საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია
წყარო: საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი : პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები / რედ.: გია ნოდია, ალვარო პინტო სქოლტბახი ; [წინასიტყვ.: ვლადიმირ შკოლნიკოვი, იოს ვან კემენადე] ; მშვიდობის, დემოკრ. და განვით. კავკ. ინ-ტი, ნიდერლანდების მრავალპარტ. დემოკრ. ინ-ტი, ეუთო-ს დემოკრ. ინ-ტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი - [თბ.] : CIPDD, 2006 - 341გვ. ; 24სმ. - - საგნ. საძიებელი: გვ. 333-341. - ISBN 99928-37-17-9 : [ფ.ა.]   [MFN: 29917]
 
UDC:  329(479.22)
K 23.819/4 - საერთო ფონდი
K 23.820/4 - საერთო ფონდი
K 23.821/4 - საერთო ფონდი
(..22)329/ს-323 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 7.502/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: მშვიდობისა, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2006
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პოლიტიკური პარტიები: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები კოორდინატორები: გია ნოდია ალვარო პინტო სქოლტბახი მშვიდობისა, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მშვიდობისა, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, 0193, მერაბ ალექციძის 1, ტელ.334081/ფაქსი 334163 cipdd@cipdd.org / www.cipdd.org 2006 წელი NIMD, OSCE/ODIHR, CIPDD. ყველა უფლება დაცულია. მფლობელისგან წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ამ გამოცემის გამეორება ან კოპირება ნებისმიერი ფორმით: ელექტრონულით, მექანიკურით, ფოტოგრაფირებით ან სხვა რამ საშუალებით. გამოცემა მომზადებულია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები და ინფორმაცია შეიძლება არ ემთხვეოდეს ODIHR-ის თვალსაზრისს.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ფუნქციური მრავალპარტიული სისტემა თანამედროვე დემოკრატიის აუცილებელი პირობაა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პარტიებს შორის პოლიტიკური შეჯიბრისა და ურთიერთობის გარეშე დემოკრატია უსულო სხეულს ჰგავს. დღესაც, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება პოლიტიკურზე უფრო აქტიური ჩანს და, როდესაც ეუთოს მთელ რეგიონში მოქალაქეები პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოხატავენ, პოლიტიკური პარტიების არსებობა აუცილებელია ქმედითი დემოკრატიისათვის.

ჯერ კიდევ 1990 წელს, კოპენჰაგენის დოკუმენტში, ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა ,,პოლიტიკურ ორგანიზაციათა პრულარიზმის აუცილებლობა“ აღიარეს. მონაწილე სახელმწიფოების მთავრობებმა გამოხატეს მზადყოფნა, „პატივი სცენ პიროვნებებისა და ჯგუფების უფლებას, თავისუფლად ჩამოაყალიბონ საკუთარი პოლიტიკური პარტიები ან სხვა პოლიტიკური ორგანიზაციები და შეუქმნან ამ პოლიტიკურ პარტიებს და ორგანიზაციებს აუცილებელი იურიდიული გარანტიები, რათა ისინი კანონისა და ხელისუფლების მხრიდან თანასწორი მოპყრობის პირობებში შეეჯიბრონ ერთმანეთს“. ასე რომ, ეუთო მოწოდებულია მრავალპარტიული სისტემების განვითარებას დაუჭიროს მხარი. მეორე პარტნიორი ორგანიზაცია, რომლის საქართველოში მოღვაწეობის მოწმობაცაა წინამდებარე წიგნი, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი (ნიმდი), სწორედ ასეთი სისტემებისა და მათი შემადგენლის - დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების - განვითარების ხელშესაწყობად დაარსდა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (დიაუო) ხაზს უსვამს წარმომადგენლობითი, პასუხისგამცემი და პასუხისმგებელი ხელისუფლების მნიშვნელობას. პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა - სახელისუფლებო იქნებიან ისინი თუ არა - მიზნად ისახავს ამ ღირებულებების დამკვიდრებას მთელ პოლიტიკურ სპექტრში. ნიმდი იზიარებს ამ ხედვას. სამი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ჩვენი საქმიანობა ეყრდნობა, შემდეგნაირად განიმარტება:

პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ძალუძს, რეაგირება მოახდინოს საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, ღიად და ქმედითად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფთან, პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებისას განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები გაითვალისწინოს. ამ მხრივ, ხელისუფლების გამჭვირვალობა აუცილებელი პირობაა იმისა, რომ მოქალაქეებისათვის პასუხის გასაცემად მზად იყოს. დიაუო და მინდი მზად არიან დაეხმარონ პოლიტიკურ პარტიებს, უფრო პასუხისგამცემნი გახდნენ საკუთარი წევრების მიმართ, რითაც ხელისუფლების შესაფერისი უნარიც გაიზრდება.

პასუხისმგებლობა ნიშნავს, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია საკუთარი საზოგადოების წინაშე. თუმცა ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო არჩევნების პერიოდშია, დემოკრატიულად მმართულ სახელმწიფოში დემოკრატია არჩევნებს შორის პერიოდშიც „ყოველდღიური პლებისცისტის“ წესით ფუნქციობს. პასუხისმგებელი ხელისუფლება მართავს კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით - კანონები ღიაა, საზოგადოდ ცნობილია და ყველას თანაბრად მიეყენება. პროცედურები უზრუნველყოფს, რომ პოლიტიკური უმცირესობები ჩართულნი არიან კანონშემოქმედებით პროცესში და ბოიკოტის და არმონაწილეობის კულტურა დაძლეულია. იმგვარი მრავალპარტიული სისტემების განვითარება, სადაც პარტიები მუდმივად ჩართულნი არიან ურთიერთობაში, პირდაპირ უწყობს ხელს ამ მიზნის მიღწევას.

წარმომადგენლობითობა გულისხმობს, რომ თუმცა ხელისუფლებები საზოგადოებრივ საჭიროებებს ეხმაურებიან, ისინი გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს, ღირებულებებს, იდეებსა და პროგრამებსაც წარმოადგენენ, და ეს ეხება არა მხოლოდ საარჩევნო, არამედ არჩევნებს შორის პერიოდებსაც. წარმომადგენლობითი ხელისუფლებები ხელს უწყობენ პოლიტიკური ცხოვრების და საზოგადოებრივი პოლიტიკური მონაწილეობის მოწესრიგებას სხვადასხვა ლეგიტიმური ინსტიტუტის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, რითაც ინდივიდუალური მოქალაქეების გასაკეთებელ პოლიტიკურ არჩევანს უფრო ადვილს და თვალსაჩინოს ხდიან. მრავალპარტიული დემოკრატიის ხელშემწყობი მუშაობის პროცესში დიაუო და ნიმდი ვეხმარებით პარტიებს, განავითარონ და გამოკვეთონ საკუთარი პლატფორმები, რათა უფრო ნათლად განუმარტონ საზოგადოებას, თუ რა იდეებსა და ღირებულებებს წარმოადგენენ.

აღიარებს რა, რომ პოლიტიკური პარტიები განსაკუთრებული მმართველობითი ინსტიტუტებია და ძალუძთ ხელი შეუწყონ პასუხისგამცემი, პასუხისმგებელი და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ჩამოყალიბებას, ეუთ-ოს დიაუო-მ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის სფეროში დაიწყო მუშაობა. ეს საქმიანობა მიუკერძოებელ და ღია მრავალპარტიულ პრინციპს ემყარება და მიზნად ისახავს, დემოკრატიული პროცესის მფლობელად ყველა პოლიტიკური ძალა ერთობლივად გამოვიდეს.

საგულისხმოა, რომ ეუთ-ომ ამგვარი პროექტის განხორციელება თავის რეგიონში პირველად საქართველოში სცადა და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ვარდების რევოლუციამ სერიოზული ცვლილებები შეიტანა პოლიტიკურ ლანდშაფტში. ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ ეუთო-ს დიაუო-მ და ნიმდი-მ დაიწყეს ნოვატორული მეთოდოლოგიის გამოყენებით - ინტერაქტიული კვლევით - პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე მიმართული საქმიანობა. კომპეტენტური ადგილობრივი პარტნიორი - მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, მესამე მონაწილე ორგანიზაცია იყო, რომელმაც უზრუნველყო პროექტის წარმატება.

ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა დაეხმარა პარტიებს, მეტი გაეგოთ როგორც საკუთარ, ისე ერთმანეთის ძლიერ და სუსტ მხარეებზე და უფრო გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკური შეჯიბრის სფერო. ასევე იმედი გვაქვს, რომ ვიპოვეთ სამომავლო გეზი, რომელიც მოიცავს პარტიების შიდა დემოკრატიული ორგანიზაციის გაძლიერების, პარტიების საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის გაზრდას, საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას და პარტიების იდენტობათა უკეთ წარმოჩენას ადგილობრივ დონეზე. ეუთ-ოს დიაუო სურვილს გამოთქვამს, არ დაკარგოს ტემპი და გააგრძელოს მუშაობა დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების განვითარების კუთხით, რაც შეესაბამება ეუთო-ს ძირითად ღირებულებებს - დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას. ნიმდი რჩება მის მთავარ პარტნიორად ამ მცდელობაში.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მადლობას უხდის კანადისა და შეერთებული შტატების მთავრობებს ამ პროექტის დაფინანსებისათვის, რომელიც პოლიტიკურად საერთაშორისო, მაგრამ პარტიული მიკერძოებულობისაგან თავისუფალი მცდელობაა, მიმართული ახალი ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად.

ვლადიმერ შკოლნიკოვი

ეუთო- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დემოკრატიზაციის დეპარტამენტის უფროსი

იოს ვან კემენადე

ნიდერლანდების მრავლპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე

სამხრეთ კავკასიის რუკა

0x01 graphic

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს დემოკრატია საერთაშორისო ინტერესის საგანია. ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე დასავლეთის ლიდერებს ეს არაერთხელ უთქვამთ. 2005 წელს, როდესაც ხორციელდებოდა პროექტი, რომლის შედეგსაც ეს წიგნი წარმოადგენს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ეწვია და დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე თავმოყრილ ზღვა ხალხს ღიად განუცხადა, რომ მსოფლიო დაინტერესებულია საქართველოს დემოკრატიის წარმატებით. ასეთი ინტერესი გამოამჟღვანეს სხვა დასავლელმა პოლიტიკოსებმა და მოსაზღვრე ქვეყნების - მაგალითად, თურქეთის - ლიდერებმა. საქართველო, თავის მხრივ, იძლევა დაპირებას, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა დემოკრატიული ქვეყნების კლუბს და მასთან დაკავშირებულ ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებს შეუერთდეს. ამავე დროს, ის ცდილობს გააუმჯობესოს ურთიერთობები მეზობლებთან თავის უშუალო და არასტაბილურ სამეზობლოში - კავკასიაში. ყოველივე ეს აჩვენებს, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასის წინაშე სერიოზული გამოწვევები დგას.

კარგი და დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები გადამწყვეტია დემოკრატიის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ქვეყნებში, რომლებმაც ახლახან დააღწიეს თავი ავტორიტარიზმს, და სადაც დემოკრატია შედარებით ახალგაზრდაა, ასეთი ინსტიტუტები და მათ საფუძველმდებარე პოლიტიკური კულტურა მზა სახით არ არსებობს: ისინი შესაქმნელია. მაგრამ პირველი ნაბიჯი იმის გაგებაა, თუ როგორ მუშაობს ეს ინსტიტუტები. არსებული პოლიტიური კულტურისა და ორგანიზაციების კარგი ანალიზი დემოკრატიზაციის წარმატებული პროცესის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პოლიტიკური პარტიები ცენტრალურია იმ ინსტიტუტებს შორის, რომელნიც უნდა შევისწავლოთ და ვცადოთ გავიგოთ, რატომ და როგორ მუშაობენ ისინი. ცხადია, რომ პოლიტიკური პარტიების ქმედითი სისტემა მნიშვნელოვანი პირობაა ქმედითი წარმომადგენლობითი დემოკრატიისათვის.

საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანაა. მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მოყოლებული, ის საკუთარი დემოკრატიული კონსტრუქციის ასაგებად იბრძვის. ის ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს გარკვეულ წარმატებებს და ახალ-ახალ გამოწვევებს უსწორებს თვალს. მაგრამ რა არის მისი სამომავლო პერსპექტივები? რა მდგომარეობაშია მისი პარტიული სისტემა დღეს და როგორ შეიძლება ის გამოსწორდეს იმგვარად, რომ დემოკრატიის მდგრადობას შეუწყოს ხელი? ამ კითხვებზე საპასუხოდ ჩავატარეთ ინტერაქტიული კვლევა, რომელშიც ქართული პოლიტიკური პარტიები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ მკვლევართა ჯგუფთან, რომელიც შეიქმნა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, აგრეთვე, ევროპის უსაფრთხოების და თანამშორმლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის თანამშრომლობის შედეგად. კვლევა ჩატარდა ინტერაქტიული პროცესის სახით, რომელშიც სხვადასხვა აქტორი იღებდა მონაწილეობას. მთავარი წყარო ინფორმაციისა პოლიტიკური ორგანიზაციების ცალკეული თავისებურებებისა და პრობლემების შესახებ თავად პოლიტიკური პარტიები იყო. აღნიშნული პროცესი ანალიტიკურ საფუძველს იძლევა სამომავლო თანამშრომლობისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტების განსახორციელებლად. ეს წიგნი ამ პროცესის შედეგია.

კვლევა წარმოადგენდა ერთობლივ ინიციატივას, რომელშიც მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი პასუხისმგებელი იყო პროექტის ზოგად კოორდინაციაზე; მანვე შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი მეთოდოლოგიის შემუშავებაში, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო პარტიების შეფასება. მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი კავკასიურ ინსტიტუტთან ერთად მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრებში, შედეგების ანალიზის მომზადებასა და მის რედაქტირებაში. კავკასიური ინსტიტუტი პასუხისმგებელი იყო მეთოდოლოგიის ქართულ რეალობასთან ადაპტირებაზე, საველე სამუშაობის ჩატარებასა და ანგარიშის ტექსტის სხვადასხვა თავის პირველადი სახით მომზადებაზე.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ სამუშაო შეხვედრების მომზადებასა და ორგანიზებაში, ასევე კონკრეტული კითხვების, ძირითადი დასკვნებისა და რეკომენდაციების დაზუსტებაში. მათ აქტიურ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა კვლევისათვის. კვლევის პროცესს ზოგად მეთვალყურეობას უწევდა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი და საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები.

კვლევის პირველი ეტაპი პოლიტიკური პარტიების შერჩევას ითვალისწინებდა. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მათი გავლენის ხარისხი იყო. საბოლოოდ, ის პარტიები შეირჩა, რომლებსაც საქართველოს ყველაზე დიდ წარმომადგენლობით ორგანოებში, პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში, ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავთ. ამ კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა ექვსი პოლიტიკური პარტია: საქართველოს კონსერვატიული პარტია, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკური პარტია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თითოეული პოლიტიკური პარტიიდან შერჩეული წარმომადგენელი აქტიურად თანამშრომლობდა მკვლევართა ჯგუფთან.

მეორე ნაბიჯი იყო კვლევის ძირითადი თემების განხილვა და დადგენა. ეს გაკეთდა სემინარზე ჰააგაში ქართველი პარტნიორებისა და ნიდერლანდელი ექსპერტების მონაწილეობით.

კვლევას საფუძვლად უდევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ჩატარებული ოცდაოთხი (თითოეულ პარტიასთან ოთხი) სამუშაო შეხვედრა. ამ შეხვედრების ნახევარი (კერძოდ, თითო პარტიასთან ორი) თბილისში ჩატარდა, დანარჩენი კი - დედაქალაქის გარეთ. თითოეულ პარტიასთან ჩატარებული ოთხი სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა საკითხის განხილვას მიეძღვნა. კერძოდ, ეს საკითხები იყო:

პარტიის იდეოლოგიური სახე და პოლიტიკის შემუშავების მექანიზმები;

ორგანიზაციული სტრუქტურა/ფინანსური და ადამიანური რესურსები;

შიდა დემოკრატია;

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საარჩევნო კამპანია.

თითოეულ სამუშაო შეხვედრაში, საშუალოდ, პარტიის ათი წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის, პარტიის ლიდერები, აქტივისტები და პირველადი ორგანიზაციების წევრები. დისკუსიები ღია ატმოსფეროში მიმდინარეობდა და პარტიის წევრები თავს არ არიდებდნენ კამათს ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზეც კი. შეხვედრები 2005 წლის ივნის-სექტემბერში ჩატარდა; ამ შეხვედრებზე მოპოვებულ მასალაზეა აგებული თავები, რომლებიც პარტიათა ინსტიტუციურ განვითარებას ეძღვნება.

ინფორმაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წყაროა 2005 წლის 31 მაისს თბილისში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული კონფერენცია, რომელსაც ექვსივე პარტიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამ კონფერენციის დისკუსიები, კერძოდ, პარტიებისა და სახელმწიფოს ურთიერთობასა და პარტიულ საქმიანობაში ქალთა ჩართულობაზე ასახულია წიგნის შესაბამის თავებში. ამასთან, კვლევისთვის საინტერესო საკითხების დასაზუსტებლად პარტიის წარმომადგენლებთან ჩატარდა დამატებითი ინტერვიუები. მეორე მრავალპარტიულ კონფერენციაზე, რომელიც 2006 წლის მარტში მოეწყო ყველა პარტიის წამყვანი მოღვაწეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, განხილულ იქნა წიგნის საბოლოო ვერსია. პოლიტიკური პარტიებისგან უშუალოდ მიღებულ ინფორმაციასთან ერთად კვლევითმა ჯგუფმა დამატებით გამოიყენა ამ თემაზე არსებული ზოგადი ლიტერატურა, ადგილობრივი ექსპერტების მიერ ქართულ პოლიტიკურ პარტიებსა და საქართველოს პოლიტიკური პროცესების სხვა ასპექტებზე არსებული ანალიტიკური მასალები, სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა სფეროს ამსახველი ანგარიშები.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებმა საკმაოდ ნათლად აჩვენა თითოეული პარტიის ამჟამინდელი მდგომარეობის, პარტიებს შორის ურთიერთობების და მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან მათი კავშირის სურათი. წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ამ სურათს და მიზნად ისახავს, გარკვეული მეგზურობა გაუწიოს პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ორგანიზაციებს და საერთაშორისო აქტორებს, რომელნიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პოლიტიკის განვითარებით.

ამ ნაშრომის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის გვინდა მადლობა ვუთხრათ მრჩეველთა ჯგუფის წევრებს: ანა დოლიძეს, ეკა კვესიტაძეს, ლელა ხომერიკს, გიორგი გოგიას, გიორგი ხელაშვილს, გოჩა ცქიტიშვილს, დავით პაიჭაძეს, დევი ხეჩინაშვილს; საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს: გიორგი მოსიძეს, ირაკლი ქავთარაძეს, ვლადიმერ კოხრეიძეს, კახა კუკავას, დავით ცაგარეიშვილს, დავით უსუფაშვილს, ლევან ბოძაშვილს, მარინა წულუკიძეს; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან: ტინა ილსენს, ხილდერიკ სქააპფელდს, ვლადიმირ შკოლნიკოვს; ნიდერლანდებიდან: ანდრე გერიტსს, რუუდ კოლეს, პეტერ კოპეცკის, ხერიტ ფურმანს, ანდრე კრუველს; კავკასიური ინსტიტუტის გუნდის წევრებს: ლია სანიკიძეს, გიორგი გოთუას, ზურაბ ტატიშვილს; და ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის გუნდის წევრებს: ვიბე დე იაგერსა და პეპაინ გერიტსს. თითოეული მათგანის წვლილი იმსახურებს საუკეთესო შეფასებასა და ჩვენს დიდ მადლიერებას.

გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

ალვარო პინტო სქოლტბახი, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი

3 1. დემოკრატიული ტრანზიციები და პოლიტიკური ინსტიტუტები

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე წიგნი 1990 წელს კომუნიზმის კრახის შემდეგ საქართველოში ახალი სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და მისი ინსტიტუტების განვითარების მიმოხილვით იწყება. პოლიტიკური პარტიები გარკვეულ გარემოში ფუნქციობენ და ამ გარემოს მნიშვნელოვან გავლენას განიცდიან; შესაბამისად, ქვეყანაში სტაბილური დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ინდიკატორი პოლიტიკური პარტიების განვითარების დონეა.

რა მიზნების მიღწევა სურთ საქართველოში

სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რომლებიც ეფექტურად მოემსახურებიან მოქალაქეებს;

მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრების გადალახვა;

ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის მთავარი საშუალება;

სიღარიბის დაძლევა და ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფა;

ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანება.

ამ გარემოს სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. ერთი მათგანია პოლიტიკური საზოგადოება და მისი სხვადასხვა ინსტიტუტი. საქართველო ცნობილია როგორც პოლიტიკურად არასტაბილური სახელმწიფო, რაც დემოკრატიაზე გადასვლის (ტრანზიციის) მრავალჯერად მცდელობაში გამოიხატა. მიმდინარე თავის ნაწილში მიმოხილულია ამ ტრანზიციების ისტორია და შეფასებულია მათგან მიღებული გამოცდილება. ორ შემთხვევაში კონსოლიდაცია ვერ იქნა მიღწეული; დემოკრატიაზე გადასვლის მცდელობების შედეგი იყო სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და ნახევრად ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმები, რომლებშიც საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკური პროცესებისგან გარიყული აღმოჩნდა. 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუცია საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის კიდევ ერთი მცდელობაა. ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური აქტორების უმთავრესი ამოცანაა ამ მცდელობის კონსოლიდაცია. ეს ნიშნავს მდგრადი პოლიტიკური რეჟიმის დამკვიდრებას, რომელიც უზრუნველყოფს შეზღუდული, ქმედითუნარიანი და ანგარიშვალდებული ხელისუფლების ჩამოყალიბებას, მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას და პოლიტიკური კონკურენციის თანასწორ პირობებს.

მდგრადი პოლიტიკური რეჟიმი უშუალოდ დაკავშირებულია სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების ურთიერთობასთან, რაც, პირველ რიგში, გამოხატულია სამართლებრივი გარემოთი, სადაც ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უწევთ მოქმედება. საქართველოს კონსტიტუცია და საკანონმდებლო აქტები აღიარებენ მოქალაქეების მიერ პოლიტიკური პარტიების დაარსებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის უფლებას. პრაქტიკულად, ისინი არ ზღუდავენ პოლიტიკური პარტიების ფუნქციობას, თუ არ ჩავთვლით რეგიონული პარტიების აკრძალვას. მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობა საკმაოდ არასტაბილურია და ყოველი მნიშვნელოვანი არჩევნების წინ მისი გადახედვა ხდება. ეს აბნევს ამომრჩეველს და ხელს უშლის პოლიტიკური პარტიული მდგრადი სისტემის განვითარებას. ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა პოლიტიკური შეჯიბრის სამართლიან წესებზე შეთანხმების მიღწევაა; ეს ხელს შეუწყობს როგორც მოქალაქეთა ინტერესების სამართლიან წარმოდგენას, ისე მდგრადი და ძლიერი პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას.

პოლიტიკური პარტიების ფუნქციობის კიდევ ერთი ასპექტი სოციალური გარემოა. პოლიტიკური პარტიები ეხმაურებიან ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. საქართველოს მოსახლეობამ რამდენჯერმე შეუთვალა თავის პოლიტიკურ ელიტას - ვარდების რევოლუცია ბოლო ასეთი გზავნილი იყო - რომ ის არ დაუშვებს ავტორიტარულ მმართველობას. ვერც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც ღიად გამოხატა დემოკრატიული ან ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგო მოსაზრებები, ვერ მოიპოვა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ, რევოლუციური მომენტების გარდა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილების სურვილს ნაკლებად ამჟღავნებს. სამოქალაქო ორგანიზაციები, შედარებით ვიწრო ელიტებზე დაფუძნებულთა გარდა, სუსტად არიან განვითარებული და ვერ წარმოადგენენ ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობის მექანიზმს. პოლიტიკური პარტიები, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიული კავშირები, ასოციაციები და რელიგიური ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებია. მათი განვითარება წარმომადგენლობითი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბების წინაპირობაა.

ბოლო, მაგრამ არა უკანასკნელი, ასპექტი პოლიტიკური აქტორებისა და ინსტიტუტების ფუნქციობისა საერთაშორისო გარემოა. საერთაშორისო აქტორებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. რუსეთთან, საქართველოს ყველაზე ახლო და ძლევამოსილ მეზობელთან, ურთიერთობაზე დიდწილად იყო დამოკიდებული ქვეყნის უსაფრთხოება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება. მაგრამ ამავე დროს, საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარებას სერიოზული დაღი დაამჩნია აგრეთვე მრავალმა სხვა აქტორმა, რომელთა ერთობლიობას „საერთაშორისო საზოგადოებას“ უწოდებენ ხოლმე: აქ იგულისხმება საერთაშორისო ორგანიზაციები, შეერთებული შტატებისა და ევროპული სახელმწიფოების მთავრობები, კერძო ფონდები. საქართველოს პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელზეც საერთო კონსენსუსი არსებობს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის სურვილია. ქართველთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის შანსი უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს განწყობა ახასიათებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებსაც: ისინი ცდილობენ დასავლეთის ქვეყნების მონათესავე პარტიებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას. საქართველოში პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი რამდენიმე საერთაშორისო პროგრამა განხორციელდა, მაგრამ ეს ქვეყნისთვის გაწეული საერთაშორისო დახმარებების პრიორიტეტულ სფეროდ არ ქცეულა.

წინამდებარე წიგნი ამოდის იქიდან, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, უფრო მეტად დაეხმაროს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, ჩამოყალიბდნენ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებად, რომლებიც შეძლებენ ეფექტურად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები. სასურველია, მან მეტი გააკეთოს ამ მიმართულებით.

წიგნის ყოველი თავი იწყება ჩარჩოში ჩასმული ძირითადი პოლიტიკური რეკომენდაციებით. წიგნის პირველ ნაწილში უპირატესი ყურადღება დაეთმობა ეროვნულ და საერთაშორისო გარემოს, რომელშიც ახალი ქართული დემოკრატია ვითარდებოდა ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე.

3.1 1.1 საქართველოს ახალი სახელმწიფო და დემოკრატიის დამყარების მცდელობები

▲ზევით დაბრუნება


მთავარი გამოწვევა, რაც საქართველოს დემოკრატიის წინაშე დგას, ისაა, რომ 2003 წლის ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შევიდეს როგორც „რევოლუცია, რომელმაც ყველა რევოლუცია დაასრულა“. ეს გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია და ძალაუფლების კონსტიტუციური ცვლაც რუტინულ პროცედურად უნდა იქცეს. ამისათვის მთავრობამ უნდა ისწავლოს, სათანადოდ როგორ მოემსახუროს საზოგადოებას და ამავე დროს აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან, რომელიც ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრატეგიებს შესთავაზებს. მოქალაქეების გადამწყვეტი როლი გულისხმობს იმას, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მეშვეობით აქტიურად მონაწილეობენ მართვაში და არ შემოიფარგლებიან არჩევნებსა და სპორადულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობით. მდგრადი პოლიტიკური პარტიების მშენებლობა, რომლებიც ეფექტურად შეძლებენ მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენას, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.

საქართველოს სახელმწიფო ერთდროულად ძალიან ახალგაზრდაცაა და ძალიან ხანდაზმულიც. უძველეს ერად თავის გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. ქართველი ბავშვები სკოლაში სწავლობენ საქართველოს ურთიერთობათა შესახებ ძველ საბერძნეთთან და რომთან; ყველა ქართველმა იცის, რომ მისმა ქვეყანამ ერთ-ერთმა პირველმა მიიღო ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად1 და, რომ მას ოქროს ხანა მე-11-12 საუკუნეებში ჰქონდა. თუმცა, ამ პერიოდის შემდეგ ქვეყანა დაქუცმაცდა და თანამედროვე საქართველოს ტერიტორიის გაერთიანება ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ მხოლოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გახდა შესაძლებელი. ხანმოკლე დამოუკიდებლობამ 1918-21 წლებში დაამკვიდრა მყარი რწმენა იმისა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ქართველებისთვის ერთადერთი მისაღები პოლიტიკური მდგომარეობაა. მაგრამ ამ იდეას ზურგს არ უმაგრებდა შესაბამისი პოლიტიკური ან ინსტიტუციური ტრადიციები.

ამგვარად, პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველო, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, თხუთმეტ წელზე ნაკლებს ითვლის. მისმა ახალმა პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო აღმოცენება საბჭოთა კავშირის დასუსტებისა და ნგრევის ფონზე. ამ დროს შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი მედია და ნამდვილი საზოგადოებრივი გაერთიანებები (მათ ჯერ კიდევ არ უწოდებდნენ „არასამთავრობო ორგანიზაციებს“). პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის ოქტომბერში ჩატარდა, ხოლო 1991 წლის აპრილში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა: ამით დაიწყო მისი ახალი სახლემწიფო ინსტიტუტების ფორმირება, თუმცა ისინი საბჭოთა კავშირის ნაწილის - საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საფუძველზე შენდებოდა. მას შემდეგ საქართველოს თხუთმეტწლიანი გზა განსაკუთრებით ფათერაკიანი აღმოჩნდა: ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ეს ნებისმიერ სხვა პოსტ-საბჭოურ ქვეყანაზე ითქმის.

პრაქტიკული თვალსაზრისით, საქართველო,
როგორც თანამედროვე სახელმწიფო, თხუთმეტ
წელზე ნაკლებს ითვლის

ამ თავში მოკლედ მიმოვიხილავთ საქართველოს ისტორიული გზის საკვანძო პუნქტებს დღემდე, თვალს გადავავლებთ არსებულ სახელმწიფო პოლიტიკურ ინსტიტუტებს, განვიხილავთ ქვეყნის ადგილს რეგიონსა და მსოფლიოში, აღვწერთ საქართველოს სახელმწიფოსა და მის მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობებს.

ერის მშენებლობა და დემოკრატიაზე გადასვლის მცდელობები: ამბავი სამი რევოლუციისა

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბება და ძალაუფლებაში მოსვლა

ახალი საქართველო იწყება პერესტროიკისა და გლასნოსტის პერიოდით - საბჭოთა პოლიტიკური რეჟიმის ლიბერალიზაციის საბედისწერო მცდელობით, რომელიც უკანასკნელმა საბჭოთა ლიდერმა მიხაილ გორბაჩოვმა 1985 წელს წამოიწყო. ამ რეფორმებით მონიჭებული შანსი ქართველებმა გამოიყენეს საიმისოდ, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩემოეყალიბებინათ და საზოგადოება საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის ლოზუნგის ირგვლივ გაეერთიანებინათ. ამან გამოიწვია გარდაუვალი დაპირისპირება კომუნისტურ ხელისუფლებასთან, რომელმაც პიკს 1989 წლის 9 აპრილს მიაღწია: ამ დილას საბჭოთა ჯარმა დამოუკიდებლობის მომხრეთა დიდი აქცია დაარბია და ოცი ადამიანი, უმეტესწილად, ახალგაზრდა ქალები შეიწირა.

ეს ტრაგიკული მოვლენა საქართველოში კომუნისტური რეჟიმის მორალური სიკვდილი აღმოჩნდა: მისი ლეგიტიმურობა საბედისწეროდ დაზიანდა და აღდგენა აღარ ეწერა. მართალია, კომუნისტები ფორმალურად კიდევ წელიწადნახევარს დარჩნენ ხელისუფლებაში, საკუთარ პოლიტიკას ისინი ვეღარ ატარებდნენ. კრემლი ნელ-ნელა კარგავდა კონტროლს. 1990 წლის ოქტომბერში გამართულმა პირველმა მრავალპარტიულმა არჩევნებმა გამარჯვება მრგვალი მაგიდის ნაციონალისტურ და ანტიკომუნისტურ კოალიციას მოუტანა ხმების 54 პროცენტით.2 ეს მოვლენა მაშინ „მშვიდობიან რევოლუციად“ მოინათლა - ის პირველი და ყველაზე კონსტიტუციური ხელისუფლების ცვლა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მრგვალი მაგიდის გამარჯვება 1991 წლის მაისში გამყარდა, როდესაც ზვიად გამსახურდია ხმების 86 პროცენტით პრეზიდენტად აირჩეს.

ამ პერიოდმა დიდი ხნით განსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი, მისი საზოგადოებრივი დისკურსი და პოლიტიკური ინსტიტუტების ხასიათი. დღის წესრიგი ორი დომინანტური იდეით იყო გამსჭვალული: ნაციონალიზმისა და დემოკრატიისა. საქართველო უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო ყოფილი საბჭოთა საქართველოს საზღვრებში; ამავე დროს, ის მისდევდა ევროპულ მოდელს, რაც გულისხმობდა, რომ ის დემოკრატიული ქვეყანა უნდა ყოფილიყო. პრაქტიკულად არ არსებობდა ალტერნატიული პოლიტიკური პროგრამა, რომელსაც სხვა პოლიტიკური ჯგუფები დაიცავდნენ. კამათი მხოლოდ სტრატეგიის საკითხებს ეხებოდა: როგორ უნდა მიეღწია საქართველოს საზოგადოების მიერ გაზიარებული ორმაგი მიზნისთვის.

ამავე პერიოდმა საქართველოში სტაბილური პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნის სერიოზული სირთულეები წარმოაჩინა. ეს ქვეყანაში პოლიტიკურ ჯგუფებსა და ეთნიკურ თემებს შორის კონსენსუსის მიუღწევლობასთან იყო დაკავშირებული. საერთო მიზნების ქონა ანტი-კომუნისტური პოლიტიკური ოპოზიციის კონსოლიდაციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა: მისი სხვადასხვა ფრაქცია ისევე ულმობლად ებრძოდა ერთმანეთს, როგორც კომუნისტურ ხელისუფლებას. ზედაპირზე უთანხმოება სამოქმედო ტაქტიკას ეხებოდა, რეალურად კი, დაპირისპირების ძირი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის პიროვნული ამბიცია იყო. მათ შორის ყველაზე ქარიზმატული ზვიად გამსახურდია აღმოჩნდა, რომელმაც შთამბეჭდავ საარჩევნო გამარჯვებებსაც მიაღწია. მაგრამ ანტიკომუნისტური მოძრაობის სხვა ლიდერები მის უპირატესობას ლეგიტიმურად არ მიიჩნევდნენ. ამან აჩვენა, რომ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს თამაშის ელემენტარულ წესებზე შეთანხმება; ისინი ერთმანეთს მტრებად მიიჩნევდნენ და არა კონკურენტებად.

გამსახურდიას მმართველობა ბევრი ახალი და უმწიფარი დემოკრატიის პარადოქსს განასახიერებდა: მას ხალხისგან ძლიერი მანდატი ჰქონდა, მაგრამ ძალიან მალე ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს. ეს ბრალდება, ნაწილობრივ მაინც, საფუძვლიანი იყო: მთავრობა საკუთარ სახალხო მანდატს უყურებდა როგორც უფლებას, ოპოზიცია არარელევანტურად გამოეცხადებინა და მისთვის მთავრობის კი არა, სახელმწიფოს მტრის იარლიყი მიეწებებინა. მედია ძლიერ ზეწოლას განიცდიდა; ორი დამოუკიდებელი გაზეთის გარდა სხვა გამოცემები დაიხურა.

გამსახურდიას მმართველობას ხალხისგან ძლიერი მანდატი
ჰქონდა, მაგრამ ძალიან მალე ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს

ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტები

პოლიტიკური პლურალიზმის მიღწევის სირთულეს ეთნიკური პრობლემები ემატებოდა. ქართული ნაციონალიზმის აღზევების პარალელურად კონტრნაციონალისტური პროგრამები შემუშავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონებში. აფხაზებმა და ოსებმა შექმნეს საკუთარი ნაციონალისტური მოძრაობები, რომლებიც საქართველოსგან გამოყოფას მოითხოვდნენ. როგორც ბევრ სხვა მულტიეთნიკურ ქვეყანაში, საქართველოშიც დემოკრატიაზე გადასვლის მცდელობამ ქვეყნის ერთიანობა ჩააგდო საფრთხეში.

ქართული ნაციონალიზმის გაჩენის პარალელურად კონტრნაციონალისტური პროგრამები შემუშავდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეგიონებში

1989 წლის აღწერის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტზე ოდნავ ნაკლებს შეადგენდნენ, მათ შორის, ყველაზე დიდ ჯგუფებს წარმოადგენდნენ სომხები, რუსები და აზერბაიჯანელები (იხილეთ ცხრილი 6, გვ. 79). თუმცა, სერიოზული პრობლემები გაჩნდა არა მათთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში, რომლებიც საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის სისტემაში ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ავტონომიით სარგებლობდნენ. ამ სტატუსმა მათ საშუალება მისცა, შეექმნათ საკუთარი ბიუროკრატიული ელიტები და კულტურული და საგანმანათლებლო ინსტიტუტები, რამაც, თავის მხრივ, სეპარატისტული მოძრაობების საფუძველი მოამზადა. არსებობდა მესამე ავტონომიური რესპუბლიკაც - აჭარა, რომლის ავტონომიურობის საფუძველი კონფესიური იყო და არა ეთნიკური (აჭარლების უმრავლესობა მუსლიმია, მაგრამ ეს ქართველობაში არ უშლით ხელს). აჭარის პრობლემაც სირთულეებს უქმნიდა საქართველოს ერის მშენებლობას, თუმცა ამ რეგიონს არასოდეს მოუთხოვია გამოყოფა და ურთიერთობებს მასა და ცენტრს შორის 2004 წლის გაზაფხულამდე ღია კონფლიქტისთვის არასოდეს მიუღწევია.

ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის მნიშვნელოვანი დემოგრაფიული განსხვავება არსებობდა. ეთნიკური ოსები მათი ავტონომიური რეგიონის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტს შეადგენდნენ, შესაბამისად, მათ შეეძლოთ თვითგამორკვევის პრეტენზია დემოკრატიულ პროცედურებზე დაემყარებინათ. აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ 17 პროცენტი იყო ეთნიკური აფხაზი, ეთნიკური ქართველი კი - 45.6 პროეცენტი. მაგრამ როგორც „სატიტულო“ ჯგუფს, აფხაზებს პრივილეგირებული კვოტები ჰქონდათ ბიუროკრატიულ და ეკონომიკურ-მმართველობით უწყებებში. უმრავლესობის დემოკრატიული პრინციპი საფრთხეში აგდებდა ამ პრივილეგიებს; ასე რომ, აფხაზებს პრობლემები ჰქონდათ არა მხოლოდ თბილისთან, არამედ, პირველ რიგში, თავად აფხაზეთში.

ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას არ გააჩნდა მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ გადაეწყვიტა ავტონომიის პრობლემები. დამოუკიდებლობაზე ორიენტაცია კრემლის ხელისუფლებასთან დაპირისპირებას გულისხმობდა, ხოლო უმცირესობების პრობლემები მხოლოდ ამ კონტექსტში განიხილებოდა. ნაციონალისტები უმცირესობის ნებისმიერი მოთხოვნის უკან იმპერიის შეთქმულებას ხედავდნენ, უმცირესობების წარმომადგენლებთან დიალოგის მცდელობა საკმაოდ იშვიათი იყო. მაგრამ ახალ ქართულ ელიტებს მეტი კეთილი ნება ან პოლიტიკური ალღო რომც გამოეჩინათ, კომპრომისის მოძებნა ამ სიტუაციაში მაინც რთული იქნებოდა: რადიკალიზმი და კომპრომისის მიუღებლობა ისევე ახასიათებდა აფხაზ და ოს ნაციონალისტებს, როგორც მათ ქართველ კოლეგებს. მეტიც, კრემლის ხელისუფლება, რომელიც სამართლიანად იყო დამფრთხალი საქართველოს მზარდი ნაციონალისტური მოძრაობით დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, მზად იყო წაექეზებინა და დახმარებოდა ცენტრის საწინააღმდეგო მოძრაობებს საქართველოს დასასუსტებლად.

იმ ფაქტმა, რომ ზვიად გამსახურდია გამოკვეთილი ეთნიკური ნაციონალისტი იყო და ეთნიკური უმცირესობების დიდ ნაწილს ერის რეალურ ან პოტენციურ მოღალატეებს უწოდებდა, დიდად შეუწყო ხელი დაძაბულობის გაძლიერებას. კრიზისულ ფაზას კონფლიქტმა ჯერ სამხრეთ ოსეთში მიაღწია. 1990 წლის 9 დეკემბერს ახლად არჩეულმა ოსეთის უზენაესმა საბჭომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გამოაცხადა, რაც საქართველოსგან გამოყოფად ან ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმად იქნა აღქმული. საპასუხოდ, გამსახურდიას უზენაესმა საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმებას. რეგიონზე სამხედრო გზით კონტროლის დამყარების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და დაბალი ინტენსივობის ომში გადაიზარდა, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა. ოსეთის კრიზისიდან გამსახურდიამ გაკვეთილი გამოიტანა: 1991 წლის შემოდგომაზე მან კომპრომისს მიაღწია აფხაზებთან ძალაუფლების გაყოფის თაობაზე. მაგრამ ამ კომპრომისს დიდი დღე არ ეწერა: მას მეორე ქართულმა რევოლუციამ გამოაცალა საფუძველი.

საშობაო გადატრიალება და მისი შედეგები

გამსახურდიას პრობლემების ძირი მოსკოვთან ან ეთნიკურ სეპარატისტებთან კი არა, ქვეყნის შიდა ოპოზიციასთან ურთიერთობა იყო. რადიკალურ ოპონენტებს მისი ლეგიტიმურობა არასოდეს უღიარებიათ და მუდმივად ჯიბრში ედგნენ მას. გამსახურდიას ავტორიტარიზმის ბრალდებებს საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი ეთანხმებოდა, არამდგრადმა ხასიათმა მას ზოგიერთი უახლოესი თანამოსაგრე დააშორა, ხოლო უკიდურესმა ეთნიკურმა ნაციონალიზმა დასავლეთში ცუდი რეპუტაცია შესძინა. 1991 წლის აგვისტოში ეროვნული გვარდია - მომავალი ქართული ჯარის პროტოტიპი - მის ლიდერ თენგიზ კიტოვანთან და პრემიერ-მინისტრ სიგუასთან ერთად აჯანყდა. რამდენიმე თვის გაურკვევლობისა და მრავალგზის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ აჯანყებულებმა 22 დეკემბერს პარლამენტს შეუტიეს. 6 იანვარს გამსახურდია და მისი მომხრეები პარლამენტის შენობიდან გაიქცნენ. ამ ორკვირიანი საომარი მოქმედებების შედეგად ას ადამიანზე მეტი დაიღუპა, თუმცა უარესი ჯერ წინ იყო.

გამსახურდიას გაძევება ბევრმა ადამიანმა საქართველოში დემოკრატიის ახალ დასაწყისად ჩათვალა

როგორც არ უნდა შევაფასოთ საშობაო გადატრიალების (როგორც ამ მოვლენას ხანდახან უწოდებენ ხოლმე) ლიდერები ან მათი მოტივები, მისმა მომხრეებმა ეს მოვლენა ტირანიის წინააღმდეგ სახალხო აჯანყებად გამოაცხადეს. გამსახურდიას გაძევება ბევრმა ადამიანმა საქართველოში დემოკრატიის ახალ დასაწყისად ჩათვალა. იმავე წლის მარტში აჯანყების ლიდერებმა ედუარდ შევარდნაძეს სთხოვეს ხელისუფლებაში მოსვლა: მართალია, იგი საქართველოს ყოფილი კომუნისტი ლიდერი იყო, მას მაინც ჰქონდა ნდობის მანდატი ქართველ ლიბერალებსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში იმ პოზიციის გამო, რამაც ხელი შეუწყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ხავერდოვან რევოლუციებს და გერმანიის გაერთიანებას. 1992 წლის ოქტომბერში მეტ-ნაკლებად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პარალელური პირდაპირი ხმის მიცემით შევარდნაძე დიდი უპირატესობით აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ და სახელმწიფოს მეთაურად. პარლამენტი ერთობ დანაწევრებული იყო, თუმცა მისი უმრავლესობა შევარდნაძეს უჭერდა მხარს.

გარკვეული ზომით, გამსახურდიას გაძევებამ მართლაც ახალი ბიძგი მისცა დემოკრატიულ გარდაქმნებს. ეთნიკური უმცირესობებისადმი აგრესიული რიტორიკა შეჩერდა ან შერბილდა,

პოლიტიკური დისკურსი გაცილებით უფრო ტოლერანტული გახდა ყველა ტიპის განსხვავებისადმი, ფეხი მოიკიდა თავისუფალმა მედიამ, შევარდნაძის კრიტიკა არ იზღუდებოდა და პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ჰქონდათ თავისუფლად ემოქმედათ, თუ ახალი მთავრობის ლეგიტიმურობას ცნობდნენ.

ამის მიუხედავად, ქვეყანაში არეულობა იყო, რაც ანარქიას უახლოვდებოდა. გამსახურდიას მხარდამჭერები არ დანებდნენ და სამეგრელოზე, გაძევებული პრეზიდენტის მშობლიურ კუთხეზე, დაამყარეს კონტროლი. გამარჯვებულ სამხედრო შენაერთებს არ სურდათ შევარდნაძის სამოქალაქო ადმინისტრაციისთვის რეალური ძალაუფლების დელეგირება, მაგრამ თავად მათაც არ ჰქონდათ ეფექტური კონტროლის განსახორციელებლად საჭირო შიდა ერთიანობა და დისციპლინა. სამეგრელოზე სამხედრო გზით კონტროლის დამყარების ცდები წარუმატებელი გამოდგა და ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას უწყობდა ხელს. ქვეყანა, ფაქტობრივ, დანაწევრებული იყო შეიარაღებული დაჯგუფებების ლიდერებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. ეს იყო კლასიკური „არშემდგარი სახელმწიფო“.

ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტების ესკალაციამ სიტუაცია კიდევ უფრო კრიტიკული გახადა. 1992 წლის ივლისში რუსეთის შუამდგომლობით დამყარებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ სამხრეთ ოსეთში სამხედრო მოქმედებები დაასრულა და საქართველოში პირველი „გაყინული კონფლიქტი“ შექმნა: სამხერთ ოსეთის ძირითადი ნაწილი სეპარატისტული მთავრობის კონტროლქვეშ რჩებოდა, ხოლო ცეცხლის შეჩერებაზე მონიტორინგი სამმხრივი საქართველო-რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალების მიერ ხორციელდებოდა. მას შემდეგ, რაც 1992 წლის 19 აგვისტოს აფხაზეთში ქართული ჯარები შევიდნენ - ოფიციალური ვერსიით, მათი მიზანი რკინიგზისა და ავტომაგისტრალების დაცვა იყო - იქ სამხედრო ქმედებები დაიწყო. ფსონს ამ კონფლიქტში შეადგენდა არა მხოლოდ აფხაზეთი, არამედ სამეგრელოც, რომელიც გამსახურდიას მომხრეების მიერ კონტროლდებოდა. ორივე თბილისის ახალ მთავრობას მტრობდა და მათ ბუნებრივი საფუძველი ჰქონდათ, ერთმანეთთან შეთანხმებით ემოქმედათ. აფხაზურმა შეიარაღებულმა რაზმებმა სამხედრო წინააღმდეგობა გაწიეს; მათ მხარი დაუჭირეს შეიარაღებულმა მოხალისე ჯგუფებმა ჩრდილო კავკასიიდან და, როგორც ქართული მხარე ამტკიცებდა, რუსეთის ჯარმაც. ეს სამხრეთ ოსეთის ომზე უფრო სისხლიანი ომი აღმოჩნდა და ისიც საქართველოს დამარცხებით დასრულდა 1993 წლის სექტემბერში. აფხაზეთის მთელი ქართული მოსახლეობა (დაახლოებით 300 ათასი ადამიანი) რეგიონიდან გამოიქცა. 1994 წლის აპრილში რუსეთის შუამდგომლობით შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის დაცვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას დაეკისრა; სინამდვილეში, ეს უკანასკნელი რუსეთის ჯარით იყო წარმოდგენილი. მშვიდობის შენარჩუნების ოპერაციის მონიტორინგს გაერო-ს დამკვირვებელთა მისია ახორციელებდა.

მას შემდეგ ეს ორი რეგიონი, ჩვეულებრივ, „გაყინული კონფლიქტების ზონებად“ მოიხსენიება: საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, ხოლო არამყარ მშვიდობას დროდადრო მცირე მასშტაბიანი ძალადობა ენაცვლება (როგორც ეს მოხდა 1998 წლის მაისში აფხაზეთში და 2004 წლის ივლის-აგვისტოში სამხრეთ ოსეთში). თუმცა კონფლიქტის შედეგად თითქმის ყველა ეთნიკურად ქართველმა დატოვა აფხაზეთი და მრავალმა მათგანმა - სამხრეთ ოსეთი, დღეს ამ ტერიტორიებზე ჯერ ისევ შერეული მოსახლეობა ცხოვრობს (ათი ათასობით ქართველი დაბრუნდა აფხაზეთის გალის რაიონში, რომელიც ომამდე თითქმის მთლიანად ქართული იყო). სეპარატისტულ რაიონებში ზოგიერთი ინსტიტუტი მეტ-ნაკლებად გამყარებულია, მაგრამ მათ არც ერთი აღიარებული სახელმწიფო ლეგიტიმურად არ ცნობს. „გაყინული კონფლიქტების“ გაჭიანურება მომავლის გაურკეველი პერსპექტივით ადამიანური ტრაგედიაა მათთვის, ვინც იქ ცხოვრობს ან იქიდან გამოაძევეს, და ამავე დროს ყველაზე დიდი დაბრკოლებაა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე.

გაყინული კონფლიქტებისგაჭიანურება ყველაზე დიდი დაბრკოლებაა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე

შევარდნაძის სტაბილიზაცია

აფხაზეთში დამარცხებას მოჰყვა კონფლიქტის კულმინაცია თბილისსა და აჯანყებულ „ზვიადისტებს“ შორის. 1993 წლის ოქტომბერში ეს უკანასკნელნი შეტევაზე გადმოვიდნენ, მაგრამ ხელისუფლება მათ შედარებით ადვილად გაუმკლავდა. ეს იყო შემობრუნების მომენტი, რომლის შემდეგაც საქართველოს მთავრობამ, ედუარდ შევარდნაძის ლიდერობით, დაიწყო ძალების კონსოლიდირება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სეპარატისტული და ნახევრად სეპარატისტული ზონების გამოკლებით (უკანასკნელში აჭარა იგულისხმება).

მისი უდიდესი წარმატება რამდენიმე კარგად გათვლილი მანევრის შედეგად ეროვნული გვარდიისა და მხედრიონის გაუვნებელყოფა იყო. ისინი ნახევრად სამხედრო ჯგუფებს წარმოადგენდნენ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის ლიდერობით. ეს ამოცანა 1995 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე დასრულდა. 1995 წლის აგვისტოში ახალი კონსტიტუცია იქნა მიღებული, რომელიც, ძირითადად, ამერიკულ თარგზე იყო გამოჭრილი. იმავე შემოდგომაზე გამართულ არჩევნებში შევარდნაძე დიდი უპირატესობით პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 1993 წელს შექმნილმა მისმა პარტიამ, საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა (სმკ), ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა (დამოუკიდებელ პარლამენტართა ჯგუფთან კოალიციაში). პარლამენტში შესული ორი სხვა პარტია - აღორძინების კავშირი და ეროვნული დემოკრატები - ძნელად თუ აღიქმებოდა რეალურ ოპოზიციად.

ამ გამარჯვების შედეგად შევარდნაძემ შექმნა ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემა, რომელიც გარკვეულ სივრცეს ტოვებდა სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებისათვის, მაგრამ ნაკლებად ქმნიდა პირობებს ნამდვილი პოლიტიკური კონკურენციისა და მონაწილეობისთვის. რეალური ძალაუფლება მეტად ვიწრო ძალაუფლებრივ ელიტაში იყო კონცენტრირებული. სმკ, სამთავრობო პარტია, ფორმალურ ქოლგას ქმნიდა ამ ელიტისთვის, მაგრამ ძალიან სუსტად იყო ინსტიტუციონალიზებული. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ პარტია გაუქმდა, როგორც კი ედუარდ შევარდნაძემ ხელისუფლება დატოვა.

სახელისუფლებო ელიტა ამ სისტემაში შეიძლება აღვწეროთ როგორც კლიენტელისტური ქსელების ქსელი, რომლის ცენტრიც პრეზიდენტის პიროვნება იყო. რაკი შევარდნაძე ქაოტურ, დანაწევრებულ, უკიდურესად კონფრონტაციული პოლიტიკით დაღდასმულ საქართველოში სტაბილურობის დასამყარებლად მოიწვიეს, მისი მმართველობის მეთოდები ამ ამოცანის შესაბამისი იყო: ის ცდილობდა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელთა გაერთიანებას სახელისუფლებო ელიტაში და მათ შორის ბალანსის შენარჩუნებას. ამან იგი სუსტ და, ერთდროულად, შეუცვლელ ლიდერად აქცია: პოლიტიკური სისტემა ინარჩუნებდა თავს, მაგრამ მას მეტად შეზღუდული უნარი ჰქონდა, საზოგადოებისთვის მომსახურება გაეწია.

შევარდნაძემ შექმნა ჰიბრიდული პოლიტიკური სისტემა, რომელიც გარკვეულ სივრცეს ტოვებდა სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებისთვის, მაგრამ ნაკლებად ქმნიდა პირობებს ნამდვილი პოლიტიკური კონკურენციისა და მონაწილეობისთვის

პოლიტიკური ბალანსის შევარდნაძისეულ სისტემაში ძალაუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს შეადგენდა „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ გუნდი ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. ეს იყო ახალგაზრდა ადამიანთა ჯგუფი, ვინც პოლიტიკაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზომიერი ფრთიდან მოვიდა. 1995 წელს ზურაბ ჟვანია პარლამენტის სპიკერი გახდა, მისი გუნდი კი სმკ-ის აპარატს აკონტროლებდა.3 ამან იგი საქართველოს მეორე უძლიერეს ლიდერად აქცია და ზოგიერთი დამკვირვებელი (განსაკუთრებით, დასავლელი) მას შევარდნაძის მემკვიდრედ მიიჩნევდა. შეიძლებოდა მათ შორის ამოცანების ერთგვარ არაფორმალურ განაწილებაზე საუბარი: შევარდნაძე სტაბილობას უზრუნველყოფდა, ხოლო ჟვანიას გუნდი რეფორმების გატარებას ცდილობდა. რეფორმატორული დღის წესრიგის გასაძლიერებლად ჟვანია შეეცადა, მთავრობაში მოეზიდა ის ქართველები, ვინც დასავლეთში სწავლობდა ან მუშაობდა. ერთ-ერთი მათგანი მიხეილ სააკაშვილი იყო, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. ეს ახალგაზრდა იურისტი პარლამენტში აირჩიეს, როცა ის ჯერ კიდევ ამერიკის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობდა, და მას ჩააბარეს საპარლამენტო კომიტეტი, რომლის ფუქნციას სამართლებრივი რეფორმების დაგეგმვა შეადგენდა.4 მისი მოადგილე ამ კომიტეტში იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა იურისტი, საქართველოს პარლამენტის მომავალი სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც განათლება ელიტურ რუსულ უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული.

0x01 graphic

ცხრილი 1. საპარლამენტო არჩევნების შედეგები დამოუკიდებელ საქართველოში

1990-ანი წლების მეორე ნახევარში საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი ახალი კანონები, რომლებიც დასავლეთის მოდელებსა და რჩევებს ითვალისწინებდა: სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კრიმინალური საპროცესო კოდექსი, საგადასახადო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და ა.შ. ამ კანონმდებლობის ზოგიერთი ასპექტი შეიძლება კრიტიკას იმსახურებდეს, მაგრამ მთლიანობაში ამ რეფორმებმა საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაახლოვა.

„ახალგაზრდა რეფორმატორებმა“ გაიტანეს საფუძვლიანი სასამართლო რეფორმა, რომელმაც მოსამართლეების დანიშვნის მერიტოკრატიული კრიტერიუმი შემოიღო და საბჭოთა დროის მოსამართლეების უმეტესი ნაწილი შეცვალა. 1999 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ევროპის საბჭოში მიიღეს. ეს განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც შევარდნაძის ხელისუფლების ქვეშ მყოფი ქვეყნის უდიდესი გამარჯვება, არამედ როგორც ჟვანიას „რეფორმატორთა“ ძალისხმევის აღიარებაც.

ამ პერიოდის კიდევ ერთი მიღწევა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, კერძოდ, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება იყო. ეს დემოკრატიული პროგრესის ყველაზე თვალსაჩინო ნიშნად მიიჩნეოდა: მათი არსებობა უზრუნველყოფდა საკმაოდ ცოცხალ საჯარო დებატებს პოლიტიკურ საკითხებზე და ხელისუფლების საქმიანობაზე ზედამხედველობის გარკვეულ დონესაც. სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა მოკლე დროში მოიპოვა ცნობადობა და პოპულარობა, როგორც დამოუკიდებელი მედიის ფლაგმანმა. სამოქალაქო საზოგადოების ამ ინსტიტუტებმა თანდათანობით მიაჩვია საზოგადოება და მთავრობა იმ აზრს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ ეჭვის ქვეშ დააყენონ მთავრობის ქმედებები, ხოლო თავისუფალი დებატები საზოგადოების ნორმალური მდგომარეობაა. თუმცა, საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებდა მონაწილეობას ამ დებატებში; უდიდესი უმრავლესობა მაყურებლის როლში რჩებოდა. არასამთავროები, ძირითადად, ახალგაზრდა ქალაქელ განათლებულ ელიტას წარმოადგენდნენ, ხოლო საზოგადოებრივად აქტიური ორგანიზაციების წრე ერთობ ვიწრო იყო. ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ძირითადად, საპარლამენტო „ახალგაზრდა რეფორმისტების“ თანამოაზრეებად აღიქმებოდნენ.

შევარდნაძე-ჟვანიას მმართველობას ვერ ვუწოდებთ დემოკრატიულს ამ სიტყვის მართებული გაგებით, მაგრამ მან ქართულ საზოგადოებაში პლურალიზმის სული შემოიტანა. დემოკრატიის მიღწევების არეალი შედარებით მცირერიცხოვანი ელიტით შემოიფარგლებოდა, ხოლო ადამიანთა დიდი უმრავლესობა პოლიტიკურ პროცესებში ქმედითი მონაწილეობის მიღმა რჩებოდა. ასეთი პოლიტიკური რეჟიმის ერთ დეფინიციად შეიძლება „შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი“ მივიჩნიოთ.5 კონკურენცია და პლურალიზმი ნებადართულია შეზღუდულ ჩარჩოებში, მაგრამ ძალაუფლების რეალურ სადავეებს ვიწრო ელიტა ფლობს, რომელიც არ აძლევს საშუალებას სხვა ჯგუფებს, პოლიტიკური კონკურენციის ფორმალური მექანიზმები რეალურ ინსტრუმენტებად აქციონ.

სტაბილურობიდან სტაგნაციამდე: არჩევნების გაყალბება, კორუფცია და სახელმწიფოს უუნარობა

შევარდნაძის პერიოდის ქართულ პოლიტიკურ რეალობაში გამოიკვეთა ორი ნიშანი, რომელიც მისი რეჟიმის არადემოკრატიულობის განსაკუთრებით მკაფიო გამოხატულებად იქცა: არჩევნების გაყალბება და კორუფცია, გაგებული როგორც „სახელმწიფოს მიტაცება.“ საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებლები, არსებითად, დადებითად აფასებდნენ, მაგრამ მათი დამოკიდებულება სულ უფრო კრიტიკული ხდებოდა; შიდა დამკვირვებლების და ქართული მედიის განწყობა საარჩევნო პროცესების მიმართ გაცილებით უფრო ნეგატიური იყო. ახლა შეუძლებელია ზუსტად შევაფასოთ საარჩევნო გაყალბების ხარისხი 1992-2001 წლებში,6 მაგრამ თითქმის ყველა იზიარებდა იმ აზრს, რომ საარჩევნო პროცესის ხარისხი და სამართლიანობა ბოლო ათწლეულში თანდათან უარესდებოდა; მაგრამ 2003 წლამდე ვერავის მოჰყავდა სარწმუნო არგუმენტი, რომ არჩევნები იმდენად სერიოზულად ყალბდებოდა, რომ გამარჯვებული შეეცვალა. ტიპური საარჩევნო დარღვევები მოიცავდა მრავალჯერად ხმის მიცემას, საარჩევნო ყუთების ბიულეტენების უკანონო ჩაყრას, ამომრჩევლებზე ზეწოლას, საარჩევნო მონაცემების დათვლის გაყალბებას სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიების მიერ. საზოგადო აღქმა ასეთი იყო: მთავრობა აიტანდა ოპოზიციის მხრიდან კონკურენციას, თუ ეს უკანასკნელი პრეტენზიას არ განაცხადებდა იმაზე, რომ მართლა დაემარცხებინა სამთავრობო პარტია ან საპრეზიდენტო კანდიდატი (ეს შეიძლება „შეჯიბრებითი ავტორიტარიზმის“ დეფინიციადაც გამოდგეს). „სახელმწიფოს მიტაცება“ შეიძლება გავიგოთ როგორც მექანიზმი, რომლითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესები სახელმწიფოში, უპირატესად, მცირე სახელისუფლებო ელიტის პირად ან ჯგუფურ კეთილდღეობას ემსახურება.7 საქართველოს მთავრობაში დომინირებდა კლიენტელისტური ქსელები - ან, როგორც ქართველები უწოდებენ, „კლანები“ (ამაზე უფრო ვრცლად იხილეთ თავში საზოგადოება და მოქალაქეობა). საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის იმიჯი ჰქონდა: 2002 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ 102 გამოკვლეული ქვეყნიდან მას 85-ე ადგილი მიუჩინა, 2003 წელს კი 133 ქვეყნიდან 124-ე ადგილზე გაიყვანა, შესაბამისად 2.4 და 1.8 ქულით.

თითქმის ყველა იზიარებდა იმ აზრს, რომ საარჩევნო პროცესის ხარისხი და სამართლიანობა ბოლო ათწლეულში თანდათან უარესდებოდა

„სახელმწიფოს მიტაცების“ პრობლემა დაკავშირებული იყო სახელმწიფოს სისუსტის, ან - უფრო რადიკალური ფორმულირებით - სახელმწიფოს უუნარობის პრობლემასთანაც.8 შევარდნაძის დროს, განსაკუთებით კი, მისი მმართველობის ბოლო პერიოდში, საქართველოს ხშირად „არშემდგარ სახელმწიფოს“ უწოდებდნენ. ტერიტორიული კონტროლის არქონა ამ უუნარობის ყველაზე აშკარა გამოვლინება იყო. „გაყინული კონფლიქტების“ არსებობის გარდა, ამ პრობლემის არსებობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გაურკვეველი იურისდიქციაც ადასტურებდა. მისმა ლიდერმა, ასლან აბაშიძემ, 1990-იანი წლების ქაოსური მდგომარეობა საკუთარ რეგიონში პერსონალური დიქტატურის რეჟიმის შესაქმნელად გამოიყენა. ფორმალურად, მას არასდროს გაუხდია სადავოდ საქართველოს სუვერენიტეტი აჭარასთან მიმართებაში - პირიქით, საქართველოს ერთობის დამცველადაც კი აცხადებდა თავს. მაგრამ, სინამდვილეში, ის საკუთარ ტერიტორიას დამოუკიდებლად მართავდა და ხშირად ღიად უარყოფდა თბილისის ლეგიტიმურ მოთხოვნებს. აჭარის მთავრობა თითქმის სრულად კომპლექტდებოდა მისი ოჯახური კლანით; რეგიონი უარს აცხადებდა ცენტრალური ბიუჯეტისთვის გადასახადების გადახდაზე. აბაშიძემ ბათუმის პორტისა და თურქეთისკენ ძირითადი გასასვლელის, სარფის სასაზღვრო პუნქტის, მონოპოლიზირება მოახდინა. ის საკუთარ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა, რომელიც თბილისისაზე გაცილებით უფრო პრორუსული იყო და ცალკე კონტაქტები ჰქონდა საქართველოს სეპარატისტ მთავრობებთან. 1990-იანი წლების შუახანებში აღორძინების კავშირი ფორმალურად თანხმობაში იყო სმკ-თან, მაგრამ ათწლეულის ბოლოსკენ იგი შევარდნაძის მიმართ ღია ოპოზიციაში გადავიდა და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკვე ყველაზე დიდ ოპოზიციურ ბლოკს ედგა სათავეში.

1999 წლის შემდეგ საქართველომ, ფაქტობრივ, დაკარგა კონტროლი ჩეჩნეთის მოსაზღვრე პანკისის ციცქნა რეგიონზე, სადაც ჩეჩნეთის მონათესავე ტომი, ქისტები ცხოვრობენ. პრობლემის ძირი იყო ომი, რომელსაც რუსეთი ჩეჩნეთში აწარმოებდა: ამ ომს ათასობით ჩეჩენი ლტოლვილი პანკისში გამოექცა და იქ უკვე მცხოვრებ დაახლოებით შვიდი ათას ქისტს შეუერთდა. ამ ხალხს რუსეთთან მებრძოლებიც ერია: შედეგად, მოსკოვმა ტერორისტების მფარველობაში დასდო ბრალი საქართველოს. პანკისი თანდათანობით სახელმწიფოს რეალური კონტროლიდან გამოვიდა და იარაღით, ნარკოტიკებით არალეგალური ვაჭრობისა და ადამიანების გამოსასყიდად გატაცების ცენტრად იქცა. სინამდვილეში, საქართველოს სამართალდამცავებმა ხელი აიღეს ამ რეგიონში წესრიგის დაცვაზე.

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნის იმიჯი ჰქონდა

და მაინც, თუნდაც ადამიანის გატაცებების გამო, პანკისის სრული იზოლაცია შეუძლებელი აღმოჩნდა. მეზობელი რეგიონის, ახმეტის, მოსახლეობამ შექმნა შეიარაღებული ლაშქარი, რომელიც საკუთარი ძალებით წესრიგის დამყარებას აპირებდა. ამ დაჯგუფების არსებობა თავისთავად იქცა პრობლემად. 2001 წლის ოქტომბერში პანკისში დაბანაკებული ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი რაღაც მანქანებით (გავრცელებული აზრით, მათ ქართველი სამართალდამცავები დაეხმარნენ), აფხაზეთის სიახლოვეს აღმოჩნდა და წარუმატებლად შეეცადა განდგომილ პროვინციაში შეჭრას.

არჩევნები საქართველოში

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიების ანგარიშები მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოში არჩევნების ხარისხის შესაფასებლად. მათი საბოლოო ანგარიში 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ლაპარაკობს „დაშინებისა და ძალადობის შემთხვევებზე, პოლიტიკური პარტიების მოძრაობის თავისუფლების შეზღუდვებზე, მმართველი პარტიის აშკარად პრივილეგირებულ მდგომარეობაზე მედიაში, ბიულეტენების მასობრივ ჩაყრაზე“. არჩევნები სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში „ნაკლებ დამაკმაყოფილებლად,“ ხოლო აჭარაში - „არადამაკმაყოფილებლად“ შეფასდა.

2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მისია წერდა: „არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავრობას არ გააჩნია პოლიტიკური ნება ნამდვილი დემოკრატიული პროცესის წარსამართად. ამის შედეგია არჩევნების საყოველთაო და სისტემური გაყალბება არჩევნების დღეს და მომდევნო დღეებში, რაც განსაკუთრებით აშკარად ხდებოდა აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონებში“. შედეგების დათვლის პროცესში საარჩევნო კომისიები „ამომრჩეველთა არჩევანს უგულებელყოფდნენ და უშუალოდ ერთვებოდნენ არაპატიოსანი საარჩევნო შედეგების შექმნაში.“

ვარდების რევოლუციის შემდეგ შეფასებები გაუმჯობესდა. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მისიის აზრით, 2004 წლის მარტის განმეორებით ნაწილობრივ საპარლამენტო არჩევნებში „შესამჩნევი პროგრესი აღინიშნა; ისინი ყველაზე დემოკრატიული იყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ“. თუმცა, ანგარიშში ნახსენები იყო ისიც, რომ ზოგიერთი პრობლემა ისევ ძალაშია, რამაც „საფრთხის ქვეშ დააყენა არჩევნების შედეგების სამართლიანობა ზოგიერთ რაიონში.“ აჭარა და ქვემო ქართლი ყველაზე პრობლემურ რეგიონებად დასახელდა.

საქართველოს ცენტრალური მთავრობის მწირი შესაძლებლობები მხოლოდ ნაწილობრივ ხსნიდა ხელისუფალთა უუნარობას, გაეკონტროლებინათ სიტუაცია პანკისში; ისიც აშკარა იყო, რომ კორუმპირებულ სამართალდამცავებს ხელს აძლევდა ისეთი გარემოს არსებობა, რომელშიც ისინი ადვილად მოითბობდნენ ხელს რეგიონის კრიმინალური ბიზნესით.

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, როცა ტერორიზმის საკითხი გლობალურად გადმოვიდა წინა პლანზე, როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე საერთაშორისო თანამეგობრობამ შეცვალა დამოკიდებულება პანკისის ხეობისმაგვარი რეგიონების მიმართ. არშემდგარი სახელმწიფოების შიგნით არაკონტროლირებადი ანკლავების არსებობა - განსაკუთრებით, თუ მისი მოსახლეობა მუსლიმური იყო - ტერორიზმის შესაძლო წყაროდ მიიჩნეოდა. საქართველო, ერთდროულად, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა: მას რაღაც უნდა მოემოქმედა. ზეწოლამ შედეგი გამოიღო: საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარეს პანკისში და, საბოლოოდ, რაღაც ზომით გამოასწორეს სიტუაცია9 - მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროების ხელმძღვანელები დაითხოვეს. პანკისის პრობლემამ უბიძგა შეერთებულ შტატებს, 2002 წელს საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა წამოეწყო, რომლის ფარგლებშიც ამერიკის სპეციალური დანიშნულების ძალების ორასამდე სამხედრო პირი ქართული ჯარის გასაწვრთნელად გამოაგზავნეს.

შევარდნაძის მმართველობის ბოლო აღინიშნა სახელმწიფოს მიერ ტერიტორიული კონტროლის უნარის შესუსტებით, რითაც 1990-იანი წლების შუახანების პოზიტიური ტენდენცია შეტრიალდა. სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა საკუთარ მოქალაქეებს საზოგადო სიკეთეებით, როგორიცაა უსაფრთხოება, ეკონომიკური ზრდის პირობები, საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ყოველივე ამან მთავრობის პოპულარობის კატასტროფული ვარდნა გამოიწვია. ქართველებმა დაასკვნეს, რომ შევარდნაძის „დაბალანსების“ გენიამ თავი ამოწურა.

შევარდნაძის ხანის დასასრული და ვარდების რევოლუცია

ცვლილების მომასწავებელი პირველი ნიშანი იყო ბზარი, რაც შევარდნაძის მმართველობის ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბებულ „ახალგაზრდა რეფორმატორთა“ და ამავე ხელისუფლების უფრო კონსერვატიულ ნაწილს შორის გაჩნდა. მან პირველად 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იჩინა თავი, რომელიც შევარდნაძემ მოიგო. „რეფორმატორები“, თავის მხრივ, რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ. პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელიც პარლამენტში 1999 წელს ბიზნესიდან მოვიდა, უმრავლესობის ფრაქციას უკვე 2000 წელს გამოეყო და ახალ მემარჯვენეთა პარტია შექმნა. 2001 წლის სექტემბერს იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა შექმნა. ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძეს თანდათანობითი დისტანცირება პრეზიდენტის გუნდთან მხოლოდ 2002 წლის გაზაფხულზე დასრულდა, როდესაც მათ გაერთიანებულ დემოკრატთა პარტია შექმნეს. ოპოზიციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა აგრეთვე ლეიბორისტული პარტიაც, რომელიც ელექტორატის უღარიბესი ნაწილის ხმებს იზიდავდა. კიდევ ერთი საგულისხმო მოთამაშე იყო მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ბიზნესმენთა პარტია, რომელმაც მოღვაწეობა 1999 წლის არჩევნებში შედარებითი წარმატებით დაიწყო და ცდილობდა შუალედური გზა მოეძებნა მთავრობასა და ოპოზიციას შორის.10

2002 წლის ადგილობრივი არჩევნები მთავრობასა და ახალ ოპოზიციას შორის ძალების მოსინჯვა იყო. ის ხელისუფლების სრული კრახით დასრულდა: პროპორციულ არჩევნებში თბილისის საკრებულოსთვის სმკ-მა ხმების 2%25-ზე ნაკლები დააგროვა. თუმცა, ოპოზიციაც დაქსაქსულად გამოიყურებოდა: თბილისის არჩევნებში უპირატესობა ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვეს - თითოეულმა ხმების დაახლოებით მეოთხედით, ხოლო მიხეილ სააკაშვილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. თბილისის გარეთ (სადაც არჩევნები მაჟორიტარულ სისტემაზე იყო დაფუძნებული) ახალმა მემარჯვენეებმა და კონსერვატორებმა მიაღწიეს სხვებზე მეტ წარმატებას.

ადგილობრივი არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მთავრობას არ ჰქონდა შანსი (ან ძალიან მცირე შანსი ჰქონდა), 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები მოეგო, თუ ისინი სამართლიანად ჩატარდებოდა. მეორე მხრივ, ოპოზიციის გაერთიანების მცდელობები ჩავარდა და ნაციონალურმა მოძრაობამ, გაერთიანებულმა დემოკრატებმა და ახალმა მემარჯვენეებმა მხოლოდ იმაზე შეძლეს შეთანხმება, საჯაროდ არ გაელაშქრათ ერთმანეთის წინააღმდეგ და წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მთავრობის დისკრედიტაციაზე მიემართათ. ლეიბორისტებმა არჩიეს როგორც ხელისუფლებისგან, ისე მისგან ახლად განდგომილი ჯგუფებისაგან თანაბარი დისტანცია შეენარჩუნებინათ და ორივე ერთნაირად მწვავედ გაეკრიტიკებინათ.

ორი ნოემბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავრობა მზად იყო, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მასობრივი გაყალბებისთვის მიემართა. ცხრილი 2 აჩვენებს სერიოზულ განსხვავებებს, ერთი მხრივ, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რომლებიც ამერიკის ნაციონალურ დემოკრატიულ ინსტიტუტთან მომუშავე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადეობამ ჩაატარა, და ოფიციალურ შედეგებს შორის. პარალელურმა ხმების დათვლამ გამოავლინა ოთხი ოპოზიციური პარტიის ცხადი და დამაჯერებელი გამარჯვება სამთავრობო პარტიებზე. ამათში იგულისხმებოდა შევარდნაძის მომხრეთა ბლოკი „ახალი საქართველო“ და ასლან აბაშიძის „აღორძინება,“ რომელიც მათთან თანამშრომლობდა.

0x01 graphic

ცხრილი 2.2 ნოემბრის არჩევნების საპარლამენტო სიების ცესკო-სა და პარალელური ხმების დათვლის შედეგები

შესაძლოა, ასეთ პარლამენტში ადვილი არ ყოფილიყო შეთანხმების მიღწევა სხვადასხვა ოპოზიციურ ძალას შორის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მაინც გამოიკვეთა, როგორც მათ შორის აშკარა ლიდერი, ხოლო წინა თბილისის საკრებულოს არჩევნების პრეცედენტი მიანიშნებდა, რომ ოპოზიცია შეძლებდა პარლამენტის ერთობლივ კონტროლს. სანამ ცესკო ხმებს ითვლიდა (ოფიციალური შედეგები მხოლოდ 20 ნოემბერს გამოქვეყნდა) მასობრივი დემონსტრაციები მიმდინარეობდა. ისინი მოითხოვდნენ, მთავრობას ან ოპოზიციის გამარჯვება ეღიარებინა, ან გადამდგარიყო.11 მასობრივი გამოსვლები ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების ლიდერობით მიმდინარეობდა; ლეიბორისტებმა და მემარჯვენეებმა არჩიეს არ შეერთებოდნენ მათ. როცა ცესკო-მ შედეგები გამოაცხადა და პარლამენტის პირველი სესია 22 ნოემბრის შუადღისთვის დაინიშნა, ცხადი გახდა, რომ ღია დაპირისპირება გარდუვალი იყო. ახალი პარლამენტის სესიის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ დარბაზში ოპოზიციის დემონსტრანტები შეიჭრნენ და აიძულეს პარლამენტარები და პრეზიდენტი, რომელიც სესიას ხსნიდა, იქაურობა დაეტოვებინათ. მეორე დღეს პრეზიდენტი გადადგა. კონსტიტუციის ძალით, პარლამენტის მოქმედი სპიკერი და იმავდროულად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. მალე, ამის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ორი ნოემბრის პროპორციული არჩევნები ბათილად ცნო.

ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და მისი პოლიტიკური უფლებების გათელვას ვერ აიტანს

ვარდების რევოლუცია იყო ერთდროულად მარცხიც იყო და უდიდესი გამარჯვებაც ქართველი ხალხისა და მისი ინსტიტუტებისა. ამ უკანასკნელებმა ვერ შეძლეს ძალაუფლების კანონიერი და კონსტიტუციური გადაცემის უზრუნველყოფა ისეთ პირობებში, როდესაც მთავრობამ აშკარად დაკარგა პოპულარობა და ხალხმა მისი შეცვლა მოითხოვა. მეორე მხრივ, 2003 წლის ნოემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია და მისი პოლიტიკური უფლებების გათელვას ვერ აიტანს. საზოგადოებამ გამოიმუშავა საკუთარი უფლებების დასაცავად მშვიდობიანი და კანონიერი პროტესტის მობილიზების უნარი. პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ მოვლენები საკმაოდ მალე დაუბრუნდა კონსტიტუციურ კალაპოტს. ყოველივე ეს თვალშისაცემ კონტრასტს ქმნიდა 1992 წელთან შედარებით, როდესაც პრეზიდენტი ასევე აიძულეს გადამდგარიყო - მაგრამ ამას სისხლისღვრა დასჭირდა და შიდა არეულობის გრძელი და დრამატული პერიოდი მოჰყვა.

რევოლუციამ მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა უკონკურენტო ლიდერებად აქცია. რევოლუციამდე სამი ლიდერი და მათი შესაბამისი პარტიები - მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, ნინო ბურჯანაძე და გაერთიანებული დემოკრატები, შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტული პარტია დაახლოებით ერთ დონეზე იდგნენ პოპულარობის მხრივ; გამოკვეთილი ლიდერი მათ შორის არ იყო. ორი ნოემბრის არჩევნების გაუქმებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ბევრმა ადამიანმა თავისი არჩევანი ბოლო მომენტში ნაციონალურ მოძრაობაზე შეაჩერა; თუმცა, თუნდაც არჩევნების შედეგები ხმების პარალელური დათვლის მონაცემებს დამთხვეოდა, სააკაშვილი პირველი იქნებოდა თანასწორთა შორის. მაგრამ მასობრივი პროტესტების დღეებში მან ისეთი თვისებები გამოავლინა, რამაც დაარწმუნა ქართველების უმრავლესობა, რომ ის ყველაზე კარგად შეძლებდა ერის გაძღოლას. ოთხ იანვარს მან, ფაქტობრივ, უკონკურენტო საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო (არც ერთ სხვა მნიშვნელოვან ლიდერს მათში მონაწილეობა არ მიუღია) და ხმების 96.27%25-ით გაიმარჯვა. მარტში ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები ჩამოყალიბდნენ გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობად, რომელმაც 66.24%25-ით მოიგო საპარლამენტო არჩევნები. ქართველი პოლიტიკოსების ახალმა თაობამ უპრეცედენტო პოპულარობის მანდატი მოიპოვა. ახლა მათ ხელახლა უნდა დაეწყოთ ქვეყნის მშენებლობა.

0x01 graphic

დემოკრატიაზე გადასვლის მესამე მცდელობა: სახელმწიფოსა და ერის მშენებლობა, როგორც ახალი დღის წესრიგი

როგორც ითქვა, დამოუკიდებლობის ხანიდან საქართველოს მუდამ თან სდევს „სუსტი“ ან, უფრო რადიკალური ფორმულირებით, „არშემდგარი“ სახელმწიფოობის პრობლემა. როგორც ჩანს, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესება იმთავითვე უპირატეს მიზნად გაიხადა.

სახელმწიფოს სისუსტეს ორი მხარე აქვს. ერთია ტერიტორიული კონტოლი და ერის მშენებლობა, სხვა სიტყვებით - ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ინტეგრაცია; მეორე უკავშირდება სახელმწიფო ბიუროკრატიის კონტროლს (სწორედ ამას განეკუთვნება „სახელმწიფოს მიტაცების“ საკითხი) და სახელმწიფოს ქმედითუნარიანობას.

რაც შეეხება ტერიტორიულ კონტროლს, ახალ ხელისუფლებას სამი მთავარი გამოწვევა ჰქონდა: აფხაზეთის და ოსეთის არაღიარებული სეპარატისტული რეჟიმები და აჭარის გაურკვეველი სტატუსი. შევარდნაძის მთავრობის ნაბიჯები ამ საკითხების გადასაწყვეტად უშედეგო გამოდგა. შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტიდან მან მათზე ხელიც კი აიღო, როგორც იმ დროისთვის მოუგვარებადზე.

აჭარის რეინტეგრაცია ახალი ქართული ხელისუფლების პირველ შთამბეჭდავ წარმატებად იქცა

ახალმა მთავრობამ ტერიტორიული საკითხები გადაუდებელთა კატეგორიაში გადმოიტანა და იმის ამბიციაც აჩვენა, რომ ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებს მიაღწევდა. პირველი და ერთობ შთამბეჭდავი გარღვევა აჭარაში მოხდა. ამის წინაპირობა ის იყო, რომ კავშირი აჭარასა და საქართველოს შორის ბოლომდე არც არასდროს გამწყდარა: აჭარის მაცხოვრებლები თავს ყოველთვის საქართველოს ორგანულ ნაწილად მიიჩნევდნენ, აჭარის ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკაში იყო ჩართული, ხოლო ამომრჩევლები საქართველოს არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას. მხოლოდ ასლან აბაშიძის რეჟიმი ედგა ჯიბრში საქართველოს მთავრობას. როცა თბილისში ახალი და ძლიერი ნების მქონე ხელისუფლება მოვიდა, ღია კონფლიქტი გარდაუვალი გახდა. თუმცა, მკაცრად რომ ვთქვათ, კონფლიქტის მხარეებს თბილისი და ბათუმი არ შეადგენდნენ: თავად აჭარის მოსახლეობა, ვარდების რევოლუციისგან მიღებული შთაგონებითა და ახალი ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით, აუჯანყდა აბაშიძეს და იგი 2004 წლის მაისის დასაწყისში მასობრივი პროტესტების შედეგად გააძევა. ეს ორმაგ გამარჯვებად ჩაითვალა: ერთი მხრივ, დემოკრატიის გამარჯვებად, ვინაიდან ხალხმა ავტორიტარ ლიდერს საკუთარი ძალა აჩვენა და გააგდო, და ამავე დროს - წინსვლად ერის მშენებლობის თვალსაზრისით: აჭარის მიწა და ხალხი საქართველოს უფრო დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეს დაუბრუნდა.

აჭარაში განვითარებული მოვლენებით გათამამებულმა პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ გადაწყვიტა შემდეგი ნაბიჯი სამხრეთ ოსეთისკენ გადაედგა. ათწლიანი „ცივი მშვიდობის“ შემდეგ ურთიერთმტრობის მკაფიო გამოვლინებები აღარ ჩანდა, ადამიანები თავისუფლად მოძრაობდნენ კონფლიქტის ზონასა და დანარჩენ საქართველოს შორის და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებდნენ. ამან გააჩინა აზრი, რომ პრობლემა სამხრეთ ოსეთის მმართველის, ედუარდ კოკოითის, კორუმპირებული კლანის ინტერესებზე დაიყვანებოდა: საკმარისი იყო ოსი ხალხისთვის რამდენიმე იმედის მომცემი მესიჯის გაგზავნა და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება დაეცემოდა. თბილისის მთავრობამ დახურა სამხრეთ ოსეთში ერგნეთის ბაზრობა, რომელიც მანამდე კონტრაბანდის უზარმაზარი ხვრელი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის. იმედი ჰქონდათ, მისი დახურვით ცხინვალისთვის ეკონომიკური საფუძველი გამოეცალათ. პარალელურად, თბილისმა დაიწყო „ჰუმანიტარული შეტევა“ ოსი ხალხის გულის მოსაგებად გამიზნული ღონისძიებების სახით. ამას დაემატა ძალის დემონსტრირება რეგიონში ჯარის შეყვანით, რაც სეპარატისტული მთავრობის დასაშინებლად იყო გამიზნული (ეს ფორმალურად არ ეწინააღმდეგებოდა 1993 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას). მაგრამ შედეგი გეგმის საპირისპირო აღმოჩნდა: ოსები გაერთიანდნენ სეპარატისტული მთავრობის გარშემო, ხოლო სამხედრო მანევრებმა შეირაღებული შეჯახებები და ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია. საქართველოს მთავრობა საკმარისად კეთილგონიერი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ გამოეყვანა ჯარები, როგორც კი სტრატეგიის წარუმატებლობა აშკარა გახდა, რითაც ნამდვილი ომი თავიდან აიცილა.12

ამრიგად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ძირითად გამოწვევად რჩება საქართველოს სახელმწიფო მშენებლობის პროცესში. არც ქართველ ხელისუფალთ და არც საერთაშორისო თანამეგობრობას საკითხის გადაწყვეტის ცხადი სტრატეგია არ გააჩნია.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გადაუწყვეტელი კონფლიქტები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოაქციოს და დაარწმუნოს ის, რომ საკითხის გაუთავებლად გადადება დაუშვებელია

ეს უკანასკნელი ამტკიცებს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებაა დასაშვები, მაგრამ არავინ იცის, რამდენი ხანი დასჭირდება მშვიდობიან დიპლომატიას ან, თუ არსებობს ოდესმე ამ გზით საკითხის გადაწვეტის შანსი. საქართველოს მთავრობა ეთანახმება, რომ მხოლოდ მშვიდობიანი დიპლომატია უნდა იყოს გამოყენებული, მაგრამ სამხედრო ჩარევის პრინციპულ შესაძლელობასაც არ გამორიცხავს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისაა, გადაუწყვეტელი კონფლიქტები საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მოაქციოს და დაარწმუნოს ის, რომ საკითხის გაუთავებლად გადადება დაუშვებელია. 2005 წლის იანვარში ხელისუფლებამ წარადგინა სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული სამშვიდობო გეგმა, რომელმაც საერთაშორისო მოწონება მოიპოვა ეუთო-ს 2005 წლის დეკემბერის კონფერენციაზე ლიუბლიანაში. დამკვირვებლებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის მხრიდან ამ გეგმის მოწონებაზე: ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი მთავარი აქტორია ამ კონფლიქტების გადაწყვეტისას და იმიტომაც, რომ საქართველოსა და რუსეთის მიდგომა აფხაზეთისა და ოსეთის საკითხზე ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ეს შესაძლოა პატარა დიპლომატიური წარმატება იყოს საქართველოსთვის, მაგრამ არსებობს უდიდესი დისტანცია ამ გეგმასა და რეალურ განხორციელებას შორის.

სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის გაზრდა ახალი მთავრობის მეორე უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ეს გულისხმობს მთავრობის უნარს, გააკონტროლოს სახელმწიფოს ბიუროკრატია და უზრუნველყოს საზოგადოებისთვის სასარგებლო მომსახურების გაწევა. პირველი აშკარად გადასადგმელი ნაბიჯი საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის გაზრდა იყო. შევარდნაძის დროს მინისტრების ხელფასებიც კი ოდნავ თუ აღემატებოდა საცხოვრებელ მინიმუმს, მოხელეთა უდიდეს უმრავლესობას კი ჰქონდა გასამრჯელო, რითაც თეორიულად ვერ უნდა ეარსება. გამოდიოდა, რომ მათ საჯარო თანამდებობები პირადი გამორჩენისთვის უნდა გამოეყენებინათ: აეღოთ ქრთამი, გასულიყვნენ წილში ბიზნესის მფარველობისთვის და სხვა. რეალური ცვლილება მხოლოდ ხელფასების მრავალჯერად ზრდას უნდა მოეტანა (მაგალითად, 100%25-იანი ზრდა ბევრს არაფერს შეცვლიდა), ეს კი, ცხადია, ყველასთვის ვერ გაკეთდებოდა. შეიქმნა რეფორმებისა და განვითარების ფონდი უმაღლესი სამთავრობო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდის უზრუნველსაყოფად. იგი უცხოელი დონორების და ქართველი ბიზნესმენების მიერ ფინანსდებოდა. ამ გზის გამოყენება საკმაოდ საკამათო იყო, რადგან ხელფასებს შორის უზარმაზარ განსხვავებებს სამართლიანი ნამდვილად არ ეთქმოდა, ხოლო მთავრობის ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტის გარეთ გატანა არ იძლეოდა მათი ნორმალური მონიტორინგის შესაძლებლობას. სამაგიეროდ, შეიქმნა სახელმწიფო მოხელეების გარკვეული კატეგორია, რომელსაც შეეძლო, საკუთარი ხელფასით ეარსება. აქ შედიოდნენ საჯარო მოხელეების უმაღლესი ფენა, აგრეთვე სამხედროები და სამართალდამცველები. ამან საშუალება მისცა მთავრობას, საჯარო სექტორში მიეზიდა კვალიფიცირებული ახალგაზრდები, რომელთა შორის ბევრს სამუშაო გამოცდილება ჰქონდა მიღებული უცხოეთში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაცებსა თუ კერძო სექტორში.

ახალი მთავრობა განსაკუთრებით ამაყობს აკრეფილი გადასახადებისა და საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდით, აგრეთვე ინვესტიციებით საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაში

გადასახადების აკრეფის უუნარობა ერთ-ერთი გამორჩეული ინდიკატორი იყო ქართული სახელმწიფოს სისუსტისა. სხვადასხვა შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის 70%25-ამდე „ჩრდილოვნად“ ითვლებოდა, ხოლო მთავრობა გადასახადების სახით საერთო ეროვნული პროდუქტის მხოლოდ დაახლოებით 10%25-ის შეგროვებას ახერხებდა, რაც ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბებითაც კი უაღრესად დაბალი მაჩვენებელი იყო. მეტად მწირი ბიუჯეტიც კი ვერასოდეს სრულდებოდა და ყოველი წლის ბოლოს ხელისუფლება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლით, იძულებული იყო ბიუჯეტის სეკვესტრი მოეხდინა. ეს ის სფეროა, რომელსაც ახალი მთავრობა თავის ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნევს: მან მოკლე ვადაში გადასახადების გადახდა მრავალჯერად გაიზარდა.13

თვალსაჩინოდ გაზრდილმა ბიუჯეტმა საშუალება მისცა მთავრობას, გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც აქამდე არ შეეძლო. საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდის გარდა, მან ინვესტირება მოახდინა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში. გზების შეკეთება, შენობების ფასადების განახლება, უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღდგენა ის წარმატებებია, რითაც ხელისუფლება განსაკუთრებით ამაყობს.

აღმასრულებელ და საკანონმდებლო ძალაუფლებას შორის ბალანსი საქართველოში

ახალი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის მიმართება განისაზღვრა 1995 წლის კონსტიტუცით, რომელშიც 2004 წლის თებერვალში ცვლილებები შევიდა. პრეზიდენტი ირჩევა პირდაპირი არჩევნებით ხუთი წლის ვადით, პარლამენტს კი ხალხი ოთხი წლის ვადით ირჩევს. პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, რომელიც შემდგომ პრეზიდენტის თანხმობით ნიშნავს მთავრობის წევრებს (მინისტრებს). პრეზიდენტი უშუალოდ ნიშნავს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. მთავრობას (მინისტრთა კაბინეტს) სჭირდება დამტკიცება პარლამენტის მხრიდან. თუმცა, თუ პარლამენტი სამჯერ არ დაამტკიცებს მთავრობას, პრეზიდენტს შეუძლია პრემიერ-მინისტრი პარლამენტის მხარდაჭერის გარეშეც დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში და მაშინაც, თუ პარლამენტი სამჯერ უარყოფს მთავრობის შემოთავაზებულ ბიუჯეტს, პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. პრეზიდენტს აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება მთავრობის დათხოვნისა. 2004 წლის თებერვლამდე პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი არ არსებობდა და პრეზიდენტს პარლამეტნის დათხოვნა არ შეეძლო.

დღევანდელი სისტემა განსაზღვრულია როგორც ნახევრად საპრეზიდენტო, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი მას სუპერ-საპრეზიდენტოსაც უწოდებს, რადგან პრეზიდენტის ძალაუფლება ერთობ ფართოა. მისი მომხრეები განიხილავენ ამ ცვლილებას როგორც ევროპულ სისტემაზე თანდათანობითი გადასვლის პირველ ნაბიჯს, სადაც კაბინეტი პრეზიდენტისგან ცალკე დგას და პარლამენტს წამყვანი როლი აქვს მის ფორმირებაში. პრეზიდენტის გაზრდილ ძალაუფლებას ამართლებენ გარდამავალი პერიოდით, რომელიც სწრაფ რეფორმებს მოითხოვს. ოპონენტებს აღაშფოთებთ პარლამენტის შესუსტება და აღმასრულებელ მთავრობაში ძალაუფლების კონცენტრაცია. ასეთი სისტემები, როგორც წესი, ხელს არ უწყობს პოლიტიკური პარტიების განვითარებას, ვინაიდან ისინი შორს არიან ძალაუფლების ცენტრისგან, რომელიც პრეზიდენტის პერსონაში კონცენტრირდება. საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა ევროპის საბჭო, ურჩევენ საქართველოს, კიდევ ერთხელ გადახედოს კონსტიტუციას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ძალაუფლებას შორის უკეთესი ბალანსის დასამყარებლად.

კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის კიდევ ერთი პრიორიტეტია. ეს სახელმწიფო მშენებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან უკონტროლო კორუფცია და ორგანიზებული დანაშაულის დიდი გავლენის გამო საქართველოს ხანდახან „მაფიით დომინირებულ სახელმწიფოს“ უწოდებდნენ. სამართალდამცავ სისტემას „დაუსჯელობის სინდრომი“ უნდა აღმოეფხვრა, პარალელურად კი ჩატარებულიყო სტრუქტურული რეფორმები კორუფციული პრაქტიკის პრევენციისათვის. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო ახალი კანონმდებლობის შემოღება კორუფციის შემთხვევების დროულად და ეფექტურად გამოსაძიებლად. ეს შეიცავდა „საპროცესო გარიგებებს“, რითაც ეჭვმიტანილებს შეეძლოთ თავისუფლება მოეპოვებინათ, თუ დანაშაულს აღიარებდნენ და, ამავე დროს, საჭირო ინფორმაციას მიაწვდიდნენ პროკურატურას, ხოლო სახელმწიფოს უკანონოდ მითვისებულ ფულს დაუბრუნებდნენ. ეს პროცედურა შევარდნაძის რეჟიმის რამდენიმე მაღალჩინოსანს მიუყენეს: ისინი კორუფციის ბრალდებით დააპატიმრეს და მალევე გაათავისუფლეს, ოღონდ ჯერ ხაზინისთვის სოლიდური თანხები გადაახდევინეს. ამ პრაქტიკამ ფართო კრიტიკა გამოიწვია, მათ შორის ევროპის საბჭოსგან,14 რადგან ამით პროკურატურას თვითნებობის და სათანადო პროცედურებისგან გადახვევის ზედმეტი უფლებები ენიჭებოდა. გახმაურებული დაპატიმრებების უმეტესი წილი 2004 წლის პირველ ნახევარში მოხდა; მოგვიანებით კორუფციის ბრალდებით უფრო საშუალო დონის საჯარო მოხელეებს სჯიდნენ.

განხორცილდა კორუფციის აღმოფხვრაზე გამიზნული გარკვეული სტრუქტურული რეფორმები. 2004 წლის ივლისში საერთოდ გაუქმდა ყველას მიერ მეტად კორუმპირებულად აღიარებული საგზაო პოლიცია და მის მაგივრად ახალი საპატრულო პოლიცია შეიქმნა, რომელიც გაცილებით უფრო პოპულარული გახდა. მთავრობამ გაამარტივა ქონების რეგისტრაციის საკითხები, ასევე სარეგისტრაციო პროცესები საგადასახადო და საბაჟო სამსახურებში. 2005 წლის ზაფხულში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ იქნა უმაღლეს სასწავლებელში მისაღები პირველი ეროვნული გამოცდები - მხოლოდ აქ მიღებული ქულებით შეიძლებოდა ამა თუ იმ ქართულ უნივერსიტეტში სწავლების დაწყება. მანამდე უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები განსაკუთრებულად კორუმპირებულ სფეროდ მიიჩნეოდა, ეროვნული გამოცდები კი, არსებითად, სამართლიანადაა აღიარებული. ზოგიერთ სფეროში, სადაც არ ყოფნიდა რესურსები კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობამ მიიღო გაბედული, მაგრამ საკამათო გადაწვეტილება, საერთოდ გაეუქმებინა ზოგიერთი სამთავრობო ფუნქცია. მაგალითად, გაუქმდა მანქანების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება.

მთავრობას სჯერა, რომ მან წარმატებით მოშალა
კორუფციული სისტემები ძირითად საჯარო უწყებებში

მთავრობას სჯერა, რომ მან წარმატებით მოშალა კორუფციული სისტემები ძირითად საჯარო უწყებებში. ჯერ კიდევ ადრეა იმაზე მსჯელობა, რამდენად ღრმა და მდგრადი აღმოჩნდება ეს ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში. საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანიზაციებს, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო ჯერ კიდევ მეტად კორუმპირებულ ქვეყანათა სიაში შეჰყავს. მრავალი პროცედურა ჯერ კიდევ არასაკმარისად გამჭვირვალეა, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების დარგში. მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღება და ნაუცბათევად ხორციელდება, რასაც მიზნის სწრაფად მიღწევის აუცილებლობით ამართლებენ.

ახალი მთავრობა ორგანიზებული დანაშაულის ქსელების მორღვევასაც თავის პრიორიტეტად მიიჩნევს და ამ სფეროშიც გარკვეულ წარმატებებზე საუბრობს. თუმცა, ეს საკითხი მხოლოდ 2005 წლის ბოლოდან აღმოჩნდა სამთავრობო დღის წესრიგის წინა პლანზე. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რომლებმაც დანაშაულად აღიარა დანაშაულებრივი ორგანიზაციისადმი კუთვნილება და ახალი კამპანია წამოიწყო პენიტენციარულ სისტემაში ორგანიზებული დანაშაულის დომინირების წინააღმდეგ.

შემდგომი გამოწვევები

საერთაშორისო დამკვირვებელთა უმეტესობა აღიარებს, რომ ახალმა მთავრობამ შესამჩნევ წარმატებებს მიაღწია ქართული სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის გაზრდაში, მაგრამ იგი ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ხელისუფლების ქმედებები ხშირად კრიტიკასაც იწვევს. გადაუჭრელი პრობლემები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მთავარ სტრატეგიულ წინაღობად რჩება ქართული სახელმწიფოს ნორმალიზებისთვის. ამ სფეროში მთავრობა მნიშვნელოვანი დილემების წინაშე დგას. საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის მხოლოდ მშვიდობიან გზებს მიმართავდა; თუმცა, თუ ის მხოლოდ დიპლომატიისა და ნდობის მშენებლობის გრძელვადიან მეთოდებს დაეყრდნობა, ამ პრობლემებმა შეიძლება კვლავ დაკარგოს აქტუალობა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, როგორც „გაყინული კონფლიქტების“ რიგითმა შემთხვევებმა, და არსებული ვითარება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს (როგორც ეს მსოფლიოს ბევრ მსგავს რეგიონში ხდება). განმეორებითი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან, რომ კონფლიქტი რამდენიმე წელიწადში გადაწყდება (სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ერთი წლის ვადას იღებენ ხოლმე), როგორც ჩანს, იმისათვისაა გამიზნული, რომ პრობლემას მეტი დინამიზმი და აქტუალობა შესძინოს.

რაც შეეხება სამთავრობო ინსტიტუტების გაძლიერებას, აღიარებულია, რომ სახაზინო შემოსავლების მკვეთრი ზრდა ვეღარ გაგრძელდება და მეტი დატვირთვა სახელმწიფო ინსტიტუტების მეტ ეფექტიანობას უნდა მიენიჭოს. საამისოდ გადამწყვეტია კარგად ანაზღაურებადი, პროფესიული საჯარო სამსახურის განვითარება. 2004 წელს მთავრობას რევოლუციური სტილის ქმედებებს აბრალებდნენ, რაშიც სხვასთან ერთად მთავრობის წევრების ხშირი ცვლა და საჯარო უწყებებში პერიოდული ძირფესვიანი წმენდები იგულისხმებოდა. ბევრმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ფიგურამ წელიწადნახევრის განმავლობაში სამი ან ოთხი უმაღლესი სამთავრობო თანამდებობა გამოიცვალა. კრიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ მთავრობა უფრო სპონტანურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება, ვიდრე კარგად გათვლილ სტრატეგიას. ამ მხრივ, 2005 წლიდან სიტუაციის გაუმჯობესება დაიწყო: როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა, „პოსტრევოლუციურმა ეიფორიამ პრაგმატიზმს დაუთმო გზა, რეფორმებისადმი ნაუცბათევმა, ხშირად ქაოტურმა დამოკიდებულებამ კი - პრიორიტეტების ნათელ გამოკვეთას და უკეთ გათვლილ სტრატეგიას“.15

2005 წელს მთავრობამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, მიიღო რა ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის ოფისმა მოამზადა საჯარო ინსტიტუტების რეფორმების საკუთარი გეგმა. თუმცა, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომელიც სერიოზულად აფერხებს საჯარო სამსახურის განვითარებას.

დემოკრატიის შენება

როდესაც ახალ ქართულ მთავრობას აკრიტიკებენ, კრიტიკის ყველაზე ხშირი სამიზნე დემოკრატიაა. ეს შეიძლება პარადოქსადაც ჩავთვალოთ, რადგან ვარდების რევოლუციის განწყობა აშკარად დემოკრატიული იყო და ახალ მთავრობაში ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც საზოგადოებამ თავდაპირველად დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველად გაიცნო. ხანდახან ხუმრობენ, რომ თუ შევარდნაძის დროს საქართველოს ჰქონდა „დემოკრატია დემოკრატების გარეშე“, ახლა ჰყავს „დემოკრატები დემოკრატიის გარეშე“. თუმცა, ამ პარადოქსში ლოგიკაც შეიძლება ვიპოვოთ. რაკი დღის წესრიგში რეფორმების სწრაფად გატარება დგას, მთავრობას არ სურს ტემპი დაკარგოს და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებს ერთი სულისკვეთბის მქონე ადამიანთა ვიწრო წრეში აქცევს. მაგრამ ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს გადაწყვეტილების მიღების მონაწილეობითი და ფართო განხილვაზე დამყარებული პროცესის განვითარებას, რითაც მიიღწეოდა წონასწორობა განსხვავებული სოციალური ჯგუფების მოსაზრებებსა და ინტერესებს შორის.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ახალ მთავრობას არაფერი აქვს დასაკვეხნი დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში. 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები (შემდეგში დამატებითი არჩევნებიც) სრულყოფილი არ იყო, მაგრამ მაინც გაცილებით სჯობდა წინა არჩევნებს: ეუთო და დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისი აღწერენ მათ, როგორც „ყველაზე დემოკრატიულს დამოუკიდებლობის შემდეგ“.16 ახალმა კანონმა მედიის შესახებ გაცილებით უფრო რთული გახადა ჟურნალისტზე ჩივილი. სახელმწიფო ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივი გახდა. რელიგიურ უმცირესობათა მიმართ ძალადობა შეწყდა. მიღებულ იქნა ახალი მნიშვნელოვანი კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. თუმცა, არსებობს მნიშვნელოვანი სირთულეები დემოკრატიის მშენებლობის სფეროში და, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ისინი წარმატებებს გადასწონიან.

ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ქართული დემოკრატიის ყველაზე სუსტი წერტილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის წონასწორობის არარსებობაა. ზოგი ამ პრობლემათაგანი შეიძლება ახალი მთავრობის კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაბრალდეს, მაგრამ მათი უმეტესობა სტრუქტურული ხასიათისაა. 2004 წლის თებერვალში ახალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კონსტიტუციის განახლება იყო, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა პრეზიდენტის ძალაუფლება პარლამენტთან შედარებით (იხ. ჩანართი, გვ. 31).

ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ქართული დემოკრატიის ყველაზე სუსტი წერტილი ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებს შორის წონასწორობის არარსებობაა

საქართველოს არასდროს ჰქონია ძლიერი სასამართლო სისტემა, მაგრამ დღეს ფართოდაა გაზიარებული აზრი, რომ ახალი მთავრობის ხელში სასამართლოებზე ზეწოლა გაიზარდა და ეს უკანასკნელი ერიდება პროკურატურის ნების წინააღმდეგ წასვლას. წინა ხელისუფლების კორუმპირებულად მიჩნეულ წარმომადგენელთა წინააღმდეგ გამოყენებულ ზომებს ხშირად კანონის პროცედურის უგულებელყოფით განხორციელებულ „რევოლუციურ სამართლად“ ნათლავენ. მთავრობა არ უარყოფს დღევანდელი სასამართლო სისტემის უვარგისობას, მაგრამ, როცა ცდილობს, ამის შესაცვლელად ენერგიული ზომები გაატაროს, სწორედ ამას უთვლიან ოპონენტები სასამართლოზე ზეწოლად. ორივე მხარე აღიარებს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სრულიად შეუსაბამოა დემოკრატიული ქვეყნისთვის და ის შეიძლება ქართული დემოკრატიის ყველაზე სუსტ წერტილადაც კი ჩაითვალოს.

სიცოცხლისუნარიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არარსებობა კიდევ ერთი აშკარა დისბალანსია. 2005 წლის ბოლოს მიიღეს ახალი კანონი ადგილობრივი მმართველობის შესახებ. ადგილობრივი არჩევნები, სავარაუდოდ, 2006 წლის შემოდგომაზე გაიმართება. კანონმა დააწესა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთადერთი საფეხური - რაიონი. მთავრობას სჯერა, რომ რაიონი შეიძლება ადგილობრივი მმართველობის ქმედითუნარიან ერთეულად იქცეს, თუმცა ახალ კანონმდებლობას ხშირად აკრიტიკებენ იმისათვის, რომ მან არ მისცა ადგილობრივ მმართველობას საკმარისი რესურსები ძლიერი ინსტიტუტების შესაქმნელად.

ოპოზიციის სისუსტე კიდევ ერთი დიდი წუხილია. პოსტ-რევოლუციურ პარლამენტში ერთი პარტია დომინირებს; მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლო შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა 2004 წლის არჩევნებში. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში, ფაქტობრივ, ხმათა ორ მესამედს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს, საკუთარი ნებით შეცვალოს საქართველოს კონსტიტუცია. რევოლუციიდან ორი წლის შემდეგ ოპოზიცია ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. 2005 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამოკლებული დეპუტატების ადგილებისთვის პარლამენტში ხუთივე ადგილი ისევ გაერთიანებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო, თუმცა ხმების დათვლის უსამართლობის შესახებ რაიმე საჩივრები არ ყოფილა.

შეშფოთებას იწვევს მედიის მდგომარეობაც. პრობლემები ეხება როგორც მედიის რეალურ დამოუკიდებლობას, ისე მის კომპეტენტურობას და პროფესიულ სტანდარტებს. ვარდების რევოლუციის შემდეგ ორმა მნიშვნელოვნმა ტელეკომპანიამ (რუსთავი 2 და მზე) მფლობელები გამოიცვალა და ახალ მთავრობასთან დაახლოებული პირების მფლობელობაში გადავიდა (2006 წლის იანვარში ორივე ტელეკომპანიის ძირითადი მფლობელი ერთი ადამიანი გახდა). ზოგიერთი პოლიტიკური ტოკ-შოუ, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს აძლევდნენ ტრიბუნას, ეთერიდან მოიხსნა, კრიტიკოსთა აზრით, მთავრობის ფარული ზეწოლის შედეგად. როგორც წესი, დამოუკიდებელი მედია საქართველოში მომგებიანი ბიზნესი არ არის: გავრცელებული აზრით, მისი მფლობელები სხვა ბიზნესის ხარჯზე ახდენენ მედია-ერთეულების სუბსიდირებას. ამგვარად, მედია-ორგანიზაციების შექმნა და შენახვა შეიძლება სხვა - პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესებით იყოს მოტივირებული. 2005 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჩათვალა, რომ „თვითცენზურა მედიაში“ საქართველოს უმნიშვნელოვანეს პრობლემათა შორისაა.17 2006 წლის იანვარში მანვე აღნიშნა, რომ „მედია ფინანსურად სუსტია და ჯერ კიდევ განიცდის დემოკრატიული კულტურის ნაკლებობას, რაც საშუალებას მისცემდა, უფრო დამაჯერებლად შეესრულებინა დემოკრატიული ზედამხედველის (watchdog) როლი“.18

ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქართული მედია, მთავარი სატელევიზიო კომპანიების ჩათვლით, მთავრობას არ აკრიტიკებს ან მის ოპონენტებს ეთერს არ უთმობს. ქართული მედია-კანონმდელობა საკმაოდ ლიბერალურია. თუმცა, საჯარო დებატების ხარისხი ქართულ ტელეარხებზე ერთობ დაბალია. ის, რასაც ქართველი მაყურებელი ხედავს, როგორც წესი, უფრო პირადი თავდასხმებია, ვიდრე საჯარო პოლიტიკის განხილვა. ქართული მედია ეკონომიურად და პროფესიულად უნდა მოძლიერდეს, რათა დემოკრატიის ძლიერი და სანდო საყრდენი გახდეს.

ვარდების რევოლუციამდე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები საქართველოში საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა: ბევრი ამას მისი წარმატების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს. თუმცა, მას შემდეგ, რაც სათავეში პოპულარული და ენერგიული მთავრობა მოვიდა, სამოქალაქო საზოგადოება ისეთი ძლიერი აღარ ჩანს. მართალია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული და საექსპერტო უნარები განავითარეს, მისი სოციალური ბაზა მაინც, ძირითადად, ახალგაზრდა ქალაქური ელიტის ვიწრო წრით შემოიფარგლება. საქართველოში თითქმის არ არსებობს წევრობაზე დაფუძნებული დიდი ორგანიზაციები; არსებული ორგანიზაციები, მეტწილად, უცხოელ დონორებზე არიან დამოკიდებული. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად ერთვებიან საჯარო დებატებში, მაგრამ მათ ჯერ კიდევ უნდა ისწავლონ, როგორც გახდნენ დამოუკიდებელი სოციალური მოქმედი პირები.

მთავარი კითხვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების შესახებ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: იყო თუ არა ძალაუფლების ცვლა 2003 წლის ნოემბერში „რევოლუცია ყველა რევოლუციის დასასრულებლად“, რომელიც შექმნის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდირებულ სისტემას და შესაძლებელს გახდის ძალაუფლების რუტინულ კონსტიტუციურ გადაცემას. უფრო სკეპტიკური თვალთახედვით, ვარდების რევოლუცია მხოლოდ ახალი პოლიტიკური ციკლის დასაწყისია; არაპოპულარულ მთავრობას აძევებენ მასობრივი საჯარო პროტესტების შედეგად, იქმნება დომინანტური პარტია, რომელიც - წინამორბედის მსგავსად - სახელმწიფო უწყებებს ერწყმის, ხოლო სუსტი და მარგინალური ოპოზიცია მთავრობას კი აკრიტიკებს, მაგრამ მის სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას ვერ ქმნის. ეს სცენარი შეიცავს იმის საფრთხეს, რომ პოლიტიკური კონკურენცია კვლავ გასცდება კონსტიტუციურ ჩარჩოს, ხოლო ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ რევოლუციის, გადატრიალების ან სხვა ძალადობრივი ქმედებით იქნება შესაძლებელი.

კონსოლიდირებულ დემოკრატიებში მთავარი მოქმედი პირები ძალაუფლებისთვის ბრძოლაში პოლიტიკური პარტიები არიან. საქართველოში სტაბილური დემოკრატიის შექმნა, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, თუ სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი პოლიტიკური პარტიები არ განვითარდა. პოლიტიკური პარტიები ის ორგანიზაციებია, რომლებიც სოციალური ინტერესების სიმრავლესა და საჯარო პოლიტიკის პრობლემებისადმი განსხვავებულ მიდგომებს წარმოადგენენ, მაგრამ, ამავე დროს, ერთმანეთს შორის კონფლიქტებს მოწესრიგებულ და კონსტრუქციულ კალაპოტში აქცევენ.

პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ სათანადო გარემოში შეუძლიათ განვითარება. სახელმწიფომ უნდა შექმნას მათი ფუნქციობის იურიდიული და ინსტიტუციური საფუძვლები; მაგრამ პარტიებიც საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ინტერესების სიმრავლეს უნდა გამოხატავდნენ. შემდეგ თავებში განხილული იქნება სამართლებრივი და საზოგადოებრივი გარემო, რომელშიც ქართული პოლიტიკური პარტიები ფუნქციობენ.

ძირითადი დასკვნები

ქართულმა საზოგადოებამ დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება და ავტოკრატიული მმართველობის მიმართ შეუწყნარებლობა გამოიჩინა; მაგრამ დემოკრატიაზე გადასვლის რამდენიმე მცდელობას ჯერ არ შეუქმნია კონსოლიდირებული დემოკრატიული ინსტიტუტები.

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საქართველოს თან დაჰყვა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და პოლიტიკური არასტაბილურობა.

გადაუჭრელი ტერიტორიული კონფლიქტების არსებობა მთავარი დაბრკოლებაა საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული მშენებლობის გზაზე.

ვარდების რევოლუციამ შესამჩნევი წარმატებები მოიტანა, განსაკუთრებით, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, მაგრამ ფუნდამენტური სტრუქტურული სირთულეები ჯერ კიდევ დასაძლევია.

_____________________

1 ეს მე-4 საკუნეში მოხდა.

2 მეტი სიზუსტისთვის: არჩევნები დასრულდა ნოემბერში, როდესაც არჩევნების მეორე რაუნდი ჩატარდა იმ ერთმანდატიან ოლქებში, სადაც პირველ რაუნდში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების 50 პროცენტზე მეტი.

3 ჟვანია სმკ-ის პირველი გენერალური მდივანი იყო.

4 ეს იყო კონსტიტუციური, სამართლებრივი საკითხების და კანონის უზენაესობის კომიტეტი.

5 Stephen Levitsky, Lucan A. Way, “The Rise of Competitive Authoritarianism”, Journal of Democracy, 13-24/02; გვ. 51-65.

6 იხილეთ დავით უსუფაშვილი და გია ნოდია: საარჩევნო პროცესები საქართველოში, საერთაშორისო იდეა, დემოკრატიის შენება საქართველოში, სადისკუსიო სტატია 4, საარჩევნო პროცესები საქართველოში, მაისი, 2003, გვ. 8-15.

7 ამასთან დაკავშირებით იხ. Joel Hellman, “Winners Take All: The Politics of Partial Reforms in Post-Communist Transitions” World Politics #50, January 1998; Robin S. Bhatty, “Touch Choices: Observations on the Political Economy of Armenia, Azerbaijan and Georgia”, მსოფლიო ბანკისთვის მომზადებული მასალა.

8 ამაზე უფრო ვრცლად იხილეთ დავით დარჩიაშვილი, გია ნოდია, სუსტი სახელმწიფოს სინდრომი და კორუფცია, საერთაშორისო იდეა, დემოკრატიის შენება საქართველოში, სტატია 5: ძალაუფლების სტრუქტურები საქართველოში, სუსტი სახელმწიფოს სინდრომი და კორუფცია საქართველოში, 2003 წლის მაისი, გვ. 16-22.

9 იხილეთ ევროპის კავშირის საქართველოსთან ურთიერთობების მიმოხილვა: http://europa.eu.int/comm/external_relations/georgia/intro/, შემოწმებულია 2006 წლის 7 თებერვალს.

10 დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შესახებ იხ. ამ წიგნის დანართი.

11 ბურჯანაძე-დემოკრატებს რამდენადმე განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ: არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების გამოცხადება.

12 2004 წლის სამხრეთ ოსეთის კრიზისის შესახებ უფრო ვრცელი ანალიზი იხილეთ: Georgia: Avoiding War in South Ossetia, International Crisis Group, Europe Report No. 159, Tbilisi-Brussels, November 2004.

13 2003 წელს, რეალურად, საბიუჯეტო შემოსავალი 932 მილიონ ლარს შეადგენდა, 2005 წელს მან 3.26 მილიარდი ლარი შეადგინა - Galt and Taggart Securities, საქართველოს ყოველკვირეული საბირჟო კომენტარები, 2004 წლის 26 იანვარი და 2006 წლის 23 იანვარი.

14 Honouring of obligations and commitments by Georgia, Parliamentary Assembly of the Council of Europe, Resolution 1415 (2005).

15 Implementation of Resolution 1415 (2005) on the honouring of obligations and commitments by Georgia, Resolution 1477 (2006) of PACE.

16 საქართველო: ნაწილობრივ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები 2004 წლის 28 მარტს: ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, მეორე ნაწილი, ვარშავა, 2004 წლის 23 ივნისი.

17 Honouring of obligations and commitments by Georgia, Parliamentary Assembly of the Council of Europe, Resolution 1415 (2005).

18 Implementation of Resolution 1415 (2005) on the honouring of obligations and commitments by Georgia, Resolution 1477 (2006) of PACE.

3.2 1.2 საქართველო მსოფლიო რუკაზე ადგილის ძიებაში: საერთაშორისო განზომილება და გავლენა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ესაზღვრება რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. დასავლეთით ის შავ ზღვაზე გადის. აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად ის ქმნის სამხრეთ კავკასიის მცირე რეგიონს, თუმცა ხშირად უფრო დიდი რეგიონების ნაწილადაც მოიაზრება, როგორიცაა: ყოფილი საბჭოთა კავშირი, შავი ზღვის რეგიონი, გაფართოებული ევროპა, გაფართოებული ახლო აღმოსავლეთი. საქართველო შედის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო, 1992 წლიდან), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (1992წ.), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (1993წ.), ევროპის საბჭოში (1999წ.), მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (2000წ.). 2004 წელს საქართველო ევროკავშირის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩაერთო და ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებები

საქართველოსთვის, ყველა პატარა სახელმწიფოს მსავსად, საერთაშორისო ურთიერთობების ქსელში საკუთარი ადგილის დამკვიდრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საჯარო დისკუსიებში საქართველოს საგარეო პოლიტიკის დილემა ხშირად წარმოდგება როგორც არჩევანი: „რუსეთთან ვიყოთ თუ დასავლეთთან.“ საკითხის ასე დაყენება, ცხადია, სათუოა: საქართველოს სჭირდება კარგი ურთიერთობა როგორც რეგიონის ქვეყნებთან, ისე ძირითად საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ძლიერ სახელმწიფოებთან, რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებებს განსაზღვრავენ. საერთაშორისო ანალიტიკოსები ხშირად განიხილავენ სამხრეთ კავკასიას, როგორც ასპარეზს, სადაც გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან, ერთი მხრივ, რუსეთი, მეორე მხრივ კი, დასავლეთის წამყვანი ქვეყნები. გარდა ამისა, საქართველოს ორი მნიშვნელოვანი მეზობელი - სომხეთი და აზერბაიჯანი - მთიანი ყარაბახის გამო გაჭიანურებულ კონფლიქტში არიან ჩართულნი. ამგვარად, საქართველოს საკმაოდ დაძაბულ გარემოში უწევს თავისი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა.

შიდა პოლიტიკური კონფლიქტებისა და ხელისუფლების ცვლის მიუხედავად, დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებები უცვლელია. ზვიად გამსახურდიას, რეალურად, არ ჰქონია საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრის და გატარების დრო: მისი ხელისუფლება საქართველოს მიერ საერთაშორისო აღიარების მოპოვებამდე დაამხეს. რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს, ორივე მათგანის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა საერთაშორისო დონეზე შეერთებული შტატებისა და ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მოპოვება და საერთაშორისო ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა; მთავარი ამოცანა კი ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის მოპოვებაა. ზოგადად, მთავრობაც და პოლიტიკური ელიტაც დასავლურ ინსტიტუტებში გაერთიანებას ქვეყნის უსაფრთხოების და განვითარების უმნიშვნელოვანეს გარანტად მიიჩნევს. ეს საკითხი მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის იდენტობას: ქართველები თავს ევროპელებად აღიქვამენ და სხვებისგანაც ამის აღიარებას ითხოვენ.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შიდა პოლიტიკური კონფლიქტების მიუხედავად, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ზოგადი მიმართულებები უცვლელია

მეორე მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთთან და რეგიონის სხვა სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობაც. რუსეთი საქართველოს უმთავრესი ეკონომიკური პარტნიორია და მასთან კავშირების გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვან სირთულეებს წააწყდება. რუსეთის პოლიტიკაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს შიდა - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული - კონფლიქტების გადაწყვეტაც.

ედუარდ შევარდნაძემ საკმაოდ წარმატებით შეძლო საქართველოსთვის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მოპოვება. მისი მმართველობის დროს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შეერთებული შტატებისგან მიღებული დახმარების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველი იყო. შევარდნაძის მიერ გერმანიის გაერთიანებაში გაწეული წვლილის გამო საქართველოს ამ ქვეყანასთან გამორჩეულად კარგი ურთიერთობები ჩამოუყალიბდა.

საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრამები განახორციელა ევროკავშირმაც. მათ შორისაა ECHO-ს ჰუმანიტარული დახმარება, საკვების უსაფრთხოების პროგრამა, ტასის-ის ეროვნული პროგრამა. ჯამში, ევროკავშირის მიერ 1992-2003 წლებში გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 370 მილიონი ევრო შეადგინა.1 ევროკომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის უმნიშვნელოვანესია 1993 წელს ინიცირებული ტრასეკ-ის (ევროპის, კავკასიისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნის) პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამ პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის მიზნით მთელი რიგი ტექნიკური დახმარების და ინვესტირების პროგრამები დაფინანსდა (პროექტის განხორციელება ახლაც გრძელდება).

საქართველოში განხორცილებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ეკონომიკური პროექტები (მათი რეალობად ქცევისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერას) ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (საქართველოს მონაკვეთი დამთავრდა 2005 წელს) და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის (დასრულდება 2006 წელს) მშენებლობაა. ამ პროექტებმა არა მარტო ხელი შეუწყო ქვეყანაში სერიოზული უცხოური ინვესტიციების მიზიდვას, არამედ საქართველოს უსაფრთხოების მიმართ ინტერესი გაუღრმავა მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტორებს, უპირველესად, შეერთებულ შტატებს, და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებაც განამტკიცა.

1999 წლის აპრილში საქართველო ევროპის საბჭოში მიიღეს, რაც ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ევროპული ორიენტაციის მნიშვნელოვან აღიარებად შეაფასა. ზურაბ ჟვანიას იმდროინდელი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ -საქართველოს ევრო-ენთუზიაზმის ტევად გამოხატულებად იქცა. თუმცა შევარდნაძის მთავრობა თანდათან ავითარებდა ნატო-სთან ურთიერთობას, საქართველომ ფორმალურად მხოლოდ 2002 წლის ნოემბერში განაცხადა ამ ორგანიზაციის წევრობის სურვილი. რაც შეეხება ევროკავშირს, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში საქართველოს ფორმალურად არასდროს განუცხადებია მის წევრობაზე პრეტენზია.

ედუარდ შევარდნაძემ საკმაოდ წარმატებით შეძლო საქართველოსთვის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მოპოვება

„ტერორის წინააღმდეგ ომის“ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობამ ახალი, სამხედრო განზომილება შეიძინა. ამერიკის მთავრობა სერიოზულად შეშფოთდა, რომ პანკისის ხეობა შეიძლებოდა ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ისლამისტი ტერორისტების თავშესაფრად ქცეულიყო. ამ ფონზე 2002 წლის აპრილში შეერთებული შტატების მთავრობამ დაიწყო წრთვნისა და აღჭურვის 64 მილიონ-დოლარიანი პროგრამა, რომელიც ქართული სამხედრო შენაერთების სწავლებას ითვალისწინებდა.

1990-იანი წლების შუახანებში საქართველო დემოკრატიული რეფორმების გატარების მხრივ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად ჩაითვალა, ხოლო შევარდნაძეს შეექმნა რეპუტაცია ლიდერისა, რომელიც თანმიმდევრულად აშენებდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ნავთობსადენის მიმართ არსებულ ინტერესთან ერთად, ეს იმიჯი ხელს უწყობდა საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკური მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების ზრდას. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში უცხო დონორებს თანდათან იმედგაცრუება დაეუფლათ; მათ თვალში საქართველო კიდევ ერთი სუსტი და კორუმპირებული სახელმწიფო იყო, რომელიც არამიზნობრივად ხარჯავდა საერთაშორისო დახმარების დიდ ნაწილს.

ამის მიუხედავად, შევარდნაძემ მემკვიდრეობად დასავლეთის მთავარ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დამყარებული მჭიდრო თანამშრომლობა და მხარდაჭერის მაღალი დონე დატოვა. ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა მისი ურთიერთობა რუსეთთან. შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს შორის რუსეთთან ყველაზე ცუდი ურთიერთობა, სწორედ, საქართველოს ჰქონდა. ის ბოლო სახელმწიფო იყო, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანდა. ეს 1993 წელს, აფხაზეთში დამარცხების შემდეგ, მოხდა, გავრცელებული აზრით, რუსეთის ზეწოლის შედეგად. ამის შემდეგ საქართველო რუსეთთან „სტრატეგიულ თანამშრომლობაზე“ ალაპარაკდა. პრაქტიკულად, ეს გამოიხატა იმაში, რომ საქართველომ რუსეთი აღიარა ერთადერთ სამშვიდობო ძალად აფხაზეთის კონფლიქტში (ფორმალურად, რუსეთის სამშვიდობო ძალები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მანდატით მოქმედებენ) და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თავის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების კანონიერად ცნობის შესახებ (ოღონდ, მისი რატიფიკაცია პარლამენტს არ გაუკეთებია). საპასუხოდ, საქართველო რუსეთის შუამდგომლობით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების სწრაფ მოგვარებას ელოდა. რაკი ეს არ მოხდა, საქართველომ პრიორიტეტი დასავლეთთან ურთიერთობას მიანიჭა, რითაც რუსეთის პოლიტიკური ელიტის გაღიზიანება გამოიწვია.

მას შემდეგ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები უარესობისკენ უფრო იხრება, ვიდრე უკეთესობისკენ. რუსი პოლიტიკოსები არ იწონებენ საქართველოს უკიდურესად „პრო-დასავლურ ორიენტაციას“ და უსამართლოდ მიიჩნევენ მისი მთავრობის „ანტი-რუსულ“ რიტორიკას. საქართველო, თავის მხრივ, რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერაში დებს ბრალს. ორმხრივმმა ურთიერთობებმა კრიტიკულ წერტილს მაშინ მიაღწიეს, როდესაც რუსეთმა საქართველოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი ტერორისტების მფარველობა დასდო ბრალად.2

გზა ევროპისკენ: საქართველოს რეგიონული იდენტობის გადახედვა ვარდების რევოლუციის შემდეგ

ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ კიდევ უფრო გაააქტიურა საქართველოს ევრო- და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მცდელობები. ამ მხრივ, ახალი ლიდერები იმით განსხვავდებიან, რომ უფრო მკაფიოდ აყალიბებენ საგარეო პოლიტიკის მიზნებს, უფრო აგრესიულად ცდილობენ მათ განხორციელებას და უფრო მეტად აღიარებენ, რომ ამ საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევა მჭიდროდ უკავშირდება შიდა რეფორმების გატარებას.

ახალმა ხელისუფლებამ ნათლად თქვა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებია. პრეზიდენტ სააკაშვილის ხშირი დასავლური ვიზიტებიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპისკენ სწრაფვის წარმოჩენას ემსახურება. 2004 წლის იანვარში პრეზიდენტის საინაუგურაციო ცერემონიიდან მოყოლებული, ყველა ოფიციალური მოვლენის დროს საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშაც აღიმართება ხოლმე. ახალმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც ევროკავშირთან, ისე ნატო-სთან ურთიერთობებში. 2004 წლის მაისში ევროკავშირის საერთო ურთიერთობების საბჭომ გადაწყვიტა, სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფო ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩაერთო. ითვლება, რომ ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვარდების რევოლუციამ და ახალი ქართველი ლიდერების აქტიურმა დიპლომატიამ. ახალი სამოქმედო გეგმა, რომლის მიღებას 2006 წელს მოელიან, ახალ საფეხურზე აიყვანს ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. 2004 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გაააქტიურა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მცდელობები

ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ენთუზიაზმი დროთა განმავლობაში რამდენადმე მინელდა. ეს, ძირითადად, ბრიუსელის განწყობამ განაპირობა. თუ ქართველები ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვას საბოლოოდ წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამდნენ, ბრიუსელში ამას უფრო უარის თქმის ზრდილობიან ფორმად მიიჩნევდნენ. ბრიუსელში ხშირმა ვიზიტებმა ქართველი პოლიტიკოსები დაარწმუნა, რომ კავშირის „გაფართოებით გადაღლის“ სინდრომმა და ევროპის კონსტიტუციის ჩავარდნით მიყენებულმა ფსიქოლოგიურმა ტრავმამ დიდი ხნით გადადო საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა.

სამაგიეროდ, გაძლიერდა ნატო-ში გაწევრიანების ენთუზიაზმი. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ 2006 წელს, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების შემდეგ, ის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) განხორციელებას დაიწყებს და 2008 წლისთვის ნატო-სგან წევრობის შემოთავაზებასაც მიიღებს. თავად ორგანიზაცია ერიდება კონკრეტული თარიღის დასახელებას, თუმცა ამ ეტაპზე წევრობის მიღების პერსპექტივა გაცილებით უფრო რეალურია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

სხვა საგარეო პოლიტიკური ძალისხმევა ამავე ამოცანებს უკავშირდება. საქართველო, უპირველეს ყოვლისა, ისეთ მოკავშირეებს ეძებს, ვინც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გაუწევს მხარდაჭერას. 2005 წელს მიღებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნის სამ სტრატეგიულ პარტნიორად განსაზღვრავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინას და თურქეთს. რამდენადაც ევროკავშირი შედარებით პასიურობს რეგიონში, საქართველო საკუთარი უსაფრთხოების გარანტად, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს მიიჩნევს. საქართველო შეერთებული შტატების აქტიური სამხედრო პარტნიორია ერაყში, სადაც ის საკმაოდ დიდი სამხედრო შენაერთით (850 ჯარისკაცით) არის წარმოდგენილი და კოალიციური ჯარების შემადგენლობაში ერთ სულ მოსახლეზე გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საქართველო უკანასკნელ მომენტში ჩაერთო შეერთებული შტატების საუკუნის გამოწვევის პროგრამაში, რაც მის მიმართ ამერიკის მთავრობის კეთილი ნების სიმბოლური გამოხატვაც იყო. ამ პროგრამის ფარგლებში საქართველო შეერთებული შტატებისგან მიიღებს 295 მილიონი დოლარის დახმარებას, რაც ინფრასტრუქტურის განვითარების, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის და ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის სხვა პროგრამებზე დაიხარჯება.

საქართველო იმედოვნებს, რომ 2008 წელს ნატო-სგან წევრობის შემოთავაზებას მიიღებს

უკრაინასა და თურქეთთან გამორჩეული სიახლოვე ნაწილობრივ იმით შეიძლება აიხსნას, რომ ახალ ხელისუფლებას საქართველოს რეგიონული კუთვნილების გადასინჯვა სურს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველოს ევროპული ამბიციები ვერ კმაყოფილდება, ისიცაა, რომ მას უყურებენ სამხრეთ კავკასიის, კონფლიქტებითა და უწესრიგობით ცნობილი რეგიონის, კონტექსტში. მართალია, საქართველო ვერ უარყოფს თავის კავკასიურ იდენტობას და არც ცდილობს ამას, მას სურს, უფრო ფართო რეგიონის წევრად წარმოადგინოს თავი და აქტიური როლიც ითამაშოს მასში. საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო შავი ზღვის რეგიონის ცნების წინ წამოწევას ცდილობს; მეორე მხრივ, მას სურს, კიდევ უფრო დიდი რეგიონის კონტექსტში დაინახონ, რომელშიც ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის ქვეყნები ერთიანდებიან.

უკრაინასთან მჭიდრო ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მხრივ. მისი განვითარება შეიძლება ყველაზე თვალსაჩინო ახალი ნიშანი იყოს პრეზიდენტ სააკაშვილის საგარეო პოლიტიკისა. უკრაინის „ნარინჯისფერი“ რევოლუცია საქართველოს ხელისუფლებამ ლამის საკუთარ წარმატებად მიიჩნია. უკრაინული რევოლუცია მსოფლიოში აღიქვეს, როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიის აღმავლობის ახალი ტალღის ნაწილი: ამით საქართველომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის დემოკრატიზაციის ახალი ეტაპის დამწყების არაფორმალური სტატუსი დაიმკვიდრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის და ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ამის გამოყენებას. უკრაინასთან ურთიერთობა იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს ქვეყანა უფრო ხშირად განიხილება ევროკავშირის წევრობის პოტენციურ კანდიდატად, ვიდრე საქართველო.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია

2005 წლის ზაფხულში საქართველოს ხელისუფლებამ პირველად მიიღო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რომელშიც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი მიმართულებები ჩამოაყალიბა. მასში საქართველო განსაზღვრულია როგორც „ევროპის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის განუყოფელი ნაწილი“, რომელიც „ესწრაფვის დაუბრუნდეს თავის ევროპულ ტრადიციას“. ეს შეიძლება მიღწეულ იქნეს „სრული ინტეგრაციით ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში“ და „თავისი წვლილის შეტანით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, როგორც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის, შემადგენელი ნაწილის განმტკიცებაში.“ კონცეფცია დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, კეთილდღეობას, მშვიდობას და უსაფრთხოებას „ფუნდამენტურ ეროვნულ ღირებულებებად“ აცხადებს.

შესაბამისად, კონცეფციაში საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებია: სახელმწიფო მართვის გაძლიერება და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, სახელმწიფო თავდაცვის უნარიანობის ამაღლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ მიზნების მიღწევის საკითხში კონცეფცია სამ „სტრატეგიულ პარტნიორ“ სახელმწიფოდ შეერთებულ შტატებს, უკრაინას და თურქეთს ასახელებს, მაშინ როდესაც რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი მოხსენიებულნი არიან, როგორც „პარტნიორები“.

2005 წლის 12 აგვისტოს ბორჯომში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლითაც მათი ხედვის გამზიარებელ ბალტიის, შავი და კასპიის ზღვის ყველა სახელმწიფოს ლიდერებს დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობის შექმნისკენ მოუწოდეს. იმავე წლის ნოემბერში ცხრა სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრაზე კიევში ეს ორგანიზაცია ფორმალურად დაარსდა კიდეც.3 დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა მთავარ ყურადღებას დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას, რეგიონული სტაბილობის მიღწევას და ეკონომიკურ განვითარებას უთმობს. მსგავსი ორგანიზაციის დაარსებაში გამოჩენილი ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან ბმულობას.

ამ და სხვა გზებით საქართველო ცდილობს, ევროკავშირსა და ნატო-ში მეგობართა წრის გაფართოებას. საკმაოდ აქტიურია ბალტიის ზღვის სამ ქვეყანასთან, აგრეთვე პოლონეთთან, რუმინეთსა და ბულგარეთთან მისი ურთიერთობა. 2005 წლის თებერვალში ამ სახელმწიფოებმა ფორმალურად დაარსეს საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი.4 საქართველო ამ მეგობრობის გამოხატულებად მათ მიერ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების ლობირებას იმედოვნებს.

მეორე მხრივ, თურქეთი საქართველოს მეტად მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგეტიკულ და სამხედრო დარგებში. ენერგეტიკული თანამშრომლობა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების განხორციელებით განმტკიცდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ წლების განმავლობაში თურქეთი მთავარი ხიდი იყო საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობაში და მან საქართველოს მიმართ სამხედრო დახმარების მთელი რიგი პროექტები განახორციელა.

საქართველო არ ხედავს წინააღმდეგობას ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სწრაფვასა და მის სურვილთან, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა იქონიოს. პრეზიდენტი სააკაშვილი ხშირად მიუთითებს, რომ ის მიესალმება რუსი ბიზნესმენების მონაწილეობას ქართულ ეკონომიკაში. 2005 წლის მაისში ორმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შეთანხმებას საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანაზე, ეს პრობლემა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად აფერხებდა ორმხრივ ურთიერთობებს და მისი გადაწყვეტა სერიოზულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაჭიანურებული კონფლიქტები სერიოზულად ძაბავს ორმხრივ ურთიერთობას. საქართველოს ესმის, რომ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა სჭირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, კონფლიქტების დარეგულირება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელოვანი წინაპირობაცაა.

საქართველო აქტიურად ცდილობს გააფართოვოს და „გაადასავლუროს“ რეგიონი, რომლის ნაწილადაც მოიაზრება - კერძოდ, თავი „შავი ზღვისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების“5 ნაწილად წარმოაჩინოს - მაგრამ ეს არ ნიშნავს სამხრეთ კავკასიაში თავის უშუალო მეზობლებთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან - ურთიერთობის უგულებელყოფას. ეს უკანასკნელი ზემოხსენებული ენერგეტიკული პროექტების მთავარი პარტნიორია. სომხეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობის არსებითი ფაქტორია ისიც, რომ საქართველოში მრავალრიცხოვანი სომეხი და აზერბაიჯანული მოსახლეობაა. სამ სახელმწიფოს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირების საჭიროებაზე არავინ დავობს. მაგრამ, სანამ ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარდება და სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის მტრებად აღიქვამენ თავს, სამხრეთ კავკასია ვერ ფუნქციობს, როგორც ერთიანი რეგიონი. ამიტომაც ბუნებრივია საქართველოს მცდელობა, უფრო დიდსა და ხელსაყრელ რეგიონს მოერგოს.

საერთაშორისო აქტორების გავლენა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების ლიდერები საერთაშორისო დახმარებითა და მხარდაჭერით ცდილობდნენ შიდა სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას. კერძოდ რაში გამოიხატა საერთაშორისო აქტორთა გავლენა?

მისი შეფასება საკმაოდ რთულია. შეთქმულების თეორიების მოყვარულებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ, როცა რაღაც ხდება ისეთ სუსტ ქვეყენაში, როგორიც საქართველოა, ამის უკან აუცილებლად უცხო ძალა დგას. ასეთი პრიმიტიული მიდგომების უგულებელყოფა იოლია. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ, თუ არა საერთაშორისო მოთამაშეების როლი, საქართველო დღეს სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა. შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ძირითადი სფერო, სადაც საერთაშორისო გავლენა განსაკუთრებით საგრძნობია.

ვარდების რევოლუცია კარგი მაგალითია ამ საკითხის განსახილველად. ზოგს მიაჩნია, რომ რეჟიმის ცვლილების უკან შეერთებული შტატების მთავრობა იდგა: ამ თეორიის მიხედვით, ხანდაზმული და არაეფექტური ლიდერის საქმიანობით იმედგაცრუებულმა ვაშინგტონმა ის უფრო ახალგაზრდა, დინამიური და შეერთებულ შტატებში განათლებამიღებული იურისტით ჩაანაცვლა.

ამაზე სერიოზული მსჯელობა ძნელია, რადგან ამ თეორიას რაიმე კონკრეტული საბუთი არ ამაგრებს. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ დასავლეთის მოქმედ პირებს არაპირდაპირი წვლილი მიუძღვით ვარდების რევოლუციის წარმატებაში. მათ შორის უმთავრესია დაახლოებით ათი წლის მანძილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა: ორივემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში. აქედან გასაგებია, თუ რატომ მოხდა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ავტორიტარულმა და ნახევრად ავტორიტარულმა ლიდერებმა ნერვიულობა დაიწყეს მათ ქვეყნებში დემოკრატიის მხარდამჭერი საერთაშორისო ფონდების საქმიანობის გამო.

როდესაც საერთაშორისო დახმარების ეფექტურობაზე საუბრობენ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების - დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების - განვითარება წარმატების მაგალითად ითვლება. იმ ფონზე, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება წინამორბედთან შედარებით უფრო ძლიერი და აქტიურია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მნიშვნელობა და პოზიციები შედარებით შესუსტდა. მიუხედავად ამისა, რეგიონული მასშტაბით, საქართველო, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, კვლავ ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ რჩება. ამის მიღწევა კი საერთაშორისო აქტორების როლის გარეშე ძნელი იქნებოდა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარება საქართველოში საერთაშორისო მხარდამჭერი პროგრამების წარმატების მაგალითად მიიჩნევა

ქვეყნის შიდა განვითარებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველაზე დიდი გავლენა, ალბათ, მაშინ აქვთ, როცა ქვეყანა მათში გაწევრიანებას ცდილობს. როცა საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება თავის ევროპულობას უსვამს ხაზს და პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილს გამოხატავს, ამით ის თავად ისახავს ამბიციურ გეგმებს, რაც მისი განვითარების საზომად იქცევა. როცა ევროპის საბჭოში წევრიანდებოდა, საქართველომ მთელი რიგი მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, რამაც ის დემოკრატიულ სტანდარტებთან დაახლოვა, და ამავე მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება აიღო. მათ შესრულებას შეიძლება თავდაპირველად განსაზღვრულზე მეტი დრო დასჭირდეს, მაგრამ ისინი ქვეყნის განვითარებას სწორ კალაპოტში აქცევს.

ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილის გამოთქმით საქართველომ კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები დაისახა საშინაო რეფორმების მიმართულებით. ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება ან თუნდაც მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესრულებას მოითხოვს: ნატო-ს შემთხვევაში ესაა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, მომავლში კი, შესაძლოა, წევრობის სამოქმედო გეგმა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკაშიც იგულისხმება კონკრეტული სამოქმედო გეგმების მიღება და შესრულება, რის საპასუხოდაც ევროკავშირი მონაწილე ქვეყნებს კონკრეტულ სარგებელს სთავაზობს: ეს აძლიერებს მოტივაციას ხშირად მტკივნეული რეფორმების გასატარებლად.

საბაზრო რეფორმების სფეროში ანალოგიური როლი ითამაშა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობამ და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესმა.

ბოლო, მაგრამ მნიშვნელობით არა უკანასკნელი საკითხი, რაზეც საერთაშორისო აქტორებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს, რეგიონული მშვიდობისა და სტაბილობის შენარჩუნებაა. რეგიონის მთავარი კონფლიქტები, როგორებიცაა აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი, მოხვდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების გაურკვეველი რეჟიმის კონტექსტში: რუსეთს აღარ შეეძლო რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხოლო საერთაშორისო საზოგადოება ჯერ კიდევ არ იყო აქ წარმოდგენილი. „გაყინული კონფლიქტების“ არსებობა აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ შესწევს კონფლიქტების დარეგულირების ძალა, მაგრამ მისი მონაწილეობა მნიშვნელოვნად განაპირობებს იმას, რომ კონფლიქტური სიტუაციები კონტროლს ექვემდებარება და „ცხელ“ ეტაპს არ უბრუნდება. როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები საერთაშორისო ურთიერთობებისა და ვალდებულებების ქსელში ერთვებიან, ნაკლებ სავარაუდო ხდება, რომ მათ ძალას მიმართონ კონფლიქტების მოსაგვარებლად.

პოლიტიკური პარტიები და საერთაშორისო პოლიტიკა

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ქვეყნის საერთაშორისო ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის უფრო მეტად აზრთა თანხვედრაა, ვიდრე განსხვავება. ამ ტენდენციისგან გამონაკლისს 1993-94 წლები წარმოადგენს, როდესაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას შეუერთდა და რუსეთი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა. ამ პერიოში ედუარდ შევარდნაძის გარშემო შეკრებილ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ საქართველოს წარმატება რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული, ოპოზიცია კი ამას ქვეყნის ინტერესების ღალატად მიიჩნევდა და დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობას ითხოვდა. ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთზე ორიენტაცია ტერიტორიული კონფლიქტების დარეგულირებასა და ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმარებოდა.

რაკი ეს მოლოდინები გაცრუვდა, შევარდნაძის ხელისუფლებამ თანდათან დასავლეთთან თანამშრომლობაზე აიღო გეზი.

საერთაშორისო ორიენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის უფრო მეტი აზრთა თანხვედრაა, ვიდრე განსხვავება

თუმცა საქართველოში არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და პრო-რუსულ ორიენტაციას უჭერენ მხარს, ისინი მუდამ მარგინალურნი იყვნენ და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არასდროს უთამაშიათ მნიშვნელოვანი როლი.

საქართველოსთვის უფრო დამახასიათებელია ის ვითარება, როცა ოპოზიციური პარტიები არასაკმარისად თანმიმდევრული დასავლური ორიენტაციისა და რუსეთის მიმართ ზედმეტი დათმობებისთვის აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ხშირია ფარულ პრო-რუსულ ზრახვებში ერთმანეთის დადანაშაულებაც: ეს შევარდნაძის დროსაც ხდებოდა და ახლაც გრძელდება. მაგალითად, როდესაც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მოითხოვა რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებიდან, ოპოზიციურმა პარტიებმა, მათ შორის, ახალმა მემარჯვენეებმა, კონსერვატორებმა და რესპუბლიკელებმა, დამატებით საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის ინიციატივა წამოაყენეს.

შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს შორის არსებობს კონსენსუსი საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გარშემო. ეს, უდავოდ, მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის სტაბილობის სასარგებლოდ.

ძირითადი დასკვნები

საერთაშორისო მოთამაშეები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობის მხრივ.

ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების გავლენა ამცირებს შიდა შეიარაღებული კონფლიქტების შანსებს.

საქართველოს სხვადასხვა მთავრობის საგარეო პოლიტიკა ძლიერად იყო ორიენტირებული დასავლეთთან თანამშრომობაზე და, იმავდროულად, მეზობელ სახელმწიფოებთან კარგ ურთიერთობაზე.

ყველა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეს შორის არსებობს ზოგადი კონსენსუსი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და ეს ქვეყნის სტაბილობის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

1 იხილეთ ევროპის კავშირის საქართველოსთან ურთიერთობების მიმოხილვა: http://europa.eu.int/comm/external_relations/georgia/intro/, შემოწმებულია 2006 წლის 7 თებერვალს.

2 ამასთან დაკავშირებით იხილეთ Jaba Devdariani, “Georgia and Russia: the Troubled Road to Accomodation”, და Oksana Antonenko, “Frozen Uncertainty and the Conflict over Abkhazia”, წიგნში Bruno Coppieters and Robert Legvold, Eds., Statehood and Security: Georgia after Rose Rovolution, The MIT Press, Cambridge, Mass. - London, England, 2005, გვ. 153-271.

3 დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობას უკრაინა, საქართველო, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვენია და მაკედონია შეუერთდნენ.

4 ამ ჯგუფს ,,ახალი“ უწოდეს, რამდენადაც უკვე არსებობდა ათეული წლის წინ დაარსებული საქართველოს მეგობარ ქვეყანათა ჯგუფი, რომლის მიზანი იყო სეპარატისტული კონფლიქტების გადაწყვეტაში საქართველოს მხარდაჭერა. მასში შედიოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და რუსეთი.

5 საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია, 2005.

3.3 1.3 პარტიები და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიების შესახებ

მუხლი 26

2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია, სხვა პოლიტიკური გაერთიანება და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.

3. დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვალა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას.

საქართველოს კანონმდებლობის ძირითადი დებულებები პარტიების შესახებ

ნებისმიერ ქვეყანაში პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველი, ეს არის პარტიებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის სამართლებრივი გარანტიების შექმნა. მან უნდა დაიცვას პარტიები ხელისუფლების ზეწოლისგან და მისცეს მათ საშუალება თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ინტერესები და შეხედულებები. პარტიული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის კიდევ ერთი მიზანია მათი საქმიანობის შეზღუდვა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მშვიდობის დასაცავად. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს შეუძლიათ შეცვალონ არსებული პოლიტიკური წყობილება (როგორც ეს, მაგალითად, ვაიმარის გერმანიაში მოხდა) ან ამა თუ იმ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გააჩაღონ. ამიტომაც, დემოკრატიული წყობილების დასაცავად ხშირად გამართლებულია პოლიტიკური პარტიებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ერთი შეხედვით, არადემოკრატიულადაც რომ მოგვეჩვენოს ეს.

საქართველოს კონსტიტუცია ორივე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს. იგი უზრუნველყოფს ძირითად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ისეთებს, როგორიცაა სინდისის, აზრის გამოხატვის, პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებები. საქართველოს კონსტიტუციის ოცდამეექვსე მუხლი სხვა ტიპის საზოგადოებრივი გაერთიანების შექმნის უფლებასთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნის და მასში მონაწილეობის უფლებასაც აღიარებს. იქვე არის განსაზღვრული ის მიზეზები, რომლის გამოც რომელიმე პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა შეიძლება მოხდეს. კონსტიტუციის თანახმად, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნა, რომელთა მიზანია: „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“ (მუხლი 26.3). კონსტიტუციის იმავე მუხლის თანახმად, ამ შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.

საქართველოს კანონმდებლობა დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში პარტიების განსაკუთრებულ როლს აღიარებს

საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ცნობს. 1996 წელს მიღებული საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ უფრო დეტალურად განსაზღრავს პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებს. კანონში პარტიის შემდეგი განსაზღვრებაა მოცემული: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში პარტია) არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელიც რეგისტრირებულია ამ კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში“. კანონის თანახმად, პარტია არის „დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი სამართლებრივი ნაწილი“, რომელიც „მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოხატვაში მონაწილეობს“. ამით კანონი დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში პარტიების განსაკუთრებულ როლს აღიარებს.

საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ:
ძირითადი საკითხები

პოლიტიკური პარტია არის მოქალაქეთა რეგისტრირებული ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც დამყარებულია მის წევრთა პოლიტიკურ შეხედულებებზე და საერთო ორგანიზაციულ საფუძველზე.

დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობის დამხობა ან ძალადობით შეცვლა, საქართველოს დამოუკიდებლობის ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, რომელიც ეწევა სხვადასხვა სოციალურ ან ეთნიკური ჯგუფს შორის შუღლის პროპაგანდას.

დაუშვებელია რეგიონალურ პრინციპზე დამყარებული პარტიების შექმნა.

პარტიების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტრო ახდენს. ამისთვის წევრთა გარკვეული რაოდენობა (არანაკლებ 1000 კაცისა) და პარტიის წესდება არის საჭირო.

მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლება აკრძალოს პარტიის საქმიანობა.

არანაკლებ ოთხ წელიწადში ერთხელ პარტიის წარმომადგენლობითი ყრილობა უნდა იყოს მოწვეული. ყრილობა იღებს და შესწორებები შეაქვს პარტიის წესდებასა და პროგრამაში. ყრილობა ასევე ირჩევს პარტიის მმართველი ორგანოების ზოგიერთ წევრს. კანონი მოიცავს პარტიის მმართველობითი სტრუქტურების ჩამონათვალს.

პარტიები სახელმწიფოსგან ფინანსურ და სხვა სახის მხარდაჭერას იღებენ (იხ. 70 გვ). ამასთან, დაშვებულია პარტიის საქმიანობითვის კერძო შემოწირულობების გაკეთება. დაუშვებელია კერძო პირისგან წელიწადში 30 000 ლარზე, ხოლო იურიდიული პირისგან 100 000 ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულობის მიღება.

კანონი მოითხოვს პარტიების საქმიანობაში და ორგანიზაციულ მოწყობაში შემდეგი პრინციპების დაცვას. ეს პრინციპებია:

) პარტიაში გაწევრიანების და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
) დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
) არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
) კანონის წინაშე პარტიების თანასწორობა;
) პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

ამავდროულად, კანონი ყოველთვის არ მიუთითებს, თუ როგორ უნდა გატარდეს ცხოვრებაში თითოეული ეს პრინციპი. მაგალითად, ის არ განსაზღვრავს „არჩევითობისა და ანგარიშვალდებულების“ პრინციპს. შედეგად, დღევანდელი ქართული პოლიტიკური პარტიები იერარქიული მოწყობის პრინციპების მიხედვით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, პარტიულ თანამდებობაზე ზემოდან დანიშვნით დაწყებული, ყველა დონეზე არჩევითობის პრინციპის ფართო გამოყენებით დამთავრებული. კანონი შეიცავს პარტიების სახელმძღვანელო, აღმასრულებელ და მაკონტროლებელ ორგანოთა ჩამონათვალს (ყრილობა, გამგეობა, სარევიზიო კომისია) და განსაზღვრავს თითოეული მათგანის ფუნქციას. ამავდროულად, ის პარტიაში სხვა სტრუქტურების არსებობასაც უშვებს. დღეს არსებული პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, მოდიფიკაციების გარეშე კანონით შემოთავაზებულ ორგანიზაციულ მოდელს იმეორებენ.

კანონით პარტიების წევრობაზე გარკვეული შეზღუდვები არის გათვალისწინებული. კანონის თანახმად, პარტიის წევრი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს. სამართალდამცავ ორგანოებში და შეიარღებულ ძალებში ჩარიცხვის, მოსამართლედ ან პროკურორად დანიშვნის შემთხვევაში მოქალაქეები ვალდებულნი არიან შეწყვიტონ პარტიის წევრობა. დემოკრატიული სახელმწიფოების უმრავლესობა საჯარო მოსამსახურეთა ამ ჯგუფებს მსგავს მოთხოვნებს არ უყენებს. კანონში ასეთი შეზღუდვის გათვალისწინება საქართველოს კონტექსტში შესაძლოა კომუნისტური წარსულისა და სამოქალაქო ომის გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული. საბჭოთა რეჟიმის პირობებში სამართალდამცავი ორგანოები კომუნისტური პარტიის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ და პოლიტიკურად ნეიტრალური სასამართლოც არ არსებობდა. მეორე მხრივ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და სამოქალაქო ომის პერიოდში პარტიები თავად ქმნიდნენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს. შესაბამისად, კანონმდებლები საჭიროდ მიიჩნევდნენ, მკვეთრი ზღვარი გაევლოთ, ერთი მხრივ, შეარაღებულ ძალებსა და სამართალდამცავ ორგანოებს და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ ძალებს შორის.

შემთხვევები, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს რეგისტრაციაში უარი ეთქვათ

საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ორ პარტიას უთხრეს უარი რეგისტრაციაზე. განსაკუთრებით ცნობილია პარტია „ვირქის“ შემთხვევა. რაღაც პერიოდში ამ ორგანიზაციამ სახელწოდება შეიცვალა და ქართული სახელწოდება „ზარი“ მიიღო. ეს ორგანიზაცია ჯავახეთში, უმეტესწილად, ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში შეიქმნა და ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონებისთვის ავტონომიის სტატუსის მოპოვებას ისახავს მიზნად. 1998 წლიდან დღემდე პარტიას რეგისტრაციაზე რამდენჯერმე უთხრეს უარი. ის აგრძელებს თავის საქმიანობას, თუმცა რეგისტრაციის არქონის გამო მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ გააჩნია.

პარტიას რეგისტრაციის გატარებაში უარი უთხრეს კანონის იმ მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც რეგიონული პრინციპით შექმნილ პარტიებს კრძალავს. ამავდროულად, „ზარის“ ლიდერების თქმით, ორგანიზაციას ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში აქვს ფილიალები და, შესაბამისად, შეიძლებოდა მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ პარტიად ჩათვლა.

2001 წელს იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა „მხედრიონს“, ორგანიზაციას, რომლის წევრებიც აქტიურ როლს თამაშობდნენ 1992 წლის გადატრიალების დროს, ხოლო ბევრი მათგანი შემდეგომში კრიმინალური აქტიურობისთვის დააპატიმრეს. იუსტიციის სამინისტროს პოზიციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წესდება კანონს არ ეწინააღმდეგება, ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შორის ის ადამიანები არიან, რომელთაც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მრავალი დანაშაულის ჩადენაში მიუძღვით ბრალი. შესაბამისად, სამინისტროს პოლიტიკურ პარტიის სახით ამ ორგანიზაციის რეგისტრაცია დაუშვებლად მიაჩნია.

კანონი განსაზღვრავს პარტიის დასაფუძნებლად და სარეგისტრაციოდ საჭირო პირობებს. პარტიების რეგისტრაციას განსაკუთრებული სირთულეები არ ახლავს. პარტიის შესაქმნელად მოქალაქეთა არანაკლებ სამასწევრიანი ჯგუფი წინასწარი ნებართვის გარეშე ატარებს ყრილობას. პარტიების რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტრო ახდენს. რეგისტრაციის გასავლელად პარტიამ, არანაკლებ, 1000 წევრის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, სულ მცირე, სამასი კაცის შემადგენლობით ყრილობა ჩაატაროს, სამინისტროში წესდება და ხელმძღვანელი პირების დამოწმებული ხელმოწერები წარადგინოს.

პარტიების შექმნის ყველაზე მნიშვნელოვან შეზღუდვას კანონის მეექვსე მუხლი აწესებს. ამ მუხლის თანახმად, დაუშვებელია პარტიის შექმნა რეგიონული ან ტერიტორიული ნიშნის მიხედვით (თუმცა გაურკვეველია, ამ შემთხვევაში ტერიტორიული ნიშნით პარტიის შექმნაში რა იგულისხმება). ამ შეზღუდვის შემოღება ქვეყანაში სეპარატისტული მოძრაობების გაღვივების გამოცდილებას და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ასეთი მოძრაობების წარმოშობის შიშს უკავშირდება.1

პარტიების სახელმწიფო დაფინანსება საქართველოში

2005 წლის დეკემბერში პარლამენტმა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო. ამ ცვლილების მიღებით დაკონკრეტდა ის ფორმულა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება პარტიების მიმართ სახელმწიფო დახმარების ოდენობა. სახელმწიფო დაფინანსებას ამჯერად ის პარტიები მიიღებენ, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა არანაკლებ ოთხი პროცენტი დააგროვეს. ყოველწლიურად ისინი პირველ 200000 ამომრჩევლის თითოეულ ხმაზე ორ ლარს მიიღებენ, 200000-იდან 300000 ხმამდე - 1.5 ლარს, ხოლო ამ რაოდენობაზე ზემოთ - ერთ ლარს წელიწადში თითოეულ ამომრჩეველზე.

სახელმწიფო დაფინანსების გადანაწილების ეს წესი საერთაშორისო დემოკრატიულ პრაქტიკას შეესაბამება. ამავდროულად, ის არამომგებიანი შეიძლება აღმოჩენილიყო იმ პარტიებისთვის, რომლებმაც წინა არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მიიღეს მონაწილეობა და არჩევნების შემდეგ გამოეყვნენ მას (აქ საუბარია რესპუბლიკურ და კონსერვატიულ პარტიებზე). როგორც ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, ეს პარტიებიც სახელმწიფო დაფინანსებას საერთო სიით არჩეული მათი წევრების რაოდენობის შესაბამისად მიიღებენ. სახელმწიფო დაფინანსება ასევე თანაბრად იქნება განაწილებული იმ პარტიებს შორის, რომლებმაც არჩევნებზე საარჩევნო ბლოკის სახით მიიღეს მონაწილეობა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, საქართველოს კანონმდებლობა პარტიების მიერ სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე არანაირი შეზღუდვებს არ აწესებს.

მთლიანობაში პარტიების შექმნასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურად შეიძლება ჩაითვალოს. თავად პარტიები ამ სფეროში პრობლემებს არ ხედავენ. რეგიონული და ტერიტორიული პარტიების აკრძალვა აქ ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს. ამავდროულად, კანონში მთელი რიგი გაურკვეველი ფორმულირებები არის ჩადებული (ისეთი, როგორებიცაა არჩევითობა და ანგარიშვალდებულება, სოციალურ ჯგუფებს შორის შუღლის წაქეზების აკრძალვა), რომლებიც პოტენციურად სახელმწიფოს მიერ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული, როდესაც ის პარტიის საქმიანობის შეზღუდვას გადაწყვეტს.

პარტიების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ

დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფომ მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების დაცვაზე უნდა იზრუნოს. ამ უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო ჩარევის გარეშე პარტიის შექმნის და საქმიანობის უფლებაა. ამავე დროს, ზოგიერთი დემოკრატიული სახელმწიფო უფრო შორსაც მიდის და პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას აწესებს. ეს კი იმის აღიარებას ეფუძნება, რომ ძლიერი პარტიები აუცილებელია დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადი ფუნქციობისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსების არსებობამ შეიძლება პარტია რომელიმე კერძო ინტერესზე ზედმეტი დამოკიდებულებისაგან იხსნას.

მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას, თუმცა გასულ წლებში ეს დაფინანსება ძალზედ მცირე იყო და პარტიული ხარჯების რაიმე მნიშვნელოვან ნაწილსაც არ შეადგენდა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, პარტიების სახელმწიფო დაფინანსება გაცილებით დიდია და ის ამ უკანასკნელთა განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს (იხ. ცხრილი 3).

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის პირველი ვერსიის თანახმად, არჩევნებს შორის პერიოდში ფინანსური მხარდაჭერა ყველა იმ პარტიას ეძლეოდა, რომელმაც უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა ხუთ პროცენტზე მეტი დააგროვა. ამასთან, კანონით თითოეული პარტიისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობა განსაზღვრული არ იყო. რეალურად, კანონის ეს მოთხოვნა მისი მიღების მომენტიდანვე არ სრულდებოდა. ერთადერთი გამონაკლისი აქ საპარლამეტო ფრაქციებში შემავალი დეპუტატების რაოდენობის მიხედვით მიღებული დაფინასება შეიძლება ჩაითვალოს, რომლის ოდენობაც ძალიან მცირეა და ამა თუ იმ პარტიის ბიუჯეტის უმნიშვნლო ნაწილს წარმოადგენს.

ასეთი ვითარების შექმნის მიზეზად წინა მთავრობის წევრები სახელმწიფო შემოსავლების დაბალ დონეს ასახელებდნენ. პარტიებიც მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ ამ საკითხის წარმოჭრას იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ძალიან დაბალი პენსიების გადახდასაც ვერ ახერხებდა. შემოსავლების მკვეთრმა ზრდამ პარტიების დაფინანსების საკითხი აქტუალური გახადა.

0x01 graphic

ცხრილი 3. პოლიტიკური პარტიები სახელმწიფო დაფინანსება დასავლეთ ევროპაში

წყარო: A. Krouwel: 1999. ,,the development of the catch all party. A study in arrested development. Phd, Free University. Amsterdam.

2005 წლის დეკემბერში მთელი რიგი განხილვებისა და მოლაპარაკებების შემდეგ პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დააფინანსებს იმ პარტიებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში ხმათა არანაკლებ ოთხ პროცენტს მიიღებენ. ამჯერად კანონი გვთავაზობს ზუსტ ფორმულას, რომლის მიხედვითაც მოხდება თითოეული პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის განსაზღვრა (იხილეთ ჩანართი გვ. 70).

ამ კანონის ამოქმედების შედეგად პარტიების მიერ მიღებული სახელმწიფო დაფინანსების ოდენობა მნიშვნელოვანი დანამატი უნდა გახდეს პარტიების ბიუჯეტებისთვის. ამავე დროს ნათელია, რომ ეს დაფინანსება საკმარისი არ იქნება პარტიების ორგანიზაციული ინფრასტრუქტურის შესანახად და საარჩევნო კამპანიის ხარჯების ძირითადი ნაწილის დასაფარავად.

საარჩევნო კამპანიის ხარჯები

საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საარჩევნო ხარჯებში ანგარიშვალდებულებასა და მათ გამჭვირვალობას ეხება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დაფინანსების წყაროებისა და წინასაარჩევნოდ გაწეული ხარჯების შესახებ ცნობები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებიდან ერთი თვის განმავლობაში. ეს ანგარიშები საჯაროა.

პარტიები, ზოგადად, არ უარყოფენ ასეთი კანონმდებლობის აუცილებლობას და მასში ცვლილებების შეტანას არ მოითხოვენ. ამავდროულად, ამ კანონმდებლობის ეფექტურობაში ხშირად ეჭვი შეაქვთ. ფართოდ გაზიარებული აზრის თანახმად, პარტიები თავის ანგარიშებში წინა საარჩევნო ხარჯების მხოლოდ ნაწილის დეკლარირებას ახდენენ. იმის გამო, რომ ეს ერთნაირად ეხება სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, საკითხი იშვიათადაა პარტიებს შორის განხილვის საგანი. პარტიების ფინანსურ ანგარიშებში არსებულ გაურკვევლობასა და მათ წინააღმდეგობრიობაზე უფრო ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენელბი მიუთითებენ, თუმცა ისინიც ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებას ხშირად ერიდებიან. ამის მიზეზი არის ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომლის თანახმადაც პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცხოვრებაში მკაცრი გამოყენება უფრო საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის, ვიდრე სახელისუფლებო პარტიისთვის, ვინაიდან ამ შემთხვევაში ბიზნესი მოერიდება ოპოზიციური პარტიების ღიად სუბსიდირებას.

საარჩევნო სისტემა

საარჩევნო კანონმდებლობა შესაძლოა საკანონმდებლო გარემოს ის ნაწილი იყოს, რომელიც პარტიებს შორის ურთიერთობების ხასიათზე და მათ შინაგან განვითარებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ის ქართული კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო საკითხსაც წარმოადგენს. შესაბამისად, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეები საარჩევნო კანონმდებლობის თავის სასარგებლოდ შეცვლას ცდილობენ. ამაში საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს. როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდანაც ჩანს (იხ. ცხრილი 4.), დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის საარჩევნო კანონმდებლობა მოქმედებს. ყოველი ამ ქვეყნის შემთხვევაში საარჩევნო სისტემა პარტიათა შორის არსებულ ძალთა ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

საქართველოს მოქალაქეები, იმის მიხედვით, თუ რა სახის ორგანოს არჩევნებზე არის საუბარი, სამი ტიპის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ეს არის საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა ავტონომიის პარლამენტის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. საქართველოს სხვა რეგიონებში (მხარეებში) არჩევითი ორგანოები არ არსებობს.

საარჩევნო კანონმდებლობა ქართული კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ნაწილს წარმოადგენს

1995 წლის კონსტიტუცია პრეზიდენტს ქვეყანაში ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ ლიდერად ხდის. მას პირდაპირი არჩევნების წესით საქართველოს მოსახლეობა ირჩევს. პრეზიდენტი არჩეულად მიიჩნევა მაშინ, როდესაც იგი არჩევნებზე მოსულთა ნახევარზე მეტის ხმას დააგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი კანდიდატი არ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას, ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი იღებს მონაწილეობას. დღემდე საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის ჩატარების პრეცედენტი არ ყოფილა.

0x01 graphic

ცხრილი 4. პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების სახელმწიფო რეგულირება

წყარო: Norris 2002, Farrell and Webb 2000, quoted in A. Krouwel 2004. Partisan states. Legal regulation of political parties in France, Germany, the Netherlands, United Kingdom. Wolff Legal Publications. Nijmegen.

საპრეზიდენტო არჩევნები პარტიული პოლიტიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. აქ უფრო მეტად პიროვნებებს შორის შეჯიბრს აქვს ადგილი. ყოველ საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გამოკვეთილი ლიდერი, რომელსაც ირჩევდნენ სერიოზული შეჯიბრის გარეშე. პარტიები ამ პროცესებში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობენ.

ასეთ სიტუაციაში საპარლამეტო არჩევნები ის ძირითადი ასპარეზია, რომელზეც ამომრჩეველთა ხმების მოსაზიდად პარტიათა შორის შეჯიბრი მიმდინარეობს. ასეთ შეჯიბრს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროსაც აქვს ადგილი, თუმცა ამ ორგანოებს იმდენად შეზღუდული უფლება-მოვალეობები გააჩნიათ, რომ პარტიები ამ არჩევნებს უფრო საპარლამენტო არჩევნების წინ ძალების მოსასინჯად იყენებენ. თვითმმართველობის შესახებ 2005 წლის დეკემბერში მიღებული ახალი კანონი, ალბათ, გაზრდის ადგილობრივი არჩევნების მოგების მნიშვნელობას, ვინაიდან ახალი კანონის თანახმად, რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს ადგილობრივი საკრებულოები აირჩევენ.

პარტიების შეხედულებების თანახმად, საარჩევნო კანონმდებლობასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი და საკამათო საკითხი არის დაკავშირებული. პირველი თავად არჩევნების ჩატარების წესს ეხება: ლაპარაკია მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის დაპირისპირებაზე. მეორე საკითხს პროპორციულ არჩევნებზე პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი წარმოადგენს. მესამე ასეთი საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესია.

საქართველოს პარლამენტი შედგება 235 წევრისგან და შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული პრინციპით ირჩევა. მისი 150 წევრი პროპორციული, საერთო-ეროვნული სიებით არის არჩეული; ოთხმოცდახუთი წევრი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს. კანონმდებლობა პარტიებსა და ბლოკებს საარჩევნო პროცესების მთავარ მონაწილეებად აღიარებს. მათ საარჩევნო სიების წარდგენის უფლება აქვთ, ისევე, როგორც მაჟორიტარულ არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებთან ერთად მონაწილეობა.

2003 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარებულ რეფერენდუმზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დეპუტატების რაოდენობა ასორმოცდაათამდე უნდა შემცირდეს. აქედან ორმოცდაათი მაჟორიტარული პრინციპით იქნება არჩეული, ხოლო ასი - პროპორციულით. ჯერ კიდევ არ არის გადაწყევტილი, როგორ გადანაწილდება 50 მანდატი რეგიონებს შორის და რამდენი წარმომადგენელი ეყოლება თითოეულ მათგანს საკანონმდებლო ორგანოში. შემდეგი მოწვევის პარლამენტი, რომლის არჩევნები 2008 წელს არის დანიშნული, სწორად ამ ახალი წესით იქნება დაკომპლექტებული.

მიუხედავდა იმისა, რომ გასულ წლებში საარჩევნო სისტემის ბევრი მხარე (საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, პროპორციული არჩევნების ჩატარების კანონი და ა.შ.) ყოველი არჩევნების წინ მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა, ხმის მიცემის შერეული სისტემა ყველა არჩევნებზე სტაბილურად იყო დაცული. ის პირველად 1990 წლის ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნების დროს მიიღეს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მსგავსად, აქაც ანტიკომუნისტურ ძალებს ეშინოდათ, რომ მმართველი პარტია გამოიყენებდა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ნომენკლატურულ-კლიენტელისტურ ქსელს და არჩევნების მაჟორიტარული პრინციპით ჩატარების შემთხვევაში ახალ პარლამენტში უმრავლესობას შექმნიდა. შერეული პრინციპით არჩევნების ჩატარება კომუნისტურ პარტიასა და ოპოზიციურ ძალებს შორის კომპრომისის შედეგად გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან მოყოლებული, არჩევნების პროპორციული სისტემა ქართულ პოლიტიკურ ტრადიციაში უფრო დემოკრატიულად მიიჩნევა. ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში ხშირად დამოუკიდებელი კანდიდატები იმარჯვებენ, რომლებიც ყველა პოლიტიკური პარტიისგან დისტანცირებას ახდენენ. პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ასეთი კანდიდატები, როგორც წესი, მმართველ პარტიას უჭერენ მხარს. მსგავსი სიტუაცია ყველა მოწვევის პარლამენტში არსებობდა.

2005 წელს პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით მიიღო ახალი კანონი, რომლის თანახმადაც თბილისის საკრებულოს ის ნაწილი, რომელიც მაჟორიტარული პრინციპით აირჩევა, მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით დაკომპლექტდება (დანარჩენი ადგილები ქალაქის საბჭოში პროპორციული წესით გადანაწილდება). თბილისი რამდენიმე ასეთ ოლქად არის დანაწილებული და თითოეული ამ ოლქიდან დაახლოებით სამი ან ოთხი დეპუტატი იქნება არჩეული. ამა თუ იმ ოლქში ხმათა უმრავლესობის მქონე პარტია ამ ოლქისთვის გამოყოფილ ყველა ადგილს დაიკავებს (სხვა მანდატები საკრებულოში პროპორციული სიების მიხედვით განაწილდება). ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ცვლილებას და მიიჩნევს, რომ მანდატების გადანაწილების ასეთი სისტემა მმართველ პარტიას უპირატესობას ანიჭებს. ამ არგუმენტს რეალური საფუძველი აქვს, განსაკუთრებით, დანაწევრებული ოპოზიციის პირობებში. 2006 წლის შემოდგომაზე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარი გამოცდა იქნება ამ სისტემისთვის.

1990 წლის არჩევნებზე პირველად შემოიღეს საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისათვის. ეს ბარიერი ოთხ პროცენტს შეადგენდა და მისი შემოღება იმ პერიოდში შექმნილ მრავალრიცხოვან პოლიტიკურ ორგანიზაცათა შორის პარლამენტში მხოლოდ ყველაზე ძლიერთა დაშვებას ისახავდა მიზნად. მაშინ ისე, როგორც ახლა, ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური სცენა ზედმეტად არის დანაწევრებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ. ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად 180 პარტია არის რეგისტრირებული. ბარიერი აუცილებელია პარლამენტში ისეთი პარტიების მოხვედრის შესაზღუდად, რომლებიც ბევრს მარგინალურად მიაჩნია. ახალი წესებით ჩატარებულ პირველ არჩევნებში მხოლოდ ახალმა მმართველმა ბლოკმა მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო და კომუნისტურმა პარტიამ შეძლეს ბარიერის გადალახვა.

პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებზე მაღალი საარჩევნო ბარიერის დაწესება მარგინალური პოლიტიკური მოთამაშეების რიცხვის შემცირებას ისახავს მიზნად, თუმცა ის ამავე დროს სამართლიან წარმომადგენლობას და პოლიტიკურ პლურალიზმს ემუქრება

1992 წლის არჩევნებზე, რომელიც პრეზიდენტ გამსახურდიას გადაყენებასა და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას მოჰყვა, საარჩევნო ბარიერი მთლიანად გაუქმდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ახალ ხელისუფლებას ერჩია, პარტიები პარლამენტში ყოფილიყვნენ და არა ქუჩაში. შემდგომ არჩევნებზე კი 1995 წელს საარჩევნო ბარიერი გაიზარდა ხუთ პროცენტამდე და შვიდ პროცენტამდე 1999 წლის არჩევნებზე. 1995 და 1999 წლებში სამმა პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა შეძლო ბარიერის გადალახვა, 2004 წელს ამას მხოლოდ ორმა საარჩევნო სუბიექტმა მიაღწია. 2004 წლის არჩევნების წინ ევროპის საბჭომ, ისევე როგორც ეუთო-ს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიულ ინსტიტუტთა ოფისმა (OSCE-ODIHR), ურჩია საქართველოს მთავრობას ბარიერი ოთხ ან ხუთ პროცენტამდე დაეწია.2 ამ მოთხოვნას ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნდნენ. ვინაიდან არჩევნები ვარდების რევოლუციის გამარჯვების შემდეგ ტარდებოდა და ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებით მაღალი პოპულარობით სარგებლობდა, არსებობდა იმის რისკი, რომ ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ შეძლებდა ბარიერის გადალახვას (საბოლოოდ, მხოლოდ ახალმა მემარჯვენეებმა შეძლეს შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა).

0x01 graphic

მიუხედავად ამისა, ვარდების რევოლუციის გამარჯვების შედეგად შექმნილმა კოალიციამ უარი თქვა ამ ცვლილებების მიღებაზე და ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ დაბალი საარჩევნო ბარიერი მრავალრიცხოვანი სუსტი პარტიების არსებობას შეუწყობდა ხელს, რაც საქართველოში ძლიერი პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას ეწინააღმდეგება.

ეს პოზიცია, ისე როგორც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში სისტემა - ყველა ადგილი გამარჯვებულს - აჩვენებს, რომ ხელისუფლებას ისეთ კანონმდებლობაზე აქვს გეზი აღებული, რომელიც მომგებიანია მხოლოდ ძლიერი პარტიებისათვის. მმართველი პარტია აპირებს იგივე სისტემა (ყველა ადგილი გამარჯვებულს) გააფართოოს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილზე. ამან ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ უნდა უბიძგოს, ვინაიდან მსგავსი კანონმდებლობის არსებობის შემთხვევაში დანაწევრებულ ოპოზიციას წარმატების შანსი არა აქვს.

საარჩევნო ბარიერის ხშირი ცვლა და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შემოღება აჩვენებს დაძაბულობას, რომელიც არსებობს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში ორ იმპერატივს შორის: ერთი მხრივ, შემცირდეს დანაწევრება, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანი წარმომადგენლობა და პოლიტიკური პლურალიზმი. ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ამჟამად მოქმედი სისტემა ხელს უშლის სამართლიან წარმომადგენლობას და დემოკრატიული პლურალიზმის განვითარებას საერთო ეროვნულ დონეზე. ის ერთი დომინანტური პარტიის მქონე სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ცხრილი 5 აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პარტიებს აძლევს ხმას, რომლებიც ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ და წარმომადგენლობის გარეშე რჩებიან. არის იმის საშიშროებაც, რომ ზედმეტი ფრაგმენტაცია არასტაბილურობასა და პარლამენტის მუშაობის არაეფექტურობას გამოიწვევს, რის მაგალითადაც ბარიერის გარეშე ჩატარებულ არჩევნებზე არჩეული 1992-1995 წლის პარლამენტის საქმიანობა გამოდგება (იმის მიუხედავად, რომ ამ პარლამენტმა კონსტიტუციის მიღება შეძლო).3

საარჩევნო ადმინისტრირება

სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი დღემდე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მწვავე კამათის საგანს წარმოადგენს. საარჩევნო კანონმდებლობაში 1999 წელს შესულ ცვლილებებამდე ამ კომისიების დაკომპლექტება პარტიების წარმომადგენლების მიერ ხდებოდა, 1999 წლიდან კი - პარტიების წარმომადგენლებისა და ფორმალურად ნეიტრალური სახელმწიფო მოხელეების მიერ. ეს უკანასკნელნი ხშირად კომისიებში ხელისუფლების ინტერესების გამტარებლად აღიქმებიან. ეს მიდგომაც 1990 წლის არჩევნების პერიოდიდან იღებს სათავეს: დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გამოცდილების არქონის პირობებში არ არსებობდა ისეთი ინსტიტუტი, რომელსაც მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნას მიანდობდნენ. ამიტომ, საარჩევნო კომისიებში გარკვეული პარიტეტი მთავრობასა და ოპოზიციას შორის ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა.

ასე რომ, საარჩევნო კომისიებში ძალთა გადანაწილება პარტიებს შორის მუდმივი დაპირისპირებების პირობებში ხდებოდა. ის, რომ ხელისუფლებას გარიგებისთვის ყოველთვის უკეთესი პოზიციები ეკავა, ის საარჩევნო კომისიებში ხმათა უმრავლესობის მოპოვებასაც აღწევდა. შედეგად, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა ყოველთვის ძალზედ დაბალი იყო. 1995 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნების შედეგები, საერთო აზრით, მასობრივად ყალიბდებოდა. ჩვეულ ამბად იქცა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მხრიდან ხელისუფლების დადანაშაულება არჩევნების გაყალბებაში. საერთაშორისო ორგანიზაციები უფრო ფრთხილ შეფასებებს აკეთებდენენ, თუმცა მათი პოზიციაც სულ უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა. კომენტატორები პარტიებს შორის საარჩევნო კომისიების კულისებს მიღმა შეთანხმებებზე საუბრობდნენ: ამ გზით ზოგიერთი ოპოზიციური პარტია არჩევნების გაყალბებიდან გარკვეულ მოგებას ნახულობდა.

2005 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, რომლის თანახმადაც ზედა დონის (ცენტრალურ და საოლქო) საარჩევნო კომისიებში პარტიების წარმომადგენლები აღარ იქნებიან და ისინი მთლიანად, კანონპროექტის ავტორთა აზრით, მიუკერძოებელი საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდებიან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევას პრეზიდენტი და პარლამენტი მოახდენს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა პარტიული წარმომადგენლობის პრინციპით დაკომპლექტებული კომისიების მიერ სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზუნველყოფის უუნარობა. ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიციის ძლიერი პროტესტი მოჰყვა და მის მიერ ერთპარტიული კომისიების შექმნისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.

ამ შემთხვევაშიც კანონმდებლების წინაშე ბალანსის მიგნების საკმაოდ რთული ამოცანა დგას. მათ, ერთი მხრივ, პროფესიული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შექმნან, მეორე მხრივ, მის მიუკერძოებლობაში ყველა პოლიტიკური მოთამაშე უნდა დაარწმუნონ. ჯერჯერობით, ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო კონსენსუსის გამონახვა ვერ შეძლო.

პარტიები სახელმწიფოსთან ურთიერთობათა შესახებ

პარტიებს შორის ამჟამად მიმდინარე დებატები წარმოაჩენს სახელმწიფოსა და პარტიების დამოკიდებულებას სხვადასხვა საცილობელი თემის მიმართ. ეს თავი, ისე როგორც ამ წიგნის მომდევნო ნაწილები, ძირითადად, კვლევის ფარგლებში ორგანიზებულ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ეფუძნება.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებით მნიშვნელოვნად განსხვავებული აზრები გააჩნიათ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელები დარწმუნებულნი არიან, რომ არსებული საარჩევნო კანონმდებლობა, განსაკუთრებით კი, მასში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებები, არათანაბარ პირობებს უქმნის ოპოზიციასა და სახელისუფლებო პარტიას. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში უკანასკნელ პერიოდში შესული ცვლილებები, სწორედაც რომ, სამართლიანი და მიუკერძოებული არჩევნების ჩატარებას ემსახურება.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, პრეზიდენტი კი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეა. ეს, მათი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს ხელისუფლების ინტერესებს და ხელშეუწყობს გაყალბებას. მათი აზრით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წინა წესი, რომლის მიხედვიდაც კომისიების წევრთა ნაწილი პარტიების მიერ ინიშნებოდა, ოპოზიციას მეტ საშუალებას აძლევდა საკუთარი ხმების დასაცავად და, შესაბამისად, უფრო სამართლიანიც იყო. „ეს არის ქართულ საზოგადოებაში უკვე დამკვიდრებული მრავალპარტიულობის პრინციპიდან უკან გადადგმული ნაბიჯი.“4 ოპოზიციას თეორიულად არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიუკერძოებელი საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდეს, მაგრამ არ სჯერათ, რომ ეს პრინციპი დღევანდელ საქართველოში იმუშავებს.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო ცვლილებების შეტანა მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება; ეს უკანასკნელი კი ამტკიცებს, რომ რეფორმა აუცილებელი იყო სამართლიანი და ორგანიზებული არჩევნების უზრუნველსაყოფად და ასევე მთავრობის ეფექტურობის მისაღწევად

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარსულის გამოცდილებას საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ახალი წესის სასარგებლოდ იშველიებს. მისი წარმომადგენლების თქმით, პარტიების საარჩევნო კომისიებში მონაწილეობა გაყალბების თავიდან აცილების საშუალებას არ იძლევა; პირიქით, სიტუაცია ამ მხრივ ყოველ წელს უარესდებოდა. ნაწილობრივ პარტიული პრინციპით დაკომპლექტებული კომისიები პარტიებს შორის გარიგებებში მონაწილეობდნენ, ხოლო მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა მისთვის სასურველი უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა. სწორედ ამის გამო, მიუკერძოებელი, საჯარო სამსახურზე დამყარებული საარჩევნო ადმინისტრაციის არსებობა არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარების მეტ შანსს იძლევა.

მაღალი საარჩევნო ბარიერი

ოპოზიციას მიაჩნია, რომ ამჟამად მოქმედი შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ზედმეტად მაღალია. მათი აზრით, ესოდენ მაღალი საარჩევნო ბარიერი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მუშაობს. ამის შედეგია ის, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს პარლამენტი, სადაც გადაწვეტილების მიღების მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას აკისრია, რაც, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის თქმით, „უზრუნველყოფს პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის გადატანას ხელისუფლების მხარეზე, რაც, არსებითად, ეწინააღმდეგება მრავალპარტიული დემოკრატიის ნორმალურ ჩამოყალიბებას.“ ოპოზიციური პარტიები, როგორც წესი, ბარიერის ოთხ-ხუთ პროცენტამდე დაწევას უჭერენ მხარს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი საარჩევნო ბარიერიც კი ბევრ ევროპულ დემოკრატიაში ზედმეტად მაღლად ითვლება.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ამგვარი ბარიერი მსხვილი და ეფექტური პარტიების შექმნას უწყობს ხელს, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ პარტიას გამოკვეთილი აზრი ამ საკითხის შესახებ არ გააჩნია, ამიტომ მასზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა. მათი აზრით, ოპოზიცია ამ საკითხს გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ადმინისტრაციული რესურსი“, ან მმართველი პარტიისა
და სახელმწიფოსშერწყმა

ოპოზიციური პარტიები არა მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობას, არამედ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დამკვიდრებულ ურთიერთობებსაც აკრიტიკებენ. მათი აზრით, საჭიროა შეიცვალოს წამყვან პოლიტიკურ აქტორთა შორის არსებული ურთიერთობების პრაქტიკა.

აქ ყველაზე ხშირად ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მიდის ხოლმე საუბარი. ოპოზიციის თქმით, მმართველი პარტია ხშირად სახელმწიფო რესურსებს იყენებს. მაგალითად, პარტიას შეუძლია საბიუჯეტო სახსრები იმ საარჩევნო ოლქზე მიმართოს, რომელშიც ხმების მიღება მას განსაკუთრებით ესაჭიროება. ასევე, ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლები ხშირად საარჩევნო კამპანიას სახელმწიფოს ხარჯზე აწარმოებენ.

უფრო ფართოდ ეს საკითხი სახელმწიფოსა და პარტიის შერწყმის პრობლემის სახით დგას. ოპოზიციის აზრით, ეს პრობლემა კონკრეტულად იმით გამოიხატება, რომ სახელმწიფო აპარატი, მნიშვნელოვანწილად, მმართველი პარტიის წევრებით არის დაკომპლექტებული. მმართველი პარტიისა და სახელმწიფო აპარატის ურთიერთგადაფარვის პრობლემა საქართველოში დამოუკიდებლობის მიღების დროიდან იღებს სათავეს. ამ პრობლემის არსებობაზე ისიც მეტყველებს, რომ წინა ხელისუფლებების დროს არსებული მმართველი პარტიები არსებობას წყვეტდნენ სახელმწიფო აპარატისგან მათი ჩამოცილების შემთხვევაში. სიტუაცია, ამ მხრივ, არც ახალი ხელისუფლების პირობებში გამოსწორებულა. „დღევანდელ ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური პარტიის მოდელი, ისე როგორც წინა ხელისუფლებაში არსებული პარტიის მოდელი, არ არის ხალხის, რაიმე იდეის ირგვლივ გაერთიანებული ორგანიზაცია. ეს თავად ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიაა“,- ამბობს ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრი.

ოპოზიციის სხვა ლიდერის თქმით, მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის გამიჯვნა რომ არ ხდება, ამის მაგალითი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კონსტიტუციიდან ამოღებული ის ნორმაა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს ეკრძალებოდა პარტიული თანამდებობის დაკავება.5

ამ პრობლემის ყველაზე ფართოდ გავრცელებული გადაწყვეტა იმ თანამდებობების მკვეთრი გამიჯვნაა, რომლებიც პოლიტიკური დანიშვნების შედეგად შეივსება. ყველა პარტია აღიარებს, რომ ნორმალურია, როდესაც გამარჯვებული პარტია მნიშვნელოვან თანამდებობაზე საკუთარ მხარდამჭერებს ნიშნავს. ამ პრობლემის ყველაზე მისაღები გადაწყვეტა იქნებოდა, თუ შეწყდებოდა კადრების გადახალისების პრაქტიკა ხელისუფლების ყოველი შეცვლის შემდეგ. მკაცრად უნდა განისაზღვროს სახელმწიფო აპარატში თანამდებობათა ის წრე, რომელებზეც ადამიანები სამთავრობო გუნდის ცვლასთან ერთად იცვლებიან. ამ მკვეთრად განსაზღვრული თანამდებობათა ჩამონათვალის გარდა, სახელმწიფო სამსახური სტაბილური და პოლიტიკური ცვლილებებისგან დამოუკიდებელი უნდა დარჩეს. საქართველოს კანონმდებლობაში ჩადებულია ის ნორმები, რომლებიც ასეთი საზღვარის გავლების საშუალებას იძლევა. თუმცა, პრაქტიკაში ეს ნორმები არ სრულდება.

ნაციონალური მოძრაობა უარყოფს სახელმწიფო აპარატთან შერწყმის ბრალდებას. მის წარმომადგენელთა თქმით, იმის საშიშროება, რომ პარტია მოსწყდება საზოგადოებას და ხელისუფლების ნაწილი გახდება, პარტიამ თავიდან აიცილა. მან შეძლო გაემიჯნა სახელმწიფო სამსახურში მყოფი პარტიის წევრები და პარტიული აქტივი და დღეს არც ერთი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არ არის ამავდროულად ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, როგორც ეს ხშირად შევარდნაძის პერიოდში ხდებოდა. „ამ ნაბიჯით ნაციონალურმა მოძრაობამ უზრუნველყო მის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების ობიექტური ასახვა და შეინარჩუნა საზოგადოებრივი კონტროლის ფუნქცია.“ სახელმწიფო სამსახურიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სახელმწიფო აპარატის რადიკალური რეფორმისა და მასში კორუფციის აღმოფხვრის საჭიროებით ახსნა.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება: ზოგადი გამოწვევები

პარტიების დაფინანსების საკითხი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ ის ხშირად პოლიტიკურ კორუფციასთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მიერ პარტიებისთვის შემოწირულობის გაღებას ამ ჯგუფის სასარგებლოდ პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენება და საზოგადოებრივი ინტერესების დაზარალება შეიძლება მოჰყვეს.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად განსხვავებულ ზომებს მიმართავენ. ეს ზომები ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. ერთი არის პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღება/დახვეწა, რაც შემოწირულობის სიდიდეზე შეზღუდვის დაწესებასა და შემოსავლებისა და ხარჯვების საჯაროობის მოთხოვნას გულისხმობს. ამ პრობლემაზე რეაგირების კიდევ ერთი სახეა პარტიების პირდაპირი ან ირიბი (შემოწირულობების გადასახადებისგან განთავისუფლება, თავისუფალი საეთერო დროის მინიჭება) დაფინანსება, რაც მიზნად პარტიების კერძო ინტერესზე ზედმეტი დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას ისახავს.

დასავლურმა ქვეყნებმა ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმით, თუ რამდენად შორს წავიდა თითოეული მათგანი პოლიტიკური კორუფციის პრობლემის აღმოფხვრის გზაზე. ფართოდაა გაზიარებული ის აზრი, რომ ამჟამად მიღებული ზომები პარტიების საქმიანობაზე არასათანადო გავლენის მოხდენის თავიდან ასაცილებლად საკმარისი არაა. არსებულ კანონმდებლობას გვერდი რომ აუარო, საამისოდ ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემის მოგვარების რეცეპტი არ არსებობს. აქ საუბარია საექსპერტო ცოდნაზე დამყარებით ისეთი ზომების შერჩევაზე, რომლებიც ამ ქვეყნებს შეესაბამება.

პარტიების დაფინანსება

ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მათი დაფინანსების საკითხს საქართველოს პარტიული სისტემის განვითარებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. უკანასკნელი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე არსებულ სისტემას პარტიები სრულიად არადეკვატურად მიიჩნევდნენ.

ვინაიდან სახელმწიფო დაფინანსება გასულ წლებში პარტიების საქმიანობის ხარჯების დასაფარავად საკმარისი არ იყო და ბოლომდე ამ ხარჯებს დაფინანსების ახალი სისტემის შემოღების შემდეგაც ვერ დაფარავს, პარტიები კერძო შემოწირულობებზე არიან დამოკიდებულნი. მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მტკიცებით, ქვეყანაში ერთი პარტიის დომინანტობა ოპოზიციურ პარტიებს სახსრების მოზიდვაში ხელს უშლის. ოპოზიციური პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ ბიზნესმენებს მათთვის ფინანსური დახმარების გაწევის ეშინიათ, ვინაიდან ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაფუჭება არ სურთ და მისი მხრიდან საპასუხო მოქმედებების ეშინიათ. შესაბამისად, პოლიტიკური სიტუაცია უნდა შეიცვალოს, რათა ოპოზიციურ პარტიებს საშუალება მიეცეთ, თავისუფლად და გამჭვირვალედ მოიზიდონ თანხები.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა პარტიებს დაფინანსების წყაროების დამალვისკენ უბიძგებს. პარტიების უმრავლესობა აღიარებს, რომ ისინი დაფინანსების როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ წყაროებს მიმართავენ. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი პარტიის დაფინანსება დღესდღეობით გამჭვირვალე არ არის.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისე როგორც ოპოზიციური პარტიები, სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობას არ უარყოფს. ამავდროულად, მმართველი პარტიის აზრით, მნიშვნელოვანია პარტიებმა სახსრების მოზიდვა დამოუკიდებლად აწარმოონ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ამა თუ იმ პარტიის შესაძლებლობები მისი პოპულარობის შესაბამისი იქნება.

პარტიების რეგისტრაცია

შეხედულება, რომლის თანახმადაც საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვან ბარიერებს არ უქმნის ახალ პარტიათა შექმნას, დავას არ იწვევს. პოლიტიკოსთა უმრავლესობა აღიარებს, რომ საქართველოში პარტიების რეგისტრაციის საკმაოდ ლიბერალური წესი მოქმედებს, რასაც ქართული დემოკრატიისთვის დადებით ფაქტად მიიჩნევს.

ამავე დროს, ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი პარტიების რეგისტრაციის ზედმეტად გამარტივებულ პროცედურაში პრობლემას ხედავს. ისინი პარტიათა რიცხვის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი აზრით, ის, რომ ქვეყანაში ასზე მეტი პარტია არსებობს, ანომალიაა და მათი რიცხვის შემცირება პარტიების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად უნდა იქცეს. ამ პოლიტიკის მიზანი მხოლოდ იმ პარტიათა შენარჩუნება უნდა იყოს, რომელთაც „შესაბამისი ფინანსური და ინტელექტუალური ბაზა გააჩნიათ“. მაგალითად, ნაცვლად დღეს რეგისტაციაში გასატარებლად საჭირო ათასი წევრის ხელმოწერისა, კანონმა პარტიისთვის ათი ათასი წევრის ხელმოწერის მოთხოვნა უნდა დააწესოს. გარდა ამისა, რეგისტრაციის მისაღებად პარტიებს რაიონების არანაკლებ ერთ მესამედში უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობები.

ძირითადი დასკვნები

პარტიების ჩამოყალიბებას, რეგისტრაციასა და ფუნქციობას სახელმწიფო რაიმე მნიშვნელოვან წინაღობას არ უქმნის. პოლიტიკური პარტიების შექმნის ყველაზე მკაცრ შეზღუდვას რეგიონული პრინციპით პარტიის შექმნის აკრძალვა წარმოადგენს. გარდა ამისა, კანონი შეიცავს რამდენიმე ბუნდოვან დებულებას, რომლის გამოყენების შესაძლებლობა პოტენციურად არსებობს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მოქალაქეების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვას გადაწყვეტს.

გასულ წლებში სახელმწიფოს მხრიდან პარტიების დაფინანსება ძალზედ მცირე იყო და პარტიული ხარჯების რაიმე მნიშვნელოვან ნაწილსაც არ შეადგენდა. პარლამენტის მიერ 2005 წლის დეკემბერში ახლად მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარტიების დაფინანსების უფრო ეფექტური მექანიზმის შექმნის იმედს იძლევა.

მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არ არსებობს თანხმობა პოლიტიკურ კონკურენციაში ძირითადი წესების თაობაზე. კერძოდ, მკვეთრად განსხვავდება მათი პოზიციები საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების, საარჩევნო ბარიერის და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შესახებ.

ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ „ადმინისტრაციული რესურსის“ გამოყენება, რაც მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს შერწყმის პრობლემის მხარეა, ქვეყანაში სამართლიანი პოლიტიკური შეჯიბრის დასამკვიდრებლად ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

__________________

1 ეთნიკური უმცირესობების პრობლემებთან დაკავშირებით იხ. თავი ,,საზოგადოება და მოქალაქეობრიობა“.

2 PACE (Parliamentary Assembly of Council of Europe), Functioning of Democratic Institutions in Georgia, Resolution 1363 (2004).

3 24 პარტიისა და ბლოკის წარმომადგენელი, ასევე 60 დამოუკიდებელი კანდიდატი იყო არჩეული ამ პარლამენტში.

4 კონსერვატიული პარტია.

5 2004 წლის თებერვლამდე საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: „საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა“. პრეზიდენტი შევარდნაძე საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობას ითავსებდა, რასაც ოპოზიცია კონტიტუციის დარღვევად მიიჩნევდა. 2004 წლის თებერვალში ამ მუხლს დაემატა სიტყვები: „გარდა პარტიულისა“.

3.4 1.4. საზოგადოება და მოქალაქეობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს საზოგადოებამ, ძირითადად, მოიშუშა 1990-იანი წლების დასაწყისის მძიმე ტრამვები, რაც გამოიწვია სისხლიანმა სამოქალაქო დაპირისპირებამ, ცხოვრების დონის მკვეთრმა დაცემამ, ჩვეული პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების მოშლამ, თუმცა გავრცელებული სიღარიბე და გადაუწყვეტელი ეთნოპოლიტიკური კონფლიქტები მწვავე პრობლემებად რჩება. ქართული საზოგადოების უმრავლესობას კონსენსუსის საკმაოდ მაღალი დონე აქვს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებაში, როგორიცაა დემოკრატია და დამოუკიდებლობა. მაგრამ სამოქალაქო მონაწილეობა კვლავ შეზღუდულია, ხოლო სოციალური ნდობის დეფიციტი არ იძლევა ფართო და ქმედითი საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის ძლიერი პოლიტიკური პარტიების, შექმნის საშუალებას. შემაშფოთებელი რჩება ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დაბალი დონე.

საზოგადოდ, პოლიტიკური ელიტების ბუნება და ქცევა გამოხატულებაა იმ საზოგადოებისა, რომელშიც ისინი მოქმედებენ, და იმისა, თუ როგორ ახორციელებენ ადამიანები საკუთარ მოქალაქეობას. პოლიტიკური პარტიების სისტემა, როგორც ელიტების სამოქმედო ასპარეზი, ბუნებრივად უკავშირდება მოცემული საზოგადოების სტრუქტურას. პარტიები მოქმედებენ სოციალურ კონტექსტში და, ჩვეულებრივ, გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში ან საზოგადოების სეგმენტებში ეძებენ მხარდაჭერას. ამავე დროს, თითოეული პოლიტიკური პარტია შეიძლება მთლიანი საზოგადოების მცირე მოდელად განვიხილოთ: მისი შიდა სტრუქტურა, წევრების ურთიერთობა და შიდა პრობლემები საზოგადოების შესაბამის თვისებებს, მის პოლიტიკურ კულტურას ასახავს.1

თუმცა ქართული საზოგადოების ყოვლისმომცველი სურათის წარმოდგენის პრეტენზია არ გვაქვს, მოცემულ თავში შევჩერდებით მის ზოგიერთ იმ ნიშანზე, რაც რელევანტურია პოლიტიკური ინსიტიტუტებისა და პარტიებისთვის, კერძოდ, ქართულ საზოგადოებასა და მის ელიტებში არსებულ გამმიჯნავ ხაზებზე, კონსენსუსის ძირითად სფეროებზე და მოქალაქეობის ინსტიტუტის მდგომარეობაზე.

სოციო-ეკონომიკური გამმიჯნავი ხაზები:
სიღარიბე და კორუფცია

ფართოდ გავრცელებული სიღარიბე საქართველოს უმწვავესი პრობლემაა. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მიუხედავად გასული წლების ეკონომიკური ზრდის სოლიდური მაჩვენებლებისა (მაგალითად, 2005 წელს მ.შ.პ. 8,4 პროცენტით გაიზარდა), სიღარიბის მაჩვენებლები გაუმჯობესების ტენდენციას არ ამჟღავნებს. როგორც ეკონომიკის ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, „ეკონომიკური ზრდა ჯერ კიდევ არ გადაზრდილა სიღარიბის მაჩვენებლების საერთო დაქვეითებაში.“2

შეიძლება, ჯერ კიდევ ნაადრევი იყოს იმის შეფასება, თუ რა გავლენა მოახდინა ახალი ხელისუფლების პოლიტიკამ მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტებზე. ისეთი ღონისძიებების ერთობლიობამ, როგორიცაა მასობრივი კორუფციის აღმოსაფხვრელად გადადგმული ენერგიული ნაბიჯები, გადასახადების ამოღების მკვეთრი ზრდა, ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციების გაფართოება, საჯარო მოხელეების ხელფასების მრავალჯერადი ზრდა მათი რაოდენობის მკვეთრ შემცირებასთან ერთად, შეიძლება რამდენიმე წელში მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოიტანოს, მაგრამ მისი უშუალო გავლენა ცხოვრების დონეზე არაერთგვაროვანია. მართალია, ბევრ ადამიანს მიეცა შანსი, ღირსეულად იცხოვროს კორუფციაში გაურევლად, სიღარიბის ზოგადი სიტუაცია ჯერ კიდევ გამოსასწორებელია.3

ქართველი კომენტატორები ხშირად ამბობენ, რომ „ქვეყანაში საშუალო კლასი არ არსებობს.“ რეალურად, ქართველების დიდი ნაწილი თავს სხვებთან შედარებით საშუალო შემოსავლის მქონედ აღიქვამს:4 ამ თვალსაზრისით, მათ შეიძლება „საშუალო კლასი“ ეწოდოს. მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, სტატისტიკურად საშუალო შემოსავალი აუცილებლად არ გულისხმობს ცხოვრების ღირსეულ დონეს, რაც ხშირად „საშუალო კლასის“ ცნებასთან არის ასოცირებული.

აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მაღალი სტანდარტებით მაცხოვრებელი ადამიანი ხშირად ცხოვრების ასეთ დონეს რაიმე სახის კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობით აღწევს. გავრცელებულია აზრი, რომ ბიზნესს - მცირესა თუ მსხვილს - სჭირდება ხელისუფლების „სახურავი,“ ანუ არაფორმალური დაცვა სახელმწიფო მოხელეებისგან. მეორე მხრივ, ვარდების რევოლუციამდე სახელმწიფო სექტორში ხელფასები სიმბოლური, როგორც წესი, საცხოვრებელ მინიმუმზე ბევრად დაბალი იყო. ამიტომ, თუ სახელმწიფო მოხელე საშუალო კლასის დონეზე ცხოვრობდა, მას უკვე კორუმპირებულებად მიიჩნევდნენ. ეს ვარაუდი ვრცელდებოდა ისეთი, ჩვეულებრივ, პატივსაცემი, პროფესიების წარმომადგენლებზეც, როგორებიც არიან სკოლის მასწავლებლები თუ უნივერსიტეტის პროფესორები. შესაბამისად, საბიუჯეტო თანხების თუ სახელისუფლებო თანამდებობების ბოროტად გამოყენება საშუალო კლასის სტატუსის მიღწევის (ხოლო მაღალი რანგის ოფიციალური პირებისათვის - გამდიდრების) ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ (თუ არა - საუკეთესო) გზად ითვლებოდა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საჯარო მოხელეების ზედა ფენის ხელფასები მკვეთრად გაიზარდა; ამის შედეგად, ისინი ზომიერი საშუალო დონის ცხოვრების სტანდარტებს უზრუნველყოფენ - მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე ათას ელიტურ საჯარო მოხელეს ეხება. დანარჩენი მოხელეების ხელფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ ამან ისინი მხოლოდ საცხოვრებელ მინიმუმზე რამდენადმე ზემოთ დააყენა. მეორე მხრივ, კორუფციის აღმოსაფხვრელად მიღებულმა ზომებმა ლახვარი ჩასცა იმ ათასობით ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვინც მასზე იყო დამოკიდებული.

ამის გარდა, არსებობს მცირე, მაგრამ თანდათან მზარდი მოთხოვნა იმ პროფესიონალებზე, ვისაც სახელმწიფო სექტორს გარეთ შეუძლია მოიპოვოს ღირსეული შემოსავალი: ბიზნესმენები, მენეჯერები, ბუღალტრები, იურისტები, ექიმები, სხვადასხვა სფეროს ექსპერტები, ოფისის კომპეტენტური თანამშრომლები. დასავლური განათლების ქონა, ან ინგლისურის კარგად ცოდნა მაინც, მნიშვნელოვნად ზრდის ამ სფეროებში წარმატების შანსს.

მაგრამ ამან ჯერ-ჯერობით ვერ გააქარწყლა ის ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ საქართველოში პატიოსანი გზით გამდიდრება თითქმის შეუძლებელია. ეს და კომუნისტური დროიდან შემორჩენილი სხვა განწყობები შეიძლება მიზეზი იყოს იმ პარადოქსისა, რომ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური უთანასწორობა საკმაოდ ღრმაა,5 „მდიდრებსა“ და „ღარიბებზე“ თითქმის არ საუბრობენ: ეს ცნებები, არსებითად, ჩანაცვლებულია „კორუმპირებულებითა“ და „სოციალურად დაუცველებით“. ეს ასახავს იმ შეხედულებას, რომ მოქალაქის კეთილდღეობა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ხოლო გამდიდრება რაიმე სახის კორუფციას გულისხმობს.

მიუხედავად ღრმა ეკონომიკური უთანასწორობისა, „მდიდრებსადაღარიბებზეთითქმის არ საუბრობენ: ეს ცნებები, არსებითად, ჩანაცვლებულიაკორუმპირებულებითა დასოციალურად დაუცველებით“.

აქედან ისიც ჩანს, რომ პოლიტიკური პარტია ქართულ არჩევნებში ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ის არ მოიპოვებს ხალხის იმ დიდი ნაწილის ხმებს, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. თუმცა, ეს აუცილებლად არ გულისხმობს ისეთი ტრადიციული მემარცხენე ლოზუნგების გამოყენებას, როგორიცაა სოციალური თანასწორობა თავისუფალი ბაზრის შეუზღუდველი ბატონობის წინააღმდეგ; აქცენტი უფრო კორუფციასთან ბრძოლაზე კეთდება. სწორედ კორუფცია, და არა გარკვეული ეკონომიკური პოლიტიკა, მიიჩნევა ხალხის გაღარიბების მიზეზად. პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწიეს ვარდების რევოლუციის წინა წლებში, კორუფციასთან ბრძოლა თავისი პლატფორმის ცენტრალურ თემად გაიხადეს: ზოგიერთმა ანალიტიკოსმა 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს „ანტიკორუფციული რევოლუციაც“ კი უწოდა.6

მაგრამ ანტიკორუფციული დისკურსი სცდება მემარჯვენეებად და მემარცხენეებად ტრადიციულ დაყოფას და მისი გამოყენება ნებისმიერი იდეოლოგიური მრწამსის პარტიას შეუძლია. ის ერთგვარად ნიღბავს სიღარიბის პრობლემას და სოციალურ-ეკონომიკურ განსხვავებებს ნაკლებ რელევანტურს ხდის პოლიტიკური პარტიების ფორმირებისათვის. დღემდე მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება შესამჩნევი ფაქტორი არ ყოფილა ქართულ პოლიტიკაში: მას შეიძლება ეწოდოს მთვლემარე ფაქტორი, რომელმაც მომავალში შეიძლება წინა პლანზე წამოიწიოს ან არც წამოიწიოს.

ეთნიკური დაყოფა და პოლიტიკური მონაწილეობა

ქართული საზოგადოება ტრადიციულად მულტიეთნიკურია. საბჭოთა კავშირის დაშლისას საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ოცდაათ პროცენტს ეთნიკური უმცირესობები შეადგენდნენ. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაკარგა ფაქტობრივი იურისდიქცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და ამას თან დაერთო ქვეყნიდან მასშტაბური მიგრაცია, რომელშიც უმცირესობის წარმომადგნელთა წილი უფრო დიდი იყო, ვიდრე ეთნიკური ქართველებისა, უმცირესობების წილი (მოსახლეობის 2002 წლის აღწერის მიხედვით) 16,3 პროცენტამდე შემცირდა. აზერბაიჯანელები და სომხები უმცირესობის ყველაზე მსხვილ ჯგუფებს შეადგენენ (იხილეთ ცხრილი 6).7

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განდგომილი ტერიტორიების არსებობა აბრკოლებს საქართველოს უსაფრთხოებას და განვითარებას. თუმცა, აქ მკაცრი აზრით სოციალურ განხეთქილებასთან არ გვაქვს საქმე: სეპარატისტულ ერთეულებში მცხოვრები ადამიანები (ეთნიკური ქართველების გარდა) თავს ქართული საზოგადოების წევრებად არ მიიჩნევენ. ამ ტერიტორიებზე საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების არჩევნები არ ტარდება და იქ ქართული პოლიტიკური პარტიები არ და ვერ მოქმედებენ.

აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში ისეთ ეთნიკურ გასხვავებებზე, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, ვგულისხმობთ არა იმდენად აფხაზურ და ოსურ კონფლიქტებს, რამდენადაც მიმართებებს ეთნიკურ ქართველებსა და იმ უმცირესობებს შორის, რომლებიც მოქმედი ქართული იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ყველაზე მეტად ეს ეხება იმ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც თავმოყრილნი არიან მათ „ეთნიკურ სამშობლოებთან“ მოსაზღვრე რეგიონებში: უმეტესად, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომხებს (ეს მხარე სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება) და, ძირითადად, ქვემო ქართლში მობინადრე აზერბაიჯანელებს (ეს რეგიონი აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზეა). აქ ეთნიკური სეპარატიზმის ან ირედენტიზმის საკითხები არ დგას: თუმცა ქართველთა შორის არსებობს ეჭვი, რომ ამ უმცირესობებს შორის არსებობს ფარული სეპარატისტული მისწრაფებები, თვით ისინი სეპარატისტულ მოთხოვნებს არ აყენებენ და ირედენტისტულ მოძრაობებს არ აყალიბებენ. ძირითადი პრობლემაა ამ უმცირესობების არასაკმარისი სოციალურ-პოლიტიკური ინტეგრაცია და ახალ ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტებში მათი მონაწილეობის დაბალი დონე.

ძირითადი პრობლემაა ეთნიკური უმცირესობების არასკმარისი სოციალურ-პოლიტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიულ ინსტიტუტებში მათი მონაწილეობის დაბალი დონე

ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ ამ რეგიონებში თავმოყრილი უმცირესობები (განსხვავებით იმათგან, ვინც ურბანულ ცენტრებში, მაგალითად, თბილისში, ცხოვრობს), არ ფლობს ქართულს, ანუ ქვეყნის ერთადერთ სახელმწიფო ენას. აღსანიშნავია, რომ შესამჩნევი პროგრესი ქართულის ცოდნასთან მიმართებაში არც დამოუკიდებლობის შემდეგ მომხდარა.8 ეს რამდენიმე პრობლემას ქმნის:

(1) უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეების ურთიერთობა სახელმწიფოსთან. უმცირესობების წარმომადგენლებს სირთულეები ექმნებათ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისას, რადგან ეს უკანასკნელნი მხოლოდ ქართულ ენაზე მუშაობენ. უმცირესობებს მათთან საურთიერთოდ თარჯიმნები სჭირდებათ, რაც მნიშვნელოვან პრაქტიკულ სირთულეებს უკავშირდება და ხელს უშლის უმცირესობებს, თავი სრულფასოვან მოქალაქეობად მიიჩნიონ.

(2) ურთიერთობა მოქალაქეებს შორის. საქართველოში რუსული ჯერ კიდევ ეთნიკურ ჯგუფთა შორის საურთიერთობო ენად რჩება, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად საქართველოში რუსულის ცოდნის დონე და მისი გამოყენების არეალი მცირდება, ბევრი ახალგაზრა - ეთნიკურად ქართველიც და არაქართველიც, რუსულად თავისუფლად ვეღარ საუბრობს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მოქალაქეებს პრობლემები ერთმანეთთან ურთიერობებშიც ექმნებათ.

ქართული ენის სუსტი ცოდნა ყველაზე მეტად აბრკოლებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიერ მათი სამოქალაქო უფლებების სრულად გამოყენებას

(3) უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ქვეყნაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საქართველოს მედია თითქმის მთლიანად ქართულ ენაზე მუშაობს და, შესაბამისად, გაუგებარია უმცირესობის წარმომადგენელი მოქალაქეების უმრავლესობისთვის. ამ უკანაკნელთათვის ინფორმაციის ძირითადი წყარო რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ტელეარხებია, რომლებიც საქართველოს შესახებ საკმაოდ მწირ ინფორმაციას გადმოსცემენ. მეტიც: განსაკუთრებით, რუსული ტელევიზიის შემთხვევაში, ამ ინფორმაციის მოწოდების სტილი საქართველოსადმი არაკეთილგანწყობილია. ბოლო რამდენიმე წელია, ეუთო-ს დახმარებით, ჯავახეთის რეგიონში ზოგიერთი ქართული საინფორმაციო პროგრამა პარალელური სომხური თარგმანის თანხლებით გადაიცემა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიამ და რადიომ (2005 წლიდან - საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა) განაახლა გადაცემები უმცირესობების ენებზე. ეს სასარგებლოა, მაგრამ მაინც არასაკმარისია. განსაკუთრებული წუხილის საგანია ის, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეები ცუდად არიან ინფორმირებული უახლესი ქართული კანონმდებლობის შესახებ.

0x01 graphic

ცხრილი 6. 9

0x01 graphic

ცხრილი 7. კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის (ICCN) მიერ 2003 წლის გაზაფხულზე და 2004 წლის გაზაფხულზე საქართველოს სამ ძირითად ქალაქში 1000 რესპონდენტზე ჩატარებული გამოკითხვა

(4) ხელისუფლების ორგანოებში მონაწილეობა. საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებში უმცირესობები სათანადოდ წარმოდგენილები არ არიან. 1999 წლის პარლამენტში ეთნიკური უმცირესობიდან მხოლოდ 14 იყო პარლამენტის წევრი, მაგრამ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეს რიცხვი რვამდე შემცირდა. მეტიც, ამ დეპუტატთაგან ზოგიერთს უჭირს საზოგადოების ინტერესების ეფექტურად წარმოდგენა, რადგან ვერ ფლობს ენას, რომელზეც პარლამენტი მუშაობს. უმცირესობები კიდევ უფრო სუსტად არიან წარმოდგენილნი აღმასრულებელ ხელისუფლებაში: დამოუკიდებლობის შემდეგ ვარდების რევოლუციამდე არც ერთ სომეხ ან აზერბაიჯანელს არ ჰქონია მინისტრის პოსტი; ვარდების რევოლუციის შემდეგ, ერთმა ყაბარდოელმა და ერთმა ოსმა მიიღო კაბინეტის დონის თანამდებობა.10 იმ მხარეებშიც კი, სადაც უმცირესობები თავმოყრილი არიან, ისინი, როგორც წესი, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელის მოადგილეები, მაგრამ არა ხელმძღვანელები ხდებიან. გამონაკლისია ახალქალაქი და ნინოწმინდა, ჯავახეთის ორი რაიონი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ რეგიონში შედის და სადაც მოსახლეობის 95%25-ზე მეტი ეთნიკური სომეხია: აქ მთელი ადგილობრივი ადმინისტრაცია სომხურია და რუსულ და სომხურ ენებზე მუშაობს. ეს ქართული კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა, მაგრამ ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს.

ამას ყველაზე ხშირად იმ მიზეზით ხსნიან, რომ არ არსებობენ კვალიფიცირებული კანდიდატები უმცირესობათა რიგებიდან, რომელთაც საკმარისად კარგად ეცოდინებათ ქართული, რომ მნიშვნელოვანი სახელისუფლებო თანამდებობები დაიკავონ. ბოლო წლებში საჭირო გახდა, რომ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლებს, მაგალითად, ექიმებს, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გამოცდები გაევლოთ მათი პროფესიით სამუშაოდ საჭირო ნებართვის მისაღებად. ამ შემთხვევაშიც, ქართულის უკმარისი ცოდნა უმცირესობის წარმომადგენლებს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნის, თუმცა მათთვის გამონაკლისს უშვებენ და თარჯიმნების დახმარებით გამოცდების ჩაბარების უფლებას აძლევენ. 2005 წლიდან, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში მიღების აუცილებელი პირობა საერთო ეროვნული გამოცდების ჩაბარება გახდა, უმცირესობის წარმომადგენელთა მეტად მცირე რაოდენობამ შეძლო გამოცდის წარმატებით ჩაბარება: ძირითადი დაბრკოლება ქართული ენის სუსტი ცოდნა იყო.

(5) პოლიტიკური მონაწილეობის დაბალი დონე შეიძლება, სწორედ, ზემოხსენებულ პრობლემას უკავშირდებოდეს. უმცირესობები ფიქრობენ, რომ მათთვის უფრო უსაფრთხოა, ქართული პოლიტიკური დაპირისპირებებიდან გვერდზე გადგნენ. უმცირესობების პოლიტიკური სტრატეგიაა, იმ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირონ მხარი, რომელიც მათ თვალში სახელმწიფოს უიგივდება. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხმების დიდ უმეტესობას, ჩვეულებრივ, მმართველი პარტია იღებს. სამაგიეროდ, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, თავის საარჩევნო სიაში ჩართოს უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი. მაგალითად, 1999 წელს უმცირესობის წარმომადგენელი ყველა პარლამენტის წევრი ამავე დროს მმართველი მოქალაქეთა კავშირის წევრიც იყო (ეს სქემა ნაწილობრივ შეიცვალა ვარდების რევოლუციის შემდეგ). ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში უმცირესობის წარმომადგენლები იშვიათად თამაშობენ მნიშვნელოვან როლს. ის გარემოება, რომ ეთნიკურ უმცირესობებს თითქმის არ ჰყავთ პოლიტიკურად აქტიური ადამიანები, ამცირებს მათ მიერ მაღალი სახელმწიფო თანამდებობების დაკავების ალბათობას.

მართალია, არ არსებობს დაპირისპირება ან კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე, შეიძლება ვილაპარაკოთ ეთნიკურ ჯგუფებს შორის უნდობლობასა და გაუცხოებაზე. უმცირესობების მიერ ქართულის არცოდნას ქართველები ქვეყნის მიმართ გულგრილობას ან მის მიმართ არასაკმარის ერთგულებას მიაწერენ. მეორე მხრივ, უმცირესობების პროტესტს იწვევს ის, რომ მათგან ქართული ენის ცოდნას მოითხოვენ, როგორც სახელმწიფო თანამდებობებისა თუ პრესტიჟული სამსახურების მიღების წინაპირობას: ისინი ამას აღიქვამენ, როგორც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას. დროდადრო ჯავახეთში მოქმედი რომელიმე ჯგუფი ეთნიკური ნიშნით ავტონომიის მოთხოვნას აყენებს. ქართულ საზოგადოებაში ასეთი მოთხოვნები შეშფოთებას იწვევს, რადგან ასეთი ავტონომია გამოყოფის პირველ ნაბიჯად აღიქმება.

ქართული სახელმწიფო უმცირესობის (რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ) ენებზე მოქმედ სკოლებს უჭერს მხარს. მათი არსებობა სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს უმცირესობათა უფლებების პატივისცემის გამოხატულებად. მაგრამ, თუ როგორ ფუნქციობენ ისინი, პრობლემის ერთი მხარეა. ამ სკოლების სასწავლო პროგრამები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა საბჭოთა პერიოდის შემდეგ, რის გამოც ისინი არ უზრუნველყოფენ ქართული ენის ცოდნას. ამასთან, უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის მასწავლებელთა ნაკლებობაა. შედეგად, ამ სკოლების კურსდამთავრებულები არ არიან მომზადებული ქართულ საზოგადოებაში ფუნქციობისათვის და, ხშირად, რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში ან სხვა ქვეყნებში ემიგრაციას არჩევენ. მეორე მხრივ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმებმა უმცირესობის ენებზე მოქმედ სკოლებში ქართულის სწავლების გაძლიერების შესახებ ასიმილაციის შიში გამოიწვია.

საქართველოში ეთნიკური ურთიერთობების პრობლემა ურთიერთუნდობლობის, უმრავლესობის ნეგატიური განწყობებისა და უმცირესობის თვითიზოლაციის კომპონენტებს შეიცავს. უმცირესობების წინააღმდეგ აგრესიული განწყობა ნაკლებადაა დამახასიათებელი საქართველოსთვის და არ არსებობს უკიდურესი ნაციონალისტური პარტიები, რომელიც ასეთ განწყობებზე დააფუძნებდნენ თავის პოპულარობას. უმცირესობები საფრთხედ აღიქმება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არ არის საიმისოდ, რომ უმცირესობის წარმომადგენლები სახელმწიფოს წამყვან თანამდებობებზე მიიღოს. მაგალითად, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას, ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი დედის მამა სომეხი იყო. რეალურად ამას ჟვანიასთვის ხელი არ შეუშლია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი გამხდარიყო და პარლამენტის სპიკერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები დაეკავებინა, მაგრამ, შესაძლებელია, საზოგადოებრივ მსჯელობებში ამ თემის არსებობა სომხური და აზერბაიჯანული უმცირესობების „სრულფასოვან“ წარმომადგენლებს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გამბედაობას ართმევდეს. მიზეზის მიუხედავად, უმცირესობები არ ავითარებენ და არ ახორციელებენ საქართველოს საზოგადოებაში ინტეგრაციის რეალისტურ სტრატეგიებს და ამით ინარჩუნებენ საკუთარ მარგინალურ სტატუსს.

საქართველოში ეთნიკური ურთიერთობების პრობლემა ურთიერთუნდობლობის, უმრავლესობის ნეგატიური განწყობებისა და უმცირესობის თვითიზოლაციის კომპონენტებს მოიცავს

როგორც სოციალურ-ეკონომიკური დაყოფის შემთხვევაში, აქაც თვალსაჩინო პარადოქსთან გვაქვს საქმე: ობიექტურად, ეთნიკური უმრავლესობის მარგინალიზებული ჯგუფების ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის კრიტიკული პრობლემაა და ვარდების რევოლუციის შემდგომი ხელისუფლება ამას სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებს. ამავე დროს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების შემდეგ უმცირესობების საკითხი ქართული პოლიტიკის პერიფერიაზე მოექცა. შეიძლება მათ „დავიწყებული უმცირესობებიც“ ვუწოდოთ: საერთაშორისო ორგანიზაციები და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ ყურადღებას უთმობდა მათ, ვიდრე ხელისუფლება. სახელისუფლებო პარტია უმცირესობის ხმებს გარანტირებულად მიიჩნევდა, ხოლო ოპოზიციური პარტიები არც კი ცდილობდნენ ამ სფეროში მასთან შეჯიბრს.11 ქართული მედია დროდადრო ავრცელებდა ცნობებს ჯავახეთში რომელიმე სომხური ნაციონალისტური ჯგუფის აქტივობის შესახებ, მაგრამ ისინიც არ ქცეულა მედიის წამყვან თემებად.

ამის ერთ-ერთი შესაძლო ახსნა შეიძლება ის იყოს, რომ 1990-იანი წლების დასაწყისის კონფლიქტები კვლავ ცოცხალია კოლექტიურ მეხსიერებაში: უმრავლესობამაც და უმცირესობამაც ისწავლა, რომ ეთნიკური ფაქტორის პოლიტიზირება ყველასთვის უკიდურესად სახიფათოა და ამას საკითხის ჯერჯერობით „გაყინვა“ სჯობს. უმცირესობები სახელისუფლებო პარტიისთვის ხმის მიცემით ქვეყნის ერთგულებას გამოხატავდნენ, ხოლო უმრავლესობა არასოდეს აყენებდა კითხვის ქვეშ მათ ფორმალურ მოქალაქეობრივ სტატუსს.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უმცირესობის საკითხის „გაყინვა“ უსასრულოდ გაგრძელდება. უმცირესობის წარმომადგენლებს რამდენიმე გზა აქვთ საიმისოდ, რომ ქართულ პოლიტიკაში გააქტიურდნენ. ერთია ის, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უმცირესობის ხმებისთვის საბრძოლველად უბიძგონ; მეორეა, უმცირესობებმა ეთნიკურ საფუძვლზე საკუთარი პარტიები შექმნან. რეგიონული პარტიების აკრძალვა და პარტიული სიებისთვის დადგენილი მაღალი ზღურბლი (ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ წინა თავი - პარტიები და სახელმწიფო) ის სამართლებრივი მექანიზმებია, რაც უკანასკნელ ვარიანტს ნაკლებ სავარაუდოს ხდის.12 თუმცა, თუ არსებული პოლიტიკური პარტიები, მათ შორის ოპოზიციურიც, უფრო ღია არ გახდება ეთნიკური უმცირესობების მიმართ და არ იპოვის გზებს მათი პრობლემების გამოსახატად და წარმოსადგენად, არსებული სამართლებრივი ბარიერები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს მომავალში ეთნიკური პოლიტიკური პარტიების შექმნის თავიდან ასაცილებლად.

რელიგიისა და რელიგიური პლურალიზმის როლი

საქართველო არა მარტო მრავალეთნიკური, არამედ მრავალკონფესიური ქვეყანაცაა. 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 83,9 პროცენტი თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევდა (ეს მოიცავს, ძირითადად, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევართა მცირე ჯგუფს), 9,9 პროცენტი მუსლიმი იყო (ესენია ქართული სუნიტი მუსლიმები აჭარაში და აზერბაიჯანელი მუსლიმები, რომელთაგან ზოგიერთი სუნიტია და ზოგიერთი - შიიტი), 3,9 პროცენტი - სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, ხოლო 0,79 პროცენტი - კათოლიკე (ეს მოიცავს ეთნიკურ ქართველებს, სომხებს, პოლონელებს და ზოგიერთ სხვას).

მიუხედავად ამისა, საქართველოში ძირითად რელიგიურ თემებს შორის ურთიერთობის პოლიტიზირება არასოდეს მომხდარა. 1990-იანი წლების დასაწყისის ეთნიკურ-ტერიტორიულ კონფლიქტებში რელიგიურ ელემენტს რაიმე როლი არ უთამაშია,13 თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა ეჭვები და შეშფოთება პანკისის ხეობაში ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ისლამური ტერორისტული ჯგუფების შეღწევის შესახებ. საზოგადოდ, საქართველოს მუსლიმი საზოგადოებები დღემდე პოლიტიკური ისლამის გავლენას ნაკლებად განიცდიან. ქართველთა უმეტესობა, ყველაზე რელიგიური ადამიანების ჩათვლით, ე. წ. „ტრადიციული“ რელიგიური საზოგადოებების მიმართ საკმაოდ ტოლერანტულია.

საქართველო მრავალკონფესიური ქვეყანაა, მაგრამ არასოდეს მომხდარა ძირითად რელიგიურ თემებს შორის ურთიერთობის პოლიტიზირება

სამაგიეროდ, დამოუკიდებლობის შემდეგ პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხად იქცა ისტორიულად დომინანტურ ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. გარდა ამისა, მწვავე კამათის საგანია ე.წ. „არატრადიციული“ თემების - იეღოვას მოწმეების, ბაპტისტების და ა.შ. - უფლებები.

საქართველო ამაყობს უძველესი ქრისტიანული ტრადიციით, რომელიც მისი იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია: ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა მე-4 საუკუნიდან, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალიური ეკლესიაა. შუა საუკუნეების ისტორიის უდიდესი ნაწილი საქართველომ მის უფრო ძლიერ მუსლიმ მეზობლებთან - სპარსეთისა და ოტომანთა იმპერიებთან ბრძოლაში გაატარა. ამ დროს მართლმადიდებელი ქრისტიანობა და ქართულ ენა, რომელზეც ამ რელიგიის ღვთისმსახურება ხდებოდა, ქართული იდენტობის ძირითად ნიშნად ჩამოყალიბდა.

მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი

1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას. ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მარლთმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მარლთმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით. კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლი.

ეკლესიის ასეთი ფუნქცია რამდენადმე შესუსტდა მას შემდეგ, რაც საქართველო სხვა მართლმადიდებელი ქვეყნის - რუსეთის ნაწილად იქცა (რუსეთის იმპერიამ ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია ჩამოართვა, მისი აღდგენა მხოლოდ ცარისტული იმპერიის დაშლის შემდეგ მოხდა). რაც შეეხება საბჭოთა რეჟიმს, ის განამტკიცებდა ათეიზმს, როგორც ოფიციალურ იდეოლოგიას, და ამავე დროს საეკლესიო იერარქიის კონტროლს ცდილობდა. ამის საპირისპიროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობამ ეკლესიას ქართული იდენტობის სიმბოლოსა და ძირითადი ეროვნული ინსტიტუტის სტატუსი აღუდგინა. საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ის ინსტიტუტია, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტად ენდობიან (იხილეთ ცხრილი 8). 1990-იან წლებში, როცა საზოგადოებრივი შენობები თითქმის არ იგებოდა, ახალი ეკლესიების მშენებლობა ცხოვრების თვალშისაცემი ნიშანი გახდა.

ამავე დროს, მკვეთრად გაიზარდა საზოგადოების რელიგიურობის დონე. ზემოთ მოყვანილ გამოკითხვაში რესპონდენტთა 18,5%25 და 77,8%25 საკუთარ თავს „ძალიან რელიგიურად“ და „ნაწილობრივ რელიგიურად“ მიიჩნევდა.14

ისტორიულად დომინანტურ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხად იქცა

კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ გავრცელდა აზრი, რომ ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონანმდებლობაშიც უნდა ასახულიყო. საზოგადოების უფრო ლიბერალურად განწყობილი ნაწილი ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას და რელიგიური პლურალიზმის დაცვას მოითხოვდა. 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციის ავტორებმა ამ ორ მოთხოვნას შორის კომპრომისი იპოვეს და კონსტიტუციაში ჩართეს მუხლი, რომელიც აღიარებდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ ისტორიულ როლს და, ამავე დროს, რელიგიის თავისუფლებას ყველა დენომინაციისთვის.

საკითხის გადასაჭრელად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა. მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველებმა ჩათვალეს, რომ ეკლესიის მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობის ცნობა არ კმაროდა. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების პოპულარობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებასთან ერთად, საზოგადოებამ გაზარდა ზეწოლა მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის „სახელმწიფო ეკლესიამდე“ ასამაღლებლად. ამავე დროს, საზოგადოების დიდ ნაწილს გაუჩნდა შიში და მტრული დამოკიდებულება დასავლური პროტესტანტული ჯგუფების, განსაკუთრებით, იეღოვას მოწმეების, ასევე ბაპტისტების, ევანგელისტების, ორმოცდაათიანელების და ა. შ. პროზელიტური ქმედებების მიმართ. ითვლებოდა, რომ ისინი ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნიდნენ, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ შეეჯიბრებოდა მდიდარი დასავლეთის რესურსებს, რომლებიც ამ რელიგიური ჯგუფების უკან იდგა. ამან განაპირობა მოთხოვნა, რომ მიღებულიყო კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც „არატრადიციული“ დასავლური სექტების აქტივობას შეზღუდავდა.

პარლამენტს ასეთი კანონი არ მიუღია. თუმცა, რელიგიური უმცირესობების მიმართ აგრესიულმა განწყობამ უფრო პირდაპირი გამოსავალი იპოვა: საქართველოს „არატრადიციულ“ რელიგიურ ჯგუფებს (აქაც იეღოვას მოწმეები ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი, სამიზნე იყვნენ) ძალადობრივი შეტევების ტალღამ გადაუარა, რომელმაც პიკს 1999-2002 წლებში მიაღწია. ამ შეტევებს ეკლესიისაგან განკვეთილი მართლმადიდებელი მოძღვრის, ბასილ მკალავიშვილის, რაზმი და სხვა ექსტრემისტული რელიგიური ჯგუფები ახორციელებდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია საჯაროდ გაემიჯნა მკალავიშვილს, მაგრამ მისი ზოგიერთი წევრი შეტევებს არაფორმალურად ხელს უწყობდა. პოლიცია არაფერს აკეთებდა ძალადობის აღსაკვეთად; ეს შეიძლება აიხსნას როგორც ნდობადაკარგული და სუსტი ხელისუფლების შიში, წინ აღდგომოდა პოპულარულ განწყობას: საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი თანაუგრძნობდა მოძალადეებს, ხოლო ბევრი მათგანი, ვინც ზოგადად არ ეთანხმებოდა ძალადობრივ საშუალებებს, პრობლემის ძირითად წყაროს ხედავდა იმაში, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებდა ეროვნული კულტურის დაცვას, მათი აზრით, აგრესიული სექტებისაგან.15

შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური პლურალიზმისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსის მიმართ დამოკიდებულება ქართული საზოგადოებრივი დისკურსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხი იყო. ერთ მხარეს იდგნენ რელიგიური ტრადიციონალისტები, რომლებიც მოითხოვდნენ ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას და ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც უკანონოდ გამოაცხადებდა ან სერიოზულად შეაფერხებდა სხვა, განსაკუთრებით, არატრადიციული რელიგიური ორგანიზაციების, საქმიანობას. მათ უპირისპირდებოდნენ ლიბერალები, რომლებიც ეკლესიისა და სახელმწიფოს რადიკალურ გამიჯვნას და რელიგიური უმცირესობების უფლებების ქმედით დაცვას მოითხოვდნენ. ამ უკანასკნელ მოსაზრებებს ყველაზე ღიად ადამიანთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები იცავდნენ, საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი პირველი პოზიციისკენ იხრებოდა. რადგან მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე პოპულარული ინსტიტუტი იყო საქართველოში, არც ერთი პოლიტიკოსი მის მოთხოვნებს ღიად არ უპირისპირდებოდა. აღსანიშნავია, რომ, წამყვანი ეკლესიისა და რელიგიური უმცირესობების საკითხების განსაკუთრებული აქტუალურობის მიუხედავად, ეკლესია და რელიგიური ორგანიზაციები არ აქტიურობდნენ საზოგადოებრივი პოლიტიკის სხვა საკითხებში, რომელთაც მათი დასავლელი კოლეგები დიდ ყურადღებას უთმობდნენ. მაგალითად, ეკლესიას სერიოზულად არასოდეს უცდია აღეძრა აბორტის საკითხი; მისი საზოგადოებრივი განხილვა საქართველოში თითქმის არ ხდება.

2002 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების (რასაც არაფორმალურად „კონკორდატსაც“ უწოდებენ) მიღება ამ ორ პოზიციას შორის კიდევ ერთ კომპრომისად იქცა. ამას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი საზოგადოებრივი დისკუსია, რომლის დროსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები ჯერ ამ შეთანხმების თვით იდეას ეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო მას შემდეგ, რაც მისი მიღება გარდუვალი გახდა, ყურადღება იმაზე გადაიტანეს, რომ მის ტექსტში არ შესულიყო ფორმულირებები, რაც რწმენის თავისუფლებას შეზღუდავდა.

ახალმა ხელისუფლებამ ბასილ მკალავიშვილისა და მისი რამდენიმე მოკავშირის დაპატიმრებით შეწყვიტა რელიგიური ძალადობის ტალღა. ამას ხანდახან ახალი მთავრობის უდიდეს მიღწევად მიიჩნევენ ადამიანის უფლებათა სფეროში. ამით რელიგიური პლურალიზმის საკითხი ნაკლებად მწვავე, მაგრამ მაინც წინააღმდეგობრივი რჩება. საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არაკეთილგანწყობილია რელიგიური პლურალიზმის მიმართ და რელიგიურ უმცირესობებს საფრთხედ აღიქვამს. ამ უკანასკნელთათვის ფიზიკური უსაფრთხოება ძირითადი პრობლემა აღარ არის, მაგრამ რჩება სხვა სიძნელეები: მაგალითად, მათი ახალი სამლოცველოების მშენებლობას ხშირად დაბრკოლებები ხვდება.

ყველა ძირითადი სახელმწიფო ცერემონიალის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი პრეზიდენტის გვერდით დგას, როგორც ერის სულიერი მამა. ამავე დროს, სერიოზული უთანხმოებები არსებობს ეკლესიის შიგნით: ძლიერი კონსერვატიული ფრთა ღიად ეწინააღმდეგება ლიბერალიზმს, როგორც ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ იდეოლოგიას. ეს რელიგიურ წრეებს საქართველოში ანტი-დასავლური განწყობების ძირითად საყრდენად აქცევს, თუმცა ოფიციალურად ეკლესია კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს აყენებს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს.

დამოუკიდებლობა და პრო-დასავლური ორიენტაცია: ეროვნული კონსენსუსი

განხეთქილებები და დაპირისპირებები ყველა საზოგადოებაში არსებობს; მაგრამ პოლიტიკური ერი სოცოცხლისუნარიანი ვერ იქნება, თუ არ არსებობს კონსენსუსის სფეროები, რომლებიც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მაინც აერთიანებს. ცალკეულ საკითხებში ასეთი კონსენსუსის არსებობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით შეიძლება გაიზომოს, მაგრამ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების ქცევაც შეიძლება მეტად ღირებული ინდიკატორი აღმოჩნდეს: თუ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა მიმართ მკვეთრად დაპირისპირებულ პარტიებს ერთი პოზიცია აქვთ, მაშინ შეიძლება ეს საკითხები ეროვნული კონსენსუსის სფეროდ მივიჩნიოთ.

ერთი ასეთი სფერო, უეჭველად, ეროვნული დამოუკიდებლობაა. ახალი საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიკური ელიტა საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კონტექსტში ჩამოყალიბდა. ამ პრინციპს არც ერთი პოლიტიკური პარტია ღიად არ ეწინააღმდეგებოდა. პარტიები მხოლოდ ბრალს თუ სდებდნენ ერთმანეთს დამოუკიდებლობის იდეის არასაკმარისად ძლიერ მხარდაჭერაში.

საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირთან გაერთიანების გეგმის მიმართ მნიშვნელოვანი ოპოზიცია არ არსებობს

ბუნებრივია, რომ ტერიტორიული მთლიანობის გეგმა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პროექტის განუყოფელი ნაწილია. განდგომილი ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არსებობა მიუთითებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის საქმე ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. სხვა საკითხია, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა. ამ საკითხზე საქართველოში სხვადასხვა აზრი არსებობს: ზოგის აზრით, სამხედრო გზა იმთავითვე უნდა გამოირიცხოს, სხვების აზრით კი, თუ მოლაპარაკებები თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს, ძალის გამოყენება მაინც უნდა დარჩეს არსენალში, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ უჭერდეს მხარს მის გამოყენებას. მაგრამ არავინ დავობს იმაზე, რომ პრობლემა გადასაჭრელია, ხოლო „გადაჭრაში“ იგულისხმება ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის ქმედითი გავრცელება.16

საქართველოს შემთხვევაში დამოუკიდებლობის პრინციპი მჭიდროდ უკავშირდება დასავლეთთან დაახლოების და მის ძირითად ინსტიტუტებში, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირში, გაწევრიანების პროექტს. ამ უკანასკნელს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს.17 არც ერთი გავლენიანი პოლიტიკური ძალა ძლიერ არ ეწინააღმდეგება ამ გეგმას. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება შედარებით შორეული პერსპექტივაა და ხალხმა ბევრი არ იცის იმის შესახებ, თუ რეალურად როგორ მოქმედებენ ეს ორგანიზაციები. აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ როგორც კი ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანება კონკრეტულად დადგა დღის წესრიგში, მათ მიმართ ოპოზიციაც გაძლიერდა. ასეა თუ ისე, დასავლეთთან დაახლოების გეგმა ქართულ პილიტიკას ზოგად მიმართულებას აძლევს: ეს საუკეთესო გზად ითვლება საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტების გასამყარებლად და თანამედროვეობის რუკაზე საქართველოს ადგილის დასამკვიდრებლად. რაიმე მნიშვნელობის მქონე არც ერთი პოლიტიკური ძალა, თვით ყველაზე ნაციონალისტური ფიგურებიც კი, რომლებიც ევროპის „უკიდურესი მემარჯვენეების“ ქართულ ეკვივალენტად შეიძლება ჩაითვალონ, ამ მიმართულების შეცვლას არ მოითხოვენ.

ამ ორიენტაციასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის უარყოფითი კორელაციაა. ქართველებს არ ახასიათებთ გამოკვეთილად მტრული განწყობა რუსული კულტურისა და ეთნოსისადმი; რუსები არასოდეს, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პიკშიც კი, არ ქცეულან ქართველი ეთნიკური ნაციონალისტების ძირითად სამიზნედ. ქართველებისთვის, ბუნებრივია, მისასალმებელი იქნებოდა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა, თუნდაც იმიტომ, რომ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მათი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. ამ განწყობის მაგალითად შეიძლება გამოდგეს ის ფაქტი, რომ, ვარდების რევოლუციის შემდგომ, რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ცნობილ მეწარმეს მთავრობის კაბინეტში ეკონომიკური რეფორმების პორტფელი მისცეს. მაგრამ, მთელი რიგი ფაქტორების გამო (მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთის სავარაუდო მხარდაჭერა სეცესიონისტური მოძრაობებისადმი) რუსეთის სახელმწიფო ძირითად საფრთხედ აღიქმება საქართველოს ეროვნული პროექტის განხორციელების გზაზე. ამას აძლიერებს ისიც, რომ ბევრი რუსი საზოგადოებრივი ფიგურა არ მალავს, რომ არ მოსწონს საქართველოს ევროპაში გაერთიანების მისწრაფება და მას რუსეთის ინტერესების გამოწვევად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, რუსული სამხედრო და პოლიტიკური გავლენის შემცირების სურვილი პოლიტიკური კონსენსუსის კიდევ ერთი კომპონენტია საქართველოში. პარლამენტი, ჩვეულებრივ, ერთსულოვანია, როცა საქმე რუსეთის სამხედრო ბაზების, მოგვიანებით კი, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან მისი სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნებს ეხება. ეს არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებდეს გარკვეულ ვითარებაში რუსეთთან დაპირისპირების მიზანშეწონილებას, მაგრამ ეს პოლიტიკური სტრატეგიის ცალკეულ ელემენტებს ეხება და არა ამ სტრატეგიის მიზნებს.

ეთნიკური უმცირესობები ვინძლო არც იზიარებდნენ ამ გეგმის ყველა ელემენტს. როცა 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში დამოუკიდებლობის მოძრაობა გაიშალა, უმცირესობებმა მისგან მუქარა იგრძნეს. ეს პერიოდი იყო ეთნიკური ნაციონალიზმის პიკი, რომელსაც ახასიათებდა უმცირესობების მიმართ ღრმა უნდობლობა. მიუხედავად ამისა, აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსების გარდა, ამ გეგმას ღიად არავინ დაპირისპირებია. რაც შეეხება საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას, ის უმცირესობებისთვისაც მისაღებია. ისინი იმედოვნებენ, რომ ასეთი ინტეგრაცია საქართველოს უფრო ლიბერალურს გახდის და, შესაბამისად, უმცირესობების უფლებების მიმართ მეტი პატივისცემით განაწყობს.

ამისდა მიუხედავად, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის სომეხი უმცირესობის მისწრაფებებთან. ამ უკანასკნელთ არ მოსწონთ ქართულ-რუსული დაძაბულობა და ამაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებენ. კერძოდ, სამხრეთ საქართველოს ადგილობრივი სომხური საზოგადოება ეწინააღმდეგება ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას, თუმცა ქართველების უმრავლესობა ამ მოვლენას ძლიერ მიესალმება.18 ამის ძირითადი მიზეზია როგორც სოლიდარობა სომხეთის სახელმწიფოსთან, რომელიც რუსეთის მხარდაჭერას ეყრდნობა აზერბაიჯანთან კონფლიქტში, ისე ღრმად გამჯდარი შიში თურქეთის მიმართ, რომელსაც საქართველოს სომხებით დასახლებული ტერიტორიები ესაზღვრება. თუმცა 2005 წლის ზაფხულში ახალქალაქიდან რუსი სამხედროების გაყვანის დასაწყისს ამ რეგიონში ძლიერი საპროტესტო მოძრაობა არ მოჰყოლია.

საზოგადოების გამაერთიანებელი დამოუკიდებლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი კომპონენტია ქართული კულტურისა და იდენტობის ერთგულება. სხვა ყველაფერთან ერთად ამაში იგულისხმება ქართული ენის, როგორც ქვეყნის ერთადერთი სახელმწიფო ენის, სტატუსი (გამონაკლისია აფხაზეთი, სადაც საქართველოს კონსტიტუცია აფხაზური ენის სახელმწიფო სტატუსსაც ცნობს), და ასევე მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრალური როლი მორალურ და სულიერ ცხოვრებაში (ამაზე ზევით უკვე ვისაუბრეთ).

დამოკიდებულება დემოკრატიისადმი

ჯერჯერობით ქართველებმა სტაბილური დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების საქმეში წარმატებას ვერ მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა მონაცემი გვიჩენებს, რომ ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიულ ღირებულებებს. ჯონ დრაიზეკისა და ლესლი ჰოლმსის მიერ ჩატარებულმა რამდენიმე პოსტკომუნისტური ქვეყნის შედარებითმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოში არ არსებობს მნიშვნელოვანი ანტიდემოკრატიული საზოგადოებრივი დისკურსი (იხილეთ John S. Dryzek and Leslie T. Holmes, Post-Communist Democratization: Political Discourses across Thirteen Countries, Cambridge, MA: Harvard University Press, 2002, გვ. 147(157). სხვა სიტყვებით, საქართველოში ცოტაა არადემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მხარდამჭერი.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საზოგადოებრივი დისკურსების კვლევისას (კვლევას საერთაშორისო IDEA აფინანსებდა) მარინა მუსხელიშვილმა და ლუიზა არუთინოვამაც აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი ძირითად ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებთან მიმართებაში: დემოკრატია მოითხოვს აზრების პლურალიზმს; ქვეყნის კონსტიტუცია დემოკრატიისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს უნდა უზრუნველყოფდეს; თანამდებობის პირები ისევე უნდა იცავდნენ კონსტიტუციას, როგორც მოქალაქეები.

2004 წელს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოკითხულთა 70 და 71 პროცენტი თანხმდებოდა, რომ საქართველოსათვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა და მხოლოდ 10 პროცენტი იყო წინააღმდეგი (იმ მომენტისათვის ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო).

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითრების კავკასიური ინსტიტუტისა და არნოლდ ბერგშტრესერის ინსტიტუტის მიერ 1997 წელს ჩატარებულ კვლევაში რესპონდენტების 69-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მათი შვილებისათვის დემოკრატია უკეთესი იქნებოდა, ვიდრე კომუნიზმი; ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80 პროცენტი იყო ახალგაზრდა რესპონდენტებთან. 75 პროცენტი (ხოლო ახალგაზრდების კიდევ უფრო დიდი უმრავლესობა) დაეთანხმა აზრს, რომ „ნორმალურია, ადამიანებს გააჩნდეთ განსხვავებული აზრი და ინტერესები იმ შემთხვევაში, თუ ისინი წესებს იცავენ“.

მოქალაქეობა

დემოკრატია მხოლოდ მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, როდესაც მოქალაქეობის ინსტიტუტი საკმარისად არის განვითარებული. მოქალაქე შეიძლება განისაზღვროს, როგორც პიროვნება, რომელიც პოლიტიკური ერთობის ნაწილია და მის მართვაშია ჩართული. მოქალაქეობის ინსტიტუტის სიძლიერე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთი მხრივ, ქვეყნის კონსტიტუცია უნდა აძლევდეს მოქალაქეებს საშუალებას, რეალური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში: ანუ, ის პოლიტიკურ უფლებებს უნდა უზრუნველყოფდეს. ასეთია, მაგალითად, პოლიტიკური პარტიების შექმნისა და მათში აქტიური მონაწილეობის უფლება, რაც წინა თავში იყო განხილული. მეორე მხრივ, ადამიანებს უნდა სურდეთ და შეეძლოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა; ისინი პასუხხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ მათი ქვეყნის მდგომარეობაზე და თავს ვალდებულად გრძნობდენენ, მის საქმეებში ჩაერთონ.

რამდენად აქტიურები არიან ქართველები, როგორც მოქალაქეები? დემოკრატიის აქტივისტები ამ ქვეყანაში ხშირად ჩივიან, რომ უმრავლესობა პასიურია და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობის დონე დაბალია. ეს შეშფოთება გასაგებია, მაგრამ რამდენადმე გაზვიადებული. ვარდების რევოლუცია ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართველები მზად არიან დაიცვან მათი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებები. მისი ორგანიზებული და მშვიდობიანი ხასიათი სამოქალაქო მონაწილეობის არა მხოლოდ ინტენსივობის, არამედ მისი ხარისხის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იყო. არჩევნებში მონაწილეობის დონე, ჩვეულებრივ, საკმაოდ მაღალია. ამომრჩეველთა სანდო სიების არარსებობა და ბიულეტენების მასიური ჩაყრის პრაქტიკა არასანდოს ხდის მონაცემებს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობაზე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და გრძელი რიგები საარჩევნო უბნებთან აჩვენებს, რომ ხალხი არჩევნებში მონაწილეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.19

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა პოლიტიკური მონაწილეობის მხოლოდ ზოგიერთ ფორმას იყენებს, კერძოდ, მონაწილეობას იღებს არჩევნებში ან, ხანდახან - საპროტესტო გამოსვლებში, მაგრამ მონაწილეობის სხვა ფორმებს იშვიათად მიმართავს.20 საქართველოში თითქმის არ არსებობს მასობრივ წევრობაზე აგებული ორგანიზაციები, როგორიცაა პროფკავშირები და მოქალაქეთა გაერთიანებები კონკრეტული პრობლემების გარშემო.21 ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საკმაოდ განივითარა ორგანიზაციული უნარები და გარკვეული გავლენაც აქვთ, მაგრამ ისინი საზოგადოების მხოლოდ ელიტურ დონეზე არსებობენ და დონორების დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი. სათემო ორგანიზაციების განვითარების რამდენიმე მცდელობას დიდი წარმატება არ მოუტანია. სამეზობლო თემები იშვიათად ახერხებენ გააერთიანონ რესურსები საერთო ინტერესების მოსაგვარებლად.

მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა პოლიტიკური მონაწილეობის მხოლოდ ზოგიერთ ფორმას იყენებს, კერძოდ, მონაწილეობას იღებს არჩევნებში ან ხანდახან - საპროტესტო გამოსვლებში, მაგრამ მონაწილეობის სხვა ფორმებს იშვიათად მიმართავს

შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ იყენებენ ადამიანები სრულად თავის სამოქალაქო უფლებებს. ქვემოთ ზოგიერთ მათგანს გავიხილავთ.

კლანები და ქსელები. როდესაც საქართველოში საუბარი ჩამოვარდება ხოლმე იმაზე, თუ რომელი სოციალური სტრუქტურები აფერხებს ყველაზე მეტად თანამედროვე დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას, ყველაზე ხშირად „კლანებზე“ და „კლანურობაზე“ საუბრობენ. ამ დროს იგულისხმება, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქართველები კლანურ ერთგულებას უპირატესობას ანიჭებენ ფორმალურ ინსტიტუტებთან და მათ მიერ დადგენილ გამჭვირვალე პროცედურებთან შედარებით. თუმცა, აქ სიტყვა „კლანმა“ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს: ლაპარაკი არ არის შოტლანდიური კლანების მსგავს გაერთიანებებზე, ანუ საერთო წარმომავლობით გაერთიანებულ ჯგუფებზე. სინამდვილეში, იგულისხმება ფორმალური თუ არაფორმალური ავტორიტეტის მქონე ერთი ან რამდენიმე ლიდერის გარშემო გაერთიანებული პერსონალისტური ქსელები. ნათესაობა ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი პრინციპია, რომლის გარშემოც ასეთი ქსელები იქმნება: მთავარია პიროვნული ერთგულება, რაც შეიძლება ეფუძნებოდეს მეგობრულ კავშირებს ან მიღებული სარგებლის გამო მადლიერებას.

სოციალური კაპიტალი

დემოკრატია გულისხმობს არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების სათანადო აგებულებას, არამედ გარკვეულ სოციალურ და კულტურულ წინაპირობებსაც. ამერიკელმა სოციოლოგმა ჯეიმს ქოულმენმა შემოიღო ტერმინი „სოციალური კაპიტალი“, რომელიც გულისხმობს ადამიანების საერთო მიზნებისათვის ერთობლივი მოქმედების უნარს. ის მოითხოვს ნდობის მაღალ დონეს. ყველა საზოგადოებაში ადამიანები, ჩვეულებრივ, ენდობიან ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს; მაგრამ იმისათვის, რომ წარმატებით აიგოს სოციალური ინსტიტუტები და ორგანიზაციები, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ბიზნეს-გაერთიანებები, საზოგადოებრივი ასოციაციები თუ პოლიტიკური პარტიები, აუცილებელია ადამიანი ენდოს ადამიანებს, რომლებთანაც მას არანაირი პირადი კავშირი არ აქვს. იმ საზოგადოებებს, რომლებშიც ნდობის სოციალური კაპიტალი იშვიათად სცდება მეგობრებისა და ნათესავების ვიწრო წრეს, ხშირად „კლანურ “ ან „ფამილისტურ საზოგადოებებს“ უწოდებენ. ასეთ საზოგადოებებში ადამიანები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფოზე, რადგან უჭირთ დიდი ორგანიზაციების დამოუკიდებლად შექმნა. წიგნში: Trust: the Social Virtue and the Creation of Prosperity, ფრენსის ფუკუიამამ საზოგადოებები დაყო მაღალი და დაბალი ნდობის მქონეებად და ხაზი გაუსვა ამ ფაქტორის მნიშვნელობას იმისათვის, თუ როგორ ავითარებს სხვადასხვა საზოგადოება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტიტუტებს.

სოციალური ფსიქოლოგიის ენაზე ეს ვითარება ისეც შეიძლება გამოითქვას, რომ ქართველებს აქვთ ნდობის ვიწრო ჰორიზონტი, რაც მათ მცირე ჯგუფებზე ორიენტაციას განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, მათ აკლიათ სოციალური კაპიტალი, რაც ქმედითუნარიანი და დიდი ორგანიზაციების შექმნას შეაძლებინებდა. ამ თვალსაზრისით, საქართველოში დიდმასშტაბიანი ორგანიზაციების (მათ შორის პოლიტიკური პარტიების) შექმნის მცდელობებს წარმატება არ მოაქვს, რადგან რეალურად ისინი პიროვნულ ნდობაზე და არა საერთო ღირებულებებზე ან ფორმალურ წესებზე აგებული მცირე ჯგუფების ქსელებად იქცევა.

სკეპტიციზმი სახელმწიფოს მიმართ და ანტიპოლიტიკური განწყობა ქართული სიტუაციის კიდევ ერთი ნიშანია, რომელიც წინასთან კორელაციაში იმყოფება. ის 1990-იანი წლების საზოგადოებრივი გამოკითხვების უმეტესობამ გამოავლინა. ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს იძლევა: მან სახელმწიფო უწყებების მიმართ ნდობის შესამჩნევი ამაღლება გამოიწვია. თუ ედუარდ შევარდნაძის არაპოპულარული ხელისუფლების დროს მოსახლეობის სამი მეოთხედი არ ენდობოდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, პარლამენტსა და პოლიციას, ახლა ამ ინსტიტუტებისადმი ნდობის ზოგადი დონე მკვეთრად გაიზარდა.

თუმცა, ოპტიმიზმი მაინც ფრთხილი უნდა იყოს, რადგან, იმავე კვლევის თანახმად, სამჯერ მეტი ადამიანი მიიჩნევდა პრესტიჟულ ფიგურად კრიმინალურ ავტორიტეტს, ვიდრე პოლიციელს.22 აღსანიშნავია, რომ 2005 წლის დასასრულს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, რაც მოიცავდა არა მხოლოდ ახალ კანონმდებლობასა და რეფორმებს პენიტენციარულ სისტემაში, არამედ „კრიმინალური მენტალიტეტის“, ანუ საზოგადოებაში კრიმინალური ავტორიტეტების, მიმართ დადებითი დამოკიდებულების საწინააღმდეგო რიტორიკის გაძლიერებას.

ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაიზარდა, მაგრამ შეშფოთების საფუძველი მაინც არსებობს

სახელმწიფოს მიმართ უნდობლობა ყველაზე თვალსაჩინოდ სამართალდამცავ სისტემასთან თანამშრომლობისგან თავის არიდებით გამოიხატება. საქართველოში ბევრი დანაშაულის გამოძიება შეუძლებელი ხდება იმის გამო, რომ ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ჩვენებას არავინ აძლევს და ეს ხდება მაშინაც კი, როცა დანაშაული საზოგადოებრივ ადგილებში, მრავალრიცხოვანი მოწმეების თანდასწრებით ხდება.

მართალია, ზოგიერთი პოლიტიკოსი გარკვეული დროით გმირის სტატუსს იძენს, ზოგადი დამოკიდებულება პოლიტიკური კლასის მიმართ საკმაოდ უარყოფითია: პოლიტიკა, ჩვეულებრივ, უსაზღვრო ამბიციისა და სიხარბის ასპარეზად მოიხსენიება.23 საზოგადოებრივ დისკუსიაში, ჩვეულებრივ, მხარეებად გამოდიან არა სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმისა და მრწამსის მხარდამჭერები, არამედ, ერთი მხრივ, ხელისუფლება და, მეორე მხრივ, საზოგადოება. შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ზრდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ოპოზიციის მხარდაჭერის გაძლიერებას.

სახელმწიფოსა და პოლიტიკური სფეროს მიმართ ასეთ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ხანდახან იმ ფაქტით ხსნიან, რომ საქართველოში მოდერნული სახელმწიფოს მოდელი გარე ძალის (რუსეთის) მიერ თავსმოხვეულად აღიქმება. კომუნისტურმა წყობამ მოქალაქე კიდევ უფრო გააუცხოვა სახელმწიფოსგან: ამ უკანასკნელში იგულისხმებოდა სიყალბე და რეპრესია, მაშინ, როცა თანადგომისა და ნაღდი ურთიერთობების იმედი მეგობრების, ნათესავებისთუ მეზობლების წრეში შეიძლება გქონოდა. ამ თვალსაზრისით, პოსტკოლონიური და პოსტკომუნისტური განწყობები ერთმანეთს ერწყმის.24

ანტიპოლიტიკური განწყობა, შეერთებული პიროვნულ ნდობაზე დაფუძნებულ მცირე ჯგუფებზე ორიენტაციასთან, ქმნის იმის საფუძველს, რასაც ბევრი პოლიტოლოგი ნეოპატრიმონიალიზმს, ანუ მცირე კლიენტელისტური ქსელების მიერ სახელმწიფოს პრივატიზაციას უწოდებს. როდესაც ასეთ მოვლენას მოდერნული სახელმწიფოს სტანდარტებით უდგებიან, მას, ჩვეულებრივ, „კორუფციას“ უწოდებენ. საყოველთაო კორუფცია და „კლანების“ მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დასაკუთრება ედუარდ შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხად იქცა. შევარდნაძის ოპოზიციის, შემდეგ კი ახალი ხელისუფლების, პოლიტიკურ დღის წესრიგში „კლანურობისა“ და კორუფციის დაძლევის იდეა დომინირებდა. ბუნებრივია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებით ახორციელებს ხელისუფლება ამ დღის წესრიგს.

ქართული საზოგადოება, ამ თვალსაზრისით, უნიკალური სულაც არ არის. პოლიტიკური ინსტიტუტების როლისა და მათდამი საზოგადოების ნდობის შესუსტება ბევრი საზოგადოებისთვის არის ნიშანდობლივი. ეს ტენდენციები სხვადასხვა სახით ვლინდება როგორც განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც მხოლოდ იწყებენ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ისე დასავლეთის ქვეყნების მყარ დემოკრატიებშიც. ამის ნიმუშია ბოლო ათწლეულში ანტიპოლიტიკური და ნეოპოპულისტური მოძრაობების აღზევება ევროპული ინტეგრაციის, გლობალიზაციის, მიგრაციის წინააღმდეგ. საქართველოს შემთხვევაში ბოლო თხუთმეტი წლის ზოგადი დინამიკა შეიძლება დადებითად ჩაითვალოს: ადამიანები სულ უფრო მეტად იაზრებენ საკუთარ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, ხოლო, როგორც ვარდების რევოლუციის მაგალითმა გვიჩვენა, მონაწილეობის ხარისხი უმჯობესდება. მოქალაქეების მონაწილეობის ინტენსივობისა და ხარისხის შემდგომი ზრდა მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების, განვითარებას.

ძველი და ახალი ელიტები

მაშინ, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი შედარებით პასიურად იყენებს თავის პოლიტიკურ უფლებებს, ხოლო მთავარი პოლიტიკური მოთამაშეების იდენტობა ნაკლებად უკავშირდება საზოგადოებაში არსებულ ეკონომიკურ და ეთნიკურ განსხვავებებს, განსაკუთრებით თვალსაჩინო და, ამავდროულად, პოლიტიკურად რელევანტური ხდება ელიტებს შიგნით არსებული დაპირისპირებები.

საქართველოში ელიტური ჯგუფების ურთიერთგამიჯვნის ერთ-ერთი გზაა მათი კავშირები ძველი და ახალი პოლიტიკური რეჟიმების შესაბამის ინსტიტუტებთან. გამმიჯნავი ხაზები უშუალოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიკვეთა, მაგრამ ის დღემდე ინარჩუნებს გარკვეულ მნიშვნელობას. განსხვავება ორ ელიტას შორის შეიძლება ობიექტური ტერმინებით აღიწეროს, მაგრამ ის საზოგადოებრივ დისკურსშიც მკაფიოდ არის გამოხატული. „ძველ ელიტაში“ ვიგულისხმებთ საბჭოთა რეჟიმის ინსტიტუტების ირგვლივ ჩამოყალიბებულ ქსელებს: ძველ კომუნისტურ და კომკავშირულ „ნომენკლატურას“, კომუნისტური საწარმოების მმართველებს, ინტელექტუალებს, რომლებმაც მაღალ სტატუსს მიაღწიეს საბჭოთა დროის აკადემიურ ინსტიტუტებსა და „შემოქმედებით კავშირებში“. ამ ადამიანებს წამყვანი როლი ჰქონდათ საბჭოთა რეჟიმის პირობებში ძალაუფლებისა და სტატუსის თვალსაზრისით.

რევოლუცია, როგორც ელიტის ცვლილება

თავის კლასიკურ ნაშრომში „ელიტის აღმასვლა და დაცემა: თეორიული სოციოლოგიის მიყენება“,25 ცნობილი იტალიელი პოლიტიკური სოციოლოგი ვილფრედო პარეტო რევოლუციას, უპირველეს ყოვლისა, ელიტების ცვლად განიხილავდა. მაშინ, როცა ანალიტიკოსები ხშირად კამათობენ, ვარდების რევოლუცია ნამდვილი რევოლუცია იყო თუ არა, პარეტოს თეორია შეიძლება საკმაოდ გამოსადეგი აღმოჩნდეს. პარეტოს თანახმად, დომინანტური ჯგუფი მხოლოდ მაშინ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, თუ ის სხვადასხვა სოციალური პროფილის მქონე საუკეთესო ადამიანებს გააერთიანებს და არ მოერიდება ძალის გამოყენებას საკუთარი პრივილეგიებისა და სიკეთეების დასაცავად. როცა დომინანტური ელიტა კარგავს საზოგადოების ყველაზე უნარიანი წევრების შემოკრების უნარს და საკუთარი გაბატონებული მდგომარეობის დაცვის შნო აღარა აქვს, მას „უძლიერდება მიდრეკილება ქონების უკანონო მითვისებისა და ეროვნული დოვლათის შეუზღუდავი უზურპაციისადმი“, რაც მის მიმართ მიუღებლობას აძლიერებს. ეს ის მომენტია, როცა საზოგადოების ყველაზე უნარიანი და მოტივირებული წევრები ალტერნატიულ ელიტაში ერთიანდებიან და საზოგადოებრივი განწყობის მობილიზებას ახდენენ ძველი ელიტის განსადევნად. განსხვავება საქართველოსა და პარეტოს მიერ ნაგულისხმებ შემთხვევებს შორის შეიძლება იმაში დავინახოთ, რომ საქართველოში მოწინააღმდეგე ელიტებს წარმოადგენდნენ არა სოციალური კლასები, მაგალითად, ბურჟუაზია და მუშათა კლასი, არამედ ინსტიტუტის განსხვავებული ერთობლიობები.

თავიდან ახალი ელიტები საკუთარ თავს განსაზღვრავდნენ საბჭოთა მმართველობასთან დაპირისპირებით, ამავე დროს, იმ ახალ ინსტიტუტებში მონაწილეობით, რომლებიც აღმოცენდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციების შედეგად გორბაჩოვის რეფორმებისა და შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში გაგრძელებული რეფორმების პირობებში. აქ იგულისხმება ანტიკომუნისტური მოძრაობები და პოლიტიკური პარტიები, დამოუკიდებელი მედია, კერძო ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დასავლური და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში დაფუძნდნენ და ქართველი თანამშრომლები დაიქირავეს. ჩამოთვლილი ინსტიტუტები კომუნიზმის დროს, უბრალოდ, არ არსებობდა.

ასეთმა დაყოფამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პარტიების ფორმირებაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 1990-იანი წლების დასაწყისის დემოკრატიული გარდაქმის დროს და ის დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას. მართალია, 1980-იანი წლების ბოლოს ამ ქვეყნების ალტერნატიულმა ელიტამ კომუნისტებს ძალაუფლება ჩამოართვა, ამ უკანასკნელებმა თავი სოციალურ-დემოკრატიულ პარტიებად გარდაქმნეს და ზოგიერთ ქვეყანაში მეორე პოსტკომუნისტური არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ისინი კარგად მოერგნენ ძალაუფლებისთვის შეჯიბრის დემოკრატიულ წესებს და ბევრი ახალგაზრდის მიზიდვაც შეძლეს. მაგრამ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ძირი ძველ ძალაუფლებით ელიტაში აქვთ, სხვები კი ანტიკომუნისტური მოძრაობებიდან არიან ამოზრდილი, მნიშვნელოვან ნიშნად რჩება მათი იდენტობის საკითხი (თუმცა დროთა განმავლობაში ამ ნიშნის მნიშვნელობა მცირდება).

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან განსხვავებით, საქართველოში არ შექმნილა საბჭოთა დროის კომუნისტური ორგანიზაციის მემკვიდრე პარტია. როდესაც ანტიკომუნისტი ზვიად გამსახურდია გააძევეს და ძალაუფლება ედუარდ შევარდნაძემ, საქართველოს ყოფილმა კომუნისტმა ლიდერმა, მოიპოვა, ეს, ერთი შეხედვით, ჰგავდა პოლონეთსა თუ უნგრეთში სახეცვლილი კომუნისტების ძალაუფლებაში დაბრუნებას. რა თქმა უნდა, შევარდნაძის ხელისუფლებაში დაბრუნება დაეხმარა ძველი კომუნისტური ელიტის რეაბილიტაციას და ამ ტალღაზე ბევრი ყოფილი კომუნისტი სახელმწიფო აპარატში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირს, შევარდნაძის გარშემო შექმნილ პარტიას, ვერც ფორმალურად და ვერც არაფორმალურად კომუნისტური პარტიის მემკვიდრედ ვერ ჩავთვლით. მის შექმნაში წამყვანი როლი ითამაშა რამდენიმე ჯგუფმა, რომელთაგან ზოგი ძველი ელიტიდან მოდიოდა, ზოგი კი - ეროვნული დამოუკიდებლობის მოძრაობიდან.

შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის პერიოდის დასახასიათებლად უფრო უპრიანია ელიტების შერევაზე ლაპარაკი.26 ყოფილ კომუნისტურ ელიტას არ შეუქმნია საკუთარი პოლიტიკური იარაღი ახალ გარემოში საკუთარი ინტერესებისა და განწყობების გამოსახატად. ყველა აქტიური საზოგადოებრივი ფიგურა ერთგულებას უცხადებდა ახალი საქართველოს ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, როგორიცაა დამოუკიდებელი სახელმწიფო, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, საბაზრო ეკონომიკა. მიუხედავად ამისა, „ძველი ელიტა“ განაგრძობდა არსებობას როგორც ცნობადი და შედარებით გამორჩეული არაფორმალური ქსელი, ხოლო „ახალი“ ადამიანები საკუთარ თავს კვლავ ძველთან დაპირისპირებით ამკვიდრებდნენ და განსაზღვრავდნენ. ძველ ელიტასთან ასოცირებული იყო ისეთი თვისებები, როგორიცაა გამოცდილება, ზომიერება, კულტურულ ტრადიციებთან სიახლოვე, მაგრამ ასევე - მათი ოპონენტების აზრით - კორუფცია, ოპორტუნიზმი, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ფარული წინააღმდეგობა. ახალი ელიტა თავს დემოკრატიული რეფორმების ჭეშმარიტ მხარდამჭერად აცხადებდა, მაგრამ ოპონენტები წარმოადგენდნენ მათ, როგორც სახიფათო რადიკალებს და ეროვნული ტრადიციების არასაკმარისად ერთგულს.

ამ ფარული დაპირისპირების გაუთვალისწინებლად ძნელი იქნება ვარდების რევოლუციის წინამორბედი და მომდევნო პროცესების გაგება. ვარდების რევოლუციას ხშირად კომუნისტური წარსულისგან გათავისუფლების მეორე მცდელობად მიიჩნევენ. თვით მისი ლიდერებიც ხშირად წარმოადგენენ ვარდების რევოლუციას და მის თანმდევ პროცესებს, როგორც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 1989 წლის „ხავერდოვანი რევოლუციების“ დაგვიანებულ ვერსიას. ზვიად გამსახურდიას ძლიერი ანტიკომუნისტური რიტორიკის მიუხედავად, მისი მთავრობის ბევრი ლიდერი ყოფილი მაღალი რანგის კომუნისტი იყო. მხოლოდ ვარდების რევოლუციის შედეგად მოხდა ყოფილი კომუნისტების ხელისუფლებისაგან ჭეშმარიტად ჩამოშორება. მართალია, ვარდების რევოლუციის რამდენიმე წამყვანი ლიდერიც მსახურობდა შევარდნაძის ხელისუფლებაში, მაგრამ დღეს მაღალ თანამდებობებს აღარ იკავებს არც ერთი ის ადამიანი, რომელსაც რაიმე კავშირი ჰქონდა კომუნისტური პერიოდის ინსტიტუტებთან.27 ამას ემატება უმაღლესი განათლების რეფორმაც, რომელიც ხშირად ახალი მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა: მასაც ელიტის ცვლილების მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია. უნივერსიტეტები ხშირად მოიაზრება როგორც უკანასკნელი საყრდენი, სადაც კომუნისტური დროის ელიტაა გამაგრებული. ამ რეფორმებს ხშირად ეწინააღმდეგებიან როგორც ახალი ელიტის მიერ უნივერსიტეტების დაპყრობის მცდელობას.

თაობათა გამიჯვნა ყველაზე თვალსაჩინო, თუმცა რამდენადმე ზედაპირული და ხშირად შემაცდენელი ნიშანია, რაც ძველსა და ახალ ელიტებს განასხვავებს. ის, რომ უფროსი თაობა კომუნისტური რეჟიმის (და, ამავე დროს, უცხო ძალის ბატონობის) პირობებშია სოციალიზებული, ხშირად გაიგება, როგორც ერთგვარი მოწამლულობა, რაც მთელ თაობაზე ვრცელდება: ამას მისი ზოგიერთი წარმომადგენელიც ეთანხმება. ბევრის თვალში „ძველი თაობის“ წარმომადგენელი ნიშნავს ადამიანს, ვინც საბჭოთა ტიპის, ანუ ახალი რეალობის შეუსაბამო ჩვევების მატარებელია. 1990-იან წლებში ხშირად ამბობდნენ, რომ, თუ საქართველოს წინსვლა გვინდა, ახალმა, დამოუკიდებლობის შემდეგ სოციალიზებულმა თაობამ უნდა აიღოს ხელში მართვის სადავეები. ედუარდ შევარდნაძის მმართველობისთვის დამახასიათებელი იყო ფარული კონფლიქტი, ერთი მხრივ, „ახალგაზრდა რეფორმატორებს“ - მათი ლიდერები ზურაბ ჟვანია და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ - და კომუნისტურ-კომკავშირული ქსელებიდან მოსულ ნომენკლატურას შორის, რომელიც 1990-იანი წლების დასასრულისთვის ძირითად პოლიტიკურ ინტრიგად იქცა. სწორედ „ძველებსა“ და „ახლებს“ შორის ფარული კონფლიქტი დაგვირგვინდა ვარდების რევოლუციით. ხელისუფლება, რომელმაც ამ რევოლუციის შედეგად ძალაუფლება მოიპოვა, ძალიან ახალგაზრდაა: სააკაშვილი 36 წლის იყო, როდესაც პრეზიდენტი გახდა, ხოლო ბევრი მინისტრის ასაკი 30 წელს უახლოვდება ან ნაკლებიც კია. ეს შემთხევითი არ არის: ახალი ლიდერების ასაკი და ბიოგრაფიები (საბჭოთა) წარსულისგან რადიკალური (თუმცა, გარკვეულად ნაგვიანევი) გამიჯვნის სიმბოლური გამოხატულებაა.

ახალი ელიტა

ახალი ქართული ელიტის რაობა ყველაზე თვალსაჩინოდ გლობალიზაციის კონტექსტში შეიძლება განისაზღვროს. კომუნისტურ პერიოდში დასაწინაურებლად რუსულის ცოდნა იყო საჭირო: მხოლოდ ამ გზით გახვიდოდი რესურსებზე, რომელთაც მოსკოვის იმპერიული ცენტრი განაგებდა. აქედან გამომდინარე, რუსული კვლავ ითვლება ძველი ელიტის ენად. ამისგან განსხვავებით, ახალი ხალხისთვის უფრო მეტადაა ხელმისაწვდომი დასავლეთის რესურსები, რომლებისკენაც დამოუკიდებლობის შემდეგ გაიხსნა გზა. პირველ რიგში, ეს გულისხმობს ინგლისურის (და სხვა დასავლური ენების - თუმცა ნაკლებად) ცოდნას, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების (ინტერნეტის) გამოყენებას, იმ მსოფლიო „ენის“ (უფრო ზუსტად, ჟარგონის) ფლობას, რასაც „საერთაშორისო თანამეგობრობა“ იყენებს. პოპულარული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ეს „ინგლისურის და კომპიუტერის“ მცოდნე ხალხია.

ისე მოხდა, რომ საქართველოში ასეთი ადამიანები ახალგაზრდები არიან. მაგრამ საზოგადოდ, აქ საქმე გვაქვს სოციალურ გამმიჯნავ ხაზთან, რომელიც ზოგადად შესაძლოა ძირითადი იყოს გლობალიზებულ სამყაროში და საქართველოზეც გავრცელდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი მთავრობა შეეცადა, ხელისუფლების მაღალ და საშუალო თანამდებობებზე ის ქართველები მოეზიდა, ვისაც დასავლეთში უსწავლია და უმუშავია, და აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან დასავლეთის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებაში გლობალიზაციის ენის მცოდნე თაობა მოვიდა.

ცხადია, ეს გამიჯვნა ხშირად ზედმეტად გამარტივებულია და ეს უფროსი თაობის პროტესტს იწვევს. ღირებულებები და განწყობები ავტომატურად არ უკავშირდება ასაკს ან ბიოგრაფიას და თითოეული ასაკობრივი ჯგუფის შიგნით ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებიან. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ვარდების რევოლუციამ ახალგაზრდული ასაკი მნიშვნელოვან უპირატესობად აქცია. ხელისუფლების გადასვლამ შევარდნაძისგან სააკაშვილზე მთელი თაობა პოლიტიკური პროცესებისაგან სიმბოლურად განზე დატოვა. ეს ის ხალხია, ვინც კომუნისტური გერონტოკრატიისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო, მაგრამ ლამის ზედმეტი აღმოჩნდა ქვეყანაში, სადაც 30 წელზე უმცროსები მინისტრები ხდებიან.

რაკი ხელისუფლებაში მოვიდა ახალი თაობა, რომელიც გლობალიზაციის ენაზე საუბრობს, შეიძლება სოციალური გამმიჯნავი ხაზებიც გადავიაზროთ. რაც დრო გადის და კომუნისტური რეჟიმი შორეული წარსულის რელიკვიად იქცევა, ძველ და ახალ ელიტას შორის განსხვავებაც აქტუალობას კარგავს. უკვე შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი სოციალური გამიჯვნა დღევანდელ საქართველოში არის იმათ შორის, ვისაც, ერთი მხრივ, ხელი მიუწვდება გლობალიზაციის სიკეთეებზე, და, მეორე მხრივ, ზარალდება გლობალიზაციით ნაკარნახები პოლიტიკისგან.

რადგან ხელისუფლებაში გლობალიზაციის ენაზე მოსაუბრე ახალი თაობა მოვიდა, სოციალური დანაწილება შეიძლება გადასააზრებელი გახდეს

ამან შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ პოლიტიკურ დონეზეც ერთმანეთს პრო-დასავლელი ლიბერალები და საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანები - ან ანტი-დასავლელი ნაციონალისტები - უნდა დაპირისპირდნენ. მართალია, საბჭოთა კავშირის დამხობას საქართველოში მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა, საბჭოთა წარსულის მიმართ ნოსტალგია მაინც ძლიერი არ არის - ყოველ შემთხვევაში, ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ შეძლო მისი გამოყენებით წარმატების მიღწევა. ჯერჯერობით, საქართველოში არც გამოკვეთილი ანტიგლობალისტური მოძრაობა არსებობს.

მეორე მხრივ, ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს შორისაც ბევრია ისეთი, ვინც ზემოთ განმარტებულ „ახალ ელიტას“ ეკუთვნის. თუ პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, გამოიყენონ იმ ადამიანთა გაწბილება, ვინც წაგებული აღმოჩნდა გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციით ან ინტეგრაციის მცდელობით, მათ შეუძლიათ ეკონომიკური პროტექციონიზმის და კულტურული ტრადიციონალიზმის თემები გამოიყენონ. მაგრამ ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქართველომ უარი უთხრას პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტების თანამედროვე დასავლურ მოდელებზე ორიენტაციას.

ძირითადი დასკვნები

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ორმოცდაათი პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. მიუხედავად გასული წლების შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდისა, სიღარიბის მაჩვენებლები მაინც მაღალია.

ეთნიკური უმცირესობები სუსტად არიან ჩართული სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 17%25 (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განდგომილ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩაუთვლელად) ეთნიკურ უმცირესობებს მიეკუთვნება. მათი უდიდესი ნაწილი ქართულ ენას ვერ ფლობს და მათი სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის დონე დაბალია ქართველ მოსახლეობასთან შედარებით.

რელიგია მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლობის შემდეგ ხალხის რელიგიურობა მკვეთრად გაიზარდა. ამაღლდა ქართული მართლმადიდებული ეკლესიის ავტორიტეტი და სტატუსი. ამან გამოიწვია კამათი და აზრთა სხვადასხვაობა როგორც დომინანტური ეკლესიის, ისე რელიგიური უმცირესობების სტატუსთან დაკავშირებით.

დემოკრატიისადმი საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას საქართველოში მწვავე პრობლემები და დაბრკოლებები ახლავს, როგორიცაა ღრმა ანტიპოლიტიკური განწყობები და სოციალური ნდობის დაბალი დონე, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მაინც ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყნის დემოკრატიული მიმართულებით განვითარებას. ეს ამავე დროს უკავშირდება ფართო კონსენსუსს, რაც დასავლურ ინსტიტუტებში, კერძოდ, ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანების გეგმის გარშემო არსებობს.

მოქალაქეობა დაბალი ინტენსივობისაა. სოციალურ სფეროში პიროვნული ქსელების დომინირება, პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმი და ფართო სოციალური გაერთიანებების არარსებობა განაპირობებს იმას, რომ ქართული საზოგადოება, ზოგადად, პასიურია, თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულ ეპიზოდებს, მაგალითად, ვარდების რევოლუციას.

განხეთქილებები ელიტის შიგნით პოლიტიკურად ბევრად უფრო რელევანტურია, ვიდრე ზოგადი ეკონომიკური და ეთნიკური განსხვავებები. არსებობს გამოკვეთილი გამიჯვნა საზოგადოების ძველ და ახალ ელიტებს შორის, რაც შეიძლება განისაზღვროს, ერთი მხრივ, კომუნისტური ხანის ინსტიტუტებსა და მის გარშემო ჩამოყალიბებულ ქსელებთან კავშირით და, მეორე მხრივ, დამოუკიდებლობის შემდეგ აღმოცენებულ, გლობალური განზომილების მქონე ახალ ინსტიტუტებზე ორიენტაციით. ვარდების რევოლუციამ ამ უკანასკნელის დომინირება მოიტანა. ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ მოხდება არსებული სოციალური გამყოფი ხაზების გადააზრება.

____________________

1 სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის საკითხებზე კლასიკური ნაშრომია G.A.Almond & S.Verba, eds., “The Civic Culture. Political Attitudes and Democracy in Five Nations”, Newbury Park, 1989.

2 Gabriel Labbate, Levan Jamburia and Guram Mirzashvili, Improving Targeting of Poor and Extremely Poor Families in Georgia: The Construction of Poverty Maps at the District Level, UNDP Country Office in Georgia, Tbilisi, 2003.

3 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიხედვით, 2003 წლის პირველ მეოთხედში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა საერთო მოსახლეობის 54,9 პროცენტი, მაშინ, როცა 2005 წლის პირველ მეოთხედში ეს რიცხვი იყო 49,1 პროცენტი. - ინფორმაცია მოპოვებულია 2005 წლის 3 ნოემბერს - www.statistics.ge.

4 მაგალითად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ 2003 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ოცდათერთმეტმა პროცენტმა შეაფასა საკუთარი შემოსავალი როგორც „საშუალო“, სამოცდახუთმა პროცენტმა - როგორც „მცირე“ და ორმა პროცენტმა - როგორც „კარგი“.

5 2003 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს GINI ინდექსი, რომელიც ეკონომიკურ უთანასწორობას ზომავს, იყო 38.9 - უფრო მაღალი, ვიდრე ევროპული ქვეყნების უმრავლესობისათვის, მაგრამ ოდნავ დაბალი, ვიდრე აშშ-ში და ბევრად დაბალი, ვიდრე ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში.

6 Louise I. Shelley and Erik R. Scott, Georgia's `Revolution of Roses' Can Be Transplanted, `Washington Post', November 30, 2003, გვ. B05.

7 ეს რიცხვები არ მოიცავს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ იქ მოსახლეობის აღწერა ვერ ჩაატარა.

8 საქართველოს კონსტიტუცია აფხაზეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად აფხაზურსაც აღიარებს.

9 წყარო: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი. 2002 წლის მონაცემები არ მოიცავს აფხაზეთისა და ოსეთის მაცხოვრებლებს.

10 ეს უკანასკნელი 2005 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს.

11 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალური მოძრაობა პირველი შეეცადა, რომ ეს ფარული ტრადიცია დაერღვია, მაგრამ მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიღწია.

12 რეგიონული პარტიების აკრძალვა აშკარად ეთნიკური სეპარატიზმის შიშით იყო გამოწვეული, მაგრამ მაღალი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნება ნაწილობრივ შეიძლება მოტივირებული იყოს ეთნიკური უმცირესობის პარტიების შექმნის თავიდან აცილების სურვილით.

13 აფხაზების ნაწილი მუსლიმია და ნაწილი - მართლმადიდებელი, თუმცა ამ საზოგადოებაში რელიგიურობის დონე აშკარად დაბალია; ოსებს იგივე მართლმადიდებელი რელიგია აქვთ, რაც ქართველების უმრავლესობას.

14 ეს 2003 წლის მონაცემებია. მომდევნო წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

15 ზემოთ მოყვანილ გამოკითხვაში, რესპონდენტების 45,2%25-მა ბასილ მკალავიშვილის, ძალადობრივი შეტევების ძირითადი ორგანიზატორის, საქმიანობა „დადებითად“ ან „ნაწილობრივ დადებითად“ შეაფასა.

16 2005 წლის ივნისში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა მხოლოდ 1,5%25 უშვებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი გახდეს ან რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, ხოლო 93%25-ის მტკიცებით, ეს ტერიტორიები საქართველოს ნაწილი უნდა იყოს.

17 საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რეპონდენტთა შესაბამისად 76%25 და 81%25 მხარს უჭერდა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაერთიანებას და მხოლოდ რვა და სამი პროცენტი იყო წინააღმდეგი.

18 IRI-ს მიერ 2005 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 74 პროცენტი მიიჩნევდა, რომ რუსეთის ბაზები საქართველოზე უარყოფით გავლენას ახდენდა, ხოლო რვა პროცენტმა მათი გავლენა დადებითად შეაფასა.

19 IRI-ს მიერ 2003 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 73%25 აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა მხოლოდ 21%25 მოელოდა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნებოდა.

20 Nana Sumbadze, Civic Participation in Public and Political Life, in: International IDEA, Building Democracy in Georgia, Discussion Paper 7: Developing a Democratic Community in Georgia, May 2003, გვ. 29-35.

21 2003 წლის IRI-ს გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით სამი პროცენტი იყო პოლიტიკური პარტიის წევრი და 0,3 პროცენტი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.

22 გამოკითხულთა 18,1%25 კრიმინალურ ავტორიტეტს „ძალიან პრესტიჟულ“ პროფესიად მიიჩნევდა; გამოკითხულთა მხოლოდ 6,2%25-მა თქვა იგივე პოლიციის ოფიცრის შესახებ.

23 კავკასიური ინსტიტუტისა და არნოლდ ბერგშტრასერის ინსტიტუტის 1997 წლის გამოკითხვაში გამოკითხულთა 78%25 დაეთანხმა მოსაზრებას: „თუ პოლიტიკისაგან თავს შორს დაიჭერ, სიმშვიდესა და სუფთა სინდისს შეინარჩუნებ“. - Theodore Hanf, Ghia Nodia, Lurching to Democracy. From agnostic tolerance to pious Jacobinism: Societal change and people's reactions. Baden-Baden, Nomos Verlagsgesellschaft, 2000)), გვ. 105.

24 ზოგიერთი ავტორი ანტიპოლიტიკურ განწყობებს ზოგადად პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის დამახასიათებლად მიიჩნევს, მაგრამ ამ მხრივ აფრიკის პოსტკოლონიურ საზოგადოებებშიც ხედავს მსგავსებას. ამ ორი ტიპის საზოგადოება შედარებულია წიგნში: Mark R. Beissinger and Crawford Young (Eds.,) Beyond State Crisis: Post-colonial Africa and Post-Soviet Eurasia in Comparative Perspective, Woodrow Wilson Center Press: Washington, D C, 2002.

25 V.Pareto. The Rise and Fall of Elites: an Application of Theoretical Sociology. Transaction Publishers: New Jersey, 1991.

26 ამასთან დაკავშირებით იხილეთ Theodore Hanf and Ghia Nodia, Lurching to Democracy (2000), გვ. 52-55.

27 2004 წლის ნოემბერში მოქმედ ოც მინისტრს შორის სამს შევარდნაძის დროსაც მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის გამოცდილება ჰქონდა (ორ მათგანს - ძალიან მცირე დროით), ხოლო კიდევ ორი შევარდნაძის დროს მინისტრის მოადგილედ იყო ნამყოფი (ერთი მათგანი სააკაშვილის მოადგილე იყო მისი იუსტიციის მინისტრობის დროს). 14 მინისტრი დაბადებული იყო 1961 წელს ან უფრო გვიან, ექვს მათგანს ჰქონდა საზღვარგარეთ მუშაობის ან სწავლის გამოცდილება, რვა წარსულში მუშაობდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში. Jonathan Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution: Delayed Transition in the Former Soviet Union, Ashgate: Burlington, გვ. 200.

4 2. პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ამ ნაწილში საუბარია ქართული პოლიტიკური პარტიების დღევანდელ მდგომარეობაზე. ის ინტერაქტიული კვლევის შედეგებს ეყრდნობა. კვლევაში ჩართული იყვნენ საქართველოს ექვსი წამყვანი პოლიტიკური პარტია: საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რესპუბლიკური პარტია და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მდგომარეობის შესწავლა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მრავალპარტიულ და ინდივიდუალურ შეხვედრებში მათი აქტიური მონაწილეობის შედეგად განხორციელდა.

საქართველოს კონსერვატიული პარტია - ცენტრალური ოფისი, კახეთის რეგიონული ორგანიზაცია, დიდუბის რაიონული ორგანიზაცია, გორის რაიონული ორგანიზაცია

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - ცენტრალური ოფისი, ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაცია, გლდანის რაიონული ორგანიზაცია, თერჯოლის რაიონული ორგანიზაცია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია - ცენტრალური ოფისი, დუშეთის რაიონული ორგანიზაცია, ვარკეთილის რაიონული ორგანიზაცია, ბათუმის ორგანიზაცია

ახალი მემარჯვენეები - ცენტრალური ოფისი, გორის რაიონული ორგანიზაცია, გლდანის რაიონული ორგანიზაცია, ქუთაისის ორგანიზაცია

რესპუბლიკური პარტია - ცენტრალური ოფისი, თბილისის ორგანიზაცია, ფოთის ორგანიზაცია, ბათუმის ორგანიზაცია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ცენტრალური ოფისი, მცხეთის რაიონული ორგანიზაცია, თბილისის ორგანიზაცია, გურჯაანის რაიონული ორგანიზაცია

სახელმწიფო, საზოგადოება და საერთაშორისო საზოგადოება პარტიების მოქმედების გარე სფეროა, ერთმანეთთან ურთიერთობისას ისინი შიდა გარემოს აყალიბებენ. ზოგადი განმარტებით, პარტიები ურთიერთკონკურენციის პირობებში ფუნქციობენ. შესაბამისად, ეს ნაწილი იწყება საქართველოში პოლიტიკური პარტიული სისტემის ანალიზით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს სისტემა მუდმივად ხასიათდებოდა ერთი დომინანტური პარტიისა და დაქუცმაცებული სუსტი ოპოზიციური პარტიების არსებობით. პარტიული სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული; პარტიები, ძირითადად, მათი ლიდერების ან ლიდერთა ჯგუფის პიროვნულ თვისებებზე არიან დამოკიდებულნი. მათი დაარსებაც და საქმიანობის შეწყვეტაც იოლად ხდება; კოალიციები, ძირითადად, ტაქტიკური ხასიათისაა, არასტაბილურია და ყოველი არჩევნების წინ მათი შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცლება. პარტიული სისტემა, ერთი მხრივ, ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით და, მეორე მხრივ, ოპოზიციის ფრაგმენტაციის მაღალი დონით ხასიათდება. იდეოლოგიური პოლარიზაციის დონე დაბალია. თანამშრომლობას უფრო ოპოზიციური პარტიები ახერხებენ; დაპირისპირების დონე საკმაოდ მაღალია და ხშირად პიროვნულ შეურაცხყოფაშიც გადადის. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური პარტიების შემდგომი განვითარება, არსებითად, პარტიული სისტემის მნიშვნელოვან ცვლილებებთან იქნება დაკავშირებული.

ინტერაქციულ კვლევაში მონაწილე პარტიები

საქართველოს კონსერვატიული პარტია
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
ახალი მემარჯვენეები
რესპუბლიკური პარტია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ამ თვალსაზრისით, ურთიერთდამოკიდებულება ორმხრივია: ძლიერი დემოკრატიული პარტიული სისტემის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მდგრადი ინსტიტუტების მქონე ინდივიდუალური პარტიების არსებობა, რომლებიც ეფექტურად წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს. ამისთვის პარტიები მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მათ შორის უმთავრესია პარტიების მიერ საკუთარი იდენტობის გამოკვეთა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს თითოეული პარტია. პარტიული იდენტობა კონკრეტულ ღირებულებებთან და პრინციპებთან მისი გაიგივებით განისაზღვრება, ასევე, საზოგადო სიკეთეების მიღწევის გზების დასახვით ან/და კონკრეტულ სოციალურ ინტერეს-ჯგუფთან კავშირით. პარტიის ეს მახასიათებლები ხშირად „იდეოლოგიასთან“ იგივდება. ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას გამოკვეთილი იდეოლოგიური იარლიყები აქვთ, თუმცა ხშირად მათი კრიტიკის დროს პერსონალიებზე დამოკიდებულებას, პოლიტიკისა და პრინციპების უგულებელყოფაზე ან ამ პრინციპების კერძო სარგებლობით გამოყენებაზე მიუთითებენ. თავად პოლიტიკური პარტიებიც აღიარებენ ამ პრობლემების არსებობას და საკუთარი ლიდერების პიროვნულ თვისებებზე ნაკლებად დამოკიდებული, მკვეთრი და მდგრადი პარტიული იდენტობის ჩამოყალიბებას ესწრაფვიან.

პარტიები ერთმანეთს საზოგადოებრივ სფეროში გავლენის მოსაპოვებლად ეჯიბრებიან. საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების და არჩევნებში გამარჯვების მიზნით, მათ მესიჯის საზოგადოებამდე მიტანა სჭირდებათ. საზოგადოებასთან ურთიერთობა და საარჩევნო კამპანიის წარმოება ყველა პარტიის საქმიანობის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. წინამდებარე ნაწილში საუბარია იმ მეთოდებზე, რომლებსაც ქართული პოლიტიკური პარტიები საკმაოდ გამოცდილი და მომთხოვნი ამომრჩევლების მოსაზიდად იყენებენ.

საარჩევნო კამპანიის და სხვა პარტიული საქმიანობის წარმოება ორგანიზაციულ, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, პარტიის შიდა მენეჯმენტს გულისხმობს. ყველა, მათ შორის, ძლიერი პარტიების რესურსები მუდმივად შეზღუდულია, ამიტომაც არსებული რესურსების ეფექტური მენეჯმენტი პარტიის წარმატების მნიშვნელოვანი გარანტია. წიგნის ამ ნაწილის ცალკე თავში გაანალიზებულია ქართულ პოლიტიკურ პარტიათა განკარგულებაში არსებული რესურსები და მათი განკარგვის ეფექტურობა.

ყველა ქართული პარტია აღიარებს, რომ მათი უმთავრესი სიმდიდრე ადამიანური რესურსებია. ის აერთიანებს როგორც პარტიის ცენტრალურ და ადგილობრივ ლიდერებს, ისე აქტივისტთა და რიგით წევრთა ქსელს. მნიშვნელოვანია, რას ნიშნავს პარტიის წევრობა? არიან პარტიის წევრები პარტიის მთავარი ფინანსური შემოსავლის წყარო, პარტიის ხელმძღვანელობის განკარგულებების აღმსრულებლები, თუ პარტიის იდენტობისა და პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი აქტორები? არიან თუ არა დემოკრატიისთვის მებრძოლი პარტიები შიდა დემოკრატიული ინსტიტიტუტების მატარებლები? სპეციალური თავი მთლიანად ამ საკითხების განხილვას ეთმობა.

შიდა სიძლიერის მისაღწევად და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად აუცილებელია, პარტიებმა განსხვავებული სოციალური ინტერესები ასახონ და გაითვალისწინონ თავიანთი რიგების შევსებისას. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა, რომლებიც მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში. საქართველოში ბევრია პოლიტიკაში წარმატებული ქალი და ერთობ მნიშვნელოვანია მათი საქმიანობა პარტიული სტრუქტურის ადგილობრივ დონეებზე. თუმცა, სასურველია და შესაძლებელიც, რომ მეტი გაკეთდეს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თვალსაზრისით: ქალთა აქტივობა საქართველოში პოლიტიკური პარტიების შემდგომი განვითარების მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს.

წამყვან ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთობა აქვთ უცხო ქვეყნების მსგავს პარტიებთან და პარტიულ გაერთიანებებთან და მჭიდროდ თანამშრომლობენ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებენ. ამ ურთიერთობებს ყველა ქართული პარტია დადებითად აფასებს და საკუთარი განვითარების მნიშვნელოვან რესურსად აღიქვამს. კერძოდ, რა შეიძინეს ქართულმა პარტიებმა საერთაშორისო კავშირებისგან და რას ელიან საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისგან, ამ ნაწილის ბოლო თავშია განხილული.

ამავე ნაწილის შვიდივე თავის დასაწყისში არის ჩანართი „რა უნდა გაკეთდეს“, რომელშიც მოცემულია მთავარი რეკომენდაციები ქართული პარტიული სისტემის შემდგომი განვითარებისთვის. ეს რეკომენდაციები ვრცლად მომდევნო გვერდებშია წარმოდგენილი. მათში მოყვანილია ფაქტები და გაანალიზებულია ქართული პოლიტიკური პარტიების დღევანდელი განვითარების დონე, გამოკვეთილია მათი მიღწევები და გამოწვევები, ასევე წარმოდგენილია თავად პარტიების დამოკიდებულება იმ პრობლემებისადმი, რომელიც ქართული პარტიულის სისტემის განვითარების წინაშე დგას. თითოეული თავი კიდევ ერთი ჩანართით „ძირითადი დასკვნები“ სრულდება.

4.1 2.1 პოლიტიკურ პარტიათა სისტემა

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

შემუშავდეს ნათელი და თანმიმდევრული პოლიტიკა და სტრატეგია.

პარტიის პოლიტიკის შემუშავებისას, უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებულ იქნეს მოსახლეობის ინტერესები.

მოხდეს გადასვლა პიროვნული კონკურენციიდან პოლიტიკაზე დამყარებულ კონკურენციაზე.

ახლებურად შეფასდეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მნიშვნელობა.

მოხდეს ურთიერთთანამშრომლობა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკის განხორციელება შეთანხმებულ მუშაობას მოითხოვს.

მიღებულ იქნეს და გატარდეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მიერ დემოკრატიული ქცევის კოდექსი.

უზრუნველყოფილ იქნეს მსგავსი იდეოლოგიური და პროგრამული მიზნების მქონე პარტიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

სუსტი მრავალპარტიული სისტემა და პოლიტიკური პარტიების გაქრობის მაღალი მაჩვენებელი

ქვეყნის პარტიული სისტემის დახასიათებისას სხვადასხვა მაჩვენებელს იყენებენ. მათ შორის უზოგადესია სისტემაში ჩართული მონაწილეების რაოდენობითი შეფასება. ამ კუთხით, სამ კატეგორიას გამოყოფენ: ერთპარტიულ, ორპარტიულ და მრავალპარტიულ სისტემებს. ერთპარტიულ სისტემებში, კანონიერად მხოლოდ ერთი ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია ფუნქციობს, რომელიც მთლიანად აკონტროლებს ხელისუფლებას. მსგავს სისტემაში არ არსებობს პოლიტიკური კონკურენცია და ხშირად მას სისტემადაც არ მოიხსენიებენ. დანარჩენი ორი კატეგორიის სისტემები მეტ-ნაკლები შეჯიბრობითობით ხასიათდება. ორპარტიული სისტემა ორი, ასე თუ ისე, თანაბარი სიძლიერის პოლიტიკური ორგანიზაციის მოქმედების ასპარეზია. ასეთ სისტემებში კანონმდებლობა არ ზღუდავს ახალი პარტიების ჩამოყალიბებას, თუმცა ორი ძლიერი პარტიისათვის კონკურენციის გაწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც შეეხება მრავალპარტიულ სისტემას, ანალიტიკოსთა თქმით, იგი მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ მასში, სულ მცირე, სამი ძლიერი პოლიტიკური აქტორი ფუნქციობს.

საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რაოდენობა 180-ს აღემატება, თუმცა ამ მხრივ საქართველო გამონაკლისს არ წარმოადგენს: უფრო ძველი და კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებშიც დარეგისტრირებულ პარტიათა რიცხვი საკმაოდ მაღალი შეიძლება იყოს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შემთხვევაში, დარეგისტრირებული პარტიების რიცხვი, ავტომატურად არ მიუთითებს მრავალპარტიული სისტემის არსებობას. მრავალპარტიულ სისტემებში საზოგადოებრივი მხარდაჭერა რამდენიმე პარტიაზე ნაწილდება ისე, რომ გამარჯვებული პარტიაც კი მთავრობის ფორმირებისას იძულებულია, სხვა პარტიებთან შექმნას კოალიცია.1 საქართველოში საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრილი პარტიები, ჩვეულებრივ, დიდი უმრავლესობით იმარჯვებენ არჩევნებზე, რაც სხვა პარტიებთან თანამშრომლობის საჭიროებას გამორიცხავს.

საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული პარტიები, ჩვეულებრივ, მნიშვნელოვანი უპირატესობით იმარჯვებენ და დიდი უმრავლესობით ხვდებიან პარლამენტში, რაც გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის აუცილებლობას

ბოლო თხუთმეტი წლის გამოცდილებით, ქართული პოლიტიკური სისტემა შეიძლება დახასიათდეს, როგორც ე.წ. „მრავალპარტიული დამარცხებული სისტემა“2, სხვა სიტყვებით - დომინანტური პოლიტიკური პარტიის სისტემა. მსგავს სისტემაში ერთი პარტია დიდი უმრავლესობით იმარჯვებს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში და ერთპიროვნულად აკომპლექტებს სახელისუფლებო ინსტიტუტებს. ხშირად სახელისუფლებო და პარტიულ ბიუროკრატიას შორის განსხვავების შემჩნევა რთულია. ამ სისტემაში ოპოზიციური პარტიებიც არსებობენ, რომლებიც მონაწილეობენ არჩევით ორგანოებში, დღის წესრიგში აყენებენ გარკვეულ საკითხებს და აკრიტიკებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ამ მხრივ, ისინი გარკვეულ გავლენას ახდენენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებეზე, თუმცა სერიოზული პოლიტიკური ძალის მქონე ორგანიზაციად არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიქმება. ამ სისტემაში პარტიები არასტაბილურობით, კოალიციების და ალიანსების ხშირი შექმნა-დაშლით ხასიათდება. ბევრი პოლიტიკური ორგანიზაცია არაპრინციპულობით გამოირჩევა.

ფორმალურად, მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემებში ერთი პარტიის დომინირება ბევრი სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით, დემოკრატიის განვითარების საწყის ეტაპებზე. ეს სისტემები ხასიათდება როგორც სტაბილურობით, ისე არასტაბილურობით, რაც, ძირითადად, დამოკიდებულია მმართველი პოლიტიკოსების უნარებზე, თუ რამდენად შეუძლიათ სხვებთან კომპრომისის მიღწევა და სახელისუფლებო სისტემაში პოლიტიკური აქტორების გაერთიანება.

დომინანტური პარტიული სისტემების სტაბილურობა/არასტაბილურობა ხშირად საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატიული სისტემების განსხვავებულობაზე არის დამოკიდებული. მრავალპარტიულობა უფრო საპარლამენტო სისტემის მქონე ქვეყნებს ახასიათებს. საპრეზიდენტო სისტემებში კი, ჩვეულებრივ, პოლიტიკური ძალაუფლება ერთი პიროვნების ხელშია თავმოყრილი, რაც სისტემაში პარტიების განფენილობაზე ახდენს გავლენას. საქართველოში სამივე მმართველი პარტია პრეზიდენტის პარტიებად ითვლებოდა და მთლიანად საკუთარი ლიდერის ქარიზმაზე იყო დამოკიდებული.

მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია

მექსიკის და მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის მაგალითი ხშირად გამოიყენება ქართული დომინანტური პარტიული სისტემის დახასიათებისას. თუმცა განსხვავება საკმაოდ მნიშვნელოვანია და მაგალითიც არასასურველი. ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია მექსიკას 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად მართავდა და წარმოადგენდა ძლიერ ინსტიტუტს, რომელიც არ ასოცირდებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან და ლიდერთა წარმატებებთან. თუმცა, ამ სისტემის ფასი, დემოკრატიული ღირებულებების, უფლებებისა და კორუფციის თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალი იყო. საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში სამი დომინანტური პარტია მართავდა, რომლებიც ერთი კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის ირგვლივ ერთიანდებოდა. ორი მათგანი (ბლოკი მრგვალი მაგიდა და საქართველოს მოქალაქეთა კავშირი) ლიდერის წასვლასთან ერთად გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან.

პარტიული სისტემის თავისებურებანი დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ ხდება ქვეყანაში პოლიტიკური ძალაუფლების ცვლა. საქართველოში განხორციელებული მრავალჯერადი ტრანსფორმაცია დემოკრატიისკენ, ჩვეულებრივ, არ ექცევა კონსტიტუციურ ჩარჩოებში. უფრო მეტიც, ეს პროცესები პოლიტიკურ ძალებს შორის უკიდურესი დაპირისპირებების და საზოგადოების მასობრივი მობილიზების ფონზე ვითარდება. დამარცხებულნი კარგავენ ყველაფერს (მათ შორის, შესაძლოა, კერძო საკუთრებას და პირად თავისუფლებას), როდესაც მთელი ძალაუფლება გამარჯვებულთა ხელში გადადის.3

ქართული პარტიული სისტემა მომავალში შესაძლებელია ამავე მიმართულებით განვითარდეს ან დაარღვიოს ტრადიცია და შექმნას ახალი პრეცედენტი. ის შეიძლება მყარ, სტაბილურ დომინანტურ პარტიულ სისტემად (რაც საქართველოს მექსიკის მაგალითთან, ან სხვა ქვეყნების დამახინჯებული დემოკრატიული მმართველობის გამოცდლებასთან დაახლოებს), ან თანმიმდევრულად განვითარებად მრავალპარტიულ ან ორპარტიულ სისტემად ჩამოყალიბდეს, თუმცა არც სხვა სცენარების გამორიცხვა შეიძლება. ეს, არსებითად, თავად პოლიტიკურ პარტიებზე და მათ ურთიერთთანამშრომლობაზე არის დამოკიდებული. ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემის დასახასიათებლად, მნიშვნელოვანი ინდიკატორი მისი ინსტიტუციონალიზაციის, ფრაგმენტაციისა და პოლარიზაციის დონეა.

ინსტიტუციონალიზაცია

პარტიულ შეჯიბრში ჩართული აქტორების სტაბილურობა, პარტიული სისტემის მაღალი ინსტიტუციონალიზაციის დონის მაჩვენებელია. საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი უარყოფითია: ქართული პარტიული სისტემა ნაკლებად ინსტიტუციონალიზებულია.

დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბევრი პარტია და ბლოკი მონაწილეობდა, მაგრამ მომდევნო არჩევნებში მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი იღებდა მონაწილეობას. მაგალითად, 1992 წლის პარლამენტში ოცდაოთხმა პარტიამ და ბლოკმა მოიპოვა წარმომადგენლობა, თუმცა 1995 წლის არჩევნებში მხოლოდ რვა პარტიამ მიიღო მონაწილეობა, და მათგან მხოლოდ ერთმა, ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ, შეძლო წარმომადგენლობის მოპოვება. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა 1999 და 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც.

ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული

განსაკუთრებით აღსანიშნავია 2004 წლის 28 მარტს ჩატარებული განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. იგი 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შემდეგ დაინიშნა. მასში მონაწილეობა ოცმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღო. მათ შორის მხოლოდ ოთხი იყო ის პარტია, რომელიც 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობდა. ეს არ ნიშნავს, რომ ხუთი თვის განმავლობაში ოთხმოცი პროცენტით შეიცვალა პოლიტიკური სპექტრი: პარტიები ქმნიდნენ კოალიციებს ან იცვლიდნენ პარტნიორებს, პოლიტიკოსები გადადიოდნენ ერთი პარტიიდან მეორეში. მაგრამ პარტიული სისტემა ისევ უკიდურესად არასტაბილური რჩება.

რაც შეეხება ცალკეულ პარტიებს, კვლევაში მონაწილე მხოლოდ სამი პარტიის - ახალი მემარჯვენეები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და საქართველოს ლეიბორისტული პარტია - დასახელება შეიძლება, რომლებიც ბოლო წლების მეტ-ნაკლებად წარმატებულ პარტიებს წარმოადგენენ და 2004 წლამდე საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გამოცდილებაც აქვთ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს კონსერვატიული პარტია, ამჟამად არსებული ფორმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდნენ. წლების განმავლობაში შედარებით მდგრად პოლიტიკურ ორგანიზაციას რესპუბლიკური პარტია წარმოადგენდა, თუმცა სხვადასხვა არჩევნებზე იგი სხვადასხვა ბლოკსა და ალიანსთან ერთად იღებდა მონაწილეობას.

თითქმის არც ერთი პარტია ამომრჩეველთა მდგრადი მხარდაჭერით არ სარგებლობს. პედერსენის ინდექსი, რომელიც ამომრჩეველთა სიმპათიების ცვალებადობას ასახავს, 1992-1995 წლების საპარლამენტო არჩევნებს შორის 75%25-ს აღწევდა, ხოლო 1995-1999 წლებს შორის კი - 46%25-ამდე დაეცა.4 ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან შედარებით საკმაოდ მაღალია და საქართველოში პარტიების ჩამოყალიბება/განვითარების სირთულეებზე მიუთითებს.

საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილება (უფრო დაწვრილებით ამასთან დაკავშირებით იხ. თავი: პარტიები და სახელმწიფო) პარტიული სისტემის არასტაბილურობის შენარჩუნების კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია. ცვლილებები ხშირად უმნიშვნელოა, შესაბამისად, სისტემის არასტაბილურობის ახსნა მხოლოდ ამ მოვლენით საკმარისი არ არის.

პარტიების საზოგადოებრივი მიჯაჭვულობა

პარტიების საზოგადოებაზე მიჯაჭვულობის მაჩვენებელი განსაზღვრავს რამდენად ახლოა ან გაუცხოვებული პოლიტიკური პარტია მოსახლეობისგან და პირიქით; ამასთან, რამდენად წარმატებით ასრულებს პოლიტიკური ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინტერესების წარმოჩენისა და გატარების ფუნქციას. ამ მხრივ, ანალიტიკოსები საკმაოდ სკეპტიკურად აფასებენ ქართული პარტიული სისტემის მდგომარეობას. პარტიული სისტემის არასტაბილურობა გარკვეულწილად ადასტურებს კიდეც ამ სკეპტიციზმს: წარსულში საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციები ან მთლიანად გაქრნენ ასპარეზიდან, ან მოხდა მათი სრული მარგინალიზაცია, რაც ნაკლებად შესაძლებელია მომხდარიყო, ამ ორგანიზაციებს დასაყრდენი და მხარდაჭერა რომ ჰქონოდათ საზოგადოებაში.

დაშორიშორება პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებას შორის

ანალიტიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური პარტიების კავშირები კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან საკმაოდ სუსტია და ისინი, ძირითადად, ვიწრო ჯგუფების კერძო ინტერესების გატარების საშუალებას წარმოადგენენ. ჯონათან ვითლის მიაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები პარლამენტში მოხვედრას მხოლოდ პირადი გამორჩენის, განსაზღვრული ბიზნეს-ინტერესების ლობირებისა და საჭირო საკანონმდებლო მექანიზმების ხელში ჩაგდების მიზნით ლამობენ. „ამ კუთხით, პარტიების მიერ საზოგადოებრივ ინტერესებზე დაყრდნობილი პროგრამის წარმოჩენა მხოლოდ ფარდაა, რომელსაც იმისთვის იყენებენ, რომ საკუთარი მოსახლეობა დაარწმუნონ, პარტია მართლა ზრუნავს მათზე, ხოლო დასავლეთის მთავრობებს აჩვენონ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა.“5

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ასევე მოწმობენ მოქალაქეების პოლიტიკურ პარტიებთან ასოციაციის დაბალ დონეს. 2001 წელს „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოკითხულთა 4.4%25 აცხადებდა, რომ ისინი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან. მათი ნახევარი ირწმუნებოდა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის წევრები არიან, პარტიისა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ, საერთოდ, გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან.6 2004 წლის ივნისში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საქართველოს ამომრჩეველთა განწყობების კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის პოლიტიკურ პარტიისადმი კუთვნილების მაჩვენებელი 2.6%25-მდე დაეცა. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი თავად პარტიის მიკუთვნებულობის, წევრობის განსაზღვრაა, რომელიც მომდევნო თავებშია განხილული.

პოლიტიკური პარტიების კავშირები საზოგადოებასთან საკმაოდ სუსტია

საზოგადოებასთან პოლიტიკური ორგანიზაციების კავშირის სისუსტეს პარტიებიც პრობლემად აღიქვამენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ამას თავად საზოგადოებაში არსებული პრობლემები განაპირობებენ. ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის თქმით, საზოგადოებრივი ინტერეს-ჯგუფები ძალზე სუსტად არიან განვითარებული და საზოგადოებრივი დაკვეთის გამოკვეთა უკიდურესად რთულია. შესაბამისად, კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას პარტიებს პოლიტიკური რისკის გაწევა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება უწევთ.7 პასიური მოქალაქეობის პრობლემა, რომელიც განხილული იყო საზოგადოებისა და მოქალაქეობის თავში, არ არის პარტიებისთვის საკმარისი სტიმულის მიმცემი და მათ დემოკრატიის განვითარებაზე ზრუნვა მხოლოდ საზოგადოების მცირე, აქტიურ ნაწილთან თანამშრომლობით უწევთ. ეფექტური პოლიტიკის განსასაზღვრად და გასატარებლად პარტიები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის შესახებ პრაქტიკული ცოდნის მიღებასაც საჭიროებენ.

საარჩევნო სისტემის და პარტიათა ლეგიტიმაცია

ეს ინდიკატორი მჭიდროდ არის დაკავშირებული ზემოთ განხილულ მაჩვენებელთან. იგი აფასებს, რამდენად ენდობა მოსახლეობა პოლიტიკურ პარტიებს და, მათი თვალთახედვით, რამდენად სამართლიანად ტარდება არჩევნები. პოლიტიკური პარტიების მიმართ არსებული ნდობის მაჩვენებლი საკმაოდ დაბალია, დაბალია მისი მაჩვენებელიც სხვა სამოქალაქო ინსტიტუტებთან მიმართებაში.8

მოსახლეობა, უმეტესწილად, კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურებს უცხადებს ნდობას და არჩევანის გაკეთებისას პიროვნებისადმი საკუთარი დამოკიდებულების მიხედვით ხელმძღვანელობს. 2003-2005 წლებში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ორი მესამედი ხმას აძლევდა პარტიას მისი ლიდერისადმი სიმპათიის გამო. მიუხედავად იმისა, რომ იმავე გამოკვლევების შედეგად პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის მაჩვენებელი 2003 წელს 19%25-იდან 2005 წელს 37%25-ამდე გაიზარდა. ისინი საქართველოში კვლავ იმ ინსტიტუტთა შორის არიან, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად ენდობა საზოგადოება.

საკმაოდ დაბალია მოსახლეობის მხრიდან არჩევნების სამართლიანობისადმი ნდობის მაჩვენებელიც. უკიდურეს ქვედა ზღვარს ამ მაჩვენებელმა 2003 წლის ნოემბერში მიაღწია, თუმცა მოგვიანებით შედარებით გაიზარდა. საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ხშირად აფასებდნენ როგორც არასამართლიანს და ეს შეფასებები 2003 წლის ნოემბრამდე უარესდებოდა. არჩევნებისადმი უნდობლობას ხშირად თავად პოლიტიკური პარტიებიც გამოხატავენ და ხელისუფლებას მრავალრიცხოვან დარღვევებზე მიუთითებენ. მსგავსი უნდობლობა, ძირითადად, წინა რეჟიმისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა ეს განწყობა - მართალია, შედარებით დაბალი დონით - ვარდების რევოლუციის შემდეგაც არის შენარჩუნებული. ხელისუფლების ოპონენტები, ჩვეულებრივ, არჩევნების პირდაპირ გაყალბებაზე არ საუბრობენ, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლასა და სახელმწიფო რესურსების არამიზნობრივ, პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე მიუთითებენ.

2004 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები ეუთო- ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ექსპერტთა მიერ

„საქართველოში 2004 წლის 4 იანვარს გამართული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები აღინიშნა შესამჩნევი პროგრესით წინა არჩევნებთან შედარებით და რამდენიმე ასპექტში მიაახლოვა ქვეყანა ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებისა და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესრულებასთან. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით, რომელიც სისტემური და ფართოდ გავრცელებული გაყალბებით ხასიათდებოდა, ხელისუფლებამ უფრო დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პოლიტიკური ნება გამოამჟღავნა.“

2004 წლის 28 მარტის ნაწილობრივ განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში შესამჩნევი პროგრესით ხასიათდებოდა და დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დემოკრატიულად ჩატარდა. ამ ასპექტში, საარჩევნო პროცესი მიახლოებული იყო ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან და დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა, არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის, შედეგების დათვლასთან დაკავშირებულმა დარღვევებმა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა უაღრესად დიდმა რაოდენობამ, საჩივრების ნაწილისთვის ყურადღების მიუქცევლობამ და არჩევნების შედეგების შერჩევითმა გაბათილებამ, გარკვეულ უბნებზე არჩევნების საბოლოო შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია.“

თავად მოსახლეობის მონაწილეობას ან არმონაწილეობას არჩევნებში, სწორედ, არჩევნების არასამართლიანად ჩატარების შიში განაპირობებს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2003 წელს არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველთა 26%25-მა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს საარჩევნო უბანზე გაყალბების თავიდან აცილების მიზნით დგამს. მეორე მხრივ, არჩევნებში მონაწლეობის სურვილის არმქონე პირთა 32%25 დარწმუნებული იყო, რომ არჩევნები გაყალბდებოდა, შესაბამისად, საკუთარი მონაწილეობის აზრს ვერ ხედავდა. 2003 წელს მოსახლეობის 65%25 დარწმუნებული იყო, რომ 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაყალბდა, ხოლო 50%25-ს მიაჩნდა, რომ მომავალი 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები აუცილებლად გაყალბდებოდა. ამასთან, მოსახლეობა არჩევნების გაყალბებაში, უმეტესწილად, მმართველ პარტიასა და ხელისუფლებას ადანაშაულებდა.9

პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და სტაბილურობას, თავად პარტიების ორგანიზაციების სიძლიერე განაპირობებს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიებს აქვთ მტკიცე ორგანიზაციული სტრუქტურა, ფლობენ საკმარის მატერიალურ, ადამიანურ და პროფესიულ რესურსებს, არ არიან ლიდერზე დამოკიდებული და მოგვარებული აქვთ შიდა მენეჯმენტი, იზრდება მათი სიცოცხლისუნარიანობის, მობილობის და ადაპტირების შესაძლებლობები. საბოლოოდ, ეს ქვეყანაში პარტიული სისტემის სიცოცხლისუნარიანობას და სტაბილურობას განაპირობებს. ეს მაჩვენებელი დეტალურად განხილული იქნება ქვემოთ, შესაბამის თავში.

ფრაგმენტაცია

პარტიებს შორის ურთიერთობების ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პარტიული სისტემის ფრაგმენტაციის დონე. იგი სისტემაში მოქმედი მეტ-ნაკლებად გავლენიანი საპარლამენტო და არსაპარლამენტო პარტიების რიცხოვნობით ფასდება.10 კერძოდ, ფრაგმენტულია პარტიული სისტემა, თუ მასში წარმოდგენილი პარტიების რაოდენობა დიდია. საქართველოში დომინანტური მმართველი პარტიის პარალელურად პოლიტიკური ოპოზიცია რამდენიმე პარტიით არის წარმოდგენილი, რომლებიც მეტ-ნაკლებად თანაბარი გავლენით და საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობენ.11 ზოგადად, პარტიული სისტემა ხმებისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ძალაუფლების მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება, რაც, ჩვეულებრივ, არ მიიღწევა კოალიციებისა შექმნისა და თანამშრომლობის საფუძველზე. მოსახლეობის განწყობების ცვალებადობის მაღალი მაჩვენებლის პირობებში, არჩევნებს შორის პერიოდში საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა აღმოცენდება მმართველ და რომელი ძირითად ოპოზიციურ პარტიად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ პარტიათა რიცხვი საკმაოდ მაღალია (180-ზე მეტი), ამ მაჩვენებლით სისტემის ფრაგმენტაციის შეფასება არასწორი იქნებოდა, რადგან მათი უმეტესობა საერთოდ არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში.

პარტიული სისტემა საქართველოში ხასიათდება, ერთი მხრივ, საარჩევნო ხმების მაღალი კონცენტრაციით, მეორე მხრივ კი - ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებლით

არსებული სიტუაცია პრობლემურად აღიქმება თავად პარტიების მიერ. მათ მიაჩნიათ, რომ მრავალი პატარა პარტიის არსებობის გამო იფანტება იდენტური ინტერესების მქონე სოციალური ჯგუფების ხმები, რაც ასუსტებს თითოეულ პარტიას ცალ-ცალკე და არაპროპორციულად წარმოაჩენს სოციალური ფენების ინტერესებს. დღესდღეობით არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის პოლიტიკური აქტორის არსებობა იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური საქრთველოსთვის. ბევრი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანაში ორპარტიული სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს. ხშირად კი იმაზე მიუთითებენ, რომ ამ საკითხის განხილვა და ხელოვნური ციფრების დაწესება საჭირო არ არის, რადგან საზოგადოებისთვის საჭირო პარტიების რიცხვი „პოლიტიკურმა ბაზარმა“ თავისით უნდა დაარეგულიროს.

ფრაგმენტაციის დონის დარეგულირების ერთ-ერთი მექანიზმი პროპორციულ არჩევნებში საარჩევნო ბარიერის არსებობაა. რამდენადაც ფრაგმენტაციის მაღალი მაჩვენებელი, პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოებაში არასასურველ მოვლენად აღიქმებოდა, საარჩევნო ბარიერი თანმიმდევრულად იზრდებოდა და 1999 წელს მან შვიდ პროცენტს მიაღწია. მოგვიანებით ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბარიერის დაწევის მოთხოვნით გამოვიდნენ. უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა, რომ თითქმის ყველა პარტია თანხმდება, რომ საარჩევნო ბარიერი 4-5%25-ზე დაბალი არ უნდა იყოს: უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი ფრაგმენტაციის დონის გაზრდის ხელშემწყობ ფაქტორად აღიქმება.

პოლარიზაცია

ამ მაჩვენებლით ფასდება პოლიტიკურ აქტორებს შორის არსებული იდეოლოგიური/ღირებულებითი განსხვავებულობის და პრინციპული შეუსაბამობის დონე. თუ პოლიტიკური აქტორების იდეოლოგიური შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაშინ პარტიული სისტემა მაღალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება. მსგავს სისტემებში გართულებულია პარტიათშორისი თანამშრომლობა. შესაბამისად, ასეთი სისტემები არასტაბილურია და „რისკის“ მატარებლებად ითვლება. პოლიტიკური პარტიული სისტემის პოლარიზაცია, მისი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია.12

ქართული პოლიტიკური სისტემა დაბალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება, ყოველ შემთხვევაში, პარტიებს შორის ფორმალური იდეოლოგიური განსხვავებულობის თვალასაზრისით. მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა თავს მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის მატარებლად მიიჩნევს და მხოლოდ საქართველოს ლეიბორისტული პარტია აღიქვამს თავს მემარცხენე პოლიტიკურ ძალად. ამასთან, მემარჯვენე-ცენტრისტთა მოთხოვნები ხშირად არ განსხვავდება მემარცხენე პარტიების მოთხოვნებისგან და მათ შორის თანამშრომლობას იდეოლოგიური განსხვავებულობა არ უშლის ხელს. სინამდვილეში, პარტიების ხედვებსა და სოციალურ იდენტობაში ძალიან ბევრი საერთო ელემენტია. უფრო მეტიც, იდეოლოგიურად განსხვავებულ პარტიებს შორის წარმატებული ტაქტიკური თანამშრომლობის არაერთი პრეცედენტი არსებობს. საინტერესოა, რომ თავად ლიდერებიც კი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ პარტიებს შორის არსებულ იდეოლოგიურ განსხვავებებს.13

იდეოლოგიურად, ქართული პარტიული სისტემა დაბალი პოლარიზაციის დონით ხასიათდება

შესაბამისად, მოსახლეობისთვის რთულია პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური განსხვავებულობის აღქმა. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 2004 წლის ივნისს განახორციელა კვლევა, რომლის ფარგლებში რესპონდენტებს შკალაზე პარტიების მემარჯვენე-მემარცხენედ განლაგებას სთხოვდა. გამოკითხულთა 39%25-ისთვის რთული აღმოჩნდა პასუხის გაცემა და კითხვარში პასუხად „არ ვიცი“-ს უთითებდა. რესპოდენტთა 12%25-მა კი ჩათვალა, რომ ახალი მემარჯვენეები და მრეწველები მემარცხენე პარტიები არიან, მაშინ, როდესაც საქართველოში ისინი ყველაზე მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკურ ძალად ითვლებიან.

სხვადასხვა პარტიის ამომრჩეველთა სოციალური მახასიათებლებიც პარტიული სისტემის პოლარიზაციის დაბალ ხარისხზე მიუთითებენ. ქვემოთ მოცემული ცხრილი 8, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგებს ეყრდნობა, წარმოადგენს ორი ურთიერთსაპირისპირო იდეოლოგიის მქონე პარტიის ამომრჩეველთა სოციო-ეკონომიკურ პორტრეტს.

საქართველოს ლეიბორისტული
პარტია

ახალი მემარჯვენეები

მამაკაცი

49

45

ქალი

51

55

ასაკი 18-29

14

22

ასაკი 30-49

41

42

ასაკი 50+

45

36

საშუალო განათლება

60

42

უმაღლესი განათლება

34

56

დაბალი შემოსავალი

29

18

საშუალო შემოსავალი

44

45

მაღალი შემოსავალი

27

37

თბილისის მაცხოვრებელი

35

43

დიდი ქალაქის მაცხოვრებელი

15

16

პატარა ქალაქის მაცხოვრებელი

8

13

სოფლის მაცხოვრებელი

42

28

ცხრილი 8. ამომრჩეველთა სოციალური პორტრეტი

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პარტიულ სისტემას იდეოლოგიისა და პოლიტიკის საკითხებში პოლარიცაზიის დაბალი დონე ახასიათებს, პოლიტიკური ცხოვრება, კონფრონტაციის თვალსაზრისით, მაღალი პოლარიზაციით გამოირჩევა, რაც ძირითადად, ოპოზიციურ და სახელისუფლებო პარტიებს შორის არსებული მწვავე დაპირისპირებით გამოიხატება. ეს საკითხი დაწვრილებით მომდევნო ქვეთავში არის განხილული.

პარტიათშორისი ურთიერთობების თავისებურებანი საქართველოში

ქართული პარტიული სისტემა თავისებურებებებით ხასიათდება და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათ შორის მნიშვნელოვანია სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ურთიერთობა, პარტიათა შორის ნდობის ნაკლებობა და პიროვნული ურთიერთობების პრიმატი.

დომინანტური პარტია და ოპოზიცია: ქვეყანაში პარტიული სისტემის მთავარი მახასიათებელი პოლიტიკური სპექტრის მმართველ და ოპოზიციურ პარტიებად დაყოფაა. ეს დაყოფა აქტუალური იყო როგორც ვარდების რევოლუციამდე, ისე მის შემდეგ. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მუდმივად წარმოდგენილია ერთი სახელისუფლებო პარტია, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობით სარგებლობს და შეუძლია სხვა პარტიებთან შეუთანხმებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და გამოსცეს კანონები.14 პარლამენტში დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი თავისუფალი მაჟორიტარი დეპუტატები, მაგრამ ისინიც, ძირითადად, სახელისუფლებო უმრავლესობას უჭერენ მხარს. სახელისუფლებო პარტია წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტების მთავარ წყაროსაც. მართალია, ქართული კანონმდებლობა განასხვავებს პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ საჯარო მოხელეთა თანამდებობებს, მაგრამ მისი პრაქტიკაში გათვალისწინება თითქმის არ ხდება. ამას ერთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შეზღუდული უფლებამოსილებები და ეკონომიკური რესურსები, რის გამოც მათი გავლენა პოლიტიკაზე უმნიშვნელოა. არსებული ვითარება ხელს უწყობს ხელისუფლების თავისუფლების მაღალ ხარისხს, რაც შეიძლება ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად იქნეს გამოყენებული.

პარტიების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ერთპარტიული მმართველობისგან მიღებული სიკეთე ვერ აბალანსებს იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც მას თან ახლავს, რადგან პოლიტიკური ძალაუფლების ერთპიროვნული კონტროლი საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

ოპოზიციური პარტიების არასაპარლამენტო საქმიანობა

რამდენადაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ძალაუფლება მთლიანად თავმოყრილია სახელისუფლებო პარტიის ხელში, ოპოზიციის საქმიანობა ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სოციალური ორგანიზაციების საქმიანობას ემსგავსება, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოკვლევას და მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ეს ეხება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას. ამ პარტიების მთავარ ფუნქციას მოსახლეობის პრობლემების შესწავლა და მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაცემა წარმოადგენს. ხშირად მოქალაქეთა სარჩელების მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სასამართლო განხილვებში მესამე პირად ერთვებიან. საპარლამენტო ოპოზიცია ასევე აქტიურად აკრიტიკებს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და ცდილობს სახელისუფლებო ინიციატივების ნეგატიურ შედეგებზე საზოგადოების ინფორმირებას.

სახელისუფლებო პარტია, თავის მხრივ, ოპოზიციას „არაკონსტრუქციულობაში“ დებს ბრალს: ისინი მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკით არიან დაკავებულნი და რეალურ ალტერნატივას არ სთავაზობენ. ოპოზიცია კი მიუთითებს, რომ სახელისუფლებო პარტია 2/3-ით, კონსტიტუციური უმრავლესობით არის წარმოდგენილი, შესაბამისად, აზრი ეკარგება პარლამენტში მათ ოპოზიციურ საქმიანობას.15

ერთი პარტიის დომინირებას სუსტსა და დანაწევრებულ ოპოზიცაზე თან ახლავს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას მთლიანად სახელისუფლებო პარტიას აკისრებენ და ამ პასუხისმგებლობას ისინი არ ინაწილებენ. ამ მოსაზრებას თავად სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელიც იზიარებს: „ეს არის მმართველი პარტია და მას სთხოვენ პასუხს მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯისთვის. ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ, თუ ბიუროკრატია ცუდად მუშაობს, ეს იმ პარტიის ბრალია, რომელსაც ხმა მისცეს და რომლისგანაც რაღაცის შეცვლას ითხოვდნენ.“16

არსებული სიტუაცია გამორიცხავს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობას, რადგანაც პოლტიკური აქტორები ურთიერსაჭიროების მნიშვნელობას ვერ ხედავენ. „პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში 97%25-იანი მხარდაჭერით მოვიდა. მას არ სჭირდება ოპოზიციასთან თანამშრომლობა და არც თანამშრომლობს. „ჩვენ სახელისუფლებო პარტიისთვის გავლენის არმქონე ორგანიზაცია ვართ. ჩვენ შორის თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც გაჩნდება ურთიერთსაჭიროება.“17 მმართველი პარტიის სიძლიერე ხშირ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების მიერ საფრთხედ აღიქმება. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლებას გავლენა აქვს სასამართლოზე, მედიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ოპოზიციური პარტიები ამ საფრთხის შემცირების ძირითად გზას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ქვეყნის დეცენტრალიზაციასა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის მიღწევაში ხედავენ, რაც, მათი აზრით, პოლიტიკურ პარტიებს განვითარებისთვის აუცილებელ თანასწორ პირობებს შეუქმნის.

ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ერთიანი ძალებით და რესურსების გაერთიანებით შეასუსტონ სახელისუფლებო პარტიის პოზიციები. მაგალითად, ხუთ მაჟორიტარულ ოლქში 2005 წელს ჩატარებული შუალედური არჩევნების დროს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო კანდიდატები დაუპირისპირა (თუმცა, უშედეგოდ) სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებს. სანამ ოპოზიციური პარტიები სუსტები არიან, მათ ურთიერთობებში იდეოლოგიურ განსხვავებულობას ნაკლები ყურადღება ექცევა.

დომინანტური პარტიული სისტემა სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობას გამორიცხავს

პარტათაშორის ნდობის ნაკლებობა და პიროვნეული ურთიერთობების პრიმატი. პოლიტიკური სივრცის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება პარტიებს შორის ნდობის ნაკლებობაა. ჩვეულებრივ, პარტიები ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ: „ჩვენ ყველა პარტიასთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. არავისთან არ გვაქვს ანტაგონისტური დამოკიდებულება და ყველასთან დიდი სურვილით ვითანამშრომლებთ.“18 თუმცა, ხშირად საჯარო გამოსვლებში ერთმანეთს ბრალს უპირინციპობაში სდებენ. აშკარაა, რომ ძალიან დაბალია სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ურთიერთნდობა. ამას თან ერთვის თავად ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული ნდობის დაბალი ხარისხი. ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხშირად ეჭვი შეაქვთ მეორე პარტიის იდეოლოგიურ პრინციპულობაში და ერთმანეთს ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში სდებენ ბრალს.19

მეტ-ნაკლებად ძლიერი ქართული პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა „ფრაქციული“ წარმოშობისაა, რაც მათ შორის ურთიერთობის თავისებურებებს განაპირობებს. პარტიები, ჩვეულებრივ, საკანონმდებლო ორგანოში გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების გარშემო იქმნება. ისინი პარლამენტში ძლიერი პოლიტიკური სიის შემადგენლობით ხვდებიან, მოგვიანებით კი ამ პარტიის რიგებს პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმებლობის ან იმედგაცრუების გამო ტოვებენ და ქმნიან ოპოზიციურ ფრაქციას, რაც ხშირ შემთხვევაში პარტიის ჩამოყალიბებით მთავრდება. კვლევაში მონაწილე პარტიებს შორის გამონაკლისს მხოლოდ რესპუბლიკური პარტია და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წარმოადგენენ (თუმცა რესპუბლიკელებმა 2004 წლის მარტში პარლამეტში წარმომადგენლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მიიღეს და ოპოზიციაში იმავე წლის ზაფხულში გადავიდნენ). პარტიული გახლეჩა სხვა მიმართულებითაც ხდება. მაგალითად, 2002 წელს თბილისის საკრებულოში არჩეული ლეიბორისტული პარტიის წევრები ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში გადავიდნენ (რომელიც ამ პერიოდში სახელმწიფო დონეზე ჯერ კიდევ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა). პარტიული კუთვნილების მსგავსი შეცვლა ღალატად აღიქმება, რაც ძაბავს პარტიებს შორის ურთიერთობებს.

პოლიტიკური პარტიების წევრების პარტიული მიკუთვნილობის ხშირი ცვლილება ძაბავს მათ შორის ურთიერთობებს

რამდენადაც პარტიები მთლიანად მათი ლიდერების ან ლიდერთა მცირე ჯგუფის პიროვნულ თვისებებზე არიან დამოკიდებულნი, კოალიციების შექმნას და დაშლას პარტიულ ლიდერთა ვიწრო წრეში არსებული ურთიერთნდობა განაპირობებს. პიროვნული ამბიციების ურთიერთშეჯახება ხშირად ხელს უშლის მსგავსი იდოლოგიის მქონე პარტიების დაახლოებას და კოალიციის შემთხვევაში ისინი შედარებით „ნეიტრალური“ პიროვნების მედიაციას საჭიროებენ. მაგალითად, საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ და რესპუბლიკურმა პარტიამ 2005 წელს შექმნეს ერთიანი ოპოზიციური ფრაქცია (დემოკრატიული ფრონტი) პარლამენტში, რომლის ლიდერი ნეიტრალური პიროვნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი გახდა.

პარტიათშორისი თანამშრომლობა და შერწყმა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. საქართველოს კონსერვატიული პარტია ერთიანი კონსერვატიული პარტიისა და ეროვნულ ძალთა გაერთიანების შერწყმის შედეგია. კვლევაში ჩართული კიდევ ორი პარტია, ახალი მემარჯვენეები და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, 2004 წლის საპარლამენტო არჩვენების წინ ერთიან ბლოკში გაერთიანდა და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ განაგრძობდა თანამშრომლობას. მათი შერწყმა თანამშრომლობის შესაძლო შედეგად განიხილებოდა. თუმცა, 2006 წლის თებერვალში მათ ცალ-ცალკე, ორი დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნეს.

2005 წლის შემოდგომაზე, კვლევაში ჩართულმა ორმა პარტიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ და საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ, რამდენიმე დამოუკიდებელ პარლამენტის წევრთან ერთად შექმენეს ერთიანი ფრაქცია - დემოკრატიული ფრონტი.

პარტიულ ურთიერთობებთან შედარებით პიროვნული დამოკიდებულების პრიმატი მნიშვნელოვანია არა მარტო ლიდერების, არამედ რეგიონების დონეებზეც. პარტიული ტერიტორიული ორგანიზაციის წევრები ხშირად სხვა პარტიებთან ურთიერთობის ფორმებს პიროვნული თვისებების მიხედვით არჩევენ. თუ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში პარტიის ავტორიტეტულ წევრს „ეთაკილება“ სხვა პარტიის წარმომადგენელთან ურთიერთობა, ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს რეგიონში პარტიულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.

პარტიათშორისი თანამშრომლობა და დაპირისპირება

თანამშრომლობის ფორმები. პარტიათშორისი თანამშრომლობის ყველაზე გავრცელებული ფორმა წინასაარჩევნოდ ბლოკების და ალიანსების შექმნაა. ეს ალიანსები ხშირად დროებითი და ტაქტიკურია, თუმცა, პარტიების შერწყმის პრეცედენტებიც არსებობს. ამ ნაბიჯის გადადგმას პარტიებს მაღალი საარჩევნო ბარიერი (7%25) უბიძგებთ. პარტიების მხოლოდ მცირე ნაწილს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ბარიერის დამოუკიდებლად გადალახვას შეძლებს. საარჩევნო ბლოკების შექმნაში ჩართული არიან განსხვავებული პოტენციალის მქონე პარტიები. ხშირად პატარა პოლიტიკური ორგანიზაციები ძლიერი პარტიების ირგვლივ ირაზმებიან და მათ სატელიტებად იქცევიან. მაგალითად, 2003 წლის არჩევნების წინ რამდენიმე პატარა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირთან, იმ პერიოდის მმართველ პარტიასთან, ერთ ბლოკში - ახალი საქართველოსთვის - გაერთიანდა. ძლიერი პარტიებისთვის მსგავსი ალიანსების შექმნა დამატებითი ადამიანური რესურსის ან/და პოპულარული საჯარო პიროვნების მოპოვების შესაძლებლობაა, ხოლო პატარა ორგანიზაციებისთვის - პარლამენტში მოხვედრის ერთადერთი შანსი.

ჩვეულებრივ, საარჩევნო ბლოკის ან ალიანსის შექმნას პარტიების უმრავლსობა დადებითად აფასებს. გამონაკლისს საქართველოს ლეიბორისტული პარტია წარმოადგენს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საარჩევნო ბლოკი „მერკანტილური გარიგებების შედეგია“ და არჩევნების დამთავრებისთანავე (თუნდაც წარმატების შემთხვევაში) დაშლისთვის არის განწირული. „ცივილიზებულ სამყაროში ბლოკი ნორმალური მოვლენაა და საფრთხეს არ შეიცავს, მაგრამ აქ ზნეობრივადაც არ არის მისაღები.“20 შესაბამისად, ამ პარტიისთვის სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნა მხოლოდ არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების დაკომპლექტებისას არის მისაღები.

პარტიათშორისი თანამშრომლობის კიდევ ერთი ფორმა წარმომადგენლობით ორგანოებში ერთიანი ფრაქციული მუშაობაა. ამისკენ მათ კანონის მოთხოვნა უბიძგებს, რომელიც პარლამენტში ფრაქციის შექმნის, შესაბამისად, ამ სტატუსთან დაკავშირებული რესურსებისა და პრივილეგიების მოპოვების უფლებას, არანაკლებ, პარლამენტის ათ წევრს აძლევს.

პარტიები ალიანსებს ტაქტიკური მოსაზრებებით ქმნიან და კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად საკუთარ ძალებს აერთიანებენ. მსგავსი ალიანსების ჩამოყალიბება, ძირითადად, ოპოზიციურ პარტიებს შორის ხდება. მაგალითად, 2005 წლის ბოლოს თბილისის მერის პირდაპირი არჩევნების მოთხოვნით ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია გამოვიდა (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით პარლამენტმა დაამტკიცა, თბილისის მერს ქალაქის საკრებულო ირჩევს). ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების და გადადგმული ნაბიჯების კრიტიკის მიზნით ოპოზიციური პარტიები ხშირად საპროტესტო აქციებსაც აწყობენ.

2005 წელს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ (საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეებისა და მრეწველების ერთიანი ბლოკი და თავისუფლების პარტია) პარტიათშორისი თანამშრომლობის ახალი ფორმის - წინასწარი არჩევნების - პრაიმერის ჩატარება სცადა. პრაიმერი 2005 წლის ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე ხუთ მაჟორიტარულ ოლქში ორი კვირით ადრე ჩატარდა. ყველა პარტიას შეეძლო საკუთარი კანდიდატის დასახელება, მათ შორის გამარჯვებული კი არჩევნებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს უნდა დაპირისპირებოდა.21 საარჩევნო თვალსაზრისით, ექსპერიმენტი წარუმატებელი აღმოჩნდა: ხუთივე ოლქში გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატები დამარცხდნენ. უფრო მეტიც, ისნის რაიონის გამოკლებით, პრაიმერთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, წინასწარ არჩევნებში დამარცხებულმა პარტიებმა ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მხარდასაჭერად საკმარისი ძალისხმევა არ გაწიეს. მიუხედავად წარუმატებლობისა, ეს მექანიზმი მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციური პარტიების კანდიდატთა გამარჯვების შესაძლებლობას ზრდის. ოღონდ, საკითხავია, გამოიყენებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობის ამ ფორმას მომავალშიც.

კონსენსუსის ძიება

2005 წლის ბოლოს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წამოაყენა ინიციატივა, პოლიტიკურ აქტორებს შეემუშავებინათ ერთიანი დოკუმენტი, რომელშიც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებსა და ინტერესებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული იქნებოდა სახელისუფლებო და ოპოზიციური ქართული პოლიტიკური პარტიების საერთო ხედვა. ოპოზიციურმა პარტიებმა ამ ინიციატივაში ჩართვაზე უარი თქვეს და სახელისუფლებო პარტიის ეს ქმედება საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობის მცდელობად შეაფასეს.

სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევა პარლამენტის წევრთა ქცევის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით მოხდა, რომელსაც ხელი 2004 წლის ოქტომბერში მოეწერა. თუმცა, ამ შემთხვევაში ხელმომწერები ინდივიდუალური პარლამენტის წევრები იყვნენ და არა პარტიები.

წარსულში პარტიების მიერ დეკლარილებული იდეოლოგიური პრინციპები მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენდა მათ მიერ პოლიტიკური პარტნიორების შერჩევის პროცესში. უკანასკნელ პერიოდში პოლიტიკური ალიანსების შექმნაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიის დამოკიდებულება ვარდების რევოლუციის მიმართ. კვლევაში ჩართული ოპოზიციური პარტიებიდან რესპუბლიკური პარტია და საქართველოს კონსერვატიული პარტია აქტიურად იყვნენ ჩართულნი რევოლუციაში; დანარჩენებმა რევოლუციაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს. იმ პერიოდში ჩამოყალიბებული გამყოფი ხაზი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. საქართველოს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ „მსგავსი იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მქონე პარტიათა ინტეგრაციას ხელს უშლის განსხვავებული ორგანიზაციული სტრუქტურა და ვარდების რევოლუციასთან დამოკიდებულება“22. ამ უკანასკნელს სერიოზულ პრობლემად აღიქვამენ ახალი მემარჯვენეებიც: „ჩვენსა და სხვა მემარჯვენეებს შორის შეიძლება ბევრი საერთოა, მაგრამ ჩვენ და ისინი ვიდექით სხვადასხვა ფლანგზე, როცა იყო რევოლუცია. ეს ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია და დიდი მნიშვნელობა აქვს.“23

კიდევ ერთი წინაღობა, რაც შედარებით მსგავსი პოლიტიკური მრწამსის მქონე პარტიების ინტეგრაციას ხვდება, მათი სტრატეგიული პრიორიტეტებია. ერთ-ერთი მათგანის თქმით: „ჩვენ ხშირად გვაქვს სხვა პარტიებთან თანხვედრა „რა“-ში. ანუ რა არის გასაკეთებლი, თუმცა დიდი განსხვავებებია „როგორ“-ში.“24

შეჯიბრი და დაპირისპირება. პოლიტიკური შეჯიბრი პარტიული პოლიტიკის მთავარი ნაწილია. ის დაძაბულობის პიკს წინასაარჩევნოდ აღწევს, როდესაც პარტიები ერთმანეთს ამომრჩეველთა ხმებში ეცილებიან. თუმცა, კონკურენცია საკმაოდ დაძაბულია არჩევნებს შორის პერიოდშიც, როდესაც პოლიტიკური დებატები არჩევით ორგანოში ან მედიაში ეწყობა.

ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემის ერთ-ერთი ზოგადი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ შეჯიბრი, მეტწილად, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარებს. თავად ოპოზიციური პარტიები საჯარო გამოსვლებში ნაკლებად საუბრობენ მათ შორის არსებულ განსხვავებებზე, თუმცა, ბუნებრივია, რომ ერთმანეთს საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ეჯიბრებიან. კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ხელისუფლების კრიტიკაა; პარტიებს მიაჩნიათ, რომ, თუ კარგად გააკრიტიკებენ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მეტი ამომრჩევლის კეთილგანწყობას მოიპოვებენ. წარსულის გამოცდილება მოწმობს, რომ ხელისუფლების შეუპოვარ ოპონენტად წარმოჩენა ოპოზიციური პარტიების პოპულარობაზე დადებითად აისახება.

ემოციური პოლიტიკა

შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში პარტიული სისტემის ჩვეულებრივ მახასიათებლად იქცა პოლიტიკურ პარტიებს შორის ხშირი ფიზიკური ძალადობის ფაქტები. ეს ტენდენცია დროებით შეწყდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ 2005 წლის მეორე ნახევარში ქართული საზოგადოება სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების ახალი ესკალაციის მომსწრე გახდა. პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში რამდენჯერმე იჩხუბეს. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით დაძაბული დაპირისპირება და ჩხუბი იმ პირებს შორის ხდებოდა, რომლებიც წარსულში პოლიტიკურ პარტნიორებად და მეგობრებად ითვლებოდნენ და მსგავს პოლიტიკურ პრინციპებს იზიარებდნენ.

ყველა პარტია აღიარებს, რომ ასეთი ქმედება მიუღებელი და დასაგმობია. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურა და პოლიტიკური კონკურენციის გამოცდილება. ბევრი ამ ფაქტს ქართველთა ხასიათის განსაკუთრებული ფეთქებადი ტემპერამენტით ხსნის. საზოგადოება ქართული პოლიტიკის ყველაზე საძულველ თვისებად პოლიტიკოსებს შორის მტრულ დამოკიდებულებას და ხშირ ფიზიკურ ძალადობას მიიჩნევს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2003 წლის კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 27%25 პარლამენტში ჩხუბს ასახელებდა როგორც ყველაზე არასასიამოვნო ფაქტს პოლიტიკოსებთან და პარტიებთან მიმართებაში, და ის არასასურველ თვისებათა ჩამონათვალში პირველ ადგილზე იყო. 2004 წლის გამოკითხვით, ეს თვისება ცრუ დაპირებების შემდეგ მეორე ადგილზე მოხვდა. 2005 წელს, განსაკუთრებით, ზაფხულში, პარტიებს შორის ჩხუბის ახალი ესკალაციის შედეგად ფიზიკურმა ძალადობამ კვლავ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ ყველაზე არასასურველ თვისებათა სტატუსი მოიპოვა.

დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული პოლიტიკური სივრცე პოლიტიკურ პარტიათა შორის არსებული სერიოზული დაპირისპირებით ხასიათდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ხშირი ფიზიკური ძალადობის მიზეზი არა პოლიტიკური საკითხები, არამედ პიროვნული უთანხმოებები იყო. პოლიტიკური დებატების მონაწილეები როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე სატელევიზიო გადაცემებში ერთმანეთს არაკეთილსინდისიერებაში, გაუნათლებლობაში, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებაში, კრიმინალური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირად ფიზიკურ ძალადობაშიც გადაზრდილა. მსგავსი დებატები, მეტწილად, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმართება, თუმცა ადგილი აქვს ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებასაც.

რამდენადაც ფიზიკური ანგარიშსწორება პარტიული დაპირისპირებების დამახასითებელ თავისებურებად მიიჩნევა, პარტიების ნაწილს ჰყავს კარგ ფიზიკურ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფები, რომლებიც მზად არიან მსგავს დაპირსპირებაში მონაწილეობის მისაღებად. მათი მთავარი ფუნქცია ოპონენტთა პროვოცირება და პრობლემის ფიზიკური ძალადობით დარეგულირებაა. ბევრ მათგანს კრიმინალური წარსული აქვს. ეს ჯგუფები ვარდების რევოლუციამდე ჩამოყალიბდნენ, მაგრამ დღემდე განაგრძობენ ფუნქციობას. შიდაპარტიულ ჟარგონზე მათ „ზონდერ ჯგუფებად“ მოიხსენიებენ. პარტიები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკურ ძალთა უმრავლესობას ჰყავს ასეთი დაჯგუფებები. მათი აზრით, ამ ჯგუფების ყოლა გარდაუვალი აუცილებლობაა, რადგან მათ გარეშე პარტია დაუცველი დარჩებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი როლი საარჩევნო პერიოდში, რადგან ახალგაზრდა მამაკაცთა ასეთი ჯგუფები არჩევნების გაყალბებისგან დაცვის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

საინტერესოა, რომ სერიოზული პიროვნული დაპირისპირება უფრო მეტად პარტიების ლიდერთა ურთიერთობას ახასიათებს. მიუხედავად ამ საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებისა, პარტიის ქვედა დონის და საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენელთა ურთიერთდამოკიდებულება ცივილური და ზოგ შემთხვევაში მეგობრულია.

ძირითადი დასკვნები

საქართველოში 180-ზე მეტი პოლიტიკური ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მაგრამ მათი მხოლოდ მცირე ნაწილია პოლიტიკურად აქტიური. პარტიული სისტემა ვერ ჩაითვლება კლასიკურ ერთ-, ორ- ან მრავალპარტიულ სისტემად: ის დამარცხებული მრავალპარტიული სისტემაა, რომელშიც ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალა ფუნქციობს. პოლიტიკური კონკურენცია, არსებითად, დაქსაქსულ ოპოზიციურ პარტიებსა და სახელისუფლებო პარტიას შორის მიმდინარეობს. პოლიტიკური ლიდერების ცვლილების მიუხედავად, 1990 წლიდან ქართული პოლიტიკური სივრცე მსგავსი პარტიული სისტემით ხასიათდება.

პოლიტიკური სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული. არჩევნებს შორის პერიოდში ძირითადი პოლიტიკური პარტიების რუკა რადიკალურ ცვლილებას განიცდის. პარტიების კავშირები სოციალურ ჯგუფებთან საკმაოდ სუსტია და პარტიული სისტემის ლეგიტიმაციის დონე დაბალია. საქართველში სამოქალაქო ინსტიტუტებს შორის პოლიტიკური პარტიები ყველაზე ნაკლები ნდობით სარგებლობენ. პარტიის მიმართ საზოგადოებრივ მხარდაჭერას მისი ლიდერის მიმართ არსებული ნდობა განაპირობებს; პარტიისადმი ამომრჩევლის სიმპათიები არამდგრადია.

მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია ერთი სახელისუფლებო პარტიის ხელში, ოპოზიციურ პარტიებს შორის ფრაგმენტაციის დონე საკმაოდ მაღალია. სამაგიეროდ, დაბალია იდეოლოგიური პოლარიზაციის დონე.

პარტიათ შორისი თანამშრომლობა საარჩევნო ბლოკების, საპარლამენტო ფრაქციების და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ტაქტიკური ალიანსების შექმნაში გამოიხატება. ეს უკანასკნელი, ძირითადად, ოპოზიციურ პარტიებს შორის ხდება; ნაკლებად გვხვდება სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა. წინასწარი არჩევნების პრაიმერის ორგანიზება პარტიათა შორის ურთიერთობის ახალი ფორმაა, რომელიც პირველად 2005 წლის პარლამენტის შუალედური არჩევნების წინ იქნა გამოყენებული.

პარტიათა შორის კონფრონტაცია (უმეტესწილად, სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს შორის) ხშირად მწვავე პიროვნული დაპირისპირებების სახეს იღებს, რაც ზოგ შემთხვევაში ფიზიკურ ძალადობაშიც გადადის. ნაკლებად განვითარებულია ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე დებატები. პარტიათშორის ურთიერთობებს უფრო მეტად მათ ლიდერებს შორის არსებული ურთიერთობები განაპირობებს, ვიდრე პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.

___________________

1 Robert Jackson and Doreen Jackson, A Comparative Introduction to Political Science, Prentice Hall, Upper Saddle River, New Jersey, 1996. გვ.323

2 იქვე, გვ. 323.

3 პოლიტიკური ძალაუფლების ცვლილების სტაბილურობაზე საპრეზიდენტო სისტემის გავლენასთან დაკავშირებით იხ: Juan Linz, “The Perils of Presidentialism”, Journal of Democracy, ½1, 1990; გვ. 51-59.

4 Jonathan Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution: Delayed Transition in the Former Soviet Union, Ashgate Publishing Company, Burlington, 2005 გვ. 158. მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ამომრჩეველთა სიმპათიების მნიშვნელოვანი ცვალებადობის მაჩვენებელია.

5 Jonathan Wheatley, Georgia from National Awakening to Rose Revolution: Delayed Transition in the Former Soviet Union, Ashgate Publishing Company, Burlington. 2005, გვ. 158.

6 გია ნოდია, პოლიტიკური პარტიები, დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში, გვ. 47.

7 რესპუბლიკური პარტიის წევრი.

8 2004 წელს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხულთა 41.4%25 უნდობლობას უცხადებს პოლიტიკურ პარტიებს, მხოლოდ 27%25 ენდობა მათ. 2005 წელს ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 38.1%25 და 18%25 გახდა (გაიზარდა ნეიტრალური დამოკიდებულების მქონეთა რიცხვი). ეს სხვა სამოქალაქო (პოლიტიკურ და სოციალურ) ინსტიტუტებთან - მათ შორის, პარლამენტთან, პოლიციასა და სასამართლო ხელისუფლებასთან - შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 2003, 2004 და 2005 წლებში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი განწყობების კვლევისას შეისწავლა მოსახლეობის მიერ პოლიტიკოსების და პარტიებისთვის დამახასიათებელი ყველაზე მიუღებელი თვისებები. რესპოდენტთათვის ყველაზე საძულველ თვისებათა შორის აღმოჩნდა ცრუ დაპირებების გაცემა და ტყუილი.

9 რამდენადაც საზოგადოების განწყობების მსგავსი კვლევა არ განხორციელებულა 2004 და 2005 წლებში, რთულია იმის განსაზღვრა, შეიცვალა თუ არა უკანასკნელ პერიოდში მოსახლეობის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ, მაგრამ რამდენადაც ნდობა სახელისუფლებო სტრუქტურების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათი მოლოდინი სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიმართ დადებითისკენ შეიცვალა. ასევე საინტერესოა, რომ 2003 წლის ნოემბრის შემდეგ ჩატარებული ყველა არჩევნები - 2004 წლის იანვარის საპრეზიდენტო არჩევნები, 2004 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნები, 2004 წლის ივნისის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები - პოსტრევოლუციური ეიფორიის პირობებში ჩატარდა და არ ხასიათდებოდა რეალური შეჯიბრებითობით. საინტერესოა, რამდენად სამართლიანად ჩატარდება არჩევნები, თუ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მასში დამარცხების რეალური საფრთხე დაინახა.

10 იხ. Rae'S Index of fragmentation and IMDA Framework for Democratic Party-Building, გვ. 14-15.

11 ORB-ის მიერ 2005 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს კონსერვატიული პარტია ყველაზე პოპულარული იყო ოპოზიციურ პარტიებს შორის, მოსახლეობის 6%25-იანი მხარდაჭერით. საქართველოს ლეიბორისტული პარტია მესამე ადგილზე მოხვდა 5%25-ით. მას მოჰყვებოდა რესპუბლიკური პარტია 4%25-ით და ახალი მემარჯვენეები და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 3%25-იანი მხარდაჭერით.

12. Giovani Sartori, Parties and Party Systems, 1976, New York: Harper and Row

13 საქართველოში ყველაზე წარმატებული მემარცხენე პარტიის წარმომადგენლის თქმით: „კოსმოსის საუკუნეში ძნელია ილაპარაკო პარტიებს შორის მკვეთრ განსხვავებაზე. გლობალიზაციის პროცესში არა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის ხდება დაახლოება, არამედ პარტიების იდეოლოგიებს შორისაც ქვეყნის შიგნით. დღეს, ფაქტიურად, მემარჯვენე მოძრაობებიც და მემარცხენე მოძრაობებიც წავიდნენ ცენტრისკენ და ისინი ცენტრთან ხვდებიან ერთმანეთს.“

14 გამონაკლისს წარმოადგენდა 1992-1995 წლების პარლამენტი: არ არსებობდა კარგად ჩამოყალიბებული სახელისუფლებო უმრავლესობა, თუმცა არსებობდა უმრავლესობაში მყოფი ხელისუფლების მომხრე კოალიცია.

15 პარლამენტის წევრი, საქართველოს კონსერვატიული პარტია.

16 პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.

17 პარლამენტის წევრი, ახალი მემარჯვენეები.

18 პარლამნეტის წევრი, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

19 ჯონათან ვითლის მიაჩნია, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მისი აზრით, საქართველოში პოლიტიკური კონკურენცია ნულოვანი მოგების თამაშის (zero-sum game) წესებით იმართება: ერთი ჯგუფის მიერ არჩევნების ან სხვა გზით ძალაუფლების მოპოვება დანარჩენების მიერ დიდ საფრთხედ აღიქმება, რომელიც ექმნება როგორც პარტიის არსებობას, ისე მისი წევრების პირად თავისუფლებასა და კერძო საკუთრებას.

20 საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

21 პარტიათშორისი პრაიმერის ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ლეიბორისტული პარტიამაც. მას საკუთარი კანდიდატი არ დაუსახელებია, თუმცა პრაიმერში გამარჯვებულს არჩევნებზე საკუთარი მხარდაჭერა აღუთქვა.

22 პარლამენტის წევრი, საქართველოს კონსერვატიული პარტია.

23 პარლამენტის წევრი, ახალი მემარჯვენეები.

24 პარლამენტის წევრი, ახალი მემარჯვენეები.

4.2 2.2 პარტიების იდენტობა და პოლიტიკის განსაზღვრა

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

უნდა გამოიკვეთოს პარტიების იდეოლოგიური სახე, დაძლეულ იქნეს ლიდერების პიროვნულობაზე გადამეტებული დამოკიდებულება.

წარიმართოს პარტიის პოლიტიკის შესახებ ფართო სტრატეგიული დიალოგი, რომელშიც მონაწილეობას პარტიის ბევრი აქტივისტი მიიღებს; ჩატარდეს კონსულტაციები საერთაშორისო და ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, ასევე უცხოურ მონათესავე პარტიებთან.

მომზადდნენ პარტიული აქტივისტები, განსაკუთრებით, ადგილობრივ ორგანიზაციებში, პოლიტიკის შემუშავების საჭირო უნარ-ჩვევათა ასამაღლებლად.

ოპოზიციურმა პარტიებმა უპირატესობა მიანიჭონ ალტერნატიული საჯარო პოლიტიკის განვითარებას და მის წინ წამოწევას.

ჩატარდეს კვლევა სხვადასხვა პარტიის პოლიტიკური ქცევის შესახებ, რაც დაეხმარება პარტიებს საკუთარი იდენტობის გააზრებაში. შემუშავდეს ნათელი და თანმიმდევრული პოლიტიკა და სტრატეგია.

პარტიების დამოკიდებულება იდეოლოგიის საკითხის მიმართ

მრავალპარტიულ სისტემაში თითოეული პარტია საჭიროებს იმის განსაზღვრას, თუ რით განსხავადება ის სხვა პარტიებისგან. პარტიის იდენტობის განსაზღვრა ყველაზე ხშირად იმ პრინციპების, ღირებულებებისა და პოლიტიკის მიმართულებების მეშვეობით ხდება, რომელთაც ეს პარტია მხარს უჭერს და ახორციელებს თავის საქმიანობაში. ყოველივე ამას სხვანაირად იდეოლოგია შეიძლება ეწოდოს, თუმცა ბევრ ადამიანს ეს სიტყვა არ მოსწონს და ცდილობს, მის გამოყენებას თავი აარიდოს. იდეოლოგიები თავისთავად არ გამქრალა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადეს მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში. იდეოლოგია შეიძლება განისაზღვროს შეფარდებითი ტერმინებით (მემარცხენე, მემარჯვენე, ცენტრი) ან არსობრივი ტერმინებით (მაგ. კონსერვატიული, ლიბერალური, სოციალისტური). პარტიებისთვის იდეოლოგიური ტენდენციების ან იდენტობების გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პარტიების ერთმანეთისგან განსხვავების საშუალებას იძლევიან. ვინაიდან იდეოლოგიები გარკვეული სოციალური ჯგუფების ან კლასების ინტერესებს უკავშირდება, სოციალური ჯგუფის მოხსენიება პარტიის იდეოლოგიის განსაზღვრის ტოლფასად შეიძლება ჩაითვალოს (მაგ. ლეიბორისტული ან მშრომელთა პარტია, გლეხთა პარტია და სხვა).

ქართული პოლიტიკური პარტიებიც ცნობენ პოლიტიკური იდეოლოგიების მნიშვნელობას საკუთარი იდენტობის განსასაზღვრავად. კვლევაში მონაწილე ექვსი პოლიტიკური პარტიიდან ოთხი - საქართველოს კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები, საქართველოს ლეიბორისტული პარტია - პარტიის იდეოლოგიის მანიშნებელ ტერმინს შეიცავს, ხოლო პარტიის სახელი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს მიუთითებს იმ სოციალურ ჯგუფზე, რომელსაც პარტია წარმოადგენს (მათ ხშირად, უბრალოდ, „მრეწველებსაც“ უწოდებენ).

ამავე დროს, გარკვეული ბუნდოვანება და არათანმიმდევრულობა შეინიშნება საქართველოს პოლიტიკური პარტიების იდეოლოგიურ პოზიციებში. ეს სხვადასხვაგვარად გამოიხატება. ლამის უდავოდ აღიარებულია აზრი, რომ პარტიების იდენტობა მათი ლიდერების მიერ არის განსაზღვრული (იქნება ეს ცალკეული ქარიზმატული ლიდერი თუ ლიდერთა მცირე ჯგუფი). ადამიანები, როგორც წესი, უერთდებიან ან ხმას აძლევენ ამა თუ იმ პარტიას არა იმიტომ, რომ ის გარკვეულ პოლიტიკურ პრინციპს ან იმ სოციალური ჯგუფის ინტერესებს გამოხატავს, რომელთანაც თავს აიგივებს, არამედ იმიტომ, რომ პარტიის ლიდერს ენდობა. ამავე დროს, აუცილებელი არაა, პარტიების მიერ შექმნილი ალიანსები და ბლოკები მათი პოლიტიკური პრინციპების ლოგიკას მიჰყვებოდეს.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არათანმიმდევრული და ბუნდოვანი იდეოლოგიური პოზიციების გამო აკრიტიკებენ

ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე პარტია ერთმანეთისგან თითქმის არ განირჩევა იდეოლოგიური პრინციპების მიხედვით, რომელთა დეკლარირებასაც ახდენენ, თუმცა ისინი არათუ გაერთიანებას, არამედ ხშირად თანამშრომლობასაც ვერ ახერხებენ. პარტიის მიერ ფორმალურად აღიარებულ პრინციპებსა და ამა თუ იმ საკითხის ირგვლივ დაკავებულ პოზიციას შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, ხშირად ხდება, რომ მემარჯვენე ცენტრისტული პარტია მემარცხენე პარტიებისთვის დამახასიათებელ პრინციპებს იცავს. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში ხშირია ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ოპორტუნიზმში. როცა პარტიების წარმომამდგენლებს ეკითხებიან, რითი განსხვავდებიან ისინი მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიებისგან ან/და რატომ არ თანამშრომლობენ ამ პარტიებთან, პასუხად, ჩვეულებრივ, ამბობენ, რომ თავად უფრო თანმიმდევრულები არიან საკუთარი იდეოლოგიური პრინციპების დაცვაში. მომხდარა ისეც, რომ ერთ ბლოკში გაერთიანებულა მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები, ყოველ შემთხვევაში, თავი რომ მიაჩნიათ ასეთებად.1 მეტიც, მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განსხვავებები ერთი და იმავე პარტიის ლიდერებსა და წევრებს შორისაც შეინიშნება.

ამ პრობლემის არსებობას ხშირად პარტიების წარმომადგენლებიც აღიარებენ. ზოგი მათგანი ამ პრობლემის გადასაწყვეტად პარტიების საერთაშორისო კონტაქტების გამოყენებასაც ფიქრობს. ზოგჯერ ამა თუ იმ პარტიის იდეოლოგიური სახის დასადგენად უადვილესი გზაა ჰკითხო, რომელ დასავლურ პარტიასთან გრძნობენ სიახლოვეს ან რომელთან სურთ თანამშრომლობა. „ერთი თხოვნა, რაც ჩვენ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან გვაქვს, არის ის, რომ დაგვეხმარონ იდეოლოგიურ თვითგამორკვევაში, იმიტომ, რომ საქართველოში იმდენი საწყისი ფუნდამენტალური საკითხებია მოუგვარებელი, რომ ხშირად არასწორი წარმოდგენები იქმნება ხოლმე“, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართული პოლიტიკური ელიტის შიგნით განსხვავებული შეხედულებები არსებობს იმის შესახებ, თუ რამდენად სჭირდება პარტიას გამოკვეთილი იდეოლოგიის ქონა. ზოგიერთი პარტია განსაკუთრებით უსვამს ხაზს მის მიერ მკვეთრი იდეოლოგიური პოზიციის ქონას. ასეთები არიან, მაგალითად, ახალი მემარჯვენეები, რომლებიც სიამაყით აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად ქვეყანაში მემარცხენე ლოზუნგების პოპულარობისა, ისინი არაერთხელ წასულან საზოგადოებაში გაბატონებული განწყობების წინააღმდეგ და დაბეჯითებით დაუცავთ მემარჯვენე-ცენტრისტული პოზიციები.

ქართული პარტიები და ვარდების რევოლუცია

ვარდების რევოლუციის ორი წლის შემდგომ დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ ჯერ კიდევ მნიშვნელოვან წყალგამყოფს წარმოადგენს სხვადასხვა პარტიას შორის საქართველოში. მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დღეს მყოფი პარტიებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მონაწილეობას ღებულობდა და ხელმძღვანელობდა კიდეც 2003 წლის ნოემბრის რევოლუციურ მოვლენებს, მეორე ნაწილი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების რევოლუციურ ცვლას. ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის შედარებით მაღალი დონის მიუხედავად, ამ გაყოფამ გამოხატულება პოვა ოპოზიციური პარტიების დაჯგუფებაში პარლამენტის შიგნით. რევოლუციაში მონაწილე პარტიები და პიროვნებები საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიულ ფრონტში არიან გაერთიანებულნი, ხოლო მისმა მოწინააღმდეგეებმა, ახალმა მემარჯვენეებმა და მრეწველებმა მემარჯვენე ოპოზიციის ბლოკი შექმნეს. 2006 წლის თებერვალში ამ ორმა პარტიამ ცალ-ცალკე ფრაქციები ჩამოაყალიბეს.

ზოგჯერ პარტიები საარჩევნო წარმატების მისაღწევად შეგნებულად ინარჩუნებენ ბუნდოვან იდეოლოგიურ პოზიციებს.2 ეს მეტ-ნაკლებად ყველა იმ პოლიტიკურ ძალას ეხება, რომელიც ამა თუ იმ პერიოდში ქართულ პოლიტიკაში დომინანტ როლს თამაშობდა. მათი დასახელებებიც მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოწმობს იდეოლოგიური განსაზღვრებისგან შეგნებულ ან შეუგნებელ თავის არიდებას (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უარყოფს, რომ სიტყვა ,,ნაციონალური“ მის სახელწოდებაში ნაციონალიზმის იდეოლოგიასთან რაიმე კავშირზე მიუთითებს. მისი წარმომადგენლის განმარტებით, „ნაციონალური“ ნიშნავს იმას, რომ პარტია მთლიანად ერის ინტერესებიდან ამოდის). ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით: „სიტყვა „იდეოლოგია“ არ მიყვარს იმიტომ, რომ ეს არის ცრუ მსოფლმხედველობა.“3

გარდა იდეოლოგიური პრინციპებისა, ზოგიერთი პოლიტიკური მოვლენების მიმართ დამოკიდებულება, ვთქვათ, ვარდების რევოლუციისადმი, მნიშვნელოვანია პარტიების იდენტობის დასადგენად. კვლევაში მონაწილე ექვსი პარტიიდან სამი აქტიურად მონაწილეობდა ვარდების რევოლუციაში (რესპუბლიკური პარტია, ერთიანი ნაციოანლური მოძრაობა, საქართველოს კონსერვატიული პარტია), სამი დანარჩენი ეწინააღმდეგებოდა მას (ახალი მემარჯვენეები, მრეწველები, საქართველოს ლეიბორისტული პარტია). არც ამ და არც სხვა პარტიების მიხედვით არ შეინიშნება რამე კორელაცია, ერთი მხრივ, მემარჯვენე და მემარცხენე პოზიციებს და მეორე მხრივ - რევოლუციაში მონაწილეობასა და არმონაწილეობას შორის.

არაპოპულარული შეხედულებები ქართულ პოლიტიკაში

საქართველოში მოქმედი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პარტიების უმრავლესობა, რომლებიც საკუთარ იდეოლოგიურ იდენტობას მნიშვნელობას ანიჭებენ, თავს მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებად მიიჩნევენ. ასეთი ვითარება იყო საქართველოს მთელი უახლოესი ისტორიის მანძილზე და, როგორც ჩანს, ასეთივედ რჩება. ამის ნათელი ახნა ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიათა სისტემა საქართველოში კომუნისტური მმართველობისადმი შეწინააღმდეგებაში წარმოიქმნა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კომუნისტური იდეოლოგიის დომინირებამ დისკრედიტირება მოახდინა არა მარტო რადიკალური კომუნისტური იდეოლოგიისა, არამედ სოციალ-დემოკრატიული პრინციპებისაც. ის, რომ 1918-1921 წლების საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება ვერ შეძლო, ხშირად სოციალ-დემოკრატების ეროვნული დამოუკიდებლობისადმი არასაკმარის ერთგულებას ბრალდება. ეს მემარცხენე იდეების მიმართ სკეპტიციზმს კიდევ უფრო აძლიერებს.

„საქართველოში მემარჯვენეობა, როგორც სახელი, პოზიტიური იყო“, აღნიშნა ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთმა ლიდერმა.4 მემარჯვენეობა, შესაბამისად, ასოცირებული იყო დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, საბაზრო ეკონომიკასა და ადამიანის უფლებების დაცვასთან. როგორც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, საბჭოთა პერიოდში იატაკქვეშეთში ყოფნისას პარტიის პოზიციები უფრო ზომიერ სოციალ-დემოკრატიულად შეიძლება მიჩნეულიყო; მხოლოდ საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ღია ბრძოლის პერიოდში მოხდა მისი უფრო მემარჯვენე პოზიციებზე გადასვლა. ამასთან, მემარცხენეობა კომუნისტური წარსულის მიმართ ნოსტალგიის გრძნობასთან ასოცირდებოდა (მიუხედავდ იმისა, მართლა ცდილობდა თუ არა ესა თუ ის პარტია, თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული ნოსტალგიური განწყობები).

დროთა განმავლობაში კომუნიზმთან დაპირისპირების თემამ თავისი აქტუალობა დაკარგა, მაგრამ თავის წარმოჩენა მემარჯვენე-ცენტრისტული პოზიციების მატარებლად ჯერ კიდევ ძლიერია ქართულ პოლიტიკურ ელიტაში. ეს საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განასხვავებს. აქ ძველ კომუნისტურ პარტიას ძლიერი მემკვიდრე არ დარჩენია, არც მისი შერბილებული იდეოლოგიის ვერსია არის წარმოდგენილი. 90-იან წლების დასაწყისში იყო გარკვეული მცდელობა მსგავსი პარტიის შექმნისა, მაგრამ - წარუმატებლად. კომუნისტურ პარტიასა და კომკავშირთან დაკავშირებული პიროვნული ურთიერთობათა ქსელები წინა მთავრობის დროს შენარჩუნებული იყო და საკმაოდ ძლიერიც იყო. ამავე დროს, ამ ქსელებში ჩართული ადამიანები თითქმის არასდროს არ ახდენდენ საბჭოთა რეჟიმთან კავშირის ღია აფიშირებას. როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიდანაც ჩანს, საქართველოში გარკვეული სივრცე არსებობს მემარცხენე-ცენტრისტული პარტიებისთვის, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულ პრინციპებს დაიცავდნენ; რამდენიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ სცადა კიდეც დაეკავებინა ეს ნიშა.5 და მაინც, ქართული პოლიტიკური სპექტრის დომინანტურ ნაწილს მემარჯვენე და მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები შეადგენენ.

მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიათა რიცხვს მიაკუთვნებს თავს

პოლიტიკური კლასის წევრებს შორის მემარჯვენე-ცენტრისტული იდეების გავრცელება პარადოქსულიც შეიძლება ჩანდეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და მათი უმეტესობა სახელმწიფოსგან მოელის ზრუნვას. ამის მიუხედავად, ზოგიერთი პარტია, რომელსაც, ზოგადად, კონსერვატიული შეიძლება ეწოდოს, ხშირად მემარცხენეებისთვის დამახასიათებელ პოზიციებს იცავს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მისაზიდად.

ქართული პარტიების დაჯგუფება

ქართული პარტიები მათ მიერ გაცხადებული იდეოლოგიური პრინციპების მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყვნენ. ექვსი პარტიიდან ოთხი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა,6 კონსერვატიული პარტია, ახალი მემარჯვენეები და მრეწველები - მემარჯვენე-ცენტრისტულ კონსერვატიულ პარტიებად შეიძლება იქნენ მიჩნეულნი. რესპუბლიკური პარტია ლიბერალურ პარტიად შეიძლება ჩაითვალოს ამ სიტყვის ამერიკული მნიშვნელობით და სოციალ-დემოკრატიულად - ევროპული მნიშვნელობით, თუმცა წარსულში ის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიად აღიქმებოდა. შესაბამისად, ის გერმანიაში მიღებულ მემარჯვენე-ცენტრისტულ წარმოდგენებს უფრო შეესაბამება. ამგვარი კლასიფიკაცია შეიძლება გამარტივებული და დამაბნეველი გვეჩვენოს. მოგვიანებით ამ თავში პარტიების იდეოლოგიური პოზიციების ორგანზომილებიან კლასიფიკაციას შემოგთავაზებთ.

მემარცხენე და მემარჯვენე პარტიები

მემარჯვენე-ცენტრისტული კონსერვატიული:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
საქართველოს კონსერვატიული პარტია
ახალი მემარჯვენეები
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალური:
რესპუბლიკური პარტია

მემარცხენე-ცენტრისტული:
საქართველოს ლეიბორისტული პარტია

ბოლო ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში ზოგიერთი პარტია ცდილობდა პოლიტიკური სპექტრის მემარცხენე ფლანგზე ადგილის დამკვიდრებას. ისინი საკუთარ თავს მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიებად მიიჩნევენ და ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიებთან საკუთარი პოზიციების სიახლოვეზე მიუთითებენ. ასეთი იყო შევარდნაძის საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, დღეს კი ასეთია საქართველოს ლეიბორისტული პარტია. უფრო პატარა პარტიები, როგორებიცაა, მაგალითად, სოციალ-დემოკრატიული და სოციალისტური პარტიები, ცდილობენ იგივე პოზიცია დაიკავონ პოლიტიკურ სპექტრში.

ყველა ეს პარტია მსგავსი პრინციპების მქონე პარტიების საერთაშორისო გაერთიანებებში მონაწილეობით თავისი იდეოლოგიური იდენტობის ხაზგასმას ცდილობს. მემარჯვენე პარტიები ცდილობენ ითანამშრომლონ საერთაშორისო დემოკრატიულ კავშირთან და ევროპის სახალხო პარტიასთან. რესპუბლიკელებმა ლიბერალიზმისადმი ერთგულება იმითაც გამოხატეს, რომ საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (გერმანული ლიბერალური პარტიის ფონდი) ძირითადი პარტნიორები გახდნენ; მიუხედავად მათი პარტიის სახელისა, მათი პოზიციები უფრო ახლოსაა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ დემოკრატიულ პარტიასთან. ლეიბორისტული პარტია კი სოციალ-დემოკრატიულ დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპულ ფორუმთან თანამშრომლობს (ამაზე იხ. ქვეთავი 2.7).

მესამე კატეგორიას ის პარტიები შეადგენენ, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი იდეოლოგიებზე მაღლა დააყენონ, თავის რიტორიკასა და პოლიტიკაში კი მემარჯვენე-ცენტრისტული და მემარცხენე-ცენტრისტული პოზიციები შეუხამონ ერთმანეთს. ტრადიცულად, საქართველოში ასეთები იყვნენ მმართველი პარტიები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ამ კატეგორიას ეკუთვნის. ეს პარტია საკუთარ თავს, ზოგადად, მთელი ერის პარტიად მიიჩნევს, რომელიც ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესებსა და სახელმწიფოს გაძლიერებას ემსახურება. პარტიის განცხადებით, იგი ხალხის მოთხოვნებს პასუხობს. ზოგიერთი ამ მოთხოვნის განხორციელება მემარცხენე პოლიტიკის გატარებას გულისხმობს, ზოგიც პარტიას მემარჯვენე პოზიციაზე აყენებს. ამის მიუხედავად, პარტიის გადაწყვეტილება ევროპის სახალხო პარტიაში შესვლის შესახებ ნიშნავს, რომ იგი მემარჯვენე-ცენტრისტულ კონსერვატიულ პარტიათა რიცხვს უნდა მივაკუთვნოთ.

საქართველოში მოქმედ არც ერთ მნიშვნელოვან პარტიას უკიდურესი მემარცხენე ან მემარჯვენე პოზიცია არ უკავია. ასეთი ჯგუფები საქართველოში არსებობს, თუმცა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, მათ არასდროს უთამაშიათ მნიშვნელოვანი როლი ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკიდურეს მემარჯვენე ან მემარცხენე იდეებს ქართულ პოლიტიკაში გამოძახილი არასდროს ჰქონია. დროდადრო პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს „ფაშისტურ“, „ფუნდამენტალისტურ“ ან „ბოლშევიკურ“ იდეებს მიაწერენ.

ეკონომიკა და კულტურა: კონსენსუსი და განსხვავება
ქართულ პარტიებს შორის

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ,,მემარცხენე“ და ,,მემარჯვენე“ ისევ ძალაშია პარტიების იდეოლოგიური პოზიციების აღსაწერად, მათმა გამოყენებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, ვინაიდან განსხვავებულ კონტექსტებში განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენენ. პარტიის იდენტობის განმსაზღვრელი ღირებულებები და პრინციპები ადვილად ცნაურდება საზოგადოებრივი ცხოვრების კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. ერთი ასეთი საკითხი, თუკი მას შეპირისპირებული პოზიციების სახით განვიხილავთ, არის ინდივიდის უფლებები ტრადიციულ ღირებულებათა საპირისპიროდ. შეიძლება პარტიებმა განაცხადონ, რომ ორივე მათგანს უჭერენ მხარს, რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისას, დებატებისა და ამომრჩევლების მოზიდვაზე მიმართული კამპანიის დროს ისინი აუცილებლად პრიორიტეტს ერთს ან მეორეს მიანიჭებენ. შესაბამისად, პარტიები შეიძლება დალაგდეს იმის მიხედვით, თუ სად დგანან ისინი ამ ორ წარმოსახვით პოლუსს შორის.

მეორე საკითხია სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური გლობალიზაცია. პოლიტიკური პარტია შეიძლება ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას უჭერდეს მხარს, რაც ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მხრიდან მინიმალურ ჩარევასა და თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობს; ეს, თავის მხრივ, მოცემული ქვეყნის ეკონომიკას შეუზღუდავი ეკონომიკური კონკურენციის წინაშე აყენებს. მეორე მხრივ, შეიძლება პოლიტიკურ პარტიას მიაჩნდეს, რომ სახელმწიფომ ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ითამაშოს. ეკონომიკაში სახელწიფოს ჩარევის მთავარი მიზანი სიმდიდრის უფრო სამართლიანი გადანაწილებაა ან/და ადგილობრივი მეწარმეების დაცვა უცხოური კონკურენტებისაგან.

ამ ორი პრობლემის კომბინირება საშუალებას გვაძლევს ავაგოთ ორგანზომილებიანი კოორდინატთა სიბრტყე, რომელზეც ყოველ პარტიას გარკვეულ პოზიციას მივუჩენთ. ამ საკითხთან დაკავშირებით რესპოდენტთა ორი ჯგუფი იყო გამოკითხული: კვლევაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ანალიტიკოსები. რესპოდენტებს უნდა შეეფასებინათ ექვსივე პარტიის პოზიცია ზემოთ ხსენებული საკითხების შესახებ და აღენიშნათ ის შკალაზე ერთიდან ათამდე. შედეგად, ორი გრაფიკი იყო აგებული. გრაფიკი 1 წარმოადგენს პარტიებისთვის თვით მათი წარმომადგენლების მიერ მინიჭებულ პოზიციებს, ხოლო გრაფიკი 2 - ანალიტიკოსების მინიჭებულ პოზიციებს. ჰორიზონტულ ღერძზე (X ღერძზე) ასახულია პარტიათა პოზიციები კულტურული ღირებულებების მიმართ (1 აღნიშნავს ერთგულებას ტრადიციულ, ერთობაზე ორიენტირებულ ღირებულებათა მიმართ, 10 კი - ინდივიდუალისტური ლიბერალიზმისადმი). ვერტიკალური ღერძი ასახავს მათ დამოკიდებულებას ეკონომიკური საკითხების მიმართ (1 აღნიშნავს სახელმწიფოს ჩარევაზე ორიენტირებულ, პროტექციონისტურ პოზიციებს, ხოლო 10 - თავისუფალი ბაზრის ლიბერალურ პრინციპებს).

პარტიების შეფასება

0x01 graphic

ეს ორი გარფიკი და მათი შედარება საკმარის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე ზოგადი დასკვნის გასაკეთებლად. ცხადია, რომ მნიშვნელოვანია განსხვავება იმას შორის, როგორ აღიქვამენ პარტიები ერთმანეთს და როგორ აღიქვამენ მათ ანალიტიკოსები. როგორც ჩანს, რესპუბლიკური პარტია ერთადერთია, რომლის შესახებაც მის მეტოქეებსაც და გარე დამკვირვებლებსაც ერთნაირი წარმოდგენა აქვთ. სხვა შემთხვევებში ეს განსხვავებები მნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, ეს შეიძლება მეტოქეების/ოპონენტების მხრიდან მიკერძოებულობით აიხსნას, მეორე მხრივ, იმით, რომ საქართველოში პარტიების შესახებ სტაბილური წარმოდგენები ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. საყურადღებოა ისიც, რომ ზოგიერთ რესპონდენტს გაუჭირდა იმის განსაზღვრა, პარტიების იდეოლოგიური პოზიციების შესაფასებლად რა გამოეყენებინა: მათ მიერ გაცხადებული ღირებულებები თუ მათ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.

კულტურილი
ღირებულებები

ეკონომიკა

ანალიტიკოსები

პარტიები

ანალიტიკოსები

პარტიები

ლეიბორისტული
პარტია

2

3,5

2

5

კონსერვატიული
პარტია

2,8

4,5

3,5

8,2

მრეწველები

3,2

4,5

3,8

8

ახალი
მემარჯვენეები

3,4

4,75

4,7

2,8

ნაციონალური
მოძრაობა

5,2

6,25

5,3

2,6

რესპუბლიკური
პარტია

6,8

8,5

7,2

7,6

პოლიტიკის ანალიტიკოსები საქართველოში ხშირად პარტიებს იდეოლოგიურ ოპორტუნისტებად მოიხსენიებენ, რომელთათვისაც მხოლოდ ლიდერის პიროვნებას აქვს მნიშვნელობა; თავად პარტიები საკუთარი შეფასებით საკმაოდ განსხვავებულ იდეოლოგიურ სპექტრს ხატავენ. განსაკუთრებით შესამჩნევია გარკვეული იდეოლოგიური პოზიციების მქონე პარტიების არარსებობა. მაგალითად, არ არსებობს პარტია, რომელიც მემარცხენე იქნებოდა ეკონომიკურ პოლიტიკაში, მაგრამ პროგრესული/ინდივიდუალისტური პოზიცია ეკავებოდათ კულტურის საკითხებში - ის, რაც ჩვეულებრივ კომბინაციას წარმოადგენს დასავლურ პარტიებში (ჩვენს გრაფიკში ეს პოზიცია ქვედა მარჯვენა კუთხეს შეესაბამება).

საქართველოში ეკონომიკის სფეროში მემარცხენე პოზიციების მქონე პარტიები კულტურული კონსერვატიზმისკენ იხრებიან

ქართველი მემარცხენეები ეკონომიკაში უფრო კულტურული კონსერვატიზმისკენ იხრებიან. დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა და პარტიების წარმომადგენლებმა ვერ მოძებნეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, ეკონომიკის თვალსაზრისით, ლიბერალი და, კულტურის თვალსაზრისით, მემარჯვენე პარტია, რაც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არცთუ ისეთი იშვიათი შემთხვევაა.

ექსპერტების შეფასებები

0x01 graphic

გრაფიკი 2. ექსპერტიების მიერ პარტიების იდეოლოგიური მდგომარეობის შეფასება

ყოველივე ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ იდეოლოგიური საკითხების აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია, ერთი მხრივ, კომუნისტური წარსულის მიმართ დამოკიდებულებასთან და, მეორე მხრივ, თანამედროვე დასავლური საზოგადოების ღირებულებებთან და ინსტიტუტებთან. კომუნისტურ წარსულთან ასოცირებულია ეკონომიკაში მემარცხენეობა და კულტურული კონსერვატიზმი. პროგრესულობა გულისხმობს კულტურული და ეკონომიკური ლიბერალიზმისკენ წინსვლას. საქართველოში სწორედ ამაშია სიმბოლიზებული „დასავლეთის“ ცნება. შეიძლება ითქვას, რომ, რაც უფრო შორს იხრება ესა თუ ის პარტია გრაფიკის ზედა მარჯვენა კუთხისკენ, მით უფრო შორდება ის საბჭოთა წარსულსა და ხდება დასავლური ღირებულებების მხარდამჭერი. დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ორგანზომილებიანი გამოსახულება ერთგანზომილებიან წრფედ გარდაიქმნება.

იდეოლოგიური საკითხების აღქმა საქართველოში მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია, ერთი მხრივ, კომუნისტური წარსულის მიმართ დამოკიდებულებასთან და, მეორე მხრივ, თანამედროვე დასავლური საზოგადოების ღირებულებებთან და ინსტიტუტებთან

ამავე დროს, ეს ორი საკითხი საშუალებას გვაძლევს ქართულ პოლიტიკაში არსებული კონსენსუსის საკმაოდ ფართო სფერო დავადგინოთ. საქართველოში ღირსაცნობ პოლიტიკურ პარტიებს შორის არ მოიპოვება ისეთი, რომელიც ღიად უარყოფდა საბაზრო ეკონომიკის აუცილებლობას.7 მათ შორის ყველაზე მემარცხენე, საქართველოს ლეიბორისტული პარტია, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისადმი ერთგულების დეკლარირებას ახდენს. პარტიის ერთ-ერთ წევრს ასე წარმოუდგენია თავისი პარტიის განსხვავება მემარჯვენე ორიენტაციის სხვა პარტიებისგან: „მემარცხენე პარტიები უფრო სოციალურად ორიენტირებული პარტიებია, ვიდრე მემარჯვენე ორიენტაციის პარტიები. ისინი ამბობენ, რომ ბიზნესით მოგვარდება ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს პასუხისმგებელი სოციალური პრობლემების მოგვარებაზე.“ ლეიბორისტები არ ეთანხმებიან ისეთი ობიექტების პრივატიზებას, რომელთაც ისინი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებად მიიჩნევენ (ეს, ძირითადად, ინფრასტრუქტურის ობიექტებია). პარტიის ლიდერები საკუთარ გამოსვლებში, მეტწილად, სოციალურ პრობლემებზე აკეთებენ აქცენტს და საკუთარ სამიზნე ჯგუფად რთულ ეკონომიკურ ვითარებაში მყოფი მოსახლეობის უმრავლესობას ასახელებენ. პარტიის ლიდერები თავს მემარცხენე სპექტრის ზომიერ ფრთას მიაკუთვნებენ, მათ მიერ გაკეთებულ ზოგიერთ რადიკალურ განცხადებას კი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით ხსნიან. მემარცხენე ლოზუნგების პოპულარობას ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს მიაწერენ. ლეიბორისტთა არსებობა, მათი აზრით, ხელს უშლის ძლიერი კომუნისტური პარტიის აღორძინებას საქართველოში.

არც ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტია საქართველოში ღიად არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და ინდივიდუალურ თავისუფლებათა ლიბერალურ პრინციპებს. პარტიათა უმრავლესობა ცდილობს ეს უკანასკნელნი შეახამოს ტრადიცულ კულტურულ ღირებულებათა დემონსტრაციულ მხარდაჭერასთან. მაგალითად, არც ერთი პოლიტიკიური პარტია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრივილიგირებულ მდგომარეობას სხვა რელიგიურ კონფესიებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ქართულ საზოგადოებაში ცხარე კამათს იწვევს, ქართველთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ეკლესიის სპეციალური სტატუსის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. ამიტომ, ყველაზე ლიბერალი პოლიტიკოსებიც კი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთობ ლიბერალური პოზიციის დაკავებას ერიდებიან, რადგან ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ.8 პარტიების პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ენის, მართლმადიდებლობისა და ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დაცვას ეთმობა.

არც ერთი ძლიერი პოლიტიკური პარტია საქართველოში არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებსა და ინდივიდუალურ თავისუფლებათა ლიბერალურ პრინციპებს

ადვილად შესამჩნევია, რომ ანალიტიკოსთა შეფასებით (გრაფიკი 2), ლეიბორისტული პარტია ამ მიმართულებით სხვა, მემარჯვენედ მიჩნეულ პოლიტიკურ პარტიებზე უფრო შორს წავიდა (ის ამ პარტიებთან საკმაოდ ახლოს არის მოთავსებული პირველ გრაფიკზე). ისიც ღირსსაცნობია, რომ დამოუკიდებელი ანალიტიკოსები პარტიებს, კულტურული თვალსაზრისით, უფრო კონსერვატორებად აფასებენ, ვიდრე ეს პარტიების თვითშეფასებიდან ჩანს. სხვა სიტყვებით, პოლიტიკის მიმომხილველთა აზრით, ქართულ პარტიებს ნაკლებ აღელვებთ პიროვნების თავისუფლების პრინციპები, ვიდრე ამას თვითონ აცხადებენ.

გრაფიკ 2-ში წარმოდგენილი ანალიზის კიდევ ერთი პარადოქსული მხარე ისაა, რომ ექსპერტები რესპუბლიკურ პარტიას და ნაციონალურ მოძრაობასაც კი მეტ ლიბერალიზმს მიაწერენ ეკონომიკაში, ვიდრე ახალ მემარჯვენეებსა და მრეწველებს, რომელთა სათავეში ბიზნესმენები დგანან და რომლებიც, ზოგადად, ბიზნესის პარტიებად მოიაზრებიან. ამგვარი ვითარება შეიძლება იმით აიხსნას, რომ ახალი ხელისუფლების პერიოდში ამ პარტიის წარმომადგენლები სოციალური პროტესტის აქციებში მონაწილეობდნენ, აკრიტიკებდნენ პრივატიზაციის საკითხებს და ეკონომიკაში მთავრობის ლიბერალურად მიჩნეულ ნაბიჯებს. ქართულ მედიაში მათ ზოგჯერ აკრიტიკებენ კიდეც მემარჯვენე პოზიციის არათანმიმდევრულობისათვის. პარტიების მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საზოგადოებაში მათ იმიჯს შორის განსხვავება შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ეკონომიკური ლიბერალიზმის მხარდაჭერა არ უწყობს ხელს საქართველოში რეიტინგის ამაღლებას; ამიტომაც, აღნიშნული პარტიები ამჯობინებენ წინ წამოწიონ კულტურული კონსერვატიზმისა და სოციალური დაცვის თემა, როგორც მათი პოლიტიკის უფრო პოპულარული მხარე.

ყველა შემთხვევაში, ანალიტიკოსებმა მეორე გრაფიკზე სამი კონსერვატიული პარტია საკმაოდ ახლოს დააყენეს ერთმანეთთან. საინტერესოა, თავად ეს პარტიები როგორ ხედავენ საკუთარ პოზიციებს და მათ შორის განსხვავებებს. ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მათი კონსერვატიზმი მჟღავნდება ისეთი თემების წინ წამოწევით, როგორიცაა: ტრადიცია, რელიგია, ეროვნული იდენტობა და მისი პრიმატი, სკეპტიციზმი ადამიანის შესაძლებლობების მიმართ. მსგავსი მიდგომა დამახასიათებელია კონსერვატიული პარტიისთვისაც და მრეწველებისათვისაც. ამ პარტიების წარმომადგენელთა შორის გავრცელებულია აზრი, რომ გლობალიზაცია ქართული კულტურული იდენტობისთვის გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკომომიკურ სფეროში ბრძოლა ლიბერალური ინსტიტუტების დასამკვიდრებლად კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე ზრუნვასთან ერთად უნდა მიმდინარეობდეს. ახალი მემარჯვენეების აქტივისტის თქმით: „ჩვენი პრიორიტეტია ეროვნული ფასეულობების, თვითმყოფადობის, იდენტობის ჰარმონიზაცია იმ მოთხოვნებთან, რომლებსაც თანამედროვეობა და ცივილიზაცია აყენებს სახელმწიფოს წინაშე“.

სხვადასხვა კონსერვატიულ პარტიას განსხვავებული პრიორიტეტებიც აქვს. ახალი მემარჯვენეები აშკარად გამოირჩევიან საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საკუთრების დაცვაზე აქცენტის გაკეთებით. პარტიის ერთი-ერთი ლიდერის თქმით, საზოგადოების ყველა სიკეთეს კერძო საკუთრება და საბაზრო ეკონომიკა განაპირობებს. ბოლო დრომდე ახალი მემარჯვენეების მთავარი პარტნიორი მრეწველებიც ხაზს უსვამენ ამ პრინციპებისადმი ერთგულებას, თუმცა ყურადღება, ძირითადად, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაზეა მიმართული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება თავისუფალი ვაჭრობის საკითხს ეხება. მრეწველები მხარს უჭერენ პროტექციონისტულ პოლიტიკას და მოუწოდებენ სახელმწიფოს, ქართული ბაზარი უცხოური პროდუქციით წალეკვისაგან იხსნას. ეს პარტია აშკარა მოწინააღმდეგეა მსოფლიო სავალუტო ფონდის მიერ მხარადაჭერილი ეკონომიკური გლობალიზაციის პოლიტიკისა, რადგან ამაში ქართული მრეწველობის განვითარების საფრთხეს ხედავს. ახალი მემარჯვენეები არ იზიარებენ ამ შეხედულებას. ალბათ, ეს იგულისხმება მრეწველთა ერთ-ერთი ლიდერის ნათქვამში: „ჩვენსა და ახლებს შორის განსხვავება რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ჩვენ გვინდა ქართველი ხალხი ჯერ პრო-ქართული იყოს და შემდეგ ჰქონდეს კარგი დამოკიდებულება ამერიკასთანაც და სხვებთანაც.“ მეორე მხრივ, მრეწველებიც და საქართველოს კონსერვატიული პარტიაც თავისუფალი ბაზრის პრინციპების მხარდაჭერასთან ერთად დიდ ყურადღებას უთმობენ სოციალური დაცვის საკითხებს. ამით ისინი ახალი მემარჯვენეებისგან განსხვავდებიან, რომელთაც ეამაყებათ, რომ არასოდეს მიმართავენ პოპულარულ იდეებს.

საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თხოვნაზე, დაესახელებინათ მათი მონათესავე პარტიები დასავლეთის ქვეყნებში, დაასახელეს რესპუბლიკური პარტია აშშ-ში და ტონი ბლერის ახალი (არატრადიციული) ლეიბორისტული პარტია. პარტიის ლიდერის თქმით, ის რეფორმები, რომლის ინიცირებასაც მმართველი პარტია ახდენს, ლიბერალურ ხასიათს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკის მთავარი მიმართულებები დიდი ბრიტანეთის ახალ ლეიბორისტებთან ასოცირებულ „მესამე გზას“ გვაგონებს. როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტია, ის საკუთარ თავს წარმოადგენს ძალად, რომელიც ერთმანეთს უხამებს მემარცხენე და მემარჯვენე-ცენტრისტულ პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები მას უფრო მემარჯვენე-ცენტრისტულ პოზიციებთან აახლოებს. იგულისხმება პოლიციისა და ჯარის გაძლიერების პრიორიტეტი, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ამბიციური პროგრამა, სახელმწიფო ბიუროკრატიის მკვეთრი შემცირება, საკმაოდ ლიბერალური საგადასახადო კოდექსი და ბიზნესის ინტერესებზე ორიენტირებული შრომითი კოდექსების მიღება და სხვა.

იქ, სადაც საქმე კულტურულ ღირებულებებს შეეხება, პარტია, სხვა ქართული პარტიების დარად, ცდილობს კულტურული ტრადიციონალიზმი ლიბერალურ პრინციპების მხარდაჭერას მიუსადაგოს. ამ ორი პრინციპის შეხამების მცდელობასთან ერთად, მათ შორის ბალანსის მისაღწევად პარტიის შიგნით დებატები მიმდინარეობს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დებატები პარტიის წევრებს შორის საშუალო განათლების რეფორმის ირგვლივ შეიძლება აღიწეროს როგორც ლიბერტარიანიზმის და პატერნალიზმის მომხრეთა შორის დებატებად. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ყველა წევრი მრწამსის თავისუფლების პრინციპს უპირობოდ აღიარებს, პარტიის წევრებს შორის მართლმადიდებლური ეკლესიის სპეციალური სტატუსის შესახებ ჩამოყალიბებული ერთიანი აზრი არ არსებობს.9

შეიძლება შევაჯამოთ და ვთქვათ, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის გარკვეული კონსენსუსიცაა და განსხვავებებიც. ერთი, რასაც ზოგადად ყველა იზიარებს, არის თავისუფალი ბაზრის პრინციპები, ოღონდ ეს პრინციპები უნდა ეხამებოდეს მოსახლეობის სოციალურ კეთილდღეობაზე მიმართულ პოლიტიკას. მეორე მხრივ, ყველა თანხმაა, რომ საქართველოს სჭირდება დემოკრატიული ინსტიტუტების და ინდივიდის თავისუფლებების დაცვა, მათ შორის, რელიგიური თავისუფლებისაც (მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველაზე საკამათო საკითხი იყოს). ასევე, ყველა პარტიას მიაჩნია, რომ ქართული კულტურული იდენტობის დასაცავად გარკვეული ზომებია მისაღები. პარტიები განსხვავდებიან იმის მიხედვით, რომელ საკითხს ანიჭებენ უპირატესობას პარტიის პროგრამაში, გამოსვლებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.

ყველა პარტია ეთანხმება იმას, რომ ქართული კულტურული იდენტობის დასაცავად გარკვეული ზომებია მისაღები

შეიმჩნევა გარკვეული განსხვავებაც იმ ზოგად პრინციპებს შორის, რომელთაც ყველა ქართული პარტია აღიარებს: თავისუფალი ბაზრისა და პიროვნების თავისუფლების ლიბერალურ პრინციპებსა და იმ საკითხებს შორის, რომელთაც უფრო პოპულარულად მიიჩნევენ და რომლებიც, მათი აზრით, მეტ ხმას მოუტანს - იგულისხმება სახელმწიფოს ჩარევა სოციალური კეთილდღეობისა და ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. ეს წინააღმდეგობა აღიარებულ ღირებულებებსა და პოპულარულ რიტორიკას შორის საქართველოში კონსენსუსის კიდევ ერთ, ვინძლო, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს დავუკავშიროთ, საკითხს, რომელიც ამ თავში ჯერ კიდევ არ განხილულა. ესაა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის საკითხი. როგორც ითქვა, ქართული პოლიტიკური პარტიები ეჭვქვეშ არ აყენებენ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლის იდეას (ლეიბორისტული პარტია, გარკვეულწილად, შეიძლება ერთადერთი გამონაკლისი იყოს, თუმცა ისიც ამ საკითხს საკუთარი საქმიანობის და რიტორიკის ცენტრში არ აყენებს). თავისუფალი ბაზრისა და პიროვნების თავისუფლების იდეები საქართველოს ამ მთავარ არჩევანს უკავშირდება; ეს იდეები, როგორც ზოგადი პრინციპები მაინც, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მიუხედავად ამისა, შიდაპოლიტიკური ბაზარი პარტიებს იმისაკენ უბიძგებს, რომ საჯარო გამოსვლებში მეტი აქცენტი სოციალურ და კულტურულ პროტექციონიზმზე გააკეთონ.

პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრა

პარტიების საქმიანობის გასაანალიზებლად მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ განსაზღვრავს ესა თუ ის პარტია საკუთარი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს; შეესაბამება თუ არა ეს მიმართულებები მის მიერ დეკლარირებულ იდეოლოგიურ ღირებულებებს? როგორ ხდება პარტიის მიერ გარკვეული საკითხების პრიორიტეტულად მიჩნევა? სთავაზობს თუ არა პარტია საზოგადოებას და მთავრობას პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებს, თუ მისი საქმიანობა, ძირითადად, ხელისუფლების ქმედებებზე რეაქციაა? რა თქმა უნდა, ესეც ძალზედ მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

ქართული საზოგადოება პარტიებს ხშირად უფრო სპეციფიკურ თემებთან აკავშირებს, ვიდრე იდეოლოგიურ შინაარსთან. ასეთი თემები ამა თუ იმ პარტიის „საფირმო ნიშნებს“ წარმოადგენს. ასე მაგალითად, მრეწველები საზოგადოების აღქმაში ადგილობრივი მრეწველობის ხელშეწყობის მოთხოვნასთან ასოცირდებიან. „ერთადერთი მიზეზი პოლიტიკაში ჩვენი მოსვლისა იყო ის, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოგვეყენებინა ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის შესაცვლელად,“ - ამბობს მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე. იგი გულისხმობს ადგილობრივი მრეწველობის დაცვაზე მიმართულ პოლიტიკას და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მავნე გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას. რესპუბლიკელები, პირველ რიგში, კანონის უზენაესობის პრინციპის დამცველებად არიან ცნობილნი; ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლებას არსებული კანონმდებლობის უგულებელყოფისათვის. ახალ მემარჯვენეებსაც მსგავსი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე. საქართველოს კონსერვატიულ პარტიას უფრო იმით იცნობენ, რომ მოითხოვენ ორი წლით მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადებისგან, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით პენსიის დანიშვნას10 და იცავენ მეანაბრეების უფლებებს.

ასეთი კონკრეტულ-სპეციფიკური საკითხები ქართულ პოლიტიკაში წინა წლებშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ლეიბორისტული პარტია დიდად გაისარჯა საიმისოდ, რომ ამერიკული სადისტრიბუციო კომპანია AES აეძულებინა, ელექტროენერგიის ტარიფი დაეწია. ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი მხარდამჭერი შეიძინა კორუფციის პრობლემაზე ყურადღების გამახვილებით და ისეთი კანონის ლობირებით, რომელიც საშუალებას მისცემდა სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ქონების კონფისკაცია მოეხდინა.

საზოგადოებისთვის პარტიები უფრო მათ მიერ წამოჭრილ კონკრეტულ საკითხებთან ასოცირდება, ვიდრე ზოგად იდეოლოგიურ მიმართულებასთან.

პარტიები დაბეჯითებით აღნიშნავენ, რომ, კონკრეტულ-სპეციფიკური საკითხები სწორედ მათი მიზნებიდან და ღირებულებებიდან მომდინარეობს. მათ დასაცავად ზოგჯერ საზოგადოებრივ აზრთან წინააღმდეგობაშიც მოდიან. ახალი მემარჯვენეები ერთ ასეთ მაგალითს ასახელებენ: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად იყო განწყობილი მიწის პრივატიზაციის საკითხის მიმართ, პარტიამ მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებულ ინიციატივას. რიგ შემთხვევებში პარტიები სხვა პარტიების ნაკლს სწორედ იმაში ხედავენ, რომ მათ მიერ ინიცირებული თემები მათსავე იდეოლოგიასთან შეუთავსებელია. კერძოდ, კონსერვატიული იდეოლოგიის პარტიების შესახებ ხშირად ამბობენ, რომ საკუთარი რეიტინგის ასამაღლებლად მემარცხენე პოზიციებს იკავებენ.

პარტიათა ხელმძღვანელებს კარგად აქვთ გააზრებული მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრაში საზოგადოებასთან მუდმივი კავშირის აუცილებლობა. ამისათვის პარტიები ფართოდ იყენებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს. პარტიათა უმრავლესობა საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოსავლენად ხშირად საკუთარი ძალებით ატარებენ სოციოლოგიურ გამოკვლევებს. ისინი სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული გამოკითხვების შედეგებითაც სარგებლობენ.

საზოგადოებაში არსებული პრობლემების დადგენაში პარტიებს ადგილობრივი ორგანიზაციებიც ეხმარებიან. ერთ-ერთი ახალი მემარჯვენის თქმით, ადგილებზე პარტიის აქტივთან და მოსახლეობასთან რეგულარული შეხვედრები ბევრ ახალ პრობლემას აყენებს პარტიის ხელმძღვანელობის წინაშე. კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელები პირდაპირ აცხადებენ, რომ პრიორიტეტების შერჩევაში ისინი, ძირითადად, იმით ხელმძღვანელობენ, თუ მოსახლეობის რამდენად დიდ ჯგუფს ეხება ესა თუ ის პრობლემა. კიდევ ერთი კრიტერიუმი, ამბობენ ისინი, ამ პრობლემის გადაჭრის რეალური შესაძლებლობის არსებობაა. პარტიების ხელმძღვანელები ხშირად მიუთითებენ, რომ მათი პოლიტიკა მოსახლოების უმეტესობის განწყობას ემთხვევა. პარტიების წარმომადგენლებს ესმით, რომ ასეთმა მიდგომამ შეიძლება პოპულიზმის სახე მიიღოს ან პოპულიზმში დაადანაშაულონ. ამასთან, აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები რიგ შემთხვევებში იდეოლოგიურ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში პრაგმატული მოსაზრებების გამო საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგაც უნდა წავიდნენ. „პოლიტიკოსი თუ ხარ, უნდა გქონდეს იმის უნარი, რომ იქ, სადაც საზოგადოება ცდება, წახვიდე საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ.“ აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთი-ერთი ლიდერი. მეტიც, ამ პარტიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ასეთი პრინციპი გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიის პოპულარობას უზრუნველყოფს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ზედმეტად გატაცების შემთხვევაში ანგარიში არ ეწევა იმ გარემოებას, რომ ხალხის განწყობები ცვალებადია და ძნელია მისი ზუსტად დადგენა. ამის მიზეზი მყარი შეკავშირებული საზოგადოებრივი ჯგუფების არარსებობით შეიძლება აიხსნას. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის თქმით: „აქ ჩვენ პოლიტიკური რისკის გაწევა გვიწევს“.

რესპუბლიკური პარტია: იდეოლოგიური სახე

რესპუბლიკური პარტია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი პარტიაა. მისი ისტორია 1978 წელს იწყება, როდესაც გარკვეული დისიდენტური წრის წევრებმა იატაკქვეშეთში დააფუძნეს პარტია ამ სახელით. მისი ლიდერების იდეები მსგავსი იყო იმ დროინდელ ქართველ ინტელექტუალებს შორის გავრცელებული შეხედულებებისა. ეს შეხედულებები, ზოგადად, დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულებით, ანტიკომუნიზმითა და ზომიერი ნაციონალიზმით ხასიათდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ, ამ მხრივ, პარტიის იდეოლოგიურ სახეს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. ზოგიერთი ანალიტიკოსი პარტიის პრინციპების სტაბილურობას მისი წევრების სოციალურ სტატუსს უკავშირებს: მათ უმრავლესობას დღემდე საშუალო კლასის წარმომადგენელი ინტელექტუალები შეადგენდნენ.

დღეისათვის პარტია ლიბერალური ცენტრის მთავარ პარტიას წარმოადგენს. სხვა პარტიები, რომლებიც ასევე ლიბერალიზმის პრინციპებს იზიარებენ, კონსერვატიზმისკენ იხრებიან. პარტიის სხვადასხვა წევრის შეხედულებები მემარცხენე-ცენტრისტულ, მემარჯვენე-ცენტრისტულ და ნეოლიბერალურ პოზიციებს შორის შეიძლება მერყეობდეს. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, სოციალ-დემოკრატიული შეხედულებებიც კი უცხო არ იყო მათთვის პარტიის არსებობის ადრეულ ეტაპზე, თუმცა ეროვნული მოძრაობის აღმავლობამ პარტიას უფრო მემარჯვენე პოზიციებისკენ უბიძგა. როგორც პარტიის ზოგიერთ ლიდერთან აღებული ინტერვიუებიდან და საპროგრამო დოკუმენტებიდან ჩანს, მემარცხენე-ცენტრისტული პოზიციები უფრო ახლოა მათთვის.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა თავის საქმიანობაში ფოკუსირებას უფრო მეტად მმართველი პარტიის პოზიციების კრიტიკაზე ახდენს, ვიდრე ალტერნატიული პოლიტიკის შემოთავაზებაზე. ნაციონალური მოძრაობა განსაკუთრებით უსვამს ხაზს ამ გარემოებას და აცხადებს, რომ ოპოზიცია არ არის „კონსტრუქციული“, რასაც ზოგიერთი დამოუკიდებელი ანალიტიკოსიც ეთანხმება. პასუხად ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია, უბრალოდ, მათი შეხედულებების იგნორირებას ახდენს და პოლიტიკის მიმართულებების ირგვლივ კონსტრუქციული დიალოგის არარსებობას ამ უკანასკნელს აბრალებს. „ამ საპარლამენტო უმრავლესობას ხმათა ორი მესამედი, ანუ საკონსტიტუციო უმრავლეოსობა გააჩნია. ამიტომ ჩვენ მიერ რაიმე კონკრეტული ინიციატივის დოკუმენტურად შეთავაზებას აზრი არა აქვს“,- ამბობს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. შესაბამისად, ოპოზციური პარტიები თავისი საქმიანობის მიზანს უფრო მეტად ხელისუფლების ქმედებათა დაკვირვებასა და კრიტიკაში ხედავენ. ოპოზიციური პარტიები დროდადრო კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებსაც წამოჭრიან ხოლმე, თუმცა ეს შედარებით იშვიათად ხდება.

ლიდერთა პიროვნებებზე ზედმეტი დამოკიდებულება

როგორც ნათქვამი იყო, ამომრჩეველთა თვალში პარტიები უფრო მეტად ლიდერთა სახეებთან არის ასოცირებული და მხოლოდ შემდეგ რაიმე პროგრამასთან ან იდეოლოგიასთან. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, „საქართველოს მოსახლეობის 95%25-ის განწყობას პოლიტიკური პარტიის მიმართ ლიდერი განსაზღვრავს.“ კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სოციოლოგიური გამოკვლევების თანახმად, დღეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იცნობს კობა დავითაშვილის ან ზვიად ძიძიგურის საქმიანობას და არაფერი იცის კონსერვატიული პარტიის შესახებ. შეიძლება ეს პრობლემა ბუნებრივი იყოს ამ შედარებით ახალი პარტიისთვის, მაგრამ მსგავსი პრობლემის არსებობას სხვა პარტიების წარმომადგენლებიც აღნიშნავენ. „დღეს ვერავინ უარყოფს ჩვენს პარტიაში, რომ პარტიის გამაერთიანებელი ლიდერია და, რომ პარტია მასთან ასოცირდება“, - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე.

ლიდერი არამარტო ამომრჩევლებისა და წევრების მოზიდვის ფუნქციას ასრულებს, არამედ პარტიისადმი წევრების ლიოიალობასაც განაპირობებს. როგორც პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების აქტივისტები აღნიშნავენ, წევრების შემოდინება პარტიებში სწორედ ლიდერის საჯარო გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით აქტიურდება. ლიდერების გადაჭარბებულად დიდი გავლენა მნიშვნელოვან პრობლემად არის მიჩნეული თავად ლიდერების მიერ. საუბრებში მათ მრავალი მაგალითი დაასახელეს იმისა, თუ ლიდერის პოლიტიკური სცენიდან წასვლის შემდეგ როგორ დაშლილა პარტია. ბევრი მათგანის აზრით, დღევანდელი ლიდერების მიერ საკუთარი პარტიების დატოვება მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა ამ პარტიებს.

ზოგ პარტიას მიაჩნია, რომ თავად, ამ მხრივ, უკეთეს პოზიციაში იმყოფება. ასე მაგალითად, ახალი მემარჯვენეების ლიდერები აღიარებენ, რომ რევოლუციის შემდეგ მათ რთული პერიოდი გამოიარეს და არაერთი წევრიც დაკარგეს, მათ შორის, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე. ამის მიუხედავად, პარტიამ შეძლო წარმატებით გადაელახა კრიზისი და ერთადერთი ოპოზიციური პარტია გამხდარიყო, რომელმაც 2004 წლის არჩევნებზე შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახა.

ძირითადი დასკვნები

ქართული პოლიტიკური პარტიების იდენტობა და მათთვის მხარდაჭერა დამოკიდებულია უფრო მეტად მათ ლიდერებზე, როგორც პიროვნებებზე, ვიდრე პოლიტიკურ მიზნებზე, პრინციპებზე ან გარკვეული სოციალური ჯგუფების ინტერესებზე.

პარტიების უმრავლესობას გამოკვეთილი იდეოლოგიური თვითიდენტობა აქვს; ისინი თავს მემაჯვენე-ცენტრისტულ პარტიებად მიიჩნევენ. მათგან განსხვავებით, მმართველი პარტია ცდილობს იდეოლოგიური განსაზღვრებები თავიდან აიცილოს. იგი თავს გამაერთიანებელ ძალად აღიქვამს, რომელიც მთლიანად საზოგადოებას ემსახურება.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები ჭარბობს, რაც შეიძლება იმითაც აიხსნას, რომ ნებისმიერი მემარცხენე პოლიტიკური მიმართულება ჯერ კიდევ კომუნისტურ წარსულთან ასოცირდება.

არც ერთი პარტია, რომელიც უკიდურესად მემარჯვენე ან უკიდურესად მემარცხენე იდეების მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს, დღევანდელ საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს.

ეკონომიკური და სოციალური ლიბერალიზმი ქართული პოლიტიკური პარტიების პოზიციებში ერთად მოიაზრება, სოციალურ კეთილდღეობის გაზრდაზე მიმართული პოლიტიკა კი, ხშირად, კულტურულ კონსერვატიზმთან ერთად არის წარმოდგენილი.

ევროპული და ევრო-ატლანტიკური არჩევანი ქართულ პოლიტიკაში კონსენსუსის ამოსავალი წერტილია. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია, ზოგადად, აღიარებს თავისუფალი ბაზრისა და პიროვნების თავისუფლების ლიბერალურ პრინციპებს. ამასთან, ცდილობენ, სოციალური კეთილდღეობის პროგრამები და კულტურული იდენტობის შენარჩუნების საკითხი ერთმანეთს შეუხამონ.

საზოგადოებისთვის პარტიის იმიჯი მეტწილად უკავშირდება არა მის იდეოლოგიურ პრეფერენციებს, არამედ ცალკეულ სპეციფიკურ საკითხებს, რომელთა წინ წამოწევას ესა თუ ის პარტია ცდილობს.

პარტიები აღიარებენ, რომ ლიდერთა პიროვნებებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება მათთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ ცდილობენ შეიმუშაონ სტრატეგია, რაც პარტიის იდენტობას ნაკლებად დააკავშირებს პიროვნებებთან.

___________________

1 ამის მაგალითია ბლოკი „აღორძინება“, რომელიც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ის აერთიანებდა იდეოლოგიურად ამორფულ და პერსონალურ გაერთიანებას - დემოკრატიულ აღორძინებას, სოციალისტურ პარტიასა და ორ მემარჯვენე პარტიას; ტრადიციონალისტებსა და სახალხო პარტიას.

2. „Georgia: Rise and Fall of Facade Democarcy“. J. Devdariani. „Demokratizatsia“, Winter 2004.

3 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი.

4 ინგლისურად პარტიის სახელწოდება ჟღერს როგორც „ახალი კონსერვატორები“ (New Conservatives), ვინაიდან ტერმინი „ახალი მემარჯვენეები“ ევროპაში ულტრა-მემარჯვენე პოზიციებთან არის ასოცირებული.

5 საზოგადოებრივი აზრის ზოგიერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიებისთვის დამახასიათებელი ფასეულობების მომხრეა. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი კვლევის ჩატარება არის საჭირო.

6 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც სახელისუფლებო პარტია, საკუთარ თავს ზეიდეოლოგიურ პარტიად აღიქვამდა; თუმცა, 2006 წელს ევროპის სახალხო პარტიასთან მიერთების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ის შეიძლება მემარჯვენე-ცენტრისტულად ჩაითვალოს.

7 დამოუკიდებლობის პერიოდში შექმნილმა რამდენიმე კომუნისტურმა პარტიამ მოსახლეობის მასობრივი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

8 სახალხო დამცველ სოზარ სუბარის განცხადებას, რომლის თანახმადაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება სხვა დენომინაციებს არათანაბარ პირობებში აყენებს, მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე სახელისუფლებო პარტიის მხრიდან.

9 2005 წლის დეკემბერში ამან გამოხატულება პოვა იმ მკვეთრად განსხავებულ პოზიციებში, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატმა წევრებმა გამოთქვეს სახალხო დამცველის მიერ მართმადიდებლური ეკლესიის პრივილეგირებული პოზიციის კრიტიკის საპასუხოდ.

10 დღეს ქართული სახელმწიფო თავის ხანდაზმულ მოქალაქეებს თანაბარი ოდენობის პენსიებს აძლევს.

4.3 2.3 ადამიანური და ფინანსური რესურსები

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

გადაეცეს მეტი უფლებები და ვალდებულებები პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ ორგანიზაციებს.

განვითარდეს შიდაპარტიული პროცედურები, რაც უზრუნველყოფს თანამდებობებს შორის უფლებებისა და ვალდებულებების თანაბარ გადანაწილებას.

არასაარჩევნო პერიოდში პარტიის წევრები აქტიურად ჩაერთონ პარტიულ ცხოვრებაში.

დადგინდეს კარგად განსაზღვრული ფორმალური მექანიზმები და პროცედურები პარტიული ცხოვრების სხვადასხვა ფუნქციისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ახალი წევრების მოზიდვა და შიდა კონფლიქტების დარეგულირება.

ჩამოყალიბდეს პარტიების შიგნით და ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებს შორის ინფორმაციის გაცვლის ეფექტური მექანიზმები.

ძირითადი ორგანიზაციული სტრუქტურა

კვლევაში ჩართულ ყველა პარტიას თბილისში არსებულ ცენტრალურ ოფისთან ერთად ტერიტორიული წარმომადგენლობები აქვს (იხ. ჩანართი). პარტიების ტერიტორიული დაყოფა ქვეყნის მუნიციპალურ მოწყობასა და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლობებს ემთხვევა. სტრუქტურული პირამიდის საფუძველი ყველა პარტიაში პირველადი ორგანიზაციებია (ზოგიერთ შემთხვევაში მათ „კლუბებს“ უწოდებენ). მათი გეოგრაფიული გავრცელება ემთხვევა საარჩევნო უბნების ტერიტორიას. პირველადი ორგანიზაცია იმ შემთხვევაში იქმნება, თუ პარტიას კონკრეტულ უბანში სამი აქტიური წევრი მაინც ჰყავს. დღეისათვის არც ერთ პარტიას, ყველა უბანზე, რომლის რაოდენობაც საქართველოში დაახლოებით 3000-ია, არ აქვს დაარსებული პირველადი ორგანიზაცია. თუმცა, ამ მიზნის მიღწევა ბევრი მათგანის სტრატეგიული განვითარების გეგმაშია ჩადებული. მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მას საქართველოში დაახლოებით 2884 საარჩევნო უბანზე ჩამოყალიბებული აქვს პირველადი ორგანიზაცია.

არც ერთ პარტიას საქართველოში არსებულ დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანში პირველადი ორგანიზაცია არ აქვს დაარსებული

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ პარტიას არ აქვს წარმომადგენლობა ყველა დასახლებულ პუნქტში, კვლევაში ჩართული ექვსივე პარტია წარმოდგენილია ქვეყნის ყველა მხარეში. აქ არ იგულისხმება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატული რეგიონები, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება და რომლის დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარ თავს საქართველოსგან დამოუკიდებლად აღიქვამს. ამ რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლება კრძალავს საქართველოს მმართველობითი ორგანოების არჩევნების ჩატარებას (სამხრეთ ოსეთის რამდენიმე სოფლის გამოკლებით, რომლებიც ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული) და სავარაუდოა, რომ ისინი უარყოფითად შეხვდებიან ქართული პოლიტიკური პარტიების მათ ტერიტორიაზე წარმომადგენლობის გახსნის მცდელობას. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ამ რეგიონებში საქმიანობის დაწყება რომ ეცადათ, მათ არალეგალურად მოუწევდათ მუშაობა.

მართალია, ყველა პარტია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არის წარმოდგენილი, მაგრამ განსხვავდება მათი სიძლიერე. ამ განსხვავებას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, პარტიის ლიდერის წარმომავლობა და ლოიალურად განწყობილი ამომრჩევლების კონცენტრაცია.

პირველადი ორგანიზაციების მუშაობას თავმჯდომარეები წარმართავენ, რომლებსაც ან ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები ირჩევენ, ან პარტიის ხელმძღვანელობა ნიშნავს (ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით იხ. ქვემოთ). პირველადი ორგანიზაციების მთავარი საქმიანობა ამომრჩევლებთან მუშაობა და მხარდამჭერების მოზიდვაა. მათი საქმიანობა, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ აქტიურდება. ამ პერიოდში ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მუშაობის პარალელურად ისინი კანდიდატებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს უწევენ ორგანიზებას, არჩევნების დღეს კი უზრუნველყოფენ პარტიის მხარდამჭერთა აქტიურ მონაწილეობას. არჩევნებს შორის პერიოდში პირველადი ორგანიზაციების საქმიანობა ნაკლებად აქტიურია. ამ დროს ისინი წევრთა და მხარდამჭერთა აღრიცხვით არიან დაკავებულნი და მოსახლეობას პარტიის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე აწვდიან ინფორმაციას. პარტიის მიერ მასობრივი სოციალური აქციის ინიცირების შემთხვევაში პირველადი ორგანიზაციების აქტივისტები ვალდებულნი არიან, მობილიზება გაუწიონ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერას და შეაგროვონ ხელმოწერები.

პრაქტიკულად, თითქმის ყველა პარტიის პირველად და რაიონულ ორგანიზაციებს შორის (ძირითადად, დიდ რაიონებში) შუალედური ორგანიზაცია ფუნქციობს. მათ ზონალური ან საკურატორო ორგანიზაციები ეწოდებათ და მათი მთავარი ფუნქცია პირველად ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფაა. მსგავსი ორგანიზაციის დაარსებას საჭიროება განსაზღვრავს და, ჩვეულებრივ, მას პარტიის წესდება არ არეგულირებს. თითო ზონა საშუალოდ 8-12 პირველად ორგანიზაციას აერთიანებს და მას კოორდინატორი ხელმძღვანელობს, რომელიც რაიონულ და პირველად ორგანიზაციებს შორის მედიატორის ფუნქციებს ასრულებს და საკურატორო ზონაში პარტიული საქმიანობის ჩატარებაზე არის პასუხისმგებელი. ჩვეულებრივ, ერთი რაიონული ორგანიზაცია ოთხ ან ხუთ ზონას აერთიანებს.

პირველადი ორგანიზაციები რაიონულ ორგანიზაციებში ერთიანდებიან. მათი გავრცელების არეალი, საარჩევნო ოლქების გეოგრაფიულ საზღვრებს ემთხვევა.

პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციების ტერიტორიული სტრუქტურა

ცენტრალური ოფისი: ზოგად ხელმძღვანელობას უწევს პარტიის მუშაობას, განსაზღვრავს პარტიის იდეოლოგიასა და პოლიტიკას, აგრეთვე ფინანსების მოზიდვისა და ხარჯვის პრიორიტეტებს.

რეგიონული ორგანიზაციები: ზედამხედველობას უწევს რაიონული ორგანიზაციების მუშაობას და პარტიის პოლიტიკის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

რაიონული ორგანიზაციები: პასუხისმგებელია ახალი წევრების მოზიდვის პოლიტიკის გატარებაზე, ადგილობრივი მასშტაბით, კონკრეტული აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებაზე, საწევრო გადასახადის აკრეფაზე, ახალი წევრების რეგისტრაციაზე.

ზონალური ორგანიზაციები: პირველად და რაიონულ წარმომადგენლობებს შორის შუალედური ორგანიზაციაა. მათი დაარსება ხდება დიდ რაიონებში, ტერიტორიულ ერთეულებს შორის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.

პირველადი ორგანიზაციები: პარტიების სტრუქტურული პირამიდის პირველი საფეხური პასუხისმგებელია ახალი წევრების მოზიდვაზე, საზოგადოებასთან მუშაობაზე, მასობრივი კამპანიების ჩატარებასა და სარჩევნო პერიოდში მხარდამჭერთა მობილიზებაზე.

რაიონული ორგანიზაციების მუშაობას თავმჯდომარეები წარმართავენ. რაიონული ორგანიზაციის მუშაობას თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. თუმცა, დამატებით ამ დონეზე ჩამოყალიბებულია საბჭოები და ბიუროები - ადმინისტრაციული სამსახურები, რომლებიც მონაწილეობენ ადგილობრივი მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაწყვეტაში. ბიუროს/საბჭოს წევრთა რაოდენობა და დაკომპლექტების წესი პარტიების მიხედვით განსხვავდება. ჩვეულებრივ, 5-9 წევრი ჰყავთ. მათი მოვალეობაა ახალი წევრების მოზიდვა, წევრებისა და მხარდამჭერების აღრიცხვა, საწევრო გადასახადების შეგროვება (თუ მსგავსი გადასახადი არსებობს), სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარება, პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულების კოორდინირება.

0x01 graphic

რაიონული ორგანიზაციების მთავარი მოვალეობაა პირველადი ორგანიზაციების დახმარებით საარჩევნო სიების მომზადება. ამის მიზეზია პარტიების საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სიებისადმი უნდობლობა. აღნიშნული ორგანიზაციები საკუთარი ძალებით ცდილობენ სიებში შეცდომების ჩასწორებას. პარტიის - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - წევრის თქმით: „ჩვენ აღვრიცხავთ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენ მათ საპასპორტო ინფორმაციას ვთხოვთ, ვეკითხებით ასაკს და იმ პარტიის დასახელებას, ვითვისაც აპირებენ ხმის მიცემას (სურვილის მიხედვით). შესაბამისად, საარჩევნო პერიოდისთვის ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე ნათელი წარმოდგენა გვაქვს.“

რეგიონული ორგანიზაციები კოორდინაციას უწევენ რაიონული ერთეულების საქმიანობას და მათ ცენტრალურ ოფისთან აკავშირებენ. მათი გეოგრაფიული საზღვრები ქვეყნის ადმინისტრაციულ დაყოფას ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის დონეზე საქართველოში არჩევნები არ ეწყობა, ისინი ადმინისტრაციული ძალაუფლების დაყოფის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენენ და პარტიები ამ დონეზე საკუთარი წარმომადგენლობის არსებობის საჭიროებაზე მიუთითებენ. ჩვეულებრივ, რეგიონული ორგანიზაციების შექმნა და ფუნქციების განსაზღვრა ცენტრალური მმართველობითი ორგანოების პრეროგატივაა. ზოგადი პროცედურები, ძირითადად, პარტიების წესდებებში არის განსაზღვრული. რეგიონული ორგანიზაციების სტრუქტურა რაიონული ერთეულების მსგავსია: მათ საქმიანობას გეგმავს და წარმართავს თავმჯდომარე, რომელსაც ამ საქმიანობაში რეგიონული ბიუროები ან საბჭოები ეხმარებიან.

ტერიტორიული წარმომადგენლობების მუშაობას ზედამხედველობას უწევს ცენტრალური ოფისი. მაშინ, როდესაც, პარტიების წესდება ზოგადად განსაზღვრავს ადგილობრივი დონისთვის თანამდებობრივ პოზიციებს, ცენტრალური ოფისის დონეზე მკაცრად განსაზღვრავს თითოეულ ორგანოში თანამდებობის დაკომპლექტების წესს.

ცენტრალურ მმართველობით ოფისში უფლება-მოვალეობების გადანაწილების საკითხები განსხვავებულია პარტიების მიხედვით, თუმცა ყოველ მათგანს სამი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი ორგანო აქვს:

1) პარტიის უმაღლესი .. საკანონმდებლო ორგანო - ყრილობა/კონფერენცია;
2) აღმასრულებელი ორგანო - პოლიტიკური საბჭოები, თავმჯდომარეები და მდივნები;
3)პარტიული ორგანიზაციის მაკონტროლირებელი სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია პარტიის როგორც ერთიანი ორგანიზაციის საქმიანობის შეფასება-რევიზიაზე - სარევიზიო კომისია.

ფუნქციური - ახალგაზრდული და ქალთა - ორგანიზაციები

თითქმის ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას ჩამოყალიბებული აქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია, მაგრამ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს აქვს ქალთა ორგანიზაცია. ყველა პარტია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდული წარმომადგენლობების დაარსებას, რადგან ახალგაზრდა აქტივისტები, განსაკუთრებით, არჩევნების დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მასობრივი, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო კამპანიების წარმოებაში. ამ ფუნქციურ ორგანიზაციებს საკუთარი სტრუქტურა აქვთ და წარმოდგენილნი არიან პარტიის ცენტრალურ, რეგიონულ და რაიონულ დონეებზე.

პარალელურად, ყველა პარტიაში არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაციები. ჩვეულებრივ, მისი წევრობის მსურველთათვის არ არსებობს ფორმალური შეზღუდვები, თუმცა ერთი პარტია წევრობის უფლებას 35 წლის ასაკამდე1 ზღუდავს. ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საკუთარი სტრუქტურა აქვთ. როგორც წესი, ეს სტრუქტურები იმეორებენ ძირითადი ორგანიზაციის სტრუქტურას და წარმოდგენილნი არიან ამ უკანასკნელში. სახელდობრ, პარტიათა უმრავლესობაში ტერიტორიული ორგანიზაციების ბიუროებსა ან საბჭოებში წარმოდგენილნი არიან შესაბამისი ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერები.

ამ ორგანიზაციების საქმიანობა პარტიის ძირითად კურსს მიჰყვება, თუმცა მას ახალგაზრდული კუთხით უყურებენ. ძირითადი საზრუნავი ახალგაზრდებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა; ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში. პარტიები ხშირად იყენებენ ახალგაზრდა აქტივისტების ენერგიასა და ენთუზიაზმს კარდაკარ კამპანიების ჩატარებისას, იქნება ეს გამოკითხვები, ახალი წევრების მოზიდვა, ხელმოწერების შეგროვება, ბროშურების დარიგება და სხვ.

პარტიათა უმეტესობას ქალთა ორგანიზაციაც აქვს. ახალგაზრდული ორგანიზაციის მსგავსად, ისინი ფუნქციობენ როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში. ეს ორგანიზაციები, არსებითად, საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან, რაც, მეტწილად, გამოიხატება საზოგადოების სოციალურად დაუცველი ფენების დახმარებით. ქალთა ორგანიზაციების ინიციატივით პარტიები ბევრჯერ დახმარებიან ინვალიდებს ან მრავალშვილიან ოჯახებს. ისინი აღრიცხავენ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სწავლობენ მათ პრობლემებს და შესაძლებლობების ფარგლებში გასცემენ უფასო სადილისა და სამედიცინო დახმარების ტალონებს, ფინანსურ და სხვა მატერიალურ დახმარებებს. ის ქალთა ორგანიზაციები, რომლებსაც კავშირები აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკუთარ წევრებს სხვადასხვა საგანმანათლებლო, მათ შორის, ლიდერობის ტრენინგების პროგრამებში რთავენ. თუმცა, მსგავსი პროექტები არარეგულარულია და მათში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია; ამ პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობა, ძირითადად, ორგანიზაციის ლიდერებს ეძლევათ. უფრო მეტიც, ისინი ინიცირებული და ორგანიზებულია უფრო საერთაშორისო ორგანიზაციების და არა თავად ქალთა ორგანიზაციების მიერ.

პარტიების სამ (პირველად, რაიონულ და ცენტრალურ) სტრუქტურულ დონეზე ლიდერების დაკომპლექტების წესებში სამი კატეგორია შეიძლება გამოიყოს: ა)არჩევითი, ბ)არჩევითი, რომელიც ზემდგომი ორგანოს მხრიდან დამტკიცებას მოითხოვს, გ)დანიშვნითი. ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ტერიტორიული წარმომადგენლობების ლიდერთა შერჩევის ყველაზე გავრცელებული ფორმა ბოლო ორი კატეგორიაა. პარტიების უმრავლესობაში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს შესაბამისი ორგანიზაციის წევრები ირჩევენ, მაგრამ მოგვიანებით მათ ზემდგომი ორგანო ამტკიცებს. პირველადი, რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების წევრებს აქვთ თავმჯდომარეების არჩევის თავისუფლება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ზემდგომი ორგანოს საბჭო ან ბიურო იღებს.

პარტიების ნაწილი, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების ცენტრალური ოფისის მიერ დანიშვნას ამჯობინებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წესდების მიხედვით: „გაერთიანების სტრუქტურულ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის კანდიდატურას გაერთიანების გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს გაერთიანების პოლიტიკური საბჭო.“2 მსგავსი პრინციპით მოქმედებს ლეიბორისტული პარტიაც, კერძოდ, პარტიის სტრუქტურულ ერთეულებს „ხელმძღვანელობენ პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით პოლიტიკური კომიტეტის მიერ ხმათა 2/3-ით დამტკიცებული კოორდინატორები“.3

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების წევრების მიერ ხელმძღვანელის არჩევა ნაკლებად დამახასიათებელია ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის: არც ერთ მეტ-ნაკლებად წარმატებულ პარტიას ჯერჯერობით მსგავსი პრინციპი არ ჰქონია. 2004 წელს ის პირველად გამოიყენა საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ, რომლის წესდებაც მას პარტიული ორგანიზაციის მთავარ პრინციპად განსაზღვრავს. წესდების მიხედვით, პარტიის ყველა ხელმძღვანელი პოზიცია არჩევითია და არჩეული პირები ხელშეუხებელნი არიან მომდევნო არჩევნებამდე. არჩეული ხელმძღვანელის ვადამდე დათხოვნა მხოლოდ მის მიერ თანამდებობის დატოვების ან წესდების დარღვევის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ პრინციპის დანერგვის მთავარი მიზანი შიდაპარტიული კონკურენციის წახალისებაა. პარტიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ორგანიზაციის შიგნით არსებული კონკურენტული გარემო, ხელს შეუწყობს ძლიერი ლიდერების და მდგრადი ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებას.

შიდაპარტიულ თანამდებობებს შორის უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილებას წესდება არეგულირებს. თუმცა, ამ დოკუმენტში დეტალურად მხოლოდ პარტიის უმაღლესი თანამდებობის ფუნქციები არის განსაზღვრული. თითქმის ყველა პარტიას ჰყავს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და გენერალური მდივნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაზე, ყველა პარტიული აქტივობის დაგეგმვასა და წარმართვაზე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა დანიშვნა-განთავისუფლებაზე, ადგილობრივი წარმომადგნელობების დაარსების/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, ყველა ოფიციალურ პარტიულ დოკუმენტზე ხელის მოწერასა და მესამე პირებთან ურთიერთობისას პარტიის წარმოდგენაზე. თუმცა, პარტიის წესდება ან სხვა დოკუმენტი, ნათლად არ განსაზღვრავს პარტიული წარმომადგენლობებისა და ოფისების უფლებებსა და მოვალეობებს.

პარტიის სტრუქტურის ქვედა ერთეულებში ფუნქციების არათანაბარი და ნაკლებად ნათელი გადანაწილება ამცირებს მათი საქმიანობის ეფექტურობას. მაგალითად, რაიონული და ზონალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები იმავდროულად ადგილობრივი ბიუროების/საბჭოების წევრები და სხვადასხვა თემატური ჯგუფის კოორდინატორები არიან. ზოგიერთ პარტიაში თავმჯდომარეებისა და თანათავმჯდომარეების უფლება-მოვალეობები იმდენად მსგავსია, რომ მათი გამიჯვნა თითქმის შეუძლებელია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს, რადგან მათში განსაზღვრულია სამი მთავარი თანამდებობა (თავმჯდომარე, აღმასრულებელი მდივანი და ორგანიზაციული მდივანი), რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზაციაში პარტიული საქმიანობის წარმართვაზე და რომელთა შორის ფუნქციები მკვეთრად არის გამიჯნული. პარტიების უმრავლესობა აღიარებს, რომ პარტიული ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურულ დონეზე უფლება-მოვალეობების გადანაწილების სისტემა არაეფექტურია, რაც ახალი გამოწვევების პირობებში ზღუდავს მათ შესაძლებლობებსა და მობილობას; ზოგ მათგანს სიტუაციის გამოსწორების საკუთარი ხედვაც აქვს, თუმცა იდეები საბოლოო სახით ჯერჯერობით არ ჩამოუყალიბებია.

ერთადერთი სტრუქტურული ერთეული, რომლის საზღვრები ყველა პარტიაში მკაცრადაა გამიჯნული - მაკონტროლირებელი ორგანოა. მისი ვალდებულებაა პარტიის ფინანსური დოკუმენტაციის რევიზია, სტრუქტურული ერთეულების მიერ ჩატარებული აქტივობების ზედამხედველობა, შიდაპარტიული არჩევნების მონიტორინგი და შეფასება (თუ მსგავსი პრაქტიკა არსებობს). ყველა პარტიაში სარევიზიო კომისიის წევრობა არჩევითია და მათ სხვა შიდაპარტიული თანამდებობის შეთავსება ეკრძალებათ.

პარტიების უმრავლესობას ჩამოყალიბებული არ აქვს ინფორმაციის ეფექტური გაცვლის შიდაპარტიული მექანიზმები. ეს პარტიის სხვადასხვა დონის სტრუქტურულ ერთეულებს შორის გაუცხოებას იწვევს. ინფორმაციის გავრცელება, არსებითად, ერთი მიმართულებით ხდება: ცენტრალური ოფისიდან ინფორმაცია ადვილად აღწევს ტერიტორიულ წარმომადგენლობით ოფისებში, ძირითადად, მობილური ტელეფონების წყალობით. უნდა ითქვას, რომ რეგიონული და რაიონული ორგანიზაციის წევრებისთვის ცენტრალურ ოფისთან და ლიდერებთან დაკავშირება სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი წინადადებები წერილობით გააგზავნონ მმართველობით ორგანოებში. ეს მექანიზმი საკმაოდ არაეფექტურია და იშვიათად გამოიყენება.

პარტიული მმართველობის ზედმეტი ცენტრალიზაცია

საქართველოში პოლიტიკური პარტიები ზედმეტი ცენტრალიზაციით ხასიათდებიან. უფრო მეტიც, წარმატებული პარტიები უფრო ცენტრალიზაციისკენ არიან მიდრეკილნი, ხოლო პარტიები, რომლებიც ადგილობრივ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ თავისუფლებას ანიჭებენ, არჩევნებზე წარუმატებლად ასპარეზობენ. პარტიის ძირითადი რესურსები, მათ შორის, ფინანსური და ინტელექტუალური, ცენტრალური ოფისებშია კონცენტრირებული. შესაბამისად, პარტიის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მმართველ ოფისებში ხდება. ისინი გეგმავენ, წარმართავენ და ზედამხედველობას უწევენ ყველა პარტიულ საქმიანობას. ცენტრალური ოფისების ხელმძღვანელთა ვალდებულებები რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეთა დანიშვნა/დამტკიცებასა და საპარლამენტო კანდიდატთა სიების შედგენას შორის ვარირებს. ხშირად პარტიის ლიდერები ერთდროულად იდეოლოგები, გადაწყეტილებების მიმღებნი, მმართველები და მესამე პირთან ურთიერთობისას პარტიის წარმომადგენელბი არიან.

ხშირად პარტიების ლიდერები ერთდროულად იდეოლოგები, გადაწყვეტილებების მიმღებნი, მმართველები და მესამე პირთან ურთიერთობისას

პარტიის წარმომადგენლები არიან

პრაქტიკაში, ასევე წესდების მიხედვით, ფინანსების მოზიდვასა და ხარჯვას მთლიანად პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციული ორგანო განაგებს. პარტიების ურმავლესობაში წესდება ბიუჯეტის შემუშავებას და ხარჯების პრიორიტეტების განსაზღვრას მმართველობით ორგანოს ავალდებულებს. გამონაკლისი საქართველოს კონსერვატიული პარტიაა. ხარჯების პრიორიტეტები ყველა პარტიაში მსგავსია: საოფისე ხარჯები, პარტიული თანამდებობების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება და ოფისების ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

პარტიის სტრუქტურის ქვედა ერთეულებში ფუნქციების არათანაბარი და ნაკლებად ნათელი გადანაწილება ამცირებს მათი საქმიანობის ეფექტურობას

რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების უმრავლესობას ადგილობრივ ბიზნესმენებთან თანაშმრომლობის და ფინანსების მოზიდვის თავისუფლება აქვთ, მაგრამ ამ დონეზე ფინანსების მოზიდვის მასშტაბები შეზღუდულია და მათ კოორდინაციას ცენტრალური ოფისი უწევს. პარტიის წევრების ფინანსების მოზიდვის პროცესში ჩართვა გარკვეულ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული, რადგან პოლიტიკური პარტიის მიერ შემოწირულობის მიღება დონორისთვის საპასუხო სარგებლის გაცემასთან ასოცირდება; პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ, თუ ისინი ვინმესგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ, ვალდებულნი იქნებიან გარკვეული სარგებელი ან პრივილეგია მიანიჭონ დამფინანსებელს. მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად მათ საჭირო მანდატი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ადგილობრივი ორგანიზაციები საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან და ფინანსების მოზიდვის ვალდებულებას მთლიანად ცენტრალურ ოფისს უთმობენ. საჭიროების შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულები ფინანსური დახმარებისთვის ცენტრალურ ოფისს წერილობით მიმართავენ.

განსხვავებული მექანიზმი მოქმედებს საქართველოს კონსერვატიულ პარტიაში. აქ ადგილობრივ სტრუქტურულ ერთეულებს ბიზნესმენებისგან თანხების მოზიდვის თავისუფლება აქვთ. ამ შემთხევვაში მხოლოდ ორი შეზღუდვა მოქმედებს: მათ არ აქვთ არალეგალური ბიზნესისგან შემოწირულობის მიღების უფლება და ვალდებულნი არიან მოძიებული თანხების 20%25 ცენტრალურ ოფისს გადაურიცხონ. თუმცა, სხვა პარტიების სტრუქტურული ერთეულების მსგავსად, ფინანსური გაჭირვებისას, როდესაც პარტიული აქტივობების დაფინანსების ან ოფისის ხარჯების გასტუმრების შესაძლებლობა არ აქვთ, მათ შეუძლიათ დახმარებისთვის ცენტრალურ ოფისს მიმართონ. ცენტრალური ოფისი განიხილავს მათ თხოვნას და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებათ.

ინტელექტუალური და პროფესიული რესურსებიც პარტიების ცენტრალურ ოფისებშია კონცენტრირებული. ანალიტიკური ბიუროები, პროფესიული ჯგუფები და სამსახურები მხოლოდ სტრუქტურული პირამიდის ზედა საფეხურებზე ფუნქციობენ. ისინი განსაზღვრავენ პარტიის იდეოლოგიას, პოლიტიკას, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩასატარებელ პროგრამებს, ახალი წევრების მოზიდვის პოლიტიკას, ადგენენ გამოკითხვის ანკეტებს და სხვ. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული ჯგუფებიც ცენტრალურ ოფისებშია კონცენტრირებული. გავლენისა და პროფესიული რესურსების სიმცირის გამო, რაიონული და რეგიონული ორგანიზაციები საკუთარი აქტივობების შესახებ ინფორმაციას, ცენტრალური ოფისების პრეს-ცენტრების დახმარებით ავრცელებენ. ადგილობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ტერიტორიულ წარმომადგენლობებს საკუთარი მოსაზრებებით მოქმედების თავისუფლება ეძლევათ, მაგრამ ისიც მკაცრად განსაზღვრულ საკითხებში.

შესაბამიად, ცენტრალური ოფისები სტრატეგიის განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღების ფუნქციებს ასრულებენ, ტერიტორიული ორგანიზაციები კი მათ განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელნი. შეიძლება ითქვას, რომ მოკლევადიან პერიოდში ხელმძღვანელი ფუნქციების მთლიანად ცენტრალურ ოფისში კონცენტრაცია ამარტივებს გადაწყვეტილებების მიღებას და პარტიის მართვას უფრო ეფექტურს ხდის. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი გადამეტებული ცენტრალიზაცია ზღუდავს რესურსების ეფექტური მოზიდვის არეალს, ახშობს ადგილობრივ ინიციატივებს და ხელს უშლის ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებას. პარტიული ორგანიზაციების ცენტრალურ ოფისებში ხელმძღვანელი თანამდებობების ხელში დიდი რაოდენობით ვალდებულებების კონცენტრაცია, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი მოთხოვნების ადეკვატურ აღქმას, ორგანიზაციული რესურსების რეალურ შეფასებას და ახალი გამოწვევების ეფექტურ გადალახვას.

პარტიული ორგანიზაციების განვითარების სტრატეგიები

ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომლის წინაშეც პარტიები ორგანიზაციული განვითარების პროცესში დგებიან, ნათლად ფორმულირებული პარტიული სტრატეგიის არარსებობაა. რამდენადაც პარტიები აცნობიერებენ, რომ ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის პერსონალურ თვისებებზე ზედმეტი დაქვემდებარება ახანგრძლივებს მათ სტრატეგიულ სისუსტეს, ისინი ცდილობენ ამ სისუსტის გადალახვის გზები დასახონ.

პარტიების უმრავლესობა ქვეყანაში შექმნილი ახალი ვითარების ბარდაბარ ცდილობს ფეხი აუწოს ცვლილებებს და გადალახოს მათთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები (ამასთან დაკავშირებით დამატებით იხ. ამ თავის ბოლო ნაწილი). პარტიული ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწასთან ერთად, ისინი ცდილობენ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, თუ რა სახის პოლიტიკური ორგანიზაციები არიან და რისი მიღწევა სურთ მომავალში. ამ მხრივ, მათი ნაწილი დახმარებისთვის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ასე რომ, ქართული პოლიტიკური პარტიების ნაწილი რეკონსტრუქციის პროცესშია.

კვლევაში ჩართულ არც ერთ პარტიას, ერთის გამოკლებით, არ აქვს დაწერილი თანმიმდევრული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი. ზოგ პარტიას მსგავსი დოკუმნეტის შექმნაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, დანარჩენში კი პარტიულ სტრატეგიასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს.

პარტიების უმრავლესობა ქვეყანაში შექმნილი ახალი ვითარების ბარდაბარ ცდილობს ფეხი აუწყოს ცვლილებებს და გადალახოს მასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები

ერთადერთი გამონაკლისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა, რომლის ლიდერებმა შეიმუშავეს დოკუმენტი „როგორი იქნება ჩვენი ორგანიზაცია 2010 წელს“. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის მიზნები, რომელთა მიღწევასაც პარტია საკუთარი განვითარების გზაზე აპირებს. პარტიის ლიდერთა თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელი საერთო პრობლემის, კერძოდ, ერთ კონკრეტულ ლიდერზე დამოკიდებულების გადალახვას. ისინი ირწმუნებიან, რომ პარტია ცდილობს ქვეყნის განვითარებაზე მზრუნავ კეთილსინდისიერ ადამიანთა ჯგუფის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ისინი იმედოვნებენ, რომ პარტიის ასოცირება მოხდება სწორედ ამ ჯგუფთან და პარტიის მიზნებთან და არა ლიდერთა პერსონალიებთან. დოკუმენტში ჩამოყალიბებულ მიზანთა შორისაა მდგრადი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, სტაბილური საზოგადოებრივი მხარდაჭერის მიღწევა და სახელმწიფო ინსტიტუტებში ადეკვატური წარმომადგენლობის მიღება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ, დოკუმენტი საკმაოდ ზოგადია; მასში გადმოცემულია მიზნები, მაგრამ განსაზღვრული არ არის მათი მიღწევის კონკრეტული სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმით პარტია 2010 წლამდე ხელისუფლების შენარჩუნებას იმედოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ პარტიებს წერილობით არ ჩამოუყალიბებიათ განვითარების სტრატეგია, მათი ლიდერები პარტიული ორგანიზაციის განვითარებისას გარკვეული ზოგადი მიმართულებებით სარგებლობენ. ამის ერთ-ერთი მაგალითი რესპუბლიკური პარტიაა. მისმა გავლენამ პიკს 1995 წელს მიაღწია, როდესაც პარტიამ საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მოგვიანებით, ამ პარტიის გავლენა საგრძნობლად შემცირდა. პარტიას საზოგადოებისთვის სამოქალაქო სექტორიდან კარგად ცნობილი რამდენიმე წევრი ჰყავდა, მაგრამ როგორც ერთიანი ორგანიზაცია უფრო წარუმატებელ ინტელექტუალთა კლუბთან ასოცირდებოდა, ვიდრე სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშესთან. პარტია, სხვებისგან განსხვავებით, არასდროს ყოფილა დამოკიდებული ერთ ლიდერზე, რითიც ძალიან ამაყობდა და განსაკუთრებულ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდა: თუმცა, გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა ორგანიზაციული სისუსტის მიზეზადაც შეიძლება ჩაითვალოს. პარტია მოწინავე რიგებში ვარდების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობის შედეგად დაბრუნდა და 2004 წელს მისმა რამდენიმე წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტის მანდატიც მოიპოვა. ამის შემდეგაც პარტია კვლავ რამდენიმე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სახესთან ასოცირდებოდა და თითქმის არ ჰქონდა პარტიული ორგანიზაცია. 2005 წელს ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის იმედით პარტიამ თავმჯდომარედ სამოქალაქო საზოგადოების გამოკვეთილი წევრი დავით უსუფაშვილი აირჩია. პარტიის ახალმა ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა ძლიერ და დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდეს და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ სხვა პარტიებთან კოალიციების შექმნაზე (რასაც ის აკეთებდა ხოლმე თავისი არსებობის მანძილზე). მან საზოგადოებრივ ორგანიზაციებში გაბნეულ წევრებს უკან დაბრუნება და პარტიის მშენებლობაში დახმარება სთხოვა.

კოალიციების შექმნას, განსაკუთრებით, სკეპტიკურად ლეიბორისტული პარტია უყურებს. მისი წევრების თქმით, პარტია უარს აცხადებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ფართოდ გავრცელებული, არაიდეოლოგიურ პრინციპებზე დამყარებული კოალიციიების შექმნის მეთოდის გამოყენებაზე. თავის მხრივ, ახალი მემარჯვენეების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში პოპულარული მემარცხენე მოწოდებების მიუხედავად, ისინი შეძლებენ პარტიისთვის მყარი მემარჯვენე ელექტორატის ჩამოყალიბებას. უფრო მეტიც, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მიზნის მთავარი ნაწილი უკვე მიღწეულია და პარტიას უკვე ჰყავს სტაბილური ამომრჩეველი, რომელთა რიცხვიც თანდათანობით იზრდება.

პარტიული საქმიანობის დარეგულირების ფორმალური და არაფორმალური მეთოდები

ყველა პარტიაში წევრებს შორის ურთიერთობა არაფორმალურ, ერთმანეთის მიმართ პირად ნდობაზეა დამყარებული და ნაკლები ყურადღება ექცევა ზოგადად აღიარებულ პრინციპებსა და ფორმალურად განსაზღვრულ პროცედურებს. წევრების უმრავლესობის თქმით, მათი ურთიერთობა ოჯახური ურთიერთობების მსგავსია. ბევრ ორგანიზაციაში მსგავსი არაფორმალური ურთიერთობის წახალისება პოლიტიკის ნაწილადაც შეიძლება ჩაითვალოს. რაიონული და რეგიონული ორგანიზაციები ფლობენ თავიანთი წევრების დაბადების თარიღებს და დაბადების დღეს ყოველწლიურად ტელეფონით ულოცავენ. ასევე რეგულარულად ულოცავენ პარტიის წევრებს ეროვნულ დღესასწაულებს. ლეიბორისტული პარტიის წევრის თქმით: „ეს ტაქტიკა საკმაოდ ეფექტურია. ეს უბრალო ყურადღებაა, რომელიც ყველას ძალიან სიამოვნებს.“

პარტიების წევრების უმრავლესობის თქმით, მათი ეს ურთიერთობა ოჯახური ურთიერთობების მსგავსია

პარტიები ახალი წევრების მოზიდვის დროსაც არაფორმალურ მეთოდებს იყენებენ. ახალი წევრების მოზიდვის ზოგად მექანიზმებთან დაკავშირებულ კითხვაზე პარტიის წევრები, ჩვეულებრივ, პასუხობენ, რომ მათი ლიდერების მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ეყრდნობიან: ეს განცხადებები ავტომატურად საზღვრავენ პოლიტიკური პარტიის პოტენციური მხარდამჭერების არეალს. როდესაც საქმე ახალი წევრების მოზიდვის აქტიურ მეთოდებს ეხება, პოლიტიკური პარტიები უფრო წევრების პირად კავშირებს იყენებენ, კერძოდ, იმ ადამიანებთან კავშირებს, რომლებსაც ენდობიან: მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეზობლებს. პარტიის - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - წევრის თქმით: „დღეს ჩვენი პარტიის მთავარი მხარდამჭერები ჩვენი ახლო ნათესავები და მეგობრები არიან, რომლებსაც სჯერათ ჩვენი და პატივს გვცემენ.“ საკუთარი იდეოლოგიიდან ან პროგრამიდან გამომდინარე, პარტიები ნაკლებად საზღვრავენ კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებს, რომელთა მხარდაჭერის მოპოვებაც სურთ. ისინი განსხავებულად არც ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ქალებს ან სხვა სოციალურ ჯგუფებს მიმართავენ. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს ახალი წევრების მოზიდვისას სოციალური ჯგუფების საკმაოდ დიდი ნაწილი ყურადღების მიღმა რჩებათ.

პირადი კავშირებისგან განსხვავებით, ერთადერთი სოციალური ჯგუფი, რომლის მხარდაჭერის მოპოვებასაც ყველა პარტია დიდ ყურადღებას უთმობს - ახალგაზრდობაა. სპეციალური სპორტული და კულტურული პროგრამების განხორციელება, მოსახლეობის ამ ნაწილის პარტიულ საქმიანობაში ჩართვის მთავარი მეთოდია.

ახალი წევრების მოზიდვის წარმატება, ძირითადად, პარტიის ლიდერის იმიჯზეა დამოკიდებული.

პარტიების დაკვირვებით, ახალი წევრების მოზიდვის წარმატებას პარტიის ლიდერის იმიჯი განსაზღვრავს (მისი წილი საშუალოდ 2/3-ია). დანარჩენი ერთი მესამედი აგიტატორის პირადი ნაცნობობის ქსელთან ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული.

არაფორმალური ურთიერთობები პარტიულ ორგანიზაციაში ახალი წევრების მისვლის შემდეგაც გრძელდება. ყველა პარტიას აქვს წესდება, რომელიც ორგანიზაციის ფუნქციობის მთავარი მარეგულირებელი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს, აგრეთვე, უფლებებისა და მოვალეობების განაწილებას ამ ერთეულებს შორის. მაგრამ წესდება ძალიან ზოგად დოკუმენტად ითვლება, რომელსაც იმიტომ იღებენ, რომ დაიცვან კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ვალდებულია პირველივე კონფერენციაზე მიიღოს წესდება.4 კანონი ასევე განსაზღვრავს იმ ძირითად საკითხებს, რომელიც წესდებამ უნდა დაარეგულიროს: მათ შორის, ორგანიზაციის მიზნები, წევრთა მიღებისა და გარიცხვის წესები, წევრთა უფლებები და მოვალეობები, ორგანიზაციული სტრუქტურა, მმართველ ორგანოებში ვალდებულებების გადანაწილება5 და სხვა.

პარტიის ზოგადი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრასთან ერთად, თითქმის ყველა პარტიის წესდება სტრუქტურულ ერთეულებს საკუთარი საქმიანობის მარეგულირებელი დებულების და შინაგანაწესის მიღების უფლებას აძლევს. არც ერთი პარტიის ორგანიზაციულ ერთეულს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, დამატებითი მარეგულირებელი დოკუმენტი არ აქვს. 2005 წლის მეორე ნახევარში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო „ორგანიზაციის ფუნქციონირების ათი მთავარი პრინციპი“ და „ხუთი მთავარი წესი პარტიის წევრთათვის“. პირველი დოკუმენტი პარტიის მოქმედების ღირებულებით ჩარჩოებს განსაზღვრავს, მეორე კი იმ პრინციპებს აყალიბებს, რომლითაც საქმიანობისას პარტიის წევრმა უნდა იხელმძღვანელოს.

შიდაპარტიული კონფლიქტების დარეგულირებისას, ძირითადად, არაფორმალური მეთოდები გამოიყენება. წესდება ერთადერთი ფორმალური დოკუმენტია, რომელიც ირიბად უკავშირდება შიდა კონფლიქტების საკითხს. კერძოდ, ის ადგენს პარტიიდან წევრის გარიცხვის მიზეზებს: როდესაც წევრი იცვლის პოლიტიკურ მრწამსსა და ღირებულებებს, არ ემორჩილება ზემდგომი ორგანოების გადაწყვეტილებებს, საკუთარი ქმედებით ზიანს აყენებს პარტიის იმიჯს და სხვ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით: „თუ ვინმე არ ეთანხმება პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ის არ შეესაბამება მის პიროვნულ პრინციპებს, ამ ადამიანმა უნდა დატოვოს პარტია.“

წესდება არ ითვალისწინებს სხვა სახის პრობლემებს, რომლებიც პარტიის წევრებს შორის შეიძლება წარმოიშვას და არც მათი გადაჭრის მექანიზმებს განსაზღვრავს. შესაბამისად, პარტიები შიდა კონფლიქტების დასარეგულირებლად, მეტწილად, არაფორმალურ მეთოდებს იყენებენ. ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც წევრებს შორის დაპირისპირებისას პარტიები მათ დიალოგისკენ მოუწოდებენ. მსგავსი დიალოგი, ჩვეულებრივ, არაფორმალურ გარემოში პარტიული ლიდერების მონაწილეობით მიმდინარეობს. კონფქლიტების მოგვარების უფრო ფორმალური მექანიზმი, კერძოდ, ამ საკითხების შესაბამისი ორგანიზაციის ბიუროების/საბჭოების სხდომებზე განხილვა თითქმის არ გამოიყენება. ყველა პარტიისთვის რთულია ფორმალური მეთოდების გამოყენებით დარეგულირებული კონფლიქტის მაგალითის დასახელება. მეტიც, მათ უძნელდებათ პარტიიდან წევრის გარიცხვის მაგალითის დასახელებაც. ამ მხრივ, გამონაკლისს მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წარმოადგენს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი ქცევის გამო რაიონული ორგანიზაციის დონეზე პარტიიდან წევრის გარიცხვის გამოცდილება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის შიგნით ხშირია აზრთა სხვადასხვაობა, ის არაფორმალური დისკუსიების ჩარჩოებს არასდროს სცდება. ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში უმცირესობაში მოხევდრილი მხარე ტოვებს პარტიას.

პარტიებში არ არსებობს შიდა ორგანიზაციული კონფლიქტების დარეგულირების ფორმალური მექანიზმები

ორგანიზაციული სტრუქტურის შიგნით ავტორიტეტები განსაზღვრავენ შიდა ურთიერთობების პრინციპებსა და ქცევის წესებს. შესაბამისად, ეს პრინციპები საკმაოდ სტაბილურია და წევრები, რომლებიც მათ არ იზიარებენ, ნებაყოფლობით ტოვებენ პარტიის რიგებს და საფრთხეს არ უქმნიან შიდა ერთსულოვნების სიმტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს მექანიზმები საკმაოდ ეფექტურად უზრუნველყოფენ პარტიის ერთიანობას, ისინი ნაკლებად პროდუქტიულები არიან გრძელვადიან პერიოდში: იმ შემთხვევაში, თუ პარტიის შიგნით კონკრეტული წევრები ავტორიტეტს დაკარგავენ, შეუძლებელი გახდება კონფლიქტების დარეგულირება და თვით უმნიშვნელო დაბრკოლების გადალახვა.

პარტიების ნაწილი პრობლემად აღიქვამს კონფლიქტების დარეგულირების ფორმალური მექანიზმების არარსებობას. მაგალითად, ორგანიზაციის მოწყობის განსხვავებული პრინციპების გამო საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ ისინი დანარჩენი პარტიებისგან განსხვავებული კონფლიქტების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ. კერძოდ, მათი აზრით, შიდაპარტიული არჩევნები კონფლიქტების წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. პარტიის ყველა წევრი, რომელიც შიდაპარტიული თანამდებობის დაკავებას აპირებს, თანაპარტიელთან კონკურენციისა და დამარცხებისთვის უნდა იყოს მზად, ამასთან უნდა აცნობიერებდეს, რომ კანდიდატები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა მტრები. პარტიის წევრები იმასაც აღიარებენ, რომ შესაძლო კონფლიქტების დასარეგულირებლად წესდებაში დამატებითი მუხლების შეტანა ან რეგულირების ცალკე დოკუმენტის მიღებაა საჭირო.

პარტიის ფინანსები

პარტიული ორგანიზაციის სიძლიერეს, ძირითადად, მატერიალური და ფინანსური რესურსები განაპირობებენ. ყველა პარტია რესურსების სიმცირეს განიცდის და იმ რესურსების ეფექტურ გამოყენებაზეც, რაზეც ხელი მიუწვდებათ, სერიოზული პრობლემები აქვთ.

პარტიებისთვის საჭირო მთავარი მატერიალური რესურსი - ოფისებია. ჩვეულებრივ, საკუთარი ოფისები არ გააჩნიათ და ქირაობენ ხოლმე. ყველა პარტიის ცენტრალურ, რეგიონულ და რაიონულ ორგანიზაციებს საკუთარი ოფისები აქვთ. საოფისე ფართი არ აქვთ პირველად და ზონალურ ორგანიზაციებს. ამ უკანასკნელებს ოფისების გასახსნელად საჭირო თანხას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიისას აძლევენ. ცენტრალური ოფისების გარდა, დანარჩენი ოფისები, როგორც წესი, ორი-სამი ოთახისგან შედგება, რომელთაგან ერთი შეხვედრებისთვის არის განკუთვნილი.

პარტიული ოფისების ტექნიკური აღჭურვილობა ძალიან მწირია. რაიონულ დონეზე, ახალი მემარჯვენეებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, ყველა პარტიაში მხოლოდ აუცილებელი საოფისე ავეჯია (სკამები და მაგიდები), ტელეფონი ერთადერთი კომუნიკაციის საშუალებაა. ახალი მემარჯვენეების რაიონული და რეგიონული, ასევე ნაციონალური მოძრაობის რეგიონული ორგანიზაციების ოფისები კომპიუტერული ტექნიკით არის აღჭურვილი. დანარჩენი პარტიები ფინანსების სიმცირის გამო კომპიუტერებით მხოლოდ ცენტრალურ ოფისებში სარგებლობენ. ისინი საკმარისი ფინანსების მოძიების შემთხვევაში, მთავარ პრიორიტეტად ოფისების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას ასახელებენ.

პარტიების ძირითადი შემოსავლის წყარო მათი წევრების და მეგობრებისგან, ასევე, კერძო ბიზნესისგან მიღებული შემოწირულობებია

პარტიების შემოსავლის მთავარი წყარო საწევრო გადასახადები და შემოწირულობებია. საწევროებიდან მიღებული თანხა ხშირად იმდენად მცირეა, რომ რაიონული ოფისის ხარჯების გასტუმრებაც კი ძნელდება. ფინანსური შემოსავლების ძირითადი წყარო, პარტიის წევრების და მეგობრებისგან, ასევე კერძო ბიზნესისგან მიღებული შემოწირულობებია. ბიზნესიდან თანხების მოზიდვის პრეროგატივა ცენტრალურ ოფისს აქვს, ტერიტორიულ ორგანიზაციებს ფინანსების მოზიდვის თავისუფლება მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბის კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად აქვთ. თანხების მოზიდვის კონცენტრირება ცენტრალურ ოფისში, ერთი მხრივ, ათავისუფლებს ადგილობრივ ორგანიზაციებს ფინანსური პრობლემებისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ზღუდავს მათ შემდგომ განვითარებას.

პოლიტიკური
პარტია

წინა არჩევნებზე
მიღებული ხმების
რაოდენობის
მიხედვით (ლარებში)

პარლამენტში
მიღებული
ადგილების
მიხედვით (ლარებში)

სულ (ლარებში)

ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობა

1 203 076

300 000

1 503 076

საქართველოს
კონსერვატიული
პარტია

79 542

9 600

89 142

რესპუბლიკური
პარტია

59 657

9 600

69 257

მრეწველობა
გადაარჩენს
საქართველოს

113 313

14 400

127 713

ახალი
მემარჯვენეები

113 313

19 200

132 513

საქართველოს
ლეიბორისტული
(შრომის) პარტია

179 962

2 400

182 362

პარტია
თავისუფლება

131 313

- - -

131 313

ცხრილი 10. სახელმწიფო დაფინანსება, რმელსაც პოლიტიკური პარტიები 2006 წელს მიიღებენ

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი წყაროებისა, პარტიები ფინანსურ და მატერიალურ დახმარებას სახელმწიფოსგანაც იღებენ. 2006 წლიდან პარტიების სახელმწიფო დაფინანსება საგრძნობლად იზრდება: თუ წარსულში პარტიებზე მხოლოდ მცირე თანხები გაიცემოდა პარლამენტში მოპოვებული მანდატების შესაბამისად, ამიერიდან ის პარტიები, რომლებმაც შეძლეს წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 5%25-იანი მხარდაჭერის მოპოვება, საგრძნობლად გაზრდილ დამატებით თანხებს მიიღებენ.6 ცხრილში 10 ნაჩვენებია, საზოგადოებრივი თანხების რაოდენობა, რომელსაც შვიდი ქართული პოლიტიკური პარტია მიიღებს. თუმცა, დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, ამ თანხებით მხოლოდ პარტიების ხარჯების მცირე ნაწილის დაფარვა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო მხარდაჭერას, კანონის მიხედვით, მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობით, ლიტერატურით, სემინარებით და სხვა საგანმანათლებლო საქმიანობით დახმარებაა დაშვებული.7

პარტიები ახალი წევრების მოზიდვისას .. ტალღისებურ პოლიტიკას იყენებენ. პარტიის აქტივისტები თავის ნაცნობებს, მეზობლებს და ნათესავებს შემოიკრებენ, ეს უკანასკნელნი კი - თავიანთ ახლობლებს

საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ ამ სფეროშიც გარკვეული სიახლეების დანერგვა სცადა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 2005 წელს მათ პირველად მოაწყვეს საქველმოქმედო სადილი და ამით ფინანსური სახსრების მოზიდვის ახალი, გამჭვირვალე მექანიზმის დამკვიდრებას დაუდეს საფუძველი.

ადამიანური რესურსები

ყველა პარტია აღიარებს, რომ მათი მთავარი დასაყრდენი ნიჭიერი და ერთგული ადამიანები არიან. აქ პირველ რიგში პარტიის ლიდერები იგულისხმებიან: ისინი წევრებისა და მხარდამჭერების მოზიდვის მთავარი მაგნიტები არიან. თუმცა, ვერც ერთი პარტია წარმატებას აქტივისტთა კარგად ორგანიზებული ჯგუფის გარეშე ვერ მიაღწევს, რადგან სწორედ ეს ჯგუფი ახორციელებს ძირითად პარტიულ სამუშაოს.

რაც შეეხება ადამიანურ რესურსებს, პარტიული საქმიანობა, ამ მხრივ, ორი მიმართულებით ვითარდება. პირველ რიგში, პარტია ცდილობს აქტივისტების მოზიდვას, ხოლო შემდეგ მათი შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.

ახალი წევრების მოზიდვა პირველადი და რაიონული ორგანიზაციების ვალდებულებაა, ხოლო წევრების მოზიდვის ზოგად პოლიტიკას პარტიის ლიდერები განსაზღვრავენ. პარტიების უმრავლესობა ახალი წევრების მოზიდვისას ე.წ ტალღისებურ მეთოდს იყენებს. პარტიის აქტივისტები თავის ნაცნობებს, მეზობლებს და ნათესავებს შემოიკრებენ, ეს უკანასკნელნი კი - თავიანთ ახლობლებს. ერთ-ერთი ახალი მემარჯვენეს თქმით: „ადამიანს, პირველ რიგში, სამეგობრო წრე უნდა გყავდეს გვერდში, იმას თავის სამეგობრო. ეს პროცესი ტალღასავით გადაეცემა ერთმანეთს და მერე საკმაოდ დიდ არეალს მოიცავს.“ სხვა პარტიები ახალი წევრების მოსაზიდად გარკვეულ ფორმულას n+1-ს იყენებენ: კერძოდ, ყველა წევრი ვალდებულია თვეში ერთხელ პარტიაში ერთი წევრი მაინც გააწევრიანოს. მართალია, ეს ფორმულა წესდებაში ან სხვა დოკუმენტში ფორმალურად არ არის გაწერილი, მაგრამ პარტიები მას საკუთარი ორგანიზაციის განვითარებისთვის აუცილებელ პირობად აღიქვამენ.

პარტიები დაარსების პირველ წლებში უფრო წევრების რაოდენობის გაზრდაზე იყვნენ ორიენტირებულნი, მოგვიანებით გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ რაოდენობის ნაცვლად ყურადღება ხარისხზე გადაიტანეს. ლეიბორისტული პარტიის წევრის თქმით: „ჩვეულებრივ, შთამბეჭდავია, როცა პარტიას ბევრი წევრი ჰყავს, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება წევრი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იქნება და პარტიის არც ერთ დავალებას არ შეასრულებს.“ ამ პრობლემის გადასაჭრელად პარტიები ერთმანეთისგან პარტიულ საქმიანობაში ჩართული აქტიური წევრების (აქტივისტების) და ნაკლებად აქტიური მხარდამჭერების გარჩევას ცდილობენ (ამ განსხვავებასთან დაკავშირებით დამატებით იხ. მომდევნო თავი - შიდა დემოკრატია და წევრობა).

პარტიები წევრების მოზიდვასთან ერთად, მათი შესაძლებლობების მიზანმიმართულად გამოყენებას, ადამიანური რესურსების ეფექტური გადანაწილების და მართვის სისტემის ჩამოყალიბებას საჭიროებენ. პირველ რიგში, ისინი წევრებისგან ინფორმაციას აგროვებენ. ამ მიზნით, ყველა პარტია წევრებისგან გარკვეული ანკეტის შევსებას ითხოვს, რომელშიც მის პირად მონაცემებთან ერთად განათლება, პროფესია და ინტერესთა სფეროა მითითებული. ჩვეულებრივ, ეს ინფორმაცია რაიონული ორგანიზაციების ჟურნალებში ინახება და იშვიათად გამოიყენება. პარტიის შიგნით გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოები ეფექტურად ვერ იყენებენ ადამიანური რესურსების შესახებ ორგანიზაციაში არსებულ ინფორმაციას. მხოლოდ ახალ მემარჯვენეებს აქვთ კომპიუტერული საინფორმაციო ბაზა, რომელიც საშუალებას აძლევს პარტიას დიდი ძალისხმევის გარეშე განაახლოს ინფორმაცია ადამიანური რესურსების შესახებ, დაამუშაოს ის ასაკობრივი, გენდერული, პროფესიული ნიშნით და ეფექტურად გადაანაწილოს ისინი.

ადამიანური რესურსები და მათი მართვა

ახალმა მემარჯვენეებმა ადამიანური რესურსების მართვის შედარებით ეფექტური სისტემის გამოყენება დაიწყეს. ის ერთადერთი ქართული პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც წევრების შესახებ კომპიუტერული საინფორმაციო ბაზის შექმნა შეძლო. ამ ბაზაში პარტიის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაცია ინახება, მათ შორის განათლება, სამუშაო გამოცდილება და ინტერესთა სფერო, რაც პარტიას მის ხელთ არსებული ადამიანური და ინტელექტუალური რესურსების ეფექტური მართვისა და გადანაწილების საშუალებას აძლევს. ამ ინფორმაციის რეგულარული განახლების მიზნით პარტიის წესდება პარტიულ ორგანიზაციებს ინფორმაციის ყოველწლიურად განახლებას ავალდებულებს.

პარტიაში ყურადღებას აქცევენ ისეთ დეტალებსაც კი, როგორიცაა ინფორმაცია მამაკაცების მიერ სამხედრო სამსახურის მოხდის შესახებ. პარტიის წარმომადგენლის თქმით: „ამ ინფორმაციას წევრებისგან იმისთვის ვითხოვთ, რომ მუშაობის დროს გავითვალისწინოთ. კერძოდ, როდესაც ადამიანს მოხდილი არ აქვს სამხედრო სამსახური, პარტია მას მხოლოდ ხანმოკლე ვადის დავალებებს აძლევს, რამდენადაც უახლოეს მომავალში ის შეიძლება გაიწვიონ“. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სამსახურისას პიროვნებას ავტომატურად უწყდება პარტიული წევრობა.

პარტიის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის ფლობასთან ერთად, ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება უშუალოდ დაკავშირებულია პარტიის შიგნით თანამდებობებსა და აქტივისტებს შორის ვალდებულებების გადანაწილებასთან. პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა პარტიის შიგნით ვალდებულებების არათანაბარი გადანაწილების და ურთიერთგადაფარვის პრობლემის წინაშე დგას, რაც უარყოფითად მოქმედებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების ეფექტურობაზე. ეს ეხება როგორც ცენტრალურ ოფისს, ისე ტერიტორიულ ორგანიზაციებს შორის ვალდებულებების გადანაწილებას.

პოლიტიკური ორგანიზაციების უმრავლესობა პარტიის შიგნით ვალდებულებების არათანაბარი გადანაწილების და ურთიერთგადაფარვის პრობლემის წინაშე დგას

რესტრუქტურიზაციის მიმდინარე პროცესი

ყველა ქართული პოლიტიკური პარტია საკუთარ ორგანიზაციაში რესტრუქტურიზაციის მიმდინარე პროცესზე მიუთითებს. დაარსების და განვითარების განსხვავებული ისტორიის მიუხედავად, ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველა პარტია პოლიტიკურ სივრცეში რადიკალური ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა. ახალი გამოწვევების საპასუხოდ მათ საკუთარ ინსტიტუტებში სერიოზული ცვლილებების გატარება უწევთ. თუმცა, განსხვავებული საწყისების გამო ცვლილებათა თემატიკა პარტიების მიხედვით იცვლება.

რესპუბლიკური პარტია არსებობის რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, თუმცა 2005 წლამდე ის არ წარმოადგენდა კარგად ინსტიტუციონალიზებულ პარტიას: თვით წევრებისა და საზოგადოების მიერ ის ინტელექტუალურ კლუბად აღიქმებოდა, რომელსაც თან საკუთარი წესდება და სტრუქტურა ჰქონდა. შესაბამისად, მისი საქმიანობა ნაკლებად ეფექტური და ორგანიზებული იყო. დღეისთვის პარტია სერიოზული ძალისხმევას მიმართავს, რათა გადალახოს არსებული იმიჯი და კარგად ორგანიზებულ პოლიტიკური ინსტიტუტად ჩამოყალიბდეს.

საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ რეგისტრაცია 2004 წელს გაიარეს. ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები პოლიტიკურ ასპარეზზე წლების წინ გამოჩნდნენ, თუმცა 2004 წელს გაერთიანდნენ და ერთიან პარტიად დარეგისტრირდნენ. მასში ამჟამად მიმდინარე რეორგანიაზაციის მიზეზი ოპოზიციურიდან მმართველი პარტიის როლში გადასვლაა. ამან განაპირობა მისი პასუხისმგებლობის ზრდა და ახალი ვალდებულებები დააკისრა. პარტიის წევრთა თქმით, არსებული სიტუაცია პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურის შეცვლასაც გამოიწვევს: „რევოლუციამდე სხვა სტრუქტურა იყო, დღეს უკვე სულ სხვაა. დღეს ჩვენ სახელისუფლებო პარტია ვართ.“

საქართველოს კონსერვატიული პარტია კონსერვატიული პარტიისა და ეროვნულ ძალთა გაერთიანების (პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერთა ჯგუფი) შედეგად დაარსდა; ეს უკანასკნელი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა ვარდების რევოლუციაში, თუმცა, მოგვიანებით გამოეყო მას. ამჟამად პარტია 2004 წელს მიღებული წესდების შესაბამისად მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების სტადიაშია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგნენ საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ახალი მემარჯვენეები და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. მათ რიგებს ბევრი წევრი გამოაკლდა, თუმცა შეძლეს ორგანიზაციების შენარჩუნება. ამჟამად, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ისინი ახალი გარემოს შეფასების, პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ზოგიერთი პრინციპის გადასინჯვის და საზოაგდოებრივ საჭიროებებთან უფრო დაახლოებული პროგრამების შემუშავების პროცესში იმყოფებიან.

არის გარკვეული ცვლილებები, რომლებიც პარტიათა უმეტესობას ახასიათებს. მათ შორისაა პარტიის წევრობის საკითხის გადასინჯვა, რომელიც მომდევნო თავში იქნება განხილული. მეორე მხრივ, პარტიები ორგანიზაციებში დამატებითი ფუნქციური ორგანოების შექმნაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი პრიორიტეტს სხვადასხვა პარტიულ საქმიანობაში მოსახლეობის ჩართვას ანიჭებენ, რადგან ეს ხელს უწყობს პარტიის მიერ საზოგადოებრივი ინტრესების გათვალისწინებას და დადებითად მოქმედებს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. პარტიული ორგანიზაციების ნაწილი ამის მიღწევას რაიონულ დონეებზე სათათბიროების, სამუშაო ჯგუფების ან ჩრდილოვანი კაბინეტების (shadow cabinets) შექმნით აპირებს. სათათბიროები ღია ორგანიზაციებია და არ ზღუდავს წევრთა რაოდენობას. ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს მის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებსა და ჩრდილოვან კაბინეტებს, მათში მონაწილეობა პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისათვის შეზღუდულია, მონაწილეთა რიცხოვნობაც გონივრულ ფარგლებს არ სცდება. ყველა ეს ორგანო მსგავს ფუნქციას განსხვავებული საშუალებებით ასრულებს: ისინი საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციებს ასრულებენ და პარტიულ ორგანიზაციებს ადგილობრივ და სახელმწიფო მასშტაბის საკითხებზე აძლევენ რეკომენდაციებს. ისინი შეიძლება ახალი იდეების და ინიციატივების გენერირების და პარტიულ საქმიანობაში პროფესიონალების ჩართვის საშუალებად იქცნენ. თითოეული პარტიის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია კვლევის პერიოდში მათ მიერვე შედგენილ დოკუმენტებში, თანდართულ მასალებში შეგიძლიათ იხილოთ.

ძირითადი დასკვნები

ქართული პარტიების ორგანიზაციული სტრუქტურა, მათი ადგილობრივი წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპს იმეორებს და საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებს ემთხვევა. თითქმის ყველა პარტიას აქვს ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციები.

მიმდინარე პერიოდში ყველა პარტია საკუთარი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის პროცესშია. ეს მრავალ საკითხთან ერთად პარტიის შიგნით წევრობის ცნების უფრო ნათელ განსაზღვრას, მხარდამჭერთა სიების შედგენას და ახალი ფუნქციური ორგანიზაციების დაარსებას გულისხმობს.

პარტიების ფინანსური და პროფესიული რესურსები მათ ცენტრალურ ოფისებში არის კონცენტრირებული. ცენტრალური ოფისები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაში, ფინანსების მოზიდვასა და ხარჯვაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმართვაში.

პარტიის შიგნით, საერთო მიზნებსა და ფორმალურ პროცედურებზე დამყარებული ურთიერთობებისგან განსხვავებით, პრიორიტეტი პიროვნულ სიახლოვესა და ნდობაზე დამყარებულ არაფორმალურ ურთიერთობებს ენიჭება. ეს უზრუნველყოფს პარტიის შიდა ერთსულოვნებას, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ზღუდავს მის განვითარებას.

პარტიებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ფორმალური ინსტიტუციონალური სტრუქტურები. სხვადასხვა დონეზე პარტიების ლიდერებსა და თანამშრომლებს შორის ვალდებულებები ნათლად არ არის გამიჯნული და ხშირია ურთიერთგადაფარვა; არ არსებობს შიდაპარტიული ინფორმაციის გაცვლისა და კონფლიქტების მოგვარების ეფექტური მექანიზმები.

__________________

1 მუხლი 15.2, საქართველოს კონსერვატიული პარტიის წესდება.

2. მუხლი 8.1, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წესდება.

3 მუხლი 5.1, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წესდება.

4. მუხლი 12, საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

5. მუხლი 13, საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

6 პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსების წესებთან დაკავშირებით, იხ. პარტია და სახელმწიფოს თავი პირველ ნაწილში.

7 მუხლი 26, საქართველოს ორგანული კანონი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

4.4 2.4 შიდა დემოკრატია და წევრობა

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

პარტიებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შიდა პარტიული მოწყობის სხვადასხვა შესაძლო მოდელის შესახებ.

პარტიების საქმიანობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს; უნდა განისაზღვროს თანმიმდევრული, მრავალმხრივი და ნათელი პოლიტიკა.

განვითარდეს პარტიული ორგანიზაციების სხვადასხვა დონეზე საჯარო პოლიტიკის ანალიზი და მისი ფორმულირების უნარები.

გაიზარდოს პარტიებში რიგითი წევრების როლი გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის ფორმულირებისას.

ზოგადი მიდგომა შიდა დემოკრატიის საკითხის მიმართ

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ შიდა დემოკრატიის საკითხი აქტუალურად არ არის მიჩნეული პარტიების წარმომადგენელთა მიერ. უკანასკნელ პერიოდში ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ორგანიზაციის სტრუქტურული ცვლილებები განახორციელეს ან მათ განხორციელებას აპირებენ, თუმცა ეს ცვლილებები გადაწყვეტილების მიღებაში წევრების ჩართვაზე ან პარტიების შიგნით პლურალიზმის გაზრდაზე არ არის მიმართული. ცვლილებები, უპირატესად, პარტიის საარჩევნო მექანიზმების ეფექტურობის ამაღლებას ისახავენ მიზნად.

თითქმის ყველა შეხვედრის მონაწილეები მათ პარტიაში დამკვიდრებულ გადაწყვეტილებათა მიღების წესს ახასიათებდნენ როგორც დემოკრატიულს და წევრების ჩართულობაზე ორიენტირებულს. თუმცა, მუშაობის დემოკრატიული წესი ზოგადად აღქმული იყო როგორც შიდა პარტიული ატმოსფეროს ნაწილის მახასიათებელი და არა პარტიაში დამკვიდრებული ფორმალური წესები. მაგრამ პარტიების შიგნით მოქმედი ფორმალური წესების ანალიზი საკმაოდ ცენტრალიზებული პარტიული სტრუქტურის არსებობაზე მიუთითებს.

საყურადღებოა, რომ ორ შეხვედრაზე პარტიის წევრებმა მათი შიდა პარტიული მმართველობის ფორმა დაახასიათეს როგორც „დემოკრატიული ცენტრალიზმი“, რაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ორგანიზაციულ მოდელად ითვლებოდა. მათი თქმით, არ არის აუცილებელი „ველოსიპედის ხელახლა გამოგონება“. კერძოდ, მათ აღქმაში პარტიის ეს მოდელი თითქმის უნივერსალურ მოდელს წარმოადგენს. ასეთი დამოკიდებულების ახსნა, ნაწილობრივ, იმითაც შეიძლება, რომ პოლიტიკური პარტიების წევრების და აქტივისტების დიდმა ნაწილმა საბჭოთა კავშირის პერიოდში და მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური კულტურის ფარგლებში გაიარა სოციალიზაცია და პარტიის განსხავებული მოდელების შესახებ ცოდნა არ გააჩნია.

განსხვავებული მიდგომა შიდა დემოკრატიის საკითხის მიმართ კონსერავტიული პარტიის წევრებს აქვთ. კონკრეტულად განსაზღვრულ წესებზე დაფუძნებული შიდა დემოკრატია პარტიის წევრებისთვის საკუთარი პარტიის აღქმის მნიშვნელოვანი ნაწილია. პარტიის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ ქართულ საზოგადოებას შესთავაზეს პარტიის ისეთი მოდელი, რომელშიც შიდაპარტიულ თანამდებობებზე დანიშვნა ნაცნობობით არ ხდება. უფრო მეტიც, პარტიის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ პარტიის შიდა დემოკრატიული მოწყობა ხელისუფლებაში დემოკრატიულად ფუნქციობის საწინდარია. ამავე დროს, ისინი იმედოვნებენ, რომ მათ მიერ არჩეული პარტიის მოდელი, საზოგადოების მხრიდან მეტ ნდობას და, შესაბამისად, მეტ საარჩევნო წარმატებასაც მოუტანს.

ქართული პოლიტიკური პარტიები შიდა დემოკრატიის საკითხს აქტუალურად არ მიიჩნევენ

სხვა პარტიებიდან ბევრი რესპონდენტისთვის ცნობილია კონსერვატიული პარტიის მოწყობის ახლებური პრინციპი, რომელიც ადგილობრივ წარმომადგენლობებს ფართო ავტონომიას ანიჭებს. თუმცა, ეს ქართულ პარტიულ ცხოვრებაში სიახლეა და მის მიმართ გამოკვეთილი დამოკიდებულება სხვა პარტიების წარმომადგენლებს ჯერ არ გააჩნიათ.

პარტიების მოწყობა: ზევიდან ქვევით

ბევრი ავტორი მიდიოდა იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე პარტიებში ძალაუფლება ლიდერთა პატარა ჯგუფის ხელშია თავმოყრილი,. ასე ფიქრობდა მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელი სოციოლოგი რობერტ მიხელსიც. მისი დაკვირვების თანახმად, დემოკრატიული და საჯარო პოლიტიკის პირობებში პარტიის ხელმძღვანელები ის წევრები ხდებიან, რომელებიც რიგით წევრზე უკეთ ახერხებენ საუბარს და პოლიტიკურ საკითხებშიც უკეთ ერკვევიან. ისინი ქმნიან პარტიის ელიტას, რომელიც ხშირად პარტიის წევრების მასისგან დამოუკიდებლად და ზოგჯერ მათი ინტერესების საწინააღმდეგოდაც მოქმედებენ.

მიხელსი ამას უარყოფით მოვლენად აფასებდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დემოკრტიულ წყობილებაშიც კი ძალაუფლების ელიტების ხელში თავმოყრა გარდაუვალია. ეს პროცესი თვით დემოკრატიული წყობილების შინაგან ბუნებასთან არის დაკავშირებული და ამ პირობებში პარტიათა შორის ურთიერთობა პარტიულ ელიტებს შორის ურთიერთობამდე დაიყვანება.1 მიხელსი, უდავოდ, თავისი დროის ადამიანი იყო, რომელმაც ბოლოს ფაშიზმის რაციონალიზაცია მოახდინა.

კომუნისტური პარტიის შემთხვევაში ძალაუფლების ხელმძღვანელების ხელში კონცენტრაციის ასეთი ახსნა არ გამოიყენებოდა. ის უფრო შემდეგ იდეას ეყრდნობოდა: იმ შორსმიმავალი მიზნების განსახორციელებლად, რომელსაც პარტია ისახავს, კერძოდ, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად და საზოგადოების სოციალისტურ საწყისებზე გარდასაქმნელად, აუცილებელია ნების სრული ერთიანობა. შესაბამისად, პარტიის შიგნით დაუშვებელია დებატები პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ირგვლივ, თუმცა პოლიტიკური საკითხების განხილვა გადაწყვეტილების მიღებამდე დაშვებულია. გარკვეულ პირობებში ასეთმა მიდგომამ, რომელსაც „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ სახელი ეწოდა, კომუნისტურ პარტიებს წარმატება მოუტანა. ბოლშევიკური პარტია რუსეთში და კომუნისტური პარტიები დასავლეთ ევროპაში ერთიანად გამოდიოდნენ მათი შინაგანად დაქსაქსული ოპონენტების, დემოკრატიული პარტიების წინააღმდეგ და მეტ წარმატებასაც აღწევდნენ ძალაუფლების მოპოვებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (ჩეხეთში, იუგოსლავიაში) კომუნისტური პარტიის მიერ ძალუფლების ხელში ჩაგდება, ნაწილობრივ, სწორედ ამ მოვლენით აიხსნება. თუმცა, ამგვარი შიდა მოწყობის პრინციპი კომუნისტური პარტიების სტრუქტურული სისუსტის მიზეზიც იყო. საზოგადოებაში მიმდინარე ღირებულებითი ცვლილების მიმართ კომუნისტურმა პარტიებმა ვერ გამოავლინეს საკმარისი მოქნილობა და ვერ შეძლეს საკუთარი იმიჯისა და პოლიტიკის ახალ რეალობასთან ადაპტირება მაშინ, როდესაც მათ მიერ წამოყენებულმა იდეოლოგიამ დაკარგა მხარდაჭერა. ამას შედეგად მთელ რიგ ქვეყნებში კომუნისტური პარტიების გაქრობა მოჰყვა.

ქვევიდან ზევით

პარტიის შიგნით ძალაუფლების, რაც შეიძლება, უფრო ჰორიზონტალური გადანაწილება და სხვადასხვა ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება შეიძლება პოლიტიკური ორგანიზაციის ერთიანობის შენარჩუნების საუკეთესო საშუალება იყოს. ჩვეულებრივ, პარტიის წევრები ერთსულოვნების შენარჩუნებისკენ უფრო არიან მიდრეკილნი, ვიდრე განხეთქილებისკენ. სხვადასხვა ინტერესის გათვალისწინება ხელს უწყობს პარტიული ერთიანობის შენარჩუნებას. რიგითი წევრების ჩართვა პარტიის პოლიტიკისა და პროგრამული საკითხების განხილვაში მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს, მაშინაც კი, როდესაც ასეთი განხილვები პარტიის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენენ.

უფრო მეტიც; როდესაც დემოკრატიული იდეალი მოქალაქეთა ფართო ჩართულობასთან არის დაკავშირებული, პარტიების შიგნით გადაწყვეტილებების მიღების ზედმეტი ცენტრალიზაცია შეიძლება მავნე აღმოჩნდეს ამა თუ იმ პარტიის „იმიჯისთვის“. შესაბამისად, გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში წევრების ჩართვა შეიძლება, ერთი მხრივ, პარტიის მიმართ დამოკიდებულების და, მეორე მხრივ, პარტიის აქტივისტების შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდეს, თანაც ისე, რომ პარტიის ხელმძღვანელებმა ორგანიზაციის ფუნქციობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების სადავეები ხელიდან არ გაუშვან. ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, საზოგადოებრივი იმიჯის გაუმჯობესება დასავლური პარტიებისთვის კიდევ ერთ ანგარიშგასაწევ მოსაზრებას წარმოადგენს შიდა დემოკრატიის განსავითარებლად; ეს დამახასიათებელია პარტიების განვითარების მიმდინარე პერიოდისთვის.

წევრობის ინსტიტუტი ქართულ პარტიებში

ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ხერხემალს მისი წევრები წარმოადგენენ. კონკრეტული პარტიის ბუნების გასაგებად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რას ნიშნავს მისთვის პარტიის წევრობა.

თანამედროვე დასავლური პარტიების უმრავლესობაში გაწევრიანება პიროვნების ცალმხრივი გადაწყვეტილებით ხდება. პარტიაში გაწევრიანება შეიძლება წმინდა ტექნიკური მოქმედებაც იყოს, რომლის განხორციელება, მაგალითად, ინტერნეტითაც არის შესაძლებელი.

ქართული პარტიების უმრავლესობას ამ საკითხის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს. გაწევრიანების პროცედურის საილუსტრაციოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ახალი მემარჯვენეების მაგალითები შეგვიძლია გამოვიყენოთ. ყველა დაინტერესებული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს და აცხადებს, რომ იზიარებს კონკრეტული პარტიის მსოფლმხედველობასა და პროგრამას, შეიძლება პარტიის წევრად მიიღონ. პირველ რიგში, ასეთმა ადამიანმა წერილობითი განაცხადი უნდა შეიტანოს პარტიის ადგილობრივ ოფისში, თუმცა ეს გაწევრიანების პროცედურის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. მან პარტიის იმჟამინდელი წევრის ორი ან სამი რეკომენდაციაც უნდა წარადგინოს და ინტერვიუს დროს მიმღები ორგანო საკუთარ კეთილ ზრახვებსა და დადებით განწყობებში დაარწმუნოს. მსგავსი პროცედურებია სხვა დანარჩენ პარტიებშიც.

პარტიის წევრობის ყველა წარმატებული განმცხადებელი იღებს წევრობის დამადასტურებელ მოწმობას და მასთან ერთად ენიჭება პარტიის წესდებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები. კერძოდ, მას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შიდა არჩევნებში ან/და არჩეულ იქნეს შიდაპარტიულ თანამდებობებზე, ინფორმაცია მიიღოს პარტიის ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე, წინადადებებითა და ინიციატივებით მიმართოს ხელმძღვანელ ორგანოებს. ფაქტობრივ კი, თითქმის ყველა პარტიაში მისი წევრი, ძირითადად, ვალდებულია დაემორჩილოს წესდებას, გადაიხადოს საწევრო გადასახადი, აქტიურად ჩაერთოს პარტიულ ღონისძიებებში, დაემორჩილოს და შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები.

ჩვეულებრივ, ისეთი ფორმალური პროცედურების გავლა როგორიცაა რეკომენდაციების მიღება ან გასაუბრება, პარტიაში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვან სიძნელეებს არ ქმნის. ამავე დროს, მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც, კონსერვატორების გარდა, ყველა პარტიისთვის არის დამახასიათებელი, არის მიღების წესების გამკაცრება. ამის მიზეზი ის გახდა, რომ პარტიები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ მიმართ წევრების ერთგულებას, რისი მიზეზიც, მათი განმარტებით, ისაა, რომ გახშირდა წევრების მიერ პარტიების დატოვების შემთხვევები. იმ პარტიებმა, რომლებმაც ვარდების რევოლუციას მხარი არ დაუჭირეს, მრავალი წევრი დაკარგეს და არასანდო წევრების შემოდინებისგან თავის დაცვას ცდილობენ. მომავალი წევრების წინაშე ისინი ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, როგორიცაა, პატიოსნება, სანდოობა და ქვეყნის პატრიოტობა. ყველა მათგანი აღიარებს ამ თვისებების შეფასებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს, თუმცა იმედოვნებენ, რომ მათ დაძლევას რეკომენდაციების წარმოდგენის მოთხოვნის დაწესებით და კანდიდატის პოლიტიკური წარსულის შესწავლით შეძლებენ.

ამავე დროს, პარტიების უმრავლესობა მკვეთრი ზღვრის გავლებას აპირებს სრულუფლებიან წევრს ან აქტივისტსა და პასიურ წევრს/მხარდამჭერს შორის. კონსერვატიულმა პარტიამ ამ განსხვავების ინსტიტუციონალიზაცია პარტიის წესდებაში მოახდინა. მასში პარტიის წევრის ორი ტიპია განსაზღვრული: სრულუფლებიანი და ასოცირებული. პარტიის სრულ წევრებს უფლება აქვთ არჩეულ იქნენ პარტიის შიდა თანამდებობებზე. ისინი ვალდებულნი არიან, პარტიის საქმიანობაში საკუთარი, როგორც ფინანსურად, ისე საქმიანობით, წვლილი შეიტანონ. ასოცირებული წევრები კი საწევროებს არ იხდიან და შიდა პარტიულ თანამდებობებზე არჩევის უფლება არ აქვთ, თუმცა მონაწილეობენ შიდა პარტიულ არჩევნებში.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც გაითვალისწინა საკუთარ წესდებაში აქტივისტისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. პარტიის იმ წევრებს, რომლებიც პარტიის საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ და საწევროებსაც არ იხდიან, ასოცირებული წევრის ანუ მხარდამჭერის სტატუსი ეძლევათ, რაც შესაბამის უფლებებსა და მოვალეობებს ითვალისწინებს.

ყველა პარტია, კონსერვატორების გარდა, მიღების წესების გამკაცრებას აპირებს

ბოლო დროს ამ განსხვავებების ფორმალიზებას რესპუბლიკური და ლეიბორისტული პარტიებიც შეეცადნენ. წევრებად მხოლოდ პარტიის საიმედო აქტივისტები ჩაითვლებიან, ხოლო პარტიის მხარდამჭერებად ისინი, ვინც საკუთარ თავზე პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის ვალდებულებას არ იღებს. მათგან პარტიები ერთგულებას და არჩევნებზე მის სასარგებლოდ ხმის მიცემას ელოდებიან. საწევროების გადახდა მხარდასაჭერად აუცილებელი არ არის. ლეიბორისტული პარტია ამ კატეგორიაში პასიური წევრების გადაყვანასაც კი აპირებს; ამავე დროს, იმ ადამიანებს, რომლებმაც არჩევნებზე პარტიას ხმა მისცეს, მაგრამ მასში გაწევრიანება ვერ გადაწყვიტეს, ასევე მხარდამჭერთა სტატუსი მიენიჭებათ. პარტიები მხარდამჭერთა სიებს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგენენ.

შეიძლება დავასკვნათ, რომ პარტიების უმრავლესობამ წევრებთან და მათ მოზიდვასთან დაკავშირებით საკუთარი პრიორიტეტები შეცვალა. თუ ადრე მთავარ პრიორიტეტად, რაც შეიძლება, მეტი პიროვნების გაწევრიანება იყო დასახული, ამჟამად ძირითადი ყურადღება პარტიის იდეებისა და პოლიტიკის მიმართ წევრის ერთგულებას, მის პროფესიულ თვისებებს, კარგ რეპუტაციას და პარტიის საქმიანობაში აქტიურ ჩართულობას ექცევა, თუნდაც ამის მიღწევას წევრთა რიცხვის შემცირება მოჰყვეს. ასეთი დამოკიდებულება პარტიების იმ მოდელს ახასიათებს, პოლიტიკურ მეცნიერებებში ,,საკადრო პარტიად“ რომ მოიხსენიება.2 მხოლოდ კონსერვატიული პარტია და, ნაწილობრივ, ლეიბორისტული პარტია წარმოდგებიან მასობრივ წევრობაზე ორიენტირებულ პარტიებად.

წევრების ჩართულობა

ახალი წევრების მიღების შემდეგ პარტია მათი შენარჩუნების პრობლემის წინაშე დგება. განსაკუთრებით, ეს არჩევნებს შორის პერიოდს ეხება. ქართული პოლიტიკური პარტიები უფრო წარმატებულად ართმევენ თავს წევრების მოზიდვას, ვიდრე მათ ჩართვას პარტიის მუშაობაში ან მათი ერთგულების შენარჩუნებას. ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაწყვეტად პარტიებმა წევრებს მეტი მოტივაცია უნდა მისცენ. კერძოდ, პარტიამ წევრებისგან არა მარტო ერთგულება და აქტიურობა უნდა მოითხოვოს, არამედ მისცეს თვითრეალიზაციის საშუალება და დააკმაყოფილოს მათი ინტერესები და პოლიტიკური ამბიციები.

პარტიების ნაწილი არჩევნებს შორის პერიოდში წევრების ჩართულობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა საკითხზე მომუშავე თემატურ ჯგუფებს ქმნის. ჩვეულებრივ, ეს იურიდიულ, სოციალურ, კომუნალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებია, რომლებიც, ძირითადად, მოქალაქეებისთვის და სახელმწიფოს ან თვითმმართველობის ორგანოებისთვის კონსულტაციის გაწევით არიან დაკავებულნი.

პარტიები უფრო წარმატებულად ართმევენ თავს წევრების მოზიდვას, ვიდრე მათ ჩართვას პარტიის მუშაობაში

ზოგიერთი პარტია წევრების ჩართვას საგანმანათლებო პროგრამების მეშვეობით ცდილობს. ერთ პარტიას ახალგაზრდა აქტივისტებისთვის კომპიუტერის შესწავლის, უცხო ენებისა და ბუღალტრობის უფასო კურსები აქვს გახსნილი, ხოლო მეორე პარტია პარტიული სკოლის გახსნას აპირებს: „ამ სკოლებს დიდი ყურადღება მიექცევათ, რამდენადაც იქ ისწავლიან ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ შიდა პარტიულ პოზიციებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების კადრებს დააკომპლექტებენ“, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი. კადრების დასახვეწად შედარებით ახალი სისტემა წამოაყენა რესპუბლიკურმა პარტიამ. როგორც წინა თავში იყო ნახსენები, პარტიები ქმნიან ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტებს, რომელთა საქმიანობაშიც მათი წევრები ერთვებიან. ისინი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევენ გამოსცადონ საკუთარი თავი საჯარო სამსახურის ალტერნატიულ ორგანოებში და პრაქტიკაში განახორციელონ მართვა.

საბოლოო ჯამში, პარტიების უმრავლესობა წევრების ერთგულების შენარჩუნებას კულტურული, საგანმანათლებო და სპორტული აქტივობების მეშვეობით ცდილობს. თუმცა, ნაკლები წარმატებით ახერხებენ გადაწყვეტილებების მიღებისა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში მათ ჩართვას.

პარტიის წევრების და აქტივისტების მონაწილეობა არჩევნებისთვის კანდიდატების შერჩევაში

სხვადასხვა დონის არჩევნებზე კანდიდატების წარდგენა ერთ-ერთი იმ ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათაგანია, რომელსაც პარტიული ორგანიზაცია იღებს. შესაბამისად, კანდიდატების შერჩევის მექანიზმი პარტიის შიგნით ძალაუფლების განაწილების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. კანდიდატების შერჩევაში წევრების მონაწილეობის მექანიზმის არსებობა/არარსებობა შიდა დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სხვადასხვა ქვეყანაში პარტიული კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობენ როგორც პარტიის ხელმძღვანელები, ისე ქვედა დონის ხელმძღვანელები, პარტიის აქტივისტები, წევრები და ფორმალური პარტიული მიკუთვნებულობის არმქონე მოქალაქეებიც კი.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებში კანდიდატების შერჩევის პროცედურა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა დონის არჩევნებზეა საუბარი. კვლევაში ჩართული ზოგიერთი პარტიის წესდება ან არაფერს ამბობს კანდიდატების შერჩევის პროცედურების შესახებ ან ამ ფუნქციის შესრულებას მთლიანად პარტიის ცენტრალურ ორგანოებს გადასცემს. გამონაკლისს კონსერვატიული პარტიის წესდება წარმოადგენს: მასში მკაცრად არის გაწერილი, თუ რა რიგითობით იკავებენ პარტიული ხელმძღვანელები ადგილებს პროპორციულ სიაში. ამასთან, ის საპრეზიდენტო და მაჟორიტარულ არჩევნებზე კანდიდატების დაყენებაში პარტიის წევრთა მონაწილეობას უზრუნველყოფს.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა ცხადყვეს, რომ ქართული პარტიების უმრავლესობაში საერთო ეროვნული არჩევნების წინ პარტიების მიერ კანდიდატების დასახელებაში რიგითი წევრები მონაწილეობას არ იღებენ. გამონაკლისს აქ კონსერვატიული პარტია წარმოადგენს, რაც ამ პარტიის შიდა მოწყობის და წევრობის განსაზღვრის თავისებურებებს უკავშირდება. აქ არჩევნების წინ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა შიდა არჩევნების მეშვეობით ვლინდება. შიდა არჩევნებში მონაწილეობას ღებულობენ როგორც პარტიის ნამდვილი წევრები (აქტივისტები), ისე ასოცირებული წევრები (მხარდამჭერები).

ქართული პარტიები და შიდა დემოკრატია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის ყველა პარტია დემოკრატიულ ღირებულებებს აღიარებს, მათი შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპის მნიშვნელოვანი გავლენით არის ჩამოყალიბებული. პარტიები ზედმეტად ცენტრალიზებულნი არიან და წევრებს პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაზე მცირე გავლენა აქვთ. მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხის გარშემო უთანხმოება, როგორც წესი, პარტიის გაყოფას იწვევს. ასეთი ვითარება პარტიების სიცოცხლისუნარიანობას ზღუდავს. პოლიტიკური ასპარეზიდან მრავალი ქართული პარტიის გაქრობა ამის აშკარა დასტურია.

ეს არ გულისხმობს, რომ პარტიები არ საჭიროებენ ძლიერი და კომპეტენტური ლიდერების არსებობას, რომლებიც შეძლებენ დროული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. პარტიის ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წევრებისგან მინიჭებული მანევრირების უფლება. პარტიებმა უნდა შეძლონ დაბალანსება ეფექტურ ხელმძღვანელობასა და პოლიტიკის განსაზღვრისას წევრების ჩართულობას შორის. ეს, სხვა საკითხების დარეგულირებასთან ერთად, პარტიის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების შესახებ მკვეთრად განსაზღვრული ფორმალური წესების არსებობას მოითხოვს.

განსხვავებული მდგომარეობაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს. ლეიბორისტული პარტიის წევრების თქმით, თვითმმართველობის ორგანოების არჩევისას კანდიდატებს პარტიის ადგილობრივი აქტივისტები ასახელებენ. შემდეგი ეპიზოდი ამის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს. დუშეთის რაიონში, სადაც ეს პარტია განსაკუთრებით ძლიერია და რაიონის მმართველობით სტრუქტურებს აკონტროლებს, ერთ-ერთი სოფლის აქტივისტებმა სოფლის გამგებლის თანამდებობაზე ისეთი კანდიდატი დაასახელეს, რომლის დასახელების წინააღმდეგაც პირადად ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდიოდა. ამ უკანასკნელის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანდიდატმა მხარდაჭერა რაიონული ორგანიზაციის საბჭოსგან მიიღო და არჩეულ იქნა გამგებლის თანამდებობაზე. ეს შემთხვევა იმაზე მიუთითებს, რომ რაიონული ორგანიზაციები მათი ხელმძღვანელების ნებას ყოველთვის არ მიჰყვებიან. თუმცა, ის ასევე აშკარას ხდის, რომ ადგილობრივი საკრებულოს დონეზე კანდიდატების წამოყენება, საბოლოოდ, პარტიის უფრო ზედა დონის (რაიონული ორგანიზაციის საბჭოს) დამტკიცებას საჭიროებს.

ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ადგილობრივი აქტივისტები და პარტიული ხელმძღვანელები შედარებით მნიშვნელოვან როლს თამაშობენ თვითმმართველობის არჩევნებზე და მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატების შერჩევის პროცესში. აღიარებულია, რომ ამ არჩევნებში მონაწილე კანდიდატს რაიონისთვის სამსახურის გაწევის შესაძლებლობა, კარგი რეპუტაცია და სანდო პიროვნების სახელი უნდა ჰქონდეს. პარტიის ლიდერების აზრით, ადგილობრივი პარტიული ხელმძღვანელები ამ თვისებების საუკეთესო მსაჯულნი და შემფასებლები არიან. მრეწველთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით: „რეგიონული ხელმძღვანელების აზრი ამ საკითხში გადამწყვეტია, ვინაიდან ისინი უკეთ იცნობენ ადამიანებს და სიტუაციას ადგილზე. ადგილობრივი ხელმძღვანელისადმი ნდობის გამო მის მიერ არჩეულ კანდიდატს, პარტიის ხელმძღვანელებიც უცხადებენ ნდობას. პასუხისმგებლობასაც ამ პიროვნებაზე ადგილობრივი ხელმძღვანელი იღებს. სხვანაირად არც შეიძლება“.

ადგილობრივი ხელმძღვანელებისა და აქტივისტების ჯგუფის, პარტიული ორგანიზაციის არაფორმალური ბირთვის მნიშვნელობა იმითაც არის განპირობებული, რომ ადგილობრივი ორგანიზაციები ხშირად გავლენიან პირთა და არაფორმალურ ლიდერთა უკვე არსებული ჯგუფების გარშემო არიან შექმნილნი. მათ რომ პარტიის მიმართ ერთგულება შეინარჩუნონ, აუცილებელია, კანდიდატების შერჩევაში განსაკუთრებული როლი მიენიჭოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მხარი სხვა პარტიას დაუჭირონ.

ადგილობრივი ორგანიზაციების გავლენა კანდიდატების დასახელებაზე არამარტო პარტიების მიხედვით იცვლება, არამედ არჩევნების მნიშვნელობის მიხედვითაც. ჩვეულებრივ, ადგილობრივ ლიდერებს თვითმმართველობის არჩევნებისას კანდიდატების დასახელებაზე კონტროლი აქვთ დამყარებული. ზოგიერთ პარტიაში ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატის წამოყენება პარტიის ცენტრალური ორგანოების დამტკიცებას მოითხოვს, დანარჩენში კი ასეთი დამტკიცება საჭირო არ არის. ადგილობრივი ლიდერები მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობენ რაიონის მაჟორიტარი კანდიდატის დასახელების დროსაც, თუმცა პარტიის ცენტრალური ხელმძღვანელობა ამ საკითხშიც გადამწყვეტ როლს ინარჩუნებს. რაც შეეხება პარტიული სიების შედგენას ეროვნული არჩევნებისთვის, რომელიც, ნაწილობრივ, პროპორციულობის პრინციპით ეწყობა (პროპორციული არჩევნები ხშირად „პარტიულ არჩევნებად“ აღიქმება მაჟორიტარული არჩევნების საპირისპიროდ, სადაც მთავარ როლს პიროვნებები თამაშობენ); აქ ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობა არც ისე მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ადგილობრივ განშტოებათა ლიდერებს შეუძლიათ გავლენა იქონიონ საარჩევნო პარტიული სიების შედგენაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმავდროულად წარმოდგენილნი არიან პარტიის ცენტრალურ სტრუქტურებში.

ლიდერები ირჩევენ პარტიებს

პარტიულ თანამდებობებზე შერჩევის წესი შიდა დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენელია. ეს წესები, ხშირად ორი, ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნის არსებობით ხასიათდება. ერთი მხრივ, პარტიის ყველა დონის შეთანხმებული მუშაობის მისაღწევად პარტიული ხელმძღვანელები ცდილობენ ყველა დონის თანამდებობებზე დანიშვნის კონტროლის დამყარებას. მეორე მხრივ, ადგილებზე პარტიის საქმიანობაში წევრების და აქტივისტების ჩართულობის მაღალი დონე ხელმძღვანელების არჩევაში მათ მონაწილეობას მოითხოვს.

წარმატებულმა პარტიებმა ამ ორივე მოთხოვნის გაერთიანება უნდა შეძლონ. საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან შიდაპარტიულ თანამდებობებზე წევრების შერჩევის წესებით. ეს განსხვავებულობა მიუთითებს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი ამ ორივე მიზნის მიღწევას.

ადგილობრივი ორგანიზაციების გაძლიერება

აღიარებულია, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესთა გამოხატვა პარტიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ამის გარეშე პარტიას გაუჭირდება პოპულარობის შენარჩუნება. ამიტომ ერთობ მნიშვნელოვანია პარტიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მჭიდრო კავშირების არსებობა. პარტიების მიზანი არა მარტო ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებისთვის სხვადასხვა სიკეთის მოტანაა, არამედ კონკრეტული, მათ შორის, ამა თუ იმ რეგიონის ან რაიონისთვის სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტა.

თუ ადგილობრივი ორგანიზაციები ავტონომიის მაღალი ხარისხით ისარგებლებენ, მათ საკუთარი ინიციატივებით გამოსვლის მეტი საშუალება მიეცემათ და შეძლებენ ხიდის როლი შეასრულონ ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და პარტიის ხელმძღვანელობას შორის.

ქართულ პარტიებს ზედა დონის ლიდერების არჩევის საკმაოდ დემოკრატიული პროცედურა გააჩნიათ. მათი არჩევა რეგულარულად, ყოველ ორ ან ოთხ წელიწადში ორგანიზებულ პარტიების ყრილობაზე უნდა მოხდეს. თუმცა, პრაქტიკაში, ეს პროცესი ნაკლებად არის შეჯიბრებითობის და ჩართულობის პრინციპებზე დამყარებული. ამ ნაშრომში არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები, უმთავრესად, ლიდერებზე არიან ორიენტირებულნი. მათი უმრავლესობა უკანასკნელ პერიოდში პოპულარული ლიდერისა ან ლიდერთა ჯგუფის გარშემო შეიქმნა. შესაბამისად, წევრთა და აქტივისტთა გავლენა პარტიის ზედა დონის ხელმძღვანელობის არჩევაზე მინიმალური და ფორმალურია: როგორც წესი, მათი ხმების მეშვეობით ხდება წინასწარ უკვე ცნობილი ლიდერის ლეგიტიმაცია. ღირსსაცნობია იმის აღნიშვნაც, რომ პარტიების ლიდერები ხშირად პარტიული ფუნქციონერები არიან.

ახალი პარტიების წარმოქმნა პოპულარული ლიდერების ირგვლივ შეიძლება ბუნებრივიც იყოს ახალი დემოკრატიებისთვის. აქ შიდაპარტიული დემოკრატიის უკეთესი მაჩვენებელი პარტიების ლიდერების ცვლა შეიძლება იყოს. კვლევაში ჩართული პარტიების უმრავლესობას არსებობის მოკლე ისტორია აქვს, შესაბამისად, მათ ლიდერების შეცვლის მრავალი შესაძლებლობა არც ჰქონიათ. ქართული პოლიტიკური პარტიების ბოლო თხუთმეტი წლის ისტორიაში პარტიის ხელმძღვანელების წარმატებულად შეცვლის იშვიათ მაგალითებს თუ ვიპოვით. იშვიათია, რომ საარჩევნო წარუმატებლობას შედეგად ხელმძღვანელების გადადგომა მოჰყვეს, ისე როგორც ეს განვითარებული დემოკრატიების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ხელმძღვანელობის ცვლის შემთხვევაში, როგორც წესი, პარტიის გადარჩენა ეჭვქვეშ დგება. პოლიტიკურ პარტიებში ლიდერის პოლიტიკური ასპარეზიდან წასვლას ან პარტიის გაქრობა (როგორც ეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების კავშირის შემთხვევაში მოხდა) ან მისი დაშლა მოჰყვება. ასე მოხდა 90-იან წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის შემთხვევაშიც: მისი ლიდერის, გიორგი ჭანტურიას მკვლელობიდან გარკვეული ხნის შემდეგ პარტია რამდენიმე დამოუკიდებელ ჯგუფად დაიყო.

დღემდე ქართულ პოლიტიკურ პარტიებში რიგითი წევრების გავლენა უმაღლესი დონის ხელმძღვანელების არჩევაზე, ძირითადად, ფორმალურ ხასიათს ატარებს

თუმცა, რამდენიმე საწინააღმდეგო შემთხვევასაც ჰქონია ადგილი და მათი რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წარუმატებლობის შემდეგ3 თავჯდომარის პოსტზე ივლიანე ხაინდრავა დავით ბერძენიშვილმა შეცვალა (თუმცა ხაინდარავა დღემდე პარტიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახედ რჩება). რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის შეცვლა კიდევ ერთხელ 2005 წელს მოხდა, როდესაც დავით უსუფაშვილი გახდა პარტიის თავჯდომარე - თუმცა, ამჯერად ეს ცვლილება საარჩევნო წარუმატებლობასთან არ ყოფილა დაკავშირებული. 2003 წლის ზაფხულს ხელმძღვანელი შეიცვლა ახალ მემარჯვენეებშიც, როდესაც დავით გამყრელიძემ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ლევან გაჩეჩილაძის ნაცვლად დაიკავა. უფრო ახლო წარსულში ხელმძღვანელობის შეცვლა მრეწველებშიც მოხდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ, ამ თანამდებობასთან დაკავშირებული ყოველდღური მოვალეობები ზურაბ ტყემალაძეს, ამჟამინდელ პარტიის თავმჯდომარეს, გადასცა. თუმცა, ეს ფაქტი ხელმძღვანელობის სრულ ცვლილებად ვერ ჩაითვლება, რადგანაც გოგი თოფაძე დარჩა „პარტიის ლიდერად“; ეს პოზიცია პარტიაში სპეციალურად ამ შემთხვევისთვის იქნა შემოღებული.

მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება პარტიის ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ ყოველთვის პარტიის ლიდერთა ვიწრო წრეში მიიღებოდა და მხოლოდ შემდეგ ხდებოდა პარტიის ფართო წრეებში მისი ლეგიტიმაცია საჯარო განხილვებისა და კონკურენციის გარეშე. ეს ცვლილებები არც წევრების „ქვევიდან“, პარტიის ქვედა დონის წევრების ზეწოლით აიხსნება: ისინი ამ პროცესის ნაწილი საერთოდ არ ყოფილან. 2005 წელს კონსერვატიულმა პარტიამ ახალი მოდელი წარმოადგინა: ყრილობაზე წევრების წინაშე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად ორი კანდიდატი დასახელდა, რომელთაგან ერთმა - კობა დავითაშვილმა - მცირე უპრატესობით აჯობა თავის კონკურენტს ზვიად ძიძიგურს (მჭიდრო თანამშრომლობა ამ ორ ლიდერს შორის კვლავ გრძელდება).

ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორიაში იშვიათად ხდება ლიდერთა წარმატებული შეცვლა

შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ქართველ პოლიტიკურ პარტიებში ზედა დონის ლიდერთა შერჩევის პროცესი ნაკლები ჩართულობით და კონკურენტულობით ხასიათდება; იმედის მომცემი გარკვეული ნიშნები მაინც შეინიშნება. განსხვავებულ ვითარებას ვაწყდებით პარტიების ქვედა სტრუქტურულ დონეებზე.

ლიდერთა და პარტიული აპარატის თანამშრომელთა შერჩევა ადგილობრივ ორგანიზაციებში

კვლევაში ჩართულ პარტიათა უმრავლესობაში ის თანამდებობა, რომელსაც რიგითი წევრები ირჩევენ, არის საარჩევნო უბნის მიხედვით შექმნილი პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე. ძირითადად, ეს თანამდებობა დიდი ამბიციების მქონე პარტიული აქტივისტის ინტერესს არ წარმოადგენს. ის უფრო ტექნიკური მოვალეობების შესრულებას გულისხმობს, როგორიცაა უბანზე მხარდამჭერთა აღწერა ანდა კარდაკარ წინასაარჩევნო აგიტაცია. ზოგ შემთხვევაში (მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურაში) ამ თანამდებობაზე დანიშვნა არ მოითხოვს ზედა პარტიული სტრუქტურის მხრიდან დამტკიცებას. ამასთან, ზოგიერთი პარტიის იერარქიულ სტრუქტურაში პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეობა შეიძლება პარტიულ იერარქიაში აღმასვლის საშუალება გახდეს. მაგალითად, კონსერვატიულ პარტიაში რაიონული ლიდერი (რაიონული ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარის) საუბნო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს შორის ირჩევა.

შიდა დემოკრატია: საქართველოს კონსერვატიული პარტიის მაგალითი

კვლევაში მონაწილე პარტიათა შორის საქართველოს კონსერავატიული პარტია ერთ-ერთი ახლად შექმნილი პარტიაა. ეს პარტია მკვეთრად განსხვავდება სხვა პარტიებისგან ახლებური მიდგომით შიდა დემოკრატიის საკითხის მიმართ, რომელიც ასევე ნოვატორულია მთლიანად ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ამ პარტიის წევრების თქმით, პარტია ამჟამად ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის შენების პროცესშია, რომელშიც ძალაუფლების გადანაწილება ქვევიდან ზევით მოხდება. ეს, ნაწილობრივ, პარტიის საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობის შედეგადაც შეიძლება განვიხილოთ. პარტიის თითქმის ყველა ხელმძღვანელი პირდაპირ ან არაპირდაპირ წევრების მიერ არის არჩეული. უბნების დონეზე წევრები პირველადი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ირჩევენ. ეს უკანასკნელნი კი პარტიის ადგილობრივი (რაიონულ და რეგიონულ დონეებზე) და ეროვნული დონის ხელმძღვანელების არჩევაში მონაწილეობენ. ასეთი სისტემა არა მარტო პარტიის რიგითი წევრების როლს ზრდის, არამედ საშუალო დონის ხელმძღვანელების ძლიერი და დამოუკიდებელი ფენის შექმნასაც უწყობს ხელს.

პარტიის რიგითი წევრებისთვის შიდა დემოკრატიას როგორც ნორმატული, ისე პრაგმატული მნიშვნელობა აქვს. კონსერვატორების თქმით, თუ პარტია შიდა მოწყობაში დემოკრატიის პრინციპებს იცავს, უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც დემოკრატიული პრინციპები დაიცვას. მეორე მხრივ, შიდა დემოკრატიით პარტია გზას უხსნის იმ ამბიციურ ადამიანებს, რომელთაც პოლიტიკაში კარიერის გაკეთება სურთ. ეს დინამიზმს და დამატებით ხმებს სძენს ამ ახალგაზრდა პარტიას. კონსერვატორები დარწმუნებულნი არიან, რომ შიდა დემოკრატია პარტიის პოპულარობას იმ ადამიანთა თვალშიც მატებს, რომლებიც პოლიტიკური კარიერით დაინტერესებული არ არიან. რამდენადაც ადგილობრივი ორგანიზაციები ფართო ავტონომიით სარგებლობენ, მათ ადგილებზე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების წინ წამოწევის მეტი შესაძლებლობა აქვთ.

პარტიების უმრავლესობის წესდებათა თანახმად, საუბნო ორგანიზაციების თავმჯდომარეები რაიონული კონფერენციის საშუალებით რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა არჩევისას გადაწყვეტილების მიღების მთავარი მონაწილენი არიან. კონსერვატიული პარტიისგან განსხვავებით, პარტიათა უმრავლესობაში ადგილობრივი ლიდერების შესაძლო წრე უბნის თავმჯდომარეებით არ შემოიფარგლება. ეს შესაძლებლობას აძლევს პარტიის ნებისმიერ აქტიურ წევრს (საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად) რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობის წევრი გახდეს. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, პარტიების უმრავლესობაში რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები უფრო მეტად აქტივისტთა გარკვეულ ბირთვს წარმოადგენენ, ვიდრე პარტიის „ქვედა“ - საუბნო დონეებიდან მოსულ ლიდერებს. ეს ორი განსხვავებული კუთხით შეიძლება შეფასდეს. ის ფაქტი, რომ კონკრეტული რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი პარტიის ნებისმიერი წევრი შეიძლება გახდეს (მათ შორის ისეთი, რომელიც ამ რაიონული ორგანიზაციის წევრი არ არის), მეტ მოქნილობას ანიჭებს პარტიის ცენტრალურ ხელმძღვანელობას თანამდებობაზე მისთვის სასურველი პირის დანიშვნაში. ეს ამავე დროს პარტიის ზედმეტ ცენტრალიზაციას უწყობს ხელს: მთელ რიგ შემთხვევებში რაიონული პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებად თბილისის მცხოვრებლები გვევლინებიან, რომლებსაც, საერთოდ, კავშირი არ აქვთ ამ რეგიონთან.

პარტიათა უმრავლესობაში ადგილობრივი ხელმძღვანელის არჩევა პარტიის ცენტრალური ოფისის თანხმობას მოითხოვს. რამდენადაც პარტიის ხელმძღვანელობას ადგილობრივი ლიდერების არჩევაზე ვეტოს დადების უფლება აქვთ, ხშირად ცენტრთან კანდიდატურების შეთანხმება წინასწარ ხდება. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ამით აიხსნება, რომ ადგილობრივ ორგანიზაციებსა და ცენტრალურ ხელმძღვანელობას შორის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იშვიათია. ზოგიერთ შემთხვევაში პარტიების ხელმძღვანელობას ადგილობრივ თავმჯდომარის გადაყენების უფლებაც აქვს. როდესაც ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაყენება დღის წესრიგში დგება, ფასდება წევრებსა და აქტივისტებს შორის მისი პოპულარობა, თუმცა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადგილზე პარტიის საარჩევნო შედეგსა და ადგილობრივი ლიდერის პარტიისადმი (ანუ პარტიის ხელმძღვანელობისადმი) ერთგულებას ენიჭება.

ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების არჩევნები მთლიანად მათი ცენტრალური ოფისიდან იმართება. დისკუსიების შედეგად აშკარა გახდა, რომ პარტიის ხელმძღვანელებსაც და რიგით წევრებსაც ესმით, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმატებული მუშაობისთვის რიგითი წევრების, აქტივისტებისა და ლიდერების კოორდინირებული მუშაობაა აუცილებელი. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წევრის თქმით: „ადგილზე წევრებს მუშაობა უწევთ არა სათავო ოფისთან, არამედ ადგილობრივ ლიდერთან“. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის ინიციატივა ადგილობრივი აქტივისტების ხელშია. ფორმალურად, ეს თავმჯდომარეების რაიონული კონფერენციის მიერ არჩევის პროცედურაში აისახება (კონფერენციას ხმის უფლებით საუბნო ორგანიზაციათა თავჯდომარეები და რაიონული ორგანიზაციების საბჭოების წევრები ესწრებიან, რომლებსაც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ პარტიის ნებისმიერ წევრის არჩევა და დამტკიცება შეუძლიათ). პარტიის ცენტრალური მმართველობითი ორგანო კი, უმეტეს შემთხვევაში, ამ საკითხზე წინასწარი კონსულტაციის გაცემის, კონკრეტული კანდიდატისთვის მხარადჭერის გამოცხადებისა ან ვეტოს უფლების გამოყენების გადამწყვეტ უფლებას იტოვებს. ეს პარტიის რიგით წევრებს „ქვემოდან“ პარტიული კარიერის ზრდის შესაძლებლობას აძლევს და ასევე დადებითად მოქმედებს პარტიის ხელმძღვანელობისადმი ლოიალობაზე ადგილობრივი ლიდერების მხრიდან.

ამის ილუსტრირება სხვადასხვა პარტიაში ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების შერჩევის წესის წარმოდგენით არის შესაძლებელი. როგორც უკვე აღინიშნა, კონსერვატიულ პარტიაში საუბნო ორგანიიზაციის წევრები უბნის თავმჯდომარეებს ირჩევენ, რომლებიც შემდეგ თავისივე წრიდან რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ირჩევენ. ისინი პარტიის ლიდერების არჩევაშიც იღებენ მონაწილეობას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციაში თავმჯდომარეს პარტიის ხელმძღვანელობა (გენერალური მდივანი) წარადგენს, შემდეგ კი მას რაიონული კონფერენცია ამტკიცებს. მრეწველების, ახალი მემარჯვენეებისა და ლეიბორისტთა პარტიაში ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარეს შესაბამისი დონის კონფერენციაზე ირჩევენ, ხოლო შემდეგ მას პარტიის ხელმძღვანელობა ამტკიცებს. რესპუბლიკური პარტიის შემთხვევაში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან დამტკიცებას არ მოითხოვს, თუმცა, წესდების თანახმად, პარტიის ეროვნული კომიტეტი ადგილობრივი ორგანიზაციის ნებისმიერი გადაწყვეტილების გაუქმების უფლებას იტოვებს (სავარაუდოდ, ეს ადგილობრივი ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასაც ეხება).

უმეტესწილად, ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევის ინიციატივა ადგილობრივი აქტივისტების ხელშია

მონაწილეობა პარტიის სტრატეგიის და პოლიტიკის განსაზღვრაში

პარტიის პოლიტიკის შემუშავებაში წევრების შეზღუდული ან აქტიური ჩართულობა მისი შიდა დემოკრატიული სტრუქტურის და პრაქტიკის კიდევ ერთი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერებმა პარტიის მიზნების განსაზღვრაში წამყვანი როლი შეიძლება ითამაშონ, პარტიის შიდა სტრუქტურა ძნელად ჩაითვლება დემოკრატიულად იმ შემთხვევაში, თუ მისი რიგითი აქტივისტები მიზნებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში არ არიან ჩართულნი და მონაწილეობას მხოლოდ მათ განხორციელეში იღებენ.

რა გავლენა აქვთ ქართული პოლიტიკური პარტიების რიგით წევრებს იმაზე, თუ რა პოზიციას დაიკავებს კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში მათი პოლიტიკური პარტია? აქ, პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სახელმწიფო და ადგილობრივი დონის პოლიტიკის განსაზღვრა. ამ საკითხის მნიშვნელოვანი ასპექტია სხვა პარტიებთან ურთიერთობების, ალიანსების და თანამშრომლობის თემატიკა: რა როლს თამაშობენ პარტიის ლიდერები და ადგილობრივი აქტივისტები, როდესაც პარტია სხვა პარტიასთან თანამშრომლობის გაწყვეტას ან სხვებთან კოალიციაში შესვლას გადაწყვეტს?

ერთი განზოგადება, რომლის გაკეთებაც კვლევის შედეგებზე დაყდნობით არის შესაძლებელი, არის ის, რომ წევრების მონაწილეობა პარტიის საპროგრამო და პოლიტიკური პოზიციების ფორმირებაში საკმაოდ მოკრძალებულ ხასიათს ატარებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელმძღვანელები წევრების მიერ პარტიის პოლიტიკის განხილვის უფლებას ზღუდავენ. პარტიათა ხელმძღვანელები ცდილობენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის წევრთა ფართო წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (მაგალითად, ყრილობა ან სხვ.) გადაწყვეტილების დამტკიცებაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. პოლიტიკური პარტიების წევრებისთვის ხშირად ბუნებრივია, რომ ადამიანმა ამა თუ იმ პარტიაში შესვლით არჩევანი გააკეთა გარკვეული პოლიტიკის სასარგებლოდ და მისი როლი ამ პოლიტიკის გატარების ხელშეწყობით განისაზღვრება. ამაზე ირიბად მოწმობს ის ფაქტიც, რომ პარტიასთან მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების შემთხვევაში ადამიანები პარტიას ისე ტოვებენ, რომ დისკუსიის წამოწყებას ან პარტიის შიგნით ფრაქციის შექმნას არც კი ცდილობენ. კერძოდ, ასეთი შემთხვევები ხშირი იყო იმ პარტიებში, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს 2003 წლის ნოემბრის რევოლუციურ პროცესებს: იმ წევრებს, რომლებთაც სურდათ, მათი პარტია საპროტესტო აქციებს შეერთებოდა, პარტიის დატოვება მოუწიათ. კვლევის ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიებზე პარტიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ლიდერები არჩევდნენ ელაპარაკათ „ხალხის ინტერესებზე“ და არა პარტიის წევრთა შეხედულებებზე.

პარტიების პოლიტიკური პლატფორმები

პიროვნებებზე ორიენტირებული პოლიტიკის პირობებში, რომლის მკვეთრ მაგალითს საქართველო წარმოადგენს, პოლიტიკურ პლატფორმებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ საერთოდ არ ქმნიან. 1980-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის დაწყებისას წარმომდგარი პარტიები თავის საქმიანობაში გარკვეული პროგრამული მიზნების გამოკვეთას ცდილობდნენ, მათ შორის - ლიბერალურ ღირებულებების დამკვიდრებას და ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევას. თუმცა, ნაკლებად ცდილობდნენ ამ მიზნების საზოგადოების მოლოდინებსა და მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. პარტიები უფრო მეტად საზოგადოებაში გარკვეული ღირებულებების გამავრცელებლად აღიქმებოდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ პარტიების ხელმძღვანელებს პარტიული პლატფორმის შექმნა ამომრჩევლების თვალში მეტი სერიოზულობისთვის ესაჭიროებათ: განსაკუთრებული მნიშვნელობა თვითონ დოკუმენტის არსებობას ენიჭება და არა მის შინაარსს. ასეთი ტიპის სტრატეგიული დოკუმენტები ზოგ შემთხვევაში პარტიასთან კავშირის არმქონე ექსპერტების მონაწილეობით იქმნება და არჩევნების მერე მათი არსებობა მალე ავიწყდებათ.

ბოლო წლებში პოლიტიკოსები საზოგადოებრივ ინტერესებზე უფრო ხშირად აპელირებენ. ზოგჯერ ასეთი მიმართვები კონკრეტული აუდიტორიისთვის არ არის განკუთვნილი და უფრო მეტად ზოგადი ფრაზების ნაკრებია, ვიდრე კონკრეტული პოლიტიკური წინადადებები. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ პერიოდში თანმიმდევრულ პოლიტიკურ წინადადებათა ჩამოყალიბების მეტი მცდელობა შეინიშნება.

ეს არ ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებსა და შესაბამის პარტიულ სტრატეგიასთან დაკავშირებით დებატები პარტიების ქვედა დონეებზე არ იმართება. პარტიების წარმომადგენელთა თქმით, ხშირად პარტიის ხელმძღვანელობის მიერ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე, ეს უკანასკნელი წერილობითი სახით რაიონულ და პირველად ორგანიზაციებს მიეწოდება, სადაც განხილვის საგანი ხდება. ლეიბორისტული პარტიის მიერ მოქალაქეთა საბანკო ანაბრებთან დაკავშირებული კამპანიის4 დაწყება, ამ პრაქტიკის მაგალითად სახელდება. კონსერვატიული პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის აქტივისტების თქმით, ისინი ხშირად ერთვებიან პარტიის პროგრამის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ დებატებში.

ხშირად პარტიის მიერ მიღებული ესა თუ ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება წინასწარ წერილობითი სახით მიეწოდება რაიონულ და პირველად ორგანიზაციებს, სადაც ის განხილვის საგანი ხდება

მსგავსი დისკუსიები, მეტწილად, პარტიების პირველად და რაიონულ ორგანიზაციებში იმართება. პარტიულ დოკუმენტებში განსაზღვრული არ არის ის მექანიზმები, რაც შესაძლებელს გახდიდა, ამ განხილვათა შედეგებს მმართველი ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენა მოეხდინა.

რიგითი წევრების მიერ პარტიის ხელმძღვანელობაზე გავლენის მოხდენის კიდევ ერთი მექანიზმი წევრებსა და ლიდერებს შორის პირადი შეხვედრებია. ახალ მემარჯვენეებსა და ლეიბორისტული პარტიაში ასეთ შეხვედრები რეგულარულად ეწყობა. მსგავს შეხვედრებზე პოლიტიკური საკითხებთან ერთად ორგანიზაციული პრობლემები განიხილება.

პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობათა გავლენა უფრო დიდია ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრის დროს. ჩვეულებრივ, ამ დონეზე იშვიათია პარტიების მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება კონკრეტული რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით; უფრო, ამა თუ იმ საკითხის მიმართ პოზიციას გამოხატავენ ხოლმე. პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები არა მარტო ადგილებზე პარტიის ინიციატივების გატარებით არიან დაკავებულნი (ხელმოწერების შეგროვება, პარტიის სასარგებლოდ აგიტაცია), არამედ თვითონაც წამოჭრიან ხოლმე რაიონისთვის ან რეგიონისთვის მნიშვნელოვან ამა თუ იმ ინიციატივას. ჩვეულებრივ, ეს ადგილობრივი ინიციატივები, ქვეყნის მასშტაბით, პარტიის მიერ მორგებული როლის შესაბამისად ხდება. მაგალითად, ოპოზიციური პარტიების წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოდიან.

რაიონული ორგანიზაციები, როგორც წესი, ადგილობრივ ინიციატივებს პარტიის ცენტრალურ ორგანიზაციასთან ათანხმებენ და მის განხორციელებაში მხარდაჭერასაც ითხოვენ. არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივ ორგანიზაციებს ცენტრის თანხმობა ამა თუ იმ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხის წამოჭრაში არ სჭირდებათ (მაგალითად, კონსერვატიულ პარტიაში).

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლობები ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისას და განხორციელებისას გარკვეული ავტონომიით სარგებლობენ, მათ მიერ ჩატარებული აქტივობების წილი პარტიის ზოგად საქმიანობასთან შედარებით საკმაოდ დაბალია: მათი უმრავლესობა პარტიის ცენტრალური ოფისის გადაწყვეტილებების განხორციელებაზე არის მიმართული.

კიდევ ერთი სფერო, სადაც პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები და ცენტრალური მმართველობითი ორგანოები არიან ჩართულნი, სხვა პარტიებთან ურთიერთობა და მათთან ალიანსებისა და კოალიციების შექმნაა. სხვა პარტიებთან ბლოკში გაწევრიანება ან მათთან გაერთიანების გადაწყვეტილებები, ჩვეულებრივ, ცენტრში მიიღება, ადგილობრივი წარმომადგენლობები კი მას ემორჩილებიან. როგორც წესი, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას წინ არ უძღვის ადგილობრივ ორგანიზაციაში მისი წინასწარი განხილვა. ამან შეიძლება ადგილზე პარტიის წევრებს შორის უთანხმოება გამოიწვიოს. მაგალითად, როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობად ერთიანდებოდა ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანებული დემოკრატები, მცხეთის რაიონული ორგანიზაცია ორივე პარტიის რამდენიმე წევრმა დატოვა, რადგან ისინი ამ გაერთიანებას ეწინააღმდეგებოდნენ. რესპონდენტები მიუთითებდნენ იმ პრობლემებზეც, რომლებიც ადგილობრივ ორგანიზაციებში მრეწველებისა და ახალი მემარჯვენეების გაერთიანებასთან დაკავშირებით წარმოიშვა.

მართალია, პარტიებს შორის თანამშრომლობის გადაწყვეტილება, ძირითადად, ცენტრში მიიღება, მაგრამ ცენტრისგან დამოუკიდებლად ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლობის შემთხვევებიც არსებობს. ეს, მეტწილად, ოპოზიციურ პარტიებს ეხებათ.

პარტიის წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა

რამდენად მისაღები და დასაშვებია პარტიის შიგნით მის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობა? რამდენად შორს შეიძლება წავიდეს შიდაპარტიული დისკუსია, რომ პარტიის ერთიანობას საფრთხე არ შეექმნას? ორივე კითხვა მნიშვნელოვანია პარტიის შიდა დემოკრატიის განვითარების შესაფასებლად. ეს განსაზღვრავს, რამდენად არის პარტიის რიგითი წევრი მისი პოლიტიკის განმსაზღვრელად აღქმული და არა ამ პოლიტიკის უბრალო გამტარებლად. შეხვედრებზე პარტიათა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათი პარტია პირველ რიგში ღირებულებებისა და იდეოლოგიის გარშემო შექმნილი ერთიანობაა. შესაბამისად, კონკრეტული პოლიტიკური საკითხის გარშემო უთანხმოება არ შეიძლება გახდეს პარტიიდან გასვლის ან გარიცხვის მიზეზი. მთელ რიგ შეხვედრებზე, პარტიის წევრები ასახელებდნენ ცალკეულ წევრებს, რომელთა აზრი კონკრეტულ საკითხში არ ემთხვეოდა პარტიის აზრს, თუმცა პარტიული ორგანიზაცია განსხვავებული აზრის არსებობას გაგებით ეკიდებოდა.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წევრის თქმით, შიდაპარტიული დისკუსიების მთავარი მიზანი, პარტიის ძირითადი ხაზისა და ღირებულებების სისწორეში ცალკეული წევრების დარწმუნებაა. ეს დებატებში მონაწილე სხვადასხვა მხარეს არათანასწორ პირობებში აყენებს. თუმცა, ზოგიერთი პარტიის წევრის თქმით, შიდაპარტიული დისკუსია არამარტო პარტიის იდეოლოგიური ერთიანობის უზრუნველყოფის საშუალებაა, არამედ ღირებულია როგორც შიდა შემოწმების საშუალება: „შენიანმა უნდა გაგაკრიტიკოს იმისთვის, რომ სიმართლესთან მიხვიდე, გარედან კრიტიკით ჩვენ სიმართლემდე ვერ მივალთ“, - თქვა ლეიბორისტული პარტიის წევრმა. ასევე პოზიტიური დატვირთვა აქვს წევრების მონაწილეობას ადგილობრივი დონის საკითხების განხილვაში, როდესაც ადგილობრივი ხელმძღვანელები აქტივისტებისგან წინადადებებსა და შენიშვნებს იღებენ.

ასე რომ, ყველა პარტია უნდა ესწრაფოდეს სხვადასხვა საკითხის თაობაზე განსხვავებულ აზრთა დაბალანსებას და პარტიაში ერთიანობას. ზოგადად, სასურველია, პარტიებში პლურალიზმიც იყოს შენარჩუნებული. ის პარტიებს შიდა შეუთანხმებლობის გამო წევრთა დიდი რაოდენობის დაკარგვისა და დანაწევრებისაგან დაიცავდა. ამავე დროს, პარტიაში განსხვავებული აზრის არსებობა გაზრდის მის მოქნილობას და ხელს შეუწყობს ცვალებად გარემოსთან პარტიის ადაპტაციას.

ძირითადი დასკვნები

საქართველოში პოლიტიკური პარტიების წევრებსა და აქტივისტებს შიდა დემოკრატია არ მიაჩნიათ მათი პარტიული განვითარებისთვის აქტუალურ პრობლემად.

ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ცდილობს გააკონტროლოს წევრთა მიღების პროცესი მათი ლოიალობის დასადასტურებლად. ისინი პრიოირიტეტს „საკადრო პარტიის“ შექმნას ანიჭებენ, რომელიც სანდო აქტივისტებისგან იქნება შემდგარი. პარტიები ცდილობენ მკვეთრი ზღვარი გაავლონ აქტივისტებსა და პასიურ მხარდამჭერებს ან „ასოცირებულ წევრებს“ შორის.

ქართული პოლიტიკური პარტიები ზედმეტად ცენტრალიზებული სტრუქტურით ხასიათდებიან. რაც უფრო მაღალია პარტიულ იერარქიაში თანამდებობა, მით უფრო დიდია ცენტრალური ხელმძღვანელობის მხრიდან მისი კანდიდატების შერჩევის კონტროლი.

საერთო ეროვნულ არჩევნებზე პროპორციული სიის შედგენის უფლებით, ძირითადად, პარტიის ცენტრალური ოფისი სარგებლობს. თუმცა, მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატების დასახელებაში ადგილობრივი პარტიული ხელმძღვანელებიც მონაწილეობენ და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების შერჩევაშიც განსაკუთრებულ ან გადამწყვეტ როლს თამაშობენ.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიული წესდებები ზედა დონის ლიდერთა არჩევის საკმაოდ დემოკრატიულ მექანიზმს ითვალისწინებენ, როგორც წესი, ამ პროცესში კანდიდატებს შორის ადგილი არა აქვს კონკურენციას. რიგით წევრებს აღნიშნულ პროცესებზე კნინი ან ფორმალური გავლენა თუ აქვთ. ძალიან მცირეა პარტიული ხელმძღვანელობის ცვლის პრეცედენტები, რომელსაც პარტიის გახლეჩა ან მისი როლისა და პოპულარობის დაცემა არ მოჰყოლია.

პარტიის რიგითი წევრები მინიმალურ მონაწილეობას ღებულობენ ქვეყნის დონეზე პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაში. რაიონული ორგანიზაციები ზოგჯერ ადგილობრივი მნიშვნელობის ინიციატივებს აყენებენ ხოლმე, რომლებიც შეიძლება იყოს ან არც იყოს შეთანხმებული ცენტრალურ ოფისთან.

პოლიტიკის საკითხებზე შიდაპარტიული დისკუსიების მოწყობა მიღებული პრაქტიკაა პარტიებისთვის, თუმცა სუსტად არის განვითარებული. ხშირად მათი მთავარი მიზანი უფრო რიგითი წევრების პარტიის განსაზღვრული კურსის სისწორეში დარწმუნებაა, ვიდრე პარტიის პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობა.

დიდი დაშორებაა პარტიაში მოქმედ ფორმალურ დემოკრატიულ წესებსა და პრაქტიკაში გამოყენებულ არაშეჯიბრებით, ელიტების მიერ კონტროლირებად დაკომპლექტების პროცესს შორის.

___________________

1 R. Michels, Zur Soziologie des Parteiwesens in der Modernen Demokratie, Leipzig: Klinkhardt, 1911.

2 Koole, “Cadre, Catch-All or Cartel? A Comment on the Notion of the Cartel Party,” Party Politics 2, 1996.

3 რესპუბლიკურ პარტიას ამ ეტაპზე ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან ჰქონდა ალიანსი.

4 1990-იანი წლების დასაწყისში ჰიპერინფლაციის შედეგად მოსახლეობამ ბანკებში არსებული დანაზოგები დაკარგა. პოლიტიკური პარტიების ნაწილმა, მათ შორის ლეიბორისტულმა პარტიამ, სახელმწიფოსგან მოსახლეობისთვის ამ დანაკარგების კონპესაცია მოითხოვა.

4.5 2.5 ქალები და პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

მოხდეს შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება; გამჭვირვალე და ნათელი მექანიზმების დანერგვით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გაიზარდოს ქალთა ჩართულობა.

ხელი შეეწყოს საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამებით ქალთა პარტიული ორგანიზაციების განვითარებას.

მხარი დაეჭიროს პარტიულ ორგანიზაციებში გენდერული თანასწორობის პროგრამებს.

წაქეზდეს საზოგადოებრივი დისკუსიები პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის თემაზე.

2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციამ მრავალ ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი, მათ შორის, გენდერულ საკითხებთან ახლებურ მიმართებას. რევოლუციამდე საჯარო განხილვები ამ თემაზე თითქმის არ ეწყობოდა. საჯარო მოხელეები საერთოდ არ იჩენდნენ ინტერესს გენდერული თანასწორობის მიმართ და მას ნაკლებად აქტუალურ, მეორეხარისხოვან საკითხად მიიჩნევდნენ. მართალია, მსუბუქი, ძირითადად, არაფორმალური მინიშნებები ამ კუთხით კეთდებოდა, მაგრამ მათ ნაკლები გავლენა ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა პირველი ქართველი პრეზიდენტი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ამ საკითხზე და საჯაროდ განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება დაინტერესებულია ქალთა ჩართულობის გაზრდით: „ჩვენ გვინდა მმართველობით და პოლიტიკურ სისტემაში რაც შეიძლება მეტი ქალი გვყავდეს და გვეყოლება.“ პრეზიდენტის ეს განცხადება იყო არაერთჯერადი; თავის საჯარო გამოსვლებში იგი ხშირად იმეორებდა ამ მოსაზრებას.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალობა ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიზარდა, რასაც პოლიტიკოსებთან ერთად გენდერულ საკითხებზე მომუშავე ექსპერტებიც აღიარებენ. 2003 წლის აგვისტოში, როდესაც პარლამენტის წინაშე ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარტიების შიგნით ქალთა კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს, დეპუტატთა უმრავლესობამ ის უყურადღებოდ დატოვა. კენჭისყრის პროცედურაში 235-იდან მხოლოდ 67 პარლამენტარი ჩაერთო,1 დანარჩენს განხილვაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. დღეს თითქმის ყველა პარტია აცნობიერებს პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის წახალისების აუცილებლობას. თითქმის ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერი გამოთქვამს სურვილს, ხელი შეუწყოს პარტიაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას, თუმცა მკაფიოდ გამოკვეთილი ხედვა ამ მიმართულებით ჯერ არც ერთს ჩამოუყალიბებია.

ფაქტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ლიდერი ქალების როლი საზოგადოებრივ და, კერძოდ, პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულწილად გაიზარდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისა და სხვა ქალი პოლიტიკოსების პოზიციების გამყარებისა და მათ მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შედეგია.

ვარდების რევოლუციის სამ ლიდერს შორის ერთი ქალბატონი იყო. სარგებლობდა რა საკმაოდ მაღალი საზოგადოებრივი სიმპათიით, ნინო ბურჯანაძემ შეძლო გაწონასწორებული, მშვიდი და მომრიგებელი პოლიტიკოსის ნიშის ამოვსება მაშინ, როდესაც მისი მამაკაცი კოლეგები რადიკალიზმითა და კონფრონტაციული მიდგომების იმიჯით სარგებლობდნენ. თავად ნინო ბურჯანაძეც აღნიშნავს, რომ დემონსტრაციების პერიოდში მნიშვნელოვანი იყო „რომ მათთან ქალი იდგა, ვცდილობდი შემერბილებინა სიტუაცია, ვფრთხილობდი... გარკვეულწილად, რევოლუციის მშვიდობიან დასრულებას ჩემს დამსახურებადაც მივიჩნევ.“2

ლიდერი ქალების მნიშვნელობისა და რაოდენობრივი წარმომადგენლობის ზრდაზე ისიც მიუთითებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი არსებობის პერიოდში ბოლო ორ წელს ქალთა წარმომადგენლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაში. 2005 წლის ოქტომბრამდე მინისტრთა კაბინეტში ქალთა წარმომადგენლობა 17.6%25 იყო. 2004 წელს ჩვიდმეტი სამინისტროდან ოთხს ქალი ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის საკითხის აქტუალობა ვარდების რევოლუციის შემდეგ გაიზარდა

მოგვიანებით, ეს მაჩვენებელი საკმაოდ შემცირდა და ამ ანგარიშის გამოცემის პერიოდში მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ქალია. 2004 წლის მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა 9.4%25-ამდე გაიზარდა (235 დეპუტატიდან 22 ქალია), მაშინ, როდესაც ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი, ჩვეულებრივ, 6-7%25-ებს შორის მერყეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე ქალია, ქალია უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელიც, 13 საპარლამენტო კომიტეტიდან ორს ქალი თავმჯდომარეობს, ხოლო ოთხში თავმჯდომარის მოადგილე ქალია. სასამართლო ხელისუფლებაში კი ქალთა წარმომადგენლობამ 40%25-ს მიაღწია.3

არჩევნები

საკანონმდებლო
ორგანო

დეპუტატთა
საერთო
რაოდენობა

დეპუტატი
ქალების
რაოდენობა

ქალთა
წარმომადგენლობის
პროცენტული
მაჩვენებელი

1919

დამფუძნებელი კრება

130

4

3%25

1990

უზენაესი საბჭო

250

18

7,2%25

1992

პარლამენტი

222

14

6,3%25

1995

პარლამენტი

250

16

6,4%25

1999

პარლამენტი

235

17

7,2%25

2004

პარლამენტი

235

22

9,4%25

ცხრილი 11. ქალთა წარმომადგენლობა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში

მართალია, ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებელი იზრდება, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან შორს არის დემოკრატიული სახელმწიფოს მოთხოვნებისგან და არ შეესაბამება თანამედროვე სამართლიანი საზოგადოების სტანდარტებს. გენდერული საკითხების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში სოციალური ჯგუფის 10%25-იანი წარმომადგენლობა, როცა ის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 59%25-ს შეადგენს, დაუშვებელია. მათი აზრით, საზოგადოება, რომელიც პრეტენზიას აცხადებს სამართლიანობაზე, ვალდებულია, საზოგადოების თითოეულ წევრს განაცდევინოს ეს სამართლიანობა: წარმოდგენილია რა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში, ქალის თანასწორობა უზრუნველყოფილია საზოგადოების სხვა წევრებთან და დაცულია დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლენისგან. რამდენადაც გენდერული თანასწორობა გულისხმობს, „რომ ქალსა და მამაკაცს თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები აქვთ საკუთარი პოტენციალის სარეალიზაციოდ, ისინი თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული განვითარების პროცესებში და თანაბრად სარგებლობენ საზოგადოებრივი სიკეთეებით, შესაძლებლობებით და რესურსებით.“4 მიიჩნევა, რომ ყოველივე ამის განხორციელების მთავარი მექანიზმი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში ქალების ადეკვატური წარმომადგენლობაა, რაც უზრუნველყოფს ჯგუფის ინტერესების დაცვას.

ქალთა ჩართულობა პარტიულ საქმიანობაში

პარტიების საქმიანობაში, ისე როგორც, ზოგადად, საზოგადოების სხვა სფეროებში, ქალთა მონაწილეობა იზრდება. ისინი საკმაოდ აქტიურნი არიან ორგანიზაციული სტრუქტურის ქვედა დონეებზე, მაგრამ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში. პარტიის - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - წარმომადგენლის თქმით: „მიუხედავად იმისა, რომ ქალთა ჩართულობის საწინააღმდეგოდ ხელოვნური ბარიერები არ არსებობს, რაც უფრო დაბალია პარტიული სტრუქტურული საფეხური, მით უფრო ჰარმონიულია გენდერული ბალანსი. რაიონულ სტრუქტურებში, ანუ იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღება არც ისე აქტუალურია, მეტი ქალები არიან, ვიდრე მაღალ იერარქიულ საფეხურზე.“

პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობა საშუალოდ ცხრა პროცენტს უტოლდება. ქალი პარტიის წევრები ნაკლებ არიან ჩართულნი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მაღალ პარტიულ თანამდებობებსაც მხოლოდ ერთეულები იკავებენ. ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, რამდენადაც პოლიტიკურ პარტიებში ქალ და მამაკაც წევრებს შორის შეფარდება მეტ-ნაკლებად თანაბარია.

ქალები საკმაოდ აქტიურნი არიან ორგანიზაციული სტრუქტურის ქვედა დონეებზე, მაგრამ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში

საინტერესოა, რომ ორი უკიდურესი მაჩვენებელი ლეიბორისტულ და რესპუბლიკურ პარტიებს აქვთ. პირველში ქალ წევრთა რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას აღემატება. მეორეში ქალ წევრთა რიცხვი სრული შემადგენლობის 30%25-ს შეადგენს. თუმცა, პარტიის ზრდასთან ერთად, მაჩვენებელი ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ იცვლება; მალე იგი „ქალების მიმართ კეთილგანწყობილ“5 პარტიათა სიაში შეიძლება ჩაეწეროს.

პოლიტიკურ პარტიებში, ისე როგორც მთელ საზოგადოებაში, მძლავრობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალები, ძირითადად, მზრუნველებად აღიქმებიან, მაშინ, როდესაც მამაკაცებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხელმძღვანელის როლი ენიჭებათ. შესაბამისად, ორგანიზაციებში, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებში (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ქალები, ძირითადად, სტრუქტურული იერარქიის ქვედა და საშუალო დონეებზე მუშაობენ და ნაკლებად არიან წარმოდგენილნი ხელმძღვანელ თანამდებობებზე. პარტიების წევრ ქალთა უმრავლესობა პარტიის ძირითად სტრურქტურასთან ერთად ქალთა პარტიულ ორგანიზაციებშიც ერთიანდებიან, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კლუბებს ან საბჭოებს უწოდებენ. ქალები, ძირითადად, ამ კლუბებსა და საბჭოებში, ასევე პარტიის პირველად ორგანიზაციებში საქმიანობენ.

ქალთა ორგანიზაციები ჩამოყალიბებული აქვთ ახალ მემარჯვენეებს, პარტიას - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - და საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას. ეს ორგანიზაციები წარმოდგენილნი არიან როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ და რაიონულ დონეებზე. ქალთა ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობების ხელმძღვანელები ჩართულნი არიან რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების მმართველი სტრუქტურების (ბიუროების) საქმიანობაში და მონაწილეობენ სხვა პარტიულ აქტივობებში. ქალთა საბჭოები და კლუბები, ჩვეულებრივ, საქველმოქმედო ორგანიზაციის ფუნქციებს ასრულებენ და, მეტწილად, საზოგადოების სოციალურად დაუცველ ფენებზე ზრუნავენ. საქართველოს კონსერვატიული პარტია უახლოეს მომავალში გეგმავს მსგავსი ფუნქციური ორგანიზაციის ჩამოყალიბებას, რომლის შესაძლო ფუნქციები „მრავალშვილიან დედებზე ზრუნვა, თანადგომა და ქალბატონებისთვის საინტერესო ღონისძიებების ჩატარება იქნება.“6

პარტიის - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - ქალთა კლუბი

ეს კლუბი პარტიის დაარსებისთანავე 1999 წელს ჩამოყალიბდა. კლუბს საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს და წარმოდგენილია პარტიის ცენტრალურ, რეგიონულ და რაიონულ დონეებზე. კლუბი, ძირითადად, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებით არის დაინტერესებული. რაიონული წარმომადგენლობების მეშვეობით კლუბი სწავლობს მრავალშვილიანი ოჯახების, ობოლ ბავშვთა, ახალგაზრდა ხელოვანთა პრობლემებს და ცდილობს მათ დახმარებას. კლუბის წევრებს მიაჩნიათ, რომ საზოგადოებრივ, კერძოდ კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი სერიოზული პრობლემაა და ცდილობენ სხვადასხვა პროგრამის და აქტივობის განხორციელებით პარტიულ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაზრდას (ეს პროგრამები, ჩვეულებრივ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და იუნიფემი). კლუბის ინიციატივით განხორციელდა სასწავლო პროგრამები. კლუბში მიაჩნიათ, რომ, მიუხედავად ქალების დიდი სურვილისა, აქტიურად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ აკლიათ სათანადო განათლება, უნარ-ჩვევები და გამოცდილება. ამავე კლუბის ინიციატივით განხორციელდა „დიასახლისთა პროგრამა“, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიასახლის ქალთა მონაწილეობის გაზრდას, სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზებასა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებში მათ ჩართულობას.

რაიონული და რეგიონული მასშტაბით ქალთა ორგანიზაციები აღწერენ მრავალშვილიან დედათა და ინვალიდთა ოჯახებს, სწავლობენ მათ პრობლემებს და პარტიის რესურსების გათვალისწინებით ცდილობენ დახმარებას. მაგალითად, ახალი მემარჯვენეების ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხშირად გაცემულა უფასო სადილისა და სამედიცინო დახმარების ტალონები მრავალშვილიან დედებსა და ას წელს გადაცილებულ მოხუცებზე. მათივე შუამდგომლობით პარტიის ცენტრალური ოფისი მატერიალურად არაერთხელ დახმარებია ინვალიდების ოჯახებსაც.

ქალთა ორგანიზაციების კიდევ ერთი ფუნქცია სახელმწიფო სოციალური დაცვის პროგრამების მონიტორინგია. მაგალითად, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ქალთა ორგანიზაციამ საკუთარი ინიციატივით დაიწყო სახელმწიფო სოციალური დახმარებების მიზანმიმართულად ხარჯვის საკითხის შემოწმება.

მეორე ძირითადი ფუნქცია, რომელსაც პარტიათა ქალი წევრები ახორციელებენ და უაშუალოდ დაკავშირებულია მათ პარტიულ საქმიანობასთან, არის მხარდამჭერთა მოზიდვა, საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება7 და პარტიული ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება. ამ მხრივ, ისინი, ძირითადად, წინასაარჩევნოდ აქტიურდებიან. პარტიებში მიაჩნიათ, რომ ქალები, ახალგაზრდების მსგავსად, კარგი აგიტატორები არიან და ეფექტურად შეუძლიათ მხარდამჭერებისა და ახალი წევრების მოზიდვა. ქალები არჩევნების დროს წარმატებულად ართმევენ თავს საუბნო ორგანიზაციების ადმინისტრაციულ ვალდებულებებს. ისინი საკმაოდ პრინციპულები არიან და უმნიშვნელო დარღვევაც კი არ რჩებათ მხედველობიდან, რასაც მამაკაცები ხშირ შემთხვევაში უყურადღებოდ ტოვებენ. შესაბამისად, მათი წარმომადგენლობა ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციებში საკმაოდ მაღალია (მაგალითად, ახალი მემარჯვენეების საარჩევნო ადმინისტრაციაში ჩართულ წევრთა 70%25 ქალია).

ქალთა პარტიული ორგანიზაციების მხოლოდ მცირედი ნაწილია დაკავებული ქალთა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობით

კონფლიქტების დარეგულირების უნარი, კიდევ ერთი თვისებაა, რის გამოც პარტიები საუბნო ადმინისტრაციებს, ძირითადად, ქალი წევრებით აკომპლექტებენ. ისინი საუკეთესო მომრიგებლები არიან და ადვილად უმკავლდებიან პარტიათაშორის დაპირისპირებებს ან არჩევნების დღეს წარმოქმნილ სხვა კონფლიქტებს. ახალი მემარჯვენეების წევრი პარლამენტარის თქმით ქალი „ასტაბილურებს პარტიათაშორის დაძაბულობას.“

ქალთა პარტიული ორგანიზაციების მხოლოდ მცირედი ნაწილია დაკავებული ქალთა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობით. მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ლიდერის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართული პროექტები, მეტწილად, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული. ახალი მემარჯვენეების ქალი წევრის თქმით: „ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკური აკადემიის პროგრამებში; მონაწილეობას ვიღებდით, „იუნიფემის“ მიერ ჩატარებული ტრენინგებში, რომელიც ეხებოდა ქალის როლს კონფლიქტების მოგვარებაში, ასევე ეროვნული დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტში - ლიდერი ქალები და სხვა.“ ერთადერთი უკმაყოფილება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ გამოითქმის, არის ის, რომ ამ პროექტებში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულებს აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროექტებში მხოლოდ ქალები მონაწილეობენ, მაშინ, როდესაც გენდერულ საკითხებზე განათლებას მამაკაცებიც საჭიროებენ.

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა

როგორც უკვე აღინიშნა, ვარდების რევოლუციის შემდეგ სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა. ზემოთ ნახსენები იყო სახელმწიფო სამსახურში ქალთა ჩართულობის გაზრდასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საჯარო განცხადების შესახებ. ამასთან ერთად გახშირდა გენდერულ საკითხებზე საჯარო დისკუსიები ტელეკომპანიათა საკმაოდ რეიტინგულ გადაცემებშიც. პოლიტიკურმა პარტიებმა ამ მიმართულებით უფრო ინტენსიური გახადეს თანამშრომლობა ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ ცვლილებებს დადებითი ეფექტი აქვს, თუმცა სტატისტიკური მაჩვნებლები ამ მიმართულებით მუშაობის არასაკმარის გააქტიურებაზე მიგვითითებენ.

პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის დაბალ დონეს, ძირითადად, კულტურული და ფსიქოლოგიური სტერეოტიპები განაპირობებენ

პარტიები აღიარებენ, რომ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში გენდერული თანასწორობა დარღვეულია. დღეისთვის ქალ და მამაკაც წევრებს შორის ჰარმონიული წარმომადგენლობის არარსებობა მეორეხარისხოვან პრობლემად აღიქმება. პარტიებს მიაჩნიათ, რომ „საქართველოში გენდერული საკითხი არ არის ისე დაყენებული, როგორც ეს დასავლურ სტანდარტებს შეეფერება,“8 მაგრამ მომავალში სიტუაციის გამოსწორებას იმედოვნებენ. არსებულ სიტუაციას პარტიები გარე ფაქტორებით ხსნიან, რომელთა შეცვლაც მათ ძალას აღემატება. კერძოდ, მიაჩნიათ, რომ ქალები თავად არიან ნაკლებად აქტიურნი, რასაც სოციალური სიდუხჭირე და ტრადიციული ფასეულობები განაპირობებენ. ქალები განსაკუთრებით მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ 1990-იან წლებში ქვეყანაში გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური პირობების მიმართ. მამაკაცების მიერ სამუშაო ადგილების დაკარგვამ მათი უმრავლესობა აიძულა საკუთარ თავზე აეღო ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა, რასაც, ძირითადად, სავაჭრო სექტორში თვითდასაქმებით მიაღწია. ამიტომაა, რომ მათ პოლიტიკური აქტიურობისთვის არც დრო და არც ენერგია არ რჩებათ.

მეორე ძირითადი მიზეზი, რომელიც, პარტიების აზრით, ხელს უშლის ქალთა ჩართულობას პოლიტიკურ საქმიანობაში, საზოგადოებაში არსებული ტრადიციული წარმოდგენებია ქალის როლისა და ფუნქციის შესახებ: ქალი წარმატებულად ითვლება, თუ იგი კარგად ართმევს თავს საოჯახო საქმიანობას.

წარმატებული ქალი პოლიტიკოსები გაურბიან ქალთა პრობლემებზე საუბარს

პარტიის წევრი ქალები თავად აღიარებენ, რომ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის დაბალ დონეს, ძირითადად, კულტურული და ფსიქოლოგიური სტერეოტიპები განაპირობებს. მათი თქმით, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა ჩართულობის შემაფერხებელი ხელოვნური ბარიერი არც ერთ პარტიაში არ არსებობს. მართალია, პარტიის წევრი ქალები პასიურობენ, მაგრამ საზოგადოებაც არ არის დაინტერესებული მათი საქმიანობის გააქტიურებით. „არ ჩანს მკვეთრი საზოგადოებრივი დაკვეთა; სანამ ქართველი ამომრჩეველი არ გამოხატავს თავის სიმპათიას გენდერულად ჰარმონიული პარტიისადმი და არ იტყვის, რომ არ მოსწონს მამაკაცთა კლუბის მსგავსი პარტია, რთულია, რომ პარტიებმა ეს საკითხი თავად დააყენონ დღის წესრიგში.“9

საინტერესოა, რომ უკვე წარმატებული პოლიტიკოსი ქალების უმრავლესობა გაურბის ქალთა პრობლემებზე საუბარს, რითაც ამ პრობლემის არარსებობაზე ან ნაკლებ აქტუალობაზე მიანიშნებს. „მიმაჩნია, რომ ქალი საქართველოში ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ხოლო, თუ ის დიასახლისია, სულაც არ ნიშნავს, რომ დაჩაგრულია. ვერ ვიტყვი, რომელია უკეთესი, ოჯახი თუ პოლიტიკა - მათ შორის უკეთესი ან უარესი არ არსებობს“, - თვლის ფიქრია ჩიხრაძე.10 ნინო ბურჯანაძე კი გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ამბობს: „არა მგონია, რომ საქართველოში ეს საკითხი მწვავედ იდგეს, თუმცა, უდავოდ, არსებობს.“ ლიდერი ქალები ნაკლებად მიუთითებენ პოლიტიკის წარმართვის მამაკაცურ წესებზე და მას ქალთა ჩართულობის გაზრდის შესაძლო ბარიერად არ აღიქვამენ. ამაში მათ პარტიის მამაკაცი წევრებიც ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ უმთავრესი ქალებისთვის არჩევანის უფლების მინიჭებაა: „მამაკაცური სამუშაოა მაღაროში მუშაობაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქალს აქვს უფლება და შესაძლებლობა იმუშაოს მაღაროშიც, მთავარია, ეს მისი არჩევანი იყოს.“11

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის გზები

ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა გენდერული თანასწორობის ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს, მაგრამ არაფერს ამბობს მისი მიღწევის საშუალებებზე. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს იმ პრინციპებს, რომლებზეც მთელი საკნონმდებლო სისტემაა დამყარებული და გამორიცხავს მოქალაქეთა ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის გენდერული ნიშნით, დისკრიმინაციას. კონსტიტუციის მე-14 მუხლი აღნიშნავს, რომ „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.“ მას ერთვის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია“ რომელსაც საქართველო 1994 წელს შეუერთდა. გენდერული საკითხების ექსპერტები აღიარებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული, მაგრამ აღნიშნავენ, რომ არ არსებობს ისეთი სპეციალური კანონები, რომლებიც ხელს შეუწყობდა გენდერული თანასწორობის მიღწევას. 1995 წელს საქართველო იმ ქვეყანათა რიგში ჩაეწერა, რომლებმაც ვალდებულება აიღეს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ეროვნული სამოქმედო გეგმა შეემუშავებინათ.

ყველა პარტია თანხმდება, რომ პოლიტიკაში ქალთა როლის გასაზრდელად კვოტირების შემოღება მიუღებელია

პოლიტიკურ პარტიებს ჩამოყალიბებული არ აქვთ ქალთა ჩართულობის კონკრეტული ხედვა. ყველა მათგანი აღიარებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ლიდერ ქალთა წარმომადგენლობის ზრდის მაჩვენებელი სასურველზე დაბალია, თუმცა ამ პროცესის ხელშეწყობის ეფექტურ გზებს ჯერჯერობით ვერ ხედავენ. ერთი საკითხი, რაზეც ყველა პარტია თანხმდება, ეს კვოტირების პრინციპის მიუღებლობაა. პარტიებს მიაჩნიათ, რომ ეს ხელოვნური მექანიზმია, რომელსაც დადებითი ეფექტი არ ექნება: კვოტები და სამართლიანობა შესაძლებელია თეორიულად ემთხვეოდეს ერთმანეთს, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. პარტიის როგორც მამაკაცი, ისე ქალი წევრები ეთანხმებიან ამ მოსაზრებას. პარტიებში, ისე როგორც საზოგადოებაში, მიაჩნიათ, რომ როგორც შიდაპარტიულ, ისე სახელისუფლებო ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის კვოტირება იძულებითი ზომაა, რომელიც ლახავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპს. მეტიც, კვოტირება შეურაცხმყოფელია თავად ქალებისთვის. პოლიტიკურ ასპარეზზე კარიერული ზრდა ცოდნის, გამოცდილების და პროფესიონალიზმის მიხედვით უნდა მოხდეს. ამ პროცესში ჩარევამ და ხელოვნური მექანიზმების დანერგვამ შეიძლება არაპროფესიონალი კადრებით შევსება გამოიწვიოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მრეწველები არ არიან ბრმა კვოტირების მომხრე, მისი ქალთა კლუბის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდია განათლებულ, პროფესიონალ და ლიდერის უნარ-ჩვევების მატარებელ ქალთა წილი, მათი მოძებნა პარტიების კეთილი ნება კი არა, არამედ უშუალო ვალდებულებაცაა.

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშემწყობი ფაქტორები:

გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდა;

ხელისუფლების პირველი პირების მიერ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა;

პარტიების მიერ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში გენდერული დისბალანსის არსებობის აღიარება და მდგომარეობის გამოსწორების სურვილი;

გენდერულ საკითხებზე საჯარო განხილვების გააქტიურება.

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელისშემშლელი ფაქტორები:

ტრადიციული მიდგომების სიმყარე, რომელიც ოჯახურ საქმიანობას მთლიანად ქალს ავალდებულებს;

ზოგადი შეთანხმება იმაზე, რომ კვოტირება არღვევს გენდერულ თანასწორობას;

საზოგადოების ნაკლები ინფორმირებულობა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და მისი მიღწევის გზებზე;

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პირობები, რომელთა შედეგადაც ქალების უმრავლესობა, ძირითადად, თვითდასაქმებულია და ოჯახების მატერიალური უზრუნველყოფისთვის იღწვის;

უკვე წარმატებული ქალების მიერ ქალთა პრობლემებზე ყურადღების გაუმახვილებლობა.

კვოტირების პრინციპისადმი საზოგადოებაში არსებულ უარყოფით დამოკიდებულებას ექსპერტები ნეგატიური გამოცდილებით ხსნიან, რომელიც პოლიტიკურ საზოგადოებას საბჭოთა მმართველობის დროიდან ახსოვს. „საარჩევნო კვოტის არსებობით ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ არენაზე წინასწარ იყო გადაწყვეტილი, ასევე ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში რაოდენობრივი მაჩვენებლებით ბალანსირებული იყო, თუმცა ხარისხობრივი თვალსაზისით ქალთა მონაწილეობა მმართველობით სტრუქტურებში უმეტეს შემთხვევაში ფიქტიურ ხასიათს ატარებდა.“12 შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით კვოტირება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეფექტური მექანიზმია, საქართველოში ეს იდეა საკმაოდ არაპოპულარულია.

გარდა ისტორიული გმოცდილებისა, პარტიები კვოტირების საწინააღმდეგოდ მეორე არგუმენტსაც მოიხმობენ: ესაა არაპროფესიონალიზმის გაზრდის ალბათობა, რაც, ექსპერტთა აზრით, არამართებულია. „კვოტების დაწესების შემთხვევაში პარტიები იძულებულნი იქნებიან მოძებნონ კვალიფიცირებული, პროფესიონალი ქალბატონები, რომლებიც მათ რიგებს შეავსებენ. ეს მათი, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების, მთავარი ფუნქციაა, რამდენადაც საზოგადოებაში არსებული კვალიფიცირებული კადრების რეკრუტირების უშუალო ვალდებულება აკისრიათ.“13

პარტიების მიერ ახალი წევრების მოზიდვის პოლიტიკის დახვეწა, წევრთა ჩართულობის გაზრდა და მათი პოლიტიკური ცოდნის ამაღლება შეიძლება ჩაითვალოს პარტიულ საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის იმ საშუალებებად, რომლებიც არ აღიქმებიან ხელოვნურ ან იძულებით მექანიზმებად. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მათი დანერგვის ეფექტურობის პრეცედენტი საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ შექმნა. მან შიდაპარტიულ თანამდებობებზე ქალთა და მამაკაცთა შეფარდების შედარებით უკეთეს ბალანსს მიაღწია. სარევიზიო კომისიის სამი არჩეული წევრიდან ერთი ქალია, პარტიის იურიდიულ სამსახურს ქალი ხელმძღვანელობს, თბილისის შვიდი რაიონული ორგანიზაციიდან ოთხის ხელმძღვანელი ქალია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მაჩვენებელს პარტიამ სხვა დანარჩენი პარტიებისგან განსხვავებული შიდა მოწყობის პრინციპების დანერგვით მიაღწია. ეს შეიძლება პარტიაში არსებული შიდა დემოკრატიის შედარებით მაღალი დონით აიხსნას.

ძირითადი დასკვნები

უკანასკნელ პერიოდში იზრდება ქალთა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში; იზრდება მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

საკანონმდებლო დონეზე, ქვეყანაში უზრუნველყოფილია გენდერული თანასწორობა, არც ერთი იურიდიული აქტი არ ზღუდავს ქალის ჩართულობას რაიმე სფეროში, თუმცა კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქალთა საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობ მექანიზმებს.

პოლიტიკურ პარტიათა წევრი მამაკაცებისა და ქალების რაოდენობრივი შეფარდება თითქმის თანაბარია; თუმცა იგივე არ ითქმის მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. ქალი წევრები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი პარტიის ხელმძღვანელ რგოლში და უფრო ორგანიზაციული სტრუქტურის ქვედა დონეზე აქტიურობენ. კერძოდ, ისინი ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას და ერთვებიან არჩევნებში როგორც საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები.

პარტიათა ნაწილში ფუნქციობს ქალთა კლუბები და ორგანიზაციები; ისინი, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ფენების პრობლემებზე მუშაობენ.

პარტიები თანხმდებიან, რომ ქალთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში საკმაოდ დაბალია, მაგრამ არ იზიარებენ პარტიის ხელმძღვანელ ორგანოებში მათი წარმომადგენლობის ხელოვნური გაზრდის მექანიზმების, მაგალითად, კვოტირების გამოყენების საჭიროებას.

_______________________

1 რჩევნები/გენდერი და მედია კომპონენტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, 2004, გვ. 8.

2. არჩევნები/გენდერი და მედია კომპონენტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, 2004, გვ. 20.

3 არჩევნები/გენდერი და მედია კომპონენტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, 2004, გვ. 27.

4. ინტერვიუ ლელა ხომერიკთან, არჩევნები/გენდერი და მედია კომპონენტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, 2004, გვ. 26.

5 რეტ ლაია, ესტონეთის პარლამენტი, მრავალპარტიული კონფერენცა, 31 მაისი, 2005 წ.

6. საქართველოს კონსერვატიული პარტიის წევრი.

7 2005 წელს საქართველოს საარჩევნო კოდექსში მიღებული შესწორების თანახმად ცენტრალური და რაიონული საარჩევნო კომისიები არაპარტიული წევრებით კომპლექტდება, ხოლო საუბნო დონეზე, წინა საპარლამენტო არჩევნებზე პირველი სამი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პარტიას ორ-ორი კომისიის წევრის დასახელების უფლება აქვს (მუხლი 36.3 საქართველოს საარჩევნო კოდექსი).

8. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

9 ლელა ხომერიკი, ქალთა კოალიცია, პრეზენტაცია, 2005 წლის, 31 მაისის მრავალპარტიული კონფერენცია.

10 პარლამენტის წევრი, ახალი მემარჯვენეები.

11 რესპუბლიკური პარტიის წევრი.

12. არჩევნები/გენდერი და მედია-კომპონენტი, გაერო-ს განვითარების პროგრამა, 2004; გვ. 4.

13 ლელა ხომერიკი, ქალთა კოალიცია, პრეზენტაცია, 2005 წლის 31 მაისის მრავალპარტიული კონფერენცია.

4.6 2.6 პარტიები, არჩევნები და საარჩევნო კამპანიები

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

შემუშავდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოვლისმომცველი სტრატეგია.

წარმოებდეს კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.

ამაღლდეს საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტთან დაკავშირებით ადგილობრივი პარტიული აქტივისტების ცოდნა.

დამყარდეს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ცვალებადი ელექტორატი, ახალი საარჩევნო სტრატეგიები

ქართული პოლიტიკური პარტიები საზოგადოებასთან ერთად ძირეულ და რადიკალურ ცვლილებებს განიცდიან. ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემა, ისე როგორც მთელი საზოგადოება, ჯერ კიდევ შორს არის საბოლოო ჩამოყალიბებისგან. კვლევაში ჩართული ექვსივე პოლიტიკური პარტია აღიარებს, რომ ქართული საზოგადოება განვითარების პროცესშია - იცვლება და, გარკვეულწილად, მოდერნიზაციას განიცდის მისი პოლიტიკური კულტურა. პარტიები იხსენებენ, რომ არც ისე შორეულ წარსულში მარტივი იყო მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება: აქტიური წინასაარჩევნო კამპანიაც საკმარისი იყო წარმატების მისაღწევად. შესაბამისად, პარტიებიც წინასაარჩევნოდ აქტიურდებოდნენ. ამას რესურსების სიმწირეც განაპირობებდა: პარტიები მათ ხელთ არსებულ მცირე რესურსებს მთლიანად მოკლე, მაგრამ ინტენსიური საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ხარჯავდნენ.

პარტიების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ამომრჩეველთა ქცევა გაცილებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისკენ იცვლება. მარტივი და მომხიბვლელი წინასაარჩევნო დაპირებებით რთულია მათი კეთილგანწყობის მოპოვება. მსგავს საზოგადოებასთან მუშაობა უკვე დახვეწილი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის თქმით, დღეს ამომრჩეველი ისეთი არ არის, როგორიც თხუთმეტი წლის წინ იყო, თხუთმეტ წელიწადში კი ის ისეთი აღარ იქნება, როგორიც დღესაა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი კი აღნიშნავს, რომ წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, ამომრჩევლის მოტყუება ან მოსყიდვა უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, პარტიები საჭიროებენ პოლიტიკური ტექნოლოგიების დახვეწას და უფრო დეტალური, რეალისტური და პრაგმატული საარჩევნო პროგრამების შემუშავებას. უფრო მეტიც, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმებისა და მექანიზმების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების აუცილებლობას გრძნობს. საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია გრძელვადიანი უნდა იყოს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის თქმით: „ჩვენთვის მუდმივად წინასაარჩევნო პერიოდია.“

პარტიები აცნობიერებენ, რომ უცილებელია, მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობა არჩევნებამდე გაცილებით ადრე დაიწყონ, დაამყარონ მჭიდრო კავშირი და რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ პარტიები კვლავ მატერიალური რესურსების სიმწირეს უჩივიან, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ რეგულარულად შეახსენონ თავი საზოგადოებას. ახალი გარემო უფრო მოწყვლადს ხდის პარტიებს, რადგან მათგან მეტ რესურსს მოითხოვს.

პარტიებს საზოგადოებასთან ურთიერთობის განსხვავებული სტრატეგიები აქვთ. თუმცა, თითქმის ყველა პარტიაში სტრატეგიის განსაზღვრა ცენტრალიზებულად ხდება. პოტენციურ ამომრჩევლებთან ურთიერთობის პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად ითვლება, პარტიების ცენტრალურ მმართველობითი ორგანოში იღებენ. მეორე მხრივ, ტერიტორიულ ორგანიზაციებს (ამასთან დაკავშირებით ქვემოთ იხ. ადამიანური და ფინანსური რესურსების თავი), ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების დაზუსტება/შეცვლის უფლება ეძლევათ.

ამომრჩეველთა ქცევა გაცილებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისკენ იცვლება. მსგავს საზოგადოებასთან მუშაობა უკვე დახვეწილი მეთოდების გამოყენებას მოითხოვს

პარტიის მმართველი წრეების მიერ განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება ორ - ცენტრალურ და რაიონულ - დონეზე ხდება. მათ მიერ გამოყენებული ურთიერთობის ფორმები და მექანიზმები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცენტრალურ დონეზე საზოგადოებასთან ურთიერთობით თავად პარტიის ლიდერები არიან დაკავებულნი, რასაც, ძირითადად, მედიის საშუალებით ახორციელებენ. ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები კი მოსახლეობას უშუალოდ, პირადი შეხვედრებით უკავშირდებიან. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ პარტიის ლიდერები გაურბიან მოსახლეობასთან პირად კონტაქტს: ისინი ამომრჩევლებს, ჩვეულებრივ, წინასწარ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ხვდებიან. თუმცა, საქართველოში, მიუხედავად მისი ტერიტორიული სიმცირისა, რესურსების ნაკლებობის გამო, პარტიის ლიდერები ვერ ახერხებენ რეგულარულად ყველა რეგიონის მონახულებას. ამიტომაც მსგავსი ღონისძიებები უფრო წინასაარჩევნო პერიოდში ეწყობა.

მედიის წამყვანი როლი

ყველა პარტიას აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული ჯგუფები, კერძოდ პრეს-სამსახურები, რომლებიც ცენტრალური მმართველობითი ორგანოს სტრუქტურაში ერთიანდებიან. მათ ორი ძირითადი მოვალეობა აკისრიათ: ერთი მხრივ, ვალდებულნი არიან მონიტორინგი გაუწიონ ელექტრონულ და ბეჭდვით მედიას და მოამზადონ ყოველდღიური ანალიზი. მეორე მხრივ, ორგანიზება გაუწიონ პარტიის ლიდერთა პრეს-კონფერენციებს, მოამზადონ პრეს-რელიზები და გაავრცელონ საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით. რამდენადაც ცენტრალური ოფისის პრეს-სამსახური ერთადერთი პროფესიული ორგანოა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს დამყარებული მედიის საშუალებებთან, საჭიროების შემთხვევაში ისინი ტერიტორიულ ორგანიზაციებსაც ემსახურებიან. თითქმის ყველა პარტიაში პრეს-სამსახურის წევრები პარტიის აქტივისტები არიან. გამონაკლისს საქართველოს კონსერვატიული პარტია წარმოადგენს, რომელიც პროფესიული არაპარტიული სამსახურის ჩამოყალიბებას გეგმავს.1

ეუთო- ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მოხსენება საქართველოში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების შესახებ (2004 წლის მარტი)

„ზოგადად მედიის თავისუფლების მიუხედავად, წინასაარჩევნო პერიოდში მედიის თავისუფლება პოლიტიკური დისკუსიებისა და დაპირისპირების თემად იქცა მაშინ, როდესაც აჭარაში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვამ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია.

თებერვლის დასაწყისში, ყველაზე პოპულარულ კერძო ტელეკომპანიებში ერთდროულად დებატების პროგრამების დახურვამ, ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი რედაქციების პოლიტიკაში უხეში ჩარევის გამო, ოპოზიციური პარტიების შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, არც ერთმა მედიამ პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეწოლის შესახებ განცხადება არ დაადასტურა და წინასაარჩევნოდ პროგრამების განახლების საჭიროებაზე მიუთითა.“

სტრატეგიის შემუშავებასთან ერთად, მას-მედიასთან ურთიერთობით, ძირითადად, პარტიების ლიდერები არიან დაკავებულნი. საზოგადოებისთვის ანგარიშის ჩაბარებისა და განცხადებების გავრცელების მთავარ საშუალებას ცენტრალური ელექტრონული მედია წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა პარტია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური ტელეკომპანიების მიერ ორგანიზებულ დებატებსა და განხილვებში მონაწილეობის მიღებას, როგორც საარჩევნო, ისე არჩევნებს შორის პერიოდში. საქართველოში დამოუკიდებელ ექსპერტებს შორის დებატების მოწყობა იშვიათად ხდება: პირდაპირ და საკმაოდ დაძაბულ დებატებში, მეტწილად, ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების მაღალჩინოსნები მონაწილეობენ. ეს ფორმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთათვის არის უფრო მისაღები, რადგანაც მათ ხელისუფლებასთან თანასწორ საწყისებზე დაპირისპირების საშუალება ეძლევათ.

ტელეკომპანიები

2003 წლის ოქტომბერი

2006 წლის თებერვალი

რუსთავი 2

1 ყოველდღიური დებატები

1 ყოველკვირეული დებატები

იმედი

1 ყოველდღიური დებატები
1 ყოველკვირეული დებატები

2 ყოველკვირეულიი დებატები

პირველი არხი/
საზოგადოებრივი
მაუწყებლობა

1 ყოველდღიური დებატები
1 ყოველკვირეული დებატები

არც ერთი

მზე

1 ყოველდღიური დებატები

არც ერთი

მე-9 არხი

1 ყოველდღიური დებატები

არხი დაიხურა

იბერია

1 ყოველდღიური დებატები

არხი დაიხურა

კავკასია

1 ყოველდღიური დებატები

1 ყოველდღიური დებატები

202

არც ერთი

1 ყოველდღიური დებატები
1 ყოველკვირეულიდებატები

ცხრილი 12. სატელევიზიო დებატების რაოდენობის შემცირება. ,,ყოველდღიური დებატებატები“ გულისხმობს სამუშაო დღეებს. ჩვეულებრივ, დებატები გვიან თამით იწყება, საღამოს 10-11 სათზე. მხოლოდ რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი მაუწყებლობის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დანარჩენები, ძირითადად, თბილისში მაუწყოებლობენ. არაპოლიტიკური დებატები ამ ცხრილში შეტანილი არ არის.

პოლიტიკური პარტიების მიერ ახალი ამბების პროგრამებისთვის საინტერესო ღონისძიებების ინიცირება ან მათში მონაწილეობის მიღება, საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, ბუნებრივად, უპირატეს მდგომარეობაში მმართველი პარტია ხვდება: სახელისუფლებო ფუნქციების შესრულება, რომელთაც მედია აშუქებს, ამომრჩეველთა მოზიდვის დამატებით საშუალებად აღიქმება. ოპოზიციური პარტიები ამას მმართველი პარტიის მიერ „ადმინისტრაციული რესურსების“ ბოროტად გამოყენებას უწოდებენ. თუმცა, ახალი ამბების პროგრამებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესაფასებლად, ხშირად იწვევენ სხვადასხვა პარტიის ლიდერებს და წამყვანი ტელეკომპანიები, ჩვეულებრივ, სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მიერ გაკეთებული კომენტარების დაბალანსებას ცდილობენ.

რამდენადაც ოპოზიციური პარტიები რეგულარულად აწყობენ ხელისუფლების კონკრეტულ ნაბიჯებთან დაკავშრებით საპროტესტო პრეს-კონფერენციებს, ორგანიზებას უწევენ ან მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში, მათ სატელევიზიო კამერების წინ გამოჩენის ხშირი შესაძლებლობა ეძლევათ. აღიარებულია, რომ 2003 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მხარდაჭერა, მნიშვნელოვანწილად, ცენტრალური მედიის მიერ ამ მოძრაობის საპროტესტო აქციების ფართო გაშუქებამ განაპირობა: კერძოდ, მაშინ, როდესაც ბოლნისში, ბათუმსა და ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ, ეს ფაქტი ყველა მედია-საშუალებამ გააშუქა.

პოლიტიკური საკითხების, პარტიული აქტივობებისა და, ზოგადად, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების გაშუქების მხრივ, ყველა პარტია, როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური, უკმაყოფილოა მედიის მუშაობით. ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო ცენტრალურ ტელეკომპანიებში პირდაპირი დებატების პროგრამების რაოდენობის შემცირებას უჩივიან. ამის გამო მათ უშუალოდ საზოგადოებისთვის საკუთარი შეხედულებების გაცნობის ნაკლები საშუალება ეძლევათ. მმართველი პარტია კი მიუთითებს, რომ არც ერთ განვითარებული დემოკრატიის ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ისე ხშირად არ ხვდებიან მმართველი პარტიის ლიდერებს პირდაპირ პოლიტიკურ დებატებში, როგორც ეს საქართველოში ხდება. მედიის მიმართ ორი საკმაოდ გავრცელებული მოსაზრება არსებობს, რომელიც სხვადასხვა პარტიის მიერ არის გაზიარებული: პოლიტიკური მოვლენების გაშუქება და მათი შეფასება დაუბალანსებელი და ტენდენციურია, რაც მათი ოპონენტების სასარგებლოდ კეთდება (ოპოზიცია ფარულ ზეწოლასა და ცენზურაზე ამახვილებს ყურადღებას, მმართველი პარტია კი ჟურნალისტებისთვის დამახასიათებელ ხელისუფლების სააწინააღმდეგო ბუნებრივ ინსტინქტზე მიუთითებს) და მეორე, მედია მეტ ყურადღებას უფრო „სკანდალების“, ვიდრე რეალური საკითხების მიმართ იჩენს.

პარტიულ კამპანიაში ინტერნეტი უმნიშვნელო როლს თამაშობს

ამასთან, ცენტრალური ელექტრონული მედია თითქმის არ აშუქებს პარტიის ქვედა სტრუქტურების მიერ ჩატარებულ აქტივობებს. იშვიათი გამონაკლისი რეგიონებში ჩატარებული საპროტესტო აქციების შესახებ მოკლე შეტყობინებების გავრცელებაა. ცენტრალური მედია პოლიტიკურ პარტიებს, უმეტესად, ლიდერების, ე.წ. „ცნობადი სახეების“ საშუალებით წარმოადგენს.

პარტიების ტერიტორიული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული აქტივობების მიმართ ინტერესს მხოლოდ რეგიონული მედია2 იჩენს. მათ მიერ ჩატარებული ღონისძიებები თითქმის არასდროს რჩება ადგილობრივი პრესის, რადიოს ან ტელევიზიის ინტერესს მიღმა. რამდენადაც ადგილობრივი მედია ახალი ინფორმაციის ქრონიკულ სიმცირეს განიცდის, ის მუდამ მზად არის, რეგიონში მომხდარი ნებისმიერი სიახლე გააშუქოს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის შემოქმედებითი კამპანიები

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქთან შედარებით, რეგიონები ნაკლებ არიან ელექტროენერგიით უზრუნველყოფილნი. ზოგიერთ სოფელს კი წლების თუ არა, თვეების განმავლობაში არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. შესაბამისად, მედიის საშუალებებით ინფორმაციის გავრცელება ეფექტური მხოლოდ დედაქალაქში და რამდენიმე მთავარი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრშია. ამას თან ერთვის მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა, რაც რეგიონებში პრესის გავრცელებას უშლის ხელს: თვით ყველაზე პოპულარული გაზეთების ბრუნვა საკმაოდ დაბალია. ეს ალტერნატიული მეთოდების გამოყენების საჭიროებას ქმნის. მაგალითად, რეგიონის მოსახლეობისთვის პარტიული საქმიანობის და პროგრამის გასაცნობად საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ ორიგინალურ მეთოდს მიაგნო. პარტიის ლიდერმა საკუთარი მოწოდებები აუდიო-კასეტაზე ჩაწერა, გადაამრავლა და სხვადასხვა სოფელში გაავრცელა.

ინტერნეტი ნაკლებად გამოიყენება - ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს მიუწვდება ხელი ინტერნეტზე. ამჟამად ვებ-გვერდებზე ინფორმაციის რეგულარულ განახლებას მხოლოდ პარტიათა მცირე ნაწილი ახერხებს.3 ინტერნეტი ელიტებზე და განსაკუთრებით, ახალგაზრდებზე, ზემოქმედების მზარდ საშუალებას წარმოადგენს. რამდენიმე პარტიული ლიდერი პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებთან ერთად „ჩეთის“ პოპულარულ ოთახებში ჩაერთო და იქ საკუთარი ხედვები ჩამოყალიბა.

პარტიები საკუთარი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას თავისივე გამოცემების მეშვეობით ახერხებენ. არც ერთ მათგანს არ აქვს რეგულარულად მოქმედი ბეჭდვითი ორგანო, თუმცა წინასაარჩევნოდ ყველა პარტია ბეჭდავს და ავრცელებს ჩატარებული სამუშაოების ანგარიშებს და სამომავალო პროექტებს.

უშუალო კავშირი ამომრჩევლებთან

პარტიის მიერ საკუთარი საქმიანობის და პროგრამის გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, განსაკუთრებით - რაიონებში, მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებია. პარტიები, საკუთარი რესურსების მიხედვით ცდილობენ რაიონული და რეგიონული ორგანიზაციიებისთვის ოფისების გახსნას და მოსახლეობასთან საურთიერთოდ იქ პარტიული აქტივისტების მუდმივი წარმომადგენლობის უზრუნველყოფას. ყველა ოფისში პარტიის წესდება, პროგრამა და სხვა ოფიციალური დოკუმენტი ინახება, რათა საზოგადოების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, ამომწურავი ინფორმაცია გაიცეს. პარტების ადგილობრივი ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის თავისებურება მის ნაკლებ ფორმალიზებაში გამოიხატება. პირველადი ორგანიზაციის წევრები ხშირად ხვდებიან მოსახლეობას, ეცნობიან მათ პრობლემებს და აცნობენ პარტიის პოზიციას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ეს შეხვედრები, ჩვეულებრივ, სპონტანურია და არაფორმალურ, ხშირად ორიგინალურ ხასიათს ატარებს. „ჩვენ მეტროში, ავტობუსში, სამარშუტო ტაქსში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ირგვლივ მყოფი ხალხის გასაგონად ერთმანეთს ხმამაღლა ვესაუბრებით პარტიის გადაწყვეტილებებისა და პოზიციების შესახებ. შესაბამისად, ერთმანეთში საუბრით საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიას ვახორციელებთ.“4

საკუთარი პოლიტიკისა და საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად პარტიები ამომრჩეველთან უშუალო შეხვედრებს მიიჩნევენ

მეორე მხრივ, პარტიებმა ვერ შეძლეს საზოგადოებაში არსებულ პრობლემათა და ინტერესთა შესახებ ინფორმაციის შეგროვების ეფექტური მექანიზმის შექმნა. ამ მხრივ, ისინი მთლიანად საზოგადოების წევრების აქტიურობაზე არიან დამოკიდებულნი.

ხშირია თავად მოქალაქეების მისვლა პარტიული ორგანიზაციების ოფისში. ისინი პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მეტწილად, სახელისუფლებო სტრუქტურებთან არსებული იურიდიული პრობლემების გადასაჭრელად მიმართავენ ხოლმე, ან ითხოვენ დახმარებას სოციალური შემწეობისა და მომსახურების მიღებაში. რამდენადაც პარტიებს მსგავსი პრობლემების გადაჭრის მექანიზმები არ გააჩნიათ, ადგილობრივი ორგანიზაციები შესაბამის საკითხზე არაფორმალურ კონსულტაციებს გასცემენ. გაცემული რჩევის არაეფექტურობის შემთხვევაში ურთიერთობა შედარებით ფორმალურ სახეს იღებს. მოქალაქე განცხადებით მიმართავს პარტიას და ხელისუფლებასთან ურთიერთობაში მესამე პირად იწვევს. მოსახლეობის განცხადებებზე დაყრდნობით პარტიებს სასამართლოშიც არაერთხელ შეუტანიათ სარჩელი.

ურთიერთობა სხვა ორგანიზაციებთან

პარტიები, ძირითადად, ოპოზიციურები როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობენ ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეს ურთიერთობა რეგულარულად ინფორმაციის გაცვლით და გარკვეულ საკითხებზე ერთიანი პოზიციის დაფიქსირებით გამოიხატება. თავად მოსახლეობაც ხშირად აკითხავთ მათ საჯარო მოხელეებთან ურთიერთობის გასარკვევად. პარტიების ცენტრალური მმართველობითი წრეები ზოგჯერ ანალიტიკურ არასამათავრობო ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობენ და აქტიურად იყენებენ ამ ორგანიზაციებში კონცენტრირებულ საექსპერტო რესურსს. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს რომ ეს თანამშრომლობა უფრო შემთხვევით ხასიათს ატარებს. თუმცა, თავად წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები ერიდებიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირებას და არაპოლიტიკური სტატუსის შენარჩუნებას ამჯობინებენ. არასამთავრობო ორგანიზაციათა რიცხვი, რომლებიც მზად არიან მჭიდროდ ითანამშრომლონ კონკრეტულ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, საკმაოდ მცირეა.

კიდევ უფრო ნაკლებად სისტემური და ფორმალიზებულია პარტიების ურთიერთობა პროფესიულ გაერთიანებებთან. ბევრ პარტიას აქვს რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციასთან ურთიერთობის პრაქტიკა, იქნება ეს მეზღვაურთა, ფერმერთა, მევენახეთა, მასწავლებელთა თუ ექიმთა გაერთიანება, თუმცა ის ნაკლები სისტემურობით ხასიათდება. პოლიტიკური პარტიები მსგავსი ორგანიზაციებით, ჩვეულებრივ, მაშინ ინტერესდებიან, როდესაც ისინი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემას წამოჭრიან და დიდ პოლიტიკურ რეზონანს იძენენ. ეს ურთიერთობები პრობლემის გადაჭრის ან მისი აქტუალობის დაკარგვისთანავე წყდება. პარტიები მიუთითებენ, რომ საქართველოში ეს ორგანიზაციები ჩამოყალიბების სტადიაში არიან, ისინი სუსტად არიან ინსტიტუციონალიზებულნი და მათთან, როგორც ერთიან ორგანიზაციასთან, თანამშრომლობა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

საარჩევნო კამპანიის მეთოდები და რესურსები

წარსულში საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მქონე პირები, რომლებსაც შეიძლება სპეციალური სასწავლო კურსებიც არც ჰქონდეთ გავლილი, პოლიტიკური პარტიების მნიშვნელოვან რესურსად აღიქმებიან

თავის დანარჩენი ნაწილი მთლიანად ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო კამპანიების დროს გამოყენებულ კონკრეტულ მეთოდებსა და საშუალებებს დაეთმობა.

საარჩევნო კამპანიების მართვა და განვითარებადი სტრატეგიები. პარტიები ერთმანეთისგან საარჩევნო კამპანიის მენეჯმენტის ხარისხის დონითაც გასხვავდებიან. ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების წარმომადგენელთა უმეტესობა წინასაარჩევნო პერიოდში ჩამოყალიბებულ, დაწერილ სტრატეგიულ გეგმათა არსებობას ადასტურებენ. ინტერვიუები აჩვენებენ, რომ ეს გეგმები ერთმანეთისგან დეტალურობისა და კონკრეტულობის თვალსაზრისით განსხვავდება. ის, თუ რის თქმას აპირებენ პარტიის წევრები ამომრჩევლებისთვის და ისიც, თუ რა ხერხებით აპირებენ ისინი ამის თქმას, ცენტრალური ოფისების მიერ არის განსაზღვრული. ადგილობრივ ორგანიზაციებს ორივე შემთხვევაში როგორც სათქმელის შინაარსში, ისე მისი პრეზენტაციის ფორმებში ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით შესწორებების შეტანა შეუძლიათ.

ჩვეულებრივ, წინასაარჩევნოდ პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლობითი ოფისების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. პარტიები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანში საკუთარი ოფისი გახსნან, მაგრამ ამას მხოლოდ ზოგი მათგანი ახერხებს. პარტიების ცენტრალურ ოფისში ჩამოყალიბებულ ზოგად სტრატეგიასთან ერთად მნიშვნელოვანია წარსულში არჩევნების კამპანიის წარმოების გამოცდილების მქონე პარტიის წევრთა არსებობა. კვლევამ აჩვენა, რომ პარტიების უმრავლესობაში, ადგილებზე წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში და მართვაში გარკვეული გამოცდილების მქონე აქტივისტთა გუნდი მონაწილეობს. ზოგიერთ მათგანს არაერთ არჩევნებში მიუღია მონაწილეობა და, შესაბამისად, გამოცდილების საფუძველზე ცოდნის საკმაოდ მნიშვნელოვანი მარაგი აქვს. ოღონდ, ეს ცოდნა, უფრო, ემპირიულია: ამ აქტივისტებს საარჩევნო კამპანიების ტექნოლოგიებისა და პროცედურების შესახებ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მწირი გამოცდილება აქვთ.

დროთა განმავლობაში პარტიებში კამპანიის მართვა უფრო ორგანიზებულ ხასიათს იძენს. შედარებით დიდი რესურსების მქონე პარტიებში, როგორიცაა ახალი მემარჯვენეები, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა საკმაოდ ორგანიზებულად მიმდინარეობს. მას ანაზღაურებად პოზიციაზე მყოფი პარტიის წევრი განაგებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კამპანიის წარმოების დროს გარე რესურსების, კერძოდ, კონსულტანტების და კვლევითი ჯგუფების მოზიდვის პრაქტიკაც გამოიყენება.

კვლევების გამოყენება. საარჩევნო კამპანიის განსაზღვრამდე, პარტიები კონკრეტული საარჩევნო ოლქისა და პოტენციური მოწინააღმდეგეების შესწავლით არიან დაკავებულნი. კამპანიის შინაარსის განსაზღვრისას პარტიულ ორგანიზაციებს ადგილზე სოციოლოგიური კვლევების ჩატარების გამოცდილება აქვთ და მომავალ არჩევნებზეც მათ გამოყენებას აპირებენ. მაგალითად, 2005 წელს ბათუმის მაჟორიტარული დეპუტატის კანდიდატობაზე გიორგი მასალკინის წამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინ რესპუბლიკურმა პარტიამ სოციოლოგიურ გამოკითხვას მიმართა მომავალი კანდიდატის რეიტინგის გამოსავლენად (ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, პარტიას საბოლოოდ ამ საარჩევნო ოლქში კანდიდატი აღარ დაუსახელებია). ახალი მემარჯვენეების ქუთაისის ორგანიზაციაც პერიოდულად, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო კამპანიის წინ ატარებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ საქმიანობისთვის პარტია ზოჯერ დამატებით თანამშრომლებს ქირაობს, უმეტესად კი, საკუთარი აქტივისტების რესურსს იყენებს. ამ კვლევებში პარტიები არამარტო კონკრეტული კანდიდატების რეიტინგებით ინტერესდებიან, არამედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მოსახელობის დამოკიდებულებითაც. ადგილობრივ ორგანიზაციებში ფინანსური და შესაბამისი ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობის გამო მსგავს კვლევებს ისინი, მეტწილად, ცენტრალური ოფისების მხარდაჭერით ახორციელებენ. ზოგიერთ შემთხვევაში პარტიებისთვის კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს აქვს ჩატარებული.

ბოლო წლებში ქვეყანაში რამდენიმე ადგილობრივი და უცხოური კომერციული ორგანიზაცია გამოჩნდა, რომელიც არამარტო წინასაარჩევნოდ სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების მომსახურებას სთავაზობს პარტიებს, არამედ მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვას, საკუთარი თავის და კონკურენტების ძლიერი და სუსუტი მხარეების შესწავლას, კამპანის შინაარსის დაზუსტებასაც. უნდა ითქვას, რომ პარტიები ამ თანამშრომლობის შედეგებით ყოველთვის კმაყოფილნი არ არიან.

ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ კონკრეტულ საარჩევნო უბანში სიტუაციის გამოკვლევის ფართოდ გავრცელებული ფორმა არჩევნების წინ უბნის მოსახლეობის აღწერა და მათ შორის პარტიის მხარდამჭერების დადგენაა. პარტიების თქმით, ეს პრაქტიკა ერთობ მნიშვნელოვანია გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლაში, რამდენადაც საარჩევნო სიებში არსებული დარღვევები წარსულში არჩევნების გაყალბების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა. ამასთან, ეს პრაქტიკა მხარდამჭერთა ვინაობის დადგენის საშუალებასაც იძლევა.

საარჩევნო მესიჯების განსაზღვრა. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს კარგად ესმით ყოველი კამპანიისთვის მთავარი იდეის და მესიჯის განსაზღვრის მნიშვნელობა. ამა თუ იმ ზოგადი იდეის გარშემო აწყობილი წინასაარჩევნო კამპანიების მაგალითი, საქართველოში ბოლო წლებში არაერთი ყოფილა: ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანია, რომლის წინა პლანზეც პრეზიდენტ შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა იყო („საქართველო შევარდნაძის გარეშე“); 1999 წელს მრეწველთა პარტიის კამპანია, რომელიც ადგილობრივი მრეწველობის მხარდაჭერაზე იყო ორიენტირებული (მათი მოწოდება „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ამავე დროს პარტიის სახელწოდებაც იყო).

არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია სპეციფიკური თემების განსაზღვრას, რომლის გარშემოც წინასაარჩევნო კამპანია უნდა წარიმართოს. ასეთი თემების მაგალითია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანია „გაყინული“ პენსიების გაცემაზე; ლეიბორისტული პარტიის წარმატებული სასამართლო კამპანია ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის AES თელასის მიერ ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით; კონსერვატიული პარტიის კამპანია საბჭოთა პერიოდში გაყინული საბანკო ანაბრების დაბრუნებისა და მცირე ბიზნესის ორი წლით გადასახადებიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა. პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ხშირად მიუთითებდნენ მათ რაიონებში ამ იდეებითა და თემებით კონკრეტული სოციალური ჯგუფების (პენსიონერების, სოციალურად დაუცველი ფენების, მცირე მეწარმეების) კეთილგანწყობის მოპოვებაზე. პარტიები ხშირად, სწორედ, ამ კამპანიებთან ასოცირდებიან და მხარდამჭერთა მნიშვნელოვანი ნაწილიც ამის შედეგად ჰყავთ მოზიდული.

ყველა პარტიას არ სურს მსგავს ვიწრო საკითხთან ასოცირება. მაგალითად, მრეწველები აცხადებენ, რომ მათი პარტია შეგნებულად ერიდება კონკრეტული დაპირებების გაცემას და აქცენტს პარტიის მთავარი საპროგრამო მიზნის განხორციელებაზე, ქვეყანაში მრეწველობის განვითარებაზე აკეთებს.

სამიზნე ჯგუფები. ქართული პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიის „ზოგად“ მეთოდებთან ერთად, თანდათანობით წინასაარჩევნო მუშაობის კონკრეტერულ სამიზნე ჯგუფებზე მიმართვას ცდილობენ. ისინი აღიარებენ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს კონკრეტული სოციალური ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებამ მნიშვნელოვანი წარმატება შეიძლება მოუტანოს პარტიას. როგორც უკვე აღინიშნა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მესიჯებისა და პრობლემების განსაზღვრა ხშირად კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე (პენსიონერებზე, პატარა მაღაზიების მეპატრონეებზე, სკოლის მასწავლებლებზე და სხვებზე) გათვლით ხდება.

პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას თანდათან ინდივიდუალურ სამიზნე ჯგუფებისკენ მიმართავენ

ამასთან ერთად, პარტიების წარმომადგენელთა აზრით, მათ საკუთარი, „ბუნებრივი“ ელექტორატიც ჰყავთ, რომელიც მოცემულ პარტიას მხარს საპროგრამო მოთხოვნების კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინტერესებთან დამთხვევის გამო უჭერს. მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი მხარდამჭერები სოციალურად დაუცველი ფენები არიან, მრეწველები კი, ძირითადად, საზოგადების ეკონომიკურად დამოუკიდებელ, მეწარმეობისთვის საჭირო უნარების მქონე პირებს ეყდნობიან.

უმრავლესობის მენტალიტეტზე აპელირება. კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე ყურადღებასთან ერთად, პარტიები საკუთარი იდეოლოგიის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ღირებულებებთან და პრინციპებთან თანხვედრას უსვამენ ხაზს. თუმცა, მათ ამ ფასეულობებზე განსხვავებული წარმოდგენები აქვთ. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ქართველები, მათი სოციალური მდგომარეობიდან და მენატალიტეტიდან გამომდინარე, მემარცხენეები არიან. ამის საპირისპიროდ, ახალი მემარჯვენეების და მრეწველების აზრით, ქართველები, თუ მათი კულტურული ღირებულებების მიხედვით ვიმსჯელებთ, სწორედ, მემარჯვენე ორიენტაციისკენ არიან მიდრეკილნი და მემარცხენე იდეების დამკვიდრების ყოველგვარი მცდელობა აქ წარუმატებელია. საქართველოს კონსერვატიულ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქართველთა უმრავლესობა ტრადიციულ კულტურაზე გლობალიზაციის ნეგატიური გავლენით არის შეწუხებული, და მათი მხარდამჭერებიც მოსახლეობის ეს ნაწილია.

მხარდამჭერთა ძიება: არაფორმალური ლიდერები დაცნობადი სახეები“. ქართული პოლიტიკური პარტიების მიერ, ძირითადად, რეგიონებში ამომრჩეველთა მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება კონკრეტულ სოფელში, უბანსა თუ სამეზობლოში არაფორმალური ლიდერის, ავტორიტეტის მქონე პირის კეთილგანწყობის მოპოვებაა. ამ ადამიანების მხარდაჭერამ ადგილზე ამომრჩეველთა მნიშვნენლოვანი ნაწილის მოზიდვა შეიძლება განაპირობოს.

მცირედ დასახლებულ პუნქტებში პარტიები არაფორმალური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ

არაფორმალური ლიდერების სხავდასხვა ტიპი არსებობს, და პარტიული აქტივისტების თქმით, მათთვის მნიშვნელობას მოკლებული არ არის, თუ რა ტიპის ავტორიტეტულ ადამიანთან იწყებენ ისინი თანამშრომლობას. ამ შემთხვევაში ისინი კონკრეტული პირების მიმართ არსებულ პატივისცემას და გავლენის ურთიერთშეფარდებას გულისხმობენ. პარტიების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანების მოზიდვა, რომლებმაც ავტორიტეტი საკუთარი განათლებით, ცოდნით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაწეული სასარგებლო საქმიანობით მოიპოვეს. თუმცა, ხშირად ეს ის ადამიანები არ არიან, რომლებიც გავლენით სარგებლობენ. ზოგჯერ ამ პირებზე ადამიანთა მნიშვნელოვანი წრე ფინანსურად არის დამოკიდებული. მაგალითად, ასეთები არიან ზღვაოსნები ბათუმში. ყოველი მათგანი ხშირად ორ-სამ ოჯახს უზრუნველყოფს ფინანსურად და, შესაბამისად, არჩევნებზე ხმის მიცემის გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს.

საკმაოდ წინააღმდეგობრივი საკითხია პოლიტიკური პარტიებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ურთიერთობა. საზოგადოების ზოგიერთ ნაწილში კრიმინალები საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობენ; მაგრამ მათ მხარდაჭერაზე დაყრდნობამ შეიძლება მნიშვნელოვნად აზარალოს პარტიის იმიჯი. მიუხედავად ამისა, პარტიის წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამომრჩეველთა მოსაზიდად მსგავსი ავტორიტეტების გავლენას იყენებენ.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს არაფორმალური ლიდერების მოზიდვაზე მუშაობის ეფექტურობას. მათი თქმით, ადგილობრივი ავტორიტეტები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები არიან ან სხვა კავშირები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. შესაბამისად, თუ ოპოზიციური პარტიები შეძლებენ მათთან თანამშრომლობის წამოწყებას, ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის გამო მათ პარტიის მხარდაჭერაზე შეიძლება მალე თქვან უარი.

არაფორმალური ავტორიტეტის საარჩევნო მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი მეთოდია პარტიულ სიებში პოპულარული ადამიანების და „ცნობადი სახეების“ ჩართვა. პარტიები ცნობილ მომღერლებს და სპორტსმენებს არჩევნებში პარტიული სიით ან მაჟორიტარ კანდიდატად მონაწილეობას სთავაზობენ. ხშირად მათ საკანდიდატო სიებში პირველ ათეულში ახვედრებენ. პარტიები იმედოვნებენ, რომ ამ ადამიანების პოპულარობა და ავტორიტეტი პარტიის იმიჯს შეემატება. პარტიების ნაწილი, რომელიც ამ პრაქტიკას წარსულში იყენებდა, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით იმედგაცრუებას გამოხატავს.

მართალია, პოპულარულ შემსრულებლებს და სპორტსმენებს ხმები მოაქვთ პარტიებისთვის, მაგრამ ისინი არასაიმედონი არიან

„ჩვენ გვქონდა ორიენტაცია ცნობადი სახეები მოგვეზიდა პარტიაში, არა პოლიტიკოსები, არამედ საერთოდ ცნობადი. აღმოჩნდა, რომ ეს პრაქტიკა არ ამართლბს. მან შეიძლება არჩევნების დროს გარკვეული ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ თვითონ ამ არჩევითი ორგანოს მუშაობას უშლის ხელს.“5 პარტიები აღიარებენ, რომ არჩევით ორგანოში მოხვედრილი მსგავსი პოპულარული ადამიანები, ჩვეულებრივ, არაკომპეტენტურები და არასაიმედონი არიან. უფრო მეტიც, მსგავსი პრაქტიკა არასამართლილანია და ამცირებს პარტიის აქტივისტების მოტივაციას: შეიძლება მათ იფიქრონ, რომ რამდენადაც პოპულარული ადამიანები ყოველგვარი აქტიურობის გარეშე პარტიულ სიებში ადვილად ხვდებიან, პარტია სათანადოდ არ აფასებს საკუთარი აქტივისტების ძალისხმევას.

პარტიის წევრთა პირადი კავშირების გამოყენება. ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი პირადი ნდობის კავშირების გამოყენებაა. კონსერვატიული პარტიის წევრის თქმით, „არჩევნებზე ყოველთვის ის იმარჯვებს, ვისაც მეტი ახლობელი ჰყავს.“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმითაც, მათი პარტიული საქმიანობა, მნიშვნელოვანწილად, სწორედ პირადი კონტაქტების გამოყენებას ეფუძნება. მისი ერთ-ერთი ადგილობრივი ხელმძღვანელის თქმით, პარტიის თითოეული აქტივისტი მის გარშემო მანამდე სრულიად აპოლიტიკურად განწყობილი ადამიანების მოზიდვას ცდილობს და ამ სტრატეგიამ თავისი ეფექტურობა უკვე დაამტკიცა. პარტიების განცხადებით, იმ ამომრჩევლების პირადი კავშირებით მოზიდვა, რომელთაც გამოკვეთილი პოლიტიკური მიდრეკილებები არ გააჩნიათ, ბოლო დროს მათ მიერ სულ უფრო ხშირად გამოყენებული სტრატეგიაა.

შეხვედრები ამომრჩევლებთან. საარჩევნო კამპანიის ღონისძიებებიდან ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ყველაზე პოპულარულია კონკრეტულ დასახლებებში ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზება. ეს შეხვედრები, ძირითადად, კანდიდატის ან სხვა პარტიული აქტივივისტების ამა თუ იმ უბანში მისვლის ან სოფელში ჩასვლის დროს ეწყობა. დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას უბანში მცხოვრები პარტიის წევრები ავრცელებენ.

საქართველოში საარჩევნო კამპანიის წარმოების ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი პირადი კავშირების გამოყენებაა

პარტიებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ დასახლებაში მხარდაჭერის მოპოვების ანონიმური მეთოდებისგან, კერძოდ, პარტიული ბუკლეტებისა და ბროშურების დარიგებისგან განსხვავებით, პირადი შეხვედრები ყველაზე ეფექტურია, მაგრამ პარტიების მიერ ამ მეთოდის გამოყენება შეზღუდულია: საარჩევნო კამპანიის დროს პოპულარული პარტიული ლიდერების მიერ ყველა დასახლების მონახულება შეუძლებელია.

სატელევიზიო კამპანიები. მედიის წამყვან როლზე ზემოთ უკვე იყო საუბარი. წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების მიერ მას-მედიასთან ურთიერთობაში ჩვეულებრივ გამოყენებულ მეთოდებს სატელევიზიო რეკლამების გაშვება ემატება. პარტიების ცენტრალური ოფისები პასუხისმგებელნი არიან მსგავსი რეკლამების დამზადებასა და ტელეკომპანიების ეთერში გაშვებაზე. ცხადია, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და მხოლოდ ყველაზე „შეძლებული“ პარტიები ახერხებენ სატელევიზიო სარეკლამო კამპანიის ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს უფასო სატელევიზიო ეთერი ეძლევათ, რომლის გამოყენება რეკლამისთვის შეუძლიათ, ის საკმარისად არ ითვლება და საარჩევნო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ სატელევიზიო რეკლამებში იხარჯება.

კარდაკარ კამპანია. პარტიები კარდაკარ კამპანიას ამომრჩევლებზე ზემოქმედების მნიშვნელოვან საშუალებად აღიქვამენ. მათი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკური პარტიებს შორის ამ კამპანიის პოპულარიზაციასა და ტექნოლოგიის განვითარებაში. კარდაკარ კამპანიის (ისევე როგორც ამომრჩევლებთან შეხვედრების) დროს ისინი ბუკლეტებს და სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის დაბეჭდილ გაზეთებსაც ავრცელებენ.

არჩევნებისთვის მზადების პერიოდში პოლიტიკური პარტიები არა მხოლოდ ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებაზე ზრუნავენ, არამედ ფიქრობენ, როგორ ებრძოლონ ოპონენტების მიერ გამოყენებულ არასამართლიან საარჩევნო მეთოდებს

ქუჩის რეკლამები. როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც წინასაარჩევნოდ უამრავი ბილბორდი და პლაკატი მზადდება. მათზე, უმეტესწილად, პარტიის სახელი, ლიდერის სურათი (გამონაკლის შემთხვევებში ლიდერების სურათები), ძირითადი მოწოდება და ბიულეტენში პარტიის ნომერი არის გამოსახული. ამ გზით ხდება პარტიის ძირითადი მახასიათებლების ამომრჩეველთა გონებაში აღბეჭდვა.

პარტიების უმრავლესობა ამ კამპანიას არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნებამდე გაცილებით ადრე ამ კამპანიის დაწყება არაეფექტურია და მხოლოდ „შეძლებულ“ პარტიებს ძალუძთ მათი ხანგრძლივი დაფინანსება. პარტიები ამ საქმიანობისთვის უფრო ახალგაზრდა წევრთა ჯგუფებს იყენებენ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში მცირედ ანაზღაურებასაც იღებენ. ყველაზე დაძაბულ წინასაარჩევნო კვირების განმავლობაში პლაკატების გაკვრა პარტიათა შორის ბრძოლის მნიშვნელოვან საკითხად იქცევა ხოლმე. ხშირია ოპონენტთა პლაკატების ჩამოხევისა და მოწინააღმდეგის საარჩევნო განცხადებების ზემოდან გადაკვრის ფაქტები. ეს დაპირისპირება არცთუ იშვიათად პარტიის აქტივისტებს შორის ჩხუბით მთავრდება, მეტწილად - გვიან ღამით.

რამდენადაც ქუჩის რეკლამები ოპონენტების მიერ ხშირად ნადგურდება, აქტივისტთა ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ კამპანიის ეფექტურობას. პარტიის ლიდერები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას და პოლიტიკური ორგანიზაციები მნიშვნელოვან ძალისხმევასა და რესურსებს, სწორედ, ქუჩაში რეკლამების განთავსებას ახმარენ.

არასამართლიანი საარჩევნო პრაქტიკის საკითხები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც უკავშირდება საქართველოს საარჩევნო პროცესს, მისი სამართლიანად ჩატარებისადმი მონაწილეთა ნდობის ნაკლებობაა. ვარდების რევოლუციამდე საქართველოში ჩატარებული არჩევნები, დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, საარჩევნო შეჯიბრში უამრავი დარღვევით ხასიათდებოდა, როგორებიც იყო, მაგალითად, უშუალოდ არჩევნების დღეს ან ხმების დათვლის პროცესში გაყალბება, საარჩევნო სიების უზუსტობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა (დაშინება ან მოსყიდვა) და სხვა. ამ ტენდენციამ თავის პიკს 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიაღწია, რამაც მასობრივი საპროტესტო აქციები, საბოლოოდ კი, ხელისუფლების შეცვლა გამოიწვია. 2004 და 2005 წელს ჩატარებული არჩევნები მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით აღინიშნა, თუმცა დარღვევები კვლავაც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეებს არ სჯერათ, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. ოპოზიციური პარტიები ირწმუნებიან, რომ ხელისუფლება მმართველი პარტიის სასარგებლოდ არასამართლიან მეთოდებს გამოიყენებს, ეს უკანასკნელი კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თავად გააყალბებს არჩევნებს, ამის საშუალება რომ მიეცეს (ამასთან დაკავშირებით ზემოთ იხ. თავი პოლიტიკური პარტიული სისტემა).

შესაბამისად, არჩევნებისთვის მზადების პერიოდში პარტიები არა მხოლოდ ამომრჩეველთა მოზიდვაზე ზრუნავენ, არამედ იმაზეც, თუ როგორ აღუდგნენ წინ ოპონენტების მიერ გამოყენებულ არასამართლიან საარჩევნო მეთოდებს, ან როგორ გამოიყენონ მსგავსი მეთოდები საკუთარი პარტიის სასარგებლოდ (ბუნებრივია, არც ერთი პარტია ამ უკანასკნელზე ღიად არ საუბრობს). მეორე მხრივ, ოპონენტთა მიერ დარღვევების და არასამართლიანი მეთოდების გამოყენებაში დადანაშაულება კონკრეტული პარტიის კამპანიის ნაწილიც ხდება. საქართველოში საარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა ის, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერები თავიანთ ოპონენტებს აკრძალული მეთოდების გამოყენებაში საჯაროდ ადანაშაულებენ ან უარყოფენ მათ მიმართ ამგვარსავე ბრალდებას.

კამპანიის რესურსები. რა სახის რესურსებზე მიუწვდებათ ხელი პარტიებს, როდესაც ისინი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ? პარტიების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მათ ხელთ არსებული ადამიანური რესურსია. პარტიის აქტივისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ უმნიშვნელოვანესია ლიდერის ან ზოგიერთ შემთხვევაში ლიდერთა პიროვნული თვისებები. იგულისხმება როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ლიდერები. არსებობს რამდენიმე სპეციფიკური თვისება, რომლითაც ლიდერი ფასდება, კერძოდ, მისი სახელის ცნობადობა, ფინანსური შესაძლებლობები, გავლენიან ორგანიზაციებთან და ჯგუფებთან კავშირები და სხვ.

პარტიებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსებია. ეს პირველ რიგში გულისხმობს ლიდერის პიროვნულ თვისებებს, ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერებსა და ადგილობრივი აქტივისტების ქსელს

თუმცა, პარტიები განსხვავებულად აფასებენ თითოეული თვისების მნიშვნელობას. მაგალითად, ახალ მემარჯვენეებს მიაჩნიათ, რომ ცნობადობა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში არჩევნებამდე უცნობი კანდიდატებიც იმარჯვებენ.

მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობისას აუცილებელია, პარტიის ლიდერი ადგილობრივი წარმოშობის იყოს. ადგილობრივი კანდიდატის მიმართ ნდობა, „ჩამოსულთან“ შედარებით, ყოველთვის უფრო მაღალია: ამომრჩევლებს მიაჩნიათ, რომ ასეთი კანდიდატი უკეთ იცნობს რაიონის პრობლემებს და, შესაბამისად, უფრო გაითვალისწინებს ადგილობრივ ინტერესებს. კანდიდატის წარმატებისათვისაც აუცილებელია რეგიონთან მისი ემოციური კავშირის დემონსტრირება. „ნამდვილი ქუთაისელობა“ ან „ნამდვილი თელაველობა“ ძალიან მნიშვნელოვან თვისებად აღიქმება.

წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა ჯგუფის არსებობა, რომელიც საკუთარ დროს და ენერგიას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას დაუთმობს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ და მონაწილეობენ საარჩევნო შეხვედრებში, ჩართულნი არიან კარდაკარ კამპანიაში, აკრავენ პლაკატებს და ა.შ. ეს ჯგუფები კომპლექტდება და იმართება ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების მიერ. ადგილობრივ ორგანიზაციებზე დაყდნობით კამპანიების ჩატარება ამ ორგანიზაციებში გამოცდილებისა და სათანადო კადრების დაგროვების საშუალებას იძლევა.

ბუნებრივია, რომ ფინანსები ნაკლებ მნიშვნელოვანი რესურსი არ არის. ამ მხრივ, ადგილობრივი ორგანიზაციები მთლიანად ცენტრალურ ოფისებზე არიან დამოკიდებულნი. ეს საკითხი საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი ადამიანური და ფინანსური რესურსების თავში.

ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიას ხშირად საარჩევნო კამპანიის წარმოებისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ეს ბრალდებები ისმოდა წინა ხელისუფლების დროს და ისმის დღესაც. იგულისხმება, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდასაჭერად ხდება სახელისუფლებო ინსტიტუტების თანამშრომლების, შენობების, ფინანსების და გავლენის გამოყენება.

ძირითადი დასკვნები

პარტიები აცნობიერებენ, რომ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ქართული საზოგადოება უფრო დახვეწილი და მომთხოვნი გახდა პოლიტიკური პარტიების მიმართ. შესაბამისად, წარმატების მისაღწევად ისინი უფრო რეალური მესიჯების და გაუმჯობესებული მეთოდების გამოყენებას საჭიროებენ.

პარტიებს მიაჩნიათ, რომ მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით ვერ შემოიფარგლებიან; მათ სჭირდებათ საზოგადოებასთან რეგულარული, მჭიდრო ურთიერთობა, ზოგადი სტრატეგიის შემუშავება და არა მხოლოდ მოთხოვნების შესწავლა, პროფესიულ კავშირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა. თუმცა, მსგავსი ცვლილებების განხორციელება რთულია პოლიტიკური პარტიების ხელთ არსებული შეზღუდული რესურსების პირობებში.

ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია, ზოგადად, საზოგადოებაზე არის გათვლილი და ნაკლებად არის მიმართული კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე. თუმცა, ბოლო პერიოდში პარტიები ცდილობენ, არსებული გამოცდილების პარალელურად, ფოკუსირება მოახდინონ ამომრჩეველთა გარკვეულ ჯგუფებზე და გაითვალისწინონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

რამდენადაც პარტიებს საარჩევნო პროცესის სამართლიანად ჩატარებისადმი ნდობა ნაკლებად აქვთ, გაყალბებების თავიდან აცილება და ოპონენტების არასამართლიანი მეთოდების გამოყენებაში დადანაშაულება მათი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიისა და რიტორიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პარტიის ლიდერების პიროვნული თვისებები, პარტიის იდენტობისგან განსხვავებით, მისი სახისა და საარჩევნო წარმატების მთავარი რესურსია. შესაბამისად, საზოგადოებასთან ურთიერთობისას პარტიული ლიდერების უშუალო მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია.

კარგად ორგანიზებული საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორთა და აქტივისტთა ქსელი, რომლის წევრებსაც წარსულში არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ დონეზე კამპანიის წარმატებულობის საწინდარია.

ადგილობრივ დონეზე მუშაობის მთავარი მეთოდებია პარტიის აქტივისტების მიერ პიროვნული კავშირების გამოყენება (მეგობრები, ნათესავები და სხვ.), ასევე არაფორმალური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვება, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი თემებიდან ხმები „წამოიღონ“.

_______________________

1. საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დაკომპლექტების პროცესში საჯაროდ გამოაცხადა კონკურსი ვაკანტური ადგილების შესავსებად.

2. საქართველოს ყველა რეგიონში, სულ მცირე, ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია მაინც მაუწყებლობს.

3 ახალი მემარჯვენეები: http//www.ncp.ge და საქართველოს კონსერვატიული პარტია: http//www.conservators.ge

4 საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

5 ახალი მემარჯვენეების წევრი.

4.7 2.7 პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო მხარდაჭერა

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

ჩაერთონ გრძელვადიან თანამშრომლობაში, რათა შეიქმნას პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციონალური განვითარებისთვის აუცილებელი თანასწორუფლებიანი და სტაბილური გარემო

მიაღწიონ პარტიების შეთანხმებას საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და დაიწყონ პრაქტიკული თანამშრომლობა უკვე ფართოდ აღიარებულ ევროპულ ორიენტაციაზე.

წააქეზონ და ფასილიტაცია გაუწიონ მრავალპარტიულ დიალოგს.

მხარი დაუჭირონ პარტიების სტრატეგიული განვითარების საქმიანობას.

პარტიებისთვის აწარმოონ საზოგადოებრივი აზრისა და შიდაპარტიული საქმიანობის რეგულარული კვლევები.

ხელი შეუწყონ პარტიების საერთაშორისო კავშირების გამყარებას.

უზრუნველყონ პარტიული სისტემის განვითარებაზე მიმართულ პროექტებს შორის კოორდინაცია და შექმნან ერთიანი საინფორმაციო ბაზა.

ზოგადი სურათი

1990-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოიკვეთა დემოკრატიული ინსტიტუტების, კერძოდ, პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბების საჭიროება, რამდენადაც საზოგადოებრივ წარმოდგენებში დემოკრატია ერთპარტიულ საბჭოთა მმართველობისგან განსხვავებით, მრავალპარტიულ სისტემასთან ასოცირდებოდა. თუმცა, ფაქტია, რომ არ არსებობდა დემოკრატიული ინსტიტუტების გამოცდილება და ნაკლები იყო მათ შესახებ არსებული ცოდნაც. შესაბამისად, დემოკრატიული სისტემის სოციალურ მოლოდინებსა და მისი მშენებლობისთვის აუცილებელ ადამიანურ რესურსებს შორის სერიოზული განსხვავება წარმოიქმნა. ამ ეტაპზე საერთაშორისო მხარდაჭერა და გამოცდილების გაზიარება აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი გზა ამ განსხვავების გადასალახად და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების განსავითარებლად.

საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საერთაშორისო პროგრამების აქტიური განხორციელება 1992 წლის შემდეგ დაიწყო და მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება. 1994-96 წლებში საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა (როგორებიც არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, ევრაზიის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ღია საზოგადოება - საქართველო, რომელიც ამერიკელი ფილანტროპისტის ჯორჯ სოროსის მიერ დაფინანსებული ქსელის ნაწილია) საკუთარი წარმომადგენლობითი ოფისები გახსნეს საქართველოში და დაიწყეს სისტემური და სტრუქტურული დახმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში. მართალია, ქვეყანაში განვითარებული და სხვა გარე მოვლენების შესაბამისად დასავლეთის ქვეყნებიდან მომდინარე დახმარებების პრიორიტეტები იცვლებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გამოხატა დადებითი განწყობა და დახმარების სურვილი საქართველოს მიმართ. ძირითადი დონორი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოში სხვადასხვა ჰუმანიტარული, განვითარებისა და დემოკრატიული დახმარების პროგრამების განსახორციელებლად 1992 წლიდან მოყოლებული ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი გამოყო.1 უკანასკნელი წლების განმავლობაში ეს დახმარება ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტს შეადგენდა, საიდანაც საშუალოდ 20 მილიონი დემოკრატიული პროგრამების განსახორციელებლად იხარჯებოდა.2

ევროპის კავშირი მეორე მთავარი დონორია. 1992 - 2003 წლებში მან საქართველოში მთელი რიგი პროექტები განახორციელა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო ტრადიციული განვითარების პროგრამები: ECHO-ს ჰუმანიტარული დახმარება (92 მილიონი ევრო 1992-2002 წლებში), საკვების უსაფრთხოების პროგრამა (59 მილიონი ევრო 1992-2002 წლებში) და ტასის-ის ეროვნული პროგრამა (84 მილიონი ევრო 1992-2002 წლებში). მთლიანად ევროკავშირის დახმარებამ 370 მილიონი ევრო შეადგინა (ტასის-ის რეგიონული დახმარების გათვალისწინების გარეშე). 2000-2003 წლებში კი ტასის-ის პროგრამის ბიუჯეტმა 29 მილიონი ევრო შეადგინა, რომელიც, ძირითადად, ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ რეფორმას და გარდამავალი პერიოდის სოციალური შედეგების აღმოფხვრის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.3 2003 წლის სექტემბერში ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო ახალი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრა ის პრიორიტეტული სფეროები, რომელთა მიმართულებითაც 2004-06 წლებში უნდა განხორციელებულიყო დახმარებები. ეს სფეროებია: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2004 წლის ზაფხულში ევროპის კომისიამ საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის მიზნით სწრაფი რეაგირების მექანიზმის სპეციალური პროგრამის ფარგლებში 4.65 მილიონი დოლარი გამოყო.4 2004 წლის შემდეგ საქართველო ჩაერთო ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, რამაც საქართველოსა და ევროპის კავშირის ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანა.

დღემდე გაწეული დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ორიენტირებული უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებზე

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის დღემდე გაწეული დემოკრატიის მხარდამჭერი პროგრამების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ორიენტირებული უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებზე. პროექტების უმეტესობა მიმართულია ხელისუფლების სხვადასხვა შტოს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე. საარჩევნო ადმინისტრაციის გაუმჯობესებაც ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო მიჩნეული, თუმცა ისინიც პოლიტიკური პარტიებს არაპირდაპირ ეხებოდა. დონორთა მხოლოდ მცირე ნაწილი იჩენდა უშუალოდ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის ინტერესს.

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საერთაშორისო დონორები ერიდებოდნენ პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობას, საქართველოს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებებში ჩარევისგან თავის შეკავების სურვილი იყო. პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობაც უმნიშვნელოვანესი მიზეზი იყო. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა პარტია, რომელიც სტაბილურად მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა ქვეყნის პოლიტიკურ ასპარეზზე: ყოველი არჩევნების წინ პარტიათა წარმომადგენლობა პოლიტიკურ სცენაზე რადიკალურად იცვლებოდა. ჩვეულებრივ, დასავლეთის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მონათესავე, სტრატეგიულ პარტნიორებს ეძებდნენ საქართველოში, აღმოაჩენდნენ ხოლმე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური რწმენა ან იდეოლოგია მნიშვნელოვან როლს არ თამაშობდა პარტიების შექმნის პროცესში. შესაბამისად, სტაბილური პარტნიორების არარსებობა ხელს უშლიდა თანმიმდევრული და ხანგრძლივი პროექტების განხორციელებას.

თავად ქართული პოლიტიკური პარტიები საკმაოდ ღია ორგანიზაციები არიან და მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარების დიდ სურვილს გამოთქვამენ. ისინი მზად არიან ითანამშრომლონ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე სხვა ქვეყნების მონათესავე პარტიებთან. ყველა პარტია აღიარებს, რომ ის საჭიროებს საკუთარი პარტიული მუშაობის დახვეწას და ეფექტურობის გაზრდას, რაშიც უმნიშვნელოვანესი იქნებოდა წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა განსაკუთრებული თავისებურებით ხასიათდება და დასავლური გამოცდილების პირდაპირ დამკვიდრება შეუძლებელია, პარტიების საერთო აზრით, საერთაშორისო თანამშრომლობას მხოლოდ მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი აქვს.

ართული პოლიტიკური პარტიები საერთაშორისო კავშირებისგან საკუთარი შესაძლებლობების გაზრდას, აღიარებასა და მრავლაპარტიული სისტემის გარანტიების მიღებას იმედოვნებენ

წარმატებული პოლიტიკური პარტიების გამოცდილების გაზიარებით საკუთარი შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარებას ქართული პოლიტიკური პარტიებისთვის დამატებითი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო თანამშრომლობა გულისხმობს აღიარებას, რაც, განსაკუთრებით, ოპოზიციური პარტიებისთვის გარკვეული უსაფრთხოების გარანტიებს წარმოადგენს. მათ მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პარტიების საქმიანობისკენ მიმართული საერთაშორისო პროექტები და განვითარებული ქვეყნების წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა საქართველოში მრავალპარტიული სისტემის შენარჩუნების დამატებით გარანტიებს წარმოადგენს.

მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარების მიზნით კვლევაში ჩართული ყველა პარტიის ცენტრალურ მმართველობით აპარატში შექმნილია საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური. ისინი ახლად შემქნილი ინსტიტუტებია და მათი შესაძლებლობები და გამოცდილება ვერ შეესაბამება მათ წინაშე დასახულ მიზანს. შესაბამისად, საკმაოდ დიდი განსხვავებაა სასურველ მოლოდინებსა და რეალობას შორის: ქართულ პოლიტიკურ პარტიებს სურთ მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარება, მაგრამ დღეს ასეთი კავშირები და თანამშრომლობა საკმაოდ სუსტია.

პარტიების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ამ მიმართულებით მათი აქტიურობა არასაკმარისია. ისინი არსებული საერთაშორისო კავშირების პასიური მომხმარებლები არიან და თავად ნაკლებად ამჟღავნებენ ინიციატივებს. „აქამდე რა ურთიერთობაც გვაქვს დამყარებული, თავად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის შემოთავაზებული. ისინი დახმარებას გვთავაზობენ და ჩვენც ვიღებთ.“5

პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, საერთაშორისო კავშირების პასიური მომხმარებლები არიან და თავად ნაკლებად ამჟღავნებენ ინიციატივებს

ის კავშირები და ურთიერთობები, რომლებიც უკვე დამყარებულია, შეიძლება პირობითად ორად გაიყოს: 1) პარტიების ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, 2) პარტიების ურთიერთობა უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებთან. პირველი, ჩვეულებრივ, თავად საერთაშორისო ორგანიზაციების (საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების) მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს საქართველოში პარტიული ორგანიზაციების გაძლიერებას. პარტიების ნაწილს ამ ურთიერთობის შედარებით სტაბილური გამოცდილება აქვს. მეორე სახის ურთიერთობები, ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) ქართული პარტიების ინიციატივით არის დამყარებული. ამ შემთხვევაში მთავარი მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა.

ურთიერთობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აღმოჩნდა ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედარებით სტაბილურ და გრძელვადიან პროექტებს ახორციელებდა პოლიტიკური პარტიების გასაძლიერებლად საქართველოში. ამ ორგანიზაციის მიერ 1992 წლიდან განხორციელებულ პროგრამებს შორის ეს სფერო ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო. პარტიებისა და საპარლამენტო ფრაქციების დახმარების პროგრამებს ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მეშვეობით ახორციელებს. 90-იან წლებში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ამ სფეროში მომუშავე ყველაზე აქტიურ ორგანიზაციად ითვლებოდა, უკანასკნელ წლებში კი, ქართული პოლიტიკური პარტიების განცხადებით, IRI-ს წარმომადგენლობა საქართველოში მათთან მომუშავე მთავარი საერთაშორისო ორგანიზაცია გახდა. 1998 წლიდან ის აქტიურად თანამშრომლობს ყველა ძირითად პარტიასთან და სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამით მათ კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ეხმარება.

საქართველოში IRI, ძირითადად, ორი მიმართულებით საქმიანობს. იგი მუშაობს როგორც პარტიების ინსტიტუციური განვითარების, ისე მათი საარჩევნო შესაძლებლობების დახვეწის ხაზით. პარტიული მუშაობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის დასახვეწად IRI ახორციელებს საკონსულტაციო პროგრამას, რომელიც ყველა პარტიასთან ინდივიდუალურად ტარდება. ამ პროგრამის ფარგლებში ის ცდილობს შეიმუშაოს პარტიებისთვის რეკომენდაციები, პარტიის წევრებისა და აქტივისტებისთვის განახორციელოს სასწავლო პროგრამები. ამით ცდილობს დაეხმაროს მათ სტრუქტურის დახვეწაში, პირველადი და ფუნქციური ორგანიზაციების განვითარებასა და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში პარტიული მუშაობის განსაზღვრაში.

IRI-ს საქმიანობის მეორე მიმართულება ითვალისწინებს მის მუშაობას როგორც პარტიებთან, ისე ამომრჩევლებთან. იმისათვის, რომ პარტიების საარჩევნო შესაძლებლობები განავითაროს, IRI-მ ჩამოაყალიბა საარჩევნო მენეჯერთა აკადემია, რომელიც მიზნად ისახავს, პარტიის წევრებს შეასწავლოს ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც საჭიროა სრულყოფილი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. კერძოდ, როგორ განსაზღვრონ საარჩევნო სტრატეგია, როგორ ჩამოაყალიბონ საზოგადო მიმართვა, როგორ იმუშაონ ამომრჩევლებთან და მედიასთან. მნიშვნელოვნად ითვლება ასევე ინსტიტუტის მიერ ჩატარებული Go-Out-The-Vote (GOTV) პროგრამა, რომელიც არჩევნებში საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის მონაწილეობის გაზრდას ისახავდა მიზნად.

IRI-ს მუშაობა თავად პარტიების მიერ საკმაოდ დადებითად არის შეფასებული. მათი აზრით, საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო დახმარება პარტიების ეფექტური განვითარების მისაღწევად. IRI-ს მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია. მათში, მეტწილად, პარტიების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ლიდერები არიან ჩართულნი და ვერ მოიცავენ პარტიის ყველა მსურველ წევრს. თუმცა ის წევრები, რომლებიც გადიან სასწავლო პროგრამებს, ხშირ შემთხვევაში უფრო ადვილად მიიწევენ წინ შიდაპარტიულ თანამდებობებზე. ახალმა მემარჯვენეებმა საარჩევნო კონსულტანტის ანაზღაურებადი პოზიციაც კი შექმნეს და დღეისთვის IRI-ს საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში დატრენინგებული წევრები პარტიის რაიონული ორგანიზაციების უმრავლესობაში არიან დასაქმებულნი.

პოლიტიკური პარტიების აზრით, პარტიების დასახმარებლად მიმართული საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა სასარგებლოა, მაგრამ არასაკმარისი

მეორე ორგანიზაცია, რომელიც ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან აქტიურად მუშაობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტია (NDI). IRI-სგან განსხვავებით, იგი თანამშრომლობს საპარლამენტო ფრაქციებთან; ასე რომ, პარტიები, რომელთაც არ გააჩნიათ ფრაქციები პარლამენტში, მისი საქმიანობის მიღმა რჩებიან. NDI-ს მიერ განხორციელებული პროგრამები საპარლამენტო ფრაქციების მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ არის მიმართული. ის სამუშაო შეხვედრების და კონფერენციების ორგანიზებით ხელს უწყობს პარლამენტის მუშაობის გააქტიურებას: „სანამ პარლამენტი მიიღებდა ახალ საგადასახადო კოდექს, NDI ორჯერ დაგვეხმარა, ამ საკითხთან დაკავშირებული შეხვედრების მოწყობაში. ის ასევე ხშირად აწყობს ტრენინგებს პარლამენტის წევრებისთვის.“6 საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნიდან (1994 წ.) NDI დახმარებას უწევდა რეფორმისტი პარტიების ლიდერებსა და აქტივისტებს პოლიტიკური პროგრამისა და მესიჯის ჩამოყალიბება/განვითარებაში, პარტიის მშენებლობის სტრატეგიის შემუშავებაში, ამომრჩეველთა და მხარდაჭერთა მოზიდვაში, ასევე ცენტრალური და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების გაძლიერებაში. 1995 წელს NDI-ის ხელშეწყობით დაარსდა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ქართული არაპარტიული, არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მას შემდეგ იგი რეგულარულად უწევდა საზოგადოებას ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მისი ორგანიზაციული განვითარებისა და არჩევნების მონიტორინგის უნარ-ჩვევების დასახვეწად; ასევე შემდეგი პროგრამების განსახორციელებლად: სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამები, საკონსტიტუციო უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ასამაღლებლად ბიულეტენების გამოცემა, ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე უფლებადაცვითი კამპანიების ჩატარება, ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე არჩეული პირებისთვის რეკომენდაციების გაწევა, რათა მათ უკეთ შესძლებოდათ ამომრჩეველთა საჭიროებების გათვალისწინება. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ მონიტორინგი გაუწია საქართველოში ჩატარებულ მრავალ არჩევნებს და მოამზადა ანგარიშები ჩატარებული არჩევნების შესახებ; ასევე შეიმუშავა რეკომენდაციები მათ გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. საზოგადოების მხარდაჭერასთან ერთად NDI დახმარებას უწევდა ადგილობრივ მმართველებს შეხვედრების ორგანიზებაში, რომლებიც მმართველობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და ჩართვას ისახავდა მიზნად. NDI და სამართლიანი არჩევნები ხელს უწყობდნენ სამოქალაქო საკონსულტაციო კომიტეტების ჩამოყალიბებას, მოხალისეთა მიერ დაკომპლექტებული სამოქალაქო ჯგუფებს, რომლებიც უნდა დახმარებოდნენ არჩეული მმართველებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების უკეთ გათვალისწინებაში.

2001 წლის თვითმმართველობისა და 2003 წლების საპარლამენტო არჩევნებისთვის NDI-მ დახმარება გაუწია მრავალ პარტიას ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებაში, ასევე ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე აქტივისტთა მომზადებაში ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: კამპანიების ორგანიზება, აგიტაცია-პროპაგანდა, ახალი წევრების მოზიდვა, ამომრჩევლებთან ურთიერთობა (მედია, მესიჯის ჩამოყალიბება და მიწოდება). ამასთან, NDI ეხმარებოდა ოპოზიციურ პარტიებს, საარჩევნო სისტემის რეფორმის საკითხებზე რომ ეთანამშრომლათ და შეთანხმებისთვის მიეღწიათ. 2004 წელს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული ცვლილებების შემდეგ NDI-მ პარტიის წევრებს ახალ ქართულ პოლიტიკურ გარემოსთან და დემოკრატიზაციის ახალ გამოწვევებთან შეგუების მიზნით, საკუთარი პარტიების როლის გადახედვა შესთავაზა, ასევე ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მიუთითა, რისი აუცილებლობაც მმართველი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არსებულმა სიძლიერემ და პოპულარობამ შექმნა. 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ NDI კვლავ განაგრძობს მუშაობას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა მისი მუშაობა მთლიანად პარლამენტშია კონცენტრირებული.7

პოლიტიკურ პარტიებთან სხვა დონორი ორგანიზაციებიც თანამშრომლობენ, თუმცა მათი მუშაობა მათთვის საინტერესო სპეციფიკური თემატიკით (საარჩევნო სისტემა, ქალთა ჩართულობა და სხვა) შემოიფარგლება. გერმანული ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში არა „აქტორზე ორიენტირებულ“, არამედ „თემატიკაზე ორიენტირებული“ მუშაობის პრინციპით საქმიანობს. შესაბამისად, ის არ შემოიფარგლება ერთ კონკრეტულ სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან თანამშრომლობით, მით უმეტეს, რომ, მისი აზრით, მსგავსი პარტია საქართველოში არ არსებობს. მათ და ასევე სხვა გერმანული ფონდების - კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის - მიერ განხორციელებული პროექტები, ჩვეულებრივ, კონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდებისა და დისკუსიების ჩატარებას გულისხმობს. ეს და სხვა ორგანიზაციების პროგრამები, ხშირად დონორი ორგანიზაციების პარტნიორი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ და უმეტეს შემთხვევაში მთავარ ინიციატორებადაც გვევლინებიან.

სამწუხაროდ, პროგრამების უმრავლესობა ხშირად ერთჯერადია და არასისტემურ ხასიათს ატარებს. ისინი, არსებითად, ინდივიდუალური პარტიების მუშაობის გაუმჯობესებაზე არიან მიმართულნი და პარტიათშორის ურთიერთობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. შესაბამისად, ყველა პოლიტიკური აქტორი აღიარებს საერთაშორისო მხარდაჭერის საჭიროებას სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნის აუცილებლობაში. მათი განცხადებით, საერთაშორისო აქტორებმა მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაუთმონ ერთმანეთში უკეთეს კოორდინაციასა და ეფექტურად ინფორმაციის გაცვლას. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ სტაბილური გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია მრავალპარტიული დიალოგისა და პარტიათაშორისი თანამშრომლობის კულტურის განსავითარებლად, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ძირითადი, მათ შორის, არასაპარლამენტო პარტიები.

ურთიერთობა სხვა ქვეყნების მონათესავე პარტიებთან

განვითარებული ქვეყნების მონათესავე პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის დამყარება, მსგავსი იდეოლოგიური პრინციპების მატარებელ საერთაშორისო პარტიულ გაერთიანებებში გაწევრიანება ქართული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო გეგმებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. საერთაშორისო აღიარებისა და სტატუსის მოპოვებასთან ერთად, ეს კავშირები პარტიებს ქვეყნის შიგნით საკუთარი იდენტობის უფრო ნათლად გამოკვეთაში ეხმარება. იდეოლოგიურ იდენტობაზე დამყარებული პარტიული გაერთიანების წევრობის მოპოვება მსგავსი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე ქართულ პარტიებს შორის კონკურენციის სფეროსაც წარმოადგენს: ეს შეიძლება საქართველოში კონკრეტული პარტიის პოლიტიკური მიმართულების (მემარჯვენე-ცენტრისტი, მემარცხენე-ცენტრისტი, ლიბერალი) პრივილეგირებული წარმომადგენლობის ინდიკატორადაც იქნეს გამოყენებული. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც შეძლებს რაიმე სახის კავშირის დამყარებას უცხო ქვეყნის პოლიტიკურ პარტიასთან ან პარტიულ გაერთიანებასთან, ცდილობს მის აფიშირებას და საზოგადოებისთვის გაცნობას.

საერთაშორისოძმადნაფიცობა

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას დიდი სურვილი აქვს მჭიდრო ურთიერთობა დაამყაროს უცხო ქვეყნის მონათესავე პარტიასთან, მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო საერთაშორისო აღიარების მოპოვება:

ახალი მემარჯვენეები საერთაშორისო დემოკრატიული გაერთიანების IDU ასოცირებული წევრები არიან; ახალი მემარჯვენეების ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროპის სახალხო პარტიის EPP ახალგაზრდული ორგანიზაციის ასოცირებული წევრია. 2007 წელს ახალი მემარჯვენეები ევროპის სახალხო პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას იმედოვნებენ.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2005 წელს მოლაპარაკებები ევროპის სახალხო პარტიასთან EPP დაიწყო, მას შემდეგ, რაც საკუთარი თავის იდენტიფიცირება უფრო ქრისტიან-დემოკრატებთან და ევროპის კონსერვატიულ ოჯახთან გადაწყვიტა, ვიდრე ლიბერალებთან.

საქართველოს ლეიბორისტული პარტია, ძირითადად, სოციალისტურ ინტერნაციონალისტსა და ევროპელ სოციალისტთა პარტიასთან თანამშრომლობს. მან შეძლო მჭიდრო კავშირის დამყარება დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპულ ფორუმთან.

რესპუბლიკური პარტია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (რომელიც დაკავშირებულია გერმანიის ლიბერალურ თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან) სტრატეგიული პარტნიორია საქართველოში.

საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, უცხო ქვეყნების მონათესავე პოლიტიკურ პარტიებთან კავშირების დამყარება ხშირად თავად ქართული პარტიების მიერ არის ინიცირებული.8 ამ მხრივ, ქართული პოლიტიკური პარტიები აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის პარტიების ზოგად ტენდენციას მიჰყვებიან, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო. თუმცა, პარტიების სურვილის მიუხედავად, ეს კავშირები იშვიათად წარმოადგენს მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების საკმარის საფუძველს. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ვერ აკმაყოფილებენ უცხოური პარტიებისა და პარტიათა გაერთიანებების ძირითად მოთხოვნებს. კერძოდ, მათ უმრავლესობას არ აქვს ხანგრძლივი პარტიული მუშაობისა და დამოუკიდებლად საპარლამენტო არჩვენებში მონაწილეობის გამოცდილება. მეორე მხრივ, ძირითადი ევროპული პოლიტიკური გაერთიანებები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი ახლად წარმოქმნილი პარტიების მიმართ, ვიდრე მეოცე საუკუნის უკანასკნელ ათწლეულებში.

პარტიების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს მეტ-ნაკლებად სტაბილური ურთიერთობები ამერიკის, ევროპისა და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების პოლიტიკურ გაერთიანებებთან. ეს ურთიერთობები, ძირითადად, ფორმალურ მხარდაჭერაში, ყრილობებში საპატიო მონაწილეობაში, ინფორმაციის გაცვლასა და ერთიანი სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში გამოიხატება. რამდენიმე პარტიამ დემოკრატთა საერთაშორისო გაერთიანების (IDU) - მემარჯვენე-ცენტრისტთა საერთაშორისო ასოციაციის - წევრობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ დღემდე მხოლოდ ახალმა მემარჯვენეებმა შეძლეს მისი ასოცირებული წევრის სტატუსის მოპოვება. ახალი მემარჯვნეები ასევე აქტიურად თანამშრომლობენ ევროპის კავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულ ევროპის სახალხო პარტიასთან (EPP). ისინი 2006 - 2007 წლისთვის ამ პარტიაში დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას იმედოვნებენ.

კვლევაში ჩართული პარტიებიდან მხოლოდ ერთი, საქართველოს ლეიბორისტული პარტია განსაზღვრავს თავს, როგორც მემარცხენე-ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას, და მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ცდილობს უცხო ქვეყნების პარტიებსა და საერთაშორისო პარტიულ ასოციაციებთან. ის, ძირითადად, სოციალისტურ ინტერნაციონალთან (SI) და ევროპელ სოციალისტთა პარტიასთან (PES) თანამშრომლობს. მას საკმაოდ აქტიური ურთიერთობა აქვს ევროპის კავშირის ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული პარტიებისა და პოლიტიკური ფონდების მიერ დაარსებულ დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპულ ფორუმთან, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსფორმაციისა და დემოკრატიზაციის პროცესის მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. ლეიბორისტული პარტია მონაწილეობს ამ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და კონფერენციებში.9 ევროპული ფორუმის, ასევე ევროპის სახალხო პარტიისა და მასთან დაკავშირებული სხვა ევროპული პარტიების წარმომადგენლები რამდენჯერმე ეწვივნენ საქართველოს არსებული მდგომარეობის შესასწავლად.

2005 წელს რესპუბლიკური პარტია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის სტრატეგიული პარტნიორი გახდა საქართველოში, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან. ეს შეიძლება რესპუბლიკური პარტიის მიერ ლიბერალურ პარტიათა საერთაშორისო ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების პირველ ნაბიჯადაც ჩაითვალოს.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მონათესავე უცხო ქვეყნების პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობის დიდი სურვილი აქვთ, თუმცა ამას იშვიათად აღწევენ

ზოგი პარტია საერთაშორისო კავშირების დამყარებისას უპირატესად მიიჩნევს არა საერთო იდეოლოგიას, არამედ - საერთო საკითხებს. ჩვეულებრივ, ასეთი კავშირები პრაგმატული ხასიათისაა, რაც საშუალებას აძლევს პარტიებს უცხო ქვეყნების პოლიტიკური ორგანიზაციებისგან გადმოიღონ მსგავსი გამოწვევების გადალახვის და პრობლემების გადაჭრის მექანიზმები, რომლებსაც ისინი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აწყდებოდნენ. შესაბამისად, პარტიების ნაწილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია „პოსტ-საბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ჭეშმარიტი ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის პარტიებთან დაკავშირება და მათთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება.“10 რამდენადაც ამ პარტიებს მეტ-ნაკლებად მსგავსი წარსული და ისტორიული ბაზისი აქვთ, მათი გამოცდილება ქართული პოლიტიკური სივრცისთვის უფრო ადეკვატური, გასაგები და მისაღებია. თუმცა, პარტიების უმრავლესობას არც ამ მიმათულებით მიუღწევია სტაბილური თანამშორმლობისთვის.

პარტიების უმრავლესობა უკმაყოფილოა იმ ურთიერთობებით, რომლებიც დღეს უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებთან და პარტიულ გაერთიანებებთან აქვთ და მათი გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამენ. ჩვეულებრივ, მათ არ აქვთ საერთაშორისო ქსელის განვითარებისთვის ნათლად ჩამოყალიბებული და განსაზღვრული პოლიტიკა ან სტრატეგია, მაგრამ მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი აქვთ თანამშრომლობის განვითარების სასურველი მიმართულებები. მაგალითად, მათ მიაჩნიათ, რომ პარტიის ფუნქციური ორგანიზაციების, კერძოდ, ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო კავშირების გამყარება, სასწავლო პროგრამებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება ერთობ მნიშვნელოვანია მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. ამასთან, ეს აქტივობები შეიძლება მომავალში პარტიათშორისი მჭიდრო ურთიერთობების დამყარების ბაზისიც გახდეს.

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, საქართველოში, პოლიტიკური პარტიების გაქრობის მაღალი დონე უშუალოდ დაკავშირებულია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის არასტაბილურობასთან და პირიქით. საერთაშორისო აქტორების დემოკრატიზაციის პროგრამაში დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ქვეყანაში კონსოლიდებული, კარგად ორგანიზებული პოლიტიკური პარტიების სისტემის ჩამოყალიბებას და მისი მდგრადობის მიღწევას. ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი საკითხია და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შესაბამის ყურადღებას იმსახურებს.

ძირითადი დასკვნები

საქართველოში დემოკრატიის მხარდასაჭერად 1992 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მხარდაჭერით სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება. თუმცა, მხოლოდ მათი მცირედი ნაწილი ეხება უშუალოდ პოლიტიკური პარტიების საქმიანობას.

ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - ახორციელებს გრძელვადიან პროგრამებს, რომლებიც მიზნად საქართველოში პარტიული სისტემის გაძლიერებას ისახავენ.

ქართული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სასარგებლოდ მიიჩნევენ პარტიების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას და მათი გაფართოების სურვილი აქვთ. მათ მიაჩნიათ, რომ მსგავსი პროგრამები წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი უნარების გაზრდის საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარება მათი აღიარების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ის საქართველოში მრავალპარტიული სისტემის უსაფრთხოების გარანტს წარმოადგენს.

პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ არსებული პარტიების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტები არასაკმარისია მათ მოთხოვნებთან შედარებით. მათში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ პარტიების აქტივისტთა შეზღუდულ ნაწილს ეძლევა.

მაშინ, როდესაც პარტიების მხარდაჭერის საერთაშორისო პროგრამების უმრავლესობა ინდივიდუალური პოლიტიკური აქტორებისკენ იყო მიმართული, პარტიათაშორის ურთიერთობებს, თანამშრომლობისა და დიალოგის კულტურის განვითარებას არასაკმარისი ყურადღება ეთმობოდა.

პარტიებს უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარების სურვილი აქვთ, თუმცა მათმა მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო ამ მიმართულებით გარკვეული წარმატების მიღწევა.

კვლევაში ჩართულ ყველა პარტიას ორგანიზაციის ცენტრალურ მმართველობით აპარატში ჩამოყალიბებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური, მაგრამ მათ მუშაობის საკმაოდ მწირი რესურსები და გამოცდილება აქვთ. საერთაშორისო კავშირების დამყარების სურვილის მიუხედავად, პარტიები იშვიათად ამჟღავნებენ ინიციატივებს ამ მიმართულებით.

_____________________

1 შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება - 2002 წელი, ფაქტობრივი მასალა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი: http://www.state.gov/p/eur/rls/fs/11029.htm (შემოწმებულია 2005 წლის 15 ნოემბერს).

2. შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარება - 2002, 2003, 2004 და 2005 წლები, ფაქტობრივი მასალა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი: http://www.state.gov/p/eur/ci/gg/c7008.htm (შემოწმებულია 2005 წლის 15 ნოემბერს).

3. ევროპის კავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარება: http://europa.eu.int/comm/external_relations/georgia/intro/index.htm (შემოწმებულია 2005 წლის 16 ნოემბერს).

4. ევროპის კავშირის ურთერთობა საქართველოსთან: http://europa.eu.int/comm/external_relations/ georgia/intro/ip04_846.htm (შემოწმებულია 2005 წლის 16 ნოემბერს).

5. პარტიის - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - წევრი.

6. პარტიის - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - წევრი.

7. NDI-ს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოწოდებულია ვაშინგტონის პოლიტიკური პარტიების დეპარტამენტიდან, დირექტორის - ივან დოერტის - მიერ.

8. თუმცა, საპირისპირო პრეცედენტებიც არსებობს: „საკუთარი ინიციატივით, ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გამოთქვა სურვილი ჩვენთან თანამშრომლობაზე. მართალია, იდეოლოგიურად, ალბათ, საერთო ნაკლები გვაქვს, მაგრამ შევეცდებით ეკონომიკურ საკითხებში საერთო შეხების წერტილები გამოვნახოთ“. ინტერვიუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრთან.

9. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი.

10. რესპუბლიკური პარტიის წევრი.

5 3. დემოკრატიული პარტიის მშენებლობის მონახაზი

▲ზევით დაბრუნება


რა უნდა გაკეთდეს

საქართველო სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას შეძლებს. ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერის მაღალი დონე ამ მიმართულებით ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.

ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია. ეს ქართული დემოკრატიული რეფორმების ყველაზე ძლიერ მოტივაციას წარმოადგენს.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება აქვთ, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის საფუძველია. თუმცა, პარტიული სისტემა სუსტად არის ინსტიტუციონალიზებული და ქართული პარტიებიც ორგანიზაციული განვითარების საწყისი ეტაპის დაძლევას საჭიროებენ.

პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო პარტიებს შორის საკმაოდ ფართო კონსენსუსი არსებობს, მაგრამ კვლავ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის მიმართ ნდობის ამაღლება და პოლიტიკურ სპექტრში პარტიების თანამშრომლობის დონის გააქტიურება.

პარტიები სტრუქტურული და ორგანიზაციულ რეფორმების განსახორციელებლად თანაბარ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას საჭიროებენ.

პოლიტიკური პარტიები ღია არიან საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ისინი აღიარებენ პარტიათა დახმარების პროგრამების სარგებლიანობას და აქვთ სურვილი პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობისა.

ზემო ორ თავში მოცემულია ქართული პოლიტიკის ზოგადი სურათი და მასში მოქმედი ყველაზე აქტიური პოლიტიკური პარტიების განვითარების მდგომარეობა. ეს არის სურათი დინამიკაში მყოფი ქვეყნისა ერთობ მშფოთვარე უახლესი ისტორიით და მტკიცედ დასახული სახელმწიფოებრივი მიზნებით. ეს საკმაოდ ნათლად გამოკვეთილი მიზნებია და მათ გარშემო ქართულ საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი არსებობს; თუმცა, საქართველო ჯერ კიდევ პოლიტიკური ინსტიტუტების კონსოლიდაციის ამოცანის წინაშე დგას.

წლების განმავლობაში საქართველო შორეულ და არასტაბილურ ქვეყნად აღიქმებოდა, რომლის ბედი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის გეოპოლიტიკურ პაექრობაზე იყო მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული. დასავლელი მომხმარებლებისთვის კასპიის რეგიონიდან ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება ამ ნამდვილ თუ ილუზორულ „დიდ თამაშში“ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად აღიქმებოდა. მეორე მხრივ, საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია კონფლიქტურ რეგიონად მიიჩნეოდა. საქართველოს ტერიტორიის თხუთმეტი პროცენტი მოქცეულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში, თვითგამოცხადებული სახელმწიფოების შემადგენლობაში, რომლებსაც ხშირად „გაყინული კონფლიქტების“ ზონებს უწოდებენ. საქართველოს რეალური იურისდიქციის დამყარება ასევე პრობლემური იყო ზოგიერთ სხვა ტერიტორიაზე. საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გაკონტროლების და ზოგიერთი სხვა ფუნქციის შესრულების უუნარობის გამო საქართველო ხშირად „წარუმატებელ სახელმწიფოდ“ სახელდებოდა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცხადებამ ახალი საერთაშორისო ასპექტი შესძინა საქართველოს და იგი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ქვეშ მოაქცია: ის სახელმწიფოები, რომელთაც საკუთარ ტერიტორიაზე მინიმალური წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ, ადვილად ხდებიან ტერორისტებისა და კრიმინალური ქსელის თავშესაფარი ან ეხვევიან შიდა კონფლიქტებში. ამით ისინი საფრთხეს უქმნიან არა მარტო ქვეყნის მოსახლეობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასაც.

დღეს საქართველო ცდილობს გამოვიდეს გეოპოლიტიკური თამაშების მძევლის როლიდან, არც საერთაშორისო დახმარების პასიურ ობიექტად დარჩენას აპირებს. ამის მიღწევა შესაძლებელია ეფექტური დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივ სიკეთეებს და ანგარიშვალდებულნი არიან მოქალაქეთა წინაშე.

დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის ამოცანა საქართველოს როგორც შიდა, ისე საგარეო მიზნებს განსაზღვრავს. დიდი ხანია, საქართველო ევროპულსა და ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლას ესწრაფვის. 1999 წელს ქვეყნის ევროპის საბჭოში გაწევრიანებას ქართველები ამ გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად აღიქვამენ, რომელსაც საბოლოოდ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა უნდა მოჰყვეს. ამ მიზნების მიღწევა კი დემოკრატიული რეფორმების გარეშე შეუძლებელია.

2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციამ ახალი იმპულსი მისცა საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და ევროპისაკენ სვლას, რამაც საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში დემოკრატიზაციის ახალ ტალღაზე მოაქცია; ეს კი ქვეყანას დემოკრატიის კონსოლიდაციის რეალურ შანს აძლევს. საქართველო თავს იმ ქვეყნებს მიაკუთვნებს, რომლებმაც გვიან დაიწყეს დემოკრატიისკენ სვლა, ვერ მიუსწრეს ევროპისკენ მიმავალ პირველ მატარებელს, მაგრამ გადაწყვეტილი აქვთ გზიდან არ გადაუხვიონ. საქართველო აქტიური წევრია დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობისა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ახალი გაერთიანებისა, რომელიც 2005 წელს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა.

საქართველო გამოხატავს თავის სოლიდარობას დემოკრატიულ სამყაროსთან და ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად. ამის დასტურია ერაყის სამხედრო ოპოერაციასა და კოსოვოს მშვიდობისმყოფელ ძალთა შორის მონაწილეობაც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჯერ კიდევ შორეულ და გაურკვეველ პერსპექტივად რჩება, ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ ვარდების რევოლუციამ და მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მათი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო მეტად დაახლოვა. სამხრეთ კავკასიის ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართვა და 2004 წელს მის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო გეგმების შესახებ შეთანხმების დადება ამ თანამშრომლობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. მეორე მხრივ, 2004 წელს ნატო-ს მიერ საქართველოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) დამტკიცების შემდეგ საქართველო ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას რეალურ შესაძლებლობად განიხილავს და მის განხორციელებას მიმდინარე ათწლეულში იმედოვნებს. ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების კატალიზატორის როლსაც ასრულებს.

პოლიტიკური პარტიები ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტებია, რომლებიც სტაბილური დემოკრატიის არსებობას უწყობენ ხელს. დღემდე ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის არსებობა უზრუნველყვეს და მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება მისცეს. ეს კია, პოლიტიკური პარტიები, როგორც პოლიტიკური სისტემა მთლიანად, არასტაბილურია და სუსტად არის განვითარებული. პოლიტიკური პარტიები ზედმეტად არიან დამოკიდებულნი საკუთარი ლიდერების პიროვნულ თვისებებზე და მალევე ქრებიან ლიდერების მიერ პოლიტიკური სცენის დატოვების შემდეგ. ქვეყანაში მოქმედი პარტიების სურათი ყოველი არჩევნების წინ იცვლება. არც ერთი იმ პარტიათაგანი, რომელიც 90-იან წლებში ქართულ პოლიტიკას განსაზღვრავდა, დღეს მნიშვნელოვანი გავლენით არ სარგებლობს. ამავე დროს, ხელისუფლების ყოველი შეცვლის შემდეგ პარტიების იგივე სტრუქტურა ყალიბდება: ქვეყანაში არსებობს ერთი დომინანტური პარტია, რომელიც სახელმწიფო აპარატთან არის შეზრდილი, ხოლო მრავალრიცხოვან ოპოზიციურ პარტიებს შორის არც ერთს ხელისუფლების მოპოვების რეალური შესაძლებლობა არ გააჩნია.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, ინსტიტუციონალიზაციის პრობლემების გარდა, ასევე იდეოლოგიური პოლარიზაციის დაბალი დონე ახასიათებთ. პარტიების პოლიტიკური პროგრამები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მათ შორის დაპირისპირების დონე მაღალია; მიუხედავად იმისა, რომ ხშირია პოლიტიკური დებატები, ისინი უფრო მეტად პიროვნებებზე არიან ორიენტირებულები და არა პოლიტიკის განსაზღვრაზე. პოლიტიკურ პარტიებს მათი ოპონენტების და საარჩევნო პროცესის კეთილსინდისიერების არ სჯერათ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შემთხვევები ხშირია, ეს თანამშრომლობა იშვიათად მოიცავს სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ნათელი წარმოდგენა აქვთ საკუთარი სისუსტეების შესახებ და სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობასაც აცნობიერებენ. პარტიები აღიარებენ, რომ ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოცდილება დააგროვა და არჩევანს უფრო გააზრებულად აკეთებს. შესაბამისად, პარტიებს ესაჭიროებათ თვისებრივად განვითარების ახალ დონეზე გადასვლა, რათა დაარწმუნონ მოქალაქეები იმაში, რომ ისინი სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან, რომელთაც საზოგადოებისთვის ეფექტური სამსახურის გაწევა შეუძლიათ. პოლიტიკურ პარტიებს შეგნებული აქვთ, რომ ძლიერი საარჩევნო ინსტიტუტების შექმნასთან ერთად აუცილებელია საზოგადოებისთვის რეალური, ალტერნატიული პოლიტიკური კურსის ჩვენება. ამოდიან რა ამის გაცნობიერებიდან, თანამედროვე მოქმედი ქართული პარტიები დაკავებულნი არიან ფორმაციისა და რეორგანიზაციის პროცესებით, რაც გამოიხატება საკუთარი ფუნქციების, როლის, პოლიტიკის და ორგანიზაციული სტრუქტურის ხელახალ გადააზრებაში.

მაშინ, როდესაც პარტიები ერთმანეთს პოლიტიკურ არენაზე ეჯიბრებიან, მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სხვა პარტიებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გატარებულ პოლიტიკაზე და მმართველობაზე მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკუთვნის, ყველა პოლიტიკური მოთამაშე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობის საკუთარ წილს იზიარებს. კვლევის პროცესში პარტიებმა დაასახელეს ზოგიერთი ძირეული წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი პარტიული განვითარების პროცესში აწყდებიან და ამასთან გამოხატეს არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ღიაობა და დიდი სურვილი. ჯერჯერობით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ის ძირითადი არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც პარტიების დახმარების მასშტაბურ პროექტებს ახორციელებენ. პოლიტიკური პარტიები დადებითად აფასებენ ამ ორგანიზაციების მხრიდან მიღებულ დახმარებას და ხაზს უსვამენ მეტი დახმარების მიღებისთვის მზადყოფნას. მართალია, პოლიტიკური პარტიების განვითარება, პირველ რიგში, მათი და ქართული საზოგადოების ამოცანას წარმოადგენს, მაგრამ ბევრი რამის სწავლა საერთაშორისო კავშირებიდან და გამოცდილების გაზიარებიდანაც შეიძლება; ამის დიდი სურვილი კი პარტიებს ნამდვილად აქვთ.

წინამდებარე თავში შეჯამებულია კვლევის შედეგად პარტიების განვითარების პროცესში გამოკვეთილი სირთულეები და მათი გადაჭრის შესაძლო რეკომენდაციები. რეკომენდაციები დაჯგუფებულია სამი მთავარი დაინტერესებული აქტორის: სახელმწიფოს, პარტიებისა და არასამთავრობო/დონორი ორგანიზაციების მიხედვით, რომლებიც ჩართულნი არიან პარტიების მხარდამჭერ პროექტებში. თავის ბოლოს კი დართულია უახლოესი მომავლის სამოქმედო გეგმა.

5.1 3.1 ზოგადი დასკვნები, რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა

▲ზევით დაბრუნება


რეკომენდაცები სახელმწიფო ინსტიტუტებს

სახელმწიფოს სტრუქტურებსა და პარტიებს შორის ურთიერთობა ერთი იმ საკითხთაგანია, რომელმაც კვლევისას პარტიების წარმომადგენელთა ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია. ყველა პარტია თანხმდება, რომ წარსულში კანონმდებლობა და სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა პარტიებთან მიმართებაში არასამართლიანი იყო და ხელს უშლიდა ქვეყანაში პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას. ამავე დროს, არსებული მდგომარეობის შეფასებისას ან სახელმწიფოსა და პარტიებს შორის ურთიერთობის სასურველი მოდელის განხილვისას სახელისუფლებო პარტიას და ოპოზიციას მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ. ეს აზრთა სხვადასხვაობა მრავალი ქვეყნის მსგავსად, პოლიტიკური დაპირისპირების საფუძველს წარმოადგენს.

ამ ნაშრომის მიზანი არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მიმდინარე ცხარე დებატებში რაიმე პოზიციის დაკავება. მეტიც, სახელმწიფოს მარეგულირებელი წესები, რომლებიც რელევანტურია პოლიტიკური პარტიებისთვისაც, განხილული იქნება პარტიათა შორის დიალოგის მონაკვეთში, რამდენადაც ინტერპარტიული თანამშრომლობა პოლიტიკური კონკურენციის ლეგიტიმურობის მთავარი წინაპირობაა. ამ სფეროს რეკომენდაციები კი ორი ძირითადი საკითხით შემოიფარგლება.

1. პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებული ახალი კანონის გავლენის მონიტორინგი. პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები დადებითად შეფასდა როგორც პარტიების წარმომადგენლების, ისე საერთაშორისო ექსპერტების მიერ. ეს ცვლილებები უკანასკნელ პერიოდში პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის ყველაზე დადებით ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. ის აღიარებს პოლიტიკური პარტიების საზოგადოებრივ ღირებულებას და მათ ინსტიტუციური განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან (მაგრამ არასაკმარის) რესურსს სთვაზობს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ შეუძლებელია სახელმწიფო დაფინანსების პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა. პარტიების სახელმწიფო დაფინანსების გავლენა ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და მთლიანად პარტიული სისტემის განვითარებაზე შემდგომი კვლევის საგნად უნდა იქცეს. უფრო მეტიც, დისკუსიები უნდა გაგრძელდეს სახელმწიფო დაფინანსების ალტერნატიული ფორმების შესაძლო შემოღებაზე, მათ შორის, გამათანაბრებელ გრანტებზე, ხარჯვის შეზღუდვებზე, გადასახადებისგან გათავისუფლებაზე და სხვ.

2. საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ეუთო- დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციის განხორციელების საკითხის განხილვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საარჩევნო ბარიერის დაწევა საქართველოში პარტიული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი იყო. ეს ბარიერი ეუთო-ს მოქმედების არეალში ყველაზე მაღალია. ევროპის საბჭომ ურჩია საქართველოს მთავრობას ბარიერი ორი პროცენტით მაინც დაეწია; ოპოზიციური პარტიებიც მას უსამართლოდ მაღლად მიიჩნევენ. მრავალი პოლიტიკური დამკვირვებელი აცხადებს, რომ ესოდენ მაღალი ბარიერი აფერხებს პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრებას და მმართველობის სხვადასხვა დონეზე საზოგადოებრივი ჯგუფების სამართლიან წარმომადგენლობას.

ამ საკითხმა განსაკუთრებული დრამატულობა 2004 წლის მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნების დროს შეიძინა, როდესაც დიდი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ ვერც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ვერ შეძლებდა ბარიერის გადალახვას. საბოლოოდ, მხოლოდ ერთმა ოპოზიციურმა ბლოკმა დიდი სირთულით შეძლო ბარიერის გადალახვა და პარლამენტში მოხვედრა.

ამავე დროს, ოპოზიციისთვის და მმართველი პარტიისთვისაც ცხადია, რომ ქართული პოლიტიკური სისტემის ფრაგმენტაციის მაღალი დონის და ნაკლებად მნიშვნელოვანი, სუსტი პარტიების რაოდენობრივი ზრდის საშიშროება არსებობს. შესაბამისად, თავად ოპოზიციური პარტიებიც კი ბარიერის მხოლოდ 4-5 პროცენტამდე დაწევას უჭერენ მხარს. მმართველმა პარტიამ ყურად უნდა იღოს საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა ქართული პოლიტიკური მოთამაშეების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხს.

რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს

კვლევამ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკური პარტიების შიდა პრობლემები, ასევე პარტიებს შორის არსებული მთელი რიგი პრობლემები. შესაბამისად, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები ორი ძირითადი სახის საკითხებისადმი არის მიძღვნილი: ესაა ინტერპარტიული ურთიერთობები და მათი ინსტიტუციური განვითარება.

პარტიები აღიარებენ, რომ მრავალპარტიული სისტემის განვითარებაში ერთი მთავარი პრობლემა პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის არარსებობაა. პარტიებს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან დაბალია და დაპირისპირების შემთხვევები მკვეთრად აღემატება თანამშრომლობის მაგალითებს.

შიდაპარტიული სირთულეები, მნიშვნელოვანწილად, პარტიის ორგანიზაციული განვითარების დაბალ დონეს უკავშირდება. შესაბამისად, რეკომენდაციების ნაწილი ეხება შიდა წესების ნათლად დადგენას და გადაწყვეტილების მიღების ფორმალური მექანიზმების გაძლიერებას არაფორმალურთან შედარებით. ცვლილებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას, წევრებისთვის მნიშვნელოვანი როლის დაკისრებაა, რაც მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეტი ჩართვისა და პარტიის ცენტრში „ქვევიდან“ ინფორმაციის მიწოდების მექანიზმების გაუმჯობესებას გულისხმობს.

პარტიების უმრავლსეობა ასევე აღიარებს, რომ ორგანიზაციის შიგნით, სხვადასხვა დონესა და სტრუქტურას შორის ვალდებულებების გადანაწილება არათანაბარია და ის ხელს უშლის პარტიის მობილობასა და ახალ გამოწვევებზე მისი რეაგირების ეფექტურობას. ზოგიერთ მათგანს ამ პრობლემის გადაჭრის საკუთარი ხედვები აქვთ, თუმცა ეს იდეები უფრო ნათელ გამოკვეთას საჭიროებენ.

1. პარტიათშორისი დიალოგი

პარტიებს შორის პოლიტიკური შეჯიბრის წესების შესახებ დიალოგის შენარჩუნება. არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეზე ყოველთვის განსხვავებულ პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენს. ყველა საკანონმდებლო ცვლილება, მიუხედავად იმისა, იქნება ის ფორმალურად დისკრიმინაციული ხასიათის თუ არა, ერთ პარტიას სხვასთან შედარებით უფრო ხელსაყრელ პირობებში შეიძლება აყენებდეს. ამავე დროს, მთლიანად პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელია, თამაშის წესები მისმა ყველა მონაწილემ როგორც სამართლიანი აღიაროს. საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ არის: პოლიტიკური შეჯიბრის წესების ლეგიტიმურობის დონე საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, პარტიების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის გარშემო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. მმართველმა პარტიამ არ უნდა გამოიყენოს საკანონმდებლო ორგანოში მისი დომინირებული მდგომარეობა და მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც სხვა პოლიტიკური აქტორების ინტერესებს ითვალისწინებს. თავის მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმა რეალურად უნდა შეაფასონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე მათ მიერ გავლენის მოხდენის შესაძლებლობა და არ უნდა მოახდინონ შესაბამისი საკითხების ზედმეტი პოლიტიზირება. რა თქმა უნდა, ოპოზიცია მოვალეა, კონტროლი გაუწიოს და გააკრიტიკოს ხელისუფლება, მაგრამ ამას ზოგადი მიზნებიდან გამომდინარე უნდა აკეთებდეს. იგივე ითქმის ხელისუფლებაზეც.

მსგავსი პარტიათშორისი დიალოგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით წარიმართოს. შეიძლება მუდმივ მოქმედი ფორუმი შეიქმნას პარტიული ლიდერების მონაწილეობით. ეს პარტიების წარმომადგენლებს თანასწორ პირობებში უშუალოდ პარტიული საქმიანობის და პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შესაძლებლობას მისცემს. დიალოგს რომ უფრო ინფორმაციული და ღია ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა მასში ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების ჩართვა. მთლიანობაში, დიალოგის წარსამართად გადამწყვეტი მნიშვნელობა მასში სხვადასხვა პოლიტიკური ძალისა და საზოგადოებრივი ჯგუფის ფართო ჩართულობას ექნება.

საუბარი შეიძლება ინტერპარტიული ორგანოს შექმნაზეც, რომელიც პარტიებს შორის დიალოგის დროს მიღებული წესების შესრულებას მეთვალყურეობას გაუწევს.

პარტიებს შორის ურთიერთობების მარეგულირებელი კოდექსის შექმნა. ურთიერთნდობის არარსებობა პარტიებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად არის მიჩნეული. არც თუ იშვიათად, პოლიტიკურ აქტორებს შორის ურთიერთობების გასარკვევად ფიზიკური ძალის გამოყენება პოლიტიკური ცხოვრების ერთობ ხელისშემშლელი მხარეა. სასურველი იქნებოდა პარტიებს საერთო დოკუმენტი მოემზადებინათ, რომელიც მათ შორის ურთიერთობების რეგულირების ფუნდამენტურ საკითხებს განსაზღვრავდა. ასეთი დოკუმენტის მიღების მცდელობა წარსულში უკვე არსებობდა, თუმცა მათი დარეგულირების სფერო საკმაოდ ვიწრო იყო. მათ შორისაა 2003 წელს ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებული ქცევის კოდექსი და 2004 წელს პოლიტიკოსების მიერ საქართველოს პარლამენტში მიღებული ქცევის კოდექსი. ეს უკანასკნელი პარლამენტში დებატების, კამათისა და დიალოგის მისაღებ ფორმებს განსაზღვრავს, თუმცა მისი დარღვევის შემთხვევები მრავლადაა ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ასეთი წესების მიღების გარდა, საჭიროა მათ შესრულებაზე კონტროლის ეფექტური მექანიზმის დაწესება.

პარტიებს შორის დიალოგის განახლება საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების პროცედურასთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკამათო პოლიტიკურ საკითხს წარმოადგენს. იგი საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიულ მიუკერძოებლობას და ნდობას ეჭვის ქვეშ აყენებს. მმართველ პარტიას მიაჩნია, რომ მიუკერძოებელი, საჯარო სამსახურის პრინციპზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაციის შემოღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, ოპოზიცია კი ამ ცვლილებებს საარჩევნო კომისიებზე ერთპარტიული კონტროლის დამყარებად აფასებს. აღნიშნული საკითხის ირგვლივ პარტიათა შორის კონსენსუსის მიღწევის საჭიროება აშკარაა.

პარტიების შეთანხმებული მოქმედება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი ხარჯვისა და არჩევნების გაყალბების თავიდან ასაცილებლად. ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და არჩევნების გაყალბება ოპოზიციასა და სახელისუფლებო პარტიას შორის მწვავე დაპირისპირების მიზეზია. მეორე მხრივ, ოპოზიციის რწმენა, რომ სამართლებრივი ნორმების დაცვით ის ვერ შეძლებს ხელისუფლებაში მოსვლას, მას რადიკალური პოზიციის დაკავებისა და პოპულისტური რიტორიკის გამოყენებისკენ უბიძგებს. ინტერპარტიული კომისიის შექმნა, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა ან/და არჩევნების გაყალბების კონკრეტულ შემთხვევებს განიხილავს, ამ სფეროში ნათელი სტანდარტების ჩამოყალიბებას და პარტიებს შორის ნდობის გაზრდას შეუწყობს ხელს. ასეთი კომისიები შეიძლება შეიქმნას როგორც ცენტრში, ისე რეგიონებში.

პარტიებს შორის დიალოგისა და ურთიერთობების სხვა ფორმების განვითარება. პარტიათა შორის დიალოგის წარმართვა პოლიტიკურ კონკურენციასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მნიშვნელოვან, მაგრამ ძნელ ამოცანას წარმოადგენს. ამასთან, პარტიებმა ერთმანეთთან დიალოგის სხვა ფორმებიც უნდა გამონახონ, რომელთა მიზანი მხოლოდ ღირსსაცნობი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტა არ იქნება, არამედ ყველასთვის საერთო და საინტერესო პოლიტიკური და პარტიული ცხოვრების ასპექტები, საგანმანათლებო ღონისძიებები და სხვა. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკურ აქტორებს შორის თანამშრომლობისა და ნდობის კულტურის განვითარებას.

2. კონსტრუქციული ოპოზიცია

ოპოზიციური პარტიების მიერ ალტერნატიულ პოლიტიკურ შემოთავაზებებზე მეტი აქცენტის გაკეთება. საზოგადოებისა და ექსპერტების გარკვეული ნაწილი იზიარებს იმ აზრს, რომ ოპოზიციური პარტიები აქცენტს აკეთებენ ხელისუფლების კრიტიკაზე, მაგრამ ამ კრიტიკას ხშირად თან არ ახლავს ალტერნატიული კონკრეტული პოლიტიკის შემოთავაზება. მმართველ პარტიასა და მის ოპონენტებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე ამგვარი აღქმა ქმნის „არაკონსტრუქციული ოპოზიციის“ იმიჯს, რაც ზიანს აყენებს თავად ოპოზიციურ პარტიებს. ასე რომ, ალტერნატიული პოლიტიკის შეთავაზებით ხელისუფლების კრიტიკა უფრო პროდუქტიული და ეფექტური იქნება, რაც დადებითად იმოქმედებს ოპოზიციური პარტიების იმიჯზე და გაზრდის მათდამი საზოგადოებრივ ნდობას. ამასთან, ის ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური დებატების დახვეწას და გაზრდის ოპოზიციური პარტიების გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე.

3. თანამშრომლობისთვის ღია მმართველი პარტია

მმართველი პარტია უფრო ღია უნდა იყოს ოპოზიციასთან სათანამშრომლოდ. შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, ქართულ პოლიტიკას ახასიათებს მმართველი პარტიის ისეთი პოლიტიკური სიძლიერე, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებისას ის ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას არ საჭიროებს. ამჟამინდელი საპარლამენტო უმრავლესობა სხვა დანარჩენთან შედარებით ყველაზე ძლიერია: მას ოპოზიციისგან დამოუკიდებლად კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა აქვს. თუმცა, მსგავს დომინანტურ მდგომარეობას უარყოფითი მოვლენებიც ახლავს თან: საქართველოში ვერც ერთმა მმართველმა ჯგუფმა ვერ შეძლო შიდა განხეთქილებების თავიდან აცილება და საკუთარი იდენტობისა და ძალაუფლების შენარჩუნება. უფრო მეტიც, გადაწყვეტილებების მიღების პროცესისგან ოპოზიციის გამორიცხვა ამ უკანასკნელს უბიძგებს, რადიკალური პოლიტიკა და მეთოდები გამოიყენოს, რაც ხელს უშლის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის განვითარებას. შესაბამისად, სახელისუფლებო პარტიის მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგის დაწყება პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ასეთი დიალოგი გაზრდის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ხარისხს და ცხოვრებაში მათი გატარების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ პარტიას შეუძლია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე გადაწყვეტილებების მიღება, ის ღია უნდა იყოს ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და გაითვალისწინოს ამ უკანასკნელის შეხედულებები. ეს საჭიროა როგორც საქართველოში პარტიული სისტემის სტაბილურობისთვის, ისე მმართველი პარტიის ცხოველქმედების გასახანგრძლივებლად. ამით ხელი შეეწყობა მმართველობის ხარისხის გაზრდასაც.

პარტიისა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის გამიჯვნის აუცილებლობა. გავრცელებული შეხედულებაა ქვეყანაში, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მმართველი პარტია არ არის მკვეთრად გამიჯნული, რაც პოლიტიკური მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსების გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. ეს პრობლემა ბოლო 15 წლის პოლიტიკური ცხოვრებისთვის იყო დამახასიათებელი და დღესაც დარტყმის ქვეშ აყენებს პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურობას, უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზე და თავად მმართველი პარტიის სიცოცხლისუნარიანობაზე. შესაბამისად, მმართველი პარტიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა შეინარჩუნოს არა მარტო მმართველი ჯგუფის სახე, არამედ დარჩეს როგორც საზოგადოების ნაწილი. ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სამსახურის გამიჯვნის შესახებ ნათელი წესების შემუშავებით, საჯაროობით და ამ წესების შესრულებით შეიძლება. ეს გულისხმობს იმ კანონმდებლობის აღსრულებასაც, რომელიც განასხვავებს არაპარტიულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკურ დანიშვნას თანამდებობებზე.

4. ინსტიტუციონალიზებული პარტიები

შიდა პარტიულ თანამდებობებსა და სტრუქტურებს შორის უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნა. პარტიების საქმიანობაში ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ცალკეულ თანამდებობის პირთა ხელში ძალაუფლების და მოვალეობების ზედმეტი კონცენტრაციაა, რაც, უპირატესად, პარტიების ზედა რგოლს ეხება. პარტიის ხელმძღვანელი პირის მოვალეობებში ხშირად ერთდროულად შედის პარტიის პოლიტიკის განსაზღვრა, პარტიის წარმოდგენა საზოგადოებასთან და მესამე პირებთან ურთიერთობაში, პარტიის მართვა, ფინანსების მოზიდვა და სხვა. მეორე მხრივ, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებში მნიშვნელოვან პრობლემას თანამდებობის პირთა შორის უფლება-მოვალეობების გადაფარვა წარმოადგენს. ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები ხშირად ბიუროსა და თემატური ჯგუფების ხელმძღვანელებიც არიან. ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების თანამდებობებს შორის მოვალეობების არათანაბარი გამიჯვნა შედეგად ორგანიზაციის განკარგულებაში არსებული ადამიანური და სხვა რესურსების არაეფექტურ გამოყენებას იწვევს.

ქართული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარებისთვის აუცილებელია მისი ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე ხელმძღვანელთა შორის ვალდებულებების და უფლებების უფრო თანაბარი და ეფექტური გადანაწილება. ეს ხელს შეუწყობს პარტიის მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას და დაეხმარება გადაილახოს ლიდერის პიროვნულობაზე დამოკიდებულება.

პარტიული სტრატეგიის ნათელი განსაზღვრა. ქართული პოლიტიკური პარტიები იშვიათად ქმნიან ისეთი სტრატეგიულ დოკუმენტებს, რომელიც განსაზღვრავდა მათი საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს. მათი საქმიანობა, მეტწილად, ლიდერთა მცირე ჯგუფის მიერ იმართება, რომელიც ცვალებად პოლიტიკურ გარემოში გადაწყვეტილებებს არსებული ვითარებიდან გამომდინარე იღებს. ნათლად ჩამოყალიბებული და გამოკვეთილი პარტიული სტრატეგიის არარსებობა ნაკლებად გასაგებ და გამჭვირვალეს ხდის პარტიის საქმიანობას მისი რიგითი წევრებისთვის და საზოგადოებისთვის, საფრთხეს უქმნის პარტიის ინსტიტუციურ განვითარებას და ხელს უშლის პარტიული პროგრამის საფუძველზე ახალი წევრების მოზიდვას.

პარტიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სიტუაციის, საზოგადოებრივი პრობლემების და მოთხოვნების, საკუთარი რესურსების რეალისტური შეფასების საფუძველზე შეიმუშაოს ცხადი სტრატეგია. ასეთ სტარატეგიულ დოკუმენტში აუცილებელია განისაზღვროს პარტიის ღირებულებები და პოლიტიკური შეხედულებები, ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სტრატეგია, სხვა პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ აქტორებთან თანამშრომლობა, ზოგადი და კონკრეტული პოლიტიკური მიზნები და მათი მიღწევის გზები.

შიდაპარტიული ინფორმაციის გაცვლის ეფექტური მექანიზმის შექმნა. ქართული პარტიების უმრავლესობაში სხვადასხვა დონეს შორის ინფორმაციის გაცვლის კარგად ჩამოყალიბებული მექანიზმები არ არსებობს. ჩვეულებრივ, ეს ცალმხრივი ურთიერთობებია, რომელშიც პარტიის ცენტრალური ოფისი თავისი ინიციატივით უკავშირდება ადგილობრივ წარმომადგენლობებს. ამ უკანასკნელთ გაცილებით მეტად უჭირთ დაკავშირება პარტიის ხელმძღვანელობასთან. ქვედა დონის ორგანიზაციებს შორის ურთიერთობები ნაკლებად არის განვითარებული. ორმხრივი და მრავალმხრივი კონტაქტებისთვის და ინფორმაციის გასაცვლელად საჭირო ინსტიტუციური მექანიზმების არარსებობა პარტიის, როგორც ერთიანი ორგანიზაციის, მუშაობის ეფექტურობას ამცირებს და აფერხებს ადგილობრივი ორგანიზაციების მონაწილეობას პარტიულ აქტივობებსა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.

საკომუნიკაციოდ და ინფორმაციის გასაცვლელად საჭიროა უფრო მოქნილი მექანიზმების შექმნა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პარტიების მუშაობას და მათ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

შუა დონის აქტივისტების ცოდნის ამაღლება. ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ მრავალი ერთგული აქტივისტი და ადგილობრივი ლიდერი, რომელთაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვეს საარჩევნო კამპანიის მართვის და პარტიული საქმიანობის სხვა სფეროებში. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ხერხემალს წარმოადგენენ, ხშირად ცოდნის განახლებას საჭიროებენ. მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება დადებითად იმოქმედებს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებაზე.

შიდაპარტიული კონფლიქტების და უთანხმოებების დარეგულირების ფორმალური მექანიზმების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ გარდაუვალია პარტიებში შიდაკონფლიქტების და დაპირისპირებების წარმოქმნა, მათი დარეგულირების მექანიზმები ფორმალურად არ არის გაწერილი. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც მეტ-ნაკლებად კონფლიქტურ სიტუაციას არეგულირებს, პარტიის წესდებაა. თუმცა ის მხოლოდ იმ დანაშაულობებს გამოყოფს, რომლის შემთხვევაში პარტიას წევრის გარიცხვა შეუძლია.

უთნხმოების ან კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში ისინი, ჩვეულებრივ, დაპირისპირებულ მხარეებს შორის არაფორმალურ განხილვებს მიმართავენ, რომელსაც პარტიის ავტორიტეტული წევრები ესწრებიან. ბევრ შემთხვევაში ეს მექანიზმი ეფექტურია. თუმცა, წევრთა უფლებებისა და ქცევის განმსაზღვრელი, კონფლიქტების გადაჭრის ნათელი და გამჭირვალე მექანიზმების არარსებობა პროცესს მთლიანად პიროვნებებზე და პიროვნულ ნდობაზე ხდის დამოკიდებულს. ეს პარტიის სტრუქტურას უფრო დახურულს ხდის და წევრების პირადი ურთიერთობების მქონე ადამიანთა ჯგუფის მიღმა გაფართოებას ზღუდავს. ის წევრების მიერ პარტიის ადამიანთა არაფორმალურ ჯგუფთან და არა კონკრეტულ პოლიტიკასთან, ღირებულებებთან ან სოციალურ ინტერესებთან იდენტიფიცირების ტენდენციას აძლიერებს. უფრო მეტიც, რამდენადაც მსგავსი უთანხმოებები პირად დაპირისპირებაში ადვილად გადადის, არაფორმალური ლიდერების ჩარევა არასაკმარისია კონფლიქტის მოსაგვარებლად და საქმე ხშირად განხეთქილებითაც მთავრდება.

პარტიების მიერ წევრთათვის სავალდებულო ქცევის კოდექსის მიღება და მათი განხორციელების მექანიზმების დანერგვა, ხელს შეუწყობს კონფლიქტების თავიდან აცილებას ან დარეგულირებას და მათი შიდა ორგანიზაციული სტრუქტურის მდგრადობას.

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. პარტიები ხშირად უცხო ქვეყნების მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიებისა და პარტიების საერთაშორისო გაერთიანებებთან კავშირების გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებენ. ამ კონტაქტებისგან ერთი სავარაუდო სარგებელი უფრო განვითარებული და კონსოლიდირებული პარტიების გამოცდილების გაზიარება შეიძლება იყოს. ეს, ძირითადად, გულისხმობს მათ ზოგად ინსტიტუციურ განვითარებასა და წარსულში მსგავსი პრობლემების გადაწყვეტის გამოცდილებას. ამ კუთხით, ქართულ პარტიებს არა მარტო მსგავსი იდეოლოგიის მქონე პარტიების გამოცდილების გაიზიარება შეუძლიათ: აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა რეპსუბლიკებში მოქმედი პარტიების გამოცდილებაც განსაკუთრებით ფასეული შეიძლება აღმოჩნდეს.

ქართული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო კონტაქტები, ძირითადად, ფრაგმენტული ხასიათისაა. თუ პარტიები საერთაშორისო ურთიერთობების მკაფიო სტრატეგიას შეიმუშავბენ, ნათლად გამოკვეთენ საკუთარ საჭიროებებს და მოლოდინებს, აღნიშნული კონტაქტები გაცილებით მომგებიანი იქნება მათთვის. მსგავსი სტრატეგიის შემუშავება პარტიებს სამომავლოდ ყველაზე სასურველი პარტნიორების შერჩევაში დაეხმარება.

5. უფრო მეტი შიდა დემოკრატია პარტიებში

პარტიულ საქმიანობაში წევრთა როლის გაზრდა. ქართული პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა წევრობის ინსტიტუტის გადახალისების პროცესში იმყოფება. ეს პროცესი აქტიური და ერთგული პარტიული აქტივისტების ჯგუფების შექმნის და მათი პასიური წევრებისა და მხარადამჭერებისგან განცალკევების მიმართულებით მიდის. თუმცა, მთავარი აქცენტი პარტიის შიგნით წევრის მოვალეობების განსაზღვრაზე კეთდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მიდგომა ეფექტური პარტიული ორგანიზაციის შესაქმნელად შეიძლება სასარგებლო იყოს, წევრთა უფლებების მკაფიო განსაზღვრა და მათი გაფართოება ამ უკანასკნელთა საქმიანობას უფრო შედეგიანს გახდის, ხოლო პარტიის წევრობას პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების ნაწილისთვის უფრო მიმზიდველად წარმოაჩენს.

ამჟამად, რიგითი წევრები არჩევნებს შორის პერიოდში ნაკლებად არიან ჩართულნი პარტიის საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მცირე როლს თამაშობენ. ასეთი ვითარება ხელს უშლის წევრთა იდენტიფიცირებას პარტიასთან. ინიციატივების წამოყენების, დებატებში მონაწილეობის, გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენისა და პარტიულ თანამდებობაზე არჩევის და კანდიდატურის წამოყენების მეტი შესაძლებლობა შეიძლება პარტიის საქმიანობაში ჩასართავად მნიშვნელოვან მოტივად იქცეს და პარტიის შესაძლო წევრების რაოდენობის გაზრდასაც შეუწყოს ხელი.

წევრთა როლის გაზრდა ხელს შეუწყობს პარტიის მიერ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გამოკვეთას და მათ პარტიულ პროგრამაში ჩართვას. ეს შიდა დემოკრატიის გაზრდასთან დაკავშირებულ შემდეგ რეკომენდაციასაც უკავშირდება.

პოლიტიკის ანალიზის სფეროში პარტიის წევრთა უნარების გაზრდა. პარტიის პოლიტიკის ფართო განხილვის ტრადიციის არარსებობა წევრების არასაკმარისი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ შესაბამისი უნარების არქონაც, ალბათ, პასიურობის კიდევ ერთი ობიექტური ფაქტორია. პარტიები შეიძლება მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, თუ მონახავენ გზებს სხვადასხვა დონის აქტივისტების მოსამზადებლად პოლიტიკის ფორმულირებისა და ანალიზის სფეროში. ეს საშუალებას მისცემს წვერებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ შიდაპარტიულ პროცესში და მონაწილეობა მიიღონ პარტიის პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრაში.

პარტიული ორგანიზაციული სტრუქტურის მეტი დეცენტრალიზაცია. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პარტიების უმრავლესობას საკმაოდ ცენტრალიზებული სტრუქტურა აქვთ. პარტიების ფინანსური, ინტელექტუალური და ადამიანური რესურსების ძირითადი ნაწილი ცენტრშია თავმოყრილი, ხოლო ადგილობრივი ორგანიზაციების როლი, უმეტესწილად, ცენტრალური ოფისის მიერ ინიცირებული კამპანიების ჩატარებით შემოიფარგლება. გარდა იმისა, რომ ასეთი ვითარება ზღუდავს პარტიების შიდა დემოკრატიას, ის პარტიის მართვას ნაკლებ ეფექტურსა და მოქნილს ხდის. თუმცა, ამას თავის ობიექტური მიზეზები აქვს. ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის ცენტრალიზაცია ადგილს არ ტოვებს ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის, რაც, ლოგიკურად, პარტიებსაც არ უტოვებს დეცენტრალიზაციის სურვილს. ადმინისტრაციული დეცენტრალიზაცია ადგილობრივი პოლიტიკის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

არსებული სიტუაციის მიუხედავად, პარტიებს ადგილობრივი და რეგიონული ორგანიზაციებისთვის მეტი ფუნქციებისა და კომპეტენციების განაწილება შეუძლიათ. ამ პროცესში ადგილობრივმა ორგანიზაციებმა მეტი უფლებები შეიძლება მოიპოვონ ფინანსების მოსაზიდად და მათ განსაკარგავად, უფრო მეტად ჩაერთონ პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაში და მეტი თავისუფლება მიიღონ ადგილობრივი ხელმძღვანელების არჩევაში.

დეცენტრალიზებული პარტიული ორგანიზაციების დადებით მხარეებს მიეკუთვნება რეგიონებში ადგილობრივი სპეციფიკის უკეთ გათვალისწინება, პარტიის წევრების მოტივაციის გაზრდა, ახალი ლიდერების ჩამოყალიბება და პარტიის პოპულარობის გაზრდა.

პარტიული ფინანსების დეცენტრალიზაცია. პარტიების წინაშე არსებული ფინანსური და მატერიალური რესურსების ნაკლებობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ადგილობრივი ორგანიზაციების წინაშე. პრობლემის სიმწვავე რაიონებში სახსრების მოზიდვის ნაკლებ შესაძლებლობასთან ერთად პარტიული სტრუქტურის გადაჭარბებული ცენტრალიზაციითაც არის გამოწვეული. ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციისთვის ფინანსების მოზიდვისა და განკარგვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება ხელს შეუწყობდა ადგილებზე მათ ძლიერ და ავტონომიურ მოთამაშეებად ჩამოყალიბებას, ასევე, კონკრეტული ინიციატივების წამოყენებას, საარჩევნო კამპანიის და სხვა აქტივობების ეფექტურ ჩატარებას.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარტიის წევრი ქალების მეტი ჩართულობა და სხვადასხვა დონის არჩევნებზე ქალი კანდიდატებისთვის მხარდაჭერა. თითქმის ყველა მნიშვნელოვან ქართულ პოლიტიკურ პარტიაში არსებობს გარკვეული ბალანსი ქალ და მამკაც წევრებს შორის. ქალები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარტიის ქვედა დონეების საქმიანობაში. ზოგიერთ პარტიაში ცალკეული ქალი ლიდერებიც ჰყავთ. თუმცა, ქალთა მონაწილეობა და გავლენა გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე პარტიული სტრუქტურის ზედა დონეებზე საკმაოდ დაბალია. ეს ზიანს აყენებს პარტიის წარმომადგენლობითობას და მისი საქმიანობის ეფექტურობას.

მნიშვნელოვანია, რომ ცენტრთან შედარებით, რეგიონში გაცილებით მეტი წარმატებული ლიდერი პოლიტიკოსი ქალია. ასევე მაღალია პარტიული ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე ქალთა რიცხვი; ისინი ბევრს აკეთებენ პარტიის წარმატებისთვის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო ღია და გამჭვირვალე შიდაპარტიული საქმიანობის მარეგულირებელი წესების შემოღება დადებითად იმოქმედებს პარტიაში ქალთა წარმომადგენლობაზე.

შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარება ხელს შეუწყობს სხვადასხვა დონის არჩევნებზე ქალი კანდიდატების დასახელებას. ამასთან, ეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა და მამაკაცთა ჰარმონიული და ეფექტური წარმომადგენლობის მიღწევას შეუწყობს ხელს. რამდენადაც ძლიერი ქალი ლიდერები უფრო პარტიების ადგილობრივ დონეებზე გვხვდებიან, ამ ეტაპზე რეალური იქნებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქალი კანდიდატებისთვის მხარდაჭერა.

პარტიის წევრთა ტრენინგებისა და კადრების გადამზადებისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმომადგენლობას.

6. პარტიული იდენტობისა და პოლიტიკის განვითარება

პარტიების მიერ საკუთარი იდენტობისა და პრინციპების მკაფიოდ განსაზღვრა და წარდგენა. მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული წარმოდგენის თანახმად, ქართული პოლიტიკური პარტიების საქმიანობას არ წარმართავს იდეოლოგიური პრინციპების მეტ-ნაკლებად თანმიმდევრული სისტემა და მათი იდენტობაც ლიდერების პიროვნებებით არის განსაზღვრული. რიგით წევრებს ხშირად პარტიულ იდეოლოგიაზე და მიზნებზე ბუნდოვანი ან არასწორი წარმოდგენა აქვთ. პარტიებს ხშირად მათ მიერ აღიარებულ იდეოლოგიურ პრინციპებთან შეუთანხმებელი მოქმედებებისთვისაც აკრიტიკებენ. პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები ხშირად უსვამენ ხაზს წევრებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც პარტიის იდეოლოგიური სახის უკეთ გამოკვეთის საჭიროებას.

არსებული ვითარება აფერხებს სტაბილური პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, ზიანს აყენებს პარტიების სიცოცხლისუნარიანობას და ძირს უთხრის ამომრჩეველთა მიმართ მათ ანგარიშვალდებულებას. გამოკვეთილი პოლიტიკური წარსულისა და გარკვეულ პრინციპებთან იდენტიფიკაციის გარეშე პარტიისთვის ძალიან რთულია ამომრჩეველთა სტაბილური ჯგუფების ჩამოყალიბება.

გარკვეულ პრინციპებთან და პოლიტიკასთან გაიგივებული პარტიის იდენტობის შექმნის საუკეთესო საშუალება პარტიის შიგნით წევრებსა და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის ფართო დიალოგის ინიცირებაა. შეუძლებელია ზოგადი პოლიტიკური პრინციპების მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილებიდან და პოლიტიკური თეორიის სახელმძღვანელოებიდან სესხება. ისინი ადგილობრივი პრობლემებისა და მოთხოვნილებების მიხედვით უნდა იკვეთებოდნენ და აღნიშნულ პრობლემებსა და წუხილებზე მიმართული პოლიტიკური პლატფორმები უნდა გააჩნდეთ. ამ კუთხით, ერთობ მნიშვნელოვანია ზემოთ შემოთავაზებული წინადადებების გათვალისწინებაც: პოლიტიკის ანალიზისა და პოლიტიკის წარმართვის სფეროში პარტიული აქტივისტების უნარ-ჩვევათა განვითარება და მათ პარტიის პოლიტიკის ფორმულირების პროცესში ჩართვა.

ქართულ პარტიებს საკუთარი იდეოლოგიური იდენტობის გამოკვეთის ერთ-ერთ გზად, უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებთან ურთიერთობების დამყარება მიაჩნიათ. საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა შეიძლება ხელსაყრელი აღმოჩნდეს პოლიტიკის ანალიზის სფეროში პარტიის ლიდერებისა და აქტივისტების უნარების გასაზრდელად. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დამხმარე საშუალება შეიძლება იყოს იმისათვის, რომ მოცემულმა პარტიამ განსაზღვროს თავისი როლი ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში.

7. საზოგადოებასთან დაშორების შემცირება

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საზოგადოებრივი ინტერესების აგრეგაციის გზების დახვეწა. ხშირად ქართული პარტიები აღიქმებიან როგორც საზოგადოებას მოწყვეტილი ინსტიტუტები. საზოგადოებამ შეიძლება ბევრი იცოდეს ცალკეულ პოლიტიკოსთა ურთიერთობებზე, მაგრამ მისთვის ნაკლებადაა ცნობილი პარტიების, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციების, საქმიანობა.

პოლიტიკური პარტიები უკეთ რომ დაუახლოვდნენ ქართულ საზოგადოებას, ამისთვის რამდენიმე გზაა. ერთი მათგანია საზოგადოების მოთხოვნების შესწავლა, რისი მიღწევაც სხვადასხვა ჯგუფთან და ქართულ კვლევით ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტით არის შესაძლებელი. მეორე მხრივ, პარტიებისთვის მნიშვნელოვანი სარგებლობა შეიძლება მოიტანოს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან დიალოგებისა და დისკუსიების სისტემის ჩამოყალიბებამ. პარტიები მაშინ არიან ძლიერები, თუ უკუკავშირს ესწრაფვიან თავისი პოლიტიკისა და გადაწყვეტილებებისათვის.

ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებენ შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარების მექნიზმებს და წევრების, აქტივისტებისა და მხრადამჭერების მეტ ჩართულობას პარტიის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს იმ თვალსაზრისით, რომ შეცვალოს პარტიების იმიჯი, როგორც შედარებით დახურული ელიტარული ჯგუფებისა. პარტიებს დახმარება შეიძლება გაეწიოთ იმაში, რომ შეიმუშაონ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესებისა და რიგითი ადამიანების პრობლემების შეფასების მექანიზმები.

ახალი წევრების მოზიდვის პოლიტიკის გაფართოება კონკრეტულ სოციალურ და ინტერეს-ჯგუფებზე მიმართვით. პარტიების ახალი წევრების მოზიდვის პოლიტიკა, ძირითადად, წევრების ახლო გარემოცვაზე, მათ მეზობლებზე, ნათესავებზე და მეგობრებზე არის ორიენტირებული. მართალია, ახლო პერსპექტივაში მჭიდრო პიროვნული ურთიერთობები ეფექტურია, სამაგიეროდ, ისინი პარტიების დახურულ ჯგუფებად აღქმას უწყობენ ხელს და ზღუდავენ საერთო სოციალურ ინტერესებსა და იდეოლოგიურად ახლო მყოფ პირთა პარტიაში გაწევრიანებას.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია პარტიების მიერ მხრადამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების გამოკვეთა და მათთან კარგად ორგანიზებული კამპანიის წარმართვა. ეს დაეხმარება პარტიებს, უკეთ დაანახონ საზოგადოებას თავისი პოლიტიკური პოზიციები, შექმნან მხარდამჭერთა სტაბილური ჯგუფი და მოიზიდონ მოტივირებული ახალი წევრები.

პროფესიულ გაერთიანებებთან, ინტერეს-ჯგუფებთან და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება. საქართველოში სამოქალაქო ორგანიზაციების კარგად განვითარებული ქსელი არ არსებობს და მასში მოქალაქეთა მცირე ნაწილი თუ არის ჩართული. შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართული პოლიტიკური პარტიები ამ ორგანიზაციებს არ აღიქვამენ როგორც საზოგადოების წარმომადგენლობით ნაწილს და არ ესწრაფვიან მათთან მყარი კონტაქტების დამყარებას. თუ ასეთი კონტაქტი დამყარდა, ამას მოკლევადიანი გათვლა უდევს საფუძვლად: მიიღონ პოლიტიკური მხარდაჭერა. ასეთი ურთიერთობები იშვიათად არის წარმატებული, რადგან სამოქალაქო ორგანიზაციები პოლიტიკური ნეიტრალურობის შენარჩუნებას ცდილობენ. ზოგიერთი პარტია არსებულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებას საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნას ამჯობინებს.

არსებულ სამოქალაქო ორგანიზაციათა ქსელს შეიძლება ფართო სოციალური ბაზა არ გააჩნდეს, მაგრამ ის მოიცავს ქართული საზოგადოების აქტიურ ნაწილს და ახმოვანებს მნიშვნელოვან პროფესიულ ან სამოქალაქო ინტერესებს. პარტიებისთვის ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მოტივაცია მოკლევადიანი პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. სამოქალაქო ორგანიზაციები პარტიებისთვის საზოგადოების საჭიროებათა და ინტერესების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი წყარო და პარტიის სტრატეგიის უკუგების ნაყოფიერი საშუალება შეიძლება იყოს. უკიდურეს შემთხევაში, ამ კონტაქტების მეშვეობით პარტიები უფრო ფართო სოციალურ ჯგუფებთან ურთიერთობების დამყარებას შეძლებენ.

რეკომენდაციები დონორებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს

1990-იანი წლებიდან საერთაშორისო აქტორები პოლიტიკური პარტიების დახმარების სხვადასხვა პროგრამას ახორციელებენ. თუმცა, სამოქალაქო სექტორის და ინსტიტუციური მშენებლობის დახმარებასთან შედარებით მათი საქმიანობის ეს მიმართულება საკმაოდ შეზღუდულ ხასიათს ატარებდა. უცხოური დონორები ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ზედმეტად არასტაბილურად მიიჩნევდნენ და ქვეყნის პოლიტიკაში ჩართვის ბრალდებების აცილებას ცდილობდნენ.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური ორგანიზაციები ახალი გამოწვევების წინაშე დადგნენ. პარტიების როლის გაზრდა შეიძლება ახალი და პოზოტიური პოლიტიკური გარემოს შექმნის მიზეზი გახდეს. მმართველ და ოპოზიციურ პარტიებში სამოქალაქო სექტორიდან მრავალი ცნობილი ფიგურის გადასვლაც ვინძლო ამაზე მიუთითებდეს. პოლიტიკური პარტიები აღიარებენ მეტი ინსტიტუციონალიზაციის საჭიროებას და საამისოდ გარედან დახმარების მიღების დიდი მოტივაცია აქვთ. კვლევის დროს პარტიები მუდამ ამახვილებდნენ ყურადღებას საკუთარ მზადყოფნაზე, ითანამშრომლონ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აქტიურად ჩაერთონ მათ მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებო და კვლევით საქმიანობებში. ისინი პრიორიტეტს ისეთ პროგრამებში მონაწილეობას ანიჭებენ, რომლებიც პარტიის აქტივისტების მომზადებას, პარტიული სტრატეგიის ფორმულირებას და პარტიების ორგანიზაციული განვითარების მოდელების შერჩევას შეეხება.

ყოველივე ეს მიუთითებს, რომ პარტიების დახმარების პროგრამების აშკარა საჭიროება არსებობს და, რომ ქართული პარტიები მზად არიან ასეთი თანამშრომლობისათვის და იმედი აქვთ, აქედან სათანადო სარგებელი ნახონ. მომდევნო გვერდებზე განხილულია ზოგიერთი მიმართულება, რომელთა ფარგლებში გარე დახმარება შეიძლება ნაყოფიერი იყოს როგორც ცალკეული პარტიებისთვის, ისე მთლიანად ქართული პოლიტიკური პარტიული სისტემისთვის.

პარტიათა შორის დიალოგისთვის მხარდაჭერა. საქართველოში მრავალპარტიული სისტემის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაღობა პარტიებს შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების არარსებობაა. მთლიანად ქართული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს პარტიებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები.

დღემდე პოლიტიკურ პარტიათა დახმარების პროგრამები, უმეტესწილად, ცალკეული პარტიების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურებოდა. ბუნებრივია, პარტიათა შორის ურთიერთობათა გაუმჯობესება პირველ რიგში თავად პოლიტიკური მოთამაშეების ზრუნვის საგანია. თუმცა, გარე ინსტიტუტებს, ქართულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მიზნის მიღწევაში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ.

კერძოდ, გარე მოთამაშეებს შეუძლიათ პოლიტიკური პარტიებისთვის დიალოგისა და თანამშრომლობის ნეიტრალური სივრცე შექმნან. ლიდერებისა და აქტივისტების შეხვედრებისას აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან ერთად ყველა მხარისთვის საინტერესო ნეიტრალური საკითხების განხილვაა შესაძლებელი, როგორებიცაა პარტიების განვითარება, საგანმანათლებო და კულტურული საქმიანობა და სხვა. ასეთ აქტივობებში ჩართვა საშუალებას მისცემს პარტიებს, გააცნობიერონ, რომ პარტიათა შორის თანამშრომლობა და დიალოგი ცალკეული ორგანიზაციისთვის განვითარების უფრო ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

პარტიის მშენებლობასა და სტრუქტურულ განვითარებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა. დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურ პარტიებთან განხორციელებული პროგრამების უმრავლესობა ორიენტირებული იყო არჩევნებზე. კერძოდ, მათი მიზანი იყო საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ტექნოლოგიების დახვეწა. მაგრამ დიდია საჭიროება იმისაც, რომ მუშაობა წარიმართოს პარტიების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.

მსგავსი პროგრამების განხორციელებისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს პოლიტიკური პარტიების ორგანიზაციულ გაძლიერებასა და შიდა დემოკრატიის განვითრებისკენ მიმართულ აქტივობებს. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, პარტიები მთავარ აქცენტს მხოლოდ პირველ საკითხზე აკეთებენ, ხოლო შიდა დემოკრატიის ნაკლებობას მნიშვნელოვან პრობლემად არ აღიქვამენ. თუმცა, მხარდაჭერითი პროგრმების მიზანი უნდა იყოს პრაქტიკული დემონსტრაცია იმისა, რომ აღნიშნული ორი საკითხი ურთიერთგადაჯაჭვულია: უფრო მოქნილსა და წარმომადგენლობით პარტიულ სტრუქტურას შეუძლია გაზარდოს საზოგადოებრივი მხარდაჭერა და საკუთარი წევრების მოტივაცია.

ამ მიზნის განსახორციელებლად უნდა შეიქმნას ტრენინგებისა და საგანმანათლობო პროგრამები. მათ არ უნდა შესთავაზონ პარტიებს რაღაც ერთი უნივერსალური მოდელი. თითოეული პარტია საკუთარი შეხდულებებისა და მიზნების შესაბამისად უნდა განვითარდეს. ოღონდ, პარტიული სტრუქტურის განსხვავებულ მოდელებზე პარტიების ლიდერებს და წევრებს სრული ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ. ამ მოდელების ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა კი შესაძლოა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართოს. საკითხისადმი ასეთი მიდგომა პარტიებს თავისუფალი არჩევანის საშუალებას მისცემს. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა პარტიის გამოცდილების მოშველიებით პარტიების წარმომადგენლებისთვის ორგანიზაციის შიგნით ფორმალური პროცედურების გაძლიერების და შიდა დემოკრატიის გაფართოების სარგებლობის დემონსტრირება და იმ სპეციფიკური საკითხების და გამოწვევების განხილვა, რომელთა წინაშე ქართული პოლიტიკური პარტიები ამჟამად დგანან.

მნიშვნელოვანია, რომ მსგავს საქმიანობაში ჩაერთონ არამარტო პარტიების ხელმძღვანელები, არამედ სხვადასხვა დონის აქტივისტებიც. ეს საქმიანობა ერთჯერადი საგანმანათლებო ღონისძიებით არ უნდა შემოიფარგლოს და შესაბამისმა ღონისძიებებმა სისტემატური ხასიათი უნდა მიიღოს.

პარტიებისთვის მხარდაჭერა საკუთარი პოზიციების უკეთ განსაზღვრასა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ტრენინგებისა და საგანმანათლებო პროგრამები ფოკუსირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პარტიის წევრებმა აიმაღლონ პოლიტიკის ანალიზისა და ფორმულირების, პოლიტიკური პოზიციების ჩამოყალიბების უნარ-ჩვევები. ტრენინგები უნდა დაეხმარონ პარტიების წარმომადგენლებს პოლიტიკის ფორმულირებისას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სათანადო ინტერპრეტაციაში. ამგვარი მუშაობა დაეხმარება პარტიებს საკუთარი იდენტობის უკეთ განსაზღვრაში, ასევე გაზრდის პარტიის პოზიციისა და პოლიტიკის ფორმულირების პროცესში ორგანიზაციული სტრუქტურის სხვადასხვა დონის აქტივისტების ჩართვას. შესაბამისად მომზადებული წევრები უკეთ შეძლებენ საკუთარი პარტიის მიზნებისა და საქმიანობის გაცნობიერებას. ეს ხელს შეუწყობს პარტიის მუშაობის ეფექტურობის, მდგრადობის და შიდა დემოკრატიის ზრდას. ამასთან, დაეხმარება საკუთარი პოლიტიკური სახის გამოკვეთაში.

ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამები, ზოგადად, პოლიტიკის ანალიზისა და ფორმულირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობენ, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება უფრო ეფექტური იყოს მათი მუშაობა, თუ დაეხმარებიან პარტიებს კონკრეტული პოლიტიკური წინადადებების მკაფიოდ ფორმულირებაში.

რეგულარული კვლევების ჩატარება საზოგადოებრივი აზრის, პარტიული მუშაობის ეფექტურობის და პარტიათა პოლიტიკური ქცევის მიმართულებით. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც საზოგადოებასა და პოლიტიკურ ელიტებს შორის კავშირების სისუსტეს განაპირობებს, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობაა. პარტიებს არ აქვთ ნათელი და სრული წარმოდგენა საზოგადოების მოთხოვნილებებზე, თავის მხრივ, საზოგადოებამ არ იცის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პარტიების პოზიცია და მისგან მოსალოდნელი ქცევა.

გარეშე აქტორებმა პარტიებსაც და საზოგადოებასაც მნიშვნელოვანი დახმარება შეიძლება გაუწიონ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ისეთი საშუალებების განვითარებით, როგორიცაა სოციოლოგიური გამოკითხვები და ფოკუს-ჯგუფები. საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს მეტი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ჩატარება ესაჭიროებათ, რომლებიც ცალკეული პარტიების, მთლიანად პარტიული სიტემისა და ქვეყნის წინაშე არსებული კონკრეტული პრობლემების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის დამოკიდებულებას გამოამჟღავნებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ასეთი სახის ინფორმაციის ნაკლებობა ნაწილობრივ შეავსო, თუმცა უფრო ღრმა და გამოწვლილვითი კვლევების საჭიროება ჯერ კიდევ არსებობს, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომი იქნება როგორც კვლევითი ორგანიზაციებისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

ასევე ნაკლებად ხდება შიდაპარტიული საქმიანობის და ორგანიზაციული განვითარების კვლევა. ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი ის ძირითადი ორგანიზაციებია, რომლებიც ამ კუთხით პარტიებთან თანამშრომლობენ. თუმცა, უფრო მეტი ძალისხმევა და ინფორმაციის მოპოვება კვლავ აუცილებელია.

ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მათ მიერ დეკლარირებულ იდეოლოგიურ პრინციპებთან და მიზნებთან მათი საქმიანობის შეუსაბამობისთვის აკრიტიკებენ; მაგრამ, ამის შეფასების საშუალებები არ არსებობს. ამომრჩევლები სათანადოდ არ არიან ინფორმირებულნი იმ სუბიექტების პოლიტიკური წარსულის შესახებ, რომელთა შორისაც მათ არჩევანი უნდა გააკეთონ. ამ ინფორმაციის ნაკლებობის შესავსებად საჭიროა არჩევით ორგანოებში კონკრეტული პარტიისა თუ პოლიტიკოსის ქცევის და სხვადასხვა საკითხზე გამოთქმული მოსაზრებების შესწავლა. აუცილებელია ასეთი კვლევების შედეგების გაანალიზება და საზოგადოებითვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

მსგავსი კვლევების შედეგების ფართო ხელმისაწვდომობა საშუალებას მისცემდა პარტიებსაც და საზოგადოების რიგით წევერებსაც, უკეთ შეეფასებინათ მათი წარმომადგენლების პოლიტიკური ქცევა და მათ მიერ გატარებული პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულობა. ასეთი მონაცემების არსებობა პარტიების ლიდერებს უფრო მიზანმიმართული და თანმიმდევრული პოლიტიკის შექმნაში დაეხმარებოდა. ასევე ხელს შეუწყობდა საზოგადოებისთვის პარტიების რეალური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

პარტიებში პროფესიული საზოგადოებრივი ურთიერთობების ჯგუფების განვითარებისთვის ხელშეწყობა. პარტიათა უმრავლესობას საზოგადოებასთან ურთიერთობების ჯგუფები ცენტრალურ მმართველობით ოფისებში აქვთ შექმნილი. მათი მთავარი მოვალეობა ლიდერთა პრეს-კონფერენციების ორგანიზება, პრეს-რელიზების მომზადება, გავრცელება და მედიის მონიტორინგია. თუმცა, პარტიებს არ აქვთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ჩამოყალიბებული სტრატეგია და აკლიათ ამ ურთიერთობების წარსამართად საჭირო თანამედროვე ცოდნა. ეს ჯგუფები ხშირად საზოგადოების აზრის მდგომარეობის შესახებ ნაკლებად არიან ინფორმირებულნი.

გარე აქტორებს შეუძლიათ დახმარება გაუწიოინ პარტიებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ჯგუფების შესაძლებლობათა გაფართოებაში. კერძოდ, ეს დახმარება შეიძლება გამოიხატოს ტრენინგებით, რომლებიც მიმართული იქნება საზოგადოების აზრის და საჭიროებათა ანალიზზე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებაზე, ახალი ტექნოლოგიების შესწავლასა და უნარ-ჩვევების დახვეწაზე.

პოლიტიკურ პარტიებში გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში ქალთა ჩართულობის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება. ქალი წევრები, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე, საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი პარტიულ საქმიანობაში, მაგრამ ნაკლებ მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თითქმის ყველა პარტია აღიარებს ბალანსის არარსებობას, მაგრამ არც ერთ მათგანს ამ პრობლემის დაძლევის შესაბამისი გეგმა არ აქვს ჩამოყალიბებული.

გარე აქტორების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პარტიებს აღნიშნული პრობლემების დაძლევაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ღონისძიებებში ჩართულნი იყვნენ პარტიული იერარქიის სხვადასხვა დონის აქტივისტი როგორც ქალები, ისე მამაკაცები.

გენდერულ თანასწორობაზე საჯარო დისკუსიების ინიცირება და მათში წარმატებული პოლიტიკოსი ქალების ჩართვა. ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დაბალია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა წარმომადგებლობის აუცილებლობის გაცნობიერება. მედიაც ხშირად ნაკლებ ყურადღებას უთმობს ამ თემას.

დღეს ჩანს საჭიროება იმისა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის პრობლემაზე საზოგადოებამ ყურადღება შეაჩეროს. ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებს შეუძლიათ გამოიჩინონ ინიციატივა, რომ უფრო მაღალი იყოს საჯარო ინფორმაციულობა. მათ შეიძლება ყურადღება გაამახვილონ ქალთა მონაწილეობის ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენაზე, ჩამოაყალიბონ მათი გადალახვის რეკომენდაციები და ხელი შეუწყონ ქალთა პოლიტიკური საქმიანობის მიმართ ინტერესის გაზრდას.

პარტიების ხელშეწყობა მყარი საერთაშორისო კავშირების დამყარებაში. ყველა პარტია ხაზს უსვამს საერთაშორისო კავშირების და თანამშრომლობის აუცილებლობას და დადებით ეფექტს. თუმცა, მცირე გამონაკლისების გარდა, მათ ამ სფეროში თანმიმდევრული სტრატეგიები არ აქვთ შემუშავებული. ისინი სიამოვნებით იღებენ საერთაშორისო კავშირებისგან სარგებლს, მაგრამ თავად ამ კონტაქტების დამყარებაში იშვიათად აქტიურობენ.

ყველა პარტიას აქვს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, მაგრამ ისინი გამოცდილებისა და რესურსების სიმცირეს განიცდიან. გარე აქტორებს პარტიების პროფესიული საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების შექმნაში და მათი თანამშრომლების უკეთ მომზადებაში შეუძლიათ დახმარება.

პარტიების ფუნქციური ორგანიზაციების ხელშეწყობა საერთაშორისო კავშირების დამყარებაში. თითქმის ყველა პარტიას ჩამოყალიბებული აქვს ქალთა და ახალგაზრდათა ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები, ჩვეულებრივ, პარტიების გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოების საქმიანობაში არიან ჩართულნი. ეს ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარტიების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან ურთიერთობების გამყარებაში და საზოგადოებაში მათი იმიჯის გაუმჯობესებაში.

ფუნქციურ ორგანიზაციებს იშვიათად აქვთ საერთაშორისო კავშირები და ხშირად ნაკლებ ინფორმაციას ფლობენ უცხო ქვეყნების პარტიების მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობაზე. ასეთი კონტაქტების დამყარებაში მათი მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ფუნქციების გადახალისებასა და საქმიანობის ეფექტურობას. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ასევე ხელმისაწვდომს გახდის მრავალფეროვანი და წარმომადგენლობითი ღონისძიებების ჩასატარებლად აუცილებელ რესურსებს. უფრო მეტიც, ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციების მიერ დამყარებული მჭიდრო საერთაშორისო კავშირები შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში პარტიებს შორის წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველიც გახდეს.

პარტიების საქმიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური პარტიების დახმარების არც ისე ბევრი სტრატეგიული პროექტი განხორციელებულა, რთულია სხვადასხვა აქტორის მიერ ჩატარებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ინფორმაცის გაცვლა ამ პროგრამებს შორის თითქმის არ ხდება. ხშირად ჩატარებული პროექტების შესახებ ინფორმაციის არსებობის პირობებშიც კი, მისი შედეგების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება არ ხდება. ყოველივე ეს პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ მიმართული ახალი პროექტების შესაძლო ეფექტურობას ამცირებს.

ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნისა და პროექტებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა დაეხმარებოდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს შეთანხმებული და მიზანმიმართული პროექტების განხორციელბაში. ამასთან, სასურველი იქნება დაინერგოს ჩატარებული პროექტების შედეგების და მათგან მიღებული გამოცდილების რეგულარული შეფასების სისტემა.

სამოქმედო გეგმა

საქართველოში დემოკრატიული და პროგრამული პარტიების ინსტიტუციური განვითარების მონახაზი, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი, ფართო და მრავალმხრივ რეკომენდაციებს შეიცავს. პროგრამა, რომელიც პოლიტიკური პარტიების ინტერქტიული კვლევის შედეგად შემუშავდა, ხუთ ძირითად მიმართულებად შეიძლება დაიყოს, რომელთა შესაბამისად შესაძლებელი გახდება ქართული პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე მიმართული მომავალი საშუალო და გრძელვადიანი პროექტების განხორციელება. ეს მიმართულებებია:

1. პირველი პარტიების ორგანიზაციული განვითარებაა: ამ მიმართულებით მუშაობის მთავარ ასპექტს შიდა ელიტებისა და აქტივისტების შერჩევის კრიტერიუმების უკეთ ჩამოყალიბება წარმოადგენს, რაც პარტიების ერთიანობას და შეთანხმებულ მუშაობას შეუწყობს ხელს. პარტიებმა, თავის მხრივ, გამოხატეს მათი წევრების, აქტივისტებისა და მხარდამჭერების როლის გადახალისების საჭიროება. ამჟამად პარტიებს სურთ იმუშაონ შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების არსებული რეალობისადმი ადაპტაციასა და დახვეწაზე. მართალია, ამ მიმართულების გარკვეული პროექტების განხორციელება მრავალპარტიულ გარემოში შეიძლება წარიმართოს, მაგრამ პარტიებს მიაჩნიათ, რომ შიდა დოკუმენტების და პარტიების საქმიანობის სხვა ასპექტების გაუმჯობესებაზე მიმართული საქმიანობა უშუალოდ კონკრეტულ პარტიებზე უნდა იყოს გათვლილი (თუმცა, მისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პარტიისათვის).

2. მომავალი თანამშრომლობის მეორე მიმართულებად პარტიების საერთაშორისო კავშირების, კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტიულ გაერთიანებებთან კავშირის დამყარებაა, რომლის საჭიროებასაც თავად პარტიები აღიარებენ. ამ ურთიერთობების მიზანი პარტიული იდეოლოგიისა და პოლიტიკის, ორგანიზაციული განვითარების გეგმების, საარჩევნო სტრატეგიისა და შიდა პროცედურების დახვეწაა. ყველა პარტია ევროპის ქვეყნების პარტიების ლიდერებთან, აქტივისტებთან და წევრებთან გამოცდილების გაზიარების სურვილს გამოთქვამს. ამ მიმართულებაში შესაძლებელია პოლიტიკის ფორმულირებისა და განხორციელების სფეროში სასწავლო პროგრამების, ოპოზიციური საპარლამენტო საქმიანობის და შიდაპარტიული დისკუსიების განვითარების ხელშეწყობის ჩართვა. ამ მიმართულებითაც პროგრამების განხორციელება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალპარტიულ ფორმატში, რომელშიც ყველა პარტიას მონაწილეობის თანაბარი საშუალება ექნება.

3. მესამე, პარტიები ადგილობრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებასაც უსვამენ ხაზს. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში პარტიები სუსტად არიან წარმოდგენილნი ან ადგილებზე სტრუქტურული განვითარების პრობლემას განიცდიან. რამდენადაც ამ კუთხით პარტიები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მსგავსი პროექტების განხორციელება პარტიებთან ინდივიდუალურად უნდა მოხდეს. პარტიები ასევე ფუნქციური - ახალგაზრდული და ქალთა - ორგანიზაციების აქტივისტებისთვის ტრენინგების ჩატარების სურვილს გამოთქვამენ. ამასთან, ამ მიმართულებაში უნდა მოთავსდეს პარტიის წევრთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებებიც. მათი უმრავლესობა მრავალპარტიულ გარემოში შეიძლება წარიმართოს, რადგანაც პარტიების უმრავლესობა ამ საკითხში საკუთარი საქმიანობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამს.

4. რაც შეეხება საქმიანობათა მეოთხე მიმართულებას, ქართული პარტიების სურვილია პარტიათა შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. როგორც ზემოთ აღინიშნა, პარტიები ერთმანეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას საჭიროებენ, რაც მრავალპარტიულ გარემოში შეიძლება იქნეს მიღწეული.

5. დაბოლოს, აქტივობათა მთელი რიგი უნდა მიიმართოს რესურსების სიმწირეზე, რასაც განიცდიან პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით, ოპოზიციონერები. ეს ხელს შეუწყობდა მათ პოლიტიკურ საქმიანობას როგორც ფინანსური, ისე ადამიანური თვალსაზრისით. ეს მიმართულება ასევე მოიცავს პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიულ გარემოში პოლიტიკის წარმოების შესახებ ქართული საზოგადოების ზოგადი ცოდნის ამაღლებას.

6 დამატება I: პოლიტიკური პარტიების წარმოშობა და ფუნქციები

▲ზევით დაბრუნება


პარტიების განვითარების მოკლე ისტორია

აქ წარმოდგენილი პარტიების ისტორიული კლასიფიკაცია, ძირითადად, ამერიკელი პოლიტოლოგების, რიჩარდ გიუნტერისა და ლარი დაიმონდის, კლასიფიკაციას ემყარება.1

პარტიები, ამ სიტყვის ფართო გაგებით, ჯერ კიდევ უძველეს სახელმწიფოებში არსებობდა. ისინი „დიდი ხნის განმავლობაში ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჩართულ დაპირისპირებულ ჯგუფებს“ წარმოადგენდნენ.2 ასე, ათენის სახალხო კრებაზე მოქალაქეები სოციალური სტატუსის, საცხოვრებელი ადგილისა და ამა თუ იმ მოღვაწის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით სხვადასხვა ჯგუფად იყოფოდნენ. ადრეული პარტიების მაგალითად შეგვიძლია გველფები და გიბელინები დავასახელოთ შუა საუკუნეების იტალიაში, ინგლისის რევოლუციის პერიოდში - კავალერები, მრგვალთავიანები, ლევერელები და ინდეპენდები.

პარტიები, დღევანდელი სახით, მხოლოდ ახალ დროში გაჩნდა. მათ პროტოტიპებად ვიგები და ტორები შეიძლება მივიჩნიოთ XVII-XVIII საუკუნეების ინგლისის პარლამენტში; ისინი სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის საკითხის მიმართ სხვადასხვა შეხედულების მქონე ჯგუფებს წარმოადგენდნენ. საკუთრივ, პარტიები ამ სიტყვის ვიწრო განმარტებას თუ ვიხმართ, მხოლოდ საკონსტიტუციო მთავრობისა და ჭეშმარიტი არჩევნების შემოღების შემდეგ გაჩნდა.3 პარტიების ამგვარი ვიწრო განმარტების მაგალითად შეიძლება გამოდგეს: „ორგანიზაცია, რომელიც მმართველებს მართულებთან აკავშირებს, ცდილობს, უზრუნველყოს წარმომადგენლობა და დაეუფლოს ხელისუფლებას არჩევნებზე კანდიდატთა წარდგენის გზით.“4 ამგვარად, პარტიების განვითარება არჩევნებთან, კერძოდ კი, მოსახლეობის ფართო ფენების მიერ საარჩევნო უფლებების მოპოვებასთან არის დაკავშირებული. იმ პერიოდში, როდესაც თანამედროვე პარტიების წინამორბედები (ვიგები და ტორები ინგლისში, ლიბერალები და კონსერვატორები სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში) გაჩნდნენ, ხმის უფლება მხოლოდ ადგილობრივ წარჩინებულთა ვიწრო წრის პრივილეგია იყო. მომავალ დეპუტატს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებოდა საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად. პარლამენტში იგი პირადი ან მისი ოჯახის რეპუტაციის წყალობით ხვდებოდა. უკვე პარლამენტში ეს დეპუტატები საერთო ინტერესებისა ან/და პირადი ურთიერთობების გარშემო ფრაქციებს ქმნიდნენ. ამავე დროს, XVIII საუკუნის ბოლო გახდა ახალი ფენომენის მოწმე, რაც შოტლანდიელმა ფილოსოფოსმა დევიდ ჰიუმმა დაახასიათა როგორც „ყველაზე აუხსნელი ფენომენი, რომელსაც ოდესმე ადგილი ჰქონია ადამიანთა ურთიერთობებში - გაერთიანება (faction) პრინციპის გარშემო.“ ცოტა მოგვიანებით, ინგლისელმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა, ედმუნდ ბერკმა პარტიის უკვე სრულყოფილი განსაზღვრება მოგვცა: „ადამიანთა ერთობა შექმნილი საერთო კეთილდღეობის მიღწევაზე მიმართული რაიმე პრინციპის ცხოვრებაში გასატარებლად.“5 აქ ჩვენ ვხვდებით თანამედროვე პარტიების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიშანს - პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მიერ გაზიარებულ რწმენას ან იდეოლოგიას.

საარჩევნო უფლებების მოსახლეობის დაბალ ფენებზე გავრცელებამ და სოციალურმა ცვლილებებმა (ინდუსტრიალიზაციამ, ურბანიზაციამ) პარტიულ ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიეს. არჩევითი თანამდეგობის დაკავების მსურველს ახალი ამომრჩევლების - საშუალო ფენის, მუშებისა და გლეხების წარმომადგენლების - მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეტი სამუშაო უნდა გაეწია. ადამიანების სოფლებიდან ქალაქში საცხოვრებლად გადასვლამ კი მიწათმფლობელთა ტრადიციული ელიტის გავლენის სფერო შეზღუდა. ამ ცვლილებებმა ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიის, კლიენტელისტური პარტიის, გაჩენა განაპირობა. ახალ პირობებში საზოგადოების მაღალი და განათლებული ფენების წარმომადგენლებს (იქნებოდნენ ეს მიწათმფლობელები, მეწარმეები, იურისტები თუ სხვა) საარჩევნო ხმების მოსაპოვებლად საზოგადოების დაბალ ფენებთან ურთიერთობების დამყარება დასჭირდათ. ეს ურთიერთობები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი უნდა ყოფილიყო; ხმების სანაცვლოდ პარლამენტში ან სხვა არჩევით თანანმდებობაზე გასული ადამიანები მრავალ სიკეთეს პირდებოდნენ ამორჩევლებს. ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, მნიშვნელოვანწილად, ამ სიკეთეების გადანაწილების ირგვლივ ვაჭრობისგან შედგებოდა. მოსახლეობის იმ ფენებისთვის, რომელთაც განათლებაზე, ძალაუფლებასა და სხვა რესურსებზე ხელი არ მიუწვდებოდათ, კლიენტელისტური ურთიერთობები განსაკუთრებით მომგებიანად ჩანდა. მაგალითად, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ასეთი მეთოდებით პოლიტიკოსები ხშირად ინგლისური ენის არმცოდნე ახლად ჩამოსული ემიგრანტების ხმებს იზიდავდნენ. განათლებისა და საერთო კეთილდღეობის ზრდასთან ერთად კლიენტელიზმზე დამყარებულმა ურთერთობებმა თავისი მნიშვნელობა თანდათანობით დაკარგეს.

პოლიტიკაში მოსახლეობის ახალი ფენების ჩართვა ახალი ტიპის, მასობრივი პარტიის გაჩენას განაპირობებს. ამ პარტიების მთავარი ამოცანა იყო სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (მუშების, მორწმუნეების, გლეხების, სხვა ფენების) ინტერესთა წარმოდგენა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი ჩართვა. ესენი იყვნენ აგრარული, რელიგიური, მუშური/სოციალისტური ან ნაციონალისტური პარტიები. ელიტური პარტიებისგან განსხვავებით, თავიდან ამ პარტიების საქმიანობა პარლამენტის, სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებისა და საზოგადოების მაღალი ფენების გარეთ მიმდინარეობა. მასობრივი პარტიების გაჩენით პოლიტიკაში ასახვა პოვა საზოგადოებაში უკვე არსებულმა დაპირისპირებებმა. მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მიჯნაზე ასეთი დაპირისპირება იყო სოფლის მოსახლეობასა და ქალაქის ელიტებს შორის, რელიგიურსა და საერო პირებს შორის, დაქირავებულებსა და დამქირავებლებს შორის. ასეთი პარტიები, როგორც წესი, მასობრივ წევრობაზე დამყარებულ ორგანიზაციებს წარმოდგენდნენ; მათ ემატებოდა დამხმარე ორგანიზაციათა (ქალთა და ახალგაზრდათა კავშირები, პროფკავშირები) ფართო ქსელი. პარტიების მასობრივი ხასიათი საზოგადოების ფართო ფენების პოლიტიკურ ცხოვრებში ჩართვის საშუალებას იძლეოდა. ასეთი პარტიების სიძლიერე, მათ შორის საარჩევნო სიძლიერე, პარტიებისა და და დამხმარე ორგანიზაციათა სიმრავლით იყო განპირობებული. მასობრივ პარტიებს მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი იდეოლოგიები და მათთვის დამახასიათებელი კულტურული სიმბოლოები გააჩნდათ. ამ იდეოლოგიებს და კულტურულ სიმბოლოებს პარტიები საზოგადოებაში ამკვიდრებდნენ. მაგალითად, ასეთი კულტურული სიმბოლოები იყო პარტიული დროშები, დღესასწაულები (ამის მაგალითია პირველი მაისის დღესასწაული).

ამ პერიოდის პარტიების განვითარება დემოკრატიის განვითარების პროცესის ნაწილია. მასობრივი დემოკრატიის განვითარებასთან ერთად, პარტიებს და მათ მხარდამჭერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს სხვადასხვა ბარიერის გადალახვა უწევდათ. ნორვეგიელი პოლიტოლოგ სტეინ როკანის თანახმად, მისაღწევი იყო: 1) ლეგიტიმაცია - შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, მთავრობის მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმა და მთავრობისადმი მიმართვის შედეგიანობა. 2) ინკორპორაცია - მზარდი ოპოზიციური მოძრაობების მხარდამჭერი საზოგადოებრივი ჯგუფების საარჩევნო პროცესში ჩართვა; 3) რეპრეზენტაცია - პარტიების და პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოებში; 4) აღმასრულებელი ხელისუფლების სიძლიერე - აღმასრულებელი ხელისუფლების დაცულობა საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და პირდაპირი გავლენისაგან.6 ამის მიღწევა სხვადასხვა დემოკრატიულ ქვეყანაში სხვადასხვა დროს მოხდა და უშუალოდ არ უკავშირდებოდა მოცემული ქვეყნების ინდუსტრიული განვითარებისა და ურბანიზაციის დონეს. ასე მაგალითად, საყოველთაო საარჩევნო უფლება და წარმომადგენლობითი მთავრობის ფორმირება ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრად უსწრებდა წინ ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებას, გერმანიაში კი ამ ორი პოლიტიკური ინსტიტუტის დამკვიდრება ქვეყნის განვითარების უფრო გვიან ეტაპზე მოხდა.

მასობრივ პარტიათა შორის ცალკე შეიძლება მოვიხსენიოთ ნაციონალისტური პარტიები. ეს პარტიები მიზნად ქვეყნის შიგნით რომელიმე ეთნიკური ჯგუფის ან კოლონიური ქვეყნის მოსახლეობის მობილიზაციასა და ამა თუ იმ ფორმით თვითმმართველობის (ავტონომიის, დამოუკიდებლობის) მიღწევას ისახავდნენ. იმ განვითარებად ქვეყნებში, რომელთა მოსახლეობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შედგება (ინდოეთი, ნიგერია და ა.შ.), დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ ე.წ. კონგრესის ტიპის პარტიები მოვიდნენ სათავეში. ისინი, ერთი მხრივ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სხვადასხვა ეთნიკური/რეგიონული ელიტების ინტეგრაციას ახდენენ, მეორე მხრივ კი, ქვეყნის მართვის პროცესში ამ ჯგუფების ინტერესების წარმომადგენლებად გვევლინებიან. ასეთი პარტიებია, მაგალითად, ინდოეთის ეროვნული კონგრესი, ნაციონალური ფრონტი მალაიზიაში და სხვა. მათი მოწოდებები ქვეყნის ერთიანობის გამტკიცებასა და გაძლიერებაზე არის მიმართული. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებენ პარტიები, რომლებიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ განხორციელებას არა თვითმმართველობისთვის ბრძოლით, არამედ მთლიანად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მეშვეობით ცდილობენ (თურქული უმცირესობის პარტია ბულგარეთში, უნგრულ პარტიათა გაერთიანება სლოვაკეთში).

მეოცე საუკუნის ათიანი და ოციანი წლების მიჯნაზე ახალი ტიპის პარტიები ჩნდება. ეს პროტო-ჰეგემონური პარტიებია. თუკი მანამდე პარტიები სხვა პარტიებთან და იდეოლოგიებთან თანაარსებობისათვის მზადყოფნას გამოხატავდნენ, ახალი ტიპის პარტიების მიზანს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე სრული ძალაუფლების მოპოვება და საზოგადოების გარკვეული იდეოლოგიური თარგის მიხედვით გარდაქმნა წარმოადგენდა. ამ ტიპის იყო კომუნისტური ან ფაშისტური/ნაცისტური პარტიები.

პოლიტიკური პარტიების ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში

როცა ლაპარაკია პარტიების დანიშნულებაზე, იგულისხმება არა მარტო ის, თუ რას აკეთებენ პარტიები, არამედ ისიც, რა მოლოდინები არსებობს მათი საქმიანობის მიმართ. ეს ორი საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ჩვენი წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რას უნდა აკეთებდნენ პოლიტიკური პარტიები, მნიშვნელოვანწილად, დასავლურ საზოგადოებებში პარტიების მოღვაწეობის გამოცდილებას ემყარება. დროთა განმავლობაში პარტიების როლი და ფუნქციები იცვლებოდა. დღეს პოლიტოლოგთა და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს შორის აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, თუ რა დანიშნულებას ასრულებენ პარტიები დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამ კამათის დეტალებს შემდგომ ქვეთავში შევეხებით.

ამა თუ იმ ქვეყანაში პარტიები სხვადასხვა სახის საქმიანობით შეიძლება იყვნენ დაკავებულნი. მათ შეიძლება საბრძოლო ქვედანაყოფები შექმნან, მოსახლეობის დაბალ ფენებს სოციალური დახმარება გაუწიონ, ფლობდნენ საინფორმაციო საშუალებებს და ა.შ. ქვემოთ ჩვენ მხოლოდ იმ ფუნქციებს ჩამოვთვლით, რომლებიც ა) მეტ-ნაკლებად საერთოა დემოკრატიულ საზოგადოებებში მოქმედი (ან წარსულში მოქმედი) პარტიებისთვის; ბ) ზოგიერთი პოლიტოლოგის თვალსაზრისით, პარტიების ძირითად დანიშნულებას შეადგენს.

შეიძლება ითქვას, რომ პარტიების საქმიანობა ორ დონეზე მიმდინარეობს. პარტიათა უმრავლესობა საზოგადოების წიაღში არის წარმოქმნილი, საზოგადოებაშივე მოქმედებს და მასთან მუშაობს. ეს პირველი დონეა. მეორე დონეა, როცა ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში ყოფნით პარტიები პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ახდენენ გავლენას და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ნაწილს წარმოადგენენ. ორივე დონეზე პარტიები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ. საზოგადოებაში ისინი ინტერესთა არტიკულაციის (შეგროვების და გამოხატვის) და აგრეგაციის (შეჯერების) ფუნქციას ასრულებენ; გადაცემენ პოლიტიკურ ინფორმაციას საზოგადოებას, ხოლო საზოგადოების მხრიდან ინფორმაციას აწვდიან ხელისუფლებას; ხელისუფლებასთან მიმართებაში პარტიები ორ ძირითად ფუნქციას ასრულებენ. ისინი იზიდავენ და ამზადებენ მომავალ პოლიტიკოსებს, აყენებენ მათ კანდიდატურებს არჩევნებზე ან პოლიტიკურ თანამდებობებზე ნიშნავენ; ისინი ახდენენ პოლიტიკის ფორმულირებას და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ახორციელებენ მას.

ინტერესთა არტიკულაცია და აგრეგაცია. თანამედროვე პარტიების შექმნას საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინტერესების დაცვის საჭიროება განაპირობებს. ამ თვალსაზრისით, პარტიები ინტერესთა ჯგუფებთან და სოციალური მოძრაობებთან მსგავსებას ავლენენ. პარტიები ცდილობენ საკუთარი ამომრჩეველების ინტერესები წარმოადგინონ და ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხში შესაბამისი პოზიცია დაიკავონ. ის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს, ამ ინტერესთა განხორციელების ხერხებია. თუ ინტერესთა ჯგუფები და სოციალური მოძრაობები საკუთარი მიზნების მიღწევას პოლიტიკურ ინსტიტუტებზე ზეწოლით ცდილობენ, პარტიები ამ მიზნებს პოლიტიკური სიტემის „შიგნიდან“ აღწევენ.

არჩევნებზე ხმების დაგროვების სურვილი უბიძგებს პარტიებს იმისკენ, რომ მათ წინასაარჩევნო დაპირებებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები იყოს წარმოდგენილი. ასე ხდება პარტიების მიერ ჩვენ მიერ ნახსენები კიდევ ერთი ფუნქციის, ინტერესთა შეჯერების (აგრეგაციის), შესრულება. განსხვავებით სოციალური მოძრაობებისა და ინტერესთა ჯგუფებისაგან, რომლებიც ერთი რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესების ან სულაც ერთი საკითხის ირგვლივ ახორციელებენ საკუთარ საქმიანობას, პარტიები სხვადასხვა, ზოგჯერ მნიშვნელოვნად განსხვავებული ინტერესების ჩართვას ცდილობენ თავიანთ პროგრამებში. არსებობს გარკვეული კავშირი პარტიების იდეოლოგიურ სიხისტესა და განსხვავებული ინტერესების გამოხატვის უნარს შორის. გამოკვეთილი იდეოლოგიური სახის უქონლობა საშუალებას აძლევს პარტიას, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები გამოხატოს თავის საქმიანობაში. განსხავებულ ინტერესთა გათვალისწინება პარტიული კოალიციების შექმნის დროსაც ხდება.

ინფორმაციის გადაცემა საზოგადოებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ პარტიები საზოგადოებაში პოლიტიკური განათლების ფუნქციასაც ასრულებენ. ისინი ამა თუ იმ საკითხს წამოჭრიან ხოლმე და ამით საზოგადოებრივი აზრის შექმნას უწყობენ ხელს. პარტიების ეს ფუნქცია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვნად არის მიჩნეული, რომ პარტიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების ერთ-ერთ დასაბუთებას წარმოდგენს.

პოლიტიკური სოციალიზაცია. პარტიები საზოგადოებაში მომხრეთა გარკვეულ ჯგუფებს იკრებენ. როცა ისინი ქვეყნის პოლიტიკურ წყობაში დაფიქსირებულ თამაშის წესებს იცავენ, ამით მოქალაქეების მთლიანად პოლიტიკური წყობის მიმართ ლოიალობის გამომუშავებას უწყობენ ხელს. საზოგადოებაში ამა თუ იმ პარტიის მომხრეთა მდგრადი ჯგუფების არსებობა ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს. დიდი ხნის განმავლობაში ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ ერთგულება მოქალაქის რაიმე პოპულისტური ლიდერისა ან ექსტრემისტული ძალის მხარეზე გადასვლის შესაძლებლობასაც ამცირებს. ამომრჩევლებს შორის სტაბილური მიდრეკილებების არსებობა არჩევნების შედგებსაც მეტ-ნაკლებად წინასწარმეტყველებადს ხდის. რომელიმე პარტიის მხარდაჭერა მოქალაქისთვის მნიშნვნელოვანი სტიმულია საიმისოდ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს როგორც არჩევნებში, ისე საარჩევნო კამპანიაში. იმას, რომ საზოგადოების წევრებს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ ერთგულება გამოუმუშავდეთ, გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომაა, რომ ახლად წარმოქმნილ დემოკრატიებში მოქალაქეები უფრო ხშირად იცვლიან დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიის მიმართ, ვიდრე ეს დასავლურ დემოკრატიებში ხდება.

პარტიების არსებობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ის იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქალაქეებმა უკმაყოფილება ქვეყნის პოლიტიკური ინსტიტუტებიდან (სახელმწიფო, ხელისუფლების სხვადასხვა შტო) მმართველ პარტიაზე გადაიტანოს. ასეთ შემთხვევაში მთავრობაში პარტიების მონაცვლეობა არ ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლას.

პოლიტიკოსთა მოზიდვა, მომზადება, არჩევნებში მონაწილეობა და თანამდებობებზე დანიშვნა. პარტიაში გაწევრიანება და მის საქმიანობაში აქტიური ჩართვა შემდგომში პოლიტიკური (არაბიუროკრატიული) თანამდებობის მოპოვების ძირითადი გზაა „ის, რომ საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნების უმრავლესობაში თითქმის ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი პოლიტიკური პარტიის მიერ არის წარდგენილი, პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად უნდა იყოს განხილული.“7 პარტიები არა მხოლოდ იზიდავენ მომავალ სახელმწიფო მოღვაწეებს, არამედ მათ მომზადებაშიც იღებენ მონაწილეობას. გარკვეული თანამდებობის მიღებამდე პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი პარტიული კარიერის გრძელ გზას გადის, რომლის დროსაც ის პოლიტიკაში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და პარტიული იდეოლოგიის საფუძვლებს ეუფლება.

დემოკრატიული არჩევნები პარტიებსა და პარტიების მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთებას გულისხმობს. პარტიების არსებობა მოქალაქეებს პოლიტიკოსთა სხვადასხვა გუნდსა და პოლიტიკურ მიმართულებას შორის არჩევანის გაკეთებას უადვილებს. პარტიები არჩევნების მთავარ მონაწილეებად გამოდიან მაშინაც, როცა არჩევანი ცალკეულ კანდიდატებს შორის უნდა გაკეთდეს (მაჟორიტარული ან საპრეზიდენტო არჩევნები). არჩევნებში მონაწილეობა და, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის მიცემა პარტიების შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია იყოს. ახალი დემოკრატიის ქვეყნებში პარტიების გაჩენა და მათი პოლიტიკურ ცხოვრებაში დამკვიდრებაც, ძირითადად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემოღებას უკავშირდება.

არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში პარტიების მთელ რიგ თანამდებობებზე საკუთარ წევრებს ან მხარდამჭერებს ნიშნავენ. ეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კოორდიანაციას და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მთავრობის მხარადაჭერას უზრუნველყოფს. საერთო პარტიული იდენტიფიკაცია და პარტიული დისციპლინა ხელს უწყობს მთავრობაში წარმოდგენილი პარტიის წევრებს შორის კოორდინაციასაც.

პარტიების არსებობა მოქალაქეებს სხვადასხვა იდეასა და პოლიტიკოსს შორის არჩევანის გაკეთებას უადვილებს. პარტიები თავ-თავისი პროგრამებით ამომრჩევლებს საშუალებას აძლევენ გადაწყვიტონ, რომელ მათგანს დაუჭირონ მხარი. ერთხელ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება შემდგომში მოქალაქეებს ამა თუ იმ საკითხის გარშემო პოზიციის დაკავებაშიც ეხმრება. პარტიების მეშვეობით დემოკრატიული მმართველობის ისეთი მნიშვნელოვანი პირობები სრულდება, როგორიცაა მოქალაქეების მონაწილეობა მმართველების არჩევასა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების განხილვაში.

პოლიტიკის შექმნა. როგორც უკვე ვახსენეთ, პარტიები სამთავრობო პოლიტიკის ფორმირებასაც ახდენენ. „დისციპლინირებულ“ პარტიულ სისტემებში ეს პოლიტიკა გამარჯვებული პარტიების საარჩევნო პროგრამას ეყრდნობა. ხშირად პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები იმდენად ზოგადია, რომ შემდგომში ხელისუფლებაში მოსულ პარტიას მანევრირების ბევრი საშუალება აქვს. სხვადასხვა გარემოების გამო წინასაარჩვნო პროგრამის სრულად განხორციელება ვერ ხერხდება. იმ შემთხვევაში, როდესაც მთავრობის შექმნაში ერთდროულად რამდენიმე პარტია მონაწილეობს, სამთავრობო პოლიტიკის ჩამოყალიბება ამ პარტიათა მოლაპარაკების შედეგად ხდება.

პარტიები პოლიტიკის შექმნაში მონაწილეობენ არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციის პირობებშიც. ოპოზიციის არსებობა ზღუდავს ხელისუფლების პოლიტიკას და ალტერნატიული პოლიტიკური შეთავაზების გათვალისწინებისკენ უბიძგებს. შემდეგ არჩევნებზე ოპოზიციასთან დამარცხებისა და ხელისუფლების დაკარგვის საშიშროება აიძულებს, საუკეთესო შესაძლებელი პოლიტიკური კურსი აირჩიოს.

თანამედროვე ტენდენციები პოლიტიკური პარტიების განვითარებაში

მეორე მსოფლო ომის შემდგომმა საზოგადოებრივმა ცვლილებებმა პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს. დასავლურ საზოგადოებებში კეთილდღეობის და განათლებულობის საერთო დონის ზრდამ საზოგადოების სხვადასხვა ფენად მკვეთრი დაყოფა მნიშვნელოვნად შეასუსტა. შესუსტდა მოქალაქეთა ერთგულებაც ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ინტერესთა გამომხატველ პოლიტიკურ პარტიათა მიმართაც. მოქალაქეთა წინაშე პრობლემების და იდეების უფრო ფართო სპექტრი დადგა. პარტიებს, განსაკუთრებით, დიდ და წარმატებულ პარტიებს, ამ გამოწვევაზე რაღაცნარად უნდა ეპასუხათ. ნაწილობრივ, მათ ეს იდეოლოგიური პოზიციების მნიშვნელოვანი შესუსტებით მოახდინეს. მაშინ, როდესაც ძველ სიტუაციაში იდეოლოგიური დაყოფა, ასე თუ ისე, საზოგადოების შიგნით არსებულ დაყოფას ასახავდა, ახალ ვითარებაში იდეოლოგიები მოძველებული აღმოჩნდა და გადახედვას საჭიროებდა. პარტიების იდეოლოგიური სიმკვეთრის შესუსტებამ მათი ერთმანეთთან დაახლოებაც გამოიწვია. ბევრ ქვეყანაში წარსულში მკვეთრად დაპირისპირებულმა პარტიებმა ერთად მიიღეს მონაწილეობა მთავრობის შექმნაში, გაიზარდა პარტიებს შორის თანამშრომლობის ხარისხიც. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (იტალია, საფრანგეთი) პიკს 70-80 - იან წლებში მიაღწია, როდესაც მთავრობის ფორმირებაში კომუნისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ცვლილებებზე პარტიულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გავლენა მედიის განვითარებამაც იქონია. თუ ადრე ამომრჩევლებსა და პარტიებს შორის ურთერთობა, ძირითადად, ადგილობრივი ორგანიზაციებისა და პარტიული პრესის მეშვეობით ხდებოდა, ახლა ეს ურთიერთობა დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებით, ელექტრონული მედიის მეშვეობით ხორციელდება. ამან პარტიებს შიგნით რიგითი წევრების მნიშვნელობა დააკნინა. არჩევნების წინ პარტიული ხელმძღვანელები უკვე არა იმდენად რიგითი წევრების მხარდაჭერაზე ზრუნავენ, არამედ უფრო მეტად უშუალოდ ამომრჩევლებთან მუშაობაზე აკეთებენ აქცენტს. მედიის ზეგავლენით არჩევნებზე კანდიდატთა ინდივიდუალური მიმზიდევლობის მნიშვნელობაც გაიზარადა.

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა მოხერხდა, პარტიებმა საზოგადოებაში ინტეგრაციის ფუნქცია მნიშვნელოვანწილად დაკარგეს. ეს წევრთა რაოდენობის შემცირებაზეც აისახა. აღნიშნული ცვლილების შედეგად ახალი, არჩევნების მოგებაზე და სახელისუფლო სტრუქტურების შიგნით მუშაობაზე ორიენტირებული პარტიის ტიპი ჩამოყალიბდა. ასეთ ელექტორალისტური პარტიებისთვის დამახასიათებელია წევრების შედარებით მცირე რაოდენობა და ადგილობრივ ორგანიზაციათა სისუსტე. ისინი ნაკლები იდეოლოგიურობით და „საშუალო“ ამომრჩეველზე ორიენტაციით გამოირჩევიან. თუმცა ასეთი პარტიებიც ერთმანეთისგან იდეოლოგიური სიმკვეთრით განსხვავდებიან.

ე.წ. „ბიზნეს-პარტიების“ შემთხვევაში საარჩევნო წარმატება საქმიანობის ერთადერთ მიზანსაც შეადგენს. ასეთი პარტია თავისი მუშაობის პრინციპს მთლიანად კომერციული საწარმოოს მუშაობის პრინციპებს აფუძნებს და პარტიულ პროგრამას მთლიანად საარჩევნო კონიუქტურაზე ამყარებს. პოლიტიკაში იდეოლოგიურ უთანხმოებათა შესუსტებაზე ე.წ. პერსონალისტური პარტიების გაჩენაც მიუთითებს. ასეთი პარტიები მთლიანდ ერთი ადამიანის ხელისუფლებაში მოხვედრისა ან ხელისუფლების მის ხელში შენარჩუნების მიზნით იქმნება. მათ, როგორც წესი, არანაირი იდეოლოგია არ გააჩნიათ.

როგორც ვახსენეთ, ამ ცვლილებებმა პოლიტიკურ ცხოვრებაში პარტიების როლის შესახებ კამათი გამოიწვიეს. ზოგი პოლიტოლოგი პარტიების დაკნინებაზეც ალაპარაკდა. ისინი პარტიების მიერ საზოგადოებაში ძველი ფუნქციების დაკარგვას მიუთითებდნენ. ამას დასავლურ საზოგადოებაში პარტიებისა და პოლიტიკოსთა მიმართ უნდობლობის ზრდაც დაემატა. ამის მაჩვენებელია არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის შესუსტება. გაიზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე სხვადასხვა პარტიას აძლევენ ხმას. ზოგ დამკვირვებელს საგანგაშოდ კიდევ ერთი პრობლემა ეჩვენება: პარტიების მიერ ინდივიდუალურ პოლიტიკოსებზე კონტროლის შესუსტება. ხშირ შემთხვევაში პარტიები მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის მხრადასაჭერად იქმნება ან ფუნქციობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა პარტიების მიერ ინტერესთა წარმომადგენლობის ფუნქციის შესუსტებაა. გარდა პარტიებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის კავშირების შესუსტებისა, ამას სხვა მიზეზიც აქვს. ამ ფუნქციის შესრულებაში პარტიებს ინტერესთა ჯგუფებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების სახით ძლიერი კონკურენტები გაუჩნდათ. ინტერესთა მზარდი მრავალფეროვნების პირობებში პარტიები ვერ ახდენენ ყველა მათგანის საკუთარ პროგრამაში სათანადოდ გათვალისწინებას. ეს იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ პარტიები, ნაწილობრივ, ჯერ კიდევ ძველი იდეოლოგიური კლიშეებით არიან შეზღუდულები. ამასთან, ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა სახელისუფლებო სტრუქტურებზე პირდაპირი ზეწოლის ან მასთან თანამშრომლობის გზით ხშირ შემთხვევაში უფრო ეფექტურია, ვიდრე იმავე მიზნის პოლიტიკური პარტიების დახმარებით მიღწევა. აქვე უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ პარტიებს შემცვლელი არ ჰყავთ ისეთი ფუნქციის შესრულებაში, როგორიცაა ინტერესთა შეჯერება. დასავლური ქვეყნების პოლიტიკურ წყობის პირობებში ისინი ერთადერთ ინსტიტუტებს წარმოადგენენ, რომელთაც სხვადასხვა ინტერესის ერთ პროგრამაში გაერთიანება და მმართველობით პროცესში მათი გათვალისწინება შეუძლიათ. შეიძლება ითქვას, რომ პარტიების მიმართ საზოგადოებაში მხარდაჭერის შესუსტებამ პარტიებს სახელმწიფოზე დამოკიდებულებისკენ უბიძგა. ეს დასავლეთის ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან პარტიების დაფინანსების ზრდასა და სახელმწიფო აპარატში მათი გავლენის გაფართოებაშიც გამოიხატება. პარტიების მიერ სახლმწიფოს „დაპყრობა“ საზოგადოებაში მათ პოპულარობაზე ნეგატიურად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ პარტიათა საქმიანობა საზოგადოების დონიდან სახელმწიფოს დონეზე გადავიდა.

დღეს პარტიების განვითარების შესახებ დებატებში მონაწილეობენ ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ხდება პარტიების, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტების, დაკნინება და დემოკრატიის განვითრების ადრეული ეტაპების რუდიმენტებად (ან სულაც პარაზიტულ წარმონაქმნად) ქცევა და ისინი, ვინც ფიქრობს, რომ პარტიები, უბრალოდ, ცვლად გარემოს ეგუებიან და იმ ფუნციებს ასრულებენ, რომელთა შესრულებაც მათ ახალ პირობებში უკეთ შეუძლიათ (მაგალითად, მთავრობის ორგანიზება და ა.შ.).

პარტიების კრიტიკა

დემოკრატიისათვის პარტიების საჭიროების გააზრებასთან ერთად, პარტიების მიმართ ყოველთვის გამოითქმოდა კრიტიკა. ამ კრიტიკამ გავლენა არა მარტო პარტიების მიმართ საზოგადოების აზრის შექმნაზე იქონია, არამედ მთელ რიგ ქვეყნებში მათი საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირების მცდელობებზე პოვა ასახვა. ზოგი კრიტიკოსი ისე შორს მიდიოდა, რომ სახელმწიფოებრივი ცხოვრებისთვის პარტიების არსებობის საჭიროებას საერთოდ უარყოფდა და მათ მხოლოდ პარტიული ხელმძღვანელების ვიწრო წრის ინტერესების გამტარებლად აცხადებდა.

ის შეხედულება, რომ პარტიები საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილის ინტერესებს წარმოადგენენ და ქვეყანას დაპირისპირებულ ბანაკებად თიშავენ, გავრცელებული იყო როგორც ტრადიციული ფეოდალური წყობის მომხრეებს შორის, ისე დემოკრტიული იდეების მატარებლებს შორისაც. პირველთა აზრით, პარტიები ეწინააღმდეგებიან ჩვეულ წესრიგს, ტრადიციულ ღირებულებებსა და ძალაუფლების ფორმებს (იქნება ეს მეფე, სახელმწიფო თუ ერი). პარტიების, როგორც საზოგადოების პოტენციურად გამთიშველი და უმცირესობის ინტერესთა გამომხატველი ორგანიზაციების იდეა დემოკრტიის ადრეული გაგებისთვისაც არ იყო უცხო. ასეთი განწყობა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტის ჯორჯ ვაშინგტონის დასამშვიდობებელ მიმართვაშიც იყო ასახული. ამ შემთხვევაში პარტიების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების უკან იდგა უშუალო დემოკრატიის, საერთო ნების და სოციალური ჰარმონიის იმ დროს გავრცელებული იდეები. როგორც ამერიკელი პოლიტოლოგი უილიამ კროტი აღნიშნავს, პარტიების საქმიანობის მსგავსი კრიტიკა უცხო არ ყოფილა იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებიც ამჟამად დემოკრატიული მთავრობის ჩამოყალიბებას ცდილობენ.

ქვეყნებში, რომლებმაც ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები გამოიარეს, პარტიებს ეჭვის თვალით უყურებენ. რეჟიმის ცვლილების შემდეგ აქ (გერმანია, იატალია, საბერძნეთი, ეპანეთი, პორტუგალია) პარტიების განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა განხორციელდა. ამან საშუალება მისცა პარტიებს, სახელმწიფო მართვაში გადამწყვეტი ადგილი დაემკვიდრებინათ. ზოგიერთ ქვეყანაში სახელმწიფო აპარატში პოლიტიკური დანიშვნების და პოლიტიკური პატრონაჟის სისტემის დაცვა ხელისუფლების კონტროლისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების პრინციპის მოშველიებით ხდება. ზოგ შემთხვევაში პარტიების გავლენის სფერო სასამართლო ხელისუფლებაზეც კი ვრცელდება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში გარკვეული ისტორიული მიზეზების გამო სახელმწიფოს, როგორც მჩაგვრელი ინსტიტუტის, აღქმამ პარტიების მიმართ ნეგატიურ განწყობების შექმნაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია.8 გერმანიაში ისეთი ტერმინიც გაჩნდა, როგორიცაა Parteienstaat (პარტიული სახელმწიფო), იტალიაში კი partiocrazia (პარტიოკრატია). ამჟამად ზოგიერთ ამ ქვეყანაში ცდილობენ შეზღუდონ თანამდებობებზე პარტიული ნიშნით დანიშვნის პრაქტიკა და განავითარონ ტესტირებასა და დამსახურებაზე დამყარებული ბიუროკრატიული აპარატი.

ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს საზოგადოების ფართო ფენების პოლიტიკაში ჩართვას. მათი აზრით, ჩვეულებრივ ადამიანებს ან პარტიების რიგით წევრებს პოლიტიკაში მონაწილეობისთვის საჭირო ცოდნა და უნარი არ გააჩნიათ. უმეტეს შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ ლიდერთა მანიპულირების მსხვერპლნი არიან. პარტიები, საწინააღმდეგოდ გავრცელებული აზრისა, არა საზოგადოების ან მისი რომელიმე ჯგუფის, არამედ პოლიტიკოსთა ვიწრო წრის ინტერესებსა და შეხედულებებს გამოხატავენ. ასეთი აზრი გამოითქვა პარტიების შესახებ შექმნილ ჯერ კიდევ ადრეულ ლიტერატურაში. პარტიათა საქმიანობის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, მოისეი ოსტროგორსკი, სთავაზობდა პარტიების შეცვლას კონკრეტული საკითხებისა და ინტერესების ირგვლივ შექმნილი ჯგუფებით. გერმანელმა სოციოლოგმა რობერტ მიხელსმა კი მის მიერ შემოტანილი „ოლიგარქიის რკინის კანონის“ საილუსტრაციოდ მასების ფართო ჩართულობაზე ორიენტირებული ისეთი პარტია დაასახელა, როგორიც მისი დროის გერმანული სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო. მიხელსის აზრით, ასეთ პარტიაშიც კი ძირითადი მიმართულების განმსაზღვრელი მაინც პარტიული ხელმძღვანელების ვიწრო წრე იყო. მეოცე საუკუნის დასაწყისში იმ შეხედულების გავრცელებამ, რომ სახელმწიფო თანამდეგობებზე კანდიდატთა წარდგენის ფუნქცია ზედმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ მას პარტიული ხელმძღვანელობა ასრულებდეს, ბიძგი მისცა მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის პოლიტიკაში ე.წ. „პრაიმერიზების“, პირველადი არჩევნების დამკვიდრებას.

ზოგი კრიტიკოსის აზრით, პარტიების შიგნით არსებული ცენტალიზებული მართვა და შიდა ერთსულოვნების მოთხოვნა ხშირად ქვეყნის შიგნით არსებული ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობის ინტერესების განხორციელებას აბრკოლებს. მსგავს კრიტიკას სხვებიც გამოთქვამენ; პარტიები მოქალაქეებს მხოლოდ მათ მიერ შეთავაზებულ საკითხებზე მსჯელობისკენ უბიძგებენ და ამით პოლიტიკაში ახალი საკითხების და ინტერესების წარმოჩენას ხელს უშლიან. სხვა სიტყვებით, ამა თუ იმ პარტიის შორის არჩევანის გაკეთების აუცილებლობა მოქალაქეთა ბუნებრივ თავისუფლებას ზღუდავს.

პარტიები აღმოსავლეთ ევროპაში

აქ სასარგებლო იქნებოდა ახალ დემოკრატიებში, კერძოდ, პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში პარტიათა განვითარების ისტორიისთვის გადაგვევლო თვალი. ეს საშუალებას მოგვცმს გავიგოთ, როგორ ვითარდებიან პარტიები მსგავსი წარსულის მქონე ქვეყნებში; შევადაროთ პოსტსოციალისტური ქვეყნების პარტიათა განვითარება დასავლური პარტიების განვითარებას და ამ ფონზე გავიაზროთ საქართველოში პოლიტიკური პარტიების განვითარების პროცესი. ასეთი შედარების გაკეთება ქართული პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი თავისებურების გამოვლენაში შეიძლება დაგვეხმაროს.

აღმოსავლეთ-ევროპული პარტიების მკვლევართა წინაშე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დგება ხოლმე: აღნიშნული პარტიები იმეორებენ დასავლური პარტიების განვითარების გზას, თუ ბაძავენ ხანგრძლივი ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულ დასავლურ პარტიათა სტრუქურას? დემოკრატიული გარდაქმნების გარიჟრაჟზე ბევრ პოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ეს პარტიები დასავლელი წინამორბედების გზას გაივლიან, მაგრამ შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს გზა დასავლური პარტიების განვითარების გზისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

პარტიების გაჩენა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დაცემისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაკვიდრების შედეგია. ანტიკომუნისტური მოძრაობები, რომლებიც კომუნისტური რეჟიმების წინააღმდეგ მობილიზაციას ედგნენ სათავეში (პროფკავშირი „სოლიდარობა“ პოლონეთში, სამოქალაქო ფორუმი ჩეხეთში და ა.შ.), შეგნებულად ცდილობდნენ პარტიების სახელწოდება აეცილებინათ და ხაზი გაესვათ მოძრაობაში მოქალქეთა ფართო ჩართულობისთვის. ადგილობრივ ორგანიზაციებს ახასიათებდა ავტონომიურობა და ფართო პლურალიზმი. კომუნისტური რეჟიმის მოშლის შემდეგ ამ მოძრაობათა შიგნით, როგორც წესი, მნიშვნელოვანი პრობლემები იჩენდა თავს, როგორიც იყო, ვთქვათ, ორგანიზაციის სხვადასხვა დონეს შორის კოორდინაციის ნაკლებობა ან ნიშანსვეტური საკითხების, მაგალითად, ეკონომიკური რეფორმების თაობაზე სერიოზული უთანხმოებები და ა.შ. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს მეტი საშუალება გააჩნიათ, ქვეყანაში მიზანმიმართული პოლიტიკა გაატარონ, იყოლიონ დისციპლინირებული წევრები, ადგილობრივ ორგანიზაციათა ფართო ქსელის მეოხებით მხარდამჭერთა და აქტივისტთა მობილიზაცია ეფექტურად მოახდინონ. ამიტომ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისშივე არსებული მოძრაობების ან მათი ნაწილების ბაზაზე პარტიებისა და ახალი პარტიების შექმნა დაიწყო. შედეგად, კომუნისტური რეჟიემების მსხვრევიდან ცოტა ხნის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური პროცესის ძირითად მონაწილეებად პარტიები მოგვევლინენ.9 ამას ისიც დაემატა, რომ გარკვეული წარმატების მიღწევის შემდეგ პარტიები თავის სასარგებლოდ კანონმდებლობის შემობრუნებას და პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზირებას ცდილობდნენ. აღნიშნულ პროცესებს სამოქალაქო საზოგადოების სისუსტემაც შეუწყო ხელი. პოლიტიკური პარტიები საზოგადოებაში მაინცდამაინც დიდი ნდობით არ სარგებლობენ, რაც ნაწილობრივ მათი ხშირი დაყოფითა და გადაჯგუფებითაც აიხსნება. არჩევნებზე მოქალაქეთა პოზიციების ცვლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში. დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ჩვენი პარტიები ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ეს იმით აიხსნება, რომ დასავლეთისგან განსხვავებით, აქაური პარტიები საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფთან არ იყვნენ დაკავშირებული. ამომრჩეველთა თვითიდენტიფიკაცია უფრო მეტად წარსულის სიმბოლოების მოშველიებით (მაგალითად, ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურის მოწინააღმდეგები და მათდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები), დასავლური ღირებულებებისადმი დამოკიდებულებითა და პირადი სიმპათიებითა და ანტიპათიებით განისაზღვრება. თანდათან იკვეთება ტენდენცია ამომრჩევლების სოცილური ფენების მიხედვით დაჯგუფებისა. ნაკლები შემოსავლის მქონე და საბაზრო რეფორმების გატრების შედეგად დაზარალებული ამომრჩევლები ახლა უფრო მეტად მემარცხენე პარტიებს აძლევენ ხმას, ხოლო მათი უფრო წარმატებული თანმოქალქეები კი ლიბერალური ორიენტაციის პარტიებს უჭერენ მხარს.

ამერიკელი პოლიტოლოგი ჰერბერტ კიტჩელტის აზრით, აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებში პარტიები, ძირითადად, ორი მიმართულებით ვითარდებიან.10 ისინი ან კლიენტელისტურ ურთიერთობებზე აგებულ ან ე.წ. პროგრამულ პარტიებს წარმოადგენენ. კლიენტელისტური პარტიები, მეტწილად, ყოფილი კომუნისტური ნომენკლატურისგან შედგება და იმ ქვეყნებში აღმოცენდნენ, სადაც ამ ნომენკლტურამ მნიშვნელოვანი ძალუფლების შენარჩუნება მოახერხა. კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარობის მკვეთრი ვარდნის პირობებში ასეთმა პარტიებმა საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისთვის მატერიალური სიკეთის მოტანის უნარზე გაამახვილეს ყურადღება. იმ ქვეყნებში, სადაც ასეთი პარტიები ძალაუფლებაში იყვნენ ან/და მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდნენ, მათმა არსებობამ რადიკალური საბაზრო რეფორმების შეფერხება გამოიწვია. ზოგ შემთხვევაში ეს ნაციონალისტური ან გლეხების ინტერესების დამცველი პარტიებია. მეორე ტიპის საპროგრამო პარტიებს ლიბერალური ორიენტაციის პარტიები წარმოადგენენ. მათი მოწოდებები არა რომელიმე სოციალური ჯგუფის, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობის მიმართ კეთდება. აქ აქცენტს აკეთებენ არა მატერიალური სიკეთეების მოკლევადიან უზრუნელყოფაზე, არამედ - გრძელვადიან ეკონომიკურ რეფორმებზე. ამა თუ იმ ტიპის პარტიის სიძლიერე ქვეყნის წარსულით, კერძოდ კი, მასში ყოფილი კომუნისტური ელიტების სიძლიერითა და მოქალაქეთა დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის ხარისხით განისაზღვრება.

პარტიები საქართველოში: 1900 - 1924 წლები

პარტიების წარმოშობა და განვითარება საქართველოში დასავლური პარტიებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული გზით მიდიოდა. საქართველოში პარტიების განვითარების თავისებურებები, ძირითადად, ორი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. ეს ფაქტორიებია: ერთი მხრივ, მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს კოლონიური მდგომარეობა და, მეორე მხრივ, 1917 წლამდე არჩევითი წარმომადგენლობით ინსტიტუტების არარსებობა. 1921 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და პარტიების საქმიანობის შეჩერებამდე საქართველოში პოლიტიკური პარტიების არსებობის ორი ეტაპის გამოყოფა შეიძლება. პირველი ეტაპი მოიცავს მეოცე საუკუნის პირველ წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე პარტიათა გამოჩენას და საქმიანობას რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე. მეორე ეტაპია 1917 წლიდან 1924 წლამდე, როცა აჯანყება ჩაახშვეს, რამაც ჩვენს ქვეყანაში ორგანიზებული პოლიტიკური საქმიანობის დიდი ხნით გაქრობა განაპირობა (თუ არ ჩავთვლით პატარა დისიდენტურ ჯგუფებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის განვითარებაზე არ ახდენდნენ).

პარტიების წარმოშობას საქართველოში წინ უსწრებდა განათლებულ საზოგადოებაში (უმაღლესი განათლების მქონე აზნაურები, მასწავლებლები და წვრილი მოხელეები) არსებული სხვადასხვა იდეური მიმართულების ჯგუფების არსებობა. გარკვეულწილად, პარტიების წარმოშობა სწორედ ამ ჯგუფებს უკავშირდება. ამ პერიოდის მთავარი პოლიტიკური მიმართულებაც, ქართული სოციალ-დემოკრატია, სწორედ, „მესამე დასის“ სახელით წარმოდგა, რაც მის წინამორბედ ჯგუფებთან („პირველ“ და „მეორე“ დასთან) მიმართებას ასახავდა. შემდგომში შექმნილი სხვა პოლიტიკური პარტიებიც, ეროვნულ-დემოკრატები და სოციალ-ფედერალისტებიც საკუთარ თავს ამ მიმართულებებს უკავშირებდნენ (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - „თერგდალეულთა“ პირველ და მეორე დასს, სოციალ-ფედერალისტები - ქართველ ხალხოსნებს). მსგავსად ამ ჯგუფებისა, მომავალი პოლიტიკური პარტიების ბირთვს გაზეთის ან ჟურნალის ირგვლივ გაერთიანებულ ინტელიგენტთა ჯგუფი წარმოადგენდა. პარტიებად მათი გაფორმება მოძრაობისთვის უფრო მასობრივი ხასიათის მიცემის სურვილთან და, ზოგადად, ქვეყანაში რევოლუციური ვითარების მომწიფებასთან არის დაკავშირებული. პარტიების წარმოქმნას მნიშვნელოვანი ბიძგი პირველი და შემდგომში ყველაზე ძლიერი პარტიის გაფორმებამ მისცა. 1900 წელს სოციალ-დემოკრატ ინტელიგენტთა ჯგუფებმა, რომელთაც კავშირი ჰქონდათ მცირერიცხოვან, მაგრამ ორგანიზებულ მუშათა ჯგუფებთან, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ადგილობრივი კომიტეტები შექმნეს საქართველოს ქალაქებსა და ზოგან სოფლებშიც კი. აქტიურმა და ორგანიზებულმა მუშაობამ მცირე ხანში პარტიას წევრთა და მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა მოუპოვა და მოსახლეობის ძირითად ნაწილში, გლეხებში, უსამართლო რეჟიმთან მთავარი მებრძოლის სახელი დაუმკვიდრა. სოციალ-დემოკრატთა ასეთმა წარმატებამ ქართულ საზოგადოებაში მათი მთავარი ოპონენტების, ქართველი ნაციონალისტების გააქტიურება გამოიწვია. 1904 წელს ჟენევაში შემდგარ შეკრებაზე სხვადასხვა მიმართულების ნაციონალისტურად განწყობილმა ინტელიგენტებმა საქართველოს სარევოლუციო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია დაარსეს. პარტიის ბირთვს ზომიერი ხალხოსნური სოციალიზმის პოზიციებზე მდგარი ნაციონალისტი ინტელიგენტები შეადგენდნენ პარტიის მთავარი მიზანი იმ პერიოდში საქართველოსთვის ავტონომიის მოპოვება იყო. ეს ერთადერთი პარტია იყო, რომელიც, განსხვავებით ქართველი სოციალ-დემოკრატებისგან, პირველ ადგილზე ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას აყენებდა. ამის გამო ნაციონალისტურად განწყობილ საშუალო ფენებსა და წვრილ აზნაურთა შორის საკმაო მხარდაჭერით სარგებლობდა. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდის პარტიულ მიმართულებას განსაზღვრავდა კოლონიური ან ეროვნული საკითხის მიმართ დამოკიდებულება. ქართული სოციალ-დემოკრატია პირველ პლანზე ცარიზმთან ბრძოლასა და რუსეთში დემოკრატიული წყობილების დამყარებას აყენებდა, სოციალ-ფედერალისტები და სხვა არასოციალისტურად განწყობილი ნაციონალისტებისათვის ეროვნული თვითგამორკვევის (ავტონომიის სახის) უფლებისთვის ბრძოლა იყო პრიორიტეტული. ქართველი სოციალ-დემოკრატები მომართულნი იყვნენ იმპერიის მასშტაბით პოლიტიკურ ბრძოლაზე. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიის მენშევიკური (ზომიერი) ფრთის არაერთი ლიდერი ქართველი იყო (ნ.ჩხეიძე, ი.წერეთელი და სხვები).

როგორც უკვე ითქვა, ამ პერიოდის პოლიტიკური ბრძოლის თავისებურება ქვეყანაში წარმომადგენლობითი ინსტიტუტების არარსებობა იყო. შესაბამისად, რეჟიმთან ბრძოლა ხშირად არალეგალურ, ძალადობრივ ფორმებს იღებდა. ძალადობრივმა ბრძოლამ თავის კულმინაციას 1905 წლის რევოლუციის პერიოდში მიაღწია. ეს პერიოდი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობაში აღმავლობის პერიოდია. პარტიული აგიტატორები საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში აქტიურ მუშაობას აწარმოებდნენ; ძირითადად, სოციალ-დემოკრტატიული პარტიის ხელმძღვანელობით გაჩაღებულ შეიარაღებულ ბრძოლაში მოსახლეობის ფართო ფენები იყვნენ ჩართულნი. სოციალისტური პარტიების წევრებისგან შემდგარმა ტერორისტულმა ჯგუფებმა მაღალი რანგის მოხელეებისა და რევოლუციის სხვა ოპონენტების წინააღმდეგ მთელი რიგი თავდასხმა განახორციელეს. რევოლუციის ჩახშობამ და რევოლუციის შემდგომმა სამთავრობო ტერორმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს. ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი დააპატიმრეს, ბევრი ემიგრაციაში წავიდა. პარტიების საქმიანობა კვლავ ინტელიგენტთა ვიწრო ჯგუფებით შემოისაზღვრა.

1917 წლის რევოლუციამ, რომელმაც რუსეთში საიმპერატორო რეჟიმი დაამხო, რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური ბრძოლის დღის წესრიგი საქართველოში. დემოკრატიულსა და ფედერალისტურ საფუძვლებზე დამყარებული რესპუბლიკის პერსპექტივამ შეასუსტა დაპირისპირება სოციალ-დემოკრატთა და ნაციონალისტთა შორის. პირველ ადგილზე დემოკრატიული მონაპოვრების დაცვის საკითხი დადგა, რომელიც, თავის მხრივ, ნაციონალური პრობლემის ამა თუ იმ ფორმით (სავარაუდოდ, ავტონომიის მოპოვებით) გადაწყვეტასაც გულისხმობდა. ამ საკითხების გარშემო კონსენსუსი საქართველოში იმ დროს მოქმედი პარტიების, სოციალ-დემოკრტების, სოციალ-ფედრეალისტების, სოციალისტ-რევოლუციონერებისა და ახლად შექმნილი მემარჯვენე პარტიის, ეროვნულ-დემოკრატების, 1917-1919 წლებში შეთანხმებულ მუშაობაში გამოიხატა. მაგრამ ისტორიული განვითარების ლოგიკა პარტიებს უფრო შორსაც უბიძგებდა. ბოლშევიკურმა გადატრიალებამ რუსეთში და გერმანია-თურქეთის ალიანსის შემოტევამ კავკასიურ ფრონტზე ამიერკავსკასიელი პოლიტიკოსები ჯერ ერთიანი, შემდეგ კი განცალკავებული სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობის წინაშე დააყენა. საქართელოში სოციალ-დემოკრატიული პარტია, როგორც ყველაზე მასობრივი პარტია ამ პროცესების სათავეში მოექცა (მსგავსად დაშნაკცუტიუნის პარტიისა სომხეთში). ამან სოციალ-დემოკრატ მენშევიკთა მხრიდან ნაციონალური საკითხის მიმართ უფრო დადებითი დამოკიდებულებაც განაპირობა. სოციალ-დემოკრატთა ბოლშევიკურმა ფრთამ, რომელიც ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენდა ქართულ სოციალ-დემოკრატიაში, პირველი ქართული რესპუბლიკის წინააღმდეგ არალეგალური შეიარაღებული ბრძოლის გზა აირჩია. საქართველოს პარლამენტის (დამფუძნებელი კრების) პირველ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატებმა 108 ადგილი მოიპოვეს 130-იდან და მანამადე არსებული სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობის ნაცვლად ერთპარტიული მენშევიკური მთავრობა შექმნეს. სწორედ მაშინ იჩინა პირველად თავი იმ პრობლემამ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დღევანდელ ეტაპზეც არის აქტუალური. ეს პრობლემა არის მმართველი პარტიისა და სახელმწიფოს შეზრდის პრობლემა. იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისას ქვეყნაში ქართული სამოხელეო კადრები თითქმის არ არსებობდა (იმპერიის არსებობის ბოლო პერიოდში ქართველები სახელმწიფო სამსახურში თითქმის არ მიდიოდნენ), სოციალ-დემოკრატიული პარტია ახალი სახელმწიფო აპარატის ხერხემლად იქცა. რესპუბლიკის არსებობის პირველ ეტაპზე არმიის არარსებობის პირობებში სოციალ-დემოკრატი მუშები იყვნენ შეიარაღებული ძალაცა და სახალხო გვარდიაც. პარტიის წევერების მიერ სახელმწიფო მართვაში გამოცდილების არქონამ და მმართველ პარტიაში მედროვე და კარიერისტი ელემენტების მასობრივმა შესვლამ რესპუბლიკის მთავრობის მთელ რიგ სფეროში წარუმატებლობები განაპირობა. პარტიის მიერ ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდომარეობაში მყოფი სახელმწიფოს კოლონიზაციამ ასევე „პარტიული“ სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პრობლემა წარმოქმნა. მენშევიკების ოპონენტები ხშირად რესპუბლიკას მენშევიკურ პარტიასთან აიგივებდნენ, რაც მის მიმართ ლოიალობაზე უარყოფითად მოქმედებდა. შეიძლება ითქვას, რომ პირველი რესპუბლიკის პერიოდის პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი ხაზი იმათ შორის გადიოდა, ვინც ხელისუფლებას ფლობდა (ანუ მენშევიკ სოციალ-დემოკრატებს) და იმათ შორის, ვინც ოპოზიციაში ედგა ამ ხელისუფლებას. ოპოზიციის მხარეზე იყო საზოგადოების მცირე, მაგრამ გავლენიანი ნაწილი: აზნაურები, ოფიცრები და ნაციონალისტური ინტელიგენცია. ვინაიდან ორივე ამ მხარის და მთლიანად რესპუბლიკის წინაშე ერთი და იგივე გამოწვევები იდგა (დამოუკიდებლობის შენარჩუნება და სოციალური რეფორმების მეშვეობით მოსახლეობის მხრიდან ლოიალობის უზრუნველყოფა), მათ შორის პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ყოფილა. პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაჩნდა ძალიან ბევრი წვრილი პარტია.

წითელი ჯარის მიერ საქართველოს ოკუპაცია საბედისწერო აღმოჩნდა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისთვის. მიუხედავად სოციალ-დემოკრატთა ახალ რეჟიმთან შემორიგების მცდელობებისა, საბჭოთა ხელისუფლებამ პარტიებზე ძლიერი ზეწოლის გზა აირჩია. ამ ზეწოლამ პარტიათა ორი მიმართულებით განვითარება განაპირობა. სახელმწიფო ტერორის პირობებში პარტიები მასობრივ ორგანიზაციებს ვერ ინარჩუნებდნენ და არალეგალურ, კონსპირაციულ ორგანიზაციებად გარდაიქმნებოდნენ. 1922 წელს პირველი რესპუბლიკის ძირითადი პარტიების არალეგალურმა ორგანიზაციებმა ე.წ. „დამკომი“ - დამოუკიდებლობის კომიტეტი - შექმნეს. ეს კომიტეტი 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების მთავარი ორგანიზატორი იყო და აჯანყების ჩახშობის შემდეგ შეწყვიტა არსებობა. მისი მეთაურები და აჯანყების მონაწილენი რეპრესირებულ იქნენ. ლეგალურ მდომარეობაზე დარჩენილი პარტიების წევრებს აიძულებდნენ პარტიული კრებების ჩატარებას, სადაც პარტიის დაშლას აცხადებინებდნენ. 1924-25 წლების შემდეგ საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა შეწყვიტეს თავისი მოქმედება და მხოლოდ სიმბოლურად დასავლეთში ქართველ ემიგრანტების ვიწრო წრეში აგრძელებდნენ არსებობას 50-იან წლებამდე.

პოლიტიკური პარტიები საქართველოში: 70-იანი წლებიდან დღემდე

მსგავსად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა, საქართველოშიც პოლიტიკური პარტიები რომელიმე სოციალური ჯგუფის ინტერესების გამომხატველ ორგანიზაციებად არ ჩამოყალიბებულან. ისინი თავიანთ მოთხოვნებს, ძირითადად, კომუნისტურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში აყალიბებდნენ და წინა პლანზე ნაციონალისტურ მოთხოვნებს აყენებნენ. გარკვეულ გამონაკლისს აქ ეროვნული მოძრაობის დროინდელი ე.წ. „ნარცისისტური „პარტიები შეადგენენ, რომლებიც უფრო ინტელექტუალთა კლუბებს წარმოადგენდნენ (რესპუბლიკური პარტია, დასი, „დემოკრატიული საქართველოს“ და „თავისუფლების“ ბლოკებში შემავალი სხვა პარტიები). ოთხმოციანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებული ამ პარტიების საზოგადოების ფართო ფენებთან დაახლოებას მათმა დახურულობამ და შიდა დემოკრატიის არარსებობამაც შეუშალა ხელი.11 ისინი მთლიანად ამა თუ იმ ლიდერის ან ლიდერთა ჯგუფის ხელში არსებულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ.

განსხვავებით აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი პარტიებისგან, საქართველოში პარტიებმა ვერ მოახერხეს პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლის ძირითად მონაწილეებად ჩამოყალიბებულიყვნენ. ისინი, განსაკუთრებით შევარდნაძის პერიოდში, მხოლოდ პერიფერიულ როლს თამაშობდნენ ძალაუფლების ისეთ ცენტრებთან შედარებით, როგორებიც იყვნენ შეიარაღებული ფორმირებები, პრეზიდენტი, მისი ადმინისტრაცია და ოლიგარქიული ჯგუფები. „დღეისთვის საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკურ პარტიათა როლის მკვეთრი შემცირება“, შენიშნავს ერთ-ერთი პოლიტიკური დამკვირვებელი 1998 წელს.12 რიგ შემთხვევაში პარტიები შეეცადნენ ძალაუფლების ძლიერ ცენტრებს დაკავშირებოდნენ. ამის მაგალითი იყო 1999 წლის არჩევნების წინ რიგი პარტიების დაკავშირება ბათუმის სახელისუფლებო ცენტრთან.

პოლიტოლოგთა საერთო დაკვირვებით, იდეოლოგიური ორიენტაციები ძალიან პატარა ან თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს ქართული პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში. დამოუკიდებლობის მიღწევიდან შემდეგ წარმატებული სწორედ იდეოლოგიურად გამოკვეთილი პოზიციის არმქონე და საზოგადოების ყველა ფენაზე ორიენტირებული პარტიები იყვნენ. ასეთი იყო ბლოკი მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო, მოქალაქეთა კავშირი და სხვა.13 მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი პარტიები უფრო მეტად ცდილობენ პროგრამული პრიორიტეტები გამოკვეთონ, პარტიებს შორის იდეოლოგიური კამათი დღესაც მეორეხარისხოვან როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ოთხმოცდაათიანი წლებიდან იკვეთება საზოგადოებაში არსებული გარკვეული ინტერესებისა და პარტიების დაკავშირების ტენდენცია. დღეს ისეთი პარტიები, როგორიცაა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ახალი მემარჯვენეები მეწარმეთა ინტერესების დამცველებად გვევლინებიან, ლეიბორისტული პარტია კი ხშირად გაჭირვებული ფენების ინტერესების სადარაჯოზე მდგომ პარტიად მოიაზრება. მომავალი აჩვენებს, რამდენად მოხდება ქართული ელექტორატის დაჯგუფება ამა თუ იმ ინტერესების გარშემო.

როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპაში არსებული კლიენტელისტური პარტიების ფენომენი ქართული პოლიტიკური რეალობისთვისაც არის აქტუალური. „მრავალრიცხოვან წევრებს და მხარდამჭერებს აერთიანებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მმართველია და სახელმწიფო აპარატის ხელთ არსებულ იძულებით თუ ეკონომიკურ სარგებლობით მოზიდვის ბერკეტებს იყენებს.“14 მსგავსად აღმოსავლეთ ევროპისა, ასეთი პარტიები აქაც ძალაუფლების მქონე ყოფილი ნომენკლატურისა ან ახალი ელიტების საფუძველზე იქმნება. პარტიების ზოგადმა სისუსტემ და სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდამ ასეთ პარტიებს ძალაუფლების საკუთარ ხელში დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნების საშუალება მისცა.

_________________

1 Richard Gunther, Larry Diamond, “Types and Functions of Parties”, in: Political Parties and Democracy, ed. by Richard Gunther, Larry Diamond, the Johns Hopkins University Press: Baltimore, 2001, pp.9-30.

2 Hans Daalder, “The Rise of Parties in Western Democracies”, in Political Parties and Democracy, ed. by Richard Gunther, Larry Diamond, the Johns Hopkins University Press: Baltimore, 2001, pp.40- 51.

3 Giovanni Sartori, Parties and Party Systems: A Framework for Analysis, Cambridge Univ. Press: New York, 1976.

4 Daadler, ზემოთ მოყვანილი ნაშრომი გვ. 40.

5 Daadler, ზემოთ მოყვანილი ნაშრომი, გვ. 40.

6 Daadler, ზემოთ მოყვანილი ნაშრომი, გვ 42.

7 Russel J. Dalton, Martin P. Wattenberg, “Unthinkable Democracy: Political Change in Advanced Industrial Democracy,“ in: Parties without Partisans, ed. By Russel J. Dalton and Martin P. Wattenber, Oxford University Press: New York, 2002, p. 7.

8 Daadler, ზემოთ ხსენებული ნაშრომი, გვ. 44.

9 Tomasz Kostelecky, Political Parties after Communism: Developments in East-Central Europe, Woodrow Wilson Center: Washington, DC, 2002, p. 158.

10 Herbert Kitschelt, “Divergent Paths of Postcommuist Democracies”, in: Political Parties and Democracy, ed. by Richard Gunther, Larry Diamond, The Johns Hopkins Univ. Press: Baltimore, 2001, p. 302.

11 Ghia Nodia, Political Parties in Georgia, in: International IDEA, Building Democracy in Georgia, Discussion Paper 7: Developing a Democratic Community in Georgia, May 2003, p. 10

12 დავით ლოსაბერიძე, თვითმმართველობა საქართველოში: განვითარების ტენდენციები, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 1998, გვ. 50

13 Jaba Devdariani, Georgia: The Rise and Fall of Facade Democracy, in: “Demokratizatsya”, winter 2004, available at http://www.findarticles.com/p/articles/mi_qa3996/is_200401/ai_n9358373

14 ლოსაბერიძე, ზემოთ დასახელებული ნაშრომი, გვ. 51

7 დამატება II: დოკუმენტები პოლიტიკური პარტიების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს კონსერვატიული პარტია

მოკლე ისტორია

თავმჯდომარე: კობა დავითაშვილი
თანათავმჯდომარე: ზვიად ძიძიგური
გენერალური მდივანი: კახა კუკავა
მის: ლაღიძის ქ. 3, თბილისი,
საქართველო
ტელ/ფაქსი: (995 32) 997497
ვებ-გვერდი: www.conservators.ge

ქართული პოლიტიკური ცენტრისტულ-მემარჯვენე ფრთის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია საქართველოს კონსერვატიული პარტია. ის 2005 წლის მაისში ორი პარტიის - ეროვნულ ძალთა გაერთიანება და კონსერვატიული პარტია - გაერთიანების საფუძველზე დაარსდა. მისი ამჟამინდელი ლიდერები და ზოგიერთი წევრი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები იყვნენ, რომლებმაც 2000 წელს ჩამოაყალიბეს პარტია „ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები.“ 2003 წლის ნოემბერში ისინი ვარდების რევოლუციის ლიდერთა შორის იყვნენ და 2004 წლის მარტის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე საკანომდებლო ორგანოს მანდატები სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით მოიპოვეს. მოგვიანებით სახელისუფლებო პარტიას გაემიჯნენ ზოგიერთ საკითხთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის გამო, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ქართული პოლიტიკური სისტემა. მათი აზრით, ამ ცვლილებებმა დაარღვია სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსისა და ურთიერთკონტროლის პრინციპი. გარდა ამისა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მათი განცხადებით, ვერ შეასრულა ამომრჩევლებისადმი მიცემული რიგი დაპირებებისა, რომელთაც, არსებითად, სოციალურად დაუცველი ფენების ინტერესები უნდა გაეთვალისწინებათ.

საკითხები, რომელთა ირგვლივ ფოკუსირებულია პარტიის ყურადღება, ეხება მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების - პენსიონერთა და უმუშევართა - ინტერესებს. ამ პრობლემების მოგვარების გზებს პარტია, ერთი მხრივ, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდაში, მეორე მხრივ, ეკონომიკის ლიბერალიზაციასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ხედავს. პარტია აქტიურია ხელისუფლების დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების კუთხითაც. ამასთანავე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ტრადიციული რელიგიის როლის გაზრდა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პარტიის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია.

კონსერვატიული პარტია, მიუხედავად არსებობის მცირე პერიოდისა, მრავალი ნოვატორული იდეის ინიციატორია: ოპოზიციურ პარტიებს შორის პრაიმერის ჩატარება, ფინანსების მოსაზიდად საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა, შიდაპარტიული თანამდებობების არჩევითობის დამკვიდრება.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის მუშაობის მარეგულირებელი დოკუმენტი მისი წესდებაა, რომელიც პირველ დამფუძნებელ კრებაზე 2005 წლის მაისში მიიღეს. პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურის ტერიტორიული დაყოფის პრინციპი იმეორებს ქვეყნის ადმინისტრაციული და საარჩევნო დაყოფის პრინციპს: სტრუქტურული ერთეულების დაარსების და უფლება-მოვალეობების გადანაწილების საკითხებს არეგულირებს წესდება. ის საკმაოდ ნათლად და კონკრეტულად განსაზღვრავს ყველა პროცედურასა და შიდა ურთიერთობის საკითხს.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის ყრილობა. იგი მოიწვევა საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე მაინც. ყრილობის წევრები არიან ეროვნული კომიტეტის წევრები, პარტიის პარლამენტარი წევრები, პირველადი, რაიონული, რეგიონული/საქალაქო, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და რაიონული ორგანიზაციის საბჭოს წევრები. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას წევრთა ნახევარზე მეტი ესწრება, ხოლო გადაწყვეტილებები დამსწრეთა უმრავლესობით მიიღება. ყრილობა ოთხი წლის ვადით ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს. დამსწრეთა ორი მესამედის თანხმობა საჭიროა მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომლებიც ეხება პარტიის ქონებას, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას, ასევე პარტიის რეორგანიზაციასა და თვითლიკვიდაციას. როგორც ყრილობაზე, ისე პარტიის ნებისმიერ ხელმძღვანელ ორგანოში გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღება.

პარტიის აღმასრულებელი ორგანოა საერთო კრება. მისი დელეგატები არიან ეროვნული კომიტეტის წევრები, პარტიის პარლამენტარი წევრები, საუბნო, რაიონული, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეები. იგი წელიწადში ორჯერ მაინც მოიწვევა და პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს, თუ ის ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს.

ყრილობებსა და კრებებს შორის პარტიას ეროვნული კომიტეტი ხელმძღვანელობს. მასში ერთიანდებიან პარტიის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე და ხუთი წევრი. წევრებს ორი წლის ვადით ირჩევს ყრილობა, ხოლო ყრილობებს შორის პერიოდში წევრებს საერთო კრება ირჩევს. ეროვნული კომიტეტი

- წარმოადგენს პარტიას პოლიტიკურ და სამართლებრივ ურთიერთობებში;

- ასრულებს ყრილობისა და საერთო კრების გადაწყვეტილებებს;

- განკარგავს პარტიის მატერიალურ რესურსებს;

- გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს ყრილობას და საერთო კრებას;

- ადგენს საწევრო შენატანის ოდენობას და გადახდის წესს;

- წესდების დარღვევის შემთხვევაში რიცხავს წევრს პარტიის რიგებიდან;

- სარევიზიო კომისიის შეთავაზებით განიხილავს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

პარტიის მაკონტროლებელი ორგანოა სარევიზიო კომისია. იგი სამი წევრისგან შედგება, რომლებსაც ამტკიცებს ყრილობა. სარევიზიო კომისია აკონტროლებს ყველა შიდაპარტიულ არჩევნებს, ამოწმებს პარტიისა და ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების საქმიანობას. მას შეუძლია ეროვნული კომიტეტის წინაშე თავმჯდომარის ვადამდელი განთავისუფლების საკითხის დაყენებაც. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია პარტიის ყრილობისა და საერთო კრების წინაშე.

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობის ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომლის მმართველობის სფერო გეოგრაფიულად საარჩევნო უბნის გავრცელების მასშტაბებით შემოიფარგლება. უმაღლეს მმართველობით ორგანოს წევრთა საერთო კრება წარმოადგენს; მის ყოველდღიურ საქმიანობას წევრების მიერ არჩეული თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის მოვალეობაა, რეგულარულად შეხვდეს მოსახლეობას, მოიზიდოს ახალი წევრები და მხარდამჭერები, შეაგროვოს ხელმოწერები და ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივი მასშტაბით პარტიის სხვადასხვა ღონისძიებას.

პირველადი ორგანიზაციები რაიონულ ორგანიზაციებში ერთიანდებიან, რომელსაც თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. თავმჯდომარის არჩევნები ყოველი სახელმწიფო მმართველობითი ორგანოს არჩევნების წინ ექვსი თვით ადრე ეწყობა და მასში რაიონული ორგანიზაციის წევრები იღებენ მონაწილეობას. თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებს შეუძლიათ. არჩევის შემდეგ მომავალ არჩევნებამდე თავმჯდომარე ხელშეუხებელია. მას შეუძლია საკუთარი ახსნა-განმარტების საფუძველზე დატოვოს თანამდებობა, ან შეიძლება გადაყენებულ იქნეს საბჭოს წევრების მიერ მხოლოდ წესდების დარღვევის შემთხვევაში.

რაიონულ ორგანიზაციასაც აქვს თანათავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც რაიონულ არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი იკავებს. თანათავმჯდომარე თითქმის იმავე უფლებამოსილებით სარგებლობს, რითაც თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში იგი თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს.

რაიონული ორგანიზაციის მესამე არჩევითი ორგანო საბჭოა. მას ხუთი წევრი ჰყავს, როელთაგანაც ორი - თავმჯდომარე და თანათავმჯდომარეა. საბჭო უფლებამოსილია ყველა რაიონული მასშტაბის გადაწყვეტილება, მათ შორის, ფინანსურიც, დამოუკიდებლად მიიღოს. გადაწყვეტილებები აქ უბრალო უმრავლესობით მიიღება. რაიონულ ორგანიზაციათა საერთო კრებებს შეუძლიათ პრეზიდენტობის, მაჟორიტარი დეპუტატობის, მერის, გამგებლისა და საკრებულოს წევრების კანდიდატების დასახელება.

რაიონული ორგანიზაცია დამოუკიდებლად მართავს საკუთარ ბიუჯეტს. მას აქვს სრული თავისუფლება მოიზიდოს და ხარჯოს ფინანსები. მათ შეზღუდული აქვთ მხოლოდ გაურკვეველი წარმოშობის თანხების მოზიდვა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან შემოსავლების 20%25 ცენტრალურ ოფისს გადაურიცხონ.

პარტიული სტრუქტურა მოიცავს რეგიონულ/საქალაქო ორგანიზაციებსაც, რომლებიც, სულ მცირე, ორ რაიონულ ორგანიზაციას აერთიანებენ. მისი ხელმძღვანელობა, ისე როგორც ყველა სტრუქტურული ნაწილისა, არჩევითია. მას საერთო კრება ხელმძღვანელობს, რომელშიც რაიონული ორგანიზაციების საბჭოს წევრები ერთიანდებიან. რეგიონული/საქალაქო საბჭო კი, რომელიც უშუალოდ წარმართავს რეგიონის მუშაობას, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისგან კომპლექტდება.

პარტიას აქვს ახალგაზრდული ორგანიზაციაც, რომელშიც პარტიის 35 წლამდე ასაკის წევრები ერთიანდებიან. წესდებით განსაზღვრული მისი სტრუქტურა მსგავსია პირველადი ორგანიზაციის სტრუქტურისა რაიონულ დონეზე და რაიონული ორგანიზაციის სტრუქტურისა რეგიონულ დონეზე. პარტიაში არ არის ქალთა გაერთიანების სტრუქტურული ელემენტი და არც განსაკუთრებული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ აქვთ შემუშავებული. მომავალში არ გამორიცხავენ ქალთა კლუბის შექმნას, რომლის მთავარი ფუნქციები მრავალშვილიან დედებზე ზრუნვა, თანადგომა და ქალებისთვის საინტერესო ღონისძიებების ჩატარება იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ პარტიის სტრუქტურული დაყოფა ძალიან ჰგავს სხვა პარტიებისას, მათი დაკომპლექტებისა და განვითარების პრინციპი, რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, ყველა შიდაპარტიული თანამდებობა არჩევითია. პარტიას მიაჩნია, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის გაძლიერებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მართვის დეცენტრალიზაცია და შიდა კონკურენციის წახალისება. კონსერვატორები დარწმუნებულნი არიან, რომ კონკურენტულ გარემოში იმარჯვებს ძლიერი; შესაბამისად, შიდა კონკურენციის წახალისება ხელს შეუწყობს ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბებას. პარტიის სტრატეგიული განვითარების მთავარი პრინციპია პარტია 3000 ლიდერით (საქართველოში, დაახლოებით 3000 საარჩევნო უბანია). შესაბამისად, ისინი მიზნად ისახავენ ყველა საარჩევნო უბანში საკუთარი წარმომადგენლობის გახსნას.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კონსერვატიულმა პარტიამ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოიტანა, საარჩევნო სიების გაწერის მკაცრი წესებია. საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატთა სიებში პირველ 35 პოზიციას პარტიის წესდება განსაზღვრავს, დანარჩენების თანმიმდევრობას ეროვნული კომიტეტი ადგენს, თუმცა ამ შემთხვევაშიც შერჩევის მკაცრ კრიტერიუმებს წესდებავე განსაზღვრავს.

წევრობა

პარტიის წევრობის მოპოვება საკმაოდ მარტვია. წესდების მიხედვით პარტიის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას. წევრად მიღებისას კანდიდატი ავსებს ანკეტას, რომელშიც პირად მონაცემებთან ერთად უთითებს პროფესიასა და ინტერესთა სფეროს. პარტიაში გაწევრიანებაზე შეზღუდვები არ არის დაწესებული; თუმცა ამ ეტაპზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, პარტიაში, მეტწილად, უმუშევრები და ღარიბები წევრიანდებიან.

წევრების მოზიდვის პოლიტიკის პრაქტიკაში გატარებისას საკმაოდ დიდი თავისუფლება ეძლევათ პირველად და რაიონულ ორგანიზაციების. პარტიაში მიაჩნიათ, რომ პირველადი და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა უკეთ იციან ადგილობრივი სპეციფიკა, შესაბამისად, თავად სახავენ ახალი წევრების მოზიდვის კონრეტულ ნაბიჯებს.

პარტია ამჟამად ორიენტირებულია წევრების მოზიდვაზე. მისი პროგრამა მაქსიმუმი საარჩევნო უფლების მქონე ყველა საქართველოს მოქალაქის დადებითი განწყობის მოპოვებაა. ამ პრიორიტეტის შესაბამისად, თითოეულ რაიონულ ორგანიზაციას მუშაობის შეფასების კრიტერიუმები აქვს შემუშავებული. საქმიანობის ეფექტურობა ამ ეტაპზე რაოდენობრივი მატების მაჩვენებლით ფასდება. ამასთან დაკავშირებით პარტიას თავისი ფორმულაც აქვს: n+1, ანუ ყველა წევრი ვალდებულია თვეში ერთხელ პარტიაში ერთი წევრი მაინც მოიყვანოს.

პარტიის წესდება განარჩევს ნამდვილ და ასოცირებულ წევრს. ნამდვილი წევრები იხდიან ყოველთვიურ საწევროს და შიდაპარტიულ არჩევნებში სარგებლობენ აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებით. ასოცირებული წევრები არ იხდიან საწევრო გადასახადს და მხოლოდ აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობენ. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ყველა წევრს აქვს შესაძლებლობა გამოავლინოს ინიციატივა. მას შეუძლია წერილობით მიმართოს პარტიის თავმჯდომარეს, ეროვნულ კომისიას ან სარევიზიო კომისიას და საკუთარი შეთავაზებები გააცნოს. პარტიის წევრები უფლებამოსილნი არიან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია პარტიის საქმიანობის შესახებ. თუ პარტიის წევრის მოქმედება ეწინააღმდეგება პარტიის წესდებას, მისი გარიცხვა შეუძლია მხოლოდ ეროვნულ კომიტეტს.

კონსერვატორებთან არ არსებობს სპეციალური ეთიკის ნორმები ან დებულებები, რომლებიც შიდაპარტიული კონფლიქტის გადასაჭრელად შეიძლება იქნეს გამოყენებული. ისინი მსგავსი რეგულირების მექანიზმის არარსებობას პრობლემად აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია წესდებაში დამატებების შეტანა, ან დამატებითი რეგულირების დოკუმენტის მიღება. კონფლიქტის წარმოქმნის შესაძლო ძირითად მიზეზად შიდაპარტიული არჩევნები შეიძლება ჩაითვალოს. კონფლიქტის ასაცილებლად აუცილებელია ყველა წევრი მზად იყოს დამარცხებისთვის და აცნობიერებდეს იმას, რომ კანდიდატები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა მტრები.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები

საზოგადოებასთან კონსერვატორები პირად კონტაქტებს პირველადი ორგანიზაციების საშუალებებით ამყარებენ. ამ ურთიერთობაში ინფორმაცია ორი მიმართულებით მოძრაობს: პარტია გასცემს თავისი საქმიანობის, გეგმების და პროგრამის დეტალურ აღწერას, ხოლო მოსახლეობისგან მათი პრობლემებისა და ინტერესების შესახებ იღებს ინფორმაციას.

მედიასთან, ჩვეულებრივ, პარტიის ცენტრალური მმართველობითი ორგანო თანამშრომლობს. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კიდევ ერთ საშუალებად კონსერვატორები რეგულარულად განახლებად ვებ-გვერდს იყენებენ (www.conservators.ge).

პარტია, მეტწილად, საკუთარ ადამიანურ და პროფესიულ რესურსს ეყრდნობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში სხვადასხვა დარგის პროფესიულ ჯგუფებთან და ექსპერტებთანაც იმუშავებდა. ისინი მზად არიან ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიიღონ მათ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ის ტექნიკური აღჭურვილობა, სასწავლო პროგრამა თუ მუშაობის ეფექტურად წარმართვის რეკომენდაცია. ამჟამად პარტია ჩართულია IRI-სა და NDI-ის მიერ ორგანიზებულ პროგრამებში. მომავალში კი უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებთან მჭიდრო კავშირების დამყარებას გეგმავენ; მიაჩნიათ, რომ ეს კავშირები საკუთარი იდენტობის გამოკვეთაში და პარტიული სტრუქტურის მშენებლობაში დაეხმარება.

0x01 graphic

პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

მოკლე ისტორია

ლიდერი: გოგი თოფაძე
თავმჯდომარე: ზურაბ ტყემალაძე
მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 9,
თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 227635

მრეწველობაა გადაარჩენს საქართველოს ერთ-ერთი წარმატებული პარტიაა ქვეყანაში, რომელიც არ შექმნილა საკანონმდებლო ორგანოში ჩამოყალიბებული ფრაქციის საფუძველზე. ის იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოებრივი გაერთიანების - მრეწველთა კავშირის, ქართველი ბიზნესმენების ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა. პარტია 1999 წლის აპრილში დაარსდა. მისი დაარსების ინიციატორები და მომავალი ლიდერები ბიზნესის სექტორში მოღვაწე ადამიანები იყვნენ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ხელისუფლების მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და სურდათ მასზე გავლენა მოეხდინათ. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ (პოლიტიკურ გაერთიანებასთან - საქართველოს სპორტსმენები - ერთიან ბლოკში) შეძლო მესამე ადგილის დაკავება და საარჩევნო ბარიერის გადალახვა, ხოლო 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე ახალ მემარჯვენეებთან ერთად 7.6%25-ით მეორე ადგილი დაიკავა და კიდევ ერთხელ გადალახა საარჩევნო ბარიერი. 2006 წლის თებერვლამდე პარლამენტში წარმოდგენილი პარტიის წევრები ახალ მემარჯვენეებთან ერთად ერთ ფრაქციაში ერთიანდებოდნენ, თებერვლის შემდეგ კი მათ პარლამენტში დამოუკიდებელი ფრაქცია ჩამოაყალიბეს.

პარტიის პრიორიტეტი მისი შექმნიდან დღემდე ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა, რისი მიღწევაც საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციით უნდა მოხდეს. პარტია ხშირად გამოდის ქვეყნისადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების კრიტიკით, რომლებიც, მისი აზრით, არაკონკურენტუნარიანს ხდის ადგილზე წარმოებულ პროდუქციას სხვა ქვეყნების ნაწარმთან შედარებით. პარტია ეკონომიკის განვითარებაში ხედავს ქვეყნის წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი პრობლემების, კერძოდ, სოციალური და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გადაჭრას. პარტიის მთავარი მოწოდებაა: “გადავარჩინოთ მრეწველობა და მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.“

ორგანიზაციული სტრუქტურა

პოლიტიკური მოძრაობის შიდა ურთიერთობებს, მიზანსა და მიღწევის გზებს განსაზღვრავს წესდება, რომელიც პირველ დამფუძნებელ ყრილობაზე 1999 წელს იქნა მიღებული. 2005 წელს მასში ცვლილებები შევიდა, თუმცა ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი პრინციპები უცვლელი დარჩა.

მოძრაობის უმაღლესი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბება. მასში მონაწილეობას იღებს არანაკლებ 200 დელეგატისა. ყრილობის მთავარი ფუნქციაა დაამტკიცოს, ცვლილებები და დამატებები შეიტანოს წესდებაში, შეაფასოს პარტიის მუშაობა, აირჩიოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივნები, სათათბიროს, მთავარი კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრები.

პარტიის საქმიანობას ყრილობებს შორის სათათბირო ხელმძღვანელობს. იგი ოთხი წლის ვადით ირჩევა, რომლის წევრთა რაოდენობას ყრილობა ადგენს. სათათბირო სამ თვეში ერთხელ მაინც მოიწვევა და პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას განსაზღვრავს.

პარტიის აღმასრულებელი ორგანო მთავარი კომიტეტია; მის წევრებს სათათბირო წარადგენს და ყრილობა ამტკიცებს. იგი ვალდებულია უზრუნველყოს ყრილობისა და სათათბიროს გადაწყვეტილებების შესრულება. მთავარი კომიტეტის სხდომები თვეში ერთხელ მაინც ეწყობა. კომიტეტი პარტიასთან დაკავშირებით ყველა იმ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც არ განეკუთვენბა სათათბიროსა და ყრილობის განსაკუთრებულ პრეროგატივას.

პარტიის საქმიანობას და ცენტრალური აპარატის მუშაობას მართავს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივნები. მათ ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა; იმავდროულად ისინი მთავარი კომიტეტის წევრებიც არიან. პარტიას სხვა სუბიექტებთან ურთიერთობაში წარმოადგენს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი - მოადგილე.

პარტიის საფინანსო საქმიანობას სარევიზიო კომისია ხელმძღვანელობს. იგი ხუთი წევრისგან შედგება, რომლებსაც სათათბირო წარადგენს და ამტკიცებს ყრილობა ოთხი წლის ვადით. კომისია თავად განსაზღვრავს თავის მუშაობის წესს. მის განსაკუთრებულ სფეროს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია წარმოადგენს. კომისია ყოველწლიურად ვალდებულია ანგარიში ჩააბაროს სათათბიროს, ოთხ წელიწადში ერთხელ კი - ყრილობას.

პარტიის ორგანიზაციული სტრუქტურის ტერიტორიული დაყოფის პრინციპი, ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპს იმეორებს. ტერიტორიული წარმომადგენლობის ბაზას პირველადი ორგანიზაციები ქმნიან, რომელთა გეგორაფიული გავრცელება საარჩევნო უბნების საზღვრებს ემთხვევა. პირველად ორგანიზაციებს ზონალური, რაიონული და რეგიონული ორგანიზაციები აერთიანებენ. პირველადი ორგანიზაციები ამომრჩევლებთან მუშაობის მთავარი სრტუქტურული ერთეულებია. ისინი აქტიურად საქმიანობენ საარჩევნო პერიოდში, არჩევნებს შორის პერიოდში კი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის აღწერით არიან დაკავებულნი. პირველადი ორგანიზაციის წევრები რეგულარულად დადიან კარდაკარ, იწერენ მოსახლეობის საპასპორტო მონაცემებს, ითვლიან რამდენ მოსახლეს აქვს საარჩევნო ხმის უფლება და რამდენია მათ შორის პარტიის მხარდამჭერი. პირველადი ორგანიზაციები ასევე პასუხისმგებელნი არიან ახალი წევრებისა და მხარდამჭერების მოზიდვის პოლიტიკის განხორციელებაზე.

პირველადი ორგანიზაციების საქმიანობას კოორდინირებას რაიონული წარმომადგენლობები უწევენ. ხშირად ამ ორ ტერიტორიულ ორგანიზაციას შორის შუალედური სტრუქტურული ერთეული - ზონალური ორგანიზაციები იქმნება. ზონალურ ორგანიზაციებს დიდი გეოგრაფიული არეალის რაიონებში აარსებენ, სადაც ბევრია ამომრჩეველი. ზონალური ორგანიზაციები რაიონულ და პირველად ერთეულებს შორის მუშაობის კოოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლის ეფექტურობას უზრუნველყოფენ.

რაიონული ორგანიზაციები პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივი მასშტაბით პარტიულ საქმიანობაზე, რაც, ძირითადად, პარტიის წევრთა და ამომრჩეველთა სიების დადგენით, კულტურული და სპორტული ღონისძიებების მოწყობით შემოიფარგლება. ამასთან, რაიონული ორგანიზაციები აგროვებენ და შეძლებისდაგვარად რეაგირებენ ადგილობრივ პრობლემებზე. კერძოდ, იურიდიული კონსულტაციის საჭიროების შემთხვევაში, სოციალურ ან კომუნალურ პრობლემებთან დაკავშირებით მოსახლეობა განცხადებით მიმართავს პარტიულ ორგანიზაციას და დახმარებას თხოვს. ეს უკანასკნელი, მიმართავს რა შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, ცდილობს საკუთარი აქტივობით პრობლემის გადაჭრას ხელი შეუწყოს.

რაიონულ ორგანიზაციებში, ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, იქმნება კონკრეტულ სოციალურ ჯგუფზე მომუშავე საბჭოები. მათ შორის ეთნიკური უმცირესობების და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებზე ორიენტირებული საბჭოები. პარტიულ ორგანიზაციაში ცდილობენ, რომ საბჭოებს თავად ამ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა უხელმძღვანელონ, რაც განაპირობებს საბჭოს მუშაობის მიზანმიმართულობას და ეფექტურობას. ფუნქციობენ ახალგაზრდათა და ქალთა ორგანიზაციების ადგილობრივი წარმომადგენლობები. ისინი ჩართულნი არიან ადგილობრივ დონეზე აგიტაცია-პროპაგანდისა და კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში.

რაიონული ორგანიზაციები რეგიონულ წარმომადგენლობებში ერთიანდებიან. მათ საქმიანობას თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რომელსაც ადგილობრივი წევრები ირჩევენ და ზემდგომი ორგანო ამტკიცებს. რეგიონული, ისევე როგორც რაიონული ორგანიზაციები, პარტიის წესდების მიხედვით ვალდებულნი არიან ყოველ კვარტალში საქმიანობის ანგარიში წარუდგინონ მთავარ კომიტეტს.

პარტიის ძირითადი სტრუქტურის პარალელურად მუშაობს ახალგაზრდათა და ქალთა ორგანიზაციაც. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების უმრავლესობა სპორტსმენები არიან. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი პარტიის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში. ხშირად გამოიყენება ახალგაზრდული რესურსები ამომრჩეველთა შორის ინფორმაციის გავრცელების და კარდაკარ პროგრამების ჩასატარებლად.

პარტიის ქალთა ორგანიზაცია, ძირითადად, სოციალურად დაუცველი ფენების პრობლემების შესწავლითა და დახმარებით არის დაკავებული. ისინი ხშირად მატერიალურ დახმარებას უწევენ უსახლკარო ბავშვებს, მრავალშვილიან დედებს და ახალგაზრდა ხელოვანებს. პარტიის ქალთა ორგანიზაციამ განახორციელა ასევე დიასახლისთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის პროექტი. ის ითვალისწინებდა დიასახლისთა ჩართვას სხვადასხვა პოლიტიკური, კულტურული და საგანმანთლებლო ღონისძიებების ორგანიზებაში.

წევრობა

პარტიის წევრების მიღებისა და გარიცხვის წესებს წესდება განსაზღვრავს. გაწევრიანების მსურველი ვალდებულია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პარტიის ტერიტორიულ ორგანიზაციაში წარადგინოს წერილობითი მიმართვა; ჩვეულებრივ, გადაწყვეტილებას, რეგიონალური ოფისი იღებს.

პარტიაში დიდ ყურადღებას აქცევენ ახალი წევრების პოლიტიკურ წარსულს, საზოგადოებაში არსებულ ავტორიტეტსა და პარტიაში შესვლის მოტივაციას. ამ ინფორმაციის მიღება თავად მსურველთან გასაუბრების შემდეგ ხდება; სწორედ გასაუბრებაზე წყდება წევრის მიღების საკითხი. პარტიას არ აქვს ახალი წევრებით ორგანიზაციის შევსების გეგმა, რამდენადაც მიაჩნია, რომ რაოდენობრივ მაჩვენებელზე გამოკიდებამ შეიძლება ადამიანური რესურსის რაგვარობრივი გაუარესება გამოიწვიოს.

პარტიიდან გარიცხვის მოტივაციას წესდება განსაზღვრავს. წევრის გარიცხვის საფუძველი შეიძლება გახდეს წესდების ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე ქმედება, რომელიც მორალურ ან მატერიალურ ზიანს მიაყენებს ორგანიზაციას. გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას რეგიონული ორგანიზაცია იღებს. პარტიის რიგებიდან გარიცხვა ერთადერთი სანქციაა, რომლის გამოყენებასაც არაკეთილსინდისიერი წევრის მიმართ წესდება განსაზღვრავს. შიდაპარტიული უთანხმოების გადაჭრის სხვა ფორმალური მექანიზმი განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, საკმაოდ ხშირად კონფლიქტის გადაჭრის არაფორმალური მეთოდები გამოიყენება, მათ შორის, შიდა სტრუქტურული გარჩევები, უთანხმოებაში ჩართულ პირებს შორის მოლაპარაკებები და სხვა.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები

პარტია საზოგადოებასთან ურთიერთობის ორ - ფორმალურ და არაფორმალურ - გზებს იყენებს. არაფორმალური ურთიერთობები, ჩვეულებრივ, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. ისინი უშუალოდ ხვდებიან ნაცნობებს, მეზობლებს და აცნობენ პარტიის საქმიანობასა და მიზნებს. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმალურ მხარეს, კერძოდ, მას-მედიასთან ურთიერთობას ცენტრალური მმართველობითი ორგანო უძღვება. პროფესიული პრეს-სამსახური მხოლოდ ცენტრალურ ორგანიზაციაშია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რეგიონულ და რაიონულ ოფისებსაც ემსახურება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ დღეისთვის მას-მედია ნაკლებადაა დაინტერესებული პარტიული საქმიანობის გაშუქებით. ელექტრონული მედია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, საერთოდ არ აშუქებს ადგილობრივი პარტიულ ღონისძიებებს და მხოლოდ იმ შემთხვევაში ინტერესდება, თუ მათში მონაწილეობას პარტიის ლიდერები იღებენ. მათი აზრით, საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სამსახური რაიონულ დონეებზე საჭიროებას არ წარმოადგენს.

პარტია პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში, ძირითადად, საკუთარ პროფესიულ რესურსს ეყრდნობა. თუმცა აღიარებს, რომ ორგანიზაციული სტრუქტურის დასახვეწად და მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად ექსპერტთა მხრიდან დახმარებას საჭიროებს. პარტია აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში აქტიურობს პარტიის ქალთა ორგანიზაცია, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას ღებულობს გენდერულ საკითხებზე მიძღვნილ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში. პარტიას თითქმის არ აქვს უცხო ქვეყნების პარტიებთან ურთიერთობის გამოცდილება. ამის მიზეზად პარტიაში გამოცდილების და რესურსების ნაკლებობას ასახელებენ. ასევე აღიარებენ, რომ თავად ნაკლებად იჩენდნენ ინიციატივებს და დღემდე არსებული საერთაშორისო კავშირების მხოლოდ პასიური მომხმარებლები იყვნენ.

პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

0x01 graphic

საქართველოს ლეიბორისტული პარტია

მოკლე ისტორია

თავმჯდომარე: შალვა ნათელაშვილი
გენერალური მდივანი: იოსებ შატბერაშვილი
მის: ჯავახიშვილის . 88, 0164 თბილისი,
საქართველო
ტელ: (995 32) 911617, 943922
ფაქსი: (995 32) 942922

ერთადერთი წარმატებული მემარცხენე ძალა საქართველოში ლეიბორისტული პარტიაა. იგი 1995 წელს დაარსდა. 1999 და 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე პარტია საკმაოდ მიახლოებული იყო საარჩევნო ბარიერს. მისი ყველაზე დიდი საარჩევნო წარმატება იყო 1998 და 2002 წლის ადგილობრივი არჩევნები, კერძოდ, 2002 წლის არჩევნებზე, პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა თბილისის საკრებულოში.

პარტიის შექმნა გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში სოციალურად დაუცველი ფენის წარმოქმნამ განაპირობა. პარტიამ მიზნად დაისახა მძიმე სოციალურ პირობებში ჩავარდნილი საშუალო კლასის ინტერესების დაცვა და დასავლური ტიპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიად ჩამოყალიბება.

ამჟამად პარტია აქტიურად აყენებს არსებული ფასიანი განათლების და ჯანდაცვის სისტემების გვერდით უფასო სისტემების შექმნის საკითხს, ასევე კომუნალური გადასახადების შემცირების და სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვილი მოსამსახურეების სოციალური დაცვის საკითხებს. იგი მიწის (ნაწილობრივ) სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენას ემხრობა და მიაჩნია, რომ არც ენერგეტიკის გენერაციის ობიექტების განკერძოება უნდა მოხდეს, ვიდრე სახელმწიფოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი. პარტიას პრიორიტეტად მიაჩნია ადგილობრივი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო, წარმოების ხელშეწყობა, რაც, ძირითადად, საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამავე დროს იგი მხარს უჭერს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გაზრდას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ტრადიციული კულტურული ღირებულებების და ცხოვრების წესის განმტკიცება-შენარჩუნებას. ამასთან, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იქნეს ყველა სხვა რელიგიური დენომინაციის უფლებები.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის 1995 წელს მიიღეს; მცირედი ცვლილებები 1998 და 2002 წლებში განიცადა, თუმცა საბაზისო პრინციპები თითქმის არ შეცვლილა. ლეიბორისტული პარტია სხვა პარტიებთან შედარებით საკმაოდ მარტივი ორგანიზაციული სტრუქტურით გამოირჩევა.

პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები მთავარი რგოლი ცენტრალური ოფისია; მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პარტიის ყრილობასა და პოლიტიკურ კომიტეტზე მიიღება. მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას საკითხი წინასწარი განხილვისთვის რაიონულ ორგანიზაციებს ურიგდებათ. ისინი ვალდებულნი არიან საკუთარი შენიშვნები მოამზადონ, შეაჯერონ წინადადებები და ცენტრალურ ოფისს წერილობით აცნობონ. სადავო საკითხის შემთხვევაში გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს, თუ ხმები გაიყო, გადამწყვეტი ხმის უფლება თავმჯდომარეს ენიჭება. ცენტრალურ ოფისში მიღებული გადაწყვეტილების შესრულება კი სავალდებულოა ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. იგი უფლებამოსილია, თუ დელეგატთა ორი მესამედი მაინც ესწრება და გადაწყვეტილებებს დამსწრეთა უმრავლესობით იღებს. ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოვალეობას წარმოადგენს:

- წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

- პარტიის თავმჯდომარის არჩევა და პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებით მისი ანგარიშის მოსმენა;

- პარტიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პოლიტიკური კომიტეტის არჩევა;

- სარევიზიო კომისიის არჩევა და მისი ანგარიშების მოსმენა;

- პარტიის აღმასრულებელი ორგანო 25 წევრისგან (პარტიის თავმჯდომარის ჩათვლით) შემდგარი პოლიტიკური კომიტეტია. მას ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა და ვალდებულია სამ თვეში ერთხელ მაინც შეიკრიბოს. კომიტეტის ყოველდღიურ საქმიანობას ბიურო და მდივნები წარმართავენ. ბიურო, ჩვეულებრივ, ათი წევრისგან შედგება, რომელსაც თავმჯდომარის წარდგინებით კომიტეტი ამტკიცებს. კომიტეტის უფლება-მოვალეობებია;

- ხმათა ორი მესამედით მიიღოს ან გარიცხოს პარტიის წევრი, დანიშნოს ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები;

- უზრუნველყოს ყრილობის ჩატარება;

- ყრილობათა შორის პერიოდში განაგოს პარტიის ქონება.

უმაღლესი შიდაპარტიული თანამდებობა პარტიის თავმჯდომარეობაა. იგი წარმოადგენს პარტიას როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ და ხელს აწერს პარტიის ოფიციალურ დოკუმენტებს. მას ასევე შეუძლია მართოს პარტიის ფინანსური სახსრები და ქონება.

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობების ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომელიც საარჩევნო უბნების მიხედვით იქმნება და იმ შემთხვევაში არსდება, თუ უბანში პარტიას სამი აქტივისტი მაინც ჰყავს. მას ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. მისი მთავარი ფუნქციაა ახალი წევრების გაწევრიანება, აგიტაცია-პროპაგანდა და პარტიის გადაწყვეტილებების შესახებ წევრების ინფორმირება. ამასთან, ისინი აგროვებენ ინფორმაციას მათ საკურატორო ზონაში არსებულ პრობლემებზე, რომლებიც, ჩვეულებრივ, კომუნალურ ან სოციალურ საკითხებს ეხება. პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეები ასევე ვალდებულნი არიან არჩევნების დროს უზრუნველყონ მხარდამჭერთა გააქტიურება და საარჩევნო უბნებამდე მისვლა.

საშუალოდ 8-12 პირველადი ორგანიზაცია ერთ საკურატორო ზონაში ერთიანდება. მას კურატორი ხელმძღვანელობს, რომელიც პასუხისმგებელია ადგილზე პარტიული საქმიანობის წარმატებულ მუშაობაზე. ზონის კოორდინატორი ამავე დროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა და გარკვეულ მიმართულებებს ხელმძღვანელობს. კურატორს მოადგილე - ვიცე-კურატორი - ჰყავს, რომელიც მის საქმიანობაში თანაშემწის როლს ასრულებს.

ადგილობრივი სტრუქტურული ერთეულების მთავარი რგოლი რაიონული ორგანიზაციებია. ისინი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე პარტიული მუშაობის წარმართვას ხელმძღვანელობენ. რიონულ ორგანიზაციებში ინახება პირველადი ორგანიზაციებისა და საკურატორო ზონების მიერ შედგენილი ამომრჩეველთა სიები და მხარდამჭერთა და წევრთა მონაცემები. რაიონულ ორგანიზაციას თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით პოლიტიკური კომიტეტი ამტკიცებს ხმათა ორი მესამედით.

რაიონული ორგანიზაციის მთავარი შემოსავლის წყარო საწევრო გადასახადები ან წევრების მიერ გაკეთებული მცირედი შემოწირულობებია. დღეისთვის რაიონული ორგანიზაციების მიერ მოზიდული სახსრები, ძირითადად, მეგობრის მიერ იაფად დათმობილი საოფისე ფართი, სკამები და მაგიდებია. რაც შეეხება საწევროებს, ის 30 თეთრს შეადგენს. ამ შემოსავლის ნახევარი რაიონში რჩება, დანარჩენი კი ცენტრში იგზავნება. ხშირად, თუ ეს წილი საკმარისი არ არის ოფისის ხარჯების დასაფარად, შემოსული თანხის 100%25 ადგილზე რჩება და ორგანიზაციას ხმარდება. თუმცა, ამისთვის რაიონის ხელმძღვანელობა ვალდებულია, ცენტრალურ ოფისს ახსნა-განმარტება წარუდგინოს.

პარტიის ძირითადი სტრუქტურული ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქალთა საბჭო. ეს ორგანიზაციები წარმოდგენილნი არიან როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში. მათ სტრუქტურულ ერთეულებს თავმჯდომარეები ხელმძღვანელობენ.

ქალთა საბჭო, ანუ იგივე პედაგოგთა საბჭო, ძირითადად, სკოლისა და ბაგა-ბაღის მასწავლებლებს აერთიანებს. მათი მთავარი მოვალეობა მრავალშვილიან დედათა, სოციალურად დაუცველ ოჯახთა აღწერა და პრობლემების შესწავლაა. ისინი ასევე ამოწმებენ სახელმწიფო დახმარებების მიზანმიმართულად ხარჯვის საკითხსაც.

წევრობა

პარტიის წევრობის გაცემის საკითხს პოლიტიკური კომიტეტი წყვეტს. მსურველი ვალდებულია დაწეროს განცხადება, რომელსაც მისი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე შესაბამის ტერიტორიულ ორგანიზაციაში წარადგენს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარტიის კომიტეტი იღებს. დღეისთვის პარტია გაწევრიანების პროცედურის გამკაცრებას აპირებს, რაც მისი სტრუქტურული განვითარების პრინციპების შეცვლასთან არის დაკავშირებული. თუ თავისი არსებობის პირველი ორი-სამი წლის განმავლობაში პარტია წევრების რაიოდენობის გაზრდაზე იყო ორიენტირებული, ამჟამად ის აქცენტს ხარისხზე გააკეთებს. კერძოდ, წევრების მიღების მოთხოვნების გამკაცრებით ისინი შეეცდებიან, მხოლოდ ღირსეული და აქტიური ადამიანები მიიღონ. პარტიას არ სჭირდება წევრი, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იქნება და არც ერთ პარტიულ დავალებას არ შეასრულებს.

ლეიბორისტული პარტიის წევრობის მსურველი ვალდებულია, განცხადებასთან ერთად პარტიის წევრის რეკომენდაცია წარმოადგინოს. თუ რეკომენდატორი არ ჰყავს, მაშინ მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პარტიის აქტივისტები მასზე ინფორმაციას შეაგროვებენ. კერძოდ, იყო თუ არა სხვა პარტიის წევრი, რა შეიძლება იყოს მისი ინიციატივის რეალური მოტივი და ა.შ. მართალია, პარტია ამჟამად არ არის ორიენტირებული წევრების რაოდენობის გაზრდაზე, მაგრამ მიჩნეულია, რომ ყველა პირველადმა ორგანიზაციამ თვეში ერთი წევრი მაინც უნდა გააწევრიანოს.

ახალი წევრების მიღების დროს პარტია ინტერესდება განმცხადებლის პროფესიითა და ინტერესთა სფეროთი. ეს ინფორმაცია წევრთა ჟურნალში შეაქვთ, რომელიც ყველა ადგილობრივ წარმომადგენლობით ოფისში ინახება. ამ ჟურნალში მითითებულია წევრთა დაბადების დღეებიც. პირველადი ორგანიზაციისა და ზონის აქტივისტები პარტიის ყველა წევრს დაბადების დღეს და დღესასწაულებს ტელეფონით რეგულარულად ულოცავენ, იჩენენ ყურადღებას, რომელიც ყველას სიამოვნებს.

პარტიის წევრი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს პარტიულ ღონისძიებაში, შეასრულოს ზემდგომი ორგანოს მითითებები და ვალდებულებები, რეგულარულად გადაიხადოს საწევრო გადასახადები, წინააღმდეგ შემთხვევაში გაირიცხება პარტიის რიგებიდან. ხდება ისეც, რომ, რომ პარტიის წევრი ხელმოკლეობის გამო ვერ იხდის საწევრო გადასახადს ან ვერ მონაწილეობს პარტიის აქტივობებში. ასეთ შემთხვევაში ის არ ტოვებს პარტიას, მას განსაკუთრებულ შეღავათებს ანიჭებენ ან/და სხვა წევრების დახმარებით ცდილობენ მისი ფინანსური დავალიანების დაფარვას.

ლეიბორისტულ პარტიას წევრთა გადინების პრობლემა ვარდების რევოლუციისა და მის შემდგომ პერიოდში დაუდგა. პარტია დაახლოებით წევრების 15-17%25-მა დატოვა. მიზეზი რევოლუციის მიმართ დაკავებული პოზიცია იყო. წევრთა ნაკლებ აქტიურ ნაწილს მიაჩნდა, რომ 2003 წლის ნოემბერში შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების მხარე უნდა დაეჭირათ; მათ ნებაყოფლობით დატოვეს პარტიის რიგები. პარტია თავად იყო ურაყოფითად განწყობილი შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არ თანამშრომლობდა სააკაშვილთან. პარტიის ცნობით, უკანასკნელ პერიოდში კვლავ გაიზარდა პარტიის წევრთა რაოდენობა.

პარტიიდან წევრის გარიცხვის უფლება-მოსილება პოლიტიკურ კომიტეტს აქვს. მიზეზი პარტიის წესდების, პროგრამის ან მიზნების საწინააღმდეგო ქმედება, პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე უარის თქმა ან საწევროს ოთხი თვის განმავლობაში გადაუხდელობა (გამონაკლისის გარდა) შეიძლება გახდეს.

წევრობის პარალელურად პარტიაში ახლად ყალიბდება მხარდამჭერთა ინსტიტუტი. მხარდამჭერებში ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც მომავალ არჩევნებზე აპირებენ ხმა ლეიბორისტულ პარტიას მისცენ და ის წევრები, რომლებსაც პარტიულ საქმიანობაში პასიურობის გამო ჩამოართვეს წევრის სტატუსი, მაგრამ კვლავ ინარჩუნებენ პარტიის მიმართ სიმპათიებს. მხარდამჭერთა სიები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კლუბების მიერ დგება და რაიონულ ოფისებში ინახება. პარტიაში თითქმის ზუსტად იციან მომავალ არჩვენებზე მხარდაჭერის ის (მინიმალური) პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს. პარტიაში დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ ამომრჩეველთა სიების გაკონტორლებას და ხარვეზების აღმოფხვრას.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი და ყველაზე ეფექტური საშუალება აგიტაციაა. ლეიბორისულმა პარტიამ აგიტაციის ორიგინალურ მეთოდს მიაგნო: ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა მსჯელობენ პარტიის საქმიანობის და პროგრამის შესახებ, და ამით გარშემო მყოფებს აინტერესებენ. აგიტაციის დროს წევრები მოსახლეობაში არა მარტო პარტიულ ინფორმაციას ავრცელებენ, არამედ ისმენენ მოსახლეობის პრობლემებს და ახდენენ მათი ინტერესების აგრეგაციას. საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სამსახური მხოლოდ ცენტრალურ ოფისშია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი წარმომადგელობითი ორგანოები ცენტრალურ პრეს-სამსახურს მიმართავენ დასახმარებლად. თავად პარტიას არ აქვს საკუთარი ინფორმაციის გავრცელების ბეჭდვითი ან ელექტორნული საშუალება და მთლიანად დამოკიდებულია მას-მედიაზე. ამ უკანასკნელის ყურადღების მიპყრობა კი საკმაოდ რთულია; პარტიაში ჩივიან, რომ მედიის მიერ გაშუქებული ინფორმაცია მიკერძოებულია და დაუბალანსებელი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ ერთი ორიგინალური ხერხი, რომელიც ლეიბორისტულმა პარტიამ გამოიყენა, აუდიო-კასეტების გავრცელებაა. პარტიამ საზოგადოებისადმი თავმჯდომარის მიმართვის აუდიო-ჩანაწერი გააკეთა, გაამრავლა და კასეტები იმ რეგიონებში გაავრცელა, სადაც ინფორმაცია ცენტრიდან საკმაოდ იშვიათად აღწევს. მიუხედავად ამისა, პარტიაში მიაჩნიათ, რომ საზოგადოებასთან და მხარდამჭერებთან ურთიერთობის ტექნოლოგიები დახვეწას საჭიროებს. გარდა ამისა, პარტიის შიგნით ცალკეულ თანამდებობებს ბევრი ვალდებულება აქვთ გაწერილი, რაც პარტიის საქმიანობის ეფექტურობას ამცირებს. კერძოდ, პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარე ვალდებულია, არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე იყოს; მაგრამ თუ ამ მოვალეობას სხვა შეასრულებდა, ის შეძლებდა მხარდაჭერების მობილიზებას. ასე რომ, უფლება მოვალეობების ხელახლა გადახედვა და გადანაწილება ხელს შეუწყობდა პარტიის მუშაობის შედეგიანობის ზრდას.

პარტია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან. ის ჩართულია IRI-ის მიერ ორგანიზებულ პროექტებში; მისი წევრები ამ ორგანიზაციის მიერ დაარსებულ საარჩევნო მენეჯერთა აკადემიაში გადიან გადამზადებას. პარტია უცხო ქვეყნების მონათესავე პოლიტიკურ გაერთიანებებთან ამ პარტიების მიერ დაარსებულ ფონდებსა და ორგანიზაციებთან ურთიერთობს. ის ცდილობს აქტიურად ჩაერთოს ვესტმისტერისა და ალფრედ მოზერის ფონდების, ასევე დემოკრატიისა და სოლიდარობის ევროპული ფორუმის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებსა და სამუშაო შეხვედრებში. პარტია ესწრაფვის სოციალისტურ ინტერნაციონალსა და ევროპელ სოციალისტთა პარტიასთან გაერთიანებას.

0x01 graphic

პოლიტიკური გაერთიანება ახალი მემარჯვენეები

მოკლე ისტორია

თავმჯდომარე: დავით გამყრელიძე
გენერალური მდივანი: დავით საგანელიძე
მის: ბევრეთის . 3, თბილისი 0114, საქართველო
ტელ: (995 32) 920313, 920318
ფაქსი: (995 32) 923858
ვებ-გვერდი: www.ncp.ge

პარტია ახალი მემარჯვენეები, საქართველოს მესამე მოწვევის (1999-2003 წლის) პარლამენტში შქმნილი ფრაქციის ბაზაზე ჩამოყალიბდა. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით პარლამენტში მოხვედრილი ახალგაზრდა ბიზნესმენები გაემიჯნენ საპარლამენტო უმრავლესობას, გაერთიანდნენ ფრაქციაში - ახალი ფრაქცია და მის საფუძველზე 2001 წელს დაარსეს პარტია - ახალი მემარჯვენეები. მმართველი პარტიის - საქართველოს მოქალაქეთა კავშირის - დატოვების მიზეზი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიუღებლობა გახდა. ახალგაზრდა წარმატებულმა ბიზნესმენებმა პოლიტიკური საქმიანობა ქვეყნის ბიზნეს-სექტორის ინტერესების საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენლობისა და დაცვის მიზნით დაიწყეს, მაგრამ რამდენადაც მათი ხედვა არ დაემთხვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას, მათ საკუთარი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. 2004 წლის განმეორებით საპარლამენტო არჩევნებზე პარტიასთან - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს - ერთად, ერთიანი საკანდიდატო სია შეიმუშავა და ამომრჩეველთა 7.6%25 მხარდაჭერა მოიპოვა. 2006 წლის თებერვლამდე ორივე პარტია ერთ საპარლამენტო ფრაქციაში იყო გაერთიანებული.

პარტიის მთავარი მიზანი ეკონომიკის სფეროს ლიბერალიზაცია და კერძო ინიციატივების წახალისებაა. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების, სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიზაციის აუცილებლობის აღიარების გარდა, პარტიის იდეოლოგიური იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილია ტრადიციული კულტურული ღირებულებების, ნორმების, ცხოვრების წესის დაცვა და შენარჩუნება.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის ორგანიზაციულ სტრუქტურას, მიზნებს და საქმიანობის ფორმებს წესდება განსაზღვრავს. ის პარტიის დამფუძნებელ კრებაზე 2001 წელს მიიღეს. წესდება საკმაოდ დეტალურად განსაზღვრავს ყველა სრტუქტურული ერთეულის მოქმედების არეალს, სტრუქტურათაშორის ურთიერთობების პროცედურებს და პარტიის შიდა თანამდებობების უფლება-მოვალეობებს. ამ წესდების მიხედვით პარტიის ცნტრალურ მმართველობით ორგანოში გამოყოფილია ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და სარევიზიო სტრუქტურული ერთეულები, ხოლო ტერიტორიულ წარმომადგენლობები ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობის პრინციპზე დაყრდნობით არის შექმნილი. ახალ მემარჯვენეებში ტერიტორიული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი თანამდებობები არჩევითია, მაგრამ ზემდგომი ორგანოების მიერ დამტკიცებას საჭიროებენ.

გაერთიანების უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იკრიბება. ყრილობაში მონაწილეობზე საშუალოდ პარტიის ოთხას წევრს ერთი დელეგატი წარმოადგენს. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას დელეგატთა ნახევარზე მეტი ესწრება. გადაწყვეტილებათა უმეტესობა დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით მიიღება. გამონაკლისებია: წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა, გაერთიანების რეორგანიზაცია ან თვითლიკვიდაცია, პროგრამის მიღება, თავმჯდომარის, ორი თანათავმჯდომარის, გენერალური მდივნისა და მთავარი კომიტეტის ოთხი წლის ვადით არჩევა. ამ გადაწყვეტილებების მიღებას ყრილობის დამსწრეთა ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.

ყრილობა ასევე ირჩევს პრეზიდენტობის კანდიდატს, ისმენს და ამტკიცებს თავმჯდომარისა და სარევიზიო კომისიის ანგარიშებს.

ყრილობის შორის პერიოდში პარტიას პოლიტიკური საბჭო მართავს. მასში ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და ხელისუფლებაში წარმოდგენილი პარტიის წევრი ერთიანდება. იგი ექვს თვეში ერთხელ იკრიბება და ამტკიცებს ბიუჯეტს, განსაზღვრავს საწევრო შენატანს, ისმენს ანგარიშებს, ამტკიცებს პარტიულ საარჩევნო სიებს და მაჟორიტარ კანდიდატებს, იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ბლოკში გაერთიანებასთან, არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებასა და ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებით.

გაერთიანების აღმასრულებელი ორგანო მთავარი კომიტეტია. მასში 17 წევრია, მათ შორის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარეები და გენერალური მდივანი. კომიტეტს შეუძლია:

- გაერთიანების სახელით განცხადებების გაკეთება;

- რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და ბიუროს წევრთა დამტკიცება;

- საპარლამენტო სიის დაკომპლექტება;

- რაიონული და რეგიონული ორგანიზაციების წლიური ბიუჯეტების დამტკიცება.

პარტიის შიდა უმაღლესი თანამდებობა თავმჯდომარეა. პარტიის თავმჯდომარე ერთდროულად პოლიტიკური საბჭოსა და მთავარი კომიტეტის თავმჯდომარეც არის. ის პარტიის წარმომადგენელია, რომელსაც ორგანიზაციის სახელით შეუძლია განცხადებების გაკეთება. იგი არჩევნების დროს ვალდებულია ჩამოაყალიბოს საარჩევნო შტაბი, გაწეროს მისი დებულება და სტრუქტურა და დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავარ კომიტეტს.

პარტიის ორგანიზაციულ სამუშაოებს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს; იგი კოორდინაციას უწევს გაერთიანების აპარატის მუშაობას. მას შეუძლია აპარატის თანამშრომლების დანიშვნა/განთავისუფლება. იგი განკარგავს თანხებს პოლიტიკური საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად.

პარტიის მაკონტროლირებელი ორგანოა სარევიზიო კომისია. ის ხუთი წევრისგან შედგება; კომისიას ირჩევს ყრილობა ოთხი წლის ვადით. კომისიას ევალება ყოველწლიურად განახორციელოს საფინანსო-საბუღალტრო, სამეურნეო და იურიდიული რევიზია. მისი სხდომები ექვს თვეში ერთხელ მაინც იმართება და ანგარიშვალდებულია ყრილობის წინაშე.

პარტიის მთავარი ტერიტორიული წარმომადგენლობებია რეგიონული, რაიონული და პირველადი ორგანიზაციები. თითოეული მათგანის უმაღლესი ორგანო წევრთა კრებაა, რომელიც საშუალოდ წელიწადში ერთხელ ტარდება. კრებაზე ირჩევენ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელსაც მოგვიანებით ზემდგომი ორგანო ამტკიცებს. თავმჯდომარესთან ერთად ტერიტორიული წარმომადგენლობების მართვაში ჩართულნი არიან ბიუროებიც. ბიურო, ჩვეულებრივ, ხუთი წევრისგან შედგება, თუმცა მის სხდომებში მონაწილეობას ადგილობრივ დონეზე წარმოდგენილი ფუნქციური ორგანიზაციების (ქალთა და ახალგაზრდათა ორგანიზაციების) თავმჯდომარეებიც იღებენ. ბიურო ადგილობრივი მასშტაბით გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ის გაგემავს და წარმართავს პარტიულ მუშაობას და ანგარიშვალდებულია ცენტრალური მმართველობითი ორგანოს წინაშე.

ტერიტორიული წარმომადგენლობების ბაზისი პირველადი ორგანიზაციაა, რომელიც რაიონული ორგანიზაციის გადაწყვეტილებით იქმნება. მისი საქმიანობა, ჩვეულებრივ, საარჩევნო პერიოდში აქტიურდება; არასაარჩევნო პერიოდში მისი წევრები ეწევიან აგიტაცია-პროპაგანდას, აწარმოებენ გამოკითხვებს, აღწერენ მოსახლეობას, მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს.

პირველადი ორგანიზაციები რაიონულში ერთიანდებიან. ამ ორ ერთეულს შორის საჭიროების შემთხვევაში იქმნება დამატებითი რგოლი - ზონალური ორგანიზაცია. ის პირველად და რაიონულ ორგანიზაციებს შორის შუამავლის როლს ასრულებს და ინფორმაციის სწრაფ გაცვლას და საქმიანობის კოორდინაციას უწყობს ხელს.

რაიონული ორგანიზაცია საარჩევნო ოლქების გავრცელებას ემთხვევა. ორგანიზაციის უშუალო მოვალეობაა ზედამხედველობა გაუწიოს პარტიული საქმიანობის წარმართვას ადგილობრივ დონეზე, შეკრიბოს ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ყოველწლიურად განაახლოს წევრთა მონაცემთა ბაზა და მოკრიბოს საწევრო გადასახადები. მას შეუძლია მიიღოს ან გარიცხოს წევრი და მთავარ კომიტეტს წარუდგინოს მაჟორიტარობის კანდიდატი.

რაიონულ ორგანიზაციას აქვს უფლება, საკუთარი ძალებით მოიზიდოს ფინანსები ადგილობრივი მასშტაბის ღონისძიების ჩასატარებლად. ჩვეულებრივ, ეს სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებია, რომლებშიც ადგილობრივი მეწარმეები ჯილდოების და ექსკურსიების ხარჯებს ფარავენ. ამჟამად მთავარ დაფინანსებას რაიონი მაინც ცენტრიდან იღებს. ეს თანხები, ძირითადად, ოფისის ხარჯებს ხმარდება. ორგანიზაციაში ანაზღაურებადი თავმჯდომარისა და ტექნიკური პერსონალის, კერძოდ, მდივან-რეფერენტისა და საარჩევნო სპეციალისტის პოზიციებია.

რაიონული ორგანიზაციის მასშტაბით, პარტიას სხვადასხვა საკითხზე მომუშავე წევრები ჰყავს, იქნება ეს იურიდიული, სოციალური, კომუნალური თუ სხვა საკითხები. მათი დახმარება, ჩვეულებრივ, მაშინ ხდება საჭირო, როცა ორგანიზაციაში მოქალაქე მიდის და კონსულტაციას ითხოვს. რაიონული ორგანიზაციის წევრები ცდილობენ, სოციალურად დაუცველ ფენებს ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინონ. ისინი შუამდგომლობენ ცენტრალურ ოფისთან და დახმარების პროექტებს ახორციელებენ, კერძოდ, მრავალშვილიან დედებსა და ას წელს გადაცილებულ მოხუცებს უფასო სადილის და სამედიცინო დახმარების ტალონებს ურიგებენ. ეს ინიციატივები, ძირითადად, რაიონული ორგანიზაციის ქალთა კლუბის მიერ ხორციელდება. ამგვარ აქტივობაში ქალთა კლუბის ცენტრალური ოფისიც ერთვება.

რაიონული ორგანიზაცია პარტიისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მომენტში მაშინ ერთვება, როდესაც განსახილველ წინადადებას ცენტრალური ოფისი წერილობით უგზავნის. საკითხის განსახილველად იკრიბება ბიურო და წევრთა დამოკიდებულების შეჯერების შემდეგ შენიშვნებს ცენტრში აგზავნის. ძირითადად, რაიონული ორგანიზაცია პარტიის სტრუქტურის შემსრულებელი ორგანოა. ის მითითებებს ცენტრალური ოფისიდან იღებს, მაგრამ ადგილზე არჩევს მისი განხორციელების გზებს.

რაიონულ და ცენტრალურ ორგანიზაციებს შორის შუალედური ორგანო რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც პარტიული საქმიანობის შესრულებას უწევს კოორდინაციას რეგიონში. იგი ადგილობრივ დონეზე გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს მთავარ კომიტეტს, პოლიტიკურ საბჭოსა და სარევიზიო კომისიას.

პარტიაში არსებობს ქალთა კლუბი და ახალგაზრდული ორგანიზაცია. ამ უკანასკნელის რესურსები ხშირად კარდაკარ ჩასატარებელი პროგრამების განსახორციელებლად გამოიყენება. ახალგაზრდების მოზიდვისა და დასაქმების მიზნით, პარტია მათი მონაწილეობით მრავალ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას აწყობს. 2002-03 წლებში პროგრამა ძეგლის ფარგლებში ათასობით ახლაგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში ტაძრების აღდგენით სამუშაოებზე გაემგზავრა. განსაკუთრებით აქტიური ახალგაზრდებისთვის პარტიას გახსნილი აქვთ კომპიუტერის, უცხო ენისა და საბუღალტრო კურსები.

ქალთა კლუბი წარმოდგენილია როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ მმართველობით ორგანოებში. მისი მთავარი ფუნქცია მრავალშვილიან დედათა და ინვალიდთა პრობლემების შესწავლა და დახმარებაა. პარტიის ეგიდით გაცემული ერთჯერადი მატერიალური დახმარებები და უფასო კვების/სამედიცინო დახმარების ტალონების პროგრამა სწორედ ქალთა კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.

წევრობა

პარტიაში წევრების მიღების წესს პარტიის წესდება განსაზღვრავს. პარტიაში გაწევრიანების მსურველი ვალდებულია შეავსოს წევრის ანკეტა, რომელშიც უთითებს პირად მონაცემებს, განათლებას, პროფესიას და ინტერესთა სფეროს. მოგვიანებით მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ზონის კოორდინატორი მის პოლიტიკურ წარსულსა და პარტიაში გაწევრიანების შესაძლო მიზეზებზე აგროვებს ინფორმაციას. პარტიაში მიღების კანდიდატი სამ ძირითად პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს: იყოს სრულუფლებიანი მოქალაქე, იზიარებდეს მემარჯვენე ორიენტაციას და იყოს სანდო პიროვნება. პარტიაში აღიარებენ, რომ სანდოობის შემოწმება ძალიან რთულია, თუმცა მიაჩნიათ, რომ განმცხადებელთან გასაუბრება და მისი პოლიტიკური წარსულის შესწავლა მართებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა.

წევრების მიღებასთან ერთად პარტიაში საკმაოდ მნიშვნელოვან გამოწვევად მათი შენარჩუნება ითვლება. ვარდების რევოლუციის დროს და მის შემდგომ პერიოდში ახალი მემარჯვენეები წევრთა საშუალოდ 15%25-მა დატოვა. მართალია, ისინი ძირითადად პასიური წევრები იყვნენ, მაგრამ ამ ფაქტმა საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა პარტიას. პარტიაში მიაჩნიათ, რომ წევრების შესანარჩუნებლად აუცილებელია, პარტიაში იყოს განწყობა, რომ პარტიის წევრს ისე სჭირდება პარტია, როგორც პარტიას თავისი წევრი. პარტიამ თავის წევრებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება უნდა მისცეს და დააკმაყოფილოს მათი ჯანსაღი ამბიციები.

პარტიიდან გასვლა ნებაყოფლობითია და ის მსურველის მიერ წარდგენილი განცხადების დღიდანვე შედის ძალაში. წევრის გარიცხვის უფლება რაიონული ორგანიზაციის ბიუროს აქვს. ამ სანქციის დაწესების მიზეზი შეიძლება გახდეს წევრის ქმდება, რომელიც ზიანს აყენებს პარტიის იმიჯს, ლახავს მის ინტერესებს ან ხელს უშლის პარტიული გადაწყვეტილებების შესრულებას.

პარტიაში არ არის კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების რაიმე ფორმალური მექანიზმი გარდა წესდებისა. ეს უკანასკნელიც მხოლოდ უკიდურეს სანქციას - გარიცხვას - არეგულირებს. ასე რომ, კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირების ერთადერთი საშუალება შიდა არაფორმალური განხილვებია.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები

პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობა ორი სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მიერ სხვადასხვა საშუალებით ხდება. რაიონული ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესიული სამსახური, მოსახლეობასთან კონტაქტს პირადი შეხვედრებით ახერხებს. პირველადი ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრი ყოველდღიური ურთიერთობებისას იგებს მოქალაქეთა პრობლემებს და აცნობს მათ პარტიის საქმიანობას.

პარტიის ცენტრალური მმართველობითი ორგანო კი, ჩვეულებრივ, საზოგადოებას მას-მედიის საშუალებით ეხმიანება. პარტიაში ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამენ მედიის პასიური და არაობიექტური დამოკიდებულების გამო, მაგრამ რაკი საკუთარი ელექტრონული მედია-საშუალება არ გააჩნიათ (გარდა ვებ-გვერდისა: www.ncp.ge), მაინც მზად არიან ითანამშრომლონ მედიასთან. პარტიას არც რეგულარული ბეჭდვითი ორგანო აქვს, თუმცა წინასაარჩევნოდ ხშირად ხდება პარტიის პროგრამის დიდი ტირაჟით დაბეჭდვა და გავრცელება.

პარტია საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც. ის აქტიურად იყო ჩართული NDI-სა და IRI-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში. ამ უკანასკნელთა მიერ გადამზადებული საარჩევნო კონსულტანტთა უმრავლესობა ტერიტორიულ ორგანიზაციაში არიან დაკავებულნი ანაზღაურებად პოზიციებზე.

პარტიას ასევე მჭიდრო ურთიერთობა აქვს უცხო ქვეყნების მონათესავე პარტიებსა და პარტიულ გაერთიანებებთან. 2005 წლის აპრილიდან ახალმა მემარჯვენეებმა საერთაშორისო დემოკრატთა გაერთიანების (IDU) ასოცირებული წევრის სტატუსი მიიღო. პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია კი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია, მომავალ წელს კი პარტიის დამკვირვებლის სტატუსის მოპოვებას გეგმავს. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პარტია ნორვეგიის, გერმანიის (ქრისტიან-დემოკრატები), საბერძნეთის (ნეა დემოკრატია), პოლონეთის (სამოქალაქო პლატფორმა) და უკრაინის (ნაშა უკრაინა) პოლიტიკურ გაერთიანებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ახალი მემარჯვენეები

0x01 graphic

რესპუბლიკური პარტია

მოკლე ისტორია

თავმჯდომარე: დავით უსუფაშვილი
მის: ალექსანდრე ჭავჭავაძის . 11, თბილისი,
საქართველო
ტელ: (995 32) 920634, 920058
ფაქსი: (995 32) 988343

რესპუბლიკური პარტია ქართულ პარტიებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე პოლიტიკური ორგანიზაციაა. ის 1978 წელს დაარსდა როგორც დისიდენტთა არალეგალური ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა სისტემას უპირისპირდებოდა. ამ პერიოდში პარტიის წევრებს შორის უფრო არაფორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, ვიდრე კარგად გამოკვეთილი სტრუქტურები.

რესპუბლიკური პარტიის განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. პარტიამ ყველა არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა, ოღონდ - სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად რომელიმე ბლოკში. პარტიის გავლენამ თავის პიკს 1992-95 წლებში მიაღწია, როდესაც მან ყველაზე მნიშვნელოვანი ოპოზიციური ჯგუფი ჩამოაყალიბა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1995 წლის საქათველოს კონსტიტუციის შემუშავებაში. პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელშიც რესპუბლიკური პარტია ერთიანდებოდა, ვერ შეძლო 1995 და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბარიერის გადალახვა.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ვარდების რევოლუციაში. ისინი მონაწილეობდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაარსებაში და 2004 წელს განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ამ პარტიის კანდიდატთა სიით მიიღეს. მოგვიანებით 2004 წლის თებერვლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობის გამო მათ დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა და 2005 წლის ოქტომბერში საქართველოს კონსერვატიულ პარტიასთან ერთად შექმნეს ახალი ფრაქცია - დემოკრატიული ფრონტი.

პარტიას წლების მანძილზე მოჰყვებოდა დისიდენტური მოძრაობის ინერცია. პარტიის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ საჯარო დებატებსა და დისკუსიებში, რომლებიც ეწყობოდა ქვეყანაში განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერთა ნაწილი აქტიურად იყო ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაში, რითაც საზოგადოებრივი ყურადღების ველში აღმოჩნდნენ. ოღონდ ესაა, რომ პარტია ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა ახალი წევრების მოზიდვის საკითხში და მან უფრო ინტელექტუალთა პოლიტიკური კლუბის სახე მიიღო.

ამჟამად პარტიაში სერიოზული რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ის ცდილობს კლუბის მდგომარეობიდან კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ინსტიტუტის პოზიციაში გადავიდეს.

პარტიის უზენაეს პოლიტიკურ ღირებულებას პიროვნების თავისუფლება წარმოადგენს. ის გამოდის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტირების და უმცირესობების უფლებების დაცვის მოთხოვნებით. პარტიას შემუშავებული აქვს კონსტიტუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც სახელმწიფო მოწყობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს, ქვეყნის დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების განვითარებას ითვალისწინებს. მას ასევე შემუშავებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის ალტერნატიული პროექტი.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის შიდა ურთიერთობებს წესდება არეგულირებს. ის პარტიის დაარსებისთანავე მიიღეს, მაგრამ ბოლო შესწორებები 2005 წელს შევიდა. სტრუქტურული ერთეულების დაყოფა ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპს იმეორებს და ადგილობრივი წარმომადგენლობები იქმნება რეგიონული, რაიონული, საქალაქო, სადაბო და სასოფლო დონეებზე. მათი დაარსების უფლება ეროვნულ კომიტეტს აქვს. იმისათვის რომ საქალაქო და რეგიონულმა ორგანიზაციებმა ეფექტურად იმუშაოს, შეიქმნება მმართველობითი აპარატი, რომელიც ანაზღაურებადი პოზიციებით დაკომპლექტდება. ეს საკმაოდ პრინციპული საკითხია პარტიისთვის; მათ მიაჩნიათ, რომ საქმის ხარისხიანად შესრულება მოითხოვს პროფესიონალს, რომელიც სრული განაკვეთით იქნება დაკავებული. ჯერჯერობით პარტიაში არც ერთი პოსტი არ არის ანაზღაურებადი.

პარტიის უმაღლესი ორგანო, რომლის გადაწყვეტილებებიც ყველა წევრისა და სტრუქტურული ერთეულისთვის სავალდებულოა, არის ყრილობა. ის ოთხ წელიწადში ერთხელ მოიწვევა და უფლებამოსილია:

- მოითხოვოს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ხელისუფლების ორგანოებში არჩეული ან დანიშნული პარტიის წევრთა ანგარიშები და შეაფასოს ისინი;

- აირჩიოს ეროვნული კომიტეტი;

- აირჩიოს სარევიზიო კომისია.

ყრილობებს შორის კი უმაღლესი ორგანო პოლიტიკური საბჭოა. მისი წევრები არიან ეროვნული კომიტეტის წევრები, ხელისუფლების ნებისმიერი დონის არჩევით ორგანოში წარმოდგენილი პარტიის წევრები, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და სხვა წევრები, რომელთა რაოდენობაც არ აღემატება ჩამოთვლილი წევრების რაოდენობის მეხუთედს. პოლიტიკური საბჭოს სხდომები ტარდება სამ თვეში ერთხელ და მოისმინება ყველა სტრუქტურული ერთეულის ანგარიში მიმდინარე საქმიანობაზე. მას შეუძლია პარტიის პოლიტიკური კურსის განსაზღვრა, საწევრო შენატანების ოდენობის დადგენა და სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერით ეროვნული კომიტეტისა და პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებების გაუქმება.

პარტიის ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი წარმმართველი ორგანო ეროვნული კომიტეტია. ის 13 წევრისგან შედგება, რომლებსაც ოთხი წლის ვადით ირჩევს ყრილობა. ეროვნულ კომიტეტს შეუძლია:

- პარტიის სახელით განცხადებების გაკეთება;

- თავმჯდომარის არჩევა;

- სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შექმნა და გაუქმება;

- ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების დანიშვნა/გადაყენება;

- არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა სიის დამტკიცება;

ეროვნული კომიტეტის თითოეულ წევრს წესდების შესაბამისად განესაზღვრება კონკრეტული ფუნქციები პარტიის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა შესაბამისად; ისინი პირადად ანგარიშვალდებულნი არიან ეროვნული კომიტეტის წინაშე.

პარტიაში უმაღლესი თანამდებობის პირი პარტიის თავმჯდომარეა. იგი წარმოადგენს პარტიას მესამე პირთან ურთიერთობაში, აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს და გასცემს განკარგულებებს; ასევე ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად განკარგავს პარტიის ფულად სახსრებს.

პარტიის საქმიანობის მაკონტროლირებელ ორგანოს სარევიზიო კომისია წარმოადგენს. იგი ყრილობის მიერ არჩეული ხუთი წევრისგან შედეგება და საფინანსო საბუღალტრო საკითხების რევიზიასთან ერთად ვალდებულია მოამზადოს წინადადებები პარტიის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესებისა და საკადრო ცვლილებების შესახებ.

ძირითადი სტრუქტურული ერთეულების პარალელურად პარტიის წევრები და მხარდამჭერები ინტერესთა სფეროების მიხედვით თემატურ და პროფესიულ ჯგუფებში ერთიანდებიან. პარტიაში იქმნება სახელმწიფო სტრუქტურის ალტერნატიული ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დარგის მიხედვით პარტიის პოლიტიკასა და პრობლემების გადაჭრის გზებს სახავენ.

2005 წლიდან არსებობს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი სტრუქტურა აქვს. მის წევრებს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრობასთან ერთად ძირითადი პარტიის სტრუქტურის წევრობის უფლებაც ენიჭებათ. ორგანიზაციაში სხვადასხვა თემატური ჯგუფია შექმნილი: იურიდიული, ეკონომიკური, საგარეო ურთიერთობების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული და სახელმწიფო სტრუქტურების ალტერნატიული კაბინეტები.

წევრობა

წევრების მიღების და გარიცხვის წესებს წესდება არეგულირებს. ის ითვალისწინებს, რომ პარტიის წევრი ნებისმიერი საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე შეიძლება გახდეს, რომელიც განცხადებასთან ერთად საკუთარ ბიოგრაფიასა და რეკომენდაციებს წარმოადგენს. რეკომენდატორი შეიძლება იყოს პარტიის უკვე კარგად გამოცდილი წევრი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი წევრის ქცევაზე. წევრის მიღების უფლება ეროვნულ კომიტეტთან ერთად რაიონულ ორგანიზაციებსაც აქვთ, თუმცა კანდიდატურის დამტკიცებას მხოლოდ ეროვნული კომიტეტი ახდენს.

პარტიაში არ არის შიდა კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირების გამოცდილება. იმ ადამიანებმაც კი, რომლებმაც პარტია დატოვეს, ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს ყოველგვარი შიდა დაპირისპირების და კონფლიქტის გარეშე. არ არსებობს პარტიიდან გარიცხვის პრეცედენტიც; პარტიაში ხშირია ცხარე კამათი, მაგრამ კონფლიქტამდე არასდროს მისულა. წესდების გარდა, პარტიას კონფლიქტების დარეგულირების არავითარი განსაკუთრებული მექანიზმი არ გააჩნია. საინტერესოა, რომ პარტიის წესდება სხვა პარტიებისგან განსხვავებით, წევრის მიერ წესდების დარღვევისა და პარტიის საქმიანობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში სხვადასხვა სახის სასჯელს ითვალისწინებს. გარიცხვის გარდა, წესდება უფრო მსუბუქ სასჯელებს, კერძოდ, გაფრთხილებასა და წევრობის დროებით შეჩერებასაც აწესებს.

წევრებთან ერთად პარტიაში მხარდამჭერთა ინსტიტუტიც იქმნება. მასში ის ადამიანები გაწევრიანდებიან, რომელთაც ჯერ არ აქვთ გაწევრიანება გადაწყვეტილი, მაგრამ პარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობას აპირებენ. მათ სრული თავისუფლება მიეცემათ ჩაერთონ პარტიაში შექმნილი პროფესიული და ინტერესთა ჯგუფების მუშაობაში.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები

საზოგადოებასთან პარტიის ურთიერთობის ძირითადი წყარო მას-მედიაა. მართალია, პარტიას საკუთარი ბეჭდვითი გამოცემაც გააჩნდა, მაგრამ ამჟამად გაზეთი აღარ გამოდის და იგი საკუთარი საქმიანობის აფიშირებისთვის მთლიანად მედიაზეა დამოკიდებული. პარტიაში უკმაყოფილონი არიან ამ უკანასკნელთან ურთიერთობით. მათი აზრით, მედია თითქმის არ იჩენს ინტერესს პარტიის საქმიანობის მიმართ. ხშირია მათი აქტივობების და პრეს-კონფერენციების იგნორირება; გაშუქების შემთხვევაში კი ძალიან ხშირია მიკერძოებული და დაუბალანსებელი მიდგომა.

პარტია არსებობის მანძილზე, ძირითადად, საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს ეყრდნობოდა. ეს ტრადიცია არც ამჟამად ირღვევა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ გამორიცხავენ ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების მიწვევას ან/და დაქირავებას. განსაკუთრებულ ინტერესს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ იჩენენ. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პარტიებთან შედარებით ქართულ არასამათავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი და შედეგიანი გამოცდილება აქვს. თავად პარტიის ლიდერები წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დამაარსებლები/თანამშრომლები იყვნენ. ამჟამად პარტია არასამთავრობო სექტორის საექსპერტო რესურსს იყენებს და მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობა აუცილებელია ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის.

რესპუბლიკელები სხვა პარტიებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდნენ ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების პროექტებზე მუშაობს. დღემდე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო ქვეყნების პარტიებთან თანამშრომლობა ერთიან ფორუმებში მონაწილეობით და ინფორმაციის გაცვლით შემოიფარგლებოდა; მომავალში პარტია საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამშრომლობის დაწყებას აპირებს; კერძოდ, გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების პარტიებთან ურთიერთობების გაღრმავებას; ამასთან, აპირებს პოსტ-საბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნების ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის პოლიტიკურ გაერთიანებებთან დაკავშირებასა და მჭიდრო კავშირების დამყარებას. პარტია სტრატეგიულად თანამშრომლობს გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან.

0x01 graphic

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მოკლე ისტორია

თავმჯდომარე: მიხეილ სააკაშვილი
გენერალური მდივანი: გიორგი არველაძე
მის: ლესია უკრაინკას . 3, თბილისი, საქართველო
ტელ: (995 32) 923084/85

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2004 წლის ნოემბერში ორი პარტიის - ნაციონალური მოძრაობისა და გაერთიანებული დემოკრატების - გაერთიანების შედეგად დაარსდა. ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა; საფუძველი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა რეფორმატორებმა დაუდეს, რომლებიც პარტიას მისი საქმიანობისადმი უკმაყოფილების გამო გაემიჯნენ.

ნაციონალური მოძრაობა 2001 წლის დეკემბერში დაარსდა. 2002 წელს მან თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია თბილისის საკრებულოს არჩევნებში. ამ არჩევნების შედეგად პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. გაერთიანებული დემოკრატები 2003 წელს დაარსდა, რომელსაც ზურაბ ჟვანია და 2002 წელს შევარდნაძის ხელისუფლებას გამიჯნული სხვა რეფორმისტი ლიდერები ჩაუდგნენ სათავეში.

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ორივე პარტიამ შესაბამის ბლოკებში მიიღო მონაწილეობა - ბლოკი სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა და ბლოკი ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები. მას შემდეგ, რაც არჩევნების მასობრივი გაყალბება აშკარა გახდა, ორივე პარტიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა საპროტესტო აქციების ორგანიზებაში, რომელმაც მოგვიანებით ვარდების რევოლუციის სახელი მიიღო და შედეგად შევარდნაძის ხელისუფლების გადაყენება გამოიწვია. 2004 წლის მარტში ჩატარებულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა ორივე პარტიამ ერთიანი საკანდიდატო სიით მიიღო. მათ კანდიდატთა სიაში ჩართული იყვნენ რესპუბლიკური პარტიისა და ეროვნულ ძალთა გაერთიანების წარმომადგენლებიც, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობასთან ერთიან ბლოკს ქმნიდნენ 2003 წლის არჩევნებში და რევოლუციის დღეებში. ერთიანი საკანდიდატო სია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა; მან ამომრჩეველთა 66.2%25-ის მხარდაჭერა მოიპოვა. მოგვიანებით ამ ორი უკანასკნელი პარტიის წევრები ჩამოშორდნენ მმართველ პარტიას და ოპოზიციაში გადაინაცვლეს.

პარტიას მოღვაწეობის ამ ეტაპზე ორი გამოკვეთილი პრიორიტეტი აქვს. ესენია: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის ფართო ფენების სოციალური პირობების გაუმჯობესება. პირველ საკითხთან დაკავშირებით ისინი მუშაობენ პოლიტიკური მოლაპარაკებების გააქტიურებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროექტების შემუშავებასა და საგარეო მხარდაჭერის მოპოვებაზე; მეორე შემთხვევაში კი სოციალური პროგრამების დაფინანსების ზრდაზე, ბიზნესის, განსაკუთრებით, საშუალო და მცირეს ბიზნესის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე (გადასახადების ლიბერალიზაცია, ლიცენზირების გამარტივება) და სხვა ინიციატივებზე.

ორგანიზაციული სტრუქტურა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ძირითად პრინციპებს, შიდაპარტიულ ურთიერთობებს და სტრუქტურულ დაყოფას არეგულირებს 2004 წელს მიღებული წესდება. წესდება ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმნეტია, თუმცა თითოეულ სტრუქტურულ ერთეულს შეუძლია დამატებით მიიღოს მუშაობის მარეგულირებელი დებულება ან შინაგანაწესი. 2005 წელს პარტიამ წევრთათვის სავალდებულო ხუთი მთავარი პრინციპი და განვითარების ათწლიანი გეგმა შეიმუშავა.

პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო ყრილობაა. იგი ორ წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. მასში, სულ მცირე, 200 დელეგატი მონაწილეობს. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას დელეგატთა ნახევარზე მეტი ესწრება; ხოლო გადაწყვეტილებას დამსწრეთა უმრავლესობით იღებს. მისი განსაკუთრებული პრეროგატივაა:

- წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

- გაერთიანების თავმჯდომარის, გენერალური მდივნის, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წევრების არჩევა;

- გაერთიანების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხების განხილვა/გადაწყვეტა;

ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანებას პოლიტიკური საბჭო ხელმძღვანელობს. მასში შედიან: თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და ყრილობაზე არჩეული 23 წევრი. საბჭოს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. პოლიტიკური საბჭო ანგარიშვალდებულია ყრილობისა და გაერთიანების თავმჯდომარის წინაშე. მას შეუძლია:

- შექმნას/გააუქმოს გაერთიანების ადგილობრივ წარმომადგენლობები;

- დაამტკიცოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები;

- დაამტკიცოს გაერთიანების ბიუჯეტი;

- დაადგინოს წევრთა, აქტივისტთა და მხარდამჭერთა მიღების წესი;

- წესდების სისტემატიური დარღვევის, ხელმძღვანელი ორგანოს მოთხოვნების შეუსრულებლობის ან უღირსი საქციელის ჩადენის შემთხვევაში გარიცხოს წევრები;

- განიხილოს აქტივისტის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი;

- დაამტკიცოს ყრილობის დელეგატთა შერჩევის წესი.

გაერთიანების საქმიანობის მაკონტროლირებელ ორგანოს სარევიზიო კომისია წარმოადგენს. იგი შვიდი წევრისგან შედგება; მათ ორი წლის ვადით ირჩევს ყრილობა. კომისია ვალდებულია გააკონტროლოს გაერთიანების ფინანსური საქმიანობა და განახორციელოს საფინანსო-საბუღალტრო დოკუმენტების რევიზია. იგი ანგარიშვალდებულია ყრილობისა და წელიწადში ერთხელ პოლიტიკური საბჭოს წინაშე.

პარტიის უმაღლესი თანამდებობა გაერთიანების თავმჯდომარეობაა. ის უშუალოდ ხელმძღვანელობს პარტიას და წარმოადგენს ორგანიზაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. გაერთიანების სახელით მას შეუძლია პოლიტიკური განცხადებებისა და მიმართვების გაკეთება; ასევე ხელს აწერს ყრილობის გადაწყვეტილებებს.

გაერთიანების ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. იგი ორგანიზებას უკეთებს ყრილობისა და პოლიტიკური საბჭოს სხდომებს. ასევე თავმჯდომარესთან შეთანხმებით პოლიტიკურ საბჭოს წარუდგენს ბიუჯეტს. მას შეუძლია სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა დანიშვნა და განთავისუფლება.

პარტიის სტრუქტურაში გადაწყვეტილების მიმღები ორი ძირითადი რგოლია - ცენტრალური და ადგილობრივი (იგულისხმება რეგიონული და რაიონული ორგანიზაციები). პარტიისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ცენტრალური ოფისი იღებს, კერძოდ პარტიის კონცეფციას, პოლიტიკას, იდეოლოგიას განსაზღვრავს ცენტრალური ოფისი. ის განაგებს ფინანსების მოზიდვის და ხარჯვის პროცესსაც. შესაბამისად, ყველა, თუნდაც რაიონული მასშტაბის, აქტივობაც მასთან შეთანხმებით ეწყობა. რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიმღებ მეორე რგოლს, რაიონულ ოფისს, ისინი ადგილობრივი მასშტაბის პრობლემებს წყვეტენ და პარტიულ აქტივობებს ზემდგომ ორგანოს უთანხმებენ. ჩვეულებრივ, პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ ლიდერები. თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია.

პარტიული სტრუქტურის ყველაზე ქვედა რგოლი პირველადი ორგანიზაციაა. ის საარჩევნო უბნის არეალს მოიცავს. რაიონულ და პირველად ორგანიზაციებს შორის კოორდინაციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად შექმნილია ზონალური ორგანიზაციებიც.

ზონალურ და პირველად ორგანიზაციებს კოორდინატორები ხელმძღვანელობენ. კოორდინატორები პარტიასა და მოსახლეობას შორის შუამავლებად ითვლებიან. ისინი ადგილზე პარტიული საქმიანობის წარმართვაზე არიან პასუხისმგებელნი. კერძოდ, მოვალენი არიან კარგად იცნობდნენ უბანს, მოსახლეობას და ადგილობრივ პრობლემებს. ისინი ორგანიზებას უწევენ პარტიის წარმომადგენლების შეხვედრებს მოსახლეობასთან, აღწერენ მხარდამჭერებსა და წევრებს. კოორდინატორების მთავარი მოვალეობა აგიტაცია და ახალი წევრებისა და მხარდამჭერების მოზიდვაა. არჩევნების დღეს კი მათ მხარდამჭერთა მობილიზება ევალებათ.

კოორდინაციას პირველადი და ზონალური ორგანიზაციების მუშაობას რაიონული ორგანიზაცია უწევს. მას საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის ადმინისტრაციული აპარატი ჰყავს, რომელშიც ერთიანდებიან: აღმასრულებელი, საორგანიზაციო მდივანი და საქმეთა მმართველი. რაიონული წარმომადგენლობები ორგანიზებას უწევენ პარტიული საქმიანობების შესრულებას, კერძოდ, კულტურულ-გამაჯანსაღებელ აქციებს, დახმარებების შეგროვებას, სოციალურად დაუცველი პირების პრობლემების განხილვას და აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე დაყენებას.

რაიონულ ორგანიზაციასთან არსებობს ცხრაკაციანი საბჭო, რომელშიც პარტიის ადგილობრივი წევრები ერთიანდებიან. საბჭო გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელსაც შემდეგ აპარატი ასრულებს. თითოეული რაიონული ორგანიზაცია ცდილობს, საბჭო მაქსიმალურად წარმომადგენლობითი ორგანო იყოს. შესაბამისად, მის საქმიანობაში ჩართულნი არიან სხვადასხვა უბნის, ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფის წარმომადგენლები. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში კი ცდილობენ საბჭოს საქმიანობაში ამ უმცირესობების ლიდერებიც ჩართონ. საბჭოს ფუნქციებში შედის: წევრების მიღების საკითხი, საუბნო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დამტკიცება და რაიონული ორგანიზაციის ფინანსური საკითხების მოგვარება. საბჭო, ჩვეულებრივ, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ იკრიბება.

პარტიის მომავალი სტრატეგიული განვითარების გეგმით, რაიონის დონეზე საბჭოსთან ერთად ყალიბდება სათათბიროები. ის ღია სტრუქტურული ერთეული იქნება და წევრთა რაოდენობა არ შეიზღუდება. სათათბიროს საქმიანობაში მონაწილეობის უფლება პარტიის წევრებთან ერთად არაწევრებსაც ექნებათ. სათათბირო, საკონსულტაციო საბჭოს ფუნქციებს შეასრულებს, რომელიც რეკომენდაციებს შესთავაზებს პარტიის რაიონულ ორგანიზაციას ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებით. მას მიზნად ექნება სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მოზიდვა და მათი პარტიული მუშაობით დაინტერესება.

პარტიაში ძირითადი ორგანიზაციის პარალელურად არსებობს ახალგაზრდული ორგანიზაცია. მას თავისი სტრუქტურა აქვს და მმართველობითი საბჭო ჰყავს. ჩვეულებრივ, ის სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს აწყობს, პოპულარიზებას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს. 2005 წლის ზაფხულში ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სერიოზული წვლილი შეიტანა კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული საზაფხულო ბანაკის - „პატრიოტის“ ორგანიზებაში.

წევრობა

პარტიაში გაწევრიანების წესს წესდება განსაზღვრავს. მსურველი ვალდებულია საბჭოს წინაშე წარადგინოს პირადი განცხადება და, სულ მცირე, სამი რეკომენდაცია. პარტიის ისტორიის საწყის ეტაპზე წევრობის მოპოვება საკმაოდ მარტივი იყო. თითქმის ყველა მსურველი იღებდა მას. ამჟამად კი ახალი კრიტერიუმების შერჩევა/ჩამოყალიბება და გამკაცრება, პარტიის განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილია. კვლევის პერიოდში წევრობის გაცემა შეწყვეტილი იყო, რამდენადაც წევრების მიღებასთან დაკავშირებით პარტია ახალი პოლიტიკის შემუშავებაზე მუშაობდა. მომავალში ნაციონალური მოძრაობის წევრობის მსურველი ვალდებული იქნება იმ პირთა რეკომენდაციები წარმოადგინონ, რომლებსაც პატივს სცემენ და ენდობიან პარტიაში. სწორედ რეკომენდატორები იქნებიან პასუხისმგებელნი მათ მიერ პარტიის წევრობისთვის წარდგენილი პირების საქმიანობაზე და იმაზე, რომ განმცხადებელი ღირსეული ადამიანია.

წევრობის პარალელურად, პარტიაში არსებობს მხარდამჭერთა და აქტივისტთა ინსტიტუტი. მხარდამჭერთა რეგისტრაციას და აღრიცხვას უზრუნველყოფს ცენტრალური სამდივნო, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციები. რაც შეეხება აქტივისტებს, ისინი შეიძლება იყვნენ, როგორც პარტიის წევრები, ისე არაწევრები. აქტივისტი ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს ყველა პარტიულ ღონისძიებაში და შეასრულოს ხელმძღვანელი ორგანოების გადაწყვეტილებები.

პარტიიდან გასვლა ნებაყოფლობითია. წევრის გარიცხვის შესაძლებლობა პოლიტიკურ საბჭოს აქვს. 2005 წელს პარტიის მიერ მიღებული „ხუთი მთავარი წესი პარტიის წევრებისთვის“ დამატებით განსაზღვრავს წევრის მოქმედების ჩარჩოებსა და პრინციპებს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ის წევრები, რომლებიც განსაკუთრებით გამორჩეულები იქნებიან ამ პრინციპების დაცვით, ექნებათ მაქსიმალური წახალისება, ხოლო წევრები, რომლებიც უხეშად დაარღვევენ რომელიმე მათგანს, დაუყოვნებლივ დატოვებენ პარტიის რიგებს.

პარტიაში შიდა კონფლიქტური სიტუაციები საკმაოდ იშვიათია. ისინი, ჩვეულებრივ, არაფორმალურ გარემოში დიალოგის საშუალებით წყდება. პრინციპული დაპირისპირების შემთხვევაში კი უმცირესობაში მყოფი წევრი პოზიციების არდათმობის შემთხვევაში ტოვებს პარტიას. პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ კონფლიქტების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება წევრებს შორის უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნა და პარტიულ სტრუქტურებს შორის მკაცრი სუბორდინაციის უზრუნველყოფაა.

საზოგადოებასთან ურთიერთობა და საერთაშორისო კავშირები

საზოგადოებასთან ურთიერთობა პარტიის ცენტრალური მმართველობითი ორგანოსა და ადგილობრივი წარმომდგენლობების მოვალეობაა, თუმცა განსხვავდება განხორციელების ფორმები. ცენტრალური ოფისის პრეროგატივა მას-მედიასთან ურთიერთობაა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც სწორედ ცენტრალურ ოფისშია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ წარმომადგენლობებსაც ემსახურება. თავად პირველადი ორგანიზაციების ურთიერთობა საზოგადოებასთან ნაკლებ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ორგანიზაციის წევრები ცდილობენ, რეგულარულად გაეცნონ ადგილობრივი მაცხოვრებლების პრობლემებს, მოისმინონ მათი საჩივრები და გააცნონ საკუთარი პარტიის საქმიანობა.

პარტია ამაყობს იმ საერთაშორისო კავშირებით, რომელიც ევროპის წამყვან პოლიტიკურ პარტიებთან დაამყარა, მათ შორისაა: ევროპის სახალხო პარტია (ქრისტიან-დემოკრატები), ჰოლანდიის ლიბერალური პარტია და სხვა. ის აქტიურად თანამშრომლობს IRI-სა და NDI-ს წარმომადგენლობებთან საქართველოში. მომავალში პარტია საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფრო გააქტიურებას და მჭიდრო საერთაშორისო კავშირების დამყარებას გეგმავს, რაც, მისი აზრით, აუცილებელია ძლიერი პარტიული ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად.

0x01 graphic

8 საგნობრივი საძიებელი

▲ზევით დაბრუნება


--

აბაშიძე, ასლან, 21, 25, 28

ადამიანური რესურსები, 3, 107, 126, 170, 171, 172, 224, 256, 302

ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, 84, 87

ავტონომია, 12

ავტორიტარული მმართველობა, 6

აზერბაიჯანელი (აზერბაიჯანელები), 12, 77, 79, 83

აზერბაიჯანი, 39, 45, 47, 77, 78, 81, 90

ალ-ქაიდა, 41, 83

ანკლავი, 23

ამერიკის სპეციალური დანიშნულების ძალები, 23

ამერიკის შეერთებული შტატები, 1, 23, 46, 228, 242, 280, 323

ამერიკული თარგი, 16

ამომრჩეველთა სიმპათიების ცვალებადობა, 113

არასამთავრობო ორგანიზაციები, 6, 10, 19, 48, 59, 65, 82, 86, 92, 98, 99, 101, 122, 163, 197, 203, 209, 216, 226, 226, 231, 234, 260, 261, 319, 323

არშემდგარი სახელმწიფო, 15, 23

არჩევნები, 6, 9, 10, 11, 14, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 31, 35, 36, 37, 55, 56, 57, 59, 60, 61, 62, 63, 64, 65, 66, 67, 76, 77, 82, 92, 93, 98, 106, 107, 110, 112, 113, 115, 116, 117, 118, 123, 124, 125, 126, 127, 128, 130, 131, 151, 154, 156, 157, 159, 160, 167, 169, 179, 180, 181, 182, 183, 184, 186, 189, 192, 196, 197, 198, 199, 202, 207, 208, 209, 210, 211, 212, 217, 218, 220, 221, 223, 224, 225, 226, 229, 232, 233, 234, 243, 248, 249, 251, 256, 257, 258, 262, 270, 274, 275, 276, 277, 278, 281, 282, 286, 288, 292, 293, 294, 296, 297, 299, 301, 305, 307, 309, 310, 312, 313, 314, 319, 321, 325, 328

არჩევნების გაყალბება, 19, 65, 66, 117, 130, 218, 251

აფხაზები, 12, 13, 83, 90

აფხაზეთი, 12, 13, 15, 16, 22, 27, 29, 33, 40, 42, 46, 49, 50, 76, 78, 79, 82, 88, 89, 90, 103, 154, 242

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა, 14

აღორძინების კავშირი, 16, 21, 25, 135, 143, 186

აჭარა, 12, 16, 21, 22, 27, 28, 60, 83, 117, 211, 319, 320

აჭარის მთავრობა, 21

ახალგაზრდა რეფორმატორები, 18, 100, 325

ახალი მემარჯვენეები, 2, 105, 106, 113, 118, 120, 123, 125, 126, 128, 134, 135, 136, 137, 138, 145, 146, 148, 151, 164, 168, 173, 179, 190, 194, 202, 203, 204, 214, 217, 218, 220, 221, 235, 289, 312, 316, 318

ახალი საქართველოსთვის, 25, 126

ახალი წევრების მოზიდვა, 153, 155, 156, 158, 162, 165, 166, 170, 202, 207, 233, 253, 259, 296, 319

ახლო აღმოსავლეთი, 39

ახმეტა, 22

--

ბათუმი, 21, 28, 105, 213, 217, 220, 288

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, 41, 46

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, 41, 46

ბენდუქიძე, კახა, 34

ბერძენიშვილი, დავით, 186

ბიზნესი, 23, 24, 30, 36, 44, 46, 59, 71, 75, 94, 98, 114, 143, 144, 146, 148, 161, 168, 169, 219, 278, 292, 299, 312, 326

ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, 22, 92

ბურჯანაძე-დემოკრატები, 25

ბურჯანაძე, ნინო, 18, 24, 25, 26, 198, 204, 325

--

გაერთიანებული დემოკრატები, 26, 125, 172, 194, 325

გაერო-ს დამკვირვებელთა მისია, 15

გალი, 16

გამსახურდია, ზვიად, 11, 12, 13, 14, 15, 40, 63, 98, 99, 173, 292

გამყრელიძე, დავით, 186, 312

განათლების და მეცნიერების სამინისტრო, 32, 81

გაყინული კონფლიქტები, 15, 16, 21, 33, 49, 242

გენდერი, 171, 197, 198, 199, 200, 203, 204, 205, 206, 207, 208, 265, 303

გენდერული თანასწორობა, 197, 199, 203, 205, 206, 208

GINI ინდექსი, 75

გლასნოსტ 10

გორბაჩოვი, მიხეილ, 10, 98

--

დავითაშვილი, კობა, 151, 187, 292

დამკომი, 287

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, 15, 39, 42, 49, 50

დამფუძნებელი კრება, 286

დაპირისპირება, 10, 11, 13, 25, 62, 63, 65, 73, 80, 81, 87, 88, 89, 90, 97, 98, 99, 106, 111, 120, 125, 127, 128, 129, 130, 131, 137, 167, 202, 211, 212, 223, 229, 244, 247, 249, 251, 254, 255, 270, 272, 277, 280, 286, 287, 329

დარეგულირების არაფორმალური მეთოდები, 164

დემოკრატიაზე გადასვლის მრავალჯერადი მცდელობა, 5, 111

დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა, 46, 243

დემოკრატიული ცენტრალიზმი, 175, 177, 183

დუშეთის რაიონი, 105, 183

--

ევრაზიის ფონდი, 228

ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, 44

ევრო-ატლანტიკური სივრცე, 43, 242

ევროპელ სოციალისტთა პარტია, 235, 236, 310

ევროპის კავშირი (ევროკავშირი), 7, 39, 40, 41, 43, 44, 45, 46, 48, 49, 88, 89, 103, 147, 228, 229, 236, 242, 243

ევროპის კავშირის წევრობა (ევროკავშირის წევრობა), 40, 43, 45

ევროპის კომისია (ევროკომისია), 40, 229

ევროპის საბჭო (ევროსაბჭო), 19, 31, 32, 34, 36, 39, 41, 48, 64, 242, 248

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 34

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, 39, 43, 48, 229, 243

ევროპის სახალხო პარტია, 138, 139, 235, 236, 237, 317, 330

ევროპული სახელმწიფოები, 7

ეთნიკური უმცირესობები, 12, 13, 14, 56, 73, 76, 77, 78, 83, 90, 103, 301

ეკონომიკური განვითარება, 6, 40, 74, 79

ეკონომიკური პროტექციონიზმი, 102

ერგნეთი, 28

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 2, 56, 63, 67, 71, 105, 105, 106, 113, 122, 124, 125, 126, 127, 136, 138, 139, 151, 153, 158, 159, 163, 166, 168, 179, 190, 210, 213, 218, 219, 222, 234, 236, 292, 319, 325, 326, 331

ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, 62

ერის მშენებლობა, 10, 12, 27, 28

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, 10

ეროვნულ-დემოკრატები, 284, 286

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი, 231, 232, 234, 244

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, 186, 284

ეროვნული გვარდია, 14, 16

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, 34, 44, 45

ეუთო, 2, 4, 22, 29, 35, 39, 64, 78, 116, 211, 248

ეუთო-ს ადამიანის ულებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისი, 2, 4, 22, 35, 116, 211, 248

--

ვარდების რევოლუცია, 5, 6, 22, 23, 26, 28, 34, 36, 37, 38, 43, 47, 48, 64, 75, 76, 78, 79, 80, 82, 89, 91, 92, 94, 95, 96, 97, 99, 100, 101, 103, 113, 114, 116, 121, 127, 128, 129, 130, 135, 136, 164, 172, 173, 179, 186, 197, 198, 203, 223, 242, 243, 261, 292, 309, 316, 319, 325

ვირქი, 55

--

ზვიადისტები, 16

ზონალური ორგანიზაცია, 155, 159, 301, 314, 327, 328

--

თავდაცვა, 31, 45

თბილისი, 2, 3, 13, 15, 16, 21, 24, 25, 28, 41, 46, 63, 77, 105, 124, 126, 129, 153, 189, 207, 212, 292, 299, 305, 312, 319, 325, 326

თბილისის საკრებულო, 2, 24, 25, 63, 124, 129, 305, 325

თერგდალეულები, 284

თვითგამორკვევა, 13, 135, 285

თოფაძე, გიორგი, 148, 186, 187, 299

თურქეთი, 1, 21, 39, 44, 45, 46, 77, 90, 286

--

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, 39, 43, 44, 48, 243

ინსტიტუციონალიზაცია, 112, 117, 180, 244, 261

ინტერნეტი, 101, 178, 213, 214

იოსელიანი, ჯაბა, 16

ისლამისტი ტერორისტები, 41

-კ-

კამპანია, 3, 24, 33, 59, 61, 68, 70, 95, 107, 140, 155, 157, 158, 168, 192, 209, 210, 213, 214, 215, 216, 217, 218, 219, 221, 222, 223, 224, 225, 226, 232, 233, 254, 256, 257, 260, 275

კამპანიის სტრატეგია, 226

კამპანიის წარმოება, 107, 217, 221, 222, 225

კამპანიის ხარჯები, 59

კანონი მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ, 56, 57, 166, 169

კანონმდებლობა, 6, 18, 32, 35, 36, 51, 52, 56, 57, 59, 60, 62, 64, 65, 66, 67, 68, 69, 70, 71, 78, 80, 86, 95, 109, 113, 121, 148, 171, 205, 208, 247, 249, 253, 262, 282, 299, 302

კარდაკარ კამპანია, 222, 223

კიტოვანი, თენგიზ, 14, 16

კლანი (კლანები), 20, 21, 28, 93, 94, 96

კოკოითი, ედუარდ, 28

კომუნიზმის კრახი, 5

კომუნისტური რეჟიმი, 10, 85, 100, 102, 282

კონსენსუსი, 7, 11, 50, 66, 73, 87, 89, 91, 118, 127, 140, 143, 146, 147, 152, 241, 250, 286

კონსერვატიული პარტია, 2, 67, 105, 106, 113, 118, 122, 125, 126, 127, 128, 134, 136, 138, 145, 146, 150, 151, 157, 161, 167, 173, 176, 181, 182, 188, 193, 201, 211, 214, 219, 221, 292, 293, 298

კონრად ადენაუერის ფონდი, 234

კონსტრუქციული დიალოგი, 9, 150

კონფრონტაცია, 17, 120, 131, 198

კორუფცია, 19, 20, 21, 32, 33, 34, 69, 70, 74, 75, 76, 96, 99, 111, 148

კრემლი, 11, 13

კულტურული ტრადიციონალიზმი, 102, 146

--

ლეიბორისტული პარტია, 24, 26, 69, 113, 118, 124, 126, 136, 138, 139, 144, 146, 147, 148, 151, 158, 164, 165, 170, 173, 180, 181, 183, 187, 189, 192, 193, 195, 202, 219, 220, 237, 289, 305, 306, 308

-მ-

მაჟორიტარული არჩევნები, 184

მაჟორიტარული სისტემა, 24, 62

მართლმადიდებელი ეკლესია, 83, 84, 85, 86, 87, 305

მედია, 10, 12, 14, 19, 20, 2235, 36, 37, 48, 59, 65, 78, 82, 98, 123, 128, 145, 197, 198, 199, 207, 210, 211, 212, 213, 214, 222, 229, 232, 233, 264, 265, 278, 297, 303, 310, 317, 322, 323, 330

მასობრივი პარტია, 273

მესამე დასი, 284

მრავალეთნიკური, 83

მრავალმანდატიანი, 63, 64, 72

მრავალპარტიული დამარცხებული სისტემა, 110

მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო, 63, 111, 136, 228

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, 2, 24, 105, 106, 118, 123, 124, 125, 134, 138, 156, 165, 167, 173, 199, 200, 201, 218, 230, 233, 288, 299, 304, 312

მსოფლიო ბანკი, 20, 49

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, 39, 49

მოქალაქეობა, 20, 56, 73, 78, 82, 91, 92, 103, 115

მუსლიმი (მუსლიმები), 12, 23, 83, 84

მშვიდობიანი დიპლომატია, 29

მშვიდობიანი რევოლუცია, 11

მხარე, 60, 77, 80, 154

მხედრიონი, 16, 55

--

ნათელაშვილი, შალვა, 26, 305

ნატო, 7, 39, 40, 41, 43, 44, 46, 48, 88, 89, 103, 147, 155, 159, 242, 243, 307, 316, 327, 328

ნაციონალიზმი, 11, 12, 14, 90, 136, 150

ნახევრად ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმები, 5

ნახევრად საპრეზიდენტო, 31

ნდობა, 14, 33, 65, 73, 85, 86, 91, 94, 95, 96, 103, 115, 116, 117, 121, 123, 124, 131, 134, 164, 165, 174, 176, 184, 221, 223, 225, 226, 241, 250, 251, 255, 282, 329

ნეოპატრიმონიალიზმი, 96

ნომენკლატურა, 62, 97, 100, 283, 289

--

ოსეთის უზენაესი საბჭო, 13

--

პანკისი, 21, 22, 23, 41, 42, 83

პარლამენტი, 2, 14, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 24, 25, 26, 31, 34, 35, 36, 42, 56, 57, 59, 60, 62, 63, 64, 65, 66, 67, 68, 72, 79, 80, 81, 82, 86, 89, 95, 109, 110, 111, 112, 113, 114, 115, 116, 117, 121, 122, 123, 124, 125, 126, 127, 128, 129, 131, 135, 148, 150, 160, 164, 169, 186, 197, 198, 200, 202, 203, 204, 211, 224, 231, 232, 233, 234, 236, 248, 250, 252, 267, 270, 271, 272, 276, 286, 292, 293, 296, 299, 305, 312, 313, 319, 320, 325, 326

პარტიათშორისი დიალოგი, 149, 250

პარტიების რეგისტრაცია, 71

პარტიის დაფინანსება, 71

პარტიის მართვა, 162, 253, 256

პარტიის მშენებლობა, 164, 233, 241, 262

პარტიული იდენტობა, 106, 258

პარტიული სისტემა, 1, 6, 64, 70, 105, 106, 108, 109, 110, 111, 112, 113, 114, 117, 118, 119, 120, 121, 123, 128, 129, 131, 209, 224, 227, 230, 239, 241, 247, 248, 252, 258, 261

პატრიარქი, 87

პატრული, 32

პერესტროიკა, 10

პირველადი ორგანიზაციები, 3, 153, 154, 155, 156, 294, 297, 300, 301, 307, 314, 330

პლურალიზმი, 12, 19, 63, 64, 65, 83, 85, 86, 87, 91, 175, 195, 241, 243, 247, 248, 282, 287

პოლარიზაცია, 106, 112, 119, 120, 131, 244

პოლიტიკის ფორმირება, 182, 277

პოლიტიკური ელიტა, 40, 42, 73, 88, 135

პოლიტიკური კულტურა, 1, 73, 176, 209

პოლიტიკური მონაწილეობა, 76, 80, 92, 93, 103

პოლიტიკური პარტია, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 9, 10, 22, 24, 31, 38, 49, 51, 52, 53, 54, 58, 61, 62, 63, 67, 68, 69, 70, 72, 73, 76, 77, 83, 88, 92, 94, 96, 98, 105, 106, 107, 108, 109, 110, 112, 113, 114, 115, 116, 119, 124, 127, 128, 131, 134, 139, 140, 144, 147, 151, 152, 153, 154, 155, 159, 160, 161, 163, 165, 169, 171, 172, 176, 178, 181, 185, 186, 187, 191, 192, 193, 194, 196, 200, 209, 212, 216, 218, 219, 220, 221, 223, 224, 226, 227, 229, 230, 231, 232, 234, 235, 236, 238, 239, 241, 243, 245, 247, 248, 249, 253, 254, 255, 258, 259, 260, 261, 262, 266, 268, 269, 271. 273, 275, 276, 277, 279, 281, 282, 284, 285, 287, 288, 291, 323

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიების სახელმწიფო რეგულირება, 61

პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება დასავლეთ ევროპაში, 58

პოლიტიკური რეჟიმი, 5, 6, 10, 19, 97, 276

პოლიტკური სოციალიზაცია, 275

პოლიტიკური შეჯიბრი, 6, 72, 128, 249

პრემიერ-მინისტრი, 14, 31, 81

პროპორციული სისტემა (პრინციპი), 62, 184

--

ჟვანია, ზურაბ, 17, 19, 24, 41, 81, 100, 325

--

რაიონული ორგანიზაცია, 69, 105, 155, 156, 159, 160, 167, 170, 171, 183, 187, 188, 189, 190, 193, 194, 196, 207, 232, 293, 294, 295, 296, 301, 307, 313, 314, 315, 316, 317, 327, 328, 329

რევოლუციური სამართალი, 35

რელიგიური უმცირესობა, 86, 103

რესპუბლიკური პარტია, 2, 68, 105, 106, 113, 115, 118, 124, 127, 134, 135, 136, 137, 138, 141, 146, 149, 150, 164, 172, 186, 190, 205, 209, 235, 237, 288, 319, 321, 324, 325

რიგითი წევრი, 175, 178, 182, 186, 187, 188, 189, 193, 194, 196, 253, 256, 278

რუსები, 12, 89

რუსეთი, 6, 9, 15, 21, 23, 28, 29, 39, 40, 42, 45, 46, 47, 49, 50, 81, 84, 88, 89, 90, 95, 177, 242, 284, 285, 286

რუსეთის იმპერია, 9, 84

რუსეთის სამხედრო ბაზები, 42, 46, 89

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, 284

რუსთავი 2, ტელეკომპანია, 19, 36, 212

--

სააკაშვილი, მიხეილ, 17, 24, 26, 28, 40, 43, 45, 46, 99, 100, 101, 123, 197, 309, 325

საარჩევნო ადმინისტრაცია, 62, 65, 66, 67, 72, 123, 130, 153, 156, 202, 208, 229, 247, 250

საარჩევნო ბარიერი, 62, 63, 64, 67, 68, 72, 83, 118, 119, 125, 148, 299, 305, 319

საარჩევნო კანონმდებლობა, 6, 59, 60, 62, 65, 66, 67, 68, 113, 262

საარჩევნო კომისია, 20, 22, 59, 62, 65, 66, 67, 202, 250

საარჩევნო პროცესი, 20, 62, 65, 116, 223, 226, 244, 272

საარჩევნო სისტემა, 60, 62, 115, 233, 234

საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის სისტემა, 12

საბჭოთა კავშირი, 10, 30, 39, 45, 49, 76, 88, 97, 102, 175, 176, 227, 236, 283

საბჭოთა საქართველო, 11

საბჭოთა ჯარი, 10

საგზაო პოლიცია, 32

საერთაშორისო გამჭვირვალობა, 20, 33

საერთაშორისო დემოკრატიული გაერთიანება, 235

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, 74, 88, 91, 114, 115, 117, 120, 129, 201, 203, 231, 239, 244, 263

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, 30, 49, 148, 299

საერთაშორისო საზოგადოება, 7, 49, 105, 228, 233, 238, 242, 248

საზოგადოებასთან ურთიერთობა, 3, 107, 162, 174, 209, 210, 211, 212, 214, 215, 226, 254, 259, 264, 297, 303, 309, 310, 317, 322, 330

საზოგადოებრივი ცხოვრება, 6

საკანონმდებლო გარემო, 60

სამართალდამცველი, 30

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, 233

სამეგრელო, 15

სამოქალაქო მონაწილეობა, 73, 92

სამოქალაქო საზოგადოება, 2, 3, 5, 6, 9, 19, 37, 48, 50, 96, 118-119, 164, 175, 129, 182

სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, 233

სამშვიდობო ძალები, 15, 42

სამცხე-ჯავახეთი, 22, 77, 80

სამხედრო ჩარევა, 29

სამხრეთ ოსეთი, 12, 13, 15, 16, 28, 29, 33, 40, 42, 46, 49, 50, 76, 82, 88, 89, 90, 103, 154, 242

სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, 13

საპრეზიდენტო არჩევნები, 20, 23, 26, 60, 61, 116, 117, 176

სარფის სასაზღვრო პუნქტი, 21

სასამართლო ხელისუფლება, 15, 198, 280

სატელევიზიო კამპანია, 222

საუბნო დონე, 189, 202

საქართველო-რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სამშვიდობო ძალები, 15

საქართველოს კონსტიტუცია, 6, 36, 51, 52, 53, 69, 78, 85, 164, 205

საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიების შესახებ, 51

საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი, 46

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, 16, 69, 98, 111, 114, 125, 136, 139, 186, 312, 325

საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, 47, 166, 169

საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა, 10

საქართველოს სარევოლუციო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, 285

საქართველოს სახელმწიფო, 9, 10, 16, 29, 38, 43, 78, 82, 84, 87

საქართველოში საერთაშორისო მხარდამჭერი პროგრამები, 48

საშობაო გადატრიალება, 14

სახელისუფლებო ელიტა, 17

სახელმწიფო, 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 12, 14, 15, 16, 19, 20, 21, 23, 27, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 49, 50, 51, 53, 54, 55, 56, 57, 58, 59, 61, 65, 66, 68, 69, 70, 71, 72, 75, 76, 78, 80, 81, 82, 83, 84, 85, 86, 87, 88, 89, 90, 94, 95, 96, 98, 99, 105, 110, 113, 116, 119, 124, 138, 140, 143, 145, 146, 147, 148, 163, 169, 173, 181, 191, 192, 198, 199, 202, 203, 221, 228, 233, 241, 242, 243, 244, 245, 247, 248, 252, 270, 275, 276, 279, 280, 281, 286, 287, 289, 294, 301, 305, 308, 312, 320, 321, 322, 323,

სახელმწიფო დაფინანსება, 56, 57, 58, 59, 70, 71, 169, 247, 248

სახელმწიფოს მიტაცება, 20

სახელმწიფოს უუნარობა, 21

საჯარო მოხელე, 29, 30, 31, 32, 66, 67, 74, 75, 121, 197, 216, 253

სეპარატიზმი, 77, 83

სეპარატისტული მოძრაობა, 12, 56

სეპარატისტული რეჟიმები, 27, 42

სიგუა, თენგიზ, 14

სომეხი (სომხები), 12, 47, 55, 77, 79, 80, 81, 83, 90

სომხეთი, 39, 45, 47, 77, 81, 90, 286

სოციალ-დემოკრატები, 137, 285, 286, 287

სოციალისტური ინტერნაციონალი, 235, 310

სოციალური აქტორი, 5

სოციალური კაპიტალი, 94

სტრატეგიული თანამშრომლობა, 42

სუპერ-საპრეზიდენტო, 31

--

ტერიტორიული წარმომადგენლობა, 153, 156, 158, 300, 314

ტერორიზმის წინააღდეგ ომი, 41

--

უსუფაშვილი, დავით, 4, 20, 164, 186, 319

--

ფინანსების მოზიდვა, 155, 161, 169, 174, 253, 257, 327

ფრაგმენტაცია, 65, 106, 112, 117, 118, 119, 131, 248

ფრაქცია (ფრაქციები), 11, 24, 57, 124, 125, 126, 131, 135, 191, 198, 231, 232, 271, 299, 312, 319, 326

ფრიდრიხ ებერტის ფონდი, 228, 234

-ქ-

ქალთა კლუბი, 201, 206, 208, 295, 315, 316

ქალთა პარტიული ორგანიზაციები, 197, 202, 203

ქალთა წარმომადგენლობა, 198, 199, 200, 205, 206, 257

ქალი ლიდერი, 257, 258

ქართული პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო მხარდაჭერა, 7

ქართული ჯარი, 14

ქვემო ქართლი, 22, 77, 105

ქისტი, 21

ქრისტიანობა, 9, 84

ქრისტიანული ტრადიცია, 84

ქცევის კოდექსი, 109, 127, 250, 255

--

ღია საზოგადოება - საქართველო, 228

--

შავი ზღვა, 39, 44, 45, 47

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, 231

შეერთებული შტატების საუკუნის გამოწვევის პროგრამა, 44

შევარდნაძე, ედუარდ, 14, 15, 16, 17, 19, 21, 23, 25, 27, 30, 32, 34, 40, 41, 42, 49, 50, 69, 85, 94, 96, 98, 99, 100, 101, 129, 139, 218, 288, 309, 325

შეიარაღებული დაჯგუფებები, 15, 54

შერეული პრინციპი, 62

შეჯიბრებითი ავტორიტარიზმი, 19

შიდა დემოკრატია, 3, 107, 171, 175, 176, 178, 182, 183, 184, 188, 190, 194, 196, 207, 255, 256, 262, 263, 288

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 23, 31

შუალედური არჩევნები, 123, 131

--

ჩეჩნეთი, 21

ჩრდილო კავკასია, 15

--

ცარისტული იმპერია, 84

ცენზურა, 37, 213

ცენტრალური საარჩევნო კომისია, 66, 67

ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება, 28

--

ძიძიგური, ზვიად, 151, 187, 292

--

წევრობა, 37, 40, 41, 43, 44, 45, 48, 54, 92, 107, 114, 157, 160, 171, 173, 174, 175, 178, 179, 181, 182, 235, 236, 242, 255, 256, 272, 296, 302, 308, 309, 316, 321, 322, 329

წევრობის სამოქმედო გეგმა, 44, 48

--

ჭანტურია, გიორგი, 186

--

ხავერდოვანი რევოლუცია, 99

ხაინდრავა, ივლიანე, 186

ხალხოსნები, 284

ხელოვნური ბარიერები, 200, 204

ხმების პარალელური დათვლა, 24, 26

--

ჯავახეთი, 22, 55, 77, 78, 80, 81, 82

ჯარი, 10, 14, 15, 23, 28, 29, 44, 146, 287