|
||
|
![]() |
სახელმძღვანელო: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არსებითი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: სხილაძე ეკატერინე |
| თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
| თარიღი: 2023 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: სარედაქციო ჯგუფი: რუსუდან ტუშური, რუსუდან კოხოძე, ნინო ჯომარჯიძე ქართული ენის რედაქტორი: ეკატერინე ბუჯიაშვილი დიზაინერი: სოფო მესხიშვილი |
![]()
![]()
![]() |
1 *** |
▲back to top |
![]()
![]()
სახელმძღვანელო მოამზადა ეკატერინე სხილაძემ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალპარტნიორული ნდობის ფონდის მხარდაჭერით (UNPRPD MPTF). პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალპარტნიორული ნდობის ფონდის შეხედულებებს.

![]() |
2 აბრივიატურები: |
▲back to top |
შშმ პირი |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი |
გაერო |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია |
SDGs |
მდგრადი განვითარების მიზნები |
CRPD |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია |
OPDs |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები |
PRPD |
გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობა |
OSCE/ODIHR |
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი |
![]() |
3 შესავალი |
▲back to top |
მონაწილეობა ადამიანის უფლებების უმთავრესი პრინციპი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების აუცილებელი ინდიკატორია. მონაწილეობა მოიცავს საჯარო ცხოვრების ყველა ასპექტს და გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების ჩათვლით. თავის მხრივ, ეს მოიცავს საჯარო სერვისებზე წვდომას, ბიუჯეტირებას, პროგრამირების პროცესს, კანონშემოქმედებით საქმიანობას, უფლებას, იყოს არჩეული, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი და სხვა.1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (შემდგომში შშმ პირები) გლობალურად არაერთ ბარიერს აწყდებიან მონაწილეობის უფლებით სარგებლობაში; მხარდამჭერი სერვისების სიმცირე, ფიზიკურ გარემოზე, სერვისებსა და ინფორმაციაზე წვდომის ბარიერები, დისკრიმინაციული პრაქტიკა, მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებითად აბრკოლებს მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხშირად შშმ პირები არ მონაწილეობენ ისეთ გადაწყვეტილებათა მიღებაშიც, რომლებიც მათ საბაზისო უფლებებს უკავშირდება.
აღსანიშნავია ბოლოდროინდელი ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, რომლებიც ქმნის პირობებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ეფექტიანად განხორციელებისათვის ეროვნულ დონეზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო განსაკუთრებულ პირობებს ქმნის შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის; ხოლო საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ2 აზუსტებს ამ მუხლის სულისკვეთებას და განსაზღვრავს მისი პრაქტიკული განხორციელების გზებს.
აღნიშნული კანონი ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე. პირველი მუხლის მიხედვით, იგი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, მათ შორის, შშმ პირთა მონაწილეობის ხელშესაწყობად. კანონის განხორციელების კვალდაკვალ, დადებითად უნდა აღინიშნოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მცდელობა, შექმნან და განავითარონ შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმები, სხვადასხვა საბჭოსა თუ კომისიის ჩამოყალიბებით.3 თუმცა, აღნიშნული ინიციატივები ფრაგმენტულ მაგალითებად რჩება და გავლენას ვერ ახდენს შშმ პირთა არსებით4 მონაწილეობასა და ჩართულობაზე.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფები მრავალფეროვანია; შესაბამისად, მრავალფეროვანია ის ბარიერებიც, რომლებსაც ნაკლებად ხილული ჯგუფები აწყდებიან. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი სახელმძღვანელოს მიზანია შშმ პირთა მონაწილეობის ძირითად პრინციპებზე ინფორმაციის გაზიარება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. ნაშრომში განხილულია პრაქტიკული მაგალითები და გზები შშმ პირთა არსებითი მონაწილეობის ხელშესაწყობად.
_______________
1. გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ (2006) კონკრეტულად მიუთითებს შშმ პირთა საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებებზე (მუხლები 29, 30 და 33) და თანაბარი შესაძლებლობის შექმნაზე ამ უფლებებით სარგებლობისთვის.
2. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2020) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3eshDsm
3. მაგალითისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია საკონსულტაციო მექანიზმი შშმ პირთა უფლებების შესახებ და შემუშავებულია შესაბამისი სამოქმედო გეგმა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისკენ მიმართულ ღონისძიებათა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო. საკოორდინაციო მექანიზმი მოიცავს ქვეკომიტეტებს შშმ პირთა უფლებებზე სამუშაოდ.
4. არსებითი მონაწილეობის ნაცვლად, შესაძლოა გამოყენებული იქნას სრულყოფილი მონაწილეობა. ორივე ტერმინი სწორია და მიემართება კონვენციაში მოხსენიებულ ტერმინს meaningful participation. სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, გამოყენებული იქნება არსებითი მონაწილეობა.
![]() |
4 1. სახელმძღვანელოს შესახებ |
▲back to top |
![]()
![]() |
4.1 1.1 რას მოიცავს |
▲back to top |
სახელმძღვანელო განსაზღვრავს აუცილებელ ქმედებებს, რომლებიც პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გაატარონ შშმ პირთა არსებითი მონაწილეობისთვის გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე; ამასთან, დეტალურად აღწერს საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს1, მათი გამოყენების პრაქტიკულ გზებსა და შესაძლებლობებს. დოკუმენტში შემოთავაზებული რეკომენდაციები ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, განსხვავებულობასა და სხვა ფაქტორთა გავლენებს.
მსგავსი სახელმძღვანელო საქართველოში პირველად გამოიცემა. მისი შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია შშმ პირების (ბავშვების ჩათვლით), მათი კანონიერი წარმომადგენლების, შშმ აქტივისტების, შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და ამ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობა. ამასთან, საკონსულტაციო პროცესმა მოიცვა საქართველოს პარლამენტი, სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.2
სახელმძღვანელოში წარმოდგენილი რეკომენდაციები იძლევა, ერთი მხრივ, ინკლუზიური პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, პრაქტიკულ გზებს შშმ პირთა არსებითი მონაწილეობისათვის.
![]()
სახელმძღვანელოს მიზნები
![]()
ანგარიშვალდებულების გაზრდა
პასუხისმგებელ უწყებათა/პირთა როლისა და ვალდებულებების განსაზღვრა შშმ პირთა არსებითი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.
![]()
მრავალფეროვნების დანახვა
შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების ხაზგასმა და გზების ჩვენება მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
![]()
ცნობიერების ამაღლება
პასუხისმგებელ პირთა შესაძლებლობების გაძლიერება ცნობიერების ამაღლებით, რათა ხარისხიანი და ინკლუზიური პროგრამები განხორციელდეს შშმ პირთა არსებითი მონაწილეობით.
______________
1. სახელმძღვანელოში გაანალიზებულია ყველა არსებული საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტი შშმ პირთა მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი ხელშეკრულებებისა თუ ანგარიშების სახით.
2. სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში ჩატარდა ფოკუსჯგუფის შეხვედრები და ინტერვიუები შშმ პირებთან, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებსა და მშობლებთან. მომზადების შემდეგ, დოკუმენტი გავუზიარეთ როგორც მათ, ისე სახელმწიფო ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს. მოწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნა სახელმძღვანელოს შექმნისას.
![]() |
4.2 1.2. ვისთვის არის განკუთვნილი? |
▲back to top |
სახელმძღვანელო განკუთვნილია ყველა ორგანიზაციისა და დაწესებულებისთვის, რომელთა ფუნქციაა საჯარო პოლიტიკისა თუ პროგრამების შემუშავება, კოორდინაცია და განხორციელება, ასევე, სერვისების მიწოდება ცენტრალურ ან ადგილობრივ დონეზე. კერძოდ, ეს უწყებებია:
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა და მისი ადმინისტრაცია
სახელმწიფო მინისტრის აპარატი
სამინისტროები და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
საქართველოს მთავრობისა და სამინისტროების კონტროლქვეშ არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები
სახელმძღვანელოს გამოყენება რეკომენდებულია ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა პროგრამირება, ბიუჯეტირება1, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საჯარო სერვისების მიწოდება და სხვა. ნაშრომი დააინტერესებს კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც, რომლებსაც სურთ, გააუმჯობესონ ინკლუზიური გარემო და ხელი შეუწყონ შშმ პირთა არსებით მონაწილეობას.
![]()
______________
1. ბიუჯეტირების პროცესში შშმ პირთა ჩართულობაზე დამატებით იხ: მ. კუკავა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტირების გზამკვლევი“, UNDP, 2022. მისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3l8a79q
![]() |
4.3 1.3. რატომ არის მნიშვნელოვანი? |
▲back to top |
შშმ პირები მსოფლიო მოსახლეობის 15%25-ს შეადგენენ.1
![]()
ყოველი 5 ქალიდან 1, სავარაუდოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ხდება ცხოვრების განმავლობაში.
![]()
მოსახლეობის 46%25-ს 60 წლიდან ზემოთ აქვს გარკვეული ფორმის შესაძლებლობის შეზღუდვა.
![]()
ყოველი 10 ბავშვიდან 1-ს შეზღუდული აქვს შესაძლებლობა.2 ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორობისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის მსხვერპლნი. არაპროპორციულად დიდია კრიზისებისა და კონფლიქტების ზემოქმედება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე. ამის ნათელი დასტურია ახალი კორონავირუსის პანდემია და მისი გავლენა.3
შშმ პირთა მონაწილეობის უფლება მნიშვნელოვანია მათი გამოცდილებების, ხედვებისა და მოსაზრებების სახელმწიფო პოლიტიკაში ინტეგრირებისთვის. ყველა ადამიანის აქტიური და ინფორმირებული მონაწილეობა მათთან დაკავშირებულ საჯარო გადაწყვეტილებათა მიღებაში შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას და უზრუნველყოფს კარგ მმართველობას, სოციალურ ანგარიშვალდებულებასთან ერთად.4
შშმ პირთა არსებითი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გულისხმობს არა მხოლოდ კონსულტაციას მათთან და სათანადო ინფორმაციის შეგროვებას, არამედ პარტნიორობასაც და მათი რესურსების გამოყენებას გადაწყვეტილებების მიღება-განხორციელებაში.
შშმ პირთა ჯგუფი არ არის ჰომოგენური, ისინი განსხვავდებიან გამოცდილების, მათ წინაშე არსებული ბარიერების, სქესის, ასაკისა და იდენტობის მიხედვით.5 მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების ყველა პროცესში მოითხოვს ინკლუზიისა და განსხვავებულობის ფართო სპექტრით დანახვას. მაგალითად, განსხვავებული მიდგომებია საჭირო შშმ ქალების ან სხვა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მონაწილეობისთვის (მაგ: ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ადამიანები, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები და ა.შ.).
შშმ პირთა არსებითი მონაწილეობა დადებით გავლენას ახდენს სახელმწიფო პროგრამების, სერვისებისა და ღონისძიებების განხორციელებაზე. მაგალითისთვის, იხილეთ ცხრილი ქვემოთ:
შშმ პირთა არსებითი მონაწილეობის გარეშე |
შშმ პირთა არსებითი მონაწილეობით |
ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები და კანონმდებლობა ნეიტრალურია და არ ადგენს განსხვავებულ წესებს, მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს შშმ პირთა უფლებების დასაცავად (მაგ: კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის შესახებ ნეიტრალურია და არ არის ეფექტიანი შშმ პირთა მიმართ ძალადობის ასარიდებლად და გამოსავლენად, ასევე, მასზე რეაგირებისათვის). |
ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტები და კანონმდებლობა ითვალისწინებს შშმ პირთა საჭიროებებს (მაგ: კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის შესახებ შეიცავს კონკრეტულ მითითებებს სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოებისთვის, ადგენს გამოკითხვის მისაწვდომ პროცედურებს, განსაზღვრავს სერვისების მისაწვდომობას და ა. შ.) |
ინფრასტრუქტურულ პროექტთა დაგეგმვისას სათანადოდ არ არის გათვალისწინებული შშმ პირთა საჭიროებები. შესაბამისად, საჭირო ხდება დასრულებულ პროექტთა ადაპტირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს. |
პროექტთა დაგეგმვა-განხორციელება შშმ პირთა არსებითი მონაწილეობით თავიდანვე ეყრდნობა უნივერსალური დიზაინის პრინციპებს, რაც ზოგავს დროს და ფინანსურ რესურსს. |
სახელმწიფო სერვისები არ ითვალისწინებს შშმ პირთა საჭიროებებს, არ არის ინკლუზიური და ადგენს მხოლოდ ზოგად მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. |
სახელმწიფო სერვისები ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებებს, რაც დადებითად აისახება მათ უფლებრივ მდგომარეობაზე, ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. |
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ორიენტირებულნი არიან შშმ პირებისა და მათი ოჯახების ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე (მაგ: საკვების გადაცემა, ერთჯერადი ფულადი გასაცემელი და სხვა). |
ადგილობრივი თვითმმართველობების ღონისძიებები გრძელვადიან პერსპექტივაში უჭერს მხარს შშმ პირებს; არსებული სოციალური პროგრამები ინკლუზიურია და ხელს უწყობს ამ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას, ასევე, თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მათთვის. |
________________
1. მსოფლიო ბანკი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, „მსოფლიო ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ“ (2011). ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3E79anv
2. UN DESA, ასაკი და შეზღუდული შესაძლებლობა. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2FVRDUo გაეროს ბავშვთა ფონდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები (2013). ხელმისაწვდომია ბმულზე: https://uni.cf/3TEEdgj
3. ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენა შშმ პირთა უფლებებზე, გაერო. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Evz7yv
4. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (2018), პარაგრაფი 2.
5. ფუნქციონირების, შესაძლებლობის შეზღუდვისა და ჯანმრთელობის საერთაშორისო კლასიფიკაცია შეზღუდულ შესაძლებლობას განსაზღვრავს როგორც შიდა, ისე გარე ფაქტორთა ურთიერთქმედების შედეგს და ყურადღებას ამახვილებს სამ კომპონენტზე: 1) სხეულის ფუნქციები და სტრუქტურა; 2) მონაწილეობის შესაძლებლობები (ინდივიდუალურ და სოციალურ დონეზე); 3) პერსონალური და გარემო ფაქტორები. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3hLc89y
![]() |
5 2. მარეგულირებელი ჩარჩო |
▲back to top |

![]() |
5.1 2.1. საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები |
▲back to top |
შშმ პირთა მონაწილეობა აღიარებულია შემდეგი საერთაშორისო ინსტრუმენტებით: ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და გაეროს კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ. ამ დოკუმენტების თანახმად, საჯარო გადაწყვეტილების მიღება მოითხოვს ყველა იმ პირის აქტიურ და ინფორმირებულ ჩართულობას, რომლებსაც უკავშირდება ან რომლებზეც გავლენას ახდენს იგი.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის1 21-ე მუხლის მიხედვით, „ყველას აქვს უფლება, მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში, უშუალოდ ან მის მიერ თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.“ ასევე ყველას აქვს უფლება, დასაქმდეს საჯარო სამსახურში და არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება. ამავე მუხლის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ეყრდნობოდეს საყოველთაოობისა და თანასწორობის პრინციპებს.
საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ2 25-ე მუხლის ფარგლებში განამტკიცებს იმავე პრინციპს: თითოეულ მოქალაქეს დისკრიმინაციისა და შეზღუდვების გარეშე უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობის უფლება/შესაძლებლობა. გარდა ამისა, პაქტი ხაზს უსვამს მონაწილეობის შესაძლებლობებსაც და სახელმწიფოს ვალდებულებად ასახელებს მათ უზრუნველყოფას.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის3 მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „კანონმდებლობისა და წინამდებარე კონვენციის განხორციელების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მონაწილე სახელმწიფოები მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ და აქტიურად რთავდნენ შშმ პირებს, მათ შორის შშმ ბავშვებს, წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საშუალებით.“
აღსანიშნავია სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტებიც:
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის4 მე-5 მუხლი ხაზს უსვამს პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის მნიშვნელობას; ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის5 მე-7 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და მონაწილეობის ხელშესაწყობად; ბავშვის უფლებათა კონვენციის6 მე-12 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი შეხედულებები და მისი მოსაზრება ისმინებოდეს უშუალოდ, ან წარმომადგენლისა თუ სპეციალური ორგანოს მეშვეობით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N77 - განსაზღვრავს შშმ პირთა, მათ შორის, ბავშვთა მონაწილეობას კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით. დოკუმენტი დამატებით განმარტავს და უფრო დეტალურად მიუთითებს სახელმწიფოთა ვალდებულებებს შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობასთან მიმართებით:8
![]()
სახელმწიფოებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი სამართლებრივი და მარეგულირებელი პროცედურები შშმ პირთა სრულყოფილი და თანასწორი ჩართულობისთვის ისეთ პროცესებში, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღება, ასევე, კანონმდებლობის, პოლიტიკისა თუ სამოქმედო გეგმების შემუშავება და სხვა;
![]()
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა ჩამოაყალიბონ კონსულტაციის ფორმალური მექანიზმები. ამისთვის შეიძლება გამოიყენონ გამოკითხვები, შეხვედრები და სხვა მეთოდები; ასევე, გამოყონ სათანადო დრო, ადრეულ ეტაპზევე ჩართონ შშმ პირთა ორგანიზაციები და დროულად და ფართოდ გაავრცელონ შესაბამისი ინფორმაცია თითოეულ პროცესამდე;
![]()
შშმ პირთა მოსაზრებებს, რომლებიც გამოთქმულია წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით, სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. მონაწილე სახელმწიფოთა ძალისხმევით, ეს მოსაზრებები არ უნდა მიიღონ მხოლოდ ფორმალურად, ან კონსულტაციისადმი სიმბოლური მიდგომით;
![]()
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საჯარო გადაწყვეტილების მიღებასა და კონსულტაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა თუ აქტივობა მისაწვდომი იყოს თითოეული შშმ პირისთვის (სენსორული თუ მობილობის შეზღუდვისა და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ჩათვლით). ამის მიღწევა შესაძლებელია შესაბამისი, მისაწვდომი ფორმატების განვითარებით;
![]()
მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები, ასევე, შეიმუშაონ პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ეფექტიანად უზრუნველყოფენ შშმ ბავშვთა მონაწილეობას და გამოავლენენ მათ ნებასა თუ პრიორიტეტებს.
მდგრადი განვითარების მიზნები (SDG)9 2030 წლის დღის წესრიგის საფუძველია. მისი უნივერსალურობა და ინკლუზიურობა მოიცავს ყველა ქვეყანას, ამიტომ, დოკუმენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის წესრიგის ეფექტიან და პრაქტიკულ განხორციელებაში. მდგრადი განვითარების 17 მიზანი, თავის მხრივ, შედგება 169 ამოცანისგან, რომელთა საზომია 231 გლობალური ინდიკატორი. მდგრადი განვითარების პრინციპი - „არავინ დარჩეს განვითარების პროცესებს მიღმა“ - ნიშნავს, რომ ვერცერთი მიზანი ვერ ჩაითვლება მიღწეულად, თუ მისი შედეგებით ყველა არ ისარგებლებს. შესაბამისად, მონაწილეობა და ჩართულობა ამ მიზნების განხორციელების ფუძემდებლური პრინციპებია.

მდგრადი განვითარების მიზნების მთელი რიგი ძირითადი საკითხების გადაწყვეტა (მმართველობა, კოორდინაცია, ბიუჯეტირება, კანონმდებლობა, ანგარიშვალდებულება, შესაძლებლობათა გაძლიერება და საერთაშორისო თანამშრომლობა) შესაძლებელია მხოლოდ შშმ პირთა მონაწილეობით.10 ეროვნულ დონეზე მათი განხორციელებისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი (მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო)11 და შემუშავდა მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი.12
შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ მოხსენიებულია ქვემოთ ჩამოთვლილ მიზნებში13, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების ყველა მიზანი ინკლუზიური და უნივერსალურია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში საილუსტრაციოდ გამოტანილია მხოლოდ რამდენიმე ძირითადი მაგალითი.
მიზნები
ხარისხიანი განათლება |
თანასწორი და მისაწვდომი განათლების უზრუნველყოფა, ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნით და შშმ პირებისთვის შესაბამისი მხარდაჭერის გაწევით. |
ღირსეული სამუშაო ეკონომიკური ზრდა |
ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხელშეწყობა, შშმ პირებისთვის სრული და პროდუქტიული დასაქმების შესაძლებლობის შექმნა, დასაქმების ბაზარზე სრული წვდომისათვის. |
უთანასწორობის შემცირება |
ხაზს უსვამს შშმ პირების ინკლუზიას სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში. |
ქალაქებებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება |
მისაწვდომი ქალაქების, წყლის რესურსებისა და მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შექმნა; უნივერსალური წვდომის უზრუნველყოფა უსაფრთხო, ინკლუზიურ და მწვანე საჯარო სივრცეებზე. |
თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის |
ხაზს უსვამს მონიტორინგს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე, ასევე, მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობას (განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით). |
ჩანართი: საერთაშორისო პრაქტიკა
შშმ პირთა არსებითი მონაწილეობა გამოწვევად რჩება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ განსხვავებულია მიდგომები არსებულ გამოწვევების აღმოსაფხვრელად. რამდენიმე ქვეყანა სავალდებულო კვოტირების მექანიზმს იყენებს შშმ პირთა მონაწილეობის ხელშესაწყობად.14
![]()
ხორვატიასა და სლოვაკეთში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საარჩევნო მასალებისა და უბნების მისაწვდომობას. ხორვატიაში ინფორმაციის კომისარი ზედამხედველობს სპეციალური კანონის განხორციელებას, რომელიც შეეხება ვებგვერდებისა და პროგრამების მისაწვდომობას.15
![]()
ნორვეგიაში ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. კონსტიტუცია უშვებს ერთადერთ გამონაკლისს: „კანონით შეიძლება დაწესდეს გამონაკლისი წესები იმ პირთა ხმის მიცემის უფლებასთან მიმართებით, რომლებსაც არჩევნების დღეს აშკარად გაუუარესდებათ ფსიქიკური ჯანმრთელობა ანდა დაუქვეითდებათ ცნობიერება“. ყველა სხვა შემთხვევაში, ფსიქიკური ანდა ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებს აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება; ამ უფლების განსახორციელებლად, შესაძლოა, საჭიროების მიხედვით, დაენიშნოთ სპეციალური ასისტენტიც. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პოლიტიკური პარტიების აქტიური წევრები არიან და აქტიურად მონაწილეობენ საპარლამენტო საქმიანობაში. აღსანიშნავია, რომ ნორვეგია საკმაოდ კარგად ორგანიზებულ საჯარო განხილვებს ატარებს ყოველ ინიციატივასა თუ ცვლილებაზე, სადაც ჩართულნი არიან შშმ პირებიც. საინტერესოა არსებული დაფინანსების მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, შშმ პირთა ორგანიზაციებს შეუძლიათ დაფინანსების მიღება სხვადასხვა ინიციატივის განსახორციელებლად, ასევე, მგზავრობის დაფინანსება გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის განხილვებსა და შეხვედრებში მონაწილეობისათვის. დაფინანსების არსებული მექანიზმი განაპირობებს ორგანიზაციების სიძლიერეს.16
![]()
საფრანგეთში, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობის ხელშესაწყობად, შექმნილია ეროვნული საკონსულტაციო საბჭო, რომელიც საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებს და შშმ პირებს რთავს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში. საინტერესოა ისიც, რომ სოციალური საკითხებისა და საოჯახო კოდექსის მიხედვით, საფრანგეთის მთავრობას ევალება, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს ეროვნული კონფერენცია შშმ პირთა საკითხებზე. ამ მხრივ, საფრანგეთის მაგალითი ძალიან საინტერესოა, რადგან საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრავს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და შშმ პირთა ჩართულობის კონკრეტულ მექანიზმს.17
_______________
1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მიღებულია 1948 წლის 10 დეკემბერს); ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3qeuH79
2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მიღებულია 1966 წლის 16 დეკემბერს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3RIwLQI
3. კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (მიღებულია 2006 წლის 13 დეკემბერს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2CqO7wZ
4. საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (მიღებულია 1965 წლის 21 დეკემბერს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3eslMfU
5. კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (მიღებულია 1979 წლის 18 დეკემბერს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3CZoKm3
6. ბავშვის უფლებათა კონვენცია (მიღებულია 1989 წლის 20 ნოემბერს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit. ly/3KPnOTo
7. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (მიღებულია 2018 წლის 9 ნოემბერს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Bbn8oX
8. ზოგადი კომენტარის ქართული თარგმანი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3JEo6xG
9. დეტალური ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნებზე ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit. ly/3quTMLo
10. დეტალური ინფორმაცია ინკლუზიური მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EyGUfw
11. დეტალური ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://sdg.gov.ge/text-page/33
12. მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი (2015) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit. ly/3WrltSY
13. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Yt737z
14. ასეთი მექანიზმები გვხვდება უგანდაში, საპარლამენტო კვოტირების სახით, და ტუნისში - ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.
15. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წლიური ანგარიში „კარგი პრაქტიკის მაგალითები და გამოწვევები საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელების კუთხით“ (2022), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3g6VdxM
16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ნორვეგიაში ვიზიტის შესახებ (2020), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EaFoOK
17. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საფრანგეთში ვიზიტის შესახებ (2019), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3geX83n
![]() |
5.2 2.2. ეროვნული კანონმდებლობა |
▲back to top |
საქართველოს კონსტიტუციის1 მე-11 მუხლის მიხედვით, „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.“ ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის.
საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ2 „განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის მისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს“. ამავე კანონის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს შშმ პირთა შესაძლებლობას, მონაწილეობდნენ ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, სხვათა თანაბარი პირობებით.
საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ3 მიზნად ისახავს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას“, ნებისმიერი ნიშნის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად. ამასთან, კანონში უარი გონივრულ მისადაგებაზე გათვალისწინებულია დისკრიმინაციის ფორმად.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის4 85-ე მუხლის მიხედვით, „მუნიციპალიტეტის ორგანოები და იქ დასაქმებული თანამდებობის პირები ვალდებული არიან, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, მოქალაქეებთან შეხვედრების, მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში, მათ შორის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალობისათვის.“
________________
1. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 11 (მიღებულია 1995 წელს), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit. ly/3RATuOK
2. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (მიღებულია 2020 წელს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3B27sSV
3. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (მიღებულია 2014 წელს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3L0kPYl
4. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (მიღებულია 2014 წელს) ხელმისაწვდომია ბმულზე: https:// bit.ly/3Gfo1yL
![]() |
6 3 ძირითადი ცნებები და განმარტებები1 |
▲back to top |
![]()
![]() |
6.1 3.1. ვინ არიან შშმ პირები? |
▲back to top |
სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა პირი „მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში“.2
ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა შშმ პირებს განიხილავს უფლებების ცენტრში, იმ ბარიერებისა და რისკების გათვალისწინებით, რომლებსაც აწყდებიან. ეს მოითხოვს შშმ პირთა შესაძლებლობის, წვლილისა და მიღწევების აღიარებას გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მხრიდან, ასევე, მათ წინაშე არსებული ბარიერების დანახვასა და აღმოფხვრას არსებითი მონაწილეობის ხელშესაწყობად.3
შშმ პირები მრავალფეროვანი ჯგუფია (მაგ: ქალები, ბავშვები, ეთნიკური უმცირესობები), განსხვავებული იდენტობებითა და, შესაბამისად, საჭიროებებით. ამ ფაქტორთა ინტერსექციურობის გამო, შშმ პირები ხშირად აწყდებიან მრავალი ნიშნით
დისკრიმინაციას.4 იმისათვის, რომ აღნიშნული პირები არ დარჩნენ განვითარების პროცესებს მიღმა, მნიშვნელოვანია მათი განსხვავებების დანახვა და აღიარება, ასევე, მიზანმიმართული მოქმედება შშმ პირთა ჩასართავად გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
_______________
1. განმარტებები აღებულია საქართველოს კანონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიდან.
2. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2020), მუხლი 2.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი N6 (2018) თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, პარაგრაფი 39.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი, ზოგადი კომენტარი N6 (2018) თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ, პარაგრაფი 19.
![]() |
6.2 3.2. რას წარმოადგენენ შშმ პირთა ორგანიზაციები? |
▲back to top |
შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მმართველ პოზიციებზე უმრავლესობა შშმ პირები არიან. ზოგადად, მათი ფუნქციაა შშმ პირთა ადვოკატირება, ასევე, დახმარება სასწავლო აქტივობებში, ტრენინგებსა თუ ტექნიკურ საკითხებში, და ადამიანის უფლებათა პოპულარიზაცია. შშმ პირთა ორგანიზაციების დამსახურებაა საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის განვითარება, ცნობიერების ამაღლება, სახელმწიფო უწყებათა ანგარიშვალდებულების გაზრდა და სხვა.1 ეს ორგანიზაციები არსებითად განსხვავდებიან სერვისის მიმწოდებელი2 და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისგან.
შშმ პირთა ორგანიზაციები:3
![]()
მუშაობენ ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ ანდა საერთაშორისო დონეზე;
![]()
შესაძლოა, წარმოადგენდნენ შშმ პირთა ერთ ან მეტ ჯგუფს, ან გახსნილნი იყვნენ ყველა შშმ პირის წევრობისთვის;
![]()
შესაძლოა, მოქმედებდნენ როგორც ცალკეული ორგანიზაციები, კოალიციები, ან ქოლგა ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავენ შშმ პირთა ერთობლივ და კოორდინირებულ წარმომადგენლობას, როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ისე საერთაშორისო და კერძო ინსტიტუტებთან;
![]()
ასახავენ შშმ პირთა თემის მრავალფეროვნებას (მაგ: სქესის, გენდერის, რასის, ასაკის, მიგრანტის/ლტოლვილის სტატუსისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით).
_______________
1. მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა განავითაროს კანონიერი მექანიზმები შშმ პირთა ორგანიზაციების დასაცავად ზეწოლისგან. მათი გაძლიერების მიზნით, უნდა განისაზღვროს დაფინანსების წესი და ფორმაც.
2. კანონმდებლობაში ნათლად უნდა გაიწეროს შშმ პირთა ორგანიზაციების დეფინიცია და საქმიანობის ფორმები.
3. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (2018).
![]() |
6.3 3.3. შშმ პირთა მონაწილეობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია1 |
▲back to top |
![]()
გონივრული მისადაგება − „პრინციპი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში“.
![]()
უნივერსალური დიზაინი − „პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მათზე სპეციალური ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე წვდომის საშუალებას. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას“.
![]()
ჟესტური ენა − „არავერბალური, ვიზუალური ენა, როდესაც ინფორმაციის კოდირება მანუალური და მიმიკური საშუალებებით ხორციელდება“.
![]()
მისაწვდომი გარემო - „ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას, ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე ტრანსპორტით, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობას, სხვებთან თანაბარ პირობებში.“
მისაწვდომობის განმარტება ასევე მოიცავს წვდომას სერვისებსა და პროგრამებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროებში.
![]()
დამხმარე ტექნოლოგიები, მოწყობილობები და მობილობის დამხმარე საშუალებები - სპეციალურად წარმოებული ან ზოგადად მისაწვდომი გარე პროდუქტები (მოწყობილობები, ინსტრუმენტები, აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა), რომლებიც ინარჩუნებს და აუმჯობესებს ინდივიდის მდგომარეობასა და დამოუკიდებლობას, ასევე, ხელს უწყობს მის მონაწილეობას ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (მაგ: ეტლები, პროთეზები, სმენის აპარატები, ვიზუალური საშუალებები, სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფა და აპარატურა).
![]()
ბარიერები - ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის მონაწილეობას და ქმნის შეზღუდულ შესაძლებლობას. შშმ პირებს ბარიერები უზღუდავს მისაწვდომობას და ხელს უშლის საზოგადოებრივ და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობაში. ბარიერები შესაძლოა იყოს დამოკიდებულებითი (აღქმითი), გარემოსთან დაკავშირებული და ინსტიტუციური.
დამოკიდებულებითი (აღქმითი) ბარიერები არის განწყობები, რომლებიც იქმნება, ძირითადად, დისკრიმინაციული წინასწარი აღქმების, კულტურული სტერეოტიპებისა და სტიგმებისგან;
გარემოსთან დაკავშირებული ბარიერები მოიცავს ფიზიკურ დაბრკოლებებს ბუნებრივ ანდა ხელოვნურად შექმნილ გარემოში და ხელს უშლის შშმ პირთა წვდომას. ასეთი ბარიერები შეიძლება აფერხებდეს წვდომას როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებზე;
ინსტიტუციური ბარიერები მოიცავს კანონმდებლობას, პოლიტიკას, სტრატეგიას ან დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლებიც ხელს უშლის შშმ პირთა მონაწილოებას.
![]()
დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით − „შეზღუდული შესაძლებლობით განპირობებული ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომლებიც პირს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას, არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით, ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად“.
![]()
შშმ პირთა მეინსტრიმინგი2 − პროცესი, რომელიც მოიცავს ნებისმიერი დაგეგმილი ღონისძიების გავლენის შეფასებას შშმ პირებზე. ეს არის გზა ინკლუზიური პროცესების განხორციელებისათვის, ასევე, იმ ბარიერების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ხელს უშლის შშმ პირებს თანაბარ ჩართულობასა და ადამიანის უფლებებით სარგებლობაში.
________________
1. განმარტებები აღებულია საქართველოს კანონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციიდან.
2. სახელმძღვანელო გაეროს სააგენტოების წარმომადგენლების და განმახორციელებელი პარტნიორებისთვის „შშმ პირთა უფლებების ინტეგრირება გაეროს პროგრამირებაში ეროვნულ დონეზე“, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3tuZluD
![]() |
6.4 3.4. უფლებებზე დაფუძნებული ტერმინოლოგია1 |
▲back to top |
ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება შშმ პირებისადმი მიმართვისას ან მათზე საუბრისას, შეუძლიათ ამ ადამიანთა გაძლიერება, ან პირიქით, დასუსტება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ტერმინი და განმარტება, რომლებზეც უნდა გვქონდეს ინფორმაცია:
მოწყვლადი/მოწყვლადობა - შშმ პირები არ არიან იმთავითვე მოწყვლადნი, მათ მოწყვლადობას ქმნის ბარიერები და არასაკმარისი მხარდაჭერა. უფლებებზე დაფუძნებული ენა მოწყვლადობას იყენებს შესაბამის თემატურ ასპექტთან ერთად. მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოები მეტად მოწყვლადნი არიან სექსუალური ძალადობის მიმართ, შშმ ბიჭები კი უფრო ხშირად განიცდიან ბულინგს, სხვებთან შედარებით.
ზრუნვა/მხარდაჭერა - მზრუნველი/მხარდამჭერი პირი ფართოდ დამკვიდრებული ტერმინია და ნიშნავს პირს (ყველაზე ხშირად - ოჯახის წევრს), რომელიც ზრუნავს ბავშვზე, ხანდაზმულსა ან შშმ პირზე. როდესაც ვსაუბრობთ ზრდასრულ შშმ პირზე, უფლებებზე დაფუძნებული ენა უპირატესობას ანიჭებს ტერმინს „მხარდაჭერა“ და არ ვიყენებთ „ზრუნვას“.
დამატებითი საყურადღებო გარემოებები2
გამოიყენეთ სიტყვები, რომლებიც არ ქმნის სტერეოტიპებს ან დისკრიმინაციულ გარემოს |
არ გამოიყენოთ სიტყვები, რომლებიც ქმნის უარყოფით და სტერეოტიპულ გარემოს |
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი |
უნარშეზღუდული ინვალიდი |
ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირი |
გონებაჩამორჩენილი გონებაშეზღუდული |
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი |
ფსიქიკურად დაავადებული, სულით ავადმყოფი, გიჟი |
ეტლით მოსარგებლე პირი, მობილობის შეზღუდვის მქონე პირი |
ეტლს მიჯაჭვული, ხეიბარი |
ყრუ |
ყრუ-მუნჯი |
სმენის სირთულის/დაქვეითების მქონე პირი |
მუნჯი |
უსინათლო, მცირემხედველი |
ბრმა |
აუტისტური სპექტრის მქონე პირი დაუნის სინდრომის მქონე პირი ცერებრული დამბლის მქონე პირი |
აუტისტი დაუნი დამბლადაცემული |
_______________
1. ტერმინოლოგია გამოყენებულია UNPRPD-ის ერთობლივი პროგრამის შესავალი ტრენინგის საინფორმაციო მასალებიდან: „ყოვლისმომცველი მიდგომები და წინაპირობები ინკლუზიური განვითარებისთვის“.
2. სახელმძღვანელოს მიზნებისთვის, შერჩეულია ყველაზე ხშირად გამოყენებული ტერმინები, თუმცა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და არ მოიცავს ყველა შესაძლო ტერმინს. ტერმინოლოგია აღებულია სახელმძღვანელოდან „შშმ პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“, ბარქაია, მარგალიტაძე (2018).
![]() |
7 4 რა გავაკეთოთ: ძირითადი მიდგომები და აუცილებელი ნაბიჯები |
▲back to top |
![]()
შშმ პირთა არსებითი მონაწილეობისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი ასპექტები; ამასთან, გავითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული კონტექსტი და ის გარემო ფაქტორები, რომლებიც გავლენას მოახდენს სახელმძღვანელოს ეფექტიან გამოყენებაზე, კერძოდ:
შშმ პირთა საკითხებზე არსებული კანონმდებლობა და პოლიტიკა
შშმ პირთა სერვისების არსებობა, მისაწვდომობა და ეფექტიანობა
შშმ პირთა ორგანიზაციების არსებობა, ასევე, მათი რეგისტრაციისა და დაფინანსების წესი
შშმ პირთა საკითხებზე ექსპერტიზის არსებობა, საკონსულტაციო ჯგუფების ფორმირებისთვის
შშმ პირთა სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების არსებობა და ხარისხი, ამ ჯგუფის მრავალფეროვნების გათვალისწინებით
საილუსტრაციოდ, თუ შშმ პირთა ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი რესურსები, უპირველესად საჭირო იქნება მათი გაძლიერება და ჩართვა კონსულტაციებში, როგორც პროგრამირების, ასევე განხორციელებისა და მონიტორინგის ეტაპებზე; არასაკმარისი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში კი საჭიროა ჯერ არსებული რეგულაციების ცვლილება და შემდგომ სახელმძღვანელო მითითებების პრაქტიკაში განხორციელება.
![]() |
7.1 4.1. შშმ პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა |
▲back to top |
თანამშრომლობა და პარტნიორობა შშმ პირთა ორგანიზაციებთან ზრდის გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და უწყებების ანგარიშვალდებულებას და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების ეფექტიანობას. შშმ პირთა სლოგანის - „არაფერი ჩვენ გარეშე“ - გათვალისწინებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა ითანამშრომლონ შშმ პირებსა და მათ წარმომადგენელ ორგანიზაციებთან და არ მიიღონ გადაწყვეტილებები მათ ნაცვლად.
როგორც ნებისმიერი სხვა პარტნიორობისას, საერთო ინტერესები, ღირებულებები, მოლოდინები და შესაძლებლობების განვითარება თავიდანვე უნდა შეთანხმდეს. ამასთან, შშმ პირთა ორგანიზაციების დაფინანსების სქემა არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მათ დამოუკიდებლობას მონიტორინგის ღონისძიებებში მონაწილეობის კუთხით, ან იმ საჯარო ორგანოების ანგარიშვალდებულებას, რომელთა საქმიანობასაც მონიტორინგი უნდა გაეწიოს.
შშმ პირთა ორგანიზაციები უნდა განვასხვაოთ შშმ პირთათვის შექმნილი ორგანიზაციებისგან, რომლებიც მათ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობენ, ანდა მათი სახელით ადვოკატირებენ. მონაწილე სახელმწიფოებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ შშმ პირების მოსაზრებებს, რომლებსაც წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით გამოხატავენ; ასევე, მხარი დაუჭირონ მსგავსი ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერებას და უზრუნველყონ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრიორიტეტული სწორედ მათი მოსაზრებები იყოს.1

სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს შშმ პირთა ორგანიზაციების მონაწილეობას საერთაშორისო დონეზე (მაგ: მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმსა და ადამიანის უფლებათა რეგიონულ თუ უნივერსალურ მექანიზმებში). ამდენად, შშმ პირთა მონაწილეობა წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით უზრუნველყოფს პროცესის მეტ ეფექტიანობას, ასევე, სახელმწიფო რესურსების თანასწორ გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, უკეთეს შედეგებს მოიტანს.2
შშმ პირებს სხვა პირთა მსგავსად უნდა შეეძლოთ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საჯარო მმართველობის ყველა ეტაპზე. ამის პრაქტიკაში მიღწევა მოითხოვს ორმხრივ მიდგომას:
ინკლუზიურ მეინსტრიმინგს;
მიზნობრივ ღონისძიებებს შშმ პირთა მონაწილეობისთვის.
ინკლუზიური მეინსტრიმინგი, თანმდევი მიზნობრივი ღონისძიებებით, ნიშნავს, რომ ზოგადად, პროგრამების შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე, მონიტორინგის ჩათვლით, ჩართულია ფართო საზოგადოებაც, შშმ პირებთან ერთად. კერძოდ, საჭიროა:
შშმ პირთა მონაწილეობა ყველა პროცესში (დაგეგმვა, შემუშავება, მიღება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება) და დროის ყველა ფაზაში, დაწყებიდან დასრულებამდე;
შშმ პირთა საკითხების შიდაორგანიზაციული პოლიტიკის გაძლიერება ისეთი გზებით, როგორიცაა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთა ინტეგრირება, მისაწვდომობის გაზრდა და სხვა;
ხელსაყრელი გარემოს არსებობა შშმ პირთა ორგანიზაციების შექმნისა და განვითარებისთვის, მუდმივი კონსულტაცია მათთან, რჩევების მიღება და თანამშრომლობითი ფორმატების განვითარება;
შშმ პირთა პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშეწყობა, როგორც აქტიური, ისე პასიური საარჩევნო უფლების ეფექტიანი გამოყენებით;3
„უსაფრთხო“ სივრცეების გათვალისწინება შეხვედრების, პროგრამების, კონსულტაციებისა და სხვა აქტივობებისთვის;
უსაფრთხო სივრცე არის ადგილი ან გარემო, სადაც ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ არ განიცდის დისკრიმინაციას, კრიტიკას, შევიწროებას ან ფიზიკურ ზიანს.
საკონსულტაციო პროცესებში შშმ პირთა მრავალფეროვნების გათვალისწინება და სხვადასხვა პროცესში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების (ბავშვები, ქალები, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები და სხვა) დაფარვა;
ყველა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ადგილისა და პროცედურის მისაწვდომობა. ეფექტიანი და მისაწვდომი პროცესების დაგეგმვა-განხორციელებისათვის საკმარისი დროისა და ბიუჯეტის გამოყოფა. საჭიროების შემთხვევაში, გონივრული მისადაგების გამოყენება.
იმისათვის, რომ შშმ პირები ყველა დონეზე არსებითად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აუცილებელია გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილება, რომლებიც უფრო ეფექტიანსა და მნიშვნელოვანს გახდის მათ შემდგომ მონაწილეობას. ამასთან, არსებითია, შშმ პირები ჩაერთონ არა მხოლოდ თემატურად (ანუ მათთან დაკავშირებულ საკითხებში), არამედ ყველა ზოგად საკითხსა და პროცესშიც, რომლებიც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
შშმ პირები ხშირად ჩართულნი არიან მხოლოდ მათთან დაკავშირებულ საკითხებში (მაგ: როდესაც მიიღება სპეციალური კანონმდებლობა ან პროგრამები), მაშინ, როდესაც მათი მონაწილეობა არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერ სხვა საკითხშიც, რომელიც შესაძლოა, პირდაპირ არ ეხება შშმ პირთა თემს, მაგრამ გავლენას ახდენს მათზე, როგორც საზოგადოების ნებისმიერ წევრზე (მაგ: ოჯახში ძალადობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, არჩევნები და სხვა). |
________________
1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (2018).
2. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (2018), პარაგრაფი 32.
3. დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ სახელმძღვანელო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის შესახებ, OSCE/ODIHR (2019), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Ah4fz6
![]() |
7.2 4.2. ბარიერების აღმოფხვრა |
▲back to top |
ინკლუზია და მონაწილეობა ვერ მიიღწევა, თუ ბარიერები კვლავ იარსებებს. დამოკიდებულებითი, გარემოსთან დაკავშირებული და ინსტიტუციური ბარიერების აღმოფხვრა ხელს შეუწყობს შშმ პირთა მონაწილეობას. ამისთვის აუცილებელია ბარიერების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება. პროცესი მოიაზრებს ფიზიკურ გარემოსა და ინფორმაციაზე წვდომის გამოწვევათა გამოვლენა-დაძლევასაც, შშმ პირთა არსებითი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. |
შშმ პირთა თემის წინაშე არსებული ბარიერების აღმოფხვრა პირველი ნაბიჯია არსებითი მონაწილეობის მისაღწევად. ამისთვის საჭიროა, პასუხისმგებელმა უწყებებმა1 განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ, ერთი მხრივ, უწყებაში დასაქმებული პირების, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოების ინფორმირებასა და განათლებას, ასევე, წვდომის გაუმჯობესებას როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე ინფორმაციასა და საკომუნიკაციო საშუალებებზე.
მისაწვდომი გარემო - ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომლებიც შშმ პირს აძლევს შესაძლებლობას, სხვათა თანაბარი პირობებით ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით. მათ შორისაა: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებებში; ასევე, სარგებლობა ტრანსპორტითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებებით.

________________
1. პასუხისმგებელ უწყებებში მოიაზრება ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ორგანიზაცია, რომლებიც შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში მუშაობს შშმ პირთა საკითხებზე.
![]() |
7.2.1 4.2.1. ინფორმირება და განათლება |
▲back to top |
ყველა უწყებამ უნდა გადაამზადოს თანამშრომლები შშმ პირთა უფლებების ძირითად ასპექტებზე. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ თანამშრომელთა გადამზადებას, რომლებიც მუშაობენ მოქალაქეთა მისაღებში, ცხელ ხაზზე, სერვისების ადმინისტრირების საკითხებზე და სხვა; შემდგომ, გადამზადებამ უნდა მოიცვას ყველა დასაქმებული, შშმ პირთა ჩართულობით;
შშმ პირთა ინკლუზიური და არადისკრიმინაციული პოლიტიკის შექმნა- განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე მომუშავე პირთა ინფორმირება და გადამზადება შემდეგ საკითხებში: კონვენცია შშმ პირთა უფლებების შესახებ, ეროვნული კანონმდებლობა ამ სფეროში, შესაბამის პოლიტიკის დოკუმენტთა ძირითადი ასპექტები, სახელმწიფოს ვალდებულებები აღნიშნული კუთხით და მათი განხორციელების გზები;
მოქალაქეთა სათანადოდ ინფორმირებისთვის, პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა გაავრცელონ განახლებული ინფორმაცია არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე. ეს ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირების, მათი ოჯახების, პროფესიონალებისა და, ზოგადად, საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, ინფორმაციის გავრცელებისას მისაწვდომი მეთოდების გამოყენება; გასათვალისწინებელია გეოგრაფიული დაფარვაც;
ინფორმაციის გავრცელებისას გასათვალისწინებელია მისაწვდომობის საკითხები, ამასთან, ინტერნეტსა და საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომის სირთულეები, განსაკუთრებით, სოფლის მოსახლეობისთვის.
ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს ეთნიკური უმცირესობებისთვის მისაწვდომი ფორმითაც.
![]()
საგულისხმო საკითხია საინფორმაციო კამპანიების წარმოება შშმ პირების, ასევე, მათი უფლებების, მიღწევებისა და საზოგადოებაში მნიშვნელოვანი როლის წარმოჩენისთვის. აღნიშნულ კამპანიებში სახელმწიფომ ხაზი უნდა გაუსვას ღონისძიებებს, რომლებსაც ახორციელებს შშმ პირთა მონაწილეობის ბარიერების აღმოსაფხვრელად;
შშმ პირები უნდა ჩაერთონ და მონაწილეობდნენ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა-განხორციელების ყველა ეტაპზე.
ფორმალური და არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობისა და სრულყოფილი მონაწილეობის პრინციპებს. ამ პროგრამებში ჩართულნი უნდა იყვნენ შშმ პირები და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციებიც (როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ყველა ეტაპზე);
საინფორმაციო კამპანიებში გასათვალისწინებელია სოციალური და კულტურული ბარიერები, რომლებიც შესაძლოა ხელს უშლიდეს შშმ პირებს, განსაკუთრებით, ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებს (ქალები, ბავშვები, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები და სხვა) არსებულ ინფორმაციაზე წვდომაში;
პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა უზრუნველყონ ვებგვერდებისა და საკომუნიკაციო საშუალებების მისაწვდომობა ყველა შშმ პირისთვის. მათ შორის, ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის (მაგ: გამარტივებული წვდომა ინფორმაციაზე, ინფორმაციის მორგება ბავშვების ასაკზე და სხვა).
ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მარტივი და ადვილად გასაგები ფორმით. ის არ უნდა მოიცავდეს სამართლებრივ ტერმინებსა და ფორმალურ წინადადებებს, ასევე, არ უნდა იყოს დამაბნეველი. ბავშვებს/შესაბამისი საჭიროების მქონე პირებს უნდა შეეძლოთ მისი სწორად აღქმა. |
ამისათვის:
შეაფასეთ თქვენი თანამშრომლების ცოდნა შშმ პირთა უფლებებზე.
დაგეგმეთ და ჩაატარეთ სასწავლო აქტივობები შშმ პირთა უფლებებზე.
შეაფასეთ თქვენი ვებგვერდების მისაწვდომობა და განაახლეთ ისინი.
ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებში აუცილებლად გაითვალისწინეთ შშმ პირთა საჭიროებები.
![]() |
7.2.2 4.2.2. მისაწვდომობა |
▲back to top |
ფიზიკური მისაწვდომობა
![]()
პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა აღიარონ მისაწვდომობის მნიშვნელობა ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორი მონაწილეობისათვის. უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა მისაწვდომობის მისაღწევად, როგორც საჯარო, ისე კერძო სფეროში;
![]()
მნიშვნელოვანია სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება ფიზიკური წვდომის ბარიერთა აღმოსაფხვრელად, მათ შორის, კერძო სექტორში. ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა გაეწიოს დეტალური კონსულტაცია ამ საკითხებზე;
![]()
განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს არქიტექტორების, ინჟინრების, მშენებლებისა და სხვა პროფესიონალების ჩართულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე ამ კუთხით;
![]()
შშმ პირთა ორგანიზაციები საწყისი ეტაპიდანვე უნდა ჩაერთონ მისაწვდომობის სტანდარტებისა და ნორმების შემუშავებაში, რათა შესაძლებელი გახდეს მაქსიმალური შედეგების მიღწევა;
![]()
პერიოდულად უნდა ჩატარდეს მისაწვდომობის აუდიტი და შეგროვდეს მონაცემები გაუმჯობესებულ ფიზიკურ გარემოზე. შემოწმების პერიოდულობა და მონაცემთა შეგროვების წესი შეიძლება დაიგეგმოს ინდივიდუალური მიდგომით, უწყებათა მიხედვით. ამ ვალდებულების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სერვისების მიმწოდებელი, საგანმანათლებლო და საჯარო დაწესებულებებისთვის.
შშმ პირებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მონაცემებზე ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის შესახებ.
სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელი ღონისძიებები უნდა ეფუძნებოდეს პროგრესის შეფასებასა და მონაცემთა უწყვეტ ანალიზს (მაგ: რამდენი სკოლის ფიზიკური გარემო გაუმჯობესდა, როგორია არსებული ვითარება და რა იგეგმება).
ამისათვის:
შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: მისაწვდომობისთვის საჭირო ღონისძიებები, მათი შესრულების ინდიკატორები, ამოცანები დასახული მიზნების მისაღწევად, საჭირო ფინანსური და ადამიანური რესურსები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები. გეგმა უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ ვადებს, ასევე, შესაძლებლობებს ამ ვადებსა თუ დასახულ ამოცანებზე მონიტორინგისთვის.
შეაფასეთ, შეესაბამება თუ არა თქვენი ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა ფიზიკური მისაწვდომობის სტანდარტებს.
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას, გაარკვიეთ, აქვს თუ არა არქიტექტორს, ინჟინერსა და მშენებელს ცოდნა ფიზიკური მისაწვდომობის სტანდარტზე.
ფიზიკური მისაწვდომობის სტანდარტის განხილვისას, აუცილებლად მოიწვიეთ შშმ პირები და მათი ორგანიზაციები.
ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობა
![]()
შშმ პირები, მათი ოჯახები და წარმომადგენლები სრულყოფილ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ დიაგნოზზე, უფლებებზე, არსებულ სერვისებსა და პროგრამებზე. მსგავსი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მისაწვდომი ფორმით;
![]()
უწყებათა მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმებში გასათვალისწინებელია აქტივობები და გზები სერვისებზე ინფორმაციის მისაწოდებლად. ამასთან, მისაწვდომობის ფორმატები უნდა მოიცავდეს ბრაილის შრიფტს, აუდიოჩანაწერებს, დიდ შრიფტს და სხვა საშუალებებს;
![]()
ჟესტების ენა აღიარებული უნდა იყოს ოფიციალური კომუნიკაციის ფორმად, სახელმწიფო სერვისები კი სთავაზობდეს ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურებასაც.
![]()
პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ კომუნიკაციის სტრატეგია, რომელიც უპასუხებს შშმ პირთა ფართო ჯგუფების ჩართულობის საჭიროებას. დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს შშმ პირებთან, მათ შორის, ბავშვებსა და ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფებთან ეფექტიანი კომუნიკაციის წესები და შესაძლებლობები;
![]()
პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა დანერგონ ინფორმაციაზე წვდომის თანამედროვე და ინოვაციური მეთოდები, მათ შორის, მობილური აპლიკაციები, ასევე, ვებგვერდზე წვდომისა და ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული მექანიზმები;
ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული მექანიზმები შესაძლოა მოიცავდეს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, საინფორმაციო მასალების გავრცელებას სოციალური თავშეყრის ადგილებში, ბეჭდვით მასალებს იმ დასახლებებისთვის, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ არის და ა.შ.
![]()
შშმ პირთა ორგანიზაციები უნდა ჩაერთონ კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება-განხორციელების ყველა ეტაპზე. მათი მოსაზრებები, გამოცდილება და პრაქტიკა გასათვალისწინებელია არსებულ მექანიზმთა დახვეწისა და ახალი მექანიზმების დანერგვის პროცესში.
ამისათვის:
შეაფასეთ, მისაწვდომია თუ არა თქვენი ორგანიზაციის სერვისებსა და პროგრამებზე ინფორმაცია შშმ პირების, მათი ოჯახის წევრებისა და წარმომადგენლებისთვის.
შეისყიდეთ/მოიმარაგეთ ტექნიკური აღჭურვილობა დოკუმენტთა ბრაილის შრიფტით დასაბეჭდად, აუდიოჩანაწერების მოსამზადებლად, ელექტრონული მასალის აუდიოფორმატით გადასაცემად და სხვა.
შეისყიდეთ ჟესტური ენის თარჯიმნის მომსახურება.
კომუნიკაციის სტრატეგიისა და კამპანიების შემუშავებისას, კონსულტაცია გაიარეთ შშმ პირებსა და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან.
![]() |
7.3 4.3. შშმ პირთა როლის აღიარება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება |
▲back to top |
![]() |
7.3.1 4.3.1. შშმ პირთა შესაძლებლობების გაძლიერება |
▲back to top |
მნიშვნელოვანია შშმ პირებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერება არსებითი მონაწილეობის ხელშესაწყობად. ეს შეიძლება მოიცავდეს დაფინანსების შესაძლებლობათა გაზრდას ამ ორგანიზაციებისთვის, შშმ პირთა ტრენინგების/სასწავლო ღონისძიებების ჩატარებას და ა.შ. უწყებების/სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა გაძლიერება და შშმ პირთა საკითხებზე ტრენინგების/სასწავლო ღონისძიებების ჩატარება თავად შშმ პირთა გაძლიერების მაგალითადაც უნდა მივიჩნიოთ. |
![]()
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე უნდა გამოვლინდნენ შშმ პირები, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობისთვის. უნდა შეისწავლონ მათი მონაწილეობის საჭიროებები და ბარიერები, რათა დაგეგმილი ღონისძიებები მოერგოს ამ მოთხოვნებს. ბარიერების შესწავლა მოიცავს იმის დადგენასაც, რამდენად აქვთ შშმ პირებს წვდომა ინფორმაციაზე დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ, მისაწვდომია თუ არა ტრანსპორტი შეხვედრებზე დასასწრებად, არსებული სივრცე და სხვა;
ადგილობრივ თვითმმართველობათა მიერ ადგილობრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციით, უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზები, რომლებიც მუდმივად განახლდება და შესაძლებლობას მისცემს მუნიციპალიტეტებს, შშმ პირები ჩართონ პროცესში, ღონისძიებათა დაგეგმვისას კი გაითვალისწინონ მისაწვდომობის საჭიროებები.
![]()
სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებმა უნდა გამოავლინონ შშმ პირები, მათ შორის, ბავშვები, მათი მშობლები და წარმომადგენლები, შეისწავლონ ამ პირთა საჭიროებები და ჩართონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა ღონისძიების/პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელებაში. ყველა ღონისძიება და აქტივობა უნდა მოერგოს შშმ პირთა საჭიროებებს;
![]()
საჭიროა შშმ პირთა ოჯახების გადამზადება, ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობათა გაზრდა ინფორმაციასა თუ სერვისებზე წვდომის გასაუმჯობესებლად;
![]()
სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს შშმ პირთა ძალადობისგან დაცვის მექანიზმები, გააუმჯობესოს პრევენციული კამპანიები და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება. ყველა სერვისი და მომსახურება მისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის, რადგან მათ მიმართ ძალადობა (ოჯახში ძალადობის ჩათვლით) შესაძლოა ერთ-ერთი დამაბრკოლებელი წინაპირობა აღმოჩნდეს მონაწილეობისთვის.
ოჯახში ძალადობისგან დაცვის ეროვნული მექანიზმი უნდა მოიცავდეს შესაბამის მიდგომას, რათა გამოვლინდეს შშმ პირთა მიმართ ძალადობისა და მათი საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევები (მაგ: პოლიციამ უნდა გაიაროს შესაბამისი გადამზადება; მსხვერპლთათვის არსებული კითხვარები/სერვისები უნდა პასუხობდეს შშმ პირთა საჭიროებებს და იყოს მისაწვდომი).
ამისათვის:
თქვენს ორგანიზაციასთან არსებულ საზოგადოებრივ, საკონსულტაციო ან სხვა საბჭოებში აუცილებლად მოიწვიეთ შშმ პირები და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.
მუდმივად გაუწიეთ მონიტორინგი შშმ პირებისთვის სერვისების მიწოდებას.
დაგეგმეთ და განახორციელეთ პრევენციული ღონისძიებები.
![]() |
7.3.2 4.3.2. შშმ პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერება |
▲back to top |
ყველა პასუხისმგებელმა უწყებამ უნდა აღიაროს შშმ პირთა ორგანიზაციების როლი - წარმომადგენლობა გაუწიონ შშმ პირებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. სახელმწიფოებმა ამ ორგანიზაციების რესურსიც უნდა გამოიყენონ გადაწყვეტილების მიღებისას;
საჭიროა შშმ პირთა ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით; ასევე, სხვა მიმართულებებითაც, როგორიცაა ორგანიზაციების შექმნა და გაძლიერება;
უწყებებმა უნდა შექმნან საკომუნიკაციო პლატფორმები შშმ პირთა ორგანიზაციებთან მუშაობისთვის და ისინი ჩართონ სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება-განვითარების პროცესში. ამ მიზნებით, შესაძლებელია საკონსულტაციო საბჭოების, კომიტეტებისა და რეგულარული სამუშაო პროცესების ჩამოყალიბება და ინიცირება. ასევე მნიშვნელოვანია უკვე არსებული მექანიზმების გაძლიერება და ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა;
შშმ პირთა ორგანიზაციების როლი შეიძლება იყოს მონაწილეობა არსებული ბარიერების, საჭიროებებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირებაშიც; ასევე, შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებული სერვისებისა და პროგრამების განხორციელება-შეფასებაში. ისინი უნდა მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების პროცესებშიც;
შშმ პირთა ორგანიზაციებს საკონსულტაციო როლის შესრულება შეუძლიათ მუდმივი მონაწილეობითა და წარმომადგენლობით, როგორც სახელმწიფო დაფინანსების მქონე უწყებათა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში, ისე საჯარო კომისიებსა და საკონსულტაციო მექანიზმებში. მსგავსი ფორმატები შესაძლებელია დროებით შეიქმნას კონკრეტული პროექტებისა და აქტივობების ფარგლებში.
![]() |
7.3.3 4.3.3. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა |
▲back to top |

შშმ პირთა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების ეფექტიანად რეალიზებისთვის, მნიშვნელოვანია, შეფასდეს არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური სივრცე და გატარდეს შესაბამისი ცვლილებები;
პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი უნდა შეუწყონ შშმ პირთა ხილვადობის გაზრდას მათ რიგებში და შეიმუშაონ ინკლუზიური შიდაპარტიული პოლიტიკა. ეს ხელს შეუწყობს შშმ პირთა ჩართულობას მათ საქმიანობაში, ასევე, შესაბამისი მისაწვდომი ფორმატების განვითარებას საზოგადოების ინფორმირებისთვის;
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციული და ფიზიკური მისაწვდომობა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლების ეფექტიანად გამოყენებისთვის. მნიშვნელოვანია, იწარმოებოდეს შესაბამისი სტატისტიკა და მონაცემებიც;
შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშესაწყობად, უნდა დაიხვეწოს სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია. ეს სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, განსაზღვროს შშმ პირთა საარჩევნო აქტივობა, ასევე, საჭიროებები მისაწვდომობის, გონივრული მისადაგებისა თუ ადაპტირების მიმართულებით.
![]() |
7.4 4.4. სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება |
▲back to top |
აუცილებელია, სახელმწიფო უწყებები აგროვებდნენ მონაცემებს შშმ პირთა სქესის, ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით. პროცესმა უნდა მოიცვას შშმ პირთა წინაშე არსებული ბარიერებისა და რისკების ანალიზიც. მონაცემთა ანალიზი შესაძლებლობას იძლევა, შეფასდეს პროგრამების ინკლუზიურობა, მონაწილეთა რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესწავლით. ამასთან, სეგრეგირებული მონაცემები ხელს უწყობს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას შშმ პირთა მონაწილეობის შესაფასებლად და პროგრესზე მონიტორინგისათვის. |
![]() |
7.4.1 4.4.1. მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობა |
▲back to top |
რაოდენობრივი მონაცემები
![]()
სახელმწიფომ უნდა აწარმოოს მონაცემთა ბაზა შშმ პირთა რაოდენობის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ტიპებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით (როგორიცაა ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი და სხვა);
![]()
სახელმწიფომ უნდა შექმნას მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას მისაწვდომ და მიუწვდომელ შენობათა რაოდენობაზე. ეს მონაცემები უნდა დაჯგუფდეს საჯარო და კერძო დაწესებულებების, მათი ტიპებისა და გეოგრაფიული განფენილობის მიხედვით. მუდმივად უნდა განახლდეს რაოდენობრივი მონაცემები შშმ პირთა საჭიროებებსა და რისკებზე, მათ შორის, მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების, დისკრიმინაციული ქმედებებისა და უფლებათა დარღვევების აღსარიცხავად.

ხარისხობრივი მონაცემები
![]()
საჭიროა შშმ პირთა მოსაზრებების შეკრება და გაანალიზება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი არსებითი მონაწილეობის ხარისხობრივად შეფასებისთვის;
![]()
შშმ პირთა წინაშე არსებული რისკებისა და ბარიერების შესასწავლად, პასუხისმგებელმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ ფოკუსჯგუფები და ინდივიდუალური შეხვედრები ამ პირებსა და მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების ანალიზიც, შემდგომში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში გასათვალისწინებლად;
![]()
ასევე არსებითია დეტალური ინფორმაციის შეგროვება შშმ პირთა ორგანიზაციებზე და მათი საქმიანობის დეტალურად შესწავლა (mapping). ანალიზი უნდა მოიცავდეს სიღრმისეულ ინფორმაციას მათ რაოდენობაზე, თემატურ საქმიანობაზე, გეოგრაფიულ განფენილობასა და სხვა მონაცემებზე, საკონსულტაციო პროცესებში ჩასართავად.
![]() |
8 5 ურთიერთგადამკვეთი საკითხები: განსაკუთრებული ყურადღება ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების მიმართ |
▲back to top |
ადამიანის პიროვნულ მახასიათებელთა რეალური ან აღქმითი განსხვავებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებზე, რესურსებზე, საჭიროებებსა და მოწყვლადობაზე. ასაკი, სქესი, შეზღუდული შესაძლებლობა და მრავალფეროვნების სხვა ფორმები საყოველთაოდ არის წარმოდგენილი საზოგადოებაში. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ინტერსექციურობის დანახვა შშმ პირთა მონაწილეობის ხელშემწყობი ყველა ღონისძიების გატარებისას, რათა თითოეულმა შშმ პირმა შეძლოს არსებითი მონაწილეობა, ეფექტიანი სარგებლობა უფლებებით და წვდომა მართლმსაჯულებაზე.
გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ1 განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს შშმ ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ასევე, გარანტიებზე, რომლებიც საჭიროა მათი უფლებების რეალიზებისთვის. ეს მიდგომა განპირობებულია გენდერული უთანასწორობის მაღალი მაჩვენებლით და ბავშვის უფლებათა უგულებელყოფის რისკებით. კონვენციის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ქალთა ყოველმხრივი განვითარების, წინსვლისა და დამოუკიდებლობისთვის, ასევე, მათთვის მინიჭებული უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების გარანტირებისთვის (მაგ: კულტურული ნორმების გავლენით, შესაძლოა შშმ ქალებს არ ეძლეოდეთ შესაძლებლობა, დაესწრონ სოფლის კრებას და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში).
ამასთან, მონაწილე სახელმწიფოებმა შშმ ბავშვებს უნდა მისცენ აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და მოწიფულობის გათვალისწინებით; ამ უფლების რეალიზებისთვის, არასრულწლოვნებს უნდა გაეწიოთ შესაძლებლობის შეზღუდვისა და ასაკის შესაბამისი დახმარება.
______________
1. გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2006), მუხლები 6 და 7.
![]() |
9 5.1. ასაკი |
▲back to top |
ასაკი მოიცავს სოციალურად განსაზღვრულ ეტაპებს ადამიანის ცხოვრებაში. პიროვნების შესაძლებლობები და მოთხოვნები იცვლება წლებთან ერთად: ასაკმა შეიძლება გააძლიეროს, ან პირიქით, დაასუსტოს ადამიანის შესაძლებლობა, ისარგებლოს უფლებებით. ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის (ბავშვები, ახალგაზრდები, ზრდასრულები, ხანდაზმულები) სწორი მიდგომების შესამუშავებლად, საჭიროა მათი განსხვავებული საჭიროებების, ბარიერებისა და საფრთხეების შეფასება. მაგალითისთვის, მნიშვნელოვანი ასპექტია ბავშვთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც მხოლოდ მშობლების ანდა კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობით არ უნდა ხდებოდეს. ხანდაზმულთა მონაწილეობისთვის, არ უნდა დაგვავიწყდეს ის კულტურული თუ სოციალური ბარიერები, რომლებსაც ასაკოვანი ადამიანები აწყდებიან.
გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მე-7 ზოგადი კომენტარის მიხედვით, „მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები და შეიმუშაონ პროგრამები, რომელთა მეშვეობითაც ყველა გაიგებს და პატივს სცემს ბავშვების ნებასა და პრიორიტეტებს, ასევე, ყოველთვის გაითვალისწინებს მათ პირად შესაძლებლობებსა და პოტენციალს.“ ამასთან, „შშმ ბავშვებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ საკუთარი მოთხოვნილებებისა და გამოცდილებების გამოხატვა, რაც აუცილებელია კონვენციის შესაბამისი კანონმდებლობისა და პროგრამების შემუშავების პროცესში.“1
______________
1. გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (2018), პარაგრაფი 25.
![]() |
10 5.2. გენდერი |
▲back to top |
გენდერი აღნიშნავს სოციალურ კონსტრუქციას და განსხვავებებს სქესთა შორის. გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები მოიცავს სხვადასხვა ჯგუფის უფლებებსაც, რომლებიც ხშირად თავად შშმ თემშიც მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ, არსებული სტიგმის, წინასწარგანწყობებისა და სტერეოტიპების გამო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობა.
![]() |
11 5.3. სხვა მახასიათებლები |
▲back to top |
ზოგიერთ ჯგუფსა და ორგანიზაციას, რომლებიც წარმოადგენენ ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვის, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე, უსინათლო, ან სმენის არმქონე ადამიანებს, შესაძლოა, სერიოზული დაბრკოლებები შეექმნათ წარმომადგენლობითი ორგანიზაციების შექმნაში, რეგისტრაციასა და შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები კონსულტაციის პროცესში ამგვარი ჯგუფების არსებითი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის.
ამასთან, საქართველოში სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი შშმ პირები, რაც განპირობებულია ენობრივი ბარიერებით, ასევე, სერვისებზე, მომსახურებებსა თუ სხვა ტიპის ინფორმაციაზე წვდომის სირთულეებით. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები გასათვალისწინებელია ეთნიკური უმცირესობის წარმომდგენელ შშმ პირთა ჩართვისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
![]() |
12 6 კრიტერიუმები/ინდიკატორები შშმ პირთა არსებითი1 |
▲back to top |

ინდიკატორები |
პასუხისმგებელი უწყებები/ ორგანოები |
კანონმდებლობა და პოლიტიკა |
|
ეროვნული კანონმდებლობა ჰარმონიზებულია შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან. |
საქართველოს პარლამენტი |
□დიახ .........................................□არა |
|
მთავრობის დონეზე შექმნილია საკოორდინაციო მექანიზმი, რომელსაც აქვს მკაფიო მანდატი, საკმარისი დაფინანსება და უფლებამოსილება შშმ პირთა უფლებების მეინსტრიმინგისთვის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებებში. |
საქართველოს მთავრობა |
მექანიზმი შექმნილია |
□ დიახ ...........□არა |
მანდატი და უფლებამოსილება განსაზღვრულია |
□ დიახ ...........□არა |
საკმარისი დაფინანსება გამოყოფილია |
□ დიახ □ნაწილობრივ □არა |
საქართველოს პარლამენტის დონეზე არსებობს საკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შშმ პირთა და ორგანიზაციათა ჩართულობას კანონშემოქმედებით პროცესებში. |
საქართველოს პარლამენტი |
□ დიახ .....................................□არა |
|
ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საკონსულტაციო მექანიზმები შექმნილია და ითვალისწინებს შშმ პირებისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების არსებით მონაწილეობას. მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უზიარებენ პრაქტიკას. |
ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები |
მექანიზმი შექმნილია |
□ დიახ ............□არა |
უფლებამოსილება განსაზღვრულია |
□ დიახ .............□არა |
მუნიციპალიტეტები ერთმანეთს უზიარებენ პრაქტიკას |
□ დიახ .............□არა |
შშმ პირთა ორგანიზაციების განვითარებისა და მდგრადობის ხელშესაწყობად, შესაძლებელია მათი ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან. |
საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი |
□ დიახ ............................□არა |
|
პროგრამირება, სერვისებზე წვდომა |
|
დანერგილია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასების მოდელი; მექანიზმი ხელმისაწვდომია გეოგრაფიული თვალსაზრისითაც. |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო |
□ დიახ.......................□ნაწილობრივ.......................□არა |
|
შექმნილია სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების მექანიზმი, როგორც უწყებრივ, ისე სახელმწიფო დონეზე. მონაცემები ასახავს შშმ პირთა ჯგუფის მრავალფეროვნებას და მათი გამოყენება შესაძლებელია პროგრამების შემუშავებისას. |
საქართველოს მთავრობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
მექანიზმი შექმნილია |
□ დიახ ........□არა |
სტატისტიკური მონაცემები სეგრეგირებულია |
□ დიახ □ნაწილობრივ □არა |
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა მოიცავს შშმ პირთა უფლებების ყველა ასპექტს, მათ შორის, არსებით მონაწილეობაზე მიმართულ ამოცანებს/აქტივობებს ხელისუფლების განხორციელების ყველა დონეზე. |
საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობა |
შშმ პირთა საკითხები გათვალისწინებულია |
□სრულად □ნაწილობრივ □არა |
სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებებს გამოეყოფათ სათანადო ბიუჯეტი სერვისებისა და აქტივობების განსახორციელებლად, ასევე, მათი როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული მისაწვდომობისათვის. |
საქართველოს მთავრობა |
□ დიახ ...................................................□არა |
|
შესაძლებლობების გაძლიერება/რესურსები |
|
განგრძობითად მიმდინარეობს საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანთა გადამზადება შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენება, დისკრიმინაციის აკრძალვა და გონივრული მისადაგების უზრუნველყოფა, ინფორმაციისა და კომუნიკაციების მისაწვდომობა. |
საქართველოს მთავრობა ადმინისტრაციული ორგანოები |
□ დიახ ........................................□არა |
|
დაგეგმილია და ხორციელდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს შშმ პირების, მათი ოჯახების, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და ფართო საზოგადოების ინფორმირებას შშმ პირთა უფლებებზე. |
საქართველოს მთავრობა |
□ დიახ///////////////////////////////// □არა |
|
შესაბამისი აქტივობების, ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა შშმ პირებისთვის. საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები |
ადმინისტრაციული ორგანოები |
□ დიახ .........................................□არა |
|
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შშმ ბავშვებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობას. ყველა დაგეგმილი აქტივობა განიხილება ბავშვისთვის მეგობრული მიდგომით და ხელს უწყობს მის უშუალო მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. |
საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები სხვა ადმინისტრაციული ორგანოები |
□ დიახ ................................................□არა |
|
მონიტორინგი და შეფასება |
|
დანერგილია მონაცემთა შეგროვების სისტემა, მათ შორის, საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის. იგი მოიცავს მონაცემებს შშმ პირთა ჩართულობის შესახებ, მათ შორისაა: აქტივობების რაოდენობა შშმ პირებისა და მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების მონაწილეობის მაჩვენებელი მათი რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და ა.შ. |
საქართველოს მთავრობა ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები |
მონაცემთა შეგროვების სისტემა დანერგილია |
□ დიახ .............□არა |
მონაცემები მრავალფეროვანია |
□ დიახ .............□არა |
საკონსულტაციო მექანიზმებში შშმ პირთა ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობისათვის, შექმნილია სამუშაო ჯგუფები და ფორმატები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ თემატურ და ფართო ჩართულობას. |
საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები სხვა ადმინისტრაციული ორგანოები |
□ დიახ .....................□არა |
|
მომზადებულია და ქვეყნდება შშმ პირთა საკითხებზე არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ანგარიშები, რომლებიც მისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის და ასახავს ინფორმაციას ამ მექანიზმთა საქმიანობის შესახებ. |
საქართველოს მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები სხვა ადმინისტრაციული ორგანოები |
□ დიახ .....................□არა |
|
_____________________
1. რეკომენდაციები ეფუძნება ინფორმაციას, რომელიც მიღებულია შშმ პირებსა და მათ ორგანიზაციებთან შეხვედრებითა და სამაგიდე კვლევებით.
![]() |
13 გამოყენებული ლიტერატურა |
▲back to top |
საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა
![]()
1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3qeuH79
2. საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3RIwLQI
3. გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2006), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2CqO7wZ
4. საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (1965), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3eslMfU
5. კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (1979), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3CZoKm3
6. ბავშვის უფლებათა კონვენცია (1989), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3KPnOTo
7. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N7: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით (2018), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Bbn8oX
8. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N6 თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ (2018), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3UGJu8d
9. საქართველოს კონსტიტუცია (1995), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3RATuOK
10. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ (2020), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3B27sSV
11. საქართველოს კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3L0kPYl
12. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი (2014), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Gfo1yL
სახელმძღვანელოები და ანგარიშები
![]()
1. სახელმძღვანელო გაეროს სააგენტოების წარმომადგენლების და განმახორციელებელი პარტნიორებისთვის „შშმ პირთა უფლებების ინტეგრირება გაეროს პროგრამირებაში ეროვნულ დონეზე“, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3tuZluD
2. სახელმძღვანელო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის შესახებ, OSCE/ODIHR (2019), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Ah4fz6
3. მსოფლიო ბანკი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, „მსოფლიო ანგარიში შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ“ (2011), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3E79anv
4. გაეროს ბავშვთა ფონდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და ახალგაზრდები (2013), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://uni.cf/3TEEdgj
5. მდგრადი განვითარების მიზნები და შეზღუდული შესაძლებლობა, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EyGUfw
6. ახალი კორონავირუსის პანდემიის გავლენა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე, გაერო, ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3Evz7yv
7. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წლიური ანგარიში „კარგი პრაქტიკის მაგალითები და გამოწვევები საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელების კუთხით“ (2022), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3g6VdxM
8. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში ნორვეგიაში ვიზიტის შესახებ (2020), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EaFoOK
9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის ანგარიში საფრანგეთში ვიზიტის შესახებ (2019), ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3geX83n
10. სახელმძღვანელო „შშმ პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში“, ბარქაია, მარგალიტაძე (2018).
![]() |
14 დანართი I: სახელმძღვანელო წესები მისაწვდომი შეხვედრების ორგანიზებისთვის |
▲back to top |
![]()
მომზადებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული ფორუმის (EDF)1 დოკუმენტის მიხედვით: „EDF-ის სახელმძღვანელო ყველასთვის მისაწვდომი შეხვედრებისთვის“. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით EDF-ის, სახელმძღვანელოს გამოყენების უფლებისთვის. ნაშრომი ქართულ ენაზე ითარგმნა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალპარტნიორული ნდობის ფონდის მხარდაჭერით (UNPRPD MPTF). პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს განვითარების პროგრამისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების პარტნიორობის მრავალპარტნიორული ნდობის ფონდის შეხედულებებს.
დოკუმენტების შესახებ
შეხვედრის სივრცე, მისი დაგეგმვა და ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შშმ პირთა შესაძლებლობას, ჩაერთონ და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისათვის არსებობს მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც გასათვალისწინებელია შეხვედრის დაწყებამდე და შეხვედრისას. დოკუმენტის მიზანია შეხვედრის ორგანიზატორთა მხარდაჭერა ამ პროცესში.
1 შეხვედრის ადგილი
![]()
თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, წინასწარ ეწვიოთ შეხვედრის ადგილს, რათა შეამოწმოთ შენობის მისაწვდომობა და გათვალოთ შესაძლო პრობლემები (საუკეთესო შემთხვევაში, მოითხოვეთ შემოწმება ადგილზე მყოფი ექსპერტის ან შშმ პირთა ადგილობრივი ორგანიზაციის მეშვეობით).
საყურადღებო საკითხები:
ძირითადი მისაწვდომობა
![]()
კიბე და პანდუსები:
შესასვლელს არ უნდა ჰქონდეს კიბე, და თუ აქვს, ალტერნატიულად უნდა არსებობდეს ლიფტი ან პანდუსი;
დარწმუნდით, რომ პანდუსი არ არის ძალიან ციცაბო (დასაშვები დახრილობაა 5%25, პანდუსის მინიმალური მისაღები სიგანე - 90 სმ);
ყველა პანდუსსა და კიბეს/საფეხურს უნდა ჰქონდეს მოაჯირი.
![]()
კარი:
კარი უნდა იყოს, სულ მცირე, 85 სმ სიგანის;
მცურავი კარი უნდა იყოს, სულ მცირე, 110 სმ სიგანის;
დარწმუნდით, რომ მბრუნავი კარის გარდა, არის ჩვეულებრივი შესასვლელიც, რადგან მბრუნავი კარი არ არის მისაწვდომი.
![]()
საპირფარეშო:
სრულად აღჭურვილი საპირფარეშოს მინიმალური ზომები (უნიტაზისა და ნიჟარის სივრცის ჩათვლით) უნდა იყოს 200 სმ x 225 სმ;
შემოსაბრუნებელი სივრცე - 150 სმ დიამეტრი;
კარის მიმართულებით საჭიროა, სულ მცირე, 110 სმ-იანი სივრცე;
კარს მინიმალური სიგანე უნდა იყოს 100 სმ და იღებოდეს გარე მიმართულებით; მისაღებია მცურავი კარიც;
უნიტაზის მარცხნივ ან მარჯვნივ უნდა იყოს, სულ მცირე, 90 სმ სიგანის სივრცე, რათა ეტლით მოსარგებლე პირმა შეძლოს მასთან მიახლოება;
არ მოათავსოთ ურნა შშმ პირთა ეტლისთვის განკუთვნილ ღია სივრცეში;
ნიჟარა უნდა დამონტაჟდეს კედელზე, ქვედა სვეტის გარეშე;
იმავე სიმაღლეზე, ნიჟარის ზედა ზედაპირთან უნდა დამონტაჟდეს 100 სმ სიმაღლის ვერტიკალური სარკე;
შესასვლელში სასარგებლო იქნება ტუალეტის ტაქტილური რუკის განთავსება.
![]()
ლიფტები:
მართვის სისტემებს უნდა ჰქონდეს აუდიო და სინათლის სიგნალები, რათა ყველამ შეძლოს მათი გამოყენება, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად;
ლიფტის ღილაკი (როგორც გარეთ, ასევე შიგნით) უნდა დაყენდეს 80-დან 120 სმ-მდე სიმაღლეზე, რათა ეტლით მოსარგებლე პირი მისწვდეს;
ღილაკებზე აღნიშვნები უნდა იყოს ბრაილის შრიფტითაც;
ლიფტის კარის წინ უნდა იყოს 150 სმ დიამეტრის თავისუფალი ადგილი;
კაბინის მინიმალური ზომებია: სიღრმე - 140 სმ და სიგანე - 110 სმ;
მნიშვნელოვანია კარგი შიდა განათება;
ლიფტში უნდა განთავსდეს სარკე და საყრდენი ღერძი.
![]()
2 შეხვედრის ოთახი
![]()
ოთახის მოწყობა:
შეხვედრის ოთახს არ უნდა ჰქონდეს საფეხურები; საჭიროების შემთხვევაში, უნდა არსებობდეს პანდუსი;
თუ ოთახში არის შემაღლებული ადგილი/ტრიბუნა და ერთ-ერთი სპიკერი ეტლით მოსარგებლე პირია, საჭიროა პანდუსის ან სპეციალური შშმ ლიფტის დამონტაჟება;
შეძლებისდაგვარად მოერიდეთ სქელ ხალიჩებს, რადგან ეს ართულებს შშმ პირის გადაადგილებას ეტლით;
იატაკზე არ განათავსოთ ნივთები, რომლებიც ზრდის ფეხის გამოდების რისკს (მაგ: კაბელები ან პირადი ნივთები);
დარწმუნდით, რომ კარის ზღურბლი არ არის ძალიან მაღალი და ეტლით მოსარგებლე პირს არ გაუჭირდება გადასვლა.
![]()
მკაფიო ნიშნები ადამიანებს შეიძლება დაეხმაროს გადაადგილებაში:
ნათლად და მარტივი ენით მიუთითეთ, სად არის ტუალეტები, გამაგრილებელი სასმელები და გასასვლელები;
შავი წარწერები Arial-ის შრიფტით საუკეთესოა წასაკითხად;
ნიშნებს უნდა ჰქონდეს პიქტოგრამებიც.
![]()
დასაჯდომი ადგილები:
დარწმუნდით, რომ არსებობს ადგილები ეტლით მოსარგებლეთათვის - ბრტყელი ზედაპირით და საგანგებო გასასვლელთან ახლოს;
რიგებს შორის და ბილიკებზე უნდა იყოს სივრცე ეტლით მოძრაობისთვის;
ყრუ ადამიანები დაუბრკოლებლად უნდა ხედავდნენ ჟესტური ენის თარჯიმანს;
სასურველია, მაგიდები განლაგდეს საკლასო ოთახის სტილით. ეს იძლევა დამხმარე მოწყობილობებისა და კომპიუტერების/ტაბლეტების გამოყენების საშუალებას, ელექტრონულ დოკუმენტებზე წვდომისთვის.
![]()
3 საცხოვრებლის შერჩევა
თუ თქვენი ღონისძიება ან შეხვედრა მოიცავს სტუმართა დაბინავებას სასტუმროსა ან სხვა საცხოვრებელში, უნდა შეამოწმოთ მისი ოთახების მისაწვდომობაც. გირჩევთ, წინასწარ ეწვიოთ სასტუმროს. თუნდაც მისი ადმინისტრაცია აცხადებდეს, რომ ოთახები მისაწვდომი და ადაპტირებულია, რეალობა ხშირად სხვაგვარი გვხვდება.
შეამოწმეთ:
![]()
შესასვლელი (იხ. მოთხოვნები შეხვედრის ადგილისთვის).
![]()
ლიფტი (იხ. მოთხოვნები შეხვედრის ადგილისთვის).
![]()
დერეფნები (იხ. მოთხოვნები შეხვედრის ადგილისთვის).
![]()
სასადილო და სასაუზმე ოთახი.
![]()
ნომერი:
ყველა ავეჯის გარშემო უნდა იყოს 90 სმ-იანი სივრცე, თავისუფლად გადაადგილებისთვის;
შემოსაბრუნებლად საჭიროა 150 სმ-იანი სივრცე;
კარადა, ტანსაცმლის საკიდებით, უნდა განთავსდეს მაქსიმუმ 130 სმ სიმაღლეზე;
სასურველია, არ იყოს სქელი ხალიჩები;
ინფორმაცია სასტუმროს სერვისებსა და საგანგებო სიტუაციებისთვის განსაზღვრულ პროცედურებზე წარმოდგენილი უნდა იყოს მისაწვდომი ფორმატით;
კარის გასაღებ ბარათებს უნდა ჰქონდეს ტაქტილური ნიშანიც, რათა უსინათლო ადამიანებმა მარტივად შეძლონ მისი ჩასმა საკეტში;
სასურველია, ოთახის ნომრები დაიწეროს ბრაილის შრიფტითაც, ასევე, დიდი და კონტრასტული შრიფტით, რომელიც კარგად არის განათებული.
![]()
ოთახის სააბაზანო (იხ. მოთხოვნები შეხვედრის ადგილისთვის).
გარდა ამისა:
შემოსაბრუნებელი სივრცე უნდა იყოს 150 სმ.
სასურველია, საშხაპე არ იყოს შემოსაზღვრული.
![]()
ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ: აღნიშნული საკითხები წინასწარ შეამოწმეთ მონაწილეებთან, მათ ყველაზე კარგად იციან, რა სჭირდებათ.
![]()
4 შეხვედრის დაწყებამდე
ზოგადი საკითხები:
![]()
დარწმუნდით, რომ ღონისძიების ვებგვერდი ან ონლაინ რეგისტრაციის ფორმა მისაწვდომია.
![]()
სარეგისტრაციო ფორმა უნდა ითხოვდეს საკონტაქტო მონაცემებს და დამატებით ინფორმაციას მისაწვდომობის საჭიროებებზე, როგორიცაა:
სპეციალური დიეტური მოთხოვნები, მათ შორის, ალერგია ნებისმიერ საკვებზე;
ტრანსპორტირების საჭიროებები (ეტლით მოსარგებლეთათვის) - შეხვედრის ადგილამდე და უკან დასაბრუნებლად;
მოთხოვნები მისაწვდომ ოთახთან მიმართებით;
პერსონალური ასისტენტის დახმარება (მაგ: ზოგიერთი შეხვედრისთვის ასისტენტს შეიძლება დასჭირდეს რეგისტრაცია, ასევე, წვდომა შეხვედრის ადგილზე);
თარგმანის საჭიროებები (მათ შორის, ჟესტურ ენაზე), სუბტიტრები ან აუდიო მოწყობილობა;
მისაწვდომი საპარკინგე ადგილის არსებობა;
დოკუმენტების მიწოდება მისაწვდომი ფორმატით (მაგ: დიდი შრიფტით, ბრაილის შრიფტით, ადვილად წასაკითხი ვერსიით, ან მისაწვდომი ელექტრონული ფორმით);
ღია კითხვები მეტი დეტალების მისაწოდებლად:
„გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ გაქვთ მისაწვდომობის კონკრეტული საჭიროება, რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ, რათა კონფერენცია თქვენთვის წარმატებული იყოს“.
![]()
კომპიუტერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ელექტროგადამცემი საშუალებები ოთახში მისაწვდომი უნდა იყოს ყველგან, იდეალურ შემთხვევაში - ყველა მაგიდასთან.
საჭიროებისას, გამოიყენეთ დამაგრძელებელი სადენები, მაგრამ დარწმუნდით, რომ ისინი უსაფრთხოდ არის მიმაგრებული იატაკზე.
![]()
შეხვედრის ადგილის სიახლოვეს ეტლით მოსარგებლეთათვის უნდა დაიჯავშნოს პარკირების ადგილები.
![]()
შეეცადეთ, შეხვედრისთვის შეარჩიოთ ადგილი მყუდრო ოთახით, სადაც ადამიანებს შეეძლებათ შესვლა განსატვირთად/დასამშვიდებლად. შეხვედრები შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, განსაკუთრებით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, ამიტომ, მცირეხნიანი გასვლა (განცალკევება) შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს მათთვის.
![]()
როდესაც იყენებთ ჩამოსაკიდებელ სამკერდე ნიშანს, ინფორმაცია დაბეჭდეთ ორივე მხრიდან, რათა გადაბრუნებისას ცარიელი გვერდი არ გამოჩნდეს.
![]()
დარწმუნდით, რომ შეხვედრების ადგილებსა და ოთახებში არ არის ჰაერის არომატიზატორები. სადაც შესაძლებელია, აცნობეთ მონაწილეებს, რომ თავი აარიდონ მძაფრ სუნამოებს.
პროგრამა
![]()
პროგრამის დაგეგმვისას გასათვალისწინებელია შესაბამისი შესვენებები:
ისინი უნდა გაგრძელდეს, სულ მცირე, 20 წუთი, დაახლოებით, 90-წუთიანი შუალედებით.
თუ პროგრამა საღამოს იმართება, დარწმუნდით, რომ შესაძლებელია 8-საათიანი დასვენება (მაგ: როცა ოფიციალური შეხვედრა მთავრდება 23.00 საათზე და მეორე დღეს კონფერენცია იწყება 08.00 საათზე, ეს შეიძლება პრობლემა იყოს ბევრი ადამიანისთვის).
![]()
ორგანიზატორმა უნდა დაიცვას დროის განრიგი:
მაგალითად, ვინაიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრ ადამიანს სჭირდება ტრანსპორტირების დაგეგმვა ღონისძიების ადგილამდე და უკან, ასევე, დასვენება ან მედიკამენტების მიღება საკვებთან ერთად, გრაფიკის დაცვა მნიშვნელოვანია და გამოხატავს მათ მიმართ პატივისცემას.
![]()
პროგრამა უნდა გავრცელდეს მისაწვდომი ფორმატით, იდეალურ შემთხვევაში - წინასწარ.
![]()
გამოყავით საკმარისი დრო დისკუსიის, კითხვებისა და თარგმანისთვის.
![]()
პროგრამის დაწყებამდე, მონაწილეებს გააცანით „შიდა წესები“, სასარგებლო პრაქტიკული ინფორმაციის ჩათვლით (მაგ: როგორ დაუკავშირდნენ ინტერნეტს).
დოკუმენტები
![]()
წინასწარ გაუგზავნეთ შეხვედრის დოკუმენტები, ასევე, პრაქტიკული ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
შეხვედრის ადგილი (აღნიშნეთ მისაწვდომი შესასვლელი, თუ ის განსხვავდება ძირითადი შესასვლელისგან);
სასტუმროს მისამართი;
ორგანიზატორის ტელეფონის ნომერი;
ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ (საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგი, ადაპტირებული ტრანსპორტის განრიგი/საკონტაქტო დეტალები);
დაჯავშნილი საპარკინგე ადგილების მდებარეობა.
![]()
მოამზადეთ სათადარიგო ასლები - ბრაილის შრიფტით, დიდი შრიფტითა და მისაწვდომი ელექტრონული ფორმატით.
![]()
5 შეხვედრის განმავლობაში
მისალმება
![]()
შემოსასვლელთან უნდა იმყოფებოდეს ერთი ან ორი ადამიანი, რათა შეეგებოს მონაწილეებს და გაუძღვეს საკონფერენციო დარბაზში.
ხანგრძლივი ღონისძიების დროს შეიძლება სასარგებლო იყოს ე.წ. „დახმარების მაგიდა“ (help desk).
![]()
შეატყობინეთ დაცვის თანამშრომლებსა და პერსონალს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მონაწილეთა საჭიროებები, რათა ისინიც მზად იყვნენ დახმარებისთვის.
![]()
თუ ადამიანი იქვე იმყოფება, ჯერ მას მიმართეთ და შემდეგ თანმხლებ პირს (პირად ასისტენტს ან ჟესტური ენის თარჯიმანს).
![]()
იყავით რაც შეიძლება ბუნებრივი და თავაზიანი, როგორც ნებისმიერ ადამიანთან.
![]()
შესთავაზეთ დახმარება, მაგრამ რაიმეს გაკეთებამდე ყურადღებით მოუსმინეთ და დაელოდეთ თანხმობას.
![]()
მობილობის შეზღუდვის მქონე პირებთან ურთიერთობისას:
წინასწარ დარწმუნდით, რომ დერეფნები და შეხვედრების ოთახი კარგად არის განათებული და თავისუფალია დაბრკოლებებისგან;
დროულად მიდით მთავარ შესასვლელთან და შესთავაზეთ დახმარება კარის გაღებასა და კიბის გავლაში;
ინფორმირებული იყავით მისაწვდომი ტუალეტების ადგილმდებარეობაზე, ასევე, ევაკუაციის პროცედურებზე საგანგებო სიტუაციებში;
დაეხმარეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ ამის ნებართვა; მოერიდეთ მოულოდნელ ან სწრაფ მანევრებს.
![]()
მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებთან ურთიერთობისას:
ყოველთვის პირველმა დაიწყეთ საუბარი. ნათლად წარუდგინეთ საკუთარი თავიც და სხვა ადამიანებიც. აუხსენით, სად არიან ისინი ამ პირის ადგილსამყოფელთან მიმართებით;
საუბრის დაწყებისას მიმართეთ სახელით, რათა იცოდეს, რომ მას ელაპარაკებით;
o ხელის ჩამორთმევამდე აცნობეთ, რომ ამის გაკეთებას აპირებთ;
o ყოველთვის უთხარით, რომ წასვლას აპირებთ, რათა მან საუბარი ცარიელ ადგილთან არ გააგრძელოს;
o თუ ადამიანს სურს დახმარება გადაადგილებაში, ეს გააკეთეთ მითითებების მეშვეობით და არა წინ გაძღოლით. ჰკითხეთ, როგორ ურჩევნია დახმარება (მაგ. იდაყვზე ხელი მოკიდებით, მხარზე დაყრდნობით, თუ სხვა საშუალებით). აცნობეთ, როდესაც მიუახლოვდებით კიბეს ან დაბრკოლებებს. ეცადეთ, წინასწარ დარწმუნდეთ, რომ დერეფნები და შეხვედრების ოთახი თავისუფალია ყოველგვარი დაბრკოლებისგან;
o მზად იყავით ოთახის შიდა მახასიათებლებისა (ფორმა, ზომა, ფანჯრები, ავეჯი) და იქ მყოფი ადამიანების მოკლე აღწერისთვის. გააფრთხილეთ შესაძლო საფრთხის შესახებ ახალ გარემოში (მაგ: ძალიან ცხელი რადიატორები). დაჯდომაში დასახმარებლად, უბრალოდ დაადებინეთ ხელი სკამის საზურგეზე;
o აუხსენით, სად შეიძლება იპოვოს ტუალეტი და, საჭიროებისას, აჩვენეთ გზა.
![]()
სმენის შეზღუდვის მქონე პირებთან ურთიერთობისას:
გაარკვიეთ, როგორ ურჩევნია კომუნიკაცია - ჟესტებით, ტუჩის მოძრაობის წაკითხვით, თუ სუბტიტრებით:
სუბტიტრების შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ ეკრანი საკმარისად დიდია და წარწერას კარგად დაინახავს;
ჟესტური ენის თარჯიმნები უნდა განთავსდნენ იმ ადამიანთა წინ/დასანახად, რომლებისთვისაც თარგმნიან;
თუ პირს ურჩევნია ტუჩის მოძრაობით წაკითხვა, დადექით მის პირისპირ (დარწმუნდით, რომ გიყურებთ) და ისაუბრეთ გარკვევით;
არ იყვიროთ ან გაამკვეთროთ პირის მოძრაობა, მნიშვნელობის ხაზგასასმელად, გამოიყენეთ სახის მიმიკა;
დარწმუნდით, რომ თქვენი სახე კარგად არის განათებული; ხელები არ მიიტანოთ ტუჩებთან;
მზად იყავით ნათქვამის გასამეორებლად ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სიტყვებით გადმოსაცემად. ზოგიერთი სიტყვის განმარტება უფრო რთულია, ამიტომ შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა სიტყვების მოსინჯვა;
მინიმუმამდე შეამცირეთ ყურადღების გამფანტველი მიზეზები, მაგალითად, ფონური ხმაური (მოერიდეთ ფონურ მუსიკას დარბაზში, ასევე, საკონფერენციო დარბაზში შესვენების დროს).
![]()
ინტელექტუალური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები:
მოერიდეთ გრძელ წერილობით ინსტრუქციებს ან გეგმებს, ასევე, დიაგრამებს ქაღალდზე;
დაუწერეთ თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი;
ფორმების შევსებისას, შეამოწმეთ, სჭირდება თუ არა დახმარება;
მინიმუმამდე შეამცირეთ ყურადღების გამფანტველი მიზეზები (მაგ: ფონური ხმაური);
მიეცით დრო რეაგირებისა და პასუხისთვის;
ესაუბრეთ ჩვეულებრივი, ბუნებრივი მანერით;
არ განაწყენდეთ მის უჩვეულო დამოკიდებულებებსა ან რეაქციებზე.
![]()
მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებთან ურთიერთობისას:
იყავით მომთმენი. პასუხის გაცემამდე, მიეცით დრო და საშუალება საუბრისა და წინადადების დასასრულებლად;
თუ არ გესმით მისი ნათქვამი, უთხარით ამის შესახებ და სთხოვეთ გამეორება.
![]()
ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებთან ურთიერთობისას:
თუ შეწუხებულია, უპასუხეთ მშვიდად და თავაზიანად. შეეცადეთ, დაინახოთ არა მხოლოდ პრობლემა, არამედ ადამიანიც;
თუ აღნიშნავს, რომ აქვს ფსიქოსოციალური საჭიროება, სერიოზულად და პატივისცემით მოეკიდეთ ამ ნათქვამს. შეიძლება, მისთვის რთული იყოს ამის გაზიარება;
შესთავაზეთ დახმარება, თუ დაბნეული, გადატვირთული ან სევდიანი მოგეჩვენებათ;
მშვიდად უპასუხეთ პირის ნებისმიერ შეკითხვას - ეს ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მის დასამშვიდებლად.
![]()
ᲨᲔᲜᲘᲨᲕᲜᲐ: თითოეული ადამიანი განსხვავდება და მისი კატეგორიზაცია შეუძლებელია. შესაბამისად, ზემოაღნიშნული განმარტებები მხოლოდ სახელმძღვანელო მითითებებია. გთხოვთ, უშუალოდ მონაწილესთან შეამოწმოთ, რა სჭირდება ან რა ურჩევნია მას.
მომხსენებლები
![]()
მომხსენებლებს მიაწოდეთ ინფორმაცია მონაწილეთა საჭიროებებზე, მისაწვდომობის კუთხით.
![]()
მნიშვნელოვანია, მათ დაიცვან საუბრის დრო და განრიგი.
![]()
სთხოვეთ, ისაუბრონ პირდაპირ მიკროფონში, შეძლებისდაგვარად ნელა და გარკვევით, რათა ხელი შეუწყონ თარჯიმანთა მუშაობას.
![]()
შეამოწმეთ მომხსენებელთა გარემოს მისაწვდომობა. გამომსვლელებს შეიძლება დასჭირდეთ პანდუსები სცენაზე/ტრიბუნაზე ასასვლელად, ან სკამების სათანადო განლაგება მრგვალ მაგიდასთან დისკუსიისთვის.
პრეზენტაციები
![]()
ყველა პრეზენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მისაწვდომი ფორმატით და წინასწარ გაეგზავნოთ მონაწილეებსა თუ ჟესტური ენის თარჯიმნებს.
![]()
პრეზენტაციების შინაარსი უნდა იყოს მკაფიო, კონკრეტული და ადვილად გასაგები.
![]()
Power Point-ის პრეზენტაციებში:
არასდროს გამოიყენოთ სურათი ტექსტის ფონად;
დარწმუნდით, რომ ტექსტი და ფონი საკმარისად კონტრასტულია;
გამოიყენეთ მაქსიმუმ ორი შრიფტი;
გამოიყენეთ დიდი ზომის შრიფტი;
მოერიდეთ დიდ (capital) და დახრილ (italic) ასოებს;
არ გამოიყენოთ ანიმაციები;
სლაიდები ვიზუალურად უჭერს მხარს თქვენს საუბარს. ამიტომ დარწმუნდით, რომ ეკრანზე გამოსახული ყველა ელემენტი განიხილეთ.
![]()
ვიდეოების გამოყენებისას დარწმუნდით, რომ მათ ახლავს სუბტიტრები. თუ ვიდეოში სიტყვები არ არის გამოყენებული, საჭირო იქნება აუდიოაღწერა.
![]()
დატოვეთ დრო კითხვებისთვის.
![]()
შეკითხვის დასმამდე, მიეცით პირს საშუალება, თავი წარუდგინოს აუდიტორიას.
![]()
მიკროფონის ჩამოტარებისას შეამოწმეთ, სჭირდებათ თუ არა დახმარება მის დაჭერაში.
![]()
თუ პირი ჟესტური ენით სარგებლობს, გახსოვდეთ, რომ მიკროფონი უნდა მისცეთ თარჯიმანს და არა მოსაუბრეს.
![]()
6 დამატებითი მოთხოვნები
![]()
შესვენებები:
დარწმუნდით, რომ ყავის შესვენებისა და ლანჩის დროს უზრუნველყოფილია დაბალი მაგიდებიც ეტლით მოსარგებლე პირებისთვის; ასევე, დასაჯდომი ადგილები/სკამები იმ ადამიანთათვის, რომლებიც დიდხანს ვერ დგანან.
![]()
პირდაპირ რეჟიმში სუბტიტრების გადასაცემად, საჭიროა დამატებითი ეკრანიც (გარდა ჩვეულებრივი ეკრანისა, რომელიც აჩვენებს პრეზენტაციებს). შეამოწმეთ, რომ სივრცე საკმარისია ორი (ან მეტი) ეკრანისთვის და ყველა მონაწილე შეძლებს დანახვას.
________________
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ევროპული ფორუმი (EDF) არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 80 მილიონი ევროპელის ინტერესებს.






