1985 წლის ვენის კონვენცია ოზონის შრის დაცვის შესახებ


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გარემოს დაცვა
თარიღი: 1985
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 პრეამბულა

▲ზევით დაბრუნება


მხარეები წინამდებარე კონვენციისა,

აცნობიერებენ რა ოზონის შრის ცვლილების პოტენციურ მავნე ზემოქმედებას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე,

იმოწმებენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციის გარემო ადამიანისთვის დეკლარაციის შესაბამის დებულებებს, განსაკუთრებით 21-ე პრინციპს, რომლის თანახმადაც „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიიდან და საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე ქვეყნებს გააჩნიათ სუვერენული უფლება თავიანთი საკუთარი რესურსების დამუშავებაზე საკუთარი გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანახმად და პასუხისმგებლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათი იურისდიქციისა ან კონტროლის ქვეშ მყოფი საქმიანობა არ აყენებდეს ზიანს სხვა ქვეყნების ანდა მათი ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს გარე ტერიტორიების გარემოს,“

მხედველობაში იღებენ რა განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობასა და განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს,

ითვალისწინებენ რა საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამუშაოებსა და გამოკვლევებს, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს დაცვის პროგრამის ოზონის შრის შესახებ მოქმედების მსოფლიო გეგმას,

ითვალისწინებენ რა, ამასთან, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ოზონის შრის დაცვისათვის უკვე მიღებულ გამაფრთხილებელ ზომებს,

აცნობიერებენ რა, რომ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებებისგან ოზონის შრის დაცვის ღონისძიებები მოითხოვს თანამშრომლობასა და მოქმედებებს საერთაშორისო დონეზე, რაც უნდა ემყარებოდეს სათანადო მეცნიერულ-ტექნიკურ მოსაზრებებს,

აცნობიერებენ რა, აგრეთვე, სისტემატური დაკვირვებებისა და შემდგომი კვლევა-ძიების აუცილებლობას, რათა გაღრმავდეს მეცნიერული ცოდნა ოზონის შრისა და მისი ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო მავნე შედეგების შესახებ,

აღსავსენი გადაწყვეტილებით, რომ დაიცვან ადამიანის Gჯანმრთელობა და გარემო ოზონის შრის ცვლილებებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისაგან,

2 შეთანხმდნენ შემდეგზე:

▲ზევით დაბრუნება


მუხლი 1: განსაზღვრებანი

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

1. „ოზონის შრე“ ნიშნავს ატმოსფერული ოზონის ფენას პლანეტის სასაზღვრო ფენის ზემოთ.

2. „მავნე ზემოქმედება“ ნიშნავს ცვლილებებს ფიზიკურ გარემოში ან ბიოტაში, კლიმატის ცვლილებების ჩათვლით, რომლებიც მნიშვნელოვან მავნე გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი და მართვადი ეკოსისტემების შემადგენლობაზე, თვითაღდგენის უნარზე და პროდუქტიულობაზე, ან ადამიანისათვის გამოსაყენებლად სასარგებლო მასალებზე.

3. „ალტერნატიული ტექნოლოგიები და მოწყობილობა“ ნიშნავს ტექნოლოგიებსა და მოწყობილობას, რომელთა გამოყენება შესაძლებლობას იძლევა შემცირდეს ან მთლიანად აღიკვეთოს იმ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა, რომლებიც ახდენს ან შესაძლოა მოახდენს მავნე ზემოქმედებას ოზონის შრეზე.

4. „ალტერნატიული ნივთიერებები“ ნიშნავს ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებს, სპობს ან თავიდან აიცილებს ოზონის შრეზე მავნე ზემოქმედებას.

5. „მხარეები“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის Mმხარეებს, თუ ტექსტში სხვაგვარად არ არის მითითებული.

6. „ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაცია“ ნიშნავს მოცემული რეგიონის სუვერენული სახელმწიფოების მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია კომპეტენცია წინამდებარე კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული საკითხების რეგულირებაში და სათანადოდ უფლებამოსილია, მოქმედი პროცედურების თანახმად, ხელი მოაწეროს, მოახდინოს რატიფიკაცია, მიიღოს, დაამტკიცოს ან შეუერთდეს შესაბამის დოკუმენტებს.

7. „ოქმები“ ნიშნავს წინამდებარე კონვენციის ოქმებს.

მუხლი 2: ზოგადი ვალდებულებანი

1. მხარეები, წინამდებარე კონვენციის დებულებებისა და იმ მოქმედი ოქმების შესაბამისად, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, იღებენ სათანადო ზომებს, რათა დაიცვან ადამიანის ჯანმრთელობა და გარემო იმ მავნე ზემოქმედებისაგან, რომელიც ადამიანის საქმიანობის შედეგად იწვევს ან შესაძლებელია იწვევდეს ოზონის შრის მდგომარეობის ცვლილებას ან შესაძლო შეცვლას.

2. ამ მიზნით მხარეები მათ განკარგულებაში მყოფი საშუალებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად:

(a) თანამშრომლობენ სისტემატური დაკვირვებების, გამოკვლევების და ინფორმაციის გაცვლის გზით, რათა ღრმად შეიცნონ და შეაფასონ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ოზონის შრის ცვლილების ზემოქმედება;

(b) იღებენ სათანადო საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს და

თანამშრომლობენ შესაბამისი სტრატეგიის ჰარმონიზაციისათვის მათი იურისდიქციის ან კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანის საქმიანობის რეგულირების, შეზღუდვის, შემცირების ან თავიდან აცილებისათვის თუ აღმოჩნდება, რომ ეს საქმიანობა იწვევს ან შესაძლებელია გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ოზონის შრის მდგომარეობის შეცვლის ან შესაძლო შეცვლის შედეგად;

(c) თანამშრომლობენ შეთანხმებული ზომების, პროცედურების და სტანდარტების დადგენაში წინამდებარე კონვენციის ცხოვრებაში გატარებისათვის, ოქმების და დანართების მიღების მიზნით;

(d) თანამშრომლობენ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანოებთან წინამდებარე კონვენციის და იმ ოქმების, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, ცხოვრებაში ეფექტური გატარების მიზნით.

3. წინამდებარე კონვენციის დებულებები სრულიად არ ეხება მხარეების უფლებას მიიღონ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი ზომები დამატებით იმ ზომებთან, რომლებიც გათვალისწინებულია ზემოთ I და მე-2 პუნქტებით, ისინი არ ეხება, აგრეთვე, მხარის მიერ უკვე გატარებულ შიდასახელმწიფოებრივ დამატებით ზომებს, იმ პირობით, რომ ეს ზომები შეთავსებადია მხარის ვალდებულებებთან წინამდებარე კონვენციის ფარგლებში.

4. წინამდებარე მუხლის გატარება დაფუძნებულია სათანადო სამეცნიერო და ტექნიკურ მოსაზრებებზე.

მუხლი 3: კვლევა და სისტემატური დაკვირვებები

1. მხარეები იღებენ ვალდებულებას, როგორც წესი, ითანამშრომლონ უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მეშვეობით შემდეგ საკითხებზე კვლევებისა და სამეცნიერო შეფასებების ჩასატარებლად:

(a) ფიზიკური და ქიმიური პროცესები, რომლებიც შესაძლოა მოქმედებს ოზონის შრეზე;

(b) ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა და სხვა ბიოლოგიური შედეგები, რომლებიც გამოწვეულია ოზონის შრის რომელიმე სახის ცვლილებით, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც გამოწვეულია მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ცვლილებით და ახდენს ბიოლოგიურ ზეგავლენას (UV-B);

(c) ოზონის შრის ცვლილებით გამოწვეული კლიმატის ცვლილებები;

(d) ოზონის შრის რომელიმე სახის ცვლილებით და შესაბამისად UV-B გამოსხივების ცვლილებით გამოწვეული ზეგავლენა ადამიანის საქმიანობისათვის სასარგებლო ბუნებრივ და სინთეტიურ მასალებზე;

(e) ნივთიერებები, მუშაობის პრაქტიკა, პროცესები და საქმიანობა, რომლებმაც შესაძლოა იქონიონ გავლენა ოზონის შრეზე და მათი კუმულაციური მოქმედება;

(f) ალტერნატიული ნივთიერებები და ტექნოლოგიები;

(g) შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური საკითხები;

და სხვა, რაც შემუშავებულია I და II დანართებში.

2. მხარეები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ ან შექმნან, შესაბამისად, უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობისა და მიმდინარე სათანადო საქმიანობის სრული გათვალისწინებით, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ან ურთიერთშემავსებელი პროგრამები ოზონის შრის მდგომარეობასა და სხვა სათანადო პარამეტრებზე სისტემატური დაკვირვებებისათვის, რაც გათვალისწინებულია I დანართით.

3. მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების მეშვეობით კვლევისა და დაკვირვებების მონაცემთა რეგულარულად და დროულად შეგროვების, შემოწმების და მიწოდების უზრუნველსაყოფად შესაბამის მონაცემთა მსოფლიო ცენტრების საშუალებით.

მუხლი 4: თანამშრომლობა საკანონმდებლო, სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროებში

1. მხარეებმა უნდა შეუწყონ ხელი და წაახალისონ წინამდებარე კონვენციის შესაბამისი სამეცნიერო, ტექნიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კომერციული და საკანონმდებლო ინფორმაციის გაცვლა, როგორც გათვალისწინებულია II დანართში. ეს ინფორმაცია უნდა წარედგინოს ორგანოებს, რომლებიც შერჩეული არიან მხარეთა შორის წინასწარი შეთანხმებით. ნებისმიერმა ასეთმა ორგანომ მიმწოდებელი მხარის მიერ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაციის მიღებისას უნდა უზრუნველყოს ამ ინფორმაციის გასაიდუმლოება მისი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით იქამდე, ვიდრე იგი გადავა ყველა მხარის განკარგულებაში.

2. მხარეები თანამშრომლობენ თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის, მარეგულირებელი მიდგომების და მუშაობის პრაქტიკის შესაბამისად, და განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით უშუალოდ ან კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების საშუალებით ტექნოლოგიებისა და ცოდნის დამუშავებისა და გადაცემის ხელშესაწყობად. კერძოდ, ასეთი თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს შემდეგი გზით:

(a) სხვა მხარეების მიერ ალტერნატიული ტექნოლოგიების შეძენის ხელშეწყობა;

(b) ალტერნატიული ტექნოლოგიებისა და დანადგარების შესახებ ინფორმაციით მომარაგება, სპეცილური პრაქტიკული სახელმძღვანელოებისა და ინსტრუქციების მიწოდება;

(c) კვლევისა და სისტემატიკური დაკვირვებებისათვის საჭირო დანადგარებისა და მოწყობილობის მიწოდება;

(d) სამეცნიერო და ტექნიკური პერსონალის სათანადო სწავლება.

მუხლი 5: ინფორმაციის გადაცემა

მხარეები სამდივნოს საშუალებით გადასცემენ ინფორმაციას მე-6 მუხლის თანახმად მოწვეულ მხარეთა კონფერენციას მათ მიერ მიღებული ზომების შესახებ წინამდებარე კონვენციის და იმ ოქმების განხორციელებისათვის, რომელთა მხარეებსაც ისინი წარმოადგენენ, ისეთი ფორმითა და პერიოდულობით, როგორც განისაზღვრება შესაბამისი დოკუმენტაციით მხარეთა შეხვედრების მიერ.

მუხლი 6: მხარეთა კონფერენცია

1. ამით ფუძნდება მხარეთა კონფერენცია. მხარეთა კონფერენციის პირველი სესია მოიწვევა მე-7 მუხლის საფუძველზე შექმნილი დროებითი სამდივნოს მიერ არა უგვიანეს ერთი წლისა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან. მხარეთა კონფერენციის შემდგომი რიგითი სესიები ტარდება რეგულარულად იმ ინტერვალებით, როგორც ადგენს კონფერენციის პირველი სესია.

2. მხარეთა კონფერენციის რიგგარეშე სესიები მოიწვევა სხვა ისეთ დროს, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის კონფერენცია ან ერთ-ერთი მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, რომ სამდივნოს მიერ ექვსი თვის განმავლობაში მოთხოვნის შესახებ მხარეების ინფორმირების შემდეგ მას მხარს უჭერს მხარეთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ ერთი მესამედისა.

3. მხარეთა კონფერენცია კონსენსუსით ათანხმებს და იღებს პროცედურის წესებს და ფინანსურ წესებს თავისთვის და ნებისმიერი დამხმარე ორგანოსათვის, რომლის დაფუძნებაც მას შეუძლია, აგრეთვე, ფინანსურ დებულებებს სამდივნოს ფუნქციონირების რეგულირებისათვის.

4. მხარეთა კონფერენცია მუდმივად ადევნებს თვალყურს წინამდებარე კონვენციის შესრულებას და გარდა ამისა:

(a) აწესებს მე-5 მუხლის შესაბამისად წარსადგენი ინფორმაციის გადაცემის ფორმასა და ინტერვალებს და განიხილავს როგორც ამ ანფორმაციას, ისე სხვა დამხმარე ორგანოების მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს;

(b) მიმოიხილავს ოზონის შრის შესახებ სამეცნიერო ინფორმაციას მისი შესაძლო ცვლილების ან ამ ცვლილების შესაძლო ზემოქმედებების შესახებ;

(c) მე-2 მუხლის შესაბამისად ხელს უწყობს სათანდო პოლიტიკის, სტრატეგიების და გასატარებელი ზომების ჰარმონიზაციას იმ ნივთიერებების გაფრქვევის მინიმუმამდე დასაყვანად, რომლებიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ოზონის შრის ცვლილება და შეიმუშავებს რეკომენდაციებს წინამდებარე კონვენციის ფარგლებში სხვა გასატარებელ ზომებთან დაკავშირებით;

(d) მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად იღებს პროგრამებს კვლევის, სისტემატიური დაკვირვებების, სამეცნიერო და ტექნიკური თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლის და ტექნოლოგიებისა და ცოდნის გადაცემის შესახებ;

(e) განიხილავს და იღებს, საჭიროებისამებრ, მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, კონვენციისა და მისი დანართებისადმი ცვლილებებს;

(f) განიხილავს ნებისმიერი ოქმის ცვლილებებს, აგრეთვე მისი დანართების ცვლილებებს, და თუ გადაწყდება, რეკომენდაციას უწევს სათანადო ოქმის მხარეებს მათ მისაღებად;

(g) განიხილავს და იღებს, საჭიროებისამებრ, მე-10 მუხლის შესაბამისად, კონვენციის დამატებით დანართებს;

(h) განიხილავს და იღებს ოქმებს, საჭიროებისამებრ, მე-8 მუხლის შესაბამისად;

(i) აფუძნებს ისეთ დამხმარე ორგანოებს, რომლებიც მიიჩნევა აუცილებელ ორგანოებად კონვენციის განხორციელებისათვის;

(j) მიმართავს, საჭიროებისამებრ, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანოების და სამეცნიერო კომიტეტების, კერძოდ, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, აგრეთვე, ოზონის შრის საკოორდინაციო კომიტეტის მომსახურებას სამეცნიერო კვლევის, სისტემატიური დაკვირვებების და წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის შესაფერის სხვა ქმედებებისათვის და სათანადოდ იყენებს ამ ორგანოებიდან და კომიტეტებიდან მიღებულ ინფორმაციას;

(k) განიხილავს და ახორციელებს ნებისმიერ დამატებით ქმედებებს, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს წინამდებარე კონვენციის მიზნების მისაღწევად.

5. გაერთინებული ერები, მისი სპეციალიზირებული სააგენტოები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ისევე როგორც ამ კონვენციის ნებისმიერი არა-მხარე სახელმწიფო, შეიძლება წარმოდგენილ იქნან მხარეთა კონფერენციის სესიებზე დამკვირვებლების სახით. ნებისმიერი ორგანო ან სააგენტო, რომელიც კვალიფიციურია ოზონის შრის დაცვის სფეროში და რომელმაც შეატყობინა სამდივნოს თავისი სურვილი წარმოდგენილი იქნას მხარეთა კონფერენციაზე დამკვირვებლის სტატუსით, მიუხედავად იმისა ეროვნულია იგი თუ საერთაშორისო, სამთავრობოა თუ არასამთავრობო, დაიშვება, თუ მხარეთა საერთო რაოდენობის არა ნაკლებ ერთი მესამედისა არ აცხადებს უარს. დამკვირვებლების დაშვება და მონაწილეობა წარმოადგენს მხარეთა კონფერენციის პროცედურით მიღებული წესების საგანს.

მუხლი 7: სამდივნო

1. სამდივნოს ეკისრება შემდეგი ფუნქციები:

(a) შეხვედრების ორგანიზება და მომსახურება, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 მუხლებით;

(a) მოხსენებების მომზადება და გადაცემა მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით და იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მიღებულია მე-6 მუხლის შესაბამისად შექმნილი დამხმარე ორგანოების შეხვედრების მუშაობის შედეგად;

(c) ნებისმიერი ოქმით მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება;

(d) მოხსენებების მომზადება წინამდებარე კონვენციის ფარგლებში მისი ფუნქციების შესრულებისათვის გატარებული ქმედებების შესახებ და მათი წარდგენა მხარეთა კონფერენციისათვის;

(e) სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანოებთან საჭირო კოორდინაციის უზრუნველყოფა და კერძოდ, ისეთი ადმინისტრაციული და სახელშეკრულებო შეთანხმებების დადება, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს მისი ფუნქციების უფრო ეფექტური შესრულებისათვის;

(f) სხვა ისეთი ფუნქციების შესრულება, რომლებიც შესაძლოა განსაზღვროს მხარეთა კონფერენციამ.

2. სამდივნოს ფუნქციები დროებით სრულდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ იქამდე, ვიდრე დამთავრდება მე-6 მუხლის შესაბამისად მოწვეული მხარეთა კონფერენციის მორიგი პირველი სესია. მის მორიგ პირველ სესიაზე მხარეთა კონფერენცია დანიშნავს სამდივნოს იმ არსებულ კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომელთაც გამოამჟღავნეს მზადყოფნა წინამდებარე კონვენციის ფარგლებში სამდივნოს ფუნქციების შესრულებისათვის.

მუხლი 8: ოქმების მიღება

1. მხარეთა კონფერენციას სესიაზე შეუძლია მიიღოს ოქმები მე-2 მუხლის შესაბამისად.

2. ნებისმიერი შემოთავაზებული ოქმის ტექსტი სამდივნოს მიერ მხარეებისადმი მიწოდებული უნდა იქნას არა უგვიანეს 6 თვისა ასეთი სესიის დაწყებამდე.

მუხლი 9: კონვენციის ან ოქმების ცვლილებები

1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე კონვენციაში ან ნებისმიერ ოქმში. ეს ცვლილებები უშუალოდ უნდა გამომდინარეობდეს სათანადო სამეცნიერო და ტექნიკური მოსაზრებებიდან.

2. წინამდებარე კონვენციის ცვლილებები მიიღება მხარეთა კონფერენციის სესიაზე. ნებისმიერი ოქმის ცვლილებები მიიღება შესაბამისი ოქმის მხარეთა შეხვედრაზე. კონვენციის ან ნებისმიერი ოქმის ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილების ტექსტი, თუკი ამ ოქმში საწინააღმდეგო არ არის გათვალისწინებული, სამდივნოს მიერ ეცნობება მხარეებს ექვსი თვით ადრე იმ შეხვედრამდე, რომელზეც იგი უნდა იქნას განხილული მიღებისათვის. სამდივნო ასევე ატყობინებს შემოთავაზებული ცვლილების ტექსტს კონვენციის ხელმომწერ მხარეებს ცნობისათვის.

3. მხარეები ყველა ღონეს ხმარობენ რათა კონსენსუსის გზით მიაღწიონ შეთანხმებას წინამდებარე კონვენციისათვის შემოთავაზებული ნებისმიერი ცვლილების ირგვლივ. თუკი ამოიწურა ყველა გზა კონსენსუსის მისაღწევად და შეთანხმება მაინც არ არის მიღწეული, მაშინ უკანასკნელი საშუალების სახით ცვლილება მიიღება თათბირზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ხმების სამი მეოთხედით და დეპოზიტარის მიერ წარედგინება ყველა მხარეს რატიფიკაციის, დამტკიცების ან მიღებისათვის.

4. მე-3 პუნქტში მოყვანილი პროცედურა გამოიყენება ნებისმიერი ოქმის ცვლილებების მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემული ოქმის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეთა ხმების ორი მესამედი საკმარისია მათ მისაღებად.

5. დეპოზიტარს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება ცვლილებების რატიფიკაციის, დამტკიცების ან მიღების შესახებ. ცვლილებები, რომლებიც მიიღება ზემოთმოყვანილი მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იმ მხარეთათვის, რომლებმაც მიიღეს ისინი, ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც დეპოზიტარის მიერ მიღებული იქნა უწყება მათი რატიფიკაციის, მოწონების ან მიღების შესახებ წინამდებარე კონვენციის მხარეთა სამი მეოთხედის ან არა ნაკლებ ორი მესამედისა მოცემული ოქმის მხარეთა მიერ, თუკი ოქმში არ არის გათვალისწინებული საწინააღმდეგო. შემდგომში, ნებისმიერი სხვა მხარისათვის ცვლილებები ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც მოცემული მხარეები გადასცემენ დეპოზიტარს ცვლილებების რატიფიკაციის, დამტკიცების ან მიღების სიგელს.

6. ამ მუხლის მიზნებისათვის „დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე მხარეები“ ნიშნავს მხარეებს, რომლებიც ესწრებიან და აძლევენ ხმას - ან თამხმობას ან უარყოფას.

მუხლი 10: დანართების მიღება და მათში ცვლილებების შეტანა

1. წინამდებარე კონვენციის ან ნებისმიერი ოქმის დანართები წარმოადგენს კონვენციის ან ოქმის განუყოფელ ნაწილს, თუ პირდაპირ არ იგულისხმება სხვა, მაშინ მითითება ხდება კონვენციაზე ან მის ოქმებზე ან ნებისმიერ სხვა დანართზე. ასეთი დანართები იზღუდება სამეცნიერო, ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხებით.

2. თუ რომელიმე ოქმით არ იგულისხმება საწინააღმდეგო დებულება მის დანართებთან მიმართებაში, მაშინ მიიღება შემდეგი პროცედურა წინამდებარე კონვენციის დამატებითი დანართების ან ოქმის დანართების მიღებისას:

(a) წინამდებარე კონვენციის დანართის შემოთავაზება და მიღება ხდება მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად, ხოლო დანართის შემოთავაზება და მიღება ნებისმიერი ოქმისათვის ხდება მე-9 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით დამტკიცებული პროცედურების თანახმად;

(b) ნებისმიერი მხარე, რომელიც არ თვლის შესაძლებლად მოწონებულ იქნას წინამდებარე კონვენციის ან ნებისმიერი ოქმის დამატებითი დანართები, რომლის მონაწილეც თვითონ არის, აცნობებს ამის შესახებ დეპოზიტარს წერილობით 6 თვის განმავლობაში დეპოზიტარის მიერ დანართის მიღების შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღიდან. დეპოზიტარი დაუყოვნებლივ აყენებს ყველა მხარეს მათ მიერ მიღებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინების შესახებ. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს შეცვალონ ადრე გაგზავნილი განცხადება, რის შედეგადაც დანართი ძალაში შედის მოცემული მხარეებისათვის;

(c) დეპოზიტარის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან 6 თვის შემდეგ დანართი შედის ძალაში წინამდებარე კონვენციის ან ნებისმიერი იმ შესაბამისი ოქმის ყველა იმ მხარისათვის, რომელთაც არ წარმოადგინეს შეტყობინება (ბ) ქვეპუნქტის დებულებათა შესაბამისად.

3. ??? წინამდებარე კონვენციის ან ნებისმიერი ოქმის დანართებთან შესწორებების შეთავაზება, მიღება და ძალაში შესვლა რეგულირდება იმ პროცედურის ანალოგიური პროცედურით, რომელიც დადგენილია კონვენციის დანართების ან ოქმებთან დანართების შეთავაზების, მიღებისა და ძალაში შესვლისათვის. მათთან დანართებსა და შესწორებებში სათანადოდ უნდა გათვალისწინდეს, კერძოდ, შესაბამისი სამეცნიერო და ტექნიკური მოსაზრებები.

4. თუკი დამატებითი დანართი ან შესწორება დანართისა დაკვშირებულია წინამდებარე კონვენციაში ან ოქმში შესწორების შეტანასთან, მაშინ ეს დამატებითი დანართი ან დანართი მასში შეტანილი შესწორებებით ძალაში შედია მხოლოდ წინამდებარე კონვენციის ან შესაბამისი ოქმის შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ.

მუხლი 11: დავათა მოწესრიგება

1. მხარეთა შორის კონვენციის განმარტების ან გამოყენების შესახებ დავის შემთხვევაში დაინტერესებული მხარეები ცდილობენ დავა მოაწესრიგონ მოლაპარაკების გზით.

2. თუკი დაინტერესებული მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას მოლაპარაკების გზით, მათ შეუძლიათ მიმართონ მესამე მხარეს შუამდგომლობის თხოვნით.

3. წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების ან შემდგომ ამისა ნებისმიერ დროს, სახელმწიფოს ან ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციას უფლება აქვს დეპოზიტარს გაუგზავნოს წერილობითი განცხადება იმის თაობაზე, რომ დავის გადასაწყვეტად რომელიც ვერ გადაიჭრა ზემოთ აღნიშნული 1 და 2 პუნქტების დებულებათა შესაბამისად, ისინი დავის გადასაჭრელად აღიარებენ დავათა რეგულირების ღონისძიებათაგან შემდეგ ერთ ან ორივეს:

a) არბიტრაჟი იმ პროცედურათა შესაბამისად, რომლებიც დადგინდება მხარეთა კონფერენციის მორიგ პირველ თათბირზე;

b) დავის გადაცემა საერთაშორისო სასამართლოსათვის.

4. თუ მხარეებისათვის ზემოთმოყვანილი 3 პუნქტის შესაბამისად მიუღებელია იგივე ან სხვა ნებისმიერ პორცედურა, დავა უნდა იქნეს გადაცემული შერიგებაზე ქვემოთმოყვანილი 5 პუნქტის შესაბამისად თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან სხვაგვარად.

5. მომრიგებელი კომისია იქმნება ერთერთი მოდავე მხარის მოთხოვნის საფუძველზე. კომისია შედგება ყოველიმხარის მმიერ დასახელებული წევრების თანაბარი რაოდენობისაგან და თავმჯდომარე ერთობლივად აირჩევა ყოველი მხარის მიერ დასახელებული წევრებისაგან. კომისიას გამოაქვს საბოლოო და სარეკომენდაციო განაჩენი, რომელსაც მხარეები განიხილავენ კეთილი ნებით.

6. ამ მუხლის დებულებები გამოიყენება ნებისმიერ ოქმის მიმართ გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ოქმში სხვაგვარად არ არის მითითებული.

მუხლი 12: ხელმოწერა

წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად სახელმწიფოების და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციებისათვის ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების ფედერალურ სამინისტროში, ვენაში, 1985 წლის 22 მარტიდან 1985 წლის 21 სექტემბრამდე და გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, 1985 წლის 22 სექტემბრიდან 1986 წლის 21 მარტამდე.

მული 13: რატიფიკაცია, მიღება და დამტკიცება

1. წინამდებარე კონვენცია და ნებისმიერი ოქმი უნდა იქნეს რატიფიკაცირებული, მიღებული ან დამტკიცებული სახელმწიფოებისა და რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციების მიერ.

2. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მითითებულია ზედა 1 პუნქტში ხდება კონვენციის ან მისი ოქმის მხარე და ამასთან მისი არცერთი სახელმწიფო-წევრი არ ხდება ისეთი მხარე, რომელიც შებორკილია კონვენციის ან ოქმიდან გამომდინარე ყველა ვალდებულებებით, შესაბამისად. ისეთი ორგანიზაციების შემთხვევაში, როდესაც ერთი ან რამოდენიმე წევრისახელმწიფო არის კონვენციის ან სათანადო ოქმის მხარე, მაშინ ორგანიზაცია და წევრისახელმწიფოები ღებულობენ გადაწყვეტილებას თავიანთი შესაბამისი იმ ვალდებულებების აღსრულების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობენ კონვენციის ან ოქმისაგან, შესაბამისად. ამ შემთხვევებში ორგანიზაციასა და სახელმწიფო-წევრებს არ შეუძლიათ პარალელურად განახორციელონ უფლებები, გამომდინარე კონვენციიდან ან შესაბამისი ოქმიდან.

3. თავიანთ დოკუმნეტებში რატიფიკაციის, მიღების და დამტკიცების შესახებ ორგანიზაციები, რომლებიც ზემოთ არის მითითებული I პუნქტში, განაცხადებენ მათი კომპეტენციის ქვეშ მყოფ საკითხებს, რომლებიც რეგულირდება კონვენციით ან შესაბამისი ოქმით. ეს ორგანიზაციები ატყობინებენ დეპოზიტარს თავისი კომპეტენციის ნებისმიერ არსებით ცვლილებას.

მუხლი 14: შეერთება

1. წინმადებარე კონვენცია და ნებისმიერ ოქმი ღიაა შეერთებისათვის სახელმწიფოებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციების მხრიდან კონვენციაზე და შესაბამის ოქმზე ხელის მოწერის შეწყვტის დღიდან. შეერთების სიგელები შესანახად ბარდება დეპოზიტარს.

2. თავიანთ შეერთების სიგელებში, ზემოთ I პუნქტში მითითებული ორგანიზაციები აცხადებენ მათ კომპეტენციაში მყოფ საკითხებს, რომლებიც რეგულირდება კონვენციით ან შესაბამისი ოქმით. ეს ორგანიზაციები გარდა ამისა ატყობინებენ დეპოზიტარს თავიანთი კომპეტენციის ფარგლების ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ.

3. მუხლი 13 პუნქტი 2-ის დებულებები გამოიყენება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც შეუერთდნენ წინამდებარე კონვენციას ან ნებისმიერ ოქმს.

მუხლი 15: ხმის უფლება

1. კონვენციის ან ნებისმიერი ოქმის ყოველ მხარეს აქვს ერთი ხმა.

2. ზევით I პუნქტში გათვალისწინებული დებულებების გამოკლებით, ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციები მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებში ახორციელებენ ხმის უფლებას, ფლობენ რა ხმატა იმ რაოდენობას, რომელიც ტოლია კონვენციის ან შესაბამისი ოქმის მხარე სახელმწიფო-წევრთა რაოდენობისა. მითითებული ორგანიზაციები კარგავენ ხმის მიცემის უფლებას, თუკი მათი წევრი სახელმწიფოები ახორციელებენ თავიანთ უფლებას და პირიქით.

მუხლი 16: ურთიერთკავშირი კონვენციასა და მის ოქმებს შორის

1. სახელმწიფო ან რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაცია შეიძლება გახდნენ რაიმე ოქმის მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი წარმოადგენენ ან იმავდროულად ხდებიან კონვენციის წევრებიც.

2. ნებისმიერი ოქმის მიმართ გადწყვეტილებები მიიღება მხოლოდ შესამამისი ოქმის მხარეების მიერ.

მუხლი 17: ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დღიდან.

2. ნებისმიერ ოქმი, თუ მასში საწინააღმდეგო არ არის გათვალისწინებული, ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს მოცემული ოქმის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეთერთმეტე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების დღიდან.

3. ყოველი მხარისათვის, რომელიც ახდენს ჭინამდებარე კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ მეოცე დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ, კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს ამ მხარის მიერ რატიფიკაციის, მიღების მოწონების ან მიერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად ჩაბარების შემდეგ.

4. ნემისმიერი ოქმი, თუ ამ ოქმში არ იგულისხმება საწინააღმდეგო, ძალაში შედის იმ მხარეებისათვის, რომლებიც ახდენენ ამ ოქმის რატიფიცირებას, მიღებას, მოწონებას ან უერთდებიან მას მისი ძალასი შესვლის შემდეგ ზედა 2 პუნქტის შესაბამისად, ითხმოცდამეათე დღეს მას შემდეგ, რაც ამ მხარის მიერ ჩაბარებული იქნება შესანახად რატიფიცირების, მიღების, მოწონების ან მიერთების თავისი დოკუმენტი ან იმ დღეს, როდესაც კონვენცია ძალაში შედის ამ მხარისათვის იმისდა მიხედვით, თუ ამ დღეთაგან რომელი დადგება უფრო გვიან.

5. ზედა 1 და 2 პუნქტების მიზნებისათვის ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ შესანახად ჩაბარებული ნებისმიერი დოკუმენტი არ განიხილება დამატებითად იმ დოკუმენტებისათვის, რომლებიც ჩაბარებულია შესანახად ასეთი ორგანიზაციის სახელმწიფო-წევრის მიერ.

მუხლი 18: შენიშვნა

არავითარი შენიშვნა აღნიშნული კონვენციის მიმართ არ დაიშვება.

მუხლი 19: გამოსვლა

1. მოცემული მხარისათვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ოთხი წლის შემდეგ ამ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია კონვენციიდან გამოსვლა დეპოზიტარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

2. რომელიმე ოქმში გათვალისწინებული სემთხვევების გარდა, მოცემული მხარისატვის ასეთი ოქმის ძალაში შესვლიდან ოთხი წლის შემდეგ ნებისმიერ დროს მხარეს შეუძლია გამოვიდეს ოქმიდან, დეპოზიტარისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

3. ნებისმიერ ასეთი გასვლა ძალაში შედის დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის გასვლიდადან ან უფრო გვიან, როგორც ეს იქნება მითითებული გამოსვლის შესახებ შეტყობინებაში.

4. ნებისმიერი წინამდებარე კონვენციიდან გამომსვლელი მხარე, ასევე ითვლება ნებისმიერი ოქმიდან გამოსულად, რომლის მხარესაც იგი წარმოადგენს.

მუხლი 20: დეპოზიტარი

1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ასრულებს წინამდებარე კონვენციისა და ნებისმიერ ოქმების დეპოზიტარის როლს.

2. დეპოზიტარი აცნობებს მხარეებს კერძოდ:

(a) წინამდებარე კონვენციისა და ნებისმიერ ოქმზე ხელმოწერის და რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ სიგელების დეპოზიტარზე გადაცემის შესახებ მე-13 და მე-14 მუხლების თანახმად;

(b) კონვენციისა და ნებისმიერი ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ,

თანახმად 17 მუხლისა;

(c) გამოსვლის შესახებ შეტყობინების შესახებ, რომლებიც მოხდენილია თანახმად 19 მუხლისა;

(d) კონვენციისა და ნებისმიერ ოქმთან მიღებული შესწორებების შესახებ, მხარეთა მიერ მათი მიღებისა და ძალაში შესვლის შესახებ თანახმად 9 მუხლისა;

(e) ყველა შეტყობინებებს, რომლებიც ეხება დამატებებისა და მათი შესწორებების მიღებასა და მოწონებას თანახმად 10 მუხლისა;

(f) ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალური ორგანიზაციებისათვის მათი კომპეტენციის ფარგლების შესახებ შეტყობინების საკითხებს, რომლებიც რეგულირდება წინამდებარე კონვენციითა და მისი ოქმებითა და შესწორებებით;

(g) განაცხადების შესახებ, რომლებიც მოხდენილია მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 21: აუთენტური ტექსტები

წინამდებარე კონვენციის დედანი, რომლის ტექსტები ინგლისურ, არაბულ, ესპანურ, ჩინურ, რუსულ და ფგანგულ ენებზე ზუსტად აუთენტურია, დედანთან სწორია, შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. რის დასტურადაც ქვემოთ ხელმომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას. მოხდენილია ვენაში 1995 წლის 22 მარტს