![]() |
ახალი თავდაცვის სამინისტროს მმართველობის 100 დღე |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი კვლევები, დემოკრატია|ჯარი, მესამე სექტორი|კვლევევბი |
| საავტორო უფლებები: © ასოციაცია - "საზოგადოება, სამართალი და თავისუფლება" |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
წინამდებარე ანალიზი მოამზადა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებამ“ და ის შეეხება თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას 2004 წლის 26 თებერვლიდან 1 ივნისამდე.
ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებამ“, რომელიც დაკავებულია წვევამდელთა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვითა და მთლიანად ფოკუსირებულია სამხედრო საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე, გადაწყვიტა ყოველ 100 დღეში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამის მიზანი, პირველ რიგში, არის ის, რომ განხორციელდეს სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლი საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე და ხარისხიანი მონიტორინგის პირობებში გაუმჯობესდეს სახელმწიფო უწყებების ანგარიშგებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იქ არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ საზოგადოება ფლობდეს ალტერნატიულ ინფორმაციას, რათა განსაკუთრებული ინტერესის პირობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ქართული ჯარის მშენებლობის საკითხებს. მსგავს მონიტორინგებს ასოციაცია ახორციელებდა 2000 წლიდან, თუმცა იყო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები წინა ხელისუფლების მხრიდან. ახალი მმართველობის პირობებში საზოგადოებასთან ურთიერთობა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, მით უმეტეს, როდესაც თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა.
ჩვენ მივესალმებით თავდაცვის სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენ მიერ წინამდებარე ანგარიშში გამოთქმული შენიშვნები აღქმულ იქნება როგორც თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი და არა მხოლოდ ცალმხრივი კრიტიკა, რაც გარკვეულწილად ასევე საჭიროა სახელმწიფო უწყებების ანგარიშგების ამაღლებისათვის. წინამდებარე ანგარიშში შევეხებით ისეთ პრობლემატურ საკითხებს, როგორებიცაა: თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მმართველობისა და გენერალური შტაბის ფუნქციების გამიჯვნა; თავდაცვის სამინისტროს სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმიანობა; საკადრო და სახელფასო პოლიტიკა; პრობლემები სახელმწიფო შესყიდვებში და სხვა. გარდა ამისა დანართის სახით მოგაწვდით პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტს (მომზადებულია ასოციაცია „სამართალი და თავისუფლების“ მიერ), რომელიც შეეხება სამხედრო მოსამსახურეთა ფულადი კმაყოფისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის საკითხებს.
მადლობას ვუხდით ყველა იმ სახელმწიფო უწყებას და პირს, რომელიც მზად არის ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან და ამით ხელს უწყობს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავებას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თანამშრომლობისა და მოწოდებული ინფორმაციისათვის.
![]() |
2 1. გაიმიჯნა თუ არა თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მმართველობისა და გენერალური შტაბის ფუნქციები? |
▲back to top |
მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა გახდა, დღის წესრიგში დადგა უფლებამოსილებების გამიჯვნა სამოქალაქო მმართველობასა და გენშტაბს შორის. „ახალი“ მმართველობიდან დღემდე არა ერთი განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ უფლება-მოსილების გამიჯვნა უკვე განხორციელდა და რომ რეფორმის ეს ნაწილი უკვე შესრულებულია. რა არის რეალური სურათი?
რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურა გახდა, ასევე, - ის მიდგომაც, რომ უპირველეს ამოცანად დასახულ იქნა უფლებამოსილებების გამიჯვნა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უფლებამოსილებების გამიჯვნა მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. ამის საფუძველს გვაძლევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება, რომელიც პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის 119-ე ბრძანებულებით დამტკიცდა. მცირე ამონარიდი დებულებიდან:
1. წარმოდგენილი დებულებით, თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამავე დებულებით „სამოქალაქო პირია“, ყოველგვარი სამხედრო წოდების, განათლებისა და გამოცდილების გარეშე განსაზღვრავს ჯარების სახეობების მომზადების დონეებს და უზრუნველყოფს მათ სამობილიზაციო და საბრძოლო მზადყოფნას, ხოლო გენერალური შტაბის უფროსი (ნორმალურ სახელმწიფოში მეორე რანგის სამხედრო თანამდებობის პირია), სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელია, რომელიც რანგით, მაგალითად, შიდა უსაფრთხოების ხუთ-კაციანი განყოფილების თანასწორია (თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-5 მუხლი).
2. უცხოელი კონსულტანტების, მრჩევლების და ექსპერტების რეკომენდაციებით, გენერალური შტაბის დანიშნულებაა მუდმივი საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა, ბრძოლისუნარიანობის განმტკიცება. წარმოდგენილი დებულების 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აღნიშნული საკითხების მოგვარება თავდაცვის სამინისტროს დანიშნულებაა, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფები არ გააჩნია.
3. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა სამხედრო ძალების დანიშნულებაა, ამდენად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დანიშნულება ქვეყნის დამოუკიდებლობის ნებისმიერი ხელყოფისა და შესაძლო აგრესიის მოგერიება ვერ იქნება, რომელზედაც საუბარია 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტში, მით უმეტეს, რომ სამინისტროს უმრავლესობა საჯარო მოსამსახურეებითაა დაკომპლექტებული.
4. ასეთივე მიდგომაა დებულების მე-2 მუხლში, სადაც სამინისტროს ამოცანად კვლავ რჩება ისეთი სამხედრო სტრატეგიული საკითხები, როგორებიცაა: შეიარაღებული ძალების მუდმივი მზადყოფნა საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად; ომის საშიშროების განსაზღვრა, ხელისუფლების მიერ პოლიტიკური გადაწყვეტილებების სამხედრო უზრუნველყოფა; შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული მოწყობის განსაზღვრა და საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობების განხორციელება.
5. იგივე მდგომარეობა რჩება სამინისტროს ფუნქციებთან დაკავშირებითაც, კერძოდ სამოქალაქო უწყებად რეორგანიზებულ სამინისტროს ფუნქციებია: ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა; შეიარაღებული ძალების ოპერატიული, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, სამობილიზაციო ძალების სახეობათა გამოყენების გეგმების განხორციელება; შეიარაღებული ძალების გეგმიურად და განკარგულების წესით მშვიდობიანი მდგომარეობიდან საომარ მდგომარეობაზე სხვადასხვა დონის საბრძოლო მზადყოფნისა მდგომარეობაში გადასაყვანად გადაწყვეტილების მომზადება; შეიარაღებული ძალების საბრძოლო მომზადების, საბრძოლო მზადყოფნისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლება; პრეზიდენტის ბრძანებით შეიარაღებული ძალების გამოყენების უზრუნველყოფა; სადაზვერვო საქმიანობა და უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფა.
6. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ თანახმად, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ოფიცრებს, ბრიგადის (პოლკის) მეთაურიდან ბატალიონის მეთაურის ჩათვლით, გაუგებარი რჩება, თუ ვინ ნიშნავს ასეულის ან ოცეულის მეთაურს? აგრეთვე, მინისტრი თანამდებობებზე ნიშნავს მთავარი სამმართველოების და სამსახურების თანამშრომლებს მაშინ, როდესაც, ამავე დებულების თანახმად, აღნიშნული სახის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამინისტროს არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა, რომ სამოქალაქო მმართველობასა და გენშტაბს შორის უფლებამოსილებები არ გადანაწილებულა და ის კვლავაც სამოქალაქო მმართველობას ექვემდებარება მაშინ, როდესაც მინისტრი აღარ არის სამხედრო პირი. ამასთან, გენერალური შტაბი, არსებული დებულებით, არის სტრუქტურული ერთეული, რომელსაც დღესდღეობით არ გააჩნია თავისი დებულება, ე.ი. არ არის მისი უფლებამოსილებები განსაზღვრული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს შემდეგი საკითხები: 1. მომზადდეს ცვლილებების პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულებაში, რომლითაც განისაზღვრება თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მმართველობის უფლებამოსილებები და ფუნქციები; 2. პარალელურად, მომზადდეს გენერალური შტაბის დებულება.
![]() |
3 2. „ახალი“ მმართველობის სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმიანობა |
▲back to top |
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას. ამდენად, ჩვენი სურვილია, რომ ახალმა მმართველობამ არ გაიმეოროს ძველი შეცდომები და სამინისტროში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი მოექცეს კანონის მკაცრი მოთხოვნების ფარგლებში. დღევანდელი თავდაცვის სამინისტრო ვერ დაიცავს კანონმდებლობას, თუკი მისსავე გამოცემული ნორმატიული აქტები არ იქნება კანონიერი და კანონის მოთხოვნებით შესრულებული. კერძოდ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ნებისმიერი სამინისტრო ვალდებულია ბრძანების გამოცემამდე ბრძანების პროექტი, შესაბამისი დოკუმენტებით, გადაუგზავნოს იუსტიციის სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს ბრძანების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, რისი დადებითი დასკვნის შემდეგ უგზავნის სამინისტროს, რომლის შემდეგაც მინისტრი აწერს ხელს და ეს აქტი ძალაში შედის მხოლოდ მისი იუსტიციის სამინისტროში ნორმატიულ აქტთა რეესტრში გატარების შემდეგ. თავდაცვის სამინისტროს არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთეული ბრძანებებია, რომლებიც რეგისტრირებულია აღნიშნულ რეესტრში. ამის მიზეზები სხვადასხვაა: შეიძლება ეს იყოს კერძო ინტერესი ან არასწორი ადმინისტრირება ან სამსახურეობრივი უპასუხისმგებლობა. ყოველ შემთხვევაში ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის სამინისტროს სამართლებრივ მოქმედებას, მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ის სტრუქტურული ერთეულები, რომელთა დებულებების დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებები არ არის რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს ნორმატიულ აქტთა რეესტრში, უკანონოდ არსებობენ და მათი ქმედებები მოწყვეტილია სამართლებრივ ჩარჩოებს. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დებულების თანახმად სამინისტრო 11 სტრუქტურული ქვეგანაყოფისგან შედგება, არ შექმნილა და დამტკიცებულა არც ერთი სტრუქტურული ერთეულის დებულება, სადაც განისაზღვრება თითოეული მათგანის ფუნქციები, ამოცანები და სტრუქტურა. როგორც ჩანს მმართველობა ტრადიციული წეს-ჩვეულებებით მიმდინარეობს, როდესაც საკმარისია ცალკეული თანამდებობის პირების მითითებები და კანონის მოთხოვნები მხოლოდ უკანა პლანზე იწევს.
განსაკუთრებული შეშფოთების საგანია თავდაცვის სამინისტროს ქვედა რგოლებში სამართლებრივი მომზადების დაბალი დონე, რომელიც, პრობლემას ქმნის არა მხოლოდ კანონიერების დაცვის კუთხით, არამედ დისციპლინის დამყარების თვალსაზრისითაც. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა მაისის თვეში გამოსცა ბრძანება, რომლის ძალითაც გააუქმა თავდაცვის მინისტრის ბრძანება და სხვა მასზე მაღალი რანგის თანამდებობის პირების მიერ გამოცემული აქტები, რისი უფლებაც, ცხადია, მას არ ჰქონდა. აღნიშნული ბრძანებით მოქმედებდნენ მის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, რაც არაკანონიერია და ადგილი აქვს მეთაურის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს. თუმცა რა გასაკვირია, როდესაც თავად მინისტრის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ხასიათის აქტები კანონის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისობაშია მოსაყვანი მოქმედ კანონმდებლობასთან.
რახან დისციპლინას შევეხეთ, ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას ამის შესახებაც. დღესდღეობით დისციპლინა მყარდება საბჭოთა დროინდელი „სადისციპლინო წესდებით“, რომელიც შორსაა დემოკრატიული პრინციპებისგან და უფრო მეტად აგებულია მეთაურის ნება-სურვილზე, ზოგჯერ - განწყობაზეც. როდესაც დისციპლინის დამყარების ასეთი დაბალი სამართლებრივი საფუძვლებია, ცხადია, ზედმეტია საუბარი ჯარში სამართლებრივ ცნობიერებაზე. ამის შედეგია ის ფაქტები, რომლებსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ ძალებში და რაც უფრო საწყენია ე.წ. ელიტარულ ნაწილებში. ყოველივე ეს კი საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ ჯარის პრესტიჟს, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დამნაშავეები გათავისუფლებულ იქნენ სამსახურიდან. სად არის ამ დროს გენერალური ინსპექცია? - 100 დღის მმართველობის შემდეგ ამ თანამდებობაზე ჯერ არავინ დანიშნულა და მას მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი უძღვება. ალბათ სამინისტროს ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ ახალი მმართველობის პირობებში ინსპექტირება ზედმეტია; ეს ეხება პრეზიდენტის მთავარსარდლის სამხედრო ინსპექციასაც, რომლის ხელმძღვანელის სავარძელიც ასევე ცარიელია.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, გვინდა შევეხოთ სამანდატო კომისიებს, რომელთა ფუნქციასაც უნდა წარმოადგენდეს ჯარში სადისციპლინო საკითხების გადაწყვეტა, თუმცა სამანდატო კომისიები მხოლოდ ფურცელზე არსებობს და მათი რეალური ამოქმედების პერსპექტივა არ ჩანს.
საბოლოო ჯამში, მივდივართ დასკვნამდე, რომ დღევანდელ პირობებშიც, ისევე, როგორც წინა მმართველობის დროს, დისციპლინის დამყარება და განმტკიცება გამომდინარეობს ცალკეული თანამდებობის პირებისა თუ სამხედრო ნაწილის მეთაურების შეხედულებებიდან და ის არ ეფუძნება წმინდა სამართლებრივ პრინციპებს. რაც არ უნდა სწორად მოქმედებდეს ესა თუ ის მეთაური, რაც არ უნდა სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებდეს, მაგალითად, დეპარტამენტის უფროსი, ის თუ არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან და არ ემყარება დაწესებულ წესებს, ჯარში რაიმე დისციპლინის დამყარებაზე და შეიარაღებული ჯარის კანონიერ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზედმეტია საუბარი.
სწორედ ამიტომ, მივმართავთ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შემდეგი საკითხების შესასწავლად და გადაწყვეტილების მისაღებად: თავდაცვის მინისტრის ყველა ბრძანება გამოიცეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული გათვალისწინებით; უმოკლეს ვადაში მომზადდეს სამინისტრო სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები; მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდეს სამხედრო მეთაურთა სამართლებრივი დონის ასამაღლებლად; უმოკლეს ვადაში დანიშნულ იქნეს თავდაცვის სამინისტროს გენ.ინსპექტორი; შემუშავდეს სამოქმედო გეგმა არსებული წესდებების ცვლილებებთან დაკავშირებით; თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს კურსანტთა სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებლად.
![]() |
4 3. „ახალი“ მმართველობის საკადრო პოლიტიკა |
▲back to top |
საკადრო პოლიტიკა თავდაცვის სამინისტროში ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილებების მიღება წინ ხელისუფლების პირობებში ხდებოდა არა კანონმდებლობის დაცვით, არამედ ცალკეული მაღალჩინოსნების შეხედულებების მიხედვით. მოკლე ექსკურსი საკადრო პოლიტიკაში „ვარდების” რევოლუციის შემდეგ.
ცხადია, თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ახალი ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იდგა და მას უწევდა პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება მაღალჩინოსნების გათავისუფლების მხრივ, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ძველ მმართველობაში სამხედრო ავტორიტეტებიც საკმაოდ ბევრი იყო. თითქოსდა პროცესმა უმტკივნეულოდ ჩაიარა, თუმცა ვაცხადებთ, რომ დღესაც თავდაცვის სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობენ ის პირები, რომლებიც ძველი მმართველობის დროს ეჭვმიტანილი იყვნენ კორუფციულ გარიგებებში, ასევე ვხვდებით სამინისტროს მაღალჩინოსანთა შორის, მათ შორის გენერალურ შტაბში ისეთ პირებს, რომელთაც თავის დროზე ობიექტურად აკრიტიკებდნენ დღევანდელი მინისტრი და გენ.შტაბის უფროსი იმ უსაქმურობისა და უპასუხისმგებლობის გამო, რასაც ისინი თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებისას ავლენდნენ, აღარაფერს ვამბობთ მათ ოჯახურ ბიზნესზე და სახელმწიფოს ქონების პირადი მიზნით გამოყენებაზე. ჩვენთვის გაუგებარია ის მიდგომა, რომ ეს პირები თითქოსდა დღესდღეობით სჭირდება სახელმწიფოს მათი „დიდი“ გამოცდილების გამო.
არსებული სიტუაცია კიდევ უფრო ბუნდოვანია, როდესაც „ვარდების“ რევოლუციის შემდეგ აქტიურად მიმდინარეობდა აფიშირება იმისა, რომ ათობით მილიონობით ლარი იქნა შეჭმული თავდაცვის სამინისტროში წლების მანძილზე და რომ სახელმწიფო არ დატოვებს დაუსჯელ პირებს. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, ეს თემა მიჩუმათდა, მეტიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ პირებმა თანამდებობებიც დაიკავეს. საზოგადოება სამხედრო პროკურატურისგან პრინციპულად ელის კითხვაზე პასუხს: იყო თუ არა კორუფცია ქართულ ჯარში? - და თუ იყო, რაშიც ეჭვია არც ჩვენ და, ვფიქრობ, არც საზოგადოებას არ ეპარება, - ვინ არიან დამნაშავეები ქართული ჯარის განადგურებაში?
ახლა კი შევეხოთ საკადრო ცვლილებებს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მივესალმებით სამინისტროში კადრების შემცირებას და სამინისტროს მობილურ, მაგრამ ქმედით ორგანოდ გადაქცევის მცდელობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ საკადრო პოლიტიკა არის არასწორი და არღვევს მოქალაქეთა ინტერესებს. ისევე, როგორც სხვა სახელმწიფო უწყებებში, თავდაცვის სამინისტრომაც კადრების შემცირება განახორციელა კანონმდებლობისა და თანამშრომელთა უფლებების უგულვებელყოფით. ახალმა ხელმძღვანელობამ მოტყუებით, პირადი პატაკების (განცხადებების) საფუძველზე სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა სამხედრო მოსამსახურეთა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი ყოველგვარი გაფრთხილებების და გასასვლელი ფულადი დახმარების გარეშე. მიუხედავად ჩვენ მიერ არა ერთი წერილისა, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ვთხოვდით ჩატარებულიყო ატესტაცია და კონკურსის წესის საფუძველზე მომხდარიყო თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება, ეს არ გაითვალისწინა სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ვინაიდან თვლიდა, რომ ამისათვის ისინი დროის მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდნენ. ამ შემთხვევაში, რა დრო დაკარგეს იმ თანამშრომლებმა, რომლებიც შეიძლება სხვებზე უკეთესებიც იყვნენ, მაგრამ ვერ აღმოჩნდნენ ახალი ხელმძღვანელების ნაცნობ-მეგობრები?!
ამ ეტაპისთვის დათხოვნილია სულ 1268 პირი, მათ შორის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 902 პირი, რაც, ჩვენ მიერ არსებული ინფორმაციით, განხორციელდა შრომის კოდექსის მოთხოვნათა უგულვებელყოფით, კერძოდ, ისინი 2 თვით ადრე არ ყოფილან წერილობით ინფორმირებული დათხოვნის შესახებ, გარდა ამისა, მათი დათხოვნისას არ ყოფილა გათვალისწინებული ის გარემოებები, რასაც შრომის კოდექსით არის დადგენილი.
თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთმა ე.წ.-მა „ავტორიტეტმა“ სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო მუნდირზე უარი თქვა მხოლოდ იმიტომ, რომ სამინისტროს „ახალ“ სამოქალაქო მმართველობაში მაღალი თანამდებობა შეენარჩუნებინა, ზოგიც „დამსახურებისთვის“ სახელმწიფოს სხვა სამსახურებში ასევე მაღალ თანამდებობებზე იქნა გადაყვანილი და, რაც ამ შემთხვევაში მიუღებელია, მათ შორის ისეთი პირებიც არიან, რომელთა საქმეები სამხედრო პროკურატურის მასალებში ფიგურირებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და შეიძლება ამ შემთხვევაში არ გვქონდეს იმის უფლება, რომ ამ ადამიანების დაწინაურება გავაპროტესტოთ, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: როდესაც კორუფციაში ეჭვმიტანილი პირების დაწინაურება ხდება, ეს უკვე ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სამხედრო პროკურატურამ არ უნდა სცნოს მათი ბრალი ჯარში აქამდე არსებულ კორუფციულ ფაქტებში, წინააღმდეგ შემთხვევაში უხერხულ მდგომარეობაში მოხვდებიან ის ხელმძღვანელი პირები, რომელთა რეკომენდაციის საფუძველზეც წარდგენილ იქნენ ისინი ახალ თანამდებობებზე.
თუ რა კადრები ხელმძღვანელობენ დღეს თავდაცვის სამინისტროს ძნელი სათქმელია, ვინაიდან ამას დრო სჭირდება, რათა მათი შედეგები რეალურად გამოჩნდეს, თუმცა უკვე შეინიშნება მათ შორის არაპროფესიონალიზმი და არაკვალიფიციურობა, რის შესახებაც ზოგადად თითქმის ყველა ქვეთავში შევეხებით.
ამ ეტაპისთვის მიგვაჩნია, რომ კიდევ არის საშუალება არ იქნას უგულვებელყოფილი გათავისუფლებულ თანამშრომელთა უფლებები, კერძოდ, ვთვლით, რომ თავდაცვის სამინისტრომ სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცებისა და საშტატო ერთეულების განსაზღვრის შემდეგ უნდა ჩაატაროს კონკურსი და მათი შედეგების საფუძველზე დააკომპლექტოს შესაბამისი სტრუქტურები - ამას მოითხოვს, პირველ რიგში, კანონმდებლობა, მერე - სამართლიანობა, დაბოლოს, იმ ადამიანთა წლების მანძილზე, ფაქტობრივად, ვოლუნტარული შრომა.
![]() |
5 4. სახელფასო პოლიტიკა |
▲back to top |
ამ თავში პირველ და უმთავრეს პრობლემად უნდა დავასახელოთ დღეს თავდაცვის სამინისტროში შემავალ სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების განსხვავებულობა და არათანაბრობა. როგორც ცნობილია, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 375 ლარიდან 1000 ლარამდე, მაშინ, როდესაც არაელიტარულ ნაწილებში სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასია 4-დან 120 ლარამდე. ამასთან, კვების ულუფის ფულადი კომპენსაცია წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთათვის შეადგენს თვეში 95 ლარს მაშინ, როდესაც სხვა სამხედრო მოსამსახურეთათვის აღნიშნული კომპენსაცია 64 ლარით შემოიფარგლება. აქ აღარ ვსაუბრობთ მათ სამუშაო პირობებზე, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა.
რა შეიძლება ითქვას ამის შესახებ?
რა თქმა უნდა, მივესალმებით სამხედრო მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილის სახელფასო ანაზღაურების გაზრდას და, ამასთან, ვათვითცნობიერებთ იმ მდგომარეობას, რომ, სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელია ყველა სამხედრო მოსამსახურის მსგავსი სახით ანაზღაურება, თუმცა, ვფიქრობთ, ამ მხრივ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. კერძოდ, „არაელიტარული“ სამხედრო ნაწილების ოფიცრებს სამართლიანი უფლება აქვთ, ემსახურნენ რა თავიანთ ქვეყანას წლების მანძილზე მინიმალური ანაზღაურების პირობებში და რომელსაც ხშირად არც იღებდნენ, იცოდნენ, თუ როდის და რა ოდენობით გაუმჯობესდება მათი სახელფასო ანაზღაურება. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, რომ მათი ეს მოთხოვნა უახლოეს თვეებში გადაწყდეს, თუმცა მათ აქვთ უფლება იცოდნენ თავიანთი მომავალი ბედი სამხედრო სამსახურში როგორც პირადი, ისე სამსახურეობრივი საქმისათვის. ამისათვის მივმართავთ თხოვნით არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ უფრო უმაღლეს მთავარსარდალს, რომ უკვე დღეს შემუშავდეს მათი ხელფასის გაზრდის გეგმა და სახელმწიფომ ერთხელ და საბოლოოდ დაიწყოს ერთი ჯარის შენება, სადაც გამოირიცხება არათანაბრობა და დაფასდება რიგითი ჯარისკაცის სამსახურიც, რომელსაც დღესდღეობით სამხედრო ტყვეზე რამდენჯერმე დაბალი ანაზღაურება აქვს.
ამ საქმეში, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მნიშვნელოვნად დაინტერესებულია თავად თავდაცვის სამინისტრო, რაშიც ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ზემოაღნიშნული გეგმის შემუშავებაში.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე უკავშირდება სახელფასო ანაზღაურებას, შეეხება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული განვითარებისა და რეფორმების ფონდის მიერ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთათვის გამოყოფილ გრანტებს, კერძოდ, ჩვენ მიერ არსებული მონაცემებით, 2004 წლის მარტის თვეში თავდაცვის სამინისტროს მუშა მოსამსახურეებზე გრანტის სახით გაიცა 98 395 აშშ დოლარი. თავად ეს ფაქტი მხოლოდ დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა, ჩვენი აზრით, ამ თანხების განაწილება განხორციელდა უსამართლოდ. მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე სახელფასო თანხები 100 აშშ დოლარიდან 500 აშშ დოლარამდე გაიცა, ჯარების სახეობების მიხედვით სარდლებს 150-დან 200 აშშ დოლარამდე მოუწიათ. და თუ არსებულ მონაცემებსაც დავეყრდნობით გენშტაბის უფროსმა მათზე რამდენიმე ათეულჯერ მეტი მიიღო, რაც არასამართლიანად მიგვაჩნია. რაც შეხება სამინისტროს თანამშრომლებზე გაცემულმა თანხებმა, ამ შემთხვევაში არ არსებობდა ამ თანხების განაწილების რაიმე წესი და არც გადანაწილების პრინციპი თანამდებობრივი მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, სხვადასხვა სამმართველოების უფროსებმა ერთ შემთხვევაში მიიღეს 150 აშშ დოლარი, სხვებმა კი 200-დან 300 აშშ დოლარამდე; მძღოლმა, მინისტრის ადიუტანტმა და უფროსმა თანაშემწემ 5-ჯერ მეტი მიიღეს, ვიდრე განყოფილების უფროსმა. ყოველივე ეს გვაძლევს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ამ შემთხვევაში თანხების განაწილება ნაცნობ-მეგობრობისა და პირადი შეხედულებების მიხედვით განხორციელდა. ყოველივე ეს კი, პირველ რიგში, ქმნის იმის საფრთხეს, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება ნაცნობ-მეგობრობის გათვალისწინებით, რაც საბოლოო ჯამში პირად ინტერესებთან მიგვიყვანს და კორუფციულ გარემოს შექმნის, მეორე მხრივ კი, ასეთი პოლიტიკა თავად თანამშრომელთა უნდობლობას გამოიწვევს და უსამართლობის კერებს გააჩენს.
ახლა კი გვინდა შევეხოთ ქართველი ჯარისკაცების ერაყში ყოფნის რამდენიმე პრობლემატურ საკითხს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სამხედრო ძალების დანიშნულება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაა. ჩვენდა საამაყოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები საკმაოდ წარმატებით ასრულებენ საერთაშორისო ვალდებულებებს და მონაწილეობას იღებენ კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში, აგრეთვე წარმატებით ახორციელებენ თავიანთ მოვალეობებს ერაყში განლაგებული ქვედანაყოფები, თუმცა გვინდა შევეხოთ ამ მხრივ რამდენიმე პრობლემას, კერძოდ, ერაყში მიმდინარე ოპერაცია სამშვიდობო ოპერაციას არ წარმოადგენს და, შესაბამისად, მასზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სამშვიდობო მანდატი არ არსებობს. გარდა ამისა, საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია საერთაშორისო სამართლის სუბიექტს არ წარმოადგენს, არანაირი შეთანხმება ამ ე.წ. კოალიციის წევრებს შორის არ არსებობს. ერაყში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს სახელფასო ანაზღაურება იგივე აქვთ, რაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეთ, მაშინ, როდესაც მათ რეალურად საბრძოლო ოპერაციების განხორციელება უწევთ. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მათი სოციალური პირობები უფრო უკეთ უნდა იყოს დაცული, ვიდრე მათი, ვინც სამშვიდობო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას. ამ მიზნით, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს გამოსცეს ბრძანებულება მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. აქვე, ვთავაზობთ ასოციაცია „სამართალი გათავისუფლების“ მიერ მომზადებულ პროექტს (იხ. დანართი №1).
![]() |
6 5. პრობლემები თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებში |
▲back to top |
ეს ის თემაა, რომელიც წლების მანძილზე მწვავე დისკუსიას იწვევდა და ამ სფეროში ყოველთვის მოიაზრებოდა კორუფცია, რასაც თავად დღევანდელი სამინისტროს ხელმძღვანელები არ უარყოფენ, თუმცა, როგორც ყოველთვის, კორუფცია არსებობდა, დამნაშავეების დასჯა კი არ ხდებოდა. რა სახის რეფორმები განხორციელდა ამ მიმართულებით ახალი მმართველობის პირობებში და რამდენად კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდა ეს მეტად მნიშვნელოვანი სამსახურები, ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მათ მიერ გაწეული სამუშაოები მოგვცემენ.
ჩვენ მიერ მომზადებული ანგარიში შეეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორიციელებულ შესყიდვებს 23 თებერვლიდან 30 აპრილამდე. პირველი საკითხი, რასაც შევეხებით, ეს არის, თუ რამდენად კანონის მოთხოვნების დაცვით ხორციელდება თავდაცვის სამინისტროს მიერ საახელმწიფო შესყიდვები. საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად, ყველა შესყიდვის ოპერაციის ჩასატარებლად, თუ შესასყიდი ობიექტის ღირებულება აღემატება 70 000 ლარს, ტარდება ღია ტენდერი, ხოლო, თუ ნაკლებია 70 000 ლარზე და აღემატება 25 000 ლარს ტარდება დახურული ტენდერი, ტენდერების ჩატარების შემთხვევაში, ტენდერში მონაწილე პირებმა თუ კერძო ფირმებმა უნდა გადაიხადონ დახურული ტენდერისას თითოეულმა 500 ლარი, ხოლო ღია ტენდერისას - თითოეულმა 150 ლარი და ამ უკანასკნელის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებისას არ ჩატარებულა, ფაქტობრივად, არც ერთი ტენდერი, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, ტენდერების ჩატარების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტში მინიმუმ 24 250 ლარი შევიდოდა სატენდერო მოსაკრებლის სახით.
მეორე საკითხი შეეხება შესყიდული პროდუქციის ფასებს, რომლებიც ერთი შეხედვით შეესაბამება საბაზრო ფასებს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს სახელმწიფო შესყიდვების სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ყოველთვიურად განისაზღვრება კონკრეტული პროდუქციის საცალო და საბითუმო ფასები შესაბამისი ხარისხის მაჩვენებლით, ცხადია, რთულია შესყიდვების რეალური კონტროლი. ამდენად, ნებისმიერ დროს ჩნდება ეჭვი, რომ ესა თუ ის პროდუქცია შესყიდული იყო უფრო მაღალ ფასებში, ვიდრე მისი რეალური ფასია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც შესყიდვები არ ხორციელდება ტენდერის გზით და არ არსებობს შერჩევისა და კონკურენციის გარემო. მაგალითად, ინფორმაციისათვის, შესყიდულია წიწიბურა კილოგრამი 1,60 ლარად, მცენარეული ზეთი 1,85 ლარად, ცხარე საკმაზი 6 ლარად; ტომატპასტა 1,80 ლარად და ა.შ. ასეთი მაჩვენებლებიდან შეუძლებელია მათი რეალური საბაზრო ფასის დადგენა, როცა არ არის შესაბამისი ხარისხის მაჩვენებელი, ასევე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული პროდუქცია შეძენილია საკმაოდ დიდი რაოდენობით, ანუ საბითუმო ფასებში, რის გამოც, უნდა ვივარაუდოთ, რომ უნდა შემცირებულიყო მათი ფასები. ამგვარად, ამ შემთხვევაშიც ჩნდება საკმაოდ ბევრი კითხვა.
ასევე კითხვებს ბადებს ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდული აქვს ისეთი პროდუქცია, რომელიც სამხედრო მოსამსახურის დადგენილი კვების ულუფის ნორმატივებში არ არის გათვალისწინებული. მაგალითად, ღვიძლის პაშტეტი, ძეხვი „სუფრის“, სოსისი „რძიანი“, მშრალი ფლავი ხორცით, მაკარონი ფლოტურად და სხვა. ცხადია, არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ ჯარისკაცები ასეთი სახის პროდუქტით იკვებებოდნენ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ არსებული ნორმატიული ბაზა ამის უფლებას არ იძლევა და ნებისმიერი სახის თვითნებობა შესყიდვების განხორციელებაში, ერთი მხრივ, იწვევს კანონმდებლობის დარღვევას, ხოლო მეორე მხრივ, ქმნის საშიშროებას, რომ ესა თუ ის პროდუქცია შესყიდულ იქნას არამიზნობრივად ან თუნდაც პირადი ინტერესებისათვის. მაგალითად, შესყიდულ იქნა 4 ტონა მშრალი ფლავი ხორცით 5,45 ლარად, მაშინ, როდესაც 1 კგ. ბრინჯი ღირს 1 ლარი, ხოლო 1 კგ. ხორცი (უძვლო) - 3,80 ლარი. სამხედრო მოსამსახურის დადგენილი კვების ულუფის ნორმატივების ფარგლებს გარეთ ამ პერიოდში შესყიდულ იქნა საერთო ჯამში 54 700 ლარის პროდუქცია, რასაც ჩვენ არამიზნობრივ შესყიდვებად ვაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველმა სოსისი „რძიანი“ ხორცპროდუქტის კლასიფიკაციაში გააერთიანოს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხისადმი არის კანონის უზენაესობა და რომ ნებისმიერი ქმედება უნდა ექცეოდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა ფარგლებში.
გარდა ამისა, მინისტრს, საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ბრძანებით უნდა დაემტკიცებინა სატენდერო კომისია და უფლებამოსილი პირი შესყიდვების განსახორციელებლად, მაგრამ ამ სახის ბრძანება არ არსებობს, შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვებს არაუფლებამოსილი პირი ახორციელებს.
და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე შესყიდვებთანაა დაკავშირებული. კერძოდ, 2004 წლის იანვრის თვეში თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს გრანტის სახით გადასცა 16 დასახელების სხვადასხვა პროდუქცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს განკარგულებით განიკუთვნა ძალოვანი უწყებებისათვის, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსათვის. თავდაცვის სამინისტრომ იანვრის თვეში გაიტანა გარკვეული პროდუქცია, თუმცა უკვე შემდგომ ეტაპზე უარი განაცხადა, მაგალითად, 1 მილიონამდე კვერცხის გატანამდე იმ მოტივით, რომ მათ კვერცხი აღარ სჭირდებოდათ (აქვე ინფორმაციისათვის: ჯარისკაცმა, არსებული ნორმატივების მიხედვით, კვირაში 4 კვერცხი უნდა მიიღოს, ე.ი. თვეში საშუალოდ საჭიროა 190 ათასი კვერცხი), თუმცა 23 თებერვალს 150 ათასი კვერცხი შეიძინა ცალი 14 თეთრად. მიუხედავად ჩვენი არა ერთი მცდელობისა, რომ თავდაცვის სამინისტროს გაეტანა აღნიშნული პროდუქცია, ამაზე რაიმე რეაგირება არ მომხდარა და 1 მილიონი კვერცხი აპრილის თვეში განადგურდა. თუ რეალურად რა მოტივით განაცხადა უარი თავდაცვის სამინისტრომ ამ პროდუქციის უფასოდ მიღებაზე, ჩვენთვის გაურკვეველი რჩება, თუმცა ბევრ ეჭვს ბადებს.
როგორც ვხედავთ, თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებში ბევრი პრობლემაა და ამ საქმიანობის კანონის ფარგლებში მოქცევას მოითხოვს. ჩვენ არ ვუდგებით არსებულ საქმიანობას როგორც მიზანმიმართულ კორუფციულ ქმედებებს და გამოვთქვამთ იმედს, რომ აქ მოყვანილი პრობლემები უახლოეს მომავალში გადაწყდება, თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფო შესყიდვების თემა საკმაოდ ფართოა და ის უფრო დეტალურ და კომპლექსურ შესწავლას მოითხოვს. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას მივმართავთ რეკომენდაციით უახლოეს პერიოდში მომზადდეს სახელმძღვანელო პრინციპები შესყიდვებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის სწორად და ეფექტიანად გამოყენებას.






