მანანა: ძალიან მაღალი ხარისხის ტრენინგი ჩატარდა აგრალური ტურიზმის ბიზნესში, მოსახლეობა იყო ძალიან აქტიური, ძლიერი ტრენერების ჯგუფი, რესპუბლიკაში ალბათ ყველაზე ძლიერი ტრენერები. მაია უკლებაა ხელმძღვანელი. ხუთი დღე გაგრძელდა, ოღონდ ხუთი სრული დღე, რამდენიმე სოფლიდან მოვიდნენ ჩვენთან. ახლა 37 სერთიფიკატია გასაცემი და არ ვიცი ეს როგორ მოგვარდება. მოსახლეობა იყო ძალიან აქტიური და ძალიან მოწადინებული, რომ ახლებურ ეკონომიკას მოერგოს და ისწავლონ ეს ახლებური მუშაობა. აქტიური მსმენელი იყო, ისე კი არა, რომ ფორმალურად ზის, ან რაღაც... თვითონაც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, ახლა ამას გვინდა მოვაყოლოთ გამოფენა იმ შაბათისთვის, და მინდა, რომ მიიღო მონაწილეობა.
მარინა: რუისპირში წამოვიდე?
მანანა: აბა რა, მე მინდა, რომ ყველა, რაც არის, არასამთავრობო სექტორი, სამთავრობო, ყველა დაესწროს. თვითონ ტურიზმის დეპარტამენტიც ძალიან ყურადღებით მოგვექცა, ეს არის პირველი შეჭრა სოფელში, ჯერ არ ყოფილა ასეთი,
სოფელში ჯერ არ ჩატარებულია ტრენინგი.
მარინა: ფული ვინ გადაიხადა ამ ტრენინგისთვის?
მანანა: ფული გადაიხადა ეკონომიკის სამინისტრომ, იმ პროგრამით, რა იყო? თელავში რომ ოთხი ტრენინგი ჩატარდა, სიღნაღშიც ჩატარდა ტრენინგები ტურიზმის სფეროში, წელს იყო ეს ყველაფერი. ამ პროგრამაში ჩვენი სოფელი არის ერთადერთი სოფელი, რომელშიც ჩატარდა ტრენინგები. ეს ტრენინგი ჩატარდა რუისპირში, ჩემს სახლში.
მარინა: შენ როგორ დაუკავშირდი მაგათ?
მანანა: მე, როცა თვითონ გავიარე თელავში ტრენინგი, ცოტა სკეპტიკურად კი ვიყავი განწყობილი, მაგრამ იმდენად მომეწონა, ბევრად უფრო კარგი ტრენინგები იყო, ვიდრე ,,იესემმა“ რომ მოაწყო თავის დროზე. მერე ვთქვი, სოფელში რომ ჩამოხვალთ, მაშინ ნახავთ, რომ იქ უფრო საჭიროა ეს ყველაფერი. დარწმუნდნენ, რომ მართლა საჭირო ყოფილა. ვთხოვე, წერილი დავწერე ოფიციალური ტურიზმის დეპარტამენტის სახელზე, გთხოვთ, მოსახლეობა ითხოვს, ტურიზმის განვითარებისთვის... აბა ვინ უნდა დახვდეს იმ ტურისტს, ეს მოსახლეობა უნდა დახვდეს, გლეხები, არა? როცა გლეხების ოჯახებში შეგყავს, როცა აგროტურიზმზეა ლაპარაკი, ასეთ ტურიზმზეა ლაპარაკი, მაშინ. ხოდა მაშინვე დაგვთანხმდნენ, უარი არ უთქვამთ. ამის მერე ჯერ სიღნაღში ჩატარდა ტრენინგი და მერე ჩვენთან. ორგანიზება ჩვენ გავუკეთეთ, მერე, კომპანია ,,ბორჯომმა“ გამოგვიგზავნა ბორჯომი, გამოგვიგზავნა წყლის გამაცხელებელი ტრენინგის მონაწილეებისთვის, ხომ იცი, ყავა და ჩაი რომ იყოს ტრენინგზე, კარგად დაგვიდგა, რა, გვერდში. ყავა და ჩაიც იყო და შუადღისას ლანჩიც იყო. ეს ჩვენმა ფირმამ აიღო თავის თავზე, ტურისტულმა სააგენტო ,,კავკასიამ“. ჩვენი ხარჯით ავიღეთ ლანჩი მოსახლეობისთვის და ორგანიზება ტრენინგის, ეკონომიკის სააგენტომ გადაიხადა ტრენინგების ფული - ჰონორარები ლექტორებისა და მივლინების ხარჯი.

მანანა ლოქაფიშვილი ბიზნესის მართვის ტრენინგზე ფონდში ,,ღია საზოგადოება - საქართველო“. 2005
მარინა: სამივლინებო დაურიგდა მონაწილეებს?
მანანა: არა, იმათ არა, იმათ სერთიფიკატები გადაეცემათ. ლექტორების სამივლინებო, ტრანსპორტის ხარჯი იყო ეკონომიკის სამინისტროს გადახდილი. როგორც იყო თელავში, მაგრამ თელავში არ ყოფილა მონაწილეებისთვის ლანჩი, არაფერი, რუისპირში კი ეს ჩვენმა ფირმამ აიღო თავის თავზე და კომპანია ბორჯომმა.
თათარობა რუისპირში. მანანას ბებია მარიამ უსტიაშვილი (მარცხნიდან მეორე). 1962
მარინა: ესე იგი შენი პარტნიორები ახლა არიან ტურიზმის დეპარტამენტი, ეკონომიკის სამინისტრო და კომპანია ბორჯომი. მანანა: ასე გამოდის (იცინის), და ახლა რა მინდა, იცი, მარინა? ბატონ დიტო ჯაფარიძეს (ტურიზმის დეპარტამენტში კურირებს ამას ყველაფერს), იყო ჩამოსული და შევუთანხმდი, რომ იქნებ შაბათისთვის მოვაწყოთ აგროტურიზმის გამოფენა. მოკლედ მინდა - რა რესურსი, რა რეზერვი, რაც არის სოფელში და ახლომახლო სოფლებში, ყველაფერი გამოვფინოთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარტო რუისპირელები კი არა, ავნიდანაც ჩამოვიდა ხალხი და იმათაც გაიარეს ტრენინგი, საკუთარი სურვილით, განაცხადები დაწერეს, და მსურველი კიდევ ბევრია.
მარინა: ანუ ახლა ამ ტრენინგს რამე მოჰყვება იგივე ეკონომიკის სამინისტროდან?
მანანა: ჯერ ერთი მოჰყვება ის, რომ მოგვეხმარებიან ,,გაპიარებაში“, იმაში, თუ ვის რა მოჰყავს აგროპროდუქტი, ჩვენ ტურისტების კვებაც გვინდა, ეს ჩვენი ,,პიარი“ იქნება. აგროპროდუქტის დისტრიბუციასაც მოვახერხებთ თვითონ ჩემი ფირმის საშუალებით, მათი პროდუქციისას, ჩურჩხელა იქნება, ღვინო იქნება... რამდენიმე ღვინო იქნება წარმოდგენილი, თქვენი გრანტიორების პროდუქციაც იქნება წარმოდგენილი, მატყლის საბანიც მოიტანეს შეკერილი გამოფენაზე, ანუ რაც გაყიდვადია. თათარაობა რუისპირში. აგროპროდუტისა იქნება ერთი მხარე, და მეორე იქნება - სუვენირები, რაც კი კეთდება, სკოლა ცალკე იღებს მონაწილეობას, ბავშვები რასაც აკეთებენ, ნახატები, თექა, რაც არის, აბსოლუტურად ყველაფერი, ყველაფერი გვინდა გამოიფინოს. ხოდა უსამართლობა იქნება, რომ თქვენ არ მოგი პატიჟოთ, იმიტომ რომ რუისპირს თქვენ მიეცით პირველად ფული და დახმარება.
მარინა: ხო, მოჰყვება ამას ეს გამოფენა, მაგრამ ვინ იყიდის, სოფელში ხომ არ იყიდიან?
მანანა: სოფელში არა, მერე თბილისში მოხდება ამის დისტრიბუცია.
მარინა: ახლა რომ არის თბილისში აგროპროდუქტის გამოფენა, იცით?
მანანა: არ ვიცით, იმიტომ, რომ ცოტა ვემდურებით რამდენიმე ორგანიზაციას იგნორირებისთვის, იგნორირებას გვიკეთებენ მიუხედავად იმისა, რომ წევრები ვართ. არ არიან აქტიურები, ადრე უფრო აქტიურები იყვნენ. ჩვენ ჩვენი ქსელი გვაქვს, და, ნუ, აი ახლა მინდა მივიდე იმ მაღაზიაში, ვერის მინიმარკეტია, მითხრეს დავდოთ ხელშეკრულება და თქვენი კუთხე იქნება იქო.
მანანა: ჩურჩხელა იქნება, ღვინო იქნება რამდენიმენაირი, ჩამოსასხმელი, ძალიან მაგარი. ჩვენ თვითონ დავაყენეთ, ტონამდე გვაქვს, მე თვითონ, ჩემი ტექნოლოგიით, მე თვითონ გავრეცხე ქვევრი. ისე რომ, წუნი ვერ დასდეს, მეღვინეებმა რომ ნახეს.
მარინა: ხომ არ უთქვამთ რომ თქვენ, ვინც ეს ტრენინგი გაიარეთ...
მანანა: არა, ჯერ არაფერი არ უთქვამთ, ამ ერთ კვირაში მოვილაპარაკებთ ამ საორგანიზაციო საკითხებზეც, ყველაფერზე, და მერე ვნახოთ რა იქნება. ჩვენ მაინც ვამბობთ, რომ ,,ელკანას“ წევრები ვართ, მაგრამ შეიძლება სხვა ორგანიზაციასთან დავამყაროთ კავშირი, მაგას გადავწყვეტ, იმიტომ რომ...
მარინა: რას ნიშნავს ელკანას წევრობა, მაინტერესებს, გაქვთ წევრობის საბუთი?
მანანა: კი, როგორ არა, საწევროსაც ვიხდით.
მარინა: მართლა? მე არ ვიცოდი, რა კარგი აზრია, ჩვენი გრანტისმიმღებები საწევროს რომ იხდიდნენ და იმ ფულით მერე სხვებსაც რომ დავეხმაროთ..
მანანა: ახლა რა არის, იცი, მარინა, მინდა რომ თვითონ გლეხებმა იგრძნონ, რომ... იცი, როგორი ცვლილებაა ამ ტრენინგების მერე? უკვე რაღაცის იმედი მიეცათ, რაღაცის გაკეთების.. ხომ ვითომ არაფერი? თელავში რომ ტარდებოდა, იქ ის ეფექტი არა აქვს, იმიტომ რომ იქ ვიღაცა ვიღაცას დაავალებს - მიდი, გაიარე ეს ტრენინგი, ჩვენთან ასე არ ყოფილა, მსურველები მოდიან და გვასწავლეთო, გვეუბნებიან. იქ, შენობაც ხომ გვაქვს, რომელიც გამოუყენებელია, და კარგი პირობებია ბიზნესინკუბატორის მოსაწყობად, 300 კვადრატია მეორე სართული, ყოფილი საავადმყოფოს შენობაა, 4 სველი წერტილია, მინიმალური უნდა დაიხარჯოს, აი, 30 000 ლარში ევრორემონტი გაკეთდება. ეზოიანი, აუზიანი ეზო აქვს, გამოუყენებელი შენობაა და იქ შეიძლება რამდენიმე სოფლის ბიზნესინკუბატორი გაკეთდეს, თან ეს ჩვენ უზურფრუქტით გადმოგვცეს, თემი ვარდისუბანი რომაა თქვენი გრანტიორი, აი იმასთან გაფორმდა ხელშეკრულება, უკვე გაფორმებულია. მარინა: ვინ აწერს ხელს ამ ხელშეკრულებას?
მანანა: თვითონ გამგებელი, სოფლის გამგებელი, სოფლისაა ეს შენობა...
მარინა: ახლა რომ არის გამოცხადებული კრედიტების პროგრამა ტურისტული ბიზნესის ხელშესაწყობად, ყველგან ტურიზმია პრიორიტეტი, ამ თქვენს მონაწილეებს ხომ არავის უთქვამს, ახლა მე ცოდნა მაქვს, სერთიფიკატი მაქვს და წავალ პროკრედიტბანკში და ავიღებ ამ კრედიტს ჩემი საქმისთვისო?
მანანა: ჯერჯერობით არ უთქვამთ, მაგრამ მე თვითონ პროკრედიტბანკთან საშინელი უსიამოვნება მომივიდა, ადგილობრივ ფილიალთან და ახლა 4 საათზე ცენტრალურში უნდა მქონდეს შეხვედრა. მიზეზი არ არის, ანუ - შეღავათებსაც არა ვთხოულობთ, ხელფასით ვაკეთებთ უზრუნველყოფას, მაგრამ იმდენი დარღვევა გააკეთეს იქ, ადგილზევე, რომ, როგორც აღმოჩნდა, ბლოკირება ხდებოდა ამ პროგრამისა ხალხისთვის იქ, ადგილზე მომუშავეთაგან. ახლა ცენტრალურში რას მეტყვიან, დღეს ვნახავთ.
მარინა: ეგრე ხომ არ არის საქმე, რომ უბრალოდ, არ მიაჩნიათ, რომ წარმატებით გაართმევს ხალხი თავს და რისკზე არ მიდიან.
მანანა: არა, არა, არა, არა! შეიძლება, შეიძლება, მაგრამ როდესაც ეუბნები, რომ ვაკეთებ უზრუნველყოფას, აქ პრობლემა არ არის, და შეღავათს არ ვთხოულობ, და მერე ვხედავ, რომ იქ გაიცა ვიღაც სამი სასტუმროს მფლობელზე, და არა ხალხზე, როდესაც ლაპარაკია, რომ მე, დაუშვათ, ტურისტები რომ ჩამოვიყვანე, ამის მაგალითები ხომ იცი, ექსკურსიები არის და განათლების სამინისტროშიაც კი მითხრეს, კარგ საქმეს აკეთებო, თვითონ გაავრცელეს ინფორმაცია რესურს ცენტრების საშუალებით, ამის მერე რომ მიდიხარ ბანკში, და მიზეზს ვერ პოულობენ, ხო? ეგო, რეკლამააო, ერთი მეუბნება, ერთი თანამშრომელი, ეგო რეკლამაში წერიაო, თორემ მართლა ეგრე კი არ არისო. რას ჰქვია, მე ვუთხარი, წერა-კითხვის უცოდინარს არ ელაპარაკებიმეთქი. მერე, ნუ, როდესაც ანგარიშს გახსნევინებენ, გავხსენი ანგარიში, აქ ჩამოდიხარ, ცენტრალურში, და ერთი კვირის მერე გამოგზავნილი არ არის, ახლა მაგას რაღა ჰქვია, ხო? ის კურიერმა დაკარგა, ვინ დაკარგა, ამას ყველაფერს ეხლა გავარკვევ.
მარინა: სიტყვაზე, რომ აბსოლუტურად არაჩვეულებრივად მუშაობდეს ეს პროგრამა, მათ შორის თქვენთან, თელავში, როგორც რეკლამაშია, ისე რომ მუშაობდეს, თავაზიანად და ყველაფერი, იმ თქვენი ტრენინგის მომაწილეებიდან რამდენს შეუძლია რომ მიმართოს? რამდენს შეუძლია, რომ აიღოს კრედიტი უშიშრად...
შინისაკენ ახალსოფლის ბაზრიდან. 2007
მანანა: ძალიან ბევრს, თითქმის ყველას, იმიტომ, რომ თავისი მეურნეობა ყველას აქვს, აი ეხლა, გამოფენაზე, თითქმის ყველა მათგანის ღვინო იქნება წარმოდგენილი, მე შემთხვევით არ დამიწყია ეს ყველაფერი, ვიცი ამათი რესურსები, ვიცი, რომ მშრომელი ხალხია, მუშაობენ.
მარინა: შენ შერჩევით დაუძახე ხალხს?
მანანა: არა, მთლად შერჩევით არა, სურვილი გამოთქვეს და რომ ვნახე, რომ იმას იქ ამდენი ჰექტარი აქვს, და ამუშავებს, ჩაწყვეტილები არიან ცოლ-ქმარი და ამ წუთში საფერავი აქვს გასაყიდი, რქაწითელი აქვს გასაყიდი...
მარინა: ამ წუთში ჩვენ ტურიზმის ბიზნესზე ვლაპარაკობ, და არა პროდუქტის გაყიდვაზე...
მანანა: კი, იგივე ტურიზმიც, მე თვითონ მაქვს შერჩეული 10 სახლი მაინც სოფელში, სადაც შემიძლია თამამად შევიყვანო ტურისტი, გავათენებინო ღამე, იგივე - ექსკურსია ბავშვებისთვის... აქ იყო ლაპარაკი, ორიათას-ორიათასი ლარი ყველასმ რომ აეღო, არ არის ბევრზე ლაპარაკი, ბევრი არაფერი უნდა იმ სახლებს, რომ უნიტაზი შეიტანონ შიგნით, და ,,დუში“ დადგან...
მარინა: ჩვენ, მაგალითად, გრანტად ვაძლევდით მაგ თანხას, 2000-დან 3000 ლარამდე, ზოგს - ნაკლებს, ზოგს - მეტს. წელს 18 პროექტი რომ დაფინანსდა, მათ შორის იყო 2 სასტუმრო სახლი, ერთი ხევსურეთში, ერთი - ნოქალაქევში. რა თქმა უნდა, ეს სახლები რომ არ ყოფილიყო უკვე აშენებული, ამ 2000 ლარით ვინ შეძლებდა სასტუმროს მოწყობას. მაგრამ უკვე არსებულ სახლს - იქ აბაზანა, ტუალეტი, რაღაცის მიშენება - ამას ყოფნის.
მანანა: მე ხომ ვთხოვე, მარინა, არ მქონდა ფული და ვთხოვე - დამეხმარეთ, რომ ეს ტრენინგის ორგანიზება კარგად მოვახერხო, იქ კომპიუტერი მჭირდება, რაღაც მჭირდება, აბსოლუტურად ისე გაწელეს, 3 კვირა, ვითომ კომიტეტის სხდომა არ შედგა, მერე კომიტეტის სხდომა შედგა, მერე გეუბნებიან, არა, იცი რა, ისევ თბილისში წადი, თბილისში ხარ რეგისტრირებული, იქ მოგცემენ, აქედან იქ გამაგზავნეს, პრობლემას ვერ ვხედავთ და აიღებთო, ანუ გაიწელა, მერე გაიწელა იმით, რომ საგადასახადოდან არ არის პასუხი მოსული... სანამ მე თვითონ არ ჩამოვედი და არა ვნახე, რომ არაფერი არ იყო გამოგზავნილი... კარგი, დავუშვათ, დაიკარგა, მაგრამ როდესაც ,,თიბისი“ ბანკში როდის გაიხსნა ანგარიში, ამას საათობით გეუბნებიან, რა ინტერესი აქვს ცენტრალურ საგადასახადოს, რომ დროზე არ გამოგიგზავნოს შეტყობინება - ბანკს არ გაუგზავნოს, რომ - დავაყენეთ აღრიცხვაზეო. არანაირ ინტერესს მე მანდ ვერ ვხედავ, ხო? ეს გაიწელა, გაიწელა, და ბოლოს, ღმერთმა უშველოს ბადურ გულიაშვილს, გუბერნატორის მოადგილეს. ახალი დანიშნულია, და მიცნობს, დიდი ხანია. მე ვუთხარი, ბადური, რა ვქნათ, ჩავშალოთ ეს ტრენინგები? ეს ხალხი ელოდება ამას. არაო, რას ამბობო, და საკუთარი ფული მომცა და იმითი... მასესხა, მაგრამ იმას დავაბრუნებთ, კომპანია ბორჯომიც.. ერთობლივად ვიზრუნებთ, დავუბრუნებთ იმ ფულს, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობიდან გამოგვიყვანა.
მარინა: ანუ, როცა შენ ამბობ, რომ ნაწილობრივი დაფინანსება მისცა შენმა ორგანიზაციამ, მას ეს ფული არ ჰქონდა, მაგრამ სესხად აღებას აპირებდა, ასეა? და, ბოლოსდაბოლოს, მაინც სესხად აიღო... ფული არ გქონდა, გინდოდა ამ საქმის გაკეთება და თქვი, მე დავდებ ამ ფულსო, და რომ არ დაგედო?
მანანა: კი, კი, სესხად ავიღე... რომ არ დამედო, ტრენინგი ჩატარდებოდა, მაგრამ არ იქნებოდა ამ დონეზე ორგანიზებული, იქნებოდა ტრენინგი რუისპირში, მაგრამ საათი რომ ადამიანი ლექციაზე ზის, მოუწევდა მშიერი, სიცივეში ყოფნა და ისე მიღება ამ ცოდნას. ახლა, ნამდვილად უარი არ უთქვამთ, აქ მონაწილეზეა ლაპარაკი, თორემ ლექტორებს ჰქონდათ თავისი კვების ფული.
მარინა: ხო, იმათ ჰქონდათ „პერ დიემ“ და შეეძლოთ თბილისში ეყიდათ რამე და რუისპირში ეჭამათ.
მანანა: კი, ეგ შეეძლოთ. ახლა, კომპიუტერი ვითხოვეთ, იქვე, სოფელში ვითხოვეთნ კომპიუტერი, პროექტორი თვითონ ჩამოიტანეს ლექტორებმა.
მარინა: შენ ხომ გქონდა კომპიუტერი?
მანანა: აღარა მაქვს იმიტომ, რომ გაჭირდა, ის, ძვირადღირებული, გავყიდე, მერე იმითი უფრო იაფი ვიყიდე... ფაქტიურად არ იყო... საქმე... არ მინდოდა, რომ საქმე გაჩერებულიყო, ბევრი სირბილი უნდა, იგივე, იმ ინფორმაციის მოპოვებას, რომელ გლეხს რა და რანაირი მოჰყავს... ეხლა, სამაგიეროდ, მე ეს ინფორმაცია მაქვს, ინფორმაციის ბანკი მაქვს. ვიცი, რომელ გლეხს რანაირად მოჰყავს კარტოფილი თელავის რაიონში, ვის მოჰყავს ხახვი სუფთა, ანალიზზე რომ გაატარო და ბიოა, და ვიცი, რომ იქ არც გენმოდიფიცირებულია არაფერი, ვიცი ყველი სად ამოჰყავთ ნორმალური, თელავის რაიონში და ახმეტის ნაწილში ვიცი ეს.
მარინა: მოკლედ ახლა გაქვს იაფფასიანი კომპიუტერი, რომელშიდაც ეგ ბანკი გიდევს.
მანანა: იაფფასიანი კომპიუტერიც აღარა მაქვს, იმიტომ რომ ბოლო წამოსვლაზე 50 ლარად გავყიდე რომ გზის ფული მქონოდა. ხოდა, ეხლა რა ვიცი რას იტყვიან, თუ მოგვცემენ კრედიტს, პირველი ტრანში მაინც თუ გაკეთდა, რომ ერთი ხუთი ათასი მაინც ავიღოთ, ჩვენ ბევრი არ გვინდა, რომ მოვაწესრიგოთ ეს ყველაფერი.. ღვინო ხის ჭურჭელში მქონდეს, მიფუჭდება, შემკვეთი მყავს ჩურჩხელის, ანუ პატრონი ჰყავს უკვე ამ საქონელს, აი ეს რომ დავაბინავო, ამისთვისაც მჭირდება.
მარინა: კეთება არ იცი თუ რა? ჩვენც ხომ მოგვყიდი ჩურჩხელას? იგივე ფასია?
მანანა: ლარნახევრიდან ორამდე, როგორ არ მოგყიდით, კაცო... ცოტა დიდებია, ზუსტად გეტყვი ახლა, სტანდარტი გავაკეთეთ - 18 სანტიმეტრი ასხმული ნიგოზი. ნიგოზს სახაზავზე ვაკეთებინებ, მერე რაც ამოევლება, ის ემატება...
მარინა: არ დაგვტოვო უყურადღებოდ.
მანანა: არა, არა, ახლა, კიდევ რა არის, თვითონ დარჩიაშვილმა გვითხრა, უკონკურსოდ შემოიტანეთო პროექტი, უბრალოდ დრო ვერ ვნახე მე, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და მივიტანო, ბევრი დრო უნდოდა ამის დაწერას...
მარინა: ანუ - უკონკურსოდ შემოიტანეთო აი იმ ტრენინგებზე, რაც რუისპირში უკვე ჩატარდა, პროექტის თქვენგან თანადაფინანსება რომ მომხდარიყო? ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო“ მზად იყო განეხილა თქვენგან ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის თანადაფინანსება, მაგრამ
შენ პროექტის დაწერა და ფონდში მიტანა ვეღარ მოახერხე?
მანანა: კი, კი, ვერ მოვახერხე ჩემი უდროობის გამო, მაგრამ დიდი იმედი მაქვს მაგ ფონდის...
მარინა: მაგრამ ფული ისესხეთ და მაინც თანადააფინანსეთ ტრენინგები.
მანანა: ხო, მაინც გავაკეთეთ.
მარინა: ახლა რომ გააგებინო, მაინც წარმატებით ჩავატარეთ ის პროექტი და ჩვენი ფულიც დავდევით, ალბათ ახალი პროექტის განხილვაზე უარს არ გეტყვიან...
მანანა: ახლა მინდა, რომ ეს ბიზნესინკუბატორი გაკეთდეს.
მარინა: ანუ, სოფლად ბიზნესის მხარდაჭერის ცენტრი, არა? ჩვენ წელს გავეცით ასეთი გრანტი, იცი? ლელიანში, კახეთში.
მანანა: თქვენ მცირე გრანტს გასცემდით.
მარინა: კი, 3 000 ლარამდე, ახლა არ მახსოვს, რამდენი იყო ზუსტად, 1000 ლარი კი გამგეობამ დაუმატა.
მანანა: თუ ჩვენი ბიზნესინკუბატორი ამუშავდა, ამუშავდება ძალიან კარგად, არცერთი გლეხი არ წავა თელავში თხოვნით - დამიგეგმე მეურნეობაო და რაღაც.. 3000 ლარამდე იქ არ ეყოფა, 300 კვადრატია. კიდევ რა არის ამ შენობაში მომხიბლავი, იცი? საკონფერენციო დარბაზი შეიძლება მოეწყოს, რომლის პრობლემა თვითონ თელავშიც არის, თავისი სველი წერტილებით, რომ გარეთ არ გახვიდე, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი სამთავრობო კონფერენცია, ნებისმიერი ფერმერული შეკრება შეიძლება აქ მოეწყოს. ეს თავისუფლად გაკეთდება, თავისუფლად.
მარინა: საერთაშორისო სემინარების მოწყობაც შეიძლება, წარმოიდგინე, რუისპირის საერთაშორისო კონფერენცია...
მანანა: კი, კი, თავისუფლად, ხომ გეუბნები, კანალიზაციაც არის, სველი წერტილებიც არის, ,,ბასეინიც“ არის, კაპიტალური კედლებია, ხელოსანი მყავდა სპეციალურად... თან თვითონ შეინახავს ეს შენობა თავის თავს...
მარინა: მაშ კახეთის ტურიზმის ცენტრი შენ შეგიძლია რუისპირში გააკეთო.
მანანა: თავისუფლად, თან მწვანე ეზოა, ისეთი ლამაზი, არაჩვეულებრივი... უბრალოდ, რომ დაინახავენ, მოსახლეობაც კი აქტიურად იმასიზამს მაგ ადგილს, ნახავენ, რომ ეს მათი შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს, და თავის თავსაც შეინახავს. აგროპროდუქტის ბიზნეს ცენტრიც იქ იქნება. მარტო ჩვენ ხომ არ ვაკეთებთ ჩურჩხელას, ჩვენს გამოფენაზე სხვების ჩურჩხელაც დავდებთ. აი როგორ იქნება: კარტოფილი იქნება, დავუშვათ, დადებული, რამდენიმენაირი, ეწერება სინჯი, შეგვიძლია, რომ გავსინჯოთ, და რომ ამ გლეხს ამ რაოდენობისა აქვს და ამ ფასში აქვს, და იმ გლეხს ამ რაოდენობისა აქვს გასაყიდი, და მე თბილისიდან შეკვეთებს მივიღებ, დავტვირთავ მანქანას და პირდაპირ მისამართზე ჩამოვუტან. თან ეს ,,გაპიარდება“...
მარინა: კარგია, მაგარია, არ უნდა მოეშვა... შენ როგორა ხარ და ბავშვი როგორაა?
მანანა: აი, როგორა ვარ, ნახე, კბილის ექიმთან ვერ მივსულვარ, ხიდი გამიტყდა და ვარ ასე..
მარინა: კარგი, მოვრჩით ლაპარაკს? ძალიან საინტერესო იყო.
მარინა: დაიცა, ესეც ჩავწეროთ ბარემ, რისთვის მინდა, რატომ დავდევი დიქტოფონი. ახლა, ამ დღეებში ვამთავრებთ წიგნის კეთებას, ვიწყებთ დაკაბადონებას ამ კვირაში. ჩვენ რომ სოფლელ ქალებს ვაძლევთ ამ პატარა გრანტებს, წელს რომ ვიარეთ თვენახევარი პროექტების შესარჩევად, მერე კიდევ დაფინანსებული პროექტების მონიტორინგზე რომ ვიარეთ, დიქტოფონითაც ვმუშაობდით, და რასაც ქალები გვიამბობდნენ, ავკრიფეთ და იმ მასალიდან ვაკეთებთ ამ წიგნს, ყველას ვეკითხები ხოლმე, და ეს დაფიქსირებულია აუდიოვერსიებზე, ხართ თანახმა, რომ ეს თქვენი ლაპარაკი წიგნში მოხვდეს?
მანანა: თანახმა კი არა, თუ გინდა გამოაკარი, გეუბნები, მიტინგი გავმართე-თქო პროკრედიტბანკის კარზე.
მარინა: ესე იგი, მათ შორის ეს ადგილიც გამოვაქვეყნოთ, არა? იმიტომ გეუბნები, რომ მაგ ბანკის ლანძღვა სხვებმაც მითხრეს, და წიგნის კეთებისას ბანკის სახელი ამოვიღე, მრავალწერტილით შევცვალე. მთხრობელმა კი მითხრა, დაბეჭდეო, ჩემი სახელიც ჩაწერეო, ტელეფონის ნომერიც კი მომცა, მიუთითეო, მარგამ მე მაინც ვფიქრობ - უსიამოვნება არ მოხდეს, ვიღაცა პატარა გოგომ სამსახური არ დაკარგოს, როცა ეს, შეიძლება მისი ბრალიც არ იყო, ხომ იცი, როგორ ხდება, ჩვეულებრივ - ვინ დავსაჯოთ? ერთს დასჯიან ზომების მისაღებად...
მანანა: ამაზე მეტად ადამიანი როგორ უნდა დაწნეხონ, რაც მე გამიკეთეს... ჩემი პრინციპია, რომ მე ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რაც არის. მთელი ცხოვრება ასე მიცხოვრია. იმიტომ არა, რომ... ნამდვილად არავის წინააღმდეგი არა ვარ, ყველას ჰქონდეს ის თავისი სამსახური. არც უმადური ვარ, რომ ვერ დავინახო, და არც არაფერი, მაგრამ ხალხი იჭყლიტება მერე... კი, მე კი ვმალავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა მალავს, მეტად მწარედ გული მტკივა...
ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, ჩემი ხარჯი მიდის თუ რა... გეფიცები, სახლის კარებიც კი ჩამოვხსენი და გავყიდე რომ მემოძრავა. როცა არ იმოძრავებ, ეს არ გაკეთდება, ის არ დაგეხმარება, ბუნებრივია, ჩაკვდები როცა იქნება და აღარ იქნები არავის კონკურენტი, და როცა ამას აკეთებ, ყველა ხო ვერ გაიგებს, რომ, ჯერ, ბავშვს საჭმელი არა აქვს და...
მარინა: იგივე, ეკონომიკის განვითარების სამინისტროს რომ დაელაპარაკო ამ ბიზნესინკუბატორის შესახებ...
მანანა: აუცილებლად დაველაპარაკები, კიდევ იმიტომ, რომ მე მაგათგან არ მიგვრძნია უყურადღებობა, ანუ გულგრილად არასდროს მომქცევიან.
მარინა: თან ტურიზმი მათი პრიორიტეტია, ლამის ერთადერთი, ყველა დიდი პროექტი ტურიზმზეა.
მანანა: ესეც რომ არ ვთქვა, არ შემიძლია. მე განათლების სამინისტროში მივედი და ეს პროგრამა წარვუდგინე, და მადლობთ, რა კარგიაო. ანუ - ცენტრალურიდან ჩვენ გულგრილად არ მოგვკიდებია არავინ. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. პირიქით - ყველანაირი, როგორც, ვთქვათ, ამ ტრენინგების ჩატარების საქმეში. მათ შორის თქვენი ფონდი, სოროსის ფონდი, რომელიც ყველაზე მეტად ილანძღება რატომღაც.
მარინა: ვიღაცა ხომ სჭირდებათ, რომ ქვები ესროლონ.
მანანა: ხო, ანუ ეს არის თქვენი ფონდი, რომელსაც ქვებს ესვრიან, და მთავრობა, რომელსაც ქვებს ესვრიან. და რეალურად მე, რომელმაც ვიცი, უშუალოდ, რაღაცას რომ ვითხოვ ხალხისთვის, ამისთვის მხარდაჭერა... რეალურად, პატარა ჩინოვნიკები, რომელთაც არც განათლება ჰყოფნით, არც არაფერი, ცინიკურად გეპყრობიან, და ჩხუბიც მოგდის ზოგჯერ, ეუბნები, რისთვის იღებ ხელფასს, კაცო, ყავის სმისთვის, თუ ალუჩის ჭამისთვის, მქონია ასეთი შეტაკებები, მერე გამოდიხარ კონფლიქტური ადამიანი, ამას გეძახიან. არა ვარ კონფლიქტური ამ დროს, მარინა, ვერ დავემდურები...
მარინა: უბრალოდ, გლეხი რომ თავს ჩაჰკიდებს და ვერაფერს უპასუხებს, შენ ასე არა ხარ...
მანანა: უფრო მეტიც, ვის უნდა დააბრალონ ეს დარღვევები, თავის თავზე ხომ არ აიღებენ, პირდაპირ გადადიან იმის თქმაზე - ეს რეკლამაა და მეტი არაფერიო, ისე გაგრძნობინებენ, ვითომ მითითება თბილისიდან აქვთ, პირდაპირ სააკაშვილისგან. ანუ - მისი სახელით კეთდება მერე ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მერე ის 100 000 კაცი რომ იყო, მაგის შედეგი იყო, სხვა კი არაფრის... ამათ რომ აყვნენ, თორემ ამათი მოთხოვნები კი იცი, რაც არის, არა? არცერთი არ არის მისაღები, ეს მოთხოვნები კი არავის არ ჰქონდა გაცნობიერებული, გაჭირვებულს, ვინც იყო წამოსული. უბრალოდ, აიყოლიეს ამ ტალღაზე, იმიტომ რომ ხედავს ხალხი - აბა შენ რატომ ხარ ესე, კარებს რომ ყიდი... თუ ესენი მართლები არიან, რატომ არაფერი გამოდის?
მარინა: ამდენი ხანია, რაც შენ მართლა ციბრუტივით ტრიალებ, ამდენი წელი, გიყურებ და მიკვირს, როგორ წარმოვიდგენდი, რომ იმ კომპიუტერს გაყიდდი და შეელეოდი, მე ხომ ვნახე, როგორ გიხაროდა..
მანანა: თვალები დავხუჭე და ისე წავიღე გასაყიდად, მარინა, რაზეა ლაპარაკი.
მარინა: ახლა მითხარი, კიდევ გინდა, რომ შენი სახელით გამოვაქვეყნოთ?
მანანა: მე უკან არ ვიხევ, ახლა წერილები მაქვს ჩამოტანილი კახეთიდან, უნდა მივაწოდო რამენაირად პრეზიდენტს. უნდა მივიდე. მთხოვენ, მიიტანეო და ვერც მაგათ ვერ ვეუბნები უარს.
მარინა: სააკაშვილზე ამბობ? რა გარანტია გაქვს, რომ მიგიღებს... შენი გზები გაქვს?
მანანა: არ არსებობს, რომ ვერ მოვიდე, იციან, რომ იმასვიზამ, თუ არ მიმიღებს, დავტოვებ იქ მისაღებში. მარინა: კარგი, მაშინ მე შეიძლება გთხოვო, რახან ასეთი მიმსვლელი ქალი ხარ? უთხარი, ტურიზმი არაა ერთადერთი რამ, რაც სოფელს სჭირდება-თქო.
მანანა: კი, აი ეს ბიოპროდუქტი, აგროპროდუქტი, ეს ბაზარი...
მარინა: აი, სწორედ ბაზარი! ბაზარი, ჩვენი ბაზარი ჩვენ გვინდა-თქო!
მანანა: მეორე პრობლემაა, ეს რომ არ ითქვას, არ შეიძლება. თვითონ ხალხმაც აღარ იცის როგორ მოიყვანოს, რომ საბაზრო ღირებულება ჰქონდეს პროდუქტს, აი ამის გამო სწავლება არის აუცილებელი და ამაშიც ეს ტრენინგები კარგად წამეშველა. მაშინვე ვუთხარი პირველივე ლექტორს, ნიკა კვარაცხელიას (არაჩვეულებრივი ადამიანია და დატოვა ძალიან დიდი შთაბეჭდილება), ბატონ დიტო ჯაფარიძესაც, მე რომ ვამბობ-მეთქი, ეს სხვა არის, მე აგერ არც წარმატებულად არ ვითვლები, თუნდაც იმის გამო, რომ ის კომპიუტერი გავყიდე... თქვენ რომ იტყვით, თქვენ რომ ეტყვით ხალხს, ოფიციალურად - ეს უკვე სხვა არის და ფასი მეტი აქვს, თორემ შეიძლება ნაკლები არც მე ვთქვა. ამაშია საქმე...
მარინა: ექსპერტი ამბობს, ეროვნული მნიშვნელობის ექსპერტი!
საუბარი მანანა ლოქაფიშვილთან, რუისპირი;
ჩაწერილია თბილისში, ,,ფონდის ტასო“ ოფისში 2007 წლის 7 დეკემბერს
სულ ამ სოფელში 67 კომლია. სოფელი სამ ეტაპად არის დაყოფილი, მესამე ეტაპზე, მაღლობზე ჩვენ ვცხოვრობთ.
ზოგი წასულები არიან აქედან. სხვაგან გადადიან საცხოვრებლად, იმიტომ რომ არ არის აქეთ პირობები იმისა, რომ მრავალმა ოჯახმა იცხოვროს ერთად. ძალიან მთიანია აქ. არ გვაქვს მიწა იმდენი, რომ ვირჩინოთ თავი. ამიტომ წასულები არიან ზოგი რუსეთში, ზოგი საზღვარგარეთაც არის. უმრავლესობა თბილისშია, ზოგი ბათუმში, ზოგი მარნეულში ცხოვრობს... მოსკოვში, მაგალითად ჩემი მეუღლის ძმა არის წასული, ოჯახი აქვს იქ. მაღაზია აქვს რაღაც და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ის უკვე 30 წელია, რაც იქ არის. ამ ბოლო ათ წელიწადში ალბათ ერთი ათი ოჯახი თუ იქნება წასული აქედან. ზოგი სწავლისთვის არის წასული, ზოგი სამუშაოდ, ზოგი ოჯახით არის წასული. ვისაც როგორ მოსახერხებელი ექნება. აქედან რომ იარო სადმე სამუშაოდ, ვერ იზამ. იმიტომ, მაგალითად, ბათუმში რომ წახვიდე, რომ დაჯდები და ცხრა საათამდე იქ ჩახვალ, იმ დღეს უკან ვერ დაბრუნდები. ფიზიკურად არა აქვს ხალხს ამის საშუალება. ამიტომ აქ ვინც ვართ, ყველანი ვმუშაობთ მიწაზე. სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქტი მოგვყავს: მარწყვი, კარტოფილი, კიტრი, პომიდორი, თამბაქო. ეს არ იყიდება არსად, ჩვენ გვჭირდება ეს ყველაფერი. ამას გარდა მეცხოველეობაა ჩვენთან, ძირითადად საქონელი გვყავს, ძროხები.
რამე რომც მეფიქრა რომ გაგვეკეთებინა, ამას ფული უნდა და ჩვენთან არ არის ამის საშუალება. ამიტომ ვაწარმოებთ იმას, რაც ჩვენ გვჭირდება ოჯახში.
ქათმის ფერმას რაფერ გავბედავდით, ქალბატონო, თითო ოჯახს ათ-ათი ქათამი მაინც გვყავდა და ყველა დაგვაკვლევინეს ამ გრი პის გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ წინდების მოქსოვა. იმიტომ რომ სამთო ტურიზმი იქნება აქ. 50 ლარს აძლევდნენ იმ მოქსოვილ წინდაში ფესტივალზე ტურისტები. აქ ალბათ 50 ლარი სულ არ შემოდის წელიწადში.
დიდაჭარა. ხულოს რაიონი. 2007
ორი სახლი კეთდება აქ როგორც ტურისტული სახლი-სასტუმრო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის და ჩვენც ქვეშ ვიცხოვრებთ იმავე სახლში. და თუ ფული გვექნება, კიდევ ვიყიდით ერთ სახლს და აგერ დავდგამთ. ოღონდ ფული იყოს. კოტეჯები გვინდა რომ გავაკეთოთ კიდევ. ამერიკიდან რომ ჩამოვიდა, ის კაცი აფინანსებს ამას და იმან გვითხრა, რომ აქ რომ ერთი კაცი მოვა და დააინტერესებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ გეყოლებათ აქ ხალხიო. იმათ ძირითადად დააფინანსეს ამ სახლებში სველი წერტილები. ეს თანხა არის 3000-დან 5000 ლარამდე. ამისთვის მუშაობა კი არის დრო რომ დავიწყოთ, მაგრამ ფული არ არის ჯერ. აბანოს გაკეთება 2000 ლარი ჯდება. ტრადიციულად ჩვენთან აბანო არ იყო. ადრე მე მახსოვს, ბებიაჩემის ძმის სახლში, ხის სახლი იყო აბანოდ, გამდინარე წყალი იყო იქ, და შეშაზე აცხელებდნენ ვედროთი წყალს, შეშის ბუხარზე, ისე იბანდნენ.
სოფელში კანალიზაცია არ არის. შუქი გვაქვს მუდმივად, წყალიც გვაქვს ბუნებრივი, წყაროსი.
ჩვენთან მაღლობზე, ზემო დონეზე 23 კომლი ცხოვრობს. აქედან ოთხი სახლი დაკეტილია. ტრანსპორტი აქ დადის კვირაში სამჯერ. სოფლიდან მიდიან ქალებიც და კაცებიც. უფრო მეტად კაცები. ისინი მიდიან ჩაის საკრეფად თურქეთში, ან მშენებლობაზე ბათუმში. მიდიან იქით, სადაც უკეთესი პირობებია საცხოვრებლად. ახალგაზრდობა სულ წასულია. აქ ვინც ვართ, ყველა ვართ 40 წელს ზევით.
მე ახლა ორი შვილი მყავს და ორივე ქალაქში ცხოვრობს. ვინც წასულია, ფულს გვიგზავნიან. ჩემი შვილი კი მიგზავნის, მარა ამას აგერ არ ჰყავს და აბა ვინ გამოუგზავნის.
სასწრაფო თუ დაგვჭირდა, უფასო გვაქვს. მოდის ასე ნახევარ საათში. საავადმყოფო ქედაშია. სოფელში არის მხოლოდ დაწყებითი სკოლა. 16 ბავშვი იქნება სულ სკოლაში. მერე მიდიან ქვევითა სკოლაში, ხუთ კილომეტრზე ფეხით. ადრე იქ იყო სკოლა-ინტერნატი და იქ რჩებოდნენ ბავშვები. ეხლა ის აღარ არის და თუ ვინმე ჰყავთ ახლობელი იქით, იქ რჩებიან ბავშვები. თუ არა და დადიან ფეხით ზამთარშიც, როცა სამი-ოთხი მეტრი თოვლი იცის აქ. ამ დროს ასე ექვსი თვე გზა დაკეტილია ჩვენთან. და ვზივართ სახლში. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს ქსოვა. სახლში რომ ვიჯდებით, რაღაცას გავაკეთებთ. მაინც გვაქვს იმედი, ხომ გვეშველება რამე... რა ვქნათ აბა მეტი, ესა გვაქვს მარტო, რასაც ხედავთ... (2007, აჭარა)
საკმაოდ ბევრია ლტოლვილებიც. იქით ფაბრიკის ბინები რომაა, იქ არიან. აგერ, ნანაც ლტოლვილია. ძირითადად ისინი სხვის ოჯახებში ცხოვრობენ. რომ გითხარით, ხელოსნები არიან-მეთქი, ისინი შედარებით კარგად არიან მოწყობილი და თავის ოჯახში ცხოვრობენ. შენობა მათი არაა, მარა უპატრონოდ იყო. მერე თვითონ გააკეთეს კარგად რემონტი, ყველაფერი, და ცხოვრობენ ახლა იქ. ხომ ყველაფერი დაინგრა ჩვენთან, იშლებოდა ეს სახლიც, უპატრონოდ იყო და უშველა ამ ხალხმა, გააკეთა რაც შეიძლება და ცხოვრობენ.
რომ შევიდნენ თავდაპირველად ამ სახლებში, ვინც ნახავდა, ყველა იძახოდა ჩემი აშენებულია, ჩემი აშენებულიაო. ეხლა გაფორმება არ ხერხდება. არავინ არ იცის, ვისია. კი გვეუბნებიან იჩქარეთ, გააფორმეთ, თორემ შეიძლება ვინმე ბიზნესმენმა აიაღოს, შეხედოს, ადგილი მოეწონოს, ყველაფერი, და გამოგაგდოს. ისე, ეგეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.
სოფელი თბილია საერთოდ. ერთმანეთს მხარში უდგანან ჭირში, ლხინში. ქალაქი უფრო ცივია ამ მხრივ. ერთ კორპუსში შეიძლება იყოს ისეთი ხალხი, რომ შენ არ გაგიგოს გვერდით მეზობელმა. აქ არაა ასე. ჩვენთან ძაან სითბოა. რომ გაგიჭირდება, არ შეგეშინდება.
ხალხს უჭირს, მაგრამ ძალიან არა, მშიერი არავინ არის. შრომობენ. აგერ მოჰყავთ ბოსტანი, თხილი. ერთადერთი შემოსავალი ჩვენთან არის მაინც თხილი. ძალიან გაჭირვებული, რომ თქვა ძაან უჭირდეს, ლუკმა-პურს ეძებდეს და მათხოვრობდეს, ასეთი არაა. რაცხა ერთეულები. ალბათ მისი ბრალიცაა და მისი სიზარმაცის. ვინც შრომობს და წვალობს, ყოველ შემთხვევაში, ზედმეტი თუ არა აქვს, არც შია. (2007, გურია)
ძალიან ბევრი მშიერი ოჯახია, დაახლოებით ორასამდე და იმათთვის გვინდა პროექტის დაწერა. აქედან 50 ოჯახია აბსოლუტურად უმწეო, რომელთაც სოფელში ვაძლევთ რაღაც დახმარებას. დიდი სამწლიანი პროექტის გაკეთების იმედი გვაქვს. მერე გვინდა, რომ დავასაქმოთ ის ხალხი, ვინც შრომისუნარიანი იქნება - მაგალითად, საქონლის მოვლაში. ძროხები გვინდა რომ შევისყიდოთ და იმ შემოსავლით, რაც იქნება, თვითონ ისარგებლონ. ასევე გვინდა იმ სახლში გავაერთიანოთ ხელსაქმით დაკავებული ქალები. იდეა არაჩვეულებრივი გვაქვს და ვნახოთ, რა გამოვა.
ის, რითიც ხალხი ადრე არსებობდა, ახლა განადგურებულია. ჩაის პლანტაციები ხალხმა თვითონ მოსპო. ჩაის არავინ აღარ იბარებდა, კრეფა არ იყო. ადგნენ და თვითონ ამოძირკვეს. ის, ვინც შეშას ვერ ყიდულობს, ამ ჩაის ამოძირკულ ფესვებს ხმარობს გასათბობად, შეშად. (2007, სამეგრელო)
ძალიან ბევრია სოფელში მარტოხელა ქალები, მოხუცები, რომლებსაც არავინ არ ჰყავთ. ეს ქალები ისეთი უსუსურები არიან, რომ იმათ უჭირთ წამლის ფული. ძალიან დაბალი პენსია აქვთ... არიან ისეთები, შვილები რომ მოუკვდათ და არავინ არ ჰყავთ, არიან გაუთხოვარი, უშვილოებიც, რომლებიც ძალიან უმწეოები არიან.
ერთ-ერთი მათგანი ჩემი ბიძაშვილია, რომლისთვისაც ყველაფერი გავიღე და დღეს არაფერი გამაჩნია, იმიტომ რომ 800 დოლარი გადავიხადე იმის ოპერაციაში. მე სულ არ ვიყავი მოვალე, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა, რომ მერე დავმტკბარიყავი იმისი სიცოცხლით. ღმერთიც ხომ არის და ჩემი ბიძაშვილი დღეს ცოცხალია და გადარჩა.
ჩაის ფესვების შეშა. სამეგრელო. 2007
ერთი ქალი გვყავს, მედიკო. ორი შვილი დაეღუპა, ფიზიკურად ვერა შრომობს - ორივე ფეხით ინვალიდია. ცხოვრობს მარტო რაღაცა პატარა პენსიით და ხალხის თანადგომითაც. მეზობელი რომ გააკეთებს სადილს და მიაწვდის ხოლმე. ვარდიკო ბებია გვყავს ასეთი, თამარაც. რამდენჯერ მე თვითონ მომიკითხია, აქვს თუ არა წამალი. ჩვენი სოფლის მკვიდრია, მარინა გილიგაშვილი, 7 წელია პურს აცხობს თონეში და ყოველთვის 10 პური მოხუცებისთვის აქვს გადადებული. (2007, კახეთი)
სოფლის ყოფა ძალიან ცუდია, ფაქტიურად გაუსაძლისია. თუმცა ჯანმრთელობის საკითხი ჩვენთან მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. კიდევაც გითხარით, ვინც ახერხებს ჩამოსვლას რაიონში, ჯანმრთელობის პრობლემა უკვე აღარ აქვს. სიკვდილიანობაც შემცირდა.
ანუ ყველანაირი პირობა არის ავადმყოფობის აღმოსაფხვრელად... მაგრამ რა არის, იცით? არის შემთხვევები, როცა მოხუცებს აწვენენ სტაციონარში, სადაც კვებაც უფასოა და ყველანაირი პირობებია, და ავადმყოფები ითხოვენ, კიდევ დაგვტოვეთო. ხალხი შიმშილობს და იმ საავადმყოფოში საჭმელს მაინც ჭამს. ითხოვენ, დაგვტოვეთო ცოტა ხანს სითბოში და საჭმელს ვჭამთო. და მერე ადგილები აღარ ყოფნით ხოლმე ახალი ავადმყოფის მისაღებად. ეს არის საშინელება. ზემოდან, კაბინეტებიდან ნურავის ჰგონია, რომ ხალხი კარგად არის. ქართველი ყოველთვის ასე იყო, მჭადი ჰქონდა თუ პური, ითმენდა და იმდენად ამაყი იყო, რომ ვშიმშილობო, არ იტყოდა არასდროს. ეხლა შიმშილობენ. ჭადის ფქვილი რა ღირს? დამუშავება რა ღირს, რომ მოიყვანოს კაცმა? სასუქი უნდა, გათოხნა უნდა, რამდენი რამე უნდა, სადმე მიტანა უნდა, დაფქვა უნდა. ყველაფერი გაძვირდა. საშინელი სიტუაციაა და როცა საჩხერეში ასე უჭირს ადამიანს, სადაც ამხელა ქველმოქმედი გვყავს, მე არ ვიცი, სხვაგან რა ხდება. სხვაგან ხომ უარესი იქნება? (2007, იმერეთი)
ასეთებთან მოდიან სოციალური დახმარებიდან, შედიან ოჯახში და ამ მარტოხელა მოხუცებს და გაუთხოვარ უსუსურ ქალბატონებს ეკითხებიან, მაგალითად, აქვთ თუ არა ტელევიზორი. ორი და ცხოვრობს ერთად და იმათ ეკითხებიან: ზეთის ბოთლი ცალ-ცალკე უდგათ, თუ ერთად, რადგან ერთად ცხოვრობენ, კბილის ჯაგრისი და პასტა თუ აქვთ და სხვა ამისთანები. ისე შეურაცხყოფილი რჩებიან ესენი, რომ ძალიან ცუდად აგდებენ სახლიდან. ე.ი. მათხოვარი უნდა ვიყო და კარტონების ყუთში უნდა ვიჯდე, რომ დამეხმარო? (2007, კახეთი)
სოფელში დაახლოებით 400 კომლია. კოლმეურნეობა რომ დაიშალა, ხომ დაარიგა მიწები, ხოდა ყველას მოგვცეს თითო ჰექტარი. ამათ მიაყოლეს, ამ საცოდავებმა, ამ გაჭირვების დროს და ნელა-ნელა, ნელა-ნელა გაყიდეს. და დარჩნენ მარტო ეზოს ანაბარა. ეხლა ისე უჭირს ამ ხალხს, რომ დადიან და ფიქრობენ, ვისთან წავიდნენ სამუშაოდ. მაშინ, ვისაც ცოტა რამ შეეძლო, ის მიწები იმათ იყიდეს. მაგალითად, ჩვენც ვიყიდეთ და ეხლა დანარჩენები, უმიწოდ დარჩენილები, ხან ჩვენთან მუშაობენ, ხან იმასთან, ხან ამასთან და ესე ირჩენენ თავს.
აი, რომ წამიკითხია ჩემი მოწაფეობის დროს მონათმფლობელობის შესახებ, ნამდვილად ეგეთი რამეები ჩნდება აქაც. ისე მენანებიან... დილას მე და ჩემი ქმარი რომ მივდიოდით სათოხნად, ადრე, ღამით მივდივართ ხოლმე, ვლაპარაკობდით - რომ არ გაეყიდათ, იმათაც ემუშავათ და ჰქონოდათ, რა კარგი იქნებოდა, არა სჯობდა? ემ წუთში ისე არიან, რომ უარესი არ ვიცი. შემოვა და ერთი ჭიქა ,,პესოკი“ თუ გექნება, მარილი თუ გექნება... როგორ არ მისცემ, მისცემ... ჩვენ კიდევ იმისთანა ვართ, ჩვენ რომ არ დაგვრჩეს, იმათ მაინც მივცემთ.
ეგეთი მდგომარეობა აქვთ, ქალია თუ კაცია, ეგრე დადიან სამუშაოდ. ძალიან გაუჭირდათ, ძალიან.
ახალგაზრდობა სულ ქალაქისკენ მიდის. ახალგაზრდობა იშვიათია აქ. სამუშაო არ არის ჩვენთან. ამ ახალგაზრდებს ერიდებათ კიდეც ამ ვენახებში და თოხში რომ იმუშაონ. არ ვიცი რათა. ეხლა, მაგალითად, სანიორეში რაღაც მშენებლობა რომ არის, იქ მუშაობენ. სიქუაშვილის იყო ადრე, ეხლა არ ვიცი, ვისია. ხოდა ავტობუსი მოდის დილით ადრე და აი იქ მიდიან სამუშაოდ ახალგაზრდებიც და მუშა ქალები და კაცებიც... მიწები, თავიანთი, ხომ გაყიდეს ყველამ, ვენახი ძალიან ცოტა აქვთ შემორჩენილი, სულ ხუთი, ათი პლანი, და იმას რა გაკეთება უნდა?
ოჯახის თავი. გობრონეთი. 2007
პენსიები აქ დარჩათ, მე მგონი, მარტო იმათ, ვინც წლოვანები ვართ. დანარჩენებს, ვისაც ავადმყოფობის გამო ჰქონდათ, აღარა აქვთ. მე ადრევე ვამბობდი, რომ ძალიან ცუდად იყო ეს მოწყობილი. თითქმის ყველას ჰქონდა ის პენსია, ვითომ ავადმყოფობის გამო. ეხლა ერთნაირად მოუხსნეს ყველას. მარტო წლოვანების პენსია დაურჩათ და ვინც ძალიან მძიმე კატეგორიის ავადმყოფია. ანუ ვინც ნამდვილად რომ ინვალიდია, ვინც მართლა რომ ძალიან ცუდად არის, იმას. არის აგრეთვე სიღარიბის დახმარებაც. ეს კომისია ეხლაც დადის კიდევ, ჯერ არ არის დამთავრებული, გუშინ საღამოსაც დადიოდნენ. და ვისაც უკვე დაუნიშნეს, იღებენ კიდეც.. და კიდევ იღებენ დახმარებას სამამულო ომის მონაწილეების მეუღლეები, ვინც კიდევ არიან ცოცხლები, და ეს დახმარება უფრო მაღალია. (2007, კახეთი)
მარტოხელა ქალია, 83 წლისაა, შვილი მოკვდა, რძალი და ორი შვილიშვილი ჰყავს ქალაქში. ერთადერთი ის ბიჭი, შვილიშვილი, მუშაობს და ყველანაირად ცდილობს, არაფერს არ აკლებს ამ ბებიას. ინახავს დასაც, გასათხოვარი ჰყავს, და დედასაც. და რაკი ეს ბიჭი ჰყავს პატრონი, ამიტომ არ მისცეს ამ მოხუცს დახმარება. თანაც რატომ? იმიტომ, რომ ორსართულიანი სახლი უდგას, როდესღაც, კომუნისტების დროს აშენებული, გალესილი სახლი. ის კედლები აჭმევენ პურს? აბა არ უნდა ასეთ ქალს დახმარება? (2007, კახეთი)
ეს ჩემი სამსახურიც მთავრდება. ჯოჯოხეთური სამსახურია. სიღატაკის დაძლევის პროგრამა ჰქვია, დახმარებაა. ადრე 22 ლარი ჰქონდა ოჯახს. ასე იყო. შატილის ხეობას და ჩვენს რაიონს ჰქონდა 1000 ოჯახზე დახმარება - თითოს 22 ლარი სამი წლის განმავლობაში. ეხლა ეს აღარ არის. ეხლა სხვა სახის დახმარებაა. ანუ, ჩაგვიტარეს ინსტრუქტაჟი, დადიხარ ოჯახებში, ინტერვიუს ართმევ - რით ცხოვრობს, რა შემოსავლით, რა გააჩნია - სახლ-კარი, როგორი ფარდა უკიდია ადამიანს და მაცივარი თუ აქვს. საშინელი სამუშაოა. კახეთში ექვსი კურდღელი ჰყოლია კაცს სამი კვადრატული ფართის ოთახში და აგენტმა უთხრა, შენ კურდღლები გყავს, ეგენი მრავლდებიან, შენ მაგეებს ყიდი, შემოსავალი გაქვს და ღარიბი არა ხარო.
აქ კიდევ არის ომი ამის გამო. აქ ყველა ერთმანეთის ნათესავია აბსოლუტურად. მე ვარ რაიონის მკვიდრი. აქაური დედა მყავდა, აქაური მამა მყავდა და აქაური მეუღლე მყავს. ყველა სოფელში სანათესაო მყავს. სახეზე სუყველა ვიცნობთ ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, შედიხარ ოჯახში და უწერ იმას, ამას და შედეგად გამოდის ისეთი ქულა, რომ არ ენიშნება დახმარება. შეგხვდება ქუჩაში და გამარჯობას არ გეუბნება. მოდის სამსახურში და გეჩხუბება, გლანძღავს და უბედურება. ჯოჯოხეთი გადავიტანე ორი წლის განმავლობაში. მაგრამ შენც რომ გიჭირს? სამსახურია მაინც...
გეგმით ვმუშაობდით. ზაფხულში გეგმა იყო ათი ოჯახი, ზამთარში ოთხი ოჯახი. საშინელი სამუშაოა. შეხვალ ოჯახში, ის ახლობელია, მეორეც ახლობელია. ყველა დარწმუნებულია, რომ ის ღარიბია და სჭირდება. ყველას უჭირს. სინამდვილეში დღეს ფულის დეფიციტია სოფელში. კი აქვთ სახლი და კარი, მაგრამ ფული არ აქვთ. ჩვენთან ერთსულიან ოჯახზე ეს დახმარება დადგინდა 30 ლარი. მეორე სულზე ემატება 12 ლარი. ე.ი ორსულიანზე არის 42 ლარი, სამსულიანზე კიდევ 12 და ა.შ. ჩემს ნათესავს, მაგალითად, ჰყავს რვა შვილი, ანუ ათკაციან ოჯახზე იღებენ 30+(9X12), ანუ 138 ლარს. ეს არის სამწლიანი პროგრამა.
მაშინ, როცა 150 ლარს ქვემოთ შემოსავლით ადამიანი ითვლება სიღარიბის ზღვარს მიღმა.
ამ ინტერვიუების შედეგად გროვდება ქულები ყველაფრის გათვალისწინებით: თავისი მაცივრით იქნება თუ ახალგაზრდობის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით, ბავშვების რაოდენობით და სხვა. მაგ გამოკითხვის მასალებს მე არავინ მაძლევს. მერე რომ მოდის შეფასებული დეკლარაცია, მე უკვე იმის მიხედვით ვგებულობ. ანუ მე მხოლოდ კითხვებზე პასუხს ვწერ და ვაბარებ. შემდეგ კომპიუტერი ანგარიშობს ქულებს და გამოჰყავს პასუხი. 52000 ქულაზე ნაკლებს ენიშნება დახმარება. აგვისტოდან იქნება 57000 ქულიანების დახმარება. ანუ არც მე და არც ჩემმა უფროსმა არ ვიცით კონკრეტულად რომელიმე ოჯახს დაენიშნება, თუ არა, დახმარება.
ეს დახმარება ჩვენს რაიონში დაენიშნა 30 პროცენტს. ეს არის საკმაოდ მაღალი პროცენტი. დღეს აქ ნამდვილად ძაან მაგრად უჭირს ხალხს. (2007. მცხეთა-მთიანეთი)
ეს სოციალური სიღარიბის პროგრამა მე არ ვიცი, საერთოდ, რა არის. ესე იგი კაცს, რომელსაც ტელევიზორიც აქვს, მაცივარიც აქვს, შეიძლება კომპიუტერმა ამოუგდოს მაღალი ქულები და ის მოხვდეს ამ პროგრამაში, და რომელსაც არაფერი არა აქვს, არაფერი არ გააჩნია და გაუბედურებულია, ის ვერ მოხვდეს. მე არ ვიცი ეს პროგრამა როგორ არის შედგენილი. მე დავინტერესდი ამით, სოფლებში დავდიოდი.. მე თვითონ გავხდი ფაქტის მოწმე, თუ ვის ჰქონდა ის მინიჭებული და ვის არა. სოციალური მუშაკი არაფერ შუაშია აქ. ერთადერთი მისი მოვალეობაა რომ მივიდეს ოჯახში და აღწეროს სახლი. ქულებს და ყველაფერს აკეთებს სამინისტრო, პროგრამა აკეთებს. მონაცემები შედის კომპიუტერში, პროგრამით მუშავდება და პროგრამა იძლევა ქულებს. (2007. რაჭა-ლეჩხუმი)
რომ იტყვიან, ლუკმასა ვჭამთ და ნამდვილად არა გვაქვს იმის საშუალება, რომ მიწა დავამუშაოთ და დავთესოთ. ნახევარზე მეტი, 80%25 მიწა ჩვენს სოფელში არის დაუმუშავებელი. ხალხი ვერა თესავს. აქვთ დიდი მიწის ნაკვეთი 1000 კვადრატული, მოჰყავდათ ქერი. წელს საწვავი - ,,სალიარკა“ არის ძალიან ძვირი, ამიტომ მიწა ვერ დაამუშავეს და მარცვლეული ვერ დათესეს. (2007, კახეთი)
აბა აქ რა არის? მარტო ვირივით უნდა იმუშაო. აი, ეხლა მეც ,,სემიჩკებში“ ვმუშაობ ქართველებთან. თითონ რომ ვეღარ ერევიან ამოდენა მიწებს, აქ მოდიან და მუშებად მიჰყავთ ჩვენი ხალხი. ყოველდღე რვა ლარს გვაძლევენ, მთელი დღე თავწახრილები ვმუშაობთ ამ პაპანაქებაში. ჩვენ არ გვაქვს არენდები. მარტო ეს ეზოს ადგილები და კიდევ კოლექტივისა მოგვცეს, ორივეს ერთად 50 მეასედს უნდა შეადგენდეს. ეს ძალიან ცოტაა. ერთი კიდევ ის შველის ზოგს, რომ წასული ნათესავების ადგილებსაც ისინი ამუშავებენ, მე კი ისეთი არავინა მყავს წასული, რომ იმისი ადგილი ამეღო. ჩემი ძმისა მეორე ძმამ შეისყიდა. მშობლებსას კი თვითონ მამაჩემი უვლის. (2001, კახეთი)
სულ ამას ვამბობ, ღმერთმა ყველას მისცეს, შენც მოგცეს, მეც მომცეს და ცოტა თავისთვისაც დაიტოვოს-მეთქი.
მიწის ნაკვეთები პატარა გვაქვს. ის დიდი ნაკვეთები ვისაც აქვს, არცერთს არა აქვს გაფორმებული, ძირითადად მიტაცებული და დატაცებული აქვთ. ეხლა აპირებენ ამ დიდი ნაკვეთების აუქციონის წესით გაყიდვას. ჩვენ მაგაში ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ვისა აქვს მაგხელა თანხები. არავინ არ მუშაობს. აი მოსკოვიდან ვინც ჩამოვიდა, იმათ აქვთ უკვე ორმოცი ჰექტარი და მეტი შეძენილი. 50 000 დოლარი, 100 000 დოლარი, 150 000 ლარი გადაიხადეს.
სინამდვილეში ჩვენ მონიშნული გვაქვს ადგილები. მაგრამ რა ხდება, იცით? ხალხმა აყარა ჩაი უკანონოდ. ჩემს ოჯახს, იზას ოჯახსაც აქვს მონიშნული ადგილები. ეს ადგილები ჩვენია, მაგრამ იქ ჯერ ჩაის პლანტაციებია. კანონი კიდევ არ არის. ჩვენ მასწავლებლები ვართ, მე დირექტორი და სოფელი ხომ იტყვის, ა ბატონო, ამათ აყარეს და... ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია და ვუცდით კანონს.
ახლა ვაპირებთ რამდენიმე კაცი გაერთიანდეს, ერთი იყიდის და გავიყოფთ. ზოგიერთმა მიწა რომ დაამუშავა, ვუთხარით, კი არ გვიჩხუბია, ისე, რომ რადგან თქვენ გინდათ, ჩვენც აგერ ვცხოვრობთ და ჩვენც გვინდა. გვითხრეს აუქციონი როცა იქნება, ერთმა კაცმა უნდა იყიდოსო. კი ბატონო, იყიდე შენ. მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიყო თანაბრად. აუქციონში სამი ჰექტარი მიწა უნდა იყიდოს ერთმა კაცმა. მერე შეიძლება ნაკვეთის გაყოფა, ან გასაჩუქრება. მაგრამ კანონის თანახმად ის იქნება მიწის იურიდიული მფლობელი. (2007, სამეგრელო)
გაჭივრება არ არის, აბა რა არის, გაჩანაგებეულია ყველაფერი! არადა ჩვენი სოფელი ისეთი იყო, ქართული სოფლებიც ვერ შეედრებოდა, აყვავებული, ხალხით სავსე. მეც ვერ ვგრძნობდი, ქალაქიდან რომ წამოვედი და სოფელში ვცხოვრობდი, ეხლა კი აღარც ბაღშია არაფერი, აღარც მაღაზიები გვაქვს, აღარც კლუბი, სკამები მოპარულია, პიანინო დანგრეული. ერთი მარტო სკოლა დგას ჯერ-ჯერობით, ისიც იმიტომ, რომ დირექტორია მაგარი კაცი. გლეხს აღარც იმის საშუალება აქვს, შაბიამანი იყიდოს და ვაზს მოუაროს, ვენახები გაკაჭა უმეტესობამ. მიწები დაგვირიგეს ეხლა, 0.25 მეასედი კი დაგვაკლეს, მაგრამ ნახევარი ჰექტარი ხომ მოგვცეს? ეგეც არ უნდა ზოგს. მეც არ ავიღე, არ მაწყობს, ვერ აუდივარ, ჩვენები წასულები რომ არიან. გაჭივრებაა ყველაფერზე, იმის საშუალება არ არის, რომ აზოტია თუ გვარჯილა, იყიდო, შეიტანო და კარგი მოსავალი მიიღო. აი, ეხლაც დავთესე, 70 ლარი დამუშავებაში მივეცი და ძალიანაც რომ მოვინდომო, 100 ლარიც არ მრჩება. ყვარელშიც ჰექტრობით აქვთ მიწები მიტოვებული, რაც კარგი იყო, ისევ ბობოლებმა მიიტაცეს, ყოფილმა აგრონომებმა, ბრიგადირებმა, იმათმა ნათესავებმა, დანარჩენ გახრიოკებულზე კი გლეხმა რა მოიყვანოს?! პატრონი აღარა ჰყავს სოფელს, ვინც ეპატრონება, თვითონ ის აშლევინებს და მიაქვს ყველაფერი, ნაწილ-ნაწილ აყიდინებს. ამ გაჭივრებამ ცალკე და ამ შიშმა კიდევ ცალკე, სულ დააცარიელა სოფელი, მოხუცების მეტი თითქმის აღარავინ არის, ვინც დარჩა, ესენი კი სხვა სოფლებისადმი მაინც კარგად არიან განწყობილები. აი, თუნდაც ლეკურ სოფელთან, მისვლამოსვლა არ აქვთ, მაგრამ ყიდვა-გაყიდვა თუ სხვა, ურთიერთობაში არიან. ადრეც რუსული სკოლა არ იყო ჩვენთან და ლეკებთან ადიოდნენ ჩვენი ბავშვები. ეგ იყო ძირითადი კონტაქტი, დანარჩენი არაფერი, ქორწინებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, ეხლა ლეკებიც, უმეტესობა, მიდის აქედან, მე კიდე ამას ვიტყვი, ვისაც არ უნდა საქართველო, უნდა წავიდეს კიდეც. მე ჩვენებსაც ვეუბნები ხოლმე, თუ არ გინდა, აიფახე და წადი. ოსეთი გინდა ააყვავო? ააყვავე ოსეთი, თუ არადა იშრომე და იზრუნე ამ ქვეყნისთვის. (2001, კახეთი)

სამი წამლობა ჩავუტარეთ წელს ხეხილს. მსხმოიარე ბაღი მაქვს. ვაშლს ასხია არნახულად, ტოტები ძირს ულაგია. ვიყიდეთ შხამი, მოვწამლეთ, მაგრამ მოწამვლის მეორე დღეს შემოდგომის ფოთოლცვენა გეგონებოდა, ეგრე წამოვიდა. ცუდი წამალი გამოგვადგა. ის წამალი თბილისიდან ჩამოვიტანეთ შარშან, აგროქიმიიდან, თითქოს სანდო იყო. მაგრამ გვიღალატა. რომ შევხედეთ, რომ ესეთი საგანგებო მდგომარეობა იყო, ერთ კვირაში ხელახლა მივაყოლეთ წამალი. შეაჩერა ალბათ ის დაავადება, მაგრამ ვაშლი უკვე დახალულია და ეს დახალული ვაშლი ხომ ნაკლებად გაიყიდება, ან არ გაიყიდება და საქონელს შევაჭმევთ. (2007, ქართლი)
ჩემი მეუღლე 45 წელი იყო ფერმის გამგე. დეიშალა ისიც. დირექტორად მუშაობდა ხუთი წელიწადი. თლად დეიშალა და ნაცარტუტადაა ქცეული წისქვილ-კომბინატიც. ყველაფერი დაშლილია.
სოფელში იყო სამი ჩაის ფაბრიკა და არც ერთი არაა. ერთი არის მოქმედი და იგიც რას მუშაობს? ეს ყველაფერი დეიშალა ჩვენთან ისე, როგორც ყველგან. არ ვიცი, რატომ. მთავრობის ბრალია. აბა ვინ დაშლიდა. ერთი უკანონოდ დაშალე რამე, ციხეში ამოგაყოფინებენ თავს. ე.ი. ასე უნდოდათ, საჭირო იყო და დაშალეს. (2007. გურია)
საფიქრალი ბევრი დაგროვდა. 2007
გაჩვენებთ უზარმაზარ მინდვრებს სულ მთლად უპატრონოს. ერთი მეასედის მოხვნა ლარნახევარი ღირს. ძვირია საწვავი. ტრაქტორი ვისიც არის, ფული უნდა იმას. აგერ დათესილი მაქვს სიმინდი ოცდაათ მეასედზე. არ გამოვა ხუთი კილო. დავბარავ, დავთოხნი ხელით, მაგრამ წყალი არ არის. კომუნისტების დროს საქაჩები იყო და ეხლა აღარ არის, გაფუჭდა ყველაფერი. ერთადერთ არხზე ვართ დამოკიდებული. ჩვენსკენ რომ გადმოიარეთ, შეამჩნევდით ალბათ. ეგ არის ჩვენი სოფლის სარწყავი. სამი, ოთხი სოფელი უნდა გამოიაროს ჩვენამდე. მაგრამ მინდვრები ამ არხით ვერ ირწყვება, იმიტომ რომ წყალი დაბლაა და მინდვრები მაღლა. საქაჩების გარეშე ეს არ ხერხდება. ამიტომ დავრჩით ასე.
სარწყავი წყალი კი არა, ელემენტარულად სოფელს დასალევი წყალი არა აქვს ფიზიკურად. მე ჭა მაქვს ამოღებული. მაგრამ მაღლა ვინც ცხოვრობს, იქ ჭა არ არის. არ არსებობს ლაბორატორიული შემოწმება, ვარგისია ეს წყალი სასმელად, თუ არა. კანალიზაცია არ არის. გაზი ადრე იყო, ეხლა არ არის. შეშა დაგვიფასეს 1 000 ლარი. რით უნდა ვიყიდოთ, არ ვიცი. ხალხს არა აქვს საშუალება. წელს გაიყინება ალბათ ხალხი. (2007, ქართლი)
ვისაც შეუძლია, რაც საშუალება აქვს, აკეთებს. ყანები აქვთ ეგერ. ჩვენთან არის ნატანებისკენ დასახლებები და იქ აქვენ ფართობები. და მარგვლა, თესვა, თოხნა - იქ მუშაობენ. ერთი პერიოდი მიტოვებული ჰქონდათ ეს მიწები, მაგრამ ეხლა აამუშავენ უკვე, შეძლებისდაგვარად. ძალიან ძვირი ჯდება საწვავი, სასუქი. უჭირთ, მარა რა ქნან, მუშაობენ. სიმინდი აქვთ ძირითადად. მერე, საქონელიც ჰყავთ. ჩალა, თივა მოდის იქ და სარგებლობენ იმით. მარა ძალიან ძვირი უჯდებათ. ზოგს არ შეუძლია ეს საწვავი და მიტოვებული აქვს. თვითონ იმ დახვნას ხომ საწვავი უნდა, მერე დამუშავება, დათესვა უნდა. ფასები ძაან დიდია. ჩვენებმა, მაგალითად, კილო სიმინდის თესლი ვიყიდეთ. ლარი და ოცდაათი თეთრი მივეცით კილოში. სასუქიც ძვირი ჯდება. 28 ლარი ღირს. 3 000 მეტრისთვის სამი ,,მეშოკი“ უნდა, ანუ 28 ლარი სამჯერ. ძვირი უჯდებათ გლეხებს ძაან. მარა მაინც ქნან უნდა. სხვა გზა არ აქვთ. (2007, გურია)
ჩვენ გვყავდა ისეთი ლიდერი, რომელმაც არ შემოუშვა არანაირი ბიზნესი სოფელში. ვენახები რომ გაშენდა სხვა სოფლებში, იქ საფერავი ჩაიყარა და ა.შ. აქ არაფერი არ ხდებოდა. მან თვითონ შექმნა ფირმა და ძირითადად ხორბალს, მარცველეულს აწარმოებდა. ვენახები გაიჩეხა და ფაქტიურად ხალხი დარჩა დაუსაქმებელი. ერთადერთი, მესაქონლეობას მისდევს აქ ხალხი ძირითადად. კერძო ვენახები კი დარჩა, რაც პრივატიზებულია. ისე კი, სოფელს რომ ბევრი ვენახი ჰქონდა და ის აეღო ვიღაცას, იჯარით შეესყიდა და ხალხი დაესაქმებინა, რადგან ბევრი მოვლა უნდა იმას და ათასი ოპერაცია უნდა ამ საქმეს, ეს აქ არ მომხდარა. ამდენად ხალხი დაუსაქმებელია და დადიან სხვა სოფლებში. (2007, კახეთი)
არც სამუშაოა სადმე ახლა, რომ იმუშაოს ჩემმა ქმარმა, აქ ან სად იმუშავებს, თორემ რამე რომ იყოს, ამ გორას ხელით გადავთხრიდიო, იტყვის ხოლმე. ჩემს ქმარს სამუშაო ჰქონდეს და 24 საათი იმუშავებს. ვისაც კი შრომა არ ეზარება, შიმშილით მაინც არ მოკვდება. ჩვენც შრომით მივაღწიეთ, რომ მშივრები არ დავრჩენილვართ. აი ეხლაც ბაღი მოვიყვანეთ, ამდენი ვიშრომეთ და 300 ლარზე მეტი ვერ ავიღეთ. მაგრამ ერთ წელს თუ არა, მეორე წელს ხომ გაგიმართლებს. იმიტომაც ჩვენთვის ყოველთვის გვაქვს საკმარისი, კარტოფილიც, ლიბიოც, ფქვილიც. შეშას მე არა ვყიდულობ, ხან ჰუმანიტარულიც მოგვდის. ისე რომ მშიერი მაინც არ დავრჩებით. გუშინ-გუშინწინაც სამი მანქანა ბალახი გავთიბეთ მე და ჩემმა ქმარმა, ორი მანქანა ჩვენთვის დავტოვეთ, ერთი გავყიდეთ 100 ლარად. ეს ბალახი ქართველების ვენახებში გავთიბეთ, თითონ იმდენი ნაკვეთები აქვთ, ხუთ-ხუთი და ექვსექვსი ჰექტრები, ვერ ამუშავებენ, პირიქით, კმაყოფილები არიან ვენახები რომ უსუფთავდებათ, მიწები მაგათ არ აკლია, ჩვენ შეგვავიწროვეს, თორემ... ორმოცდაათ მეასედზე მეტს არ გვაძლევენ. ეს კიდევ აბა რა არის, ამით როგორ უნდა ვიარსებოთ რვა სულმა. იძულებულს გხდიან, რომ ჩემოდანი აიღო და წახვიდეაქედან, თორემ მანქანა არავის მოუყვანია და ძალით არ შეუყრიათ ხალხი, თავისი ნებით წავიდა, ვინც წავიდა, იქით ფულიც გადაუხადეს, მაგრამ მაინც იძულებულები გახადეს და იმიტომ, თორემ წასვლა არავის არ უნდოდა. მეც გული ამიცრუვდა აქაურობაზე, ხომ დაღესტანში არა ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, ადრე თუ გვიან მაინც უნდა წავიდე. (2001, კახეთი)

დედოფლისწყაროელი ბიჭები. 2006
აჭარაში ძირითადი პრობლემები დაკავშირებულია მაინც მიწის პრობლემებთან. იმიტომ რომ ეს არის მაღალმთიანი რეგიონები, ასევე ზღვისპირა ზოლი, სადაც სოფლებია განლაგებული. ოჯახების უმრავლესობას არა აქვს, სამწუხაროდ, საკმაორაოდენობის მიწა, ანუ საკმაო ფართი მიწის, რომ აწარმოონ სოფლის მეურნეობა და იცხოვრონ შესაბამისად ისეთ პირობებში, რომ უზრუნველყოფილი იყონ ყველაფრით. ძირითადი პრობლემა არის მაინც მიწის პრობლემა. ფულიც არ არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უმუშევრობაა. (2007. აჭარა)
ტყეები, როგორც ვიცი, გაიცა იჯარით. სატყეოს ვინ ეკითხება, სად უნდა გასცეს შეშა. სატყეო გაძლევს მხოლოდ რუკას, თუ სად არის შესაძლებლობა და სად არის კიდევ დარჩენილი ადგილები, დარჩენილი ტყეები. ჩვენთან არის მაგალითად შპს, რომელმაც უნდა მობეჭდოს სად შეიძლება მოჭრას გლეხმა შეშა. ეს რომ სამი წლის წინ დაეწყოთ, ტყე შენარჩუნებული იქნებოდა. ეხლა ტყე ფაქტიურად აღარ დედოფლისწყაროელი ბიჭები. 2006 არის. სად უნდა მოჭრა? ისეთ ადგილებზეა, სადაც ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი ვერ მივა. ფაქტს გეტყვით. ჩემს მეუღლეს ბიძა გარდაეცვალა და ,,სასახლე“ რომ გაეკეთებინათ, იმის ფიცარი ვერ იშოვნეს. და მის სახლში ორი ლამფა მოაძრეს. სახლს მოაძრეს და ,,სასახლე“ იმით გააკეთეს. ეს არის რეალობა.
ვისაც არა აქვს საზღვარგარეთ წასვლის საშუალება, ურჩევნია თბილისში ,,პადვალი“ იქირაოს და ვაჭრობით, ყიდვა-გაყიდვით, ან მათხოვრობით თავი გაიტანოს. რაჭაში ვერ იმათხოვრებს იმიტომ, რომ ყველა რაჭველი იცნობს და მაინც თბილისი დიდია და ვერ დაინახავს სხვა. (2007. რაჭა)
ჩვენი სოფელი საერთოდ ძალიან მყარი და სტაბილურია. იშვიათად რომ გადაწყვიტოს ხალხმა წასვლა. ვინც წავიდა, იმიტომ წავიდა, რომ არანაირი სამუშაო ადგილი აღარ არის აქ.
უამრავი სამუშაო არსებობდა ადრე ჩვენთან. პროფესიული სასწავლებელი იყო, სკოლა იყო, მუსიკალური სკოლა, ფოსტა და საბჭო. კოლმეურნეობა იყო უზარმაზარი ფერმებით, ტბებით, ვენახით. ეს რაც ყველგან იყო. ამის გარდა უზარმაზარი წარმოებაც იყო: საბნები იკერებოდა, ფარდები იქსოვებოდა, ცელოფანი კეთდებოდა. სათბურები იყო, ბოსტნეული გვქონდა. თუკი რამე შეიძლებოდა რომ არსებულიყო, ყველაფერი იყო ჩვენს სოფელში.
მწყემსი. სოფელი განძანი. 2007
თქვენ უბრალოდ ვერ მოხვდით იქით, სადაც კულტურის სახლი დგას - ნამდვილი თეატრია.
სოფელში 2 600 კომლი იყო. მე დიდი ხნით ვიყავი წასული და სოფელს მოწყვეტილი და ახლანდელი ზუსტი მონაცემები არ ვიცი.
არაჩვეულებრივი ხალიჩები იქსოვებოდა ჩვენთან... კულტურის სახლში სპეციალური წრეც გახსნა ქალმა, რომ სხვებისთვის ესწავლებინა. ის მოხუცი ქალი აღარ არის ცოცხალი ახლა. ხალიჩები ჰქონდა ისეთი - რაღაც სასწაული. ფარდაგებსაც ქსოვდა. იმ ხალიჩის მოსაქსოვად დაზგა რომ დაგვემზადებინა, ჩვენ ალვანშიც კი წავედით. კერამიკის ცეხი იყო სოფელში არაჩვეულებრივი, ულამაზესი დოქები და ათასი რამ მზადდებოდა.
ახლა ყველაფერი დაკეტილია. ხალხი ნატრობს, რომ რამე მაინც იყოს, რომ რაღაცაში დასაქმდეს. აი თუნდაც, აქ სხვა სახელოსნოც არის და ერთეული ხელოსნებიც არიან შემორჩენილი. აი ჩემი მარანიც ეგეთი ხელოსნის გაკეთებულია, იმის მსგავსი თითქმის აღარ კეთდება. (2007, კახეთი)
ჩვენს სოფელში 1300 კომლამდეა. ქალების 90%25 უმუშევარია. კაცებსაც იშვიათად ვინმეს, რომ რაღაც სამსახური ჰქონდეს. თუ მანქანა აქვს, გასულია და ვაჭრობს: იყიდიან, გაყიდიან, ან ვინმეს მძოლადაც ემსახურებიან.
აი ამ ტრასის პირას დასაქმებულები არიან ძირითადად ყველის ბიზნესით, ყველს ყიდიან. (2007, კახეთი)
შენობა საექიმო დახმარებისთვის ამ ახალმა მთავრობამ კარგად გაგვირემონტა. სხვა სოფლებში ისეთი არ არის, ჩვენთან რომ გააკეთეს. რამდენიმე სოფელი ერთ ცენტრში ივლის, სადაც იქნება ოჯახის ექიმი. სამომავოდ ალბათ ეს იქნება პოლიკლინიკა, მაგრამ სტაციონარი არ არის. თუ რამე ხდება, დავრეკავთ და სასწრაფო მოდის საგარეჯოდან. 15 წუთი სჭირდება. (2007, გარე კახეთი)
ამ გაწამებულ ხალხს მოეხმარა ვიღაც პიროვნება, მე მგონი გოგინაშვილი, ნანიანიდან წასული კაცია. იმან შეიძინა ეს ვენახები და ამუშავებს ამ საცოდავ ხალხს. პატიმრებივით ცხაურიან მანქანაში შეყრიან დილას, ამუშავებენ და მოიყვანენ საღამოს. უმძიმესი მდგომარეობაა. (2007, კახეთი)
ახლა სოფელში აღარაფერი აღარ არის. ჩაის პლანტაციას ვერ გიჩვენებთ. ხალხმა ამოძირკვა, ზოგმა მიისაკუთრა ეს მიწა, ზოგმა კანონიერად მიიღო. მერე ისიც არის, რომ ამ მიწას ვერ უვლიან. მიზეზი რა არის? სასუქი გაძვირდა, საწვავი გაძვირდა და თავისთავად ხვნა-თესვა ჯდება ძალიან ძვირი. არ უღირს ამ ხალხს და ამიტომ ზოგმა იჯარით გასცა ეს მიწა და ზოგმა საერთოდ გაყიდა. ფაქტიურად, წინათ რომ სოფლელი კაცი მიწაზე იყო შეყვარებული, დღეს ასე არ არის. იმიტომ რომ მიწა ვეღარ არის მისი მარჩენალი. (2007, სამეგრელო)
პირველი იჯარა რომ განაწილდა რაიონში, ის იყო პედაგოგების მიერ წამოწყებული იჯარა. ინიციატორები ჩვენ ვიყავით გურჯაანის რაიონში. ეს შეთანხმება და ეს მუშაობა იყო ისეთი საოცარი, რომ კოლმეურნეობის ხალხი სულ ქოქოლას გვაყრიდა, მეხი დაეცეთ ერთი, რა კარგად მუშაობენო. მერე ფიქრობდნენ, ესენი რომ მოსავალს მოიწევენ, მერე მაინც იჩხუბებენო. მოსავალი მოვიწიეთ ისეთი იმ წელს, ვენახს რომ გასხვლაზე ტოტი გადავჭერით, იმანაც მტევანი გამოიბა. გაბრაზდებოდნენ, რა თქმა უნდა. დავაშოშმინეთ მერე საზოგადოება. მანამდე ცოტა ისე უყურებდნენ ამ საქმეს ახალგაზრდები. ჩვენს შემდეგ მასიურად წავიდა იჯარების განაწილება სოფელში. შეიძლება ითქვას, ჩვენ დავანგრიეთ კოლმეურნეობა.. (2007, კახეთი)
აქ დიდი ძაფსახვევი, აგურკრამიტის, სახერხი ქარხნები იყო, წისქვილიც იყო და ყველა მუშაობდა ერთგულად, სოფელი, როგორც ერთი ადამიანი, ისეთი სიყვარულით ცხოვრობდა, მაგრამ ეხლა რა მოხდა არ ვიცი, ეს ახალგაზრდობა ისეთი სიტყვის პატრონები, ისეთი საქმიანები აღარ არიან, ვესაუბრებით მოხუცები, ეს ასე არ არის, ასე უნდა იყოსო, მაგრამ ვინ გისმენს? არადა როგორ მინდა რომ ყველა ერთგული იყოს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ცოტა უშიშრები იყვნენ, სითბო ჰქონდეთ მოხუცებისადმი, მაგრამ სითბო მარტო ჩვენისთანებში, შერჩენილ ერთეულებშიღა არის... მაგრამ საქართველო ისპობა და ჩვენ უდინებზე ვლაპარაკობთ? ადრე თუ იმ დიდი საქართველოდან უღალატეს და აქეთა მხარე გაყიდეს, ეხლა იქით მხარეს ყიდიან. დარჩა მარტო კახეთი. საქართველოში ქართველები აღარ არსებობენ, სულ გადასახლდნენ, აღარ იცავენ საქართველოს, აღარავის არაფერი აღარ აინტერესებს. (2001, კახეთი)
ბეჟტასი. ბაბო ფატიმა. კახეთი. 2007
საბჭოთა კავშირის დროს კოლმეურნეობაში ვმუშაობდი. მიწებს კოლმეურნეობა ამუშავებდა, ტრაქტორიც ჰყავდა, ,,სალიარკაც“ ჰქონდა. წლის ბოლოს კი მე რამდენიც მქონდა ნამუშევარი, თუ კარგად მახსოვს, რაც მქონდა თანხობრივად გამომუშავებული, იმის 1%25-ს, მაძლევდნენ ხორბალს, ქერი იყო თუ სხვა რამ. მოდიოდა ჩემთან ტონანახევარი, ორი ტონა ხორბალი ისე, რომ მე არ დამითესია ის. უბრალოდ მე ვმუშაობდი კოლმეურნეობაში ეკონომისტად. მე კი არა მარტო, ყველა გლეხს ეძლეოდა თავისი გამომუშავებული თანხის მიხედვით. ეხლა კი ყველაფერი დაანგრიეს და დაშალეს. კოლმეურნეობის კანტორა რომ ნახოთ, მარტო ჩონჩხი დგას. ორსართულიანი შენობა იყო არაჩვეულებრივი, ახალი აშენებული, ფანჯრის რაფიდან დაწყებული, იატაკზე პარკეტიც იყო დაგებული, არაფერი არ არის დარჩენილი. ეს ხალხმა გააკეთა, სხვა რას მოვიდოდა აქ. (2007, კახეთი)
ეკლესიაში კი დადის ხალხი და ეკლესია კი ასწავლის რომ არ მოიპარო.. მაგრამ გულით და სულით კი არ არიან მიდრეკილები ეკლესიისკენ, რაღაც მოდას მისდევენ უფრო, მე რასაც ვაკვირდები, ასე მგონია. ისეთ რაღაცეებს აკეთებს ეს ხალხი ზოგჯერ! ერთმანეთს ძირს უთხრის. ახლა ილია მეორეზე ისეთ ჭორებს იგონებენ. უკვე ის, ვისაც მისდევს ხალხი, ვის სიტყვასაც იჯერებს და ვისაც უნდა დაუჯეროს, უკვე იმის მინუსებს ეძებენ. ეს ისეთი ყოფილა, ის ასეთი, იმას როგორ უნდა დაუჯეროო... ყველა მღვდელზე ასე ფიქრობენ თითქმის. სულ ცუდს ხედავს ხალხი. ალბათ დღევანდელმა ცხოვრებამ მოიტანა საქართველოში სულ ეს ცუდი, კარგი არაფერი. მე კი ვიყავი სულ იმედიანი და მეც სულ უკან-უკან მივდივარ, მგონი. არ მოსწონს ხალხს შენი ენთუზიაზმი და შენი იმედი. თუ ვიტყვი, გამოვალ და ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, სიტყვით მაინც მითხარი, რომ ხო, აი იქნები კარგად-თქო. ხან რას მეტყვიან, და ხან მთლად ჩამიშხამებენ ყველაფერს. ამ ქრისტიანობასაც და ამ რელიგიასაც კარგავს ეს ხალხი, ასე მგონია, როგორც ქართველობა დაკარგეს.
ყველა თავის თავთან უნდა იყოს მართალი, მართლა ღმერთის წინაშე. ისე კი არა, თავიანთი ღმერთები რომ ჰყავთ მოგონებული. არ ვიცი რას ფიქრობენ.. როცა იქნება, ხომ მართლა წარსდგებიან ღმერთის წინაშე. (2007, კახეთი)
ჩვენთან ადგილია, ალანდარას ეძახიან, სადაც კოლმეურნეობის ხორბალი ითესებოდა. ეხლა იჯარით აქვს ხალხს მიწები აღებული. ამბობენ ჩინელებმა იყიდესო იმ მიწების ნაწილი და იქ სახლდებიანო. რაღაცა უნდა გააკეთონ, უნდა მოიყვანონო, და რა უნდა მოიყვანონ, არ ვიცი. იმათ გამოუდით..
ჩვენი ხალხი მაინც მიჩვეული იყო, რომ კოლმეურნეობა იყო თუ სხვა რამ, ამ ხალხს მართავდა რაღაც, რომ იტყვიან, რაღაც აპარატი. ეხლა მარტო რომ დარჩნენ, დაბნეულები არიან. ერთი პერიოდი თითქოს გამოვიდა ხალხი ამ მდგომარეობიდან, დღეს ისევ გაჭირდა. (2007, კახეთი)
არის შემთხვევები, როცა ქალაქელები ჩამოდიან და სოფლად მიწებს ყიდულობენ. მაგრამ რაშია საქმე, იცით? იმას ფული აქვს, მაგრამ თვითონ კი არ ამუშავებს და თვითონ კი არ დგას მიწაზე... ის დაიქირავებს ხალხს და იმათ ამუშავებს. მე ვიცი, მაგალითად, ასეთი კაცი, რომელმაც 10 ჰექტარი მიწები იყიდა, ჩვენი ხალხის, ჩვენი კოლმეურნეობის მიწები და 10 ჰექტარი საფერავი გააშენა. თვითონ გარდაიცვალა, ახლა ალბათ მისი შვილებიFფლობენ საქმეს. მათ ჰყავთ ბრიგადირივით ვიღაც კაცი, ჩვენი სოფლელი. ის ხალხს ქირაობს, მიჰყავს და ამუშავებს იმ ვენახს. ის მიწა ქალაქელის საკუთრებაა, მაგრამ ფაქტიურად თვითონ კი არ აკეთებს საქმეს. იმას ფული აქვს. ფულის პრობლემაა სოფელში უპირველეს ყოვლისა, მხოლოდ და მხოლოდ.
ხალხს ფული არ აქვს და ყველაფერი საქირავებელი აქვს, ყველაფერი საყიდელი. არიან ერთეულები, რომელთაც ტრაქტორი ჰყავთ, მაგრამ ხალხი ძირითადად დარჩა ასე გამოცარიელებული. მმართველიც აღარ ჰყავს... გამოდის, რომ კოლმეურნეობა კარგი რამე იყო. მე მიმუშავია კოლმეურნეობაში 20 წელი. სოფელში ერთი ოჯახი არ იქნებოდა, ერთი წევრი მაინც რომ არ მუშაობდეს იქ. ან ღვინის ქარხანაში მუშაობდა, ან ,,ემტეესში“, ან უბრალო გლეხად. მაგალითად მევენახედ, მემინდვრედ. რა ვიცი, უამრავი რამ იყო საქმე. დაახლოებით 700 კაცი მუშაობდა კოლმეურნეობაში. ისიც ხომ როგორ დაიწყო - მაშინ ხომ თავიდან ყველამ რაღაც შეიტანა იქ. ზოგმა თხა მიიყვანა, ზოგმა ხარი, ზოგმა ძროხა, ზოგმა კამეჩი და ესე შეიქმნა კოლმეურნეობა.
ჩვენი კოლმეურნეობა ძლიერი იყო, მარტო 3000 სული ცხვარი ჰყავდათ, 2000-ზე მეტი საქონელი, ვენახები 600 ჰექტარზე მეტი. ეს ყველაფერი განიავდა, ერთეულების ხელში მოხვდა და ერთეულების ჯიბეში წავიდა. და ეს ხალხი, რომელიც იქ მუშაობდა და წვლილი ჰქონდა იმ კოლმეურნეობაში, სულ ცარიელი დარჩა. (2007, კახეთი)
კაჭრეთელებმა ერთი 600 ჰექტარი ვენახი გაკაფეს, ქვემოთ, ზემოთ, სადაც ჰქონდათ.. რაც ჩვენც გავაკეთეთ, მაგრამ იმათა გვაჯობეს... ვინ რამდენი - ამაზე როგორა ვთქვა...
ერთი პერიოდი, მხედრიონობა რომ იყო, აღარც საწვავი იშოვებოდა, აღარც ღვინის ქარხნები მუშაობდა ნორმალურად, აღარ იღებდნენ, თუ მიიღებდნენ კიდევ, ფულს არ აძლევდნენ და აქედან გამომდინარე ვეღარ მოუარეს, რა. ვეღარ იყიდეს სალიარკა, ვეღარ იყიდეს შხამქიმიკატი, და ფაქტიურად გაცუდდა ვენახი. იძულებულები იყვნენ, რომ გაეკაფათ, თავის სურვილით კი არა. კარგი პირობები რომ ყოფილიყო, არ გაკაფავდნენ. იმ ადგილას ის მოჰყავთ, რასაც ერევიან და რასაც ახერხებენ, ხორბალი, მზესუმზირა.Mმოხნავს ერთხელ, ვთქვათ, ხორბალს დათესავს, მერე ზაფხულში მივა და აიღებს, ბევრი სამუშაო არ არის. ვენახში კი სულ იქ უნდა იდგე. თუ შემოსავალი არა აქვს, გლეხს ურჩევნია რომ ნაკლები იმუშაოს. ქერს დათესავს, მზესუმზირას დათესავს.
ჩვენ, მაგალითად, ჩვენს კოლმეურნეობას 700 ჰექტრამდე ვენახი გვქონდა, რომელიც ნამდვილად არა გვჭირდებოდა იმიტომ, რომ ვერ ვერეოდით, მუშახელი არა გვყოფნიდა. იმიტომ არა გვყოფნიდა, რომ აქეთ ლაკმეზე მშენებლობა დაიწყო საგუბრისა - ხალხი გავიდა, კაჭრეთში წისქვილკომბინატი აშენდა - ხალხი გავიდა, მერე კაჭრეთში აშენდა რკინა-ბეტონის ქარხანა, კაჭრეთში იყო სამკერვალო. და ეს ხალხი ძირითადად უფრო იქეთ ეტანებოდნენ. მერე, იყო ხოლმე ერთმანეთის დახმარება. იქით, გურჯაანის ზონაში, ადრე შემოდიოდა სამუშაო და უფრო ადრე რჩებოდნენ. ისინი რომ მორჩებოდნენ, მერე ავალებდნენ, რომ ჩვენსკენ წამოსულიყვნენ, რომ ჩვენთვის დახმარება გაეწიათ, მუშახელით, რა თქმა უნდა. ანუ ერთი კოლმეურნეობა აუცილებლად ეხმარებოდა მეორეს, და ერთი კი არა, რამდენიმე.
კოლმეურნეობა რომ დაიშალა, იმ პერიოდში სპეციალურად შექმნეს პირობები ისეთი, რომ ნებისმიერი კოლმეურნეობა შეგნებულად გააკოტრეს, მიწები წაართვეს. კოლმეურნეობა რა იყო? საერთო მიწაზე დამყარებული ორგანიზაცია, ხომ? ვენახი გვქონდა ჩვენ დაახლოებით 700 ჰექტარი, და ამ 700 ჰექტარიდან დაახლოებით 173 ჰექტარი დარჩა მარტო კოლმეურნეობის საკუთრებაში, დანარჩენი გაიცა კერძოდ, კერძოდ რომ დარიგდა. ეხლა ამ გლეხს უნდა მიეღო მიწა, ცარიელი მიწა, მთავრობამ ეგ მისცა. ეს ვენახი იყო ფაქტიურად კოლმეურნეობის საკუთრება, ამ ხალხის კი იყო, მაგრამ კოლმეურნეობა იყო ხომ მაშინ. ამ ვენახს ხომ ჰქონდა თავისი ღირებულება, საბალანსო ღირებულება, და ვინც ეს წილი მიიღო, იმას ფაქტიურად ჩაუთვალეს, რომ მისი წილი გატანილი აქვს. მაშინ ეს კუპონობანა იყო და ეს მაიმუნობები, და ფაქტიურად ვეღარ განსაზღვრავდი კარგად ვერაფერს. დაახლოებით 80%25-მა მიიღო ეს ვენახები, ამიტომ პრეტენზიაც არ არის. შეიძლება ერთეულებმა წამოაყენონ ეს პრეტენზია, მაგრამ მერე უკვე საგადასახადო ინსპექციამ დაადო ყადაღა ქონებას, რომ ვალი წარმოიშვა ბიუჯეტის მიმართ, ხოდა თვითონ განკარგავდნენ ეგეთ რაღაცეებს. იმიტომ ქნეს ესე, რომ კოლმეურნეობებზე საშინელი ალერგია ჰქონდათ. რომ ვეუბნებოდით, მაგალითად, რომ ხომ არის ეს კერძო საკუთრება, გაგვანებეთ თავი. არა, მაინც გადაგვაკეთებინეს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებად. ეხლაც კი არსებობს და არის იმ კოლმეურნეობის ბაზაზე შექმნილი სასოფლო-სამეურნეო საწარმო, მაგრამ, რად გინდა.. იმ გლეხმა რომ მიიღო ერთი ჰექტარი და 25 მეასედი, წამოვიდოდა და შენ გემუშავებოდა 173 ჰექტარზე? აღარ. ადრე კიდევ ბრიგადები იყო და იქ მუშაობდნენ. ეხლა კი თავისი საქმე ჰქონდა უკვე იმას, საკუთარი და საკუთარს კიდევ წინ აყენებდა. ამიტომ ის 173 ჰექტარი ვენახიც გავეცით, ასე ვთქვათ, ქვეიჯარით ამ გლეხებზე. რომლებმაც თავისას მოუარეს, იმას ვეღარ მოუარეს, მაგრამ იმ თავისასაც, რა თქმა უნდა, ნაკლებად მოუარეს, და.. ამოიძირკვა.
ეხლაც მისტირიან იმას, რათ დავშალეთ და რათა ვქენითო ესეო? იმ პერიოდში კი, როცა დაუძახეს, წაიღეთ ხალხო, თქვენიაო, უკვე ვეღარ დავიმორჩილეთ ხალხი ვერანაირად. ვინც რას წაავლო ხელი, მიჰქონდა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ესმოდა ყველაფერი, მაგრამ ასეთი მაშინ მთელ რაიონში, სხვადასხვა სოფლებიდან ერთი 17 კაცი თუ იქნებოდა.
რამდენჯერმე ჩავედით, იქ მაშინ ჭითანავა იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი, და ვუთხარით, მოდი, დავშალოთ და ნუ დავანგრევთ. ესეთი პასუხი იყო, მე არაფერი არ შემიძლიაო, მეც უნდა წავიდეო ჩემს რაიონში ჩემი პატარა მეურნეობა უნდა გავაკეთოო. ეს იყო 1994 წელი, მგონი.
რა არის, იცით? ეს ჩვენი მთავრობა რომ ხელს არ უშლიდეს სოფლის მეურნეობის განვითარებას, აუცილებლად განავითარებდა გლეხი ვენახს. გლეხს ბაზარი აღარ აქვს. ანუ, ამათ ბაზარი რომ არ მოსპონ. ამ ბაზრის მოსპობაზეც უამრავი ხმა დადის... ლაპარაკი არის, რომ წელსაც იყვნენ დაინტერესებულები იმით, რომ უნდა გადაეხადათ არა 50 თეთრი კილოგრამ ყურძენში, არამედ უნდა გადაეხადათ 25-დან 28 თეთრამდე, მეტი არა. ვინც მეტს გადაიხდიდა, პასუხს აგებდა გარკვეული ჯგუფის წინაშე. როცა უკვე გაიჟღერებს და აჭარაში რომ პრეზიდენტი ხალხს შეპირდება, რომ თქვენა, 20 კაპიკად, ყურძენს იყიდითო, კახურ ყურძენსო აქაო, გამოდის, რომ იმან უკვე ფასი დაადო იქ. მერე 20 კი არა, ასიამოვნა გლეხებს და გადაუხადა 25 კაპიკი, 5 კაპიკი მოუმატა. მაგრამ 25 კაპიკი თვითღირებულებაც არ არის. არადა, უმაგისოდ არ იქნება არაფერი, არ არსებობს გინდაც ოჯახი, თუ ღვინო არა გაქვს, რა კაცი ხარ? ანალოგიური სიტუაციაა კიდევ, საერთოდ ვენახი თუ არა გაქვს - ცოდო ხარ.
ხალხია აქ, რომელსაც 10 ტონა, 12 ტონა ვენახი აქვს, ზედ ასხია და ვერა ყიდიან. დგანან ქვევით, შემოსახვევში და ელოდებიან, იქნებ ვინმე მოვიდეს. 28 თეთრს უხდიდა ღვინის ქარხანა, 28 თეთრს, ტრანსპორტი შენი იყო, მუშახელი შენი იყო. ხომ უნდა გაგეკრიფა, იმას ვინ გაგიკრიფავს? 3 თეთრს აძლევდნენ ერთი კილოგრამის დაკრეფაში, დაახლოებით 3 თეთრი უჯდებოდა გლეხს, რომ ეს ტრანსპორტირება გაეკეთებინა. და გამოდიოდა 24 თეთრი, არც კი. სხვა ხარჯებიც ხომ არის, თვითონაც ხომ უნდა ჩავიდეს იქ. თბილისში რომ ვაჭრები ყიდიან, გლეხი ხომ ეგრე ვერ იზამს, კილოობით როგორ გაყიდის ის თავის 15 ტონას? ამიტომ იძულებულია მისცეს იმ ფასში, რასაც დაუდებენ. ამ შემთხვევაში ვაჭარი იგებს ორჯერ მეტს, ვიდრე გლეხი, გლეხი არაფერს არ იგებს, თავის შრომის ფასს თხოულობს.

არაფერი გასწორდება, სანამ ეს არ მოისპობა საქართველოში. ეს ბიზნესი ჩემია და შენ ცხვირს არ წაგაყოფიებ იქ, აი მაშინ გასწორდება ყველაფერი. ძაან ძნელია რომ მოისპოს ეს, მაგრამ როცა იქნება, მოისპობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება. მარილი და ის რომ სადაო გახდება? კარგი რა, ხალხი გისმენს, ბოლოს და ბოლოს სირცხვილია...
ეს ქვეყანაც კიდევ გაცლილი არ არის, აბა რა არის? სოფელში იშვიათად, შეიძლება წელიწადში ერთმა ვინმემ, ახალგაზრდამ, გაბედოს და ცოლი მოიყვანოს. ეგრე გვინდა რომ გავმრავლდეთ?Gგოგოებიც ცოდონი არიან, ის კიდევ კაცია მაინც. კანონი მაინც შემოიღონ, მაგრამ შემოიღე, არ შემოიღე, მაინც სირცხვილია - ქმარი არა გყავს და შვილს აჩენ. უნდა გააჩინონ, გამრავლდეს მაინც ერი. მამიდაშვილი მყავს ერთი, ისტორიის მეცნიერებათა პროფესორია. დაამთავრა უნივერსიტეტი, დაიწყო მუშაობა, სულ წიგნები, წიგნები, გვიან მიხვდა, რომ ეუბნებოდნენ, გათხოვდი, გათხოვდიო. ნუ, ვერ მოახერხა და მერე უკვე გვიან მიხვდა, რომ თურმე აუცილებელია. ადგა და გააჩინა შვილი. ეს ბავშვი ორი წლისა იქნებოდა, რომ ამას შეხვდა თავისნაირი, წიგნებში მოხეტიალე კაცი, ხოდა შეუღლდნენ და კიდევ ჰყავთ შვილი. ოჯახი აქვთ ეხლა და ნორმალურად არიან. მაგრამ რომ არც ყოფილიყო, ის ბიჭი ჰყავს ანგელოზივით. მე ვამბობ მაგალითს, როცა გამოუვალი მდგომარეობაა. (2007, კახეთი)
ბევრი, ვინც იქ მუშაობს იმ ფერმაზე, გინდა იმ ცეხებში, ყველა იმას ამბობს, რომ მაინც ისე ვიჯექით და კიდევ კარგი ეს კაცი მოვიდა, ეს აამუშავა და ჩვენ მაინც გვაქვს ხელფასიო და ლოცავენ მას. მაგრამ ის ხომ სოფლის აღარაა არაფერი. და ერთი და ორი რომ მუშაობს, იმ დანარჩენმა ათმა რა ქნას? ის ხომ ადრე იყო სოფლის, კოლმეურნეობის, მე მაშინ პატარა ვიყავი და შეიძლება მაშინაც ხალხი კმაყოფილი არ იყო, არ ვიცი, მაგრამ მაშინ არავის შიოდა და არავის სწყუროდა. ეს ყველაფერი რომ მოისპო, ვიღაც სჭირდებოდა ამ ხალხს ისეთი, ვინც დაარიგებდა ამ ხალხს და სწორ გზაზე დააყენებდა. სათავეში კი ისეთები დგებიან, რომ პირიქით იყენებენ ამ უტვინო ხალხს და მარტო თავიანთ ჯიბეებს ავსებენ. ხალხს კი რა.. თვითონ ხალხმაც, ქართველებმაც დაკარგა ქართველობა... მაგალითად ის, რითაც გვაფასებდნენ ადრე, რომ აი, ყველა ერთად არის და მთლად უცხო ვიღაც შემოგიპატიჟებს თავის სახლში და გაჭმევს და გასმევს. ეხლა კიდევ ყველა გაეგოისტდა და ყველა თავისთვის არის. იმიტომ რომ თვითონ სათავეში დგას ესეთი ხალხი. ყოველთვის რატომღაც ისეთები მოდიან, რომ ყველა თავის ჯიბისთვის ფიქრობს. იმ მილიონერმა რომ კიდევ ჯიბეში ჩაიდოს და კიდევ უფრო გააბევროს თავისი მილიონები. იმ ღარიბმა ის ორი კაპიკიც არ მოიპაროს რომ ყოველდღიური ლუკმა შეჭამოს? მაგიტომ არის, რომ ყველა ესე ფიქრობს თავისთვის. ისეთი უნდა დადგეს ვინმე, რომ აი, თქვას, რომ მორჩა, მე არაფერს არ ვიღებ და აქეთ ჩემსას გაძლევ. შეიძლება ამ ხალხმაც ყველამ გაიღოს სათითაო კაპიკი. სულ უბრალოდ, ნურაფერს ნუ გაიღებს, აღარ მოიპაროს და აღარ გაძარცვოს. მაგრამ სათავეში თვითონ დგება ისეთი ადამიანი, რომ ყველა იპარავს. ჰოდა, ყველა ი პარავს და მეც ვიპარავ - ასეთია ხალხის ფიქრი. (2007, კახეთი)
აქაურ ცხოვრებაში ისიც იყო, სპირტიანი მანქანების ქარავნები რომ იდგა ტრასაზე. ძალიან ბევრი ფული იშოვნა მაგით ხალხმა. როცა ეს სპირტი არ გადიოდა რაღაც მიზეზით და საბაჟო იკეტებოდა, შემოტანილი სპირტიანი მანქანების რიგი დგებოდა. მანქანა რომ დატვირთული იყო, მძღოლებიც ძაან დიდ თანხას უხდიდნენ დღეში. სათბურები აღარ დათესა ის წელიწადი ხალხმა. მახსოვს რომ სათბურებში დაალაგებინეს სპირტი და კარგი თანხებიც გადაიხადეს. საწყალი ერთი ბიჭი წყალში გადავარდა. სხვისი ფულით ჰქონდა თურმე ის სპირტი წამოღებული და იმდენი ხანი იდგა აქ, რომ იმ ქირის ფულიც აღარ ჰქონდა, რომ ვიღაცისთვის ეხადა. ეს იყო უზარმაზარი თანხები. ხუთი და ათი ათასი დოლარი გადაიხადეს მარტო იმაში, რომ ეწყო სადმე: თუ ძველი საწყობი იყო რამ, ან ვინმეს თუ ჰქონდა რაიმე დიდი ნაგებობა, რომელშიც შეიძლებოდა ის სპირტები დატეულიყო. ფაქტიურად იმ სპირტს ბევრი ოჯახი და ბევრი მამაკაცი შეეწირა, ვიღაცეები კი აშენდნენ.
ხალხი ხომ სვამდა კიდეც. ეს სპირტი მიჰქონდათ და ვერ გაჰქონდათ. სადღაც ხომ უნდა შეენახათ აქ? მერე გამოვარდებოდა პერიოდი და გაიტანდნენ. ის ერთი პერიოდი გაგრძელდა უსაშველოდ დიდი ხანი, თვეები. და ამათ, ვის საწყობშიც ელაგა ის ტვირთი, პატრონებს უზარმაზარი თანხები შეაწერეს. გადაგვიხადეთ, თორემ სპირტს ვერ წაიღებთო. ზოგმა სპირტი დატოვა, ზოგმა ფული. ერთმა ოჯახმა, მაგალითად, ესეთი რამ გააკეთა: პატრონმა ვეღარ გადაიხადა ფული და დაურჩა სულ იმ სახლის პატრონს. იმ ბიჭს არ ვიცი რა ბედი ეწია, და იმ ოჯახმა კი გაიტანა მერე ნელ-ნელა. თვითონ ჰყიდა და აშენდა. ძალიან ბევრი იყო ასეთი.
წყალთან. ძველი ქანდა. 2007
ამბობდნენ, რომ ეს სპირტი ღირდა კაპიკები. თურქეთიდან მოჰქონდათ და რუსეთში გადაჰქონდათ. ეს იყო, როგორც იძახდნენ, ტექნიკური სპირტი. თურქეთში ამით თურმე თუკი რაიმე შავი საქმე არსებობდა, იმას აკეთებდნენ. ჩვენი მამაკაცები გადაშენდნენ ამ სპირტით, ზოგს ციროზი დაემართა, ზოგსაც რა. იმ სპირტით დამზადებული არაყი ერთი ლარი ღირდა. (2007, ყაზბეგის რაიონი)
მე პროფესიით მხატვარი ვარ, მაგრამ ამ ბოლო ხანებში ვის სჭირდება შენი მხატვრობა? სიტუაციაა ისეთი. ნერვები გინდა, რომ დაჯდე და გააკეთო შენი საქმე. იცით რა არის? ვერ ვიტან უსამართლობას. <...> არაჩვეულებრივი ადგილია. თავის დროზე ინტელიგენციით იყო დასახლებული, ერთი პატარა ქალაქი იყო, სადაც ყველას ერთმანეთი გვიყვარდა, ერთმანეთს ვიცნობდით და პატივს ვცემდით. მერე მოვიდა ეს გაურკვეველი თაობა, ვიღაცა მთავრობები. საიდანღაც მოხვდნენ იქ გაურკვეველი ადამიანები, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ წმინდა. მათ აქვთ თავისი კლანი, როცა სჭირდებათ, არიან ზვიადისტები, მერე გახდნენ ლეიბორისტები და ეხლაც იგივე ხალხია სულ. ჩვენთან რევოლუცია არ მომხდარა, ვარდების. იგივე საკრებულოს თავმჯდომარეები, რწმუნებულები, იგივე გამგებელი, ისეთი ვიღაცეები, ვისაც თავიანთი კლანური დაჯგუფებები აქვთ და ისინი აკეთებენ რაიონში ყველაფერს. არავის არ ამუშავებენ სხვას, აქაურ მაცხოვრებელს - ნაკლებად. აბსოლუტურად უცხოები, თან სულ ვიღაც თავისი ხალხი მოჰყავთ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
რამდენიმე წელიწადი წყალი არ არსებობდა ჩვენთან საერთოდ. ზაფხულში, 50 გრადუს სიცხეში წყალი რომ არ გექნება! მერე იყო მიტინგები, გამოსვლები და როგორც იქნა მოგვცეს ახლა. მერე გაფუჭდა რაღაც წყლის ხაზი და მთელი სახლების სარდაფები იყო წყლით სავსე. კურიერსაც მივმართეთ ამ ამბით. ისევ გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე მოდიოდა და გვეხმარებოდა. არ ვიცი, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს გუბერნატორთან, მაგრამ პირადად მე რამდენჯერაც დავრეკე, იმდენჯერ ამოვიდა რაიონში, მერე ხალხი მოიყვანა და გააკეთეს იქ რაღაც ხარჯთაღრიცხვები. ძველ ახალ წელს სახელმწიფო მინისტრიც ამოიყვანა, შეხედე, ეს ხალხი რა დღეშიაო. და მე ისიც ვიცი, რომ რამდენჯერმე დარეკა გუბერნატორმა და იკითხა ჩვენი მდგომარეობა, მაგრამ ამათ უთხრეს, ყველაფერი კარგად არისო.
უმიზნოთ იხარჯება თანხები. ბიუჯეტი ეხლა გახდა 5 მილიონი ლარი. ის ადამიანი კი, გამგებლის მოადგილე რომ იყო და რომელმაც მოიზიდა ეს თანხები, მიწის გადასახადებიდან თუ სხვა თანხებიდან, რომელმაც ამხელა ბიუჯეტი გაუხადა რაიონს, გაათავისუფლეს სამსახურიდან.
ქუჩები სულ დანგრეულია, ვერ გაივლი და გადაწყვიტეს კარუსელი გააკეთონ.
ერთი სკვერია ჩვენთან, სადაც არის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი. ამის თაობაზე, ეს რომ გადაცემულიყო და რომ დაეკანონებინათ ჩვენთვის, საპატრიარქომ გამოაგზავნა შუამდგომლობა. იმის მაგივრად, რომ დაეკანონებინათ, არც კი წაიკითხეს შუამდგომლობა საკრებულოს სესიაზე, არც დააყენეს კენჭისყრაზე არავითარ შემთხვევაში და ყურად არ იღეს. მაშინ იმ ერთ-ერთმა, ვინც გაათავისუფლეს სამსახურიდან, თქვა, რომ ეს არის უზნეობა, როდესაც პატრიარქის შუამდგომლობას არ კითხულობთო. და ზუსტად ასეა. რა გეკარუსელება, როცა ქუჩაზე ვერ გაივლი. ვერ გაივლი, სუყველაფერი ისეთი დანგრეულია...
მკვდარია რაიონი. ამ ქალბატონმა, სანამ მოხსნეს და როცა ჯერ კიდევ იყო გამგებლის მოადგილე, გააკეთა ბავშვებისთვის თოჯინების თეატრი. წარმოდგენა მოუწყვეს ერთი და ბავშვები იყვნენ ისეთი გალაღებულები! მეც ისე მიხაროდა, მეც კი დავესწარი იმ სპექტაკლს. მორჩა, დაამთავრეს იმის შემდეგ.
არ აფინანსებენ კულტურას. არ აინტერესებთ. აქვთ რაღაცა სპორტული დარბაზი, უაზრო ყოვლად, ჩაკიდებენ ერთი ათი კაცი ხელს და დადიან ერთად. შენ არ იცი არაფერი, შენ არავინ არა ხარ... (2007, მცხეთა-მთიანეთი)
სოფელში ბევრი ჩალიჩობს. არიან ჩვენთან ისეთები, ვინც ბიზნესმენობენ. აგერ თხილის ქარხანა აქვთ გახსნილი ოზურგეთში და თხილში ბიზნესმენობს კაცი ძაან კარგად.
არიან სოფელში ხელოსნებიც. აგერ, ამ გოგონას მეუღლე და მამამთილი ხის მოხელეები არიან და ყველანაირ ავეჯს აკეთებენ აგერ სოფელში. ასე საქმიანობენ, რა ქნან.. (2007, გურია)
კახელი გზის მასწავლებლები. 2007
ადრე ჩვენი საკუთარი მეურნეობაც გვქონდა. ,,მოხერის“ თხები გვყავდა 250 სული. ძალიან ძვირფასი იყო ეს მოხერი მაშინ. ყაზბეგის პერსპექტივაში ისეთი კარგი იდეა იყო, რომ ის თხები მოგვეშენებინა. აქ თხებისთვის კარგი საძოვარი და კარგი ადგილებია. ერთი ტონა რომ დავაგროვეთ, დამუშავების საშუალება არ აღმოჩნდა არსად. ჩავიტანე მაუდ-კამვოლში, მთავარი ინჟინერი ვნახე და ვთხოვე, გადავიხდი, ოღონდაც ძაფი დამიმზადეთ-თქო. ცარიელი ,,მოხერი“ არ ირთვებოდა. რაღაცასთან ერთად უნდა დართულიყო და ტექნოლოგია კიდევ იმათ იცოდნენ. ის ძაფი შევიდოდა მანქანაში და ვეღარ ამოიღებდნენ. ანუ რაღაცა უნდა გაჰყოლიყო, რომ მანქანაში გაეტანა და იმათ კი ნედლეული არა ჰქონდათ. ამიტომ უარი მითხრეს. რომ ვეღარაფერი მოვუხერხეთ იმ ,,მოხერს“, დავკალით თხები. ზოგი ვჭამეთ, ზოგი ვასაჩუქრეთ.. ეს იყო 1990, 92, 93 წლები. რვა წელი გვყავდა ის თხები. (2007. ყაზბეგის რაიონი)
ერთადერთი წამლის ბიზნესიღა დამრჩა და ესეც ვერა და ვერ ამოვქაჩე. ჯერ პროდუქტიც რომ იყოს, როგორ უნდა უთხრა ვინმეს უარი, მშიერი რომ მოვიდეს? ეხლა კიდევ წამალი. გინდაც მთლად ისეთი, ვისთვისაც გითქვამს, რომ მორჩა, აღარ მოგცემ ისეო. გაიხედავ და ხან ღამე მოდის ვინმე გაჭირვებული და ამბობს, ცუდად მყავს ბავშვი და წამალი მომეციო. როგორ დაუჭერ? რამდენმა შეირჩინა ეს ფული, რამდენმა კიდევ მოგცემ, მოგცემ, და ისიც შერჩენილი აქვს. 2-3 თვით მიაქვთ ნისიად და რაღა მოგება მრჩება, მე თვითონაც ვერ ვიგებ. სოფელში იმდენად უჭირს ხალხს, მარტო პენსიით ცხოვრობს ხალხი. (2007, კახეთი)
კახეთი, დამერწმუნეთ, არის უმდიდრესი რეგიონი თავის შესაძლებლობებით. მაგრამ იმდენად არასწორად არის პოლიტიკა... სოფლის მეურნეობა განვითარებული არ არის სრულებით. არც სუფსიდიებია ამ სოფლის მეურნეობაზე და თან ისეტყვება და ფუჭდება ყველაფერი. (2007, კახეთი)
პომიდვრით გამასპინძლება. ჩანთლისყურე. 2007
გიო რვა თვისა მყავდა, უფრო პატარაც, პირველად რომ გავედი ვენახებში... დღემდე არ ვიცი, რას ვაკეთებ ხოლმე, ფურჩვნა არის, თუ გასხვლა თუ გასუფთავება, რას ვაკეთებ, არ ვიცი. კი ვაკეთებ, მაგრამ რა ოპერაციაა და რა ჰქვია, არ ვიცი. დღეში ათ ლარზე გამოდიხარ თუ ექვს ლარზე, იმას გიხდიან. წელს, მაგალითად, რთველში ვიარე და ცხრა დღეში 135 ლარი ავიღე. მარა, ვაიმეე, ვირებივით ვიმუშავეთ. იმის შემდეგ გონზე ვერ მოვდივარ და ქალს აღარა ვგავარ. გვიხდიან რაღაც კაპიკებს, ნახევარზე მეტს თვითონ იდებენ ჯიბეში. კილოზე გვაძლევენ ორ თეთრს, ერთი კილო ყურძენი რომ დამეკრიფა, ორ თეთრს მიხდიდნენ. ე.ი. ტონა ყურძენი რომ დამეკრიფა, 20 ლარს გვაძლევდნენ. ერთ დღეს, გავიგიჟეთ ვითომ თავები და ტონაზე მეტები დავკრიფეთ. 24 ლარებზე გამოვედით. დილით ექვს საათზე მივდიოდით და საღამოთი მოვდიოდით შვიდ საათზე. მთელი დღე ვკრეფავდით ყურძენს ამ მზეზე, მშივრები. თან ეს ხომ სულ შხამებით არის ნაწამლი, ისეთ დღეში მქონდა ხელები... და იხდიდნენ კაპიკებს. არადა მერე გავარკვიეთ, რომ ვითომ კილოზე 5 თეთრი იყო გამოგზავნილი. ძაან ბევრ ფულს ,,ტეხავენ“ ესენი, მაგრამ ხალხს რომ უჭირს... კი იტყვიან ხოლმე, არ გავალთ, არ გავალთო... ეგ ვენახები ჰოლანდიელებისაა, თუ ფრანგებისა, არ ვიცი. თავიდან კი სხვებისა იყო. <.....> ეხლა უკვე კახეთში სად აღარ არის. მთელი მიწები შეისყიდეს და სულ მაგათი ვენახებია გაშენებული. ხალხის მიწები შეისყიდეს და გააშენეს უზარმაზარი დიდი ვენახები. თელავში ააშენეს დიდი ქარხანა. ათასობით ჰექტრებზეა მაგათი ვენახები, სად აღარა. თან იმხელა პლანებია, რვაასმეტრიანი. და ვკრეფთით ექვს პლანს, ჯერ მარტო, რვაჯერ ექვსი რამდენია? ოთხიათას რვაასი მეტრი იარე იმ სიცხეში, და პლიუს კიდე კრიფე, ეს მძიმე ვედრები ასწიე. მანქანა კი დადის პლანებში, მაგრამ ვედრები ხო უნდა ასწიო, რომ ააწოდო. ვამბობდი, „კუნთავიკი“ გავხდი-მეთქი. ყველა მუშაობს. თავიდან კი ყველას ერთი პირი რომ ჰქონოდა და ეთქვათ, არ წავალთო, რას იზამდნენ, ამოდენა ყურძენს ზედ ხომ არ დაალპობდნენ? ადრე ესეც გააკეთეს, ფოთლის გაცლაში ძაან ცოტას იხდიდნენ და ყველამ, არ გავალთო, და მერე ხოო, ხო აი, ერთ თეთრს კიდე დაგიმატებთო. თუ ის არ არის იმ ფრანგებიდან გადმოგზავნილი, რა, თავიანთი ჯიბიდან დაგვიმატეს? ამდენი ხალხი დადის, მანქანით სამოცი ქალი მივყავდით ხოლმე. თითოსი იანგარიშე ათ-ოც დღეზე. აქ სოფლის აგრონომი და ვიღაცეები თაობენ ამ საქმეს. ისინი არც ჩამოდიან. ერთხელ იყვნენ მხოლოდ. მთავარი ის აგრონომი არის. ხელზე ესენი გვიხდიან. იმათ შეიძლება ათი თეთრიც გადაიხადონ, მაგრამ ჩვენ რა ვიცით, ჩვენ გვეტყვიან აი, ამდენი ღირს და ამდენი უნდა გადაგიხადოთო. ყველა დადის, იმიტომ რომ ჭირს, ძაან ჭირს მართლა სოფელში და დადიან, რა ქნან. ისიც აღარ ღირს, დათესო და მოიყვანო რამე, აღარ ყიდულობს ეს ხალხი ბაზარში არაფერს. იმისთანა მაღაზიები აშენდა თბილისში, ზამთარ-ზაფხულ პამიდორიც დევს და კიტრიც, არადა იმას რა გემო აქვს, სოფლისა ხომ სულ სხვა არის, მარა იქ გარე ვაჭრობა აღარ არის, იქ ბაზრები მოშალეს და ვეღარ გამოაქვს ხალხს ვერაფერი, რო გაყიდონ. მაგიტომ, თორემ მშვენივრად ვიყავით. (2007, კახეთი)

ყველის ბიზნესი ღუდუმექეთში. 2007
ძირითადი პრობლემა აჭარაში არის მაინც მიწის პრობლემა. მიწები არ არის პრივატიზებული, არ არის დარიგებული. მიწის რეფორმა აჭარაში საერთოდ არ არის გატარებული. სააკაშვილმა მოსვლის შემდეგ კანონში შეიტანა ცვლილება, რომ მიწის რეფორმა უნდა დამთავრებულიყო რაღაც კონკრეტულ პერიოდში, ის უნდა განახლებულიყო და დამთავრებულიყო. ეს არ მოხდა. მიწა ვერ დაანაწილეს, საკუთრებაში ვერ გადასცეს. ბევრ ოჯახს, რომელმაც რაღაც საკუთარი სახსრებით, საკუთარი ნაცნობობით მიწა საკუთრებაში მიიღო წინა ხელისუფლების დროს, წაართვეს, იმიტომ რომ ის უკანონო იყოო. რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანი რომ ამუშავებს და უვლის იმ მიწას და მას ართმევ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება არასწორად იქცეოდა, ისევ და ისევ არის ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლება იქნება თუ სხვა უფლება, უხეში დარღვევა. მაგრამ ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას და ბევრი მიწა, მაგალითად ზღვისპირა ზოლი, რომელიც ასევე საკუთრებაში უნდა გადაცემულიყო და ხალხი ელოდებოდა ამ რეფორმას, იქნა გაყიდული კაპიკებში ჩინოვნიკებზე და აუცილებლად უნდა მოხდეს ამის ხელმეორედ გადახედვა. იმიტომ, რომ ადამიანები დაიჩაგრნენ და ადამიანებს წაართვეს ძირითადი უფლება, ეს არის საკუთრების უფლება. აჭარაში არის ძირითადად ეს პრობლემა. (2007, აჭარა)
ნარკოტიკი არ ვიცი, მაგრამ პლანი ხომ ეზოებში და ბოსტნებში უთესიათ ყველას ჩვენთან. ადრე თუ მალავდნენ, ეხლა ცოლებიც უვლიან, ჩემი ქმარი ეწევა ამასო... (2007, კახეთი)
სოფლები თითქმის ყველგან ფაქტიურად განადგურების პირზეა. ყველაზე მტკივნეული რაც არის და რაც მაწუხებს, ისაა, რომ არის პოლიტიკა იმისა, რომ სოფლებში აღარ იყოს არაფერი. ეს ძალიან მტკივნეულია და იმიტომ გამოვყოფ, სოციალური პრობლემა რომ ცოტა ხანს გვერდზე გადავდოთ. სოფელში აღარ არის არანაირი ბიბლიოთეკა. როგორ უნდა ჩამოვიდეს რამდენიმე კილომეტრით დაშორებული სოფლიდან ბავშვი, როცა იქიდან ტრანსპორტი არ დადის, წიგნისთვის ერთადერთ ბიბლიოთეკაში, ან სკოლაში. ან აიღეთ ცეკვა-მუსიკა. ეს ისეთი რაღაც იყო, როცა ჩემი თაობის ყველა ბავშვი დადიოდა აუცილებლად და სულიერ საზრდოს იღებდა. დღეს რა? კომპიუტერი და ინტერნეტი მისაწვდომია მხოლოდ ერთეულებისთვის, მდიდარი ადამიანებისთვის. როგორ შეიძლება რომ მაღალმთიანი სოფლებიდან ბავშვები უწიგნოდ დავტოვოთ, რა უნდა გააკეთონ მათ? ისინი სკოლაშიც ვერ დადიან, უმრავლესობა სკოლისთვის სახელმძღვანელოებს ვერ ყიდულობს. ესეთი გაუნათლებელი თაობა ვის სჭირდება, ნამდვილად გაუგებარია. და ამიტომ ვხდებით იძულებულები რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ბევრ რამეს. მე პირადად ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. სად წავიდა ეს ფონდები, რატომ მცირდება ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი? აღარ არსებობს აღარც ცეკვის, აღარც მუსიკალური სტუდიები. ე.ი. ბავშვი ფაქტიურად რჩება ქუჩაში. ასე გამოდის, რომ მას ვწირავთ ქუჩისთვის და ქუჩაში დგომას, უსაქმურობას და გაუნათლებელ თაობას რა მოჰყვება, მე მგონი ყველამ კარგად იცის. (2007, ზემო იმერეთი)
თუ ვინმეს სადმე წასასვლელი ჰქონდა, უფრო მეტად თბილისში, ყველა წავიდა ახალგაზრდა. აქ ძირითადად ჩამოდიან დასასვენებლად, ,,დაჩად“. ვისაც რაღაც პატარა შანსი აქვს, ყველა მიდის. იქ ჭამენ მაინც, გავლენ, გამოვლენ. აქ ვერც შეჭამ ნორმალურად. გართობით კიდევ ერთადერთი კლუბი იყო, ისიც დაანგრიეს და ,,საერთაშორისო“ ტუალეტია ახლა იქ. არაფერი არ არის აქ, არც გართობა და არაფერი. იმიტოა, რომ მთელი ახალგაზრდობა, ვინც კი დარჩა, ან ნარკომანია, ან ლოთია. სხვას რას აკეთებს ეს ახალგაზრდობა. ნარკომანიაა აქ, გიხაროდეს.. ფულსაც რომ ვერ შოულობენ, ის ნაღდი წამალი რომ იყიდონ. ნამდვილი და სუფთა წამალი კი არა აქვთ, ხარშავენ ქიმიურ რაღაცეებს, აცეტონს და ესეთ რამეებს. ან საიდან გებულობენ, რა უნდა გააკეთონ? აფთიაქში ბევრი წამალი შემოდის, რასაც ეგენი იყენებენ, გადაადუღებენ, გადმოადუღებენ, ერთმანეთში შეურევენ და იმას იკეთებენ. არიან ასე გაბრუებულები. ისე შედიან ვენაში - თვალდახუჭულები. ამასწინათ ვიღაც გახდა ცუდად, გამოიძახეს სასწრაფო. სანამ მოვიდა, უცებ ვენაში თვითონ გაუკეთეს ის ნემსი. ისე რომ, კაი მაგარ ექთნებზე მაგრები არიან ეს ნარკომანები. რაც აფთიაქში მუშაობა დავიწყე, მაშინ უფრო გავიცანი ესენი. თურმე რამდენი ნარკომანი ყოფილა სოფელში. შპრიცებზე რომ მოდიოდნენ ღამით, თავიდან მართლა მჯეროდა. ზოგი ამბობდა, ბავშვისთვის მიმაქვსო. მერე გაუხშირეს და სუპრასტინისთვისაც მოდიოდნენ. არ ვიცი, იმისგან რას აკეთებენ. მერე მე თვითონაც შემეშინდა. ჯერ ერთი, რატომ უნდა შევუწყო ხელი, რომ გავყიდო? ახლა კიდევ ღამე მოდიოდნენ გათიშულ კაიფში და ამიტომ ასეთი რაღაცეები, ვცდილობ, რომ აღარ გავყიდო. კიდევ იყენებენ ეფექტ-ფლუს. ის არის გრიპის კარგი წამალი. ერთი პერიოდი არ გამოდიოდა, ეს ნარკომანები რომ ხმარობდნენ. ეხლა ისევ არის ჩვეულებრივ გაყიდვაში. იმიტომ არიან, რომ სულ დაჩლუნგდნენ ტვინით და ნელნელა უკან-უკან მიდიან. რა სამუშაო, რის ვენახი! მშობლების მეტი წილი ხელს აფარებს თავის შვილებს. ბოლოს, ხან სასწრაფოთი რომ გააქცევენ და ხან ღვიძლის დაშლა რომ აქვს მის შვილს, რასა ვმალავდიო. მაგრამ რას დამალავ. მეც ვიცი და სხვამაც იცის. მაგრამ მშობელს რომ უთხრა, შეიძლება აქეთ შემოგიტიოს, რას აკადრებ ჩემს შვილსო. ასეთი ჩვენს სოფელში ბევრია. ნახევარი დაიჭირეს. ამის მკურნალობა კარგი ფული ღირს. ამას წინათ წავიკითხე ჟურნალში, ერთი წერდა, მინდა მკურნალობა და დამეხმარეთო. დაც წერდა იქვე, რომ აღარ ვიცი რა გავაკეთო და როგორ ვიმუშაო, რომ გადავარჩინო ჩემი ძმაო. ძალიან ძვირი ჯდება ამათი მკურნალობა. ეს სხვადასხვა პროგრამებიც რომ არის, მეტადონის პროგრამა ან სხვა, არ იცის ხალხმა, ინფორმაცია არა აქვს არანაირი. (2006, გარე კახეთი)

კოლმეურნეობა ყურძენთავთავი. დასვენება. 1930
სკოლაში აქ 300-ზე მეტი ბავშვია. ერთი საშუალო სკოლაა. გომში არის კიდევ სკოლა. მაგრამ რას ამბობენ ეხლა, იცით? კვირიკეთის და გომის ადმინისტრაცია გადმოდის შემოქმედში, იმიტომ რომ იქ არაა ამდენი ბავშვი. აქ არის სამასი და იმათი სკოლა უერთდება შემოქმედს. გომიდან აქამდე კია ალბათ ერთი სამი კილომეტრი. ცუდი გზებია ძაან. ტრანსპორტი კი დადის, მაგრამ გზა არ ვარგა და გომს ამიტომ ძაან უჭირს. თორემ კვირიკეთს კარგი გზა აქვს... ოზურგეთიდან რომ ჩამოდიხარ, ცენტრამდე იქაც კარგი გზაა.
სკოლა არ დაიხურებაო, სწავლა იქნება. მაგრამ როგორც ასეთი, ერთი დირექტორიეყოლებათ ამ სამ სკოლას და ცენტრი იქნება შემოქმედის ადმინისტრაცია, ბუღალტერია და რამე. სწავლება კი იქნება. მარა ხელფასი იქნება, თუ სხვა რამ - ეს იქნება შემოქმედში. ლომაიამ ეს ქნა. სადაც მეტიაო ბავშვი, იქ იქნება ცენტრი. (2007. გურია)
დედაჩემი კი ძალიან დატანჯული ქალია, მაგრამ მამაჩემმა თვითონ ჯერ აფენში დაამთავრა საშუალო, მერე თელავში ისწავლა და აქ ქართული სკოლა რომ იყო, იმის დირექტორად მუშაობდა, ეხლა კი აღარ არის ის ქართული სკოლა, ჩვენი შვილები რომ თბილისში ვერ მიდიოდნენ სასწავლებლად, ამ ბოლო დროს უფრო მახაჩკალაში მიგვყავდა, იქ კი ქართული ვის უნდოდა?! ამიტომ რუსულად გადაკეთდა ჩვენი სკოლაც და ამ ახალგაზრდობამაც აღარ იცის ქართული. აი, ჩემ შვილებსაც ესმით, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ. (2001, კახეთი)
სოფელში სკოლა არის. 260 ბავშვია. ძალიან შემცირებულია ამჟამად ბავშვების რაოდენობა: ადრე თუ იყო ხოლმე 25-30, წელს პირველ კლასში 12 ბავშვზე მეტი არ იყო. სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ ახლა. ჩვენს მეზობლად არის სოფლები ბოგდანოვკა, შიბლიანი და ყანდაურა. რაოდენობის მიხედვით ჩვენს სკოლაში ყველაზე მეტია მოსწავლეა. არის ლაპარაკი, რომ ბოგდანოვკა შეუერთდება ჩვენს სოფელს და შიბლიანი - ყანდაურას, ან სამივე ერთად გაერთიანდება. რადგან სასიარულოდ ყველაზე მოსახერხებელი ტერიტორიულად ჩვენი სკოლაა, ფიქრობენ, რომ უნდა დარჩეს ეს. თუ დარჩა ოღონდ, კონკრეტულად ჯერ კიდევ არ ვიცით. (2007, კახეთი)
რაც შეეხება ბავშვების ყოფას: მოვა ბავშვი და იტყვის: - ნათელა მასწავლებელო, დამითხოვეთ რა, მუცელი მტკივა! ესე იგი, შია. ბედად რაღაც-რაღაცეებიც მიგვაქვს ხოლმე სკოლაში, შევიყვან სადმე, ვაჭმევ და ვეკითხები: - გაგიარა გენაცვალე? დაგიამდა მუცელი? - დიახ, მასწ! შევა გაკვეთილზე და დაჯდება.
ძალიან ბევრჯერ არა აქვს საშუალება ხალხს, რომ ტკბილი ჩაი დაალევინოს მის შვილს დილაზე. (2007, კახეთი)
ღარიბია სოფელი. ეს სკოლასაც ეტყობა, ბავშვებსაც და თვითონ ჩვენც. მე მასწავლებელი ვარ და ჩემი თითოეული დილა იწყება დილის ხუთ საათზე. ვენახი, ბოსტანი, და ხშირად მერე მივდივარ სკოლაში. ვთვლი, რომ წარმატებული მასწავლებელი ვარ, მაგრამ თუ არ გავატოკეთ ხელი, ის ჩვენი 150 ლარი, რასაც მსკოლაში ვიღებთ, ნამდვილად არ გვიზამს არაფერს. (2007, კახეთი)

ის მარწყვიც რატო იმასვქენით, უკვე ვეღარ ვყიდიდით. ვეღარ ვასაღებდით, თორე მომგებიანი იყო. ისე, შრომატევადი კი არის მარწყვის მოყვანა, საშინელება. ბავშვი ჯერ ძუძუზე მყავდა, რომ მაშინაც დავდიოდი ამ მარწყვის კეთებაში. შემოდგომაზე რომ მოილევა, ორჯერ უნდა გაიმარგლოს, იმხელა ადგილზე გვქონდა ეს რიგები და ჩაკუნტულმა უნდა მარგლო, წაკუზულმა. უნდა გაითოხნოს, ჩაიბაროს რიგებს შორის, შუაში, უნდა გვარჯილა დააყარო, ადრევე, თორე მერე უკვე ჩვენ არაფერს არ ვაყრიდით. არ ვწამლით არაფრით. მერე, ახლა კრეფაც ძალიან საშინელებაა. მაგრამ ჯანდაბას ეს ყველაფერი. მაგ დროს არის ყველაზე კარგი მარწყვი, მაისში, როცა სოფელში არანაირი შემოსავალი არ არის. სოფელში ამბობენ, თუ მაისში გადავრჩით, აღარც დავიხოცებითო, რო იტყვიან, მკვდარი დროა, ზამთრის მარაგიც ყველაფერი ამოწურულია და ჯერ ახალიც შემოსული არაფერი არ არის. შიმშილობაა. ჩვენ კი მაგ დროს ფული გვიჩნდებოდა ხოლმე, მარწყვს რომ ვყიდიდით. მაგარი შემოსავალი გვქონდა ხოლმე. მაგრამ ჩემ დედამთილსაც აღარ შეუძლია და რაც მთავარია, რეალიზაციასაც ვეღარ ვაკეთებდით. რამდენჯერ ესე დაგვლპობია. თითო პლანზე ვკრეფავდით ოც ვედრას, თავიდან გვქონდა რვა პლანი, დღეში ოთხმოცი და მეტი ვედრაც დაგვიკრეფია, ყოველ მესამე დღეს უნდა დაიკრიფოს მარწყვი. და კარგი ფული გვქონდა, ვედრა ათ ლარადაც იყიდებოდა, ხუთმეტადაც. თან პირველი შემოსვლა... ყოველ მესამე დღეს მშვენიერი ფულია. მაგრამ თბილისამდე ვეღარ მოგვაქვს, ყველა ბაზარი აშალეს, ყველა, სადაც კი ვაბარებდით, და თელავში მაგდენი მარწყვი ვის უნდა, მარტო ჩვენ ხომ არა გვაქვს, გააქვთ ოთხი ვედრა, ხუთი ვედრა, მაგრამ მეტი ვერა. არა, რეალიზაცია აღარ აქვს ამ მარწყვსაც. ნავთლუღის ბაზარში მოჰქონდა ხოლმე ჩემს დედამთილს და დეზერტირებში, და აკრძალეს იქ ჩაბარება. რატო, არ ვიცი. თუკი ვინმეს ჰქონდა, ყველამ გადაჯაგეს. დაიტოვეს მარტო სახლისთვის და თელავს რომ გასწვდეს, რაც იქ გაიყიდება, ჩვენც ბოლო წლებში ნელა-ნელა ვამცირებდით და ეხლა ისე გვაქვს, ძალიან ცოტა, წელს თელავშიც ვერ წავიღეთ. ერთი ათი ვედრა გავყიდეთ სოფელშივე, დანარჩენი ისე დავარიგეთ, ყველას ხომ ვერ მიჰყიდი. (2007, კახეთი)
ჩვენთან ქურდობაა ძაან დიდი. სოფელთან ქალაქი აქვეა ახლოში. დღევანდელი გაჭირვების ფონზე ისინი მოდიან ჩვენთან საქურდალად. ვითომ ნადირობაზე მოდიან და სინამდვილეში რა დღეში გვაგდებენ... თოფს გადაიკიდებენ და ზურგჩანთას. ცარიელი ზურგჩანთით ჩამოდიან და მიდიან სავსეთი. ხახვია, ნიორია თუ რამეა, ყველაფერი დასანანია. ამას წინათ გადავედით მე და ჩემი მეუღლე ნიორის ამოსაღებად და აღარაფერი დაგვხვდა ნაკვეთში. ეგ რა არის, სამი ცალი ძროხა გაიყვანეს ბოსლიდან. მაგათ ვერ შეეჯიბრები, იმიტომ, რომ აგერ შეუვარდნენ მოსახლეს და დახოცეს იორამაშვილები. მანამდე კიდევ ძაღლები დაგვიხოცეს. როტვეილერი გადაურჩა მხოლოდ, იმიტომ რომ არ შეჭამა ის ძეხვი. თორემ შიგ ნაპოვნი იყო რაღაც თეთრი ფხვნილი. ჩვენ გამგეობასაც ვაჩვენეთ ეს ფაქტი, მაგრამ გვითხრეს, ჩვენ უძლურები ვართ, ვერ გამოვიძიებთო. და გავჩერდით.
ეხლა ორი-სამი წელია, რაც ასეთი თავდასხმებიდან ამოისუნთქა ხალხმა. ადრე ძაან ხშირი იყო ეს. ეხლა არის წვრილ-წვრილი ქურდობები. აქვე მოშორებით ერთი, მეზობელი ცხოვრობს, ბაღი შემოღობილი ჰქონდა ბერელაანთ ფასოს, ერთიც გავიარეთ და აღარ აბია რკინის კარები. წახსნეს და წაიღეს. მე ვენახი მაქვს ჩაყრილი აქედან ერთი 500 მეტრამდე. 58 ლარი ღირდა, რკინის ხრახნილები რომ არის, ის, იმით მქონდა შემოღობილი. ამის გამო მერე სულ მოვხსენი რაც დარჩა მავთულები და დავშალე. ხეივანი მივატოვეთ საერთოდ. შემოღობილიც რომ აღარ გვქონდა, ვეღარ გავაკეთეთ. რა ქნან იმათაც, პურის ფული არა აქვთ, გასაგებია, მაგრამ ჩვენ კი გვააქვს?. რა უნდა გააკეთო, აღარ იცი კაცმა.. (2007, ქართლი)

...არადა ერთ სკას მაძლევდნენ თავისი ფუტკრებით ას ლარად, იმ ერთი სკიდან ის ფუტკარი უნდა გადამესვა, მეორე სკა უნდა გამემართინებინა 50 ლარად და თანაც ის კაცი მაცდიდა მეორე გაზაფხულამდე, მარწყვობამდეც კი. იმას რომ გამიმართავდა, იმაში გადავსახავდი და უკვე მეყოლებოდა ორი სკა. გაზაფხულზე ისევ გადავსახავდი. თითო სკიდან, ჩემმა ნათესავმა მითხრა, კარგად რომ მოვუარე, ათი კილო თაფლი ამოვიღეო. ათი კილო თაფლი ხო არის ასი ლარის, კილო ათი ლარი ღირს, ორი სკიდან ორასი ლარი მექნებოდა. თანაც ბავშვს, სხვა თუ არაფერი, თაფლს მაინც ვცდილობ ხოლმე, რომ ვუყიდო, ათასნაირ წამლებს ვუმზადებ თაფლით. ხოდა მე თვითონაც მჭირდება, და სად ჩემი, რომ ვიცი, ნატურალურია, და კიდეც გავყიდიდი. თაფლი ისეთი რამეა, სულ საჭიროა ყოველთვის, სულ აუცილებელია. სოფელში ბევრს ჰყავს და ბევრიც იყიდება, სოფელშივე ყიდიან და თბილისშიც მიაქვთ, თელავშიაც. თან ნატურალურ თაფლზე სულ არის მოთხოვნილება. აი, წელს ძლივს ვიშოვე. 15 ლარი ღირს წელს ნამდვილი თაფლი, მარა მე ათ ლარად მომცა, წელს ვენახში ისე მივეხმარე, ფულიც არ გამოვართვი, შემეცოდა, ისე რაღაცნაირი საწყლები არიან, და ამიტომ ათ ლარად მომცა. ნატურალური მაინც დეფიციტია, იმასაც კი ნატურალურად ასაღებენ, მაგრამ... ბევრმა ისე დაიწყო, კითხულობდნენ, ეხლა რა გავუკეთო, ეხლა რა ვაჭამოო. თუ არ იცი ეს მეფუტკრეობა კარგად, ძნელია. ისიც უნდა იცოდე, რამდენი შაქარი უნდა აჭამო, აუცილებელია, გაზაფხულზე სანამ ყველაფერი გაყვავდება და ფუტკარი დაიწყებს კვებას, შენ თვითონ უნდა მიაწოდო, ან მაშინ უნდა დაუტოვო შიგვე თაფლი ცოტა მეტი, რომ თაფლით იკვებოს, რა თქმა უნდა, ეგ უფრო მეტად ნატურალურია, მაგრამ ძალიან ცოტა უტოვებს თაფლს. ურჩევიათ ის თაფლი ამოიღონ და გაყიდონ, იმით შაქარსაც იყიდიან და მოიხმარებენ კიდეც. ოღონდ უნდა იცოდე, რამდენი შაქარი უნდა აჭამო, თუ ძალიან ბევრს აჭმევ, თაფლის ხარისხიც დაბალია. გააჩნია მერე როგორი ამინდები იქნება, როდის იქნება ის ტემპერატურა და უიმე, იმდენი წვრილმანია... იმხელა წიგნი იყო... ძალიან საინტერესო კი არის, ძალიან. წელს, მაგალითად, იძახდნენ, ჩემი თაფლიც სულ შავია, წელს სულ კუნელის თაფლიაო. მე მინახავს, თაფლი რომ იყიდება, უზარმაზარ მაგიდებზე დგას დაწყებული მთლად თეთრი თაფლიდან მუქ, მუქ შავამდე. ყველა ქილას აწერია, რა რის თაფლია, რომელი ყვავილის. თვითონ თაფლი ხომ ათასნაირ დაავადებას კურნავს, და იმისდა მიხედვით ყოფენ სამკურნალო თვისებებს, თუ რა მცენარისაა. ზოგი დამამშვიდებელი, ზოგი მასტიმულირებელი და ესე. აქ მაგ დონეზე არ არის. ვფიქრობდი, მაგასაც ყველაფერს კარგად გავარკვევ-მეთქი და აქაც ასე გავაკეთებ. რო მეცოდინებოდა, სად უნდა წაიყვანო ეს ფუტკარი, სად რა ყვავის, იმის თაფლს გავაკეთებდი. ერთ პარტიას ცაცხვებში წავიყვანდი, რომ ის თაფლი გაეკეთებინათ, მეორე პარტიას სხვაგან და ესე, სხვადასხვა თაფლი მექნებოდა. ყველას დავაწერდი, რა რისთვის არის. ამას სპეციალისტებთან უფრო დავაზუსტებდი, ხომ არიან ხალხი, მეფუტკრეობას რომ სწავლობენ, თაფლის ლაბორატორიაშიც ხომ იციან, რა რისთვისაა და ამით მექნებოდა უპირატესობა. ამას მომავლისთვის ვფიქრობდი, კარგად რომ გავამრავლებდი. ჯერ ერთიც არ მიყიდია და უკვე ვამრავლებდი... (2007, კახეთი)
მე არ მინდოდა ხელიდან რომ გამეშვა ეს ფუტკრის საქმე და სესხი გამოვიტანე ბანკიდან. ვიფიქრე თუ დაფინანსდებიან ეს ჩვენი ქალები, ხომ კარგი, თუ არა და მაინც გავაგრძელებ ამ საქმეს. ეგ არის, რომ სესხის პროცენტია გადასახდელი. ეს არის 36%25 წლიური. მე ეხლა სესხი გამოვიტანე ტაქსების ამბავში. ვტაქსაობ და ამიტომ მომცეს, მაგრამ 1000 ლარზე მეტი არ მომცეს. და ის სესხი მინდა ჩავდო ამ საქმეში. (2007, ქართლი)
ბიბლიოთეკარი. ლელიანი. 2006
შარშან, მაგალითად, ჩემმა მასწავლებელმა და მე ჩურჩხელა გავაკეთეთ ერთი 500 ცალი. იმას ჯგუფელი ჰყავდა თბილისში, რომელსაც ჰქონდა თავისი მაღაზია და იქ ჩავიტანეთ ეს ჩვენი ჩურჩხელა. საკმაოდ კარგადაც გასაღდა, კიდევაც დაგვიკავშირდნენ, კიდევ ჩამოიტანეთო, მაგრამ ჩვენ ნიგვზის საყიდელად ფული აღარ გვქონდა. თუმცა ბადაგი და ტკბილი გვაქვს, რაც ყურძნისაგან მზადდება. იმიტომ რომ ვენახები გვაქვს.
სოფელში რაც ნიგოზია, სამურაბე პერიოდში სულ იკრიფება და აღარაფერი არ რჩება. ასე რომ, ის საკმარისი მაინც არ არის, კიდევაც რომ შევამხანაგდეთ. ნიგოზი მაინც საყიდელია. (2007, კახეთი)
ჩვენი მეურნეობა შედგება 1 ჰა რქაწითელის ვენახის, 0.7 ჰა სასიმინდე ნაკვეთის და 30 სკა ფუტკრის ოჯახისგან. ყოველწლიურად მოგვყავს 6-7 ტონა ყურძენი. საკუთარ მარანში, ქვევრებში ვწურავთ 2.5 ტონას, და ვაყენებთ ღვინოს. დანარჩენს დიდი წვალებით ვაბარებთ ღვინის ქარხნებს, ჩალის ფასად და დიდი ნერვიულობის ფასად (1 კგ 0.35 ლარად, ან, თუ გაგვიმართლა, 0.45 ლარად). ჩემი მეუღლე საუკეთესო ღვინოს აყენებს, მაგრამ მისი გაყიდვა ადგილზე, სოფელში 1 ლიტრის 1.5 ლარზე მეტად არ შეგვიძლია. ყოველ შემოდგომაზე, როცა ვენახიდან შემოსულ შემოსავალს და გაწეულ ხარჯებს დავითვლით, იმედგაცრუებულები ვამბობთ, რომ არა ღირს ვენახის მოვლაზე ამდენი შრომის გაწევა, და მომავალ წელს ვენახს აღარ მივხედავთო, ვამბობთ, მაგრამ ჯერ ისევ ზამთარში ვიწყებთ ვენახში ფუსფუსს და საქმიანობას, კახელ გლეხს ვენახის გარეშე არ გაეძლება.
წლის განმავლობაში ჩვენი ყოველთვიური შემოსავალია 76 ლარი, ერთად, ჩემი და ჩემი მეუღლის პენსია, რომლითაც პურისთვის ფქვილისა და პირველადი მოთხოვნილების საგნების შეძენას ვერ ავუდივართ. სამეურნეო საქმიანობის დროს ვიხმარებთ მეზობლებს, რომელთაც შრომას ნატურით, თაფლით ვუნაზღაურებთ.
ამ ორი წლის წინ ,,ელკანას“ რჩევით და ჩემი მეზობლების დახმარებით გავაკეთე 500 ჩურჩხელა, რომლებიც ,,ელკანასვე“ თანამშრომლებმა იყიდეს და შობამდე გათავდა. მერე მთელი ზამთარი მირეკავდნენ ტელეფონზე, ელიკო დეიდა, ჩურჩხელა გვინდაო, მე კი არც ბადაგი მქონდა დამარაგებული და არც ნიგოზი. ,,ელკანას“ მრჩეველთან ერთად დავითვალეთ ერთი ჩურჩხელის მომზადებაზე გაწეული ხარჯი, შეადგენდა 0.5 ლარს, ხოლო რეალიზაცია მოხდა 1 ლარად. სწორედ მაშინ დავფიქრდი, ამ ქარხნების ხვეწნას, ჩაიბარეთ ჩემი ბროლივით ყურძენი მუქთად, ხომ არ სჯობია გავაკეთო მეტი ჩურჩხელა და გავყიდო.
ჩვენ კიდევ ერთი ნაკვეთი გვაქვს ტყის პირზე ურწყავი და ქვიანი. იქ მოსავალი ვერ მოგვყავს და ამ 6 წლის წინათ კაკლის ხეები დავრგეთ 60 ძირი. პირველი ნიშანი შარშან მოგვცა, ორ-სამ წელიწადში მსხმოიარობაში შევა და მერე ნიგოზიც არ მექნება საყიდელი და ჩურჩხელის წარმოებაც იაფი დამიჯდება.
მაშინ, როცა კახელი გლეხის ნაშრომს, ყურძენს და ღვინოს, ფასი დაეკარგა და ტყემალი ყურძენზე სამჯერ მეტი ღირს, გლეხები ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ გავზარდოთ შემოსავალი ჩვენივე საშუალებების უკეთ და გონივრულად გამოყენებით. (2007, კახეთი)
წარმოიდგინეთ ახლა ელემენტარული, არანაირი საშუალება რომ არ გააჩნია სოფლის ქალს ხვალინდელი დღის უკეთესობაზე რომ იფიქროს. დღევანდელი მისი პრობლემა არის ის, იფიქროს იმაზე, რომ ხვალ მის შვილს ჰქონდეს პური და ხვალ მისი შვილი არ მოკვდეს მშიერი. დამიჯერეთ, რეალურად არანაირი საშუალება არ არსებობს, რომ ქალმა გამოიყენოს თავისი უნარი და შესაძლებლობა. ეს, მე მგონი, მარტო ჩვენთან კი არა, მთელი ქვეყნის პრობლემაა. ამისთანა სიტუაციაში ქვეყანა დასაღუპად არის განწირული. ადამიანის მიზანი და საფიქრალი რომ იქნება, რომ ხვალ რა ვაჭამო ჩემს შვილს და ამით მთავრდება - ეს ქვეყნის დაღუპვაა. (2007, რაჭა)
ჩვენ გვინდოდა ,,კონსტანტაში“ კრედიტის აღება. მე მინდოდა 5 000 ლარის აღება. მაგრამ თანხაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი იმიტომ, რომ თუ არა გაქვს დაწყებული ბიზნესი, ისინი საერთოდ არ გელაპარაკებიან. დაწყებული უნდა გქონდეს საქმე, საბანკო ანგარიშები ბანკში გახსნილი, რა მოგება გაქვს, როგორ მუშაობ და ყველაფერი. ანუ დარეგისტრირებული უნდა იყო როგორც კერძო პირი ან როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ან შპს, ან სხვა რამ. ჩვენ უარი გვითხრეს იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიყავით დარეგისტრირებული. დარეგისტრირებას არაფერი არ უნდა, ეგ არ არის პრობლემა... ამასთან ერთად უნდა გქონდეს ნამუშევარი ნახევარი წლის მაინც და აჩვენო შედეგები - რა გაქვს იმ ნახევარ წელში.
მოგვთხოვეს გირაო. ოქრო შეიძლება, სახლი შეიძლება, თბილისში თუ გაქვს. მე ნამდვილად არა მაქვს ბინა თბილისში, ოქრო კიდევ მე თვითონ მაქვს დაგირავებული. სოფლის სახლს კიდევ არავინ გირაოში არ მიიღებს.
ის კი არის, რომ სასოფლო-სამეურნეო კრედიტი თუ გინდა აიღო, მაშინ ვენახების პასსპორტს მიიტან და კრედიტს იძლევიან. მხოლოდ მარტო ვენახისთვის არის ის, ბიზნესისთვის არა. ვენახს მოწამლავ, მოუვლი და რასაც იქ გააკეთებ, იმისთვის გაძლევენ კრედიტს. და მერე იხდი, მოსავლის მიღების შემდეგ. არის ასეთი კრედიტი, მაგაზე უარს არ გეტყვიან. ამას აკეთებს სახალხო ბანკი.
ჩვენთან, საგარეჯოში, ხალხმა აიღო შარშან. ზოგმა მოსავალი ვერ მიიღო და რა არ გაყიდეს რომ სესხი დაეფარათ. ბევრმა ვერ დაფარა და ეხლაც რომ აქვს ვალი, ისიც ვიცი.
სასოფლო-სამეურნეო საქმეზე ძალიან ძნელია კრედიტის აღება. ეს ყველაფერი ბუნებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ბუნებამ გაგინადგუროს.
მე რომ 5 000 ლარი მინდოდა კრედიტად, იდეა ბევრი მქონდა. მინდოდა მაღაზია გამეკეთებინა, მინიმარკეტი, ან ეს საქმე, მეფრინველეობა დამეწყო... ორივეს ვერ შევძლებდი. ერთ-ერთი მინდოდა გამეკეთებინა, რომელზეც მომცემდნენ თანხას. მაგრამ არცერთზე არ მომცეს. (2007, კახეთი)
ბავშვობის ოცნებად მაქვს დარჩენილი და დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი, რომ იყოს საშუალება, საქონლის ფერმას. დღეს-დღეობით ყველაზე მომგებიანია ეს. ვერავინ ვერ შემოგედავება, შენმა ძროხამ სამი ლიტრა მოიწველა თუ ათი ლიტრა. დღეს ერთს მოიწველის, ხვალ სხვას.. ვიღაცა რომ დაგვეხმაროს და დაფინანსება იყოს, შეიძლება ამის კარგად გაკეთება. მინი-ქარხნის გაკეთებაც შეიძლება მერე, ყველ-კარაქი, საკუთარი არაჟანი რომ გამოუშვა და სხვა. აქ პრობლემა იმაშია, რომ თვითონ საქონლის შეძენაა ძნელი. (2007, ქართლი)
ჰერეთისკარის საბავშვო ბაღში. 2006
ჩემს წიწილებს ახლა აბსოლუტურად ყველაფერს ვაჭმევ, რაც საჭიროა. საკვებად ვაჭმევ ხორბალს, რომელიც ვიყიდეთ და კიდევ ნარევს: ხორბალი მაქვს დაფქული, პრემიქსი და ქატო ერთმანეთში არეული, როგორც ,,კომბიკორმა“. პრემიქსი საკვები დანამატია. ყველა ვეტაფთიაქში იყიდება თბილისში. აქაც არის, საგარეჯოშიც არის. 25 თუ 30 კილოგრამიანი ტომრებით იყიდება. ერთი კილო ორნახევარი ლარი ღირს. წიწილებს წამალიც უნდათ აუცილებლად. უწამლოდ არ შეიძლება. როგორც შეხედავ წიწილას, შეატყობ, რომ რაღაც ჭირს. თუ ყველაფერს გააკეთებ, კარგია. თუ ნახევრად აჭმევ, ისე კარგად ვერ გაზრდი, რა თქმა უნდა.
ჩემი ვაჟი აქ არის. გოგო გათხოვილია. ამ 100 წიწილაზე მე მოხმარებით არავინ მეხმარება. მარტო ვზრდი მათ. ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა. (2007, კახეთი)
ძირითადად ჩვენს სოფელში არის ხილი. ციტრუსიც არის, ჩაიც. ჩაის კულტურა იყო ძალიან განვითარებული. ამ პერიოდში ცოტაღა შემორჩა. ძალიან მცირე კაპიკებით აფინანსებენ, რომ ის გაწმინდონ და მოუარონ. მიტოვებული ჩაი ამასობაში ველურდება და ფუჭდება სარეველით. და შარშან იყო, რომ ვისაც სურვილი ჰქონდა, წმენდნენ ამ პლანტაციებს, რა თქმა უნდა ანაზღაურებას აძლევენ მათ და ამის შედეგი იყო ის, რომ გადარჩა პლანტაციის რაღაც ნაწილი.
ადრე საკუთრების ფორმა იყო ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს იყო ამ არჩევნებამდე. ეხლა უკვე რიონმა წაიღო. ხალხი იჯარით იღებს, მოსავალი მიაქვს ფაბრიკებში და ხდება გადამუშავება.
ძირითადად ჯიხაიშში ჭარბობს ტყემალი, ატამიც ბევრია, თხილიცაა. თხილი ძირითადად ბიზნესისთვის აქვთ. მოსახლეობას მოსავალი მიაქვს ძირითადად სამტრედიაში.
ზოგს დიდი ნაკვეთი აქვს იჯარით აღებული - ხუთი ჰექტარი, ზოგსაც ათი. მათ ჰყავთ თავისი მყიდველი და ადგილზე მისულებს პროდუქტს აძლევენ საბითუმო ფასში. მაგრამ თვითონ გლეხი, რომელიც თავის მიწაზე თვითონ მუშაობს, რომელიც თავის მიწაზე თავისით რაღაცას მოიყვანს, ის უკვე თვითონ მიდის ბაზარში და თვითონ ყიდის მას. ანუ შემოსავალი, დიდი თუ მცირე, ასე თუ ისე, თითქმის ყველა ოჯახს აქვს.
ეხლა ყველა საქონელზეა გადასული და ამას რეალიზაციაც აქვს სამტრედიაში. ადგილზე ხდება ცნობის აღება, რომ რამე პრობლემა არ იყოს. ხდება დამოწმება, რომ ეს საქონელი არის ნამდვილად ამა და ამ ადამიანის, ანუ გარდა სამედიცინო შემოწმებისა, უნდა ცნობა პოლიციიდან, რომ ეს კონკრეტულად მისი ძროხაა, რომ ეს არ არის მოპარული.
ბათუმში უფრო გააქვთ ყველი. ერთი ადამიანი, ან რამდენიმე, ვინც ამაზე მუშაობს, აკრეფს ერთიანად თავისი აყვანილი ოჯახებიდან. ისინი სულგუნზე უფრო მუშაობენ. მათ ფრინველიც ჰყავთ, ქათამიც და კვერცხიც.
ანუ, ოჯახი თუ ძალიან გაჭირვებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არა აქვს, არა ჰყავს არც ფრინველი, არც საქონელი, ან მოხუცები არიან, ამ შემთხვევაში მუშაობს პროგრამა, რომელიც ,,ჯიპიაი“ სადაზღვევო ჰოლდინგმა დაიწყო. ესეთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მართლა უკიდურესად გაჭირვებულები რომ არიან, აძლევენ პოლისს. 4452 მცხოვრებიდან ასეთ მდგომარეობაში არის 426 ადამიანი. (2007, ქვემო იმერეთი)
ინდაურები მოვიფიქრე, წამოვიწყე ინდაურის ბიზნესი, ცოტა რომ ამოქაჩულიყო ეს ჩემი მდგომარეობა. ჩვენი მეზობელი ქალია და ინდაურებს ამრავლებდა. თბილისქალაქობისთვისაც ხო გამოჰქონდა და ახალი წლისთვის კიდე ისეთ ფულს აკეთებდა, ძალიან ბევრს. ვიფიქრე მეც მოვამრავლებ-მეთქი..
ვიყიდე ორი ინდაური. მამამ ფეხსაცმელი რომ გამომიგზავნა, ის გავყიდე აქვე, სოფელში იაფად ისე, რომ ის ორი ინდაური მომსვლოდა. ვიფიქრე ძველებით გავალ იოლას, ვიყიდი ინდაურებს და მომავალ წელს გავყიდი-თქო, და ჩემთვისაც ვიყიდი და მამასთვისაც-მეთქი. თავიდან მყავდა ორი, დედალ-მამალი. თან ხომ ვკლავდით კიდეც, მარა იმდენი ვქენი, მეორე წელს თორმეტნი დამირჩნენ. იმ თორმეტივეს რომ გამოეჩეკა რამდენი იქნებოდა! თავიდან ხომ ფეხსაცმელები გავყიდე და ინდაურები ვიყიდე, მერე სამი ინდაური გავყიდე და ფეხსაცმელები ვიყიდე. იქ ახალ წელსაც დავკალით და ვიღაცასაც ვაჩუქეთ და ეს თორმეტი დავტოვეთ, რომ უნდა დაგვესვა, ამ თორმეტიდან თითო თხუთმეტს მაინც ხომ გამოჩეკავდა სულ მცირე, და უკვე კარგი იქნებოდა. სულ ჯანსაღები დავხოცეთ. თან რამხელა ინდაურები! თავის დროზე წამალი სჭირდებოდათ თუ რამე, ყველანაირად დავამუშავეთ. ჩემმა დედამთილმა კარგი მოვლა იცის ინდაურებისა, პირველ წელს ადგილიც არ გვქონდა ცალკე სადმე. ეგენი ხომ ცოტა ძნელი მოსავლელები არიან, როგორც პატარა ბავშვები, უსუსურები არიან, სითბო უნდათ. თავიდან ოთახში არ შემოვაყვანინე, სუნია და ბავშვი ხომ ცოდოა-მეთქი (ბრონხიალური ასთმა აქვს). ძალიან ბევრი რომ დაიხოცნენ ეს ჭუკები, მერე ვთქვი, არა, რას ამბობ, რა დროს ეგ არის-მეთქი და შემოვიყვანეთ. ჩვენთან გვყავდა. მერე კი ის თორმეტი, უკვე დასასმელები, იმხელები, სულ ჯანმრთელები დავხოცეთ. ეს ქათმის გრი პიო, და სულ დავხოცე მე თვითონ სახლში, 12 ინდაური და 9 დედალი ქათამი. არადა, ის 12 ინდაური რომ დაგვესვა, უკვე მთელი ფერმა იქნებოდა. მთლად ჯანმრთელი ინდაურები და ქათმები დავხოცეთ. მერე ზოგს ვის ვუგზავნიდით, ზოგს ვის, ახლობლებს. ვინღა ყიდულობდა... ცოცხალ ინდაურებს ბაზარში იხვეწებოდნენ, ორ ლარად ყიდდნენ. ხალხი ვერც თავისთვის იმეტებდა, იმდენად იყო გამწარებული. ნაყიდი ჰქონდა, გამრავლებული, ვერც იმეტებდა რომ დაეკლა სახლში თვითონ, და ის ორი ლარიც ფული იყო მისთვის. მთელი ბაზარი სავსე იყო. ეს იყო ორი წლის წინ, აი მაშინ, ჭიპაშვილი რომ გამოვიდა და გამოაცხადა ქათმის გრიპიაო. ერთი თვე არც კი, ორი კვირა ველოდეთ და დავხოცეთ ჩვენით. თანაც ჩემს გოგოს ხომ ბრონქიალური ასთმა აქვს, ხშირად ახველებს. ზამთრის პერიოდი იყო და იძახიან ამ დროს, რომ ეს ქათმის გრიპიც იწყება ხველით და სამ დღეში კვდებაო ადამიანი. მე ვთქვი, რა დროს ინდაურია, ბავშვმა რომ დაახველოს, იმის ხველას ხომ უნდა გადავყვე ის სამი დღე და სულ ერთიანად ამოვწყვიტეთ ინდაურიც და ქათამიც. რა დროს ხორცი იყო, ისე ვიყავი შეშინებული. ის ორი კვირა ხომ გავწამდი. ხან ინდაურს ვუყურებდი, ხან ბავშვს... თანაც როგორი იყო იმისი დაკვლა. ჩემი დედამთილი თან კლავდა, თან ტიროდა, ისეთ დღეში იყო ქალი. ოთახში ვზრდიდით იმ ინდაურებს, ისე ვუვლიდით, და ჭუკის და მათი სკლინტის სუნში ვიყავით სულ. ...
ეხლაც მაქვს მაგის ინტერესი. ძალიან მინდა ისევ მოვამრავლო მაგრამ ვერა და ვერ შეგროვდა სამაგისო ფული. (2007, კახეთი)
მე თბილისელი ვარ. ეხლა თბილისში მყავს ბავშვები. აქეთ ვარ გამოთხოვილი. რაც ამ სოფელში ჩამოვედი, სულ რაღაცას ვაკეთებ, რომ რაღაცით თავი ვირჩინო. იმიტომ, რომ ფაქტიურად ეხლა სახლში ვზივარ. ისე ბაგა-ბაღში ვმუშაობდი თბილისში ათი წელი. არც ბაგა-ბაღი არსებობს ამ სოფელში. ვიფიქრე ამის გახსნაზეც. იყო აქ ადრე ბაღი. ფასიანი, ღირდა 15 ლარი. ბაღისთვის ეს თანხა არაფერი არ არის, მაგრამ მშობლისთვის ფასია, იმიტომ რომ მშობელს უჭირს. ფული არ არის. ბაღში დადიოდა 10-12 ბავშვი.
მინდოდა აგრეთვე სიმღერის და ცეკვის წრე გამეკეთებინა. როგორც, მაგალითად, ბასტი-ბუბუ. მასწავლებელიც გვყავს, ძალიან კარგი გოგო, ნიჭიერი. ცეკვის მასწავლებელიც გვყავს, არაჩვეულებრივი. უბრალოდ, იყო შენობის ქირის პრობლემა და ინსტრუმენტი გვინდოდა. მე ისეთი იდეა მქონდა, რომ, ვთქვათ, მშობელს უნდოდა ეტარებინა ბავშვი ამ წრეზე და თანხა არა აქვს. გადაიხდიდა ამ თანხას პროდუქტით: კვერცხი იქნებოდა, ლობიო თუ სხვა რამ. გავხსნიდით რაღაც პატარა მაღაზიას და იმ პროდუქტს იქ გავყიდდით. შეიძლება თბილისშიც რომ წაგვეღო ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, მაგრამ იქ ქირაა დიდი გადასახდელი. იგივე, ვთქვათ, შეიძლებოდა ეს მაღაზია გაკეთებულიყო აქვე. აქაც გაიყიდებოდა. შარშან, მაგალითად, ჩვენს სოფელში მთელი ზამთარი ლობიოს ერთმანეთისგან ყიდულობდა ხალხი, იმიტომ რომ ლობიო არ მოვიდა. მე ძროხა მყავს, სხვას არ ჰყავს, ხაჭო მაქვს, სხვას არ აქვს. ანუ მე ჩემს სერვისს ვყიდი ნატურაში. შეიძლებოდა ამ პროდუქტის გატანა თელავშიც და იქ გაყიდვა...
შეხვედრა გობრონეთში. 2007
ფაქტიურად საქმეს რომ ვაკეთებ, თან სულ ვფიქრობ. რა შეიძლება რომ გავაკეთო.
მე, მაგალითად, მთელი ზამთარი თავი იმით ვირჩინე, რომ ტორტის და ნამცხვრის ,,ზაკაზებს“ ვიღებდი. ტორტი იშვიათად უნდათ აქ, ნამცხვარი კი სკოლაში მიდის. ნაპოლეონებს ვაცხობდი და თბილისში თუ ღირს 70, აქ ღირს 30 თეთრი. თანაც ირგვლივ თითქმის ყველამ უკვე აითვისა როგორ უნდა ელემენტარულად ტორტის გამოცხობა. (2007, კახეთი)
კლასში სულ ოცდაშვიდი მოსწავლე ვართ, მაგრამ მე უფრო მეტად ოთხთან ვამხანაგობ: მარისთან, ნატოსთან, ბექასთან (ვისაც გეოგრაფიის წიგნი ვეთხოვე) და ნიკასთან, რომელიც, ამავე დროს, ჩემი ნათესავიცაა. ბედნიერი ვარ იმ მხრივ, რომ ძალიან კარგი ამხანაგები მყავს.
პენსიას ვიღებ თვრამეტ ლარს. ცოტა ხნის წინ დიდი წვალებით გამიკეთეს ოცდაორლარიანი დახმარება და მე რომ თოთხმეტი ლარი გეოგრაფიის წიგნში მივცე, რა ვჭამო. ამიტომ ამ წიგნს ვთხოულობ, რვეულში გადავიწერ ხოლმე გაკვეთილს, რომ პატრონს დროზე დავუბრუნო, მოასწროს სწავლა. მე კი ღამე დავჯდები და ვსწავლობ. ალბათ გაგიკვირდებათ, გადაწერაში დროს რაღას კარგავსო, მაგრამ ხომ მინდა განვლილი მასალის გასამეორებლად. ამიტომ ორმაგად ვწვალობ და ვიწერ. თუმცა ცხოვრებამ ისე დამტანჯა, რომ სწავლაც აღარ მაინტერესებს. ძირითადად სამები მყავს. ეს ნიშნები ცხოვრების გამო მყავს. ასეთი დატანჯული ცხოვრება რომ მაქვს, სწავლის გული აღარ არის. ახლა მე დავდივარ საბუის საშუალო სკოლის 10-ე კლასში. ეხლაც, ალმატში ვიყავი გადმოსული იმიტომ, რომ წიგნი მეთხოვა და გაკვეთილი მესწავლა. მთელ კლასში მარტო ეს ერთი გეოგრაფიის წიგნი გვაქვს. მეც ვერა ვყიდულობ. თოთხმეტი ლარი ღირს და საშუალება არა მაქვს. ზოგი წიგნი, ნახმარი, ძლივს-ძლივობით იაფად ვიყიდე, ზოგი კიდევ მათხოვეს. გეოგრაფიის წიგნი კი სხვა წიგნებთან შედარებით საკმაოდ ძვირი ღირს და ვერა ვყიდულობ. (2004, კახეთი)
სასკოლო ავტობუსი კახურად. 2007
მე თვითონ ექთანი ვარ პროფესიით, ბავშვთა ბაღში ვმუშაობდი. ბავშვები ბევრია სოფელში ძაან, მაგრამ ბაღია თვითონ შემცირებული. რა ხდება ამ ქვეყანაში... თავიდან, მე რომ ვმუშაობდი, ექვსი ჯგუფი იყო და ეხლა არის ერთი. ძალიან დიდი და კეთილმოწყობილი შენობა იყო, მაგრამ აღარაფერი აღარ არის უკვე. საწოლები იქ არ არის და ერთადერთი ოთახია დარჩენილი პირველ სართულზე, სადაც ერთი ჯგუფია მხოლოდ 25 ბავშვით, ორნახევრიდან ექვს წლამდე. ვერ ღებულობენ მეტს. ტევადობა არ არის. დაფინანსება არ არის. ზამთარში შეშის ფულს მშობლები დებენ თვეში ხუთ ლარს. კიდევ ისე იყო, რომ მეოთხედი პური ჩვენ უნდა მიგვეტანა ბავშვისთვის. იმ მოკრეფილი ხუთი ლარიდან საჭმელს ყიდულობენ. მთავრობა არ გვაფინანსებს საერთოდ. ადრე პურს გვაძლევდნენ მაინც. ჯაბა ქარსელაძე რომ არის მომღერალი, იმის ბებია იყო გამგე და თვითონ მან, ქალბატონმა ნუნუმ შეინარჩუნა ეს ბაღი. თვითონ მომღერლის მამა უწევდა პატრონობას ბაღს, ეხმარებოდა ხელფასის გაცემაში. ბავშვები ძალიან ბევრია, მაგრამ ვერ დაჰყავთ მშობლებს. (2007, გურია)
ქალთა შეხვედრა მიკროსაკრედიტო ინსტიტუტების
წარმომადგენლებთან და ფონდის „ღია საზოგადოება
- საქართველო“ აღმასრულებელ დირექტორთან. 2006
ერთი რაღაც რომ მაინც გამოჩნდეს სოფელში... ვთქვათ, რამე დაფინანსდეს, ერთი ბიზნესი მაინც. ჯერ რომ ჩაგვიტაროთ და გვასწავლოთ, მერე რაღაცის რწმენა მაინც გაუჩნდება ამ ხალხს. ვიღაცა რაღაცას ამბობს, იმას ამბობს, ამას. მაგრამ იმან ეს დააფინანსა, ამან ეს მურაბა გააკეთა და ვიღაცამ გაუსაღა, ესეთი რამეები არ ხდება ჩვენთან. თორემ ტონობით სამურაბე კაკალია სოფელში დამზადებული, ტონობით.
ეს ტრენინგები ჩვენც გვჭირდება, ძალიან კარგი იქნება, ჩვენგანაც თუ ვინმე გაივლის მაგას. ვიღაცამ რომ გვასწავლოს როგორ გავაკეთოთ, რა გავაკეთოთ, საიდან დავიწყოთ.
აი, ჩემს მეზობელ ბიჭს ტონობით აქვს დამუშავებული სამურაბე კაკალი. იმას რეალიზატორი არა ჰყავს. იქით მეზობლის ქალსაც - ასე. ელოდება ქალაქიდან ვიღაც ჩამოვიდეს, წაიღოს სპეკულაციურ ფასებში. ძალიან ხშირია, რომ უფუჭდებათ კიდეც. წასაღები ფულიც კი არა აქვთ. იქ ოთხი-ხუთი დღე ხომ მაინც უნდა დარჩნენ რომ გაყიდონ, არა? თვითონ ჭამა უნდათ, ბინა უნდათ, რისი საშუალებაც არა აქვთ. იგივე, როცა ამ კაკლის მურაბის წარმოებაზე იყო ლაპარაკი, ის გლეხის ქალი მე მეუბნება, კი გავაკეთებ და არა მარტო მაგასო. მეუბნება, რომ მაყვლის კომპოტი შეიძლება გაკეთდეს, რომელიც ბაზარზე მომგებიანია. შვინდი, რომელიც გზებზე შეიძლება რომ დაიკრიფოს, ტყეში დაიკრიფოს. ჟოლოც შეიძლება. ამაში არ დაგვჭირდება თანხა და მარტო გაკეთებაში მჭირდება დახმარებაო. მეუბნება, მომიწყვე სამუშაო ადგილი, - მაგიდა უნდა, წყალი უნდა, თუნდაც გასარეცხად. ეს პატარა ადგილი მოვაწყოთ და მე მაქვს ენერგია და ვიცი როგორ უნდა გავაკეთოო. მაგრამ პირობები რომ შევქმნა, ამისთვის თანხა მჭირდება, და მე არა მაქვს ეს თანხა.
გლეხმა იცის ძალიან კარგად, რომ ბაზარში ჭარხალი და სტაფილო არის იმპორტი. ის ამბობს, შემიძლია მე ესეც ვაწარმოო, მაგრამ მე მაქვს იმხელა ნაკვეთი, რომ იქ რაც მომყავს, ჩემს ოჯახს სჭირდება. მე რომ მქონდეს ფული, რომ ვიქირავო ნაკვეთი, ვიქირავებ და მე იქიდან მოვიტან ამ ბოსტნეულს. (2007. კახეთი)
სამუშაო შეხვედრა სამეგრელოში. 2007
მე მქონდა ჩანაფიქრი მინი საკონსერვო წარმოება რომ გაკეთებულიყო... სახლის პირობებშიც რომ გაკეთდეს ნატურალური წვენები, მურაბა, ჯემი. მაგრამ ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული. (2007, ქართლი)
მე, მაგალითად, წლიდან წლამდე ვიღებ კრედიტს, რომ შვილების სწავლის ქირა გადავიხადო. მერე ვიხდი ამ კრედიტებს და ვარ გაწამაწიაში. მაგრამ მაინც ვწვდები რაღაცნაირად.
კრედიტი გამომაქვს ბანკი ,,რესპუბლიკადან“, თვეში ვიხდი 2%25. ახლა 500 ლარი გამოვიტანე, ნაწილი გადახდილი მაქვს და სანამ დარჩენილ 250 ლარს არ გადავიხდი, არ მძინავს. მეშინია, ძალიან მეშინია... 500 ლარი რომ გავაფორმე ბანკში, 480 ლარი გამოვიტანე, დაზღვევის 20 ლარი იქვე დამიკავეს. ისე, 500 ლარზე მიწევდა 582 ლარის გადახდა.
ბიზნესისთვის ადრე სოფლიდან კრედიტისთვის არავის მიუმართავს. ჩვენ ქალთა კავშირმა ვარდების სათბური გავაკეთეთ. ქალთა ფონდმა დააფინანსა. კვირაში იყიდება სადღაც 200 ცალი. ჩაბარებით იაფად იყიდება საკმაოდ, მაგრამ მაინც ხომ იყიდება და რაღაც იმედიც არის. ხუთი ქალი დასაქმდა იქ. ახლა გადავწყვიტეთ რომ დავაკალმოთ და ნერგები გავყიდოთ. ნერგის ფასი სხვადასხვაა, ნერგს გააჩნია. დიდი ჰოლანდიურის ნერგი ექვსიდან თორმეტ ლარამდე ღირს. ჩვენ გვინდა კიდევ ოთახის ვარდები გამოვიყვანოთ და დიდი გეგმები გვაქვს.
ჩვენ არ ვიცით ბიზნესის წარმოება იმ დონეზე, რომ გავბედოთ კრედიტის აღება. გვეშინია. მოცემით კიდევ ვფიქრობ, რომ პირადად მე მომცემენ, რომ მივიდე. მაგრამ საერთო საქმისთვის არ გვიფიქრია ამაზე ვინმესთვის მიგვემართა. იქნებ მოგვცენ კიდეც, მაგრამ ვერ გავბედავთ... მაშინ საქმე ისე კარგად უნდა იცოდე, მისი მომავალი წარმართვა, ბოლომდე, რა და როგორ წავა ის საქმე, რომ შენ დარწმუნებული იყო, მართლა გარისკო და აიღო ეს კრედიტი.
ქალაქში გვეგულება ქალები, რომლებმაც აიღეს კრედიტი, მერე ვერ აწარმოეს საქმე და ზოგი თვითმკვლელობამდეც კი მივიდა. საშინელი მდგომარეობა იყო. ვიცი ასეთი შემთხვევა, რომ ერთმა თავი ჩამოიკიდა. ძლივს მიუსწრეს და უშველეს. (2007, სამეგრელო)
აჭარაში ადრე იყო თამბაქო მაღალმთიან რაიონებში. სიმინდი ჰქონდათ. უფრო ქვემოთ - მანდარინი, ციტრუსი, ჩაი. ეს ყველაფერი გახდა უკვე პრობლემური: ან მოვლა აღარ შეუძლიათ ოჯახებს, ან განადგურდა ძირითადი კულტურები, ან, ციტრუსის შემთხვევაში, გატანის პრობლემაა და ბაზრის პრობლემაც. შარშან, მაგალითად, გადაყრა მოუწია ბევრ ოჯახს მანდარინის და ციტრუსის იმიტომ, რომ ვერ გაიტანეს და ვერ გაასაღეს. ჩაი ადრე ეკუთვნოდა კოლმეურნეობებს, კოლექტივებს და მათ შემდეგ არ მოხდა ამის დანაწილება, ანუ გადაცემა საკუთრებაში. ამიტომ განადგურდა ის. მე მგონი, ეს იქნებოდა ძირითადი მიზეზი. რომ მომხდარიყო ამ დიდი პლანტაციის საკუთრებაში გადაცემა, ყველა ადამიანი მოუვლიდა თავის ფართს, ან სხვა რამეს დათესავდა. უმეტესობა მაინც განადგურებულია უყურადღებობის გამო. (2007, აჭარა)
ეხლა როგორი თანაფარდობაა, იცით? კომუნისტების დროს საუკეთესო ხარისხის მატყლი ღირდა 15 მანეთი, როცა კვერცხი ღირდა 10 კაპიკი და დღეს კვერცხი ღირს 25 კაპიკი და მატყლი ღირს 2 ლარი. მაგ კუთხით ცხვრის შენახვას აზრი არ აქვს. მაგრამ 2 000 სული რომ გყავს და რომ გაიპარსება, მაგალითად თითო ცხვარი ორ კილოს და სამ კილოს მატყლს რომ მოგცემს, მაინც თანხაა. სხვაგან მოსავალს უნდა უყურო. არჩევანი არა გაქვს. მატყლის გარდა ბატკანს ყიდი, ცხვარს ყიდი, ხორცია, ბოლოს და ბოლოს.
თურქები ჩამოვიდნენ და გაცალეს, თუკი სადმე ტყავი გვქონდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ტყავის დამუშავება. უამრავი წაიღეს აქედან, იქ ამუშავებენ, შემოაქვთ და იქით გვევაჭრებიან უკვე დოლარებზე. აქედან წაიღეს კაპიკების ფასად. ეგრე ბევრი რამე წაიღეს. სულ რომ შემოიარო მთელი რაიონი, რკინის ნაჭერს ვერ იპოვნი. (2007, ყაზბეგის რაიონი)
გადარჩენილი ღორები გურიაში. 2007
ღორებზე წელს რა გააკეთეს? ყოველდღე სულ მწვადებს ჭამდა ხალხი, უკვე ყელში იყო ამოსული. მაშინ იყო და, ქათმის გრიპი რომ გამოაცხადეს, ქათმის ხორცი იყო ესე, ხალხი ერთმანეთთან რომ მიდიოდა, ქათმის ხორცს აღარავინ აღარა ჭამდა. წელს კიდე ეს ღორის ხორცი... თუკი ვინმეს ჰქონდა, მაცივრები გამოტენეს, უაზროდ ჭამდნენ და უაზროდ არიგებდნენ. ბევრმა არ დახოცა და დაეხოცათ. აგერ სამასი ღორი დაეხოცა ერთ ადამიანს, სამასი ღორი! ,,ვერტალიოტებით“ დაფრინავდნენ და რაღაცა ფხვნილს ყრიდნენ. იმ ფერმაში, სადაც სამასი ღორი ჰყავდათ, ჩემი ამხანაგი მუშაობდა, იმანაც თქვა, როცა ეს ღორები დაეხოცათ, ზუსტად მაგ პერიოდში დაფრინავდნენ ფერმის თავზე ვერტალიოტებიო. ეხუმრები, ამდენი ღორი! ჯერ ქათამსაც აქვს ფასი და ახლა ღორისა თქვი, ამხელა ღორები, საშინელებაა... რატო, და რისთვის ქნეს, არ ვიცი. შილდაში თუ შაქრიანში არ იყო, კაცს რომ ინფარქტმა დაარტყა?! ახალგაზრდა კაცი ყოფილა, რაღაც გაუყიდია, მერეც ყველაფერს იკლებდა და სამი წლის განმავლობაში ამრავლებდა ამ ღორებსო. დახოცილები რომ დახვდა ღორები, გული გაუსკდა და მოკვდა. (2007, კახეთი)
მსგავსი ტიპის მოხსენებითი ბარათი არასდროს არ დამიწერია, ამიტომ წინასწარ ბოდიშს ვიხდი ჩემს ორატორულ მონაცემებზე.
იმისთვის, რომ კიდევ უფრო მძაფრად გამოგვეხატა ჩვენი პროტესტი ტყის ჩეხვასთან დაკავშირებით, ამისთვის ჩვენი აზრით იდეალურ ვარიანტს მივაგენით.
ჩვენი ღორების ფერმის მშენებლობა დავიწყეთ ისეთ ადგილზე, სადაც ერთ მხარეს ტყეა, ხოლო დანარჩენ სამ მხარეს - სახერხები. ამ სახერხებში ყოველდღე იხერხება და იყიდება ჩვენი სოფლის ტყე. მათი დამოკიდებულება ჩვენ (ქალების) მიმართ არის ირონიული, დამცინავი. მათ არ სჯერათ, რომ ჩვენ რამეს გავაკეთებთ. სანამ მშენებლობას დავიწყებდით, ჩვენზე ხუმრობდნენ, ბიზნესმენი ქალები მოდიანო. თანდათან შეხედეს, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ და საქმე წინ მიდის, პროტესტი გაუჩნდათ მათაც და იქვე მდგარი ტრანსფორმატორიდან, რომელიც თურმე ამ სახერხებს ეკუთვნის, დენის გამოყვანის უფლება არ მოგვცეს, თუმცაღა ეს არანაირად არ დააზარალებდათ.
მუშაობის პირველ დღეს, როდესაც ოთხივე ქალი მივედით ნაკვეთში უროებითა და „ლაფატკებით“ შეიარაღებული, რათა შენობის საძირკველი გაგვეჭრა, სიცილი დაგვაყარეს, პატრონი არა გყავთო? ჩვენ დავიწყეთ საძირკვლის გაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მხერხავებისა არაფერს არ აკეთებდნენ, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ოთხ ქალს, რომლებიც საკმაოდ მაგარ მიწას უროებითა და ,,ლაფატკებით“ თხრიდნენ, მიხმარებოდნენ.
ჩვენ ერთმანეთს ვენაცვლებოდით, ყველაზე ძნელი მიწის მოთხრა იყო, ამიტომ ხან ორი თხრიდა და ორს გათხრილიდან ამოჰქონდა, ხან პირიქით. ხელებზე ,,მაზოლები“ გაგვიჩნდა, მაგრამ მუშაობას თავს არ ვანებებდით. პირველი საათისთვის მაიას ქმარი მურთაზი მოვიდა და საქმე უფრო ჩქარა წავიდა. 3.00 საათისთვის მოვაწყეთ სადილი და დიდი დასვენება. პირველი დღე იყო, ამიტომ ყველას განსაკუთრებული სამზადისი გვქონდა წამოღებული, ქეთინოს კი კარგი ალუბლის ლიქიორიც წამოუღია, ხოდა კარგად მოვილხინეთ, დავლოცეთ დაწყებული საქმე, ცოტა დავისვენეთ და ისევ საქმეს შევუდექით, უკვე ნელი ტემპით. ცოტა ხანში მამუკა და გოგიც მოვიდნენ და სადღაც 7 საათისთვის შენობის საძირკველი 20х6 მ-ზე გათხრილი გვქონდა. მართალია, სახლამდე ძლივს მივლასლასდით.
მეორე დღეს მოვიდა ხელოსანი გოდერძი, რომელიც გვეხმარება მშენებლობაში, და თხრილის სიღრმე დაგვიწუნა და დაიწყო თავიდან ამოღრმავება. მთელი დღე მოვანდომეთ.
მესამე დღეს, იმის გამო, რომ ჩვენი შეკვეთილი ცემენტი იგვიანებდა, 10 ტომარა ვისესხეთ და დავიწყეთ საძირკველის ჩასხმა. იმ საღამოს ქეთინოსთან შევიკრიბეთ და გავაკეთეთ მორიგეობის სია. საქმის გარდა ჩვენ ოჯახებიც გვქონდა და იმათთვისაც ხომ უნდა მიგვეხედა. ამიტომ ეს სია ძალიან დაგვეხმარა. ორი ისვენებდა და ორი მუშაობდა. დასვენებული ორი აკეთებდა სადილს მომუშავეებისათვის. მოკლედ ეს სისტემა დღემდე წარმატებით მუშაობს.
საძირკველის ჩასხმას და შემდეგ მის გაშრობას ოთხი დღე მოვანდომეთ. შემდეგ დაიწყო ,,აპალოკის“ შეკვრა და კედელის (დაახლოვებით 50-60 სმ) ჩასხმა. საკმაოდ მძიმე სამუშაო გამოდგა. კაცები ამზადებდნენ ,,რასტვორს“, ჩვენ მოგვქონდა წყალი, და ვუგროვებდით ქვებს, რათა ჩაეტანებინათ კედელში. მოტანას პატარები. მოკლედ, ურიკებით დავრბოდით წინ და უკან. სამ დღეში კედელი ჩავასხით, ეხლა სამი დღე უნდა მოგვეცადა, სანამ კედელი გაშრებოდა.
იმის გამო, რომ დასვენების დღე იყო, ყველა სადღაც წავიდა, მე და ნინო - სოკოზე, კაცები - შეშაზე და ასე შემდეგ. სოფელში მარტო ქეთინო და მაია იყვნენ და მაინცდამაინც მაშინ მოიტანეს ექვსი ტონა ცემენტი. საბრალო გოგოებმა მარტომ, მხოლოდ მძღოლს შეეცოდა და ისიც ეხმარებოდა, ჩამოცალეს ,,კამაზიდან“ ამდენი ცემენტი. საღამოთი, როცა სახლში დავბრუნდით, საწყლები წელშეხვეულები დაგვხვდნენ.
ვეჯინის საბითუმო ბაზარი. 2007
მე მანქანა მყავს, ამიტომ მარტო გოგოები დავდიოდით მასალების შესაკვეთად. ზოგან ჭრიდა, როცა ხრეშის მოტანაზე მოსალაპარაკებლად მანდილოსნები მიდიან. მაგალითად, ვიცოდით, რომ ერთი მანქანა ხრეში 120 ლარი ღირდა, ჩვენ კი 100 ლარად მოგვიტანეს. ბევრგან არ ჭრიდა, მაგრამ ჩვენ აქეთ-იქით სიარულში უფრო დავმეგობრდით და უფრო კარგად გვესმის ერთმანეთის და ვგრძნობთ, რომ ერთად უფრო მეტ რამეს გავაკეთებთ. საქმეში რომ კაცებს არ ჩამოვუვარდებით, ეს ხომ ფაქტია. არც ურო გვეშლება და არც ,,ლაფატკა“, არც ,,რასტვორის“ მომზადება. ერთი ვერ გამოვასწორეთ ჯგუფში, და ეს არის მაია, რომელსაც თურმე ხუმრობა არ ესმის, არადა ჩვენ სულ ვხუმრობთ, ხოდა თავიდან მაია სულ გაბუსული დადიოდა, ეხლა ნელ-ნელა ვაჩვევთ.
ძალზე სახალისო გამოდგა ჩვენი ქერის ყიდვის ისტორია, როცა ოთხივე ქალბატონი ჩემი მანქანით წავედით ხაშურში, სადაც ბაზარში 40 თეთრზე იაფად ვერ ვიშოვეთ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვევლო მიმდებარე სოფლები და უშუალოდ გლეხებისგან გვეყიდა. მართლაც ასე მოვიქეცით. რამდენიმე სოფლის მოვლის შემდეგ ყიფიანთუბანში 30 თეთრად ვიყიდეთ. მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ როდესაც ვეუბნებოდით, პასპორტის მონაცემები გვჭირდება, იმისთვის, რომ მართლა თქვენგან ვიყიდეთ ქერიო, უარს ამბობდნენ, აღარ ვყიდითო, თქვენ წახვალთ და საგადასახადო მოვაო და ამ ფულს სულ ბიუჯეტში შეგვატანინებენო. ჩვენ დაუღალავად ვუხსნიდით, რომ ეს ასე არ მოხდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ერთი კარგი ადამიანი გამოჩნდა, გუგულია ძია, რომელიც უშიშარი აღმოჩნდა და მისი სოფლელებისაგან ნაყიდი ქერი მასზე გავაფორმეთ. ასევე დაგვპირდა, რომ ქერის წამოღების დროს (სანამ მშენებლობას არ მოვრჩებით, ქერი ვერ მოგვაქვს) ყველანაირად მოგვეხმარებოდა.
ამ ერთი თვის მანძილზე, რაც მუშაობა დავიწყეთ, ბევრი ლამაზი და საინტერესო, ასევე მძიმე დღეები გვქონდა.
დღევანდელი დღის, 18 ოქტომბრის, მონაცემებით ფერმის (20 მეტრი სიგრძე და 6 მეტრი სიგანე) კედლები აშენებულია, დაგვრჩა დახურვა და შიდა სამუშაოები.
ქეთევან კარელიძე (პროექტის დირექტორი)
(2005, ტიმოთესუბანი, ბორჯომის რაიონი; ფონდის ,,ღია საზოგადოება - საქართველო“ ქალთა პროგრამის პროექტის WP/02/05-13392 მიმდინარეობის ანგარიში)
ბაზარს რაც შეეხება, იორმუღანლოს ბაზარზე გამაქვს. ახლავე რომ გავიყვანო ეს ასივე წიწილა, უცებ გავყიდი. ეს ბაზარი ისეთია, რომ მთელი კახეთის ხალხი მოდის აქ და თბილისიდანაც კი მოდიან. აქ ცოტა იაფი რომ ღირს, ყიდულობენ და ქალაქში ყიდიან უფრო ძვირად. ეს ბაზრის საკითხი პროექტში არ დამიწერია და კიდევ - სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელსაც ვერ გათვლი. ბევრი რამეა ისეთი, რაც ამას სჭირდება, რასაც მე თვითონ ვაპირებდი ჩემი მხრიდან, ჩემი ხარჯით.
500 ფრთის ყიდვას ერთბაშად იმიტომ აქვს აზრი რომ, თუ გინდა, რომ მოიგო რაღაცა, მეტი უნდა გყავდეს. რაც უფრო მეტს იყოლიებ, მით უფრო კარგია. შეიძლება უფრო ნაკლებ საკვებზე უფრო კარგად გამოკვებო და კარგადაც გაზარდო. მაგრამ 500 ფრთაზე ნაკლები ფაქტიურად არ ღირს.. (2007, კახეთი)
ხილი არის აქ ძირითადი შემოსავალი. შარშან ისე იყო, რომ ერთი ვედრო ხილი არ გაგვიტანია. ნატრულები იყვნენ ბავშვები. წელს არა უშავს, იმდენი ბალია, ალუბალიც. ვყიდით, როგორ არა, ვყიდით...
როგორ ხდება გაყიდვა, იცით? ტრასაზე, გზისპირზე არის საბითუმო ბაზარი. ყველას გააქვს იქ, რამდენიც აქვს მოკრეფილი. იქ ყიდულობს ვაჭარი და მიაქვს მერე ერგნეთის ბაზარი იქნება თუ ბაზრობაზე, თუ ორჯონიკიძეში, თუ თბილისში, თუ ბათუმში. თუ იქით ვერ გავიდა, ჩაწოლილია და კაპიკის ფასია.
ერთხელ ვერ გავყიდე მე აქ ჩვენი ხილი და წავედი თბილისში. იქვე ვაგონში, მატარებელშივე დადიან ვაჭრები და საუკეთესოს ყიდულობენ. სანამ მყიდველთან მივა, ნახეთ რამდენი ხელი გამოდის: მე გლეხი ხომ ვარ და ჩავიტანე, აქვე იყიდა ვიღაცა ვაჭარმა და შემდეგ იმან გაყიდა კიდევ სხვაზე. ანუ თქვენ ძირითადად ყიდულობთ მესამე ან მეოთხე პირიდან. ამიტომ თბილისში გასაყიდი ფასი არის, ვთქვათ, ოთხი ლარი, როცა ჩვენ ვყიდით ლარად.
თუ, მაგალითად, ვერ გავყიდეთ ვაჭრებთან, ბაზარში მიგვაქ. წავიღეთ ასე ერთხელ ჩვენით და, ჯერ ერთი, არ შეგვიშვეს, არ დაგვაყენეს. დეზერტირების ბაზარში მივედით პავილიონთან, ნახევარი საათი ვიდექით და ველოდებოდით. რომ ვკითხეთ, სად წავიდეთ-თქო, პასუხი იყო ასეთი - სადაც გინდათ იქ წაიღეთ, აქეთ არ შემოხვიდეთო. მერე ხვეწნა-ხვეწნით, როგორც იქნა, შეგვიყვანეს. იმიტომ რომ იქვე ვაჭრები აჯანყდნენ - ესენი აქ რას დაგვიყენეო და სხვა გზა არ ჰქონდათ. ოთხი ლარი მაშინვე წაგვგლიჯეს, ვითომ ადგილისთვის, და არც კი მიგვითითეს, სად დავმდგარიყავით და დახლიც არ მოგვცეს. დავდექით ისე, რაღაც ვიწრო ადგილას. ჩემს ბიჭს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მე კიდევ მასწავლებელი ვარ. ეტყობა სახეზე გვეტყობოდა, რომ არ ვიყავით ვაჭრები და ეს თბილისელები პირდაპირ ჩვენსკენ მოდიოდნენ. რაც მე იქ მადლობები მიხადეს, მეკითხებოდნენ, ხომ არ ჩამოხვალთო კიდევ... ერთხელ ერთ ბებოს ჩავუყარე წონით მეტი და თვითონ ამოიღო, ეს ზედმეტიაო და გადმოყარა გვერდზე. სულ მოკითხვებს მაბარებდნენ გორელებთან. ერთი სასწაული მოხდა კიდევ, არ დამავიწყდება. ერთი ქალი მოვიდა, ინტელიგენტი იყო, აშკარად ეტყობოდა, ან ლექტორი, ან მასწავლებელი. მოვიდა და მეუბნება, შვილო, გაუფრთხილდი კასრს და სასწორსო. მაინც მომპარეს სასწორი. სამმა ქალმა გამაფრთხილა და მაინც მომპარეს.
თავიდან ვყიდდი ლარში და 30 თეთრში. მერე გავტრიპაჩდი და ორი ლარი ვთქვი რაღაც ჭროღა ბალზე. იმას მეტად ყიდულობდნენ. ერთი ქალი მოვიდა ჩვენთან. მერე აღარ იყიდა, ეტყობა ეძვირა, და წავიდა გვერდზე. ცოტა ხანში მომიტანა და მკაცრი სახით მეუბნება, დამიმატეო. ვუთხარი ამ ქალს, მე კი დაგიმატებთ, მაგრამ ჩემგან არ გიყიდიათ, ქალბატონო, და რატომ-თქო. ავუხსენი, რომ რომ მე სხვა ჯიშსა ვყიდი და თქვენი კიდევ სხვა ჯიშია-მეთქი. მაშინ ამიწონეო. ავწონე და 300 გრამი აკლდა ერთ კილოს. მერე კი გვითხრა, თქვენ ამათნაირი არა ხართო... ალბათ ამიტომ მომპარეს სასწორი. (2007, ქართლი)
ჩვენ სოფელში ორი სკოლა გვაქვს. ცენტრში დიდი სკოლაა და იქ 500-მდე ბავშვია. ჩვენს უბანში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ არის მეორე სკოლა, რომელიც გადავხურეთ ჩვენ და ფაქტიურად დანგრევას გადავარჩინეთ, იქ არის 150 ბავშვი. დღეს ჩვენ ფაქტიურად გველოდება დახურვა. ეს ბავშვები დარჩებიან უსწავლელები. იმიტომ რომ კახათში ვერ წავლენ. არის შემთხვევები, ბავშვი სკოლაში არ მოდის და ჩვენ ვიცით რატომ არ მოდის. ვერ მოდის... ფეხი უცივდება, ფეხსაცმელი არა აქვს, წყალი შესდის. ცივა ბავშვს. ზამთარში უჭირს მოსვლა. ეს ყველაფერი ფაქტიურად თრგუნავს ახალგაზრდობას და მათ არა აქვთ სურვილი ოჯახი შექმნან და შვილი გააჩინონ. ამიტომ წელს პირველ კლასში მოდის მხოლოდ შვიდი ბავშვი. (2007, სამეგრელო)
ჩვენი რაიონი საერთოდ ღარიბი რაიონია. აი ზოგან რომ ორჯერ და სამჯერ მოდის მოსავალი და კარგი მიწაა, ისე არ არის საჩხერეში და ღარიბ რაიონად ითვლებოდა. და ძალიან წვალობდა მოსახლეობა, ძირითადად სიმინდი მოჰყავდათ, და იყო მევენახეობა. დანარჩენი - ნაკლებად. ჩვენ გვქონდა ბამბეულის ფაბრიკა, დიდი კომბინატი, რომელიც დანგრეულია ეხლა. ადრე კი უმეტესობა იქ იყო დასაქმებული. ეხლა, ერთადერთი, ქველმოქმედი აფინანსებს სკოლებს და მასწავლებლებს. ის თუ რამეს ხელს მოკიდებს, თვითონ აკეთებს დამოუკიდებლად ყოველთვის ყველაფერს. და სხვანაირი შემთხვევები, მაგალითად კრედიტის, არ გამიგია. (2007. საჩხერე, იმერეთი)
უბანს არა აქვს საბავშვო ბაღი. 25 ბავშვი ზის სახლში. იმ შვიდი ბავშვიდან არცერთმა არ იცის ქართული, ყველა მეგრულად ლაპარაკობს. ვერცერთი ვერ არჩევს ფერს. როცა ბაღი არ არის, ბავშვს არა აქვს ის დაწყებითი განათლება და ის მომზადება, რაც პირველკლასელს სჭირდება, არც ფიზიკური და არც გონებრივი. მთელი ერთი ტრიმესტრი ჯული, მახსოვს, იმაზე წვალობდა, რომ გარეთ გასვლა როცა უნდოდა ბავშვს, მასწავლებლისთვის უნდა ეთხოვა და ვერ ახერხებდა. ესეთი პრობლემები ბევრია... (2007. სამეგრელო)
ახალგაზრდობა ვინღაა აქ? ეგ კი არა, ბავშვებსაც აღარ აჩენენ. ნათესავი გვყავს ბებიაქალი. გუშინ შეგვხვდა სწორედ და ორი კვირაა ესე ვზივარ უმუშევარიო, გვითხრა. მშობიარეებიც კი არ შემოდიანო. მარტო გზის ფულს ვხარჯავო, წადი, წამოდი. ისიც ჩემი ჯიბიდანო. ხელფასი კაპიკები აქვთ. ძირითადად იყვნენ მშობიარეები, რომ ჩუქნიდნენ ფულს, იმაზე, და იმათ პატრონებს შეჰყურებდნენ თვალებში, რომ ფული აჩუქონ. უნდა დავანებო თავი ამ სამსახურსო. ქალი დაბერდა იქ, ბებიად მუშაობს, ისიც კი ამბობს, ნეტა რაღაც ვნახო და სადმე წავიდე აქედანო, რომ რაღაც შევუქმნა ჩემს შვილებსო. (2007, კახეთი)
300 კომლი ცხოვრობს დაახლოებით ამ სოფელში. ძალიან მშრომელი ხალხია. ძალიან პატიოსანი. მისდევენ ძირითადად მევენახეობას და მაგით ირჩენენ თავს. კოლმეურნეობის დროს ძალიან ძლიერი იყო სოფელი. ხალხი კარგად ცხოვრობდა. მე მგონი, ყველას, თითქმის, კაპიტალური სახლი აქვს იმ დროს აშენებული.
კოლმეურნეობა იყო საკმაოდ ძლიერი, სახელად ერქვა ,,მეგობრობა“ და სამი სოფელი იყო იქ შეერთებული: ჯუღაანი, ართანა და სანიორე. სანიორეში იყო კოლმეურნეობის კანტორა, თავმჯდომარეც აქ იყო და აქედან ხდებოდა იმ საქმიანობის გაძღოლა. იყო მოწინავეთა შორის და ხალხიც კარგად ცხოვრობდა. დამხმარე მეურნეობებიც იყო ადრე. მაგალითად ვარდის პლანტაცია იყო. მოჰყავდათ განსხვავებული კულტურები, გერანს ჰგავდა, ისეთი. ეთერზეთების ქარხანა რომ იყო ნაფარეულში, იქ აბარებდნენ ამ მოჭრილ მცენარეს და იქიდან ზეთი იხდებოდა.
კიდევ ბოსტნეული, ბახჩეული, საზამთრო, ხახვი, ლობიო, თუ რამე არსებობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, ყველაფერი მოჰყავდათ ადრე სოფელში. და ძალიან ძლიერი მაცხოვრებლები იყვნენ. დღეს კი ყველას ძალიან უჭირს. მართალია დარიგდა აქ მიწები, როგორც საერთოდ ყველგან, მაგრამ მოვლა უჭირთ, ძირითადად. თუკი რამდენიმე ძლიერი ოჯახია, მარტო ის ამუშავებს, დანარჩენს ძალიან უჭირს იმის მოვლა და მიწის დამუშავება. რჩებათ მოუხნავი, დაუთესავი. მთელი სოფლის მაცხოვრებლების ძირითადი მასა მუშაობს სხვის ვენახებში და საკუთარს ვერ უვლის. არა აქვთ საშუალება. და იმის გულისთვის, რომ ყოველდღიური საჭმელი, მართლა ლუკმა-პური მოიპოვონ, დღიური მუშები ხდებიან.
ცოტა ძლიერად ვინც ცხოვრობს, იმას ან დიდი რაოდენობით ნაკვეთები აქვს აღებული, ან ვიღაც ,,ასპონსორებს“. და ესეთ ხალხთან მუშაობენ დანარჩენები. არის რამდენიმე პიროვნება ასეთი ამ სოფელში. ეს მესაკუთრეები, მართალია აქაურები არიან, მაგრამ სპონსორები ჰყავთ მათ, ფული მოდის და ესენი უბრალოდ აწარმოებენ საქმეს, როგორც მოურავები.
ერთი მეპატრონე იყო აქ, სიქუაშვილი, გარდაიცვალა ის. მას იჯარით ჰქონდა აღებული მთელი ეს დიდი მიწები, ვენახები. ანუ ის, რაც კოლმეურნეობიდან დარჩა გაუნაწილებელი მას შემდეგ, რაც ხალხს დაურიგეს. ჩვენს სოფელში მაშინ კომლზე ერთი ჰექტარი მიწა დაარიგეს. მერე ზოგს, ვინც აქ მაცხოვრებელი იყო, ეხლა ქალაქშია წასული და ისე კი აქაურია, იმასაც კი მისცეს 25 მეასედი.
ადრე, ქალები ძირითადად სახლში აცხობდნენ პურს, არც არავინ არ ყიდულობდა სხვაგან. მაგრამ ეხლა ისე იღლებიან, ბევრს ურჩევნია დღის ბოლოს ერთი-ორი პური იყიდოს, იმდენად გადაღლილები არიან. განსაკუთრებით იმ პერიოდში მაინც, როცა აქ ესეთი ინტენსიური მუშაობაა.
ხორბალიც იმდენი აღარ ითესება. ადრე ბევრს ჰქონდა. პირველად რომ განაწილდა ეს მიწები, სულ ჰექტარებზე ეთესათ ხორბალი და ყველას თავისი პური ჰქონდა თავის სახლში მოყვანილი ხორბალით. ეხლა - ნაკლებად. უკვე ვეღარ თესავენ. ძალიან გაჭირდა ყველაფერი. ძვირი უჯდებათ და მოსავალი ცოტა მოდის. ეს არის ფაქტიურად გადაყრილი ფინანსები. რასაც დახარჯავს გლეხი, ძლივს ინაზღაურებს.
ამის გამო ეს მიწა ზოგს ისე აქვს მოცდენილი. ეს ის მიწებია, რომელიც მაინც აქვთ თავისთვის შემონახული ესე სათესებისთვის, ასე 25-50 მეასედები.
ბევრმა ძირითადად საფერავი გააშენა. ეს მას შემდეგ, რაც ფასმა აიწია. ოთხი-ხუთი წელია, რაც საფერავმა და წითელმა ღვინომ წამოიწია და იმ მიწებზე, სადაც ადრე ხორბალს და სიმინდს თესავდნენ, დაიწყეს საფერავის გაშენება. ჩვენც, მაგალითად, რქაწითელი კი გვქონდა, და ის რომ ძალიან გაუფასურდა, საფერავიც გავაშენეთ ეხლა.
შარშან პრეზიდენტმა რომ დაიძახა ამ ყურძნის თაობაზე, ფაქტიურად გაიყიდა მთელი ყურძენი, არავის არ დარჩა, ჩვენც გავყიდეთ. ასეა თუ ისე, შემოდგომაზე რაღაცა ფული მაინც არის, რაღაცა მოდის. თუ, მითუმეტეს, ხელს შეგვიწყობენ, მაგრამ... იმაზე ხომ არ არის, რამდენჯერ დაიძახებს პრეზიდენტი, მოდით და იყიდეთო... ჩვენთვის კი კარგია, მაგრამ სტაბილური არ არის ასეთი საქმე. ყოველ წელს ხომ ვერ მოხდება ასე.
მე ახლა არ ვმუშაობ, სახლში ვზივარ ძალიან დიდი ხანია. ვმუშაობდი თბილისში კვების მრეწველობის საპროექტო ინსტიტუტში, ენერგეტიკოს-ინჟინერი ვარ სპეციალობით და ტექნიკურ განყოფილებაში ვიყავი უფროს ინჟინრად. მერე მოხდა ამ ინსტიტუტის ლიკვიდაცია. ამასობაში დედა გამიხდა ძალიან ცუდად. იქაც ისეთი არეულობა იყო, რომ საერთოდ ყველა სამსახურები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა. საერთოდ აღარაფერი აღარ იყო. ეს ქალიც, ვატყობდი, რომ ვეღარ იყო კარგად და საერთოდ მოვეშვი თბილისს. წამოვედი რომ ამას მივხედო, გამოვაკეთო და იქნებ შეიცვალოს-მეთქი მერე ყველაფერი. ისე, ნამდვილად არ მინდოდა აქეთ წამოსვლა.
მაგრამ მერე მოხდა ისე, რომ დედაჩემს ყველაფერი გაურთულდა, გაურთულდა დღითი-დღე და წლითი-წლობით. და მთელი ათი წელი ესე ჩავრჩი. რომ იტყვიან, ასე ხელში ძალით მეკავა ქალი: არაფერი არ შეეძლო არც ფიზიკურად, აღარც გონებრივად, აღარც მოძრაობდა. ბოლო სამი-ოთხი წელი საერთოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს. ასე ვიყავი, იმას ვუვლიდი და ჩავრჩი აქ. დედა სამი წლის წინ გარდაიცვალა.
და ეს სამი წელი ვწვალობ რანაირად არა. ასაკი გაქვს დიდიო, ყველგან ამას მეუბნებიან და არსად აღარ მღებულობენ. დავიღალე უკვე. მინდოდა რაღაც ცოტა ისეთი, ცოტა მაღალანაზღაურებადი სამსახური თანამედროვე რაღაცა ინსტიტუტებში. ბანკში მინდოდა. ჩავაბარე გამოცდებიც. ,,პროკრედიტში“ იყო გამოცხადებული კონკურსი, მაგრამ გამოცდებს ვაბარებ და მერე გასაუბრებიდან მემშვიდობებიან ასაკის გამო. მერე ვუსაყვედურე, მაშინ უნდა მიუთითოთ ასაკის შესახებ-მეთქი. რატომ მაწვალებთ, მე დავიღალე. ,,ვითიბი ბანკის“ ფილიალი გახსნეს კიდევ თელავში და იქაც, აქაც, სად არ ვიწვალე ორი წელი და შევეშვი ბოლოს ყველაფერს. ამიტომ მთელი ეს ბოლო ერთი წელი ვაცხობ ნამცხვარს.
ეს ჩემი ძმაც უმუშევარია. თან ისეთი ავადმყოფობა გადაიტანა, მიკროინფარქტი ჰქონდა. შარშან ზაფხულში იმით მეწვა საავადმყოფოში. წელს რაღაც ონკოლოგიური ჩარევა დასჭირდა და ონკოლოგიურში გავუკეთეთ ოპერაცია. და თუ რამე შემოსავალი გვქონდა, იქ ჩაგვექცა ყველაფერი. ფაქტიურად მე ვაარსებე ის. მამაჩემის პენსია გვაქვს ეხლა 38 ლარი და ეს არის ჩვენი შემოსავალი.
უბრალოდ სახლში რაღაც მოგვყავს. მამაჩემი ძაან მშრომელი კაცია და ღმერთმა კარგად ამყოფოს, წვალობს და ამით ვართ. და ასეა ფაქტიურად ყველა. ჩვენ კიდევ კარგად ვართ, ისე ძალიან უჭირს აქ ხალხს.
აქედან სამუშაოდ სადმე წასვლაზე ფიქრიც არ მინდა. არ შემიძლია, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს, მეშინია კიდეც და მირჩევნია ისევ აქ ვიწვალო, ვიდრე იქ წავიდე. არადა ერთადერთი გზა ეგა აქვთ გამონახული ამ ხალხს. მიდიან ძირითადად ქალები. საერთო სიტუაციაც ხომ ესეთია მთელ საქართველოში და აქაც ეგრეა. თითქოს ესე ჩამოყალიბდა. თითქოს ეს ქალი გადამრჩენია ოჯახის და კაცებმაც სიამოვნებით მიიღეს ეს ტვირთის გადაბარების ამბავი... თუმცა კაცები კი ძალიან მშრომელები არიან. მაგრამ ძირითადად ეხლა ქალები მიდიან იქ მოსამსახურეებად, ოფიციანტებად და რა ვიცი კიდევ რაზე.
აქედან ბევრია წასული. ადრე თურქეთში დადიოდნენ სავაჭროდ. მიჰქონდათ საქონელი და იქ ყიდდნენ. აი, საბჭოთა პერიოდიდან რაც იყო შემონახული, ყველაფერი მიჰქონდათ. ეხლა ხომ აქ უკვე ძვირია ესენი, მაშინ იაფი იყო. მიჰქონდათ შპალერიც კი, რკინეული, სპილენძი, ალუმინი, ძვიფასი ლითონები და ნაკლებად ძვირფასები, ქსოვილები, მატყლი, რომელიც მაშინ აქ იაფი იყო, და ელექტროსაქონელი. ყველაფერი, თუკი რამ იყო შემორჩენილი მაღაზიებში ან საწყობებში. არადა იქ ეს საკმაოდ იაფად იყიდებოდა. იყო თურმე ხალხი, რომელიც ამას ყველაფერს ერთბაშად ნაკლებ ფასში ყიდულობდა. ჩვენებს კი იქედან ფული მოჰქონდათ, რომ იმ წუთში, იმ მომენტში შეენახათ ოჯახები. მაშინ ჩვენთან სასტიკი არეულობა იყო, ანუ - პირველი ნგრევის პერიოდში და მომდევნო წლებში. ეხლა აქეთ ძვირია ყველაფერი და პირიქით იქიდან მოაქვთ.
ეხლა ძირითადად მიდიან საბერძნეთში, ესპანეთში, მოსამსახურეებად, ოფიციანტებად, ციტრუსის ბაღებში სამუშაოდ. ესპანეთში, მაგალითად, ყოფილა ვენახებში მუშაობა. აქ ვენახებს ტოვებენ და უხმებათ, და იქ იგივეს მუშაობენ, იმიტომ რომ ანაზღაურება არის. ფაქტიურად აბსურდული სიტუაციაა. აქ კი ინგრევა ყველაფერი.
აი, ჩემი კარის მეზობელი ბიჭია ესპანეთში წასული. ამბობენ, ვენახში მუშაობსო. აქ ვენახში არც შესულა, ისე ხანდახან თუ მიეხმარებოდა მამას. მაგრამ ახალგაზრდა კაცს უჭირს მთელი წელი იმუშაოს ამ ვენახში და მერე ელოდოს ამ მოსავალს. მას ყოველდღიური შემოსავალი, ყოველდღიური რაღაცა პატარა ფული უნდა ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის, თუ საჭმელია, თუ სიგარეტი უნდა. აბა ისე როგორ გაჩერდება კაცი? ასაკიანი ხალხი მაინც მიჩვეულია ამას და ასეა თუ ისე, იტანენ.
სკოლა გვაქვს სოფელში. რაღაც ისეთი ლაპარაკებია, თითქოს ემუქრება დახურვა. ესეთი გაჭირვება რომაა სოფელში, მოიკლო ძაან ბავშვებმაც. ბავშვები იმდენი აღარ ჰყავთ ოჯახებს, შობადობა შემცირდა. ამ სკოლაში ალბათ ერთი 100 ბავშვი იქნება. ზუსტად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში 300 ბავშვზე ნაკლებია. მგონი ამბობენ რაღაცას სკოლების შეერთებაზე... არადა სანიორეს საშუალო სკოლა იყო ერთერთი საუკეთესო, როგორც ჩვენი კოლმეურნეობა ქუხდა ადრე. სულ დელეგატები და შრომის გმირები იყვნენ აქედან გაგზავნილები მოსკოვში რომ ყრილობები იმართებოდა, იქ, მედლებით და გმირის ორდენებით.
სკოლაც ესეთი იყო. მარტო ჩემს კლასში 30 ბავშვი ვიყავით. აქედან ათმა ბავშვმა დავამთავრეთ სულ ხუთებზე და ვერცერთს ვერ მოგვცეს მედალი იმიტომ, რომ ვერ გამოგვარჩიეს. ერთმანეთზე უკეთესები ვიყავით ყველანი. ერთი ოთხიანი დამიწერა მე საკუთარმა მამიდამ, რომელიც მათემატიკის მასწავლებელი იყო. იმან დამიწერა: არ იცი ისე კარგადო, სხვები ვერ გაბედავენ და ისევ მე დაგიწერო. იმ წელს ჩვენს სკოლაში არცერთი მედალი არ გაუციათ. თუმცა მერე პირველ წელსვე ჩავაბარე უმაღლესში...
ერთი ძალიან ძლიერი ბავშვი გვყავდა, უნიჭიერესი იყო. იმაზე მართლა ვერავინ ვერაფერს ვიტყოდით, მედალი თუ მიეცემოდა. მაგრამ იმას ქართულში უჭირდა, თემას ვერ წერდა და გამოცდაზე ოთხიანი მიიღო. განსაკუთრებით მათემატიკური ნიჭი ჰქონდა და იმავე წელს სულ ხუთებით მოეწყო პოლიტექნიკურში სამშენებლო ფაკულტეტზე. მერე ძალიან გართულდა იმისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქიურად რაღაც დაემართა. ორი წლის წინ გარდაიცვალა, თავი ჩამოიღრჩო. ჩემი კლასელი გოგო ჰყავდა ცოლად. მოსწონდათ და უყვარდათ თურმე მანამდე ერთმანეთი, და დარჩა ახლა ეს გოგო ასე ქვრივად...
უმაღლესში რომ მოვეწყვე, იქაც ოთხიანი მივიღე მათემატიკაში. მამიდა იცინოდა, გაამართლეო, ხომ გითხარი, ოთხიანზე მეტად არ იციო. ზეპირში ხუთი დამიწერეს. ალბათ საუბარში და გამოკითხვაში უფრო მეტი შევძელი.
სკოლის მასწავლებლის გარდა აქ სოფელში მეტი სამუშაო არ არის. თუმცა არის აგრეთვე სახელმწიფო საბავშვო ბაღი და საკრებულო, სადაც რწმუნებული ჰყავთ ერთი, და ერთი, მგონია, მდივანი თუ ბუღალტერი. ადრე ერთი ათამდე თანამშრომელი იყო. იქაც სულ შეამცირეს, დაითხოვეს ხალხი.
სკოლაში მასწავლებლობა რომ მეცადა, არც მიფიქრია, ნამდვილად ვეღარ შევძლებდი ამას. იმიტომ რომ მე ეხლა უნდა დავჯდე და თავიდან უნდა ვისწავლო ყველაფერი. მე ვერ შევალ კლასში და ვერ მოვატყუებ ბავშვს. ალბათ, რომ მომენდომებინა, შევძლებდი, მაგრამ არ მიმაჩნია ეს ჩემს საქმედ და ვფიქრობ, რომ ტყუილად უნდა გავიწვალო თავი.
სოფელში არის პოლიკლინიკაც. სხვათა შორის, კარგი კლინიკა გვაქვს. ეხლა გახსნეს, გაარემონტეს. რამდენიმე დღის წინ უგულავა იყო ჩამოსული. ისე, ჩვენთან დიდი სტუმრები მობრძანდებიან ხოლმე ხშირად.
ის კაცი რომ იყო, სიქუაშვილი, ხშირად იმასთან ჩამოდიოდნენ. ახლა იმის ბიზნესს სხვა პატრონი ჰყავს, ისინი მუშაობენ და ხალხს ამუშავებენ. ამბობენ, რომ იქ რაღაც-რაღაცეებს ყიდიან უკვე, რომ ეს საქმე როგორმე აწარმოონ. ანუ გაუჭირდათ. რაღაც ხდება... არ ვიცი. ყველაფერი უფრო და უფრო ქვევით მიდის. ყველა იმას ამბობს, არ ვიცით ბოლოს რა იქნებაო...
გრანტის ხელშეკრულების ხელმოწერა ჩურჩხელის ბიზნესისთვის. 2007
ძალიან ხშირია ოჯახში კონფლიქტებიც. არაფერი რომ არა აქვთ, სახლში საჭმელი რომ არა აქვთ, ჩაცმა არა აქვთ, ყველაფერზე გაღიზიანებულია ადამიანი და ბევრი ახალგაზრდა ამიტომაც სვამს. თანაც სასმელი ხომ არის აქ. სხვათა შორის, ისინი უფრო სვამენ, ვისაც არა აქვთ. აი, ჩვენი მარანი სულ სავსეა ღვინით, არც იყიდება ეს ღვინო და სულ აქედან მიაქვთ და მიაქვთ. ხან ვინ გვთხოვს და ხან ვინ. ანუ ისინი სვამენ ძირითადად, ვისაც არა აქვს საერთოდ, ან თავისი ცოტა ჰქონდა და უკვე გამოწრუპეს და ახლა ჩვენ გვთხოვენ. ეხლა ზაფხულისკენ რომ გადავა უკვე, და უკვე ყველას რომ შემოელევა, სულ თხოულობენ.
მართალია, ეს ძველი სუფრის ტრადიციები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი და ღმერთმა ნუ ქნას, რომ სულ გადაშენდეს. ძალიან კარგი ოჯახებია აქ ძალიან ბევრი, აკი გითხარით. ძალიან მშრომელი ხალხი იყო ესენი და მართლა ყველაფრის კულტურა ჰქონდათ. იმიტომ რომ, როცა ადამიანმა შრომა იცის და შრომის დამფასებელია, ის ყველა ფასეულობების მიმდევარია.
ეს კი არის, მაგრამ ის პატარა ბიჭები როგორ სვამენ და იქ რა კულტურა აქვთ, არ ვიცი.
აქაურები თბილისისკენ მიისწრაფიან, მაგრამ იმდენი არა. თუ წავლენ, უფრო საზღვარგარეთ. თბილისში სამუშაოდ - ნაკლებად. ეს ჩვენი ხალხი, ძირითადად, შრომობდა და ვაჭრობა მათ არ ეხერხებათ. მართალია, ძირითადად ეხლა გადიან სოფლებიდან თუნდაც თბილისისკენ, ან რუსეთისკენ და დიდი ქალაქებისკენ, უფრო სავაჭროდ. ანუ სხვა რა უნდა გააკეთონ იქ: იყიდონ და გაყიდონ. ჩვენებს ესეც არ ეხერხებათ. ასეთები ერთეულები არიან მხოლოდ. მასიურად - ნამდვილად ვერ ვიტყვი.
ამ მხრივ სპეციფიური სოფელია. ვაჭრობა არ ეხერხებათ და ვერც გადიან. ამიტომ ისევ აქ ტრიალებენ, შრომობენ და ცოტა დახმარება რომ ჰქონდეთ რაღაც... ყველაფერი ძალიან ძვირია და მართლა უჭირს ხალხს.
ეხლა მაგალითად, ვენახი რომ გაგვიკეთეს, ისეთი ძვირი ფასი დაგვიდეს და გადაგვახდევინეს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ვენახი დიდია. ჩვენთან, მაგალითად, მამაჩემი კი შრომობს და მე კი ვეხმარები, მაგრამ ამდენს ვერ შევძლებთ იმიტომ, რომ ეს საქმე უნდა გაკეთდეს ძალიან მალე, ორ-სამ დღეში, რადგან მერე უცბად შეიძლება დაავადება დააჩნდეს და უნდა მიუსწრო იქამდე.
აქ ადრე ვარდის პლანტაცია იყო გაშენებული და იკრიფებოდა ვარდი. საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გაშენებული, აქვე იყო, ზუსტად ჩვენი სახლის უკან. პატარები ადრე დედას მივყავდით და ჩვენც გვიკრეფია ის ვარდი. შრომას გვაჩვევდა ალბათ. ძალიან მშრომელები იყვნენ ორივე, დედა და მამა, და პატიოსანი შრომით ცარიელ ადგილზე ააშენეს ყველაფერი. არავითარი სხვა შემოსავალი მათ არ ჰქონდათ. აქ იკრიფებოდა ვარდი. ფშაველში იყო საკონსერვო ქარხანა და იქ ხარშავდნენ მურაბას აქედან წაღებული ვარდით. ეთერზეთების ქარხანა კი იყო ნაფარეულში. იქ ვარდიდან ზეთს ხდიდნენ. თავისი პლანტაცია იქაც იყო. ეხლა აქაც ამოიძირკვა ეს და იქაც. აქა-იქ არის მხოლოდ შემორჩენილი ბუჩქები. (2007, კახეთი)
უმრავლესობას სოფელში გვაქვს ბოსტანი. ზოგს დიდი, ზოგს პატარა. გააჩნია რამდენი მიწა გაქვს და რამდენი გჭირდება. ამ დილას ახლა, შვიდი საათი არ იქნებოდა, ჩავედი ბოსტანში, მოვრწყე, ვთოხნე. შვილი და რძალი არ არიან სახლში და მე გავაკეთე ყველაფერი.
შვილი სამი მყავს. ორი თბილისშია, მეუღლეები მუშაობენ და იქ ცხოვრობენ. ერთს პურის ქარხანა აქვს. მეორე სიძე, ავეჯის ქარხანა რომაა, იქ მუშაობს. ჩემი ბიჭი, მანქანების გარაჟი რომაა, ,,ატეკაში“ არის ინჟინერ-მექანიკოსი. პრაქტიკაზე იყო კაზახსტანში. ქარხნებში იყო, ინსტიტუტი აგზავნიდა. ვოლოგდაშიც ნამყოფია პრაქტიკაზე, კიევშიც. რომ დაამთავრა, ოზურგეთში წავიდა სამუშაოდ. სამი წელი მუშაობდა ქარხნებში. დღეს ბათუმშია. მეუღლე ბათუმელია. უმაღლესდამთავრებულია და ყოჩაღია ძაან. ოჯახში რძალია ჩემთან და ერთი შვილი ჰყავთ. ძირითადად აქ ცხოვრობენ ჩემთან. სოფელი უყვარს ჩემს ბიჭს და ჩემს რძალსაც უყვარს. ოზურგეთში დადის ტრანსპორტით, მიდის და მოდის.
ჩემი სიძეები აქაურები არიან, მაგრამ თბილისში მუშაობენ. ისე თბილისში ბევრია წასული ძაან. მშენებლობაზე მუშაობენ ძირითადად. აგერ ჩემი მეზობელი თბილისში მშენებლობაზე მუშაობს ფიზიკურად და ოჯახს არჩენს ამით. რა ქნას.
ერთ ჩემს სიძეს ბებია და ბაბუა ჰყავს აქ, შემოქმედში. ისე, თბილისში დაბადებული და გაზრდილია. ხოდა შეუყვარდა ჩემი გოგო და წეიყვანა თავისთან თბილისში. ახლა იქ ცხოვრობს, იქ ჰყავს დედა და ასე...
მთავრობაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული, როგორ შეგიწყობს ხელს. სოფელში მუშაობა რომ იყოს, ქალაქში არავინ არ წავა.
ჩაის პლანტაციები მოსპეს, ჩაიზე მოთხოვნა არ იყო და ჩაის ფაბრიკებიც დაიხურა. ზევიდან რომ ყოფილიყო დიდი ზეწოლა, ალბათ არ იზამდნენ ასე. ყველამ მოთხარა და მის ადგილას გააშენეს ძირითადად თხილი. თუ არა და გვიმრები და ველური ბალახია მოდებული ამ მიწებზე. რომ გადახედო შეგეცოდება. გამხმარი გვიმრებია სულ მათ ადგილას. (2007, გურია)
არაშენდაში ცხოვრობს 700 კომლი, დაახლოებით 1700 კაცი. სოფელი დიდია, მაგრამ მიტოვებული. ბევრი სახლი აჭედილია. ახალგაზრდობა მთლიანად მიდის ქალაქში, თბილისში. ამათ საზღვარგარეთ წასვლის საშუალება არა აქვთ. მთელი სოფლიდან სულ ორი ადამიანია წასული. ერთი ამერიკაში, სატვირთო მანქანაზე მუშაობს. მეორე - არ ვიცი. ფაქტიურად ახალგაზრდობა სოფელში აღარ არის, ცოტაა ძალიან. (2007, კახეთი)
რომ გითხრათ, რომ ქალთა მდგომარეობა სახარბიელოა დღეს ამ სოფელში, ნამდვილად არ ვიქნები მართალი. აი ეს ქალები, რომლებიც ჩვენ აქ შემოვიკრიბეთ, ფაქტიურად არიან ოჯახის მარჩენალი ქალები. აგერ მანანაც ქვრივია და ამალიაც. მანანა ავადმყოფ, მოხუც დედამთილთან ერთად მარტო ზრდის ორ სტუდენტ ბიჭს. დედამთილი პენსიონერია, ყოფილი პედაგოგი და ჰყავს ძალიან კარგი შვილები, ფრიადოსანი სტუდენტები.
ამალია სამი კარგი გოგოს პატრონია, გასათხოვარი გოგოები არიან უკვე. ცდილობს საწყალი ყველანაირად. დილით რომ გავა, საღამომდე სახლში ვერ შემოდის, რომ ბაზარში რამე გაყიდოს და იმით ლუკმა-პური შემოიტანოს.
ქეთინო გახლავთ დევნილი. პრინციპში რომ ვთქვათ, ის აქაურია, მაგრამ გათხოვილი იყო იქით. აი ამ დევნილობის პერიოდში მობრუნდა თავის მამისეულ ოჯახში, მაგრამ მარტო ზრდის ესეც შვილს. მარტოხელა დედა გახლავთ. ჰყავს ერთი ბიჭი. ამჟამად აბიტურიენტია. გუშინ ჩააბარა სწორედ ბავშვმა ბოლო გამოცდა. ქეთინო გახლავთ ეკონომისტი, მაგრამ უმუშევარია.
აზა გახლავთ ორი პატარა ბიჭის პატრონი და კარგი, აქტიური მშობელი. ვერ დავმალავ და აღმოჩნდა, რომ მე და აზა ვყოფილვართ ნათესავები. აზა დედაჩემის მოგვარე აღმოჩნდა, სისხლმა სისხლი იპოვა ალბათ და ეს პროექტი რომ დავიწყეთ, ვიპოვეთ ერთმანეთი.
ესენი დანარჩენები გახლავთ რძლები: ქ-ნი ნონა, რომელიც ძალიან კარგი ბიჭების დედაა. მისი შვილებიც ჩვენი მოსწავლეები იყვნენ. ერთი ბიჭი საშუალოდამთავრებულია და ერთი უმაღლესს ამთავრებს ეხლა. ნონას მეუღლეც ჰყავს. მაგრამ ოჯახს არჩენს თვითონ.
გამოდის, რომ ეს ქალები ეწევიან ოჯახის უღელს. ჩვენს სოფელში ძირითადად ეს ასე მოხდა. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ეს კაცების სიზარმაცით არის.
დანარჩენი ქალები ჩემი მეზობლები არიან იქით და მე ჩავაბი საქმეში იმიტომ, რომ უბნები დავაკავშიროთ ერთმანეთს. თორემ ყველა თავის ეზოშია ჩაკეტილი. ადრე საჭორაოდ მაინც გამოვდიოდით. იმ ჭორაობის თავიც აღარა გვაქვს უკვე. მოდის მეზობელი დაღლილი, ზოგჯერ ვეხვეწები, შემოდი, და თუ შემოდის, სკამზე სძინავს. ხან გვეცინება და ხან გვეტირება. ქალი იმდენად იღლება, რომ შემოდის ვითომ რომ კინოს უყუროს... ასე მოვწყდით ერთმანეთს.
ექსპერტი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საკითხებში წოვინარ
ნაზაროვა და საბერძნეთის კონსული სამუშაო შეხვედრის
შემდეგ ფონდში „ღია საზოგადოება - საქართველო“. 2005
ჩემი ქმარი იტყვის ხოლმე ხუმრობით, ეს ვინ უსაქმური მოვიყვანე სახლში. ჩემთვის მოვიყვანე მეგონა და სოფლისთვის მომიყვანიაო. ჩვენ ვცდილობთ, რომ ქალები საკუთარი კარ-მიდამოდან როგორმე გამოვიყვანოთ. ამასობაში ჩვენ ვერ ვპატრონობთ მერე ჩვენ სახლებს... მაგრამ შესაძლებლობები გვაქვს ქალებს და ვიცით, რომ მარტონი არ ვიქნებით.
მე, მაგალითად, არა ვარ უკმაყოფილო ჩემი საქმით, ეთერიც ამას იტყვის, ჯულიც. ჩვენ რასაც ვიტყვით, ვაკეთებთ. ამბიციაში და ტრაბახში არ ჩამოგვართვათ და ეს გვიხარია ძალიან. მართალი გითხრათ ზოგი კი იყო ისე განწყობილი, რომ რა გამოვა აქედანო... გამოვიდა მე მგონი ჯერ-ჯერობით. (2007, სამეგრელო)
ჩვენ სოფელში სულ 600 კომლია. უმეტესობა მოსახლეობა ადგილზეა, რადგან აქ მეტ-ნაკლებად მაინც არის სამუშაო ადგილები. მამაკაცები მაინც გასულები არიან თურქეთში, საბერძნეთში, ზოგი რუსეთში და თბილისში. რამდენიმე ქალი წასულია უფრო თურქეთში. ძირითადად ეს ეხება შუახნის ხალხს. შვილები რომ გაზრდილებია, დაოჯახებულია და შვილიშვილები რომ ჰყავს, თავისი მოვალეობა მოხდილი რომ აქვს. ერთი იტალიაშიც კი არის წასული, მოხუცს უვლის. იქ ჰყავდა მძახალი, გოგოს დედამთილი და იმან გამოუგზავნა ვიზა ანუ ტურისტული მოწვევა. ალბათ არალეგალია ეხლა, არ ვიცით... ახალგაზრდები თითქმის არ არიან წასულები. (2007, ქვემო იმერეთი)
სოფლელ ქალთა ლიდერობის ტრენინგი „ონდი ტასო“
მე ვცხოვრობ სოფელ გურჯაანში. ხალხი სოფლიდან მიდის ძირითადად რუსეთში, ცოტა გამიჭირდება გამოვყო გურჯაანი მარტო. კახეთის შესახებ ვიცი ზოგადად ეს ინფორმაციები. მსმენია, რომ მიდიან ძირითადად რუსეთში, კერძოდ მოსკოვში. მიდიან ესპანეთში და ისრაელშიც.
პირველი პრობლემა რაც არის, ესაა სოციალური პრობლემა. ხალხს სჭირდება ელემენტარული სამუშაო, რომელიც არ არის.
ვინც დარჩენილია და ვისაც საშუალება აქვს, აქაც რაღაცას ცდილობს. ესე არ ზიან და არ ელოდებიან. ფიქრობენ, რომ რაღაც გააკეთონ. მაგრამ წასულებზე არიან მაინც ჩამოკიდებული. ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, განათლების პრობლემა, თუ ა.შ. - ყველაფერი მაგით არი.
ძალიან ბევრი თბილისშიც მიდის. თანაფარდობა თბილისში წასულებსა და საზღვარგარეთში - არის დაახლოებით ორმოცდაათი ორმოცდაათზე. ახლო-ახლოა იქ წასულების და თბილისში წასულების რიცხვი ერთმანეთთან. ვინც ახალგაზრდაა და უნარი შესწევს რამის გაკეთების, ყველა მიდის თბილისში. პირადად ჩემს ოჯახსაც ბევრჯერ ჰქონია ამის პრობლემა, წავიდეთ თუ არ წავიდეთ. მაინც ცდილობ, რომ შეინარჩუნო შენი ოჯახი, აქ გყავს ახლობლები, ყველაფერი. ყველა ამ თბილისში ხომ არ იცხოვრებს, არა? რაღაცით ვცდილობთ შევინარჩუნოთ ეს.
თბილისში ძირითადად ვაჭრობენ, ზოგი მძღოლად მუშაობს და ასეთ რაღაცაზე კავდებიან, რომ ელემენტარული საარსებო იშოვონ. (2007, კახეთი)
ეს სოფელი ველისციხეა. აქ დაბადებული და გაზრდილი ვარ. ძალიან ძლიერი გაჭირვებაა სოფელში ეს ბოლო 10 წელი. ხალხი წავიდა უფრო მეტად თბილისში. ბევრია სახლი, რომელიც დაკეტილია და ზედ აწერია - იყიდება. წავიდნენ ელემენმტარული გაჭირვების გამო. ხალხი მიდის ლუკმა-პურის საშოვნელად. აქ სახლებს ყიდიან ძალიან დაბალ ფასებში და ქალაქში ქირით ცხოვრობენ. ძირითადად ვაჭრობენ. ალბათ პროდუქტით, ასე მგონია. ოღონდ აქაური პროდუქტით კი არა. იქ ჩატანილ პროდუქტს ყიდულობენ, ყიდიან, რომ რაღაც კაპიკები იშოვნონ. (2007, კახეთი)
მომკალი ქალები გარდამავალი დროშის ქვეშ. კახეთი. 1930-იანი წლები
სოფელი, სოფელი... რა უნდა გააკეთო ამ სოფელში? ვნახოთ ჯერ რა მოხდება საქართველოში. თუკი გამოსწორდა და გამოკეთდა, აქედან სად წავალ. არადა, ყველანაირად გაიძულებენ რომ წახვიდე. ვიღაცის აქეთკენ მოზიდვას კი არ ცდილობენ, რომ ჩამოვიდნენ, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ წახვიდე. გეგმები არ ვიცი... ვნახოთ. ახალ წლამდე მაინც ვერსად ვერ წავალ. ღმერთმა ქნას, რომ შეიცვალოს რამე. ყოველდღე შეიძლება შეიცვალოს და რაღაც გაკეთდეს. შეიძლება არც შეიცვალოს, მაგრამ იმედი ხომ მაინც უნდა იყოს, რომ გამოსწორდება. სამი წელია ველოდებით. იმედი... იმედი... იმედით ვცოცხლობთ. (2007, კახეთი)
ეხლა, თუ, ვთქვათ, ერთი 10 ქათამი დარბის ეზოში, მაშინ არც ერთი ქათამი არ გვყავდა, სახლიც არა გვაქვს, ტელევიზორი არ გვქონდა, მაცივარი გვაქვს და არა მუშაობს. ეს ის, რასაც აქცევენ ყურადღებას. სხვა რა? მიწებიც არა გვაქვს. თუ რამე გვქონდა ისეთი, ფასიანი, ყველაფერი დავყიდეთ. ბოლოს, ტელეფონი ხომ არა გაქვსო? როგორ მოვატყუებ-მეთქი და კი, აქვს ჩემს რძალს-თქო, რომელიც ეხლა აღარა გვაქვს. ისეთი ქულები მოგვივიდა, რომ... აქ ვიღაც ოჯახზე ამბობდნენ, მე კი იმას არ ვიცნობ, ტრაქტორიც ეზოში უდგათო, ოპელი უდგათ, ორსართულიანი სახლი და მთელი საქონელი ჰყავთ - იმას მოსდის დახმარებაო. ჩვენ კიდევ - არაფერი, დღემდე არ მოგვდის დახმარება. მერე, ის ტელეფონიც რომ გაფუჭდა, წავედი, კიდევ ერთხელ რომ შემეტანა ეს განცხადება და მეთქვა, რომ ძალიან დიდი ქულები მოგვივიდა. თანაც ერთი წელი უნდა გავიდეს, ერთხელ რომ შემოიტან განცხადებას, იმის მერე. ეს ერთი წელი გავიდა და მიიღო ხალხმა დახმარება ამ წელს. თან ეს ტელეფონი წამოვიღე, იქნებ როგორმე შევაკეთო-მეთქი იქ ნაცნობთან. ფულიც არა გვქონდა. გავნერვიულდი, ავიღე ის ტელეფონი და ვეუბნები: აი, ამის გულისთვის დაგვიწერეთ-მეთქი ის ქულები, და ეს ტელეფონი დავუგდე მაგიდაზე, ისიც სულ ერთიანად გადაიშალა. კარგით, კარგით, ქალბატონოო, მაწყნარებდნენ, მისახედი გავხდი... ყველაფერი იქნება, ყველაფერი იქნებაო. მაგრამ მეექვსე თვეა მაგასაც ველოდებით, რა იქნება. (2007, კახეთი)
ამათ ხელში ყველაფერი რომ წესიერად იხადო, ყველაფერი გაატარო და დაარეგისტრირო, შენ უნდა გამოხვიდე მთავრობის... ვირი.
უნდა იწვალო ამდენი, დღე და ღამე გაასწორო და არაფერი არა გრჩება მაინც. მორჩა დამთავრდა სიმღერაი. რაც მოვასწარით, მოვასწარით და დავრჩით ესე. ეხლა ისიც გვიჭირს, როგორმე თავი გავიტანოთ. ახლა ვფიქრობთ, რომ რაღაცა ახალი მოვიძიოთ, რაღაცა გავაკეთოთ, მარა უკვე რომ ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული? და თანხები კიდევ არ არის. (2007, ქართლი)
ოთხი რაიონია რეგიონში. არ არსებობს არანაირი საწარმო. გუბერნატორები და გამგებლები კი ფიქრობენ სტადიონების აშენებაზე. მარტო ბოსტანი ვერ შეინახავს სოფელს. ახლა ამ ყურძენზე? რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო ჩამოსული, ისე დამცინავად ელაპარაკებოდა ის ხალხს, კაცი რომ ვყოფილიყავი, ალბათ ხელს ვტაცებდი... ვინ ეკითხება ხელისუფლებას ის, რომ გახდეს შუამავალი ყურძნის მწარმოებელსა და ჩამბარებელს შორის? მე რატომ უნდა დამიდგინოს ხელისუფლებამ რამდენად გავყიდო ჩემი ყურძენი, ლარნახევრად თუ სამ ლარად. მე იქნებ ვპოულობ ისეთ დისტრიბუტორს, რომელიც სამ ლარად გამისაღებს იმ ყურძენს? ყველანაირი წყარო წაართვეს გლეხს, აბსოლუტურად ყველანაირი წყარო. შუამავალს ჩამოჰყავს ჩამბარებლები, ხვდებიან გუბერნატორს, გამგებლებს, ხალხს კი არა, ვისგანაც უნდა წაიღონ ეს ყურძენი. ხვდებიან ერთმანეთს კაბინეტებში, სადაც კარგად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რამდენად უნდა მიიღონ ის და იმის იქით რა იმალება, ალბათ ყველა მიხვდებით. და მე რომ ეს ვიცი, იმიტომ იყო, რომ მინისტრი რომ ჩამოვიდა გამგებელთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და გუბერნიის წარმომადგენელთან ერთად, დავხვდი მას ერთ ერთ სოფელში. ძალიან არ ესიამოვნა.

ევგენია ვაგილევიჩი, ბოლნისის სიონისა და
პირდაპირ ვუთხარი: ვინა ხართ თქვენ, რა გინდათ? სად არიან ჩამბარებლები? ის ჩამბარებლები სადღაც იყვნენ მიმალულები და მერე გამოაჩინეს იმიტომ, რომ არ მოვშორდი. და ვუთხარი მას, შენ არ დაგელაპარაკებით, ისინი მოვიდნენ-თქო. ისინი როგორ იყვნენ, იცით? საცოდავები. იმიტომ, რომ რაც ცისკარიშვილმა უთხრა, ის უნდა გაიმეოროს ამანაც. იმიტომ, რომ ის ვერ მიიღებს ერთნახევარ ლარად ყურძენს. ეს ჩამბარებლები იყვნენ თბილღვინო, თელიანი ველიც იყო ჩამოსული და რამდენიმე კიდევ. სხვათა შორის, ძალიან კარგად მიიღო ბადაგონმა - ორ ლარად იყიდა ყურძენი. და ეს არის ალექსანდროული, მუჯურეთული და ცაგერში არის უსახელაური, რომელიც ძალინ მცირე რაოდენობით არის იმიტომ, რომ ერთ სოფელში მოდის მარტო. დანარჩენი კი სულ კაპიკებში ჩაიბარეს, როგორც მთელ კახეთში. აი ასეთი სიტუაციაა და როგორ უნდა იცხოვროს სოფელში ხალხმა? ეს რამ გამოიწვია, იცით? შარშან, შარშანწინ, რუსეთმა რომ დაიწყო ამბები და ფალსიფიცირებულ ღვინოს რომ აღარ იღებს, იმიტომ. თორემ ღვინის ქარხნებს, სანამ ჩვენი მოსახლეობიდან დაიწყებდნენ ხოლმე ყურძნის ჩაბარებას, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან უკვე შემოტანილი ჰქონდათ ყურძენი. ცოტას შეურევდნენ ალექსანდროულს და მუჟურეთულს და გამოდიოდა ხვანჭკარა. იქ ყიდულობდნენ 40 თეთრად, ჩვენები 40 თეთრად, რა თქმა უნდა, არ აძლევდნენ, ითხოვდნენ, ვთქვათ, 3 ლარს. სად 40 თეთრი და სად 3 ლარი.
თუ სოფელში მცირე საწარმოები არ შეიქმნა, თუ ბიზნესი არ გათავისუფლდა სახელმწიფო მმართველობისგან, ჩვენი ქვეყნის საშველი არ იქნება. (2007, რაჭა)
რაიონის ცენტრიდან 20 კმ-ით დაშორებულ სოფელში ცხოვრების არანაირი საარსებო პირობა არ არის. სოფელი განიცდის მიგრაციას. ყოველივე ამის მიზეზი არის შრომის ფასის დავარდნაც, რადგან ადგილობრივი ბაზრები და სუპერმარკეტები სავსეა საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქციით. ამის გამო გლეხის ნაწარმის ფასი შემცირდა, ხოლო ახალგაზრდობას შრომის ინტერესი გაუქრა. (2007, ქვემო იმერეთი)
ნეტა მართლა პატიმრებს მაინც ინახავდეს ეს მთავრობა. ჩვენ არ გვინახავს, იმათ მაინც ინახავდეს და ყოველთვე არა მქონდეს ,,პერედაჩები“ გასაგზავნი... თორემ მე ხან იქა ვმუშაობ, ხან აქა ვმუშაობ და თუ რამე გამოჩნდება ჩემს თავს და ჩემს შვილიშვილს კი შევინახავდი, მაგრამ აბა.. ცოტა რაღაცას გაიფიქრებ, ე, ფული გამოჩნდება და... ბავშვის ლუკმას მამამისს ვუგზავნი. ინახავს კი არა, ჯერ მარტო წყალს ასმევს ისეთს, რომ ღვიძლი აქვს ისე დაავადებული, რომ არ ვიცი, რომ გამოვა, რამდენი მკურნალობა დასჭირდება. ზონაში არ არიან ეგენი? იქ რაღაც მდინარე გადის და პირდაპირ იმ მდინარის წყალია შეერთებული. წყალს რომ ვავსებთო, ჭაობის წყალია, ყარსო სულ. და იმ აყროლებულ წყალს სვამენ. ბაკი ჰქონდათ, რა ვიცი რამდენტონიანი, და როცა წყალი არ მოდის, იმ ბაკში მარაგს იღებენ. და ის ბაკი დგა ალბათ იმის შემდეგ, რაც ეგ ზონა აშენდა. ის არც არასოდეს გახეხილა და არაფერი. მწვანე წყალი ჩამოდისო, და იმ წყალს სვამენ. თუ სადმე საბაჟოზე აუყროლდათ თევზი თუ ბარკლები, მაშინვე ზონებს უგზავნიან. სააკაშვილი გამოვა და მერე იტყვის, აი, პატიმრებს ბარკლებს ვაჭმევთ და თევზს ვაჭმევთო. ვეუბნები, სულ არ შეჭამო ეგ თევზი, შვილო-მეთქი. კვირობით რომ იდგება იმ საბაჟოზე ან რომ ვერ გადაიტანეს, ვაგონებით მიაყრიან ხოლმე მაშინ ზონებს ამ თევზს და რამდენი არის უპატრონო პატიმარი, ვისაც არავინ არ ჰყავს, მატლი ახვევია იმ თევზს, მაგრამ გაგიჟებული ჭამენ მაინც. ერთხელ მარილი შემაგზავნინა ბევრი, რომ დაემარილებინათ ეს თევზი. იმ მარილში მაინც ის ჭიები გამოვლენ და რაღაცნაირად შევჭამთო.. ასე ინახავს მთავრობა პატიმრებს.
ერთი ჩვენისოფლელი ბიჭი იჯდა ციხეში, ეხლა ჩამოვიდა, რომელ ქვეყანაში იყო, არ მახსოვს. იქ რომ ჩასულა, დაუჭერიათ. 5 წელი ვიჯექი იქ ციხეშიო. ნატრობს, ნეტა ისევ იმ ციხეში წამიყვანაო, ნეტა ჩავიდე ისევ, დამიჭირონ და ხუთი კი არა, ათი წელი ვიცხოვრო იქო. იმისთანად ვიყავი, არაფერი მიჭირდაო, ჭამა გინდა - თავის დროზე, ჟურნალ-გაზეთი გინდა - თავის დროზე, ტელევიზორი გინდა თუ ტელეფონი. ყველაფერია, ჩვეულებრივი ცხოვრებაა. და რა თქმა უნდა, გამოსწორებისკენ რომ მიდიხარ. აქ რა უნდა გამოსწორდე? ჩვენი ციხიდან თუ გამოხვალ, გამოსწორებული - ნაკლებად. მითუმეტეს ისეთი ნერვების პატრონია ახლა უკვე, რომ ბოლო წლებში მარტო მაგისი მეშინია, რომ ვიღაცამ არ წააცდინოს.
თვითონ საწყალია ყველაზე მეტად. რაღაცის იმედი რომ აქვს, რომ ეხლა თავიდან დავიწყებ ცხოვრებასო... და რა ხვდება აქ... იქნება მართლა მაგანაც ინატროს, ნეტავ ისევ იქ წავიდეო? გარეთ რა გხვდება, არაფერი... (2007, კახეთი)
რუსეთში მიდიან სამუშაოდ, იქ დიდი მშენებლობები მიდის და კარგ ფულსაც აკეთებენ, კმაყოფილები არიან ძალიან. ზოგმა უკვე ოჯახებიც წაიყვანა, ჩამოვიდნენ, მოკიდეს თავის ცოლ-შვილს ხელი და გადასახლდნენ რუსეთში. აქედან ქალები სამუშაოდ არ მიდიან, სახლში რჩებიან და ელოდებიან წასულ ქმრებს. ხანდახან ისეც ხდება, რომ ეს ქმრები იქ სხვა ქალებს ირთავენ ცოლად და ცოლ-შვილი კი ჰყავთ აქ მიტოვებული. ძირითადად კი ახალგაზრდა კაცები, უცოლშვილოები ირთავენ რუსეთში ცოლებს და საცხოვრებლად იქ რჩებიან. აგე იმ სახლში ამასწინად მოხუცი ქალი მოკვდა, შვილი დასაფლავებაზე ჩამოვიდა რუსეთიდან, 50-ლიტრიანი ბიდონებით თაფლი ჩამოიტანა. ასე ამბობდა, იქ სამუშაო ბევრია, ბევრნიც ვმუშაობთ და ,,პრარაბმა“ გვითხრა, უთხარით თქვენს ხალხს და კიდევ ჩამოიყვანეთ მუშახელიო. რას აშენებთ-მეთქი, ვკითხე, და ღორების და ძროხების ფერმებს ვაშენებთო. ბევრნი მიდიან, ამ სოფელში რამდენიმე კაციღა დარჩა, სხვები სულ რუსეთში არიან, ყველანი რუსეთში მიდიან... მიწები კი დაურიგეს აქ, მაგრამ მიწები მაშინ არგიათ, თუ წყალია. ამ წელს ისეთი გვალვა იყო, სულ დაშრა წყალი, რითი უნდა მოერწყათ? ვისაც კარტოფილი და ლობიო ჰქონდა დათესილი, მოსავალი არ აუღიათ, გადაიბუგა ყველაფერი. აგალარი ჰქვია ამ სოფელს, აკი გითხარი... სომხები კი ეძახიან - ,,ბოლნის-ხაჩი“, ხო, ბოლნისის ჯვარიო, ბოლნისის სოფელიო... ფერმებს აშენებენ იქ და კმაყოფილები არიან, კარგ ფულს აკეთებენ. ასე ამბობენ, კარგად გვექცევიანო. ,,პრარაბი“ ითხოვს კიდევ ჩამოგვიყვანეთ მუშახელიო. არა, ბინებს არ აძლევენ, აძლევენ, მაგრამ დროებით. ბინა უნდა იყიდონ, თუ უნდათ. ძნელია სოფელში ცხოვრება და იქით მიდის ხალხი.
რუსეთი და საქართველო და-ძმასავით იყო, არავითარი საზღვარი, არაფერი გასაყოფი, ლენინი რომ მოკვდა, სტალინი არ მიიღეს სამსახურში? ახლა რა დაემართათ? მე კი მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ სრული პასუხი ეს ვერ იქნება, მაგალითად, ისეთი მშვენიერი ადგილები, როგორიც აფხაზეთი და ოსეთია, თავისთვის მოინდომეს. ეს ნამდვილად ცუდია. საქართველო ამბობს, ეს ჩვენი ტერიტორიააო, რუსეთი ამბობს, კი თქვენია, მაგრამ ჩვენი გახდებაო. ამას ეძახიან ისინი სახელმწიფო ინტერესებს, ხალხი რომ ამის გამო იტანჯება, ამას აღარ დაგიდევენ. ეს ისე, უხეშად რომ ვთქვათ, სინამდვილეში ეს ძალიან ჩახლართული ამბავია... (თარგმანი რუსულიდან; 2006, ქვემო ქართლი)
ყაზბეგის რაიონს მაგრად უჭირს. ეს გზა ხომ ჩაკეტილია რუსეთიდან. ეს იყო ერთ-ერთი საარსებო წყარო. იქიდან შემოდიოდა ტვირთი ტრანზიტისას და ამ ჩვენს სამხედრო გზაზე გადიოდა. ეს ხომ უმოკლესი გზაა რუსეთთან დამაკავშირებელი და ამიტომ, მე მგონი, მაშინ ძირითადად ჩვენი გზა იყო დატვირთული. პროდუქტიც ასე გადიოდა. ყველაფერი აბსოლუტურად. და იმ გადატვირთვებით ბევრი ხალხი ირჩენდა თავს. ანუ ჩვენს საზღვარზე მოდიოდა იმათი ტრანსპორტი - ოსების, ჩვენს ტრანსპორტზე იტვირთებოდა და ამ გადატვირთვასაც ჩვენი მოსახლეობა აკეთებდა. ძირითადად, დასაქმების კუთხით, 50 პროცენტს ეგ ასაქმებდა.

გარდა მესაქონლეობისა, ამჟამად ყაზბეგში აღარაფერი აღარ არსებობს. იყო სასათბურე მეურნეობები, რომელიც ჰქონდა მოსახლეობის ერთ მესამედს. იმ სასათბურე მეურნეობიდან თვითონ ის ოჯახები უკვე იმდენად კარგად იყვნენ ეკონომიურად, რომ ისინი აღარ თესდნენ რამეს. დაქირავებული ჰყავდათ მუშახელი. და გამოდის, რომ თუ 30 პროცენტს ჰქონდა სათბური, ერთი ამდენი კიდევ მუშაობდა, თესდა და ინაწილებდა იმ შემოსავალს მესათბურისგან. ეს გზა სანამ იყო, რაც მოჰყავდათ, კიტრი და პამიდორი, ორჯონიკიძეში გაჰქონდათ საკმაოდ კარგ ფასად. იმიტომ რომ იქ ყველანაირ პროდუქტზე საკმაოდ მაღალი ფასებია.
ამიტომ რაიონს ნამდვილად არ უჭირდა. რამდენიმე წლის წინ მთიულეთში ვიყავი და იქ რომ შევხედე მოსახლეობას, გაოცებული დავრჩი, როგორი გაჭირვებული ხალხი იყო. ყაზბეგს ნამდვილად არ უჭირდა, სანამ ეს გზაც არსებობდა და ეს მეურნეობები იყო. იმიტომ, რომ ამ სათბურებში გაზი უფასოდ ჰქონდათ რამდენიმე წლის მანძილზე. ოჯახები და ხალხი აივსო მაშინ.
ძალიან კარგად იყვნენ. მერე გაზი ფასიანი გახადეს. სასათბურე მეურნეობები აჭრეს. მაგრამ ამ ოჯახებმა მაინც კარგად მოიგეს. ჩვენს ოჯახს სათბური არა ჰქონია. იმათ, ვისაც სათბური ჰქონდა, სახელმწიფომ მისცა კომპენსაცია: კვადრატულ მეტრზე 35 ლარი. ისე, საჩუქრის სახით, არაფერში, აბსოლუტურად. სათბურებიც დაუტოვეს. ანუ ის რკინის მასალა და მინა, რაც ფიზიკურად იყო ეს სათბურები, ისიც თვითონ გაყიდეს. ეს იყო და ეს. ეს იყო 2 წლის უკან. ის ფულებიც უკვე დახარჯეს. ძალიან ცოტამ სანაცვლოდ იყიდა საქონელი. აქ საქონელი არ არის რენტაბელური, ვინაიდან სათიბი და საძოვარი საკმარისი არ არის. აქ ღორის შენახვა საერთოდ წამგებიანია, რადგან საკვები თბილისიდან უნდა მოიტანო. ძირითადად - ქატო. და ქატოც ღორს არაფერში არგია. არც კი ვიცი, რა რაოდენობის ქატო უნდა შეჭამოს ღორმა, რომ ის გაიზარდოს.
დასაქმებულია მოსახლეობის მაქსიმუმ 7-8 პროცენტი. ძალიან პატარა პროცენტია დასაქმებული მოსახლეობის. ზოგი მუშაობს საბაჟოზე, იქ ხელფასები მაინც აქვთ ახლა შენარჩუნებული. მეტი აქ ვერაფერს ვერ გააკეთებ. ერთადერთი, მაღაზიები ვისაც აქვთ და ვაჭრობს, იმათ ცოტა არა უშავთ.
მთელი რაიონის მოსახლეობა არის დაახლოებით 3500-მდე. მიგრაცია არის ძალიან დიდი. იმიტომ რომ აქ ვეღარაფერს აკეთებენ. როცა ეს სათბურის ფული აიღეს, ერთდროულად დიდი თანხა იყო და რომ არ დახარჯოდათ, წავიდნენ და თბილისის შემოგარენში, ზოგმა გლდანში, ზოგმა მუხიანში ,,დაჩები“ იყიდეს. იყიდეს პატარ-პატარა სახლები, საქონელი და იქ არიან. ყველს აკეთებენ, რძეს, მაწონს, იმას ყიდიან და ესე არიან. ბევრი წავიდა სხვათაშორის ასე. დაახლოებით 10 პროცენტამდე. ზოგს უკვე ბავშვებიც ჰყავდა წასაყვანი, ვინც ინსტიტუტში მოეწყო და ასე. ეგ არის ჩვენი ცხოვრება. ყაზბეგში არაფერი არ კეთდება დღეს-დღეობით ისე, რომ რაიმე წარმოება მუშაობდეს. არც ვინმე იმაზე ფიქრობს, რომ რამე გააკეთოს. (2007, ყაზბეგის რაიონი)
ჩვენს სოფელში ცხოვრობენ ქართველები და ოსები ერთად, პროცენტულად თითქმის ნახევარი ნახევარზე. ჩვენი სოფელი არის ფაქტიურად ოსეთის საზღვარი. ანუ როცა ისვრიან, ის ადგილი აქედან 500 მეტრშია და ჩვენ ყველაფერი გვესმის, ავტომატიც და ქვემეხიც. როცა დაძაბულობაა, ჩვენთან მაინც არაა საშიში. როგორ გითხრათ... აი ჩვენი მეზობლები ოსები არიან. ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, ჩვეულებრივი. სოფელში ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს. აი მოსულებთან კი ასე არ არის...
როცა ისვრიან აქედან და იქიდან, არის, რომ მოხვედრია რომელიმე სახლის სახურავს. მაგალითად, შარშან ზაფხულში რომ იყო არეულობა, არა მარტო სახურავს, კარებსაც მოხვდა ტყვია და მერე კარადას ოთახში. პირველი არეულობის შემდეგ კი ჭურვი დარჩა აუფეთქებელი და ხუთი წლის ბავშვი აფეთქდა მასზე. ბავშვმა იპოვა ის ჭურვი, თამაშობდა და...
სოფლის მოსახლეობა ძირითადად ადგილზეა. ბავშვები სკოლას რომ ამთავრებენ, თუ მოეწყობიან და სტუდენტები გახდებიან, ისინი მიდიან თბილისში ან გორში, ძირითადად. მოხუცები და საშუალო ასაკის ხალხი უფრო აქ რჩება.
სოფელში დაახლოებით 46-48 სახლია. მიტოვებული სახლებიც არის. ზუსტად არ ვიცი და ვერც გეტყვით, რამდენ სახლში ცხოვრობენ და რამდენი დაკეტილია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არა გვყავს. სოფლის საბჭო არსებობს და რწმუნებული, და თუ რამე გვჭირდება, იქ მივმართავთ. იქ ადრე სამედიცინო პუნქტიც იყო. ეხლა კი მანქანა დადის, სასწრაფო დახმარება არსებობს და თუ დავრეკავთ, მოვა.
სოფელში არის სკოლა. ბავშვები სკოლაში დადიან ფეხით, დაახლოებით კილომეტრნახევარია აქედან. ამ სკოლაში დადიან მხოლოდ ქართველი ბავშვები. ოსები დადიან ცხინვალის სკოლაში. ცხინვალამდე ისეთივე მანძილია, როგორც აქედან ჩვენს სკოლამდე და კიდევ სამი-ოთხი კილომეტრი იქნება, იმათ სკოლამდე რომ მიხვიდე. სოფლის ნახევარი ოსებია და რადგან აქ სკოლა არ აქვთ, თითქმის ყველანი იქით გადადიან საცხოვრებლად.
ხალხი ძირითადად მუშაობს მიწაზე. უმეტესად თავისთვის. თუ ძალიან, ძალიან ბევრს იშრომებ, შეიძლება რაღაც ზედმეტი მოიყვანო, რომ გაყიდო და იმით იარსებო. ძირითადად მოგვყავს სიმინდი, ლობიო.
ფულად არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ ვიღებთ დახმარების სახით. ეს არის დევნილების დახმარება. ჩვენ ვითვლებით დევნილებად ჩვენსავე მიწაზე ჩვენს სოფელში. ვინაიდან ამ არეულობაში სახელმწიფო ვერ გვაძლევს გარანტიას, რომ არაფერი ჩვენ არ დაგვიშავდება, ამიტომ ჩვენ ვითვლებით დევნილებად.
სოფელი მთლიანად იყო დანგრეული და განადგურებული. ის თავიდან აღვადგინეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სახელმწიფო მოგვეხმარა, სახურავები გაგვიკეთა, დანარჩენი ჩვენ გავაკეთეთ იმით, რასაც ვშოულობთ ნელა-ნელა, შეკოწიწებით.
ომამდე, 1991 წლამდე ვინც რძლები მოვიდნენ, იმათ პენსიას აძლევენ. 91 წლის შემდეგ ვინც მოვიდა, იმათ არ აძლევენ. ადგილობრივებს ყველას აძლევენ,, ანუ ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა.
სულ ამ სოფელში 48 ოჯახი ვართ. ბავშვები ფეხით დადიან იმ სკოლაში წვიმს, თოვს თუ სხვა რამ არის. მარტო სოფლის ,,მარშრუტკა“ რომ დადის, ის თუ გაუჩერებს და წაიყვანს ბავშვებს ან თუ გაუჩერებს უკანა გზაზე და წამოიყვანს. ბავშვების შეღავათი ეგ არის.
ზამთარი ცივია და საკმაოდ სუსხიანი. ვთბებით შეშით, რომელსაც ვყიდულობთ. ადრე იყო რომ კაცები მიდიოდნენ ტყეში შეშისთვის და დღეს ჩვენთვის მოჰქონდათ, ხვალ სხვისთვის... ეხლა კი შეგვატყობინეს, რომ ეს აუკრძალიათ. გაზი არ გვაქვს. ელექტრობა გვაქვს და ვიხდით მრიცხველებით, ცხინვალის ტარიფებით. ვიხდით რუსულ მანეთებში: თვეში სადღაც 100-120 რუსული მანეთი გამოდის. გააჩნია, რამდენს დავხარჯავთ. რუსულ ფულს ცხინვალში ვიღებთ. თუ ყველაფერი კარგადაა და დაძაბულობა არ არის, იქ მივდივართ. ყველი მიგვაქვს, სხვა რამ, და იქ ვყიდით. თუ აირია სიტუაცია, იქით აღარ გვიშვებენ და ვზივართ სახლში.
ჩვენთან სოფელში ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არა გვაქვს ურთიერთობაში. ჩვენ ოსებთან ერთად ვცხოვრობდით ადრე და ეხლაც ვცხოვრობთ.
ინტერვიუს იწერს წოვინარ ნაზაროვა. 2007
წასვლას აქედან კი არ ვაპირებ, საერთოდ სამუშაო თუ იქნა სადმე, დიდი სიამოვნებით წავიდოდი. აქ მუშაობა რასაც ჰქვია, ემწუთას არის ბაღი. მეტი სამუშაო ჩვენ არაფერი გაგვაჩნია.
მე, მაგალითად, საექთნო მაქვს დამთავრებული. დანარჩენი კი, ქალის საქმე, მოგეხსენებათ, ყველანაირი შეგვიძლია.
წასვლით რომ შემეძლოს, წავიდოდი, მაგალითად, საბერძნეთში. იქ ნათესავები გვყვანან. ზოგი მათგანი რუსთავიდან არის. ჩემი მული, მაგალითად, თბილისში ცხოვრობს და საბერძნეთშია ეხლა წასული. როგორ წავიდა არ ვიცი, ვერ გეტყვით. იმას წასვლა, მე მგონი, დაუჯდა 2 500 დოლარი. და ეს ფული მისცა რომელიღაც ფირმას საბუთების გაკეთებაში. ეს იყო ოთხი წლის წინ. წავიდა ვიზით, ტურისტად. იქიდან სულ რეკავს. რა ვიცი, კმაყოფილია. მუშაობს ათენში ოჯახში. მისი მეზობელი იყო მანამდე წასული და ჩემი მული რომ ჩავიდა, უკვე სამუშაო დახვდა იქ, თვითონ არ უძებნია. ,,კარტაც“ მიიღო უკვე, ალბათ სადღაც წელიწადნახევრის წინ. იმიტომ რომ ჩამოსულიც იყო აქ შარშან ზაფხულში... მანამდე საბერძნეთიდან არ გასულა ორი წელი... ქმარი ჰყავს თბილისში, შვილისშვილებიც. რომ წავიდა, 46 წლის იყო. ეხლა ქმარი სახლშია. ის ,,სვარშიკია“ თვითონ და მაგას თავისი სამუშაო ყოველთვის აქვს. გოგო გათხოვილი ჰყავს. ბიჭი ჰყავს და იმ ბიჭს კიდევ ორი გოგო ჰყავს შვილები.
მეცა მყავს შვილიშვილი, მაგის გულისთვის წავალ სხვა თუ არაფერი... იმიტომ, რომ ძალიან გვიჭირს.
შვილი მყავს ერთადერთი. 22 წლის რომ იყო და ძალიან რომ გვიჭირდა, წითელმიწებზე კარიერებს რომ ანგრევდნენ, იქ ,,ლაფატკით“ მუშაობდა. ჩამოცურდა და ხერხემალი დაიზიანა. შემდეგ მალას ძვალი ამოაძრეს და პლასტიკატი აქვს ჩადგმული. უკან 46 ნაკერი ჰქონდა. ქამარი აცვია ისეთი, რომ იმის გარეშე ვერ დადის. ეხლა არაფერს არ აკეთებს, არ შეუძლია... აი ასეთი რაღაცეები ხდება აქ. უმუშევრები დიდი კამაზის მანქანას ლაფატკით ავსებდნენ, წარმოიდგინეთ..
ჩემი ქმარი ინვალიდი ბიჭია. დაბადებიდან მარცხენა ხელი ტრავმიანი აქვს. ეხლა ის ნახირში დადის, ვისაც არ სცალია ეხლანდელ პირობებში, იმათ მაგივრადაც. მე კი მარტოკინა მთელი დღე მინდორში ვთოხნი. გამოვა ხოლმე ჩემი ბიჭი, როგორც შეუძლია, მეხმარება, მაგრამ არ შეუძლია, მალ-მალე ჯდება.
პენსია არ დაუნიშნეს, არ გეკუთვნისო. ანუ ახალი ბრძანება ისეთია, რომ ეს შენი ავადმყოფობა იმაში არ შედისო. აი ის პლასტიკატი რომ არ გქონდესო ჩადგმული, მაშინ შეიძლებოდაო...
ვცხოვრობთ ხან ნახირის ფულით, ხან ყველს გავყიდი, ხან ხბოს გავყიდი.
ხბო გავყიდე ერთხელ და ბავშვი გაგვიხდა იმ პერიოდში ავად. კვირა დღე იყო და სასწრაფოს გამოვუძახე. ერთი საათი ველოდე სასწრაფოს, რომ მოსულიყო. ლამის გავგიჟდი. სიცხე ჰქონდა 41 გრადუსი. შემეშინდა ძაან. ან ფილტვებზე არ გადავიდეს, ან მინინგიტი არ დაემართოს, ან კრუნჩხვაში არ ჩავარდეს-მეთქი. წავიყვანეთ მერე ცხინვალში და 600 ლარის წამლები ვიყიდე. დავუშვათ ის ხბო არ გამეყიდა, რა უნდა მექნა მე იმ ბავშვისთვის?
ექიმი აქ არ არის, ერედვში არის მხოლოდ. მაგრამ ცხინვალი ჩვენთან უფრო ახლოსაა. ჩვენ ცხინვალთან უფრო შეხება გვაქვს: ექიმია, ბაზარია თუ რაღაც სხვა. ამჟამად იქიდან უფრო სარგებლობს ჩვენი სოფელი.
თუ დაძაბულობა არ არის, გადავდივართ იქით. ისე, ჩვენც ვერიდებით. ჩვენ თვითონ არ გავრისკავთ დაძაბულობის დროს იქ რომ ჩავიდეთ. იმიტომ რომ, რომ იტყვიან, აუტკივარი თავი რაზე ავიტკივოთ. ხომ შეიძლება ისეთი ვინმე გამოჩნდეს - აშარი. ჩვენც ვერიდებით და მაგ მომენტში არ მივდივართ. მერე, როცა მიწყნარდება, ისევ ჩვეულებრივ გრძელდება ყველაფერი.
გადასვლით ქალები უფრო გადადიან, კაცები - არა. ქალებს იმდენად არაფერს ეუბნებიან. თუ შეეკამათები, კი მიგალანძღავენ.
შარშან იყო. ქალები შევიკრიბეთ და ბაზარში წავედით. ერთი ოსის ქალი იდგა ჩემს გვერდით, გარგარს ჭამდა თუ ატამს, არ მახსოვს. კურკებს სულ ფეხებში მესროდა. ასე პირდაპირ, ,,ნაგლად“. უნდოდა გამოვეწვიე. ჩემები მეუბნებოდნენ, გეხვეწები, ხმა არ გასცეო... გავჩუმდი, გავისუსე, ხმას რაღას ამოვიღებდი.
არიან ეგეთები, რომ გამოგეჩრება ვინმე ასე აგრესიულად... აი ასე ვართ ამ სოფლის ქალები.
სამუშაო შეხვედრა კახეთში. 2007
მე თუ სამუშაოდ წავედი, ოჯახი რძალზე გადავა. ბაღი, ბაღჩა ყველაფერი მაგათ დარჩებათ. აბა მე ხომ თან არ წავიღებ? ალბათ აღარ ივლის ის ჩემი ქმარი ნახირში და დაამუშავებს იმ მიწას, აბა რას იზამს.
რუსეთში მაზლი მყავს, ჩემი ქმრის ძმა. ის პერმში ცხოვრობს უკვე 27-28 წელია. ცოლი ჰყავს რუსი, ,,ტატარკა“. ისინი რომ არ გვეხმარებოდნენ, ჩვენ რა გვეშველებოდა. ჩემი მულიც ძალიან გვეხმარება. ჩემს ბიჭს რომ ეს ამბავი შეემთხვა, მაშინვე დავურეკეთ.
იმწუთას გამოგვიგზავნეს 200 დოლარი იმანაც და იმანაც.
სხვა: ჯერ-ჯერობით არაფრის იმედი არ გვაქვს. ერთხელ ძროხა ოსების ნახირს გაჰყვა და ამის გულისთვის ავტომატებით გამოვიდნენ აქედან ჩვენები და იქიდან ოსები. რომ გენახათ აქაურობა, პოლიგონი გეგონებოდათ. სახლში ვიყავი იმ დროს მე და წყალზე რომ გამოვედი გარეთ, ვხედავ, ის იქ არის ჩაცუცქული, ეს აქ არის ავტომატით. ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ ერთი ბეწო, ერთი ვიღაცას „ვუო!“ რომ დაეძახა, ატყდებოდა სროლა.
მეზობლის ქალსაც რომ რამე უთხრა არასწორად, უცბად გემუქრება: არ გეშინია ღამე რომ ვინმე მოვიდეს და შეგაწუხოსო?
უშუალოდ სოფელში, აგერ მეზობლები ოსები არიან, ერთმანეთთან კონფლიქტი არა გვაქვს. მაგრამ ზედმეტ სიტყვას მაინც ხმამაღალს ვერ იტყვი.
აი იქით მხარეს ჩვენი ჯარი რომ იდგა, იმ ზაფხულს დაძაბულობა იყო და კაციშვილი აქ არ შემოსულა. სროლები იყო ისეთი, რომ რა ვიცი... აგერ 500 მეტრში სასაფლაო გვაქვს. ისეთი სროლები იყო იქიდან, ბავშვი კინაღამ გამიგიჟდა, ისტერიკაში იყო. ბაღის ბოლოდან წუილ-წუილით რომ მოდიოდნენ ეს ტყვიები, ისეთ დღეში ვიყავით, სად წავსულიყავით არ ვიცოდით.
აგერ ესენი ამაღლებულზე არიან. ორი ბიჭი ჰყავთ, 18-19 წლის. ვეუბნებოდი, გადმოხტით ოღონდაც, ჩვენი პადვალი მაინც დაბალია-მეთქი და თუ რაღაც სპეციალურად არ გვესროლეს, ტყვია იქ არ მოვა-თქო.
ჩვენ ეხლა ქალები ვართ ოსებისაც და ქართველებისაც. ჩვენ ეხლა პირადად ყველას ქართველი ოჯახები გვყავს, თუმცა დედა ზოგს ოსი გვყავს.
სხვა: ისე გავიზარდე ამ სოფელში და ვიარე სკოლაში, არც კი ვიცოდი თუ აქეთ ქართველები ცხოვრობენ. სულ ოსის უბანში ვცხოვრობდი, სულ ოსის ბავშვებთან ერთად გავიზარდე.
სხვა: ჩვენს სოფელში საერთოდ ყველანიც ეგრე არიან.
სხვა: შერეული ოჯახებიც ბევრია, ისინი უფრო ცოდოები არიან ჩვენთან. ჩემი მამა, მაგალითად, რაკი ქართველია, უკვე პრობლემაა. ეხლა მე მარტო ვარ. სამი ძმა მყავს, სამთავე ოსეთში ცხოვრობს. დედაც დაბრმავდა...
ასეთი კარგი ცხოვრება და სიცოცხლე გვაქვს ჩვენ. აბა რა ვუყოთ... (2007, ცხინვალის რეგიონი)
ერთ დროს ძალიან ლამაზი და ეკონომიურად ძლიერი სოფელი იყო, მაგრამ ლტოლვილების შემოსახლების შემდეგ ძალიან სავალალო მდგომარეობა გვაქვს. ადგილობრივი მოსახლეობა არის 4000. სულ 7000 მაცხოვრებელია ამჟამად სოფელში. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი არის რუსეთში. ცხოვრობენ მოსკოვში, სანკტპეტერბურგში. ბევრია წასული უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. ისინი ჩამოდიან ხშირად. მაგრამ სამოქალაქო ომის პერიოდში ვინც წავიდა, ის ფაქტიურად ჯერ არ დაბრუნებულა. იქ ნაწილი მუშაობს, ნაწილი ბიზნესს ეწევა, ზოგიც სწავლობს.
ლტოლვილთა ჩასახლება უმთავრესად მოხდა ინგირის აგროსამრეწველო კომბინატში. იქ არიან სწორედ ლტოლვილები უფრო მეტად კომპაქტურად ჩასახლებულები.
ჩვენს სკოლაშიც ორჯერ მოხდა ლტოლვილების ჩასახლება. ამან დიდი ზეგავლენა მოახდინა თვითონ სკოლაზე. ეს არის ინგირის პირველი სკოლა. იმდენად დაკავებული ჰქონდათ ოთახები, რომ 1998 წელს სასწავლო პროცესი დავიწყეთ ნოემბერში, მათი გასახლების შემდეგ.
სულ ინგირში ორი საშუალო სკოლაა და ერთი არასრული სკოლა.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა მთლიანად მოშალა ფაბრიკების მუშაობა, ჩაის პლანტაციების მიმდინარე სამუშაოების ჩატარება. არ ხდება მათი კრეფა, პლანტაციების გასხვლა. შედეგად ჩაის კულტურა, რომელიც ჩვენი მარჩენალი იყო, ჩვენს სოფელში მთლიანად ჩაკვდა. დარჩენილია მხოლოდ ნაწილობრივ. ამათგან ზოგმა ამორტიზაცია განიცადა. ამორტიზირებულ ფართობზე ეხლა მიმდინარეობს თხილის დარგვა. ამბობენ, რომ რომელიღაც ბიზნესმენმა შეისყიდა ეს მეურნეობა და თვითონ განაგებს. ზუსტად არაფერი ვიცით. ვიცით, რომ ეს სოფელი ჩვენი ბავშვობის დროს შესანიშნავი იყო, ახლა კი თქვენც ხედავთ, რა დარჩა.
რაც შეეხება საზღვარგარეთ წასვლას, ზუსტად ვიცით, რომ ორი ოჯახი ამერიკაშია წასული და ამბობენ, რომ მშვენივრად არიან, ფოცხორაია და სუპატაშვილი. ფოცხორაია წავიდა ოჯახით. ჩვენი მოსწავლეები იყვნენ ბავშვები და გოგო იქ გათხოვილა კიდეც.
რუსეთშიც წასულები არიან ძირითადად ოჯახით. ჩემი მეზობლები, მაგალითად, ორივე მხრიდან წასულები არიან. ერთი ადრე წავიდა ოთხმოცდაათიან წლებში, მოსკოვში ცხოვრობს. მეორე წავიდა ციმბირში. კიდევ წინა ორი სახლიდანაც მოსკოვში არიან. გამოდის, რომ ხუთი სახლიდან ოთხი ცხოვრობს რუსეთში, უფრო მოსკოვში.
ამ მიტოვებულ სახლებში ერთში მოხუცი მამაა დარჩენილი, ერთში ნათესავი ცხოვრობს ლტოლვილი. ახალგაზრდებმა იქ სწავლა-განათლება მიიღეს უკვე, დაამთავრეს უნივერსიტეტები, რაღაც სამსახურიც აქვთ. აქეთ როცა ჩამოდიან, დარჩენა აღარ უნდათ. იქ ძირითადად ვაჭრობენ. ერთი, მაგალითად, ვიცით, რომ ბანკში მუშაობს ივანიშვილთან. მისი მამა და ის თანაკლასელები ყოფილან, მიუყვანა შვილი და მოეწონათ, ნდობაც დაიმსახურა და დაასაქმეს.
ჩვენთან სამუშაო არ არის. აქ იყო ორი დიდი არაჩვეულებრივი ფაბრიკა მეურნეობის ტერიტორიაზე. ადრე ჩაი იყო ძირითადი შემოსავლის წყარო, რკინიგზა იყო, აეროპორტი, საღებავების ქარხანა. რა არ იყო. მილიონერი სოფელი იყო. შემდეგ... არეულობის ბრალია, თუ რა დავარქვა, არ ვიცი. რაც ჩაი ჩაკვდა, ჩვენი სოფელიც წახდა.
ჩვენი მეზობლები ჭკვიანი ხალხია. რუსეთის მოქალაქეობა მიიღო თითქმის უმრავლესობამ და რუსეთ-საქართველოს სიტუაცია რომ აირია, იქიდან ლტოლვილების უმრავლესობა დაბრუნდა. დეპორტირებულიც იყო, რომ გამოასწრო, ისეთიც იყო. ზოგი კიდევ უკრაინის გავლით ჩამოვიდა. მაგრამ ვინც ჩამოვიდა, მშვენივრად მოეწყო აქაც. ოჯახები მოაწყვეს, სახლი იყიდეს. ახლა ისევ ცდილობენ რომ მიბრუნდნენ უკან. ჩვენი მეზობელი იყო წასული, ჭანტურია, ჩამოვიდა და ბავშვი ჩვენს სკოლაში შემოიყვანა. უარს ხომ ვერ ვეტყოდით, ჩვენთან სწავლობდა ადრე. წლის ბოლოს მოითხოვა ბავშვის საბუთები. ჩემი მეუღლე იქ არის, ყველაფერი ნორმალურადაა და საბოლოოდ წავედითო, არ მოვბრუნდებითო აწი.
ვინც დაბრუნდა, როგორც გითხარით, ძირითადად ლტოლვილებია. ამათ სოფლები აქვთ აფხაზეთში. ჩვენი სოფელი ხომ საზღვრისპირაა. ჩვენს შემდეგ შამგონაა და შემდეგ უკვე აფხაზეთია. ლტოლვილებს სოფლები აქვთ იმ ტერიტორიაზე, ძალიან ახლოსაა მისვლა-მოსვლა. ფეხითაც შეუძლიათ გადასვლა, იციან ადგილები, სად უნდა გადავიდნენ. ისინი ძირითადად ვაჭრობენ. თხილნარი აქვთ ბევრი. ძალიან კარგი შემოსავალი აქვთ იძულებით გადაადგილებულებს რომ ვეძახით, იმათ, განსაკუთრებით გალის რაიონში. ზოგჯერ იქ ზაფხულობით რჩებიან, აგროვებენ თხილს და აბარებენ. აქაც მოაქვთ და აქაც აბარებენ. იქ ძალიან კარგად ცხოვრობენ, ვიდრე აქ. ამბობენ, იქაური ხის ძირი გვირჩევნია, ვიდრე თქვენთან სასახლე გვქონდესო. თავიანთი სამშობლო უნდათ იმათაც.
მაგრამ ზოგიერთი, ვინც ვაჭრობას მოკიდა ხელი და ვისაც არ მიესვლება იქ, ამბობს, რომ არა, მე აქ მოვკალათდი, მე აქ ჩემი ადგილი მაქვს. სხვათა შორის, იმათ უფრო ალღო აუღეს ცხოვრებას, ვიდრე ჩვენ, აქაურებმა. არაფერი ითაკილეს: ქუჩაში გასვლა, საქონლის ხელით ტარება და ამით გაიტანეს თავი, მეტად, ვიდრე ადგილობრივებმა.
ჩვენ ჩვენი კომპლექსები გვაქვს, ვითომ ჩვენი განათლების შეგვრცხვა. ჩვენ პედაგოგები ვართ. მე დირექტორი ვარ, ესენი ჩემი მოადგილეები არიან. ახლა ურთულესი გამოცდები გავიარე და ხუთწევრიან ოჯახში მარტო მე ვმუშაობ. 200 ლარი მაქვს. ამათ ჩემზე ნაკლები - 150 ლარი.
ჩვენს ოჯახებში რომ შემოიხედოთ, იტყვით, კარგად არიანო. ძროხაც გვყავს, ქათამიც. მაგრამ კარგი ცხოვრების გამო კი არ გვყავს. მე მასწავლებელი ვარ. დილით უნდა ავდგე, ძროხა მოვწველო, მივხედო, მერე სამსახურში წავიდე. მაგრამ ეს ყველაფერი ოჯახს სჭირდება. ამით თუ არ დავეხმარეთ ოჯახს, ჩვენი ხელფასი რას გვეყოფა. მაღაზიაში ყოველთვის ვალი გვაქვს. (2007, სამეგრელო)
ყოველთვის იდგა სოფლის საკითხი მტკივნეულად, რომ სოფელს ტრანსპორტი არა აქვს, რომ საჭიროა დავეხმაროთ სოფელს. ეხლა - პირიქით. ზოგ სოფელში საერთოდ არ დადის ტრანსპორტი, ზოგი სოფლიდან კვირაში ერთხელ დადის, ბაზრობის დღეს, რასაც ჰქვია, რაიონში ჩამოსასვლელად. ან ისეთი ძვირია ის, რომ მოსახლეობა ვერ წვდება ამ ხარჯებს. ძალიან მძიმე სიტუაციაა. ჩემი პირადი აზრია ის, რომ ყველანაირად ცდილობენ რომ არ არსებობდეს სოფელი. ეს არის დღევანდელი მთავრობის პოლიტიკა - არ არსებობდეს სოფელი, არ არსებობდეს გლეხი კაცი. (2007, იმერეთი)
ჩვენთან, სოფლებიდან სეზონურად მიდიან უფრო კაცები. იმიტომ რომ აჭარაში ძირითადი მათი საქმე არის ციტრუსი და ციტრუსის გატანა. და სეზონურად მამაკაცები უფრო მიდიან საზღვარგარეთ რომ ეს ციტრუსი გაიტანონ და რაღაც თანხით არჩინონ მერე წლის განმავლობაში ოჯახი. ოჯახს გააქვს თავისი პროდუქტი ძირითადად უკრაინაში. არ ვიცი რა გზებით, მაგრამ უკრაინაში რომ გააქვთ, ვიცი, იმიტომ რომ ჩემს ნათესავებსაც გააქვთ იქ და მათი მაგალითით ვიცი, და უფრო - სეზონურად. აგრეთვე, რა თქმა უნდა, ქალების უმრავლესობა მიდის თურქეთში ფიზიკურად სამუშაოდ. ძალიან დიდი ნაწილი ქალების დასაქმებულია აგრეთვე საბერძნეთში. აჭარიდან ძალიან ბევრი ქალია ოჯახიდან წასული. რომ იკითხავთ, ახალგაზრდების დედა ყოველთვის წასულია ესპანეთში, ან საბერძნეთში, ან ამერიკაში ფიზიკურ სამუშაოზე, რომ არჩინოს ოჯახი. რუსეთში არა, უფრო საბერძნეთი, ესპანეთი და ამერიკა, სადაც უფრო გარანტირებულია ადამიანის მუშაობაც, ხელფასიც და ოჯახის რჩენის მეტი შანსი არსებობს. (2007. აჭარა)
სანამ კიდევ ეს იქნებოდა და გზა მუშაობდა, ოსებთან ურთიერთობა ხომ კარგი არ იყო. საბაჟოზე რომ ჩახვიდოდი, სულ საომარი და საჩხუბარი იყო. რუსი ჯარისკაცები დგანან ძირითადად და იმათთან ჩვენ მოხევე კაცებს უჭირდათ ძაან ურთიერთობა. ყოველდღე ჩხუბი და გნიასი იყო. ქალებს კიდევ ნაკლებად ეხებოდნენ. თანაც ქალი ხომ იცით, როგორი ამტანია. ამიტომ აი ის ტვირთი სულ ქალებს აწვა ფაქტიურად. იქ არ დადიოდნენ მამაკაცები, ერთი პროცენტიც კი. ქალები მიდიოდნენ, ქალები ვაჭრობდნენ. აქედან გაჰქონდათ ხილი, ორჯონიკიძის ბაზარზე ჩადიოდნენ, დილიდან ღამემდე იქ ვაჭრობდნენ. ზოგს იქედან, ბაზრობებიდან შემოჰქონდათ, ძირითადად კვების პროდუქტები. შემოჰქონდათ, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდი, რაც რუსეთის ნაწარმია და საქართველოში ფასობს. ცემენტი შემოჰქონდათ, არმატურა და ამასაც ქალები აკეთებდნენ, იმიტომ რომ ქალებს ნაკლები კონფლიქტი ჰქონდათ საბაჟოსთან. როგორც გინდა თქვით, ქალს მაინც ყოველთვის აქვს პატივისცემა მამაკაცის თვალში. ამიტომ ჩვენი კაცები არიდებდნენ მაგ საქმეს თავს და სულ ქალებს აწვათ ოჯახი. ახლა ვეღარ იტყვი, ქალზე რომ ამბობდნენ - მარჩენალდაკარგულიო, ანუ, ვისაც ქმარი მოუკვდა. ქალი კი არა, ცოლი რომ კვდება, კაცი რჩება მარჩენალდაკარგული. დღეს ასეთი სიტუაციაა. (2007, ყაზბეგის რაიონი)
სამუშაოდ წავედი 2000 წელს. მაშინ ოჯახური პრობლემები შემექმნა. ჩემი ბიჭი ავარიაში მოყვა, მძიმედ იყო. ბინაც გავყიდეთ თბილისში. დიდი ფული დაჯდა ეს ყველაფერი... სკოლის დირექტორი ვიყავი მაშინ და განცხადება დავწერე წამოსვლაზე... ბევრი ვიფიქრე, რა მექნა... ყველა მეუბნებოდა, იმუშავებ, კარგად იქნებიო და მეც გადავწყვიტე წასვლა.
ერთი ქალი იყო აქაური წასული და თავიდან იმასთან წავედი. იმან მასწავლა პირველად როგორ მეთქვა - მინდა სამუშაო. ასე დავდიოდი 3 თვე სამსახურის საძებნელად. მერე ვიშოვე სამუშაო შენობის დასუფთავებაზე. 4 თვე დამჭირდა ენის სასწავლად და ამის შემდეგ უკვე ძიძად შემეძლო მუშაობა ოჯახში. ყველას უკვირდა, ასე მალე რომ შევძელი ეს. 2 წელი ვზარდე ის ბავშვი. ამერიკელი ებრაელების ოჯახი იყო. ოღონდ იქ არ ვცხოვრობდი, მისვლით ვმუშაობდი.
ოჯახში ცხოვრება ძალიან ძნელია. ხომ არის, არ გინდა ლაპარაკი, დაღლილი ხარ, არ გეცინება და უბრალოდ გეძინება. იმათ კი მოღუშული სახე არ მოსწონთ. ძალიან რთულია.
ოჯახში ვისთანაც ვმუშაობდი, ძალიან თბილები იყვნენ და ყურადღებიანები. მივიდოდი დილით და მეტყოდა დიასახლისი - დარეკე სახლშიო. ეს ხომ ფული ღირს, ვეტყოდი. არა უშავს, დარეკე, ხომ ყველაფერი კარგად არისო....
ბავშვი რომ 2 წლის გახდა და ბაღში წავიდა, აღარ ვიყავი საჭირო. იმათ მერე თავის მეგობრის ბინაში გამიშვეს. ფაქტიურად მე ვმუშაობდი ერთი სამსახურის ყველა თანამშრომელთან. ყველაფერი იცოდნენ ჩემზე და პატივს მცემდნენ. ეხლაც მაქვს მათთან კონტაქტი.
პრობლემები ძალიან ბევრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა კარგად მიყურებდა. არ ვიცი მარტო მე თუ გამიმართლა ამ მხრივ. უბრალოდ მე თვითონ ვარ ძალიან მებრძოლი. ჩემთვის სულერთია, დამლაგებლად ვმუშაობ თუ უფროსად, თავს არავის დავაჩაგვრინებ. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთ სამუშაოზე ვმუშაობდი წელიწადი და 6 თვე. ცხრასართულიანი შენობა იყო დასალაგებელი თავისი კორიდორებით, ტუალეტებით, სასადილოებით და მოზაიკით გაწყობილი ორი შიდა კიბით. სამუშაო იყო 8 საათი, საკმაოდ მძიმე. ანაზღაურება 600-700 დოლარამდე. მაგრამ გადასახადები საკმაოდ ბევრია იქ - ბინის ფული, გზის, ტელეფონის კარტის ფული - სახლში რომ დარეკო და ჭკუიდან არ შეიშალო, და ჭამო, თანაც შენ რაც გინდა, იმას ვერ შეჭამ. ძალიან ძვირია ყველაფერი. 400-450 დოლარამდე ადიხარ.
ერთ დღესაც ამ შენობის ჩვენებური სამნეო ნაწილი, იქაური ბალაბაითი, მეუბნება სამუშაოს მერე, დაღლილს და ქანცგამოლეულს, თუ შეიძლება, ზემოთ ამობრძანდითო. გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ თვითონ არის ყველაფერი. იმიტომ რომ, იმისთვის, თუ ებრაელი არა ხარ, მაშინ ხარ მაკლერი. ავედით ლიფტით და ქვემოთ ფეხით რომ მოვდივართ, მეოთხე სართულზე დაგდებულ სკრეპს მაჩვენებს... იქ გადავირიე. ისე გავმწარდი, არაფერი აღარ მახსოვდა. ვუთხარი, აღარ გაბედო ჩემთან ლაპარაკიც კი, და თუ რამე…შენიშვნა გექნება, იმას დაელაპარაკე, ვინც მე ხელფასს მიხდის-თქო.
ხელფასს ვინც მიხდიდა, იმან იცოდა სამუშაოზე ფულის დაკლება. სარგებლობდა, რომ ,,ტურისტი“ იყავი, და გაკლებდა. ვუთხარი, რომ 8 საათი ვმუშაობდი, ზედმეტსაც ვაკეთებდი, ღამესაც ვათევდი, მე ხომ მეტს არ ვითხოვ, 8 საათის ანაზღაურებას ნუ დამაკლებ-მეთქი. მაინც მაკლებდა. იმდენად შეურაცხმყოფელი იყო ეს ფულის დაკლება, რომ დავტოვე სამსახური. ოცი დღის ჯოჯოხეთური შრომის 400 დოლარი მივუყარე და წამოვედი...
შენობაში, რომელსაც მე ვალაგებდი, 4 ბიზნესმენი მუშაობდა. ოთხივე საქართველოზე მელაპარაკებოდა. მეუბნებოდნენ, შენ საელჩოში უნდა მუშაობდეო, იმდენი ჯგუფები გავაკეთე საექსკურსიო. მაგრამ ვერ მოდიოდენ, და იცით რატომ? იმიტომ რომ თუ სხვაგან გადასახდელი თანხა იყო 500, საქართველოში იგივე მარშრუტი, იგივე დღეები იყო 1000-1200 დოლარი. ვუკავშირდებოდი აირზენას, საელჩოს, მაგრამ მათ არაფერი შეეძლოთ. მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის ტურისტებს უკლებდნენ ბილეთების ფასს.
ამ ხალხმა მე მმართველობითი მუშაობა მასწავლა. ჩვენთან თუ დამლაგებლად მუშაობ, შეიძლება ჩაგთვალონ, რომ უკანასკნელი ხარ. იქ - პირიქით. მარიგებდნენ, რომ წერა-კითხვა მესწავლა დროზე, რომ ჩვეულებრივი მუშაობა შემძლებოდა. ამ ხალხს პატივისცემა შეეძლო, საჩუქრები, დღესასწაულის დღეები იცოდნენ. სულ მეკითხებოდნენ, რომელ სართულზე მეტ პატივს გცემენო...
ქართველებს ძალიან ემადლიერებოდნენ, ყურადღებაც იცოდნენ... ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ უმაღლესი პატივისცემით ვეპყრობოდით ყველა საქმეს. მხოლოდ, ტყუილს ნუ იტყოდი. იმიტომ რომ ისინი ყველაფერს განდობდნენ, შვილსაც, სახლსაც, სიმდიდრესაც, სიღარიბესაც, ყველაფერს...……
ცოტა ხანი პატარა მაღაზიაში ვმუშაობდი. ღამე გვიან მივდიოდი, შვიდიდან თორმეტ საათამდე. დიდი არაფერი საქმე იყო, ხელფასი - კარგი. სულ ახალგაზრდები იყვნენ. მე სულ ვაკვირდებოდი ყველაფერს. როგორ მუშაობდნენ, როგორ ახერხებდა დირექტორი ყველას გაკონტროლებას. მაგრამ ისინი ყველანი პასუხისმგებლობით მუშაობდნენ: რვა საათი ეკუთვნოდა და კი არავინ ქსოვდა, ყველა თავის საქმეს უყურებდა. ისინი თავის გვერდზე მაყენებდნენ. ახალგაზრდები რომ მეგობრებს მოიყვანდნენ ხოლმე, გამაცნობდნენ, აზრს მეკითხებოდნენ.
ერთი სასაცილო ამბავი იყო იქ: სამსართულიანი იყო ეს მაღაზია, შუაში ჰქონდა ვერანდა, რომელიც გადაჰყურებდა მაღაზიას ზემოდან. პირველ სართულზე იყო საპნები და პარფიუმერია, ზემოთ კაფე და ბიჟუტერია. დააყენეს აქ სტატუეტკა, როგორც ლენინი იყო, რომ წარმოიდგინოთ, და ამ სტატუეტკაზე იყო რაღაც წარწერები, ალბათ თავის დროზე რაც უთქვამს. ერთი ხელი გაშვერილი ჰქონდა. ცოტა შიგნით კი არის ტუალეტი. ყველას აინტერესებს ეს ტუალეტი და მოსწყინდა ამ მაღაზიის ხალხს შეკითხვაზე პასუხის გაცემა. გამოუცხადეს უფროსს, რა მოხდება, რაიმე მინიშნება რომ გავაკეთოთო. და ერთგან ხომ წარწერებია და მეორე გაშვერილ ხელზე წააწერეს - ტუალეტი. მაინც არავინ არა კითხულობდა იმ წარწერასაც. ისიც ციტატა ეგონათ ალბათ. სულ სხვანაირი ხალხია - სწორხაზოვანი. ალბათ, ერთი პროფილით სწავლება რომ აქვთ, იმიტომ. ჩვენი ხალხი და რუსებიც გამოირჩევიან მათგან ერუდიციით, განათლებით, ჩაცმის კულტურით... პირველად რომ ვნახე ჭიპგადმოგდებულები, გასაუთოებელი ტანსაცმლით, რომ ვნახე შავი და თეთრი ერთად რომ ირეცხებოდა, კინაღამ გავგიჟდი. იქ 80 წლისას თინეიჯერის ტანსაცმელი აცვია, არც გემოვნება აქვთ. ძალიან იშვიათია იქ ელეგანტური ქალი.
აქედან ჩასული ებრაელი იქ კარგად არის, განათლებულია და სწავლას არის გადაყოლილი. სხვანაირადაც არიან, მაგალითად, გურჯაანიდან ჩასულები. ისინი ,,ტურისტებზე“ ცუდად ცხოვრობენ. იმიტომ რომ მუშაობენ რვა საათი დიდი დატვირთვით, სწავლას არ ფიქრობენ, დროც არა აქვთ ამის, ენაც ნაკლებად იციან. მაშინ, როცა მე ოთხ სამუშაოზე ერთად ვმუშაობდი და შემოსავალიც მეტი იყო...
კაცების საკრებულო. გარე კახეთი. 2007
უფრო ადრე ვინც წავიდა, 60-იან წლებში, ისინი უკეთ არიან. უკვე თავისი მაღაზიები აქვთ, ან სასადილოები. თანაც ებრაელებს ცხოვრება არ ეშლებათ. ის პატარა ფართშიც ფულს შოულობს და თანაც ხარჯვაც იცის. არ იცი, როგორ შეინახო ფული, აი ,,ქეთო და კოტეში“ რომ მაკარმა იცოდა, ისე: მილიონს რომ კაპიკი დააკლდესო... ამას სანამ მომავალი თაობა არ ისწავლის, ეს გაჭირვებაც ყოველთვის იქნება. მაგალითად, 50 ლარი აიღე. ამ ფულით ვერც შეჭამ, ვერც დალევ, მაგრამ როგორ გამოიყენო უნდა გათვალო, მოითმინო და მაშინ აღარ იქნება საჭირო ბინების გაყიდვა. რამდენი ბინაა ჩვენს სოფელში ცარიელი. დატოვა ხალხმა და წავიდა. მაგრამ ერთეულებმა მიაღწიეს რაიმეს. ჩემს შვილს ვეტყოდი, ერთი პამიდორი ოთხად გაჭერით და თითო დღეს თითო ნაჭერი ჭამეთ, ოღონდ არსად წახვიდეთ. იმიტომ რომ ეს არის ჯოჯოხეთური შრომა.
მემუსიკეები ალავერდობაზე. 2007
ძალიან ძნელია, როცა 20 საათიდან 18 საათი მუშაობ, დაბანა გინდა და ხელი ვერ აგიწევია, მეორე დილით კი ისევ 5 საათზე უნდა ადგე და იმუშაო. ვინც იქ იყო,…სხვა გზა არ ჰქონდა და უძლებდა, როგორც მე. ბევრიც ვერ უძლებდა. იყო შემთხვევა, კაცს მიცვალებული სახლში ჰყავს და სამუშაოს ვერ გააცდენს. საელჩოში კი ეხმარებიან ყველანაირად, მაგრამ ის დახმარება შენს პრობლემას ვერაფერს შველის...
სააკაშვილი რომ ჩამოვიდა, წერილი მე დამაწერინეს, მაგრამ არავინ მიუშვა. ,,ტურისტებს“ უნდოდათ სახელმწიფოში რაღაც გადასახადი შეეტანათ და ლეგალები ყოფილიყვნენ, აი როგორც საბერძნეთში გაკეთდა, თურქეთში, ესპანეთშიც.
ჩემი ქმრის დეიდაშვილი, მაგალითად, ამერიკაში ცხოვრობს რვა წელია უკვე, მაიამიში. მოქალაქეობაც მიიღო. მართალია, ხელი მოაწერა და ისე. უკვე საკუთარი ბიზნესიც აქვს: ტურისტებს ემსახურება სამუშაოზე მოწყობის, ბარგის გადაგზავნის პრობლემებში. არაჩვეულებრივი გოგოა, ,,გეპეი“ აქვს დამთავრებული, საინჟინრო-კიბერნეტიკული. როიალზე უკრავს, ხელსაქმე იცის, ჭრა და კერვა - გადასარევი, საჭმელი ხომ ყველაფერი იცოდა... იმ ოჯახში რომ ნახეს, როგორი კარგი გოგოა, იმას ყველანაირად შეუწყვეს ხელი, რომ გზა ჰქონოდა. ასეც ხდება. მაგრამ ისეთებიც ვიცი ჩვენთან: რამდენიმე დღე ქალი ქუჩაში ათევდა ღამეს, ,,ტურისტებმაც“ არ დააწვინეს - შენთვის ფართი არა გვაქვსო. წასული ადამიანისას ვერაფერს ვერ გაიგებ, სანამ თვითონ არ განიცდი და არ გადაიტან ამ ყველაფერს.
ექვსი წელი ვიმუშავე. მერე ძალიან ცუდად გავხდი, გულის იშემია მქონდა და საერთოდ ვეღარ ვმუშაობდი. დავრეკე სახლში და ვუთხარი, რომ თბილისში ბინა რომ გვქონდა ნაყიდი, გაყიდეთ, გაიყავით გოგომ და ბიჭმა, მე აღარ შემიძლია, მოვდივარ-თქო...
საელჩოში მივედი და გამაფორმეს. მერე აქედან გამომიგზავნეს დაბადების მოწმობა და გამიკეთეს უკან დასაბრუნებელი საბუთები, იმიტომ რომ ჩემი დაკარგული მქონდა, ქუჩაში მომპარეს. ექვსი წელი ისე ვიყავი იქ, ერთხელაც არ შევუმოწმებივარ არავის... ახალგაზრდებს უფრო ამოწმებდნენ, თეთრებს, რუსებსაც.. ქართველებს ძაან პატივს სცემდნენ. ბევრჯერ უთქვამს უფროსს, სპეციალურად წავედიო ბორდელში და ქართველი მოვითხოვეო. ასე მითხრეს, ქართველები აქ არ არიანო და ამითაც ამაყობდნენ.
იქ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ფულს გადაიხდი და რასაც გინდა, იმას ისწავლი, იმას მოითხოვ და გაჩვენებენ. ყველაფერი მაინტერესებდა, მაგრამ ძნელია, ოჯახური მდგომარეობა რომ არ მოგდევს.
ჩემი შვილები ჩემი ტვირთია. ამ ოჯახს, ჩემი ქმრის გარდა, შვილი არა ჰყავდა. ერთი ქალიშვილი მანამდე ჰყავდა დაღუპული. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, 26 წლის ვიყავი, თვითონ 31 წლისა გახდა იმ დღეს, როცა დავკრძალეთ. მთელი ეს კაცური ტვირთი გადმოვიდა ჩემზე. მე შვილების დარდი მქონდა და სხვა პრობლემა. ამიტომ უბრალოდ სწავლის დრო მე არ მქონდა. ერთადერთი, რასაც მუშაობის დროს ვახერხებდი, ვაკვირდებოდი მშობელს, ან მოსწავლეს ან მასწავლებელს და სულ ვაგროვებდი ნახევებს, ნაგლეჯებს, ჩანაწერებს. იმედი მქონდა, იქნებ რამეში გამოვიყენო-მეთქი. (2007, კახეთი)
მამაკაცები არ გვიწყენენ, მსუბუქად ვიტყვი, რომ მე მგონი ქალები უფრო გამბედავები არიან და უფრო რისკიანები. ასე რომ აქ, გაჭირვება, ლხინი, ყველანაირად, - ქალი, კაცი, განსხვავება არ არსებობს. ქალები არანაირად არ ვრჩებით რიტმში უკან მამაკაცებს. მე მგონი - პირიქით. უმრავლეს შემთხვევაში ქალებიდან უფრო მოდის საქმე. და როცა ქალი აჩვენებს მაგალითს, მერე ჩვენი მამაკაცები თვითონაც რისკავენ და მოგვყვებიან ხოლმე. (2007, ზემო იმერეთი)
მშობიარობა თითქოს უფასოა. 200 ლარიან ვაუჩერს გაძლევენ, მაგრამ 400 ლარს იქ გატოვებინებენ. რაღა უფასოა? გინდაც ის ბებიები, გინდაც ის დამლაგებლები, თვალებში შემოგყურებენ, რომ შენა ხარ მათი იმედი. მშობიარე რომ შემოდის, ის კი არ უხარიათ, რომ ბავშვი გაჩნდა და ახალი სიცოცხლე გაჩნდა. ის უხარიათ, ფული გაგვიჩნდაო. ,,ტუმბუჩკას “ დაულაგებს - 3 ლარი, ერთს გამოუსვამს - 3 ლარი. ეს თანხებიც ყველამ იცის. მე რვა წლის წინ ვიმშობიარე და მაშინ ასე იყო. ეხლა კიდევ ,,სტავკები“ გაიზარდა, იმიტომ რომ ყველაფერი გაძვირდა. იმ სამთავრობოში თუ სახელმწიფოში კი ასეა. ფასიან სამშობიაროში სიმკაცრეა. იქ ყველაფერი იმათია, პოლიკლინიკა და აბსოლუტურად ყველაფერი. ფასიანში თანხა წინასწარ უნდა გადაიხადო. ეს სამშობიარო ვისიც არის, მთავარი ექიმია ის და მთავარი გინეკოლოგი, იქითაც მუშაობს, უფასო სამშობიაროში. ექიმებმაც იციან, რომ ის არის აქაც უფროსი და მაგან რომ უნდა ამშობიაროს. სცალია, არ სცალია, მაგან უნდა ამშობიაროს. შეიძლება სხვამაც მიიღოს ქალი, მაგრამ მეტწილად მაგას ეძახიან. კარგი ექიმი კი არის, ნამდვილად ვერავინ ვერ დაემდურება...

ოშორელი გოგოების ენთუზიაზმი. მესხეთი. 2005
მშობიარეზე არ ვიცი, მაგრამ აბორტებზე სულ რიგი დგას ხოლმე. აბორტზე დილით მისულები, 25 ქალი ელოდებოდა. ჩემს ახლობელს გავყევი ერთხელ. იქვე იდგა ექიმი, მაგრამ არა, იმას დაურეკია, ხელი არავინ მოკიდოს, მე მოვდივარო. მთელი ორი საათი ველოდეთ. მერე გვერდზე გადავაკითხეთ, იჯდა და ყავას სვამდა. არადა, ურეკავდნენ, მაშინ მე გავაკეთებო, სხვა ექიმი ეუბნება. თანაც ამ ექიმს ეშინოდა კიდეც, რაკი იმას ჰქონდა ნათქვამი, მე უნდა გავაკეთოო. 25 ქალი ელოდებოდა, აბორტი 25 ლარი ჯდებოდა თუ 23 ლარი და მთელი ეს ფული სხვას რატომ უნდა აეღო. თუმცა სხვა კარგი ექიმებიც არიან, რვა გინეკოლოგია კიდევ სხვა, მის გარდა. მე სხვას ვიყავი წაყოლილი, ველოდებოდი და უკან უნდა წამომეყვანა. მაშინვე, იმიტომ რომ ოთხი საწოლო დგას იქ მარტო, 25 ქალი ელოდებოდა, ადგილიც არ იყო იმდენი, რომ დაწოლილიყო ეს ქალი აბორტის შემდეგ. ათი წუთი მაქსიმუმი და წამოახტუნებდნენ, იმიტომ რომ შემდეგი დაწვეს. ათი წუთი მარტო იმიტომ, რომ მხოლოდ ნარკოზიდან გამოხვიდე, კი არ გამოხვიდე... მარტო თვალები გაქვს გახელილი, გაბრუებული ხარ... ამიტომ ტაქსით მოყავს იქიდან ქალი თითქმის ყველას. იმ საწოლზე უბრალოდ წამოგაწვენენ, სანამ მეორეს უკეთებენ ამ დროს. ესეთი ამბებია, სიბინძურე და საშინელება. ზოგი ცუდად ხდება. ამ ექთნებსაც ნერვები აღარ აქვთ, იმიტომ რომ კაპიკებს იღებენ ეს ექთნები. ზოგი პირღებინებით კვდება ამ ნარკოზის შემდეგ და არავინ ზედ არ უყურებს. აქეთ წიოკობენ, მიხედეთ ეგერ ქალს, პატრონები არა ხართო? ზოოპარკშიც არ ხდება ეგეთი რაღაცეები, რომ ვუყურებდი, ვგიჟდებოდი. ეს იყო შარშან. (2006, კახეთი)

შრომითი უფლებების და ბიზნესის მართვის სწავლება
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ დარბაზში, 2007
იცით, ჩვენ გვყავს ისეთი ოჯახებიც, სადაც ქალი ნამდვილად დაჩაგრულია. რასვგულისხმობ, იცით, ოჯახურ ძალადობაში? მარტო ის კი არა, რომ ქმარმა ცოლი
სცემოს. უბრალოდ როცა ქალს არა აქვს უფლება თავისი სიტყვა თქვას, თავისი აზრი გაატაროს, თავისი შესაძლებლობა გამოავლინოს. თუ რძალი დედამთილის იქით ვერ გადავა, ესეც ხომ ძალადობაა, არა? მაინცდამაინც ხელი ხომ არ უნდა შემოგკრას, რომ მსხვერპლად იგრძნო თავი? საბედნიეროდ, იშვიათად არიან ასეთი ქალები, მაგრამ არიან. იქით, სათბური რომ გვაქვს, იქ მუშაობს ერთი. ავადმყოფი ქალია და სოფელმა შევუგროვეთ ფული. იმიტომ რომ ქმარი არის ლოთი. ფაქტიურად ის ძალადობის მსხვერპლია. ეს ქმარი წავა, დათვრება, მოვა სახლში, ააწიოკებს შვილებს და ეშინიათ ბავშვებს. ურჩევნიათ მამა საერთოდ არ დაბრუნდეს სახლში. ასეთი რამდენიმე ოჯახი გვეგულება, ერთეულები. (2007, სამეგრელო)
მე შევხვდი შესანიშნავ ქალბატონებს, რომლებსაც ავტორიტეტიც აქვთ იმ სოფელში, საქმის გაკეთების სურვილიც და უნარიც აქვთ. მაგრამ შედეგი რა მივიღეთ. მე ძალიან მადლობელი ვარ იმისა, რომ ჩვენს რეგიონში გაიზარდა ქალთა რაოდენობა თვითმმართველობაში. მართალია, ისინი წევრებად დარჩნენ მხოლოდ და მათ არ აღირსეს არანაირი თანამდებობა, მაინც მიღწევად მიმაჩნია ჩემი საქმიანობის შედეგი იმიტომ, რომ რაოდენობრივად მაინც გაიზარდა ქალები ადგილობრივ თვითმმართველობაში. მე ვიცი, რომ ხვალ ეს ქალები, რომლებიც დღეს რიგითი წევრები არიან, უფრო მეტ სურვილს, უფრო მეტ უნარს გამოიჩენენ იმისთვის, რომ მიაღწიონ და ჰქონდეთ თანამდებობები. იმიტომ, რომ ღირსები არიან ამის. მაგრამ დღეს, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მათ ამასაც რომ მიაღწიეს, ეს უკვე ძალიან დიდია. მათ ამისთვის დასჭირდათ უზარმაზარი ძალა, უზარმაზარი ენერგია, რომ მოხვედრილიყვნენ იქ. და როცა გახდნენ საკრებულოს წევრები, სურვილი გაუჩნდათ რომ მთლიანად დახარჯონ თავიანთი ინტელექტი, თავიანთი განათლება, თავიანთი შესაძლებლობები. იმიტომ, რომ ქალს რაც შეუძლია, ის არ შეუძლია მამაკაცს. არ შეუძლია მამაკაცს იმიტომ კი არა, რომ განათლებას ვგულისხმობ, არამედ შინაგან ძალას, რაც ქალს აქვს და არა აქვს მამაკაცს. ქალი ნაკლებად არის კორუმპირებული, ეს ძალიან კარგად ვიცით. იმიტომ რომ ქალი უფრო ფრთხილია და ვერ გადადგამს მაგ ნაბიჯს. ქალს შეუძლია იზრუნოს ქალთა პრობლემებზე. ქალის უპირველესი მიზანი იქნება, რომ გაუმჯობესდეს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მდგომარეობა. იმიტომ, რომ ქალმა რომ იცის, იმას მამაკაცი ვერ გრძნობს, რა არის მის ოჯახში საჭირო, როგორ წარმართოს ოჯახი, როგორ მოხდეს დანაზოგის შენარჩუნება ისე, რომ, ვთქვათ, რაღაც პერიოდის განმავლობაში ოჯახი იყოს უზრუნველყოფილი. და მე მიმაჩნია, რომ თუ ოჯახში შეუძლია ეს ქალს, უკეთესად შეძლებს მთავრობაში. უკეთესად გაანაწილებს თავის რესურსს, რომ ხალხი ჰყავდეს არა დამშეული, არამედ დაკმაყოფილებული, რა რესურსიც აქვს, იქიდან, შესაბამისად. რომ ის რესურსი არ წავიდეს სხვაგან და წავიდეს მიზნობრივად, თავისი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ უნდა იყოს ქალი იქ. მე ამით არც მამაკაცებს ვაყენებ საერთოდ შეურაცხყოფას, როცა ქალზე ვსაუბრობ ასე. მაგრამ ქალს აქვს ამის პოტენციალი. (2007, რაჭა)
არჩევნებისთვის ჩვენთან ქსეროქსის აპარატი მოაქვთ ხოლმე... იმ ბარათების გადასაბეჭდად. ეს ყველამ იცის. ანუ გასაყალბებლად მოდის. ისე, პრინციპში ყველამ იცის ხოლმე, ვინ უნდა გაიმარჯვოს. რომ შევდივართ, მაშინ გეუბნებიან, ხომ იცი, ამას უნდა მისცე ხმაო. აქ ასეთი რაღაც ხდება - ის შენი ნაცნობია, ის არის ამ პარტიაში და უბრალოდ სხვას ვერ შემოუხაზავ... შეიძლება უკანიდან გიყურებდეს, როგორ თუ სხვას შემოუხაზე... ფარდაა იქ. კარი ხომ არ არის, გასწევს და შემოგიჭყიტავს. მე, მაგალითად, ერთხელ, მაშინ შევარდნაძის დრო იყო, სხვა უნდა შემომეხაზა. ჩემი ნათესავი მედგა უკან და რომ შევდიოდი, ვუთხარი, რომ ჰო, იმას შემოვუხაზავ-მეთქი, ანუ ვინც მან მითხრა. რომ შევედი, სხვის შემოხაზვას ვაპირებდი და უკნიდან მეუბნება - გეშლება, გეშლებაო. სხვა რა გზა იყო. ალბათ ვერაფერსაც ვერ მიზამდა, ასე რომ არ მექნა. რომ შევედავე, ასე რატომ შვრებით, შენ თვითონ მოგწონს-მეთქი? ნეტაო, რატომ უნდა დავკარგო ფულიო... გინდათ წელსაც რომ იყო. ერთი იყო ნაციონალებში და პლიუს კიდევ რესპუბლიკელები მოვიდნენ, ფული შესთავაზეს და იმათაც გამოართვა. ორივეზე მუშაობდა. უბრალოდ ფული გამოართვა იმათაც, იმათაც... რომ მოვიდნენ, 80 ლარი შესთავაზეს, იქ მეორემ - 100 თუ 120 ლარი, ჩვენზე იმუშავეო, ხალხს რომ აგიტაცია გაუკეთოს. ეს ხდება არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ან ერთი თვით ადრე. და აძლევენ ამათ რაღაც ხელფასს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში მოკრიფონ მეტი ხალხი. ანუ მე თუ ის არ შემოვხაზე, ვისაც მეუბნება, მე ვღალატობ ამ ჩემს მეზობელს. თანაც კიდევ გეუბნება თვითონ, რომ რა აზრი აქვსო. მე, მაგალითად, რესპუბლიკელები საერთოდ არ მომწონს, მაგრამ ეს ფული რაღას დავკარგოო. მაინც არ გაიმარჯვებენ ეგენი, ნაციონალები გაიმარჯვებენო ყველა შემთხვევაში. აზრი არა აქვსო, სხვას რომ შემოუხაზოო, ბარემ ადექი და მეც პატივი მეცი და ეს შემოხაზეო.
არავის არც პოლიტიკა აინტერესებს დღეს-დღეობით და არც არაფერი. დღეს ესეა, გადამიხადე ფული - შემოვხაზავ. ერთი დღით ცხოვრობენ. წინ კი არ იყურებიან, რა ცხოვრება მოგვივა. და რომ იფიქრონ, მარტო მე კი არა, იქნებ ჩემმა შვილმაც გაიხაროსო. ფიქრობენ დღეს-დღეობით რა შევჭამო და რით ვიცხოვროო. ეს ერთი აგიტატორი კი არა, რამდენი პარტიაც არის, იმდენი აგიტატორია სოფელში. ალბათ იმ რესპუბლიკელებმა არ იცოდნენ ეს აგიტატორი რომ ნაციონალებზე მუშაობდა. ან იმიტომ შესთავაზეს, რომ თავისკენ გადაებირებინათ. ვითომ ეს ფული ცოტა მეტი მისცეს. ამანაც, კი ბატონოო, 80 ლარს 120 ლარი არ მირჩევნიაო? ბოლოს არც ის 80 დაკარგა და არც ის 120. ასეთი რაღაცეებიც ხდება.
გამარჯობაც არ არის უკვე არავის დასაჯერებელი. ისე გაგაცურებენ, თვალებში გიყურებენ, გელაპარაკებიან, მაგრამ იქითკენ სხვა რაღაცეებს ფიქრობენ. იმდენ რაღაცაში დავიჭირე ეს ხალხი. ძაან ეშმაკები არიან, და გაბოროტებულები. რა ქრისტიანობა, რის ქრისტიანობა. მუსულმანები უფრო არიან ერთმანეთთან, უდგანან მხარში, ვიდრე ჩვენები. (2007, კახეთი)
რაღაც საშუალება რომ იყოს, აქ აღარ გავჩერდებოდი, საქართველოში რა არის, მთელი დღე ვმუშაობთ, რაც ავდგები დილით, მთელი დღე ფეხზე ვარ, მაინც საქმე მაქ. მიკვირს, ზოგიერთები რომ გზაზე სხედან და საუბრობენ. მთელი ღამე რომ არ დავიძინო, მაინც საქმე მაქ და ეგენი როგორ ახერხებენ ამას. ნორმალურად რომ გააკეთო, ქალის საქმე არ მთავრდება. მარტო ქალის საქმე კი არა, აქ კაცის საქმეც, მეტი წილი, ქალის კისერზეა მოქცეული. თოხნა არის თუ რა არის, ქალი გვერდით უდგას ქმარსა და ოჯახს. (2001, კახეთი)
ჩვენი ხალხი ზარმაცი არ არის. თქვენ წარმოიგინეთ, რომ ხალხი ვირივით შრომობს, ოფლის ბოლო წვეთამდე და არაფერი არა აქვს. იქ რომ მიდიან, უფრო მეტი აქვთ ალბათ. მე არ ვყოფილვარ და არ ვიცი. (2007, კახეთი)
დედამ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა. რა თქმა უნდა, ოფიციალურად, ლეგალურად გამგზავრება ვერ მოხერხდა და ამიტომ წავიდა ფეხით. ასეთი ,,მოგზაურობა“ წარმოუდგენელ რისკთან არის დაკავშირებული: ერთი მხრივ - პოლიცია, მეორე მხრივ - თვითონ გზა, რომელიც იმდენად სახიფათოა, რომ ზუსტად არ იცი, რა შეიძლება შეგემთხვეს და შეიძლება საერთოდ ცოცხალიც კი ვეღარ გადარჩე. და, აი, ასეთ გზაზე წავიდა დედაჩემი. ჩემს განცდებს, რამდენადაც არ უნდა ვეცადო, ვერ გადმოგცემთ ზუსტად. დაახლოებით ერთ კვირაში უნდა ჩასულიყვნენ. მაგრამ მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გავიგე, რომ ჩავიდა და კარგად არის. ის ორი კვირა სიგიჟის ზღვარზე ვიცხოვრე. იმ პერიოდის გახსენება დღემდე შიშის ზარს მცემს. რას არ ვფიქრობდი, საკუთრ თავს ვადანაშაულებდი ყველაფერში. დედამ იქ მუშაობა დაიწყო. სამსახური საკმაოდ მძიმეა, მოგეხსენებათ. ჩავარდნილ მოხუცს უვლის, დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს, მაგრამ რას იზამს, უძლებს. მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვალებს დიდი არაფერი მოაკლდა. მოვალეები პერიოდულად ნერვებს მიშლიდნენ, მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე მეც დედაჩემთან წავსულიყავი სამუშაოდ. ახლა ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება არასწორი იყო, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალი ვერ წარმომედგინა.

უკვე ერთი წელი იყო, რაც დედა არ მენახა, თანაც საკუთარ თავს მაინც ვერ ვაპატიე, რომ ასეთ საშინელ დღეში ჩავიგდე თავი და ერთადერთი, ყველაზე ძვირფასი ადამიანი იძულებული გავხადე სადღაც ჯანდაბაში გადაკარგულიყო და მოსამსახურედ ემუშავა. წარმოიდგინეთ, დედაშვილი, რომელთაც უერთმანეთოდ არცერთი ღამე არ გაუთენებია. ჩვენ ხომ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს. ვიცი, რომ მასაც ისევე უჭირს, როგორც მე. ხოდა, წავედი, თანაც გავიგე, რომ დედამ ავადმყოფობა დაიწყო და წამლის ფულსაც კი ზოგავდა. ეს უკვე საბოლოო წვეთი იყო. გავიგე, რომ ქალების ჯგუფი წასვლას აპირებდა და მეც მათ გავყევი. იმ ამბებს დაწვრილებით ნამდვილად ვერ მოგიყვებით, ისედაც მძიმე მოთხრობა გამოვიდა. მოკლედ გეტყვით, რომ ვიღაც ვიეტნამელები რომ არ ყოფილიყვნენ, დღეს ჩემი საფლავიც არსად იქნებოდა, ისეთ ადგილებში გვატარეს გამცილებლებმა. მივდიოდით მხოლოდ ღამით, დღისით ვიმალებოდით რაღაც სრულიად გაურკვეველი დანიშნულების შენობებში. ერთ-ერთ ასეთ სახლში დამრჩა ჩანთა საფულით და საბუთებით. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩავედით დანიშნულების ადგილას და იქვე დაგვაპატიმრეს. ადგილობრივი პოლიცია კორექტულად გვექცეოდა. ორი დღის შემდეგ გადაგვაგზავნეს უკან იმ ქვეყანაში, რომლიდანაც გადმოვიპარეთ. სანამ იმ საპოლიციო უბანში ვისხედით, ერთადერთი, რაზეც ვოცნებოდი, ის იყო, რომ ისევ იმავე გზით არ დავებრუნებინეთ, თორემ ნამდვილად ვეღარ გადავრჩებოდი. უკან დაბრუნებულები აღმოვჩნდით რაღაც სასაზღვრო ზონაში ანუ ნამდვილ ციხეში. ჩემთან ერთად მყოფი ქალები სამშობლოში დააბრუნეს. სინამდვილეში არცერთ ქვეყანას არ სჭირდება ასეთი ტყვეები, ისინი ზედმეტი ტვირთია და მეტი არაფერი. არც მე გამაჩერებდნენ, პასპორტი რომ მქონოდა. დავრჩი სრულიად მარტო უცნობ ქვეყანაში, უცნობ ხალხში და რაც ყველაზე ტრაგიკული იყო, უსათვალოდ. სათვალეები ჩემთვის არის წყალი, ჰაერი, პური - ერთი სიტყვით, ყველაფერი. ჰოდა, დავრჩი ყველაფრის გარეშე, ჩემს ბედში მყოფი ოცდაოთხი ქალის გარემოცვაში. მთელი ხუთი დღე ვტიროდი, გარეთაც კი არ გავსულვარ, არაფერი მიჭამია. თუმცა საჭმელი მხოლოდ პური და ყველაზე დაბალი ხარისხის ყველი იყო, მეტი არაფერი. თითქმის მთელი თვე ვიყავი იქ და სხვანაირი საჭმელი თვალითაც არ მინახავს. საკანში ორსართულიანი საწოლები იდგა. არანაირი თეთრეული, ორი თხელი ,,ადიალა“, ერთი ზევიდან გვეფარა, მეორე - ქვევიდან. არ გვქონდა საპონი, ცხელი წყალი. ზედამხედველებს ფულს ვაძლევდით და ისინი გვყიდულობდნენ ხან ჩაის, ხან ყავას. დარეკვის საშუალება იყო, ოღონდ ლამის მთელი დღე უნდა გეხვეწნა და გესაბუთებინა, რომ დარეკვის ნებართვა მიგეღო, თან უძვირესს ითხოვდნენ. საკანში ჩემთან ერთად უკრაინელი და რუსი გოგონები იყვნენ. ზოგი მათგანი გაჭირვებას გაურბოდა, უმეტესობა მსუბუქი ყოფაქცევის ქალები იყვნენ და “საშოვარზე“ მიდიოდნენ. თავიდან ისინი ძალიან მხიარულობდნენ ჩემს განცდებზე. მაგრამ შემდეგ გულწრფელად თანამიგრძნობდნენ. ვისაც რით შეეძლო, მეხმარებოდა. ცდილობდნენ მარტოობა არ მეგრძნო. იცინოდნენ, სულ ანეგდოტებს ყვებოდნენ. როდესაც ერთმანეთი უკეთ გავიცანით, უამრავი ტრაგიკული ამბავი მივისმინე. გაღატაკებული, გაუბედურებული ადამიანები ცდილობენ რაიმე გამოსავალი მონახონ და თავი გადაირჩინონ.

სერიოზული საფიქრალი. როგორ წარმოვუდგინოთ
ანგარიში „ფონდი ტასოს“ ფინანსურ მენეჯერს? 2007
ყველაზე მეტად კი ერთი პატარა გოგონას ისტორიამ შემძრა. ნორმალურ ოჯახში ცხოვრობდა, თითქმის არაფერი აკლდა. ისე, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო აჰყვა თანატოლებს, შემდეგ დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტა, წამოვიდა და იქ გაიჩხირა, რადგანაც სახლში დასაბრუნებელი ფული აღარ ჰქონდა, თანაც აღმოაჩინა, რომ სამი თვის ფეხმძიმე იყო. საღამოობით თუ გასეირნების ნებას დაგვრთავდნენ, თან გამომყვებოდა ხოლმე და ერთი წუთით მარტოს არ მტოვებდა. იქ ყოფნისას ბევრ რამეს მივხვდი, რაც ყოველთვის თითქოს ისედაც ნათელი მეგონა. თურმე შენს ქვეყანას არაფერი სჯობია. და ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანური ურთიერთობებია და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მოკლედ, მივეცი იმ გოგონას საჭირო თანხა. მე თავად მიპოვნეს დაკარგული საბუთები და ვიღაც ორ ქართველთან ერთად წამოვედი იქიდან. გზაში აღმოჩნდა, რომ ფული დამაკლდა. მძღოლმა, რომ იტყვიან, ,,პოსლეზე“ წამომიყვანა და თბილისში გადავუხადე დარჩენილი თანხა. მე გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. გზა არის სიკვდილი და ციხე იმის გააზრება, თუ რატომ დარჩი ცოცხალი. ამჟამად მე ისევ მარტო ვცხოვრობ, დედა ისევ იქ არის. (2001, ქართლი)
ახლა, მართალია, მიწის ნაკვეთები ჩვენ გადმოგვცეს, მაგრამ ტრაქტორი უნდა იქირავო, ,,სალიარკა“ უნდა იყიდო, ტრაქტორისტს ფული უნდა გადაუხადო, მოსახნავად და კულტივაციისთვის ფულია საჭირო. თესლი ხომ უნდა იყიდო - ფული უნდა... ვენახის წამლებს გაორმაგებული ფასები აქვს. ყველაფერს ფული უნდა. ფული კიდევ საიდან არის...
იმდენი ჯდება ეს ყველაფერი, რომ მერე მოსავალი რომ მოდის, იმას არ ფარავს, რაც დაიხარჯა.…მოსავალი კიდევ თუ მიიღე, შენთვის თუ გეყოფა. გასაყიდად ვერ მიიღებ - იმდენი მოსავალი არ მოდის. ჩვენთან ადგილები არის ძალიან ფიცხი.… არის წლები, რომ კარგია მოსავალი, მაგრამ მერე 3-4 წელი არ მოვა. მდგომარეობა სოფელში ძალიან მძიმეა. ოთხმოცი პროცენტი მიწისა არის დაუმუშავებელი.
ხალხს დახმარება უნდა. ძალიან ძნელია ეხლა გლეხი რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან. კრედიტს თუ აიღებს ხალხი, შეიძლება მოსავალი ვერ მიიღოს და იმ კრედიტსაც ვერ ფარავს, არა თუ მოგებაზე იფიქროს.
წინანდლის მეურნეობის თანამშრომლები და მეეტლე სიკო. 1920-იანი წლები
ერთ წელიწადს ჩვენ მოგვცეს სათესლე ხორბალი. დათესა ხალხმა და მთელი სოფელი აივსო. არადა ბედი იყო, თუ თესლი იყო კარგი, არ ვიცი. ისეთი მოსავალი მოვიდა, არნახული. და ორი წელიწადი ხალხი იყო კარგად. ის ორი წელი გავიდა და იმის შემდეგ არაფერი არა აქვს სოფელს.
მოსავლის შემდეგ სათესლე უნდა დაიტოვო, მაგრამ ჩვეულებრივ იმდენი რაოდენობა არ მოდის. ცოტა კი არ არის საჭირო, დაახლოებით 300-400 კილო ერთ ჰექტარზე. აი მე ეხლა წიწილები მყავს. ბოლომდე რომ მივიყვანო, ტონანახევარი მაინც მჭირდება ამათ ჭამაზე. წარმოიდგინეთ, ტონანახევარი თუ მივიღე, სათესლედ როგორღა დავიტოვო...
იმ კარგ წელიწადს ერთი ჰექტარიდან ოთხი ტონა ხორბალი მოვიდა. მაშინ სათესლეც დარჩა და მომავალ წელსაც დავთესეთ. მაგრამ შემდეგ წელს აღარ მოვიდა მოსავალი. თესლი თურქეთიდან იყო, დამუშავებული, წითლად იყო შეფერილი, ნამდვილი თესლი. შეიძლება ჰიბრიდულიც იყო. რომ ამბობენ, მარტო ორი წელი კარგი მოსავალი იცისო, ვერ გეტყვით. ჩვენ ოთხი ტონა მივიღეთ. ზოგმა ექვსიც კი მიიღო ერთ ჰექტარზე. ის თესლი აღარა მაქვს, თორემ დავთესავდი. კარგა ხნის წინ იყო ეს. ალბათ 2000 წელს, შევარდნაძის დრო იყო... (2007, კახეთი)
ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობა აქ შედარებით კარგად არის. ამბულატორია გააუქმეს ჩვენთან და ქვემოთ სანიორეში არის... იქ კარგად არის და იქ დავდივართ. ეხლა ახალი კლინიკა გაუხსნიათ, არც ვიცი. არ ვყოფილვარ. გიგი წერეთელი ყოფილა ჩამოსული. ის კლინიკა მოემსახურება სამ სოფელს: ნაფარეულს, სანიორეს და ართანას. ვთქვათ, თუ ცუდად არის ვინმე ძაან, სასწრაფო მოდის ათ წუთში. ისინი ნაფარეულში არიან, სასწრაფოს პუნქტია თუ რა არის, არ ვიცი. ჩვენ თელავში დავრეკავთ, თელავი გადმორეკავს ნაფარეულში და იქიდან მოდიან.
ამ ერთი კვირის წინ ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემმა მეზობელმა დარეკა და ხუთ წუთში გაჩნდა აქ სასწრაფო. ძალიან კმაყოფილი დავრჩი. არ დამანებეს თავი, სანამ მდგომარეობიდან არ გამომიყვანეს. სახსრების ანთება მქონდა, დამისივდა ხელები და ფეხებს ვეღარ ვატოკებდი. სანამ არ მომეხსნა ყველაფერი, არ წავიდნენ. ეს მომსახურეობა კი არის უფასო. (2007, კახეთი)
აი ეხლა აქედან, სოფლიდან, როცა უჭირთ, ზოგს წამალი უნდა, ზოგს რა უნდა, ზოგს რა უნდა, აიღებს ამ ორ „მეშოკს“, მზესუმზირაა თუ სიმინდია, დაუდებს ავტობუსზე და წაიღებს ბაზარზე. ბაზარზე ერთი წასვლა აქედან უჯდება 2 ლარი, იქიდან წამოსვლა უჯდება 2 ლარი, მეშოკი - ლარი. ესე იგი გამოვიდა 6 ლარი, თუ ორი ,,მეშოკი“ წაიღო. 6 ლარი იმან უკვე გადააგდო. თუ იქ გაყიდა, პირობითად რომ ვთქვათ, კილოგრამი 40 თეთრად, გამოდის, რომ 40 თეთრი კი არ გამოდის იმის ფასი, ეს ხარჯები ხომ უნდა დაფარო, გამოდის 35 თეთრი. ამან უკვე ტყუილი გზა გაიარა, დრო დაკარგა. (2007, გარე კახეთი)
ადრე ხომ იყო ზამთრის საძოვრები: დაღესტანში ჰქონდა საქართველოს არენდით აღებული მიწა, 50 წლით. მერე კიდევ გააგრძელეს ეს კონტრაქტი. ელექტროფიცირებული სადგომები ჰქონდათ და ხუთი რაიონის ცხვარი მიდიოდა იქ. მილიონობით ცხვარი ჰყავდა რაიონს. იმდენი, რომ საძოვრები უჭირდა. თვეობით მიდიოდა და მიდიოდა აქედან ფარები. ორჯონიკიძეშიც ვერ მივდიოდით - მანქანა ვერ დადიოდა უბრალოდ. ასე იყო შემოდგომაზე, და გაზაფხულზე უკან ამოდიოდნენ. მერე, როცა გადატრიალება მოხდა და ის საძოვრები დავკარგეთ, ჯერ არენდით დაურიგეს ვიღაც-ვიღაცეებს, მერე თანდათანობით ეს ცხვარიც სულ შეიჭამა და დარჩა რაიონი აბსოლუტურად ღატაკი. ხალხს აღარაფერი დღეს არა აქვს. (2007. ყაზბეგის რაიონი)
ყურძენს რაც შეეხება და რთველს - ყველა ტიროდა და ისე კრეფდა ვენახს. ხალხს დაულპა იმდენი ყურძენი ამათ ლოდინში. მთელი ოთხი დღე იდგნენ აქ, ნაფარეულში. უკვე აღარ იბარებდნენ. დღეში ერთ მანქანას 50 ლარს უხდიდნენ, ის ყურძენი რომ წაიღოს. და ოთხ დღეში ხომ 200 ლარი უნდა გადაუხადო, მანქანით რომ გიდგას. ის ყურძენი ოთხი დღე რომ იქ იდგება, ხომ სულ წვენად დაიცლება და რაღა რჩება? რასაც ჩააბარებ - კაპიკები გამოგდის. ასე მოუვიდა ბევრს და ბოლოს საერთოდ აღარ იღებდნენ. ჩვენგანაც წაიღეს, 500 კილო გავყიდეთნ 30 თეთრად. ბოლოს ვიღაც მოვიდა თბილისელი, ცოტა იყიდა და აქვე დავწურავო. იმან თქვა: რომ მოვდიოდი, თელავიდან ვიღაც კაცი მეხვეწებოდა, წამოდი, ჩემგან წაიღე, 7 ტონა მაქვს დასაკრეფიო. მაგრამ აქ რომ შეპირებული იყო ჩვენსას, აქეთ წამოვიდა. ისე შემეცოდა ის კაცი, ფული რომ მქონოდა კიდევ, ცოტას მაინც ვიყიდიდიო. (2007. კახეთი)
დარიკო მელისანოვას ოჯახი. ბაზღნარი. 2001
თავისუფლებისკენ მისწრაფება ხუმრობით
ღორები სოფელში, ვინც გარეთ არ გაუშვა, ტყეში ან მინდორში, თითქმის ყველასი გადარჩა.
ღორზე ისეთი ბუმი ატყდა, ხვალე რას იზამენ, ვინ იცის. ყოველ შემთხვევაში ახლა ძროხის ჯერია. მაგრამ... ჩვენ ხომ არ ვიცით, რა იქნება. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, მსგავსი რაღაც რომ მოხდეს (2007, გარე კახეთი)
არ არის საშუალება. სად იმუშაოს? კიდევ ვამბობ, ღორით და ყურძნით გაჰქონდა რაჭველ კაცს თავი. ერთიც მოისპო და მეორეც. რაჭა ლობიოთი იყო ცნობილი, რაჭული ლობიოთი. ეხლა რაღაც დაავადება გაუჩნდა ლობიოს და საერთოდ აღარ შეიძლება. რაჭველი კაცი შუა აზიიდან შემოტანილ ლობიოს რომ თავისუფლებისკენ მისწრაფება ხუმრობით იყიდი და წაიღებ რაჭაში, ზამთრის მარაგი რომ გქონდეს, ეგ საქმეა? ესეთი მდგომარეობაა. ამიტომაა აუცილებელი და ამიტომ უნდა იფიქროს ქალმა რომ მოვიდეს პოლიტიკაში, რომ კარგად დაგეგმოს თავისი რაიონის და თავისი ქვეყნის მომავალი. ხომ დავინახეთ ესენიც, ბოლოსდაბოლოს გვაცალონ ამ ქალებს. იქნება ამ ქალებმა უკეთესად მართონ ეს ქვეყანა? რა თქმა უნდა, მე კი არა მაქვს ლაპარაკი იმაზე, რომ სულ ქალები იყვნენ, მაგრამ ქალსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ ქვეყნის და რაიონის მართვაში ადვილად ჩაერიოს და მისაწვდომი იყოს ყველაფერი ის, რაც არის მისი სოფლის და მისი რაიონის განვითარებისთვის საჭირო. (2007, რაჭა)
დათო ჯაშიაშვილი საგადასახადო კოდექსს ასწავლის. 2005
ქალი ვერ აიტანს მშიერ შვილს. მამაკაცებმა კი სასმელში იპოვეს შვება. ერობებში სხედან, ჩვენ ერობას ვეძახით, სკამები რომაა გარეთ და ქვები. დაივაგებენ იმ ქვებზე და ეწევიან, ერთობიან, სვამენ. დედა მაინც სხვაა. აი, ჩემი შვილებიც არასოდეს არაფერს არ უთანხმებენ მამას. მითანხმებენ უფრო სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ, მე უფრო შევიწუხებ თავს. თბილისიდან რომ რეკავს ნუკრი, დედა მალაპარაკეთო, იძახის. ამ დროს დედასთან კი არა აქვს საქმე, არამედ ისეთი საქმეა, მამასაც შეიძლება რომ უთხრას. მაგრამ დედა უნდა. იცის, რომ დედა არ უღალატებს. ასეა უმრავლეს ოჯახებში, მაგრამ ყველგან არა. ზოგს ისეთი ქმარი ჰყავს... აგერ მეზობლად სულ ცოცხი და აქანდაზი უჭირავს ქმარს ხელში, აბსოლუტურად ყველაფერში ეხმარება ცოლს... ქალიც ქალის ადგილზეა.
ყველა ესე კი არაა. მოხევეები საერთოდ აზიატები არიან. მეც შეჩვეული ვარ იმას, რომ ჩვეულებრივად, ფიზიკურად უნდა მემუშავა, როგორც მამაკაცს. საიდან მოდის ეს? ჩემი ხასიათიდან. არ აკეთებდა და ვაკეთებდი მე. ის საქმე ხომ უნდა გაკეთებულიყო.
როცა ოჯახი შევქმენით, საკარტოფილე არა გვქონდა. იმ ჩემს დედამთილს რაც ჰქონდა, ჰქონდა, ჩვენ კი არა გვქონდა. ყაზბეგში კიდევ კარტოფილი რომ არ მოიყვანო, არ შეიძლება. კარტოფილის ქვეყანაა ეს. მეტი კი არაფერი არ მოგვყავს! 180 კვადრატული ფართი იყო ისეთი, რომ ტრაქტორიც ვერ ადიოდა, მთლიანად ტერასა იყო კედლებით შემოღობილი. სულ ბარით და თოხით გავტეხეთ ყამირი, რომ იტყვიან, რომელიც თავის დროზე არ მოხნულა. ეგრე გავაკეთეთ საკარტოფილე. რა პრობლემაა! წელს ეხლა არ დამათესიეს. პატარა ბიჭი რაც გაიზარდა, შავ საქმეს აღარ მაკეთებინებს. თვითონ აკეთებს, ძმებსაც აკეთებინებს, სხვასაც მოიხმარს. ანუ თავმოყვარე ის აღმოჩნდა უფრო. მას რცხვენია, რომ დედა გარეთ მუშაობს.
საქონელი რომ შევინახოთ, ზამთრისთვის თივა უნდა დავამზადოთ. იმ თივის აგებას ცოდნა უნდა, წყალი რომ არ ჩაუვიდეს. ზოგჯერ ისეთი წვიმებია, რომ სულ დალპება: რამდენი შეიძლება თივას დააფარო, ან არა გაქვს დასაფარებელი. თან, როცა მინდორში მუშაობ, ჯერ მინდორში უნდა ზვინების სახით ააგო, დაამზადო, დააგროვო და მერე მანქანა მოიყვანო. ის უკვე გამზადებული უნდა იყოს, დაპრესილი, ნაკლები რეისი რომ დაგჭირდეს. იმ მანქანასაც ხომ ბენზინი უნდა, იმასაც ხომ ფული უნდა. ამიტომ ყველანაირად უფრთხილდები.
ბევრი შრომაა სოფელში. ყაზბეგი არის ყველაზე ნაკლებმოსავლიანი. ყველგან რაღაც იზრდება და რაღაც მოდის. ზოგან ხეხილია, ზოგან მარცვალია და აქ არაფერი არაა. მარტო კარტოფილი, რომელიც მხოლოდ იმდენი მოგყავს, რამდენიც შენს ოჯახს სჭირდება. აქ გასაყიდს ვერ მოიყვან. დამუშავება უნდა, დათესვა უნდა, თესლიც არ არის ხოლმე. უჭირს ხალხს. (2007, ყაზბეგის რაიონი)
...მაგრამ იმისათვის, რომ სოციალურად სოფლებმა, სოფლის ოჯახებმა ამოისუნთქონ, ამისათვის საჭიროა სპეციალური, მიზანმიმართული პროგრამები. იგივე, შეიძლება, მიკროსესხებზე რომ განვითარდეს სოფლის მეურნეობა, მაგრამ ეს არ უნდა გააკეთოს ბიუჯეტმა. მე, მაგალითად, ძალიან წინააღმდეგი ვარ ამისი. შეიძლება შეიქმნას რაღაც ბაზა, რაღაც თანხა გამოიყოს ბიუჯეტიდან, მაგრამ პროექტების შერჩევა მოახდინოს ბანკმა. ისევ და ისევ ბანკმა. ეს იქნება უფრო ობიექტური და სამართლიანი არჩევანი, და ბიუჯეტმა კი გააკეთოს რაღაცნაირად ამ სესხის დაცვა, იმისათვის რომ ნაკლები პროცენტებით გაიცეს ეს სესხი. ეს მიმართული იქნება კონკრეტულად ოჯახებზე, კონკრეტულად სოციალური განვითარებისათვის, და უფრო ნათელი გახდება, და შედეგი იქნება წლების განმავლობაში უფრო დიდი. რა თქმა უნდა, ბანკს არანაირი პროგრამა არ ექნება არც ამ ქალების დასახმარებლად, რომ სოციალურად უფრო წელგამართულები გახდნენ, და არც არავისთვის, როცა არანაირი გარანტია არა აქვთ, რომ სოფლის მეურნეობაში რაიმეს უკან მიიღებენ ფასეულს. ამიტომ ამაში უნდა ჩაერიოს ისევ ადგილობრივი ხელისუფლება რაღაც სახით, ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს ამ თანხების გარანტირება, რომ მოხდება ამ თანხების დაბრუნება ბანკში. მაგრამ შერჩევა უნდა მოხდეს აუცილებლად ბანკის მიერ, და არავითარ შემთხვევაში ხელისუფლების მიერ, რასაც კორუფცია მოჰყვება აუცილებლად და ისევ დაიჩაგრებიან ოჯახები. (2007, აჭარა)
ეგეთი ამბავიც იყო, გოგომ ტუალეტში იმშობიარა. არ გაგიგიათ? ფული არა ჰქონდა. უკვე დღე-დღეზე ელოდებოდა ბავშვს და ერთი ვედრო მაყვალი ჰქონდა წამოღებული, რომ გაეყიდა. უცებ დაეწყო მშობიარობა და არ მიიღო ექიმმა. წამოვიდა ეს გოგო იქიდან და ავტოსადგურის ტუალეტში იმშობიარა. მერე კი მთელი ამბები მოხდა, მე მგონი ტელევიზორშიც კი თქვეს. ზუსტად არ მახსოვს. ეს საქმე კი ჩაწყნარდა და რანაირად, არ ვიცი. ეს ამბავი შარშან იყო თუ შარშანწინ, ახალი სამშობიარო, მე მგონი, უკვე იყო გახსნილი. (2007, კახეთი)
მეუღლეს ჩემზე მცირე ხელფასი აქვს, რასაც ოფიციალურად მუშაობს. ამიტომ კრედიტი ვითხოვე ჩემს სახელზე. ჩემი ხელფასია 79 ლარი. გერმანულის მასწავლებელი ვარ სკოლაში, სადაც ორი ენა ისწავლება, ფრანგული და გარმანული, ამიტომ მცირე დატვირთვა მაქვს. ამჟამად დავდივარ გერმანული ენის სამთვიან კურსებზე გოეთეს ინსტიტუტში, უკვე მეორე თვეა. ჩვენ ბანკიდან გვინდოდა 1000 ლარიანი კრედიტი იმიტომ, რომ ამ 1000 ლარს პროცენტი ხომ ექნებოდა და ჩვენ ხომ ბევრის გადახდას ვერ შევძლებდით. ვერ ავიღეთ ეს კრედიტი. (2007, გარე კახეთი)
არც კრედიტებია. ბევრგან მსმენია გლეხისგან, მე რომ კრედიტი მქონდეს, ბენზინი რომ ვიყიდო და თავის დროზე მოვხნა და დავამუშაო, დავამუშავებ კიდეც, მოვხნი კიდეც და გადავიხდი კიდეცო.
ამ კრედიტს კი, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, კაბალური პირობები აქვს. როგორ შეიძლება 48%25 პროცენტი გადაიხადოს გლეხმა იმ თავის კრედიტში. არც იძლევიან. რომ მიხვალ ბანკში ისეთ რამეს გეტყვიან, გაგაშტერებენ. პირადად მე და ქალბატონი ნანა ვიყავით წასულები თელავში ამ ახალ პროცენტთან დაკავშირებით, <........> ბანკის ოფისში. 12%25 ის ნაცვლად ძველი 24%25 გვითხრეს და თავიანთ პირობებს გვთავაზობდნენ. ეს, ჩვენ რაც გვითხრეს, და გლეხს ხომ წარმოგიდგენიათ, რას ეტყვიან. მერე ანკეტაც არ გვაჩვენეს, რომ წაგვეკითხა და შეგვევსო. ხელს აფარებდა და ისიც არ გვითხრა, რა მონაცემები იყო საჭირო. განაცხადის ფორმა გვინდოდა გვენახა, თუ რა ინფორმაცია იყო მოთხოვნილი და იმის გადაწერის საშუალებაც არ მოგვცეს. გვინდოდა შემდგომში მივსულიყავით მომზადებული მონაცემებით და ჩაგვეწერა განაცხადში. ამ მომსახურე გოგოს გვარი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ასე მგონია, თვითონაც არ იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ძალიან ახალიაო ეს, ჩვენ თვითონაც დღეს გავიგეთო ამის შესახებ. გვეუბნება, ქონება უნდა გქონდეთო და ლიკვიდური ქონება თბილისშიო. თბილისში არა გვაქვს არაფერი და სოფლის სახლი რანაირად გამოდგება? ბოლომდე პასუხი ვერ გაგვცა და იმას გვთხოვდა, რომ განაცხადის ფორმა შეგვევსო. წამოვედით იმ ფიქრით, რომ ამ ყველაფერს აზრი არა აქვს.

ყვარელი. საცხენისი. თავდგერიძეების ოჯახი. 1810-იანი წლები
დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ეს <....> ბანკი არის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, რომელიც მუშაობს აფიორაზე. ამას ხმამაღლა ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ მათ გაავრცელეს უამრავი ბუკლეტი, სადაც წერია, რომ 10000 ლარამდე კრედიტს არ სჭირდება არანაირი გირაო. ამ დროს ხალხი მიდის პირობების გასაგებად და ხვდება სულ სხვა სურათი. ეუბნებიან, რომ ამ მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არანაირი ასეთი კრედიტი, რომ არ სჭირდებოდეს გირაო, არ არსებობს. ამდენი ბუკლეტი დაბეჭდილია უბრალოდ აფიორისთვის. აი ეს დასკვნა გამოიტანა ხალხმა. მე შეგახვედრებთ კონკრეტულ ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია გადმომცა. მას მაია ჰქვია და ვაჭრობს. ბიზნესის გაფართოებისთვის უნდოდა კრედიტის აღება. იყო ბანკში და დახვდა სულ სხვა სიტუაცია. მე რომ კრედიტზე მინდოდა წასვლა, ვთხოვე გაყოლა და მაშინ მითხრა, აზრი არა აქვსო წასვლას. ბანკში უთხრეს: შეგიფასებთ საქონელს და თუ გაქვთ 6000 ლარისა, მოგცემთ კრედიტის სახით 3000 ლარს. 10000 ლარის აღება ზღაპარია. ამიტომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ წასვლა, იმიტომ რომ ხარჯთან არის მაინც ეს დაკავშირებული. (2007, კახეთი)
მე შემიძლია ვისაუბრო მთელ რეგიონზე, როგორც ამბროლაურზე, ისე ონზე, ლენტეხზე და ცაგერზე. ისე, როგორც მთელ ქვეყანაში, ჩვენს რეგიონშიც უმუშევრობაა, სოციალური კრიზისი, ეკონომიური კრიზისი. ხალხი დაუსაქმებელია. ქალები ძირითადად არიან ან დიასახლისები, ან მუშაობენ სოფლის მეურნეობაში. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე მათ სოფლის მეურნეობაში მუშაობის სურვილიც დაუკარგეს, და რატომ... რაჭველი, სვანი, ლეჩხუმელი გლეხი არსებობდა ყურძნით, ღორით და იმ პროდუქტებით, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების შედეგად შეეძლოთ შეექმნათ რომ ელემენტარულად გაეტანათ თავი. ყურძენს ფასი დაუგდეს, ღორი - დაავადება შემოვიდა და საერთოდ განადგურდა. დღეს არის ისეთი სიტუაცია, რომ მე არ ვიცი, რითი შეძლებს ჩვენმა ხალხმა ამ ზამთარში გაიტანოს თავი.
არ არის არც ელემენტარული კომერციული სამსახურები, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას იწვევს, ნოლზეა ის და არც არანაირი პირობები არ არის, რომ ის განვითარდეს. არადა სოფლის მოსახლეობა, დღევანდელი სიტუაციიდან, შეიძლება დასაქმდეს ძირითადად მცირე საწარმოებში, რაც არ არსებობს ჩვენს რეგიონში. (2007, რაჭა)
ჩვენთან არის ღვინის ქარხანა. ეხლა ლაპარაკია, რომ ჩინელები ყიდულობენო და ბევრ რაღაცას გააკეთებენო, ძირითადად წვენებს... (2007, კახეთი)
ნივრის მწნელი ფშაველელი. 2007
სოციალურ პირობებზე აღარ მინდა საუბარი, იმდენი პრობლემაა. მიუხედავად იმისა რომ მე ვარ საჩხერელი და გვყავს ქველმოქმედი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და ეხმარება მოსახლეობას. ამის მიუხედავად, მე იმდენი გაჭირვებული ადამიანის სახე ვნახე, იმდენის ცრემლებს ვუყურებ, იმდენ გამწარებულს, რომ არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. არ მეგონა, თუ ამხელა გაჭირვება არსებობდა. ხალხი ფაქტიურად შიმშილობს. გამწარებული კაცი რომ ჩამოვიდეს სოფლიდან რაიონში, იმის საშუალებაც არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საავადმყოფო არის უფასო და ყველანაირი სამედიცინო დახმარება არის უფასო; ოპერაცია - სადაც საჭიროა, რომელ ქვეყანაშიც შეიძლება, უფასოდ კეთდება, მაგრამ ჩამოსვლა უჭირს ხალხს ფაქტიურად სოფლიდან. გზის თანხებსაც ისინი ხომ არ მისცემენ, ტრანსპორტსაც ისინი ხომ არ დაუნიშნავენ? რამდენჯერ ვიტყვით, არის ხომ ტრანსპორტი, დავნიშნოთ სოფლებში, ან გაიაფდეს, რომ მოსახლეობამ შეძლოს ჩამოსვლა.
ძალიან ბევრი პრობლემაა, ძალიან ცუდი სიტუაციაა, აუცილებლად უნდა გამოსწორება. ბაღები არის ძვირი, მუსიკალური და საცეკვაო სტუდიებიც, თუ არის, იმდენად ძვირია, რომ მოსახლეობა ვერ წვდება. ვისაც ერთი ბავშვი ჰყავს და მშობლები მუშაობენ, კიდევ შეიძლება. ორი ბავშვი ვისაც ჰყავს და სამი, იმან რა უნდა ქნას, როცა სკოლაში ვერ ატარებს ბავშვს, თან როცა უმუშევარი არის უმრავლესობა. არავინ აღარ მუშაობს ფაქტიურად. პირველი, რითიც მოდიან თხოვნით, ეს არის - სამსახური! სამსახური! არ გვინდა ის ერთჯერადი დახმარება, ოღონდ სამსახური იყოს. ერთჯერადი დახმარება რომელიც იყო, 50 ლარი, ისიც კი შეწყდა. ისიც რაღაც იმედი იყო მოსახლეობისთვის ცოტა ხანს. რას ვაკეთებთ, არ ვიცი...
დამოუკიდებლად ვის რისი გაკეთება შეუძლია თანხის გარეშე. ერთი და ორი გააკეთებს და რამდენიმეც, და აკეთებენ კიდეც. და სხვებმა რა უნდა ქნან. ელემენტარულად ეს არის მორალური დარტყმა, როცა ადამიანი არ მუშაობს, როცა ის ზის სახლში და ეუბნები, უსარგებლო ხარო. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ყველანაირად, მორალური ნგრევაა ადამიანის, ხელფასს და ანაზღაურებას რომ თავი დავანებოთ. (2007. ზემო იმერეთი)
საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ლელიანში. 2006
სახლი რომ გავყიდეთ იმ ვალის გასასტუმრებლად, მაშინ ვთქვი, ას დოლარს ავიღებ, რაღაცას გავაკეთებ, ან საჭმლისთვის მაინც იყოს-მეთქი. მეორადი ტანსაცმელი მოვიტანე, მაგრამ მაშინ ზამთრის პერიოდი იყო, და წონაში ხომ უფრო მძიმეა ზამთრის ტანსაცმელი, ამიტომ მაგაში მოგება პატარაა. მერე რომ გავერკვიე, ზაფხულში უნდა ამეღო, მაშინ მაგარი მოგებაა. თან არც ვიცოდი არაფერი, რა წამეღო, როგორ, რანაირად. უცებ გადავწყვიტე, წავიყვანე დეიდაშვილი, არც ადგილი ვიცოდი და არაფერი, და აესე კითხვა-კითხვით დავდიოდით წერეთელზე, სად არის მეორადებიო. წამოვიღეთ და გავყიდეთ. ისეთი კაი მოგება კი ვნახეთ, ერთი პარტიიდან ორმოცდაათ-ორმოცდაათი ლარი შეგვხვდა. ჩემი ფული იყო, ყველაფერი, მაგრამ ისიც ჩავრთე, უბრალოდ, რაკი გამომყვა, მაგიტომ. ჩემი ბიძაშვილი გურჯაანის რაიონში ცხოვრობს, ჯერ იქ ჩავიტანეთ, იქ უფრო შემოსავლიანი, ფულიანი ხალხია. ზაფხულში კი უფრო უკეთესი იქნებოდა, მაგ დროს იქ მარწყვია, ატამია და ფული აქვთ. თუ რამე გინდა, იქ უნდა ჩაიტანო ზაფხულში, რომ გაყიდო. ზამთარი იყო, მაგრამ მაინც კარგად გაიყიდა. მერე ფული შემოგვაკლდა და ის ფული დავხარჯე. დასაწყები ფული აღარ მქონდა ისევ. რო წახვალ, ეხლა უკვე ოთხასი ლარი მაინც უნდა გქონდეს, თან რომ მოიტან საქონელს, სხვა ფულიც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ იმას ყიდი ნისიად. სოფელში სხვანაირად ვერანაირად ვერ გამოვა. ყიდი ნისიად და ამიტომ, ამის გარდა, კიდევ უნდა გქონდეს ერთი ორასი ლარი სულ მცირე. ძველმანებში, იცით, როგორ არის, საქონელი რომ გრჩება, გეკითხებიან, ახალი გაქვსო? არა გაქვს და არც მოდიან. შეიძლება მერე ორასითაც კი არა, ასი ლარითაც წამოხვიდე, იმისი წამოიღო და იმ ძველებში ჩაყარო. ბევრჯერ, ახალს რომ ხედავენ, მოდიან და იმ ძველ წამოღებულს, დაწუნებულს კი ყიდულობენ. ეხლა უკვე სხვანაირად მოხვედრიათ თვალში. მაშინ ის ფული დამეხარჯა და მალევე აღარ მქონდა რომ ახალი საქონელი მომეტანა. არადა, ამას რომ ნისიად გასცემ, აღარც ფული გაქვს და აღარც საქონელი. კიდევ გჭირდება ფული, რომ ორ კვირაში მიამატო რამე, სანამ ნისიებს მოკრეფ. ნისიებსაც ერთნაირად ვერ კრეფ და... მაგიტომ უნდა გქონდეს ერთნაირად ფული. მეორედაც უნდა გქონდეს, რომ ჩამოიტანო და მესამედაც კი. უკვე იმ მესამედ ჩამოტანილს რომ ყიდი, თან პირველად ჩამოტანილის ფულსაც უკვე კრეფ ნელა-ნელა. მეოთხედ რომ წახვიდე, უკვე პირველად ჩამოტანილის ფული გაქვს, შეიძლება ცოტა მეორედ ჩამოტანილისაც, და აესე ფულის, ფულის გამო ვეღარ გავაგრძელე. მერე თელავიდან მომქონდა, მაღაზიებიდან, უკვე არჩევით, იქაც გავიცანი ვიღაცეები და მიკლებდნენ ერთი-ორ ლარს. იქიდან კი ცოტა ნაკლები მრჩებოდა, მაგრამ თუ გავყიდიდი, გავყიდიდი, თუ არადა, უკან მივიტანდი, ეს კი კარგი იყო. მეორადი ისეთი რამეა, რომ, ვთქვათ და, თუ არ გაიყიდა, ხომ ბევრია, რომ არ იყიდება, ან თუ ვერ მოასწარი ზამთარში გაყიდვა, მორჩა, ის უკვე მეორე ზამთრამდე ჩაწოლილი საქონელია და ისე უნდა იდოს. თან უნდა იცოდე, რა უნდა მოიტანო. ფული რომ მქონოდა, მერე სულ მოვივლიდი და გავიგებდი ყველაფერს. ჯერ მაშინ ორი დღე დავდიოდით და ყველა სარდაფში ვძვრებოდით, ვათვალიერებდით. თეთრეულზედაც შეიძლებოდა მუშაობა, მაგრამ რა ვიცი, ფულის გამო ვერ წამოვიწყე ვერაფერი. თუ რამე ჩავიფიქრე, ჩამეშალა ყველაფერი. მაკარონების გაყიდვაც ვცადე. თელავში იყო ცეხი და იქვე ღირდა 75 თეთრი. ჩვენ მაღაზიაში კი 1 ლარი და 20 თეთრი.

გამომქონდა და ლარად ვყიდდი. შეიძლება დიდი მოგება არ მქონდა, მაგრამ მაინც მშვენივრად მრჩებოდა. ოთხი ,,პაჩკიდან“ ლარი მრჩებოდა. კარგად იყიდებოდა ეგეც, მგრამ აი, ნისია, ნისია... ეგეც ნისიის გამო გავაჩერე, ფული გინდა, ფული, რომ ჩადო ხოლმე და მოიტანო. ღარიბი სოფელია, უფულო ხალხი ცხოვრობს, თორე მაღაზიაც მქონდა, პატარა მაღაზია. სანთლები, კელაპტრები, ჟელე, საპონი, ასეთი რაღაცეები მომქონდა, რასაც შევძლებდი, და უფრო ნაკლებად ვყიდდი, ვიდრე ჩვენს მაღაზიაშია. ჩვენს მაღაზიაში კატასტროფული ფასებია. არც აკლებენ, რაკი ისინი მაინცდამაინც არ არიან დამოკიდებულები ამ მაღაზიაზე. უბრალოდ გასართობად აქვთ. თან ეყიდებათ კიდეც. გაჭირვებულ ხალხს ბევრს არა აქვს ფული, რომ წავიდეს და თელავში იყიდოს ნაკლებად რამე. ბევრი რაღაცა 50-ით და 80 თეთრით მეტი ღირს ჩვენთან, მაგრამ რაკი ნისიად აძლევენ, მაგის გამო იყიდება. ხოდა მე კიდე ვყიდიდი ნაკლებად. მაგის გამო საგადასახადო რომ დამდგომოდა, კაი ჯარიმასაც ამკიდებდა. მაგრამ არა, არც ამკიდებდა, ეგეც გავიგე, თუ 500 ლარამდე გაქვს საქონელი, მაგაზე არც არისო გადასახადი და მაგიტომ უფრო გავრისკე. მაგრამ როგორც კი რამე ფული გამოჩნდებოდა, გოგიტა იყო ცუდად, ექიმთან წასაყვანი. ამისთვის, იმისთვის, და ფული ვერ გავაჩერე, ვერაფერი ვერ წამოვიწყე. (2007, კახეთი)

უდე. ბიოაგროტექნოლოგიების ექსპერტი
სოფელი დაქცეულია-თქო, იმასაც ვერ ვიტყვი. კარგად რომ ცხოვრობენ, ისეთებიც გვყავს, მაგრამ ძალიან მცირე პროცენტი, თითზე ჩამოსათვლელად - რამდენიმე ოჯახი... დანარჩენები ვართ ასე, გაგვაქ და ვეწევით ჭაპანს.
მიგრაცია დიდი არ არის. აქა-იქ არიან წასულები, მაგრამ მასიურად - არა.
მაგალითად, ეს ოჯახი, ბატონი ვალერის ოჯახი, წასულია. თავიდან ბატონი ვალერიც იყო წასული და აქ ვიღაც ნათესავი დატოვეს. იმიტომ დარჩა ეს აუზი ასე. ოჯახს შემოსავალი ადრეც ჰქონდა ამ აუზით. მაგრამ წავიდნენ სოფლიდან. იმიტომ რომ გოგოს უნდოდა იქ სწავლა, იურიდიული განათლება უნდოდა რომ მიეღო. ბიჭებს მერე მარტო ეს არ აკმაყოფილებდათ, მეტი უნდოდათ და იფიქრეს, რომ იქ რაღაც ბიზნესს ააწყობდნენ. დედაც წავიდა და მთელი ოჯახი წასულია. ახლა ის გოგო ამთავრებს სწავლას. ერთმა ბიჭმა რაღაც ბიზნესი დაიწყო ვითომ, მაგრამ გამოუვიდა? არა მგონია... დედა დარჩა იმათთან. მეორე ბიჭი წამოვიდა, მაგრამ თბილისშია. ოჯახი აქვს, ბავშვი ჰყავს. სტომატოლოგია და რაღაც კლინიკა აქვს. მაგრამ თვითონ თავს ირჩენს და მეტი იმის იქით - არაფერი. ნაქირავებში ცხოვრობენ. ბატონი ვალერი წამოვიდა ისევ უკან, თავის მამულს ვერ შეელია და მოვიდა აქ.
თქვენ ხომ ნახეთ, როგორია უქალოდ ოჯახი. ფაქტიურად არ არის ის, რაც უნდა იყოს. სოფელში ყველა ასეთნაირად არ არის. ოჯახს უნდა ქალის ხელი. კიდევ კარგად აკეთებს ეს კაცი ყველაფერს. სადილსაც იმზადებს, თვითონ ირეცხავს, თვითონ - ყველაფერი, და ცხოვრობს მარტო. რა ქნას...
ჩვენი სოფლიდან თბილისში წავიდნენ, მაგალითად, რძალ-დედამთილი. ვაჭრობენ ბანანით, ხილით, და უგზავნიან ბავშვებს. ძალიან ძნელია ეს. ბავშვებმა, მართალია, საშუალო სკოლა დაამთავრეს უკვე, მაგრამ მაინც ბავშვები არიან. ფაქტიურად მამა და სამი შვილი არის ოჯახში. ბებია და დედა წასულები არიან, რომ იქ ნავაჭრი ფული კვირიდან კვირამდე გამოუგზავნონ შვილებს. თბილისში არიან, იქ ნაქირავებში ცხოვრობენ და იქიდან უგზავნიან სარჩენს. ოჯახის კაცს, მე მგონი, არა აქვს იმის უნარი, რომ ესეთი რამ თვითონ გააკეთოს.
ჩვენ, ქალებმა, ვიკისრეთ ეს საქმე. ჩვენი კაციც ცოტა გავაზარმაცეთ, მაგრამ რა მოხდა მერე... როცა დაიწყო ეს არეულობა, მხედრიონის პერიოდი იყო მაშინ და იმ დროს კაცის გასვლა იყო ძაან საშიში. რომ გავიდოდა ოჯახიდან მამაკაცი, შემოსვლას აგვიანებდა. იმიტომ, რომ დაბრკოლებები იყო ათასი. და ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, რომ კაცები დაგვესვა სახლში, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყვნენ და ჩვენ გავედით. ასე ჯობდა იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიეროდ ქართველი მამაკაცები ჯერ კიდევ არ ერჩიან ქალებს. ხოდა ესენი მიეჩვიენ მერე, მე მგონი, და გადმოგვაბარეს ყველაფერი. არიან მგონი არხეინად. ვხუმრობ ახლა, თორემ რამდენად არხეინად არიან...
ყველა მამაკაცი, შემიძლია ვთქვა, აზას მეუღლე, ნონას მეუღლეც და სხვებიც, ცნობენ იმას, რომ თვითონ ვერ არჩენენ ოჯახს იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა არჩინონ. ამაზე კონფლიქტებიც კი არ არის სახლში. მე არასდროს გამიგონია. (2007, სამეგრელო)
ვინც წავიდა, სულ ახალგაზრდა მამაკაცებია, ისიც რამდენიმე ათეული მამაკაცი, ბევრი არა. ერთი 4-5 მოსკოვშია, მე რომ ვიცი და ვიცნობ, ისეთი. ერთი 7-8 კაცი უკრაინაშია.
ბევრი არ არის წასული სოფლიდან იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ძლიერი სოფელია. მერე, ოჯახები მთლად ისეთი დაცემული და დავარდნილი არ არის და ყველა ცდილობს, რომ საკუთარი კერა შეინარჩუნოს და გააძლიეროს. ამიტომ უფრო ადგილზე არიან დასაქმებულები. საკუთარი მეურნეობა აქვთ. უფრო მოყავთ სიმინდი, თხილი, საკმაოდ დიდი რაოდენობით. ზოგიერთს ვენახიც აქვს სხვადასხვა ჯიშის. არის კივი ჩვენს სოფელში. ის ახლა უკვე აქტიურად იდგამს ფეხს. არის ციტრუსი, ლიმონი, მანდარინი ძალიან ბევრი. (2007, სამეგრელო)
სულ ჩვენი ხელით ავაშენეთ ეს სახლი, ჩვენი ხელით დავამსგავსეთ, ერთი მივარდნილი, სოფლისაგან მოშორებული ფერდობი ესეთ ლამაზ ბაღს და როგორია, ეხლა დატოვო ყველაფერი და წახვიდე, ხან კი მაინც ისე გავბრაზდები ხოლმე ესე იძულებულს რომ გხდიან, წახვიდე, რომ ვეტყვი ხოლმე ჩემს ქმარს, ამ სიბერეში უნდა გაგეყარო, თუ არ წამოხვალ, იყავი და მე ჩემს შვილებთან გადავსახლდებიმეთქი. ეჰ, წამსვლელი კი სად ვარ, ჰოდა ალბათ ისე დავიხოცებით, ისე დაგვმარხავენ, რომ ჩვენი შვილები ვერც გაიგებენ და არც მოვლენ. ამდენი ვიშრომეთ, ამდენი ვიწვალეთ და რისთვის, ესეთ უბედურ დღეში ვართ: შვილები და შვილიშვილები გვინდა, მშობლიური კუთხე უნდა დავტოვოთ და უცხოეთში გადავიკარგოთ, აქ ვიქნებით და - ისინი არა გვყავს გვერდზე. იმათ აქ მობრუნებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ან მე რატომ ვეტყვი მაგას. აქ რა უნდათ, რა დღეშია აქ ხალხი, სამუშაო აქ არ არის და რომ იყოს კიდეც, ხელფასს არ აძლევენ, პენსიაა და - 14 ლარით ვინ ცხოვრობს...… ჯერ ეგ რა არის და ეგეც არ მიმიღია ორი წელიწადია, გაიყინაო, საქართველოში ყინვები სად არის, ჩრდილოეთში იყო? რამ გაყინა-მეთქი, გამეცინა, მაგრამ, ეეჰ, რომ საცინლად არ გვაქვს საქმე. ერთი ან სოფელს შეხედეთ, რას დაამსგავსეს, საბავშვო ბაღი იყო, ქვეყნის ბავშვები დადიოდნენ, ისე გაძარცვეს და წაიღეს, ცარიელი კედლებიღა დატოვეს. ოსური სკოლაც იყო და ქართულიც, ეხლა აღარც ერთია და აღარც მეორე. ეთერზეთების ქარხანა იყო და ქვა ქვაზე აღარ დატოვეს. ნაწილ-ნაწილ დაშალეს და ისე მასალად გაყიდეს, სულ გააჩანაგეს ყველაფერი, არადა ერთ დროს ყვაოდა და დუღდა ეს სოფელი, ახლა კი თითქმის ყველა მეორე სახლი გამოკეტილია, იცლება თანდათან ხალხისაგან, ან სად წაესვლებათ, არც რომ იქ იღებენ ნორმალურად?! (2001, კახეთი)

ქალთა აქტივობა სჯობს. 2007
წელს 9 ბავშვია სულ პირველ კლასში და მომავალ წელს ერთი ბავშვიც არ იქნება. წინა კლასში რვანი არიან და მესამე კლასში კი, ანუ ორი წლის წინ რომელიც შედგა - ხუთნი. ეხლა, თეონასთან ერთად სამი ბავშვია, ხუთი წლისები რომ მოიყვანეს. იმიტომ, რომ მომავალ წელს კლასი ვეღარა დგებოდა. ერთი ეხლა გახდა 6 წლის, გუშინწინ ჰქონდა დაბადების დღე და ორი სხვა კიდევ - დეკემბერში ხდებიან. (2007, კახეთი)
ანა: შრომითი მიგრაციის შესახებ მე გეტყვით ელემენტარულად. შარშან კაფეს ბიზნესი გვქონდა სამ გოგოს - მე, ნატოს და ეკას. ნატო წავიდა გერმანიაში, ეკა წავიდა საბერძნეთში. დავრჩი მარტო. იმიტომ რომ მყავს შვილები და უბრალოდ ვერ ვტოვებ. იმიტომ რომ პატარები არიან, თორემ მეც სიამოვნებით წავიდოდი.
ლიზა: მე მასწავლებელი ვარ. ვფიქრობ, რომ ერთნახევარ წელიწადში, ორ წელიწადში თუ ცოტა რამე არ გამოსწორდა, აუცილებლად მეც მივატოვებ ჩემს სახლს. სამმა-ოთხმა მოვიფიქრეთ, რომ ჩვენც წავიდეთ სამუშაოდ. ერთი იმათგანი საინიციატივო ჯგუფშიც არის ჩვენთან, ქეთო ციხისთავი. იმიტომ რომ არაფერი არ გამოდის.
ვინც წავიდა, აი, რომ ჩამოიაროთ და შეხედოთ, იმის სახლი კეთდება, იმან მანქანა უყიდა შვილს, ამან ავეჯი იყიდა. ალბათ სულიერად ძალიან უჭირთ იმათაც და მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ვეღარა ვცხოვრობთ... ძალიან გვიჭირს.
ნათია: ეს ჩემთვის ტრავმაა, რომ ლაპარაკობენ ამაზე... ტირილამდე მივდივარ. მე ოჯახური მდგომარეობა საუკეთესო მაქვს, კაცმა რომ თქვას. ქმარს ძალიან კარგი სამსახური აქვს, სამი ბიჭი მყავს, ბანკში მუშაობენ, განყოფილების გამგეები არიან. ანუ, მე ფინანსურად არ მიჭირს. ჩემი ძირითადი მოღვაწეობა და რომ ვსაქმიანობ, აი ეს არის - ტკივილი ჩემი ქვეყნისა. აი ეს ქალები რომ მიდიან, რატომ მიდიან? უნდა დასაქმდეს ზუსტად ეს ქალი აი აქ. და იმას რომ აქ ჰქონდეს თუნდაც ის ათი ლარი შემოსავალი თვეში, ის აღარ წავა საბერძნეთში.
ანა ყოველდღე წერილს უგზავნის იმ საბერძნეთში წასულ თავის მხანაგს, იმას ისე ენატრება თავის უბანი. უბანში რომ მოხუცებული ქალი იყო, და ვიღაცა რომ წაიქცა, იმასაც კი წერს. იქიდან ისე ითხოვს ის წასული, დეტალურად მომწერეთ ყველაფერიო. აი გვერდზე სოფელი, ძალიან მდიდარი სოფელი იყო. ნახევარი იქაური ქალები აღარ არიან ადგილზე, წასულები არიან.
ანა: ხათუნა რომ წავიდა, ერთი ასი კილო იქნებოდა ალბათ. ერთ კვირაში შვიდი კილო მოიკლო ერთბაშად. ორი გოგო ჰყავს: 15 წლის და 13 წლის. დედისთვის შვილების გარეშე ყოფნა რა არის, ხომ წარმოგიდგენიათ? ყოველდღე ,,მესიჯებით“ ვაგზავნი ხოლმე წერილს, ან ვინმეს ვატან, თვითონაც მირეკავს. ქმარი ჰყავს. თავიდან ბობოქრობდა - მე არ ვუშვებდიო, მაგრამ გამოსავალი არ იყო. იმათ ჰქონდათ პატარა მაღაზია. ამ მაღაზიიდან მე ვიყავი, თუ სხვა იყო, ხელს გვიწყობდა ბევრს იმით, რომ ნისიად სიამოვნებით გვაძლევდა. მაგრამ მე თუ ის ნისია მიმქონდა ერთ დღეში ან ხუთ დღეში, ზოგს დღესაც არ მიუტანია. მაღაზიისთვის პროდუქტს რომ მანქანიდან იღებდა, იმისთვის ფული უნდა მიეცა. სესხულობდა პროცენტიანს და დაუგროვდა იმდენი, რომ არ ვიცი... საახალწლოდ, ახალ წლამდე წავიდა და ერთი 1000 დოლარი კიდევ გასასტუმრებელი აქვს. აი ამ მოუწესრიგებელი ყოფის გამო: იმას ფული არა აქვს, ამას ფული არა აქვს, იმის პატივისცემით თუ სხვა რამით, დაუგროვდა ეს ვალი. და რომ არ წასულიყო, იმ ვალს აქ ვერ გაისტუმრებდა. მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომაზე ჩურჩხელას აკეთებდა. ხუთი, ათი ათასობით ჩურჩხელას აკეთებდა და ჩვენ ყველანი ვეხმარებოდით. ვეხმარებოდით უბრალოდ იმიტომ, რომ გვეცოდებოდა. თანაც ეს ჩურჩხელის გაკეთება ადვილი არ არის. ამას უნდა თვალები, თითები სულ დაჩხვლეტილი გვქონდა, კაკალი არ უნდა გაფუჭდეს, და უამრავი სხვა რამ არის საჭირო.

ბიზნესის მართვის ტრენინგზე. 2007
ჩვენს სოფელში თუ რამე კეთდება, თუ ვინმე ხარჯავს, იმას აუცილებლად ვინმე ჰყავს წასული, ძირითადად - საბერძნეთში.
ჯერ ეკას დედა წავიდა საბერძნეთში და მერე წაიყვანა შვილები. მაგრამ ნანობს ახლა. ორი შვილის შენახვა არ არის ადვილი, ძნელია. თვითონ მოხუცს უვლის, მიდის, ულაგებს, იქ აღარ რჩება და უკან მოდის. ცხოვრობენ ქირით. ბინის ქირა დიდია. გამოდის, რომ როცა აქ იყვნენ ბავშვები, უფრო კარგად ეხმარებოდა შვილებს. ფაქტიურად იქ ფულს ვეღარ აგროვებს. მითუმეტეს, რეზოც მუშაობს. ეკა რას აკეთებს, არ ვიცი. ძმა მუშაობსო, მაგრამ სად, ეგეც არ ვიცი. იქ კარგ სამსახურს არავინ შემოგთავაზებს. დედა ლეგალურად არის, ესენი - არა, და ესეც პრობლემაა, რომ არ დაგიჭირონ და არ გამოგაგდონ. დედა მესამე წელია უკვე, რაც იქ არის. ბაბუამისი იყო ბერძენი, ახლაც აქ ცხოვრობს ის კაცი, და მაგით წავიდა.
თავიდან თუ იძახდა, აქ კარგია და აქ უნდა დავრჩეო, ეხლა ამბობს, - არა, სახლში მინდაო.
დედალაურის ქალთა საინიციატივო ჯგუფი. 2004
ხათუნა, რომ გითხარით, ვალები ჰქონდა-მეთქი. თავიდან მოხუც ქალს უვლიდა. ამ მოხუცს დაყვებოდა ყველგან, ეკლესიაში და სხვაგან. უბრალოდ დაყვებოდა. თანაც ხელსაქმე იცის კარგი და რომ ნახეს იმათ, გაგიჟდნენ. თავისუფალ დროს ხან ქსოვდა, ხან რას აკეთებდა. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ამ ქალთან და იმდენად კარგად იყო, რომ იწერებოდა, - მე მანდ აღარ ჩამოვალო. შვილებს წერდა, აქ წამოგიყვანთ და კარგად იქნებითო... მერე იქიდან წამოვიდა იმიტომ, რომ დაბალი ანაზღაურება ჰქონდა. შემდეგ ისწავლა ენა და უფრო მაღალანაზღაურებიანი სამსახური იშოვა. 250 ევროთი მეტს უხდიან, მაგრამ ალაგებს ოთხსართულიან სახლს 8 საათიდან 4 საათამდე, ისვენებს ორი საათი და მერე 6-დან 10 საათამდე. ამ შუალედში მწერს ხოლმე მესიჯს, ან მირეკავს, რომ აი, ახლა შხაპი მივიღე და ვისვენებ ცოტა ხანიო. საღამოს კი, სამუშაოს მერე, სანამ მოვწესრიგდები, ხდება 12 საათი და 8 საათზე ისევ ფეხზე ვარ და ვიწყებ მუშაობასო. მუშაობა რომ დაიწყო, ერთ კვირაში 7 კილო დავიკელიო და კვირის ბოლოს მარიკასთან და ეკასთან რომ მივედი, ვერ მიცნესო. იმდენად შრომატევადი იყო ეს სამუშაო იმ პირველის მერე. ჯერ მაშინ, სულ თავიდან, ნერვიულობით დაიკლო, ეხლა ფიზიკური შრომით. (2007, კახეთი)
მე წელს გავიარე ტრენინგები ოჯახურ ძალადობაზე და ტრეფიკინგზე. ტრენერები იყვნენ თბილისიდან ჩამოსული ზალი ბერუაშვილი, გიორგი ვაშაყმაძე იყო კოორდინატორი, და ფსიქოლოგი დალი ბერეკაშვილი. ეს პროექტი მუშაობს მარტო იმერეთში.
მე ეხლა ერთი პროექტი მაქვს მომზადებული და ველოდები, თუკი სადმე გამოცხადდება, მინდა რომ გავუშვა. ამ შეხვედრებზე იმდენად სერიოზული შეკითხვები ისმევა ხოლმე... აინტერესებს ხალხს ყველაფერი. მინდა გავაკეთო ისე, რომ ჩვენ რაც ვისწავლეთ, ეხლა გავუზიაროთ მთელ სოფელს.
დაბრუნება მიტოვებულ ეზოში. 2007
მე ჩავატარე სოციოლოგიური გამოკვლევა სოფელში. ეს გამოკვლევა იყო ,,ვორლდ ვიჟიონის“ პროექტი და ჩემს რეგიონში, კოორდინატორი რადგან გიორგია ვაშაყმაძეა, მე მასთან მაქვს კავშირი. კითხვარიც მან გადმომცა. მე ამ ქსელთან ვმუშაობ. ეს კითხვარი მოიცავდა 21 შეკითხვას ძირითადად ტრეფიკინგზე. კითხვარში იყო შეკითხვები და სავარაუდო პასუხები. მაგალითად: რა არის ტრეფიკინგი? საიდან გაქვთ ინფორმაცია? და სავარაუდო პასუხები: ტელევიზია, პრესა, თუ ნაცნობები.
არის თუ არა თქვენს ირგვლივ ტრეფიკინგის მსხვერპლი?
გამოვკითხე 25 ადამიანი. ორი შემთხვევა იყო, რომ არის მსხვერპლი. ანუ პასუხი იყო ასეთი: წავიდა და ორი წელია არ ჩანს, წავიდა და სამი წელია არ ჩანს. უმეტესობამ არ იცის ასეთი და მსგავსი შემთხვევების შესახებ.
შეკითხვები იყო კიდევ ასეთი: ვინ ეხმარება მსხვერპლს? ვის უნდა მიმართოს მან? დავუშვათ, გაიგეთ რომ ვინმე არის ტრეფიკინგის მსხვერპლი, როგორ მოიქცევით? შემდეგ კითხვარში იყო აღნიშნული ოჯახური მდგომარეობა, წლოვანება. გამოვკითხე მამაკაცები და ქალები საშუალო განათლებით, უმაღლესი განათლებით და არასრული საშუალო განათლებით.
ჩვენ პრინციპში ჩაგვიტარდა ტრეფიკინგის ტრენინგების პირველი ეტაპი. შემდეგ იქნება ალბათ კიდევ და გამოგვიძახებენ. (2007, იმერეთი)
არის კიდევ სხვანაირი შემთხვევა, სხვა ქალის. იქით არის ჩვენი მეზობელი. ამბობენ, გათხოვილი არ არისო და რათ არის წასული, არ ვიცი. მოვიდა ის ქალი, აქედან წაიყვანა ქალები, ვითომ სახლებში სამუშაოდ და ერთი იმათგან ერთ თვეში უკან დაბრუნდა ძალიან მძიმე ავადმყოფი. ეხლა ცოტა გამორჩა, შეეძლო უკვე ცოტა სიარული და ისევ წავიდა. სად მუშაობდა, რას აკეთებდა, არ უთქვია, არ ამბობს. ესეთი რამეებიც ხდება. არის ბედნიერი შემთხვევაც და ასეთი არასასიამოვნოც არის. (2007, კახეთი)
გრანტის მაძიებელთა ჯგუფი საკონსულტაციო
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენს პირობებში იმის მაგივრად, რომ ვიბრძოლოთ ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ქალთა გააქტიურება უფრო ეფექტური იქნება. რომ ქალმა იცოდეს თავისი როლი საზოგადოებაში, უფრო აქტიურად ჩაებას მასში, ბიზნესი იქნება თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობა, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ მამაკაცების უმრავლესობას აქვს განაწილებული. და რატომღაც ფიქრობენ, რომ ქალს არა აქვს ამის უნარი. ვფიქრობ, რომ ყველა ქალმა უნდა გააკეთოს მაქსიმალური, რომ თავისი ძალები წინ წამოსწიოს, წარმოაჩინოს და რაც მთავარია, არ შეშინდეს. (2007, ქვემო იმერეთი)
ხალხი არის შავ დღეში და დაბეჩავებული. საშინელ მდგომარეობაშია ხალხი. თან შეამცირა სამსახურები და ნახევარზე მეტი <...> არის უმუშევარი... ესეთი ღატაკი რაიონი არ არსებობს, უღატაკესი რაიონია <...> დღეს. არანაირი საწარმო და საერთოდ არაფერი არ მუშაობს ფაქტიურად. და ყველაფერს რომ თავი დაანებო, არ მუშაობს და არც სურვილი აქვთ, რომ რამე აამუშავონ. რაღაცა თავისი წრე აქვთ, სექტასავით შეიკრიბებიან ერთად მთავრობა, საკრებულოს წევრები, წავლენ, ჩაიტარებენ ღონისძიებას, ერთად იკრიბებიან და ამით ამთავრებენ ყველაფერს.
არც არასამთავრობო სექტორი მუშაობს. მე მაქვს არასამთავრობო და არ მუშაობს... რა გავაკეთო, მითხარით და გავაკეთებ. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, არ მუშაობენ. ადრე იყვნენ ჩამოსულები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნები და სხვა რომ იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა გააკეთეს იმათ, იმიტომ, რომ ისინი ჩვენ არ გვეძახიან. ხომ გეუბნებით, რომ რაღაც სექტასავით არიან და ჩვენ არაფერი არ ვიცით მათი მუშაობის შესახებ. ეს არასამთავრობოები თვითმმართველობასთან ერთად მუშაობს თითქმის ყველა პროექტზე. მე რაც კი ვნახე, იქ მოთხოვნები, აბსოლუტურად ყველას მოთხოვნა არის - მუშაობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. ამიტომ თვითმმართველობა შენ რატომ დაგიძახებს? თვითონ გაიკეთეს ეს არასამთავრობოები და შენ გტოვებენ ისე, არ გაგდებენ ძაღლად. მარტო მე კი არა, ყველას. (2007, მცხეთა-მთიანეთის რეგიონი)
აქედან წასვლა ძალიან მიჭირს, დარწმუნებული ვარ, რომ სხვაგან ვერც ვიცოცხლებ. მე თუ ბაღჩაში არ გავედი, ეზო თუ არ დავგავე, მეზობელს თუ არ დაველაპარაკე იქეთ-აქეთ, რა ვქნა, არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფელში ეხლა ძალიან გაფუჭდა ცხოვრება, ადრე კი კარგი იყო. ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობდა. 8-წლიან სკოლაში 16 კლასი იყო. ორ-ორ ჯგუფად დადიოდნენ ბავშვები. ეხლა კი სამი კლასის ბავშვები ერთ ჯგუფში ჰყავთ, ისინიც არ დადიან. ან რა პედაგოგები არიან... სკოლას ერთი ნაკვეთი აქვს და ისიც დირექტორმა მიითვისა. ეს კაცი თითონ სხვა სოფლელია და აქა ცხოვრობს, სკოლას ეზო აქვს და ეზოში ბავშვებს ფეხს არ ადგმევინებს რომ ბალახი არ გათელონ და თითონ გათიბოს. ზამთარ-ზაფხულ მოსწავლეები და ხბორები ერთად თამაშობენ. სახბორეთა და საძროხეთა აქვს იქაურობა გამხდარი. კაციშვილი გამკითხავი არავინ არ არის. ვისაც რა უნდა, იმას აკეთებს, ვისაც რა უნდა, იმას ანგრევს. აგერ კლუბი იყო და ესე გაჩანაგებუილია, აღარც ლინოლიუმი აქვს, აღარც პიანინო და აღარც სკამები, საბავშვო ბაღი ხომ უარეს მდგომარეობაშია, ცარიელი კედლებიღაა, მაგრამ ყველაზე გულსატკენი მაინც ეთერ-ზეთების ქარხნის დაშლა და დანგრევაა.

სანამ ეს ქარხანა იყო, სოფელი დუღდა. ესეთი ქარხანა საქართველოში მარტო სამი იყო: თელავში - ნაფარეულში, ლაგოდეხში და აქა. მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მეურნეობის ყოფილმა დირექტორმა აგურ-აგურ დაშალა და ისე გაყიდა. ეხლა იქ თუ რამე იყო, აღარც კი ეტყობა. მთლიანი ერთი ჰექტრიანი ორანჟერია, როგორიც საქართველოში ბევრი არ არის, ნაწილ-ნაწილ დაჭრეს და ისე გაყიდეს. იმიტომ თვითონ ორ-ორი ,,ბეემვე“ გამოიცვალა. საიდან? ამ კაცმა სოფელი ნოლზე დასვა. და მომდავებელიც არავინ არის. ესენი კიდევ უკვე უცხოტომელები არიან. დარწმუნდნენ, რომ ამათი ლაპარაკი, როგორც ეროვნებით ოსებისა, უშედეგო არის და ბედისწერას მიჰყვნენ. ის სარგებლობს ამ ამბით და ანადგურებს ყველაფერს. მე, შვილი და ძირი რომ მყოლოდა, ნამდვილად გამოვეკიდებოდი მაგას. (2001, კახეთი)
დედოფლისწყარო. ქალთა პროგრამის პარტნიორები. 2006
სოფელში ქალებს უჭირთ საშინლად, როგორც ყველას. მიგრაცია დიდია. ძირითადად მიდიან ქალები და მიდიან საბერძნეთში და იტალიაში. გაცლილია მთელი დუშეთი. ფაქტიურად ოჯახი არ არის, ვინმე რომ არ იყოს წასული. ჩემს ქუჩაზე, მაგალითად, ჩემი ბიძაშვილები, თავიანთი ცოლებით, ჩემი ბიცოლა და რა ვიცი კიდევ ვინ ვთქვა, მეზობლებიც, ყველა წასულია. მიდიან იმიტომ, რომ საშინლად უჭირთ. როგორ მიდიან, წარმოდგენა არა მაქვს, თუმცა კი უმრავლესობა დიდი ხნის წასულია. ისეთი სიტუაცია რომ იყოს, რომ ჩვენ ხელისუფლებას შრომითი ხელშეკრულება ჰქონდეს რომელიმე სახელმწიფოსთან დადებული, ვთქვათ, იგივე საბერძნეთთან, რომ ამათ ჰქონდეთ მუშაობის უფლება და იმის ანაზღაურება, იქ რასაც უხდიან, აქაც რომ ჰქონდეთ, თავისუფლად ივლიდა ეს ხალხი. ვთქვათ ის გარკვეული თანხა, პირობითათ ავიღოთ 100 ევრო, რომ იმ 100 ევროდან 50 იქით გადაუხადონ და 50 აქეთ, თავისუფლად ივლიდა ყველა და იქ არავინ არ დარჩებოდა. ეხლა როგორ არის, იცით? იქ რაღაცა საბუთს იღებენ და ისე ჩამოდიან. ძალიან ბევრმა გადაარჩინა ამ წასვლით ოჯახი შიმშილს. ჩამოდიან და რაღაცით იუმჯობესებენ ცხოვრებას, მაგრამ ის, რომ რაღაც ბიზნესი დაიწყონ, ეს ხომ წარმოუდგენელია. თან ეხლა, რამდენი უნდა ჩამოიტანო. იქ მოახლედ მუშაობ და სულელი ხომ არ არის ის, ვინ მოგცემს იქ მილიონებს? ეს არის მიზერული თანხა, რომ ჩამოიტანოს და იმ შვილს რაღაც უყიდოს - საჭმელი, ჩასაცმელი და ისევ უკან წავიდეს. აი ესე წვალობენ. კაცები სახლში ზიან, შვილები უდედოდ არიან. ფაქტიურად ესენი ხომ არალეგალები არიან, სანამ საბუთს აიღებენ. და ამ დრომდე იქ წასული ქალი ზის ერთ ადგილას, მაგალითად მოსამსახურეა, და კაცი ხომ ვერ დაჯდება ესე. აქედან გამომდინარე ქალის წასვლა სჯობია. ძალიან ბევრი ოჯახები დაინგრა. წარმოიდგინეთ ბავშვი დედის გარეშე! მარტო მამა იმხელა სითბოს ხომ ვერანაირად ვერ მისცემს ბავშვს, არ არის მარტო საკვებში საქმე. და ბავშვის ფსიქიკა უკვე გადაგვარებულია. აი ეს არის მთელი უბედურება. ბავშვები არიან უფრო ცივები, უფრო აგრესიულები. ჩვენ ბავშვობაში ბავშვები ესეთები არ იყვნენ, რაღაცნაირები არიან. კი არაფერს გერჩის ის, მაგრამ რომ დაელაპარაკები, ის არ არის, რაც უნდა იყოს. იმიტომ რომ დედის სითბო აკლია, იმიტომ რომ დედა წასულია. საჭმელი, ჩასაცმელი და მანქანა იმ დედის სითბოს ვერ უცვლის. რამდენიც გინდათ, იმდენი ოჯახია ასე. (2007, დუშეთი)
მერე კაფე გვაქვს აქ. სოფელში ბევრი ნიჭიერი ბავშვია. ზოგი ლექსებსაც წერს. ერთი-ორჯერ პატარა პოეზიის საღამო მოვაწყვეთ.
ბიბლიოთეკა სკოლაშიც არის და აქაც არის, სოფელში. მაგრამ ბიბლიოთეკის მუშაობა არ არის. ბიბლიოთეკის მუშაობაზე ჩვენ რომ ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ ეს მარტო წიგნები არ არის. წიგნებსაც კი შევიძენთ. უკვე ახალი, დასურათებული და ინფორმატიული უფრო კარგი წიგნებია გამოსული. მაგრამ ვფიქრობთ, რომ საჭიროა განხილვის დღეები მოეწყოს აქ. შვილი რომ წაიკითხავს და განხილვას გააკეთებს, იმის დედა დაესწრება და იმ განხილვას მოუსმენს. ასეთი მეთოდით შეიძლებოდა რომ ეს გაკეთებულიყო.
ჩვენს ბავშვობაში, მახსოვს, დავდიოდით დიღომში ბიბლიოთეკაში, სადაც ფირფიტებზე ვისმენდით ზღაპრებს და სხვას. ვიდეო მაშინ არ იყო, აუდიომასალა იყო იქ და ფირებზე ჩანაწერები. ეს აქ ოცნებაა. ჩვენ სკოლაში ვაკეთებთ ახლა ასეთ მსგავსნ ოთახს! ეს პროექტშიც გვიწერია. ჩამოვიყვანეთ ამერიკელი, ვაჩვენეთ ეს სკოლა. უკვე მოგვივიდა ფული და სკოლაში გამოყოფილი იმ ოთახის რემონტი დავიწყეთ უკვე. იმ ამერიკელს შეეცოდა ჩვენი სკოლა, ჩვენი სოფელი, ჩვენი ბავშვები. რომ ნახა ჩამონგრეული, მინგრეულ-მონგრეული ყველაფერი. დაელაპარაკა კიდეც ჩვენს ბავშვებს. სულ სამჯერ იყო ჩამოსული, მასწავლებლებმა ისეთი შეხვედრები მოვუწყვეთ... სოფელიც დავათვალიერებინეთ. ეხლა კიდევ აპირებს ჩამოსვლას და მინდა, სანამ ჩამოვა, ყველაფერი გავაკეთოთ და მზად დავახვედროთ. (2007, კახეთი)
ფარდაგის ქსოვის მარნეულელი სტუდენტები. 2005
ჩვენ ყველაზე მეტად გული გვტკივა ახალგაზრდობაზე. ესენი არიან ფაქტიურად უსაზრდოდ დარჩენილი ახალგაზრდები. ერთი პერიოდი კრიმინალიც საკმაოდ გაჯეჯილდა. ეხლა რატომღაც ჩაცხრა ცოტათი და არ ვიცი, რას მივაწეროთ ეს. ჩვენ გვეცოდება ეს ახალგაზრდები. აი მანანას ბიჭები რომ არიან, აგერ ქეთინოს ბიჭი, ნონას ბიჭი. აგერ ამალიას გოგოები. რას აკეთებენ ეს გოგოები? სახლში არიან ძირითადად. ერთი სწავლობდა, მეორე კურსი დახურა, სწავლის ფული ვეღარ გადაიხადა და მიატოვა. ახლა სახლში სხედან.
ბიჭები სწავლობენ ზუგდიდში. ერთი სამართალმცოდნების ფაკულტეტზეა. თბილისში ვერ მიდიან, ვერ არჩენენ იქ.
ეთერის სამი შვილი ჰყავს. ყველა ერთმანეთზე უკეთესი უნიჭიერესი ბავშვები. ორ ძმისშვილს უვლიდა კიდევ თავის შვილებთან ერთად. ყველა ჩარიცხული იყო ინსტიტუტში. ყველა გადიოდა დილიდან სასწავლებლად, მაგრამ ვერ დაამთავრეს. გზის ფული ვერ მისცა და იმიტომ. ერთმა დაამთავრა მხოლოდ, დანარჩენებმა მიატოვეს. ფრიადოსანი სტუდენტები იყვნენ. ეხლა ერთი ძმისშვილი წავიდა გერმანიაში ,,ოპერად“. ახლა ქალიშვილსაც უშვებს ერთს. დანარჩენები ზიან სახლში. გოგონამ დაამთავრა იურიდიული. როგორმე იქნებ ჩვენ გადავუხადოთ, მაგისტრატურაში რომ გააგრძელოს სწავლა, მაგრამ იქაც თურმე უკვე შევსებულა ადგილები.
მე თვითონ ჩემი შვილები თბილისში მყავს, მაგრამ იმათთან ბიძაშვილები არიან. მათთან ვამყოფებ და ბინას არ ვქირაობ. ხოდა ასე ვჯახირობთ, გვიჭირს.
ჩვენს ახალგაზრდობას პრინციპში აღარაფერი აღარ აქვს. ჩვენთან არ არის სპორტული კომპლექსი. მაშინ დაიწყო კოლმეურნეობის თავმჯდომარემ და იმას არავინ დააცალა. არც არავინ გააგრძელა შემდეგ. ჩვენთან არ არის კლუბი. მიუხედავად იმისა, რომ ორი კულტურის სახლი იყო. ცენტრში რომ კანცელარიის შენობაა, კულტურის სახლი იყო ის. აგერ კიდევ მეორეგან ლტოლვილები შესახლდნენ და იქ დაინგრა ყველაფერი. ახლა ვფიქრობთ, იქნებ რიტუალების სახლად მოხერხდეს მისი გადაკეთება და იქ ქორწილებიც გადაიხადონ. თვითონ ახალგაზრდობის თხოვნაც არის ეს.
ფაქტიურად ქორწილი ნაკლებად არის ჩვენს უბანში და ჩვენს სოფელში საერთოდ. აი ამ ბიჭებს ძალიან უგვიანდებათ ოჯახის შექმნა. ისეთი ბიჭები არიან, რომ გრძნობენ პასუხისმგებლობას ოჯახის წინაშე, და ცოლს რომ შეირთავ, იმას ხომ მიხედვა უნდა მერე. მარტო ალერსი ხომ არ არის ოჯახი. ამიტომ, როცა თვითონ ვერ ქმნის ამ ეკონომიკას, ჩვენს ახალგაზრდას არა აქვს სურვილი რომ დედ-მამის ხარჯზე აცხოვროს ცოლი და მომავალი შვილი. ამიტომ თავს იკავებს. ამის გამო შობადობაც შემცირდა. (2007, სამეგრელო)
სოფლიდან ბევრნი მიდიან. სოფელი გახდა ბებერი. ბებრების გარდა, ახალგაზრდა იშვიათად ოჯახში რომ რჩებოდეს. მიდიან ძირითადად ქალაქში. ჩემმა შვილმა პოლიტოლოგიური დაამთავრა. სამსახური არა აქვს, თორემ მაგასაც არ უნდა აქ გაჩერება. ჯერ-ჯერობით თბილისშიც ვერ იშოვა სამსახური. აქ კი პოლიტოლოგი კი არა, თუ გინდა აგრონომი იყო, რა უნდა გააკეთო.
თამარ ხუციშვილის გალერეა. ახალსოფელი. 2006
სოფელში ვერაფერს ვერ გააკეთებ აბსოლუტურად. სწავლა აქ საერთოდ არ არის საჭირო, რად გინდა სწავლა, ვის სჭირდება... ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა შეიძლება რაღაცაში გამოგეყენებინა. ეხლა ნამდვილად არაფერი მნიშვნელობა არა აქვს ამას. პოლიტოლოგიურზე კიდევ თავისი სურვილით წავიდა, იმიტომ, რომ მაშინ ბუმი იყო ამ დარგების - პოლიტოლოგიური, საერთაშორისო ეკონომიური. კარგად სწავლობდა. ხუთებზე დაამთავრა სკოლა. მას საერთაშორისოზე უნდოდა ვითომ, მაგრამ დიდი კონკურსი იყო. თანაც ცუდი პერიოდი იდგა. პოლოტოლოგიურზე იგივე საგნები ბარდებოდა. ადგა და ამაზე ჩააბარა უნივერსიტეტში. ახლა 23 წლისაა. ჯერ-ჯერობით აქ ცხოვრობს. არაფერს აკეთებს, რას აპირებს, არ ვიცი.
გოგო გათხოვილია, ისიც აქ ცხოვრობს. მანაც უნივერსიტეტი დაამთავრა, ეკონომისტია. მაგრამ აქ რა უნდა გააკეთოს? ისევ ქალაქში თუ წავა სამუშაოდ. (2007. ბადიაური, კახეთი)
თეთრიწყაროს რაიონში სახელმოხვეჭილი ქალბატონი
ამ სოფელში გაერთიანებულია სამი თემი: ძევრი, ცეფარეთი და ოქონა. სამივე უბანზე გავდიოდით, იყო შეხვედრები და პრობლემები ფაქტიურად არის ერთი და იგივე. არის უმუშევრობა. კი ბატონო, ქალებს უნდათ, როგორ არ უნდათ, რომ გამოვიდნენ სახლებიდან, მაგრამ სად?
სოფლები დაიცალა. მიდიან თბილისში, საზღვარგარეთ. მე სტატისტიკა ვნახე რაიონებიდან წასულების... ლენტეხიდან თუ ამდენი ხალხი იყო წასული, მე ვერ წარმომედგინა. ლენტეხის რაიონი საერთოდ საშინელ მდგომარეობაშია. შარშან სოფლებში ვიყავი, უშგულის ძირში და ვიტირე. როგორ ცხოვრობს იქ ხალხი, მე ვერ წარმომიდგენია. ბავშვებისთვის ავიტანე წიგნები საჩუქრად ყველა მოსწავლეზე. განათლების განყოფილებას არ ვენდე და მე თვითონ წავედი. წყალი არ აქვთ. წყაროები ბევრია, მაგრამ ოჯახებს წყალი არ აქვთ. ის საერთო წყალსაცავი საშინელ მდგომარეობაშია, რემონტი უნდა და ჰიგიენური შემოწმებაც. მოსახლეობაც პასიურია. ინტერესი აქვს დაკარგული ცხოვრების.
სულ სოფელ-სოფელ ვიარე. მე არ მეგონა ესე დაცლილი თუ იყო სოფლები. სოფელში ხალხი აღარ არის. ეხლა, განსაკუთრებით, ისეთი პერიოდია, ზამთარი ახლოვდება და მარტო მოხუცები ხომ დარჩებოდნენ იქ. მოხუცებიც აღარ არიან. ადრე მოხუცები ყოველთვის რჩებოდნენ ზამთარში. მე მგონია, კიდევ რამ შეუწყო ხელი იცით, ამას? ეს არის შეშა. საშინელი მდგომარეობაა. მთელი რაჭის მხოლოდ 20%25 აქვს მოტანილი შეშა. ეხლა როდისღა უნდა მოიტანონ. ფიჩხიც კი ვერ გამოაქვს გლეხს ტყიდან. (2007, რაჭა-ლეჩხუმი და ზემო სვანეთი)
სამწუხაროდ, რეგიონალურ ხელისუფლებას ორიენტირად და პრიორიტეტად აღებული აქვს, სოციალური განვითარებისთვის, საერთოდ განვითარებისთვის, ეკონომიური განვითარებისთვის, აღებული აქვთ მხოლოდ ქალაქები, ბათუმი და
ქობულეთი. ეს ჩანს ბიუჯეტის მიხედვით, ეს ჩანს პროგრამების მიხედვით. ბ ძირითადი ნაწილი ნაწილდება მაინც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ქალაქის ქუჩების კეთილმოწყობაზე და თან ეს არ ვრცელდება მთელ ქალაქზე, ეს ხდება მხოლოდ ცენტრზე, სადაც ჩამოდიან უცხოელები და ხდება ამ უცხოელებისთვის მხოლოდ თვალის ახვევა. ეს ჩანს ნათლად ყველა ბიუჯეტში. ჩანს რომ პრიორიტეტი არის ქალაქი, ტურიზმი, ინფრასრტრუქტურა, კეთილმოწყობა, გაღებვა. სოფლებისთვის ხდება ტრანსფერი, გადაცემა რაიონებზე რაღაც თანხების, რომელიც არის მინიმალური. მაგალითისათვის გეტყვით, წინა თვეში მოხდა ბიუჯეტის ცვლილება - ბიუჯეტი გაიზარდა 14 მილიონით. აქედან 6 მლნ გადასცეს ქალაქ ბათუმის ბიუჯეტს და რაიონებზე ჯამში, სულ 5 რაიონია - გადაიცა 4 მლნ. ქალაქში მოსახლეობა არის 120 ათასი კაცი, და რაიონებში, რა თქმა უნდა, ნაკლებია, ოთხივე რაიონში - ქედა, ხულო, შუახევი, ქობულეთი. რაიონებზე გაცემული თანხები, მათი 90%25, მიდიოდა ძირითადად, გამგეობების შენობების გარემონტებაში, იმიტომ რომ მათ არა აქვთ სამუშაო პირობები.
ანუ არ არის პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანებზე, ინდივიდებზე. და ჩვენს ხელისუფლებას, სამწუხაროდ, არა აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების არანაირი პროგრამა, არცერთი პროგრამა. არსებობს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სადაც არის დაახლოებით სამი-ოთხი პროგრამა: ერთი არის ამერიკული პეპლის განადგურებასთან დაკავშირებული და ამისთვის ფულია გამოყოფილი, ტყეების განახლების პროგრამა, მდინარეების დასუფთავების პროგრამა. ყველა პროგრამა მიმართულია გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, ძირითადად, და არცერთი - ინდივიდზე, ადამიანზე და ოჯახზე. არის ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც არის მკურნალობა, იქ - ამბულატორიული დახმარება, ოპერაციაზე ან გულის გამოკვლევაზე დახმარება. ეს არის მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც არ არის საკმარისი. მე პირადად მქონდა შეხება ამ პროგრამებთან და იქაც საჭიროა დახმარება, ნაცნობობა იქნება თუ სხვა, რომ დააჩქარონ და მოხვდე ამ პროგრამაში. ეს არის ძირითადად ფედერალური პროგრამები და არის დახმარება, დელიგირება უკვე რეგიონში. (2007, აჭარა)
ძალიან ბევრი შემთხვევა იყო, რომ აქეთ გზა ჩაკეტილია, იქითაც ჩაკეტილია და ავადმყოფი არის, რომელსაც თუ იმ წუთში არ უშველე, განწირულია. სასწრაფო კი მუშაობს, მაგრამ აქ ყველაფერი ხომ არ კეთდება? ეხლა, მაგალითად, ჩემს ახლობელს პროსტატის ადენომა ჰქონდა და იმ წინა დღეს რომ არ წასულიყო ორჯონიკიძეში, მეორე დღეს მოვიდა იმხელა თოვლი, რომ ორი კვირა გზა არ იყო. ორ კვირაში იმას უკვე სისხლი ეწამლებოდა. ორგანიზმში იმდენი რაოდენობით შარდი დაგროვდა, რომ აქ ვერაფერს ვეღარ მოუხერხებდნენ. რამდენი ეგეთი გამოუვალი მდგომარეობაა: ან მშობიარეა, ან რაღაც სხვა. სადაა იმდენი პირობები, რომ ყველანაირ დაავადებას ვინმემ უმკურნალოს. ქირურგიც თბილისელი გვყავს. ზოგჯერ ის ქირურგიც მიდის თავის ოჯახში და თუ გზა აღარ იქნა, ის იქით ჩაიკეტება და შენ აქეთ. ხან გზა არ არის, ხედვა არაა, ნისლია და ხეობა ჩაკეტილია. სუყველას გმირობას ხომ ვერ მოსთხოვ.
თუ რაღაცა სერიოზული პრობლემაა, დიდი რეანომობილი შეიძლება გამოაგზავნონ. და თუ გზა არ არის, ისიც ვერ გიშველის. ეგეთი ბევრი შემთხვევებია ძაან. სასწრაფო ავიაცია ჩვენ არასოდეს არ გვქონია. (2007, ყაზბეგის რაიონი)
სამოქალაქო ომი იყო ფაქტიურად. დაინგრა ყველაფერი.
საგარანტო ხელშეკრულება ხელმოწერილია. 2007
მე 33 წელი ვმუშაობდი მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს პედაგოგად. მერე ისე შეიცვალა ყველაფერი, რომ 5 ლარზე დავდიოდი. 5 ლარით შეიძლებოდა ცხოვრება?. მეუღლე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობაში მუშაობდა. ეს იყო სახელმწიფო ორგანიზაცია. დასავლეთ საქართველოში იყო, მაგალითად, რომ შეეძლო ფიზიკურ პირს, მოქალაქეს, მიეცა შეკვეთა სახლის გაშენებაზე. აი- ღებდნენ შეკვეთას და თავიანთი საშენი მასალით და ყველაფრით მუშაობდნენ, ჩააბარებდნენ მზას. დავუშვათ, ორგანიზაციები, მაგალითად ჩაის ფაბრიკები, სადაც გადახურვა იყო საჭირო, რემონტები იყო საჭირო, აძლევდნენ შეკვეთას და აკეთებდნენ ესენი. ასევე აშენებდნენ პროფსასწავლებლების შენობებს და ათას კიდევ სხვა რამეს. მერე ამ სამოქალაქო ომის დროს ეს ინდბინათმშენებლობა გადაწვეს. საერთოდ არ იყო არაფერი. და დავრჩით უმუშევრები ფაქტიურად. 5 ლარზე დავდიოდი სკოლაში, გათბობა და შუქი არ იყო, არაფერი არ იყო. დავმჯდარიყავი უნდა ცივ ოთახში, ბავშვი მოდის სკოლიდან გაყინული ხელებით და რა უნდა იმუშაოს იმან ფორტეპიანოზე, როგორ უნდა დაუკრას? იქ რომ გავცივდებოდი, 5 ლარის წამალი არ მყოფნიდა და მივანებე თავი, აზრი არ ჰქონდა უკვე მუშაობას. მეუღლეც უმუშევარი დარჩა. ვიფიქრეთ, რა ვქნათ...
ჩვენ მზად არ ვიყავით ბიზნესისთვის, სხვა ხალხი ვიყავით ჩვენ. ბიზნესი ხომ ყველას არ შეუძლია. დავრჩით ყოველგვარი ხელფასის გარეშე, დანაზოგი ჩვენ აღარ გვქონდა, იმიტომ რომ მეუღლემ ამხელა სახლი გააშენა. ეს ხომ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. შვილებს ვასწავლეთ და ვიყავით ისე. ქალიშვილი მყავდა ლენინგრადში, სამედიცინოზე სწავლობდა. ჯერ კიდევ დამთავრებული არ ჰქონდა, ორდინატურაში იყო, რომ დავრეკე და ვკითხე, არის თუ არა მანდ რამე საშუალება, რომ რამე გავაკეთოთ და ვიარსებოთ-მეთქი. აქ უკვე არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა, ყველა ფიქრობდა იმას, როგორ მოგატყუოს, როგორ ჩაგითრიოს რაღაც საქმეში და მერე გადაგაგდოს. ქალიშვილმა მითხრა, ჩამოდით, ალბათ რაღაცის გაკეთება შეიძლებაო. და 1998 წელს წავედით ლენინგრადში.
მე ბიძა მყავდა იქ, ბიცოლა მყავდა რუსი და 50 წელია იქ ცხოვრობენ... ბავშვობიდან ვიყავი ამ ქალაქთან. რაც სკოლა დავამთავრე, თითქმის ყოველ ზაფხულს ლენინგრადში ვატარებდი და ძალიან მიყვარდა ეს ქალაქი. შვილიც ამიტომ წავიყვანე იქ სასწავლებლად.
რომ ჩავედით, გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ, რა შეიძლებოდა, რა -არა, და გამოჩნდა ასეთი ვარიანტი: კუბი ჰქვია იქ ადგილს, სადაც არის გართიანებული შენობები და ყველაფერი, რაც ქალაქშია და იქიდან შეიძლება არენდით შენობის აღება. მოვიფიქრეთ გაგვეხსნა კაფე, ქართული სამზარეულო. ავიღეთ პირდაპირ ამ კუბიდან არენდით შენობა. ეს იყო მიტოვებული, დიდი ნახევარსარდაფი ძველი სტალინის სახლში. ეტყობოდა ადრე იქ იყო სამრეცხაო, მერე მიტოვებული, და ჩემი მეუღლე 6 თვე აკეთებდა ამის რეკონსტრუქციას, ამის რემონტს. ბოლოს, როგორც იქნა, გავაკეთეთ ყველაფერი, შევიძინეთ სათანადოდ რაც საჭირო იყო და გავხსენით კაფე. დავარქვით ,,მიმინო“, კინოფილმის საპატივცემულოდ.
დავიწყეთ მუშაობა. წავიდა საშინელი ინფლაცია. 1999 წელს იყო ძალიან ცუდი სიტუაცია. ძალიან გაგვიჭირდა. გაგვიჭირდა იმიტომ, რომ იქ არის დიდი კონკურენცია. ჩვენს გარშემო, 100 მეტრის რადიუსში იყო სამი კაფე. მაგრამ ჩვენი იგებდა იმით, რომ იყო ქართული სამზარეულო, განსხვავებული ვიყავით.
ვმუშაობდით, არა უშავდა... ყოველ შემთხვევაში, თავს ვირჩენდით და შვილებსაც ვარჩენდით.
მაშინ ჩემი ბიჭი და რძალი თბილისში იყვნენ. აეროპორტში მუშაობდა დაცვაში, მაგრამ თვეობით არ აძლევდნენ ხელფასს. არიქა, მშივრები ვიხოცებით, გამოგვიგზავნეთ რამეო. იქიდან საჭმლის ფულს ვაწვდიდით ბავშვებს.
მერე ბიჭმა მითხრა, ხელფასები არ არის, რა აზრი აქვს ჩემს მუშაობას, წამოვალთ ჩვენცო. ჯერ ძაან შემეშინდა. ვიფიქრე, რა ვქნათ. ჩვენ საკუთარი ბინა არ გვქონდა, ქირით ვიყავით. რომ ჩამოვიდნენ, სად წავიდეთ ამდენი ხალხი. ამიტომ ცოტა თავი შევიკავე. ისე ჩამოდით, ვუთხარი, ჯერ ნახეთ-თქო. მართლაც ჩამოვიდნენ სტუმრად, ნახეს და თქვეს, დავრჩებით, ვიქნებით ჩვენც, თქვენც მოგეხმარებით და ვიმუშავებთო თქვენთან ერთად. ვიქირავეთ მერე ოროთახიანი ბინა და ვიყავით იქ ერთად. მუშაობდნენ ჩვენთან ერთად კაფეში.
ჩვენ დაქირავებული ხალხი გვყავდა, მაგრამ არ გამოვიდა, იცით...
ჩვენ ხომ ვაჭრობის სისტემა არ ვიცოდით. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ არენდით ავიღებთ შენობას, გავხსნით კაფეს, გვეყოლება ადმინისტრატორი, ბუღალტერი, პოვარი, ბარმენი, მრეცხავი და ჩვენ მივაკითხავთ საღამის 8 საათზე, მოვხსნით ფულს, ჩავიდებთ ჯიბეში და წავალთ სახლში. ხომ კარგია ასე? ესეთი ფიქრებით გავხსენით... გამოცდილება არ იყო არავითარი.
დავიწყეთ მუშობა. ერთი თვე ვმუშაობთ უკვე და დილით მირეკავენ, რომ სასწრაფოდ უნდა მივიდე. თურმე სამუშაოზე არ მოვიდა მრეცხავი. იქ ხომ ყველა სვამს, განურჩევლად კაცია თუ ქალი. დღეს რომ ფული აიღო, საღამოს დალია, დათვრა, დილით ვერ ადგა და არ მოვიდა სამსახურში. მე კი რა ვქნა, კაფეს ხომ ვერ დავკეტავ. იქ არენდაა გადასახდელი... მივედი და იმ დღეს ვიყავი მრეცხავი.
გავიდა ერთი კვირა და არ მოვიდა პოვარი. იმ დღეს პოვარი ვარ. შემდეგ ბარმენმა მოიპარა ფული და გააგდეს. ბარში არავინ არის და ახლა ბარში უნდა ჩადგეო. არავითარი გამოცდილება არ მაქვს. ბარში კასა დგას რაღაც, რომელთანაც მე არასოდეს მიმუშავია. იქ რომ ვიდექი, ასე მეგონა სცენაზე ვდგავარ, თავბრუ დამეხვა. დარბაზში ხალხი ზის, იმათ უნდა მოვემსახურო, შეკვეთა მივიღო, ეს ვიანგარიშო, და არ შემეშალოს არაფერი... ეს ადვილი არ არის. მე, მუსიკოსს, ანგარიში ძალიან გამიჭირდა. არ არის ეს ჩემი საქმე. არ გამიკეთებია არასდროს. არა მაქვს არავითარი გამოცდილება, მაგრამ მე უნდა შევეჩვიო ამას. სხვა გზა არ მაქვს, თუ არა და კასა უნდა დავკეტო. რა მექნა, ვმუშაობდი. ასე ვიწვალეთ, ვიწვალეთ და იმ ზომამდე მივედი, რომ სულ ვტიროდი. არ მინდა არაფერი, წამიყვანეთ სახლში-მეთქი. მე ვერ შევეჩვიე ამას.
ჩემი ქმარი ძირითადად მომარაგებაზე მუშაობდა. ბაზარში მიდიოდა, სურსათი მოჰქონდა. ყოველდღე ხომ ახალ-ახალი საჭმელი კეთდებოდა. ჯერ ძალიან მცირე რაოდენობით ვაკეთებდით. დავუშვათ, ერთი 15 კაცის სუპ-ხარჩო, ერთი 20 კაცის მწვადი და ასეთი პატარა რაოდენობებით. სულ კაფეში 30 კაცი შემეძლო ერთდროულად მიმეღო.
ჭირდა მაინც ძალიან. რა ვიგრძენი, იცით, რუსეთში? ვიგრძენი ის, რომ კავკასიელებს იქ ძაან ცუდად ექცევიან. ის, ვისაც ქართველებთან ჰქონია ურთიერთობა თბილისში, საქართველოშია ნამყოფი და იცის რაღაცა, ისინი მოდიოდნენ და მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეს მასა ხომ არ არის. ეს არის რაღაც გამორჩეული ადამიანები.
სადაც ჩვენ ვიყავით, იქ იყო დიდი, ძველებური, ხუთსართულიანი სტალინის სახლი. იმის უკან ეზოში ჩვენ ნაგავი გაგვქონდა, სადაც ბუნკერები იდგა. იმ ეზოში მოსახლეობა იკრიბებოდა, ბებერი ,,ბაბკები“ დასხდებოდნენ და მიდიოდა ჩვენი გარჩევა: ,,ვოტ გრუზინი პონაეხალი ტუტ, ნაჟივაიუტსაო“, მოგაძახებდნენ. ამბობდნენ, რომ ჩვენ ჩამოვდივართ, ვმუშაობთ და ვართმევთ მათ სამუშაოს. ამ დროს მათ მუშაობა არ უნდათ, განა სამუშაო არ არის? იქ ყველგან სჭირდებათ ხალხი. ისე კი არ არის, როგორც ჩვენთან, ოღონდაც შენ გქონდეს სურვილი. აი რა განსხვავებაა საქართველოსა და რუსეთს შორის. და რატომ მიდის ხალხი იქ. მიდის იმიტომ, რომ იქ შეუძლია თავის რჩენა, იქ სამუშაოა. აქ სად არის ეს... ყველა ბაზარში ხომ ვერ დაჯდება და ყველა ხომ ვერ ივაჭრებს.
5 წელი საერთოდ არ ჩამოვსულვართ. წამოსვლა რომ დავაპირეთ, ვიფიქრეთ, ჩვენ ზამთარში ვიყოთ სახლში, მერე ზაფხულობით წავიდეთ უკან. ბავშვები გამოვუშვათ, დავასვენოთ, შევცვალოთ, დავეხმაროთ. მერე ჩვენ ისევ წამოვიდეთ სექტემბრიდან და მე მუშაობას გავაგრძელებ მუსიკალურ სკოლაში. რომ ჩამოვედი და მივედი მუსიკალურ სკოლაში, დირექტორმა მითხრა, ერთად გვიმუშავია მთელი ცხოვრება, რომ ბავშვები არ არის. თუ თქვენ მოიყვანთ ბავშვებს, მაშინ კი ბატონოო. მე რა, უნდა ვიარო ჩვენს ქუჩაზე, პარალელურ ქუჩაზე და ვიხვეწო, წამოდით რა, ჩაირიცხეთ მუსიკალურ სკოლაში და მერე ჩემთან მოდითო? არა-მეთქი, ვუთხარი, მე ეს არ შემიძლია-მეთქი. თუ არ არის კონტინგენტი, საერთოდ არ ვიმუშავებ. და არც მიმუშავია, იმიტომ რომ მე ქუჩა-ქუჩა ვერ ვიპოვიდი ბავშვებს. ასეთი მდგომარეობა იყო.
იქიდან წამოვედი იმიტომ, რომ მე ჩემი მშობლიური მიწა მეძახის მაინც. ჩემი მეგობრები მინდა, ჩემი ნათესავები მინდა, ჩემი ახლობლები მინდა. მე ვარ ქართველი და მინდა რომ ვიყო საქართველოში. ჩემი სახლი მენატრება, ჩემი ნაშრომი აქ არის და აქ არის ჩემი ფუძე. მე რა მინდა რუსეთში.
მე რომ მივდიოდი ადრე ლენინგრადში, ბიძასთან, 15 დღის მერე მბეზრდებოდა. ეს დრო მე მაკმაყოფილებდა. გავივლიდი, ერმიტაჟში წავიდოდი, პეტერგოფში. ყველაფერი ეს მე ძალიან მიყვარს, დავათვალიერებდი, დავიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს. მაღაზიებშიც გავივლიდი, ვიყიდიდი რაც მინდოდა და აღარ მქონდა სურვილი იქ დარჩენის. წასვლით ისე, საექსკურსიოდ, კარგია, მაგრამ საცხოვრებლად ჩემი მინდა, ჩემი საქართველო მინდა.
ახლა სამუშაოდ რომ მიდის ხალხი, იცით რამდენ დამცირებას ღებულობენ იქა? თუ გინდათ ისე მოსახლეობისგან, თუ გინდათ - მთავრობისგან. არის ძალიან ბევრი კარგი ხალხი, მაგრამ არის ძალიან ბევრი, რომელიც პირდაპირ გეუბნება ყველაფერს პირში.
შემოვიდოდნენ ჩვენთან კაფეში. ჩვენს უკან სამხედრო კომისარიატი იყო, გვერდით - ვიბორგის რაიონის ადმინისტრაცია. იქიდან მოდიოდნენ ხშირად შესვენებაზე, უყვართ ქართული სამზარეულო. ჯერ ჩვეულებრივ იყვნენ, სანამ დალევდნენ. უკვე ცოტას რომ დალევდნენ, მერე იწყებოდა: ეს რა არის, თქვენი სააკაშვილი რა პოლიტიკას ეწევა, თქვენ რატომ არ გინდათ რუსეთი და რატომ გინდათ ამერიკასთან, და ამისთანები. ჯერ ვითმენდი. არაფერს არ ვამბობდი. მაგრამ რაც უფრო მეტს სვამდნენ, მით უფრო მატულობდა აგრესია. მერე მეც ვეღარ მოვითმენდი ხოლმე და ჩავერთვებოდი: რატომ და აი თქვენ გამოგიწოდათ ჩვენმა პრეზიდენტმა ხელი ინაუგურაციაზე და თქვა, დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, წავიდეს ახალი ურთიერთობა, ყველაფერს გადავუსვათ ხაზიო. მაგრამ თქვენ, მე ვუთხარი, დახმარების ხელი არ გამოგვიწოდეთ. რატომ წაგვართვით აფხაზეთი? რატომ წაგვართვით ოსეთი? დააბრუნეთ და ყველაფერი იქნება ძველებურად. თქვენთან ტელევიზიაში პროპაგანდა მიდის კავკასიაზე და საქართველოზე განსაკუთრებით. ვუთხარი, რომ ხალხს, ახალ თაობას, მართალი ჰგონია, ვინც ისტორია არ იცის, ის სულ სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად მსჯელობს. ,,მი ტამ სვოი ბაზი ბუდემ სტროიტ“, - პირდაპირ ესე მითხრეს ,,ნაგლად“.
დაგვიბრუნეთო ყირიმი და დაგიბრუნებთ აფხაზეთსო. ჩვენ რა ხელი გვაქვს იმასთან, ეს ხომ უკრაინაა. მაგრამ რა უნდა ელაპარაკო... ასეთი დავა ბევრი გვქონდა. მერე, რომ დავინახავდი ამათ, პირდაპირ გავდიოდი. არ მინდოდა მათთან არანაირი საუბარი.
ახალგაზრდობა რომ შემოდიოდა, საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ქართველების მიმართ. მათ არ უნდათ ის ქართული მუსიკა, რომელიც ბარში ჟღერს. ერთი მეუბნება, გამოთიშეთ თუ შეიძლება, ტირილი მომინდაო, დაუკარით რამე მხიარული და რუსულიო... უმრავლესობა ასეა. ზოგიერთი კი შეყვარებულია ქართულზე და პირიქით, თხოულობს.
ვინმე თუ დააშავებდა და მოვუწოდებდით, რომ დატოვონ კაფე და გავიდნენ, იმწუთას იტყოდნენ, თქვენ რა უფლება გაქვთ რომ ამას მეუბნებითო. მე აქ ვარ ჩაწერილი, ეს არის ჩემი ქალაქი და შენ მეუბნები, რომ მე დავტოვო კაფე, თუნდაც წესრიგი დავარღვიოო. ეს ჩემი ქალაქია და მე ყველაფრის უფლება მაქვს და შენ ჩამოსული ხარ და არაფრის უფლება არა გაქვსო.
იქ თითქმის ყველა ქართველი თავს გრძნობს დამცირებულად. შენი ქართულის გაგონება არ უნდა, ყურს სხვანაირად ხვდება. იქ აუცილებლად რუსულად უნდა იმეტყველო. როგორც კი სხვა ენა მოხვდება ყურს, ეს იმას ძალიან აღიზიანებს.
მერე, კავკასიელი ყველა ერთია მისთვის. სომეხი, აზერბაიჯანელი, ჩეჩენი, ქართველი - ისინი ამას ვერ არჩევენ. არის კატეგორია, რომელიც არჩევს ქართველს. მაგრამ უმრავლესი მასა ვერ არჩევს და მისთვის შენ ხარ კავკასიელი, მუსულმანებთან და ჩეჩენთან ერთად.
ბინას რომ ვეძებდი, უნდა დამეცალა ძველი და გადავსულიყავი ახალ ბინაში, სააგენტოებში ვრეკავდი. იქ გეკითხებიან, ვინა ხარ ნაციონალობით. რომ გაიგებს, ქართველები ვართ, იმწუთას დაგიკიდებს ყურმილს. აზერბაიჯანელებს უფრო დიდ პატივს სცემდნენ, ვიდრე ქართველებს. ეს, ალბათ, სავიზო რეჟიმმაც გამოიწვია ნაწილობრივ. რეგისტრაციას არ გიკეთებდნენ და რეგისტრაციის გარეშე კაცი არ გღებულობდა. ეს ძალიან დიდი რისკი იყო და ამიტომაც კიდებდნენ ყურმილს. არავის უნდოდი რეგისტრაციის გარეშე და პრობლემები... სომეხი და რუსიც რომ ყოფილიყავი, მაგრამ საქართველოდან, მაინც არ გღებულობდნენ.
იყო ასეთი შემთხვევა: კაფეში შემოვიდა მომხმარებელი, მე ხომ არ ვიცი, ვინ არის. ბარმენს მისცა შეკვეთა. ბარმენმა ყველაფერი მიუტანა ადგილზე, დაუდო საჭმელი, სამელი, ყველაფერი და ამ დროს დგება მაგიდიდან, მოდის, განახებს წითელ წიგნაკს და გეუბნება: ,,კონტროლნაია ზაკუპკა“. ეს არის ყველაფრის შემოწმება. დავუშვათ, 130 გრამი ხორცი უნდა იყოს, ზედნადები სოკოა, გახეხილი ყველი, მაიონეზი თუ სხვა, დანარჩენი მასა უნდა იყოს. სულ მასა 150 გრამი... …
მეუღლე ისე გადაიღალა, ალბათ ავადმყოფობაც ჰქონდა უკვე შეპარული, და თქვა, მე არ მინდა არანაირი ბიზნესიო. მე დავიღალე, აქ ხალხსაც არ ვენდობი, მერე პრობლემები გამიჩნდება, მე ამ პრობლემებს ვერ გავუძლებ და რატომ შევეწირო ფულსო. მე მინდა მარტო არსებობაო. ბავშვებს უკვე დამთავრებული აქვთ, ყველა თავის თავს მიხედავს. ოჯახს ვუტოვებ, ყველაფერს, და ჩვენ უნდა ვიარსებოთო. ამიტომ იყო რომ ჩამოვედით. უკვე ავად იყო, ჩამოვედით, ვიფიქრეთ, ბავშვები რომ არ გადავტვირთოთ, იმათაც თავისი პრობლემები აქვთ და რომ არ შევაწუხოთ ფულის გამოგზავნით, მოდი გამოვიყენოთ ჩვენი სახლი. რადგანაც ასეთი სახლი გვაქვს. გადავწყვიტეთ, გავაკეთოთ გაქირავება, სასტუმროს სახით. სხვას ვერაფერს აქ ვერ გააკეთებდი.
რომ მემუშავა ჩემი სპეციალობით, არ გამოდიოდა, ბავშვები, კონტინგენტი არ იყო. სადაც მეუღლე მუშაობდა, იმ ბინათმშენებლობაშიც არაფერი არ იყო. და დავრჩით ისე. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს საქმე, რომ გვეარსება. დარეგისტრირებული ვართ.
ეკა ბიბილეიშვილის სერთიფიკატი. 2007
ჩვენ ძალიან გახარებულები და ძალიან კმაყოფილები ვართ... პირველ რიგში მნიშვნელოვანი და მთავარი იყო ის, რომ უპირველესად საკუთარი ძალების დემონსტრირებამოხდა. ასე შემიძლია ვთქვა და თქვენ ამაში შეგვიწყვეთ ხელი. მერე მეორე სტიმული, რომელიც ჩვენ თვითონ გვაქვს - ვიცით რომ საქმით ვართ დაკავებულები. და კიდევ ყველაზე მთავარი: აი უკვე შედგენილი სია მართლა იმ მარტოხელებისა და იმ ობლებისა, ვისთვისაც იმ ბიზნესიდან შემოსავალით ერთი პატარა ამანათის გაკეთება ყველაზე დიდი მადლია მე მგონი ამ ქვეყანაზე. ჩვენთვისაც ეს უკეთესია, მადლია და მერე მათთვის, რომ ისინი თავს იგრძნობენ ისევ ადამიანებად, რომ არ არიან დაჩაგრულები და ყველასაგან გარიყულები. ამის საშუალება და მხარდაჭერა თქვენ რომ არა და პროექტის დაფინანსება რომ არა, საკუთარი სახსრებით შეუძლებელი იქნებოდა.
პირველ რიგში, რაც გავაკეთეთ მთელი ენთუზიაზმით, არის ის, რომ მოვილაპარაკეთ ჯგუფის წევრებმა და რადგან ყოველდღე იცვლება საბაზრო ფასები, გადავწყვიტეთ ჯერ შეგვეძინა ერთდროულად მასალა, რომ ყველაფრის გაძვირებას არ მოესწრო. და მერე, ტრანსპორტირების შემდეგ, უშუალოდ მუშახელზე რაც იქნებოდა დამოკიდებული, ის გაგვეკეთებინა. აქ უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ეტაპობრივად ყველაფერი, საწვავის ჩათვლით, ჯერ შევიძინეთ და გავაფორმეთ აქტები. მოტანილია დოკუმენტაცია თავის პირადობის მოწმობების ასლებით და ყველა საბუთით. მერე მივხვდით, რომ სწორად მოვიქეცით. ერთმა გარემოებამ კიდევაც გვაჩვენა ეს. ცელოფანი, რომელიც გაცილებით იაფი ღირდა რამდენიმე თვის წინ, და ჩვენ იმ ფასში შევიძინეთ, ეხლა, ამ წუთში რომ ვიკითხეთ, 79 ლარი ღირს ერთი რულონი, ანუ 100 მეტრი. ფასი სულ იცვლება. იგივე ცელოფანი ავიღეთ ჩვენ 50 ლარად. და მართლა მივხვდით, რომ ეს ჩვენი მიდგომა იყო სწორი გადაწყვეტილება.
ხენდროს ნერგი, რომელიც აგრეთვე წინასწარ შევიძინეთ, ამ საწვავის და ამ ყველაფრის შემდეგ, არის სამწლიანი. ეს ნერგები არის ორი კატეგორიის. ერთი, რომელიც ყოველწლიურად უნდა განახლდეს, ანუ ძველი ძირი ამოდის და ახალ შვილებს რომ იკეთებს, ის უნდა ჩაირგას. და ეს ჩვენი არის სამწლიანი. მას სამი წლის განმავლობაში არ სჭირდება განახლება. იმ შვილებს მერე, თუ გინდა, გაყიდი ნერგად და ეგეც ცალკე ბიზნესია, თუ არა და, გადაამრავლებ. გარდა იმისა, ჩვენ რომ გათვალისწინებული გვქონდა დაკიდული ტომრები გაგვეკეთებინა, რადგან სათბურში არის ამის ადგილი, უფრო დიდ, 50 კილოიან პურის ფქვილის ტომრებს გამოვიყენებთ, გავაკეთებთ და ერთმანეთზე იქნება შემოდგმული, ფაქტიურად, ადგილი რომ არ გაფუჭდეს უქმად. რაც კიდევ ადგილობრივად სათბურში ადგილი იყო, ის რომ გამოგვეყენებინა, იქ პომიდორის ნერგები შევიტანეთ და ბოძების ირგვლივ გავაკეთეთ. იმ ტერიტორიაზე ყვავილები რაც იყო ძველი, კალები, ისიც დავტოვეთ. შეიძლება კიდევ ჩითილების გაკეთება. გაკეთდება ფეხზე დადგმული დაფები, ასე ათი სანტიმეტრის სიმაღლეზე, დაეყრება მიწა და ჩვეულებრივად მასზე დაითესება. ასე ერთმა ახლობელმა ადრე მოსინჯა სოკოც. ოღონდ იმისთვის გამოიყენა ხე რომ არის ჩინარი, ის... ყოველ შემთვევაში თუკი მოუვლი, ძაან მოსავლიანია...
პრაქტიკულად ჩვენ პროექტზე რამე შესასრულებელი სამუშაო აღარ გვაქვს. არც ფიზიკური და არც სხვა რამ. უბრალოდ ველოდებით ნაყოფს და მერე... პირველ რეალიზაციას. საერთოდ ხენდროს სეზონი ჩვენთან არის ივნისი, ივლისი. ჩვეულებრივ ხენდროს რგავენ უფრო ამაღლებულ ადგილებზე მწკრივში, შუაში კი პატარა ორმოები უკეთდება რომ წვიმიანობის დროს წყალი ჩადგეს იქ. ასეთ ამინდში თუ ნაყოფი დიდია და მიწას დაედო, ეგრევე დალპება. ის ნაყოფი არ იყიდება. ამ ჩვენს ტომრებში ნაყოფი არც არაფერს არ ედება, არც იკარგება, არც სარეველა ბალახი ჭამს. როცა ჩვეულებრივ კვლებს სულ უნდა გათოხნა, წელში უნდა იხარო, საკმაოდ შრომატევადია. აქ კიდევ ბალახი არ ამოდის. თუკი მაინცდამაინც დანოტივებულ მიწას შეყვება რაიმე, მაშინ ამოყოფს თავს. მაგრამ იმანაც შეიძლება ერთხელ გამოყოს თავი ტომარაში, ან ორჯერ და მერე განადგურდება.
ამ ჩვენს ტომრებში არის ორი წილი მიწა და ერთი წილი ნაკელი ერთმანეთში შერეული და მერე გაცრილი. ტომრებში რომ დაიტენება, იმის შუაგულში იდება სასუქად აზოტი, ესე მუჭისხელა, ცოტა. ეს რომ ზემოდან წერტილოვნად მოირწყვება, ეს აზოტი სველდება, გადის მიწაში, ინარჩუნებს სინოტივეს და თან ანოყიერებს. და ეს ნაყოფიც არის უფრო დიდი. სხვანაირად არ არსებობს ხენდრო, სასუქის გარეშე რომ მოდიოდეს. თანაც ეს სასუქი იქ აუცილებელია. წარმოიდგინეთ ზამთრის სეზონში სათბური რომ დაიხურება, ის მაშინ ხდება უჰაერო. ამ დროს მიწა თუ მალე გამოშრა და მალე მორწყი, მაშინ ზამთარში, როცა ყინვები დაარტყამს ან როცა სიცივე იქნება, ის სულ გაფუჭდება. ამიტომ არის, რომ ერთხელ მორწყული უნდა ეყოს იმას ერთი კვირის განმავლობაში მაინც, რომ წყალიც ეყოს და არც გაიყინოს.
ასე რომ, ჩვენთან ყველაფერი ადგილზეა უკვე და ფაქტიურად ოქტომბრის 23-სთვის უკვე ნაყოფი უნდა ჰქონდეს. მერე სულ არის მთელი წლის განმავლობაში. ეს არავის არ სჯეროდა.
პირველად ეს პროექტი რომ დავწერეთ, ბანკი ,,რესპუბლიკაში“ მივედით, სადაც ანგარიში გავხსენით. იმ ბანკის პრეზიდენტს ვიცნობ კარგად, ახლობელია და მოვუყევი ესე, ესე-მეთქი, პროექტი შევიტანეთ-თქო. ჯერ სასაცილოდ არ ეყო, ეგრე არ ივარგებსო. და მერე თქვენ რომ დააფინანსეთ, მაშინვე სპეციალურად ჩავედი სამტრედიაში, თანაც ანგარიშის ნომერიც უნდა გამეგო და ვუთხარი: აი შენ რომ ვერ დააფასე, გოგიტა, შენი თანამემამულეების შრომა, ნახე სხვებისგან როგორ დაფასდა-თქო. ეხლა იძახის, თვალებს არ ვუჯერებო. და მითხრა, რომ თუ მე შევხედავ რომ ეს იქნება აბსოლუტურად წარმატებული იმ მხრივ, რომ მართლა მთელი წელი, ყველა სეზონზე ამას ექნება მოსავალი, იმიტომ რომ საქართველოში ეს მე არ მინახავსო, მაშინ თვითონ ბანკი ,,რესპუბლიკა“ თქვენს ჯგუფს დაუდგება პარტნიორად და ბიზნესის გაფართოებაში დაგაკრედიტებთო. ეს მითხრა ბანკი რესპუბლიკის პრეზიდენტმა გოგიტა კაკაბაძემ. იქიდან რომ ჩამოვედი, გოგოებს მაშინვე ვუთხარი ყველაფერი. ძაან გვიხარია ყველას. იმან პირდაპირ გვითხრა: მე რომ შედეგს დავინახავ, მე თვითონ დაგეხმარებიო მაქსიმალურად გასაღების არეალის გაფართოებაში. ბათუმში ყოფილა ყველაზე ძვირი, ანუ იქ ყიდულობენ თურმე რესტორნები ყველაზე ძვირ ფასში ამას. და მე დაგიდგებიო გვერდში, ჩემი ბანკით დაგაკრედიტებო და დაგიდგებით როგორც პარტნიორი და ხელისშემწყობიო.
UNDP-ს პროექტი, სადაც უფასო ინტერნეტი გვაქვს, მთავრდება დეკემბერის ბოლოს, მე არ ვიცი სხვა კლუბებს როგორ ექნება საქმე, მაგრამ ჩემს კლუბს ჰყავს უკვე სპონსორი. ეს არის გელა ლეჟავა. ის არაჩვეულებრივი ადამიანია და უანგარო. ის ჩემი თანასოფლელია, ჩემი მეგობარია და მართლა ესმის ამ ადამიანს ყველა ტკივილი. ის არის ახლა ჩემი კლუბის მხარდამჭერი. რვა თვის განმავლობაში იმ შენობაში, სადაც ჩვენ ვართ, შუქი არ იყო და რვა თვის განმავლობაში ჩემს კლუბს არ უგრძვნია ეს პრობლემა. იმიტომ რომ ყოველთვიურად 200 დოლარს გვირიცხავდა გელა და იმის გავლენით მე ყოველთვე იანეთის ბენზინგასამართი სადგურიდან მომაქვს 20 ლიტრა საწვავი უფასოდ, დღესაც ეგრეა. დავრეკავ - გამომიგზავნიან. ზეთი მჭირდებოდა თუ კარტრიჯი, რომელიც პრინტერში იდება და 120 დოლარი ღირს, თუ ფურცელი, თუ საწვავი, არ იყო პრობლემა არასოდეს. უბრალოდ ჩემი კლუბი არ გაჩერებულა და ეს არის მართლა გელას დამსახურება.
ერთი რაღაც მაქვს იდეაში და მინდა მერე მოვახდინო როგორმე ამის რეალიზება. არის ასეთი პავლოვიას ხე - იმპერატორის ხეს ეძახიან. ეხლა თესლი მაქვს ძალიან პატარა ,,პაჩკა“, მაგრამ თესლით გახარება ამისი არის ძალიან რთული. ამასწინ დავთესე საცდელად და რომ გაიზარდა, გაფუჭდა, თანაც აგვისტო იყო და ძაან ცხელოდა. მე მგონი რამდენიმე კვირაში ელოდებიან ფოთის პორტში გემით ამ ხის ნერგებს. მიწის მესაკუთრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ქუთაისში არის მერაბ ბარათაშვილი. ამ ჩვენს საქმეში ამ კაცის კონსულტაციაც მივიღე. მან მასწავლა, რომ ჩვენი პროექტის ამ ხენდროს ნერგებს წერტილოვანი მორწყვა სჭირდება და არ შეიძლება ასე პირდაპირ წყლის დასხმა, იმიტომ რომ სუყველა გამოვა გარეთ და არ ივარგებს, დალპება. მან მასწავლა როგორ უნდა გამეკეთებინა ეს ჩვენს პირობებში. იმიტომ რომ წერტილოვანი მორწყვის სისტემა რომ გაიყვანო თვითონ სათბურში, სადღაც 2000 დოლარი ჯდება და მეტი. მინდოდა ეს პავლოვიას ხე რომ გაგვეკეთებინა..
თანაც ჩვენს კლუბთან და ქალთა საბჭოსთან ერთად ახალგაზრდა აგრონომთა ასოციაცია გვაქვს შექმნილი. აქ არიან ბიჭები, რომლებსაც არა აქვთ ოფიციალური სამსახური, მაგრამ არიან მშრომელები. რომლებიც არ თაკილობენ არც ტრაქტორზე ჯდომას, არც მიწის დამუშავებას. ჯერ დავიწყეთ ჰუმუსიის დამზადება, გვაქვს საკუთარი მიწის ნაკვეთი და ვიფიქრეთ გაგვეკეთებინა პატარა სანერგე მეურნეობა. ეს პავლოვიას ხე რომ დარგო, სამ წელიწადში იზრდება რვიდან თორმეტ მეტრამდე სიმაღლის. ეს არის ყველაზე სწრაფი ხე, რომელიც ყალიბდება სრულყოფილ ხის მასალად დროის ამ მცირე მონაკვეთში. სამ წელიწადში მისი მოჭრა შეიძლება უკვე. ეს ხე რომ მუშავდება, არის სულ თეთრი ფერის. სპილოს ძვლის ავეჯი რომ არის, აი ისეთი ფერის რჩება და ძალიან ძვირი მასალაა. ვიფიქრეთ, ეს სანერგე მეურნეობა რომ გაგვეკეთებინა, არ იქნებოდა ურიგო. ამ ბიჭებს, ვინც არის ჩვენთან აგრონომთა ასოციაციაში შემოსული, ოჯახში გაკეთებული აქვთ სახელოსნო. ავეჯს ამზადებენ, სკამებს, მაგიდებს და სხვას, რაც შეიძლება ხისგან დამზადდეს. ოღონდ ეხლა გვინდა ამ ნერგებისთვის ფული. და კიდევ, რომ შემოვღობოთ ეს ნაკვეთი კარგად. იმიტომ რომ მიწას არანაირი დამუშავება არ უნდა, უბრალოდ უშუალოდ ხეებთან დაამუშავებ ადგილებს. კარგად შემოკავება უნდა მხოლოდ ამ მიწას, რომ არ ჩავიდეს იქ არაფერი. გაზაფხულზე კი ამ ხის ნაყოფი, რომელიც ცვივა ძირს და შეიძლება მზის პირობებში გახმეს, იფქვევა საფურაჟეში და ერთი 25 კილოიანი ტომარი ამ ხის დაფქული ნაყოფით უდრის ხუთ ტომარა ქატოს თავისი კალორიულობით. ეს ყველაფერი ინტერნეტიდან მაქვს ამოღებული მონაცემებით და თავისი სურათებით. ოღონდ მინდა ფული, რომ ის ნერგები ვიყიდო. თანაც არც ვიცით ზუსტად, რა ფასი აქვს, ფოთში უნდა გავიგოთ, ზუსტად რა ეღირება ერთი ნერგი. რაც გვაქვს ნაკვეთი, იქ რომ გადავიანგარიშეთ პროპორციულად რამდენი შეიძლება რომ დაეტიოს, 100 ძირი გამოვიდა. ეს ნაყოფი რომ ცვივა და რომელსაც არ აიღებ ან ვერ მოასწრებ აღებას, თვითონ ამოდის შემდეგ. იქვე წავიკითხეთ, რომ რომ ნაკვეთში შეიძლება შეუშვა პირუტყვი. და აქ ის ბალახის მაგივრობას სწევს, საქონელს ამატებინებს წველადობას ორჯერ, სამჯერ და ფაქტიურად ბალახზე უკეთესი გამოდის.
ვფიქრობ, არ იქნებოდა ცუდი. გელამ ეს იცის და რომ ჩამოვა, მერე გვინდა დავილაპარაკოთ ამაზე უფრო კონკრეტულად. იქნებ რამე გამოვიდეს აქედანაც. მაგრამ მე არ გამოვყოფ ცალკე რაიმეს. რადგან ერთ ოთახში ვართ, ერთად ვართ, ეს ნიშნავს რომ ვაკეთებთ ერთ საქმეს. და ეს ჩვენი ოთახი, ეს ჩვენი გარემოცვა უკვე იმდენად ძლიერია, რომ ადამიანებს ჰგონიათ რომ ყოვლისშემძლე ხარ. ეხლა ადგილობრივი არჩევნები რომ ჩატარდა, ადგილობრივი მმართველობა ხომ გაუქმდა და ფაქტიურად ყველაფერი გადავიდა რაიონებში. ეხლა არის ჩვენთან რწმუნებული და მდივანი, მაგრამ უფლება-მოვალეობები შედარებით შეზღუდულია. და ხალხს ჰგონია რომ აქ, ჩვენთან, ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი კეთდება. თანაც ხომ ესმით ყველაფერი - ესე მოხდა, ისე მოხდა...
ბევრს არ ეჯერა, როგორ, 2000 ლარი ისე მოგცეს, როგორ, აქ რამე პროცენტი დასაბრუნებელი არ არისო? არა-მეთქი, ეს გრანტია და როგორ დაგიმტკიცოთ-თქო. არ სჯერა ხალხს, უბრალო ადამიანს თუ შეიძლება რომ რამე გამოუვიდეს.
ჩვენთან ჩამოვიდნენ ერთ დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები. დაგვიტოვეს თავისი საიტის მისამართები, წიგნები, ტელეფონები და შესაძლებლობის შემთხვევაში ვიკონტაქტოთო. საინტერესო საუბარი გვქონდა. ეს ის პერიოდი იყო, გორისკენ რომ ინციდენტი მოხდა, რუსებმა რომ ჭურვები ჩამოყარეს თითქოს. ამ გოგოს მეუღლე აღმოჩნდა გამნაღმველების რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან. ჩვენთვის შესაფერისი, მართალია, არაფერი არ ყოფილა ნათქვამი, ჩვენ ხომ საინიაციტივო ჯგუფი ვართ და არა ვართ რეგისტრირებულები. ჩვენებს ვეუბნებოდი, აი, რა დროს წავაგეთ. ახლა რომ ჩვენ რეგისტრირებული ორგანიზაცია ვიყოთ, შეიძლებოდა რაღაცაზე საუბარი. დროულად უნდა გავაკეთოთ ეს რეგისტრაცია და უფრო მეტი შანსი გვექნება მაშინ, ასე მგონია. ერთი კიდევ, რის გაკეთებასაც ვთავაზობ ამათ, არის ის, რომ უბრალოდ, საკუთარი გამოცდილების დასახვეწად, მოდი დავწეროთ, უბრალოდ დავწეროთ პროექტები, თუნდაც ერთმანეთის საჩვენებლად გავაკეთოთ ეს ყველაფერი.
ერთი, რაც მინდა აუცილებლად ავღნიშნო (მამის საფლავს ვფიცავარ!), გულით მინდა რომ ვთქვა, ის ჩვენი პროექტი ნაწვალები რომ იყო, ღამეები რომ იყო ნათევი იმ პროექტზე, რომელიც აქ ჩამოვიტანეთ, იმას ჰქონდა ხიბლი სწორედ. იმ შემთხვევაში იცი შენი შრომის ფასი, როცა შენ მართლა იწვალე და გაგეხარდა რომ გამოგივიდა. და რომ მახსენდება როგორ ვაკეთებდით ყველაფერს: მაშინ, იმ მომენტში ზოგი სანთლის შუქზე ვაკეთეთ, ზოგი გენერატორზე ავკრიფეთ, რომ არიქა, დროში არ დავიწვათო.
მე, მაგალითად, ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ აქ, სოფელში, სადაც პირობები არ იყო, რომ საკუთარი ძალების რეალიზება მოგეხდინა, მე საქმის გაკეთება შევძელი. ჩემს გვერდით ვინც არის, მე მგონი ყველა იგივეს იტყვის. იმიტომ, რომ ჩვენ შევძელით იმ ჩარჩოდან გამოსვლა, რაც აქ არის. და მარტო ჩვენ კი არა. ჩვენი მიბაძვით ძალიან ბევრი ადამიანი სხვაგვარად ხედავს უკვე საკითხს, სხვაგვარად ფიქრობს თავის აქტიურობაზე და თავის როლზე ყველა საკითხში. და აღარ იქნება ის ისე ჩაკეტილი უკვე. შეიძლება ამას ბევრი დრო დასჭირდეს, და ჩვენს მაგივრად უკვე სხვა იყოს. ყოველ შემთხვევაში მოვა დრო, როცა ადამიანს, და მით უმეტეს - ქალს, ეცოდინება, რომ საკმაოდ დიდი ღირებულება და ფასი აქვს მას.
ჟუჟუნა ბებოს სიხარული. 2007
ეკატერინე ბიბილეიშვილი, დიდი ჯიხაიში;
ჩაწერილია თბილისში, „ფონდის ტასო“
ოფისში 2007 წლის 3 ოქტომბერს