![]() |
ჟურნალისტური ეთიკა და თვითრეგულირების მექანიზმები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი მედია |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ბროშურა გამოცემულია ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში თავისუფლების ინსტიტუტი 2003 რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი დიზაინი: ბესიკ დანელია |
![]() |
1 შესავლის მაგიერ |
▲back to top |
თამარ კინწურაშვილი
იხ. მორალი
_________________
„ეთიკა - იხ. მორალი,
მორალი - იხ. ეთიკა“.
დიდროს ენციკლოპედია
(პირველი რედაქცია)
მათ, ვისთვისაც ეთიკა და მორალი მხოლოდ ენციკლოპედიაში საძებნელი კატეგორიებია, ეს ბროშურა შეუძლიათ გვერდზე გადადონ. ისინი კი, ვინც თვლიან, რომ პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება ქართულ ჟურნალისტიკასაც არ აწყენდა, კიდევ ერთხელ შეიძლება დარწმუნდნენ ამაში, თუ ბროშურაში თავმოყრილი ქვეყნების გამოცდილებას გაეცნობიან.
საზოგადოებაში, სადაც ხშირად საუბრობენ ჟურნალისტთა უფლებების დარღვევებზე, ითვლება, რომ მკითხველის უფლებების ხელყოფა ნაკლებად აქტუალურია, მაშინ, როცა ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში რეგულარულად მიმართავენ კვლევებს იმის დასადგენად, თუ რამდენად ენდობა მკითხველი თუ მაყურებელი მედიას.
საქართველოში გაზეთების მიმართ მკითხველთა ნდობის ბარომეტრი ჯერ-ჯერობით ის 50 თეთრია (შესაძლოა, მეტი ან ნაკლები), რომელსაც მომხმარებელი ამ გაზეთის შეძენის დროს იხდის. საბოლოო ჯამში, თითოეული 50 თეთრი განსაზღვრავს ყოველი გამოცემის ტირაჟს
ტირაჟების მოცულობა კი საქართველოში არც ისე მაღალია, რაც პირველი სიგნალი უნდა იყოს იმისათვის, რომ მედიამ პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებასა და თვითრეგულირებაზე ზრუნვა დაიწყოს; ანგარიში გაუწიოს არა მარტო იმათ, ვიზეც წერს, არამედ იმათაც, ვისთვისაც წერს.
ბროშურაში ასახულია ყველა ის ეტაპი, რომელიც ამ გზაზე მედიამ უნდა გაიაროს: პირველ რიგში, განსაზღვროს პროფესიული ქცევის ნორმები; შემდეგ კი ამ ნორმების პრაქტიკაში დასამკვიდრებლად, შექმნას მექანიზმი, რომელიც მომხმარებლისა და მედიის ურთიერთობის დარეგულირებას შეეცდება.
ილუზია იმისა, რომ ამ გზით „ცუდი მედია“ ერთბაშად „კარგი“ გახდება, ცხადია, არ უნდა გვქონდეს. მით უფრო, თუ დასავლურ სტანდარტებს, კომპიუტერული ტერმინოლოგიის ენაზე, მხოლოდ „copy paste“-ით გადმოვიტანთ, რაც უბრალოდ თუ ვიტყვით, სხვათა ქცევის წესების მექანიკურ გადმომღერებას ნიშნავს.
![]() |
2 პროფესიული სტანდარტი |
▲back to top |
![]() |
2.1 ეთიკური ჟურნალისტიკა |
▲back to top |
სოზარ სუბარი
_______________________________
სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტიკის მისია
ქართველ ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი ზედმეტად არიან სენსაციას გამოდევნებული, რომ ქართულ პრესაში ძნელია ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გარჩევა, ხოლო ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს კაცის შეურაცხყოფა „ჩირად არ უღირთ“...
ეს საყვედურები არ არის სიმართლეს მოკლებული, თუმცა, თავის მხრივ, თავდასაცავი არგუმენტები ჟურნალისტებსაც საკმაოდ აქვთ:
ჯერ ერთი, სენსაცია ხშირად არის ჟურნალისტის „პური არსობისა“, რადგან საზოგადოებას სწორედ სენსაცია აინტერესებს, ჟურნალისტი კი საბაზრო ეკონომიკის კანონით მოქმედებს - მომხმარებელს იმ საქონელს აწვდის, რაზეც არსებობს მოთხოვნილება;
საზოგადოებას ჭორიც აინტერესებს, თანაც, მოვლენის ოპერატიულად გაშუქების სურვილი ხშირად აძნელებს ფაქტების გადამოწმებასა და ჭორისა და მართლის ერთმანეთისგან გამიჯვნას;
სიტყვის თავისუფლება ისეთი აზრების გავრცელებასაც გულისხმობს, რაც ბევრს არ ესიამოვნება და თავს შეურაცხყოფილად აგრძნობინებს. ერთი მხრივ, სავსებით ბუნებრივი ჩანს შეურაცხყოფილი ადამიანის აღშფოთება: თუ სიტყვის თავისუფლება ადამიანის ღირსების შელახვას გამოიწვევს, მაშინ ამგვარი თავისუფლება სულაც არ არის საჭიროო! მაგრამ, მეორე მხრივ, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ნებისმიერი სხვა ღირებულების (მაგალითად, პიროვნების ღირსების) გადაჭარბებულმა დაცვამ შეიძლება სიტყვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა გამოიწვიოს, რაც გაცილებით მძიმე შედეგს მოუტანს იმავე საზოგადოებას, რომელსაც ხშირად აღიზიანებს ეს თავისუფლება. საქმე ისაა, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მთლიანად საზოგადოებას და ამ საზოგადოების სხვა უფლებებს შეუქმნის საფრთხეს.
ამ კამათში სიმართლე არ არის მხოლოდ ერთ მხარეს. სიტყვის თავისუფლება თავისთავად გულისხმობს, რომ ჟურნალისტი ხან სენსაციას გამოეკიდება, ხან ჭორსა თუ გადაუმოწმებელ ინფორმაციას გაავრცელებს და ხან ვიღაცა დარჩება ნაწყენი. ესეც არ იყოს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული და გამონაკლისს, ცხადია, არც ჟურნალისტი წარმოადგენს. მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, მიიღოს სანდო, მრავალმხრივი და გადამოწმებული ინფორმაცია და ეს მისია ჟურნალისტებმა უნდა აიღონ თავის თავზე. მრავალი ქვეყნის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი სწორედ მოქალაქეთა ამ უფლების აღიარებით იწყება.
იმისათვის, რომ ჟურნალისტიკამ შეძლოს ამ მისიის შესრულება, მხოლოდ პრესის თავისუფლება არ არის საკმარისი, საჭიროა, მას ჟურნალისტური პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაც დაემატოს. ამის გარეშე გაქრება ნდობა ჟურნალისტების მიმართ და, შესაბამისად, ხელისუფლების მორიგი მოთხოვნის დროს - „აილაგმოს პრესის თავგასულობა“ - ხალხი ხმას აღარ ამოიღებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
ეთიკური ჟურნალისტიკა - საზოგადოების ნდობის გარანტი
იმისათვის, რომ არ დაიკარგოს ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ, ჟურნალისტებმა გარკვეული პროფესიული სტანდარტები უნდა დაიცვან. მაიამის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორის, პოლ სტეინლის აზრით, პროფესიული ჟურნალისტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტები ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
სიზუსტე უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ოპერატიულობა;
სამართლიანობა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სენსაცია;
მოვლენების ყოველმხრივ გაწონასწორებული ასახვა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ეკრანზე ეფექტურად გამოჩენა.
ჟურნალისტიკაში უამრავი სხვა სტანდარტიც არსებობს, თუმცა, გარდა პროფესიული სტანდარტებისა, არის ეთიკური პრინციპები, რომელთა დაცვა არანაკლებ საჭიროა სანდო და კეთილსინდისიერი ჟურნალისტიკისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც არის სიტყვის თავისუფლება, შესაბამისად, ჩამოყალიბდა გარკვეული ეთიკური კრიტერიუმები, რომლითაც ჟურნალისტებმა უნდა იხელმძღვანელონ. ხშირად ეთიკის საკუთარი კოდექსები აქვთ ცალკეულ გაზეთებს, ტელე და რადიო არხებსა თუ მედია-კორპორაციებს, ხშირად კი ამა თუ იმ ქვეყნის ჟურნალისტებინ თანხმდებიან, რომ თავიანთ საქმიანობაში ერთიანი ეთიკური პრინციპებით იხელმძღვანელებენ. არსებობს ეთიკის საერთაშორისო კოდექსებიც, თუმცა, მხოლოდ კოდექსის მიღება, თუნდაც ეს იდეალური დოკუმენტი იყოს, საქმეს ვერ უშველის, თუ არ იარსებებს ამ კოდექსის დაცვის მექანიზმი.
იმ ქვეყნებში, სადაც სიტყვის თავისუფლების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს ან სადაც ამგვარი ტრადიცია დღეს იქმნება, პრესის თვითრეგულირების სხვადასხვა მექანიზმები გამომუშავდა. ერთ-ერთი ასეთი მექანიზმია პრესის ომბუდსმენი, რასაც ზოგიერთ ქვეყანაში პრესის საბჭოები ცვლის. მათი მიზანი ეთიკური და სანდო ჟურნალისტიკის დამკვიდრებაა, რასაც ისინი ერთიანი კრიტერიუმების გამომუშავებითა და ამ კრიტერიუმების დაცვაზე ზედამხედველობის დაწესებით ახერხებენ. ხოლო თუ ჟურნალისტები ვერ მოახერხებენ ეთიკური და სანდო მასმედიის ჩამოყალიბებას, მაშინ ხელისუფლებას ხელ-ფეხი ეხსნება, თავად „ალაგმოს პრესის თავგასულობა“ და იგი შეძლებს კიდეც ამის გაკეთებას.
მიუხედავად მრავალფეროვნებისა, სხვადასხვა ეთიკის კოდექსები ბევრ რამეში ჰგავს ერთმანეთს. ზოგადად, ნებისმიერი კოდექსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი პრინციპის დაცვა: ეს არის სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტის პროფესიონალიზმი. მაგალითად, ირლანდიის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ქცევის წესის პირველი მუხლის თანახმად, „ჟურნალისტი მოვალეა, შეინარჩუნოს მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტები“. ბელგიის „ჟურნალისტური პრინციპების კოდექსი“, პირველივე მუხლით პრესის თავისუფლებას იცავს: „პრესის თავისუფლება სიტყვის თავისუფლების მთავარი გარანტიაა, რომლის გარეშეც სხვა ძირითადი სამოქალაქო უფლებების დაცვა შეუძლებელია“.
ზოგიერთი ქვეყნის ჟურნალისტებს თავიანთ ეთიკის კოდექსებში შემოაქვთ ერთი შეხედვით სრულიად აბსტრაქტული ტერმინები - „სინდისი“, „სამართლიანობა“, „პროფესიული სიწმინდე“, „ჟურნალისტური სული“ და სხვა - რომელთა ადგილი ამგვარ კოდექსებში, თითქოს, ნაკლებად მოიძებნება. მაგალითად, საფრანგეთის ჟურნალისტთა კოდექსის თანახმად, ფრანგი ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა, „პატივი სცეს სამართლიანობას და მიანიჭოს მას უმაღლესი პრიორიტეტი“. ავსტრიული „პრესის ღირსების კოდექსი“ კიდევ უფრო შორს მიდის: „ჟურნალისტიკა გულისხმობს პასუხისმგებლობას საჯაროობის, გამოყენებული საინფორმაციო საშუალებისა და საკუთარი სინდისის მიმართ“, - ნათქვამია კოდექსის პირველივე მუხლში, მეოთხე მუხლის თანახმად კი, კერძო პირების ცილისწამება და მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება „ჟურნალისტური სულის შებღალვაა“. ცხადია, ვერავინ გააკონტროლებს, რამდენად აგებს ჟურნალისტი პასუხს საკუთარი სინდისის წინაშე, ავსტრიელმა ჟურნალისტებმა მაინც საჭიროდ მიიჩნიეს, სულ რაღაც ერთგვერდიან კოდექსში ამგვარი მუხლიც შეეტანათ, რითაც ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტისთვის სინდისის კარნახით მოქმედება.
ჟურნალისტი მზად უნდა იყოს ისეთი შემთხვევისთვის, როცა სიტყვის თავისუფლება ადამიანის სხვა უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან მოდის კონფლიქტში. ბელგიის „ჟურნალისტური პრინციპების კოდექსი“ ასეთ შემთხვევებში ნდობას უცხადებს რედაქტორსა და მასალის ავტორს და მათ უტოვებს არჩევანის საშუალებას, თავად გადაწყვიტონ, რომელ უფლებას მიანიჭონ უპირატესობა. მრავალი ქვეყნის ეთიკის კოდექსი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ჟურნალისტური ეთიკა პირდაპირ კავშირშია ადამიანის სხვა ძირითად უფლებებთან: „ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა გულისხმობს ადამიანის ისეთი ძირითადი ღირებულებების პატივისცემას, როგორიცაა ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მშვიდობა და საერთაშორისო ურთიერთგაგება“ (ფინეთის „სამართლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპები“).
ადამიანის უფლებები და ჟურნალისტური ეთიკა
ნებისმიერი ქვეყნის ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმ სფეროს, სადაც ყველაზე ხშირად სცოდავენ ქართველი ჟურნალისტები. კერძოდ, ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომლებიც შეურაცხყოფენ ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის რელიგიურ და ზნეობრივ გრძნობებს, მათ რასობრივ თუ ეთნიკურ კუთვნილებას. ფინელი ჟურნალისტების „სამართლიანი ჟურნალისტური პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპების“ თანახმად, „კანის ფერი, ეროვნება, წარმოშობა, პოლიტიკური და რელიგიური მრწამსი, სქესი და სხვა პირადი მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ეს არ არის დაკავშირებული მოცემულ საკითხთან“. ამ მოთხოვნის ლოგიკა ძალიან მარტივია: ჩვენ თუ ყოველ ჯერზე გავიმეორებთ, რომ, ვთქვათ, დანაშაული ჩაიდინა რომელიმე კუთხის (მაგალითად, „ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი“) ან რომელიმე რელიგიის წარმომადგენელმა, საზოგადოებაში გაჩნდება მარტივი კლიშე, რომ ამ კუთხისა თუ ამ რელიგიის წარმომადგენელთა უმრავლესობა კრიმინალია.
მეორე მხრივ, ამგვარი მახასიათებლების გამოქვეყნება დასაშვებია, თუ ისინი უშუალო კავშირშია ჩადენილ დანაშაულთან. მაგალითად, თუ მუსლიმანი ტერორისტი ისლამის სახელით ჩადის ტერაქტს, ან თუ ბასკი ტერორისტი ბასკეთის გათავისუფლების სახელით ჩაიდენს დანაშაულს, მაშინ მისი ქმედება პირდაპირ არის დაკავშირებული დამნაშავის რწმენასთან ან ეთნიკურ წარმომავლობასთან. შესაბამისად, მისი რელიგიისა თუ ეთნიკური წარმომავლობის აღნიშვნა არა მხოლოდ დასაშვებია, არამედ აუცილებელიცაა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ზუსტი და ყოველმხრივი ინფორმაცია მიიღოს მომხდარის შესახებ.
საქართველოში ამ პრინციპის იგნორირებაც ჩვეულებრივ ამბად არის მიჩნეული. მაგალითად, ბოლო პერიოდის ქართულ მედიაში, როგორც წესი, ხაზგასმით აღინიშნება, რომ დანაშაული ჩაიდინა აფხაზეთიდან ლტოლვილმა, ქისტმა ან მუსულმანმა, თუმცა, არასდროს ითქმება, რომ დანაშაული ჩაიდინა კახელმა, იმერელმა ან მართლმადიდებელმა. შედეგად ჩნდება კლიშეები, რომ ყველა ქისტი დამნაშავეა, რომ ისლამი უფრო მეტად არის დანაშაულისკენ მიდრეკილი, ვიდრე რომელიმე სხვა რელიგია, ხოლო ლტოლვილები რომ არ იყვნენ, დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად შემცირდებოდა. ამგვარი კლიშეების შედეგად, როგორც წესი, უამრავი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზარალდება. ამის მაგალითად თუნდაც მოსკოვი გამოდგება, სადაც კავკასიური წარმომავლობა საკმარისი საბაბია იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გაითელოს.
თანაც, ყოველივე ზემოთქმული არ არის მხოლოდ ეთიკისა და ადამიანის უფლებების საკითხი. რელიგიურ თუ ეთნიკურ კუთვნილებაზე ხაზგასმა პრაგმატულადაც, წმინდად სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, საკმაო ხიფათს შეიცავს, რადგან ადამიანთა ჯგუფი, რომლის განსხვავებულობასაც მუდმივად უსვამენ ხაზს, უკვე თავადაც იწყებს იმ საზოგადოებისგან გაუცხოებას, რომლის წევრიც თვითონ არის. შედეგად კი მოცემულ საზოგადოებაში ღრმავდება დეზინტეგრაციული პროცესები, რაც ისეთი სუსტი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა, შეიძლება, დამღუპველი აღმოჩნდეს.
ქრთამი და ჟურნალისტიკა
ჟურნალისტური ეთიკა მრავალ სხვადასხვა ასპექტს შეიცავს. ზოგიერთი ეთიკის კოდექსი დაწვრილებით ახდენს იმის რეგლამენტირებას, თუ როგორ უნდა გაშუქდეს სასამართლო პროცესი, როგორ უნდა გაკეთდეს რეპორტაჟი არასრულწლოვანი დამნაშავის შესახებ, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტის პოზიცია არჩევნების გაშუქების დროს, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ჟურნალისტს სახელმწიფო საიდუმლოსთან, როგორი უნდა იყოს ბალანსი საზოგადოებრივ და პირად ინტერესებს შორის და ა.შ. ავსტრიული კოდექსი ადამიანთა შიშით სპეკულირებას მიიჩნევს უღირს საქციელად, ბელგიური მოითხოვს, არ მოხდეს დანაშაულის, ტერორისა და სხვა სასტიკი და არაადამიანური ქმედებების განდიდება...
ზოგიერთი კოდექსი ამგვარ დაკონკრეტებას არ მიიჩნევს საჭიროდ, თუმცა, არის კიდევ ერთი შტრიხი, რომლის ხაზგასმაც ბევრი ქვეყნის ჟურნალისტებმა მიიჩნიეს საჭიროდ. კერძოდ, უნდა მიიღოს თუ არა ჟურნალისტმა საზღაური გარეშე პირებისგან თავისი საქმიანობისთვის. ქრთამისა თუ სხვა სარგებლის („ძღვენის“) მიღებაზე უარის თქმა მხოლოდ ეთიკური ნორმა არ არის, იგი საგამომცემლო ბიზნესზეც ახდენს უშუალო გავლენას. როცა იკარგება ნდობა ჟურნალისტიკის მიმართ, შესაბამისად იკლებს გაზეთების ტირაჟები, მცირდება რადიომსმენელებისა და ტელემაყურებელთა რიცხვი, რაც პირდაპირ აისახება რეკლამის მოცულობასა და მედიის შემოსავლებზე. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტებისა და მედიის მფლობელთა უშუალო ინტერესში შედის, რომ საზოგადოება მათ ენდობოდეს. თანაც, ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა ზოგჯერ ძალიან ძვირი უჯდებათ ჟურნალისტებსა და გამომცემლებს. მაგალითად, ამერიკაში ყველაზე მსხვილმა მედია-მაგნატმა, ფრენკ განეტმა მას შემდეგ გადაწყვიტა ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის შექმნა, როცა 10 მილიონი დოლარი წააგო სასამართლოში. განეტის მედია-კორპორაციას 98 გაზეთი ეკუთვნის, რომელთა შორის არის ამერიკაში ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთი „USA Todey“ (1,8 მლნ. ტირაჟი).
განეტის მედია-კორპორაციის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი1999 წელს შეიქმნა. მას შემდეგ, რაც 98-ვე გაზეთის ჟურნალისტებს ჩაუტარეს სპეციალური სწავლება და გააცნეს კოდექსი, ყველა მათგანს ხელი მოაწერინეს კონტრაქტზე, რომ ამ კოდექსის პირობებს დაიცავდნენ. „როცა ამას ვაკეთებდით, სხვა გაზეთის ზოგიერთი ჟურნალისტი დაგვცინოდა, მაგრამ, მე ვფიქრობ, ამის გაკეთება აუცილებელია. შეერთებულ შტატებში ძალიან დაეცა მედიისადმი ნდობა და ამ ნდობის აღდგენა სწორედ ჟურნალისტური ეთიკის აღდგენით უნდა მოხდეს“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში განეტის მედია - იმპერიის ერთ-ერთი პერიფერიული გაზეთის, „Florida Todey“-ს საზოგადოებრივმა რედაქტორმა ჯონ გლიშმა ამ გაზეთში სტუმრად ყოფნის დროს.
მართალია, ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი დანიშნულება საზოგადოების ნდობის მოპოვება და შენარჩუნებაცაა, მაგრამ მხოლოდ კოდექსი ვერაფერს უშველის, თუ არ გაკონტროლდება, რამდენად სრულდება ეს კოდექსი. ამისთვის სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებმა სხვადასხვა მექანიზმი მოიგონეს პრესის ომბუდსმენის, პრესის საბჭოსა თუ სხვა ანალოგიური ინსტიტუტების სახით.
![]() |
2.2 ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია დეკლარაცია |
▲back to top |
_____________________
ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების შესახებ
მიღებულია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მეორე მსოფლიო კონგრესის მიერ
ქ. ბორდოში 1954 წლის 25-28 აპრილს და ცვლილებები შეტანილია
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მე-18 მსოფლიო კონგრესის მიერ 1986 წლის 2-6 ივნისს
ეს საერთაშორისო დეკლარაცია ცხადდება როგორც სტანდარტი იმ ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობისა, რომლებიც ჩართული არიან ახალი ამბებისა და ინფორმაციის შეგროვებაში, გადაცემაში, გავრცელებასა და ასევე მოვლენათა აღწერაში.
1. ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა სიმართლის, ისევე როგორც საზოგადოების მიერ სიმართლის მიღების უფლების პატივისცემა.
2. ამ მოვალეობის შესრულებისას, ჟურნალისტი ყოველთვის დაიცავს ახალი ამბების კეთილსინდისიერად შეგროვებისა და გამოქვეყნების თავისუფლების, ასევე ობიექტური კომენტირებისა და კრიტიკის უფლების პრინციპებს.
3. ჟურნალისტი გამოაქვეყნებს მასალას მხოლოდ იმ ფაქტების შესაბამისად, რომელთა წარმოშობის წყაროსაც იგი იცნობს. ჟურნალისტი არ ჩაახშობს არსებით ინფორმაციას და არ გააყალბებს დოკუმენტებს.
4. ჟურნალისტი ახალი ამბების, ფოტოებისა და დოკუმენტების მიღებისას მიმართავს მხოლოდ კეთილსინდისიერ მეთოდებს.
5. ჟურნალისტი გააკეთებს შესაძლებლის მაქსიმუმს იმ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესასწორებლად, რომელიც აღმოჩნდება არასწორი და ზიანის გამომწვევი.
6. ჟურნალისტი დაიცავს პროფესიულ საიდუმლოებას მიღებული ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობის დაცვის მეშვეობით.
7. ჟურნალისტი მხედველობაში მიიღებს მედიის მეშვეობით დისკრიმინაციის პროპაგანდის საფრთხეს და გააკეთებს მაქსიმუმს, რათა თავიდან იქნას აცილებული დისკრიმინაცია წარმოქმნილი, სხვა მოტივთა შორის, რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, და ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის ნიადაგზე.
8. ჟურნალისტის მიერ სერიოზულ პროფესიულ დარღვევად მიიჩნევა შემდეგი:
- პლაგიატი;
- განზრახ შეცდომაში შეყვანა;
- ცილისწამება და დაუსაბუთებელი ბრალდებები;
- ინფორმაციის გამოქვეყნების ან ჩახშობის სანაცვლოდ ნებისმიერი ფორმით ქრთამის აღება.
9. ყველა, ვინც ღირსია, ატაროს ჟურნალისტის სახელი, თავის ვალდებულებად ჩათვლის, პატიოსნად შეასრულოს ზემოაღნიშნული პრინციპები. თითოეულ ქვეყანაში მოქმედი საერთო კანონის ფარგლებში ჟურნალისტი აღიარებს თავისი კოლეგების იურისდიქციას პროფესიულ საკითხებზე, მხოლოდ ხელისუფლების და სხვათა ნებისმიერი ჩარევის გამორიცხვით.
![]() |
2.3 ევროპის ქვეყნებში მოქმედი ეთიკის კოდექსების ანოტაცია |
▲back to top |
__________________________
ინფორმაციის და კომენტარის გამიჯვნა
ფაქტები და კომენტარი მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ამ პრინციპმა ხელი არ უნდა შეუშალოს გაზეთს/ჟურნალს, გამოხატოს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა აზრები (ბელგია).
ფაქტის და კომენტარის გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ მკითხველმა შეძლოს ფაქტების შეხედულებებისა და მოსაზრებებისგან განსხვავება (პოლონეთი).
კომენტარის გაკეთების დროს, ჟურნალისტი ტენდენციურობის გამო არ უნდა დაცილდეს სიმართლეს (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ფაქტებით მანიპულირება არაკანონიერია. ავტორის კომენტარი ან ვარაუდიმკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ინფორმაციისგან (პოლონეთი).
საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება, გაარჩიოს ფაქტები თვალსაზრისისა და ინტერპრეტაციისაგან, რაც ამბისათვის ფონის შესაქმნელად გამოიყენება. ეს პრინციპი არ ზღუდავს ჟურნალისტს, თავად აირჩიოს წერის სტილი და ფორმა (ფინეთი).
პუბლიკაციაში ფაქტობრივი მასალა მკაფიოდ და შეუცდომლად უნდა გაიმიჯნოს კომენტარისგან (ლატვია).
თვალსაზრისი უნდა გამოხატოს იმ ჟურნალისტმა, რომელიც უფლებამოსილია რედაქციის მიერ ან ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელიც გამოხატავს შეხედულებებს ზოგად მოვლენებსა და ამბებზე. მიუხედავად ამისა, მოსაზრების სუბიექტურობა გარდაუვალია, ამიტომ ავტორმა უნდა უზრუნველყოს მოსაზრების კეთილსინდისიერად და სამართლიანად, ფაქტებისა და მონაცემების დამახინჯების გარეშე გადმოცემა (ლიტვა).
სამართლიანობა და მიუკერძოებლობა
ჟურნალისტი არღვევს ქცევის წესებს თუ:
1. ოპონენტთან კამათისას ლახავს მის პიროვნულ უფლებებს.
2. გამოხატავს თავის აზრს ისე, რომ ზუსტად არ გადმოსცემს თავისი ოპონენტის მოსაზრებას.
3. კრიტიკის გამო შურისძიებისას, ზიანს აყენებს სხვა ჟურნალისტის რეპუტაციას (უნგრეთი).
ფაქტები აღწერილი უნდა იყოს ობიექტურად, გასაგებად, თანმიმდევრულად და არ უნდა შეიცავდეს არასწორ ინტერპრეტაციას (ლატვია).
მძიმე კრიტიკის ობიექტს უნდა მიეცეს პასუხის უფლება, თუ მას საამისო საფუძველი აქვს. მხოლოდ განსხვავებული თვალსაზრისი არ ქმნის პასუხის აუცილებლობას.
თუ პიროვნება კრიტიკის ობიექტია, კარგი ჟურნალისტური პრაქტიკა გულისხმობს, ცნობილი გახდეს მისი მოსაზრებაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით (ფინეთი).
ჟურნალისტს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი აზრი პოლიტიკური ან სხვა მოვლენების შესახებ. მუშაობის პროცესში ჟურნალისტი ინარჩუნებს პროფესიულ დისტანციას მოვლენების მიმართ, რაც ობიექტური და პროფესიონალური გაშუქების ერთ-ერთი წინაპირობაა (ხორვატია).
ფაქტების სიზუსტე
ჟურნალისტი ყველაფერს მოიმოქმედებს იმისათვის, რომ მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სამართლიანი და ზუსტი. ის არ გაავრცელებს კომენტარსა და ვარაუდს, როგორც დადასტურებულ ფაქტს და ინფორმაციის დამახინჯებით, შერჩევით ან ინტერპრეტაციით არ გააყალბებს ფაქტებს (ირლანდია).
ინფორმაციის წყარო კრიტიკულად უნდა შემოწმდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სადავო საკითხს ეხება: ინფორმაციის წყაროს შესაძლოა, პირადი ინტერესი ან ზიანის მიყენების განზრახვა ამოძრავებდეს.
ფაქტობრივი ინფორმაცია რაც შეიძლება საფუძვლიანად უნდა გადამოწმდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ადრე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხება (ფინეთი).
თუ გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებელ ჭორს ან ვარაუდს წარმოადგენს, საზოგადოებას უნდა ეცნობოს ამის შესახებ...
რედაქცია ვალდებულია, უზრუნველყოს ანონსების და სტატიიდან ამონარიდების დაბეჭდვა ისე, რომ შემოკლებულმა ვერსიამ არ შეცვალოს ტექსტის ძირითადი შინაარსი და არ შექმნას მცდარი დასკვნების გაკეთების საფუძველი (სლოვენია).
ჟურნალისტი ვალდებულია: გამოაქვეყნოს მხოლოდ ისეთი ინფორმაცია, რომლის წყაროც ცნობილია; თუ წყაროს გადამოწმება შეუძლებელია, გამოაქვეყნოს აღნიშნული მასალა შესაბამისი დათქმით... არ წარმოაჩინოს ვარაუდები, როგორც დადასტურებული ფაქტი, და არ დაამახინჯოს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ფაქტების გამოტოვებით (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ჟურნალისტმა კრიტიკულად უნდა შეაფასოს ინფორმაციის წყარო, გულმოდგინედ შეამოწმოს ფაქტები, სულ მცირე, რამდენიმე წყაროს საფუძველზე (ლიტვა).
კრიტიკულად მიუდექით ინფორმაციის წყაროს შერჩევას და დარწმუნდით ფაქტების უტყუარობაში. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობა ამ ინფორმაციის განსაკუთრებით კრიტიკულად შეფასების აუცილებლობას გულისხმობს (ნორვეგია).
ახალი ამბები და ინფორმაცია, ტექსტობრივი თუ ფოტოპუბლიკაციის ფორმით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა დაზუსტდეს. რედაქტირების ან დასათაურების შედეგად, ინფორმაციის მნიშვნელობა არ უნდა დამახინჯდეს ან გაყალბდეს. კეთილსინდისიერად უნდა მოხდეს დოკუმენტის შინაარსის გადმოცემა. თუკი ინფორმაცია არ დასტურდება, ეყრდნობა ჭორს ან ვარაუდს, ასეთი ინფორმაცია სპეციალური დათქმით უნდა გამოქვეყნდეს (გერმანია).
ინფორმაცია, რომელიც ზიანს ან შეურაცხყოფას აყენებს პიროვნებას, ან გამომდინარეობს ვინმეს პირადი აზრიდან, დეტალურად უნდა გადამოწმდეს (ჩეხეთის რესპუბლიკა).
პრესის მოვალეობაა, არ შეცვალოს ინტერვიუში მოყვანილი ციტატის მნიშვნელობა. პირდაპირი ციტირება სიზუსტის დაცვას მოითხოვს (ნორვეგია).
ჟურნალისტი ვალდებულია, გაავრცელოს ზუსტი, ბალანსირებული და გადამოწმებული ინფორმაცია (ხორვატია).
წყაროს დასახელება დამაჯერებლობას მატებს პრესას და აძლიერებს მის მიმართ ნდობას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის წყაროს დაცვის აუცილებლობას (ნორვეგია).
ინფორმაციის წყარო
დაიცავით ინფორმაციის წყაროები. ინფორმაციის წყაროს დაცვა თავისუფალი საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი და პრესის მიერ საზოგადოების მიმართ ნაკისრი ვალდებულებაა. სწორედ მას ემყარება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (ნორვეგია).
ჟურნალისტს უფლება აქვს, არ გაამჟღავნოს თავისი ინფორმაციის წყარო. თუმცა, ის იღებს მორალურ, მატერიალურ და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოქვეყნებული ფაქტის გამო (ხორვატია).
დაიცავით ინფორმაციის წყაროს მოთხოვნა - არ გამჟღავნდეს მისი ვინაობა - როდესაც ინფორმაციის მოწოდებაზე ის მხოლოდ ამ პირობით თანხმდება. კონფიდენციალურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაირღვეს, როდესაც ინფორმაცია დანაშაულებრივი ქმედების დაგეგმვას ეხება. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი ვალდებულია, აცნობოს ხელისუფლებას ამის შესახებ (გერმანია).
თუ ინფორმაციის წყაროს არ სურს ვინაობის გამხელა, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება მაშინაც კი, თუ ასეთი პოზიცია პრობლემას შეუქმნის მას (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ინფორმაციის წყარო დაცული უნდა იყოს. ნებართვის გარეშე კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს. ეს წესი ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც ჟურნალისტურ წრეში ფსევდონიმით არიან ცნობილი (ფინეთი).
ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალურობა ყოველთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინფორმაცია დანაშაულებრივი ჩანაფიქრის ნაწილია. ასეთ დროს ჟურნალისტს კანონი ავალდებულებს, გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია (სლოვენია).
შესწორება
ფაქტები და ინფორმაცია, რომელიც არასწორი აღმოჩნდება, უნდა შესწორდეს შეუზღუდავად და პასუხის გაცემის იურიდიული უფლების დაცვით (ბელგია).
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არაზუსტი აღმოჩნდება, დაუყოვნებლივ უნდა შესწორდეს (ჩეხეთის რესპუბლიკა).
არასწორი ინფორმაცია უნდა გასწორდეს რედაქტორის პირადი ინიციატივით, როგორც კი ცნობილი გახდება გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არსებული შეცდომის შესახებ. შესწორება ისეთი ფორმით უნდა მოხდეს, რომ მკითხველმა იოლად შეამჩნიოს ის (დანია).
თუ ჟურნალისტი აქვეყნებს არაზუსტ, ნახევრადზუსტ, ჰიპოთეტურ თუ არასრულ ინფორმაციას, მან უნდა გამოაქვეყნოს შესწორება ან პირვანდელ პუბლიკაციაზე გამოხმაურება. შესწორება უნდა გამოქვეყნდეს იმავე ფორმით და საუკეთესო შემთხვევაში, იმავე ადგილზე, სადაც არასწორი ინფორმაცია იყო განთავსებული (სლოვაკეთი).
განსხვავებული შეხედულებების პატივისცემა
პრესა აღიარებს და პატივს სცემს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, იცავს განსხვავებული თვალსაზრისის გამოქვეყნების თავისუფლებას. პრესა წინააღმდეგია ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის, რომელიც სქესს, რასას, ეროვნებას, ენას, რელიგიას, იდეოლოგიას, კულტურას, სოციალურ სტატუსსა თუ რწმენას ემყარება, იმის გათვალისწინებით, რომ ესა თუ ის შეხედულება თავად არ ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს (ბელგია).
ჟურნალისტმა თავისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეუწყოს კონფლიქტების გაღვივებას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ კლასობრივი განსხვავებების საფუძველზე (ბულგარეთი).
თითოეული ადამიანის ღირსება და რეპუტაცია დაცული უნდა იყოს. კანის ფერი, ეროვნება, წარმომავლობა, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, სქესი თუ სხვა პიროვნული მახასიათებლები არ უნდა გამოქვეყნდეს, თუ ისინი არ უკავშირდება მოცემულ საკითხს ან დამამცირებელი ფორმითაა მოყვანილი (ფინეთი).
მკაცრად იკრძალება ნებისმიერი პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს მოწოდებებს ომისაკენ, ძალადობისაკენ; შეურაცხყოფს მორწმუნეთა ან ათეისტთა, ასევე ნაციონალურ გრძნობებს; ლახავს ადამიანის უფლებებს, კულტურულ თვითმყოფადობას ან ხელს უწყობს პორნოგრაფიის გავრცელებას (პოლონეთი).
ისეთი ტექსტისა და ფოტოს გამოქვეყნება, რომლის ფორმა ან შინაარსი ღრმად შეურაცხყოფს ამა თუ იმ ჯგუფის ზნეობრივ და რელიგიურ გრძნობებს, შეუთავსებელია პრესის პასუხისმგებლობასთან (გერმანია).
რელიგიური შეხედულებები, ინსტიტუტები, ერთა წეს-ჩვეულებები, ხალხები და რასები, ისევე როგორც მოქალაქეთა პირადი და ოჯახური ცხოვრება დაცული და ხელშეუხებელია (საბერძნეთი).
ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუთითებს პირის რასობრივ კუთვნილებას, კანის ფერს, სარწმუნოებას, ოჯახურ მდგომარეობას, სქესსა თუ სექსუალურ ორიენტაციას, თუ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჟურნალისტი არ მოახდენს ისეთი თემის პროვოცირებას, რომელიც წაახალისებს დისკრიმინაციას ზემოხსენებული მახასიათებლების საფუძველზე (ირლანდია).
შეხედულებათა მრავალფეროვნების პატივისცემა გულისხმობს, ჟურნალისტის მიერ, რაც შეიძლება მეტი მიუკერძოებელი პირის თვალსაზრისის წარმოდგენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საინფორმაციო საშუალებით ოპერატიული, ბუნდოვანი ან წინააღმდეგობრივი საკითხი შუქდება (ლიტვა).
ჟურნალისტური ეთიკის კოდექსთან შეუთავსებელია დისკრიმინაცია სქესის, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ ეროვნული კუთვნილების მიხედვით, რელიგიური გრძნობებისა და ტრადიციების შეურაცხყოფა, ერებს შორის ომის ან კონფლიქტების გამომწვევი ნებისმიერი ქმედება (სლოვენია).
ჟურნალისტი გაითვალისწინებს იმ საფრთხეს, რომელიც მედიის მხრიდან დისკრიმინაციის წახალისებამ შეიძლება გამოიწვიოს და ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს რასობრივ კუთვნილებაზე, სქესზე, სექსუალურ ორიენტაციაზე, ენაზე, რელიგიაზე, პოლიტიკურ და სხვა მრწამსზე, ეროვნულ თუ სოციალურ კუთვნილებაზე დამყარებული დისკრიმინაცია (ნიდერლანდები).
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
როდესაც საქმე პირად ცხოვრებას ეხება, ინფორმაციისადმი სახალხო ინტერესი და პიროვნებისა თუ მისი ახლობლების ინტერესი უნდა დაბალანსდეს (ავსტრია).
პატივი ეცით ადამიანთა პირად ცხოვრებას, განსაკუთრებით ბავშვების და იმ პიროვნებების, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თავიანთი განცხადებებით გამოწვეულ შედეგებს (ჩეხეთის რესპუბლიკა).
მოიქეცით ფრთხილად იმ შემთხვევებში, როდესაც ინფორმაციის გამოქვეყნებამ შესაძლოა, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაარღვიოს. თუ ასეთი ინფორმაცია არ წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, თავი შეიკავეთ მისი გამოქვეყნებისგან.
გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე, როდესაც აქვეყნებთ ცნობებს თვითმკვლელობისა და თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ... განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ დანაშაულისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა მიმართ. პატივი ეცით დაზარალებულების და მათი ახლობლების ინტერესებს და ყურადღებით გადაამოწმეთ დანაშაულისა და უბედური შემთხვევების მსხვერპლთა ვინაობა და ფოტოსურათები (შვედეთი).
პრესამ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანის პირადი ცხოვრება საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, შესაძლებელია მისი პრესის საშუალებით განხილვა. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტს მართებს სიფრთხილე, რათა არ შეილახოს იმ ადამიანთა უფლებები, რომლებიც ინტერესის საგანს არ წარმოადგენენ.
ფიზიკური და გონებრივი დაავადებები და მოშლილობები პიროვნების ცხოვრების კონფიდენციალური მხარეა. პირადი ცხოვრებისა და ოჯახის ხელშეუხებლობის პრინციპიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევებში პრესამ თავი უნდა შეიკავოს პიროვნების ვინაობის დასახელებისა და ფოტოს გამოქვეყნებისგან; ჯანმრთელობის მდგომარეობის აღწერისა თუ სამედიცინო დაწესებულებებთან მიმართებაში არ უნდა გამოიყენოს დამამცირებელი სახელები, იმის და მიუხედავად, რომ ასეთ სახელებს ყოველდღიურ მეტყველებაში ვხვდებით. ადამიანები, მათ შორის ცნობილი პიროვნებები, სარგებლობენ უფლებით, სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც დაცული იყვნენ ისეთი ფაქტების გახმაურებისგან, რომლებიც მათ დისკრიმინაციას ახდენს (გერმანია).
ფარული ჩანაწერები
ფარული კამერებით/მიკროფონებით ან ცრუ ვინაობით სარგებლობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია დასაშვები: როდესაც ეს ერთადერთი შესაძლებლობაა საზოგადოებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოსაპოვებლად (ნორვეგია).
არასრულწლოვანები
ინფორმაციამ არასრულწლოვანის ,,მცდარი ნაბიჯის'' შესახებ არ უნდა შეაფერხოს და გაართულოს მისი საზოგადოებრივი რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შემოკლებული ინიციალების გამოყენება (ავსტრია).
ჟურნალისტი არ გაამჟღავნებს არასრულწლოვანი დამნაშავისა და დაზარალებულის ვინაობას (ბულგარეთი).
სასამართლო პროცესები, კრიმინალური ამბები
მკაცრად დაიცავით უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი და თანხმობის გარეშე, თავი შეიკავეთ მსხვერპლის ან დამნაშავის ნათესავების ვინაობის დასახელებისგან (ჩეხეთის რესპუბლიკა).
ჟურნალისტმა არ უნდა დაასახელოს, პირდაპირ თუ ირიბად, სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლთა ან არასრულწლოვან დამნაშავეთა ვინაობა. აგრეთვე, არ უნდა ჩაერიოს ადამიანთა მწუხარებაში (პორტუგალია).
სასამართლო რეპორტაჟი უნდა იყოს ობიექტური. სასამართლო პროცესის მზადებისა და თავად პროცესის ყოველ ეტაპზე ჟურნალისტის მიზანია მხარეთა - სისხლის სამართლის საქმეების დროს, ბრალდების (პროკურატურა) და დაცვის (ადვოკატი) - პოზიციების ხარისხობრივად თანაბრად წარმოდგენა...
რეპორტაჟში არ უნდა იყოს ინფორმაცია პიროვნების ოჯახური ისტორიის, საქმიანობის, რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, მრწამსის ან ამა თუ იმ ორგანიზაციის წევრობის შესახებ, თუ ეს პირდაპირ კავშირში არ არის საქმესთან.
სისხლის სამართლის საქმის დასრულებამდე ან ბრალდების მოხსნამდე, არ უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუშლის ჭეშმარიტების დადგენას, ან ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია ეჭვმიტანილის ბრალეულობის შესახებ. სისხლის სამართლის საქმის გაშუქებისას, რეპორტაჟში გარკვევით უნდა აღინიშნოს, აღიარებს თუ არა ეჭვმიტანილი/ბრალდებული თავს დამნაშავედ.
შეძლებისდაგვარად ობიექტურად უნდა განისაზღვროს, თუ რომელი სასამართლო საქმე შეირჩეს გასაშუქებლად და რა შემთხვევაში აღინიშნოს რეპორტაჟში პიროვნების სახელი. არ უნდა გამოქვეყნდეს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის სახელი ან სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებელი, თუ ეს საზოგადოებრივ ინტერესს არ უკავშირდება.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ისეთ შემთხვევებში, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის გამოქვეყნებით პოლიცია შეიტყობს ინფორმაციას ჩადენილი დანაშაულის შესახებ. როგორც წესი, ასეთი ინფორმაცია პოლიციის ან პროკურატურის ჩარევამდე არ უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა, ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა აღნიშნული ქმედების შესახებ ინფორმირებულია ფართო წრე, ან როცა ასეთი ქმედება საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება.
თუ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის ან გასამართლებული პირის ადრინდელ ბრალდებას კავშირი არა აქვს მის ამჟამინდელ ქმედებასთან, ამის შესახებ არ უნდა აღინიშნოს გავრცელებულ ინფორმაციაში (დანია).
როგორც წესი, გაუმართლებელია დამნაშავეთა ან მსხვერპლთა ვინაობისა და ფოტოების გამოქვეყნება უბედური შემთხვევების, სისხლის სამართლის დანაშაულის, ძიების ან სასამართლო პროცესის ამსახველ მასალაში. თითოეულ ასეთ შემთხვევაში ყურადღებით უნდა აიწონ-დაიწონოს საზოგადოების უფლება -ფლობდეს ინფორმაციას და ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება. უბედური შემთხვევებისა და დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს უფლება აქვთ, არ გამჟღავნდეს მათი სახელები. უბედური შემთხვევის ან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გადმოცემისას, დაზარალებულის ვინაობის იდენტიფიცირება არაარსებითია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ცნობილ პიროვნებას ან საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. რაც შეეხება ნათესავებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მომხდართან, მათი ლეგიტიმური პირადი ხელშეუხებლობის უფლება პრიორიტეტულია საზოგადოების უფლებასთან შედარებით - ფლობდეს ინფორმაციას. გაუმართლებელია დამნაშავე პირისა და მისი ოჯახის წევრების ვინაობის გამჟღავნება, როცა სასხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია ამ პირის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნდება. ასეთ დროს უნდა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის შემთხვევა კრიმინალური ამბის ნაწილს და არის თუ არა დამნაშავე პირი ცნობილი პიროვნება (გერმანია).
დანაშაულის შესახებ რეპორტაჟებში ეჭვმიტანილის ან დამნაშავის რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობისადმი კუთვნილება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, თუ ეს მნიშვნელოვანია გადმოცემული ამბის გასაგებად (გერმანია).
დანაშაულის შემთხვევაში პიროვნების გვარის ან სხვა საიდენტიფიკაციო მახასიათებლის გამოქვეყნება მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როცა ეს საზოგადოებრივ ინტერესს უკავშირდება. პიროვნების ვინაობა არ უნდა გამჟღავნდეს სასამართლო პროცესის დაწყებამდე, თუ დანაშაულის ხასიათი ან დაინტერესებული მხარე მყარ საფუძველს არ იძლევა (ფინეთი).
განსაკუთრებით ერიდეთ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას კრიმინალური და სასამართლო საქმეების გაშუქების დროს. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ეჭვმიტანილი ბრალდებულად არ უნდა გამოცხადდეს მანამ, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში არ შევა. კარგი ჟურნალისტური პრაქტიკა გულისხმობს იმ სასამართლო პროცესის შედეგის გამოქვეყნებას, რომლის მიმდინარეობის შესახებ მანამდე იუწყებოდა პრესა.
საგზაო შემთხვევებისა და დანაშაულების გაშუქებისას ჟურნალისტმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულთა და მათი ახლობლების ინტერესი. ნუ დაასახელებთ დაზარალებული ან დაკარგული პირის ვინაობას, ვიდრე მომხდარის შესახებ არ იქნებიან ინფორმირებული მათი ახლობლები. განსაკუთრებული წინდახედულობა გამოიჩინეთ მწუხარებაში და გაუწონასწორებელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ.
სასამართლო და კრიმინალური რეპორტაჟის მომზადებისას, გამოიჩინეთ სიფრთხილე, როცა საქმე სახელებისა და ფოტოსურათების და სხვა აშკარა საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენებას ეხება. განსაკუთრებული წინდახედულობაა საჭირო ძიებაში მყოფი და არასრულწლოვან დამნაშავეებთან დაკავშირებული საქმეების გაშუქების დროს. თავი აარიდეთ ვინაობის გამჟღავნებას, თუ ეს სამართლიანი ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობას არ უკავშირდება (ნორვეგია).
ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გამოცხადდეს ბრალეულად მანამ, ვიდრე არ გამოცხადდება სასამართლოს გადაწყვეტილება. არასრულწლოვანთა მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად არ უნდა გამოქვეყნდეს მათი ვინაობა და ფოტოსურათები, როცა საქმე მცირე დანაშაულის შემთხვევებს ეხება. ოფიციალური გამოცხადებისა და იურიდიული არგუმენტაციის გარეშე, ჟურნალისტმა წინასწარ არ უნდა გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ოფიციალური გამოძიებისა და სასამართლო პროცესის შესახებ რეპორტაჟის მიზანია, დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისა და სასამართლოს განაჩენის შესახებ საზოგადობისათვის ამომწურავი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პირი უდანაშაულოდ ითვლება.
გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რომელიმე მხარის დამნაშავედ წარმოჩენა ან გამოცხადება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ წესებს, რომელიც პიროვნების ღირსების დაცვისკენ არის მიმართული და დამნაშავე პირებზეც ვრცელდება.
რეპორტაჟის ტექსტში მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ეჭვი და დამტკიცებული ბრალეულობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე ის არ უნდა გამოცხადდეს ბრალდებულად. თუ აპელაციის გაშუქებისას სახელდება პირთა ვინაობა და სხვა საიდენტიფიკაციო ნიშნები, უნდა გამოქვეყნდეს აპელაციის გადაწყვეტილებაც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება შესაბამისი პირის კანონიერ ინტერესებს. ეს რეკომენდაცია შეწყვეტილ სისხლის სამართლის გამოძიებებზეც ვრცელდება.
სამართლებრივი პროცესის შესახებ კრიტიკული კომენტარები უნდა გაიმიჯნოს სასამართლო პროცესის შესახებ რეპორტაჟისგან (გერმანია).
გამოძიებისა და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჟურნალისტს უნდა ახსოვდეს, რომ ეჭვმიტანილი პირი უდანაშაულოდ ითვლება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე. მან არ უნდა გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ეჭვმიტანილ პიროვნებას დამნაშავედ წარმოაჩენს მანამ, სანამ არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ბრალეულობის შესახებ.
განზრახ თუ უნებლიეთ, ჟურნალისტმა არ უნდა შექმნას ეჭვმიტანილის ისეთი იმიჯი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მას დამნაშავედ წარმოაჩენს.
ბრალდებულის გამართლების შემთხვევაში ჟურნალისტმა ხაზგასმით უნდა აღნიშნოს ეს ფაქტი და მიუთითოს ადრე გამოქვეყნებული ყველა სტატია (იტალია).
როდესაც არსებობს იმის ნიშნები, რომ ეჭვმიტანილი არ არის დამნაშავე, მისი გვარი და ფოტოსურათი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გამოქვეყნდეს.
როგორც წესი, დაუშვებელია ნათესავებისა და იმ პირების ვინაობისა და ფოტოსურათების გამოქვეყნება, რომელთაც არაფერი აკავშირებთ დანაშაულთან.
სოციალური რეაბილიტაციის ინტერესებიდან გამომდინარე, პირთა ვინაობა და ფოტოსურათები არ უნდა გამოქვეყნდეს სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ (გერმანია).
პირადი გამორჩენა
ჟურნალისტი ბოროტად არ იყენებს სიტყვის თავისუფლებას და არ სარგებლობს თავისი პროფესიით მინიჭებული შესაძლებლობებით საკუთარი გამორჩენის, პირადი ურთიერთობების დამყარებისა და ამბიციების დაკმაყოფილების მიზნით... არ იყენებს თავის სახელსა და პროფესიას სარეკლამო ან კომერციული მიზნებისთვის (ბულგარეთი).
ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას ნებისმიერ თხოვნაზე, ფუნქციასა თუ შემოსავალზე, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა მის დამოუკიდებლობას და პროფესიულ ხელშეუხებლობას. მან არ უნდა გამოიყენოს თავისი პროფესიული სტატუსი პირადი სარგებლის მისაღებად (პორტუგალია).
ჟურნალისტმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი პროფესია სარეკლამო მიზნით, არ მიიღოს ფინანსური სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი საჩუქარი პიროვნებისგან, რომელიც დაინტერესებულია რეკლამით და უარი თქვას ისეთი მასალის გამოქვეყნებაზე, რომელიც შეიცავს ფარულ რეკლამას...
ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს თავისი ჟურნალისტური პრივილეგიები პირადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად (ჩეხეთის რესპუბლიკა).
პროფესიული დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით, ინფორმაციის გამოქვეყნების ან გამოუქვეყნებლობის გამო, აკრძალულია, ჟურნალისტმა ან მისი ოჯახის წევრმა მიიღოს ესა თუ ის სარგებელი. დაუშვებელია ისეთი მასალის გამოქვეყნება, რომელიც ფარულ რეკლამას შეიცავს (პოლონეთი).
ჟურნალისტი, პირველ რიგში, პასუხისმგებელია მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლის წინაშე. ის არ უნდა მონაწილეობდეს ისეთ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია პირად გამორჩენასთან...
ჟურნალისტმა ბოროტად არ უნდა გამოიყენოს თავისი მდგომარეობა და არ მიიღოს შემოსავალი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს მის დამოუკიდებლობას ან შეუძლებელს გახდის მის მოღვაწეობას, პროფესიული ეთიკის პრინციპების შესაბამისად (ფინეთი).
საგამომცემლო და ჟურნალისტური მოქმედების თავისუფლება შესაძლოა, შეიზღუდოს, თუ რედაქტორი ან მთლიანად რედაქცია იღებს შეთავაზებებს ან საჩუქრებს, რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოებაში მიღებული პროფესიული ეტიკეტის ფარგლებს (გერმანია).
რედაქციის თანამშრომლებმა არ უნდა გამოიყენონ თავიანთი თანამდებობა პირადი სარგებლის მოსაპოვებლად (ნორვეგია).
ოფიციალური დაკვეთის შესრულება შეურაცხმყოფელია ჟურნალისტური ეთიკისთვის (პოლონეთი).
ინტერესთა კონფლიქტი
ჟურნალისტი არ იღებს შემოსავალს საჯარო სამსახურში ან კერძო საწარმოში, სადაც შესაძლოა, ისარგებლონ ჟურნალისტის სტატუსით, გავლენით ან კავშირებით (საფრანგეთი).
რედაქციის თანამშრომელი არ უნდა ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ეწინააღმდეგება მის ჟურნალისტურ საქმიანობას. მან თავი უნდა აარიდოს ორმაგ ფუნქციებს, რაც შეამცირებს მისდამი ნდობას (ნორვეგია).
ეთიკურად შეუთავსებელია, პირი ერთდროულად მუშაობდეს ჟურნალისტიკასა და სარეკლამო ბიზნესში (ესპანეთი).
ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ისეთ ობლიგაციებსა თუ წილზე, რომლის მიმართაც მას ან მისი ოჯახის წევრებს აქვთ მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესი (ესპანეთი).
ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, ერთდროულად ეწეოდე ჟურნალისტურ და სხვა სახის საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია ინფორმაციის დეონტოლოგიასთან, როგორიცაა სარეკლამო სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტო, საჯარო თუ კერძო დაწესებულება (კატალონია).
ჟურნალისტის პროფესიულ სტატუსთან შეუთავსებელია ნებისმიერი თანამდებობის დაკავება სამთავრობო, საკანონმდებლო ან სასამართლო ორგანოებში, ისევე როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებში. ჟურნალისტი აღიარებს, რომ მისი ჟურნალისტური საქმიანობა მას შემდეგ მთავრდება, რაც იგი იარაღს აიღებს ხელში (რუსეთი).
საავტორო უფლებების დაცვა
ჟურნალისტი არ მიმართავს პლაგიატს და ყოველთვის მიუთითებს, ვინ არის გამოყენებული მასალის ავტორი (ბულგარეთი).
ეთიკური ჟურნალისტური პრაქტიკა დაცული უნდა იყოს სხვათა ნაშრომის გამოყენებისას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე საავტორო უფლებების დაცვას არ ეხება და ჟურნალისტი სარგებლობს უკვე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეთიკურია ავტორის ვინაობის მითითება (ფინეთი).
საავტორო უფლების დაცვა ერთ-ერთი ძირითადი ეთიკური ნორმაა. ფარული თუ ღია პლაგიატი ამ ნორმის დაუშვებელი დარღვევაა. აღნიშნული ნორმა ვრცელდება როგორც ჟურნალისტის, ასევე სხვა პროფესიის პირთა ნაშრომებზეც. ავტორის ნებართვის გარეშე დაუშვებელია როგორც ტექსტის გადაკეთება ან მასალის გამოყენება, ასევე სხვა ჟურნალისტის საავტორო იდეების მითვისება (პოლონეთი).
პლაგიატი დაუშვებელია. კოლეგის ნაშრომის ნებისმიერი სახით გამოყენებისას, ჟურნალისტი მიუთითებს ავტორის გვარს (რუსეთი).
რეკლამა
რეკლამა ისე უნდა იყოს მოწოდებული, რომ არ მოხდეს მისი ფაქტობრივ ინფორმაციასთან გაიგივება (ბელგია).
სარეკლამო განცხადებები, ფოტოები და ნახატები უნდა აღიქმებოდეს, როგორც რეკლამა.
რეკლამა, რომელიც სარედაქციო სტატიას წააგავს, ისეთი შრიფტით და ფორმით უნდა დაიბეჭდოს, რომ მისი განსხვავება არასარეკლამო საგაზეთო ან საჟურნალე მასალისგან არარეგულარულმა მკითხველმაც კი შეძლოს. ასეთი მასალა გარკვევით უნდა აღინიშნოს, სიტყვით „რეკლამა“.
თუ რეკლამის ტექსტში გარკვევით არ ჩანს, თუ ვინ არის რეკლამის შემკვეთი, მისი ვინაობა თვალსაჩინო ადგილას უნდა დაიბეჭდოს. ანალოგიური წესი ვრცელდება სარეკლამო ჩანართებსა და ნებისმიერ სხვა პუბლიკაციაზე, რომელიც დაფინანსებულია კერძო ფიზიკური და იურიდიული პირების ან დაწესებულებების მიერ და პირად, კომერციულ ან პოლიტიკურ ინტერესს გამოხატავს. სათანადოდ უნდა აღინიშნოს ავტორის ვინაობა, როდესაც ჩანართი ან სპეციალური პუბლიკაცია მოიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებით თავად ავტორია დაინტერესებული. საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) სამსახურების ტექსტები, რომლებიც არსებითად რეკლამას უკავშირდება, შესაბამისად უნდა დასათაურდეს ან გამოქვეყნდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ძირითადი არასარეკლამო ტექსტისგან განსხვავება, რათა არ მოხდეს მკითხველის შეცდომაში შეყვანა (გერმანია).
ყველას აქვს უფლება, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რომელიც მკაფიოდაა გამიჯნული სარეკლამო განცხადებისგან და არავის ინტერესს აყენებს ზიანს. სარეკლამო განცხადება შესაბამისი აღნიშვნის საშუალებით იოლად საცნობი უნდა იყოს... ჟურნალისტმა საშუალება უნდა მისცეს ხალხს, საგაზეთო მასალა სარეკლამო განცხადებისგან გაარჩიოს (იტალია).
რედაქციამ უნდა უარყოს რეკლამისა და სარედაქციო მასალის გამიჯვნის საწინააღმდეგო ნებისმიერი მცდელობა; უარი თქვას ისეთ რეკლამაზე, რომელიც წააგავს ან იყენებს სარედაქციო მასალას, აგრეთვე, ისეთ რეკლამაზე, რომელიც ზიანს აყენებს რედაქციის ხელშეუხებლობასა და პრესის დამოუკიდებლობას (ნორვეგია).
სათაური, ფოტო
სათაური, ლიდი, გარეკანი, ილუსტრაციების ტიტრები, გამოცემის უკეთ გაყიდვის მიზნით დართული პოსტერები და სხვა საპრეზენტაციო მასალა პუბლიკაციის შინაარსს უნდა შეესაბამებოდეს.
ამასთანავე, ფოტო და აუდიომასალა უნდა იყოს ნამდვილი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, დოკუმენტურია თუ ყალბი ესა თუ ის მასალა...
სიფრთხილეა საჭირო ფოტომასალის გამოქვეყნებისას. ილუსტრაცია არ უნდა გამოიყენებოდეს არასწორი მნიშვნელობით და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი შესაბამისი მხარისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო უბედური შემთხვევების ან დანაშაულის მსხვერპლთა ფოტოების გამოქვეყნებისას (ფინეთი).
იმისათვის, რომ ილუსტრაციამ შეცდომაში არ შეიყვანოს მკითხველი,
რეკომენდირებულია, განმარტებული იყოს:
- დამატებითი ილუსტრაცია;
- სტილიზებული ილუსტრაცია (ტექსტის მხატვრული გაფორმება);
- ფოტომონტაჟი ან ორიგინალის სხვა სახით ალტერაცია (სლოვენია).
სიმბოლური მნიშვნელობის ფოტოს ტიტრზე გარკვევით უნდა იყოს აღნიშნული, რომ ფოტო არ არის დოკუმენტური.
მკითხველის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, არადოკუმენტური ილუსტრაცია, განსაკუთრებით ფოტოსურათი, შესაბამისი აღნიშვნით უნდა გამოქვეყნდეს. ილუსტრაციის სათაურში ან თანდართულ ტიტრში გარკვევით უნდა აღინიშნოს:
- დამხმარე და საჩვენებელი ილუსტრაციები (ნებისმიერი სახის მოტივაციის პირობებში);
- სიმბოლური ილუსტრაციები (რეკონსტრუირებული სურათები, გრაფიკული ნახატები, მხატვრის დასურათება და სხვა);
- ფოტომონტაჟი და სხვა სახის კოლაჟები (გერმანია).
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ შემთხვევებს, როცა ილუსტრაციის გამოყენება მისი თავდაპირველი მნიშვნელობით არ ხდება. დაუშვებელია მანიპულაცია, რადგანაც ის მცდარ შეხედულებებს წარმოშობს. ფოტომონტაჟი სპეციალური ნიშნით ან სურათზე ხელწერილით უნდა აღინიშნოს (ლატვია).
ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს ხელოვნურად სახეშეცვლილი ფოტოსურათები, ილუსტრაციის ქვეშ არასწორი ხელმოწერები, რამაც შესაძლოა, შეურაცხყოს ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი. ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს აუდიო და ვიზუალური მონტაჟი, რამაც შესაძლოა, ინფორმაციის არსი და თავად ფაქტი დაამახინჯოს. ეს დებულება არ ვრცელდება კარიკატურების, კომიქსებისა და შარჟების გამოქვეყნებაზე (ლიტვა).
დაიცავით ჟურნალისტური ფოტოს სანდოობა. დოკუმენტური ფოტო ისე არ უნდა შეიცვალოს, რომ მან არაადეკვატური შთაბეჭდილება შექმნას. სახეცვლილი ფოტოს გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ილუსტრაციის სახით, თუ აშკარაა, რომ აღნიშნული ილუსტრაცია კოლაჟს წარმოადგენს (ნორვეგია).
საზოგადოებრივი აზრის კვლევა
რეკომენდირებულია, გამოქვეყნდეს კვლევის მეთოდები: თუ რამდენმა პირმა გასცა კითხვარს პასუხი, კვლევის ჩატარების დრო და დამკვეთი (სლოვენია).
არჩევნები
ობიექტური, თავისუფალი და გაწონასწორებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ჟურნალისტებს აქვთ უფლება, წინასაარჩევნო შეხვედრების გაშუქებისას, გაავრცელონ ის მოსაზრებებიც, რომლებიც მათ პირად შეხედულებებს არ შეესაბამება (სლოვენია).
ჟურნალისტური სამართლიანობის, ინფორმაციის თავისუფლების, დემოკრატიული პარტიებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ინტერესიდან გამომდინარე, გაზეთებმა და ჟურნალებმა არჩევნების გაშუქების პროცესში უნდა გამოაქვეყნონ ის შეხედულებებიც, რომელთაც თავად არ იზიარებენ. ანალოგიური პოლიტიკა რეკლამაზეც ვრცელდება, რომელიც ასევე წარმოადგენს პრესის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს (გერმანია).
![]() |
3 თვითრეგულირების მექანიზმები |
▲back to top |
![]() |
3.1 მედიის ანგარიშვალდებულების სისტემები |
▲back to top |
ჟან კლოდ ბერტრანი
პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი
_________________________
რეკომენდაციები
ყველა ერისათვის, რომელიც ახლო წარსულში გათავისუფლდა ტოტალიტარული რეჟიმისაგან, პრობლემას ზედმეტ შეზღუდვასა და ზედმეტ ჩაურევლობას შორის ბალანსის გამონახვა წარმოადგენს. საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები, გამომცემლები, ჟურნალისტები და საერთოდ, მედიის მომხმარებლები არ არიან მიჩვეულნი ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, კომპრომისებზე წასვლას და ვერ ითავისებენ, თუ რაოდენ აუცილებელია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის თვითრეგულირების მექანიზმების შექმნა.
სავსებით ბუნებრივია, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ჟურნალისტები თავს არიდებენ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას, რადგან მას სახელმწიფოს მხრიდან კონტროლთან აიგივებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი უარს ამბობენ ეთიკის კოდექსზე. მათ სურთ, რომ იყვნენ თავისუფალნი და თვითშემოქმედნი. მათ თავიანთი თავი პოლიტიკური არენის შემოქმედებად და მსახიობებად წარმოუდგენიათ და არა ინფორმაციის მომპოვებლებად და გამავრცელებლებლად. შედეგად ვიღებთ კონფლიქტს.
ვფიქრობ, ქართულმა მედიამ რეფორმაზე უნდა იზრუნოს და მთლიანად ქვეყნის რეფორმირებასაც შეუწყოს ხელი.
მედიის ანგარიშვალდებულების სისტემების პოპულარიზაციის მიზნით, საჭიროა საქართველოში საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარება, რაც, პირველ რიგში, ჟურნალისტურ და პოლიტიკურ წრეებში უნდა დაიწყოს და საზოგადოებაში განივრცოს. როდესაც საზოგადოებას არა აქვს მოტივაცია, ორგანიზაცია და ის თავს უძლურად გრძნობს, მას ვერც ინიციატივის გამოჩენას მოსთხოვ. თუმცა, მეორეს მხრივ, თავისუფლებას და პასუხისმგებლობას ყველა საკმაოდ იოლად აღიქვამს. პრობლემა თავისუფლების და პასუხისმგებლობის ურთიერთდამოკიდებულების გააზრებაა.
რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტური ასოციაციების მიერ ეთიკის კოდექსის შემუშავების და მოწონების შემდეგ, ის ცნობილი უნდა გახდეს საზოგადოებისთვისაც. მომავალში კოდექსმა ორმაგი ფუნქცია უნდა შეასრულოს:
ერთი მხრივ, დაეხმაროს ჟურნალისტებს, თავი პროფესიონალთა გუნდის წევრებად იგრძნონ, სოლიდარობა გამოუცხადონ ერთმანეთს და როგორც მნიშვნელოვანმა სოციალურმა ჯგუფმა,
მეორეს მხრივ, საშუალება მისცეს საზოგადოებას, იცოდეს, თუ რას უნდა მოელოდეს პატიოსანი და ობიექტური მედიისაგან.
ამ პროცესში ჩვენ შესაძლოა, ორი ვარიანტი განვიხილოთ: პრესის ომბუდსმენის თანამდებობის შემოღება და პრესის საბჭოს შექმნა.
პრეს ომბუდსმენი
პრესის ომბუდსმენი, რომელსაც მედიის მესაკუთრეები და მედიის წარმომადგენლები ერთობლივად ნიშნავენ, ხელს შეუწყობს მედიის ანგარიშვალდებულების კონცეფციის ჩამოყალიბებასა და მის პოპულარიზაციას. ყველა სხვა ქვეყნის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ გაცილებით იოლია პრესის ომბუდსმენის ინსტიტუტის ფუნქციონირების დაწყება, ვიდრე პრესის საბჭოსი, რომელიც იმავე მიზანს ემსახურება. ამასთანავე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი მედიის ანგარიშვალდებულების სამ სხვადასხვა სისტემას გულისხმობს:
I. ამერიკული მოდელი - ცალკეული გაზეთების და სამაუწყებლო კომპანიების მიერ დანიშნული ,,მკითხველთა ადვოკატი'', რომელიც იღებს და იხილავს მკითხველთა სარჩელებს და ანგარიშს აკეთებს მათზე. ეს მოდელი შეიძლება მისაღები იყოს საქართველოსთვის, სადაც მედიის მხოლოდ მცირე ნაწილია დაინტერესებული, დაიცვას ხარისხი და აიღოს პასუხისმგებლობა.
II. შვედური მოდელი - პრესის საბჭოს სპეციალური აგენტი, რომელიც ფილტრავს საჩივრებს: იხილავს მარტივ საჩივრებს, ხოლო გაცილებით სერიოზულებს განსახილველად პრესის საბჭოს უგზავნის.
III. მესამე მოდელი - სახალხო დამცველის მე-18 საუკუნის შვედური ტრადიცია, რომელიც არსში სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქართველოში მოქმედ პრინციპს გულისხმობს. ამ მოდელთან ყველაზე ახლოა სამხრეთ აფრიკული გამოცდილება, სადაც ომბუდსმენს ზურგს უმაგრებს სააპელაციო კომიტეტი, პრესის საბჭოს ანალოგიური ორგანო.
იმისათვის, რომ პრესის ომბუდსმენმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერატიულად, სამართლიანად და საჯაროდ შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, მას აპარატი და სოლიდური ბიუჯეტი ესაჭიროება. სახელმწიფომ უპირობოდ უნდა გამოყოს თანხები.
და ბოლოს, ერთი პიროვნება, რაც არ უნდა კარგად შეირჩეს ის, სადავო საკითხების გადაწყვეტისას, შეზღუდულია სოციალურად არაერთგვაროვან ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პრესის საბჭოს მსგავსი ორგანო, რომელიც ომბუდსმენს ზურგს გაუმაგრებს და სააპელაციო ფუნქციას შეასრულებს.
პრესის საბჭო
უმეტეს დემოკრატიულ ქვეყნებში პრესის საბჭო არის ნებაყოფლობითი, სამი სუბიექტის (მესაკუთრეები, ჟურნალისტები, საზოგადოების წარმომადგენლები) მონაწილეობით შექმნილი ორგანო, რომლის მიზანია:
დაიცვას პრესის თავისუფლება;
განიხილოს მედიის წინააღმდეგ შემოსული საჩივრები.
ამ მოდელს არაფერი აქვს საერთო ეგვიპტეში არსებულ პრესის უმაღლეს საბჭოსთან, რომელიც ცენზურის საშუალებაა ხელისუფლების ხელში. პრესის საბჭო არც გამომცემლებისთვის და მაუწყებელთათვის განკუთვნილი პრეს კლუბია და არც ჟურნალისტთა კავშირისა თუ ასოციაციის მიერ შექმნილი სადისციპლინო კომისია.
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დღეისათვის დემოკრატიულ ქვეყნებში პრესის საბჭოები მოქმედებენ. ზოგიერთი პროფესიონალი, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, უარყოფს პრესის საბჭოს, რადგანაც მას პრესის ტრიბუნალად მიიჩნევს. თუმცა, პრესის საბჭო არ იყენებს დამსჯელ ღონისძიებებს, გარდა იმისა, რომ საკუთარი პოზიციის გამოქვეყნებას მოითხოვს (გამონაკლისია შვედეთი, სადაც ჯარიმა ტირაჟის მიხედვით განისაზღვრება). მეორე მხრივ, პრესის საბჭოს ბევრი მიმზიდველი მხარე აქვს:
- ეს არის მუდმივმოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელიც თავად მედიის მიერაა შექმნილი;
- მას შეუძლია იმოქმედოს როგორც ადგილობრივ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისოზე;
- იგი სოციუმის სამ ძირითად სუბიექტს აერთიანებს და უფლებამოსილია, ისაუბრობს მათი სახელით;
- რამდენადაც იგი ნაკლებად ასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს ფუნქციებს, მისი სხვა ფუნქციები საკმაოდ მრავალფეროვანია;
- შესაძლოა, ის მედიის ანგარიშვალდებულების სისტემის არაფორმალური ქსელის ცენტრი გახდეს.
ქართული პრესის საბჭოს მოდელი არ უნდა დაეყრდნოს შვედეთისა და სამხრეთ აფრიკის გამოცდილებას. საქართველოში ჯერ არ არსებობს ჟურნალისტების, რედაქტორებისა და გამომცემლების მსხვილი გაერთიანებები ასოციაციების სახით. ქართული საბჭო შესაძლოა, დაეყრდნოს კანადის გამოცდილებას. კანადაში, 44 გაზეთის არსებობის პირობებში, ონტარიოს პრესის საბჭომ ფუნქციონირება 8 გაზეთის ბაზაზე დაიწყო. შესაძლოა, თავდაპირველად სერიოზულმა გამოცემებმა შექმნან პრესის საბჭო, რომელსაც მომავალში სხვებიც შეუერთდებიან.
როგორც წესი, საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი, ასევე სამაუწყებლო მედია. მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრთა რიცხვი გაიზრდება, უნდა განისაზღვროს წარმომადგენელთა შერჩევის წესი, წევრთა რაოდენობამ 20-30 კაცს არ უნდა გადააჭარბოს. საბჭოს წევრთა მესამედი ან თუნდაც ნახევარი არ უნდა იყოს რაიმენაირად დაკავშირებული მედიასთან.
საქართველოში პრესის საბჭოს უნდა ჰქონდეს შემდეგი უპირატესობანი:
შეესაბამებოდეს სხვა ევროპული ქვეყნების საბჭოებს, რომლებიც გაწევრიანებულნი არიან ევროპის დამოუკიდებელ პრესის საბჭოების ალიანსში.
როგორც ყველგან, მედიაშიც და საზოგადოებაშიც, გააერთიანოს სხვადასხვა ჯგუფები, მედიის ხარისხის გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობის გასანაწილებლად.
პრესის საბჭოს ერთადერთი მისია საჩივრების განხილვა არ უნდა იყოს, როგორც ეს უმეტეს საბჭოებში ხდება. თუკი ბიუჯეტი პრესის საბჭოს საშუალებას მისცემს, მას შეუძლია:
მონიტორინგი გაუწიოს მედიაში ეთიკის ნორმების დარღვევას და გახდეს საჩივრის ინიციატორი;
იყოს მედიის ინტერესების გამხმოვანებელი მედიის საკითხებზე მთავრობასთან ურთიერთობისას;
მხარი დაუჭიროს და ხელი შეუწყოს მასობრივი კომუნიკაციის კვლევებისა და ჟურნალისტებისათვის ტრეინინგების ჩატარებას.
პრესის საბჭოს შექმნა თუ ომბუდსმენის დანიშვნა არსებითად სიგნალია საზოგადოებისათვის, თუმცა, არ არის უებარი საშუალება, რომელიც მედიაში არსებულ ყველა ნაკლოვანებას გამოასწორებს.
![]() |
3.2 ბრითიშ-კოლუმბიის პრესის საბჭო |
▲back to top |
კანადა
__________________
კანადაში არსებული სხვა საბჭოების მსგავსად, ბრითიშ-კოლუმბიის პრესის საბჭო საგაზეთო ინდუსტრიის თვითმმართველობითი მარეგულირებელი ორგანოა, რომლის წევრობა ყველა გაზეთისთვის ნებაყოფლობითია. გაზეთების ბევრი სათემო გაერთიანება მასში გაცილებით ადრე გაწევრიანდა, ვიდრე 1995 წელს - ბრითიშ კოლუმბიისა და იუკონის გაზეთების ასოციაცია (BCYCNA).
დღეისათვის საბჭოში 130-ზე მეტი გაზეთია გაწევრიანებული, აქედან 16 ბრითიშ-კოლუმბიას ყოველდღიური, 9 - სათემო, ხოლო 107 - BCYCNA-ის გაზეთია.
საბჭო დაარსდა 1983 წელს, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ მთელს კანადაში საგაზეთო ინდუსტრიის რეგულირების იდეის ლობირება სცადა და საგაზეთო ინდუსტრიის ლიდერებმა ამაში გარკვეული საფრთხე დაინახეს.
საბჭო მთლიანად საგაზეთო ინდუსტრიის მიერ ფინანსდება. ყოველდღიურ გაზეთებს წლიური შენატანი გაზეთის ტირაჟიდან გამომდინარე შეაქვთ, ხოლო სათემო გაზეთები ფიქსირებულ გადასახადს იხდიან.
საბჭოს ჰყავს აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო თავად საბჭო ყოველკვარტალურად იკრიბება.
საბჭოს წევრობა ხელსაყრელია შემდეგ გარემოებათა გამო:
იგი იცავს მის წევრებს სასამართლო განხილვებისგან, ვინაიდან საჩივარი განსახილველად საბჭოში შედის. მოსარჩელე წერილობით ადასტურებს თავის ნებას, საკითხის ამ გზით გადაწყვეტის თაობაზე. მიუკერძოებელი და სამართლიანი საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა გაზეთებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო და თანხები, ასევე თავიდან აიცილონ გართულებები. დაუშვებელია, საბჭოში რომელიმე მხარის ინტერესი ადვოკატმა წარმოადგინოს.
მას შემდეგ რაც, პრესის საბჭომ სააპელაციო ფუნქცია შეიძინა, საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა, სასამართლოსთან შედარებით, იაფფასიანი ალტერნატივა გახდა.
ამასთანავე საბჭო იცავს მედიას მთავრობის მხრიდან ჩარევისგან, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
საბჭოს ძირითადი კანონი ადგენს მის ძირითად მიზნებსა და ამოცანებს :
პრესის თავისუფლების დაცვა;
საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენლებს შორის შუამავლის როლის შესრულება;
ჟურნალისტიკის უმაღლესი სტანდარტების, პროფესიონალიზმის და ეთიკური ნორმების განმტკიცება;
საზოგადოების მხრიდან შემოსული საჩივრების განხილვა და პრესის მიერ ინფორმაციის შეგროვებასა და თვალსაზრისის მიწოდებასთან დაკავშირებული შენიშვნების გათვალისწინება;
იმ შემთხვევების განხილვა და მოხსენება, რომლებიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ეხება;
მთავრობასთან და სხვა სტრუქტურებთან ურთიერთობისას პრესის საბჭოს ინტერესების წარმოდგენა;
საბჭოს საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნება და სხვა პრესის საბჭოებთან ინფორმაციის გაცვლა;
პრესის საბჭოს სხდომები არაფორმალურ ხასიათს ატარებს და ის ღიაა საზოგადოებისათვის. სხდომაზე არავის არ მოეთხოვება ფიცის დადება და ასევე არ ხდება სხდომების სტენოგრამირება.
სხდომაზე მოსარჩელეს პირველი სიტყვის უფლება ეძლევა, რასაც გაზეთის წარმომადგენლის გამოსვლა მოსდევს. ორივე მხარეს გასაჩივრების თანაბარი უფლება გააჩნია, ასევე ორივე მხარეს შეუძლია, მოითხოვოს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა. საბჭოს წევრებს შეუძლიათ, ორივე მხარეს მიმართონ შეკითხვებით.
მოსმენის შემდგომ, საბჭომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულია მონაცემები მომჩივანისა და გაზეთის შესახებ. გაზეთი მოვალეა, სრულად გამოაქვეყნოს საბჭოს გადაწყვეტილება.
საბჭოს ჰყავს 11 დირექტორი, რომელთაგან 6 საზოგადოების წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 5 დანიშნულია მედია ინდუსტრიის მიერ. საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ყოველთვის საზოგადოების წარმომადგენლები არიან.
საბჭოს წევრები, რომლებიც საზოგადოებას წარმოადგენენ, ღებულობენ დღიურ გასამრჯელოს სხდომებში მონაწილეობის მიხედვით, მათ ასევე უნაზღაურდებათ ხარჯები, როცა მედიის მიერ დანიშნულ წევრებს მხოლოდ ხარჯებს უნაზღაურებენ.
საბჭოს წევრები თავის უფლებამოსილებას 4 წლის ვადით ახორციელებენ, აქედან 2 წელი გარანტირებულია, ხოლო შემდეგი 2 წლით შეიძლება, კიდევ აირჩიონ. წევრთა როტაცია ხდება ტერიტორიული პრინციპით, რათა საბჭოში ბრითიშ-კოლუმბიას ტერიტორიაზე არსებული ყველა რეგიონის წარმომადგენლობა მოხვდეს.
![]() |
3.3 პრესის საჩივრების კომისია |
▲back to top |
დიდი ბრიტანეთი
______________________
პრესის საჩივრების კომისია არის დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც მუშაობს საზოგადოების წარმომადგენელთა, მოქალაქეთა იმ საჩივრებზე, რომლებშიც გამოთქმულია რაიმე სახის პრეტენზია ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების შინაარსთან დაკავშირებით.
პრაქტიკის კოდექსი არის თვითმმართველობის სისტემის საყრდენი პრესის საჩივრების კომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტი. კოდექსი პრესინდუსტრიის წარმომადგენელთა მიერ არის შექმნილი და პრესის საჩივრების კომისიის მიერ რატიფიცირებული. პერიოდულად მას რედაქტორთა კომიტეტი იხილავს და ხვეწს. კომისია კი საბოლოოდ ამტკიცებს ცვლილებებს.
2000 წლისათვის კომისიამ დაასრულა 2,225 საჩივრის შესწავლა, სადაც ათიდან ექვსი საჩივარი - ფაქტების სიზუსტეს, რვიდან ერთი კი პირადი ცხოვრების ხელყოფას შეეხებოდა. ყველა საჩივარი განიხილებოდა პრაქტიკის კოდექსზე დაყრდნობით. ამ კოდექსს, რომელიც თავად რედაქტორების მიერ არის შემუშავებული, უერთდება დიდი ბრიტანეთის ყველა საერთო ნაციონალური და რეგიონალური ბეჭდვითი მედია და მასში ჩამოყალიბებულია ის პრინციპები, რომლებიც ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას უკავშირდება. ეს კოდექსი ასევე უზრუნველყოფს ისეთი დაუცველი ჯგუფების დაცვას, როგორებიცაა ბავშვები, პაციენტები და დისკრიმინაციის რისკის წინაშე მდგომი პირები.
პრესის საჩივრების კომისიის მთავრი მიზანია დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რაიმე სახის პრეტენზია უჩნდებათ პრესის საშუალებების მიმართ. ამ ფუნქციის ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია რეაგირებს ოპერატიულად და ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
გარდა იმისა, რომ კომისიისათვის მიმართვა უფასოა და მოქალაქეს არ ესაჭიროება იურიდიული კონსულტანტი ან ადვოკატი, საგაზეთო ინდუსტრიის თვითმმართველობის მესვეურთა ეფექტური მუშაობის შედეგად, ეს საქმიანობა ტვირთად არც გადასახადების გადამხდელებს აწვება.
კომისიის მიზანია წინააღმდეგობათა მეგობრული და სწრაფი მოწესრიგება. თუ არ ჩავთვლით ისეთ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა კოდექსის რაიმე სახით დარღვევავა. ათიდან ცხრა შემთხვევაში პრობლემა 14 სამუშაო დღეში რეგულირდება.
ერთ-ერთი ძირათადი ამოცანა კომისიის ხელმისაწვდომობაა. ამ მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებს საჩივრების შედგენაში ეხმარება, ქვეყნდება დამხმარე ლიტერატურა, მათ შორის უმცირესობათა ენებზეც, მოქმედებს ინტერნეტ საიტი, ტექსტპონები სმენადაქვეითებულთათვის და ეს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
თვითმმართველობის წარმატებული მუშაობის საფუძველია ის, რომ მასში მთელი საგამომცემლო ინდუსტრია მონაწილეობს. რეგულარულად ქვეყნდება ყველა ის მნიშვნელოვანი კრიტიკული გადაწყვეტილება, რომელიც ათი წლის განმავლობაში კომისიას გამოუტანია და მას ყველა ჟურნალ-გაზეთი აქვეყნებს.
როდესაც კომისიაში საჩივარი შედის, რედაქტორებმა იციან, რომ ერთადერთი, რაც მათ უნდა მოიმოქმედონ, ეს პრაქტიკის კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესის დაცვაა.სწორედ ეს არის რედაქტორების მხრიდან კოდექსისადმი ერთგულების გამოხატულება.
კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ხაზს უსვამს ამ კოდექსისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, არის ის, რომ ქვეყანაში მოქმედი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორთა აბსოლუტურ უმეტესობას ამ კოდექსის პრინციპების ერთგულება შრომითი კონტრაქტებითაც ევალებათ.
მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორებისთვის განკუთვნილი კოდექსი თავად რედაქტორების მიერ არის დაწერილი, ის არ არის საგაზეთო ინდუსტრიის უბრალო იარაღი. პირიქით, კომისიის წევრთა უმრავლესობა არ წარმოადგენს საგაზეთო ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რადგან კომისია უპირველეს ყოვლისა, მოსარჩლეთა ინტერესების დასაცავად არის შექმნილი და იგი დამოუკიდებელი ორგანოა. კომისიაში არჩევის სისტემა უზრუნველყოფს მასში საზოგადოების იმ გამორჩეულ წევრთა მონაწილეობას, რომლებიც პრეს ინდუსტრიისაგან დამოუკიდებლები არიან.
![]() |
3.4 პრესის ომბუდსმენისა და სააპელაციო კომისიის ძირითადი კანონი* |
▲back to top |
სამხრეთ აფრიკა
________________________
1. შესავალი
სამხრეთ აფრიკის ნაციონალური რედაქტორების ფორუმს (სანრფ), საზოგადოებრივი გაზეთების რედაქტორების ფორუმს (სგრფ), სამხრეთ აფრიკის ჟურნალისტთა ფედერაციას (საჟფ), სამხრეთ აფრიკის მედიის მუშაკთა ასოციაციას (სამმა), სამხრეთ აფრიკის გაზეთების ასოციაციასა (საგა) და სამხრეთ აფრიკის ჟურნალების გამომცემელთა ასოციაციას (საჟგა) მიაჩნიათ, რომ საჩივრების რეალურად ხელმისაწვდომი, ობიექტური და დამოუკიდებელი მექანიზმის შემუშავების გზით შესაძლებელია, უკეთ მოემსახურონ საზოგადოებას. ასეთი მექანიზმის შემუშავება დამფუძნებელმა იურიდიულმა პირებმა პრესის ომბუდსმენისა და სააპელაციო კომისიის საშუალებით გადაწყვიტეს. პრესის ომბუდსმენი და სააპელაციო კომისია უშუამდგომლებენ, გადაჭრიან და, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენს გამოიტანენ სარჩელებზე იმ კოდექსისა და პროცედურის მიხედვით, რომელთაც დამფუძნებელი იურიდიული პირები შეიმუშავებენ.
2. დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტი
2.1. დამფუძნებელი იურიდიული პირები აყალიბებენ დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტს, რომელშიც თითოეული ორგანიზაცია შემდეგნაირად იქნება წარმოდგენილი: ორ-ორი წევრი დაინიშნება სამხრეთ აფრიკის ნაციონალური რედაქტორების ფორუმიდან (სანრფ) და სამხრეთ აფრიკის გაზეთების ასოციაციიდან (საგა); თითო-თითო წევრი - საზოგადოებრივი გაზეთების რედაქტორების ფორუმიდან (სგრფ), სამხრეთ აფრიკის ჟურნალისტთა ფედერაციიდან (საჟფ), სამხრეთ აფრიკის მედიის მუშაკთა ასოციაციიდან (სამმა) და სამხრეთ აფრიკის ჟურნალების გამომცემელთა ასოციაციიდან (საჟგა).
დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტი ორი წლის ვადით ირჩევს თავმჯდომარეს კომიტეტის შემადგენლობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმა აქვს თავმჯდომარეს.
2.2. დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტის კრებას იწვევს თავმჯდომარე, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
2.3. საგა უზრუნველყოფს დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტს სამდივნო მომსახურებით და ხელმძღვანელობას უწევს პრესის ომბუდსმენისა და სააპელაციო კომისიის ფინანსურ საქმიანობას ბიუჯეტის ფარგლებში.
დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტმა
ოფიციალურად უნდა აღიაროს ძირითადი კანონი, შეიმუშაოს სახელმძღვანელო კოდექსი და პროცესუალური კანონები.
ბეჭდვით მედიაში გამოაცხადოს დანიშნული კომისიის წევრების ნომინაცია, პრესის ომბუდსმენის ვაკანსია და სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის ვინაობა.
პრესის ომბუდსმენის, თავმჯდომარისა და სააპელაციო კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები:
3.4.1. თავმჯდომარე კარგად უნდა იცნობდეს პრესის კანონს, სასამართლო და სამართალწარმოების პრაქტიკას. მას ეკრძალება მედიაში მუშაობა ან ამ სფეროში ფინანსური ინტერესების ქონა.
3.4.2. პრესის წარმომადგენლები: ექვს წევრს, რომელიც მიჩნეულია ჯგუფად, უნდა გააჩნდეს ბეჭდვით მედიაში, განსაკუთრებით - საგაზეთო პრესაში, სარედაქციო და ჟურნალისტური მუშაობის გამოცდილება. დასაშვებია მათი გაზეთში მუშაობა.
3.4.3. საზოგადოების წარმომადგენლები: ექვსი წევრი, რომლებიც მიჩნეულია ჯგუფად, უნდა იყოს სერიოზულად დაინტერესებული საზოგადოებაში ბეჭდვითი მედიის, განსაკუთრებით საგაზეთო პრესისა და მისი საზოგადოებრივი როლის, ღირებულების ამაღლებით. მათ ეკრძალებათ მედიაში მუშაობა ან ამ სფეროში ფინანსური ინტერესების ქონა.
არც ერთი წევრი არ უნდა მუშაობდეს რომელიმე ადგილობრივ ან სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოში ან იყოს ასეთი ორგანოს წევრი. არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და მსგავსი ორგანიზაციის წევრი.
ყველა წევრი: ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე და ესმოდეს, რომ სააპელაციო კომისიის წევრობა მათგან გადაწყვეტილებების მიღებისას მიუკერძოებლობას და ორგანული სამართლის კანონებისადმი მორჩილებას მოითხოვს. ყველა წევრი უნდა აღიარებდეს აზრის გამოთქმისა და ინფორმაციის თავისუფლებას.
3.4.6. მთლიანობაში, სააპელაციო კომისია უნდა წარმოადგენდეს ფართო წარმომადგენლობით გაერთიანებას.
3.4.7. პრესის ომბუდსმენი კარგად უნდა იცნობდეს პრესის კანონს (უმაღლეს დონეზე) და შეეძლოს კამათის დროს შუამდგომლობა. მას ეკრძალება მედიაში მუშაობა ან ამ სფეროში ფინანსური ინტერესების ქონა.
3.5. თუ რაიმე მიზეზით სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური დარჩა, დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტმა ვაკანსიის შესავსებად ხელახლა უნდა მოიწვიოს ძველი ან შექმნას ახალი დამნიშვნელი კომისია.
3. დამნიშვნელი კომისია
საზოგადოებასთან კანდიდატების ინტერვიუს შემდეგ, დამნიშვნელმა კომისიამ, როგორც საზოგადოების არჩეულმა:
4.1. დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტის თავმჯდომარესთან კონსულტაციის შემდეგ, თანამდებობაზე უნდა დანიშნოს პრესის ომბუდსმენი;
4.2. თავმჯდომარის და სააპელაციო კომისიის თორმეტი წევრის ხუთი წლის ვადით დანიშვნისას, კომისია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ისეთი ექვსი წევრით, რომელსაც ჟურნალისტურ და საგამოძიებო საქმეში („პრესის წარმომადგენელი“) საექსპერტო და პრაქტიკული გამოცდილება გააჩნია და არის საზოგადოების წევრი
(„საზოგადოების წარმომადგენელი“).
პრესის ომბუდსმენმა დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტის ყრილობას უნდა წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში, თავისი ორგანიზაციის და სააპელაციო კომისიის საქმიანობის შესახებ.
4. სააპელაციო კომისია
სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია, დროდადრო შექმნას სამართლებრივი კომისია, რომელიც სააპელაციო კომისიის თავმჯდომარისაგან და ორი წევრისაგან შედგება: სამართლებრივ კომისიაში უნდა შედიოდეს პრესის და საზოგადოების თითო-თითო წარმომადგენელი. საჭიროების შემთხვევაში, თავმჯდომარეს უფლება აქვს, სამართლებრივ კომისიაში აირჩიოს პრესისა და საზოგადოების ორ-ორი წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება შესაფერისი წევრების შერჩევა, სააპელაციო კომისიაში, კოოპტაციის წესით, აირჩევენ პირებს, რომელთაც, თავმჯდომარის აზრით, ანალოგიური გამოცდილება და კვალიფიკაცია გააჩნიათ. სააპელაციო კომისია გადაწყვეტილებებს ხმების
უმრავლესობით იღებს.
თუკი არსებობს რაიმე ფაქტორი, ანდა შემოსულია საჩივარი, თავმჯდომარე იწვევს სააპელაციო კომისიის საერთო კრებას, საჩივარის ან პრესის ომბუდსმენის პოსტიდან გათავისუფლებისა და ვაკანსიის გამოცხადების სხვა საფუძვლის საკითხის განსახილველად.
სანქციები
ეყრდნობა რა საგას წევრების მიერ კოდექსის კანონდარღვევის თაობაზე მოძიებულ მასალებს ან ბეჭდვით საშუალებას, რომელიც ნებაყოფლობით გახდა პრესის ომბუდსმენის იურისდიქციის სუბიექტი, პრესის ომბუდსმენი, ან - აპელაციისას - სააპელაციო კომისია, უფლებამოსილია:
4.1. შეწყვიტოს საჩივრის განხილვა.
4.2. გამოუცხადოს მოპასუხეს განაჩენი, რომ იგი დამნაშავეა კოდექსის და კანონის დარღვევაში;
7.3. ბრძანოს, რომ სასჯელი და/ან გადაწყვეტილება უნდა გამოაქვეყნოს მოპასუხემ ისეთი ფორმით, როგორც ამას პრესის ომბუდსმენი ან პრესის სააპელაციო კომისია დაადგენს.
ძირითადი კანონის, კოდექსისა და პროცესუალური წესების შეცვლა მოითხოვს დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტის ორ მესამედზე მეტის თანხმობას, დასწრებული ან დაუსწრებელი კენჭისყრით. არც ერთი ცვლილება არ შევა ძალაში, ვიდრე სულ მცირე 21 დღით ადრე კომიტეტის წევრებს არ დაურიგდებათ დაბეჭდილი შენიშვნები შემოთავაზებული ცვლილებების თაობაზე.
10. კონტრაქტის შეწყვეტა
10.1. დამფუძნებელი იურიდიული პირების კომიტეტი უფლებამოსილია, პრესის ომბუდსმენთან ყოველი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, გააუქმოს პრესის ომბუდსმენის თანამდებობა და სააპელაციო კომისია.
სარჩელი
სარჩელის განხილვა და განაჩენის გამოტანა ხდება არაფორმალურად. ომბუდსმენმა და მონაწილე მხარეებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველი ღონე უნდა იხმარონ პრობლემის სწრაფი და მეგობრული დარეგულირებისათვის.
ტერმინი „მოსარჩელე“ მოიცავს ნებისმიერ პიროვნებას ან ნებისმიერ ასოციაციას, ადამიანთა ჯგუფს, კორპორაციას, დაწესებულებას, გაზეთს, ორგანიზაციას, საზოგადოებას ან გაერთიანებას, ვისაც სარჩელი შემოაქვს, ან ნებისმიერ ოფიციალურ პირს, რომელიც წერილობით უფლებამოსილია წარმოადგინოს ასოციაცია, ადამიანთა ჯგუფი, კორპორაცია, დაწესებულება, გაზეთი, ორგანიზაცია, საზოგადოება ან გაერთიანება, სარჩელის შეტანისას.
,,მოპასუხე'' მოიცავს ნებისმიერ პიროვნებას, ასოციაციას, ადამიანთა ჯგუფს, კორპორაციას, გაზეთს ან პრეს-მედიის სხვა სახეობას, რომლის წინააღმდეგაც სარჩელია შეტანილი.
პრესასთან დაკავშირებული სარჩელის შემთხვევაში, მოპასუხე უნდა იყოს გაზეთის მფლობელი, რომელიც განხილვაზე მოავლენს მთავარ რედაქტორს.
ომბუდსმენმა არ უნდა მიიღოს სარჩელი:
1. რომელიც ანონიმურია, ან, მისი აზრით, არის: თაღლითური, ფრივოლური, შეიცავს ბოროტ ან უხერხულ განზრახვას.
1.5.3. რომელიც არ შეესატყვისება კოდექსის პირველადი დარღვევის პრეზუმფციას.
სარჩელის მიღებისთანავე, ომბუდსმენმა დაუყოვნებლივ უნდა გადააგზავნოს ის მოპასუხესთან და შეეცადოს პრობლემის დისპუტის მეშვეობით გადაჭრას.
თითოეულ დაპირისპირებულ მხარეს შეუძლია ომბუდსმენის გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვეტილების მიღებიდან შვიდი დღის განმავლობაში, ან საკასაციო კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, გაცილებით ხანგრძლივი დროის შემდეგ.
3. საკასაციო პროცედურა
საკასაციო სარჩელის შეტანის შემდეგ, აპელანტმა შვიდი დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს ომბუდსმენს წერილობითი განცხადება, რომელშიც სრულად იქნება ჩამოყალიბებული აპელაციის მიზეზები.
აპელანტის წერილობითი განცხადების ასლი ომბუდსმენმა განსახილველად უნდა წარუდგინოს მეორე დაპირისპირებულ მხარეს, რომელსაც, თავის მხრივ, შვიდი დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ომბუდსმენის განცხადება, რომელშიც სრულყოფილადაა ჩამოყალიბებული მისი პასუხი აპელანტის განცხადებაზე.
ომბუდსმენმა დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს სააპელაციოს თავმჯდომარეს ორივე წერილობითი განცხადება, აგრეთვე დოკუმენტაცია და მისი გადაწყვეტილების ასლი.
სააპელაციო კომისიის წინაშე წარდგენისას, დაპირისპირებულ მხარეებს ეკრძალებათ იურისტების ან სხვა პირების დასწრება, მაგრამ მათ უფლება აქვთ, თან ახლდეთ მრჩევლები.
5. სააპელაციო კომისიის განაჩენი
ომბუდსმენმა უნდა უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი განაჩენი (გადაწყვეტილება), ამ განაჩენის არგუმენტაცია და/ან სააპელაციო კომისიის მოთხოვნები გადაეგზავნოს აპელანტსა და მოპასუხეს, რომელიც გაატარებს სააპელაციო კომისიის მიერ მიღებულ დირექტივებს და უზრუნველყოფს სააპელაციო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილების რეალიზაციას.
________________________
* იბეჭდება შემოკლებით
![]() |
3.5 რას წარმოადგენს პრესის საბჭო? |
▲back to top |
ესტონეთი
_______________________
პრესის საბჭო არის პრესის მიერვე შექმნილი თვითრეგულირების ორგანო, რომელიც საშუალებას აძლევს პრესასთან უთანხმოებაში აღმოჩენილ მკითხველს, კონფლიქტი სასამართლოს ჩარევის გარეშე მოაგვაროს.
პრესის საბჭო არის წარმომადგენლობითი კრება, რომლის შემადგენლობაში არიან როგორც მედიის, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლები. ესტონეთის პრესის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, რომლებიც მედიისა და საზოგადოების სხვა სექტორების წარმომადგენლები არიან.
ძირითადში პრესის საბჭო იხილავს მკითხველთა საჩივრებს, რომლებიც ბეჭდვით გამოცემებში გამოქვეყნებულ მასალებზე შედის. როგორც წესი, პრესის საბჭოს სხდომები თვეში ერთხელ იმართება. სასამართლოსგან განსხვავებით, პრესის საბჭო საკითხის სწრაფ და უსასყიდლო განხილვას ითვალისწინებს. ესტონეთში პრესის საბჭოს საქმიანობა ფინანსდება ჟურნალისტური გამოცემების თანადგომით.
საჩივრების განხილვისას, პრესის საბჭოს წევრები ხელმძღვანელობენ ჟურნალისტური ტრადიციებით და ესტონეთის ჟურნალისტური ეთიკის კოდექსით. გადაწყვეტილებების გამოტანისას, საბჭო იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინტერესებს, თავისუფლად მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მაგრამ ასევე ითვალისწინებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს ჟურნალისტიკასთან ურთიერთობაში. თავისი გადაწყვეტილებებით საბჭო ქმნის და ამკვიდრებს კეთილ ჟურნალისტურ ტრადიციებს.
მოქალაქემ, რომელიც თვლის, რომ პრესაში გამოქვეყნებულმა მასალამ მას ზიანი მიაყენა, შეიძლება, პრესის საბჭოში მორალური კომპენსაცია მიიღოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კი პრესის საბჭო გადაწყვეტს, რომ გამოცემამ დაარღვია კეთილი ჟურნალისტური ტრადიციები. ასეთ შემთხვევაში, გამოცემა გამოაქვეყნებს შესაბამისს გადაწყვეტილებას.
მომჩივანს საბჭო არ უნიშნავს ფულად კომპენსაციას, საბჭოს ასევე არ გააჩნია უფლებამოსილება, გამოცემას - ჯარიმა ან სხვა სახის სასჯელი დააკისროს. საბჭოს საქმიანობა ძირითადში მის მორალურ ავტორიტეტს ეფუძნება. სერიოზული თვითრეგულირება გაცილებით წარმატებით უზრუნველყოფს კეთილი ჟურნალისტური ტრადიციების დამკვიდრებას, ვიდრე კანონი.
პრესის საბჭო არ იხილავს რეკლამასთან დაკავშირებულ საჩივრებს. ესტონეთში ასეთ შემთხვევებში მიმართავენ რეკლამის საბჭოს, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში ფუნქციონირებს.
პრესის საბჭოს სტატუტი
1. პრესის საბჭო არის თვითრეგულირების ორგანო, რომლის მიზანია, ბეჭდვით მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე შემოსული საჩივრების განხილვა.
2. ჟურნალისტური კონფლიქტების გადაწყვეტისას, საბჭო იცავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინტერესებს - თავისუფლად მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია, მაგრამ ასევე ითვალისწინებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს ჟურნალისტიკასთან ურთიერთობაში. საბჭოს ავტორიტეტი ეფუძნება პრესის მზადყოფნას, ნებაყოფლობით გაითვალისწინოს კეთილი ჟურნალისტური ტრადიციები.
3. პრესის საბჭოსათვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მისი მისამართით გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაციის თაობაზე.
4. როგორც წესი, საჩივრების განსახილველად, პრესის საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ.
5. პრესის საბჭოს შემადგენლობა:
5.1. ესტონეთის გაზეთების კავშირი პრესის საბჭოს შემადგენლობაში იწვევს როგორც პრესის წარმომადგენლებს, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტებს. გაზეთების კავშირი ავლენს საბჭოს 9 წევრს, რომელთაგან 5 პრესის წარმომადგენელია, ხოლო 4 - საზოგადოების. წევრები 2 წლის ვადით ინიშნებიან. პირველი შემადგენლობის როტაცია საქმიანობის დაწყებიდან ერთი წლის ვადაში იწყება.
5.2. პრესის საბჭოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
6.2. პრესის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრეთა ნახევარზე მეტმა. ხმათა თანაბარი განაწილებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა თავმჯდომარის ხმას აქვს.
7. პრესის საბჭოს საქმიანობას აფინანსებენ გაზეთების კავშირის წევრი გამოცემები და სხვადასხვა მედია არხები, რომელნიც მხარს უჭერენ ჟურნალისტიკის თვითრეგულირებას.
8. პრესის საბჭო განიხილავს საჩივრებს, რომლებიც:
ა) წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, თან ახლავს კონკრეტული სტატიის ასლი და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა განმარტებითი დოკუმენტები.
ბ) ეხება მასალებს, რომელთა გამოქვეყნების დღიდან არ არის გასული 3 თვეზე მეტი.
9. პრესის საბჭო არ იხილავს საჩივრებს თუკი:
ა) აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა;
ბ) არ ხერხდება მომჩივანის ვინაობის დადგენა;
გ) საჩივარს არაფერი აქვს საერთო ჟურნალისტური ტრადიციების დაცვასთან.
10. პრესის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს გამამტყუნებელი (თუ კი საბჭო დაადგენს, რომ დაირღვა კეთილი ჟურნალისტური ტრადიციები), ან გამამართლებელი (თუ კი დადგინდა, რომ არ მომხდარა კეთილი ჟურნალისტური ტრადიციების დარღვევა).
11. გაზეთები ვალდებულნი არიან, გამოაქვეყნონ პრესის საბჭოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.