ოჯახური კონფლიქტის გენდერული ასპექტები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გენდერი
საავტორო უფლებები: © ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი”
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 ოჯახური კონფლიქტის გენდერული ასპექტები

▲ზევით დაბრუნება


ძალადობა ოჯახში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და გავრცელებული სოციალურ პრობლემათაგანია. იგი საფრთხეს უქმნის არა მარტო ოჯახის სიცოცხლისუნარიანობასა და სიჯანსაღეს, არამედ არღვევს საზოგადოების უსაფრთხოებას.

ოჯახში ძალადობის საკითხის შესწავლას არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს. მას XX-საუკუნის 60-იან წლებში მიაქციეს ყურადღება ბავშვთა პრობლემებთან დაკავშირებით. 1984 წელს ბ. ლევიმ გამოსცა წიგნი ოჯახურ სისასტიკეზე, რომელშიც დასკვნის სახით მითითებული იყო, რომ ეს არის სერიოზული და საზოგადოების ყველა ფენაში გავრცელებული მოვლენა, რითაც შეეწინააღმდეგა აზრს, რომ ოჯახური ძალადობა დამახასიათებელია მოსახლეობის მცირე ნაწილისათვის და რომ იგი გამოწვეულია განსაზღვრული ფსიქოლოგიური დარღვევებით. საბჭოთა კავშირში ძალადობა ოჯახში ე.წ. „დახურულ საკითხთა“ რიგს განეკუთვნებოდა. ამ საკითხით დაკავებულნი იყვნენ მხოლოდ კრიმინოლოგები და სხვა სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიდნენ საყოფაცხოვრებო სფეროში მომხდარ დანაშაულს. სახელმწიფოებრივ დონეზე ამ პრობლემაზე საუბარი თითქოსდა ტაბუირებული იყო. ძალადობა ოჯახში არ შეიძლება ყოფილიყო სოციალური პრობლემა ისეთ ქვეყანაში, რომლის სამართლებრივ დოქტრინაში დაცვის პრიორიტეტულ ობიექტს წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ინტერესები და სახელმწიფოებრივი საკუთრება.

როგორც წესი, ძალადობა ოჯახში სისხლის სამართლის კოდექსის შესატყვისად დაიყვანებოდა მხოლოდ ფიზიკური ძალადობის განხილვის დონეზე. თუმცა ეს სოციალური მოვლენა მრავალგანზომილებიანია და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა ოჯახში უხსოვარი დროიდან არსებობს, მხოლოდ უკანასკნელ წლებში მიექცა მას სერიოზული ყურადღება. ოჯახური ძალადობის საკითხის შესახებ პირველი პუბლიკაციები რუსეთში 1993 წელს ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით გამოჩნდა. „დუმილის ფარდა” ჩამოხსნილ იქნა და ფართო საზოგადოებამ გაიგო, რომ მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების 30-40% ხორციელდება ოჯახში. ყოველწლიურად 15000 ქალი მეუღლის, ხოლო 2 მლნ-მდე ბავშვი მშობლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება, აქედან შემთხვევათა 10%-ში ცემას ლეტალური შედეგი აქვს. 2000 ბავშვი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, 50000-ზე მეტი კი წლის განმავლობაში მშობლებისაგან თავის დასაცავად გარბის სახლიდან. ის პირები, რომლებიც საყოფაცხოვრებო - ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, იღებენ სხეულის დაზიანებას, პირველ ადგილს იჭერენ ძალადობრივი დანაშაულებებისაგან დაზარალებულთა სხვადასხვა კატეგორიათა შორის და რაოდენობრივად მნიშვნელოვნად აღემატებიან სხვა ტიპის ძალადობრივი დანაშაულებების მსხვერპლთა რაოდენობას.

ქალები და ბავშვები წარმოადგენენ იმ ძალადობის მსხვერპლთა 70%, რომელიც ხორციელდება ოჯახში. ნაცემი ქალები ფსიქიატრიულ ჩარევას 5-ჯერ მეტად საჭიროებენ და თვითმკვლელობის მცდელობებსაც 4-5-ჯერ მეტად მიმართავენ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც არ განიცდიან ფიზიკურ ძალადობას. ნაცემ ქალთა 1/3 განიცდის ძლიერ დეპრესიებს, ზოგიერთი მათგანი კი ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს ეძალება. ბავშვები, მოხუცებულები, ინვალიდები, ქალები ოჯახში დაქვემდებარებული როლის გამო, ვერ უმკლავდებიან მოძალადეებს და არ შესწევთ თვითდაცვის უნარი.

ერთადერთ სამართლებრივი დაცვის საშუალებას მსხვერპლთათვის (მაგალითად რუსეთში, რომელიც ჩვენთან საკითხის მოაზრების მხრივ ახლოს დგას) წარმოადგენს სისხლის სამართლის სანქციები, სადაც მკაფიოდ არ არის დადგენილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა სამოქალაქო დაცვის ნორმები.. ყოველივე ამის გამო, არც ყოფილ საბჭოთა კავშირში და არც საქართველოში, არ იყო და არ არის ოფიციალური სტატისტიკა ოჯახური ძალადობის შესახებ.

დაზარალებულთა შესახებ არსებულ სტატისტიკაში ასახულია დანაშაულის ყველა სახისაგან დაზარალებულთა მთელი რაოდენობა და მასში არ არის გამოყოფილი ძალადობრივი დანაშაულისაგან და ოჯახში ძალადობისაგან დაზარალებულთა რაოდენობა.

ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი საერთაშორისო ინტერესის გაჩენასა და მასზე ყურადღების გამახვილებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ იგი განხილვის საგანია და მის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ქალთა საკითხებისადმი მიძღვნილ გაერო-ს კონგრესებზე, მსოფლიო ასამბლეაზე (მოხუცებულების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე), ასევე ინვალიდებთან დაკავშირებით მიღებულ მოქმედების მსოფლიო პროგრამასა და ბავშვთა უფლებების კონვენციაში.

ოჯახური ძალადობის მასშტაბებზე, მის სხვადასხვა ფორმებსა და გამოვლინებებზე მწირი მონაცემების მიუხედავად, არსებული ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ ამ პრობლემაზე ყურადღება გამახვილდეს. რადგან ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ არის გამოყოფილი დამოუკიდებელ კატეგორიად და შეადგენს დაფარულ დანაშაულებათა მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ ამ პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა გაძნელებულია.

აშშ-ში ჩატარებული მიმოხილვის მიხედვით, წელიწადში 6,9 მილიონამდე ბავშვი ულმობელი მოპყრობის მსხვერპლი ხდება (1,4 მილიონი ბავშვი - ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია) მშობლების მხრიდან, ხოლო 1,9-დან 2,1 მილიონამდე ქალი წარმოადგენს თავისი პარტნიორის მხრიდან ძალადობის მსხვერპლს. ულმობელი მოპყრობის მსხვერპლთა რაოდენობა მოხუცებს შორის შეადგენს 0.5 მილიონიდან 2,5 მილიონ ადამიანს (უმრავლესობა 75 წელზე მეტი ასაკის ქალები არიან).

ბავშვების (3-17 წელი) 80% ძალადობას ჩადის, ნახევარზე მეტი - ძალადობს საკუთარ და-ძმაზე და 10% - საკუთარ მშობლებზე, ზოგჯერ ტრაგიკული შედეგებით. ბავშვთა დიდი უმრავლესობა მოკლულ იქნენ მშობლების ან ნათესავების მიერ. დადგინდა, რომ როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, მკვლელობების ნახევარზე მეტი ხდება ოჯახში, ამასთან მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ. სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახური ძალადობის ერთი და იგივე სურათი გამოვლინდა.

ბელგიის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც წარდგენილ იყო ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ევროპის კომიტეტში 1991 წელს, აღინიშნა, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს შემდეგი ფაქტი: ფიზიკური ძალადობის შემთხვევათა 87%-ში მსხვერპლი და მოძალადე წარმოადგენენ ერთი და იგივე ოჯახის წევრებს. საფრანგეთის ფემინისტური ორგანიზაციის მასალების მიხედვით შესწავლილი 264 შემთხვევიდან 130 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ინცესტს (90 შემთხვევა - მამა-ქალიშვილი; 40 - და-ძმა). გერმანიაში, სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა კრიმინალური პოლიციის მონაცემებს, 1984 წლიდან ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების უმრავლესობას (100 000 შემთხვევაზე მეტი) ადგილი ჰქონდა ოჯახში. შემთხვევათა 90% -ში ძალადობის ინიციატორი არის მამაკაცი და მსხვერპლთა 70% არის ახალგაზრდა გოგონები. პორტუგალიის ქალთა თანასწორუფლებიანობის კომისიის მონაცემების მიხედვით ქალების 30%, რომლებიც ღებულობენ იურიდიულ დახმარებას, წარმოადგენენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს. (აღნიშნულ კომისიაში წლის განმავლობაში იურიდიულ დახმარებას იღებს 3000-მდე ქალი). აღნიშნულია, რომ ეს ციფრი რეალურად გაცილებით მაღალია, რადგან ქალები სოციალ-კულტურული ფაქტორებისა და სხვაზე ფინანსური დამოკიდებულების გამო არ მიმართავენ დახმარებას.

1991 წელს პორტუგალიაში სოციოლოგები სწავლობდნენ ქალისა და მამაკაცის სოციალურ ხატებს. გამოკითხულ იქნა 1500 ადამიანი 15-დან 66 წლამდე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან. გამოკითხულთა დაახლოებით 40%-მა განაცხადა, რომ ისინი იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი. როგორც მამაკაცებმა, ისე ქალებმა (89.8%) განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ძალადობის მსხვერპლად ქცევისა აქვთ ქალებს.

1988 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ფინეთში ქალთა მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებათა 40% ჩადენილი იყო მეუღლის მიერ. ზოგიერთ ქვეყანაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს არასრულწლოვანთა მიერ მშობლების მიმართ განხორციელებული ძალადობა. პორტუგალიის სტატისტიკის მიხედვით, ქალთა მხოლოდ 5% ატყობინებს შესატყვის ორგანოებს მის მიმართ ოჯახში განხორციელებული ძალადობის შესახებ. 1992 ოჯახში მოკლული იყო 13 ქალი და რეგისტრირებულ იქნა მკვლელობის 12 მცდელობა 1991 ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იქნა 603 განცხადება ოჯახში ძალადობისაგან დაცვის შესახებ, სადაც 90% შემთხვევებისა ეხებოდა ქმრის მხრიდან ძალადობას.

კოლუმბიაში ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით რეგისტრირებულ თუ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ქალთა 65%-მა განაცხადა, რომ მათ უთანხმოება ჰქონიათ თავიანთ პარტნიორებთან. ყოველმა მეხუთემ აღნიშნა, რომ იგი ძლიერი ფიზიკური შეურაცხყოფის, ყოველმა მეათემ - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ყოფილა.

წინასწარი რეზულტატები ბანგლადეშში, ზიმბაბვეში, კოლუმბიაში, კუვეიტში, ნიგერიასა და ჩილეში ჩატარებული მიმოხილვებისა, მიუთითებენ ქალთა მიმართ ძალადობის სერიოზულ მასშტაბებზე.

ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიღების სირთულეს განაპირობებს არა მარტო მისი აღრიცხვის სირთულე, არამედ ისიც, თუ როგორ აღიქვამს მსხვერპლი მომხდარს.

ოჯახური ძალადობის სიხშირე და მისი გამოვლენის ფორმები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია, მაგრამ იგი არ არის გარდაუვალი რამ. შედარებითი მიმოხილვები ამ მოვლენის გავრცელებულობაზე მიუთითებენ, თუმცა ისინი ასევე იმასაც ადასტურებენ, რომ არსებობენ საზოგადოებები, სადაც ოჯახური ძალადობის გავრცელებულობის არე მინიმალურია და დასახულია მისი თავიდან აცილების გზები.

სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებში ახლახან ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში გვხვდება, ამასთან გამოკვლეული 90 ქვეყნიდან 15-ში ოჯახური ძალადობა გვხვდება იშვიათად ან საერთოდ არ გვხვდება.

საქართველოში დღესდღეობით აღნიშნულ სფეროში არ არსებობს სტატისტიკა, შესაბამისად, შეუძლებელია პრობლემის ზუსტი მასშტაბების დადგენა, რადგან ძალადობა ოჯახში სტერეოტიპულად აღიქმება, როგორც კერძო, პირადი ხასიათის მოვლენა, და არა როგორც სოციალური პრობლემა. ამის ნათელი დადასტურებაა სათანადო სტატისტიკის უქონლობა და მის მიმართ საზოგადოებრივი აზრის ჩამოუყალიბებლობა.

ქალთა საკონსულტაციო ცენტრმა „სახლი“ ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ოქსფამის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მიაქცია ყურადღება ოჯახური ძალადობის საკითხს და ამ მიმართულებით აქტიური საკონსულტაციო მუშაობა წარმართა. 1998 წელს დაიბეჭდა პირველი პუბლიკაცია - „ძალადობა ოჯახში და ადამიანის უფლებები“, რომელსაც მოჰყვა მრავალრიცხოვანი საგაზეთო პუბლიკაციები და კვლევები (3) ოჯახური ძალადობის საკითხზე.

ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლი“-ს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ფსიქო-სოციალური და იურიდიული კონსულტაცია. 4 წლის განმავლობაში ცენტრში კონსულტაცია გაიარა 1500-მდე ადამიანმა. ბენეფიციართა უმრავლესობას შეადგენენ ქალები (85%), მათ შორის მოზარდები (10%) და მამაკაცებიც (5%) არიან.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ბენეფიციართა რაოდენობის პროცენტული განაწილება ასე გამოიყურება:

23-35 - 35.8%; 35-45 - 25.9%; 45-55 - 14.4%; 50-ზე მეტი - 18.4%.

  • ოჯახური მდგომარეობის მიხედვით კონსულტაციებს ღებულობს:

დაქორწინებულთა - 60%; დაუქორწინებელთა - 15.9%; განქორწინებულთა - 7.5%; ქვრივი - 0.03%; არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფნი - 0.02%;

  • დასაქმებულობის მიხედვით:

უმუშევრები - 51.2%; დასაქმებულები -35.3%; პენსიონერები - 5%; სტუდენტები - 3%.

  • ცენტრის მონაცემების მიხედვით ძალადობის ძირითადი ფორმები, რომელიც გვხვდება ოჯახური ძალადობის, ისე საერთოდ ძალადობის დროს შემდეგია:

ფიზიკური ძალადობა - 30%; ფსიქოლოგიური ძალადობა - 62%; საზოგადოებისგან იზოლაცია - 5.6%; სექსუალური ძალადობა - 5.1%; ფინანსური კონტროლი - 2.6%.

კონსულტაციების შედეგებმა გამოავლინა როგორც კონფლიქტური წყვილები, ასევე მათთვის დამახასიათებელი გამოვლენის ფორმები:

  • ძალადობა ცოლ-ქმარს შორის - 44% (კონფლიქტები, ჩხუბი, ცემა, შეურაცხყოფა, გინება, მბრძანებლობა, იგნორირება, ექსპლუატაცია, პასუხისმგებლობის არიდება, დაშინება, მუქარა, ღალატი და სხვ.)

  • ძალადობა მშობლებსა და შვილებს შორის - 15.3% (უყურადღებობა შვილის მხრიდან, პასუხისმგებლობის იგნორირება, მბრძანებლობა შვილზე, ზემზრუნველობა, კონტროლი, ემოციური ძალადობა და სხვ.)

  • რძალ-დედამთილს შორის - 13% (პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, კრიტიკა, აბუჩად აგდება, დიქტატი, ყვედრება, მანიპულირება, ემოციური ძალადობა და სხვ.)

  • ძალადობა შეყვარებულის მხრიდან - 10.2% (პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, მანიპულირება, ემოციური ძალადობა და სხვ.)

  • ძალადობა რძალ-მამამთილს შორის - 2.04% (პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, მბრძანებლობა, ფიზიკური შეურაცხყოფა, აკრძალვა, დიქტატი და სხვ.).

    • ფსიქო-ემოციური პრობლემების გარდა, რომელიც დაკავშირებულია ოჯახურ კონფლიქტებთან (56.9%), ვხვდებით ფსიქიატრიული ხასიათის პრობლემებს (16.3%), ბავშვთა პრობლემებს (15.8%), რომელიც უკავშირდება ბავშვთა ფსიქიკური სიჯანსაღის საკითხებს, ფსიქო-ემოციურ პრობლემებს დაკავშირებულს მამის ლოთობასთან, მისი მხრიდან ძალადობასთან, ასევე ძალადობის გამოვლენას არა ოჯახის წევრის, არამედ სხვათა (მეზობელი, თანამშრომელი, უცხო პირი) მხრიდან (11%).

    • ოჯახში ძალადობის ძირითადი სუბიექტი არის ქმარი (შემთხვევათა 40.5%), დედამთილი (7.6%), ცოლი (6.3%), სხვა (მეზობელი, ნათესავი, თანამშრომელი, უფროსი) - 8.7%, შეყვარებული - 7.6%.

ვინაიდან ბენეფიციართა უმრავლესობას ძალადობის მსხვერპლი ქალები წარმოადგენენ, ამდენად მეტად ყურადსაღებია მათი ფსიქოლოგიური პორტრეტის დახასიათება. ასეთი ქალებისათვის დამახასიათებელია შემდეგი შინაგანი მდგომარეობა: უმწეობის განცდა, უსუსურობისა და უიმედობის შეგრძნებები, დაუცველობა, დანაშაულის განცდა, დათრგუნულობა. მათ ხშირად ესიზმრებათ კოშმარები და რაც მთავარია, ეკარგებათ საკუთარი თავის რწმენა, უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, შფოთვის, დეპრესიის, თვითგამტყუნების მძაფრი რეაქციები და ა.შ. მსხვერპლის ფსიქოლოგიური პორტრეტის დახასიათებისას, აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ნაცემ ქალთა უმრავლესობა არ ტოვებს თავის მოძალადეებს სამუდამოდ. აღსანიშნავია ყველაზე დამთრგუნავი ქარაქტეროლოგიური თავისებურებანი, რასაც ეწოდება „ნასწავლი უმწეობა“. ისინი სოციალიზირდებიან იმგვარად, რათა ითამაშონ დაქვემდებარებული როლი, ითმინონ ძალადობა, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობა ქალებში ქმნის ისეთ გრძნობას, თითქოს ისინი სავსებით არაადექვატურნი არიან იმისთვის, რომ იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით, რაც ანგრევს მათ შინაგან სამყაროს და არასრულფასოვან პიროვნებად წარმოგვიდგებიან. მათ უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და კიდევ უფრო მეტად მიღებული გადაწყვეტილების შესრულება.

ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას ასევე წარმოადგენს გენდერული საკითხების კვლევა. ოჯახური ძალადობის პრობლემის შესწავლას მიეძღვნა კვლევა „ძალადობა ოჯახში-გენდერული დამოკიდებულებების კვლევა“, რომელიც ცენტრმა 2002 წელს განახორციელა და რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ ოჯახური ძალადობა არ გაიაზრება, როგორც აქტუალური საზოგადოებრივი პრობლემა; იგი ქალებისათვის ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე მამაკაცებისათვის; მის მიზეზებად უფრო პიროვნული მახასიათებლები სახელდება; ძალადობის სუბიექტად აღიარებულია მამაკაცი და სხვა.

მიღებული შედეგებიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ძალადობრივი ქცევის მიზეზების დადგენა გენდერული პარამეტრის მიხედვით. ამ პრომლემის შესწავლას მიეძღვნა კვლევა „ოჯახური კონფლიქტების გენდერული ასპექტები“, რომელიც ცენტრმა 2003 წელს განახორციელა და მიზნად ისახავდა დაედგინა გენდერული პარამეტრები ისეთი ფენომენების მიმართ, როგორიცაა: ოჯახური ძალადობა და სოც. ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახში როლების განაწილება, ოჯახური კონფლიქტის მოგვარების სტილი და კონფლიქტში ჩართული მხარეების (ქალი-მამაკაცი) თვითშეფასების რაგვარობა.

კვლევისათვის სპეციალურად შემუშავებულ იქნა კითხვარი (იხ. დანართი). იგი შეიცავდა 23 კითხვას, რომელიც მოიცავდა ზემოთ აღნიშნულ სფეროებს გაერთიანებულს შემდეგ ბლოკებად:

I. სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა ოჯახზე;

II. გენდერული ფუნქციების დადგენა ოჯახში;

III. ოჯახში კონფლიქტური ქცევების სუბიექტის გამოვლენა;

IV. კონფლიქტის მოგვარების გენდერული თავისებურებები;

V. თვითშეფასება.

კვლევა ჩატარდა 400 რესპონდენტის შემთხვევით შერჩევაზე. გამოიყო ცალკეული ჯგუფები სქესისა და ასაკის მიხედვით, რომელთა შორის რესპონდენტთა რაოდენობის პროცენტული მაჩვენებელი ჯგუფების მიხედვით ასე განაწილდა:

სქესი: ქალი - 43.3%; მამაკაცი - 56.8%

ასაკი: 23-35 - 26.3%; 35-45 - 38.5%; 45-55 - 22.3%; 55-ზე მეტი - 13.0%.

მიღებული შედეგები დამუშავდა სპეციალური სტატისტიკური პროგრამით (SPSS). კვლევის შედეგები გაანალიზდა რესპონდენტთა როგორც ზოგადი მონაცემების მთლიანი შერჩევის, ასევე სქესის მიხედვითაც. კერძოდ, თითოეულ კითხვაზე როგორც ზოგადი, ისე ცალკეული ჯგუფების (სქესის მიხედვით) მაჩვენებლები მოცემულია გრაფიკულად (იხ. დანართი) როგორც აღვნიშნეთ, კითხვები ბლოკებად არის დაყოფილი და თითოეულ ბლოკზე მიღებული მონაცემები ზოგადი დასკვნის სახით არის წარმოდგენილი.

I ბლოკი - სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა ოჯახზე, ოჯახური ფუნქციები

I ბლოკში შემავალი კითხვები ეხებოდა იმის გამოვლენას, თუ რესპოდენტთა აზრით, რა გავლენას ახდენს ქვეყანაში შექმნილი ვითარება ოჯახზე, ოჯახის წევრებზე და რა პრობლემებს აყენებს მათ წინაშე.

რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით (57.3%), ქვეყანაში არსებული ვითარება დიდ გავლენას ახდენს ოჯახზე და ოჯახურ ურთიერთობების გამწვავებაზე. იმ პრობლემებს შორის კი, რომლის წინაშე ოჯახი დადგა, უმთავრეს პრობლემად ეკონომიკური სირთულეები განიხილება (77.8%), ეს შედეგი მიღებულ იქნა როგორც რესპონდენტთა მთელი შერჩევის, ისე ცალკეული ჯგუფების (ქალი-კაცი) მონაცემების მიხედვითაც.

ოჯახში ქალისა და მამაკაცის წინაშე მდგარი პრობლემები რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით (52.5%) მხოლოდ ნაწილობრივ განსხვავდება ერთმანეთისაგან და ასეთ პრობლემად სახელდება ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფის სირთულე (46.5%) და უმუშევრობა - დაუსაქმებლობა (41.5%). ასეთივე მონაცემია ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მიხედვითაც, ანუ ქალებიც და მამაკაცებიც ამ პრობლემას ასახელებენ როგორც მათ წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემას, თუმც ქალების ჯგუფში კიდევ გამოიყო ერთი პრობლემა - ქალის შრომის დაუფასებლობა (23.1%)

II ბლოკი - გენდერული ფუნქციების დადგენა ოჯახში

ამ ბლოკში შემავალი კითხვები ეხებოდა ქალისა და მამაკაცის ფუნქციებს ოჯახში და ამ ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებულ სიძნელეებს.

ოჯახში მამაკაცის უმთავრეს ფუნქციად ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა არის მიჩნეული (რესპონდენტთა 81.5%), ხოლო ქალის უმთავრეს ფუნქციად - ბავშვთა აღზრდა (70.8%). მამაკაცებისათვის ოჯახში ჰარმონიულ ურთიერთობებზე ზრუნვა და ქალებისათვის ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა სულაც არ განიხილება ნაკლები მნიშვნელოვნების მქონე ფუნქციად. ეს შედეგი აისახა ჯგუფურ მონაცემებშიც. საინტერსოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა ქალის უმთავრეს ფუნქციად არ განიხილება, ოჯახის ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე ზრუნვა რესპონდენტებმა ქალის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემად დაასახელეს.

რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით (69.3%), მამაკაცებს არსებულ ვითარებაში ყოველთვის არა აქვთ თავისი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა და ამისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად, პირველ რიგში, უმუშევრობა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის სირთულე განიხილება. ფუნქციების წარმატებით შესრულების პირობად კი ეკონომიკური სიძლიერე დასახელდა (62.0%). ამგვარად, იკვეთება პრობლემა - მამაკაცი თავის უმთავრეს ფუნქციას ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა, მისი ფსიქოლოგიური პრობლემების და შესაბამისად, ოჯახური ურთიერთობების გამწვავების წყაროდ იქცეს.

III ბლოკი - ოჯახში კონფლიქტური ქცევების სუბიექტის გამოვლენა

III ბლოკში შემავალი კითხვები ეხებოდა ოჯახურ კონფლიქტში ქალისა და მამაკაცის წვლილის გარკვევას, კონფლიქტზე ემოციური და ქცევითი რეაგირების თავისებურების დადგენას.

მონაცემთა ზოგადი სურათის მიხედვით, როგორც ქალის (46%), ისე მამაკაცის (47.3%) წვლილი ოჯახურ კონფლიქტში რესპონდენტთა მიერ მნიშვნელოვნად არის აღიარებული. ქალთა და მამაკაცთა მონაცემების მიხედვით ნათელი ხდება, რომ თუმც ორივე სქესის წვლილი ოჯახურ კონფლიქტებში მნიშვნელოვნად არის აღიარებული, თავს იჩენს ტენდენცია, რომლის მიხედვით ოჯახურ კონფლიქტში მამაკაცებისათვის ქალის, ხოლო ქალებისათვის მამაკაცის წვლილია პრიორიტეტული.

მამაკაცები კონფლიქტის აღწერისას ასახელებენ შემდეგ ემოციურ რეაქციებს:

  1. საყვედური (38.8%), 2. გინება (33.9%), 3. იგნორირება (11%).

ფიზიკური შეურაცხოფა მამამაკაცების მიერ არ დასახელდა მათთვის ჩვეულ რეაქციად (0.3%).

ქალები კონფლიქტზე თავიანთ რეაქციებს ასე აღწერენ:

1. საყვედური 56.1%, 2. მოთმენა 23.7%, 3. ჩივილი (9.2%).

ქალებისა და მამაკაცების მიერ საწინააღმდეგო სქესის დახასიათებები ძირითადად ემთხვევა ზემოაღნიშნულს, თუმცა შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საკუთარი რეაქციები საწინააღმდეგო სქესის რეაქციებთან შედარებით უფრო არააგრესიულად დახასიათდეს.

რესპონდენტთა პასუხები სისტემატურ კონფლიქტურ სიტუაციაში ქალებისათვის დამახასიათებელი ქცევების შესახებ ასეთია:

1. ეძებს გამოსავალს, ცდილობს პრობლემის მოგვარებას, სიტუაციის გარკვევას (29.0%);

2. ცდილობს მეუღლის მდგომარეობაში გარკვევას, საჭიროდ მიიჩნევს დიალოგს ვითარების გამოსასწორებლად (18.3%);

3. ითმენს (17.3%).

მამაკაცებისათვის კი დამახასიათებელია შემდეგი:

1. ეძებს გამოსავალს, ცდილობს პრობლემის მოგვარებას, სიტუაციის გარკვევას (26.3%);

2. კიდევ უფრო მეტად ღიზიანდება (20.0%);

3. ცდილობს მეუღლის მდგომარეობაში გარკვევას, საჭიროდ მიიჩნევს დიალოგს ვითარების გამოსასწორებლად (14.5%).

ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მონაცემები, რომელიც ეხება ოჯახური კონფლიქტებისას ქალებისათვის დამახასიათებელ ქცევებს, ემთხვევა რესპონდენტთა მთლიანი შერჩევის მონაცემებს. გარდა ამისა, ქალების აზრით, ქალისთვის ჩვეული ქცევითი რეაგირება არის დათრგუნვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა, ხოლო მამაკაცების აზრით - გაღიზიანება, დაპირისპირება და აგრესიით პასუხი.

მამაკაცებისათვის დამახასიათებელი ქცევები კონფლიქტის დროს ქალებისა და მამაკაცების აზრით არის იგივე, რაც მთლიანი შერჩევისას დასახელდა, მაგრამ აქაც აღსანიშნავია, რომ ქალების აზრით, მამაკაცისთვის ჩვეული ქცევითი რეაქციები დაპირისპირება და აგრესიაა, ხოლო მამაკაცების აზრით - დათრგუნვა და მოთმენა. აქაც გამოვლინდა ის ტენდენცია, რომ საპირისპირო სქესის დახასიათებაში აღნიშნულია აგრესიული ქცევები, ხოლო საკუთარის დახასიათებაში - ისეთი ქცევები, როგორიცაა: დათრგუნვა, მოთმენა, საკუთარ თავში ჩაკეტვა.

IV ბლოკი - კონფლიქტის მოგვარების გენდერული თავისებურებები

რესპონდენტთა მთლიანი შერჩევის მონაცემთა მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (36%) კონფლიქტში პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრების ტენდენციას ავლენს, ხოლო იმათი რაოდენობა, ვინც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს (31.3%) ან უჭირს ამის გაკეთება (32.8%), თითქმის თანაბარია.

საინტერესოა ჯგუფების მონაცემთა განხილვა. მამაკაცთა ჯგუფში პრევალირებს იმათი რაოდენობა, რომლებსაც კონფლიქტში პასუხისმგებლობის აღება უჭირს (38.8%), ხოლო ქალებში კი პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრება ჭარბობს (46.2%).

რესპონდენტთა უმრავლესობის აზრით, კონფლიქტისაგან შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის საშუალებაა:

1. კონფლიქტში საკუთარი წვლილის დანახვა და აღიარება (42.3%),

2. სხვების ჩაურევლობა (30.3%),

3. კონფლიქტის მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღება (18.5%).

ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების მონაცემები ემთხვევა რესპონდენტთა მთლიანი შერჩევის მონაცემებს.

V. თვითშეფასება

რესპონდენტთა თვითშეფასების მაჩვენებელი დადგინდა შემდეგი თვისებების მიხედვით: კარგი - ცუდი ხასიათის, მერყევი-მტკიცე, აგრესიული - არააგრესიული, შემტევი - დამთმობი, თვითდარწმუნებული - თვითდაურწმუნებელი.

მონაცემთა ზოგადი სურათის მიხედვით, რესპონდენტთა თვითშეფასების მაჩვენებელი არის პოზიტიური. ზოგადი სურათი ასეთია: რესპონდენტები თავიანთ თავს განიხილავენ როგორც კარგი ხასიათის (36.3%), მტკიცე (35.8%), დამთმობი (33.0%), არააგრესიული (32.0%) თვისებების მქონეთ. მაგრამ თვითდარწმუნებულობის მაჩვენებელი არ არის მაღალი (42.0%), რაც გვაფიქრებინებს, რომ თავიანთ დადებით თვითშეფასებაში დარწმუნებულებულობის ხარისხი დაბალია.

ხასიათის თავისებურებების შეფასება სქესის მიხედვით აჩვენებს, რომ ქალები თავიანთ თავს უფრო დამთმობებად და არააგრესიულებად მიიჩნევენ. ისინი ხასიათის სიმტკიცესა და თვითდარწმუნებულობას არ აღნიშნავენ.

მამაკაცების ჯგუფში თვითშეფასების მაჩვენებელი საშუალოა ისეთი თვისებების მიხედვით, როგორიცაა მტკიცე ხასიათი, დამთმობი, აგრესიული, თვითდარწმუნებული, ხოლო ზოგადად ხასიათის თავისებურების მიხედვით, თავს კარგი ხასიათის მქონეებად მიიჩნევენ.

ზოგადი დებულებები:

  • ოჯახური პრობლემების კონფლიქტებისა და ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზად ეკონომიკური სირთულეები (დაუსაქმებლობა) სახელდება. იგი ოჯახის წევრთა (ძირითადად მამაკაცთა) ოჯახური ფუნქციების შესრულებას აფერხებს და თავის მხრივ, ურთიერთობების გართულებას ედება საფუძვლად.

  • ოჯახში გენდერული ფუნქციების განაწილების მიხედვით მამაკაცის უმთავრეს ფუნქციად ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა, ხოლო ქალის უმთავრეს ფუნქციად - ბავშვის აღზრდა განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა ქალის უმთავრეს ფუნქციად არ არის მიჩნეული, ოჯახის ეკონომიკურ უზრუნველყოფაზე ზრუნვა რესპოდენტებმა ქალის წინაშე მდგარ მწვავე პრობლემად დაასახელეს. მამაკაცის შრომასთან შედარებით ქალის შრომა კვლავ დაუფასებელია.

  • ოჯახში კონფლიქტური ქცევის სუბიექტის დადგენის საკითხში ურთიერთდაპირისპირებულობის სურათი გამოვლინდა, რომლის მიხედვით ოჯახურ კონფლიქტში მამაკაცისათვის ქალის, ხოლო ქალებისათვის - მამაკაცის წვლილია მნიშვნელოვანი. კონფლიქტური ქცევების გამოვლენის თვალსაზრისით მამაკაცები უფრო აქტიურები (გინება, იგნორირება), ხოლო ქალები უფრო პასიურები (მოთმენა, ჩივილი) აღმოჩდნენ.

  • ქალთა და მამაკაცთა ჯგუფების პოზიციები საწინააღმდეგო სქესის მიმართ კრიტიკულია - გამოვლინდა საპირისპირო სქესის ქცევების უფრო აგრესიულად ინტერპრეტაციისა და ოჯახური კონფლიქტზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების ტენდენცია. თუმცა, ამავე დროს კონფლიქტისაგან შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის ძირითად საშუალებად კონფლიქტში საკუთარი წვლილის დანახვა-აღიარება სახელდება.

  • თვითშეფასების შკალაზე ზოგადად გამოვლენილი პოზიტიური მახასიათებლებიც არ შეიძლება ჩაითავალოს მყარად, ვინაიდან თვითდარწმუნებულობის მაჩვენებელი არ არის მაღალი. თუმცა კი მამაკაცები აქაც ბევრად დარწმუნებულნი არიან თავიანთ პოზიციებში, ვიდრე ქალები.

ამრიგად, გამოვლენილმა ტენდენციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოჯახში ძალადობის საკითხის შემდგომი კვლევის მიზანშეწონილობა, როგორც ოჯახში კონფლიქტების მოგვარებისა და ძალადობის დაძლევის ხელშემწყობი მექანიზმების გამოვლენის საშუალება.

In 2003 Women's Advising Center „Sakhli“ undertook a research on „Gender Aspects of the Family Conflicts“. The objective of the research was to identify the reasons for the violent behavior by gender parameters as well as to reveal the links between family violence and the social and economic situation, family functions of the parties, the conflict resolution styles in families and the self-esteem of the parties involved in the conflict. The research sample consisted of 400 randomly selected respondents, including 43.3% female and 56.8% male respondents.

General conclusions:

  • Economic difficulties (unemployment) were identified as the main cause of family problems, conflicts in the family and family violence. These factors were found to impede the implementation of their functions by family members (especially for men) and to form a foundation for tensed family relations.

  • The assignment of gender roles in the family, as revealed by the survey, provides for financial support of the family to be the principal responsibility for men, while upbringing of children - the principal responsibility for women. However, though the financial support is not generally regarded as the primary family function of women, the majority of respondents named it to be the acute problem for women. It should be mentioned that women's work is generally less valued than men's one;

  • Great contradictions were observed when identifying the main violator in the family. Women considered men, and men considered women, to be responsible for the major part of the family conflicts. In the manifestation of the conflict behavior men are more active (scolding, abusing, ignoring), while women are more passive (patient, complaining);

  • The comparative analysis of the data of male and female groups showed that each group is very critical of the opposite sex group. The tendency of aggressive interpretation of the opposite sex's behavior and blaming each other for unfulfilled responsibilities are commonplace. At the same time the ability to recognize one's own responsibility for the conflict was named as one of the most successful means for reducing the tension by both male and female respondents;

  • Though the self-esteem evaluation by the respondents was generally positive, these outcomes cannot be considered as absolutely reliable, because the self-confidence estimations of the respondents were not high. It should be noted that men are more confident than women.

The revealed tendencies once again demonstrate the practicability of further study of the family violence issue to identify the mechanisms of overcoming conflicts and violence in the family.

2 დანართი

▲ზევით დაბრუნება


კითხვარის შედეგები
გრაფიკებით

I. სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გავლენა ოჯახზე, ოჯახური ფუნქციები

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

II. გენდერული ფუნქციების დადგენა ოჯახში

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

III - ოჯახში კონფლიქტური ქცევების სუბიექტის გამოვლენა

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

IV. კონფლიქტის მოგვარების გენდერული თავისებურებები

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

V. თვითშეფასება

0x01 graphic

0x01 graphic