![]() |
საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: ნალბანდოვი ალექსანდრე |
| თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია |
| საავტორო უფლებები: ფრიდრიხ ებერტის ფონდი |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრე ნალბანდოვი
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტი
ამ ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს ევროპის საბჭოს მრავალმხრივი და მრავალფეროვანი საქმიანობის სრული და დეტალური ანალიზის. ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმ ძირითად პრობლემებზე და შესაძლებლობებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, როგორც ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ სრულუფლებიან წევრს. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაშიც ძირითადი მსჯელობა მიმდინარეობს პრობლემების გარშემო - გასაკეთებელი გაცილებით მეტია, ვიდრე უკვე გაკეთებული.
* * *
ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია გახდეს ევროპის საბჭოს წევრი, თუ იგი აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს და იცავს ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, რომელიც ცხოვრობს მის ტერიტორიაზე.
ევროპის საბჭო წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას, რომელიც ისახავს შემდეგ მიზნებს:
- ადამიანის უფლებათა, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვა;
- კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების გაცნობიერებისა და განვითარების წახალისება;
- ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების (ეროვნულ უმცირესობათა დისკრიმინაცია, ბრძოლა ტერორიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობის წინააღმდეგ, გარემოს დაცვა, ადამიანის კლონირება, შიდსი, ნარკომანია, ორგანიზებული დანაშაული და ა.შ.) გადაწყვეტის გზების ძიება;
- ევროპაში დემოკრატიული სტაბილურობის განმტკიცების წახალისება, პოლიტიკური, საკანონმდებლო და კონსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის გზით.
ევროპის საბჭო შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს და ამჟამად მის შემადგენლობაში შედის 43 ქვეყანა. საქართველო გახდა ევროპის საბჭოს სრულუფლებიანი წევრი 1999 წლის 27 აპრილს.
სადღეისოდ ევროსაბჭოში შესვლის სურვილი გამოთქვეს ბოსნია და ჰერცეგოვინამ, იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკამ და მონაკომ. ვატიკანი, აშშ, კანადა, იაპონია და მექსიკა სარგებლობენ დამკვირვებლის სტატუსით ამ ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურებში.
ამგვარად, ცხადია, რომ ევროსაბჭოში შესვლით საქართველო გახდა ჩვენი კონტინენტის ცივილიზებული ქვეყნების გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი, რაც გარკვეულ წილად ჩვენი სახელმწიფოს დონის აღიარებაა, მაგრამ ამავე დროს ეს არის მთელი რიგი საერთაშორისო ვალდებულებები, რომელთა შესრულება საქართველოსთვის აუცილებელია.
გარდა თავდაცვის საკითხებისა, ევროსაბჭო იხილავს ევროპული საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან პრობლემას. მისი საქმიანობის პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს: ადამიანის უფლებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, თანამშრომლობა სამართლის დარგში, სოციალური საკითხები, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა, სპორტი, ახალგაზრდობა, ადგილობრივი დემოკრატია და საზღვრისპირა თანამშრომლობა, გარემო და ტერიტორიების კეთილმოწყობა.
ევროსაბჭოს ყოველდღიური საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს კონვენციებისა და შეთანხმებების შემუშავება, რომელთა საფუძველზე შემდგომში ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა კანონმდებლობის უნიფიცირება და შეცვლა. გარდა ამისა, ზოგიერთი კონვენცია და შეთანხმება ღიაა ხელმოწერისათვის იმ სახელმწიფოთათვის, რომლებიც არ შედიან ევროსაბჭოს შემადგენლობაში. ევროპის საბჭოს შეუძლია აგრეთვე მიიღოს ,,ნაწილობრივი შეთანხმებები”, რაც ითვალისწინებს თანამშრომლობას ,,ცვალებადი გეომეტრიის” ფორმით. ეს კი ნიშნავს, რომ წევრ სახელმწიფოთა მნიშვნელოვან ნაწილს, დანარჩენი ქვეყნების თანხმობით, შეუძლია განახორციელოს კონკრეტული ღონისძიებები საერთო ინტერესების სასარგებლოდ.
400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია სარგებლობს დამკვირვებლის სტატუსით ევროპის საბჭოში. ამგვარად ყალიბდება ჭეშმარიტი პარტნიორობის საფუძველი ,,მესამე სექტორთან”, რომელიც წარმოადგენს რიგითი მოქალაქეების ინტერესებს. აწყობს რა საკონსულტაციო ხასიათის ღონიძიებებს (მათ შორის დისკუსიებსა და კოლოკვიუმებს), ევროსაბჭო ცდილობს ჩართოს არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობათაშორის საქმიანობაში და ხელი შეუწყოს დიალოგს პარლამენტარებსა და არასამთავრობო სექტორს შორის, უმნიშვნელოვანეს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ევროპის საბჭოს ძირითადი ორგანოები და საქართველოს მონაწილეობა
მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენს ევროსაბჭოს იმ ორგანოს, რომლის ჩარჩოებშიც ხდება გადაწყვეტილებების მიღება. მასში წარმოდგენილი არიან 43 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ან ამ ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები. როგორც ცნობილია, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პოსტი ევროპის საბჭოში უკავია ქ-ნ ლ. ღოღობერიძეს.
საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ამ ორგანიზაციის სათათბირო ორგანოს და მისი წევრები ინიშნებიან ეროვნული პარლამენტების მიერ. საპარლამენტო ასამბლეაში საქართველო წარმოდგენილია 7 დეპუტატით.
ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი სათათბირო ორგანოა, რომელშიც წარმოდგენილი არიან ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოები. ამ კონგრესში საქართველოს ჰყავს 5 წარმომადგენელი.
ამგვარად, მთავრობები, ეროვნული პარლამენტები და ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოები დამოუკიდებლად არიან წარმოდგენილი ევროპის საბჭოში.
ახლა უფრო დაწვრილებით ამ სტრუქტურების საქმიანობის შესახებ.
მინისტრთა კომიტეტი არის ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და დირექტიული ორგანო. მისი პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ღონისძიებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის რეკომენდაციების, სხვადასხვა სამთავრობათაშორისო კომიტეტებისა და დარგობრივი მინისტრების წინადადებების შესასრულებლად. დაბოლოს, მინისტრთა კომიტეტი ამტკიცებს ევროპის საბჭოს საქმიანობის პროგრამასა და ბიუჯეტს.
საგარეო საქმეთა მინისტრები აწყობენ შეხვედრებს წელიწადში ორჯერ მაინც, რათა შეაფასონ პოლიტიკური სიტუაცია და განიხილონ ევროპული თანამშრომლობის საკითხები. ევროპის საბჭოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების თვალსაზრისით გადაწყვეტილების მისაღებად მინისტრები ახდენენ საკუთარი უფლებამოსილების დელეგირებას თავიანთ მოადგილეებზე (პრაქტიკულად კი - მუდმივ წარმომადგენლებზე). მათი შეხვედრები ტარდება თვეში ორჯერ მაინც, ელჩების დონეზე.
აღსანიშნავია, რომ თითოეული ქვეყნის მინისტრი რიგრიგობით, ექვსი თვის განმავლობაში, ხელმძღვანელობს კომიტეტს. ცხადია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც ახლო თუ შორეულ მომავალში მოუწევს ამ უაღრესად საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულება.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებები გადაეცემა შესასრულებლად სახელმწიფოების მთავრობებს, რეკომენდაციების ან ევროპული კონვენციებისა და შეთანხმებების ფორმით. მეორე შემთხვევვაში სახელმწიფო ახდენს შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირებას, რომელიც ამის შემდგომ იძენს (მისთვის) სავალდებულო ძალას. სადღეისოდ შემუშავებულია 180-ზე მეტი კონვენცია, ძირითადად ადამიანის უფლებათა სფეროში. მათი პროექტები მზადდება მინისტრთა კომიტეტთან არსებული სამთავრობო ექსპერტების კომიტეტების მიერ.
საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ევროპის საბჭოს ახალი წევრი სახელმწიფოების დასახმარებლად შემუშავებული აქვს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის პროგრამები, რათა მათ საბჭოს მიერ დაგროვილი გამოცდილების გამოყენება შეძლონ. აღნიშნული პროგრამების საფუძველს წარმოადგენს მთავრობებს შორის არსებული თანამშრომლობა. მათი მიზანი - ამ ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების გააქტიურება, გაძლიერება და დაჩქარებაა, რათა მოხდეს ამ სახელმწიფოების თანდათანობითი და ჰარმონიული ინტეგრირება ევროპული თანამშრომლობის პროცესებში და სტრუქტურებში. ასე, მაგალითად, ნდობის განმტკიცების ზომების შესახებ სპეციალურად შექმნილი პროგრამის ამოცანაა იმ საზოგადოებრივი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელთა მიზანია კულტურული ურთიერთგამდიდრება და თანამშრომლობის განვითარება მოსახლეობის სხვადასხვა ეროვნულ ჯგუფებს შორის. ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა ამგვარი პროგრამისა ისეთი მრავალეროვანი სახელმწიფოსათვის, როგორიცაა საქართველო.
ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას დაიცვან კანონის უზენაესობის პრინციპი, აგრეთვე ადამიანის განუყოფელი უფლებები და თავისუფლებები. გარდა ამისა, მათი ვალდებულებაა მჭიდროდ და ეფექტიანად ითანამშრომლონ მაქსიმალური ერთიანობის მიღწევის და ეკონომიკური და სოციალური პროგრესის დაჩქარების მიზნით. თითოეული წევრი სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეს მოთხოვნები, ხოლო მინისტრთა კომიტეტის ამოცანაა უზრუნველყოს მათი განხორციელება.
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერიოზულად არღვევს საკუთარ ვალდებულებებს, მინისტრთა კომიტეტი, ევროსაბჭოს წესდების თანახმად, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოცემული სახელმწიფოს წევრობის შეჩერების, მისი გამოწვევის და, უკიდურეს შემთხვევაში, ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებაც კი.
მინისტრთა კომიტეტი აგრეთვე აკონტროლებს იმას, თუ როგორ სრულდება მოცემულ წევრ სახელმწიფოში მიღებული კონვენციებისა და შეთანხმებების მოთხოვნები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში არსებულ კონვენციებთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ ამ სახის ძირითადი დოკუმენტები (ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, წამების საწინააღმდეგო კონვენცია და ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ) ითვალისწინებენ შესრულების კონტროლის მექანიზმს.
მინისტრთა კომიტეტის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის შესრულებაზე მკაფიოდ ასახავს ამ კონვენციის მნიშვნელობას, რომელიც ევროპაში არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მთელი სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აკონტროლებს რა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას (წევრ სახელმწიფოთა მხრიდან), მინისტრთა კომიტეტი საკვანძო როლს თამაშობს ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სისტემისადმი ნდობის განმტკიცებაში, რომელსაც არა აქვს ანალოგი მთელს მსოფლიოში.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველომ, მიუერთდა რა ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს სავალდებულო იურისდიქცია. ამით საქართველოს მოქალაქეებს და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადამიანს მიეცა კიდევ ერთი საშუალება დაიცვან თავისი შელახული უფლებები საერთაშორისო დონეზე. უნდა ითქვას, რომ ამ საშუალებას ისინი უკვე იყენებენ - ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შესულია ათობით სარჩელი საქართველოდან. ევროპის სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია განსახილველად 15-ზე მეტი სარჩელი.
საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ევროპის საბჭოს მეორე მთავარ საწესდებო ორგანოს და გამოხატავს ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ძირითადი პოლიტიკური ძალების ინტერესებს. ამავე დროს, ასამბლეა ევროსაბჭოს ერთ-ერთი წამყვანი ორგანოა, რომელიც ახორციელებს თანამშრომლობას ჩვენი კონტინენტის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოსთან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი და ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული საპარლამენტო ფორუმი ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. თავისუფლად განსაზღვრავს რა საკუთარი დღის წესრიგს, ასამბლეა იხილავს აქტუალური და პერსპექტიული საკითხების ფართო წრეს, რომელიც მოიცავს თანამედროვე საზოგადოების პრობლემებსა და საერთაშორისო პოლიტიკის განსხვავებულ ასპექტებს.
ასამბლეა იხილავს დარგობრივი კომისიების მიერ მომზადებულ მასალებს შემდეგი მიმართულებებით:
- პოლიტიკური საკითხები;
- იურიდიული საკითხები და ადამიანის უფლებათა დაცვა;
- სოციალური საკითხები;
- ჯანდაცვისა და ოჯახის საკითხები;
- კულტურის, მეცნიერებისა და განათლების საკითხები;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საკითხები;
- ტერიტორიების მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
- ეკონომიკისა და განვითარების საკითხები;
- მიგრაციის, ლტოლვილთა და დემოგრაფიის საკითხები;
- თანაბარი შესაძლებლობები ქალებისა და მამაკაცებისათვის;
- წევრ სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება.
ასამბლეის მუშაობის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს მინისტრთა კომიტეტის საქმიანობისა და ორგანიზაციის ჩარჩოებში არსებული მთავრობათა შორის თანამშრომლობის მიმართულებათა განსაზღვრაში. გარდა ამისა, ასამბლეის წევრები აწვდიან შესაბამის ინფორმაციას საკუთარ ეროვნულ პარლამენტებს და ამგვარად ახდენენენ ზეგავლენას საკუთარ მთავრობებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ის, რომ საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების ინტეგრირების წახალისება ევროპის დემოკრატიების საერთო ოჯახში და ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყნის პარლამენტართა ჭეშმარიტი თანამშრომლობის ხელშეწყობა. სწორედ საპარლამენტო ასამბლეამ 1989 წელს შემოიღო ,,სპეციალურად მოწვეულის” სტატუსი, რომლის მეშვეობით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმოცენებადი პლურალისტური დემოკრატიების საპარლამენტო დელეგაციებს მიეცათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ასამბლეის პლენარულ სხდომებში და მისი კომისიების მუშაობაში. ამის შედაგად აღნიშნულ ქვეყნებში გააქტიურდა დემოკრატიზაციის პროცესები, ხელი შეეწყო ევროსაბჭოში ამ სახელმწიფოთა გაწევრიანების დაჩქარებას.
ასამბლეის 301 წევრის და 301 მისი მოადგილის არჩევა ან დანიშვნა ხდება ეროვნული პარლამენტების მიერ საკუთარი შემადგენლობიდან. კონკრეტული ქვეყნის მიერ წარმოდგენილ პარლამენტართა რაოდენობა (2-დან 18-დე) დამოკიდებულია ამ ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაზე. მაგალითად, 18-18 პარლამენტარით არიან წარმოდგენილი დიდი ბრიტანეთი, იტალია, რუსეთი, ხოლო ლიხტენშტეინს და სან-მარინოს წარმოადგენს სულ 2-2 პარლამენტარი. რაც შეეხება საქართველოს, მის ინტერესებს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოადგენს 7 დეპუტატი.
საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილია ხუთი პოლიტიკური ჯგუფი:
- სოციალისტები;
- ევროპის სახალხო პარტია;
- ევროპული დემოკრატები;
- ლიბერალები, დემოკრატები და რეფორმატორები;
- ევროპის გაერთიანებული მემარცხენეები.
ამავე დროს, არიან დეპუტატები, რომლებიც არ შედიან არც ერთ აღნიშნულ ჯგუფში.
ასამბლეის თავმჯდომარის არჩევა ხდება მისი წევრების რიცხვიდან. თავმჯდომარე და მისი 18 (დღესდღეობით) მოადგილე, აგრეთვე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შეადგენენ ასამბლეის ბიუროს. როგორც ცნობილია, ქართველი პარლამენტარები უკვე იყვნენ წარმოდგენილი საპარლამენტო ასამბლეის ხემძღვანელობაში.
საპარლამენტო ასამბლეა ირჩევს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს, საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მოსამართლეებს და ადამიანის უფლებათა კომისარს.
საპარლამენტო ასამბლეის სხდომები ტარდება წელიწადში ოთხჯერ სტრასბურგში (ქალაქი, სადაც განლაგებულია ევროპის საბჭოს შტაბ-ბინა). ეს სხდომები ღიაა ფართო საზოგადოებისათვის. გარდა ამისა, ერთი საგაზაფხულო სესია ტარდება ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში. ცხადია, რომ საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარება საქართველოში საკმაოდ ღირსშესანიშნავი მოვლენა იქნებოდა ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში.
ჩვენი ქვეყნისათვის, ალბათ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 1989 წლიდან საპარლამენტო ასამბლეა მონაწილეობს კრიზისების დარეგულირებაში მთელი ევროპის მასშტაბით. ასამბლეის ჩარჩოებში ტარდება პოლიტიკური დებატები, რომელთა საფუძველს წარმოადგენს კონფლიქტურ ზონებში გაგზავნილი მისიების, აგრეთვე იმ სახელმწიფოებთან გამართული დიალოგის შედეგები, სადაც ადგლი აქვს კონფლიქტებს. ცხადია, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ მექნიზმების გამოყენება ჩვენთვის სასურველიც არის და აუცილებელიც.
დაბოლოს, საპარლამენტო ასამბლეის მიერ შემუშავებულია ბევრი ევროპული კონვენცია და სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტი. მათგან ყველაზე ცნობილია ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია. აღნიშნული დოკუმენტები ქმნიან ჭეშმარიტი ევროპული კანონმდებლობის სისტემის საფუძველს.
ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს ჩარჩოებში აღებული ვალდებულებების შესასრულებლად 2000 წელს ქართველ ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა მოხსენება ,,საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციასთან”, რომელიც აღიარებულია როგორც ამ სახის ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი ევროსაბჭოს მასშტაბით.
ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი, ევროსაბჭოს საკონსულტაციო ორგანო, დაფუძნებულია 1994 წელს. მან შეცვალა მანამდე არსებული ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების მუდმივმოქმედი კონფერენცია.
კონგრესი პრაქტიკულად ეხმარება ახალ წევრ სახელმწიფოებს ეფექტიანი ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში.
გარდა ამისა, კონგრესი:
- გამოხატავს ევროპის რეგიონებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესებს;
- წარმოადგენს ფორუმს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ განიხილონ პრობლემები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მთავრობებთან მიმართებაში;
- გამოთქვამს რეკომენდაციებს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მისამართით, ადგილობრივი და რეგიონალური პოლიტიკის ნებისმიერ ასპექტთან დაკავშირებით;
- მჭიდროდ თანამშრომლობს ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებას;
- აწყობს მოსმენებს და კონფერენციებს, საზოგადოების წარმომადგენელთა ფართო მონაწილეობით;
- ამზადებს რეგულარულ მოხსენებებს ქვეყნების მიხედვით, სადაც აღწერილია ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის მდგომარეობა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში და ამ ორგანიზაციაში შესვლის მსურველ სახელმწიფოებში;
- ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის განხორციელების მონიტორინგს ადგილობრივ დონეზე.
ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა ისეთ სახელმწიფოთა ხარჯზე, რომელთა პოლიტიკური და ეკონომიკური ბაზა საკმაოდ განსხვავდება. ამის გამო, გარკვეული ცვლილებები მოხდა კონგრესის მიზნებთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი:
- ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ქმედით ორგანოთა შექმნის მხარდაჭერა;
- იმ ინიციატივების განვითარება, რომელთა მიზანია მოქალაქეთა მისწრაფების მხარდაჭერა მიიღონ მონაწილეობა ადგილობრივი და რეგიონალურ დემოკრატიაში;
- რეგიონალური და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის თანამშრომლობის მხარდაჭერა, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სასიკეთოდ;
- ადგილობრივი და რეგიონალური არჩევნების მონიტორინგი.
კონგრესის შემადგენლობაში შედის ორი პალატა: ადგილობრივი ხელისუფლების პალატა და რეგიონების პალატა. ორივე პალატაში წარმოდგენილია 301 წევრი და 301 მათი მოადგილე. კონგრესის თავმჯდომარე აირჩევა ორ წელიწადში ერთხელ, რიგრიგობით თითოეული პალატეს შემადგენლობიდან.
ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესში საქართველოს წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (5 დეპუტატი). კავკასიის რეგიონებსა და მხარეებს შორის აჭარა გახდა კონგრესის პირველი წევრი. ეს მოხდა 1997 წლის ოქტომბერში. აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე არჩეულია ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის ბიუროს წევრად.
თავის საქმიანობაში ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესი ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს შემდეგი ხელშეკრულებებით:
- ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, რომელიც წარმოადგენს ,,ახალი დემოკრატიის” ქვეყნებში შესაბამისი კანონმდებლობის რეფორმის მოდელს.
ევროსაბჭოს ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში;
- ევროპის ჩარჩო კონვენცია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ და მისი ორი დამატებითი ოქმი.
ევროსაბჭოს ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში;
- ევროპის კონვენცია უცხოელთა ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ;
- ევროპული ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ.
ევროსაბჭოს ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში;
- ქალაქების ევროპული ქარტია;
- ქარტია ქალაქებისა და რეგიონების ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ;
- ლანდშაფტების ევროპული კონვენცია.
ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესს გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა წევრი სახელმწიფოებისათვის დახმარების აღმოსაჩენად. ეს არის:
- ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებისათვის კადრების მომზადების ევროპის ცენტრთა ქსელი;
- ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე დემოკრატიის მხარდაჭერის სპეციალური პროგრამები (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის);
- ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოები.
ჩვენი აზრით, საქართველოსთვის მიზანშეწონილია ჩაერთოს ამ პროგრამებში, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ადგილობრივი ხელისუფლების კადრების მომზადებაში.
ადამიანის უფლებათა დაცვა ევროპის საბჭოს ჩარჩოებში
ადამიანის უფლებათა დაცვის სულ უფრო ქმედითი საშუალებების ყოველდღიური ძიება წარმოადგენს ევროსაბჭოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას. ამ თვალსაზრისით ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ოთხი საკვანძო მიმართულებით:
- ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების ქმედითი დაცვა და მათი განხორციელების კონტროლი;
- ადამიანის უფლებათა დარღვევისა და ადამიანური ღირსების შელახვის ახალი მცდელობების დროული გამოვლენა;
- საზოგადოების ყურადღების გამახვილება ადამიანის უფლებათა მნიშვნელობაზე;
- განათლებისა და პროფესიული მომზადების წახალისება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.
ადამიანის უფლებათა სფეროში დადებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი დოკუმენტები: ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, ევროპის კონვენცია წამების წინააღმდეგ და ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია წარმოადგენს ევროპის საბჭოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას. თავისი მნიშვნელობით ეს უპრეცედენტო დოკუმენტი, მიღებული 1950 წელს, 1953 წელს შევიდა ძალაში. კონვენცია ითვალისწინებს ყველა მოქალაქის ადამიანის განუყოფელ უფლებებსა და თავისუფლებებს და ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს შექმნას ამ უფლებების განხორციელების გარანტიები, რომლებიც გავრცელდება მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ნებისმიერ ადამიანზე.
კონვენციით გათვალისწინებულ უფლებათა შორის აღსანიშნავია სიცოცხლის უფლება, დაცვა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისაგან, პიროვნების თავისუფლება და უსაფრთხოება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება და ა.შ. შემდგომში ხელი მოეწერა კონვენციის რამდენიმე დამატებით ოქმს.
პირველ ეტაპზე კონვენციის რეალიზაციაში მონაწილეობდა ორი ინსტიტუტი: ევროპის ადამიანის უფლებათა კომისია (1954წ.), რომელიც ძირითადად ასრულებდა ფილტრის როლს, და ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო (1959წ.), რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს კომისიის ან შესაბამისი მთავრობის მიერ წარდგენილ საქმეებზე. მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს.
დროთა განმავლობაში შემოსული განცხადედბების რაოდენობა სულ უფრო იზრდებოდა, ხოლო ევროპის საბჭოს შემადგენლობა საგრძნობლად გაფართოვდა - 23-დან (1989წ.) 43-დე (2001წ.). ამის გამო აუცილებელი გახდა სასამართლოს პროცედურული რეფორმირება, რომლის შედაგად 1998 წლის ნოემბრიდან შეიქმნა ერთიანი მუდმივმოქმედი სასამართლო და გაუქმდა ევროპის ადამიანის უფლებათა კომისია.
გახდა რა ევროპის საბჭოს წევრი, საქართველო შეუერთდა ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და მის თითქმის ყველა დამატებით ოქმს. მათ შორის არის მე-12 ოქმიც, რომელიც ითვალისწინებს დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას. ევროპის საბჭოს სივრცეში საქართველო - პირველი ქვეყანაა, რომელიც მიუერთდა ამ დოკუმენტს. პროცედურის თანახმად აღნიშნული ოქმი შევა ძალაში, როდესაც 10 სახელმწიფო მოახდენს მის რატიფიცირებას.
როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენმა ქვეყანამ აღიარა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს იურისდიქცია, და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების განცხადებები უკვე მიღებულია განსახილველად ევროპის სასამართლოში.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს შემადგენლობაში შედის ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ წარმოდგენილი თითო-თითო მოსამართლე. თავისი მოვალეობების შესრულებისას მოსამართლეები სარგებლობენ დამოუკიდებელი სტატუსით და არ წარმოადგენენ შესაბამისი სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენს ქვეყანას ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში წარმოადგენს ბ-ნი მ. უგრეხელიძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე.
ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს ხელმძღვანელობს ლუციუს ვილდჰაბერი (შვეიცარია). აღსანიშნავია, რომ შარშან შედგა ლ. ვილდჰაბერის პირველი გასაცნობი ხასიათის ვიზიტი საქართველოში. სტუმარი გაეცნო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილ მდგომარეობას, შეხვდა შესაბამის თანამდებობის პირებს. ლ. ვილდჰაბერი მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ.
ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციაზე საუბრის დასამთავრებლად ავღნიშნავთ, რომ უახლოეს მომავალში გაგრძელდება მუშაობა ამ დოკუმენტის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შეჯერების მიზნით. ქართველ ექსპერტთა ჯფუფი მოამზადებს შიდა ნორმატიული აქტების ანალიზს, ხოლო შემდგომში კანონმდებლის პრეროგატივაა განიხილოს კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობა.
ევროპის სოციალური ქარტია
ევროპის სოციალური ქარტია (1961წ.) და მისი დამატებითი ოქმი (1988წ.) ითვალისწინებს მთელი რიგი ძირითადი უფლებების გარანტიებს. ეს უფლებები განაწილებულია ორ ჯგუფად: დასაქმების პირობების მარეგულირებელი უფლებები და სოციალურ შემჭიდროებულობასთან დაკავშირებული უფლებები.
დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებები ითვალისწინებს შრომის უფლების სხვადასხვა ასპექტებს - გადამზადებას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, იძულებითი შრომის აკრძალვას და ა.შ. სოციალური დაცვის უფლება ითვალისწინებს შრომის დაცვისა და სოციალური დაზღვევის სისტემის უფლებას.
დღესდღეობით ქარტია რატიფიცირებულია 28 სახელმწიფოს მიერ. მისი განხორციელების კონტროლის საერთაშორისო სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფო მოხსენებების რეგულარულ მომზადებას. ამ მოხსენებებს განიხილავს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. ჩატარებული ანალიზის შედეგად კომიტეტი ამზადებს იურიდიულ დასკვნას იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება მოცემულ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ქარტიის სტანდარტებს. ამ დასკვნიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტი ამზადებს რეკომენდაციებს და სთავაზობს შესაბამის მთავრობას შეიტანოს აუცილებელი ცვლილებები მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობაში და პრაქტიკაში, ქარტიის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
1995წ. მიღებულ იქნა ქარტიის კიდევ ერთი დამატებითი ოქმი, რომელიც ითვალისწინებს კოლექტიური საჩივრების შეტანის სისტემას, რითაც დამსაქმებელთა და დაქირავებულ მუშაკთა გაერთიანებებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიტანონ სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში კოლექტიური საჩივრები სავარაუდო დარღვევების შესახებ.
ევროსაბჭოს ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს უნდა მოეხდინა ხსენებული დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება ამ ორგანიზაზიაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში (ე.ი. 2002 წლის 1 თებერვლამდე). სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ შეგვისრულებია ეს ვალდებულება. ქართული მხარის მხრიდან თავშეკავების მიზეზი, სავარაუდოდ, მდგომარეობს იმაში, რომ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში თითქმის შეუძლებელია ქარტიის დებულებათა სრულფასოვანი განხორციელება. ამავე დროს, პირველ ეტაპზე აუცილებელია ჩვენი კანონმდებლობის შესწავლა, ქარტიასთან შესაბამისობის თვალსაზრისით, და მასში საჭირო ცვლილებების შეტანა. მომდევნო პერიოდში ჩასატარებელია მუშაობა ქარტიის დებულებათა თანდათანობით განხორციელების მიზნით. საბოლოო ჯამში, საუბარია ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე, რაც ხელისუფლების და ქვეყნის თითოეული მოქალაქის მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
კონვენცია წამების თავიდან აცილების შესახებ
ევროპის კონვენცია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ მიღებულია 1987 წელს, ძალაში შევიდა 1989 წელს. ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დებულებათა შესაბამისად, კონვენციის გამოყენება უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა დამატებით დაცვას, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მექანიზმის მეშვეობით. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტები - იურისტები, მედიკოსები, პენიტენციალურ დაწესებულებათა თანამშრომლები და პოლიტიკოსები.
კომიტეტს აქვს უფლება დაუბრკოლებლად შევიდეს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში (ციხეებში, პოლიციის განყოფილებებში, სამხედრო ნაწილების შესაბამის დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში), რათა გაეცნოს იქ მყოფ პირთა მდგომარეობას. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე მიმართოს ინფორმაციისათვის ნებისმიერ პირს ან არასამთავრობო ორგანიზაციას.
კომიტეტი ახორციელებს გეგმიურ ან საგანგებო ვიზიტებს ევროსაბჭოს ქვეყნებში, რომელთა მიხედვით აწვდის შესაბამის მთავრობას მოხსენებას, რომელიც შეიცავს კომენტარებსა და რეკომენდაციებს. კომიტეტს შეუძლია აგრეთვე გამოთქვას სურვილი მიიღოს სახელმწიფოსაგან დამატებითი ინფორმაცია. მოხსენებასთან დაკავშირებით მოცემულ სახელმწიფოს სთავაზობენ 6 თვის განმავლობაში მოამზადოს პასუხები წინასწარი ფორმით, ხოლო 12 თვის განმავლობაში - ვრცელი ფორმით. კომიტეტის მოხსენებაც და სახელმწიფოს პასუხები კონფიდენციალურია, მაგრამ, როგორც წესი, სახელმწიფოები ახდენენ ამ მასალების გამოქვეყნებას.
საქართველოსთვის ევროპის კონვენცია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების შესახებ შევიდა ძალაში 2000წ. ოქტომბერში. საქართველომ მოახდინა აგრეთვე ამ კონვენციის პირველი და მეორე დამატებითი ოქმის ხელმოწერა და რატიფიცირება. ისინი ძალაში შევიდა 2002წ. მარტიდან.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის პირველი ვიზიტი საქართველოში 2001 წლის მაისში შედგა და გრძელდებოდა ორი კვირა. კომიტეტის დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მისი თავმჯდომარე სილვია კაზალი (ინგლისი), საფუძვლიანად შეისწავლა საქართველოს პოლიციის განყოფილებებში, საპატიმრო ადგილებში, ციხის ფსიქიატრიულ საავადმოფოში, ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის ჰაუპტვახტში არსებული ვითარება. შესწავლის შედეგად 2001 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობას წარედგინა შესაბამისი მოხსენება, სადაც დეტალებშია აღწერილი არსებული ნაკლოვანაბები და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ მოხსენების გამოქვეყნების თაობაზე, მათ შორის ქართულ ენაზე. მოლაპარაკების წარმატებით დამთავრების შემდეგ აღნიშნული მოხსენება გახდება ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისათვის. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ყველა საჭირო ზომა, კონვენციის ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, მდგომარეობის გამოსასწორებლად.
ამ კომიტეტში საქართველოს წარმომადგენელია ბ-ნი ე. სვანიძე, წარსულში იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
1993 წელს ვენაში ჩატარდა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვვედრა, რომლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს 1994 წელს მიღებული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. ეს არის პირველი მრავალმხრივი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მთლიანობაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვას ითვალისწინებს. კონვენცია შეიცავს პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება საჭიროა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში, აგრეთვე ცალკეულ პროგრამული ტიპის დებულებებსა და მიზნებს, რომელთა მიღწევა აუცილებელია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სრული და ეფექტიანი თანასწორობის უზრუნველსაყოფად.
ჩარჩო კონვენციასთან (და მისი შესრულების კონტროლის მექანიზმებთან) ერთად, ხორციელდება აგრეთვე მთავრობათაშორისი სამუშაო პროგრამა და ერთობლივი პროგრამა სათაურით ,,ევროპის ეროვნული უმცირესობები.” პირველი პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ ექსპერტთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც მუშაობენ უმცირესობათა პრობლემებზე, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ან მისიების გაგზავნას, მათი საკანონმდებლო საქმიანობის შესწავლის მიზნით. მეორე პროგრამა თემატური ხასიათისაა და მის ჩარჩოებში ხორციელდება სუბრეგიონალური და ორმხრივი პროექტები (სემინარები, მრგვალი მაგიდები, კოლოკვიუმები და ა.შ.). ამ პროგრამის მიზანია უმცირესობათა უფრო ინტენსიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
საქართველომ 2000წ. 21 იანვარს მოაწერა ხელი ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. ჯერჯერობით კონვენცია რატიფიცირებული არ არის. ამ დოკუმენტის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ სხვა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კონვენციებისაგან განსხვავებით, ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ არ არის თვითაღსრულებადი. მისი რეალიზაცია ხორციელდება შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის მეშვეობით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში საქართველოს უნდა მიეღო კანონი ეროვნულ უმცირესობათა შესახებ, საპარლამენტო ასამბლეის 1993წ. პრინციპების გათვალისწინებით. ეს რეკომენდაცია დღესაც შეუსრულებელია.
მიმდინარეობს აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა საერთოდ ამგვარი კანონი. კანონის მოწინააღმდეგეთა არგუმენტი ასეთია: ჩვენი კონსტიტუცია და კანონმდებლობა ანტიდისკრიმინაციურია და საკმარისად იცავს ქვეყნის ყველა მოქალაქის ინტერესებს, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა. შესაბამისად, სპეციალური ნორმატიული აქტის მიღება მიზანშეუწონელია. არგუმენტი სერიოზულია, მაგრამ საქმე ის არის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ თანასწორობის პრინციპებს აუცილებლად უნდა დაემატოს დებულებათა ჯგუფი, რომლის მიზანია რეალური, პრაქტიკული თანასწორობის მიღწევა. ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ შეიცავს ამგვარ დებულებებს და შესაბამისი კანონის ფარგლებში უნდა აისახოს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები უმრავლებსობის და უმცირესობათა რეალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ეროვნულ უმცირესობათა შესახებ კანონის მიღება დიდად შეუწყობდა ხელს ინტეგრაციულ პროცესებს ჩვენს საზოგადოებაში, ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობათა პოტენციალის უკეთ გამოყენებას საქართველოს საკეთილდღეოდ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის რატიფიცირების შემდგომი გადადება და შესაბამისი კანონმდებლობის მიუღებლობა მიზანშეუწონელია და წარმოადგენს ევროსაბჭოს ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის საკმაოდ არასასიამოვნო მაგალითს.
ეროვნულ უმცირესობათა პრობლემატიკის კონტექსტში აღსანიშნავია ევროსაბჭოს კიდევ ერთი დოკუმენტი - კონვენცია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაშია 1998წ. თებერვლიდან. ევროსაბჭოს ჩარჩოებში ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს უნდა მოეხდინა ამ დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 3 წლის განმავლობაში, ე.ი. 2002 წლის 1 თებერვლამდე. მიუხედავად ამისა, ეს დოკუმენტი ჯერაც ხელმოუწერელია.
ევროპის საბჭო და ქალთა და მამაკაცთა (გენდერული) თანასწორობის პრობლემა
იცავს რა მთლიანობაში ადამიანის უფლებებს, ევროსაბჭო დიდი ყურადღებით ეკიდება ქალთა უფლებებისა და მათი ადამიანური ღირსების დაცვის საკითხებს. საუბარია, კერძოდ, სქესობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობის შესახებ.
ევროპის საბჭოს ჩარჩოებში შეიქმნა ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხთა ხელმძღვანელი კომიტეტი (CDEG), რომელიც ამზადებს მინისტრთა კონფერენციებს, აწყობს სემინარებს და აქვეყნებს ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ მასალებს.
ამ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა სამსახურის უფროსი ქ-ნი ე. გოგუაძე.
ევროპის საბჭო და ბრძოლა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ
1993წ. ვენაში გამართულ პირველ შეხვედრაზე ევროსაბჭოს სახელმწიფოთა და მთავრობათა ხელმძღვანელებმა მიიღეს რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, გადაწყვიტეს შექმნან ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ.
ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) ევროპის საბჭოს ორგანოა და მის შემადგენლობაში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მისი მიზანია ბრძოლა რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ პან-ევროპულ დონეზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით.
ამ კომისიის სამუშაო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია ,,მიდგომა ქვეყნების მიხედვით”, რომლის მეშვეობით იგი აანალიზებს სიტუაციას ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ ქვეყანაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემატიკასთან დაკავშირებით, და წარმოადგენს თავის წინადადებებს გამოვლენილი პრობლემების დასაძლევად.
1998წ. კომისიამ დაასრულა თავის მოხსენებათა მომზადების პირველი რაუნდი იმ პერიოდისათვის ევროპის საბჭოში შემავალი ყველა ქვეყნისათვის. 1999წ. იანვარში ECRI შეუდგა თავისი საქმიანობის მეორე ეტაპს. ეს ეტაპი გაგრძელდება ოთხ წელს (1999-2002წ.წ.) და კვლავ მოიცავს ევროპის საბჭოს ყველა ქვეყანას ისე, რომ ყოველწლიურად მომზადდეს სულ ცოტა ათი მოხსენება. ამგავარად, ამ ეტაპზე ECRI-მ გაითვალისწინა პირველი მოხსენების მომზადება საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ რასიზმისა და შეუწყნარებლობის პრობლემის თვალსაზრისით.
მოხსენების საბოლოო ვარიანტის მიღებამდე კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია კონფიდენციალური დიალოგის გამართვა მოცემულ ქვეყანასთან. მოხსენებების მომზადების მეორე რაუნდი ითვალისწინებს ახალ პროცედურას, რომლის მიხედვით მეორე მოხსენების შედგენამდე ხორციელდება ECRI-ს მომხსენებელთა საკონტაქტო ვიზიტის ორგანიზება.
საკონტაქტო ვიზიტი საქართველოში გაიმართა 2001წ. მარტში. ამ ვიზიტის დროს მომხსენებლები შეხვდნენ სხვადასხვა სამინისტროებისა და მმართველობითი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ECRI-ს მანდატით გათვალისწინებულ საკითხებზე. გარდა ამისა, კომისიის მომხსენებლები შეხვდნენ საქართველოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
საქართველოში გამართული ვიზიტის შედეგად მომზადდა შესაბამისი მოხსენება, რომელიც 2002წ. აპრილში გამოქვეყნდა ქართულ ენაზე.
ამ კომიტეტში საქართველოს წარმოადგენს ცნობილი მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ბ-ნი ლ. ალექსიძე.
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პოსტი შემოღებულია 1999 წელს. კომისრის კომპეტენციაში შედის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის წახალისება და ამ სფეროში მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კონტროლი. კომისარი აგრეთვე ახორციელებს პრევენციის ფუნქციებს, ასრულებს რა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს და ორგანიზაციის სხვა სტრუქტურების ცალკეულ დავალებებს.
ევროსაბჭოს სხვა ორგანოებთან მუშაობისას კომისარს შეუძლია წარადგინოს მოხსენებები, რეკომენდაციები და სხვა კონკრეტული ინფორმაცია მინისტრთა კომიტეტს და საპარლამენტო ასამბლეას, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.
ამჟამად კომისრის ფუნქციებს ასრულებს ალვარო ჰილ-რობლესი, რომელიც ერთხელ უკვე ესტუმრა საქართველოს, ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით. ვიზიტის შედეგების მიხედვით მან მოამზადა და გამოაქვეყნა შესაბამისი მოხსენება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და დემოკრატია
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში ევროპის საბჭოს საქმიანობა ძირითადი მიზნებია:
- სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლების გაფართოება და იდეებისა და ინფორმაციის თავისუფალი ტრანსსასაზღვრო გაცვლა;
- მასობრივი ინფორმაციის სფეროში ერთიანი ევროპული პოლიტიკის, შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ინსტრუმენტების შემუშავება;
- შესაბამისი ზომების შემუშავება იმისათვის, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში მოქმედი კანონები და სახელმწიფო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ დარგში არსებულ ტექნოლოგიურ, საკანონმდებლო და კანონშემოქმედებით მიღწევებს.
1982 წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ევროპის დეკლარაცია აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შესახებ, ხოლო 1993 წლიდან მოქმედებს ევროპის კონვენცია ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამების ტრანსსასაზღვრო ტრანსლირებას და უზრუნველყოფს ამ პროგრამების მიღებისა და რეტრანსლირების თავისუფლებას კონვენციის წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში მოქმედებს ევროსაბჭოს კიდევ 10-დე სხვა სამართლებრივი დოკუმენტი.
მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულია მრავალი სამართლებრივი და პოლიტიკური აქტი, რომელიც ეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებს, სახელდობრ:
- ჟურნალისტთა მიერ გამოყენებული ინფორმაციის წყაროების დაცვა;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და არჩევნები;
- აუდიო- და ვიდეომეკობრეობა;
- მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამჭვირვალობა და პლურალიზმი;
- ტელერეკლამა;
- კოდირებული ტელეპროგრამების სამართლებრივი დაცვა;
- ინტელექტუალური საკუთრების დაცვა;
- უმნიშვნელოვანეს მოვლენათა ტელეტრანსლირების ექსკლუზიური უფლებებები;
- საზოგადოებრივი ტელემაუწყებლობის დამოუკიდებლობა;
- იმ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა, რომელიც პროპაგანდას უწევს ეროვნებათაშორის შუღლს;
- იმ ვიდეოპროგრამების გავრცელების აკრძალვა, რომელიც შეიცავს სისასტიკის, ძალადობისა და პორნოგრაფიის ნიშნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ევროსაბჭოს ჩარჩოებში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ არსებულ მოთხოვნათა შესრულებას. ვითვალისწინებთ რა შიდა კანონმდებლობაში ამ კუთხით არსებულ ხარვეზებს, სასურველი იქნებოდა მეტი ყურადღება მიგვექცია ევროსაბჭოს სივრცეში დაგროვილი გამოცდილებისათვის და გამოგვექვეყნებინა ამ ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები.
ამ საკითხის კონტექსტში მიზანშეწონილია აღინიშნოს, რომ 1999 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს უნდა მიეღო კანონი ელექტრონული მედიის შესახებ, რაც დღემდე არ შესრულებულა. შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა, მაგრამ კანონის სახე მას ჯერ არ მიუღია.
თანამშრომლობა სამართლებრივ სფეროში
ევროსაბჭო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთო ევროპული კანონმდებლობის შემუშავებაში. ამ კუთხით მისი საქმიანობა ხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით:
- ეროვნული კანონმდებლობების გადახალისება და უნიფიცირება, დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად;
- მართლმსაჯულების ორგანოთა მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, სამართალწარმოების გაადვილებისა და გამარტივების გზით;
- სამართლებრივი და ეთიკური ხასიათის გადაწყვეტილებათა ძიება, რომელიც დაკავშირებულია მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა გამოყენებასთან, თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებათა შესაფერისი ნორმებისა და წესების მიღების გზით.
მოკლედ განვიხილოთ ამ სფეროში არსებული უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი ხელშეკრულებები.
ევროპის კონვენცია პირადი ხასიათის მონაცემთა დაცვის შესახებ შეიცავს პრინციპებს, რომელთა შესაბამისად განისაზღვრება მოქალაქეთა პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისა და გავრცელების კანონიერი და სამართლიანი საფუძვლები. აღნიშნული კონვენცია პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-10 მუხლთან და განსაკუთრებით აქტუალურია ,,ინტერნეტის” გავრცელების გათვალისწინებით. ალბათ, საქართველოსათვის მიზანშეწონილი იქნებოდა ამ კონვენციასთან მიერთება.
ევროპის კონვენცია იმ გადაწყვეტილებათა აღიარების და შესრულების შესახებ, რომლებიც ეხება ბავშვებზე მეურვეობისა და მეურვეობის უფლების აღდგენას, ითვალისწინებს საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანილი ბავშვების უპირობო დაბრუნებას იმ ქვეყანაში, საიდანაც მოხდა მათი გაყვანა. ეს კონვენციაც საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბავშვის უფლებათა კონვენციის ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებათა ჭრილში.
კონვენცია ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის შესახებ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვას ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში, აგრეთვე პაციენტთა დაცვას მათი აქტუალიზირებული კოდის შექმნის გზით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ამ კონვენციის 1998წ. დამატებითი ოქმი, რომელიც კრძალავს ადამიანის კლონირებას.
ჩვენს პირობებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიენიჭოს ბრძოლას კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. ამ კუთხით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო ორი საერთშორისო შეთანხმება: სისხლის სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ და სამოქალაქო სამართლის კონვენცია კორუფციის შესახებ. 2000 წელს მიღებულ იქნა ,,სახელმწიფო მოხელეთა ქცევის კოდექსი”. გარდა ამისა, შეიქმნა მონიტორინგის მექანიზმი - სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში არსებული სიტუაციის ურთიერთშეფასების პრინციპით. წელიწადში ერთხელ ევროპის საბჭო აწყობს სპეცსამსახურთა კონფერენციებს, სადაც იხილება ანტიკორუფციული საქმიანობის საკითხები.
ყოველწლიურად ევროსაბჭო აქვეყნებს ანგარიშებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, პერიოდულად ამზადებს პრაქტიკულ რეკომენდაციებს ამ მოვლენასთან ბრძოლის მეთოდების შესახებ.
ჩვენი აზრით, საქართველო რაც შეიძლება აქტიურად უნდა ჩაებას ევროსაბჭოს ჩარჩოებში კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით მიმდინარე ღონისძიებებში.
საქართველოს ჯერაც არ მოუხდენია ისეთი დოკუმენტის ხელმოწერა და რატიფიცირება, როგორიცაა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების, ძებნის, ჩამორთმევის და კონფისკაციის შესახებ (შესრულების სავარაუდო დროდ განისაზღვრა 2002წ. თებერვალი). ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონვენციის ხელმოწერა დაგეგმილია უახლოეს მომავალში, თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის დასაწყისია - ამ დოკუმენტით გათვალიწინებულ მოთხოვნათა შესასრულებლად აუცილებელია მოქმედ კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ცხადია, რომ ხელმოწერის შემდგომ პარლამენტმა უნდა მოახდინოს აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება.
ამ საკითხის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველო მიუერთდა ევროპის საბჭოს მრავალ მნიშვნელოვან დოკუმენტს:
- კონვენციას სისხლის სამართლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ (საქართველოსთვის შევიდა ძალაში 2000წ. 11 იანვრიდან);
- კონვენციას უცხოურ კანონმდებლობაზე ინფორმაციის შესახებ (საქართველოსთვის შევიდა ძალაში 1999წ. 19 ივნისიდან);
- მსჯავრდებულ პირთა გადაყვანასთან დაკავშირებული კონვენციის დამატებით ოქმს (საქართველოსთვის შევიდა ძალაში 1999წ. 17 სექტემბრიდან);
- კონვენციას ტერორიზმის ჩახშობის შესახებ (საქართველოსთვის შევიდა ძალაში 2001წ. 15 მარტიდან);
- კონვენციას ექსტრადიციის შესახებ და მის ორ დამატებით ოქმს (საქართველოსთვის შევიდა ძალაში 2001წ. 13 სექტემბრიდან).
ადგილობრივი დემოკრატია და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა
ამ სფეროში ევროპის საბჭოს მიზანია:
- ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
- ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების სამართლებრივი და ადმინისტრაციული სტრუქტურების და მათი საქმიანობის ფინანსური ასპექტების შესწავლა;
- დემოკრატიული მოქალაქეობის წახალისება;
- ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა;
- რეგიონების კულტურული მრავალფეროვნების განვითარება.
ადგილობრივი და რეგიონალური დემოკრატიის ხელმძღვანელი კომიტეტი წარმოადგენს იმ ტრიბუნას, რომელსაც მთავრობები საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით იყენებენ, ადგილობრივი დემოკრატიის საქმიანობის ინსტიტუტციონალურ და სამართლებრივ ჩარჩოებთან მიმართებაში. კომიტეტი სწავლობს ადგილობრივ და რეგიონალურ სტრუქტურებს, ეცნობა ადგილობრივ დონეზე არსებულ ფინანსებსა და მართვის სისტემებს, განიხილავს ადგილებზე მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებს და ა.შ.
ადგილობრივი დემოკრატიისა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის საკითხებს აწესრიგებს რამდენიმე კონვენცია (იხ. ზემოთ, ნაწილი ,,ევროპის საბჭოს ძირითადი ორგანოები და საქართველოს მონაწილეობა”).
განათლება
ევროპის კულტურული კონვენცია ადგენს ევროსაბჭოს საქმიანობის ჩარჩოებს განათლების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში. სადღეისოდ ამ კონვენციის წევრია 47 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. ჩვენი ქვეყანა მიუერთდა ამ ხელშეკრულებას 1997წ. 25 აპრილს, ევროსაბჭოში შესვლამდე ორი წლით ადრე.
განათლებისა და კულტურის სფეროში არსებულ ევროსაბჭოს პროგრამებს ხელმძღვანელობს კულტურული თანამშრომლობის საბჭო, ოთხი კომიტეტის შემადგენლობით: სასკოლო განათლების, უმაღლესი განათლების და სამეცნიერო კვლევის, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის.
ამ კუთხით ევროსაბჭო ცდილობს:
- შეიმუშაოს მსხვილმასშტაბიანი პროექტები სასკოლო, უმაღლესი და ზრდასრულ პირთა განათლების სფეროში;
- განაზოგადოს ახალი იდეები, გამოცდილება და ჩატარებული კვლევების შედეგები, მთელი საზოგადოების სასიკეთოდ;
- განავითაროს კავშირები და გაცვლები, შექმნას ახალი კონტაქტები და ხელი შეუწყოს პარტნიორულ ურთიერთობებს;
- მიაღწიოს ეროვნული დიპლომების აღიარებას ევროპის მასშტაბით;
- გამოსცეს პრაქტიკული გამოკვლევების მასალები, აგრეთვე სახელმძღვანელოები პედაგოგებისა და განათლების სფეროს ხელმძღვანელთათვის;
- ითანამშრომლოს სხვა ევროპულ ინსტიტუტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
განათლების სფეროში ევროსაბჭოს მიერ განხორციელებულ პროგრამებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალი წევრი ქვეყნებისათვის მათი ისტორიული წარსულის შესწავლაში, ისტორიის სახელმძღვანელოების გამოცემასა და ისტორიის მასწავლებელთა მომზადებაში გაწეული დახმარება. კერძოდ, საუბარია ,,ინიციატივაზე შავი ზღვის ქვეყნებისათვის”, რომელშიც მონაწილეობს 7 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო. ეს ინიციატივა ითვალისწინებს აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობას სემინარებსა და პროექტებში, აგრეთვე სასწავლო სახემძღვანელოების გამოცემას. აღსანიშნავია ,,თბილისის ინიციატივაც”, რომელშიც მონაწილეობენ რუსეთის, საქართველოს და სომხეთის წარმომადგენლები. ამ ინიციატივის მიზანია ისტორიის ერთიანი სახელმძღვანელოს შექმნა.
1999წ. დეკემბერიდან საქართველო მიუერთდა კონვენციას ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციის აღიარების შესახებ.
კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა
ევროპის საბჭოს კულტურული პროგრამის მიზნებია:
- თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და განვითარების ხელშეწყობა, რომელიც შეადგენს ჩვენი კონტინენტის კულტურულ მოზაიკას;
- არსებული პრობლემების (მაგალითად, ეკონომიკის გლობალიზაცია და მისი შედეგები, რომელთაც წევრი სახელმწიფოები აწყდებიან კულტურული პოლიტიკის გატარებისას და ა.შ.) ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიება.
არსებულ კულტურულ პროგრამებს შორის აღსანიშნავია ეროვნული პოლიტიკის შესწავლის პროგრამა, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების განზოგადოებისა და საერთო პრობლემების გამოკვეთის მიზნით. ამ პროგრამის ჩარჩოებში ევროსაბჭომ უკვე განახორციელა კულტურის სფეროში არსებული პოლიტიკის შესწავლა 15 ქვეყანაში და ამთავრებს ამ პროცესს კიდევ 3 სახელმწეიფოში. რა თქმა უნდა, ეს პროგრამა საქართველოსაც მოიცავს.
ევროპის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე საუბრისას, აღსანიშნავია მთელი რიგი პროექტებისა, რომელიც ტარდებოდა 1999-2000წ.წ. სათაურით ,,ევროპა, საერთო მემკვიდრეობა”. ამ კამპანიის მიზანს წარმოადგენდა ამ თემისადმი ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.
ყოველწლიურად ევროპის საბჭოს ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება ,,ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები”. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ევროპის ქვეყნების ფართო საზოგადოება ეზიაროს საკუთარი ქვეყნების კულტურულ მემკვიდრეობას და ევროპის კულტურულ მრავალფეროვნებას. 1999 წ. სექტემბერში ,,ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეები” პირველად ჩატარდა საქართველოში და ამან საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
1999წ. სექტემბერში საქართველომ ხელი მოაწერა ამ სფეროში არსებულ ორ ურთიერთდაკავშირებულ დოკუმენტს: კონვენციას არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (1969წ.) და ევროპულ კონვენციას არქიტექტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (1992წ.).
სპორტი
2001 წ. 2 ივლისს საქართველომ ხელი მოაწერა ანტიდოპინგურ კონვენციას, რომლის მიზანია შემცირდეს და აღმოიფხვრეს დოპინგის გამოყენება სპორტში, მოქმედი ანტიდოპინგური ნორმატიული აქტების უნიფიცირებისა და ყველასათვის სავალდებულო ნორმების შემუშავების გზით.
* * *
ამგვარად, ჩვენ თითქმის დავასრულეთ სათაურში გამოტანილი საკითხის განხილვა. ამასთან, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შორის არის ისეთი ამოცანები, რომელთა შესრულება საკმაოდ რთულად გვესახება.
პირველ რიგში, საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის თაობაზე, რომლის თანახმად:
- ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა დეპორტირებული თურქი-მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით;
- 3 წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს და 12 წლის განმავლობაში დასრულდეს ამ პირთა რეპატრიაციისა და ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლების ჩათვლით.
აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა დაკავშირებულია სერიოზულ პოლიტიკურ და ფინანსურ ფაქტორებთან, რის გამოც მისი მოგვარება მოცემულ ვადებში პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ცხადია ისიც, რომ ვალდებულება ყველა შემთხვევაში შესასრულებელია.
იგივე ითქმის იმ ვალდებულების შესახებ, რომლის თანახმად მისაღებია საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომები იმ თვალსაზრისით, რომ მოხდეს 1990-1994 წლებში დაზარალებულ მესაკუთრეთა და მობინადრეთა სათანადო სახით რესტიტუცია და კომპენსაცია. საუბარია ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შედეგებზე და ადგილნაცვალ პირთა/ლტოლვილთა მიერ დაკარგული ქონების თაობაზე. გასაგებია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა უშუალო კავშირშია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან და კონფლიქტების პოლიტიკურ მოგვარებასთან.
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უკავშირდება აგრეთვე სამართლებრივი აქტის მიღება, რომელიც მოაწესრიგებს ავტონომიური ტერიტორიების სტატუსს. ჯერჯერობით საქართველოს კონსტიტუციაში განისაზღვრა აჭარის ავტონომიის სტატუსი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცენტრსა და ავტონომიას შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე.
დაბოლოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციის შესაბამისად, ამ ორგანიზაციაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა საქართველოს პარლამენტის მე-2 პალატის ჩამოყალიბების მიზნით. ცხადია, რომ ამ პირობის შესრულებაც შესაძლებელი გახდება მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ (იხ. კონსტიტუცია, მუხლი 4).
ევროპის საბჭოში გაწევრიანებით საქართველომ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ევვროპული ინტეგრაციის გზაზე. ქვეყნის მოქალაქეებს მიეცა კიდევ ერთი საშუალება დაიცვან საკუთარი უფლებები საერთაშორისო არენაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დახმარებით. გრძელდება ქვეყნის შიდა კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესაბამისად.
ამავე დროს, საქართველო ხშირ შემთხვევაში ვერ ასრულებს ევროპის საბჭოს ჩარჩოებში ნაკისრ ვალდებულებებს. ამ თვალსაზრისით წინ საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი, რათა მომწიფდეს შესაფერისი პოლიტიკური და ფინანსურ-ეკონომიკური პირობები ამ ვალდებულებათა განსახორციელებლად. ზოგადად, ევროპის საბჭოს კონვენციების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაკლად რჩება.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ინტერნეტ-გვერდი: http://www.coe.int
2. The Committee of Ministers: 100 sessions (1997), ISBN 92-871-2952-5
3. The Parliamentary Assembly of the Council of Eorope (2000)
4. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია
5. ევროპის ჩარჩო კონვენცია ტრანსსასაღვრო თანამშრომლობის შესახებ და მისი ორი დამატებითი ოქმი
6. ევროპის კონვენცია უცხოელთა ადგილობრივ დონეზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ
7. ევროპული ქარტია რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ.
8. ქალაქების ევროპული ქარტია;
9. ქარტია ქალაქებისა და რეგიონების ცხოვრებაში ახალგაზრდობის მონაწილეობის შესახებ;
10. ლანდშაფტების ევროპული კონვენცია.
11. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავიუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია და მისი ოქმები
12. European Social Charter - Collected Texts (1997) ISBN 92-871-3366-2
13. ევროპის კონვენცია წამების და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ
14. ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ
15. Human rights every day: The impact of the Council of Europe's work in the field of human rights (1996)
16. Compatibility of Georgian law with the requirements of the European Convention for the Protection of Human Rights and Fundamental Freedoms and its Protocols
17. Short Guide to the European Convention on Human Rights (1991) ISBN 92-871-1981-3
18. Seventh general report on the activities of the European Committee for the Prevention of Torture and Inhuman Treatment and Punishment (1997)
19. The Council of Europe action in the field of equality between women and men, EG (97) 3
20. Combating racism and intolerance: The European Commission against Racism and Intolerance (1997)
21. ევროპის კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ: მოხსენება საქართველოს შესახებ (2001)
22. ევროპის კონვენცია ტრანსსასაღვრო ტელევიზიის შესახებ და განმარტებითი ბარათი
23. ვებ-გვერდი: http://legal.coe.int (თამამშრომლობა სამართლებრივ სფეროში)
24. ვებ-გვერდი: http://press.coe.int
25. European Charter of Local Self-Government (1985), ISBN 92-871-0804-8
26. European Outline Convention on Transfrontier Co-operation between Territorial Communities or Authorities (ETS No. 106) (1982), ISBN 92-871-0021-7
27. ვებ-გვერდი: http://culture.coe.int/edu (განათლების საკითხები)
28. European Cultural Convention (ETS No. 18) (1982), ISBN 92-871-0074-8
29. Compendium of basic texts of the Council of Europe in the field of cultural heritage [CC-PAT (97) 59 Inf.] (1997)
30. Anti-Doping Convention (ETS No. 135) (1989), ISBN 92-871-1782-9
შენიშვნა: მასალის მომზადებისას აგრეთვე გამოყენებულია ავტორის ხელთ არსებული საკუთარი ინფორმაცია.






