![]() |
აზერბაიჯანული და ბერძნული მოსახლეობა საქართველოში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევის ანგარიში|საქართველოს გაეროს ასოციაცია |
საავტორო უფლებები: © საქართველოს გაეროს ასოციაცია |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: UNHCR United Nations High Commissioner for Refugees გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი AZERBAIJANI AND GREEK POPULATIONS IN GEORGIA JANUARY – SEPTEMBER, 2003 UNAG United Nations Association of Georgia საქართველოს გაეროს ასოციაცია კვლევა მამუკა კომახია რედაქტირება ერეკლე გლურჯიძე თარგმანი ნინო ხაინდრავა თეა კვირიკაშვილი ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში მცხოვრები ბერძნული და აზერბაიჯანული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. სახელმწიფო ენის არცოდნა მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში აზერბაიჯანული და ბერძნული მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას ქვეყნის სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. აზერბაიჯანული და ბერძნული მოსახლეობის ინტეგრაციის მიზნით კვლევის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები. ანგარიში მომზადდა საგასა და გლუკის ერთობლივი პროგრამის „საქართველოს ლტოლვილთა საბჭო” ფარგლებში და გამოქვეყნდა 2003 წელს ქართულ და ინგლისურ ენებზე. |
![]() |
1 შენიშვნა |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევაში მოცემულ ინფორმაციას აქვს შიდა მოხმარების დანიშნულება და გამიზნულია თავშესაფრის საკითხებსა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციაზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის. კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ეთანხმებოდეს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის აზრს.
![]() |
2 აზერბაიჯანული მოსახლეობა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2002 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანელები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო წლებში აზერბაიჯანელების რაოდენობა ქვეყანაში შემცირდა, ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში მათი პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანელთა ემიგრაცია განპირობებული იყო როგორც სოციალურ ეკონომიკური ფაქტორებით, ისე 90-იანი წლების დასაწყისში გამეფებული ნაციონალიზმით.
დღეისათვის ემიგრაციის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების მიღების მიზნით აზერბაიჯანსა და რუსეთში ემიგრაცია. ამას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ ქვემო ქართლის რეგიონში1 კომპაქტურად მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა არ იციანსახელმწიფო ენა და ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მიღება არ შეუძლიათ.
სახელმწიფო ენის არცოდნა განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის. ეს ფაქტორი საინფორმაციო ვაკუუმს განაპირობებს. ამგვარი ვაკუუმის არსებობა კი,თავის მხრივ, ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის საინფორმაციო იზოლაციას იწვევს.
ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო უცხოეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტების ფულადი გზავნილები, მცირე ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისაგან მიღებული შემოსავალია. ამ მხრივ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე გამეფებული კორუფცია მცირე ბიზნესისა თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციისათვის შემაფერხებელი ფაქტორია.
______________________
1. ქვემო ქართლის რეგიონში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებული რაიონებია, რის გამოც საქართველოში აზერბაიჯანელთა პრობლემების შესწავლისათვის მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ქვემო ქართლის რამდენიმე რაიონში ვიზიტი. ამ მიზნით საგას თანამშრომლებმა 2003 წლის 6 და 11 ივნისს გარდაბანსა და მარნეულში შეხვედრები გამართეს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებთან. თბილისში კი შეხვედრები გაიმართა თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან. რესპოდენტების შერჩევის დროს სრულყოფილი სურათის შექმნის მიზნით მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რესპოდენტები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ყოფილიყვნენ. მაგალითად: საჯარო სამსახური, არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების სფერო, მასმედია, კულტურის სფერო...
![]() |
2.2 განსახლება და მიგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანელები საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა. ისინი საქართველოში ძირითადად კომპაქტურად არიან დასახლებული. ამ მხრივ გამოირჩევა სამხრეთაღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინცია - ქვემო ქართლი.1 აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებია საქართველოს სხვა ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციებშიც: კახეთი, შიდაქართლი, თიანეთი. ქალაქებიდან ისინი ძირითადად თბილისსა და რუსთავში ცხოვრობენ. აზერბაიჯანული მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის მოსახლეობას შეადგენს.აზერბაიჯანელთა დიდი ნაწილი ისლამის შიიტურ მიმდინარეობას აღიარებს, თუმცა ასევე არიან სუნიტებიც.2
საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობა საბჭოთა კავშირის პერიოდში შობადობის მაღალი მაჩვენებელით გამოირჩეოდა, რაც ყოველწლიურად საერთო მოსახლეობაში მათი პროცენტული რაოდენობის ზრდას განაპირობებდა. მაგალითად, თუ 1989 წელს ყოველ ათას ქართველზე 16 ბავშვი დაიბადა, ყოველ ათას აზერბაიჯანელზე - 28.6 ბავშვი. საქართველოს იმ რაიონებში, სადაც აზერბაიჯანელები სახლობენ, შობადობა 1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბევრად მეტი იყო, ვიდრე აზერბაიჯანში.3
აზერბაიჯანელების რაოდენობა ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 30 წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა. თუ 1959 წელს აზერბაიჯანელების რაოდენობა 153 600 კაცი იყო (რაც მთლიანი მოსახლეობის 3.8%-სშეადგენდა), 1979 წელს მათი რაოდენობა 255 700-მდე გაიზარდა (5.1%), 1989 წელს კი - 307 600 გახდა (5.7%).4
1989 წლის აღწერის მიხედვით თბილისში 18 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობდა. საქართველოს რაიონებიდან კი აზერბაიჯანელებიუმრავლესობას წარმოადგენდნენ: მარნეულში - 91 923 (76.3%), ბოლნისში - 53 808 (66.0%), დმანისში - 33 107 (63.9%).
1989 წლის აღწერის მიხედვით აზერბაიჯანელები რაოდენობით მეორე ეთნიკური ჯგუფი იყო საქართველოს შემდეგ რაიონებში: გარდაბანი - 48 781 (42.5%), საგარეჯო - 15 804 (26.3%), ლაგოდეხი - 9 683 (17.9%), თელავი - 7 094 (9.1%), ხულო - 27 (0.1%).
1989 წლის აღწერის მიხედვით აზერბაიჯანელები რაოდენობით მესამე ეთნიკური ჯგუფი იყო საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ქ. რუსთავი - 11 576 (7.3%), კასპი - 2 872 (5.2%), წალკა - 2 281 (5.1%), მცხეთა - 2 199 (4.0%), ქარელი - 1 426 (2.8%), ჩხოროწყუ - 85 (0.3%), დედოფლისწყარო - 42 (0.1%), ამბროლაური - 28 (0.2%), მესტია - 18 (0.1%), ცაგერი - 14 (0.1%), ლენტეხი - 13 (0.1%).5
2002 წლის 17-24 იანვარს საქართველოში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანელთა რაოდენობა ოფიციალური მონაცემების მიხედვით შემცირდა და ახლასაქართველოში 284 761 აზერბაიჯანელი ცხოვრობს, მათმა პროცენტულმა მაჩვენებელმა საქართველოს მთელ მოსახლეობაში მოიმატა და უკანასკნელი აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანელები მოსახლეობის 6.5%-ს შეადგენენ.6 თუკი 1989 წლის აღწერის მიხედვით აზერბაიჯანელები საქართველოში რაოდენობის მიხედვით ეროვნულუმცირესობებს შორის სომხებისა და რუსების შემდეგ მესამე ადგილზე იყვნენ, ამჟამად ისინი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა.7
საქართველოში აზერბაიჯანელების და ზოგადად ეროვნული უმცირესობების რაოდენობის შემცირება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, მათი ემიგრაციით არის განპირობებული. 90- იანი წლების დასაწყისისთვის მიგრაციის გამომწვევი მიზეზები იყო ქვეყანაში გამეფებული ნაციონალიზმი და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები.
საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების მოთხოვნის ფონზე ქვეყანაში გაჩნდა ნაციონალისტური ლოზუნგებიც, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ღია თუ ფარული შევიწროება მოჰყვა. იმდროინდელი პოლიტიკური ლიდერების პატრიოტული რიტორიკა, ხშირად ნაციონალიზმშიც გადადიოდა, რაც არაქართულ მოსახლეობაში შიშს წარმოშობდა. ამის გამო, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები შეიძლება არ განიცდიდნენ უშუალო შევიწროებას, მაგრამ გაურკვეველი მომავლისა და შიშის ფაქტორი მათ ემიგრაციულ განწყობაზე მოქმედებდა.
აზერბაიჯანული მოსახლეობის შევიწროების ფაქტები ძირითადად ქვემო ქართლში მდებარე რაიონებში დაფიქსირდა, სადაც დიდი იყოაზერბაიჯანული მოსახლეობის რაოდენობა. ნაციონალისტურილოზუნგების ფონზე ზოგიერთი სამსახურიდან ათავისუფლებდნენაზერბაიჯანელებს, იყო აზერბაიჯანელთა სახლების აფეთქების შემთხვევებიც. აზერბაიჯანელებისადმი განსაკუთრებული აგრესია შეიმჩნეოდა ბოლნისში, სადაც ძლიერი იყო ნაციონალისტურადგანწყობილი ჯგუფების გავლენა. დღეისათვის აზერბაიჯანელები ბოლნისის რაიონულ ცენტრში ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ.
ქვეყანაში ნაციონალისტური განწყობილების მომძლავრების შიშით ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებში აზერბაიჯანული მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა სახლები გაეყიდა და ემიგრაციაში წასულიყო.8
ნაციონალისტური სენტიმენტების ზრდის ფონზე აზერბაიჯანელებითდასახლებულ რაიონებში შეიქმნა გარკვეული დაძაბულობა. ბოლნისსა და მარნეულში აზერბაიჯანულ და ქართულ მოსახლეობას შორის მოხდა რამდენიმე შეტაკებაც. გაიჟღერა „ბორჩალოს9 ავტონომიის“ მოთხოვნამაც, მაგრამ ამ მოთხოვნას სერიოზული გაგრძელება არ მოჰყოლია. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ავტონომიურ ერთეულებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დაწყებული ეთნოკონფლიქტების გამო ხელისუფლება მოერიდა საქართველოს კიდევ ერთ რაიონში დაძაბული კერის შექმნას და ქვემო ქართლში ვითარება ჩაწყნარდა. ამის შემდეგ ქვემო ქართლში მსგავსი მოთხოვნები ღიად არ გაჟღერებულა.10
90-იანი წლების დასაწყისში ემიგრირებულ აზერბაიჯანელთა ძირითადი ნაწილი (60%) სოფლის მოსახლეობა იყო. საქართველოდან 1992 წელს გასული აზერბაიჯანელების მეოთხედზე მეტი რუსეთის ფედერაციაში მიდიოდა საცხოვრებლად, ხოლო დანარჩენი აზერბაიჯანში.11
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ და ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლით ვითარება შეიცვალა. საქართველოში დაბრუნებისთანავე შევარდნაძემ უარი თქვანაციონალისტურ პოლიტიკაზე. აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, შევარდნაძისა და ალიევის ახლო მეგობრობის ფონზე, საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობისხელისუფლებისადმი ნდობა აღდგა. თუმცა, ნაციონალისტურიპოლიტიკის დაგმობის მიუხედავად, აზერბაიჯანულ მოსახლოებაში კვლავ არსებობს ნაციონალიზმის დაბრუნების შიში. დღეისათვის მიგრაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი სოციალურ-ეკონომიკურიხასიათისაა, რის გამოც მოსახლეობა ემიგრაციაში ძირითადად რუსეთში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მიდის.
________________________
1. ქვემო ქართლის რეგიონში 6 რაიონი შედის: ბოლნისი, გარდაბანი, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული და წალკა. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხ: www.parliament.ge/GENERAL/stat/regions/ekkartli.htm.
2. იხ: Ethnic Minorities, www.parliament.ge/GENERAL/C_D/ethnic.html.
3. ანზორ თოთაძე, „საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა“, გაზეთი ერი, 22 (4283), 22 მაისი, 1991; საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დემოგრაფიული ვითარების შესახებ ასევე იხ: ანზორ თოთაძე, „ვინ რამდენნი ვართ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის საქართველოში.“, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 204 (4583), 3 აგვისტო, 2003; ანზორ თოთაძე, „ვინ რამდენნი ვართ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის საქართველოში.“, საქართველოს რესპუბლიკა, 206 (4585), 5 აგვისტო, 2003; ანზორ თოთაძე, «დემოგრაფიული ვითარება საქართველოში და ქვეყნის დემოგრაფიული უშიშროება“, სამეცნიერო ჟურნალი დემოგრაფია, 1 (2), 2000, 21-26; გერა მამულაშვილი, მალხაზ გაგუა, „50 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა განახევრდება”, გაზეთი რეზონანსი, 202 (3043), 25 ივლისი, 2003; З. Велиханова, Н. Алиев, „11 миллионов 600 тысяч граждан Азербайджана“, ЭХО, 138(630), 24 Июля, 2003. საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში მაღალი შობადობა 90- იანი წლების დასაწყისში ნაციონალისტურად განწყობილი ძალების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. აზერბაიჯანელებში შობადობა ქართულ, ისევე როგორც სხვა ეთნოსებთან შედარებით შესამჩნევად მაღალი იყო. პრესაში იწერებოდა სტატიები, სადაც შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბოლო ათწლეულებში აზერბაიჯანული მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო.
4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული - 2001, 37-38.
5. „საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მოსახლეობის 1979 და 1989 წლების აღწერის მიხედვით“, ერი, 22 (4283), 22 მაისი, 1991.
6. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან შეხვედრისას ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს ოფიციალურ სტატისტიკაში აზერბაიჯანელთა შემცირებული რაოდენობა ასახოს. ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სახელმწიფოს შიში, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა საკუთრებაში არ მიიღონ მიწები. 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ძლიერი იყო ნაციონალისტური განწყობილება, საზოგადოებაში იყო მოსაზრება, რომ აზერბაიჯანული მოსახლეობის სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით სწრაფი ბუნებრივი მატების პირობებში, აზერბაიჯანელები მეტ მიწებს მოითხოვდნენ და მიწების გარკვეული ნაწილი არაქართველების ხელში აღმოჩნდებოდა. გარდა ამისა, ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სახელმწიფოს მცდელობა შეზღუდოს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა თუ ცენტრალური მმართველობის ორგანოებში. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა თვითშეფასებით, აზერბაიჯანელთა რაოდენობა 350 ათასს აჭარბებს. სახელდება უფრო მაღალი ციფრებიც.
7. ეს ძირითადად განპირობებულია სომხებისა და რუსების ემიგრაციით. ემიგრაცია აზერბაიჯანულ მოსახლეობაშიც არის, თუმცა მათში შობადობა სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით შესამჩნევად მაღალია. 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით საერთო მოსახლეობაში რაოდენობის მიხედვით ეროვნული უმცირესობებები შემდეგნაირად განაწილდა: აზერბაიჯანელები - 284 761 (6.5%), სომხები - 248 929 (5.7%), რუსები - 67 671 (1.5%): საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი №14-03/66, 24.06.03; 1989 წლის აღწერის თანახმად რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზე იყვნენ სომხები - 437.2 (8.1%), რუსები - 341.2 (6.3%), აზერბაიჯანელები - 307.6 (5.6%): საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული - 2001, 37-38.
8. ქვემო ქართლის რაიონებში აზერბაიჯანელების მიერ სახლების გაყიდვის შესახებ იხ: თომა გუგუშვილი, საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები, თბილისი, 1998, 70,74,75.
9. აზერბაიჯანელები ქვემო ქართლის რეგიონს ზოგჯერ ბორჩალოდაც მოიხსენიებენ. ბორჩალო ისტორიული მხარეა ქვემო ქართლში. სახელწოდება მოდის დებედის ხეობაში XVII საუკუნის დასაწყისში ჩასახლებული თურქმანული ტომის ბორჩალუსაგან: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, თბილისი, 1977, იხილეთ სიტყვა „ბორჩალო.“
10. „ბორჩალოს ავტონომიის“ საკითხმა 1980-იანი წლების მიწურულს გაიჟღერა, როდესაც ერებს შორის ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა წარმოიქმნა. ავტონომიის იდეის ავტორები ნაციონალისტურად განწყობილი ჯგუფები იყვნენ, რომლებსაც მოსახლეობაში მხარდაჭერა არ ჰქონიათ. წარმოქმნილი აჟიოტაჟის შენელების შემდეგ ამ საკითხზე ღია საუბარი აღარ მიმდინარეობს და პრაქტიკულად ავტონომიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ნებისმიერი განცხადება ავტონომიის მოთხოვნის შესახებ ადგილობრივმოსახლეობაში ნეგატიურ რეაქციას იწვევს, მსგავსი იდეის ავტორები კი პროვოკატორებად ცხადდებიან.
11. რევაზ გაჩეჩილაძე, მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, სადისკუსიო წერილების სერია, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა, საქართველო, თბილისი, 1997, 37.
![]() |
2.3 განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ მოსახლეობას საქართველოში შეუძლია საშუალო განათლების მშობლიურ ენაზე მიღება და ამ მხრივ ისინი რაიმე შეზღუდვასა და დისკრიმინაციას არ განიცდიან. უკანასკნელ ათწლეულში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რაოდენობა უმნიშვნელო რაოდენობით შემცირდა. ზოგადად არაქართულენოვანი სკოლების შემცირების ძირითადი მიზეზი მოსწავლეების არასაკმარისი კონტიგენტია. მაგალითად, 1996 წელს საქართველოში 165 აზერბაიჯანულენოვანი სკოლა იყო, 2002 წელს კი მათი რიცხვი 164 გახდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამავე პერიოდში მოსწავლეების რაოდენობა 8 ათასით შემცირდა. თბილისში არსებული 2 აზერბაიჯანულენოვანი სკოლიდან 1 სუფთა აზერბაიჯანულია და 1 შერეული.1 შერეულ სკოლებში ერთი და იგივე შენობაში განთავსებულია აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი სკოლა, რაც მოსწავლეთა არასაკმარისი კონტიგენტით არის განპირობებული. სუფთააზერბაიჯანულენოვან სკოლაში კი, მხოლოდ აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა განთავსებული.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლების ძირითადი პრობლემა სახელმძღვანელოებით მომარაგებას უკავშირდება.2 საქართველოშისასწავლო წიგნები ფასიანია და ყველა ეროვნების სკოლის მოსწავლე იძულებულია წიგნი შეიძინოს, რაც ისედაც მძიმე სოციალურეკონომიკურ პირობებში მყოფი მოსახლეობისათვის მძიმე ტვირთია. უნდა აღინიშნოს, რომ დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებით აზერბაიჯანულენოვან სკოლებს აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო ეხმარება.3 თუმცა, აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ გაწეული დახმარების მიუხედავად, აზერბაიჯანულენოვანი
სკოლებისათვის სახელმძღვანელოების რაოდენობა არასაკმარისია. ასევე არსებობს აზერბაიჯანულენოვანი სკოლების რეაბილიტაციის პრობლემა,4 თუმცა ეს პრობლემა საქართველოში ყველა სკოლისათვის არის დამახასიათებელი.
აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას ბავშვები როგორც აზერბაიჯანულენოვან სკოლებში, ისე რუსულენოვანში შეჰყავს. მათ, ვინც რუსეთში არიან სწავლის გაგრძელებასა და საქმიანობაზეორიენტირებულნი, ბავშვები რუსულენოვან სკოლებში შეჰყავს. ბოლოპერიოდში შეინიშნება აზერბაიჯანელი ბავშვების ქართულენოვან სკოლებში შეყვანის ფაქტებიც. თუმცა, ამ მხრივ არის შემაფერხებელიფაქტორიც. იმ აზერბაიჯანელებს, რომლებიც მორწმუნე მუსლიმები არიან, არ სურთ მათმა შვილებმა ქართულენოვან სკოლებში რელიგიისგაკვეთილები მოისმინონ, რომელიც ძირითადად ქრისტიანულ რელიგიას ეხება.
საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების მსურველ აზერბაიჯანელებს უპირველეს ყოვლისა პრობლემას უქმნის სახელმწიფო ენის არცოდნა. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აზერბაიჯანულენოვანი სექტორი მხოლოდ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტშია, სადაც აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისათვის პედაგოგებს ამზადებენ.რუსული ენის მცოდნე აზერბაიჯანელებს კი საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში არსებულ რუსულენოვან სექტორებზე შეზღუდული რაოდენობის სპეციალობების მიღება შეუძლიათ. უმაღლესი განათლების მიღების მსურველები ძირითადად აზერბაიჯანისა და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიდიან, რაც ახალგაზრდა თაობის დროებით ემიგრაციას განაპირობებს. თუმცა, უმაღლესი სასწავლებლების დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები ცდილობენ ადგილზევე იშოვონ სამუშაო, რაც ფაქტობრივად მათ მუდმივ ემიგრაციას იწვევს.
განათლების მიღების სურვილით გამოწვეული მიგრაცია და შემდეგ სამუშაოდ უცხო ქვეყანაში წასვლა, საქართველოში აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი სპეციალისტების ნაკლებობასაც განაპირობებს.
_________________
1. არაქართულენოვანი სკოლები საქართველოში, საქართველოს განათლების სამინისტროს 2002 წლის მონაცემები.
2. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანული სკოლებისათვის მნიშვნელოვანია მშობლიური, ანუ აზერბაიჯანის ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლების საკითხი. აზერბაიჯანულ მოსახლეობაში ამ საგნების შესწავლის სურვილის მიუხედავად, სკოლებში მათი სწავლება არ ხდება, რადგან საკითხი განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩევა. იქიდან გამომდინარე, რომ ორი ქვეყნის ისტორიკოსები თუ გეოგრაფები ზოგიერთ შემთხვევაში ერთი და იგივე საკითხებს განსხვავებულ შეფასებებს აძლევენ, მათი სწავლება ოფიციალურ დონეზე არ არის ნებადართული.
3. ამ საკითხზე იხ: Zulfugar Agayev, “Ethnic Azeris in Georgia receive free textbooks from Azerbaijan”, Brosse Street Journal, 20 July 2003.
4. „ინტერვიუ საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაჯან გაჯიევთან.“ იხ: გაზეთი Многонациональная Грузия, 2 (18), Май, 2002.
![]() |
2.4 სახელმწიფო ენის ცოდნა |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ყველაზე მწვავე პრობლემაა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის, აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში. საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა მეტნაკლებად იციან ქართული ენა. თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელების უმრავლესობა კი ქართულ ენას დამაკმაყოფილებლად ფლობს. ეს განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით: თბილისში აზერბაიჯანელები შედარებით მცირე რაოდენობით არიან და ისინი უფრო ინტეგრირებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში. მათ ყოველდღიურად ყოფით თუ პროფესიულ დონეზე ურთიერთობა აქვთ ქართულენოვან მოსახლეობასთან, არის ქართული ენის სწავლისათვის პრაქტიკა, რაც ხელს უწყობს თბილისელი აზერბაიჯანელების მიერ სახელმწიფო ენის ცოდნას. ბოლო წლებში ასევე შეიმჩნევა ქართულენოვან სკოლებში აზერბაიჯანელი ბავშვების შეყვანა.
სახელმწიფო ენის ცოდნის მხრივ ყველაზე რთული ვითარება ქვემო ქართლშია, სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის სახელმწიფო ენა.1
საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში საქართველოში ეთნოსებს შორის ურთიერთობისათვის ძირითადი ენა რუსული იყო. აზერბაიჯანული მოსახლეობის გარკვეული ნაწილი განათლებას რუსულენოვან სკოლებში იღებდა. საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის ათვისრუსული ენის სწავლა გაცილებით უფრო პრაქტიკული იყო, რადგან რუსული ენის ცოდნა საბჭოთა კავშირის მასშტაბით განათლებისა და სამუშაოს მიღების პერსპექტივას იძლეოდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანული მოსახლეობა, ისევე როგორც სხვა ეროვნული უმცირესობები, განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდა. ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსულინელ-ნელა კარგავს მნიშვნელობას. მსგავს ვითარებაში, აზერბაიჯანულიმოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნამ ხელი შეუწყო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან მათ იზოლაციას.
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო ენის არცოდნა იწვევს საინფორმაციო ვაკუუმს, ხელს უშლის აზერბაიჯანელებს საქართველოს სხვა რეგიონებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში.საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ქვემო ქართლის სოფლებში აზერბაიჯანელების ახალგაზრდა თაობა მხოლოდ აზერბაიჯანულად საუბრობს. მათ სულ უფრო უჭირთ რუსულ ენაზე საუბარი, რაც სახელმწიფოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან მათ იზოლაციას კიდევ უფრო აღრმავებს.
ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფოს მიერ საკუთარი არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის შესწავლაში მხარდაჭერას, თუმცა ამ მხრივ სერიოზული პრობლემები არსებობს. საქართველოს დედაქალაქთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო ენის არცოდნა აზერბაიჯანელების სრულ საინფორმაციო ვაკუუმს იწვევს.2 ქვემო ქართლის აზერბაიჯანულ დასახლებებში ადგილობრივი ხელისუფლებათუ სხვა სახელმწიფო ორგანოები საქმის წარმოებას ძირითადად რუსულად ახორციელებენ, როგორც ეს საბჭოთა კავშირის პერიოდშიიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმის წარმოება ქართულ ენაზე უნდა მიმდინარეობდეს, არსებული რეალობის გათვალისწინებით იქ, სადაც ქართულ ენაზე არასაკმარისად საუბრობენ, საქმის წარმოება რუსულ ან ეროვნული უმცირესობის ენაზე მიმდინარეობს. მსგავსი მდგომარეობაა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში.
სახელმწიფოს ძალისხმევა, რეგიონის აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას სახელმწიფო ენა შეასწავლოს, არაეფექტურია. სახელმწიფო ენის პალატის ორგანიზებით რეგიონში სახელმწიფომოხელეებისათვის ჩატარდა ენის შემსწავლელი კურსები, მაგრამ ორი წლის განმავლობაში კურსებს მხოლოდ 120 ადამიანი დაესწრო. პრეზიდენტის სპეციალური პროგრამით გამოყოფილი დამატებითი თანხები არაქართულენოვან სკოლებში ქართულის სწავლებაზე მასწავლებლებს მათ ხელფასზე დამატების სახით 50-დან 100 ლარამდე სთავაზობს, მაგრამ მასწავლებლების საკმარისი რაოდენობის მოზიდვა მაინც ვერ მოხერხდა.
ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართული ენის სასწავლებლად მივლენილმა მასწავლებლებმა არ იციან აზერბაიჯანული ენა, ხოლო მოსწავლეებმა არ იციან ქართული, რაც მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის პრობლემას წარმოშობს. გარდა ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა ქართული ენის მასწავლებლების არაკვალიფიციურობას უჩივის.3
აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოსსაკანონმდებლო ორგანოსა და საზოგადოებაში მიმდინარე დებატები.ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო უნდა იყოს ყველა მოქალაქისათვის, რაც აზერბაიჯანელებს დღევანდელ რეალობასთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ.4 საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიერ სახელმწიფო ენისცოდნის აუცილებლობას მხარს უჭერს აზერბაიჯანიც, თუმცა აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნისათვის გარკვეული პერიოდი უნდა დაწესდეს, მანამდე კი ადგილობრივი საქმისწარმოება ეროვნული უმცირესობით დასახლებულ რაიონებში ეროვნული უმცირესობის ენაზე წარიმართოს.5
აზერბაიჯანულ მოსახლეობას კანონში სახელმწიფო მოხელისათვის სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებელ მოთხოვნად აღნიშვნა გაუმართლებლად მიაჩნია. თუ კანონი ამგვარი ფორმით მიიღეს, აზერბაიჯანელთა აზრით, ეს მათ წინააღმდეგ გადადგმული დისკრიმინაციული ნაბიჯი იქნება.6 მსგავსი განწყობილება ყველა იმ რაიონში შეინიშნება, სადაც არაქართული მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს და მათ სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა აქვთ.
__________________
1. ქვემო ქართლისაგან განსხვავებით შიდა ქართლში, სადაც აზერბაიჯანელებისკომპაქტური დასახლებაა, მოსახლეობამ კარგად იცის ქართული ენა, რაც განპირობებულია როგორც მათ მიერ ქართულ სკოლებში განათლების მიღებით, ასევე ქართულენოვან მოსახლეობასთან ხშირი კონტაქტებით.
2. საინფორმაციო ვაკუუმის არსებობის გამო მოსახლეობა გაუთვითცნობიერებულია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ამ მხრივ ნიშანდობლივია მოარული ისტორია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დროს აზერბაიჯანული ეროვნებისამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელს ეძებდა.
3. ამ საკითხზე იხ: Zaza Baazov, „Georgian Azeris locked out by language“, CRS, 145, 5 September 2002.
4. სულეიმან სულეიმანოვი, საქართველოს აზერბაიჯანელთა კავშირის თავმჯდომარე, კონფერენცია: საქართველო-მრავალეროვანი სახელმწიფო, თბილისი, 4-5 მარტი, 2002,19.
5. „ინტერვიუ საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაჯან გაჯიევთან“, იხ: Многонациональная Грузия,№2 (18), Май, 2002.
6. Zaza Baazov, "Georgian Azeris locked out by language", CRS, 145, 5 September 2002.
![]() |
2.5 კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანელთა კულტურული ცხოვრების განვითარებისათვის ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი ფინანსური ხასიათისაა. ეს პრობლემა საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის არის დამახასიათებელი. საქართველოში არსებობს აზერბაიჯანულიკულტურის სახლი, მოღვაწეობს ფოლკლორული ანსამბლები, გაიხსნა ცნობილი აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეების მ.ფ. ახუნდოვის, ნ. ნარიმანოვის, ჯალილ მამედყულიზადეს სახლ-მუზეუმები. ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აზერბაიჯანელთა კულტურული ცხოვრების განვითარებაზე ზრუნავენ.თბილისში ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრი, რომელიც 1990 წელს ქვეყანაში გამეფებული ნაციონალიზმის პერიოდში დაიხურა და მხოლოდ 1996 წელს აღდგა. ცენტრი მწირ დაფინანსებას დედაქალაქის მერიის ბიუჯეტიდან იღებს.
ცენტრი აზერბაიჯანული ინტელიგენციის შეხვედრის ადგილია, სადაც ყოველთვიურად შემოქმედებითი საღამოები იმართება.1 თუმცა, უნდააღინიშნოს, რომ კულტურის სფეროში მოღვაწეთა დიდი ნაწილი ძირითადად აზერბაიჯანში მიდის ემიგრაციაში, სადაც მათი შემოქმედებითი საქმიანობისათვის მეტი გასაქანია.
ბოლო წლებში სახელმწიფოს ხელშეწყობით აზერბაიჯანელი საზოგადო მოღვაწეების სახლ-მუზეუმებიც გაიხსნა. თუმცა, სახლ-მუზეუმებისდაარსების შემდეგ სახელმწიფო მათ ფინანსურად ვერ ეხმარება და სახლ-მუზეუმებიც პრაქტიკულად სრულყოფილად არ ფუნქციონირებენ. სახელმწიფოს მიერ გადადგმულ მსგავს ნაბიჯს უფრო პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი აზერბაიჯანული მოსახლეობისა და აზერბაიჯანისადმი გამოვლენილ დადებით ჟესტად შეიძლება მივიჩნიოთ. მსგავსი დატვირთვა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებას ქ. თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული თეატრის აღორძინების შესახებ. ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანის თეატრალურ ინსტიტუტებში უკვე მომზადებულია თეატრისათვის დასი, თუმცა არასაკმარისი ფინანსებისა და შენობის საკითხის მოუგვარებლობის გამო, ვერ ხერხდება თეატრის ამოქმედება.2
____________________________
1. Мамед Мамедов, „Мост дружбы и братства“, Многонациональная Грузия,4 (20), Август, 2002 год.
2. ძველი თეატრის შენობაში ამჟამად სხვა დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელიც ახალი შენობის გამოყოფის სანაცვლოდ, თანახმაა შენობა თეატრს დაუთმოს.
![]() |
2.6 მასმედია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში აზერბაიჯანული მოსახლეობის პრობლემებიდან ერთერთი ყველაზე მწვავე მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიღების საკითხია.სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს აზერბაიჯანული მოსახლეობისათვისმშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდებას, მაშინ როდესაცაზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში, პრაქტიკულად არ ფლობენ სახელმწიფო ენას.
საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანელებისათვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო აზერბაიჯანულენოვანი რადიორედაქცია იყო, რომელიც სახელმწიფო რადიოში 1956 წელს დაარსდა. თუმცა, 2000 წლიდან შეწყდა შიდა მაუწყებლობა და ამჟამად აზერბაიჯანულენოვანი რადიორედაქციის გადაცემების მოსმენა მხოლოდ ქვეყნის გარეთ შეიძლება. საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანულენოვანი რადიოგადაცემები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისათვის ინფორმაციის მიწოდების ეფექტური საშუალება იყო. ქვემო ქართლის მოსახლეობას მშობლიურ ენაზე მიეწოდებოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე. ქვეყნის ტერიტორიაზე გადაცემების ტრანსლიაციის შეჩერების შემდეგ კი, ქვემო ქართლის მოსახლეობა სრულ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის რეგიონი დედაქალაქთან ახლოს მდებარეობს, მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის ინფორმირებული დედაქალაქში მიმდინარე პროცესებზე, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ ვითარებაზე. ყოველივე ეს ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის საინფორმაციო იზოლაციას განაპირობებს.
სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე მხოლოდ ერთი ყოველდღიური რუსულენოვანი საინფორმაციო გადაცემა გადის, რომელიც მხოლოდოფიციალურ პოზიციას გამოხატავს და ცალხმრივად აწვდისმოსახლეობას ინფორმაციას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვემო ქართლის სოფლებში მცხოვრები აზერბაიჯანელები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა, სულ უფრო ცუდად საუბრობს რუსულად და მათთვის ერთადერთი გასაგები ენა მშობლიურია, რაც ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან მათ იზოლაციას უფრო აღრმავებს.
აზერბაიჯანული ტელევიზიის მოსმენა მხოლოდ თბილისის ზოგიერთ უბანში შეიძლება, თუმცა, თბილისში მცხოვრებმა აზერბაიჯანელების უმრავლესობამ კარგად იცის ქართული და რუსული ენები და მათ ქართული და რუსულენოვანი გადაცემების მოსმენაც შეუძლიათ. აზერბაიჯანული ტელევიზიის ტრანსლიაცია ხორციელდება ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც საქართველოს მოსაზღვრე აზერბაიჯანის ერთ-ერთ რეგიონში აზერბაიჯანის კავშირგაბმულობის სამინისტროს მიერ დაყენებული გადამცემი საშუალებით, სპეციალური ანტენებისმეშვეობით, რამდენიმე აზერბაიჯანული არხის მოსმენა შეიძლება. აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მიღების საშუალება გაზეთი „გურჯისტანია“, რომელიც ყოველკვირეულად გამოდის. გაზეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და იგი მხოლოდ სახელმწიფოპოზიციას გამოხატავს. გარდა ამისა, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელების განცხადებით, გაზეთში მოყვანილი ცნობები მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს ქვემო ქართლის მოსახლეობის მოთხოვნილებებს.1
„გურჯისტანის“ გარდა აზერბაიჯანულ ენაზე არსებობს გაზეთი „ახალი აზროვნება“. გაზეთი 2001 წლის 27 აგვისტოდან საქართველოში მოღვაწე კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით გამოდიოდა. გაზეთში გამოქვეყნებული სტატიების გამო, რომელიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავდა, გაზეთს 2002 წლის მაისიდან დაფინანსება შეუწყდა. გაზეთი ხელახლა გამოსვლას იწყებს 2003 წლის იანვრიდან, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო გაზეთი შეფერხებით გამოდის.
__________________
1. აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მიღების საკითხზე იხილეთ: Zulfugar Agayev, "Georgia`s Azeris want media in their language", Baku Sun, Vol. 6, No. 13, 11-17 April 2003.
![]() |
2.7 სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანელებით დასახლებული ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოს სხვა რაიონებთან შედარებით ეკონომიკურად სრულიად უზრუნველყოფს საკუთარ მოთხოვნილებას. თბილისში მცხოვრებიაზერბაიჯანელების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კი დედაქალაქის მოსახლეობის საერთო მდგომარეობის მსგავსია. სომხებით დასახლებული ჯავახეთის რეგიონისაგან განსხვავებით ქვემო ქართლი დედაქალაქთან გეოგრაფიულად ახლოს მდებარეობს. ქვემო ქართლის რაიონულ ცენტრებსა და დედაქალაქს შორის დამაკავშირებელი საკომუნიკაციო საშუალებები ისეთივე მდგომარეობაშია, როგორც მთელ საქართველოში. მოძველებულია ანმწყობრიდან არის გამოსული საირიგაციო სისტემებიც, რაც სოფლის მეურნეობით დასაქმებული რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ანალოგიური ვითარებაა საქართველოს სხვა რეგიონებშიც. რეგიონში არსებული საბჭოთა კავშირის დროინდელი საწარმოებისაბსოლუტური უმრავლესობა ან გაჩანაგებულია ან მცირე დატვირთვით მუშაობს, რის გამოც დაუსაქმებელია მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა, რაც ქვეყნის გარეთ მათ შრომით ემიგრაციას უწყობს ხელს.
ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყაროა ის ფულადი გზავნილები, რომელსაცძირითადად რუსეთსა და აზერბაიჯანში წასული შრომითი მიგრანტებითავისი ოჯახის წევრებსა თუ ახლო ნათესავებს უგზავნიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი გზავნილები ზოგადად საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.1
ქვემო ქართლის მოსახლეობისათვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა სოფლის მეურნეობა. ნამატი პროდუქცია ადგილობრივ მოსახლეობას რეგიონის გარეთ არსებულ სასოფლოსამეურნეო ბაზრებზე გააქვს, ძირითადად თბილისში, რაშიც მოსახლეობაგარკვეულ პრობლემებს აწყდება. ამ მხრივ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მოვაჭრეთათვის ყველაზე სერიოზული ბარიერი რეგიონსა და დედაქალაქის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე გამეფებული კორუფციაა.
ავტოინსპექცია თუ სხვა სახელმწიფო სამსახურები მაგისტრალებზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთული მანქანების მფლობელების მიმართ განსაკუთრებულ „ყურადღებას“ ავლენენ. მოვაჭრეებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები უკანონოდ სძალავენ ფულს. ამის გამო, აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ რამდენიმეჯერცენტრალური მაგისტრალიც კი გადაკეტა, მაგრამ მათთვის სასურველ გრძელვადიან შედეგს ვერ მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ფულის გამოძალვას აზერბაიჯანული მოსახლეობა გარკვეულწილად შეგუებულია. ეს გამოწვეულია, როგორც სახელმწიფო ენის არცოდნით, ისე მენტალიტეტითაც, რაც კორუფციას სოციალური ურთიერთობის მისაღებ ფორმად მიიჩნევს. ისინი უარს არ ამბობენ მცირე ქრთამის გაღებაზე, მაგრამ როდესაც სახელმწიფო მოხელეთა ძალადობა არაფორმალურად დადგენილ ნორმას სცილდება, აზერბაიჯანული მოსახლეობა სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს, რაცსაპროტესტო გამოსვლებში გამოიხატება. ამ მხრივ რაიმე პროგრესი არშეიმჩნევა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ცენტრალურ მაგისტრალებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.2
სოფლის მეურნეობის გარდა შემოსავლის წყაროა წვრილი ვაჭრობა. აზერბაიჯანულ მოსახლეობას ძირითადად სამრეწველო საქონელითურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოაქვს. თბილისის გარეუბანშიმდებარე ლილოს საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე აზერბაიჯანელებს წამყვანი პოზიციები უკავიათ.
წვრილ მოვაჭრეებს სერიოზული პრობლემები ექმნებათ საქართველოაზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გადალახვის, საბაჟო კონტროლის გავლისა და სხვა სახელმწიფო სამსახურებთან ურთიერთობის დროს. პროდუქციის იმპორტზე დაწესებული მრავალი გადასახადის არსებობის გამო, მოსახლეობა იძულებულია საქონლის ქვეყანაში შემოტანა არალეგალური გზებით სცადოს და ამით კანონი დაარღვიოს. ამას ხელს უწყობენ სახელმწიფო სამსახურებიც, რომლებიც ქრთამის გამოძალვის მიზნით, თავად უვლიან გვერდს კანონებს.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი წითელი ხიდის საბაჟო საკონტროლო პუნქტი კორუფციის ბუდეა. აზერბაიჯანიდან სამრეწველო თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულ პიროვნებას მრავალი გადასახადების გადახდა უწევს, რაც მის მცირებიზნესს პრაქტიკულად არარენტაბელურს ხდის. ყოველივე ეს მოქალაქეს უბიძგებს საკონტროლო გამშვები პუნქტი კანონის დარღვევით გაიაროს და ქრთამი საბაჟო სამსახურის თანამშრომლებს მისცეს, რომლებიც პირადი გამორჩენის მიზნით არიან დაინტერესებულნი სამრეწველო საქონელის კონტრაბანდული გზით შემოტანაში.3
თავად მოსახლეობა ცდილობს სახელმწიფო საზღვრების დაუცველობით ისარგებლოს და ზოგჯერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გზით ახერხებს ქვეყანაში პროდუქციის შემოტანას, რაც მესაზღვრეებსა თუ სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებსა და აზერბაიჯანელებს შორის პერიოდულად დაპირისპირებას წარმოქმნის. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ძირითადად ქართველებიარიან, ნებისმიერი დაპირისპირება აზერბაიჯანელებთან ეთნიკურ ელფერს იღებს და აზერბაიჯანელების მიერ ეთნიკურ დისკრიმინაციად აღიქმება.4
ხშირია შემთხვევები, როდესაც კონტრაბანდული გზით შემოტანილი საქონლის დაპატიმრება ხდება და ამის ნიადაგზე სახელმწიფო სამსახურებსა და აზერბაიჯანელებს შორის სერიოზული დაძაბულობა იქმნება. 2003 წლის 10 აპრილს ღამის საათებში ქ. გარდაბანში ერთ-ერთ სახლში მისულ საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის შეტაკება მოხდა. ლეგიონის თანამშრომლები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამომძიებლო მოქმედებებს ახორციელებდნენ. მოსახლეობამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ლეგიონის თანამშრომლებმა უკან დაიხიეს. ლეგიონის თანამშრომლები ქართველები იყვნენ, ეჭვმიტანილი კი აზერბაიჯანელი, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლებიც დაეხმარნენ, რის გამოც დაპირისპირებამ ეთნიკური ელფერი შეიძინა.5
რეგიონში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მოსახლეობა დიდ იმედებსამყარებდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მშენებლობაზე. თუმცა, წინასწარ გაცემული დაპირებების მიუხედავად, შეპირებული სოციალური პროექტები არ განხორციელდა. ამჟამად მიმდინარეობსსაუბარი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფარგლებში სოციალური პროექტების განხორციელებაზე იმ სოფლებში, სადაც ბაქო-თბილისიჯეიჰანის მილსადენმა უნდა გაიაროს. თუმცა, ცუდი გამოცდილების ფონზე, მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებს დანაპირებს.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის განხორციელებას ქვემო ქართლის რაიონებში მოსახლეობის დასაქმებაც უნდა გამოეწვია. წინასწარი ვარაუდებით, დაქირავებული მუშა-ხელი ადგილობრივი მოსახლეობაუნდა ყოფილიყო, თუმცა, დღეისათვის, პროექტის განხორციელებაში პრაქტიკულად არ მონაწილეობს აზერბაიჯანული მოსახლეობა და ისინიმცირე რაოდენობით არაკვალიფიციურ და დაბალანაზღაურებად საქმესასრულებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელაბაში ასევე მცირე რაოდენობით არის ჩართული ადგილობრივი ქართული მოსახლეობა. ადგილობრივების განცხადებით, სამუშაოს სხვა რეგიონებიდან ჩამოსული კადრები ასრულებენ, რაც თავის მხრივაზერბაიჯანულ მოსახლეობაში სერიოზულ ეჭვს აღძრავს, რომ მათ წინააღმდეგ შეგნებული ეკონომიკური დისკრიმინაცია ხორციელდება.6
გარდა ამისა, აზერბაიჯანელთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ქვემო ქართლის რეგიონი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში იმყოფებასაქართველოს მთავრობა სპეციალურ პროგრამებს ძირითადად ჯავახეთის ეკონომიკის გაუმჯობესებისათვის გეგმავს, სადაც ძირითადად სომხები არიან დასახლებული7 საერთაშორისო ორგანიზაციები თავის საქმიანობაში უფრო მეტ ყურადღებას ჯავახეთს აქცევენ. სომხებით დასახლებული რეგიონისადმი მოჭარბებული ყურადღება გარკვეულწილად განპირობებულია იმით, რომ ჯავახეთის შესახებ მასმედიაში უფრო მუქ ფერებში საუბრობენ და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ჯავახეთში უფრო აქტიურობენ მაშინ, როდესაც სერიოზული პრობლემებია ქვემო ქართლშიც, თუმცა ამის შესახებ მასმედიაში იშვიათად გაიჟღერებს. სომხებით დასახლებული რეგიონისადმი მსგავსი ყურადღება, აზერბაიჯანული მოსახლეობის მხრიდან შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მათი მოთხოვნების უგულებელყოფისა და ხელისუფლების მიერ ერთი რომელიმე კონკრეტული ეთნიკური ჯგუფისადმი პრიორიტეტული დამოკიდებულების მაჩვენებლად, რამაც შეიძლება სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგვასა და ეთნიკურ ნიადაგზე გარკვეული დაძაბულობის წარმოქმნასაც შეუწყოს ხელი.
__________________
1. ამ საკითხზე იხ: თომა გუგუშვილი, საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები, 1998, 120-130.
2. საქართველოს მაგისტრალებზე გამეფებული კორუფცია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრობლემაა. ის აწუხებს საქართველოს მთელ მოსახლეობას, განურჩევლადეთნიკური კუთვნილებისა, თუმცა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებზე ამგვარი ძალადობა ეროვნული უმცირესობებისათვის ეთნიკური დისკრიმინაციის ელფერს იძენს.
3. წითელ ხიდზე არსებული ვითარების შესახებ იხილეთ: Giga Chikhladze, “Red Bridge: Bent Mirror of the Georgian Economy”, Internet Journal Civil Georgia, 13 August 2003; Lela Iremashvili, "Georgia`s Red Bridge ordeal", IWPR's Caucasus Reporting Service, 147, 20 September 2002.
4. ამ საკითხზე იხილეთ: ზვიად კეჭაყმაძე, „მარნეულის რაიონში არაქართულ მოსახლეობასა და ქართველ მესაზღვრეებს შორის დაძაბული სიტუაციაა“, რეზონანსი, 252 (2737), 16 დეკემბერი 2002.
5. ზვიად კეჭაყმაძე, „საგანგებო ლეგიონსა და გარდაბნის მოსახლეობას შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა“, რეზონანსი, 105 (2946), 19 აპრილი 2003.
6. ამის შესახებ საგას თანამშრომლებს გარდაბანში ადგილობრივ საზოგადოებასთან შეხვედრის დროს განუცხადეს. გარდაბანი, 6 ივნისი 2003.
7. Zulfugar Agayev, „Georgia`s Azeris want media in their language“, Baku Sun, Vol. 6, No. 13, 11-17April 2003.
![]() |
2.8 მიწის საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის პრობლემას წარმოადგენს მიწის საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომაზერბაიჯანული მოსახლეობა ძირითადად სოფლებში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მისდევს, 90-იან წლებში დაწყებული მიწის რეფორმა მათ უშუალო ინტერესში შედის. გავრცელებული მოსაზრებით,90-იანი წლების დასაწყისში და მის შემდგომ წლებშიც მიწის რეფორმის ერთ-ერთი არაოფიციალური მიზანი იყო არაქართულ რეგიონებში შეეჩერებინათ მიწების კერძო მფლობელობაში გადაცემა.
მოსახლეობა სერიოზულ უკმაყოფილებას გამოთქვამს სახელმწიფოს მიერ მიწების კერძო საკუთრებაში გადაცემის თუ არენდის წესის შესახებ. ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებში გავრცელებული მოსაზრებით,სახელმწიფო შეგნებულად ცდილობს იმას, რომ ქვემო ქართლისაზერბაიჯანელებმა მიწები არ მიიღონ. აზერბაიჯანელების მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვრისპირა რაიონებში ცხოვრობს.
საზღვრისპირა ზოლის 21 კილომეტრიანი მონაკვეთი განსაკუთრებულ ზონად არის გამოცხადებული, რომელიც არარენტაბელურ სამხედრო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს უკავიათ. ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის განცხადებით, ეს მიწები ყველაზე გამოსადეგია სოფლის მეურნეობის წარმოებისათვის, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით ამ მიწების პრივატიზება არ შეიძლება. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებისათვის ამ მიწების სასაზღვრო რაიონებში ყოფნა მიზეზია, რათა იგი მათ არ გადასცენ. გარდა ამისა, ადგილობრივი აზერბაიჯანელების განცხადებით, ქვემოქართლის რაიონებში აზერბაიჯანელებზე მიწებს შეზღუდული რაოდენობით გასცემენ, რის მიზეზადაც მიწების არასაკმარისი რაოდენობა სახელდება.
თავდაპირველად მიწასთან დაკავშირებული პრობლემები კანონის შესახებ მოსახლეობის დაგვიანებით ინფორმირებამ განაპირობა. მიწის შესახებ საკანონმდებლო ბაზის გამოქვეყნების შემდეგ არ მომხდარა მისი თარგმნა, რის გამოც მოსახლეობა ფაქტობრივად ინფორმაციის გარეშედარჩა. ამით ისარგებლეს იმ კერძო პირებმა თუ ფირმებმა, რომლებმაცარსებული კანონმდებლობა გამოიყენეს და საკუთარ მფლობელობაშიგაიფორმეს ათეულობით ჰექტარი მიწა, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მიწის გარეშე დარჩა. ამიტომ მათ მიწის მესაკუთრეებისაგან იჯარით უწევთ მიწის ნაკვეთის აღება, რაც მათდამატებით პრობლემებს უქმნის და გლეხს ზედმეტი ხარჯების გაღებას აიძულებს.
![]() |
2.9 საჯარო სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თითქმის არ არიან წარმოდგენილნი.1 ამის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა ან ცუდად ცოდნაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარდა, ფარულად არსებობს ხელოვნური ბარიერიც, რაც ეროვნულ უმცირესობას, მისი ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების გამო, ცენტრალურ ხელისუფლებაში მუშაობისაკენ გზას უღობავს.2
ქვემო ქართლის რეგიონის იმ რაიონებში, სადაც აზერბაიჯანელები მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, ასევე იშვიათად შეხვდებით აზერბაიჯანელს საჯარო სამსახურში. ადგილობრივი მმართველობითიორგანოების მაღალჩინოსნები, მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის უფროსები, სხვა საჯარო სამსახურების მაღალჩინოსნები თურიგითი თანამშრომლები ძირითადად ქართველები არიან. ამ ფონზე სახელმწიფო ორგანოებსა და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შორის ნებისმიერი დაპირისპირება ეთნიკურ ელფერს იძენს იმის გამო, რომ სახელმწიფო სამსახურში ძირითადად ქართველები არიან. 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ქვემო ქართლის იმ ოთხ რაიონში (გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, მარნეული), სადაც აზერბაიჯანული მოსახლეობა აბსოლუტურ ან შედარებით უმრავლესობას წარმოადგენს, აზერბაიჯანელები ქალაქისსაკრებულოში თითქმის არ არიან წარმოდგენილი. მხოლოდ ქ. მარნეულის საკრებულოში არიან აზერბაიჯანელები აბსოლუტური უმრავლესობით წარმოდგენილნი, ქ. გარდაბანის საკრებულოს შვიდი წევრიდან კი მხოლოდ ერთია აზერბაიჯანელი. დანარჩენ ორში კი აზერბაიჯანელები საერთოდ არ ფიგურირებენ. ასევე ამ ოთხი რაიონიდან მხოლოდ ქ. მარნეულის ქალაქის გამგებელია ეროვნებით აზერბაიჯანელი. რაიონის გამგებლები კი საერთოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიშნებიან და ამ ოთხ რაიონში ისინი ეროვნებით ქართველები არიან.3 თუმცა, ჯავახეთში ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა და მმართველობით ორგანოებში ძირათადად სომეხი ეროვნების პირები მუშაობენ.
საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანული ეროვნების დეპუტატები ქვემო ქართლიდან არიან არჩეულნი.4 თუმცა, იმის გამო, რომ ისინი სახელმწიფო ენაზე პრაქტიკულად ვერ საუბრობენ, კანონშემოქმედებით საქმიანობას სრულყოფილად ვერ აწარმოებენ. პარლამენტში ამჟამად 6 აზერბაიჯანელი დეპუტატია წარმოდგენილი. ისინი პარლამენტში პრეზიდენტის მხარდამჭერი პარტიის «მოქალაქეთა კავშირის” სიით მოხვდნენ. „მოქალაქეთა კავშირში“ მომხდარი ფრაგმენტაციის შედეგად, აზერბაიჯანელი დეპუტატები პროსაპრეზიდენტო ფრაქცია „ალიანსი ახალი საქართველოსათვის“ გაერთიანდნენ, რომლის არაფორმალურ ლიდერად ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძე მიიჩნევა.
თუმცა, საჯარო სამსახურში აზერბაიჯანელების სიმცირე მხოლოდ სახელმწიფო ენის არცოდნით ან ფარული დისკრიმინაციით არ შეიძლება აიხსნას. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ნაკლები პოლიტიკური აქტიურობით გამოირჩევიან დაძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე არიან ორიენტირებულნი. ამიტომაც, ისინი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ რა ეროვნების წარმომადგენილი იქნება საჯარო სამსახურში. მაგალითად, ძირითადად სომხებით დასახლებულჯავახეთის რეგიონში ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში ძირითადად სომხები არიან წარმოდგენილნი, რაც გარკვეულწილად საქართველოს სომხური მოსახლეობის პოლიტიკური აქტიურობითაც არის განპირობებული. ამ ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლებაითქვას, რომ აზერბაიჯანელების მცირე წარმომადგენლობა საჯაროსამსახურში მათი პოლიტიკური პასიურობით უფრო არის გამოწვეული, ვიდრე სხვა მიზეზებით.
___________________
1. ცენტრალურ ხელისუფლებაში ერთადერთი აზერბაიჯანულენოვანი ეროვნების მაღალჩინოსანი სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს.
2. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ საჯარო სამსახურში მიღებისას ღიად არ იგრძნობა დისკრიმინაცია, მაგრამ მათი აღქმით ფარული დისკრიმინაცია მაინც მოქმედებს.
3. ქვემო ქართლში 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ დაწვრილებით იხილეთ: ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცნობარი, თბილისი, 2003,155-172.
4. იხილეთ: http://www.parliament.ge/PARL_99/MP_e/parllist_e.htm .
![]() |
2.10 არჩევნები |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემო ქართლში მცხოვრები აზერბაიჯანელების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი განსაკუთრებული ყურადღების საგანია. ქვემო ქართლში არჩევანს ფაქტობრივად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აკეთებს და არა ადგილობრივი მოსახლეობა. საარჩევნოპროცესში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი მმართველობისორგანოები, პოლიცია და უშიშროება. შედეგად საქართველოს პრეზიდენტ შევარდნაძესა და მის მხარდამჭერ პოლიტიკურ ორგანიზაციებს ყოველთვის თითქმის ასპროცენტიანი მხარდაჭერა აქვთ.ოპოზიციური პარტიები კი ფაქტობრივად ვერ იღებენ ხმებს. მარნეულშიმოარული ხუმრობაც კი დადის, თუ რაიონში საპრეზიდენტო არჩევნებზე როგორ მიიღო შევარდნაძემ ხმების 106%.1
გარდა ამისა, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდაჭერისაკენ ადგილობრივ აზერბაიჯანელებს აზერბაიჯანის ხელისუფლებაც მოუწოდებს, რომელიც ნებისმიერ პროტესტს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მწვავედ აღიქვამს. პრეზიდენტ შევარდნაძეს ქვემო ქართლის რაიონებში ვიზიტისას პომპეზურ დახვედრებსაც უწყობენ, რასაც საქართველოს სხვა რაიონებში ნაკლებად შეხვდებით.2 თუმცა, მსგავსი შეხვედრების ინიციატორები უფრო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, რითაც პრეზიდენტისადმი საკუთარი მხარდაჭერისა და ერთგულების გამოხატვა სურთ.
აზერბაიჯანელებით დასახლებული რაიონებიდან ყოველ არჩევნებში შევარდნაძეს3 და მის პოლიტიკურ გაერთიანებას დიდი მხარდაჭერა აქვთ. ოპოზიციური პარტიები კი ფაქტობრივად ვერ იღებენ ხმებს. გარდა ამისა, არჩევნების შედეგებზე გარკვეულ გავლენას ახდენს ქვემოქართლში პრეზიდენტის წარმომადგენლის შეუზღუდავი გავლენა და ასევე ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების შესახებ გავრცელებული ინფორმაციები.
ბოლო წლებში საქართველოში ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ გამოთქმული ბრალდებები თუ განცხადებები ეთნიკური დაპირისპირების მაპროვოცირებელიც შეიძლება გახდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ლევან მამალაძე პრეზიდენტის გუნდის წევრად მოიაზრება და მწვავედაპირისპირებაშია ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან და ზურაბ ჟვანიასთან, რომლებთან ერთად ის ერთ დროს პროსაპრეზიდენტო პარტიის „მოქალაქეთა კავშირის“ ლიდერი იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში თანაგუნდელთა პოლიტიკური გემოვნება შეიცვალა და ახლა მამალაძე სააკაშვილ-ჟვანიას ქვეყანასა და მათ შორის ქვემო ქართლში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს.4
2002 წლის ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თბილისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის წინ ინციდენტი მოხდა ქვემო ქართლიდან ჩამოსულ მამალაძის მომხრეებსა და ჟვანიას გუნდის წევრებს შორის, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა მწვავე განცხადება გააკეთა,5 რაც მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა სააკაშვილისა და ჟვანიას წინააღმდეგ გამოიყენეს და ისინი აზერბაიჯანელების წინააღმდეგ განწყობილ პოლიტიკოსებად „მონათლეს“. ნიშანდობლივია, რომ ბოლო პერიოდში ხშირად გაისმისმოსაზრება, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მოქმედი ოპოზიციურიპარტიები და მათი ლიდერები ან ნაციონალისტები არიან ანპროსომხურად განწყობილნი.6 საზოგადოებაში ხშირად მუსირებს აზრი ჟვანიასა და სააკაშვილის სომხურ წარმოშობაზეც.7
პოლიტიკური ლიდერების სომხობაში „დადანაშაულება“ გარკვეულწილად აზერბაიჯანულ მოსახლეობაში მათ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცხოვრებსომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორის არასდროს მომხდარა რაიმე სახის სერიოზული დაპირისპირება, ქვემო ქართლის აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში არსებულმა სრულმა საინფორმაციო ვაკუუმმა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობებმა, შესაძლოა, ქვემო ქართლშისომხურ წარმოშობაში „ბრალდებული“ პოლიტიკოსების საარჩევნო რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედოს.8
ოპოზიციური პოლიტიკოსების ანტიაზერბაიჯანულ ძალებად წარმოჩენას განსაკუთრებით ხელს უწყობენ ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მხარდამჭერები, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ აფასებენ პარლამენტის სპიკერის ნინო ბურჯანაძის განცხადებებს, რომელიც მან 2003 წლის 24 აპრილს გააკეთა. ამ დღეს პარლამენტში სომეხი ეროვნების დეპუტატმა გენოციდის მსხვერპლთა პატივსაცემად წუთიერი დუმილი მოითხოვა, რასაც 2002 წლის მოვლენის9 მსგავსად აზერბაიჯანელი ეროვნების დეპუტატებისგაღიზიანება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დაძაბულობის შენელება სცადა და მან კავკასიაში კონფლიქტების დროს დაღუპული ყველა ეროვნების ადამიანის ხსოვნის პატივისცემა მოითხოვა. ამ ფაქტს გამოხმაურება ჰქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანშიც. საქართველოს პარლამენტის წევრმა აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარე ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის გაღვივებასა დათურქეთსა და აზერბაიჯანთან ურთიერთობაში პრობლემების შექმნაშიც კი დაადანაშაულეს. სპიკერს ოფიციალურ ვიზიტად სომხეთში ვიზიტიც კი წამოაყვედრეს, მაშინ როდესაც ამგვარი ვიზიტით ბურჯანაძე ბაქოში არ ყოფილა.10
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენოციდის აღიარების მოთხოვნის საკითხმა შესაძლოა სერიოზული დაპირისპირება წარმოქმნას საქართველოს სომხურ და აზერბაიჯანულ მოსახლეობას შორის. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გენოციდის ფაქტის აღიარების მომხრე სომეხი ეროვნების დეპუტატები ამჟამად ოპოზიციური პარტიის, აზერბაიჯანული ეროვნების კი, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მხარდამჭერები არიან და გაერთიანებულნი არიან ფრაქცია „ალიანსი ერთიანი საქართველოსათვის“.11 პარლამენტის წევრები და დაპირისპირებული პარტიები ერთმანეთს სომხების გენოციდის საკითხით მანიპულირებაშიც ადანაშაულებენ. მსგავსი მოკლევადიანი, პარტიულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკა კი, შესაძლოა, საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის დაძაბულობის ხელშემწყობი ფაქტორიც გახდეს.
____________________
1. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნების პროცესში დარღვევებს ადგილი აქვს საქართველოს მთელი მასშტაბით, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოირჩეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებული სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები. საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ იხილეთ ეუთო-ს მიერ მომზადებული ანგარიშები: Office for Democratic Institutions and Human Rights, Georgia, Parliamentary Elections 31 October&14 November, 1999 Final Report, Warsaw, 7 February 2000; Office for Democratic Institutions and Human Rights, Republic of Georgia, Presidential Election, 9 April 2000, Final Report, Warsaw, 9 June 2000.
2. ზაზა ფაჩუაშვილი, „პრეზიდენტის შეწყალებული ცხვარი“, გაზეთი 24 საათი, 80 (292), 23 მარტი, 2003.
3. მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში აზერბაიჯანული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში რაიმე შესამჩნევი გარდატეხა არ მომხდარა, მისადმი ნდობა მოსახლეობაში უდავოდ არის. ამაში თავის როლს ასრულებს უახლოესი წარსულის გამოცდილება, როდესაც გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყანაში ნაციონალისტურად განწყობილი ორგანიზაციები აქტიურობდნენ, ასევე შევარდნაძეს მეგობრობა აზერბაიჯანის ლიდერ ჰეიდარ ალიევთან, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანულ მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.
4. ამ საკითხზე იხილეთ: 2003 წლის 6 აგვისტოს გაზეთ „სვობოდნაია გრუზიაში“ გამოქვეყნებული ინტერვიუ ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულთან ლევან მამალაძესთან: საქართველოს რესპუბლიკა, 209 (4588), 8 აგვისტო, 2003; ანი მიროტაძე, „ჟვანია აზერბაიჯანელებს საქართველოს წინააღმდეგ აბუნტებდა”, გაზეთი ახალი თაობა, 116, 29 აპრილი, 2002; ზვიად კეჭაყმაძე, „რადიკალები რუსთავში არეულობას აპირებენ“ - ლევან მამალაძე, რეზონანსი, 187 (3028), 10 ივლისი, 2003.
5. „აზერბაიჯანელებს მათი თათრებად მონათვლა აღიზიანებთ“, რეზონანსი, 135 (2518), 21 მაისი, 2002.
6. Zaza Baazov, „Georgian Azeris locked out by language“, CRS, 145, 5 September 2002.
7. ბოლო პერიოდში პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან განსაკუთრებით გახშირდა საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიების ლიდერების, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას სომხობაში „დადანაშაულება“ და პოლიტიკოსის სომხური წარმოშობის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება. მსგავსი განცხადებები კი შეურაცხყოფად აღიქმება როგორც საქართველოს სომხურ მოსახლეობაში, ასევე სომხეთში. (ამ საკითხზე იხილეთ: „სომხეთის ოფიციალური პირები ქართველ კოლეგებს აფრთხილებენ „შეურაცხმყოფელი განცხადებების“ გამო“, პრაიმ-ნიუსი, 14 მაისი, 2003.)
8. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში პოლიტიკოსების „სომხობაში“ დადანაშაულება კონკურენტების წინააღმდეგ გარკვეულ პოლიტიკურ ბერკეტად იქცა.
9. ამ საკითხზე იხილეთ: „სომხურ-აზერბაიჯანული „ომი“ პარლამენტში“, გაზეთი ალია, 49 (1259), 25-26 აპრილი, 2002.
10. ამ საკითხზე იხილეთ: „Georgian Parliament Speaker`s Activities Damage Relationships between Georgia, Turkey and Azerbaijan“, BAKU Today, 26/04/2003; „აზერბაიჯანული წარმოშობის დეპუტატების არნახული გააქტიურება“, 24 საათი, 25 აპრილი, 2003; ზვიად კეჭაყმაძე, „ლევან მამალაძე - „ბურჯანაძე შეცდომაში შეიყვანეს“; სოფო ქვლივიძე, „დემოკრატები“ მამალაძის ჯგუფს სპიკერის დისკრედიტაციაში სდებს ბრალს“; სოფო ქვლივიძე, „პარლამენტში მომხდარი ეთნოკონფლიქტი ნინო ბურჯანაძეს დაჰბრალდა“ -რეზონანსი, 111 (2952), 25 აპრილი, 2003.
11. http://www.parliament.ge/PARL_99/factions/alliance.htm
![]() |
2.11 ტოპონიმიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემო ქართლში, განსაკუთრებით ბოლნისის რაიონში მცხოვრები აზერბაიჯანელების წინაშე დგას სპეციფიკური ხასიათის პრობლემა, რაცადგილობრივ ტოპონიმიკას უკავშირდება.
1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვეყანაში ძლიერი იყო ნაციონალისტური განწყობილება, ბოლნისის რაიონში სოფლების აზერბაიჯანულენოვანი სახელები ქართული სახელებით შეიცვალა და ეს ისტორიული სამართლიანობისაღდგენის საბაბით გაკეთდა. ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანულმა ინტელიგენციამ როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისე აზერბაიჯანის პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ უარი თქვა მსგავს პოლიტიკაზე, ტოპონიმიკა არ შეცვლილა და ეს საკითხი დღემდე გადაუწყვეტელია.1 დღეისათვის კი სოფელს, ან მდინარეს ორი დასახელება აქვს. ერთი არის ოფიციალური ქართული დასახელება და მეორე აზერბაიჯანული, რომელსაც მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს. ერთი და იგივე გეოგრაფიული ერთეულისთვის ორი სახელის არსებობა გარკვეულ პრობლემებს წარმოშობს აზერბაიჯანულიმოსახლეობისათვის. გარდა ამისა, ადგილობრივ მოსახლეობას მიაჩნია, რომ სახელების შეცვლით მათი ისტორიული მეხსიერების წაშლას ცდილობენ.
________________________
1. ამ საკითხზე იხილეთ: „Ethnic Azeris of Georgia concerned“, Baku Pages, 41(223), 2001; „Problems of ethnic Azeris in Georgia“, MINELRES moderator, 1 September 2001.
![]() |
2.12 დასკვნები და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში გამეფებული ნაციონალიზმისა და რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო ქვეყნიდან მოსახლეობის, მათ შორის აზერბაიჯანული მოსახლეობის, ემიგრაცია დაიწყო. აზერბაიჯანელები ძირითადად რუსეთსა და აზერბაიჯანში წავიდნენ ემიგრაციაში. აზერბაიჯანელთა ემიგრაციის შედეგად მათი რაოდენობის შემცირების მიუხედავად, 2002 წლისმოსახლეობის აღწერის მიხედვით აზერბაიჯანელებისაქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობა გახდა. ეს გამოწვეულია როგორც სხვა ეროვნული უმცირესობების უფრო ინტენსიური ემიგრაციით, ისე აზერბაიჯანულ მოსახლეობისათვის დამახასიათებლი მაღალი შობადობით. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება მომავალშიც ემიგრაციის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი იქნება.
ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი. სახელმწიფო ენის არცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციისპროცესში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია.
ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა მათ ხელს უშლის საქართველოს სხვა რეგიონებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. სახელმწიფო ენის არცოდნა ქვემო ქართლში ასევე საინფორმაციო ვაკუუმს წარმოშობს.
ამ მხრივ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული უნდა იყოსეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულრაიონებში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება, რაშიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსები.
ქვემო ქართლში სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხისგაუმჯობესებისათვის სასურველი იქნებოდა ადგილობრივიაზერბაიჯანელი ეროვნების კადრების მომზადება. საქართველოსუმაღლეს სასწავლებლებში აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდებისათვის განათლების მიღებაში მხარდაჭერა მომავალში მოხსნიდა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კომუნიკაციის პრობლემას და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობდა ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის ცოდნას, რაც თავის მხრივ ხელსშეუწყობდა მათ სამოქალაქო ინტეგრაციას.
მოკლევადიან პერსპექტივაში სასურველი იქნებოდა შიდა ქართლსა და კახეთში მცხოვრები აზერბაიჯანელების რესურსისგამოყენება, რომლებმაც როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული ენაც იციან. ეს ხელს შეუწყობდა ქვემო ქართლში აზერბაიჯანული მოსახლეობის მიერ ქართული ენის შესწავლას და ასევე ამ ადამიანების დასაქმების საკითხსაც გადაწყვეტდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო ენის არცოდნით გამოწვეული საინფორმაციო იზოლაციის დაძლევისათვის პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდება. მაშინ, როდესაც ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობა ვერ საუბრობს სახელმწიფო ენაზე,ახალგაზრდა თაობა კი სულ უფრო ცუდად საუბრობს რუსულად, სახელმწიფოსათვის გადაუდებელი ამოცანა უნდა იყოს საკუთარი აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდება. ქვემო ქართლის აზერბაიჯანულმოსახლეობაში საინფორმაციო ვაკუუმის დაძლევის მიზნით მოკლევადიან პერსპექტივაში პრიორიტეტულად მიგვაჩნია ყველაზე უფრო ეფექტური საინფორმაციო საშუალების, აზერბაიჯანულენოვანი რადიორედაქციის შიდა მაუწყებლობის აღდგენა. ქვემო ქართლში საინფორმაციო ვაკუუმის დაძლევას ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს სახელმწიფო არხზე თუ არა, რეგიონული ტელეკომპანიების საშუალებით მაინცაზერბაიჯანული და რუსულენოვანი გადაცემების მომზადება ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ქვემო ქართლის აზერბაიჯანული მოსახლეობისათვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა შრომითი მიგრანტებისფულადი გზავნილები და მცირე ბიზნესი. ქვემო ქართლისრეგიონი საქართველოს სხვა რეგიონებისაგან იმით გამოირჩევა, რომ მოსახლეობა სრულად უზრუნველყოფს საკუთარ ეკონომიკურ მოთხოვნილებას. სოფლის მეურნეობის ნამატი პროდუქციის რეალიზიაციისათვის კი მოსახლეობა საქართველოს აგრარულ ბაზრობებს ამარაგებს, თუმცა ცენტრალურ მაგისტრალებზე გამეფებული კორუფცია გარკვეულწილად მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია აზერბაიჯანულ მოსახლეობაში დამკვიდრებული სოციალური ურთიერთობის მიღებული ფორმაა, მსგავსი კორუფციული სისტემის მოშლა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა და ხელს შეუწყობდა რეგიონისგანვითარებას.
ადგილზე არსებული საწარმოო პოტენციალის ამუშავება ასევე გამოაცოცხლებდა რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებას და დასაქმების პრობლემასაც გადაწყვეტდა. მოკლევადიან პერსპექტივაში კი, მნიშვნელოვანი იქნებოდა ბაქო-თბილისიჯეიჰანის მილსადენის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებდა. საჯარო სამსახურში აზერბაიჯანული მოსახლეობის სიმცირე სახელმწიფო სტრუქტურებსა და ადგილობრივ აზერბაიჯანელებს შორის ნებისმიერ დაპირისპირებას ეთნიკურ ელფერს სძენს. საჯარო სამსახურში აზერბაიჯანული ეროვნების მოხელეების სიმცირე გარკვეულწილად აზერბაიჯანული მოსახლეობის ტრადიციულად პასიური პოლიტიკური აქტივობით არის განპირობებული. აზერბაიჯანელები ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე არიან ორიენტირებულნი და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ თუ რა ეროვნების პიროვნება იმუშავებს სახელმწიფო სამსახურში. ასევე გასათვალისწინებელია ფარული დისკრიმინაციის არსებობაც, რაც ხელს უშლის აზერბაიჯანელებს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დაწყებაში.
სახელმწიფო სამსახურში პროფესიონალი აზერბაიჯანელების საქმიანობის მხარდაჭერა ხელს შეუწყობდა სახელმწიფო დაადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას ეთნიკურიფონის შემცირებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა აზერბაიჯანული მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციაშიც.
![]() |
3 ბერძნული მოსახლეობა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში განსახლებულია როგორც კომპაქტურად, ისე დისპერსულად. 80-იანიწლების ბოლოდან საქართველოში დაწყებულ მიგრაციულ პროცესებში ბერძნული მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო. ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გამო მათი აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციაში წავიდა.
საქართველოში მცხოვრები ბერძნული მოსახლეობის პრობლემებიდან სერიოზულია სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი. სახელმწიფო ენის ცოდნაში არსებული პრობლემები ხელს უშლის მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. საქართველოს სხვადასხვა რაიონებში მცხოვრები ბერძნებისათვის განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა საკუთრების დაცვის საკითხი. ხშირია ემიგრირებულ ბერძენთა სახლების გაძარცვის ან სახლებში ძალით დასახლების ფაქტები.
![]() |
3.2 განსახლება და მიგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ბერძნული მოსახლეობა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში განსახლებულია როგორც კომპაქტურად, ისე დისპერსულად. კომპაქტური დასახლებებიდან გამოირჩევა ქვემო ქართლის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც ე.წ. ანატოლიელი1 ბერძნები ცხოვრობენ. პონტოელი2 ბერძნები კი ძირითადად შავიზღვისპირეთში, აფხაზეთსა და აჭარაში ცხოვრობენ. საქართველოში მცხოვრები ბერძნები ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან.3
XX-ე საუკუნეში თურქეთისა და კავკასიის ტერიტორიაზე მთლიანობაში 150 ათასი ბერძენი ცხოვრობდა. საქართველოს ამჟამინდელი ბერძნული მოსახლეობა ძირითადად ისტორიული პონტოსა და აღმოსავლეთ თურქეთის ვილაიეთებიდან (ერზერუმი, ყარსი) XVIII-XIX საუკუნეებში გამოქცეული ლტოლვილების შთამომავლები არიან. ბერძენი იმიგრანტების ბოლო ნაკადი საქართველოში ლოზანის კონფერენციის (1922-1923) შემდეგ შემოვიდა. ენობრივად ორ ჯგუფად იყოფიან: ბერძნულენოვანი ელინოფონები (საკუთარი სახელი - „რომეოს” უფროიშვიათად - „გრეკოს“, „ელინოს“) და თურქულენოვანი „ურუმები“. ელინოფონები ძირითადად აფხაზეთსა და აჭარაში ცხოვრობენ (მცირე ჯგუფები სამხრეთ საქართველოს სოფლებში), ურუმები კი უმთავრესად წალკისა და დმანისის რაიონებში.4
1959 წელს საქართველოში 72.9 ათასი ბერძენი ცხოვრობდა, რაც მთელი მოსახლეობის 1.8%-ს შეადგენდა, 1979 წელს - 95.1 (1.9%), 1989 წელს კი - 100.3 (1.9%).5
1989 წლის აღწერის მიხედვით, ბეძნები უმრავლესობას შეადგენდნენწალკის რაიონში - 27,127 (61.0%). რაიონში ბერძნების გარდა,მოსახლეობის 28.5%-ს სომხები შეადგენდნენ, 5.1%-ს კი აზერბაიჯანელები.6
1989 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ბერძნები სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფი იყო წალკის მოსაზღვრე რაიონ თეთრიწყაროში: 8,413 (23.1%). მესამე ეთნიკური ჯგუფი კი შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში:
სოხუმის რაიონი - 4 130 (10.5%), ქობულეთის რაიონი - 4,146 (4.7%), დმანისი - 3,174 (6.1%).7
2002 წლის 17-24 იანვარს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით საგრძნობლად შემცირდა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა პროცენტული მაჩვენებელი. თუ 1989 წელს ეთნიკური ქართველები საქართველოს მოსახლეობის 70%-ს შეადგენდა, ახლა ეს მაჩვენებელი 83.8%-ია.ემიგრაციის შედეგად ბერძნული მოსახლეობის რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. თუ 1979 წელს საქართველოში 95,105 (1.9%)ბერძენი ცხოვრობდა, 1989 წელს კი 100,324 (1.9%), ამჟამად მათი რაოდენობა მხოლოდ 15,166-ია (0.3%).8
1990-იან წლებში დაწყებულ მიგრაციულ პროცესებში საქართველოს ბერძნული მოსახლეობა სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. ამაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ისტორიული სამშობლოს არსებობამ, რომელიც ხელს უწყობდა სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბერძნების საბერძნეთში იმიგრაციას.9
90-იან წლების დასაწყისში ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე ქვემო ქართლში მცხოვრები ბერძნების მნიშვნელოვანი ნაწილი სახლების გაყიდვას იწყებს. ეს მეტწილად ასევე განპირობებული იყო საქართველოს სხვა რაიონებში მიმდინარე დაპირისპირებების შესახებ მიღებული ინფორმაციებით და სახლების შესყიდვაზე თბილისელთა აქტიურობით.10
აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგადაფხაზეთიდან საბერძნეთში თითქმის მთლიანად გადასახლდა აფხაზეთისბერძნული მოსახლეობა. 1989 წელს აფხაზეთში 14.700 ბერძენი ცხოვრობდა.11
1990-იანი წლების დასაწყისში ეროვნული უმცირესობების და მათ შორის ბერძნების ემიგრაციას ხელი შეუწყო ქვეყანაში გამეფებულმა ნაციონალიზმმაც. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას მოსვლით. პრეზიდენტის მხარდამჭერები და ნაციონალისტური ორიენტაციის ორგანიზაციები დაუსჯელად ეწეოდნენ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების შევიწროებას, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში. აღინიშნებოდა სამსახურიდან დათხოვნის, მუქარის ცალკეული ფაქტები. უშუალოდ ბერძენი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ არ ყოფილა მასობრივიშევიწროების შემთხვევები, მაგრამ ნაციონალისტური ისტერიაგაურკვეველი მომავლის შიშს წარმოქმნიდა, რაც ბერძნული მოსახლეობის ემიგრაციას იწვევდა.
სახელმწიფოს სათავეში ედუარდ შევარდნაძის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ ნაციონალისტურ პოლიტიკაზე უარი თქვა, თუმცა მოსახლეობაში კვლავ არსებობს ქვეყანაში 90-იანი წლების განწყობილების დაბრუნების შიში. ნაციონალისტური სენტიმენტებისჩაცხრობის შემდეგ, ემიგრაციის ყველაზე მნიშვნელოვან მოტივს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი ძირითადად კი უმუშევრობის მაღალი დონე წარმოადგენს.
ბერძნების აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციაში საბერძნეთში წავიდა. შედარებით მცირე რაოდენობით კვიპროსში, რუსეთსა დაევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. ემიგრირებულ ბერძენთა აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციის ქვეყანაში დარჩენაზეა ორიენტირებული. მათი პერიოდული ჩამოსვლა საქართველოში, ძირითადად, ნათესავებისადა მეგობრების მონახულებას უკავშირდება. ემიგრაციის ქვეყნებში გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიღწევის შემდეგ, ბერძნული მოსახლეობა ადგილობრივ ინტეგრაციას ანიჭებს უპირატესობას. ამას ხელს უწყობს საქართველოში წლების განმავლობაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და იმის აღქმა, რომ საქართველოში ცხოვრებისა და საქმიანობის გაგრძელებას პერსპექტივა არ აქვს.
_________________
1. ანატოლია - თანამედროვე თურქეთის აზიური ნაწილი.
2. პონტოელი ბერძენი: ამ სიტყვის ეტიმოლოგია ძველბერძნული „პონტოს“-გან მოდის: „ევქსინოს პონტოს“ - „სტუმართმოყვარე ზღვა“, ასე მოიხსენიებდნენ ძველი ბერძნები შავ ზღვას. პირდაპირი მნიშვნელობით კი, პონტოელი ბერძნები ისტორიული პონტოდან გამოსული მოსახლეობაა, რომლებსაც თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე ერთ დროს ძლიერი სახელმწიფო ჰქონდათ.
3. იხ: Ethnic Minorities, www.parliament.ge/GENERAL/C_D/ethnic.html.
4. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.2, თბილისი, 1977, იხილეთ სიტყვა „ბერძნები.“ საქართველოში მცხოვრები ბერძნების ორ სხვადასხვა ენაზე საუბარი მათ ერთ ეთნიკურ ჯგუფთან თვითიდენტიფიკაციის პრობლემასაც წარმოშობს. ღიად ეს არ შეიმჩნევა, მაგრამ შავი ზღვისპირეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბერძნებს შორის გარკვეულწილად არის გაუცხოების მომენტიც.
5.საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული - 2001, 37-38.
6.1980-იანი წლების ბოლოს სვანეთსა და აჭარის მთიანეთში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ბერძნებით დასახლებულ რაიონებშიც ჩაასახლეს და შედეგად წალკის რაიონში ქართული მოსახლეობაც გაჩნდა.
7. „საქართველოს ქალაქებისა და რაიონების მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა მოსახლეობის 1979 და 1989 წლების აღწერის მიხედვით“, გაზეთი ერი, 22 (4283), 22 მაისი, 1991.
8.საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი № 14-03/66, 24.06.03. აღწერის შედეგებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული მოსახლეობის თვითშეფასებით, მათი რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებთან შედარებით უფრო ნაკლებია. აღწერის შედეგად აღრიცხვაში მოხვდა ისეთი მოსახლეობაც, რომელიც რეალურად უკვე აღარ ცხოვრობს საქართველოში და ემიგრაციაში იმყოფება.
9..საქართველოში მცხოვრები ბერძნული მოსახლეობის პირველი ემიგრაცია XX-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც საქართველოს გასაბჭოებამ და რეგიონში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა პირობებმა ბერძნული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აიძულა თავშესაფარი ისტორიულ სამშობლოში ეძება: „Отьезд Греков“, газета Батуми (Кулътурно-просветительская газета Греков Аджарии), №1-2 (29-30), Январь-Февраль, 2001; XX-ე საუკუნის 20-იან წლებში რეგიონში მცხოვრები ბერძნული მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებს ხელი შეუწყო თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე განვითარებულმა პროცესებმაც. ამ საკითხზე იხ: „День памяти геноцида Понтийского Эллинизма“, газета Элиники Диаспора - Орган Союза Греческих Общин Грузии, №5-6 (99-100), V-VI 2003; ბერძნული მოსახლეობის მიგრაციის შემდგომი ტალღა XX-ე საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოს შავი ზღვისპირეთიდან, აფხაზეთისა და აჭარის ტერიტორიიდან პონტოელი ბერძნების ცენტრალურ აზიაში დეპორტაციას უკავშირდება: Press release, The History and plight of Hellenes living the Black Sea region: http://www.saeworld.org/history/black_sea.html.
10.ქვემო ქართლის რაიონებში ბერძნების მიერ სახლების გაყიდვის შესახებ იხილეთ: თომა გუგუშვილი, საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები, თბილისი, 1998, 72-74.
11. რევაზ გაჩეჩილაძე, მოსახლეობის მიგრაცია საქართველოში და მისი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები, სადისკუსიო წერილების სერია, გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა, საქართველო, თბილისი, 1997, 37; აფხაზეთიდან პონტოელი ბეძნების ევაკუაციისათვის საბერძნეთის მთავრობამ სპეცოპერაციაც კი ჩაატარა და გემების საშუალებით აფხაზეთის მკვიდრი ბერძნული მოსახლეობის ნაწილი საბერძნეთში გადაიყვანა: Athens News Agency Bulletin, 19 August 1993:
http://www.hri.org/news/greek/ana/1993/93-08-19.ana.txt; აფხაზეთში მცხოვრები ბერძნების შესახებ იხ.: radio Post Factum-ის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული რადიო-გადაცემის ტექსტური ვერსია: http://www.postfactum.org/index.php?tim=2-5-2003&ID=103.
![]() |
3.3 განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ბერძნულენოვანი მოსახლეობა დაწყებით და საშუალო განათლებას ძირითადად რუსულენოვან სკოლებში იღებს. საბჭოთა პერიოდშიც ბერძნები უპირატესობას რუსულენოვან განათლებას ანიჭებდნენ. ეს გარკვეულწილად განპირობებული იყო იმითაც, რომ საქართველოში არ არსებობდა ბერძნულენოვანი სკოლები. ამის გამო, ბერძნული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცოდა მშობლიური ენა.
მშობლიური ენის შესწავლისადმი განსაკუთრებული ინტერესი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ეთნიკურ ჯგუფებში ეროვნული გამოღვიძების პროცესის დაწყება შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1980 წელს საბჭოთა საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის სპეციალური დადგენილებით, თბილისში განათლების თანამშრომელთა სახლში ბერძნული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ განათლების სამინისტროს დადგენილების საფუძველზე ბერძნულმა ენამ უცხო ენის სტატუსი მიიღო. ამჟამად თბილისისა და საქართველოს რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში ბერძნული ენა როგორც უცხო ენა, ისე ისწავლება.1 ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად სხვა ეროვნების მოსახლეობასთან ერთად ბერძნული ენის შესწავლის შესაძლებლობა ბერძნულ მოსახლეობასაც მიეცა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვან პრობლემად სახელდება ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის შემცირება. ბერძნების განცხადებით, მოსწავლეებს უნელდებათ ენის სწავლის ინტერესი, რადგან ვერ ხერხდება მშობლიური ენის გამოყენება უშუალოდ ბერძნულ გარემოში.2 გარდა ამისა, ბერძნულ ახალგაზრდობას ურჩევნია საბერძნეთში ემიგრაციაში წასვლის შემდეგ შეისწავლოს ბერძნული ენა და საქართველოში ამ მხრივ ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენს.
უმაღლესი განათლების მიღების მსურველებს ძირითადად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რუსულენოვან სექტორებზე უწევთ ჩაბარება. თუმცა, ამჟამად მსურველების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, რადგან ახალგაზრდა თაობა მასობრივად ცდილობს საბერძნეთში ემიგრაციას და შესაძლებლობის შემთხვევაში საბერძნეთში ურჩევნია განათლების მიღება. ამას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ საქართველოში მიღებული დიპლომით საბერძნეთში სამუშაოს შოვნა გართულებულია.
ბათუმში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის და მათ შორის ბერძნებისათვის ბოლო წლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში (უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, საზღვაო აკადემია) მიღებისას დააწესეს შეღავათები.3 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება სპეციალური პროგრამებიც, რომელიც ბერძნული ენისა და ლიტერატურის, კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. გარდა ამისა, საბერძნეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდებოდა სპეციალური პროგრამები, რომელიც სტუდენტების საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებდა და მასში არა მარტო ბერძენი, არამედ სხვა ეროვნების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ.4
_____________________
1. თბილისში ბერძნული ენა, როგორც უცხო ენა, ოთხ სკოლაში ისწავლება.
2. Елена Зумбулиди, „Будут ли ребята говорить на греческом?“, Элиники Диаспора, №6-7 (46-47), 11. 2003.
3. Н. Мазманиди, „Традиции продолжаются“, Батуми, №1-2 (31-32), Июль-Сентябрь, 2002.
4. Н. Мазманиди, „Язык дружбы и сотрудничества“, Батуми, №1-2 (29-30), Январь-Февраль, 2001.
![]() |
3.4 სახელმწიფო ენის ცოდნა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი წარმოადგენს. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებშია. ამ სფეროში არსებული პრობლემები სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია. საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში საქართველოში ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობისათვის ძირითადი ენა რუსული იყო. ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა განათლებას რუსულენოვან სკოლებში იღებდა. რუსული ენა ფაქტობრივად სახელმწიფო ენა იყო და მისი სწავლა გაცილებით უფრო პრაქტიკული იყო, რადგან რუსული ენის ცოდნა საბჭოთა კავშირის მასშტაბით განათლებისა და სამუშაოს მიღების პერსპექტივას იძლეოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქართული ენა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ძირითადი ენა გახდა. ამიტომაც, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ბერძნული მოსახლეობისათვის დიდი მნიშვნელობა შეიძინა სახელმწიფო ენის ცოდნამ.
სახელმწიფო ენის ცოდნის მხრივ რთული ვითარებაა ბერძნებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში. მსგავსი მდგომარეობაა აზერბაიჯანელებითა და სომხებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლისა და ჯავახეთის რეგიონშიც. წალკაში მოსახლეობა ძირითადად რუსულად ან თურქულად საუბრობს. წალკის რაიონში სახელმწიფო ენის არცოდნა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. რაიონში ძირითადად ბერძნები, სომხები და აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და საურთიერთო ენა ძირითადად რუსული ან თურქულია. ბერძნული მოსახლეობის განცხადებით, წალკის რაიონის სკოლებში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართული ენის სწავლება მაღალი ხარისხითარ გამოირჩეოდა. მოსახლეობაში არ იყო ქართული ენის სწავლისსურვილიც, რადგან პრაქტიკული თვალსაზრისით რუსული ენის ცოდნაც საკმარისი იყო. რაიონებისაგან განსხვავებით თბილისში მცხოვრებმა ბერძნებმა მეტნაკლებად იციან ქართული ენა, თუმცა მათ ძირითად სასაუბრო ენად კვლავ რუსული რჩება.
სახელმწიფო ენის ცოდნისადმი მსგავსმა დამოკიდებულებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა საქართველოს მიერ დამოუკიდებლობისმოპოვების შემდეგ. რაიონებში მცხოვრები ბერძნული მოსახლეობა იმის გამო, რომ ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, ფაქტობრივად საინფორმაციო იზოლაციაში იმყოფება და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად არ მონაწილეობს.
სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნა ბერძენი ეროვნების მოქალაქეს ხელს უშლის საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებაში. საბჭოთა პერიოდში საჯარო სამსახურში მუშაობდნენ ბერძნები, მაგრამბოლო ათი წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა დიდი იშვიათობაა. სხვადასხვა პროფესიის მქონე ბერძენი ეროვნების მოქალაქეები სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნის გამო ვერ აბარებენ გამოცდებს, რომელიც სავალდებულოა ზოგიერთ სფეროში პროფესიული ლიცენზიის მისაღებად. ამ მიზეზის გამო ისინი ვერ ახერხებენ თავისი პროფესიული კუთხით სამსახურის მიღებას.1
ახალგაზრდა ბერძნები, რომლებმაც საქართველოს უმაღლესსასწავლებლებში რუსულენოვან სექტორებზე მიიღეს განათლება და არადამაკმაყოფილებლად ფლობენ სახელმწიფო ენას, ვერ ახერხებენ სამსახურის შოვნას, რაც მათ ემიგრაციისაკენუბიძგებს. გარდა ამისა, ახალგაზრდა თაობა ქვეყანაში შექმნილ რთული სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ვითარებას არაპერსპექტიულად მიიჩნევს და ამიტომაც ნაკლებ ენთუზიაზმს იჩენს ქართული ენის სწავლის მიმართ.
თავის მხრივ, სახელმწიფოც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში ქართული ენის სწავლების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავა სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და ამისათვის გარკვეული ფინანსებიც გამოჰყო, რეალური შედეგი ამ ნაბიჯს არ მოჰყოლია.
______________________
1. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა დაწესებულება, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულოა, სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნის გამო, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის პრაქტიკულად დახურულია.
![]() |
3.5 კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები ორგანიზებულ ჯგუფებში გაერთიანებას იწყებენ და ამ გზით საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ცდილობენ. ამ მხრივ ერთადერთისერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ფინანსური მხარდაჭერის არარსებობაა, რომელსაც სახელმწიფო უკვე ვეღარ უზრუნველყოფს. დღეისათვის სახელმწიფო პოლიტიკა დეკლარირების დონეზე ხელს უწყობს ეთნიკური ჯგუფების კულტურულ ცხოვრებას. თუმცა, რეალურად, მათი ფინანსური დახმარება ვერ ხერხდება. დაფინანსების ძირითადი წყარო კერძო შემოწირულობები, საერთაშორისო ორგანიზაციები ან ისტორიული სამშობლოდან მიღებული დახმარებაა. კულტურის სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა ძირითადად ტექნიკური საკითხების მოგვარებაში გამოიხატება.
საბჭოთა პერიოდში, განსაკუთრებით 30-იან წლებში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, საქართველოში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში მოქმედი ბერძნული სკოლები, თეატრები, ტიპოგრაფიები, პედაგოგიური ტექნიკუმები დაიხურა. 40-იან წლებში ამას პონტოელი ბერძნების შავი ზღვისპირეთიდან გადასახლებაცმოჰყვა. ვითარების გაუმჯობესება 80-იან წლებში იწყება. 1983 წლის იანვარში კომკავშირის თბილისის ქალაქკომში ბერძნული სექცია გაიხსნა, რომელიც ფაქტობრივად ბერძნული ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. იმართებოდა კონცერტები ვოკალური ნსტრუმენტალური ანსამბლების, „ელადასა“ და „სირტაკის“ მონაწილეობით. 1986 წელს „პონტოელი ბერძნების შექმოქმედების“ პირველი ფესტივალიც კი გაიმართა. იმართებოდა სხვა შემოქმედებითი საღამოებიც. მსგავსი რამ საბჭოთა კავშირის არცერთ რესპუბლიკაში არ ხდებოდა.1
1990-იანი წლებიდან ბერძნებისათვის საკუთარი კულტურის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოდისეი დიმიტრიადის სახელობის ბერძნული კულტურის ცენტრი. საქართველოში საბერძნეთის საელჩომ შეიძინა შენობა, სადაც ამჟამად ცენტრი მოღვაწეობს.2 კულტურის ცენტრში ტარდება ბერძნული ენის, საბერძნეთის ისტორიის გაკვეთილები. ასევე ფუნქციონირებს ანსამბლი „ელადა“. რეგიონებიდან ბერძნების კულტურული ცხოვრება შედარებით აქტიურია ბათუმში.3
კულტურული ცენტრისა და სხვა ბერძნული ჯგუფების მონაწილეობით პერიოდულად ეწყობა კონცერტები,4 როგორც თბილისში, ისებერძნებით დასახლებულ სხვა კომპაქტურ ადგილებში. აღინიშნება ბერძნებისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რომელსაც ზეიმობენ, როგორც საბერძნეთში, ისე სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ბერძნულ დიასპორებში.5
დღეისათვის ბეძნებისათვის საკუთარი კულტურული ცხოვრების განვითარებისათვის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი ფინანსური ხასიათისაა. თუმცა, ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო მსგავსი პრობლემა ყველა ეთნიკური ჯგუფისათვის არის დამახასიათებელი და ამ მხრივ ყველა ეთნიკურ ჯგუფს მეტნაკლებად აწუხებს ეს საკითხი.
___________________
1. Инесса Акритова, „Так разгоралось пламя“, Элиники Диаспора, №6-7-(46-47), 11. 1998.
2. Владимир Чагулов, „Место встречи: улица Киевская №8“, Элиники Диаспора, №4-(98), IV, 2003; აღნიშნულ შენობაშია განლაგებული საქართველოში მოღვაწე სხვა ბერძნული საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც: Елена Стоматова, „Новый офис ждет друзей“, Элиники Диаспора, №4-(98), IV, 2003.
3. Валентина Саввулиди, „АРГО“ - Культурный центр Греко-Грузинской дружбы“, Батуми, №1- 2 (31-32), Июль-Февраль, 2001.
4. „Македония“ поет и декламирует на трех языках“, Газета Многонациональная Грузия, 3 (19), Июль, 2002.
5. „Праздник „Охи“ - в Элладе и в Грузии“, Многонациональная Грузия, 6 (22), Ноябрь, 2002.
![]() |
3.6 მასმედია |
▲ზევით დაბრუნება |
საბჭოთა კავშირის პერიოდში ბერძნული მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად რუსულენოვანი საინფორმაციო საშუალებებით იღებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსა და მსოფლიოში მცხოვრები ბერძნების შესახებ ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი საშუალება გაზეთი გახდა. ამგვარი გაზეთები რუსულ და ბერძნულ ენებზე არასახელმწიფოებრივი დაფინანსების გზით გამოდის. დაფინანსების ძირითადი წყარო სხვადასხვა ბერძნული საერთაშორისო ორგანიზაციებია.
თბილისში 1992 წლიდან 1937 წლის შემდეგ პირველად გამოდის საქართველოს ბერძენთა სათვისტომოების ფედერაციის გაზეთი „ელინიკი დიასპორა“, რომელიც საქართველოსა და ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს ეხება. გაზეთი ასევე ასახავს მსოფლიოში მცხოვრები ბერძნების პრობლემებს. გაზეთი თვეში ერთხელ 1500 ტირაჟით ბერძნულ, რუსულ და ქართულ ენებზე გამოდის. გაზეთი ძირითადად ბერძნებით დასახლებულ რაიონებსა და სახელმწიფო ორგანოებში უფასოდ რიგდება.
ბათუმში რუსულ ენაზე 1994 წლიდან არასახელმწიფოებრივი დაფინანსებით გამოდის გაზეთი „ბათუმი“, რომელიც აჭარასა და საერთოდ საქართველოში მცხოვრები ბერძნების ცხოვრებას ასახავს. ქალაქებში მცხოვრები ბერძნებისათვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო საქართველოს და რუსეთის რადიო და ტელეარხებია. გარდა ამისა, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მათ ინფორმაციის მიღების სხვა ალტერნატიული საშუალებებიც აქვთ. რაიონებში კომპაქტურად მცხოვრები ბერძნები კი, რომლებმაც სახელმწიფო ენა არ იციან, ფაქტობრივად საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფებიან და არ არიან ინფორმირებულნი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ეს ფაქტორი მოსახლეობის საინფორმაციო იზოლაციას განაპირობებს და მათ სამოქალაქო ინტეგრაციაში ხელისშემშლელი ფაქტორია.
![]() |
3.7 საჯარო სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ორგანოებში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები თითქმის არ მუშაობენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ეროვნული უმცირესობების მიერს ახელმწიფო ენის არცოდნა ან ცუდად ცოდნაა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გარდა, ფარულად არსებობს ხელოვნური ბარიერიც, რაც ეროვნულ უმცირესობას, მისი ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების გამო, ცენტრალურ ხელისუფლებაში მუშაობისაკენ გზას უღობავს.1
1995 და 1999 წლის პარლამენტში არჩეული ბერძენი ეროვნების დეპუტატი სახელმწიფო ენის ცოდნაში არსებული პრობლემების გამო სრულყოფილად ვერ მონაწილეობდა პარლამენტის კანონშემოქმედებითსაქმიანობაში.
ბერძნებით კომპაქტურად დასახლებულ წალკის რაიონში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბერძენი ეროვნების მოქალაქეები მეტნაკლებად არიან წარმოდგენილნი.2 თუმცა, დანიშვნით თანამდებობებზე ძირითადად ეთნიკურად ქართველები არიან. მსგავს ვითარებაში ადგილობრივ თუ ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებსა (სადაც ძირითადად ქართველები მუშაობენ) და ბერძნულ მოსახლეობას შორის დაპირისპირების ზოგიერთი შემთხვევა ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობის მიერ ეთნიკურ დისკრიმინაციადაც აღიქმება.
___________________
1. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ საჯარო სამსახურში მიღებისას ღიად არ იგრძნობა დისკრიმინაცია, მაგრამ მათი აღქმით ფარული დისკრიმინაცია მაინც მოქმედებს.
2. წალკის რაიონში 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შესახებ დაწვრილებით იხილეთ: ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ცნობარი, თბილისი, 2003, 171-172.
![]() |
3.8 სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ბერძნული მოსახლეობა ისეთივე რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, როგორც საქართველოს მთელი მოსახლეობა.
სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე ვითარება ბერძნებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებშია, მათ შორის წალკის რაიონში.1 წალკის რაიონი თბილისიდან 94 კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა მგზავრობას 4 საათი სჭირდება. ცენტრსა და რაიონს შორის დამაკავშირებელი გზები მწყობრიდან არის გამოსული. განსაკუთრებით რთულია ზამთრის პირობებში მგზავრობა. მძიმე კლიმატური პირობები და ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ არსებული პრობლემები, წალკის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ბერძნული მოსახლეობის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო ის ფულადი გზავნილებია, რომელსაც საზღვარგარეთ ძირითადადსაბერძნეთში ემიგრირებულები ოჯახის წევრებსა თუ ახლო ნათესავებს უგზავნიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი გზავნილები ზოგადად საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.2 შემოსავლის წყაროა ასევე სოფლის მეურნეობა.
წალკის რაიონის ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციაში ძირითადად საბერძნეთში იმყოფება. რაიონში ფაქტობრივად აღარ დარჩა ახალგაზრდა თაობა, რომელიც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ხედავს პერსპექტივას და მასობრივად ტოვებს საქართველოს. ამჟამად წალკის ბერძნული მოსახლეობა ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც საზღვარგარეთიდან ახლო ნათესავები ეხმარებიან. ხანდაზმული ადამიანებიც საბოლოო ჯამში ემიგრაციას ანიჭებენ უპირატესობას და ემიგრაციაში მყოფ ახლო ნათესავების დახმარებით ქვეყანას ტოვებენ.
დედაქალაქსა თუ რაიონებში მცხოვრები ბერძნები განსაკუთრებით სამუშაო ადგილების არარსებობას უჩივიან. თუმცა, ამ მხრივ, საქართველოს მთელი მოსახლეობა მსგავს ვითარებაშია. წალკაში ფაქტობრივად არ მუშაობს ან გაძარცვულია ყველა საწარმო. ცუდი გზებისა და საქართველოს მაგისტრალებზე გამეფებული კორუფციის გამო გართულებულია რაიონის გარეთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციაც.
დასაქმების თვალსაზრისით გარკვეულ პერიოდში ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება გამხდარიყო წალკის რაიონში გამავალი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი, თუმცა მილსადენის მშენებლობის პროცესში თითქმის არ არიან დასაქმებულნი ადგილობრივი ბერძნები.
წალკის რაიონის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წინასწარი სამუშაოები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენების გასაყვანად. მილსადენის მარშრუტის გასწვრივ ნავთობ-კომპანიებმა მიწის ფართობები ადგილობრივი მოსახლეობიდან უნდა შეისყიდონ. ეს პროცესი ამჟამადაც მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციაშია, მიწებზე კომპენსაციის მიღების საკითხი მოუგვარებელია. ამჟამად მათ მიერ მიტოვებულ სახლების ნაწილში არაბერძნული მოსახლეობა ცხოვრობს, რომლებიც აღნიშნული კომპენსაციის მიღებაზე აცხადებს პრეტენზიას. გარდა ამისა, რაიონში, შეგნებულად ჩამოსახლდა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც კომპენსაციის გადახდას ითხოვს.3 მსგავსი ვითარება კომპენსაციის გაცემის მხრივ გაურკვევლობას ქმნის და რაიონში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის პერიოდულად დაპირისპირებასაც წარმოშობს.
_________________
1. წალკის რაიონი ქვემო ქართლის ადმინისტრაციულ რეგიონში შედის. რაიონის ფართობია 1050.6 კვ/კმ. რაიონში ადმინისტრაციულად შედის 1 ქალაქი, ორი ქალაქის ტიპის დაბა და რვა საკრებულო. დასახლების ტიპის მიხედვით კი, 1 ქალაქი, ორი ქალაქის ტიპის დაბა და 48 სოფელი: http://www.parliament.ge/GENERAL/stat/regions/ekkartli.htm.
2. ამ საკითხზე იხ.: თომა გუგუშვილი, საქართველოს გარე მიგრაციულ-დემოგრაფიული პრობლემები, 1998, 120-130.
3. ზვიად კეჭაყმაძე, „წალკაში სიტუაციას სპეცსამსახურები ძაბავენ”, გაზეთი რეზონანსი, 281 (2766), 2002 წლის 15 ოქტომბერი.
![]() |
3.9 ემიგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებიდან ემიგრაციის საკითხს ბერძნებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 90-იანი წლების დასაწყისში საბერძნეთში ემიგრაცია დიდ სირთულეებს არ წარმოადგენდა. უკანასკნელ წლებში კი ემიგრაციის მსურველები საბერძნეთში გამგზავრებისათვის აუცილებელი საბუთების მიღებაში პრობლემებს აწყდებიან. სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია არსებული ბიუროკრატიული პროცედურა, რომელიც პასპორტის მიღების პერიოდს ახანგრძლივებს.1
ბერძნების მუდმივ ემიგრაციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს.სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გარდა მნიშვნელოვანიასაქართველოს კონსტიტუციის მიერ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა.არსებული კანონმდებლობის გამო, ემიგრანტები იძულებულნი არიან დროებით თუ სამუდამოდ უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე რაც, ფაქტობრივად ამგვარი მოქალაქეების დაკარგვას იწვევს. ამ მხრივ, ბერძნული დიასპორის წარმომადგენლები პრობლემის მოგვარების საშუალებად მიიჩნევენ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას ან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გზით გარკვეული სტატუსის შემუშავებას, რომელიც მიახლოებული იქნება ორმაგ მოქალაქეობასთან.2 ამჟამად სახელმწიფოებრივ დონეზე მსგავსი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოდან ემიგრირებულ მოსახლეობას ორი პასპორტი აქვს, როგორც საბერძნეთის, ისე საქართველოს. ემიგრირებული ბერძნული მოსახლეობა თავის ახლობლებს პერიოდულად უგზავნის ფულად გზავნილებს, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასაც აქვს მიღებული. წალკის რაიონიდან ბერძნული მოსახლეობის ემიგრაციას განაპირობებს რაიონში არსებული კრიმინოგენური ვითარებაც. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა ბერძნებზე თავდასხმები. თავდასხმის მსხვერპლი ძირითადად ბერძენი ეროვნების ხანდაზმული მოქალაქეები არიან. იყო მკვლელობის შემთხვევაც.3
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წალკის რაიონი მრავალეთნიკური ბუნებით გამოირჩევა. რაიონში ბერძნების გარდა ცხოვრობენ სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები. რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო კი, მრავალეთნიკურ რაიონში, ძირითადად საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისწარმომადგენლებს შორის დავის შემთხვევებიც არის4, რაც ზოგჯერეთნიკური დაპირისპირების ელფერს იღებს, მაგრამ დღემდე მსგავსიშემთხვევები სერიოზულ ეთნიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.წალკის ბერძენი მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის შესახებ რამდენიმეჯერ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმაც. პრეზიდენტმა თავის მიმართვებში ემიგრაციის შეჩერება მოითხოვა.5 თუმცა, მსგავს მოთხოვნას კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია, რის გამოც ხელისუფლების განცხადებები მხოლოდ დეკლარაციულ დონეზე დარჩა.ბერძნული დიასპორა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის გზად აუცილებლად მიიჩნევს ხელისუფლების გააქტიურებასა დასაქართველოსა და საბერძნეთს შორის სამთავრობო ხელშეკრულებებისდადებას.6 პრეზიდენტმა 1996 და 2002 წლებში წალკის რაიონისსოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის სპეციალური აქტებიც გამოსცა,7 რასაც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისგააქტიურება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა, რეალურად ამ მხრივ ქმედითინაბიჯები არ გადადგმულა, რის გამოც საქართველოში დარჩენილი მცირერიცხოვანი ბერძნული მოსახლეობაც ემიგრაციაში წასვლას ცდილობს.
_________________
1. დიოგენ მელიქოვი, „რა ღირს ბეჭედი?“, გაზეთი მრავალეროვანი საქართველო, №3, ნოემბერ-დეკემბერი, 2001 წ.; საბერძნეთში შესვლასთან დაკავშირებული საბუთების გაცემის პროცედურის გართულება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს საბერძნეთის შენგენის ზონაში შესვლით.
2. Кириак Иорданов, Сборник докладов конференции, Историа и реалии этнических общин Грузии (Дата проведения конференции - 9 ноябрия 2001 год), 2003, 30-32.
3. “69-year old Greek man was tortured and killed”, Georgian Times, 23.09.2002.
4.მაია მოსიაშვილი, „აჭარიდან წალკაში ჩასახლებულ მოსახლეობას სომხები ავიწროებენ“, გაზეთი 24 საათი, 90 (302), 2003 წლის 2 აპრილი.
5. „Миграция Греков из Цалксково района должна быть приоставлена“, Многонациональная Грузия, 4 (20), Август, 2002; პრაიმ-ნიუსი, „წალკის რაიონიდან ბერძენი მოსახლეობის მიგრაცია უნდა შეჩერდეს“, გაზეთი ახალი თაობა, 209 (2421), 2002 წლის 1 აგვისტო.
6.კირიაკ იორდანოვი, ეროვნული უმცირესობები: პრობლემები და პერსპექტივები, მრავალეროვანი საქართველო, №2 სექტემბერ-ოქტომბერი, 2001 წ.
7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წალკის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ, №507, 1996 წლის 11 აგვისტო; საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება წალკის რაიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, №1212, 2002 წლის 19 სექტემბერი.
![]() |
3.10 ჰუმანიტარული დახმარება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მცხოვრები ბერძნული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ გარკვეულ როლს ასრულებს ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საბერძნეთის მთავრობა და სხვადასხვა საერთაშორისო ბერძნული ორგანიზაციები1 დამოუკიდებლად ან საქართველოს ბერძნულ სათვისტომოთა ფედერაციასთან2 თანამშრომლობით ახორციელებენ. უცხოეთი ბერძნების მსოფლიო საბჭოს ეგიდით საქართველოში ხორციელდება სამედიცინო პროგრამა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა არა მარტობერძნული მოსახლეობისათვის არის გათვალისწინებული. დღეისათვის საქართველოში მათი მხარდაჭერით სამი სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს ბერძნებით დასახლებულ რაიონებში: სამედიცინო ცენტრი თბილისში, პოლიკლინიკა წალკაში და ამბულატორია ციხისჯვარში. მათი მოსამხურებით სხვა ეროვნების მოქალაქეებიც სარგებლობენ.3
ბერძნული მოსახლეობის დახმარების კუთხით საბერძნეთის მთავრობამ ინიციატივა ბოლო წლებში გამოიჩინა, როდესაც საქართველოში საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა რამდენიმე სფეროში განხორციელდება: მეწარმეობა, განათლება და კულტურა, სამედიცინო და სოციალური მომსახურება. პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ქართულ, ისე ბერძნულ მოსახლეობაზეც გავრცელდება. ბერძნულ დიასპორას იმედია აქვს, რომ მსგავსი დახმარება მათ ემიგრაციას შეაჩერებს.4
_________________
1. Виктор Некресиди, „Спасибо за помощь“, Элиники Диаспора, №6-7 (46-47), 11.1998; Владимир Кекчиди, „Благотворительность“, Элиники Диаспора, №4 (98), IV 2003; „ბერძენი ზორბა“, 24 საათი, 107 (319), 2003 წლის 19 აპრილი.
2. ფედერაციის საქმიანობაზე იხილეთ ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუ radio Post Factum-Tan: Leave or Stay?: http://www.postfactum.org/eng/newsadmin/printable.php?ID=102; „ინტერვიუ საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა ფედერაციის პრეზიდენტთან კირიაკ იორდანოვთან“, გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, 2003 წლის 7 ივნისი, 147 (4526).
3. Алена Умудумова, „Всемирный Совет греков зарубежья продолжит свои программы в Грузии“, Элиники Диаспора, №5-6-(99-100), V-VI, 2003.
4. Кириак Диамантопуло, „Греческое программа поддержки экономического и социального развития Грузии берет старт“, Элиники Диаспора, №4(98), IV, 2003; Кириак Диамантопуло, „Яннис Макриотис привез из Греции программу экономической и социальной поддержки населения Грузии“, Элиники Диаспора, №5-6(99-100),V-VI, 2003.
![]() |
3.11 საკუთრების დაცვის პრობლემა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მცხოვრები ბერძნებისათვის განსაკუთრებით მწვავედ დგას საკუთრების დაცვის საკითხი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია წალკაში, დმანისში, ქობულეთში, თეთრიწყაროში, ბორჯომსა და მარნეულში ბერძნების კუთვნილი სახლების პრობლემა. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია საკუთრების უფლება, მაგრამ ბერძნული მოსახლეობის განცხადებით, დაცარიელებული სახლების უკანონოდდაკავება, განსაკუთრებით წალკის რაიონში, ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით გრძელდება. წალკის ბერძნული მოსახლეობის 80% ემიგრაციაშია წასული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკან დაბრუნებას არ აპირებს.
ზოგიერთ სახლში ემიგრირებულთა ახლო ნათესავები ცხოვრობენ, სახლების ერთი ნაწილი კი გაიყიდა. სახლის გაყიდვის სურვილის შემთხვევაშიც ფაქტობრივად არ არსებობს რეალური მყიდველი. სხვა რაიონებსა და დედაქალაქში მცხოვრებლებს წალკაში სახლის შეძენის სურვილი არ გააჩნიათ. ადგილობრივ მოსახლეობას კი სახლის შესყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. ამ ფაქტორის გამო კვლავ მრავლად არის სახლები, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს. უპატრონო სახლები ძირითადად გაძარცვულია. წალკის რაიონში ბერძნების მიერ მიტოვებულ სახლების ერთ ნაწილში საქართველოს მთიანი რეგიონებიდან, აჭარიდან და სვანეთიდან სტიქიით დაზარალებული ჩამოსახლებული მოსახლეობა, ზოგი სახლის მესაკუთრესთან შეთანხმებით, ზოგი კი ძალით შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ამგვარი სახლები უნდა შეესყიდა, სახელმწიფოში არსებული არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, სახლების შესყიდვა და მათი მესაკუთრეებისათვის კომპენსაციის გადახდა ვერ ხერხდება.1
___________________
1. ამ საკითხზე იხ.: მარი ნარჩემაშვილი, „რატომ შეჰყავთ წალკაში შინაგანი ჯარი?“, რეზონანსი, 200 (2685), 2002 წლის 26 ივლისი. ასვე იხ.: „Интервью с председателем правления Цалксково района Георгием Квалиашвили“, Элиники Диаспора, №6-7 (46-47), 11. 2003.
![]() |
3.12 დასკვნები/რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში გამეფებული ნაციონალიზმისა და რთული სოციალურ ეკონომიკური ვითარების გამო ქვეყნიდან მოსახლეობის, მათ შორის ბერძნული მოსახლეობის, ემიგრაცია დაიწყო. ეროვნულ უმცირესობებს შორის ბერძნები ყველაზე აქტიურად ჩაერთნენ მიგრაციულ პროცესებში. ამჟამად, ბერძნული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემიგრაციაში იმყოფება. საქართველოში დარჩენილი ბერძნებიც ემიგრაციაში წასვლას ცდილობენ.
ემიგრაციის ძირითადი ქვეყანა საბერძნეთია. ბერძნული მოსახლეობის შენარჩუნების მხრივ მნიშვნელოვანი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური პროექტების რეალური განხორციელება და კომპაქტური დასახლების რაიონებში უცხოური (ძირითადად ბერძნული კომპანიების) ინვესტიციების მოზიდვა.
მიგრაციულად განწყობილი მოსახლეობის შენარჩუნებისათვის ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა შესაბამისისაკანონმდებლო ბაზის ან საბერძნეთსა და საქართველოს შორის სამთავრობათაშორისო შეთანხმების მიღწევა, რაც ემიგრირებული ბერძნული მოსახლეობის საქართველოში დაბრუნებისათვის გამარტივებულ პროცედურას შეიმუშავებდა. საქართველოში ვითარების გაჯანსაღების შემთხვევაში ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ ემიგრირებულადამიანთა დაბრუნება, რომლებმაც ემიგრაციაში ყოფნისას თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ეკონომიკურად მომძლავრებული საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება დადებითად იმოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზეც.
ბერძნული მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით რაიონში კომპაქტურად მცხოვრებთათვის, მნიშვნელოვანი პრობლემაა სახელმწიფო ენის ცოდნის საკითხი. სახელმწიფო ენის არცოდნა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორია.
რაიონებში კომპაქტურად მცხოვრები ბერძნული მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა მათ ხელს უშლის საქართველოს სხვა რეგიონებთან თუ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობაში. სახელმწიფო ენის არცოდნა რაიონებში ასევე წარმოშობს საინფორმაციო ვაკუუმს.
ამ მხრივ სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული უნდა იყოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსების ორგანიზება, რაშიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რესურსები.
მსგავსი პროგრამები პერსპექტივაში ხელს შეუწყობდა ბერძნული მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ენის შესწავლას, რაც თავის მხრივ პოზიტიურ როლს შეასრულებდა მათ სამოქალაქო ინტეგრაციაში.
ბერძნული მოსახლეობისათვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა შრომითი მიგრანტების ფულადი გზავნილები, მაგრამ ეს სრულად ვერ უზრუნველყოფს მათ მოთხოვნილებას. ამიტომაც, რაიონებში კომპაქტურად მცხოვრები ბერძნული მოსახლეობის დასაქმებისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ადგილზე არსებული საწარმოო პოტენციალის ამუშავება, რაშიც ქართულიკომპანიების გარდა, ბერძნული კომპანიების დაინტერესებაც შეიძლება.
საჯარო სამსახურში ბერძნული მოსახლეობის სიმცირე ხელს უშლის საქართველოს ეთნიკურად ბერძნული მოსახლეობის მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გარდა ამისა, ბერძნებით კომპაქტურადდასახლებულ რაიონებში სახელმწიფო სამსახურში ძირითადად ეთნიკურად ქართველების მუშაობა, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ადგილობრივ ბერძნულ მოსახლეობას შორის წარმოქმნილ პრობლემებს ეთნიკურ ელფერს აძლევს. ამიტომაც, ბერძნებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებში სახელმწიფო სამსახურში პროფესიონალი ბერძნების საქმიანობის მხარდაჭერა ხელს შეუწყობდა სახელმწიფო ორგანოებსა და ადგილობრივ ბერძნულ მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას ეთნიკური ფონის შემცირებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ბერძნული მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციაშიც.
საკუთრების დაცვის საკითხი ბერძნული მოსახლეობის უმწვავეს პრობლემათა რიგს განეკუთვნება. ამჟამად, რაიონებში ბერძნული მოსახლეობის მიერ მიტოვებული სახლები გაძარცვულია ან სხვის მიერ არის მითვისებული. ამ მხრივ, საკუთარი მოქალაქეების საკუთრების დაცვა პირველ რიგში სახელმწიფოს ვალდებულებაა. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბერძნული მოსახლეობა უპირატესობას ხანგრძლივ ან მუდმივ ემიგრაციას ანიჭებს, მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა ან საკუთრების გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, საკუთრების რეალურ ღირებულებასთან მიახლოებული კომპენსაციის გადახდა, რაც სახელმწიფოს მძიმეფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივადაც განხორციელდეს.