ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები (თეორიული მოდელები, ემპირიული კვლევები)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სურმანიძე ლალი
თემატური კატალოგი სახელმძღვანელოები
წყარო: სურმანიძე ლალი
    ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები : (თეორიული მოდელები და ემპირიული კვლევები) : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] ; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : ნეკერი, 2001 - 220გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - ბიბლიოგრ.: გვ. 216-220. - ISBN 99928-58-44-3 : [6ლ.][MFN: 15397]
 
UDC:  316.3 + 316.7](075.8)
K 234.804/3 - საერთო ფონდი
K 234.805/3 - საერთო ფონდი
K 234.806/3 - საერთო ფონდი
F 78.273/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დაშვებულია დამხმარე სახელმძღვანელოდ სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის გამომცემლობა „ნეკერი“ თბილისი 2001 მადლობას ვუხდი ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“, სოციალურ მეცნიერებათა დახმარების პროგრამას და მის მესვეურებს? აგრეთვე ბატონებს - გაგ ნიჟარაძეს და ალექსანდრე გასპარიშვილს დახმარებისა და ხელშეწყობისათვის სერიის მთავარი რედაქტორი: მარინე ჩიტაშვილი რედაქტორი: ლია კაჭარავა გარეკანის დიზაინი: ივანე კიკნაძე დაკაბადონება: გიორგი ბაგრატიონი კორექტორი: ნანა ჩავლეიშვილი © ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, 2001



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


სოციალურ მეცნიერებათა მრავალრიცხოვან სპექტრში არსებობს ერთადერთი მთავარი თემა - ადამიანი და ადამიანთა საზოგადოებები. სწორედ ეს თემაა მუდმივი შესწავლის, დაკვირვების, გააზრების, შემეცნების ობიექტი. ამ გზაზე სოციალური მეცნიერების ყოველ სფეროს თავისი ისტორია, ხედვის კუთხე, შეცდომები, უკმარისობები და მიღწევები აქვს.

იმის მიუხედავად, რომ ამ მრავალრიცხოვან თვალსაზრისს საკუთარი კერძო ინტერესები, მეთოდები და საინტერპრეტაციო მოდელები გააჩნია, ყოველი მათგანი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული მონათესავე სფეროთა შემოჭრით, ურთიერთგამდიდრებითა და ადამიანისა და საზოგადოების პრობლემის სრულად მოცვით, ღრმად წვდომით, მისი არსებობისა და ფუნქციონირების კანონზომიერებების გაგებით.

ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებები არ წარმოადგენს რომელიმე ერთი მეცნიერების სუბდისციპლინას - ეს პრობლემატიკა ყალიბდებოდა სოციალური მეცნიერების ბევრ სფეროში - ეთნოლოგიაში, ანთროპოლოგიაში, ზოგად და სოციალურ ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში. ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის კონცეფცია ინტერესის საგანი იყო სოციალური, ქცევითი და ჰუმანიტარული მეცნიერების ყველა სფეროში (რელიგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტიკის ფილოსოფია, ფსიქოლოგია და სხვ.). ჯერ კიდევ ძველ ბერძნებთან გვხვდება კოლექტივიზმის თემა პლატონის „ისტორიაში“, ხოლო ინდივიდუალისტური დებულებები - სოფისტებთან; ეს ინტერესი საუკუნეების მანძილზე თან გაჰყვა კაცობრიობას და თავს ავლენდა იდეების, პოლიტიკისა და ეკონომიკის, რელიგიის, ფსიქოლოგიისა თუ სოციოლოგიის ისტორიაში.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ინდივიდუალიზმის სათავეები და განმტკიცება უფრო იძებნება დასავლურ ევროპულ აზროვნებაში, ხოლო კოლექტივიზმისა, როგორც დასავლურ, ისე აღმოსავლურ, განსაკუთრებით, რელიგიურ მსოფლმხედველობაში.

ინდივიდუალისტური ორიენტაციები დასავლეთში თავს იჩენს მე-16-ე საუკუნიდან, ინდივიდუალისტური ოჯახური სისტემა გავრცელებული იყო ადრე მოდერნისტულ პერიოდში. ნაშრომებს ინდივიდუალისტურ ორიენტაციათა შესახებ ვხვდებით პრეინდუსტრიულ სამხრეთ ამერიკაშიც. დასავლურ სამყაროში ინდივიდუალისტურ მახასიათებელთა ეს ისტორიული წანამძღვრები ანალიტიკოსებს ძალზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

ამის საპირისპიროდ, კონფუციანელთა მოძღვრება აღმოსავლეთში განადიდებდა სიქველეს, რომელიც გულისხმობს ადამიანთა ურთიერთობებში თანაზიარობას, სამართლიანობას და უფროსისადმი პატივისცემას. კოლექტივიზმის გამამყარებელი ასეთი სოციალური მორალურობა ახასიათებს სხვა აღმოსავლურ რელიგიებსაც და ფილოსოფიასაც (დაოიზმი, ბუდიზმი, ინდუიზმი, სინტოიზმი).

არ შეიძლება აღნიშვნის გარეშე იმ ფაქტის დატოვება, რომ საზოგადოების კოლექტივისტური ორიენტაცია და, საერთოდ, ცხოვრების წესი, კაცობრიობისთვის გაცილებით უფრო რეპრეზენტაციულია, ვიდრე ინდივიდუალიზმი, თუ გავითვალისწინებთ მის უფრო ხანგრძლივ დროით პერსპექტივას და სივრცით განფენილობას სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ქვეყნებში.

ცნობილი მკვლევარი, ა.გურევიჩი თავის მონოგრაფიაში შუასაუკუნეების კულტურის კატეგორიების შესახებ ააანალიზებს ქრისტიანული ევროპის მსოფლაღქმის ძირითად კატეგორიებს და ავლენს ამ საზოგადოების გამოკვეთილ კოლექტივისტურ ორიენტაციას ებისდროინდელი დასავლური საზოგადოების გამოკვეთილ კოლექტივისტურ ორიენტაციას. ამ საზოგადოებაში ადამიანის ცხოვრება განიხილება ეთიკურ პლანში, მის დანიშნულებად მიჩნეულია ღვთის - ნორმის შემქმნელის წინაშე მოვალეობის შესრულება; ადამიანი მიისწრაფვის საზოგადოებაში არსებული ეტალონის შესატყვისობისკენ. ადამიანის შინაგანი ბუნება, ქცევის ნორმები და უფლებები კორპორაციულია; ადამიანის უფლება - კორპორაციის წევრის უფლებაა და არა ინდივიდისა; მისი ქცევა სოციალური ნორმატივიზმითაა განსაზღვრული, ხოლო ღირებულება - საზოგადოების საყრდენად მიჩნეულ რელიგიურ ფასეულობებთან მისი შესატყვისობით; სოციალური როლი ადამიანს კარნახობს ქცევის „სცენარს“, ამიტომ ინდივიდუალობა შერწყმულია სოციალურ როლთან (Гуревич А.я. 1984; გვ. 155 ).

ამრიგად, კოლექტივისტური ორიენტაციით არსებობა-ფუნქციონირების ტრადიცია დასავლური კულტურისთვისაც დამახასიათებელია; თანამედროვე პერიოდში ამის დასტურია ესპანეთი, ალბანეთი, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები.

დღეს კაცობრიობა იზიარებს კოლექტივიზმის ბევრ ასპექტს. დასავლეთშიც კი, სადაც ინდივიდუალიზმი ყველაზე მეტადაა გავრცელებული, ეთნიკური უმცირესობები და დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მქონე სოციალური ჯგუფები კვლავ კოლექტივიზმისკენაა მიდრეკილი.

ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის ცნებები ტრადიციულად შემდეგნაირად არის გაგებული:

1. კოლექტივიზმი, მოცემული მიდგომის ფარგლებში, ეთნიკური პრინციპია, რომელიც გამოხატავს საერთო ინტერესების პრიორიტეტს პიროვნულ ინტერესებთან მიმართებაში და უპირისპირდება ინდივიდუალიზმს (Социологический энциклопедический словарь; 1998; გვ. 128).

2. ინდივიდუალიზმი წარმოადგენს მსოფლმხედველობრივ პოზიციას, ქცევის პრინციპს, რომელიც ინდივიდს აბსოლუტური ღირებულების სახით განამტკიცებს; ხასიათდება ინდივიდუალური ინტერესების პრიმატით კოლექტივისტურთან მიმართებაში (იგივე; გვ.101).

თანამედროვე მეცნიერებაში ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის თემა კვლავ აქტუალური გახდა 70-იანი წლებიდან, როცა აშშ-ში გაჩაღდა მომძლავრებული ინდივიდუალიზმის კრიტიკა. მკვლევართა დიდი უმრავლესობა ემხრობოდა იმ აზრს, რომ დასავლურ და, კერძოდ, ამერიკულ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა Shelf-ისა და მისი შესაძლებლობების შესახებ გადაჭარბებულია; იგი ესმით, როგორც სიცოცხლის არსი და მიზნის საწყისი, ამიტომ მისგან ძალზე ბევრს მოელიან; ადამიანის ცხოვრება დამაკმაყოფილებლად მხოლოდ მაშინ მიიჩნევა, როცა ის ხელმძღვანელობს ამ წარმონაქმნის განმადიდებელი ღირებულებებით.

ეს კრიტიკა შემთხვევითი არ იყო, რადგან ადამიანის შესწავლით დაინტერესებული მეცნიერებები ავლენენ ადამიანური ორიენტირებულობის ნაირგვარ გამოვლინებას თავის თავთან და სხვასთან მიმართებაში.

თანამედროვე ეტაპზე ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის მკვლევართაგან ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანელი მეცნიერი Berry აღნიშნავს, რომ ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის გაგება ამ მიმართულებაში უახლოვდება gesellschaft-ისა და Gemeinschaft-ის ტიონისისეულ გაგებას (სიტყვასიტყვით - „საზოგადოება“). ტერმინით gesellschaft - ტიონისმა აღნიშნა ურთიერთობის ტიპი, რომელიც უფრო აშკარად ქალაქებში ვლინდება. ეს ურთიერთობები უსახო და ანგარიშიანია და ეყრდნობა ურთიერთობაში მონაწილე პიროვნებების მხოლოდ ცალკეულ ასპექტებს; ურთიერთობები ზედაპირულია, ურთიერთობათა მონაწილეებმა კი ხშირად ერთმანეთის არც ბედი იციან და არც სოციალური მდგომარეობა.

Gemeinschaft - ისეთი ურთიერთობების ტიპია, რომელიც ახასიათებს თემს, კერძოდ, ინდუსტრიამდელი ეპიქის სასოფლო თემს. ამ ურთიერთობებს ახასიათებთ მონაწილეთა სულიერი სიახლოვე და ურთიერთმიჯაჭვულობა, ურთიერთქმედების საერთო ჯაჭვისა და საკუთარი ადგილის ცხადი ცნობიერება და საკუთარი მდგომარეობის გარკვეულობის ღრმა შეგრძნება. ამ ტიპის ურთიერთობები ჰოლისტურია ანუ ორიენტირებულია სოციალურ სტრუქტურაზე იმ აზრით, რომ ადამიანური არსების ყველა მხარეს ეხება; დამახასიათებელია მონაწილეთა პოზიციების სიახლოვე და მათ შორის პირდაპირი ურთიერთობა.

თანამედროვე ეტაპზე ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი ყველაზე უფრო გავრცელებული განზომილებაა კულტურების საკვლევად (Triandis 1990,1995) ხოლო „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის“ ჩარჩოს, თავისი თეორიულ/ემპირიულ კონცეპტუალური აპარატით, მიიჩნევენ თანამედროვე სოციალურ მეცნიერებაში ერთ-ერთ წამყვან პარადიგმად. და ეს შემთხვევითი არაა. კულტურის კვლევასთან დაკავშირებული თანამედროვე პუბლიკაციების დიდი ნაწილი ამ პრობლემას ეძღვნება, ხოლო ბოლოდროინდელი გამოკვლევების 1/3, კულტურის ცნობილი მკვლევარების Hui-სა და Le-ს მონაცემებით, ეყრდნობა კონსტრუქციას - „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი“ და, ანალიტიკოსთა აზრით, საკვლევი კულტურული განსხვავებების ნაწილობრივ ახსნას მაინც იძლევა.

Berry-ს თქმით, შთამბეჭდავი წარმატებების მიუხედავად, რომელიც მოყვა კულტურათა შესწავლას ამ კონსტრუქტზე დაყრდნობით, მეცნიერულ მიზეზებს შესაძლოა არც კი გამოეწვია ასეთი აღმავლობა, რომ არა დროის სული და კულტურათა დიალოგის, მრავალრიცხოვან კულტურათა მსოფლიო საზოგადოებრიობაში ახლებური ინტეგრაციის და სხვა აქტუალური პრობლემები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობასთან. დღეს ამ კონსტრუქციის მიმართ გაძლიერებული ინტერესის მიზეზად მიიჩნევა მისი ამხსნელი შესაძლებლობები, მაგალითად, ეკონომიური განვითარების განსხვავებულობების ახსნა სხვადასხვა ტიპის საზოგადოებებში და ქცევათა პროგნოზირების შესაძლებლობა ფართო სპექტრში. იგი ავლენს არა მარტო კულტურათა შორის განსხვავებებს, არამედ კულტურათა შიგნით ვარიაციებს და შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებაში „ინდივიდი-ჯგუფი“ განსხვავებების ასახსნელადაც.

კოლექტივისტურ საზოგადოებებს მიაკუთვნებენ ტრადიციული პრეინდუსტრიული საზოგადოებების უმრავლესობას, აგრეთვე სამხრეთ ევროპისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს, აზიური და აფრიკული კულტურების უმრავლესობას.

ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის ცნობილ თანამედროვე მკვლევართა - J. Berry-ს, G. Hofstede-ს, H. Triandis-ის და სხვათა აზრით, კულტურის ორიენტაციაში სოციალურ ჯგუფზე ან პიროვნებაზე, აისახება კულტურათა შორის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი განსხვავებები.

ინდივიდუალიზმი - კონცეფცია, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს პირად მიზნებს ჯგუფის მიზნებთან შედარებით.

კოლექტივიზმი - კონცეფცია, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს ამა თუ იმ ჯგუფის (როგორც წესი, ოჯახის ან სამსახურეობრივის) მიზნებს პირად მიზნებთან შედარებით.

2 თავი 1. კულტურა - მეცნიერული კვლევის ობიექტი

▲ზევით დაბრუნება


2.1 § 1. საზოგადოება და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


არსებობს საზოგადოებისა და კულტურის უამრავი განმარტება.

„საზოგადოება (სოციეტი) - ეს არის კონკრეტულ სივრცეში არსებულ ყოველგვარ ურთიერთობათა სოციალური ჯამი. საზოგადოებას უწოდებენ სხვადასხვა დონის სოციალურ ერთობებს. ყველაზე ხშირად ეს ტერმინი გამოიყენება ეროვნულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რამდენადაც მიიჩნევა, რომ სწორედ სახელმწიფოს საზღვრებში ყალიბდება გამოცალკევებული და თვითმყოფადი საზოგადოება. სხვათა შორის, აზრიანია ისიც, რომ საზოგადოება ეწოდოს მთელ კაცობრიობას, როგორც პიროვნებათაშორისო ურთიერთობებს, მთლიანად“.

ამგვარად, საზოგადოების ცნება უშუალო კავშირშია კულტურისა და ეროვნულობის ცნებებთან. ინდივიდის თვისებები, გარკვეული აზრით, სოციალურ ინსტიტუტთა კულტურის შედეგიცაა. ინდივიდი საზოგადოებაში ფიქსირებული მოდელის შესატყვისად ვითარდება; მაგრამ არ არსებობს საზოგადოება მისი შემქმნელი ინდივიდების გარეშე, სწორედ მათი წყალობით არსებობს, ცოცხლობს და ინახავს საზოგადოება თავის კულტურას. მეტიც, ბიოლოგიურიც კი საზოგადოებაში სპეციფიურად ვლინდება და გაიგება; ეთნოლოგებმა დიდი ხანია თქვეს, რომ სხვადასხვა ხალხი ბიოლოგიურ აქტებსაც სხვადასხვაგვარად განახორციელებს, მაგალითად, ჟესტები, თავის დაჭერის მანერა, მოძრაობის სტილი, სქესობრივი აქტი, ავადმყოფობა, სიკვდილი და ა.შ. ყველა საზოგადოებაში თავისებურია.

ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის - ენტონი გიდენსის აღნიშვნით, კულტურის ცნება ისევე, როგორც საზოგადოების ცნება, ყველაზე ხშირად გამოყენებადია სოციოლოგიაში. კულტურა მოიცავს ღირებულებებს, ნორმებს და ამ კულტურის მატარებელთა მიერ წარმოებულ მატერიალურ სიკეთეებს. და მიეწერება საზოგადოების წევრთა მთელი ცხოვრების წესს. იგი მოიცავს ჩაცმის მანერას, საქორწინო რიტუალებსა და ოჯახურ ცხოვრებას, შრომით საქმიანობას, რელიგიურ ცერემონიებსა და თავისუფალი დროის გატარების თავისებურებებს, აგრეთვე ადამიანის ხელით შექმნილ და მათთვის ღირებულების მქონე საგნებს.

გიდენსი იმასაც მიუთითებს, რომ კულტურის ცნება შეიძლება გაიმიჯნოს საზოგადოების ცნებისგან, მაგრამ ამ ორ კონცეფციას შორის უმჭიდროესი კავშირია. „საზოგადოება“ გულისხმობს ურთიერთქმედების სისტემას, რომელიც აკავშირებს საერთო კულტურის მქონე ინდივიდებს - ვერც ერთი კულტურა ვერ იარსებებს საზოგადოების გარეშე, მაგრამ ვერც ერთი საზოგადოება ასევე ვერ იარსებებს კულტურის გარეშე (Гиденс Э. 1999; 43-44)

უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აღნიშნავენ კრიზისს სოციოლოგიაში, რასაც უკავშირებენ „საზოგადოების“ ცნების კრიზისსაც. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია ცნობილი თანამედროვე ფრანგი სოციოლოგის - ალენ ტურენის თვალსაზრისი.

იგი აღნიშნავს, რომ სოციოლოგია გაჩნდა, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების ანალიზის განსაკუთრებული ფორმა. კლასიკურმა სოციოლოგიამ საზოგადოებრივი სისტემა წარმოადგინა, როგორც მოძრაობა ტრადიციიდან თანამედროვეობისაკენ, რწმენებიდან - გონებისკენ, აღდგენიდან - წარმოებისკენ, ადამიანთა ერთობლიობებიდან - საზოგადოებისკენ. შედეგად საზოგადოება აშკარად გაიგივებული აღმოჩნდა თანამედროვეობასთან, ხოლო ისტორიის მოქმედ პირებს განიხილავდნენ ან პროგრესის აგენტებად, ან მის მოწინააღმდეგეებად. ტურენის თვალსაზრისით, კლასიკური სოციოლოგიის ხსენებისთანავე ირიბულად ვგულისხმობთ მასთან დისტანცირებულობას; ცნებებს - „საზოგადოება“ და „სოციალური სისტემა“ იგი „ძალზე ბუნდოვან სიტყვებს“ უწოდებს (Турен А. 1998 გვ. 6). კრიზისი ვლინდება სისტემის ანალიზსა და მის მოქმედ პირებს შორის შეუსატყვისობაშიც და ინსტიტუტისა და სოციალიზაციის ცნებების ურთიერთშემავსებლად გამოყენებაშიც. მისი აზრით, კლასიკური სოციოლოგიის კრიზისი ვლინდება მოქმედი სუბიექტის პროტესტში იმის წინააღმდეგ, რომ მას განიხილავენ საზოგადოებრივი სისტემის ნაწილად და მონაწილედ; ამიტომ მოქმედმა სუბიექტმა „საკუთარი თავის განხილვა დაიწყო თავის საკუთარ ისტორიასა და განსაკუთრებულ კულტურასთან, და არა თანამედროვეობასთან კავშირში“, ასე კი საზოგადოების მოქმედი პირი და თვით საზოგადოება აღმოჩნდა ერთმანეთთან დაპირისპირებული იმის ნაცვლად, რომ ურთიერთშესატყვისი ყოფილიყვნენ. ტურენი მიუთითებს, რომ 80-იანი წლებიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გაბატონებული წარმოდგენა უკვე აღარ არსებობს. ამიტომ ჩნდება საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ კლასიკური წარმოდგენის ახლით შეცვლის აუცილებლობა, რაც, პირველ რიგში, თავისი ისტორიისა და კულტურის მქონე აქტიური სუბიექტის გათვალისწინებით უნდა მოხდეს; ამისთვის კი აუცილებლად უნდა მივმართოთ ისტორიულობის ცნებას, რაც მას ესმის, როგორც საზოგადოების მიერ თავისი თავის კონსტრუირების უნარი კულტურულ მოდელებზე დაყრდნობით. ტურენი აღნიშნავს, რომ „ტრადიციულ საზოგადოებებში“, სადაც დომინირებს სოციალური და კულტურული კვლავწარმოების მექანიზმები, ისტორიულობისკენ მოწოდებას საომარი ხასიათი აქვს და ინდივიდს რთავს „პროგრესისტულ“ და განმათავისუფლებელ მოძრაობებში; თავის თავზე ზემოქმედების უნარის მქონე და მმართველი აპარატების შთანმთქმელი ძალაუფლების მორჩილ „თანამედროვე“ საზოგადოებაში კი ისტორიულობისადმი მოწოდება, პირიქით, აღარ ნიშნავს საზოგადოებრივ სისტემაში მონაწილეობას, არამედ - მისგან გათავისუფლებას და დისტანცირებულობას; უნდა „დაბრუნდეს სუბიექტი“, რადგან სწორედ სუბიექტია მოქმედი პირის სახელი, თუ იგი განიხილება ისტორიულობაში და საზოგადოებრივი ცხოვრების დიდი ნორმატული მიმართულების შექმნის ასპექტში (Турен А. 1998 5-11).

დღევანდელ ეტაპზე სოციალურ სფეროში ამ მიზეზების გამო ძალზე ხშირად ცნებები - „საზოგადოება“ და „კულტურა“ იგივეობრივად გამოიყენება.

ძნელი წარმოსადგენია ისეთი გავრცელებული და ხშირად გამოყენებადი ტერმინი, როგორიცაა „კულტურა“. სოციოლოგების გამოთვლით, მეცნიერების სხვადასხვა სფეროში კულტურის 250-მდე განსაზღვრება არსებობს.

ეთნოლოგიაში კულტურის ცნება მოიაზრებს მოცემული ეთნოსის შემქმნელ ადამიანთა ერთობლიობას. ასეთი გაგებით, კულტურა გულისხმობს საზოგადოებას მთლიანად და მათ შორის ეთნოსსაც. კულტურაში იგულისხმება ის სტრუქტურა, რომელიც ერთიანობაში კრავს მოცემულ საზოგადოებას და იცავს მას დაშლისგან. ასეთი თვალსაზრისით, კულტურა ადაპტიურ სისტემად განიხილება, ხოლო ეთნოსი წარმოგვიდგება, როგორც გარკვეული კულტურის მატარებელი საზოგადოება. ამ შემთხვევაში კულტურა გაიგება სპეციფიური (ეთნოლოგიური) აზრით, „როგორც ფუნქციონალურად გაპირობებული სტრუქტურა, რომელსაც გააჩნია აშკარად გამოხატული თვითშენარჩუნების მექანიზმები ცვალებად კულტურულ-პოლიტიკურ პირობებში, რაც ხელს უწყობს როგორც თავისი წევრების გარე-ბუნებრივ და კულტურულ-პოლიტიკურ გარემოცვასთან ადაპტაციას, ისე გარე რეალობის მიგუებას თავის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებთან“ (Лурье С. В. 1998 გვ. 42).

უნდა აღინიშნოს, რომ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ეთნიკური განსხვავებების საფუძვლად ყველაზე ხშირად სწორედ კულტურის ფაქტორს მიიჩნევენ.

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის თანამედროვე კონცეფცია ეყრდნობა ჰერსკოვიჩისა და რონერისეულ კულტურის გაგებას, ასევე - Tajfel-ის სოციალური იდენტურობის თეორიისა და სოციალური რეპრეზენტაციის თეორიის მნიშვნელოვან ასპექტებს.

ამერიკელი კულტურანთროპოლოგის - ჰერსკოვიჩის მიერ ჩამოყალიბებული და საკმაოდ ფართოდ გავრცელებული განმარტება კულტურისა, იმავდროულად ყველაზე მოკლე განმარტებადაც მიიჩნევა: „კულტურა - ესაა ადამიანის გარემოცვის ის ნაწილი, რომელიც ადამიანების მიერაა შექმნილი“ (Berry, Segall at all..1990); ამ განმარტების მიხედვით, კულტურა მოიცავს არა მარტო ადამიანის ხელით შექმნილ მატერიალურ ობიექტებს (სახლი, სატრანსპორტო საშუალებები), არამედ სოციალურ ინსტიტუტებსაც - ქორწინება, განათლება და სხვ. ანუ ადამიანური მოღვაწეობის სულიერ პროდუქტებსაც (ცხადია, რომ კულტურის დაყოფა სულიერ და მატერიალურ პროდუქტებად მეცნიერული აბსტრაქციაა მხოლოდ, რამდენადაც ყოველი მატერიალური საგანი შექმნამდე ჯერ „იდეად“ უნდა იქცეს ცნობიერებაში და მხოლოდ შემდეგ ეძლევა მას სხვა ადამიანებისთვის მისაწვდომი ფორმა).

„ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის“ მომხრეები ასევე მიმართავენ კულტურის ღოჰნერ-ისეულ გაგებასაც; ამ განმარტების თანახმად, „კულტურა არის აზროვნების კოლექტიური პროგრამირება, რომლის მიხედვითაც ერთი ჯგუფის წევრები მეორე ჯგუფის წევრებისგან განირჩევა“ (Hofstede, 1984); კულტურა გაიგება, როგორც სოციალური სისტემა; კულტურა იმ მნიშვნელობათა ორგანიზებული სისტემაა, რომელსაც ამ კულტურის წევრები მიაწერენ პიროვნებასა და ობიექტებს. Rohner-ის აზრით, უნდა დადგინდეს ისიც, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის საგანი ადამიანთა ჯგუფისთვის, აგრეთვე ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კულტურა და სოციალური სისტემა (ეს უკანასკნელი მან კულტურაში მოქმედ სუბიექტთა ტერმინებში განმარტა). ასე გაგებული კულტურა მისი წევრების ქცევათა და რწმენათა საფუძველია.

ამ ორი განმარტების მიუხედავადო, ამბობს ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი Berry - მაინც ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე - რა განსხვავებაა ორ ეროვნულ კულტურას შორის და როგორ უნდა იქნას ისინი ნაკვლევი?

ბრიტანელი მეცნიერის - Berry-ის თვალსაზრისით, იმის მტკიცება, რომ კულტურა საფუძვლად უდევს ქცევას, ტავტოლოგიაა, რადგან გამოდის, რომ რაღაცას თავადვე შეუძლია თავისი თავის ახსნა; მყარ საფუძველზე მაშინ დავდგებით, თუ დასაბუთდება, რომ ინდივიდუალიზმს ან რაიმე სხვა სპეციფიურ ღირებულებას შეუძლია სოციალური ქცევის ახსნა (Segale, Dasen,Berry and Portinga 1994).

კულტურული ჯგუფების შედარების ინტერესმა უამრავი თეორია წარმოშვა. სოციოკულტურული თეორიების კვლევის საგანი ყოველთვის იყო ის გავლენა, რომელსაც ეკოლოგიური და სოციოპოლიტიკური კონტექსტი ახდენს კულტურულ ადაპტაციაზე, რაც თავის მხრივ, ინდივიდუალურ ქცევასა და ხასიათზეც ზემოქმედებს. მაგრამ ქცევაზე იმავდროულად უშუალო გავლენას ახდენს ყოველდღიური გამოცდილებაც ცვალებად ეკოლოგიურ და კულტურულ კონტექსტში.

ცნობილი ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგები - როსი და ნისბეტი აღნიშნავენ, რომ კულტურა დაძაბული სისტემაა მისთვის დამახასიათებელი ძალთა რთული, საკმაოდ მყარი ბალანსით; მაგრამ ახალი სოციალური მოვლენების გაჩენისას, ან უკვე მოქმედი ძალების თავიდან არიდების შემთხვევაში იგი თვითვე შეიძლება მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებების გამტარად იქცეს; ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, რეგიონული და ეკონომიკური სუბკულტურებიც კი, გარკვეული აზრით, არა მხოლოდ ისტორიულად ჩამოყალიბებული სიტუაციის კვინტესენციაა, არამედ დღესაც კი ადამიანთა ქცევის უძლიერეს დეტერმინანტს წარმოადგენს. იმავდროულად, კულტურა იმ სუბიექტური ცოდნისა და ინტერპრეტაციის მნიშვნელოვანი წყაროა, რომელსაც ჩვენ ვანიჭებთ დაკვირვებად მოვლენებს.

ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ადამიანის ქცევაზე, კულტურის განვითარებაზე, შენარჩუნებასა და ცვლილებებზე, დღესაც აქტუალური კვლევის საგანია. კულტურის მკვლევარებს მრავალფეროვანი პრობლემატიკა აინტერესებთ: იდეები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა (ანუ კულტურის ტრანსლაციის პრობლემა); მათთან დაკავშირებული ღირებულებათა სისტემები, რომლებიც თავის მხრივ განსაზღვრავს ინდივიდისა თუ ჯგუფების ქცევას, აზროვნებისა და აღქმის წესს; სოციალიზაციის წესები სხვადასხვა კულტურაში, აგრეთვე კულტურის ელემენტების ცნობიერებაში ასახვის თავისებურებები; კულტურული უნივერსალიები და ის თვისებები, რომელიც ყველა ხალხს აქვს - რელიგიური წესები, ერთობლივი შრომა, ცეკვები, განათლება, მისალმება და ა.შ; კულტურის სპეციფიური ელემენტები, მათ შორის, ობიექტური პირობები: ბუნებრივი გარემო, გეოგრაფიული მდებარეობა (ლანდშაფტი, კლიმატი, ფლორა, ფაუნა), სამიწათმოქმედო რესურსები, სასარგებლო წიაღისეული და ა.შ.

ეროვნული ხასიათი და მეცნიერება

თავის დროზე ეროვნული კულტურების ფსიქოლოგიური ასპექტების სისტემატიზებური შესწავლა დაიწყო მარგარეტ მიდმა თავის თანამშრომლებთან ერთად. ანალიზისთვის იყენებდნენ თანამედროვე დოკუმენტებს, ლიტერატურას, ფილმებს, გაზეთებს, მოგზაურთა დაკვირვებებს. ასე ცდილობდნენ ეროვნული ხასიათის სესწავლას. ეძიებდნენ კულტურული პიროვნული ტიპის მოდელსაც; ეს თვალსაზრისი ძირითადად მიიჩნევდა, რომ ცნებები „საზოგადოება“ და „კულტურა“ სინონიმურია და მათ აერთებს პიროვნების ფსიქოლოგიური წყობა, რომელიც განსაზღვრავს ქცევასაც; ყოველ საზოგადოებაში არსებობს ერთი დომინირებული ტიპი, რომლის გამოვლენაც შეიძლება ფსიქოლოგიური და ფსიქოთერაპევტიული მეთოდიკებით, ესაა ბაზისური პიროვნების ტიპი ანუ საშუალო ტიპი ყოველი კულტურისთვის; ასეთი კულტურული ტიპის ცნება შეიცვალა „მოდალური პიროვნების“ სტატისტიკური ცნებით, რომელიც გულისხმობს კულტურაში ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულ (მოდურ) პიროვნების ტიპს; ეს „საშუალო“ ტიპი კი არ არის, არამედ ყველაზე ხშირად შემხვედრი თვისებები ერთი და იგივე საზოგადოების წარმომადგენლებში. სწორედ საზოგადოების და არა კულტურის, რადგან ამ მიმართულების წარმომადგენლებს მხოლოდ თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოებები აინტერესებდათ. ასეთ საზოგადოებებში ერთი მოდალური ტიპის არსებობა ვერ დაადასტურეს, ამიტომ შეეცადნენ მულტიმოდალური საზოგადოებების კონცეფციის შექმნას, რომლის მიხედვითაც ყველა ხალხი წარმოდგენილია არა ერთი მოდალური პიროვნების სახით, არამედ რამდენიმეთი და მათ შორის, გარდამავალი ტიპითაც. ჩვენ ვნახავთ, რომ ამგვარი მიდგომა, პიროვნების გარდამავალი კულტურული ტიპის არსებობის თაობაზე გაიზიარა „ინდივიდუალიზმი - კოლექტივიზმის“ თანამედროვე მკვლევართა იმ ნაწილმაც, რომლებიც უშუალოდ პიროვნულ-კულტურული მიდგომის ფარგლებში მუშაობენ. აქ კი დავძენთ, რომ მოდალური პიროვნების მიმართულების წარმომადგენელთა ძირითადი კვლევის მეთოდს წარმოადგენდა ფსიქოლოგიური ტესტები და მოპოვებული მასალის გულდასმითი სტატისტიკური ანალიზი (სწორედ ამიტომაა ეს ცნება სტატისტიკური).

ფაქტია, რომ ხალხები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ პრობლემას იმაში ხედავენ, არის თუ არა ეს განსხვავებები ეროვნული პოპულაციის, როგორც მთელის მახასიათებელი და განმასხვავებელი სხვა ხალხებისგან; რამდენად სპეციფიურია გამოყოფილი ნიშანი კონკრეტული კულტურული ერთობისთვის.

„ეროვნული ხასიათი“ დღემდე პოპულარულია მხატვრულ ლიტერატურაში, მეცნიერებაში კი იგი გარკვეულ მითოლოგემად რჩება იმის გამო, რომ ძნელად ემორჩილება ოპერაციონალიზაციას და მყარი დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფა ძალზე რთულია (Кон И. С. 1971; Гумилев Л.Н 1990).

რა მოსაზრებებით მიიჩნევენ მეცნიერები ეროვნული ხასიათის შესწავლას უპერსპექტივო საქმედ?

ამტკიცებენ, რომ სხვადასხვა საზოგადოებაში ადამიანები კი არა, ის გარემოებები განსხვავდება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ; ამიტომ საქმე უნდა გვქონდეს ან ისტორიული ფონის, ან ახლანდელი პორობების განსხვავებებთან; ეს განსხვავებები საკმარისია ქცევაში ყოველგვარი განსხვავების ასახსნელად ისე, რომ ინდივიდთა ხასიათში განსხვავებებს არ მივმართოთ. ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ თუ გარემოებათა განსხვავებებზე დაკვირვებაა შესაძლებელი, სწორედ ასეთ გზას უნდა მივმართოთ და არა ხასიათში რაღაც ჰიპოთეტურ სხვაობებს, რომლებსაც ვერ დავაკვირდებით;

ისიც კი, ვინც თანახმაა გაითვალისწინოს ხასიათი, ეჭვობს, რომ ერის შემადგენელი ადამიანების ერთობლიობაში რამე უნიფორმის ან რეგულარულობის დაჭერა შეიძლება.

ამის მიუხედავად, ემპირიული კვლევები სხვადასხვა დროს ავლენდა განსხვავებებს ეროვნულ ხასიათებს შორის. მაგალითად, კ. ლევინის ცნობილმა ექსპერიმენტებმა, რომლებმაც ამერიკელებსა და გერმანელებს შორის ხელმოცარულობაზე სხვადასხვა რეაქცია გამოავლინა, ფაქტიურად ხასიათში განსხვავებები აჩვენა - ამერიკელები ხელმოცარულობას გამოწვევად აღიქვამდნენ ძალისხმევის გასაძლიერებლად, ხოლო გერმანელები ხელმოცარულობას იმედგაცრუებით ხვდებოდნენ.

ჩვეულებრივ, ასეთ მონაცემთა თაობაზე აღნიშნავენ მათ ხელოვნურობას - ცდის პირობები საკვლევი ჯგუფებისთვის ერთნაირად მნიშვნელადი არაა, რამდენადაც არ ითვალისწინებს სხვა გარემოებებს ანუ ცხოვრების კონტექსტს.

მეოცე საუკუნის გამოჩენილი მეცნიერის, ფილოსოფოსის, ანთროპოლოგისა და ფსიქოლოგის Bateson-ის აზრით, გარემოებაზე და არა ხასიათზე აქცენტის გადატანით უგულებელყოფილი ხდება „დასწავლილი ხასიათის“ დამადასტურებელი რეალური ფაქტები.

ეროვნული ხასიათის მოწინააღმდეგენი მიუთითებენ შემდეგზე:

1. ადამიანური ერთობლიობის შიგნით არსებობს სუბკულტურული დიფერენციაცია: განსხვავებები სქესებს, კლასებს, სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულ ჯგუფებს შორის;

2. მრავალეროვან საზოგადოებებში კულტურული ნორმები უკიდურესად ჰეტეროგენული და აღრეულია;

3. არსებობს „შემთხვევითი დევიანტები“ ანუ ინდივიდები, რომლებიც რაღაც ტრამვის შემდეგ ტიპური აღარაა მათი სოციალური გარემოცვისთვის;

4. არსებობს კულტურული ცვლილებების შედეგთა უთანაბრობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს ჩამორჩება ცვლილების პროცესში;

5. ეროვნულობის საზღვრებს თავისუფალი (თვითნებური) ბუნება აქვს.

Bateson-ის აზრით, ორი განსხვავებული ჯგუფი საზოგადოებაში ისე არასოდეს ცხოვრობს, რომ მათ შორის განსხვავებათა რელევანტობა (შესატყვისობა) არ არსებობდეს, რადგან ადამიანური ერთობლიობა ორგანიზებული მთელია. მას მიაჩნია, რომ „ეროვნულ ხასიათთა თაიგული“ ძალზე მრავალფეროვანია კულტურების მიხედვით, მაგრამ იგი არც ისე რთულია, რომ საკვლევად მიუღწეველი იყოს. სოციალური მეცნიერებები იმიტომ ვერ აღწერდნენ განსხვავებას სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა ხასიათს შორის, რომ არა აქვთ მეთოდოლოგიური არსენალი (Бейтсон Гр 2000). Bateson - ეროვნული ხასიათის საკვლევად ვარგისად მიიჩნევს ბინარული და ტრიადული სისტემების გამოყენებას. იგი განიხილავს რამდენიმე მნიშვნელოვან ბინარულ ოპოზიციას და მათი ანალიზით უჩვენებს, რომ შესაძლებელია მათზე დაყრდნობით ეროვნულ ხასიათებს შორის განსხვავებებზე ლაპარაკი.

ბიპოლარულობა საერთოდაა დამახასიათებელი სამყაროს კლასიფიკაციისას ადამიანური ფსიქიკისთვის (Иванов В. Вс.; Леви-Строс К. 1985; 1994); Bateson-ის აზრით, ყოველი საზოგადოება შეიძლება შინაარსობრივად აღიწეროს ამგვარი ბინარული და მათი ალტერნატიული პატერნებით.

მაგალითად, არსებობს კომპლემენტარული პატერნები ათვალიერება/დემონსტრაცია, დომინირება / დაქვემდებარება, თავის არიდება/მიჯაჭვულობა. დასწავლის თეორიის პოზიციით, თუ ინდივიდს დასწავლილი აქვს რაიმე პატერნის ერთი ნაწილის გამოხატვა, შეიძლება ითქვას, რომ მის პიროვნებაში ცოცხლობს ამ პატერნის მეორე ნახევარიც. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ მან ისწავლა დომინირება/დაქვემდებარება და არა ან დომინირება, ან დაქვემდებარება; აქედან გამომდინარე, როცა საქმე საზოგადოების შიგნით სტაბილურ დიფერენციასთან გვაქვს, ამ საზოგადოების წევრებს თავისუფლად შეიძლება მივაწეროთ ერთნაირი (საერთო) ხასიათი იმ პირობით, რომ ამ ხასიათს ძალზე ფრთხილად აღვწერთ საზოგადოების დიფერენცირებულ ნაწილებს შორის მიმართებათა ლეიტმოტივების ტერმინებში. ხოლო ასეთი ლეიტმოტივები და პატერნები ყველა საზოგადოებას საკუთარი აქვს. თვით ცვლილებაზე ორიენტირებული ახალი პატერნებიც კი ძველზე რეაქციაა და სისტემატურად შეთანადებული იქნება მასთან.

შესაბამისად, Bateson-ი ხასიათს ბიპოლარული ტერმინოლოგიით აღწერს. ამიტომ, ვთქვათ, გერმანელების აღსაწერად კი არ უნდა გამოვიყენოთ ფრაზა „გერმანელები მორჩილი ხალხია“, არამედ ოპოზიცია - დომინირება/დაქვემდებარება, მაგრამ ხასიათის აღსაწერად არ უნდა ვეძიოთ ადგილი კონტინუუმში „დომინირება/დაქვემდებარება“; მის ნაცვლად უნდა გამოვიყენოთ გამოთქმა „დომინირება/დაქვემდებარებაზე ინტერესის ან ორიენტაციის ხარისხი“.

Bateson-ის აზრით, ასეთი მიდგომით მშვენივრად შეიძლება დასავლეთ ევროპის ხალხების ხასიათის შესწავლა, რადგან დასავლურ კულტურებში ალტერნატიული ბიპოლარულობა (მაგალითად, რესპუბლიკელები/დემოკრატები, მემარჯვენეები/მემარცხენეები, ქალი/კაცი, ღმერთი/ეშმაკი და ა.შ.) იმდენად ტიპურია, რომ ხშირად ბიპოლარულობას ისეთ ფენომენებსაც კი მიაწერენ, რომელთაც დუალური ბუნება არა აქვთ: ახალგაზრდები მოხუცების, შრომა - კაპიტალის, გონი - მატერიის წინააღმდეგ.

რაც შეეხება „ტრიადულ“ სისტემებს, Bateson-ის აზრით, ჩვეულებრივ, ამგვარ სისტემებთან სამუშაოდ ორგანიზაციული ინსტრუმენტი არა აქვთ (მაგალითად, მესამე პარტიის გაჩენა ყოველთვის „ჩვენი“ პოლიტიკისთვის საფრთხედ განიხილება). იმავდროულად, ტრიადული სისტემების გამოყენება აღნიშნული მიზნით მას ძალზე ეფექტურად მიაჩნია ზოგიერთი კულტურის, მაგალითად, ბრიტანულის, შესასწავლად.

Bateson-ი ხასიათის შესწავლის შესაძლებლობას ინგლისურ კულტურაში უჩვენებს დიადური და ტრიადული სისტემების ფუნქციონირების მაგალითზე. მისი აზრით, ინგლისურ საზოგადოებაში არსებობს „ტრიადული“ სისტემის ფორმირების საინტერესო ტენდენცია, მაგალითად, „მშობლები-ძიძა-ბავშვი“, „მეფე-მინისტრები-ხალხი“ და ა.შ. შუალედურ წევრს გარკვეული ფუნქცია აქვს, კერძოდ, მესამე წევრის დისციპლინირება და ინსტრუქტირება ტრიადის პირველ წევრთან და ქცევის ფორმებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მეცნიერს უეჭვოდ მიაჩნია, რომ ინგლისური ხასიათის შესასწავლად ბინარულ პატერნებთან ერთად ტრიადულიც უნდა იქნას გამოყენებული.

ბიპოლარულის ალტერნატივაა, შესაბამისად, სიმეტრიული ლეიტმოტივებიც, რომლებიც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას. ეს ისეთი პატერნებია, როცა ხალხი იმას აკეთებს, რასაც მას უკეთებენ ანუ იგივეთი პასუხობენ.

Bateson-ს მიაჩნია, რომ პატერნების ყველა სახე შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო პიროვნებებს შორის, არამედ ჯგუფთაშორისი განსხვავებებისა და ურთიერთობების შესასწავლადაც; მისი აზრით, ასეთი პატერნები საერთოდ ხასიათის, და მათ შორის, ეროვნული ხასიათის გასაღებიცაა.განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მას კომპლემენტარული პატერნები მიაჩნია, რადგან ისინი, მისი აზრით, საერთოდაა დამახასიათებელი მთელი კაცობრიობისთვის.

აღნიშნული პატერნები, Bateson-ის აზრით, ეროვნებათაშორისი კონფლიქტების მოგვარებისთვისაც სასარგებლო ინფორმაციას მოგვცემს. ერთდროულად ორი დაპირისპირებული პატერნის გამოყენების შემთხვევაში ხშირად, სუბიექტიც და ჯგუფიც შინაგანი კონფლიქტის რისკის წინაშე დგება. შესაბამისად, ყველას - სუბიექტსაც და ჯგუფსაც, ამ წინააღმდეგობის დაძლევის მექანიზმებიც გამომუშავებული უნდა ჰქონდეს.

სოციალური ქცევის ნებისმიერი რეგულატორის შემთხვევაში, აშკარა კულტურული განსხვავებების მიუხედავად, მათი ბინარულ ოპოზიციათა ურთიერთგამომრიცხავ პოლუსებად განხილვა უმართებულოა - ეს შესაძლებელია მხოლოდ მეცნიერული აბსტრაქციის დონეზე, რადგან რეალურად საქმე გვაქვს მხოლოდ კულტურის რაიმე ორიენტაციასთან, თუნდაც იგი გაბატონებული ტენდენცია იყოს. სინამდვილეში კულტურაში ერთდროულად შეიძლება თანაარსებობდეს მრავალგვარი ტენდენცია.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი პერიოდის კონცეფციებში კულტურა სულ უფრო მეტად ესმით, როგორც პროცესი და არა კულტურულ მოდელთა სისტემა.

2.2 § 2. კულტურის შესწავლა და ინტეგრალური მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


კულტურული ერთობა დიდი სოციალური ჯგუფია, ტრადიციულად კი ასეთი ჯგუფები მრავალი სამეცნიერო დისციპლინის - ეთნოლოგიის, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის საგანია. კულტურის შესწავლისთვის უამრავი მეცნიერი აღნიშნავს სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს ურთიერთშეჭრის აუცილებლობას.

ინტეგრალური მიდგომით კულტურათა კვლევის პრობლემა არახალია. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში მ. მიდმა და რ. ბენედიქტმა, დიდმა ეთნოგრაფებმა და ანთროპოლოგებმა, რეალურად დაიწყეს კულტურათა შესწავლა მონათესავე სამეცნიერო სფეროთა მეთოდებისა და კონცეფციების ჩართვით თავიანთ კვლევებში. სწორედ მათ აჩვენეს ინტეგრალური მიდგომის აუცილებლობა კულტურანთროპოლოგიური პრობლემების შესწავლაში.

საუკუნის დასაწყისში, 30-იანი წლებიდან, ანთროპოლოგებს ბეჭდავდნენ სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ჟურნალებში. ძირითადად აანალიზებდნენ ტომებზე დაკვირვებით მოპოვებულ მასალას; მრავალგვარი მეთოდის გამოყენებით სწავლობდნენ კულტურაში ცხოვრების ფუნდამენტურ რეალობასთან ადაპტაციის ფორმებსა და ფუნქციონირების თავისებურებებს - კონკრეტულ კულტურებს და ადამიანთა მოღვაწეობის ყველა ფორმას, დაწყებული ჩვილობის პერიოდით, დამთავრებული სოციალური ინსტიტუტების თავისებურებებით; სწავლობდნენ სხვადასხვა ხალხებისთვის დამახასიათებელ ქცევით სტრუქტურებს, აღზრდის სისტემებს სხვადასხვა კულტურაში, ხალხების კულტურულ თვისებათა კომპლექსებს, ხალხთა ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ეთნოსების ღირებულებით სისტემებს და ა.შ. ამგვარი სიფართოვის გამო, ბუნებრივია, ეხებოდნენ მრავალფეროვან პრობლემატიკას როგორც თეორიული, ისე ემპირიული კვლევის პლანში.

კულტურით დაინტერესებულ სამეცნიერო სფეროებს ერთი თვალშისაცემი თავისებურება აქვს: ძალზე რთულია იმ პრობლემათა შემოფარგვლა, რომელიც ამ ჩამოთვლილთაგან კონკრეტული დისციპლინის სფეროდ შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა კი ყველა მათგანი შემოხაზავს თავისი კვლევის არეალს. მაგალითად, ანთროპოლოგიასა და ეთნოლოგიაში შეიჭრა ფსიქოანალიზი; ეს სფეროები ფართოდ იყენებდნენ ფროიდის თეზისს, რომ ადამიანის პიროვნების ფორმირება ხდება ადრეულ ბავშვობაში, როცა სოციალური გარემოცვა ახშობს სოციალურად არასასურველ ლტოლვებს, პირველ რიგში კი სექსუალურს; ადამიანის ფსიქიკა ტრამვირდება, რაც შემდგომში სხვადასხვა ფორმით (ხასიათის თვისებების ცვლილება, ფსიქიკური დაავადებები, აკვიატებული სიზმრები, მხატვრული შემოქმედების თავისებურებები და ა.შ.) მთელი ცხოვრების მანძილზე იჩენს თავს; საზოგადოებრივი ინსტიტუტები შეიძლება განხილულ იქნას, როგორც კომპენსატორული მექანიზმები, ხოლო მათი მოწყობა გააანალიზდეს იმ მატრამვირებელ გამოცდილებასთან კავშირში, რომელიც საზოგადოების წევრებმა ცხოვრების ადრეულ პერიოდში განიცადეს. შესაბამისად, ემპირიულ კვლევაში ჩაერთო ფსიქოანალიტური მეთოდები: ჩართული ხანგრძლივი დაკვირვება, ჩაღრმავებული ინტერვიუ, სიზმრების ანალიზი, ბიოგრაფიების ჩაწერა და მათი ანალიზი, პროექციული მეთოდები (მაგალითად, რორშახის ტესტი) და ა.შ.; ქროსს-კულტურულ კვლევებში ასევე მნიშვნელოვანი შესწავლის ობიექტია დიურკჰაიმისეული კოლექტიური წარმოდგენები, რასაც გვერდს ვერ უვლის კულტურით დაინტერესებული ვერც ერთი სამეცნიერო დისციპლინა (ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, ეთნოსოციოლოგია და ა.შ). ასეთი ინტერესი ამ ცნების მიმართ გასაკვირი არცაა, თუ გავითვალისწინებთ თვით დიურკჰაიმის პოზიციას, როცა წერდა: „კოლექტიური ფსიქოლოგია - მთელი სოციოლოგიაა“ და რატომ არ შეიძლება ამ მეორე ტერმინის გამოყენებაცო (ციტირებულია Шихирев П.-ის მიხედვით, გვ.194).

ჩინური წარმოშობის ამერიკელი მკვლევარი Hsu-, რომელმაც შემოიტანა სახელწოდება „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“ (1961), მიიჩნევს, რომ ამ სფეროსთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიის, ისე ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მონაცემები; ამა თუ იმ კულტურის წარმომადგენელთა უმრავლესობის სოციალური წარმოდგენები ერთმანეთს ემთხვევა; ისინი ცნობიერშიცაა და არაცნობიერშიც და წარმართავენ ადამიანის ქცევას; სწორედ ისინია „პირველადი და ყველაზე უფრო ფუნდამენტური მასალა“ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიისთვის იმის მიუხედავად, ვინ არის ამ წარმოდგენათა მატარებელი - ინდივიდი თუ ჯგუფი (ოჯახი, ტომი) და იმის მიუხედავად, როგორაა კლასიფიცირებული კულტურა, რომელსაც ის ეკუთვნის - პრიმიტიული, უდამწერლობო, ცივილიზებული თუ სხვ.

მეოცე საუკუნის გამოჩენილი ბრიტანელი მეცნიერი tajfel-ი აღნიშნავდა, რომ სოციოლოგიასა და სოციალურ ფსიქოლოგიაში, მაგალითად, ჯგუფებისა და ინდივიდების შესწავლაში განსხვავებები მეცნიერული აბსტრაქციის დონეზე რჩება მხოლოდ: სოციოლოგი სოციალურ ჯგუფს შეისწავლის ძირითადი სოციალური ერთეულის სახით და ისწრაფვის მოცემული ჯგუფის ტიპური წარმომადგენლის გამოვლენისკენ; მისთვის ინდივიდი - ეს არის სოციალური ჯგუფისთვის ტიპური რეაქციების მქონე ტიპი, მაგრამ რეალურად, სინამდვილეში, „სოციალური სიტუაციების ობიექტური ასპექტები ფსიქოლოგიურ ვაკუუმში არ ფუნქციონირებს ზუსტად ისევე, როგორც ზოგადი ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი - სოციალურ სიცარიელეში”.

რუსი მეცნიერი ი. კონი აღნიშნავს, რომ თუმცა კი ადამიანის შესახებ კვლევათა წყაროც და საგანიც განსხვავებულია, ეს გამოკვლევები ერთმანეთს ავსებენ და გულისხმობენ კიდეც: „როცა „მე“-ს განვითარების სტადიებს აღწერს, ფსიქოლოგია ძალაუნებურად მაინც პიროვნების რომელიმე კულტურულ მოდელს ეყრდნობა, ხოლო კულტუროლოგიას კი არ შეუძლია გვერდი აუაროს გარკვეულ ფსიქოლოგიურ პოსტულატებს“ (Кон И.С. 1999; 233).

ანალიზის ობიექტად კულტურული ინდივიდი და კულტურული სოციალური ჯგუფები, მათი ურთიერთმიმართებები, ურთიერთობის ფორმები, ჯგუფური ნორმები, სოციალიზაციის კულტურული თავისებურებები, ღირებულებები და სხვა ბევრი საკითხი თავის საკვლევ ობიექტად მიაჩნია კულტურულ და ფსიქოლოგიურ ანთროპოლოგიასაც, კულტურის სოციოლოგიასაც, ეთნოლოგიასაც, ეთნოფსიქოლოგიასაც. თითოეულ მათგანთან მიმართებაში შეიძლება თავისუფლად გაიმეორო სიტყვები, რომლებიც თავის დროზე რუსმა მეცნიერმა - გ. შპეტმა თქვა ეთნოფსიქოლოგიის შესახებ: ამ მეცნიერებას აურაცხელი მასალა აქვს, მაგრამ თავისი ამოცანების განსაზღვრისას და საკვლევი საგნის დადგენაში დიდი ბუნდოვანებით გამოირჩევაო.

მკვლევარები ერთხმად მიუთითებენ კულტურათა კვლევაში ინტეგრალური მიდგომის აუცილებლობაზე. ასეთი მიდგომის აუცილებლობა გაპირობებულია იმ ფაქტითაც, რომ კულტურის მახასიათებლებს უკავშირებენ არა მხოლოდ სოციალურ-კულტურული ჯგუფების ფუნქციონირების თავისებურებებს, არამედ ეკოლოგიურ-გეოგრაფიული და კულტურული კონტექსტის მრავალგვარ ასპექტს - კლიმატს, ნათესაობის ღირებულებით პრიორიტეტებს, მიზნის მისაღწევ საშუალებებს, გაძლიერების და წინსვლის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ სოციოეკონომიკურ რეალობას, სამუშაოს, თავისუფალ დროს, საერთოდ, დროის კონცეფციებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თემობრივი და აგრარულ-გლეხური საზოგადოებების სწრაფი ტრანსფორმაცია ასტიმულირებდა კულტურული მახასიათებლების შესწავლას, მაგრამ ძირითადად მოდერნიზაციისა და განვითარების კუთხით. კულტურასა და კულტურით გაპირობებულობასთან დაკავშირებული პრობლემების შესწავლამ იმავდროულად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულებაც შეიძინა კულტურათა დაახლოების, მათი დიალოგის სახით.

კულტურათა შესწავლის გზაზე ძალზე მნიშვნელოვანი იყო სხვა მომიჯნავე სფეროების - კულტურული ეკოლოგიის (რომელიც შეისწავლის ეთნოსთა ადაპტიურ თვისებებსა და კულტურული ცვლილების პროცესებს), კულტუროლოგიისა და ტრადიციოლოგიის, სოციოლოგიის, კონფლიქტოლოგიისა და მოდერნიზაციის თეორიის მიღწევები.

თანამედროვე ეტაპზე სოციალური მეცნიერებათა სწრაფვა სხვა სფეროებთან ინტეგრაციისკენ აშკარად გამოკვეთილი ტენდენციაა, რაც გარკვეული აზრით, სოციალურ მეცნიერებათა სფეროში ერთგვარ კრიზისთანაცაა დაკავშირებული. ამის დასტურია დიდი ფრანგი სოციოლოგის - ალენ ტურენის მოწოდება მოქმედი ადამიანის დაბრუნებისკენ, ან თუნდაც ეთნოლოგიაში თანამედროვე კრიზისის ფონზე ბოლო პერიოდში გახშირებული მოწოდებები ფსიქოლოგიზმისკენ (ლურიე). რუსი მეცნიერის, შიხირიოვის აღნიშვნით, ბოლო ათწლეულებში ასე აშკარა „სოციოლოგიზაციის“ პროცესი სოციალურ ფსიქოლოგიაშიც და ზოგად ფსიქოლოგიაშიც შეიძლება შემხვედრ, გამაწონასწორებელ ტენდენციად მივიჩნიოთ; მისი აზრით, ამგვარი „ურთიერთშეჭრის“ პროცესები სოციალური მეცნიერების სხვადასხვა სფეროში იმდენად თეორიათა განვითარებით არ სტიმულირდება, რამდენადაც პრაქტიკის ობიექტური მოთხოვნებით, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში ადამიანური, სუბიექტური ფაქტორის გათვალისწინების მზარდი აუცილებლობით (იქვე, 206); ხოლო ცნობილი ფრანგი სოციოლოგი - ანრი მენდრა აღნიშნავს, თანამედროვე ეტაპზე მეცნიერების, და განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებათა სწრაფვა მომიჯნავე სფეროთა მონაცემებით გამდიდრებისკენ საკვლევი საგნის მრავალგვარი მხრიდან გააანალიზების საშუალების საუკეთესო პირობააო.

„ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი“, თანამედროვე ეტაპზე კულტურათა კვლევაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიდგომა, ასეთი ინტეგრალურობისკენ სწრაფვის ცოცხალი ნიმუშია. იმის მიუხედავად, რომ მის შესასწავლ ობიექტად მყარად და უცვლელად რჩება ადამიანური აქტივობის ყველა გამოვლინების კულტურული გაპირობებულობა, მისი ინტერესები სცილდება ერთი რომელიმე კონკრეტული დისციპლინის სფეროს.

ნათქვამის საილუსტრაციოდ ნაკვლევ პრობლემათა ჩამოთვლაც იკმარებდა: ღირებულებითი ორიენტაციები და კულტურის ტიპი, კლიმატი-ტემპერატურა და ტერორიზმის ტენდენცია კულტურაში, კულტურული კონტექსტი და ორგანიზაციული მართვის ტიპი, კულტურული ნორმები და საკუთარი თავის აღწერა, კონტექსტი და კომუნიკაციის თავისებურებები, განათლების ორიენტაციები და კულტურის ტიპი და ა.შ.

ცნობილი ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგები როსი და ნისბეტი აღნიშნავენ, რომ მთლიანად ამ პრობლემატიკის მოცვა შეუძლებელია, თუმცა კვლევა - ძიება კვლავ გრძელდება და მიმართავს არა მხოლოდ ლაბორატორიულ, არამედ ბუნებრივ ექსპერიმენტებსაც.

ცხადია, აღწერილი ვითარება კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოვებს ინტეგრალური მიდგომის აქტუალობას და გასაგებს ხდის ამ დიდი სოციალური მკვლევარების დამოკიდებულებასაც: „ამჟამად ფორმირებადი დისციპლინები - „კულტურის ფსიქოლოგია“ და „კოგნიტური ანთროპოლოგია“, რომლებიც ანთროპოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის გადაკვეთაზეა, ძალზე მომგებიან მდგომარეობაში არიან საიმისოდ, რომ იმ დისციპლინათშორისო სულისკვეთებით ისარგებლონ, რომლებიც კვლავ მკვდრეთით აღსდგა სოციალურ მეცნიერებებში“ (Л. Росс, Р. Нисбет. გვ. 323).

2.3 § 3. პარადიგმა, ჰოლიზმი და სისტემური მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


ტერმინს „პარადიგმა“ (ბერძნ. paradeigma - ნიმუში). რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი მნიშვნელობის მიხედვით, პარადიგმა გულისხმობს ცოდნის რომელიმე დამოუკიდებელ სფეროში ან თეორიული მიდგომის ფარგლებში ძირითადი ცნებების, დაშვებების, ვარაუდების, პროცედურებისა და პრობლემების კომპაქტურ სტრუქტურას, მათ მოკლე აღწერას (Социологический энциклопедический словарь 1998 გვ. 232)

ამ განმარტებაზე დაყრდნობით ჩვენ ვეცდებით შემოვხაზოთ ძირითად პრობლემათა, კვლევათა, გამოყენებად მეთოდთა წრე, რომელიც აქტუალურია ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის თანამედროვე ეტაპზე ძალზე სწრაფად განვითარებად მიმართულებაში.

რომელიმე პარადიგმის ანალიზისას თანამედროვე მეცნიერებაში დიდი ყურადღება ექცევა მის საფუძვლად მდებარე თეორიული წყაროების ანალიზს ანუ ძირითად მეთოდოლოგიურ იდეებსა და პოსტულატებს. მათში გულისხმობენ შემდეგს:

1. მეთოდოლოგიური ჰოლიზმის პრინციპი;

2. სისტემურობის პრინციპი,

3. სოციალური პროცესის, ერთის მხრივ, ტრანსცენდენტური (სულიერი) დონე, და მეორეს მხრივ, სიღრმისეული (ემოციური, ირაციონალურობის) დონე;

4. შეხედულებები ურთიერთობებისა და სოციალური გაცვლის საშუალებების შესახებ;

5. თვით მკვლევარის, როგორც შემეცნების ინსტრუმენტის, განსაკუთრებული როლი ორივე დონეზე (Шихирев П., 2000; გვ. 193).

ჰოლიზმის (ინგლ. whole - მთელი) ონტოლოგიური საფუძველი შემდეგია:

1. საზოგადოება თავისი წევრების მიმართ ტრანსცენდენტური წარმონაქმნია;

2. საზოგადოება ფლობს სისტემურ თვისებებს ანუ მთელის თვისებებს, რომელიც არ დაიყვანება ინდივიდების თვისებებზე;

3. საზოგადოება უფრო ძლიერად ზემოქმედებს ინდივიდზე, ვიდრე იგი მასზე; ორ საზოგადოებას შორის ურთიერთობა - ესაა ურთიერთობა ერთი მთელისა მეორესთან; ნებისმიერ სოციალურ ცვლილებას ზეინდივიდუალური ხასიათი აქვს, თუმცა კი აისახება საზოგადოების ცალკეულ წევრებზე.

ამ ონტოლოგიიდან გამომდინარეობს შემდეგი მეთოდოლოგიური პრინციპები:

1. საზოგადოება შესწავლილი უნდა იქნას მისი ზოგადი თვისებების და ცვალებადობების შესწავლით;

2. სოციალური მოვლენების ახსნა შეიძლება მხოლოდ მისი ზეინდივიდუალური წარმონაქმნების, მაგალითად, სახელმწიფოს გააანალიზებით, ხოლო ინდივიდუალური ქცევის გაგება შესაძლებელია იქვე, იმავდროულად ინდივიდის ტენდენციებისა და მასზე საზოგადოების ზემოქმედების გათვალისწინებით;

3. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერებების შესახებ ჰიპოთეზები მოწმდება ისტორიული და სოციოლოგიური მონაცემების საფუძველზე.

ჰოლიზმი ჩამოყალიბდა ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის ძლიერი ზეგავლენით ამ ჰოლისტური პოსტულატების კონკრეტულ ნიმუშად მიიჩნევენ დიურკჰაიმის კოლექტიური წარმოდგენების კონცეფციას, თუმცა იგი ასევე წარმოდგენილია სხვა სფეროებშიც: ეთნოფსიქოლოგიაში - ვუნდტის, ენათმეცნიერებაში - ლაზარუსისა და შტეინტალის, კულტურანთროპოლოგიაში - მალინოვსკისა და რადკლიფ-ბრაუნის შრომებში.

ამ ტრადიციებიდან გამომდინარე, სრულიადაც არაა გასაკვირი ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის პარადიგმის ჰოლისტური ორიენტაცია, რომელიც ინდივიდს ყველა თავის გამოვლინებაში კულტურის პროდუქტად მიიჩნევს.

ჰოლიზმის თვალსაზრისით, სოციალური ქმედების სუბიექტი რაიმე ერთობაა - სახელმწიფო, ჯგუფი, შესაბამისად, მისი რეგულატორის ფუნქცია მიეწერება ცნობიერების საზოგადოებრივ ფორმებს, დიურკჰაიმის მიხედვით, აზროვნების წესს, ადათებს, ნორმებს, ენას, რომელსაც ის კოლექტიური ცნობიერების ფაქტებს ანუ კოლექტიურ წარმოდგენებს უწოდებდა. ინდივიდისთვის მას ძალადობრივი და აუცილებელი ფორმა აქვს, რამდენადაც ადამიანს ისინი დაბადებიდანვე მზამზარეული ხვდება.

ჰოლისტური მიდგომისთვის სოციალურ ურთიერთობათა რეგულატორი ზეინდივიდუალური, კულტურული წარმონაქმნებია, ხოლო სოციალურის მოუცილებელი ატრიბუტია მისი ფიქსირებულობა სიმბოლურ, ნიშნურ ფორმებში.

დღეს სოციალურ მეცნიერებებში ფართოდ გავრცელებული აზრით, ყველაზე მისაღები გზაა სისტემური მიდგომა.

უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „სისტემური ანალიზი“ ნახევარი საუკუნის წინ გაჩნდა და თავისი თანამედროვე ფორმით იგი მეცნიერებაში მოვიდა ხელოვნური, ძირითადად სამხედრო მართვის სისტემებიდან. მაგრამ მეცნიერების ისტორიკოსთა აზრით, მისი საბაზისო იდეები ცოცხალი სისტემის მკვლევართა მიერ იქნა გამოთქმული: დარვინის მიერ ბიოლოგიაში და მარქსის მიერ - სოციოლოგიაში, თუმცა ისინი სხვა ტერმინებით ცდილობდნენ ამ სისტემათა თვითრეგულაციის პროცესების ახსნას და გამოდიოდნენ მათი შინაგანი კანონზომიერებებიდან, სტრუქტურიდან, ფუნქციური კავშირებიდან და სხვ.

სისტემური ანალიზი ეყრდნობა შემდეგ პოსტულატებს:

1. საზოგადოება არც ინდივიდთა უბრალო ერთობლიობაა და არც ზეინდივიდუალური არსი; საზოგადოება ურთიერთდაკავშირებულ ინდივიდთა სისტემაა;

2. როგორც სისტემას, საზოგადოებას გააჩნია სისტემური თვისებები; მათ შორის ზოგიერთი ინდივიდთა ქმედების შედეგია და მათზე დაიყვანება; სხვა თვისებები თვით სისტემის ფუნქციონირებითაა გაპირობებული, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ იწყება ინდივიდებსა და მათ ურთიერთობებში, ინდივიდებზე მაინც არ დაიყვანება;

3. საზოგადოებას არ შეუძლია მის წევრებზე უშუალოდ ზემოქმედება - ამას სოციალური ჯგუფის წევრები აკეთებენ; თითოეული ინდივიდის ქცევა გაპირობებულია არა მხოლოდ მისი მემკვიდრულობით, აგრეთვე მისი როლით საზოგადოებაში; ორ საზოგადოებას შორის ურთიერთქმედება ხორციელდება ორი ინდივიდის ურთიერთქმედების გავლით, რომელთაგან თითოეულს თავისი ადგილი გააჩნია საზოგადოებაში.

სისტემური მიდგომის მეთოდოლოგია შემდეგია:

1. საზოგადოების შესწავლა შეიძლება იმით, რომ შესწავლილ იქნას ინდივიდის სოციალურად მნიშვნელადი მახასიათებლები, აგრეთვე საზოგადოების თვისებები და ცვლილებები მთლიანობაში;

2. სოციალური ფაქტები უნდა აიხსნას ინდივიდუალური და ჯგუფური ქცევის, აგრეთვე ინდივიდისა და ჯგუფის ურთიერთქმედების ტერმინებში; ინდივიდუალური ქცევა უნდა აიხსნას ადამიანის, როგორც საზოგადოების წევრის ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური მახასიათებლებით;

3. საზოგადოების ფუნქციონირებისა და განვითარების კანონზომიერებების შესახებ ჰიპოთეზები უნდა ეფუძნებოდეს სოციოლოგიურ და ისტორიულ მონაცემებს, რომლებიც შეიცავენ მონაცემებს ინდივიდებსა და ჯგუფებზე, რადგან მხოლოდ ეს უკანასკნელია მისაწვდომი დაკვირვებისთვის (Шихирев П. 2000 გვ. 193-196).

ალენ ტურენი მიუთითებს, რომ „ადამიანური სისტემების თვისებას წარმოადგენს მათი გახსნილობა, საკუთარი მიზნების წინ წამოწევა და ცვლილება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუახლოვდებით მოქმედების სოციოლოგიას“ ((Турен А. 1998 გვ. 8).

ზოგიერთი მეცნიერის თვალსაზრისით, ჰოლისტური პერსპექტივა უფრო მიესადაგება საზოგადოებებს, რომელთაც მთლიანობითი სტრუქტურა აქვთ (Мендра А. 2000 გვ. 159)

2.4 § 4. იდენტურობის ცნება და კულტურა

▲ზევით დაბრუნება


„იდენტურობის“ ცნება გამოიყენება ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში, ეთნოლოგიაში, კულტურულ და სოციალურ ანთროპოლოგიაში.

ეს ცნება მეცნიერებაში ფროიდმა შემოიტანა, ხოლო ე. ერიქსონმა იგი განსხვავებული შინაარსით გაამდიდრა და განსაკუთრებული ფუნქცია მიაკუთვნა. ეს ცნება აღწერს ადამიანურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, და ცხადია, რომ იგი ძალზე „მშრომელი და აქტიური“ ცნებაა ყველა სამეცნიერო სფეროსთვის, რომელიც ადამიანთანაა დაკავშირებული. ყველაზე ფართო გაგებით იდენტურობის ცნება ასახავს „ობიექტის (სუბიექტის) ობიექტზე (სუბიექტზე) მიკუთვნებულობას, როგორც ნაწილისა და მთელისა, განსაკუთრებულისა და საყოველთაოსი. ამ ცნების ძირითადი ნიშანი და საფუძველია იგივეობა საკუთარ თავთან“ (Этнология М. 2000, გვ. 154).

იდენტურობა მჭიდროდ უკავშირდება self-კონცეფციას.

self-ის ცნება მეცნიერებაში შემოიტანა კ.გ. იუნგმა. მისი თვალსაზრისით, ინდივიდში არსებობს რაღაც შიდაპიროვნული ბირთვი - „თვითობა, თავისთავადობა“, რომელიც ყველა მნიშვნელად ინფორმაციას არჩევს და ამთლიანებს (აინტეგრირებს), აგრეთვე იცილებს უმნიშვნელოს. Self - უბრალოდ არ უტოლდება პიროვნებას - ესაა ფენომენი, რომელიც ხასიათდება შინაგანი ერთიანობით (ამით ეს ცნება თვითცნობიერების ცნებას უახლოვდება) და ყალიბდება ადამიანის თავის თავზე წარმოდგენის (საკუთარ თვალში, აგრეთვე სხვების თვალში) საფუძველზე.

ძირითადად ეყრდნობიან როჯერსის მიერ დამკვიდრებულ self-ის ცნებას. მისი თვალსაზრისით, ინდივიდი აღიქვამს გარე ობიექტებსაც და თავის შინაგან გამოცდილებასაც და ანიჭებს მათ გარკვეულ მნიშვნელობებს. ხატებისა და მნიშვნელობების ზოგადი სისტემა ქმნის ინდივიდის ფენომენალურ ველს, რაც გულისხმობს ცნობიერ და არაცნობიერ აღქმას იმის ჩათვლით, რასაც იცნობიერებს და რასაც ვერ იცნობიერებს. როჯერსის აზრით, თუმცა ფენომენოლოგიური ველი ინდივიდის ინტიმური, პირადი სამყაროა, მკვლევარს შეუძლია აღიქვას ეს სამყარო ისეთად, როგორადაც იგი თვით ინდივიდს წარმოუდგება. ფენომენალური ველის ის ნაწილები, რომელსაც ადამიანი აღნიშნავს სიტყვებით - „თვითონ“ (self), „მე“-პასიური (me) ან „მე“-აქტიური (I), ქმნიან „მე“-ს (self) ანუ მე-კონცეფციას (self - concept) - ამ ორ ტერმინს როჯერსი სინონიმურად იყენებს. როჯერსის self - არის რეფლექსია, ადამიანის მიერ თავისი თავის ასახვა, თვითცნობიერება. ინგლისურენოვანი ავტორები ხშირად სინონიმურად იყენებენ ცნებებს self-ს („მე“), self - concept „მე-კონცეფციას“, self-image („მე-ხატი“). როჯერსის მიხედვით, მე-კონცეფცია სტაბილურია დროშიც და სხვადასხვა სიტუაციაშიც. მისი ერთ-ერთი მახასიათებელია თავის თავზე წარმოდგენის მრავლობითობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ულტრათანამედროვე იდეების ზეგავლენით იდენტურობამ მნიშვნელოვანი სოციოლოგიური კონცეფციის ხასიათი შეიძინა და გულისხმობს თავისთავადობის შეგრძნებას, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციას უკავშირებს გარკვეულ სოციალურ კონსტრუქციებს. პოსტმოდერნიზმი იდენტურობას განიხილავს, როგორც პიროვნების ცვალებად სიტუაციურ ასპექტს, რომლის ფარგლებშიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაიმე იდენტურობა (მაგალითად, სქესის) და იმავდროულად თავისი თავის იდენტიფიცირება მოახდინოს მსგავსი ეთნიკური წარმომავლობის მქონე სხვა ადამიანებთან, ან იმათთან, ვისი იდენტურობაც განისაზღვრება კონკრეტული რელიგიური შეხედულებებით.

იდენტურობის ცნება მნიშვნელოვან კავშირშია ეთნიკურ პლურალიზმთან - პოსტმოდერნისტული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ სიტუაციასთან, რომელიც რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფს აერთიანებს. საზოგადოების ასეთი დანაწევრება ასოცირდება სახელმწიფოებს შორის საზღვრების თანდათან წაშლასთან და ბევრ საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების წარმოქმნასთან.

გამოყოფენ იდენტურობის რამდენიმე დონეს:

1. პიროვნულ-ფსიქოლოგიური - „ვინ ვარ მე“; გარკვეულად უკავშირდება „თავისი“ სოციალურ ჯგუფის წევრობას და იმ ემოციას, რომელიც ამ მიკუთვნებულობის შეფასებით უჩნდება; ეს ინდივიდუალური „ყოფნის“ განცდაა;

2. სოციალურ-ფსიქოლოგიური - ეს დონე უკავშირდება ადამიანის მიერ თავისი ჯგუფური კუთვნილებით „მე“-ს განცდას - ინდივიდი თავისი ჯგუფური კუთვნილების დადასტურებას ეძებს, რაც შესაძლებელია მხოლოდ სხვა ჯგუფებთან ურთიერთქმედებით; თავის ჯგუფს იგი სხვა ჯგუფებს ადარებს და ცდილობს, თავისი ქცევით საკუთარი ჯგუფი „ლამაზად“ წარმოაჩინოს;

3. ეთნოსოციოლოგიური იდენტურობა - ინდივიდის მიერ რაიმე ეთნოსისადმი მიკუთვნებულობის ცნობიერება. იგი პიროვნებას, ერთის მხრივ, თავისთავადობის, სხვა ადამიანებისგან დამოუკიდებლობის, განცალკევების მოთხოვნილებას უკმაყოფილებს, მეორეს მხრივ - ჯგუფისადმი კუთვნილებისა და დაცულობის (უსაფრთხოების) მოთხოვნილებას.

ეთნიკური იდენტიფიკაცია ხდება 3 ვარიანტით:

1. მიბაძვით - ცნობიერად თუ არაცნობიერად ბაძავს თავისი ეთნიკური ერთობისთვის დამახასიათებელ ქცევით სტერეოტიპებს;

2. ძალდატანებით - ასეთი იარაღებია ტრადიციები და ღირებულებები;

3. თავისუფალი, ცნობიერი არჩევანით - ადამიანი თვითვე ირჩევს თავის ეროვნულ მიკუთვნებულობას (Этнология М. 2000, გვ. 155-157).

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი და სოციალური იდენტურობის თეორია

პარადიგმა „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი“ კულტურათა შესწავლისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოციალურ ჯგუფსა და ჯგუფური იდენტურობის პრობლემებს.

კლასიკური მოძღვრებებიდან მისი ერთ-ერთი თეორიულ/კონცეპტუალური საყრდენია ბრიტანელი სოციალური ფსიქოლოგის - Tajfel-ის თეორია, რომელიც ცნობილია ცრურწმენების (prejiduc), დისკრიმინაციისა და ჯგუფთაშორისო კონფლიქტების სოციალური ასპექტების ორიგინალური ფორმულირებით. იგი სწავლობდა სოციუმზე ეროვნების, აღმსარებლობის, მცირე ჯგუფებზე მიკუთვნებულობის ზემოქმედებას, შეისწავლა მცირე ჯგუფების თავისებურებები საზოგადოებაში.

Tajfel-ი მიიჩნევდა, რომ ადამიანის შესახებ კვლევები უმჭიდროეს კავშირშია კულტურულ, ისტორიულ და ეკონომიურ საფანელთან.

მისი თეორიის მთავარი პისტულატია „სოციალური ცვლილებისა და არჩევანის ურთიერთქმედება“, რაც პირველ რიგში გამოიხატება მიმართებაში „ადამიანი/სოციალური გარემოს ცვლილება“.

Tajfel-ის აზრით, ადამიანის გარემოსთან ურთიერთქმედება კოლექტიური პროცესია, მეტიც, ინდივიდუალური გადაწყვეტილებებიც კი გაშუალებულია სოციალური ურთიერთქმედების სისტემით. ამ ურთიერთქმედების გარდაქმნა შეთანხმებულ მოქმედებად შესაძლებელი ხდება იმ შეფასებათა კოორდინაციის წყალობით, რომელსაც ინდივიდები ცალცალკე აძლევენ რაიმე სიტუაციას. სწორედ ამ კოორდინაციის შედეგია კოლექტიურად გაზიარებული და წახალისებული წარმოდგენებისა და შეფასებების სისტემა. ახალი პრობლემა უცილობლადაა გადაჯაჭვული ძველი და ახალი შეფასებების კონფლიქტთან; ახალი გადაწყვეტილების საფუძვლად მყოფი შეფასებებათა ურთიერთქმედება არის სოციალური სისტემის ყველა დონეზე ცვლილების შედეგი ფსიქოლოგიურ ასპექტში, რომელიც საჭიროა ახალი, კოლექტიურად გაზიარებადი შეფასებების ჩამოსაყალიბებლად. ეს პრობლემა არ არის ინდივიდის პრობლემა; ესაა საზოგადოების პრობლემა, რომელიც ჯგუფთა ურთიერთქმედების საფუძველზე იცვლება.

მთელი ცხოვრების მანძილზე უამრავ განსხვავებულ სიტუაციაში მოხვედრილი ინდივიდი თავის თავს განიცდის და მოქმედებს იმ ჯგუფის სოციალური მახასიათებლების შესაბამისად, რომელსაც ეკუთვნის, ხოლო ეს დახასიათებები, თავის მხრივ, გამაგრებული და მხარდაჭერილი ხდება სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ურთიერთქმედებაში. ამიტომ, „სოციალური ქცევა მნიშვნელოვნადაა განსაზღვრული ჯგუფებს შორის დამოკიდებულებებით, ხოლო ამ დამოკიდებულებათა ხასიათი, თავის მხრივ, განსაზღვრულია ძირითადად ჯგუფთაშორისი ქცევების მიღებული წესებით“ (ციტირებულია Шихирев П.-ის მიხედვით. გვ. 205)

Tajfel-ის მიხედვით, სოციალური პროცესი - ეს არის ადამიანთა ერთობლივი ძალისხმევით საზოგადოების ცვლილება. ამიტომ სოციალურის არსია სამყაროს აღქმა და მასზე ზემოქმედება სხვებთან ერთად, თანამონაწილეობით; ეს უკანასკნელი კი ნიშნავს, რომ ამ კოლექტიურ პროცესში ჩართული, ადამიანი დეცენტრირებულად აზროვნებს ანუ აზროვნებს იმ ერთობის ნორმებისა და ღირებულებების პოზიციიდან, რომელშიცაა ჩართული და რომელსაც მიეკუთვნება. თანამონაწილეობის პროცესს იგი განსაზღვრავს მოლოდინებისა და შეფასებების ცნებებით. ისინია სწორედ ნორმებისა და ღირებულებების ინდივიდუალური გამოვლინება; მათ გარეშე სოციალური ურთიერთქმედება შეუძლებელია. ამიტომ ღირებულებათა სისტემის გარეშე ვერც ადამიანის მიზნებს გავიგებთ, ხოლო ნორმატული სისტემის ანალიზის გარეშე საშუალებებიც გაუგებარი დარჩება. ნორმებსა და ღირებულებებს ეს ავტორი განსაზღვრავს სოციალური განწყობის ცნებით.

სოციალური განწყობა ტრადიციულ და კულტუროლოგიურ მიდგომებში უცვლელი და არსებითი შესასწავლი ობიექტია, ხოლო ნორმები და ღირებულებები - ასევე ბევრი სხვადასხვა დისციპლინის (სოციოლოგია, ეთიკა, ანთროპოლოგია და ა.შ.) მიერ შეისწავლება. კულტურით დაინტერესებული სფეროები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევენ Tajfel-ის მიერ ჩამოყალიბებულ თეორიას სოციალური იდენტურობის შესახებ. ამ თეორიის მიხედვით, ჩვენი მე-კონცეფცია ანუ იმის ცნობიერება, რას წარმოვადგენთ, მოიცავს არა მხოლოდ საკუთარი პირადი თვისებების თუ განწყობების (დისპოზიციების) ცნობიერებას, არამედ სოციალური იდენტურობის ცოდნასაც. ადამიანი ცდილობს მოვლენათა დაჯგუფებას და ეს სურვილი გვეძლევა მემკვიდრეობით, რადგან გვესმის, რომ ჯგუფში დაცული ვართ. Tajfel-ის სოციალური იდენტურობის თეორია გულისხმობს, რომ ჩვენი სოციალური იდენტურობის ნაწილი იმ ჯგუფის წიაღში იშვება, რომელსაც მივეკუთვნებით.

სოციალური იდენტურობის თეორია ამბობს შემდეგს:

1. ჩვენ ადამიანებს ვანაწილებთ კატეგორიებად, მათ შორის, საკუთარ თავსაც და რაიმე იარლიყს მივაწებებთ; იარლიყის მიწებება ადამიანის და სხვა რამეების გასაგებად უმოკლესი გზაა;

2. ჩვენ ვადგენთ ჩვენს იგივეობას (იდენტურობას) - საკუთარ თავს ვაკავშირებთ რომელიმე ჯგუფთან და მას ვუწოდებთ „ჩემს ჯგუფს”;

3. ჩვენს თავს ვადარებთ სხვებს; ჩემს ჯგუფსაც ვუპირისპირებ სხვა ჯგუფებს და შესაბამისად, სხვა ჯგუფის წარმომადგენლებს, ამიტომ რომელიმე ჯგუფის წევრობით ჩემს თავსაც ვაფასებ. იმის შეგრძნება, რომ „ერთად ვართ“, აძლიერებს ჩემს „მე-კონცეფციას“ და ეს თვითპატივისცემასა და სიამაყეს ზრდის - ის, რომ ჩემი ჯგუფი ყველაზე უკეთესია, მეხმარება, თავი ვიგრძნო კომფორტულად.

დადებითი იდენტურობის უკმარობისას ადამიანები ხშირად აფასებენ თავიანთ თავს ჯგუფთან გაიგივებით; იმავდროულად, ბოლო გამოკვლევებით, ადამიანის დახასიათებაც შეიძლება იმის მიხედვით, რომელ ჯგუფს ეკუთვნის (Майерс Д. 1998; 301-302).

შესაბამისად, ჩამოყალიბდა „ჩემი/სხვისი ჯგუფის“ ეფექტი; ხშირად არ თარგმნიან და იყენებენ ტერმინებს - ingroup და outgroup Effects. ეს ეფექტი აღწერს ადამიანთა კატეგორიზების ერთ-ერთ გავრცელებულ ხერხს - სამყაროს დანაწილებას „ჩვენ/ისინი“ კატეგორიებად.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთ დაყოფას 2 ძირითადი შედეგი მოყვება, რომლებიც შესაბამისად იწოდა „გაუსახურების ეფექტად“ („ყველა ერთნაირია“) და საკუთარი ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭების ეფექტად („ჩემი სჯობია“).

ადამიანები მიდრეკილი არიან იფიქრონ, რომ „სხვა“ ჯგუფის წევრები უფრო გვანან ერთმანეთს, ვიდრე „ჩვენი“ ჯგუფის წევრები. მაგალითად, Park-მა და Rotbart-მა აღმოაჩინეს, რომ „სხვა“ ჯგუფის წევრები უფრო ერთმანეთის მსგავსად ეჩვენებათ, ხოლო „ჩემი“ ჯგუფის წევრები - განსხვავებულად, რადგან მათ ინდივიდუალობად, თავისი პიროვნული სახის და ცხოვრების სტილის მქონედ აღიქვამენ; სხვა ჯგუფის წევრებს კი განიხილავენ მხოლოდ მისი ჯგუფური მიკუთვნებულობის თვალსაზრისით და თითოეულ მათგანზე ერთი და იგივე ჯგუფური სტერეოტიპის პროეცირებას ახდენენ.

რაც შეეხება „ჩემი” ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭებას, ეს ეფექტი ვლინდება მისი, როგორც ყველა პარამეტრის მიხედვით საუკეთესოდ განხილვის ტენდენციაში; შესაბამისად, იმ ტენდენციაში, რომ ჯილდო მის სასარგებლოდ გაანაწილოს. საკუთარი ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭება შეისწავლება Tajfel-ის მიერ შემუშავებული ე.წ. მინიმალური ჯგუფური პარადიგმის მეშვეობით.

ამ პროცედურაში სრულიად უცნობი ადამიანების განაწილება ხდებოდა 2 ჯგუფად რაიმე მარტივი კრიტერიუმის საფუძველზე, მაგალითად, მონეტის აგდებით ადამიანი ან „X“ ჯგუფში ხვდებოდა, ან „Y“ ში. ან კიდევ, შესაფასებლად აძლევდნენ ორ სურათს, რომელიც მანამდე არ უნახიათ და შემდეგ ანაწილებდნენ ჯგუფებში.

აღმოჩნდა, რომ ასეთი ტრივიალური მეთოდით დაყოფილი ჯგუფებიც კი ფავორიტიზმამდე მიდიოდა. ჯგუფად დანაწილება ის მინიმუმია, რომელიც აჩენს მიკერძოებულობას გარკვეულ სხვებთან მიმართებაში, თუმცა კი ექსპერიმენტის მონაწილეებს არც ექსპერიმენტის დროს ჰქონდათ ურთიერთობა ერთმანეთთან და არც მერე, აგრეთვე იმის მიუხედავად, რომ მათი მოქმედება სრულიად ანონიმური იყო, მაინც ისე იქცეოდნენ, თითქოს ის ადამიანები, რომლებიც ისეთივე „უაზრო ჯგუფურ იარლიყს“ ატარებდნენ, როგორც თვითონ, მათი მეგობარ-ახლობლები ყოფილიყვნენ. მეტიც, ჯგუფური ფავორიტიზმის ეფექტი მოქმედებს მაშინაც კი, როცა რეალური ჯგუფი არც არსებობს, მაგრამ ადამიანი ვარაუდობს, რომ მას ეკუთვნის, რეალური ჯგუფის დაჯილდოვება-დასჯის სისტემის მეშვეობით კი ჯგუფური ფავორიტიზმი ძლიერდება.

Tajfel-ის მონაცემების საფუძველზე მკვლევარებმა გააკეთეს უმნიშვნელოვანესი დასკვნა: არსებობს საკუთარი ჯგუფის წევრების უფრო მეტად, ვიდრე სხვა ჯგუფის წევრებისა, დაჯილდოვების საგრძნობი მიდრეკილება; სამყაროს „ჩვენ“/„სხვები“ პრიზმაში დანახვის ეს მიდრეკილება, იმ ვარაუდით, რომ ჩვენ „რაღაცით მაინც“ სხვებზე უკეთესი ვართ და ამიტომ მეტს ვიმსახურებთ, სოციალური პერცეფციის ფუნდამენტური ასპექტია (Kонфликтология М, 1998; გვ.176-177; Аронсон Э. М, 1998; გვ. 160-162; Росс, Р. Нисбет М, 2000; გვ. 89).

ამგვარად, მინიმალური ჯგუფური პარადიგმა გვეუბნება, რომ „უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანი ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება, მისთვის განსაზღვრულია ყველა მიზეზის კატეგორია. ანუ განსაზღვრულია ისიც, როგორ უნდა იფიქროს ან იმოქმედოს კონკრეტული სიტუაციური იდენტურობის პირობებში (Social Psychology Across Cultures. 1999; Berry. 1994, pp. 1-28).

XX საუკუნის გამოჩენილი მეცნიერი კ. ლევინი გამოყოფდა ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის რამდენიმე ინდიკატორს:

1. ქცევის გარკვეული ფორმა, ჩაცმის ან ლაპარაკის გარკვეული მანერა, რომელიც ჩნდება ჯგუფის შიგნით; ეს ადამიანისთვის ასრულებს „ცნობის“ ფუნქციას.

2. საზღვარი „ჩემს“ ჯგუფსა და „სხვა“ ჯგუფს შორის. ამ საზღვარს იცავს როგორც შიგა, ისე გარე ჯგუფის წევრები;

ლევინი განსაკუთრებით გამოყოფდა ზეწოლის ფაქტორს. ჯგუფზე ზემოქმედი სოციალური ძალები განსაზღვრავს სიტუაციის ზეგავლენას ჯგუფის ცხოვრებაზე. გარე ზეწოლის შემთხვევაში ჯგუფი შეიძლება იზოლირებული აღმოჩნდეს; ასეთ შემთხვევაში ჯგუფი კონსერვატული ხდება, რაც სხვათა შორის, იმავდროულად ჯგუფის მთლიანობასაც უზრუნველყოფს. ასეთი „ჩაკეტილობა“ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული „თავისუფალი სამოძრაო სივრცის“ ხარისხთან. რაც უფრო მკვეთრია ფიზიკური ლოკომოციის შეზღუდვა, მით უფრო იზღუდება „სოციალური ლოკომოციის“ სივრცეც. მაგალითად, პროფესიები შეიძლება იმ სფეროთა ერთიანობად წარმოვიდგინოთ, რომელიც ზღუდავს თავისუფალ „ლოკომოციურ სივრცეს“.

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის თანამედროვე მკვლევარები აქტიურად მიმართავენ სოციალური რეპრეზენტაციის თეორიასაც; მნიშვნელოვნად მიიჩნევა იმ მნიშვნელობათა გაშიფრვა, რომლითაც შეიძლება მოქმედის (აქტორის) გაგება; ყოველდღიურ მოვლენებს არ გააჩნიათ თანშობილი სოციალური მნიშვნელობა; ჩვენ უბრალოდ ვსწავლობთ, რომ ჩვენს კულტურაში კონკრეტული მოვლენა და სიტუაცია სწორედ ასეთნაირად უნდა გავიგოთ.

2.5 § 5. კულტურული კონტექსტი; კონტექსტის ტიპები

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის მიერ განხორციელებულ ქცევას თავისი ფონი აქვს. მეტიც, იგი გაპირობებულია კიდეც ამ ფონით. ვერც ერთ ადამიანურ მოვლენას ფონის გათვალისწინების გარეშე ვერ გავიგებთ.

ემპირიული კვლევებით დასტურდება, რომ ფონი თავისთავად ადამიანს ძალზე იშვიათად, თითქმის არ ეძლევა ცნობიერად - ჩვეულებრივ, ყურადღება იმას ექცევა, რაც „ფიგურის“ ანუ მოვლენის როლშია.

კ. ლევინი მიუთითებდა, რომ სოციოლოგიურ პლანში უნდა განირჩეს 2 ტიპის ძალა, რომელიც პიროვნებაზე ზემოქმედებს: პიროვნების სურვილებთან დაკავშირებული და სოციუმით თავსმოხვეული.

კ. ლევინი განსაკუთრებით აღნიშნავდა სოციალური ფონის მნიშვნელობას დარწმუნებულობასა და გადაწყვეტილების გარკვეულობაში და ყველაფერ ამას იმ „ნიადაგის“, „საყრდენის“ სიმყარითა და სტაბილობით გაპირობებულად მიიჩნევდა, რომელზეც დგას ადამიანი, იმის მიუხედავად, იცნობიერებს მის თავისებურებებს თუ არა. ამიტომ ადამიანი ძალზე ავადმყოფურად რეაგირებს, თუ ეს ნიადაგი ფეხქვეშ ეცლება.

ადამიანი ერთდროულად ბევრი სხვადასხვა ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს; მისთვის ამ ჯგუფებს სხვადასხვა ღირებულება აქვს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. მაგრამ ადამიანს ყველა ვითარებაში ესმის, რომელ ჯგუფს ეკუთვნის და სად არის, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის ქცევას. სიტუაციის ბუნდოვანება, „ნიადაგის“ გაურკვევლობა, როგორც წესი, ქცევაშიც გაურკვევლობას იწვევს (Левин К. 2000; გვ. 292-310).

კულტურათა კვლევის თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კულტურულ ფონს - კონტექსტს. თანამედროვე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პიროვნულობის პროცესის დადგინებასთან, რეგულირება-განვითარებასა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ჰიპოთეზები, აღმოჩენები და ინტერპრეტაციები რეალურად ახასიათებს მათ შემქმნელ კულტურულ კონტექსტს, რადგან სწორედ იგი განსაზღვრავს საკვლევ თემასაც, თეორიულ კონცეფციასაც და მეთოდის გამოყენებასაც (Berry J.W., Poortinga Y. et all; 1992). მდგომარეობების, კონტექსტისა და პიროვნების ისტორიული, სოციოკულტურული სივრცის გაგება აუცილებელია მიღებულ მონაცემთა განსაზოგადებლად და კვლევის მეთოდთა ვალიდურობისთვის - აღნიშნავს მექსიკელი მკვლევარი დიას-ლოვინგი.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კონტექსტური ნიმუშების შესწავლა, რომელიც ხდება ქცევებისა და მიზნობრივ პიროვნებათა ინტერაქციული ეფექტებისა და შედეგების კვლევით. კონტექსტი განსხვავებულ აზრს იძენს და გაპირობებული ხდება იმ პიროვნებით, ვისთანაც ეს ქცევა ხორციელდება, და შესაბამისად, კონკრეტულ კონტექსტში განხორციელებული ქცევის მოდელი კულტურის სპეციფიკურ ხელწერას ქმნის (Krunenberg, I. Kashima, 1999). მაგალითად, მისალმების აქტს ინგლისში და იაპონიაში სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს: ინგლისში მისალმების რიტუალი მხოლოდ სამეფო კარზეა მიღებული, იაპონიაში კი იგი ბევრგვარ სიტუაციაშია ჩართული - სტუმრად, მეზობლებთან, ქუჩაში ნაცნობის შეხვედრისას და სხვ.

კონტექსტის ცნება მოიაზრებს იმ კულტურული ფონის ცოდნას, რომელიც აუცილებელი პირობაა კონკრეტული კულტურის ნებისმიერი მოვლენის გასაგებად. შესაბამისად, კულტურები ერთმანეთისგან განსხვავდება კონტექსტის სპეციფიკით. ეს სპეციფიკა დაკავშირებულია იმ ფონური ცოდნის მნიშვნელადობასთან, რომელიც გავლენას ახდენს ურთიერთობაზე.

კულტურული კონტექსტის მნიშვნელადობა მეცნიერებაში აღწერილია ტერმინებით - დაბალკონტექსტური და მაღალკონტექსტური.

დაბალკონტექსტურობის შემთხვევაში საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ხასიათდება ორიენტაციით კოგნიტურ სტილზე. ასეთ კონტექსტში წამყვანია მეტყველების სისწრაფე, ცნებათა სიზუსტე და მოლაპარაკის ლოგიკურობა. ამ ტიპის კონტექსტი დასავლურ კულტურებს ახასიათებთ. ბუნებრივია, რომ წარმატებები ინდივიდუალისტურ კულტურებში დიდადაა დამოკიდებული ადამიანის სამეტყველო უნარებზე (მაგალითად, სისწრაფე მეტყველებაში აღიქმება კომუნიკატორის სანდოობის მაჩვენებლად. ცნობილია, რომ კენედი წუთში ზოგჯერ 300 სიტყვას ამბობდა Майерс Д. 1998; გვ. 318). ამ კულტურებში პარალინგვისტურ ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილება და ვერბალური ინფორმაციის უგულებელყოფა არაადექვატურ გაგებას იწვევს. დაბალკონტექსტურ კულტურებში არ ენდობიან იმას, რაც ვერბალურად მკაფიოდ ფორმულირებული არ არის. Triandis აღნიშნავს, რომ ამერიკელები, მაგალითად, ცდილობენ დისკუსიაში ნათლად და გამოკვეთილად ჩამოაყალიბონ თავიანთი აზრი, ამასთან, პირველ რიგში, წინ წამოსწევენ ძირითად არგუმენტს იმისთვის, რომ ოპონენტმა მოსმენა ისურვოს (Triandis H.C. 1994; გვ. 184-186).

მაღალკონტექსტურობა გულისხმობს ფონური ინფორმაციის პრიორიტეტულობას ინფორმაციის კოგნიტურობასთან შედარებით. აქ წამყვანია, ვისთან და რა ვითარებაში ხდება კომუნიკაცია და არა იმდენად ის, რას ამბობენ. ჩვეულებრივ, მაღალკონტექსტურად მიიჩნევენ აღმოსავლურ კულტურებს, სადაც დამახასიათებელია მეტყველების ნაკლები კონკრეტულობა და არაკატეგორიული ფორმები.

მაღალკონტექსტური კულტურებისთვის დამახასიათებელი არაა სიტუაციის მიხედვით ძალზე მკვეთრი ცვლილებები ქცევაში.

კონტექსტი თავს ავლენს კულტურის მატარებლის ნებისმიერ აქტივობაში, მათ შორის, ე.წ. არავერბალურ ენასა და ქცევაში. მაგრამ მეტყველებითი ქცევისაგან განსხვავებით, არავერბალურ ქცევაზე ადამიანი ნაკლებადაც ფიქრობს და ნაკლებადაც იცნობიერებს.

კულტურები განსხვავდება ემოციების გამოხატავის თავისებურებებითაც. ემოციების ღიაობასა და მათი გამოვლენის სპონტანურობაზე ორიენტაცია მიჩნეულია კონტექსტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად.

ამერიკელი კულტურანთროპოლოგი H. Triandis აღნიშნავს კომუნიკაციის უმჭიდროეს კავშირს კულტურულ კონტექსტთან. რაც უფრო მეტადაა კონტექსტი ჩართული კომუნიკაციაში, მით მეტი მნიშვნელობით იტვირთება არავერბალური ენაც და ქცევაც. სწორედამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინფორმაციის გადაცემის ფორმა, ემოციის გამოხატვა, დისტანცია ადამიანებს შორის, ხმის ტემბრი, სხეულებრივი პოზა, მხედველობითი კონტაქტი (Triandis H.C. 1994; გვ.184-186).

არავერბალური ქცევის სისტემა, რომელშიც შედის მიმიკა, ჟესტი, პოზა, თვალებით კონტაქტი, შეხება, ურთიერთობათა სივრცით-დროითი ორგანიზაცია, სიარული და ა.შ., უაღრესად კონტექსტურია. დარვინი, მიდი, სხვა კულტურანთროპოლოგები ადასტურებენ, რომ მათ კულტურით მნიშვნელოვანი გაპირობებულობა ახასიათებს და უნივერსალურია თავისი მოქმედების თვალსაზრისით ყველა კულტურაში. ცხადია, ადამიანი არავერბალურ ქცევასაც სოციალიზაციის პროცესში სწავლობს და მისი მასწავლებლები კულტურა და მისი აგენტები არიან.

არავერბალური ქცევის სპეციფიკასთანაა დაკავშირებული მაღალკონტექსტური კულტურის ცნების მეორე მნიშვნელობაც: მაღალკონტექსტურ კულტურებად მიჩნეულია ისინი, სადაც არავერბალური ქცევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვერბალური.

არავერბალური ქცევა უმეტესწილად ჟესტების გამოყენებით ხორციელდება.

მეცნიერებაში გამოყოფენ ჟესტების რამდენიმე ტიპს (მოცემულია Ekman, Friesen, 1969, სტეფანენკოს მიხედვით):

ადაპტორებს;
ილუსტრატორებს;
ჟესტ-სიმბოლოებს;
მიმანიშნებელ ჟესტებს;
შემთანხმებლურ (მომლაპარაკებელ) ჟესტებს.

ადაპტორები (ცხვირის მოფხანა, ტუჩის მოკვნეტა) სხეულს ეხმარება გარემოსთან ადაპტაციაში, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ეს ფუნქცია დაკარგოს. კულტურული კონტექსტი განსაზღვრავს, რომლის გამოყენებაა მისაღები-მიუღებელი ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა ისინი ნაკლებად გამოიყენება ინტერპერსონალურ ურთიერთობებში.

ილუსტრატორები უშუალო კავშირშია მეტყველების შინაარსთან, ისინი ვიზუალურად ახდენენ იმის ილუსტრირებას, რასაც ყვებიან. კულტურული კონტექსტი განსაზღვრავს მათი გამოყენების წესებსაც და სიხშირესაც. ერთის მხრივ, ზოგიერთი კულტურული კონტექსტი წაახალისებს ვერბალური ქცევის ჟესტიკულაციას (მაგალითად, ებრაული, იტალიური, ქართული), მაგრამ კულტურის მიხედვით განსხვავდება ჟესტიკულაციის მანერა; მეორეს მხრივ, პირიქით, ზღუდავს ჟესტიკულაციას; მაგალითად, იაპონიაში ბავშვებს თავიდანვე აჩვევენ ჟესტიკულაციაში თავშეკავებას.

ჟესტ-სიმბოლოები ყველა კულტურაშია. გარდა აღწერილისა, ჟესტებს დამოუკიდებელი კოგნიტური მნიშვნელობაც გააჩნიათ. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დამოუკიდებლადაც შეუძლიათ ინფორმაციის გადაცემა, თუმცა კი ძალზე ხშირად თან ახლავს მეტყველებას. არსებობს უნივერსალური ჟესტ-სიმბოლოები ანუ ისინი, რომელთაც ერთნაირი ფორმა აქვთ სხვადასხვა კულტურაში, მაგრამ მათი მნიშვნელობები განსხვავებულია კულტურული კონტექსტის მიხედვით. მაგალითად, საჩვენებელი და დიდი თითებით შეკრულ წრეს სრულიად განსხვავებული სემანტიკა აქვთ სხვადასხვა კონტექსტში: აშშ-ში იმის სიმბოლოა, რომ ყველაფერი კარგადაა, სამხრეთ საფრანგეთში იმის, რომ „ცუდი“ და „ნოლია“, იაპონიაში ნიშნავს „ცოტა ფული მომეცი“, ევროპის ზოგიერთ რეგიონში კი, ისევე, როგორც ბრაზილიაში, უშვერი ჟესტია.

მიმანიშნებელი ჟესტებიც ყველა კულტურაში არსებობს, მაგრამ განსხვავებულია ფორმით და შინაარსით. მაგალითად, ჟესტი ხელით - „მოდი ჩემთან“ რუსეთში სრულდება ხელისგულით ზევით და მტევნის ქნევით წინ და უკან, იაპონელები კი ხელს წინ იშვერენ ხელისგულით ქვემოთ და მოხრილი თითებით აკეთებენ მოძრაობას თავისკენ.

Berry J.W.,-სა და მისი თანამშრომლების მიერ 1992 წელს ჩატარებული გამოკვლევის მონაცემებით, ჰოლანდიელმა სტუდენტებმა სწორად ამოიცნეს იმ „მიმანიშნებელი“ ჟესტების დიდი უმრავლესობა, რომლებსაც ჩილელები და ქურთები იყენებენ; მათ აღნიშნეს, რომ ბევრი მათგანი მათ კულტურაშიც არსებობს, მაგრამ შემთანხმებლური ჟესტების უმრავლესობის სწორად ინტერპრეტაცია, (მაგალითად, მუჭიდან ამოშვერილი ცერა თითი, როგორც „კარგი“) ვერც ერთმა სწორად ვერ მოახერხა.

2.6 Resume

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოებისა და კულტურის ცნებები ყველაზე ხშირად გამოყენებადი ცნებებია სოციოლოგიასა და ანთროპოლოგიაში. მეცნიერების თანამედროვე ეტაპზე ხშირად ისინი იგივეობრივად გამოიყენება, რაც დაკავშირებულია თანამედროვე სოციოლოგიაში გარკვეულ კრიზისთან, ამასთან, კულტურისა და ადამიანური საზოგადოების მჭიდრო ურთიერთმიმართებასთან, რამდენადაც საზოგადოება კულტურული ინდივიდების ერთობლიობაა და სწორედ მათი სახით განახორციელებს თავის თავს; კულტურაში მოიაზრება ადამიანის მიერ შექმნილი გარემო - სულიერიც და მატერიალურიც. კულტურა ქცევის უძლიერესი დეტერმინანტიცაა და სუბიექტური ცოდნისა და ინტერპრეტაციის მნიშვნელოვანი წყაროც.

თავისი სირთულისა და მრავალფეროვანი მახასიათებლების გამო კულტურის კვლევისას ინტეგრალურ მიდგომას ეყრდნობიან, რაც გულისხმობს მომიჯნავე მეცნიერებათა სფეროებიდან მრავალგვარი მონაცემის, კონცეფციისა და მეთოდის გამოყენებას. კულტურათა კვლევაში ასეთი ინტეგრალური მიდგომა ტრადიციაა.

კულტურას უმეტესწილად განიხილავენ ჰოლისტური თვალსაზრისით, რაც გულისხმობს კონკრეტული კულტურის განხილვას მთლიანობითი პოზიციიდან, მისი ელემენტების გაგებას მთლიანობითი სტრუქტურის ამსახველად; სოციალურ-კულტურული ინდივიდი და სოციალური ჯგუფი წარმოადგენს ანალიზის ერთეულს.

კულტურათა შესწავლაში განსაკუთრებული როლი ენიჭება კულტურული კონტექსტის სპეციფიკის ცოდნას - დაბალკონტექსტურობას და მაღალკონტექსტურობას; ეს დაყოფა დაკავშირებულია კოგნიტური ინფორმაციის მნიშვნელადობასთან კომუნიკაციის პროცესში. დაბალკონტექსტურობის შემთხვევაში საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ხასიათდება ორიენტაციით კოგნიტურ სტილზე მაღალკონტექსტურობა გულისხმობს ფონური ინფორმაციის პრიორიტეტულობას ინფორმაციის კოგნიტურობასთან შედარებით.

2.7 კითხვები:

▲ზევით დაბრუნება


1. გამოყავით კულტურისა და საზოგადოების ძირითადი ნიშნები.

2. დაასახელეთ სისტემური მიდგომის საყრდენი პოსტულატები და მეთოდოლოგიური პრინციპები.

3. განმარტეთ იდენტურობის ცნება და ახსენით მისი კავშირი კულტურასთან.

4. ჩამოაყალიბეთ კონტექსტის მახასიათებელი თავისებურებები და ტიპები.

2.8 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. Kagitcibasi C. Individualism and Collectivizm. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. by Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G.,Val. 3, 1996; pp. 1-51

2. Rerry J.W. Culture: the neglected concept. The Search of indigenous Psychologies. Social Psychology Across Cultures. 1999

3. Турен А. Возвращение человека действующего. 1998 გვ. 5-11

4. Гиденс Э. Социология. М. 1999. გვ.в.95-108

5. Лурье С. В. Историческая этнология. М. Аспект. Пресс 1998 გვ. 48-108

6. Шихирев П. Современная социальная психология. Екатеринбург-Москва, 2000 გვ. 193-196.

7. Стефаненко Т. Г. Этнопсихология. М., 2000 გვ. 154-161

8. Левин К. Разрешение социальных конфликтов. М. 2000; გვ. 292-310

9. Бейтсон Гр. Экология разума, М. Изд-во Смысл, 2000; გვ. 121-138

2.9 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოება - ერთ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ემორჩილება პოლიტიკური ძალაუფლების ერთიან სისტემას და თავის იდენტურობას იცნობიერებს, როგორც განსხვავებულს მეზობელი ჯგუფისგან.

კულტურა - კონკრეტული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ღირებულებები, ნორმები და მატერიალური წარმოების პროდუქტები. კულტურა ადამიანთა ნებისმიერი სოციალური გაერთიანების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია.

ანთროპოლოგია - სოციალური მეცნიერება, რომელიც ძირითად ყურადღებას უთმობს ტრადიციული კულტურებისა და ადამიანის ევოლუციის შესწავლას.

ისტორიულობა - ისტორიის გაგება ისტორიული ცვლილებების თვალსაზრისით, ე. ი. ინფორმაციის მიღება სოციალური ცვლილებების პროცესებზე.

ადაპტაცია - ბიოლოგიური ორგანიზმის თავისებურება, გადარჩეს მოცემულ გარემოში.

ჰოლიზმი - საზოგადოების შესწავლა მთლიანობითი პოზიციიდან

სისტემური მიდგომა - მეცნიერულ კვლევაში მეთოდოლოგიური მიმართულება, რომელიც რთულ ობიექტს განიხილავს მისი შემადგენელი ელემენტებისა და მათ შორის კავშირების ერთიან მთლიანობად

კომუნიკაცია - ინფორმაციის გადაცემა ერთი პირის ან ჯგუფის მიერ მეორესთვის. კომუნიკაცია არის ყველა სახის სოციალური ურთიერთქმედების აუცილებელი საფუძველი.

კონტექსტი (ლათ. Contextus - შეერთება, ფონი) - ლინგვისტიკაში გულისხმობს ტექსტის ფრაგმენტს, აუცილებელს და საკმარისს იმ ერთეულის მნიშვნელობის გასაგებად, რომელიც შეესაბამება მოცემული ტექსტის ზოგად აზრს; კულტუროლოგიაში ტექსტად მიიჩნევა მთლიანად კულტურა; არჩევენ ვერბალურ და არავერბალურ კონტექსტს

დაბალკონტექსტური კულტურა - კულტურა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ორიენტირებულია კოგნიტურ სტილზე.

მაღალკონტექსტური კულტურა - კულტურა, რომელიც კომუნიკაციისას ორიენტირებულია ფონური ინფორმაციის პრიორიტეტულობაზე ინფორმაციის კოგნიტურობასთან შედარებით.

იდენტურობა - თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მიერ თავისი თავის დამოუკიდებელ პიროვნებად განცდას

3 თავი 2. როგორ ვიკვლიოთ კულტურა?

▲ზევით დაბრუნება


3.1 § 1. მსგავსება თუ განსხვავებულობა (უნივერსალური და სპეციფიური)

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა კულტურა სამყაროს განსხვავებულ ინტერპრეტაციას ახდენს. მეცნიერთა აზრით, ამ კოგნიტურ განსხვავებებს შესაძლოა ფუნდამენტური სოციალური მიზეზები ჰქონდეთ.

ანთროპოლოგიური მეცნიერების მთელი ისტორია აჩვენებს, რამდენად აქტუალურია პრობლემა, თუ როგორ უნდა იქნას შესწავლილი კულტურა.

ყოველთვის ერთნაირად მწვავედ იდგა საკითხი: ემთხვევა ერთმანეთს კულტურის და მის წარმომადგენელთა ე.წ. პიროვნების იმპლიციტური თეორიები, ან კიდევ - მკვლევარისა და მისი საკვლევი სუბიექტებისა?

დღევანდელ სოციალურ მეცნიერებებში და, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც კულტურას ეხება, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თითქოსდა „ბუნებრივი“ სოციალური თუ ფსიქოლოგიური მექანიზმების ფუნქციონირებაც კი კულტურის გავლენას ემორჩილება.

ეს ვითარება საუკეთესოდ დაადასტურა ამირისა და შარონის მიერ წარმოებულმა ანალიტიკურმა კვლევამ. მათ იზრაელში გაიმეორეს ამერიკაში ჩატარებული 35 გამოკვლევიდან 6, რომლებიც ეხებოდა არა ამერიკულ, არამედ ზოგადადამიანურ პრობლემატიკას. 64 შესაძლებელი შედეგიდან იზრაელში დადასტურდა მხოლოდ 30 - დანარჩენები კულტურულმა კონტექსტმა შეცვალა.

ორი მიდგომა, რომელზეც ვლაპარაკობთ, გულისხმობს 2 კატეგორიის პროცესებსა და კონსტრუქტებს - უნივერსალურს, საყოველთაო-ზოგადსა და კულტურული ჯგუფისთვის სპეციფიურს.

3.2 § 2. კულტურის საკვლევი მიდგომები: ეტიც და ემიც

▲ზევით დაბრუნება


ასე ეწოდება იმ მიდგომებს, რომელთა პოზიციიდანაც იკვლევენ კულტურებს.

რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?

ი.კონის აღნიშვნით, „ახსნისა“ და „გაგების“ ძველი ფილოსოფიური პოზიცია თანამედროვე ეთნოლოგიაში ფორმულირებულია, როგორც „ეთიკური“ (etic) და „ემიკური“ (emic) მიდგომების დაპირისპირებულობა. Etic მოიაზრებს გარეს, ობიექტურს, ხოლო emic- შიგას, სუბიექტურს.

ტერმინთა ავტორი გახლავთ ლინგვისტი კ. პაიკი, რომელმაც ეს ორი ტერმინი შექმნა ლინგვისტური ცნებების - ფონეტიკურის და ფონემიკურის ანალოგიით. ლინგვისტიკაში ფონეტიკური ანალიზით სწავლობენ მეტყველების ბგერების წარმოთქმის მატერიალურ, სხეულებრივ წანამძღვრებს (ანუ იმ ბგერებს, რომლებიც ყველა ენაშია); ფონემიკა კი შეისწავლის იმ წესებს, რომლის საშუალებითაც ენის მატარებელი განსაზღვრავს ბგერათა აზრს (ანუ ერთი ენისთვის სპეციფიურ ბგერებს). აქედან მოყოლებული, ყველა ჰუმანიტარულ მეცნიერებაში emic-ურს უწოდებენ მოვლენის შესწავლაში კულტურულ-სპეციფიურ მიდგომას, ხოლო ეტიც -ურს - შესასწავლი მოვლენის ასახსნელად უნივერსალისტურ მიდგომას (Berry, 1980; pp. 1-28).

ადამიანის შესახებ მეცნიერებებისათვის უარსებითესია ფაქტების აღწერის ობიექტურობისა (გარე დამკვირვებლის პოზიციიდან და სუბიექტურობის (მოვლენათა ნაწილის თვალთახედვით ურთიერთშემავსებლობის საკითხი. ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა ბჭობა უნივერსალური პრინციპების, პროცესების და კონსტრუქციების (etic), ერთის მხრივ, და სპეციფიური კულტურული ჯგუფის დამახასიათებელი იდიოსინკრატულუ მახასიათებლების (emic), მეორეს მხრივ, შედარებითობაზე. გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რომლის თვალსაზრისითბაზისური პროცესები და პრინციპები უნივერსალურია, ხოლო თეორიული კონცეპტები, პიროვნული ატრიბუტები, ქცევითი მოდელები, ნორმები, განწყობები და ღირებულებები - ინდიგენურ (ანუ რეგიონულ) საფუძველზეა; პიროვენბის მახასიათებლები თავსდება უნივერსალურისა და იდიოსინკრატულის საზღვარზე.

როგორ იკვლევა და იზომება ეს მექანიზმები? როგორ ხდება მათი ემპირიული ანალიზი, როგორ გამოვავლინოთ ინდივიდის და ჯგუფის მენტალობა? არსებობს 2 გზა:

1. ქცევაზე დაკვირვება, რომელშიც ხალხის ადათ-წესები ვლინდება;

2. ჯგუფის წევრებს ვთხოვოთ თავისი თავი გამოხატონ საქციელში კი არა, სიტყვებში.

მკვლევარის როლია ის, რომ ამ დამოკიდებულებებისა და „ვერბალური გამოხატვის“ ინტერპრეტაცია გააკეთოს და ამის საფუძველზე აღწეროს, ახსნას და იწინასწარმეტყველოს.

ფრანგი სოციოლოგი ა. მენდრა აღნიშნავს, რომ სოციოლოგთა შორის ამ საქმეში ორი ტენდენცია აღინიშნება:

1. ეთნოლოგთა აზრით, მნიშვნელადი ის კი არაა, ხალხი რას ლაპარაკობს, არამედ ის - როგორ ცხოვრობს;

2. სოციალურ ფსიქოლოგთა აზრით, საკმარისია დასვა სწორი შეკითხვა და სწორად, და მივიღებთ გასაანალიზებლად და საინტერპრეტაციოდ ვარგის პასუხებს.

დაკვირვება ხანგრძლივია, ინტერპრეტაცია კი - საკმაოდ რთული, ხოლო სოციალურ ფსიქოლოგთა ტექნიკა იძლევა იმის სწრაფად გაგების შესაძლებლობას, თუ „რას ფიქრობს ხალხი“. მენდრა აღნიშნავს, რომ კვლევის ტექნიკასთან დაკავშირებული დებატების საფუძველი სწორედ ეს განსხვავებაა (Мендра А. 2000 გვ. 75).

ქროსს-კულტურულ კვლევებში უფრო ხშირად etic-ურ მიდგომას მიმართავდნენ, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • შეისწავლება 2 ან მეტი კულტურა;

  • კულტურებს შორის მსგავსება-განსხვავებების ასახსნელად ანალიზისთვის ირჩევენ კულტურის ზეგავლენისგან თავისუფალ ერთეულებს;

  • მკვლევარი გარე დამკვირვებლის პოზიციაზე დგას და კულტურისგან დისტანცირებულია;

  • კვლევის სტრუქტურა და აღმწერი კატეგორიები, აგრეთვე ჰიპოთეზები მკვლევარის მიერ წინასწარ ყალიბდება.

გამოიყენება ობიექტური მეთოდები - კითხვარები, ე.წ. თავისუფალ პასუხთა ფორმატი, როცა რესპონდენტები მნიშვნელადობის მიხედვით ჩამოწერენ რამდენიმე პიროვნულ მახასიათებელს; სტანდარტიზებული ინტერვიუები, ფსიქოლოგიური ტესტები, კონტენტ-ანალიზი, მაგრამ ხშირია ფაქტები, როცა მკვლევარები უხეშ სუბიექტურ შეცდომებს უშვებენ ინტერპრეტაციისას.

ბევრი კულტურანთროპოლოგი უკიდურესად უარყოფითად ეკიდება შედარებით კვლევებს, რადგან შეუძლებლად მიაჩნიათ შესადარებლად ადექვატური მაჩვენებლების პოვნა. მაგალითად, ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის მიმართულების ერთ-ერთი შემქმნელი, ბერძნული წარმოშობის ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის და კულტურანთროპოლოგის - Harry Triandis-ის აზრით, შედარებითი კვლევების უმრავლესობაში საქმე გვაქვს ფსევდო - etic-ურ მიდგომასთან, რადგან თვით მკვლევარები ვერ თავისუფლდებიან თავისი კულტურის სააზროვნო სქემებისგან, და ამიტომ მათ მიერ კონსტრუირებული კატეგორიები გავლენებისგან სულაც არაა თავისუფალი. ჩვეულებრივ, ევრო-ამერიკული კულტურის სპეციფიკა „ზედედება“ სხვა კულტურების ფენომენებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიო - წერს იგი - ამის ბევრი მაგალითია. მაგალითად, სიტყვა „გეიშა“ ევროპელისთვის მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ასოციაციას აღძრავს; მისი etic-ური მნიშვნელობის გაგება კი მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა „გეიშას“ კულტურულ-სპეციფიკურ სემანტიკას ანუ emic-ურ მნიშვნელობას გებულობ. იაპონიაში კი გეიშას სემანტიკა მოიცავს განსაკუთრებულ თავისებურებებს: მას იშვიათი ინტელექტუალური უნარები და გამოცდილება გააჩნია, ამიტომ საუკეთესოა არა ქორფა და ტურფა, არამედ დიდი ტალანტის მქონე, ნიჭიერი და გამოცდილი. ტრიანდისის თქმით, ევროპულ კულტურაში ამ ფუნქციას ჯამბაზები ასრულებდნენ შუასაუკუნეების ფეოდალების კარზე.

emic-ზე დაფუძნებლი ანთროპოლოგიის საგანია ადამიანის შინაგან სამყაროსა და კულტურულ ცვლადებს შორის სისტემატური კავშირების გამოვლენა. შედარებები სხვა კულტურებთან კეთდება მხოლოდ კონკრეტული კულტურის გამოწვლილვით შესწავლის შემდეგ.

emic-ური მიდგომის ძირითადი თავისებურებები, რომელიც კულტურის რომელიმე კომპონენტს შეისწავლის, შემდეგია:

1. შეისწავლება მხოლოდ ერთი კულტურა იმ მისწრაფებით, რომ გაიგონ;

2. გამოიყენება კულტურისთვის სპეციფიური ანალიზის ერთეულები და კულტურის მატარებელთა ტერმინები; ამ პოზიციიდან დაწერილი წიგნები, როგორც წესი, ასევე მოიცავს შესასწავლი კულტურის ენის ძირითად ცნებათა ლექსიკონს;

3. კულტურის ნებისმიერი ელემენტები შეისწავლება სისტემის „შიგნიდან“, მონაწილის თვალთახედვით; ეს პროცესი თვითონ მკვლევარსაც ცვლის;

4. მკვლევარმა წინასწარ არ იცის, ანალიზის რომელ ერთეულებს გამოიყენებს - კვლევის სტრუქტურა თანდათან ყალიბდება.

დისკუსიებით გამოიკვეთა ძირითადი მიმართულება, რომლის მიხედვით, ბაზისური პროცესები და პრინციპები უნივერსალურობის ტენდენციას ამჟღავნებენ, ხოლო თეორიულ კონცეპტებს ისევე, როგორც პიროვნულ ატრიბუტებს, ქცევით მოდელებს, ნორმებს, განწყობებს და ღირებულებებს, ინდიგენური საფუძველი აქვთ.

3.3 § 3. მკვლევარი და ეთნოცენტრიზმი

▲ზევით დაბრუნება


ფრანგი სოციოლოგი ანრი მენდრა წერს: „სოციოლოგიური ანუ ფსიქოსოციოლოგიური ტექნიკა ასევე სოციალური ფენომენია და გამოყენებულ უნდა იქნას საკვლევი სოციალური რეალობის შესაბამისად“ (Мендра А. 2000; გვ. 88).

ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული „ჭირი“ კულტურათა კვლევისას - ესაა მკვლევარის ეთნოცენტრიზმი.

კულტურათა შესწავლის მთელი ისტორიის მანძილზე მიდგომის საკითხი გადახლართული იყო მკვლევართა „სუბიექტური“ თავისებურებების ჩართულობის პრობლემატურობასთან მეცნიერულ კვლევაში.

კულტურის უდიდესი მკვლევარები (მაგალითად, მარგარეტ მიდი), მთელი მიმართულებები (კულტურული რელატივიზმი) უპირისპირდებოდნენ ამ მოვლენას და ამკვიდრებდნენ კაცობრიობაში ყველა კულტურის თანაბარუფლებიანობის და თანასწორობის იდეას. ისტორიული ფაქტია, რომ სწორედ დასავლეთელმა მკვლევარებმა გამოხატეს, უპირველეს ყოვლისა, პროტესტი კულტურის შესწავლაში დასავლური მიკერძოებულობის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს განსაკუთრებით აქტიურად გამოხატავენ აზიელი მკვლევარები.

ჰუმანისტური პათოსის გარდა, მეცნიერთა პროტესტი მეცნიერულობის მოთხოვნის ასახვაც იყო. საქმე ისაა, რომ მკვლევარის ეთნოცენტრიზმი მეცნიერული ობიექტურობის მტერია, რადგან უარყოფითად მოქმედებს კვლევის პროცესზე და სცოდავს არაადექვატური ინტერპრეტაციით. იმის მიუხედავად, რომ ეთნოცენტრიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მეცნიერების ისტორიაში საკმაო ტრადიცია აქვს, იგი დღესაც აქტუალურია და განსაკუთრებით საგრძნობი კულტურის კვლევაში.

ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი - Berry აღნიშნავს, რომ ეთნოცენტრიზმი საკმაოდ ხშირად ვლინდება დღესაც; იგი კვლევის სხვადასხვა დონეზე და ნაირგვარად იჩენს თავს:

1. იმ შემთხვევებში, როცა თითქოსდა უნივერსალურ მეთოდიკებში შეაქვთ თავიანთი კულტურისთვის სპეციფიური კატეგორიები;

2. მკვლევარის მიერ კვლევის ობიექტის ამორჩევაში ისე, რომ არ ხდება კულტურის სპეციფიკის გათვალისწინება მაგალითად, ევროამერიკულ ქვეყნებში იკვლევენ კომუნიკაციის შინაარსს, აღმოსავლურ კულტურებში კი არანაკლებ მნიშვნელოვანი კომუნიკაციური კონტექსტია;

3. თეორიათა და კონცეფციათა ფორმულირებაში, რამდენადაც სოციალურ მკვლევართა იდეებსაც და მათ მიერ გამოყენებად ცნებებსაც ძალზე ხშირად მათივე მშობლიური კულტურის სპეციფიკის დაღი ადევს.

3.4 § 4. შესაძლებელია ვალიდური შედარებით-კულტურული გამოკვლევა? Werner,Campbell-ის მეთოდი.

▲ზევით დაბრუნება


ქროსს-კულტურული მკვლევარები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ მიზნობრივი კულტურისთვის უცხო კონცეპტებზე დამყარებული თეორიები „ეთნოცენტრიზმის მახეა“, თუმცა კონკრეტული კულტურის მშობლიურ კონცეპტებზე დაყრდნობაც ასევე მახეა და სირთულეებს ქმნის - იგი სრულებითაც არ განსხვავდება კულტუროცენტრიზმის ფუნდამენტური სიძნელისგან, რადგან მკვლევარი კვლავ იძულებულია ებრძოლოს ამჯერად, ადგილობრივი ხასიათის კულტურულ მიკერძოებებს. (David Y.F.Ho. 1998).

მეთოდების გამოყენების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია კულტურათა შედარებით კვლევებში. დღეს მიღებული აზრით, სანდო მონაცემების მისაღებად შედარებით-კულტურულ გამოკვლევებში უმჯობესია მეთოდიკები არ ითარგმნოს ერთი ენიდან მეორეზე - ყოველ კულტურაში უნდა დაიძებნოს გამოყენებადი კატეგორიების emic-ური ექვივალენტები.

იმ შემთხვევაში, როცა გადათარგმნა მაინც ხდება, არსებობს სპეციალური, საკმაოდ რთული ე.წ. ორმაგი თარგმნის ტექნიკა დეცენტრირებით; ამ მეთოდის ავტორთა ლოგიკით, რადგან ერთი და იგივე აზრის გამოსათქმელად სხვადასხვა საშუალება არსებობს, ამიტომ საჭიროა ერთი და იგივე ტექსტის გულისყურით და გულდასმით დაახლოვება განსხვავებულ ენებზე. შეიძლება შეიცვალოს ფორმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - აზრი. ასეთი მეთოდი შეამსუბუქებდა თარგმანს და გამოკვლევისას სირთულეებს არ შექმნიდა.

მაგალითად, ტექსტი, რომელიც ორმაგად ითარგმნა, ე.ი. ერთი ენიდან მეორეზე და ისევ საწყისზე, შეიძლება პირველადი ტექსტისგან ძალიანაც განსხვავდებოდეს. ამ შემთხვევაში მკვლევარი უნდა ეცადოს არა თარგმნილი ტექსტის მიახლოვებას საწყის ტექსტთან, არამედ მან უნდა შეცვალოს საწყისი ტექსტი ანუ ამოსავალი ტექსტის „დეცენტრაცია“ უნდა მოახდინოს გამოკვლევის მიზნების შესაბამისად. ამისათვის კი საწყისი ტექსტი პირველ თარგმანს უნდა დაუახლოვდეს და არა თარგმანი - საწყის ტექსტს; შემდგომ ეტაპზე მკვლევარი დეცენტრირებული ტექსტის ორმაგ თარგმანს აკეთებს, რის შედეგადაც ღებულობს მესამე ტექსტს, რომელსაც მეტი შანსი აქვს, საწყისი ტექსტის იდენტური იყოს. ამ მეთოდიკას Werner-Campbell-ის მეთოდი ეწოდება.

Triandis-ის აზრით, საუკეთესო შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ კომპლექსური etic-emic-etic მიდგომით, როცა გამოიყენება „etic“ კატეგორიები და „emic“ საშუალებები მათ გასაზომად. მასთან, კატეგორიათა სისტემა ყოველ კულტურაში ზუსტად უნდა იქნას ოპერაციონალიზებული.

ამგვარად, უნივერსალური etic-ური კატეგორიები უნდა გააანალიზდეს კონკრეტულ კულტურაში emic-ური მეთოდებით და მხოლოდ ამის შემდეგ შეჯერდეს etic-ური მიდგომით (Triandis H.C. 1994).

ამგვარ მიდგომას ბევრი თანამედროვე კულტურის მკვლევარი იზიარებს, მაგალითად, მკვლევართა მთელი ჯგუფი, რომლებმაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ფილიპინებზე სპეციალური მუშაობა გასწიეს ე.წ. „სუბიექტური კულტურის“ ელემენტების - self- თვისებების, ღირებულებებისა და განწყობების - შესასწავლად და პიროვნების იდენტური საზომების დასადგენადA(T.Church, A.J. Carlota, M.Katigbak,Ma.A Guanson-Lapena, 1999).

ასეთი კომბინირებული მიდგომა მოითხოვს ეთნოლოგიის, ენათმეცნიერების, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის და სხვა ჰუმანიტარულ სფეროთა წარმომადგენლების ერთობლივ ინტეგრალურ საქმიანობას.

3.5 § 5. ინდიგენიზაცია - „შევხედოთ კულტურას მისივე მკვიდრის თვალებით“

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთი დიდხანს რჩებოდა აზიური, აფრიკული, ლათინურამერიკული სოციალური მეცნიერებების ეტალონად. მიიჩნეოდა, რომ თუ შედეგები დასავლურ თეორიებს არ შეესაბამება, თვითონ მონაცემები არ არის წესრიგში.

Harry Triandis-ი ამ ვითარებასთან დაკავშირებით არც თუ ირონიის გარეშე აღნიშნავს იმ სავალალო ცდომილებას, დასავლეთელ მეცნიერებს რომ გააჩნიათ საკვლევ პრობლემებთან დაკავშირებით არადასავლური ტიპის კულტურებში. მაგალითად, იაპონელებსო - წერს იგი - ბევრად უფრო ნაკლებად აწუხებთ კოგნიტური შესატყვისობის პრობლემები, ვიდრე დასავლური კულტურის წარმომადგენლებს. „კოგნიტური ბალანსის“, „კოგნიტური დისონანსის“, „კოგნიტური კონგრუენტობის“ და ა.შ. პრობლემები, რომლებიც ასე აქტუალურია დასავლეთელი (ევროამერიკელი) მკვლევარებისთვის, სათავეს ძველბერძნულ სააზროვნო ტრადიციაში იღებს შესატყვისობის იდეის სახით; დასავლეთში გვგონია, რომ თუ „ა“ ჭეშმარიტია, მაშინ „ბ“ არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს; ამგვარი თვალსაზრისი კი დიდად აზრიანი არაა იმ კულტურებში (მაგალითად ინდურში), სადაც ფართოდაა გავრცელებული ფილოსოფიური მონიზმი, რომლის მიხედვითაც „ყოველივე ერთიანია“ და დიადი ჭეშმარიტების საპირისპიროც ასევე „დიადი ჭეშმარიტებაა“ (Triandis;1994 გვ. 4).

პირველად იაპონელებმა დასვეს საკითხი იმის თაობაზე, რომ დასავლური თეორიები თუ მცდარი არა, უნივერსალური მაინც არაა. დღეს თვალშისაცემია არადასავლელ მეცნიერთა პოზიცია, რომელთა აზრით, უნდა შეიქმნას ადგილობრივი („ინდიგენური“) მეცნიერება; ისინი ისწრაფვიან, კულტურულ ჯგუფს შეხედონ მისი წევრების თვალებით და რაც მთავარია, მუდმივად იქნას გათვალისწინებული კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელი სოციალური კონტექსტი.

მეცნიერება ესწრაფვის გამოავლინოს ქცევის უნივერსალური პრინციპები. იმის დაშვება, რომ ეს პრინციპები კულტურითაა გაპირობებული და არა კულტურულად უნივერსალური, გარკვეულ სირთულეებს ქმნის. მაგრამ მეცნიერება ცოდნას გარკვეულ ეტაპზე აღწევს, მოვლენების კონცეპტუალიზაციაც და მათი შესაწავლი მეთოდოლოგიაც გაჯერებულია კულტურული ღირებულებებითა და ვარაუდებით. მკვლევარი არ მოქმედებს კულტურულ ვაკუუმში, შესაბამისად, არც ცოდნა ყალიბდება მისგან დამოუკიდებლად, ეს ცოდნაც კულტურის პროდუქტია.

კულტურათა კვლევის თანამედროვე ეტაპზე, განსაკუთრებით ბოლო 2 ათწლეულის მანძილზე, კონფუციანური მემკვიდრეობის კულტურებში განვითარდა მეცნიერების ე.წ. ინდიგენიზაციის თვალსაზრისი. ამის ხელშემწყობი იყო ის უკმარისობა, რომელსაც იწვევდა დასავლური თეორიებისთვის ტიპიური ინდივიდუალიზმისკენ გადახრა. ავტონომიური ინდივიდის თეორიები ეჭვქვეშ დადგა როგორც ისტორიული, ისე გლობალური თვალსაზრისით. კონფუციანური მემკვიდრეობის კულტურებში - იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, ფილიპინებში, მკვლევარებმა ხმა აღიმაღლეს არსებული ვითარების წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს ინდიგენიზაციას, რადგან სოციალური ცხოვრების ინდივიდუალისტური მოდელი არ წარმოაჩენს სრულ ადამიანურ გამოცდილებას.

ცნობილი ფილიპინელი მკვლევარის - David Ho-ს განსაზღვრებით, ინდიგენური მოძღვრება ადამიანის ქცევისა და მენტალური პროცესების შესახებ კულტურულ კონტექსტში ეფუძნება კონკრეტული კულტურის ღირებულებებს, კონცეპტებს, რწმენათა სისტემებს, მეთოდოლოგიასა და საკვლევი სპეციფიკური ჯგუფის (ეთნიკური თუ კულტურული) ინდიგენურ მახასიათებლებს. ამიტომ ინდიგენური მიდგომით მოპოვებული ცოდნა ხასიათდება არა იმდენად ცოდნის სტრუქტურით, რომელსაც ფლობს კულტურული ჯგუფის შესახებ, რამდენადაც კულტურულ ჯგუფზე დაყრდნობით შექმნილი კონცეფციებითა და მეთოდოლოგიებით, რომელთა მეშვეობითაც ხდება ცოდნის განზოგადება თვალშისაცემია კულტურის წარმომადგენელთა თავისებურებების შესწავლის ტენდენცია არა სტანდარტული, არამედ ადგილობრივ კონცეპტუალურ და საინტერპრეტაციო მოდელებზე დაყრდნობით.

ცნობილი ფილიპინელი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ინდიგენიზაციას ჰყავს თავისი დამცველებიც და მოწინააღმდეგეებიც.

ინდიგენიზაციის მოწინააღმდეგეებს შემდეგი არგუმენტები აქვთ:

ინდიგენური თეორიები ქროსს-კულტურულზე დაქვემდებარებულად განიხილება და ამდენად, მისი დეფინიცია წინასწარაა განსაზღვრული; ინდიგენური თეორიები იმთავითვე არასრულია; ისინი ვერ იქნება ზოგადი თეორიები ადამიანის ქცევის შესახებ; ინდიგენიზაციამ კულტურა შეიძლება ავტოქტონურობამდე მიიყვანოს, წინააღმდეგობა გაუწიოს მისი მოვლენების სააშკარაოზე გამოტანას და ცვლილებებს გარე ფაქტორების ზეგავლენით, ამდენად, იგი შიგნით მიმართული, კონსერვატიული და განვითარებისთვის გარე სტიმულების დამხშობია. არსებობს ბევრი გამოსაკვლევი ცალკეული კულტურა და ყოველი მათგანისთვის ცალკე მეცნიერების შექმნა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც უსაფუძვლოა და არაჯანსაღი.

ინდიგენიზაციას მხარს უჭერენ შემდეგი არგუმენტებით:

კონცეპტუალური ჩარჩოები და მეთოდოლოგიური საფუძვლები უნდა ჩამოყალიბდეს არა შემოტანილ მოდელებზე დაყრდნობით, არამედ მიზნობრივად, ადგილობრივი კულტურის გამოკვლევის საფუძველზე, რადგან დასავლური კონცეპტები შეიძლება არარელევანტური და გამოუსადეგარი იყოს აზიაში. მაგალითად, დასავლური იდეოლოგიური ვარაუდები, ვთქვათ, ინდივიდუალიზმი, აზიური ეთნოსისთვის უცხოა. ამიტომ მათზე ბრმა მიდევნებამ შეიძლება აზიის და აზიელების არასწორ გაგებამდე მიგვიყვანოს. Ho-ს აზრით, „დასავლური ფსიქოლოგიის აზიაზე სრული გადატანა კულტურული იმპერიალიზმის სახეა და ხელს უწყობს ცნობიერების კოლონიზაციას“ (იგი აღნიშნავს, აზიელები საგანგაშო კონფრონტაციაში არიან მათ შესახებ სტერეოტიპების გამო, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთელმა, არამედ ამერიკულ ფსიქოლოგიაზე დაყრდნობილმა აზიელმა მკვლევარებმაც შექმნესო).

Ho გამოყოფს ინდიგენურ და ეგზოტიკურ თეორიებსა და თეორეტიკოსებს - როცა მკვლევარი თავისი კულტურისთვის ბუნებრივ (ანუ მშობლიურ) ღირებულებებსა და კონცეპტებს ეყრდნობა, წარმოჩინდება ადგილობრივი მკვიდრების თვალთახედვა; როცა ამ ტიპის თეორიები ერთიანდება უცხო კულტურის ღირებულებებთან და კონცეპტებთან, ვლინდება აუტსაიდერების თვალთახედვა; რომელს შეიძლება ვენდოთ მათ შორის? Ho-ს აზრით, ასეთი თეორიები ერთი და იგივე იმპლიციტურად მოცემული მსოფლმხედველობის ასახვა და გამოხატულებაა, თუ ისინი საკუთარი კულტურის ღირებულებებსა და კონცეპტებს ეყრდნობიან და, ამდენად, მხოლოდ მიზნით განსხვავდებიან.

თეორეტიკოსთა შედარებაც პრაქტიკულად სხვადასხვა კულტურული ტიპის შედარებაა. გარკვეული კონსტრუქტები (მოქმედი პირი, ეგო, Self, პიროვნება) ასახავს დასავლეთისთვის დამახასიათებელ ადამიანური ყოფიერების ინდივიდუალისტურ კონცეფციას; ამის საპირისპიროდ, სხვა კატეგორიის კონსტრუქტები (სახე, მიჯაჭვულობითი ორიენტაცია, მიჯაჭვულობითი იდენტურობა) ასახავს კონფუციანური კულტურებისთვის დამახასიათებელ დამოკიდებულებით (მიჯაჭვულობის) კონცეფციას.

მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს ინდივიდის თვისებებს ურთიერთობრივი კონტექსტის გარეშე, საკმარისი არაა ქცევის ასახსნელად: ინდივიდის თვისებები შეიძლება ურთიერთქმედებდნენ ჯგუფის თვისებებთან, რაც სრულიად განსხვავებულ ქცევებში აისახება. მაგალითად, ინტელექტუალური პიროვნება შეიძლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს ადექვატური ინტელექტის მქონე პიროვნებებთან, მაგრამ სრულიად არაეფექტური აღმოჩნდეს დაბალი ინტელექტის მქონეთა გვერდით. სხვა კულტურის წარმომადგენელთან ქორწინებისას ხშირად სრულიად განსხვავებული შეხედულებების წინაშე დგებიან ქორწინების თაობაზე და აუცილებელი ხდება მეუღლეთაგან რომელიმეს მიერ ქცევის მკვეთრი შეცვლა. ეს მაგალითი კარგად ავლენს ინდივიდის ატრიბუტებისა და კულტურულად განსაზღვრული როლების ურთიერთქმედებას ანუ ფოკუსირება ხდება პიროვნებაზე სხვადასხვა ურთიერთობრივ სიტუაციაში, ფოკუსირებულია ურთიერთქმედების სუბიექტები ურთიერთობრივ კონტექსტში. ინდიგენური თეორიისთვის ეს ორი მომენტი საბაზისოა.

მეთოდოლოგიურ მიმართებითობას უნივერსალური სანდოობა აქვს; ამის მიზეზი ისაა, რომ სოციალური ქცევა ყოველთვის რაღაც მიმართებით-ურთიერთობრივ კონტექსტში ხდება ყოველგვარი სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განსხვავებების მიუხედავად. ტრადიციულად, ამგვარ კონსტრუქციებს ნაკლები ყურადღება ეთმობა.…ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართებით-ურთიერთობრივი კონტექსტია ინტერპერსონალური ურთიერთობები (მაგ. მშობელი-შვილი). ამ ურთიერთობათა საკუთარი ნიშნები (თვისებები) არ იცვლება სიტუაციების და ინდივიდების მიხედვით - ეს თვისებები ხანგრძლივი და უცვლელია სხვადასხვაგვარ სიტუაციაში. მაგალითად, თაობათაშორისო ურთიერთობების კონფუციანურ განსაზღვრებას საფუძვლად უდევს შვილების პატივისცემა მშობლების მიმართ და არა აქვს მნიშვნელობა, სად და როდის ხდება იგი.

ამგვარად, ინდიგენური თეორიები იყენებენ გამოსაკვლევ კულტურულ ჯგუფზე დაფუძნებულ კონცეფციებს და მეთოდოლოგიებს; ესაა მისი სიძლიერეც და შეზღუდვაც. ძალა იმაშია, რომ შესაძლებელი ხდება ადგილობრივების მიერ საკუთარი თავის გაგების დადგენა, რაც სხვა გზით შეუძლებელია; შეზღუდვა იმაშია, რომ ეს კონცეფციები ვერ თავსდება ჩამოყალიბებული, დასრულებული ფსიქოლოგიური ცოდნის სისტემაში.

თეორიებს, თეორეტიკოსებსა და კულტურებს შორის მსგავსებაც და განსხვავებაც ძალზე მნიშვნელოვანია და ისინი ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული. უპირატესობა არა აქვს ინდიგენურ თეორიებს ან პირიქით.

დიდად გასაკვირი არაა, როცა ადგილობრივი მკვიდრის თვალსაზრისი თავისი კულტურის შესახებ განსხვავდება აუტსაიდერის თვალსაზრისისგან; მეტიც, განსხვავება ადგილობრივებს შორისაცაა. ორივე ტიპის განსხვავება - ინტერკულტურულიც და ინტრაკულტურულიც - ახსნას მოითხოვს.

უცხო ცნებების სესხება, Ho-ს აზრით, მაინცდამაინც ეთნოცენტრიზმი ან კულტუროცენტრიზმი არაა, ხშირად ეს ერთგვარი კულტურული განაყოფიერებაა, რაც შეიძლება მშვენიერი შემოქმედებითი სინთეზით დამთავრდეს.

ყოველი კულტურის რესურსი განიხილება პოტენციურ საშუალებად როგორც ადგილობრივი, ისე ეგზოტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ქცევის ასახსნელად.

რეალობის კონსტრუირება ამა თუ იმ კულტურაში ან კულტურებს შორის შეიძლება მრავალგვარად; სხვადასხვაგვარი კულტურული წარმოშობის თვალსაზრისები მისაღებია და ამიტომ პრიორიტეტი არც ერთს არ ენიჭება.

ამგვარად, ფილიპინელი მკვლევარის თვალსაზრისით, ინდიგენიზაცია არის კვლევის პროცესის ღირებული, აუცილებელი საფეხურიც კი (David Y.F.Ho 1998).

ინდიგენური მეთოდოლოგიები და მათ შორის, ფსიქოლოგია დაჟინებით მოითხოვს, რომ მიზნობრივ ანუ გამოსაკვლევ ჯგუფს მისივე მკვიდრის თვალებით შევხედოთ.

უნდა აღინიშნოს, რომ გადმოცემული კონცეფცია ასახავს თანამედროვე სოციალურ მეცნიერებაში ფართოდ გავრცელებულ ტენდენციას, რომელიც თავს იჩენს ეთნომეთოდოლოგიების სახით.

3.6 § 6. კვლევის ინდიგენური - emic-ური მეთოდები

▲ზევით დაბრუნება


იმ კულტურული ფენომენის გამოვლენას, რომელიც კოგნიტურ პერცეფციას გამოეყოფა, მკვლევარები მიიჩნევენ ფუნდამენტურად მნიშვნელოვნად ქროსს-კულტურულიდან ინდიგენური კონცეფციების წარმოსაქმნელად.

სპეციალისტები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ დასავლეთში ჩამოყალიბებული თეორიული მიდგომა ვერ ითვალისწინებს იმ სოციოცენტრულ კულტურულ ტენდენციებს, რომლებიც ბატონობს ურთიერთდამოკიდებულ, კოლექტივისტურ, ოჯახზე დაფუძნებულ საზოგადოებებში და კარნახობს სოციალური ინტერაქციის წამყვან ფორმებს. მაგალითად, მიღწევის ორიენტაციის შესწავლისას, კოლექტივისტური კულტურის სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნას ფორმათა მისაღებობა მიზნის მისაღწევად.

კონკრეტულ არადასავლურ კულტურებში მკვლევარებს შორის შეუთანხმებლობა პიროვნების ძირითადი საზომების თაობაზე, თვისებათა შერჩევის პრაქტიკა უცხოურ ტესტებზე დაყრდნობით, საკუთარი ადექვატური ტესტების უქონლობის გამო უცხოური ტესტების გამოყენება ადექვატურ მონაცემთა მოპოვებაში ბევრ პრობლემას ქმნის. მკვლევარები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ ბევრ აზიურ კულტურაში შეტანილი ტექნიკის (კითხვარი, ფორმალიზებული ინტერვიუ, ტესტი) გამოყენება შეზღუდულია გაუნათლებლობით, არადასავლურ კულტურებში მგრძნობელობითი ფაქტორების დიდი მნიშვნელობით, გამოკვლევაში მათი როლის დაუდგენლობით და ა.შ. ყოველივე კი ქმნის ადექვატური მეთოდების შექმნის აუცილებლობას

დასავლეთელ და ფილიპინელ მკვლევართა ერთობლივი ძალისხმევით (T.Church, A.J. Carlota, M.Katigbak, Ma.A Guanson-Lapena) ჩამოყალიბებულ იქნა ფილიპინური კულტურისთვის ადექვატური ქცევა-განწყობებისა და თვისებების ინვენტარი და აპრობირებულ იქნა კონკრეტულად emic-ური მეთოდი, რომელიც წარმოადგენს გამოკითხვის მეთოდის ნაირსახეობას.

მონაცემთა შეგროვების ინდიგენური, ე.წ. გარშემომყოფთა გამოკითხვა, შედარებით ბუნებრივი, არაფორმალურ გამოკითხვაზე დაფუძნებული ტექნიკაა, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება დახასიათდეს:

1. რადგან ეფუძნება კონკრეტულ (ფილიპინურ) კულტურას, ამიტომ ურთიერთობის ფორმა რესპონდენტთან კარგად გასაგები და მისაღებია, ამდენად, კულტურის წარმომადგენელთა მიერ არ აღიქმება თავსმოხვეულად. შესაბამისად, მისი უპირატესობაა მეტი მოქნილობა და სანდოობა, რაც ინფორმაციას იცავს მკვლევარის მიერ დამახინჯებისგან;

2. მკვლევარი მხოლოდ მაშინ და თანაც ისეთ კითხვებს სვამს, რომელიც ბუნებრივია და ურთიერთქმედების კონტექსტს არ არღვევს; ამასთან, ჩვეულებრივ საუბარში შესაძლებელი ხდება ისეთი გარემოს შექმნა, როცა ინფორმაცია ბუნებრივად წამოვა ან უნებურად, თავისთავად მიეცემა. აქ მთავარია, ინფორმანტს არ შეექმნას გრძნობა, რომ მას რაღაც მიზნით იყენებენ ან სპეციალური გამოკითხვის ობიექტია. ამიტომ მკვლევარს სიფაქიზე და კარგი კონტაქტისუნარიანობა მოეთხოვება.

3. დასმული კითხვა ყოველთვის წინას გაგრძელებაა; ამდენად, მკვლევარს სხვა კითხვების დასმაც შეუძლია ახალი ინფორმაციიდან გამომდინარე, ან წინას ნათელსაყოფად და დასაზუსტებლად; შეიძლება იმპროვიზირებაც;

4. გამოკითხვის პროცესში შეიძლება გადახრაც სხვადასხვა ინფორმანტთაგან მიღებული ინფორმაციის სანდოობის შესამოწმებლად. გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ინფორმაციის შეუთავსებლობა ის შემთხვევაა, როცა მიზნობრივ პოპულაციაში საგნის განსხვავებულ ხედვასთან გვაქვს საქმე.

5. ეს ტექნიკა გამოიყენება იმ მიზნობრივ პოპულაციასთან, ვინც მეტნაკლებად იზიარებს ერთი და იგივე სოციალურ სამყაროს, ან ამ სამყაროს ურთიერთობის ფორმებს საკვლევ საგანთან დაკავშირებულ ასპექტებში მაინც. პრაქტიკაში იგი გამოსადეგია სტაბილურ ერთობებში, კარგად განვითარებული, მჭიდრო სოციალური ქსელით, რაც მკვლევარს უადვილებს ინფორმანტთა სოციალურ ჯგუფთან კონტაქტში შესვლას.

6. ამ ტექნიკას ბევრი დრო მიაქვს, მაგრამ ხშირად იგი ყველაზე ეფექტურია.

აღწერილი ტექნიკა (ე.წ. „აგტატანუნგ-ტანონგ“), კვლევართა აზრით, შეცვლილი სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა კულტურებშიც; იგი მიიჩნევა დასავლური ტექნიკისა და გასაზომი ინსტრუმენტების საკმაოდ სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად.

იგივე ტექნიკას კრიტიკულადაც უნდა შევხედოთ:

1. აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული სხვა მკვლევართა მონაცემები და ახლად მოპოვებული მასალა უნდა შედარდეს მათთან; მხოლოდ ამის შემდეგაა გამართლებული „აგტატანუნგ-ტანონგ“-ში ჩართული შემოწმების შედეგთა ფორმალიზება და ქვანტიფიცირება;

2. ინფორმაცია კიდევ უნდა გაიფილტროს კონკრეტული პირის მეშვეობით, რომელიც ერთდროულად სოციალური სტიმულიცაა და მომხსენებელიც მონაცემთა შეგროვების პროცესში;

3. აღნიშნულის გარდა, არსებობს სანდოობის სხვა საზომებიც, მაგალითად, შეთანხმება მკვლევარებს შორის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოკითხვის არაფორმალური ბუნებისა და იმის გამო, რომ ამ ტექნიკით ვერ ხერხდება მოდელის ფორმალური კრიტერიუმის ჩამოყალიბება.

„შეხებით მოსინჯვა“ („აკაპა-კაპა“). „აგტატანუნგ-ტანონგ“, რომელიც საკმაოდ სპეციფიური ტექნიკაა, შეიძლება განხილულ იქნას ფილიპინური კონცეპტის - „აკაპა-კაპა“-ს ფონზე, რომელიც უფრო ზოგად მიდგომას წარმოადგენს პრობლემის გადასაწყვეტად.

ამ მიდგომაში ყველაფერი იწყება ყოველგვარი წინასწარი კონცეფციის, ჰიპოთეზისა და ცოდნის გარეშე. კვლევის ობიექტთან და მიზანთან დაკავშირებით პროცედურის თანმიმდევრობას ყურადღება არ ექცევა - არსებობს მხოლოდ გლობალური, არადიფერენცირებული კვლევის საგანი და მისი შეცვლა შეიძლება მკვლევარის მოსაზრების მიხედვით. არც კითხვების შინაარსი და თანმიმდევრობაა ჩამოყალიბებული და არც პასუხთა ვარიანტები; ამდენად, რაიმეს წინასწარი ცოდნა არ მოითხოვება. უნდა აღინიშნოს, რომ საგნის სრული უცოდინარობა აუცილებელი მოთხოვნა არ არის, მაგრამ მკვლევარი უნდა იდგეს ტოტალური არაინფორმირებულობის პოზიციაზე. ეს მიდგომა იმ ადამიანს ჰგავს, „რომელიც რაღაცას კი ეძებს, მაგრამ თვითონაც არ იცის - რას“, ამიტომ საწყისი ჰიპოთეზის ჩამოსაყალიბებლად და ფორმულირებისთვის არავითარი აზრობრივი ძაფი არა აქვს.

ამ მეთოდის გამოყენებისას მკვლევარმა ანგარიში უნდა გაუწიოს შემდეგ მოთხოვნებს:

1. საწყის საფეხურზე მკვლევარს თავისუფლად შეუძლია არ შეისწავლოს ლიტერატურა - მასზე მიმართვა ხდება მხოლოდ მონაცემთა შეგროვების, გაანალიზებისა და ინტერპრეტაციის შემდეგ კვლევის სამომავლოდ დასაგეგმად და ხელახალი ფორმულირებისთვის;

2. მკვლევარი მოვლენებს ისე უდგება, რა სახითაც ჩნდება და ეძლევა, ყოველგვარი წინასწარი კონცეფციის გარეშე. ეს ნიშნავს საწყისი წერტილისკენ, „ნედლი“ მონაცემებისკენ მიბრუნებას; გარდა ამისა, მკვლევარი გულდასმით ითვალისწინებს იმას, თუ რას ამბობს და აკეთებს გამოსაკითხი ხალხი, აგრეთვე პროფესიონალი მკვლევრების აზრს მათ ლაპარაკსა და ქცევაზე.

3. ამ მიდგომაში მონაცემთა კონცეპტუალიზაციისა და კატეგორიზების ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი სხვადასხვა ქცევის მარკირებას ახდენს არა კონცეპტუალური სქემების მიხედვით, არამედ იმის გარკვევაზე დაყრდნობით, თუ რა იარლიყებს და კონცეპტუალურ სქემებს იყენებენ თვით მოქმედი პირები და მათთან ინტერაქციაში მყოფი სუბიექტები. ამ თვალსაზრისით, ეს სქემები კონცეპტუალური კატეგორიის მნიშვნელობას იძენენ.

4. საბოლოოდ, უნდა მოგროვდეს ის ინფორმაცია, როცა შესაძლებელი იქნება გამოსაკვლევი კონცეპტების, რელევანტური ცვლადებისა და საზომების გამოკვეთა საიმისოდ, რომ ჩამოყალიბებულ იქნას გამოკვლევის კონცეპტუალური სქემები და ფორმალური გეგმა.

„აკაპა-კაპა“, როგორც ინტელექტუალური მიდგომა, მოითხოვს დისციპლინასა და დამაჯერებლობას. ფილოსოფიურად იგი უახლოვდება ჰუსერლის რედუქციონისტული ფილოსოფიის დაეჭვების თეორიას, რომლის აზრია წინასწარი ცნებების თავიდან არიდება; ეს ტექნიკა უახლოვდება მეცნიერული აქტივობის საწყის ფაზას, რადგან არც მეცნიერისთვისაა უცხო კითხვების ისე ფორმულირება, რომ მისთვის უცნობი, ადრე წარმოუდგენელი ინფორმაციაც კი გაიხსნას. ამ თვალსაზრისით იგი ჯანსაღი განწყობაა, რადგან ეჭვქვეშ აყენებს ფუნდამენტურ ვარაუდებსა და თავისთავად ცხად ჭეშმარიტებებს, რომლებზეცაა აგებული ცოდნის მთელი შენობა, ეწინააღმდეგება გაბატონებულ და ავტორიტეტულ თეორიებს და ეძიებს ძველი პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზას.

აღნიშნული მეთოდი გამოიყენება კულტურულ-სპეციფიკურ თეორიებში. მაგრამ მეთოდოლოგიური მიმართებითობა უნივერსალურობისკენ ისწრაფვის და ზოგად ჩარჩოს ქმნის ადამიანის ფიქრისა და ქცევის გასაანალიზებლად. ანალიზის სტრატეგიული მომენტია არა ინდივიდი და სიტუაცია ცალცალკე აღებული, არამედ პიროვნება ურთიერთობებში.

3.7 § 7. რას უნდა ვითვალისწინებდეთ ქროსს-კულტურული კვლევის ჩატარებისას?

▲ზევით დაბრუნება


შედარებით-კულტურული კვლევის შედეგთა ვალიდურობაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას:

1. პასუხის ამორჩევის კულტურული ვარიაბილურობა - კულტურის წარმომადგენლები იმის მიხედვით განსხვავდებიან, პასუხთა მიწოდებული ვარიანტებიდან რომელს ირჩევენ - უკიდურეს პასუხებს თუ შუალედურს და ამასთან, რა სიხშირით; სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები შეფასების სკალაზე განსხვავებულ პასუხებს იძლევიან - ერთნი უკიდურეს პასუხებს ირჩევენ, მეორენი - უფრო ზომიერს. მკვლევარისთვის დილემა ისაა, რომ ვერ არჩევს, ეს განსხვავებები გამზომი ინსტრუმენტით გამოწვეული არტეფაქტებია, თუ მონაცემები მართლაც „ჭეშმარიტ“ განსხვავებებს ასახავენ.

პასუხებში ამ გადახრების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე პროცედურას მიმართავენ. ყველაზე ხშირად გამოიყენება ობიექტების მიხედვით მონაცემთა დაჯგუფება (Hofstede,1980); ამის ალტერნატიულ მიდგომას წარმოადგენს პროცედურა, როცა რესპონდენტებს სთხოვენ ღირებულებათა დალაგებას მათი მნიშვნელობის მიხედვით (Rokeach, 1973) და ამით ცდილობენ შეფასებითი სკალების გვერდის ავლას (Berry 1992).

2. პასუხის გაცემის ხასიათის კულტურული ვარიაბელურობა -კულტურული განსხვავებები ვლინდება იმის მიხედვითაც, როდის პასუხობს რესპონდენტი: როცა პასუხში აბსოლუტურად დარწმუნებულია თუ, საერთოდ, ყველა შეკითხვას პასუხობს (ან ფიქრობს, რომ უნდა უპასუხოს);

3. პასუხთა კულტურული ვარიაბილურობა - კულტურების მიხედვით იმის ნაირგვარი ალბათობა, რომ მივიღებთ რეალობის დამახინჯებულ, სოციალურად სასურველ პასუხს; სოციალური სასურველობის მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგალითად, ადამიანი უბრალოდ ცდილობს თავისი კულტურული იდეალები კარგად გამოხატოს, ან მკვლევარი (უფრო ხშირად, ვინმე ხელისუფალი) ასიამოვნოს (Hui C.H., Triandis H.C., 1989; Berry et all… 1990… 1990).

4. მკვლევარისთვის მისაწვდომ გამოსაკითხ პირთა (შერჩევის) კულტურული ვარიაბილურობა - ყველა კულტურაში არსებობს მკვლევარისთვის შედარებით ადვილად და ძნელად მისაწვდომი მოსახლეობის Fფენები. დასავლურ კულტურებში ასეთია მდიდარი და გავლენიანი ხალხი, ტრადიციულში კი სწორედ ისინია ძირითადი შესწავლის ობიექტები, ძალზე ხშირად მკვლევართან ურთიერთობა მათთვის სოციალურად პრესტიჟულია. Triandis-ი, მაგალითად, აღნიშნავს, რომ ამერიკელ მკვლევარებს უჭირთ სკოლებში კვლევების ჩატარება, რადგან ადმინისტრაცია უფრთხის მათი სკოლის იმიჯისთვის ჩრდილის მიმყენებელ შედეგებს (თრიანდის, 1994).

5. ინტერჯგუფური აღქმის მექანიზმების თავისებურებები კულტურის მიხედვით; ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მონაცემთა შეკრებასა და მათ ინტერპრეტაციაზე; ამ მექანიზმთა უცოდინარობა განსაკუთრებით იჩენს თავს მკვლევართა ეთნოცენტრიზმის სახით, როცა საკუთარი კულტურის სტანდარტებს უნივერსალურად მიიჩნევენ და ყველა კულტურას უყენებენ.

თავის პროგრამულ მომიხილვაში Berry აღნიშნავს, რომ ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის პარადიგმისთვის არსებობს ქროსს-კულტურული კვლევის 3 ტრადიციული დილემა:

1. სოციალური ქცევის უნივერსალური ასპექტები;
2. მიზეზობრიობის (კაუზალობის) პრობლემა;
3. ღირებულებები, როგორც კულტურათა კლასიფიკაციის საფუძველი.

მოცემული პარადიგმის ფარგლებში ყველაზე ხშირად გამოიყენება ოპოზიციები: Self -სხვები, ინდივიდი/ჯგუფი, ლიდერი/მიმდევარი, ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი. ამგვარი პოლარიზაციის გავრცელების თვალსაჩინო ნიმუშია გამოკითხვებში ყველაზე ხშირად გამოყენებადი ბიპოლარული სკალები.

3.8 Resume

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა კულტურა სამყაროს სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას ახდენს. კულტურის ზეგავლენით უნივერსალურ მექანიზმთა ფუნქციონირების შედეგებიც იცვლება. ამის გამო კულტურათა კვლევაში განსაკუთრებული პრობლემაა უნივერსალური კანონზომიერებისა და კულტურულად სპეციფიურის ურთიერთმიმართება.

კულტურათა კვლევაში ეყრდნობიან ორგვარ მიდგომას: etic-ურს და emic-ურს. etic-ური გულისხმობს კულტურათა შესწავლას უნივერსალისტური თვალსაზრისით, გარე დამკვირვებლის პოზიციიდან, რაც გულისხმობს ყველა კულტურისთვის საერთოს შესწავლას და ასეთი გზით გამოვლენილი მონაცემების შედარებას საერთო მახასიათებლის მიხედვით. emic-ური მოდგომით კულტურის შესწავლა გულისხმობს კულტურულ-სპეციფიკურის შესწავლას. ეს პოზიცია ეყრდნობა კულტურის „შიგნიდან“, მისი მატარებლების პოზიციიდან შესწავლას.

ორივე მიდგომა ტრადიციულად აპრობირებულია და გამოვლენილია თითოეული მათგანის ნაკლიც და უპირატესობაც. etic-ურის უპირატესობად მიიჩნევა კულტურათა შედარების შესაძლებლობა რაიმე მახასიათებლით ან მახასიათებელთა ერთობლიობით, ნაკლად კი - კონკრეტულ კულტურათა სპეციფიკის ნიველირება და კულტურული კონტექსტის გაუთვალისწინებლობა; emic-ური მიდგომის უპირატესობად მიიჩნევა კონკრეტული კულტურების უფრო სრული, სავსე აღწერა და ფენომენთა უკეთ ახსნადობა, რადგან გათვალისწინებულია კულტურული კონტექსტი, ნაკლად კი - გამოვლენილ ფენომენთა შედარების სირთულე სხვა კულტურების ფენომენებთან.

ორივე მიდგომის შემთხვევაში პრობლემატურია მკვლევარისა და საკვლევი ინსტრუმენტის ფაქტორები. მკვლევართან დაკავშირებულია ეთნოცენტრისტული ტენდენციების კონტროლის პრობლემა - მკვლევარი კულტურული და პიროვნული ორიენტაციების, განწყობებისა და ღირებულებების მქონე პიროვნებაა; იგი ნებსით თუ უნებლიედ რთავს თავის პიროვნულობას კვლევაში, რაც თავს იჩენს საკითხის, კვლევის ინსტრუმენტის, კონცეპტუალური ცნებების ამორჩევასა და გამოყენებაში. კულტურულ ფენომენთა შესწავლისას ეს პრობლემა ერთ-ერთი ფუნდამენტურია, რადგან იწვევს ემპირიული სურათის დამახინჯებასაც, არასწორ ინტერპრეტაციასაც და, საბოლოოდ, მიკერძოებულ შედეგებსაც.

ეთნოცენტრიზმის საფრთხე თუმცა კი ორივე მიდგომას თან ახლავს, თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებით მახვილდება ყურადღება emic-ურ მიდგომასა და ეთნომეთოდოლოგიაზე, რასაც ინდიგენიზაციას ანუ რეგიონულობას უწოდებენ. ამ მიდგომის გააქტიურება მოცემულ ეტაპზე გაპირობებულია etic-ური მიდგომისთვის დამახასიათებელი დასავლური კვლევითი მოდელების უკმარისობით როგორც თეორიულ, ისე ემპირიულ პლანში, რაც გამოიხატება არაადექვატური ემპირიული სურათის შექმნასა და ინტერპრეტაციის მიკერძოებულობაში. ინდიგენიზაციის მომხრეთა აზრით, ადგილობრივი (ინდიგენური) კონცეფციების დამუშავება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზოგადი თეორიული და პრაქტიკული კონცეფციების დამუშავებაში, რადგან უფრო მრავალმხრივად ავლენს შესასწავლ ფენომენს; ამიტომ აქტიურად მუშაობენ კვლევის emic-ური მეთოდების ჩამოყალიბებასა და დახვეწაზე. კვლევის ჩატარებისას ასევე მნიშვნელოვანია გამოკითხვის ტექნიკის დახვეწასა და გამოსაკითხი შერჩევის სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხები.

თანამედროვე ეტაპზე მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საუკეთესო შედეგები შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ კომპლექსური etic-emic-etic მიდგომით, როცა გამოიყენება etic-კატეგორიები და emic-საშუალებები.

3.9 კითხვები:

▲ზევით დაბრუნება


ჩამოაყალიბეთ მკვლევარის სუბიექტურობის გამაპირობებელი ფაქტორები. რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს მკვლევარის სუბიექტივიზმი?

აღწერეთ სოციოლოგიაში გამოყენებადი გამოკითხვის მეთოდები და გაავლეთ პარალელი emic-ური მიდგომით ჩამოყალიბებულ გამოკითხვის მეთოდებთან.

თქვენი აზრით, რა კონკრეტული შინაარსებით შეიძლება გამოვლინდეს დასავლური თეორიული მოდელის ან კვლევის ინსტრუმენტის უკმარისობა არადასავლურ კულტურაში?

3.10 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. David Y.F.Ho. Indigenous psychologies. Asian Perspectives. Journal of cross-cultural psychology. Vol. 29 No.1, January 1998 88-103

2. Berry J.W., Poortinga Y.H., Segall M.H. Dasen P.R. Cross-Cultural Psychology: Research and applications. Cambridge etc,; Cambridge un.Press, 1992

3. Rolando Dias-Loving. Contributions of Mexican ethnopsychology to the resolution of the etic-emic dilemma in personality. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 104-118

4. Triandis H.C. Culture and social behavior. N.Y. etc.: McGraw-Hill, 1994 gv. 81-86

3.11 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


კულტურული უნივერსალია - ღირებულებები ან ქცევის წესები, რომლებიც ყველა ადამიანურ კულტურას ახასიათებს 

etic-ური მიდგომა - კულტურული ფენომენების შესწავლა კულტურულ უნივერსალიებზე დაყრდნობით და გამოყენებით

emic-ური მიდგომა - კულტურული ფენომენების შესწავლა კულტურულ-სპეციფიურ კონცეპტებზე დაყრდნობით

კონცეპტი - აზროვნების ფორმა ან აზრი, რომელიც საგნებს (სინამდვილის მოვლენებს) და მათ შორის კავშირებს ასახავს განზოგადებული ფორმით ზოგადი და სპეციფიკური ნიშნების ფიქსაციის მეშვეობით

ეთნომეთოდოლოგია - იმის შესწავლა, როგორ დებენ ადამიანები აზრს თავის ნათქვამსა და გაკეთებულში ყოველდღიური სოციალური ურთიერთქმედების დროს; ეთნომეთოდოლოგია შეისწავლის „ეთნომეთოდებს“, ხალხურს ან ყოველდღიურს, რომელთა გამოყენებითაც ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ აზრობრივ მნიშვნელობებს

ინდიგენური მეთოდოლოგია - მეთოდთა ერთობლიობა, რომელიც ეყრდნობა კონკრეტული კულტურის კონცეპტებს

ობიექტურობა - სწრაფვა იმისკენ, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შეცვალო ან გამორიცხო ორაზროვნება, გაურკვევლობა მიღებული შედეგების ინტერპრეტაციაში. ობიექტურობის ძირითადი მაჩვენებელია ის, რომ მიღებული შედეგები მისაწვდომი იყოს სამეცნიერო ერთობლიობის წევრთა მიერ კრიტიკულად შესაფასებლად.

იდიოსინკრაზია - ინდივიდის გაზრდილი მგრძნობელობა სხვადასხვა, ხშირად უმნიშვნელო ზემოქმედებასა და გაღიზიანებაზე, რომელიც სხვებში არავითარ რეაქციას არ იწვევს

ეთნოცენტრიზმი - სხვა კულტურის იდეებისა და პრაქტიკის აღქმა საკუთარი კულტურის ტერმინებში;

ეთნოცენტრისტი - ესაა ადამიანი, უუნარო ან სურვილის არმქონე, სხვა კულტურები განიხილოს მოცემული კულტურისთვის სპეციფიური ცნებების თვალსაზრისიდან

ვალიდურობა - სიდიდე, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ასახავს ჩვენი დაკვირვება იმ ფენომენებსა და ცვლადებს, რომელსაც ვიკვლევთ

4 თავი 3. რით და როგორ დავახასიათოთ კულტურა?

▲ზევით დაბრუნება


ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის პარადიგმის ფარგლებში გამოიკვეთა შესწავლის ორი დონე: კულტურა-დონე და პიროვნება-დონე. ჩვენ ცალ-ცალკე განვიხილავთ მათ.

4.1 § 1. ღირებულებები-რატომ ვსწავლობთ მათ?

▲ზევით დაბრუნება


„რასაც არ უნდა ეხებოდეს მკვლევარის ინტერესი - „მე“ -ს ერთიანობა-მრავლობითობას, მის ფორმალურ აღმწერებს - კოგნიტურ სირთულეს, სიმყარეს, შინაგან თანმიმდევრულობას თუ კონტრასტულობას, ყოველთვის საქმე გვაქვს სოციონორმატულ განწყობებთან“ (Кон И.С. 1999; 233).

კულტურულ ადაპტაციაზე ზემოქმედი ფაქტორები, იმავდროულად, ინდივიდუალურ ქცევასა და ხასიათზეც ზემოქმედებს. ასეთ, ზეგავლენის მქონე ცვლადებს შორის ღირებულებები გადამწყვეტია; საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ღირებულებითი პრიორიტეტები კულტურის ყველაზე ცენტრალური ელემენტებია, ისინი ინდივიდებისთვისაც ისეთ ცენტრალურ მიზნებს ქმნის, რომელიც ქცევის ყველა ასპექტს ეხება. იმავდროულად, ღირებულებებზე უშუალოდ ახდენს გავლენას ყოველდღიური გამოცდილება ცვალებად ეკოლოგიურ და კულტურულ კონტექსტში.

ქროსს-კულტურული მოძღვრება ღირებულებათა შესახებ სპეციფიკური ღირებულებების მეშვეობით აღადგენს იმ გააზრებულ კულტურულ განსხვავებებს, რომლებიც ჯგუფებს შორის არსებობს და ინტერპრეტირებულია კულტურულ, ისტორიულ, სოციოეკონომიურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ განსხვავებათა ტერმინებში.

ღირებულებები და რწმენები.

თანამედროვე ემპირიული კვლევები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ ღირებულებებისა და ნორმების მიმართ.

კულტურათა კლასიფიკაციისთვის საჭიროა ღირებულებების კვლევა? არის ღირებულება რეალური საფუძველი მათი კლასიფიკაციისთვის?

ტრადიციულად, ღირებულებათა კულტურული და ეკონომიკური მახასიათებლები ხშირად პიროვნების წინმდგომად განიხილებოდა, ხოლო ღირებულებათა მიხედვით ინდივიდთა შორის განსხვავებები - პიროვნების ასპექტებად.

ბრიტანელი მეცნიერი - Berry სვამს საკითხს იმის თაობაზე, თუ რა გვესმის ცნებებში „ღირებულება“ და „ქცევა“.

იგი აღნიშნავს, რომ ღირებულება არის უნივერსალური დადგენილება იმის თაობაზე, თუ რა არის მისაღები და რა - მიუღებელი. მაგრამ ღირებულება არაფერს ამბობს ქცევის მიზნის მიღწევაზე; რაც შეეხება ქცევას, მისი აზრით, ესაა სპეციფიური ქმედება, რომელიც კონკრეტულ გარემოში ვლინდება, ამიტომ მასზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტულ დროით მონაკვეთში, შესაბამისად, გარკვეულ სიტუაციურ კონტექსტში და ამიტომ „ქცევის მნიშვნელობა - ეს არის მისი მნიშვნელადობა კონტექსტში“ (Berry 1999).

იგივე მოსაზრებას იზიარებს ცნობილი ფილიპინელი მკვლევარი D. Ho, როცა წერს: „ინდივიდთა ქცევის ახსნამდე მკვლევარმა უნდა გაითვალისწინოს ურთიერთობათა კულტურული დეფინიცია; მხოლოდ ასე მოეფინება ნათელი სოციალურ ურთიერთობებში ნაგულისხმევ ნორმატულ მოლოდინებსა და ქცევის წესებს“ (David Y.F.Ho. 1998).

ხელის დაქნევა ან ჰაეროვანი კოცნა გაუგებარია, სანამ არ გავიგებთ მის სპეციფიურ მნიშვნელობას კონტექსტში. შესაბამისად, ქცევა Berry-ს ესმის, როგორც ღირებულების emic-ური გამოვლინება (Rerry J.W.1999).

ნორმები და მორალური ღირებულებები ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ინდივიდისა და საზოგადოების ცხოვრებაში - სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება ინდივიდთა და ჯგუფთა ცხოვრების რეგულაცია. ინდივიდები იზიარებენ თავიანთი კულტურის მისწრაფებებსა და იდეებს, ხოლო ჯგუფები, და განსაკუთრებით, პირველადი (ელემენტარული), გადამწყვეტ როლს ასრულებენ მათი შეთვისება-გაძლიერების მექანიზმების ფუნქციონირებაში. ორივე - ნორმაც და ღირებულებაც, „ჩაწნულია“ საზოგადოებაში; ამასთან, ნორმის მიდევნება მხოლოდ გარე ფუნქცია არ არის - ინდივიდი თავისი თავის მიმართაც იყენებს სანქციებს ჯგუფის ნორმების შესატყვისად (Мендра А. 2000 გვ. 111-118)

ბოლო პერიოდის კვლევათა მონაცემებით, ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი ჯგუფურ დონეზე განიხილება, როგორც ღირებულებები, მაგრამ ისინი მოიაზრება გარკვეულ „მეტაღირებულებებად“, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ ქცევის სტერეოტიპებისა და რწმენების ფართო კლასტერს: მოტივაციებს, პოზიციებს, მორალურ და იდეოლოგიურ ღირებულებებს.

ყველაზე ხშირად მიმართავენ ე.წ. ზოგად ღირებულებებს: უსაფრთხოებას, წესიერებას, წარმატებას, სოლიდარობას (რაც საერთოდაა მიღებული სოციოლოგიურ კვლევებში; იხ. Мендра А. 2000). გარდა ამისა, უფრო ზუსტადაა ოპერაციონალიზებული სხვა ღირებულებებიც: დამოუკიდებლობა/მორჩილების (დაქვემდებარებულობის), ზნეობრივი ნორმები, კულტურული სკრიპტები, ადათები და სხვ.

არსებობს ღირებულებათა უამრავი განსაზღვრება. მთავარი ნიშნები, რომლებსაც მკვლევართა უმრავლესობა იზიარებს, შემდეგია:

1. ესაა რწმენები, მაგრამ არა ობიექტური, „ცივი იდეები“ - გააქტიურებული ღირებულებები გრძნობებს იწვევს;

2. ღირებულებები მიმართულია სასურველ მიზნებზე (მაგალითად, თანასწორობაზე) და შესაბამისი ქცევის ფორმებზე, რომლებიც ამ მიზნებს წინა პლანზე წამოსწევს;

3. ღირებულებები გამოდის სპეციფიური სიტუაციისა და ქცევის ფარგლებიდან; მაგალითად, მორჩილება შესაძლებელია სამსახურშიც, სკოლაშიც, სპორტშიც, ბიზნესშიც, ოჯახშიც, მეგობრებთანაც და უცნობებთან;

4. ღირებულებები - ესაა ქცევის, ადამიანთა ან მოვლენათა შესარჩევი სტანდარტები;

5. ღირებულებათა მოწესრიგებული სისტემა აყალიბებს ღირებულებათა პრიორიტეტების სისტემას, რომლის საშუალებითაც შეიძლება კულტურათა და ინდივიდთა დახასიათება.

4.2 § 2 ღირებულებათა გაზომვა: მეთოდი და სპეციალური ქროსსკულტურული პრობლემები

▲ზევით დაბრუნება


ღირებულებებს სწავლობენ ინდივიდთა გამოკითხვის მეშვეობით. კულტურაში ღირებულებების კვლევასთან მიმართებაში იკვეთება შემდეგი პრობლემები:

1. ჯერ ერთი, ინდივიდუალურ, კულტურულ პიროვნებას შეიძლება გაცნობიერებული არც ჰქონდეს აბსტრაქტულად განსაზღვრული ღირებულებების სისტემა. ამიტომ ზოგი მკვლევარი არჩევს მათზე იმსჯელოს არავერბალური ქცევიდან გამომდინარე, სპეციფიურ კითხვებზე პასუხების მიხედვით, ან კულტურული პროდუქტების (მაგალითად, კინოფილმებზე, ლიტერატურაზე) ანალიზზე დაყრდნობით. მაგრამ ასეთი არაპირდაპირი გზით მსჯელობაც და დასკვნების გამოტანაც პრობლემურად მიიჩნევა მკვლევარის მიერ ინტერპრეტაციისას მიკერძოების შესაძლებლობის გამო.

Rokich-მა მკვლევართა შორის ღირებულებების მიმართ ინტერესი განაახლა იმით, რომ თავის მიდგომაში დაეყრდნო იმ ღირებულებებს, რომლებსაც ადამიანი გაცნობიერებულად იყენებს გადაწყვეტილების მიღებისას და მისი გამართლებისას. მის მიერ შექმნილ ტესტში (RVS Rokeach Value Survey) ჩართული ღირებულებები განიხილება, როგორც საყოველთაო; Rokich-ის მიერ მოცემული ღირებულების ცნება „უნდა“-ს კატეგორიას არ გულისხმობს. მისი გაგებით, „ღირებულება - ესაა იმის მყარი რწმენა, რომ ქცევის ან სამყაროს მდგომარეობათა გარკვეული ფორმები პიროვნებისთვის ან საზოგადოებისთვის უფრო მეტად უპირატესია, ვიდრე რომელიმე სხვა“ (განსაზღვრება მოტანილია Лурье С. В. Историческая этнология-ს მიხედვით. გვ.79).

ამ ტესტის პროცედურა მარტივია: რესპონდენტები ჩამონათვალში მიწოდებულ 18 ღირებულებას ალაგებენ მათი სუბიექტური მნიშვნელობის მიხედვით 2 მწკრივად, ხოლო ამის შემდეგ სხვადასხვა კულტურაში მიღებულ მონაცემებს ერთმანეთს ადარებენ. შემდგომში ეს ტესტი გამოიყენეს როგორც ერების, ასევე ერთაშორისი ურთიერთობების შესასწავლად.

2. მეორე პრობლემა უკავშირდება მნიშვნელობათა შეფარდებითობას ანუ საკითხს, აქვს თუ არა საკვლევ ღირებულებას ერთი და იგივე მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურასა და ენაში - ამაში დარწმუნების შესაძლებლობას საუკეთესო თარგმანიც კი არ იძლევა. მეორეს მხრივ, ერთი კულტურის ლოკალური ღირებულების შესწავლა ვერაფერს გვეტყვის იმაზე, რა მნიშვნელობისა და გავლენის მქონეა ეს ღირებულება სხვა კულტურებში.

ამ პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი მეთოდი შემდეგია: ჯერ მკვლევარი ადარებს ერთ ღირებულებას სხვადასხვა კულტურაში, კერძოდ, როგორ ესმით - პოზიტიურად, ნეგატიურად თუ ნეიტრალურად; თუ სხვადასხვა კულტურაში ამ ღირებულების გაგება ერთნაირია, მაშინ მასთან დაკავშირებულ მონაცემთა შორის კორელაციაც ადექვატური იქნება, ან პირიქით; მეორე მეთოდია პან-კულტურულ ანუ კულტურისგარეშე ფაქტორთა ანალიზი; ასეთ შემთხვევაში ყველა კულტურული ჯგუფის ინდივიდთა მონაცემების ერთიანი ფაქტორული ანალიზი ხდება.

4.3 § 3. ანალიზის დონეები ღირებულებათა შესწავლაში

▲ზევით დაბრუნება


ღირებულებათა ქროსსკულტურული შესწავლა ხდება ანალიზის ორ დონეზე: ინდივიდუალურზე და კულტურულზე.

კულტურულ და ინდივიდუალურ დონეზე ღირებულებათა შესწავლაში გარკვეული ურთიერთმიმართება არსებობს. ორივე დონის ანალიზზე მიმართვას აქვს გარკვეული უპირატესობა; ისინი გვეხმარება სტერეოტიპთა, კულტურებს შორის განსხვავებების, და კულტურაშივე არსებული განსხვავებულობების გამოვლენაშიც.

ინდივიდუალურ დონეზე ღირებულება გვევლინება მოტივად მიზანთან მიმართებაში და ცხოვრებაში წარმმართველი პრინციპის როლს ასრულებს. სხვადასხვა ღირებულებათა ურთიერთმიმართება ასახავს კონფლიქტი-უკონფლიქტობის ფსიქოლოგიურ დინამიკას, იგი ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში ღირებულებათა მიდევნების სუბიექტურ გამოცდილებაში.

ღირებულებები კულტურის დონეზე საკმაოდ რთული გასაგებია. აქ ისინი სოციალური მახასიათებლის ფუნქციას ასრულებს და წარმოადგენს სოციალურად გაზიარებულ აბსტრაქტულ იდეებს იმის თაობაზე, რა არის კარგი, სწორი თუ ცუდი საზოგადოებაში ან კულტურულ ჯგუფში. სოციალური ინსტიტუტებიც ასევე ქცევისა და მიზნების კულტურულად ღირებულ პრიორიტეტებს წარმოაჩენს - ღირებულებათა ურთიერთმიმართება ასახავს კონფლიქტი-უკონფლიქტობის სოციალურ დინამიკას, რაც აისახება საკუთარი მიზნების მიმდევარ სოციალურ ინსტიტუტებში.

4.4 § 4. რატომ იკვლევენ კულტურის შესასწავლად პიროვნებას

▲ზევით დაბრუნება


სხვადასხვა კულტურაში პიროვნების კვლევა, შინაგანი მიმზიდველობის გარდა, სხვა მიზეზების გამოცაა საინტერესო. კვლევები ავლენს შემდეგს:

1. პიროვნების მარეგულირებელ მოდელთა ისტორიულ და კულტურულ კონტექსტებს ბევრი მეცნიერი შეისწავლიდა სხვადასხვა მასალაზე და ყველა მათგანმა აღნიშნა დასავლური მოდელების შეზღუდულობა არადასავლური კულტურების შესწავლისას. ამ უკანასკნელთათვის რეგულირების ადგილობრივი კონცეფციების გამოყენება უფრო სასურველია თეორიულადაც და პრაქტიკულადაც: ამ კონცეფციებს გარკვეული თეორიული წვლილის შეტანა შეუძლიათ პიროვნების თეორიაში, პრაქტიკულად კი მათ საბაზისო ფუნქცია ენიჭებათ ადგილობრივი თერაპიისთვის, შეფასებებისთვის და სხვა სოციალურ-საგანმანათლებლო მიზნებისთვის (Berry...,1992).

2. სხვადასხვა კულტურიდან პიროვნების კვლევის მონაცემები აადვილებს ჰიპოთეზებისა და დასკვნების ჩამოყალიბებას პიროვნების აგებულების, სტრუქტურისა და დინამიკის კულტურული უნივერსალიების შესახებ. კვლევების შემდეგ წარმოქმნილი ჰიპოთეზების შემოწმება შეიძლება ქროსსკულტურული საკვლევი მეთოდების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა კი აფართოვებს ალტერნატიული კონცეფციების წარმოქმნის შესაძლებლობას, ამცირებს არაადგილობრივი კონცეფციების ზეგავლენას და კვლევებში გაზომვის დამახინჯების შესაძლებლობებს - დასკვნა უფრო დამაჯერებელია, როცა იგი მრავალ და განსხვავებული ხალხების შესწავლას ეყრდნობა, ვიდრე მაშინ, როცა ერთ ადგილობრივ პოპულაციასა და ერთი ქვეყნის მონაცემს.

3. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ავლენს ენის როლს პიროვნების კვლევაში.

ინდივიდუალობის შესწავლის ლოგიკური საფუძველი იგივეა, რაც კულტურებს შორის ფსიქიკურ განსხვავებათა შესწავლისა. Berry-ს, Poorting-ს, Segall-ისა და Dasen -ის მიერ 1992 წ. ეს ამოცანა განისაზღვრა, როგორც:

1. ერთ კულტურაში შექმნილი თეორიებისა და კონცეფციების გადატანა და შემოწმება სხვა კულტურებში;

2. კონკრეტულ კულტურებში ისეთი ფსიქოლოგიური ფენომენების აღმოჩენა, რომლებიც სხვაგან შეიძლება არც არსებობდეს;

3. წინა ორი ფუნქციის ინტეგრაცია განსხვავებების უკეთ გამოსავლენად.

ამ 3 ფუნქციიდან მკვლევარებს ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ პირველი - გადატანისა და შემოწმების ფუნქცია.

პიროვნების კვლევა კულტურაში, ამასთანავე, შესაძლებელს ხდის განსხვავებების აღმოჩენას etic-ურ და emic-ურ სტრატეგიებს შორისაც.

მეცნიერების თანამედროვე ეტაპზე ინდივიდუალობის შესწავლაში ყველაზე გავლენიანი სფეროა 2:

1. მოძღვრება პიროვნულობის სტრუქტურისა და შეფასების შესახებ;

2. ინდივიდუალიზმ/კოლექტივიზმის ორიენტაციის (ანუ კულტურის) და Self-ის ურთიერთმიმართების კვლევა.

გარდა ამისა, კულტურასა და Self-ის გაგებას შორის კავშირის გამოვლენა იმ თეორიების განვითარების საშუალებას იძლევა, რომლებიც ფსიქოლოგიურ ცვლადებს ქცევასა და პანკულტურასთან აკავშირებენ. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ მეცნიერები, რომ უნდა შეისწავლებოდეს როგორც კულტურული, ისე ინდივიდუალური დონეები (Stephanie D. Grimm; A. Timothy Church; Marcia S. Katigbak; Jose A.S.Reyes; 1999)

4.5 § 5. რის მიხედვით მსჯელობენ ადამიანებს შორის განსხვავებაზე კულტურის მიხედვით?

▲ზევით დაბრუნება


ა) კაუზალური ატრიბუცია და კულტურა

კაუზალურ ატრიბუციაში, პირველ რიგში, გულისხმობენ ადამიანების მიერ ქცევის აღქმისას მისი მიზეზების ან შედეგების მიწერას.

მთელ მსოფლიოში მიმდინარეობდა კვლევები კაუზალურ ატრიბუციაზე კულტურის გავლენის შესაწავლად. კვლევებმა უკვე დიდი ხანია გამოავლინა, რომ ამ მიწერას ტენდენციური ხასიათი აქვს, რაც მეცნიერებაში აღინიშნა ტერმინით „დისპოზიციური ტენდენციურობა“.

აღმოჩნდა, რომ კაუზალური ატრიბუციის 3 პარამეტრია ყველაზე მნიშვნელოვანი:

1. თავისი უსუსურობის მიზეზს ადამიანი ეძებს ან თავის თავში, ან სიტუაციის ხასიათში; პირველ შემთხვევაში მიზეზი შინაგანი ან პერსონიფიცირებულია, მეორე შემთხვევაში კი მიზეზი აღიქმება გარეგანად ან ყველასთვის უნივერსალურად;

2. უსუსურობა შეიძლება მიეწეროს სპეციფიურ სიტუაციურ ფაქტორებს, ან გარე და შიდა სამყაროს უფრო ზოგად გარემოებებს;

3. სიტუაციის თავისებურებები შეიძლება აღქმული იყოს შედარებით მუდმივად და სტაბილურად, ან დროებითად და არასტაბილურად.

ასე ყალიბდება კაუზალური ატრიბუციის 3 მახასიათებელი: შინაგანი-გარეგანი, სპეციფიური-გლობალური, სტაბილური-არასტაბილური.

მიიჩნევა, რომ ატრიბუციები, რომელსაც ადამიანი მიმართავს, განსაზღვრავს მრავალგვარ შედეგს. მაგალითად, თუ სიტუაციის უმართავობა მიეწერება შინაგან ფაქტორებს, იგულისხმება, რომ ამას თვითშეფასების დაცემა უფრო მეტად მოყვება, ვიდრე მაშინ, როცა ატრიბუცია გარე ფაქტორებს მიეწერება; როცა მიწერა რამე გლობალურ ფაქტორებზე ხდება, უფროა მოსალოდნელი უსუსურობის განვრცობა სხვა სიტუაციებზე, ვიდრე იმ შემთხვევებში, როცა კონტროლის უკმარისობა მიეწერება უფრო კონკრეტულ, სიტუაციურ და სპეციფიურ ფაქტორებს.; თუ კონტროლის უკმარისობა სტაბილურ ფაქტორებს მიეწერება (მაგალითად, სუსტი უნარები ან რთული სასწავლო პროგრამა), უფროა მოსალოდნელია დასწავლილი უსუსურობის სიმყარე დროში, ვიდრე მაშინ, როცა არასტაბილურ ფაქტორებს მიეწერება (ვთქვათ, დღეს სტუდენტი ცუდად იყო ან არ გაუმართლა).

კაუზალურ ატრიბუციას მიმართავენ მოტივაციაში, სტერეოტიპების მოქმედებისას, ემოციებში და მორალურ მსჯელობაში (Первин Л. Джон О. 2000; 500-502).

იმის მიუხედავად, რომ უამრავი კვლევაა ჩატარებული კაუზალური ატრიბუციის შესწავლით ადამიანისა თუ ჯგუფების განსასხვავებლად, ბოლო დროს გაისმის სკეპტიკური და დაეჭვებული ხმები ამგვარი ატრიბუციის ასე საყოველთაობის თაობაზე. და ეს ეჭვი უპირველესად ეთნოლოგების, სხვადასხვა კულტურებთან მომუშავე მკვლევარებიდან წამოვიდა. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ მიზეზობრიობის მიმართ ინტერესი სწორედ დასავლური კულტურის სენია, შესაბამისად, ამ პრობლემასაც ევროპოცენტრიზმის სუნი უდის - ხომ არსებობს ხალხი, რომელიც სულაც არ ნაღვლობს იმაზე, რომ მოვლენებს მიზეზობრივი ახსნა მოუძებნოს. ამერიკელი მეცნიერის - Pepiton-ის უკიდურესი პოზიციით, საყოველთაო რწმენა იმის თაობაზე, რომ „ყველა ხალხი ქცევას მიზეზებს მიაწერს“, შესამოწმებელია; და მართლაც ნონსენსი და უაზრობა იქნებოდა ატრიბუციის პროცესების შესწავლა იქ, სადაც ასეთი პროცესი საერთოდ არ არსებობს. მისი შეხედულებით, აზრი ატრიბუციის საყოველთაობაზე თვით დასავლეთელი მკვლევარების ამ საკითხით ძლიერი ინტერესის ნაყოფია, რასაც საკმაოდ წარმატებით ავრცელებენ იმ მოწაფე - თანამოაზრე სტუდენტების მეშვეობით, რომლებზეც თვითვე ხშირად ატარებენ კვლევებს; სინამდვილეში ადამიანები ბევრად უფრო იშვიათად მიმართავენ მიზეზთა სპონტანურ ახსნას, ვიდრე მკვლევარები ვარაუდობენო.

მაგრამ მკვლევართა დიდი უმრავლესობის თვალსაზრისით, მიზეზი წარმოადგენს ყველა ეპოქისა და კულტურის ძირითადი სემანტიკური ინვენტარის უნივერსალურ კატეგორიას, თუმცა კი ფაქტია, რომ სხვადასხვა კულტურა მასში სხვადასხვაგვარ შინაარსს დებს (გურევიჩი).

ბრიტანელი მკვლევარის - Bond-ის (1983) დასკვნით, რომელმაც ბევრ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევები გააანალიზა, სრულიად განსხვავებული კულტურების წარმომადგენლები ახერხებენ კაუზალური ატრიბუციის პროცესს, თუ მათ ამის გაკეთებას სთხოვენ.

კაუზალურ ატრიბუციასთან დაკავშირებით ქროსს-კულტურული პრობლემატიკის მკვლევარები შემდეგი პრობლემების წინაშე დგებიან:

1. რა სიხშირით ხდება მიზეზთა მიწერა ამა თუ იმ კულტურაში. მკვლევარებს ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არა აქვთ;

2. კულტურაში კაუზალური ატრიბუციის ტიპის გამოყენების სიხშირე.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე აშშ-ში აქტიურად მუშაობდნენ იმის შესწავლაზე, თუ როგორ ასკვნიან პიროვნულ თვისებებზე და ქცევაზე. უახლესი კულტურათაშორისო გამოკვლევები ავლენს, რომ ბევრი შესცოდეს ეთნოცენტრიზმით და კულტურის თუ სუბკულტურის ფაქტორიც ხშირად ანგარიშგაუწეველი დარჩა.

ბ) ლოკუს კონტროლი და კულტურული ვარიაციები

კვლევები ადასტურებს, რომ მაიძულებელი და დამსჯელი კონტროლი მთელს მსოფლიოშია და მისი იდეა უნივერსალურია, მაგრამ მისი გამოვლინებები - კულტურულად განსხვავებული.

Roter-ის მიხედვით, თავისი ისტორიიდან გამომდინარე ადამიანს შეუძლია ქცევის სრული მოდელის შექმნა. ასე დაიბადა კონტროლის არა შინაგანი, არამედ გარეთ ადგილის ქონის იდეა. შინაგანი და გარეგანი კონტროლის დონის განსასაზღვრავად მან ჩამოაყალიბა ორგანზომილებიანი ინვენტარი; მისი ვარაუდით, რაც უფრო მეტად ხდება ინდივიდი შინაგანზე ორიენტირებული (ინტერნალური), მით უფრო ნაკლებ ავლენს გარეგან მახასიათებლებს. ამგვარი გაგების საფუძველზე ჩამოყალიბდა ობიექტის შინაგან-გარეგანობის (ინტერნალობა-ექსტერნალობა) ინდიკატორ ცნებათა ერთობლიობა.

ინტერნალობა-ექსტერნალობა. ასახავს გენერალიზებულ მოლოდინს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ცხოვრებაში დაჯილდოვებისა და დასჯის დეტერმინანტებთან. ერთ პოლუსზე დგანან ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ შეუძლიათ ცხოვრების მოვლენების კონტროლი, ეს შინაგანი ლოკუს კონტროლი ანუ ინტერნალურობაა; მეორეზე ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ცხოვრებაში წარმატება და მარცხი გარე გარემოებათა შედეგია- შემთხვევის, იღბლის (გამართლების) ან ბედის. ეს გარე ლოკუს კონტროლი ანუ ექსტერნალურობაა; შესაბამისი სკალები შემუშავებულია ინდივიდუალური განსხვავებების შესასწავლად იმის აღქმაში, სად ათავსებს ადამიანი კონტროლს, კერძოდ, დასჯა-წახალისებას შინაგანი კონტროლის ქვეშ მყოფად აღიქვამს თუ გარეგანი კონტროლის ქვეშ მყოფად (Первин Л. Джон О. 2000; 75-76).

მკვლევარები მიუთითებენ, რომ ლოკუსის იდეის კონცეპტუალიზაციისას თავის დროზე არ იყო გათვალისწინებული სოციალიზაციის და კულტურის ის მოდელები, რომლებიც გავლენას ახდენს ნორმებსა და ქცევებზე და რომლებიც ჯგუფისა თუ ინდივიდის მიერ აღქმულია კონტროლს დაქვემდებარებულად. Roter-ისავე აღიარებით, არსებობს გარეგანი კონტროლის სულ მცირე 2 ტიპი - დაცვითი და კონგრუენტული, ამასთან, ავტორი თვითვე აღნიშნავდა, რომ მის სკალებს აკლია სპეციფიურობა და წინასწარი ვალიდურობა.

ფენომენის კულტურული ძირის, არსის აღიარება გულისხმობს იმას, რომ კონტროლის უნივერსალური კონსტრუქტის კონცეპტუალიზაცია და ქცევის წარმოჩენა უნდა მოხდეს სოციალიზაციის მოდელებისა და სოციოკულტურული წანამძღვრების შესაბამისად. ასეთი „სპეციფიურ-კულტურული“ კონტროლის ნიმუშია მისი „მექსიკური ვარიანტი“ - აფექტური ლოკუსი, რომელიც ინდივიდს აძლევს ირგვლივმყოფებით მანიპულირების შესაძლებლობას თავისი აფილაციური და კომუნიკაციური უნარებით: კარგი ნიშნების მიღებას მოსწავლე მასწავლებლის მიმართ ზრდილობიანობის და „წესიერად ქცევის“ შედეგად მიიჩნევს, ე.ი. მიიჩნევს, რომ თავისი ბედის კონტროლი შეუძლია სხვების კონტროლით; ამგვარი კონტროლის ტიპი უფროსებთანაც გამოვლინდა. მკვლევარი ასკვნის, რომ ასეთი კონტროლი სტაბილურ შიდაკულტურულად ფუნქციონალურ თვისებას წარმოადგენს (Rolando Dias-Loving. 1998).

კონტროლის ადგილის განსაზღვრისთვის მკვლევარებმა შემდგომში გამოიყენეს 3 ინდიკატორი: შინაგანი კონტროლი, იღბალი და მნიშვნელოვანი სხვები; ამას გარდა, გამოყვეს კონტროლი 2 სახე: პერსონალური, რომლის არსებობაც თავისი თავის მიმართ სჯერა პიროვნებას, და იდეოლოგიური - მისი არსებობა სჯერა ჯგუფის უმრავლესობას.

ეს 2 უკანასკნელი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კულტურათა შორის განსხვავებების აღმოსაჩენად.

გ) მოტივაცია - მიღწევის ორიენტაცია, როგორც კულტურული მახასიათებელი

მიღწევის ორიენტაცია ადამიანს უბიძგებს, სხვაზე უკეთ აკეთოს რამე. ბოლო პერიოდის მკვლევარებმა (McClelland-) მიღწევის ორიენტაცია განსაზღვრეს, როგორც ალგებრული სხვაობა: სუბიექტის წარმატების შენარჩუნების მყარ მოტივაციას მინუს წარუმატებლობის თავიდან აცილების მყარი ტენდენცია; წარმატების მიუხედავად, ამ მოტივაციის გაზომვაში სხვადასხვა მკვლევარმა გამოავლინა გარკვეული შეუსაბამობანი.

ამ თემატიკის მონათესავე თემატიკა იმას ეხება, როგორ ხსნიან ადამიანები თავიანთ გამარჯვებასა და მარცხს.

ვაინერის მოდელი

ვაინერის მიღწევის ატრიბუციის მოდელის სახელით ცნობილი ტექნიკა ყველაზე ხშირად გამოიყენება კულტურათაშორისო განსხვავებების გამოსავლენად.

Weiner- მიიჩნევს (1990-1996), რომ არსებობს მიზეზობრივი ახსნების 3 პარამეტრი. პირველი დაკავშირებულია Rotter-ის უკვე აღნიშნულ შინაგან და გარეგან ლოკუსთან. Mმას ეწოდა მიზეზობრიობის ლოკუსი; მეორე - სტაბილურობა ეხება მიზეზის როგორობას - მუდმივი და სედარებით ფიქსირებულია თუ, პირიქით, არასტაბილური და ცვალებადი; მესამე მახასიათებელი ეხება მიზეზის კონტროლირებადობა/არაკონტროლირებადობას (მართვადობას). ამ სამი პარამეტრით შეიძლება დავახასიათოთ ის 4 მიზეზი, რომელსაც ადამიანი მიაწერს თავის წარმატება-წარუმატებლობას:

1. ამოცანის სირთულე;
2. უნარები;
3. ძალისხმევა;
4. იღბალი(გამართლება)

ამ მოდელის შემქმნელისა და მისი თანამშრომლების მიერ აშშ-სა და ჩილეში ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ჩილელები გარე მიზეზებს უფრო მეტად გარედ აღიქვამენ, სტაბილურ მიზეზებს - უფრო ნაკლებად სტაბილურად, ხოლო კონტროლირებად მიზეზებს - უფრო ნაკლებად კონტროლირებადად, ვიდრე ამერიკელები.

მაგრამ ვაინერის დასკვნა ეხებოდა არა განსხვავებებს, არამედ კულტურებს შორის მსგავსებას კაუზალური სამყაროს აღქმაში. მისი აზრით, წარმატებისა და წარუმატებლობის ატრიბუციები კულტურულად ვარირებადია, მაგრამ შეიძლება შედარდეს ლოკუსის, სტაბილურობის და კონტროლირებადობის თვალსაზრისით. მაგალითად, საქმეში წარუმატებლობას ამერიკელი ბიზნესმენი აღიქვამს ბირჟაზე დროებითი კრიზისის შედეგად, ინდოელი გლეხი კი მოუსავლიანობას გვალვას აბრალებს; ორივე შემთხვევაში ატრიბუციის საფუძვლად ერთი და იგივე ტიპის მიზეზები დევს: ექსტერნალური, არასტაბილური და არაკონტროლირებადი.

ეს მოდელი მრავალეროვან მკვლევართა კოლექტივმა გამოიყენა ინდოეთში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკაში, აშშ-ში და იუგოსლავიაში. აღმოჩნდა, რომ ყველა გამოკვლეული ჯგუფის წარმომადგენლები თავიანთ წარმატებებს პირველ რიგში მიაწერდნენ ძალისხმევას (შინაგან, მაგრამ არასტაბილურ მიზეზს), და მხოლოდ ამის შემდეგ - უნარებს, გამართლებას და ამოცანის სირთულეს; რაც შეეხება წარუმატებლობას, იგი ყველა ქვეყანაში არასაკმარისი ძალისხმევის შედეგად მიიჩნიეს. უფრო გვიანდელ გამოკვლევებში იგივე სტრატეგია გამოვლინდა ჩინელებთან და იაპონელებთან. მიღწევის ატრიბუციაში ჯგუფთაშორისი განსხვავებებიც გამოვლინდა, განსაკუთრებით, იაპონელებთან და ინდოელებთან, რასაც ამ ქვეყნებში სოციალიზაციის თავისებურებებით ხსნიან; კერძოდ: იაპონიაში ღირსების მაღალი ღირებულება (აღზრდა, მოვალეობა ოჯახის წინაშე); ინდოელები კი ნაკლებად ინტერნალური აღმოჩნდნენ წარუმატებლობის ატრიბუციაში და მეტად - წარმატების ატრიბუციაში, რასაც ამ ქვეყანაში კასტური სისტემის არსებობითა და თავისებურებით ხსნიან (მოტანილია სტეფანენკოს მიხედვით, გვ. 168-175).

) ახსნის სტილი და კულტურული ვარიაციები

აღმოჩნდა, რომ ახსნით სტილს თან მოსდევს მოტივაციური, ემოციური და ქცევითი ხასიათის შედეგები. პესიმისტური სტილი (უარყოფითი მოვლენების ინტერნალური, სტაბილური და გლობალური ახსნა) დაკავშირებულია სუსტ მოტივაციასთან, დაბალ აკადემიურ მოსწრებასთან და უფრო ნეგატიურ ემოციებთან, ვიდრე ოპტიმისტური სტილი (Первин Л. Джон О. 2000; 77-83).

ი. კონი აღნიშნავს: ევროპული აზრი ადამიანის ქცევის ახსნას ცდილობს „შიგნიდან“, ზნეობრივ პლანში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის მოტივს, იაპონიაში ქცევა გამოიყვანება ზოგადი წესიდან, ნორმიდან - მთავარი ის კი არაა, რატომ იქცევა ადამიანი ასე, არამედ ის, იქცევა თუ არა ის საზოგადოებრივად მიღებული მოვალეობების იერარქიის შესაბამისადო.

ცხადია, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან განსხვავებები ვლინდება ატრიბუციების ახსნის სტილშიც, რაც არაერთმა გამოკვლევამ დაადასტურა (Lee Y.T., Seligman M.E.P. 1997).

ამ მახასიათებლით კულტურების კვლევისას მკვლევარები განსაკუთრებით აღნიშნავენ მიღწევის მოტივაციის კონცეპტუალიზაციისა და საზომების გარკვეულ კულტურულ მიკერძოებულობას, რამდენადაც მიღწევის მოტივაციის ორიგინალური კონცეფცია ჩამოყალიბდა იმ კულტურაში, სადაც სოციალიზაციური მოდელები და პროცესები წაახალისებს შეჯიბრს და ინდივიდუალისტურ ღირებულებებს. ამ მიდგომასთან დაკავშირებით სრულიად სამართლიანია მკვლევართა გარკვეული სიფრთხილე კვლევის არაადექვატურობის (არავალიდურობის) საფრთხესთან დაკავშირებით ინდიკატორთა არარელევანტურობის (ამოცანის სირთულე, უნარები, ძალისხმევა, იღბალი-გამართლება) გამო. და მართლაც, თუ რომელიმე მათგანი კონკრეტულ კულტურაში ღირებული არ არის, მაშინ უაზრო ხდება, მავანის კონკრეტული მონაცემი, ვთქვათ, იმის თაობაზე, რომ გამართლების ფაქტორით წარმატება/წარუმატებლობის ახსნაში არავითარი სხვაობა არ გამოავლინა.

ამას გარდა, ატრიბუციის განსხვავებულობას ენათა განსხვავებულობაც განაპირობებს; მაგალითად, რუსულში ჭარბადაა არააგენტური წინადადებები ანუ კონსტრუქციები მიცემითი ბრუნვით, სუბიექტით, აგრეთვე უპირო კონსტრუქციები („Его убило молнией“, „его лихорадило“). თხრობაში მათი გამოყენებისას იგულისხმება, რომ „გაუგებარი და იდუმალი მოვლენები ჩვენს გარეთ ხდება არა იმიტომ, რომ ვიღაც რაღაცას აკეთებს“, ან კიდევ, „ჩვენში (შინაგანად) მიმდინარე მოვლენები იმიტომ არ ჩნდება, რომ ასე გვინდა“. ეს არააგენტურობა ლექსიკასაც ახასიათებს, რაც ვლინდება ზმნებში „удалось“ ტიპისა, რომელთა მნიშვნელობა იმაზე დაიყვანება, რომ მოვლენა ადამიანის თავს თითქოსდა თავისთავად მოხდა (ქართულში: შემოეჭამა, შემოაკვდა, შემოელახა და ა.შ.). რუსი მეცნიერის - სტეფანენკოს აზრით, ეს მცირე მონაცემებიც საკმარისია იმის სავარაუდოდ, რომ რუსები, მაგალითად, სხვა ევროპელ ხალხებზე უფრო მეტად მიაწერენ თავის თუ სხვის მიღწევებს გარემოებებს.

მკვლევართა აზრით, მიღწევის მოტივაციის შესწავლისას კულტურული კონტექსტი და ამ მოტივაციის კულტურული მნიშვნელადობა განსაკუთრებით გასათვალისწინებელია (A. T. Church, W. J. Lonner. 1998).

როგორ ხსნიან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები წარმატება-წარუმატებლობის მიზეზებს?

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მკვლევარები ბევრს მუშაობენ სხვადასხვა კულტურაში ამ საკითხის საკვლევად ადექვატური ინსტრუმენტის შემუშავებაზე. ერთ-ერთი კვლევით, მაგალითად, გამოვლინდა, რომ ამერიკელები მიღწევის მიზეზად მიიჩნევენ უნარებს, ინდოელები - ტაქტიანობას. emic-ური მიდგომით ამ მონაცემთა შედარება არ შეიძლება. ვაინერის სამპარამეტრიანი მოდელი კი ასეთ ქროსსკულტურულ მონაცემთა შედარების შესაძლებლობას იძლევა - ამ პოზიციიდან, ვთქვათ, უნარებიც და ძალისხმევაც შინაგანი, სტაბილური და კონტროლირებადია.

Rolando Dias-Loving-მა და მისმა თანამშრომლებმა მიღწევის მოტივაციის გასაზომად ესპანური ინსტრუმენტი შექმნეს, რომელიც ეფუძნებოდა ესპანური კულტურისთვის ადექვატურად ოპერაციონალიზებულ მისაღებ ქცევებსა და მათ სემანტიკას.

მონაცემებმა გამოავლინა ორივე კულტურაში - აშშ-შიც და მექსიკაშიც - მიღწევის ორიენტაციის ინდიკატორებად მიჩნეული მახასიათებლების - ოსტატობის, შრომის და შეჯიბრების არსებობა; თუმცა კი სამივე პარამეტრის კონცეპტუალური განსაზღვრებები ვარგისი აღმოჩნდა მექსიკური კულტურისთვის ვალიდური ფსიქომეტრიული ინსტრუმენტის ჩამოსაყალიბებლად, კვლევამ აგრეთვე გამოავლინა საზომთა ექვივალენტური ესპანური თარგმნის არავალიდურობაც. საბოლოოდ, Dias-Loving-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში ცნებათა ოპერაციონალიზაცია ორივე კულტურისთვის იდიოსინკრატული (emic), ხოლო თეორიული კონსტრუქცია - ზოგადი გამოვიდა (etic).

მექსიკურ კულტურაში ჩატარებულმა ამ კვლევამ, უნივერსალური კონტროლის ტიპის გარდა, მექსიკელი ბავშვების ურთიერთქმედებაში გამოავლინა ორიგინალური, „მექსიკური“ გარეგანი კონტროლის სახეც (Rolando Dias-Loving. 1998).

საქმე ისაა, რომ პიროვნების ინსტრუმენტულ შესაძლებლობებზე დაყრდნობით კონტროლის შინაგანი პოზიცია მოითხოვს გარემოზე პირდაპირ მანიპულაციას, მაგალითად, „მე ვსწავლობ კარგი ნიშნების მიღებას“; ამის საპირისპიროდ, კონტროლის გარეგანი პოზიცია აღწერს ადამიანის რწმენას, რომ სოციალური და გარემომცველი ძალები განსაზღვრავს მათ მიღწევებს; მაგალითად, ბავშვი ამბობს: „ჩემი ნიშნები იღბალზეა დამოკიდებული“. მექსიკურ ვერსიაში მკვლევარებმა, კულტურის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიტანეს შინაგან-მგრძნობელობითი (ემოციური) კონტროლის ქვესკალა. ასეთი შინაგან-მგრძნობელობითი (ემოციური) კონტროლი მოითხოვს გარემოთი არაპირდაპირ მანიპულაციას სუბიექტის აფილაციური და კომუნიკაციური შესაძლებლობების გამოყენებით - „თუ მასწავლებელს თავს მოვაწონებ, კარგ ნიშანს დამიწერს“.

ორიგინალური თეორიული კონცეფციის თვალსაზრისით ეს სკალა გარეგანი კონტროლია, რომელსაც მნიშვნელოვანი სხვები ახორციელებენ; სოციოკულტუროცენტრული პოზიციიდან კი სხვების საშუალებით (თუ მათ მოტივაციის რეალიზაცია შეუძლიათ) ანუ გარემოთი მანიპულირება მიზნის მისაღწევად დასაშვებია. ეს მონაცემი ისეთ მახასიათებელს ავლენს, რომელიც ადამიანის ზოგადი განვითარების შედეგი კი არა, არამედ კულტურულად გაპირობებული და ჩამოყალიბებული თვისებაა.

ამგვარი ემოციური კონტროლის განზომილება, მკვლევარის დასკვნით, მექსიკური კულტურული სოციალიზაციის ტრადიციული პროცესის შედეგია და ამ კულტურის სიცოცხლისა და სოციოკულტურული ფილოსოფიის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილი. ეს მსოფლმხედველობა კარნახობს აფილაციურ მორჩილებას და „მე“-ს (Self-ის) ელასტიურ და მიმსგავსებით სტილს. ზრდილობა და პატივისცემა აქ ცენტრალურია. იყო ბედნიერი, მხიარული, მშვიდი, მყარი თუ ოპტიმისტი სოციალურად უპირატესი ღირებულებების სისტემისა და მიბაძვითი სტილის გამოხატულებაა. მსგავსი კულტურული კონტექსტი, სადაც სიცოცხლის ფილოსოფია კარნახობს აფილაციურ მორჩილებას და „მე“-ს (Self-ის) მოქნილ, მიმბაძველობით სტილს, იმ პოპულაციებს ახასიათებს, სადაც ცხოვრების დონის შეფასება მჭიდროდ უკავშირდება ინტერპერსონალური ურთიერთობების მაღალ ღირებულებას.

4.6 § 6. პიროვნული თვისებები, როგორც კულტურული მახასიათებლები

▲ზევით დაბრუნება


იმის მიუხედავად, რომ უკვე განხორციელებული ქცევის საფუძველზე ვერც პროფესიონალები და ვერც არაპროფესიონალები ახერხებენ ადამიანის ქცევის ზუსტ პროგნოზირებას და ამგვარ ვითარებას უამრავი კვლევა ადასტურებს, ადამიანთა უმრავლესობას, როგორც სჩანს, კვლავ ღრმად სჯერა, რომ პიროვნული თვისებების ცოდნა მაინც ვარგისია ახალ სიტუაციაში ქცევის საწინასწარმეტყველოდ. ამიტომაა, რომ ამ მიზნით ყველაზე ხშირად სწორედ ადამიანის თვისებების აღმწერ ტერმინებს იყენებენ; ამ საქმეში ენაც დიდ როლს ასრულებს, რადგან ქცევასთან მიმართებაში გამოყენებადი ეპითეტები თავისუფლად გამოიყენება ადამიანის მიმართაც (ნისბ-როსი). მაგალითად, „მტრულ ქცევას“ „მტრულად განწყობილი“ ადამიანი სჩადის; „დამოკიდებული“ ქცევა „დამოკიდებულ“ ადამიანს ახასიათებს და ა.შ.

რაღა მაინცადამაინც პიროვნული თვისებები ხვდება ყურადღების ცენტრში? ნისბეტი და როსი ამ შეკითხვას მარტივად და მოკლედ პასუხობენ: რასაც ყურადღებას აქცევ, რამე თვისებასაც იმასვე მიაწერ ფიგურა-ფონის პრინციპით.

პიროვნების თვისებების შესწავლა ბოლო პერიოდში ცხადყოფს, რომ ამ მიმართვას შემთხვევითი ხასიათი არა აქვს, მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პიროვნების თვისებათა ფუნქცია ძალზე მნიშვნელოვანია.

დიდი ხუთეული

სხვადასხვა კულტურაში ბოლო პერიოდის კვლევები პიროვნულ თვისებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს 5-ფაქტორიანი მოდელის გამოყენებით ანუ „დიდ ხუთეულზე“ დაყრდნობით.

1963 წ. ამერიკელმა მეცნიერმა გოლდბერგმა ირგვლივმყოფ ადამიანთაგან მიღებული შეფასებების (ანუ იმ პიროვნულ თვისებათა, რომელთაც ამერიკელები მიმართავდნენ ექსპერიმენტის დროს თავისი თავისა და სხვების აღსაწერად) მონაცემები ფაქტორული ანალიზის მეთოდით დაამუშავა და აღმოაჩინა 5 პიროვნული ბაზისური ფაქტორი. მსგავსი ხუთფაქტორიანი შედეგი მუდმივად ვლინდებოდა სხვა გამოკვლევებშიც სრულიად განსხვავებული წყაროებიდან; 1981 წ. თავისი და ბევრი სხვა მკვლევარის მონაცემთა ანალიზის შემდეგ მონაცემთა თანხვედრით გაოცებულმა გოლდბერგმა დაასკვნა, რომ „როგორც სჩანს, ინდივიდუალურ განსხვავებათა სტრუქტურირების ნებისმიერი მოდელი ასე თუ ისე დადის ამ პარამეტრთა რაღაც „დიდი ხუთეულის“ მსგავსზე“. ასე მიიღო მან სახელწოდება „დიდი ხუთეული“.

McCrae-მ და Costa-მ (1990,1994) აღმოაჩინეს, რომ ხუთივე ფაქტორი საკმაოდ სანდო და ვალიდურია და შედარებით სტაბილურად ნარჩუნდება ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე.

5-ფაქტორული მოდელი სალაპარაკო ენის მონაცემებზე დაყრდნობით შექმნეს. იგი მისაღები აღმოჩნდა პიროვნების სტრუქტურის აღსაწერად. იმავდროულად, ბევრმა კვლევამ უჩვენა, რომ პიროვნების ლექსიკური განზომილებები ძალზე გვანან კითხვითი სკალების მონაცემთა ანალიზით აღმოჩენილ მახასიათებლებს.

რადგან დიდი ხუთეულის მკვლევარები არ შეხებიან ამ თვისებათა ზოგადობისა და მისი გავრცელების სფეროს პრობლემას, მან უნივერსალური პოზიციები მოიპოვა. „დიდი ხუთეული“ სასწრაფოდ ითარგმნა ჰოლანდიურად, გერმანულად, იტალიურად, პოლონურად და სხვა ევროპულ ენებზე, აგრეთვე ჩინურად, ფილიპინურად, იაპონურად.

„დიდი ხუთეული“ ეყრდნობა იმ თვისებებს, რომელსაც ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ცხოვრებაში. გოლდბერგი მიიჩნევს, რომ ადამიანების აზრით, რაღაც ინდივიდუალური განსხვავებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთქმედებაში და იგონებენ ტერმინებს ამ თვისებების გამოყენების შესამსუბუქებლად; თვისებათა განსაზღვრებებში არის ინფორმაცია ისეთ ინდივიდუალურ განსხვავებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ან ჩვენი ჯგუფის კეთილდღეობისთვის; ამდენად, ისინი სასარგებლოა პროგნოზირებისა და კონტროლისთვის, რადგან გვეხმარება სხვების საქციელის წინასწარ გათვალისწინებაში და ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შედეგების კონტროლირებაშიც. ისინი გვეხმარება გავცეთ პასუხი ისეთ შეკითხვებზე, რომელითაც შესაძლებელია მნიშვნელოვან სიტუაციათა ფართო სპექტრში ადამიანის მოსალოდნელი ქცევის წინასწარმეტყველება.

თუ უნივერსალური შეკითხვები არსებობს, მოსალოდნელია, რომ ყველა ენაში პიროვნების თვისებების ერთნაირი საბაზისო პარამეტრები უნდა არსებობდეს. ამ ჰიპოთეზას ფუნდამენტური ლექსიკური ჰიპოთეზა ეწოდა.

კვლევარებს ძალზე მნიშვნელოვანად მიაჩნიათ ამ უნვერსალური სტრუქტურის თეორიული კონტექსტიც, რამდენადაც საბუთდება ქცევითი ნიმუშების განსაზღვრულობა ბუნების ზემოქმედებით კულტურის ისტორიის განმავლობაში. თუმცა კი ადამიანის ბუნებაში იმაზე მეტია, რასაც მასში ვგულისხმობთ; საზოგადოება შეიძლება ხასიათდებოდეს ინოვაციურობით და ცვლილებებზე ორიენტაციით, ტრადიციით და კონფორმულობით, მაგრამ ეს ვერაფერს გვეტყვის ინდივიდთა შორის განსხვავებებზე გამოცდილებისადმი ღიაობის თვალსაზრისითო - აღნიშნავს R.R.McCrae.

5-ფაქტორული მოდელი გარკვეული აზრით იმ ფაქტის ასახვაა, რომ ყველა ადამიანური არსება ერთი გვარიდან წარმოიშვა. მაგრამ პიროვნული თავისებურებების მნიშვნელოვანი პლასტი სწორედ კულტურამ წარმოშვა და მისი გავლენის ქვეშაა დღესაც - კულტურა უკამათოდ მნიშვნელოვანია, როცა საკითხი ეხება თვისობრივი შეგუების განვითარებას, რაც ნიშნავს პიროვნულობას აზროვნებაში, გრძნობებსა და ქცევებში (R.R.McCrae et all… 1998).

ჰოგანი (1996) ამტკიცებს, რომ ადამიანი ვითარდება, როგორც ჯგუფურად მცხოვრები ბიოლოგიური გვარი, სადაც რეპროდუქციული წარმატებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სტატუსთა იერარქიულობაში შესაბამისობა და სოციალური აღიარება. სოციალური ინტერაქცია ემყარება გაცვლით პროცესებს, სადაც ვალუტა სტატუსი და აღიარებაა. ეს მიზნები ურთიერთმიმართ დინამიურ დაძაბულობაშია; ერთის სოციალური სტატუსი იზრდება მეორის ხარჯზე, რადგან სხვათა მოთხოვნებზე დაქვემდებარება წარმატების შანსს ამცირებს.

ჰოგანის დასკვნით, ადამიანი სხვების ქცევას აკვირდება და მერე იქმნის თეორიას საკუთარი ქცევის ტენდენციებზე. ასე ადგენს თავის რეპუტაციას, რომლის დაცვასაც ყოველგვარად ცდილობს. სხვისი რეპუტაცია აქ რესურსია. ამას გარდა, ადამიანს გააჩნია საკუთარი პიროვნულობის კონცეფციაც; იგი ნაწილობრივ ითვალისწინებს ბიოლოგიური სისტემებისთვის დამახასიათებელ რეალურ ქცევით ტენდენციებს, რომელიც ინდივიდუალური განსხვავებების, მაგ, ტემპერამენტის მიხედვით, ცვალებადობს. თუმცა ყველა ცდილობს სოციალური დაჯილდოვების მოპოვებას, ჰოგანის მიხედვით, ადამიანი ძირითადად ადაპტიურად მოქმედებს და ჯილდოსაც ცვალებადი წარმატებით მოიპოვებს.

სხვათა მიერ ადამიანის შეფასება მეტნაკლებად ჭეშმარიტი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ქცევის ტენდენციებზე და ადამიანის რეპუტაციაზე.

ევოლუციონისტური წარმოდგენებით (Buss 1996), ინდივიდუალური განსხვავებები არსებობს იმიტომ, რომ ისინი ბუნებრივი შერჩევის პროცესში მნისვნელოვან როლს ასრულებდნენ.

ევოლუციონისტების მტკიცებით, ბუნებრივი შერჩევა თავს იყრიდა მექანიზმთა კომპლექსებში, რომელთა ფუნქცია იყო შეგუების პრობლემის გადაჭრა. ბევრი მათგანი სოციალური გარემოს გაწონასწორებაზეა მიმართული - მეგობრის პოვნა, ბავშვების აღზრდა, სტატუსური იერარქიის შეთანხმება. ასეთი მიდგომა ანუ ადაპტაციის პრობლემურობა ადამიანებს შორის განსხვავებებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს (მაგალითად, პოტენციურ ლიდერებს შორის განსხვავება), ვიდრე ადამიანური ბუნების უნივერსალურ თვისებებს (მაგალითად, ორი ფეხის ქონა). Buss-ის აზრით, ბუნებრივი შერჩევა ვლინდება იმ მექანიზმებში, რომელთა ფუნქციაა სხვებში ინდივიდუალურ განსხვავებათა განვითარება.

შეგუების 2 ძირითადი ტიპი არსებობს: სტრატეგიული წინააღმდეგობა და სტრატეგიული დახმარება. დახმარება გულისხმობს იმ ადაპტიური პრობლემების გადაჭრას, რომლებიც ეხება მოკავშირის მოძებნას; სტრატეგიული წინააღმდეგობა გულისხმობს სხვების ინტერესებთან შეჯახებისას წარმოქმნილი კონფლიქტის გადაჭრას. 5-ფაქტორული მოდელი აერთიანებს ამ ორ ტიპს. (Первин Л. Джон О. 2000, 285-326).

მაგალითად, მექსიკელებისთვს დამახასიათებელი თვითკმაყოფილი, შელფ-ის ელასტიური, მიგუებითი სტილი სოციალური ჯგუფის წევრთა ფუნდამენტური მახასიათებელია, განსაკუთრებით, ოჯახის დონეზე. ეს ვითარება ხსნის იმ ფაქტს, რომ „თავის მოქონვა“ (მლიქვნელობა) - მახასიათებელი, რომელიც აშშ-ში უსიმპათიოდ აღიქმება, მექსიკაში, სადაც დადებითი პიროვნული ურთიერთობები ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს, ამგვარი გადაჭარბებულობა სასურველ ინტერპერსონალურ თვისებად მიიჩნევა (R. Dias-Loving).

ადამიანები პიროვნულ თვისებებზე ინფორმაციას აგრეთვე იყენებენ საკუთარი მდგომარეობების გასაგებადაც. მაგალითად, ძლიერად დომინანტურ ადამიანებს შეუძლიათ პირადი წარმატებების მიღწევა; ძალზე პატიოსანს - ჯგუფური წარმატების მიღწევა (K,McDonald 1998).

უნდა აღინიშნოს, რომ 5 ფაქტორული მოდელით პიროვნების კვლევა კულტურაში განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის. სხვადასხვა კულტურაში ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი მონაცემები ძალზე ხშირად ადასტურებს, რომ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები პიროვნების კონსტრუირებას 5-ფაქტორული მოდელის შესაბამისად ახდენენ.

ამ სტრუქტურის უნივერსალურობა იმითაც დასტურდება, რომ ყველა კულტურაში მოახერხეს ექვივალენტთა დიდი რაოდენობის პოვნა და ფაქტორიზება. McCrae-ს და Costa-ს მონაცემებით (1997), ეს მოდელი უცვლელი აღმოჩნდა არა მარტო სხვადასხვა ენაში, არამედ სრულიად განსხვავებული გვარის ენებშიც კი. ასეთი უნივერსალურობა კი იმ ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ პიროვნების სხვა ასპექტებიც შეიძლება ფართოდ განივრცოს კულტურებს შორის.

A. T. Church da W. J. Lonner (1998), რომლებმაც სერიოზულად იმუშავეს ხუთფაქტორიანი მოდელის შემოწმებაზე ფილიპინურ კულტურაში, აღნიშნავენ, რომEეს მოდელი წარმოადგენს პიროვნული თავისებურებების ორგანიზაციას რაღაც სახით, თავისებურებები კი არის „ინდივიდუალური განსხვავებების საჩვენებლად აზროვნების, გრძნობების, ქცევათა თანმიმდევრულობის ტენდენციებში“. მაგალითად, ალტრუიზმი უკავშირდება სხვათა დახმარებას, სულგრძელობას, ხელგაშლილობას; თავმდაბლობა განიხილება თავისთავადობის (Self) ნიველირებად ქცევებში და დამოკიდებულებებში; ნდობა ასახავს მოლოდინებს სხვათა ქცევებსა და განზრახვებთან მიმართებაში. ეს თავისებურებები პიროვნების ფსიქოლოგიური ასპექტებია და სიტუაციური თანმიმდევრულობა და დროში სტაბილურობა ახასიათებთ.

პიროვნული თავსებურებები ენაში წარმოდგენილია ზედსართავი სახელებით, თანაც ერთსა და იმავე სახელს სინონიმებიც გააჩნია, ამიტომ, ჩვეულებრივ, ოპერირებენ ფაქტორული სტრუქტურებით, რომლებიც იქმნება მსგავსი კონნოტაციური მნიშვნელობების ერთ სტრუქტურად გაერთიანების შედეგად. მაგალითად, ალტრუისტს თავმდაბლობისა და ნდობის ტენდენციაც გააჩნია; ალტრუიზმი, თავაზიანობა და ნდობა ქმნის ფაქტორს, ე.წ. დამყოლობას. ასე შექმნილი თვისებები მხოლოდ ერთ ფაქტორს უკავშირდება. ალტერნატიული მოდელია ე.წ. მბრუნავი (circupflex), რომელშიც თვისება აღიწერება არა ერთ, არამედ ორი ფაქტორის გადაკვეთაზე, ამ ორ ფაქტორთან მიმართებაში - ვთქვათ, „დამყოლობა“ „ექსტრავერსიის“ პარამეტრითაც აღიწერება.

მაგრამ 5-ფაქტორული მოდელის გამოყენებას თან ახლდა წარუმატებლობებიც. პირველ რიგში, ისინი დაკავშირებული იყო თარგმნასთან. ამ წარუმატებლობამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პიროვნული სტრუქტურა კულტურული კონსტრუქციაა; ამიტომ სწორედ კულტურული კონტექსტის ანალიზმა უნდა წარმოაჩინოს ის მექანიზმები, რომლითაც კულტურა პერსონალურ თავისებურებებს აყალიბებს.

ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები ავლენს, რომ აზიურ ენებში პიროვნების თვისებების აღმნიშვნელი ტერმინების სემანტიკური სივრცე ჰგავს ინგლისურ ენაში ანალოგიურ სემანტიკურ სივრცეს.

მაგრამ მკვლევარები აღნიშნავენ გარკვეულ შეუსაბამობებსაც. მაინც დგას საკითხი არადასავლურ კულტურულ ჯგუფთათვის ამ სემანტიკური სტრუქტურის რელევანტურობის თაობაზე, მით უფრო, რომ პიროვნების საზომებში ბევრი რამ კულტურული კვლევისთვის გამოუსადეგარია - ეს მოდელი შეიქმნა იმ კულტურის მონაცემთა საფუძველზე, რომლის მენტალობაშიც პიროვნება მოიაზრება სხვებისგან გამოყოფილად, ხოლო განსხვავებულ კულტურულ კონტექსტებში ურთიერთმსგავსი ენობრივ-სემანტიკური სტრუქტურების არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ იგი ხალხის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც ექვივალენტურად ასახავს.

მექსიკელი მკვლევარის, Rolando Dias-Loving-ის აზრით, პიროვნების თვისებების შესწავლა და გაზომვა მოიცავს 2 ფუნდამენტურ კომპონენტს: ცნობილი მკვლევარების ნაშრომებში გაბნეული პიროვნული მახასიათებლებისა და საზომების კონცეპტუალიზაციას, ერთის მხრივ, და ამ თვისებათა სანდო გაზომვას, მეორეს მხრივ, რისთვისაც ხშირად ფსიქომეტრიულ სკალებსა და ინვენტარს იყენებენ; ამის შემდეგ ჩატარებულმა კონკრეტულმა კვლევამ შესაძლოა გამოავლინოს ბაზისური თვისებები; თვისებათა გაზომვა მოითხოვს ამ თვისებათა ინდიკატორების მკაფიო დანაწევრებას და ფორმულირებას, რასაც შემდეგ უნდა მოყვეს ფსიქომეტრული ანალიზი: კორელატებისა და ქცევათა შესწავლა.

McCrae-სა და Costa-ს მიერ გამოვლენილი თვისებები ახალი საზომის გამოვლენას, ცხადია, არ ნიშნავს. ამგვარად, თვით უნივერსალურად მიჩნეულ თვისებათაგანაც ზოგი ბაზისურია და ზოგი - არა.

თვისებებზე მომუშავე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პიროვნული თვისებების გამოყენება სასარგებლოა ქროსსკულტურულ კვლევებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს მეთოდთან დაკავშირებული კორექტულობის მოთხოვნები: „კულტურის შესწავლისას etic პოზიციის სიმყარისთვის მეთოდის ვალიდურობა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კულტურის „შიგნიდან“ საკვლევად, ისე „გარე“ დამკვირვებლის პოზიციიდანაც.“ (დიას-ლოვინგი); რაც შეეხება თვისებების გამოყენებას, მათი განსაზღვრა უნდა მოხდეს ქროსსკულტურული პოზიციიდან; ასეთი სახის მონაცემებისა და კულტურისთვის ადექვატური ინსტრუმენტის ერთობლიობა ვალიდურად სანდოა ეთნიკურ ჯგუფებთან მიმართებაში.

სიფრთხილე ამ მოდელის მიმართ დღემდე იმის დაუსაბუთებლობის შედეგია, რომ თვისებათა ერთი და იგივე ერთობლიობა ყველა კულტურაში ერთნაირად გასაგებია - ჯერჯერობით ვერ დასტურდება, რომ ეს ლექსიკური სტრუქტურა პიროვნების სტრუქტურის იდენტურია.

რუსეთში დადასტურდა 5 ფაქტორიდან 4-ის მაღალი სიმყარე (Стефаненко Т. Г. 2000; გვ. 134)

4.7 Resume

▲ზევით დაბრუნება


მოძღვრება ღირებულებათა შესახებ სპეციფიკური ღირებულებების მეშვეობით აღადგენს იმ გააზრებულ კულტურულ განსხვავებებს, რომლებიც ჯგუფებს შორის არსებობს და ინტერპრეტირებულია კულტურულ, ისტორიულ, სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ რელიგიურ განსხვავებათა ტერმინებში.

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი ჯგუფურ დონეზე განიხილება, როგორც ღირებულებები, მაგრამ ისინი მოიაზრება გარკვეულ „მეტაღირებულებებად“, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ ქცევის სტერეოტიპებისა და რწმენების ფართო კლასტერს: მოტივაციებს, პოზიციებს, მორალურ და იდეოლოგიურ ღირებულებებს.

კულტურაში ღირებულებების კვლევის პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ აბსტრაქტული ღირებულებების სისტემა შეიძლება კულტურის მატარებელს გაცნობიერებული არც ჰქონდეს, გარდა ამისა, დასადგენია, საკვლევ ღირებულებას ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს თუ არა განსხვავებულ კულტურებსა და ენებში.

ღირებულებათა ქროსსკულტურული შესწავლა ხდება ანალიზის ორ დონეზე: ინდივიდუალურზე და კულტურულზე; ღირებულებების ანალიზზე დაყრდნობით ხდება კულტურული ფენომენებისა და კულტურებს შორის განსხვავებების ახსნა, აგრეთვე კულტურაში არსებული განსხვავებებების გამოვლენა. ღირებულებათა შესწავლა მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ თვალსაზრისითაც, რომ მათი ურთიერთმიმართება ასახავს კონფლიქტი-უკონფლიქტობის სოციალურ დინამიკას, რომელიც ვლინდება ყოველდღიურად ღირებულებათა მიდევნების სუბიექტურ გამოცდილებაში.

ღირებულებებს სწავლობენ გამოკითხვის მეთოდების, აგრეთვე ექსპერიმენტის გამოყენებით.

ქროსსკულტურულ კვლევებში მიმართავენ პიროვნების შესწავლასაც; პიროვნების მარეგულირებელ მოდელთა ისტორიული და კულტურული კონტექსტების შესწავლის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერები აღნიშნავენ დასავლური მოდელების შეზღუდულობას არადასავლური კულტურულ-პიროვნული ტიპის შესწავლისთვის. ამ ამოცანის გადასაწყვეტად თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისითაც უფრო სასურველად მიიჩნევა რეგულირების ადგილობრივი კონცეფციების გამოყენება. ამას გარდა, პიროვნების კვლევა კულტურის შესასწავლად საჭიროდ მიიჩნევა ზოგადი მეცნიერული თვალსაზრისითაც: სხვადასხვა კულტურიდან მონაცემები პიროვნების შესახებ ქმნის ალტერნატიული კონცეფციების წარმოქმნის შესაძლებლობას, ამცირებს არაადგილობრივი კონცეფციების ზეგავლენას და კვლევებში გაზომვის დამახინჯების შესაძლებლობებს პიროვნების კვლევა კულტურაში, ამასთანავე, შესაძლებელს ხდის განსხვავებების აღმოჩენას etic-ურ და emic-ურ სტრატეგიებს შორისაც.

ადამიანებს შორის განსხვავებაზე კულტურის მიხედვით მსჯელობენ კაუზალური ატრიბუციის 3 მახასიათებლით (შინაგანი-გარეგანი, სპეციფიური-გლობალური, სტაბილური-არასტაბილური), ინტერნალობა-ექსტერნალობით(ანუ ადამიანის წარმოდგენით იმის თაობაზე, აკონტროლებს თუ ვერა თავისი ცხოვრების მოვლენებს), მიღწევის ორიენტაციით (ანუ როგორ ხსნის ადამიანი გამარჯვებასა და მარცხს), აგრეთვე ახსნის სტილით. კულტურების კვლევისას მკვლევარები განსაკუთრებით აღნიშნავენ მიღწევის მოტივაციის კონცეპტუალიზაციისა და საზომების კლასიკური (ევროამერიკული) მოდელების კულტურულ მიკერძოებულობას, ამიტომ მიიჩნევა, რომ მიღწევის მოტივაციის შესწავლისას განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კულტურული კონტექსტი და ამ მოტივაციის კულტურული მნიშვნელადობა.

ბოლო პერიოდში კულტურის შესწავლაში აქტიურად მიმართავენ პიროვნების თვისებების 5-ფაქტორიან მოდელს („დიდ ხუთეულს“), რომელიც გულისხმობს 5 განზოგადებულ პარამეტრს: ნევროტიზმს, ექსტრავერსიას, გამოცდილებისადმი ღიაობას, კეთილგანწყობასა და შეგნებულობას. მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები პიროვნების კონსტრუირებას 5-ფაქტორული მოდელის შესაბამისად ახდენენ; ხაზი გაესმის იმ ფაქტს, რომ პიროვნული სტრუქტურა კულტურული კონსტრუქციაა და ის მექანიზმები, რომლითაც კულტურა პერსონალურ თავისებურებებს აყალიბებს, სწორედ კულტურული კონტექსტის ანალიზით უნდა წარმოჩინდეს.

თვისებებზე მომუშავე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ პიროვნული თვისებების გამოყენება სასარგებლოა ქროსსკულტურულ კვლევებში, მხოლოდ მეთოდთან დაკავშირებული კორექტულობის მოთხოვნების დაცვით: კულტურის შესწავლისას ეტიც პოზიციის სიმყარისთვის მეთოდის ვალიდურობა ერთნაირად მნიშვნელოვნად მიიჩნევა როგორც კულტურის „შიგნიდან” საკვლევად, ისე „გარე“ დამკვირვებლის პოზიციიდანაც.

4.8 კითხვები

▲ზევით დაბრუნება


1. ჩამოაყალიბეთ ღირებულებათა მთავარი ნიშნები. რა არსებითი პრობლემები დგება ღირებულებათა ქროსსკულტურული კვლევისას?

2. ჩამოაყალიბეთ და აღწერეთ ის მახასიათებლები, რომლებიც გამოიყენება კულტურაში პიროვნების შესასწავლად და კულტურული განსხვავებების აღსაწერად.

3. დაასახელეთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც დგება კულტურის კვლევისას.

4.9 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1 Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G., Vol. 3., 1996, pp. 77 -119

2. R.R.McCrae,P.T.Costa JR. Gr.H. del Pilar, J-P. Rolland, W. D. Parker. Cross-Cultural Assessment of the five-factor model. The Revised NEO Personality Inventory. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 171-188

3. Church, W. J. Lonner. The Cross-Cultural perspective in the study of Personality. Rationale and Current Research. Journal of cross-cultural psychology. Vol. 29 No.1, January 1998 32-62

4. K,McDonald. Evolution, Culture, and the five-factor model. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 119-149

5. Stephanie D. Grimm; A. Timothy Church; Marcia S. Katigbak; Jose A.S.Reyes. Self-Drscribed Traids, Values, and Moods Associated with Individualism and Collectivizm. Journal of cross-cultural psychology. Vol.30, No.4, July 1999 466-500

6. Первин Л. Джон О. Психология личности. Теория и исследования, „Аспект-Пресс“, М, 2000

4.10 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


კორელაციური კვლევა - მიდგომა კვლევაში, როცა იზომება უკვე არსებული მონაცემები და დგინდება კავშირი მათ შორის

ექსპერიმენტული კვლევა - კვლევის სტრატეგია, როცა ექსპერიმენტატორი ცვლადებით მანიპულირებს და აინტერესებს ზოგადი კანონები; მიზანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ცვლადებს შორის

კონგრუენტულობა - როჯერსის მიერ შემოტანილი ცნება, რომელიც აღწერს კონფლიქტის არარსებობას საკუთარი თავის აღქმასა და რეალურ სუბიექტურ გამოცდილებას შორის

5 ფაქტორიანი მოდელი - მკვლევართა შეთანხმება, რომ არსებობს 5 საბაზისო პარამეტრი (ფაქტორები) ადამიანის ყველა თვისების აღსაწერად

დიდი ხუთეული - 5 განზოგადებული პარამეტრი, რომელიც ქმნის 5 ფაქტორულ მოდელს (ექსტრავერსია, ნევროტიზმი, გამოცდილებისადმი ღიაობა, კეთილგანწყობა და გაცნობიერებულობა)

ლოკუს კონტროლი - როტერის მიერ შემოტანილი ცნება, რომელიც აღწერს დაჯილდოვება-დასჯის შესახებ ადამიანის გენერალიზებულ მოლოდინს ან რწმენას იმის თაობაზე, როგორ აღიქვამს ცხოვრებისეულ მოვლენებს - თავისი ძალისხმევის შედეგად თუ გარედან კონტროლირებულად

კაუზალური ატრიბუცია - მიზეზის მიწერა; დასწავლილი უსუსურობის თანამედროვე თეორიაში ატრიბუცია ფასდება 3 პარამეტრით: ინტერნალური (პერსონალიზებული) /ექსტერნალური (უნივერსალური); სპეციფიური/გლობალური და სტაბილური/არასტაბილური

ინტერნალობა-ექსტერნალობა - ანუ შინაგანი/გარეგანი კონტროლის ლოკუსები -პიროვნული სკალა იმის გასაზომად, რომ ადამიანი აკონტროლებს მისი ცხოვრების მოვლენებს (ინტერნალური ლოკუს-კონტროლი), საპირისპიროდ რწმენისა, რომ ცხოვრებისეული მოვლენები გარე, ექსტერნალური ფაქტორების (შემთხვევითობა, გამართლება) შედეგია

5 თავი 4. „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი“- თანამედროვე კონცეფციები

▲ზევით დაბრუნება


5.1 § 1. კულტურის განზომილებები

▲ზევით დაბრუნება


უამრავი ცდა არსებობს ამა თუ იმ კულტურის ისეთი სპეციფიური თავისებურებების პოვნისა, რომლებიც ყველა მის ელემენტს მსჭვალავს და ვლინდება კულტურის წარმომადგენელთა ქცევაში. ეძიებენ ერთ ან რამდენიმე ღერძულ თავისებურებებს ანუ კულტურის მახასიათებლებს - განზომილებებს.

თანამედროვე მკვლევარები ხშირად მიმართავენ უკვე ჩატარებული კვლევების ე.წ. მეტაანალიზს, რომლის მეშვეობითაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ან რომელიმე სფეროში ძირითად ტენდენციებს ავლენენ.

ერთ-ერთი ასეთი კვლევის შედეგად მკვლევარებმა გამოყვეს კულტურის რამდენიმე განზომილება, რომლებიც სხვადასხვა ავტორთა მიერ არის შეთავაზებული.

აღმოჩნდა, რომ თანამედროვე ეტაპზე ძირითადად კულტურის განზომილებებად მიიჩნევა შემდეგი მახასიათებლები:

1. ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი ანუ ორიენტაცია ინდივიდუალურ ან ჯგუფურ მიზნებზე;

2. ტოლერანტობის ხარისხი კულტურაში მიღებული ნორმებიდან გადახრის მიმართ („აღვირის მოჭერის“ ან „ლაგამის ამოდების“ ხარისხი ნორმებსა და ინდივიდს შორის);

3. განუსაზღვრელობის თავიდან არიდება და შესაბამისად, ფორმალური წესების მოთხოვნილება;

4. მასკულინობა/ფემინურობა ანუ კულტურაში იმ თვისებათა შეფასება, რომლებიც ქალებისა და მამაკაცებისთვის სტერეოტიპულად განიხილება, აგრეთვე ტრადიციული გენდერული როლების წახალისების ხარისხი;

5. ადამიანის ბუნების შეფასება, როგორც „კარგის“, „ცუდის“ ან „შერეულის“;

6. კულტურის სირთულე, მისი დიფერენცირებულობის ხარისხი;

7. ემოციური კონტროლი, ექსპრესიულობის დასაშვები ხარისხი;

8. დისტანციურობა კონტაქტების დროს ანუ ურთიერთობის დროს დასაშვები სიახლოვის ხარისხი.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ბევრი ამ მახასიათებელთაგან სწორედ კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის პარადიგმის ფარგლებში იქნა აღმოჩენილი და შესწავლილი.

5.2 § 2. Gert Hofstede-ს მოდელი: ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი - კულტურული განზომილება

▲ზევით დაბრუნება


ჰოლანდიელი მეცნიერის G. Hofstede-ს გამოკვლევამ, რომელიც მან 1980 წელს ჩაატარა ღირებულებით ორიენტაციებზე, დაიწყო ახალი ერა კულტურათა ემპირიულ შესწავლაში. ეს გამოკვლევა დღემდე რჩება ყველაზე ფართო მოცულობის კვლევად ქვეყანათა და გამოკითხულ რესპონდენტთა რაოდენობის მიხედვით.

G. Hofstede-მ მსოფლიოს 40 ქვეყანაში ანკეტირების მეთოდით გამოკითხა კორპორაცია ABM-ის 116000 თანამშრომელი და იკვლევდა მორალურ კლიმატს ამ ფირმაში. პირობითად მის მიერ „ჰერმესად“ წოდებული გამოკვლევა 2-ჯერ ჩატარდა - 1967 და 1973 წლებში. მიღებული მონაცემები დამუშავდა ფაქტორული ანალიზის მეთოდით. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი - „კულტურის შედეგები“ გამოქვეყნდა 1980 წელს. Hofstede-ს აზრით, ერთი რეგიონის ხალხს დაახლოებით 44 ტიპის მენტალური პროგრამა აქვს, რომლებსაც იზიარებს თავისი რეგიონის ხალხთან; კოლექტივიზმი, მისი აზრით, საზოგადოდ გაზიარებულ მახასიათებელთა ინტერაქციული აგრეგატია და განსაზღვრავს გარემოს შესახებ ჯგუფურ პასუხებს. მან სწორედ ამას უწოდა კულტურა.

ამ გამოკვლევაში G. Hofstede-მ შეისწავლა 14 ძირითადი საკითხი, რომლებიც შემდგომში განავრცო 53 ეროვნულ კულტურაზე და 3 რეგიონზე (G. Hofstede, 1980; 1983). ანალიზის ერთეულად მან აიღო ის სახელმწიფოები, სადაც გამოკითხვა ჩატარდა, ხოლო სახელმწიფოები რანჟირებულ იქნა რესპონდენტთა მიერ. რანჟირების პრინციპი იყო მოქალაქეთა მიდრეკილება ინდივიდუალიზმისკენ.

სწორედ ამ კვლევაში ჩამოაყალიბა G. Hofstede-მ პირველად ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის ცნებები, რომლებიც შემდგომში სხვა მკვლევარებმა განავრცეს და უფრო დააზუსტეს.

G. Hofstede-ს მიხედვით, „ინდივიდუალიზმი მხარს უჭერს ისეთ საზოგადოებას, სადაც ინდივიდებს შორის კავშირი არამყარია; თითოეულისგან მხოლოდ საკუთარი თავისა და თავისივე ოჯახის პატრონობას ელიან“, მისთვის დამახასიათებელია „ინდივიდთა ემოციური დამოუკიდებლობა ჯგუფისგან, ორგანიზაციისგან ან სხვა კოლექტივებისგან“ (ციტირებულია Triandis H.C1994 Hui C. H. Triandis H.C 1986 -ის მიხედვით), ხოლო „კოლექტივიზმი მხარს უჭერს ისეთ საზოგადოებას, სადაც ადამიანი დაბადებიდანვე და მთელი ცხოვრების განმავლობაში ძლიერად დამაკავშირებელ შიდა ჯგუფებში არიან გაერთიანებული; ეს ჯგუფები მთელი სიცოცხლის მანძილზე იცავს მათ უკამათო ლოიალურობის სანაცვლოდ“.

G. Hofstede-მ ხალხთა ღირებულებების ემპირიულ შესწავლაზე დაყრდნობით კულტურის კონცეფცია ჩამოაყალიბა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ინდივიდუალიზმი-კოლექტივიზმის მისეული განსაზღვრებები გარკვეული აზრით, მისივე საკუთარი ღირებულებების სისტემის ასახვაა და მისი „დასავლური პროგრამირებულობიდან“ გამოდის.

აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ანალიზისას საქმე გვაქვს 2 დონესთან: ინდივიდის დონესთან და კულტურის დონესთან.

ღირებულებათა მათემატიკურმა ანალიზმა გამოავლინა 4 ძირითადი ფაქტორი, რომლებიც კულტურას აღწერენ, როგორც შედარებით დამოუკიდებელი მახასიათებლები (მათ ჩვეულებრივ ორთოგონალურ ანუ დამოუკიდებელ ფაქტორებს უწოდებენ); ეს მახასიათებლები, G. Hofstede-ს აზრით, შეიძლება განხილულ იქნას კულტურის მახასიათებელ განზომილებად ანუ ისეთ რაიმედ, რაც ყველა მოვლენას მსჭვალავს კულტურაში და კულტურის ნებისმიერ მოვლენაშია ასახული. ისინი თავს ავლენს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში - ოჯახურ ურთიერთობებში, სახელმწიფო და პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურებში, განათლების სისტემაში და ა.შ.

ამგვარად, გამოყოფილი 4 განზომილება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც:

1. კოლექტივიზმი-ინდივიდუალიზმი - ასახავს ინდივიდსა და ჯგუფს შორის ურთიერთმიმართებას; ინდივიდუალისტური ორიენტაცია გულისხმობს იმ რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს თავისთავადი ღირებულება აქვს, უნდა იღვაწოს პირადი პოტენციალიზაციის რეალიზაციისთვის, სოციალური წნეხის მიუხედავად, თავისი დამოუკიდებელი მოსაზრებების კულტივირებას უნდა ცდილობდეს; კოლექტივისტური ორიენტაცია - პირიქით, ასახავს კოლექტიურის პრიორიტეტს ინდივიდუალურთან შედარებით;

2. ძალაუფლებრივი დისტანცია - ასახავს საზოგადოების ე.წ. „დაბალი ფენების“ მიმართებას სოციალური უთანასწორობისადმი; იმ კულტურებში, სადაც ეს დისტანცია მოკლეა, რეალურად მოქმედებს იურიდიული კანონები და წესები - აქ ადამიანები ხელისუფლებას მისი კომპეტენტურობის მიხედვით ემორჩილებიან და არა მისი თავისთავადი ღირებულების გამო;

3. განუსაზღვრელობისგან გაქცევა (თავის არიდება) - ესაა ადამიანთა ემოციური დამოკიდებულება იმ სიტუაციებისადმი, რომელთაც ძნელადპროგნოზირებადად მიიჩნევენ. კულტურების ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება იმის მიხედვით, როგორ რეაგირებენ მისი წარმომადგენლები განუსაზღვრელობაზე: ცდილობენ გაექცნენ ამ განუსაზღვრელობას თუ ითმენენ მას. იმ კულტურებში, სადაც განუსაზღვრელობის მოთმენის ხარისხი დაბალია (განუსაზღვრელობას ვერ იტანენ, არ უყვართ), ადამიანი ახალ სიტუაციაში, ახალ გარემოში უფრო მეტ შფოთსა გრძნობს. ჩვეულებრივ, ასეთ კულტურებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დადგენილ ნორმებს, წესებს და რიტუალებს;

4. მასკულინობა-ფემინურობა - გულისხმობს სქესთა სოციალური დიფერენცირებულობის ხარისხს. კულტურის წარმომადგენლებს ისინი ეძლევა ნაგულისხმევი ნორმატული ორიენტირების სახით და თავს ავლე3ნს სხვადასხვაგვარი ძალით.

უნდა აღინიშნოს, რომ G. Hofstede-ს შრომაში მასკულინობა-ფემინურობა უბრალოდ სტანდარტული ფსიქოსოციოლოგიური აზრის მატარებელი ცნებები არაა, ისინი ამ თეორიაში ანთროპოლოგიურ კატეგორიებად გვევლინება. ჩვენ მასზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ყველა ჩამოთვლილი მახასიათებელი აფიქსირებს განსხვავებულობას არა ინდივიდებს, არამედ კულტურებს შორის, ამიტომაც G. Hofstede-ს მიდგომას მიიჩნევენ კულტურა-დონის ანალიზად.

ინტერპრეტირებული პარამეტრების მიხედვით G. Hofstede-მ შეძლო მოეცა კულტურათა მონათესავე ჯგუფები. ასე, მაგალითად:

ძალაუფლებრივი დისტანციის მახასიათებლის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ეს დისტანცია „გრძელია“ მალაიზიაში, პანამაში, არაბულ ქვეყნებში, ვენესუელაში, ინდოეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში, ხოლო „მოკლეა“ - ავსტრიაში, იზრაელში, დანიაში, შვეციაში, აშშ-ში და სხვა; განუსაზღვრელობისადმი მომთმენობა მაღალია სინგაპურში, დანიაში, ჰონგკონგში, შვეციაში, დიდ ბრიტანეთში და სხვ, ხოლო დაბალი ხარისხია საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, თურქეთში.

რაც შეეხება მასკულინობა-ფემინურობას, კულტურის ამ მახასიათებელს მოგვიანებით G. Hofstede-მ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა და სწორედ ამ კვლევის შედეგებს გაგაცნობთ (G. Hofstede 1998, pp.16-17, 175):

მასკულინური საზოგადოებები ფემინურისგან განსხვავდება ბევრი სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლით და ეს განსხვავება გამოდის გენდერული სტრატიფიკაციისა და სქესებს შორის ურთიერთობების ფარგლებიდან.

მასკულინური კულტურების პირველადი ღირებულებითი ორიენტაციები განსხვავდება პირადი მიღწევების მაღალი შეფასებით; მაღალი სოციალური სტატუსი მიიჩნევა პირადი წარმატების დადასტურებად; ფასობს ყველაფერი დიდი და მასშტაბური; ბავშვებს ასწავლიან ძლიერებიტ აღფრთოვანებას; ხელმოცარულებს გაურბიან; წარმატების დემონსტრაცია კარგ ტონად მიიჩნევა; აზროვნება რაციონალურობისკენ ისწრაფვის, ოჯახში როლების დიფერენციაცია ძლიერია, ადამიანი ბევრს აკეთებს თვითპატივისცემის გასაძლიერებლად.

ფემინური კულტურების პირველადი ღირებულებითი ორიენტაციები, პირიქით, წინ წამოსწევს კონსენსუსის აუცილებლობას, ღირებულია სხვაზე ზრუნვა; უფრთხილდებიან სხვათა გრძნობებს; გამოკვეთილი ორიენტაციაა სხვათა მომსახურება; ლამაზად მიიჩნევა პატარა; სიმპათიაა ჩაგრულთა მიმართ; ღირებული და დაფასებულია თავმდაბლობა; აზროვნება ინტუიტურისკენ იხრება; ბევრს ნიშნავს რაიმე ერთობისადმი, ჯგუფისადმი კუთვნილება.

ეს ბაზისური განსხვავებები საზოგადოებრივი და პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროშიც აისახება. თუმცა კი მასკულინობა-ფემინურობის დონე კულტურაში ისტორიულად მეტნაკლებად მყარია, მაინც შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული სოციალურ-პოლიტიკური გარემოებების მიხედვით. მაგალითად, ომები, პოლიტიკური კრიზისები, ეროვნულ გრძნობათა აღმასვლა მებრძოლი გმირების მოთხოვნილებას ქმნის, რაც, ცხადია, მასკულინობის ღირებულებას ზრდის.

Horstede ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ერთი და იგივე ქვეყანა სრულიად განსხვავებულად შეიძლება აღიწეროს ამ პარამეტრებით ცალცალკე. მაგალითად, ერთი პარამეტრის მიხედვით მას შეიძლება მაღალი მონაცემი ჰქონდეს, ხოლო მეორის მიხედვით - ნაკლები; ამასთან, მონაცემები მასკულინობა-ფემინურობის მიხედვით, სრულიადაც არაა სავალდებულო, შესაბამისობაში იყოს ქვეყნების სოციალურ-ეკონომიურ განვითარებასთან ან სიმდიდრესთან, ანუ მდიდარი და პოლიტიკურად ძლიერი ქვეყანა მასკულინურს არ ნიშნავს, ხოლო ფემინურობა მაინცადამაინც რაიმე აზრით უძალობის კორელატი არაა. მაგალითად, „მასკულინური“ აღმოჩნდა იაპონია, ავსტრია, იტალია, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, მექსიკა, ვენესუელა და ა,შ.; „ფემინური“ აღმოჩნდა სკანდინავიის ქვეყნები: შვეცია, ნორვეგია, დანია, ფინეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, პორტუგალია და ა.შ.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ Horstede-ს თვალსაზრისით, მის მიერ ინტერპრეტირებული ფაქტორები ორთოგონალური ანუ ურთიერთდამოუკიდებელი ფაქტორებია. სწორედ ამის გათვალისწინებით აღნიშნავდა ავტორი, რომ ამ ოთხეულიდან რომელიმე ერთის მიხედვით მაღალი მონაცემი არ ნიშნავს ასეთივე მაღალ მონაცემს რომელიმე სხვა მახასიათებლის მიხედვით. ამიტომ, როცა სპეციალურ ლიტერატურაში მასკულინობას ზოგჯერ ინდივიდუალიზმთან აიგივებენ, ხოლო ფემინურობას - კოლექტივიზმთან, კონცეფციის ავტორი ყოველთვის აღნიშნავდა ამგვარი გაგების უმართებულობას და ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მათემატიკური დახასიათებით ეს ორი პარამეტრი ურთიერთდამოუკიდებელია, და ამიტომ, კოლექტიური საზოგადოება შეიძლება იყოს მასკულინური და პირიქით. მისი პოზიციით, ყოველი საზოგადოება თითოეული მახასიათებლის მისეული თვისობრიობით ხასიათდება და ამდენად, უნიკალურიცაა.

Horstede-ს მიერ გამოყოფილ კულტურული განზომილებებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პირველმა - ოლექტივიზმმა/ინდივიდუალიზმმა, თუმცა კი თვით ავტორი თავის კვლევაში ორგანიზაციის შესწავლის პრობლემატიკიდან, კერძოდ, სამუშაოსა და მის გარშემო (პირადი და ოჯახური ცხოვრება, სამსახურში თვითრეალიზაციის შესაძლებლობები, სამუშაოს ფიზიკური პირობები და სხვ) პრობლემატიკიდან ამოდიოდა, ამიტომაც იგი აღნიშნავდა, რომ მისი კვლევის მონაცემები ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრის მქონეა ორგანიზაციის შესწავლის კონტექსტში და არა უშუალოდ კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის, როგორც კულტურის ზოგადი მახასიათებლის, თვალსაზრისით. მის მიუხედავად, ანალიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ მის მიერ შემოთავაზებული ორგანიზაციასთან დაკავშირებული 2 განზომილება - „ინდივიდუალური თავისუფლება“ და „ორგანიზაციაზე მიჯაჭვულობა“ კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის კონცეფციის პოზიციიდანაც გამოსადეგია.

Horstede-ს გამოკვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო კულტურა - დონის ანალიზით კავშირის გამოვლენა საზოგადოების ინდივიდუალისტურ ორიენტაციასა („ინდივიდუალიზმსა“) და ეკონომიკური განვითარების დონეს შორის. იმის მიუხედავად, რომ ამ ორ ცვლადს შორის მიზეზობრივი კავშირის ვერსიას საფუძვლიანად არყევს კოლექტივისტური ქვეყნების დინამიური ეკონომიური ზრდა, კოლექტივიზმ/ინდივიდუალიზმის კონცეფციის ანალიტიკოსები ეკონომიკის სფეროში ინდივიდუალიზმის ტენდენციის მიჩნევას მაინც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

5.3 § 3. Triandis-ის კონცეფცია - სუბიექტური კულტურა და კულტურული სინდრომი.

▲ზევით დაბრუნება


ბევრი მეცნიერი ეთანხმება მოსაზრებას, რომ კულტურა არსებობს ინდივიდის შიგნითაც და გარეთაც. კულტურის ეს 2 ასპექტი - გარე და შიდა - უმჭიდროეს ურთიერთკავშირშია.

ინდივიდის გარეთ არსებულ კულტურაში მოიაზრებენ ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს - რელიგიურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს, განათლების სისტემას, ესთეტიკურ პროდუქტებს (ხელოვნება, დრამა, ლიტერატურა). მიიჩნევა, რომ გარე კულტურის შესწავლა მომავლის საქმეა.

ინდივიდის შიგნით კულტურა მოცემულია რწმენის, ღირებულებების, ინტერაქციული მოდელების და სხვა ელემენტების სახით.

ჯგუფი, ჯგუფური კუთვნილება, ნორმები, როლები და სხვა ელემენტები ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებაში და საკმაოდ რთულ საზოგადოებრივ სტრუქტურასა და მიმართებებს ქმნის.

მაგალითად, „როლის“ ცნება. ი.კონი აღნიშნავს, რომ თანამედროვე საზოგადოებათმცოდნეობაში ფართოდ გამოყენებადი ეს ცნება ძალზე მრავალმნიშვნელოვანია.

სოციალური ფსიქოლოგია ამ ცნებას გამოიყენებს ქცევის განმეორებადი, სტანდარტიზებული ფორმებისა და წესების აღსაწერად. სოციალური როლის სპეციფიკა მნიშვნელოვნადაა განსაზღვრული იმ რეალობით, რომ 2 ან მეტი ადამიანის კონკრეტული ურთიერთქმედება ყოველთვის გარკვეულ სოციალურ გარემოში ხდება. შრომის დანაწილების ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმები, საზოგადოების კლასებად დანაწილება, სოციალური ინსტიტუტები და ქცევის ნორმები მოცემულია როგორც გარე, ობიექტური რეალობა; ადამიანი, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ამ ვითარების მიმართ, ობიექტურ რეალობას ანგარიშს უწევს და თავის ქცევას შეუთანადებს.

ი. კონი აღნისნავს, რომ პოლიტიკური ეკონომია, სოციოლოგია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები პრინციპულად აბსტრაჰირდებიან ადამიანის ინდივიდუალობისგან. ამიტომ სოციოლოგიაში როლის ცნება უსახურ სოციალურ ფუნქციას ან ნორმას აღწერს, რომლის შესრულება აუცილებელია მოცემული კონკრეტული პოზიციის მქონე ინდივიდისთვის

მაგრამ საზოგადოებას, სოციალურ ინსტიტუტებს ფილტრთა მთელი სისტემა აქვთ ამა თუ იმ საქმისთვის ხასიათის სესარჩევად. ქცევა კი არის სტანდარტიზებული, მაგრამ ამ სტანდარტიზაციის ბუნებაა განსხვავებული სხვადასხვა ტიპის კულტურაში. ამიტომ ადამიანის ქცევაში ყოველთვისაა რაღაც „წინასწარ მოცემული“, სტანდარტიზებული საზოგადოების ისტორიითა და წინა გამოცდილებით; შესაბამისად, კულტურაც ქმნის „წინასწარ მოცემულ“, „საზოგადოებითა და წინა გამოცდილებით სტანდარტიზებულ“ როლებს (Кон И.С. 1999; 192-193).

ჯგუფი მზა როლებით არის კუთვნილებითი ჯგუფი; როლის შესრულების წესს განსაზღვრავს რეფერენტული ჯგუფი; კუთვნილებითი ჯგუფი და რეფერენტული ჯგუფი აფიქსირებს ღირებულებებსა და ნორმებს, შესაბამისად, ისინი როლთა თანმიმდევრულობის ფუნქციაა; ტრადიციულ საზოგადოებაში როლთა მცირე რაოდენობაა, ინდუსტრიულში - მეტი. როლთა რაოდენობრივობასთანაა დაკავსირებული როლთა მრავალგვარი და მრავალრიცხოვანი ურთიერთგადაკვეთა და ურთიერთმიმართებები. სწორედ ამ სირთულის გამო სოციოლოგებისა და ეთნოლოგების მიერ როლური მიმართებები სხვადასხვაგვარად აღიქმება და აღიწერება (Мендра А. 2000 გვ. 95).

სოციალურ როლთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული ნორმის ფუნქციონირება საზოგადოებაში. მას 3 ინდიკატორი აქვს: საზრისი, მოქმედება და სოციალური ქცევა. თუ საზოგადოებრივი აზრი დომინირებული ხდება, იგი ნორმის ძალას იძენს - „რეალობისგან მოწყვეტა ნორმათა სოციალურ ეფექტურობას ძირს უთხრის“ (Мендра A А. 2000; გვ. 117).

სოციალური როლის ნორმატულ სტრუქტურაში მოაზრებული მოთხოვნების ხასიათის მიხედვით გამოიყოფა აუცილებელი, სასურველი და შესაძლებელი ქცევების ნორმები ანუ მოლოდინები: „საჭირო“, „სასურველი“ და „შესაძლებელი“. მათი რეალიზაციისთვის ნეგატიურ სანქციებსაც მიმართავენ და პოზიტიურსაც.

სოციალური როლები იმ მოთხოვნათა (ნორმათა) ერთიანობაა, რომელსაც საზოგადოება უყენებს გარკვეული სოციალური პოზიციის მქონე ინდივიდებს.

ნორმათა ინსტიტუციონალიზაცია და რიტუალიზაცია ინტერიორიზაციის გზით და სანქციათა რთული სისტემის წყალობით ხდება. ნორმის პატივსაცემად და სანქციების გამოსაყენებლად ყველა ჯგუფს სხვადასხვაგვარი მექანიზმი აქვს. დაჯილდოვებისას ამა თუ იმ ნორმის გამოყენება გაპირობებულია ურთიერთქმედების მიზნით. კუთვნილებითი და რეფერენტული ჯგუფის ნორმები ინდივიდზე გაცილებით უფრო ძლიერად ზემოქმედებს, ვიდრე საზოგადოების ნორმები (Мендра А. 2000 გვ. 126).

უნდა გამოიკვეთოს, რომ ინსტიტუციონალური ნორმების უმრავლესობა იურიდიულად სანქცირებული არაა - უბრალოდ, ესაა „სხვების მოლოდინთა ფორმალიზაცია თითოეულ ადამიანთან მიმართებაში“.

ჯგუფის მიერ დადგენილი წესები და ნორმები გარკვეულ მოლოდინებს ემსახურება - ღირებულება თვით მათშია კონცენტრირებული და ამის წყალობით - შედარებით სტაბილური; ნორმები ჯგუფის ცალკეული წევრის ცნობიერებაში მყარდება და ამ სიმყარის შესანარჩუნებლად სანქციებიც არსებობს.

ჩვეულებრივ, ერთი ნორმა კი არ ინსტიტუციონალიზდება, არამედ ნორმათა სისტემა. იგი ცვალებადია ეპოქების და სოციალური ჯგუფების მიხედვით. არსებულ სისტემაში ნორმები როლზეა დამოკიდებული.

ნორმების შესატყვისობა და ნორმათა მიდევნება - ორი სხვადასხვა პრობლემაა. არსებობს ნორმები, რომლებსაც ყველა ღებულობს სხვადასხვა სიტუაციაში; მაგრამ ბევრი ადამიანი ნორმას არ მისდევს - ადამიანები ან ისე იქცევიან, როგორც ნორმა კარნახობს, ან მათ უგულებელყოფენ. ამიტომ საზოგადოებას გარკვეული მომთმენობაც ახასიათებს - ყველა სოციალურ სისტემაში მის წევრებს არ აიძულებენ ნორმების უზადოდ მიდევნებას.

შეხედულებათა სიფართოვე ან მომთმენობის ხარისხი ჯგუფის ან სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ჯგუფის პოზიცია გავლენას ახდენს ტოლერანტობაზე - არ არსებობს საზოგადოება, სადაც ყველა მოქმედება იდეალურად კონტროლირებადია ან ავტომატურად სანქცირებადი - ყველგან არსებობს რაღაც ხარისხის ბუნდოვანება (გაურკვევლობა), რომელიც გულისხმობს ნორმების გამოყენებისადმი ტოლერანტობას. ამგვარი ბუნდოვანება აუცილებელია ჯგუფის ან ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის. ტოლერანტობის ხარისხი ასევე სოციალური ჯგუფისა და კულტურის მახასიათებელია

ძალზე საინტერესოა, რომ ცნობილი ფრანგი სოციოლოგის - მენდრას აღნიშვნით, ზოგიერთი მკვლევარი ადრეც გამოყოფდა როლთა 2 ტიპს: დამოუკიდებელს და დამოკიდებულს. პირველი გულისხმობს, რომ მის გვერდით ზუსტად განსაზღვრული კონტრროლები არსებობს (მაგალითად, მწერალი და მკითხველი); დამოკიდებული როლი კი თავის გვერდით გულისხმობს ზეგავლენის, კონტროლისა და ძალაუფლების მექანიზმებს (Мендра А. 2000 გვ. 100-102).

რაიმე როლის შესრულებისას ინდივიდს ამ როლთან მეტნაკლები იდენტიფიკაციის ტენდენცია აქვს.

სუბიექტური კულტურა - კულტურული სინდრომი

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის თანამედროვე მკვლევართაგან უნდა გამოიყოს ბერძნული წარმოშობის ამერიკელი მკვლევარი, ამ მიმართულების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, Harry Triandis. მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია შიდა კულტურის ელემენტებს, რომელსაც სუბიექტური კულტურა უწოდა.

Triandis-ის აზრით, „სუბიექტური კულტურის“ შესწავლისა და გაზომვის დახმარებით შესაძლებელია იმ კავშირის ახსნა, რომელიც არსებობს კულტურულ ინსტიტუტებს, ფსიქიკურ პროცესებსა და ქცევას შორის. ამიტომ იგი მის შესწავლას მიიჩნევს კულტურის შესწავლის ძირითად საგნად.

„სუბიექტური კულტურა“ Triandis-ის მოდელში უმთავრესი ცნებაა; მასში იგი მოიაზრებს კონკრეტული კულტურისთვის დამახასიათებელ ისეთ წესებს, რომელთა მეშვეობით ამ კულტურის წევრები შეიმეცნებენ ადამიანის მიერ შექმნილ სოციალურ გარემოს. ასეთი კოგნიცია გულისხმობს სოციალური ობიექტების კატეგორიზაციას, იმას, თუ რომელ და როგორ კავშირებს გამოყოფენ ადამიანები კატეგორიებს შორის; „სუბიექტური კულტურა“ მოიცავს აგრეთვე იმ ნორმებს, როლებს, მოლოდინებსა და სტატუს-პრესტიჟის სისტემას, რომელიც ტიპურია და აქტუალურად ფუნქციონირებადი კონკრეტულ კულტურაში. ამა თუ იმ კულტურის წევრებს ქცევის იმგვარი მოდელები და სუბიექტური კულტურა უყალიბდებათ, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტულ სოციალურ გარემოშია ფუნქციონირებადი. ესაა სოციალური სამყაროს განსხვავებული ხედვა და იგი განაპირობებს ადამიანთა ქცევასაც და სხვისი მოქმედების აღქმა-შეფასებასაც. ინდივიდის ქცევის მოდელები და სუბიექტური კულტურები მხოლოდ გარკვეულ სოციალურ გარემოშია ქმედითი.

პიროვნულობა ცალკეული ინდივიდისთვის ნიშნეულ ქცევის მოდელებს გულისხმობს. ასევე, ცალკეულ კულტურულ ჯგუფს მისთვის დამახასიათებელი ქცევის მოდელები აქვს. მაგალითად, ცნობილია, რომ სამხრეთ ამერიკელები უფრო ექსპრესიულები არიან, ვიდრე ანგლოსაქსები. ამგვარად, ეთნიკური ჯგუფი იმ ინდივიდებიდგან შედგება, რომლებსაც ქცევის საკუთარი მოდელები და სუბიექტური კულტურები აქვთ. რომლებიც თავს ინდივიდის სოციალურ გარემოსთან ურთიერთქმედებისას იჩენენ. სუბიექტური კულტურები, ამგვარად, ნორმების, ღირებულებების, მიმართებების ერთობლიობაა.

სუბიექტური კულტურის მნიშვნელოვანი ელემენტია ეთნიკური ჯგუფის ენა, რადგან ენა ამ უკანასკნელის აზროვნების ისტორიაში განხორციელებულ ძალისხმევას აირეკლავს და მჭიდრო კავშირშია მის კოგნიტურ და ემოციურ კატეგორიებთან, რომლებიც სამყაროს გააზრების კონცეპტუალიზაციისას გამოიყენება.

ეთნიკური კულტურების მახასიათებელი ელემენტები, ქცევის მოდელებისა და სუბიექტური კულტურის ჩათვლით, იმ გარკვეულ გარემოშია ფუნქციონირებადი, რომელშიც ეს კულტურული ჯგუფი დიდი ხნის მანძილზე არსებობდა. მაგალითად, არქტიკის მცხოვრებთა თავისებურებები - დამოუკიდებლობა, თვითრწმენა, ნაკლები ემოციურობა და ურთიერთქმედების ცუდად განვითარებული უნარი აქ ნადირობით, როგორც ძირითადი საქმიანობით, არის გაპირობებული; ნადირობა უფრო ინდივიდუალურ ქმედებას მოითხოვს. მეორეს მხრივ, იმ საზოგადოებებში, სადაც სოფლის მეურნეობაა უფრო მეტად განვითარებული, ჯგუფურ აქტივობას ენიჭება მეტი უპირატესობა. გამოკვლევები ავლენს, რომ ამგვარ ჯგუფთა წევრებს ნაკლებად განმრჩევი პერცეპტული და კოგნიტური სტილი უვითარდებათ. მათი პიროვნულობა დაბალი ემოციურობით, სხვებზე დამოკიდებულებით, ინტერაქციის კარგი უნარით გამოირჩევა ადამიანები, ნაკლებად განმრჩევი კოგნიტური სტილით, ჩვეულებრივ, ისეთი საქმიანობისადმი იჩენენ მიდრეკილებას, რომელიც ურთიერთობის კარგ უნარს მოითხოვს (მაგალითად, ვაჭრობა). ისინი კი, რომელთაც მკვეთრად განმრჩევი კოგნიტური სტილი აქვთ, შესაბამის პროფესიებს ირჩევენ (თვითმფრინავის მართვა, აეროფოტოგრაფია და ა.შ.).

ამგვარად, „სუბიექტურ კულტურაში“ Triandis-ი მოიაზრებს იმ წარმოდგენების, იდეების, რწმენებისა და ღირებულებების ერთობლიობას კულტურაში, რომლებსაც ადამიანები „თავისად“ მიიჩნევენ, რომლებიც აერთიანებს ადამიანებს და უშუალოდ განსაზღვრავს კულტურის წარმომადგენელთა ქცევასა და მოღვაწეობას (Triandis H.C. 1995; 6-7).

Triandis-ი მიიჩნევს, რომ კულტურა შესწავლილ უნდა იქნას ორივე დონეზე: კულტურის დონეზეც და ინდივიდის დონეზეც; ორივე - კულტურა-დონისა და პიროვნება-დონის ანალიზისთვის საჭიროა განსხვავებული, მაგრამ მონათესავე კონცეფციების გამოყენება.

Triandis-ის მიხედვით, ყოველ საზოგადოებაში ადამიანი გარკვეული გზებით აღიქვამს ადამიანის მიერ შექმნილ გარემოს ნაწილს. სუბიექტურ კულტურაში მოაზრებული შინაარსის (საზოგადოების იდეები, თეორიები, პოლიტიკა, ესთეტიკა, მეცნიერება, ეკონომიკა, აგრეთვე ნორმები, როლები, მოლოდინები, სტერეოტიპები და ა.შ), გარემოს მოვლენათა განსასჯელად სოციალური სტანდარტები ადამიანის მიერაა ჩამოყალიბებული, ამასთან, ისინი აყალიბებს იმ საშუალებებს, რომლითაც ადამიანი ამ გარემოს აღიქვამს.

კულტურის განზომილება სხვადასხვა ელემენტს მოიცავს. განსხვავებულია მათი რაოდენობაც სხვადასხვა მახასიათებელში. სწორედ ეს ელემენტებია საზოგადოებაში ინდივიდის ქცევის მარეგულირებელი ფუნქციის შემსრულებელი - როგორ მახასიათებელთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ღირებულებები, ნორმები, ადათები, როლთა თავისებურებები და ურთიერთმიმართებები განიხილება საზოგადოების სტრუქტურის ღერძული (საყრდენი) მახასიათებლის (განზომილების) იმ შემადგენელ ელემენტებად, რომელშიც ასახულია და თავმოყრილი, იმავდროულად ვლინდება და თავს იჩენს კულტურული თავისებურებები.

ყველა კულტურას აქვს კატეგორიები. კატეგორიზაცია, ასოციაციები და რწმენები აყალიბებს შინაგანი ლოგიკის მქონე ურთიერთშეთავსებად სტრუქტურებს. ამ კატეგორიათა შინაარსი და კატეგორიზაციის საფუძველიც კულტურების მიხედვით განსხვავდება. მაგალითად, ფერის აღსანიშნავად ინგლისურ ენაში 4000 ტერმინია მაშინ, როცა არსებობს ენები, სადაც ანალოგიური მოვლენის აღსანიშნავად მხოლოდ 40 ტერმინია.

კატეგორიზაცია ფუნქციობს იმიტომ, რომ გარემოდან მომდინარე მრავალფეროვანი შთაბეჭდილებების გამარტივების შესაძლებლობას იძლევა. უმარტივესი გზაა ორად გაყოფა, ხოლო კატეგორიები ერთმანეთს მსგავსების ნიშნით უკავშირდება. მაგალითად, ცნება „დემოკრატია“ ასოცირებული იყო კატეგორიასთან „სოციალიზმი“ იმ კულტურებში, სადაც ძლიერი გავლენა ჰქონდა დემოკრატიულ-სოციალისტურ პარტიას. Triandis - აღნიშნავს, რომ კულტურისთვის მნიშვნელოვანი საყრდენი სიტყვების ასოციაციების შესწავლით შესაძლებელია კულტურული თავისებურებების შესწავლა (Triandis H.C. 1994; გვ.87).

რწმენებს შეფასებითი და კონნოტაციური კომპონენტები აქვთ. ამიტომ კულტურის შესასწავლად ძალზე მნიშვნელოვანია იმის შესწავლაც, თუ რას გულისხმობენ ამ კულტურის წარმომადგენლები სხვადასხვა საყრდენ სიტყვებში.

მოლოდინები ასახავს კულტურის მატარებელთა ძირითად გამოცდილებას, ხოლო ნორმები წარმოადგენს „იმის შესახებ იდეებს, თუ ჯგუფის კონკრეტული წევრისთვის რას წარმოადგენს ქცევა (Triandis H.C. 1994; 100-101). ნორმები განსაკუთრებით ავლენს კულტურულ სპეციფიკას.

ნიმუშად იგი განიხილავს ნორმის ფუნქციონირების თავისებურებას სხვადასხვა კულტურაში.

მაგალითად, განაწილების ნორმა, როგორც სუბიექტური კულტურის ელემენტი, ყველა კულტურისთვის სპეციფიურია და ამიტომ მასში აისახება კულტურის სპეციფიკა, ხოლო ქცევა ავლენს „სუბიექტურ კულტურულ ნორმას განაწილებაში“; თანასწორობისა და მოთხოვნილების ნორმა სხვადასხვაგვარად მოქმედებს განსხვავებულ კულტურებში. თრიანდის აღნიშნავს, რომ ბევრ კულტურაში ხშირია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს კანონები არარეალისტურად ან ტრადიციულ არსს მოკლებულად არის განხილული. სარდინიაში, მაგალითად, თანასწორობის სპეციფიური გაგებაა, შესაბამისად, თანასწორობის ნორმაც „სარდინიურად“ გაიგება. მაგალითად, „ღმერთს უნდა, რომ ყველა ჩვენთაგანს თანაბრად ჰქონდეს; თუ ვინმეს მეტი აქვს, ვართმევთ ანუ ვპარავთ ასევე ღმერთის ნებით“; „მოპარვის“ ნორმა თავშია, სარდინიელთათვის იგი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონეა, რომელიც იტალიის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდეც არსებობდა (იქვე; გვ.100). ამიტომო, აღნიშნავს Triandis-I, ხანიერი ტრადიციული ნორმების მქონე კულტურებში არსებობს 2 ნორმატული სტრუქტურა: ტრადიციული და სახელმწიფოებრივი. ამას გარდა, ნორმები მკვეთრად განსხვავდება სუბკულტურების მიხედვითაც. ამის მაგალითია ინდოეთი თავისი მკვეთრი კასტური სისტემით.

ნორმის თავისებურება ახასიათებს ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებს მაგალითად, ორი თანამშრომელი, რომლებმაც ერთობლივ შრომაში გარკვეული ანაზღაურება მიიღო, ფულის განაწილებისას გამოავლენს თავის კულტურულ თავისებურებებს: თუ ისინი ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლები არიან, ფული განაწილდება იმის მიხედვით, ვის რა წვლილი მიუძღვის სამუშაოს შესრულებაში, რადგან ამ კულტურაში მოქმედებს სამართლიანობის ნორმა; კოლექტივისტური საზოგადოებისთვის კი დამახასიათებელია თანასწორობის ნორმა, ასეთ შემთხვევაში ფული განაწილდება თანაბრად.

Triandis-ი აღნიშნავს, რომ ამ ნორმების გარდა საზოგადოებაში სხვაგვარი ნორმებიც ფუნქციონირებს, მაგალითად, მოთხოვნილების ნორმა - თუ ორი მუშაკიდან ერთ-ერთის ოჯახი ძალზე ღარიბია, შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ღარიბს მეტი უნდა მიეცეს; პრივილეგიების ნორმა - მეტი აიღოს მან, ვინც უფრო მაღალი და პრესტიჟული წარმომავლობისაა და ა.შ. ამგვარი ნორმები „დაუწერელია“, მაგრამ არსებობს და ფუნქციონირებს ყველა საზოგადოებაში; სუბიექტური კულტურის ეს დაუწერელი ნორმები არც თუ იშვიათად შეიძლება სახელმწიფოს კანონსაც ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ Triandis-ის სიტყვებით, „ადამიანის თავშია“ შენარჩუნებული და რეალურად არეგულირებს ქცევას.

მომდევნო ეტაპზე Triandis-მა თავის თეორიულ კონცეფციაში ჩართო Self-იც.

Triandis-ი დიდ ყურადღებას უთმობს პიროვნების კულტურულ სტრუქტურას; მისი კონცეფციის მიხედვით, Self-ი სწორედ სუბიექტური კულტურის ელემენტია, რომელსაც ამ კულტურის წევრები იზიარებენ. Self-ი არის დანაწევრებული „მე“, რომელიც თავს აშკარად თუ ფარულად ავლენს, მაგალითად, ფრაზებში: „მე“ აქტიური და „მე“ - პასიური. ამ (კულის) განსაზღვრების მიხედვით, ყოველგვარი სოციალური Self-ში იყრის თავს, მაგალითად, მოტივაცია - „მომწონს“. „მწამს“, „მიზნად დავისახე“ („განვიზრახე“); ნორმები - „ჩემს ჯგუფში ხალხი ასე უნდა მოიქცეს“; როლები - „“მამაჩემი ასე იქცევა“; ღირებულებები - „ჩემი აზრით, თანასწორობაა მთავარი“ და სხვ.

Self-თან დაკავშირებული, მისი შესატყვისი ინფორმაცია ადვილად გასაგებიცაა და გავრცელებადიც, დამკვიდრებული აზრისთვისაც უფრო დადებითი და მისაღებია; მაგალითად, „მე რაღაც უნდა გავაკეთო“ უფრო მისაღებია მაშინ, როცა დამკვიდრებულ აზრს შეესაბამება. Self-ი აქტიური აგენტია, რომელიც ღებულობს ნიმუშებს, ინფორმაციულ ღირებულებებს და ასე ქმნის ქცევას.

Self-ის სპეციფიკა გამომდინარეობს კულტურის სპეციფიკიდან, ამიტომაცაა, რომ Self-ის სირთულეს, კომპლექსურობას Triandis-ი დამოკიდებულად მიიჩნევს კულტურის ღირებულებებზე.

იგი გამოყოფს Self-ის 3 ასპექტს: ინდივიდუალურს, კოლექტიურს და საზოგადოებრივს; გამოკვლევები ადასტურებს, რომ ადამიანი სხვადასხვა კულტურულ გარემოში სტანდარტად, ნიმუშად მიიჩნევს სხვადასხვაგვარ „Self“-ს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ, სპეციფიურ ქცევას წარმოშობს (Triandis H.C. 1989).

Self-ები განსხვავდება 3 კომპონენტით: ინდივიდუალურით, კოლექტიურით და საზოგადოებრივით. ინდივიდუალური მოიცავს ცოდნას საკუთარი თვისებების, მდგომარეობისა და ქცევების შესახებ (მე სუბიექტური ვარ, პატიოსანი ვარ, ჯიუტი ვარ); კოლექტიური არის რომელიმე კოლექტივის ცოდნა, აღიარებული შეხედულება „მე“-ს შესახებ (ოჯახი, თანამშრომლები, ტომი - „ჩემი ოჯახი ფიქრობს, რომ მე“ და ა.შ.); საზოგადოებრივი კი არის საზოგადოებრივი აზრის ცოდნა „მე“-ს შესახებ („ხალხი ფიქრობს, რომ მე სუბიექტური ვარ“). ინდივიდუალური „მე“, ამგვარად, „მე“-ს შეფასებაა თავისივე თავის მიერ; საზოგადოებრივი „მე“ შეესაბამება საზოგადოებრივი ერთიანობის მიერ „მე“-ს შეფასებას; კოლექტიური კი შეესაბამება „მე“-ს შეფასებას სპეციფიკური რეფერენტული ჯგუფების მიერ.

გაბატონებულ „Self“-ს უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს შექმნაში. „Self“ ბატონდება სოციალიზაციის პროცესში აღზრდის კულტურულ მოდელებზე დაყრდნობით, და თავის მხრივ, აისახება სოციალურ ქცევაში. შელფ კულტურულად იცვლება და სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვაა; „Self“-ის სტრუქტურა წამყვანია და წარმართავს ქცევას იმით, რომ როგორც აქტიური აგენტი, იღებს ნიმუშებს, ინფორმატულ ღირებულებებს და ქმნის ქცევას. რაც უფრო მეტი მზა მოდელია, მით უფრო იოლია ქცევის დაქვემდებარება - დეტერმინირება; ერთნაირი დამოკიდებულებები ასევე წარმოშობს ერთნაირ ქცევებს. მაღალი სოციალური სტანდარტის (Self-მონიტორის) მიმდევარი ადამიანები სხვანაირი გრძნობების, მიმართებების მქონე და ქცევების განმხორციელებლები არიან, ვიდრე სტერეოტიპული ნიმუშების მიმდევრები. განსხვავებული ქცევითი ნიმუშები თავს ავლენს სოციალური მოტივაციის ყველა ასპექტში.

Triandis-ის აზრით, Self-ი სწორედ ამ სამ ოპოსტასში უნდა შეისწავლებოდეს კულტურის შემდეგი 3 განზომილების (მახასიათებლის) მიხედვით:

1. ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი
2. დახურული/ღია
3. მარტივი/რთული

Self-ის ტიპის გაბატონება დამოკიდებულია ამ 3 მახასიათებლის რთული ურთიერთკონფიგურაციით წარმოქმნილ კულტურულ სპეციფიკაზე. მაგალითად, რთულ კულტურებში გაბატონებულია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი Self-ები და ნაკლებად ხშირია კოლექტიური, როგორც ნიმუში, ხოლო კულტურული თანასწორობა მიიღწევა საზოგადოების სიმჭიდროვით. რაც უფრო კომპლექსურია Self-ი ანუ რაც უფრო მეტად მოიცავს თავის თავში კონკრეტული Self-ის ტიპისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, მით მეტი შანსი აქვს, იქცეს სანიმუშოდ. გაბატონებული Self-ი კი თავისთავად იწვევს მოცემული კულტურისთვის ბუნებრივ („ნორმალურ“) ქცევას. Triandis-ი აღნისნავს, რომ ერთ კულტურაში შეიძლება თანაარსებობდეს Self-ის სხვადასხვა ნიმუში.

ამგვარად, Self-ის 3-ივე ასპექტი - ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და კოლექტიური დაკავშირებულია ინდივიდუალიზმთან და კოლექტივიზმთან, ხოლო სოციალური სიმჭიდროვე - თავისუფლებასა და კომპლექსურობასთან.

ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე სტატუსი. ურთიერთმოლოდინები და მოვალეობები ადამიანებს შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კოლექტივისტურ კულტურებში, სწორედ მუდმივ სტატუსს ემყარება და ინდივიდის ქცევაზე კონკრეტული სოციალური ჯგუფების - ნათესავების, მეზობლების, კოლეგების - უზარმაზარ გავლენას განსაზღვრავს.

სუბიექტური კულტურის ელემენტებიდან Triandis - ასევე განიხილავს სტერეოტიპებს და გამოყოფს მათ განმასხვავებელ ნიშნებს: კომპლექსურობას (მრავალგვარი იდეის ერთიანობა); სიცხადეს (ჯგუფის დამახასიათებელი კონკრეტული ნიშნის შესაბამისობა ჯგუფთან); სპეციფიკურობას (მახასიათებელი ნიშნის სპეციფიურობის ხარისხი ჯგუფთან მიმართებაში); ვალიდურობას (ობიექტური სოციალური ცოდნისა და სტერეოტიპის შესაბამისობა); ღირებულებას (სტერეოტიპის შეფასებითი ატრიბუტები) (Triandis-1994; გვ.107-108). იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მნიშვნელობაც ვარირებადია თვით კოლექტივისტურ კულტურებში. მაგალითად, სამხრეთ იტალიაში ყველაზე მნიშვნელოვანია მცირე ჯგუფი, კერძოდ, ოჯახი.

სოციალური ქცევა ცვალებადია კულტურების მიხედვით.

Triandis-მა შემოიტანა ტერმინები „ალოცენტრისტი“ და „იდეოცენტრისტი“ შესაბამისი კულტურული ტიპის აღსანიშნავად, მაგრამ ისინი ვერ დამკვიდრდა; მათ ნაცვლად, ჩვეულებრივ, იყენებენ ინდივიდუალისტს ან კოლექტივისტს, ან ავტონომიურს და დამოკიდებულს (მიჯაჭვულს). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიცია „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი“ ანალიზის ორივე დონეზე გამოიყენება.

1993 წ. Triandis-მა შემოიტანა ცნება „კულტურული სინდრომი“ (Triandis H.C. 1995; გვ.7). ამ ცნებაში იგი მოიაზრებს სუბიექტური კულტურის ელემენტების ერთობას, რომელიც გაერთიანებული და ორგანიზებულია რაიმე თემის ირგვლივ. ამ კონცეფციის ავტორის მითითებით, ინდივიდუალიზმის კულტურულ სინდრომს წარმოადგენს ორიენტაცია ავტონომიურ ინდივიდზე, ხოლო კოლექტივიზმის კულტურულ სინდრომს - ორიენტაცია რაიმე კოლექტივზე (ოჯახზე, ტომზე, ეთნოსზე, საზოგადოებაზე, რელიგიურ ჯგუფზე და ა.შ.).

Triandis-მა პირველმა სცადა კონსტრუქტის - „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი“-ს განსაზღვრა უკვე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით. 1984 წელს მან Hofstede-თან ერთად საინტერესო ექსპერტული გამოკვლევა ჩაატარა: საკუთარ და სხვა მკვლევართა კვლევის მონაცემებზე, აგრეთვე ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის შესახებ 46 ფსიქოლოგისა და კულტურანთროპოლოგის იმპლიციტური თეორიის ანალიზზე დაყრდნობით Triandis-ი შეეცადა შეეჯამებინა განსხვავებები ამ ორი ტიპის კულტურას შორის: ჯერ მათ კოლექტივიზმი განსაზღვრეს, როგორც ზრუნვა, ხოლო შემდეგ მსოფლიოს ყველა კუთხეში 81 ფსიქოლოგსა და ანთროპოლოგს სთხოვეს წარმოედგინათ თავიანთი აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ უპასუხებდნენ ინდივიდუალისტები და კოლექტივისტები 7 კითხვას, რომელიც ზრუნვის სხვადასხვა ასპექტს მოიაზრებდა და გამოყოფდა (Triandis H.C 1994 Hui C. H. Triandis H.C 1986).

ამ მონაცემთა დამუშავების შემდეგ მიიღეს 4 წამყვანი ფაქტორი:

ოჯახური ერთიანობა („ბავშვები ქორწინებამდე მშობლებთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ“);

დამოკიდებულება-ურთიერთმიჯაჭვულობა („მინდა ვცხოვრობდე ჩემი მეგობრების ახლოს“);

ავტონომიურობა-თავდაჯერებულობა („მარტო მუშაობა სჯობს ჯგუფში მუშაობას“);

შიდა ჯგუფებისგან განცალკევება („ოჯახის ერთი წევრის პატიოსნება არ ნიშნავს ყველა წევრის პატიოსნებას“).

ამ კვლევით ანალიზის კულტურულ და ინდივიდუალურ დონეზე განსხვავებული შედეგები გამოვლინდა: „ოჯახური ერთიანობის“ და „შიდაჯგუფური განცალკევების“ ფაქტორებმა უკეთ ახსნა კულტურებს შორის არსებული განსხვავებები, ხოლო ურთიერთმიჯაჭვულობამ, სოციაბილურობამ და თავდაჯერებულობამ - ინდივიდუალურ დონეზე არსებული განხეთქილებები.

კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანებს შორის კავშირებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც აღინიშნება სიტყვით „მზრუნველობა“. რაც უფრო მეტ მზრუნველობას იჩენენ ადამიანები სხვების მიმართ, მით უფრო ურთიერთმიჯაჭვულად გრძნობენ თავს და მით უფრო მეტად კოლექტივისტივისტები არიან.

აქ ქცევის უმნიშვნელოვანესი რეგულატორი ჯგუფური ნორმებია. ნორმები წაახალისებს ჯგუფზე დამოკიდებულებას: ფულის და საგნების სესხება -გათხოვება ხელს უწყობს ორმხრივობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს. კოლექტივიზმში ადარდებთ საკუთარი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების გავლენა მნიშვნელოვან „სხვებზე“; სოციალური იდენტურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნული, ხოლო სოციალური აღქმის საბაზისო ერთეულია ჯგუფი.

კოლექტივისტის ღირებულებებია ტრადიციების მიდევნება, დამჯერობა, ვალდებულების განცდა.

სოციალური ქცევა კოლექტივისტურ კულტურაში შიდა ჯგუფის ნორმების ფუნქციაა. კოლექტივისტურ კულტურაში ურთიერთობები უფრო მშობლიური, მოწესრიგებული და ინტიმურია, ამასთან, ხანგრძლივი და მდგრადი.

სტატუსზე დაყრდნობით Triandis-ი გამოყოფს კოლექტივიზმის 2 ტიპს:

1. ვერტიკალურს - აქ აქცენტირებულია ჯგუფის წევრთა იერარქია. თვითგამორკვევა ასეთ დროს ემყარება იერარქიაში ადგილს, სადაც ფიზიკური და სოციალური სივრცე განიხილება ტერმინებში „პატივსაცემი-ნაკლებად პატივსაცემი“;

2. ჰორიზონტალური ტიპი. აქ აქცენტი ერთიანობასა და ურთიერთმიჯაჭვულობაზე; დამახასიათებელია სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ.

Self-ის განსხვავებული კონცეფციები ასევე თავს ავლენს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მოწყობილ ადამიანურ ურთიერთობებშიც. ვერტიკალური კოლექტივიზმი გულისხმობს იერარქიულ შიდა ჯგუფში გათქვეფილ Self-ს, ჰორიზონტალური კოლექტივიზმი კი - იგივე ურთიერთდამოკიდებულ Self-ს, ოღონდ როგორც თანასწორ შიდა ჯგუფის წევრს ვერტიკალური ინდივიდუალიზმი გულისხმობს ავტონომიურ Self-ს არათანასწორ ინდივიდთა ჯგუფში, ხოლო ჰორიზონტალური ინდივიდუალიზმი - დამოუკიდებელ Self-ს თანასწორ შიდა ჯგუფში.

Triandis - აღნისნავს, რომ კოლექტივისტურ კულტურაში გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, ინდივიდუალურში კი - დამოუკიდებლად (Triandis -; 1994; გვ. 227).

უნდა აღინიშნოს, რომ თუმცა Triandis-ი სოლიდარობას მიაწერს ჰორიზონტალურ კოლექტივიზმს, ერთიანობა, ურთიერთმიჯაჭვულობა და სოლიდარობა ახასიათებს იმ ტრადიციულ კულტურებსაც, რომლებიც ძირითადად ვერტიკალური კოლექტივიზმის პრინციპითაა აგებული, მაგალითად, ჩრდილო კავკასიაში ადიღთა საზოგადოებას (Бгажноков Б. Х. 1983).

ინდივიდუალისტურ კულტურაში ქცევა უფრო სოციალური განწყობებით რეგულირდება, ვიდრე ჯგუფური ზნეობრივი ნორმებით. არსებული ნორმები წაახალისებს ჯგუფისგან დამოუკიდებლობას: მიღებული არაა ფულის სესხება ან გასესხება; მატერიალური რესურსების განაწილებისას პრევალირებს სამართლიანობის ნორმა, რომლის მიხედვითაც ჯილდო საქმეში ინდივიდუალური წვლილის შესაბამისია.

ადრეული კვლევების მიხედვით კულტურის ინდივიდუალისტურ თუ კოლექტივისტურ ორიენტაციას ხშირად განსაზღვრავდნენ მიღწევის ორიენტაციის თავისებურების მიხედვით - მიიჩნეოდა, რომ კოლექტივიზმისთვის დამახასიათებელია ამ ორიენტაციის დაქვემდებარება შიდა ჯგუფის ინტერესებზე, ხოლო პირადი მიღწევის აღიარება შიდა ჯგუფის ინტერესებისგან დამოუკიდებლად გაგებული იყო ინდივიდუალიზმად.

საბოლოოდ, Triandis-მა (1994) გამოყო კულტურის ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური ხასიათის შემდეგი ძირითადი მახასიათებლები:

კოლექტივიზმი:

1. Self-ის გაგება შიდა ჯგუფის ასპექტის შემცველად;

2. ქცევაში საერთო ნორმებითა და აღიარებული, მიღებული ვალდებულებებითა და მოვალეობებით ხელმძღვანელობა;

3. ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვნად შიდა ჯგუფის აღიარებისა და დაჯილდოვების მიჩნევა.

ინდივიდუალიზმი:

1. Self-ის კონცეფცია, რომელიც ავტონომიურია ნებისმიერ ჯგუფთან მიმართებაში;

2. სოციალური ქცევის განსაზღვრულობა განწყობებით და ინდივიდუალური, პირადი პროცესებით;

3. ურთიერთობებში უმთავრესია პირადი მიღწევები და ღირსებები.

Triandis-ის დასკვნით, ინდივიდუალიზმის ძირითადი მახასიათებლებია შიდაჯგუფური განცალკევება, ემოციური დამოუკიდებლობა და კონკურენტულობა, ხოლო კოლექტივიზმის ძირითადი მახასიათებელი ატრიბუტებია ოჯახური ერთიანობა და სოლიდარობა.

ამას გარდა, Triandis-ის აზრით, კულტურის ამ ორ ტიპს თავისი კორელატები აქვს, კერძოდ, ინდივიდუალიზმის ძლიერი კორელატია ეკოლოგიური მახასიათებელი: გლეხი მიწათმოქმედები უფრო მეტად კოლექტივისტები არიან, ვიდრე მონადირეები; აგრეთვე სოციეტალური სირთულე - რაც უფრო რთულია საზოგადოება, მით უფრო ძლიერად ინდივიდუალისტურია.

რაც შეეხება კოლექტივიზმის კორელატებს, Triandis-ის მიხედვით, ესენია: სოციეტალური სიმჭიდროვე, აშკარა შიდაჯგუფური-გარეჯგუფური განსხვავებები, უფრო მიწერილი, ვიდრე მიღწეული სტატუსის მქონე შიდა ჯგუფები, საზოგადოების გამოკვეთილი იერარქიულობა, კორუფციული მმართველობა, შიდაჯგუფური ჰარმონია, ნაკლები შემოქმედებითობა, ძლიერი და უკეთესი სოციალური მხარდაჭერა, ნაკლები დანაშაულობა და სოციალური პათოლოგია, სუსტი ეკონომიური განვითარება და ნაკლები მოდერნულობა.

უნდა აღინიშნოს, რომ „სუბიექტური კულტურის“ კვლევისას დგება სხვადასხვა კულტურაში მიღებულ მონაცემთა შედარების პრობლემა - ძალზე ხშირად ვლინდება ფაქტები, რომლის ანალოგი და ექვივალენტი სხვა კულტურებში, შესაძლოა, ძნელად მოიძებნოს. ამიტომ კონკრეტულ კულტურაში Triandis-ი იკვლევდა სუბიექტური კულტურის თავისებურებებს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში; შემდეგ კი აანალიზებდა ცალკეულ ჯგუფთა მონაცემებს, რომლებსაც მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს ადარებდა.

ან კიდევ. სუბიექტური კულტურის შესწავლით Triandis-მა და მისმა თანამშრომლებმა საბერძნეთში დაადგინეს, რომ პიროვნულ თვისებათა იერარქიაში პირველ ადგილზე დგას „ფილოტიმოსი“”, რომელიც ფსიქოლოგიურ ავტოპორტრეტებში ადამიანთა 74%-მა გამოიყენა.

„ფილოტიმოსი“ - ესაა ფართო სულის, თავაზიანი, ნაღდი, კეთილშობილი, ამაყი, ხელგაშლილი, პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი, რომელიც ირგვლივმყოფებს ისე ექცევა, როგორც მას ენდომებოდა, რომ მოქცეოდნენ; მას სპეციფიური თვისებები აქვს, მაგალითად, ფილოტიმოსი არ დაქორწინდება, სანამ თავის დას მზითვს არ მოუმზადებს და არ გაათხოვებს („პატრონს ჩააბარებს“).

„ფილოტიმოსი“ სპეციფიური ბერძნული მოვლენაა, შესადარებლად რთული სხვა კულტურათა მონაცემებთან. მსგავს ვითარებებში აღინიშნება, რომ თუმცა კი შესაძლოა, ასეთი ვალდებულებები დის მიმართ სხვა კულტურებში არ იყოს, მაგრამ არსებობს სხვა ნორმები, რომელიც სოციალურ ქცევას არეგულირებს, ხოლო სემანტიკურ სივრცეში ცნება „ფილოტიმოსი“ ისეთ ადგილს იკავებს, რომლის მსგავსი სხვა ენებშიც მოიძებნება - მსგავსი ქმედების მოტივად ხალხი სხვადასხვა კულტურიდან ასახელებს მოვალეობას, ღირსებას, პატივისცემას, ე.ი. იგივე კატეგორიის ტერმინებს, რაც ტრიანდისს აქვს ჩამოთვლილი (Berry J.W at al., 1992).

5.4 § 4. Hofstede-ს კონცეფციის შემდგომი დამუშავება

▲ზევით დაბრუნება


ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის კონსტრუქტის ნაყოფიერებამ კულტურათა შესწავლაში სტიმული მისცა შემდგომ კვლევებს, როგორც თეორიულს, ისე ემპირიულს.

Hofstede-ს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომა ერთ-ერთი წარმატებული გზაა ემპირიული კვლევით კულტურებს შორის განსხვავებების აღმოსაჩენად. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში ეს მოძღვრება ბევრგვარად იქნა გადახედულიც და შემოწმებულიც, და ბევრი წარმოდგენაც გადახალისდა, Hofstede-ს მოძღვრებას, ანალიტიკოსთა აზრით, „უნიკალური მნიშვნელობა“ ჰქონდა იმის წინასწარმეტყველებისთვის, თუ როგორ მოიქცევა ინდივიდთა პოპულაცია. გარკვეული კრიტიკის მიუხედავად, Hofstede-ს მოძღვრება დღემდე ყველაზე გავლენიან მოძღვრებად რჩება (Berry et all;1992)

შემდგომმა კვლევებმა გამოავლინა, რომ ფაქტორებს „კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმი“ და „ძალაუფლებრივი დისტანცია“ ურთიერთ, მხოლოდ უარყოფითი კორელაციური მიმართება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სულ მთლად ორთოგონალური ანუ დამოუკიდებელ ფაქტორებს არ წარმოადგენს. ასეთივე მიმართებები აღმოჩნდა სხვა ფაქტორებს შორისაც, მაგალითად, „ძლიერი ინდივიდუალიზმი“ (ჩრდილო აშშ და ევროპელები) - მცირე „ძალაუფლებრივი დისტანცია“, „სუსტი ინდივიდუალიზმი“ - ძლიერი „ძალაუფლებრივი დისტანცია“.

1982 წ. გამოიცა ნაშრომი ღირებულებებზე, რომელშიც გამოიყენეს RVS შ-ის შეცვლილი ვერსია. კვლევები ჩატარდა აზიისა და წყნარი ოკეანის 9 ქვეყანაში. მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა -Bond-მა ეს მონაცემები კვლავ გააანალიზა Hofstede-ს მიდგომაზე დაყრდნობით. ამჯერად გამოიყო 5, კულტურის მახასიათებელი განზომილება, რომელთაგანაც 4 სრულ შესაბამისობაში აღმოჩნდა Hofstede-ს მიერ გამოყოფილ მახასიათებლებთან. ამ კვლევის შედეგად გამოვლინდა კიდევ 2 ღირებულება; ისინი აღმოჩნდა იმ ფაქტორთა შემადგენლობაში, რომელსაც კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის იგივეობრივად განიხილავენ. ეს ორი ღირებულებაა „ამაღელვებელი ცხოვრება“ და „სილამაზის სამყარო“, რომლებიც Hofstede-ს გამოკვლევაში არ იყო. ამის მიუხედავად, სხვადასხვა ინსტრუმენტით ჩატარებულ ამ ორ გამოკვლევას შორის დადგენილი შესაბამისობა მიჩნეულია დამაჯერებელ შეჭიდულობად.

მომდევნო კვლევებში განსაკუთრებულად პრობლემურად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ მკვლევარები ჩვეულებრივ დასავლურ ინსტრუმენტებს იყენებდნენ. საერთოდაც, ინსტრუმენტის ვალიდურობის პრობლემამ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ხმამაღალი ჟღერადობა შეიძინა.

საქმე ისაა, რომ Hofstede-მ, როცა თავისი ცნობილი გამოკვლევა ჩაატარა, გამოიყენა დასავლური ინსტრუმენტი და სწორედ ასე მიღებული მონაცემების განზოგადებით მიიღო ცნობილი 4 განზომილება. ცხადია, ინსტრუმენტს გავლენა უნდა მოეხდინა მონაცემებზე.

ამ სერიოზულმა უკმარისობამ აფიქრებინა მკვლევარებს არადასავლური ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც მოწოდებული იქნებოდა, უფრო ადექვატური გზით შეესწავლათ არადასავლური კულტურები. ამგვარად, მეცნიერებმა ემიცური მიდგომის გზა ირჩიეს და ჩინური კულტურის შესწავლა ჩინურსავე ღირებულებებზე დაყრდნობით გადაწყვიტეს. ასე შეიქმნა 40-საკითხიანი „ჩინური ღირებულებების“ კითხვარი 1987 წ.

CVS (Chinese Culture Connection) 22 ქვეყანაში დაეგზავნა სტუდენტებს. მონაცემთა იგივე, Hოფსტედე-სეულ მიდგომაზე დაყრდნობით დამუშავების შემდგომ კვლავ გამოიყო 4 განზომილება; ამჯერად Hofstede-ს განზომილებებთან შესაბამისობაში აღმოჩნდა 3: „სოციალური ინტეგრაცია“ „ინდივიდუალიზმის“ შესაბამისი აღმოჩნდა დადებით პოლუსზე და „ძალაუფლებრივი დისტანციისა“ - უარყოფით პოლუსზე; „გულგახსნილობა“ „მასკულინობა-ფემინურობის“ შესაბამისი აღმოჩნდა, ხოლო „მორალური დისციპლინა“ - „ძალაუფლებრივი დისტანციისა“. ამ კვლევით გამოვლენილი მეოთხე ფაქტორი - „კონფუციანური შრომის დინამიზმი“, აგრეთვე Hofstede-ს „განუსაზღვრელობისგან გაქცევა“ - დამოუკიდებელი დარჩა და არც ერთ სხვა ფაქტორთან არ დაკავშირდა.

ამ კვლევამ გამოავლინა ახალი ფაქტიც, კერძოდ, ახალი კონცეპტუალური განზომილება - „კონფუციანური შრომის დინამიზმი“. ეს განზომილება მაღალ კორელაციაში, ხოლო ინდივიდუალიზმი - დაბალ კორელაციაში აღმოჩნდა ეკონომიკურ ზრდასთან.

მთლიანობაში, ამ კვლევამ განამტკიცა Hofstede-ს ზოგიერთი მახასიათებელი, და მათ შორის, პირველ რიგში, ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი.

Bond-მა და მისმა თანამშრომლებმა 1987 წ. ჩინური ღირებულებები ჩამოაყალიბეს, ხოლო 1988 წ. 21 ქვეყანაში პანკულტურული ფაქტორების ანალიზით გამოყვეს 2 ინდივიდუალურ-განმასხვავებელი ღირებულება: სოციალური ინტეგრაცია/ არსობრივი კულტურა და რეპუტაცია/სოციალურ-მორალური ღირებულებები.

ხელახალი გაანალიზების შემდეგ ამ მკვლევარმა „სოციალური ინტეგრაცია“, როგორც ბაზისური ღირებულებითი მახასიათებელი, განასხვავა „კულტურული არსისგან“ (ჭეშმარიტი ბუნებისგან). ამ უკანასკნელის სემანტიკა გულისხმობს გულახდილობის, ტოლერანტობის, შეჯიბრის უარყოფის ღირებულებებს; ეს ღირებულებები არსობრივად განსხვავდება შიდა ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისგან - „ტრადიციის პატივისცემა“ და „კულტურული უპირატესობა.“ (Kagitcibasi, Rerry & all, 1992)

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის განზომილებით კულტურათა დახასიათებას ცდილობენ კულტურის სხვადასხვა სფეროს შესწავლით. მაგალითად, პოლიტიკის სფეროში კულტურის შესწავლა ნაცადი იყო Rokich-ის მიერ შექმნილი ღირებულებათა საკვლევი ტესტით.

Rokich-ის მიხედვით, თავისუფლება და თანასწორობა ორთოგონალური ფაქტორებია; მათი მნიშვნელადობა განსაზღვრავს პოლიტიკურ იდეოლოგიასა და ქცევას კულტურაში. Braithwaite-მ 1994 წ. Rokich-ის ღირებულებათა ფაქტორული ანალიზის მეთოდით დამუშავების შემდეგ გამოავლინა კიდევ 2 სხვა ღირებულებითი ორიენტაცია: „ერთაშორისი ჰარმონია და თანასწორობა” და „ეროვნული სიძლიერე და წესრიგი“. მას აგრეთვე დაემატა „სოციალური ღირებულებები“ (მაგალითად, „სამართლებრივი წესი“). მისი დასკვნით, ამგვარი ღირებულებითი ორიენტაციები საფუძვლად უდევს ინდივიდუალურ პოლიტიკურ მიმართებებსა და ქცევებს.

5.5 § 5. Fiske-ს კონცეფცია სოციალურობის ფორმების შესახებ.

▲ზევით დაბრუნება


როგორც აღვნიშნეთ, Triandis-ი ერთმანეთისგან განასხვავებდა კოლექტივიზმის 2 ტიპს: ვერტიკალურს - სოციალური ჯგუფის წევრთა იერარქიის პრიორიტეტულობაზე დაყრდნობით და ჰორიზონტალურს, სოციალური ჯგუფის ერთიანობისა და ურთიერთმიჯაჭვულობის პრინციპით. სწორედ ეს კონცეფცია დაედო საფუძვლად ამერიკელი კულტურანთროპოლოგის - Alan Fiske-ს კონცეფციას სოციალურობის 4 ელემენტარულ ფორმაზე.

Alan Fiske აღნიშნავს, რომ მენიერება დიდხანს მიიჩნევდა ადამიანს ასოციალურ ინდივიდუალისტად (ფროიდი-ბიოლოგისტები, სკინერი - სოციალური კოგნიტივისტები). ფსიქოლოგისტები სოციალურ ურთიერთობებს არასოციალური მიზნების ინსტრუმენტულ საშუალებებად ან ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემზღუდველად მიიჩნევდნენ. ამგვარად, ინდივიდი და სიტუაცია დიდხანს იყო სოციალური ფსიქოლოგიის ძირითადი გასაანალიზებელი ერთეული და არ შეისწავლიდა სოციალურ ურთიერთობებს.

ავტორის პოზიციით, სოციალური ცხოვრება არის ურთიერთობის მოძიების, შექმნის, დამყარების, გამართლებისა და სანქციონირების პროცესი; ამიტომ ადამიანები მუდმივად არიან ორიენტირებული სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე.

სოციალური ცხოვრების ცალკეული სფერო იმართება სხვადასხვა პრინციპით. იყენებენ ადამიანები სხვადასხვა სოციალურ სქემას საგანთა გაცვლისას ან კოლექტიური გადაწყვეტილების მიღებისას?

Fiske-ს მიხედვით, სოციალური ცხოვრების ყველა სფერო შეიძლება ორგანიზებულ იქნას 4 ელემენტარული მოდელით: კოლექტიური გაზიარება, ძალაუფლების განაწილება, თანასწორობა და საბაზრო ფასდება. სხვადასხვა სოციალურ მეცნიერებაში აღმოჩენილი იყო ამ ელემენტარულ ფორმათა მიხედვით სოციალური ურთიერთობების ერთი ან მეტი სახე.

1. კოლექტიური გაზიარება. ურთიერთობები ეფუძნება კონცეფციას, რომლის მიხედვით ჯგუფის წევრი ადამიანები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და ერთნაირები არიან; მნიშვნელოვნად მიიჩნევა კოლექტიურობა და ანგარიშში არ აგდებენ აშკარა ინდივიდუალობას. ასეთ გაზიარებით ურთიერთობებში ადამიანები თავს ზოგადი არსის მატარებელ-გადამცემად მიიჩნევენ (მაგალითად, სისხლი) და ამიტომ მსგავსივე ადამიანის მიმართ სიკეთისა და ალტრუიზმის გამოვლენას ბუნებრივად თვლიან. კოლექტიური გაზიარების ძირითად კომპონენეტებს მჭიდრო ნათესაური კავშირი აერთიანებს. ჯგუფის წევრთა შორის კავშირის წარმოქმნასა და განტკიცებაში უმნიშვნელოვანესია რიტუალები თავიანთი სტერეოტიპული და განმეორებადი მოქმედებებით.

სპეციფიური ურთიერთობებისას ადამიანები კატეგორიებად იყოფიან და ქმნიან ექვივალენტურ ერთმნიშვნელოვან კლასებს, რომლებშიც ისინი სოციალურად თანასწორნი არიან, თუმცა კი სხვა კონტექსტში შეიძლება განსხვავდებოდნენ კიდეც.

ურთიერთობათა ასეთ კონტექსტში ადამიანები მატერიალურ ობიექტებს განიხილავენ ყველასთვის საერთოდ. საზოგადოებათა უმრავლესობაში მატერიალურ საგანთა ამგვარი განაწილება ხდება ახლო ნათესაობაში, ზოგჯერ კი - სხვა ერთობებშიც. ამ ურთიერთობებში ადამიანები იღებენ იმას, რაც სჭირდებათ და იმას გასცემენ, რაც შეუძლიათ - მითითებული არაა, რამდენი უნდა გასცენ ან მიიღონ. მაგრამ ყოველი პიროვნება ვალდებულია უწილადოს იმას, ვინც ითხოვს ან ვისაც სჭირდება; აქ იყენებენ რესურსებს, რომელსაც თემის საკუთრებად მიიჩნევენ. ამგვარ ურთოერთობებში ადამიანები თავის თავს ჯგუფთან აიგივებენ და სურთ ეკუთვნოდნენ მას. რაც უფრო ძლიერია ჯგუფის წევრთა ერთმანეთთან მსგავსება, მით უფრო ძლიერია ჯგუფის ზეგავლენა.

შესაბამისად, ამგვარი სოციალური ჯგუფის წარმოქმნის საფუძველი მსგავსებაა. ისინი იქმნება მაშინ, როცა უმნიშვნელოვანესადაა აღიარებული საერთო ბუნება, არსი - კასტა, ეთნიკური ჯგუფი, სისხლი, ტყუპობა, ძმობა, და ა.შ. ამგვარ ჯგუფებში ჯგუფთან ბუნებრივი იდენტიფიცირებულობის განცდა აქვთ; სწორედ ეს განცდა გარდაქმნის ადამიანთა ერთობლიობას ჯგუფად და იმავდროულად ჯგუფის წევრს Self-ის მნიშვნელობას ანიჭებს - იგი, ფაქტიურად ინდივიდზე მაღლა მდგომ მთელშია გათქვეფილი და ადამიანები კოლექტივთან იგივდებიან.

2. ძალაუფლების განაწილება. ასეთი ურთიერთობა დაფუძნებულია იმ ადამიანთა შორის ასიმეტრიულობაზე, რომლებიც გარკვეულ იერარქიულ, სოციალურ განზომილებაში წრფივი წესრიგით არიან რანჟირებული. ძალაუფლების განაწილების ძირითადი სოციალური ფაქტი ისაა, რომ ერთი პიროვნება მეორეზე მაღლა ან დაბლა დგას. მაღლა მდგომებს აქვთ პრესტიჟი, პრეროგატივა და პრივილეგია და აკონტროლებენ ქვეშევრდომთა ქცევის ბევრ ასპექტს. ამ მოდელით ერთმანეთის განსასხვავებლად ადამიანები ძირითადად სივრცულ წესრიგს მიმართავენ (მაგალითად, მეტყველებაში იყენებენ მრავლობით ფორმას საკუთარ თავზე საუბრისას). ამ მოდელით იმართება მრავალ ტრადიციულ საზოგადოებაში ურთიერთობები განსხვავებული რანგის მქონე ადამიანებს შორის, როგორც ჯარში, ისე თაობათა შორის და გენდერში. ძალაუფლების განაწილება უფრო მეტია, ვიდრე მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ინდივიდები ერთმანეთს ზღუდავენ; იგი იმავდროულად ის ძალაა, რომელიც ადამიანებს უფრო მაღალ საფეხურზე ორგანიზებული სოციალური ერთობების შესაქმნელად აკავშირებს იმ კულტურებში, სადაც ადამიანთა დაყოფა ძალზე მნიშვნელოვანია, Self-ის არსია იერარქიაში ადგილის ცოდნა - ძირითადი მახასიათებელია ადამიანის ავტორიტეტი და ის, თუ ვის ემორჩილება. მსხვერპლშეწირვა ძალაუფლების განაწილების სახესხვაობაა რელიგიაში გამოხატული, მაგრამ აქ უმთავრესია უმაღლესი არსების რწმენა.

3. თანასწორობის დამყარება. ასეთი ურთიერთობა ემყარება ბალანსირების პრინციპს. ძირითადი საზრუნავია თანასწორობის დაბალანსებულობა და იმის კონტროლი, რამდენად იხრება ადამიანი ამ ბალანსირებული მდგომარეობიდან. ეს მოდელი სასწორის ერთ მხარეს აყენებს თანასწორობას, მეორე მხარეს კი - უთანაბრობას.

თანასწორობის დამყარების სტრუქტურა თავისებურია. კულტურათა უმრავლესობაში იგი განხილულია მნიშვნელოვან სოციალურ ფორმად და ამიტომ ეს მოდელი განსხვავდება ურთიერთობის სხვა ფორმებისგან. თანასწორობა ხშირად ჯგუფებს შორის შრომის განაწილების ორგანიზაციის საფუძველია. მისი დამამყარებელი ინსტიტუტები ადამიანს სხვებისთვის სამუშაოდ ითრევს, ხოლო ადამიანები, თავის მხრივ, მათთვის მუშაობენ. ამგვარად, მიზნის მიღწევაში ყველა ერთმანეთს ეხმარება.

თანასწორობის დამყარების პროცესები უპირატესი ჯგუფის არსებობას არ გულისხმობს, ეს მოდელი თავისთავად აკავშირებს ადამიანებს. თანასწორობის საფუძველზე ბევრი სოციალური ჯგუფია შექმნილი მთელს მსოფლიოში - ინდივიდსა და ჯგუფს შორის დაბალანსებული და ეგალიტარული ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანია.

რაიმე იწოდება ნორმად, როცა იგი განიხილება როგორც გარეგანი, საზოგადოებიდან მომდინარე იძულება; რაიმე იწოდება მოტივად, როცა იგი ინდივიდისგან მომდინარედ აღიქმება; იგივე ძალა იწოდება მორალურ პრინციპად, როცა იგი საყოველთაო ვალდებულებად მიიჩნევა. თანასწორობის მოდელი აღიწერება ამ ტერმინებით. ეს მოდელი მორალური პრინციპია - იგი საკუთარი წესებით იმორჩილებს, ავალდებულებს იმის მიუხედავად, რა უნდა სხვას. იგი არის მოტივიც, როცა ერთი პიროვნება უფრო მეტად მისდევს მას, ვიდრე სხვები და ქცევაც განსაზღვრულია საკუთარივე ნებით. თანასწორობის მოდელი ნორმაა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთისგან მოელიან და რომლის ფუნქციებსაც სოციალური სტრუქტურისთვის აუცილებლობად მიიჩნევენ. ეთიკის თვალსაზრისით, ეს მოდელი ბევრი მორალური სისტემის საფუძველია.

4. საბაზრო ფასდება. ეს ურთიერთობა ემყარება სოციალურ ურთოერთობებში პროპორციულობის პრინციპს. ისწრაფვიან პროპორციულობისა და შეფარდებისკენ; ითვლიან დანახარჯებს და მოგებას; ის, თუ რას მიიღებს ადამიანი ურთიერთობისგან, იმაზეა დამოკიდებული, რა ჩადო მასში. ფული ხშირად მედიუმია. ამ პრინციპით ხორციელდება ხანმოკლე, უფრო ხშირად, ოფიციალური და ზერელე ურთიერთობები. საბაზრო ფასდება ძალზე მნიშვნელოვანია დაავლურ საზოგადობებში. ამ მკაცრად ეკონომიურ გაცვლით მოდელს ზოგიერთი მკვლევარი ასოციალური პირადული ინდივიდუალიზმის გამოხატვად მიიჩნევს. პროპორციულობის პრინციპის გამო ეს მოდელი განსაკუთრებულია - საბაზრო ფასდების მიხედვით მოქმედი ადამიანები ამა თუ იმ ფასეულობის დასადგენად სწორედ პროპორციულ სტანდარტებს მიმართავენ, ხოლო საგანთა გაცვლის წესი უშუალოდაა დაკავშირებული ამ საგანთა მნიშვნელობასთან.

დანარჩენი შემთხვევები, რომლებიც ამ მოდელებით არ იმართება, ასოციალური ან არარეალური ურთიერთქმედებებია. ასოციალურის დროს ადამიანებს რაიმე მიზნის მისაღწევ საშუალებად იყენებენ, არარეალური ურთიერთქმედებისას კი ისინი ერთმანეთის წარმოდგენების, მიზნების და ა.შ. იგნორირებას ახდენენ (ადამიანთა უმრავლესობა მსოფლიოში სწორედ ასეთ ურთიერთობებში იმყოფება).

ამ 4 საბაზისო მოდელით აღწერილია ძირითადი ფსიქოლოგიური, ონტოგენეტური, სოციალური და კულტურული თვისებები. Fiske აღნიშნავს, რომ ძნელად მოიძებნება პირადი ურთიერთობები, ჯგუფები ან ინსტიტუტები, რომლებიც მხოლოდ ერთი მოდელით ურთიერთქმედებენ - ძირითადად გამოიყენება ამ მოდელთა კომბინაციები. ავტორი აღნიშნავს, რომ მათგან არცერთის გაანალიზება არ შეიძლება მხოლოდ ცალკეული, მისთვის დამახასიათებელი თვისებით, რადგან თითოეული მათგანი საკუთარის გარდა, სხვა მახასიათებლებსაც საჭიროებს. იმის მტკიცება, რომ ადამიანის ქცევა მხოლოდ ამ მოდელებით აიხსნება, ძნელია, რადგან ქცევაზე უამრავი სხვა ფაქტორი ზემოქმედებს. მაგრამ ფაქტია ის, რომ:

ამ მოდელებს მორალური და ლეგალური ხასიათი აქვთ, რამდენადაც ადამიანებს სწამთ, რომ მათ უნდა მისდიონ და სხვებისგანაც იგივეს მოითხოვენ;

მოდელთა მიდევნება სოციალური კონფლიქტის ძირითადი წყაროა - თავს ესხმიან მათ, ვისაც ამგვარ ელემენტარულ ურთიერთობათა დამრღვევად მიიჩნევენ;

ურთიერთობის მოდელში ადამიანები მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად ინსტინქტურად ერთვებიან;

არც ერთი სხვა შემოთავაზებული მოდელი არ ფუნქციონირებს ისეთი წარმატებით, როგორც ეს 4.

ამ მოდელებით აღწერილი ურთიერთობები მყარი საფუძველია ურთიერთობათა და ინსტიტუტთა უმრავლესობისთვის - ისინი არსებობს ელემენტარულ სოციალურ ერთობაშიც და რთულ საზოგადოებებშიც.

5.6 § 6. ღირებულება - Schwartz-ის კონცეფცია

▲ზევით დაბრუნება


იზრაელელი კულტურანთროპოლოგის - Shalom Schwartz-ისეული მიდგომა ღირებულებებისადმი კულტურულ დონეზე (Schwartz and Ross, 1995; Smith p.b. and Schwartz Sh. H. 1996) სრულიად განსხვავდება მიდგომისგან „ინდივიდი-დონე“.

ბოლო პერიოდში კულტურასა და ღირებულებებთან დაკავშირებული ნაშრომებიდან Schwartz-ის ნაშრომი (1992, 1994) განსაკუთრებით უნდა გამოიყოს; იგი ეხებოდა ღირებულებათა შინაარსსა და სტრუქტურას.

Schwartz-ი აღნიშნავს, რომ არსებობს ასობით ღირებულება, რომლებიც დამახასიათებელია საზოგადოებისთვის ან ცალკეული კულტურული ჯგუფისთვის. მათ შორის ზოგიერთი ყველა საზოგადოებისთვის საერთოა, ზოგიერთი კი - მხოლოდ ცალკეული მათგანისთვის.

Schwartz-ის აზრით, ღირებულებათა ტიპები 2 დონეზეა მოცემული - ინდივიდის და კულტურის დონეზე.

ყველა კულტურაში არსებობს ბაზისური ადამიანური ღირებულებები, რომლებიც ასახავს ადამიანის არსებობისთვის უნივერსალურ მოთხოვნილებებს (მაგალითად, ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს) და ადამიანს გაცნობიერებული მიზნის სახით ეძლევა.

სწორედ ეს, კონკრეტული ღირებულებით გამოხატული მოტივაციური მიზანი განასხვავებს ღირებულებებს ერთმანეთისგან.

ადამიანის არსებობისთვის საბაზისოდ მას მიაჩნია 3 უნივერსალური მოთხოვნილება: ბიოლოგიური, სოციალურ ურთიერთობებში ყოფნის და ჯგუფური ფუნქციონირების მოთხოვნილებები. ამ უნივერსალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით Schwartz-მა მიზნის მიხედვით გამოყო მოტივაციურად განსხვავებული 10 ღირებულებრივი ტიპი, რომლებიც მოაქცია 10 შესაბამის ჯგუფში; თავის კითხვარში ეს ღირებულებები მიწოდებულია 56 მსჯელობის სახით. ეს საბაზისო 10 ღირებულება შემდეგია:

1. ძალაუფლება - სოციალური სტატუსი, დომინანტობა ადამიანებსა და რესურსებზე;

2. მიღწევის - სოციალური სტანდარტების გათვალისწინებით პიროვნული წარმატებისკენ სწრაფვა;

3. ჰედონიზმი- ტკბობა (გრძნობითი დაკმაყოფილება);

4. სტიმულაცია - ამაღელვებლობა და სიახლე;

5. Self-ზე მიმართულობა - ფიქრისა და ქცევის დამოუკიდებლობა;

6. უნივერსალიზმი - მთელი ხალხისა და ბუნების საკეთილდღეო გამგებიანობა, ტოლერანტობა, დამცველობა;

7. კეთილგანწყობა (გულმოწყალება) - იმ ადამიანთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, ვისაც ახლობლად მიიჩნევს;

8. ტრადიცია - კულტურული და რელიგიური ადათ-წესების, იდეების პატივისცემა და გადაცემა - შესრულება;

9. კონფორმულობა - სხვათათვის ზიანის მომტანი და მოლოდინების გამცრუებელი ქცევებისა და იმპულსების შეზღუდვა;

10. უსაფრთხოება - საზოგადოების, ურთიერთობებისა და Self-ის სტაბილურობის დაცვა.

ეს თეორია შემოწმდა 40 ქვეყანაში 1995 წ. Schwartz-ისა და Sagiv-ის მიერ. Schwartz-ი მიუთითებს, რომ ამ 56 მსჯელობიდან 44 მაინც ყველა ქვეყანაში გასაგებია (J.Schwartz Shalom; 1994). ამ კვლევაში 44000-მა რესპონდენტმა მნიშვნელობის მიხედვით დაალაგა ის ღირებულებები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ ცხოვრებაში.

ამ ღირებულებათა სისტემის კონცეპტუალურად დასაზუსტებლად Schwartz-მა ჩამოაყალიბა ღირებულებათა ურთიერთმიმართების დინამიკის თეორია. იგი მიუთითებს, რომ ღირებულებათა ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ღირებულებათა ტიპებს შორის თანხმობა/კონფლიქტის დინამიური ურთიერთმიმართება. ჩამოთვლილ ღირებულებათაგან ერთ-ერთის მიმდევარ ქცევებს, ჩვეულებრივ, თან მოსდევს ფსიქოლოგიური, პრაქტიკული და სოციალური შედეგები; ეს შედეგები შეესაბამება ან ეწინააღმდეგება ღირებულებათა სხვა ტიპებს. მაგალითად, მიღწევაზე ორიენტირებული ქცევა შეიძლება კეთილგანწყობას უპირისპირდებოდეს.

შემდგომში (Schwartz; 1992, 1994) Schwartz-მა ეს სტრუქტურა წარმოადგინა ორი ბიპოლარული განზომილებით:

1. ცვლილებისადმი გახსნილობა, რომელიც მოიცავს სტიმულაციას და Self-ზე მიმართულობას, უპირისპირდება კონსერვაციას (ტრადიცია, კონფორმულობა, უსაფრთხოება) და Self-ის გაძლიერებას (ძალაუფლება და მიღწევის ორიენტაცია);

2. Self-ტრანსცენდენტულობა (უნივერსალურობა-კეთილგანწყობა) - უპირისპირდება ჰედონიზმს, რომელიც მოიცავს ცვლილებებისადმი ღიაობასაც და Self-ის გაძლიერების ელემენტებსაც.

ბოლო პერიოდის ნაშრომებში Schwartz-ის თეორია ასეთი სახით ჩამოყალიბდა:

ღირებულებების შესასწავლად აუცილებელია სამი ბაზისური სოციეტალური პრობლემის განხილვა:

1. ურთიერთობა ინდივიდსა და ჯგუფს შორის: რამდენადაა პიროვნება ავტონომიური ან ჯგუფში ჩართული?

2. ადამიანის პასუხისმგებლობა: რა მოტივაციითაა შესაძლებელი, გაითვალისწინოს ადამიანმა სხვისი კეთილდღეობა და მასთან შეთანხმების აუცილებლობა?

3. კაცობრიობის როლი ბუნებრივ და სოციალურ სამყაროში: მორჩილება, შეგუება თუ ექსპლოატირება?

მისი აზრით, კულტურული ადაპტაცია მიმართულია ამ პრობლემათა გადაჭრაზე. ყოველგვარი ადაპტაცია ასახულია ღირებულებათა ურთიერთმოქმედ ქსელში, რომელსაც Schwartz-ი ღირებულებათა ტიპს უწოდებს. ასეთია ბიპოლარულად აღწერილი სამი კულტურული განზომილება:

1. „კონსერვატიზმი-ავტონომიურობა“. კონსერვატიზმის პოლუსიდან კულტურაში პიროვნება განიხილება კოლექტივში ჩართულად, იგი თავს აიგივებს ჯგუფთან და მის პრინციპებს ცხოვრებაში ატარებს. მისთვის დამახასიათებელ ღირებულებათა ტიპებიდან სპეციფიური ღირებულებებია სოციალური წესრიგი, ტრადიციის პატივისცემა, ოჯახის უსაფრთხოება და Self-დისციპლინა; ამ განზომილების ავტონომიური პოლუსიდან პიროვნება განიხილება სრულიად თავისუფალ, ავტონომიურ მოვლენად.

Schwartz-ი განასხვავებს ავტონომიურობის 2 სახეს: ინტელექტუალურს და აფექტურს. ინტელექტუალურისთვის დამახასიათებელია ღირებულებები: ცნობისმოყვარეობა, ჰორიზონტის სიფართოვე, შემოქმედებითობა; აფექტურისთვის დამახასიათებელია ღირებულებები: დადებითი აფექტების მიდევნება; აღფრთოვანების მომგვრელი, გრძნობითად დატვირთული მჩქეფარე ცხოვრება.

2. „იერარქიულობა/ეგალიტარიზმი“. ძლიერად იერარქიზებულ კულტურებში მიწერილი როლების იერარქიული სისტემა სამოქმედო მოტივაციას უქმნის სოციალურ სუბიექტს. სოციალიზაციის პროცესი მიმართულია იმაზე, რომ ადამიანმა ღირსეულად შეასრულოს თავის როლებთან დაკავშირებული სანქიონირებული მოვალეობები. ღირებულებათა ეს ტიპი ასახავს ძალაუფლების, როლებისა და რესურსების - სოციალური ძალაუფლების, ავტორიტარულობის, სიმდიდრის არათანაბარი განაწილების ლეგიტიმურობას; ამისგან განსხვავებით, მაღალი დონის ეგალიტარული კულტურა ინდივიდს განიხილავს მორალურად თანასწორ, ბაზისური ინტერესების სხვასთან გამზიარებელ ადამიანურ არსებად- აქ ადამიანები საყოველთაო კეთილდღეობისთვის ერთიანდებიან. ამგვარი ღირებულებების ტიპი ასახავს პირადი ინტერესებიდან აბსტრაჰირებულობას და ორიენტაციას თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე. სოციალიზაცია იმ კულტურებშია მიმართული ეგალიტარისტულ ღირებულებებზე, სადაც პიროვნება განიხილება თავისუფალ არსებად და არა ავტონომიურად, რამდენადაც სრულიად ავტონომიურ არსებას არ გააჩნია სხვებისადმი არავითარი ბუნებრივი მოვალეობები.

3. „ძალაუფლება/ჰარმონიულობა“. იმ კულტურებში, სადაც ძალაუფლება ძალზე მნიშვნელადია, ადამიანი ორიენტირებულია ბუნებისა და სოციალური სამყაროს დამორჩილებასა და შეცვლაზე, კონტროლირებასა და მის გამოყენებაზე პიროვნული ან ჯგუფური ინტერესების სასარგებლოდ. ღირებულების ეს ტიპი ასახავს Self-ის განმტკიცებას ამბიციებით, წარმატებით, კომპეტენციით; ამისგან განსხვავებით, ჰარმონიულობაზე ძლიერად ორიენტირებული კულტურა სამყაროს იღებს ისე, როგორიც არის და ცდილობს მის შენარჩუნებას ამგვარი სახით. ღირებულებათა ეს ტიპი ასახავს გარემოში ჰარმონიისკენ სწრაფვას - ბუნებასთან ერთიანობას, გარემოს დაცვას, მშვენიერების სამყაროს.

Schwartz-ი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის თეორიული და ემპირიული კვლევები საკმაოდ ართულებს ვითარებას კულტურათა დასახასიათებლად გარკვეული მახასიათებლების ორაზროვნების გამო. იგი მიუთითებს დიხოტომია „ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის“, როგორც ურთირთსაპირისპირო ღირებულებების, უკმარობაზე. მას შემდეგი არგუმენტები მოაქვს

1. არსებობს ღირებულებები, რომლებიც ერთნაირად ემსახურება როგორც ინდივიდის, ისე ჯგუფის ინტერესებს და ქცევას ნებისმიერ კულტურაში არეგულირებს, მაგალითად, სიბრძნე;

2. ნებისმიერ თანამედროვე კულტურაში არსებობს მნიშვნელოვანი უნივერსალური ღირებულებები, რომლებიც, თუმცა კი თავისი არსით კოლექტივისტურია, ჯგუფური მაინც არ არის, მაგალითად, სოციალური სამართლიანობა, გარემოს დაცვა, მშვიდობის დაცვა.

ემპირიული კვლევის შედეგები უჩვენებს, რომ ზოგიერთი ღირებულება იმათგან, რომლებიც ამ ორი ტიპის კულტურიდან ერთ-ერთის ტიპურ მახასიათებლად მიიჩნევა, სინამდვილეში ორივე ტიპის კულტურისთვის მნიშვნელადია. მაგალითად, მიღწევის მოტივაციის ძლიერ ტენდენციას, ჩვეულებრივ, უკავშირებენ ინდივიდუალისტურ ორიენტაციებს, მაგრამ იაპონელები და ჩინელებიც ასევე ილტვიან მიღწევისკენ; სხვა საკითხია, რომ კოლექტივისტებისთვის მიღწევის მოტივაცია უფრო მეტად სოციალურ ჯგუფთანაა დაკავსირებული, ხოლო მიზნის მისაღწევად სხვა საშუალებებია კულტივირებული, მაგალითად, კოოპერაცია და თვითდაკნინებაც კი (Rolando Dias-Loving. 1998)

Schwartz-მა აღნიშნა, რომ გამოკვლევები არ ადასტურებს ინდივიდუალიზმის ნავარაუდევ კავშირს ჰედონიზმთან, ხოლო კოლექტივიზმისა - უსაფრთხოებასთან.

გარდა ამისა, Schwartz-ი გამოყოფს თვით კოლექტივისტური საზოგადოებების სხვადასხვა ტიპს. იგი აღნიშნავს, რომ კოლექტივისტური საზოგადოებები განსხვავდებიან იმის მიხედვით, როგორ სოციალურ ჯგუფებზე არიან ისინი ორიენტირებული - მცირეზე თუ დიდზე. ამასთან, იგი სთავაზობს სხვა სახელწოდებას ინდივიდუალისტური და კოლექტივისტურის ნაცვლად: შესაბამისად, შემთანხმებლური საზოგადოება და კომუნალური საზოგადოება. ამ შემთხვევაში ანალიზის ერთეულია არა ღირებულებითი მახასიათებლები, არამედ სოციალური სტრუქტურა. იგი მიუთითებს, რომ ინდივიდის ორიენტაცია ინტერესებზე (ჯგუფი, ან Self) საკმარისი არ არის საზოგადოებათა კლასიფიკაციისთვის, რადგან ამ კლასიფიკატორს საერთოდაც აზრი ეკარგება ზოგიერთ კულტურაში; იდეალურ კომუნალურ საზოგადოებებში, მაგალითად, მცირერიცხოვან ტომებში, ინდივიდი ჯგუფთან იმდენად ძლიერად შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული, რომ თავისი ინტერესების მქონე ინდივიდის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია.

ღირებულებათა კორელატები

Schwartz-ის გამოკვლევებით ვლინდება ღირებულებების სოციალური ფონით გაპირობებულობა. ამასთან, განსხვავებები ვლინდება გარკვეული სოციოლოგიური მახასიათებლების მიხედვით.

მაგალითად, ახალგაზრდები, უფროსებთან შედარებით, მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ღიაობით ღირებულებებს (სტიმულაცია-ჰედონიზმი) და ნაკლებს - კონსერვატიულს (ტრადიცია, კონფორმულობა და ჰედონიზმი); ეს ვითარება ერთა უმრავლესობისთვისაა დამახასიათებელი (Schwartz; 1992). საერთოდ, ახალგაზრდები უფრო ინდივიდუალისტური ღირებულებების მიდევნების ორიენტაციას ავლენენ, ვიდრე კოლექტივისტურისას.

განათლებულები იმავე ღირებულებებს მისდევენ, რასაც ახალგაზრდები; გამოვლინდა, რომ განათლების ფაქტორი დადებითად ზემოქმედებს Self-ზე მიმართულ ღირებულებებზე და უარყოფითად - კონფორმისტულ ღირებულებებზე იტალიაში, იაპონიაში, პოლონეთსა და აშშ-ში. მიღწეული სტატუსიც იგივეს მეტყველებს, რასაც განათლება.

და ბოლოს. ქალაქის მცხოვრებნი, სოფლის მცხოვრებლებთან შედარებით, უფრო ინდივიდუალისტურ ტენდენციას ავლენენ, ვიდრე კოლექტივისტურს და მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ცვლილებისადმი ღიაობასა და უნივერსალისტურ ღირებულებებს, ვიდრე კოლექტივისტურს.

5.7 Resume

▲ზევით დაბრუნება


კულტურების დასახასიათებლად ცდილობენ ისეთი სპეციფიური მახასიათებლების გამოვლენას, რომელიც ყველა მის ელემენტს მსჭვალავს; მათ ხშირად ღერძულ, საყრდენ განზომილებებს უწოდებენ. იგულისხმება, რომ ასეთი არსობრივი სპეციფიური თავისებურებების მომცველი მახასიათებლები ანუ განზომილებები აისახება კულტურის ყოველგვარ გამოვლინებაში, ქცევაში და სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში - ოჯახურ ურთიერთობებში, სახელმწიფო და პოლიტიკური ორგანიზაციის სტრუქტურებში, განათლების სისტემაში და ა.შ.

თანამედროვე მეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული გამოკვლევა გახდა ჰოლანდიელი მეცნიერის - G. Hofstede-ს „კულტურის განზომილებები“; ამ კვლევით მან კულტურის დასახასიათებლად გამოავლინა 4 კულტურული განზომილება: კოლექტივიზმი-ინდივიდუალიზმი (ინდივიდსა და ჯგუფს შორის ურთიერთმიმართება); ძალაუფლებრივი დისტანცია ( საზოგადოების ე.წ. „დაბალი ფენების“ მიმართება სოციალური უთანასწორობისადმი); განუსაზღვრელობისგან გაქცევა (ადამიანთა ემოციური დამოკიდებულება ძნელადპროგნოზირებადი სიტუაციებისადმი) და მასკულინობა - ფემინურობა (კულტურის მასკულინური და ფემინური ორიენტაციები).

Hofstede-ს გაგებით, ინდივიდუალისტური ორიენტაცია გულისხმობს იმ რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს თავისთავადი ღირებულება აქვს, უნდა იღვაწოს პირადი პოტენციალის რეალიზაციისთვის, სოციალური წნეხის მიუხედავად, თავისი დამოუკიდებელი მოსაზრებების კულტივირებას უნდა ცდილობდეს; კოლექტივისტური ორიენტაცია - პირიქით, ასახავს კოლექტიურის პრიორიტეტს ინდივიდუალურთან შედარებით. Hofstede-ს განზომილებებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა პირველმა - „კოლექტივიზმი-ინდივიდუალიზმი“, რომელიც კულტურათა კლასიფიკაციისა და თავისებურებების დასახასიათებლად ძალზე ნაყოფიერ კონსტრუქტად მიიჩნევა.

Hofstede-ს მიერ ჩამოყალიბებული მიდგომა ერთ-ერთი წარმატებული გზაა ემპირიული კვლევით კულტურებს შორის განსხვავებების აღმოსაჩენად. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკვლევართა შემდგომი მუშაობა წარიმართა ამ განზომილებათა შემოწმებისა და დაზუსტებისკენ. მნიშვნელოვანი მონაცემები მიიღეს Hofstede-ს განზომილებებით აღმოსავლური კულტურების შესწავლისას. Triandis-ის კონცეფციაზე დაყრდნობით ამერიკელი კულტურანთროპოლოგის - Alan Fiske-ს მიერ ჩამოყალიბდა ძალზე მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომელშიც განზოგადებულია სოციალური ურთიერთქმედების 4 ელემენტარული ფორმა.

ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის თანამედროვე კონცეფციებიდან უმნიშვნელოვანესია Harry Triandis. - ის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც კულტურის განზომილებაა „კულტურული სინდრომი“ - რაიმე თემის ირგვლივ გაერთიანებული და ორგანიზებული შიდა ანუ „სუბიექტური კულტურის“ ელემენტების ერთობა; Triandis.-ის თვალსაზრისით, „სუბიექტური კულტურის“ შესწავლისა და გაზომვის დახმარებით შესაძლებელია იმ კავშირის ახსნა, რომელიც არსებობს კულტურულ ინსტიტუტებს, ფსიქიკურ პროცესებსა და ქცევას შორის. ამიტომ იგი მის შესწავლას მიიჩნევს კულტურის შესწავლის ძირითად საგნად.

„სუბიექტური კულტურა“ მოიცავს ნორმებს, როლებს, მოლოდინებსა და სტატუს-პრესტიჟის სისტემას, რომელიც ტიპურია და აქტუალურად ფუნქციონირებადი კონკრეტულ კულტურაში. პიროვნების კულტურული სტრუქტურაც სუბიექტური კულტურის ელემენტია, რომელსაც ამ კულტურის წევრები იზიარებენ - Selfi-ის თავისებურებებს Triandi-ი კულტურის ღირებულებებზე, აღზრდის კულტურულ მოდელებზე დამოკიდებულად მიიჩნევს.

Triandi.-ის თვალსაზრისით, კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანებს შორის კავშირებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია „მზრუნველობა“. რაც უფრო მეტ მზრუნველობას იჩენენ ადამიანები სხვების მიმართ, მით უფრო ურთიერთმიჯაჭვულად გრძნობენ თავს და მით უფრო მეტად კოლექტივისტივისტები არიან; ქცევის უმნიშვნელოვანესი რეგულატორია ჯგუფური ნორმები, რომლებიც განამტკიცებენ და წაახალისებენ ჯგუფზე მიჯაჭვულობას; კოლექტივისტის ღირებულებებია ტრადიციების მიდევნება, დამჯერობა, ვალდებულების განცდა.

Triandi-ი გამოყოფს კოლექტივიზმის 2 ტიპს: ვერტიკალურს - ჯგუფის იერარქიული სტრუქტურით გაპირობებულს, და ჰორიზონტალურს - ჯგუფის ერთიანობითა და ურთიერთმიჯაჭვულობით გაპირობებულს. მისი აზრით, სოციეტალური სირთულე განაპირობებს საზოგადოების ძლიერ ინდივიდუალისტურ ორიენტაციას.

ძალზე გავლენიან თანამედროვე კონცეფციად მიიჩნევა Schwartz-ის ღირებულებათა კონცეფცია; ამ კონცეფციით, ღირებულებებს ერთმანეთისგან განასხვავებს კონკრეტული ღირებულებით გამოხატული მოტივაციური მიზანი; ღირებულებათა ფუნქციონირებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ღირებულებათა ტიპებს შორის თანხმობა/კონფლიქტის დინამიური ურთიერთმიმართება - ერთ-ერთი ღირებულების მიმდევარ ქცევებს, ჩვეულებრივ, თან მოსდევს ფსიქოლოგიური, პრაქტიკული და სოციალური შედეგები; ადამიანის არსებობისთვის საბაზისოდ მას მიაჩნია 3 უნივერსალური მოთხოვნილება: ბიოლოგიური, სოციალურ ურთიერთობებში ყოფნის და ჯგუფური ფუნქციონირების. საბაზისო 10 ღირებულებაზე დაყრდნობით მან გამოყო ბიპოლარულად აღწერილი სამი კულტურული განზომილება: „კონსერვატიზმი-ავტონომიურობა“, რომლის მიხედვითაც პიროვნება განიხილება ან კოლექტივში ჩართულად, ან სრულიად თავისუფალ, ავტონომიურ მოვლენად; „იერარქიულობა/ეგალიტარიზმი“, რომელიც აღწერს იერარქიულ (სოციალური ძალაუფლების, ავტორიტარულობის, სიმდიდრის არათანაბარი განაწილების ლეგიტიმურობა) ან ეგალიტარულ კულტურას (ინდივიდს განიხილავს მორალურად თანასწორ, ბაზისური ინტერესების სხვასთან გამზიარებელ ადამიანურ არსებად); „ძალაუფლება/ჰარმონიულობა“, რომლის მიხედვითაც აღიწერება ერთის მხრივ, პიროვნული/ჯგუფური ინტერესების სასარგებლოდ ბუნებისა და სოციალური სამყაროს დამორჩილებასა და მის გამოყენებაზე ორიენტირებული კულტურა, მეორეს მხრივ, ჰარმონიულობაზე ძლიერად ორიენტირებული კულტურა, რომელიც სამყაროს იღებს ისე, როგორიც არის და უცვლელად ცდილობს ასეთი სამყაროს შენარჩუნებას. Schwartz-მა დასვა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი კოლექტივისტური საზოგადოების ტიპების შესახებ.

5.8 კითხვები:

▲ზევით დაბრუნება


ჩამოაყალიბეთ და დაახასიათეთ. Hofstede-ს მიერ გამოყოფილი კულტურის 4 განზომილება

რა არის „სუბიექტური კულტურა“ და „კულტურული სინდრომი“? რა განსხვავებაა მათ შორის?

დაასახელებთ არსებითი მომენტები Schwartz-ის კონცეფციაში, რომლებიც, თქვენი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურათა ემპირიულ კვლევაში.

გააანალიზეთ, რა მიმართულებით მიმდინარეობს შემდგომი კვლევები Hofstede-ს, Triandis-ის და Schwartz-ის კონცეფციებზე დაყრდნობით.

5.9 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. Мендра А. Основы социологии. М. 2000

2. Triandis H.C. (1989). The Self and Social behavior in Differing Cultural Contexts. Psychological Review, Vol. 96, No.3, pp. 506-520

3. J.Schwartz Shalom H. Beyond Individualizm/Collectivism: New Cultural Dimensions of Values. Individualizm and Collectivism, ed. by Kim U., Triandis H.C. Kagitcibasi C., Choi S.Ch., yoon G. 1994, 85-123

4. Triandis H.C. Culture and social behavior. N.Y. etc.: McGraw-Hill, 1994 გვ. 87-142

5. Triandis H.C. Individualizm and Collectivism. Westview Press, 1995 გვ. 1-16

6. Smith p.b. and Schwartz Sh. H. Values. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. by Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G., Vol. 3., 1996, pp. 77 -119

7. Hofstede and Associates. Masculinity and Feminity. The Taboo Dimension of Nacionalen Cultures. Sage Publications, 1998, pp.16-17, 175

8. Fiske A. P. (1992). The four elementary forms of sociality: framework for unified theory of social relations. Psychological Review, 99, pp. 689-723

5.10 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


კულტურის განზომილება - კულტურის სპეციფიური თავისებურებების ამსახველი მთლიანობითი მახასიათებელი, რომელიც ყველა მის ელემენტს მსჭვალავს და ვლინდება კულტურის ყოველგვარ მოვლენაში, მათ შორის ადამიანთა ქცევაში

ძალაუფლებრივი დისტანცია - საზოგადოების „დაბალი ფენების“ დამოკიდებულება სოციალური უთანასწორობისადმი

განუსაზღვრელობისგან გაქცევა - ადამიანთა ემოციური დამოკიდებულება ძნელად პროგნოზირებადი სიტუაციებისადმი

მასკულინობა/ფემინურობა (Hofstede-ს გაგებით) - კულტურის ანალიზი მასში მასკულინური და ფემინური ორიენტაციების მიხედვით

სოციალური ჯგუფები - ერთმანეთზე სისტემატურად ურთიერთქმედი ინდივიდთა ჯგუფები; ჯგუფის სიდიდისგან დამოუკიდებლად, ძირითადი მახასიათებელი ნიშანია ჯგუფის წევრთა საერთო იდენტურობის ცნობიერება.

სოციალური ინსტიტუტები - სოციალური მოღვაწეობის ძირითადი სახეები, რომელიც ხორციელდება მოცემული საზოგადოების წევრთა უმრავლესობის მიერ. ინსტიტუტები მოიცავს ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებსაც მისდევს უმრავლესობა.

ნორმები - გარკვეულ სოციალურ ერთობლიობაში მიღებული ქცევის წესები; ნორმები აწესებენ ან კრძალავენ ქცევის გარკვეულ ტიპს. ნორმები მტკიცდება სანქციებით, დაწყებული არაფორმალური მიუღებლობით, დამთავრებული ფიზიკური დასჯითა და სიკვდილით.

სოციალური პოზიცია - მოცემული ჯგუფის ან ერთობლიობის ფარგლებში ინდივიდის სოციალური იდენტურობა

კულტურული სინდრომი - კულტურის განზომილება Triandis-ის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს რაიმე თემის ირგვლივ გაერთიანებული და ორგანიზებული შიდა ანუ „სუბიექტური კულტურის“ ელემენტების ერთიანობას

სუბიექტური კულტურა - კონკრეტული კულტურისთვის ტიპური და მხოლოდ ამ კულტურაში აქტუალურად ფუნქციონირებადი ღირებულებების, ნორმების, როლების, მოლოდინების, სტატუს/პრესტიჟის სისტემათა ერთიანობა, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდისა და სოციალური ჯგუფების ქცევასა და ურთიერთდამოკიდებულებებს

ვერტიკალური კოლექტივიზმი - კოლექტივიზმი, რომელიც ემყარება საზოგადოების იერარქიულ ჯგუფურ სტრუქტურას

ჰორიზონტალური კოლექტივიზმი - კოლექტივიზმი, რომელიც ემყარება სოციალურ ჯგუფთა შიგნით ერთიანობასა და ურთიერთმიჯაჭვულობას

ეგალიტარიზმი - უტოპიური სოციალიზმის თეორიის ნაირსახეობა; ეს თვალსაზრისი ასაბუთებს ინდივიდუალური და კოლექტიური მეურნეობის თანასწორობის აუცილებლობას; საყოველთაო გათანაბრება მიიჩნევა სოციალური ცხოვრების ორგანიზაციის ძირითად პრინციპად

6 თავი 5. პიროვნება და კოლექტივისტური/ინდივიდუალისტური კულტურა

▲ზევით დაბრუნება


6.1 § 1. ადამიანი, როგორც კულტუროლოგიური პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


პიროვნების თეორიაში კულტურული კანონისა და ინდივიდუალური თვითცნობიერების დიალექტიკა განსაკუთრებით რთული პრობლემაა. საკითხს იმის თაობაზე, საიდან იწყება პიროვნება, სვამენ არა მარტო ფსიქოლოგები, არამედ ისტორიკოსებიც, კულტუროლოგებიც, სოციოლოგებიც, ეთნოლოგებიც, ლიტერატურათმცოდნეებიც - ყველა, ვისაც აინტერესებს ადამიანის სახის ევოლუცია კულტურაში თუ პიროვნების სოციალური ტიპის ცვლილებები (Кон И. С.1999; 223-254).

„მე“- პოლისემანტიკურია. „მე“-ს იმანენტური ბიმოდალურობიდან, სუბიექტად და ობიექტად მისი გაორებულობიდან გამომდინარე, მეცნიერები შეძლებისდაგვარად ცდილობენ ერთმანეთისგან გამოყონ:

მოქმედი, აქტიური, ეგზისტენციალური „მე“ ანუ ფსიქიკის მაორგანიზებელი პრინციპი და მარეგულირებელი საწყისი;

რეფლექსიური, ფენომენოლოგიური, კატეგორიალური „მე“, ანუ ინდივიდის წარმოდგენა თავის თავზე, მის თვითცნობიერებაში არსებული „მე“ ხატი.

ზოგჯერ, „ცნებით-კონცეპტუალური“ ან რეფლექსიურისგან გასამიჯნად ჩამოთვლილს უმატებენ მესამე მოდუსს - განცდად „მე“-ს ანუ „მე“-ს განცდას, რომელიც ყალიბდება სხვადასხვაგვარი თვითგანცდისა და შეგრძნებების საფუძველზე.

წარმოდგენა საკუთარ თავზე ადამიანური რეფლექსიურობის გამოვლენის ერთ-ერთი არსობრივი მომენტია. იგი გულისხმობს სხვისგან განსხვავებულობას და გარე სამყაროდან ფიზიკურ გამოყოფილობას. ფიზიკური სხეული უნივერსალური სქემაა ინდივიდის დროსა და სივრცეში ორიენტაციისთვის.

სოციალურ მეცნიერებებში ხშირად გამოიყენება ცნება სქემა ანუ ფიგურა.

Neisser-ის მიხედვით, გარე სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულება კოგნიტურია (შემეცნებითია). ეს პროცესი ყველაფერთან მიმართებაში არსებობს, ამიტომ ადამიანური კოგნიცია ეხება ყველა პროცესს, რომლის საშუალებითაც მიღებული სენსორული ინფორმაცია იცვლება, მცირდება, დეტალიზდება, ინახება, აღდგება და გამოიყენება.

Fiske-სა და Taylor-ის მიხედვით, კოგნიციაში სქემის სახითაა წარმოდგენილი მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვილი კონკრეტული წარსული გამოცდილებაც და სხვების, საგანთა და მოვლენათა შესახებ აბსტრაქტული ცოდნაც; სქემა, იმავდროულად, მოვლენათა რაღაც კატეგორიის მოსალოდნელი ატრიბუტების და მათ შორის არსებული კავშირების ცოდნასაც მოიცავს (მოტანილია ნ. სუმბაძე. სოციალური სქემა. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, N3, 2000, თბილისი, გვ. 41-61).

გამოყოფენ Self-ის ე.წ. ეკოლოგიურ ასპექტს: Self - აღიქმება ფიზიკურ გარემოსთან მიმართებაში - მე ვარ აქ, ამჟამად და საქმის მკეთებელი. ასეთი განცდა - ეკოლოგიური და ფიზიკური, ყოველ ადამიანში ისეთ ინტერნალურ (შინაგან) აქტივობა - ცნობიერებას უზრუნველყოფს, რომელიც არ შეიძლება სხვებისთვისაც იყოს ცნობილი; ესაა ინდივიდის ოცნებები, გრძნობები და საერთოდ, ცნობიერების ნაკადები. სწორედ ამ გაუზიარებლის გაცნობიერებას მიჰყავს ადამიანი საკუთარი თავის განცდამდე. ესაა Self-ის უნივერსალური ასპექტი.

ეგზისტენციალური „მე“-ს განვითარების დონეზე მსჯელობენ, ერთის მხრივ, იმით, რომ აკვირდებიან თვითრეგულაციას, ქცევის თანმიმდევრულობას, იმპულსური ქცევის კონტროლს; მეორეს მხრივ - სოციალურ დამოუკიდებლობას, ინიციატივიანობის ხარისხს, გარე წნეხის მიმართ გამძლეობას, მიზნისკენ სწრაფვას, მიღწევის ორიენტაციას.

რეფლექსური „მე“-ს შესწავლის ძირითადი წყაროა თვითაღწერების ენა, რომელიც მოიცემა სოციალური და პიროვნული პერცეფციის კონტექსტში, ხოლო სუბიექტის განცდათა გასაგებად გამოიყენება ემოციათა ლექსიკონი, პიროვნების აზრობრივ წარმონაქმნათა სისტემა და სხვ.

რუსი მეცნიერი ი. კონი განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტულ გამოკვლევებშიც კი ასეთ ინდიკატორთა და მის უკან მდგომ მოვლენათა გამიჯვნა ძალზე პირობითია, კულტუროლოგიაში კი - სულაც შეუძლებელი: აქ „მე“ გაიგივებულია ცნებებთან - „პირი“ ან „პიროვნება“ და გულისხმობს მეტნაკლებად ავტონომიურად მოქმედ სუბიექტს. მაგრამ „როგორ რაკურსშიც არ უნდა იყოს იგი წარმოდგენილი, როგორც კვლევის ობიექტი - სოციოლოგიურში, ფსიქოლოგიურში თუ კულტუროლოგიურში, ყოველთვის განიხილება, როგორც სუბიექტი ანუ აქტიური, ცნობიერი, მიზანდასახული, თავისუფალი და ამის გამო, უნიკალური საწყისი“.

Self-კონცეფცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ინდივიდუალური პერცეფციის, ევოლუციის და კომუნიკაციის ცენტრი, არამედ როგორც კულტურულ ნორმებსა და ღირებულებებთან გადაჯაჭვული მოცემულობაც.

ცხადია, რომ ფილოსოფიურ-იდეოლოგიური კონსტრუქციების გაიგივება სოციალურ-ფსიქოლოგიურ რეალიებთან არ შეიძლება, მაგრამ კულტურის ღირებულებითი ორიენტაციები კი ყოველთვისაა დაკავშირებული ექსპრესიულ ქცევასთან.

ნებისმიერ შემთხვევაში დესკრიპტული კატეგორიები განუყრელ კავშირშია აქსიოლოგიურთან და მათი გაგება შეუძლებელია ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გარეშე. იმ ნორმატული კანონების გამოვლენა, რომლებითაც ფიქსირდება სასურველი ან მისაღები ქცევების წესები კულტურაში, აგრეთვე ამ წესებზე აგებული და ლეგიტიმირებული ფსიქოლოგიური თვისებებისა და ქცევების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი კულტუროლოგიური კვლევისთვის (Кон И.С. 1999; 223 - 254).

ადამიანის განხილვა კულტუროლოგიურ ჭრილში მოითხოვს სპეციფიკის გათვალისწინებას, რომელსაც განსაზღვრავს კულტურული კონტექსტი თავისი ისტორიითა და სოციალური თანაცხოვრების ფიქსირებული ნორმატული სისტემით. აღიარებულია, რომ კულტურა თავის სპეციფიურ დაღს ასვამს ინდივიდისა და სოციალური ჯგუფის ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებებს. აქედან გამომდინარეობს ადამიანის კულტუროლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული სიძნელეები.

ანთროპოლოგები აღნიშნავენ (და არა მხოლოდ დღეს), რომ დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროში პიროვნების გაგება ეყრდნობა არსებობის პიროვნული საწყისის განსხვავებულ გაგებას. განმასხვავებელი ასპექტი სპეციფიურია კულტურების მიხედვით. Self - მრავალგვარად შეიძლება იყოს აგებული და წარმოდგენილი. ერთ-ერთი ასეთი ქროსსკულტურული შეხედულება ეყრდნობა დიურკჰაიმის შეხედულებას, რომლის მიხედვითაც Self - საერთოდაც სოციალური ფაქტორების პროდუქტია; მოსი კი პირდაპირ აცხადებს, რომ Self - ძნელად განსაზღვრადი და ცვალებადი სოციალური კატეგორიაა. Self-ის შინაარსი და სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება კულტურების მიხედვით; საზოგადოებრივი Self-იც, რომელიც სხვა ადამიანებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგად ჩნდება, ასევე ცვალებადია კულტურის მიხედვით.

თანამედროვეობის კულტურული პიროვნების ყველაზე ცნობილი მკვლევარები, ამერიკელი Hazel Markus და იაპონელი Shinobu Kitaiama თვალნათლივ, ემპირიული კვლევის მასალებით აჩვენებენ ინდივიდის ფორმირებაში კულტურული კონტექსტის უზარმაზარ როლს. ეს პროცესი მიმდინარეობს კულტურულ კონტექსტში გაზიარებული პიროვნული იმიჯის, პიროვნების გაგების და მოდელის შესაბამისად. ისინი, თავის მხრივ, სოციალური რეალობის შემადგენელი ნაწილებია და ასახულია კონკრეტული კულტურული სამყაროს გამოცდილებაში, სოციალურ სიტუაციებში, ინსტიტუტებში. კონკრეტულ კულტურულ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს კულტურის შესაბამისი ფსიქოლოგიური ტენდენციები უყალიბდებათ.

დაახლოებით 100 წლის განმავლობაში, 1880 წლიდან 1980 წლამდე, 5000-მდე სტატია გამოქვეყნდა Self-ის შესახებ და აღნიშნავდნენ მის შემოსაზღვრულობას, ავტონომიურობას და კონტექსტიდან განცალკევებულობას. ეს იყო დასავლური გაგება.

შუა საუკუნეებში სიტყვას „ინდივიდი“ ინგლისურ ენაში რადიკალურად განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა. იგი გამოიყენებოდა სამების ყოველი წევრის აღსანიშნავად. შემდგომ ეპოქებში იგი განიხილება ავტონომიურ, სოციალური კონტექსტისგან დამოუკიდებელ და ანალიტიკური აზროვნების შესატყვის მოვლენად; ასეთი ინდივიდის მაღალი ღირებულება დეკარტედან მოდის.

დასავლურ სოციალურ მეცნიერებაში ადამიანის შესახებ მოძღვრება ეფუძნება ინდივიდუალიზმის ონტოლოგიას. აქ არსებობს ადამიანის განსხვავებულობისა და უნიკალურობის რწმენა. პიროვნება შემოსაზღვრული, უნიკალური, მეტნაკლებად ინტეგრირებული მოტივაციური და კოგნიტური უნივერსუმია ცნობიერების დინამიური ცენტრით - ემოციებით, შეფასებებით, მოქმედებებით. იგი, როგორც დისკრეტული მთელი, ორგანიზდება და უპირისპირდება სხვებს, როგორც ასევე მთელს, აგრეთვე სოციალურსა და ბუნებრივ კონტექსტს. ცხადია, რეაგირებს სოციალურ გარემოზე, მაგრამ ეს რეაქცია მიმართულია მხოლოდ საკუთარი თავის, Self-ის რეალიზაციაზე, მის უკეთ გახსნასა და გამოვლინებაზე.

ევროპული კულტურული ტრადიცია ადამიანის ავტონომიურ სუბიექტად განხილვით ხაზს უსვამს „Self“-ის ერთიანობას, მთლიანობასა და იგივეობას ყველა მის გამოვლინებაში; ბევრი ადრინდელი ანთროპოლოგის თვალსაზრისით, ინდივიდუალობა სწორედ პიროვნების ცნობიერების (ფსიქიკის) ერთიანობის გამაპირობებელი შინაგანი ატრიბუტების სისტემის განცდაა. „Self“-ის მრავლობითობა და დანაწევრებულობა აღიქმება ავადმყოფურად და არანორმალურად. ევროამერიკული მოდელის მიხედვით, პიროვნება სოციალური მოთხოვნებისა და მოლოდინების შესატყვისი ინდივიდუალური ტენდენციების ნაზავია: პიროვნება სოციალური ცოდნაა, რომელსაც ადამიანები იძენენ პირადი ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტის პროცესებში. ამ გაგებით, იგი ადაპტიურია, რადგან ორიენტირებულია სოციალურ ცხოვრებაში პრობლემების გადაჭრაზე (Hazel Markus; Shinobu Kitaiama, 1998).

Markus-ისა და Kitaiama-ს აზრით, ყველა მიდგომა, პიროვნების როგორ განსაზღვრებასაც არ უნდა იძლეოდეს, შეიძლება გადმოვცეთ შემდეგი იდეების სახით:

1. ადამიანი ავტონომიური არსებაა და განისაზღვრება გარკვეული თვისებებით, პროცესების ერთიანობით;

2. შინაგანი თვისებებისა და პროცესების კონფიგურაცია განსაზღვრავს და განაპირობებს ქცევას. ეს ნიშნავს, რომ ქცევის წყარო თვით ინდივიდშია, ამიტომ მისი გაგება ქცევაზე დაკვირვებით შეიძლება;

3. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან შინაგანი თვისებების კონფიგურაციით, შესაბამისად, ინდივიდუალური ქცევაც განსხვავდება. ეს განსხვავებულობა კარგია;

4. ადამიანის ქცევა პრინციპულად უცვლელია სიტუაციის მიხედვით და სტაბილურია დროში, რადგან სწორედ ქცევაში ავლენს იგი თავის თავს. ეს უცვლელობა და სტაბილურობა კარგია;

5. პიროვნების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი საშუალებით ხდება შესაძლებელი ქცევის წინასწარმეტყველება და კონტროლი.

ინდივიდუალისტური მსოფლმხედველობით, ინდივიდი პირველადი ფაქტია, საზოგადოება და შესაბამისად, მისი მიმართება ჯგუფთან - მეორადი. დასავლური გაგებით, ჭეშმარიტ პიროვნებაში მისი ატრიბუტები ინტეგრირებული მთელის სახით წარმოგვიდგება ერთ სისტემაში. მას აქვს მკაფიო საზღვრები, სტაბილურია დროში და შეუძლია წინაღუდგეს სხვების ზეგავლენას - სხვები ქმნიან სიტუაციურ კონტექსტს, ან უბრალოდ მისი ნაწილია, შეიძლება არც იქონიონ დიდი გავლენა პიროვნებაზე. სიტუაციურად ცვალებადი ქცევა, ამ თვალსაზრისით, უაზროდ და პათოლოგიურადაც კი აღიქმება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მოქნილად ან პასუხისმგებლობის გამოვლინებად.

თეორეტიკოსთა აზრით, ინდივიდის ღირებულება და მასზე ფოკუსირებულობა მოდის განმანათლებლობის ეპოქიდან, რომელმაც წინ წამოსწია კანტისეული ინდივიდის ცნება და თავისუფალი ნების მნიშვნელობა; ინდივიდუალიზმიც ასევე კარტეზიანული მსოფლმხედველობისა და ანალიტიკური აზროვნების პირმშოდ მიიჩნევა, რომელიც მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისგან Self-სა და სხვებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის გამოკვლევათა მონაცემები კი ადასტურებს პიროვნების ამგვარი კონცეფციის უკმარობას. უამრავმა მეცნიერმა აღწერა ტრადიციული დასავლური მიდგომისგან ხშირად რადიკალურად განსხვავებული კონცეფცია. ესაა ე.წ. დამოკიდებული Self-ის კონცეფცია, რომელიც უფრო ჰოლისტურ, ვიდრე ანალიტიკურ აზროვნებასთანაა დაკავშირებული.

ი. კონი აღნიშნავს გაუგებრობას, რომელსაც გამოხატავენ კითხვით: იაპონელებს პიროვნული საწყისი აქვთ ნაკლებად გამოხატული თუ ობიექტური ტერმინებით „მე“-ს გამოხატვის სურვილი არა აქვთო.

ანთროპოლოგებმა დოკუმენტურად დაადასტურეს, რომ საკუთარი თავის ამგვარი გაგება დღევანდელ ეტაპზე აღმოსავლურ კულტურებს უფრო ახასიათებთ, იგი გამოდის ამ კულტურათა ყველაზე დიდი ღირებულებისგან - ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებისგან; ასეთი გაგება სრულიად საპირისპიროა დასავლური ინდივიდუალიზმის სულისკვეთებისა, რომლის მიხედვით Self დადებითი ღირებულებაა, ხოლო ემპირიული „მე“-ს ელიმინირების აღმოსავლური განწყობა (მაგალითად ბუდისტური „თვითობისგან განთავისუფლება“) - სრულიად ანტიპერსონალური.

Self-ის არადასავლური გაგება ეყრდნობა მონისტურ ფილოსოფიურ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოიაზრება დანარჩენი ბუნების მსგავსი სუბსტანციისგან წარმოქმნილად. ურთიერთობა Self-სა და სხვებს, სუბიექტსა და ობიექტს შორის ძალზე მჭიდროა. ასეთი მსოფლმხედველობისთვის ნორმატული იმპერატივი ინდივიდებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შენარჩუნებაა. ამგვარი გამოცდილება განიხილება სოციალური ურთიერთობის ნაწილად, როცა ინდივიდი აღიარებს და ღებულობს იმ ფაქტს, რომ მის ქცევაზე სხვები განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ. პერსონა, ამ გაგებით, არის „ცვალებადი, მოქნილი, სხვებზე მიჯაჭვული არსება; პიროვნება არ არის დამოუკიდებელი და ავტონომიური, მეტიც, ადამიანები ფუნდამენტურად არიან ერთმანეთზე დამოკიდებული“. Self-ი არც არის და არც შეიძლება იყოს გამოყოფილი სხვებისგან და სოციალური გარემოსგან.

ეს გაგება შეიძლება გადმოიცეს შემდეგი იდეებით:

1. ადამიანი ურთიერთდამოკიდებული არსებაა და სოციალურ ურთიერთობა-მიმართებათა ნაწილი;

2. ქცევა შედეგია და პიროვნების პასუხი მასთან ურთიერთქმედებაში მყოფ სხვებზე; ქცევის წყარო ურთიერთობებშია და ამიტომ მისი გაგება მხოლოდ სოციალურ ურთიერთობებში შეიძლება;

3. სოციალური კონტექსტი ცვალებადია; ინდივიდუალური ქცევაც ცვალებადია სიტუაციების მიხედვით. სოციალური კონტექსტისადმი ასეთი მგრძნობელობა და, შესაბამისად, ცვალებადობაც კარგია;

4. პიროვნების შესწავლა კარგია, რადგან სწორედ მისი საშუალებით ხდება შესაძლებელი ქცევის მიმართებითი და ინტერპერსონალური ბუნების გაგება.

პიროვნების კონცეფციებს შორის ასეთი განსხვავება, ცხადია, სოციალურ და კულტურულ პირობათა მთელ კომპლექსთანაა დაკავშირებული.

ძენ-ბუდიზმი სხვა აღმოსავლური რელიგიების მსგავსად, ადამიანის პრობლემის ფორმულირებას ახდენდა არა ობიექტურ-ანალიტიკურ („რა არის ადამიანი“), არამედ სუბიექტურ-ინტუიტურ („ვინ ვარ მე“) პლანში. ამ თვალთახედვით, ობიექტურ თვითდაკვირვებას არავითარი ღირებულება არა აქვს, ემპირიული ეგზისტენციალური „მე“ კი ცდილობს გაითქვიფოს განუსაზღვრელ და განუპირობებულ აბსოლუტურ „მე“-ში. ამ ალტერნატიულ მოდელში უმნშვნელოვანესია ის, რომ სხვებს კი არ გამოეყო, არამედ მოერგო; შეასრულო მოვალეობები და იქცე ინტერპერსონალურ ურთიერთობათა ნაწილად; პრინციპულად არ არის ღირებული ადამიანის სიმყარე ან განსხვავებულობა იმ ფონზე, სადაც მყარია სოციალური ორგანიზაცია - ქცევის წინასწარმეტყველება ურთიერთქმედების მიზანი სულაც არაა. აღმოსავლურ მოძღვრებათა ძირითადი მიზანია ადამიანის კულტივაცია სოციალურ ადამიანად. თავის დასამკვიდრებლად ადამიანი ჯგუფის - ოჯახის, ერთობის ნაწილი უნდა იყოს. ადამიანები ერთმანეთს განიხილავენ სოციალურ როლთან მიმართებაში (მამად, ბიძად, მეზობლად და ა.შ.). პიროვნება აქ თავისთავადი ღირებულების მქონედ კი არ განიხილება, არამედ კერძო მოვალეობათა და პასუხისმგებლობის „ნასკვად“ და უმჭიდროეს კავშირშია ინდივიდის ოჯახზე და ჯგუფზე მიკუთვნებულობასთან. შესაბამისად ყალიბდებოდა ადამიანის თვითცნობიერებაც: ტრადიციულ საზოგადოებებში “მე” ხატი ერწყმოდა მოსალოდნელი როლური ქცევის გარკვეულ კონცეფციას, რომელიც ინდივიდის ცნობიერებაში იდეალიზებული იყო, როგორც ინტერიორიზებული ნორმებისა და დადგენილებების სისტემა. ამიტომაც „მე“ იდეალი კონცეპტუალიზებულ იქნა, როგორც იდეალიზებული როლური ქცევის განსაკუთრებული ფორმა (კონი წერს: ადამიანი თავს მაინცადამაინც მშვიდად ვერ იგრძნობდა, თავისი „მე“ თავისივე როლისგან გამოყოფილად რომ წარმოედგინაო). ჯგუფის გავლენის ქვეშ ყოფნა აქ დადებითი მოვლენაა და პიროვნულობის კრახად არ განიცდება, პირიქით - ზეგავლენის ქვეშ ყოფნა თვითკონტროლის, მოქნილობისა და სიმწიფის ნიშანია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურულ-ისტორიული შინაარსის თვალსაზრისით მეცნიერები ყოველთვის უსვამდნენ ხაზს იმას, რომ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოცენებული ადამიანის კონცეფციები შინაგან ნათესაობასაც ამჟღავნებენ. ა. კონრადი, მაგალითად, აღნიშნავს, რომ ჰუმანიზმი სინამდვილეა როგორც ციცერონისთვის, ისე კონფუციანელობისთვისაც, მხოლოდ შინაარსია განსხვავებული. შუასაუკუნეებში, აღორძინების ეპოქაში, ჩინეთშიც და იტალიაშიც უარყოფდნენ ყველაფერს, რაც ხელს უშლიდა ადამიანის სულიერ თავისუფლებას. თავისუფლებას ძირითადად ეწინააღმდეგებოდა დოგმატიზმი, როგორც ჭეშმარიტებისადმი დამოკიდებულების პრინციპი და სქოლასტიკა - როგორც ჭეშმარიტების შემეცნების მეთოდი. ჩვეულებრივ, უარყოფითი დამოკიდებულება კონკრეტულად იმაზე მიიმართებოდა, რაც კონკრეტულ საზოგადოებაში ამ ორ მოვლენას უქმნიდა საყრდენს და უმაგრებდა გვერდს ძალაუფლების (სახელმწიფო თუ სასულიერო) მეშვეობით: ჩინეთში - კონფუციანობა ანუ ფილოსოფია, იტალიაში კი - კათოლიციზმი ანუ რელიგია. მაგრამ უარყოფის ობიექტი არავითარ შემთხვევაში არ იყო არც თვითონ ფილოსოფია და არც თვითონ რელიგია, არამედ მხოლოდ მათი პრეტენზიები იმაზე, რომ რომლიმე მათგანი ჭეშმარიტების ერთადერთი წყაროა (Конрад А; 1972).

Markus da Kitaiama ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „პიროვნების ეს ორი მოდელი არ არის შიშველი რეალობის უბრალოდ შემომსაზღვრავი ჩარჩოები; ისინი იმავდროულად სტრუქტურაში აქცევს მთელ პიროვნულ გამოცდილებას“ (Hazel Markus; Shinobu Kitaiama, 1998), ამერიკელი მკვლევარები - პერვინი და ჯონსი კი აღნიშნავენ, რომ სწორედ ეს კონცეპტუალური განსხვავება პიროვნების 2 მოდელში ქმნის კვლევაში აუცილებელი გაზომვის სირთულეებსაც (Первин Л. Джон О. 2000 გვ. 248)

6.2 § 2 პიროვნების კულტურული მოდელები და ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი

▲ზევით დაბრუნება


ტერმინებით - დამოუკიდებელი და დამოკიდებული Self - Hazel Markus-მა და Shinobu Kitaiama-მ ერთმანეთისგან განასხვავეს ინდივიდები, ვინც თავის თავს დამოუკიდებელ აგენტად მიიჩნევს იმათგან, ვინც თავის თავს სხვებთან მიჯაჭვულობაში განიხილავს. მათი დასკვნით, ამ განსხვავებას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს სოციალურ კოგნიციაში.

H.Markus და Kitaiama აღნიშნავენ, რომ Self-ის ინდივიდუალისტური მოდელი, ერთი შეხედვით, „ბუნებრივი და ცხადი“, გამოსადეგი ტრადიციული დასავლური მიდგომებისთვის და პიროვნების მოდელების საფუძველი, სრულიადაც არ არის პიროვნების ერთადერთი მოდელი და ერთადერთი პასუხი კითხვაზე: „რა არის პიროვნება“; შესაბამისად, პიროვნების ურთიერთდამოკიდებული მოდელი ვერ თავსდება ინდივიდუალიზმის მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში.

ეს მოდელი, დასავლურისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, ამტკიცებს, რომ ადამიანი ავტონომიური კი არა, ფუნდამენტურად მიჯაჭვულია სხვა ადამიანებზე, ხოლო თავისთავადობა (Self-) - არ არის და არც შეიძლება იყოს გამოყოფილი „სხვებისგან“ და სოციალური გარემოსგან.

ცნობილი თანამედროვე ფილიპინელი მკვლევარი David Ho  ტერმინს - „მიჯაჭვულობის ორიენტაცია“ - იყენებს სოციალური ქცევის მოდელების სპეციფიკურობის აღსაწერად კოლექტივისტურ კულტურებში.

ინდივიდთა შორის მიჯაჭვულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ისტორიულად, ადამიანური ბუნების ფორმირებისთვის, არამედ თანამედროვეობაშიც.

ტრადიციულ კულტურებში ინდივიდის მიჯაჭვულობა და მიკუთვნებულობა გარკვეულ სოციალურ ჯგუფზე გადამწყვეტია პიროვნების ფუნქციონირებაში. ტრადიციული იაპონური მსოფლმხედველობა, მაგალითად, პიროვნებას აღიქვამს, როგორც მრავლობითობას, რამდენიმე ავტონომიური „მოვალეობათა წრის“ ერთიანობად: „ჩუ“ - იმპერატორის მიმართ მოვალეობა; „კო“ - მშობლების მიმართ; „გირი“ - იმ ადამიანთა მიმართ, რომლებმაც მისთვის რაღაც გააკეთეს; „ჟინ“- ადამიანებისა და ერთგულების მიმართ მოვალეობა; „ნინჟიო“ - საკუთარი თავის მიმართ მოვალეობები. ევროპელები პიროვნებას აფასებენ მთლიანობაში და მის საქციელს სხვადასხვა სიტუაციაში ერთი და იგივე არსის გამოვლინებად მიიჩნევენ, იაპონიაში კი ადამიანის შეფასება უცილობლად გულისხმობს შესაფასებელ „ქცევათა წრესთან“ შეთანადებას. Markus და Kitaiama ორმხრივი ურთიერთდამოკიდებულების არსებობას მიჯაჭვულობის ორიენტაციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მახასიათებლად მიიჩნევენ; მათი აზრით, იგი მოითხოვს მუდმივ ჩართულობას, რასაც მიდი „სხვისი როლის აღებას“ უწოდებდა. იგი გულისხმობს იმის ფიქრის უნარს, რასაც სხვები ფიქრობენ, იმის გრძნობის სურვილს, რასაც სხვები გრძნობენ, ამ ინფორმაციის უთქმელად ათვისებას და სხვათა დახმარებას მათი სურვილების დაკმაყოფილებისა და რეალიზაციისათვის. კავშირების შენარჩუნება მოითხოვს „მე“ პერსპექტივის შეკავებასა და გადამუშავებას „სხვისი პერსპექტივიდან“; მისი მოთხოვნაა „სხვების“ აზრების წაკითხვა და იმის ცოდნა, რასაც სხვები ფიქრობენ და განიცდიან, თუ ადამიანს სურს, რომ იზრუნონ მასზე და ესმოდეთ მისი, პიროვნების დამოუკიდებელი მოდელის საპირისპიროდ, როცა ინდივიდი „იმას ამბობს, რასაც ფიქრობს“ (Hazel Markus; Shinobu Kitaiama. 1991).

Ho აღნიშნავს, რომ უკვე გამოკვლეულია ბევრი კონსტრუქცია, რომელიც აღწერს ადამიანთა ურთიერთმიჯაჭვულობას: იაპონური კონსტრუქცია „ამაე“, რომელიც გარდაუვალი ზმნიდან - „ამაერუ“ ნაწარმოები არსებითი სახელია და ნიშნავს „სხვაზე დამოკიდებული და მისი კეთილისმყოფლობის იმედად ყოფნას“. ასევე გამოკვლეულია კორეული კონსტრუქციები - „ცოორი“ (ჯგუფი, რომელსაც ვეკუთვნი), „ჩვენ“ და „ცჰეონგ“ (ადამიანური მიჯაჭვულობა) - ჯგუფში ურთიერთობის მოდელის ელემენტი, სადაც „ცჰეონგ“ ემოციურ წებოსავით მოქმედებს და წევრებს ერთიანობაში კრავს; კარგად ცნობილი ჩინური კონსტრუქცია „სახე“ განისაზღვრება, როგორც „საპასუხო თანხმობა, პატივისცემა, რომელსაც ორივე მხარე კიდეც გასცემს და კიდეც მოელის ურთიერთისგან“; სულ სხვაა წინასწარგანსაზღვრულობასა და ფატალურობაზე დამყარებული „კუან“ - ნათესაობა, იმთავითვე განსაზღვრული ურთიერთობა ან მიზეზი ასეთი ურთიერთობისა - ეს ტერმინი ხსნის კულტურულად წინასწარ გაპირობებულ (ნათესაობას, მტრობას) ინტერპერსონალურ ურთიერთობებს; ფილიპინური პიროვნების საყრდენსა და ძირითად ღირებულებას წარმოადგენს „კაპვა“ (ადამიანური თანაარსება), რომელიც არც ადამიანის თავისთავადობის ოპოზიციაა და არც ამ თავისთავადობის დამოუკიდებელ ერთეულად მაღიარებელი; „კაპვა“ არის სელფ-ისა და სხვების ერთობა და გულისხმობს იდენტურობის თანაზიარობას; აქედან წარმოდგება თანაარსებადი ადამიანის განცდა, რომელიც თან გასდევს ფილიპინების სოციალურ ურთიერთქმედებას (A.Timothy Charch. 1987). ადამიანის თავისთავადობის მსგავსი გაგების ნაირგვარი ვარიანტებია სხვა აზიურ კულტურებშიც. კონფუციანიზმში, დაოიზმში, ბუდიზმსა და ინდუიზმში არსებული თვითობის და იდენტურობის კონცეფციები, დასავლურისგან განსხვავებით, მკაფიოდ არ გამოყოფენ Self-სხვებს ან ინდივიდუალურ იდენტურობას.

ამგვარი კონსტრუქციების არსებობა ავლენს პიროვნების მიჯაჭვულობით, ურთიერთდამოკიდებულებით მოდელს მსგავსი კონსტრუქციებისა და კონცეპტების გამოვლენა და შესწავლა სხვადასხვა კულტურაში ძალზე მნიშვნელოვანია მეთოდოლოგიურადაც, რადგან ქმნის ეთნომეთოდოლოგიურად ვალიდური კონსტრუქციებისა და მეთოდების ჩამოყალიბების შესაძლებლობას.

დღეს მეცნიერები იმ პოზიციას იზიარებენ, რომ არაინდივიდუალისტური კონსტრუქტების ცოდნა მეცნიერებას გაათავისუფლებს ინდივიდუალიზმზე დაფუძნებულ დასავლურ კონსტრუქციებზე დაყრდნობისგან.

ემპირიული კვლევებით გამოვლენილი და დასაბუთებულია პიროვნების 2 მოდელის არსებობა, რომლებიც გაბატონებულია ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური ორიენტაციის მქონე კულტურებში. ხაზი გაესმის დასავლური პიროვნული მოდელის უკმარისობას პიროვნების შესწავლაში,

ამგვარი მოდელის ფარგლებში Self-ის განცდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და სრულყოფილია სოციალურ ურთიერთობებში მონაწილეობით. იაპონელიო - მიუთითებენ მკვლევარები, მხოლოდ სხვებთან კონტექსტში ხდება სრულყოფილი ადამიანი. ასეთი თვალსაზრისი Selfa-ზე მას ახასიათებს, როგორც სოციალური კონტექსტის მსგავსს. ადამიანის ქცევის მოტივირებაში საფუძველია სხვებთან მორგება, მათთან ურთიერთობის ნაწილად ქცევა. ადამიანისთვის ურთიერთობის მიზნის მიღწევა დამოკიდებულია კონტექსტის ბუნებაზე და, ნაწილობრივ მაინც, ამ კონტექსტში სხვების ყოფნაზე, ამიტომ ინტერნალური თვისებებიც გაიგება, როგორც სიტუაციურად გაპირობებული და სიტუაციურად სპეციფიური.

დამოკიდებული Self-ის იდენტური ტერმინებია „სოციოცენტრიკი“, „ჰოლისტი“, „კოლექტივისტი“, „ელოცენტრიკი“, „კონტექსტური“, „ურთიერთობითი“ და სხვ.

Self-ის თაობაზე ამგვარი თვალსაზრისი საერთო აღმოჩნდა სრულიად განსხვავებული კულტურებისთვის როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში; ამ კონსტრუქტის თავისებურებები აღწერილია არა მარტო აღმოსავლეთის ქვეყნებში, არამედ ევროპაშიც (ესპანეთი, ალბანეთი), სამხრეთ ამერიკაშიც (მექსიკა, ინდიელები), აფრიკაშიც და ა.შ. მექსიკაში Self-ის ემპირიული კვლევით გამოვლენილია მეთოდოლოგიურად მნიშვნელოვანი შედეგი: სოციალური და ემოციური მახასიათებლების დიდი წონა, რომლებიც ურთიერთობებთანაა დაკავშირებული.

მკვლევარები გამუდმებით უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ დასავლური პიროვნულობის მოდელის თვალსაზრისით ურთიერთდამოკიდებული Self-ი არ გაიგება. ამ პოზიციას იზიარებს თანამედროვე მკვლევართა დიდი უმრავლესობა, რომლებიც თვითონ უშუალოდ შეხებიან არადასავლურ კულტურებში პიროვნების შესწავლის პრობლემებს. მაგალითად, A. T. Church და W. J. Lonner აღნიშნავენ, მართებული არ არის ფილიპინელებს დასავლური ავტონომიურობის გაგების პოზიციიდან შეხედო და სხვებზე მიჯაჭვულად, დამოკიდებულად აღიქვა - უმჯობესია ეს მიჯაჭვულობა გაგებულ იქნას, როგორც სიმჭიდროვე, კორპორაციულობა, პატივისცემა და მოვალეობა, რადგან ფილიპინური კულტურა ის კულტურაა, სადაც დამოუკიდებლობასა და Self-ის თვითკმარობაზე უფრო მეტად ოჯახი და ურთიერთობები ფასობსო (A. T. Church, W. J. Lonner. 1998).

ბუნებრივია, რომ ემპირიული სურათის შექმნისას სირთულეებიც იქმნება და განსხვავებებიც ვლინდება.

თანამედროვე კვლევები თვით კოლექტივისტურ ორიენტაციებში განსხვავებული შინაარსობრივი მახასიათებლების არსებობასაც ავლენენ. მაგალითად, მექსიკაში გამოვლინდა, რომ აქ არსებობს სპეციფიური ურთიერთობრივი და ემოციური განმასხვავებლები; მექსიკელმა მკვლევარმა - Dias-Loving -მა მათ შესაბამისად უწოდა აფილაციური სოციაბილურობა(ზრდილობა, თავაზიანობა) და ექსპრესიული სოციაბელურობა (მეგობრულობა, კომუნიკაბელურობა); სპეციფიურობა გამოვლინდა იმაშიც, რომ ეს მდგომარეობები ამ კულტურის წარმომადგენელთათვის განიცდება დიფერენცირებულად: თვით კონკრეტულ მდგომარეობებად (მაგალითად, ბედნიერი, მხიარული), ინდივიდთა შორის გრძნობებად (მოყვარული, ფაქიზი) და ემოციურ სიჯანსაღედ (მშვიდი).

კულტურაში პიროვნების (თუ პიროვნებაში კულტურის) ყველა მკვლევარი ერთხმად აღნიშნავს საკვლევ და გამზომ ინსტრუმენტთა უკმარისობას „კულტურული“ პიროვნების შესწავლისას; განსაკუთრებულად აღინიშნება ის ფაქტი, რომ პიროვნების შესახებ დასავლური სულისკვეთებით გამსჭვალულ შრომებში აღწერილი საზომები, გამოყენებული ძირითადად პიროვნული თვისებების შეფასებასა და მათ ფაქტორულ ანალიზთან მიმართებაში, დასავლური პიროვნების შემთხვევაში უფროა გამოსადეგი, ვიდრე „არადასავლეთელისთვის“.

6.3 § 3. „ვის უკეთ იცნობ?“ ანუ ვის ადარებს ადამიანი თავის თავს

▲ზევით დაბრუნება


ეს ამბავი დაიწყო 1977 წელს ამერიკელი მეცნიერის - ე. ტვერსკის აღმოჩენით, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: მან გამოავლინა ადამიანის მიერ რაიმეს შეფასებისას უცნაური ტენდენცია, კერძოდ, ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების აზრით, თურმე მადრიდი უფრო ჰგავს ნიუ-იორკს, ვიდრე ნიუ-იორკი მადრიდს; ტურა უფრო გაგონებს ძაღლს, ვიდრე პირიქით და ა. შ. ეს მოვლენა ცნობილია საგანთა მსგავსების შეფასების ასიმეტრიულობის ფენომენის სახელით. მას ხსნიან იმით, რომ ადამიანს უფრო დიდი, მნიშვნელოვანი და ასოციაციებით დატვირთული საგნების ეტალონად გულისხმობის ტენდენცია აქვს; სწორედ ამის გამო დაასკვნიან, რომ ნაკლებად მნიშვნელოვან და თვალშისაცემ ობიექტს მასთან მეტი მსგავსება აქვს. ეს აღმოჩენა საფუძვლად დაედო შემდგომში კვლევებს, რომელიც მთლიანობაში შეიძლება იწოდოს პრობლემად - „ვის უკეთ იცნობ?“.

ამ სულისკვეთებით გამსჭვალული კვლევები ავლენს ამერიკელთა აღქმაში იმის ფიქრის ტენდენციას, რომ სხვები უფრო მათ ჰგავთ, ვიდრე თვითონ ისინი - სხვებს. დასავლეთში ჩატარებულ კვლევათა მონაცემებით, ადამიანი სხვას, როგორც წესი, თავისთავს უდარებს - თავისი თავი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია და იმიტომ.

ამგვარად, შედარებით უმნიშვნელო, კოგნიტურად ღარიბი „მე“ უფრო მნიშვნელოვანი „მე“-ს მსგავსად განიცდება (Росс, Р. Нисбет. 2000; გვ. 300).

Hazel Markus-ma da Shinobu Kitaiama-m 1991 წელს ამ პრინციპზე დაყრდნობით ჩაატარეს კვლევა სხვადასხვა კულტურული ტიპის სპეციფიკის გამოსავლენად. მათი ჰიპოთეზები ეყრდნობოდა შემდეგ არგუმენტაციას: რამდენადაც დამოკიდებული შელფ-თვის „სხვები“ უმნიშვნელოვანესი ელემენტია, სოციალური გარემოცვის გასაგებად და ცოდნისთვის აუცილებელი ხდება ინტერაქციის პროცესში სხვების გაგება. აქ ერთნაირად მნიშვნელოვანია ურთიერთობის მონაწილე „სხვებისა“ და იმ სოციალური სიტუაციების შესახებ ცოდნა, სადაც ამგვარი ურთიერთობები ხორციელდება.

ამ ლოგიკიდან გამომდინარე ჩატარდა კვლევა შელფ-სა და სხვას შორის მსგავსების შესახებ. აღმოჩნდა, რომ ტიპური ამერიკელის მონაცემებით, Self- უფრო მეტად განსხვავდება „სხვა“-სგან, ვიდრე „სხვა“ - Self-ისგან; კერძოდ, შელფ-ის წარმოდგენა მეხსიერებაში უკეთაა დამუშავებული და დიფერენცირებული, ვიდრე „სხვა“. როცა ადამიანებს ეკითხებიან Self-ისა და „სხვა“-ს განსხვავებულობაზე, მათ უფრო ნაკლებად ამსგავსებენ, ვიდრე მაშინ, როცა მსგავსებაზე ეკითხებიან. აღმოსავლური და დასავლური ქვეყნების სტუდენტთა მონაცემების შედარებით გამოვლინდა, რომ დასავლეთელებისთვის Self - ძლიერ განსხვავებულად აღიქმება „სხვა“-სგან და პირიქით. იგივე დასტურდება სხვა კვლევებითაც, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დასავლურ კულტურაში საკუთარ თავზე ცოდნა უფრო დიფერენცირებულია და უკეთაა დამუშავებული, ხოლო აღმოსავლურ კულტურებში - ცოდნა სხვაზე. ქროსსკულტურული განსხვავებების უფრო დაწვრილებით შესწავლა ადასტურებს, რომ დამოკიდებული Self - უფრო ავლენს სხვების წვდომის უნარს (იხ. ტრიბუციის ფუნდამენტური შეცდომის შესახებ).

ამგვარად, დამოკიდებული Self-ის მქონენი თავის თავს სხვას ადარებენ და ეს მათი კულტურული თავისებურებაა - ისინი სხვას უფრო მნიშვნელოვნად და ყურადღების ღირსად მიიჩნევენ, ვიდრე საკუთარ თავს.

6.4 § 4. „ავტოპორტრეტი“- კოლექტივისტი და ინდივიდუალისტი

▲ზევით დაბრუნება


ინდივიდუალისტი: „ჩვეულებრივ, ადვილად მიმყოლი და თავისუფალი სულისა ვარ. მჯერა, რომ ძალზე ოპტიმისტი ვარ - ცოტა რამ თუ გამტეხს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ ვშფოთავ; თუ რამეს ხელი მოვკიდე, ვცდილობ, ძალზე კარგად ვაკეთო - ბოლომდე თუ არ დავიხარჯე, ე.ი. ღირებული არაფერი გამიკეთებია; ზოგჯერ იმედგაცრუებული ვრჩები, მაგრამ ბოლოს მაინც იმედიანად ვარ.“

„მომწონს დადებითი ენერგიით დატვირთული ცხოვრება - უამრავი რამაა სანახავი და შესაგრძნობი. მიყვარს გაურკვევლობა, მომწონს უნიკალურობა და განუმეორებლობა; მეგობრულიც ვარ და ზოგ სიტუაციაში - ძალზე თავდაჯერებულიც“.

დამოუკიდებელი Self განისაზღვრება როგორც მტკიცე, შეკრული, თავისთავადი და სოციალური კონტექსტიდან გამოყოფილი;

დამოუკიდებელი Self-ის კონსტრუქტის შემადგენელია:

1. სიმარჯვე, უნარიანობა, საკუთარი აზრები და გრძნობები;
2. უნიკალურობა და საკუთარი თავის გამოვლენადობა;
3. შინაგანი შესაძლებლობების რეალიზაცია და ამაღლება, პირადი წარმატებებით გამორჩევა;
4. კომუნიკაციაში პირდაპირობა.

სხვებთან მიმართებაში ინდივიდუალისტები მეტ უპირატესობას ანიჭებენ თავის იდეებს, გრძნობებს, ქცევას, წარმატებებს, ვიდრე სხვების აზრს მათ შესახებ. ამდენად, სხვებთან ურთიერთობაში უფრო მეტად ითვალისწინებენ პირად შესაძლებლობებსა და ატრიბუტებს და ნაკლებად - რელატიურ და კონტექსტურ ფაქტორებს.

კოლექტივისტი: „ყველაფერს ვაკეთებ შეძლებისდაგვარად, მაგრამ ამით სხვებს არ ვაწუხებ. ზოგჯერ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვღებულობ, მაგრამ როცა საქმე ჩემს ახლობლებს (ჯგუფს) ან ძალზე მნიშვნელოვან საკითხს ეხება, საბოლოო გადაწყვეტილებას ყოველთვის ვინმესთან მოთათბირების შემდეგ ვღებულობ“.

„მე უკონფლიქტო და სანდომიანი ვარ ადამიანებთან ურთიერთობებში; ჩემს ინტერესებს კი გამოვხატავ, მაგრამ კონფლიქტებს ყოველთვის ვერიდები; ისე ვიქცევი, რომ ადამიანმა ჩემს გვერდით თავი მშვიდად იგრძნოს“.

„სწრაფად ვერ ვწყვეტ, რა გავაკეთო; ხშირად სხვების გავლენის ქვეშ ვექცევი; ვერ ვეწინააღმდეგები ასაკით და სტატუსით ჩემზე უფროს და პატივსაცემ ადამიანებს; ჩემს ირგვლივმყოფებთან მაშინაც კი ვთმობ (კომპრომისზე მივდივარ), როცა ეს ჩემთვის უსიამოა; თუ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს, სხვების აზრს ვეყრდნობი; სხვების აზრი ჩემს შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია და ვითვალისწინებ კიდეც საქციელში. მინდა უშფოთველად ვიცხოვრო. ვმშვიდდები, როცა ისეთი ვარ, როგორც ყველა“.

დამოკიდებული Self მოქნილი, ცვალებადია და გულისხმობს:

1. გარე, საზოგადოებრივ თვისებებსა და მახასიათებლებს: სტატუსს, როლს, ურთიერთობებს;
2. მიკუთვნებულობის განცდას;
3. თავისი ადგილის ცოდნას და მისაღები, სავალდებულო ქცევების პრიორიტეტს;
4. არაპირდაპირობას, ირიბულობას ურთიერთობებში, ორიენტაციას სხვების აზრების გაგებაზე და მათი „წაკითხვის“ უნარს.

როცა საკუთარ თავზე ფიქრობენ, იკვეთება რომ „მე“ და „სხვა“ ერთმანეთშია გადახლართული - Self-იც და „სხვა“-ც არამც თუ გამოცალკევებული, გაპირობებულიც კია სიტუაციით (კონტექსტით), ამდენად, „კონტექსტს ყალიბის ფუნქცია აქვს“. დამოკიდებული Self-ის მთავარ მისწრაფებად და შესაბამისად, წარმატება-მიღწევად მიიჩნევა ჰარმონიული ინტერპერსონალური ურთიერთობების შექმნა-წარმართვის და მრავალგვარ სიტუაციათა რეგულირების უნარი. ყურადღებიანობა, მზრუნველობა, სხვათა ფიქრისა და გრძნობის გამზიარებლობა ნიშნავს სხვისი აზრების წაკითხვის უნარს; ამგვარად, დამოკიდებული Self - სხვა ადამიანზე, სხვებთან ურთიერთობებზეა ორიენტირებული; ქცევას კონტექსტური ფაქტორები არეგულირებს (Hazel Markus; Shinobu Kitaiama. 1998 )

1990 წ. Cousins-ის კვლევაში გამოყენებული ტესტის - „ვინ ვარ მე“- მონაცემების მიხედვით, იაპონელებმა 4-ჯერ ნაკლები აბსტრაქტული ფსიქოლოგიური თვისება ჩამოთვალეს (მაგალითად, „მე ოპტიმისტი ვარ“), და 3-ჯერ მეტი სოციალური როლი და კონტექსტის ვარიანტი (მაგალითად, „დრამწრის წევრი ვარ“), ვიდრე ამერიკელებმა; როცა კონკრეტული კონტექსტები მიაწოდეს, მაშინ იაპონელები მეტად მოიმართნენ საკუთარი თავის პიროვნული ატრიბუტებით აღწერაზე - „სახლში ზოგჯერ ზარმაცი ვარ“ ან „სკოლაში შრომისმოყვარე ვარ“.

Cousins-ის მტკიცებით, ეს პატერნი მაშინ იძენს აზრს, როცა იაპონური კულტურის კონტექსტში განიხილავ - იაპონელთა ქცევა ხომ სოციალური კონტექსტითაა გაპირობებული; ამერიკელები კი პირიქით - თავის თავს ვინმესთან ურთიერთობებისა და რაიმე სპეციფიური კონტექსტისგან სრულიად დამოუკიდებელი თვისებების მატარებლად ხედავენო.

იმის მიუხედავად, რომ ადამიანები ყველა კულტურაში ახერხებენ თავიანთი თავის აღწერა-შეფასებას რაღაც თვისებებით, Hazel Markus-sa da Shinobu Kitaiama- აზრით, სხვადასხვაგვარ პიროვნულ თვისებათა რეფლექსია და მათი ფიქსაცია ინდივიდუალისტური კულტურებისთვის უფრო „ბუნებრივია“, რადგან ამერიკელები, როგორც სჩანსო - ამბობენ ისინი - „კულტურულად უფრო რუტინულად ჩართულნი არიან თვითდაკვირვებისა და თვითგამორკვევის პროცესში“ და თვითდახასიათებისას უფრო აქტიურად იყენებენ ფსიქოლოგიური მახასიათებლების აღმწერ ტერმინოლოგიას, ვიდრე აზიელი რესპონდენტები (H.Markus da S.Kitaiama.1998).

აღმოჩნდა, რომ განსხვავებულად აღწერენ თავის თავს არა მარტო დასავლურ-აღმოსავლური კულტურის წარმომადგენლები, არამედ ერთი და იგივე ეროვნების ხალხიც კი, თუ ისინი განსხვავებულ კულტურულ გარემოცვაში ცხოვრობენ. მაგალითად, Bond-ის და Cheung-ის მონაცემებით (1983), რომლებმაც პასუხები მოკრიბეს ცნობილი „20 მდგომარეობის“ ტესტის შეკითხვაზე - „ვინ ვარ მე?“-, აღმოჩნდა, რომ ჰონგ-კონგელი და ამერიკელი ჩინელები თავის თავს განსხვავებულად აღწერენ - ამერიკელი ჩინელები საკუთარი თავის დახასიათებისას უფრო მეტად მიმართავენ თვისობრივ მახასიათებლებს, ჰონგ-კონგელი ჩინელები კი - უფრო მეტად იმ სოციალურ კონტექსტს, რომელშიც ცხოვრობენ. სხვა კვლევებით, ამერიკელები ძირითადად საკუთარ თვისებებს აღწერენ, ხოლო იაპონელები თავის თავს სოციალური კონტექსტის მოშველიებით წარადგენენ.

ამის შემდეგ დაინტერესდნენ ამ პიროვნული ტიპების (Self-ების) კონტექსტისადმი მგრძნობელობით; კვლევებით აღმოჩნდა, რომ ამერიკელები და აზიელები ამ ორიენტაციაშიც განსხვავებულად ავლენენ თავს.

H.Markus-სა და S. Kitaiama -ს 1998 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტში რესპონდენტთა ორივე ჯგუფი ავსებდა 12 წინადადების ტესტს 4 განსხვავებულ სოციალურ კონტექსტში: მარტო, მეგობართან ერთად, ჯგუფში სხვა სტუდენტებთან ერთად და პროფესორის კაბინეტში.

აღმოჩნდა, რომ იაპონელები თავს ახასიათებენ ყოფითი, ყოველდღიური ქცევებით, მაგალითად, „მე მიყვარს ნაყინი“, „შაბათ-კვირას მუსიკას ვუსმენ“ და მსგავსი; ხოლო ამერიკელები - ფსიქოლოგიური ატრიბუტებით.

Hazel Markus-ი სტუდენტებს სთხოვდა თავისი თავის აღწერას, შემდეგ კი ეს დახასიათებები შეადარა ერთმანეთს 2 ორიენტაციის მიხედვით:

1. Self-ზე ფოკუსირებული - ექსპერიმენტის მონაწილეთ მიეწოდებოდათ თვისებათა ჩამონათვალი, ხოლო ისინი პასუხობდნენ, რამდენად შეეფერებათ მათ ეს თვისებები; ამის შემდეგ თავისუფალ დახასიათებებს იძლეოდნენ;

2. „სხვა“ Self-ზე ფოკუსირებული - თავს აღწერდნენ სხვების თვალით ანუ იმ წარმოდგენის მიხედვით, რომელიც, მათი აზრით, სხვებს აქვთ მათ შესახებ.

ორივე ტიპის დახასიათებას იძლეოდნენ კონტექსტშიც და კონტექსტის გარეშეც.

ამგვარად, პასუხები განაწილდა კატეგორიებად: „მე ვარ“ და „სხვების აზრით (მოლოდინით), მე ვარ“. ამ ექსპერიმენტში Self-იდენტურობის კონცეფცია გაიზომა მოკლე თვითდახასიათებებით.

მონაცემთა ანალიზით გამოვლინდა, რომ თუმცა კი რესპონდენტები აღსაწერად ერთი და იგივე ცნებებს იყენებდნენ (მაგალითად, მე ვარ „ბედნიერი“, „მოყვასი“ და სხვ), პირველი ექსპერიმენტის მონაცემებით, ამერიკელები თავს მოიაზრებენ პრინციპულ და მდგრად იდენტურობად და უმეტესად ფიქრობენ, რომ სხვებიც ასეთად მიიჩნევენ; იაპონელებმა კი გამოავლინეს იმ ვითარების გაცნობიერებულობა, რომ ურთიერთობებში ჩართული და სხვების შესაბამისად მოქმედი Self-იდენტურობა განსხვავდება თავისთავად Self-იდენტობისგან: ის სხვაა, ეს - სხვა.

6.5 § 5. „სხვების პორტრეტი“ - კოლექტივისტი და ინდივიდუალისტი

▲ზევით დაბრუნება


Shweder-ისა და Bourne-ს 1982 წლის მონაცემებით, კულტურული ხასიათის განსხვავებები ვლინდება არა მხოლოდ საკუთარი თავის აღწერაში, არამედ სხვების აღქმა - აღწერის მონაცემებშიც. 70 ინდოელის და 17 ამერიკელის მიერ საკუთარი მეწყვილის თავისუფალი აღწერის შედარებამ გამოავლინა, რომ ამერიკელთა 72%-მა თავისი მეწყვილე აღწერა კონტექსტისგან თავისუფალი პიროვნული თვისებებით, ხოლო ინდოელთაგან ასე აღწერას მხოლოდ 50%-მა მიმართა, დარჩენილმა ნახევარმა კი ისევ კონტექსტი მოიშველია.

ტიპური ამერიკული აღწერა: „მავანი ეგოისტია“; ანალოგიური სიტუაციის ტიპური ინდური აღწერა: „მავანი მერყეობს, როცა ოჯახს ფული უნდა მისცეს“.

ამერიკელი და ეთიოპელი სტუდენტების მიერ სხვების აღწერისას ანალოგიური შედეგები გამოვლინდა: ამერიკელებმა სხვები დაახასიათეს შესაძლებლობების, ცოდნის, ემოციური კატეგორიების ტერმინებით („მავანი ჭკვიანია, შეუძლია რაიმეს შექმნა“), ხოლო ეთიოპიელებმა - სხვებთან ურთიერთობის აღმწერი ტერმინებით („მავანს მეზობლებთან მასლაათი უყვარს“) ან მისი შეხედულებებისა თუ რწმენების მიხედვით („მავანი ქვეყანაში არსებული მმართველობის წინააღმდეგია“).

Miller-ის მონაცემებით, რომელმაც ამერიკელებისა და ინდოელების მიერ სხვების აღწერები შეადარა, ამერიკელი სხვისი აღწერისას 3-ჯერ მეტად იყენებს თვისობრივ ატრიბუტებს, ხოლო ინდოელი - 2-ჯერ მეტად კონტექსტურ მიმართებებს. სხვა სიტყვებით, ამერიკელი აღწერისას ქცევის სიტუაციურ ახსნას იძლევა, ინდოელი კი - პერსონალურ-ურთიერთობრივს (Росс, Р. Нисбет. 2000; გვ. 301-302).

ურთიერთდამოკიდებული Self-ის კონსტრუქტში ურთიერთობების ორმხრივი ხასიათის წარმოსადგენად ტრიანდისი ასეთ სიტუაციას წარმოსახავს: ლანჩზე ამხანაგი გვეწვია. ჩვეულებრივ, მეგობარს სთავაზობენ რამდენიმენაირ საჭმელს და ამით მას არჩევანის საშუალებას აძლევენ, რადგან მასპინძელი უშვებს, რომ მეგობარს არამც თუ არჩევანის უფლება აქვს, არამედ ვალდებულიცაა ეს არჩევანი გააკეთოს თავისი შინაგანი ატრიბუტების - თავისი სურვილების მიხედვით; მეგობარიც ასევე ირჩევს სწორედ იმიტომ, რომ იგივეს ვარაუდობს. ეს სცენარი ბუნებრივია დამოუკიდებელი შელფ-ის თვალსაზრისით. რა მოხდებოდა, იაპონელი მეგობარი რომ გვწვეოდა? კითხვაზე „რას ისურვებდი?“ მცირე გაოგნების შემდეგ შესაძლო პასუხი იქნებოდა გაურკვეველი განცხადება „არ ვიცი“. და ეს მოხდებოდა ურთიერთდამოკიდებული Self-ის ვარაუდის გამო - მასპინძელი მოვალეა „წაიკითხოს“ მეგობრის ფიქრები და ის შესთავაზოს, რაც, მისი აზრით, მეგობრისთვის საუკეთესოა. ხოლო სტუმრის მოვალეობაა, მადლიერებით მიიღოს სასურველი და ეცადოს, ახლო მომავალში მასპინძელს იგივეთი უპასუხოს. იგივე სიტუაციაში ურთიერთდამოკიდებული Self-ის სცენარი შემდეგი იქნებოდა: „მე შენ ის მოგიმზადე, რაც უფრო გიყვარს, რადგან მახსოვდა, რომ წინა კვირაში სწორედ ამას ნატრობდი“, და სტუმარიც უპასუხებდა: „დიდი მადლობა, მე ეგ ნამდვილად ყველაფერს მირჩევნიაო“.

სოციალურ კოგნიციაში კულტურული განსხვავებები გამოვლინდა იმის მიხედვითაც, რას აქცევენ ყურადღებას. ტროფიმოვის, ტრიანდისის და გოტოს ექსპერიმენტში (1991) კავკასიელ და ჩინელ სტუდენტებს სთხოვეს ყურადღება 2 წუთით 2 რაიმეზე გადაეტანათ და ამის შემდეგ შეავსებინეს „20 მდგომარეობის“ ტესტი; ექსპერიმენტის ერთი პირობა იყო, ეფიქრათ იმ საგნებზე, რომელიც მათ ოჯახთან აკავშირებდათ, მეორე კი - საგნებზე, რომლებიც მათ თავიანთი ოჯახისგან განასხვავებდათ. განმასხვავებელზე ფიქრის შემდეგ ჩინელებმა ძირითადად თვისობრივი მახასიათებლები გამოიყენეს, ხოლო ოჯახზე ფიქრის შემდეგ კავკასიელებმა - მეტი როლური მახასიათებელი.

ინდივიდუალისტი უფრო სწრაფია, ვიდრე კოლექტივისტი? Markus და Kitaiama (1997) აღნიშნავენ, რომ თვითაღწერისას ამერიკელები უფრო სწრაფად ირჯებიან, ვიდრე იაპონელი სტუდენტები, თითქოს ამერიკელებს გლობალურად და პრაქტიკულად აქვთ უფრო დიდი პრაქტიკა თვითაღწერაში. მათივე აღნიშვნით, სხვა შრომებიც იმას ამტკიცებს, რომ ჩრდილო ამერიკაში ინდივიდუალური თვისებები და მახასიათებლები ადამიანისთვის იმდენად ადვილად მისაღწევი და გასაგებია, რომ კონკრეტული ქცევის გაგებაც და ინტერპრეტაციაც სპონტანურად ხდება შესაბამისი თვისობრივი ტერმინების გამოყენებით.

6.6 § 6. „სხვები“ და კულტურული კონტექსტი

▲ზევით დაბრუნება


Triandis-მა, McCuster-მა და Hui-მ (1990) 20 წინადადების ტესტის გამოყენებით სხვადასხვა კულტურაში აღმოაჩინეს, რომ ჯგუფისადმი კუთვნილების განცდა უფრო ძლიერია ჩინელებთან, ვიდრე ამერიკელებთან.

პიროვნების ინდივიდუალურ ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფენომენს, რომელიც აღიწერება ცნებით „სხვები“. სოციოლოგები განსაკუთრებით აღნიშნავენ „სხვების“ დიფერენციაციის მნიშვნელობას - ყველა „სხვა“ უნდა განირჩეს იმ სხვებისგან, რომლებთანაც პიროვნება აფექტურ და კონკრეტულ ურთიერთობებშია. „სხვები“ სხვადასხვაგვარია; მათთან ადამიანი თანდათანობით შედის პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სხვადასხვაგვარ დისტანცირებულ ურთიერთობებში. საზოგადოება ამგვარად ქმნის თავის ქცევით კოდს. „სხვები“ - ის ცნებაა, რომელშიც ასახულია და რომლითაც აღიწერება ინდივიდის მიმართებები საზოგადოებასა და სოციალურ გარემოცვასთან”; „ჩვენ“ ჯგუფის მიკერძოებულობა ვლინდება ასაკის, სქესის, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად (Gudykunst,1989, მითითებულია Майерс Д.-ის მიხედვით, გვ. 303).

Tajfel-ის კლასიკური მოძღვრების მიხედვით, ეთნიკურ ჯგუფებში გაბატონებულია რწმენათა სტერეოტიპული სისტემა, რომელიც საკუთარ ჯგუფს მიაწერს დადებით, ხოლო სხვა ჯგუფს - უარყოფით თვისებებს; მაგრამ თავის ჯგუფებს ადამიანები მხოლოდ დადებით თვისებებს არ მიაწერენ. ასე, მაგალითად, დაბალი სტატუსის მქონე ჯგუფებმა შეიძლება 3 რამ მოიმოქმედონ:

1. შეიძლება შედარების ახალი საფუძველი მოძებნონ, რომელიც უფრო სასურველ შედეგებს მოუტანთ; ტრადიციული ჩაცმულობის ხაზგასმა; საკუთარი ენის სიცოცხლისუნარიანობის ხაზგასმა. ამ გზას Tajfel-მა „სოციალური შემოქმედებითობა“ უწოდა.

2. წევრი ტოვებს თავის ჯგუფს და უერთდება უფრო დადებითი თვისებების მატარებლად აღქმულ ჯგუფს; ამას „სოციალური მობილობა“ ეწოდება;

3. ინდივიდი ცდილობს თავისი საკუთარი ჯგუფის ზოგიერთი მახასიათებლის შეცვლას, რაც მომავალში მისი უფრო სასურველი გზით განვითარებას გამოიწვევს. მას „სოციალური ცვლილება“ უწოდა.

აქედან გამომდინარე, ჯგუფის წევრი საკუთარ ჯგუფს სხვებზე მაღლა ყოველთვის არ აყენებს.

რაც უფრო მცირე და დაბალი სტატუსის მქონეა „ჩემი“ ჯგუფი გარემომცველ ჯგუფებთან შედარებით, მაშინაც მიდრეკილი ვართ მიკერძოებისკენ, რადგან უფრო ძლიერად ვგრძნობთ ჩვენს კავშირს მასთან.

ამგვარ იდენტურობას ეფუძნება ე.წ. „შუამავალი უმცირესობების“ ჯგუფური თავისებურებები, რომელიც თვის დროზე შესანიშნავად აღწერა მეოცე საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ნოვატორმა - კურტ ლევინმა ებრაელების მაგალითზე.

კოლექტივისტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ არიან ის „სხვები“, ვისთანაც ურთიერთქმედებენ.

Hazel Markus; Shinobu Kitaiama (1991) აღნიშნავენ, რომ ურთიერთდამოკიდებული მე არ ინტერესდება ყველა „სხვა“-ს მიზნებით, მოთხოვნილებებითა და სურვილებით; იგი ძლიერ შერჩევითია და ძირითადად „ჩვენ“ ჯგუფის წევრებთან ურთიერთობით ხასიათდება. ეს ის სხვები არიან, ვისთანაც ინდივიდი საერთო ბედს იზიარებს - ოჯახის წევრები, ერთი და იგივე მყარი სოციალური ჯგუფის წევრები და სხვ.

„შენი ოჯახი და კლანი პასუხისმგებელია თავის წევრებზე და მათი ქცევა საერთო დიდება და საერთო სირცხვილია. ამიტომ შენი ჯგუფისთვის რამე სასახელო გააკეთე. იყავი ტრადიციების ერთგული; პატივი ეცი უფროსებს და „უფროსობას“; ჰარმონიისკენ ისწრაფე და სხვას სახალხოდ ნუ გააკრიტიკებ. ლოიალური იყავი შენი ოჯახის, კომპანიის, ერის მიმართ; კოლექტივში იცხოვრე და ნუ იფიქრებ, რომ შენი მეობა სოციალური კონტექსტის გარეშე არსებობს“. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახური, თემური ურთიერთობები და ღირებულებები. პირველადი სოციალური ჯგუფი - ოჯახი, ნათესავ-მეზობლები - არის ყველაზე უფრო მნიშვნელადი სოციალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და წახალისებისთვის, აგრეთვე უმთავრესი არბიტრი „სასურველის“, „დასაშვებისა“ და „წარმოუდგენლის“ გასარჩევად. ამგვარად, შიდაჯგუფური ნორმები და შიდაჯგუფური როლური ურთიერთობებია ქცევის აღმძვრელი მოტივაციური ძალაც და უპირველესი წყაროც, „თავისებური კომპასი“, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ქმედებათა მიმართულებას.

ინდივიდუალისტებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც ჯგუფური კუთვნილება სტატუსთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია (მაგალითად, კლუბის, ერთობის, „ძმობა-დობის” სტუდენტური გაერთიანებების წევრობა), კოლექტივისტები ერთმანეთის მიმართ უფრო ინდიფერენტულები არიან, ადამიანის იდენტიფიცირებისთვის პიროვნულობაზე უფრო ძლიერი ნიშანია სტატუსი, თუმცა სოციალური ჯგუფის უზარმაზარი ღირებულების გამო არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯგუფური კუთვნილებაც. „სხვებთან“ დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კოლექტივისტებს, ინდივიდუალისტებთან შედარებით, ურთიერთობა ნაკლებ ხალხთან აქვთ, მაგრამ უფრო ღრმა და ხანგრძლივი.

Markus და Kitaiama აღნიშნავენ, რომ კოლექტივისტურ კულტურებში ურთიერთობები ინდივიდის მიერ განიხილება არა ინდივიდუალური მიზნის რეალიზაციის საშუალებად, არამედ მიზნად. ინდივიდებისთვის აუცილებელია სხვებთან ურთიერთობების შენარჩუნება, დაფასება და ამ ურთიერთობათა მოთხოვნილება. სხვებთან კავშირების შენარჩუნება გულისხმობს ცნობიერებაში სხვების გამუდმებით არსებობას და მათ მოთხოვნილებებზე, სურვილებსა და მიზნებზე ფოკუსირებას. ზოგჯერ სხვათა მიზანი ცნობიერებაში იმდენად ფოკუსირდება, რომ ისინი პერსონალურ მიზნებად აღიქმება. კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდის მიზნები შეიძლება ძალიანაც განსხვავდებოდეს სხვების მიზნებისგან, მაგრამ კიდევ „სხვათა“ მიზნების, მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილება აუცილებელი მოთხოვნა ხდება მისი საკუთარი მიზნების, მოთხოვნილებებისა და სურვილების დასაკმაყოფილებლად. სხვისი მიზნის ხელშეწყობის დროს ინდივიდის მიზანზე ზრუნავს ის პიროვნება, რომელთანაც ეს ინდივიდი ურთიერთქმედებს. აქედან გამომდინარე, ადამიანები აქტიურად ცდილობენ სხვათა მიზნების ხელშეწყობას და ორმხრივი თანამშრომლობით საკუთარი მიზნების პასიურად მიღწევას. ინდივიდის მიერ საკუთარი მიზნის მიღწევა პასიურია და გაშუალებული „სხვებით“ - მთავარი სხვათა მიზნებზე ზრუნვაა. სხვების მოქმედებათა ამგვარი პასიური მონიტორინგის შანსის უარყოფის დროს იაპონელები დისკომფორტს უფრო მეტად გრძნობენ, ვიდრე ამერიკელები. მაგრამ მკვლევართა აღნიშვნით, მართებული არაა ურთიერთდამოკიდებული Self-ის კონსტრუქტის შესახებ „რომანტიზებული“ წარმოდგენა, თითქოს იგი ყოველთვის შეხმატკბილებულია სხვათა ინტერესებთან; ისინი აღნიშნავენ, რომ ძალზე ხშირად გულისხმიერი და კოოპერაციული მოქმედებები მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როცა არსებობს სხვათა კეთილი მიზნებისა და ზრახვების რწმენა, კერძოდ კი ურთიერთობისა და ორმხრივი მხარდაჭერის ვალდებულების ნდობა“.

იაპონიაში მოხვედრილი უცხოელები ხშირად აღნიშნავენ ზრდილობიანობით საქვეყნოდ განთქმულ იაპონელთა, განსაკუთრებით, ახალგაზრდათა, საკმაოდ უხეშ ქცევას ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საერთოდ, უცხოებთან. აღწერილ თვისებებს ისინი ამჟღავნებენ ძირითადად თავიანთი ჯგუფის წევრებთან, სხვა ჯგუფის წევრებთან მათი ქცევა კი, ზოგიერთი მკვლევარის ანალოგია რომ მოვიშველიოთ, ინდივიდუალისტების ქცევას ჰგავს. ამდენად, ძნელია იმის განზოგადება, რომ სხვების დახმარებისა და კონფლიქტის არიდებისკენ სწრაფვა კოლექტივისტების უპირობო მახასიათებელია - ყოველივე ეს უმეტესწილად ჯგუფისადმი ერთგულების ასახვა და ჯგუფური ჰარმონიის შენარჩუნების სურვილია. უცხოებთან ეს ნორმები არ მოქმედებს.

„სხვებთან“ მიმართებას ბევრი ემპირიული კვლევა მიეძღვნა. ერთ-ერთი მათგანია. Krunenberg-ისა და I. Kashima-ს ბოლოდროინდელი კვლევა, რომლებმაც „სხვებთან” მიმართების ქროსს-კულტურული განსხვავებები შეისწავლეს ავსტრალიელ და იაპონელ ბავშვებთან. ისინი დაეყრდნენ Man-ის, Mitcui-ს, Beswick-ის და Harmoni-ს მიერ კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხებოდა ინტერპერსონალური აღქმის ნიმუშებს ამ ორ კულტურაში. მათი კვლევის მიზანს წარმოადგენდა ინტერპერსონალურ ნიმუშთა როგორც ზოგადი (უნივერსალური), ისე კულტურულად სპეციფიკური ნიმუშების გამოვლენა.

თავის დროზე Man-ის, Mitcui-ს Beswick-ის და Harmoni-ს მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ (1994) აჩვენა, რომ იაპონელი ბავშვების თაობაზე გაბატონებული სტერეოტიპი, რომ ისინი უზომო პატივს სცემენ უფროსებს, გაზვიადებული და მცდარია. რეალურად კი, როგორც კვლევით აღმოჩნდა, ავსტრალიელ ბავშვებთან შედარებით, ისინი, მშობლებით დაწყებული (შიდა ჯგუფი) და მეზობელი ბავშვებით (გარე ჯგუფი) დამთავრებული, სრულიად სხვადასხვაგვარად გამოხატავენ და განიცდიან პატივისცემას სხვადასხვა ადამიანის მიმართ.

ამ მკვლევარებმა დაწვრილებით შეისწავლეს კავშირი გარკვეულ მოქმედებებსა (მაგალითად, დახმარების შეთავაზება მაშინ, როცა სხვას მძიმე ტვირთი უჭირავს) და კონტექსტს შორის. მათ კვლევაში მონაწილეობდა 11-12 წლის ასაკის 184 იაპონელი და 173 ავსტრალიელი ბავშვი, რომლებიც ავსებდნენ ორი ტიპის კითხვარს: პირველში ბავშვებს 3-ბალიან სკალაზე უნდა აღენიშნათ, როგორ მოიქცეოდნენ გარკვეული კონკრეტული ადამიანების (6 მიზნობრივი პირის) - დედის, მამის, მასწავლებლის, საუკეთესო მეგობრის, მოზრდილი მეზობლის და თანატოლი მეზობლის - მიმართ. Eყოველ კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებაში მიეწოდებოდათ 7, პატივისცემის გამომხატველი მოქმედების ჩამონათვალი შემდეგი სახით:

1. პატივისცემით საუბარი;
2. დახმარების შეთავაზება, როცა მას მძიმე ტვირთი აქვს;
3. მისთვის სიმართლის თქმა მაშინაც კი, როცა ეს შენთვის საზიანოა;
4. მისი მითითებით ისეთი რამეს გაკეთება, რაც არ გინდა;
5. მისთვის ადგილის დათმობა გადაჭედილ ავტობუსში;
6. თავაზიანად მისალმება;
7. მისი დაცვა იმ დროს, როცა აკრიტიკებენ.

მეორე კითხვარი არსებითად იმეორებდა პირველის მასალას, მხოლოდ ამ შემთხვევაში რესპონდენტები პასუხობდნენ იმაზე, თუ ჩვეულებრივ რას აკეთებენ ხოლმე ამ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში აღწერილ სიტუაციებში.

ამგვარად, კვლევას 4-ფაქტორიანი დიზაინი ჰქონდა:

კულტურა (ავსტრალია-იაპონია) - ფორმა (ვაკეთებ- უნდა ვაკეთებდე)

მოქმედება - ქცევა - პიროვნება

კულტურა განხილული იყო შუალედურ ფაქტორად, ხოლო ქცევა, ფორმა და მიზნობრივი პიროვნებები - შუალედურ ფაქტორზე დამოკიდებულ ცვლადებად.

შედეგების მიხედვით, მიზნობრივ პიროვნებებთან მიმართებაში პატივისცემის ხარისხის დადგენის შედეგად გამოიკვეთა 2 ძირითადი მახასიათებელი:

კულტურული ეფექტი - იაპონელმა ბავშვებმა სხვების მიმართ ნაკლები პატივისცემა გამოავლინეს, ვიდრე ავსტრალიელებმა;

კულტურა - მიზნობრივი პიროვნებისადმი მიმართებასთან დაკავშირებულმა მონაცემებმა გამოავლინა, რომ მშობელ-მასწავლებელთა ანუ უფროსების და თანატოლების მიმართ პატივისცემაში მეტი განსხვავებაა იაპონელი ბავშვების ჯგუფში, ვიდრე ავსტრალიელებთან.

ბავშვთა ორივე ჯგუფი - იაპონელებიც და ავსტრალიელებიც აღიარებს, რომ სხვების მიმართ ნაკლებ პატივისცემას იჩენენ, ვიდრე უნდა იჩენდნენ; ამის მიუხედავად, გამოვლინდა, რომ პრესკრიფციასა და დესკრიფციას შორის მეტი განსვლაა ავსტრალიელ ბავშვებთან.

P. Krunenberg-მა და I. Kashima-მ მოქმედება/მიზნობრივი პიროვნებაზე დაფუძნებული ცხრილი 3 ძირითადი კუთხით სეისწავლეს:

1. საერთო იაპონურ და ავსტრალიურ კონტექსტურ ნიმუშთა სტრუქტურაში;
2. ამ სტრუქტურის კულტურულად სპეციფიური ასპექტები;
3. მსგავსება-განსხვავება „ვაკეთებ-უნდა ვაკეთებდე“ სტრუქტურაში.

შედეგებმა აჩვენა, რომ იაპონური და ავსტრალიური კულტურებისთვის საერთო სტრუქტურა ინტერპრეტირდება სოციალური სტატუსისა და სოციალური დისტანციის ტერმინებში შიდა და გარე ჯგუფების გათვალისწინებით. უნდა აღინიშნოს შემდეგი:

1. სიმართლის თქმა და პატივისცემით საუბარი ოპოზიციური ქცევები აღმოჩნდა. ბავშვები სიმართლეს უფრო მეტად ახლო ადამიანებს (მამა, დედა, საუკეთესო მეგობარი) ეუბნებიან, ვიდრე უცხოებს, მაგრამ მეტი პატივისცემით ესაუბრებიან დიდ დისტანციაზე მყოფ, გარეშე პირს, ვიდრე ახლობელს ანუ შიდა ჯგუფის წევრს.

2. მორჩილების აქტი (ანუ ის გააკეთო, რასაც მიგითითებენ) უფრო მეტად ვლინდება მაღალი სტატუსის და ლეგიტიმური უფლების მქონე პირებთან მიმართებაში (მამა, მასწავლებელი), ვიდრე დაბალი სტატუსის (თანატოლი მეზობელი, მეგობარი) ან სოციალურად დაშორებულ, დისტანცირებულ პირებთან (მოზრდილი მეზობელი) მიმართებაში; ესაა სოციალური დისტანციისა და სოციალური სტატუსის ერთობლივი ზემოქმედების ეფექტი.

3. სოლიდარობის აქტი (კრიტიკის დროს დაცვა) უფრო დამახასიათებელი აღმოჩნდა ახლო ან თანასწორი სტატუსის მქონე პირებთან მიმართებაში (დედა, ახლო მეგობარი), ვიდრე მაღალი სტატუსის (მასწავლებელი) ან სოციალურად განსხვავებულ, დიდ დისტანციაზე მყოფ (მოზრდილი მეზობელი) ადამიანებთან მიმართებაში;

4. მისალმების აქტი უფრო თავაზიანი ფორმით მჟღავნდება სოციალურად მეტ დისტანციაზე მყოფი პირების (მოზრდილი მეზობელი, თანატოლი მეზობელი) მიმართ.

ავტორთა აზრით, ამ ანალიზის შედეგად გამოვლენილი მოდელები მთლიანობაში შეესაბამება კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის დღეს მიღებულ თვალსაზრისს. კერძოდ:

1. იაპონელმა ბავშვებმა გამოამჟღავნეს კოლექტივისტური ტენდენცია, მაგალითად, მისალმების აქტი მეტი პატივისცემითაა გაჟღენთილი, როცა იგი შიდა ჯგუფის მოზრდილი წევრებისკენაა (დედა, მამა) მიმართული, ვიდრე დანარჩენი მიწოდებული მიზნობრივი პიროვნებების მიმართ;

2. თავაზიანად და მეტი პატივისცემით საუბრის მანერა მოზრდილ მეზობლებთან უფრო, ვიდრე დანარჩენებთან, იაპონელებს მეტად ახასიათებთ, ვიდრე ავსტრალიელებს; სიმართლესა და საიდუმლოსაც ისინი უფრო შიდა ჯგუფის მოზრდილ წევრებს უმხელენ და არა „სხვებს“, მაშინ, როცა ავსტრალიელები ასე უფრო ხშირად „სხვებთან“, მაგალითად, მოზრდილ მეზობლებთან იქცევიან და „ხაზგასმულად გულწრფელები“ არიან, რაც ინდივიდუალისტურ ტენდენციაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, მკვლევარები მიუთითებენ გარკვეულ ასპექტებზე, რომელთა ახსნა კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის ტერმინებში არც ისე ადვილი აღმოჩნდა. მაგალითად, ავსტრალიელი ბავშვები პატივისცემით უფრო ხშირად ესალმებიან თანატოლ და მოზრდილ მეზობლებს, ვიდრე მათი იაპონელი თანატოლები; ისინი ასევე მეტი პატივისცემით ესაუბრებიან საუკეთესო მეგობრებს. მკვლევართა აზრით, მეზობლებისა და ამხანაგების მიმართ პატივისცემის მაღალი მაჩვენებელი შეიძლება კულტურის მახასიათებელ სპეციფიურ ნიშნად იქნას მიჩნეული.

მკვლევართათვის მოულოდნელი აღმოჩნდა იაპონელ ბავშვთა მონაცემი იმის თაობაზე, რომ ისინი ნაკლებად მორჩილი აღმოჩნდნენ მშობლებისა და ტენდენციური, ის აკეთონ, რასაც არა ოჯახის წევრები, არამედ მათი მეზობლები (მოზრდილი ან ტოლი) ან საუკეთესო მეგობრები ეუბნებიან, ამით ისინი ავსტრალიელებისგან განსხვავდებიან.

ეს მონაცემი - მშობლებისადმი ნაკლები და ოჯახის გარე წევრებისადმი მეტი მორჩილება, ეხმაურება ადრე ჩატარებულ კვლევებსაც, სადაც განხილული იყო სპეციფიურად იაპონური გარემოს 2 სახე: „უჰი“ (შიდა) და „სოტო“ (გარე). „უჰი“ ის გარემოა, სადაც ბავშვებს „ამაერუ“-ს უფლება აქვთ ანუ შეუძლიათ მშობლების ნებართვით მეტი თავისუფლება ჰქონდეთ და თავიანთი გრძნობები სპონტანურად გამოხატონ, ხოლო „სოტო“-ში - პირიქით: ისინი ვალდებული არიან, იყვნენ მორჩილი, რადგან ამ გარემოში მოეთხოვებათ ფორმალური წესების შესრულება და შესაფერისი, ზომიერი ქცევა.

სისტემაში „ვაკეთებ - უნდა ვაკეთებდე“ განსხვავება ძირითადად გამოვლინდა ერთის მხრივ, მორჩილებასა და მეორეს მხრივ, კრიტიკის დროს დაცვის აქტს, შორის მამასთან და მასწავლებელთან მიმართებაში.

ავსტრალიელი ბავშვების განცხადებით, ისინი მამებს უფრო ემორჩილებიან, ვიდრე უნდა ემორჩილებოდნენ, მაგრამ მამებს უფრო უნდა იცავდნენ, ვიდრე იცავენ, და პირიქით მასწავლებელთან მიმართებაში: მას უფრო უნდა ემორჩილებოდნენ და უფრო ნაკლებად უნდა იცავდნენ.

ავსტრალიელი ბავშვების მიდრეკილება, მეტი პატივი სცენ მეგობრებსა და მეზობლებს, ავტორთა აზრით, ამ კულტურის სპეციფიურ მხარეზე მიუთითებს; შესაბამისად, კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმის ჩარჩოებში ვერ აიხსნება ავსტრალიელთა პატივისცემისა და იაპონელთა მორჩილების მაღალი ხარისხი არა ოჯახის წევრებისადმი, არამედ ოჯახის გარეთ.

6.7 § 7. თვითპატივისცემა ანუ ვინ უფრო მეტად სცემს პატივს თავის თავს - ინდივიდუალისტი თუ კოლექტივისტი?

▲ზევით დაბრუნება


თვითპატივისცემის დონე მეტნაკლებად შესწავლილია დიდ სოციალურ ჯგუფებში - კულტურულში და რასისტულში.

ინდივიდუალიზმისა და კოლექტივიზმის მკვლევარები დაინტერესდნენ ამ მახასიათებელთან კულტურული ტიპის კავშირით.

Markus-ისა და Kitaiama-ს ვარაუდით, გარკვეული გამოვლენილი კანონზომიერებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი Self-ის მქონეთა თვითპატივისცემა უნდა ეფუძნებოდეს უნიკალურობის შეგრძნებასა და თვითგამოხატვას, ხოლო დამოკიდებული Self-ის მქონეთათვის - მიკუთვნებულობას, ჯგუფში ჩართულობას, მასში ადგილს, ვალდებულებების ქონას და ჰარმონიის შენარჩუნებას. ამგვარად, თეორიულად შესაძლებელია იმის დაშვება, რომ თვითპატივისცემა კავშირშია კულტურით გაპირობებულ Self-სტრუქტურასთან.

გარდა ამისა, ისევ ემპირიული კვლევების მონაცემებით, სხვა კულტურული განსხვავებებიც არსებობს პიროვნულობის გამოვლინებებში, მაგალითად, ამერიკელები წარმატებასა და პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ, ჰონგ-კონგელი ჩინელი სტუდენტები კი წარმატების პირობად პირად აქტიურობას ნაკლებად მიიჩნევენ; ამასთან, ისინი ძლიერად რეაგირებენ მაშინ კი არა, როცა პირადად მათ შეურაცხყოფენ, არამედ მაშინ, როცა მათ ჯგუფს შეურაცხყოფენ.

ამ და მსგავსი მონაცემებიდან გამომდინარე, მეცნიერებმა კვლევით შეამოწმეს 2 ჰიპოთეზა, რომ:

1. რაც უფრო ინდივიდუალისტურია კულტურა, მით უფრო მჭიდრო კავშირია დამოუკიდებელ Self-სა და თვითპატივისცემას შორის;

2. რაც უფრო კოლექტივისტურია კულტურა, მით უფრო მჭიდრო კავშირია დამოკიდებულ Self-სა და თვითპატივისცემას შორის;

Self - აქ გაგებული იყო, როგორც აზრების, გრძნობების და ქცევის ერთიანობა(თანავარსკვლავედი) „სხვებთან“ კავშირში და „სხვებისგან“ დამოუკიდებლად.

ემპირიულმა კვლევამ ეს ჰიპოთეზები არ დაადასტურა. ამ ფაქტის ასახსნელად მკვლევარები მიუთითებენ 2 სავარაუდო მიზეზზე: თვითპატივისცემის ფენომენის შესაძლო უნივერსალურობაზე, ან კიდევ გამზომი ინსტრუმენტის უვარგისობაზე მოცემული შემთხვევისთვის.

ამგვარად, კვლავ ბუნდოვანია საკითხი: ვინ მეტ პატივს სცემს თავის თავს?

6.8 § 8. ემოციები და ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი.

▲ზევით დაბრუნება


ემოციათა შესწავლა კულტურათა შესწავლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ მიიჩნევა. მეცნიერებაში უკვე დიდი ხანია დადგენილია, რომ სოციოკულტურული ზეგავლენის შედეგად ადამიანი იძენს ექსპრესიულ ჩვევებს, აფიქსირებს გარკვეული ტიპის ურთიერთკავშირს გამღიზიანებელსა და ემოციას შორის; პროსოციალური ქცევის მოტივად უცილობლად მიიჩნევა აფექტური რეაქცია. სწორედ ემოციები ადეტერმინირებს კონკრეტულ თანმხლებ ქცევით პატერნებს (Кэррол Э. Изард; 2000 გვ. 31; 382).

ევოლუციონისტური და ბიოლოგისტური თეორიები განცდად ემოციებს, ყველას თუ არა, ბაზისურს მაინც, მიაწერენ უნივერსალურობას; სოციალური კოგნიტივისტები მათ უფრო სოციალურად წარმოქმნილად მიიჩნევენ და არა ბიოლოგიურ მდგომარეობებად.

კულტურათა კვლევისას მეცნიერებს აინტერესებთ:

1. ინდივიდები ყველა კულტურაში ერთი და იგივე ემოციებს განიცდიან?

2. არსებობს განსხვავებები ემოციათა განცდის, გამოხატვის სიხშირის, ინტენსივობის და ა.შ. მიხედვით სხვადასხვა კულტურაში?

კულტურების კვლევაში ხშირად იყენებენ ემოციებისადმი დამოკიდებულების ტესტს. რესპონდენტებს რამდენიმე შეკითხვას აძლევენ, უჩვენებენ რაიმე (ფოტო, ვიდეო) მასალას და ეკითხებიან: „რომელი ემოციაა თქვენთვის ყველაზე უფრო გასაგები (გაუგებარი)?“, „ყველაზე მეტად რომელი ემოციის გეშინიათ?“ და ა.შ.

უფრო ადრინდელმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ყველა დანარჩენ გამოკითხულ კულტურულ ჯგუფებთან შედარებით, ბერძნებისთვის ყველაზე ადვილად იდენტიფიცირებადი (გასაგები) აღმოჩნდა სირცხვილი. ეს შედეგი იმით ახსნეს, რომ ისინი ურთიერთობის მოყვარე და ემოციურად ექსპრესიული ხალხია: გახსნილობის გამო ტკბებიან ურთიერთობით, თავდაჯერებულობა კი ეხმარებათ, სირცხვილის გამომწვევ წყაროს წინააღმდეგობა გაუწიონ.

ამის საპირისპიროდ, იგივე ემოცია ყველაზე ნაკლებად იდენტიფიცირებადი აღმოჩნდა იაპონელებისთვის და ამ ფაქტის ახსნაც იაპონური კულტურის სპეციფიკაზე დაყრდნობით მოხდა: აქ სირცხვილი, პირველ რიგში, ოჯახის სახელს უკავშირდება და, ამდენად, ადამიანისთვის მისი პროვოცირება დიდი ცოდვასთანაა მიბმული. ამას გარდა აღმოჩნდა, რომ იაპონელებს ყველაზე უფრო ეშინიათ „ზიზღის“; ეს უკანასკნელი მიზეზ-შედეგობრივ მიმართებაშია სირცხვილთან, „ზიზღის“ გამოწვევა იაპონელისთვის შერცხვენის („თავის მოჭრის“) ტოლფასია - სამურაის კოდექსით, თუ კაცს ზიზღით შეხედეს, ან ის შემხედავი უნდა მოკლას, ან თავი უნდა მოიკლას (Кэррол Э. Изард; 2000, გვ. 358-359).

სხვადასხვა ემოციის მიმართ ეთნიკური განწყობების კვლევამ გამოავლინა, რომ ევროწარმომავლობის ამერიკელებს ჩინურ-იაპონური წარმომავლობის ამერიკელებთან შედარებით სირცხვილის იდენტიფიკაცია კიდეც უჭირთ და ცუდადაც ესმით (იგივე; გვ. 360)

კულტურული განსხვავებები აისახება ემოციების აღმწერი კატეგორიების დიფერენცირებულობაშიც. სხვადასხვა კულტურაში განცდად ემოციათა ბუნებასა და ხასიათზე ინფორმაციის წყაროა ამ კულტურების ემოციური ლექსიკონი. ეთნოგრაფიული და ლექსიკური კვლევების მიხედვით არსებობს დიდი განსხვავება სხვადასხვა ქვეყანაში ემოციური ლექსიკონის მოცულობაში, თუმცა ასეთი კვლევები ცოტაა.

ცხადია, ეს ვითარება ინტერპერსონალურ ურთიერთობათა სტილზეც ახდენს გავლენას (Triandis H.C. 1994).

ბოლო პერიოდის კვლევებიდან ემოციათა კულტურული სპეციფიკის შესწავლაში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს H.Markus-მა და იაპონური წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა S.Kitaiama-მ, რომლებმაც ემოციების თაობაზე ეთნოლოგთა და ემპირიკოს-მკვლევართა მონაცემების გაანალიზების გარდა, ეს ფენომენი ემპირიულად შეისწავლეს.

H.Markus-მა და S.Kitaiama-მ აღმოაჩინეს, რომ კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებში ემოციები მათი მნიშვნელადობის მიხედვითაც განსხვავდებიან და გამოვლენის თვალსაზრისითაც. მათ კულტურის ტიპის მიხედვით ერთმანეთისგან გაარჩიეს 2 კატეგორიის ემოცია: ego-ფოკუსური და „სხვაზე“- ფოკუსური.

პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ბრაზი, ფრუსტრაცია და სიამაყე. მათი უმთავრესი რეფერენტია ინდივიდის შინაგანი მახასიათებლები. დამოუკიდებელი Self-„ექსპერტია“ ემოციების განცდისა და გამოსახატავად - ისინი ხელს უწყობს Self-კონსტრუქტის, როგორც ავტონომიური მთლიანობის განმტკიცებას.

შინაგანი ატრიბუტების გამოვლენამ ინდივიდი საზოგადოებაში შეიძლება მიიყვანოს კოოპერაციული სოციალური ინტერაქციის რღვევასთან, რასაც ინტერპერსონალური კონფრონტაცია, კონფლიქტი და პირდაპირი აგრესიაც კი შეიძლება მოყვეს. ასეთი შედეგები კი დამოკიდებული Self-თვის ძალზე მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს, რამდენადაც მისი მიზნები მკვეთრად განსხვავდება დამოუკიდებელი Self-ის მიზნებისგან. ამდენად, ego-ფოკუსური ემოციები უფრო მეტად და ხშირადაც თავს ავლენს ინდივიდუალისტურ კულტურებში.

„სხვაზე“ - ფოკუსური ემოციების - სირცხვილი, სიმპათია, ინტერპერსონალური ერთობის გრძნობა - უმთავრესი რეფერენტი სხვა ადამიანებია. ისინი უფრო მნიშვნელადი და აქტიურად ფუნქციონირებადია კოლექტივისტურ ქვეყნებში. ესაა სხვათა მიმართ მგრძნობიარობის, სხვათა პერსპექტივიდან ხედვის, ურთიერთდამოკიდებულების ხელშემწყობი ემოციები. ამ ტიპის ემოციათა განცდა აძლიერებს ურთიერთობათა მნიშვნელადობას, მომავალ კოოპერაციულ ქცევას, მოქმედებათა ურთიერთგაცვლის შესაძლებლობებს. ამიტომ დამოკიდებული Self -კონსტრუქტი სწორედ ისეთი ემოციების განცდასა და გამოხატვას მართავს, რომელიც მიმართულია Self -კონსტრუქტის, როგორც ურთიერთდამოკიდებული მთლიანობის შენარჩუნებაზე და განმტკიცება-გაძლიერებაზე.

ავტორები კოლექტივისტური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ემოციებთან დაკავშირებით აღნიშნავენ ერთ დამაფიქრებელ ნიუანსს. საქმე ისაა, რომ ამ ტიპის Self - კონსტრუქტი ამუხრუჭებს ინდივიდის მიერ შინაგანი მდგომარეობების გამოხატვას, ამდენად, ემოციები, რომელიც საზოგადოებისთვის მიუღებელია და ხელს უშლის ინდივიდის განმტკიცებას, ამჟღავნებენ ამბივალენტობის, ხოლო შემდგომ - საზოგადოებისთვის მისაღები პოლუსის განმტკიცების ტენდენციას. ასეთი ამბივალენტურობა - გაუბედაობა, სიმორცხვე, რომელიც დამოუკიდებელი Self-თვის ნეგატიურად აღიქმება, დამოკიდებული Self-თვის „ცხოვრების ბიზნესია“, რადგან სხვებთან კავშირის შენარჩუნებასა და შექმნას უწყობს ხელს. ამგვარად, ეგო-ფოკუსური ემოციები კოლექტივისტურ კულტურებში ინტერპერსონალური ურთიერთობების მეორად და თანმხლებ შედეგად განიცდება - მათ ქცევის რეგულატორის პრივილეგიური სტატუსი არ მიენიჭება.

საერთოდ, ანთროპოლოგთა მონაცემებით, სოციალური რეალობა ისე კონსტრუირდება, რომ ინდივიდი არ მიმართავს ნეგატიური ეგო-ფოკუსური ემოციების ძლიერ განცდას. ანთროპოლოგთა დიდი უმრავლესობა მიუთითებს კოლექტივისტურ საზოგადოებებში ამ ვითარების თვალსაჩინოებას. მაგალითად, ტაიტიში სიბრაზის ძალიანაც ეშინიათ და არც გამოხატავენ, ხოლო ესკიმოსები, იმ სიტუაციაშიც კი, რომელიც ამერიკელებში სპონტანურ ლანძღვა-გინებას იწვევს, სიბრაზეს არც ამჟღავნებენ და არც ახსენებენ, ხოლო უცხოელთა მიერ გამომჟღავნებული აგრესიის მიმართ იყენებენ სიტყვას - „ბავშვური“. მართალია, არ ასწავლიან „ბუნებრივი“ სიბრაზის დათრგუნვას, მაგრამ ისწავლება სხვებით დაინტერესება, პატივისცემა, ნებისმიერ სიტუაციაში თავაზიანობის ღირებულება; სწორედ ამის შედეგად მიიჩნევენ ნაკლებ აგრესიულობას ამგვარ კულტურებში.

H.Markus-მა და S.Kitaiama-მ გამოავლინეს და გაანალიზეს ემოციათა აღმწერი ტერმინები და მათი სპეციფიკა იაპონიაში. მათ გამოავლინეს ისეთი ცნებები, რომლებიც სხვების არსებობას წინასწარ ვარაუდობენ; მაგალითად, „amae“ - თანმხლები იმედის განცდა, რომელშიც „სხვა“ უარსებითესი ატრიბუტია, „fureai“ -სხვებთან წარმატებაზე უფრო ძლიერი პოზიტიური კავშირის განცდა, „oime“ - ინტერპერსონალური იზოლაცია და კონფლიქტი, ვალდებულების უქონლობის განცდასთან დაკავშირებული, „shitashimi“ - ფამილარულობა, „tukeagari“ - საკუთარი თავის მნიშვნელადობის გამო გაფხორილობა („ცხვირაბზეკილობა“) და სხვ. იაპონელები განსაკუთრებით ადიფერენცირებენ იმ ემოციებს, რომლებიც მომდინარეობს სხვა ადამიანის მიმართ ვალდებულების განცდისგან, შესაბამისად, ამ კულტურაში დავალებულობა სხვა ადამიანისგან ძლიერ ემოციებს იწვევს.

ავტორთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა ისაა, რომ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ჩართულობა-ჩაურთველობის განზომილება არის ემოციურ მდგომარეობათა აღმწერი ტერმინების ძირითადი მაკლასიფიცირებელი ნიშანი (Hazel Markus; Shinobu Kitaiama. 1991).

ემოციები სპეციფიური აღმოჩნდა საზოგადოების სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვითაც. მაცუმოტოს მიერ 15 კულტურაში ემოციების კვლევამ გამოავლინა, რომ ძლიერად იერარქიზებულ კულტურებში, სადაც Self - ურთიერთდამოკიდებულია, სიბრაზის, შიშისა და სევდის გამოვლინების ინტენსივობა დაბალია, იმავდროულად, ასეთ კულტურებში, ავტორის აზრით, სავარაუდოა ამგვარ ემოციათა ნაკლებად ადექვატური იდენტიფიცირება.

მაცუმოტოს კვლევის შედეგებით, რომელიც მან 15 ქვეყანაში ჩაატარა, ემოციები მნიშვნელოვან კავშირშია საზოგადოების ზოგიერთ მახასიათებელთან. მაგალითად, ემოციები უფრო დათრგუნულია იერარქიულ საზოგადოებებში; იერარქიულობასთან ერთად, ისინი უფრო ძლიერადაა შეჭიდული საზოგადოებაში ძალაუფლებრივ დისტანციასთან ან ვერტიკალურ კოლექტივიზმთან, ვიდრე Self-ის ტიპთან, ან ე.წ. ურთიერთობრივ ანუ ჰორიზონტალურ კოლექტივიზმთან. (Berry J.W et all… 1992).

ემოციათა გამოხატვის სიხშირესა და გამოვლენაშიც არსებობს კულტურული განსხვავებები. სახის ექსპრესიულ გამომეტყველებასაც და მის მისაღებობა-მიუღებლობასაც კულტურული კონტექსტი განაპირობებს. ამ მოვლენას Ekman-მა და Friesen-მა ემოციების „ჩვენების“ კულტურულად გაპირობებული წესები უწოდეს.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად ბოლო პერიოდის ნაშრომებში ამ საკითხთან დაკავშირებით აღინიშნება „თავისი“ და „სხვა“ ჯგუფის მნიშვნელადობა.

Matsumoto თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა კულტურაში ენიჭება იმის დასწავლას, თუ რამდენად შეიძლება „თავისიანებთან“ და „უცხოებთან“ ემოციების ჩვენება.

ასე, მაგალითად, ამერიკელებმა უფრო მისაღებად მიიჩნიეს მრისხანების, ზიზღის და შიშის გამოვლინება ნათესავებთან და მეგობრებთან და არა უცხოებთან, რომელთა თანდასწრებითაც მათ ყოველთვის ოპტიმისტური გამომეტყველება უნდა ჰქონდეთ. უნგრეთში, პოლონეთში და აშშ-ში ჩატარებულ ექსპერიმენტში კი აღმოჩნდა, რომ პოლონელებმა და უნგრელებმა „თავისიანებთან“ დადებითი ემოციების ჩვენება არჩიეს, ხოლო „უცხოებთან“ - უარყოფითი ემოციებისა - აღმოსავლეთ ევროპელების აზრით, ასე გუნებას არ გაუფუჭებენ თავისიანებს (Matsumoto D. 1996). ამ მონაცემით, ისინი კოლექტივისტები არიან.

ჩინელები და ამერიკელები სხვადასხვა სიტუაციაზე ბრაზდებიან. მათ მიერ აღწერილი სიბრაზის გამომწვევი სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება: Stipek-ის, Weiner-სა და Li-ს მონაცემებით (1989), ამერიკელები აღწერენ სიტუაციებს, რომლებიც პირადად მათ გადახდათ, ჩინელები კი - სიტუაციებს, რომლებიც სხვა ადამიანებს გადახდათ.

6.9 § 9. ვინ უფრო მეტად და როგორ შფოთავს?

▲ზევით დაბრუნება


მეცნიერთა ჯგუფი (T.M. Singelis, M.H. Bond, W.F. Sharkey, H.Siu Yiu Lai) შემთხვევით არ დაინტერესდა ამ საკითხით, როცა 1999 წელს მას სპეციალური კვლევა მიუძღვნეს.

საქმე ისაა, რომ შფოთიანობა ემოციური თვალსაზრისით ნებისმიერი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. იგი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციალიზაციაშიც და ეხმარება ბავშვს კულტურული ნორმების შეთვისებაში, რაც ხდება სანქციებითა და საზოგადოების მიერ სხვადასხვა მარეგულირებელი მექანიზმებით. ბუნებრივია, რომ სხვების მიერ ინდივიდის შეფასება კულტურაში მჭიდროდაა დაკავშირებული შფოთიანობასთან. „სხვების“ არსებობა შეიძლება იყოს რეალური, ნაგულისხმევი ან წარმოსახული, მაგრამ თვით „არსებობის“ ფაქტი ნებისმიერი სახით, ყოველთვის აუცილებელი პირობაა შფოთისთვის - „იგი ქცევას, მისაღებ კონფორმიზმსა და სხვის სიამოვნებას შორის არსებული კავშირის ასახვაა“; გადამწყვეტი ისაა, სხვაზე რა შთაბეჭდილებას ტოვებ.

მკვლევართა აღნიშვნით, „სხვაზე მგრძნობიარე“ და საზოგადოებრივ იმიჯზე ძალზე მზრუნველი სუბიექტები უფრო შფოთიანები არიან, ვიდრე თავის თავზე და მეობაზე ორიენტირებულნი.

კლასიკური გამოკვლევებით, დასავლურ კულტურაში ცნობილია, რომ Self-შფოთიანობა კორელაციაშია ენზაიტთან, სიმორცხვესთან, ნევროტულობასთან, უარყოფითი შეფასების შიშთან, სოციალურ-ფსიქოლოგიურ ენზაიტთან და აქცენტირებასთან სოციალურ შედარებებზე.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, შფოთიანობა სოციალურ კონტექსტთან დაკავშირებით ემსახურება სოციალურ ღირებულებებს და შემგუებლის ფუნქციას ასრულებს; სწორედ ამიტომ კოლექტივისტურ კულტურებში განსაკუთრებითაა შესაძლებელი შფოთის ქცევა ისეთ უნარად, რომელიც აჩენს ჯგუფური ნორმების შესრულებისა და ჯგუფში განმტკიცების მოთხოვნილებას, ეს ორი კომპონენტი კი წარმატების აუცილებელი პირობაა.

ამ არგუმენტებზე დაყრდნობით Singelis-მა და Sharkey-მ აღმოაჩინეს (1995), რომ შფოთი პოზიტიურ დატვირთვას იძენს დამოკიდებული Self-ისთვის და ნეგატიურს - დამოუკიდებელი Self-ისთვის.

ამ მოსაზრებებსა და მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჰიპოთეზით, ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებს შორის განსხვავებების გამოვლენა შესაძლებელია შფოთიანობის დონის მიხედვით.

კვლევაში გამოიყენეს 4 ნაწილიანი კითხვარი:

1. Singelis-ის (1994) SCS-სკალა რესპონდენტთა აზრების, გრძნობებისა და ქცევების გასაზომად; მასში ორივე ტიპის Self - მოცემულია ცალკეულ განზომილებებად; დამოუკიდებლობის სუბ-სკალა შედგება 13 პუნქტისგან და სხვადასხვა კონსტრუქციას აღწერს, მაგალითად, „მომწონს ვიყო უნიკალური და სხვებისგან ბევრი რამით განსხვავებული“; მიჯაჭვულობის სუბ-სკალა შედგება 12 პუნქტისგან - „ჩემი ბედნიერება დამოკიდებულია ჩემს გარშემო მყოფთა ბედნიერებაზე“. შეფასებისთვის გამოიყენება 7-ბალიანი სკალა „მთლიანად ვეთანხმები - სულ არ ვეთანხმები“ საზღვრებით.

2. Modigliani-ს 26 პუნქტიანი შფოთიანობის სკალა, მაგალითად, „წარმოიდგინე, ხალხმრავალ ადგილზე წაიქეცი და ჯიბიდან ნავაჭრი ამოგიცვივდა“; პასუხი აქაც ფიქსირდებოდა 7-ბალიან სკალაზე („სულ არ ვიუხერხულებ - ძალიან ვიუხერხულებ“);

3. Rosenherg-ის Self-ის პოზიტიური და ნეგატიური შეფასების გამზომი თვითპატივისცემის სკალა, შედგებოდა 10 პუნქტისგან („მე სხვაზე უფრო ღირსეული ადამიანი ვარ“); გამოიყენეს 4-ბალიანი სკალა საზღვრებში „მთლიანად - სრულიად არ ვეთანხმები“.

4. დემოგრაფიული ბლოკი.

კითხვარი ორენოვანი იყო (ინგლისური და ჩინური); რესპონდენტები შეირჩა არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ ეთნოკულტურული ჯგუფებისადმი მიკუთვნებულობის პრინციპითაც და შეიქმნა 3 საკვლევი ჯგუფი: 1) ჰონგ-კონგელი ჩინელები - ჰომოგენური კოლექტივისტური ჯგუფი; 2) კონტინენტელი ინდივიდუალისტები - ამ ჯგუფში თავი მოიყარა იმან, ვინც თავი ევროამერიკელებთან გააიგივა; 3) შუალედური ჯგუფი - ჰავაიელი აზიელ-ამერიკელები, კონტინენტზე მცხოვრები ჩინელები, იაპონელები, კორეელები და ამერიკელი ფილიპინელები.

შედეგების მიხედვით, გამოვლინდა შფოთიანობის 2 ტიპი: Self - შფოთიანობის და ემპათიური შფოთიანობის; აღმოჩნდა, რომ „დამოუკიდებელი Self“ უფრო მჭიდროდ უკავშირდება Self - შფოთიანობას, ხოლო „დამოკიდებული Self“-ს ორივე ტიპის შფოთიანობა ერთნაირად ახასიათებს. (T.M. Singelis, M.H. Bond, et all; 1999).

6.10 § 10. ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა - კოლექტივისტი და ინდივიდუალისტი

▲ზევით დაბრუნება


ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომის პრობლემის შესწავლამ კულტურის ტიპის მიხედვით, ცნობილი ამერიკელი მეცნიერების - Nisbett-ისა და Ross-ის აღნიშვნით, დასავლეთელი მეცნიერებისთვის საკმაოდ მოულოდნელი შედეგები გამოავლინა.

ჯერ Joan Miller-ის 1984 წ. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ინდოელები მომხდარი მოვლენის სიტუაციური და კონტექსტური ფაქტორებით ახსნისკენ ამერიკელებზე უფრო მეტად არიან მიდრეკილი.

თავის ექსპერიმენტში Miller-ი ექსპერიმენტის მონაწილეებს სთხოვდა ცოტა ხნის წინ რომელიმე კარგი ნაცნობის მიერ ჩადენილი „კარგი“ ან „ცუდი“ საქციელის ჯერ აღწერას, მერე ახსნას. ეს ახსნები მკვლევარმა დაყო კატეგორიებად. მათგან ჩვენთვის საინტერესოა ზოგადი, პიროვნულ-დისპოზიციური („გულუხვი“ ან „მოუქნელი“) და კონტექსტური („იქ ბნელოდა“ ან „არავინ იყო, რომ დახმარებოდა“) ახსნები. აღმოჩნდა, რომ ნეგატიურ ან გადახრილ ქცევას ამერიკელები ზოგადი, პიროვნულ-დისპოზიციური ტერმინებით ხსნიდნენ 45% შემთხვევაში, ხოლო ინდოელები - 15% შემთხვევაში.

ანალოგიურად აახსნევინეს დადებითი და პროსოციალური ქცევებიც. ამერიკელები დისპოზიციურ ახსნას მიმართავდნენ 35% შემთხვევაში, ხოლო ინდოელები - 22% შემთხვევაში; გადახრილი ქცევის ასახსნელად ინდოელები კონტექსტით ახსნას მიმართავდნენ 32% შემთხვევაში, ხოლო ამერიკელები - 14% შემთხვევაში; პროსოციალური ქცევის ახსნისას - ინდოელები კონტექსტს 49% შემთხვევაში იყენებდნენ, ამერიკელები კი - 22% შემთხვევაში.

ამ ახსნებს შორის განსხვავებები თვითონ აღწერილი ქცევების განსხვავებებით რომ არაა გამოწვეული, ამის საჩვენებლად მკვლევარმა საკონტროლო (Nisbet-ისა და Ross-ის სიტყვებით „ელეგანტურ“) შეპირისპირებას მიმართა: მან ამერიკელ მონაწილეებს იმ ქცევების ახსნა სთხოვა, რაზეც ინდოელები ლაპარაკობდნენ. ამერიკელებმა ეს ქცევებიც იგივე პროპორციული კანონზომიერებებით ახსნეს, რითაც „საკუთარი“ ქცევები - იგივე თანაფარდობით გამოიყენეს დისპოზიციური და კონტექსტური ტერმინები (Nisbet-Ross, weli, 301-303)

ნიშნავს ეს მონაცემი იმას, რომ კოლექტივისტები, ინდივიდუალისტებთან შედარებით, ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას ნაკლებად უშვებენ? ან რამდენად „ფუნდამენტურია“ ეს შეცდომა?

ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა რომ ნამდვილად „ფუნდამენტურია“, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ ორივე ტიპის კულტურაში - ინდივიდუალისტურშიც და კოლექტივისტურშიც იგი სერიოზულ დაღს ადებს ადამიანის ქცევას. მაგალითად, ბრიტანეთში, ინდოეთში, ავსტრალიასა და აშშ-ში მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ ადამიანთა ატრიბუცია (ანუ მოვლენისთვის მიზეზების მიწერა) განსაზღვრავს მათ პოზიციას ღარიბებისა და უმუშევრების მიმართ. ის, ვინც სიღარიბესა და უმუშევრობას თვით ადამიანთა პირად თვისებებს მიაწერს („უბრალოდ, ზარმაცები არიან, ამიტომაც არავითარ თანაგრძნობას არ იმსახურებენ“), როგორც წესი, ისეთ პოლიტიკას მიესალმებიან, რომელიც ღარიბებსა და უმუშევრებს არ უთანაგრძნობს; ასეთ პოზიციაზე მდგომი ხალხის შეხედულებები იმათი შეხედულებებისგან განსხვავდება, ვინც მსგავს მდგომარეობას გარემოებების შედეგად მიიჩნევს („მე და თქვენ რომ იძულებული ვყოფილიყავით, ასეთივე განათლებით, ასეთივე დისკრიმინაციის პირობებში ამ საშინელ სივიწროვეში გვეცხოვრა, უკეთესი ვიქნებოდით“?).

ფრანგი მკვლევარები ბოვუა და დიუბუა აღნიშნავენ, რომ ატრიბუციასთან დაკავშირებით ყველა კულტურაში მოქმედებს სოციალური მდგომარეობის, პრივილეგირებულობის ფაქტორი. მათი აზრით, მაგალითად, საზოგადოების საშუალო კლასის „შედარებით პრივილეგირებული“ წარმომადგენლები უფრო მეტად იქნებიან მიდრეკილი ქცევის ახსნისკენ შინაგანი ფაქტორებით გაპირობებულად, ვიდრე ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ფენის წარმომადგენლები (მაიერსი 109-110).

დასავლური და არადასავლური კულტურების (უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა, ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურების) შედარება ავლენს, რომ არადასავლურ კულტურებში ადამიანზე სიტუაციური ფაქტორების გავლენა უფრო ძლიერია, ვიდრე დასავლურში. გარდა ამისა, კოლექტივისტური კულტურა უფრო მეტად, ვიდრე ინდივიდუალისტური, მიდრეკილია პიროვნება მისი მიღწევა-წარუმატებლობებით განიხილოს გარემოებების კონტექსტში კუთვნილებითი ჯგუფისა და სტატუსის გათვალისწინებით; შესაბამისად, მოვლენათა აღქმა - ინტერპრეტაცია ინდივიდის მიერ უფრო მეტად გარემოებებს ითვალისწინებს და ნაკლებად - პიროვნების ინდივიდუალურ მონაცემებს. ამგვარი ვითარების გამო, ზემოთმოყვანილ ექსპერიმენტში, ვთქვათ, ინდოელთა მიერ სიტუაციის ბუნების უფრო ღრმა წვდომა კი არ ვლინდება, არამედ ის, რომ ისინი სხვა რამეს, კერძოდ კი, ქცევის სიტუაციით გაპირობებულობას ხსნიან - ასეთი ქცევა მათთვის უფრო ბუნებრივი და ჩვეულია. ორივე ფაქტორი ჭეშმარიტია, რადგან სიტუაცია ქცევის ძლიერი დეტერმინატორიც შეიძლება იყოს და უფრო თვალშისაცემი ამხსნელიც. ამგვარად, კოლექტივისტი ნაკლებად უშვებს ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას (Росс, Р. Нисбет, 2000; გვ. 300-301)

6.11 § 11. კოლექტივისტის პორტრეტი (ფილიპინელის მაგალითი)

▲ზევით დაბრუნება


ფილიპინელთა მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ფილიპინელთა ფსიქოლოგიური ფუნქციები უფრო რეცეპციული ფორმითაა წარმოდგენილი, ვიდრე აქტიური კოგნიტურით; მათი რეცეფციულობა ხასიათდება რეალობის მიმღებლობით, გამოცდილებისადმი ღიაობით, ინტუიტურობითა და არარაციონალურობით, მიზანზე აქტიური ორიენტირებულობით; ბუნებას უფრო ეგუებიან, ვიდრე ცდილობენ მასზე გაბატონებას; სამყაროსადმი ფატალისტური მიმართების მიუხედავად, შეუძლიათ მოვლენათა მსვლელობის ხელში აყვანაც.

გამოყოფენ მათ მნიშვნელოვან პიროვნულ თვისებებს (ღირებულებებს): საქმის თავის მობმის უნარი, სირცხვილის განცდა („სირცხვილის მდევარნი“ ვახუშტი ბატონიშვილის ტერმინოლოგიით), გულუხვობას, სიფრთხილეს, სხვათა გრძნობის გამზიარებლობას, მომთმენობას. ამას გარდა: სტუმართმოყვარეობას, აკურატულობასა და სისუფთავის მაღალ სტანდარტებს ადამიანის და სახლის მოვლაში.

ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებებად იხსენიება მჭიდრო ოჯახური კავშირები, ავტორიტეტის პატივისცემა, Self-ის ემოციური კონტროლი, თავაზიანობა და მეგობრულობა, სხვების გათვალისწინება, სტუმართმოყვარეობა, სიმამაცე და გამძლეობა, ეკონომიკური პროგრესის სურვილი.

ბავშვებთან დაკავშირებით ფილიპინელები ყველაზე ხშირად ახსენებენ პატივისცემას, მორჩილებას, თავაზიანობას, თავმდაბლობას, თავდადებული შრომის უნარს, მზრუნველობას და სითბოს სხვების მიმართ; საქორწინო და მშობლურ როლებთან მიმართებაში - მეორე ადამიანისთვის მნიშვნელადობას (ღირებულებას), გაგებისა და ურთიერთობის უნარს, ეკონომიური დაცვის უზრუნველყოფაზე ორიენტაციასა და უნარს.

ფილიპინელთა მკვლევარები (Linch) განსაკუთრებით გამოყოფენ ფილიპინელთათვის დამახასიათებელ გაწონასწორებულ, ერთგვაროვან ურთიერთობებს, რომელსაც მიიჩნევენ ფილიპინელთა ბაზისურ სწრაფვად; იმავდროულად, იგი გაშუალებელი მიზნობრივი ინსტრუმენტის როლს ასრულებს სოციალური გამართლების მისაღწევად. ესაა „სხვებთან ურთიერთობებში სიმსუბუქე კონფლიქტის გარეგნული ნიშნების თავიდან ასაცილებლად“. იგი გულისხმობს მიმღებლობას რთულ ვითარებებშიც კი, სხვისი ქცევისადმი მიგუებას და სხვისი განცდებისადმი მგრძნობიარობას. უნდა აღინიშნოს, რომUურთიერთობის ეს ტიპი თუმცა კი ღირებულია ფილიპინებზე, მაგრამ ძირითადად მამაკაცებისთვის, დაბალი განათლებისა და სოციალური სტატუსის მქონე ინდივიდებისა და სოფლის მცხოვრებთათვის.

ურთიერთქმედების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მკვეთრად გამოხატული ფორმაა utang na loob, რომელიც ითარგმნება, როგორც „საწყისი ვალდებულების ვალი“ ან „მადლიერების ვალი“. ასეთი ურთიერთობა მაშინ მყარდება, როცა შეთავაზებული ძღვენი მიიღება მავანის მიერ, მაგრამ შემდეგ კი მიმღებმა ან ვალი უნდა გადაიხადოს, ან ძღვენის მიმცემს ნებისმიერი თხოვნა უნდა შეუსრულოს. ამგვარად, გადახდას მეტი ღირებულება მიეწერება, ვიდრე ჩუქებას. ძღვენის მიღების უარყოფისას ან ამ ურთიერთობის დამყარებისას ჩართულია ძალზე მნიშვნელოვანი ემოციები და სირცხვილის გრძნობა. უმადური, ვალდებულების არშემსრულებელი ინდივიდები სოციალურმა ჯგუფმა შეიძლება დააჯარიმოს ან გარიყოს კიდეც.

იმის მიუხედავად, რომ utang na loob ზოგადად დადებით ღირებულებად განიხილება, ზოგიერთი მას ქრთამის აღებასთან აიგივებს, ხოლო თანამედროვე ფილიპინელთა უმრავლესობას მის მიმართ საკმაოდ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს და ყველანაირად ცდილობს ამგვარი დავალიანების თავიდან არიდებას.

ასეთივე მნიშვნელოვანია ფილიპინურ პიროვნულობაში hiya და amor propio. პირველი წარმოადგენს „საზოგადოებასთან ან მავანთან ურთიერთობისას გაჩენილ მტკივნეულ ემოციას, რომელიც ზღუდავს თავისთავადობას და მე-თვის საფრთხედ აღიქმება“. იგი მოიცავს უკმარისობის, შფოთისა და თავისთავადობის ღირსების დაკარგვის საფრთხის განცდას. მისი ფსიქოლოგიური ბაზისია უსაფრთხოების ძიება არა საკუთარ თავში, არამედ სოციალურ ჯგუფში.

აშშ-ს ნორმებთან შედარებისას ფილიპინელებს ახასიათებენ ნაკლები ეგზგიბიციონიზმით (მეტი მოკრძალებულობით), დაბალი ავტონომიურობით ურთიერთობებში (ძლიერი მიჯაჭვულობით, მჭიდრო ემოციური კავშირების მაღალი ღირებულებით), დაბალი აფილაციით (უცხოსთან პირისპირ ურთიერთობის მიმართ შფოთით), ძლიერი დამცირება - ძლიერი ბატონობისკენ ორიენტაციით (ძლიერი პიროვნული კონტროლისა და ავტორიტარიზმის სისტემისთვის უპირატესობის მინიჭებით), დაბალი ჰეტეროსექსუალობით (სექსის საზოგადოებრივ მანიფესტაციაზე ძლიერი ტაბუთი); მტრული სურვილების ჩახშობით, ძლიერი აგრესიულობით (შესაძლოა ძლიერი აკრძალვა-კონტროლის გამო), უცვლელობის ტენდენციით და მკაცრი წესრიგის მოთხოვნილებით (ძალზე სტრუქტურირებული, ტრადიციული გარემოს მოთხოვნილებით).

Amor propio არის „პიროვნული ღირსების ძლიერი შეგრძნება“ ან „მგრძნობელობა პიროვნული შეურაცხყოფისადმი“ („თავმოყვარეობა“ - ქართული ტერმინოლოგიით). იგი გულისხმობს Self-პატივისცემას, მაგრამ არ საჭიროებს Self - დაჯერებულობას (ანუ თავდაჯერებულობას); როგორც პიროვნული ღირებულება, იგი მოიცავს პიროვნულ ღირსებას, Self - პატივისცემას („საკუთარი თავის პატივისცემა“) და სიამაყეს.

ფილიპინელები მშობლების, უფროსებისა და ავტორიტეტების პატივისმცემელი ხალხია. ძირითადად ავტორიტარული სოციალიზაციის პრაქტიკა აქვთ: ბავშვებს ასწავლიან მორჩილებას, პატივისცემასა და სიკეთეს; პატივისცემის გამოსახატავად პიროვნება ლინგვისტური ტერმინების გარდა იყენებს არავერბალურ ქცევასაც, მაგალითად, ხელზე კოცნას.

სხვისი ავტორიტეტის პატივისცემასთან ერთად იბრძვიან საკუთარი ძალაუფლების, სტატუსისა და ავტორიტეტისთვის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქაც იგივე ქცევებს მიმართავენ, რასაც ამერიკაში მავანის ავტორიტეტის პატივისცემის შემთხვევაში.

ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები, ნათესაობის დიდი ღირებულება ასახულია ფრაზებში: „ფილიპინელთა უმაღლესი ღირებულება“, „სოციალური, ეკონომიური და კულტურული აქტიურობის ცენტრი“ და ა.შ. ოჯახის ქონა ნიშნავს ემოციურ და ეკონომიურ დაცვა-მხარდაჭერას. მასში მოიაზრება შვილები და დიდი ოჯახები (სანათესაო).

ბავშვის აღზრდა ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა. აღზრდაში იგულისხმება მისი დაცვა, მასში პასუხისმგებლობის აღზრდა-გამომუშავება, ხელისწაკვრა და „ფეხზე დაყენება“; იმავდროულად, ეს ავტორიტარული და კონტროლირებული პროცესია.

ფილიპინელთა უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია ჯგუფური მიკუთვნებულობის დიდი ღირებულება. დასავლური ავტონომიურობის გაგებით, ფილიპინელები ძალზე დამოკიდებულნი არიან, მაგრამ მკვლევარები მიუთითებენ, რომ მათი მიჯაჭვულობა სხვა ადამიანებზე, უმჯობესია, განხილულ იქნას, როგორც სიმჭიდროვე, კორპორაციულობა, პატივისცემა და მოვალეობა. ოჯახი და ურთიერთობები დამოუკიდებლობასა და Self-ის თვითკმარობაზე უფრო მეტად ფასობს.

ამ კულტურაში ასეთი მიჯაჭვულობა და ურთიერთვალდებულებები არც თუ იშვიათად პროტესტსაც იწვევს. მაგალითად, სოფლელი ფილიპინელი ზოგჯერ საქმეში დამატებით ძალისხმევაზე ამბობს უარს იმ მოტივით, რომ გარკვეული ტრადიციების გამო შეიძლება წაგებულიც დარჩეს, რადგან:

1. ადამიანმა უცილობლად უნდა გამოხატოს pakikisama - თავისი შემოსავალი უნდა გაუნაწილოს ნათესავებს და მეზობლებს;

2. დევიაციას შეიძლება იმის ეჭვი და ჭორები მოყვეს, რომ თავისი თავი „მწვანე კიტრად“ („წითელ კოჭად“) მიაჩნია;

3. ისეთი რამის ქურდობის ეჭვი, რომელიც არ ჩანს (ვერ დაინახავ).

ფილიპინურ კულტურაში მნიშვნელოვან და ღირებულ მოტივაციად მიიჩნევენ: განათლებას, სამსახურში წარმატებას, სოციალურ და ეკონომიკურ განმტკიცებას, ოჯახის შექმნას, კარგ მეზობლურ და ინტერპერსონალურ ურთიერთობებს და ასეთის შესაძლებლობას. უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლესობისთვის განათლება ღირებულია არა იმდენად ცოდნისა და ჭეშმარიტებისკენ სწრაფვის გამო, რამდენადაც ეკონომიური კეთილდღეობისა და სოციალური პრესტიჟის მოსაპოვებლად.

6.12 Resume

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის განხილვა კულტუროლოგიურ ჭრილში მოითხოვს ისტორიითა და სოციალური თანაცხოვრების ფიქსირებული ნორმატული სისტემით გაპირობებული კულტურული კონტექსტის სპეციფიკის გათვალისწინებას, რომელიც სპეციფიურ დაღს ადებს ინდივიდისა და სოციალური ჯგუფის ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებებს. აქედან გამომდინარეობს ადამიანის კულტუროლოგიურ შესწავლასთან დაკავშირებული სიძნელეები, რომელიც უკავშირდება პიროვნებაში უნივერსალური ფსიქოლოგიური და სპეციფიურ-კულტურულის ურთიერთგამიჯვნას. ერთ-ერთი უპირველესი ამ პრობლემაში კულტურათა მიხედვით ადამიანის არსის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. დასავლურ სოციალურ მეცნიერებაში არსებობს ადამიანის განსხვავებულობისა და უნიკალურობის რწმენა. პიროვნება შემოსაზღვრული, უნიკალური, მეტნაკლებად ინტეგრირებული მოტივაციური და კოგნიტური უნივერსუმია ცნობიერების დინამიური ცენტრით - ემოციებით, შეფასებებით, მოქმედებებით. იგი, როგორც დისკრეტული მთელი, ორგანიზდება და უპირისპირდება სხვა ადამიანებს, როგორც ასევე მთელს, აგრეთვე სოციალურ და ბუნებრივ კონტექსტს. ინდივიდუალისტური მსოფლმხედველობით, ინდივიდი პირველადი ფაქტია, საზოგადოება და შესაბამისად, მისი მიმართება ჯგუფთან - მეორადი; Self-ის არადასავლური გაგება საპირისპირო პოზიციას ეყრდნობა და გამოდის მონისტური ფილოსოფიური ტრადიციიდან, რომლის მიხედვითაც ადამიანი მოიაზრება დანარჩენი ბუნების მსგავსი სუბსტანციისგან წარმოქმნილად. Self-ი არც არის და არც შეიძლება იყოს გამოყოფილი სხვებისგან და სოციალური გარემოსგან. შესაბამისად, არსებობს პიროვნების ორგვარი მოდელი, გაბატონებული ორი ტიპის კულტურაში - ინდივიდუალისტურში და კოლექტივისტურში. H.Markus-მა და S.Kitaiama-მ მათ, შესაბამისად, უწოდეს დამოუკიდებელი Self და დამოკიდებული Self. ამ მოდელთა მიხედვით, პიროვნულ - კულტურული ტიპი სრულიად განსხვავებული ორიენტაციებისა და თვისებების მქონედ ავლენს თავს. დამოუკიდებელი Self განისაზღვრება, როგორც მტკიცე, შეკრული, თავისთავადი და სოციალური კონტექსტიდან გამოყოფილი; ორიენტირებულია ინდივიდუალურზე: აზრებსა და გრძნობებზე, უნიკალურობასა და შინაგანი შესაძლებლობების რეალიზაციაზე; ამის საპირისპიროდ, დამოკიდებული Self მოქნილი, ცვალებადია და ჩართულია სოციალურ კონტექსტში; ორიენტირებულია ჯგუფზე მიკუთვნებულობაზე, სტატუსზე, როლზე, სავალდებულო ქცევებზე. ამგვარი გაგება გამომდინარეობს კოლექტივისტურ კულტურათა ყველაზე დიდი ღირებულებისგან-ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებისგან. ამდენად, Self-ის ინდივიდუალისტური მოდელი არ მიიჩნევა პიროვნების ერთადერთ მოდელად, შესაბამისად, პიროვნების ურთიერთდამოკიდებული მოდელი ვერ თავსდება ინდივიდუალიზმის მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში. თანამედროვე მკვლევარები მიინევენ, რომ კოლექტივისტური პიროვნების საკვლევად მიჯაჭვულობის ორიენტაცია უნდა იქნას მიჩნეული მეთოდოლოგიურ პრინციპად, მთელი მისი სპეციფიკის განმსაზღვრელად.

ამ ორ კულტურულ ტიპს გარკვეული თავისებურებები აქვს:

დასავლეთელებისთვის Self - ძლიერ განსხვავებულად აღიქმება „სხვა“-სგან და პირიქით, რაც აჩვენებს, რომ დასავლურ კულტურაში უფრო დიფერენცირებულია და უკეთ დამუშავებული ცოდნა საკუთარ თავზე, ხოლო აღმოსავლურ კულტურებში - ცოდნა სხვაზე. შესაბამისად, დამოკიდებული Self - უფრო ავლენს სხვების წვდომის უნარს; პიროვნულ თვისებათა რეფლექსია და მათი ფიქსაცია ინდივიდუალისტური კულტურებისთვის უფრო „ბუნებრივი“ აღმოჩნდა - ინდივიდუალისტი ამერიკელები თავს მოიაზრებენ პრინციპულ და მდგრად იდენტურობად და უმეტესად ფიქრობენ, რომ სხვებიც ასეთად მიიჩნევენ; კოლექტივისტი იაპონელებისთვის კი ურთიერთობებში ჩართული და სხვების შესაბამისად მოქმედი Self -იდენტურობა განსხვავდება თავისთავად Self - იდენტურობისგან; თვითაღწერას ინდივიდუალისტები უფრო სწრაფად ახერხებენ, ვიდრე კოლექტივისტები; ინდივიდუალისტები თავის თავსაც და სხვებსაც კონტექსტისგან თავისუფალი პიროვნული თვისებებით აღწერენ, ხოლო კოლექტივისტები - კონტექსტის მოშველიებით; ინდივიდუალისტებისთვის ადამიანის შესაფასებლად ჯგუფური კუთვნილება სტატუსთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანია, ხოლო კოლექტივისტებისთვის ადამიანის იდენტიფიცირებისთვის პიროვნულობაზე უფრო ძლიერი ნიშანია სტატუსი, თუმცა სოციალური ჯგუფის უზარმაზარი ღირებულების გამო არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯგუფური კუთვნილებაც.

კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურებში ემოციები მათი მნიშვნელადობის მიხედვითაც განსხვავდებიან და გამოვლენის თვალსაზრისითაც; ამას გარდა, განსხვავებები აისახება ემოციების აღმწერი კატეგორიების დიფერენცირებულობაშიც. კულტურის ტიპის მიხედვით არჩევენ 2 კატეგორიის ემოციას: ეგო-ფოკუსურს და „სხვაზე“- ფოკუსურს. პირველი ხელს უწყობს Self -კონსტრუქტის, როგორც ავტონომიური მთლიანობის განმტკიცებას, ხოლო მეორე - ურთიერთდამოკიდებული Self-კონსტრუქტის მთლიანობის შენარჩუნებასა და განმტკიცება-გაძლიერებას; აქ ემოციათა აღმწერ ტერმინთა მნიშვნელობაში სხვების არსებობა წინასწარ ივარაუდება - ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ჩართულობა-ჩაურთველობის განზომილება ემოციურ მდგომარეობათა აღმწერი ტერმინების ძირითადი მაკლასიფიცირებელი ნიშანია.

ემოციები მნიშვნელოვან კავშირშია საზოგადოების ზოგიერთ მახასიათებელთან; ისინი უფრო დათრგუნულია იერარქიულ საზოგადოებებში - აქ სიბრაზის, შიშისა და სევდის გამოვლინების ინტენსივობა დაბალია, იმავდროულად, ასეთ კულტურებში ვარაუდობენ ამგვარ ემოციათა ნაკლებად ადექვატურ იდენტიფიცირებას. იერარქიულობის გარდა, ემოციები უფრო მეტადაა შეჭიდული საზოგადოებაში ძალაუფლებრივ დისტანციასთან ან ვერტიკალურ კოლექტივიზმთან, ვიდრე Self-ის ტიპთან, ან ე.წ. ურთიერთობრივ ანუ ჰორიზონტალურ კოლექტივიზმთან.

ემოციების „ჩვენების“ კულტურულად გაპირობებული წესებიდან აღინიშნება „თავისი“ და „სხვა“ ჯგუფის მნიშვნელადობა - კოლექტივისტები ეგო-ფოკუსურ ემოციებს მალავენ თავისიანებთან, ხოლო ინდივიდუალისტები მათ დამალვას საჭიროდ არ მიიჩნევენ; სიბრაზის გამომწვევი სიტუაციებიც ასევე ერთმანეთისგან განსხვავდება: ინდივიდუალისტები აღწერენ სიტუაციებს, რომლებიც პირადად მათ გადახდათ, კოლექტივისტები კი - სიტუაციებს, რომლებიც სხვა ადამიანებს გადახდათ. სხვების მიერ ინდივიდის შეფასების ღირებულება კულტურაში უკავშირდება შფოთიანობის ტიპს. გამოვლინდა შფოთიანობის 2 ტიპი: Self - შფოთიანობის და ემპათიური შფოთიანობის; „დამოუკიდებელი Self“ უფრო მჭიდროდ უკავშირდება Self - შფოთიანობას, ხოლო „დამოკიდებულ Self“-ს ორივე ტიპის შფოთიანობა ერთნაირად ახასიათებს. მიიჩნევა, რომ არადასავლურ კულტურებში ადამიანზე სიტუაციური ფაქტორების უფრო ძლიერი გავლენის გამო კოლექტივისტი ნაკლებად უშვებს ატრიბუციის ფუნდამენტურ შეცდომას.

6.13 კითხვები

▲ზევით დაბრუნება


1. რა პრობლემებთანაა დაკავშირებული პიროვნების კვლევა კულტურაში?

2. რომელი მახასიათებლებით აღწერენ განსხვავებებს ინდივიდუალისტსა და კოლექტივისტს შორის?

3. დაახასიათეთ ინდივიდუალისტი და კოლექტივისტი

4. თქვენი აზრით, როგორ უკავშირდება პიროვნების კულტურული მახასიათებლები კულტურას?

6.14 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


Кон И.С. Социологическая психология, Москва-Воронеж, 1999 გვ. 223-254

Росс, Р. Нисбет. Человек и ситуация. Аспект-Пресс, М, 2000 გვ. 299-327;

Hazel Markus; Shinobu Kitaiama. The Cultural Psychology of Personality. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 63-87

Hazel Markus; Shinobu Kitaiama. (1991) Culture and the Self: Implications for Cognition, Emotion and Motivation. Psychological Review, 98, 224-253

A.Timothy Charch. Personality Research a Non-Western Culture: The Philippines. Psychology Bulletin. 1987.Vol. 102; No. 2, pp. 272-292

Кэррол Э. Изард . Психология эмоций. Санкт-Петербург, 2000

6.15 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


დამოუკიდებელი Self-ინდივიდუალისტური კულტურებისთვის დამახასიათებელი პიროვნული მოდელი, რომელიც პიროვნებას განიხილავს ავტონმიურ არსებად; იგი განისაზღვრება, როგორც მტკიცე, შეკრული, თავისთავადი და სოციალური კონტექსტიდან გამოყოფილი

ურთიერთდამოკიდებული Self - კოლექტივისტური კულტურებისთვის დამახასიათებელი პიროვნული მოდელი, რომელიც პიროვნებას განიხილავს სხვა ადამიანებზე მიჯაჭვულ არსებად; დამოკიდებული Self მოქნილი, ცვალებადია და მნიშვნელოვნადაა განსაზღვრული სოციალურ-კულტურული კონტექსტით

მიჯაჭვულობის ორიენტაცია - კოლექტივისტური კულტურისთვის დამახასიათებელი სხვა ადამიანებზე დამოკიდებულად ყოფნის ფუნდამენტური ორიენტაცია, რომელიც განაპირობებს კულტურულ-კოლექტივისტური პიროვნების სპეციფიკას; ტერმინს იყენებენ სოციალური ქცევის მოდელების სპეციფიკურობის აღსაწერად კოლექტივისტურ კულტურებში.

ეგო-ფოკუსური ემოციები - პიროვნების ინტერნალურ ატრიბუტებზე მიმართულ ემოციათა კატეგორია, რომელიც ხელს უწყობს Self-კონსტრუქტის, როგორც ავტონომიური მთლიანობის განმტკიცებას.

სხვაზე - ფოკუსური ემოციები - გარე სოციალურ რეალობაზე, მათ შორის, სხვა ადამიანებზე მიმართულ ემოციათა კატეგორია, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთდამოკიდებული Self-კონსტრუქტის მთლიანობის შენარჩუნებასა და განმტკიცება-გაძლიერებას

ატრიბუციის ფუნდამენტური შეცდომა - თომას პეტტიგრუს მიერ შემოტანილი ტერმინი, რომელიც გულისხმობს დამკვირვებლის მიერ პიროვნული დისპოზიციების გადაჭარბებულად შეფასების, ხოლო სიტუაციის ზეგავლენის შეუფასებლობის ტენდენციას

7 თავი 6. ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურის თავისებურებები

▲ზევით დაბრუნება


ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმს აკავშირებენ უამრავ სოციალურ და ინდივიდუალურ მახასიათებელთან. მაგალითად, ინდივიდუალიზმი - კულტურული სირთულე, ეკონომიური განვითარება, მოდერნულობა, დანაშაული და სოციალური პათოლოგია, სტრესთან დაკავშირებული ავადმყოფობები, სოციალური ორგანიზაცია, მობილურობა, ჯგუფური ორიენტაციის ნაკლები მნიშვნელადობა, ოჯახის სიმცირე, სამართლებრივი ორიენტაცია, შიდაჯგუფების სიმრავლე, შემოქმედებითობა, კოგნიტური სირთულე; კოლექტივიზმი დაკავშირებულია ყველაფერი ამის საპირისპიროსთან, ემატება კორუფციული მმართველობა და ტრადიციული ღირებულებები - მშობელთა პატივისცემა, ქალთა დაქვემდებარება, ავტორიტეტის მორჩილება და ა.შ.

ანალიტიკოსთა აზრით, ამგვარი სიფართოვე საკმაოდ პრობლემურია, რადგან ბევრი დებულება დასაბუთებას მოითხოვს - ძალზე ხშირად ისინი ჩამოყალიბებულია არა ემპირიული მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ დაკვირვების მონაცემებზე დაყრდნობით

7.1 § 1. პროქსემიკა - დისტანცია და ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი

▲ზევით დაბრუნება


პროქსემიკა ეთნოლოგიის ის სფეროა, რომელიც ადამიანებს შორის დამოკიდებულებებს აღწერს მათი ერთმანეთის მიმართ სივრცული მიმართებების მეშვეობით.

ფსიქოლოგიური დისტანცია - ესაა ადამიანთა განკერძოებულობის რაღაც დონე, რომელიც ჩვეულებრივ, იმ სირთულეთა რაოდენობაზე მსჯელობით გამოიხატება, რომელიც ურთიერთქმედებაში ჩნდება.

სოციალური დისტანცია ასახავს საზოგადოებაში ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის დაშორებულობის ხარისხს.

სოციალური და ფსიქოლოგიური დისტანციის ცნებები საკმაოდ რთული ცნებებია. ისინი ასახავს პირადი და სოციალური ურთიერთქმედების მოდელს; ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის სიახლოვის, ერთმანეთის ღირებულებებისა და იდეალების მიმართ ორმხრივი სიმპათიების ხარისხს.

ფსიქოლოგიურ და სოციალურ დისტანციას შემდეგი ინდიკატორები აქვს:

1. საზოგადოების რომელი ფენაა მისაწვდომი სხვა ფენის ადამიანისა თუ ჯგუფებისთვის;

2. უთანასწორობის შინაგანი შეგრძნება, რომელიც ინდივიდს ან ჯგუფსა აქვს საზოგადოების რაღაც ნაწილის მიმართ- ჩვეულებრივ, მისი ინდიკატორია ის, თუ რამდენად სიამოვნებს ადამიანს სხვა ადამიანთან (ფსიქოლოგიური დისტანცია) ან სხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელთან (სოციალური დისტანცია) ურთიერთობა.

ძალზე ხშირად სოციალურ მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინები „ჰორიზონტალური დისტანცია“ და „ვერტიკალური დისტანცია“ იმის აღსანიშნავად, ადამიანები ერთი და იგივე სოციალურ-ეკონომიურ კლასებს ეკუთვნიან თუ სხვადასხვას (Большой толковый психологический словарь. 2000 გვ. 284; 247).

აღმოჩნდა, რომ Self-ის კულტურული ტიპი სივრცითი მიმართებებით ასახავს კულტურის თავსებურებებს. ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა კულტურული სპეციფიკის გამოსავლენად სოციალური დისტანციის ცნებაც.

ჰოლლი არჩევს 4 სივრცულ ზონას, რომელიც პირადი ურთიერთობისას ჩნდება:

ინტიმური დისტანცია - 45 სმ მანძილზე, ესაა იმ მცირე რაოდენობის სოციალურ კონტაქტებში, სადაც დაშვებულია რეგულარული შეხება. ამ ზონაში ურთიერთობენ მშობლები და შვილები, აგრეთვე შეყვარებულები;

პიროვნული დისტანცია (45-120 სმ), ესაა დისტანცია მეგობრებსა და კარგ ნაცნობებს შორის, აქ ინტიმურობა დაშვებულია, მაგრამ - შეზღუდული;

სოციალური დისტანცია (120-360 სმ), რომელიც ჩნდება ფორმალური ურთიერთობის (მაგალითად, ინტერვიუს) დროს;

„სახალხო“ დისტანცია (360 სმ)- დისტანცია აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს.

როცა დისტანციის ამ დასაშვებობას არღვევენ და ხელყოფენ, ადამიანი თავს იცავს - ცქმუტავს, იშმუშნება, უკან იხევს და მსგავსი; თუ მეორე ადამიანი ძალზე ახლო მანძილზე დგება, ადამიანი, როგორც წესი, რაღაც ფიზიკური საზღვრის მსგავსს ქმნის (Гиденс 1997; გვ. 108)

მიუხედავად იმისა, რომ მოძღვრება პროქსემიკასა და კულტურის ტიპს შორის კავშირის შესახებ ჯერ კიდევ დაუმუშავებელია, კვლევებით აშკარად ვლინდება, რომ ფიზიკური სიახლოვე ყველა კულტურაში ერთნაირად არ აღიქმება - მას რეალურად გააჩნია კულტურების თვალსაზრისით სრულიად სხვადასხვაგვარი სემანტიკა.

მაგალითად, არაბებისთვის და ლათინური ამერიკის ხალხებისთვის სიახლოვე ინტიმურობის გამომხატველია, დასავლეთ აზიაში კი სოციალურ იერარქიაში განსხვავებულობის მოხსნის სიგნალს წარმოადგენს.

Triandis - აღნიშნავს, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს გამოცდილებაში ეძლევათ სოციალური დისტანცია. სოციალურ დისტანციაზე გავლენას ახდენს ნორმები, წარმოდგენები სწორ და არასწორ ქცევებზე. მაგალითად, იგი წერს, ნეპალელს თუ არ იცნობ, ან ნეიტრალური ხარ მის მიმართ, ან - არაობიექტური; თუ იცნობ, მაშინ უფრო რაციონალურად მსჯელობ და მიზიდულობაც მის მიმართ იზრდება. როცა ჯგუფები ერთმანეთისგან ძალაუფლების ფლობის მიხედვით განსხვავდება, ან ერთი მეორეს ჩაგრავს, სოციალური დისტანცია გვევლინება მექანიზმად ჯგუფებისთვის ადგილოს მისაჩენად (Triandis; 1994; გვ. 257-258).

არავერბალური ქცევა კულტურის ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. თვალებით ქცევა, რომელიც არავერბალური ქცევის ნაირსახეობას წარმოადგენს, ოპტიკო-კინეტიკურ ნიშანთა სისტემაზე დაფუძნებული ელემენტია და ფაქიზად განსაზღვრავს კულტურული ურთიერთობის ნიუანსებს - ზოგ კულტურაში მას მეტი მნიშვნელობა აქვს, ზოგში - ნაკლები.

მაგალითად, არაბებთან, ინდოელებთან, პაკისტანელებთან ახლო მხედველობითი კონტაქტი დადებითი სემანტიკის მქონეა, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში კი - დაუმორჩილებლობის და სიბრაზის გამოხატულებაა.

არაბ და ამერიკელ სტუდენტებზე დაკვირვებამ, რომლებიც წყვილებად იდგნენ და ერთმანეთთან მეგობრულად საუბრობდნენ, გამოავლინა საინტერესო თავისებურებები: ამერიკელებთან შედარებით, არაბები პირდაპირ უყურებენ ერთმანეთს, უფრო ახლოს სხედან ერთმანეთთან, უფრო ახლო მხედველობით კონტაქტში არიან და უფრო ხმამაღლა საუბრობენ.

Waston-მა ეს ექსპერიმენტი კიდევ 31 ქვეყანაში ჩაატარა და სიახლოვის მიხედვით ასეთი განლაგება მიიღო:

არაბული ქვეყნები, ინდოეთი, პაკისტანი, ლათინური ამერიკა, სამხრეთ ევროპა, დასავლეთი აზია და ბოლოს, ჩრდილო ევროპა ამერიკასა და ავსტრალიასთან ერთად.

ინგლისელების და ამერიკელების შედარებამ გამოავლინა, რომ ამერიკელები თვალებში მხოლოდ მაშინ უყურებენ ერთმანეთს, როცა იმაში დარწმუნება უნდათ, რომ პარტნიორმა კარგად (სწორად) გაუგო; ინგლისელებისთვის თვალებით კონტაქტი უფრო ჩვეული რამაა: პარტნიორი იმის დასტურად, რომ უსმენს, თვალებს უნდა ახამხამებდეს, მაგრამ, ამასთან, თვალებში დაჟინებით მზერა უხერხულად მიიჩნევა. რუსული კულტურა - პირიქით, არა მარტო არარუსი, არამედ თვით რუს მკვლევართა აღიარებითაც, ყველაზე „თვალებში მომზირალი“ კულტურაა (Стефаненко; 2000; გვ. 160).

იაპონიაში თვალები ურთიერთობის ნაკლებად მნიშვნელადი „ორგანო“ აღმოჩნდა: აქ მიღებული არ არის ერთმანეთისთვის პირდაპირ თვალებში ცქერა; ქალები თვალებში არ უყურებენ მამაკაცებს, მამაკაცები - ქალებს; იაპონელი ორატორი სადღაც გვერდით იყურება, ხოლო ქვეშევრდომი უფროსის საყვედურებს თვალდახრილი ღიმილით უსმენს (Пронников В.А. Ладанов И.Д; 1985).

აღმოჩნდა, რომ კოლექტივისტურ კულტურებში შეხვედრა ნაცნობებს შორის უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ინდივიდუალისტურში (20 წთ საშუალოდ); ისინი, ვინც უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, მეგობრობას უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ და თანაც ამტკიცებენ - ასე ახლოს იმიტომ ვზივართ, თანამოსაუბრე რომ მოგვწონსო.

წყვილთა სქესური შემადგენლობის მიხედვით მამაკაცური წყვილები ყველაზე ხშირი იტალიაში აღმოჩნდა და თანაც საკმაოდ ახლოს დგანან ერთმანეთთან, ხოლო შერეული წყვილის წევრები კი ერთმანეთისგან ამერიკაში უფრო შორს დგანან, ვიდრე გერმანიასა და იტალიაში.

როგორ იქცევიან ადამიანები უცხოსთან მიმართებაში?

კოლექტივისტი ინდონეზიელები ექიმის მოსაცდელში იმავე სქესის უცხოთა ახლოს ჯდებიან და საუბარსაც ხშირად აბამენ, ინდივიდუალისტი ავსტრალიელები კი პირიქით - ყველასგან მაქსიმალურად მოშორებულ ადგილს ირჩევენ და სასაუბრო კონტაქტშიც ნაკლებად შედიან.

კულტურა ყველაფერში იჩენს თავს. Iahoda-მ 1982 წ. ისლამურ ქვეყნებში გრძელი ტანსაცმლის სემანტიკა იკვლია და აღმოაჩინა, რომ გრძელი კაბის ტარება აძლიერებს სოციალური ვალდებულებების განცდას; იგივე შეიძლება ითქვას სამხედრო ფორმაზეც, რომელიც ინდივიდუალობის უნიფიცირებას კი ახდენს, მაგრამ სამაგიეროდ წინა პლანზე წამოსწევს იმ სოციალურ ვალდებულებებს, რომლის გამოხატულებაცაა სამხედრო ფორმა - ყველაზე ინდივიდუალისტურ ქვეყნებშიც კი ჯარი განამტკიცებს ურთიერთდამოკიდებულ ღირებულებათა სისტემას.

ინდივიდუალისტურ ქვეყნებში ადამიანი თავის დამოუკიდებლობას სწორედ დიდი ფიზიკური დისტანციით გამოხატავს, და ასე იცავს საკუთარ პიროვნულ სფეროს; ხოლო კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანები უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, მაგრამ საკმაოდ დიდ დისტანციას ინარჩუნებენ უცხოელთან მიმართებაში.

სოციალური დისტანცია უნივერსალური კონსტრუქტია და ყველა კულტურის თავისებურებებს აღწერს, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანია კულტურის სპეციფიკის გათვალისწინება მისი კვლევისას. მაგალითად, გამოვლინდა, რომ ამ ცნების ავტორის - ბოგარდუსის მიერ შედგენილი კითხვარის შეკითხვები, მაგალითად, „მეზობლად ვისურვებდი…...“, „მეგობრად ვისურვებდი…“, „ოჯახს შევქმნიდი…“ და ა.შ. ამერიკულ კულტურაში მართლაც აღწერს სოციალური დისტანცირებულობის სპეციფიკას, მაგრამ არა ყველა კულტურაში.

ეს ვითარება იმ რეალობასთანაა დაკავშირებული, რომ ჯერ ერთი, ინდივიდი კულტურაში არსებულ ყველა ჯგუფთან არ იდენტიფიცირდება, მეორეც, ჯგუფებს შორის დისტანცია კულტურულად ძალზე სპეციფიურია თავისი შინაარსით - ინდოეთში კასტებს შორის სოციალური დისტანცია და დასავლურ კულტურებში სოციალურ ფენებს შორის დისტანცია სრულიადაც არ არის ერთნაირი დისტანცირებულობა. ამიტომ კონტაქტის ზოგიერთი ფორმა, რომელიც გამოიყენება ერთ კულტურაში სოციალური დისტანციის გასაზომად, შეიძლება უაზრო აღმოჩნდეს მეორეში. მაგალითად, საბერძნეთში Triandis-ის აღწერით, ძალზე მნიშვნელოვანია „პარეა“ ანუ სამეგობრო წრე და „თავის წრეში შეყვანა“ (შესაბამისად, სოციალურ დისტანციას აქ ზომავდნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლის შეყვანაზე თანხმობით ამ სამეგობრო წრეში, ხოლო აშშ-ში - იმაზე თანხმობის ხარისხით, მავანი ნაცნობად რომ ეხილა თავის კლუბში); ინდოეთში სიახლოვის ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია „პირადი ჭურჭლის შეხება“ - ეს ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩენილი რიტუალური წაბილწვის ასახვაა; ბუნებრივია, რომ ფსიქოლოგიურ და სოციალურ დისტანციასაც აღწერს ის ფაქტი, ვინმე მავანის ჭურჭელს შეეხო თუ არა. ამგვარად, ინდოეთში ეს კონსტრუქტი რეალურად შეიძლება იქნას გამოყენებული სოციალური დისტანციის საკვლევად, ამერიკაში კი იგი უაზროა; Triandis-ი აღნიშნავს, სრული უაზრობა იქნებოდა ამერიკელის აზრის შესწავლა იმის თაობაზე, მის ჭურჭელს, ვთქვათ, თურქი რომ მიეკაროსო (Triandis H. C. 1994).

7.2 § 2. რისკენ მიერჩით გული ინდივიდუალისტებს და კოლექტივისტებს?

▲ზევით დაბრუნება


უნდა აღინიშნოს, რომBბევრი დასავლეთელი სოციალური მეცნიერის მტკიცებით, მატერიალური საკუთრება პიროვნებისთვის მისი იდენტურობის ასახვაა. ამიტომ დამოკიდებულება საკუთარი სახლისა და მიწის მიმართ ასევე აჩვენებს კულტურულ განსხვავებებს.

მკვლევარები აღნიშნავენ ამგვარი საკუთრების გარეფორმისა და მის მიმართ დამოკიდებულების განსხვავებულ გამოვლინებებს ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში: სახლი ინდივიდუალისტურ კულტურებში მკაცრად შემოსაზღვრულია (კარები, ჭიშკარი, გისოსები), კოლექტივისტურში კი - ნაკლებად ჩაკეტილი, უფრო მეტად ღია სფეროა; მათი ხელყოფის მცდელობაზეც განსხვავებული რეაქციებია: სახლში შეჭრაზე ინდივიდუალისტურ კულტურებში უფრო აგრესიულად და აქტიურად რეაგირებენ, ვიდრე კოლექტივისტურში.

რაც შეეხება „საკუთრებრივ“ პრივილეგიებს, განსხვავებები აქაც გამოვლინდა: ინდივიდუალისტმა ამერიკელებმა საყვარელ საკუთრებად ყველაზე ხშირად დაასახელეს ფუნქციონალური საგნები, გართობის საშუალებები, პირადი სამკაულები, ფოტოსურათები და ხელოვნების ნიმუშები, ამასთან, ამერიკელთა 65%-მა არჩევანის კრიტერიუმად პირადი მოგონებები დაასახელა. ამგვარად, საკუთრება მათთვის პირად, ინდივიდუალურ ისტორიასთანაა კავშირში.

კოლექტივისტი ნიგერიელებისთვის, კერძოდ, ქალებისთვის, საყვარელი საკუთრება საქორწინო ან საოჯახო ნივთებთან აღმოჩნდა დაკავშირებული, ხოლო მამაკაცებისთვის - რელიგიურ ობიექტებთან, შინაურ ცხოველებთან და იარაღებთან. ამგვარად, ნიგერიელებისთვის საკუთრება რომელიმე ცალკე ადამიანის პირადი ისტორიის ასახვა კი არ არის, არამედ საზოგადოებაში ოჯახის პოზიციური განმტკიცების ისტორიისა.

7.3 § 3. დასავლური სამყარო და ინდივიდუალიზმი

▲ზევით დაბრუნება


ყოველ კულტურულ ტრადიციას თავისი უპირატესობები აქვს. კონკურენტულ დასავლურ საზოგადოებაში ადამიანებს მეტი პირადი თავისუფლება აქვთ, მეტად ამაყობენ პირადი მიღწევებით და ნაკლებად არიან დამოკიდებული ირგვლივმყოფთა მოლოდინებზე. მათ უფრო მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება აქვთ, მათი ქცევაც უფრო სპონტანურია, სოციალური მობილობა ასევე უფროა დამახასიათებელი ინდივიდუალისტური კულტურის სოციალური ჯგუფებისთვის, თუმცა ამ კულტურებშიც გარკვეული კატეგორიების მიმართ ფიქსირებული ნეგატიური განწყობები, მაგალითად, რასა (კანის ფერი) ან გენდერი აფერხებს ამ კატეგორიის ქმედითობას.

ინდივიდუალისტურ კულტურებში მეტი თავისუფლებაა ცხოვრების სტილის ამორჩევაში; წახალისებულია გამომგონებლობა და შემოქმედებითობა.

მაგრამ ამ თავისუფლებას დამახასიათებელი პრობლემურობაც ახლავს. ცნობილი თანამედროვე გერმანელი სოციოლოგი ულრიხ ბეკი ინდივიდუალისტურ საზოგადოებებს რისკის საზოგადოებებს უწოდებს და მიიჩნევს, რომ „თანამედროვე სამყაროში უკიდურესობამდე მიყვანილი ინდივიდუალიზმი“, სულ უფრო მეტად განიცდის „კონფლიქტური ხაზებისა და თემების თავისებურ პლურალიზაციას“. მისი აზრით, ინდივიდუალიზაციის ძლიერი პროცესი ნიადაგს ამზადებს ახალი კონფლიქტებისთვის, იდეოლოგიებისა და კოალიციებისთვის. მსგავსი ვითარების ერთ-ერთ მნისვნელოვან მაპროვოცირებელ მომენტად, „მყარ კონფლიქტურ ხაზად“ მას, მაგალითად, მიაჩნია ე.წ. თანდაყოლილი ნიშნები - რასა, კანის ფერი, სქესი, ეთნიკური კუთვნილება და ა.შ. თვით ბუნებით გაპირობებული ასეთი „უთანასწორობა“, განსაკუთრებული ინდივიდუალიზაციის პირობებში, მისი პროგნოზით, გარკვეულ ორგანიზაციულ და პოლიტიკურ შანსს მოიპოვებს და წინ გამოვა 2 ეპოქალური თემა: მუქარა, რომელსაც რისკის საზოგადოება თავისთავში მოიცავს, და წინააღმდეგობრიობა ქალებსა და კაცებს შორის, რომელიც აქამდე ოჯახის ფარგლებიდან არ გამოსულა (Бек Ул. Общество риска 2000; 146).

გამოკვლევებზე დაყრდნობით მკვლევარები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე სამყაროს დასავლურ ქვეყნებში ღირებულებები ერთნაირია და „მთის ქადაგების“ 10 მცნებას ემთხვევა, თუმცა მათ შორის გარკვეული განსხვავებებიც ვლინდება.

მაგალითად, დიდი საერთაშორისო გამოკვლევის შედეგად ჟან სტოტცელმა გამოავლინა, რომ თურმე დანიელები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს ოჯახში, ვიდრე ფრანგები, ესპანელები და ბელგიელები; გერმანელები და დანიელები არჩევანში უფრო თავისუფალი აღმოჩნდნენ, ვიდრე იტალიელები და ჰოლანდიელები; სიქველეთაგან დასავლური კულტურის ყველა ხალხმა პირველ ადგილზე პატიოსნება დააყენა, ხოლო რაც შეეხება მეორე პოზიციას, აქ განსხვავებები გამოვლინდა - იტალიელებისთვის, ინგლისელებისა და ირლანდიელებისთვის კარგი მანერები აღმოჩნდა გადამწყვეტი, ფრანგებისთვის - მომთმენობა, ესპანელთა, დანიელთა და გერმანელთათვის კი - პასუხისმგებლობა.

სხვებთან ურთიერთობაში იტალიელებმა, ინგლისელებმა და ირლანდიელებმა ყველაზე დიდი ღირებულება მიანიჭეს კარგ მანერებს, ხოლო ფრანგებმა - მომთმენობას (Мендра А. 2000 გვ. 111).

ძნელი შესამჩნევი არაა, რომ მეორე პოზიციაზე „გასული“ ღირებულებები უფრო მეტად უახლოვდება ეროვნულ-ხასიათობრივ თავისებურებებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნახსენებ ქვეყანათაგან მხოლოდ ესპანეთი მიიჩნევა კოლექტივისტურ კულტურად. სხვებთან ურთიერთობა ქცევის სოციალურ რეგულაციაში აქ გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევა. მკვლევარები აღწერენ ესპანელებისთვის დამახასიათებელ ურთიერთობრივ პატერნს - „სიმპათიკას“, რომელიც გულისხმობს ორმხრივ პატივისცემას და სხვათა გრძნობების გაზიარების უნარს. ადამიანს ახასიათებს ინტერპერსონალურ ურთიერთობათა დარეგულირება შეთანხმებით, სხვებისადმი მგრძნობიარობით და ქცევის მიგუებით. ესპანელები განსაკუთრებით ერიდებიან ურთიერთობის გაფუჭებას (Hazel Markus; Shinobu Kitaiama. 1991).

მიიჩნევა, რომ უნივერსალისტური ღირებულებები - სიმშვიდე მსოფლიოში, გარემოს დაცვა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა და ა.შ. უფრო გამოკვეთილია ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში.

47 ქვეყანაში Schwartz-ის გამოკვლევამ გამოავლინა განსხვავებები ღირებულებათა მნიშვნელობაში გენდერის მიხედვით: ქალები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ უსაფრთხოებასა და კეთილგანწყობას, ხოლო კაცები - Self-ზე მიმართულობას, სტიმულაციის, ჰედონიზმის, მიღწევისა და ძალაუფლების ღირებულებებს.

ამ გამოკვლევამ ისიც ცხადყო, რომ გენდერი არ გამოდგება ინდივიდუალიზმ/კოლექტივიზმის ორიენტაციის დასადგენად (P.B. Smith and Shalom H. Schwartz; 1996).

ინდივიდუალისტურ კულტურებში მეტი მარტოობა, განქორწინება, მკვლელობა და სტრესული მოშლილობაა. „აულაგმავი ინდივიდუალიზმი“ დეპრესიის მკვეთრი ზრდის მიზეზად მიიჩნევა, რადგან უკავშირდება არსებობის უაზრობის განცდას, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა „იმასთან მიჯაჭვულობა არაა, რაც შენზე მეტია“.

7.4 § 4. კონფორმულობა და კოლექტივიზმი

▲ზევით დაბრუნება


გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერი ელიოტ არონსონი ერთ ადგილას წერს: „კონფორმულობა - კარგია თუ ცუდი? ამ ზოგადობით ეს შეკითხვა აბსურდია. მაგრამ, ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა სიტყვას შეფასებითი ასპექტიც აქვს. ამიტომ, როცა ადამიანს ინდივიდუალისტს ან კონფორმისტს ვუწოდებთ, ჩვეულებრივ ვგულისხმობთ ადამიანის „სიკარგეს და სიცუდეს“;…თუმცა კი ამ სიტყვების შეცვლაც შეიძლება: ინდივიდუალისტი შეიძლება შეცვალოს „ნორმიდან გადახრილით“, ხოლო კონფორმისტი - „ჯგუფურად მოთამაშით““ (Аронсон Э. 1999 გვ. 37).

დასავლურ კულტურებში კონფორმულობა ასოცირებულია მორჩილებასა და დამთმობლობასთან, რადგან წახალისებულია თვითგამოხატვა და საკუთარი აზრის გატანა, ამიტომ კონფორმისტული გამოვლინებები უარყოფითად აღიქმება; მაგრამ იმ კულტურებში, სადაც ძალზე ფასობს ჰარმონია ურთიერთობებში, უმრავლესობის აზრისადმი მიმხრობა შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას ტაქტიანობად და სოციალურ სენზიტიურობად, დადებით და სასურველ თვისებად, სოციალურ ღირებულებად და ნორმად. მაგალითად, Triandis აღნიშნავს, იაპონელების ჯგუფი რესტორანში როცა ერთი და იგივე კერძს უკვეთავს, ეს სოლიდარობად მიიჩნევა და არა კონფორმიზმადო.

Matsumoto-ს მონაცემებით, ინდონეზიელები, ჩინელები და იაპონელები მისაღებად და სასურველად მიიჩნევენ კონფორმულობას, მორჩილებას და დამთმობლობას (Matsumoto D. 1996); ტრიანდისიც ასევე აღნიშნავს აფრიკული ტომის - ბანტუს წევრებში ძლიერ კონფორმიზმს და სოციალიზაციის მეთოდთა სიმკაცრეს (Triandis H.C.1995; 53-55); დიას-ლოვინგი მორჩილების მაღალ ღირებულებას აღწერს მექსიკელებთან და ა.შ.

მაგრამ კოლექტივისტთა კონფორმულობის საკითხი არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. მონაცემები უჩვენებს, რომ იაპონელები ამერიკელებზე უფრო ნაკლებად მიდრეკილი შეიძლება აღმოჩნდნენ კონფორმიზმისკენ იმ ექსპერიმენტებში, რომლებიც აშის კლასიკურ სქემაზეა აწყობილი.

Triandi-ი საინტერესო სიტუაციას აღწერს: მის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილე იაპონელთა 34%-მა ანტიკონფორმული რეაქცია გამოავლინეს - ისინი სწორ პასუხებს იძლეოდნენ მაშინ, როცა ცრუ ცპ-თა უმრავლესობა არასწორად პასუხობდა. რა მოხდა? რატომ არ „იმუშავა“ აშის კლასიკური მოდელის სქემამ?

Triandi-ი ამ ვითარებას ხსნის იმით, რომ იაპონელებისთვის, ცნობილი კოლექტივისტებისთვის, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ე.წ. „ცრუ ცდისპირები“ სწორად პასუხობენ თუ არა - მათთვის „უცხო“ ხალხი, როგორადაც არ უნდა პასუხობდნენ, „ჩვენს“ ჯგუფად არ განიცდება, ხოლო ექსპერიმენტატორის როლში მყოფი უცხოელი - მით უფრო. აქ არსებითია მისთვის მნიშვნელოვანი ჯგუფი, მათთვის ახლო თემებით და ა.შ.

სრულიად სხვა შედეგებია მაშინ, როცა ექსპერიმენტს იაპონელი მეცნიერი ატარებს. ამის მაგალითია მატსუდას გამოკვლევა. იგი ეყრდნობოდა იაპონური კულტურის გარკვეულ სპეციფიკას, რომელიც გამოიხატება ინტერპერსონალური ურთიერთობის რამდენიმე ტიპში: „უში“, „სეკენი“ და „სოტო“. ამ სამეულში ინტიმურობის ხარისხი და „სხვა”-ს მნიშვნელადობა, როგორც რეფერენტული ჯგუფისა, პირველიდან მესამესკენ მცირდება. მოკლედ, იაპონელები ღრმად მნიშვნელოვნად განიცდიან „უშის“ და სულ მთლად გულგრილები არიან „სოტო“-მიმართებაში.

მატსუდამ ცდისპირები 3 ტიპის ჯგუფად გაყო: ჯგუფი „უში“ - „გულუბრყვილო” ცდისპირი და ცრუ ცდისპირები, რომლებიც იმათგან შეიქმნა, ვინც ორმხრივად აირჩია ერთმანეთი; „სეკენი“ ზომიერი შეჭიდულობის ჯგუფი იყო, რომელიც ექსპერიმენტის მოსამზადებელ ეტაპზე შედგა; „სოტო“-ს წევრები არც მეგობრები იყვნენ და არც რაიმე თანამშრომლობის სიტუაცია ჰქონდათ შეჭიდულობის ჩამოსაყალიბებლად.

ამ ექსპერიმენტში მონაწილე იაპონელმა სტუდენტებმა გამოავლინეს კონფორმიზმის მაღალი დონე, თუმცა კი პასუხებს ინდივიდუალურად ანუ ჯგუფის უშუალო წნეხის გარეშე იძლეოდნენ; უფრო მჭიდრო კონტაქტებიანი ჯგუფის წევრები მეტ კონფორმიზმს ავლენდნენ, მაგრამ მაინც გამოვლინდა ერთი საყურადღებო ფაქტი: ინდივიდის ჯგუფში ჩართულობასა და კონფორმულობის ხარისხს შორის კავშირის არაერთმნიშვნელოვნება. კერძოდ, ექსპერიმენტის დროს ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები უმრავლესობის ზეგავლენას უფრო მეტად ექვემდებარებოდნენ, ვიდრე იმ ჯგუფის წევრები, რომლებმაც ერთმანეთი თვითონ ამოირჩიეს. მატსუდას აზრით, ამის მიზეზია ის, რომ „უშის“ ხარისხს მიღწეული ჯგუფი უმრავლესობის თვალსაზრისიდან „თავისიანის“ მცირეოდენი გადახრის მიმართ უფრო მომთმენია - ძალზე ახლო ადამიანების წრეში არ ეშინია „საკუთარი თავის დაკარგვის“ და უფრო თავისუფალიცაა აზრების გამოთქმაში. (მოტანილია Стефаненко Т. Г. 2000 -ს მიხედვით. გვ.197-198)

ერთი და იგივე კულტურის შიგნით უფრო „ტრადიციული“ და „ევროპიზებული“ შერჩევების მონაცემთა შედარებით ბრიტანელმა მკვლევარმა Bond-მა გამოავლინა, რომ დასავლური კულტურის ღირებულებებთან ნაცნობობა ამცირებს განსხვავებებს სხვადასხვა კულტურებს შორის კონფორმულობაში. ბოლო პერიოდის მონაცემებით (რისმენი, ბონდი, სმიტი) დასავლურ ქვეყნებში კონფორმიზმის დონე ძალზე დაეცა, ამასთან, იმატა სხვებზე ორიენტირებულ ადამიანთა რიცხვმაც.

7.5 § 5. აღზრდის მოდელები ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში

▲ზევით დაბრუნება


სოციოლოგიისთვის ინდივიდის სიღრმისეული არსი განსაკუთრებული ინტერესის საგანია - ის, რაც შთაუნერგეს მას ბავშვობაში: ქცევათა პატერნები, რომლებშიც პიროვნება თავის თავს ავლენს, ის პოზიციები, რომლებთან მიმართებაშიც აიგება სუპერსტრუქტურები.

სოციოლოგია იმ ვარაუდს ეყრდნობა, რომ ნორმალურ სიტუაციაში ნორმალური ადამიანი რეაგირებს ისე, რა სახის ნორმალურ რეაგირებასაცაა მიჩვეული. სწორედ ამიტომ აინტერესებს მას პირველ რიგში აღზრდის სოციალური ასპექტები - რა არის საერთო საზოგადოების ყველა წევრისთვის და რა აერთიანებთ მათ, რა არის მასში სოციალური ანუ შეძენილი?

სოციალიზაცია - ესაა ინდივიდში ჯგუფის ღირებულებებისა და სოციალური ნორმების შესაბამისი ატიტუდების წარმოქმნა“ (Мендра А. 2000 გვ. 78.)

კულტურათა მკვლევარები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ აღზრდის მოდელების განსხვავებულობას სხვადასხვა კულტურაში. ამასთან, ჩვენთვის საინტერესო საკითხი - აღზრდის მოდელთა 2 ტიპი უკვე დიდი ხანია იხსენიება კულტურის მკვლევართა მიერ.

მაგალითად, მარგარეტ მიდის დაკვირვებით, არაპეშები ბავშვებში აღზრდიან არა საკუთარი თავის რწმენას, არამედ იმის რწმენას, რომ თავისიანები ყოველთვის დაეხმარებიან - ამ კულტურაში მხოლოდ ირგვლივმყოფი ადამიანების რწმენა მოითხოვებაო - აღნიშნავდა იგი (Мид М. 1988 გვ. 265); რუთ ბენედიქტიც აღნიშნავდა მსგავსი ორიენტაციების არსებობას პრიმიტიული ტომების პრაქტიკაში, როცა აღწერდა მის მიერ აპოლონიურად და დიონისურად დახასიათებულ კულტურებს. მისი აღწერით, პუებლოს ტომში ადამიანთა ძირითადი განწყობაა უკიდურესობებისგან თავის არიდება; ეს ხალხი ყველაზე მეტად აფასებს ზომიერებას და ბალანსირებულობას, იდეალია „შუალედობის“ მომხრეობა, უარს ამბობენ ძლიერ ემოციებზე (მაგალითად, მრისხანება ან ეჭვიანობა); გაურბიან ძალადობას და ინდივიდუალურ „მიწოლას“, რომელიც ინტერპერსონალურ ურთიერთობებს აფუჭებს; ბავშვებში აღზრდიან საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და კოოპერაციულობისკენ სწრაფვას და არა დამოუკიდებლობას და თვითდამტკიცებას. ეს აპოლონიური კულტურაა.

ვაკიუტლის ხალხი, პირიქით - „უკიდურესობების გზას“ ირჩევს; ხოტბას ასხამენ იმათ, ვინც საღი აზრის ფარგლებიდან გამოდის; აფასებენ ნებისმიერ საშუალებას, რომელიც ყოველდღიური რუტინისგან ათავისუფლებს (მაგალითად, ნარკოტიკების გამოყენება); მაღალი სოციალური სტატუსი აქვს იმას, ვინც უშიშარი და სასტიკია, თავშეუკავებელი სიხარულსა და მწუხარებაში; ეს დიონისური კულტურაა.

დობი - პარანოიდალური კულტურაა. ბავშვებს უკიდურესი კონკურენტული სულისკვეთებით ზრდიან და ადრიდანვე ასწავლიან, რომ ერთის მოგება უცილობლად ვიღაცის წაგებას ნიშნავს (Бенедикт Р. 1997 ).

ერიქ ერიქსონი აღწერს აღზრდის მოდელის ძირითად ორიენტაციას თანამედროვე დაკოტას(ინდიელთა ტომი სიუ) ტომში: აქ ბავშვებს აჩვევენ ხელგაშლილობას, მათ ხშირად ჩუქნიან ძვირფას საჩუქრებს. 5-6-7 წლის ბავშვები თვითონაც სიამოვნებთ ჩუქნიან ხოლმე. აღზრდის ძირითადი საშუალებაა გაფრთხილება და შერცხვენა. ბავშვს უფლებას აძლევენ სიმწრისა და სიბრაზისგან იტიროს - „ეს მას უფრო გააძლიერებს“. განსაკუთრებით ქმედითად მიიჩნევენ შერცხვენას; უფროსები ყველაზე უფრო ცუდ საქციელად მიიჩნევენ ეგოიზმს და ქიშპობას, სხვისი უბედურების ხარჯზე „ხელის მოთბობას“ ან სხვა რაიმე სარგებლის პოვნას. (Эриксон Э. 2000; გვ. 146). M

ქრისტიანობამდელ კულტურებში აღზრდის სისტემის თავისებურების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სოციოეკონომიური სისტემისა და საოჯახო მეურნეობის სტრუქტურა. მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოებაში, სადაც საკვების მცირე მარაგი აქვთ, ბავშვებში გადარჩენისთვის საჭირო სწრაფვას, თვითდამტკიცებისკენ, კრეატიულობისა და მკვლევრული სულისკენ სწრაფვას აღზრდიან, ამიტომ პიროვნებაზე ნაკლები წნეხია და შესაბამისად, კონფორმულობაც ნაკლებად იჩენს თავს. სტრატიფიცირებულ, სამიწათმოქმედო კულტურებში კი, სადაც საკვების დიდი მარაგია, სოციალიზაცია იმაზეა მიმართული, რომ აღზარდონ გამგონე, დამთმობი ბავშვი, შესაბამისად, კონფორმიზმიც უფრო ფუნქციონალურია.

ცნობილია, რომ ინდივიდები იზიარებენ თავიანთი კულტურის მისწრაფებებს და იდეებს, ხოლო ელემენტარული (პირველადი) ჯგუფები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მათი შეთვისება-გაძლიერების მექანიზმების ფორმირებაშიც და გაძლიერებაშიც. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის და, პირველ რიგში, მშობლების როლი. დამწერლობამდელი კულტურების კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე Whiting-მა და Child-მა 1953 წელს დაასკვნეს, რომ ამ კულტურებში დანაშაულის განცდა ყალიბდება იდენტიფიკაციის პროცესით. აღზრდის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ბავშვები მშობლებთან იდენტიფიცირდებიან. მ.მიდმა, რ.ბენედიქტმა და სხვებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი კულტურის წარმომადგენლები უფრო სირცხვილისკენაა მიდრეკილი, ზოგიერთისა კი - დანაშაულისკენ (ამიტომაც ლაპარაკობდა რ.ბენედიქტი დანაშაულის და სირცხვილის კულტურაზე).

ამერიკულ კულტურას დანაშაულის განცდის უარყოფის ტენდენცია აქვს. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, მცირე ერთობებში სოციალურ პროცესებში დანაშაულის განცდის რეგულირება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე დიდ და მრავალგვაროვან საზოგადოებებში, მაგალითად, აშშ-ში. სირცხვილის განცდა დაკავშირებულია ემოციურად მნიშვნელადი სხვა ადამიანის განცდასთან, ცხადია, რომ ამ განცდის რეგულირება უფრო ადვილია ისეთ ერთობებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს (Кэррол Э. Изард . 2000; გვ. 397).

საზოგადოების სისტემის სირთულეც ახდენს აღზრდაზე გავლენას. აღზრდის მოდელზე ამ ზეგავლენას რუსი მეცნიერი ვლადიმერ დრუჟინინი აღწერს ოჯახური ურთიერთობების 3 განზომილებით: დომინირება, პასუხისმგებლობა, სიახლოვე. მისი აღნიშვნით, რთულ კულტურებში აღზრდილ ბავშვებს უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ მიჯაჭვულობა-დომინანტურობის სკალაზე და ნაკლები - მზრუნველობა-პასუხისმგებლობის სკალაზე, ვიდრე მარტივ კულტურებში აღზრდილ ბავშვებს.

მონადირეობითა და თევზჭერით დაკავებულ საზოგადოებებში ბავშვები უფრო მეტად არიან ორიენტირებული დამოუკიდებლობაზე, ხოლო მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა საზოგადოებები - პასუხისმგებლობასა და გამგონობაზე. ამდენად, რთულ და განვითარებულ კულტურებში სიმძიმის ცენტრი მიჯაჭვულობა-დომინანტურობის ვექტორზე გადაიტანება.

გარდა ამისა, მარტივ ქრისტიანობამდელ კულტურებში სჭარბობს პასუხისმგებლობის ვექტორი. ამას ოჯახის მრავალრიცხოვნების ეფექტიც ემატება: კონის მიხედვით, რაც უფრო მრავალრიცხოვანია ოჯახი, მით უფრო ავტორიტარულად აგრესიული და ნაკლებად კეთილგანწყობილი არიან ბავშვები (Дружинин В. Н. 2000; 53).

Rohner-მა (1986) ინდიელი ტომების ეთნოგრაფიულ მონაცემებზე და 101 კულტურის შესწავლაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა სოციალიზაციის კონცეფცია; მან გამოყო მშობლის ბავშვისადმი შესაძლებელი დამოკიდებულების 3 ტიპი: 1. გაგება, სითბო და სიყვარული; 2. მტრულობა - აგრესია, 3. ინდიფერენტულობა. მისი აზრით, ეს დამოკიდებულებები სხვადასხვა ხარისხით ახასიათებენ კულტურას და მნიშვნელოვან კავშირშია მშობლების მხრიდან კონტროლთან - ეს აღზრდის მოდელში ერთ-ერთი უარსებითესი მომენტია. ბავშვების მიერ ამ კონტროლის მიმღებლობა დამოკიდებული აღმოჩნდა იმაზე, პრევალირებულია თუ არა კულტურაში კონტროლი მშობელთა მხრიდან. მაგალითად, მშობლების მხრიდან მკაცრი კონტროლი კორეაში ბავშვებისა და მოზარდების მიერ ნორმად აღიქმება, შესაბამისად, მშობლიურ ზრუნვად, ხოლო იქ, სადაც მშობლების მხრიდან სირბილე და მიმტევებლობა ძალზე ღირებულია (მაგალითად, გერმანიაში), ასეთი კონტროლი ბავსვებისგან უარყოფად აღიქმება (Kagitcibasi C., Rerry J.W. 1989).

Triandis - აღნიშნავს, რომ როლური მიმართება „მშობელი-შვილი“ უფრო ინტიმურია კოლექტივისტურ კულტურაში, ვიდრე ინდივიდუალისტურში (Triandis; 1994 გვ.104)

აღზრდის მოდელში კონტროლის ელემენტი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგან იგი პირდაპირაა დაკავშირებული აღზრდის მოდელის 2 მთავარ საკითხთან: კულტურაში აღზრდის მოდელში რაზე კეთდება აქცენტი - თვითდამტკიცებაზე თუ დამთმობლობაზე.

ინდივიდუალისტურ კულტურაში მოქმედი აღზრდის მოდელი ორიენტირებულია ავტონომიური პიროვნების ფორმირებაზე: ბავშვებს ასწავლიან შეიცნონ საკუთარი თავი, იყვნენ თავისთავადი და თვითვე დაეხმარონ თავის თავს. ადამიანთა უმრავლესობისთვის ინდუსტრიულ დასავლურ კულტურებში, იდენტურობა ძირითადად - ესაა ინფორმაცია საკუთარ თავზე, ხოლო სიყმაწვილე - მშობლებისგან გამოყოფის და საკუთარი, დამოუკიდებელი „მე“-ს განსაზღვრის, და ამდენად, თვითცნობიერების ჩამოყალიბების ძალზე მნიშვნელოვანი პერიოდია; დასავლური კულტურის თვალსაზრისით, ცხოვრება უფრო მდიდარი იქნება, თუ ადამიანი გაარკვევს საკუთარ შესაძლებლობებს და ირწმუნებს თავის მაკონტროლებელ ძალებს; არაა სავალდებულო, იმას მიყვე, რასაც სხვები მოითხოვენ; იყავი თავისთავადი; სხვა რომ გიყვარდეს, ჯერ შენი თავი უნდა შეიყვარო.

სასწავლო დაწესებულებები ისეა მოწყობილი, რომ მსმენელებს, სტუდენტებს თავად შეუძლიათ შესასწავლი საგნის ამორჩევაც და გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რა ისწავლონ და რა მეთოდით. ინდივიდუალისტური კულტურის გარკვეული და გამოკვეთილი მიზანია ინდივიდუალური პოტენციის განვითარება. გამორჩეულობა აღიარებული და წახალისებულია; ამასვე მოუწოდებს მასმედია, რომელიც ხოტბას ასხამს საკუთარი სტილის ჩამოყალიბებას, საკუთარი გზის არჩევას, აქტიურ მოქმედებას, ორიგინალობასა და შემოქმედებითობას; პიროვნულობა და გამორჩეულობა უბრალოდ კი არ ფიქსირდება, არამედ წახალისდება. გამორჩეულობა, უნიკალური იმიჯი ძალზე ფასობს, და ამგვარად, ადამიანები ერთის მხრივ, იგუებენ, მეორეს მხრივ, ურთიერთქმედებენ სამყაროსთან, როგორც განცალკევებული, განსხვავებული, მთლიანი ინდივიდები (Markus; Kitaiama. 1998). შედეგიც შესაბამისია მე-კონცეფციაშიც და კონკრეტულ აქტივობაშიც. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის მონაცემებით, ამერიკელ მოზარდებს (და სტუდენტებსაც) თავისი თავის საშუალოზე უფრო მომხიბვლელად მიიჩნევის და საკუთარი უნიკალურობის გადაჭარბებული შეგრძნების ტენდენცია აქვთ მაშინ, როცა იაპონელ სტუდენტთა უმრავლესობა თავის შესაძლებლობებს ზომიერად აფასებს და თავის თავსაც უფრო თავდაჭერილად ახასიათებს.

აღზრდის დასავლურ ორიენტაციაში ლომის წილი უდევს აქტიურად მოქმედ პროტესტანტულ ეთიკას, რომელიც ინდივიდუალური თვითგანმტკიცების სწრაფვის ჩამოყალიბებას ყოველნაირად უწყობს ხელს. მაგალითად, ე. ერიქსონი აღნიშნავდა, რომ პურიტანული აღზრდის სისტემა ბავშვს აფორმირებს დაუკმაყოფილებელ და შინაგანად არასტაბილურ ადამიანად; მაგრამ ამ ადამიანებს, იმავდროულად, შეუძლიათ ხანგრძლივად იტანონ მარტოობა, ფიზიკური, მორალური სიმძიმეები და უკმარისობები. პურიტანულ ოჯახებში იზრდებიან ინდივიდუალისტები, საბრძოლველად და მეტოქეობისთვის მზადმყოფნი, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. მათი მოტივაციაა წარმატება, თავისი თავის იმედი აქვთ და მარცხის არ ეშინიათ; ისინი მოთამაშეები არ არიან, იმედს არ ამყარებენ ბედნიერ შემთხვევაზე და კეთილ ფერიაზე; ისინი თავიანთი ხელებით, ჭკუითა და ნებისყოფით აშენებენ თავიანთ ბედს. ამ სწრაფვაში სქესს მნიშვნელობა არა აქვს -Pპურიტანულ ოჯახში დედის ქალური ხატის უქონლობაა, ხოლო ქალისთვის ნორმა და მისაბაძი მასკულინური ქცევის მოდელია; ამიტომაა, რომ ძალზე ხშირად სწორედ ქალი (რომელიც არც თუ იშვიათად უფრო მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე მისი „ოჯახის თავი“ მამრობითი სქესისა) ხდება საგვარეულო კაპიტალის მემკვიდრე: იგი ხელმძღვანელობს არა მხოლოდ საოჯახო საქმიანობას, არამედ წარმართავს ოჯახის ეკონომიურ და საზოგადოებრივ საქმიანობასაც“ (Дружинин В. Н. 2000; 86-87).

სრულიად სხვა ორიენტაციის აღზრდის მოდელი ბატონობს კოლექტივისტურ საზოგადოებებში. აქ სოციალური ინსტიტუტები, ტრადიციები თუ ადათ-წესები აყალიბებენ აღზრდის ისეთ სისტემას, რომელიც მოიაზრებს ნაწილად ყოფნას, მიკუთვნებულობას, ინდივიდის ქცევასა და მის მიმართ სხვათა მოლოდინებს შორის შესაბამისობას. ურთიერთდამოკიდებული „მე“ თავის თავს უფრო მეტად განიცდის რაიმეზე ან ვინმეზე მიკუთვნებულად. ოჯახისგან, ნაცნობ-მეგობრებისგან მოშორებული, იგი კარგავს თავისი მეობის განმსაზღვრელ სოციალურ კავშირებს. ადამიანს ბევრი „მე“ აქვს, იგი სოციალურ ერთიანობაშია სხვებთან და მათითაა განსაზღვრული. ამდენად, საზოგადოებაში ცხოვრების მიზანი ინდივიდის „მე“-ს გაფართოვება კი არა, არამედ სოციალურ კავშირებში ჰარმონიაა, ამიტომ თვითშეფასება მნიშვნელოვნადაა იმაზე დამოკიდებული, „რას ფიქრობენ სხვები ჩემზე“.

სოციალიზაციის კულტურულ პატერნებში ჯგუფის თვალსაზრისით მისაღები ნორმების მიდევნების კონტროლი სოციალიზაციის პროცესისთვის ძალზე არსებითია. მეცნიერები მიუთითებენ ბუნებრივი გარემოს თავისებურებების განმსაზღვრელ როლზე ძლიერი კონფორმულობის ფუნქციონირებისთვის, რაც თავის მხრივ, განამტკიცებს სოციალიზაციის პატერნებში ქცევის კონფორმულობას.

დასავლურ კულტურებში, ჩვეულებრივ, ბუნებრივად მიიჩნევა ის, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანი უფროსების ავტორიტეტის წინააღმდეგ მიდის. მაგრამ არსებობს საზოგადოებები, სადაც სქესობრივი სიმწიფე სწორედ გაძლიერებულ კონფორმიზმს ნიშნავს. მაგალითად, შეინენების ინდიელთა ტომში ბავშვებს ადრეული ასაკიდან შთაუნერგავენ, რომ მთავარია მამას ჰგავდეს; აღზრდის მთელი პროცესი იმაზეა მიმართული, მოზარდს რაც შეიძლება ძლიერი კონფორმიზმი გამოუმუშავონ, ამიტომ ამ საზოგადოებაში მშობლების წინააღმდეგ ამბოხება, ჩვეულებრივ, არ ხდება - აქ სიმწიფე სოციალური პირობების მიმართ კონფორმიზმს ნიშნავს (Касьянов В. и др. 2000 გვ. 79).

მას შემდეგ, რაც კლასიკურად ქცეული ექსპერიმენტებით აღმოჩენილი იქნა კონფორმიზმის უნივერსალური ბუნება, მკვლევარები საკმაოდ დიდხანს კამათობდნენ იმ საკითხზე, შეიძლება თუ არა კონფორმისტული ორიენტაცია რომელიმე კონკრეტული კულტურის მახასიათებლად იქნას მიჩნეული.

მკვლევარები ერთხმად აღნიშნავენ კოლექტივისტური კულტურების ინდივიდუალისტურ კულტურებთან შედარებით უფრო ძლიერ ორიენტაციას კონფორმულობაზე. ამ ვითარებას კულტურათა მკვლევარები ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით ასაბუთებენ.

Bond-მა და Smith-მა 1996 წელს კონფორმულობის შესახებ 1952-1994 წლების პერიოდში ჩატარებული კვლევათა მეტაანალიზი გააკეთეს. მათ კონფორმულობის დონე შეათანადეს კულტურის ტიპთან. 133 გამოკვლევიდან მათ აღმოაჩინეს 68 ანგარიში ისეთ კვლევებზე, რომელთა ავტორები დეტალურად, უმცირესი წვრილმანებით იმეორებდნენ აშის პროცედურას მონაკვეთის სიგრძის განსაზღვრაზე.

როცა მათ კონფორმულობის დონე ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურების (17 ქვეყანაში) მიხედვით შეადარეს, გამოვლინდა, რომ კოლექტივისტურ კულტურებში კონფორმულობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ინდივიდუალისტურში. მათი დასკვნით, ამის მიზეზი რამდენიმეა:

1. კოლექტივისტები მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ კოლექტიურ მიზნებს;

2. უფრო მეტად აწუხებთ, „რას იტყვის ხალხი“ ანუ როგორ გამოიყურებიან სხვების თვალში და რა გავლენას მოახდენს მათი საქციელი.

კოლექტივისტური კულტურების აღზრდის მოდელში მეტადაა აქცენტირებული დამჯერობა და „წესიერად“ ქცევა. შესაბამისად, კოლექტივისტურ კულტურათა აღზრდის მოდელებს ძირითადად მნიშვნელოვან „სხვებთან“ მიჯაჭვულობა და კონფორმულობა ახასიათებს. მაგალითად, Dias-Loving-ის კვლევამ, რომელიც მიმართული იყო მასკულინობა/ფემინურობის მახასიათებელთა შესწავლაზე მექსიკაში, გამოავლინა, რომ ამ ქვეყანაში სრულიად სხვაგვარი სემანტიკური დატვირთვა აქვს ცნებებს „დომინანტური“ და „დიქტატორული“ - აშშ-ში სოციალურად არასასურველი ეს თვისებები მექსიკაში პოზიტიური მასკულინური მახასიათებლებია და თანაც, მისაღები ორივე სქესისთვის. ამასვე ადასტურებს მონაცემიც, რომლის მიხედვითაც ავტორიტეტის მორჩილება ამერიკელებთან შედარებით მექსიკელებისთვის უფრო დამახასიათებელია - აქ იერარქიული საზოგადოების შესაფერისი პასიური და არაკონფრონტაციული მიმბაძველობითი სტილი ავტორიტეტს უფრო მისაღებს ხდის. მექსიკაში აშშ-თან შედარებით გაცილებით უარყოფითად ფასდება ცნება „აგრესია“ (გამოვლინდა სდ-ს მეთოდით). ინსტრუმენტის ორიგინალში ეს ცნება ბიპოლარულ M-F სკალას ეკუთვნოდა, მაგრამ უარყოფითი მასკულინობისკენ მცირე გადახრით. მექსიკურმა მონაცემმა ეს გადახრის ტენდენცია ახსნა.

მკვლევართა მიერ (Spense, Helmreich, 1978) გამოყოფილია ტრადიციულად აღნიშნული ზოგიერთი მასკულინურ/ფემინური მახასიათებელი, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება დამოუკიდებელიც იყოს. ამ მოდელში მასკულინობა გაგებულია ინსტრუმენტულ და მოქმედებით ატრიბუტებთან დაკავშირებული თვისებებისა და ქცევების ერთობლიობად - ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ გარემოზე მანიპულაცია ან მისი შეცვლა; ფემინურობა კი ესმით, როგორც ექსპრესიულ და ემოციურ მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებები და ქცევები, ურთიერთობებზე, ერთობაზე, ჯგუფზე აქცენტირება. მასკულინობისა და ფემინურობის გასაზომად მათ გამოიყენეს ინსტრუმენტული და ექსპრესიული მახასიათებლების აღმწერი ზედსართავები და აშშ-ს უნივერსიტეტების სტუდენტები გამოკითხეს იმის თაობაზე, თუ რამდენად „ტიპიურად“ და „იდეალურად“ მიაჩნიათ მათ ეს თვისებები ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.

ამ მეთოდოლოგიით გამოვლინდა მასკულინურობა/ფემინურობის 5 ტიპი:

1. პოზიტიური მასკულინობა (M+) - მიმართავს მამაკაცებისთვის ტიპიურ“ და „იდეალურ“ ინსტრუმენტულ ქმედებას, იმავდროულად, დადებითად ფასდება ქალების მიერაც, მაგალითად, „აქტიური“;

2. პოზიტიური ფემინურობა (F+) - ტიპიური და იდეალურია ქალებისთვის, იმავდროულად, მამაკაცებისთვისაც სოციალურად მისაღებია, მაგალითად, „სისადავე“;

3. ნეგატიური მასკულინობა (M-) - ინსტრუმენტული მახასიათებლები, რომლებიც ნეგატიურად ფასდება ორივე სქესის მიერ, მაგრამ შედარებით მისაღებია მამაკაცებისთვის, მაგალითად, „ეგოისტი“;

4. ნეგატიური ფემინურობა (F-) - ექსპრესიული მახასიათებლები, რომლებიც არც ერთი სქესისთვის არ არის სასურველი, მაგრამ შედარებით მისაღებია ქალებისთვის, მაგალითად, „ჭირვეულობა - წუწუნი“;

ექსპრესიული და ინსტრუმენტული მახასიათებლები, რომლებიც ტიპიური და იდეალურია მამაკაცებისთვის, მაგრამ არა ქალებისთვის, ან პირიქით (მაგალითად, „აგრესიულობა“) და შეესაბამებიან მასკულინურობა/ფემინურობის ბიპოლარულ სკალას (M-F).

გასაოცარი აღარ არის ცნების „მლიქვნელობა“ („გულის მოთბობა“, „თავის მოქონვა“ და ა.შ.) სოციალური სასურველობა მექსიკაში მაშინ, როცა იგი აშშ-ში ნეგატიური სკალების რიგშია. ესაა სოციალური ჯგუფის ურთიერთმიჯაჭვული და დამოკიდებული წევრების ფუნდამენტური მახასიათებელი, განსაკუთრებით კი ოჯახის დონეზეო - წერს ავტორი.

ამგვარად, კონფორმულობის ორიენტაციის ჩამოყალიბება პიროვნებაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, რაზე კეთდება აქცენტი აღზრდის კულტურულ მოდელში - თვითდამტკიცებაზე თუ დამთმობლობაზე.

უკვე აღინიშნა, რომ Triandis-ის თვალსაზრისით, კოლექტივიზმს 2 მახასიათებელი აქვს:

აღზრდის მოდელი, რომელიც Self-თვითკმარობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების დასწავლას მინიმალურად ითვალისწინებს;

ოჯახური სოლიდარობა, რომელიც ინდივიდისგან საკუთარი ინტერესების ჯგუფის ინტერესებთან გათქვეფას მოითხოვს.

Triandis-ის მიერ აღნიშნული სოციალური კონტროლის მეთოდები - შერცხვენა, დაცინვა, სანქციები, რომლებიც პიროვნებას უარს ათქმევინებს დამოუკიდებლობაზე და უჩენს შფოთს, „არ შეცდეს“ ან „დამნაშავე არ იყოს“, აღზრდის ამ მოდელში აქტიურად გამოიყენება.

ბავშვებს ასწავლიან პატივი სცენ ჯგუფური ცხოვრების სიკეთეს; არ აღნიშნავენ ბავშვის ინდივიდუალურ მიღწევებს, პირიქით, მნიშვნელოვანი მოვლენები მის ცხოვრებაში აღინიშნება, როგორც მისი სოციალური ჯგუფის წარმატება და წინსვლა; ელემენტარული განათლების უპირველესი მიზანია სხვებისადმი თანაგრძნობისა და ყურადღებიანობის ჩანერგვა. ჭეშმარიტი, დასრულებული პიროვნება ყალიბდება სხვათა მოლოდინების შესაბამისობის, სხვების თანაგრძნობის ღირებულებით და იმის შეგრძნებით, რომ ადამიანი სოციალური პროცესების ნაწილია.

დრუჟინინი მიუთითებს, რომ ასეთ (ტრადიციულ) ოჯახში აღზრდიან უფროსთა ავტორიტეტის პატივისცემას; პედაგოგიური ზემოქმედება ზევიდან ქვევით ხდება; ძირითადი მოთხოვნაა მორჩილება. მსგავსი ოჯახური სოციალიზაციის შედეგად ბავშვს უყალიბდება „ვერტიკალურად ორგანიზებულ” საზოგადოებრივ სტრუქტურაში იოლად ჩაჯდომის უნარი; დრუჟინინი აღნიშნავს, რომ ასეთი აღზრდის შედეგად ბავშვები იოლად ითვისებენ ტრადიციულ ნორმებს, მაგრამ სირთულეს გრძნობენ საკუთარი ოჯახის შექმნისას; მათ არა აქვთ ინიციატივა, გამომდინარეობენ „ასეა საჭიროს“ პოზიციიდან და შესაბამისად, უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება (Дружинин В. Н. 2000).

უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევარები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კონფორმისტული ტენდენციების შესუსტების ორიენტაციას ინდივიდუალისტური ღირებულებების გაცნობის შედეგად. მაგრამ ცვლილებები ხდება ინდივიდუალისტურ კულტურებშიც, რაც, თავის მხრივ, ინდივიდუალისტური ორიენტაციების შესუსტებაში გამოიხატება. მაგალითად, დამოუკიდებლობის და მორჩილების ბოლოდროინდელმა კვლევებმა ორი ტიპის კულტურაში გარკვეული ცვლილებები გამოავლინა. ძირითადა ცვლილებები შეინიშნება საშუალო კლასის ამერიკელებსა და იაპონელებთან. ამერიკელების პატივისცემის მიუხედავად დამოუკიდებლობის მიმართ, „შეინიშნება ინდივიდუალიზმიდან სოციალური ურთიერთობებისა და შემჭიდროებისკენ მზარდი გადახრა, ხოლო იაპონელებთან - ეგალიტარიზმის ტენდენციის გაძლიერება“ (Goodvin R. 2000).

7.6 § 6. სიყვარული, ქორწინება და ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი

▲ზევით დაბრუნება


მეცნიერებაში ისევე, როგორც ყოველდღიურ ცნობიერებაში, ურთიერთისგან მიჯნავენ ელემენტარულ სქესობრივ სიყვარულს (სექსი) და ინდივიდუალურ სქესობრივ სიყვარულს, რომელსაც დასავლეთში რომანტიულ სიყვარულს უწოდებენ, და ეს გამიჯვნა მართებულია. სიყვარულის რომანტიული იდეალი ცნობიერებაში ღრმადაა ფესვგადგმული და ძალზე მჭიდრო კავშირშია საზოგადოების ღირებულებებთან, მათ შორის, ოჯახის ღირებულებასთან. სხვადასხვა კულტურაში ვლინდება ქორწინებასთან მისი კავშირის განსხვავებული გაგება.

კულტურები განსხვავდებიან იმის მიხედვითაც, რა ადგილს მიაკუთვნებენ რომანტიულ სიყვარულს. Jancowiak-ის და Fischer-ის 1992 წლის მონაცემებით, რომლებმაც 166 კულტურა გააანალიზეს, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 89%-ს გარკვეული წარმოდგენა აქვს რომანტიულ სიყვარულზე, მაგრამ ყველა კულტურაში ქორწინება არ ეყრდნობა სიყვარულს. თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში სიყვარული ქორწინების პირობად მიაჩნიათ, კოლექტივისტურ კულტურებში კი ძალზე ხშირად პრაქტიკაშია ქორწინების გადაწყვეტა წინასწარ უფროსების მიერ, ხოლო სიყვარული ქორწინების შედეგად მიაჩნიათ.

აღმოჩნდა, რომ კოლექტივისტურ კულტურებში იმისთვის, რომ ქალი გათხოვდეს, ხელშემწყობი პირობები უნდა არსებობდეს. კერძოდ, მას კარგი მატერიალური მდგომარეობა, სოციალური წარმომავლობა და პროფესიული სტატუსი უნდა ჰქონდეს. ეს ვითარება დასტურდება პაკისტანში, ინდოეთსა და ტაილანდში Levine -ისა და მისი კოლეგების (1995) მონაცემებით (Майерс Д. 1998, გვ. 423).

Simpson-ისა და მისი თანამშრომლების 1986 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 80-იანი წლების შუახანებიდან, ჩრდილოეთ ამერიკაში 10 გამოკითხულიდან 9-ს მიაჩნია, რომ სიყვარული ქორწინების აუცილებელი პირობაა.

ჩრდილო ამერიკელებისგან განსხვავებით, აზიელები მიდრეკილი არიან არა მხოლოდ პირად შეგრძნებებზე ფოკუსირებისკენ, არამედ სოციალური მიჯაჭვულობის პრაქტიკულ ასპექტებზეც, ამიტომ ქორწინებაში ნაკლებად იმედგაცრუებული რჩებიან. Triandis-ის და მისი თანამშრომლების 1988 წლის მონაცემებით, კოლექტივისტებთან, ინდივიდუალისტური ტენდენციების ნაკლებობის გამო, განქორწინების ტენდენციებიც ნაკლებია, მაგრამ ის იმასაც აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმრის როლი უფრო ინტიმურია ინდივიდუალისტურ კულტურაში, ვიდრე კოლექტივისტურში (Triandis; 1994 გვ.103).

გაყრების რაოდენობაც ასევე ვარირებადია კულტურების მიხედვით. მონაცემების მიხედვით, ინდივიდუალისტურ კულტურებში გაყრები უფრო ხშირია, ვიდრე კოლექტივისტურში. ეს ვითარება დაკავშირებულია, ერთის მხრივ, ოჯახის, როგორც სოციალური ჯგუფის ძალზე მაღალ ღირებულებასთან კოლექტივისტურ კულტურაში, ამასთანვეა დაკავშირებული კონფლიქტური ოჯახის შენარჩუნების პრაქტიკაც ამ კულტურებში; მეორეს მხრივ, ქალთა უფრო დამოკიდებულ მდგომარეობასთან მამაკაცებზე (მამა, ძმა, ქმარი).

მონაცემების მიხედვით, გაყრების ყველაზე დიდი რაოდენობაა აშშ-ში; გერმანელი სოციოლოგის - რ. ზიდერის მონაცემებით, დღეისთვის გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში თითქმის ყოველი მესამე ქორწინება განქორწინებით მთავრდება, დიდ ქალაქებში კი - ყოველი მეორე. ევროპაში განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს შვეციასა და დანიას (45%), ხოლო ინგლისში 10 ქორწინებიდან განქორწინებით მთავრდება 4; სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ზიდერი ამ ვითარების მიზეზად მიიჩნევს ურბანიზაციასა და რეგიონული მობილობის ზრდას, ცვლილებებს ქალის როლში და, საერთოდ, „სიცოცხლის კონცეფციის შემდგომ ინდივიდუალიზაციას“ (Зидер Р. М. 1997გვ. 261-270). გაყრების რაოდენობა ბოლივიაში, ფილიპინებზე, ესპანეთში და აშშ-ში ვარირებს მოსახლეობის საერთო რაოდენობის 0.01% - დან 4.7%-მდე.

Triandis-ის მიხედვით, ამა თუ იმ საზოგადოებაში გაყრების პროგნოზირებისთვის საჭიროა ამ საზოგადოებათა ღირებულებების სკალის ცოდნა (Triandis; 1994).

ინდივიდუალისტურ კულტურებში ადამიანი იმაზეა მომართული, რასაც გული კარნახობს; ამ კულტურებში გაყრები ხშირი მოვლენაა. კოლექტივისტურში ოჯახი, პირველ რიგში, სოციალური ვალდებულებები და სხვების თვალში იმიჯია („რას იტყვის ხალხი“), ამიტომ აქ გაყრის ტენდენციაც ნაკლებია. ინდივიდუალისტებიო - აღნიშნავს მაიერსი - იმ დრომდე ქორწინდებიან, „სანამ ერთმანეთი ეყვარებათ“, ხოლო კოლექტივისტები - „უმეტესწილად, სულ, მთელი ცხოვრებისთვისო“. ინდივიდუალისტები ქორწინებისგან უფრო მეტად ელიან რომანტიულობის შენარჩუნებას და პირადი სურვილების ასრულებას, ვიდრე კოლექტივისტები.

7.7 § 7. მოდერნი და ტრადიცია

▲ზევით დაბრუნება


ცნობილი ფრანგი სოციოლოგი ა.მენდრა წერს: „თუ ანალიზისთვის ქმნიან რაღაც კონტინუუმს ორ არაშედარებად ექსტრემუმს შორის, ერთზე უცილობლად მსჯელობენ მეორესთან მიმართებაში. ტრადიციულ და ინდუსტრიულ წარმოებას შორის კონტინუუმი მოწოდებულია, რომ ყველა დანარჩენი საზოგადოება გაანაწილოს ინდუსტრიულთან მიმართებაში: ყოველთვის, როცა საზოგადოებას + ნიშანი მიეწერება „ინდუსტრიულობის“ გამო, - ნიშანს უსვამენ „ტრადიციულობის“ გამო. სხვა სიტყვებით, ტრადიციული სქემა ინდუსტრიულის შებრუნებული სქემაა: ასეთნაირად უარყოფენ პრეინდუსტრიული საზოგადოებებისთვის დამახასიათებელ ყოველგვარ ორიგინალობას“ (Мендра А. 2000 გვ. 64).

მოდერნიზაცია ხშირად უთანაბრდებოდა დასავლურობას და მისი გზაც ყოველთვის ერთი მიმართულებით - დასავლეთისკენ მიდიოდა. სხვა, განსხვავებული ადამიანურ-საზოგადოებრივი თვისებები მიიჩნეოდა არასრულფასოვნად იმ აზრით, რომ არ შეესაბამება სოციეტალურ ეკონომიურ განვითარებას. თუმცა კი ამ თვალსაზრისს ბევრი უარყოფს, იგი ზოგადად მაინც აღიარებულია და გავლენას ახდენს ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის შესახებ ნააზრევზეც.

დღევანდელ ეტაპზე სოციოლოგიური აზროვნების იგნორირების ნიმუშად მიიჩნევა ინდივიდუალიზხ/კოლექტივიზმისადმი სოციალურ-ევოლუციონისტური მიდგომა, რომლის მიხედვითაც ინდივიდუალიზმი თანამედროვეობაა. Berry-ს აზრით, ამ თვალსაზრისს გამოხატავენ Hofstede, Triandis; მიაჩნიათ, რომ ინდივიდუალიზმი უფრო მეტადაა შესაბამისობაში ეკონომიურ განვითარებასთან, სოციალურ ორგანიზაციასთან, სოციოკულტურულ სირთულესთან. იგი ბატონობს სოციეტალურ განვითარებასა და მოდერნიზაციაში და სოციალურ/ევოლუციურ პროგრესს წარმოადგენს. Hofstede-ს გაგებით,მოდერნიზაცია ინდივიდუალიზაციის შესატყვისია. და „ინდივიდუალისტური თანამედროვეობის“ სინდრომის შესწავლა მართლაც აჩვენებს, რომ მის მახასიათებელთა დიდი უმრავლესობა სწორედ ინდივიდუალიზმს ასახავს. იგი მოიცავს ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ურბანული ცხოვრების სტილი, ინოვაციისადმი გახსნილობა, რელიგიურობის ნაცვლად მეცნიერულობის რწმენა და ა.შ.

ბერი მიუთითებს, რომ შესაბამისობა ეკონომიურ განვითარებასა და ინდივიდუალიზმს შორის შესაძლოა უფრო ნაკლებია, ვიდრე მიაჩნიათ. ინდივიდუალისტური კულტურები საშუალოდ, როგორც წესი, კოლექტივისტურზე უფრო მდიდარი და მწარმოებლურია, თუმცა იაპონიის მაგალითი ამ აზრს არყევს. მეტიც, Markus-ისა და Kitaiama-ს აზრით, სწორედ კოლექტივისტური ღირებულებები - ოჯახი, ღირსება, კოლექტივის მიმართ ლოიალურობა - განსაზღვრავს ამ წარმატებას.

მაგრამ მკვლევარები აღნიშნავენ იმასაც, რომ სამართლიანობისა და თანასწორუფლებიანობის ნორმების მოქმედება ერთმნიშვნელოვანი ყოველთვის არ არის ამ ქვეყნებში. მაგალითად, კულტურისგან დამოუკიდებლად, სამართლიანობას უპირატესობა ენიჭება მაშინ, როცა მიზანი პროდუქტიულობაა; თუ მიზანი ჯგუფური ჰარმონიის შენარჩუნებაა, მაშინ უპირატესობა ენიჭება თანასწორობას; მხოლოდ მაშინ, როცა მიზანი მკვეთრად გამოკვეთილი არაა, კოლექტივისტები ორიენტირდებიან ჯგუფური სოლიდარობის შენარჩუნებაზე და არა პროდუქტიულობაზე (Kagitcibasi C., Rerry J.W. 1989).

ინდივიდუალისტური ორიენტაცია არა მხოლოდ მიღწევის მოთხოვნილებებთან და ეკონომიკურ ღირებულებებთანაა დაკავშირებული. იგი უკავშირდება თანამედროვე კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ ეგალიტარიზმსაც. მაგალითად, სტუდენტურ ქალაქში სულ ცოტა ხნის წინ დაქირავებული მდივანიც ისეთივე უფლებებით სარგებლობს საუკეთესო ადგილზე მანქანის დასაყენებლად, როგორც პროფესორი (თუმცა ჯარიმასაც ასეთივე „თანასწორობის“ პრინციპით იხდის) ანუ უთანასწორობას აქ უპირისპირდებიან; კოლექტივისტურ კულტურებში კი პირიქით - ძალიანაც მშვიდად უყურებენ მემკვიდრეობაზე ან სხვა სოციალურ მდგომარეობაზე დაფუძნებულ უთანასწორობას.

თანამედროვე გაგებით, მოდერნი ტრადიციას არ უპირისპირდება. ინდივიდუალიზმის გაიგივება მოდერნიზაციასთან, ბერის აზრით, სოციალურ ფენომენთა „ფსიქოლოგიზაციას“ ნიშნავს. დღეს კოლექტივიზმსა და ინდივიდუალიზმს აღარ განიხილავენ რაღაც თეორიული კონტინუუმის ურთიერთგამომრიცხავ პოლუსად. ორი კულტურული სინდრომი შეიძლება თანაარსებობდეს, თანაც სიტუაციის მიხედვით შეიძლება მეტნაკლებად აშკარად გამოვლინდეს ყოველ კულტურაში და ყოველ ადამიანში. ემპირიული კვლევები ადასტურებს, რომ სხვადასხვა ჯგუფისადმი კუთვნილების და ურთიერთქმედების მიზნების მიხედვით ორივე ორიენტაცია თანაარსებობს.

7.8 § 8. ეკოლოგია და სოციოკულტურული კონტექსტი

▲ზევით დაბრუნება


ცხადია, Hofstede არ იყო პირველი, ვინც კულტურის მახასიათებლებსა და ეკონომიკას შორის კავშირის თაობაზე დასვა საკითხი.

როგორ ახერხებს სოციალური ჯგუფი ისეთი მახასიათებლების გამომუშავებას და შენარჩუნებას, რომელიც მას სხვა სოციალური ჯგუფებისგან განასხვავებს?

ბევრმა სოციალურმა მოაზროვნემ, განსაკუთრებით კი კ. მარქსმა, ამ კითხვას გარე ეკოლოგიური და ეკონომიური ფაქტორების ტერმინებში უპასუხა.

მაგალითად, ამტკიცებენ, რომ მონადირეთა და შემგროვებელთა საზოგადოებები წაახალისებენ პირად ინიციატივას, მაგრამ, იმავდროულად, თავისი ჯგუფის წევრებისგან სოლიდარობას მოითხოვენ და მის გამოვლინებებს მიესალმებიან, რადგან ამას ნადირობა მოითხოვს; მიწათმოქმედთა საზოგადოებებში კი დამოუკიდებლობას და აგრესიულობას არ წაახალისებენ - პირიქით, დამჯერობა-დამყოლობას და პასუხისმგებლობას მოითხოვენ, რადგან სწორედ ასეთი მიმართებაა საჭირო ეკონომიურ რესურსთა შემდგომი განვითარებისა და ნათესების მოსავლელად; მიწათმოქმედთაგან განსხვავებით, მესაქონლე თემები სწორედაც რომ ძალზე მიდრეკილი არიან აგრესიულობისკენ - მათთვის მეზობელთაგან ნახირის ან ფარის წარტყვევნა აყვავების გზაა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითვე გახდებიან უფრო ძლიერ მეტოქეთა მსხვერპლი.

კულტურულ ადათ-წესებსა და ეკოლოგიურ გარემოს შორის ასეთი კავშირის ფაქტს ადრეული კლასიკური კორელაციური კვლევებიც ადასტურებდა, მაგალითად, დამახასიათებელ თვისებასა და ღირებულებებს, ან საკვების მოპოვებასა და სიმდიდრის შეძენას შორის. მაგრამ ამ კვლევებით ძნელი დასადგენი გახდა, სოციალური ქცევის დამახასიათებელი პატერნები და საზოგადოებრივი ნორმები რამდენადაა არსებული ეკონომიური პირობების შედეგი.

სწორედ ამის გამო ძალზე საინტერესო ხდება ე.წ. ბუნებრივ ექსპერიმენტზე დაკვირვება, როცა ეკოლოგიური მოთხოვნები და შესაძლებლობები ისტორიულ გარემოებათა ზეგავლენით იცვლება, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს იმას დავაკვირდეთ, რა ხდება კულტურულ ღირებულებებში, ადათ-წესებში და სოციალურ ინსტიტუტებში (Л. Росс, Р. Нисбет 2000 გვ. 281).

მკვლევართა ინტერესის საგანია ეკოლოგიური გარემოს ბევრი ატრიბუტი, მათ შორის, კლიმატიც. მაგალითად, მიუთითებენ, რომ პოლიტიკური ბუნტი და შეიარაღებული თავდასხმები კლიმატითაცაა გაპირობებული და მათი ნაირგვარი გამოვლინება შეიძლება ავლენდეს კოლექტიური აზროვნების კულტურულ ვარიაციებს.

ასეთი კულტურული ვარიაციები კი შეიძლება აღწერილ იქნას როგორც Hofstede -სეული მახასიათებლებით (ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი, ძალაუფლებრივი დისტანცია, განუსაზღვრელობისგან გაქცევა და მასკულინობა-ფემინურობა), ისე Schwartz-ისეული მახასიათებლებით - ავტონომია, ბატონობა, იერარქია, კონსერვატიზმი, ჰარმონია და ეგალიტარული მოვალეობა.

SH. Schwartz-სა და G. Hofstede-ს მიერ თანამშრომლებთან ერთად ჩატარებულ ერთ-ერთ ბოლო გამოკვლევაში ავტორებმა დასვეს საკითხი ტემპერატურის, კულტურული მასკულინობისა და პოლიტიკური ძალადობის კავშირის შესახებ.

ამ კვლევაში მასკულინობა განიხილება Hofstede-სეული გაგებით, რომლის მიხედვით, მასკულინური ორიენტაციისაა ის საზოგადოებები, სადაც მიიჩნევა, რომ კაცი უნდა იყოს დომინანტური, ძლიერი, მკაცრი და ორიენტირებული მატერიალურ წარმატებაზე, ხოლო ქალი - მორჩილი, სადა, ზომიერი, ნაზი, ალერსიანი და ზრუნავდეს ცხოვრების ხარისხზე; შესაბამისად, ოჯახში და შთამომავლობასთან მიმართებაში მკვეთრად დიფერენცირებული ფუნქციებია.

ასეთი ორიენტაციის საპირისპიროდ, დაბალი მასკულინობის ქვეყნებში მიიჩნევა, რომ ქალიც და კაციც ერთნაირად უნდა ზრუნავდეს შთამომავლობაზე და დაახლოებით ერთნაირ ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ.

ამგვარი მოლოდინების სისტემაა სქესების მიმართ მასკულინობა/ფემინურობით დახასიათებულ კულტურებში.

კულტურის მასკულინური ორიენტაცია მკვლევარებმა დაუკავშირეს მამობრივი ღვაწლის თეორიას. ეს თეორია ეყრდნობა მშობლიური ზრუნვის ბიოლოგიურ კონსტრუქციას და წარმოდგენილია 3 პოსტულატით: გაცვლა-მოპოვება, კლიმატი და კულტურა.

პირველი პოსტულატი ვარაუდობს, რომ მამაკაცს მეტი არჩევანი აქვს, ვიდრე ქალს, და ეს არჩევანი გარკვეულად კლიმატურ პირობებზეცაა დამოკიდებული; კლიმატს უკავშირდება ადამიანის ბიოლოგიურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, კერძოდ, ოჯახისთვის უფრო რთულია დაიკმაყოფილოს ჭამის, უსაფრთხოებისა და დაცვის მოთხოვნილებები ცივ კლიმატში, ვიდრე თბილში. დედისა და შთამომავლობის გადარჩენა ცივ კლიმატში დამოკიდებულია ოჯახში მამაკაცის აქტიურ მოღვაწეობასთან ოჯახის საკეთილდღეოდ, ხოლო თბილში, სადაც ამ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ადვილია, მამის ღვაწლი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს ვითარება მამაკაცს უადვილებს კონტაქტების შესაძლებლობას საპირისპირო სქესთან, შესაბამისად, მისთვის ბევრ პარტნიორთან ბავშვების გაჩენა არ არის დაკავშირებული მათი რჩენის განსაკუთრებულ სირთულესთან - თბილი კლიმატი და ამის გამო შედარებით იოლად მოპოვებადი საკვები იმ იმედს ბადებს, რომ მათი უმრავლესობა გადარჩება.

რაც შეეხება კულტურის ფაქტორს, იგი ვლინდება მამის ღირებულების გავლენაში კულტურის ზოგად ორიენტაციაზე: მამის დიდი ღირებულება წარმოშობს კულტურებს, რომლებსაც მასკულინობაზე ნაკლები ორიენტაცია, და, შესაბამისად, ძალადობრივი ქცევაც ნაკლებად ახასიათებთ. ამ ვითარების მიზეზს მეცნიერები ხედავენ იმაში, რომ მსგავს კულტურებში მშობლობა და მშობლის ღვაწლი - როგორც დედის, ისე მამის - მიჩნეულია მსხვერპლშეწირვად, საკუთარ სურვილებზე უარის თქმად, სადაც დომინირებულია ერთობლივი პოზიციაც და ქცევაც. ამგვარად, ქალები და მამაკაცები სიმეტრიულ მშობლიურ როლებს ასრულებენ, ეს ორიენტაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის აღზრდაში მონაწილეობისთვის ქმრებზე და მამებზე ზეწოლის ძლიერი ნორმატული საფუძველი ხდება. აქვე იგულისხმება, რომ ოჯახის გარეთ მამაკაცი აგრესიულიც შეიძლება იყოს და კონკურენტულიც.

Hofstede-ს მიხედვით, კულტურა ვითარდება დაბალი მასკულინობის პირობებში; მასკულინობასთან ასოცირებული თანამშრომლური ქცევა ნუკლეარულ ოჯახში გარკვეული ტიპის ქცევათა განზოგადების საფუძველი ხდება კულტურაში, რომელიც მოითხოვს მათ შესრულებას, ხოლო ოჯახები, რომლებიც თანამშრომლობისკენ მიისწრაფვიან, მაქსიმალურად ზრდიან მათი და შვილების საერთო გადარჩენის შესაძლებლობას. Hofstede-ს აზრით, უკვე აღნიშნული მიზეზების გამო ოჯახები იმ კულტურებში, სადაც გრილი კლიმატია, უფრო თანამშრომლობაზე არიან ორიენტირებული, ვიდრე ურთიერთკონკურენციაზე.

ცხელ კლიმატში მრავალი პარტნიორის ყოლის მოთხოვნილებას მამაკაცი იოლად იკმაყოფილებს, ხოლო ასეთი სწრაფვა მასში ხელს უწყობს დომინანტური და ძალადობრივი პოზიციის განვითარებას. ამის შედეგად იქმნება ასიმეტრიული მშობლური როლები, სადაც მამაკაცს დიდი ზრუნვა შთამომავლობაზე არ მოეთხოვება, ხოლო ქალები იძულებული ხდებიან მთელი თავიანთი ყურადღება მიმართონ ბავშვების აღზრდასა და უსაფრთხოებაზე.

ამგვარად, საზოგადოებები თბილ რეგიონებში კულტურული მასკულინობის ზრდის მიმართულებით ვითარდებიან, სადაც მამაკაცებისადმი მოთხოვნა უშვებს ინტერპერსონალური, გარეჯგუფური და შიდაჯგუფური პრობლემების მოგვარებას აგრესიულად, კონკურენციით და არა ინტეგრალური თანამშრომლობით - აქ კონფლიქტის მოგვარება ხდება ბრძოლით და არა გაქცევით, აგრესიით და არა მოლაპარაკებით.

ანთროპოლოგიური კვლევები ავლენს იმასაც, რომ კულტურული მასკულინობა ყველა ცხელ ქვეყანაში ერთნაირად არ ვლინდება (Sh. Schwartz, G. Hofstede et all. 1999).

7.9 § 9. ორგანიზაციის მართვა და ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი

▲ზევით დაბრუნება


მკვლევართა ასევე მუდმივი ინტერესის საგანია ორგანიზაციისა და სოციოკულტურული გარემოს ურთიერკავშირი კულტურის ტიპის მიხედვით. ისინი მიიჩნევენ, რომ ყოველ კულტურაში არსებობს გარკვეული მზა კულტურული მოდელი; სწორედ ამ მოდელის მეშვეობით ახდენს სოციო-კულტურული გარემო გავლენას შიდა სამუშაო კულტურაზე, რაც აისახება საზოგადოებრივი რესურსების მართვის პრაქტიკაზეც.

კანადაში და ინდოეთში შესწავლილ იქნა ამ ორ ცვლადს შორის კავშირი საწარმოს მმართველ (მენეჯერთა) და დაქირავებულ ძალაზე (მომუშავე თანამშრომლებზე) დაკვირვებით (Z.Aycan, R. N. Kanungo, J.B.P. Sinha. 1999).

ორგანიზაცია რთული სისტემაა და არსებობს დინამიურ ინტერაქციულ გარემოში. ასეთი რთული სისტემების მართვა მოითხოვს ორგანიზაციის შინაგანი და გარეგანი გარემოს საფუძვლიან ცოდნას. შინაგანში იგულისხმება მუშაობის განაწესის კულტურა, გარეგანი კი საწარმოო გარემოს სახითაა წარმოდგენილი და მასში იგულისხმება მარკეტინგის ტიპი, ინდუსტრიის ტიპი, კუთვნილების ფორმა, გამოყენებადი რესურსები. გარდა ამისა, ასევე არსებობს სოციოკულტურული გარემოც მისთვის დამახასიათებელი პატერნალიზმით, ძალაუფლებრივი დისტანციით და სხვა მახასიათებლებით.

შინაგანი, გარეგანი და სოციოკულტურული გარემო გავლენას ახდენს ფსიქიკურ და სოციოპოლიტიკურ კონტექსტზე - ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და ისტორიულ ფაქტორებზე.

სოციო და ორგანიზაციული კულტურის ცნებებს, გარეგნულად დამოუკიდებელს, ინდოელი მეცნიერი კანუნგო აერთიანებს მზა კულტურული მოდელის ცნებაში. მზა კულტურული მოდელის მიხედვით, სოციოკულტურა შედგება 6 ნაწილისგან:

1. პატერნალიზმი - აღწერს ავტორიტარებს, რომელთა წარმოდგენით, ხალხმა მათ მხარი უნდა დაუჭირონ და ურთიერთობები იქონიონ მხოლოდ მათი ზრუნვა-მეთვალყურეობის ქვეშ; ქვეშევრდომები, თავის მხრივ, გამოხატავენ ზრუნვას, პატივისცემასა და ერთგულებას ავტორიტართა მიმართ.

პატერნალიზმი კულტურული თავისებურებაა, რომელიც გულისხმობს ოპოზიციას „მმართველი-ქვეშევრდომი“ და ძირითადად ტრადიციულ აღმოსავლურ კულტურებს ახასიათებს. იგი აღწერს როგორც სტრატიფიცირებულ სოციალურ კულტურას, ისე მმართველ-ქვეშევრდომთა უამრავ როლს;

2. ძალაუფლებრივი დისტანცია (Hofstede-ს გაგებით), რომელიც აღწერს ძალაუფლებრივი იერარქია-უთანასწორობის მისაღებობის ხარისხს საზოგადოებისთვისაც და მისი ინსტიტუტებისთვისაც.

3. მასკულინობა-ფემინურობა, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულ იქნა ცხოვრების სტილად მიჩნეული ინდივდუალური ღირებულებები. მასკულინურ საზოგადოებებში წამყვანია დოგმატურობა, წარმატება, ფულის მოპოვება-დაგროვება და სხვა მატერიალური ღირებულებები, ფემინურში კი - ინტერპერსონალური ჰარმონიულობა, თანასწორობა და სხვებზე ზრუნვა.

4. განუსაზღვრელობისგან გაქცევა. იმ კულტურებში, სადაც ეს მახასიათებელი მაღალია, ინდივიდები ხასიათდებიან ნაკლები რისკიანობით და არალოიალურობით ორაზროვანი და დევიაციური ქცევის მიმართ

ერთობისადმი ლოიალურობა და თავდაჯერებულობა ახსნადია ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის ფარგლებში. ერთობისადმი ლოიალურობა იმ ინდივიდებს ახასიათებთ, რომლებიც ვალდებულებას გრძნობენ შიდა ჯგუფის წევრებისადმი (ნათესავები, კლანი, ორგანიზაცია) და აუცილებლად მიიჩნევენ მათთვის მიუღებელი ან უსიამო ვალდებულებების შესრულებასაც კი; თავდაჯერებულობა კი იმ ინდივიდებს ახასიათებთ, რომლებიც მხოლოდ თავის საკუთარ ძალებს ეყრდნობიან და ან არ, ან ნაკლებად სთხოვენ დახმარებას შიდა ჯგუფის წევრებს.

კვლევა ჩატარდა ორჯერ გარკვეული ცვლილებებით. ორივე კვლევის შედეგების მიხედვით, ინდოეთში უფრო ძლიერია პატერნალიზმი, ძალაუფლებრივი დისტანცია, განუსაზღვრელობისგან გაქცევა და ერთობისადმი ლოიალურობის ხარისხი, ინდოელები კანადელებზე უფრო რეაქტიულები და მომავალზე უფრო მეტად ორიენტირებული არიან.

თვითკონტროლი ინდოელებთან პირველი კვლევის მონაცემებით უფრო მაღალია, ვიდრე მეორე კვლევის მონაცემებით. აქ ასევე დაფიქსირდა კანადელთა მეტი აქტიურობა და ინდოელთა მხრიდან სხვების მიმართ ვალდებულების უფრო ძლიერი განცდა. გარდა ამისა, მართვის პროცესებში „აქტიურად მონაწილის“ ამპლუაში ყოფნის მეტი სურვილი აღმოაჩნდათ კანადელებს.

საზოგადოებრივი რესურსების მართვის პრაქტიკის შესახებ მონაცემები ორივე კვლევის მიხედვით ავლენს ინდოელთა ნაკლებ ავტონომიურობას, ოსტატობას, ცოდნის მრავამხრივობას და თვითკონტროლს, მაგრამ მეტად ორიენტირებული აღმოჩნდნენ წარმატებაზე.გასათვალისწინებელია, რომ ინდოელები, კანადელებთან შედარებით, მეტად აღნიშნავდნენ თავისუფალი სტილით მუშაობის და დაჯილდოვების შესაძლებლობების ნაკლებობას.

კანადაში და ინდოეთში სოციოკულტურული გარემოს თაობაზე განსხვავებების გარდა გამოვლინდა შიდა სამუშაო კულტურასა და საზოგადოებრივი რესურსების მენეჯმენტის პრაქტიკაზე სოციოკულტურული გარემოს სხვადასხვაგვარი გავლენაც. შესწავლილ იქნა მიმართებები ამ ცნებებს შორის ორივე კულტურულ ჯგუფში.

უარყოფითი კორელაცია გამოვლინდა ძალაუფლებრივ დისტანციასა და ადგილობრივ კონტროლს შორის - რაც უფრო მაღალია ძალაუფლებრივ დისტანცია, მით უფრო სუსტია ადგილობრივი კონტროლი. ეს ტენდენცია ძლიერ გამოჩნდა ინდოელთა პასუხებში.

დადებითი კორელაცია გამოვლინდა ერთობისადმი ლოიალურობასა და სხვების მიმართ ვალდებულებას შორის, ასევე თავდაჯერებულობასა და სამსახურეობრივ პასუხისმგებლობას შორის, ეს უკანასკნელი კანადელებთან უფრო მაღალი აღმოჩნდა.

ამგვარად, აღმოჩნდა, რომ ძლიერი კავშირია:

1. პატერნალიზმს, ძალაუფლებრივ დისტანციას, განუსაზღვრელობისგან გაქცევასა და ერთობისადმი ლოიალურობას შორის;

2. ადგილობრივ კონტროლს, ფუტურისტულ ტენდენციას, აქტიურობას, სამსახურებრივ პასუხისმგებლობასა და „მონაწილეობის სურვილს“ შორის;

3. ავტონომიურობას, ცოდნის მრავალმხრივობას, ოსტატობას, მიზანთა მრავალგვარობას, თავის გამოჩენის საშუალებებს, წარმატების მნიშვნელობას და დაჯილდოვების მრავალფეროვნებას შორის.

პატერნალიზმი იწვევს რეაქტიურობას, განუსაზღვრელობას, მკაცრ კონტროლს, დაჯილდოვებას მცირე დოზით; ერთობისადმი ლოიალურობა კი უარყოფითად ზემოქმედებს საკუთარი სახის შენარჩუნებასა და კონტროლზე; მენეჯერები ასეთ გარემოში საჭიროდ არ მიიჩნევენ ინდივიდუალური დაჯილდოვების სისტემას, მათი აზრით, თანამშრომლები უნდა გრძნობდნენ ვალდებულებებს სხვების მიმართ და პასუხისმგებლობას, ეს კი თავის მხრივ, გააძლიერებს წარმატებაზე ორიენტაციას და თვითკონტროლს. ძალაუფლებრივი დისტანცია კი უარყოფს აქტიურობას, რაც ამცირებს მაღალანაზღაურებადი სამუშაოს რაოდენობას.

ამ გამოკვლევამ გამოავლინა კულტურულ გარემოთა განსხვავება კანადასა და ინდოეთში და ამ განსხვავებულობის გავლენა ორგანიზაციის მუშაობაზე.

ორი ქვეყნის კულტურული ღირებულებების შედარებისას გამოვლინდა, რომ ინდოეთი მეტადაა ორიენტირებული პატერნალიზმსა და ერთობისადმი ლოიალურობაზე; ორივე კულტურაში მასკულინურზე უფრო (ფულზე და სხვა მატერიალურ ღირებულებებზე ორიენტაცია) გამოიკვეთა ფემინური ელემენტების (ჰარმონიული ინტერპერსონალური ურთიერთობების) სიჭარბე; თავდაჯერებულობა ინდოეთში უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე კანადაში, რაც მკვლევართათვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა კოლექტივისტური ინდოეთის პირობებში; ამ ვითარებას ისინი ხსნიან იმით, რომ ისეთ კოლექტივისტურ საზოგადოებაში, სადაც სიღარიბე და რესურსების სიმწირეა, თავდაჯერებულობა სხვაგვარად გაიგება და პირველ რიგში გულისხმობს ტენდენციას, ტვირთად არ დააწვეს შიდა ჯგუფს - ოჯახს, სანათესაოს, მეგობრებს, თავდაჯერებულობა მეგობარ-ახლობლებისადმი, ერთობისადმი ლოიალურობის გამოხატვაში ახორციელებს თავისთავს.

ინდოელი მენეჯერების შეფასებით, დაქირავებული ძალა თავისი სამუშაოს მიმართ უფრო რეაქტიულია, ვიდრე აქტიური; მათი აზრით, ევოლუციური პროცესისთვის სხვების მიმართ ვალდებულების ქონა აუცილებელი არაა. მენეჯერები ორივე კულტურიდან - ინდოელებიც და კანადელებიც - მიიჩნევენ, რომ თანამშრომლებს შრომა შეუძლიათ და მათ თავის გამოჩენის საშუალება უნდა მიეცეთ; საზოგადოებრივი რესურსების მართვის პრაქტიკაში ისინი მხარს უჭერენ თანამშრომელთა მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, რაც საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, რამდენადაც ასეთი ტენდენცია უფრო დასავლურ ორგანიზაციულ სტილს ახასიათებს, ვიდრე აღმოსავლურ ტრადიციულს; ინდოელი მენეჯერების „მზრუნველ, მშობლური“ ორიენტაციის გვერდით წამახალისებელი დაჯილდოვების სისტემაც არსებობს იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც პრობლემებს სამუშაოზე დამოუკიდებლად წყვეტენ და არა სხვების კარნახით. ამგვარად, ინდური პატერნალიზმი განსხვავდება მმართველობის ავტორიტარული სტილისგან.

აღსანიშნავია, რომ მასკულინობა მატერიალური უზრუნველყოფის აქცენტირებით უარყოფით გავლენას ახდენს ფუტურისტულ ორიენტაციებზე, ფემინურობა კი გულისხმობს უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობებს, რაც თავისთავად უწყობს ხელს სამომავლო გეგმების განხორციელებას.

ამგვარად, სოციოკულტურული გარემო გავლენას ახდენს მართვის მოდელებზე, რაც თავის მხრივ, თავს იჩენს საზოგადოებრივი რესურსების მართვის პრაქტიკაში.

პატერნალიზმი არადასავლური კულტურების თავისებურებაა, მაგრამ ავტორიტარიზმის იგივეობრივი არაა, როგორც ეს დასავლეთში ესმით. საკვლევია მისი თავისებურებები ორგანიზაციასა და მის მართვასთან მიმართებაში; მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის სხვა ასპექტებშიც ასევე საკვლევია თავდაჯერებულობაც

7.10 § 10. განათლება და კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმი

▲ზევით დაბრუნება


ცნობილი იაპონელი მკვლევარი D.Matsumoto (გვ. 199) წერს: „ინტელექტის ტესტები კარგად წინასწარმეტყველებს იმ ვერბალურ უნარებს, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის ინდუსტრიულ საზოგადოებაში, იმ კულტურებში, სადაც ფორმალიზებული საგანმანათლებლო სისტემაა. მაგრამ ამ ტესტებმა შეიძლება მოტივაცია, კრეატიულობა, ტალანტი ან სოციალური უნარები ვერ გაზომონ, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანია მიღწევებისთვის“

სასწავლო სიტუაციები და ინტერპრეტაციათა განსხვავებულობა მკვლევართა ინტერესის საგანია. ეს სფერო მულტიდისციპლინარულია და მიმართავს სოციოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ანთროპოლოგიის, მონაცემებს.

მკვლევარები ერთხმად მიუთითებენ განსხვავებული კულტურული ჯგუფების ურთიერთადაპტაციის აუცილებლობაზე.

განსაკუთრებით აღნიშნავენ ამ პროცესთა აქტუალობას სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში ისეთი მეთოდების შემუშავების საჭიროებას, რომლებიც მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც კულტურათაშორისო განსხვავებებს უკეთ შეაგრძნობინებს.

ამ მიზნით ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა სამხრეთ-ამერიკელი მოსწავლეები და ანგლო-საქსური წარმოშობის მასწავლებლები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა სასკოლო სიტუაციების ინტერპრეტაციების განსხვავებულობის გამოვლენა.

რესპონდენტებს უყვებოდნენ ამბავს: მისტერ ჯონსი ჯგუფს სხვადასხვა საჭმელზე ესაუბრებოდა. სიტყვამ ესპანური სამზარეულო მოიტანა, რომელიც მისტერ ჯონსს არასოდეს გაუსინჯია. მეორე დღეს ერთ-ერთმა ესპანელმა სტუდენტმა მას ხსენებული კერძი მიართვა.

ამ ისტორიას 4 სავარაუდო ახსნა მოეძებნა; მისტერ ჯონსის აზრით:

1. სტუდენტის მხრივ ეს სასიამოვნო ჟესტი იყო;
2. სტუდენტს სურდა, პედაგოგს უკეთ გაეგო მისი ქვეყანა;
3. სტუდენტმა იფიქრა, რომ მისთვის საინტერესო იქნებოდა ამ კერძის გასინჯვა;
4. სტუდენტს კერძი არ უნდა მოეტანა.

კვლევის მომდევნო ეტაპზე სხვა ამერიკელ პედაგოგებსა და ესპანური წარმოშობის სტუდენტებს დაევალათ 4 ალტერნატიული პასუხიდან ერთ-ერთის ამორჩევა. შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოიკვეთა: სტუდენტები ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ინდივიდუალურ მოპყრობას ანიჭებდნენ უპირატესობას და ინტერპერსონალურ ასპექტს გამოყოფდნენ, ხოლო პრობლემის არსებობას უფრო სტუდენტებს აბრალებდნენ, ვიდრე მასწავლებლებს; ამერიკელი მასწავლებლები თანასწორობაზე და თავისუფლებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, მეტი მნიშვნელობა ინტერპერსონალურ ასპექტს კი არა, დავალებასთან დაკავშირებულ მხარეს მიანიჭეს; მათი აზრით, მასწავლებლები მოსწავლეებთან ფიზიკური სიახლოვის გამო თავს უხერხულად გრძნობენ, ამერიკელი მასწავლებლები უპირატესობას ანიჭებდნენ მოსწავლეებისგან მომდინარე ინიციატივასა და დამოუკიდებლობას.

აღნიშნული განსხვავებები ლათინური ამერიკის ქვეყნებში ბავშვებისა და უფროსების დამოკიდებულების თავისებურებასთანაა დაკავშირებული, რაც თავს ავლენს განათლების პროცესშიც. მაგალითად, კულტურითაა გაპირობებული ესპანური წარმოშობის ბავშვების მოლოდინი, რომ მასწავლებლები ისეთივე ექსპრესიული და ალერსიანები იქნებიან, როგორც მათი გარემოცვის მოზრდილები. მათ უყვართ მასწავლებლის მაგიდის გარშემო თავმოყრა, მისი შეხება და გამომშვიდობებისას კოცნა სჩვევიათ, ხოლო მასწავლებლები (მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში) სწორი პასუხისას ბავშვებს თავზე ხელის გადასმით აჯილდოვებენ.

სრულიად სხვა კულტურულ გარემოში აღზრდილი ამერიკელი მასწავლებლების უმრავლესობისთვის კი მსგავსი რამ მაშინაც კი წარმოუდგენელია, როცა იციან ბავშვთა ეს ტენდენცია; ისინი თავს უხერხულად გრძნობენ და ცდილობენ ასეთი სიახლოვის თავიდან არიდებას. შესაბამისად, ამას მოსწავლეთა მხრიდან არაადექვატური აღქმა მოყვება: მათ ეს თავისი თავის უგულებელყოფად შეიძლება აღიქვან და მასწავლებელი ცივ და შორეულ ადამიანად მიიჩნიონ.

ასეთი შემთხვევები პარალინგვისტურ ქცევაში კულტურული განსხვავებების მაგალითია.

ძალზე საინტერესოდ ავლენს თავს განათლების ორიენტაციებისა და კულტურის ტიპის კავშირი Hofstede-ს მახასიათებლების შუქზე.

როგორც აღინიშნა, Hofstede-ს მიერ გამოყოფილი კულტურის მახასიათებლებით შეიძლება სოციალური ცხოვრების ყველა მოვლენის დახასიათება; მის მიერ გამოყოფილი განზომილებები თავს ავლენს სწავლების მიზანსა და მეთოდებში, სასწავლო მეცადინეობების სტრუქტურაში, აუდიტორიაში ურთიერთქმედების სტილში და სხვა.

კოლექტივისტურ კულტურებში სწავლების ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს რაც შეიძლება ბევრი (რაოდენობრივი) ცოდნის მიწოდება-მიღება. ინდივიდუალისტურ კულტურათა უმრავლესობაში კი პრიორიტეტი ენიჭება დამოუკიდებლად ცოდნის მოპოვების უნარ - ჩვევების განვითარებას. აშშ-ში პედაგოგი ცოდნას უფრო შეფარდებით ფენომენად მიიჩნევს, ვიდრე აბსოლუტურად. შესაბამისად, წაახალისებს კიდეც მათ განხილვას საიმისოდ, რომ სტუდენტმა ისწავლოს თავისი აზრის გამოთქმა; იგი, პირველ რიგში, სწორედ ამ პროცესში ეხმარება მას - ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებების და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარის ფორმირებაში.

„მასწავლებელსა“ და „მოწაფეს“ შორის ურთიერთქმედების ეფექტურობა ბევრადაა გაპირობებული გარკვეული კულტურული მახასიათებლებით, კერძოდ, კოლექტივიზმ/ინდივიდუალიზმით და „ძალაუფლებრივი დისტანციით“.

იმ კულტურებში, სადაც ძალაუფლებრივი დისტანცია მოკლეა, პედაგოგი სტუდენტის მიმართ პატივისცემას, პირველ რიგში, გამოხატავს მისი შეხედულებებისა და დამოუკიდებელი მსჯელობის პატივისცემაში, ამიტომ სტუდენტს საპირისპირო მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობაც აქვს და მისი გაკრიტიკებაც არ უჭირს; კულტურებში, სადაც ძალაუფლებრივი დისტანცია დიდია, პედაგოგის სახალხო კრიტიკამ შეიძლება სერიოზული არასასიამოვნო შედეგები მოუტანოს სტუდენტს; მოკლე ძალაუფლებრივი დისტანციის მქონე კულტურებში სტუდენტები ბევრ შეკითხვას სვამენ და პედაგოგი ამას საგნისადმი ინტერესის გამოხატვად აღიქვამს, მაშინ, როცა საწინააღმდეგო ვითარების მქონე კულტურებში სტუდენთა მხრიდან შეკითხვების სიმრავლე პედაგოგმა საკუთარი კომპეტენტურობის ეჭვქვეშ დასმად მიიჩნიოს. პრინციპულად, მცირე ძალაუფლებრივი დისტანციის მქონე კულტურებში „სტუდენტი-პედაგოგის“ ურთიერთობის სტილი არაფორმალურია, სტუდენტები ხშირად პედაგოგს სახელით მიმართავენ და როგორც თანასწორს, ისე ექცევიან, მაშინ როცა რუსი სტუდენტების ანალოგიური სტილით ურთიერთობის ვითარებაში, მათივე სიტყვებით, „პედაგოგის მიმართ პატივისცემას კარგავენ და მის საგანსაც არასერიოზულად ეკიდებიან“ (Галочкина Е 1999).

„სტუდენტი-პედაგოგის“ ურთიერთქმედებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან გავლენას იწვევს კულტურის სხვა მახასიათებლებიც. კოლექტივისტური კულტურის ღირებულებები - ურთიერთმხარდაჭერა და ურთიერთდახმარება განსაზღვრავს, მაგალითად, სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას გადაწერისა და კარნახის მიმართ - ასეთი კულტურის წარმომადგენლები ამ მოვლენათა მიმართ ლოიალურები არიან, მაშინ როცა ამერიკელისთვის გადაწერა, არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისების ტოლფასია, და მეტიც, დანაშაულადაც კი შეიძლება იქნას კვალიფიცირებული.

„მასკულინური“ ორიენტაციის მქონე კულტურის წარმომადგენელთათვის შეჯიბრი და „განსაკუთრებულობა“, სხვებში გამორჩეულობა ძლიერი მოტივაციაა; „ფემინურში“ წახალისებულია თავმდაბლობა, სტუდენტების სოლიდარობა, ჩამორჩენილთა დახმარება.

სასწავლო მეცადინეობების სტრუქტურირებულობის ხარისხი ძალზე მჭიდროდ დაკავშირებული აღმოჩნდა Hofstede-ს კიდევ ერთ კულტურულ მახასიათებელთან - განუსაზღვრელობისგან გაქცევასთან. კულტურებში, სადაც ეს მაჩვენებელი დაბალია, სტუდენტები თავს ისეთ სიტუაციებში გრძნობენ კომფორტულად, როცა სასწავლო სიტუაციებში ზუსტადაა ფორმულირებული მიზნები და დეტალური ინსტრუქციებია; იმ კულტურებში, სადაც ეს მახასიათებელი მაღალია, სტუდენტებს დისკომფორტი არ უჩნდებათ მაშინ, როცა მიზნები მხოლოდ ზოგადადაა მოხაზული, ხოლო დავალების შესასრულებლად ზუსტი ინსტრუქციები არ მიეწოდებათ. ასეთ კულტურებში წახალისებულია არატრადიციული მიდგომები ამოცანის გადასაწყვეტად, დასაშვებია ღია და თავისუფალი დისკუსიები მაშინ, როცა „საბოლოო ჭეშმარიტების“ პრეტენზიის მქონე პასუხების უკმარისობაა. რაც შეეხება ნაკლებად „მომთმენ“ კულტურებს, „სწორი“ პასუხების და „ზუსტად“ გადაწყვეტის მოთხოვნილება უზარმაზარია, შესაბამისად, პედაგოგმა ყველაფერი უნდა იცოდეს და უფლება არა აქვს, თქვას - „არ ვიცი“, ხოლო პედაგოგის კომპეტენტურობაც და მისი საგნის შეფასებაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად „აკადემიურია“ მისი სტილი.

ამგვარად, სტუდენტებსაც და პედაგოგებსაც გარკვეული კანონები და მოლოდინები აქვთ, რასაც ხშირად ვერც იცნობიერებენ - კულტურა თავს ყველა მოვლენაში ასახავს, ამასთან, ყველა კულტურას კანონებიც და მოლოდინებიც თავისებურად აქვს „გადახარშული“.

7.11 § 11. კორუფცია და კოლექტივიზმი/ინდივიდუალიზმი

▲ზევით დაბრუნება


ე.ფრომი აღნიშნავდა, რომ კონკრეტული სოციოეკონომიკური სტრუქტურის პირობებში ერთიანობისა და სოლიდარობის დამყარებისა და მხარდაჭერის ადექვატური ფორმის დამკვიდრება ნებისმიერი საზოგადოებისთვის უარსებითესი საკითხია.

არსებობს თვალსაზრისი, რომ ოჯახისადმი და შიდაჯგუფისადმი ლოიალობა, შიდაჯგუფური ღირებულებების შეჭრილობა სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში და აქედან გამომდინარე ყოველგვარი ნეგატიური შედეგი, მათ შორის კორუფციის ტენდენცია, კოლექტივისტური საზოგადოების მახასიათებელია. მეცნიერთა მეორე ნაწილის თვალსაზრისით, ლოიალობა კოლექტივისტურ საზოგადოებაში ნათესაობასა და ოჯახს საკმაოდ სცილდება და ეროვნულ ლოიალობაში გადადის; სამაგიეროდ, ინდივიდუალისტური საზოგადოებისთვის ტიპური მნიშვნელოვანი პიროვნული ინტერესები არანაკლებ საფრთხეს უქმნის სოციალურ ჰარმონიას და საზოგადოებრივ სიკეთეს; მათი აზრით, კორუფციის ტენდენცია საზოგადოდ ადამიანთა კოლექტივიზმის კი არა, სხვა ფაქტორების - დაჯგუფებათა მსხვილი ფინანსური ინტერესების, კონკრეტულ პირთა სიხარბის და ა.შ. შედეგია. მიიჩნევენ, რომ კორუფციული მთავრობა უფრო მეტად შეიძლება იყოს დაკავშირებული ძალაუფლებრივ დისტანციასთან, მმართველთა ინდივიდუალურ ინტერესებთან (სიხარბესთან), საერთაშორისო პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებთან, საზოგადოების სიღარიბესა და გაუნათლებლობასთან - ეს ფაქტორები უფრო შესაძლებელია ამ მოვლენის მიზეზად მივიჩნიოთ, ვიდრე საერთოდ ადამიანთა კოლექტივიზმი (ბერი).

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. საქმე ისაა, რომ დაჯგუფებათა მსხვილი ფინანსური ინტერესების, კონკრეტულ პირთა სიხარბის და ა.შ. გვერდით, რომელიც ყველა ტიპის საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს, არსებობს აღქმა-ქცევითი ორიენტაციების კულტურული განსაზღვრულობა, რომელიც ჯგუფურ მორალსა და ზნეობას აყენებს უფრო მაღლა, ვიდრე კანონს, როგორც სახელმწიფოს ფუნქციონირების უზენაეს საყრდენს, უკვე არსებობს „კანონი“ - კულტურული ტრადიცია, რომელიც მიმართულია ურთიერთობებში უკონფლიქტობის შენარჩუნების ფუნდამენტურ ღირებულებასა და შიდა ჯგუფის გარე ჯგუფისგან გამომყოფი საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვაზე. კოლექტივისტურ კულტურაში სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებაში იჭრება ტრადიციული, ოჯახურ-ნათესაური და „ნაცნობთა“ შიდა ჯგუფების ფუნდამენტური ღირებულება.

სწორედ ამ ვითარებას ითვალისწინებს მკვლევართა ის კატეგორია, რომელიც საზოგადოებაში კორუფციის ტენდენციას ეთიკასთან მიმართებაში განიხილავს. ბოლოდროინდელი ემპირიული კვლევები მიმართულია კულტურის ტიპსა და კორუფციას შორის კავშირის გამოვლენაზე.

ერთ-ერთ ასეთ გამოკვლევაში შესწავლილი იქნა კორუფციის 3 განზომილების მიმართება „ინდივიდუალიზმ/კოლექტივიზმთან“. გამოკვლევა ჩატარდა 49 ქვეყანაში. ამ გამოკვლევით გამოვლინდა, რომ კორუფციის თითოეული განზომილება კორელაციაშია Hofstede-ს „ინდივიდუალიზმ/კოლექტივიზმის“ სკალებთან. ეს კი ნიშნავს, რომ კოლექტივისტური ქვეყნები უფრო მიდრეკილი არიან კორუფციისკენ.

კვლევის ასეთი შედეგები ზოგიერთს შესაძლოა ინტუიციის წინააღმდეგობრივი მოეჩვენოთო - აღნიშნავენ ამ საკითხის ემპირიული მკვლევარები, მაგრამ მონაცემებიც და თეორიაც ამ აზრს ასაბუთებს.

მათი ლოგიკა ეყრდნობა იმ ვითარების გათვალისწინებას, რომ ეთიკასა და კულტურას შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კავშირის შესახებ ემპირიული კვლევები ცოტაა. ეროვნული კულტურა გავლენას ახდენს ქცევაზე, მოლოდინზე და გაცვლის პროცესებზე მენეჯერსა და დაქვემდებარებულებს შორის.

კვლევა, რომელსაც ვეხებით, ეყრდნობოდა კულტურულ ეთიკას. მკვლევართა მიერ ადრეც იყო აღნიშნული, რომ ბიზნეს-ეთიკის კონცეპტუალიზაციაში მნიშვნელოვანი განსვლაა კულტურებს შორის. ძალზე იშვიათად უკვლევიათ კულტურის გავლენა ეთიკური გადაწყვტილების მიღებაზე. პრაქტიკულად საქმე ეხება ეთიკურ სტანდარტებს შორის განსხვავებას ინდივიდუალისტებსა და კოლექტივისტებს შორის. მაგალითად, ბევრ კულტურაში ბიზნესის ცნობილი კორიფეები - როკფელერი, ფორდი, კარნეგი არაეთიკურად და სასტიკად მიიჩნევა

ემპირიული კვლევებით გამოვლენილია, რომ ინდივიდუალისტურ კულტურებში ინდივიდის პირადი და ოჯახური ინტერესია წინა პლანზე, მაგალითად, აშშ-ში მუშა მიიჩნევს, რომ მან ანაზღაურება უნდა მიიღოს საქმეში მისი ინდივიდუალური წვლილის შესაბამისად, და თუ ფირმა ამას ვერ ახერხებს, იგი თანამშრომელს კარგავს. შესაბამისად, ინდივიდუალური მიღწევის ღირებულება პირველ ადგილზე აღმოჩნდა ინგლისში, ავსტრიაში, ახალ ზელანდიაში, კანადაში.

ზომიერად ინდივიდუალისტებისთვის დამახასიათებელია comunity (მეზობლური ერთობლიობები). ისინი სოციალურ ქცევაში უფრო პასუხისმგებლიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე კოლექტივისტები. მათ სჯერათ უნივერსალიზმის და იმისა, რომ თუ ყველას მიმართ გამოყენებული იქნება ერთი და იგივე სტანდარტები (და ეს ასეც უნდა იყოს), ეს შეამცირებს კორუფციას.

კოლექტივისტებთან პირიქით: არსებობს ჯგუფური ორგანიზაციული სისტემის შენარჩუნების ძლიერი ტენდენცია, ლიდერსა და მის მიმდევრებს შორის მაღალი კორელაცია; ეს, თავის მხრივ, ძალზე ეხმარება სოციალიზაციის პროცესს. ასეთია მექსიკა, საბერძნეთი, ჰონგ-კონგი, სინგაპური. პრევალირებს პარტიკულარიზმი; ღირებულებათა სტანდარტები შიდა და გარე ჯგუფისთვის სხვადასხვაა. ამგვარად, კოლექტივიზმი ცდილობს სხვადასხვა ნორმისა და საზომის გამოყენებას „ჩვენი“ და „სხვა“ ჯგუფის მიმართ. ეს კი აძლიერებს კორუფციას.

კორუფციის ტენდენციის საკვლევად შეისწავლეს სოციალური ორიენტაციები კულტურაში; მათ ინდიკატორად მიჩნეული იქნა ინდივიდისა და თავისი ჯგუფის ღირებულების მნიშვნელადობის რწმენა ადამიანის მიერ სხვადასხვა კულტურაში.

მოცემულ კვლევაში ჰიპოთეზა ვარაუდობდა, რომ ინდივიდუალიზმი უარყოფით კორელაციაში უნდა იყოს კორუფციასთან. მეთოდად გამოიყენეს I-C სკალები - Hofstede-ს განზომილება.

გაზომვის ინდიკატორებად გამოიყენეს 57 ქვეყანაში გამოვლენილი 7 მახასიათებელი, რომელთა მიხედვით ძლიერი კავშირი არსებობს ეკონომიურ თავისუფლებასა და ეკონომიურ აყვავებას შორის. ეკონომიური თავისუფლების აღმწერი 10 ფაქტორიდან 2 უშუალოდ კორუფციას აღწერდა. ესენია ზერეგულაცია და შავი ბაზრის აქტივობა. ეკონომიკის ძლიერ რეგულაციას ზემოდან, ჩვეულებრივ, მოყვება კორუფციის გაძლიერებაც.

მეორე მახასიათებლად მიღებული იყო ლიცენზიის მიღების სირთულე, რომელიც იზომებოდა ლაიკერტის უნიპოლარული სკალით 0-დან 5-ის ჩათვლით (სრულიად არ არის კორუფცია - ძალიან ძლიერი კორუფციაა).

კორუფციული აქტივობის ანუ არაეთიკურობის მესამე მაჩვენებელი იყო კორუფციის აღქმა საკვლევ კულტურაში. ეს მაჩვენებელი შესწავლილ იქნა მწარმოებლების გამოკითხვით, აგრეთვე იმ ანალიტიკოსთა მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ კორუფციასთან და ადექვატურად აღიქვამენ მას. ეს ინდიკატორი - SPI აღწერს ჩინოვნიკთა ჩათრეულობის ხარისხს კორუფციულ პრაქტიკაში და რანჟირდება (10-ძალზე სუფთაა - 0- მთლიანად კორუმპირებულია). ეს მახასიათებელი შესწავლილ იქნა 65 ქვეყანაში.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ კორუფციის თაობაზე სულ მთლად ობიექტურ მახასიათებელთა მიღება ძალზე რთულია, რადგან იგი ღრმადაა ჩამალული; რეალურად ეს მონაცემები ზომავს მასმედიის ეფექტურობას კორუფციის გახსნაში, რამდენადაც აღწერს ამ საქმეებთან დაკავშირებულ სკანდალებს; ეს გამოკვლევები აგრეთვე ავლენს იმასაც, თუ რამდენად კარგადაა მომზადებული და რამდენად დამოუკიდებელია პროკურატურა და სასამართლო.

კვლევამ გამოავლინა შემდეგი:

ინდივიდუალიზმის ძლიერი კორელაცია ბიზნესში ეთიკის მაღალ დონესა და სუსტ კორუფციასთან;

კულტურული რელატივიზმის პრობლემები - არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა; საკუთარი ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა განსხვავებულ კულტურაში უშედეგოდ მთავრდება, ხოლო ასიმილირება სრულებითაც ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს იმას, რომ „სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო“ - კორუმპირებული კოლექტივისტური კულტურის დახმარება ნიშნავს კულტურული წესების გათვალისწინებით ბრძოლას კორუფციასთან.

7.12 § 12. დაავადებები და ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი

▲ზევით დაბრუნება


გამოკითხვები და სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ეხებოდა მკვლელობებს, თვითმკვლელობებსა და სტრესებთან დაკავშირებული დაავადებებით სიკვდილიანობას, ანონიმურობას და მარტოობას, ავლენენ, რომ ადამიანებს ინდივიდუალიზმი, ტრიანდისის სიტყვებით რომ ვთქვათ, საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

მაგალითად, ინფარქტები. აშშ-ში მცხოვრებ თეთრ ამერიკელებში ინფარქტის შემთხვევები 5-ჯერ მეტია იაპონიაში მცხოვრებ იაპონელთა შორის ანალოგიურ დაავადებასთან შედარებით; ამერიკაში მცხოვრები კულტურულად ადაპტირებული იაპონელები უფრო მიდრეკილი არიან გულის შეტევებისკენ და ეს მათ 5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე კულტურულ თვითმყოფადობაშენარჩუნებულ ამერიკაში მცხოვრებ მათივე თანამემამულეებს. ეს მონაცემები ამტკიცებს, რომ კოლექტივისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს სტრესის შემაკავებელ ბუფერს (Л. Росс, Р. Нисбет 2000 გვ. 298).

ისტორიაში ყოველთვის იყო კამათი მიდგომაზე კულტურის მიმართ. იდგა ნორმისა და პათოლოგიის საკითხიც. სხვადასხვა მიდგომა ამ მოვლენას სხვადასხვაგვარად უყურებდა. კულტურული რელატივიზმი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი, რაც კულტურის შინაგან ორგანიზაციასთან შესატყვისობაშია, უნდა ჩაითვალოს ნორმად ამ კულტურისთვის (ბოასის სკოლა).

დღემდე არ წყდება კამათი დაავადებათა ინვარიანტულობის, უნივერსალურობისა თუ კულტურულ-სპეციფიკურობის შესახებ.

როცა კულტურის მიხედვით დაავადებათა ორიენტაციას ეხებიან, ჩვეულებრივ, მხედველობაში ის კი არა აქვთ, რომ რაღაც დაავადება საერთოდ სხვაგან არ გვხვდება, არამედ ის, რომ კულტურები ერთმანეთისგან განსხვავდება რაიმე დაავადების გავრცელებულობისა და გამოვლენის ფორმების მიხედვით.

დადგენილია, რომ არსებობს შფოთური მოშლილობის დიდი ქროსსკულტურული ვარიაბილურობა, რომელიც თავს იჩენს ნევროზებში, სიტუაციებზე მწვავე ემოციურ რეაქციებში. კვლევარები მიუთითებენ იმაზეც, რომ აღმოსავლურ კულტურებში აღმოჩენილი სიმპტომები დასავლურს არ შეესაბამება. მიუთითებენ ხალხთა ფსიქიატრიულ სინდრომებზე, რომელიც გეოგრაფიული ადგილმდებარეობით გაპირობებულად მიიჩნევენ (Tinaka Matsumi J. and Draguns J. 1996, gv. 459-460)

იკვლიეს სხეული-გონების ურთიერთმიმართება და გამოავლინეს კულტურული მნიშვნელობის სომატური კომპონენტები; აღნიშნავენ ფიზიოლოგიური ჩივილების ეთნოცენტრისტულ ხედვას (იქვე; გვ. 464).

ეთნოფსიქიატრიამ აღმოაჩინა გარკვეული დაავადებები, დამახასიათებელი დასავლური საზოგადოებებისთვის. მაგალითად, შიზოფრენია. ამ დაავადების კულტურულ მიზეზს ხედავენ თანამედროვე დასავლურ საზოგადოებათა უუნარობაში, დააკმაყოფილოს ინდივიდისთვის მნიშვნელოვანი 2 ფუნდამენტური მოთხოვნილება: განმარტოების (მარტოობის) და ურთიერთობის, ანუ მასში „მე-სხვები“ ურთიერმიმართების რეგულაცია.

ურთიერთობებს ტრადიციული საზოგადოებებიც არეგულირებენ, ზოგიერთში ხალხი უფრო ინტენსიურად ურთიერთობს, ზოგში - ნაკლებად. მაგრამ ყოველთვის არსებობს ურთიერთობის და განმარტოების ბალანსის უზრუნველმყოფი მექანიზმები. მაშინაც კი, როცა კულტურანთროპოლოგია ეთანხმება თანამედროვე ფსიქიატრიას შიზოფრენიის მიზეზებში, ხაზს უსვამენ იმას, რომ გამოცდილების ზოგიერთმა სახემ შეიძლება დააჩქაროს დაავადების განვითარების ტემპები. მაგალითად, ასეთი დამაჩქარებელი შეიძლება აღმოჩნდეს რთული და არასტრუქტურირებული ინფორმაციის დიდი ნაკადი.

დეპრესიას ასევე მიიჩნევენ ინდივიდუალისტური კულტურების დაავადებად. ეს დაავადება ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ განსხვავება ვლინდება მისი გამოვლენის ფორმებში კულტურის ტიპის მიხედვით. ჩვეულებრივ, ინდივიდუალისტურ კულტურებში ადამიანი უჩივის მარტოობას და იზოლაციას, ხოლო კოლექტივისტურში იგი თავს იჩენს სომატური სახით - მაგალითად, თავის ტკივილში - აღმოსავლურ კულტურებში გამოკითხულთა 90% უჩივის თავის ტკივილს.

თვით ენობრივი გამოხატვა - „დეპრესიაში ყოფნა“ ვარირებადია კულტურების მიხედვით. ინდივიდუალისტურ კულტურებში ადაპტაციის გამოცდილება დეპრესიის მომრავლებას იწვევს. რაც შეეხება ტრადიციულ კულტურებს, აქ იგი ნაკლებადაა გავრცელებული, რასაც ხსნიან, პირველ რიგში, დიდი ოჯახების სიმრავლით კოლექტივისტურ კულტურებში; მიიჩნევა, რომ ადამიანს ასეთ პირობებში უკეთესი სოციალური მხარდაჭერა და სიყვარულის დაკარგვის ნაკლები რისკი აქვს; ამას გარდა, დადებით მომენტად მიიჩნევა განმუხტვის ისეთი ტრადიციული ფორმა, როგორიცაა დაკრძალვის რიტუალებში მწუხარების ღიად გამოხატვა.

7.13 Resume

▲ზევით დაბრუნება


კულტურულ სპეციფიკას ავლენს სოციალური და ფსიქოლოგიური დისტანცია. ფიზიკურ სიახლოვე რეალურად გააჩნია კულტურების თვალსაზრისით სრულიად სხვადასხვაგვარი სემანტიკა - ინდივიდუალისტურ ქვეყნებში ადამიანი თავის დამოუკიდებლობას სწორედ დიდი ფიზიკური დისტანციით გამოხატავს, და ასე იცავს საკუთარ პიროვნულ სფეროს, ხოლო კოლექტივისტურ კულტურებში ადამიანები უფრო ახლოს დგანან ერთმანეთთან, მაგრამ საკმაოდ დიდ დისტანციას ინარჩუნებენ უცხოელთან მიმართებაში. სოციალური დისტანცია ასევე ახასიათებს ურთიერთობების კულტურულ სპეციფიკას ჯგუფებსა და ადამიანებს შორის. სოციალურ დისტანციას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სუბიექტური კულტურა, ამასთან, სოციალურ ჯგუფთა შორის ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება.

მკვლევართა თვალსაზრისით, მატერიალური საკუთრება პიროვნებისთვის მისი იდენტურობის ასახვაა, ამიტომ კულტურულ განსხვავებებს ავლენს მის მიმართ დამოკიდებულებაც. მაგალითად, ინდივიდუალისტებისთვის საცხოვრებელი უფრო გამოყოფილი და ჩაკეტილია, ვიდრე კოლექტივისტებისთვის და მის ხელყოფაზეც მეტი აგრესიულობით პასუხობენ, ვიდრე კოლექტივისტები; ინდივიდუალისტებისთვის ის ნივთები აღმოჩნდა ძვირფასი, რომლებიც ადამიანის (ე.ი. მის საკუთარ) პირად ისტორიას ასახავს, კოლექტივისტებისთვის კი - ისინი, რომლებიც საზოგადოებაში ოჯახის პოზიციური განმტკიცების ისტორიას უკავშირდება.

ინდივიდუალისტური საზოგადოებების უპირატესობად მიიჩნევა მეტი პირადი თავისუფლება, პირადი მიღწევებისკენ სწრაფვისა და რეალიზაციის შესაძლებლობები, ნაკლები მიჯაჭვულობა ირგვლივმყოფთა მოლოდინებზე და ამის გამო მეტი თავისუფლება ცხოვრების წესის ამორჩევაშიც და საერთოდ, პირად ცხოვრებაში. ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევა გეოგრაფიული და ჰორიზონტალური მობილობის მეტი შესაძლებლობები, შედეგად კი - უფრო მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება, ქცევაში მეტი სპონტანურობა, გამომგონებლობა და შემოქმედებითობა. ამ საზოგადოებებში ასევე უფროა გამოკვეთილი უნივერსალისტური ღირებულებები - სიმშვიდე მსოფლიოში, გარემოს დაცვა, სოციალური სამართლიანობა, თანასწორობა და ა.შ.

შესაბამისად, განსხვავებულია აღზრდის მოდელები ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში. ინდივიდუალისტურ კულტურაში მოქმედი აღზრდის მოდელი ორიენტირებულია ავტონომიური პიროვნების ფორმირებაზე: ბავშვებს ასწავლიან შეიცნონ საკუთარი თავი, იყვნენ თავისთავადი და თვითვე დაეხმარონ თავის თავს. ინდივიდუალისტური კულტურის გარკვეული და გამოკვეთილი მიზანია ინდივიდუალური პოტენციის განვითარება, გამორჩეულობა აღიარებული და წახალისებულია; კოლექტივისტურ საზოგადოებებში კი სოციალური ინსტიტუტები, ტრადიციები თუ ადათ-წესები აყალიბებს აღზრდის ისეთ სისტემას, რომელიც მოიაზრებს ნაწილად ყოფნას, მიკუთვნებულობას, ინდივიდის ქცევასა და მის მიმართ სხვა ადამიანთა მოლოდინებს შორის შესაბამისობას. კოლექტივისტური კულტურების აღზრდის მოდელში აქცენტირებულია დამჯერობა და „წესიერად“ ქცევა.

აქედან გამომდინარეობს განსხვავებები კონფორმისტულ ორიენტაციებშიც ამ ორი ტიპის კულტურაში: კოლექტივისტურ კულტურებში კონფორმულობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ინდივიდუალისტურში, რის მიზეზადაც მიიჩნევა კოლექტიური მიზნებისა და „მნიშვნელოვან სხვათა“ აზრის გათვალისწინების ღირებულება. კონფორმისტული გამოვლინებების აღქმაც განსხვავებულია: იგი უარყოფითად აღიქმება ინდივიდუალისტურ კულტურაში, რადგან ასოცირებულია მორჩილებასა და დამთმობლობასთან და უპირისპირდება ამ კულტურის წამყვან ღირებულებებს - თვითგამოხატვას, უნიკალურობას, დამოუკიდებლობას; კოლექტივისტურში პირიქით - კონფორმულობა აღქმულია დადებითად, რამდენადაც ძალზე ღირებულია ჰარმონია ურთიერთობებში, შესაბამისად, უმრავლესობის აზრისადმი მიმხრობას მიიჩნევენ ტაქტიანობად და სოციალურ სენზიტიურობად, დადებით და სასურველ თვისებად, სოციალურ ღირებულებად და ნორმად.

მკვლევართა აზრით, კონფორმული ორიენტაციის ჩამოყალიბება პიროვნებაში გაპირობებულია აღზრდის კულტურულ მოდელში თვითთდამტკიცების ან დამთმობლობის პრიორიტეტულობით. აღინიშნება ისიც, რომ კოლექტივისტურ კულტურებში აღზრდილი ბავშვები იოლად ითვისებენ ტრადიციულ ნორმებს, მაგრამ უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ახასიათებთ ნაკლები შემოქმედებითობა და ინიციატივიანობა, სირთულეს გრძნობენ საკუთარი ოჯახის შექმნისას.

ამ კულტურებში განსხვავებულია წარმოდგენაც და დამოკიდებულებაც სიყვარულის მიმართ; თანამედროვე დასავლურ ქვეყნებში სიყვარული ქორწინების პირობად, კოლექტივისტურ კულტურებში კი - ქორწინების შედეგად მიაჩნიათ; ქორწინებაში იმედგაცრუება უფრო ხშირია ინდივიდუალისტურ, ვიდრე კოლექტივისტურ კულტურებში; შესაბამისად, განქორწინებათა რაოდენობაც ასევე ვარირებადია კულტურების მიხედვით - ინდივიდუალისტურ კულტურებში განქორწინება უფრო ხშირია, ვიდრე კოლექტივისტურში.

მიაჩნიათ, რომ ინდივიდუალიზმი უფრო ძლიერ შესაბამისობაშია ეკონომიურ განვითარებასთან, საზოგადოების სოციალურ ორგანიზაციასთან, სოციეტალურ სირთულესთან. გავრცელებული აზრით, მოდერნიზაცია ინდივიდუალიზაციის შესატყვისია. „ინდივიდუალისტური თანამედროვეობის“ სინდრომის შესწავლა მართლაც აჩვენებს, რომ მის მახასიათებელთა დიდი უმრავლესობა (ურბანული ცხოვრების სტილი, ინოვაციისადმი გახსნილობა, რელიგიურობის ნაცვლად მეცნიერულობის რწმენა და ა.შ.) ინდივიდუალიზმს შეესაბამება; ინდივიდუალისტური კულტურები საშუალოდ, როგორც წესი, კოლექტივისტურზე უფრო მდიდარი და მწარმოებლურია, თუმცა იაპონიის მაგალითი ამ აზრს არყევს - ამ შემთხვევაში წარმატებას უკავშირებენ კოლექტივისტურ ღირებულებებს (ოჯახს, ღირსებას, კოლექტივის მიმართ ლოიალურობას).

აქტიურად იკვლევენ ეკოლოგიური გარემოს ბევრ ატრიბუტს, რამდენადაც მიიჩნევა, რომ გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი და სხვა მნიშვნელოვნად განაპირობებს კოლექტიური აზროვნებისა და ქცევის კულტურულ ვარიაციებს; მკვლევართა ასევე მუდმივი ინტერესის საგანია ორგანიზაციისა და სოციოკულტურული გარემოს ურთიერთკავშირი კულტურის ტიპის მიხედვით. მათი აზრით, გარკვეული მზა კულტურული მოდელების მეშვეობით სოციო-კულტურული გარემო გავლენას ახდენს შიდა სამუშაო კულტურაზე, რაც აისახება საზოგადოებრივი რესურსების მართვის პრაქტიკაში; ეთიკასთან მიმართებაში იკვლევენ კორუფციის ტენდენციას ორივე ტიპის კულტურაში; მცირერიცხოვანი კვლევების მონაცემებით, კორუფციულობა ძირითადად კოლექტივისტური საზოგადოების მახასიათებლად მიიჩნევა.

გამოკითხვებისა და სხვა ემპირიულ - კვლევით მონაცემთა მიხედვით, ინდივიდუალისტურ კულტურებში მეტი მარტოობა, განქორწინება, მკვლელობა და სტრესული მოშლილობაა გამოვლენილია კულტურული მნიშვნელობის სომატური კომპონენტები და ფიზიოლოგიური ჩივილების ეთნოცენტრისტული ხედვა; ფსიქიკურ დაავადებათაგან გამოყოფენ შიზოფრენიასა და დეპრესიას, რომელთაც ძირითადად ინდივიდუალისტური კულტურების დაავადებებად მიიჩნევენ; დეპრესიის მკვეთრი ზრდის მიზეზად ბევრი ავტორი „აულაგმავ ინდივიდუალიზმს“ მიიჩნევს, რომელიც თავს იჩენს თანამედროვე დასავლური საზოგადოების უუნარობით, დააკმაყოფილოს ინდივიდისთვის მნიშვნელოვანი 2 ფუნდამენტური მოთხოვნილება: განმარტოების (მარტოობის) და ურთიერთობის, ანუ მასში „მე-სხვები“ ურთიერთმიმართების რეგულაცია; ამის საპირისპიროდ, ავტორთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ დაავადებათა ნაკლებობა კოლექტივისტურ კულტურებში გაპირობებულია ამ კულტურებში უკეთესი სოციალური მხარდაჭერითა და სიყვარულის დაკარგვის ნაკლები საფრთხით; ამას გარდა, პროფილაქტიკისთვის დადებით მომენტად მიიჩნევა განმუხტვის ტრადიციული ფორმების დღეგრძელობა კოლექტივისტურ კულტურებში.

7.14 კითხვები:

▲ზევით დაბრუნება


1. განსაზღვრეთ ტრადიციის და მოდერნის ცნებები. როგორ შეიძლება უწყობდეს ხელს ეკონომიურ აღმასვლას კოლექტივისტური ტენდენციები?

2. დაახასიათეთ აღზრდის მოდელები კულტურების მიხედვით. თქვენი აზრით, როგორი აღზრდის მოდელია ქართულ კულტურაში? დაასაბუთეთ.

3. აღწერეთ სოციალური სტრუქტურების კავშირი კულტურის ტიპთან.

4. დაახასიათეთ ოჯახის სტრუქტურა კულტურების მიხედვით და დაახასიათეთ.

7.15 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. Эриксон Э. Детство и общество, Санкт-Петербург, 2000

2. Росс, Р. Нисбет. Человек и ситуация. „Аспект-Пресс“, М, 2000 გვ. 278-322

3. Van De Vliert, Sh. Schwartz, S. E. Huismans, G. Hofstede, S. Daan. Temperature, cultural masculinity, and Journal domestic political violence.N of cross-cultural psychology. Vol.30 No.3, May 1999 291-314

4. Paul G. Wilhelm. The relationship of three Measures of corruption to Individualism and Collectivizm: Implications for entrepreneurship education; 2000

5. Van De Vliert, Sh. Schwartz, S. E. Huismans, G. Hofstede, S. Daan. Temperature, cultural masculinity, and Journal domestic political violence.N of cross-cultural psychology. Vol.30 No.3, May 1999 291-314

6. Triandis H.C. Culture and social behavior. N.Y. etc.: McGraw-Hill, 1994 გვ. 135-137

7. Triandis H.C. Individualizm and Collectivism. Westview Press, 1995 გვ. 83-86

7.16 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


პროქსემიკა - ეთნოლოგიის დარგი, რომელიც სოციალურ ჯგუფში ადამიანთა ურთიერთმიმართებებს აღწერს მათი შორის სივრცული მიმართებების მეშვეობით.

ფსიქოლოგიური დისტანცია - ადამიანთა შორის გარკვეული ზომის განკერძოებულობა, რომელიც ჩვეულებრივ, გამოიხატება იმ სირთულეებზე მსჯელობით, რომელიც ურთიერთქმედებაში ჩნდება.

პიროვნული სივრცე - ბუფერული სივრცე, რომელსაც ადამიანი ინარჩუნებს თავის ირგვლივ; ამ სივრცის ზომა დამოკიდებულია თანამოსაუბრის მიმართ სიახლოვის ხარისხზე

სოციალური დისტანცია - ინდივიდთა ან ჯგუფებს შორის დაშორებულობის ხარისხი; ჩვეულებრივ, ასეთი დისტანცია ნარჩუნდება ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან და ჯგუფებთან ურთიერთობაში

სახალხო დისტანცია - ფიზიკური სივრცე, რომელსაც ადამიანები ინარჩუნებენ ერთმანეთს შორის სახალხო მოღვაწეობის დროს (მაგალითად, ლექციის კითხვისას)

კორპორაციულობა - იმ ჯგუფზე მიკუთვნებულობის განცდა, რომელთანაც ადამიანი იზიარებს შეხედულებებსა და რწმენებს

ზერეგულაცია - სახელმწიფოს მიერ ეკონომიკაში მეტისმეტი შეზღუდვებისა და აკრძალვების შეტანა; ძლიერი კორუფციის არსებობის მქონე ქვეყნებში თავს იჩენს, მაგალითად, ლიცენზიის მიღების გართულებაში

კონფორმულობა - ჯგუფში ან საზოგადოებაში დადგენილი ნორმების შესაბამისად ქცევა (ან ამგვარი ქცევის განწყობა) ყოველგვარ სიტუაციაში

პრესტიჟი - სტატუსზე დაფუძნებული პატივისცემა ინდივიდის ან ჯგუფის მიმართ

სოციალური ცვლილებები - ცვლილებები სოციალური ჯგუფის ან საზოგადოების საბაზისო სტრუქტურებში

8 თავი 7. კულტურათა დიალოგი

▲ზევით დაბრუნება


8.1 § 1. ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური კულტურის ზოგადი დახასიათება

▲ზევით დაბრუნება


გამოკვლევები ადასტურებს, რომ ადამიანი სხვადასხვა კულტურულ გარემოში სტანდარტად, ნიმუშად მიიჩნევს სხვადასხვაგვარ „მე“-ს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ, სპეციფიურ ქცევას წარმოშობს.

მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს ორი კულტურულ-ფსიქოლოგიურად განსხვავებული პიროვნული ტიპის არსებობა და აღწერეს ტერმინებით - ე.წ. დამოუკიდებელი თვითობა (Self) და ურთიერთდამოკიდებული თვითობა (Self) - ინდივიდუალისტური ტიპი და კოლექტივისტური ტიპი.

ინდივიდუალისტური კულტურისთვის დამახასიათებელი პიროვნებისგან განსხვავებით, რომელიც განიცდება დამოუკიდებელ, ავტონომიურ რეალობად მისი გარემომცველი სოციალური ჯგუფებისგან (ე.წ. „დამოუკიდებელი მე“), კოლექტივისტური პიროვნული ტიპი ხასიათდება თავისი ავტონომიურობის ძალზე დაბალი ხარისხით. ეს გამოიხატება იმაში, რომ პიროვნების დამოუკიდებელ ბირთვში, თავისთავადობის მთლიანობაში შეჭრილია ყველა რეფერენტული ჯგუფი, ბუნებრივია, თავისი ღირებულებებითა თუ წარმოდგენებით, საბოლოო ჯამში, მსოფლაღქმით. შედეგად მისი დამოუკიდებლობა პრაქტიკულად ძალზე შეზღუდულია, ხოლო ავტონომიურობა, შეიძლება ითქვას, ძალზე შეფარდებითი.

სოციალური ჯგუფი ყველა კულტურაში ახდენს გავლენას პიროვნებაზე და მას პიროვნება ანგარიშს უწევს, მაგრამ „დამოუკიდებელ თვითობა“-ს (Self) და „ურთიერთდამოკიდებულ თვითობა“-ს (Self) შორის განსხვავება თავს აშკარად ავლენს იმაში, თუ რა ხარისხით იღებს იგი ამ ზეგავლენას, რამდენად მიზანშეწონილად მიიჩნევს საკუთარივე ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის „მნიშვნელოვან სხვათა“ ჩართულობას თავის ცხოვრებაში.

ე.წ. მცირე სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც ძირითადად ოჯახის, ახლობელ-მეგობრების, კოლეგების, ნათესავების და სხვათა სახითაა წარმოდგენილი, ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ კულტურებში ინდივიდისთვის დატვირთვაც და ღირებულებაც სხვადასხვა აქვთ; განსხვავებულია კულტურების მიხედვით მისი მიმართებაც ამ ჯგუფთა წევრობის, მათი შეცვლისა და გარე ჯგუფებთან დამოკიდებულებისადმიც.

ინდივიდუალისტური კულტურებისგან განსხვავებით, სადაც ინდივიდი საკუთარი ნებით ირჩევს რომელიმე შიდა ჯგუფის წევრობას, სადაც მას ერთდროულად ბევრი შიდა ჯგუფის წევრობა შეუძლია, სადაც ის თავს უფლებას აძლევს, შიდა ჯგუფისადმი ერთგულება და ლოიალურობა მხოლოდ თავისი პირადი შეხედულებისამებრ არეგულიროს, სადაც მისთვის საზოგადოებრივი „მე“ ანუ დიდი სოციალური ერთობლიობის წარმომადგენლობა (მაგალითად, მსოფლიოს მოქალაქეობა) შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ოჯახური თუ გვაროვნული მიკუთვნებულობა, კოლექტივისტურ კულტურებში შიდა რეფერენტული ჯგუფების გავლენა გადამწყვეტია ინდივიდისთვის და წარმოადგენს კოლექტივისტური პიროვნების ცნობიერების შემქმნელ ბირთვს - იგი მისთვის სოციალურ-ნიშნური სისტემაა, რომელთან შესაბამისობაშიც მოჰყავს მთელი პირადი, შიდა ფსიქიკური ცხოვრება.

რეფერენტული ჯგუფები ინდივიდებისგან მოითხოვენ ჯგუფის ნორმებთან, განსაზღვრულ როლებთან და ღირებულებებთან შეგუებას. და როცა ინდივიდი ჯგუფის ნორმებს არღვევს, უხვევს, ჯგუფის წევრები იღებენ მტკივნეულ გადაწყვეტილებებს და ასეთ წევრებს რიცხავენ რეფერენტული ჯგუფიდან, რაც ემოციურად ძალზე მძიმედ განიცდება. სტაბილური შიდა ჯგუფი (ოჯახი, ნათესავები და ა.შ.) უფლებამოსილია მოსთხოვოს ინდივიდს პასუხი ქცევაზე, დააჯილდოვოს და გაკიცხოს იგი, რაც ხშირ შემთხვევაში არასტაბილური ჯგუფისთვის დამახასიათებელი არ არის.

შიდა ჯგუფის ზომაც კულტურის ტიპზეა დამოკიდებული. კოლექტივისტურ კულტურებში ასეთი ჯგუფები უფრო მცირერიცხოვანია (ოჯახი), ხოლო ინდივიდუალისტურში - უფრო მრავალრიცხოვანი (ხალხი, რომელიც იზიარებს და ეთანხმება ჩემთვის მნიშვნელოვან განწყობებს). რაც უფრო მცირეა შიდა ჯგუფი (ოჯახი), მით უფრო მკაფიო ნორმები, ღირებულებები და სანქციები არსებობს, ნორმიდან გადახრაც უფრო შესამჩნევია და დასჯაც შესაძლებელი. ამდენად, შეკავშირების, ერთიანობის ხარისხიც ძალზე მაღალია, რაც „კოლექტიური მე“-ს გაბატონების გარანტს წარმოადგენს.

შიდა ჯგუფი, როცა ის მყარი და შეუღწევადია (ანუ ჩაკეტილია და მობილობა გართულებული), უდიდეს გავლენას ახდენს და განსაზღვრავს კიდეც სოციალურ ქცევას. კოლექტივისტურ კულტურაში სტანდარტული ქცევა შეესაბამება და ეყრდნობა ცოდნას იმის შესახებ, რომ აუცილებლად უნდა იმოქმედო შიდა ჯგუფის წარმატებისთვის და სიცოცხლისუნარიანობისთვის, განსხვავებით ინდივიდუალისტური კულტურისგან, სადაც ურთიერთქმედების საფუძველი პერსონალურობა და პირადი ურთიერთობაა.

სოციალური ქცევა კოლექტივისტურ კულტურაში, განსხვავებით ინდივიდუალისტური კულტურისგან, შიდა ჯგუფებში არსებული ნორმების ფუნქციაა.

აქედან მოდის შიდა ჯგუფის ფუნქციონირების თავისებურებები კოლექტივისტურ კულტურაში, მაგალითად, კოლექტივისტურ კულტურაში იგი უფრო ჰარმონიულია, ვიდრე ინდივიდუალისტურში. ეს ჰარმონიულობა ვლინდება შემდეგში:

1. პოზიტიური ურთიერთშეთანხმების ტენდენცია შიდა ჯგუფის წევრების ორიენტაციაში;

2. კონფლიქტური სიტუაციების შესუსტებაზე ზრუნვა და ამიტომ მათი მინიმალური სიმცირე;

3. საზოგადოების მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა;

4. შიდა ჯგუფის წარმატებების განსაკუთრებით მაღალი ღირებულება.

შიდა ჯგუფური ურთიერთობების ჰარმონიულობასთან თანაარსებობს გართულებული ურთიერთობები გარე ჯგუფებთან. რაც უფრო კოლექტივისტურია კულტურა, მით უფრო დიდია განსხვავება შიდა და გარე ჯგუფების ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთქმედებაში: შიდა და გარე ჯგუფების გამიჯვნა კოლექტივისტურ კულტურაში უფრო მკაცრია, ვიდრე ინდივიდუალისტურში. შიდა ჯგუფებს შორის ურთიერთდამოკიდებულება ჰარმონიული და შედარებით უკონფლიქტოა, ხოლო გარე ჯგუფებთან (შესაბამისად, გარე ჯგუფის წევრებთანაც) დამოკიდებულება კი - გაცილებით უფრო მანიპულატორული და ექსპლოატატორული. შიდა ჯგუფშიც შეიძლება იყოს ბევრი დარღვევა, ამოვარდნა (მაგალითად, რთული ურთიერთობა დედამთილთან კოლექტივისტურ კულტურებში საკმაოდ გავრცელებულია), მაგრამ მთლიანობაში აქ ურთიერთობები ნაკლებად კონფლიქტურია, ვიდრე ინდივიდუალისტურ კულტურაში. საურთიერთობო როლებიც შიდა ჯგუფის წევრებს შორის უფრო მშობლიური, მოწესრიგებული და ინტიმურია, ხოლო ურთიერთობები - უფრო ხანგრძლივი და მდგრადი.

თანამშრომლობაზე ორიენტაციაც კოლექტივისტურ კულტურებში უფრო გამოკვეთილია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი: ინდივიდუალისტურ კულტურებში თანამშრომლობა ორიენტირებულია საქმეზე, მაშინ, როცა კოლექტივისტურ კულტურებში იგი ორიენტირებულია ურთიერთობებზე. სწორედ ამიტომ, აქ თანამშრომლობაზე მიდიან მაშინაც, როცა იგი წამგებიანია.

ამრიგად, კოლექტივისტები კონცენტრირებული არიან შიდა ჯგუფის წევრების ქმედების შედეგებზე, აქვთ ამ რესურსების ჯგუფის წევრებთან განაწილების ტენდენცია, თავს გრძნობენ მათზე დამოკიდებულად და ჩართული არიან მათ ცხოვრებაში. ისინი ორიენტირებული არიან შიდაჯგუფურ ინტეგრაციაზე და დეორიენტირებული - შიდა ჯგუფისგან დამოუკიდებლად ყოფნაზე. კოლექტივისტს შეგნებული (გაცნობიერებული) აქვს, რომ შიდა ჯგუფის ნორმები უნივერსალური ღირებულებებია (ეთნოცენტრიზმის ერთ-ერთი ფორმა). იგი ავტომატურად ექვემდებარება შიდა ჯგუფის ავტორიტეტებს, ხოლო კონკრეტულ ვითარებებში განწყობილია იბრძოლოს და მოკვდეს შიდა ჯგუფის გამთლიანებისთვის; და წინააღმდეგია ჰქონდეს რაიმე საერთო გარე ჯგუფებთან.

შიდა ჯგუფი ძლიერია მაშინ, როცა აქვს იმ ინდივიდთა დაჯილდოვების რესურსები, რომლებიც იცავენ და ეგუებიან ჯგუფის ყველა მოთხოვნას, ხოლო სანქციები - ნონკონფორმისტების დასასჯელად; რესურსების უკიდურესი სიმწირის, სიღატაკის ზღვარზე ოჯახის ბაზისური სტრუქტურები და ნორმები არარელევანტური ხდება და არარეგულარული ქცევებით ხასიათდება.

„კოლექტიური მე“-ს ბატონობას განაპირობებს იმ ჯგუფთა სიმცირეც, რომლის წევრადაც ინდივიდი თავს მიიჩნევს, რადგან ძლიერდება ინდივიდის მიჯაჭვულობა ამ ჯგუფებზე - მისთვის ღირებულია თითოეული წევრი, შესაბამისად, მისი „კოლექტიური მე“ გაცილებით უფრო ძლიერია.

კოლექტივისტური პიროვნებისთვის ჯგუფის შეჭრილობა მის ცნობიერებაში ტოტალურია. იგი განსაზღვრავს არა მხოლოდ ფასეულობათა სისტემას, არამედ ისეთი შედარებით აბსტრაქტული და უნივერსალური სისტემების ფუნქციონირებასაც კი, როგორიც ფსიქიკური პროცესებია - კოლექტივისტური პიროვნებისთვის ყველა ინტერნალური (საკუთარი, ინტიმური) წარმონაქმნი ცნობიერებაში ექვემდებარება კულტურული კონტექსტის მოთხოვნებს. იგი ვერ (ან არ) განიცდის თავის თავს ავტონომიურ, უნიკალურ რეალობად, მისი არსებობა არის მხოლოდ ჯგუფთან ერთად და ჯგუფში არსებობა - მის გარეშე იგი თავის თავს ვერ ხედავს, მუდმივად სოციალურ ერთიანობაშია და ძირითადში მისით განისაზღვრება. „სხვები“ იმ გარემოცვისა და სიტუაციის, კონტექსტის ინტეგრალური ნაწილი ხდება, რომელთანაც ადამიანი ურთიერთობს, ერგება და ასიმილირდება; სახლისგან, ოჯახისგან, მეგობრებისა და კოლეგებისგან მოწყვეტილი იგი კარგავს მისი მეობის განმსაზღვრელ სოციალურ კავშირებს, ამიტომ ადამიანში განსაკუთრებით ღირებულია სემანტიკური კავშირები: „ისე უნდა მოვიქცე, როგორც ჩემგან ჩემი ოჯახი და მეგობრები ელიან“, „ვალდებული ვარ, ჩემს ჯგუფს ზვარაკად შევეწირო“, „მე ჰარმონიაში უნდა ვიყო ჩემს ჯგუფთან მაშინაც კი, როცა ეს ძალზე ძნელია“. ინდივიდი თავის თავს კოლექტივისტურ კულტურაში ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვიდრე ინდივიდუალისტურ გარემოში და შესაბამისი დევიზიც აქვს: „არც ერთი ჩვენგანი კუნძული არ არის“.

ასე რეალიზდება ადამიანის ფსიქიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური ტენდენცია - სხვებთან ერთად ყოფნა. ამ ტიპის ადამიანისთვის არაცნობიერად წარმმართველი სწორედ ეს მიზანია. ადამიანის შინაგანი სამყარო ინტერნალური ატრიბუტების - უნარების, აზრების, შეფასებების და პიროვნული ნიშნების ერთობლიობაა. კოლექტივისტის შემთხვევაში ეს ინტერნალური ანუ შინაგანი ატრიბუტები სიტუაციურად სპეციფიურად გაიაზრება; ისინი ღირებულია არა თავისთავად, როგორც პიროვნული მახასიათებელი, არამედ რაიმე სოციალურ კონტექსტში, რომლის არსებითი მიზანია ურთიერთობა; ამ მიზნის მიღწევა დამოკიდებულია კონტექსტის ბუნებაზეც, მაგრამ ნაწილობრივ მაინც, ამ კონტექსტში სხვების ყოფნაზეც - ისინი მასში აქტიურად და განუწყვეტლივ მონაწილეობენ. ამიტომ სოციალური ცხოვრების ბევრ სფეროში ადამიანის აზრები, უნარები, მგრძნობელობა და სხვ. მისი დახასიათებისას მხოლოდ „მეორადი“, დამატებითი ინფორმაციაა - უფრო მნიშვნელოვანი და პირველადია ადამიანის სოციალურად ნიშნური მახასიათებლები.

განსხვავებულ კულტურულ გარემოში განსხვავებულია იდენტურობის ცნებაც. ინდივიდუალისტურ კულტურაში იგი ემყარება ინდივიდის ქმედითობას: რას წარმოვადგენ, რა შესაძლებლობები მაქვს, რა მიღწევებს ვფლობ; კოლექტივისტურში კი - ურთიერთობებს: „მე X -ის დედა ვარ“, „მე Y ოჯახის წევრი ვარ“, „მე Z ჯგუფს ვეკუთვნი“. ამიტომ, ერთის მხრივ, პიროვნების მახასიათებლად გამოდის მისი რეფერენტული ჯგუფის სტატუსი თუ პრესტიჟი ამ უკანასკნელთა აღმწერი ნიშნებით: გვარიშვილობა-ოჯახიშვილობა, ეკონომიკური თუ სოციალური სტატუსი თანამდებობის, ძალაუფლების ზომის, სოციალური სტატუსის და პრესტიჟის მქონეთა მიმართ მისი დისტანცირებულობის აღნიშვნით - „მავანი ჩემი ნათესავია, ჩემი ძმის ახლობელია, მამიდაჩემის მეგობარია” და მსგავსი; მეორეს მხრივ, ჯგუფი აღწერს თავის თავს მასთან შეხების მქონე ინდივიდების სოციალური მიღწევებით - „ჩემს ამას და ამას ასეთი თანამდებობა აქვს“, „ცნობილი მეცნიერია“, “ძალიან მდიდარია” და ა.შ.

ცხადია, რომ ჯგუფის ამგვარი ტოტალური შეჭრილობა ერთი ადამიანის ცნობიერებაში მთლიანად განსაზღვრავს მნიშვნელოვან თვითრეგულაციურ მექანიზმებსაც - მისი აქტივობის ძირითადი ორიენტაციაა, არ გაუცრუოს ჯგუფს მოლოდინები, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი, უბრალოდ, პიროვნულ სახეს დაკარგავს. ამიტომ მის აზროვნებაში გააქტიურებულია ჯგუფური სააზროვნო კლიშეები, გრძნობებში - მათი ჯგუფური მისაღებობა (წინააღმდეგ შემთხვევაში გრძნობა იხლიჩება, ამბივალენტური ხდება და ჯგუფის მოთხოვნის შესაბამისი პოლუსის გაძლიერების ტენდენცია ჩნდება); ძალზე ხშირად თვით პიროვნებაც შინაგან მონაცემებს არეგულირებს ურთიერთობების მიზნიდან გამომდინარე, შესაბამისად, პიროვნული ავტონომია მეორადია და პრინციპულად ნაკლებად ღირებული; თუ მაინც ფასობს, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც იგი ჯგუფის იდეალების მარეალიზებელია. ინდივიდის მოტივაციაც იმითაა გაპირობებული, რად განიცდება მისთვის „წარმატება“ - პირად მიღწევად თუ მისი რეფერენტული ჯგუფის მიღწევად საქმიანობის ნებისმიერ სფეროში კოლექტივისტის მიღწევა არ განიცდება მის პირად გამარჯვებად, იგი უცილობლად უკავშირდება მის რეფერენტულ ჯგუფს და მთელი ჯგუფისთვის ნიშნურ მოვლენად იქცევა.

შინაგანი ატრიბუტების აღწერილი ნებაყოფლობითი კონტროლი ადამიანთა კულტურული იდეალის ბირთვია. დამოუკიდებელი ქცევის ჩახშობა პიროვნების მიერ კოლექტივისტურ კულტურაში ემყარება ურთიერთდამოკიდებულების მიმართების, „სხვებზე“ მიჯაჭვულობის ღირებულების ფუნდამენტურ უპირატესობას. კოლექტივისტის ეს ურთიერთდამოკიდებული „მე“, რა თქმა უნდა, გულისხმობს ინვარიანტული პიროვნული ატრიბუტების რეპრეზენტაციას, მაგრამ არსებითად იგი ნაკლებად მნიშვნელოვანია. ამის გამო დამოკიდებული „მე“-ს ორიენტირებულობა სხვებთან ურთიერთობაზე „არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ადამიანის შინაგან მეობას“.

კოლექტივისტური კულტურების კვლევა ყველაზე მოდერნიზებულ სფეროებშიც კი ავლენს იმის ტენდენციას, რომ ადამიანები მოქმედებენ სხვების ნორმებისა თუ მოლოდინების, და არა ინტერნალური სურვილებისა თუ პიროვნული ატრიბუტების შესაბამისად. პრიორიტეტულია ორიენტაცია კოლექტიურ კეთილდღეობაზე და სხვებით შინაგანად დაინტერესებულობაზე. ადამიანს ახასიათებს ინტერპერსონალურ ურთიერთობათა რეგულირება შეთანხმებით, სხვების მიმართ მგრძნობიარობით და საკუთარი ქცევის სხვებთან მიგუებით - იგი ერიდება ურთიერთობის გაფუჭებას, ურთიერთსიმპათია გულისხმობს ორმხრივ პატივისცემას და სხვათა გრძნობების გაზიარების უნარს, სხვათა მოთხოვნების პატივისცემას, როგორც ობიექტურ მორალურ ღირებულებას; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კერძო ურთიერთობათა მიბმა სხვებთან ურთიერთობასთან და ადამიანის ქცევის მოქნილობის მოთხოვნა ურთიერთობის ბუნების შესაბამისად, ასევე ურთიერთდამოკიდებულების წახალისება და ხელშეწყობა. მიკუთვნებულობისკენ სწრაფვა, ურთიერთმიჯჭვულობა, ემპათიურობა, პიროვნული სივრცის დაპყრობისა და ორმხრივობის მუდმივი ინტერესი კოლექტივისტის მახასიათებლებია. იაპონიაშიო - წერს ცნობილი მკვლევარი ლებრა - კოშმარი არის მარცხი სხვებთან ურთიერთობის ნორმატული მიზნის მიღწევაში მაშინ, როცა ამერიკაში კოშმარი მარცხია სხვებისგან განსხვავებულობის მიღწევაში, ადამიანის უკიდურესი კონტროლირებულობა სხვათა მიერ, როცა იგი ვერ ახერხებს წინ აღუდგეს „სხვებს“, როცა არის „სხვებივით“.

აღზრდის მოდელიც, თავისი მიზნებითა და პრინციპებით, ასევე განსხვავებულია კულტურების მიხედვით: ინდივიდუალისტურ კულტურებში იგი ემყარება თვითრეალიზაციას, დამოუკიდებლობას, საკუთარი თავის პოვნას და თვითაქტუალიზაციას (ასეთი აღზრდის მოდელი ზრდის „ინდივიდუალური მე“-ს გაბატონების შანსს), ხოლო კოლექტივისტურ კულტურებში - კოლექტივის მნიშვნელობას, შესაბამისად, აღზრდის პრინციპები ემყარება მორჩილების, დამჯერობის, სანდოობისა და „წესიერად“ (ანუ წესის დაცვით) ქცევის მოთხოვნებს; ამგვარად, ესაა აღზრდის მოდელი, რომელიც ეფუძნება კონფორმიზმს, მორჩილებას და პატივისცემას. ასეთი მოდელი ითვალისწინებს დაჯილდოვებას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივ წარმატებაში ჩართულობისა და მონაწილეობის სურვილს. რაც უფრო ხშირად აჯილდოვებს ჯგუფი ინდივიდს (ემოციური მხარდაჭერა, შექება, სტატუსი, მომსახურება), მით უფრო ზრდის ვალდებულების განცდას ინდივიდში და ჯგუფის მიერ ნორმირებულ სოციალურ ქცევას სამაგალითოდ უხდის მასში გაერთიანებულ ყველა წევრს.

„კოლექტივისტური მე“ მკვიდრდება, მყარდება და მტკიცდება მაშინ, როცა შიდა ჯგუფი აჯილდოვებს (შექება, მაღალი სტატუსის მონიჭება), როცა არის კონკურენცია და დაპირისპირება გარე ჯგუფებთან, როცა შიდა ჯგუფის მნიშვნელობის შეგრძნებას საფუძველი ეყრება აღზრდის პროცესში (ოჯახის, ნათესაური კავშირების, ხალხის აზრის მნიშვნელობის ხაზგასმა, სკოლებში პატრიოტული სიმღერების სწავლება), როდესაც შიდა ჯგუფს აქვს მკვეთრად განსხვავებული ნორმები და ღირებულებები სხვა, არასასურველი და განსხვავებული (არამსგავსი) ჯგუფებისგან; აზრი ასეთი განსხვავებულობის მნიშვნელობაზე ფეხს იკიდებს მაშინ, როცა საზოგადოება გაუნათლებელი და უწიგნურია, როცა გაუმჭვირვალეა საზოგადოებაში რესურსების განაწილება, ხოლო არსებობისთვის ბრძოლა - ერთადერთი მიზანი. საბოლოოდ, რაც უფრო მეტადაა ინდივიდი კოლექტივზე დამოკიდებული, მით უფრო მყარდება „კოლექტიური მე“.

ოჯახი, თანამშრომლები თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაშიც დიდ როლს თამაშობენ და განსაზღვრავენ ინდივიდის ქცევას, მაგრამ ჯგუფის გარეთ მოქმედებისას პიროვნება საკმაოდ თავისუფალია.

შესაბამისად, კოლექტივისტურ და ინდივიდუალისტურ კულტურაში განსხვავებულია საზოგადოებრივი „მე“-ც. ინდივიდუალისტურ კულტურაში უმაღლეს საზოგადოებრივ ღირებულებებად მიჩნეულია დამოუკიდებლობა, ავტონომიურობა, თვითრეალიზაცია, ინდივიდუალური მიღწევები, ასევე მნიშვნელოვანია განსხვავებულობის, ორიგინალობის ფაქტორი (ჩაცმულობა, პოზიცია, მეტყველების მანერა); კოლექტივისტურ კულტურაში კი უმაღლესი საზოგადოებრივი ღირებულებაა კონფორმიზმი, რაც საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატულებად მიიჩნევა. „კოლექტივისტურ საზოგადოებაში იყო „მშვენიერი“, ნიშნავს ამართლებდე საზოგადოების მოლოდინებს“.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდის პირადი ცხოვრების რაც უფრო მეტ სფეროშია შეჭრილი შიდა ჯგუფი, მით უფრო ბატონობს „კოლექტიური მე“.

კოლექტივიზმს აქვს რამდენიმე მახასიათებელი ნიშანი. ინდივიდუალიზმისგან განსხვავებით, რომლის განმსაზღვრელ ატრიბუტებად მიჩნეულია შიდა ჯგუფისგან განცალკევება, ემოციური დამოუკიდებლობა და შეჯიბრი (კონკურენცია), კოლექტივიზმის მახასიათებლად მიიჩნევენ ოჯახურ ერთიანობას, და სოლიდარობას. გარდა ამისა, მეცნიერები გამოყოფენ კოლექტივიზმთან დაკავშირებულ მახასიათებელთა ჯგუფს, მათ შორის, აშკარა შიდაჯგუფურ-გარეჯგუფურ განსხვავებებს; უფრო მიწერილ, ვიდრე მიღწეულ შიდა ჯგუფურ სტატუსს (პრესტიჟს); იერარქიულობას; შიდაჯგუფურ ჰარმონიას; დაბალ შემოქმედებითობას, მაღალ და უკეთეს სოციალურ მხარდაჭერას და სხვ.

კოლექტივიზმის ერთ-ერთ მახასიათებლად მიჩნეულია ძლიერი კონფორმისტული ტენდენციები. კონფორმიზმი და დაქვემდებარება-მორჩილება ასევე უნივერსალურია, მაგრამ სოციალიზაცია სხვადასხვა კულტურაში ქცევის სოციალური განსაზღვრულობის განსხვავებულ ხარისხს გულისხმობს.

რაც შეეხება შინაგან კინსტუქტებს, მაგალითად, Self-ს, სოციალურ ცევასთან შეიზლება ძალზე მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ერთ კულტურაში და ნაკლებად - მეორეში.

8.2 § 2. კულტურათაშორისო კომუნიკაციის პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


ასეთი კომუნიკაციის სიძნელეები დიდი ხანია აინტერესებთ მკვლევარებს. ყურადღებას ამახვილებდნენ კულტურათაშორის კომუნიკატორ -ინდივიდებზე; მათ აღწერდნენ, როგორც იმ „შუამავალს“, ვინც ასახავს კონკრეტულ კულტურის „რწმენებს, ღირებულებებს, კოგნიტურ მოქნილობას, სოციალური ქსელის და ზენაციონალური ჯგუფის წევრობას“; ამგვარად, ერთი პირის პიროვნულ და სოციალურ თავისებურებებს მოიაზრებდნენ კულტურებსა და კონტექსტებს შორის კომუნიკაციის წარმატების პირობად. შესაბამისად, გაჩნდა ე.წ. პიროვნების „მულტიკულტურული თეორიები“, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი მიდგომა ვერ სწავლობს კულტურათაშორის აქტუალურ კომუნიკაციას.

კულტურათა შორის კომუნიკაციის ეფექტურობას ეხება Triandis-იც, რომელიც ასევე ინდივიდუალობაზეა ორიენტირებული და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა კულტურის ცოდნას. მისი აზრით, ინტერპერსონალური კომპეტენტურობა მოითხოვს იზომორფულ ატრიბუციას, სხვისი ქცევის ანალიზს და სხვა პიროვნების მოლოდინების ცოდნას, ანუ კომუნიკატორულ უნარებს ძალზე მნიშვნელოვანია კომუნიკატორის მიერ კონტექსტის ცოდნა, რაც ცხადია, გულისხმობს არავერბალური ენის ცოდნასაც. Triandis-ს პარალინგვისტური არაეფექტური კომუნიკაციის მაგალითი მოაქვს: ბრაზილიაში ვიზიტით მყოფმა ნიქსონმა ჟესტით ამერიკული „ო.კ“ უჩვენა ბრაზილიელებს კეთილგანწყობის ნიშნად, რაც კატასტროფულად არაადექვატური აღმოჩნდა - ეს არავერბალური ჟესტი ბრაზილიაში უკიდურესად ინტიმურ-სექსუალური სემანტიკის მქონეა (Triandis-; 1994; გვ. 181-182).

სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელთა შორის ურთიერთობისას ძალზე მნიშვნელოვანია განსხვავებების ცოდნა სოციალური ურთიერთქმედების სისტემებს შორის. ეს გაუგებრობების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

მკვლევარებმა ამას გარდა დაადგინეს, რომ ინდივიდუალური მიზანი და სიტუაციური ცვლილებები გავლენას ახდენს კულტურათაშორის შეთანხმებებზე (J. Koester, M. Olebe. 1988). მათ კომპეტენტურობისა და ასეთი შეთანხმების აღმწერი 7 კრიტერიუმი გამოყვეს: პატივისცემის გამოხატვა, ურთიერთობისთვის შინაგანი მზაობის გამოვლენა - გამოხატვა, ცოდნის მიღებაზე ორიენტაცია(ამ ხალხის ტერმინოლოგიის გაგებისკენ სწრაფვა); ემპათია; როლის მიხედვით ქცევა, ურთიერთქმედების მართვის უნარი და ორაზროვნების მიმართ შემწყნარებლობა. მათი გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ კულტურული შოკის წინასწარმეტყველება შესაძლებელია ცოდნაზე, ინტერპერსონალურ როლზე ორიენტაციით და ემპათიით; თანხმობა იწინასწარმეტყველება პატივისცემით და ურთიერთქმედების მართვის უნარით, ამასთან, ეფექტურობა უკავშირდება დავალებული როლის შესრულებას და არა ინდივიდუალურ როლს.

მკვლევარები (თრიანდისი ბრისლინი და ჰუი) კოლექტივისტურ კულტურაში მოხვედრილ ინდივიდუალისტებს ურჩევენ:

1. კონფრონტაციის თავიდან აცილებას;
2. ხანგრძლივი ურთიერთობის კულტივაციას - ნუ დაელოდებიან სწრაფად დაახლოვებას;
3. თავმდაბლობას;
4. ჯგუფურ იერარქიაში ადამიანის ადგილით დაინტერესებას;
5. თავისი სოციალური მდგომარეობის აღნიშვნას.

ინდივიდუალისტურ კულტურაში მოხვედრილ კოლექტივისტებს ურჩევენ:

1. უფრო ხშირად აკრიტიკონ;
2. პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ;
3. აჩვენონ თავიანთი უნარები და მიღწევები;

მეტი მნიშვნელობა მიანიჭონ თანამოსაუბრის პირად თვისებებს და ნაკლები - სოციალურ მდგომარეობას და ჯგუფისადმი კუთვნილებას (მაიერსი. ვ. 252).

8.3 § 3. კომუნიტარიანიზმი

▲ზევით დაბრუნება


ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ინდივიდუალიზმი დასავლეთში კიდევ უფრო გაძლიერდა. მშობლები კიდევ უფრო მეტად წაახალისებენ შვილებს დამოუკიდებლობისკენ და სულ უფრო ნაკლებად სწუხან ურჩობაზეო - წერს მაიერსი; ჩაცმის სტილი და თავის დაჭერის მანერა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, ხოლო საერთო ღირებულებები გაქრაო - აღნიშნავენ სხვები.

ინდივიდუალისტურ კულტურებში დეპრესიაც გახშირდა და სოციალური განხეთქილების სხვა მაჩვენებლებიც. მაგალითად, აშშ-ში 1960 წლის შემდგომ პერიოდში გაორმაგდა განქორწინებათა რიცხვი, გასამმაგდა მოზარდთა თვითმკვლელობების რაოდენობა, 4-ჯერ გაიზარდა გაუპატიურებაზე შემოსული განცხადებები, 5-ჯერ - ბავშვთა ჩივილი ცუდი მოპყრობის გამო, 6-ჯერ - არასრულ ოჯახში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა და ახალგაზრდობაში ძალადობასთან დაკავშირებული დანაშაული.

ცხადია, რომ ეს ტენდენციები მრავალგვარი მიზეზითაა გაპირობებული და არა მხოლოდ ინდივიდუალიზმით, მაგრამ ბევრი ინდივიდუალისტური ორიენტაცია რომ მათ მაპროვოცირებლად შეიძლება მივიჩნიოთ, საკამათო არაა.

მეცნიერული მიმართულება, რომელსაც კომუნიტარიანიზმი ეწოდება, ძალასა და დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული ინდივიდუალიზმის ალტერნატივის ჩვენებასა და ამ ალტერნატივის სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთებას ცდილობს (triandis H. 1995; 38-43).

კომუნიტარიანისტები სთავაზობენ რაღაც შუალედურს დასავლურ ინდივიდუალიზმსა და აღმოსავლურ კოლექტივიზმს შორის; ტრადიციულად მამაკაცურობად აღქმულ ეგოისტურ დამოუკიდებლობასა და ტრადიციულად ქალურობად აღქმულ მზრუნველობას შორის; ინდივიდუალურ დაცვასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას შორის; თავისუფლებასა და ძმობას შორის; „მე“-აზროვნებასა და „ჩვენ“ აზროვნებას შორის; სთავაზობენ მიჯაჭვულობის ახლებურ გაგებას: „მიჯაჭვულობა სულაც არ გულისხმობს აუცილებლად უსუსურობას, უძალობას ან კონტროლის უუნარობას. ხშირად მასში ურთიერთმიჯაჭვულობა იგულისხმება“. ეს კი ნიშნავს ახლო ურთიერთობის დაფასებას, სიფაქიზესა და პასუხისმგებლიანობას სხვა ადამიანის მიმართ, მხარდაჭერას და მისგანაც იგივეს მოლოდინსა და მიღებას; ეს ნიშნავს საკუთარი თავის აღქმას არა მარტო უნიკალურ თვითობად, არამედ „მნიშვნელოვან სხვათა“ ლოიალურ მოკავშირედაც.

სოციოლოგთა ერთი ნაწილი კომუნიტარიანიზმის კონცეფციის დასაბუთებას ცდილობს კოლექტივისტური და ინდივიდუალისტური ღირებულებებიდან საუკეთესოს შეერთებით. მათი გაგებით, უნდა მოხდეს ინდივიდუალური უფლებებისა და საზოგადოების კეთილდღეობის კოლექტიური უფლებების ბალანსი; ისინი მიესალმებიან პირად ინიციატივას და მარქსისტული ეკონომიკის კრახსაც ეხებიან. იტალიელი მეცნიერი-კომუნიტარიანისტი ამიტაი ეტციონი წერს, ახლა ალბანეთში რომ ვცხოვრობდე, ალბათ იმას დავამტკიცებდი, რომ ჩვენ ძალიან ბევრი კოლექტივიზმი და ძალიან ცოტა პირადი უფლებები გვაქვსო. მაგრამ იმავდროულად, კომუნიტარიანისტები ისწრაფვიან იმ მეორე უკიდურესობის გვერდის ავლისკენაც, რომელიც 60-იანი წლების შემდგომი უკიდურესი და „თვითკმაყოფილი“ ინდივიდუალიზმით გამოიხატება. ამ მეცნიერთა აზრით, პიროვნების შეუზღუდავი თავისუფლება არღვევს კულტურის სოციალურ ქსოვილს, ხოლო ბიზნესის შეუზღუდავი თავისუფლება აფუჭებს საერთო გარემოს.

ცნობილი ამერიკელი სოციალური ფსიქოლოგის, დევიდ მაიერსის აზრით, კოლექტივიზმისა და ინდივიდუალიზმის კომუნიტარიანისტული ნაზავი უკვე დღეს ვლინდება ზოგიერთ დასავლურ კულტურაში, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის სწრაფვაში, თავისუფალი ბაზრის პირობებში გააძლიეროს საზოგადოების ზოგიერთი წევრის სტიმულირება იარაღის მფლობელთა ინდივიდუალური უფლებების შეზღუდვის გვერდით; კულტურათა მრავალფეროვნებისადმი კანადურ გახსნილობაში, იმავდროულად უხეში პორნოს აკრძალვასთან ერთად; ამერიკულ ძალისხმევაში, წაახალისოს მოქალაქეთა და ხელისუფლების ურთიერთპასუხისმგებლობის „ახალი აღქმა“, რომელიც აბალანსებს იმას, რასაც ინდივიდი საზოგადოებას აძლევს იმასთან, რასაც საზოგადოებრივ საწყისებზე მომუშავე ინდივიდი საზოგადოებას უბრუნებს. ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ნაცადია გარკვეული პიროვნული თავისუფლების წახალისება და, იმავდროულად, იმათი შეზღუდვა, ვინც შესაბამისი კონტროლის გარეშე შეიძლება საზოგადოების კეთილდღეობა დააზარალოს.

კოლექტივისტურ ინტერესებზე ზრუნვის გამოვლინებაა, ერთი შეხედვით, პიროვნების ინდივიდუალური უფლებების ხელყოფა-შეზღუდვა: თვითმფრინავებში მგზავრთა ბარგის შემოწმება, ფრენის დროს მოწევის აკრძალვა, მძღოლთა სიფხიზლიანობის შემოწმება გზაზე და სისწრაფის შეზღუდვა ავტოსტრადებზე; მსგავსი ღონისძიებები იმის დადასტურებაცაა, რომ საზოგადოებისთვის მისაღებია პიროვნების უფლებების შეზღუდვა საერთო კეთილდღეობისთვის. ზოგიერთი ინდივიდუალისტი აფრთხილებს, ამგვარმა შეზღუდვებმა შეიძლება მოლიპულ გზაზე გაგვიყვანოსო, რამდენადაც მიიჩნევენ, რომ ადამიანისთვის უფრო მნიშვნელოვანი უფლებების - უმრავლესობის ინტერესების დაცვით უმცირესობის უფლებების დარღვევის საშიშროება ჩნდება; კომუნიტარიანელთა პოზიციით კი, თუ დღესვე არ მოხერხდება ინდივიდის უფლებებისა და ჩვენი კოლექტიური კეთილდღეობის ბალანსირება, გაჩნდება უფრო ძლიერი საფრთხე - რკინის ხელის მოთხოვნილება. ინდივიდუალური და კოლექტიური უფლებების თაობაზე პოლიტიკური დებატები ბოლო პერიოდში სულ უფრო ძლიერდება.

დ. მაიერსი აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ქროსს-კულტურული თეორია, რომელიც ალტერნატიული კულტურული ღირებულებების გამოვლენისა და ჩვენს საკუთარში უკეთ გარკვევის შესაძლებლობას იძლევა.

კულტურის გავლენა სოციალურ ნორმებსა და ღირებულებებზე აშკარაა. ასევე აშკარაა ის, რომ სამყაროს მრავალფეროვნება, მათ შორის, საზოგადოების მოწყობაში, 2 ალტერნატიული ვარიანტით - კოლექტივიზმითა და ინდივიდუალიზმით არ ამოიწურება ზუსტად ისევე, როგორც პიროვნების კულტურული ტიპი არ დაიყვანება მეცნიერებაში აღწერილ 2 პიროვნულ ტიპზე. შესანიშნავი მეცნიერები, კომუნიტარიანიზმის წარმომადგენლები Markus-და Kitaiama- აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შესწავლილი დამოუკიდებელი და დამოკიდებული Self-ის ორივე ასპექტი - ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური, ინდივიდში სხვადასხვა ხარისხითაა წარმოდგენილი და მასში თანაარსებობს; ასეთი თანაარსებობა ასევე გარკვეულ კულტურულ გარემოში მიიღწევა. ბუნებრივია, არსებობს კულტურები, რომლებიც ასევე თავსდება ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმის კონტინუუმის არაუკიდურეს პოლუსებზე. ეს კულტურები, და მათ შორის, ქართული კულტურაც, თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციით, ჯერ კიდევ ელის თავის მკვლევარებს.

8.4 Resume

▲ზევით დაბრუნება


თანამედროვე ეტაპზე კულტურათა დიალოგის განსაკუთრებული აქტუალობის გამო მკვლევართა მუდმივი ინტერესის საგანია კულტურათაშორისო კომუნიკაცია და მისი სიძნელეები. ამ ამოცანის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რამდენიმე პრობლემას, მათ შორის კულტურათაშორისო კომუნიკატორ-ინდივიდებს. ადამიანის პიროვნული და სოციალური უნარები აღიარებულია კულტურებსა და კონტექსტებს შორის კომუნიკაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად. ძალზე მნიშვნელოვანად მიიჩნევა ე.წ. ინტერპერსონალური კომპეტენტურობა (იზომორფული ატრიბუციის, სხვისი ქცევის ანალიზის უნარი, სხვა პიროვნების მოლოდინების ცოდნა), კულტურულ კონტექსტში გარკვეულობა. მკვლევართა აზრით, კულტურათა შორის დიალოგის ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთპატივისცემის, ურთიერთობისთვის შინაგანი მზაობის გამოვლენა - გამოხატვას, ცოდნის მიღებაზე ორიენტაციას (კონკრეტული ხალხის ტერმინოლოგიის გაგებისკენ სწრაფვა), ემპათიურობას, როლის მიხედვით ქცევას, ურთიერთობის მართვის უნარსა და ორაზროვნების მიმართ შემწყნარებლობას.

ურთიერთობათა ეფექტურად წარმართვისთვის მკვლევარები აყალიბებენ რეკომენდაციებსაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის; კოლექტივისტურ კულტურაში მოხვედრილ ინდივიდუალისტებს ურჩევენ დაპირისპირების თავიდან არიდებას, ხანგრძლივი ურთიერთობის კულტივაციას, თავმდაბლობას, ჯგუფურ იერარქიაში მოსაუბრის ადგილით დაინტერესებას და თავისი სოციალური მდგომარეობის აღნიშვნას, ხოლო ინდივიდუალისტურ კულტურაში მოხვედრილ კოლექტივისტებს ურჩევენ მეტ კრიტიკულობას, საქმეზე მოვლით კი არა, პირდაპირ საუბარს, მეტ გამბედაობას პირადი უნარებისა და მიღწევების ჩვენებაში, თანამოსაუბრის პირადი თვისებების მეტად გამოკვეთას, ხოლო სოციალური მდგომარეობისა და ჯგუფისადმი კუთვნილებისთვის ნაკლები მნიშვნელობის მინიჭებას.

საზოგადოების ინდივიდუალისტურ და კოლექტივისტურ ორიენტაციებს თავ-თავისი უპირატესობა გააჩნია, მაგრამ იმავდროულად, თავიანთი სისუსტე და ნაკლიც აქვთ. თანამედროვე კულტურის მკვლევართა დიდი ნაწილი, რომლებიც კარგად იცნობიერებენ ორივე ტიპის კულტურული ორიენტაციის ძალასაც და სისუსტესაც, ემხრობიან კომუნიტარიანიზმის კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალიზმისა (ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემის) და კოლექტივიზმის (ოჯახისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის) სინთეზირებას. მათი აზრით, უნდა მოხდეს ინდივიდუალური უფლებებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის კოლექტიური უფლებების ბალანსირება.

თანამედროვე გაგებით, მოდერნი ტრადიციას არ უპირისპირდება. დღეს კოლექტივიზმსა და ინდივიდუალიზმს აღარ განიხილავენ რაღაც თეორიული კონტინუუმის ურთიერთგამომრიცხავ პოლუსად მიიჩნევა, რომ ორივე კულტურული სინდრომი შეიძლება თანაარსებობდეს, ამასთან, თითოეული მათგანი სიტუაციის მიხედვით შეიძლება მეტნაკლებად აშკარად გამოვლინდეს ცალკეულ კულტურაშიც და ცალკეულ ადამიანშიც.

8.5 კითხვები:

▲ზევით დაბრუნება


1. ჩამოაყალიბეთ ინდივიდუალისტური და კოლექტივისტური საზოგადოებების ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები.

2. ჩამოთვალეთ ის ღირებულებები, რომელთა გაერთიანებასაც ცდილობს კომუნიტარიანიზმი.

3. რას უნდა ითვალისწინებდნენ კოლექტივისტი და ინდივიდუალისტი ერთმანეთთან ურთიერთობისას?

8.6 გასაცნობი ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. Triandis H.C. Culture and social behavior. N.Y. etc.: McGraw-Hill, 1994 გვ. 181-206

2. Triandis H.C. Individualizm and Collectivism. Westview Press, 1995; გვ. 38-43; 83-86

3. Brislin and A.-M. Horvath. Cross-cultural Training and Multicultural Education. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G., Vol. 3., 1996, pp. 327-371

4. Майерс Д. Социальная психология. Санкт-Петербург 1998 გვ. 253-256

5. Дружинин В. Н. Психология семьи. Екатеринбург, 2000

8.7 ძირითადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


კომუნიკაცია - ინფორმაციის გადაცემა ერთი პირის ან ჯგუფის მიერ მეორესთვის. კომუნიკაცია არის ყველა სახის სოციალური ურთიერთქმედების აუცილებელი საფუძველი

კომუნიტარიანიზმი - ინდივიდუალიზმის (ადამიანის ძირითად უფლებათა პატივისცემის) და კოლექტივიზმის (ოჯახისა და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის) სინთეზირების ცდა.

9 მითითებული ლიტერატურა:

▲ზევით დაბრუნება


1. სუმბაძე . სოციალური სქემა. ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი, N3, 2000, თბილისი, გვ. 41-61

1. Aycan Z, Kanungo R. N., Sinha J.B.P. Organizacional Culture and Human Resource Management Practices. The Model of Culture Fit. Journal of cross-cultural psychology. Vol.30 No.4, July 1999 500-526

2. Berry J.W. Jntroduction to methodology. Handbook of cross-cultural psychologe. Boston: Allyn and Bacon 1980 Vol.2 Methodology/ed.by H.C. Triandis, J.W. Berry, pp. 1-28.

3. Berry J.W., Poortinga Y.H., Segall M.H. Dasen P.R. Cross-Cultural Psychology: Research and applications. Cambridge etc,; Cambridge un.Press, 1992

4. Bond R.,Smith P.B. Culture and conformity: A meta-analysis if studies using Asch^s (1952b, 1956) line judgment task. Psychologyical Bulletin. 1996. Vol.119(1); P.111-137

5. Brislin and A.-M. Horvath. Cross-cultural Training and Multicultural Education. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G., Vol. 3., 1996, pp. 327-371

6. Charch A.Timothy. Personality Research a Non-Western Culture: The Philippines. Psychology Bulletin. 1987.Vol. 102; No. 2, pp. 272-292

7. Dias-Loving Rolando. Contributions of Mexican ethnopsychology to the resolution of the etic-emic dilemma in personality. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 104-118

8. Fiske A. P. (1992). The four elementary forms of sociality: framework for unified theory of social relations. Psychological Review, 99, pp. 689-723

9. Goodvin R. Relationship between two Cultures. 2000

10. Grimm Stephanie D.; Church A. Timothy; Katigbak Marcia S.; Reyes Jose A.S. Self-Drscribed Traids, Values, and Moods Associated with Individualism and Collectivizm. Journal of cross-cultural psychology. Vol.30, No.4, July 1999 466-500

11. Markus Hazel; Kitaiama Shinobu. (1991) Culture and the Self: Implications for Cognition, Emotion and Motivation. Psychological Review, 98, 224-253

12. Markus Hazel; Kitaiama Shinobu. The Cultural Psychology of Personality. Journal of cross-cultural psychology. Vol.29 No.1, January 1998 63-87

13. Ho David Y.F. Indigenous psychologies. Asian Perspectives. Journal of cross-cultural psychology. Vol.29 No.1, January 1998 88-103

14. Hofstede and Associates. Masculinity and Feminity. The Taboo Dimension of Nacionalen Cultures. Sage Publications, 1998, pp.16-17, 175

15. Hui C. H. Triandis H.C. Individualizm - collectivism: A study of cross-cultural researchers. Journal of cross-cultural psychology. Vol.17, No.2, January 1986 pp. 225-248

16. Hui C.H., Triandis H.C., Effects of culture and response format on extreme response style. Journal of cross-cultural psychology. Vol. 20, 1989, pp. 296-309

17. Kagitcibasi C. Individualism and Collectivizm. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. by Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G.,Val. 3, 1996; pp. 1-51

18. Kagitcibasi C., Rerry J.W. Cross-Cultural Psychology: Current research and trend. Annual Review of Psychology. 1989. Vol.40, pp. 493-531

19. Kagitcibasi C., Rerry J.W. Cross-Cultural Psychology: Current research and trend / Annual Review of Psychology. 1989. Vol. 40, 493-531

20. Koester, M. Olebe. The Behavioral Assessment Scale for Intercultural Communication Effectivenes. International Journal of Intercultural Relacions. Vol.12 pp. 233-246, 1988

21. Lee Y.T., Seligman M.E.P. Are American more optimistic than Chines? Personality and Social Psychology Bulletin. 1997.Vol. 23 pp. 32-40

22. Matsumoto D. Culture and psychhology. Pacific Grove (Cal) etc.:Brooks/Cole Poblishing Company, 1996

23. McDonald K. Evolution, Culture, and the five-factor model. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 119-149

24. Paul G. Wilhelm. The relationship of three Measures of corruption to Individualism and Collectivizm: Implications for entrepreneurship education; 2000

25. McCrae R.R, Costa P.T. JR. del Pilar Gr.H., Rolland J-P., Parker W. D. Cross-Cultural Assessment of the five-factor model. The Revised NEO Personality Inventory. Journal of cross-cultural psychology. Vol.29, No.1, January 1998 171-188

26. Rerry J.W. Culture: the neglected concept. The Search of indigenous Psychologies. Social Psychology Across Cultures. 1999

27. Schwartz Shalom H. Beyond Individualizm/Collectivism: New Cultural Dimensions of Values. Individualizm and Collectivism, ed. by Kim U., Triandis H.C. Kagitcibasi C., Choi S.Ch., yoon G. 1994, 85-123

28. Schwartz Shalom H. Individualizm/Collectivism: Qritique and propozed refinements. Journal of cross-cultural psychology. Vol. 21, No.2, 1990 pp. 139-157

29. Segale, Dasen,Berry and Portinga (1990) Human behavior in global Perspective. Pergamon Press: Neu York,

30. Singelis, M.H. Bond, W.F. Sharkey, H.Siu Yiu Lai. Unpackaging Culture^s influence on self-esteem and embarrassability. Journal of cross-cultural psychology. Vol. 30 No.3 May 1999 315-341

31. Smith p.b. and Schwartz Sh. H. Values. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. by Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G., Vol. 3., 1996, pp. 77 -119

32. Church T., Lonner W. J. The Cross-Cultural perspective in the study of Personality. Rationale and Current Research. Journal of cross-cultural psychology. Vol. 29 No.1, January 1998 32-62

33. Tinaka Matsumi J. and Draguns J. Culture and Psychopathology. Handbook of Cross-Cultural Psychology, ed. by Berry J.W., Segall M.H., Kagitcibasi G., Vol. 3., 1996, pp. 449-493

34. Triandis H.C. Culture and social behavior. N.Y. etc.: McGraw-Hill, 1994

35. Triandis H.C. (1987) Collectivism and Individualizm as Cultural sindromes. Cross-cultural Research, 1993 Vol.27 (3-4), pp. 155-180

36. Triandis H.C. (1989). The Self and Social behavior in Differing Cultural Contexts. Psychological Review, Vol. 96, No.3, pp. 506-520

37. Triandis H.C. Individualizm and Collectivism. Westview Press, 1995

38. Triandis H.C. Theoretical and Methodological Approaches to the Study of Collectivism and Individualism. Individualizm and Collectivism, ed. Kim U., Triandis H.C. Kagitcibasi C., Choi S.Ch., yoon G. 1994, pp. 41-52

39. Van De Vliert, Sh. Schwartz, S. E. Huismans, G. Hofstede, S. Daan. Temperature, cultural masculinity, and Journal domestic political violence.N of cross-cultural psychology. Vol.30 No.3, May 1999 291-314

1. Aгеев В. С. Межгрупповое взаимодействие: социально-психологические проблемы. М. Изд-во МГУ, 1990 стр. 131

2. Аронсон Э. Социальное животное „Аспект-Пресс“, М, 1999

3. Бгажноков Б. Х. Очерки этнографии общения адыгов. Нальчик. Эльбрус, 1983

4. Бейтсон Гр. Экология разума, М. Изд-во „Смысл“, 2000 121-138

5. Бек Ул. Общество риска - на пути к другому модерну. М. Прогресс-Традиция. 2000

6. Бенедикт Р. Психологические типы в культурах Юго-запада США. Антология исследований культуры. Т.1. Интерпретация культуры. СПБ, Университетская книга, 1997, 271-284

7. Большой толковый психологический словарь. Ред. А. Вебер, в 2-х томах, М. Изд-во Вече.Аст 2000

8. Галочкина Е. Пусть меня научат. Межкультурная коммуникация в учебной аудитории. Центр средств массовой коммуникации МГУ, 1999

9. Гиденс Э. Социология. М. 1999.

10. Гумилев Л.Н. Этногенез и биосфера земли. Л. 1990

11. Гуревич А.я. Категории средневековоь культуры, М. 1984

12. Доусон Кр. Культура и религия. М. 2000

13. Дружинин В. Н. Психология семьи. Екатеринбург, 2000

14. Зидер Р. Социальная история семьи в Западной и Центральной Европе (конец XVIII-XX вв.) М. 1997

15. Иванов В. Вс. Чет и нечет. М. 1996

16. Касьянов В. В., Нечипуренко В. Н., Самыгин С.И. Социология. Ростов-на-дону, 2000

17. Kонфликтология. М, 1998

18. Кон И. С. К проблеме национального характера. История и психология. М. Наука. 1971 122-158

19. Кон И.С. Социологическая психология, Москва-Воронеж, 1999

20. Конрад А. Запад и восток, М. Наука, 1972

21. Кэррол Э. Изард . Психология эмоций. Санкт-Петербург, 2000

22. Левин К. Разрешение социальных конфликтов. М. 2000Л

23. Леви-Строс К. Первобытное Мышление. М. Республика 1994

24. Леви-Строс К. Структурная антропология. М. Наука. 1985

25. Лоусон Т. Геррод Дж. Социология, словарь-справочник, М. Изд-во Гранд 2000

26. Лурье С. В. Историческая этнология. М. Изд-во Аспект. Пресс 1998

27. Майерс Д. Социальная психология. Санкт-Петербург 2000

28. Мендра А. Основы социологии. М. 2000

29. Мид М. Культура и мир детства. М. Наука, 1988

30. Первин Л. Джон О. Психология личности. Теория и исследования, Аспект-Пресс, М, 2000

31. Пронников В.А. Ладанов И.Д. Японцы (этнопсихологические очерки) М. Наука 1985

32. Росс, Р. Нисбет. Человек и ситуация. Аспект-Пресс, М, 2000

33. Садохин А.П. Грушевицкая Т.Г. Этнология М. 2000

34. Социологический энциклопедический словарь- на русском, английском, немецком, французском и чешском языках ред.-координатор Г. В. Осипов, Москва, 1998 стр. 101, 128

35. Стефаненко Т. Г. Этнопсихология. М. Институт психологии РАН, 2000

36. Турен А. Возвращение человека действующего. 1998

37. Шихирев П. Современная социальная психология. Екатеринбург-Москва, 2000

38. Эриксон Э. Детство и общество, Санкт-Петербург, 2000