რაც მტრობას დაუნგრევია... მეთოდური სახელმძღვანელო ისტორიის მასწავლებელთათვის (VII კლასი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, ხუროშვილი ანა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
საავტორო უფლებები: © წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისი 2004 წიგნი მომზადდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატების კრისტიან ცუმვალდისა და იზაბელ ბურჟის ზოგადი ხელმძღვანელობით გამომცემლობა „სი-ჯი-ეს“, თბილისი, 0119, ა. წერეთლის პროსპექტი 118. ავტორები: ნინო გვარამაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხუროშვილი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი



1 გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. კ. ანთაძე, ლ. ფირცხალავა „შუა საუკუნეების ისტორია“, მეშვიდე კლასის სასკოლო სახელმძღვანელო. თბილისი 1998 წ.

2. ი. ანთელავა, ს. ვარდოსანიძე, რ. მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“, მეშვიდე კლასის სახელმძღვანელო, თბილისი 1998 წ.

3. ნ. ბერძენიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია. „საქართველოს ისტორია“ ნაწ. 1. თბ. 1946 წ.

4. შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე „თბილისის ისტორია“, თბ. 1958 წ.

5. საქართველო რუსთაველის ხანაში. მათე ურჰაელის ცნობები დავით აღმაშენებლის შესახებ, ლიანა დავლიანიძის თარგმანი. 1966 წ.

6. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნი მეორე, თსუ 1948წ.

7. „Женевские конвенции от 12 августа 1949 года и дополнительные протоколы к ним МККК 1994

8. Ж. Пикте, Развитие и принципы международного гуманитарного права, МККК 1994.г.

9. Энциклопедический словарь, т. XXIV А, издатели Ф. А. Брокгауз И. А. Ефрон, С.-Петербург. 1898

10. The Encyclopedia of Islam, New Edition, Leiden London E.J. Brill, 1960 Luzac&Co.

11. The origins of MUHAMMADAN JURISPRUDENCE by Joseph Schacht, OXFORD AT THE CLARENDON PRESS 1950.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო კოლეგებო!

სიამოვნებით წარმოგიდგენთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ მომზადებულ პედაგოგიურ მასალას. უპირველეს ყოვლისა, შევეცდებით ვუპასუხოთ ზოგიერთ კითხვას, რომელიც, ბუნებრივია, დაებადება ყოველ თქვენგანს.

1. რას ისახავს მიზნად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა?

პროგრამის მიზანია დააფიქროს მოსწავლეები დამოკიდებულებაზე ომის მსხვერპლისადმი, ქცევის წესებზე ომის პირობებში, გააცნოს მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) ნორმები; მიაწოდოს მათ ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ.

2. რა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

ეს არის საერთაშორისო სამართლის დარგი, რომელიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ომის მსხვერპლთა (დაჭრილი მეომრების, ტყვეების) დაცვას.

3. რა დოკუმენტებს ეყრდნობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი დოკუმენტებია ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენცია და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი.

4. რას წარმოადგენს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა?

ეს მოძრაობა მიმართულია გაჭირვებულთა დასახმარებლად. მოძრაობა შედგება 3 კომპონენტისაგან:

ა) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - ემბლემა

0x01 graphic

ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში კონფლიქტის დროს და უშუალოდ მის შემდეგ. ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთ.

ბ) ეროვნული საზოგადოებები - ემბლემა

0x01 graphic
ან

0x01 graphic

ქრისტიანულ ქვეყნებში

მუსლიმური ქვეყნების
უმრავლესობაში

შენიშვნა: ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში ემბლემად გამოიყენება წითელი ჯვარი.

ეროვნული საზოგადოება მოქმედებს ქვეყნის შიგნით. მშვიდობიან დროს ეხმარება მარტოხელებს, მოხუცებს, ავადმყოფებს. კონფლიქტების დროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ეხმარება კონფლიქტისაგან დაზარალებულებს.

გ) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია - ემბლემა

0x01 graphic

0x01 graphic

ეს საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს ეროვნულ საზოგადოებებს, ეხმარება მოსახლეობას სტიქიური უბედურებისა და შიმშილის დროს სხვადასხვა ქვეყანაში.

5. რატომ უნდა გავრცელდეს ცოდნა სჰს-ის შესახებ?

ნორმის დაცვა შეიძლება მოითხოვო მათგან, ვინც იცის ეს ნორმა. როცა სახელმწიფო უერთდება ჟენევის კონვენციებსა და დამატებით ოქმებს, ის იღებს ვალდებულებას დაიცვას მათში მოცემული ნორმები და გაავრცელოს ცოდნა მათ შესახებ მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში. საქართველო მიუერთდა ჟენევის კონვენციებსა და დამატებით ოქმებს 1993 წელს. ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში მას დახმარებას უწევს წჯსკ.

6. რატომ მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საგანმანათლებლო პროგრამაზე?

ცოდნის გავრცელება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. წჯკს-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის დაიდო ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზე წჯსკ დახმარებას უწევს განათლების სამინისტროს მოსწავლეთა შორის სჰს-ის შესახებ ცოდნის გავრცელებაში.

7. რომელ კლასებში ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა?

VI კლასისათვის შექმნილია დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში „შეიცან თავი შენი“.

VII კლასელთათვის მომზადდა სახელმძღვანელო „რაც მტრობას დაუნგრევია...“. მასალა გაფანტულია შემდეგ საგნებში: მშობლიური ლიტერატურა, რუსული ენა, ერთ-ერთი უცხოური ენა (ფრანგული, ინგლისური, გერმანული), გეოგრაფია და ისტორია. ეს, ერთი მხრივ, დაეხმარება მოზარდებს პრობლემის მრავალმხრივობის დანახვაში, ხოლო, მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნის შინაარსობრივი მრავალფეროვნება.

8. რატომ შევიტანეთ მასალა ისტორიის სწავლების პროგრამაში?

ისტორიის კურსში სჰს-ის საკითხების შეტანა განაპირობა ომების მაგალითებმა, რომლებიც მოსწავლეებს შეუქმნიან წარმოდგენას ომის მსხვერპლთა სხვადასხვა კატეგორიაზე. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ეს დაეხმარება მათ სჰს-ის ნორმები და მათი დაცვის აუცილებლობა მსოფლიო პრობლემად აღიქვან.

მასალა გათვალისწინებულია საქართველოს ისტორიის და მსოფლიო ისტორიის (შუა საუკუნეების) კურსის ბოლოს გამოსაყენებლად, რაც მთელი წლის მასალის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კუთხით გადახედვის საშუალებას იძლევა.

9. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ მასალის სწავლებისას?

პროგრამა არ ისახავს მიზნად ამა თუ იმ საგნის სწავლებას. მისი მიზანია აღნიშნული საგნების გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (ომის სამართლის) შესაბამისი ქცევის წესების სწავლებისათვის, შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში ქცევის ნორმების სწავლებისათვის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გაცნობისათვის. ამის გამო, აუცილებელია მასწავლებელმა დაკვირვებით წაიკითხოს მეთოდური მითითებები და მისდიოს მათ.

10. რას წარმოადგენს მეთოდური სახელმძღვანელო?

მეთოდური მითითებები მასწავლებელთათვის ცალ-ცალკეა გამოცემული ყველა საგანში. მათში მოცემულია, აგრეთვე, მასალა შესაბამის საგანში მოსწავლის სახელმძღვანელოდან (დაბეჭდილია მუქ ფონზე).

11. რა მეთოდიკური თავისებურებით ხასიათდება მასალა?

სწავლების მეთოდიკა გულისხმობს მოსწავლეთა აქტივობას. მასწავლებელი მხოლოდ წარმართავს მეცადინეობას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობისათვის. ამ მეთოდიკით მუშაობა არ გულისხმობს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას.

ვიმედოვნებთ, რომ მასწავლებლები გულისყურით მოეკიდებიან საქმეს, რომელიც ყველა ჩვენგანის საკეთებელია.

წარმატებას გისურვებთ!

3 მშვიდობიანი მოსახლეობა და კულტურული ფასეულობები ომის დროს; სამხედრო ტყვეები

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილები საქართველოს ისტორიის კურსისათვის

მასალას ეთმობა 3 საათი.

იზანი

- საუბარი მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობაზე ომის დროს. მოსწავლეთა მიყვანა იმის შეგნებამდე, რომ გამარჯვების მიღწევა შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების, ზედმეტი მსხვერპლისა და კულტურულ ფასეულობათა გაჩანაგების გარეშე.

- საუბარი სამხედრო ტყვეების მდგომარეობაზე, მათდამი დამოკიდებულების საკითხზე. მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობა.

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს 3 ძირითად მომენტს:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;
- მოსწავლეთათვის მაგალითის მოყვანას;
- მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

4 პირველი გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

შემოქმედებითი ხასიათის სამუშაოს შესრულება ჯგუფებში
ჯგუფური სამუშაოს ანალიზი
სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის ანალიზი
საშინაო დავალება

ზემოთ გაცხადებული მოსაზრებების მოსწავლეთა ცნობიერებამდე დასაყვანად, საჭიროა მასწავლებელმა მათ შესთავაზოს შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო, რომლის შესრულებისას მოზარდები უკეთ წარმოიდგენენ სიტუაციას და დამოუკიდებლად მივლენ გარკვეულ დასკვნებამდე.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაიყონ 4 ჯგუფად და აძლევს შესასრულებლად დავალება 1-ს.

ჯგუფებად დაყოფამდე მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს ჯგუფებში მუშაობის შემდეგ წესებს:

- მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებში სურვილის მიხედვით (ვისაც ვისთან უნდა).

- ჯგუფში წინასწარ ირჩევენ მოსწავლეს, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის ნამუშევარს.

- ჯგუფში თითოეული მოსწავლე გამოთქვამს აზრს და მოლაპარაკების შემდეგ ყალიბდება ჯგუფის აზრი, რომელიც იწერება ფურცელზე ან რვეულში ერთი მოსწავლის მიერ.

- აზრის გამოთქმა ჯგუფში ხდება ხმადაბლა, რათა ხელი არ შეეშალოთ მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს.

- მოსწავლეები უნდა ჩაეტიონ მოცემულ ვადაში.

დავალებისათვის მოსწავლეებს ეძლევათ 10 წუთი.

დავალება 1

ისტორიაში არაერთი ომის შესახებ წაგიკითხავთ. ყველა მათგანს უბედურება მოაქვს. მაგრამ ომები მეტ-ნაკლებად მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სისასტიკითა და შედეგებით.

წარმოიდგინეთ, რომ ფეოდალური ქვეყნის ქალაქს ალყა აქვს შემორტყმული. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, დამპყრობელმა მოახერხა ქალაქის აღება. შეეცადეთ წარმოიდგინოთ და აღწეროთ ქალაქის აღება დამპყრობლის მიერ, მსხვერპლი, მისი მდგომარეობა და დამპყრობლის ქცევა ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგ.

დროის გასვლის შემდეგ ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი წაუკითხავს კლასს შესრულებულ დავალებას.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ნამუშევრის წარმოდგენისას მიაქციონ ყურადღება იმას, თუ მსხვერპლის რა და რა კატეგორია გამოიკვეთა ნამუშევრებში და რა სახის ზიანი მიაყენეს მას.

მაგალითად:

ჯარისკაცები (დახოცეს, დაჭრეს),
ტყვეები (აწამეს, შეურაცხყვეს ...),

მშვიდობიანი მოსახლეობა (დახოცეს, გაძარცვეს, მოუშალეს საცხოვრებელი,მეურნეობა, უდიერად მოექცნენ მათ სარწმუნოებას, შეულახეს ღირსება....)

მოსწავლეთა ნამუშევრებში შეიძლება აისახოს მხოლოდ ნაწილი ჩამოთვლილთაგან. დაფაზე მასწავლებლის მიერ იწერება მსხვერპლთა კატეგორიების ჩამონათვალი, მათთვის მიყენებული ზიანის აღნიშვნით.

გთავაზობთ 6 კითხვას, რომლებიც მასწავლებელმა უნდა დაუსვას თითოეულ ჯგუფს იმ შემთხვევაში, თუ კითხვებში მოცემული საკითხები არ აისახა მოსწავლეთა ნამუშევრებში.

1) როგორ წარმოგიდგენიათ, განსხვავდებიან თუ არა დამპყრობელი დაპყრობილი კულტურული დონით?

2) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს განსხვავებას?

3) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მსგავსებას?

4) როგორ წარმოგიდგენიათ, დამპყრობელი და დაპყრობილი ერთი იგივე სარწმუნოების არიან თუ არა?

5) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ერთმორწმუნეობას?

6) რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სარწმუნოებრივ განსხვავებას?

მოსწავლეთა ნამუშევრები შეიძლება ასახავდნენ მხოლოდ ულმობელსა და სასტიკ დამპყრობს. შესაძლებელია, ზოგიერთ ნამუშევარში გამოიკვეთოს დაპყრობილთა დანდობის ელემენტიც. ქვემოთ მოყვანილი მე-8 კითხვა სწორედ ამ განსხვავებას გულისხმობს და მოითხოვს მოსწავლეთა თითოეული აზრის დასაბუთებას.

თუ პასუხები ერთფეროვანია და მხოლოდ სისასტიკეს ასახავს, მაშინ ადამიანურ დამოკიდებულებაზე საუბარი შედგება მეორე დავალების შესრულების შემდეგ. მასწავლებელმა უნდა მოისმინოს ყველა შესაძლო პასუხი.

კითხვები:

7. რა არის საერთო თქვენს მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში?

8. არის თუ არა რაიმე განსხვავება თქვენს მიერ წარმოდგენილ ნამუშევრებში?

პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი კლასში შესასრულებლად აძლევს დავალება 2-ს. მუშაობა ისევ ჯგუფებში მიმდინარეობს. დავალების შესასრულებლად ეძლევათ 10 წუთი.

დავალება 2

წაიკითხეთ ტექსტი „თბილისის აღება დავით აღმაშენებლის მიერ“. უპასუხეთ შემდეგ კითხვებზე:

- რა მიგაჩნიათ დადებითად დავით აღმაშენებლის საქციელში?

- რა მიგაჩნიათ უარყოფითად დავით აღმაშენებლის საქციელში?

- როგორ მოიქცეოდით თქვენ დავითის ადგილზე? თუ ჯგუფში განსხვავებული აზრი წარმოიშვა, თითოეული მათგანი გააცანით კლასს.

- თქვენი აზრით, რა წესებს უნდა იცავდეს მეომარი დაპყრობილ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ?

„თბილისის აღება დავით აღმაშენებლის მიერ“

თბილისი ოთხასი წლის მანძილზე მტრის ხელში იყო. 1122 წელს შეძლო დავით აღმაშენებელმა თბილისის აღება. ვინაიდან ქალაქი უბრძოლველად არ ჩააბარეს, მეფემ იგი იერიშით აიღო და სასტიკად გაუსწორდა ქალაქის მფლობელებსა თუ მაჰმადიან მოსახლეობას, სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო, მაგრამ მალე დაუცხრა მეფეს გულისწყრომა და თბილისელებს მრავალგვარი შეღავათი უწყალობა: გაათავისუფლა ისინი იმ წლის გადასახადისაგან და მაჰმადიანთა თხოვნისამებრ, ბრძანა, მათ უბანში არავის დაეკლა ღორი. მას (მეფეს) მიუნიჭებია მაჰმადიანთათვის თავისუფლად ლოცვისა და ლოცვისთვის მოწოდების უფლება. დავითმა აუკრძალა ქართველებს, სომხებსა და ებრაელებს მაჰმადიანთათვის განკუთვნილ აბანოში შესვლა. მეფემ მაჰმადიანებს საგადასახადო შეღავათებიც მიანიჭა: ქართველები იხდიდნენ წელიწადში ხუთ დინარს, ებრაელები - ოთხს, ხოლო მაჰმადიანები - სამ დინარს.

მეფემ თბილისელ მაჰმადიანებს, ებრაელებს, სომხებს ქალაქში უვნებლად ცხოვრებისა და მათი სარწმუნოების ხელშეუხებლობის პირობა მისცა, რათა მათ თავისუფლად განეგრძოთ ქალაქში მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობა.

დროის გასვლის შემდეგ ოთხივე ჯგუფის წარმომადგენელი წარუდგენს კლასს პასუხებს. ყველას უნდა მიეცეს კითხვის დასმის ან შეკამათების საშუალება.

მოსწავლეთა მიერ შემოთავაზებულ წესებს მასწავლებელი წერს დაფაზე და სთხოვს მოწავლეებს ჩაინიშნონ რვეულში ეს წესები.

შემდეგ მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ომების შედეგად გადატანილმა დიდმა განსაცდელმა და მსხვერპლმა დააფიქრა ადამიანები, რასაც მოჰყვა საერთაშორისო შეთანხმება ჟენევის 1949 წლის IV კონვენციისა და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმის სახით.

შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 3

დავალება 3

გადაიწერეთ ქვემოთ მოცემული ტექსტი. შეადარეთ ის დავით აღმაშენებლის საქციელსა და თქვენს მიერ შემუშავებულ წესებს. თუ ნახეთ საერთო რომელიმე მათგანთან, ქვეშ ხაზი გაუსვით.

ჟენევის 1949 წლის IV კონვენცია იცავს მშვიდობიან მოსახლეობას ომის დროს. ის კრძალავს მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას, მძევლად აყვანას, შეურაცხყოფას, ძარცვას. მოსახლეობას სრული უფლება აქვს შეასრულოს ოჯახური წეს-ჩვეულებები თუ რელიგიური რიტუალები.

1977 წლის I და II დამატებითი ოქმების თანახმად აკრძალულია თავდასხმა მოსახლეობისათვის სასიცოცხლო აუცილებლობის მქონე ობიექტებზე, როგორიცაა სურსათის მარაგი, სასმელი წყლით მომარაგების სისტემა და სხვა.

5 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
საუბარი კულტურულ ფასეულობათა განადგურების შესახებ
საუბარი ტყვეებზე
ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესახებ
საშინაო დავალება

საშინაო დავალების შემოწმებისას მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გააცნონ კლასს ხაზგასმული წესები. შემდეგ კი ყურადღებას ამახვილებს იმ წესებზე, რომლებიც ასახულია კონვენციებში და არ აისახა მოსწავლეთა მიერ შემუშავებულ წესებში.

მასწავლებელი ახსენებს კლასს, რომ წინა გაკვეთილზე საუბარი იყო ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებაზე, მატერიალური ზარალის მიყენებაზე, აღმსარებლობის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხებზე.

კითხვები:

1. კიდევ რა სახის ზარალი შეიძლება მიაყენო დაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობას? (სულიერი ტრავმა, რაც ყოველთვის თან სდევს ომს, გაუნადგურო კულტურული ფასეულობები...).

2. რა მიგაჩნიათ კულტურულ ფასეულობებად? (ისტორიული ძეგლები, მწერლობისა და ხელოვნების ნიმუშები....)

3. როგორ წარმოგიდგენიათ კულტურული ფასეულობების განადგურება? (დაზიანება ან გატანა ქვეყნიდან).

4. როგორ შეიძლება კულტურულ ფასეულობათა დაცვა შეიარაღებული კონფლიქტის დროს?

მასწავლებელი კლასში შესასრულებლად აძლევს მოსწავლეებს დავალება 4-ს. დავალებისათვის ეძლევათ 3-5 წუთი.

დავალება 4

მოძებნე ტექსტში „ხაზარებისა და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობანი“ ადგილები, სადაც ლაპარაკია კულტურულ ფასეულობათა განადგურებაზე.

ხაზარებისა და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობანი

ხაზარები გარს შემოერტყნენ თბილისს და დაიწყეს ბრძოლა. ორი თვის გარემოცვისა და ომის შემდგომ ქალაქი აიღეს, ხოლო მცხოვრებნი დაუნდობლივ ამოწყვიტეს. იქვე შეიპყრეს ორი მთავარი, ერთი იყო სპარსთა მთავრობის წარმომადგენელი, ხოლო მეორე ადგილობრივი მკვიდრი ქართველი, ალბათ დიდებულ აზნაურთა მმართველი წრის წევრთაგანი. ორივე ტყვეს ჯერ თვალები დასთხარეს და შემდეგ ჩამოახრჩეს. მთელი ქალაქი გაძარცვეს და უთვალავი განძეულობა ჩაიგდეს ხელში, ურიცხვი ოქროსი და ვერცხლის ქანქარი და მრავალი საეკლესიო სამკაული მოთვალულ-მომარგალიტული სიწმინდის სამსახურებელი ....

ხაზარები ჰერაკლე კეისრის მოკავშირენი იყვნენ სპარსეთის წინააღმდეგ. კეისარი ცდილობდა დაეპყრო სპარსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიები. ...

... ქართლის უდიდესი ქალაქების, თბილისის, მცხეთისა და უჯარმის ეკლესიებში ჰერაკლე კეისარს დიდი სისხლი დაუდენია. ცხადია, ეკლესიებში იმდენად ცეცხლისმსახურნი არ იყვნენ შეფარებულნი, რამდენადაც ქრისტიანები, მხოლოდ სხვა (მონოფიზიტები) აღსარებისა. იმდროინდელი ქართველი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ჰერაკლემ „განწმინდა შჯული ქრისტესი და წარვიდა“-ო. ადამიანების მოსპობის გარდა შეუდგნენ მათი კულტურული ნამოღვაწარის, კერძოდ - მწერლობის განადგურებასაც და აქაც ბევრი რამე „განწმინდეს“.

დავალების შემოწმების შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ დავალება 5-ს.

დავალება 5

წაიკითხე ქვემოთ მოყვანილი ტექსტი:

1977 წლის I და II დამატებითი ოქმების თანახმად აკრძალულია ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშებისა და რელიგიური დანიშნულების ობიექტების დაზიანება, ხელყოფა ხალხთა კულტურული და სულიერი საგანძურისა.

ხომ არ გახსენდება ომის შედეგად კულტურულ ფასეულობათა დაზიანების, განადგურების ან დაცვის რომელიმე მაგალითი?

კითხვები:

4. გარდა მშვიდობიანი მოსახლეობისა, კიდევ რა სახის მსხვერპლზეა ლაპარაკი პირველ ტექსტშიხაზარებისა და ჰერაკლე კეისრის ლაშქრობანი? (ტყვეებზე)

5. გსმენიათ ან წაგიკითხავთ თუ არა რაიმე ტყვეებზე, მათ მიმართ დამოკიდებულების შესახებ?

კლასში სრულდება დავალება 6.

დავალება 6

მოიფიქრე

ა) რა საქციელი მიგაჩნიათ დაუშვებლად ტყვის მიმართ? დაასახელე 3 მათგანი.

ბ) რა საქციელი მიგაჩნია დასაშვებად ტყვის მიმართ? დაასახელე 3 მათგანი.

5 წუთის გასვლის შემდეგ ყველა პასუხი იწერება დაფაზე.

დასასრულს, მასწავლებელი ახსენებს მოსწავლეებს, რომ არსებობს ჟენევის 1949 წლის III კონვენცია, რომელიც ეხება ტყვეებთან დამოკიდებულების საკითხს.

შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 7.

დავალება 7

ყურადღებით წაიკითხე ქვემოთ მოყვანილი ტექსტი. შეადარე შენს მიერ შესრულებული მე-6 დავალების პასუხებს.

ჟენევის 1949 წლის III კონვენცია კრძალავს ტყვეთა მოკვლას, წამებას, შეურაცხყოფას, იძულებით გამოყენებას ჯანმრთელობისათვის მავნე სამუშაოებზე. ტყვე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და ტანსაცმლით. მას უნდა მიეცეს საშუალება, შეავსოს შეტყობინების ბარათი, თუ აუცილებელია, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით, რომლის მეშვეობით ოჯახის წევრები შეიტყობენ მის ადგილსამყოფელს. საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე ყველა სამხედრო ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ან გაიცვალოს.

6 მესამე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


ეს გაკვეთილი ეთმობა საქართველოს ისტორიაში შესწავლილი ომების ანალიზს (სჰს-ის თვალსაზრისით).

თითოეული მაგალითის დასახელებისას უნდა წარიმართოს საუბარი მის ირგვლივ. ეს, ერთი მხრივ, გაახსენებს მოსწავლეებს განვლილ მასალას,მეორე მხრივ კი, გაუმახვილებს ყურადღებას ომების დროს მშვიდობიანიმოსახლეობის მსხვერპლზე.

კითხვა:

1. ხომ არ გახსენდებათ მაგალითები გავლილი მასალიდან

) მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების ან დანდობის;
) კულტურულ ფასეულობათა დარბევის ან დაცვის;
) ტყვეებთან დამოკიდებულების.

მოსწავლეებმა შეიძლება გადახედონ სახელმძღვანელოს.

გავლილ მასალაში (ი. ანთელავა, ს. ვარდოსანიძე, რ. მეტრეველი „საქართველოს ისტორია“, VII კლასის სახელმძღვანელო, 1998) ყურადღება შეიძლება გამახვილდეს შემდეგზე:

0x01 graphic

ანალოგიურ საკითხებზე შეიძლება ყურადღების გამახვილება მსოფლიოს ისტორიის კურსშიც.

7 ომის სამართლის განვითარების ფაქტორები შუა საუკუნეებში

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილი მსოფლიოს ისტორიის კურსისათვის

მიზანი

შუა საუკუნეებში გავრცელებული ომის ზოგიერთი წესის ანალიზი. მოსწავლეთა მიყვანა დღეისათვის გამოსადეგ წესთა ჩამოყალიბებამდე.

ინფორმაცია მასწავლებლისათვის

ომების სისასტიკესა და მათ შემზარავ შედეგებს არ შეიძლებოდა არ გამოეწვია ადამიანში სურვილი ომის შედეგების შერბილებისა, ისეთი წესების შემოღებისა, რომლებიც შეამცირებდნენ მსხვერპლს და შეზღუდავდნენ განუკითხაობას ომში.

უძველესი დროიდან, ცალკეულ ბრძოლებში, ცალკეულ ომებსა თუ ცალკეულ სახელმწიფოებში არსებობდა ომში ქცევის გარკვეული წესები, ანუ ომის სამართლის ელემენტები.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა ომის სამართალიც. სხვადასხვა ქვეყანაში მისი განვითარების დონე, გარკვეულწილად, შეესაბამებოდა ხალხის კულტურული განვითარების დონეს. სხვადასხვა ისტორიული პირობების გამო ომის სამართლის განვითარება ხშირად ფერხდებოდა, ზოგჯერ კი რეგრესსაც განიცდიდა. ჰუმანიტარული პრინციპების განვითარების თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციის შემდგომი ხანა, რომელსაც „მძვინვარე სისასტიკის“ ხანას უწოდებენ.

შუა საუკუნეებში არსებობდა ომის სამართლის განვითარების რამდენიმე ფაქტორი. ერთ-ერთი მათგანია ქრისტიანობა.

ქრისტიანული ეკლესია თვლიდა, რომ მისი ერთ-ერთი მოვალეობათაგანი იყო მშვიდობის დამყარება. ზოგიერთ შედეგს მან მიაღწია „საღვთო ზავის“* დაწესებით, ეკლესია-მონასტრების ნეიტრალიზაციით, მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით, სასულიერო პირთა და მომლოცველთა, მფარველობით. მოგვიანებით, ეკლესიამ ხელი მოჰკიდა ომის წარმართვის საშუალებათა რეგულირებას. მაგალითად, აკრძალა მოწამლული იარაღის გამოყენება. ეკლესიის დამსახურებაა, რომ ქრისტიანთა შორის ომებში უარი ითქვა ტყვეთა მონებად ქცევის ჩვეულებაზე. იმავე დროს ეკლესია ერეტიკოსი ტყვეების დახოცვის ნებას რთავდა. ქრისტიან ტყვეებს ათავისუფლებდნენ გამოსასყიდის საფასურად და, ხანდახან, გამოსასყიდის გადახდამდე პატიოსან სიტყვაზეც ენდობოდნენ. გამოსასყიდი თანხა ტყვის წლიური შემოსავლის ტოლი იყო.

ამ პრაქტიკის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რაინდობამ ეს იყო შუა საუკუნეებში ომის სამართლის განვითარების მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაინდები ფეოდალთა ოჯახებიდან იყვნენ გამოსული. მაღალი საზოგადოების ზოგიერთი კულტურული ჩვეულებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა პატიოსანი ომის წარმოების წესთა კრებულის შემუშავება. ეს წესები ეყრდნობოდა რაინდული ღირსების ცნებას. ომი არ იწყებოდა გამოცხადების გარეშე; მოწინააღმდეგეს ეძლეოდა 3 დღე მოთხოვნების გასაცნობად და მათ დასაკმაყოფილებლად. პარლამენტიორი ხელშეუხებელი იყო; კაპიტულაცია და სხვა შეთანხმებები არ ირღვეოდა; დაპირისპირება, ხშირად, ომის ნაცვლად, ორთაბრძოლით მთავრდებოდა.

ომის ჩვეულებათა შერბილებაში რაინდობის როლის გაზვიადება არ ღირს. რაინდულ წესებს რაინდები იცავდნენ მხოლოდ მაღალი საზოგადოებიდან გამოსულ ქრისტიანებთან ურთიერთობაში. გლეხთაგან შემდგარ ჯარს ისინი სასტიკად ექცეოდნენ.

ჯვაროსნული ლაშქრობები ასახიერებენ ეპოქას, რომელშიც გაერთიანდა ქრისტიანობა და რაინდობა. ეს ძალა ძირითადად მიმართული იყო ისლამის წინააღმდეგ.

ომის ქრისტიანული სამართალი მოქმედებდა მხოლოდ ქრისტიანთა შორის ომების დროს. მუსლიმების, წარმართების და ქრისტიანი ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლაში თვითნებობა არანაირი სამართლებრივი ნორმებით არ იზღუდებოდა.

შუა საუკუნეებში ომის სამართლის განვითარების მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ისლამი. ცხადია, რომ მუსლიმების მიერ შემუშავებული ომის სამართალიც სარწმუნოებრივ საფუძველს ეყრდნობოდა. ის არ უშვებდა ომს მუსლიმებს შორის (გარდა ერეტიკოსებისა), ხოლო სხვა დანარჩენის წინააღმდეგ ომს წმიდათაწმინდა მოვალეობად მიიჩნევდა. ომი წარმართების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო გამანადგურებელი, ებრაელებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ კი - უფრო ჰუმანური. ომი ცხადდებოდა ისლამის მიღების ან ხარკის გადახდის მოთხოვნის ფორმით. პარლამენტიორი ომში ხელშეუხებელი იყო; დადებული შეთანხმებები არ უნდა დარღვეულიყო; ვერაგობა, ჭების მოწამვლა და, აღმოსავლეთში გავრცელებული, ცხვირისა და ყურების მოჭრა, იკრძალებოდა; ტყვეები უნდა გალახულიყვნენ და მონებად ქცეულიყვნენ (დაშვებული იყო მათი გამოსყიდვა), მაგრამ გამარჯვებულს უნდა დაეზოგა ქალები, ბავშვები, მოხუცები და ხეიბრები. სამხედრო ნადავლი ნაწილდებოდა წინამძღოლის მიერ. ცალკეულ მეომართა მიერ ძარცვა იკრძალებოდა.

მუსლიმთა ომის სამართლის საწყისი დებულებები ჩამოყალიბებული იყო ყურანში, მაგრამ იურიდიული სახე მას მიეცა XII-XIII საუკუნეების არაბულ ლიტერატურაში.

XII საუკუნის კანონთა კრებულში „ჰიდაია“ 10 თავი აქვს დათმობილი არამუსლიმთა წინააღმდეგ ომის წარმართვის წესებსა და დაპყრობილი ქვეყნების მოწყობის საკითხებს. ამ კრებულზე დაყრდნობით, 1280 წელს ესპანეთში, მავრების მიერ, შეიქმნა კანონთა ახალი, უფრო სრულყოფილი კრებული „ვიკაია“. ამ კანონების თანახმად აკრძალულია ქალების, ბავშვების, მოხუცების, სულიერად ავადმყოფების, ავადმყოფებისა და პარლამენტიორის მოკვლა; დამარცხებულთათვის ზიანის მიყენება, ისრებისა და წყლის მოწამვლა.

ცხადია, კანონთა არსებობა ყოველთვის მათ შესრულებას არ ნიშნავდა.

* * *

მასწავლებელი შესავლის სახით აწვდის მოსწავლეებს შემდეგ ინფორმაციას:

შუა საუკუნეებში სხვადასხვა ქვეყანაში კანონთა არაერთი კრებული შეიქმნა. მაგალითად, XIII საუკუნეში კასტილიის მეფე ალფონს X-მ გამოსცა ე.წ. „შვიდი ნაწილი“, რომელიც წარმოადგენდა პირველ განზოგადებულ კანონთა კრებულს შუა საუკუნეების ევროპაში.

XII საუკუნეში კანონთა კრებული „ჰიდაია“ შეიქმნა არაბეთში.

1280 წელს ესპანეთში მავრების მიერ შეიქმნა კანონთა კრებული „ვიკაია“.

XIV საუკუნის სერბეთის დოკუმენტური ძეგლია „სტეფანე დუშანის კანონთა კრებული“, რომელშიც წარმოდგენილია იმ ეპოქაში ქვეყნის შიგნით ჩამოყალიბებული ურთიერთობანი.

ეს კანონები, ძირითადად, აგვარებდნენ ურთიერთობებს ქვეყნის შიგნით. ზოგიერთი მათგანი კი უცხო ქვეყნებთან ურთიერთობის და ომის წარმართვის წესებსაც მოიცავდა. ეს წესები წარმოადგენდა ომის სამართლის ელემენტებს.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა 1

დასახელებული კრებულებიდან ორი, „შვიდი ნაწილი“ და „სტეფანე დუშანის კანონთა კრებული“, მოხსენებულია ძირითად სახელმძღვანელოში.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს დაიყონ სამ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს აძლევს სამუშაოდ სხვადასხვა ტექსტს მოსწავლის წიგნში მოყვანილი 3 ტექსტიდან, და სთხოვს დავალება 1-ის შესრულებას. დავალების შესასრულებლად მათ ეძლევათ 5-7 წუთი.

შუა საუკუნეებში გავრცელებული ომის წესების ზოგიერთი მაგალითი

1. ომის ქ რ ი ს ტ ი ა ნ უ ლ ი სამართალი მოქმედებდა მხოლოდ ქრისტიანთა შორის ომის დროს.

ქრისტიანული ეკლესია მფარველობდა მშვიდობიან მოსახლეობას, განსაკუთრებით სასულიერო პირებსა და მომლოცველებს.

აიკრძალა ტყვეების მონებად გადაქცევა. მათ ათავისუფლებდნენ გამოსასყიდის საფასურად და, ხანდახან, გამოსასყიდის გადახდამდე პატიოსან სიტყვაზეც ენდობოდნენ.

შუა საუკუნეების მეორე ნახევრიდან უძრავი ქონება ძველ პატრონს უნდა შერჩენოდა, ხოლო ნადავლის სახით მხოლოდ მოწინააღმდეგის მოძრავი ქონების მითვისება შეიძლებოდა.

ეკლესიამ აკრძალა მოწამლული იარაღის გამოყენება. მუსლიმების, წარმართებისა და ქრისტიანი ერეტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლაში ნებისმიერი თვითნებობა დაშვებული იყო.

2. რ ა ი ნ დ ე ბ ი ომის წესებს იცავდნენ მხოლოდ დიდგვაროვან ქრისტიანებთან ბრძოლაში.

ომი არ იწყებოდა გამოცხადების გარეშე.

მოწინააღმდეგეს ეძლეოდა 3 დღე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. პარლამენტიორი ხელშეუხებელი იყო.

კაპიტულაცია და სხვა შეთანხმებები არ ირღვეოდა.

დაპირისპირება ხშირად ომის ნაცვლად, ორთაბრძოლით თავდებოდა. აიკრძალა არბალეტები*.

სასტიკად, ყოველგვარი დანდობის გარეშე, ექცეოდნენ რაინდები გლეხთაგან შემდგარ ჯარს, აგრეთვე არაქრისტიანებს.

3. მ უ ს ლ ი მ ე ბ ს დასაშვებად მიაჩნდათ ომი მხოლოდ არამუსლიმთა ან მუსლიმ ერეტიკოსთა წინააღმდეგ. წარმართების წინააღმდეგ გამანადგურებელ ომს ეწეოდნენ, ებრაელთა და ქრისტიანთა წინააღმდეგ უფრო ჰუმანურს.

მუსლიმები ითხოვდნენ მოწინააღმდეგისაგან ისლამის მიღებას ან ხარკის გადახდას. ომი იწყებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე უარზე დადგებოდა.

ტყვეები უნდა ეცემათ და მონებად ექციათ. დაშვებული იყო მათი გათავისუფლებაც გამოსასყიდის გადახდის შემთხვევაში.

იკრძალებოდა ქალების, ბავშვების, მოხუცების, ავადმყოფების მოკვლა.
იკრძალებოდა პარლამენტიორის მოკვლა.
იკრძალებოდა ისრებისა და წყლის მოწამვლა.
სამხედრო ნადავლი ნაწილდებოდა წინამძღოლის მიერ.
იკრძალებოდა ძარცვა ცალკეულ მეომართა მიერ.

დავალება 1

აირჩიეთ ჯგუფიდან მოსწავლე, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

დაკვირვებით წაიკითხეთ ტექსტი. მოითათბირეთ ჯგუფში და ამოწერეთ რვეულში ის წესები, რომლებიც მიუღებლად მიგაჩნიათ.

ყველა ჯგუფიდან თითო მოსწავლე წარმოადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე.

მასწავლებელი ყოფს დაფას 4 სვეტად და პირველ სვეტში წერს დავალება 1-ის პასუხებს. წარდგენის დროს მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ თავისი შეხედულება. სხვა ჯგუფის მოსწავლეებს უნდა მიეცეთ კითხვის დასმისა და შეკამათების საშუალება (ეს არსებითია).

შემდეგ, იგივე ჯგუფები, იმავე ტექსტით, ასრულებენ დავალება 2-ს. შესასრულებლად ეძლევათ 5-7 წუთი.

სასურველია, რომ შესრულებული დავალებები სხვადასხვა მოსწავლეებმა წარმოადგინონ.

დავალება 2

აირჩიეთ ჯგუფიდან მოსწავლე, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

დაკვირვებით წაიკითხეთ ტექსტი. მოითათბირეთ ჯგუფში და ამოწერეთ რვეულში ის წესები, რომლებიც მისაღებად მიგაჩნიათ შუა საუკუნეებისათვის, მაგრამ მოძველებულად გეჩვენებათ დღეს. რომელი წესით შეიძლება დღეს მათი შეცვლა?

ყველა ჯგუფიდან თითო მოსწავლე წარმოადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე.

მასწავლებელი მეორე სვეტში წერს მოძველებულ წესებს და მესამეში მათ შემცვლელ წესებს.

კითხვა:

დააკვირდით პირველსა და მეორე სვეტებში ამოწერილ წესებს. არის თუ არა რაიმე საერთო ქრისტიანთა, მუსლიმთა და რაინდთა წესებში?

შემდეგ, იგივე ჯგუფები, თავისივე ტექსტით, ასრულებენ დავალება 3-ს. შესასრულებლად ეძლევათ 5-7 წუთი.

დავალება 3

აირჩიეთ ჯგუფიდან მოსწავლე, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის მიერ შესრულებულ სამუშაოს.

დაკვირვებით წაიკითხეთ ტექსტი. მოითათბირეთ ჯგუფში და ამოწერეთ რვეულში ის წესები, რომლებიც დღეისთვისაც მისაღებად მიგაჩნიათ.

ყველა ჯგუფიდან თითო მოსწავლე წარმოადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე.

მასწავლებელი მეოთხე სვეტში წერს დავალება 3-ის პასუხებს. ამრიგად, დაფაზე ბოლო ორ სვეტში მოთავსდება იმ წესთა ნუსხა, რაც მისაღებად მიაჩნიათ მოსწავლეებს დღეს. თუ მოსწავლეებს მოესურვებათ რაიმეს დამატება, ისიც აისახება დაფაზე.

კითხვა:

თქვენთვის ცნობილია ჟენევის კონვენციებსა და და დამატებით ოქმებში ასახული ზოგიერთი თანამედროვე წესი. შუა საუკუნეების წესებიდან რომელი შეიძლება აითვალოს მათ წინამორბედად?

შ ე ნ ი შ ვ ნ ა 2

მასწავლებელმა უნდა მიაქციოს მოსწვლეთა ყურადღება იმას, რომ როგორც მუსლიმებს, ისე ქრისტიანებსა და რაინდებს ჰქონდათ წესები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სამართლებრივ ნორმებს და ჰქონდათ ისეთებიც, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა 3

მოსალოდნელია, რომ მოსწავლეებს გაუჩნდეთ კითხვა, თუ რატომ იყო და არის სისასტიკე ომების დროს, როცა არსებობს ამდენი წესი?

თუ ეს საკითხი არ წამოიჭრა, მაშინ მასწავლებელს შეუძლია ამ კითხვის დასმა. გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები უნდა მივიდნენ იმ აზრამდე, რომ წესის არსებობა ყოველთვის მის შესრულებას არ ნიშნავს. შედეგი კი მიიღება მაშინ, როცა წესის არსებობასა და მის ცოდნას მოჰყვება მისი დაცვა.

მაგალითები კ. ანთაძისა ლ. ფირცხალავას სახელმძღვანელოდან „შუა
საუკუნეების ისტორია“ მე-7 კლასელთათვის, 1998 წ.

0x01 graphic

__________________

* „საღვთო ზავის“ თანახმად იკრძალებოდა სამხედრო მოქმედებები შაბათ საღამოდან ორშაბათ დილამდე.

* არბალეტი (ფრანგ. arbalète) - ხელით სასროლი ძველებური იარაღი, გაუმჯობესებული მშვილდისარი; იყენებდნენ დასავლეთ ევროპაში