კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა (სტუდენტის სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე.



1 1. შესავალი

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტში ჩარევა პოლიციელის მოვალეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. კონფლიქტურ სიტუაციებში მესამე მხარის ჩარევაზე ვსაუბრობთ მაშინ, როცა პოლიცია მოქალაქეთა შორის არსებულ კონფლიქტში ნეიტრალური მესამე მხარის სახით ერევა. მაგალითად: მეზობლებს შორის დავა, ოჯახური კამათი ან ჩხუბი ქუჩაში.

ასეთი სიტუაციების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მასში მონაწილე მხარეები, როგორც წესი, ემოციურად რეაგირებენ და კონფლიქტი შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუ თქვენ ვერ მოახერხებთ კონფლიქტში სწორად ჩარევას, შესაძლოა დაპირისპირებულმა მხარეებმა აგრესია თქვენს წინააღმდეგ მომართონ. ამ შემთხვევაში თქვენ კონფლიქტის მხარე ხდებით, რაც მდგომარეობას მხოლოდ გააუარესებს. ამიტომ კონფლიქტში ჩარევისას ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიდგომის გამოყენება.

1.1 1.1.კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევა

▲ზევით დაბრუნება


1.1.1. კონფლიქტის ბუნება

კონფლიქტი ადამიანთა განსხვავებული შეხედულების ან ღირებულებების გამო წარმოიშობა. კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, თითქმის ყოველთვის, ძალიან ემოციურები არიან. ასეთ სიტუაციებში ჩნდება ფიზიკური ძალადობის რისკი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები უცნობების მიმართ ნაკლებ მოთმინებას ავლენენ.

კონფლიქტში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე მისი წინაისტორია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის შემთხვევებში, ძირითადად, პოლიციელებმა არ იციან კონფლიქტის წინაისტორია. ხანდახან, თუკი კონფლიქტი ,,ნაცნობ მისამართზე” ხდება, პოლიციელებს კონფლიქტის წინაისტორიის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ასეთი სახის კონფლიქტს არა ერთი, არამედ რამდენიმე მიზეზი აქვს. პოლიციას ერთი მიზეზის (ან კონკრეტული ინციდენტის) გამო იძახებენ, მაგრამ სინამდვილეში რამდენიმე პრობლემა არსებობს.

ასეთი სახის პრობლემის წარმატებით გადაჭრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. ხანდახან, პრობლემა იმდენად ღრმაა, რომ მისი გადაჭრა ერთი ჩარევით შეუძლებელია, ხოლო შესაბამისი სპეციალიზებული დახმარება ყველგან და ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი.

ზემოაღნიშნულის არსი ისაა, რომ კონფლიქტში ჩარევა სრულიადაც არ არის ადვილი.

თქვენ, როგორც პოლიციელებს უნდა შეგეძლოთ კონფლიქტის მიზეზისა და საბაბის განსხვავება. საბაბი - ის ინციდენტია, რომელმაც კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვია, ხოლო მიზეზი კონფლიქტის საფუძველში არსებული პრობლემაა.

ოჯახური ინციდენტის დროს ჩვეული წესრიგი ირღვევა, რასაც, ხშირად, პოლიციის გამოძახება მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, ქალმა კარის საკეტი გამოცვალა, მისი ქმარი ბინაში შესვლას ვერ ახერხებს, ამიტომ აგრესიული ხდება და ჩხუბს იწყებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემა, რომელიც საკეტის გამოცვლის მიზეზი გახდა, ასეთ პრობლემებს შეიძლება წარმოადგენდეს უმუშევრობა, ოჯახური ძალადობა და ა.შ.

როცა პოლიციელი კონფლიქტთან დაკავშირებულ გამოძახებაზე მიდის, მან უნდა გაარკვიოს კონფლიქტის არსი: ეს ცალკეული შემთხვევაა თუ კონფლიქტის საფუძველს მოცემულ მომენტში გამწვავებული პრობლემა ან პრობლემები წარმოადგენს.

გახსოვდეთ, რომ პრობლემის, როგორც ცალკეული შემთხვევის განხილვა, არ განაპირობებს იმ პრობლემათა გადაჭრას, რომელიც კონფლიქტის საფუძველშია, რის გამოც ინციდენტის განმეორების დიდი ალბათობა არსებობს.

1.1.2. შეხედულება პოლიციელის როლზე

პოლიციის მხრიდან კონფლიქტში ჩარევის შესახებ ბევრ პოლიციურ სტრუქტურაში რამდენიმე ზოგადი წარმოდგენა არსებობს. ასეთი წარმოდგენის საფუძველია მოსაზრება, რომ კონფლიქტში ჩარევა პოლიციელის მოვალეობას არ წარმოადგენს. პრაქტიკაში ასეთმა წარმოდგენებმა შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ზოგიერთი პოლიციელი მოქალაქეთა შორის წარმოქმნილ კონფლიქტში ჩარევას აღარ შეეცდება. ქვემოთ, უფრო დეტალურად განვიხილავთ ასეთ წარმოდგენებს, შემდეგ კი განვიხილავთ ალტერნატიულ შეხედულებებსაც.

  • „ამისთვის დრო არ გვაქვს;“

  • „უშედეგო საქმიანობაა;“

  • „ყველა შემთხვევა განსხვავდება წინასაგან;“

  • „ჩვენ არ წარმოვადგენთ სოციალურ სამსახურს.“

  • „მისთვის დრო არ გვაქვს“

ამ წარმოდგენის მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კონფლიქტში სწორად ჩარევა დიდ დროს მოითხოვს. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. თუ კონფლიქტში ჩარევა სწორად ხდება, დაპირისპირებული მხარეები მშვიდდებიან, პოლიციას კი ინფორმაციის შეგროვება უფრო სწრაფად შეუძლია. გარდა ამისა, თუ პოლიციელები კონკრეტულ სიტუაციაში სწორად მოქმედებენ, კონფლიქტის მხარეები თანამშრომლობისა და კონფლიქტის დასრულების უფრო დიდ სურვილს ავლენენ.

სწორი მიდგომის შემთხვევაში კონფლიქტის განმეორების შანსი მინიმუმამდე მცირდება, რაც თავისთავად ამცირებს ერთსა და იმავე მისამართზე პოლიციის კვლავ გამოძახების ალბათობას. სწორი მიდგომის დროს კონფლიქტის მხარეებს შორის არსებული პრობლემა აღარ ღრმავდება, ასე რომ, საჭირო აღარ არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რაც თავის მხრივ, დროისა და ფინანსური სახსრების დაზოგვას განაპირობებს. სწორი ჩარევა უფრო ეფექტურია და გრძელვადიან პერსპექტივაში იგი დროის დაზოგვას განაპირობებს.

როცა პოლიციელები მიიჩნევენ, რომ „მათ ამისთვის დრო არ აქვთ“, ამის მთავარი საფრთხე ის არის, რომ პოლიციელები კონფლიქტის მოგვარებისთვის აუცილებელ დროს არ გამოყოფენ. პოლიციელები შემთხვევის ადგილზე იმ მოსაზრებით მიდიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად წამოვიდნენ უკან. ბუნებრივია, რომ ეს პრობლემის გადაჭრას ხელს ვერ შეუწყობს.

„უშედეგო საქმიანობაა“

ზოგიერთ პოლიციელს მიაჩნია, რომ მისი ჩარევა უშედეგო იქნება. ასეთი აზროვნების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პოლიციელი კონფლიქტში რამდენჯერმე წარუმატებლად ჩაერია. ამ დროს მნიშვნელოვანია შემდეგი ასპექტების გათვალისწინება:

პირველ რიგში, შეუძლებელია ადამიანებს შორის არსებული ყველა კონფლიქტის გადაჭრა. ხანდახან შერიგება პოლიციის ჩარევის შემთხვევაშიც კი ვერ ხერხდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. დროებითი შეთანხმება და კონფლიქტის მხარეების შესაბამის სოციალურ სამსახურებში გაგზავნა ასევე შეიძლება მუშაობის შედეგად ჩაითვალოს.

მეორეც, ასეთი „გადაუჭრელი კონფლიქტები“ ბევრი არ არის. დამატებითი დახმარება მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა წინა ჯერზე კონფლიქტი არასწორად იქნა გადაჭრილი, სწორედ ეს განაპირობებს კონფლიქტებზე არასწორ წარმოდგენას. შემთხვევები „ბედნიერი დასასრულით“ აღარ საჭიროებს შემდგომ მუშაობას, ამიტომ მათ შესახებ პოლიციას ინფორმაცია აღარ აქვს. „ყველაფერი უშედეგოა“ ასეთი წარმოდგენის გამო, პოლიციელი კონფლიქტურ სიტუაციებში ენთუზიაზმის გარეშე მოქმედებს, რაც თავის მხრივ, ამცირებს კონფლიქტის გადაჭრის შანსს.

„ყველა შემთხვევა განსხვავდება წინასაგან“

პოლიციელები ხშირად ამბობენ, რომ როცა კონფლიქტში ჩარევა უხდებათ, მათ არ აქვთ რეალური ინსტრუქცია, რადგან ყოველი ახალი შემთხვევა განსხვავდება წინასაგან. გარკვეული ტაქტიკა ერთ შემთხვევაში წარმატებულია, ხოლო სხვა შემთხვევაში - უშედეგო.

თუ ცალკეულ შემთხვევებს განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ყოველი ახალი შემთხვევა განსხვავებულია. მაგრამ ჭადრაკის ყოველი ახალი თამაშიც უნიკალურია, თუმცა არსებობს გარკვეული სვლები, რომლებიც სხვადასხვა თამაშებში მეორდება და კარგი შედეგი მოაქვს. კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევის დროსაც გამოიყენება გარკვეული მოქმედებები. განსხვავებების გარდა, არსებობს მსგავსი ნიშნები და სამართლებრივი სქემები. ამ სახელმძღვანელოში მოცემულია რამდენიმე სიტუაციური მაგალითი და განხილულია რამდენიმე სტრატეგია, რომელთა გამოყენებაც ჩარევის დროს აამაღლებს კონფლიქტის მოგვარების შანსს.

„ჩვენ არ წარმოვადგენთ სოციალურ სამსახურს“

ზოგიერთი პოლიციელი მიიჩნევს, რომ კონფლიქტში მესამე მხარის სახით მონაწილეობა სოციალური სამსახურის საქმეა და არა პოლიციის. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მოსაზრება სწორია, მაგრამ მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ ბევრმა ადამიანმა არ იცის, ვის მიმართოს. გარდა ამისა, სოციალური სამსახურების უმრავლესობა დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ არის. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციალური სამსახურების ფართო სპექტრის არსებობის პირობებში, რიგით მოქალაქეს, როგორც წესი, არ შეუძლია მისთვის საჭირო ორგანიზაციის შერჩევა და მიმართვა. პოლიცია პირველი ინსტანციაა, რომელსაც მოქალაქისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენა და მისი შესაბამის უწყებაში გაგზავნა შეუძლია.

კონფლიქტში ჩარევა პოლიციის სამუშაოა.

პოლიციელები სოციალურ მუშაკებს არ წარმოადგენენ და ისინი არ უნდა ჩაანაცვლონ. მაგრამ ბევრ კონფლიქტურ სიტუაციაში, პოლიცია პირველი სტრუქტურაა, რომელიც კონფლიქტის გადაჭრაში მონაწილეობს. ქვემოთ ჩამოთვლილია ის მიზეზები, რის გამოც მოქალაქეები კონფლიქტური სიტუაციების დროს პოლიციას იძახებენ:

  • ადამიანები დახმარებისთვის მხოლოდ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მიმართავენ;

  • პოლიციისათვის მიმართვა ნებისმიერ დროს, დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში არის შესაძლებელი;

  • პოლიციას შემთხვევის ადგილზე სწრაფად მისვლა შეუძლია;

  • ხალხი ენდობა პოლიციას და სჯერა, რომ პოლიციას შეუძლია პრობლემის გადაჭრაში დახმარება;

  • პოლიციას შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება, ვინაიდან პოლიციას აქვს იძულებითი მეთოდების გამოყენების უფლება;

  • მოქალაქეებმა არ იციან სხვა სამსახურების შესახებ;

  • პოლიცია უფასო სამსახურია, რომლისადმი მიმართვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

1.1.3. მოქმედების მიზნები

პოლიციის პირველი ამოცანაა უზრუნველყოს სიტუაციის მართვა. შემდეგ ეტაპზე, პოლიცია ადამიანებს კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრაში უნდა დაეხმაროს. ხშირ შემთხვევებში, პოლიციელებს მზა გადაწყვეტილებების შეთავაზება არ შეუძლიათ. მაგრამ, ძირითადად, კონფლიქტის მხარეთა მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება სჯობს მესამე მხარის მიერ შეთავაზებულ გადაწყვეტილებას. კონფლიქტში ჩარევის ფარგლებში პოლიციელებს შეუძლიათ დაეხმარონ კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტილების მოძებნაში, მიაწოდონ ინფორმაცია და რჩევები და ამასთან, გამოვიდნენ მესამე მხარის სახით.

კონფლიქტში ჩარევის დროს პოლიციამ გარკვეული წესები უნდა დაიცვას:

  • შედეგი ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს;

  • კონფლიქტის განმეორების ალბათობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი;

  • მიდგომა უნდა იყოს ეფექტური;

  • სამართლებრივი თვალსაზრისით კონფლიქტში ჩარევა სწორად უნდა განხორციელდეს.

მესამე მხარის სახით კონფლიქტში ჩარევის დროს გასაუბრების პროცედურა სამი ეტაპისგან შედგება. ამასთან, აუცილებელია ყველა მხარის ურთიერთქმედება. ეს ეტაპები სახელმძღვანელოს მესამე თავში დეტალურად არის განხილული.

2 2. კონფლიქტის სახეები

▲ზევით დაბრუნება


2.1 2.1. შესავალი

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტში სწორად ჩარევის მიზანია კონფლიქტის შეწყვეტა (რაც შეიძლება სწრაფად) და მისი განმეორების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა. გარკვეული პრობლემების გადაჭრა პოლიციელს ადვილად შეუძლია, არსებობს ისეთი პრობლემებიც, რომელთა გადაჭრაც პოლიციელს არ შეუძლია. საერთოდ, კონფლიქტში ჩარევის სახე დამოკიდებულია კონფლიქტის საფუძველში არსებული მთავარი პრობლემის ბუნებაზე.

2.2 2.2. კონფლიქტის წინაისტორია

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთ პრობლემას წინაისტორია აქვს. საერთოდ, ასეთი პრობლემები პირადი ან ემოციური ხასიათისაა, მაგალითად, მეუღლეთა შორის არსებული ან ოჯახური პრობლემები. ასეთი პრობლემების გადაჭრისათვის კონფლიქტის წინაისტორიის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნაა აუცილებელი. პოლიციელისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია დროის მოკლე მონაკვეთში კონფლიქტის შესახებ ასეთი დეტალური ინფორმაციის მიღება. ნაკლებად შესაძლებელია, პოლიციელმა დამოუკიდებლად შეძლოს ამგვარი პრობლემის გადაჭრა, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კონფლიქტის მხარეებზე დაკვირვების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. პოლიციელი მხარეებს მისაღები გადაწყვეტილების ძიებაში უნდა დაეხმაროს. ამასთან, პოლიციელები ხშირად აგზავნიან კონფლიქტის მხარეებს სხვა უწყებებსა და ორგანიზაციებში ან ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას.

პრობლემებს, რომლებიც არ უკავშირდება წინაისტორიას, ნაკლები ემოციური დატვირთვა აქვს. მაგალითად, კამათი, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება ან საქმიან პარტნიორებს შორის უთანხმოება საქონლის ან მომსახურების ღირებულების თაობაზე. ასეთ შემთხვევებში პოლიციელს პრობლემის გადაჭრის მეტი შანსი აქვს. ხანდახან პოლიციელის შემთხვევის ადგილზე მისვლაც საკმარისია, იმისთვის, რომ მან პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა შეძლოს.

„სამართლებრივი გადაწყვეტილება“, მაგალითად დაკავება, როგორც წესი, აუცილებელი არ არის, ვინაიდან კონფლიქტების უმეტესი ნაწილი დროებით გადაიდება ხოლმე.

პრობლემის ბუნება და მისი გადაჭრის ძიება შემდეგი სქემის სახით შეიძლება გამოიხატოს:

კონფლიქტი წინაისტორიით

კონფლიქტი წინაისტორიის
გარეშე

მცირე

დიდი

მცირე

დიდი

შუამავლობა

მხარეებისადმი მიმართვა

მხარეებისადმი მიმართვა

გადაწყვეტ

მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ, რომ ეს სქემა მხოლოდ იმას მიუთითებს, როგორ უნდა მოვიძიოთ სწორი გადაწყვეტილება. წინაისტორიის გარეშე წარმოქმნილი უმნიშვნელო პრობლემის გადაჭრა კონფლიქტის მხარეთათვის მიმართვის საფუძველზეც შეიძლება მოხდეს. ისევე როგორც, წინაისტორიის მქონე ყოველი მნიშვნელოვანი კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელია მხარეთა შესაბამის სამსახურებში წარგზავნით. ხშირად დადებითი შედეგისთვის აუცილებელია სხვადასხვა გადაწყვეტილებების კომბინაცია.

3 3. კონფლიქტში მესამე მხარის ჩარევის მოდელი

▲ზევით დაბრუნება


წინა თავებში საუბარი იყო იმაზე, რომ კონფლიქტში ჩარევისთვის არ არსებობს ერთი სწორი, წინასწარ მომზადებული მიდგომა და ჩარევის დროს ხანდახან შეცდომებიც ხდება. კონფლიქტში ჩარევის მოდელის შემუშავების მიზანი ტიპური შეცდომების თავიდან აცილებაა. მოდელი სამი ეტაპისგან შედგება:

1. მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა;

2. ინფორმაციის შეგროვება;

3. პრობლემის გადაჭრა.

ყველა ამ ეტაპზე აუცილებელია პოლიციელთა მიერ მათი მოქმედებების კოორდინირება. ქვემოთ მოცემულ ნახატზე მიმოხილულია ეს ეტაპები, მეოთხე დამატებითი ელემენტის ჩათვლით, რომელსაც „თანამშრომლობა“ ან „ერთობლივი მუშაობა“ ეწოდება.

ერთობლივი მუშაობა

ფუნქციათა განაწილება

პარტნიორის
უსაფრთხოების
უზრუნველყოფა

შუალედური კონსულტაცია


მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

- სიტუაციის შეფასება

- ფუნქციათა

- განცალკევება

- საუბრის დაწყება

- ყურადღების შენარჩუნება

- ერთობლივი მუშაობა

ინფორმაციის შეგროვება

- ორივე მხარის მოსმენა

- სიტუაციის შეფასება

პრობლემის გადაჭრა

- მხარეებისადმი მიმართვა

- ორგანიზება

- შუამავლობა

- წარგზავნა

3.1 3.1. მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა

▲ზევით დაბრუნება


„მიახლოვება და სიტუაციის განმუხტვა“ კონფლიქტში ჩარევის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ეტაპზე მთავარი მიზანია უზრუნველყოთ კონფლიქტის მხარეთა მიერ თქვენი - მესამე მხარედ ან შუამავლად აღქმა. ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ მხარეთა ემოციური დაძაბულობის მოხსნასა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნას. გახსოვდეთ, რომ ურთიერთნდობა ყოველი მომდევნო ეტაპისთვის აუცილებელი პირობაა.

„მიახლოვებისა და სიტუაციის განმუხტვის“ ეტაპი შემდეგი მოქმედებებისაგან შედგება:

  • სიტუაციის შეფასება;

  • ფუნქციათა განაწილება;

  • განცალკევება;

  • საუბრის დაწყება;

  • ყურადღების შენარჩუნება;

  • ერთობლივი მუშაობა.

3.1.1. სიტუაციის შეფასება

კონფლიქტურ სიტუაციაში ჩართვამდე, მოიპოვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. გარკვეულ შემთხვევებში ინფორმაციის მიღება პოლიციის განყოფილებაშივე არის შესაძლებელი. ვინ მონაწილეობს კონფლიქტში? რამდენად აღელვებულნი არიან მხარეები? სად არიან ისინი? სახიფათოა თუ არა სიტუაცია (როგორც მხარეებისთვის, ისე პოლიციელებისთვის)? ხანდახან თავად პოლიციელებმა იციან, რა სახის კონფლიქტები წარმოიშობა გარკვეულ მისამართებზე, ვინაიდან მათ ადრე ამავე მისამართებზე ჰქონიათ გამოძახებები. ეს ინფორმაცია სიტუაციის სწორად შეფასებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ განაგრძეთ სიტუაციის შეფასება, მოისმინეთ და დააკვირდით. თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, მოიპოვეთ დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, გაესაუბრეთ გამვლელებს ან მეზობლებს. თავიდანვე შეამოწმეთ შემთხვევის ადგილზე საშიში საგნების არსებობა და შემდგომი მოქმედებების განხორციელებამდე, თავიდან მოიშორეთ ისინი.

3.1.2. ფუნქციათა განაწილება

მოპოვებული ინფორმაციისა და შეფასების საფუძველზე გაინაწილეთ ფუნქციები. თითოეულმა პოლიციელმა ზუსტად უნდა იცოდეს რას გააკეთებს და სიტუაციის მოულოდნელად განვითარების შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედოს. გარდა ამისა, შეათანხმეთ შემდეგი მოქმედებები.

3.1.3. ვიზუალური განცალკევება

პროცედურა

ამ ეტაპზე თქვენ კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან ურთიერთობას ამყარებთ. ამ ეტაპზე მთავარი მიზანია მხარეების განცალკევება. როცა მხარეები ერთმანეთს ვეღარ ხედავენ, მცირდება სიტუაციის დაძაბვის რისკიც. მაგრამ, მეორე მხრივ, თქვენ მუდმივად უნდა ხედავდეთ თქვენს პარტნიორს.

განცალკევების ეტაპი შედგება შემდეგი ელემენტებისგან:

ა) ყურადღების მიპყრობა

ყურადღების მიპყრობისას შეეცადეთ არ შეაშინოთ კონფლიქტის მხარეები, ეს განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ისინი აღელვებულები არიან. ფიზიკური კონტაქტის დროსაც ძალიან ფრთხილად იყავით, ვინაიდან ის არასწორად შეიძლება იქნეს აღქმული. მსუბუქმა შეხებამაც კი შეიძლება შეაშინოს აღელვებული მოქალაქე. კონფლიქტის მონაწილესთვის პოლიციელის ხელის ჩავლებამ შეიძლება საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს, რაც შესაძლოა ჩხუბით დამთავრდეს. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს კონფლიქტის მოწმეთა ჩარევასაც, ვინაიდან პოლიციელები „უხეშად იქცევიან“.

ყურადღების მიპყრობის უფრო მსუბუქი ფორმაა რაიმე შესამჩნევი ან მოულოდნელი მოქმედება. მაგალითად, შეიძლება ხმამაღლა წარმოთქვათ „გამარჯობა“, ან სახელებით მიმართოთ კონფლიქტის მხარეებს, მაგრამ ამ დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან ხმამაღალმა მიმართვამ (ყვირილმა) შეიძლება აგრესია გამოიწვიოს.

გახსოვდეთ, რომ ამ მეთოდის გამოყენება ნაწილობრივ დამოკიდებულია კონფლიქტის მხარეთა მიერ ერთმანეთზე კონცენტრირების დონეზე. თუ კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ პოლიციელებს ყურადღების მიპყრობა უჭირთ, შეიძლება, გარკვეულ შემთხვევებში, საჭირო გახდეს მხარეთა ფიზიკურად განცალკევებაც კი.

ბ) ვიზუალური კონტაქტის დამყარება

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კონფლიქტის მხარეებთან ვიზუალური კონტაქტის შენარჩუნება და საუბრის გაგრძელება, კითხვების დასმა, მოსაუბრის გამონათქვამებზე რეაგირება. მაგალითად: „ვხედავ, რომ პრობლემა შეგექმნათ, შემიძლია დაგეხმაროთ?“ ან „ხომ ვერ მომიყვებოდით, აქ რა მოხდა?“

გ) შემობრუნება

ყურადღების მიპყრობისა და მხარეებთან ვიზუალური კონტაქტის დამყარების შემდეგ, კონფლიქტის მხარეები მოაბრუნეთ ისე, რომ ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. თითოეული პოლიციელი კონფლიქტის ერთ მონაწილესთან უნდა მუშაობდეს.

დ) დისტანციის გაზრდა

ამ ეტაპზე ნელ-ნელა, უკუსვლით გაზარდეთ კონფლიქტის მხარეებს შორის არსებული მანძილი. ამ დროს, მათთვის რთული იქნება ერთმანეთის ხმის გაგება, რაც შეამცირებს ახალი იერიშის მიტანისა და კონფლიქტის გამწვავების ალბათობას.

ვიზუალური განცალკევების უპირატესობები და ნაკლოვანებები

ხანდახან, საუბრის დაწყებამდე, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან ყურადღების შესანარჩუნებლად, აუცილებელია კონფლიქტის მხარეთა განცალკევება. განცალკევებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

უპირატესობას შეიძლება მივაკუთვნოთ შემდეგი ფაქტორები:

  • ეს მშვიდობიან გარემოს ქმნის;

  • ხანდახან ამ გზით ინფორმაციის მიღება უფრო ადვილია;

  • ორივე მხარეს დამოუკიდებლად შეუძლია სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა;

  • ამ მიდგომის ნაკლი კი შემდეგია:

  • კონფლიქტის მხარეებს შესაძლოა ეგონოთ, რომ პოლიციელი იმ მონაწილეს მხარეს დაიკავებს, რომელსაც ის ესაუბრება. ასევე ამან შეიძლება ეჭვიც დაბადოს (რას ეუბნება პოლიციელს ჩემი მოწინააღმდეგე და ამან მე რა შედეგი შეიძლება მომიტანოს?);

  • არსებობს იმის რისკიც, რომ კონფლიქტის მონაწილენი თავიანთ აგრესიას პოლიციელების საწინააღმდეგოდ წარმართავენ (განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არ სურთ, ერთმანეთს დაშორდნენ);

  • დროის დაკარგვა (ხშირად განცალკევების შემდეგ ისევ აუცილებელი ხდება კონფლიქტის მონაწილეებთან ერთად გასაუბრება).

განცალკევებას ყოველთვის არ მოაქვს დადებითი შედეგი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს იცნობენ. განცალკევება მხოლოდ მაშინ უნდა განხორციელდეს, როცა შეუძლებელია მხარეთა ყურადღების შენარჩუნება, როცა ერთ-ერთი მხარე ძალიან შეშინებულია ან როცა ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით არის აუცილებელი.

თუ პოლიციელები მხარეთა განცალკევებას გადაწყვეტენ, მათ ეს ამ მეთოდის ნაკლოვანი მხარეების თავიდან აცილებით უნდა გააკეთონ. ეს შეიძლება შემდეგი სახით განხორციელდეს:

  • კონფლიქტის მხარეთა სწორი განცალკევება;

  • ასეთი განცალკევების მიზნის განმარტება;

  • მიღებული ინფორმაციის სწრაფად გაზიარება, მაგალითად, მოკლედ ინფორმაციის შეჯამება.

3.1.4. საუბრის დაწყება

ყურადღების მიპყრობის შემდეგ, კონფლიქტის თითოეულ მხარესთან ცალ-ცალკე დაიწყეთ საუბარი. გახსოვდეთ, რომ პოლიციელზე კონფლიქტში ჩარევის სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მისმა წარმოდგენებმა.

ეს წარმოდგენები შეიძლება სიტუაციაზე პირველი შეხედულების გავლენით წარმოიქმნას. იგივე ეხება კონფლიქტის მხარეებსაც, მათაც შეიძლება გარკვეული გრძნობები გაუჩნდეთ პოლიციელების თანდასწრების გამო. ამიტომ, გარკვეულ შემთხვევებში, პოლიციელის თანდასწრების ნეიტრალიზება უნდა მოხდეს იმის შესახებ მკაფიო განცხადების გაკეთებით, რომ პოლიცია შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად მოვიდა და რომ პოლიციელები არცერთ მხარეს არ ემხრობიან. ნეიტრალიტეტის ხაზგასმა მნიშვნელოვანია სიტუაციის გამწვავებისა და და პოლიციელის კონფლიქტში მონაწილე მხარედ ჩათრევის მცდელობის თავიდან ასაცილებლად. როცა თანაგრძნობას გამოთქვამთ კონფლიქტის მხარეთა მიმართ, თქვენ მათ აჩვენებთ, რომ მათი ემოციისა და გრძნობების გესმით. ასეთი ემოციური მხარდაჭერის წყალობით პოლიციელებს შეუძლიათ კონფლიქტის მხარეთა დამშვიდება და მათთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.

3.1.5. ყურადღების შენარჩუნება

საუბრის დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვანია ყურადღების შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონფლიქტის მხარეები ისევ დაიწყებენ ფიქრს კონფლიქტზე ან კონცენტრირებას ერთმანეთზე მოახდენენ. ყურადღების შენარჩუნებისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის საუბრის გაგრძელება. ყურადღების შენარჩუნების დამატებით მეთოდებს განეკუთვნება:

  • კითხვები ისეთ დეტალებზე, რომელთაც კონფლიქტთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ;

  • ლოკნოტში გაკეთებული ჩანიშვნები, რომლის მეშვეობითაც პოლიციელი იმის ხაზგასმას ახდენს, რომ კონფლიქტის მხარეს ყურადღებით უსმენს;

  • შეხსენების თამაში: კითხვები უკვე განხილულ საკითხებზე, ასეთი კითხვები მხოლოდ იმისთვის დაისმება, რომ კონფლიქტის მხარემ საუბარი განაგრძოს;

  • ნეიტრალური და ცივილიზებული ფორმით ყურადღების მიპყრობის მოთხოვნა;

  • საუბრის თემების სწრაფი შეცვლა.

3.1.6. ერთობლივი მუშაობა

ამ ეტაპზე ერთობლივი მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს პარტნიორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ვიზუალური კონტაქტის მეშვეობით). გარდა ამისა, პოლიციელებმა რაც შეიძლება ზუსტად უნდა გაინაწილონ ფუნქციები.

3.2 3.2. ინფორმაციის შეგროვება

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტის მხარეებთან ურთიერთობის დამყარების შემდეგ პოლიციელებმა ინფორმაციის შეგროვება უნდა დაიწყონ. პრობლემის გადაჭრისთვის შესაბამისი სტრატეგიის ასარჩევად აუცილებელია კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების დადგენა. ინფორმაციის შეგროვებისას შემდეგი ეტაპების გათვალისწინებაა აუცილებელი:

  • ორივე მხარის მოსმენა (ერთობლივად ან ცალ-ცალკე);

  • სიტუაციის შეფასება;

  • ერთობლივი მუშაობა: შუალედური კონსულტაცია.

ინფორმაციის შეგროვებისას პოლიციელებმა სამართლებრივი ელემენტებიც უნდა გაითვალისწინონ.

3.2.1. ორივე მხარის ერთობლივად მოსმენა

საუბრის დაწყებამდე პოლიციელებმა მეგობრული გარემო უნდა შექმნან. მაგალითად, მოქალაქეს პირდაპირ თვალებში უნდა უყურონ, ან შეძლებისდაგვარად საუბრის დროს მას დაჯდომა შესთავაზონ.

ერთმა პოლიციელმა უნდა წაიყვანოს საუბარი, ამასთან ერთ-ერთ მხარეს წინასწარგანზრახულად უპირატესობა რომ არ მიანიჭოს, სასურველია, ის კონფლიქტის მხარეთა შუაში იდგეს ან იჯდეს. გარდა ამისა, ადამიანები ნაკლებად ავლენენ აგრესიას იმ პიროვნების მიმართ, რომელიც მათ შორის დგას, ვიდრე იმ პიროვნების მიმართ, რომელიც მათ პირისპირ დგას.

პოლიციელმა უნდა უზრუნველყოს საუბრის მშვიდი და თანმიმდევრული მიმდინარეობა, რაც შეიძლება რამდენიმე წესის დადგენით განხორციელდეს, მაგალითად: მხარეებმა რიგ-რიგობით უნდა ისაუბრონ და ერთმანეთს საუბარი არ შეაწყვეტინონ.

ხანდახან პოლიციელს უწევს მხარეთათვის ამ წესების შეხსენება და ბოლოს, პრაქტიკული თვალსაზრისით უმჯობესია, ჯერ საუბრის საშუალება მისცეთ უფრო მეტად აღელვებულ მოქალაქეს. იმავდროულად, მეორე მოქალაქემაც უნდა იცოდეს, რომ მასაც მიეცემა აზრის გამოთქმის საშუალება.

ამ ეტაპზე გამოიყენება ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის შეგროვებისთვის საჭირო საუბრის მეთოდები, ე.ი საუბარში მონაწილეობა და კითხვები. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუბრის შეჯამება, რითაც კონფლიქტის მხარეები იგრძნობენ, რომ მათ ყურადღებით უსმენენ. ეს კონფლიქტის მხარეთა მიერ პოლიციელის ინფორმირებაზე დადებითად მოქმედებს. საუბრის შეჯამება პოლიციელთათვის ასევე შემოწმების საშუალებაა, რათა გადაამოწმოს, რამდენად სწორად გაიგო კონფლიქტის მიზეზი.

ინფორმაციის შეგროვების დროს მნიშვნელოვანია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. პოლიციელებმა თავი უნდა შეიკავონ შეფასებების, ბრალდებებისა და დასკვნების გამოტანისგან. პოლიციელებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ არავერბალური ქცევის მნიშვნელობაც, ანუ ჟესტების ენა, კერძოდ: მზერის მანერა, პოზა, თავის დაქნევა, ხელების მოძრაობა და ა.შ.

3.2.2. ორივე მხარის ცალ-ცალკე მოსმენა

მეგობრული ატმოსფეროს შექმნა მაშინაც აუცილებელია, როცა პოლიციელები კონფლიქტის მხარეთა ცალ-ცალკე მოსმენას გადაწყვეტენ. როგორც უკვე აღინიშნა, ამის მიღწევა შესაძლებელია ადამიანისთვის პირდაპირ თვალებში ყურებით ან საუბრისას კონფლიქტის მონაწილის ჩამოსაჯდომად მოწვევით. შემდეგ პოლიციელები ორივე მხარეს განუმარტავენ შემდეგ პროცედურას: კონფლიქტის მონაწილეებს პოლიციელები ცალ-ცალკე უსმენენ, შემდეგ პოლიციელები ერთმანეთს ესაუბრებიან, ბოლოს კი ისინი კვლავ ერთად იკრიბებიან და მსჯელობენ კონფლიქტის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაზე. პროცედურის წინასწარ განმარტება თავიდან აგაცილებთ ყოველგვარ ეჭვებსა და დაუცველობის განცდას, რომელიც პოლიციელთა მოქმედებებში გაურკვევლობის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას.

ამ ეტაპზე საუბრის იგივე მეთოდები გამოიყენება ე.ი. საუბარში მონაწილეობა და კითხვები. ამავდროულად პოლიციელებს უნდა ახსოვდეთ, რომ კონფლიქტის მონაწილეთა მოსმენისა და შუალედური კონსულტაციის დროს მნიშვნელოვანია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. პოლიციელებმა თავი უნდა შეიკავონ შეფასებითი გამონათქვამებისგან, ბრალდებებისა და დასკვნების გაკეთებისგან.

კონფლიქტის მონაწილეთა ცალ-ცალკე მოსმენის დროს პოლიციელი დამაჯერებლად, მშვიდად უნდა იქცეოდეს, ავლენდეს ყურადღებასა და მოთმინებას. პოლიციელს თანამოსაუბრესთან ვიზუალური კონტაქტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამასთან, ხანდახან ადამიანს გვერდით გახედვის საშუალებაც უნდა მისცეს.

3.2.3. სიუტაციის შეფასება

მიღებული ინფორმაციისა და შუალედური კონსულტაციების საფუძველზე პოლიციელებს შეუძლიათ დაიწყონ სიტუაციის შეფასება, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის არსის მხედველობაში მიღება. კონფლიქტის სამართლებრივი ასპექტიც ნათელი ხდება და პოლიციელებს უკვე შეუძლიათ განსაზღვრონ სისხლისსამართლებრივი დანაშაული იქნა ჩადენილი თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. კონფლიქტში ჩარევის ამ ეტაპზე სიტუაციის შეფასება პოლიციელებს ეხმარება პრობლემის გადასაჭრელად სწორი მიდგომის განსაზღვრაში.

3.2.4. ერთობლივი მუშაობა: შუალედური კონსულტაცია

ამ ეტაპზე პოლიციელთა თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი შუალედური კონსულტაციაა.

3.3 3.3. პრობლემის გადაჭრა

▲ზევით დაბრუნება


პრობლემის გადაჭრის ამ ეტაპზე კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებისთვის რამდენიმე სტრატეგიის გამოყენება შეიძლება.

3.3.1. მიმართვა

პოლიციელები კონფლიქტის მხარეებს მშვიდად და თავშეკავებულად უნდა მიმართავდნენ. კონფლიქტის შესაწყვეტად მათ აპელირება კონფლიქტის მონაწილეთა საღ განსჯაზე უნდა გააკეთონ.

3.3.2. ორგანიზება

თუ კონფლიქტი იმდენად არის გამწვავებული, რომ მონაწილეთათვის მიმართვა უშედეგოა, პოლიციელებმა მათ უნდა აჩვენონ, რომ პრობლემის გადაჭრის სხვა მეთოდებიც არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიციელებმა მხარეებს მისაღები გადაწყვეტილება უნდა უკარნახონ. პოლიციელები წინადადებების მიწოდებით უნდა დაეხმარონ მხარეებს და დააკვირდნენ ამ წინადადებებზე მხარეების რეაქციას.

თუ კონფლიქტს წინაისტორია არ აქვს, შეიძლება შემთხვევითი გადაწყვეტილების მოძებნაც, რადგან ხშირად ეს საკმარისია პრობლემის გადაწყვეტისთვის.

თუ კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს იცნობენ, შეიძლება კონფლიქტი კვლავ განმეორდეს. ამ შემთხვევაში შეეცადეთ უფრო სტრუქტურული გადაწყვეტილება მოძებნოთ. გახსოვდეთ, რომ უმჯობესია კონფლიქტის მხარეებმა თავად მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა. ამ შემთხვევებში პოლიციელის ფუნქციაა დაპირისპირებული მხარეები სწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს. ასეთი სახის კონფლიქტის დროს, პოლიციელმა ისეთი მეთოდები უნდა გამოიყენოს, როგორიცაა შუამავლობა და სათანადო ორგანიზაციებში წარგზავნა.

3.3.3. შუამავლობა

სწორი გადაწყვეტილების მიღებაში პოლიციელები მხარეებს საუბრის სათანადო მიმართულებით წაყვანის გზით ეხმარებიან. პოლიციელებმა საკითხის არსზე აზრი არ უნდა გამოთქვან. მათ მხარეებს საშუალება უნდა მისცენ გამოთქვან წინადადებები და პრობლემის გადაჭრის ვარიანტები. როცა პოლიციელი შუამავლის როლს ასრულებს, მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთის მოსმენა და მათ მიერვე ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებამდე მისვლა, რის გამოც, ისინი უფრო მეტად თანხმდებიან მის შესრულებაზე.

3.3.4. წარგზავნა

ხანდახან პრობლემა იმდენად რთული და ღრმაა, რომ პოლიციელებს ესაჭიროებათ პროფესიონალების, მაგალითად, სოციალური მუშაკების ჩართვა. გახსოვდეთ, რომ ასეთ შემთხვევაში ორივე მხარე უნდა დაეთანხმოს დახმარების გარედან მიღების აუცილებლობას, პოლიციელმა კი მხარეებს უნდა უბიძგოს პროფესიული დახმარების ძიებისკენ. პოლიციელმა მხარეებს შეიძლება შესთავაზოს გარკვეული ორგანიზაციისთვის ან სამსახურისთვის მიმართვა და ინფორმაცია მიაწოდოს შესაძლო მომსახურებისა და ამ ორგანიზაციებთან დაკავშირების საშუალების შესახებ.

3.4 3.4. ერთობლივი მუშაობა

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტურ სიტუაციაში ჩარევის დროს პოლიციელებს ურთიერთობა აქვთ არა მხოლოდ კონფლიქტის მონაწილეებთან, არამედ ერთმანეთთანაც. პოლიციელებმა ერთმანეთისგან შეიძლება დადებითი გამოცდილება შეიძინონ, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ ერთმანეთს ხელიც შეუშალონ. ამიტომ აუცილებელია სწორი ერთობლივი მუშაობა. პოლიციელებმა უნდა:

  • გაინაწილონ ფუნქციები,

  • უზრუნველყონ პარტნიორის უსაფრთხოება,

  • ჩაატარონ შუალედური კონსულტაციები,

  • შეაფასონ მოქმედებები.

3.4.1. ფუნქციათა განაწილება

კონფლიქტში ჩარევამდე პოლიციელებმა უნდა გაინაწილონ ფუნქციები, რომლის დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული პოლიციელთა უნარ-ჩვევები, გამოცდილება და კონფლიქტის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია. ფუნქციათა განაწილების დროს უნდა განისაზღვროს:

- თითოეული პოლიციელი კონფლიქტის რომელ მონაწილესთან იმუშავებს;

- საჭიროების შემთხვევაში როგორ ჩაანაცვლებენ პოლიციელები ერთმანეთს.

პოლიციელებმა ასევე უნდა შეათანხმონ, რომელი მათგანი წარუძღვება ზოგად საუბარს და რომელი შეასრულებს დამკვირვებლის ფუნქციას. საუბრის წამყვანი პოლიციელი (ლიდერი) და ჩრდილში დარჩენილი პოლიციელი (დამკვირვებელი) განსხვავებულ ინფორმაციას მიიღებენ. ლიდერი პოლიციელი ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს: აგროვებს ინფორმაციას, აკონტროლებს სიტუაციას, ფიქრობს შემდეგ კითხვებზე. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ლიდერი პოლიციელის მიერ მიღებული ინფორმაცია განსხვავდება დამკვირვებელი პოლიციელის მიერ მიღებული ინფორმაციისგან. ვინაიდან ლიდერი პოლიციელი კონფლიქტის ორივე მხარეს ესაუბრება, მან შეიძლება უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს აღელვებულ მოქალაქეს, რის გამოც კონფლიქტის გარკვეულ ასპექტები მისი ყურადღების მიღმა რჩება. სწორედ ლიდერი შეიძლება ემოციურად ჩაერთოს კონფლიქტურ სიტუაციაში და, შესაბამისად, იქცეს კონფლიქტის მხარედ.

დამკვირვებელ პოლიციელს შეუძლია კონფლიქტის მონაწილის აღელვების მიზეზის დადგენა და აღელვებულ მოქალაქეზე დაკვირვება, რის გამოც, მის მიერ მიღებული ინფორმაცია განსხვავდება ლიდერი პოლიციელის მიერ მოპოვებული ინფორმაციისგან. ძირითად შემთხვევებში დამკვირვებელი პოლიციელის მიერ მიღებული ინფორმაცია უფრო ობიექტურია. დამკვირვებელ პოლიციელს შეუძლია ჩარევა და ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, თუ ხვდება, რომ მისი ინფორმაცია აუცილებელია სიტუაციის შემდგომი კონტროლისთვის. ეს მოქმედება დამატებად უნდა იქნეს შეფასებული და არა პარტნიორის არასწორ მუშაობად, რადგან დამკვირვებელს აქვს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ლიდერი პოლიციელისთვის უცნობია.

პოლიციელები წინასწარ უნდა შეთანხმდნენ დამკვირვებლის მიერ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების წესზე. მაგალითად, პოლიციელებმა შეიძლება დაადგინონ სპეციალური ნიშანი, რის შემდეგაც ლიდერი პოლიციელი ინიციატივას დამკვირვებელ პოლიციელს დაუთმობს.

3.4.2. პარტნიორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

კონფლიქტში ჩარევის საწყის ეტაპზე პოლიციელებისათვის აუცილებელია ერთმანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ურთიერთობას აღელვებულ ადამიანებთან ამყარებთ, რომლებმაც თავიანთი აგრესია ადვილად შეიძლება მიმართონ პოლიციელების წინააღმდეგ. ამიტომ პარტნიორთან ვიზუალური კონტაქტი მუდმივად იქონიეთ.

3.4.3. შუალედური კონსულტაცია

ინფორმაციის შეგროვებისა და კონფლიქტის ორივე მხარესთან გასაუბრების შემდეგ, პოლიციელებმა მიღებული ინფორმაცია და შეხედულებები ერთმანეთს უნდა გაუზიარონ. ინფორმაციის გაცვლა პოლიციელებს დაეხმარება ინფორმაციის შეგროვების წარმატებით განხორციელებაში და პრობლემის გადაჭრისთვის სწორი მიდგომის შერჩევაში.

კონფლიქტის მხარეების ერთობლივი გამოკითხვის დროს, შუალედური კონსულტაცია გამოიყენება სიტუაციის შესახებ შეხედულებების გაზიარებისა და შემდგომი მოქმედებების დაგეგმვისთვის. კონფლიქტის მხარეების ცალ-ცალკე გამოკითხვის დროს, კი შუალედური კონსულტაცია ძირითადად ინფორმაციის გაცვლისათვის გამოიყენება.

შუალედური კონსულტაცია შეიძლება ჩატარდეს კონფლიქტის შემდგომი გამოძიების ან პოლიციელთა როლების გაცვლისთვის, როცა ლიდერი პოლიციელი კონსულტაციის შემდეგ დამკვირვებლის ფუნქციას შეასრულებს, დამკვირვებელი კი - ლიდერისას.

3.4.4. მოქმედებათა შეფასება

ყოველ მომდევნო კონფლიქტში ჩარევის შემდეგ პოლიციელები რაღაც ახალს სწავლობენ. გუნდური მუშაობის აწყობა ერთბაშად და ავტომატურად არ ხდება, ამიტომ აუცილებელია საკუთარი მოქმედებების შეფასება. პარტნიორებს შეუძლიათ ისწავლონ როგორც ერთმანეთის ძლიერ მხარეებზე, ისე პარტნიორის ან საკუთარ შეცდომებზე.

4 4. პრაქტიკული მაგალითები

▲ზევით დაბრუნება


ამ ნაწილში განხილულია რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება გავიგოთ, როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ჩარევის მოდელი.

4.1 4.1. ავტოფარეხი

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტი

ქალი ავტოფარეხის მესაკუთრესთან თავისი მანქანის შეკეთების ხარჯებს განიხილავს. ავტოფარეხის მესაკუთრეს სურს, ქალმა დაწესებულზე უფრო მეტი თანხა გადაიხადოს. ქალს ფასის გაზრდა არასწორად მიაჩნია. ავტოფარეხის მესაკუთრე გაზრდილი ფასის გადახდამდე უარს აცხადებს ქალისთვის ავტოფარეხიდან მანქანის გაყვანის უფლების მიცემაზე. აღშფოთებული ქალი მიდის.

შემთხვევის ადგილზე

საპატრულო ავტომანქანა ავტოფარეხს უახლოვდება. ქალი პოლიციელებს ელოდება, ავტოფარეხის მესაკუთრე კი მათკენ მიემართება. პოლიციელები ორივე მხარეს უსმენენ. ავტოფარეხის მესაკუთრე პოლიციელებს უხსნის, რომ ავტომანქანის შეკეთება უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე მან ქალს წინასწარ უთხრა. ქალი კი მიიჩნევს, რომ ავტოფარეხის მესაკუთრეს მისთვის უნდა დაერეკა, სანამ შეკეთებისთვის უფრო ძვირადღირებული სამუშაოს შესრულებას დაიწყებდა. ავტოფარეხის მესაკუთრე აღიარებს, რომ მას კლიენტთან უნდა დაერეკა, მაგრამ მას ეგონა, რომ მანქანის კარგი მდგომარეობიდან გამომდინარე ქალი დამატებით შეკეთებას დაეთანხმებოდა.

მიდგომა

ერთ-ერთი პოლიციელი შეაჯამებს ინფორმაციას. ის ორგანიზატორის როლში გამოდის: ორივე მხარე თანხმდება საშუალო ფასზე, რომელიც წინასწარ განსაზღვრულზე მაღალია, მაგრამ ფაქტიურ ხარჯზე დაბალი.

4.2 4.2. ოჯახური კონფლიქტი

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტი

სამორიგეო ნაწილში რეკავს ბავშვი, რომელიც პოლიციას მისი მშობლების ჩხუბის შესახებ ატყობინებს. ბავშვი ამბობს, რომ გაცეცხლებული მამა დედას სცემს. მორიგე, რომელმაც ზარი მიიღო, ბავშვს ამშვიდებს და ეკითხება სახელსა და მისამართს. მორიგე ბავშვს სთხოვს არ დაკიდოს ყურმილი. მორიგე ინფორმაციას საპატრულო მანქანას გადასცემს და პოლიციელები მითითებულ მისამართზე მიემგზავრებიან. ერთ-ერთი პოლიციელი ოჯახური კონფლიქტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. მორიგე ეკითხება ბავშვს მშობლების ჩხუბის მიზეზს, ბავშვმა კონკრეტული ჩხუბის მიზეზი არ იცის, მაგრამ ის მორიგეს ატყობინებს, რომ მისი მშობლები ხშირად ჩხუბობენ. მორიგე ამოწმებს გამოძახებების მონაცემებს, მაგრამ ამ მისამართზე ადრე გამოძახება არ ფიქსირდება. ის უკავშირდება საპატრულო მანქანას და პატრულებს ატყობინებს, რომ ბავშვის მშობლები ხშირად ჩხუბობენ, თუმცა ამ მისამართზე ადრე გამოძახება არ ფიქსირდება. მანქანაში პატრულებს თათბირი აქვთ და ისინი ინაწილებენ ლიდერისა და დამკვირვებლის ფუნქციებს. პატრულები ასევე თანხმდებიან იმაზეც, რომ სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში „დამკვირვებელი“ ჩაერევა. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ კონფლიქტის მხარეების ერთობლივ გამოკითხვას ჩაატარებენ.

შემთხვევის ადგილზე

შემთხვევის ადგილზე მისვლის შესახებ პოლიციელები სამორიგეო ნაწილს ატყობინებენ. პოლიციელები ბავშვს ქუჩაში ხვდებიან, ამშვიდებენ მას და ეკითხებიან, სახლში არიან თუ არა მისი მშობლები. შემდეგ კი ისინი კარს უახლოვდებიან. მათთან მამაკაცი გამოდის და მოსვლის მიზეზს ეკითხება. პოლიციელები თავაზიანად ესალმებიან მამაკაცს და უხსნიან, რომ აქ დახმარების შესათავაზებლად მოვიდნენ. მამაკაცი მიიჩნევს, რომ ის თავად მიხედავს საკუთარ პრობლემებს და არ საჭიროებს მათ დახმარებას. ამ დროს ოთახიდან გამოდის ქალი, რომელიც პოლიციელებს სთხოვს, დაეხმარონ მას. მამაკაცი ქალს უყვირის.

მიდგომა

ერთ-ერთი პოლიციელი მშვიდად, მაგრამ მკაცრად ეკითხება მამაკაცს, რა მოხდა. მამაკაცი უხსნის, რომ ცოლმა ის სახლში არ შეუშვა. პოლიციელი ახერხებს მამაკაცის დაწყნარებას და საუბრისთვის შემოსასვლელიდან მისაღებ ოთახში ინაცვლებენ. მამაკაცი ამბობს, რომ სახლში დაბრუნებულმა კარი ვერ გააღო, რადგან ცოლმა შემოსასვლელი კარის საკეტი შეცვალა. ქალს უჭირს ახსნას, რატომ გააკეთა ეს. ბოლოს, ქალი ამბობს, რომ მას ეშინოდა მთვრალი ქმრის სახლში დაბრუნების, რადგან სიმთვრალის დროს ის აგრესიული ხდება. როგორც ჩანს, მამაკაცი სახლში ნასვამ მდგომარეობაში ხშირად მოდის. მამაკაციც აღიარებს, რომ სიმთვრალეში უფრო აგრესიულია. ის განმარტავს, რომ შტატების შემცირების გამო სამსახური დაკარგა და უსაქმურობის გამო ხშირად სვამს.

პოლიციელი წყვილს ეუბნება, რომ ესმის სიტუაცია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პოლიციას ნაკლებად შეუძლია დახმარება. მეორე პოლიციელი ამბობს, რომ ბავშვი შეშინებულია და არ ესმის, რა ხდება. მამაკაცმა ეს გაიგო. პოლიციელების წასვლამდე, ისინი ოჯახურ წყვილს ურჩევენ ოჯახურ პრობლემებზე მომუშავე სპეციალური სამსახურისათვის მიმართვას. ეს ორგანიზაცია ოჯახებს სწორედ ასეთი პრობლემების დაძლევაში ეხმარება. ქალს ეს იდეა მოსწონს. პოლიციელები წყვილს უტოვებენ ამ ორგანიზაციის მისამართსა და ტელეფონს, რათა წყვილმა თავად გადაწყვიტოს ღირს თუ არა ამ ორგანიზაციისთვის მიმართვა. წასვლამდე, პოლიციელები ისევ რწმუნდებიან, რომ მათ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია სრულად ჩაიწერეს.

4.3 4.3. ძმები

▲ზევით დაბრუნება


კონფლიქტი

ორ ძმას, გიორგისა და ედუარდს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. დედა ჩარევას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ძმებმა ჩხუბი დაიწყეს, ისინი ერთმანეთს ხელს კრავენ. ედუარდმა გიორგის ხელი ჰკრა და სავარძელზე მიაგდო, გიორგიმ კი ბოთლს დასტაცა ხელი და ძმას დაემუქრა. ედუარდი თავის ოთახში ჩაიკეტა. დედამ პოლიციის განყოფილებაში დარეკა. მან მორიგეს სთხოვა სასწრაფოდ გაეგზავნათ საპატრულო მანქანა, რადგან მისი შვილები სერიოზულად ჩხუბობდნენ და მდგომარეობა შეიძლება გართულებულიყო. მორიგე ქალს სთხოვს ყურმილი არ დაკიდოს და გამოძახებას საპატრულო მანქანას გადასცემს. მორიგე ქალს ეკითხება კონფლიქტის დაწყების მიზეზს. ქალი ამბობს, რომ გიორგის ეჭვი აქვს, რომ ედუარდმა ფული მოიპარა. ქალს სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვის ეშინია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ძმებს შორის კამათი ასე დაიძაბა. ედუარდი თავის ოთახში ჩაიკეტა. ქალი მორიგეს ატყობინებს, რომ გიორგიმ ბოთლი გატეხა და ამ ბოთლით ედუარდს ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე

საპატრულო მანქანა შემთხვევის ადგილზე მიდის. მორიგესგან პოლიციელები კონფლიქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას სრულად იღებენ. პოლიციელები ინაწილებენ ფუნქციებს და შეიმუშავებენ მოქმედებათა გეგმას. თუ ერთი პოლიციელი იგრძნობს, რომ მეორე არასწორად იქცევა, ის პარტნიორს კალამს სთხოვს, რის შემდეგაც პოლიციელები როლებს უმტკივნეულოდ გაცვლიან. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს დედა ეგებება, რომელსაც პოლიციელები სთხოვენ, აღუწეროს სახლში არსებული მდგომარეობა. ქალი ამბობს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა.

მიდგომა

სამივე სახლში შედის. პოლიციელები გიორგისთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობენ, მაგრამ ვითარებას დედის ჩარევა ართულებს. ერთ-ერთი პოლიციელი ქალს მიჰყვება და ის სახლიდან გამოჰყავს, რითიც პარტნიორს გიორგისთან ურთიერთობის დამყარების საშუალებას აძლევს. პოლიციელს ედუარდის ოთახის წინ მდგომი გიორგი გვერდით გაჰყავს, რითიც ახლა უკვე მეორე პოლიციელს ეძლევა ედუარდთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა. ჩაკეტილი კარის მიღმა მყოფ ბიჭს პოლიციელი კითხვებს უსვამს და ცდილობს კონფლიქტის მიზეზის დადგენას. საჭირო ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციელს წარმოდგენა ექმნება მომხდარის შესახებ. პოლიციელი პარტნიორთან ერთად განიხილავს შემდგომ მოქმედებათა გეგმას.

პირველ რიგში, პოლიციელები გადაწყვეტენ, რომ სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვის თავიდან ასაცილებლად ბიჭების წინააღმდეგ საქმის აღძვრა არ ღირს. პოლიციელებმა გადაწყვიტეს გაესაუბრონ კონფლიქტის მხარეებს და შეეცადონ გადაჭრან კონფლიქტი. ორივე ძმასა და დედას ისინი მისაღებ ოთახში იწვევენ. ერთი პოლიციელი აჯამებს მიღებულ ინფორმაციას, ის უხსნის გიორგის, რომ სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ოფიციალური განცხადება გააკეთოს და ძმა ფულის მოპარვაში დაადანაშაულოს. გიორგის შეუძლია იქვე, სახლში დაწეროს განცხადება და პოლიციელებს გადასცეს ან მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში მივიდეს განცხადების შესატანად. გიორგი აცხადებს, რომ ის არ აპირებს ძმის წინააღმდეგ განცხადების შეტანას. ედუარდი ამტკიცებს, რომ ფული არ მოუპარავს და ეჭვის გასაფანტად ძმას პირდება, ფულის მომპარავის დადგენას. პოლიციელები ამოწმებენ, სრულად ჩაიწერეს თუ არა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. მანქანასთან დაბრუნების შემდეგ ისინი განიხილავენ საკუთარ მოქმედებებს და სამორიგეო ნაწილს ატყობინებენ განხორციელებული სამუშაოს შესახებ.