სქიზმაში მყოფად) და ამ ეკლესიის მონაწილეობის გარეშე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევას შეუძლებლად მიიჩნევს.
დიდი სქიზმის შესახებ მდიდარი ლიტერატურა არსებობს. წინამდებარე მიმოხილვა, ძირითადად, შემდეგ გამოკვლევებს ეფუძნება: მ. გელცერი, ბიზანტიის ისტორიის პოლიტიკური საკითხები, რომელიც დაბეჭდილია ვ. ბენეშევიჩის წინასიტყვითა და რედაქციით კრებულში ,,ბიზანტიის ისტორიის საკითხები“: პეტერბურგი, 1912 (რუს.ენაზე); ა.პ. ლებედევი, ეკლესიათა გაყოფის ისტორია IX, X და XI საუკუნეებში: პეტერბურგი, 1905 (რუს.ენაზე); მ.ე. პოსნოვი, ქრისტიანული ეკლესიის ისტორია: მოსკოვი, 1988 (რუს.ენაზე); კ. კეკელიძე, თარგმანება ეკლესიასტისა მიტროფანე სმირნელი ეპისკოპოსის მიერ (= მისივე, ეტიუდები, XI, თბ. 1972, გვ. 197-207).
განხეთქილების ბალავერი დედაქალაქად დაბა ბიზანტიონის ანუ, მერმინდელი სახელით, კონსტანტინოპოლის გამოცხადების (330წ.) და იმპერიის გაყოფისთანავე (395 წ.) გაიჭრა, მაგრამ IX ს-მდე ეს ბალავერი ნაკლებად იგრძნობოდა. პაპები და იმპერატორები ერთმანეთს ანგარიშს უწევდნენ, რადგან თანადგომა ორივესთვის ხელსაყრელი იყო პოლიტიკური მოტივით. ბიზანტიის სამეფო და საპატრიარქო კარზე ერესების აღმოცენების ჟამს ვითარება მწვავდებოდა და, წმ. მარტინე პაპის მაგალითი რომ გავიხსენოთ, ზოგჯერ ტრაგედიითაც მთავრდებოდა. VII-VIII სს-ში აღმოსავლეთის ეკლესიები მორიგმა წვალებამ მოიცვა და, რადგან ყველა ცდა ხატებზე მართებული წარმოდგენის აღდგენისა იმხანად ამაო აღმოჩნდა, პაპებმა კურსი საფრანგეთისაკენ აიღეს. 800 წელს პაპმა ლეონ III-მ რომის იმპერიის მემკვიდრედ აკურთხა კარლოს დიდი, რაც ბიზანტიელი ბასილევსების იგნორირებას უდრიდა.
რომისა და კონსტანტინოპოლის კათედრებს შორის ატყდა დავა გავლენის სფეროთა განაწილების თაობაზე. კერძოდ, - ბულგარეთსა და მიმდებარე რეგიონებზე. ეს მხარე ქრისტეს რჯულზე კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის ღვაწლით მოიქცა 865 წელს. მიუხედავად ამისა, მას რომი თავისკენ ეზიდებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ მას მეტი სამოძღვრო გამოცდილება ჰქონდა და უცდომელი სარწმუნოებაც ეპყრა. პრობლემები გაჩნდა სამხრეთ იტალიაში, სადაც VII-VIII სს-ში თავი შეაფარეს ხატთაყვანისმცემლებმა და შეიქმნა ბერძნული კოლონიები. კონსტანტინოპოლი მათ საკუთარ სამწყსოდ მიიჩნევდა, რასაც პაპი უკანონობად ნათლავდა. რომი ბიზანტიონის მთავარეპისკოპოსს ადანაშაულებდა ,,მსოფლიო პატრიარქის“ ტიტულის უზურპაციაში; უხუცესი და ჭეშმარიტად მოციქულებრივი კათედრების - ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის - დამორჩილებაში; უწოდებდა ,,უგვარტომოს“, რადგან თვლიდა, რომ მისი აღზევება იმპერატორის ტახტმა განაპირობა და არა აპოსტოლურმა მემკვიდრეობამ.
პირველი სერიოზული კონფლიქტი IXს-ის II ნახევარში მოხდა. ეს ხანა ბიზანტიის საერო და სასულიერო ტახტებზე ინტრიგათა ქსელით აღინიშნა. 846 წელს მსოფლიო პატრიარქად აღასაყდრეს სარწმუნოებით და ზნეობით გაბრწყინებული ბერი - ეგნატე, მეფის შთამომავალი. მან ამხილა სეფეკაცების უმსგავსი საქციელი და ისინი ნათლისღების ლიტურგიაზე არ აზიარა, რაც ძვირად დაუჯდა. ჩამოყალიბდა ოპოზიციური პარტია, რომელმაც, ნორჩი იმპერატორის მიმხრობის შემდეგ, 858 წელს თანამდებობიდან გადააყენა ეგნატე და აღასაყდრა ერისკაცი, სახელმწიფო მდივანი - ფოტიოსი (ფოტი), განთქმული ნიჭით და განათლებით, ცნობილი მწერალი და იურისტი (რჯულისკანონის რედაქტორი და კომენტატორი). მან, ერისკაცმა, იერარქიული კიბის ყველა საფეხური ოთხი დღის განმავლობაში (20-24 დეკემბერი) გაიარა. მორწმუნეთა უმრავლესობა ამ ფაქტს უარყოფითად შეეგება, რადგან დიდი სასოება ჰქონდათ ეგნატეს მიმართ. მოიწვიეს კრება, სადაც ფოტიოსმა ,,ამა სოფლის ძლიერთა“ თანადგომის შედეგად გაიმარჯვა.
IX ს-ის 60-70-იან წლებში ბიზანტია ორი პარტიის, ე.წ. ეგნატიელთა და ფოტიელთა ანუ რომის პრიმატის მაღიარებელთა და უარმყოფელთა, მკაცრი და შეუბრალებელი ბრძოლის ასპარეზად იქცა. წმ. ეგნატე, ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი (გამოსაჭურისებული), მონასტერში გაზრდილი და ასკეტური იდეალებით გამსჭვალული პიროვნება გახლდათ. მისთვის უცხო იყო ე.წ. იკონომია ანუ გარკვეული დათმობები, თვალის დახუჭვა და წაყრუება სარწმუნოებისა და ზნეობის ხაზით, რაც ,,ამა სოფლის ძლიერთა“ წინაშე ძვირად უჯდებოდა. სამაგიეროდ დიდი გავლენა ჰქონდა ბერმონაზვნებზე და სამონასტრო იდეალებით ანთებულ ერისკაცებზე. გარედან მას პაპის ავტორიტეტი უმაგრებდა ზურგს, შიგნით კი -სოციალურად უბრალო ხალხი, რომელთა რიცხვი ყოველთვის და ყველა ქვეყანაში ძალზე დიდია. რაც შეეხება წმ. ფოტიოსს (ფოტის), მის მხარეზე ძირითადად თეთრი სამღვდელოება, არისტოკრატია და ინტელიგენცია იდგა. იკონომიაზე იგი ადვილად თანხმდებოდა, რითაც ,,ამა სოფლის ძლიერთა“ გულებს იგებდა. იმდენად იტაცებდა ელინური ფილოსოფია და პოეზია, რომ მოწინააღმდეგეები ქირქილებდნენ: წირვის დროს ფოტიოსი ლოცვების მაგიერ მგოსანთა თხზულებებს ბუტბუტებსო. ეს ცხადია, ცილისწამება იყო, მაგრამ შესაძლებელია, ეკლესიოლოგიის სფეროში რომისაგან განცალკევებისაკენ მას სწორედ ბერძნულ - ნაციონალური კულტურით ესოდენ გატაცებამ უბიძგა. ეროვნული და ეკლესიური დამოუკიდებლობის იდეას მეტი გასავალი, როგორც წესი, ერისკაცთა წრეში აქვს; ბერმონაზვნობა, კათოლიკე ცნობიერებით გამსჭვალული, მას, როგორც წესი, ძნელად ეგუება. ამ შემთხვევაშიც რომისადმი სასოებას, ეგნატესთან ერთად, უფრო ბერმონაზვნობა იჩენდა.
ომი პაპის მორჩილთა და მოწინააღმდეგეთა შორის იმხანად (IXს-ში) პრორომაელთა გამარჯვებით ანუ რომის საყდრის პრიმატის უარმყოფელთაგან პოზიციების დათმობით დამთავრდა.
მოვლენები ასე განვითარდა:
ეგნატემ საკასაციო საჩივრით მიმართა პაპს, რომელიც საქმის დეტალების შესწავლას შეუდგა და ბიზანტიონში ლეგატები გაგზავნა. ისინი ზეიმით მიიღეს. მასპინძლები იმპერატორი და პატრიარქი იყვნენ. მიუჩინეს მხლებლები, რომლებიც ეგნატეს მომხრეებს ახლოს არ აკარებდნენ. სტუმრები მოიხიბლენ ახალგაზრდა პატრიარქის გონიერებით და აღიარეს იგი თანამდებობის შესაფერისად.
861 წელს ადგილობრივი საეკლესიო კრება შედგა, სადაც წმ. ტახტის დესპანები ქედმაღლობდნენ და ხაზს უსვამდნენ რომის საყდრის აღმატებულებას, რაც ფოტიოსმა, პაპის კეთილგანწყობილების მოსურნემ და მოიმედემ, იმხანად დაითმინა. შედეგმაც არ დააყოვნა: ლეგატებმა პატრიარქს დაუჭირეს მხარი და გაკიცხეს ეგნატე. თქვეს, რომ იგი გაიზარდა მონასტერში და მისი ასპარეზიც მონასტერია. კრებამ შეიმუშავა კანონი, - ,,თუ ეპისკოპოსი მოინდომებს ბერობას, უნდა დაუტევოს ეპისკოპოსობა“, რაც ნიშნავდა, - ბერი ბერად უნდა დარჩეს.
სტუმრებმა მისია ამოწურულად ჩათვალეს, გაბრუნდნენ უკან და წაიღეს პატრიარქის წერილი პაპისადმი. ფოტიოსი აღნიშნავდა, რომ, მართალია, არსებობს წეს - ჩვეულებითი სხვაობანი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ეს არ ეხება დოგმატს და, ამდენად, განხეთქილების საფუძველი არ არსებობსო.
პაპმა ნიკოლოზ I-მა საგანგებო სხდომა მოიწვია იმპერატორის ელჩების თანდასწრებით. ერთ ხელში ფოტიოსის წერილი ეჭირა, მეორეში - ეგნატესი. უარყოფითად შეაფასა ლეგატების საქმიანობა. დაგმო ფოტიოსი, მისი მფარველი იმპერატორი, მათი თანამოსაგრენი და აღიარა ეგნატეს პრეტენზიების საფუძვლიანობა. გააუქმა 861 წლის კრების განჩინება და ეპისტოლენი დაგზავნა აღმოსავლეთის ეკლესიებში.
პატრიარქმა და იმპერატორმა რომს ურჩობით უპასუხეს. დაგმეს მისი ადმინისტრაციული, კულტმსახურებითი და დოგმატური პოზიციები. კერძოდ, ახლადმოქცეულ ბულგარეთზე იურისდიქციის თვითნებურად გავრცელება. ფოტიოსმა შეადგინა საყოველთაო ეპისტოლე, დაუგზავნა იგი აღმოსავლეთის მამათმთავრებს და წარმოადგინა ბრალდებათა ვრცელი ნუსხა. მისი თქმით, ლათინებმა, ვით ველურმა ტახებმა, ბულგარეთში გადათელეს ჯეჯილი, რაც კონსტანტინეს ქალაქმა დათესა და რაც უხვი მოსავლის იმედს იძლეოდა. აცდუნეს, ფერადფერადი დაპირებებით მოთაფლეს და მოხიბლეს ახალნერგი ერი, მათი მთავარი - ბორისი, თავკაცობა და ავრცელებენ სწავლა-განგებას, რაც უცხოა კათოლიკე ეკლესიისათვის. ესენია: შაბათის მარხვა, მარხვა რძით და ყველით, სამღვდელოთა უქორწინებლობის მოთხოვნა ანუ ცელიბატობის დაკანონება, მრწამსის დამატება წმ. სულის ძისაგანაც გამოსვლის შესახებ - ფილიოკვე, წვერის პარსვა, დიაკონთა ეპისკოპოსად კურთხევა და ა.შ. თუ წინა წერილში მსგავსი სიახლეები გამოცხადებულია შესაწყნარებლად, აქ - ლამის ერესად. ამასთანავე, ავტორს ავიწყდება, რომ თავად არამც თუ დიაკვნობიდან, არამედ ერისკაცობიდან აღაზევეს მღვდელმთავრის რანგში.
867 წელს კეისრის ტახტი ბასილი I-მა - მაკედონელმა - მიიტაცა. მან ფოტიოსი მეორე დღესვე განაშორა თანამდებობას და, მორწმუნეთა გულის მოგების მიზნით, კათედრაზე ეგნატე აღადგინა. განახლდა მიმოწერა პაპთან, ნიკოლოზ I-ის მემკვიდრესთან- ადრიანესთან. 869 წელს კონსტანტინოპოლის კრება შედგა, სადაც პაპის ლეგატებმა წაიკითხეს ბულა, რითაც ხაზი გაუსვეს 7 საეკლესიო კრების შეუვალ ავტორიტეტს, ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსის უცვალებლობას და შეაჩვენეს ყველა ერესი და ერეტიკოსი. მათ შორის - ფოტიოსიანელები. განაჩინეს ანათემა ნებისმიერ ერისკაცზე, ვინც თვითნებურად დაადგენს მღვდელმთავარს.
არც ფოტიოსს დაეკრიფა გულხელი. მან გააოცა მეფე სიბრძნით და გამოცდილებით. დაუმეგობრდა მას და შვილების აღზრდის მისია იკისრა. ხოლო 877 წელს, პატრიარქ ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ, კვლავ დაიბრუნა მიტრა. მან ალღო და უნარი გამოიჩინა, მოახერხა პაპი ადრიანეს მოადგილის - იოანე VIII-ის - გულის მოგება და ლეგატების მოწვევა კრებაზე, რომელიც შედგა 879 წელს. უნდა განეხილათ უთანხმოების მოგვარების პერსპექტივები. ლეგატებმა ბერძნული არ იცოდნენ. ამბობენ, რომ მათ ვერ შენიშნეს საბოლოო დოკუმენტის ის ადგილი, სადაც პატრიარქი ფოტიოსი ,,მსოფლიო პატრიარქადაა“ მოხსენიებული. როდესაც ყველაფერი გაირკვა, პაპმა ლეგატები დასაჯა, პატრიარქს კი ანათემა გამოუცხადა.
ფოტიოსი გამარჯვებას ზეიმობდა, მაგრამ ბორბალი უკუღმა დატრიალდა. 886 წელს გარდაიცავალა იმპერატორი ბასილი I და ტახტზე მისი ვაჟი ავიდა, - ლეონ IV. მან, ყველასათვის მოულოდნელად და 769 წლის კრების კანონის საპირისპიროდ (იხ. ზემ.), თანამდებობიდან გადააყენა სახელგანთქმული იერარქი და მისივე მასწავლებელი ფოტიოსი. ხოლო აღამაღლა თავისი ძმა - სტეფანე. მოტივი ბუნდოვანია. უნდა ვიფიქროთ, რომ კეისარს პაპის შერიგება და დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ეწადა. მიზანს მიაღწია, მაგრამ დროებით.
მიზეზები დაგუბდა და იფეთქა XIს-ის შუა წლებში, პაპ ლეონ IX-ის, პატრიარქ მიქაელ კერულარიოსის და მეფე კონსტანტინე IX-ის, მონომაქის, დროს. განახლდა დავა სამხრეთ იტალიის მიწებზე. პაპის ბრძანებით იქიდან გამოაძევეს ბერძნები, რომლებიც უარს ამბობდნენ რელიგიური ცხოვრების ლათინურ წესზე და თავს კონსტანტინოპოლის მრევლად თვლიდნენ. პასუხად პატრიარქმა 1053 წელს ბიზანტიონში დახურა ლათინური ტიბიკონის ეკლესიები და ერესად მონათლა უფუარი პურით ზიარების მათებური წესი. ამბობენ, რომ მან სანაწილედან გამოყარა მაცხოვრის ხორცად გადაარსებული ხმიადი და იატაკზე დაანარცხა. ეკლესიათა საჭეთმპყრობელებმა ურთიერთმაბრალებელი წერილების გამოქვეყნება დაიწყეს. კერულარიოსმა დაავალა ეპ. ლეონ ორქიდელს და, შემდეგ, სტუდიელთა მონასტრის ბერს - ნიკიტა სტითატს - მამხილებელი ტრაქტატების შედგენა. დავალება შესრულდა, მაგრამ ეს დოკუმენტები, ფოტიოსის ანალოგიურ დოკუმენტთან შედარებით, ღარიბად გამოიყურებოდა. პაპისტები, ძირითადად, სამი სიახლის ანუ ცდომილების გამო იგმობოდნენ: უფუარი პური, შაბათის მარხვა და ცელიბატობა.
პაპმა, თავადაც მძიმე დღეში მყოფმა ჩრდილოეთიდან არიანელი ნორმანების ლაშქრობათა გამო, ვითარების გასანეიტრალებლად კონსტანტინოპოლში სამი ლეგატი გაგზავნა კარდინალ ჰუმბერტის მეთაურობით. ისინი მეფისა და პატრიარქის წინაშე 1054 წლის ივნისში გამოცხადდნენ. ხელმწიფე ღირსეულად შეეგება მათ, პატრიარქი - ცივად, რადგან იცოდა, რომ ლეგატები მის ,,გამოსასწორებლად“ ჩამოვიდნენ. მოლოდინი გამართლდა. კარდინალი მბრძანებლური ტონით ელაპარაკებოდა პატრიარქს და გასამართლებითაც ემუქრებოდა; თავი საკუთარ ეპარქიაში ეგონა. მან მოაწყო აღნიშნული ტრაქტატების განხილვა იმპერატორის თანდასწრებით. პუნქტობრივად გააკრიტიკა ისინი და საზეიმოდ დაწვა სტუდიელთა მონასტრის გალავანში, სადაც ერთ-ერთი მათგანი დაიწერა; შეადგინა უმკაცრესი პასუხები, რამაც შერიგების პროცესს ხელი შეუშალა. პატრიარქმა ქედმაღლობას უარესი ქედმაღლობა შეაგება: ოფიციალურ შეკრებაზე წმ. ტახტის მოციქულებს ბერძნების უკან მიუჩინა ადგილი, რაც, ფაქტიურად, რომის პრიმატის უარყოფას ნიშნავდა. დამცირებულმა და შეურაცხყოფილმა ლეგატებმა დატოვეს დარბაზი და გეზი სამეფო პალატისაკენ აიღეს. ხელმწიფე შეწუხდა და დაიწყო გამოსავლის ძებნა. ამ დროს მოვიდა დეპეშა პაპი ლეონის გარდაცვალების შესახებ.
16 ივლისს, დილით, პაპის სულის მოსახსენიებელ წირვაზე წმიდა სოფიის ტაძარს აურაცხელმა მლოცველმა მიაკითხა. გამოჩნდნენ ლეგატებიც. ისინი აიჭრენ ამბიონზე და მიმართეს ერს, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა პატრიარქ კერულარიოსის ამპარტავნებისა და უკანონო საქციელის გამო; მის სინდისზეა პასუხისმგებლობ ისტორიის წინაშე. ეამბორნენ წმ. ტრაპეზს; დადეს ბულა; თქვეს: ,,ღმერთი ხედავს და სიმართლით სჯის!“ და ტაძრიდან გავიდნენ. ხალხი დაიბნა და გაოგნდა. იპოდიაკვნებმა ბულა პატრიარქს მიართვეს. მან პირველად წაკითხვაც არ ისურვა. შემდეგ, რომ ტექსტი მოსახლეობაში უკომენტაროდ არ გავრცელებულიყო, ათარგმნინა ბერძნულად და იხილა წყევლა-კრულვა იმ ერეტიკული მიდრეკილებების გამო, რაშიც პაპი, დესპანთა ბაგით, მას ადანაშაულებდა. კერულარიოსს ბრალდებოდა: წეს -ჩვეულებების გაფეტიშება, უვიცობა, დოგმატისა და კულტის განურ - ჩევლობა და, რაც მთავარია, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებათა აბუჩად აგდება, - რომის საყდრის უპატივცემულობა. პატრიარქთან ერთად ირისხებოდა ყველა, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა წმ. ტახტის აღმატებულ მადლს.
ფიქრობენ, ექსტრემისტული აქტით რომაელებს ხალხის აჯანყება უნდოდათ. მოტყუვდნენ: ხალხი აჯანყდა, მაგრამ სტუმრების წინააღმდეგ, რომლებიც ძლივს გადაურჩნენ რისხვას და მეფის ბადრაგის დახმარებით გაიპარნენ.
დრამატული ამბიდან ოთხი დღის შემდეგ, 20 ივლისს, შედგა ადგილობრივი კრება 12 მიტროპოლიტის, რამდენიმე ეპისკოპოსისა და სამღვდელო დასის შემადგენლობით. ეს იყო ტრიბუნალი, რომელმაც ანათემა შეუთვალა პაპს და მის თანამეინახეთ. ბულა კი დაწვა.
ამრიგად, რომის პაპმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს. მოხდა დიდი სქიზმა: დასავლეთის და აღმოსავლეთის ეკლესიები გაითიშნენ. მიზეზი პოლიტიკურია, საბაბი - დოგმატური. უფრო სწორად, ისინი გადახლართულია პირველის უპირატესობით.
ზოგიერთი მკვლევარის, მათ შორის, მ. გელცერისა და ვ. ბენეშევიჩის დაკვირვებით (დას. წიგნი, გვ. 77-78), დიდი სქიზმა არა დოგმატიკამ, არამედ ლათინთა და ბერძენთა შორის საუკუნეთა მანძილზე ბობოქარმა ნაციონალურმა ქიშპმა და ზიზღმა განაპირობა. პატრიარქ ფოტიოსის ეკლესიათაშორის პოლიტიკასაც ბევრწილად ელინური ნაციონალიზმი კვებავდა, რაც შემდეგში გაღრმავდა და ეკლესიათა გაყოფის საქმეში დიდი როლი შეასრულა.
ასეა თუ ისე, ფაქტია: 1054 წლიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანამორწმუნე ეკლესიები ერთმანეთისაგან რამდენადმე განსხვავებული რწმენის ეკლესიებად, ორ კონფესიად - მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად - ჩამოყალიბდნენ. ერთიანობის ხანაში ამ ეკლესიებს საერთო სახელი ჰქონდათ - „მართლმადიდებელი და კათოლიკე“. აღმოსავლეთის შვიდ მსოფლიო კრებისეულ ეკლესიათა სახელად ამიერიდან ,,მართლმადიდებელი“ დამკვიდრდა, დასავლეთის (რომის) ეკლესიის სახელად - „კათოლიკე“ (კათოლიკური). შესაბამისად, ორი კონფესია გამოიკვეთა - მართლმადიდებლობა და კათოლიკობა. პირველს აღნიშნული სახელწოდება ეკლესიის მამებისა და კრებების საღვთისმეტყველო მოძღვრების უცვალებლად შენახვის გამო დაუსაკუთრდა, მეორეს იმის გამო, რომ მისი არსებითი ნიშანი ეკლესიის კათოლიკეობის, ე.ი. ერთიანობისა და საყოველთაობის მძაფრი განცდაა.
მკაფიოდ უნდა ითქვას შემდეგი: ევქარისტიული კავშირი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის ერთბაშად არ გაწყვეტილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, - აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს რომის ეკლესიის თეორია და პრაქტიკა განსხვავებულ კონფესიად ერთსა და იმავე დღეს არ აღუქვამთ. ეს თანდათანობით და, შეიძლება (საქართველოს ეკლესიის მაგალითზეც) ითქვას, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიურად გაუცხოების საქმეში ყველაზე კატასტროფული შედეგი ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობას მოჰყვა.
სამოქალაქო და საეკლესიო ისტორიაში ჯვაროსნებად ის მეომრები არიან ცნობილი, რომელთაც ტანსაცმელზე ჯვარი ჰქონდათ მიკერებული. მათი მიზანი ბიზანტიის სამფლობელოებისა და წმიდა ადგილების, განსაკუთრებით ქრისტეს საფლავის, თურქ-სელჩუკებისაგან გათავისუფლება იყო. პაპმა ურბან II, ბიზანტიის იმპერატორის თხოვნის საფუძველზე, 1095 წლის 26 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების საზეიმო დახურვის ცერემონიალზე შეკრებილ ზღვა ხალხს ასეთი მოწოდებით მიმართა: ,,გასწიეთ წმიდა საფლავისაკენ, გაათავისუფლეთ წარმართებისაგან და დაიმორჩილეთ ეს მხარე. იქაურ მიწას რძე და თაფლი სდის. იერუსალიმი უნაყოფიერესი მხარეა. იგი არის დედამიწის ჭიპი და მეორე სამოთხე. გიწვევთ იგი მიწა. ელოდება გათავისუფლებას და განუწყვეტლივ გემუდარებათ დახმარებისათვის''. ამ სიტყვამ მსმენელები აღაფრთოვანა და რაზმების ჩამოყალიბება იმავე დღიდან დაიწყო.
ჯვაროსანთა პირველი ლაშქარი აღმოსავლეთისაკენ 1096 წლის გაზაფხულზე დაიძრა. ასე დაიწყო ხანგრძლივი და მომქანცველი ომების სერია. 1096-1270 წლებში სხვადასხვანაირი წარმატებით რვა ლაშქრობა მოეწყო. პირველი იერუსალიმის აღებით და იქ ქრისტიანული სამეფოს დაარსებით დამთავრდა (1099 წ.). ჯვაროსნებმა მუსლიმანებისაგან სხვა მიწებიც გაათავისუფლეს, მაგრამ მარცხიც არაერთხელ იწვნიეს. ისინი, წარმატებებით დამტკბარნი და გაამაყებულნი, ვერ ამჩნევდნენ, რომ მოწინააღმდეგე მხარე ძალებს იკრებდა და რევანშისთვის ემზადებოდა. მათი უმრავლესობის გულებს და გონებას სიხარბე და მსუნაგობა დაეპატრონა, ანუ ის მისწრაფებები, რითაც, თუ დავაკვირდებით, პაპის ზემოდამოწმებული სიტყვის ქვეტექსტი იყო გაჟღენთილი. ჯვაროსნებმა, რომლებიცთავიანთ თავს რაინდებსა და ქრისტეს მხედრებს უწოდებდნენ, მართლმადიდებელ ქრისტიანთა ჩაგვრა დაიწყეს. ისინი დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, შეურაცხყოფდნენ სიწმიდეებს და მოსახლეობას ექსპლუატაციას უწევდნენ. მეოთხე ლაშქრობა (1199-1204) ბიზანტიის იმპერიის დაპყრობით და კონსტანტინოპოლის აღებით, უფრო სწორად, - დარბევით დამთავრდა, რასაც ბერძენთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი იერიშები მოჰყვა. ანტიკათოლიკურმა, ანტიდასავლურმა და ანტილათინურმა განწყობილებამ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ხალხებში უფრო მეტად გაიდგა ფესვები და, ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი ამ ფრონტზე თურქების მოკავშირეებად აქცია.
ჯვაროსანთა თითქმის ორსაუკუნოვანი ლაშქრობები კრახით დამთავრდა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა სრული და საბოლოოდ გაყოფა 1204 წელს მოხდა, როგორც კონსტანტინოპოლის დაპყრობის რეაქცია.
გაყოფა საბედისწერო აღმოჩნდა როგორც დასავლეთის, ისე (და უფრო მეტად) აღმოსავლეთის ტრადიციული, ჭირგამოვლილი და ვალმოხდილი ეკლესიისათვის, მისი კულტურული ცხოვრებისა და ამ კულტურის ციტადელისათვის - ბიზანტიისათვის. იგი მარტოსული დაუხვდა პირგამეხებულ მტერს - ოსმალეთს, რომელმაც XIV ს-ის 50-იანი წლებიდან ზედიზედ დაიპყრო და ბიზანტიას ჩამოაჭრა საბერძნეთი, ბულგარეთი, სერბეთი, შავიზღვისპირეთი და ჯერი იმპერიის დარჩენილ ნაწილზე მიდგა, - დედაქალაქსა და მის შემოგარენზე. უარეს დღეში იყვნენ აღმოსავლეთის სხვა ეკლესიები, - ხარკისაგან გვემულნი და ილაჯგაწყვეტილნი.
მოვლენები კატასტროფულად ვითარდებოდა. გადარჩენის ერთადერთ სახსრად რელიგიური თანხმობა და მის საფუძველზე დასავლეთ - აღმოსავლეთის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ისახებოდა. ინიციატივა პაპმა ევგენი IV-მ გამოიჩინა: იმპერატორ იოანე პალეოლოგს 1437 წლის დასაწყისში ეპისტოლე აახლა და აღმოსავლეთიდან დელეგატების შეკრების ორგანიზება სთხოვა (აღსანიშნავია, რომ მიმართვაში ივერიის მამათმთავარი, მართლმადიდებელ პატრიარქებს შორის, მეხუთე ადგილზეა მოხსენიებული). დავალება შესრულდა. 1437 წლის აგვისტოში ,,ქალაქთა მზე“ მსოფლიოს ფორუმზე წარგზავნილებით აივსო. ცხადია, იყვნენ ქართველებიც: მიტროპოლიტი გრიგოლი, ეპისკოპოსი იოანე და რამდენიმე სეფეკაცი. ყველა პრობლემა მოგვარდა და კეისრისა და პატრიარქის - იოსების - დიდი საყდრიონი იტალიის ქალაქ ფერარისაკენ დაიძრა. ერთი დოკუმენტის მიხედვით, წარგზავნილთა რიცხვი 500-ს აღწევდა. მათგან 22 ეპისკოპოსი იყო.
კრება გაიხსნა 1438 წლის 9 აპრილს ქ. ფერარაში ზარ-ზეიმით, ბანკეტით. ხარჯები პაპის კურიამ იკისრა. შემდეგ, 1439 წლის 9 თებერვლიდან, პაპისავე მოთხოვნით, სხდომები გადაიტანეს ქ. ფლორენციაში, რის გამოც ეს ფორუმი ფერარა-ფლორენციის სახელითაა ცნობილი.
დიალოგები მწვავე და დაძაბული იყო. თანხმობა არც ერთ ბლოკში არ სუფევდა. ორივე მხარეს იყვნენ პრინციპულები და ლიბერალები, ფუნდამენტალისტები და შემწყნარებლები, კონსერვატორები და ნოვატორები. ყველაზე რთული ,,ფილიოკვე“ და პაპის უფროსობის საკითხი აღმოჩნდა. აქ ლათინები არ თმობდნენ. ბერძნები ძნელად თანხმდებოდნენ. უკანასკნელთა შორის ამ თემაზე ჩამოყალიბდა ორი ბანაკი: უმრავლესობა, რომელსაც მიტროპოლიტი ბესარიონ ნიკიელი მეთაურობდა, და უმცირესობა მიტროპოლიტ მარკოზ ეფესელის (ევგენიკოსის) წინამძღვრობით. პირველს წმ. მამათა ნაწერებიდან, მათ შორის - იოანე დამასკელის შრომებიდან, ამოეკრიფა გამონათქვამები წმიდა სულის ძისაგანაც გამოსვლის შესახებ, რამაც ბევრი ბერძენი დეპუტატის გაოცება გამოიწვია და შეასუსტა წინააღმდეგობა. წყაროები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია, დაწერილია მეტნაკლები ტენდენციურობით. მკვლევრები ამბობენ, რომ სხდომებს შორის ლათინების მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას, დაყვავებას, ქრთამსა და ნაირგვარ დაპირებას. ისინი მოპაექრეებს ჯობნიდნენ განათლებით, წიგნიერებით, წყაროების ცოდნით და ახდენდნენ ზეგავლენას საღვთისმეტყველო საკითხების გამოწვლილვის დროს.
კეისარი და პატრიარქი, რომლებიც აცნობიერებდნენ მუსლიმანური გარემოცვის საფრთხეს, განჩინების კომპრომისულ ვარიანტს დათანხმდნენ.
1439 წლის 5 ივლისს შედგა უნიის პრეზენტაცია. პაპმა, კეისარმა და დელეგატებმა (პატრიარქი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა) ხელი მოაწერეს წარმოდგენილ ტექსტს. ვერ გატეხეს მარკოზ ეფესელი. კრიტიკულ წუთში იგი მეგობრებმა და თანამოსაგრეებმა მიატოვეს, მაგრამ ეფესელის პრინციპი კლდესავით ურყევი აღმოჩნდა.
ასე შეიქმნა უნია (ლათ. „უნიო“ - ერთიანობა) და, შესაბამისად, უნიატური ეკლესია, რაც ნიშნავს რწმენით და დაქვემდებარებით კათოლიკობას, პრაქტიკით და ტრადიციით - მართლმადიდებლობას, ე.წ. აღმოსავლური სტილის ქრისტიანობას. უნიატებს, ფერარაფლორენციის კრების კვალად, სწამთ რომაული კათოლიკობის ჭეშმარიტება, მაგრამ წირვა-ლოცვას და სხვა საეკლესიო წესებს ბერძნული ტიბიკონის მიხედვით განაჩენენ. მაშასადამე, ცხოვრების წესით, გარეგნობით ისინი დანარჩენი მართლმადიდებლებისაგან არ განსხვავდებიან, შინაგანი რწმენით - კათოლიკებისაგან.
პაპს უკითხავს, როდესაც შეთანხმებული ტექსტი უახლებიათ: მარკოზ ეფესელი თუ დაგვეთანხმაო? და რადგან დოკუმენტზე მისი ბეჭედი ვერ შეუნიშნავს, უთქვამს: გამარჯვებისგან შორს ვართო.
მართლაც, მეფისა და უმაღლესი იერარქიის შემრიგებლური პოზიციის მიუხედავად, ხელშეკრულებას მრევლის დიდი ნაწილის, სამღვდელოებისა და, მეტადრე, ბერმონაზონთა რისხვა მოჰყვა. კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძრებს მორწმუნეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ზოგან უნიატები გაასამართლეს და დასაჟეს. ალაგ-ალაგ სისხლიც დაიღვარა. კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტმა ისიდორემ, წარმოშობით თესალონიკელმა ბერძენმა, ჩავიდა თუ არა მოსკოვში, წმ. უსპენსკის ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულა და, ყველასათვის მოულოდნელად, მსოფლიო პატრიარქის ნაცვლად რომის პაპი მოიხსენია. დიაკონმა კი ფერარა-ფლორენციის აქტი წაიკითხა. ატყდა ხმაური ყვედრების და ძაგების გამო. დიდმა მთავარმა ვასილიმ იქვე გასცა ბრძანება ,,მოღალატის“ დაპატიმრების შესახებ, რაც შესრულდა. მსჯავრდებული უდაბურ მონასტერში გადაგზავნეს, მაგრამ 1441 წლის შემოდგომაზე გაიქცა და, ნაცემ-ნატანჯი, იტალიაში ჩავიდა, სადაც ფიანდაზი დაუგეს და კარდინალთა შორის ჩინებული ადგილი უბოძეს.
კეისარი, პატრიარქი (იოსები გულმოდგინე უნიატებმა შეცვალეს) და მისი ეპისკოპატი სამ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ: ერთის მხრივ, ბერების, ხუცებისა და მათი სულიერი შვილების დიდი არმია, რომელიც შეთანხმების დეზავუირებას მოითხოვდა და იძახდა: „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი!“ და ხალხს ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ მოუწოდებდა. თანაც წარმატებით; მეორეს მხრივ, კარსმომდგარი და აღბორგებული მტერი, ვისაც საქრისტიანოს მთლიანობა სასიკვდილო ლახვრად ესახებოდა; მესამე მხრივ, დასავლეთიდან ულტიმატუმები სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების შესახებ...
რა პოზიცია ეჭირა ქართველების დეპუტაციას? ,,ლათინური აქტების“ ცნობით, საბოლოო შეთანხმებას ჩვენგან წარგზავნილებმაც (კონკრეტულად - ,,ივერიის მეფის ელჩებმაც“) მოაწერეს ხელი. მოწინააღმდეგეთა, ბერძენი და რუსი ავტორების, უწყებით კი - არა. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ივერიელმა ეპისკოპოსმა პროტესტის ნიშნად დატოვა სესია და ვაი - ვაგლახით მოახერხა გამგზავრება კონსტანტინოპოლისაკენ. ასეთივე პოზიციაზე მდგარა დელეგატთაგან ერისკაციც. იგი, თურმე, პერსონალურად უხმია პაპს. უკითხავს მიზეზი. მას კი ურჩევია, ამოეღო რწმენის სიმბოლოდან დამატება, ე.ი. ფილიოკვე: „...ამ ერთადერთ სიტყვას ობელისკზე ნუ დაგვანახვებ, მაშინ მარტო იბერიის ხალხის გულს როდი მოიგებ, ყველა ქრისტიანი ხალხი შენი პატივისმცემელი იქნება. მაშინ რომის ეკლესია ყველას შეაკავშირებს და გულწრფელად გააერთიანებს; შენს უნივერსალურ იურისდიქციას ყველა გულმოწყალებით შეივრდომებს და დაემორჩილება... ყველა ქრისტიანი ხალხი ერთ ფარეხში, ერთი მწყემსის მფარველობის ქვეშ, თავს მოიყრის“. ეს სიტყვებიო, ვკითხულობთ, ,,პაპმა ფარული სიმწარით მოისმინა და განცვიფრებული გაჩუმდა“.
მკვლევარ ოლეგ ჟუჟუნაძეს, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა და წარმოაჩინა აღნიშნული მასალები, უნახავს უნიის დედნის ფოტოპირი და ადასტურებს, რომ იქ ქართველების ხელმოწერა არ არის. მაშასადამე, მცხეთის საყდარი იმხანად გაერთიანების რომაული ვარიანტის წინააღმდეგ წასულა, რამაც, უნდა ვიფიქროთ, გაართულა საქართველო-რომის ურთიერთობა და ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ 1439-1493 წლებს შორის თბილისის კათოლიკურ კათედრაზე ეპისკოპოსს ვერ ვხედავთ (ო. ჟუჟუნაძე, XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1970, გვ. 17-20, 27). ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ქართველთა შორის, საბერძნეთისა და აღმოსავლეთ ევროპისაგან განსხვავებით, უნიატობამ ფეხი ვერ მოიკიდა. ნიკიფორე ირუბაქიძის, სულხან-საბა ორბელიანის, ანტონ კათალიკოსისა და სხვათა ცდებს, „წმ. ბასილის ორდენის“ - ბასილიანთა, - წესდების მიხედვით გაეკათოლიკებინათ საქართველო, წარმატება არ მოჰყოლია.
...დავუბრუნდეთ ბიზანტიონს.
1449 წელს უშვილძიროდ გარდაიცვალა იმპერატორი იოანე და სკიპტრა გადაეცა მის ძმას - კონსტანტინე XII-ს, კეთილშობილს და ვაჟკაცს, რომელმაც ღირსებით ითვისა სამშობლოს ულმობელი ხვედრი. 1452 წელს მუჰამედ II იერიშზე გადავიდა. ვითარება საგოდებელი ამ დროს გამოჩნდა კარდინალი ისიდორე პაპის სიგელით, რათა სასიცოცხლო პრობლემები განეხილა. მან წმ. სოფიას ტაძარში წირვა აღასრულა უმაღლეს სამღვდელოებასთან ერთად მეფისა და სენატის თანდასწრებით, რასაც ხუცესმონაზვნებისა და მათგან წაქეზებული მასების ამბოხება მოჰყვა. ისტერია, რამაც მწვერვალს მიაღწია, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზეც გავრცელდა და მათგან ერთ-ერთმა პაპის მოციქულს პირში მიახალა: „ჯობია სულთანის ჩალმას დავემორჩილოთ, ვიდრე პაპის ტიარასო“. სჯეროდათ, რომ კონსტანტინეს წმ. ქალაქს, მარიამ ღვთისმშობელის წილხვედრს, ღმერთი იცავდა: საგანგებო წამს ზეციური მხედრობა გამოჩნდებოდა და ვაი მას, ვინც ავი ზრახვით კურთხეულ ზღურბლს გადმოსცდებოდა... განრისხებული პაპიც ნიშნს უგებდა: „უმჯობესია კონსტანტინოპოლი თურქებმა დაიპყრონ, ვიდრე მწვალებლებმაო“.
კონსტანტინოპოლი კი უკვე ალყაში იყო და საარაკო გმირობით იცავდა თავს.
კარდინალმა ისიდორემ, დაჩოქილმა და ცრემლმორეულმა, ძლივს დაითანხმა პაპი მაშველი ჯარის გამოყვანაზე. მოწოდებას მეფეებიც გამოეხმაურნენ და მძლავრი არმია, აღჭურვილი ტექნიკით და ბრძოლის უნარით, აღმოსავლეთისაკენ დაიძრა.
1453 წლის 29 მაისს, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებისა და წმ. კონსტანტინე დიდის ხსენების დღეს (შემთხვევით არაფერი ხდება!), ღამის 2 საათზე, კონსტანტინოპოლის შტურმი დაიწყო. კონსტანტინე ბრძოლის ველზე გავიდა სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავმიძღვნილი ჟარისკაცის დარად. ბერძენთა გვერდით იტალიელი მოხალისეები იდგნენ უძლეველი ვენეციელი რაინდის ჯოვანი ჯუსტინიანის მეთაურობით. რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მტერი უკუაგდეს, მაგრამ ბედითმა ისარმა ჯუსტინიანის გონება წაართვა, რის გამო მხედრები წუთით შედრკნენ და დაიბნენ. ოსმალებმა ყიჟინა დასცეს, უშველებელი ზარბაზნები აამოქმედეს და კედლებზე ავიდნენ; ღიად დარჩენილ კარს მიაღწიეს და კონსტანტინეს რაზმის ზურგში მოექცნენ. დილის რვა საათზე მტერმა გალავანი და სულთანსაც მალე ახარეს, - „ქალაქთა მზე“ შენს ხელთაა და გელოდებაო. ტრიუმფატორმაც არ დააყოვნა და გეზი წმიდა სოფიისაკენ აიღო, რომელიც მლოცველებს ვეღარ იტევდა. მოსთქვამდნენ და ღმერთს სასწაულს სთხოვდნენ. ელოდნენ ანგელოზებს და სწამდათ, რომ ისინი საღმრთო მახვილს შეაგებებდნენ მოძალადეთა ორლესულ ხმალს. მხოლოდ კარის შელეწვამ და მეყსეულად ამდინარებულმა სისხლმა აუხილა მათ თვალი და დაანახვა უგუნურების, ფანატიზმისა და ზიზღის ნაყოფი: მოლის ამბიონზე ასვლა და მაჰმადიანთა მრწამსის წარმოთქმა; სულთანის საკურთხეველში შესვლა და ნამაზის შესრულება; განუკითხავი ხოცვა და ჟლეტა, მუჰამედისავე ,,წყალობით და სიბრალულით'' რომ შენელდა სამი დღის შემდეგ; 3000-მდე გადარჩენილი ბერძენი ჯარისკაცის ერთბაშად მოსრვა; მოხუცების, ქალებისა და ბავშვების მონებად ქცევა და დაყიდვა; მათ თვალწინ ნადავლის განაწილება; ეკლესიების მეჩეთებად გადაკეთება; ხატების ფხრეწა; ქანდაკებების გადადნობა; დაუწვავ და დაუნგრეველ სახლებში გამარჟვებულთა მოკალათება და, რაც მთავარია, - ველზე აღსრულებული მეფის, ვითარცა ვინმე შეურაცხთაგანის, ძლივსგამოცნობილი გვამის დაცინვა. მერე თავის წარკვეთა და ურჩების მოთვინიერების მიზნით ცენტრალურ მოედანზე - ავგუსტეონზე - აღმართვა...
როდესაც კოალიციური ლაშქარი ნავსადგურს მიუახლოვდა, წმიდა სოფიის სამრეკლოდან, უკვე მინარეთად წოდებულიდან, ხოჯა ალაჰის სადიდებელს წარმოთქვამდა. უეჭველია, მათაც გაეხსნათ გონება და გაახსენდათ ის უკეთურებანი და სიმხეცე, რასაც მათი წინაპარი ჯვაროსნები ბერძენთა შორის იქმოდნენ. მათ დაინახეს ანგარებითი სარწმუნოების შედეგი: ქრისტიანული იმპერიის სამეფო ტახტზე იჯდა სულთანი და დასავლეთისკენ იცქირებოდა.
ბერძნული ქალაქი რამდენიმე დღეში თურქულ ქალაქად - სტამბულად (,,კონსტანტინოპოლის“ თურქული გამოთქმაა) - იქცა. ქრისტიანები ერთ უბანში შეყუჩდნენ - ფანარაში. იქ დაიდო ბინა პატრიარქმა. ოსმალეთის კანონმა ქრისტიანთა უფლებები მკაცრად შემოფარგლა. ასეა დღემდე.
ისტორია და ძირითადი მიმართულებები
დიდი სქიზმიდან სამი საუკუნის შემდეგ რომის კათოლიკურ ეკლესიაში, უფრო სწორად, - დასავლეთ ევროპის ჩრდილოეთში, რეფორმატორული მოძრაობა დაიწყო. ძირითად მიზეზად დასახელებულია რომის ეკლესიის რიგორიზმი, ანუ სიმკაცრე, კულტმსახურების გადატვირთვა, დოგმატების სიმრავლე, კანონიკური სტრუქტურის სირთულე და, რაც მთავარია, პაპების სარწმუნოებრივ-პოლიტიკური გავლენის ზრდა, რასაც უკურეაქცია მოჰყვა.
რეფორმატორულ-პროტესტანტულ მოძრაობას საფუძველი ინგლისში ჩაეყარა. დამაარსებლად მღვდელი ჯონ ვიკლიფი ითვლება, რომელიც XIV ს -ში ცხოვრობდა. მისი ქადაგება და იდეები კათოლიკური ეკლესიის როგორც თეორიული, ისე (განსაკუთრებით) პრაქტიკული ნორმების წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი უარყოფდა წმინდანებისა და ხატების თაყვანისცემის პრაქტიკას, საიდუმლო აღსარებას, ევქარისტიის ტრადიციულ გაგებას (პურის და ღვინის გადაარსებას), სალხინებელს (განსაწმენდელს) და ა.შ. მისი მიზანი მოციქულთა დროინდელი სიმარტივისაკენ მიბრუნება იყო, რაც გამოიხატებოდა ეპისკოპალური ეკლესიის პრესბიტერიანულად გადაქცევის სურვილში. ეს კი თითოეული საეკლესიო თემის ანუ ცალკეული ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეპისკოპოსის იურისდიქციის გარეშე არსებობის დაშვებას, დედამიწაზე ეკლესიათა მმართველობითი ცენტრების გაუქმებას ნიშნავდა.
ვიკლიფის თეორიები თავის დროზე მკაცრად გააკრიტიკეს. მან და მისმა მომხრეებმა დევნა და ლანძღვა-გინება იწვნიეს, მაგრამ ფარ-ხმალი არ დაყარეს და რეფორმატორულპროტესტანტურ იდეებს მწვანე შუქი აუნთეს. ამ იდეების რეალიზაციის ერთ-ერთი ნიმუშია სახარების ინგლისურ ენაზე თარგმნა, რაც XVI ს-ის 20-იან წლებში ჯონ ფრიტმა და უილიამ ტინდალმა განახორციელეს.
რეფორმაცია და პროტესტანტობა ფაქტობრივად ერთი და იგივე მოვლენებია. ორივეს არსებითი ნიშანი ეკლესიის ტრადიციათა გადაფასება და შეცვლაა, მაგრამ მათ შორის გარკვეული სხვაობაცაა. რეფორმაცია, ძირითადად, ეკლესიის პრაქტიკის (ღვთისმსახურების) და კანონიკური წყობის რეკონსტრუქციას გულისხმობს, პროტესტანტობა - თეორიების, თვით დოგმატების, ცვალებადობასაც. ერთიც და მეორეც ლათინური სიტყვებია: ,,რეფორმაციო“ გარდაქმნას ნიშნავს, „პროტესტანტის“ - დაპირისპირებას, გამიჯვნას. თითოეულის ხასიათი და ბუნება სახელწოდებებშიც ჩანს: რეფორმატორი მიზნად ძველის გარდაქმნას ისახავს, პროტესტანტი კი არსებულსა და ტრადიციულს უპირისპირდება. რეფორმაცია საღვთო გადმოცემას, როგორც რწმენის ერთ-ერთ წყაროს, ე.ი. ეკლესიის ავტორიტეტს პრინციპში (გლობალურად) არ უარყოფს, პროტესტანტობა კი სწორედ საღვთო გადმოცემის, ეკლესიის მამებისა და კრებების ავტორიტეტის გაუფასურებას ნიშნავს.
რეფორმაციისა და პროტესტანტობის ისტორია ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ისინი ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მიზეზების გამო წარმოიშვნენ.
პროტესტანტობა თავიდანვე, XVI ს-იდანვე, სამი მიმდინარეობის, სამი დენომინაციის სახით მოგვევლინა. მათი დამაარსებლები არიან: მარტინ ლუთერი (იხ. ქვ.), ულრიხ (ჰულრიხ) ცვინგლი (1484-1531) და ჟან კალვინი (1509-1564). მათ ბევრი საერთო და ბევრი განსხვავებული თეორია ჰქონდათ. საერთოა, მაგალითად, იმის აღიარება, რომ, თითქოს, ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიისაგან, რა და როგორ უნდა სწამდეს; ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არაა.
საღვთო წერილის ტექსტისადმი ასეთმა მოდგომამ პროტესტანტულ ეკლესიათა ატომიზაცია ანუ დაშლა-დანაწილება გამოიწვია. სხვადასხვა მენტალიტეტისა და ბუნება-განწყობილების ადამიანები ბიბლიის ერთსა და იმავე მონაკვეთს ხშირად სხვადასხვანაირად აღიქვამენ, რაც, როგორც წესი, ახალ-ახალ თეოლოგიურ თვალსაზრისებს აღმოაცენებს. ეს ფაქტი კი, თავის მხრივ, ახალი დენომინაციების წარმოშობას უწყობს ხელს.
როგორც აღვნიშნეთ, თავიდანვე სამი პროტესტანტული ეკლესია შეიქმნა. ესენია, დამაარსებელთა სახელების მიხედვით - ლუთერისეული (ლუთერული), ცვინგლისეული (ცვინგლიანობა), კალვინისეული (კალვინიზმი). მათ მალე სხვა სახელწოდების, თეორიისა და პრაქტიკის ეკლესიები (დენომინაციები) მიემატნენ. კერძოდ: 1. ანაბაპტისტები (1521 წ., გერმანია. დამაარსებელია მემაუდე ნიკოლოზ შტორხი), 2. მენონისტები (1536 წ., დამაარსებელი, მღვდელი მენო სიმონსი; 3. ზომიერი ანაბაპტისტობა, რომელიც ბოროტებისადმი წინააღმდეგობის გაუწევლობას ქადაგებს), 4. ბაპტისტები (იხ. ქვ.), 5. კვაკერები (1649 წ. ინგლისი, დამაარსებელია გრაფი ფოტსი. უარყოფენ ყოველგვარ საეკლესიო წესს და პიროვნული სიწმინდის წყაროდ „შინაგან ნათელს“ სახავენ), 6. მეთოდისტები (1729 წ., ინგლისი; ქადაგებენ საეკლესიო წესების თანმიმდევრულად, მეთოდურად, პედანტურად დაცვას), 7. ხსნის არმია, 8. ახალი სამოციქულო ეკლესია და სხვა, რომელთაგან ზოგიერთის შესახებ ქვემოთ საგანგებოდ შევჩერდებით.
აღნიშნული დენომინაციები, რომელთაც ახალპროტესტანტულ ეკლესიებს უწოდებენ, ლუთერის, კალვინისა და ცვინგლის აღმსარებლობას ბევრ საკითხში დაუპირისპირდნენ. ეს პირველ რიგში ბავშვთა ნათლობასა და სახელმწიფოში ეკლესიის ადგილის განსზღვრაზე ითქმის. ახალპროტესტანტები ბავშვებს არ ნათლავენ და ეკლესიის სახელმწიფოსთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. ამის მიუხედავად მათ ანგლიკანობასთან და ტრადიციულ პროტესტანტობასთან ბევრი საერთო აქვთ. ესაა: საღვთო წერილისადმი ერთნაირი მიდგომა, - მისი ავტორიტეტად აღიარება, მაგრამ ავტორიტეტის გარეშე ინტერპრეტაცია; სარწმუნოების ძველი სიმბოლოების ერთგულება; ერთარსება - სამების რწმენა, ეკუმენურ ორგანიზაციებსა და ფორუმებში მონაწილეობა და ა. შ. ახალპროტესტანტობა
ანუ, იგივე, ულტრაპროტესტანტობა, შეიძლება ითქვას, არის საზღვარი, სადაც მინდორი მთავრდება და საიდანაც მინდორგარე ქრისტიანობა (მარგინალია) (იხ. ქვემოთ) იწყება, რაშიც, ჩვეულებრივ, სექტებს გულისხმობენ.
რეფორმატორულ მოძრაობას, რომელიც კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაიწყო, შედეგად 1534 წელს ინგლისის ეკლესიის რომისაგან გამიჟნვა და ახალი მიმართულების ჩამოყალიბება მოჰყვა.
მეფე ჰენრი VIII (1509-1547) თავიდან ერთგული კათოლიკე გახლდათ და მ. ლუთერს (იხ. ქვემოთ) უპირისპირდებოდა, მაგრამ მალე რეფორმატორად მოგვევლინა. მან უღალატა კანონიერ ცოლს ეკატერინე არაგონელს და ქორწინებიდან 17 წლის შემდეგ ექვსთითიანი და კუზიანი სეფექალი ანა ბოლეინი შეიყვარა, რის გამოც პირველი ქორწინების გაუქმება და მეორედ დაქორწინება გადაწყვიტა. ამისათვის კი პაპის ლოცვა-კურთხევა იყო საჭირო, რაზეც კლიმენტიმ, მაშინდელმა პაპმა, კატეგორიული უარი შეუთვალა. მეფემ პაპის უარი არად ჩააგდო, თავისი თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა, თვითნებურად განქორწინდა და თვითნებურად იქორწინა. მას მხარში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები თომას კრამვერი და თომას კრომველი ედგნენ, რომელთა ზეგავლენით პარლამენტმა 1534 წლის 3 ნოემბერს მეფის გადაწყვეტილებას დასტური მისცა. მონასტრები გააუქმეს, ხატები და წმიდა ნაწილები დაწვეს, საეკლესიო ქონებას კონფისკაცია უყვეს, თუმცა შეინარჩუნეს შვიდი საიდუმლო, მღვდელთა უქორწინებლობა, საიდუმლო აღსარება და სხვა. მეფე ტრაბახობდა, რომ იგი ქვეყანაზე ღვთის მოადგილეა, რომ იგი ქვეყნისათვის იგივეა, რაც სული სხეულისათვის, მზე -სამყაროსათვის. მაშასადამე, მეფემ თვითნებურად ეპისკოპოსის ფუნქციები იტვირთა და ეკლესიის ეპისკოპატი გააუქმა. პაპმა მეფე და მისი მომხრე საერო თუ სასულიერო პირები სქიზმატებად გამოაცხადა და ეკლესიისაგან განკვეთა. კათოლიკებსა და ანგლიკანებს (ე.ი. რეფორმატორებს) შორის ულმობელი ბრძოლა დაიწყო. დაიღვარა სისხლი და ბევრმა კათოლიკემ მოწამებრივი გვირგვინი დაიდგა. მათ შორისაა ეპისკოპოსი ჯონ ფიშერი და თომას მორი.
ვითარება ჰენრი VIII-ის გარდაცვალების შემდეგ განიმუხტა. მისმა შვილმა და მემკვიდრემ ედუარდ VI-მ ლოიალური პოზიცია დაიჭირა. მართალია, ევანგელურ-რეფორმატორულ კურსზე მას ხელი არ აუღია, რაც ე.წ. „რწმენის 42 წესშიც“ აისახა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეპისკოპალური მმართველობა და ძველი რიტუალები აღადგინა. ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა და ახალი იდეების პროპაგანდისათვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. აქტიურობდა კემბრიჯის თეოლოგიური სკოლა, რომელმაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი ევანგელურ-რეფორმატორულ მოძღვრებას აზიარა.
ზომიერი რეფორმატორი ედუარდი მგზნებარე კათოლიკემ - დედოფალმა მარია სტიურდმა (1553-1558) - შეცვალა. მის დროს პაპის 400 მოწინააღმდეგე სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის - თომას კრამვერი, ეპისკოპოსი მუჰერ გლოჩესტერელი, რიდლეი ლონდონელი და ლათიმერ ვორჩესტერელი.
მარიას გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ანა ბოლეინის ქალიშვილი ელიზავეტი ავიდა, რომელმაც რეფორმების კურსი გააგრძელა და შეიძლება ითქვას, რომ მისი მმართველობის ხანაში (1558-1603) რეფორმაციამ ინგლისში საბოლოოდ გაიმარჯვა.
ინგლისის ეკლესია, რომელსაც შემდეგ ანგლიკანური ეკლესია ეწოდა, ეპისკოპალურ ეკლესიად დარჩა. მმართველი ეპისკოპოსის როლი კენტერბერიის მთავარეპისკოპოსს დაეკისრა. შენარჩუნებულ იქნა რომაულ - კათოლიკურ წეს-განგებათა დიდი ნაწილი, რაც 1562 წლის საეკლესიო კრებამაც დაადასტურა ოცდაცხრა მუხლიანი ტრაქტატის სახით.
ეპისკოპალური მმართველობა ბევრი რეფორმატორისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის გამოც ისინი (რადიკალური კურსის მიმდევრები) ანგლიკანურ ეკლესიას გაემიჯნენ და დამოუკიდებელი ეკლესიები, ე.წ. რეფორმატორული სექტები შექმნეს. ესენია: პრესბიტერიანელები, პურიტანები, ინდეპენდენტები და სხვანი (იხ. ქვ. „ბაპტისტები“), რომლებმაც არა მარტო ეპისკოპოსის თანამდებობა უარყვეს, არამედ ეკლესიაზე მეფის უფლებებიც. პაპობის ინსტიტუტი და კათოლიკური ტრადიციები მათ ანტიქრისტეს მემკვიდრეობად გამოაცხადეს.
ანგლიკანებსა და რადიკალ რეფორმატორებს, ანგლიკანების სახელწოდებით, - სექტანტებს, შორის წინააღმდეგობა მალე აზვირთდა. ხელისუფლებაში ხან ერთი ფრთა გაბატონდებოდა, ხან მეორე. ანგლიკანები მონარქისტები იყვნენ, რადიკალ-რეფორმატორები კი რესპუბლიკელები. ერთი მხარის წარმომადგენელთა სისხლიც იღვრებოდა და მეორე მხარის წარმომადგენლებისაც; ეპისკოპოსები ხან მდევნელები იყვნენ, ხან თვითონ იდევნებოდნენ ხელისუფლების ცვალებადობის მიხედვით. კათოლიკობისადმი სიმპათიების გამომჟღავნება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მეფე შარლ I-ს თავი სწორედ პროკათოლიკური ორიენტაციის გამო მოკვეთეს. 1689 წელს პარლამენტსა და მეფე ვილჰელმ ორანელს შორის ხელშეკრულება დაიდო, რომლის ძალითაც კათოლიკებს სახელმწიფო სტრუქტურებში სამსახური აუკრძალეს. ეს უფლება მათ მხოლოდ 1828 წელს მოიპოვეს.
ანგლიკანური რეფორმაცია ირლანდიაშიც გავრცელდა და სახელმწიფო სტატუსი მოიპოვა, თუმცა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კათოლიკური ეკლესიის ერთგული დარჩა. რწმენის მიხედვით მოსახლეობა ორ მოქიშპე მხარედ გაიყო. მათ შორის ანტაგონიზმი და სისხლიანი შეტაკებები დღემდე გრძელდება.
ანგლიკანური ეკლესია (ამაზე სახელწოდებაც მიანიშნებს) ქვეყნის, სახელმწიფოს, ერის ეკლესიაა. იგი იდენტიფიცირებულია ინგლისთან (დიდ ბრიტანეთთან) და, ნაწილობრივ, ირლანდიასთან და, ამდენად, ნაციონალიზმის (გარკვეულწილად ფილეტიზმის) ელემენტებსაც შეიცავს (სომხური სამოციქულო ეკლესიის მსგავსად), რის გამოც მისმა მოძღვრებამ და პრაქტიკამ სხვა ქვეყნებში გზა წარმატებით ვერ გაიკაფა.
ზოგადი შეფასებით, ანგლიკანურ თეოლოგიას, კულტმსახურებასა და კანონიკურ წყობილებას კათოლიკობასა და პროტესტანტობას შორის შუალედური ადგილი უჭირავს.
ინგლისის ეკლესია, როდესაც პაპის იურისდიქციიდან გავიდა, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებთან დიალოგის გზას დაადგა. ეს დიალოგი განსაკუთრებით ინტენსიური XVII-XVIII სს-ის მიჯნაზე გახდა. ამაზე ის ეპისტოლეც მეტყველებს, რომელიც მართლმადიდებელმა პატრიარქებმა ინგლისელ ქრისტიანებს გაუგზავნეს (ქართული თარგმანის შესახებ იხ. ,,საღვთისმეტყველო კრებული“, 1987, N3, გვ. 53-54). დიალოგი მიზნად ეკლესიათა გაერთიანებას ისახავდა, რასაც რეალური შედეგები არ მოჰყოლია.
ლუთერელები და მათი ეკლესია საქართველოში
მარტინ ლუთერი 1483 წლის 10 ნოემბერს საქსონიაში, ქ. აისლებენში, გერმანელი კათოლიკეს ოჯახში დაიბადა. აღიზარდა და პირველდაწყებითი განათლება ქ. მენსფილდში მიიღო. სწავლობდა მაგდებურგის და ეიზენახის ლათინურ სკოლებში. ეუფლებოდა მეცნიერებას ერფურტის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და იურისპრუდენციის განხრით. ნიჭი და ენერგია მას ბრწყინვალე საერო კარიერას ჰპირდებოდა, მაგრამ ერთ დღესა და შთამბეჭდავ ღამეს წუთისოფლის სამსახურზე ხელი აიღო.
ჭაბუკი ფეხით მიდიოდა მენსფილდიდან ერფურტისაკენ. ამოვარდა ქარიშხალი. იელვა და მგზავრის გვერდით მეხი ჩამოვარდა. მიწად განრთხმულმა და დაზაფრულმა ამოიგმინა: „შემეწიე, წმიდაო ანა! მე მონაზვნად აღვიკვეცები!“
მორწმუნემ სიტყვა არ გატეხა და ერფურტის ავგუსტინელთა სავანეს მიაშურა. იქ ბერის სქემა შეიმოსა და მალე, წინამძღვართა ლოცვა-კურთხევით, სწავლა იმავე უნივერსიტეტსა და, შემდეგ, ვიტენბერგში თეოლოგიის ფაკულტეტზე განაახლა, სადაც დეკანი, პროფესორი და მისი ხელმძღვანელი იოჰან სტაოპიცი - გერმანიის ავგუსტინელთა ვიცეგენერალი იყო.
1507 წელს მარტინ ლუთერი ეკურთხა მღვდლად და შეუდგა სამოძღვრო მოღვაწეობას. იყო რომში, სადაც უმაღლესი იერარქიის ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. იგი კვალიფიციურ ღვთისმეტყველად აღიარეს. 1512 წელს მიანიჭეს დოქტორის ხარისხი და, პროფ. სტაოპიცის გარდაცვალების შემდეგ, დაამტკიცეს დეკანის თანამდებობაზე ვიტენბერგის უნივერსიტეტში, სადაც წაიკითხა სალექციო კურსები ეგზეგეტიკაში ფსალმუნებსა და პავლეს ეპისტოლეებზე.
ახალგაზრდა ღვთისმეტყველი ერთობ ასკეტურად ცხოვრობდა. მისი გონება ხსნის პრობლემამ გლობალურად მოიცვა. დაეუფლა ცოდვიანობის განცდა და სინანული, რასაც ხშირად სასოწარკვეთამდე მიჰყავდა, ეძიებდა განმართლების საშუალებებს და, აი, მისი პირველი ინდივიდუალური სიტყვა ამ გზაზე: რომაელთა 1:17-ის განმარტებისას იგი მივიდა დასკვნამდე, რომ გადარჩენის ერთადერთი სახსარი საღვთო მოქმედებაში ძევს. ესაა ქრისტეს მიმტევებელი სიყვარული ანუ მოძღვრება წყალობაზე, რის თანახმადაც ცხონებისათვის მთავარია რწმენა, შემდეგ კი - საქმე. ეს თეორია ლუთერმა უცილობელ ჭეშმარიტებად მიიჩნია და მის გაღრმავებას შეუდგა, რამაც თანდათან მიიყვანა იგი რჯულის ანუ კანონის, ე.ი. წეს-განგებათა და, საბოლოოდ, ეკლესიისა და სამღვდელოების ფუნქციის ტრადიციული გაგების უარყოფამდე, კაცსა და ღმერთს შორის შუამდგომელის იგნორირებამდე. შესაბამისად, სამღვდელო და სალიტურგიო წიგნების, ღვთისმსახურების დადგენილი ნორმების და რიტუალების ავტორიტეტის ეჭვის ქვეშ დაყენებამდე. მისი თქმით, ღვთისმეტყველების ერთადერთი საფუძველი არის წერილი, ე.ი. ბიბლია. რაც შეეხება რეგულარულ წირვებს, მან ისინი მოგვიანებით „ეკლესიის სასწაულმოქმედი ძალისა და სასულიერო წოდების დიდებულების ყოველდღიურ დემონსტრაციად“ გამოაცხადა.
ურთიერთობა რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დაიძაბა და მწვერვალს 1517 წელს მიაღწია. პაპმა ლეონ X-მ წმ. პეტრეს ტაძრის განახლების დღეს მორწმუნეთაგან გაღებული წვლილის სანაცვლოდ ინდულგენციები ანუ წყალობის სიგელები დაარიგა, რაც ლუთერმა დაგმო. მან ჩამოაყალიბა 95 თეზისი, სადაც წარმოაჩინა საკუთარი მრწამსი უზენაესთან პიროვნების უშუალოდ დაკავშირების შესაძლებლობის თაობაზე. თეზისები იმა წლის 31 ოქტომბერს ვიტენბერგის მთავარი ტაძრის კარიბჭეზე გააკრა, საიდანაც ელვისებურად მოეფინა მთელს გერმანიას. მას მიესალმენ ე.წ. ჰუმანისტები, ინტელიგენტები და აჯანყებული გლეხები. აღფრთოვანდნენ სტუდენტები. მათ უნივერსიტეტის ეზოში დაწვეს რომაული კათოლიკობის აპოლოგეტის -ტეცელის - საპასუხო თეზისები. გაიმართა საჯარო პაექრობა. პროტესტანტმა მომხრეები თანამოწესე ბერებს შორისაც ჰპოვა. სამღვდელოება შეშფოთდა. ადგილობრივმა ეპისკოპოსმა თეზისები რომში გაგზავნა და ,,რევოლუციონერი“ მღვდლის წინააღმდეგ საქმე აღძრა.
პაპმა დიალოგის პოლიტიკა ამჯობინა და სთხოვა სულიერ შვილს, კარდინალ კაეტანის პირით, კონფესიური ექსტრემიზმისაგან თავი შეეკავებინა. ხანგრძლივი ბჭობისა და კამათის შემდეგ ლუთერი დათანხმდა, გაჩუმდებოდა, თუკი ოპონენტებიც ასე მოიქცეოდნენ. ეს ყალბი შეთანხმება იყო და პირობა არ შესრულდა. 1519 წელს ლაიფციგში კათოლიკ ღვთისმეტყველ იოანე ეკის წინაშე ლუთერმა სახალხოდ განაცხადა, რომ მას არ სწამს არც პაპის პრიმატი, არც წმიდა მამების და არც მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებების ჭეშმარიტება. მოპასუხემ ლუთერს ერეტიკოსი უწოდა და კამათი შეწყვიტა.
რეფორმატორმა მაგისტრალური ხაზი განავრცო და 1520 წელს სავსებით გაწყვიტა კავშირი შუასაუკუნეობრივ საეკლესიო ტრადიციასთან, რასაც ცხადყოფს მისი სამი ტრაქტატი, - ტრილოგია: 1. „გერმანელი ერის ქრისტიან თავადაზნაურებს“; 2. „ეკლესიის ბაბილონური ტყვეობა“ და 3. ,,ქრისტიანთა თავისუფლება“, აგრეთვე - სტატიები და პამფლეტები. ავტორი მოუწოდებდა გერმანიის ხელისუფალთ, აეღოთ ესტაფეტა სასულიერო ცხოვრების გარდაქმნის მიზნით: შეეწყვიტათ ხარკი წმიდა ტახტისადმი, აეკრძალათ სულის მოსახსენიებელი წირვები, პილიგრიმობანი და სხვა კათოლიკური წესები; არ ერწმუნათ დოგმა ევქარისტიის ჟამს პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაარსებისა, რასაც გვასწავლის სამოციქულო ეკლესია. საპირისპიროდ დაეჯერებინათ, რომ ზიარებაში მხოლოდ თანამონაწილეობს იესო ქრისტე და მისი ღვთიურობა მოიცავს მტკიცედ პურსა და ღვინოს; დაეყვანათ საეკლესიო საიდუმლოთა რიცხვი ორამდე, -ნათლისღებასა და ზიარებამდე. თანაც, უკანასკნელი უნდა აღესრულებინათ არა ჟამითჟამად, სისტემატურად, არამედ ხანდახან, უფრო კი წითელ პარასკევს (როდესაც, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ძველი განაწესის თანახმად, უსისხლო მსხვერპლი არ იწირება). მისი მტკიცებით, ქრისტიანი მაცხონებელი რწმენის მადლით თავისუფალია ქველ საქმეთა ვალდებულებისაგან.
პაპმა რადიკალურ ზომებს მიმართა: გამოაქვეყნა ბულა, რომლის თანახმად 95-იდან 41 თეზისი მწვალებლობად გამოაცხადა და გასცა ბრძანება ტექსტების განადგურების შესახებ. თუ ,,მჩხრეკელი“ 60 დღის განმავლობაში არ მოინანიებდა, დაისჯებოდა რჯულის კანონის შესაბამისად.
ბრალდებული გაკერპდა: მან დღისით-მზისით, იმავე წლის 10 დეკემბერს, ვიტენბერგის ჭიშკრის წინ დაწვა ბულა კათოლიკური აღმსარებლობის სხვა წიგნებთან ერთად, რის გამოც 1521 წლის 3 იანვარს რომის პაპმა მას ანათემა გამოუცხადა, - შერაცხა ერეტიკოსად და განკვეთა ეკლესიისაგან. ლუთერის საქციელი, მონათლული ხულიგნობად, საიმპერიო სასჯელსაც ექვემდებარებოდა. გაიცა შესაბამისი განკარგულება, მაგრამ საქსონიის პრინცის რაინდებმა ღამით წარიტაცეს იგი და მიუჩინეს სენაკი ვარდბურგის ციხე-სიმაგრეში, სადაც დაყო 8 თვე თავადი გიორგის ფსევდონიმით. ბევრს იგი ცოცხალი აღარ ეგონა.
ლტოლვილების ჟამს ლუთერმა ერთხელ კიდევ გადახედა თავის პოზიციას და დარწმუნდა, რომ მართალი იყო, რომ ღმერთმა საგანგებო მისიით მოავლინა დედამიწაზე. იგი ენთუზიაზმით შეუდგა ლიტერატურულ საქმიანობას, რომლის გვირგვინს ბიბლიის მისეული თარგმანი წარმოადგენს. ეს თარგმანი შესრულებულია ხალხურ დიალექტზე. ამის გამო მან ადვილად გაიკაფა გზა რიგითი მკითხველებისაკენ, წარუშლელად აღიბეჭდა მათ ცნობიერებაში და უდიდესი როლი შეასრულა გერმანული ენისა თუ, ზოგადად, კულტურის ისტორიაში. ლუთერს ჰქონდა დახვეწილი მეტყველება, მელოდიური ხმა და მახვილი სმენა. იგი ბრწყინვალე ორატორი და მოქადაგე იყო, რამაც ხელი შეუწყო მის წარმატებას.
თუმცა რეფორმის ინიციატორი ასპარეზზე კარგა ხანს არ ჩანდა, მისი იდეები ვრცელდებოდა და შრომები მეზობელ ხალხთა ენებზე ითარგმნებოდა. მათ ხალისით ეგებებოდნენ ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები, რასაც თან სდევდა ტრადიციული საეკლესიო პრაქტიკის მოდერნიზაცია: მღვდლები ქორწინდებოდნენ, მონაზვნები მონასტრებს ტოვებდნენ, არღვევდნენ წმ. ტრაპეზებს, უგულვებელყოფდნენ ხატებს და ჯვრებს, ივიწყებდნენ აღსარებებს და მარხვებს.
1522 წელს, რადგან დაპატიმრების საფრთხემ განვლო, ლუთერი ვიტენბერგში დაბრუნდა, განაახლა ლექციები და აღადგინა ორდენი სახეცვლილი ფორმით. 1525 წელს მან ცოლად შეირთო ყოფილი მონაზონი კატერინა ბორაელი, რითაც მიმდევრებს ცელიბატობის საწინააღმდეგო მაგალითი უჩვენა.
ნოვატორმა თანამოაზრეები მმართველ წრეებშიც მოძებნა. თავადებს აჯანყებული გლეხების დასჯა ურჩია, რადგან უკანასკნელთა შორის უხეშ და უკულტურო ძალას ხედავდა. ამით მან ხელისუფალთა გული მოიგო. ამბოხებულთა თვალში კი ავტორიტეტი რამდენადმე დაკარგა. თუმცა მისი მოძღვრების ტრიუმფს წინ ვეღარაფერი დაუდგებოდა.
რეფორმატორთა შორის მალე განხეთქილებამ იჩინა თავი. ლუთერს დაუპირისპირდნენ ცვინგლი და ინგლისის მეფე ჰენრი VIII. პირველი ევქარისტიის გააზრების თვალსაზრისით (იგი უარყოფდა წირვაში მაცხოვრის სხეულებრივ მონაწილეობა-მყოფობასაც კი), მეორე - საეკლესიო საიდუმლოთა რიცხვისა და რიგის საკითხში (იცავდა ტრადიციას).
რუდუნებამ რეფორმატორი და პროტესტანტი თეოლოგი დაღალა და წელში გაწყვიტა. ხოლო სარწმუნოებრივმა ომებმა, მის მიმდევრებსა და ცვინგლიანებს შორის რომ ატყდა, იგი პასუხისმგებლობის წინაშე დააყენა და მორალურად დაუწყლულა გული. ამასთანავე მიხვდა, რომ მისი თეორია ახალი და ახალი თეოლოგიურ - ეკლესიოლოგიური შეხედულების წარმოშობას ახალისებდა.
მარტინ ლუთერი 1546 წლის 18 თებერვალს მშობლიურ ქალაქ აისლებენში გარდაიცვალა. იქვე განისვენებს.
ლუთერმა დატოვა უმდიდრესი წერილობითი მემკვიდრეობა. მათგან, ზემოხსენებულთა გვერდით, აღსანიშნავია: დიდი და მცირე კატეხიზმო, ,,სამაგიდო საუბრები“ (ოჯახსა და მეგობრების წრეში წარმოთქმული სიტყვები. ცნობილია, რომ ლუთერის სახლი მუდამ სავსე იყო სტუმრებით: მეგობრებით, თანამშრომლებით, სტუდენტებით), ჰიმნები, ე.წ. სამრევლო საგალობლები, რომელთა შორის ბრწყინავს - ,,მტკიცე ციხესიმაგრეა ჩვენი ღმერთი“ და სხვა. მათ სტრიქონებში აღბეჭდილია ახალი მოძღვრების არსება, რასაც უწოდებენ ლუთერობას. მიმდევართა დასს - ლუთერულ ეკლესიას.
მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ ლუთერის პიროვნულ თვისებებზე, მის რთულ ბუნებაზე, ემოციურობაზე, ტემპერამენტზე, რომელიც ხშირად გონებას აკონტროლებდა. შესაძლებელია, ამითაც აიხსნას მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ზოგიერთი მხარე. თითქოს ღრმა პესიმიზმმა მიიყვანა იგი მტკიცებამდე, რომ კაცობრიობა უკიდურესად დაცემულია, გონება -უსუსური, ადამიანი - ყოვლად უძლური. ხსნა მხოლოდ ქრისტეს თანამოქმედების შედეგადაა შესაძლებელი. მართალია, ღმერთი გვანიჭებს წყალობას, მაგრამ მაინც ცოდვის მორევში ვრჩებით ჩვენი უსაშველოდ გაუკუღმართებული ბუნების გამო. იგი ამბობს: „ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, არის ფუჭი თვით ყველაზე საუკეთესო ცხოვრებაშიც კი“.
ამრიგად, რომ შევაჯამოთ, ლუთერიის ამოსავალი პრინციპია მხოლოდ რწმენის გზით გამართლება. ეს ნიშნავს შემდეგს: წუთისოფელში ადამიანი არის ცოდვის მონა და აღარ ძალუძს არსობრივი სიკეთის ქმნა. მიუხედავად ამისა, გამოსყიდვის საიდუმლო მაინც სრულდება ქრისტეს თვალშეუდგამი სიკეთის გამო.
ისიც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ გამოსყიდვის გზაზე მოწყალების უსარგებლობა, რაც ერთი შეხედვით გამომდინარეობს წარმოდგენილი მსჯელობიდან, არასდროს დაუჯინებია არც ლუთერს და, მით უფრო, მის მიმდევრებს, რომლებმაც შემდგომ ეპოქებში მოძღვრის თეოლოგიური სისტემა დააზუსტეს და განავითარეს. გასათვალისწინებელია, რომ თავად ლუთერი პირად ურთიერთობაში თბილი, სათნო და კეთილი ადამიანი იყო.
ლუთერული ღვთისმსახურება გამოირჩევა უბრალოებით. იგი ამოიწურება საღმრთო წერილის კითხვით, ქადაგებით და გალობით. შენარჩუნებულია საკურთხეველი, ჯვარი, ორღანი, რელიგიური ფერწერა (ხატების გარდა). ღარიბულ მაგიდაზე ბიბლია ასვენია.
ლუთერობა გერმანიის ოფიციალურ კონფესიად (კათოლიკობის გვერდით) 1555 წელს აღიარეს. იგი გავრცელდა, აქტიური მისიონერული მოღვაწეობის შედეგად, სკანდინავიის `ქვეყნებში (შვეციას, ნორვეგიასა და ფინეთში). აგრეთვე, ბალტიისპირეთის რეგიონებსა და აშშ-ში. 1970 წელს ლუთერელების რიცხვი 75 მილიონს აღწევდა. ძირითადი ნაწილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სახლობს. ისინი 1948 წლიდან გაერთიანებული არიან კალვინისტებთან და უნიატებთან საერთო სახელწოდების ქვეშ -ევანგელური ეკლესია გერმანიაში.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ლუთერობამ, ათაბაგ მზეჭაბუკის ინიციატივით, საქართველოში ლუთერის დროსვე შემოაღწია და მრევლიც გაიჩინა. ეს თეორია მეცნიერულად არ დასტურდება (გ. კუტალია, მარტინ ლუთერის საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებანი, თბ., 1993, გვ. 206-208). სამაგიეროდ ფაქტია, რომ 1817-1818 წლებში ჩვენს ქვეყანას ჯგუფ-ჯგუფად ესტუმრენ უცხოობის მაძიებელნი, რომლებიც თავიანთ თავს კოლონისტებს ანუ სხვა სახელმწიფოში დასახლების მსურველებს ეძახდნენ. ისინი გერმანელი ლუთერელების განაყოფები - სეპარატისტები - იყვნენ.
რა ეგულებოდათ ქართლის სანახებში?
...XIX ს-ის დასაწყისში, ნაპოლეონის დაპყრობითი და გამანადგურებელი ომების ჟამს, გერმანიაში, ლუთერის რჯულის მიმდევართა შორის, დაიბადა აზრი მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ, რამაც ბევრი გულუბრყვილო ადამიანის გონება დაიპყრო. ისინი განუდგნენ ეკლესიას და ჩამოაყალიბეს სექტა, რომელიც ცნობილია სახელით „სეპარატისტები“. მისი არსებითი ნიშანი ქილიაზმი იყო. ტერმინი ბერძნული წარმოშობისაა და მიგვანიშნებს ათასწლოვანი მეფობის ხანაზე, რასაც წინასწარმეტყველებდნენ სექტის იდეოლოგები იუნგ-შტილინგი და ბარონესა იულია-ვარვარა კრუდენერი. ისინი ქადაგებდნენ, რომ ახლოსაა ქვეყნიერების განკითხვის ჟამი; 1836 ან 1846 წელს სისხლის წვიმებში ჩაიხრჩობა ევროპა; ვისაც ხსნა სურს, დაუყოვნებლივ უნდა დაადგეს გზას აღმოსავლეთისაკენ, კავკასიისაკენ, არარატის მთის მიდამოებისაკენ, სადაც, მათი მტკიცებით, გამოჩნდება მაცხოვარი იესო ქრისტე და დააფუძნებს ათასწლოვან სამეფოს. 1815 წელს ბარონესამ რუსეთის ხელმწიფის გული მოიგო: არაერთგზის უწინასწარმეტყველა გამარჯვება ალექსანდრე I-ს, რაც სინამდვილედ იქცა და იმპერატორიც უსაზღვრო პატივისცემით განეწყო „საკვირველი ქალის“ მიმართ; შეიწყნარა მისი თხოვნა და სეპარატისტების საქართველოში გადმოსახლებას დათანხმდა.
რელიგიური შიშით დაზაფრულ მორწმუნეებს ოფიციალური ნებართვისათვის არ დაუცდიათ. გაყიდეს მოძრავ-უძრავი ქონება, მამა-პაპათა ნატერფალიდან აიყარნენ და, თითქმის თავქუდმოგლეჯილები, 1817 წელს „აღთქმული ქვეყნისაკენ“ სტიქიურად გამოიქცნენ. მათ გვერდით წამქეზებლები აღარ ჩანდნენ.
მგზავრობა სავსე იყო ვაებით და ფათერაკებით. ყაჩაღებმა, სხვადასხვა ქვეყნის მებაჟეებმა და ჩინოვნიკებმა გაფრცქვნეს ისედაც ჯიბედაცარიელებულნი, ხოლო პაპანაქებამ, კოკისპირულმა წვიმებმა თუ ქარიშხლებმა, მეტადრე - ეპიდემიებმა უამრავი სული იმსხვერპლა.
ლტოლვილთა საერთო რიცხვი 1400 კომლს ანუ 7000 კაცს აღწევდა. მათგან ყველას როდი ეღირსა საქართველოს და თბილისის ნახვა. პირველი ნაკადი 1817 წლის მიწურულს ჩამოვიდა, მეორე და მესამე - 1818 წელს. ისინი მორალურად და ფიზიკურად ილაჯგაწყვეტილები იყვნენ. გართულდა მათი დაბინავების, განსახლებისა და დასაქმების პრობლემა. ბევრი მოხეტიალე მათხოვრადაც იქცა. იკვებებოდნენ და იმოსებოდნენ არასაკმარისად, რის გამოც მათ წრეში გახშირდა დაავადებანი და ნაადრევი სიკვდილი. თუმცა აკლიმატიზების პროცესი რამდენიმე წლის შემდეგ დამთავრდა. არც მთავრობა აკლებდა ყურადღებას და მზრუნველობას: აძლევდა შეღავათიან სესხს, უყოფდა საშენ მასალებს და სახაზინო მიწის ნაკვეთებს. ასე შეიქმნა კოლონისტების დასახლებანი, - კოლონიები, რომელთაც ძირითადად გერმანული სახელები დაარქვეს. ესენია: 1. მარიენფილდი (კახეთის გზატკეცილზე, სართიჭალაში), 2. თბილისის კოლონია (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი), 3. ალექსანდრესდორფი (დიდუბე); 4. პეტერსდირფი (მარიენფილდის მახლობლად), 5. ელიზავეტალი (სოფ. ასურეთი), 6. ეკატერინენფელდი (ბორჩალოს მაზრაში, ბოლნისთან), 7. ანანფელდი (შამქორში), და 8. ელენენდორფი (განჯის მახლობლად). თითოეული კოლონია ცალკე სამრევლოს წარმოადგენდა.
ლტოლვილთა ნაწილს ჯერ კიდევ დამქანცველ გზაზე აეხილა თვალი, ნაწილს - 1836 და, შემდეგ, 1846 წელს, როდესაც, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მეორედ მოსვლა არ მოხდა. იმედები გაცრუვდა, წინასწარმეტყველება დასამარდა, სექტანტური რწმენა დაიმსხვრა და კოლონისტი ქილიასტები თანდათან ეკლესიურ-საზოგადოებრივ შეხედულებებს დაუბრუნდნენ. თუმცა ეს პროცესი რთულად მიმდინარეობდა. კერძოდ: 1843 წელს კოლონია ეკატერინენფელდში გამოჩნდა ეგზალტირებული მისანი - ბარბარა შპონი, რომელიც თავის თავს ქრისტეს სასძლოს და მესიის მომავალი სამეფოს დედოფალს უწოდებდა. იგი მეორედ მოსვლას კვლავ 1846 წლისათვის ირწმუნებოდა და გადარჩენის მიზნით სასწრაფოდ იერუსალიმში გადასახლებას ქადაგებდა. სახელმწიფოსა და პასტორატის მხრიდან თხოვნამ, შეგონებამ და მუქარამ არ გაჭრა. წინასწარმეტყველის ანკესზე ბევრი სექტანტი წამოეგო. შორეული მგზავრობისათვის 362 ფანატიკოსი მოემზადა. მათ თავი ეკატერინენფელდში 1843 წლის 9 ივნისს მოიყარეს, რათა ლოცვა აღესრულებინათ და მწყობრად გამგზავრებულიყვნენ წმიდა მიწისაკენ. კოლონა, რომელსაც ატაცებული და ქადაგად დაცემული ქალი მიუძღოდა, ადგილიდან დაიძრა, მაგრამ მალე წინ ჯარისკაცები გადაეღობნენ და, რადგან მოლაპარაკებამ არც ამჯერად გამოიღო ნაყოფი, სექტის მეთაურები დააპატიმრეს. რიგითმა წევრებმა კი განზრახვაზე ხელი აიღეს და ოფიციალურად შეუერთდნენ ლუთერულ ეკლესიას (იხ. გ. მანჯგალაძე, სექტანტური მოძრაობა ამიერკავკასიის გერმანელ კოლონისტებში: რელიგიის ისტორიისა და ათეიზმის საკითხები საქართველოში, 1, თბ., 1968, გვ. 66-70).
ასე შეიქმნა ლუთერული ეკლესია საქართველოში, რომლის კულტს და განათლებას ტაძრებისა და სკოლების შესაბამისი ქსელი ემსახურებოდა. 1914 წლის მონაცემებით, ამიერკავკასიაში 21 000 ლუთერელი ცხოვრობდა. მათგან გერმანელი 17 000 იყო. ჰყავდათ პასტორთა სათანადო კონტინგენტი. გააჩნდათ წესდება, რომლის თანახმად გერმანელთა კოლონიები საქართველოში ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიად გამოცხადდა. მისი ცენტრალური შტაბი - პასტორთა კრება ანუ სინოდი - თბილისში მდებარეობდა. ხელმძღვანელს ობერპასტორი ერქვა.
აღსანიშნავია კოლონისტების შრომის კულტურა და ენთუზიაზმი. ლუთერის ასკეტური სისტემის თანახმად, განუზომელი ფასი აქვს შრომაში გამოვლენილ სიბეჯითეს. „ო, ძვირფასო ქრისტიანებო, - წერდა იგი, - ღმერთზე უნდა ილოცოთ ცოტა, მაგრამ ღრმად, ვინაიდან ის გმობს ხანგრძლივ და სიტყვამრავალ ლოცვებს“. ამიტომაც საქართველოში იშვიათად ნახავდით ფუქსავატ გერმანელს. შრომობდნენ და სწავლობდნენ გულმოდგინედ. ქმნიდნენ დოვლათს. გამოირჩეოდნენ სანიმუშო ყოფაქცევით, პუნქტუალობით.
პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს საქართველოს ლუთერელებს ბრალად გერმანიის აგენტობა დასდეს. დაიწყო დევნა და გასახლება. დაუხურეს ეკლესიები და სკოლები. მხოლოდ პერესტროიკის წყალობით მოიპოვეს სამლოცველო სახლის გახსნის უფლება თბილისში. აქვე დაარსდა გერმანული კულტურის ცენტრი და სათვისტომო.
დღეისათვის ქართველი მორწმუნე ლუთერელების რიცხვი 500-მდე აღწევს. ისინი ცხოვრობენ თბილისში, სოხუმში, გაგრაში, რუსთავში, გარდაბანსა და ბოლნისში. ჰყავთ ეპისკოპოსი - პროფ. გერტ ჰუმელი და ხუცესი - გარი აზიკოვი. მათ ერთი ეკლესია აქვთ (თბილისში), სადაც საკვირაო სკოლა ფუნქციონირებს.
სახელწოდების ძირი ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად - შთაფლვით ანუ ჩაყვინთვით ნათლობას (ბერძნ. ბაპტიძო „ვნათლავ წყლით“). ამდენად, ბაპტისტების სულიერ ცხოვრებაში ყურადღება ძირითადად რწმენით ნათლისღებაზეა გადატანილი; იგი შთაფლვით უნდა შესრულდეს.
რიტუალი, თუ მდინარეზე გასვლის საშუალება არ არის, სრულდება ბაპტისტერიაში ანუ ეკლესიის დარბაზში გაკეთებულ აუზში ხელდასხმული მსახურის (დიაკვნის, ხუცესის, ეპისკოპოსის) მიერ.
ბაპტისტური ლიტურგია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. იგი, რიგორც წესი, არეკლავს ადგილობრივი კულტურის თავისებურებებს. ზოგადი თარგი ასეთია: შესავლისა და დასასრულის ლოცვები (რომლებიც ან სპონტანურია, ან წინდაწინ შედგენილი), რწმენის დამოწმება (მრწამსი), „სიტყვის ლიტურგია“, ქადაგება, ევქარისტია, კურთხევა. ინათლებიან მხოლოდ მორწმუნენი, ე.ი. მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს ჩამოუყალიბდება ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმის უნარი.
ბაპტისტები ცნობენ ეკლესიის მადლმოსილებას და ფუნქციას პიროვნებისა წინსვლისა და წარმატების გზაზე, მაგრამ, სხვა პროტესტანტული ეკლესიების მსგავსად, ღმერთსა და ადამიანს შორის ერთადერთ შუამავლად იესო ქრისტეს, ღვთის განკაცებულ ძეს, აღიარებენ.
შეიძლება ითქვას, რომ ბაპტისტთა ეკლესიას მკაცრი თეოლოგიური რეგლამენტი არ აქვს. ისინი ეთანხმებიან ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს ანუ, რაც იგივეა, პატრისტიკა-პატროლოგიის ძირითად დებულებებს, მათ შორის - ნათლისღების ერთგზისობის ფორმულასაც, ე.ი. ერთგზის ნათლისღებას. ამის გამო ბაპტისტები, ანაბაპტისტებისაგან განსხვავებით, სავალდებულოს არ ხდიან ისეთი პიროვნების ხელმეორედ მონათვლას, რომელიც სხვა ეკლესიაში, თუნდაც სიყრმის ასაკში, ყოვლადწმიდა სამების სახელით მონათლულა და თვლის, რომ მონათლულია და გაცნობიერებულიც აქვს ნათლისღების შინაარსი. თუკი კონრეტულ პიროვნებას, ადრე უკვე მონათლულს, მაინც სურს, რომ ნათლისღების წესი შეასრულოს, ამ წესს, მარტივი ლოგიკის თანახმად, არა საიდუმლოს (ნათლისღების საიდუმლოს ერთგზისობიდან გამომდინარე), არამედ მხოლოდ დეკლარაციის მნიშვნელობა ექნება.
ბაპტისტური ეკლესია რწმენის ერთადერთ წყაროდ აცხადებს იესო ქრისტეს მოძღვრებას, როგორც იგი საღვთო წერილშია გადმოცემული.
ბაპტიზმის აკვანი დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდიაა, განსაკუთრებით - ამსტერდამი. პირველი თემის დამაარსებლად ანგლიკან მღვდელს ჯონ სმიტს ასახელებენ. იგი ყურადღებას ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფაზე და მორწმუნეთა თითოეული ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობაზე (თვითმყოფადობაზე) ამახვილებდა. მქადაგებელს ანგლიკანური ეკლესია იმთავითვე დაუპირისპირდა და დევნა დაუწყო, რის გამოც მან 1609 წელს ამსტერდამს შეაფარა თავი. ჯ. სმიტმა იქ, თომას ჰელვისთან ერთად, 1611-1612 წწ-ში ანგლიკანებისა და მენონიტების დიდი ჯგუფი მონათლა. ასე ჩაეყარა საფუძველი ბაპტისტურ ეკლესიას. ბაპტისტთა მეორე თემი ჰენრი იაკობის ხელმძღვანელობით ინგლისში ჩამოყალიბდა. მალე მათ სხვა თემებიც მიემატა. თავიდან ისინი სხვა სახელწოდებით იყვნენ ცნობილი: პურიტანები (ლათ. პურუს „სუფთა“), დისიდენტები (მოწინააღმდეგეები), ინდეპენდენტები (ინგ. „დამოუკიდებლები“, „თვითმყოფადები“).
იმავე საუკუნის შუა წლებში ბაპტისტებს შორის თეოლოგიურ საფუძველზე განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს ორი ლიდერი - თომას ჰელვისი და ჰენრი იაკობი - დაუპირისპირდა. ჰელვისი კალვინის გავლენას განიცდიდა და ამტკიცებდა, რომ ადამიანების სამომავლო ყოფა ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა; კაცთა სიმრავლიდან მან რჩეულები გამოყო. ჰენრი იაკობის თანახმად, ღმერთი იხსნის ყველას, ვინც სიკეთის გზაზე დგას. ამ საკითხზე კამათმა მწვავე ხასიათი მიიღო. საბოლოოდ, საყოველთაო ხსნის იდეამ გაიმარჯვა და ბაპტისტთა მოძრაობა მსოფლიოს დიდ ნაწილში გავრცელდა როგორც საყოველთაო ხსნისა და გადარჩენის აღმსარებლობა.
რუსეთის ყოფილ იმპერიაში ბაპტისტურ ეკლესიას, ბალტიისპირეთის შემდეგ, პირველად საქართველოში, თბილისში, 1867 წლის 20 აგვისტოს დაედო სათავე. ამ დროს ერთმანეთს შეხვდნენ გერმანელი ბაპტისტი მარტინ კოლვეიტი და თბილისის მალაკანთა თემის წინამძღვარი ნ.ი.ვორონინი, რომელმაც წყლით ნათლობის აუცილებლობა აღიარა, მოინათლა და ძველი თანამორწმუნეების დიდი ნაწილი გაიყოლია. ამდენად, თბილისის ბაპტისტთა ეკლესია რუსეთიდან გადმოსახლებული მალაკნების ბაზაზე შეიქმნა. ამ თემში მოგვიანებით ქართველებიც გაერთიანდნენ, მაგრამ მათი რიცხვი იმდენად მცირე იყო, რომ ქადაგება მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. 1919 წელს ვითარება შეიცვალა და ქართულენოვანი ეკლესიის დაარსება შესაძლებელი გახდა. ეს მისია სამხედრო სამსახურიდან ახლადდაბრუნებულმა ილია კანდელაკმა იკისრა. იგი ბოლშევიკებმა 1927 წელს მოკლეს, როდესაც ქადაგებიდან შინ ბრუნდებოდა.
1944 წელს თბილისის ბაპტისტთა თემს „სახარებისეული ქრისტიანები“ შეუერთდნენ. დღეისათვის ეს ორი მიმართულება (ბაპტისტები და ევანგელისტები, რადგან მათ შორის არსობრივი სხვაობა არაა) გაერთიანებულია და ეწოდება საქართველოს ევანგელურ - ბაპტისტური ეკლესია.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას სწამს, რომ სოციალური საქმიანობა, სახარების გავრცელებასთან ერთად, ეკლესიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამიტომ ისინი სოციალური პროგრამების განხორციელებას საგანგებო ყურადღებას უთმობენ: ეხმარებიან უპოვართ, იძულებით გადაადგილებულებს, ობოლ და ინვალიდ ბავშვებს, მიუსაფარ მოხუცებს. უკვე სამი წელია, რაც საქართველოში წმინდა ნინოს ორდენი ფუნქციონირებს, რომელშიც გაერთიანებული არიან დიაკონისები (მსახური დები). ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქმიანობენ და შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან ეთნიური წარმომავლობისა და რელიგიური კუთვნილების განუსხვავებლად.
ბაპტისტები არ არიან საზოგადოებისაგან მოწყვეტილნი. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ ადამიანის უფლებათა თუ გარესამყაროს დაცვაში. მათი ეკლესიები გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე ბაპტისტთა მსოფლიო ალიანსი ერთ-ერთი უპირველესი ეკლესიაა რომის კათოლიკური ეკლესიის შემდეგ. ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ დასავლეთის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აშშ-ის ამჟამინდელი და წინა პრეზიდენტები, აგრეთვე ბევრი სხვა გავლენიანი მოღვაწე ბაპტისტური ეკლესიების წევრები არიან.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპის და, საერთოდ, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ერთმორწმუნეებთან. იგი სხვადასხვა საქველმოქმედო და კულტურულ საქმიანობაში მონაწილეობს, ჩართულია საზოგადოებრივ - ეროვნულ პროცესებში. ეს არცაა გასაკვირი: ბაპტისტები თვლიან, რომ წარმოადგენენ ნაწილს სრული, მსოფლიო ქრისტიანული ეკლესიისა და აღიარებენ მამის, ძისა და სულიწმიდის სარწმუნოებას.
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მკაფიოდ გამოხატული ეკუმენური ორიენტაციის ეკლესიაა. იგი საქართველოდან ევროპის ეკლესიათა კონფერენციის ერთადერთი წევრია; თანამშრომლობს კათოლიკურ, ანგლიკანურ, ლუთერულ და რეფორმატორულ ეკლესიებთან. საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია ერთ-ერთი ინიციატორი იყო ქრისტიანული ეკლესიების სამუშაო ჯგუფისა, რომელშიც გაერთიანებულია ოთხი ქრისტიანული ეკლესია: ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სომხური სამოციქულო ეკლესია საქართველოში და რომის კათოლიკური ეკლესია საქართველოში.
ამჟამად საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის (სებე-ის) მონათლულ წევრთა რიცხვი 5000-ს უდრის, თანამდგომთა და თანამგრძნობთა ჩათვლით, - 17000-ს. ისინი საქართველოს ყველა რეგიონში ცხოვრობენ. მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც, რომლებთან კავშირი ცენტრს დღესაც შენარჩუნებული აქვს. სებე-ის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. იგი ფარული კენჭისყრით ირჩევს ეპისკოპოს-პრეზიდენტს, რომელიც ეკლესიას მართავს და ყრილობის წინაშე ანგარიშვალდებულია. ეპისკოპოს-პრეზიდენტი გენერალურ მდივანს ნიშნავს. ამჟამად ეპისკოპოს-პრეზიდენტია ისტორიკოსი, მთარგმნელი და მკვლევარი - მალხაზ სონღულაშვილი, გენერალური მდივანი - მერაბ გაფრინდაშვილი.
რეგიონალური პრინციპით სებე ოთხადაა გაყოფილი. თითოეულ რეგიონს მთავარხუცესი ჰყავს. ცალკეულ ეკლესიებს ხუცესები, დიაკვნები და მქადაგებლები ხელმძღვანელობენ. სებე-ის ეკლესიები მართვა-გამგებლობის საკითხებში ავტონომიურნი არიან. ამიტომ სხვადასხვა ეკლესიაში სხვადასხვა წესისა და სტილის მსახურებას შეხვდებით.
კომუნისტური რეჟიმის დროს ბაპტისტ-ევანგელისტების ნაწილმა უარი თქვა რეგისტრაციასა და სახელმწიფოსთან ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე. ისინი დაუპირისპირდნენ თანამორწმუნეებს, რომლებიც ამ თვალსაზრისით შედარებით ლოიალობას იჩენდნენ. მათ ცალკე ეკლესიები ჩამოაყალიბეს, რომლებსაც შესაძლებელია, პირობითად, რადიკალები ან ფუნდამენტალისტ-ბაპტისტური ეკლესიები ვუწოდოთ. ბოლო დროს მათ რიგებს იდეურად ის ევანგელისტ-ბაპტისტებიც შეუერთდნენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის კურსს ქვეყნის ტრადიციებთან და კულტურულ ღირებულებებთან დაახლოების შესახებ. არაოფიციალური მონაცემების თანახმად, კონსერვატორ, ე.ი. რეფორმათა მოწინააღმდეგე ბაპტისტ-ევანგელისტთა რიცხვი 1000-მდე აღწევს. ისინი, ძირითადად, ბათუმსა და თბილისში ცხოვრობენ.
ასე რომ, საქართველოში მონათლული ბაპტისტების საერთო რიცხვი, როგორც ლიბერალური, ისე რადიკალური ფრთისა, 6000-მდე აღწევს.
ევანგელისტ-ორმოცდაათიანელები
ორმოცდაათიანელი ანუ, ბერძნულად, პენტეკოსტელი არის იმ ქრისტიანთა საერთო სახელწოდება, რომელთა თავისებურებას ქარიზმატული განწყობილება ანუ რელიგიური ანთებულობა (სიშმაგე, ტრანსი) და ,,უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი“ (გლოსალალია) წარმოადგენს. ისინი დღეს თავიანთ თავს ევანგელისტებად, ანდა სახარებისეულად მორწმუნე ქრისტიანებად მოიხსენიებენ.
ამ მიმდინარეობის წარმოშობის ოფიციალურ თარიღად 1906 წელი ითვლება, როდესაც ქ. ლოსანჟელესში პირველად შედგა ,,სულით ნათლობა“ ,,უცხო ენებზე ლაპარაკითურთ“. თუმცა ,,უცხო ენებზე ლაპარაკის“ რიტუალი ამერიკელ ულტრაპროტესტანტებს ადრეც ჩაუტარებიათ. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი ორმოცდაათიანელთა ისტორიას 1892 წლიდან იწყებს, ზოგიერთი - 1901 წლიდან.
ლოსანჟელესის პირველი თემი რუსი დუხობორების, მალაკნების, ადგილობრივი ბაპტისტებისა და მეთოდისტების ბაზაზე ჩამოყალიბდა. იმ დროს პენსილვანიის შტატის უკაცრიელი სანახების ათვისება მიმდინარეობდა და ახალი მოძღვრების დამაარსებლებმა ქადაგება დაიწყეს: პენსილვანიის შტატი წმიდა მიწაა, მორწმუნეთა იქ ჩასახლება კი ღვთის ნება და უზენაესი მადლია! მიზანსაც მიაღწიეს: აღნიშნული მხარე ახალი მოძღვრებით და რიტუალით მოხიბლულმა ხალხმა გაავსო. ორმოცდაათიანელთა თემები მალე ამერიკის სხვა რეგიონშიც წარმოიშვა და მის საზღვრებს მიღმაც.
ორმოცდაათიანელობის სპეციფიკური ნიშანი არეკლილია სახელწოდებაში - ორმოცდაათი ანუ, ბერძნულად, პენტეკოსტე. აქ იგულისხმება აღდგომიდან ორმოცდამეათე დღის სასწაული - მოციქულებზე წმიდა სულის გადმოსვლა და მათი შემოსვა უცხო ენებზე მეტყველების უნარით (საქ. მოც. 2:1-8).
ამ მიმდინარეობის წარმომადგენლებს სწამთ თავიანთი მოციქულებრივი პატივი და სჯერათ, რომ ანალოგიური მადლი მათაც ებოძებათ.
ევანგელისტ-ორმოცდაათიანელები ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებენ, რომ ,,ენებზე ლაპარაკის“ ნიჭი, მოციქულების მსგავსად, პირველ ქრისტიანებს, კერძოდ, წარმართობიდან ახლადმოქცეულებსაც ჰქონდათ (საქ. 10:14). ისინი თვლიან, რომ უცხო ენებზე ლაპარაკი, მოციქულებისა და პირველქრისტიანების მსგავსად, ყველა მორწმუნეს შეუძლია. საჭიროა მხოლოდ თავდავიწყებული ლოცვა და ექსტაზი, მუხლდადრეკა და ხელაპყრობა, ყოველივე ამქვეყნიურის დავიწყება და გონების ზეცად ამაღლება. მათი ლოცვა მკვეთრად პათეტიკურია. მსახურება სიმღერის, მუსიკის და ცეკვის ფონზე მიმდინარეობს; გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი. ხშირად იხსენებენ დავით წინასწარმეტყველის სიტყვებს: ,,აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა.. აქებდით მას ხმითა ნესტვისაითა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა; აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოითა; აქებდით მას წინწილითა კეთილ-ხმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისაითა...“ (ფს. 150). მლოცველებს ამ დროს თითქოს ეცხადება სულიწმიდა, რომელიც მათ უცხო ენებზე ამეტყველებს, რაც გამოიხატება უცნაური სიტყვების წარმოთქმით. აი, რამდენიმე ნიმუში: „ონარი“, „კონტარი“, „ფამანა“, „ტალა“ „ლატა“, „ტალალა“, „სილმინი“, „ტრამბაბა“, „დირი“, „ტილი“ და ა.შ. ამტკიცებენ, რომ მათ, და მხოლოდ მათ, ძალუძთ წარმონათქვამთა ჭეშმარიტი აზრის გამოცნობა. ეს აზრი კი წინასწარმეტყველურია და უმთავრესად ესქატოლოგიურ შინაარსს შეიცავს.
ორმოცდაათიანელთა პრაქტიკაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ნათლობას. პრინციპის თანახმად, ეს რიტუალი უნდა ჩატარდეს მდინარეში, ტბაში ან ზღვაში, თანაც ცივ ამინდში, რითაც ისინი ხაზს უსვამენ ამ ტრადიციის სახარებისეულ საფუძველს (ქრისტეც ზამთარში და მდინარეში მოინათლა).
ექსტაზში შესვლა და „ენებზე ლაპარაკი“ ორმოცდაათიანელთა საერთო ნიშანია და მას ყველა ორმოცდაათიანელი ასრულებს, მაგრამ ამ რიტუალის გზნებადობის მიხედვით და საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით ისინი ორ ბანაკად იყოფიან. ერთ მხარეზე ლიბერალები დგანან, რომელთაც სახელმწიფოსთან ლოიალური დამოკიდებულება აქვთ, ქვეყნის კულტურულ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაზე უარს არ ამბობენ და არც ზღვარგადასულ ექსტაზს მიმართავენ. მეორე მხარეზე არიან რადიკალები, რომლებიც „ენებზე მეტყველების“ გამძაფრებული რიტუალით გამოირჩევიან. მათ სჯერათ, რომ ქარიზმა მათ, და მხოლოდ მათ, აქვთ მონიჭებული და ის, რაც სხვას სიგიჟე და ნევროსთენია ჰგონია, სინამდვილეში ქარიზმა და, მაშასადამე გამორჩეულობის ნიშანია. ქარიზმატული ღვთისმსახურება ფსიქიკასა და, საერთოდ, ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.
ევანგელისტ-ორმოცდაათიანელთა მოძღვრება და პრაქტიკა რუსეთში, გერმანელთა დასახლებებში, რევოლუციამდე გავრცელდა. რუსულენოვანი საკრებულოები კი პირველად 1922 წელს ქ. ოდესაში ჩამოყალიბდა. დამაარსებლად ითვლება ი. ე. ვორონაევი. იგი მალაკნის ოჯახში დაიბადა, მაგრამ ბაპტისტად მოინათლა და ამერიკაში გადასახლდა, სადაც ორმოცდაათიანელი გახდა. მან საბჭოთა კავშირში ფართო მისიონერული ქსელი გააბა და ბევრგან წარმატებას მიაღწია.
ეს დენომინაცია საქართველოში შედარებით გვიან გამოჩნდა. პირველი ჯგუფი თბილისში დაახლოებით 1939 წელს ჩამოყალიბდა. იგი რუსი ეროვნების მოქალაქეებით იყო დაკომპლექტებული. ქართულენოვანი რიტუალი პირველად 1945 წელს გორში შედგა, რომელიც ერთ იქაურ კაცს, რუსეთიდან დაბრუნებულს, ჩაუტარებია. გორელი ორმოცდაათიანელები მალე თბილისის რუსულენოვან თანამორწმუნეებს დაუკავშირდნენ და მათთან ორგანიზაციულადაც გაერთიანდნენ. ეს ფაქტი იმდროინდელ სპეცსამსახურებს არ გამოპარვიათ და მქადაგებელთა წინააღმდეგ სერიოზულ ზომებს მიმართეს.
საქართველოში ამჟამად 5000 მონათლული ორმოცდაათიანელი ცხოვრობს, მოარულ-თანამდგომებითურთ - 10 000-მდე. მათი თემები, თბილისისა და ქუთაისის გარდა, ბევრ სხვა რაიონშიც გვხვდება. ცენტრალური ეკლესიები არის თბილისში. ძირითადია სამი ეკლესია. დანარჩენი ეკლესიები ან ერთის, ან მეორის, ან მესამის იურისდიქციაში შედიან. ყველაზე მრავალრიცხოვანი და, ასე თუ ისე, ოფიციალური ის ეკლესიაა, რომელსაც ოლეგ ხუბაშვილი ხელმძღვანელობს.
ეს მოძრაობა ინგლისელი მეთოდისტების წრეში წარმოიშვა. დამაარსებელია მეთოდისტი მქადაგებელი უილიამ ბუთი, რომელიც დაუპირისპირდა თავისი ეკლესიის წესებს - დაფუძნებულს ანგლიკანურ ტრადიციებზე, მაგრამ სამაგიეროდ ახალი და მკაცრად უნიფიცირებული წესები შემოიღო.
უ. ბუთიმ 1861 წელს ინგლისში ჩამოაყალიბა ორგანიზაცია - „მოძრაობა საზოგადოების აღორძინებისათვის“, რომელსაც შემდეგ „ქრისტიანული მისია“ ეწოდა, 1878 წლიდან - „ხსნის არმია“. ამ სახელწოდების ეკლესიები მალე ამერიკის, ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში გაფორმდა. შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ცენტრი ვაშინგტონია.
უ. ბუთის სისტემა დაფუძნებულია სამხედრო დისციპლინასა და სტრუქტურაზე, კერძოდ, სუბორდინაცია-იერარქიაზე. ეკლესიებს ჯარისკაცები ემსახურებიან, რომელთა უფროსები ოფიცრები არიან, ოფიცერთა უფროსები - პოლკოვნიკები, პოლკოვნიკთა უფროსები - გენერლები. საერთაშორისო ალიანსს (ერთიან ეკლესიას) სათავეში მთავარსარდალი უდგას. ეკლესიის წევრები სამხედრო ფორმებით არიან შემოსილი, - მუნდირებით და ეპოლეტებით წოდებათა მიხედვით, თუმცა მათ ხელში იარაღს, ვერც ცივს და ვერც თბილს, ვერ ნახავთ. ამის მიუხედავად, აღნიშნული დენომინაცია (ეკლესია) დივიზიებისაგან, კორპუსებისა და ფორპოსტებისაგან შედგება. ერთმანეთს სამხედრო სალამს აძლევენ და ფიცსაც სამხედრო წესების შესაბამისად დებენ. აქვთ სასწავლებლები, რომელთაც კადეტთა სკოლა ჰქვია.
უ. ბუთისეული დენომინაციის თეოლოგია იგივე პროტესტანტული, ულტრაპროტესტანტული, თეოლოგიაა. ეკლესიოლოგია კი, დანარჩენი პროტესტანტული ეკლესიებისაგან განსხვავებით, საეკლესიო ტრადიციის სრულ იგნორირებაში მდგომარეობს. უარყოფილია არა მარტო საეკლესიო საიდუმლოებები, არამედ ნათლისღების რიტუალის შესრულების საჭიროებაც კი. არმიელების მტკიცებით, მთავარი ის ნათლისღებაა, რომელიც პიროვნების გულსა და გონებაში აღესრულება, რიტუალი ფუჭია და ამაო. ამის გამო ყურადღება პიროვნების ზნეობასა და წესიერებაზეა გადატანილი.
ღვთისმსახურება მარტივია. კრებები ტარდება როგორც დარბაზებში, ისე გარეთ, ხალხმრავალ ადგილებში. მიღებული ნორმაა მსვლელობები სასულე ორკესტრის თანხლებით. ხშირად წარმოითქმის საჯარო აღსარებები და მონანიებები. სიმღერები და ცეკვები უმეტესად მოდერნის სტილში სრულდება.
„არმიის“ მთავარ მიზანს ჰუმანიტარული მისია წარმოადგენს. ხსნიან უსახლკაროთა თავშესაფრებს, უფასო საავადმყოფოებსა და სასადილოებს; ეხმარებიან ლტოლვილებს, პენსიონერებს, ფიზიკურად და სულიერად შეჭირვებულებს ეროვნებისა და სარწმუნოების განუსხვავებლად. აქედან წარმოდგება სახელწოდება - ხსნის არმია.
„ხსნის არმიის“ ორგანიზაციები (ეკლესიები) დღეისათვის ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. მისი ჯარისკაცები საქართველოში, თბილისში, პირველად 1993 წელს გამოჩნდნენ და, ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ჰუმანიტარული საქმიანობის ფართო ქსელი გააბეს. მათ ორგანიზაციები თბილისის გარდა, ქუთაისში, გორში, რუსთავსა და ბათუმშიც აქვთ. „არმიელების“ ჰუმანიტარულმა დახმარებამ 1995-1996 წლებში საქართველოში შემოსული ყველა ჰუმანიტარული დახმარების 42% შეადგინა. ყველაზე კრიზისულ წლებში (1993-1994) მათ საქართველოში 13 800 ტონა პროდუქტი შემოიტანეს და 300 000 სულზე გაანაწილეს. 2000 წელს „არმიელთა“ უფასო სასადილოებში (თბილისი, გორი, გარდაბანი, რუსთავი, მარტყოფი, დედოფლისწყარო, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი) 7500 უპოვარი (ბენეფიციარი) იკვებებოდა.
„ხსნის არმიელთა“ საღვთისმსახურო შეკრებებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800 კაცი მონაწილეობს.
დაარსების თარიღი 1832 წელია. ამ დროს ინგლისში - ოლბანსა და ლონდონში - თანამორწმუნეთა რამდენიმე ჯგუფი შეიკრიბა და მოციქულები აირჩიეს. ასე შეიქმნა ახალი დენომინაცია, რომელიც, მისი მესვეურების რწმენით, სინამდვილეში სხვა არა არის რა, თუ არა პირველმოციქულთა მოძღვრებისა და პრაქტიკის განახლება და აღდგენა. მაშასადამე, „ახალსამოციქულო ეკლესიას“ სამოციქულო ტრადიციის ყველაზე სრულყოფილად ფლობის პრეტენზია აქვს.
„ახალმა მოციქულებმა“ XIXს-ის შუა წლებში ეკლესიები გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩამოაყალიბეს. მათი ასპარეზი მალე მსოფლიო მასშტაბით განივრცო და ეს ეკლესია დღეს რვა მილიონამდე წევრს ითვლის. იგი დაყოფილია სამოციქულოებად, სამოციქულოები - ოლქებად, ოლქები- თემებად ანუ სამრევლოებად. მსოფლიო ახალსამოციქულო ეკლესიას სათავეში მთავარმოციქული უდგას. მას მოციქულები ექვემდებარებიან, მოციქულებს - ეპისკოპოსები, ეპისკოპოსებს - მღვდლები, დიაკვნები, მნათეები, ევანგელისტები და მქადაგებლები. ეკლესიებთან საკვირაო სკოლები მოქმედებს.
ახალსამოციქულო ეკლესიის არსებითი ნიშანი მძაფრი ესქატოლოგიური მოლოდინია. აქ, დანარჩენი პროტესტანტული მიმდინარეობებისაგან განსხვავებით, შენარჩუნებულია სამი საიდუმლო - ნათლისღება, კონფირმაცია (სულიწმიდის აღბეჭდვა ანუ იგივე მირონცხება) და ზიარება. ახალმოციქულები ნათლავენ ბავშვებს და მიცვალებულთათვისაც ლოცულობენ, ე.ი. პანაშვიდებს იხდიან.
ახალმოციქულთა პირველი თემი საქართველოში, თბილისში, 1994 წელს დაარსდა მოციქულ ბერნდ კლიპერტის მისიონერული მოღვაწეობის შედეგად. ბ.კლიპერტი ეროვნებით გერმანელია. ამიტომ ,,ქართველ ახალმოციქულთა“ დიდი ნაწილი ქართველი გერმანელები არიან. თბილისში ორი ეკლესია არსებობს (ავლაბარსა და საბურთალოზე). ანალოგიური ეკლესიებია ბათუმში, ქუთაისში, ახმეტასა და ზოგ სხვა რაიონში.
ახალსამოციქულო ეკლესია საქართველოში 700-მდე წევრს აერთიანებს.
ძირითადი ლიტერატურა: Хорошего держитесъ (Церкви религиозные объединения в Российской державе, Советском Союзе и независимых возникших после его распаде) Харьков 1999.